![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი XII) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2017 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები თბილისი 2017 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ე-241 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-9827-7 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის “საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: პროფ. ემზარ ჯგერენაია დოქ. დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენელი: ნატო გაბელაია შემდგენლები: თინათინ სულუხია, კუკური კიღურაძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი |
![]() |
1 *** |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
(1992 წლის მარტი - 1992 წლის ოქტომბერი),
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე
(1992 წლის ოქტომბერი - 1992 წლის ნოემბერი)
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
(1992 წლის ნოემბერი - 1995 წლის ნოემბერი)
საქართველოს პრეზიდენტი
(1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი)
![]() |
2 საქართველოს პრეზიდენტის მისალმება მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინდა მივესალმო მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს და მომავალ 1997 წელს ვუსურვო ბედნიერება და წარმატება.
ვსარგებლობ შემთხვევით და კვლავ ვადასტურებ ღრმა პატივისცემას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჩემიმეგობრის, ჰეიდარ ალიევის მიმართ.
მივესალმები ჩვენს თანამემამულეთ - საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს.
ძვირფასო მეგობრებო და თანამოძმენო, თქვენ საქართველოს ხალხის განუყოფელი ნაწილი ხართ, მასთან ერთად იზიარებთ ჭირსა და ლხინს, მასთან ერთად აშენებთ, მომავალ, ბედნიერ და აყვავებულ საქართველოს.
ქართველ და აზერბაიჯანელ ერთა მეგობრობას კეთილგანწყობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მტკიცე საფუძველი უდევს საფუძვლად. ბოლო დროს კი ამ მეგობრობამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხასიათი შეიძინა. ჩვენ გვაკავშირებს, არა მხოლოდ წარსული და აწმყო, არამედ მომავლის იმედიც - ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საერთო ძალისხმევით აშენდება ერთა და კულტურათა დამაკავშირებელი „ევრაზიული ხიდი“ - კავკასია იქცევა კონსტრუქციული რეგიონული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად.
დაე, ახლი წელი, მშვიდობისა და ეროვნული აღორძინების წელი ყოფილიყოს ჩვენი ხალხებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პრეზიდენტის მისალმება მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 იანვარი. - №1 (2374). - 4 გვ.
![]() |
3 „ღმერთმა ქნას, ახალ წელიწადს თითოეულმა გუთნისდედამ ხარივით გასწიოს ერის ჭაპანი. იყოს ხვავი და ბარაქა ქართულ მიწაზე, სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ძეობა - ყველა ოჯახში, მშვიდობა, უღრუბლო ზეცა - სრულიად საქართველოში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო მიმართვა ხალხს და ქვეყანას 1996 წლის 31 დეკემბერს.
ძვირფასო თანამემამულენო ძვირფასო მეგობრებო! ისტორიაში გადადის 1996 წელი, მოდის ახალი, 1997 წელი, საუკუნეთა და ათასწლეულთა გზაგასაყარზე ვიმყოფებით. XXI საუკუნემდე 1500-ოდე დღე რჩება. ჩვენთვის ძვირფასია ყოველი დღე და ყოველი კვირა, რომ ახალი, თავისუფალი, დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენი მრავალტანჯული ხალხი უკეთ ცხოვრობდეს, ვიდრე გუშინ, ხვალ უკეთ, ვიდრე დღეს, რომ უფრო ღირსეულად დამკვიდრდეს საქართველო მსოფლიო თანამეგობრობაში.
მე ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ 1997 წელს და ვუსურვებ ახალ გამარჯვებებს, წინსვლას და აღორძინებას. ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ეროვნების რასის და კონფესიის ადამიანს და ვუსურვებ ყველა ოჯახს, მამებს და პაპებს, დიდედებს და დედებს, შვილებს და შვილიშვილებს, ბავშვებს - ჩვენი ცხოვრების ყვავილებს - ბედნიერ ახალ წელს!
რით იყო ჩვენთვის შესანიშნავი 1996 წელი? ეს იყო საყოველთაო ქაოსის და განუკითხაობის საბოლოოდ დამთავრების, ქვეყნის სტაბილურობის ფაზაში შესვლის, სახელმწიფოებრიობის ფორმირების, კონსტიტუციის რეალურად ამოქმედების ისტორიული წელიწადი.
ნაყოფიერად მუშაობს ახლადარჩეული პარლამენტი, განმტკიცდა ქვეყნის სამართლებლივი ბაზა. ამოქმედდა კონსტიტუციური სასამართლო, საინტერესოდ, კონსტრუქციულად მიმდინარეობს ხელისუფლების სხვადასხვა შტოთა შორის თანამშრომლობის ფორმირება, იხვეწება და თანდათანობით უფრო სრულყოფილი ხდება მათ შორის ურთიერთობის კულტურა.
მართალია, ნაკლოვანებები და პრობლემები, გასაჭირი ბევრზე ბევრია, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს დავინახოდ რეალური საქმეები, ახალი ტენდენციები.
განვლილი 1996 წელი იყო პრეზიდენტის პროგრამის განხორციელების დასაწყისი, იმ პროგრამისა, რომლის შინაარს თქვენ კარგად მოგეხსენებათ და რომელსაც ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.
მე მივესალმები საქართველოს პარლამენტს, ყველა პარლამენტარს, კომიტეტებს და ფრაქციებს, ვუსურვებ მათ ახალ წელს ახალ წარმატებებს დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.
მივესალმები საპარლამენტო ოპოზიციას. უოპოზიციოდ არ არსებობს დემოკრატია და პლურალიზმი. ვისურვებდი ახალ წელს უფრო ნაყოფიერი და კონსტრუქციული ყოფილიყოს ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობა, ჩვენი ხალხის, ერის საკეთილდღეოდ.
ქრისტეს მცნებებში წერია: გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი. ეს ჰუმანიზმის მაქსიმალური ფილოსოფიური და ეთიკური ფორმულაა. მასში უდიდესი საკაცობრიო სიბრძნეა მივყვეთ სახარების და ქრისტეს მცნებებს და გზას ტაძრისაკენ უკეთ ვიპოვით.
მივესალმები ყველა მოქალაქეს, ვისაც სწამს ღმერთი და სწამს ჭეშმარიტება, საყოველთაო მადლიერებას იმსახურებს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.
საპრეზიდენტო აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა სტრუქტურას, სამინისტროებს, დეპარტამენტებს, კორპორაციებს ვუსურვებ ახალ წარმატებებს სოციალური და სამართლებლივი სახელმწიფოს მშენებლობაში.
მე ამ ახალი წლის ღამეს მივესალმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საიმედოდ დაიცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ასეთი ამოცანა დადგება, მათ ამის შესრულება უკვე შეუძლიათ.
ახალ წელს ვულოცავ უშიშროების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, პროკურატურის, სასამართლო ორგანოების მუშაკებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან კიდევ უფრო მტკიცედ დაადგნენ კანონიერების და სამართლიანობის, მოქალაქეთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე.
გასული წელი იყო ხალხის და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის, ავტონომიური ფორმირებებისა და სამხარეო ადმინისტრაციების, მუნიციპალური, ადგილობრივი, საქალაქო, სარაიონო, სათემო, სასოფლო ხელისუფლებათა შეთანხმებული, შიდა პოლიტიკური კონსენსუსის დონეზე საქმიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების წელი.
მადლობას მოვახსენებ ავტონომიურ რესპუბლიკებს, აჭარის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, სამხარეო ადმინისტრაციებს, მერებს, გამგებლებს თანამშრომლობისათვის და ვუსურვებ მათ ბედნიერ ახალ წელს.
ეკონომიკური თვალსაზრისით გასული 1996 წელი იყო სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში მოპოვებული თვალსაჩინო წარმატებების წელი. ეკონომიკის რეფორმები კულმინაციის სტადიაშია.
გასულ წელს ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების, წარმოების გამოცოცხლებისა და ინფლაციური პროცესების ალაგმვის გზით კიდევ უფრო განმტკიცდა ქართული ლარი, უმტკივნეულოდ განხორციელდა პურის ფასების ლიბერალიზაცია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მიწის რეფორმა, რომელსაც საშვილიშვილო მნიშვნელობა აქვს. მილიონზე მეტი ოჯახი, ოთხ მილიონზე მეტი მოქალაქე მიწის მესაკუთრე გახდა, მესაკუთრემ იცის მიწის ყადრი. ქართული მიწის ბარაქა წელს სულ სხვანაირად დაეტყო საახალწლო სუფრას, მადლობა საქართველოს გლეხობას, ქვეყნის მარჩენალს.
საბანკო-საფინანო რეფორმის გაღრმავებამ ხელსაყრელი პირობები შექმნა უცხოელ ინვესტორთა მოზიდვისათვის, ეს პროცესი დაიწყო.
ახალ წელს ვულოცავ მეწარმეებს, მწარმოებლებს, ბიზნესმენებს, კომერსანტებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, ყველას ვინც ქმნის ეროვნულ პროდუქტს და ეროვნულ შემოსავალს, ეროვნულ კაპიტალს და ამით დღითიდღე ამკვიდრებს საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს პრეზიდენტის ეკონომიკური და სოციალური პროგრამების განხორციელებას.
დიდ დახმარებას გვიწევენ ეკონომიკის აღორძინების, მეწარმეობის გამოცოცხლების და სტაბილიზაციის სფეროში, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი, ევრობანკი, მთელი რიგი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, ცალკეული სახელმწიფოები, განსაკუთრებით საგრძნობია, აშშ, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, თურქეთის დახმარება, ამ ბოლო დროს გამოცოცხლდა ჩვენი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, ირანთან, საბერძნეთთან, ბალკანეთის ქვეყნებთან, მრავალ სხვა სახელმწიფოებთან.
დაიძრა ჩვენი ურთიერთობები იაპონიის, სამხრეთ კორეის საქმიან წრეებთან.
ძნელია საახალწლო სუფრასთან მსხდომ ხალხს ციფრების ენაზე ელაპარაკო, ამიტომ მხოლოდ ორიოდ ციფრს დავასახელებ.
1996 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 10-12 პროცენტით გაიზარდა. შეიძლება ცოტა მეტიც იყოს დაზუსტებული მონაცემებით.
კერძო სექტორის დომინირება ეკონომიკაში 1996 წელს კიდევ უფრო განტკიცდა, ხოლო ქვეყნის მთლიანი შედა პროდუქტის 3/4 ამჟამად ამ სექტორში იქმნება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში კერძო სექტორის ხვედრითი წილი 2/3 აჭარბებს.
პრივატიზაციის პროგრამის განხორციელების შედეგად, კერძო მესაკუთრეთა ხელში გადავიდა 8000-ზე მეტი საწარმო და ობიექტი. განხორციელდა საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო სისტემების ძირეული რეფორმები, თუ მინდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 6 მილიარდ ლარს შეადგენს, 1997 წელს ეს მაჩვენებელი როგორც მინიმუმი, 7-8 მილიარდ ლარს შეადგენს.
როგორც არაერთხელ ითქვა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკონსტიტუციო და საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელება, ამ თვალსაზრისით 1996 წელი მართლაც გარდატეხის წელი იყო.
ღია, სამოქალაქო, დემოკრატიული, ცივილიზებული საზოგადოების საფუძვლები ისე მყარად არის ჩაყრილი, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ყველა პირობა იქმნება იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით და თავისუფლებებით.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სადარაჯოზე უნდა იდგეს სახელმწიფო მთელი თავისი სტრუქტურებით ჩვენ ამისთვის უკვე მოვმწიფდით.
სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ხალხი, ის არა მხოლოდ ქმნის კანონებს, არამედ ასრულებს მას, კანონი მართავს სამოქალაქო საზოგადოებას და მის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან, ასე უნდა იყოს.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოუდგენელია პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების, თავისუფალი პროფკავშირების, ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების, მეოთხე ხელისუფლებად წოდებული - პრესის, რადიოს, ტელევიზიის, სხვა კოორპორაციებისა და გაერთიანებების გარეშე.
ახალი წლის ღამეს მივესალმები საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, თავისუფალ პროფკავშირებს, ახალგაზრდულ და ქალთა ორგანიზაციებს, პრესას, რადიოს, ტელევიზიას, მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, ვინც ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობს, იცავს კონსტიტუციას, კანონს, პოლიტიკურ და პროფესიულ ეთიკას და ზნეობის ნორმებს, საქართველოს ტელევიზიას ვულოცავ სახელოვან 40 წლისთავს.
მითქვამს და ვიმეორებ მორალი პოლიტიკაში ჩემთვის თვით პოლიტიკაზე მეტად ფასობს და მე მზად ვარ პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, ოპოზიციურ პრესასთან კონსტრუქციული და ტოლერანტული დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობისათვის ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
იმავე დროს ძნელია ლაპარაკი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე, სეპარატისტების და უცხო იმპერიული ძალების მცდელობით გახლეჩილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, უკლებლივ ყველა ლტოლვილის მშობლიურ კერებში დაბრუნებამდე.
ამ ცოტა ხნის წინათ დასრულებული ლისაბონის შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ეთნიკური წმენდა“ და უპირატესად ქართველი მოსახლეობის მასობრივი გაჟლეტა და გამოდევნა დაადასტურა ლისაბონის სამიტმა, რომელსაც 54 ქვეყნის მეთაური ესწრებოდა.
სეპარატისტულ რეჟიმთა ირგვლივ რკალი კიდევ უფრო შევიწროვდა, მათი სრული პოლიტიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური იზოლირება გადამწყვეტ ფაზაშია.
ამ რეგიონისათვის სხვა სახელმწიფოებთან შეერთება ან დამოუკიდებლობის მიღება-აღიარებაზე ფიქრიც კი ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება.
აღსანიშნავია რუსეთის როლის გააქტიურება კავკასიური კონფლიქტების მოგვარებაში. იგივე ითქმის გაეროზე, ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე „საქართველოს მეგობრების“ ინსტიტუტზე. ჩვენს უახლოეს მეზობლებზე.
სასიკეთო ძვრები მოხდა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის მრავალმნიშვნელოვანია ამ ხალხების ლიდერთა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელთა ჩათვლით, არაერთგზის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. მადლობა მათ ამისათვის. საქართველო სიკეთეზე სიკეთითვე უპასუხებს.
გულწრფელად მივესალმები კავკასიის ხალხებს, რომლებმაც კისლოვოდსკის ისტორიულ დეკლარაციას დაუჭირეს მხარი. მჯერა „მშვიდობიანი კავკასია“ რეალობად იქცევა. როცა მე კავკასიაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ძმური ურთიერთობის შემდეგი განვითარება, ერთობლივი ძალისხმევა კავკასიური კონფლიქტის მოგვარებაში.
მე მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეხება, აფხაზებს და ოსებს, მათ ხელმძღვანელებს, ამ რეგიონების მთელ მოსახლეობას - ვაქციოთ 1997 წელი ჩვენი ხალხების შერიგების დაგროვილი მძიმე პრობლემების მოგვარების გადამწყვეტ ეტაპად.
ახლა ყველამ უნდა გავითავისოდ, მშვიდობიანი ცხოვრება და კეთილდღეობის მიღწევა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ყველა ხალხისათვის აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიების შექმნით.
ასეთი გარანტიები არსებობს. საჭიროა უფრო ხშირი კონტაქტები ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე. 1996 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ.
განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი, მამაშვილური გრძნობებით მივმართავ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უფრო ტანჯულ და განაწამებ ადამიანებს, ლტოლვილებს, მშობლიური კერებიდან გამოდევნილებს, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს, მოგმართავთ თანაგრძნობის და იმედის სიტყვებით და კვლავ ვადასტურებ ერთხელ ნათქვამს: მანამ სანამ თქვენს საკუთარ ოჯახებში არ დაბრუნდებით, ჩვენ ყველანი, ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით, თავს ლტოლვილად და გამოძევებულად ვთვლით.
საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ მისცემს უფლებას თავის თავს შეეგუოს დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ ამ ქვეყნიდან წასვლის უფლებაც კი არ გვაქვს მამულის წინაშე ამ საშვილიშვილო ვალის მოხდის გარეშე.
გასულ წელს ოდნავ, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა ცხოვრების დონე, თუმცა მე კარგად მესმის, რომ ეს მცირედია და მხოლოდ დასაწყისია.
ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა ღირსეულ დონეზე ცხოვრება, ხელისუფლების და საზოგადოების მოვალეობაა ყოველი მოქალაქის საარსებო დონის ამაღლებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - პირადი სოციალური აქტივობა, საკუთარი ბედის გადაწყვეტა.
ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს მწვავე სოციალური დიფერენციაცია, აშკარად იკვეთება მდიდართა და ღარიბთა ფენები. ესეც ფაქტია და უნდა ითქვას.
სახელმწიფოს მოვალეობაა ყველას შეუქმნას საარსებო მინიმუმი.
როცა სოციალური, ეკონომიკური, სამართლებლივი ბაზა შექმნილია, როცა ყველა აქვს საარსებო მინიმალური პირობები, მაშინ მილიონერთა ფენა სოციალურად საშიში არ არის, პირიქით ის პროგრესულ როლს ასრულებს. მაგრამ გაყაჩაღებული ერთის გამდიდრება, პატიოსანი და დაუძლურებული მეორე მოქალაქის ხარჯზე - დაშვებულია. კორუფციასთან, გამომძალველობასთან ბრძოლა, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია ამიერიდან.
ჩვენ ბოლო მოვუღეთ იარაღიანთა დაუსჯელ თარეშს.
ახლა სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულ კორუმპირებულთა ჯერიც მოვიდა.
მოსახლეობამ მეწარმეები უნდა გავათავისუფლოთ ამ ტვირთისაგან, მაშინ ნამდვილად დამკვიდრდება ჩვენში სამართლიანი საზოგადოება. სამართლიანობის პრინციპის გარეშე ლაპარაკი დემოკრატიულ სახელმწიფოზე მხოლოდ დემაგოგიაა.
ამას ბევრი უნდა ჩაუფიქრდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში.
როგორც ზემოდ ვთქვი 1996 წელს გაიზარდა ხელფასები, პენსიები, დახმარებები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში შეიქმნა მრავალი ათასი სამუშაო ადგილი.
პრეზიდენტის სოციალურ პროგრამაში ნათქვამია, რომ 2000 წლამდე შეიქმნება საქართველოში 1 მილიონი სამუშაო ადგილი. ეს პროგრამა სავსებით რეალურია და იგი განხორციელდება.
საპრეზიდენტო პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ უახლოეს 4 წელიწადში საშუალო ხელფასები სახელმწიფო სექტორში მიაღწევს თვეში 250 ლარს, ხოლო კერძო სექტორში 300 ლარს, ესეც რეალური მიჯნებია, მოძრაობა უკვე დაიწყო ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სახელმწიფო პრიორიტეტზე უნდა ითქვას ახალი წლის დასაწყისში ესაა ენერგეტიკა საფუძველთა საფუძველი ჩვენი ძლიერებისა და კეთილდღეობისა, უნდა შევთანხმდეთ, ენერგეტიკის აღმავლობისთვის ბრძოლაში 1997 წელი დიდი დასაწყისის, მნიშვნელოვანი გარდატეხის წელი იქნება, ამას კი შევძლებთ მაშინ, თუ ყველანი, მთელი მოსახლეობა და ხელისუფლება ერთად ვიქნებით და ერთად ვიბრძოლებთ.
ახალი წლის ღამეს გულითადად მივესალმები საქართველოს კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის სფეროს მუშაკებს, ჩვენს სახელოვან მეცნიერებს, მწერლებს, ხელოვნების მოღვაწეებს-კომპოზიტორებს, კინემატოგრაფისებს, თეატრის მოღვაწეებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, ყველას, ვინც თავის ნიჭსა და ენერგიას ახმარს დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს კეთილდღეობას.
უმძიმესი დღეები გადაიტანა ქართულმა კულტურამ, ჩვენმა ხელოვნებამ, გაღატაკებულმა ქვეყანამ კულტურის ხსნის პროგრამა შეიმუშავა. კვლავ გვიჭირს მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია თქვათ, რომ ქართული კულტურა გადარჩენილია.
უღმერთოდ გაუჭირდა მწერლობას, ვფიქრობ ახალი წლიდან ქართველი მწერლები მეტ სახელმწიფოებრივ სითბოს იგრძნობენ. კულტურაზე, მწერლობაზე, მეცნიერებაზე ზრუნვა-ში განუზომლად დიდია ადგილობრივ მმართველობათა როლი და დამსახურება. მათ შორის მე აჭარას და მის ხელმძღვანელობას გამოვყოფდი, როგორც სამაგალითოს.
მიმდინარე წელს ჩვენ ავღნიშნეთ ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის 55 წლისთავი და დიდი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავი, ეს იუბილეები ეროვნულ დღესასწაულებად, ქართული მეცნიერების მიღწევების საერთაშორისო დემონსტაციად და კიდევ ერთ ახალ აღიარებად იქცა.
დიდი რეფორმები ხორციელდება საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში. რთულია, ძალიან მტკივნეულია ეს პროცესი, მაგრამ ქვეყნის მომავლისათვის აუცილებელი და გარდაუვალი.
განსაკუთრებული მადლიერებით ვულოცავ ახალ წელს საქართველოს პროფესორებს - მასწავლებლობას, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და სკოლა გადაარჩინეს.
წარმატებით მიმდინარეობს რეფორმა ჯანდაცვის დარგში.
ჩვენი ამოცანა ის არის, რომ მომავალ, 1997 წელს განათლება და ჯანდაცვა - როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორებში - უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე წელს, - ნებისმიერი, მდიდარი თუ ღარიბი მოქალაქისათვის უნდა გვქონდეს ღარიბთა დაცვის შესაბამისი გარანტიები.
მხარი უნდა დავუჭიროდ სპეციალური ფონდების შექმნას, უნდა განხორციელდეს ტევადი სახელმწიფო პროგრამები.
ახალ წელს დაარსდება საპრეზიდენტო სტიპენდიები წარჩინებული, გამორჩეული, ნიჭიერი სტუდენტებისა და ასპირანტებისათვის, ახალგაზრდა, გამორჩეულ მეცნიერთათვის.
ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შევუქმნათ არა მხოლოდ ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდებს, არამედ ყველა მოსწავლეს, სტუდენტსა და ასპირანტს.
მე მივესალმები ომის და შრომის ვეტერანებს, ისინი ჩვენს სახელოვან ისტორიულ წარსულს განასახიერებენ. ახალგაზრდობა კი ჩვენი იმედი და მომავალია. მეტი უნდა ვიზრუნოთ, ვიზრუნებთ კიდეც ვეტერანებისათვის.
ახალ წელს ვულოცავ ქვეყნის ყველა თაობის წარმომადგენლებს. 1996 წელი იყო საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობათა სფეროში ახალი წარმატებების წელი.
1996 წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ევროკავშირთან საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმოწერა გახლდათ. ჩვენი სამშობლო თანდათანობით იმკვიდრებს მისი დიდი წარსულის და უკეთესი მომავლის ქვეყნისათვის ღირსეულ ადგილს. ევრაზიის ერთიან სივრცეში მას უკვე აქვს თავისი ხმა, თავისი აზრი, თავისი ხელწერა, მას უსმენენ, ანგარიშს უწევენ ამ დიდ აღიარებას გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო.
მივესალმები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ მათ და მათ ქვეყნებს ახალ წარმატებებს.
ჩემს დღევანდელ მსმენელებს მინდა ვამცნო რომ, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეთა მიჯნაზე 1999 ან 2000 წლის დასაწყისისათვის ყოველმხრივ გამართლებული იქნებოდა აღგვენიშნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი იუბილე და აგრეთვე შოთა რუსთაველის გენიალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავი. მჯერა საქართველო იმ დროისათვის განვითარების სულ სხვა დონეზე იქნება, უფრო დაჯერებული ვიქნებით საკუთარ შესაძლებლობებში, მსოფლიოს ვამცნობთ თუ ვინ ვართ და როგორი უძვირფასესი განძის მფლობელია ჩვენი სამშობლო, რომელმაც მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში ღირსეული წვლილი შეიტანა.
აღმოსავლური კალენდრით მომავალი 1997 წელი არის ხარის წელიწადი, ღმერთმა ქნას ახალ წელიწადს თითოეულმა გუთნისდედამ ხარივით გასწიოს ერის ჭაპანი, იყოს ხვავი და ბარაქა ქართულ მიწაზე, სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ძეობა - ყველა ოჯახში, მშვიდობა, უღრუბლო ზეცა, სრულიად საქართველოში.
დაე, ახდეს ყველა თქვენი ოცნება ძვირფასო თანამემამულენო, ყველა თქვენი სურვილი და ნატვრა.
მრავალჟამიერ, მრავალ ახალ წელს, ძვირფასო მეგობრებო!
„ღმერთმა ქნას, ახალ წელიწადს თითოეულმა გუთნისდედამ ხარივით გასწიოს ერის ჭაპანი. იყოს ხვავი და ბარაქა ქართულ მიწაზე, სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ძეობა - ყველა ოჯახში, მშვიდობა, უღრუბლო ზეცა - სრულიად საქართველოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 იანვარი. - №1 (2374). - 1,2 გვ.
![]() |
4 პანსიონატ „ნატვრის ხის“ აღსაზრდელებს მილოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო პატარა მეგობრებო!
მინდა გულითადად მოგილოცოთ ახალი წელი და დიდი სიხარული, ბედნიერება და სიკეთე გისურვოთ.
სამწუხაროდ ჩემი შეზღუდული დრო არ მაძლევს საშუალებას, რომ თქვენთან ერთად ვიყო და თქვენი სიხარული გავიზიარო, მაგრამ, ამავე დროს მიხარია, რომ ამ პატარა ბარათით საშუალება მაქვს, ყველას მოგესალმოთ, მოგეფეროთ და გითხრათ, რომ რაც კი რამ საუკეთესო იქნება საქართველოს მომავალში, იქნება თქვენთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავლისათვის.
არა მარტო მომავალი ახალი წელი, არამედ სხვა წლები საქართველოსი თქვენია და თქვენი მოფერებით უნდა დაიწყოს. ამიტომაც, მინდა გისურვოთ, ახალ წელს თქვენს ქვეყანას და თოვლის პაპას თითოეული თქვენგანის ყველა კეთილი სურვილი აესრულებინოს.
ედუარდ შევარდნაძე.
პანსიონატ „ნატვრის ხის“ აღსაზრდელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 იანვარი. - №3 (2376). - 1 გვ.
![]() |
5 „საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო ყველა ოჯახს და მთლიანად საქართველოს ბედნიერება და სიხარული, გამთლიანება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 იანვრის რადიოინტერვიუ
- ეს თქვენი პირველი ინტერვიუა 1997 წელს, გილოცავთ! მინდა პირველი კითხვით, თუ შეიძლება ასე ითქვას, შევაჯამოთ განვლილი ეკონომიკური წელიწადი, რა ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩეოდა იგი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- 1996 წლისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ ტენდენციაზე უკვე ვილაპარაკე ჩემს საახალწლო მილოცვაში და შევეცადე ცალკეული ამოცანების ჩემეული ხედვა გამომეხატა, მაგრამ ზოგიერთ რამეს მაინც გავიმეორებ. რადგან კიდევ და კიდევ დაგვჭირდება განმეორება, იმიტომ, რომ უნდა ვიცოდეთ, თუ რა მიჯნები გვაქვს დასაძლევი და ცხოვრების რა დონეზე გავალთ, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ამ ერთი წლის განმავლობაში, რის გაკეთება შევძელით იმ სიძნელეების მიუხედავად, რომლებიც ყველამ კარგად იცის.
ქვეყნის ეკონომიკა 1997 წელს საკმაოდ რთული, სერიოზული და დაძაბული ამოცანების წინაშე დგას, წლევანდელი წელი გადამწყვეტი, ძირეული შემობრუნების წლად უნდა იქცეს პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში, ქვეყნის აღმშენებლობის ისტორიაში, გასული წელი ამის რეალურ საფუძველს ქმნის. უკვე აღარავისთვის არ არის გასაკვირი და ყველა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ინფლაცია რომლიც სულ რაღაც წლინახევრის წინათ ეკონომიკის დაქვეითების და მოსახლეობის გაღატაკების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, 1996 წელს მინიმალური, თითქმის 1 პროცენტიანი დონით შემოიზღუდა თვეში. ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული 2-2,5 პროცენტის ნაცვლად. ფულადი რეფორმა - ლარის საცვლელი კურსის სიმტკიცე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ამ ფაქტს ადასტურებს განვლილ კვირაში გამართული, საერთაშორისო სავალუტო ბირჟის სესიებიც. ლარის კურსი დოლარის მიმართ კვლავ 1.28 დონეზეა დაფიქსირებული.
ფულად რეფორმაზე არანაკლები მნიშვნელობისაა წარმატებით განხორციელებული პურპროდუქტების სისტემის რეფორმა და პურის ფასების ლიბერალიზაცია და მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე ენერგეტიკულ კომპლექსში დაწყებული რეფორმაც, რომლის სწორი წარმართვა და დროული განხორციელება უნდა გახდეს სისტემის ფინანსური გაჯანსაღების და კრიზისიდან თავის დაღწევის რეალური გზა, ენერგეტიკა წლევანდელი წლიდან წარმოების შემაფერხებელი ფაქტორიდან მისი აღმავლობის უმნიშვნელოვანეს საფუძვლად, უმთავრეს ფაქტორად უნდა იქცეს და ეს ყველამ უნდა გავიგოთ.
გასული წელი აღინიშნა მასობრივი პრივატიზაციის დამთავრებით. სახელმწიფომ ვაუჩერის საშუალებით მოსახლეობას გადასცა 154 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება. დაახლოებით 400 ათასი კაცი გახდა მესაკუთრე, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც დადებითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ესეც საინტერესო მოვლენაა. წარმატებით განხორციელდა მიწის რეფორმა. მე ეს ვთქვი, მაგრამ ერთხელ მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ღონისძიება ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობისაა, მილიონზე მეტი მოქალაქე, მათი ოჯახები მიწის მესაკუთრენი გახდნენ, მიწა მიიღო 300 ათასზე მეტმა ქალაქის მცხოვრებმა, ქალაქელებს ახლაც შეუძლიათ გამოიყენონ მიწის დარჩენილი რესურსები და ამით არსებობის დამატებითი წყარო გაიჩინონ. ძალაში შევიდა მიწათსარგებლობის საიჯარო რეფორმა, რომელიც უკვე მოქმედებს, მიწის რეფორმის სიკეთე ის არის, რომ შეიქმნა სოფლის და ქალაქის მოსახლეობის მასობრივი დასაქმების საფუძველი, ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.
1996 წელს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ, სამწუხაროდ, წლის სტატისტიკა ჯერჯერობით დაზუსტებულ ციფრებს ვერ იძლევა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ეროვნული ეკონომიკის ყველა ძირითადი დარგის მიხედვით აღინიშნება შესამჩნევი ზრდა, რაც განზოგადებული სახით ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, უწინარესად, მთლიან შიდა პროდუქტში აისახება.
წინასწარი შეფასებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სულ ცოტა 10-12 პროცენტით გადააჭარბებს 1995 წლის დონეს, ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული 7.5-9.3 პროცენტის ნაცვლად, ეს ალბათ მრავალ ქვეყანათა შორის, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი უნდა იყოს.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის სამრეწველო წარმოების ზრიდ ტემპმა 1996 წელს, ალბათ, 110 პროცენტს უნდა მიაღწიოს, ამავე დროს, კერძო სექტორში წარმოების არსებული მოცულობით აღრიცხვის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი 115 პროცენტამდე გაიზრდება.
აღმავლობის გზაზე დგება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კომპლექსიც, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროსა და სოცეკონომიკინფორმის წინასწარი მონაცემებით, შარშან 1995 წელთან შედარებით ქვეყანაში წარმოებულია 23 პროცენტით მეტი მარცვლეული, ეს ჯოჯოხეთური გვალვის უმძიმესი პირობების მიუხედავად 17 პროცენტით მეტი ბოსტნეული, ღვინის ქარხნებმა გადაამუშავეს 27 ათასი ტონით მეტი ყურძენი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეალიზებულია თითქმის 15 ათასი ტონა ჩაის მზა პროდუქცია. დაიწყო ჩაის კულტურის გადარჩენის პროცესი.
მნიშვნელოვნად გაიზარდა უალკოჰოლო სასმელების, ლუდის, შამპანურისა და კონიაკის, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების, ყველისა და სხვა პროდუქტის წარმოებაც. იმატა პირუტყვის სულადობამ და საკმაოდ სერიოზულადაც, სამწუხაროდ, დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ, ასე ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ პირუტყვის სულადობა ქვეყანაში ფაქტობრივად გაორმაგდა. მე, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი მაქვს მხედველობაში.
ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება ეკონომიკის სხვა სექტორებიც, შარშან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა საავტომობილო გზებსა და მათი შესაბამისი ინფრასტუქტურის ობიექტებზე, მოგეხსენებათ, რომ გასული წლის დამლევს ჩვენ დავამტკიცეთ გზების რეაბილიტაციის საპრეზიდენტო 4-5 წლიანი პროგრამა და სამუშაოები უკვე გასულ წელს დაიწყო. ალბათ, ყველა მოქალაქე სარგებლობს მანქანით, ყველას აქვს საშუალება დარწმუნდეს, რომ ცენტრალური მაგისტრალები, ასე თუ ისე, შედარებით მოწესრიგდა.
ქვეყანაში ამჟამად როგორც ტვირთბრუნვის, ისე მგზავრთგადაყვანის მოცულობის საერთი ნახევარზე მეტი საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის, სადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ეს მაჩვენებლები. გარკვეული წარმატებები, ზრდის თვალსაზრისით, აღინიშნება რკინიგზის ტრანსპორტზე, კაპიტალურ მშენებლობაში და სხვაგან.
მაღალი მაჩვენებლებით დაასრულეს წელიწადი მომსახურების სფეროს დარგებმა წინასწარი მონაცემებით საქონელბრუნვის მაჩვენებელი 20 პროცენტით სჭარბობს ინდიკატური გეგმით გათვალისწინებულ პროგნოზს, მივმართავ რადიომსენელებს, გთხოვთ ყველაფერს ამას მიაქციოთ ყურადღება, რადგან ამ ციფრებით აისახება რეალური ცხოვრება, მოსახლოების ფასიანი მომსახურების ზრის ტემპი 160 პროცენტია. ეს ხომ თითიდან გამოწოვილი არ არის, ეს არის ზუსტი სტატსიტიკა.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა გახდეს 1997 წლის ბიუჯეტი, რომლის პროექტის შემუშავებასაც, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ხანგრძლივი და დაძაბული ერთობლივი შრომა დასჭირდა, რამაც, სამწუხაროდ, გააჭიანურა ეს პროცესი და არ მოხერხდა გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტის დამტკიცება. მაგრამ, დავამტკიცებთ, როგორც კი პარლამენტი განაახლებს მუშაობას. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი იქნება სრულყოფილი, მართლაც ყოველმხრივ შეჯერებული. ჩვენი ბიუჯეტის ცალკეული ასპექტები არაერთგზის იყო განხილული მთავრობის სხდომებსა და პრეზიდენტთან სპეციალურად გამართულ თათბირებზე.
პროექტით მნიშვნელოვნად იზრდება საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები. კერძოდ, თუ 1996 წლისათვის, წინასწარი შეფასებით ეს შემოსავალი შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9.1 პროცენტს, წლეულს ნავარაუდევია ზრდა თერთმეტნახევარ პროცენტამდე. ეს ძალიან დიდი ზრდაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამით გათვალისწინებული იქნება უფრო მაღალი პარამეტრები, რომელთა რეალიზაცია წლის განმავლობაში შესაძლებლობას მოგვცემს მოვახდინოთ საკუთარი შემოსავლის დონის კორექტირება მისი ზრდის თვალსაზრისით და ბუნებრივია, შესაბამისად გაიზრდება გასავლის ნაწილიც, რომელიც, ძირითადად, მოსახლეობის სოციალურ დაცვას მოხმარდება.
გათვალისწინებულია სოციალური სფეროს დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან იცვლება ხარჯების სტრუქტურა, იზრდება მიზნობრივ დახმარებათა ხვედრითი წილი, შემოღებული იქნება ოჯახური დახმარებები, გათვალისწინებულია ხელფასების, პენსიების მატებაც. ეს ყველაფერი მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორ შევასრულებთ საბიუჯეტო მონაცემებს ასეთი რთული ამოცანების დაძლევის საფუძველს ქმნის საგადასახადო სფეროში შარშან მიღწეული შედეგები, კერძოდ ერთხელ კიდევ მინდა გავიხსენოთ, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ 1996 წლის განმავლობაში მობილიზებულია 290 მილიონი ლარის შემოსავალი, რაც საპროგნოზო პარამეტრების დონეზეა და ამასთან თითქმის 2,2-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. არა მგონია, იყოს სხვა ქვეყანა, რომელსაც ტემპის თვალსაზრისით ასეთი მატება ჰქონდეს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დეკემბერში მიღებული შემოსავლის მაქსიმალური დონე - წინასწარი მონაცემებით იგი 40 მილიონ ლარს აჭარბებს და 1994 წლის მთლიანი შემოსავლის ტოლია.
ასევე მაღალია საბაჟოდან მიღებული შემოსავალიც, რომელმაც დეკემბერში 10,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. სულ 1996 წლის დამდეგიდან მიღებულია 72 მილიონ ლარზე მეტი. რაც 8-ჯერ აღემატება წინა წლის შემოსავალს. ორივე სამსახურის კოლექტივებს მადლობას ვუცხადებ გაწეული მუშაობისათვის და იმისათვის, რომ მოცემული სიტყვა შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ახალი წესის დაბეგვრის შედეგად მიღებული შემოსავალი (იცით, რომ ეს ჩვენ მოგვიანებით დავიწყეთ, სექტემბრის დამლევიდან) 7 მილიონ ლარს აჭარბებს, აქ კეთილი სიტყვა უნდა ითქვას ამ სფეროში მომუშავე ბიზნესმენების მიმართ. სურვილი მაქვს მათ შევხვდე ამ წლის დასაწყისში.
ამ და ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა სხვა დამატებითმა ღონისძიებებმა, კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ საკის სესხის მეორე ტრანშის გამოყოფის პროცედურული საკითხების გადაწყვეტის დაჩქარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საახალწლოდ მოსახლეობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასების, პენსიების, დახმარებების გაცემის თვალსაზრისით, საკის სესხის გამოყოფის ვადებთან დაკავშირებით ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტება საერთაშორისო-საფინანსო ორგანოების რეკომენდაციით განხორციელდა, რადგან არ იყო მეორე ტრანშის და ევროკავშირის დახმარების წლის დამლევამდე მიღებისა და გამოყენების გარანტია დროის თვალსაზრისით, ოპერაციის დაჩქარება მხოლოდ საგანგებო ღონისძიებით განხორციელდა პრეზიდენტის, მისი თანაშემწის, სხვებისა და სხვების საგანგებო ჩარევის შედეგად, სამწუხაროდ ზოგიერთმა გაზეთმა და არა მარტო მათ, სხვებმაც ვერ გაიგეს რა მოხდა და ისიც კი ითქვა, რომ მთავრობამ პარლამენტს 30 მილიონი ლარის შემოსავალი დაუმალა, სინამდვილეში კიდევ ვიმეორებ, თუკი ჩვენს ანგარიშზე ეს ტრანში მოხვდა გასული წლის დამლევს, ეს იყო იმის შედეგი, რომ მივიღეთ საგანგებო ზომები, რათა ეს თანხა დროულად გადმორიცხულიყო და დროულად გაგვესწორებინა ჩვენი დავალიანება ჩვენი მოსახლეობისათვის, ლაპარაკია პენსიებზე ხელფასებზე, დახმარებებზე და ასე შემდეგ.
ასეთია კომენტარი, რომლითაც დღეს შემოვიფარგლები.
- ახალი წლის პირველ დღეს ბევრი ჩვენი თანამემამულე ძალიან ძნელ პირობებში შეხვდა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ეკონომიკაც, რამდენად მზად აღმოჩნდნენ შესაბამისი სამსახურები, რა მოხდა?
- ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ სტიქიამ ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა - მიახლოებითი გამოანგარიშებით ზარალი 20-25 მილიონ ლარს აჭარბებს. დაიღუპა სამი ადამიანი. მსხვერპლი და ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივი ადმინისტრაციების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების, საგზაო პოლიციის, საჰაერო და რკინიგზის ტრანსპორტის თანამშრომელთა თავგანწირული საქმიანობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კონცერნი „საქავტოგზა“ მისი ხელმძღვანელი ბორის სარალიძე დიდი დატვირთვით მოქმედებდენ ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის, ჟანმრთელობის დაცვის სამინისტროები, სხვები და სხვები, საგანგებო ღონისძიებათა კოორდინაციას ახორციელებდა მთავრობის ცენტრალური კომისია ბატონ ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით. საჭიროების შემთხვევაში სტიქიასთან ბრძოლაში გვეხმარებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფები და მათი ხელმძღვანელები.
საქართველოში სტიქიასთან ბრძოლის სისტემა შემდგომ გაუმჯობესებასა და სრულყოფილ მიდგომას მოითხოვს, ჯერ ერთი, უნდა გითხრათ, რომ არსებულმა სისტემამ, ასე თუ ისე გაუძლო გამოცდას და ძირითადი პრობლემები მაინც მოგვარდა, მაგრამ, სრულყოფა აუცილებელია. მხედველობაში მაქვს როგორც ორგანიზაციული, ისე მატერიალურ-ტექნიკური მხარე. შეუძლებელია ჩვენს განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში არ გვქონდეს ვერტმფრენების მძლავრი პარკი, იგივე ითქმის მძიმე საგზაო ტექნიკაზე, ახალ ბიუჯეტში ყოველმიზეზგარეშე უნდა გავითვალისწინოთ პრეზიდენტის საგანგებო ფონდი ყოველგვარი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის, ასეთია გაკვეთილი, რომელიც ასე ვთქვათ, სტიქიამ მოგვიტანა.
- რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს სამთავრობო კომისიების ერთობლივი სხდომა, რა არის ეს, გარკვეული ტენდენცია, თუ გამონაკლისი და ერთეული შემთხვევა?
- რაც შეეხება ამ საკითხს, რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობათა ერთობლივი კომისიის სხდომა, რომელიც ამ დღეებში თბილისში გაიმართება, კარგი ტრადიციის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონფლიქტების მოწესრიგება, სამეურნეო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება. ალბათ, სწორედ ეს იქნება ყურადღების ცენტრში, ამ სფეროებში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ვიცე-პრემიერი ბატონი სეროვი სერიოზული უფლებებით აღჭურვილი მოღვაწეა, ბუნებრივია, ველოდებით, რომ გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვანი იქნება მიღებული. თანასწორუფლებიანი, ურთიერსასარგებლო თანამშრომლობით ორივე ქვეყანაა დაინტერესებული, რუსეთ-საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე კი რეგიონის კეთილდღეობაც ძალიან მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, უფრო ზუსტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მოსახლეობას მივაწვდით ამ ერთობლივი კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა რადიომსმენელს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო ყველა ოჯახს და მთლიანად საქართველოს ბედნიერება და სიხარული, გამთლიანება.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო ყველა ოჯახს და მთლიანად საქართველოს ბედნიერება და სიხარული, გამთლიანება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 იანვარი. - №4 (2377). - 1,2 გვ.
![]() |
6 „ორმხრივი შეხვედრების განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი ატმოსფეროს ფორმირებაა, რაც საშუალებას იძლევა უფრო მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში გადავჭრათ ორი ხალხის საბოლოო შერიგების პრობლემები“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 13 იანვრის რადიოინტერვიუ
- განვილილი ეკონომიკური კვირის უმთავრესი მოვლენა იყო რუსეთ-საქართველოს მთავრობათა ერთობლივი კომისიების სხდომა, რომელშიც რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამეურნეო-ეკონომიკური კონტრაქტები, ვალების რესტუქტურიზაცია, ენერგეტიკა და სხვა რამდენიმე საინტერესო საკითხი... როგორ შეაფასებდით აღნიშნული ერთობლივი სხდომის შედეგებს?
ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების მიმოხილვას თანმიმდევრობით დავიწყებ.
ამ ბოლო მოვლენებიდან პირველ რიგში დავაყენებდი მთავრობის სხდომას, რომელზეც განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლების ამსახველი დოკუმენტები.
მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ 1997-1999 წლებისათვის სტრუქტურულ გარდაქმნათა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის დაზუსტებული პროგრამით განსაზღვრულია ეკონომიკური ზრდის 8-10 პროცენტიანი ტემპი წელიწადში, ინფლაციის წლიური დონის 10 პროცენტით და მეტად შემცირება, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდა და სხვა მრავალი.
ეკონომიკური მართვის სრულყოფის რეფორმები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ფინანსებისა და საბანკო სექტორის რეფორმას, დიდად შეუწყობს ხელს საგადასახადო და საბაჟო სისტემების განმტკიცების შედეგად საგადასახადო შემოსავლების ზრდას, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ახალი სისტემების შემუშავებას.
სტრუქტურული პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებების შედეგად კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს პრივატიზაციის პროცესი, გაგრძელდეს საშუალო და მსხვილ საწარმოთა განსახელმწიფოებრიობის კურსი. განსაზღვრულია სტრუქტურული პოლიტიკის ღონისძიებები ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ მრეწველობის სექტორის პრობლემათა გადაჭრაზეც. ეს საკითხი ჩვენი ერთ-ერთი გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საზრუნავია. მხედველობაში მაქვს არსებული ვითარების ანალიზი და ამ სფეროს მართვის რესტუქტურიზაციის სრულიად ახლებური გააზრება.
სწორად გამიზნული სოციალური პროგრამების განხორციელება დაეფუძნება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, გაგრძელდება რეფორმები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. შენარჩუნებულია ლიბერალური სავაჭრო და სავალუტო რეჟიმის სწრაფი ზრდა. უცხოელ კრედიტორებთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, რეფორმების მხარდასაჭერად გაგრძელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის დახმარებები.
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად შემუშავებული მეორე დოკუმენტი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია - „განაცხადი 1997 წლის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ“ რომელიც საშუალოვადიანი სტრატეგიიდან გამომდინარე ასახავს მიმდინარე წლის ამოცანებს, ქვეყნის წლევანდელი ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რომლებიც უახლოეს ხანში მოხსენდება პარლამენტსა და საზოგადოებრიობას.
თბილისში ახლახან გამართული რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის შედეგად ხელმოწერილია ხელშეკრულება 1997 წელს უმნიშვნელოვანესი სახეობის პროდუქციის მიწოდების შესახებ, შეთანხმება ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის ანგარიშწორების ორგანიზაციის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე შეთანხმება საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თურქეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის თაობაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. საკმაოდ დიდი ხანია ამას ჩვენ რეკლამისა და პროპაგანდის გარეშე ვიხილავთ და ახლა, ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ხელმძღვანელობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ასეთი გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ბუნებრივია, ეს დამატებითი შემოსავლის წყაროც იქნება და ენერგოშემცველების რესურსების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია.
გადაწყდა 1998-2000 წლებისათვის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის შემუშავება. ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის მოცულობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს ტრანსპორტის პრობლემათა გადაჭრამ, წინათ არსებული ბაზრების მაქსიმალურად აღდგენამ სამთო-მეტალურგიულ, ქიმიურ, მსუბუქ, მანქანათმშენებლობის მრეწველობაში, აგროსამრეწველო და ენერგეტიკულ კომპლექსებში კოოპერაციული კავშირურთიერთობის აღდგენა-განვითარებამ, სახელმწიფოთაშორისი საფინანსო სამრეწველო ჯგუფების, ერთობლივი საწარმოების და სხვა სტრუქტურების ფორმირებამ.
ერთობლივ კომისიებს რომლებიც ყოველთვიური რეჟიმით იმუშავებენ, დაევალათ მოამზადონ ხელმოსაწერად შეთანხმებები რუსეთის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ (რომელსაც ხელს მოვაწერთ, ალბათ, იანვარში, მოსკოვში ყოფნის დროს), საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში მოქალაქეთა უფლებების გარანტიების შესახებ, რუბლსა და ლარს შორის ურთიერთკონვერტაციისა და კურსების სტაბილიზაციის უზრუნველყოფის, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ და მრავალი სხვა. როგორც ხედავთ ღონისძიებების და შეთანხმებების მთელი კომპლექსია, რომელსაც თბილისში მივაღწიეთ, საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო იყო ორივე ქვეყნისათვის.
დამაიმედებელი შედეგებით დაიწყეს 1997 წელს ფუნქციონირება სამრეწველო საწარმოებმა. ბოლო წლების განმავლობაში პირველად არ აღინიშნება საწარმოთა მასობრივი გაჩერების ფაქტები ენერგორესურსების დეფიციტის გამო, რაც სტაბილიზაციის პროცესის განმტკიცების პირდაპირი შედეგია. გახსოვთ, შარშან, ფაქტობრივად, ზამთრის განმავლობაში მთელი ჩვენი მრეწველობა ვერ მუშაობდა.
მართალია, იანვრის პირველ დეკადაში სამუშაო დღეების სიმცირის გამო წარმოების მოცულობა შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ ზრდის ტემპი მაშინდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც მაღალია.
მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში პირველი 10 დღის მანძილზე შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წარმოებულია 1,5-ჯერ მეტი პროდუქცია, მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში მიღწეული შედეგები კი სამჯერ აჭარბებს გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
წლის დამდეგიდან ფუნქციონირებდა სააქციო საზოგადოება „საქსამთომეტალურგში“ შემავალი ოთხივე საწარმო და სააქციო საზოგადოებები. ისეთი, როგორიცაა „მადნეული“, „ჭიათურმანგანუმი“, „ფერო“ და ამ საწარმოებში გამოშვებული პროდუქცია მნიშვნელოვნად აღემატება შარშანდელ დონეს.
კარგად დაიწყეს წელი ნავთობის მომპოვებლებმა. განვლილ ათ დღეში ნავთობის მოპოვებამ 5 ათას ტონას მიაღწია, რაც სამჯერ აჭარბებს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებს. წარმოების შეუფერხებელი მუშაობა, როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანწილად განაპირობა დაძაბული რეჟიმის მიუხედავად ენერგოსისტემის შედარებით გამართულმა მუშაობამ წლევანდელი ზამთრის პერიოდში შენარჩუნებულია ენერგოსისტემის მართვადობა, ელექტრული დენის სიხშირე ნორმალურ, კერძოდ, 49 ჰერცის ფარგლებშია, ეს იმის მიუხედავად, რომ დიდთოვლობამ დიდი ზარალი მოგვაყენა, რამდენიმე ანძა წაიქცა, მაგრამ ენერგეტიკოსების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ რამდენიმე დღეში შეძლეს დაზიანებული ხაზების აღდგენა.
იანვრის ცხრა დღის განმავლობაში (ესეც მინდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა) თბოელექტროსადგურებში გამომუშავებულია 6 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია, ანუ შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 112 პროცენტი, ხოლო ჰიდროელექტროსადგურებში - 22 მილიონ კილოვატსაათზე მეტი. ეს გახლავთ 147 პროცენტი შარშანდელ დონესთან შედარებით. ამასთან, მარეგულირებელი ჰიდოელექტროსადგურების წყალსაცავებში არსებული 600 მილიონი კილოვატსაათის ექვივალენტი წლის მარაგი, შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მარაგზე 454 მილიონი კილოვატსაათით მეტია. ჩვენ მართლაც რომ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ასეთი მდგომარეობა არ გვქონია რესურსების თვალსაზრისით.
აღნიშნულის მიუხედავად, კვლავ მძიმეა სისტემის ფინანსური მდგომარეობა, რამაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს საერთოდ მისი ფუნქციონირება.
საქენერგოს წინასწარი ოპერატიული მონაცემებით, იმის მიუხედავად, რომ 1996 წლის დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საქმეში მიღწეულია დადებითი ძვრები, მიღებულია დარიცხული თანხის 70 პროცენტი (მაგრამ ეს წმინდა თანხები არ არის, ეს ჩარიცხვებით არის, უნდა ვიანგარიშოთ მხოლოდ წმინდა თანხებით). მთლიანად წლის შედეგების მიხედვით ვითარება, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა, დარიცხული 122 მილიონი ლარიდან ფაქტობრივად მიღებულია 66 მილიონი ლარი, ანუ 54 პროცენტი, საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ თბილისსა და ქუთაისს, აგრეთვე სენაკის ზუგდიდის, ლანჩხუთის, ტყიბულის, გორის, ბაღდათის, ხაშურის, დუშეთის, ბორჯომსა და სხვა რაიონებს.
ამიტომ, უკვე წლის დამდეგისთანავე მთელი ინტენსიურობით უნდა ამოქმედდეს ენერგეტიკის სფეროში ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ბოლო დროს მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები და მექანიზმები, ზუსტი შეფასება მიეცეს ყველა რგოლსა და ყველა ხელმძღვანელს, ვინც მათ განხორციელებაზე აგებს პასუხს.
1997 წელი როგორც შეგპირდით, ძვირფასო მოქალაქენო, ენერგეტიკის აღმავლობის წელი იქნება, თუკი დახარჯული ელექტოენერგიის საკითხი მოგვარდება. ახლა საქმე თქვენზეა მეგობრებო და უპირველესად იმ საწარმოებზე, რომლებმაც უნდა იმუშაონ.
- განვილი კვირის აქტუალურ თემად, განსაკუთრებით ამერიკული პრესისათვის, გიგა მახარაძესთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტი რჩება. ხომ არ არის რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით?
- სიახლეები, ფაქტობრივად უკვე ცნობილია. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ის, რომ გიგა მახარძის მიმართ ჩემი გადაწყვეტილება, როგორც ეს სავსებით სწორად შეაფასეს, მკაცრია, მაგრამ მიმაჩნია რომ სამართლიანი და სწორია. სამწუხაროდ, იგი ადრეც შეუნიშნავთ ასეთ სერიოზულ დარღვევებში. კერძოდ მივიღე მონაცემები, რომ იგი სამჯერ დააჯარიმეს სხვადასხვა სერიოზული დარღვევებისათვის, ძირითადად ნასვამი მართავდა მანქანას და ზოგიერთი სხვა რამისათვის, ჯარიმების თანხა საკმაოდ სოლიდურია. მე განვაცხადე. რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საკითხის მორალურ-ზნეობრივი მხარე, ვიდრე კონვენციებით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზოგიერთი უპირატესობის, მაგალითად ამ შემთხვევაში დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენება. ჩვენ გროშებს ვაგროვებთ იმისათვის, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობები შევინახოდ და არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება დაივიწყოს, ხალხის რა წვითა და დაგვით მოპოვებულ ლუკმაპურს ჭამენ ისინი სხვა ქვეყნებში.
რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღე, როცა ასეთი არაორდინარული გადაწყვეტილება მოვამზადე, განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა. გამოძიება დამთავრდება და საბოლოო დასკვნის გამოტანა შემდეგ შეგვიძლია მისი დანაშაულის, ასე ვთქვათ, ხარისხის შესახებ.
სხვათა შორის, ეს კარგი მაგალითია ზოგიერთი სხვა სახელმწიფოსათვისაც, რომელთა ცალკეული მოქალაქენიც, განსაკუთრებით, დიპლომატიურ მუნდირს ამოფარებული სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები უამრავ პრობლემას ქმნიან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში, საქმე მიჰყავთ დაძაბულობამდე, საზოგადოებრივი აზრის უკიდურეს კონფრონტაციამდე.
საერთოდ კი, მინდა ვთქვა, რომ „ცივი ომის“ დროინდელი ბევრი ინსტიტუტი მოითხოვს, ასე ვთქვათ, სრულ რეფორმირებას, რადიკალურ შეცვლას, რათა დაძაბულობა და ქვეყნებს შორის გამაღიზიანებელი ელემენტების რკალი თანდათანობით შევიწროვდეს.
მე მქონდა საშუალება მიმეცა ინტერვიუ შესაბამისი ამერიკული და არა მარტო ამერიკული, არამედ სხვა პროგრამებისთვის ვფიქრობ, რადიომსმენელსა და ტელემაყურებელს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ჩემს განცხადებებს უცხოური პროგრამებისათვის.
- განვლილი კვირის უაღრესად საინტერესო მოვლენა იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის შეხვედრა არძინბასთან და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრაზე ასეთი საკითხიც დაისვა - შეხვდებით თუ არა თქვენ არძინბას, საერთოდ, როგორ აფასებთ გაგრის შეხვედრის შედეგებს? ჩვენი მონაცემებით თქვენ სრული და ამომწურავი ინფორმაცია გაქვთ...
- ირაკლი მენაღარიშვილისა და ავთანდილ იოსელიანის შეხვედრა გაგრაში, ჩემი წარმოდგენით, უდავოდ სასარგებლოა, ისევე როგორც ბატონ ოზგანის აქ ჩამოსვლა ძალიან საჭირო და კარგი საქმის დასაწყისია, მე უკვე გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები ქართულ-აფხაზური ორმხრივი დიალოგის სასარგებლოდ. ასეთი შეხვედრების განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი ატმოსფეროს ფორმირებაა, რაც საშუალებას იძლევა უფრო მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში გადავჭრათ ორი ხალხის საბოლოო შერიგების პრობლემები ეს, რა თქმა უნდა, რთულია, რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ, ასე, პირისპირ საუბრის დროს უფრო მოსახერხებელია ამ ურთულეს პრობლემათა განხილვა. ვფიქრობ რომ მოგვარება და მოწესრიგება, შერიგება სწორედ იმ პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციათა გადაწყვეტილებებში უკვე არის ჩამოყალიბებული.
ამასთან, იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოლაპარაკებები რუსეთის შუამავლობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება. ეს არ არის რაღაც სეპარატისტული ღონისძიება. ეს ჩვეულებრივი, ერთ-ერთი მეთოდის აქტიური გამოყენებაა, ლაპარაკია ორმხრივ ურთიერთობასა და ორმხივ დიალოგზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურმა მხარემ ყველაფერი იღონა, რათა გაგრის შეხვედრა კეთილგანწყობის ვითარებაში გამართულიყო.
მინდა ისიც დავძინო, რომ უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ძალიან აქტიური ქართულ-ოსური დიალოგი, ამისათვის, ჩემი აზრით, ნიადაგი უკვე მომწიფდა.
საქინფორმი.
„ორმხრივი შეხვედრების განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი ატმოსფეროს ფორმირებაა, რაც საშუალებას იძლევა უფრო მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში გადავჭრათ ორი ხალხის საბოლოო შერიგების პრობლემები“ / შევარდნაძე ედუარდ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 იანვარი. - №9 (2382). - 1,2 გვ.
![]() |
7 „ქვეყანა თქვენით არის და თქვენ ქვეყნისათვის ხართ“ |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა საქართველოს თეატრის მოღვაწეებს
ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ თქვენი დღე, ქართული თეატრის დღე, თუმცა ეს დღე მხოლოდ თქვენი არ გახლავთ, თქვენი მაყურებლის დღეც არის, რომელიც მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად გაყინული დარბაზებისა, მიუხედავად უშუქობისა, მაინც თქვენი ერთგული დარჩა.
გთხოვთ, მათ შორის მეც მიგულოთ.
ისიც ხომ სათქმელია, რომ გასულ წელს, მართალია, მცირედით, მაგრამ თქვენი და თქვენი მაყურებლის სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდა, ყინული დაიძრა და, იმედი მაქვს, რომ ეს წელი, 1997 წელი, რომელსაც მთელი გულით გილოცავთ, უკეთესი იქნება ფინანსურადაც და შემოქმედებითადაც.
და მაინც, ყველაფერი რაც თქვენთვის გაკეთდა, კეთდება და გაკეთდება, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გჭირდებათ და რასაც იმსახურებთ.
თქვენ ხომ ტრადიციულად ინახავდით და ინახავთ ეროვნულ სულს, სანთელს უნთებთ ქვეყნისა და პიროვნების თავისუფლებას, ამბობდით და ამბობთ იმას, რასაც ხალხი თქვენგან ელოდა და ელის.
დიდი მადლობა ამისათვის.
დიდი მადლობა რუსულ და სომხურ თეატრებს, რომელნიც ამ დიდ საქმეში თქვენს გვერდით დგანან.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ვულოცავ მას, ვინც ახალ თუ გაახლებულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, ვულოცავ მათაც, ვინც უახლოეს ხანში უნდა დაუბრუნდეს თავის მშობლიურ კედლებს, ვულოცავ მას, ვინც წელს პირველად შედგა ფეხი სცენაზე და მასაც, ვინც მთელი ცხოვრება შეალია ამ წმინდა საქმეს.
ქვეყანა თქვენით არის და თქვენ ქვეყნისათვის ხართ.
ედუარდ შევარდნაძე.
„ქვეყანა თქვენით არის და თქვენ ქვეყნისათვის ხართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 იანვარი. - №10 (2383). - 1 გვ.
![]() |
8 დიპლომატია, პოლიტიკა წარმოუდგენელია მორალისა და ზნეობის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომელიც მან გააკეთა მსოფლიოს ტელესააგენტოებისათვის
სიმართლე გითხრათ, მძიმე განცდებით და ძალიან დიდი გულისტკივილით მივიღე გადაწყვეტილება ახალგაზრდა, უდავოდ ნიჭიერი დიპლომატის გიგა მახარაძის ბედის შესახებ. მინდა იმასაც გავუსვა ხაზი, რომ მე ვიცნობ მას, პატივს ვცემ, ვიცნობ მის შესანიშნავ ოჯახს, მშობლებს და გარემოცვას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენიმე დეტალზე უნდა შევჩერდე - რატომ მივიღე ეს გადაწყეტილება.
დიპლომატია, პოლიტიკა მე ვერ წარმომიდგენია მორალისა და ზნეობის გარეშე. ზნეობის პრინციპებთან შეუთავსებლად მივიჩნიე ქართველი დიპლომატის გამოწვევა, გნებავთ, ამას დავარქვათ გამოქცევა, მანამ, სანამ ყველა პროცედურა არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა და რომელიც ურთიერთნდობასა და ერთმანეთისადმი ღრმა პატივისცემას ემყარება.
ამავე დროს, ჩემი გადაწყვეტილება არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ დიდმა ქვეყანამ პატარა სახელმწიფო დააჩოქა. არა. ჩემი გადაწყვეტილება ასეთივე იქნებოდა, მსოფლიოს რა მასშტაბის ქვეყანაშიც უნდა მომხდარიყო ასეთი ტრაგედია (რა თქმა უნდა, ქართველ დიპლომატთან დაკავშირებული შემთხვევა მაქვს მხედველობაში).
მე მინდა, რომ ამ კონკრეტულ ფაქტში დავინახოთ უფრო ზოგადი, დამახასიატებელი თანამედროვე საერთაშორისო ცხოვრებისათვის. „ცივი ომი“ დამთავრდა, ძირითადი ისტორიული ანაგონიზმები წარსულს ჩაბარდა. დიპლომატიურ სამსახურებში კი ცოტა რამ თუ შეიცვალა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონვენცია დიპლომატიური იმუნიტეტის შესახებ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, შეიქმნა მაშინ, როდესაც ბერლინის კედელი აშენდა. დღეს კი ვლაპარაკობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიან სამართლებრივ სივრცეზე, რომლის ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა, ადამიანის უსაფრთხოების უპირობო დაცვა უნდა იყოს.
ახალ ურთიერთობებს ახალ პრინციპებზე მომუშავე დიპლომატიური სამსახურები სჭირდება. დიპლომატების მიმართ მოთხოვნები უფრო სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს. ხშირად სახელმწიფო მუნდირი დიპლომატს კი იცავს, მაგრამ ზარალდება მოქალაქე, პლანეტის მკვიდრი, რომელიც პოლიტიკოსებისგან ახლებურ აზროვნებასა და სამართლიანობის პრინციპების ახლებურ გააზრებას მოითხოვს.
და კიდევ ერთი, ძალაზე დელიკატური საკითხი. ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ამის შესახებ და მაინც გადავწყვიტე, ვთქვა. ეს მუნდირი, ესე იგი, იმუნიტეტი მარტო დიპლომატებისათვის არ შექმნილა. დიპლომატიური უწყების ჭერქვეშ, როგორც ცნობილია, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაა თავშეფარებული. მესმის, ჯერ კიდევ საჭიროა ამ ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც გაზეთებში ვერ ამოიკითხავ, მაგრამ ახალმა ცხოვრებამ ახალი წესები უნდა მოგვიტანოს. მე, მაგალითად, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით შემიძლია განვსაზღვრო, ვინ არის ნამდვილი დიპლომატი და ვინ - სპეცსამსახურების წარმომადგენელი. და მე სულაც არ ვარ ორიგინალური - ამას ყველა პროფესიონალი პოლიტიკოსი და ყველა პროფესიონალი დიპლომატი შეძლებს.
მაშ, დავსვათ დღის წესრიგში ყველა სამსახურის, მათ შორის, სპეცსამსახურების ლეგალიზების საკითხი, ისედაც ხომ ყველასთვის ცნობილია, ვინ ვინ არის. უბრალოდ, ელოდებიან, როდის დაგროვდება მასალა „დიპლომატის“ გასაძევებლად, ან საპასუხო რეაქციისათვის, თუკი რომელიმე პარტნიორი, ან ოპონენტი ქვეყანა ასეთ ზომას მიმართავს.
ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს ეხება. საქართველოს სულ რაღაც რამდენიმე ათეული დიპლომატი ჰყავს და არც უცხოელი ჯაშუშები გვაწუხებენ მაინცდამაინც. ეს საერთო პრობლემაა. მაგრამ ხომ ვიცით, როგორ შეშფოთდება და შეძრწუნდება ხოლმე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა მასშტაბის გაძევებებთან დაკავშირებით. უცხოელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რომ ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს, რომ ამერიკის მოქალაქენი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. აქ ხომ განლაგებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, დისლოცირებულია უამრავი საელჩო და წარმომადგენლობა. ეს კი ათასობით უცხოელი მოქალაქეა, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, მტკივნეული რეაქცია მოჰყვება.
მიმაჩნია, რომ საჭიროა დიპლომატთა საქმიანობისა და თანაარსებობის ახალი კოდექსი, რომელიც საიმედო ჭერი იქნება ყველა ჭეშმარიტი დიპლომატისათვის, ხოლო სპეციალური სამსახურები იარსებებენ ლეგალურად, საკუთარ ჭერქვეშ და იმოქმედებენ მათთვის დამახასიათებელი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა შორის შეთანხმებული საერთო წესებით.
ჩემი ძალიან დიდი და გულწრფელი სურვილია დაიწყოს დისკუსია ამ ერთ-ერთ მგრძნობიარე საკითხზე, მხოლოდ აბსოლუტური გულახდილობისა და აბსოლუტური პირდაპირობის პირობებში, და, ვისარგებლებ ჩემი საყვარელი გამოთქმით, „ახალი აზროვნების“ პრინციპების შესაბამისად.
დიპლომატია, პოლიტიკა წარმოუდგენელია მორალისა და ზნეობის გარეშე : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომელიც მან გააკეთა მსოფლიოს ტელესააგენტოებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 იანვარი. - №10 (2383). - 1 გვ.
![]() |
9 „კეთილი ნების პირობებში ორ ქვეყანას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ კეთილი ნება უნდა არსებობდეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
20 იანვრის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირის მთავარი თემა, ალბათ, იყო ბიუჯეტი, მისი შესრულება. გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, გასულ კვირას წარმოადგინეს, აგრარული კონცეფცია შეიძლება ითქვას, რომ ისე როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში (ამის აღნიშვნა ძალიან სასიამოვნოა) ლარის კურსი სტაბილური იყო... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ბიუჯეტის პროექტის განხილვის ბოლო თვეებია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მთავრობის სპეციალური სხდომა მიეძღვნა 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტის განხილვას. ფაქტობრივად, ეს პროექტი პარლამენტში შეტანილია, ჩვენს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი ისეა ჩაფიქრებული და შედგენილი, რომ 1997 წელი მართლაც გარდატეხის ეტაპად იქცეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფორმირებაში.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გათვლილია 10-12 პროცენტიანი ინფლაციის და მთლიანი შიდა პროდუქტის 12-პროცენტიანი რეალური ზრდის გათვალისწინებით, რაც ფინანსური სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცების წინაპირობაა გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ თითქმის 3 პროცენტს მიაღწევს, 1996 წლის 4,4 პროცენტის ნაცვლად, პროექტი ინარჩუნებს 1996 წელს მიღწეული საბიუჯეტო შემოსავლის რადიკალური მატების ტენდენციას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალობაზე ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოქმედ ფასებში გასული წლის 1096 ლარის ნაცვლად 1365 ლარს შეადგენს, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავალი კი, შესაბამისად 101 ლარიდან 157 ლარამდე მოიმატებს. საგადასახადო შემოსავლის სახით მიღებული იქნება 170 მილიონი ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 8.04 პროცენტია, შარშანდელი 5.4 პროცენტის ნაცვლად.
კვლავ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვან ამ ამოცანათა შესრულებაში საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა საგადასახადო ინსპექციის ხაზით მიღებული იქნება საგადასახადო შემოსავლის 70 პროცენტი ან 400 მილიონი ლარი, რაც 1996 წლის დონეს 1.7 ჯერ აჭარბებს, თითქმის 2-ჯერ.
საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან, 1996 წლის 23 პროცენტის ნაცვლად, ამოღებული იქნება მთელი საგადასახადო შემოსავლის 30 პროცენტი, ანუ 170 მილიონი ლარი. ეს კი წინა წელთან შედარებით 2,5-ჯერ ზრდას ნიშნავს.
პროექტში მეტი მიზნობრივობით ხასიათდება უმწეო ოჯახებში ყოველვიური დახმარების სისტემა, გათვალისწინებულია სახსრები მოხუცებულთა და ინვალიდთა დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის, ასევე ხელფასების, პენსიების დახმარებების გასაზრდელად, სოციალური პროგრამა გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე წინა წლის ბიუჯეტში.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ბრძანებულების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის საგანგებო საფინანსო პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“.
საგანგებო საფინანსო პროგრამა ითვალისწინებს დამატებით 116 მილიონი ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების
გამოყოფას, რა თქმა უნდა, წარმოების შემდგომი გამოცოცხლებისა და სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურების ხარჯზე, რისი მიღების შემთხვევაში სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა გაიღოს ამავე რაოდენობის დამატებითი ხარჯები, მათ შორის 25 მილიონი ლარი პენსიონერთა, ინვალიდთა, ლტოლვილთა სოციალური დაცვის, ხოლო 10 მილიონი ლარი - ჯანმრთელობის დაცვის ღონიძიებებისათვის, გათვალისწინებულია, აგრეთვე, დამატებითი ხარჯები დასაქმების პოლიტიკისა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებებისათვის.
მართალია, პროგრამა ძალიან დაძაბულია, მაგრამ გამიზნული ღონისძიებების და მოთხოვნების უპირობო დაცვის გათვალისწინებით სავსებით რეალურია შესასრულებლად და მისი რეალიზაცია წლის განმავლობაში შესაძლებლობას მოგვცემს მოვახდინოთ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლის დონის კორექტირება მისი ზრდის თვალსაზრისით. პრეზიდენტის დეტალური მოხსენება ბიუჯეტთან დაკავშირებით წარედგინება პარლამენტს თებერვლის დამდგეს. ამიტომ უფრო დაწვრილებითი კომენტარებისგან ახლა თავს შევიკავებ.
მეორე საკითხი, რომელიც ახსენეთ, ეკონომიკის სფეროდან: პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ფართო და ხანგრძლივი განხილვის საგნად ქვეყნის აგრარული პოლიტიკის კონცეფცია. იგი საფუძვლიანად გადამუშავდა აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს სხდომაზე და შემდეგ, მისი საჯაროდ განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადების გათვალისწინებით.
კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის პროდუქცია პერსპექტივაში ქვეყნის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ უნდა იქცეს. ამასთან სადღეისოდ პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების სურსათით შიდა ბაზრის გაჯერებას ენიჭება. ამ ამოცანათა ეტაპობრივად გადაწყვეტის 10-15 წლიანი პერიოდისათვის გამიზნული აგრარული რეფორმის კონცეფცია, ქვეყნის აგრარული პოტენციალის სრულად ამოქმედების მიზანმიმართულ ორიენტირად უნდა იქცეს.
კონცეფცია გამორიცხავს იმ შეცდომებს, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე დავუშვით, როცა სახელმწიფო განზე გადგა და მთლიანად გლეხს გადააბარა ქვეყნის გამოკვებაზე პასუხისმგებლობა, ხოლო მაშინდელი კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები გააჩანაგეს. გაძარცვეს და დაანგრიეს.
სახელმწიფო უარს ვერ იტყვის იმ ფუნქციებზე, რომლებიც განზოგადებულად მწარმოებლისათვის შესაფერისი გარემოს შექმნით გამოიხატება - საკანონმდებლო უზრუნველყოფა იქნება ეს, გასაღების ბაზრის ძიება, უცხოელი კრედიტორების და ინვესტორების მოზიდვა და სხვა, რომელთა განხორციელება კერძო სექტორს ან საერთოდ, ან რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაეხმარება და რომლის გაკეთება მას არ შეუძლია.
საბოლოო გადამუშავების პროცესში კონცეფციაში კიდევ უფრო გაძლიერდება ისეთი მომენტები. რომელიც უკავშირდება პრიორიტეტების განსაზღვრის, მიწების მართვის (განსაკუთრებით მთლიანი რეგიონების) სასოფლო-სამურნეო ტექნიკით უზრუნველყოფისა და სხვა საკითხებს, ამ პრობლემებზე ჩვენ შევთანხმდით.
კონცეფციის მიღებამ საფუძველი უნდა შეუქმნას კონკრეტული, მათ შორის რეგიონული პროგრამების შესამუშავებლად, სადაც ჩამოყალიბდება ამა თუ იმ საკითხისადმი პრინციპული მიდგომა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული მიმართულებების განსაზღვრისა და ხელშეწყობის მიზნით, საბჭოს სხდომაზე განხილული იყო „აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეების და ქალაქ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის რეკომენდაციები“ რომლებიც აისახა პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებაში და ითვალისწინებს რეგიონის ისტორიულ-ტრადიციულ, კულტურულ და ეკონომიკურ თავისებურებებს, ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.
გარკვეული დამატებითი სირთულეების მიუხედავად, ჩვენ უარს ვერ ვიტყოდით ამ გზაზე, რომლითაც მომავალში, თითოეულ რაიონამდე, დაბამდე და სოფლამდე უნდა დავიდეთ. ამასთან ამ სამუშაომ თანდათან იმის საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ცენტრი განიტვირთოს რეგიონთაშორისი კავშირების ზედმეტი პრობლემებისაგან.
შემდეგ წინასაახალწლო დღეებში ლარის საცვლელი კურსის ტრადიციული მომატების შემდეგ, ახალი წლის პირველ დღეებში აღინიშნა ეროვნული ვალუტის ბანკნოტური, ვიმეორებ, ბანკნოტური კურსის რამდენადმე დაწევა, რამაც 3 იანვრისთვის დოლარის მიმართ მაქსიმუმს - 1.32 ნიშნულს მიაღწია.
ეს განაპირობა, ერთი მხრივ, წლის ბოლოს ხელფასების, პენსიების და სხვა გასაცემლების უზრუნველსაყოფად მიმოქცევაში თითქმის 18 მილიონი ლარის ოდენობით ფულადი მასის გამოშვებამ და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის შიდა სავალუტო ბაზარზე გადინებამ. დღესასწაულთან დაკავშირებული დასვენების დღეების გამო კი ბანკებმა ვერ შეძლეს საჭირო ოდენობით უცხოური ვალუტის მიწოდება.
4 იანვრიდან ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მნიშვნელოვანი (დაახლოებით 7,5 მილიონი ლარის ფარგლებში) სავალუტო ინვესტიციები, ოფიციალური კურსი დღეისათვის 1.28 ნიშნულზეა, ხოლო ბანკნოტური კურსი 1,3 ლარის ფარგლებში მოექცა. ეროვნული ბანკის შეფასებით, უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება ლარის კურსის შემდგომი აწევა და ბანკნოტური და ოფიციალური კურსების დაახლოება ან სრული გათანაბრება, როგორც ადრე იყო.
რაც მთავარია ამ მოვლენას რამე განსაკუთრებული პრობლემები არ გამოუწვევია არც მოსახლეობის, არც ბანკების მხრივ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ ნდობას ეროვნული ვალუტისადმი. სახელმწიფოს აქვს ლარის საცვლელი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა შესაძლებლობა - სავალუტო რეზერვებისა და სხვა ბერკეტების სახით და ეროვნული ვალუტის კურსის დროებითი, უმნიშვნელო, მე ასე ვიტყოდი, გადახრები კვლავაც ბუნებრივ მოვლენად უნდა აღიქმებოდეს.
- დაახლოებით ორი კვირის წინათ საქართველოში რუსეთის მთავრობის დელეგაცია იმყოფებოდა. გაიმართა ერთობლივი სხდომა რუსეთსა და საქართველოს დელეგაციათა მონაწილეობით, ჩვენთან იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი ვალერი სეროვი და აი, გასულ კვირას მოსკოვში ხელი მოაწერეს მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ჩვენი ქვეყნისთვის ვალების რესტუქტურიზაციის შესახებ, საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი პირობებით. ეს ის საკითხია, რომელიც, პრინციპში მოსკოვში თქვენი ვიზიტის დროს არაერთხელ წამოწეულა წინა პლანზე და არ წყდებოდა...
- მე მინდა ცოტა ზოგადადაც შევეხო ამ სფეროს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დასახული კურსის მიხედვით ვითარდება, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, სტრატეგიული კავშირურთიერთობის განვითარებას უდავოდ დიდი პოტენციალი აქვს. მთავარია, სწორედ გვესმოდეს ერთმანეთისა. ვიმოქმედოთ იმ რეალური სივრცის გათვალისწინებით, რომელიც „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ფორმირდება. ამ მხრივ უაღრესად სასარგებლო იყო რუსეთის ვიცე-პრემიერის ბატონ სეროვის ვიზიტი საქართველოში. რუსეთის მთავრობას მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისათვის. ეს მაგალითი იმას მოწმობს, რომ კეთილი ნების პირობებში ორ ქვეყანას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ კეთილი ნება უნდა არსებობდეს.
რუსეთს კვლავაც შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთის და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებაში. და, ეს, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება რუსეთისა და საქართველოს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებაში. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძალიან ბევრი დრო დაიკარგა და უდავოდ შემაშფოთებელია, რომ ამ ისტორიული მისიის შესრულებაში ისეთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, როგორიცაა ნდობის ფაქტორი, თანდათანობით ჟანგი ეკიდება. ეს ჩამაფიქრებელია და ჩვენც უნდა ვიფიქროთ და რუსეთის ხელმძღვანელებმაც.
- განვლილი კვირის, და არა მარტო ეკონომიკური კვირის, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოსკოვში გამართული თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობების მეთაურთა ფორუმი. იქ ასეთი ფრაზა ითქვა, რომ თანამეგობრობის არსებობის რამდენიმე წელიწადმა დაამტკიცა, რომ მას მომავალი აქვს, თქვენ როგორ აფასებთ, ყოველივე იმის ფონზე, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება, თანამეგობრობის მომავალს?
- მე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, მის დღევანდელ მდგომარეობასა და პერსპექტივას, ეს განსაკუთრებული და უფრო ხანგრძლივი მსჯელობის საგანია.
ამას წინათ, სხვათა შორის, რუსეთის პრესაში ნურსულთან ნაზარბაევის ფრიად საყურადღებო სტატია გამოქვეყნდა. ყველა მის ძირითად დებულებას, უნდა ვთქვა, რომ ვეთანხმები და, ცუდი არ იქნება. გადმოიბეჭდოს კიდეც იგი.
თანამეგობრობა მხოლოდ მაშინ, იქნება სიცოცხლისუნარიანი წარმონაქმნი, თუ იგი წევრი სახელმწიფოების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაში ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახდება, თუ გადამწყვეტი არა.
რაც უფრო მკვეთრად გამოიკვეთება ამ გაერთიანების ეს ფუნქცია, მით უფრო სწრაფად განვითარდება ინტეგრაციული ტენდენციები ცხოვრების ყველა სფეროში.
ამასთან, თანამეგობრობაში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს, ევროპის დღევანდელ კანონზომიერებათა საწინააღმდეგოდ კი არ უნდა ვითარდებოდეს, არამედ საერთო პლანეტარული თუ კონტინენტალური ინტეგრაციის ერთი მძლავრი დინება, ნაკადი უნდა იყოს და ამ გლობალური მოვლენის მასტიმულირებელი, ხელის შემწყობი ფაქტორი გახდეს. უფრო სწორედ, ამ ნაკადში უნდა იყოს ჩართული.
მოსკოვის შეხვედრასთან დაკავშირებით. იგი გაიმართა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს დელეგაციამ, სახელმწიფო მინისტრის ბატონ ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით თავისი მისია კარგად შეასრულა. საინტერესო საუბრები, საინტერესო დიალოგი გაიმართა ცალკეულ სახელმწიფოთა პრემიერ-მინისტრებთან, დელეგაციებთან. ასე რომ, სასარგებლო მისია გახლდათ.
- გიორგი მახარაძესთან დაკავშირებული მოვლენები კვლავ ქართული პრესის ყურადღების ცენტრშია. გამოჩნდა ისეთი მოსაზრებებიც, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც შევარდნაძემ გადადგა, ფაქტობრივად, უორენ კრისტოფერის წერილის საპასუხო იყო. თუმცა, თქვენს გამოსვლაში საკმაოდ ზუსტად და გასაგებად ახსენით თქვენი მოქმედების ეს მექანიზმი...
- მე ასე გიპასუხებდით ამ კითხვასთან დაკავშირებით. საქართველოს მის მოქალაქეებს იმდენად უჭირთ, რომ ქართველი დიპლომატი თავის ქვეყანას დამატებით სიძნელეებს არ უნდა უქმნიდეს. პირიქით უნდა ხდებოდეს - ამ სიძნელეებსა და სირთულეებს უნდა გვიადვილებდეს და ბევრი ასეც მოქმედებს და ასეც მუშაობს. გადაწყვეტილება, რომელსაც მე მივიღებ (მე ვთქვი, რომ მზად ვარ მივიღო გადაწყვეტილება), იქნება მკაცრი, მაგრამ იქნება სამართლიანი. აზრი იმის შესახებ, რომ ჩემი განცხადებები ყოფილი სახელმწიფო მდივნის ბატონ უორენ კრისტოფერის გავლენის შედეგია, არ არის სწორი. ყოველგვარი მომართვა, ყოველგვარი წერილი ანგარიშგასაწევია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი.
ჩემი მოქმედება განპირობებულია პრინციპული მოსაზრებებით, ქვეყნის ინტერესებით და საკუთარი სინდისის კარნახით. გიგა მახარაძემ და, საერთოდ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ბევრმა წევრმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ტკივილი მიაყენეს საკუთარ ქვეყანას და ეს ტრაგიკული შემთხვევა მწარე გაკვეთილი უნდა გახდეს სადღეისოდ და სამომავლოდაც.
- და, ბოლოს. თუნდაც ამ ბოლო ფაქტმა, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობდით, კარგად დაგვანახა მასმედიის როლი საზოგადოებაში, კონკრეტულად ამერიკის საზოგადოებაში. კანონი პრესის შესახებ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტურ წრეებში. ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია.
- ჩემი პოზიცია ასეთია, რომ პროექტის ერთი ვარიანტთაგანი „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა და მინდა ყველა მოქალაქეს ვთხოვო, მიაქციოს ყურადღება, წაიკითხოს იგი, შეიძლება სხვა ვარიანტებიც იყოს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს საერთო-სახალხო და სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროდანაა.
რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მე ხელს არ მოვაწერ პრესის შესახებ ისეთ კანონს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებს არ შეესაბამება.
პიროვნება ვერ იქნება თავისუფალი, თუ მას საკუთარი აზრის გამოთქმა, უწინარესად, პრესის მეშვეობით არ შეუძლია.
მე ამით ვხელმძღვანელობ და ვიხელმძღვანელებ მომავალშიც. „კეთილი ნების პირობებში ორ ქვეყანას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ კეთილი ნება უნდა არსებობდეს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 იანვარი. - №15 (2388). - 1,2 გვ.
![]() |
10 „...მეცნიერული კვლევა წარმოუდგენელია თქვენი ნაშრომების, ხოლო ქართული მწერლობა - თქვენი თარგმანების გარეშე“ |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონ მაგალი თოდუას
ბატონო მაგალი, გულითადად გილოცავთ 70 წლის იუბილეს.
ქართულ და ისლამურ კულტურათა, ქართულ და სპარსულენოვან ლიტერატურათა ისტორიისა და თეორიის საკითხების, საქართველოსა და ირანის კულტურულ ურთიერთობათა მეცნიერული კვლევა წარმოუდგენელია თქვენი ნაშრომების, ხოლო ქართული მწერლობა - თქვენი თარგმანების გარეშე. სრულიად კანონზომიერად მიმაჩნია, რომ გელათის აღორძინებული აკადემიის პირველი პრეზიდენტის საპატიო წოდება სწორედ თქვენ გერგოთ - თვალსაჩინო ქართველ მეცნიერსა და მკვლევარს და გისურვებთ დიდხანს შეგესრულებინოთ ეს მისია - ღირსეულად და პატივით.
ბატონო მაგალი, კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას.
ედუარდ შევარდნაძე.
„...მეცნიერული კვლევა წარმოუდგენელია თქვენი ნაშრომების, ხოლო ქართული მწერლობა - თქვენი თარგმანების გარეშე“ : ბატონ მაგალი თოდუას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 იანვარი. - №18 (2391). - 1 გვ.
![]() |
11 „თქვენი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ერთგულების მაგალითად იქცა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონ ვანო ასკურავას
ბატონო ვანო,
დაბადების დღე მინდა მოგილოცოთ ხანდაზმულ, მაგრამ ახალგაზრდული შემოქმედებითი ენერგიით სავსე შესანიშნავ მხატვარსა და ქართული თეატრის დიდ მოამაგეს.
ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დღიდან, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში ვალერიან სიდამონ-ერისთავმა მხატვრად მიგიწვიათ, თქვენი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ერთგულების მაგალითაც იქცა, რადგან ორმოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებით ჩვენი ეროვნული კულტურის ამ მნიშვნელოვან კერას. ბევრი მიწვევა გქონდათ უცხოეთიდანაც, მაგრამ საქართველო ვერ დათმეთ და ამ წლების მანძილზე, ბევრი ამწამიერი ნოვაციის მიუხედავად, თქვენს სტილს, თქვენს გზას არ უღალატეთ.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს ამ შესანიშნავ თარიღს.
ედუარდ შევარდნაძე.
„თქვენი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ერთგულების მაგალითად იქცა...“ : ბატონ ვანო ასკურავას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 იანვარი. - №18 (2391). - 1 გვ.
![]() |
12 „ყველა სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი აქვს და ამ უფლებაში ვერავინ შეეცილება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
27 იანვრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირა, შეიძლება ითქვას, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შეჯამების კვირა იყო. ვგულისხმობ მთავრობის გაფართოებულ სხდომებს, რომლებზეც ძალიან ბევრი საინტერესო ციფრი და ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითი იყო დასახელებული თქვენს გამოსვლებსა თუ სხვების გამოსვლებში, სხვათა შორის, განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია 24 იანვრის სხდომა, რომლის ძირითადი თემა კორუფცია და მასთან ბრძოლა იყო, ანუ ის, რაც დღეს ყველაზე მეტად უშლის ხელს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სახელმწიფოს - საქართველოს, და უწინარესად, მის ეკონომიკას...
ამ თემაზე საუბრით დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- არა მგონია, რომ დღეს საჭირო იყოს ჩვეულებრივი ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვა, რადგან ამ საკითხებზე ყოვლისმომცველი საუბარი გაიმართა სამიოდე დღის წინათ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.
მიმდინარე ამოცანებიდან გამოვყოფდი იანვრის საკონტროლო დავალებების შესრულების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. წამყვანი ეკონომიკური სამსახურები, ადგილობრივი მმართველობები თავს იმშვიდებენ იმით, რომ წლევანდელი იანვრის მაჩვენებლები შარშანდელი შესაბამისი პერიოდისას სჯობია. ასეთი შედარება მიუღებელია, შედარება შეიძლება მხოლოდ გასულ საანგარიშო თვესთან. გასული წლის ზამთარი, როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკული კრიზისის გამო ეკონომიკის სრული სტაგნაციით ხასიათდებოდა და ამიტომაც ეს შედარება გაუმართლებელია. ახლა ენერგეტიკაში საწარმოებისათვის, მრეწველობისათვის მაინც გაცილებით უკეთესი პირობებია.
მივმართავ ყველა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელს. რაიონებისა და ქალაქების მმართველობებს, პრეზიდენტის რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დღეები, რადგან იანვრის საბიუჯეტო შემოსავალი, შესაბამისი ფონდების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, აუცილებლად უნდა შესრულდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამაზეა დამოკიდებული ხელფასები, პენსიები, დახმარება და სხვა და სხვა.
როგორც მოგეხსენებათ, მომავალი თვის დამდეგს პარლამენტს წარვუდგენ მოხსენებას ბიუჯეტის შესახებ. მოხსენებასთან ერთად პარლამენტსა და საზოგადოებრიობას მოხსენდება აგრეთვე, ვინ როგორ იმუშავა მიმდინარე წლის სასტარტო ეტაპზე.
წინა კვირას მთავრობის სხდომაზე განხილულ მრავალ საკითხთაგან გამოვყოფდი ორ პრობლემას: მოვიდა დრო, ხელი მოვკიდოთ ტურიზმის განვითარებას, უნდა დადგეს ქვეყანაში ტურიზმის აღმავლობის ეტაპი. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას თათბირიც გაიმართა. ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინების პროცესი თავიდანვე ორიენტირებული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებზე. სხვანაირად შეიძლება მოხდეს ქვეყნის, როგორც ტურისტული სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, რაღაც კომპრომეტირება, საჭიროა ჩამოყალიბდეს კურორტებისა და ტურიზმის ერთიანი სისტემა, შემუშავდეს ტურიზმის განვითარების კომპლექსური პროგრამა. კერძო სექტორის როლის ამაღლებასთან ერთად, ამ სფეროს დღეს სჭირდება მტკიცე სახელმწიფო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პრობლემის განხილვას უახლოეს ხანში მიეძღვნას მთავრობის გაფართოებული სხდომა საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მინერალური წყლების წარმოება. აქაც უზარმაზარი რეზერვია. იმის გამო, რომ გარდამავალ პერიოდში შესუსტდა სახელმწიფოს მაკოორდინირებელი და მარეგულირებელი ფუნქციები, მიწისქვეშა მტკნარი და მინერალური წყლების ინდუსტრიისა და ბიზნესის სფეროში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დაძლევის გზებს სახავს პეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტი, რომელმაც, ფაქტობრივად, ბოლო უნდა მოუღოს განუკითხაობას ამ სფეროში. ამ განუკითხაობამ უაღრესად დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას. მინერალური წყლების წარმოების კრიზისიდან გამოყვანისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობასთან ერთად პროექტი ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტების მიერ წყლის სახელწოდებისა და სასაქონლო ნიშნების გამოყენების, სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის საკითხების მოწესრიგებას, ფალსიფიკაციის აღმკვეთ ღონისძიებებსა და სხვა მრავალს. ეს საუბარი კიდევ გაგრძელდება.
ასევე საფუძვლიანი იყო მსჯელობა მეტალურგიული კომპლექსის მდგომარეობაზე, მხედველობაში მაქვს რუსთავისა და ზესტაფონის ქარხნები. მისასალმებელია, რომ გარკვეული სიძნელეებისა და სირთულეების, მე ვიტყოდი, კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბდება ამ საწარმოთა კრიზისიდან გამოსვლის ტენდენციები. ხელისუფლება ყოველთვის ყველაფერს იღონებს, რათა ეს ტენდენციები შეუქცევადი გახდეს, რათა ამ დარგებმა თავისი როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.
თქვენ შეკითხვაში შეეხეთ კორუფციას. მართლაც, ეს ორი შეხვედრა კორუფციასთან საყოველთაო ბრძოლის დაწყების ეტაპს მოასწავებს. თუ ხმამაღლა ნათქვამი არ გამომივა, მიმაჩნია, რომ სიბრძნე - „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, ყველაზე მეტად ახლა მოქმედებს ალბათ. მე ასე ვხედავ და ხალხიც ამას ღაღადებს, საქართველო რაც შეიძლება ჩქარა განიკურნოს, უნდა განიკურნოს ყოველგვარი სენისაგან, რომელთა შორის ყველაზე საშიში ამჟამად და მომავალშიც, მე ასე მიმაჩნია, კორუფცია გახლავთ. ბრძოლა იქნება ძალიან ძნელი და არცთუ ხანმოკლე, მაგრამ, აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი კამპანიურობა გამორიცხულია და წესრიგის დამყარება დაიწყება მხოლოდ ზედა ეშელონებიდან.
მე ვგრძნობ, რომ შემეკითხებოდით, იმიტომ, რომ საზოგადოებრიობაში სწორედ ასეთი აზრი ბატონობს: ვიღაც-ვიღაც, მეორეხარისხოვან თანამდებობის პირებს, ვისაც მოერევიან, იმათ დაერევიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ყველა პასუხს აგებს მაღალი და დაბალი თანამდებობის პირები, მაგრამ წესრიგის დამყარება უნდა დაიწყოს მაღალი ეშელონებიდან. ეს დროც მოვიდა.
- ეკონომიკაა საქართველოზე კასპიის ნავთობის გატარებაც და მოხდა ისე, რომ ამ ბოლო პერიოდში ეს საკითხი პოლიტიკური ეჭვიანობის საბაბი ხდება. ვგულისხმობ ტულიევის ცნობილ გამონათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი როცა განხორციელდება, საქართველო ჩამოსცილდება რუსეთს...
- სხვათა შორის, არა მარტო ბატონი ტულიევი, რომელიც ამასწინათ აქ იყო და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა (მაგრამ ამ თემაზე არ გვისაუბრია), არამედ ზოგიერთი სხვა თვლის, რომ დასავლეთის, ესე იგი საქართველოს მიმართულებით კასპიის ნავთობის გატარება მოასწავებს რუსეთისაგან კავკასიის ჩამოშორებას. ასეთი მზაკვრული გეგმები აქვს დასახული - ამბობენ ეს ადმიანები. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ჩამოშორება. ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი აქვს და უფლებაში ვერავინ შეეცილება, იგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და თვითონ ამყარებს ასეთ ეკონომიკურ და სხვა კავშირურთიერთობას, თუნდაც სატრანზიტოს სხვადასხვა ქვეყნებთან. მეორე: ამ წრეების გარკვეულ შეშფოთებასთან დაკავშირებით მინდა ასე ვთქვა: რუსეთს აქვს უნიკალური შანსი, ჯერ კიდევ აქვს, გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში, რის შედეგადაც აღდგება აფხაზეთზე გამავალი რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, სრული დატვირთვით ამუშავდება როკის გვირაბზე გამავალი ავტომაგისტრალიც, სხვა მასშტაბი ექნება მოძრაობას საქართველოს სამხედრო გზაზე. ამით რუსეთი არა მარტო ამიერკავკასიის ქვეყნებთან, არამედ თურქეთთან, ირანთან, ახლო და შუა აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან საარსებო მნიშვნელობის არტერიებით იქნებოდა დაკავშირებული. ევრაზიის დერეფანი და ეგრეთ წოდებული ტრასეკის პროექტი დამაკავშირებელი იქნება არა მარტო დასავლეთისა, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთისა.
რაც შეეხება ნავთობსადენებს, როგორც რუსეთზე გამავალს, ასევე საქართველოს მარშრუტს, ამ პროექტებს თავიანთი ლოგიკა აქვთ - ეკონომიკური, ფინანსური, თუნდაც სტრატეგიული და ამ კანონზომიერებებს ვერავინ აუვლის გვერდს. დროება შეიცვალა, ბუნებრივმა სიმდიდრეებმა ქვეყნებს სიკეთე უნდა მოუტანონ და არა უსიამოვნებანი.
- ამ ბოლო პერიოდში საყოველთაო ყურადღების ცენტრშია სამშვიდობო პროცესის დაწყების კიდევ ერთი მაგალითი, - ვგულისხმობ ისრაელის ჯარების გაყვანის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ კონფლიქტების მოწესრიგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ალბათ, ეს თემა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებასაც იპყრობს...
- მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისათვის. მე როგორც პოლიტიკოსი და როგორც ადამიანი, რა თქმა უნდა, გულგრილი არ ვარ ამ რეგიონის მიმართ. დიდი ხანია ამ თემაზე არ მისაუბრია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან უშუალო შეხება მქონდა ჯერ კიდევ ჩემი მოსკოვში მუშაობის პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთის კვანძი ერთ-ერთი ურთულესია დღევანდელი მსოფლიოს წინაშე მდგარ პრობლემათა შორის. ეს ისტორია რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. იმდენად რთული, რომ მის გახსნას გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეების სიცოცხლე შეეწირა და არა ერთისა. გავიხსენებ მხოლოდ ორ მათგანს. ეგვიპტის პრეზიდენტს ანვარ სადათს და ისრაელის პრემიერს იცხაკ რაბინს. და მაინც, ნახევარსაუკუნოვანი სისხლიანი დაპირისპირების მიუხედავად, ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების ლიდერებში სულ უფრო მტკიცდება აზრი იმის თაობაზე, რომ მშვიდობიან თანაარსებობას ალტერნატივა არა აქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო სამოცდაათიან წლებში ისრაელსა და ეგვიპტეს შორის მიღწეული შეთანხმებები სინის ნახევარკუნძულის თაობაზე. ამის მაგალითია დღეს მიმდინარე პროცესი ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას შორის, რომელიც ქალაქ ოსლოში დაიწყო და მისი ძალზე იმედისმომცემი, პრაქტიკული შედეგი - ამა წლის 15 იანვარს პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუსა და ბატონ არაფატს შორის ხლმოწერილი შეთანხმება მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ჰებრონის შესახებ, რომელიც ჰებრონის ოქმის სახელითაა ცნობილი. მე დაწვრილებით გავეცანი ამ დოკუმენტს და უნდა მოგახსენოთ, რომ ჰებრონის ოქმი არის, ერთი მხრივ, გრძელვადიანი და მყარი მშვიდობისაკენ დაუოკებელი სწრაფვისა და, მეორე მხრივ, მძიმე შინაგანი ბრძოლისა და გონივრული კომპრომისების შედეგი.
მივესალმები ამ დოკუმენტის ხელმოწერას და მხარეების მიერ გამოჩენილ ვაჟკაცობასა და პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას.
არ შემიძლია არ აღვნიშნო განსაკუთრებული როლი, რომელსაც, ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს ზოგადად ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, და კერძოდ, ოსლოს პროცესში, ასევე არაბული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის, ევროკავშირისა და რუსეთის გამოკვეთილი საშუამავლო ძალისხმევა. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი არის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის შეთანხმებული მოქმედების შედეგი. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ასეთი შეთანხმების შედეგად გადადგეს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ ამგვარ თანამშრომლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და ამიტომაც მე შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს ამ პროცესის ზოგიერთ ელემენტს. მხედველობაში მაქვს საქართველოს მეგობრების ჯგუფი, რომლის სამშვიდობო პოტენციალი პრაქტიკულად განუსაზღვრელია, როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტის სამართლიან მოწესრიგებას, არამედ ომით გაჩანაგებული რეგიონის ეკონომიკურ აღორძინებასაც, უფრო სწორად, როგორც ჩვენ ვამბობთ, რეაბილიტაციას და შემდეგ - აღორძინებას.
- და, ბოლოს. თითქმის ყოველ კვირას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. გუშინ თქვენ ოპერის თეატრში ბრძანდებოდით ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ პრემიერაზე.
- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - ქართული ხელოვნების ამ ფლაგმანში 7 წელზე მეტია ახალი სპექტაკლი არ დადგმულა და ყველა ჩვენგანი ამას გულით განვიცდიდით. გუშინ „პიკის ქალის“ დადგმით, მე ასე ვიტყოდი, ახალი ეტაპი დაიწყო სახელგანთქმული კოლექტივის ცხოვრებაში. დარბაზი სავსე იყო მუსიკის თაყვანისმცემლებით, რომლებიც სულგანაბული ელოდნენ ჩვენი დროის უბრწყინვალესი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის სადირიჟორო პულტთან მისვლას. ყველანი მართლაც დაძაბული ვიყავით ამ შვიდწლიანი წყვეტილობის შემდეგ. მსახიობებზე არანაკლებ ღელავდა დარბაზი და, მადლობა ღმერთს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ხელოვნება უკვდავია. იგი გადარჩენილია, ესე იგი, გადარჩენილია საქართველო. მადლობა ამ სახელოვან ადამიანებს ჭირთა თმენისათვის, ჭეშმარიტი გმირობისათვის. ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისათვის.
საქინფორმი.
„ყველა სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი აქვს და ამ უფლებაში ვერავინ შეეცილება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 იანვარი. - №21(2393). - 1,2 გვ.
![]() |
13 საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი ნოდარ კომახიძის გარდაცვალების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ცნობილი მეცნიერ-თურქოლოგის ნოდარ კომახიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს.
ედუარდ შევარდნაძე.
სამძიმარი : საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი ნოდარ კომახიძის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 თებერვალი. - №25 (2397). - 1 გვ.
![]() |
14 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება რთული, უაღრესად მძიმე და ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ნურავინ იმედოვნებს, რომ იაფი პოპულიზმის ცდუნებამ შეიძლება ხელი აგვაღებინოს ქვეყნის მომავლისათვის ამ უთუოდ საჭირო ამოცანის განხორციელებაზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დასკვნითი სიტყვა საქართველოს მთავრობის 1997 წლის 24 იანვრის გაფართოებულ სხდომაზე
ჩვენი, უკვე ტრადიციულად ქცეული შეხვედრა - წლის შედეგების შეჯამება - მეოთხედ იმართება. ბევრი რამ დაიტია ამ ბოლო ოთხმა წელიწადმა. ეს იყო გამეფებული ქაოსიდან, განუკითხაობიდან, ბანდიტური კლანების თარეშიდან ქვეყნის თანდათანობით გამოყვანის წლები. ჩვენ შევძელით კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცების, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მიმდინარე მუშაობა გააზრებულ, შეუქცევად და ერთ-ერთ უმთავრეს პროცესად გვექცია, რამაც ბევრად განაპირობა ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის წარმართვაც.
ამავე დროს, ჩემთვის ეს არის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განვლილი პირველი წელიწადი და ვალდებული ვარ გაწეული მუშაობა, უწინარეს ყოვლისა პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში ჩამოყალიბებული ამოცანებიდან გამომდინარე შევაფასო, რადგან კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ცხოვრება, ისტორიული პროცესი თავის კორექტივებს შეიტანს უახლოეს ხუთ წელიწადზე გათვლილ პრეზიდენტის პროგრამაში, მაგრამ სტრატეგია და ტაქტიკა, რომელთა მიზანია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის შექმნა, უცვლელი რჩება.
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში ურთულეს, მაგრამ აუცილებელ პროცესებს, ეტაპებს გადის. არ შეიძლება გადაახტე იმ ეტაპს, რომლის გავლასაც მოითხოვს საზოგადოების განვითარების კანონზომიერება.
გასულ წელს გაწეული მუშაობის ანალიზი მაძლევს უფლებას, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც საქმით ამოუდგა მხარში პრეზიდენტს პროგრამაში განცხადებულ ამოცანათა გადაწყვეტაში.
აქ უკვე ითქვა, რომ ეს იყო წესრიგისა და ხალხის ინტერესებისათვის თავგანწირული ბრძოლა, რომელსაც პოლიციის 450-ზე მეტი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.
ძირითადი დასკვნა, რომელიც გასული წლის შედეგების შეჯამებისას შეიძლება გამოვიტანოთ, ის არის, რომ ქვეყანაში გრძელდება კრიმინოგენური ვითარების განმუხტვის, ჩადენილ დანაშაულობათა კლებისა და მათი გახსნის გაუმჯობესების დამაჯერებელი ტენდენციები. სრულდება ამ კუთხით პრეზიდენტის პროგრამაში ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნები და დებულებანი.
არ მინდა გავიმეორო უკვე არაერთგზის მოტანილი ციფრები, რომლებიც შარშან გაწეული მუშაობის რეალურ სურათს გვიხატავს. ვიტყვი მხოლოდ, რომ 1996 წელს 10 000 მოსახლეზე დანაშაულის მაჩვენებელმა 28,9 პუნქტი შეადგინა, რაც 2,6 პუნქტით ნაკლებია 1995 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ციფრები შეიძლება აბსოლუტურად ზუსტი არ არის, მაგრამ ტენდენციას მაინც ასახავს.
მნიშვნელოვნად შემცირდა მძიმე კატეგორიათა დანაშაულობანი, მათ შორის, განზრახ მკვლელობები, ადამიანის გატაცების ფაქტები (ყველას გახსოვთ, როგორი შეძრწუნებული იყო მთელი საზოგადოება ასეთი ფაქტებით), პირადი ქონების ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ავტომოტოტრანსპორტის გატაცება.
ბოლო წლების განმავლობაში პირველად არის მიღწეული დანაშაულის გახსნის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ეს ყველაზე მეტად გვაძლევს იმედს და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვყავს თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
მძიმე კატეგორიის დანაშაულობათა გახსნის მაჩვენებელმა 84 პროცენტი შეადგინა. აქაც ტენდენციაზეა ლაპარაკი და, თავისთავად, შედარებითი მეთოდი, ამ შემთხვევაში უდაოდ, დამაჯერებელია.
შარშან, ივლისში, წლის პირველი ნახევრის შედეგების შეჯამებისას, განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება წინა წლებში ჩადენილ დანაშაულობათა გახსნის შემაშფოთებელ მდგომარეობაზე. საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროთა კოორდინირებული მუშაობითა და საერთო ძალისხმევით გაიხსნა 1991-95 წლებში ჩადენილი 1500-ზე მეტი სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორისაა არაერთი დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე საშიში დანაშაული. მადლობას გიხდით ყველას, ვინც მონაწილეობდით ამ საქმეების გახსნაში, მაღალი პროფესიონალიზმისათვის, თავდადებისა და პასუხისმგებლობისათვის. მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს მუშაობა მომავალშიც არ შენელდება.
აქვე მინდა გაგაცნოთ ზოგიერთი დასკვნა სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების მუშაობისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების ამსახველი სოციოლოგიური ინფორმაციიდან (ესეც, ალბათ, საორიენტაციოა და არა აბსოლუტურად ზუსტი), რომელიც სპეციალურად თათბირისათვის მოამზადა სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივი აზრის კვლევის განყოფილებამ.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში გამოკითხულია სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის 2000-ზე მეტი რესპოდენტი.
სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების შარშანდელი მუშაობა, პრინციპულად, დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 67 პროცენტმა, უარყოფითად - 2-მა, 13 პროცენტმა განაცხადა, რომ უჭირს შეფასება. რეგიონების მიხედვით საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით ყველაზე კარგი მაჩვენებლებია იმერეთის მხარეში, შიდა ქართლში, თბილისში, აჭარაში.
მთლიანად აღნიშნული სოციოლოგიური ინფორმაცია კვალიფიციურად არის მომზადებული და შეიცავს ბევრ საყურადღებო დასკვნას.
დასაწყისში წლის შედეგების შეჯამების ტრადიციას შევეხე. შეჯამების ამ ფორმასაც შემდგომი სრულყოფა სჭირდება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ასეთი შეხვედრებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება - ნაკლოვანებებზე, პრობლემებზე ყურადღების გამახვილების პრაქტიკა, რადგან მხოლოდ ასეთი მიდგომით შეგვიძლია ვიქონიოთ უკეთესი მომავლის იმედი, დავამკვიდროთ სახელმწიფოებრიობის საწყისი ძირითადი ატრიბუტები - კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა გარანტირებული დაცვა.
ბოლო 3-4 წელიწადში კანონიერების აღდგენის, წესრიგის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით დღითიდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაძლებლობის ფარგლების გათვალისწინებისა და მათი თანდათანობით გაფართოების წყალობით მიღწეული შედეგებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლებლის მიღწევაც შეიძლება. გთხოვთ, გადახედოთ საქართველოს ისტორიის უკანასკნელი წლების მოვლენათა ლოგიკას - გამარჯვება მხოლოდ მაშინ მოვიპოვეთ, როცა დრო სწორედ შევარჩიეთ. უნაპირო კრიმინოგენული თარეშის ამდაგვარი მოთოკვა იმ წლებში ყველაზე გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც გაუჭირდებობდა, ახლა ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, განვლილია, მოთარეშე ბანდები, შეიძლება ითქვას, დამარცხებულია, მაგრამ ჩვენ წინაშე დგას ახალი ამოცანები და მათ უნდა მივაპყროთ ყურადღება.
რამდენიმე სიტყვა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი კომისიების მუშაობის შესახებ. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ამ კომისიათა ხელმძღვანელების ირაკლი მენაღარიშვილის, ავთანდილ ჯორბენაძისა და თამაზ კვაჭანტირაძის ინფორმაციები.
ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი თავის გამოსვლაში შეეხო უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავებას უკავშირდება.
ახალ რეალობათა გათვალისწინებით საჭიროდ მიმაჩნია, თქვენი ყურადღება მივაპყრო კონცეფციის მნიშვნელობასა და მისი მომზადების ზოგიერთ ასპექტს.
ეროვნული უშიშროების კონცეფცია კონსტიტუციური მნიშვნელობის დოკუმენტი უნდა იყოს.
მან უნდა მოიცვას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. ამიტომ იგი უნდა იყოს ყველა ჩვენი უწყების, სტრუქტურისა და ფართო საზოგადოების ძალისხმევის პროდუქტი, მთელი მოსახლეობის ნება-სურვილის გამომხატველი. სხვაგვარად იგი თავის დანიშნულებას ვერ გაამართლებს.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია მისაღები დოკუმენტის სპეციფიკაც. ეროვნული უშიშროების კონცეფცია, გარკვეული აზრით, პროგნოსტიკული ხასიათისა უნდა იყოს. ის, რაც დაფიქსირდება, უახლოეს და შორეულ პერსპექტივაში იქნება თითოეული ჩვენგანის არა მარტო სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი, არამედ ჩვენი მოქმედების პროგრამაც. ეს - ერთი.
მეორე: კონცეფციის სპეციფიკა იმითაც უნდა გამოვლინდეს, რომ იგი ერთდროულად ეროვნული იდეოლოგიის ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს. როცა ვამბობ ეროვნულს, მხედველობაში მაქვს საქართველოს მთელი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომ კონცეფცია უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეთა საზოგადო და პირადი ინტერესების, საერთო სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ამსახველი. კონცეფციის შემუშავების პროცესში, ვფიქრობ აუცილებელი იქნება ზოგიერთი პრინციპული საკითხის გათვალისწინება:
პირველი ეხება ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებისა და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის თანაფარდობას. აქ ლაპარაკია შიდაპოლიტიკური უშიშროების იმ პრინციპების გათვალისწინებაზე, რომლებიც საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესებისა და საერთო-სახელმწიფოებრივი მიზნების შერწყმას უზრუნველყოფს.
ჩვენ ძალიან მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ ყოველგვარი ეროვნულის მიმართ, არა მარტო ჩვენი, ქართველების, არამედ ყველა იმ ხალხის განცდების, გრძნობების, სურვილებისა და ოცნებების მიმართ, ვინც საქართველოში ცხოვრობს. მეტიც, იმ ადამიანებისა და მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სხვა ეროვნებებს წარმოადგენენ, ჩვენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ, და ეს, ასე ვთქვათ, ცხოვრებისა და მოქმედების წესად უნდა იქცეს, რადგან მრავალეროვნული სახელმწიფო ვართ. ამიტომ ყველას გთხოვთ, ჩვენს მასმედიას, არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციურია ის, თუ ხელისუფლების მხარდამჭერი, ხელისუფლებაზე ორიენტირებული, ყველა დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ, რადგან ერთმა მოუფიქრებლად ნასროლმა სიტყვამ თუ ფრაზამ, შესაძლოა, დიდი ჭრილობა მიაყენოს ამ ადამიანების გულსა და შეგნებას. ვიცი, რომ დღეს გამოსვლა უნდოდა სერგო დარბინიანს (ახალქალაქის გამგებელი - რედ.), ისიც ვიცი, რა უნდა ეთქვა. იგი შეწუხებულია იმით, თუ როგორ წარმოადგენს ჯავახეთში არსებულ ვითარებას ზოგიერთი ჩვენი გაზეთი. მას უნდა გამოეთქვა რეგიონის მთელი მოსახლეობის აზრი იმის შესახებ, რომ ისინი, გარდა მცირე გამონაკლისისა, რომელსაც აქვს თავისი აკვიატებული, დაუსაბუთებელი, ან შეიძლება დასაბუთებული აზრი (ასეთი კი თითქმის ყველა კუთხეში, ყველა რაიონსა და სოფელშია), ყველანი საქართველოს მკვიდრნი, საქართველოს მოქალაქეები არიან. სხვანაირად ისინი არ აზროვნებენ და არც იაზროვნებენ. მე მას მივესალმები და ამასთან ერთად მივესალმები ყველას, ვინც ასე ფიქრობს. ეს კი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა.
მეორე პრინციპული საკითხი დემოკრატიზაციის ყველა პროცესისა და ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თანაფარდობაა. კონფერენციის ყველა ნაწილი, მისი თითოეული კარი უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ეროვნულსახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სპეციფიკის ხარჯზე. დემოკრატიზაციის პროცესიც რაციონალურ მიდგომას საჭიროებს. მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატიზაცია არ უნდა ფარავდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და დამოუკიდებლობას და, პირიქით, ქვეყნის დამოუკიდებლობა არ უნდა ხორციელდებოდეს დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე.
მესამე პრინციპული საკითხი ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ, კავკასიაში, მიმდინარე და მოსალონდელ რეინტეგრაციული პროცესის თანაფარდობას. ეროვნული უშიშროების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ამ თვალსაზრისით საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფელ მექანიზმსაც და რეინტეგრაციულ პროცესებში ჩვენი აქტიური მონაწილეობის შესაძლებელ ზღვარსაც.
კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ გულახდილად უნდა ითქვას, რომ მისი ტემპი და პროდუქტიულობა არადამაკმაყოფილებელია.
იმედს გამოვთქვავ, რომ ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისია, მისი თანათავმჯდომარეები ბატონები ირაკლი მენაღარიშვილი და შოთა კვირაია, სხვა კოლეგების დახმარებით, საერთო ძალისხმევით შეძლებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისთვის ამ უაღრესად საჭირო დოკუმენტის პროექტის დროულ მომზადებასა და განხილვისათვის წარდგენას.
ასევე მეტ აქტიურობას ვთხოვ საქართველოში ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიების თავმჯდომარეებს ბატონებს ავთანდილ ჯორბენაძესა და კახა თარგამაძეს.
ეს საკითხთა საკითხია, პრობლემათა პრობლემაა დღევანდელობისა და მომავლის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, შარშან დავამტკიცე „საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა“. ეროვნული პროგრამის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პრეზიდენტის ფონდიდან მიმდინარე წლისათვის გამოყოფილია 2 მილიონი ლარი. ვფიქრობ, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ წინადადებას. საჭიროა მისი სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება. ამავე დროს, პროგრამის დასაფინანსებლად აქტიურად უნდა ვეძებოთ დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები. ასეთი შესაძლებლობები თითქმის განუსაზღვრელია. ჩვენ უბრალოდ, არ ვიცით სად და რა საშუალებაა და ვის მივმართოთ. ესეც უნდა ვისწავლოთ.
ნარკომანიის პრობლემა დღეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა ამ პრობლემის გადაწყვეტის იდეოლოგიური უზრუნველყოფის სისტემა. ამ პრობლემის წინაშე ვალში არიან ჩვენი მეცნიერები, მრეწველობა, კინო, პუბლიცისტიკა. არადა, ჩვენში მისი გადაწყვეტის კარგი ტრადიციები არსებობდა.
ბევრი რამ უნდა აღვადგინოთ, ბევრიც მოწინავე ქვეყნებისაგან გადმოვიღოთ და ჩამოვაყალიბოთ, განვსაზღვროთ საკუთარი პოლიტიკა.
კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების მიერ ქვეყანაში სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის განსაზღვრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ის განსაკუთრებული ფუნქცია, რომელიც ისტორიულად კი ჰქონდა საქართველოს, მაგარმ არ იყო ამოქმედებული. ეს არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამ განსაკუთრებულ ფუნქციაში უამრავი სიკეთეა, მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, ასევე უამრავ ნეგატიურ მოვლენას მოგვიტანს. უწინარეს ყოვლისა, ეს იქნება ნარკობიზნესი და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა შემოსევა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ არა მარტო შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები, არამედ მთელი მოსახლეობა, მთელი ქვეყანა ყოველმხრივ მზად უნდა იყოს.
უფრო სერიოზული პრეტენზიები უნდა გამოვთქვა არასრულწყლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის მისამართით, მთლიანად მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ ჯერჯერობით ვერც კომისიამ და ვერც მთლიანდ მთავრობამ შეძლეს არასრულწლოვანთა, ზოგადად, მოზარდთა წინაშე მდგომი პრობლემების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მთავარ მიმართულებათა განმსაზღვრელის, ამ პრობლემებზე მომუშავე უწყებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საქმიანობის კოორდინატორის როლის შესრულება. ვერა და ვერ მოვაგვარეთ მიუსაფარი ბავშვების პრობლემა, რომელთა რაოდენობა, განსაკუთრებით, თბილისის ქუჩებში, დღითი დღე იზრდება. როგორც უნდა უჭირდეს სახელმწიფოს, მაინც გამოიძებნება რესურსები ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, განსაკუთრებით, დედაქალაქში და მთლიანად სახელმწიფოში იმისათვის, რომ ბავშვების ამ არცთუ მრავალრიცხოვან კატეგორიას სახელმწიფომ მოუაროს და უპატრონოს. თუ ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ ჩვენი უძლურება და ვთქავთ, რომ უფრო დიდ პრობლემას აღარ უნდა შევეჭიდოთ.
მე უკვე მივეცი დავალება ისუტიციის მინისტრს, წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელიც მოაწესრიგებს საქართველოში ბავშვთა გაშვილების პრობლემას. აქ იმდენად გაშვილებაზე არ არის ლაპარაკი, რამდენადაც - გაყიდვაზე. თქვენ იცით, ისტორიულად როგორი მგრძნობიარეა ჩვენი ხალხი ამ პრობლემის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს კანონით. ამ და სხვა ანალოგიურ აქტუალურ საკითხებზე სწორედ ეს კომისია უნდა მუშაობდეს. ამ კომისიიდან უნდა მოდიოდეს შესაბამისი წინადადებანი.
მიმდინარე წელს არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოვყავი 1 მილიონი ლარი. თუ საპრეზიდენტო პროგრამას, რომელსაც მე, როგორც პრეზიდენტი, წარვუდგენ პარლამენტს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის თაობაზე, მაშინ შეიძლება ამ თანხის გაორმაგება და გასამმაგება. ვავალებ კომისიას, წარმოადგინოს ამ თანხის გამოყენების კონკრეტული პროგრამა.
ზემოთ ჩამოთვლილი სამთავრობო კომისიების საქმიანობის ეფექტიანობა ბევრადაა დამოკიდებული მხარეებში პრეზიდენტის წრმუნებულებთან შექმნილი ანალოგიური კომისიების მუშაობაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის ივლისში ბრძანებულებით დავავლე მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულებს, ქალაქების მერებს, გამგებლებს შეექმნათ ნარკომანიისა და არასრულწყლოვანთა პრობლემებზე მომუშავე შესაბამისი კომისიები, რომლებსაც სამთავრობო კომისიებთან მჭიდრო კავშირში უნდა ემუშავათ. სამწუხაროდ რესპუბლიკურ და ადგილობრივ კომისიებს შორის ჯერჯერობით არავითარი კავშირი არ არსებობს. უფრო მეტიც, კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის გია არსენიშვილის თავმჯდომარეობით 1996 წლის 12 ივლისს შეიქმნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამხარეო კომისია, რომელსაც დღემდე არც ერთი სხდომა არ გაუმართავს, ხოლო არასრულწლოვანთა საქმეების კომისია საერთოდ არ შექმნილა. გია არსენიშვილი დღეს ძალიან კარგად გამოვიდა და ძალიან დამაჯერებლად ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებიც მხარეში და, საერთოდ რესპუბლიკაშია, მაგრამ კარგი იქნებოდა, ორი სიტყვა ამ ნაკლოვანებებზეც ეთქვა. თითქმის იგივე ვითარებაა ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სადაც, ლევან მამალაძის, შალვა ობგაიძისა და ირაკლი ბოჭორიძის განმარტებით, ნახევარი წლის განმავლობაში გაიმართა კომისიის ერთი, ზოგან ორი სხდომა, მაგრამ არც ოქმები, არც სხდომები არ აღმოჩნდა. რაც მთავარია, რეალურ სიტუაციაზე მათი ზეგავლენა არ იგრძნობა.
ყოველივე ეს დაკისრებული მოვალეობისადმი ზერელე მიდგომის შედეგია, რომელიც უმკაცრეს შეფასებას იმსახურებს. ვავალებ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის სამსახურთან ერთად სისტემატურად გაანალიზოს ამ კომისიების მუშაობა და პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაციები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად.
ახლა კი რამდენიმე საკითხი, რომელზეც განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება მიმდინარე, 1997 წელს; სავსებით სწორად აღიქვეს დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა მოწოდება იმის შესახებ, რომ 1997 წელი უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ გლობალური შეტევის, გლობალური ბრძოლის დაწყების წელიწადი. არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ მხოლოდ 1997 წელი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წელი - ეს არის დასაწყისი. კორუფცია ისეთი სენია, ისეთი ინფექციაა, რომლის აღმოფხვრას შეიძლება ერთი, ან ორი წელიწადი არ ეყოს. უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატიას ასწლოვანი ისტორია აქვს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. ჩვენ ვიწყებთ ამ ბრძოლას, სერიოზულ ბრძოლას ახალი სახელმწიფოს მშენებლობის პირობებში.
პირველი, რაზეც მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება, ამ ბრძოლის გამწვავების აუცილებლობაა, ვინაიდან კორუფციამ ღრმად გაიდგა ფეხები ხელისუფლების დაბალ თუ მაღალ ეშელონებში, სამართალდამცავ და მაკორექტირებელ ორგანოებში და იგი სახელმწიფოს საფუძვლებს ემუქრება. შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს საქართველოს ახალი ფუნქციაც, რომელიც მის მომავალს გარანტირებულს ხდის, რადგან კორუფციით მოცულ ქვეყანაში ევრაზიის დერეფანი, შესაძლოა, საერთაშორისო კორუფციის კორიდორად იქცეს.
დაუყოვნებლივ უნდა დავსახოთ მოქმედების კონკრეტული ამოცანა და ძირეული პრინციპები, ხოლო შემდეგი შეხვედრის დროს შევაჯამოთ ჩვენი მუშაობის პირველი შედეგები.
ამგვარი კატეგორიულობა განპირობებულია პრობლემის მნიშვნელობით. კორუფცია ქვეყნის შემდგომი განვითარების მძიმე ბორკილად იქცა. მაშინ, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, როცა შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ და ქმნიდნენ ამინდს, განწყობას და ატმოსფეროს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკი საფუძველს მოკლებული იქნებოდა. ჩვენ ეს უმძიმესი ეტაპი გავიარეთ. დღეს, სწორედ რომ მომწიფდა ნიადაგი იმისათვის, რომ არა მარტო ვილაპარაკოთ, არამედ ყოველდღიურად ვიმოქმედოთ, ვიმუშაოთ ამ სენისაგან განკურნებისათვის.
კორუფცია განაპირობებს მაფიოზური ჯგუფების მომძლავრებას, რომელნიც სახელმწიფო მოხელეთა პროექციით ახერხებენ საქონლისა და მომსახურების უკანონო წარმოებასა და ასევე უკანონო, მაქსიმალური მოგების მიღებას. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რაც კიდევ უფრო აძნელებს გარდამავალი პერიოდით განპირობებულ ისედაც რთულ ცხოვრებას, ზრდის ქონებრივ პოლარიზაციას.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენს პირობებში კორუფცია მხოლოდ მატერიალური და ეკონომიკური ნეგატივი არ არის. იგი ხელს უწყობს სოციალური უსამართლობისა და უკანონობის დამკვიდრებას, რადგან კორუფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და შედეგია ერთთათვის უკანონო შეღავათებით სარგებლობა და მეორეთათვის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. ამგვარ პირობებში შემთხვევითი არ არის, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის ცნობიერებაში დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა უკანონობისა და განუკითხაობის სინონიმად იქცა. ეს ძალიან საშიში პროცესია. ამიტომ არის სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი. საბაზრო ეკონომიკა მართლაც უშვებს ქონებრივ უთანასწორობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სოციალურ უსამართლობას. კორუფციის დიდი მასშტაბი ჩვენს მოძრაობას ჭეშმარიტად ჰუმანური და სამართლიანი საზოგადოებისაკენ, სწორედ რომ ამგვარი გაუკუღმართების საფრთხეს უქმნის. ამიტომ იგი არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური სენიცაა. არც ერთ დემოკრატიულ რეფორმას, რამდენიმე სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროგრამას არ უწერია განხორციელება, ვიდრე აღნიშნული სენისაგან არ განვიკურნებით. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ არ დაიწყება სახალხო მოძრაობა ამ უმძიმესი მოვლენის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ დაისახა მის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ ამოცანად. სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ კორუფცია ჩვენი ეროვნული უშიშროებისათვის ნომერ პირველ საფრთხედ.
ამ საფრთხის დაძლევის უპირველეს პირობად, როგორც წესი, გვთავაზობენ საერთო ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასა და მაღალი თანამდებობის პირთათვის ხელფასის მკვეთრ გაზრდას. ვფიქრობ, პირველი მათგანი ჩვენი სინამდვილის ზერელე ცოდნის შედეგია. აბსტრაქტულად თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა კორუფციის დაძლევის მართლაც უმთავრესი პირობაა. მაგრამ კონკრეტული თუ ვიქნებოდით, ჯერ ერთი, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება დროს მოითხოვს და, მეორეც, განა კორუფცია ამგვარი აღმავლობის უპირველესი ხელშემშლელი მიზეზი არ არის? სწორედ კორუფციის შედეგიცაა აუარებელი თანხების სახელმწიფოს მიღმა დინება, სუსტი ეკონომიკა და სუსტი სახელმწიფო ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე კი - მცირე ხელფასები, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიღატაკე და ა.შ.
გამოსვლაში სწორად ითქვა, რომ ჩვენს ბიუჯეტში შემოდის, ვთქვათ 30-40 პროცენტი, უკეთეს შემთხვევაში, 50 პროცენტი იმისა, რაც უნდა შემოდიოდეს. დანარჩენი სად მიდის - ძალიან კარგად იცით. აი, ერთი მაგალითი სიგარეტის შემოტანასთან დაავშირებით. მარტო სამი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა საბაჟო გადასახადების სახით მიიღო 7 მილიონი ლარი მაშინ, როცა ფაქტობრივად, არც ერთი კაპიკი არ შემოდიოდა. ეს არის ის თანხა, რომელიც მიდიოდა ვიღაცეების ჯიბეში და არა - სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამასთან ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ ველოდებით, რომ წლეულს ამ ხაზით შესაძლებელია მივიღოთ 40, 50, 60 მილიონი ლარის შემოსავალი. 60 მილიონი ყოველწლიურად - ვის მიჰქონდა ეს თანხა? იგივე შეიძლება ითქვას სპირტის გატარებაზე. არ შეიძლება დოკუმენტის, საბუთის გარეშე ვინმეს შევედავო და ბრალდება წავუყენო, შენიშვნა მივცე, მაგრამ არის სტრუქტურები ქვეყანაში (თუ ჰგონიათ, რომ ეს შეუმჩნეველი რჩება, ძალიან ცდებიან), რომლებიც ამით იკვებებიან, წურბელებივით სისხლს სწოვენ იმ ფირმებს, რომლებიც დასაქმებული არიან სპირტის ბიზნესით.
ასევე სასტიკი წესრიგი უნდა დამყარდეს ბენზინის ბიზნესში. ბიზნესს არავინ ებრძვის. დღეს სიგარეტის, ბენზინის, სპირტიანი სასმელების და სხვა ბიზნესი, 90 პროცენტით კერძო სტრუქტურების ხელშია, მაგრამ იქიდან, რაც სახელმწიფოს კანონით ეკუთვნის, არც ერთი თეთრი არ უნდა იკარგებოდეს და უნდა შემოდიოდეს სახელმწიფო სალაროში. მასშტაბები ძალიან დიდია და შეადგენს ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს. ეს თანხები რომ მიიღოს სახელმწიფომ, მაშინ ჩვენ ხვალვე გავაორმაგებთ პენსიებს, სტიპენდიებს, ხელფასებს მოვუმატებთ მოქალაქეებს და დავაფინანსებთ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა მრავალ, აუცილებელ ღონისძიებას, რომლებიც დგას სახელმწიფოს წინაშე, როგორც გადაუდებელი. ეს თანხები მოხმარდება თავდაცვის, წესრიგის, მოხმარდება ჩვენი ავადმყოფების მკურნალობას და სხვ.
კორუფცია უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი დიდი ბოროტება, რომელსაც უნდა ებრძოლოს მთელი სახელმწიფო.
ქვეყნის ვერავითარი ეკონომიკური და ფინანსური სისუსტე ვერ ახსნის ბრძოლის იმ დონეს, რომლითაც დღეს ყველა ჩვენგანი უკმაყოფილოა. ამიტომ მთავარია ამ ერთი შეხედვით მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ყველაზე უფრო რეალური და შესაძლებელი ოპტიმალური საშუალებებისა და მექანიზმის მოძებნა.
ვფიქრობ, პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ ანტიკორუფციული პროგრამა და დავამტკიცოთ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მეცნიერებათა აკადემიამ, ჩვენმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ კორუფციის ობიექტური და სუბიექტური მიზეზების სისტემურ კვლევაში, მისი დაძლევის ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამის შემუშავებაში. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა, გათვლილი ხანგრძლივ პერიოდზე.
ვინაიდან კორუფციის პრობლემა დღემდე უაღრესად სადავო საკითხად რჩება თეორიაში, კანონმდებლობასა და მისი გამოყენების პრაქტიკაში, აუცილებლად გვესახება შეძლებისდაგვარად ზუსტად განისაზღვროს კორუფციის ხელყოფის ობიექტი.
ამასთან კორუფციის ცნება არამც და არამც არ უნდა ამოვწუროთ ერთი რომელიმე დანაშაულის შემადგენლობით. პირიქით, იგი უნდა მოიცავდეს დანაშაულთა სისტემას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების მიერ უფლებამოსილებათა ბოროტად არამართლზომიერად გამოყენებას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კორუფციასთან ბრძოლის ისეთ ასპექტებს, რომლებიც ან საერთოდ შეუსწავლელია, ან ნაკლებად შესწავლილი. მაგალითად, თუ მექრთამეობის საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ 70-იანი წლების დამდეგიდან გახდა სათანადო კვლევის საგანი, არამართლზომიერი საშუალებებით მოპოვებული თანხების ეგრეთ წოდებული „გათეთრების“ საკითხი საერთოდ შეუსწავლელია. არადა, ამ მხრივ უზარმაზარ სოციალურ, ეკონომიკურ და მორალურ დანაკარგებს განვიცდით.
ამასთან დაკავშირებით დადგა დრო, როდესაც საფუძვლიანი მეცნიერული შესწავლის საგანი უნდა გახდეს „კომპიუტერული დანაშაულის“ პრობლემა, რომელიც დასავლეთში კარგა ხანია აღარ არის უცხო ხილი.
რამდენიმე თხოვნა პარლამენტის მისამართით:
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს აქვს ორი უმთავრესი ფუნქცია - კანონშემოქმედება და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი, შესაბამისად უნდა დაკონკრეტდეს პარლამენტის ამოცანები კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.
ვფიქრობ, რომ პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის აუცილებელი პრინციპი და შინაარსი უნდა იყოს უკლებლივ ყველა კანონპროექტის იმთავითვე შემოწმება - ხომ არ ტოვებს იგი ამოუგმანავ ხვრელებს შესაძლო კორუფციისათვის; რამდენად არის აღმართული მოცემული კანონპროქტი ამა თუ იმ დარგში კორუფციის საწინააღმდეგო „მეხამრიდები“. ამ მხრივ, უთუოდ გადასახედია ან, შესაძლოა ხელახლა ჩამოსაყალიბებელი გახდეს ზოგიერთი საკანონმდებლო დებულება. სხვათა შორის, კორუფციის შესახებ კანონპროექტი დიდი ხანია შეტანილია პარლამენტში და მინდა ვთხოვო ჩვენს პარლამენტარებს, დააჩქარონ მისი განხილვა. უნდა არსებობდეს სპეციალური კანონი კორუფციის შესახებ, მე ასე მესმის და მადლობელი ვიქნები, თუ ასე გაიგებს ამ პრობლემას ჩვენი პარლამენტიც.
უნდა დაჩქარდეს, ასევე, სახელმწიფო მოხელის შემოსავლების დეკლარაციის, სახელმწიფო მოხელის შესახებ კანონპროექტების მომზადება და განხილვა. ეს ძალიან რთული პროცესია. ხანდახან ათეული წლებია საჭირო იმისათვის, რომ ამგვარი კულტურა ჩამოყალიბდეს, მაგრამ უნდა დავიწყოთ არსებული შემოსავლების, არსებული სიმდიდრის დეკლარირება. ეს ელემენტარული წესია ყველა ნორმალური ქვეყნისათვის.
დასკვნით სტადიაზეა ახალი საპროცესო კანონმდებლობის შემუშავება, რომელშიც მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოყენების სათანადო წესები დადგინდება. ვინაიდან კორუფციასთან დაკავშირებული მტკიცებულებების პრობლემა ერთ-ერთი ურთულესი და მტკივნეული საკითხია, უნდა მივაღწიოთ, რომ ამიერიდან მოქმედი სისტემა რაც შეიძლება ქმედითი და ეფექტიანი იყოს, თანაც გამორიცხავდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყოელგვარ შესაძლებლობას.
უნდა მოველოდეთ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის ახალ პროექტში უწინდელთან შედარებით გაცილებით უფრო სრულად მასშტაბურად და ახლებურად იქნება გადაწყვეტილი. მაგრამ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მოხმარდეს კანონმდებლობის იმ ნაწილს, რომლებიც სამეწარმეო და ფინანსურ საქმიანობას, მის სათანადო სამართლებრივ კონტროლს შეეხება.
იმის შედეგად, რომ კორუფციამ ჩვენს ქვეყანაში გამოიწვია თანამედროვე და ფინანსური დანაშაულები და კრიმინალური ბიზნესის ურთიერთშერწყმა, წარმოიქმნა დანაშაულთა ახალი შემადგენლობები, რომლებიც უცნობია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისათვის, მხედველობაში მაქვს უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან ჩვენი მოქალაქეების დანაშაულებრივი კავშირის სხვადასხვა ფორმა, კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფოსათვის საზიანო გარიგებების დადება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების შეუფერხებლად ლეგალიზაცია, დანაშაულთა ახალი სახეები საბანკო საქმიანობაში და სხვა.
რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობის მაკონტროლებელ ფუნქციას, ცხადია, კიდევ უფრო დაიხვეწოს მკაცრი, მაგრამ მიუკერძოებელი, უაღრესად ობიექტური მომთხოვნელობის ფორმები. ვფიქრობ, კვლავ ნაყოფიერად გააგრძელებს მუშაობას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის პირველი ღონისძიებები მისასალმებელია. ალბათ, ბევრი რამ დაიხვეწება და კიდევ უფრო გასაგები გახდება საზოგადოებისათვის.
რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას:
ის გარემოება, რომ კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა დაასახელა, თავისთავად მოწმობს, რომ ბევრი საზრუნავი ხელისუფლების ამ განშტოებაშია თავმოყრილი. უწინარეს ყოვლისა, ეს კორუფციის ფაქტების გამოვლენასა და ბოლომდე სრულყოფილ გამოძიებას შეეხება. საამისოდ ბევრნაირი საბუთის მოშველიება შეიძლებოდა. ერთ-ერთია თუნდაც ის, რომ წლების განმავლობაში კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები სასამართლომდე ვერ აღწევს.
1994-1996 წლებში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესულია კორუფციასთან დაკავშირებული მხოლოდ 8 სისხლის სამართლის საქმე. ეს ციფრი მეტყველებს ჩვენს სრულ უმოქმედობაზე. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ქრთამის აღებასა და მიცემას, ბოლო სამი წლის განმავლობაში სასამართლოებში ამ მუხლით წარიმართა მხოლოდ 10 საქმე. მეგობრებო, - ყველას ეხება ეს ამ დარბაზში - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხედველობის არეში არ არის, ანდა არ გვინდა, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და ამან შეიძლება დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს ჩვენი ცხოვრების მომავალზე.
საერთო სტაბილიზაციის კვალობაზე სტატისტიკა ოდნავადაც ვერ ასახავს კორუფციის შემთხვევათა საერთო შემაშფოთებელ სურათს. ყოველივე ეს, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა.
უნდა შევძლოთ კონტროლის სისტემის რაციონალიზაცია. სხვაგვარად ყოვლად შეუძლებელი იქნება რამდენადმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც კი. ლაპარაკია როგორც მაკონტროლებელ სტრუქტურათა შემცირებაზე, ისე კონტროლის გონივრულ ფარგლებში მოქცევაზე.
მაკონტროლებელი ორგანოები ხშირად თვითონ არიან კორუფციის ჭაობში ჩაფლულნი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ხელს უწყობენ მისი მასშტაბის ზრდას, უშუალოდ მონაწილეობენ ამ პროცესში.
კონტროლის სისტემა ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების სრულყოფილ დინებას და წარმოებისა და კომერციის სტიმულირებას. ჩვენი სისტემა კი ჯერჯერობით ამ უკანასკნელ ფუნქციას არათუ ვერ ასრულებს, არამედ მეწარმეობისა და კერძო ინიციატივის განვითარების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად გვევლინება.
ვავალებ იუსტიციის მინისტრს თედო ნინიძეს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ორ თვეში შეიმუშაოს ერთიანი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ საწარმოებისა და დაწესებულებების სხვადასხვა სახის შემოწმებების ორგანიზაციის, შემოწმების ვადების, თანამდებობის პირთა უფლებამოსილების პასუხისმგებლობისა და სხვა საკითხებს.
მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის თვალსაზრისით რამდენიმე კონკრეტული წინადადება გათვალისწინებულია ბრძანებულების პროექტში, რომელსაც დღევანდელი განხილვის შედეგების მიხედვით გამოვცემ. ყველა რესპუბლიკური მაკონტროლებელი ორგანო, გარდა საგადასახადო ინსპექციისა, შემოწმების დაწყებამდე ვალდებული იქნება წარადგინოს განაცხადი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამა მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულების ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიებში. შემოწმებაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე. ამან უნდა გამორიცხოს პარალელური, გაუთავებელი და ხშირად გეგმით გაუთვალისწინებელი შემოწმებები.
წლეულს უნდა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები მმართველობითი სტრუქტურების რეორგანიზაციისა და მათში მომსახურეთა რიცხვის შემცირების გზით. დღეს საქართველოს არც სჭირდება და არც ძალუძს შეინახოს ჩინოსანთა მრავალრიცხოვანი არმია. სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურების რაციონალური და მობილური მუშაობა გააადვილებს კორუფციასთან ბრძოლას. სხვათა შორის, ჩვენ ავირჩიეთ და კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ მართვის არაორდინარული სისტემა. არის პრეზიდენტი, არის კანცელარია, რომლის შემადგენლობასაც ახლა უკვე მეორედ 30 პროცენტით ვამცირებთ. უნდა დავიტოვოთ შედარებით მაღალანაზღაურებადი, მაგრამ, ამავე დროს, მცირე აპარატი ნამდვილი პროფესიონალებისა, რათა პრეზიდენტმა თავისი ფუნქცია ქვეყნის და ხალხის წინაშე შეასრულოს. პირველი მაგალითი ჩვენ უნდა მივცეთ, მეორე - პარლამენტმა თავისი აპარატის შემცირებით და მერე სამინისტროებმა, უწყებებმა, გამგეობებმა და ა.შ.
დადგა დრო შევიმუშაოთ და ავამოქმედოთ საგადასახადო და საგამოძიებო უწყებათა თანამშრომლობის მექანიზმები. ესეც უნდა დაკანონდეს.
დასამუშავებელ და მოსაგვარებელ საკითხთა შორის კვლავაც რჩება ლიცენზიების, საბანკო კონტროლის, ყადაღის ინსტიტუტების ფუნქციონირება და სხვა.
უნდა ვიფიქროთ აგრეთვე იმაზე, რომ შევზღუდოთ და აღვკვეთოთ ქვეყნის ტერიტორიაზე აღურიცხავი, დაუბეგრავი და ფაქტობრივად უმისამართო ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვთ, გაყალბებული საქონლის მიმოქცევა, რაც კორუფციისა და მაფიოზური სტრუქტურების უკანონო შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ეს პრობლემა, უწინარესად, საბაჟო სამსახურს უკავშირდება. მისი საქმიანობის კონტროლუნარიანობის მკვეთრი გაუმჯობესება აუცილებელია. სამსახურის ხელმძღვანელობას ეს ესმის და ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ამ ამოცანის შესრულება.
კორუფციასთან ბრძოლის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვებრძვით მას საკუთარ სისტემებში, საკუთარ უწყებებში, რაიონებში, ქალაქებში, ორგანიზაციებში. მე ზერელე და დაუსაბუთებელი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ამ დარბაზში მსხდომთ ყველას რომ ხელი სუფთა ჰქონდეს, კორუფციას იოლად დავამარცხებდით. ნუ გეწყინებათ, ეს სერიოზული საკითხია, ძალიან სერიოზული. თუ ჩვენ თავიდან არ დავიწყებთ, არაფერი გამოვა და რაც დღეს აქ ენერგიას ვხარჯავთ გამოსვლებში, ლაპარაკად დარჩება! აქ მოიტანეს მაგალითი ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთან დაკავშირებით. მე ვიცნობ იმ მასალებს, რომლებიც კონტროლის პალატამ წარმოადგინა ბატონ თ. შაშიაშვილთან ერთად. არ ვიცი, დადასტურდება თუ არა გამოძიებით ეს ფაქტები, ამიტომ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ეს არის მართლაც შემაძრწუნებელი სურათი იმისა, თუ როგორ აითქვიფნენ ერთმანეთში ავტომატიანი ბანდიტები, მძარცველები, მეწარმეები და ხელმძღვანელები. და ეს, სხვათა შორის, გამონაკლისი არ არის. რამ დაღუპა ბორჯომი - ეს ერთ-ერთი სიმდიდრე ჩვენი ქვეყნისა. ოთხას მილიონ ბოთლს ვასხამდით იმ დროში, რომელზეც ბევრს მედავებიან. ახლა 33 მილიონზეც ვერ გავედით. ესე იგი, იქ ზესტაფონზე უარესი რამ ხდებოდა - გავლენის სფეროებისათვის იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. დღესაც ბოლომდე ყველაფერი არ არის გამორკვეული და ცნობილი.
ქსნის მინის ტარის ქარხანამ, რომელიც საჭირო და აუცილებელ პროდუქციას უშვებს, რამდენიმე თვე იმუშავა თითქმის ნორმალურად. მაგრამ შეესივნენ ისევ ისინი, ვინც თავის დროზე იქ ბოგინობდნენ, ხან ღუმელი მოშალეს, ხან გაფიცვის ინსპირირება სცადეს. რა ხდება, კაცმა არ იცის. ამიტომ მე განვუცხადე შალვა ობგაიძეს, რომ იგი თავის ადგილას არ დგას. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ერთგული კაცია, მაგრამ, შეიძლება მოგვიხდეს საკადრო საკითხების გადაწყვეტა. თუ ხარ, უნდა იბრძოლო - ახალი სახელმწიფოს მშენებლობა მსხვერპლს მოითხოვს. შეიძლება შეეწირო, მაგრამ უნდა იბრძოლო იმისათის, რომ ქვეყანა აშენდეს და ხალხის ინტერესები დაიცვა. როცა კბილები დაგირბილდება, მაშინ უკვე ხელმძღვანელის პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს და ეს შენ თვითონ უნდა აღიარო. შეიძლება ზედმეტად მკაცრი ვარ მის მიმართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მაძლევს უფლებას, რომ სწორედ ასე ვილაპარაკო.
მინდა განვაცხადო, რომ არავის აქვს ხელშეკრულების იმუნიტეტი, არავის! მე ბრალს მდებენ: შევარდნაძე ვიღაც-ვიღაცეებმა ჩამოიყვანეს, იცით, ვისზე არის ლაპარაკი, და მერე მან ეს ხალხი არ დაინდო და ციხეში ჩასვაო. ჯერ ერთი, მე არ ჩამისვამს. არსებობს შესაბამისი სტრუქტურები და მოქმედებს კანონი. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ მე საქართველოში ჩემს ხალხთან ერთად სახელმწიფოს ასაშენებლად, შესაქმნელად ჩამოვედი. ვინც სახელმწიფოს შექმნას ხელს შეუშლის, არც მომავალში დავინდობ. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მე ხალხის მანდატი მექნება. ეს ჩემი სინდისის კარნახი და ჩემი კრედო გახლავთ. ჩემმა კოლეგებმა, რწმუნებული იქნება ის, გამგებელი თუ მინისტრი, ძალიან კარგად იციან, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში მომუშავეთა შორის ურთიერთობა კორექტულობას და ურთიერთპატივისცემას უნდა ემყარებოდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ თანამოაზრეები ვართ და ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს. თუ შენ ამ სახელმწიფოს ღალატობ და ხელი წაგიცდა იქითკენ, სადაც არა გაქვს ხელის ფათურის უფლება, მაშინ უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, სხაგვარად არ შეიძლება. ჩემს მერე სხვა პრეზიდენტი მოვა. ისიც ამ პრინციპზე უნდა იდგეს, რადგან სწორედ ასეთი პრინციპი სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ საბოლოოდ განვითარებული და აყვავებული ქვეყანა გახდეს.
კიდევ ერთი მოვლენის შესახებ. კორუმპირებულები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ახლა საქართველოში ძალიან მოდაშია ლობირება, ახალი ამაში არაფერია. ლობირება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, ვთქვათ, აშშ-ში, გერმანიაში და სხვაგან, მაგრამ კანონით, მორალით დაკანონებულ, ასე ვთქვათ, ტრადიციად ქცეულ ფარგლებში. ლობირების უკან ძალიან იშვიათად დგას რაღაც განსაკუთრებული პირადი ინტერესები. თუ გამომჟღავნდა, რომ პირადი ინტერესებია, მაშინ ასეთი ლობირება ისჯება კანონით. ჩვენ ამ საკითხებში ჯერ კიდევ ახალბედები ვართ და გვგონია, რომ ყოველგვარი ლობირება ტაშს იმსახურებს - ლობირება პრეზიდენტთან, ლობირება მთავრობაში. ხანდახან, როცა საკამათო, ასე ვთქვათ, საჭოჭმანო საკითხი შემოდის, უკვე ვგრძნობ, ვინ დგას მის უკან. პარლამენტარებო, არც თქვენ ხართ დაზღვეული. თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რომ, როდესაც პარლამენტში ხელჩართული ბრძოლა იმართება, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით - რამდენი პროცენტი დაწესდეს, რამდენით მეტი, რამდენით ნაკლები, ხალხმა, რომელიც პირდაპირ ტრანსლაციას უყურებს, შესანიშნავად იცის, ვის აინტერესებს ეს. ამიტომ ჩვენ ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ. ახალი ცხოვრების პირობებში ძალიან იოლად შეიძლება ცდუნების გავლენის ქვეშ მოვექცეთ.
და - კიდევ ერთი დელიკატური საკითხი. აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა; კორუფციასთან ბრძოლის წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, ჩამოყალიბდება თუ არა საქართველოში მწყობრი სასამართლო სისტემა სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ 1995 წლის კონსტიტუციამ საამისოდ უკვე შექმნა მტკიცე, თანაც თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. ახლა დადგა დრო, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი განვამტკიცოთ ორგანული და დარგობრივი კანონმდებლობით, უწინარესად - შესაბამისი კოდექსებით. ამ მხრივ დიდი მუშაობა აქვს გაწეული სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიას.
სამართლებრივი რეფორმის პროცესში სრულიად განსაკუთრებულ საბრუნავს წარმოშობს უშუალოდ კორუფციასთან დაკავშირებული საკითხი, თუ როგორ, უნდა გამოვიძიოთ მიუკერძოებლად მსხვილმასშტაბიანი მაქინაციები, რომლებიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საკუთრივ სამართალდამცავ და უფლებადამცავ სტრუქტურებში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებს (პროკურორი, მოსამართლე, სახალხო დამცველი, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი თუ სხვა), ან ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საამისოდ შექმნილია, ეგრეთ წოდებული, „დამოუკიდებელი საბჭო“. ამდაგვარი მოდელი ზოგიერთმა სხვა ქვეყნებმაც გადაიღო. ჩვენც რაც შეიძლება მალე უნდა დავაწყვიტოთ, რა გზას ეწიოს საქართველო, როგორ შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელსაც ქმედითობაც ექნება და არც კონსტიტუციასთან იქნება შეუსაბამო.
საბედნიეროდ, ყველანი უპირობოდ შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი განშტოებაა. ეს ესეც უნდა იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთ მოსამართლეს ვერაფრით შეუგნია, რომ იგი იმავდროულად ხელისუფლების წარმომადგენელიცაა, რომელიც სახელმწიფოს სახელით იღებს გადაწყვეტილებებს და განაგებს მოქალაქეთა უფლება-თავისუფლების საკითხებს. გულისტკივილით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოებრივი მახასიათებლებისგან ზოგიერთი სასამართლოს მხოლოდ ქვეყნის სიმბოლური ატრიბუტიკა თუ შემორჩა. ეს საფუძვლიანი შენიშვნები არ ეხება უზენაეს სასამართლოს - არის, ალბათ, გარკვეული გადახრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ საიმედო, პატიოსანი და მაღალი კვალიფიკაციის ხალხი მუშაობს ბატონ მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, და იქ, ასე თუ ისე, გარანტირებული ვართ.
თუ არ შემუშავდება კადრების შერჩევის უმკაცრესი სისტემა, მათი მომზადებისა და გადამზადების წესი, სასამართლო რეფორმა მხოლოდ წყლის ნაყვა შეიძლება აღმოჩნდეს. უწინარეს ყოვლისა ეს შეეხება მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას. თანამდებობათა დასაკავებლად უმწიკლო, მაღალი პროფესიული ცოდნითა და კომპეტენტურობით გამორჩეული, ახლებურად მოაზროვნე რამდენიმე ასეული მოსამართლის გამოძებნა, ცხადია, არცთუ იოლი საქმეა, მაგრამ რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. სხვანაირად, შესაძლოა, ჩვენვე გავხდეთ კორუფციისა და, აქედან გამომდინარე, ათასგვარი უკეთურობის წყარო. რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ მოსამართლეთა მატერიალურ უზრუნველყოფაზე. ის ნომინალური ხელფასები, რომელიც ახლა მოსამართლეებს აქვთ, არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მათ მიერ გამოტანილი განაჩენი ყოველთვის სამართლიანი და ობიექტური იქნება.
ცალკე საკითხია კორუფციასთან საბრძოლველად სამართალმცოდნე სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადება. სათანადო კრიტიკული გააზრებისა და ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით ადვილად შეიძლებოდა გაგვეზიარებინა ზოგიერთი სხვა ქვეყნის გამოცდილება.
კორუფციასთან წარმატებით ბრძოლა წარმოუდგენელია საკმარისი სამართლებრივი კულტურის გარეშე. ეს გულისხმობს, ერთი მხრივ, სპეციალურ წვრთნასა და ცოდნას, ხოლო, მეორე მხრივ, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების დამკვიდრებას პროფესიონალ იურისტთა შორის.
პარალელურად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დაჩქარდეს აღნიშნული პროცესის განვრცობა და დამკვიდრება მოსახლეობაში, რადგან სამართლებრივი კულტურა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების აღჭურვა სამართლებრივი ცოდნით, იდეებით, პრინციპებითა და ღირებულებებით.
თაობა, რომელიც ამ ისტორიულ ქარტეხილში მოხვდა, თაობა, რომელმაც შეგნებულად აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვების რთული და საპატიო გზა, საკუთარ თავზე მაღლა უნდა დადგეს; სხვათა შორის, ამ კატეგორიული გამოთქმის საფუძველს მაძლევს ჩვენი საზოგადოების მოწინავე ადამიანების, ჩვენი ინტელიგენციის, მწერლების, მთლიანად, ჩვენი მოსახლეობის პრინციპული შეფასებები, პრინციპული მოთხოვნები. ამიტომაც სწორედ ამგვარად ვაყენებ საკითხს - საკუთარ თავზე მაღლა უნდა დადგეს მთელი თაობა, დღევანდელი მოდგმა მოღვაწეობისა. შეუძლებელი უნდა შევძლოთ - ეს ჩვენი ისტორიული ხვედრია. არავინ არ მოვა ჩვენი საქმის საკეთებლად, ვერაფრით ვერ გავექცევით რეალურ სინამდვილეს. სხვაგვარად ჩვენს შვილებს უფრო რთული ამოცანის წინაშე დავაყენებთ. მათ გაუჭირდებათ, გაცილებით უფრო გაუჭირდებათ ქვეყნის განკურნება ამ სენისაგან, რადგან იგი სისხლსა და ხორცში გაჯდება.
როცა საკუთარ თავზე ამაღლებას ვეხები, კარგად მესმის რას ვითხოვ, და უწინარესად, სახელმწიფო პირთაგან. პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნაა: დავკმაყოფილდეთ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებითა და საშუალებებით, თუ ჩვენ მართლაც გვსურს ვემსახუროთ სახელმწიფოს.
წინა საზოგადოებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ადამიანის ბუნებრივ უფლებას - ჰქონდეს კერძო საკუთრება. პირიქით, ვაკანონებთ, ვაფართოებთ ამ ფარგლებს. დაე, ესწრაფვოდეს სიმდიდრეს. ჩვენი დანიშნულებაა ხელი შევუწყოთ თითოეული მოქალაქის ამგვარ მისწრაფებას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. უფლებისა და პასუხისმგებლობის ამგვარი გააზრება ევალება ყველას, მაგრამ უწინარესად, სახელმწიფო მოღვაწეს, სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე ბევრადაა დამოკიდებული ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხი. საზოგადოებისათვის, რომელიც გარდამავალ პერიოდში იმყოფება, ხელისუფლებისათვის, რომელიც ძირეულ გარდაქმნებს ახორციელებს, სახელმწიფოსათვის, რომელიც უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს კორუფციას, აღნიშნულ ფაქტორს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ ეს სენი დავძლიეთ, თუ ქვეყანა უახლოეს დროში ეკონომიკურად მომძლავრდება, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს.
ასე რომ, როცა ზემოთ კორუფციის აღმოფხვრის შესაძლებლობებზე მოგახსენებდით, მხედველობაში მქონდა ჩვენი საკადრო პოლიტიკის სწორედ წარმართვის აუცილებლობა, მუშაობის შინაარსისა და ფორმის გარდაქმნა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის დაძლევაც. მხოლოდ ავტორიტეტიან, კომპეტენტურ და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით აღჭურილ ადამიანებს ძალუძთ საკუთარ თავზე ამაღლება და ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისათვის უანგარო სამსახური.
კატეგორიულად მინდა გავაფრთხილო ყველა, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროების, პროკურატურის, იუსტიციის, საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო დეპარტამენტის, კონტროლის პალატის მუშაკები - კორუფციის წინააღმდეგ შემტევი, მაგრამ გააზრებული ბრძოლის წარმართვისათვის ჩემი მოწოდება არ უნდა იქცეს იმის საბაბად, რომ წვრილმან ფაქტებზე ნადირობის კამპანია გაიშალოს. მე უახლოეს მომავალში შევხვდები ზემოთ ჩამოთვლილ უწყებათა ხელმძღვანელებს, მათ კოლექტივებს და გავეცნობი მათ გეგმებს - რა საკითხების წამოწევას, შესწავლას აპირებენ, ხოლო შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოველთვიურად მოვისმენ ინფორმაციებს ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც სისტემატურად მიიღებს, გაანალიზებს და მომაწვდის საჭირო ინფორმაციას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობის საკითხებზე, კონტროლს გაუწევს ამ მხრივ პრეზიდენტისა და პარლამენტის დავალებების შესრულებას. ეს ჯგუფი, ასე ვთქვათ, ლეგალიზებული უნდა იყოს. მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტი ინფორმაცია მიიტანონ პრეზიდენტთან. მოქალაქეებს შეეძლებათ დარეკონ, შესჩივლონ და გააგებინონ, სად ხდება უსამართლობა და სად არის საჭირო ხელისუფლების ჩარევა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებით გამოიკვეთა ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი. მე მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შევიყვანო კონტროლის პალატის თავმჯდომარე რევაზ შავიშვილი, რადგანაც მის უწყებაში ძალიან დიდი მასალა იყრის თავს, და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, რამდენადაც არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუ არ ვიცით, რა პროცესები მიმდინარეობს საბანკო სისტემაში, ფისკალური პოლიტიკის სფეროში და ა.შ.
საერთაშორისო გამოცდილებიდან ჩანს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. ქართული ტელევიზია, მასმედია გულგრილი როდია კორუფციის პრობლემის მიმართ. ბოლო ხანს პრესაში ხშირად იბეჭდება მწვავე მასალები ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელის არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ. ფაქტობრივად, არ არსებობს მეტნაკლებად პოპულარული გამოცემა, კორუფციის პრობლემას რომ არ შეხებოდეს.
მაკვირვებს თავად იმ სახელმწიფო მოხელეთა პასიურობა, რომელთაც პრესაში კორუმპირებულად ნათლავენ. რად სდუმან ისინი? ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო. იმასაც ამბობენ, დუმილი ოქროაო. ამ ორიდან სიმართლის დადგენა სწორედ რომ სამართალდამცავ ორგანოთა საქმეა, მაკვირვებს მათი პასიურობაც, გადაამოწმეთ, შეისწავლეთ პრესაში გამოქვეყნებული ფაქტები!
თუმცა, პრესაც უნდა ჩაუფიქრდეს ყოველივე ამას. ეს არ არის ჭკუის დარიგება. ეს არის უბრალოდ იმ ადამიანის სურვილი, რომელიც ყოველდღე კითხულობს იმას, რასაც უნდა კითხულობდეს და იმასაც, რასაც არ უნდა კითხულობდეს. პუბლიკაციების ტენდენციურობა და შეურაცხმყოფელი ტონი ხომ არ არის ასეთი გულგრილობის მიზეზი? ზოგიერთი გაზეთის იდეოლოგიას კი, სამწუხაროდ, სწორედ კორუფციისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულისათვის მსჯავრდებული პატიმრები განსაზღვრავენ.
რატომღაც ისე მოხდა, რომ განვლილი მძიმე წლების შემდეგ საზოგადოება შეეჩვია ხელისუფლების კრიტიკას და უკვე ცოტას თუ აღელვებს ისეთი პუბლიკაციებიც კი, რომელთა მსგავსიც დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნების პრესაში გამოქვეყნებისას ნამდვილ სკანდალს გამოიწვევდა. დასავლეთის ქვეყნებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, შეიძლება ითქვას, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან სახელმწიფო მოხელეს და ამით ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად გვევლინებიან. იქ ჩანს მათი სახელმწიფოებრივი როლი.
მართალია, საქართველოში მასმედიას ასეთი ტრადიციები არ გააჩნია, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ბოლო ხანებში ქართულ პრესაში სახელმწიფოებრივი აზროვნება, საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც უდავოდ დადებითი მომენტია და რასაც მინდა გულწრფელად მივესალმო.
პრესის ღვაწლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დაფასების ღირსია და ეს უნდა გამოიხატოს არა რაიმე რეგალიების მინიჭებით ან შეღავათების დაწესებით, არამედ მისი აზრის პატივისცემით. თუმცა რაც შეგვიძლია, იმ შეღავათებს პარლამენტთან ერთად ვითვალისწინებთ კიდეც, კერძოდ, ვგულისხმობ ზოგიერთი სახის გადასახადისაგან პრესის გათავისუფლებას.
ხელისუფლება და ხალხი - საზოგადოება ქვეყნის ერთიანი სხეულია. პრესა კი, რომელიც აყალიბებს და, იმავდროულად, წარმოაჩენს ობიექტურ საზოგადოებრივ აზრს, თანაბრად ანგარიშგასაწევი უნდა იყოს უკლებლივ ყველასათვის, ქვეყნის პრეზიდენტი იქნება იგი თუ რიგითი მოქალაქე.
კარგად გვესმის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება რთული, უაღრესად მძიმე და ხანგრძლივი პროცესი. მაგრამ ნურავინ იმედოვნებს, რომ იაფი პოპულიზმის ცდუნებამ შეიძლება ხელი აგვაღებინოს ქვეყნის მომავლისათვის ამ უთუოდ საჭირო ამოცანის განხორციელებაზე.
გასაგებია ისიც, რომ კორუფციის დაძლევა, მით უფრო ეკონომიკურად და მატერიალურად სუსტ ქვეყანაში, კიდევ უფრო ძნელია, მაგრამ ამ საშიში მოვლენის ხარისხის მკვეთრი შემცირება, ვფიქრობ, ხელგვეწიფება და ეს ჩვენი უმთავრესი, უახლოესი ამოცანა იქნება.
ზოგადად - ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მე იმით გამოვხატე, რომ როცა საქართველოს ნამდვილი სახელმწიფოს ფორმირება იწყებოდა, ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭოს პირობებში, ჩემი ინიციატივით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობის სპეციალური კომიტეტი, რაც მაშინ უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. მინდა გითხრათ, რომ ამ კომიტეტმა თავისი მისია უდავოდ შეასრულა. დღეს უკვე სხვა ვითარებაა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ, მიუხედავდ იმ პარადოქსებისა, რაც ხდება ჩვენთან ამ სფეროში, საქართველოს მაინც შეუძლია ისეთი ქვეყანა გახდეს, რომელიც სამაგალითო იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სრულყოფილი სისტემის თვალსაზრისით. მისასალმებელია, რომ ეს საკითხები ძალიან აქტიურად იხილება პარლამენტში. ერთადერთი, რაც ჩემს მცირე უკმაყოფილებას იწვევს, ის არის, რომ ორჯერ შევიტანე სახალხო დამცველის შესახებ წინადადება და ორჯერვე ჩამიგდეს, მაგრამ ესეც დემოკრატიაა და ვერაფერს იზამ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი სესიის მუშაობის განხილვისთანავე გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ძალზე საჭირო ინსტიტუტი შეიქმნება.
ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი პროკურატურის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ხაზით, განსაკუთრებით, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. პირდაპირ გეტყვით, - რომ არსებობდეს საერთაშორისო ტრიბუნალი იმ სახელმწიფოებისათვის, სადაც პატიმართა უფლებები ირღვევა, ალბათ ერთ-ერთი პირველი გასასამართლებელი საქართველო იქნებოდა. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა სიტუაციის გამოსწორება, არამედ, იმიტომ რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვაქვს მიღებული. ათასობით პატიმარი დაუსაქმებელია, მოუგვარებელია ელემენტარული საკითხები, შენობები ავარიულ მდგომარეობაშია და სხვა მრავალი. ამ წლის ბიუჯეტში ძალიან ძნელია საგრძნობი სახსრების გათვალისწინება, მაგრამ მომავალი წლისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად უნდა დავისახოთ საპატიმროების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება.
არ შეიძლება გულგრილნი ვიყოთ ეროვნული არმიის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ. ეს პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა და დღეს შესაძლებელია ითქვას, რომ ეროვნული არმია უკვე გარკვეულ ძალას წარმოადგენს.
მინდა მოგმართოთ ყველას, - გამგებლებს, მერებს, რწმუნებულებს, კულტურის მოღვაწეებს: ჩვენს ჯარისკაცებს სითბო და მზრუნველობა სჭირდება - ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მართლაც დიდი, ისტორიული მისია დააკისრა ქვეყანამ ყოველ მათგანს.
გამოვთქვამ ღრმა რწმენას, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იქნება შემობრუნების დასაწყისი განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. გისურვებთ წარმატებებს, საქართველოს აყვავებასა და ბედნიერებას.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება რთული, უაღრესად მძიმე და ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ნურავინ იმედოვნებს, რომ იაფი პოპულიზმის ცდუნებამ შეიძლება ხელი აგვაღებინოს ქვეყნის მომავლისათვის ამ უთუოდ საჭირო ამოცანის განხორციელებაზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 თებერვალი. - №25 (2397). - 1,2,3,4 გვ.
![]() |
15 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საფრანგეთის საგარეო ურთიერთობის მინისტრის ერვე დე შარეტის მიერ გამართულ სადილზე |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბატონო მინისტრო,
პატივცემულო ქალბატონო დე შარეტ,
ქალბატონებო და ბატონებო,
დიდ მადლობას მოგახსენებთ გულითადი მიღებისა და საუცხოო სადღეგრძელოსათვის.
მეც ამავე სულისკვეთებით გიპასუხებთ.
საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან დღევანდელი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალ ეტაპს მოასწავებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიისთვისაც. მე დღეს ბატონი პრეზიდენტი საქართველოში მოვიპატიჟე. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ისტორიული იქნება კავკასიის სახელმწიფოებისა და ხალხებისათვის.
კარგი სიტყვის მოსმენას რა სჯობს, მეტადრე ასეთ ადგილას.
მინდა გითხრათ, კე დ'ორსეს რეზიდენციასთან სულ სხვადასხვაგვარი მოგონებანი მაკავშირებს, სერიოზულიცა და კურიოზულიც. ერთხელ აქ მოლაპარაკების დროს, გიგანტური ლარნაკი წაიქცა და მე და ბატონი როლან დიუმა ყვავილების წვიმაში მოგვაყოლა.
ვიფიქრე, ავანსი თუა-მეთქი ახალი ევროპის მომავალი ქარტიისათვის.
შევმცდარვარ: ეს იყო გაფრთხილება, მითითება, ზეგარდამო ნიშანი.
ყოველი დიადი პროექტისათვის საზღაურიც დიდი უნდა გაიღო, ზოგჯერ ეს საზღაური დიდზე დიდია. ძვირად უჯდებათ ადამიანებსაც და ქვეყნებსაც. ერთიანი ევროპის სასიკეთოდ ღვწისათვის მე მარტოოდენ ყვავილები როდი მიმიღია. გაჭირვება და ტანჯვა-ვაება გადაიტანა ჩემმა ქვეყანამ, ჩემმა ხალხმა ჩემთან ერთად.
უკანასკნელი ხუთი წლის უმძიმეს წუთებში ჩვენ არაერთგზის გვიხმია საშველად საქართველოს ევროპელი მეგობრები, მათ შორის, - საფრანგეთიც. სამართალი უნდა აღდგეს, გვითქვამს საკუთარი თავისთვის, ისტორიის შეცდომები - უნდა გამოსწორდეს.
თვალწინ კი სხვა მაგალითები გვედგა. 1714 წლის აპრილი. ვერსალში ფეხი შემოდგა საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის დესპანმა, მისმა აღმზრდელმა, ჩვენმა ქართველმა ლაფონტელმა, ლექსიკოგრაფმა და დიპლომატმა სულხან-საბა ორბელიანმა.
- დიდო მეფეო, - მიეახლა ლუი XIV-ს, - თქვენი სახელმწიფო გახდა შემწე მეფეებისა და მფარველი სარწმუნოებისა, ისეთ შორეულ მხარეებშიც კი, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა...
ეს ქათინაური ორ წინადადებას გულისხმობდა.
პირველი: სთავაზობდა საფრანგეთის სატრანზიტო საქართველოს გზას საქართველოს გავლით „ყველაზე მოსახერხებელსა და მსუბუქს“, როგორც იმხანად წერდა ფრანგი მისიონერი რიშარი.
მეორე: საქართველო - უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლობის ქვეყანა - კარს უღებდა კათოლიციზმის გავრცელებას.
„საქართველო, მისი მშვიდობიანობა და თანხმობა, მისი უშიშროება ერთ მესად ღირს“ - ისტორიული პარაფრაზი ანრი ნავარელის განთქმული აფორიზმისა - „პარიზი მესად ღირსო“.
ორბელიანის ვიზიტმა ვერ დაიფარა საქართველო მისი ისტორიის ბართლომეს ღამეებისაგან. იმ ეპოქაში საფრანგეთმა ვერ მიიღო საქართველოს წინადადება და ვერ გადმოდგა ნაბიჯი მის შესახვედრად.
საუბარი ქათინაურების თავაზიანი გაცვლით შემოიფარგლა. მზე-მეფემ თავისი ასაკოვნება დაიჩივლა.
- თქვენი უდიდებულესობა ისე ღირსეულად ატარებს ამ ასაკს, რომ ყოველი კაცი ინდომებდაო მის ტარებას, - მიუგო სულხან-საბამ.
ეს პასუხი დიპლომატიის სახელმძღვანელოში შევიდა, მაგრამ საქართველოს სვე-ბედი ვერ შემოაბრუნა.
მე გამახსენდა ეს ისტორია, როდესაც საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა არაფორმალური გაერთიანება „საქართველოს მეგობრობის“ ჯგუფი. მე მახსენდებოდა ეს ამბავი ყოველთვის, როდესაც თქვენი ქვეყნისა და ევროპის კავშირიდან მხსნელი იმპულსი მოგვდიოდა. მე მახსოვდა იგი, ბატონო მინისტრო, როდესაც შარშან, შემოდგომაზე თქვენ ჩამობრძანდით ამიერკავკასიის სახელმწიფოებში და მათ შორის - ჩვენს ქვეყანაში.
არავითარი ანალოგია მზე-მეფესთან და სულხან-საბა ორბელიანთან, გარდა ერთისა: საფრანგეთმა ინტერესით გამოიხედა ჩვენსკენ და საქართველო არ შეიძლება არ მისალმებოდა ამ მზერას.
სხვათა შორის, თქვენ შესანიშნავ კვალს გამოყევით. ბევრი თქვენი სასიქადულო თანამემამულე ჩამოსულა საქართველო- ში და ყოველ მათგანს დაუტოვებია ესა თუ ის კვალი.
ჟან შარდენის შემდეგ დაგვრჩა ნახატები და აღწერილობა.
ტურნეფორის შემდეგ - გეგმები და ნახატები.
ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს შემდეგ - წიგნი.
შევალიე დე გამბას შემდეგ - სანიმუშო ფერმა.
აშილ მიურატის, ნაპოლეონის მარშლის შვილიშვილის, ქართველთა სიძის შემდეგ - საფრანგეთის ისტორიის რელიქვიები.
ამ ღირსეულ ადამიანთა მიერ საქართველოში დატოვებულ კვალზე მინდა ვისაუბრო სენატში და მთავარი ყურადღება მივაპყრო ასეთ აზრს:
- კვალი, რომელიც საქართველოში დატოვა საფრანგეთის საგარეო ურთიერთობის მინისტრის ბატონ ერვე დე შარეტის ვიზიტმა, უნდა გარდაიქმნას საქართველო-საფრანგეთის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფართო ორმხრივ მაგისტრალად.
ყველა და ყველაფერი განგვაწყობს საამისოდ - ისიც კი, თქვენ რომ ბრძანეთ თბილისიდან დაბრუნებისას: ფრანგებს ბევრი რამ აქვთ ქართველებთან საერთო, მაგალითად, ღვინის სიყვარული.
ამ გახსენებაზე მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი: „ბატონ ალექსანდრე დიუმას პატივსაცემად გამართულ სადილზე მან ქართველებზე მეტი ღვინო დალია“. ეს ცნობა, რომელიც „სამი მუშკეტერის“ ავტორს მიეცა, მისი თქმით, თბილისში, 1858 წლის 28 ნოემბერს, სულაც არ ბღალავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. დიუმა-მამას უკიდეგანო ფანტაზიის გათვალისწინებითაც კი იგი ისე შთამბეჭდავად ჟღერს, რომ მზად ვარ, ეპიგრაფად წარვუმძღვარო ჩემს საპასუხო სადღეგრძელოს:
- გაუმარჯოს საფრანგეთს, ჩემი სამშობლოს მეგობართა ქვეყანას.
- გამარჯვებას ვუსურვებ მის პრეზიდენტსა და მთავრობას.
- ვადღეგრძელებ ჩვენს გულუხვ სტუმართმოყვარე მასპინძელს და მის მეუღლეს.
- დღეგრძელობას გისურვებთ, ბატონო მინისტრო.
- ბედნიერება და სიკეთე ნუ მოგკლებოდეთ ნურავის.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საფრანგეთის საგარეო ურთიერთობის მინისტრის ერვე დე შარეტის მიერ გამართულ სადილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 თებერვალი. - №28 (2401). - 2 გვ.
![]() |
16 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საქართველოს შესახებ საფრანგეთის სენატისა და საგარეო ვაჭრობის ფრანგული ცენტრის მიერ გამართულ კოლოკვიუმზე |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბატონო სენატის თავმჯდომარევ,
ქალბატონებო და ბატონებო,
უაღრესად შთამბეჭდავი და შედეგიანი იყო შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან. პრეზიდენტი ჟაკ შირაკი თანამედროვეობის პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის საოცარი მიზანსწრაფულობით და შეუპოვრობით გამოირჩევა. დიდი საფრანგეთის ასეთი ლიდერის მზადყოფნა - ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყნის აღორძინებას, რაღა თქმა უნდა, იმედით და რწმენით აღგვავსებს.
მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ბატონ რენე მონორის მადლობა მოვახსენო საქართველოში ჩამობრძანებისათვის. მისი ვიზიტის შემდეგ კავკასიას ეწვია ბატონი ერვედ შარტი. წინათგრძნობა მკარნახობს, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიღებს ჩემს გულითად მოწვევას და მოინახულებს „კავკასიის ელორადოს“. მჯერა, რომ ჩემი უახლოესი მეგობრები და მეზობლები ჰეიდარ ალიევი და ლევონ ტერ-პეტროსიანი გულით გაიხარებენ, თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ჩვენი საერთო სტუმარი გახდება.
ქალბატონებო და ბატონები,
თქვენ მოაწყვეთ კოლოქვიუმი ჩემს უსაყვარლეს თემაზე, თქვენ მიუძღვენით იგი ჩემს უძვირფასეს „საგანს“. მას საქართველო ჰქვია.
მთელი ჩემი სიცოცხლე ამ „საგანში“ ვაბარებ გამოცდას.
უკანასკნელ წლებში იგი აუტანლად მკაცრი იყო.
ჩვენ ვაბარებდით მას გამოუვალი კრიზისისა და სამოქალაქო ომის, შინაამბოხებისა და გარეექსპანსიის ვითარებაში.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავუძელით, გადავრჩით, დავადექით აღმავლობის გზას და ეს მაძლევს უფლებას მონაწილეობა მივიღო სემინარში თქვენს მიერ არჩეული თემის მიხედვით:
- საქართველო საგრძნობი ეკონომიკური აღმავლობა.
- რეფორმა და პოლიტიკური სტაბილურობა.
- თანამშრომლობის საუკეთესო პერსპექტივები.
მზად ვარ გავიმეორო ის, რაც სემინარის ორგანიზატორებმა ბრძანეს: „საქართველო ღირსია იმისა, რომ საფრანგეთმა და ფრანგებმა აღმოაჩინონ იგი“. მით უმეტეს, რომ თქვენ კარგი წინამორბედი გყავდათ.
ერთმა მათგანმა, გასული საუკუნის ნეგოციანტმა ჟან-ფრანსუა გამბამ დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ რაოდენ მდიდარია საქართველო და რაოდენ ხელსაყრელია ევროპელებისათვის კავკასიასთან ვაჭრობა. მაგრამ იქამდე, სანამ წიგნს დაწერდა, მან სარფიანად გაყიდა საფრანგეთში 16 ათასი აკრი ქართული ტყე და დასავლეთ საქართველოში მოაწყო სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო მამული. ვგონებ, თანამედროვე ენაზე ამას ორმხრივი ხელსაყრელი თანამშრომლობა ეწოდება. მე მოგიწოდებთ, მიბაძოთ ამ მაგალითს.
მით უმეტეს, რომ იგი არ არის ერთადერთი.
მე ვიცი, რომ წინა ორატორმა საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად მოიხსენია.
მართლაც, ისტორიულად საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი და მოკლე მონაკვეთი იყო. ხოლო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის პროექტი (ტრასეკა) რეალობად აქცევს მას.
მე ვფიქრობ, საფრანგეთის საქმიანი სამყარო ვერ იქნება გულგრილი აზიიდან ევროპაში და ევროპიდან აზიაში საქონლის, ნედლეულისა და მომსახურების სწრაფი გადაადგილების იდეისადმი, ისევე, როგორც, არ ყოფილა გულგრილი XVII საუკუნის მიწურულს, როდესაც მსოფლიო საზღვაო გზებზე სულ სხვა ფლოტი ბატონობდა, ხოლო აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ყველა სხვა გზა, მათ შორის, სახმელეთო, გადაკეტილი იყო.
მაგარმ აი, ერთხელ, ბოლოს და ბოლოს გამოინახა „მოსახერხებელი და იოლი გზა ჩვენი ფრანგი სოვდაგრებისათვის,“ - ვერ მალავდა სიხარულს სამშობლოში მიწერილ ბარათში მისიონერი რიშარი - „ახლა ისინი შეძლებენ კონსტანტინოპოლიდან შავი ზღვით ჩამოვიდნენ საქართველოში, იქიდან კი უმოკლესი გზაა ირანში“.
საქართველოს გავლით ფრანგულ-ევროპული ტრანზიტის იდეა ფრთას ასხამდა საუკეთესო ქართველ მამულიშვილებს. 1714 წლის აპრილში ქართველთა მეფის ვახტანგ VI-ის დესპანი ლუი XIV-ს 300 ათას ეკიუს სთხოვდა და, სამაგიეროდ, ფრანგ კომერსანტებს საქართველოდან აღმოსავლეთში მიმავალ ყველაზე მოსახერხებელი გზით გატარების გარანტიას სთავაზობდა.
მე არ გთხოვთ ასეთ თანხებს, მაგრამ გთავაზობთ საუკეთესო ქართულ სატრანზიტო გზას რეგიონებისაკენ, რომლებსაც ბატონ ერვე დე შარეტის აღიარებით, საფრანგეთმა დიდი დაგვიანებით მიაპყრო მზერა.
თქვენ აქ განიხილავდით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამრეწველო საქონლის ბაზრის პერსპექტივებს, ენერგეტიკისა და შაქრის ვაჭრობის განვითარების საკითხებს, საკრედიტო ბარათების დანერგვისა და სადაზღვევო საქმის შესაძლებლობებს. მე კი, ჩემი მხრივ დავსძენდი: საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც აქვს განვითარებული მსუბუქი, გადამამუშავებელი და სამთამადნო მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, აუთვისებელი „ნოუ-ჰაუთი“ მდიდარი მოწინავე მეცნიერება და უსაზღვრო საკურორტო-სარეკრეაციო შესაძლებლობანი. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა ვაზის 500 უნიკალურ ადგილობრივ ჯიშს მოიცავს. ჰიდრორესურსებით, სასმელი წყლისა და მინერალური წყლების მარაგით საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში.
აქ უკვე მოიყვანეს რამდენიმე მაკროეკონომიკური მახასიათებელი, ისეთი, როგორიცაა ერთობლივი შიდაპროდუქტის ზრდა 1996 წელს 16 პროცენტით. არანაკლებ ნიშანდობლივია ისიც, რომ მასში კერძო სექტორის წილმა 75 პროცენტი შეადგინა. მიწის რეფორმის შედეგად მოსახლეობის სამი მეოთხედი მიწის მესაკუთრე გახდა. ქვეყანაში პრივატიზებულია 10 ათასზე მეტი საშუალო და წვრილი საწარმო და ამ პროცესში მონაწილეობდა 400 ათასი ოჯახი. ჩვენში პრივატიზებულია არა მხოლოდ მიწა, არა მხოლოდ სამრეწველო და აგრარული სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ყველა საცხოვრებელი ბინა. სხვაგვარად რომ ვთქვათ უმოკლეს ვადაში - სულ რაღაც ორ წელიწადში - საქართველო მესაკუთრეთა ქვეყნად იქცა. ამ ორ წელიწადში ჩვენ გავატარეთ საფინანსო რეფორმა, მიმოქცევაში შემოვიტანეთ ეროვნული ფულადი ერთეული - ლარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მყარია ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ქვეყანაში ინფლაციის დონე თვიურად 1 პროცენტს არ აღემატება.
დროის ამ მონაკვეთში ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა 26 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა შემდგარი პარლამენტის მიერ. ამ კონსტიტუციის საფუძველზე ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, გაეროს მეთვალყურეთა თანდასწრებით ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ხალხი უარს ამბობს ნებისმიერი სახის რადიკალიზმზე. განახლებულ და დეპუტატთა ასაკითაც და მისწრაფებებითაც გაახალგაზრდავებულ პარლამენტში წარმოდგენილია აქტიური ოპოზიცია, რომელიც სტიმულს აძლევს ეროვნული კონსენსუსის ძიების პროცესს.
ნუ დავივიწყებთ, რა პირობებში გვიწევდა ყოველივე ამის განხორციელება. საომარ კონფლიქტებს აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში ათასობით ადამიანი ეწირებოდა. ქვეყანა ცხოვრობდა ენერგეტიკული ბლოკადის პირობებში, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ეკონომიკურ კრიზისს. ცოტაც, და დანაშაულებრივი დაჯგუფებები მიაღწევდნენ პოლიტიკის სრულ კრიმინალიზაციას და „კანონიერ“, სახელმწიფოებრივ ელფერს შესძენდნენ თავიანთ თარეშს. აღარ ვამბობ გარე ზეწოლაზე... მოკლედ, თითქმის არავითარი შანსები არ გაგვაჩნდა. მაგრამ ჩვენ ისინი მოვიპოვეთ და შევძელით მათი გამოყენება ორი უმთავრესი ფაქტორის წყალობით.
პირველი - გახლავთ ჩვენს ხალხში არსებული დიდი კაპიტალი - ოპტიმიზმი. გამოკითხვები მოწმობენ, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ჩვენში ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ენით აუწერელი სულიერი და ფიზიკური განსაცდელის, მატერიალური ზარალის მიუხედავად ჩვენმა ხალხმა შესძლო განადგურებას გადაერჩინა მისთვის დამახასიათებელი ადამიანური ურთიერთობები, რამაც, ნაწილობრივ, შექმნა კეთილმყოფელი პირობები კარდინალური რეფორმების გასატარებლად.
მეორე ფაქტორი გახლავთ საზღვარგარეთის დახმარება - ჰუმანიტარული, ტექნიკური, ნებისმიერი სხვა - ჩვენი ქვეყნის მეგობრების დახმარება. ფულად გამოსახულებაში მან 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ყოველივე ამან - საზოგადოების სულიერმა და ზნეობრივმა განწყობამ. პოლიტიკურმა კონსენსუსმა, მეგობრების დახმარებამ, ქმედითი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ფორმირებისკენ მიმართულმა მთავრობის თანმიმდევრულმა კურსმა შესაძლებელი გახადა სტაბილიზაცია და წესრიგის დამყარება.
ჩვენ ვებრძოდით კორუფციას საზოგადოებასა და ხელისუფლებაში და კიდევ უფრო მეტი შეუპოვრობით შევებრძოლეთ მას. კარგად გვესმის, რომ კორუფციის ზრდა ყველანაირ პერსპექტივას მოუსპობს ქვეყანას, მათ შორის - უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, ჩემამდე აქ უკვე ითქვა კანონზე, მიღებულზე და მისაღებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო გარემოს შეუქმნიან უცხოურ ბიზნესს.
მობრძანდით და დარწმუნდით.
მაგრამ რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა ჩემთვის ყველაზე მთავარი პოლიტიკაა, მე უბრალოდ ვალდებული ვარ განვიხილო პრობლემა ამ თვალსაზრისით.
ვაზუსტებ: დიდი პოლიტიკის თვალსაზრისით.
საქმე ეხება ჩვენს გზას ევროპაში და ევროპის შემხვედრ მოძრაობას ჩვენსკენ.
თავის დროზე საქართველომ ვერ შეძლო გაეკვლია თავისი გზა ევროპაში. თავის დროზე ვერც ევროპამ, საფრანგეთის სახით, ვერ მოახერხა გამოეყვანა თავისი გზა კავკასიაში.
ბევრი რამ ვერ მოხერხდა თავის დროზე. როგორც ჟან-ჟაკ რუსომ თქვა ერთიანი ევროპის ერთი პროექტის გამო, ის კი არ იყო მთავარი, რომ იგი არ ვარგოდა ევროპისათვის, არამედ ის, რომ მაშინდელი ევროპა ჯერ არ მომწიფებულიყო ამ პროექტისათვის.
ვფიქრობ, ახლანდელი ევროპა საკმარისად მომწიფდა საიმისოდ, რომ თავის წიაღში მიიღოს ხალხები და ქვეყნები, რომლებიც მის კალთას ჩამოგლიჯეს ისტორიულმა ქარტეხილებმა.
დაე, ნურვის შეუჯდება ეჭვის ჭია და ნურვინ ინდომებს წინააღმდეგობას.
ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სურს იაროს იმავე გზით, როგორითაც მიდის რუსეთი, ყველა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებიც ევროპასთან სრულფასოვან ინტეგრაციას ესწრაფვიან.
ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმებაც გავაფორმეთ, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაშიც შევედით და ევროპის საბჭოშიც განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვენიჭა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან ერთად.
თუკი ყველა გზას საქართველო ევროპისკენ მიჰყავს, ეს იგივე ზომით ხდება რამდენადაც ირჩევენ ამ გზებს დანარჩენები.
ჩვენი არჩევანი - ეს არის არა გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა, არამედ მანიშნებელი იმისა, თუ რა ღირებულებებს ვესწრაფვით ჩვენ.
ასეთ არჩევანს ჩვენივე ადგილმდებარეობა გვიკარნახებს.
ეს არის ადგილი საკვანძო სადგურისა ევროპა-კავკასია-აზიის დიად ევრაზიულ ტრასაზე ტრასეკას პროექტში.
როდესაც მე ბრიუსელში პირველად ვახსენე ევრაზიული სატრანსპორტო „დერეფანი“ - ეს იყო 1993 წელს - ამან ბევრის გაოცება გამოიწვია. არადა, ამ დერეფანში ვხედავდი „ცივი ომის“ დასრულების ერთ-ერთ რეალურ შედეგს - პროექტს, რომლის განხორციელება ასევე შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავამარცხეთ საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ომი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გამარჯვების ერთგვარი მთავარი შედეგი იყო ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებისათვის იმ გზების დაბრუნება, რომლებიც მას ევროპასთან აკავშირებენ და მასთან ერთად, ევროპისთვის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტრადიციული გზების აღდგენა.
წინდაუხედაობა იქნებოდა, ამ გზებზე რაიმე შლაგბაუმის დაყენება, რაიმე დაბრკოლების აღმართვა ამა თუ იმ რეგიონზე, ქვეყანაზე ან თუნდაც ინტერესთან გადაკვეთის წერტილზე ისტორიული „მონოპოლიის“ მომიზეზებით - იქნება ეს კავკასია, საქართველო თუ სასარგებლო წიაღისეულის რაღაც საბადო.
სამწუხაროდ, მილსადენების ალტერნატიულ გზებსაც კი განიხილავენ ვისიმე ინტერესების შებღალვად და თავს მოხვეულ კონკურენტულ ბრძოლად ვისიმე „გავლენის სფეროების“ ხელში ჩაგდების მიზნით.
დარწმუნებული ვარ, ამიერკავკასია უნდა იქცეს არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ასპარეზად. ნებისმიერი სხვა მიდგომა იმას მოასწავებდა, რომ საქმე გვაქვს „ცივ ომთან“, რომელმაც გადაინაცვლა რეგიონულ დონეზე, იქ, სადაც ხელისუფლებისა და საკუთრებისათვის ბრძოლა დემოკრატიის მხარდასაჭერ თუ მის წინააღმდეგ ბრძოლასთანაა გადანასკვული.
ამ კონტექსტში მართლზომიერია შეკითხვა: შეგილიათ თქვენ, საქმიან ადამიანებს ენდოთ კავკასიას?
მე კარგად ვიცნობ კავკასიას და ამიტომ ვუპასუხებ: შეგიძლიათ!
იგი თვითონ მოგენდობათ, თუკი აჩვენებ, რომ ხედავ მასში თანაბარ პარტნიორს, რომელთანაც საქმის დაჭერა გაინტერესებთ და ხელს გაძლევთ.
რა თქმა უნდა, მე უფლება მაქვს მხოლოდ ჩემს ქვეყანაზე მოგახსენოთ. უკვე ვთქვი, რომ აღმავლობა ჩვენში სტაბილიზაციის შედეგად დაისახა. ახლა კი იმასაც გეტყვით, რომ რაც უფრო სწრაფად წარიმართება ასეთი პროცესები რუსეთში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, უკრაინაში, მით უფრო მეტი ექნება წარმატების შანსი ევრაზიულ ინტეგრიზმს.
ყველა ინტეგრაციული პროცესი, მათ შორის უზარმაზარ ევრაზიულ სივრცეში დროის კანონზომიერებაა. მაგრამ თუ არ გვექნება საიმედო გარანტიები და ევრაზიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმები, ეს პროცესები ვერ შეიძენს შეუქცევად ხასიათს.
საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები.
ეს მე ვთქვი ლისაბონში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელმაც, სიტყვამ მოიტანა, და უპირობოდ დაგმო ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა აფხაზეთში.
მე ვთქვი, რომ ვერც ერთი სამხედრო თავდაცვითი ფარი, რა საზღვრებთანაც არ უნდა დააყენო იგი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვერ შეედრება სახელმწიფოთა ეკონომიკურ რეაბილიტაციას და აღორძინებას მთელ პოსტტოტალიტარულ სივრცეში, რომელიც თავის მხრივ მოქცეულია ერთიან მსოფლმხედველობრივ არეალში ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. ლიბერალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ფილოსოფიაზე დაფუძნებული საერთო ღირებულებათა ამ სივრცეს - „ცივი ომის“ დაძლევის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს - დაცვა სჭირდება.
ჩვენ გვაქვს საიმისო ბაზა - ჰელსინკის დასკვნითი აქტი და „ქარტია ახალი ევროპისათვის“.
ერთადერთი, რაც მათ აკლიათ - ეს არის დამავალდებულებელი ძალა, რომელიც მათი უცილობელი შესრულების გარანტია იქნებოდა.
ჩვენ ყველას გვაკლია თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების ისეთი გარანტია, რომლებიც შეუძლებელს გახდიან იუგოსლავიის და აფხაზეთის მსგავს ტრაგედიებს. ევროპას არ გააჩნია უსაფრთხოების მოდელი. იგი ვერც გაერომ შეიმუშავა მთელი მსოფლიოსათვის.
სწორედ ასეთ გარანტიებს ვგულისხმობდი, როდესაც ლისაბონში ოცდამეერთე საუკუნის კონსტიტუციაზე ვლაპარაკობდი.
ახლა კი საქართველოს დავუბრუნდეთ.
სცდებოდა აბატი დე ლა პორტი, როდესაც ამბობდა, რომ „ეს არის მხარე, სადაც უაღრესად არხეინად და მცირე ხარჯით ცხოვრობენ“.
იმ დროშიც - XVIII საუკუნეში - და მის მერეც საქართველოს არ ჰქონია არხეინი ცხოვრება. არც ახლა ვცხოვრობთ დალხენილად.
მაგრამ თუ მეორე ფრანგს უდიდეს კავკასიათმცოდნეს ადოლფ ბერჟეს დავემოწმებით და დავუჯერებთ, ჩვენ გვაქვს „კახეთი - კავკასიის ბაღი, საქართველოს ვენახი, რომლის ვაზითაც აყენებენ ღვინოებს, ტოლს რომ არ დაუდებენ ფრანგულს“. ჩვენ გვყვანან მათი დიდი მცოდნენი და მოყვარულნი, რომლებზეც მეორე განთქმულმა ფრანგმა თქვა: „რაც შეეხება იმ მშვენიერ ნაკლოვანებებს, რომლებიც ქართველებს ბუნებამ დაანათლა - ისინი რჩეული ქმნილებანი არიან“. და კიდევ, მან თქვა - „არსად არ მიშრომია ისეთი სიამოვნებით, როგორც აქ“. ამ ფრანგს ერქვა ალექსანდრე დიუმა. მან საუკუნე-ნახევრის წინ გადაკვეთა საქართველოს სატახტო თბილისიდან სანავსადგურო ფოთამდე - გზით, რომელიც დღეს თითქმის მთლიანად ემთხვევა „ტრასეკა“-ს მარშრუტს და რომელზეც თქვენ შეგიძლიათ ისევე სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაისარჯოთ, როგორც „სამი მუშკეტერის“ ავტორი.
მოგიწოდებთ, მიბაძოთ მის მაგალითს.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი საქართველოში.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საქართველოს შესახებ საფრანგეთის სენატისა და საგარეო ვაჭრობის ფრანგული ცენტრის მიერ გამართულ კოლოკვიუმზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 თებერვალი. - №29 (2402). - 1,2 გვ.
![]() |
17 „რათა საქართველოს ყოველწლიურად მიეღო ნაყოფი...“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა სენ-სირის სამხედრო სკოლაში
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 5 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს, ესტუმრა სენსირის სამხედრო სკოლას. გთავაზობთ სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა სასწავლებლის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე.
ჩვენ მოვედით სენ-სირში, რათა გამოვთქვათ ჩვენი აღტაცება საფრანგეთის სამხედრო გენიის გამო. ჩვენ მოვედით სენ-სირში, რათა გამოვხატოთ პატივისცემა აკადემიის აღზრდილთა თაობებისადმი, რომლებიც ამ გენიას განასახიერებდნენ.
ჩვენ აქ ვართ, რათა განვამტკიცოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური, თავდაცვის დარგში ურთიერთობის შესახებ დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად. უფრო ზუსტად - რათა გავაგრძელოთ ის, რაც დაიწყო თითქმის 300 წლის წინათ. 1714 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში ჩამოვიდა საქართველოს მეფის ვახტანგ VI დესპანი - საქართველოს უფლისწული - როგორც მას უწოდებენ საფრანგეთში, სულხან-საბა ორბელიანი. მისი ჩამოსვლის მიზანზე მოგვითხობს იმ დროს შედგენილი მემორანდუმი: მომზადებულიყვნენ ახალგაზრდები კეთილშობილი ქართული ოჯახებიდან საზღვაო ფლოტში, არმიასა და არტილერიაში სამსახურისათვის, „რათა საქართველოს ყოველწლიურად მიეღო ნაყოფი ყველა იმ ნორჩი ნერგიდან, რომელსაც ის მოაშენებდა საფრანგეთში...“ ეს გეგმა ვერ განხორციელდა, მაგრამ საქართველომ მაინც გაიდგა ფესვები თქვენს მიწაში.
ჩვენ აქ გეახელით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენი თანამემამულისა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის რაინდის; სენ-სირის აკადემიის კურსდამთავრებულის დიმიტრი ამილახვრის ხსოვნას.
განგებამ და ისტორიამ ისე ინებეს, რომ საფრანგეთში მის შესახებ უფრო ადრე შეიტყვეს, ვიდრე საქართველოში. მაგრამ საქართველო მასში თავის თავს სცნობს და ესეც განგებისა და ისტორიის ნებაა.
ასეთია ამილახვართა გვარის მაგია, რომლის ხსენებისას ქართველებს თვალწინ წარმოუდგებათ ამ გვარის ჩამომავალთა სიჩაუქე და ვაჟკაცობა. ჯვაროსნულ ლაშქრობათა მონაწილე რაინდები - ამილახვრები საუკუნიდან საუკუნემდე და თაობიდან თაობას გადასცემდნენ გულადობასა და მამულის ერთგულებას, ვაჟკაცობის იმ განსაკუთრებულ კუთვნილებას, რომელსაც მხედრული კულტურა ეწოდება.
ყოველივე ეს უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურმა დიმიტრი ამილახვარმა მოიტანა საფრანგეთის ბრძოლის ველზე, მაგრამ ნარვიკთან, ბირაკეიმთან და ელ-ალამეინთან ბრძოლებში იგი საქართველოთვისაც იბრძოდა. გენერალ კარუს თქმით, ამილახვარი „ბოლომდე დარჩა საქართველოს ერთგული, ისევე, როგორც ერთგული იყო საფრაგეთისა“.
ამბობენ, იგი ლამაზი იყოო და ჩვენ გულში დავსძენთ „ლამაზი, როგორც ჩვენი სამშობლო“.
ამბობენ, იგი კეთილი და სულგრძელი იყოო და ჩვენ კვლავ ვპოულობთ ამ ღირსებებში ჩვენი მამულის ნიშნებს.
ამბობენ, იგი თავდავიწყებამდე უშიშარი იყო და ეს ადასტურებს დახასიათებას, რომელიც ამილახვრის თანამემულეებს მისცა ერთმა დიდმა ფრანგმა მწერალმა, ლაკონურად რომ შენიშნა: „ისინი გულადნი არიან“...
ამილახვარს ეწადა ყიფილიყო თავისი გვარის დიდების ღირსი, თავისი სამშობლოს ღირსი და მან ეს შეძლო. თან შეძლო ისე, რომ ფრანგებს გამოათქმევინა თავისი ძნელი გვარი. საფრანგეთის სიდიადე გამოვლინდა მაშინაც, როდესაც მან უკვდავყო ეს სახელი და მიაკუთვნა იგი სენ-სირის 1955 წლის გამოშვებას.
მადლობა შენდა ამისათვის, საფრანგეთო.
განასრულა რა ყოველივე ის, რაც უნდა განესრულებინა, როგორც საქართველოს მამულიშვილსა და საფრანგეთის რაინდს, ამილახვარი მთელი თავისი სიცოცხლის მაგალითით ემსახურება თავისი ფესვების ქვეყნის დაახლოებას თავისი მხედრული წარჩინების ქვეყანასთან.
და ჩვენ აქა ვართ იმისთვის, რომ გამოვხატოთ მოწიწება დიმიტრი ამილახვრის მიმართ, რომლის სახელსაც წმინდად ინახავს მისი სამშობლო.
„რათა საქართველოს ყოველწლიურად მიეღო ნაყოფი...“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სენ-სირის სამხედრო სკოლაში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 თებერვალი. - №30 (2403). - 1 გვ.
![]() |
18 „უშიშროების სისტემა ევროპულ სივრცეში ერთიანი და მყარი უნდა იყოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 10 თებერვლის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის ცენტრალური მოვლენა იყო საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტისა და დელეგაციის მეორე ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის მთავარ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული ინტეგრაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხომ არ ნიშნავს ეს წინააღმდეგობას, ვთქვათ, რუსეთთან, იმ კურსთან, რომელიც აღებული აქვს თანამეგობრობას? და კიდევ ერთი მომენტია აღსანიშნავი: წინა ვიზიტის დროს გვახსოვს საფრანგეთის ფინანსური წრეების დაინტერესება იმით, რომ კოფასის სადაზღვევო გარანტიები ჰქონდა საქართველოში ინვესტიციებს. ამ გარანტიებს უკვე საფრანგეთის ხელისუფლება, საფრანგეთის პრეზიდენტი იძლევიან. ეს ამ ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ზოგიერთ რამეს, ალბათ მაინც გავიმეორებ რადიომსმენელებისათვის. თუ ვიგულისხმებთ ვიზიტის პოლიტიკურ ასპექტს, მისი მთავარი შედეგი ისაა, რომ დასაბამი მიეცა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპს, ახალ მასშტაბებს. და ეს არის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი, რაც იმის შედეგია, რომ საფრანგეთის ხელმძღვანელობამ საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა თავისი კავკასიური პოლიტიკა.
საოცარი ადამიანური სითბოთი და საქმიანი დატვირთვით აღინიშნა შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან ბატონ ჟაკ შირაკთან, სენატისა და ევროპული ასამბლეის თავმჯდომარეებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ქალაქ პარიზის მერთან, ნანტის ხელმძღვანელობასთან და საუბრები სენ-სირის სამხედრო აკადემიაში.
ახლა საკითხი იმის შესახებ - ევროპული ინტეგრაციისაკენ ჩვენი დაჩქარებული სვლა ხომ არ არის რაიმე საწინააღმდეგო ქმედება რუსეთთან და თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის თვალსაზრისით.
ასეთი ეჭვები უსაფუძვლოა. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ყველანი ერთად ერთიანი ევრაზიული სივრცის ფორმირებისაკენ ვისწრაფვით. სწორედ რუსეთია ამ მხრივ ყველაზე დაწინაურებული და ეს კარგია. უამპროცესოდ ლაპარაკი „საქართველოს ევროპულ სახლზე“, - როგორც ადრე იყო ეს მიღებული, თუ „ევროპულ არქიტექტურაზე“, როგორც ახლა უყვართ საუბარი, მხოლოდ დემაგოგია იქნება. ახალ სივრცეში ყველა ქვეყანას თავისი ადგილი ექნება, ყველანი ერთად კი უშიშროებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უნიკალურ სისტემას შევქმნით. ასეთია პერსპექტივა.
ახლა ეკონომიკურ მხარეზე:
ვიზიტისას მთელი სისრულით წარმოჩნდა საქართველოს გეოპოლიტიკური უპირატესობით, მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით განპირობებული პოტენციურ ეკონომიკურ შესაძლებლობათა ფართო არეალი, სადაც კაპიტალის დაბანდება არამცთუ საიმედო, არამედ ხელსაყრელია და სრულიადაც არ არის სარისკო.
ხელმოწერილია შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ. ეს ამ ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია. ახალი კონვენციის მიღებამდე ვადა გაუგრძელდა საფრანგეთის რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირს შორის შემოსავალი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციას. მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებანი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სავაჭრო-სამრეწველო, საბანკო, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის და სხვა სფეროები თანამშრომლობის თაობაზე, რაშიც მონაწილეობისათვის მზად არიან საფრანგეთის წამყვანი მე ვიტყოდი, გიგანტი ფირმებისა და კომპანიების ხელმძღვანელები.
ამ მხრივ უნდა გამოიყოს მეტად, მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის წინაშე მდგომი სერიოზული პრობლემების მოგვარებაში საფრანგეთის კომპანია „ელექტრისეტე დე ფრანსის“, აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. ფრანგი მეწარმეები მზად არიან სოლიდარული კაპიტალი დააბანდონ საქართველოს სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციის, ტელეკომუნიკაციებისა და მილსადენების, ნავთობისა და გაზის საცავების მშენებლობაში, აგრეთვე ევრაზიის დერეფნის ინფრასტრუქტურის შექმნაში.
ცნობილი ფირმა „ტოტალი“ მზად არის ასევე არა მარტო დააბანდოს თავისი კაპიტალი საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობაში, არამედ მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის დაზვერვა-მოპოვებაში.
ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი საინვესტიციო მხარდაჭერა იქნება საქართველოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, მე ასე გამოვყოფდი, ეკონომიკურ სფეროში, ეკონომიკის დარგში მიღწეული შეთანხმებებიდან მაინც კოფასის მზადყოფნაა, დააზღვიოს ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში განთავსდება. როგორც ვთქვი, ეს ერთ-ერთი შედეგი და მთავარი გარანტიაა იმისა, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან სწრაფად განვითარდება.
- გასული ეკონომიკური კვირა საინტერესო იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გასულ კვირას თქვენ პარლამენტს წარუდგინეთ. სხვათა შორის, საკმაოდ მწვავე გამოსვლები და კრიტიკული შენიშვნები იყო აქ მთავრობის მიმართ გამოთქმული. გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობისა და ლტოლვილთა შესახებ კანონპროექტები განიხილეს, განსაკუთრებული ყუარდღება დაეთმო 1997 წლის იანვარში ეკონომიკის ფუნქციონირებისა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას. ცალკე საუბრის თემა იყო „ბორჯომის“ წარმოების სრულყოფის ღონისძიებები. იანვარში ეკონომიკის ფუნქციონირებისა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ, რომ ბიუჯეტის შესრულების შედეგები შემაშფოთებელია და ხელმძღვანელი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს ასრულებს, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის ვალდებულებებს კი არა - თავის ადგილზე არ უნდა იყოს. საერთოდ, თქვენი გამოსვლა გამორჩეულად მწვავე იყო მთავრობის ბოლო სხდომაზე.
- ქვეყნის საშინაო ეკონომიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის 1997 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, რომლის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებასაც საკმაოდ ხანგრძლივი, დაძაბული მუშაობა დასჭირდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა დონეზე, უცხოელი ექსპერტებისა და საზოგადოებრიობის ფართო ფენების მონაწილეობით, რამაც, შეიძლება ითქვას, საერთო-სახალხო განხილვის სახე მიიღო.
პრეზიდენტის პროგრამის მოთხოვნის საფუძველზე აგებული ეს დოკუმენტი მაკროეკონომიკური და სტრუქტურული გარდაქმნების სამწლიანი საშუალოვადიანი პროგრამის შემადგენელი ნაწილიცაა და ამ პროგრამის რეალიზაციის მძლავრი ბერკეტიც.
პრეზიდენტის მოხსენებაში დეტალურად (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ) აისახა ბიუჯეტის პროექტის დებულებათა ცალკეული ასპექტები, დასაბუთებულია მისი აგების პრინციპებისა და არსებული მიდგომის სისწორე და აუცილებლობა, რისი გათვალისიწნებითაც, ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, გარკვეული ვნებათაღელვისა და მწვავე დებატების მიუხედავად, იმედია, მაინც მიღებული იქნება.
მთლიანი შიდა პროდუქტის (ზოგიერთ ტენდენციას მაინც შევახსენებ რადიომსმენელს), 12 პროცენტით ზრდის პირობებში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ნაერთი შემოსავლის მოცულობა 818 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 11,5 პროცენტს შეადგენს 1996 წლის 8,9 პროცენტის ნაცვლად. მნიშვნელოვნად იზრდება საგადასახადო შემოსავლის ხვედრითი წილიც - 8 პროცენტით შარშანდელი 5 პროცენტის ნაცვლად. ეს საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გახლავთ.
ძლიერი სოციალური ორიენტაცია ახალი ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო ხარჯები 1996 წლის 150 ლარის ნაცვლად, მიმდინარე წელს 196 ლარს მიაღწევს. სოციალური დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება ყოველი მესამე საბიუჯეტო ლარი, რაც საბოლოო ანგარიშით, 278 მილიონ ლარს უტოლდება და თითქმის ერთნახევარჯერ, ზოგიერთ სფეროში - ორჯერ აღემატება 1996 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლახან პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული 1997 წლის საგანგებო საფინანსო პროგრამით გათვალისწინებულია დამატებითი 116 მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავლის მიღება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც გამიზნულია დამატებით სახელმწიფო ხარჯების გასაწევად, პენსიებისა და ინვალიდთა სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების და სხვა გადაუდებელ სოციალურ ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
ახლა მთავრობის სხდომასთან დაკავშირებით: საკუთარი შემოსავლის ფორმირების ნაწილში წლევანდელი ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული დაძაბული დავალებანი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს წარმოების აღმავლობის დაწყებული პროცესების გაძლიერებას, საგადასახადო და საბაჟო სამსახურის მუშაობის გააქტიურებას წლის დამდეგიდანვე. მთავარია, არ დაიკარგოს დრო და მერე რაღაც განსაკუთრებული კამპანიების მოწყობა არ დაგვჭირდეს.
მთავრობის სხდომაზე განხილული იყო იანვარში ეკონომიკის ფუნქციონირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის საკითხი.
ზამთრის პერიოდის სირთულეების მიუხედავად (მოგეხსენებათ, ეს დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ზოგიერთ სხვა პრობლემასთან), ქვეყნის სამრეწველო საწარმოები იანვარში შედარებით სტაბილურად ფუნქციონირებდა. წინასწარი მონაცემებით, გასული წლის იანვართან შედარებით, წარმოების მოცულობის ზრდის ტემპი 119 პროცენტს შეადგენს, რაც 1996 წლის იანვრის ფაქტობრივ მაჩვენებელს 15,5 პროცენტული პუნქტით აღემატება და თითქმის უტოლდება 1997 წლის ინდიკატური გეგმის პროგნოზით განსაზღვრულ წლიური ზრდის ტემპს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირების პროცესი. საგადასახადო ინსპექციის ცნობით, განვლილ თვეში აკრეფილია 14,5 მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, რაც გეგმის 59 პროცენტია. თბილისმა ქვეყნის ბიუჯეტს 5 მილიონამდე ლარი დააკლო, იმერეთმა - 600 ათასი ლარი, დაბალი შემოსავალი ჰქონდათ რუსთავს, ბოლნისს, ახალციხეს, ბორჯომს, დუშეთს და სხვა რაიონებს.
მართალია, იანვარში საგადასახადო სისტემიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრები შარშანდელ იანვართან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი, მაგრამ იგი წინა წლის დეკემბრის შემოსავლის ნახევარსაც არ შეადგენს.
ასევე დაბალია (30 პროცენტით) წინა წლის დეკემბერთან შედარებით საბაჟოდან მიღებული შემოსავალიც, რაც იანვრისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი ობიექტური მიზეზების მხედველობაში მიღებასთან ერთად, დამატებით ღონისძიებების განხორციელებასაც მოითხოვს სისტემის ხელმძღვანელობისაგან.
აღნიშნული ჩამორჩენის შედეგად ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალურ ბიუჯეტს იანვარში 16 მილიონი ლარი დააკლდა და გეგმა მხოლოდ 44 პროცენტით შესრულდა.
მართალია, თებერვლის განვლილ პერიოდში საგადასახადო ინსპექციამ უკვე აკრიფა 6 მილიონი ლარი, რაც 3-ჯერ აღემატება იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ ვითარება ჯერ კიდევ რთულია და როგორც წარმოების ზრდის, ისე ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში უკვე თებერვალშივე უნდა მივაღწიოთ გარდატეხას, რისთვისაც მეტად დაძაბული მუშაობა იქნება საჭირო.
რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე გარკვეულ სიმკაცრეს, მე მართლაც მიმაჩნია, რომ შეუთავსებელია ნორმალურ მდგომარეობასთან, როცა ცალკეულ რაიონებში, ქალაქებში ადგილობრივი ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და ეს შემოსავალი ცენტრალურ ბიუჯეტში 30-40 პროცენტით არ არის შესრულებული. ეს ვერ შეუთავსდება იმ პრინციპს, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან სახელმწიფოს და ყველას უმთავრესი საზრუნავი საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანები უნდა იყოს. ამიტომაც ამ პრობლემებს საკმაოდ მკაცრი შეფასებები მიეცა და სწორედ ასე ითქვა, რომ, თუ ეს ტენდენცია არ დაიძლია და ვინც ამ მოძრაობაში, ესე იგი, სახელმწიფოს გაძლიერებისათვის ბრძოლაში თავის წვლილს ვერ შეიტანს, ის თავის ადგილას არ უნდა იყოს.
- ამ კვირას გაიმართება თქვენი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, უკრაინა ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს გამორჩეული ურთიერთობა აკავშირებს. რა იქნება ამჯერად ამ ვიზიტის მთავარი თემა?
- თქვენ სწორად ბრძანეთ და სწორედ ამ კუთხით ვიხილავთ ამ ვიზიტს.
როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა - საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობა განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება და ეს ასეც უნდა იყოს. დიდი ხელშეკრულება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდა, ითვალისწინებს არა მარტო კეთილმეზობლობას და მრავალმხრივ თანამშრომლობას, არამედ, ურთიერთდახმარებას. ეს არის ამ ხელშეკრულების განსაკუთრებული კომპონენტი - ურიერთდახმარება. ხელშეკრულების ასეთი რანგი, მე ასე ვიტყოდი, იშვიათია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.
დიდი ინტერესით ველოდები შეხვედრას პრეზიდენტ კუჩმასთან, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა მაკავშირებს.
ვიზიტის პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობის გაღრმავება-გაფართოება, რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს.
კიევში შევხვდებით უკრაინის სხვა ხელმძღვანელებსაც, რაც დაგვეხმარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებაში.
როგორც მოგეხსენებათ, შემდეგ კვირაში დაგეგმილია ჩემი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან, მაგრამ დღეს ამაზე არ შევჩერდები). მიმდინარეობს, მე ასე ვიტყოდი, საგანგებო სამზადისი. ნება მომეცით, ამ საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ ინტერვიუში შევეხო.
- ხვალ თბილისს ნატოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ეწვევა. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელების გარკვეული მოსაზრებანი, თავად ნატოს მოსაზრებანი საყოველთაოდ ცნობილია. თქვენ არაერთხელ გამოხატეთ საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თქვენ საქართველოს უშიშროებისათვის ევროკავშირის გაფართოებას მიიჩნევთ აუცილებლად. ბატონ სოლანას ვიზიტს რაღაც მნიშვნელობა და მიზანი აქვს...
- ხავიერ სოლანას ჩამოსვლა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, მე ასე მიმაჩნია, სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, იგი სხვა რეგიონებსაც მოინახულებს. ნატოს გენერალური მდივანი ევროპული უშიშროების პრობლემებს უფრო მასშტაბურად, ფართო სპექტრით განიხილავს (ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება შემიქმნა მასთან შეხვედრებმა), ვიდრე ეს არის დავა ნატოს შემადგენლობაში ზოგიერთი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ. თუმცა, ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა.
უშიშროების სისტემა ევროპულ სივრცეში ერთიანი და მყარი უნდა იყოს. ჩვენი დიალოგიც ამ დიდ უაღრესად აქტუალურ თემას მიეძღვნება.
მე კვლავაც ვადასტურებ, რომ საქართველოსათვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაა საარსებოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ნატოსთან თანამშრომლობა საერთო უშიშროების ერთ-ერთ გარანტიადაც მიგვაჩნია.
- იმავე ნატოსა თუ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვიზიტების დროს, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა არის კონფლიქტები კავკასიაში, და, განსაკუთრებით კონფლიქტები საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო ერთი მოსაზრება, რომელიც იტალიიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა, კერძოდ, იმის შესახებ, რომ გაეროსთან უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც განიხილავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ფაქტობრივად, იმ შეფასებებში, რომლებიც მიეცა აფხაზეთში კონფლიქტს, იმავე ბუდაპეშტის სამიტზე და, განსაკუთრებით, ლისაბონის სამიტზე, გამოკვეთილად არის ნათქვამი, რომ ფაქტობრივად, ესაა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? არის თუ არა შესაძლებელი, რომ გაეროს საქმიანობა ამ კუთხით გააქტიურდეს?
- თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვფიქრობთ ამ პრობლემაზე. არაერთხელ გამოგვიყენებია სხვადასხვა ვარიანტები. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იტალიის ინიციატივა - შეიქმნას გაეროსთან მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლო, რომლის კომპეტენციაშიც შევა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მაგალითად, ისეთი, როგორიც სეპარატისტებმა ჩაიდინეს აფხაზეთში.
საქართველო აქტიურად უჭერს მხარს იტალიიის ამ წინადადებას და იმედოვნებს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი საერთაშორისო ინსტიტუტი საყოველთაო მშვიდობის და კონფლიქტების თავიდან აცილების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იტალიის ეს ინიციატივა არ დარჩება, ასე ვთქვათ, მარტო ინიციატივად და მარტო განაცხადად. თავის დროზე, ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები წამოაყენა ეგვიპტის პრეზიდენტმა ბატონმა მუბარაქმა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, მსოფლიო მასშტაბით ტოტალიტარული, გლობალური ბრძოლის დაწყების თაობაზე, რამდენიმე ქვეყანა გამოეხმაურა, მათ შორის საქართველოც. სამწუხაროდ, ეს დეკლარირების ფარგლებს ვერ გასცდა. ძალიან საწყენი იქნება, თუ იტალიის ეს უაღრესად აქტუალური ინიციატივა, მარტო დეკლარაციისა და ინიციატივის დონეზე დარჩება, ამიტომ ვფიქრობ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, გაეროს შესაბამისმა სტრუქტურებმა ოპერატიულად უნდა შეისწავლონ ეს საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილებები მოამზადონ მომავალი ასამბლეისათვის. ყოველ შემთხვევაში, საქართველო მომავალში კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას და ამ წამოწყებას.
საქინფორმი.
„უშიშროების სისტემა ევროპულ სივრცეში ერთიანი და მყარი უნდა იყოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 თებერვალი. - №33 (2406). - 1,2 გვ.
![]() |
19 კონსტრუქციულმა თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს უმაღლესი მიზნის მიღწევას - ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგებისა და 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1997 წლის 7 თებერვალს
I. შესავალი
ბატონო პარლამენტარებო!
დღეს მე საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებას 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 1996 წლის ოქტომბერში პარლამენტში პრეზიდენტის ხელმოწერით წარმოდგენილი იქნა ბიუჯეტის პროექტი, დაიწყო წინასწარი საკომიტეტო განხილვები.
მაგრამ ჩვენმა დღევანდელმა სოციალურმა, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა ცხოვრებამ დღის წესრიგში დააყენა ბიუჯეტის პროექტის კორექტირების აუცილებლობა.
დიდი მუშაობა ჩატარდა აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის კომიტეტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე.
1997 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან, ისაფის პროგრამის მოთხოვნებთან და 1997 წელს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან.
ასეთია ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შეთანხმების საფუძველზე გატანილ იქნა 1997 წლის თებერვლისათვის.
აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა, განსაკუთრებით, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, მუნიციპალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბიუჯეტის პროექტი მომავალში პარლამენტში წარდგენილ იქნეს დროზე, კონსტიტუციისა და ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგების შესახებ მოხსენება განხილული იქნება კონსტრუქციული, ნაყოფიერი თანამშრომლობის ატმოსფეროში და ხელს შეუწყობს უმაღლესი მიზნის მიღწევას - ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას.
II. 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგები
ა) რეფორმების შედეგად ჩამოყალიბებული ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები ეკონომიკისა და ფინანსების დარგში. მაკროეკონომიკური და სტრუქტურული გარდაქმნების სამწლიანი პროგრამის განხორციელების პირველი, 1996 წლის წინასწარი შედეგები.
ნება მიბოძეთ, სანამ 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე გადავიდოდე, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, მოგახსენოთ გასული 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროცესი ეფუძნებოდა იმ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც ჩამოყალიბდა რეფორმების შედეგად, იმ გარდაქმნებს რომლებიც საქართველოში მიღწეულია საპრეზიდენტო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ავტონომიური, სამხარეო და ადგილობრივი, მუნიციპალური ხელისუფლების საერთო მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მოკლედ შევეხები იმ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც ჩამოყალიბდა რეფორმების შედეგად და რომლებმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა 1996 წლის ბიუჯეტის შესრულებასა და 1997 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე.
კონსტიტუციის ამოქმედებამ, პარლამენტისა და პრეზიდენტის დემოკრატიულმა არჩევნებმა, რამაც ქვეყნის სათავეში რეფორმატორულად განწყობილი პოლიტიკური ძალები დაამკვიდრა, შექმნა იმის პირობები და გარანტია, რომ ეკონომიკის და კულტურის აღმავლობა, საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო თანამეგობრობაში, მსოფლიო სამეურნეო კავშირებში.
ამ მოვლენებს პირდაპირი კავშირი აქვთ საბიუჯეტო პროცესთან, საბიუჯეტო-საფინანსო პოლიტიკასთან.
ყოველივე ამის დასტურია, თუნდაც საქართველოს და ევროკავშირის ხელშეკრულება პარტნიორობის და ურთიერთანამშრომლობის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის ახალ პროგრამებში საქართველოს ჩართვა, საქართველოს ევრაზიული სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარება, კასპიისა და ყაზახეთის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთ ძირითად მარშუტად საქართველოს ტერიტორიის არჩევა და მრავალი მსგავსი მაგალითი.
მეორე ტენდენცია, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა - ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მწყობრი, სისტემური, თანმიმდევრული გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რამაც ასახვა ჰპოვა პრეზიდენტის პოლიტიკურ პროგრამაში, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ.
ამ პროგრამის ეკონომიკურ-ფინანსური და არა მხოლოდ ეკონომიკურ-ფინანსური რეალიზაციის პირველადი საწყისი და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 1996 წლის 9 თებერვალს.
1996 წლის ბიუჯეტის შესრულებას საფუძვლად დაედო ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული გარდაქმნის საშუალოვადიანი ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეკრულებით.
მესამე უმთავრესი ტენდენცია გახლავთ ეკონომიკის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ ეკონომიკური ზრდის განახლება ქვეყანაში.
1996 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 11 პროცენტით გაიზარდა. 1995 წელს ეს მაჩვენებელი 2,6 პროცენტს შეადგენდა. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი, სერიოზული, დადებითი ძვრა ჩვენს ეკონომიკაში.
ეს უდავოდ წინსვლაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 1989 წლიდან საქართველოში აღინიშნებოდა წარმოების შეუჩერებელი დაქვეითება. ამასთან, დაცემის ტემპმა 1992 წელს 45 პროცენტი შეადგინა, 1993 წელს - 29 პროცენტი, 1994 წელს - 12 პროცენტი.
სტაბილიზაციის პროცესებისა და წარმოების გამოცოცხლების კვალობაზე პირველად უკანასკნელი პერიოდის მანძილზე აღინიშნება დადებითი ტენდენციები ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა დასაქმება. 1995-1996 წლებში აღინიშნა ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა თუმცა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა 1,6%25-ით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაბამისი აღრიცხვის არარსებობის გამო ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს, წვრილ მოვაჭრეებს, ხელოსნებს, მეწარმეების და სხვათა სახით, რომელთა რაოდენობაც საექსპორტო შეფასებით 300 ათას კაცს აჭარბებს.
მილიონამდე ოჯახი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე, რაც ასევე დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
მეოთხე, უმთავრესი ტენდენცია არის ინფლაციის შეჩერება და ეროვნული ვალუტის სტაბილური საცვლელი კურსის შენარჩუნება.
1996 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (წანასწარი შეფასებით) 13,5 პროცენტით გაიზარდა, ინფლაციის წლიურად დაგეგმილი 25-29 პროცენტის ნაცვლად. ეს მაშინ, როცა 1994 წელს ინფლაციის დონემ 8500 პროცენტი, ხოლო 1995 წელს - 57 პროცენტი შეადგინა.
აშშ დოლარის საცვლელი კურსი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში კერძო საკუთრების დომინირებაა. ეს ძირფესვიანი გარდატეხაა საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში. შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სამი მეოთხედი ამჟამად კერძო სექტორში იქმნება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში ამ სექტორის წილი ორ მესამედს აჭარბებს.
საქართველოს მთავრობამ, პრაქტიკულად, დაამთავრა მცირე პრივატიზაცია, ავესე პრივატიზებულია საშუალო და მსხვილი საწარმოების ნახევარზე მეტი.
პრივატიზაციის პროგრამების რეალიზაციის კვალობაზე კერძო მესაკუთრეთა ხელში გადავიდა 9200-ზე მეტი საწარმო და ობიექტი. ახლა მთავარია მათი სრული სიმძლავრით ამოქმედება.
საგულისხმოა, რომ საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი წილი. შარშან კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა 650 ათას კაცს გადააჭარბა.
ჭეშმარიტად ისტორიული და საეტაპოა მიწის რეფორმა, შესაბამისი კანონის მიღება პარლამენტის მიერ, სასოფლო-სამეურნეო მიწების კერძო საკუთრებაში დაკანონების პროცესი.
ამჟამად ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის სტრუქტურიზაციის პროგრამა, რომლის თანახმადაც სიმძლავრეთა დიდი ნაწილი თანადათანობით, ეტაპობრივად კერძო საკუთრებაში გადავა.
მეექვსე. ქვეყანაში არსებითად განხორციელებულია საბიუჯეტო და საგადასახადო სისტემების ძირეული ინსტიტუციური რეფორმა.
ჩამოყალიბებულია ბაზა, რომელიც კიდევ უფრო იხვეწება, სულ უფრო ნაყოფიერად მუშაობს ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო ადმინისტრაცია, საბაჟო სამსახური.
სისტემურ სრულყოფას განიცდიან რესპუბლიკური და ადგილობრივი საფინანსო სტრუქტურები. გასული წლის 1 დეკემბრისათვის სახელმწიფო ხაზინის კონტროლის ქვეშ გადაყვანილ იქნა არსებული 1340 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან - 1094. ხაზინას კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.
1997 წლის ბოლომდე მთლიანად ამუშავდება სახაზინო სისტემა, ყველა სამინისტრო და საბიუჯეტო ერთეული გადავა ხაზინის მომსახურებაზე.
დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა თვითგანვითარებად სისტემად, რომლის უმთავრესი თვისებრივი მახასიათებლებია სტრუქტურული და სისტემური რეფორმები.
საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების სიღრმე, გავრცელების არეალი, დინამიკა და ტემპები არსებითად ყალიბდება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის უმთავრესი მექანიზმის - ბიუჯეტის მეშვეობით. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფო ბიუჯეტის ის გადამწყვეტი როლი, რომელიც მან შეიძინა თანამედროვე ეტაპზე.
ბ) 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მათი სრულყოფის პროცესი. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის თანამშრომლობა ამ სფეროში ახლა, რეფორმის ძირითადი ტენდენციების მიმოხილვის შემდეგ, ნება მიბოძეთ შევეხო 1996 წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარ შედეგებს.
როგორც 1996 წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, მთავარი ტენდენცია ამ სფეროში ის არის, რომ ხელისუფლების ეკონომიკურმა. პოლიტიკურმა, სოციალურმა კურსმა, სახელმწიფოებრივმა ღონისძიებებმა უკვე მოგვცა გარკვეული დადებითი შედეგები. ეს საბიუჯეტო სფეროში გამოიხატება წინა, 1995 წელთან შედარებით სახელმწიფო შემოსავლების საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდაში, სახელმწიფო ხარჯების შემცირებაში, ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის გაძლიერებაში, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში, საგარეო ვალების დიდი ნაწილის რესტრუქტურიზაციასა და სხვა პროგრესულ ტენდენციებში.
პარლამენტმა თავდაპირველად ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრა - 555 მლნ ლარის, ხოლო ხარჯები - 784 მლნ ლარის ოდენობით. დეფიციტმა შეადგინა 229 მლნ ლარი, ანუ ამ ბიუჯეტის ხარჯების - 29,1 პროცენტი. დეფიციტი დაიფარა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ.
შემდგომში აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში წამოჭრილ ამოცანათა გადაწყვეტის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტმა შესაბამისი კანონებით ოთხჯერ შეიტანა ცვლილებები ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯების ნაწილში.
ხარჯების საერთო მოცულობაში და სტრუქტურაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობეს პურის ფასების ლიბერალიზაციის დაწყებამ და ამ პირობებში ხორბლის სახელმწიფო რეზერვების შექმნისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითმა ღონისძიებებმა, 1996 წლის 1 სექტემბრიდან განათლების სფეროს პროფესორ-მასწავლებლებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეთათვის ხელფასის გადიდებამ, ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით მაზუთის სახელმწიფო რეზერვების შექმნამ, სხვა გადაუდებელმა ღონისძიებებმა.
საბოლოო ანგარიშით 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები ასეთი სახით ჩამოყალიბდა: შემოსავალი - 562,856 მლნ ლარი, ხარჯები - 805,556 მლნ ლარი.
ასეთი კორექტირების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობა - 6,5 მლნ ლარით, ანუ ხარჯების მიმართ 0,3 პროცენტული პუნქტით გადიდდა და 242,7 მლნ ლარს მიაღწია. როგორც გითხარით, დეფიციტი იფარება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით.
გ) საბიუჯეტო პროცესის სახელმწიფოებრივი რეგულირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
ბიუჯეტის დამტკიცება ერთია, შესრულება - მეორე. დეტალურად არ შევჩერდები იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ახორციელებდა ამ მხრივ აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი.
მეტად საყურადღებოა, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში საქართველოს პარლამენტმა, მისმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სპეციალურ სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნახევარი წლის შედეგები. კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
ასევე მნიშვნელოვანი და უაღრესად სასარგებლო იყო სპეციალური კომისიის ჩამოყალიბება, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრი და რომელიც სისტემატურად იხილავს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას.
დ) 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის შესრულება
1996 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ტენდენცია იყო საბიუჯეტი შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება.
წინასწარი მონაცემებით, საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების საერთო მოცულობამ (უცხოეთიდან მიღებული გრანტებიდან შემოსავლების გარეშე) 461 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 259 მილიონი ლარით მეტია, ანუ თითქმის 2,5-ჯერ აღემატება 1995 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საგრძნობლად გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები, რომელთა მოცულობამ 1996 წლის ბოლოსათვის 306,9 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს 1995 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელზე 175 მილიონი ლარით, ანუ 2,5-ჯერ მეტია.
მნიშვნელოვნად ამაღლდა შემოსავლების მობილიზაციის დონე გადასახადთა ცალკეული სახეების მიხედვით. კერძოდ, ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა 2,3-ჯერ აღემატება 1995 წლის დონეს, დამატებული ღირებულების გადასახადი - 2,4-ჯერ, აქციზის თანხა - 5-ჯერ, და მეტად.
საბაჟო გადასახადის თანხა - თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.
ასეთ მატებას, ბუნებრივია, საფუძვლად ედო, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარება, ხოლო მეორე მხრივ, საგადასახადო ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 1996 წელს იმპორტირებული საქონლის დაბეგვრით, დამატებული ღირებულების, საბაჟო გადასახადისა და ნავთობპროდუქტებზე ფიქსირებული გადასახადების სახით ამოღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მლნ ლარზე მეტი, რაც 1995 წელს მობილიზებულ თანხაზე 6-ჯერ მეტია.
1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისაგან განსხვავებით, გასული წლის ბიუჯეტში გაჩნდა კაპიტალური შემოსავლებიც.
გაიზარდა არასაგადასახადო შემოსავლების მოცულობაც: 1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული წყაროდან მიღებული თანხები 22 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 1996 წელს - 31 მლნ ლარს.
მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საერთო თანხამ 527 მლნ ლარი შეადგინა, დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებული 562 მლნ ლარის ნაცვლად.
გეგმის შესრულებას 35 მლნ ლარი, ანუ 6%25 დააკლდა.
გეგმის შეუსრულებლობა მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტზე მოდის: წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებმა გეგმიური 336 მლნ ლარის ნაცვლად, ფაქტობრივად 293 მლნ ლარი, ანუ გეგმის 87 პროცენტი შეადგინა.
1995 წელთან შედარებით, 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტობრივი პარამეტრები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მაგრამ გასულ წელს საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაცია მაინც ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, რადგან მთელი რიგი საგეგმო პარამეტრები ვერ შესრულდა. როგორც გითხარით, ცენტრალურ ბიუჯეტში შემოსავლების გადმორიცხვებმა შეადგინა 87%25. დაუშვებელია ცალკეული ქალაქებისა და რაიონების ასეთი დამოკიდებულება ცენტრალური ბიუჯეტისადმი.
საშემოსავლო გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებულია 47,0 მლნ ლარის მოცულობით, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის მხოლოდ 97,5 %25-ია.
ვერ იქნა უზურუნველყოფილი დამატებული ღირებულების გადასახადის და აქციზის დაგეგმილი თანხების მობილიზაცია.
საბაჟო დეპარტამენტის ხაზით დამატებული ღირებულების და აქციზის გადასახადის გეგმა, შესაბამისად, 3-ჯერ და 5-ჯერ გადაჭარბებით შესრულდა, მაგრამ ეს არსებითად განპირობებული იყო გასულ, 1995 წელს საგადასახადო შეღავათების გაუქმებით.
მოგების გადასახადის დაზუსტებული გეგმა, რომელიც 57,9 მლნ ლარს შეადგენდა, შესრულდა მხოლოდ 55,7 %25-ით.
მოგების გადასახადის მობილიზაციის დაბალი დონე იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული რეზერვები სრულად ვერ გამოიყენება.
ასე, მაგალითად, მრეწველობის დარგში პროდუქციის გამოშვების ფაქტობრივმა დონემ გასულ წელს ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული მაჩვენებლის მესამედზე ნაკლები შეადგინა, რამაც, ბუნებრივია, ნეგატიურად იმოქმედა სამრეწველო წარმოებაში მიღებული მოგების დონეზე.
ამავე დროს, 1996 წელს შედარებით მაღალი ტემპით ვითარდებოდა ვაჭრობისა და მშენებლობის სფეროები, ე.ი. სწორედ ის დარგები, სადაც დიდია აღურიცხავი შემოსავლები, და ამდენად მოგების გადასახადის ამოღება გაძნელებულია.
ყოველივე ეს მიუთითებს მოგების გადასახადის ზრდის სფეროში მნიშვნელოვანი აუთვისებელი რეზერვების არსებობაზე. მომავალში აღნიშნული მიმართულებით დიდი სამუშაოა შესასრულებელი.
შემოსავლების შედარებით მაღალი დონე იქნა მიღწეული სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში. ამ წყაროდან სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 103 მლნ ლარამდე თანხა, ანუ დაგეგმილი მაჩვენებლის 103%25.
გამონაკლისს წარმოადგენს საპენსიო ფონდი, სადაც შემოსავლების დაზუსტებული გეგმის შესრულებას დააკლა 7 მილიონ ლარზე მეტი.
საგეგმო შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული: ჯანდაცვის ფონდში, დასაქმების ფონდში, ერთიან საგზაო ფონდში.
სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში საკუთარი საშემოსავლო სახსრების სახით მობილიზებულმა თანხამ 1995 წლის დონეს 2-ჯერ და მეტად გადააჭარბა.
გრანტებმა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 59 და 4,5 მლნ ლარისა, შეადგინა შესაბამისად - 65 და 21 მლნ ლარი.
მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შეუსრულებლობა განაპირობა საგადასახადო შემოსავლების ამოღების არასაკმარისმა დონემ.
არგადახდების პრობლემა უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, რამაც განაპირობა საგადასახადო შემოსავლების 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მაჩვენებლების ბოლომდე შეუსრულებლობა.
1995 წელს ბიუჯეტის წინაშე ვადაგადაცილებული დავალიანებების მოცულობამ 90 მლნ ლარს გადააჭარბა.
აქედან საპენსიო ფონდში ვადაგადაცილებულმა დავალიანებამ 1996 წელს 25 მლნ ლარი შეადგინა.
საგადასახადო შემოსავლების გეგმების შეუსრულებლობა გამოწვეულია, ერთი მხრივ, მიუხედავდ დიდი ძვრებისა, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციათა და ჯერ კიდევ მაინც არასაკმარისი საქმიანობით, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური და საწარმოო პოტენციალის არასრული გამოყენებით. შარშან წარმოების მნიშვნელოვანი დაცემა აღინიშნა მრეწველობის მთელ რიგ დარგებში. მიმდინარე წელს ჩვენი განსაკუთრებული ყურდღება სწორედ მრეწველობას სჭირდება. აუცილებელია ახალი ფუნქციებითა და ახალი დატვირთვით მრეწველობის სამინისტროს შექმნა, რათა ამ სფეროში უფრო სწორად განხორციელდეს სახელმწიფო კოორდინაციისა და შეთანხმებული მუშაობის ამოცანები.
ასევე არასაკმარისია ტრანსპორტის დატვირთვის პარამეტრებიც.
შარშან ტვირთბრუნვა 7%25-ით შემცირდა, რაც ძირითადად საზღვაო ტრანსპორტზე მოდის. მიმდინარე წელს ამ სფეროსაც განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდება.
უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბიუჯეტის შესრულების პროცესზე 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცებამ.
ეს გამოიხატა პირველ რიგში იმაში, რომ 1996 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მოქმედებდა გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათები, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს არ გააჩნდათ სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის კონკრეტული გეგმები. ყოველივე ამის შედეგად დაიკარგა მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავლები.
ზემოთქმულის მიუხედავად, 1996 წელი მაინც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის საგრძნობი გაუმჯობესების პერიოდად.
ე) საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება
საანგარიშო პერიოდში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საერთო შემოსავლებმა (ტრანსპორტირების, ცენტრალურ ბიუჯეტთან ურთიერთანგარიშსწორებისა და სხვა შემოსავლების გათვალისწინებით) 164 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო დავალების 93,2%25 შეადგინა, ხოლო ხარჯებში - 162 მლნ ლარი. ამ ბიუჯეტების შემოსავლებმა ხარჯებს 1,5 მლნ ლარით გადააჭარბა.
1996 წელს სამხარეო ადმინისტრაციებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა და საგადასახადო ინსპექციებმა მნიშვნელოვანი მუშაობა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ბაზის განმტკიცებისათვის.
საანგარიში წელს ამ ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებმა და მოსაკრებლებმა 141,6 მლნ ლარი შეადგინა.
1996 წელს, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა საგადასახადო თანხების მობილიზაცია, კერძოდ გაიზარდა დამატებული ღირებულების, მიწისა და ზოგიერთი სხვა სახეობის გადასახადი.
ამავე დროს ვერ შესრულდა იმ გადასახადების ამოღების გეგმა, რომლებიც ძირითადად განაპირობებენ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირებას.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადიდან ჩაირიცხა 33 მლნ ლარის, ხოლო მოგების გადასახადიდან 16 მლნ ლარის ოდენობით. ეს, შესაბამისად, საგეგმო დავალებების 84 და 57%25-ს შეადგენს.
სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადთა შესრულებაში თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ადიგენის, ზესტაფონის, თერჯოლის, მარტვილის, ნინოწმინდის, ჩოხატაურისა და ზოგიერთ სხვა რაიონებში.
საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო დავალებები გადაჭარბებით შესრულდა შიდა ქართლის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში.
100-პროცენტიან ზღვარს მჭიდროდ მიუახლოვდნენ მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის მხარეები.
ტერიტორიული ერთეულების მიხედვით შემოსავლების გეგმა შესრულდა 33 ქალაქსა და რაიონში.
ამავე დროს საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმები ვერ შეასრულა იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის მხარეებმა. სამცხე-ჯავახეთს დააკლდა ძალიან ცოტა - 2,0 %25.
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების შედეგები რამდენადმე უკეთესი იქნებოდა, რომ არა სტიქიური მოვლენები და მათ მიერ გამოწვეული სერიოზული დანაკარგები, აქედან გამომდინარე კი - შესაბამისი ხარჯები, რომლებიც, შესაძლებლობის ფარგლებში, გაიღო ჩვენმა ცენტრალურმა ბიუჯეტმა.
საკმარისია, რომ ძლიერმა გვალვებმა და სეტყვამ უმძიმესი ზარალი მიაყენა მთლიანად კახეთის მხარეს და განსაკუთრებით დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონებს, ასევე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზოგიერთ სხვა მხარეს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეპარტამენტ „საქნავთობისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანების გასული წლის ბოლომდე გადავადებასთან დაკავშირებით, საგარეჯოს რაიონის ბიუჯეტს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის სახით 400 ათასი ლარი დააკლდა. იგივე ითქმის ზოგიერთ სხვა რაიონზეც.
ვ) 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები
სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის დონეზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხარჯების ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბება და ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსება.
წინასწარი მონაცემებით, 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 783 მლნ ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ დონეზე 21 მლნ ლარით ნაკლებია. მათ შორის, ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებმა შეადგინა 551 მლნ ლარი, ტერიტორიული ბიუჯეტების ხარჯებმა - 162 მლნ ლარი.
ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურაში, 1995 წელთან შედარებით, 1996 წელს გარკვეული პროგრესია მიღწეული.
სოციალური სფეროს დარგების დაფინანსებამ 146 მლნ ლარს მიაღწია, რაც 1995 წელს ამავე მიმართულებით გაწეული ხარჯების დონეს თითქმის 1,5-ჯერ აღემატება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსების მოცულობა.
ამაღლდა მეცნიერების სფეროში გაწეული სახელმწიფო ხარჯების დონე.
თითქმის 2-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება.
1995 წელთან შედარებით 1996 წელს 3,5-ჯერ მეტი ხარჯები იქნა გაწეული სამართალდამცავი ორგანოების დასაფინანსებლად.
შემოსავლების საგეგმო მოცულობების შეუსრულებლობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მთლიანად სახელმწიფო და განსაკუთრებით ცენტრალური ბიუჯეტის საგასავლო ნაწილის შესრულებაზე, რის გამოც ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება ვერ დაფინანსდება. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბიუჯეტის დაცული მუხლების მიხედვით დაგეგმილი ასიგნებები სრული ოდენობით გამოიყო.
სოციალური სფეროს ძირითადი დარგების მიმდინარე გადაუდებელი ხარჯების დაფინანსების დონემ, 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მონაცემების თანახმად, შეადგინა: განათლების სფეროში - 83%25, ჯანმრთელობის დაცვაში - 94%25, კულტურისა და სპორტის სფეროში - თითქმის 100%25.
სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური დაცვის სფეროში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 100%25-მდე დაფინანსდა.
თუ 1995 წელს ერთ სულ მოსახლეზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების წილი 93 ლარს შეადგენდა, 1996 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 150 ლარს მიაღწია, ხოლო 1997 წელს - 196 ლარს გაუტოლდება. ეს მატება აბსოლუტულ გამოხატულებაში შეიძლება არ იყოს საგრძნობი თითოეული ოჯახისათვის, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ტენდენციას, რომელიც მკვიდრდება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია საბიუჯეტო ხარჯების მოცულობის საგრძნობი გადიდება, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსურ და მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის.
1996 წელს ეკონომიკის ზოგიერთ დარგში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა რიგი სამთავრობო ღონისძიებები, ხელფასები მოემატათ განათლებისა და მეცნიერების დარგის მუშაკებს, მმართველობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვალენებს, მაღალი რანგის სპეციალისტებს და სხვ.
1996 წლის დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 35-38 ლარს, ხოლო არასაბიუჯეტო სექტორში კი 45 ლარს მიაღწია. კერძო სექტორში კი ეს მაჩვენებელი 120-დან 140 ლარამდე მერყეობდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 1995 წლის ბოლოს ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 15-16 ლარს, ხოლო საბიუჯეტო სფეროში 9 ლარს შეადგენდა, გარკვეული პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა ეს მონაცემი დადებითი ტენდენციის მხოლოდ დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ.
სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტში შინამეურნეობებზე დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ მოსახლეობის ფულადი შემოსავლების (ტრანსფერების ჩათვლით) დონე რეალურ ფასებში, 1995 წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციებისა, ქვეყანაში ცხოვრების დონის ოფიციალური მაჩვენებელი კვლავ ძალზე დაბალია. იგი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 1990-იანი წლების დასაწყისის დონეს.
დიდია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შემოსავლების დონეთა სხვაობა.
საქართველოში მოსახლეობის ცხოვრების დონის შესახებ როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან ნატურის სახით შემოსავლების მიღებისა და მოხმარების წილი, რადგან წინა წლებში ეკონომიკური სტრატეგიის პარალელურად განვითარდა შემოსავლების ნატურალიზაციის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ძნელბედობის ჟამს სოფელი იქცა საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საარსებო წყაროდ.
სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის მონაცემებით, 1996 წელს ნატურალური შემოსავლებისა და ხარჯების წილი მთლიან შემოსავლებში ქალაქებში 50-60 პროცენტს შეადგენდა. ეს ძალზე საგულისხმო მონაცემია.
სიღარიბის ზღვრის დაზუსტებისას აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ არსებობა, აღურიცხავ ფართობებზე მოყვანილი პროდუქტის მოხმარება, ელექტროენერგიის საფასურის გარეშე მოხმარება, არალიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურება, გარე და მაქოსებური ვაჭრობა, თვითდასაქმების სხვა ფორმები და ასე შემდეგ. ასე რომ, წლეულს აღრიცხვიანობის მოწესრიგების თვალსაზრისით ძალიან დიდი სამუშაო გვექნება შესასრულებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აჭარბებს, საბანკო სისტემაში არსებულ უცხოურ აქტივებზე მოთხოვნა ასეთივე ინტენსიურობით არ იზრდება. ეს კი ადასტურებს იმ აზრს, რომ რიგი საგარეო სავაჭრო ოპერაციები საბანკო სისტემის გვერდის ავლით ხორციელდება. ესეც უზარმაზარი რეზერვია, რაც საერთოდ დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობისათვის.
ოფიციალური სტატისტიკით, სიღარიბის ზღვარი 1996 წელს საშუალო ოჯახისათვის 190-200 ლარი იყო. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ნატურალური შემოსავლის მოცულობასა და სხვა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს, სტატისტიკური დაკვირვების მასალებით გამოდის, რომ ფულადი და ნატურალური შემოსავლების ჯამი თვეში საშუალოდ ერთ ოჯახზე 250-300 ლარს აღწევდა.
შემოსავლების რეალური კრიტერიუმებით გათვალისწინების შემდეგ აშკარა ხდება, რომ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ოჯახთა რიცხვი დაზუსტებას მოითხოვს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის დარგში ჩვენი პოლიტიკის სხვადასხვა პარამეტრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზ) საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია
1996 წლის საფინანსო შედეგები, ვალუტის სიმყარესთან და ფისკალური დეფიციტის შემცირებასთან ერთად, აღინიშნება საქართველოს საგარეო ვალების რესტუქტურიზაციაში მნიშვნელოვანი ეტაპით.
1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს აღებულად ეთვლებოდა 31 კრედიტი, რომლის საერთო თანხა 1,2 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს კრედიტები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
- ტექნიკური კრედიტები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი) სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი დავალიანება. მათი წილი კრედიტების საერთო მოცულობაში 14,6 პროცენტამდეა.
- სასაქონლო კრედიტები, რომელსაც საფუძვლად დაედო მოწოდებული პროდუქციის (ბუნებრივი გაზი, ხორბალი, სურსათი, მედიკამენტები, ტრაქტორები და სხვა.) შედეგად წარმოქმნილი დავალიანება (თურქმენეთის, უკრაინის, ჩინეთის, თურქეთის, ირანის, ევროგაერთიანების კრედიტები). მათი წილი კრედიტების საერთო მოცულობაში შეადგენს 55,0%25-ს.
- სარეაბილიტაციო კრედიტები (რუსეთის მეორე და მესამე, გერმანიის სამი, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის კრედიტები), რომელიც გამიზნული იყო ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის საჭიროებისათვის. მათი წილი კრედიტების საერთო მოცულობაში შეადგენს 32%25-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობა საწყისი საკრედიტო ან სხვა დოკუმენტებისა გაფორმებულია 1992-1994 წლებში. ამ დოკუმენტებში არ არის გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკის არც მაშინდელი მდგომარეობა და არც უახლესი რამდენიმე წლის პროგნოზი, რის შედეგადაც შექმნილი მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ვასრულებთ საკრედიტო ხელშეკრულებებით დაკისრებულ ვალდებულებებს. დღის წესრიგში დადგა საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხი. სავალუტო ფონდის ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ჩვენს კრედიტორ ქვეყნებს თხოვნით საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე და მივიღეთ კიდეც მათი თანხმობა. ეს ძალზე სერიოზული სამუშაო ჩვენმა სისტემებმა საკმაოდ წარმატებით შეასრულეს.
1997 წლის იანვრისათვის საგარეო ვალების ჩამოყალიბებული მოცულობიდან, რაც ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, 1 მლრდ 392 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რესტრუქტურიზაციას ექვემდებარება 854,0 მლნ აშშ დოლარი.
უკვე რესტრუქტურიზებულია 794,0 მლნ აშშ დოლარის საგარეო ვალები. მათ შორის, დამთავრდა მოლაპარაკებები და გაფორმდა ხელშეკრულებები საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციაზე 7 კრედიტორთან, როგორიცაა თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ირანი, ავსტრია, რუსეთი და სხვა.
ევროკავშირის ვალის თაობაზე მიღწეულია შეთანხმება ვალის მომსახურების გადახდის რეჟიმზე და ის განსაკუთრებულ ტვირთად არ დააწვება ქვეყანას.
ამავე დროს, ხელმოსაწერია შეთანხმება ჩინეთთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. პრინციპული თანხმობა მათგან ამ საკითხზე მიღებულია.
გარდა ამისა, თითქმის მიღწეულია შეთანხმება უკრაინასთან სესხის დაფარვის პირობების შესახებ. თანხა მცირეა, მაგრამ სესხი სესხია და ზრუნვაა საჭირო.
საფინანსო და ფულად-საკრედიტო სფეროში 1996 წელს საქართველოს ერთგვარი სტაბილურობა დასტურდება იმითაც, რომ საერთაშორისო სვალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 23 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება სტრუქტურულ გარდაქმნათა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (ისაფის) ფარგლებში საქართველოსათვის მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ, რაც დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ასეთივე თანხა მიღებული გვაქვს 1996 წლის დასაწყისშიც.
1996 წლის ბოლოს მიღებულია აგრეთვე მსოფლიო ბანკიდან საკ-ის მეორე ტრანში - 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ისაფ-ის მეორე ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასკვნაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, აღინიშნა ნაკლოვანებებიც. კერძოდ, ის ფაქტი, რომ დაბალია სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის დონე. სახელმწიფოს მიერ ფისკალური დეფიციტის შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებები ძირითადად ხორციელდება ხარჯების შეზღუდვის მექანიზმის მეშვეობით, რაც ქვეყნის განვითარების სამომავლო ინტერესებს არ შეესაბამება. ეს პრობლემა უნდა წყდებოდეს მხოლოდ სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის მკვეთრი გადიდების, ხარჯებზე კონტროლის გძლიერების და მათი რაციონალიზაციის გზით, რაც არსებითად აისახა 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
ბატონო პარლამენტარებო!
იმის გამო, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების შესახებ დეტალური მოხსენების მოსმენა პარლამენტში 1997 წლის 31 მარტამდე, სადაც უფრო ყოველმხრივ და ღრმად იქნება გაანალიზებული 1996 წლის ბიუჯეტის შესრულება. ნება მიბოძეთ, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგების მოკლე მიმოხილვა ამით დავამთავრო და გადავიდე 1997 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე.
III. 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ
ა) ახალი კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ და 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
ახალი კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, რომელიც 1995 წელს მიიღო პარლამენტმა, დეტალურად აზუსტებს კონსტიტუციურ მოთხოვნებს საბიუჯეტო სფეროში. იგი ქმნის ყველა სამართლებრივ საფუძველს ოპტიმალური, მეცნიერულად დასაბუთებული ბიუჯეტის შესამუშავებლად და ასამოქმედებლად.
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ჩამოყალიბების პროცესი გასული წლის ივნისიდან დაიწყო და მან, შეიძლება ითქვას, საერთო სახალხო განხილვის სახე მიიღო. მის ფორმირებაში საწყისი ეტაპიდან აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეცნიერო დაწესებულებები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ექსპერტები, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სტრუქტურები.
განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა პარლამენტთან თანამშრომლობა. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტის ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. ჯერ კიდევ, ზაფხულში პარლამენტს აღედგინა 1997 წლის საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მომავალი სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებსაც საფუძვლად ედო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების სამწლიანი პროგრამა.
მოგვიანებით გაჩნდა ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების კორექტირების აუცილებლობა გამოწვეული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით - პარლამენტისათვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრული შემოსავლებისა და ხარჯების 15-22%25-ით შემცირების თაობაზე.
შეიქმნა ორი საბიუჯეტო კონცეფცია, ფაქტობრივად, 1997 წლის ბიუჯეტის ორი პროექტი. მათმა შეჯერებამ დიდი დრო წაგვართვა.
საბოლოოდ, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარმოდგენილი ვარიანტი არსებითად გამომდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ორგანიზაციათა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობიდან, რაზედაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საქართველოში სტრუქტურული გარდაქმნების პროგრამის შემდგომი განხოციელება, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მომავალი აქტივობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის რეალური პერსპექტივა და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები.
ბიუჯეტის შედგენის დარგში ჩვენ არავისი, არც უცხოელებისა და არც შინაგან საქმეთა ძალების ვოლუნტარისტულ დიქტატს არ ვემორჩილებით, როგორც ეს ზოგიერთ ოპონენტს ჰგონია. ჩვენ ვემორჩილებით გონიერების იმპერატივს. ჩვენ ვიდექით ალტერნატივის წინაშე: ან ბიუჯეტის პროექტს შევადგენდით საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე სრულიად დამოუკიდებლად და თვითონვე დამოუკიდებლად დავაფინანსებდით მას, ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავებდით ბიუჯეტის პროექტს და მათთან ერთად დავაფინანსებდით მის ყველა პარამეტრს, რითაც თავიდან ავიცილებდით ისეთ ნეგატიურ და დამანგრეველ მოვლენას, როგორიც არის ბიუჯეტის დიდი დეფიციტი. პირველ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციები განზე გადგებოდნენ და პასუხისმგებლობას იხსნიდნენ.
მეორე შემთხვევაში ჩვენთან ერთად იმუშავებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები ცნობილ სამწლიან პროგრამაზე.
ჩვენ სწორედ ეს გზა ავირჩიეთ.
ჩვენ გვქონდა და გვაქვს თავისუფალი არჩევნის უფლება, მათ შორის ბიუჯეტის სრულიად დამოუკიდებლად შედგენის თავისუფლება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსების მდგომარეობა ამის პრაქტიკულ საშუალებას არ იძლევა. ესაა მიზეზთა მიზეზი.
ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობის, ფინანსთან სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკურ სამსახურს უფრო კომპეტენტურად რომ ემუშავათ დროზე, მეცნიერულ დონეზე რომ შეეფასებინათ ბიუჯეტის პროექტისა და ინდიკატური გეგმის პარამეტრები (არადა, ამის საშუალება არსებობდა) - ბიუჯეტის პროექტი კონსტიტუციისა და კანონის სრული შესაბამისობით იქნებოდა წარმოდგენილი პარლამენტში. ესეც გარკვეული გამოცდილებაა, მართალია - მწარე, მაგრამ ამის შესახებ უნდა ითქვას და დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
ბ) ეკონომიკის სამინისტროს სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატური გეგმისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ურთიერთმიმართების პრობლემები
კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ მოითხოვს, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტი შედგეს სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით: პირველი - ეკონომიკის სამინისტროს მიერ შედგენილი საქართველოს სოციალურ-კონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტის მაჩვენებლების; მეორე, მესამე, საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებების შესაბამისად განსახორციელებელი ფინანსური პროგრამების გათვალისწინებით.
პარლამენტში წარმოდგენილი 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპასუხებს კანონის ყველა ამ მოთხოვნას.
გარკვეული მიღწევები შესამჩნევია ეკონომიკის სამინისტროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შედგენისა და ფინანსთა სამინისტროს ექსპერტული დასკვნების შემუშავების თეორიასა და პრაქტიკაში, მაგრამ ეს საქმიანობა ორივე სამინისტროში უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ შემუშავებული „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატური გეგმა“. ეს გეგმა, გარკვეულწილად, ჩვენი ბიუჯეტის ერთგვარ საფუძველს წარმოადგენს.
გ) საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური და სტრუქტურული გარდაქმნების 1996-1998 წლების საშუალოვადიანი პროგრამა და 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელი ისიც არის, რომ ის, ისევე როგორც 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, წარმოადგენს მაკროეკონომიკური და სტრუქტრული გარდაქმნების სამწლიან საშუალოვადიანი პროგრამის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს მთავრობის 1997 წლის მაკროეკონომიკური პროგრამის ამოცანებია: 1. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების 8-10 პროცენტის დონეზე უზრუნველყოფა; 2. 12 თვის მანძილზე ინფლაციის ტემპის შემდგომი შემცირება წლიურად 10-12 პროცენტამდე; 3. ეროვნული ბანკის ერთიანი საერთაშორისო რეზერვების პოზიციის გაუმჯობესება 170 მლნ აშშ დოლარის დონემდე.
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის იმავე დროს არის პრეზიდენტის პროგრამის მოთხოვნების საფუძველზე აგებული დიდმნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი, რადგანაც საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
დ) 1997 წლის ბიუჯეტის ძირითადი ამოცანები და პარამეტრები გასული წელთან შედარებით საბიუჯეტო მოწყობამ, საბიუჯეტო სტრუქტურამ ახალი კანონის საფუძველზე გარკვეული ცვლილებები განიცადა. 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტის მიხედვით მოიცავს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტს და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებს.
ნაერთ (კონსოლიდირებულ) ბიუჯეტში იგულისხმება სახელმწიფო ბიუჯეტისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ერთობლიობა.
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს ეკონომიკური ზრდის საფინანსო-საბიუჯეტო მეთოდებით სტიმულირებისა და სამამულო მეწარმეობის ყოველმხრივი ხელშეწყობის საფუძველზე სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული აღმშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გადაუდებელი პროგრამების დაფინანსების უზრუნველყოფაში.
სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად გამოდის საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა, შემოსავლების მატება იმ დონემდე, რაც სახელმწიფო ხარჯების უმეტესობის დაფინანსების საშუალებას მოგვცემს, ხოლო კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებაზე ჯერჯერობით ორიენტაცია კვლავ საგარეო რესურსებზე რჩება. შემოსავლების მატება დაემყარება საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის შემდგომ განმტკიცებას. გაფართოვდება საგადასახადო ბაზა. მთავრობა კვლავინდებურად განახორციელებს ხარჯების შეკავების კურსს, გააგრძელებს საბიუჯეტო ორგანიზაციების შემცირებას, ხარჯების მართვასა და საბიუჯეტო დაგეგმვის სრულყოფას. შემცირება დავიწყე სახელმწიფო კანცელარიიდან და პრეზიდენტის აპარატიდან. ყველა სისტემასა და უწყებას მოვუწოდებ მიბაძონ ამ მაგალითს.
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახულია პრიორიტეტების ისეთი სისტემა, რომელშიც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია, ერთი მხრივ, ეროვნული მეწარმეობის სტიმულირებაზე, მეორე მხრივ - ატიური და ქმედითი სოციალური პოლიტიკის გატარებაზე.
1. 1997 წლის ბიუჯეტის შემოსავალი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გთვალისწინებით 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი განისაზღვრება 639 მლნ ლარის ოდენობით, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტის დონეზე, ნაცვლად შარშანდელი 6,7 პროცენტისა. ხოლო, ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მოცულობა 818 მლნ ლარის ოდენობით ჩამოყალიბდება.
მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების დონე გასული წლის 8,9%25-დან წელს 11,5%25-მდე უნდა გაიზარდოს, საგადასახადო შემოსავლების საერთო თანხა კი მთლიანი შიდა პროდუქტის 8%25-ს მიაღწევს, რაც 1996 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 3 პროცენტული პუნქტით აღემატება. სასურველია, ჩვენმა პარლამენტარებმა ყურადღება მიაქციონ, როგორ ვითარდება ეს პროცესი პოსტსოციალისტური სივრცის სხვა ქვეყნებში. ძალიან საინტერესოა, როგორ გამოიყურება საქართველო საერთო ფონზე.
ყოველივე ეს საშუალებას იძლევა ამაღლდეს ხარჯების დაფინანსებაში საკუთარი წყაროების როლი. კერძოდ, 1997 წელს გრანტების თანხა (რომელიც ჯერჯერობით 60 მლნ ლარით განისაზღვრება) ნაერთი (კონსოლიდირებული ბიუჯეტის ხარჯების მოსალოდნელ დაფარვაში 6%25-ზე ნაკლებს შეადგენს, შარშან კი გრანტების წილი ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების 8,4%25-ს უდრიდა.
2. 1997 წლის ბიუჯეტის ხარჯები
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სავარაუდო მოცულობა გათვალისწინებულია 840 მლნ ლარის ოდენობით, ნაერთი (კონსოლიდირებული) ბიუჯეტის ხარჯები კი - 1018 მლნ ლარის ოდენობით. ეს 1997 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიმართ შეადგენს 12%25-ს და 14,3%25-ს შესაბამისად, რაც შარშანდელ დონესთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
1997 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა გასული წლის დონეს 30%25-ით აჭარბებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში საკუთარი შემოსავლებით დაფინანსებული წილი - 76%25 გახლავთ.
3. ბიუჯეტის დეფიციტი
ბიუჯეტის საშემოსავლო და სახარჯო ნაწილის გაფართოებასთან ერთად დაგეგმილია საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ეკონომიკური ზრდის საბიუჯეტო სტიმულირებისა და შესაბამისად სახელმწიფო ხარჯებისათვის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი როლის მინიჭების პირობებში საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომლის მოცულობა 19,9 მლნ ლარით განისაზღვრა, მთელი 21%25-ით, ანუ 56,3 მლნ ლარით ნაკლებია 1996 წლის ფაქტობრივ დონეზე. ვფიქრობ, დეფიციტის შემცირების საკმაოდ გამოკვეთილი ტენდენციაა.
დეფიციტი დაფინანსების შიდა და გარე წყაროებით დაიფარება. კერძოდ, შიდა წყაროებიდან - 97,6 მლნ ლარი შემოვა, საგარეო წყაროებიდან კი - 148,5 მლნ ლარი.
მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტის დონე შარშანდელი 4,3%25-დან 2,8-მდე შემცირდება.
შეზღუდული რესურსების გამო, 1997 წელს უნდა გაგრძელდეს საბიუჯეტო ხარჯების გონივრული მომჭირნეობის პროგრამა.
ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე ხარჯები განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 13,3%25-ით, ხოლო ინვესტიციებისა და წმინდა დაკრედიტების ხარჯები - 1,1%25-ით.
საერთაშორისო მაკროეკონომიკური და სტრუქტურული გარდაქმნების პროგრამა 1997 წელს ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად საგარეო წყაროებიდან 146 მლნ ლარის შესაბამისი ოდენობით ფინანსურ დახმარებას. მათ შორის 70 მლნ დოლარის მოცულობით კრედიტების მიღებას მსოფლიო ბანკიდან, 20 მლნ დოლარის ოდენობით სასაქონლო კრედიტის მიღებას აშშ-საგან, ხოლო 10 მლნ დოლარისა კი - ევროკავშირიდან საგადასახდელო ბალანსის საჭიროებისათვის.
გარდა ამისა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან, ევრობანკიდან, გერმანიისა და იაპონიისაგან მისაღები კრედიტების საერთო მოცულობა 105 მლნ დოლარს მიაღწევს.
მნიშვნელოვანია, რომ 1997 წელს მთავრობა აპირებს დაიწყოს სახაზინო თამასუქების გამოშვება 10 მლნ ლარის ოდენობით 1 ივლისიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ყველა საოპერაციო საქმიანობას სახაზინო თამასუქების განთავსებასთან დაკავშირებით.
4. სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის მთავარი პარამეტრი. ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის თანხა
ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სახელმწიფოებრივი და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის მზარდი შესაძლებლობანი.
ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის თანხა 1997 წელს 1365 ლარს მიაღწევს, შარშანდელი 1135 ნაცვლად.
1997 წლის ნაერთი ბიუჯეტი შემოსავლები ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით შეადგენს საშუალოდ 157 ლარს, ნაცვლად 1996 წლის 101 ლარისა.
ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო ხარჯები კი 1997 წელს გაუტოლდება 196 ლარს, ნაცვლად 1996 წლის 150 ლარისა.
ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების დონე თითქმის 1,3-ჯერ აღემატება შემოსავლების დონეს.
ამავე დროს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების წილი ხარჯების წილზე გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, რაც მეტყველებს ბიუჯეტის დაბალანსებისაკენ მიმართულ ტენდენციებზე.
5. 1997 წლის ბიუჯეტის შემოსავალი
როგორც უკვე აღინიშნა, 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო შემოსავლები და გრანტები პროექტის მიხედვით შეადგენს 640 მლნ ლარს. ამ თანხებში საბიუჯეტო მოწყობის ახალი წესის თანახმად, შედის ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლები (532,4 მლნ ლარი) და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლები (107,6 მლნ ლარი).
მთლიანად კი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილ შემოსავალთა საპროგნოზო მოცულობების (178,1 მლნ ლარი) ჩათვლით სახელმწიფოს მიერ მობილიზებული თანხების ოდენობა 818 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, რაც 1996 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 290 მლნ ლარით, ანუ 1,5-ჯერ და მეტად აღემატება.
მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის დონე, რომელიც გათვალისწინებულია 419,4 მლნ ლარის, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ჩათვლით 571,5 მლნ ლარის ოდენობით, 1996 წლის ფაქტობრივ დონესთან შედარებით 1,8-ჯერ და მეტად გაიზრდება.
საშემოსავლო ბაზის მნიშვნელოვანი გაფართოება საგადასახადო კანონმდებლობის ამაღლების შედეგად შექმნის კარგ პირობებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მობილიზაციის გაცილებით უკეთესი დონის მისაღწევად.
უწინარეს ყოვლისა, ეს ეხება მოგების გადასახადს, რომლის განაკვეთი მრეწველობისა და მშენებლობის საწარმოებისათვის ორკეცდება, ხოლო საბანკო სექტორში 35-დან 20 პროცენტამდე მცირდება. ჩვენ უნდა წავიდეთ ასეთ ღონისძიებებზე საბანკო სექტორთან, რათა ახალი სტიმული მივცეთ საქართველოში ბანკებისა და, საერთოდ, საბანკო სისტემის განვითარების პროცესს.
ამ ფონზე საწარმოთა მოგების გადასახადის სახით ნაერთმა ბიუჯეტმა უნდა მიიღოს 1997 წელს 60 მლნ ლარამდე თანხა, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მთელი საგადასახადო შემოსავლების 7%25-ზე მეტი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტმა - 24,1 მლნ ლარი.
შარშანდელ დონესთან შედარებით მოგების გადასახადის სახით ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილი თანხა თითქმის 2-ჯერ გაიზრდება.
ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის სახით, დიფერენცირებული შკალის შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 34,8 მლნ ლარი უნდა მიიღოს, რაც 1996 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 46%25-ით აღემატება.
მობილიზაციის დონის ამაღლების ასეთი პროგნოზი ემყარება მოსახლეობის შემოსავლებში მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებს.
კერძოდ, შარშან, ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2,3-ჯერ გაიზარდა, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში - 3,3-ჯერ, არასაბიუჯეტოში - 4-ჯერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 1997 წელს ხელფასის ზრდა ეროვნულ მეურნეობაში საშუალოდ 27%25-ს მიაღწევს.
მასტიმულირებელი საბიუჯეტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყანაში საერთო მოთხოვნის დონის ამაღლება. ეს მექანიზმი დევს 1997 წლის ბიუჯეტის პროექტში.
მიმდინარე წელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სახის გადასახადებს, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი და აქციზი. აღნიშნული სახეობების გადასახადთა მიხედვით კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისად 264,2 მლნ და 52 მლნ ლარის მიღებას.
მაღალი ზრდის ტემპით არის წარმოდგენილი კანონპროექტში შემოსავლები საბაჟო გადასახადის მიხედვით, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტმა წელს უნდა მიიღოს 42,9 მლნ ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი 1996 წლის ფაქტობრივ მოცულობას თითქმის სამჯერ აჭარბებს.
ასეთ მატებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ის გარემოება, რომ წელს ამოქმედდება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ასახავს საქართველოში საბაჟო საქმის სრულყოფის ძირითად მიმართულებებს.
საბაჟო დეპარტამენტის ხაზით წელს ამოღებული იქნება 1997 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ბიუჯეტის მთელი საგადასახადო შემოსავლების 30%25, რაც წინა წელთან შედარებით 2,5-ჯერ მეტია.
საგადასახადო ინსპექციის ხაზით დაგეგმილია ნაერთი (კონსოლიდირებული) ბიუჯეტის მთელი საგადასახადო შემოსავლების 70%25-ის (400 მლნ ლარის) მიღება, რაც 1996 წლის დონეს 1,6-ჯერ აჭარბებს.
საქართველოს მთავრობის მიერ წინა წლების საწარმოებსა და ორგანიზაციებზე გაცემული სახელმწიფო კრედიტების მომსახურებისა და მათი დაფარვის თანხები 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არასაგადასახადო შემოსავლების მთლიანი მოცულობის 48%25-ს, ანუ 20,8 მლნ ლარს შეადგენს.
კაპიტალური შემოსავლის სახით 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა მიიღოს 10 მლნ ლარი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან.
1997 წლის ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს სპეციალური სახელმწიფო ფონდები.
აღნიშნული ფონდების შემოსავლების მოცულობა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 113,5 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, რაც 8%25-ით აღემატება 1996 წლის ფაქტობრივ დონეს.
საბიუჯეტო ორგანიზაციებიც იგივე განაკვეთს გადაიხდიან, რასაც სხვა ორგანიზაციები.
საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი უფრო ქმედითი და ეფექტიანი უნდა გახდეს. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს საკონტროლო-სარეზერვო მუშაობა, მკვეთრად ამაღლდეს წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დონე, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მოწესრიგებას და ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლების სრულ ასახვას. ვიმეორებ, რომ აღრიცხვიანობის მოწესრიგება მიმდინარე წლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
IV. 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები
სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების ნაწილი 840 მლნ ლარს მიაღწევს, ანუ შარშანდელთან შედარებით 28 პროცენტით არის გაზრდილი.
საბიუჯეტო ხარჯების სისტემის აგების სტრატეგიას საფუძვლად უდევს სახელმწიფო განვითარების მეცნიერული კონცეფცია, კონკრეტული სამეურნეო ამოცანების სისტემის ჩამოყალიბება და პრიორიტეტების გააზრებული გამოყოფა.
ა) სოციალური სფეროს ხარჯები
ძლიერი სოციალური ორიენტაცია წარმოადგენს ახალი ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რა თქმა უნდა, ქვეყნის შესაძლებლობების ფარგლებში.
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შემწეობებისა და მათ შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებულია 56 მლნ ლარი, რაც 1996 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელზე თითქმის 1,5-ჯერ მეტია.
გაიზარდა სოციალური სფეროს ისეთი დარგების დაფინანსების მოცულობა, როგორიცაა: ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, მეცნიერება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, სპორტი და დასვენების ორგანიზაცია.
სოციალური სფეროს აღნიშნული დარგების და მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებების ხვედრითი წილი 1997 წლის ბიუჯეტის ხარჯების მთლიან მოცულობაში განსაზღვრულია 35%25-ის დონეზე და შეადგენს 378 მლნ ლარს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 1996 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
განათლების ხაზით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 51 მლნ ლარი, რაც შარშანდელ დონეზე თითქმის ორჯერ მეტია.
განათლების რეფორმების ხელშეწყობისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასიგნებანი 7 მლნ ლარის მოცულობით.
მეცნიერების დაფინანსების სფეროში მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს 18 მლნ ლარის გამოყოფას, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6 მლნ ლარით აღემატება.
ფუნდამენტური მეცნიერების შემდგომი განვითარებისა და ამ დარგში დასაქმებული მეცნიერი მუშაკების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ფუნდამენტურ მეცნიერებაში მისამართი ასიგნებების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისა და მიზნობრიობის უზრუნველყოფისათვის 1997 წლის პირველი იანვრიდან შემოღებულია მეცნიერ მუშაკთა შრომის ანაზღაურების „გრანტული სისტემა“, მიზნობრივ-პროგრამული დაფინანსება და ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სტიმულირებისათვის საპრეზიდენტო სტიპენდიები.
ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 2,3 მლნ ლარის გამოყოფა.
კულტურის სფეროსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დასაფინანსებლად გამოყოფილია 30 მლნ ლარზე მეტი, რაც გასული წლის ანლოგიური მაჩვენებლის 157%25-ია. აქედან 14,4 მლნ ლარი მოხმარდება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის დაფინანსებას. მომავალში რეორგანიზაცია იქნება საჭირო, მაგრამ ახლა ტელევიზიას დახმარება სჭირდება.
თეატრების, მუსიკალური დაწესებულებების, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის, აგრეთვე საგამომცემლო დაწესებულებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებულია 19 მლნ ლარი. აქედან 3,4 მლნ ლარი გამოიყოფა თეატრებისა და მუსიკალური დაწესებულებების მიზნით. გასულ წელთან შედარებით ამ კუთხით დაგეგმილი ზრდა შეადგენს 54,5 პროცენტს, ხოლო 1995 წელთან შედარებით გაზრდილია თითქმის 5-ჯერ. ეს არის რეალური პოლიტიკა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენი კულტურისა და სულიერების გადარჩენისა და განვითარებისათვის.
მუზეუმისა და გამოფენის დასაფინანსებლად 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია თითქმის 2 მლნ ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მონაცემს 2,5-ჯერ აღემატება.
ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა დასაფინანსებლად 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია 44 მლნ ლარზე მეტი, ანუ მთელი ხარჯების 5,2%25. აღნიშნული თანხა თითქმის 2-ჯერ აღემატება 1996 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სპორტის განვითარების ღონისძიებებზე 1997 წელს გამოიყოფა 4 მლნ ლარი, რაც 1996 წლის მაჩვენებელზე 40%25-ით მეტია.
1997 წელს სოციალური დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების საერთო მოცულობის 33,0%25, ანუ 278 მლნ ლარი.
ეს თანხა თითქმის ორჯერ აღემატება 1996 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ფაქტობრივად სახელმწიფო ხარჯების ყოველი მესამე ლარი მიიმართება სოციალური დაცვის სფეროში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.
სოციალური სფეროსათვის გათვალისწინებული სახსრების ნახევარზე მეტი, ანუ 140 მლნ ლარი მოხმარდება მოსახლეობის საპენსიო, სოციალური დაცვის ზოგიერთი სხვა ღონისძიების დაფინანსებას.
მათ შორის, მხოლოდ საპენსიო პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა 1,3-ჯერ აღემატება გასული წლის ბიუჯეტის ანალოგიურ ხარჯებს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. დღევანდელ საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ვფიქრობ, გამოიძებნოს დამატებითი წყაროები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რაც გამოიყოფა, ისიც არ მიდის დანიშნულებისამებრ. ბევრ რაიონში არ შესრულდა გადაწყვეტილება გასული წლის პენსიებისა და ხელფასების დაფარვის შესახებ. სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით მუშაობს კომისია, რომელიც გაარკვევს, სად, რომელ ინსტანციაში და რა მიზეზით ჩერდება ეს თანხები. განაჩენი ამ კომისიის დასკვნების მიხედვით, იქნება ძალზე მკაცრი, ვინაიდან არ არსებობს უფრო მეტი უზნეობა, ვიდრე შეუჩერო პენსია იმ ადამიანებს, ვისთვისაც იგი არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში ახლებურად ჩამოყალიბდა სოციალური დახმარების ორიენტირები. დღეს არსებული 16 წლამდე ბავშვების დახმარების ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახთა დახმარების სისტემის ამოქმედება.
სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მონაცემებით საქართველოში ასეთი 120 ათასზე მეტი ოჯახია. მათ დასახმარებლად გამოყოფილია 18 მილიონი ლარი.
გარდა აღნიშნულისა, 1997 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცალკეული ცვლილებები.
ინვალიდთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამაზე, გამოყოფილია 9 მლნ ლარი. სამწუხაროდ, დიდი საშუალებები მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, არ გაგვაჩნია, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა რესურსი ავამოქმედეთ.
დასაქმების ერთიანი ფონდის მეშვეობით 3 მლნ ლარი გამოიყოფა უმუშევართა შემწეობების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ღონისძიებათა დაფინანსებისათვის.
ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მართლწესრიგის განმტკიცების ხარჯები
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების - თავდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების შენახვის ხარჯები. ამ მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს საერთო ჯამში 195 მლნ ლარი (ანუ 1996 წლის დონის 145%25), რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის მეხუთედზე მეტია.
მოცემული თანხიდან 90 მლნ ლარი გამოეყო თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები შეადენს 75,7 მლნ ლარს, ხოლო სასაზღვრო ჯარების შენახვის ხარჯები - 14,4 მლნ ლარს. ძნელი იყო ამ თანხების გამოძებნა, მარამ ჩვენი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის სამხედრო ძალების განმტკიცებაა. სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების შენახვის ხარჯებს, 75,1 მლნ ლარი გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა ორგანოების დაფინანსებისათვის, ხოლო სახელმწიფო უშიშროების შენახვისათვის კი - 18,8 მლნ ლარი.
გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა სასამართლო ორგანოების შენახვის ხარჯები, რაც 6,3 მლნ ლარს შეადგენს. ეს 1996 წლის დონეს 1,7-ჯერ აღემატება.
ზემოაღნიშნული ორგანოების შენახვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეულია პირადი შემადგენლობის რიცხოვნების მატებით, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებით და კვების ხარჯების ნორმატივების ღირებულების ზრდით.
ამავე დროს, ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო სახელმწიფოსათვის ისეთი ახალი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების ჩამოყალიბებამ, როგორიცაა: საკონსტიტუციო სასამართლო, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი და სხვა.
თავდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსება წარმოადგენს მიმდინარე წლის საბიუჯეტო ხარჯების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მუხლს.
გ) საქართველოს სუვერენიტეტის და მთავრობის საშიანო და საგარეო ვალდებულებების მომსახურების ხარჯები
საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლება, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებული ლეგიტიმურობის დონეს, გარდა წმინდა მორალური ეფექტისა, ატარებს გამოკვეთილ ეკონომიკურ შინაარსსაც.
1997 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ქვეყნის სუვერენიტეტის მომსახურების ხარჯები (5 მლნ ლარი), რომელიც განაწილდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის საგარეო და საშინაო ვალდებულებების მომსახურების ხარჯების დაფინანსება შეადგენს 96,2 მლნ ლარს.
საგარეო ვალდებულებების ხარჯების დაფინანსებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთავრობის საკუთარი მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება.
ამ მიმართულებით 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ პრინციპულ სიახლეს წარმოადგენს ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოს მთავრობის შიდა ვალის მოსალოდნელი სიდიდის ასახვა. შეიძლება ეს სიმბოლური იყოს, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია და, ამდენად, მისასალმებელი.
ამ ვალებიდან ყველაზე პრობლემატური და ამავე დროს ყველაზე გადაუდებელია ვალი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოსახლეობის მიერ ყოფილი სსრ კავშირის შემნახველ სალაროებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციასთან.
ინდექსაციისათვის საჭირო სახსრების საორიენტაციო მოცულობა ჩამოყალიბდა 40 მლნ ლარის ოდენობით.
ამ ვალის ნაწილობრივი დაფარვა უნდა დაიწყოს მიმდინარე წელს და დამთავრდეს 2001 წელს.
ამ მიზნით 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად გაიცემა მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების ანაბრების ინდექსაციისათვის.
1997 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული იქნება მთავრობის საგარეო და საშინაო ვალების მომსახურების ხარჯებიც.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის დავალებით წინა წლებში თურქმენეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ქვეყნის საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქტების საფასურის დავალიანების დაფარვა - 6,7 მლნ ლარის ოდენობით. ჩვენ ვალებსაც ვფარავთ და, ფაქტობრივად, საკუთარ წარმოებასაც ვაძლევთ სტიმულს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე ბლოკირებული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების ანაზღაურება - 0,3 მლნ ლარის ოდენობით. ამ თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს სერიოზული მუშაობის დაწყება მოუწევს რუსეთის ხელისუფლებასთან. გათვალისწინებულია, აგრეთვე თანხა 1982 წელს გამოშვებული საქართველოს შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების დაფარვისათვის.
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით საშინაო ვალის დასაფარავად მთლიანად გამოიყოფა 12,0 მლნ ლარი.
დ) საწარმოო სფეროს დარგების დაფინანსება
საწარმოო სფეროს დარგების დაფინანსებაზე, უცხოური ინვესტიციების სახით მიღებული თანხების ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1997 წელს გამოიყოფა 76,1 მლნ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ხარჯების თითქმის 10 პროცენტია. საინვესტიციო კრედიტები შეადგენს - 19,0 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები - 10,0 მლნ ლარს.
მცირე ბიზნესის განვითარებისათვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3 მლნ ლარი. ეს არის მცირე ბიზნესისათვის ხელშეწყობის პირველი ცდა.
პრინციპულად იცვლება მიდგომები სახელმწიფო კრედიტის მიმართ.
წარმოების განვითარების, რეფორმების და რესტრუქტურიზაციის პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ეროვნულ ეკონომიკაში, ასევე სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალური მიზნობრიობისა და მისამართულობის აუცილებლობა მოითხოვს სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული კრედიტების დაბრუნებას აქტივიზაციას.
1997 წლის მარტის ბოლომდე დაგეგმილია იმ მევალეების ჩამონათვალის მომზადება, რომლებიც დროზე არ აბრუნებენ სესხს და გათვალისწინებულია ყველა გადაუხდელი სესხის დაფარვის მიღწევა 1997 წლის ივნისის ბოლომდე.
იმ საწაროების მიმართ, რომლებიც ცხრა თვის მანძილზე ვერ გადაიხდიან დავალიანებას, აღიძრება საქმეები სასამართლოში. სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მთავრობა კვლავ თავს შეიკავებს პირდაპირი თუ არაპირდაპირი სუბსიდიების გაცემისაგან (სახელმწიფო საწარმოებისათვის ზოგიერთი სპეციალური შემთხვევის გამოკლებით).
სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარებასა და რეაბილიტაციაზე, ძირითადად საინვესტიციო კრედიტებისა და პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების ხარჯზე დაფინანსება შეადგენს 11,6 მლნ ლარს. აქედან ენერგოსექტორისათვის საწვავის შესაძენად გამოიყოფა 6 მლნ ლარი.
საქართველოს სამეურნეო კომპლექსის ბედი ბევრადაა დამოკიდებული აგრარული სექტორის განვითარებაზე.
სოფლისა და სატყეო მეურნეობის დარგების ხაზით გამოიყოფა 17,0 ლარი. მცირე თანხაა, მაგრამ არსებობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის რეალური საშუალება.
სატრანსპორტო-საგზაო სისტემებზე გამოიყოფა 34,0 მლნ ლარი, საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე - 15,1 მლნ ლარი (აქედან 9,1 ლარი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ სახსრებს).
ე) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები. რეგიონული საფინანსო პოლიტიკით გათვალისწინებული ხარჯები
კონსტიტუცია, კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებენ ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებს არსებული რეზერვებისა და რესურსების ფარგლებში.
პარლამენტში, განსახილველად და დასამტკიცებლად შემოტანილ კანონპროექტში 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ გათვალისწინებულია საგადასახადო-საბიუჯეტო, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი კონცეფცია, ძირითადი იდეები და მიმართულებები და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები, გაწონასწორებულია, დაბალანსებულია ცენტრისა და რეგიონების ინტერესები. ეს ერთი.
მეორე. კანონპროექტში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობა. ამ ტრანსფერტების გათვალისწინებით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები დაამტკიცებენ ავტონომიური წარმონაქმნების ბიუჯეტებს 1997 წლისათვის.
ავტონომიური წარმონაქმნებისა და ადგილობრივი მართვის ორგანოებს ჰქონდათ 1997 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობა. ბევრი მათი წინადადება შევიდა კანონპროექტში. განსაკუთრებული ყურადღებით იქნა განხილული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინადადებები. ბევრ დათმობაზე წავედით არსებული რესურსების ფარგლებში. ბევრ ისეთ წინადადებასაც დავეთანხმეთ, რაც მომავალში მოითხოვს შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბიუჯეტის პროექტში გამოიკვეთა განსაკუთრებული მიდგომა აჭარისადმი, როგორც ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნისადმი. დავუშვით გამონაკლისი, რაც გულისხმობს საბაჟო გადასახადის 50%25-სა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების 100%25-ით დატოვებას 1997 წლისათვის. ვფიქრობთ, პარლამენტი ჩვენს ამ წინადადებას მხარს დაუჭერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისადმი ყურადღების დამადასტურებელია აგრეთვე ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილებაც. ავტონომიური რესპუბლიკის 1997 წლის ბიუჯეტის დამატებითი განხილვისას ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გაითვალისწინეს აჭარის მთავრობისა და ფრაქცია „აღორძინების“ თხოვნა რიგი პარამეტრების კორექტირების შესახებ. შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 1997 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 6,5 მლნ ლარის ოდენობით დაფარული იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამ მიზნით გადიდებული იქნა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ტრანსფერი 4,5 მლნ ლარი. უფრო სწორად, 4 მლნ-დან 4 მლნ 400 ათას ლარამდე ოდენობით. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენს ერთობლივ შესაძლებლობათა მაქსიმუმი, ცენტრშიც და ავტონომიურ რესპუბლიკაშიც.
მესამე. სხვა ტერიტორიული ერთეულების (მხარე, ქალაქი, რაიონი და ა.შ.) მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ბიუჯეტის შესახებ კანონი განსაზღვრული მიზნობრივი ტრანსფერების მოცულობის გათვალისწინებით ამტკიცებენ ადგილობრივ ბიუჯეტებს.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგიონული საფინანსო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მიდგომები და ბერკეტები. ამ კუთხით ბიუჯეტის კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის, ანუ მხარის ფონდის შექმნის მექანიზმს.
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერტების მოცულობა განისაზღვრა ბიუჯეტის პროექტში 38,2 მლნ ლარით. აქედან სპეციალური ღონისძიებების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს 11,3 მლნ ლარი.
სპეციალური ტრანსფერტების გამოყოფა გათვალისწინებულია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის - გენოციდის მსხვერპლთა ოჯახების დახმარების ფონდისათვის - 100 ათასი ლარი, ქ. თბილისისათვის - 1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების აღდგენისათვის - 7,0 მლნ ლარი, ცხინვალის სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენისათვის - 1,0 მლნ ლარი, ქ. ქუთაისის წყალსადენის მშენებლობისათვის - 805 ათასი ლარი, ასევე მთელ რიგ სხვა ქალაქებსა და რაიონებში გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.
რაც შეეხება სხვა ტრანსფერტებს, ისინი ძირითადად მიიმართება განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1997 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ერთიანი (უნიფიცირებული) ნორმატივები, რომელთა მიხედვით მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების 60%25 ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება. გამონაკლისს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის ბიუჯეტში 1997 წელს დარჩება დამატებული ღირებულების გადასახადის 30%25-ისა და საბაჟო გადასახადის 40%25.
მე ამ დღეებში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჩვენ მეტი ზრუნვა გვმართებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის დანგრეული და გაპარტახებული მეურნეობის აღდგენაზე. რა დღეს, რა ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. მეურნეობის აღდგენაზე ზრუნვა ამთავითვე უნდა დავიწყოთ. ამ მიდგომას, სხვათა შორის, იწონებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია თბილისი და თბილისის ბიუჯეტი. ამას წინათ თბილისის ბიუჯეტი პრეზიდენტთან და სახელმწიფო მინისტრთან განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი სანიმუშო ქალაქი და დედაქალაქი იყოს.
დედაქალაქი ქვეყნის სახეა. უნდა დაჩქარდეს დედაქალაქის შესახებ კანონის მიღება.
ვ) სახელმწიფო ხარჯების მიზნობრიობისა და ოპტიმალური რეგულირების უზრუნველყოფა. სახელმწიფო ხაზინა
სახაზინო სისტემის დაწყებული გარდაქმნის მთავარი მიზნებია საბიუჯეტო რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია, მათი ეფექტიანი, სრული აღრიცხვა და, რაც მთავარია. ხარჯების მიზნობრიობის და ოპტიმალური რეგულირების უზრუნველყოფა.
ამ მიმართულებით 1997 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ, ის ითვალისწინებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეციალური (ბიუჯეტგარეშე) სახსრების ანგარიშების დახურვას და სახაზინო სისტემაში მათ გადმოტანას.
საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ფონდების ყველა შემოსავალი თავს მოიყრის ხაზინის კონსოლიდირებულ ფონდში, საიდანაც შემდგომ განხორციელდება სახელმწიფოს ყველა საბიუჯეტო დანახარჯი. ვფიქრობ, ეს სისტემა გამორიცხავს ხელფასებისა და პენსიების დაგვიანებასაც.
მომავალშიც მკაცრად იქნება დაცული ხარჯების პრიორიტეტული დაფინანსების პრინციპი. უპირატესობა მიენიჭება ხელფასს, სტიპენდიებს, კვების ხარჯებს, მდიკამენტებს, ლტოლვილებისა და პენსიონერთა შენახვის ხარჯებს, სხვა სოციალური საკითხების მოგვარებას.
აღნიშნული სახის სიახლეთა დანერგვა საქართველოს სახაზინო სისტემაში წარმოადგენს თავისებურ კრიტერიუმს, რომლის შესრულებაზეც ბევრადაა დამოკიდებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება ისაფის პროგრამის რეალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
V. პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამა
1997 წელი სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტი განსაკუთრებული მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში. მაგრამ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები კიდევ უფრო მასშტაბურია. საჭიროა სახელმწიფოს შემდგომი განმტკიცება და მოსახლეობის კეთილდღეობის განუხრელი ამაღლება. ამიტომ გადავწყვიტე შემომეღო წელს განსაკუთრებული, საგანგებო საპრეზიდენტო საფინანსო პროგრამა, რომელმაც უნდა აამოქმედოს არსებული რეზერვები ბიუჯეტში გათვალისწინებული პარამეტრების ზევით. მე მინდა მოვეთათბირო პარლამენტს ამ საკითხზე. იმედია, ამ პროგრამის განხორციელებაში მხარს დაგვიჭერთ.
1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პარამეტრები და საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის პროგნოზირებული დონე სრულად ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების კომპლექსის დაფინანსებას, რამაც შეიძლება მიმდინარე წლის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შეუქმნას დამატებითი სიძნელეები მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანების გადაწყვეტაში.
რეზერვები ნამდვილად არსებობს ქვეყნის ეკონომიკის, როგორც რეალურ, ისე საფინანსო სექტორებში.
წინა წლების რეფორმატორული მონაპოვარი და მიმდინარე, 1997 წელს განსახორციელებელი რეფორმები განაპირობებენ მიმდინარე წელს სამეურნეო აქტივების ზრდას რეალურ სექტორში და შესაბამისად სახელმწიფო შემოსავლების მნიშვნელოვან გადიდებასაც.
1997 წელი ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სამრეწველო წარმოების გამოცოცხლების თვალსაზრისით. აქ გარკვეული სტრუქტურული ცვლილებებიც აუცილებელია. საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის შედეგად მიეცემათ ფუნქციონირების საშუალება ქვეყნის ამჟამად უმოქმედო საწარმოებსა და სამეურნეო ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს გადასახადების გადამხდელთა სფეროს.
1997 წელს წინა წლების მსგავსად სახელმწიფო ბიუჯეტსა და პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამის შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს დაიჭერს ვაჭრობა, მშენებლობა და მომსახურების სფერო.
ზემოაღნიშნულისა და მთელი რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, აგრეთვე ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევისათვის საჭირო ფინანსური რესურსების დამატებითი მობილიზაციისა და არსებული რესურსების გამოყენების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით, გამოიცა ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის საგანგებო საფინანსო პროგრამით გასახორციელებელი ღონისძიების შესახებ“, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას და საბაჟო დეპარტამენტს, შესაბამის სამსახურებთან ერთად, აგრეთვე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულებს ევალებათ არ შეჩერდნენ საბიუჯეტო პარამეტრებზე, განახორციელონ დამატებითი ღონისძიებები წარმოების, ვაჭრობის გამოსაცოცხლებლად, წარმოებული პროდუქციის აღრიცხვიანობაში წესრიგის დასამყარებლად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციამ 1997 წლის 1 თებერვლამდე უნდა შეიმუშაოს და დანერგოს დამატებული ღირებულების გადასახადის, ხოლო 1997 წლის პირველ სექტემბრამდე მოგების გადასახადის, აქციზისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების კომპიუტერიზაციის სისტემები და, იმავდროულად, უზრუნველყოს ამ დეკლარაციების წარდგენა გადასახადების გადამხდელთათვის.
გათვალისწინებულია აგრეთვე გადამხდელთა გამოვლენის, გადასახადების გეგმების აუდიტის, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის გაფართოების და საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო კონტროლის გაძლიერების ღონისძიებათა მთელი სისტემა.
პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამა ცალკე გამოქვეყნდება. ამიტომ აქ მოგახსენებთ ზოგიერთი უმთავრესი დეტალის შესახებ.
ამ ღონისძიებათა საფუძველზე საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებულ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადი 25,4 მლნ ლარი და აქციზის სახით 5,7 მლნ ლარი.
საბაჟო გადასახადის ნაწილში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საგეგმო მოცულობის ზევით 7,6 მლნ ლარის მობილიზაცია, სხვა გადასახადების სახით კი - 3,5 მლნ ლარისა.
მთლიანობაში საგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის ზევით დამატებით ამოსაღები თანხა შეადგენს 42,2 მლნ ლარს.
არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილში (გაცემული კრედიტების დაბრუნების ხარჯზე) საგეგმო მაჩვენებლის ზევით მობილიზებული თანხა შეიძლება გაუტოლდეს 20 მლნ ლარს.
სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლების სახით კი დამატებით ამოღებულ უნდა იქნეს 54 მლნ ლარი.
სულ ჯამში საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებული შემოსავლების მოცულობის ზევით სახსრების მობილიზაციის დამატებითი ვალდებულებები შეადგენს 116,2 მლნ ლარს, ხოლო მთლიანობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გეგმის ზევით პრეზიდენტის საფინანსო პროგრამით დაკისრებული ვალდებულებების ჩათვლით გაუტოლდება 756,2 მლნ ლარს.
პრეზიდენტის საფინანსო პროგრამის სახარჯო ნაწილში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი თანხები მოხმარდეს პენსიონერთა და ინვალიდთა დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიებებს. გარდა ამისა, დაფინანსდება, სახელმწიფო მნიშვნელობის გზების შენახვა-რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხარჯები, გამოინახება სახსრები ჯანმრთელობის დაცვის დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად.
დამატებით ხარჯებში აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი სამინისტროებისათვის გარკვეული თანხების გამოყოფა, მათ შორის: თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის. დაფინანსდება სოფლისა და სატყეო მეურნეობის უწყებების რიგი ღონისძიებები, აგრეთვე განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და სპორტის შემდგომი განვითარების ღონისძიებები, რომლებიც ვერ იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტის კანონპროექტში.
გათვალისწინებულია ქალაქ თბილისისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის გარკველი ფინანსური დახმარების გაწევა გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის. ამავე დროს, უნდა შეიქმნას რესურსი სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.
VI. საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა - 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა
ახალი ბიუჯეტის პროექტსა და პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამაში აისახა საქართველოს ხელმძღვანელობის მტკიცე გადაწყვეტილება მიაღწიოს ქვეყანაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებას.
უახლოეს მომავალში გადაიდგმება ძალზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ, გაგრძელდება საგადასახადო კანონმდებლობის რაციონალიზაციის პროცესი საგადასახადო კოდექსის შემოღების გზით, რომლის დამტკიცებაც პარლამენტის მიერ დაგეგმილია მიმდინარე წლის 1 ივნისამდე.
შარშან, დეკემბერში პარლამენტმა მიიღო დოკუმენტთა მთელი პაკეტი, რომელიც მოიცავს ქვეყნის საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს, მათ შორის, „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“, „აქციზების შესახებ“, „საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადის შესახებ“ და ზოგიერთ სხვა კანონში.
აღნიშნული დოკუმენტები უკვე ამჟამად, საგადასახდო კოდექსის მიღებამდე აამაღლებენ საგადასახადო სისტემის ეფექტიანობას და შექმნიან მიმდინარე წლის ბიუჯეტის წარმატებით შესრულებისათვის საჭირო ნიადაგს.
ამ დოკუმენტებში რეალიზდება საქართველოს პრეზიდენტის ის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საგადასახადო სისტემის შემდგომ სრულყოფაზე.
სერიოზული ცვლილებები მოხდა აქციზით დაბეგვრის წესებში. ასე, მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, აქციზის განაკვეთი ბრენდიზე და არაყზე 100%25-დან შემცირდა 50%25-მდე, ლუდზე - 100%25-დან 15%25-მდე, ცქრიალა ღვინოებზე - 100%25-დან 20%25-მდე, მესამე და მეოთხე კლასის თამბაქოს ნაწარმზე - 50%25-დან 35%25-მდე, მსუბუქ ავტომობილებზე - 30%25-დან 15%25-მდე, საბურავებზე - 50%25-დან 15%25-მდე და სხვ.
ეს ყველაფერი გათვლილია აღნიშნული პროდუქციის სამამულო მწარმოებლის სტიმულირებაზე.
მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი შეღავათებია გათვალისწინებული საბაჟო გადასახადის ნაწილში. ისეთი საქონლის იმპორტისას, როგორიცაა კაპიტალური საქონელი, სამედიცინო დანიშნულების საქონელი და სანედლეულო მასალების გარკვეული ნუსხისათვის, გამოყენებული იქნება 5 პროცენტიანი განაკვეთი.
გარდა ამისა, იმ მედიკამენტთა რიცხვი, რომელთა იმპორტიც საერთოდ გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადებისაგან, გაიზარდა ექვსიდან თექვსმეტ დასახელებამდე.
ასევე განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების იმპორტი, ხორბლის, ბავშვთა კვებისა და დიაბეტური პროდუქტების იმპორტი.
ქართველ კლასიკოსთა და საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ გამოცემულ შემოქმედებითი და მეცნიერული ნაწარმოებების იმპორტი, ჰუმანიტარული მიზნით და გრანტების ხარჯზე შემოტანილი საქონელი და მრავალი სხვა.
დანარჩენი საქართველოს იმპორტზე ვრცელდება 12-პროცენტიანი განაკვეთი.
შემცირდა ნავთობპროდუქტებზე, გარემოს გაჭუჭყიანებისათვის გადასახადი, კერძოდ, ერთ ლიტრ ეთილირებულ ბენზინზე - 0,7 თეთრი და შეადგენს 2 თეთრს, ნაცვლად 2 და 7 თეთრისა, ხოლო დიზელის საწვავზე - 0,8 თეთრით და შეადგენს 1 თეთრს, ნაცვლად 1 და 8 თეთრისა.
დროებით 1998 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება გადასახადი გზების სარგებლობაზე.
სერიოზული ლიბერალიზაცია განიცადა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა სანქციებმა.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიცვალა შემოსავლების ოდენობა, რომლის დამალვისათვის ან შემცირებისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ასე მაგალითად, თუ აქამდე 750 ლარის ოდენობის გადასახადის დამალვა ან შემცირება ითვლებოდა დიდი ოდენობით დამალვად და გადამხდელი ისჯებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ამჟამად დიდი ოდენობით შემოსავლების დამალვის განსაზღვრის კრიტერიუმი შეიცვალა და დამალვად ითვლება გადასახადის შემცირება 25 ათას ლარს ზევით და ასეთ შემთხვევაში აღიძვრება დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
საწარმოთა ხელმძღვანელებმა უნდა გაითვითცნობიერონ, რომ ის შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებულია 1997 წლის ბიუჯეტით და ახალი საგადასახადო კანონმდებლობით, შეთავსებული იქნება საგადასახადო დისციპლინის უაღრეს გამკაცრებასთან.
მალე დაიწყება დავალიანების მქონე საწარმოების ბანკროტებად გამოცხადების პროცედურა და ყველა სერიოზულად უნდა ემზადოს ამისათვის.
საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებები 1997 წლისათვის ითვალისწინებს საგადასახადო ბაზის გაფართოებას.
უწინარეს ყოვლისა ეს ეხება ცვლილებებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში. თუმცა ძირითადი განაკვეთი უცვლელი დარჩა (20%25-ის დონეზე).
აღსანიშნავია, რომ დამატებით შეღავათები იქნება დაწესებული ჯანდაცვის სფეროში. კერძოდ, თუ ამ კანონის მიღებამდე გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ ექვსი დასახელების სამკურნალო საშუალება, ამჟამად დამატებული ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება ყველა ფარმაცევტული პროდუქცია, სამედიცინო ხელსაწყოები და აპარატურა, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააიაფოს ეს ნაწარმი. ამასთან გადასახადისაგან განთავისუფლდა დიაბეტური პროდუქტებიც. დამატებითი შეღავათები დაწესდა პრესისათვის. კერძოდ, თუ ადრე დამატებული ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდებოდა ჟურნალ-გაზეთების მხოლოდ რეალიზაცია, ამჟამად გადასახადისაგან თავისუფლდება მისი ბეჭდვაც. ასეთი შეღავათი ხელს შეუწყობს პრესის გავრცელებას და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოების ფართო მასებისათვის.
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს თეატრებს შეღავათი, რომლის თანახმადაც თეატრის ბილეთების რეალიზაცია გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.ეს თეატრის ბილეთის ფასს თითქმის 20 პროცენტით გააიაფებს.
რეალურად განხორციელდა დამატებული ღირებულების გადასახადის ამოღება ვაჭრობის სფეროდან, სადაც დღემდე არსებობს სახელმწიფო შემოსავლების გაზრდის მნიშვნელოვანი აუთვისებელი რეზერვი.
მეტად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესში დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ახალი რეჟიმის დანერგვის შესახებ, რაც განხორციელდება ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
გარდა ნათქვამისა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით ყველა ის კომპანია, რომლის წლიური ბრუნვაც აღემატება 2000 ლარს, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობამ განიცადა, ეს არის მოგების გადასახადის ერთიანი განაკვეთის დაწესება 20 პროცენტის ოდენობით.
ერთიანი განაკვეთის დაწესებით მნიშვნელოვნად შემცირდა ბანკების, საკრედიტო დაწესებულებებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების მოგების გადასახადის განაკვეთები (20 პროცენტი ნაცვლად 25 პროცენტისა). ეს კი შეუწყობს ხელს ამ სფეროს განვითარებას და საკრედიტო რესურსების გაიაფებას.
მოსახლეობის დიდ ნაწილს სასიკეთოდ შეეხება საშემოსავლო გადასახადში მომხდარი ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც შეიცვალა დასაბეგრი შემოსავლების ზღვრული ოდენობები და შესაბამისად - გადასახადის განაკვეთები.
მიმდინარე წელს რეალურად დაიწყება იმ ფიზიკურ პირთა დაბეგვრა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ფართოდ დაინერგება საშემოსავლო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის პრაქტიკა, გაუქმდება ბევრი საგადასახადო შეღავათი. მინდა მოგახსენოთ, რომ დეკლარაციების წარდგენა უკვე დაიწყო პრეზიდენტის აპარატში, სახელმწიფო კანცელარიაში და მიმაჩნია, რომ ეს კულტურა შემოსავლების დეკლარირებისა უნდა დაინერგოს მთელ ქვეყანაში.
ფიზიკურ პირთა შემოსავლების საბიუჯეტო განაწილების პროცესში უფრო სრულ ჩართვას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის ქონებრივი დიფერენციაციის შერბილებისათვის, სოციალური სპექტრის მრავალი პრობლემის გადაწყვეტისათვის.
უკეთ უნდა განხორციელდეს ბაზარზე, სხვა ნებადართულ ადგილებში ვაჭრობის გზით მიღებული შემოსავლების აღრიცხვა და შესაბამისი დაბეგვრა.
ძალზე საპასუხისმგებლო აქტად უნდა მივიჩნიოთ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქამდე მოქმედი ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად დაბეგვრის ჩვეულებრივი რეჟიმის შემოღება, რაც ერთიორად გაზრდის ამ წყაროდან მიღებული სახელმწიფო შემოსავლების მოცულობას.
ამავე დროს, ნავთობის ბაზრის გაჯერების პირობებში ამ ღონისძიებების საფუძველზე საწვავის ფასის მკვეთრი და მასშტაბური მომატება სავარაუდოდ არ არის. გარკვეული ზრდა იქნება, მაგრამ - არა ძალზე საგრძნობი.
ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესებისათვის მეტად მნიშვნელოვანია საგადასახდო ადმინისტრაციის საქმიანობის სრულყოფა.
სრული სიმძლავრით უნდა ამოქმედდეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, რომელმაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს 250-ზე მეტი მსხვილი გადამხდელი იურიდიული პირის მოქცევა თავისი უშუალო კურირების სფეროში.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გამოვავლინოთ მინიმუმ 30 000 ახალი გადამხდელი (გამოსავლენი უფრო მეტია), მივანიჭოთ მათ გადასახადების გადამხდელთა სარეგისტრაციო ნომრები და შევაფასოთ მათი გადასახადები.
როგორც ვთქვით, საბაჟო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი ბაზის განმტკიცების მიზნით მთავრობამ შეიმუშავა ახალი საბაჟო კოდექსი, რომლის მიღებაც პარლამენტს განზრახული აქვს მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე. აღნიშნული კოდექსი მოიცავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს. ამ კანონის მიღებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი გაწევრიანებისათვის.
მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმებით, 1997 წელს შემოღებული იქნება ე.წ. „ტირკარნეტის“ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ გარანტიებს და 1997 წლის ბოლოსათვის მთავრობა მიაღწევს იმას, რომ სატრანზიტო საქონლის იმპორტი ყოველთვის ხორციელდებოდეს ფინანსური ან არაფინანსური გარანტიებით.
საგადასახადო სამსახურს უნდა გადაეცეს საქართველოს სპეციალურ ფონდებში ჩასარიცხი საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის კონტროლის ფუნქცია.
მთავრობის გადაწყვეტილებით 1997 წლის 21 თებერვლიდან მხოლოდ სახელმწიფო საგადასახადო სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი აგებს პასუხს გადასახადების აკრეფაზე (იმ გადასახადების ჩათვლით, რომელთა აკრეფასაც ამჟამად აწარმოებენ საპენსიო, დასაქმების, ჯანდაცვისა და საგზაო ფონდები). ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა - გადამხდელმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ორ სამსახურთან უნდა მოახდინოს ანგარიშსწორება.
მთლიანობაში საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში 1996-1997 წლებში მიმდინარე რეფორმები და გადასახადის გადამხდელთა დამატებითი რაოდენობის გამოვლენისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა იქცეს იმის ერთერთ უმთავრეს გარანტად, რომ გასულ წლებში ამ ორგანიზაციების ხაზით დაშვებული ხარვეზები გამოსწორდება და 1997 წელს გაცილებით უკეთ ვიმუშავებთ.
VII. კორუფციასთან ბრძოლა - ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების რეზერვი და პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამის შესრულებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება
1997 წელი კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და ამ ბრძოლის დაწყების მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა იყოს.
საჭიროა ამ დარგში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, პროკურატურამ, სასამართლო ორგანოებმა გამოაცოცხლონ მუშაობა.
კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობა გაპირობებულია იმით, რომ ამ მოვლენამ ღრმად გაიდგა ფესვები ხელისუფლების დაბალ თუ მაღალ ეშელონებში და სახელმწიფოს საფუძვლებს ემუქრება. მე ამას გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ.
კორუფციის შედეგიცაა უზარმაზარი თანხების სახელმწიფოს მიღმა დინება, სუსტი ეკონომიკა და სუსტი სახელმწიფო ბიუჯეტი.
კორუფციასთან ბრძოლა, მისი დაძლევა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების მნიშვნელოვანი რეზერვია და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
1. პირველ რიგში უნდა გამკაცრდეს კანონი და კანონიერება, მართლწესრიგი, გაძლიერდეს ადამიანის უფლებების დაცვა.
2. საჭიროა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის სისტემის რაციონალიზაცია. კონტროლის სისტემა ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების სრულყოფილ დინებას და წარმოებისა და კომერციის სტიმულირებას.
3. კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მმართველობითი სტრუქტურების რეორგანიზაცია.
4. საჭიროა მაქსიმალურად შეიზღუდოს და თანდათან აღიკვეთოს ქვეყნის ტერიტორიაზე აღურიცხავი, დაუფარავი და ფაქტობრივად უმისამართო საქონლის მიმოქცევა.
5. კორუფციასთან ბრძოლისათვის ხელშემწყობ პირობებს ქმნის სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთობათა სრულყოფა, ქვეყანაში საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგება და სხვა.
ბატონო პარლამენტარებო!
1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კონტროლის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ დარგში უკეთ უნდა თანამშრომლობდნენ პარლამენტი, მისი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები, კონტროლის პალატა, მთავრობა, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტო, ხაზინა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება, სახელმწიფო სტრუქტურებთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, დარგობრივი აკადემიები. უნდა განვითარდეს საბიუჯეტო პროცესის თეორია და პრაქტიკა. კიდევ უფრო უნდა სრულვყოთ სამართლებრივი ბაზა.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პარლამენტის კომიტეტების მიერ ბიუჯეტის შესრულების პროცესის კანონით გათვალისწინებულ ყოველკვარტლურ კონტროლს პარლამენტის კომიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო სტრუქტურების მონაწილეობით.
ვფიქრობ, ეს კონტაქტები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ანგარიშის მოსმენა, დიალოგი მათთან შესაბამის კომიტეტებში და, როცა საჭირო იქნება პლენარულ სხდომებზეც.
დასასრულ უნდა გითხრათ, რომ ჩემს მოხსენებაში მე ყველა პრობლემას და საკითხს არ შევხებივარ, მაგრამ ჩემს მიერ პარლამენტში წარმოდგენილ 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ყველა საბიუჯეტო საკითხი და პრობლემა წამოყენებული და გადაწერილია არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ნება მიბოძეთ, ჩემი მოხსენება ამით დავამთავრო და გამოვთქვა ღრმა რწმენა, რომ 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი.
კონსტრუქციულმა თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს უმაღლესი მიზნის მიღწევას - ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგებისა და 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1997 წლის 7 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 თებერვალი. - №35 (2408). - 1,3,4,5,6 გვ.
![]() |
20 saTauri21 |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო!
მადლობას მოგახსენებთ საქართველოზე ნათქვამი სიტყვებისა და იმისთვის, რომ ასე აღიქვამთ ჩვენი ქვეყნების მიერ გამოვლილ გზას. მინდა მთელი საქართველოს დელეგაციის სახელით გამოვთქვა მადლიერება გულთბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, რომელსაც საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ამჟამინდელი და მომავალი ხელმძღვანელები ნიადაგ უნდა ეწაფოდნენ ჩვენი დიდი წინაპრების - ტარას შევჩენკოს, აკაკი წერეთლის, ლესია უკრაინკას, დავით გურამიშვილის, იმ ქართველი ოსტატების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას, რომლებიც მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვრების სწორუპოვარი ქმნილების - კიევის ლავრის მოხატვაში. სწორედ ამ მემკვიდრეობას დაეფუძნა ჩვენი ურთიერთობა მაშინ, როცა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად ვეწვიეთ სახელმწიფო ვიზიტებად ერთმანეთს და ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ დოკუმენტებს, მათ შორის მთავარს - მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ დადო ასეთი ხელშეკრულება. ახლა დადგა დრო, გავაღრმაოთ ჩვენი კავშირურთიერთობა და ამით ავამოქმედოთ უდიდესი პოტენციალი, რომელიც ემყარება ჩვენი ისტორიული სვე-ბედის ერთიანობას, ჩვენი მომავლის საერთო ხედვას ერთიანი ევროპის შემადგენლობაში, დამოუკიდებელი განვითარებისა და თანასწორუფლებიანი ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის პრინციპების ერთგულებას.
როცა ჩვენს პრიორიტეტებზე ვლაპარაკობდი, შემთხვევით როდი ვახსენე ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი, ორმხრივი ურთიერთობის გარდა, სწორედ ამ საკითხსაც დავუთმეთ. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი გზა გავლეს - ჩვენ იურიდიულად გავაფორმეთ ურთიერთობა ევროკავშირთან, მივიღეთ სპეციალური სტუმრის სტატუსი ევროპის საბჭოში. უკრაინის მონაწილეობა ევროპის კავშირის ტრასეკა-ს პროექტში არის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამ წარმოების წარმატებას. უდიდესი სულიერი, ინტელექტუალური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამრეწველო, სანედლეულო პოტენციალი უკრაინას შესაძლებლობას აძლევს ახლო მომავალში გახდეს არა მარტო ევროპული, არამედ აგრეთვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მის სრულფასოვან მონაწილეობას პროექტებში, რომლებმაც სახე უნდა უცვალონ მთელ რეგიონებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ფოთი-ოდესის საბორნე გადასასვლელის გახსნა, რომელიც საუკუნის პროექტს - ტრასეკა-ს შემადგენელი ნაწილია, საქართველოში აღიქვეს როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა. მიმდინარეობს მუშაობა ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებს შორის საბორნე მიმოსვლის ასამოქმედებლად. იმედი გვაქს, რომ უკრაინა სულ მალე შეუერთდება ამ პროექტის კიდევ ერთ რგოლს - უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარაჰსში ხელმოწერილ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ტრანზიტის მაქსიმალურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბულგარეთსა და რუმინეთთან ამიერკავკასიის ნავსადგურების დამაკავშირებელ მარშრუტებთან ერთად ეს შექმნის განტოტვილ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც უკვე არსებულთან ერთად, უმოკლესი გზით დააკავშირებს კონტინენტებს.
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ უკრაინა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც არაერთგზის გამოგიხატავთ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ჩვენი რეგიონის როლის გაძიერების პირობებში, შორს აღარ არის ის დრო, როდესაც მოხერხდება აფხაზეთის და, განსაკუთრებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში. ჩვენ ღია გვაქვს კარი ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციისათვის თანამეგობრობის ქვეყნებთან, ჩვენ გვწადია ასეთი ინტეგრაცია. მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, რათა თანამეგობრობაში მიმდინარე პროცესებმა შეუწყოს ხელი მის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, ურთიერთხელსაყრელი, თანასწორუფლებიანი თანასწორობის განვითარებას და ამ საფუძველზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ეკონომიკური აღორძინების პირობების შექმნას. მაგრამ ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ვერ დავეთანხმებით იმათ, ვინც ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მიიჩნევს მორიგი გლობალური დაპირისპირების, ინტერესების შეჯახების აპარეზად. ძალზე არაშორსმჭვრეტელნი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი საარსებო ინტერესების შელახვად აღიქვამენ ყოველ დიდმასშტაბიან ალტერნატიულ პროექტს, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიის, ამიერკავკასიის ამა თუ იმ სახელმწიფოს ან უკრაინას. პარალელური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალების გაყვანა სტაბილურობასა და აყვავებას მოუტანს თანამეგობრობის ყველა სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთსაც, რომელიც, დარწმუნებული ვართ დიდად არის დაინტერესებული იმით, რომ მეგობარი, სტაბილური და სანდო მეზობლები ჰყავდეს თავის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს სივრცე ვაქციოთ ყველა სახელმწიფოს პოლიტიკური პარტნიორობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის რეგიონად, ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმული ერთიანი მსოფლმხედველობითი სივრცის შემადგენელ ნაწილად.
რადენიმე წელიწადმა, რაც ჩვენ დამოუკიდებელი ცხოვრებით ვცხოვრობთ, გვიჩვენა, რომ არავის არ ამოხდება სული გაჭირვებისა და შიმშილისაგან, თუ „გარედან“ არ ამოხადეს. არც ერთი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეწყვეტს არსებობას მაშინაც კი, თუ მოულოდნელად გაუწყვეტენ სამეურნეო კავშირურთიერთობას. იმ წლების გაჭირვებამ მრავალი მწარე გაკვეთილი მოგვცა, მაგრამ ზოგი რამ გვასწავლა კიდეც და გვასწავლა მათგან უმთავრესი - დამოუკიდებლად არსებობა და განვითარება. ჩვენ შეგვიძლია უერთმანეთოდ ცხოვრება და ყოველთვის, როცა ვლაპარაკობთ ინტეგრაციაზე, როგორც დროის მოთხოვნაზე, ჩვენ ვგულისხმობთ ინტეგრაციას, რომელიც ემყარება არა რაღაც მოგონილ გეოპოლიტიკურ და ბლოკურ პრინციპებს, არამედ - მხოლოდ და მხოლოდ რაციონალურ მიზანშეწონილებას, დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების ერთგულებას.
სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე მიგვაჩნდა და კვლავაც მიგვაჩნია უკრაინასთან პარტნიორობა სტრატეგიულად და ბედის განმსაზღვრელად არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის, არამედ იმ ვრცელი სივრცისათვის, რომელიც თქვენი ქვეყნის დასავლეთით და ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით არის დაგაჭიმული. ჩვენ ვართ შემსწრენი იმისა, რომ რუსეთი, უკრაინა, სხვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იწყებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ევროპის კავშირის გრძელვადიან გეგმებში. ამას მოწმობს რუსეთის, უკრაინის სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ევროპის კავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. უკრაინისა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობა, რომელიც არ ლახავს არავინ ინტერესებს, მთლიანად შეესაბამება ევროპის კავშირის, აღმოსავლეთით გაფართოების ამოცანას, და ამას ჩვენ მივიჩნევთ ერთიან ევროპულ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა სისტემასთან პოსტტოტალიტარული სივრცის თანამიმდევრულ, უკონფრონტაციო შერწყმად.
ძვირფასო მეგობრებო, ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფებით იმ ხალხის წრეში, ვინც ახლობელია ჩვენთვის სულისკვეთებით და მისწრაფებით, ახლო წარსულითა თუ იმედიანი მომავლით. დღეს მე და თქვენ. გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი ასეთი მომავლის - სტაბილური და სვესვიანი მომავლის გზაზე. ნება მიბოძეთ, ამ სუფრაზე ყველა აქ მყოფთან ერთად, დავლოცოთ ჩვენი ძვირფასი მასპინძელი, ჩვენი მეგობარი ლეონიდ კუჩმა, უკრაინელი ხალხი, ვუსურვო მას ბედნიერება და აყვავება.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 16 თებერვალი. - №38 (2411). - 3 გვ.
![]() |
21 „გლობალურ დაპირისპირებათა ეპოქა დამთავრდა და ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერავინ დაატრიალებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 17 თებერვლის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის მიმოხილვას დავიწყებთ ორი თემით: ეს არის ბიუჯეტი - გასული კვირის ძალიან პოპულარული თემა და თქვენი ვიზიტი უკრაინაში. ბიუჯეტი, რომლის მიმართ პარლამენტის უარყოფითი დამოკიდებულება ლამის ქრონიკური ხასიათისაა. ხშირად ისმის ასეთი კითხვაც: რა მოხდება, თუ საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტს არ მიიღებს? და განვლილი კვირის ძალიან საინტერესო მოვლენა ეკონომიკის თვალსაზრისით - თქვენი ვიზიტი უკრაინაში, რომელთანაც საქართველოს, და ეს არაერთხელ აღგინიშნავთ, განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს სრულიად განსხვავებული ხელშეკრულება აქვს დადებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მე უკრაინით დავიწყებდი, და ვხელმძღვანელობ იმით, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი, თანასწორუფლებიანი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული კავშირურთიერთობის ახალ, საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებზე აღორძინების პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი.
იგი ლოგიკური გაგრძელებაა წინათ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრებისას განსაზღვრული იმ ძირითადი მიმართულებებისა, რომელთა მიხედვითაც უნდა განვითარდეს ჩვენი კეთილმეზობლური და საქმიანი ურთიერთობა, და რომლის დროსაც მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები განსაკუთრებულ სამართლებრივ ბაზას ქმნის სამომავლო პარტნიორობისათვის. თქვენ უკვე ახსენეთ განსაკუთრებული ხასიათი იმ ხელშეკრულებებისა, რომლებსაც ყოვლისმომცვლელ ხელშეკრულებას ვუწოდებთ ხოლმე.
ამ ურთიერთობაში ცენტრალურ ადილს დაიკავებს ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნასა და ფუნქციონირებაში თანამშრომლობა. კერძოდ, ძალზე პერსპექტიულია საქართველოს ტერიტორიის გავლით უკრაინაში კასპიის ნავთობის და არა მარტო კასპიის ნავთობის, ცენტრალური აზიის ტვირთების, მათ შორის, ყაზახეთის ნავთობისა და სხვათა ტრანსპორტირების საკითხი, რაშიც განსაკუთრებული როლი დაეკისრება საბორნე გადასასვლელებს ორი ქვეყნის ნავსადგურებს შორის. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ სარკინიგზო ბორანი, რომლის შექმნის თაობაზე პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ამავე დროს, ორივე ქვეყანა მხარს უჭერს ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, განსაკუთრებით ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებას. ვიზიტმა დაადასტურა, რომ ორივე ქვეყანას ერთნაირი შეხედულებები და ინტერესები აქვთ, რასაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი ხალხებისთვის. ცოტა უფრო დეტალურ, პრაგმატულ მოსაზრებებზე უკვე ვილაპარაკე ტელეინტერვიუში ამ ორიოდე დღის წინათ. ალბათ, რადიომსმენელმა ეს მოისმინა და ნახა, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც გავიმეორებ, რომ ჩვენ დაუბრკოლებლად შევდივართ უკრაინის უზარმაზარ ბაზარში ჩვენი ჩაით, ღვინით, კონიაკით, ციტრუსით, ხილით, კონსერვებით და ასე შემდეგ. უაღრესად ხელსაყრელ რეჟიმს ქმნის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეწარმეებისათვის უკრაინის ბაზარი ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება. ასეთივე რეჟიმით, ბუნებრივია, უკრაინული პროდუქცია, რაც უნდა იყოს ეს - სპირტი, შაქარი, მარცვლეული თუ მეტალურგიული ნაწარმი, ასეთივე შეღავათებით ისარგებლებს და ორივე მხარისათვის მისაღებია.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს საშინაო ეკონომიკური ცხოვრების და, საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრების სფეროში უმთავრესი თემაა და ეს თემა დომინირებდა ბოლო დღეების განმავლობაში.
ქვეყნის ამ ძირითადი ეკონომიკური დოკუმენტის საპარლამენტო განხილვის პირველი დღეებიდანვე გამოიკვეთა მისდამი გაძლიერებული ინტერესი, აზრთა და პოზიციათა სხვადასხვაობა. თავისთავად, საზოგადოებისა და პარლამენტის ასეთი ინტერესი უდავოდ მისასალმებელია. რადიკალური ხასიათის მიუღებელ შენიშვნებთან ერთად იყო საკმაოდ კონკრეტული, საქმიანი წინადადებები. ყოველივე ამან განაპირობა პარლამენტში პრეზიდენტის დამატებითი გამოსვლის აუცილებლობა. უნდა მივესალმო პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანიას ინიციატივას, რომ შეიქმნა შეთანხმებული კომისია, რომელშიც მონაწილეობენ ყველა კომიტეტი, ყველა ფრაქცია, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. იქ ძალიან ბევრი რამ შესწორდა. ასევ უნდა იყოს. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის რაღაც ავტომატური რეჟიმი. პრეზიდენტს შეაქვს პროექტი და ის პროექტი არავითარ დავას და კამათს არ იწვევს. უნდა ითქვას, რომ ამ შემთანხმებელმა კომისიამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შენიშვნა გამოთქვა და მეც გავიზიარე ისინი, ისევე, როგორც ბევრმა ფრაქციამ.
ჩემს მეორე გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაეთმო ყურადღება საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობის რეალურ სურათს (იძულებული ვარ, კიდევ და კიდევ გავიმეორო), ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ურთიერთგანპირობებულობის დამასაბუთებელ არგუმენტებს, ბიუჯეტის კანონპროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, მოსახლეობის სოციალური დაცვის, აგრეთვე ცალკეული სფეროებისა და ღონისძიებების დაფინანსების მოცულობისა და სტრუქტურის ცალკეულ ასპექტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მიუხედავად ამისა, ალბათ, ზედმეტი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, საერთოდ, იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ვახორციელებთ, ალტერნატივა არა აქვს. ხოლო ჩვენი ეკონომიკური კურსის შედეგად, ასე ვთქვათ, საქვეყნოდ აღიარებული წარმატებები, ფინანსური სტაბილიზაციისა თუ რეფორმის სხვა მიმართულებების მიხედვით, მიღწეულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი უშუალო დახმარებით.
ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდისა და საერთო წინსვლისათვის კვლავაც აუცილებელი იქნება ამ ინსტიტუტებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მუშაობა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას რაც ვთქვი: რადგან სავალუტო ფონდი უშუალოდ მონაწილეობს ჩვენი ბიუჯეტის ფორმირებაში, მას შეაქვს გარკვეული წილი ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში, ამ წილის გარეშე ბიუჯეტი არ იქნება იმ სახის და იმ მოცულობის, როგორიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ, ამიტომაც მათი წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია. კამათი შეიძლება, მაგრამ პრინციპში მათი მოსაზრებები გავიზიარეთ და ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ დაგვიანდა ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შეტანა პარლამენტში. ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი დამოკიდებულების გამოხატვისას, მე ასე ვიტყოდი, კორექტულობა და საკუთარი შედარებებისადმი მეტი მომთხოვნელობა გვმართებს. მით უმეტეს, რომ მათი გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის მოცულობითი პარამეტრების ცვლილებას დიდი გავლენა საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე არ მოუხდენია.
ბიუჯეტის დროულად მიღებისა და განმტკიცების მნიშვნელობას, ალბათ, ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება. ეს მნიშვნელოვნად მოხსნის იმ პრობლემათა ნაწილს მაინც, რაც შემოსავლის მობილიზაციის და მთელი რიგი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ღონისძიებების დაფინანსებას ეხება. ახლა საკითხი ასე მინდა დავაყენო: ვისაც ბიუჯეტის მიღება არ სურს, უნდა შემოგვთავაზოს ალტერნატივა. ალტერნატივა კი ხელფასების, პენსიების, დახმარებების გაუცემლობაა, ძალისმიერი სტრუქტურების უხელფასოდ დატოვებაა, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაუარესება ან საერთოდ შეფერხებაა. ბიუჯეტის მიუღებლობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას, რომელიც ახლა იწყებს აღმავლობას და კრიზისიდან გამოსვლას (და ამ არგუმენტს წინ ვერავინ დაუდგება, ეს აშკარაა), კვლავ წუმპისა და ქაოსისაკენ უბიძგო.
მჯერა, რომ დეპუტატთა უმრავლესობა გამართლებული კომპრომისებისა და საღი აზრის საფუძველზე ბიუჯეტს მოკლე დროში დაამტკიცებს. როგორც გითხარით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ქაოსისა და ანარქიის გარდა.
სხვათა შორის, მინდა შევნიშნო, რომ იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები საბიუჯეტო შემოსავლის თვალსაზრისით მკვეთრად დაეცა, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ დამღუპველ ტენდენციას და მართლაც ულუკმაპუროდ დავრჩებით.
რაც შეეხება საბოლოო პროექტის დაგვიანებით შეტანისა და ცალკეული უზუსტობებისათვის ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, ეს განსაკუთრებული საკითხია და დროს მოითხოვს. ახლა მთავარი ამოცანა უნდა გადაწყდეს.
ამასთან, პარლამენტში უკვე ვთქვი, რომ ხელისუფლებამ საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანოს და ბიუჯეტის წარდგენის ვადები არა მარტო ფორმალურად, არამედ ფაქტობრივადაც დაიცვას ყოველთვის და ყოველწიულად.
ახლა ორიოდე სიტყვა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს ელექტროენერგიის პრობლემები. წლევანდელი ზამთარი (ამას ყოველდღიურად ვაკონტროლებ და ვხედავ, რა არის კარგი და რა არის ცუდი) შემიძლია ვთქვა, რომ ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით, როგორც მოსახლეობისათვის, ისე სამეურნეო სუბიექტისათვის, შესამჩნევად გამოუჯობესდა. თუმცა, ეს ძალიან შორსაა ნორმალურისაგან, მით უმეტეს, იდეალურისაგან, ენერგოსისტემის ფუნქციონირების დადგენილი რეჟიმის, ბოლო დროის შეფერხებების მიუხედავად, დამაკმაყოფილებელია. მაგრამ კვლავ ძნელად მიმდინარეობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. უწინარესად, მხედველობაში მაქვს ის, რომ საწარმეობი, როგორც წესი, ელექტროენერგიის უქონლობის გამო არ დგანან, ეს არის პირველი ზამთარი ამ ბოლო წლების განმავლობაში, როცა საწარმოს, მეწარმეს აქვს საშუალება პროდუქცია შექმნას და არ მოცდეს. როგორც ვთქვი, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და „საქენერგოს“ დებიტორული დავალიანება, ცხინვალისა და აფხაზეთის გარეშე 155 მილიონ ლარზე მეტია. ქალაქების თბილისისა და ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ტყიბულისა და სხვა რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მისამართით მინდა გამოვთქვა სერიოზული შენიშვნები. აქ მაჩვენებლები ძალიან შემაშფოთებელია და ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ მიმდინარე წლის თებერვალიც და საერთოდ პირველი კვარტალიც გაცილებით უკეთ დაამთავრონ.
და, კიდევ ერთი, ეკონომიკის სფეროდან: დათბობასთან და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად და აგროტექნიკურ ვადებში შესრულებისათვის მზადება.
მიმდინარე წელი სოფლის მეურნეობაშიც გარდატეხის წელი უნდა იყოს და მჯერა, რომ ასეც იქნება. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მონაცემებით, წლეულს გაზაფხულზე მოსახნავ-დასათესია 500 ათას ჰექტარზე მეტი. 10 თებერვლისათვის მოხნულია 120 ათასი ჰექტარი, ანუ მთელი მოსახნავი ფართობის 23 პროცენტი, რაც შარშანდელი შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, ორჯერ უკეთესია. დაწყებულია ვაზის სხვლის სამუშაოებიც. სადღეისოდ გასხლული ფართობი 13 ათასი ჰექტარით აღემატება შარშანდელი ამავე პერიოდის დონეს. სხვლისა და სხვა სამუშაოები მზარდი ტემპით მიმდინარეობს ხეხილის ბაღებშიც. დამაკმაყოფილებელია ადგილობრივი თესლით მომარაგებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მზადყოფნის დონე.
ამავე დროს მოსაგვარებელია საწვავით, სასუქით და შხამქიმიკატებით საგაზაფხულო სამუშაოების უზრუნველყოფის საკითხი, რისთვისაც დროულად უნდა იზრუნონ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, კარგად და გონივრულად ითანამშრომლონ შესაბამის კერძო სტრუქტურებთან, გლეხობას უნდა დავეხმაროთ, რაც შეიძლება ოპერატიულად გადაწყვიტოს სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების შესრულების ამოცანა.
- ამ კვირას გაიმართება თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანში, ქვეყანაში, რომლის ლიდერთან თქვენ ძალიან ხშირი შეხვედრები გაქვთ არა მარტო თბილისსა და ბაქოში, არამედ ნებისმიერ სამიტზე. რაღაც შესანიშნავი, თვალშისაცემია კავკასიის ლიდერობის ურთიერთობა...
- მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არცერთ შემთხვევას არ ვუშვებთ, რომ შევხვდეთ ერთმანეთს და განვიხილოთ მწვავე პრობლემები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, პირადად პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან შეხვედრას დიდი ინტერესით და იმედითაც ველოდები. ჩვენი დიალოგის მთავარი თემა იქნება, როგორც მე წარმომიდგენია (ალბათ, ბატონი ალიევიც ასე ფიქრობს), ვითარება კავკასიაში, ორი ქვეყნის პოზიციების შეჯერება ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, არსებითად განვიხილავთ თანამეგობრობაში შექმნილ ვითარებას და ვიმსჯელებთ მის პერსპექტივებზეც. ბუნებრივია, ასევე ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, შეხვედრა ბაქოში ახალი, ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იქნება.
ევრაზიის დერეფანი, რომლის საკვანძო სახელმწიფოების აზერბაიჯანი და საქართველოა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების ცენტრალურ თემად უნდა იქცეს. იქნება სხვა საკითხებიც, რომელთა შესახებაც ვიზიტის შემდეგ ვისაუბრებ.
- ნატოს გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას ვიზიტი კავკასიაში, და მათ შორის საქართველოში, საყოველთაო ყურადღების საგანი გახდა. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ამ ვიზიტს მოჰყვა, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში. სოლანას ვიზიტი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების კიდევ ერთ ნაბიჯად იქნა აღქმული. ალბათ, ეს ფონი კიდევ უფრო გაამწვავა სოლანას განცხადებამ იმის თაობაზე, რომ 1999 წლისათვის ნატოს ახალი წევრებით შევსებას აპირებენ...
- მე მინდა ასე გიპასუხოთ: ხავიერ სოლანას ვიზიტთან დაკავშირებით უკვე ვილაპარაკე, მაგრამ ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ.
თავისთავად ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის ცხოვრებაში, იმ რანგის გამო, რაც მას აქვს, ადგილის გამო, რომელსაც ნატო ასრულებს და მომავალში უნდა შეასრულოს ევროპის უშიშროების თვალსაზრისით და ამავე დროს პიროვნულადაც. ეს უაღრესად კომუნიკაბელური, უაღრესად საინტერესო და ისეთი პიროვნებაა, რომელიც განგაწყობს ძალიან გულახდილი და ძალიან საინტერესო საუბრებისათვის.
ამავე დროს ამ ვიზიტის მიზანი არ იყო ხელოვნურად დაეჩქარებინა პროცესები, რომლებსაც დრო და სივრცე სჭირდება.
ნურავინ შეეცდება (კონკრეტულად ახლა არავის ვასახელებ) ნატოს გენერალურ მდივანთან საყოველთაო მშვიდობის გამკაცრების თვალსაზრისით, ევროპული უშიშროების სტრუქტურების თვალსაზრისით გამართულ უაღრესად სასარგებლო და საჭირო დიალოგში აღმოაჩინოს რაღაც საიდუმლო შეთქმულება რომელიღაც მხარის წინააღმდეგ.
ვფიქრობ, რომ გლობალურ დაპირისპირებათა ეპოქა დამთავრდა. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და გაიზიაროს და ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერავინ დაატრიალებს. უშიშროების ის სისტემა, რომელზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ ჩვენც და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რომ შეიქმნება.
- როგორც ცნობილი გახდა, ქართველ დიპლომატს გიგა მახარაძეს დიპლომატიური იმუნიტეტი მოეხსნება. რა იქნება შემდეგ? რა ელოდება ახალგაზრდა, ნიჭიერ და უაღრესად პერსპექტიულ ადამიანს, რომელიც უნებლიედ მეორე ადამიანის უბედურების მიზეზი გახდა? მისი წერილი თქვენდამი, რომელიც, ალბათ, პრესაში დაიბეჭდება (ნება მიბოძეთ, თავს უფლება მივცე ამ ლირიკული გადახვევისათვის), ქართული ღირსებით არის აღსავსე...
- გიგა მახარაძის თაობაზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რა ძნელიც უნდა იყოს ამის თქმა, მე ეს უნდა ვთქვა. სხვა გამოსავალი არ იყო და ეს არც ნაჩქარევ და ემოციურ განცდებზე აგებული გადაწყვეტილება გახლდათ. მორალურ-ზნეობრივი პრინციპების გარდა, მე უმაღლესი სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით ვხელმძღვანელობდი და მომავალი ამას დაადასტურებს.
სხვათა შორის, ისეთი დანაშაული, რომელიც გიგამ (რა თქმა უნდა, არა განზრახ) ჩაიდინა ერთნაირად მკაცრად შეიძლება ზუსტად არა, მაგრამ მკაცრად ისჯება ჩვენთანაც და შტატებშიც.
მომავალში ორ სახელმწიფოს შორის არსებული განსაკუთრებული დამოკიდებულება, ვფიქრობ, მოგვცეს საშუალებას სასჯელის მოხდის ადგილსამყოფელის განსაზღვრის თაობაზე ვაწარმოოთ სერიოზული მოლაპარაკება და ეს გარკვეული იმედის სხივია.
გიგამ, როგორც აღნიშნეთ, ძალიან ამაღელვებელი, მგრძნობიარე წერილი გამომიგზავნა. ასეთივე წერილი მომწერა დაზარალებულის დედამაც. ორივე დოკუმენტს პრესას გადავცემ გამოსაქვეყნებლად. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომლებმაც ეს ტრაგედია საკუთარ გულებსა და აზროვნებაში უნდა გადახარშონ, უნდა გადაიტანონ და უნდა გაუძლონ თვითონაც და მათმა ახლობლებმაც.
„გლობალურ დაპირისპირებათა ეპოქა დამთავრდა და ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერავინ დაატრიალებს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 თებერვალი. - №39 (2412). - 1,2 გვ.
![]() |
22 ნიკო ჭავჭავაძის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
ბატონ ნიკოს, ჭავჭავაძიანთ დიდი გვარის ღირსეული შთამომავლის უეცარი გარდაცვალება დიდი ტკივილია და დანაკლისი ჩვენი ქვეყნისათვის და პირადად ჩემთვისაც, რადგან მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით, თანამებრძოლები ვიყავით ქართული ფილოსოფიური სკოლის ყველაზე პროგრესულ, თანამედროვე მიმდინარეობათა გადარჩენისათვის ბრძოლაში, თანამოაზრენი და თანამებრძოლნი ვიყავით თავის დროზე საქართველოში „ზნეობრივი რევოლუციის“ პრინციპებს რომ ვაყალიბებდით; ბატონმა ნიკომ, ისევე როგორც ზურაბმა, უნიკალური როლი შეასრულა ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგების ისტორიული პროცესის დაწყებაში.
აუნაზღაურებელი დანაკლისია მისი წასვლა ჩვენთვის. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ბატონი ნიკო თავის დიდ წინაპრებს სახელიანი მიუვა.
ასეთი ადამიანი მარტო ოჯახს არ უკვდება, ჩვენ ყველანი მისი ჭირისუფლები ვართ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
სამძიმარი : ნიკო ჭავჭავაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 თებერვალი. - №40 (2413). - 1 გვ.
![]() |
23 მიხეილ ცისკარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
გულით განვიცადე ეს სამწუხარო ამბავი, რადგანაც წლების განმავლობაში ვიცნობდი და ვმუშაობდი მასთან, მათ შორის ენგურჰესის უნიკალური მშენებლობის დამთავრებისას. დღეს ენგურჰესი მისი ხსოვნის უკვდავების ძეგლია.
მიხეილ ცისკარიშვილმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს ენერგეტიკის აღმშენებლობის საქმეში. მისი უეცარი წასვლა დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის.
ედუარდ შევარდნაძე.
მიხეილ ცისკარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 თებერვალი. - №40 (2413). - 1 გვ.
![]() |
24 „ჩვენს ქვეყნებს შორის სამაგალითო ურთიერთობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ის, რომ ამიერკავკასია სერიოზულ ფაქტორად იქცა დღევანდელ მსოფლიოში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა მილი მეჯლისის საგანგებო სხდომაზე
ბატონო მილი მეჯლისის თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო,
უწინარეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი სახით უღრმესი მადლობა მოვახსენო მთელ აზერბაიჯანელ ხალხს ძმური მასპინძლობისა და საუცხოო დახვედრისათვის, მსურს მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ მომეცა შესაძლებლობა ვიყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც გამოდის მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის რჩეულთა წინაშე.
საკუთარი ქვეყნის გამოცდილებიდან ვიცი, თუ რაოდენ ძვირად ფასობს პარლამენტის სხდომისათვის განკუთვნილი დრო, ამიტომ შევეცდები ბოროტად არ გამოვიყენო თქვენი კეთილგანწყობა და მოკლედ წარმოგიდგინოთ დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობის იმ საკითხების ჩვენეული ხედვა, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო ინტერესების საგანს შეადგენს. ასევე, მოკლედ, შევეხები საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას.
ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველოს აქვს ერთადერთი პრიორიტეტი - საუკეთესო, მეგობრული ურთიერთობა მსოფლიო თანამეგობრობის ყველა ქვეყანასთან. მე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ საქართველოს ურთიერთობაში თავის ამიერკავკასიელ მეზობლებთან ეს მიზანი უკვე მიღწეულია. გარდა იმისა, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს რეგიონში თანაცხოვრების უდიდესი ისტორიული გამოცდილება აქვთ, მე-20 საუკუნის მიწურულს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ჩვენს ქვეყნებს შორის სამაგალითო ურთიერთობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ის, რომ ამიერკავკასია სერიოზულ ფაქტორად იქცა დღევანდელ მსოფლიოში. გლობალური პროექტების განხორციელება, რომლებმაც ნაწილობრივ უკვე უცვალეს სახე კავკასიას, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ურთიერთობის გარეშე.
პოსტ-ტოტალიტარულ სივრცეში ჩვენი ურთიერთობა არის მაგალითი იმისა, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია კეთილმეზობლობას, ურთიერთგაგებას, გრძელვადიანი მიზნების თანხვედრას.
უკვე შედგა პირველი შეხვედრა და ხანგრძლივი საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჰეიდარ ალიევლთან. შეუძლებელია არ გამოვხატო ჩემი უღრმესი კმაყოფილება იმის გამო, რომ ეს გახლავთ ორი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტების დიალოგი, რომლებმაც განიხილეს პრობლემების ფართო სპექტრი, ისაუბრეს ქვეტექსტებისა და მინიშნებების გარეშე, გულახდილად, გულწრფელად, ძმური ატმოსფეროს ვითარებაში.
აქვე ისიც არ შემიძლია არ ვთქვა, რომ აზერბაიჯანელი ხალხისათვის დიდი ბედნიერებაა, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ურთულეს ეტაპზე, ხალხის ნებით და ხალხის სურვილით სწორედ ჩემმა დიდმა მეგობარმა ჰეიდარ ალიევმა იკისრა პასუხისმგებლობა გაუძღვეს მშობლიურ ხალხს ბრძოლაში ახალი, დემოკრატიული აზერბაიჯანის მშენებლობისათვის, რომელიც, როგორც მე თვალნათლივ ვხედავ, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს თანამეგობრობაში.
მსოფლიო კარგა ხანია აღარ არის იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ძალთა შეჯახების არენა. ლიბერალურ-დემოკრატიულმა, თანასწორუფლებიანმა პარტნიორობის, საერთაშორისო სამართალი, ადმიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების თავისუფლების პრიმატზე დაფუძნებულმა აზროვნებამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ყველაზე მიმზიდველია და ამდენად ყველაზე ცხოველმყოფელი.
სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გვსურს ვაშენოთ ჩვენი მომავალი კავკასიის ყველა სახელმწიფოსთან და ხალხებთან ერთად. ამ მიზნით წამოვაყენეთ ინიციატივა „მშვიდობიანი კავკასია“, რომელსაც მალე ერთი წელი უსრულდება. პრეზიდენტი ალიევი გახლავთ ის კავკასიელი ლიდერი, რომელიც თანაავტორია ამ მოძრაობისა. თბილისში მისი შარშანდელი ისტორიული ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელმაც ჩვენი გუშინდელი საუბრებისას პოვა განვითარება.
ორიოდე სიტყვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვინდა, გვჭირდება ინტეგრაცია თანამეგობრობაში, მაგრამ ინტეგრაცია ისეთი, რომელიც თანასწორობის, ნამდვილი პარტნიორობის, ურთიერთსარგებლობის პრინციპებს ემყარება, ამავე დროს არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნების აქტიური ინტეგრაციის პროცესს ევროპის სტრუქტურებსა და მსოფლიო თანამეგობრობაში. გლობალური პროცესებისგან განცალკევება, ჯგუფური ბლოკური ინტერესების კვლავ აღორძინება - მიუღებელია.
თანამეგობრობას აქვს მომავალი, თუ იგი საჭირო გახდება მისი წევრი ქვეყნებისათვის. ჯერჯერობით თანამეგობრობას არ გადაუწყვეტია არც ერთი პრობლემა, დაკავშირებული ამ სივრცეში შემავალი ქვეყნების უშიშროებასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების დაძლევასთან.
და კიდევ ერთი, ყოველგვარი რეგიონული ორგანიზაციის საფუძველი ორმხრივი კეთილი ურთიერთობაა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ვერ განვითარდება, თუ მის სივრცეში ძველი მენტალიტეტი იბატონებს. დღეს აღარ არის ცენტრები და პროვინციები. ყველა ქვეყანა თანასწორია. ვეღარავის ვერ გააცურებ და ეგრეთ წოდებულ სხვადასხვა კარტის გათამაშება სუვერენულ სახელმწიფოებში დრომოჭმულ და მავნე პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს.
ნებისმიერი ინტეგრაცია, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, საქართველოს წარმოუდგენია დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისა და ეკონომიკური აღმავლობის გზად. უკანასკნელ წლებში ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უამრავი გასაჭირი გადახდათ თავს, ზოგი ობიექტური მიზეზებით გამოწვეული, ზოგიც - არა. ხშირად ჩვენი ქვეყნების ყოფნა-არყოფნა სრულიად უმნიშვნელო რამეზე იყო დამოკიდებული. მრავალი ჩვენგანი ჰგავდა ჩვილ ბავშვს, რომელიც წყალში ჩავარდა და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი აიძულებდა დაეწყო ფართხალი, რათა სამშვიდობოს გამოეცურა. ჩვენ გამოვცურეთ. დავუშვით ბევრი შეცდომა, ბევრჯერ გავიტეხეთ თავი. მაგრამ, თუ რას ნიშნავს მტკიცედ ვესწრაფოდეთ დასახულ მიზანს, ვიპოვეთ ნამდვილი მეგობრები და, რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლეთ დამოუკიდებლად ცურვა. ამ წლებმა დაამტკიცეს, რომ, თურმე, დამოუკიდებლად ცხოვრება შეგვძლებია. ახლა დადგა ინტეგრაციის დრო, მაგრამ არა იძულებითი, არა ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული, არა სხვათა ინტერესების დაკმაყოფილების აუცილებლობით გამოწვეული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რაციონალური მიზანშეწონილობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული.
ახლა სწორედ ასეთი, განვითარებული რეგიონებისათვის კარგად ნაცნობ, ხოლო ჩვენთვის შედარებით ახალ ინტეგრაციას ეყრება საფუძველი. გამოვყოფდი ამ ინტეგრაციის ორ ძირითად მიმართულებას:
1. ინტეგრაცია ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. ცხადია, ეს მიმართულება ნაკლებ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში მრავალწლიანი თანაცხოვრების საერთო გამოცდილებით. ალბათ, ამ გამოცდილებამაც შეგვაძლებინა განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე შარშან სარახსში ხელი მოგვეწერა ოთხმხრივ შეთანხმებაზე და ამის წყალობით შეგვედგინა ევროკავშირის გლობალური პროექტის - ტრასეკის ერთი უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი - ერთიანი სატრანზიტო სივრცე. მოხარული ვარ ვაცნობო პატივცემულ მილი მეჯლისის დეპუტატებს, რომ ამ დღეებში უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა შეუერთდეს ამ შეთანხმებას. გარდა იმისა, რომ ტრასეკის პროექტში სრულფასოვნად ჩაერთო სახელმწიფო, რომელიც თავის ინტელექტუალური, სამრეწველო თუ სანედლეულო რესურსებით ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში, ამით მდინარე დუნაის აუზის სახელმწიფოები, ანუ პრაქტიკულად მთელი ცენტრალური ევროპა უმოკლესი გზით დაუკავშირდება ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიას. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ალიევის მოსალოდნელი ვიზიტი უკრაინაში კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი სამი სახელმწიფოს დაახლოების დინამიკურ პროცესს, მით უმეტეს, რომ უკრაინის მხარე მზად არის ამ მიმართულებით ძალზე სერიოზული თანამშრომლობისათვის. ხელშეკრულებას შეუერთდებიან ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, დარწმუნებული ვარ, ბალკანეთის ქვეყნები.
2. ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. ამ თვალსაზრისით უმთავრესად მიგვაჩნია მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ეროკავშირთან. ამ უძლიერეს ევროპულ გაერთიანებასთან შარშან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერით დაიწყო ახალი ერა კავკასიის ისტორიაში. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დაუღალავი მცდელობით ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფომ ერთდროულად გააფორმა ეს დოკუმენტი. ეს არის იმის მკაფიო და არაორაზროვანი მინიშნება, რომ ევროპა, და არა მხოლოდ ევროპა, თავის შორს მიმავალ გეგმებში ამიერკავკასიას განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთიან, განუყოფელ ორგანიზმს. იმის სიგნალი, რომ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ფუძემდებლურ პრინციპებზე დამყარებული სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სულიერი აღმავლობა ხდება არა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების, არამედ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა საზრუნავი. ამ გეგმების პრაქტიკულ განხორციელებად მიგვაჩნია ევროკავშირის ტრასეკის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც უკვე დაიწყო. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყეტილი კვლავაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას, რათა კავკასიამ განიმტკიცოს ღირსეული ადგილი ერთიან მსოფლმხედველობრივ სივრცეში ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე.
ჩვენი ამგვარი ძალისხმევის შედეგია ის, რომ საქართველოს მიენიჭა სპეციალური სტუმრის სტატუსი ევროპის კიდევ ერთ უაღრესად ავტორიტეტიან გაერთიანებაში - ევროპის საბჭოში, რაც იმის დასტურია, რომ საქართველო სწორ გზას ადგას დემოკრატიული ინსტიტუტების, ეროვნულ უმცირესობათა, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლების დაცვის საქმეში. ვფიქრობ, შორს აღარ არის დრო, როცა ამიერკავკასიის სახელმწიფოები თავიანთ მუდმივ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ ამ ორგანიზაციაში.
ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში. ნატოს გენერალური მდივნის ამასწინდელი ვიზიტი კავკასიაში საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ნატოსთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ტოტალიტარიზმის იდეების ხელმოცარული მქადაგებლები დღეს ცდილობენ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები აქციონ მორიგი გლობალური დაპირისპირების ასპარეზად. ჩანს, მათ გეგმებში კავკასიას განსაკუთრებული როლი აქვს მიჩენილი. თუ არა ამას, სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ უკანასკნელ ხანს გახშირებული არც თუ უწყინარი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ ვიღაც კარგავს საარსებო ინტერესების სფეროს და სხვა კი პოულობს მას.
რეგიონის დაკარგვა ან მოპოვება შესაძლოა მხოლოდ ამ რეგიონში მცხოვრებთა გულების დაკარგვით ან მოგებით, სხვა საშუალებები ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია. განა ყოფილი ვარშავის პაქტის ბედი ამის საუკეთესო დადასტურება არ არის? რამდენჯერ შეიძლება წაბორძიკება ერთსა და იმავე ადგილას!
კავკასია არავისთვის არ არის ჩაკეტილი. ჩვენ, შესაძლოა ისე როგორც არავინ სხვა, ღია ვართ თანასწორი პარტნიორობის და თანამშრომლობისათვის. მზად ვართ ყოველმხრივ ხელი შევუწყოთ ასეთ პარტნიორობას. ჩვენ ღია ვართ მათთვის და ვენდობით მათ, ვისაც არა მარტო სიტყვით სურს იხილოს კავკასია მშვიდობის, სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემის კერად, არამედ საქმით ამტკიცებს ამას. ჩვენ ღია ვართ მათთვის, ვისაც სურს, რომ კავკასიაზე გაიაროს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელმა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალებმა. ჩვენ ღია ვართ ევროკავშირისათვის, რომელიც ტრასეკის საუკუნის პროექტს ახორციელებს კავკასიაში, რუსული, ევროპული, ამერიკული, ნებისმიერი სხვა ქვეყნის კომპანიებისათვის, რომლებმაც ჩრდილოეთის მარშრუტის პარალელურად უკვე დაიწყეს ენერგოშემცველების ტრანსპორტირების დასავლური მარშრუტის ათვისება. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაქსიმალური ინტეგრაცია მიგვაჩნია კავკასიაში საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტად. ამ თვალსაზრისით ჩვენ იმავე გზას მივყევით, რომლითაც მიდიან რუსეთი, უკრაინა, სხვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს ინტეგრაცია უკვე დაიწყო. ჩვენ მასზე უდიდეს იმედს ვამყარებთ. ნება მიბოძეთ ვკითხო ჩვენს ოპონენტებს, თქვენ რა, უარს იტყოდით ამგვარ პერსპექტივაზე?
და კიდევ, ორიოდე სიტყვა ნდობის შესახებ. რა დიდი სიბრძნე და პოლიტიკური გამჭრიახობა სჭირდებოდა იმის გააზრებას, რომ ფსევდო-ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება და სეპარატიზმის წახალისება მოსაზღვრე სახელმწიფოებში წამახალისებელთა მიმართ უნდობლობას გამოიწვევდა. რა განსაკუთრებული ხედვა და შორსმჭვრეტელობა იყო საჭირო იმის წარმოსადგენად, რომ მეზობლებთან აგორებული აგრესიული სეპარატიზმის ტალღა საკუთარ ქვეყანაში ათეულობით ათასი ადამიანის დაღუპვას, ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის კავშირების დასუსტებას, თვით სახელმწიფოს მთლიანობისათვის მუქარას გამოიწვევდა. რუსეთის გარკვეული წრეების, სამხედრო შენაერთების ჩათვლით, პირდაპირმა მონაწილეობამ აფხაზეთის კონფლიქტში სეპარატისტთა მხარეს, დიდი უბედურება მოუტანა ჩრდილოეთ კავკასიას, მთელს რუსეთს. ეს გაკვეთილი ყველას უნდა ახსოვდეს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ახალი ურთიერთობის მშენებლობა რუსეთთან. უაზრობა იქნება, თუკი ვინმე შეეცდება რუსეთის როლის იგნორირებას თანამედროვე მსოფლიოში. რუსეთს შეუძლია უნიკალური მისია შეასრულოს კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში. არა გვგონია, კავკასიაში უკანასკნელ ხანს განვითარებული დრამატული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელს საგარეო პოლიტიკაში ჰქონდეს იმაზე უფრო დიდი საზრუნავი, ვიდრე ის, რომ თავის სამხრეთ საზღვრებზე ჰყავდეს ძლიერი, სტაბილური, ეკონომიკურად აყვავებული, განმჭვრეტადი და სამეგობროდ განწყობილი მეზობლები. მხოლოდ სტაბილური, სწრაფ განვითარებადი სამხრეთ კავკასია უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის სადღეისო და სახვალიო ინტერესებს. მე, უწინარეს ყოვლისა, საქართველო მაქვს მხედველობაში.
არც ის უნდა გავიკვირდეს, რომ ძველი მენტალიტეტით ახალი ურთიერთობის მშენებლობა სიძნელეებსა და ტკივილებთან არის დაკავშირებული. პოლიტიკოსთა ვალია ამ სიძნელეთა გადალახვა და ურთიერთობათა საფუძვლების ფორმირება თანამედროვეობის უახლეს მოთხოვნათა გათვალისწინებით.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი უახლოესი მეზობლების ნდობით ვსარგებლობთ, რისი დადასტურებაც იყო ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეების სურვილი თბილისში გახსნილიყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოქმედი ოფისი. საქართველო მზადაა, თუ მხარეთა სურვილი იქნება, კვლავაც შეიტანოს თავისი წვლილი კონფლიქტის მოწესრიგებაში.
თავს მოვალედ ვთვლი მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის რჩეულთ ორიოდე სიტყვით გავაცნო საქართველოში უკანასკნელ ხანს მიმდინარე მოვლენები. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სტაბილურია. ამჟამად პარლამენტი განიხილავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად უფრო სოციალურად ორიენტირებული იქნება, ვიდრე გასული წლისა. 1996 წელს უკვე შეიმჩნეოდა ეკონომიკური აღმავლობის პირველი ნიშნები. შინაეროვნული პროდუქტის ზრდის ტემპმა შეადგინა 12 პროცენტი, ხოლო ინფლაციის თვიურმა დონემ - დაახლოებით 1 პროცენტი, პრაქტიკულად, უცვლელი იყო ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი. განვითარებული და მრავალწლიანი უწყვეტი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ ამ მონაცემებში გასაოცარი იქნებოდა, მაგრამ, თქვენ შესანიშნავად მოგეხსენებათ, როგორი იყო ჩვენი სასტარტო პირობები. იმ წლებში ჩვენი დიდი მეგობარი სახელმწიფოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადამწყვეტმა დახმარებამ სულზე მოგვისწრო. მინდა ვისარგებლო აქ ყოფნით და უღრმესი მადლიერება გამოვხატო აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მძიმე ენერგეტიკული ბლოკადის პირობებში ძმური დახმარების ხელს უწვდიდა ქართველ ხალხს.
ფარტომასშტაბიანი მოლაპარაკებები აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ ამჟამად დროებით შეჩერებულია სეპარატისტული ხელისუფლების აბსოლუტურად დესტრუქციული პოზიციის გამო. მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციები რუსეთის მთავრობის შუამავლობით, რომლებზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება სამშვიდობო ძალების მანდატის გაფართოების პერსპექტივა. დრო კი არ ითმენს. ასეთი ვითარება არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. შესაძლოა ის ვიღაცას ხელს აძლევს, მაგრამ ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამჟამად საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოების შესაძლებლობას „საქართველოს მეგობრების“ ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაში რუსეთის გარდა შედიან საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. მე კიევში მივესალმე მოლაპარაკების პროცესში უკრაინის ჩართვას. რატომ არ შეიძლება, რაღაც ფორმით, ამიერკავკასიის სახელმწიფოებმა - აზერბაიჯანმა და სომხეთმა - შეიტანონ თავიანთი წვლილი სამშვიდობო პროცესის განვითარებაში? თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის გასაღები, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელშია. რაც შეეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებას, აქ უფრო რეალური პერსპექტივაა. ორი მხარის წარმომადგენელთა კონტაქტების გარდა აღდგა და ვითარდება ძალზე ინტენსიური კავშირები ადამიანებს შორის და ჩვენ ეს გადამწყვეტ ფაქტორად მიგვაჩნია.
პრეზიდენტ ალიევთან საუბრისას, ჩვენ ცალკე ადგილი დავუთმეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს აზერბაიჯანისათვის. საქართველოს ხალხმა ჯეროვნად შეაფასა აზერბაიჯანის საერთაშორისო ნავთობის კონსორციუმის გადაწყვეტილება დასავლეთის მარშრუტის შესახებ და ის უდიდესი გადამწყვეტი როლი, რომელიც მის მიღებაში შეასრულა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ჰეიდარ ალიევმა. ჩვენ, ასევე, კარგად გვესმის საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირებისა და, საზოგადოდ, აზერბაიჯანის შავი ზღვის აუზთან დაკავშირების საქმეში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ნავსადგურები ყოველთვის ღია იქნება იმ ტვირთებისათვის, რომელთა ტრანზიტი ხელს შეუწყობს მოძმე აზერბაიჯანის კეთილდღეობას. ამჟამად მიმდინარეობს ძალზე სერიოზული სამუშაოები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის ფოთისა და ბათუმის, როგორც სანავსადგურო ქალაქების, შესაძლებლობებს. შორს აღარ არის ის დღე, როცა მათ რიცხვს სოხუმიც შეუერთდება.
პატივცემულო დეპუტატებო, თავიდან დაგპირდით ბოროტად არ გამოვიყენებ-მეთქი თქვენს მოთმინებას. ამიტომ, სანამ დაგემშვიდობებით, მინდა საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის, მისი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელით ბედნიერი მომავლის რწმენა ვუსურვო აზერბაიჯანელ ხალხს. მით უფრო, რომ აზერბაიჯანს, საქართველოს და მთელს კავკასიას დიდი მომავალი ელის.
გმადლობთ, ყურადღებისთვის.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სამაგალითო ურთიერთობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ის, რომ ამიერკავკასია სერიოზულ ფაქტორად იქცა დღევანდელ მსოფლიოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 თებერვალი. - №41 (2414). - 1,2 გვ.
![]() |
25 „ამბობთ და აკეთებთ იმას, რასაც ხალხი და დრო ითხოვს“ |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
არჩილ სულაკაურის დაბადების სამოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით
ბატონო არჩილ,
დაბადების სამოცდაათი წელი მინდა მოგილოცოთ, სიბრძნის ასაკი, თუმცა, სიბრძნე და სიბრძნისთვის დამახასიათებელი სიცხადე და სინატიფე ყოველთვის იყო თქვენი პოეზიისა და თქვენი პროზის ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება.
თქვენ შესანიშნავად გააგრძელეთ თქვენი დიდი მასწავლებლების გზა, ქართული მწერლობის მაგისტრალური ხაზი თქვენი ახალი სიტყვით, თქვენი ახალი მიდგომით ადამიანთან, სინამდვილესთან, ჭეშმარიტებასთან.
თქვენ იტვირთეთ ჩვენი დიდი მწერლების ტვირთიც - საზოგადო მოღვაწის ტვირთი და მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ ცდილობთ სხვებზე წინ დადგომას, მუდამ თქვენი ერის კულტურის ავანგარდში ხართ, ამბობთ და აკეთებთ იმას, რასაც ხალხი და დრო ითხოვს.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.
აქვე, ნება მიბოძეთ, დაბადების დღე მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ოჯახს არა მარტო ჩემი და ჩემი მეუღლის, არამედ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სახელით, იმ ბავშვების სახელითაც, რომელთა ყმაწვილობის მუდმივ თანამდევად იქცნენ თქვენი ზღაპრული, მაგრამ საოცრად ნამდვილი პერსონაჟები.
ედუარდ შევარდნაძე.
„ამბობთ და აკეთებთ იმას, რასაც ხალხი და დრო ითხოვს“ : არჩილ სულაკაურის დაბადების სამოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 თებერვალი. - №42 (2415). - 1 გვ.
![]() |
26 „ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ თავისთავადი კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც წინაპართა ურიცხვმა თაობებმა შექმნეს, განავითარეს და გადმოგვცეს იმ იმედით, რომ „კავკასიელობას“ გადაშენება არ უწერია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ბაქოს უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით
1997 წლის 19 თებერვალი
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო რექტორო,
ქალბატონებო და ბატონებო,
მინდა უღრმესი მადლობა მოვახსენო ბაქოს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს, ყველა პროფესორ-მასწავლებელს ამ დიდი პატივისათვის. მსურს მოკითხვა გადმოგცეთ თბილისის უნივერსიტეტისაგან, რომლის საპატიო დოქტორი სხვა სახელგანთქმულ მოღვაწეებთან ერთად გახლავთ გამოჩენილი პოლიტიკოსი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ჩემი დიდი მეგობარი ჰეიდარ ალიევი.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩვენს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ, რადგან ვიცი, თუ როგორი ყურადღებით ადევნებენ თვალს აზერბაიჯანის აკადემიური წრეების წარმომადგენლები აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობის განვითარებას.
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობა ვითარდება.
ვიზიტის დროს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ოცამდე ერთობლივ დოკუმენტს. დღეს ჩვენ უკვე თამამად ვსაუბრობთ არა უბრალოდ ურთიერთობაზე, არამედ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ამის დადასტურებაა ჩვენს მიერ მიღებული, თავისი პოლიტიკური ჟღერადობით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - დეკლარაცია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა მოვახსენო ჩემს დიდ მეგობარს ჰეიდარ ალიევს, მთელ აზერბაიჯანელ ხალხს იმ დახმარებისათვის, რომელიც აღმოგვიჩინეს საქართველოს ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. ჩვენთვის, უკვე, კარგადაა ცნობილი პრეზიდენტ ალიევის როლი კასპიის ნავთობის დასავლეთის მარშრუტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ახლა მთელ ტრასაზე და საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებში ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება კასპიის ნავთობის დასავლეთის მარშრუტით გასაშვებად. საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურები ღიაა და ღია იქნება ნებისმიერი ტვირთის ტრანზიტისათვის, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობას წაადგება.
ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რომელზეც ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან ვისაუბრეთ გახლავთ კავკასიური ფაქტორის მნიშვნელოვნად გაძლიერება მსოფლიო არენაზე. დღეს კავკასია მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამაში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამაგალითო ურთიერთობამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. რეგიონით დაინტერესების კონკრეტული გამოხატულებაა ევროკავშირის ტრასეკის პროექტი, რომელიც, მასში უკრაინის, სხვა ქვეყნების სრულფასოვანი ჩართვის შემდეგ, რეალურად ამუშავდა და ერთმანეთს დააკავშირა ცენტრალური აზია და მდინარე დუნაის აუზი. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ეს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფანი ჩვენს ორივე ქვეყანას მიაჩნია კავკასიაში სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმავლობის სერიოზულ გარანტად. ჩვენ იმედით შევყურებთ ქართველი და აზერბაიჯანელი მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივებს ამ დერეფანთან დაკავშირებული კონკრეტული პროექტების შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. პერსპექტივები კი ძალზე დიდი ისახება, პრაქტიკულად, საუბარია იმაზე, რომ მთელი რეგიონი იცვლის სახეს.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ადგილი უკავიათ საქართველოსა და აზერბაიჯანს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, და მათ შორის თანამეგობრობა, მაშინ ასრულებს მის წინაშე დასახულ მიზნებს, თუკი, უწინარეს ყოვლისა, ხელს უწყობს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას, მათ ეკონომიკურ აღმავლობას.
სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამ ურთიერთობას პრეზიდენტი ალიევიც და მეც უპირველეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ ყოველმხრივ მივესალმებით ევროკავშირის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებით დაინტერესებას და მისი აღმოსავლეთით გაფართოება, ცხადია, კავკასიის ჩათვლით, ჩვენ ორივეს მიგვაჩნია ევროპული უშიშროების სისტემის შექმნის ყველაზე ხელსაყრელ და არაკონფრონტაციულ გზად.
საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კავკასიური ფაქტორის ამოქმედებას კონფლიქტების მოგვარების საქმეშიც. პრეზიდენტი ალიევი იყო პირველი სახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც მხარი დაუჭირა „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივას. რუსეთის, ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებმა ხელი მოვაწერეთ კისლოვოდსკის დეკლარაციას „კავკასიაში ეროვნებათაშორის თანხმობას, მშვიდობის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ“. ვფიქრობ, დადგა დრო, როცა პოლიტიკოსებთან ერთად, კავკასიურ დიალოგში, მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელებაში მეცნიერებსაც შეუძლიათ შეიტანონ თავიანთი უნიკალური წვლილი. კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ვფიქრობ, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სხვა ასეთი მხარე, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე სახლობდნენ ეთნიკურად, ენობრივად და რელიგიურად ესოდენ განსხვავებული ხალხები. ასევე საოცრად კონტრასტულია კავკასიის ბუნება. და თუმცა მრავალფეროვნება სილამაზის საწყისია, ის ხშირად კონფლიქტების წყაროდ იქცევა ხოლმე. მიუხედავად ამისა, საუკუნეების მანძილზე კავკასიელებმა შეძლეს გამოემუშავებინათ ჰარმონიული თანაცხოვრების წესები, რომელთა წყალობითაც მათ შორის მტრობა და შუღლი იშვიათი იყო. მაგრამ, ანტიკური ხანიდან მოყოლებული და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კავკასია გარეშე ძალების დავის ასპარეზად იქცა. ამან თანდათანობით სიტუაცია მნიშვნელოვნად დაძაბა და დღეს კავკასიას ბალკანეთთან ერთად ევროპის ფეთქებადსაშიშ რეგიონად მოიხსენიებენ ხოლმე. გარდა ყველასათვის ცნობილი ეთნოპოლიტიკური დაპირებებისა, კავკასიაში კონფლიქტების ლატენტური კერებიც არსებობს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეთნიკური კოზირის გათამაშება სხვადასხვა რეაქციული ძალების ჩვეულ საქმიანობად იქცა, ამგვარი კერების აალება სავსებით რეალურია. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა მეტი ვიცოდეთ რეგიონის შესახებ, კერძოდ, საერთო კავკასიური მენტალიტეტის, ცალკეული ხალხების თვითშეგნების, საკუთარი ისტორიის აღქმისა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ყოველივე ეს კი მეცნიერული კვლევის საგანია. პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებები, მათი ნაბიჯი ამა თუ იმ მიმართულებით მნიშვნელოვანწილად სწორედ მეცნიერთა რეკომენდაციებს უნდა ეყრდნობოდეს.
უკვე აღვნიშნე, რომ თავისი ბუნებითა და კულტურათა მრავალფეროვნებით კავკასია მსოფლიოს უნიკალური რეგიონია. აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ამგვარი მრავალფეროვნების პარალელურად საუკუნეების მანძილზე გამომუშავდა ერთიანი კავკასიური ფენომენი, რომელიც შეიცავს არაერთ განზომილებას. მათ შორის - ტრადიციული ქცევის კოდექსს, რომელშიც სტუმრის და ასაკოვანი პიროვნების, ქალის მიმართ პატივისცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესია. არის საერთო მოტივები ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მუსიკაში. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ეს თავისთავადი კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც წინაპართა ურიცხვმა თაობებმა შექმნეს, განავითარეს და გადმოგვცეს იმ იმედით, რომ „კავკასიელობას“ გადაშენება არ უწერია.
ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია ერთი განმარტება. „ცივი ომის დამთავრებამ პირველად მსოფლიო ისტორიაში შექმნა ისეთი პირობები, როცა უზარმაზარ არეალში ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე უკვე ყალიბდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებათა პრიმაზე დამყარებული ერთიანი მსოფლმხედველობითი სივრცე. ეს ის ღირებულებებია, რომელთა წარმოშობა ევროპულ განმანათლებლობასთან არის დაკავშირებული. ამ სივრცეში მცხოვრებთ ეძლევათ უნიკალური შანსი, პრაქტიკულად განახორციელონ თავისუფლებისა და დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო იდეალები. მეორე მხრივ, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც დემოკრატიის არსებობის ერთ-ერთ მთავარ და აუცილებელ პირობას წარმოადგენს, დაფუძნებულია პრაქტიკულ მიზანშეწონილობაზე, ამგვარ პირობებში აუცილებელია განსაკუთრებული ძალისხმევა იმისათვის, რომ ერების თვითმყოფადობა, მათი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერება არ შთანთქას მოჭარბებულმა პრაგმატიზმმა. ჩვენ, კავკასიის ხალხებმა ერთად უნდა მოვიფიქროთ, თუ რა საშუალებებით შევუთავსოთ ტრადიციული კულტურის ელემენტები ახალ, უფრო რაციონალურ რეალობას და შემოვუნახოთ მომავალ თაობებს ღირსებითა და რაინდული სულით აღსავსე ზოგად-კავკასიური კულტურა. ვფიქრობ, სწორი იქნება, თუკი ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს პლანეტარულ კონტექსტში სწორედ კავკასიის ხალხები დააყენებენ.
ჩვენს ქვეყნებში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების მანძილზე შეიქმნა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალი. კვლევა მიმდინარეობდა მრავალი მიმართულებით და ჩვენმა მეცნიერებმა შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწიეს. მაგრამ, ბოლო წლებში მომხდარმა ცვლილებებმა, რომლებსაც თან სდევდა პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმები, საფრთხის წინაშე დააყენეს ამ სამეცნიერო პოტენციალის არსებობაც კი.
ვიცი, რომ პრეზიდენტი ალიევი დიდი სიფრთხილით და მზრუნველობით ეკიდება ამ საკითხს. მე მთლიანად ვიზიარებ ამ სერიოზული პრობლემებისადმი მის დამოკიდებულებას და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ წინ წავწიოთ და განვავითაროთ არსებული პოტენციალი. გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ფუნდამენტური კვლევის განვითარებას. მაგრამ, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ფუნდამენტური კვლევა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროშია შესაძლებელი. განა დღეს ნაკლებად გვესაჭიროება ფუნდამენტური ხასიათის, მასშტაბური გამოკვლევები ისტორიაში, სოციალურ მეცნიერებებში? აქ ხომ უამრავი თეთრი ლაქაა! ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ჩვენს მეცნიერებს შეუძლიათ გაბედულად, იდეოლოგიური დოგმატებისა და შტამპების გაუთვალისწინებლად, ჩაუღრმავდნენ ჭეშმარიტების ძიებას. ბევრი რამ ერთობლივადაც შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ხომ ერთობლივი მუშაობისა და ურთიერთგამდიდრების შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს. საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი მათემატიკური სკოლის წარმომადგენელთა სამაგალითო თანამშრომლობა.
თბილისიდან წამოსვლის წინ შემატყობინეს მეტად მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენის შესახებ, რომელიც უშუალოდ თქვენს ქვეყანას, თქვენს კულტურას, თქვენს ისტორიას ეხება.
დეკემბერში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტრის ახალ ქართულ კოლექციაში ჩვენმა სამეცნიერო ექსპედიციამ პროფესორ ზაზა ალექსიძის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ორი პალიმფსესტი, რომელზეც დაფიქსირებულია კავკასიის ალბანური დამწერლობა. ეს ტექსტი არაუგვიანეს მერვე საუკუნით თარიღდება. ეს საკმაოდ მრავალგვერდიანი ფოლიანტია, რომელშიც ასორმაცდაათი გვერდი კარგად იკითხება.
ამ ტექსტს უშუალო კავშირი აქვს ჯერ კიდევ 1937 წელს ქართველი მეცნიერის ილია აბულაძის მიერ აღმოჩენილ ალბანურ ანბანთან, რომელიც სრულიად გაანალიზა აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ და წაიკითხა კიდეც მოხსენება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიებში.
როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში 1947-1952 წლებში აღმოჩნდა რამდენიმე მცირე ზომის ამონაკაწრი და წარწერა, მაგრამ მათ თავისი სიმცირით ვერ შეასრულეს გადამწყვეტი როლი ალბანური ანბანის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტაში.
ქართველი მეცნიერების ახალი აღმოჩენა ამის საშუალებას იძლევა. როგორც მეცნიერები ასკვნიან, ამ ანბანში ორმოცდათოთხმეტი ასო იკითხება.
ეს არის მხოლოდ წინასწარი მონაცემები. მალე ჩვენი მეცნიერები დაამუშავებენ და მოახსენებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიებს.
და ბოლოს, ნება მიბოძეთ, კვლავ დიდი მადლობა მოგახსენოთ საპატიო დოქტორის ხარისხის მონიჭებისათვის და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ყველა ის პრობლემა, რომელსაც აქ შევეხე და მრავალი სხვა, რომელიც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემატიკის ფარგლებს მიღმა დარჩა, არცთუ შორეულ მომავალში ჩვენი ხალხების სასიკეთოდ გადაწყდება.
გმადლობთ, ყურადღებისათვის.
„ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ თავისთავადი კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც წინაპართა ურიცხვმა თაობებმა შექმნეს, განავითარეს და გადმოგვცეს იმ იმედით, რომ „კავკასიელობას“ გადაშენება არ უწერია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 22 თებერვალი. - №43 (2416). - 1,2 გვ.
![]() |
27 უბერებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის მილოცვა
ბატონო ზურაბ,
გულითადად გილოცავთ დაბადების 75 წლის იუბილეს. თქვენი დამსახურება და ავტორიტეტი, რომელიც სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე მრავალწლიანი შრომით მოიხვეჭეთ, სამართლიანი სიამაყის უფლებას განიჭებთ. მწამს კიდევ ბევრს შეძლებთ საქართველოს სამართალმცოდნეთა და იურიდიული ჟურნალისტიკის საკეთილდღეოდ.
გისურვებთ ახალ წარმატებებს.
ედუარდ შევარდნაძე.
უბერებელი : ედუარდ შევარდნაძის მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 თებერვალი. - №47 (2420). - 6 გვ.
![]() |
28 „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მასწავლებლებს, რომელთა მოღვაწეობა საქართველოში ზნეობრივი გმირობის ტოლფასია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 3 მარტის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს ცოტა განსხვავებულად დავიწყებ: ერთი ზამთარიც მოვიტოვეთ. დღეს 3 მარტია - გაზაფხულის პირველი დღეებია და თანაც დედის დღეა... - ამ თემაზე საუბრით, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მინდა ყველა მოქალაქეს, ყველა ქალს, და, რა თქმა უნდა, უწინარესად ყველა დედას მივულოცო ეს დღესასწაული - დედის დღე. ალბათ, ეს ყველაზე კეთილშობილი დღესასწაულია საქართველოში, რომელიც თითოეულ ადამიანს აფიქრებს საკუთარ საწყისზე, მშობლის მიმართ პასუხისმგებლობაზე, იმ სათნო შეგრძნებაზე, რასაც დედა-შვილობა უწოდა წინაპარმა. აქაც ერთგული უნდა დავრჩეთ მამა-პაპათა ანდერძისადმი. ქართული საზოგადოება ყოველთვის სათუთად იცავდა დედა-შვილობას, როგორც ადამიანური ყოფის ზნეობრივ არსსა და საძირკველს. ყველა დედას ვუსურვებ შვილის ბედნიერებით ყოფილიყოს თავად ბედნიერი და გახარებული.
- ბიუჯეტი, რომლის თაობაზეც ამდენი განსხვავებული მოსაზრება იყო, კარგა ხანს განიხილებოდა, მისი განხილვა დასრულდა, მაგრამ პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია, რატომ? კიდევ რაიმე გართულებებია მოსალოდნელი? ვეტოს უფლებას გამოიყენებთ?
- კარგია, რომ ჩვენ კვლავ ბიუჯეტის თემას ვუბრუნდებით. რადგანაც ყველაფერი არ შეგვიჯამებია, ამიტომ მინდა ზოგიერთ საკითხს კვლავ გავუსვა ხაზი.
თავიდანვე მინდა გიპასუხოთ, რომ არ დღეებში ხელს ვაწერ და ამოქმედდება კანონი 1997 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც 21 თებერვალს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. და, ამის მიუხედავად, რომ თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით არის ზოგიერთი სიახლე, არ ვაპირებ პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებას. ბიუჯეტი გამომდინარეობს და მთლიანად ეთანხმება პრეზიდენტის პროგრამითა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიით განსაზღვრულ პარამეტრებს. იგი 1996 წლის ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციებით ხასიათდება და უფრო მეტად შეესაბამება ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების მოთხოვნებს. დღეს კიდევ და კიდევ გავიხსენებ ზოგიერთ დეტალს, ზოგიერთ მოსაზრებას ამ ბიუჯეტიდან.
საუკეთესო მაკროეკონომიკური პარამეტრების პირობებში (მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტით ზრდამ ინფლაციის 10-12-პროცენტიანი დონე) 1,5-ჯერ იზრდება საბიუჯეტო შემოსავალი (ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ჩათვლით), მათ შორის საგადასახადო შემოსავალი თითქმის ერთნახევარჯერ. რაოდენობრივ ზრდასთან ერთად ისახება თვისებრივი გაუმჯობესების ტენდენციებიც. კერძოდ, საგადასახადო განაკვეთების მოწესრიგების (უპირატესად შემცირების მიმართულებით) დროს მატულობს გადასახადების და შემოსავლის მობილიზაციის დონე. საერთო შემოსავლის წილი მთლიანი შიდა პროდუქციის მიმართ 11,5 პროცენტს შეადგენს, რაც, 2,6 პროცენტული პუნქტით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე, ხოლო საგადასახადო შემოსავლის ხვედრითი წილი 8,04 პროცენტია, რაც 1996 წლის დონეზე ასევე 2,6 პროცენტული პუნქტით მეტია.
პროგრესული ტენდენციით ხასიათდება საბიუჯეტო დეფიციტის დინამიკა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ წლეულს 2,8 პროცენტი იქნება შარშანდელი 4,4 პროცენტის ნაცვლად, რაც განვითარებული ევროპული ქვეყნების დონეზეა.
ბიუჯეტი ასახავს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვის გაუმჯობესების ტენდენციებსაც. კერძოდ, 1997 წლის საბაჟო სისტემიდან შემოსავალმა უნდა შეადგინოს 170 მილიონი ლარი, შარშანდელი 72 მილიონი ლარის ნაცვლად, ანუ იზრდება თითქმის ორნახევარჯერ. ამასთან, თუ შარშან საბაჟოდან შემოსავალი საგადასახადო შემოსავლის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ჩათვლით, 23 პროცენტს შეადგენდა, 1997 წელს 40 პროცენტს მიაღწევს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ძლიერი სოციალური ორიენტაცია აქვს, და ჩვენი მოქალაქეების ყურადღებას ერთხელ კიდევ მივაპყრობ ამ დეტალს. გარდა იმისა, რომ სოციალური სფეროს დასაფინანსებელი ხარჯები - 378 მილიონი ლარი (ამას იმიტომ შევახსენებ ყველა მოქალაქეს, რომ საუბარი, თითქოს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. ამიტომ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება) მთლიანი ხარჯების 45 პროცენტს აღწევს, რაც შარშანდელზე 10 პროცენტული პუნქტით მეტია, მაღლდება ამ ხარჯების შედეგიანობის დონე, რასაც განაპირობებს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების სისტემის მიზნობრიობის გაძლიერება. სოციალური საკითხების გადაჭრას მოხმარდება, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების უდიდესი ნაწილი.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონული პოლიტიკის მოწესრიგების მიმართულებით, კერძოდ, აჭარის ბიუჯეტის ფორმირებისათვის, როგორც ავტონომიური წარმონაქმნისათვის, განისაზღვრა საგადასახადო ნორმატივების ახალი განსხვავებული სისტემა. ასევე დაკანონდა პრეზიდენტის რწმუნებულის ანუ სამხარეო ფონდის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც დაფინანსდება სამხარეო-რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ბუნებრივია, ეს პროგრამები პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში იქნება და მის კონტროლს დაექვემდებარება.
ბიუჯეტი მთლიანად აგებულია სრულიად ახალი საერთაშორისო ფუნქციური კლასიფიკაციის მიხედვით, რაც ხარჯების მიზნობრიობაზე ზედამხედველობის შესაძლებლობას იძლევა.
ბიუჯეტში პროგრესული ტენდენციების განმტკიცებისთვის ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა თვით საბიუჯეტო პროცესის მოწესრიგება, განსაკუთრებით მისი საპარლამენტო განხილვა, სადაც ძალზე თვალნათლივ გამოჩნდა პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთთანამშრომლობის დიდი ეფექტიანობა, რაც დადასტურდა კონსტიტუციის დამტკიცების დროსაც. ეს პრინციპი საბიუჯეტო პოლიტიკის ვითარებაში პრეზიდენტისა და პარლამენტის თანამშრომლობის გარდუვალობა გახლდათ.
ამის შედეგად ძირითადი მაკროეკონომიკური თანაფარდობების დაურღვევლად და, უწინარესად, ბიუჯეტის უკმარობის არსებული დონის შენარჩუნების პირობებში, შემოსავლისა და ხარჯების შიდა სტრუქტურული განაწილების მეშვეობით, გამოიყო დამატებითი სახსრები ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, როგორიცაა სამხედრო პენსიონერების პენსიათა გაზრდა. ეს გახლავთ 7 მილიონი ლარი (გახსოვთ, პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით თავის დროზე საგანგებო კანონი დაამტკიცა და მე ამ კანონს ხელი მოვაწერე), ტრანსფერები აჭარისათვის - 4,5 მილიონი ლარი და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდისათვის - ონკოლოგიური პროგრამების განსახორციელებლად თითქმის 3 მილიონი ლარი, თბილისის მეტროს მშენებლობისათვის 2 მილიონი ლარი და ამგვარად მეტროს მშენებლობას აღარ დავაკონკრეტებთ.
ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცება საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მუშაობის გაძლიერების ფაქტორად უნდა იქცეს, რადგან კანონი ამ ორგანოებს მეტად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მნიშვნელოვნად გაზრდილი საშემოსავლო ნაწილის უთუო შესრულების საქმეში. საკითხი მით უფრო რთულია, რომ იანვარში დაშვებულ სერიოზულ ჩამორჩენას ანაზღაურება სჭირდება.
საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, თებერვალში საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ტენდენცია დაისახა. განვლილ თვეში აკრეფილია 25 მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, რაც თებერვლის საგეგმო დავალების დონეზეა და იანვრის შემოსავალს ორჯერ აღემატება. ახლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ჩვენ ხელფასებს, პენსიებს, დახმარებებს ვურიცხავთ და ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ეს თანხები აუცილებლად დანიშნულებისამებრ მივიდეს. ეს ეხება პედაგოგებს, საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებსა და, ბუნებრივია, პენსიონერებსაც.
თებერვალში ბიუჯეტის შესავსებად განსაკუთრებით გააქტიურდა მუშაობა კახეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. გეგმის შესრულების მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა თბილისში, რუსთავში, მცხეთის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში, სტაბილურად მიმდინარეობს გეგმის შესრულება ქუთაისში.
თებერვლის ბიუჯეტის დასადგენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ. ამ მიზნით თავმოყრილია 7 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი, აქედან ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებია 5 მილიონი ლარი, რაც საგადასახადო ინსპექციის მიერ თებერვალში აკრეფილი ცენტრალური ბიუჯეტის მთელი სახსრების 40 პროცენტია. ამასთან, საგადასახადო ინსპექციის ხაზით, ბიუჯეტის შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, სრულად არ არის დაძლეული იანვრის ჩამორჩენა, რის გამოც მარტში მეტად დაძაბული მუშაობა იქნება საჭირო მთლიანად კვარტალის გეგმის შესასრულებლად, რასაც სერიოზულად უნდა აუბან მხარი ადგილობრივმი მართვის ორგანოებმა. კვარტლის გეგმა ყოველ მიზეზგარეშე უნდა შესრულდეს, როგორც შემოსავლის, ასევე გასავლის ნაწილში.
საბაჟო დეპარტამენტიდან თებერვალში მიღებულია 10 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი. მათ შორის თვის ბოლო 20 დღეში ამოღებულია 9,5 მილიონ ლარზე მეტი, ანუ საშუალოდ დღეში 483 ათასი ლარი (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ამ ციფრს) მაშინ, როცა გასული წლის სარეკორდო თვეში, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 350 ათას ლარს აღწევდა.
შედეგად, თებერვალში აკრეფილი სახსრები ერთნახევარჯერ მეტია იანვარსა და, მოკლე თვის მიუხედავად, ძალზე უახლოვდება შარშანდელი დეკემბრის მაჩვენებელს. უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ შემოსავლის მოცულობა კიდევ დაზუსტდება გაზრდის მიმართულებით.
შემოსავლის მოცულობის ტემპითა და იმპორტირებული ტვირთების მოძრაობის გახშირების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებით სავსებით შესაძლებელია წლის ვალდებულებათა შესრულება.
წლევანდელი ზამთრის პერიოდში ჩვენ ძალიან სერიოზული მობილიზაცია დაგვჭირდება იმისათვის, რომ იანვარში დაშვებული გარკვეული გარღვევა დავფაროთ და გაურთულებლად შევასრულოთ ბიუჯეტი, როგორც მისი საშემოსავლო, ისე მისი საგასავლო ნაწილიც.
- ისევ გასული კვირის მთავრობის გაფართოებულ სხდომას გავიხსენებ, იმის მიუხედავად, რომ ეს სხდომა მასმედიის საშუალებებით გაშუქდა. განათლების სისტემის თემა ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო ამ სხდომისა და ამ ბოლო დროს მას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა - მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. სხდომაზე ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა ფრაზამ. თქვენ ბრძანეთ, რომ „პრეზიდენტი დაუცველია“. ეს დასკვნა, ალბათ, ყველაფერთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში აღძრულმა ბოლოდროინდელმა სარჩელებმაც განაპირობა პრეზიდენტის წინააღმდეგ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, დევდარიანის ცნობილი ამბავი, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს ფარგლებს და ცოტა სხვა დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა?
- მოკლედ შევეხები განათლების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ.
ეს ძალიან დიდი თემაა, რომელიც დინჯ და მშვიდ განხილვას საჭიროებს. ნებისმიერი საზოგადოება, უწინარეს ყოვლისა, ეფუძნება სკოლას, მასწავლებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მასწავლებლებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი მოღვაწეობა საქართველოში ზნეობრივი გმირობის ტოლფასია. შეიძლება ითქვას, ამ ადამიანებმა უდიდესი მისია იკისრეს და გადაარჩინეს სკოლა საქართველოში. მაგრამ მასწავლებელს ხელის შეწყობა სჭირდება. თუ მას არ ექნება მუშაობის ელემენტარული პირობები, დაზარალდება სკოლაც და საზოგადოებაც. რეფორმა განათლების სისტემაში სწორედ ამ მიზანს ისახავდა და ისახავს - დაეხმაროს მასწავლებელს ამ დიდი მისიის შესრულებაში, ხოლო საქართველოს ყოველ მოქალაქეს - განათლების საშუალება ჰქონდეს. არა უბრალოდ დოკუმენტი (ასე ვთქვათ, ქაღალდი, რომელიც ამა თუ იმ სასწავლებლის დამთავრებას ადასტურებს ფორმალურად), არამედ მიიღოს ჭეშმარიტი ფასეულობა, ანუ ცოდნა.
ჩვენ ვითვალისწინებდით პრობლემების სირთულეს და ძალიან ფრთხილად მივუდექით რეფორმის განხორციელებას ამ სისტემაში. ვერავინ დაგვდებს ბრალს, რომ ვჩქარობდით და არ ვისმენდით განსხვავებულ აზრს. აუჩქარებლობის გამო ხშირად მწვავედ გვაკრიტიკებდნენ კიდეც, მაგრამ რეფორმა აუცილებელია. იქნებ, ამ სფეროში ყველაზე მეტადაც კი იყოს აუცილებელი. ამდენად, ტყუილად ცდილობენ ზოგიერთები იაფფასიანი ქულების დაგროვებას პოპულისტური გამოსვლებითა და საკონსტიტუციო ნორმათა დემაგოგიური ინტერპრეტაციით, - რეფორმა განათლების სისტემაში - მთლიანად ქართული რეფორმაციის ნაწილია. მისი მიზანია ააშენოს, შექმნას ახალი სკოლა, რომელსაც ახალი საქართველო დაეფუძნება. რაც შეეხება ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს, სახელმწიფო დაკვეთასთან დაკავშირებულს უფროს კლასებში, აქ ბევრი რამის მოგვარება შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტის, ადგილობრივი რესურსების ხარჯზე და ეს კიდეც უნდა გამოვიყენოთ, კიდეც უნდა მოგვარდეს. მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეული იქნება.
ახლა, რაც შეეხება მეორე პრობლემას. იმას, რომ პრეზიდენტი დაუცველია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ ზოგიერთ საჩივართან დაკავშირებით. პრეზიდენტი მართალია დაცული არ არის, მაგრამ არც ისეთი საწყალი გახლავთ, რომ მთელ რიგ კითხვებს პასუხი ვერ გასცეს. მცდარი ინტერპრეტაცია (როგორც თქვენ მართებულად ბრძანებთ) მიეცა არა მხოლოდ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას, არამედ თვით ჩემს გამოსვლასაც მთავრობის სხდომაზე. მე წინააღმდეგი არა ვარ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სარჩელები განიხილოს. და რომ ვიყო კიდეც წინააღმდეგი, პრეზიდენტს არანაირი მექანიზმი არ გააჩნია (ალბათ, არც უნდა ჰქონდეს), რათა ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან სიამოვნებს, როცა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ რას ვიზამთ, ეს დემოკრატიული ნორმაა, რომელსაც უნდა შევუერთდეთ. პირიქით, მახარებს კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი აქტიურობა, რადგან ეს საქართველოში დემოკრატიული პროცესის ნორმალური განვითარების დადასტურებად მიმაჩნია. სხვა საკითხია, გარკვეული ძალები (თუმცა, ალბათ, ესეც მათი უფლებაა) ამ წმინდა იურიდიულ ინსტიტუტს, პოლიტიკური თუ პირადი მიზნების მისაღწევად რომ იყენებენ. მაგალითად, მოქალაქე ზოიძის სარჩელი შეეხებოდა მთავრობის დადგენილებას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ იყო გამოცემული. ჩემი ბრძანებულებით შექმნილმა მთავრობის კომისიამ ყოფილი მინისტრთა კაბინეტის ასეულობით ასეთი დადგენილება გააუქმა. მაგრამ ბევრის გაუქმება ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით, რადგან ეს ძალზე შრომატევადი სამუშაოა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სავსებით სწორად გადაწყვიტა საკითხი. თუმცა, ასეთივე გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლებაც უეჭველად მიიღებდა, რომ ჩატარებულიყო რაღაც წინასწარი კონსულტაცია. მაშინ ამდენი აურზაურიც არ ატყდებოდა.
ზოგადად, კვლავ ვადასტურებ პატივისცემას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონიერების ერთ-ერთ იურიდიულ გარანტად მიმაჩნია. ამ ინსტიტუტს, მის ავტორიტეტსა და პრესტიჟს ყველანი თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ და, უწინარესად, თვით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. ახლა არ შევჩერდები იმ ურთიერთობაზე, რომელიც ბატონ დევდარიანის საჩივართან დაკავშირებით შეიქმნა. ალბათ, რაღაც პრაქტიკა უნდა შეიქმნას, წინასწარი გარჩევები უნდა იყოს შემოღებული, წინასწარი ანალიზებია საჭირო, რათა ავცდეთ კურიოზებს ასეთი პრინციპული საკითხების გარჩევისას და ეს სავსებით შესაძლებელია.
- ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ იმით დავიწყეთ, რომ კიდევ ერთი ზამთარი მოვიტოვეთ უკან, და როგორც იქნა გაზაფხული დადგა. არსებითად, ის სირთულეები, რაც გასულ წლებში იყო ენერგეტიკაში, წლეულს არ ყოფილა, ეს ზამთარი შედარებით ნორმალურად გადავიტანეთ, მაგრამ ენერგეტიკის პრობლემა კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება როგორც ქვეყნისათვის, რომელიც ამდენი შეუსრულებელი გრაფიკებით და ენერგეტიკოსთა ამდენი ფუჭი დაპირებებით დაიღალა.
- როგორც მოგეხსენებათ, ბოლო კვირაში სერიოზული დაბრკოლებები შეიქმნა ენერგეტიკულ სექტორში. ამის მიუხედავად, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა დასახული გეგმის და დინამიზმის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ავარია იმერეთის ხაზზე აღმოფხვრილია, როგორც წუხელ გამოცხადდა და სისტემა ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობს.
უაღრესად საჭირო მოლაპარაკება გაიმართა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობასა (ბატონ ზუბიტაშვილს ვგულისხმობ) და მსოფლიო ბანკს შორის, გერმანულ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.
შედეგები ასეთია:
მსოფლიო ბანკიდან, საქართველოს ენერგეტიკის აღსადგენად გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელს 52 მილიონ დოლარს შეადგენს, თბილსრესის მეათე ბლოკის სარეაბილიტაციოდ მსოფლიო ბანკმა გამოყო 37 მილიონი დოლარი, ხოლო მომავალი ზამთრის სეზონისათვის მარაგის შესაქმნელად 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
მეათე ბლოგის სამუშაოთა სრული მოცულობით განხორციელებისათვის გერმანიის წილი შეადგენს 30 მილიონ მარკას. ეს დაემატება იმ თანხას, რომელიც მოგახსენეთ.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში მწყობრში ჩადგება, როგორც მეცხრე (უნდა გითხრათ, რომ მეცხრე ბლოკი საკმაოდ გამართულად მუშაობდა ამ სეზონში), ასევე მეათე ბლოკი, ორივე ერთად 600 მეგავატი სიმძლავრისა იქნება.
კრედიტი გაიცემა 35 წლის ვადით (მინდა ესეც იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა), აქედან პირველი ათი წელი შეღავათიანია.
უახლოეს დღეებში მეათე ბლოკთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომელშიც სამამულო და საზღვარგარეთული ფირმები მიიღებენ მონაწილეობას.
ასე რომ, დაპირება იმის შესახებ, რომ 1997 წელი ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხის მომასწავებელი იქნება, რეალურ შესაძლებლობებს ეყრდნობა და ვითარების გაუმჯობესებას ყოველდღიურად უნდა ველოდოთ. თუკი დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების საკითხი მოგვარდება, მაშინ პრობლემები იოლად გადაიჭრება. ამ თემაზე, ალბათ, შემდეგ გადაცემაში ცალკე შევჩერდები.
მიმდინარე წელს გაძლიერდება საკუთარი ნავთობის, გაზის მოპოვების სამუშაოები. საკუთარი რესურსები წლის ბოლოსათვის უკვე საფუძვლიან ბალანსს შექმნის და, ბუნებრივია, თავის როლს შეასრულებს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის საქმეში.
- დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოს სხვა პრობლემებთან ერთად სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრობლემაც დაუდგა. ჩვენი მონაცემებით დაუცველია ჩეჩნეთ-რუსეთის საზღვარი, ჩვენგან რუსეთის გამყოფი საზღვარი ჩეჩნეთთან. რეჟიმის გადასინჯვაზეა საუბარი მდინარე ფსოუზე. აქამდე იყო უცხოური გემების დატყვევების ფაქტი მესაზღვრეთა მიერ, შემდეგ ოჩამჩირის ამბები და სხვა. ფაქტობრივად, რუსი მესაზღვრეები არღვევენ იმ შეთანხმებას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ან პირიქით, ასრულებენ გარკვეულ ბრძანებას...
- სხვათა შორის, ამ დარგში ბევრი გაუგებრობაა. მაგალითად, ითქვა, რომ ჩეჩნეთთან საზღვარს დაიცავენ რუსი მესაზღვრეები საქართველოს მხრიდან ისე, რომ ჩვენთან არც კონსულტაცია გამართულა და არც არავის უკითხავს რამე. უბრალოდ, ეს შეიძლება გაუნათლებელმა ადამიანმა თქვას, საქმეში ჩაუხედავმა კაცმა.
რუსეთის მესაზღვრეებთან საქართველოს ურთიერთობა, როგორც გითხარით, ცალკე თემაა. თუ მათი მოქმედების ხასიათით ვიმსჯელებთ, საქართველო მათთვის ისეთივე ტერიტორიაა, როგორც რუსეთის რომელიღაც განაპირა რაიონი.
ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი გადაჯგუფებები სხვადასხვა შენაერთებისა, საზღვაო ზონაში უცხო სახელმწიფოების გემების დატყვევება, ეს ისე ხდება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაფერი იცის. მრავალი სხვა დასანანი თვითნებობაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მე არ ვამბობ, რომ ის გემები დასატყვევებელი არ იყო. შეიძლება ამის საფუძველი არსებობდა, მაგრამ არსებობს ელემენტარული ეთიკა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობისა. ყოველივე ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმებული ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ასეთი რამ არ მომხდარა და ამიტომაც ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ.
„საზღვრის ერთობლივი დაცვის“ ასეთი პრაქტიკა, როგორც ეს ახლა მიღებულია ითქვას, სასიკეთოს არაფერს მოიტანს. მით უმეტეს, რომ საზღვრის შესახებ კანონის დამტკიცება პარლამენტში ჯერ კიდევ წინაა.
გენერალი ნიკოლაევი ხშირი სტუმარია რეგიონისა, მათ შორის, თბილისისა. ჩვენ ძალიან გულახდილ ვითარებაში ვიხილავთ ამ საკითხებს, თითქოს შევთანხმდით კიდეც, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ასეთი პრაქტიკა კიდევ უფრო გავრცელებულ და მიუღებელ ხასიათს იღებს.
ახლა ფსოუზე საზღვართან დაკავშირებით:
ჩვენ მოვითხოვთ ელემენტარულ რამეს: რუსეთმა საზღვარი ფსოუზე განიხილოს, როგორც რუსეთ-საქართველოს საზღვარი და ყველა საკითხი საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვიტოს საქართველოს ხელმძღვანელობასთან დიალოგით. მიდგომის ასეთი პრინციპი ეხება არა მარტო საზღვარს, არამედ რუსეთის ურთიერთობის მთელ კომპლექსს აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან და ამის შესახებ რუსეთის ხელმძღვანელობას ჩვენი ინფორმაცია უკვე აქვს.
- გუშინ აფხაზეთის დეპუტაცია საშიმშილოდ ყოფილი პარლამენტის შენობაში განთავსდა. მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ნიშანი? ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ ბოლოდროინდელი სასიკეთო მოვლენების შემდეგ საქართველოში შესაძლოა ვითარების გარკვეული დაძაბვა...
- მე ამთავითვე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა შეხვედრები, ჩემი აზრი გამოვთქვი, მაგრამ არ შემიძლია ისიც არ ვთქვა, რომ თანაგრძნობით შევხვდი აფხაზეთის დეპუტაციის საშიმშილო აქციას, რომელიც ოთხწლიანი იმედგაცრუების გამოვლინებად მიმაჩნია, ვიზიარებ თუ არა მათ შეხედულებებს, ამას ამჯერად მნიშვნელობა არა აქვს. იმედგაცრუების შესახებ დიდი ხანია ვლაპარაკობ და ახლა პრაქტიკულ შედეგებსაც ვიმკით. ეს მოვლენაც სწორედ ადამიანთა ასეთ სულიერ განწყობას გამოხატავს, ყოველ შემთხვევაში, ამ ჯგუფისას.
დღეს ვფიქრობ, მოშიმშილეების მონახულებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ მათ მოქმედებას, ამ მომენტისათვის, საეჭვოა, რაიმე პრაქტიკული შედეგი მოჰყვეს. ამის მიუხედავად, ჩემი გრძნობებით და განცხადებებით მე მათთან ვარ.
ამასთან, ერთი რამ მინდა განვაცხადო: ნურავინ შეეცდება წმინდა გრძნობებზე სპეკულირებას, ქვეყანა მშვიდდება, ღონეს იკრებს, სახელმწიფო აღმშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ნურავინ შეეცდება ისეთი ტალღის აგორებას, რომელიც კვლავ ქაოსისა და ანარქიისაკენ გვიბიძგებს. მე ვიცი, რომ თბილისელ მოქალაქეებს თავისი მტკიცე პოზიცია აქვს და ისინი არავის მისცემენ უფლებას დედაქალაქი პარტიულ-პოლიტიკური ამბიციების შეტაკებათა ასპარეზად აქციონ.
ვიმეორებ, ნურავინ შეეცდება ხელი მოითბოს და პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს სხვათა გაჭირვებისა და იმედგაცრუების ხარჯზე.
- ამ ბოლო დროს დაიძაბა ვითარება აფხაზეთში, ქვეყნდება განსხვავებული ხასიათის განცხადებები. იგივე რუზლიაევის, ნიკოლაევის განცხადებები და სხვა. რუსეთში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების ფონზე ძალიან საინტერესო რამ განაცხადა გენერალმა ლებედმა. მან თქვა, რომ კონფლიქტის ზონებში, მაგალითად, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა რუსეთის მხრივ იმდენად, რამდენადაც მათი სურვილია სოციალური და სხვა პრობლემებიდან ყურადღება ისევ ასეთ საკითხებზე გადავიტანოთ...
- ვფიქრობ, გენერალ ლებედის ამ პროგნოზში ჭეშმარიტების გარკვეული ელემენტები არის, თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც ხდება ოჩამჩირეში, საერთოდ, აფხაზეთსა და კონფლიქტის ზონაში.
ახლა, რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს, აქ გარკვეული სირთულეებია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაზე, რომელიც მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს. თუმცა, ესეც, ალბათ, რაღაც ერთი რეზოლუციით დამთავრდება და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდ იმედს ამ შეხვედრაზე არ ვამყარებ.
სამშვიდობო ძალებში ხელმძღვანელობის შეცვლას რაიმე სასიკეთო ცვლილება არ მოჰყოლია.
თუ ვიმსჯელებთ ტერორისტული აქტებისა და დივერსიების რაოდენობის მიხედვით, ამჯერად, სწორედ საკონტროლო ზონაში მდგომარეობა კიდევაც გაუარესდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ტერორისტული აქტები და დივერსიები არც სოხუმს და არც გუდაუთას აკლია, სადაც ეს საკონტროლო ზონები არ არის. კლანური დაპირისპირება თავის კულმინაციას აღწევს აფხაზეთში. ასე რომ, ამ მძიმე დანაშაულობათა კვალის ძიება, როგორც ეს სამშვიდობო ძალების სარდალმა განაცხადა, საქართველოს სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში სიბეცეა და სხვა არაფერი.
მინდა აფხაზთა ხელმძღვანელებს შევთავაზო, მოდით, დავიწყოთ მოსახლეობის დაბრუნება - პარალელურად შევქმნათ პოლიციის ერთობლივი რაზმები. დარწმუნებული ვარ, უმოკლეს დროში წესრიგს დავამყარებთ. ჩვენ ამის საკმაო გამოცდილება გვაქვს. ეს სამუშაო შეიძლება დავიწყოთ გალის რაიონით და შემდეგ, ვნახოთ...
ასევე მივესალმები ყოველანაირი, მათ შორის ორმხრივი დიალოგის გაგრძელებას, ყველამ უნდა შეიგრძნოს, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა ორი ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ამ ხალხების შერიგებისა.
და კიდევ ერთი: ხვალ-ზეგ მოსკოვში ქართულ-ოსური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამ მიმართულებით რუსეთის აქტიურობა მართლაც მისასალმებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ეს პროცესი დაიწყო და გარკვეული იმედებიც ცხადია.
- აქედან გამომდინარე, ხომ არ დგება დღის წესრიგში რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გადასინჯვის საკითხი?
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას არაფერი არ ემუქრება. ჩვენი ხაზგასმულად კარგი და მეგობრული კავშირურთიერთობა სხვა ქვეყნებთან კი არ ეწინააღმდეგება, არამედ გულისხმობს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას.
არც სატრანზიტო მარშრუტებმა შეიძლება შეუშალონ ხელი ორი ქვეყნის ახალი ურთიერთობის მშენებლობას. რატომ უნდა ვხედავდეთ ყველაფერში კონკურენციას და დაპირისპირებას? რატომ არ შეიძლება ასე მსჯელობა: რაც უფრო კარგადაა ჩემი მეზობელი, მით უფრო საიმედოა ჩემი საზღვარი ამ სახელმწიფოსთან?
ვინც ყველაფერში ახალი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მარცვალს ხედავს, ჯერაც ვერ განკურნებულა ცივი ომის სენისაგან. უბრალოდ, ახლა მისამართს ცვლის.
ჩვენ ჩვენი არჩევანი მოვახსენეთ. ეს არჩევანი ხელშეკრულებებსა და სახელმწიფოთაშორის ვალდებულებებშია ჩაწერილი. შევასრულოთ ეს ვალდებულებები ორივე სახელმწიფოს ვალია.
- და, კვლავ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სფეროდან. ალბათ, ამ ბოლო დროს ზურაბ წერეთელი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, ან, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, კრიტიკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა...
- ზურაბ წერეთელს ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება. ერთს კი ვიტყვი, ის რომ ივანოვი იყოს და არა წერეთელი, ასეთი ალიაქოთი არ ატყდებოდა. ოთხმოციან წლებში საქართველომ მოსკოვს აჩუქა წერეთლისა და ვოზნესენსკის მიერ შესრულებული მონუმენტი, რომელიც ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენდა. ახლა კი ეს ძეგლი დაცინვის და განქიქების საგნად იქცა. რამდენად ზნეობრივია საჩუქარისათვის „კბილის ასეთი მოსინჯვა“ სხვებმა იფიქრონ.
მე ვერ ვიმსჯელებ ზურაბის სხვა ნამუშევრებზე, მაგრამ პეტრე დიდის ძეგლზე, რისთვისაც მას ახლა ანათემას გადასცემენ, ვიტყვი, რომ ეს ხელოვნებაა, რომელიც ისტორიის გამოცდას გაუძლებს (ეს ჩემი პირადი აზრია და, რა თქმა უნდა თავს ვერავის მოვახვევ).
საერთოდ, ყველა შემოქმედმა, მათ შორის ზურაბმაც უნდა იცოდეს, რომ, თუ ორივე არა, ცალი ფეხი მაინც მშობლიურ მიწაზე უნდა გედგას. საქართველოდან წასულ ხელოვნების მოღვაწეთ მოვუწოდებ: ქვეყანა ქვეყანას ემსგავსება, ხვალინდელი დღე კიდევ უფრო იმედიანია, დაბრუნდით, გაგვახარეთ და აქ მოპოვებული წარმატების შემდეგ უცხოეთის აღიარებაც უფრო დამაჯერებელი იქნება. საქართველო თქვენ გელოდებათ.
საქინფორმი.
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მასწავლებლებს, რომელთა მოღვაწეობა საქართველოში ზნეობრივი გმირობის ტოლფასია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 მარტი. - №51 (2424). - 1,2 გვ.
![]() |
29 XXI საუკუნის ევროპას ახალი კონსტიტუცია სჭირდება |
▲ზევით დაბრუნება |
ამ საუკუნის მიწურულს ზედმეტი არ იქნება ჩავუფიქრდეთ, როგორია ჩვენი გზის გამკვალავი იდეის ლოცია ევროპის კონტინენტზე. ორი წლის წინათ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ახალი სახელი დაერქვა. ჩვენ მოვალენი ვართ შევაფასოთ, თუ რა გამოვიდა ამით: როცა თათბირს ორგანიზაცია დაერქვა, რას მიენიჭა პრიორიტეტი? როცა „ევროპული სახლი“ შეიცვალა „არქიტექტურით“, შევცვლით თუ არა არსებულ წესებს?
დიდი არქიტექტურა თუ არ იქნება, ვერც დიდი იდეა იქნება. ადეკვატურია თუ არა იგი იმისა, რამაც მიგვიყვანა „ცივ ომზე“ გამარჯვებამდე? შეუძლია თუ არა დაგვისახოს ახალი ჰორიზონტები და თავიდან აგვაცილოს საუკუნის მიწურულს დატრიალებული დიდი ქარიშხალი - ლოკალური ომები, რომლის დამანგრეველი ძალა არ ჩამოუვარდება გლობალურს; ომის ჟინით შეპყრობილი ნაციონალიზმი, აგრესიული სეპარატიზმი, რომელთა მხეცობა ნაცისტურს არ ჩამოუვარდება. არ არის არც ერთი ჰელსინკური კალათი, რომელიც მათ არ გადაექციოთ თავიანთი სისხლიანი ნარჩენების კალათად.
მე წარმოვადგენ ქვეყანას, სადაც ეს ტელევიზიით როდი იციან, სწორედ ამიტომ უფლება მაქვს, ვიკითხო: სახელდობრ, რას აკეთებენ ევროპული ორგანიზაციები და, კერძოდ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია? ჩვენ მხოლოდ ვაშოშმინებთ დანაშაულებრივ რეჟიმებს, ვუთანაბრებთ მათ ლეგიტიმურ მთავრობებს.
ხელში ვყავართ ჩაჭერილი, ვასრულებთ მათ ულტიმატუმებს.
ჩვენ თვალს ვხუჭავთ მათ მიერ ორგანიზებულ ეთნიკური წმენდისა და ტერიტორიათა მითვისების შედეგების მცოცავი დაკანონების ტრაგიფარსებზე.
გვეშინია, გენოციდს გენოციდი ვუწოდოთ და გვრცხვენია, დავგმოთ კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავენი.
ამის შედეგად ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვება, აფხაზეთიდან რუსეთისაკენ, ჩრდილოეთ კავკასიისაკენ, როგორც ეს ჩანს ჩვენი მაგალითით. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყოველივე ეს ხდება მეოცე საუკუნის დამლევს, რომლის ყველაზე დიდი მონაპოვარია გამარჯვება „ცივ ომზე“, მაგრამ ეს გამარჯვება ხომ ახალი პოლიტიკური აზროვნების ახალი პოლიტიკური მენტალურობის ნაყოფია.
ეს ცნებები არ მიეკუთვნება ერთ ეპოქას. ყოველ ეპოქას წინ სწევს ახალი აზროვნება, რომელიც უცნობ გარემოში შეიჭრა. მხოლოდ ასეთი მასშტაბის აზროვნებას ძალუძს შექმნას უშიშროების გარანტიები მთელ ევროპულ სივრცეში. ჯერჯერობით კი გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ საკუთარი ტვირთის ნაწილს ჩვენი ხომალდი „ცივი ომის“ დროიდან ატარებს. ასეთია შეუნელებელი დისკუსიები მსოფლიოს მხარეთა შესახებ, რომელშიაც ალიანსები გაფართოვდნენ თუ არ უნდა გაფართოვდნენ.
ანდა, დაუსრულებელი კითხვები, რომელ სამყაროში აღმოჩნდით - ერთ პოლარულ თუ მრავალპოლარულში. და რიტორიკა ამ თვალსაზრისით იმავე დროიდანაა. იგი საშიშია, რადგან იგი წვეთს ჰგავს, მაგრამ მასში ოკეანე ისახება. ყოველივე განცდილის მიუხედავად, საქართველო კვლავაც ერთგულობს კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური მოწესრიგების პრინციპს. ოთხი წლის მანძილზე მან განიცადა ტრანსფორმაცია დანგრეული სახელმწიფოდან სამოქალაქო საზოგადოებისაკენ, ჩაუყარა საფუძველი დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკასა და სტაბილურობას. დღეს ჩვენ გვაქვს მყარი ეროვნული ვალუტა, ჩვენში მინიმალურია ინფლაციის დონე, გამოცოცხლდა ეკონომიკური პოტენციალი, გაიზარდა მთლიანი საშინაო პროდუქტი, რომელიც წელიწადში 14 პროცენტს შეადგენს. ყოველივე ამას მივაღწიეთ ჩვენი მეგობრების - მსოფლიო გაერთიანების, ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით.
ბევრ რამეს ჩვენ უფრო კარგად ვხედავთ. სახელდობრ, ვერც ერთი ფარი, რომელ საზღვართანაც უნდა დავდგათ, სიმძლავრითა და ეფექტიანობით ვერ შეედრება სახელმწიფოთა ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და აღორძინებას მთელ პოსტტოტალიტარულ სივრცეში. არაფერი არ არის ევროპულ სტრუქტურაში ასეთ ინტეგრაციაზე უკეთესი, არა არის რა ამ სახელმწიფოთა უშიშროების გარანტიაზე უკეთესი, ვიდრე ევროკავშირის გაფართოებაა ევროპის აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით. ამას მიესალმებოდა უკლებლივ ყველა სახელმწიფო.
ამისათვის ევროპას აქვს მთავარი - ერთიანი მსოფლმხედველობის სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე, სადაც არსებობა შეწყვიტა ბიპოლარულმა სამყარომ და მკვიდრდება ღირებულებათა საერთო სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დემოკრატიული ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ფილოსოფია. ეს კუთვნილება მთელი თავისი გიგანტური პოტენციალით არ უნდა დავუთმოთ იმ ნოსტალგიურ მისწრაფებებს, რომ უშიშროების ერთადერთ გარანტიად აღდგეს ძალთა ბალანსის დოქტრინა.
ამ სივრცეში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს ისეთ განზომილებებს, რომლებიც დაიცავენ ჩვენს საერთო ღირებულებებს, მათ შორის კულტურულ მემკვიდრეობას, და გამორიცხავენ ნებისმიერ კონფლიქტებს, მათ შორის ცივილიზაციათა კონფლიქტს.
განზომილებები, რომელთა შორის სულაც არ იქნება საბოლოო პასუხისმგებლობის კატეგორია, ჩვენი საერთო უშიშროების უმცირესი აბუჩად აგდებისათვის, ნებისმიერი რეჟიმის ან ადამიანთა ჯგუფების, ანდა თვით იმ სახელმწიფოების დასჯის შეუქცევადობისათვის, რომლებიც ევროპის მშვიდობის ხელყოფაზე ოცნებობენ.
ევროპას ყველაფერი აქვს ამისათვის. მას ჯერჯერობით აკლია მხოლოდ ერთი რამ - ჰელსინკის დებულებათა დამავალდებულებელი ძალა, რომელიც მათი უცილობელი შესრულების გარანტიას იძლევა.
და აი ჩემს თავს ვეკითხები: ხომ არ დადგა დრო, ვიფიქროთ ახალ ჰელსინკზე, რომლის საკანონმდებლო აქტი გახდება ძირითადი ევროპული კანონი XXI საუკუნის ევროპის კონსტიტუცია?!
ედუარდ შევარდნაძე.
„მოსკოვსკიე ნოვოსტი“,
1997 წლის 5 მარტი.
XXI საუკუნის ევროპას ახალი კონსტიტუცია სჭირდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 მარტი. - №56 (2427). - 1 გვ.
![]() |
30 „საქართველო დღეს იმკვიდრებს სახელს მსოფლიოში როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენზე მხოლოდ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვრცელდებოდეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
10 მარტის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირა დაძაბული და განსხვავებული მოვლენებით მდიდარი იყო. როგორც ყოველთვის, დავიწყოთ ეკონომიკით, გაიმართა შეხვედრა შადმან ვალავისთან, გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი შეფასებანი და ზოგიერთი რეკომენდაცია. საინტერესო იყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. და, ერთი მომენტი - ბიუჯეტის შესრულების საკითხი, რომელიც კვლავ დღის წესრიგში დგას და ხელფასების მომატების პრობლემას უკავშირდება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა და შეთანხმებული პროგრამების რეალიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი ყურადღების ცენტრშია და კარგია, რომ ეს ასე არის. გასულ კვირას ჩამოვიდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიები, რომელთა მიზანია ამ ორგანიზაციების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების მორიგ სხდომებზე მოამზადონ საკითხები საქართველოს თაობაზე.
ბატონ შადმან ვალავის მეთაურობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უკვე დამთავრებული ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი იყო ქვეყანაში ბოლო პერიოდის ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის საშუალოვადიანი პროგრამის მიმდინარეობის შეფასება.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაში სრული ერთსულოვნება სუფევს - ეს არის ეკონომიკურ გარდაქმნათა, სტაბილიზაციისა და აღმავლობის წინაპირობათა შექმნის შესაძლებლობისდაგვარად მაქსიმალურად მხარდამჭერი გარემოს შექმნა, და, თუ აღებული კურსი შევინარჩუნეთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საუკეთესო შედეგები ექნება პოსტსაბჭოურ სივრცეში. არც ისე შორს არის ის დროც, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ღირსეულ ადგილს დაიკავებს განვითარებულ ქვეყნებს შორის.
როგორც აღინიშნა პრეზიდენტთან მისიის შეხვედრის დროს, ასეთი შეფასების საფუძველს მათ აძლევთ მაკროეკონომიკური პარამეტრების მიღწეული დონე. ინფლაციის საშუალო თვიური მაჩვენებელი ერთი პროცენტის დონეზე რჩება (იანვარში კიდევ უფრო ნაკლები იყო), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და ამით ბევრი ქვეყანა კიდევაც იამაყებდა. სავალუტო რეზერვების სტაბილურობის პირობებში კვლავ მყარია ეროვნული ვალუტა. 1997 წლის ბიუჯეტის შედგენაზე ხანგრძლივმა და დაძაბულმა მუშაობამ თავისი ნაყოფი გამოიღო და ქვეყანას განვითარების დღევანდელი დონის კვალობაზე, ასე ვთქვათ, აქვს ბიუჯეტის უკეთესი ვარიანტი, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მომძლავრებისა და რეფორმების შემდგომი წინსვლის პროცესის განვითარებას.
მისიის აზრით, მათს საქმიანობაში ჯერ კიდევ არსებული ბევრი პრობლემის მიუხედავად, ამ მხრივ საერთოდ დადებით შეფასებას იმსახურებს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მუშაობა. ჩამორჩენა, რომელიც, სამწუხაროდ, იანვარში იყო დაშვებული, იმედია, ამ ორგანოების ძალისხმევის გაძლიერების შედეგად მარტში და წლის შემდგომ პერიოდში აღმოიფხვრება და ვითარება გაცილებით გაუმჯობესდება.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს უკვე აქვს მეთვალყურის სტატუსი და მიმდინარეობს მუშაობა სრულუფლებიან წევრად მისი მიღებისთვის, რასაც იწონებს და მხარს უჭერს სავალუტო ფონდიც. მისია ასევე დადებითად აფასებს საგარეო ვალის მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს.
სავალუტო ფონდი მიესალმება და განსაკუთრებულ თანადგომას გამოხატავს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების ინიციატივის მიმართ, რადგან იგი ერთ-ერთი ძლიერმოქმედი უარყოფითი ფაქტორია, რომელიც ბორკავს ეკონომიკის სრულფასოვან განვითარებას, ძალზე მნიშვნელოვან სახსრებს აკლებს ბიუჯეტს და საბოლოო ანგარიშით აფერხებს რეფორმების მიმდინარეობას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მე მინდა ეს დავაზუსტო, სავალუტო ფონდსაც და მსოფლიო ბანკსაც გლობალურ მოვლენად მიაჩნიათ, განსაკუთრებით გარდამავალ ეტაპზე მყოფი განვითარებადი ქვეყნებისთვის და მას ყველანი ერთად უნდა შევებრძოლოთ. და, რა თქმა უნდა, სასურველია (მე ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები ამ საკითხს), რომ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ მაგალითის მაჩვენებელი იყოს.
ამასთანავე, მისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია დაჩქარდეს ძირეული სტრუქტურული რეფორმები საგადასახადო და საბაჟო სისტემებში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსაწესრიგებელია ზღვრული სავაჭრო ტარიფების სისტემა, დროულად უნდა იქნეს მიღებული კანონი დამატებით ღირებულების გადასახადის შესახებ. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს დისკუსიები, გადასაწყვეტია საბანკო სფეროს საკითხები და მრავალი სხვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების ერთგვარი დადასტურებაა თანამეგობრობის სახელმწიფოთაშორისი სტატისტიკური კომიტეტის მონაცემები, რომელთა თანახმად საქართველო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით უკვე დღეისთვის, უდავოდ, პროგრესის გზას ადგას.
კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით 1996 წელს ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა - 111-112 პროცენტი (ეს არაერთხელ აღგვინიშნავს), მაშინ როცა როგორც ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო ჩვენს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ყირგიზეთს - 105,6 პროცენტი მეორე-მესამე ადგილებზე ვართ სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპით, საცალო საქონელბრუნვის, რკინიგზის ტრანსპორტით ტვირთზიდვის მოცულობის მაჩვენებლით და სხვა.
ამავე კომიტეტის მონაცემებით, 1997 წლის იანვარში მთლიანად თანამეგობრობის ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 0,5 პროცენტით შემცირებისას, საქართველოში შენარჩუნებული იყო წინა წელს მიღწეული ზრდის ტემპი.
იანვარში, დეკემბერთან შედარებით, თანამეგობრობის ქვეყნებში შეინიშნებოდა ეროვნული ვალუტის კურსის საგრძნობი დაცემა, მაშინ, როცა ქართული ლარი, როგორც აღინიშნა, სტაბილურია და ა.შ.
კავკასიის და კერძოდ, საქართველოს გავლით სატრანზიტო დერეფნის, აზიისა და ევროპის ოთხივე მიმართულებით დამაკავშირებელი პროექტის განხორციელებაში პარტნიორული თანამშრომლობისთვის კარი ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი სტრუქტურისთვის ღიაა. მით უმეტეს, თუ ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელთანაც ჯერ კიდევ გუშინ ტრადიციული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებდა. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ახლა აქ იმყოფება ავტორიტეტული დელეგაცია. ჩამოვლენ სტუმრები რუმინეთიდან. მოქმედების ეს არეალი თანდათანობით ფართოვდება.
სწორედ ამ ურთიერთობათა თვისებრივად ახალ დონეზე განახლების საჭიროების საკითხები იყო განხილული პრეზიდენტთან ყირგიზეთის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრისას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანში ყირგიზეთის აქტიურად ჩაბმისა და ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროებში საქმიანი კავშირურთიერთობის დამყარებისთვის რეალური სამართლებრივი საფუძველი შეიქმნება საქართველოში ყირგიზეთის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტის დროს, რომელიც უახლოესი პერიოდისათვის არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია ზოგიერთი სხვა შეხვედრაც. მაგალითად, ისევ სომხეთთან ურთიერთობას გავიხსენებდი. სომხეთთან და, საერთოდ, კავკასიის რეგიონში ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა გაფართოება, ეკონომიკური ინტერესების გაძლიერება და წინა პლანზე წამოწევა განმსაზღვრელი, გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გახდეს ჩვენს ურთიერთობაში, მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელებაში.
მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს ჩართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის მუშაობის შემდგომი გააქტიურება. ეს უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა.
დღეისთვის მსოფლიოს 36 ქვეყნის ინვესტორებმა საქართველოს ეკონომიკაში უკვე დააბანდეს 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი კაპიტალი როგორც ფულადი, ასევე მასალების, ნედლეულის, ტექნოლოგიისა და სხვა სახით. ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, სამხრეთ კორეის, ინგლისის, რუსეთის, თურქეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა ინვესტიციები დაბანდებულია ქვეყნის მრეწველობაში, საკომუნიკაციო სექტორებში, სოფლის მეურნეობასა და მშენებლობაში, საბანკო საქმეში.
მიუხედავად ამისა, მთავარი ეტაპი ინვესტორთა მოზიდვის საქმეში ჯერ კიდევ წინ არის, რისთვისაც უფრო მეტად უნდა ვიღვაწოთ სახელმწიფო ხელისუფლების ყველა დონეზე. ამასთანავე, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესებასა და წახალისებაში საგადასახადო შეღავათის ფაქტორი კი არ უნდა დომინირებდეს, არამედ გადამწყვეტ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ უპირატესობათა, უმდიდრესი ბუნებრივი და ინტელექტუალური, დაგროვილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სრულფასოვან წარმოჩენას, რასაც ასამოქმედებლად გარეგანი იმპულსები სჭირდება და რომელთა ამოქმედების შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი უკუგდება გვექნება.
მე ახლა ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საინვესტიციო პოლიტიკა, საქართველოში კოორდინირებული საინვესტიციო პროგრამები. ჩვენთან ეს ახლა რამდენიმე უწყებაშია გაბნეული, ზოგან ცალკეული კერძო პირებიც კი განაგებენ ამ საქმეს. არ გამოვრიცხავ, რომ იქნებ პრეზიდენტთან შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სწორედ საინვესტიციო პროგრამებს, საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებს განიხილავს. ამ საქმეში ბევრი დარღვევაა, რაც სრულიად შეუწყნარებელია. და აქაც, სხვათა შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კორუფციის თემა.
საგადასახადო ინსპექციის ცნობით, თებერვლის საბიუჯეტო შემოსავალი, დაზუსტების შემდეგ, 600 ათასი ლარით გაიზარდა და 25 მილიონი ლარი შეადგინა.
უფრო სერიოზული ამოცანები დგას საგადასახადო ორგანოების წინაშე მარტში, რადგან იანვარში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად ამ თვეში 37 მილიონი ლარი უნდა აიკრიფოს.
საგადასახადო ინსპექციის აზრით, თვის დამდეგიდან აღებული სტარტი ამის იმედს იძლევა. კერძოდ, მარტო ცენტრალური ბიუჯეტის საშუალო დღიური შემოსავალი ამ პერიოდში 700 ათას ლარს აღწევს, რაც ერთ-ნახევარჯერ აღემატება იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
თვის დამდეგიდან 7 მარტის ჩათვლით მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი საბაჟო დეპარტამენტის ხაზით 1,5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 44 პროცენტით აღემატება თებერვლის შესაბამის მაჩვენებელს, აქაც, როგორც საგადასახადო ინსპექციაში, ვარაუდობენ მარტისა და მთლიანად პირველი კვარტლის გეგმის შესრულებას.
კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ქვეყნის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უმთავრესი პირობა მყარი და სტაბილური ბიუჯეტია. მისი შემოსავლის ნაწილის წარმატებით შესრულების შემთხვევაში ივნის-ივლისში მოსალოდნელია ხელფასების, პენსიებისა და დახმარების მნიშვნელოვანი მატება. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი ჩვენს საერთო ძალისხმევასა და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საპრეზიდენტო პროგრამის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
- ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ქვეყნისათვის კონფლიქტებია. გასულ კვირას გაიმართა ევროპის უშიშროების ორგანიზაციის სხდომა, რომელზეც განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის საკითხები. ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების ბედი. მაინც რა ბედი ეწევა მათ?
- მინდა მოგახსენოთ, რომ გაიმართა ევროუშიშროების ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესების მიმდინარეობის საკითხი. საინტერესო მოხსენება წარმოადგინა ელჩმა მ. ლიბალმა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და იგი აქ, საქართველოში იმყოფება. სხდომაზე მიესალმნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებაში მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოთქვეს ზოგიერთი მოსაზრება აფხაზეთის პროცესთან დაკავშირებით.
საქართველო მიესალმება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გააქტიურებას და დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ეს ორგანიზაცია გადამწყვეტ სიტყვას იტყვის როგორც ქართულ-ოსური, ასევე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. სწორედ ასე განსაზღვრეს მისიის როლი და ამოცანები როგორც ბუდაპეშტის, ისე განსაკუთრებით ლისაბონის სამიტებმა.
მე ვთხოვ პრესას (ვისაც ამის საშუალება აქვს) და შესაბამის ტელეპროგრამებს, უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ზემოთ აღნიშნული სხდომის თაობაზე. ძალიან საინტერესოა, მათ შორის, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთა გამოსავლები.
ახლა რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ბედს. ჩემი პრინციპული დამოკიდებულება თქვენთვის ცნობილია. მე ზოგიერთ რამეს დავაზუსტებ. მოგახსენებთ, რომ საქართველომ დააყენა სამშვიდობო ძალების მანდატის და საკონტროლო ზონის გაფართოების საკითხი (ზონა ამ ეტაპზე მდინარე ღალიძგამდე უნდა გაფართოვდეს). ამგვარად, დავაყენეთ საკითხი პარლამენტთან შეთანხმებით. როგორც მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინათ გაიმართა თანამეგობრობის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა სხდომა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. სხდომამ, რომელშიც ბატონი ვარდიკო ნადიბაიძე მონაწილეობდა, მიიღო საქართველოს მიერ შეთავაზებული პროექტი და ახალი საბოლოო სიტყვა მარტის დამლევს უმაღლესი დონის შეხვედრაზე უნდა ითქვას. თავისთავად ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრებმა გაიზიარეს ჩვენი შეხედულებანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, როგორც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას მარტის დამლევს გავიგებთ. მნიშვნელოვანია, ვიმეორებ, რომ თავდაცვის მინისტრებმა ჩვენი შეხედულებანი გაიზიარეს.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ლისაბონის შეხვედრის შემდეგ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საქმეში ახალი ეტაპი იკვეთება, ეს, სხვათა შორის, ჩვენს კონფლიქტებსაც ეხება და, განსაკუთრებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, სადაც უკვე სამი თანათავმჯდომარეა: რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი. ვფიქრობ, ამ ახალი ეტაპის დადგომამ სასურველი შედეგები უნდა მოგვიტანოს.
ყველა ამ საკითხზე, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა, მსჯელობა აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართება.
- განვლილი კვირის ყურადღების ცენტრში იყო გახმაურებული პუბლიკაცია, რომელშიც, მოხდა ისე, რომ აჭარლები ცალკე ეთნიკურ ჯგუფად არიან მოხსენიებული. პუბლიკაციამ ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია საქართველოში. მაგრამ პრინციპში, ეს, ალბათ, პირველი არ ყოფილა. რადგან ახლა კონფლიქტების თემაზე ვსაუბრობდით, უპრიანია გავიხსენოთ, რომ აფხაზეთისა თუ ცხინვალის, კონფლიქტების წინ და მათი მიმდინარეობისას თუ შემდგომ, რუსულ პრესაში ხშირად აქტუალური იყო მეგრელების, სვანების, აჭარლების თემა და მათი, როგორც არაქართველურ ტომებად მოხსენიება...
- უწინარესად, მინდა დავაზუსტო, რომ ლაპარაკია ერთერთ ამერიკულ ჟურნალში, კერძოდ, „ტრანსკავკასიაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელშიც აჭარლები ცალკე ეთნიკურ ჯგუფად არიან მოხსენიებული. ეს პუბლიკაცია ცნობილი გახდა ჩემთვის და მართლაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მე ვიზიარებ ამ აღშფოთებას. ეს ჩვენი ერისა და საზოგადოების ბუნებრივი, ჯანსაღი და ერთადერთი სწორი რეაქციაა. ასეთივე რეაქცია ექნებოდა საქართველოს ყველა ღირსეულ მოქალაქეს, რომელიმე „ვაი-მეცნიერს“, როგორც თქვენ ბრძანეთ, გურულები, კახელები, სვანები, მეგრელები რომ გამოეყო ცალკე ეთნიკურ ჯგუფად. ცხადია, ჩვენს მეცნიერებს არ გაუჭირდებათ სათანადო პასუხის გაცემა. ეს აუცილებელიცაა! საქართველო დღეს იმკვიდრებს სახელს მსოფლიოში როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენზე მხოლოდ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვრცელდებოდეს. ამ მხრივ, სხვათა შორის, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ჩვენ გარკვეულწილად უფრო აქტიურად უნდა ვეხმარებოდეთ, უნდა ეხმარებოდნენ მეცნიერებათა აკადემია, შესაბამისი ინსტიტუტები და ასე შემდეგ. იმ ქართულმა გამოცემებმა, რომლებმაც ეს ინფორმაცია გადმობეჭდეს, რა თქმა უნდა, სერიოზული შეცდომა დაუშვეს და, ვფიქრობ, ისინი გამოძებნიან ამ შეცდომის გამოსწორების გზას. საჭიროა მათზე რეაგირება.
რაკი აჭარა ვახსენეთ, მინდა კვლავ დავუბრუნდე სახელმწიფო ბიუჯეტის თემას. წინა რადიოინტერვიუში მე უკვე ვილაპარაკე იმ შეღავათებსა და განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლებსაც ქვეყნის ბიუჯეტი აჭარისათვის ითვალისწინებს. აქ გათვალისწინებულია ის, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა, რომ აჭარის დიდი ნაწილი მაღალმთიან რეგიონს წარმოადგენს, სადაც ხშირია ზვავები, მეწყერები და სხვა სტიქიური მოვლენები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გაკეთდა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო ჩვენს ქვეყანას დღეს. და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენლები არიან და რომელმაც არაერთი შესწორება შეიტანა ბიუჯეტის პროექტში, ერთხმად დაუჭირა მხარი ხელისუფლების ასეთ მიდგომას აჭარის მიმართ.
დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ერთი თეთრი, რომელიც საქართველომ აჭარისათვის გაიღო და თვით აჭარის შემოსავალიც მოხმარდება თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოსახლეს და აჭარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას, კერძოდ, მთიანი რაიონების განვითარებას.
- და ერთი მომენტიც. ქართული პრესის ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს შორის გამოჩნდა ასეთი პუბლიკაციაც, რომ ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჩასახლებულ აჭარლებს იქიდან აძევებენ...
- გამოძევების თაობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ კრწანისში ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მართლაც ცხოვრობს რამდენიმე ათეული ოჯახი. როგორც ვიცი, იდგა მათთვის მიწების გამოყოფის და არა გასახლების საკითხი. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მათი მძიმე პირობები მე გამაგებინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბატონმა ედუარდ სურმანიძემ. სპეციალური მოხსენებითი ბარათიც დამიტოვა. განკარგულება გაცემულია და ამ დღეებში განვიხილავთ იქ შექმნილ მდგომარეობას, შევეცდებით ვიპოვოთ გამოსავალი. რა თქმა უნდა, აქ მცხოვრებ აჭარიდან ჩამოსახლებულ მოსახლეობას, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, განსაკუთრებული პატრონობა სჭირდება, მე ამის გარანტიას ვიძლევი.
- ბოლო ხანს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საკმაოდ საინტერესოა ის ერთგვარი გაღიზიანება, რომელსაც თბილისში გახშირებული ვიზიტები იწვევს ხოლმე, და ეს განსაკუთრებით, ალბათ, რუსულ პრესას ეხება. რუსეთის ტელევიზიის გუშინდელი პროგრამა ამის კიდევ ერთი დასტური და მანიშნებელი იყო. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, რუსეთი, ფაქტობრივად, იმავე გზით მიდის, როგორც ჩვენ, მაგრამ გაღიზიანებას მხოლოდ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და, ვიმეორებ, თბილისში გახშირებული ვიზიტები იწვევს ხოლმე...
- რაც შეეხება ბოლო ვიზიტებს, ამასთან დაკავშირებით ეჭვიანობის, მით უფრო, გაღიზიანებისა და უნდობლობის რაიმე საფუძველს ვერ ვხედავ. ყველაფერი, როგორც იტყვიან, მისხალ-მისხალ არის აწონილი.
სტრატეგიული მოკავშირეობის პრინციპებს პირველად რუსეთთან მოვაწერეთ ხელი. რუსეთმა მიიღო საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგების, კონფლიქტებში სამშვიდობო მისიის განხორციელების, საშუამავლო მისიის შესრულების უფლება, რუსეთთან ურთიერთობა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კვლავაც იქნება ქართული საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხი. მაგრამ, არ მესმის, რატომ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას ჩვენი ხაზგასმულად კარგი ურთიერთობა უკრაინასთან, აზერბაიჯანთან. იცით, რა განსაკუთრებული გულთბილობით მიგვიღეს და შედეგებიც ძალიან მაღალი იყო, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, აქაც ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. განა ასეთ ურთიერთობათა განვითარება თანამეგობრობის ინტერესებს არ შეესაბამება? აპრილში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი სომხეთში. საყოველთაოდ ცნობილია ორი ხალხის განსაკუთრებული ისტორიული კავშირურთიერთობანი და, ბუნებრივია, ეს ვიზიტიც ამ კავშირის განმტკიცების მომასწავებელი იქნება. საქართველოში ველოდებით ყირგიზეთის პრეზიდენტს. როგორც მოგეხსენებათ, მე გახლდით საფრანგეთში და ეს ვიზიტიც უაღრესად წარმატებული, უაღრესად შედეგიანი იყო. უახლოეს მომავალში ვეწვევი იტალიას, ზაფხულისათვის თბილისში ველოდებით (მე მოვიწვიე) თურქეთის პრეზიდენტს.
როგორ მოვიქცეთ? ვფიქრობ, უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით ისე და იმგვარად, რომ არ უგულებელვყოთ თანამეგობრობის ქვეყნების წინაშე და საერთოდ თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. და ჩვენ არც ერთ პუნქტში, არც ერთ მუხლში ამ ვალდებულებებს არ ვღალატობთ.
ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი შემდეგია: რაც უფრო აღიარებული და ძლიერია მეზობელი, მით უფრო საიმედოა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაც. ეს დებულება არც სხვისთვის უნდა იყოს მიუღებელი.
- ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით დგას ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი საკითხი - შავი ზღვის ფლოტი, შავი ზღვის ფლოტის გაყოფის თემა სკანდალურ საკითხად რჩება დღესაც. და რატომღაც საქართველოს პოზიცია ამ თემაზე, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ არაფერი გვეკუთვნის?
- ალბათ, დადგა დრო, რამდენადმე უფრო გამოკვეთილად ითქვას ამის შესახებ, თუმცა, მე სხვადასხვა ფორმით შევეცადე, რაღაც მინიშნებებით მეთქვა და უფრო მეტად გამომეხატა ეს აზრი მოლაპარაკების პროცესში. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ საქართველოს უფლება აქვს მიიღოს შავი ზღვის ფლოტის თავისი წილი. თავის დროზე, როცა ქვეყანაში ანარქია და ქაოსი მეფობდა, რუსეთის სამხედროებმა ისარგებლეს ამით და ფოთიდან თითქმის არალეგალურად, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, გაიყვანეს სამხედრო ხომალდები.
სამწუხაროდ, ჩვენს მიმართვებსა და თხოვნას იმის თაობაზე, რომ წილი მიგვეღო, რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. სხვათა შორის, საქართველოა ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც ასე მოექცნენ საერთოდ სამხედრო ტექნიკის მიღების თვალსაზრისით. ასეთი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. იმ ქვეყნისათვის ანგარიშის გაუწევლობა, რომელთანაც სტრატეგიული მოკავშირეობა გაერთიანებს, გაუგებრობასაც იწვევს და პროტესტის განცდასაც. ხშირად იმასაც ფიქრობ, მეორეხარისხოვან პარტნიორად ხომ არ გთვლიან და სამართლიან მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, ამასთან დაკავშირებით ბატონ ელცინს აქვს ჩემი წერილი და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, გადახედავს თავის პოზიციას და კორექტივებს შეიტანს მიღებულ გადაწყვეტილებებში. ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამება. თანაც, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ მოითხოვს რაღაც ისეთ წილს (ჩვენ ამის შენახვაც კი გაგვიჭირდება), მაგრამ სიმბოლური მონაწილეობა, სიმბოლური წილი საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს.
- ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ალბათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამას წინათ თქვენს გამოსვლას უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ჩვენ, ჟურნალისტები და მთელი საზოგადოებრიობა მიჩვეული ვართ იმას, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა პირველად მოითხოვა ტელეკამერა და პირველად მისი გამოსვლა ამ სხდომაზე გადაიცა საქართველოს ტელევიზიით. უფრო მეტიც, გაკეთდა თქვენი განცხადება იმის თაობაზე, რომ ამის შემდეგ კორუფციის თემაზე გამართული უშიშროების საბჭოს სხდომები, ფაქტობრივად, ღია იქნება დამსწრე საზოგადოებისა და ჟურნალისტებისათვის.
- აქ, მართლაც, დასამალი არაფერი იყო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს. ითქვა, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ერთხელ კიდევ ვაცნობოთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყო. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ საჭირო იყო რაღაც ეტაპების გავლა და დღეს მომწიფდა ნიადაგი, რათა ამ სენსაც სერიოზულად შეუტიოთ. სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ გააქტიურდნენ სამართალდამცავი ორგანოები, და, უწინარესად, მინდა აღვნიშნო ის, რომ გაძლიერდა ამ სტრუქტურათა თვითწმენდის პროცესი და ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრესი პირობაა.
სერიოზული დარღვევებია გამოვლენილი ფოთის საბაჟოში (ეს ბოლო დროს მოხდა), უწესრიგობისა და განსაკუთრებით ცენტრალურ ბიუჯეტთან ურთიერთობაში დარღვევებისაგან არც სხვა საბაჟოებია დაზღვეული. მე ახლა არ ვასახელებ, მაგრამ შემდეგ გამოსვლაში აუცილებლად დავასახელებ მათ, რადგან სრულიად გაუგებარია მათი ურთიერთობა ბიუჯეტთან.
ბევრი დარღვევა გამოვლინდა სამტრედიაში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, არის სხვა საგანგებო მონაცემებიც. დღევანდელი გამოსვლა მინდა გამოვიყენო იმისათვის, რომ გავაფრთხილო ყველა მოქალაქე (რა თქმა უნდა, ვისაც ეს ეხება), რომლებიც სცოდავენ ქვეყნის, მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ აღებულ კურსს არ გადავუხვევთ. ყველა გონს უნდა მოეგოს, სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდება, თუ ამ დანაშაულზე უარი არ თქვეს, შეიძლება ზოგიერთი ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩეს. ეს სიტყვები ყველა რანგის ადამიანებს ეკუთვნის. გვეყო მსხვერპლი, გვეყო განუკითხაობა. ყველამ, ვინც დანაშაულს სჩადის, უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს კურსი არ შეიცვლება და კანონიერებისათვის მართლწესრიგისათვის ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი. კიდევ ვიმეორებ, რომ სწორედ ეს კურსი შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობას, მათ ინტერესებს, მით უმეტეს, უკვე ითქვა, რომ ეს ინტერესები ჩვენთვის უმთავრესი და უმაღლესია და ამ პრინციპს არ ვუღალატებთ.
- და, ბოლოს. თქვენ არაერთხელ მოგიწვევიათ საქართველოში და, მათ შორის, რადიოინტერვიუთა საშუალებითაც, ცნობილი სამართალდამცველი ბატონი კოვალიოვი, რომელიც დღეს თბილისშია...
- სერგეი კოვალიოვის მოწვევის ერთ-ერთი ინიციატორი მე გახლავართ. ბატონი კოვალიოვი მსოფლიოში აღიარებულია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისათვის თავდადებული მებრძოლი არა მარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი შეხედულებანი და მასთან დიალოგი უაღრესად საინტერესო იქნება ქვეყნისთვის, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და რომლისთვისაც ადამიანის უფლებათა დაცვა ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
საქინფორმი.
„საქართველო დღეს იმკვიდრებს სახელს მსოფლიოში როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენზე მხოლოდ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვრცელდებოდეს“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 მარტი. - №56 (2427). - 1,2 გვ.
![]() |
31 საზოგადოებაში გამეფებული მექრთამეობა და ხალხის ძარცვა ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი დარღვევაა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე
როგორც ვიუწყებოდით, 7 მარტს გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელმაც განიხილა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი მიმართულებები. სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გაანალიზა კორუფციის, როგორც მოვლენის, არსი და გამომწვევი მიზეზები და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში მის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების უმთავრესი პირობა კორუფციის შესახებ კანონის მიღების დაჩქარებაა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს კანონი ყველა ნიუანსის გათვალისწინებით სრულყოფილი უნდა იყოს.
- მიმაჩნია, რომ მინისტრების, უწყებათა ხელმძღვანელების, აგრეთვე, ამა თუ იმ უბანზე პასუხისმგებელ პირთა ინფორმაციებს უშიშროების საბჭოს, მთავრობისა და სამინისტროთა კოლეგიების სხდომებზე უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და აღნიშნა, რომ გამართული მსჯელობა არის შესავალი იმ დიდი მოძრაობისა, რომელსაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუმპირებულ ელემენტებთან ბრძოლის გაძლიერება.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა კორუფციასთან ბრძოლის საპარლამენტო კომისიასთან მომავალში უფრო ახლო კონტაქტის დამყარების აუცილებლობა. - შეიძლება ვიფიქროთ კომისიისა და უშიშროების საბჭოს გარკვეული ფორმთ შერწყმაზეც, - განაცხადა მან. - მიმაჩნია, რომ ცენტრი უნდა იყოს უშიშროების საბჭო, რადგან აქ არის თავმოყრილი ყველა რეალური ძალა და ძალიან კარგი იქნება, თუ საპარლამენტო კომისია ჩვენთან თანამშრომლობისა და კორუფციის გზებს მოძებნის.
ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ მსჯელობა იმ ფაქტებზე, რომლებიც გამოვლენილია მინისტრთა კაბინეტის, რკინიგზის დეპარტამენტისა და სხვა უწყებათა საქმიანობასთან დაკავშირებით და რომლებსაც გარკვეული გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში, უნდა იმართებოდეს უშიშროების საბჭოს ან მთავრობის სხდომებზე.
- მაგალითად ვიცით, რომ რკინიგზის დეპარტამენტში იყო დარღვევები, მექრთამეობა, გამომძალველობა, მაგრამ სრული სურათი ამისა, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს განუკითხაობა, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, რა იზარალა სახელმწიფომ და, კერძოდ, ამ სისტემამ, როგორ დაზარალდნენ თვით რკინიგზელები, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, - განაცხადა პრეზიდენტმა.
- მინისტრთა კაბინეტს სისტემაში არსებული დარღვევები მთავრობის სხდომაზე ცალკე მსჯელობის საგანი უნდა იყოს, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - უნდა გავერკვეთ, რომელია მათ შორის ისეთი, რაც იმ დროს და პირობებმა განაპირობა, არის, ალბათ, ასეთი სახის შეცდომები, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებშიც აშკარაა თანამდებობის პირთა ანგარება, რასაც შეფასება უნდა მიეცეს და გამოძიებაც წარიმართოს. პრეზიდენტის აზრით, ამგვარი ღონისძიებები სწორედ იმისათვის არის საჭირო, რომ აღარ განმეორდეს ის, რასთანაც ადრე გვქონდა საქმე.
ასევე, ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს თურქეთის კრედიტის საკითხი, რომლიდანაც, თითქმის 8 მილიონი დოლარია დახარჯული, დაბრუნებული კი არაფერი არ არის. ასევე, მატყლის საკითხი. - ყველაფერი უნდა გაირკვეს ისე, როგორც საჭიროა, - თქვა მან, - და როგორი საპატიო და საპატივცემულო ადამიანებიც უნდა იყვნენ გარეული ამ საქმეში, ყველამ პასუხი უნდა აგოს. მან თხოვნით მიმართა კონტროლის პალატას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.
- გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება, მათ შორის, კონცეპტუალური თვალსაზრისითაც, - განაცხადა შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა. - შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივდივართ კორუფციის დაძლევის საერთო-სახელმწიფოებრივი, გნებავთ, ეროვნული პროგრამისაკენ. აქ საუბარი იყო სოციალურ, ეკონომიკურ ფაქტორებზე, საზოგადოების განწყობაზე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში არსებულ შესაძლებლობებზე. ყველაფერი ეს მოითხოვს სერიოზულ ანალიზს, რაც უნდა აისახოს სახელმწიფო პროგრამაში.
ედუარდ შევარდნაძემ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო აღრიცხვიანობის პრობლემას და განაცხადა, რომ კორუფციის საფუძველი სწორედ ცუდი აღრიცხვიანობა, ცუდი საბუღალტრო აღრიცხვაა. მისი აზრით, კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს შემოსავლების დამალვის პრობლემა. - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომ არა თუ საპრეზიდენტო პროგრამა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილიც არ შესრულდება, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და აღნიშნა, რომ შემოსავლების დამალვის პროცესს ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურა და სახელმწიფო ორგანო, მათ შორის, საგადასახადო ინსპექციის ზოგიერთი თანამშრომლებიც უწყობს ხელს. - ყოველგვარი დამალვა და მანიპულაცია კანონით უნდა ისჯებოდეს, - თქვა პრეზიდენტმა. - თუ შეცდომა დავუშვით და მივიღეთ ძალიან ლიბერალური კანონი, რომელიც სტიმულს აძლევს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, იგი ყოველ მიზეზგარეშე უნდა გავასწოროთ. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ამაში მხარს დაგვიჭერს.
სახელმწიფოს მეთაური შეეხო უცხოური ინვესტიციების საკითხს. ამ სფეროში გამოვლენილი დანაშაულობები და კომბინაციების ძალზე სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით პარლამენტის პოზიცია ითვალისწინებს ერთიანი ცენტრის შექმნას. - ეს შეიძლება იყოს ერთიანი საინვესტიციო ცენტრი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი არ იქნება კონკრეტული პროგრამების განხილვა. ეს უნდა იყოს ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ყოველგვარი ინფორმაცია. იმ ხალხმა, ვინც პასუხს აგებს ინვესტიციებზე, ანგარიში უნდა ჩააბაროს მოსახლეობას. ადამიანებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რას ვხარჯავთ.
ედუარდ შევარდნაძემ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ისეთ საშიშ მოვლენას, როგორიცაა კრიმინალის, დანაშაულის პოლიტიზირება. „მხედრიონის“, სამხედრო პოლიციისა და სხვა დაჯგუფებათა აღკვეთის შემდეგ, რომლებიც ცდილობენ გარკვეული ზეგავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ ძალებზე და ამ მხრივ არც თუ წარუმატებლად მუშაობდნენ, დღის წესრიგში უკვე სხვა მოვლენა დადგა. - არის ხალხი, რომელიც სახელმწიფოსთვის წართმეული, სახელმწიფოსთვის მოპარული ფულის მეშვეობით გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს, გარკვეულ ამბიციებს აყალიბებს, - თქვა პრეზიდენტმა. - ეს ძალიან საშიში მოვლენაა და თუ ბოლო არ მოვუღეთ, მან შესაძლოა ბევრი უბედურება მოუტანოს ქვეყანას.
სახელმწიფოს მეთაურის აზრით, ის კონკრეტული ფაქტები, რომელთა შესახებაც ითქვა სხდომაზე, მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. მან, კერძოდ, დაასახელა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, საბაჟო სამსახურში, ასევე, სამტრედიაში, ფოთში გამოვლენილი დანაშაულობანი. - ეს საჭიროა არა იმისათვის, რომ სასამართლოზე და გამოძიებაზე ზეგავლენა მოვახდინოთ, არამედ იმისთვის, რომ გვქონდეს წარმოდგენა, რა ხდება ქვეყანაში, ვის აქვს უფლება დარჩეს, იმუშაოს და ვის - არა. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ მიუხედავად პირადად ჩემი ძალიან კეთილი დამოკიდებულებისა სამტრედიის გამგებლის მიმართ, თუ ის ფაქტები, რომლებზეც იყო ლაპარაკი, სინამდვილეს შეეფერება, მას მორალური უფლება არა აქვს რაიონის ხელმძღვანელი იყოს, განაცხადა პრეზიდენტმა.
ედუარდ შევარდნაძე შეეხო, აგრეთვე, სოციალურ სფეროს, კერძოდ, პენსიონერთა და პენსიების პრობლემებს. - არაერთხელ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ წარმოუდგენელია პატარა ქვეყანაში ამდენი პენსიონერი იყოს, - განაცხადა მან. - რუსეთში 14 მილიონი პენსიონერია, ხოლო საქართველოში, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა რუსეთის მოსახლეობის რაოდენობის 2-3 პროცენტს უტოლდება - ერთი მილიონ 200 ათასი. ეს შეფარდება ყოველგვარ კანონზომიერებას სცილდება. საჭიროა, გაკეთდეს ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტრომ და სხვებმა გააკეთეს. მივიდნენ ერთ-ერთ სოფელში, შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ თურმე არის ჯგუფი, რომელიც ატყუებს სახელმწიფოს, გაყალბებული საბუთებით 150 ე.წ. მკვდარი სულის პენსიებს ითვისებს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანგარიში ამ მოვლენებთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, უნდა წარმოადგინოს დასაქმებისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრმა თენგიზ გაზდელიანმა. - ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ თენგიზს, - თქვა მან, - ძალიან გაბედული და საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ ასეთი სიტუაციის მოთმენა საკუთარ სისტემაში შეუძლებელია. ეს ეხება ჯანმრთელობის დაცვისა და ზოგ სხვა სისტემასაც.
- კორუფციასთან ბრძოლის გასააქტიურებლად იუსტიციის ხაზით ორი მიმართულება უნდა გამოიკვეთოს: სამართალ-შემოქმედებითი პროცესის დაჩქარება და საკონსტიტუციო დონეზე სისხლის სამართლის კოდექსის განხილვა. ამასთან ზოგიერთი კანონი, მათ შორის, კანონი სახელმწიფო მოხელის შესახებ უკვე გადასახედია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონები გარდამავალი ქვეყნის, გარდამავალი ეტაპის კანონებია, ყველას შეიძლება არ ჰქონდეს საბოლოო სახე და ზოგი მათგანი 2-3 წელიწადზე იყოს გაანგარიშებული. პრეზიდენტმა კოლეგებს ამ მხრივ გაბედული მოქმედებისა და უცხოეთის გამოცდილების გაზიარებისაკენ მოუწოდა.
- აქტუალურია კომპრომეტირებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხი, - განაცხადა პრეზიდენტმა, - ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ კონსტიტუციას და კანონებს, მაგრამ კანონები უნდა მოემსახუროს ადამიანის უფლებების დაცვას. მიმაჩნია, რომ როდესაც საზოგადოებაში გამეფებულია მექრთამეობა და ხალხს ძარცვავენ, ეს არის ყველაზე დიდი დარღვევა ადამიანის, წესიერი და ნორმალური მოქალაქის უფლებისა.
პრეზიდენტმა თელასში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა როგორც უაღრესად აქტუალური და აღნიშნა, რომ აქ არა მარტო უთავბოლობასთან, არამედ პირდაპირ მითვისებებთან გვაქვს საქმე. - მოსახლეობა, მეწარმეები იხდიან, ფული კი მიდის კერძო პირებთან, - თქვა მან. - ეს შენიშვნა არაერთხელ გამოითქვა ქალაქისა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ერთდროული, შეთანხმებული მუშაობით ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ და გავარკვიოთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
პრეზიდენტი შეეხო საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებსაც. - ვიცი, რომ ზოგიერთ კომერციულ ბანკში კრედიტის მიღება საკომისიოს გარეშე შეუძლებელია, - თქვა მან. - არსებობს ასეთი „წესი“: თუ გინდა კრედიტის მიღება, გარდა ყოველთვიური 17 თუ 20 პროცენტისა, კიდევ 6 თუ 7 პროცენტი უნდა გადაიხადო. ძველად ამას საკომისიოს ეძახდნენ, ახლა ეს გამომძალველობა და ჩვეულებრივი ქურდობაა. პრეზიდენტმა გაიზიარა მოსაზრება ბანკებში შიდა აუდიტის შექმნის აუცილებლობის შესახებ. - და კიდევ ერთი, - თქვა მან, ფულთან მომუშავე ყველა პირის შესახებ წარმოდგენა უნდა გვქონდეს: როგორია მისი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, სანდოობა.
დასასრულ, პრეზიდენტმა სხდომის მონაწილეთა ყურადღება მიაპყრო საფრთხეს, რომელიც საქართველოში ყალბი ფულის ნიშნების შემოსვლას და დამზადებას უკავშირდება. - თუ ეს პროცესი ასეთი მასშტაბებით განვითარდა, შეიძლება აღმოჩნდეთ კატასტროფის წინაშე. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება შევებრძოლოთ ამ სენს და არ მივცეთ გავრცელების არეალი, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
საზოგადოებაში გამეფებული მექრთამეობა და ხალხის ძარცვა ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი დარღვევაა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 12 მარტი. - №57 (2430). - 1,2 გვ.
![]() |
32 „ზურაბ სოტკილავას სახით საქართველოს კულტურას უცხოეთში შეუდარებელი დესპანი ჰყავს...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ ზურაბ სოტკილავას დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა
ბატონო ზურაბ, ჩემო ზურაბ, მინდა მოგესალმო შენი ქვეყნის სახელით და დაბადების დღე მოგილოცო, მაგრამ პატარა ბარათში ეტყობა შეუძლებელია იმ ყოველივეს გადმოცემა, რასაც ქართველი ხალხი და პირადად მე და ჩემი ოჯახი ვგრძნობთ შენს მიმართ.
ეს მხოლოდ სიყვარული და აღტაცება არ არის შენი ტალანტითა და პიროვნებით, არამედ იმის შეგრძნებაც, რომ ზურაბ სოტკილავას სახით საქართველოს კულტურას უცხოეთში შეუდარებელ დესპანად ჰყავს ის მომღერალი, რომელმაც არა მარტო დიდი თეატრის სცენაზე გააგრძელა დიდი ქართველების ტრადიციები, არამედ იტალიაშიც ღირსეულად წარმოაჩინა ქართული ვოკალური ხელოვნება, დესპანი, რომელიც დღენიადაგ თავისი ქვეყნის ტკივილითა და სიხარულით ცხოვრობს, დესპანი, რომელსაც მართლაც რომ ქართულ მიწაში უდგას ფესვები.
იმედი მაქვს, რომ ქალბატონ მაყვალა ქასრაშვილისა და შენს მიერ ქუთაისში დაარსებული ფესტივალი - „საოპერო სცენის ოსტატები“ - ისევ აღდგება და თავის როლს შეასრულებს არა მარტო საოპერო ხელოვნების პროპაგანდაში, არამედ ხალხთა შორის სიყვარულის გაღვივებაშიც.
იმის იმედიც მაქვს, რომ შენი საუკეთესო როლი ჯერ კიდევ სათამაშო გაქვს; ამ როლს სხვა სცენებთან ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაც ელოდება და დარწმუნებული იყავი, შენს აღტაცებულ მაყურებელთა შორის მეც და ჩემი მეუღლეც ვიქნებით.
სიყვარულით, ედუარდ შევარდნაძე.
„ზურაბ სოტკილავას სახით საქართველოს კულტურას უცხოეთში შეუდარებელი დესპანი ჰყავს...“ : ბატონ ზურაბ სოტკილავას დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 მარტი. - №59 (2432). - 1 გვ.
![]() |
33 უკვდავებაში გადასული - გაუტეხელი სულის სიმბოლო |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
„მე მინდა შენი სახელით ვთქვა, ჩემო ჟიული! ყველას ვუთხრა, მტერსაც, მოყვარესაც: არ დაეცემა ეს ქვეყანა! არ დაიშლება საქართველო, არ გადაგვარდება და არ გადაშენდება ქართველი ხალხი მანამ, სანამ მას ეყოლება ისეთი შვილები, როგორიც შენ ხარ“.
ედუარდ შევარდნაძე.
უკვდავებაში გადასული - გაუტეხელი სულის სიმბოლო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 მარტი. - №59 (2432). - 5 გვ.
![]() |
34 „თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ დემოკრატიას, სტაბილურობას, პროგრესის იმ ყლორტებს, ამ ორი-სამი წლის განმავლობაში რომ ამოიზარდა საქართველოში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
17 მარტის რადიოინტერვიუ
- განვლილ კვირაში გამართული მთავრობის გაფართოებული სხდომის მთავარი თემა კვლავ კორუფცია და მასთან ბრძოლის, ასევე ენერგეტიკისა და ბიუჯეტის შესრულების საკითხები იყო. თუმცა ეს უკანასკნელი უშუალოდ უკავშირდება კორუფციის თემას და ეს თქვენც აღნიშნეთ - სადაც წარმატებით ებრძვიან კორუფციას, იქ ეს ბიუჯეტსაც დაეტყოო. დაახლოებით ასეთი იყო თქვენი გამოსვლის აზრი... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო. ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
მე ტრადიციულად ეკონომიკის მიმოხილვით დავიწყებ. ბოდიშს გიხდით, თუ ცოტა ვრცელი მიმოხილვა იქნება. როგორც იცით, კვარტალი მთავრდება და, ბუნებრივია, შემართული უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ საკონტროლო მონაცემები შესრულდეს და ეს უწინარესად ბიუჯეტში აისახოს. სწორედ ამ თემაზე იყო ძირითადად საუბარი, და საგულისხმოა ისიც, რომ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა კორუფციასთან ბრძოლის ფონზე განვიხილეთ და, ვფიქრობ, საკმაოდ დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბდა ის აზრი, რომ ეკონომიკური რეაბილიტაცია და ეკონომიკის აღმავლობა შეუძლებელი იქნება, თუ არ აღმოიფხვრა კორუფცია. და მის წინააღმდეგ ბრძოლა უწინარესად ბიუჯეტში, მისი შემოსავლის ნაწილში აისახება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლების ერთ-ერთი ელემენტია.
ახლა რაც შეეხება შეფასებასა და ზოგიერთ ყურადსაღებ დასკვნას: ჩვენს ეკონომიკურ საქმიანობას შეფასება უწინარესად იმ თვალსაზრისით უნდა მიეცეს, თუ რამდენად შეესაბამება იგი სოციალურ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაჭრას, რადგან წლევანდელი წელი რომ მართლაც გარდატეხის წელი გახდეს, ეს აუცილებლად უნდა დაეტყოს მოსახლეობას, ნაკლებად უზრუნველყოფილი, დაუცველი ფენების ცხოვრების დონესა და მათს რეალურ შემოსავალს.
ამიტომ, მართალია, წლის დასაწყისიდან შენარჩუნებულია წარმოების მოცულობის მკვეთრი ზრდის ტენდენცია, როგორც სხდომაზე აღინიშნა, მრეწველობაში ზრდამ 20 პროცენტი შეადგინა, მაგრამ, ჩვენი აზრით, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან ასეთი შედარებითი მეთოდი მთლად სწორი არ არის. ჩვენი საბოლოო ორიენტირი უნდა იყოს ის საკონტროლო დავალებანი, რომლებიც ინდიკატორულ გეგმასა და ბიუჯეტში ჩამოყალიბდა.
ეკონომიკური წინსვლის რეალურ ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ ის, თუ რა ზომით და ხარისხით მიმდინარეობს მაკროეკონომიკურ დონეზე მიღწეულ წარმატებების რეალიზაცია სექტორულ და მიკროეკონომიკურ დონეზე. ეს კი, თავის მხრივ, რამდენად უზრუნველყოფს ბიუჯეტის შემოსავლის ისეთ მატებას, როგორსაც ბიუჯეტის შესახებ კანონი და საპრეზიდენტო პროგრამა გვავალდებულებს, ანუ როგორც აღინიშნა, დადგა დრო, რომ წარმოების და საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის ტემპი შევაფასოთ არა კრიზისულ დონესთან მისი შედარებით, არამედ იმით, თუ რეალურად რამდენად საგრძნობი ხდება ეს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი დაუცველი ფენებისათვის.
დღეს ამის საფუძველი უკვე არსებობს. და მე პირველად განვაცხადე, რომ დაისახა ამოცანა, რათა მიმდინარე წლის ბოლოსათვის გამოიძებნოს ინვალიდთა, მოხუცებულთა, ომის მონაწილეთა და ლტოლვილთათვის, მცირეხელფასიან მოქალაქეთათვის პენსიების, დახმარების, ხელფასების მკვეთრი გადიდების შესაძლებლობა. გაორმაგებაზეც შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, უკვე მკვეთრი გადიდებისათვის.
შესაბამისი პირობების შესაქმნელად მიცემულ იქნა დავალებანი საგადასახადო და საბაჟო სისტემებში სტრუქტურული გარდაქმნების დაჩქარებისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის, ისევ და ისევ ამ დარგებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესებისათვის.
საბიუჯეტო შემოსავლის ფორმირების თაობაზე ზემოთქმული შეფასების დადასტურება რამდენიმე ფაქტითაც შეიძლება.
მარტის პირველ ორ კვირაში საგადასახადო ინსპექციის ხაზით აკრეფილია 8 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი. მარტო ცენტრალური ბიუჯეტის საშუალო დღიური შემოსავალი 700 ათას ლარს შეადგენს, რაც, მართალია 1,5-ჯერ აღემატება იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი პირველი კვარტალის გეგმის შესასრულებლად.
ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან ამ პერიოდისათვის ბიუჯეტში ჩარიცხული 4,5 მილიონი ლარი 48 პროცენტით აღემატება თებერვლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ტემპი ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს იანვარში დაშვებული ჩამორჩენის აღმოფხვრას. როცა ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ვლაპარაკობ, მინდა ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ, თუ ამას არ გავაკეთებთ, რასაც ითვალისწინებს ბიუჯეტი და მის შესახებ კანონი, ეს გავლენას მოახდენს პენსიების, ხელფასების გაცემაზე, იმ საარსებო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებაზე, რომელთა გარეშე საზოგადოების ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია.
ეკონომიკური პროცესებისა და პრობლემების ურთიერთგანპირობებული ჯაჭვის პირველი, საწყისი რგოლი, ჩვენს დღევანდელობაში, ენერგეტიკაა. ეს მთელი წლის განმავლობაში ასე იქნება. თუ ენერგეტიკას სერიოზულად არ მივხედეთ, ვერც წარმოებას ავამუშავებთ. საჭირო დონეზე და არც ნორმალური ბიუჯეტი გვექნება, აქედან გამომდინარე, ვერც სახელმწიფო შეძლებს განახორციელოს ის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ.
იმის კონსტატაცია, რომ წლევანდელი ზამთარი უკეთ გამოვიზამთრეთ და ენერგეტიკის მიზეზით ეკონომიკას სერიოზული შეფერხებანი არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, საწარმოები, რომელთაც აქვთ მუშაობის საშუალება და მუშაობდნენ, უკვე განვლილი ეტაპია და დღეისათვის ეს სრულიადაც არ არის საკმარისი. აქ ლაპარაკი უნდა იყოს მდგომარეობის რადიკალურ გარდაქმნაზე. რეფორმები და სტრუქტურული ცვლილებები ამ სფეროში უნდა გაგრძელდეს. დარგის რეაბილიტაციის ღონისძიებები უნდა განმტკიცდეს საერთაშორისო საფინანსო ქვეყნების დახმარებათა გათვალისწინებით. მაგარმ რაგინდ დიდი უნდა იყოს გარედან ფინანსური მხარდაჭერა, მთავრობის სხდომაზე მე დავასახელე ციფრები - ეს 60-80 მილიონს აღემატება, მსოფლიო ბანკის, გერმანიის დახმარება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუ არ ამუშავდა ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოვაწესრიგოთ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ურთიერთობა მომხმარებელთან. მინდა გავიმეორო ის ამოცანა, რომელიც ამ სხდომაზე დავსახეთ: მიმდინარე წელს დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურებამ, როგორც მინიმუმ, 70-80 პროცენტი მაინც უნდა შეადგინოს. სხვაგვარად ეკონომიკას ვერ ვუშველით და, ბუნებრივია, ენერგეტიკა კვლავაც იქნება ჩვენი შესაძლო ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ახლა მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ. ერთ წელზე მეტია, რაც მუშაობს ეს საბჭო როგორც პრეზიდენტთან არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსულტაციო სტრუქტურა და მისი როლი ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის სფეროში უკვე ეჭვს აღარ ბადებს.
ამ საბჭოს მორიგ სხდომაზე განვიხილეთ მთელი რიგი აქტუალური საკითხები, რომელთაგან გამოვყოფდი: გარდამავალი, კრიზისული პერიოდის უარყოფით ზეგავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკური მეცნიერება გადაურჩა. თეორიული აზრი, წინსვლის ნაცვლად, მნიშვნელოვნად ჩამორჩა რეფორმების სწრაფ მსვლელობას და პრაქტიკას. იშვიათია მეცნიერული წინადადებანი და რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკული გამოყენებაც შეიძლებოდეს დღევანდელ პირობებში. სწორედ ამაზე იმსჯელეს საბჭოს წევრებმა. მიმაჩნია, რომ საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებას მაღალი პოტენციალი აქვს. მთავარია, ახლა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ამ მეცნიერებამ შეძლოს რეალური დახმარება გაუწიოს სახელმწიფოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც 1995 წლის აგვისტოში დაიწყო პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად და მისი პირველი ეტაპის ნორმალურად დასრულებამ რეფორმის მომდევნო ეტაპზე გადასვლის საფუძველი შექმნა. მეორე ეტაპმა უნდა უზრუნველყოს დარგის მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, სამკურნალო პროგრამების, უპირატესად სადაზღვევო (ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში) პრინციპების მეშვეობით განხორციელდეს ეს ყველაფერი. ამ ღონისძიებათა თანამიმდევრული და მიზანმიმართული განხორციელების საჭიროება აისახა პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების პროექტში, რომელიც ასევე მოიწონეს საბჭოს სხდომაზე; ერთიანი სადაზღვევო სისტემის შექმნა - ეს გახლავთ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა - იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მედიცინის სფეროში დანახარჯები 18 ლარამდე გაიზარდოს, და ეს არცთუ ისე მცირე მონაცემია. ჩვენ 65 თეთრით დავიწყეთ და ახლა 18 ლარს მივაღწიეთ. სხვათა შორის, ამ სხდომაზე მე აღვნიშნე, რომ მთავარი არ არის სტატისტიკა. იგი შეიძლება ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ თუ თითოეული თეთრი დანიშნულებისამებრ არ იხარჯება, ყველაფერი ეს ქაღალდზე დარჩება.
განვიხილეთ საგარეო დავალიანების პრობლემები, ძალიან სერიოზული საკითხია და ჩვენ გადავწყვიტეთ. გარდა ამისა, რომ ფორმალური მხარეები უნდა მოვაგვაროთ, რაც დღეს რესტრუქტურიზაციას უკავშირდება, ესე იგი უკავშირდება ვალების გადავადებას და სხვა, სერიოზულად გამოიკვეთა ამ ვალების უთავბოლო ხარჯვაში ზოგიერთი თანამდებობის პირის როლი და ადგილი. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ასეთი შეჯამებული ინფორმაცია განსახილველად გადაეცეს უშიშროების საბჭოს, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს ყველას საქმიანობას.
და, ბოლოს, კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ეს გახლავთ საქართველოს გაწევრიანება საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში. როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, ჩვენ ამ ორგანიზაციაში უკვე გვაქვს მეთვალყურის სტატუსი და ვუახლოვდებით იმ სტანდარტს, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავხდეთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი. ეს დიდ უპირატესობებს აძლევს ქვეყანას, განსაკუთრებით განვითარებადს ქვეყანას.
- ამ ბოლო ხანს კონსტიტუციური სასამართლოს ყურადღების ცენტრში იყო რამდენიმე საკითხი, რომლებიც ეხებოდა თავის დროზე სახელმწიფოს მეთაურის თუ მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას, ანუ წინათ მიღებული გარკვეული საკანონმდებლო აქტები არ შეესაბამება დღეს მოქმედ კონსტიტუციას...
- რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, უაღრესად აქტუალური საკითხია. არსებული კანონმდებლობის, სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების, ნორმატიული აქტები საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა დიდი, ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი გაცილებით მეტია.
ამ პროცესში ჩაბმულია ყველა სამინისტრო, ამასთან დაკავშირებით არსებობს პრეზიდენტის სპეციალური დავალება. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი სამუშაო იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეასრულოს, რომელიც წამყვანი სამინისტროა. არსებობს ინვენტარიზაცია, ასე თუ შეიძლება ითქვას, იმ ნორმატიული აქტებისა, რომლებსაც გადახედვა, გადასინჯვა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება.
პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა, რომელიც ძირითადად მიმდინარე წლის შემოდგომამდე უნდა გადავწყვიტოთ.
- განვლილი კვირის მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბევრი საინტერესო და უაღრესად საჭირო შეხვედრა გაიმართა...
- ბატონი ზურაბი ალბათ თვითონ მოახსენებს საზოგადოებას შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებს და რაც უფრო ვრცელი იქნება მისი ინფორმაცია, მით უკეთესია. ჩემი შეხედულება კი ასეთია: დელეგაციის ვიზიტი უაღრესად შედეგიანი იყო, ბევრ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით მიღწეულია ურთიერთგაგება. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის კვლავაც დაეხმაროს საქართველოს, თუკი იგი დემოკრატიული აღმშენებლობის და ღრმა ეკონომიკური რეფორმების გზით ივლის. და ეს ნათელი პოზიცია აისახება ამერიკის შეერთებული შტატების მხრივ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაში.
- საქართველოში სტაბილურობას, მშვიდობიან კავკასიას განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს მშვიდობისათვის. განვლილ კვირაში თქვენი სპეციალური დავალებით ინგუშეთში იმყოფებოდა საქართველოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე. მან, ალბათ, ყველაზე უფრო საინტერესო ინფორმაცია ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ ჩვენი ოთხი კოლეგა ცოცხალია. ამის მიუხედავად, ამ ვიზიტს რაღაც მითქმა-მოთქმა მაინც მოჰყვა. მაგალითად, იყო დაახლოებით ასეთი ინფორმაციაც, რომ შევარდნაძემ ისე გააგზავნა თავისი თავდაცვის მინისტრი, თითქოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში გზავნიდა მას...
- ნადიბაიძის ვიზიტს მითქმა-მოთქმა რომ არ მოჰყოლოდა, ძალიან გასაკვირი იქნებოდა. ხანდახან ძალიან უწყინარ ღონისძიებათა გამო ათასნაირი ჭორები აგორდება ხოლმე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ჩრდილოეთ კავკასიაში კისლოვოდსკის დეკლარაციის შესაბამისად მიმდინარეობდა. მე ხაზი მინდა გავუსვა ჩვენი - საქართველოს საინფორმაციო საშუალებების და განსაკუთრებით რუსეთის საინფორმაციო საშუალებების საყურადღებოდ, რომ აქ ახალი არაფერი არ არის. თუ ჩვენ ოთხი პრეზიდენტის კისლოვოდსკის შეხვედრა იმისათვის გავმართეთ, რომ ლამაზი დეკლარაცია მიგვეღო და ამით დაგვემთავრებინა ყველაფერი, მაშინ ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ასეთი ყოველდღიური, ჩაღრმავებული მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ეს დეკლარაცია მხოლოდ საინტერესო და ლამაზი იდეების დეკლარირებად არ დარჩეს.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეებს არა მარტო მხურვალე მხარდამჭერები, არამედ აშკარა მოწინააღმდეგენიც ჰყავს. და, ხანდახან კავკასიაში გამადიდებელი მინით ეძებენ წინააღმდეგობებს, რაც გააღრმავებს და კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას. არიან ასეთი ძალები და არიან ასეთი წრეებიც.
საქართველო არ შეიძლება გულხელდაკრეფილი ელოდებოდეს მოვლენების შესაძლო ნეგატიურ განვითარებას. ეს სამხრეთ კავკასია იქნება, ამიერკავკასია თუ ჩრდილოეთ კავკასია, ჩვენი მეზობლები, ესე იგი რუსეთი. ამ შეხვედრების ერთადერთი მიზანი კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება გახლავთ. ამ მხრივ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელმძღვანელებთან დიალოგი, რომელიც სრულიად არ მომხდარა რუსეთის ზურგს უკან, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია (და ეს დაუშვებელიც იქნებოდა), უდავოდ ახალი ნაბიჯია „მშვიდობიანი კავკასიისათვის“ ჩვენს საყოველთაო მოძრაობაში.
ვ. ნადიბაიძეს ჰქონდა აგრეთვე სავსებით კონკრეტული ამოცანაც: ჯერ ერთი, განეხილა ჩვენს მეზობლებთან კონფლიქტების მოწესრიგების პერსპექტივა, მათ შორის მდგომარეობა აფხაზეთში. ამავე დროს ხელი შეუწყოს რუსი და ქართველი ჟურნალისტების ტყვეობიდან დახსნას. თუ გნებავთ, პირდაპირ გითხრათ, კონკრეტული დავალებებით გაემგზავრა იმისათვის, რომ მოსინჯოს, რის გაკეთება შეიძლება ჟურნალისტების სწრაფად განთავისუფლებისათვის. ქართველმა ჟურნალისტებმაც გააკეთეს რამდენიმე მომართვა ამის შესახებ და ესეც რომ არ ყოფილიყო, ჩვენც უნდა გვეფიქრა ამაზე.
- უკვე ორ კვირაზე მეტია შიმშილობენ საპარლამენტო ფრაქცია „აფხაზეთის“ წარმომადგენლები. მათი მოთხოვნები, საყოველთაოდ ცნობილია. პარლამენტი, ალბათ, განიხილავს ამ საკითხს. თქვენ უკვე გამოხატეთ პოზიცია ამ აქციის დაწყებისთანავე. ხომ არ დაამატებდით რაიმეს?
- მე უბრალოდ შეგახსენებთ, რაც არაერთხელ მითქვამს: სანამ აფხაზეთის კონფლიქტს არ მოვაგვარებთ და მოსახლეობა აფხაზეთში არ დაბრუნდება. მეც ლტოლვილთა რიგებში და ლტოლვილად მიგულეთ-მეთქი. მოშიმშილეებთან მისვლით ჩემი სოლიდარობა გამოვხატე ამ ჯგუფის მიმართ.
როგორც ცნობილია, მარტის ბოლოს დაგეგმილია თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა. ჩვენი მოთხოვნაა სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლა, საკონტროლი ზონის გაფართოება ენგურიდან ღალიძგამდე. იგულისხმება, რომ სამშვიდობო ძალები ენგურიდან ღალიძგის გასწვრივ გადაინაცვლებენ. ასეთია ჩვენი მოთხოვნა.
თავდაცვის მინისტრების საბჭო ჩვენს წინადადებებს დაეთანხმა. შემდეგ უნდა გაიმართოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, შემდეგ მთავრობის მეთაურებისა და შემდეგ უმაღლესი დონის შეხვედრა.
თუ უმაღლესი დონის შეხვედრა არ მიიღებს ამ პროექტს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და რომელიც მოიწონა თავდაცვის მინისტრების საბჭომ, ბუნებრივია, რუსეთის სამშვიდობო ძალების მისიის გაგრძელებას აზრი ეკარგება. აქ მე სავსებით ვეთანხმები ამ აქციის მონაწილეთ და სხვებსაც.
ამავე დროს კარგად მესმის, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანა სრულიად ახალ გარემოსა და ახალ სიტუაციას ქმნის კონფლიქტის ზონაში. აქ ძალიან დიდი სიფრთხილე, წინდახედულება, მე ვიტყოდი, სიბრძნე და უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვმართებს ქვეყნის ხელმძღვანელობას. მე მხედველობაში მყავს არა მარტო პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი და საქართველოს თითოეული მოქალაქე.
ვიცი, რომ მოსკოვში შეხვედრამდე დანიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის შეხვედრა. მჯერა, რომ ორი პრეზიდენტი აუცილებლად განიხილავს კავკასიის კონფლიქტების დაჩქარებული მოწესრიგების გზებს.
ასეთი მოთხოვნა ორივე მხარის მისამართით მე არაერთხელ გამომითქვამს სხვადასხვა არხებით.
მე ასევე მინდა ახლა ხაზი გავუსვა იმას, რომ მხარს ვუჭერ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებისადმი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის წერილის იდეებს და, ვფიქრობ, კავკასიის კონფლიქტის დაჩქარებული მოგვარება ამიერკავკასიის ყველა ქვეყნის, კავკასიის ხალხების ინტერესებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლის - სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებსაც, და ამიტომ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ პროცესის დასაჩქარებლად.
- ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვენ მძაფრი განცხადება გააკეთეთ თურქეთის თევზსაჭერ სეინერთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო. თურქეთის ელჩმა თევფიქ ოქიაიუზმა ხაზგასმით აღნიშნა, ამ საკითხს თურქეთის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავსო. და მაინც ეს ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის ცნობილი მესამე ფაქტია, როცა რუსი მესაზღვრეები არღვევენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ელემენტარულ ნორმებს. ჯერ იყო ეს უკრაინასთან დაკავშირებით - ეძებდნენ კონტრაბანდას. ამას მოჰყვა ორჯერ თურქეთი, როცა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად და გაუფრთხილებლად ცეცხლი გახსნეს...
- მე კვლავ მინდა ჩვენი საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყრო ნიუანსს, რომელიც რატომღაც ზოგიერთს მხედველობიდან გამორჩა მომხდარ ინციდენტზე მსჯელობისას. და, სხვათა შორის, თუ ამ ინციდენტს მე ასეთი პრინციპული შეფასება მივეცი ახლა და მწვავედ ვიხილავ ამ პრობლემებს, არა მარტო იმიტომ, რომ კიდევ იყო ასეთი გაუმართლებელი მოქმედების ორი შემთხვევა, არამედ იმიტომაც, რომ არის ისტორიის მწარე გამოცდილება - ცნობილია, რომ ასეთი ინციდენტი ხშირად დიდი კატასტროფით დამთავრებულა ხოლმე, სერიოზული კატასტროფით, ლამის საქმე სახელმწიფოთაშორის შეჯახებამდეც კი მისულა. კატარღებმა მართლაც დაარღვიეს საქართველოს საზღვარი და რამდენიმე მილით საქართველოს ტერიტორიული წყლების სიღრმეში შემოვიდნენ - ეს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა იყო, მაგრამ იმის ბუნებრივი კითხვა: ამ შემთხვევაში რუსეთის მესაზღვრეებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და ორმხრივი ხელშეკრულების შესრულების სურვილი თუ ამოძრავებდათ, მაშინ რატომ არ მოქმედებენ ისინი ანალოგიურად ასეთი პრინციპულობით, ასეთი შეუპოვრობითა და ასეთი ოპერატიულობით საქართველოს ტერიტორიული წყლების იმ მონაკვეთზეც, რომელზეც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვრცელდება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. აფხაზეთის ზღვის სანაპიროს აგრესორ-სეპარატისტები აკონტროლებენ. ჩვენ არაერთგზის მივმართეთ რუსეთის მხარეს თხოვნით, აღეკვეთა უკანონო მიმოსვლა აფხაზეთის მიმდებარე წყლებში, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭომ მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება. ასეთივე დადგენილება აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლებასაც. რაც ყველაზე საყურადღებო და ნიშანდობლივია, აფხაზეთის რეგიონში უცხო ქვეყნის გემები არათუ მხოლოდ თევზის რეწვას ეწევიან, არამედ კვირაში რამდენჯერმე შედიან (საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე) აფხაზეთის ნავსადგურებში.
რუსეთის სასაზღვრო ჯარები კვლავინდებურად უგულებელყოფენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ელემენტარულ ნორმებს. ბუნებრივია, ორივე მხარის მოვალეობაა შექმნილი მდგომარეობა სერიოზულად გავიაზროთ და, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად გარკვეულ გამოსავალსაც მოვძებნით. და კიდევ ერთ ელემენტს დავუმატებდი ნათქვამს: სიმართლეს არ შეეფერება ის განცხადება, რომ თურქეთის მხარეს არავითარი პრეტენზია არა აქვს სასაზღვრო ნაწილების მიმართ და ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ნოტაში, რომელიც ელჩმა ოქიაიუზმა გადმომცა, ნათქვამია, რომ თურქეთი იტოვებს უფლებას პრეტენზიები წაუყენოს საქართველოს მატერიალური და მორალური ზარალისათვის, რომელიც ამ ქვეყანამ განიცადა. ასეთია ჩემი კომენტარი. დიდი სურვილი მაქვს, რომ მსგავსი აღარაფერი განმეორდეს. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და ასეთი უკიდურესი ზომების მიღება ეწინააღმდეგება, სხვათა შორის, იმ ძირითად დებულებებს, რომლებსაც შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს.
ესე იგი იგულისხმება, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს საქმის კურსში მის მიერ უნდა იყოს ეს სანქცირებული.
- სხვათა შორის, ეს ინციდენტი სხვა მხრივაც იყო საყურადღებო დღეს, რომ საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, არადა ბოლო დროს მიღწეულმა სტაბილურმა ფონმა განაპირობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური სტრუქტურების დახმარება და ინვესტიციები, იგივე ნავთობსადენი და ასე შემდეგ. ძალიან ადვილი გასაგები და მისახვედრია, რომ ეს ყველას ინტერესებს არ შეესაბამება, როგორც ჩვენი ქვეყნის გარეთ, ისევე, სამწუხაროდ საქართველოშიც. ბოლო ხანს ასეთი აზრი ვრცელდება საქართველოში მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა და დესტაბილიზაცია...
- მე მცირე კომენტარს გთავაზობთ ალბანეთის მოვლენასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ ფაქტს სერიოზული დაფიქრება სჭირდება.
ეს მწარე გაკვეთილია იმ ერებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, რომლებიც დემოკრატიული განვითარებით გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან. ალბანეთის ტრაგიკულ მოვლენებს პირველი დღიდან ვადევნებ თვალს. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება თითქოს, როგორ სრულიად უმნიშვნელოდ, მარტივად, დაიწყო ყველაფერი და სულაც არ იყო მოსალოდნელი ის გრიგალი, რომელიც, ასე ვთქვათ, ყველაფერს დაანგრევდა და წალეკავდა.
თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ დემოკრატიის, სტაბილურობის, პროგრესის იმ ყლორტებს, ამ 2-3 წლის განმავლობაში, რომ ამოიზარდა საქართველოში, მაგრამ რომლებსაც საერთო-სახალხო მზრუნველობა სჭირდებათ, რადგანაც ეს ჯერ ყლორტებია და საბოლოო შენობა არ არის აგებული.
საქართველომ იმდენი ტკივილი და უბედურება გადაიტანა ბოლო წლების განმავლობაში, რომ ღრმად მჯერა, ჩვენი ხალხი არასდროს არ დაუჭერს მხარს იმ ძალებს, რომლებიც ამღვრეულ წყალში თევზის ჭერას არიან მიჩვეული. ესე იგი საქართველო არის და დარჩება სტაბილურ, სწრაფად განვითარებად ქვეყანად, რომელიც მჯერა, მალე მოიშუშებს ჭრილობებს და ტერიტორიულ მთლიანობასაც მალე აღიდგენს. სწორედ ასეთი სულისკვეთებით, ასეთი პროცესებით არის განპირობებული ის, რომ ჩვენი ქვეყანა საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო ასპარეზზე - იქნება ეს ევროპა თუ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებანი, ეკონომიკური დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა და, ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავკარგოთ ეს უზარმაზარი კაპიტალი, რომელიც ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა შეიძინა სწორედ ამ ჭირთათმენისა და სწორი კურსის არჩევის შედეგად. ამის დაკარგვა დანაშაული იქნებოდა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე.
საქინფორმი.
„თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ დემოკრატიას, სტაბილურობას, პროგრესის იმ ყლორტებს, ამ ორი-სამი წლის განმავლობაში რომ ამოიზარდა საქართველოში“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მარტი. - №62 (2435). - 1,2 გვ.
![]() |
35 საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი |
▲ზევით დაბრუნება |
სულით ხორცამდე შემძრა მომხდარმა კატასტროფამ, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათს ღრმა მწუხარებას.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მარტი. - №62 (2435). - 1 გვ.
![]() |
36 „საერთაშორისო ურთიერთობაში მიღწეული პოზიტიური ძვრები კიდევ უფრო რეალურს გახდის ლოკალური კონფლიქტების დაძლევაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა როლის გააქტიურებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
24 მარტის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით აღინიშნა, რომელთა შესახებ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს. და, საერთოდ, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისადმი ინტერესი, ალბათ, იმდენად დიდია, რომ გახშირდა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტრუქტურების წარმომადგენელთა ვიზიტები. განვლილ კვირაში საქართველო უკვე მოექცა ევროპის რესტრუქტურიზაციისა და განვითარების ბანკის ყურადღების ცენტრში და საქართველოს ამ ბანკის პრეზიდენტი ბატონი ჟაკ დე ლაროზიე ეწვია, გაიმართა მრავალი საინტერესო შეხვედრა და სტუმარი საქართველოდან დადებითი შთაბეჭდილებით გაემგზავრა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ჩვენი საუბარი კვლავ ეკონომიკური პრობლემებით იწყება და ეს სავსებით გასაგებია.
ეკონომიკური პოტენციალის ხელსაყრელი გამოყენების მიზნით ჩვენთან საქმიანი კავშირურთიერთობის გაფართოებას სულ უფრო მეტად ესწრაფვიან როგორც საერთაშორისო სტრუქტურების, ისე კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის სტაბილურობა, საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღება და ნებისმიერი ერთობლივი პროექტის განხორციელების ხელშემწყობი პირობები.
ძალზე მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ბატონ ჟაკ დე ლაროზიეს პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისში.
1994 წლიდან დღემდე ევრობანკს საქართველოში დამტკიცებული აქვს და ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც არის საქართველოს ენერგოსისტემის რეაბილიტაცია (შეგახსენებთ იმ 18-მილიონიან კრედიტს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ენერგოსისტემის რეაბილიტაციის დაწყებას), თბილისის აეროპორტის მოდერნიზება, რომელიც უკვე დამთავრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად საბანკო სექტორისათვის საკრედიტო ხაზების გახსნა. ამასთანავე იგი არის საერთაშორისო შავი ზღვის კომერციული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ჩვენს ქვეყანაში ევრობანკის საქმიანობის გაფართოების თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო 1996 წელი - დაიწყო მუშაობა ფინანსური, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის მოპოვების, უძრავი ქონებისა და აგრობიზნესის სექტორების პირდაპირი ინვესტირებისათვის.
ჩემი და ბატონ ლაროზიეს შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევრობანკი კვლავაც გააგრძელებს კომერციული ბანკებისათვის საკრედიტო ხაზების გამოყოფის პროცესს, მონაწილეობას მიიღებს კავკასიის საინვესტიციო ფონდის შექმნასა და საშუალო და მსხვილ საწარმოთა პრივატიზაციის განხორციელებაში. სხვათა შორის, კავკასიის ამ ფონდის პირველი საწყისი ეტაპის კაპიტალის მოცულობა 15 მილიონი დოლარი იქნება და შემდეგ ეს თანხა, ბუნებრივია, თანდათანობით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისეთი დიდი პროექტების რეალიზაცია, როგორიც არის „ტრასეკას“ პროექტის ფარგლებში ჩვენი ნავსადგურების - ფოთის ან ბათუმის სარკინიგზო-საბორნე მაგისტრალის, ტერმინალების რეკონსტრუქცია და სხვა, რომელთა დაფინანსებაში სხვა მსხვილ ინვესტორთა მოზიდვაც შესაძლებელია, მაგრამ ევრობანკს ამ თვალსაზრისით უნიკალური როლის შესრულება შეუძლია.
შედეგიანი იყო პრეზიდენტის შეხვედრა აგრეთვე ამერიკული ნავთობკომპანიის „ჰაუ-ბეიკერის“ ხელმძღვანელობასთან. დადგა ჯერ კიდევ შარშან დასახული ერთობლივი პროექტების ხორცშესხმის დრო, და თუ კვლევის, საბადოების ძიებისა და სხვა სამუშაოების შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივის საქმეა, არსებული საბადოების მომზადება და მათი ექსპლოატაციის დაწყება, მიტოვებული ჭაბურღილების ამოქმედება უკვე შესაძლებელია. ასეთი გამოცდილება ჩვენში უკვე გვაქვს. საშური საქმეა ასევე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია, ხაშურ-ბათუმის მილსადენის საბოლოო აღდგენა და მრავალი სხვა.
ქართული მანგანუმის (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა) საწარმოებისა და რეალიზაციის სფეროში პარტნიორობას გვთავაზობს მსოფლიოში უდიდესი მანგანუმის მწარმოებელი, სამხრეთ აფრიკის კორპორაცია „სამარკონი“, რომელზეც მსოფლიოში ლითონური მანგანუმის წარმოების 40 პროცენტი, ხოლო მაღალი ხარისხის მანგანუმის წარმოების 30 პროცენტი მოდის. ამ მართლაცდა საიმედო პარტნიორთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მსოფლიო ბაზარზე ქართული მანგანუმის დამკვიდრებას. მინდა გითხრათ, რომ ეს ფირმა საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე გამოჩნდა და მაშინვე სურდა კავშირურთიერთობის დამყარება. მაგრამ ამ წლებისათვის დამახასიათებელმა არეულობამ, რა თქმა უნდა, დააფრთხო ისინი და კვლავ გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სტაბილურობას მიაღწია.
მნიშვნელოვნად წაადგება საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას საფრანგეთის საკრედიტო - კომერციული ბანკის დელეგაციის, ასევე საფრანგეთის ლუდისა და ნაყინის წარმოების ჯგუფის პრეზიდენტის საქმიან წინადადებათა რეალიზაცია.
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, საქართველოს, როგორც ინვესტიციათა ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯის ჩამოყალიბების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს პრეზიდენტთან უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომლის შესახებაც ჩემი განკარგულების პროექტი განხილული იყო მთავრობის სხდომაზე.
საბჭო მოწოდებულია საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირებისათვის შეიმუშაოს სწორი საინვესტიციო პოლიტიკა, განსაზღვროს შესაბამისი ეკონომიკური და იურიდიული საფუძვლები და პირობები, კოორდინაცია გაუწიოს ამ სფეროში საქმიანობის განვითარებასა და გაღრმავებას და სხვა. სხვათა შორის, ეს არის საერთო აზრი იმ ინვესტორებისა და ასევე ჩვენი ბიზნესმენებისა, რომლებსაც ინვესტიციები, გრანტები და უცხოური დახმარება აინტერესებთ. ჩვენ გვიან, მაგრამ მაინც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს პრობლემები პრეზიდენტთან უნდა იყოს კონცენტრირებული.
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ აგრეთვე კანონპროექტები „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკის შესახებ“.
პრივატიზაციის შესახებ მოქმედი კანონი სრულიად ვეღარ ასახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის თანამედროვე ეტაპის მოთხოვნებს. ახალ კანონპროექტში ასახულია ბოლო წლების მანძილზე ამ სფეროში შეძენილი გამოცდილება, განვრცობილია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფორმები, ჩამოყალიბებულია პრივატიზების ძირითადი პირობები და პრინციპები, დადგენილია პრივატიზაციის პროცესის რეგულირების ახალი ნორმები, რამაც საშუალება უნდა მოგვცეს ოპერატიულად წარვმართოთ განსახელმწიფოებრიობის პროცესი, დავაჩქაროთ მისი ტემპი, რა თქმა უნდა, დასაშვებ ფარგლებში.
„ელექტროენერგეტიკის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებაც ამ დარგში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შედეგად მისი რეგულირებისა და მართვის ახალმა მოთხოვნებმა განაპირობა, რომლებსაც ვეღარ არსულებს მოქმედი კანონი „ენერგეტიკის შესახებ“.
ახლა რაც შეეხება ბიუჯეტის შევსების შესახებ შექმნილ ოპერატიულ სიტუაციას. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ იგი უკავშირდება ხელფასებს, პენსიებს და ასე შემდეგ. 21 მარტისათვის ვითარება ასეთია: საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტისათვის 18 მილიონი ლარი შეაგროვა. მარტში ჩამოყალიბებული ყოველდღიური შემოსავლის ტემპი საგადასახადო სამსახურს აძლევს საშუალებას ივარაუდოს, რომ თვის საგეგმო დავალება შესრულდება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყოველმიზეზგარეშე შესრულდეს კვარტლის დავალებანი, რისთვისაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ მუშაობა თბილისში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. მივმართავ ამ რეგიონების ხელმძღვანელებს, საგანგებო ზომები განახორციელონ დარჩენილ დღეებში.
საბაჟო დეპარტამენტიდან ამ პერიოდისათვის ბიუჯეტში გადარიცხულია 6,7 მილიონი ლარი, რაც წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი კვარტლის დავალებათა შესასრულებლად. ბატონი აბულაძე მარწმუნებს, კვარტლის დავალებანი შესრულდებაო.
მე კვლავ და კვლავ დავუბრუნდი ეკონომიკის, ფინანსების სფეროს, ბიუჯეტის პრობლემებს, რადგან სწორედ ეს პრობლემებია, რომელთა დადებითი გადაწყვეტა შეგვაძლებინებს ეკონომიკურად გავაძლიეროთ ქვეყანა, ავამაღლოთ მისი თავდაცვისუნარიანობის დონე, სწრაფად აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და საგრძნობლად გავაუმჯობესოთ საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების პირობები.
- დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია განვლილ კვირაში გამართული ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ჰელსინკის შეხვედრა. ამდენად, ეკონომიკის თემის შემდეგ ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. ელცინი მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთში, მაგალითად, ზიუგანოვმა. მეორე მხრივ, რუსეთის გარკვეული წრეები პირიქით მიესალმებიან ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან...
- ელცინი-კლინტონის შეხვედრა, რა თქმა უნდა, დღევანდელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. შედეგები, ვფიქრობ, იმედისმომცემია. როგორიც უნდა იყოს და რომელი მხარეც უნდა აკრიტიკებდეს პრეზიდენტებს, მე მაინც მიმაჩნია, რომ უაღრესად იმედისმომცემია და მთავარი დასკვნა ის გახლავთ, რომ, რაოდენ რთულიც უნდა იყოს გადასაწყვეტ პრობლემათა კომპლექსი, ჩვენს პლანეტაზე პოლიტიკური კლიმატის გლობალური დათბობის პროცესი შეუქცევადია და ამ მხრივ, ცივი ომის დამთავრებისათვის ბრძოლის ეპოქაში დაგროვილი გამოცდილება უნიკალურია. დაწყებული ისტორიული საქმე გრძელდება და მე ორივე პრეზიდენტის მუშაობის შედეგებს მივესალმები და ვულოცავ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.
ჩემი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობაში მიღწეული პოზიტიური ძვრები კიდევ უფრო რეალურს გახდის ლოკალური კონფლიქტების დაძლევაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა როლის გააქტიურებას, აამაღლებს მათს პასუხისმგებლობას, მსოფლიოსა და ევროპის უშიშროების სტრუქტურების საქმიანობის ეფექტიანობას. ეს დებულება, რა თქმა უნდა, უშუალოდ უკავშირდება აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესის დაჩქარებას, საერთოდ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებას.
- რაც შეეხება კავკასიის პრობლემებს, განვლილ კვირაში კვლავაც ყურადღების ცენტრში იყო აფხაზეთის თემა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ბოლო პერიოდში რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ გაკეთებული განცხადება. მათი თქმით, მოსკოვის სამიტზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ისინი შეასრულებენ - იგულისხმება მდინარე ღალიძგაზე გადასვლა. ასევე საგულისხმოა იმავე სამშვიდობო ძალების განცხადება იმის თაობაზე, რომ, ლტოლვილების გალში დაბრუნებამდე ამთავითვე უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება გალის მთავრობის შემადგენლობა: იქნება ეს კოალიციური მთავრობა, თუ იქ სიტუაციას სამშვიდობო ძალების კომენდატურა გააკონტროლებს. ეს მრავალმხრივ საყურადღებო განცხადება იყო. და, ბოლოს, აღსანიშნავია ყურადღება, რომელსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იჩენს კვლავ ამ კონფლიქტისადმი. ვგულისხმობ ბატონ ლამენტოვიჩის ვიზიტს, რომელმაც ბევრი კრიტიკული განცხადება გააკეთა, კრიტიკულად შეაფასა იგივე სამშვიდობო ძალების მოქმედება და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ასეთი ფრაზა კი ითქვა: სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონიდან არ უნდა გავიდნენო. და კიდევ ერთი მომენტი აფხაზეთთან დაკავშირებით: ამ კვირაში მოსალოდნელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელზეც ასევე აფხაზეთის კონფლიქტი და სამშვიდობო ძალების ყოფნა-არყოფნის საკითხი იქნება ერთ-ერთი თემა...
- ალბათ, ყველა იმ პრობლემასა და კითხვაზე, რომლებიც თქვენ დააყენეთ, კომენტარი ცოტა რთულია, რადგან მთავარი საკითხი მაინც თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი დონის შეხვედრაა, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიმართება და სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული სამშვიდობო ძალების, ასე ვთქვათ, ყოფნა-არყოფნის და მათი ახალი ფუნქციის ბედი. როგორც მოგეხსენებათ, ასევე დიდი დონის შეხვედრებზე არაერთხელ მიეცა პრინციპული შეფასება აფხაზეთის კონფლიქტს, მის გამომწვევ მიზეზებსა და ტრაგიკულ შედეგებს. მარტის სამიტმა პრაქტიკულად, სამშვიდობო ძალების ახალი მანდატი უნდა მიიღოს. ეს განსაკუთრებით ეხება საკონტროლო ზონის გაფართოებას, და ამ ფარგლების შესახებ უკვე არაერთხელ იყო ლაპარაკი. თუ ასე არ მოხდა, ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგება საქართველოს პარლამენტის მიერ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, სავსებით დასაბუთებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილების შესრულება.
რაც შეეხება ბატონ ლამენტოვიჩის განცხადებებს, მისი მოსაზრებანი ანგარიშგასაწევია. მე იგი მივიღე, ვესაუბრე, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, იგი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ანგარიშგასაწევია, უწინარესად, იმიტომ, რომ იგი ევროპის უშიშროების სტრუქტურების საკმაოდ თვალსაჩინო წარმომადგენელია და ამასთან მისი გულწრფელი სურვილია, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოკვეთილად აქტიური როლი შეასრულოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.
- და ბოლოს, ასეთი შეკითხვა: როგორია თქვენი აზრი მოვლენებზე, რომლებიც ამ ბოლო ხანს ხდება ალბანეთში, თვის ბოლოს რუსეთში მოსალოდნელ გაფიცვებზე, გარკვეულ არეულობებზე ბელორუსიაში, არეულობის მცდელობაზე თბილისში და ასე შემდეგ... სამწუხაროდ, ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. პოსტსოციალისტური და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოური ქვეყნების პრობლემა ძალიან ხშირად სტაბილურობის პრობლემა ხდება ხოლმე. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ქვეყნები სახელმწიფოებრივი მშენებლობის ჩამოყალიბების პროცესში არიან? თუ სხვა მიზეზებიც არის?
- მე ასე გიპასუხებდით: რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ყველაფერი მხედველობაშია მისაღები და ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ. თქვენ იცით, რომ რუსეთი საკმაოდ მძიმე გამოცდას აბარებს. შეიძლება სხვა მოვლენებიც ჩამომეთვალა, მაგრამ მე განსაკუთრებით ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგანაც რუსეთის სტაბილურობით საქართველოც, სხვა მეზობელი ქვეყნებიც და მთელი მსოფლიოც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული. მხედველობაშია მისაღები საკუთარი ტრაგიკული გამოცდილება. რა დაგვავიწყებს იმ სისხლიან კონფლიქტებს, მოძმეთა შორის შეტაკებებს, ნგრევას, ეკონომიკურ სრულ მოშლას. და ყველაფერი ეს გუშინ იყო. ეს ორი წელია ქვეყანა იშუშებს ამ უმძიმეს ჭრილობებს. ჩვენ სტაბილურობას, ქვეყნის აღმავლობის გზას დავადექით, პირველ შედეგებსაც მივაღწიეთ, რომლებსაც ჩვენი მოქალაქენიც აფასებენ და ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორებიც. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს მართლაცდა დიდი მომავალი აქვს, არჩეული გზის რეალური, კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები შორს აღარ არის. მთავარია, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც უკვე მივაღწიეთ, ესე იგი, - ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიულ მონაპოვრებს, წესრიგს, პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, არავის არ მივცეთ საშუალება ქვეყანა კვლავ დაპირისპირებისა და სიძულვილის ჭაობში ჩაითრიოს. და ასეთი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ გვმართებს მეტი წინდახედულება, მეტი სიბრძნე და მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მთელს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.
საქინფორმი.
„საერთაშორისო ურთიერთობაში მიღწეული პოზიტიური ძვრები კიდევ უფრო რეალურს გახდის ლოკალური კონფლიქტების დაძლევაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა როლის გააქტიურებას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 მარტი. - №68 (2440). - 1,2 გვ.
![]() |
37 „აფხაზ სეპარატისტთა მიერ რუსეთის საშუამავლო როლის უგულებელყოფა, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარის თქმა, თანამეგობრობის ქვეყნების იგნორირება კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს ვისთან გვაქვს საქმე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
31 მარტის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, უდავოდ, თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების მოსკოვის სამიტი იყო, რომელზეც მიღებულია ორი დოკუმენტი აფხაზეთის თემაზე და რომელმაც თანამეგობრობის უკვე მეხუთე წლისთავზე იმსჯელა მისი ფუნქციებისა და შიდაინტეგრაციული პროცესების შესახებ. აფხაზეთის გამო მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აფხაზთა მხარის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მოეწყო გარკვეული აქციები, განცხადებები გააკეთეს როგორც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ასევე პარლამენტის სპიკერმა ჯინჯოლიამ... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- უდავოდ სწორია, რომ რადიომსმენელებთან ჩვენი დღევანდელი საუბარი მოსკოვის შეხვედრით იწყება. როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვის სამიტი თანამეგობრობის ხუთი წლისათვის დაემთხვა, ამიტომაც დისკუსია დაკავშირებული იყო არა მარტო კონკრეტულ პრობლემებთან, არამედ თავად თანამეგობრობის მიერ განვლილი გზისა და მისი პოტენციალის კონცეპტუალურ გააზრებასთან, ანალიზთან და დასკვნებთან.
ამავე დროს, სახელმწიფოთა მეთაურები იმით ვხელმძღვანელობთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანამეგობრობის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მშენებლობის უნიკალური გზა გაიარა და თანამეგობრობას ისინი იმდენად უწევენ ანგარიშს, რამდენადაც ეს რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია მათი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ეკონომიკური აღმავლობის პროცესების დაჩქარების გარანტიებს ქმნის.
სწორედ ასეთი კონტექსტით იყო განხილული ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი კონცეფცია, რომელიც წინა პროექტთან შედარებით, უდავოდ, წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, საქართველომ პრინციპული ხასიათის შენიშვნები გამოთქვა, რომელთა დედააზრი ის გახლათ, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალში ხელშეკრულების იმ მუხლებსა და დებულებებს შეუერთდება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობასა და საქართველოს მიერ საერთაშორისო და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებში ნაკისრ ვალდებულებებს. ესე იგი, ჩვენ ინტეგრირების ისეთ პრინციპებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
და, კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც თითქმის ყველა ორატორი ხაზგასმით აღნიშნავდა, ის გახლავთ, რომ თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს წევრ სახელმწიფოთა შორის ორმხრივ და მრავლმხრივ ურთიერთობათა განვითარებას, და ამ პროცესს უნდა განვიხილავდეთ როგორც გლობალური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს. ამავე დროს, თანამეგობრობა, მისი ფუნქციონირება უნდა ეყრდნობოდეს მსოფლიოს ინტეგრაციულ კანონზომიერებებს, იზიარებდეს იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კი ევროპაში დაგროვდა.
ჩემს გამოსვლაში დახურულ სხდომაზე (ეს არავითარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს) მე სხვა საკითხებთან ერთად სწორედ ხაზი გავუსვი იმას, რომ აუცილებელია ორმხრივი და რეგიონული კავშირურთიერთობის თავისებურებათა გათვალისწინება. თუ რამდენიმე სახელმწიფომ, ვთქვათ, ტვირთს ტრანსპორტირების სფეროში ხელი მოაწერა შესაბამის ხელშეკრულებას, ეს არ უნდა იყოს მიჩნეული როგორც რაღაც ახალი „ღერძებისა“ თუ ბლოკების შექმნის საფრთხე. ან რას უნდა ნიშნავდეს ისტერიამდე მისული გაღიზიანება, რომელიც ნავთობსადენების მიმართულებათა არჩევას უკავშირდება? ნავთობსადენი გაივლის იმ მარშრუტით (მე ამაზე უკვე ვილაპარაკე), ან მარშრუტებით, რომლებიც უფრო იაფი, უსაფრთხო და ხელსაყრელი იქნება. ანდა, რატომ უნდა გამოირიცხოს ასეთი დიდი მარაგის გამოტანის ორი ან თუნდაც სამი მიმართულება? საკითხის ამგვარად დაყენებას პრეზიდენტები გაგებით და მოწონებით ხვდებიან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უშიშროებას, რაც, უწინარესად, იმ მოთხოვნით გამოიხატა, რომ დადგა დრო, ბოლოს და ბოლოს, აღიკვეთოს კონფლიქტები როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე სახელმწიფოთა შიგნით, განსაკუთრებით მაშინ, რომ საფრთხე ექმნება ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ყოველივე ამას ბოლო უნდა მოეღოს. მეთაურთა შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ თუ თანამეგობრობა თავს ვერ გაართმევს თანამედროვეობის ამ უმწვავესი საკითხების გადაწყვეტას, იგი არავის არ სჭირდება. პრინციპულად, მოწონება დაიმსახურა წინადადებამ, რომ შეიქმნას, ასე ვთქვათ (ჯერჯერობით ეს მხოლოდ მონახაზია), ავტორიტეტიანი, ყველა სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი სტრუქტურა, რომელიც კონფლიქტების მიზეზთა შესწავლასა და მათი დაძლევის პრობლემებზე იმუშავებს. შეიძლება, ეს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული იდეა გახდეს. შემდგომ შეხვედრებზე ჩვენ ამას აუცილებლად დავუბრუნდებით.
ახლა მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, და განსაკუთრებით, ლტოლვილებს.
უმაღლესი დონის შეხვედრაზე მივიღეთ სამშვიდობო ძალების ახალი მანდატი და სპეციალური დოკუმენტი აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ითქვა პრესკონფერენციაზე, მათ შორის, თქვენს წუხანდელ გადაცემაშიც ამ მანდატის თავისებურებებსა და მის არსზე, მე მაინც მოვალედ ვთვლი თავს შევეხო ამ საკითხს. ამ დოკუმენტში, ესე იგი, არა მანდატში, არამედ მიღებულ განცხადებასა და დოკუმენტში, გამოხატული ლისაბონის სამიტის შეფასებათა სრული მხარდაჭერა (როგორც მოგეხსენებათ, ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრამ აფხაზეთის მოვლენები შეაფასა როგორც ეთნოწმენდა და ქართველი მოსახლეობის გამოდევნა-გაჟლეტა); როგორც თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა გასული წლის იანვრის შეხვედრაზე აღინიშნა, სეპარატისტული რეჟიმის იზოლირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თქვენ გახსოვთ, შარშან იანვარში ძალიან პრინციპული და უაღრესად მკაცრი რეზოლუცია მიიღეს უმაღლესი დონის შეხვედრაზე. ეს ერთგვარი ანალიზი არის იმის, და ნათქვამია, რომ იგი ცარიელი ქაღალდი არ იყო და ამ გადაწყვეტილებამ სერიოზულად იმუშავა.
ახლებურად და პრინციპულად აისახა მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მაგრამ, მანამდე მე უფრო მთავარს ვიტყოდი, უფრო პრინციპულ ცვლილებას, და ეს ის გახლავთ, რომ უნდა გაფართოვდეს საკონტროლო ზონა, რომელიც ორმხრივია და 12 კილომეტრია ერთი მხრივაც და მეორე მხრივაც - ენგურის გაღმაც და გამოღმაც. საკონტროლო ზონა ამჯერად მოიცავს მთელ გალის რაიონს მის ძველ საზღვრებში, სადაც კონფლიქტამდე 100 ათასამდე კაცი ცხოვრობდა. როგორც ვთქვი, ახლებურად და პრინციპულად აისახა მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამშვიდობო ძალების შტაბი განლაგდეს უშუალოდ გალის რაიონში, ან მასთან ახლოს. განისაზღვრა, ერთი თვის განმავლობაში დამუშავდეს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების გეგმა, შემუშავდეს შესაბამისი ინსტრუქცია, განისაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა და დაიწყოს უსაფრთხო დაბრუნების რეალური პროცესი.
მე ყველა რადიომსმენელს ვთხოვ, თვალი გაადევნოს, როგორ ვითარდება მოვლენები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით: გავიხსენოთ უშიშროების საბჭოს პირველი, საკმაოდ უფერული რეზოლუციები, შემდეგ ბუდაპეშტისა და ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრა პრინციპული მიდგომები ეთნოწმენდისა და მოსახლეობის მასობრივი გაჟლეტისადმი, ესე იგი, გენოციდის აღიარება, ამ ბოლო დროს თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა გადაწყვეტილებანი რეჟიმის იზოლაციასთან დაკავშირებით და, ბოლოს, 28 მარტს მიღებული დადგენილება საკონტროლო ზონის გაფართოებისა და გალის რაიონში მოსახლეობის მასობრივად დაბრუნების მოთხოვნითა და გადაწყვეტილებით.
იოლი არ იქნება ახალ მანდატში გათვალისწინებული პრინციპების შესრულება. რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი. მაგრამ ეს შესაძლებელია. ისიც მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი ბატონი ნადიბაიძე დარჩა მოსკოვში. მე რა თქმა უნდა, მქონდა ამ თემაზე საუბარი ბატონებთან როდიონოვთან, სამსონოვთან, პრიმაკოვთან, და ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტთან, რაზეც კიდევ ვილაპარაკებ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამ ინსტრუქციის დამუშავებაზე, თუ რა წესით უნდა დაიწყოს მოსახლეობის უსაფრთხო, ვიმეორებ, უსაფრთხო დაბრუნება. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმას (ეს თქვენი კითხვის შემადგენელი ნაწილი იყო), თუ როგორია აფხაზ სეპარატისტთა რეაქცია: აგრესიული, მე ასე ვიტყოდი, რუსეთის საშუამავლო მოლაპარაკებაზე უარის თქმა (თქვენგახსოვთ განცხადება, რომ შეწყდეს სამშვიდობო მოლაპარაკება), თანამეგობრობის ქვეყნების იგნორირება (და ამასაც გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, იმ თანამეგობრობისა, რომლის წევრობის განცხადებაც მათ ყველა ქვეყანას დაუგზავნეს და, როგორც იტყვიან, დედაქალაქები ამ ერთი თვის განმავლობაში „დაბომბეს“, თანამეგობრობის წევრად მიგვიღეთო. ახლა კი სრულ იგნორირებას უცხადებენ). ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ხედავს მთელი მსოფლიო, ვისთან გვაქვს საქმე. აი, ასეთი მტკივნეული რეაქცია, ვფიქრობ, მრავლისმეტყველია და საქართველოს ყველა მოქალაქემ ამას ანგარიში უნდა გაუწიოს. არადა, ყველაფერი შეიძლებოდა და შეიძლება კიდევ ნორმალურად განვითარდეს: მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება, წესრიგის გარანტირებული და ერთობლივი დაცვა, ნდობის აღდგენა და მრავალი სხვა სიკეთე.
ამასთან, ისიც მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირმა (მე ამის შესახებ ჯერ არაფერი მითქვამს) სოლიდური თანხა გამოყო (ზუსტად არ ვასახელებ, რადგან რამდენიმე ციფრი კიდევ დასაზუსტებელია, ვიმეორებ, ეს ძალიან სოლიდური თანხა გახლავთ) გალის რაიონის რეაბილიტაციისათვის (ლაპარაკია სახლების, გზების, კომუნიკაციების აღდგენაზე და სხვა), ასეთივე დახმარების მიღებას შეძლებენ სხვა რაიონებიც, თუკი სამშვიდობო პროცესი დაიძვრება, ხალხი დაბრუნდება და, ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის სტატუსიც განისაზღვრება. ეს დახმარება შეეხება ცხინვალის ზონასაც, თუკი იქაც, რა თქმა უნდა, სამშვიდობო პროცესი, ასე ვთქვათ, საიმედო სტადიაში შევა, და ისარგებლებენ ამ დახმარებით ქართველებიც, ოსებიც და სხვა ხალხებიც. ამ შემთხვევაში სწრაფად აღდგება რუსეთისა და კავკასიის დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, ამუშავდება საკურორტო და ტურისტული მარშრუტები, შესაბამისი ობიექტები. ესე იგი, მხედველობაში მაქვს, თუკი აფხაზეთში სამშვიდობო პროცესი და გამოდევნილ მოქალაქეთა დაბრუნება შეუქცევადი გახდება, ამდენ სიკეთეს მიიღებს იქ მცხოვრები ხალხი და ისინიც, ვინც იქ დაბრუნდება.
მე არავისზე ნაკლებად არ მესმის იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მოთმინების ფიალა აღევსოთ, ვინც პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს, მაგრამ გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რამაც არასტაბილურობამდე შეიძლება მიგვიყვანოს, იქნება ეს სხვადასხვაგვარი შიმშილობანი თუ მასობრივი საპროტესტო აქციები, კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს აფხაზეთსაც და ცხინვალსაც.
როგორც ხედავთ, ჯოჯოხეთური მოთმინების ფონზე ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საქმე მაინც წინ მიდის, და ამის ნათელი მაგალითია ის რეალური პერსპექტივა, რომ უახლოეს ხანში მთლიანად გალის რაიონში მოსახლეობა დაბრუნდეს.
ნურავინ შეეცდება, მინდოდა უფრო კატეგორიულად მეთქვა, ნურავინ შეეცდება უკუღმა შეატრიალოს ისტორიის ჩარხი. საქართველომ დაიმკვიდრა სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სახელი. ჩვენ გვიცნობენ, გვეხმარებიან, ანგარიშს გვიწევენ. უკვე მიმდინარე წელს შევძლებთ საგრძნობი დახმარება აღმოვუჩინოთ ყველაზე გაჭირვებულთ და დაუცველთ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ქვეყანა დიდ გზაზე გავიდა, მას დიდი მომავალი აქვს. მაშ, ყველამ ერთად, სხვადასხვა შეხედულებათა, თუნდაც ინტერესთა მიუხედავად, არ შევანელოთ, არც გვაქვს უფლება შევანელოთ, ახალი, ერთიანი საქართველოს აღმშენებლობა, - ეროვნული და სახელმწიფოებრივი ხომ ყველა ჩვენგანზე, ყოველგვარ მოძრაობაზე, ყოველგვარ იდეოლოგიაზე მაღლა დგას. გვეყო ნგრევა, ქაოსი, შიმშილი და განუკითხაობა, შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ეს უკან დარჩა და საქართველო ამ სისხლიან, სამარცხვინო შარაგზას, რომელიც უკვე გავიარეთ, აღარასოდეს მიუბრუნდება.
აი, ასეთი კომენტარიც და მიმართვაც მინდოდა გადამეცა დღეს ჩვენი რადიომსმენელებისათვის.
- ამ კითხვის დასმას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ თქვენმა საუბარმა არასტაბილურობის შესახებ მაფიქრებინა, უფრო ფართოდ დამესვა ეს შეკითხვა. საქართველოში ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსულ პრესაში - „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულმა წერილმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტოლოგ ანდრანიკ მიგრანიანის (მას ჩვენი ტელემაყურებელი იცნობს) და კონსტანტინე ზატულინის - „რუსულ თემთა კონგრესის“ ერთ-ერთი ლიდერის და ძალიან კარგად გამოხატული ანტიქართული პოზიციის მქონე კაცის ერთობლივმა ნააზრევმა. წერილის იდეა ძალიან მარტივია: კავკასიაში შეიქმნას არასტაბილურობის სარტყელი, გაღვივდეს კონფლიქტები (მომყავს ციტატა) სეპარატისტული ტენდენციების გამოწვევა აჭარაში და სომხეთთან ჯავახეთის შეერთება, შემდეგ ის, რომ რუსეთ-კავკასიის დამაკავშირებელი მაგისტრალი თურმე საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, აფხაზეთს მოეხსნას ეკონომიკური ბლოკადა, ამის შემდეგ, რუსეთის მხრივ ჩრდილოეთ კავკასიის შემორიგება მოხდება თურმე. და, საერთოდ, ამ წერილს ასეთი საზარელი ტონი. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა დოლენკომ ანალიტიკურ „ვრემიაში“ ძალიან მძაფრად გააკრიტიკა ეს წერილი კატეგორიული ტონით. იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის განცხადებაც მინისტრების საბჭოს სხდომაზე და მერე ეს ოფიციალურადაც გამოქვეყნდა. ხომ არ გაჩნდა უკვე ამ პერსპექტივის რაღაც სიმპტომები და საქართველოშიც ხომ არ შეიმჩნევა ამ მხრივ შემხვედრი მოძრაობა, რადგან დღეს ქვეყანაში ნებისმიერი არასტაბილურობა იმ დირექტივების შესრულებას ნიშნავს, ამ წერილში პირდაპირ რომ არის მოცემული: როგორ აირიოს სიტუაცია საქართველოში და როგორ განხორციელდეს ის გეგმა, რომელსაც „ნეზავისიმაია გაზეტა“ სახავს...
- მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დამისვით.
ამ სტატიას, რა თქმა უნდა, მეც ყურადღებით გავეცანი, და ამთავითვე ვიტყვი, რომ იგი მართლაც ძალზე შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი ტენდენციის მანიშნებლად მიმაჩნია. ასეთი საშიში და ბოროტი ზრახვები ცარიელ ნიადაგზე არ ეცემა და იმაზე არის გაანგარიშებული, რომ აქა-იქ, ცალკეულ ქვეყნებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში არსებობს ნოყიერი ნიადაგი ასეთი აზრებისათვის. მაგრამ მე აქვე მინდა გითხრათ, რომ არავითარ შენიშვნას არ გამოვთქვამ თვით გაზეთის მიმართ. რაკი არსებობს აზრი, თუნდაც ისეთი მკრეხელური და მიუღებელი, როგორიც ამ კოდუმენტშია გამოთქმული, სჯობს იგი გამოქვეყნდეს, ვიცოდეთ, რა მოვლენებთან შეიძლება გვქონდეს საქმე დღეს და მომავალშიც. მით უმეტეს, რომ „მოხსენების“ ავტორები, როგორც თავად უწოდეს ამ დოკუმენტს, სადღაც ბაღის კიდეში მიმჯდარი ობივატელები კი არა, საკმაოდ ცნობილი მოღვაწეები არიან. დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიული პრესის არსებობა, მისი მთელი ღირსება ის გახლავთ, რომ წინათ ასეთ დოკუმენტებს წინ უძღოდა გრიფი „სრულიად საიდუმლოდ“ და იყო სპეციალური სამსახურები, ასე ვთქვათ, ცხრაკლიტულები, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს აზრები მოქმედების პროგრამა იყო პარტიული კომიტეტებისათვის, სხვებისა და სხვებისათვის. დღეს რეალურმა დემოკრატიამ დღის სინათლემ გამოიტანა ყველაფერი ის, რაც წინათ საიდუმლოებით იყო მოცული.
ჩემი აზრით, ეს „მოხსენება“ იმ უმძიმესი სულიერი, ზნეობრივი და პოლიტიკური კრზისის სარკეა, რომელშიც აღმოჩნდნენ რუსეთის რევანშისტული ძალები. ვგულისხმობ ძალებს, რომელთაც დღემდე ვერ გაუგიათ, რომ მსოფლიოში მოხდა რადიკალური და შეუქცევადი ცვლილებები - იმპერიული პოლიტიკის, იმპერიული მეთოდების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ხოლო ჩეჩნეთის გაკვეთილმა დაადასტურა, რომ „დესტაბილიზაციის“ ბუმერანგს უდიდესი დამანგრეველი ძალა აქვს და თვით იმ სახელმწიფოთა მთლიანობას ემუქრება, რომელთა ინტერესებისთვისაც ვითომდა ზრუნავენ ზემოთ ხსენებული პირები. ყველაფერი ეს, როგორც მე ერთხელ უკვე ვთქვი სოხუმში, მართლაცდა, ბუმერანგივით დაუნრუნდება იმას, ვინც შეეცდება მის რეალურად განხორციელებას.
თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თვითდამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. მე ასე დავარქმევდი ამ ვითომდა დოქტრინას - „მართვადი ქაოსის“ დოქტრინა ჯერ კიდევ ძალზე პოპულარულია რუსეთის გარკვეულ წრეებში და ვაი იმ ქვეყანას, რომელიც დაუშვებს ამ დოქტრინის განხორციელებას მის ტერიტორიაზე. და ამისათვის ნიადაგის შექმნა ჩვენ რეალურად აფხაზეთის დაკარგვის ფაქტმა დაგვანახა. მე ახლა ამ საკითხს არ დავუბრუნდები, ყველამ იცის, რა მოხდა და როგორ მოხდა. სწორედ ამ „დოქტრინის“ რეალური განხორციელება ცოტა წინმსწრები მოვლენების გათვალისწინებით მოხდა აფხაზეთის მაგალითზე. ეს „დოქტრინა“ რეალურად მოქმედებდა. საქართველომ ერთხელ უკვე დაუშვა ამგვარი შეცდომა, ამ „დოქტრინის“ მხარდამჭერნი რომ აღმოჩნდნენ ქვეყანაში. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამებს რომ ვადევნებ თვალს (თქვენს შეკითხვაში იყო ეს ელემენტი), ვრწმუნდები, რომ ამ გაკვეთილმა მათ ბევრი ვერაფერი ასწავლა.მხედველობაში მყავს ზოგიერთი პოლიტიკოსი. სხვათა შორის, საყურადღებოა, რომ ავტორები კავკასიის გარდა გადასწვდნენ (უნდა ესეც იცოდეს ჩვენმა საზოგადოებრიობამ) ყაზახეთს, სადაც მათი ანგარიშით, რუსულენოვანი მოსახლეობაა, და ეს მათი დასაყრდენია: უკრაინას, ამავე ფაქტორის გათვალისწინებით, უზბეკეთს, მოლდოვას, პრაქტიკულად, მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეს, და ეს სულაც არ არის რაღაც უწყინარი მოვლენა, როგორც ჰგონიათ ზოგიერთებს თვით რუსეთშიც კი. ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება თქვენი პირველი შეკითხვის ერთ-ერთ დებულებას - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემდგომ პერსპექტივას. წეღან უკვე მოგახსენეთ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ კიდევ და კიდევ შევნიშნავ: თანამეგობრობას მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იგი წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდასტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის პირობებში შევძლებთ თავიდან ავიცილოთ საფრთხე, რომელიც ნამდვილად არსებობს. დესტაბილიზაციის „ქარბორბალა“, მე ასე დავარქმევდი, თანაბრად ემუქრება პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, და, უპირველესად, რუსეთს.
კავკასიისათვის ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ელცინთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გაგრძელება „კავკასიური დიალოგი“ რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, აგრეთვე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა ხელმძღვანელობის მონაწილეობით.
კისლოვოდსკის დეკლარაცია, ისევე, როგორც თბილისში ხელმოწერილი მანიფესტი, მხოლოდ „სიმბოლურ მოწოდებად“ არ დარჩება, კავკასიური დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ჩვენს რეგიონში უშიშროების, სტაბილურობის შენარჩუნების ქმედითი მექანიზმებიც უნდა შეიქმნას.
და ისევ და ისევ უკვე ნათქვამს ვუბრუნდები, განსაკუთრებით ამ დღეებში, ეს არის ფიქრი და ზრუნვა ქვეყნის სტაბილურობაზე, არავითარი ეგრეთ წოდებული „მოხსენებები“, როგორიც გამოქვეყნდა, საშიში არ არის, თუ საკუთარი ხელით არ გამოვუთხრით ძირს უკვე მოპოვებულ ნიშნებს სტაბილურობისა და აღმავლობისას, რომელსაც ქვეყანა, ჩემი აზრით, საბოლოოდ დაადგა. ყველაფერი, რასაც წინასწარმეტყველებენ და გეგმავენ ეს ავტორები, რეალურად შეიძლება მხოლოდ მაშინ განხორციელდეს, თუ ჩვენ საკუთარი ხელით გამოვქექავთ იმ დანას, რომელმაც სისხლი უნდა დაღვაროს საქართველოში. თუ ჩვენს ქვეყანას მოვუვლით და გავუფრთხილდებით, პირველ მონაპოვარს - ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეს, ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება.
- მოსკოვში ყოფნისას თქვენ შეხვდით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა პრეზიდენტს. ცალკე შეხვედრა გქონდათ ბორის ელცინთან. თუ შეიძლება, გვითხრათ რამდენიმე სიტყვა ამის შესახებ?
- პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებათა შემადგენელი ნაწილია არა მარტო თანამეგობრობის ქვეყნებში, არამედ ევროპაშიც. როცა ასეთი ღონისძიებები ეწყობა, ჩვენ სისტემატურად ვხვდებით ერთმანეთს, ასვე სხვა ღონისძიებების დროსაც. მოკლე შეხვედრა მქონდა თითქმის ყველა პრეზიდენტთან. უნდა გითხრათ, რომ ისინი აბსოლუტურ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რაც ყველაზე მეტად ჩვენს მიერ შეტანილი დოკუმენტების მხარდაჭერით გამოიხატა. და, სხვათა შორის, იმ დახურულ სხდომაზეც, რამდენიმე პრეზიდენტმა სრულიად კატეგორიულად დააყენა საკითხი - როდემდე უნდა გაგრძელდეს აფხაზეთის ტრაგედია? სხვათა შორის, ესენი იყვნენ უზბეკეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და ყაზახეთის პრეზიდენტები. ზოგმა გაკვრით, ზოგმა უფრო ფუნდამენტურად, სავსებით პრინციპულად დააყენა საკითხი - როდემდე უნდა დარჩეს დაუსჯელი და სათანადო რეაგირების გარეშე ის, რაც მოხდა? ამას ვამბობ იმის დასადასტურებლად, რაც უკვე მოგახსენეთ, - სოლიდარობას გამოხატავდნენ საქართველოს მიმართ.
თანამეგობრობის პრეზიდენტებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა აზრი, სხვადასხვაგვარი პოზიციები და ინტერესები. მაგრამ, რაც შეეხება ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოთა ერთიანობას, აგრესიული სეპარატიზმისადმი დამოკიდებულებას, ჩვენ ერთიანი, ან თითქმის ერთიანი ვართ. სასიხარულოა, რომ დებულებები და წინადადებები, რომლებიც საქართველოს არაერთხელ წამოუყენებია 1992 წლიდან მოყოლებული, დღეს უკვე თავისთავად ყველა ქვეყნის საარსებო ინტერესებს შეესაბამება.
ახლა, რაც შეეხება ჩემს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან:
ეს იყო მოკლე, მაგრამ უაღრესად კონცენტრირებული საუბარი. სხვათა შორის, ცხოვრებამ, გამოცდილებამ მასწავლა 15-20-25 წუთში ვთქვა ის, რასაც სხვა შემთხვევაში ზოგჯერ საათები და დღეებიც კი სჭირდება. ეს სახელმწიფოებრივი საქმიანობისა და მოღვაწეობის აუცილებელი კომპონენტებია. მე შემთხვევით არ შევეხე წუთებს, 20-25 წუთის განმავლობაში ბატონ ელცინთან ერთად განვიხილეთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც დამოკიდებული იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა განვითარების უახლოესი და შორეული პერსპექტივები.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას (ამაზეც მინდა გამოვთქვა ჩემი შეხედულება), ტელევიზია საკმაოზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის ამის თაობაზე, მაგრამ ჩემი გამოცდილი თვალით დაკვირვება მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ იგი მშვენიერ ფორმაშია და მოსკოვის სამიტზე გულახდილ, უაღრესად პრინციპულ საუბარს სწორედ მისმა საფუძვლიანმა და საკმაოდ ვრცელმა გამოსვლამ დაუდო სათავე.
მისმა დღევანდელმა მდგომარეობამ მოგვცა საშუალება კვლავ მიგვენდო მისთვის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
როგორც გითხარით, მასთან შეხვედრაზე მე, რა თქმა უნდა, დავაყენე უმთავრესი საკითხი - როგორც განხორციელდება რეალურად მანდატით გათვალისწინებული იდეები, განსაკუთრებით უსაფრთხო დაბრუნება გალის რაიონში. მე მას ვთხოვე, უფრო სწორად, პირდაპირ დავაყენე საკითხი, რომ, თუ არ იქნება პირადად პრეზიდენტის დირექტივა თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისადმი, ეს ჩანაწერი შეიძლება ჩანაწერად დარჩეს და გაგვიჭირდეს მისი შესრულება. ბატონმა ელცინმა მომცა პირობა, რომ მას ექნება სპეციალური საუბარი იმ მინისტრებთან და იმ უწყებებთან, რომლებსაც ეს საკითხები ეხებათ. უნდა გითხრათ, რომ მისმა თანაშემწემ, რომელიც საუბარს ესწრებოდა და იწერდა, პრესას განუცხადა: ყველაფერი, რაც ითქვა, რაზეც შეთანხმდნენ პრეზიდენტები, შესრულდებაო.
ასეთია მოკლე კომენტარი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.
- როგორც წესი, ორშაბათის რადიოინტერვიუები ეკონომიკის თემით იწყება, ამჯერად, ალბათ, ამით დასრულდება...
- რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, ვფიქრობ, შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელოთ საუბარი. შედეგები, როგორც წინასწარ მომახსენეს, ურიგო არ არის. ზამთრის პრობლემების მიუხედავად, ძირითადი საკონტროლო მაჩვენებლები სრულდება. ქვეყნის მოსახლეობა უახლოეს ხანში ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს კვარტლის შედეგების შესახებ. როცა კვარტლის შედეგებისა და მონაცემების გამოქვეყნებაზე ვლაპარაკობ, მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ აქ იგულისხმება თითოეულის ხელფასი, პენსია, თითოეულისადმი დახმარება, თითოეული ლტოლვილის ბედი და ეს ციფრები და შედეგები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
სხვათა შორის, მოსკოვის შეხვედრები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საფუძვლიანად განვიხილეთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის ქართული პროდუქციის შეტანა რუსეთის, უკრაინის, სხვა ქვეყნების ბაზარზე, აგრეთვე, ვაჭრობისა და საქონლის გაცვლის ყველა ქვეყნისათვის ხელსაყრელი რეჟიმის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. უნდა გითხრათ, რომ ახლა ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს მინისტრებზე, რეგიონების ხელმძღვანელებზე, ჩვენს ბიზნესმენებზე, რომლებმაც უნდა ისწავლონ, რომ რადგან პროდუქციის შეტანის ხელსაყრელი პირობები და ხელსაყრელი კონიუნქტურა იქმნება, ისინი უნდა დაეუფლონ ამ ქვეყნების ბაზრებზე შეღწევის ხელოვნებას.
საქინფორმი.
„აფხაზ სეპარატისტთა მიერ რუსეთის საშუამავლო როლის უგულებელყოფა, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარის თქმა, თანამეგობრობის ქვეყნების იგნორირება კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს ვისთან გვაქვს საქმე“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 აპრილი. - №74 (2447). - 1,2 გვ.
![]() |
38 „სტაბილური საქართველო სწრაფად აღორძინდება, სწრაფად გადაწყვეტს სოციალურ და სხვა პრობლემებს, უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
7 აპრილის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით, მათ შორის, რაც მთავარია, ეკონომიკური სტაბილურობით აღინიშნა. მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება კურორტების საკითხს დაეთმო. ეს ის დარგია, რომლისგანაც საქართველო, ყოველ შემთხვევაში სამომავლოდ, ძალიან ბევრს მოელი ... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- წინა ინტერვიუში ჩვენ ეკონომიკას ცოტა გვერდი ავუარეთ, დღეს კვლავ დავუბრუნდეთ ამ ტრადიციულ თემას და მათ შორის იმ შეხვედრებს, რომლებიც თქვენ ახლა ახსენეთ. განვლილ კვირაში პრეზიდენტს (ისევე როგორც ჩემს კოლეგებს) რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრა ჰქონდა, რომლებიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების მოზიდვასა და განთავსებას უკავშირდება.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებანი მოიცავს მმართველობის, სოციალური, ეკონომიკური რეფორმებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების, მათ შორის ენერგეტიკის სფეროებს. ამასთანავე პროგრამის საქმიანობა თანდათან ფართოვდება და, თუ 1994-1996 წლებში საქართველოსათვის გამოყოფილი იყო 658 ათასი დოლარი, 1997-1999 წლებისათვის გათვალისწინებულია 11 მილიონ დოლარზე მეტი სახსრების გამოყოფა. ამას გარდა, 2 მილიონი დოლარი სპეციალურად გამოიყოფა კონფლიქტებისაგან დაზარალებული ზონების აღდგენისა და მათი რეაბილიტაციისათვის.
პრეზიდენტთან პროგრამის წარმომადგენლის შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ რა საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ამიერკავკასიის რეგიონულ კონფერენციას, რომელიც მაისის დამლევს გაიმართება თბილისში, მით უმეტეს, რომ გათვალისწინებულია მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ ევროპის სტრუქტურების, მათ შორის ევროკავშირის საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებმა.
ფირმების „შერატონისა“ და „მარკო პოლოს“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ჩვენში სასტუმროების ქსელის დანერგვისა და განვითარების შესაძლებლობებით და, ვიმედოვნებთ, მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებები მალე რეალობად იქცევა. ზოგიერთი მათგანი უკვე მუშაობს კონკრეტულ პროექტებზე.
კონკრეტული პროექტები ჩამოიტანეს უდიდესი ფრანგული ფირმის „ინტერპოზის“ წარმომადგენლებმა. სულ რაღაც სამიოდე თვის წინათ ამ ფირმამ ხელი მოაწერა განზრახულობათა ოქმს ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ და უკვე მზად არის ხელი მოჰკიდოს თელავსა და ყვარელში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ფირმას პერსპექტიულად მიაჩნია აღმოსავლეთ საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ენერგეტიკული კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისათვის. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ერთ ან ორ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში, მაგრამ პროექტზე სერიოზული მუშაობა უკვე დაიწყო, ახლა სახსრებია მოსაძიებელი და, ვფიქრობ, ეს იმდენად მიმზიდველი და მომგებიანი პროექტია, რომ წყაროები შეიძლება იოლად მოვძებნოთ.
პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მორიგ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების რეგულირება და მართვა ობიექტური, სრულფასოვანი აღრიცხვით და მათი სიღრმისეული ანალიზით იწყება. სახელმწიფო სტატისტიკის მოწესრიგებისა და ახალ დონეზე გარდაქმნის სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული საფუძვლების შექმნას დიდად წაადგება საბჭოს სხდომაზე განხილული „სტატისტიკის შესახებ“ კანონპროექტის მიღება. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რესპუბლიკურ ღონისძიებებზე, თათბირებზე, ჩვენი მუშაობის შედეგების შეჯამებისას არაერთხელ გვითქვამს, რომ სტატისტიკის, აღრიცხვის მოწესრიგება საფუძველთა საფუძველია აღმავლობის მიღწევის და, განსაკუთრებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო შემოსავლის ყველა მუხლის გამოყენების თვალსაზრისით.
საკურორტო რესურსებით საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. დღეისათვის ჩვენში მოქმედებს 102 კურორტი, განსაზღვრულია 336 პერსპექტიული საკურორტო ზონა, გვაქვს 2400-ზე მეტი მინერალური წყლების საბადო და ა.შ. ამდენად, საკურორტო და ტურისტული ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ და მისი აღორძინების პროცესი ამთავითვე საერთაშორისო სტანდარტებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
კერძო სექტორის გაძლიერებასთან ერთად ამ სფეროს მტკიცე სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება, რაზეც საქმიანი მსჯელობა გაიმართა საბჭოს სხდომაზე და რომლის უზრუნველყოფის ღონისძიებანიც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტში აისახა.
საბჭოზე განხილული იყო ასევე პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკური სამსახურების ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ მიმართულებით უახლოესი ამოცანების გადაწყვეტისათვის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების ღონისძიებებს. ესეც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.
თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ კანონპროექტი წინასწარ იყო განხილული ჯერ მთავრობის, შემდეგ კი საბჭოს სხდომაზე. ვფიქრობთ, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით პროექტის მიღებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ამ ნაწარმის არარეგულარული იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აღკვეთას და, შესაბამისად, მასზე დაწესებული გადასახადების ბიუჯეტში დროულად და სრულიად ჩარიცხვას. ვიმეორებ, ლაპარაკია უკანონო წარმოებასა და აღურიცხავ პროდუქციაზე.
ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების პირველი კვარტლის შედეგები ჯერჯერობით შეჯამებული არ არის, და ციფრები, რომელსაც ახლა დავასახელებ, - წინასწარი მონაცემებია და შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მაინც, ძირითადად, ასახავს ქვეყანაში შექმნილ ტენდენციებს.
საგადასახადო და საბაჟო სამსახურებიდან მიღებული ოპერატიული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში შექმნილ სიტუაციაზე.
საგადასახადო ინსპექციის მიერ პირველ კვარტალში აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი 68 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 1,7-ჯერ, ანუ 27 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელი პირველი კვარტლის მაჩვენებელს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალ-მარტის საპროგნოზო დავალებები 104 პროცენტით შესრულდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იანვარში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად, კვარტლის დავალებას 4 მილიონი ლარი დააკლდა და 94 პროცენტით არის განაღდებული.
ამასთანავე აღნიშვნის ღირსია შემოსავლის მობილიზაციის საქმეში თბილისის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის მხარეების, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და ზოგიერთი რაიონის, ქალაქების კარგი მუშაობა. მე ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საქმიანობა და ცალკეულ ორგანიზაციათა და საწარმოთა ნაყოფიერი მუშაობა, მაგალითად, როგორიც არის „საქართველოს ტელეკომი“, „საქნავთობი“, „კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯია“, „საქაერონავიგაცია“ და სხვა მრავალი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ბიუჯეტში.
რაც შეეხება საბაჟო დეპარტამენტს, აქ პირველ კვარტალში მობილიზებულია 32 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი (გთხოვთ ეს ციფრი დაიმახსოვროთ, რადგან ქვემოთ კიდევ დაგვჭირდება ამის შეხსენება). ეს 14 პროცენტით მეტია შარშანდელი პირველი ორი კვარტალის - ნახევარ წელთან შედარებით და 5-ჯერ აღემატება პირველი კვარტალის მაჩვენებელს. მარტის შემოსავლის გეგმა 144 პროცენტით, ხოლო მთლიანად პირველი კვარტლისა - 104 პროცენტით შესრულდა.
უნდა აღინიშნოს შემოსავლის ყოველთვიური ზრდის ტენდენცია - იანვარში საბაჟო დეპარტამენტის ხაზით მიღებული იყო 7,5 მილიონი ლარი, თებერვალში - 10 მილიონი, ხოლო მარტში - 15 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი. გაუმჯობესდა საბაჟო ორგანოებიდან მობილიზებული საბიუჯეტო სახსრების ხაზინის ანგარიშზე ჩამორიცხვის მდგომარეობაც - ოპერატიული მონაცემებით, ეს თანხა დღეს 27 მილიონ ლარს შეადგენს.
აპრილის მეორე ნახევარში შეჯამდა ჩვენი ეკონომიკური განვითარების პირველი კვარტლის შედეგები და მაშინვე განისაზღვრება საბიუჯეტო შემოსავლის ზუსტი პროგნოზების შესაბამისად მიმდინარე წელს ხელფასებისა და პენსიების მატების დინამიკა. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ, თუ ბიუჯეტის შესრულების პროცესი წარმატებით განვითარდა, ხელფასების პირველი მომატება ივნის-ივლისისათვის იქნება მოსალოდნელი. ეს პირველი მომატება შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაინც უკვე ლაპარაკია ტენდენციაზე და ეს, ბუნებრივია, იმედისმომცემია.
- განვლილი კვირის მოვლენების ფონზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პარლამენტის მიერ მიღებული კონცეფცია, რომელსაც განსხვავებული შეფასება მიეცა, ყოველ შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობის მხრივ. გამოითქვა ასეთი ეჭვიც, ხომ არ გამოიწვევს ეს საქართველოს ურთიერთობის დაძაბვას რუსეთთან, მით უმეტეს, მოსკოვის სამიტის შემდეგ. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ საქართველოს გამორჩეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რომელიმე ქვეყანასთან. უბრალოდ, მეორე მომენტია გასათვალისწინებელი: საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომელსაც ასეთი ფუფუნების უფლება ჰქონდეს...
- რაც შეეხება „კონცეფციას“, ამ დოკუმენტის გამო პარლამენტში ერთსულოვნება არ იყო. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი მიღებულია. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა ფრაქციათა შორის თანამშრომლობა კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა და თავისთავად ესეც გარკვეული მონაპოვარია. ამავე დროს ზოგიერთ სახელმწიფოში ატეხილი აურზაური ამ კონცეფციასთან დაკავშირებით ნაჩქარევად მეჩვენება, რადგან შემოთავაზებული პროექტი პარლამენტმა როგორც იტყვიან, „საფუძვლად“ მიიღო და მუშაობა „კონცეფციაზე“, როგორც მითხრეს, გაგრძელდება და იგი ერთი თვის შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდება. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი პრინციპულ შეფასებებზე.
ახლა ის საკითხი (თქვენ მართალი ხართ, რომ გარკვეულწილად გაწუხებთ ეს), როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ხომ არ მოახდენს ასეთი დოკუმენტების მიღება ან ცალკეული დეპუტატების გამოსვლები რაღაც ნეგატიურ გავლენას ამ ურთიერთობაზე. მე ასე მინდა გიპასუხოთ: ყველა ვალდებულებას, საქართველომ, რომ იკისრა ჩვენს მეზობელთან ურთიერთობაში, ვასრულებთ. ეს ვალდებულებანი იქიდან გამომდინარეობს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ერთმანეთს ემთხვევა მათი სტრატეგიული სამომავლო ინტერესები. მაგრამ შეიძლება ისიც ითქვას, რომ სტრატეგიული მოკავშირეობა ნიშნავს არა მარტო სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოში, არამედ ისეთი რეალური თანამშრომლობისა და ისეთი კონკრეტული შედეგების მიღწევას, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კერძოდ კი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება, რომლის გასაღებიც, როგორც არაერთხელ აღნიშნულა, რუსეთის ხელშია, სხვათა შორის, იმის თქმა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღები რომელიმე სახელმწიფოს ხელშია, სრულიადაც არ არის უცნაურობა. მსოფლიო პრაქტიკაში არის კონფლიქტების დაძლევის მაგალითები, კერძოდ, იუგოსლავიის კონფლიქტის დაძლევაში მთელი ევროპა, შეერთებული შტატები, რუსეთი და სხვა სახელმწიფოები მონაწილეობდნენ. ასე რომ, ეს არ უნდა იწვევდეს ვინმეს რაღაც ირონიას, როცა ვამბობთ, გასაღები სხვის ხელშიაო. როგორც დაიკარგა აფხაზეთი სხვა ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, ასევე, ალბათ, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორედ რუსეთის ფაქტორზე და ეს ყველამ უნდა შეიგნოს.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, და ეს მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, თუ როგორ შესრულდება მოსკოვის სამიტის გადაწყვეტილებები. როგორც მოგეხსენებათ, ამაზე მუშაობა დაიწყო, მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკება, შესაბამისი გეგმების შედგენა მთავრდება, მაგრამ ვადები ძალიან შეზღუდულია. ჩემი აზრით, სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულების ასეთი პერსპექტივა, ასეთი შესაძლებლობა რეალურად არსებობს, ესე იგი, არსებობს რეალური შანსი. მთავარი და უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს შანსი და ვიცოდეთ, რომ ასეთი შედეგით ორივე ქვეყანაა დაინტერესებული როგორც იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასევე უფრო გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე - რუსეთის, საქართველოს, კავკასიისა და ასე შემდეგ.
- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ამა თუ იმ სამიტის მსჯელობის საგანი. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მოსკოვის ბოლო სამიტზე. თანამეგობრობის მეხუთე წლისთავზე უკვე რუსეთსა და ბელორუსიას შორის განსაკუთრებული ინტეგრაცია განსხვავებულ რეაქციებს იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ლუკაშენკომ ეს თავის დროზე ისე ახსნა, რომ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
- ცოტა უხერხულია ჩემი მხრივ კომენტარი, მაგრამ მაინც შევეცდები ძალიან მოკლედ გიპასუხოთ. უხერხულია იმიტომ, რომ ლაპარაკია სხვა სახელმწიფოებზე, თუმცა ისინი თანამეგობრობის წევრები არიან. თანამეგობრობა არავის არ უკრძალავს, რომ თვითონ სახელმწიფომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც საჭიროდ მიაჩნია.
დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ღრმა დემოკრატიულ პროცესებს განიცდის. ამ პროცესში მთავარი მოქმედი პირი, რაღა თქმა უნდა, ხალხია. სწორედ იმას ვუსვამ ხაზს, რომ დემოკრატიული პროცესები განსაზღვრავს და დემოკრატიულ პროცესებზე ლაპარაკი, თუ ხალხი არ არის მთავარი მოქმედი პირი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. ხალხის არჩევანმა უნდა განსაზღვროს, როგორი ფორმით იარსებოს ამა თუ იმ სახელმწიფომ. რუსეთმა და ბელორუსიამ ერთად ცხოვრების ის ფორმა აირჩიეს, რომელიც პრესამ და ტელევიზიამ უკვე გვამცნეს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ სახელმწიფოთა ისეთ თავისუფალ არჩევანს, რომელიც მათთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, მე ისევ ხალხს მოვიშველიებ: ხალხმა, საქართველომ თავიანთი არჩევანი უკვე გააკეთეს.
- და, ისევ, საპარლამენტო თემა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილი კანდიდატურის ჩაგდებათან დაკავშირებით თქვენ იმავე დღეს შეშფოთება გამოთქვით...
- რაც შეეხება პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ნათლად და პრინციპულად ჩამოვაყალიბე იმ განცხადებაში, რომელიც თქვენ ახლა მოიხსენიეთ. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იზიარებს პრეზიდენტის შეფასებას. ცოტა დრო, ჩემი აზრით, კიდევ არის საჭირო, რომ საზოგადოებრივი აზრი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „დადუღდეს“ და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს. ამის შემდეგ განვსაზღვრავ, როგორი იქნება ჩემი შემდგომი ნაბიჯები.
- ხვალ თბილისში მუშაობას იწყებს ტრასეკისა და ბისეკის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების კონფერენცია. ეს, ალბათ, არა მარტო ეკონომიკური, არამედ, უწინარესად პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტიც არის და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ უკვე ჩამოყალიბდა სრულიად სერიოზული დამოკიდებულება, რაც, ალბათ, ისევ და ისევ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და სტაბილურობის შედეგია...
- მე ორიოდე წუთი დამჭირდება, რომ ამ საკითხზე შევჩერდე და ძალიან კარგია ასეთი შეკითხვა რომ დამისვით. ეს უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ერთი კონკრეტული ღონისძიება.
ევროკავშირთან ერთად თბილისში უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. კონფერენციაზე „ევრაზიის დერეფნის“, „აბრეშუმის გზის“ საკვანძო ქვეყნები იქნება წარმოდგენილი ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და სხვათა მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, მე, თბილისელები და საქართველო გულითადად მივესალმებით ყველას - ამ კონფერენციის მონაწილეებს. იქნება ევროკავშირის საკმაოდ ავტორიტეტული ჯგუფი და მათი წარმომადგენლობა.
ქვეყნისათვის და პირადად ჩემთვის ეს დიდი მოვლენაა. მახსოვს, როცა 1993 წელს ამ დერეფნის შექმნის იდეებს ვავითარებდი, ბევრს არც სჯეროდათ, თუ ასე მოკლე დროში შეიძენდა ეს პროექტი რეალურ კონტურებს. როგორც არაერთხელ მითქვამს, ტრასეკის პროექტის განხორციელება ბევრ სიკეთეს მოუტანს ამ სისტემაში ჩართულ ქვეყნებს. საქართველო უნიკალურ ფუნქციას იძენს და ჩვენი სახელმწიფოს ეს მისია მისი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მძლავრი სტიმული იქნება. რა თქმა უნდა, წარმატების უპირველესი პირობა ის არის, რომ ისეთი უმძლავრესი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ევროკავშირია, უშუალოდაა დაინტერესებული „აბრეშუმის გზის“ აღორძინებით. მინდა ისიც შევნიშნო, რომ ტრასეკის პროექტი არავის ინტერესებს არ ლახავს, პირიქით, იგი იმ სახელმწიფოთა ინტერესებსაც შეესაბამება, რომლებიც უშალოდ არ მონაწილეობენ მის რეალიზაციაში. და, საერთოდ, ყოვლად უსაფუძვლოდ მიმაჩნია გაუთავებელი დავა იმის შესახებ, რომ ვიღაცამ ვიღაცას აჯობა, ნავთობსადენმა, ვთქვათ, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გაიარა, ანდა რომელიმე სახეობის კომუნიკაციის განვითარებისათვის ესა თუ ის ქვეყანა აირჩიეს. ჩემი აზრით, ცოტა დროა საჭირო იმისათვის, რომ ყველანი „მოვმწიფდეთ“ უფრო ცივილიზებული მიდგომისათვის, როცა ასეთ პრობლემებზეა ლაპარაკი.
თბილისის შეხვედრასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთ აპარატს მივაპყრო რადიომსმენელის ყურადღება. ეკონომიკურ მიმოხილვაში მე ვთქვი, რომ მარტო საბაჟო სამსახურის ხაზით ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი შემოვიდა, ხოლო წლის განმავლობაში ამავე სამსახურიდან ქვეყანამ 200 მილიონამდე ლარი (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება) უნდა მიიღოს. რომელი დარგი, რომელი საწარმო ან რომელი რეგიონი ქმნის (თუ თბილისს არ მივიღებთ მხედველობაში) ასეთი მოცულობის ღირებულებას ქვეყნისათვის, ბიუჯეტისათვის, ხელფასების, პენსიებისათვის და ასე შემდეგ. ამას დაუმატეთ სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტის შემოსავალი, და ეს საარსებო მნიშვნელობის წყარო სულ რაღაც ერთი წელია ამუშავდა. მე ზემოთ მოვიყვანე მონაცემები, თუ რა იყო ერთი წლის წინათ და რა არის ახლა, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ ქვეყანა ამ შემოსავლის გარეშე. წარმოიდგინეთ ჩვენი ცხოვრება იმ სახსრების გარეშე, რომელიც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღმავლობის დაწყებამ მოგვცა. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა ძველი გამოთქმა „საწევრო შესატანი“ (შეიძლება სხვა სიტყვაც მოიძებნოს) ქვეყნის სტაბილურობისათვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და რომელიც ყოველწლიურად გაორმაგდება, გასამმაგდება და ბოლოს და ბოლოს დიდ მოცულობას მიაღწევს. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამუშავდება სარკინიგზო ბორნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ამუშავდება თურქეთზე გამავალი რკინიგზა და სხვა კიდევ მრავალი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დაიძრა ევროპის, ცენტრალური აზიის ტვირთები „შევრონის“ და აზერბაიჯანის ნავთობი, თურქმენეთის ნავთობპროდუქტები და ასე შემდეგ ეს ქვეყნისათვის უზარმაზარი შემოსავალი იქნება.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტაბილური საქართველო სწრაფად აღორძინდება, სწრაფად გადაწყვეტს სოციალურ და სხვა პრობლემებს, უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან ასეთ ამოცანასთან შეჭიდება მხოლოდ ეკონომიკურად ფეხზე მდგომ და სტაბილურ სახელმწიფოს შეუძლია. როცა გვეუბნებიან, რომ დაანებეთ თავი რუსეთს, სხვა ქვეყნებს და ჩვენი ძალებით აღვადგინოთ, ჩვენ შევძლოთ ეს, ამას სჭირდება სწორედ ეკონომიკური სტიმული, მძლავრი ეკონომიკური ბაზა, და ჩვენ ვაშენებთ ძალიან სწრაფად, ვქმნით იმ ეკონომიკურ ბაზას, რომელიც მოგვცემს საშუალებას თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. თუ მანამდე სხვა გამოსავალი არ იქნება.
არასტაბილურობის ყოველგვარი სიმპტომები კი ისევ იმ ჭაობში ჩაგვითრევს, საიდანაც ამოსვლა ამდენი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა, და ამდენი დავანგრიეთ და გავანადგურეთ. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ცოტა ძველდროინდელს მაგონებს ასეთი ფრაზა, რომელიც ახლა უნდა წარმოვთქვა:
მაშ, გავუფრთხილდეთ, განვამტკიცოთ ქვეყნის სტაბილურობა - საქართველოს აღმავლობის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეს უმთავრესი პირობა.
„სტაბილური საქართველო სწრაფად აღორძინდება, სწრაფად გადაწყვეტს სოციალურ და სხვა პრობლემებს, უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 8 აპრილი. - №80 (2453). - 1,2 გვ.
![]() |
39 თბილისის შეხვედრა ახალ განზომილებას შესძენს ბისეკის საქმიანობას, მძლავრ ბიძგს მისცემს ტრასეკის შემდგომ განვითარებას |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისში გაიხსნა ევროპა-კავკასია-შუა აზიის სატრანსპორტო დერეფნისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთა ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენცია
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
8 აპრილს თბილისში სასტუმრო „მეტეხში“ მუშაობა დაიწყო ევროპა-კავკასია-შუა აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (ბისეკი) წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის, კავკასიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის 17 სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მეთვალყურის სტატუსით მონაწილეობენ ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპა-კავკასია-შუა აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტრანსპორტის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა, რომელიც, ამასთანავე თავმჯდომარეობდა ამ შეხვედრას.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო დელეგაციის ხელმძღვანელებო,
ბატონებო,
მაქვს პატივი, მივესალმო ისეთ გამორჩეულ შეკრებას, როგორიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (ბისეკის) და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) ქვეყნების სატრანსპორტო კომუნიკაციების ხელმძღვანელების: ვიცე-პრემიერების, მინისტრების, ექსპერტების შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ თბილისი უკვე მეოთხედ მასპინძლობს ბისეკის ეგიდით მოწყობილ ფორუმს და პირველად - ტრასეკის შეკრებას. ჩვენი შეხვედრის მთავარი ორგანიზატორი ევროკავშირია და მე გულითადად მივესალმები მის ავტორიტეტულ დელეგაციას.
ბისეკის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს არაერთხელ გამოუთქვამთ სინანული იმის გამო, რომ ეს ალიანსი ჩამორჩება შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე დინამიკურ პროცესებს. ვფიქრობ, ბისეკის - ახალგაზრდა, მაგრამ მეტნაკლებად უკვე ჩამოყალიბებული ორგანიზაციის, და ტრასეკის ევროკავშირის ინიციატივითა და დახმარებით შექმნილი, ამ რეგიონისათვის საარსებო მნიშვნელობის მქონე პროექტს ერთმანეთთან დაკავშირება. ერთი მხრივ, ახალ განზომილებას შესძენს ბისეკის საქმიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, მძლავრ ბიძგს მისცემს ტრასეკის შემდგომ განვითარებას.
ინტეგრაციისაკენ ლტოლვა ბისეკ-ტრასეკის ქვეყნებს სრულიად ახალ ამოცანებს უსახავს, რომლებიც, მრავალ სხვასთან ერთად, მოიცავს შრომის საერთაშორისო დანაწილებასა და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ისინი ცდილობენ მოაწესრიგონ ურთიერთობანი და დაამყარონ ახალი ეკონომიკური კავშირი გამომდინარე მათი ბუნებრივი რესურსებიდან, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობებიდან. ისინი ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სასაქონლო და სამომსახურეო ბაზარში. ამაში მათ გადამწყვეტ დახმარებას უწევს მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და, უწინარესად, ევროკავშირი, რომლის გონივრული, გეგმაზომიერი, შორს გამიზნული პოლიტიკის წყალობით უკვე მიმდინარეობს ამ სახელმწიფოებისა და ევროპის ურთიერთდაახლოება. მიმაჩნია, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის არ არსებობს ამაზე უფრო მოკლე და ყველასათვის მისაღები გზა პოლიტიკური სტაბილურობისაკენ, ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ და, საბოლოო ანგარიშით, - უსაფრთხო პირობებში განვითარებისაკენ.
ამ კონტექსტით ფრიად ყურადსაღებია ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნების, შავი ზღვისპირეთის, დუნაის აუზის სახელმწიფოების როლი. სტრატეგიული რესურსების არსებობა, მთელი რიგი დარგების მაღალტექნოლოგიური განვითარება, მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი საქონლის აუთვისებელი ბაზარი და უზარმაზარი პოტენციალი მომსახურების სფეროს განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ურთიერთსასარგებლო გაცვლისათვის ამ რეგიონებისა და ევროპის, ამერიკის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. დღევანდელ მსოფლიოში პროცესები იმგვარად ვითარდება, რომ, ერთი მხრივ, მთელი რიგი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ არჩეული დემოკრატიული აღმშენებლობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლების გზა და, მეორე მხრივ, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების აღმოსავლური სტრატეგია ადრე თუ გვიან, და იმედი გვაქვს, არცთუ შორეულ მომავალში, ევროკავშირს მოაახლოებს ჩვენს რეგიონს, - საქართველო, და ვფიქრობ, მრავალი თქვენგანის გრძელვადიან მიზნებს წარმოადგენს ის, რომ მომზადებულები შევხვდეთ ამ ეპოქალური მნიშვნელობის ცვლილებებს. ალბათ, თქვენი კონფერენციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც სწორედ ამ დიდ საქმეში წვლილის შეტანაა.
ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია შეიქმნას ნედლეულის, ტვირთისა და საქონელგამტარი საიმედო და ეფექტიანი სისტემები, რომლებიც უნდა მოიცავდეს სატრანსპორტო ხაზებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, ენერგოშემცველების საექსპედიტორო სამსახურს, სასაწყობო და ტვირთგადამამუშავებელ მეურნეობებს თავიანთი ინფრასტრუქტურით. თუ გავითვალისწინებთ უკრაინის, სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, გეოპოლიტიკურ მდებარეობას, სავსებით შესაძლებელია არსებული სატრანსპორტო მაგისტრალების გამოყენებით უმოკლედ დროში შეიქმნას ზემოთ აღნიშნული სრულყოფილი სისტემა. თურქმენეთმა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ტრანზიტისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ ქალაქ სარახსში ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერით გადადგეს პირველი, ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. შეთანხმებასთან მიერთების სურვილი უკვე გამოთქვეს უკრაინამ და ყაზახეთმა. დღეს გავიგე, რომ ხელს მოაწერს ბულგარეთი, სურვილს გამოთქვამს რუმინეთი, სხვა სახელმწიფოები. ამჟამად, მას უერთდება ყირგიზეთიც, სარახსის შეთანხმებით, იქმნება ტრასეკის პროექტის ერთი რეალურად მოქმედი მონაკვეთი. ტრასეკის სისტემაში, რომელსაც განვიხილავთ, როგორც ამჟამად არსებული და მომავალში მშენებარე მაგისტრალების პარალელურ ხაზს, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი, მეზობელი თუ შორეული სახელმწიფოს, კომპანიის პოზიტიურ წვლილს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ტრასეკასთან ერთად ენერგოშემცველების პროექტის განხორციელება იმ შემთხვევაში მოიტანს რეგიონისათვის სასურველ მაქსიმალურ ეფექტს, თუკი ჩვენ შევძლებთ შევქმნათ პირობები, როცა მათში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ და მათი სიკეთით სრულად ისარგებლებენ სახელმწიფოები, რომლებიც ამჟამად ზოგიერთი მარშრუტის მიღმა აღმოჩნდნენ.
როგორც ცნობილია, დასავლეთის ვარიანტი ითვალისწინებს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული სარკინიგზო და სანაოსნო საშუალებების, მილსადენების გამოყენებას, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის ამოქმედებას. ეს გადაწყვეტილება ამ რეგიონის ქვეყნებისათვის ნიშნავს არა მხოლოდ ნავთობის ტრანსპორტირებას, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ ტრანსპორტის სხვა სახეობათა გააქტიურებასაც. ადრეული ნავთობი ქმნის კასპიის ზღვაში არსებული ნახშირწყალბადოვანი რესურსების უდიდესი მარაგის ჩართვის პერსპექტივას მსოფლიო ეკონომიკაში. იმედს გამოვთქვამ, რომ უკვე ამ ათასწლეულში დაიწყება აღნიშნული რესურსების ინტენსიური ათვისება, ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება ე.წ. დიდი ნავთობის ტრანსპორტირების საკითხი. უკვე განიხილება მრავალი ვარიანტი, რომელთა შორის კავკასიის ვარიანტს რეალური პერსპექტივა აქვს.
განსაკუთრებით იგრძნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დახმარება ტრასეკის რეგიონალური პროგრამების პროექტების დამუშავებაში. ეს პროგრამები მუშავდება ევროკომისიის გადაწყვეტილებით შუა აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) და ამიერკავკასიის სამი ქვეყნისათვის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ვაჭრობის განვითარების, სატრანსპორტო ურთიერთკავშირის და ევროპისა და აზიის ქვეყნებისათვის მოხერხებული და ხელსაყრელი საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემის შექმნისათვის. ტრასეკის რეგიონული პროგრამის დამუშავების შედეგად დასაბუთებულ და აღიარებულ უნდა იქნეს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაგისტრალების ინტეგრაციის მნიშვნელობა ევროპის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების და აზიის სატრანსპორტო სისტემებში.
ახლა - უშუალოდ საქართველოს სატრანსპორტო სისტემის საერთაშორისო ინფრასტრუქტურაში ინტეგრირების საკითხებზე. კერძოდ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ იმისათვის, რომ ქვეყანა სრულფასოვნად ჩაერთოს მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობაში.
ტრანსკავკასიური დერეფნის ინფრასტრუქტურის ძირითადი ხერხემალი შედგება შავი და კასპიის ზღვის ნავსადგურებისაგან, აგრეთვე, არსებული სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებისა და ავიახაზებისაგან. ამასთან, აღნიშნული ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ელემენტის დღევანდელი მდგომარეობა მისი პარამეტრებით ითხოვს გარკვეულ ღონისძიებათა განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისათვის. ეს ძირითადად ეხება სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებს, რომლებიც უნდა გახდნენ ტვირთზიდვის ე.წ. სატრანსპორტო „ხერხემალი“. ამ ფუნქციების შესასრულებლად საჭიროა როგორც რკინიგზის ცალკეული კვანძების, ისე საავტომობილო მაგისტრალების რეკონსტრუქცია-მშენებლობა.
ამასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგება სატრანსპორტო სისტემის ცალკეული კვანძების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის ახალი აუცილებლობით გამოწვეული ელემენტების მშენებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვნად ფორმირებისათვის ყველა დაინტერესებულმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ ერთიანი პროგრამა. იქნებ ღირდა აქვე, ამ კონფერენციაზე გადაგვეწყვიტა ტრასეკის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის დაფუძნების საკითხიც.
საქართველოში სანავსადგურო მეურნეობის განვითარება განიხილება, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კერძოდ, ნავსადგურები უნდა იქცნენ არა მხოლოდ ტვირთების გადატვირთვა-გადმოტვირთვისათვის მექანიკურ ოპერატორებად, არამედ მათ უნდა შეიძინონ სავაჭრო-კომერციული ცენტრების ფუნქცია. ამისათვის კი საჭიროა შეიქმნას სასაწყობო კომპლექსები, ახალი ტერმინალები.
ფოთის, ბათუმის ნავსადგურებს დღეს უკვე შეუძლიათ შეასრულონ ტრანსპორტის გამანაწილებელი კვანძის ფუნქცია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ამის საშუალებას მათ აძლევთ განვითარებული ნავმისადგომების მეურნეობა, სარკინიგზო კვანძი და ავტოსაგზაო ხაზი, აგრეთვე, აქ ქალაქებთან ახლოს მდებარე ქალაქ სენაკში არსებული აეროდრომი, რომლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი კლასის მძიმე ტვირთამწეობის თვითმფრინავების მისაღებად. საქართველოს ნავსადგურებიდან იქმნება, აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებზე, ხოლო იქიდან - ტრანსკონტინენტურ ხაზებზე გასვლის შესაძლებლობა.
აქვე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო საბორნე გადასასვლელებს. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ უკვე მოქმედებს საავტომობილო საბორნე გადასასვლელები ფოთი-ბურგასი და ფოთი-ილიჩოვსკი, მიმდინარეობს მუშაობა და ამა წლის პირველ ნახევარში გაიხსნება ხაზები ბათუმი-ნოვოროსიისკი, ფოთი-ნოვოროსიისკი, ფოთი-კონსტანცა, ფოთი-ანტვერპენი (საკონტეინერო გადაზიდვა). სარკინიგზო ბორნების პროექტირებასა და მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუმინეთის, უკრაინის და ბულგარეთის მხარეებმა. არ შევუდგები ამ აუდიტორიაში ზოგადად საბორნე მიმოსვლის მნიშვნელობაზე საუბარს. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ფოთი-ილიჩოვსკის ბორნის წყალობით თითქმის ცხრაჯერ გაიზარდა ტვირთბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის. პერსპექტივაში ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის არტერიის გაგრძელება იქნება საწყლოსნო სისტემა ფოთი-დუნაი-რაინიმაინი, რომელიც გადის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაზე. ამ თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სატრანსპორტო ქვეყანად აღიარებას და ამ მიზნით ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აქტებთან და კონვენციებთან შეერთებას, ასევე, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში გაწევრიანებას და ჩვენს ქვეყანაზე გამავალი იაფი ტრასის შექმნას და ამოქმედებას. საქართველოს რეპუტაცია ამ თვალსაზრისით იზრდება, რისი დადასტურებაცაა უზბეკეთის მთავრობის დადგენილება საქართველოს გავლით დიდი მოცულობის ტვირთების გატარების შესახებ. ამას მოწმობს, აგრეთვე აზერბაიჯანის საერთაშორისო ნავთობის კონსორციუმისა და აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებაც ადრეული ნავთობის ტრანსპორტირების ორი გზის არჩევის შესახებ.
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს შეადგენს ავიაცია. 1996 წელს უკვე გაიხსნა ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო ავიახაზები, რომლებმაც დაუკავშირეს თბილისი ევროპისა და აზიის უდიდეს ქალაქებს. რუსეთის მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონთან საავიაციო მიმოსვლის განახლების შესახებ.
რაკი ჩრდილოეთ კავკასია და მთლიანად რუსეთი ვახსენეთ, აქვე გამოვთქვამ ერთ მოსაზრებასაც. როდესაც ჩვენი რეგიონის სატრანსპორტო საკომუნიკაციო შესაძლებლობებსა და პერსპექტივაზე ვლაპარაკობთ, უნებლიეთ ვგულისხმობთ მხოლოდ დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებას. ვერ გეტყვით, საიდან მოვიდა ეს სტერეოტიპი, მაგრამ დროა მისგან განვთავისუფლდეთ. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალების სრულფასოვანი ამოქმედებით შესაძლებელი გახდება ვილაპარაკოთ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის არსებობაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გადაკვეთს დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფანს და ერთმანეთს დაუკავშირებს რუსეთს, თურქეთს, საბერძნეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. კავკასიის სახელმწიფოებისათვის ეს ნიშნავს ახალ გეოსტრატეგიულ სივრცეში ჩართვას, აქედან გამომდინარე ეკონომიკური და, თუ გნებავთ, პოლიტიკური შედეგებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად ახალციხის გავლით უკვე ფუნქციონირებს საავტომობილო მაგისტრალი და საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალქალაქის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის თაობაზე, ცხადი გახდება, რომ მარშრუტის ამოქმედებას ხელს უშლის მხოლოდ კონფლიქტი აფხაზეთში. მინდა, დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებს ვაცნობო, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ამასწინდელ სამიტზე მიღებულია იმედისმომცემი გადაწყვეტილება, რომელიც კონფლიქტის მოწესრიგების რეალურ გზებს სახავს. იმასაც მოგახსენებთ, რომ ამავე სამიტის დროს მოსკოვში მიღწეულია შეთანხმება წლეულს მშვიდობიანი კავკასიის ფარგლებში კავკასიის ოთხი სახელმწიფოს პრეზიდენტებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერთა რიგით მეორე შეხვედრის გამართვის შესახებ.
შეუძლებელია არ შევეხო ერთ ზოგად, მაგრამ პრინციპულ თემას. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიოს თუნდაც ერთი დღე წარმოუდგენელია კომუნიკაციების გარეშე. ოცდამეერთე საუკუნე კი, საერთოდ, კომუნიკაციების ეპოქა იქნება. საკომუნიკაციო სისტემებისადმი ცივილიზებული დამოკიდებულება, სწორედ მომავლის ხედვის თვალსაზრისით, პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა, ბიზნესმენთა ახალ აზროვნებას ახლებურ მიდგომებს და ძველი სტერეოტიპებისაგან განთავისუფლებას მოითხოვს. სატრანსპორტო მაგისტრალები, სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო მარშრუტები, ნავთობსადენები და გაზსადენები, კავშირგაბმულობის საშუალებანი სახელმწიფოთა შორის ველური კონკურენციის სფეროდან, რასაც ხშირად დაძაბულობისა და კონფრონტაციის ატმოსფერო მოაქვს, სტაბილურობის, მშვიდობის, საყოველთაო განვითარების ფაქტორად უნდა იქცეს, როგორც რეგიონული, ასევე გლობალური, საპლანეტო მასშტაბით. ელემენტარული ჭეშმარიტების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ახლა შეუდგნენ დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას და რომელიც მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის ეტაპზე იმყოფებიან. დღევანდელი ჩვენი ავტორიტეტული შეხვედრა სწორედ იმის დასტურია, რომ დაიწყო ერთ დროს ჩაკეტილი კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა რეგიონთან საარსებო არტერიებით დაკავშირების, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღორძინების უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
და ბოლოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ თქვენმა შეხვედრამ, როგორც ერთ-ერთმა მოსამზადებელმა ეტაპმა, უნდა შეიმუშაოს საერთო პოზიცია მესამე პან-ევროპული კონფერენციისათვის. ჩემი აზრით, ამ პოზიციის შემუშავების დროს ამჟამად მოქმედ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და კონვენციებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უმთავრესი: დასავლეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ-სამხრეთი სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც კვეთს ჩვენს რეგიონებს, უნდა იქცეს იმ ინტეგრაციის მარცვლად, რომელიც უკლებლივ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევას მოაქცევს ინტერესთა ერთიან კალაპოტში. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის საქმიანობა ამ კეთილშობილი მიზნით იქნება გამსჭვალული.
გისურვებთ წარმატებებს.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.
თბილისის შეხვედრა ახალ განზომილებას შესძენს ბისეკის საქმიანობას, მძლავრ ბიძგს მისცემს ტრასეკის შემდგომ განვითარებას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 აპრილი. - №81 (2454). - 1,2 გვ.
![]() |
40 „მჯერა, რომ საერთო ენას იპოვიან ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ყველა ხალხის, ყველა მოქალაქის, ყველა ეროვნების წარმომადგენელთა ინტერესების ჭეშმარიტი დამცველი იქნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 აპრილის რადიოინტერვიუ
- დღეს 14 აპრილია - ქართული ენის დღე - მართლაც მნიშვნელოვანი და გამორჩეული ჩვენი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში. საქართველოს უახლოეს ისტორიაში იშვიათია თარიღი, რომელსაც მართლაც კარგად და მართლაც გულთბილად იხსენებენ ჩვენში... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, მის ყველა მოქალაქეს. 14 აპრილი ერთ-ერთი სახელოვანი და ბრწყინვალე თარიღია ჩვენს ისტორიაში, და საერთოდ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უახლეს ისტორიაში. ქართული ენის - სახელმწიფო ენის დღესთან არის დაკავშირებული ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გლობალური გამოღვიძება. ეს ის დღეა, როცა დარეკა ზარმა და მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა. ჩვენთან ერთად იყვნენ ქართველები და ჩვენი ქვეყნის არაქართველი მოქალაქენიც. ეს დღე დაუვიწყარია იმით, რომ ტოტალიტარული სისტემის პირობებში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გაიმარჯვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ეროვნულმა რწმენამ, ეროვნულმა ენერგიამ, გაიმარჯვა საღმა აზრმა და ქართულმა პოლიტიკამ, რის შედეგადაც, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ, ქართული ენა გადავარჩინეთ მსხვერპლისა და დანაკარგების გაუღებლად. 14 აპრილი მართლაც საოცარი ერთობის, ჭკუისა და გონების დემონსტრაცია გახლავთ, ასე იყო თბილისში, ასე იყო სოხუმში (სხვათა შორის, მაშინ მე გახლდით სოხუმშიც, ქუთაისშიც, ცხინვალშიც, ყველგან, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონსა და ყველა სოფელში).
14 აპრილს სტუდენტური დღეები იწყება. მე მივმართავ მათ, სტუდენტებს: თქვენ შემოგხარით, ჩემო შვილებო! თქვენ ჩაიბარებთ ხვალინდელ საქართველოს, თქვენი შრომა და სწავლა იქნება მისი უკვდავებისა და აყვავების გარანტი. გილოცავთ!
- განვლილი კვირა, ალბათ, გამორჩეული იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში. მხედველობაში მაქვს ტრასეკა-ბისეკის სატრანსპორტო კონფერენცია. საქართველოს გაწევრიანება შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ფაქტი იყო ქვეყნისათვის, რომელმაც ის-ის იყო მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ ტრასეკის პროექტის განხორციელება გახდა ჩვენი ქვეყნისათვის საარსებო მნიშვნელობის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია თბილისში გაიმართა. და, კიდევ ერთი ფაქტი განვლილი კვირის მოვლენებიდან: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა. იაპონიის ინტერესი საქართველოსადმი განსხვავებულად გამოიკვეთა და საგულისხმოა, რომ ელჩმა თავის მისასალმებელ სიტყვაში გაიხსენა ის ფაქტი, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში იაპონიის გაწევრიანებას თქვენ დაუჭირეთ მხარი და, რომ ისინი ამისათვის მადლობელი არიან...
- ეს რამდენიმე უფრო პროზაული თემაა, მაგრამ - ტრადიციული. მე ახლა სწორედ ამ თემას შევეხები.
განვლილი ეკონომიკური კვირის მთავარი თემა მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ინტეგრაცია იყო - უფრო სწორად, ინტეგრაციის ერთი ეტაპი.
უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ (და არა მხოლოდ ეკონომიკურ) მოვლენას წარმოადგენდა თბილისში ევროპა-კავკასია-შუა აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (ბისეკის) წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენცია.
ამ მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ევროპის, კავკასიის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტები, ასევე მეთვალყურენი ექვსი ქვეყნიდან.
კონფერენცია იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რაოდენ დიდი და უალტერნატივო მნიშვნელობა აქვს ცალკეული რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ერთიან ინტეგრაციულ მექანიზმად ჩამოყალიბებას.
ბისეკისა და ტრასეკის სატრანსპორტო დერეფნის ერთმანეთთან დაკავშირება, საერთო ევროპული დერეფნების ლოგიკურ გაგრძელებად მათი აღიარება და ევროპის პრიორიტეტულ მიმართულებებთან ინტეგრირება, ფაქტობრივად, მყარ საფუძველს უქმნის პანევროპულ კონფერენციას, რომელიც ივნისში ჰელსინკში უნდა გაიმართოს. სწორედ ასეთი შეფასება მისცეს მას საერთაშორისო ორგანიზაციებმა თბილისის კონფერენციაზე.
ამ მიმართულებით ინტეგრაციის განვითარება დიდად წაადგება თანამეგობრობის ქვეყნებისა და ევროპის დაახლოებას და, კერძოდ, ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირის მოახლოების პროცესის დაჩქარებას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტები. მიღებულ საბოლოო დოკუმენტში აისახა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ სუბრეგიონულ, რეგიონულ და მრავალმხრივ დონეებზე ამ პროექტების დაფინანსების საჭიროება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შეიქმნა ტრასეკის პროექტის განხორციელების საერთაშორისო საფინანსო ცენტრი.
აუცილებელია აღინიშნოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს უკვე არსებული სატრანსპორტო არტერიების ხელშეწყობას, რომელთაც, როგორც ტრასეკის რეალურად მოქმედ მონაკვეთებს, თავიანთი წვლილი შეაქვთ ამ მარშრუტის სატრანსპორტო ნაკადების ზრდაში. ეს გახლავთ სარაქსის ოთხთა შეთანხმება, რომელთანაც შეერთების მსურველთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარაქსში ხელშეკრულებას, ბევრს ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას და ჩვენს საზოგადოებრიობასაც არ მიუქცევია ამისათვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება. ახლა კი სარაქსის ხელშეკრულება, რომელსაც შეუერთდნენ ან უერთდებიან სხვა ქვეყნები, ერთ-ერთი ცენტრალური საკვანძო მოვლენა გახდა ამ დიდი მარშრუტების განვითარებისათვის.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს სატრანსპორტო ქსელს, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მისმა განახლებამ უნდა უზრუნველყოს ოთხივე მიმართულებით ინტენსიური ტვირთზიდვა. საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტის სისტემებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა ეკოლოგიური მოთხოვნის დაცვის პირობებში, ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სანავსადგურო მეურნეობის განვითარებასა და საბორნე გადასასვლელების ორგანიზაციას, რომელთა ერთ-ერთ განშტოებად შეიძლება გადაიქცეს დუნაისა და რაინის სანაოსნო სისტემა, რომელიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაზე გადის. წუხელ პროგრამა „მსგეფსში“ ითქვა, რომ რამდენიმე წლის წინათ ამას ფანტაზიის სფეროს მიაკუთვნებდნენ, განსაკუთრებით, როცა დუნაირაინის აუზზე იყო ლაპარაკი. დღეს კი ეს არავითარი ფანტაზია არ გახლავთ, ეს სავსებით რეალური გეგმებია.
ყურადსაღებია, რომ კონფერენციის დროს უკრაინას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დერეფანში სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის დაწყების თაობაზე. ხელშეკრულება დაიდო ასევე სომხეთთან და რუმინეთთან ჩვენი თანამშრომლობისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების შესახებ.
კავკასიის რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებში თანაბარი მნიშვნელობით იგულისხმება (მე ეს უკვე ვთქვი კონფერენციაზე და ახლა კვლავ გავიმეორებ) ჩრდილოეთისა და სამხრეთის ვერტიკალური დერეფანიც.
ამ მიმართულებით ნიშანდობლივია კონფერენციის მონაწილე თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასა და ექსპლოატაციას. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ყარს-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებულია, აგრეთვე, მარაბდა-ახალქალაქის არსებული ხაზის რეკონსტრუქციაც; ვფიქრობ, რომ ამ რკინიგზის საექსპლოატაციოდ გადაცემა, რომელიც შემდგომ თბილისს დააკავშირებს ბაქოსთან, ბაქოს კი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, იგი ერთ-ერთი დიდად შემოსავლიანი მაგისტრალი გახდება საქართველოსათვის.
თბილისის კონფერენცია შეიძლება „აბრეშუმის გზის“ აღორძინების მნიშვნელოვან ეტაპად მივიჩნიოთ. ამ ისტორიული გზის პროექტის შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იაპონიას. უფრო სწორედ, იაპონიის მთავრობამ ცალკე შეიმუშავა „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტი და, ვფქირობ, ამ ბოლო დროს იაპონიის გააქტიურება კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, სწორედ ამ ინტერესებით არის განპირობებული. მინდა გითხრათ, რომ იაპონიის ელჩის დანიშვნა - იგი საქართველოში ელჩად ითვლება რუსეთთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ერთად, აქ მისი ვიზიტი ერთგვარი საეტაპო მოვლენა იყო, რადგან ჯერჯერობით ლაპარაკი იყო დიდ პროექტებზე, რეალურ თანხებზე არაფერს ვამბობ. ვფიქრობ, უახლოეს ხანში იაპონიას ვიზიტად ეწვევა სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მოგვიანებით, არ გამოვრიცხავ, ქვეყნის პრეზიდენტიც ესტუმროს ამ დიდ ქვეყანას.
ინტეგრაციული პროცესების განვითარების თემა ფიგურირებდა პრეზიდენტთან საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროსაც. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება: მარტო ჩამონათვალიც კი მოწმობს, თუ როგორი ინტენსიურობითა და დიდი პოლიტიკური დატვირთვით აღინიშნა ერთი კვირა და, ფაქტობრივად, ასეა ჩვენი ცხოვრების ყველა კვირა, მათ შორის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა. ამ მხრივ ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და საბერძნეთის ორმრხივი პარტნიორობის განვითარება, ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოთა თანამშრომლობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის პერსპექტივა, ასევე ამ ორგანიზაციასა და შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებს შორის ინტეგრაციული მიზნების განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ერთი თვის შემდეგ მოსალოდნელია ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში - ხმელთაშუაზღვის აუზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქვეყანაში, მაშინ სამი ზღვის აუზის ქვეყნების თანამეგობრობა და მათი აქტიური თანამშრომლობა, ინტეგრაციული პროცესების განვითარება უკვე გამონაკლისი აღარ იქნება.
ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელშეკრულებო ბაზა კიდევ შვიდი ხელმოწერილი დოკუმენტით გამდიდრდა. ეს გახლავთ შეთანხმებები საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლის (თქვენ იცით, რომ ეს მიმოსვლა საკმაოდ ინტენსიურია), სავაჭრო, საბაჟო, ტურიზმის, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ნაოსნობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან და საწარმოებიდან მიღებულ ოპერატიულ სტატისტიკაზე (თუმცა მთლად ზუსტი ჯერ არ არის). წარმოდგენილი ინფორმაციები დამაიმედებელ სურათს ქმნის მათ მიერ აპრილის დამდეგიდან გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით.
სრული დატვირთვით ამუშავდა რუსთავის „ქიმკომბინატის“ აზოტის წარმოება, რაც, უდავოდ, მისასალმებელია. მისი სადღეღამისო გამოშვება 1000 ტონას აღემატება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.
ასევე ამუშავდა და ძალას იკრებს რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. იმ სახელმწიფოს მინისტრის სტუმრობის დროს - ეს ტრანსლირებული იყო - საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, რომ საწარმოში აითვისეს ახალი მოცულობის მილები, რომლებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. მარტის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად (თითქმის სამჯერ) გაიზარდა წარმოების მოცულობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში (ესეც ძალიან სასიამოვნო მოვლენაა), მუშაობა გააუმჯობესა სააქციო საზოგადოება „მადნეულმაც“. მთლიანად კი ჰოლდინგში შემავალი საწარმოების მიერ აპრილის პირველ დეკადაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა ორჯერ აღემატება მარტის შესაბამის მაჩვენებელს.
წინა დეკადებთან შედარებით უკეთეს შედეგებს მიაღწიეს მსუბუქი მრეწველობის საწარმოებმა. თუმცა ეს ძალიან მოკრძალებული მონაცემებია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მეორე კვარტალში მათი მუშაობა უფრო მაღალი მაჩვენებლებით აღინიშნება.
საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, აპრილში შენარჩუნებული იყო წლის დამდეგიდან შემოსავლის ზრდის მიღწეული ტენდენცია. კერძოდ, თუ იანვარში მათ მიერ აკრეფილია 14 მილიონი ლარი, თებერვალში - 25 მილიონი,ხოლო მარტში - 28 მილიონი, აპრილის პირველ ათ დღეში შეგროვებულმა შემოსავალმა 14 მილიონ ლარს მიაღწია, რაც, თითქმის, მთელი იანვრის შემოსავლის ტოლია.
შენარჩუნებულია საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზაციის ტემპი საბაჟო დეპარტამენტის ხაზითაც, საიდანაც აღნიშნულ პერიოდში მიღებულია 3,5 მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავალი.
ახლა სავსებით კანონზომიერად მიმაჩნია ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ითქვას ხელფასებისა და პენსიების შესახებ. ჩემთან შემოსული მასალების მიხედვით, ზოგიერთ რაიონსა და ქალაქში დაგვიანებით იღებენ ხელფასს, პენსიასა და დახმარებას და საკმაოდ დიდი დაგვიანებითაც.
აპრილის მესამე დეკადაში განვიხილავთ ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსებში შექმნილ ვითარებას და იმ რაიონების, ქალაქების ხელმძღვანელებს, მხარეთა რწმუნებულებს, სადაც ასეთი ნაკლოვანებებია, მკაცრად მოვიკითხავთ. ხელფასების და, განსაკუთრებით, პენსიების დაგვიანებით გაცემა შეუთავსებელია დაკავებულ თანამდებობასთან. ასევე მკაცრი ზომები გატარდება იმ სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც ამ მხრივ სერიოზულად სცოდავენ. პასუხი მოეთხოვებათ ბანკებსაც, რომლებიც ხელოვნურად აფერხებენ საბანკო ოპერაციებს, რითაც ანგარებისა და ბოროტმოქმედების გარემოს ქმნიან.
- და კვლავ აფხაზეთის თემა. ერთი მხრივ, - ოფიციალური განცხადებები და საკმაოდ კარგი დოკუმენტები, რომლებიც კონფლიქტის მოწესრიგებას ეხება, მეორე მხრივ კი, მრავალგზის გაცრუებული იმედები, სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდების, კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, სხვა დახმარების ფაქტები. ეს თემა ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით გამწვავდა, საგულისხმოა როხლინის განცხადება...
- მოსკოვის სამიტის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად დრო არც ისე ბევრია, თუმცა დარჩენილ ვადაშიც ბევრი რამის მოსწრება შეიძლება. ხშირად პრეტენზიებს სამშვიდობო ძალების სარდალს უყენებენ. ეს მთლად სწორი და სამართლიანი არ არის, რადგან იგი იმ ბრძანებებს შეასრულებს, რომლებსაც მოსკოვიდან მიიღებს, მოსკოვი კი არ ჩქარობს და, უნდა ვთქვა, რომ არ ჩქარობენ არც დიპლომატები და არც სამხედროები. 4 აპრილის ხელშეკრულების მოშველიება და, ამ არგუმენტით უმოქმედობის გამართლება შეუწყნარებელია. ლაპარაკია იმაზე, რომ ხელშეკრულების შესაბამისად უნდა იყოს ორივე მხარის თანხმობა, რადგან 4 აპირილის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. განა არაფერს ნიშნავს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელთა უმაღლესი დონის შეხვედრები და ბუდაპეშტსა და ლისაბონში მიღებული შესაბამისი რეზოლუციები? იქ ხომ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია შეფასდა, როგორც ეთნოწმენდა, ქართველთა მასობრივი გაჟლეტა და მშობლიური ადგილებიდან გამოდევნა. ანდა, რატომ ვივიწყებთ თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების გასული წლის 19 იანვრის პრინციპულ, მკაცრ შეფასებებსა და მოთხოვნებს? ხოლო, თუ წინათ ხელმოწერილ ხელშეკრულებებს ვეყრდნობით, მაშინ რატომ არ უნდა გავიხსენოთ და რატომ არ უნდა დავაყენოთ 1992 წლის სექტემბერში მოსკოვში ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელსაც რუსეთის, საქართველოს, აფხაზი სეპარატისტების და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ლიდერებმა, პირველმა პირებმა, მათ შორის, ბატონმა ელცინმა, შევარდნაძემ და სხვებმა მოაწერეს ხელი? ამ ხელშეკრულების თანახმად ხომ კონფლიქტის მოგვარების ყველა ასპექტი იყო გადაწყვეტილი და გათვალისწინებული. აფხაზეთის პრობლემა რომ ჩვენი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხია, არავითარ დავას არ იწვევს და ჩვენ ყველანი - საქართველოს მოქალაქენი - ასე ვფიქრობთ. ამასთანავე სასწორზე დაიდო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ავტორიტეტი, თუ გნებავთ, მისი სიცოცხლისუნარიანობა. თანამეგობრობას, რომელსაც არ ძალუძს პატივი სცეს და შეასრულოს საკუთარი გადაწყვეტილებანი, არ შეიძლება დიდი მომავლისა და დიდი ინტეგრაციის პრეტენზიები ჰქონდეს. ვიმეორებ, ლაპარაკია არსებულ შესაძლებლობაზე, რომელთა გამოუყენებლობაც მძიმე დაღს დაასვამს ამ ორგანიზაციის არა მარტო ავტორიტეტს, არამედ საერთოდ მის მომავალსაც.
ახლა გიპასუხებთ შეკითხვაზე იარაღთან დაკავშირებით. ეს ფართო თემაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ მიმართულებას განვიხილავ: ცნობილია ოფიციალური განცხადებები იმის შესახებ (თქვენ უკვე ახსენეთ ერთი პიროვნება), რომ რუსეთი იარაღს, სამხედრო ტექნიკას, სამხედრო მასალებს აწვდიდა სეპარატისტულ რეჟიმს. მასალებიც რომ არ არსებობდეს, მე თვითონ ვიცი, ჩემი პირადი გამოცდილებით, ჩემი თვალით მინახავს ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. ამასთან ერთად საბრძოლო ოპერაციებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ოფიციალური სამხედრო უწყების წარმომადგენლები. ამის შესახებაც არა ერთი მასალაა გამოქვეყნებული საკმაოდ კონკრეტული და დადასტურებული ფაქტებითურთ. ცნობილია გენერალ კოლესნიკოვის განცხადება, ხაზბულატოვისა უმაღლეს საბჭოში სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით. მე მგონი, ეს ერთადერთი ზუსტი დასკვნაა, რომელიც მან, როგორც, ასე ვთქვათ, დიდმა მოღვაწემ გააკეთა: სოხუმი ამა და ამ დღეს დაეცემაო... ცნობილია სხვა გენერლების, მათ შორის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის სემიონოვის ვოიაჟები საქართველოში და მრავალი სხვა. რუსეთში ამჟამად მიმდინარე გამოძიებამ ფარდა უნდა ახადოს ამ დანაშაულობებს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ინტერესებისათვის, ურთიერთნდობისა და პატივისცემის დამკვიდრებისათვის უნდა გაირკვეს და ითქვას სიმართლე. სწორედ ამ სიმართლეს ელოდება დღეს საქართველო და, ჩემი აზრით, რუსეთის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში.
- რუსეთის საინფორმაციო პროგრამებში ამ ბოლო დროს კვლავ ფიგურირებს ის თემა, რომელსაც იგივე რუსები ანტირუსულ განწყობილებებს უწოდებენ და ჩვენც შეგვიძლია ვუწოდოთ, ალბათ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული განცხადებები. ამაზე იყო საუბარი წინა ინტერვიუში, რადგან საამისო მასალაც გვქონდა. განსაკუთრებით ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოჩნდა ასეთი მასალები პრესაში...
- სხვათა შორის, ისეთი მასალები, გარკვეულ შეშფოთებას რომ იწვევს, ჩვენთანაც ქვეყნდება, ცალკეული დეკუმენტებიც არის, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების პოზიციებიდან გამომდინარე, ერთგვარ ეჭვს, დავას, კამათს იწვევს და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა შევეხები მეორე მხარეს, რომლითაც თქვენ დაიწყეთ საუბარი და სწორედ ამაზე შევჩერდები, რადგანაც საქართველოში გამოქვეყნებული მასალა რუსეთს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. იქ გამოქვეყნებული მასალები და იქ ჩამოყალიბებული კონცეფციები და, ასე ვთქვათ, დოქტრინები, რომლებიც ოფიციალურ პრესაში ქვეყნდება და თანაც ბევრ მათგანს ხელს აწერენ ცნობილი მოღვაწეები, ეს უკვე თუ სახელმწიფო პოლიტიკა არა, პოლიტიკასთან მიახლოებული კურსია. რუსეთის ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებში გაჩაღებული კამპანიის მიზანი ის არის, რომ ბიძგი მისცენ ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-სომხურ ურთიერთობათა გართულებას, შექმნან პრობლემები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის. მე აღარ ვლაპარაკობ ისეთ აბსურდსა და ბოროტ ზრახვებზე, როგორიც არის, ვთქვათ, ზღაპარი აჭარის სეპარატიზმზე და, განსაკუთრებით იმის იმედზე, რომ აჭარული სეპარატიზმი საქართველოსათვის პრობლემა გახდება.
ვინც აჭარის თემას ასე ეხება რუსეთში, ისინი საცოდავი პოლიტოლოგები და საცოდავი პოლიტიკოსები არიან, და ისიც კი არ იციან, რომ აჭარაში ძირძველი ქართველობაა, დედასამშობლოზე თავდავიწყებამდე შეყვარებული ხალხი ცხოვრობს და მათი პროგნოზები მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. რამდენიც უნდა წერონ, როგორი სტატიებიც უნდა გამოაქვეყნონ აჭარაში რაღაც სეპარატიზმისა და ანტიქართული განწყობილების გაღვივების შესახებ, ეს გამორიცხული და შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, ნავთობსადენების თემაც ძალიან აქტიურად განიხილება. მე უკვე ვთქვი თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომ ახლა სხვა დროა, სხვა კანონზომიერებანია და არავის არ უნდა უკვირდეს, რომ დიდი ნავთობის ან ადრეული ნავთობის ორი ვარიანტი არსებობდეს, ორი მიმართულება იყოს დაკანონებული და ეს არ უნდა გადაიქცეს სახელმწიფოთა შორის რაღაც დაძაბულობის საგნად, თუ ინტეგრაციაზე ბევრს ლაპარაკობენ და მიაჩნიათ, რომ ინტეგრაციული პროცესები დადებითი მოვლენაა დღევანდელ მსოფლიოსა და, მათ შორის, თანამეგობრობისათვის, ესეც ინტეგრაციის ერთ-ერთი ფორმა და გამოხატულებაა.
მე ისიც მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც გუშინ იყო, მინდა ვთქვა სწორედ იმ სტატიების, დოქტრინებისა და კონცეფციების ავტორთა საყურადღებოდ. ხვალ იგი კიდევ უფრო სტაბილური და კიდევ უფრო ძლიერი ქვეყანა იქნება. ამ პერსპექტივას ჩვენ ყველანი ვხედავთ. იგი არის სამშობლო სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა, რომლებიც კონსტიტუციურად და პრაქტიკულად თანასწორუფლებიანი არიან და რომელთა შორის შუღლს და მტრობას ვეღარავინ ჩამოაგდებს. მჯერა, რომ საერთო ენას იპოვნიან ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ყველა ხალხის, ყველა მოქალაქის, ყველა ეროვნების წარმომადგენელთა ინტერესების ჭეშმარიტი დამცველი იქნება.
საქინფორმი.
„მჯერა, რომ საერთო ენას იპოვიან ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ყველა ხალხის, ყველა მოქალაქის, ყველა ეროვნების წარმომადგენელთა ინტერესების ჭეშმარიტი დამცველი იქნება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 აპრილი. - №85 (2458). - 1,2 გვ.
![]() |
41 „...კვლავაც ძალზე სჭირდებით თქვენს ქვეყანასა და თქვენს ხალხს“ |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
აკადემიკოს ვალერიან მეტრეველს
ბატონო ვალერიან,
გულითადად გილოცავთ 80 წლის იუბილეს.
მრავალი ათეული წლის მანძილზე მე საშუალება მქონდა ახლოდან მედევნებინა თვალი თქვენი მრავალმხრივი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის და მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენისთანა ადამიანები უქმნიდნენ და უქმნიან ავტორიტეტს ქართულ აგრარულ მეცნიერებას, რომლის სახელის წარმოჩენისთვის თქვენ ასე ბევრი რამ გააკეთეთ 60 წლის ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე.
ფასდაუდებელია თქვენი წვლილი სოფლის ელექტროფიკაციის, აგრარული განათლების მქონე კადრების მომზადების საქმეში.
სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემია დღეს კვლავ თავისი ქვეყნის სამსახურშია.
სასიხარულოა, რომ დღესაც ახალგაზრდული ენერგიით ერთგულად და უანგაროდ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის საქმეს.
კიდევ მრავალი წლის სიცოცხლეს გისურვებთ.
თქვენ ხომ კვლავაც ძალზე სჭირდებით თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს.
ე. შევარდნაძე.
მილოცვა : „...კვლავაც ძალზე სჭირდებით თქვენს ქვეყანასა და თქვენს ხალხს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 16 აპრილი. - №86 (2459). - 1 გვ.
![]() |
42 „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
21 აპრილის რადიოინტერვიუ
- ტრადიციულად დღევანდელ ინტერვიუსაც ეკონომიკური თემით დავიწყებთ. განვლილი კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით აღინიშნა. გამოვყოფდი ერთს - „ბრიტიშ პეტროლიუმისა“ და საქართველოს ავიაციის დეპარტამენტს შორის ხელმოწერილ დოკუმენტს. და, კიდევ ერთი რამ - დაახლოებით 2-3 კვირის წინათ ინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ ზოგიერთ რაიონში ხელფასებისა და პენსიების დაგვიანებით გაცემის პრობლემაზე. ეს მოვლენა გრძელდება და ჯერჯერობით გამოსავალი ვერ მოიძებნა... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ქვეყანაში დაწყებული ეკონომიკური სტაბილიზაციის, წარმოების გამოცოცხლებისა და აღმავლობის პროცესები სულ უფრო მყარ და მდგრად ხასიათს იძენს.
ამას მოწმობს პირველ კვარტალში ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების შეჯამებული მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ზრდის ტენდენციით ხასიათდება როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისე ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი.
უახლოეს დღეებში პირველი კვარტალის შედეგებს განიხილავს მთავრობის სხდომა, რომელზეც ვრცლად ვიმსჯელებთ ამ პრობლემების შესახებ. დღეს კი რამდენიმე ძირითად მახასიათებელზე შევჩერდები. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი პირველ კვარტალში 109 პროცენტს შეადგენს. მარტში ფასების ინდექსი წინა თვეებთან შედარებით 0,7 პროცენტი იყო, ხოლო მთლიანად სამ თვეში ინფლაციის ზრდა 1,18 პროცენტის დონეზე აღინიშნა.
სამრეწველო წარმოების ზრდა პირველ კვარტალში 11 პროცენტს აღწევს, ხოლო პურის ცხობის დარგის გარეშე (სადაც წარმოების მოცულობამ წინა წლის ანალოგიური პერიოდის 76 პროცენტი შეადგინა), მთელი მრეწველობის წარმოების ზრდის ტემპი, ესე იგი, მრეწველობის ზრდის ტემპი პურის ცხობის გარეშე 121 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება პურის ცხობის დარგში წარმოების დაქვეითებას, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიც, მაგალითად, არასამრეწველო წესით პურის ცხობაა და სხვა, მნიშვნელოვანწილად აღრიცხვის ნაკლოვანებებთან იყოს დაკავშირებული, უფრო სწორედ, ალბათ, ასეც არის.
ზრდის მაღალი მაჩვენებლებით დაამთავრეს პირველი კვარტალი თბილისში - 116 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთში - 124, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 120, სამცხე-ჯავახეთში - 116 პროცენტი, და სხვა რეგიონების ზოგიერთმა სამრეწველო ობიექტმა.
დარგობრივი თვალსაზრისით სწრაფი ტემპია შენარჩუნებული მომპოვებელ მრეწველობაში - 141 პროცენტი, ელექტროენერგეტიკაში - 122, სათბობის მრეწველობაში - 176, შავ მეტალურგიაში - 145, მანქანათმშენებლობაში - 117, საშენ მასალათა მრეწველობაში - 170, კვების მრეწველობაში, პურის ცხობის გარეშე - 176 პროცენტი.
კვლავ სწრაფი ტემპით გამოირჩევა მცირე სამრეწველო საწარმოებში პროდუქციის გამოშვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. წარმოების მოცულობა აქ 2,5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად გაიზარდა მისი ხვედრითი წილი მთელ სამრეწველო პროდუქციაშიც. გასული წლის 4,5-დან 7,5 პროცენტამდე. ჩემი ვარაუდით, წელს მცირე ბიზნესი საერთო მოცულობაში, ალბათ, 10-12 პროცენტს დაიკავებს.
მრეწველობის აღმავლობის დაწყების პროცესის განმტკიცება-გაძლიერება მჭიდროდ უკავშირდება დარგის ძირეული რესტრუქტურიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას. ამას ადასტურებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე თანამეგობრობის ზოგიერთი ქვეყნის საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პრაქტიკაც.
დაუყოვნებლივ უნდა განისაზღვროს ჩვენი სამრეწველო კომპლექსის რესტრუქტურიზაციის საბოლოო სახე. გამოიკვეთოს საწარმოთა რეალური შესაძლებლობანი - რომელი მათგანი გახდება კონკურენტუნარიანი, რომელს დასჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა, რომლის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, აქ გამოვთქვამდი ერთ მოსაზრებას: აქამდე ძალიან სასარგებლოდ მუშაობდა სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის ცნობილი ბრძანებულება ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებული განხორციელების თაობაზე. ახლა ბევრი რამ ამ ბრძანებულებიდან შესრულებულია, ზოგმა დებულებამ, ასე ვთქვათ, ამოწურა თავისი დანიშნულება, და სახელმწიფო კანცელარიას, ეკონომიკურ სამსახურს, კერძოდ, თემურ ბასილიას დაევალათ შეიმუშაონ ახალი ბრძანებულება, ესე იგი, ეკონომიკური რეფორმების ახალი ეტაპის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტული იქნება და უფრო ღრმა პროცესებს განაპირობებს.
ამჯერად, მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ მსუბუქი მრეწველობის ორი დიდი საწარმოს - თბილისის „მაუდის“ და გორის „ლაინის“ რესტრუქტურიზაციის პროგრამები. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტები აღნიშნული პროგრამების მიღებასთან ერთად ითვალისწინებს მათთვის გარკვეულ შეღავათებს, რომლებმაც უკანასკნელ ხანს ამ საწარმოებში საკადრო ცვლილებათა შედეგად გამოკვეთილი შესაძლებლობებისა და განვითარების პერსპექტივების რეალიზაციის საჭირო სასტარტო პირობები უნდა შეიქმნას.
ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თუ საწარმოებმა ამჯერადაც ვერ გამოიყენეს სახელმწიფოს მხრივ ასეთი ნაბიჯის განმეორებით მინიჭებული უპირატესობანი და (ესეც საკმაოდ სერიოზული აქციებია) ვერ შეძლეს კრიზისიდან დროულად თავის დაღწევა, უთუოდ დადგება მათი ლიკვიდაციის საკითხი. სხვა გამოსავალი არ არის.
მთავრობის სხდომაზე, განვიხილეთ აგრეთვე კანონპროექტები „საწარმოო უსაფრთხოების შესახებ“ და „შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე“. ორივე კანონპროექტის შემუშავება განაპირობა ქვეყანაში პოსტკომუნისტურ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა, მართვის ცენტრალიზებული სისტემის რღვევამ, საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების დღევანდელმა ეტაპმა, კონსტიტუციის ამოქმედებამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა.
წინა რადიოინტერვიუში ვრცლად ვილაპარაკე იმაზე, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემების გაფართოებასა და განვითარებას, კერძოდ, ევრაზიული დერეფნის პროექტის განხორციელებას როგორც მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობის, ისე ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისათვის, რითაც დიდად არიან დაინტერესებული - ახლა ეს უკვე ცხადია - ევროპის ქვეყნები, აგრეთვე, იაპონია, ჩინეთი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები და ასე შემდეგ. აღნიშნული პროექტების რეალური ხორცშესხმა დიდად არის დამოკიდებული მათი ცალკეული, კონკრეტული მონაკვეთების ამოქმედებაზე.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიების თანამშრომლობა, რომელშიც 14 აპრილიდან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში „ბრიტიშ ეირვეიზის“ ავიაკომპანიის თვითმფრინავთა მიმოსვლის დაწყება. საქართველოსათვის ამ კომპანიასთან თანამშრომლობას მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ავიაციისათვის გამოცილდების გაზიარების, ისე ქვეყანაში ტურიზმის ტრადიციების აღდგენა-განვითარებისა და შესაბამისად ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის გავლით აღმოსავლეთის ქვეყნებთან საავიაციო მიმოსვლის დამყარების შესახებ. ევრაზიის დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებით მინდა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წარმატებით განხორციელდა ყაზახეთის თენგიზის საბადოდან სახელგანთქმული „შევრონის“ კომპანიის მიერ ბაქო-ბათუმის მარშრუტით პირველი ასი ათასი ტონა ნავთობის გადატვირთვა. განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით მინდა მოვიხსენიო რკინიგზელები, ბათუმის ნავსადგურისა და სხვა დაწესებულებათა ხელმძღვანელები. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ამ საქმეს აჭარის ხელმძღვანელობა და ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველას მადლობას მოვახსენებ. როგორც მოგეხსენებათ, კონტრაქტები ითვალისწინებს მილიონ ორასი ათასი ტონა ნავთობის გატარებას. ამას დაემატება 600 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი, კიდევ მრავალი სხვა, ზოგი ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და ასე შემდეგ, და ბათუმისა და ფოთის ნავსადგურები უდიდესი დატვირთვით იმუშავებენ.
როგორც მოგეხსენებათ, მე ვესაუბრე „ნეიშნლ პეტროლიუმ კორპორეიშნის“ კომპანიის ხელმძღვანელობას და მასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვების არსებული ტემპი არც ერთი მხარისათვის არ არის დამაკმაყოფილებელი. შევთანხმდით, რომ კომპანია მეტი აქტიურობით მოეკიდება ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას, შემუშავებულია სამუშაოთა ტემპის დაჩქარების გარანტიები. და, საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ნავთობისა და გაზის მოპოვების მიმდინარე წლის გრაფიკები, გეგმები და ვალდებულებები, რომლებიც მე შესაბამისი ბრძანებულებით დავამტკიცე, აუცილებლად შესრულდება და ამ სიკეთეს მთელი ჩვენი მოსახლეობა, ალბათ, მომავალი წლის ზამთრისათვის იგრძნობს.
ძალიან მოკლედ ბიუჯეტის შესახებ.
იმედისმომცემია შემოსავლის მობილიზაციის ტემპის თითქმის ყოველდღიური მატება. მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, რამდენჯერმე გავიმეორე, მინდა, რადიომსმენელმა კარგად დაიხსომოს, ყურადღება მიაქციოს ამ ციფრებს, რადგანაც იქ მთელი ჩვენი ცხოვრებაა ასახული, თუკი რამ დადებითი და პოზიტიური ხდება, სწორედ ამ ციფრებში აისახება. საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, 18 აპრილისათვის მათ მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონი ლარი, რაც 6 მილიონი ლარით აღემატება მარტის შესაბამის მაჩვენებელს. აპრილის დამდეგიდან საშუალო დღიურმა შემოსავალმა (ეს ძალიან საყურადღებო ციფრია) მილიონ 300 ათას ლარს გადააჭარბა, რაც 25 პროცენტით აღემატება პირველ კვარტალში მიღწეულ დონეს.
და კიდევ ერთი რამ: საბაჟო დეპარტამენტის ხაზით 1-11 აპრილს თუ ბიუჯეტში საშუალოდ დღეში 450 ათასი ლარი ირიცხებოდა, ბოლო კვირაში ეს თანხა 700 ათას ლარამდე გაიზარდა, ცალკეულ დღეებში კი 900 ათას ლარსაც მიაღწია. თუ გახსოვთ, შარშან საერთოდ ლაპარაკი იყო საშუალოდ 900 ათას ლარ შემოსავალზე ყოველდღიურად. ახლა კი ამ რაოდენობის თანხა მარტო საბაჟო სამსახურიდან შემოდის. 18 აპრილისათვის საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში გადარიცხული 6,5 მილიონი ლარი, რაც 20 პროცენტით აღემატება მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ახლა, რაც შეეხება ხელფასებსა და პენსიებს. მინდა რადიომსმენელს მოვახსენო, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყოველდღიური და მუდმივი ყურადღების ცენტრშია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში არის პენსიების დროულად გაცემის რეალური შესაძლებლობა. თუ იანვარში ბიუჯეტში სოციალური ანარიცხების საშემოსავლო ნაწილმა (ამის დასადასტურებლად ციფრებს მოვიშველიებ) 5,5 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი მარტში 7,5 მილიონამდე გაიზარდა. ვვარაუდობთ, რომ აპრილში იგი 9 მილიონ ლარს მიაღწევს. ეს ის წყაროა, საიდანაც პენსიების გაცემა ხდება. საჭიროა კარდინალურად გააუმჯობესონ მუშაობა შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტროს, მხარეების, მერიებისა და გამგეობების პირველმა ხელმძღვანელებმა და დაეკისროთ მათ პერსონალური პასუხისმგებლობა.
ასევე სერიოზული ყურადღება, შეიძლება ითქვას, ყოველდღიური მზრუნველობა სჭირდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაცემის საკითხის მოგვარებას. უწინარესად, მხედველობაში გვაქვს პედაგოგთა შრომის ანაზღაურება. როგორც ანალიზი ცხადყოფს, ქვეყანაში ძირითადად მარტისა და აპრილის ხელფასები გაიცემა (ახლა მიმდინარეობს გაცემა), მაგრამ არის რაიონები და ქალაქები, სადაც ჯერ კიდევ აქვთ თებერვლის დავალიანება. თუმცა ცოტაა, მაგრამ ეს ფაქტი შემაშფოთებელია. აღნიშნული რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელებმა უმოკლეს ვადაში უნდა აღმოფხვრან არსებული ჩამორჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმკაცრესი ზომები უნდა განხორციელდეს. კარგად ართმევს თავს ამ მიმართულებით მუშაობას (მხედველობაში მაქვს როგორც ხელფასები, ასევე პენსიები) თბილისის მერია, კარგი მდგომარეობაა ამბროლაურში, ბოლნისში, ახალქალაქში, ასპინძაში, ზესტაფონში, კასპში, თერჯოლასა და სხვა რაიონებში. როგორც მომახსენეს, სერიოზული გარდატეხა დაიწყო აჭარასა და სხვა რეგიონებში.
- განვლილი კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი მხრივ, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიმართ განხორციელებული სამართლიანი სანქცია - მხედველობაში მაქვს სატელეფონო კავშირი თბილისის მეშვეობით. საპასუხოდ კი საქართველო, თუ შეიძლება ითქვას, ენერგოკრიზისმა მოიცვა. და, როგორც გვარწმუნებენ, არცთუ სეპარატისტული რეჟიმის დამსახურების გარეშე...
- როგორც იცით, საკმაოდ მტკივნეული რეაქცია მოჰყვა ამ ღონისძიებას და უნდა ითქვას, რომ კავშირგაბმულობის საშუალებათა გადართვაში მოულოდნელი არაფერი არ უნდა ყოფილიყო. ეს აქცია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს შეთანხმებით განხორციელდა, სავსებით შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებს.
როგორც უკვე ითქვა, გადართვა მოხდება სრულიად უმტკივნეულოდ, მომსახურების მკვეთრი გაუმჯობესებით. სხვათა შორის, აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალები უკვე სარგებლობენ მათთვის განკუთვნილი 5 არხით. როგორც იცით, წუხელ ბატონ ინჯიასთან ინტერვიუში მან ამას ხაზი გაუსვა და იქვე მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ ესაუბრება თბილისიდან ამ არხების საშუალებით შესაბამის ხელმძღვანელებსა და მეთაურებს.
ამასთან, საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურებისაგან შემოსული თანხები აფხაზეთში დარჩება (და ეს თანხა არცთუ ისე ცოტაა, და ამ გაჭირვებულ ხალხს დიდად წაადგება).
საერთოდ, სოხუმში უნდა შეეგუონ იმას, რომ მსოფლიო, კერძოდ, რუსეთი ცნობენ ერთიან საქართველოს თავისი საზღვრებითა და თავისი კომუნიკაციებით, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოქმედებითა და დასკვნებით.
სოხუმის ყურადღებას იმასაც მივაპყრობ, რომ რუსეთიდან მიღებული (ვთხოვ ყველას, ამასაც მიაქციონ ყურადღება), ელექტროენერგიის საფასური (რომელიც აფხაზეთში დაიხარჯა), მთლიანად საქართველოს გადასახდელია. ეს ჩვენ გვეწერება, როგორც რუსეთისათვის გადასახდელი ვალი. ეს თანხა, არც მეტი, არც ნაკლები 36 მილიონ დოლარს შეადგენს. 36 მილიონი დოლარი, რომელიც აფხაზეთში დაიხარჯა, საქართველომ უნდა გადაიხადოს. დროა, ამ თემაზეც დავიწყოთ საუბარი. სხვათა შორის, ენგურის გამორთვა და სხვა, ბუნებრივად გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით, მივიღოთ ზომები და მოვთხოვოთ რუსეთს, რომ არ მიაწოდოს ელექტროენერგია აფხაზეთს, რადგანაც ამ ვალს ვიხდით და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი თითოეული დოლარისათვის. ამიტომ, მე არ ვურჩევ აფხაზეთის ხელმძღვანელობას ასეთი ღონისძიებები განახორციელოს ენგურჰესზე.
კარგად მესმის, რომ აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას ძალიან უჭირს, უმძიმესია დამნაშავეთა კლანების თარეშის შედეგები.
მით უმეტეს, აუცილებელია დაჩქარდეს კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი. აფხაზებს ვთავაზობ ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკების დაუყოვნებლივ გაგრძელება-განახლებას და ამ მოლაპარაკებაზე, რაც შეიძლება სწრაფად რეალური შედეგების მიღწევას. ეს ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება აფხაზეთში შექმნილი კატასტროფული ვითარებიდან.
რაც შეეხება ენგურჰესის მდგომარეობას, მე კვლავ ვუბრუნდები ამ თემას: ამ ობიექტის დაცვისათვის პასუხისმგებლობა სამშვიდობო ძალებს ეკისრებათ, ეს მანდატშია ჩაწერილი. სამწუხაროდ, მათ ეს მისიაც არ შეუსრულებიათ. გარდა ამისა, საჭიროა ენგურჰესის მთელი კომპლექსის დაუყოვნებლივ შეკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგთან გვექნეს საქმე, თქვენ იცით, რომ მოეწყო საერთაშორისო ექსპერტიზები, საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან, თანხები გამოყოფილია და აქ დაბრკოლება დაუშვებელია. ენგურთან თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბონ ორივე მხარის ენერგეტიკოსები და ბოლო მოუღონ გაუგებრობას ამ მხრივ.
- განვლილი კვირის კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი სიახლე: დაინიშნა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში. ნიშნავს თუ არა ეს დამატებითს გარანტიებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით?
- გასული წლის 10 დეკემბერს, როგორც გახსოვთ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტისათვის გაგზავნილ სპეციალურ მიმართვაში აღვნიშნე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომ ამ სფეროში საკონსტიტუციო მოთხოვნის შესრულება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა. ადამიანის უფლებათა გარანტირებული დაცვა დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის სტაბილურობისა და უშიშროების ერთი უპირველესი პირობათაგანია.
სწორედ ამ მოსაზრებით ვხელმძღვანელობდი, როცა მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სპეციალური მოადგილის საშტატო ერთეულის შემოღების შესახებ. ამ თანამდებობაზე დავნიშნე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წინა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი რუსუდან ბერიძე.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ახალი სტრუქტურა, ქვეყანაში არსებული სახალხო დამცველის ინსტიტუტთან ერთად (დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, პარლამენტი დაამტკიცებს ამ თანამდებობაზე შესაბამის კანდიდატურას), ხელს შეგვიწყობს, რათა ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცეს.
- დღეს თქვენ ჯანკარლო არაგონას შეხვდებით. ეუთოს როლი ყოფილ სამხრეთ ოსეთში საკმაოზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. გვახსოვს, როგორ გაიხსნა გაეროსა და ეუთოს ერთობლივი მისია სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს სოხუმში. რას უნდა ველოდეთ კონკრეტულად ამ ვიზიტისაგან?
- ევროპის უშიშროების სტრუქტურების გააქტიურება და მათი რეალური მონაწილეობა კონფლიქტების მოგვარებაში დროის მოთხოვნაა. განსაკუთრებით მისასალმებელია მათი აქტიურობა ქართველებისა და ოსების შერიგების პროცესში. თქვენ იცით, რომ ეუთოს თბილისის მისია, ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები, არაერთხელ ყოფილად თბილისში, ცხინვალში, ვლადიკავკაზში, მოსკოვში და ასე შემდეგ. მიმდინარეობს უაღრესად აქტიური მუშაობა. ზოგი რამ, როგორც აღვნიშნე, უკვე გაკეთდა, ბევრი საინტერესო ღონისძიება მომავალში განხორციელდება. ჯანკარლო არაგონა ჩემთან შეხვედრის შემდეგ ეწვევა ცხინვალს, შეხვდება ლუდვიგ ჩიბიროვს. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იქნება აფხაზეთის კონფლიქტი, მისი მოგვარების გზების ძიება. უფრო დაწვრილებით, უეჭველია, ინფორმაციას ჩვენი რადიომსმენელი დღეს მასთან ჩემი შეხვედრის შემდეგ მიიღებს. საერთოდ, ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულება გახლავთ.
- და, ბოლოს. ხვალ თბილისს ყირგიზეთის პრეზიდენტი ასკარ აკაევი ეწვევა. სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად იგი შეგხვდებათ თქვენ - საქართველოს პრეზიდენტს...
- როგორც ბრძანეთ, ყირგიზეთის პრეზიდენტი ბატონი ასკარ აკაევი გვესტუმრა. ცენტრალური აზიის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში სერიოზული რეფორმები და დემოკრატიული გარდაქმნები განხორციელდა. ასეთი საერთაშორისო აზრი ჩამოყალიბდა. ჩვენგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვება ყირგიზეთში არ ყოფილა დაკავშირებული სამოქალაქო ომთან და არასტაბილურობასთან. ყველაფერი მოხდა გეგმაზომიერად, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე. პირველი წარმატებებიც მიღწეულია, რაშიც, უდავოდ, გადამწყვეტია პრეზიდენტ აკაევის დამსახურება. საყურადღებოა ისიც, რომ პრეზიდენტი „აბრეშუმის გზის“ აღორძინების აქტიური მხარდამჭერია და ეს პოზიცია ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების შესანიშნავი წინამძღვარია (პრეზიდენტმა აკაევმა უკვე გამოთქვა სარახსის ხელშეკრულებასთან შეერთების სურვილი და, თუ არ ვცდები, უკვე კიდეც მოაწერა ხელი).
საქართველო მიესალმება მეგობარი ყირგიზეთის პრეზიდენტის სტუმრობას, მიესალმება საპატიო დელეგაციას, რომელიც ხვალ ეწვევა თბილისს.
საქინფორმი.
„საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 22 აპრილი. - №91 (2464). - 1,2 გვ.
![]() |
43 ყველა სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს დელფიური მოძრაობის მეორე მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მაქვს პატივი, მივესალმო შეკრებას, რომელმაც თავი მოუყარა ჩვენი პლანეტის მშვიდობიან და ბედნიერ მომავალზე მეოცნებე ადამიანებს. ოცნების გარეშე მომავალი და ბედნიერი საზოგადოების წარმოდგენა შეუძლებელია, ისევე, როგორც წარმოუდგენელია სულიერებისა და თავისუფალი შემოქმედებითი ნების გარეშე.
ნიშანდობლივია, რომ დელფიური თამაშების აღორძინების იდეა გაჩნდა ოლიმპიური თამაშების აღდგენიდან ასი წლისთავზე, რადგან მომავალი ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად ჯანსაღი სულიც არის საჭირო. ჩვენ ამ აღმოჩენაში ანტიკური ეპოქის დიდ სიბრძნეს დავუბრუნდით. გასაკვირი არ არის, რომ ამ წამოწყებას უკვე მრავალი მომხრე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. და, რადგან ხელოვნებას საზღვრები არა აქვს, მჯერა, რომ დელფიური მოძრაობა ხელს შეუწყობს ადამიანთა დაახლოებას, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების მონაპოვართა ფართო წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე.
საქართველომ წამოაყენა მშვიდობიანი კავკასიის იდეა, რომელიც ისტორიულ ვითარებათა გამო უკანასკნელ ხანს ერთმანეთისაგან გაუცხოებული ჩვენი ხალხების კვლავ დაახლოებისკენაა მიმართული. დელფიური მოძრაობა კი, ერთი მხრივ, ახალი იმპულსი გახდება ეროვნული კულტურების განვითარებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ერების მშვიდობიანი თანაარსებობისა და მათი კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მსოფლიო პროცესს. ამის რწმენას მაძლევს ის, რომ დელფიური მოძრაობის მთავარი მიზანი სწორედ ამ პროცესების მხარდაჭერა და სიცოცხლისუნარიანი მომავლის აშენებაა. ასეთი ჰუმანური მიზნების განხორციელების ერთ-ერთ საშუალებად მიმაჩნია განსხვავებული რწმენისა და კულტურული ტრადიციების მქონე ერების ურთიერთდაახლოება, რასაც უკვე ხორცი შეესხა აქ, თბილისში, პირველ მსოფლიო საყმაწვილო დელფიადაზე. შემთხვევითი არ არის, რომ დელფიური თამაშებისაკენ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი სწორედ ბავშვებმა გადადგეს, ვინაიდან მომავლის ადამიანის საქმეა უკვე XXI საუკუნის მოვლენად ქცეული დელფიური თამაშების განვითარება. მიხარია, რომ ამაში თავის მოკრძალებულ წვლილს ქართული ფოლკლორული ანსამბლი „მართვეც“ შეიტანს, რომელიც საერთაშორისო დელფიური საბჭოს ინიციატივით პირველი დელფიური „ელჩი“ გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად, ქართველი ბიჭუნებიც შესძლებენ თავიანთი სიტყვის თქმას მშვიდობიანი მსოფლიოს ასაშენებლად. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს მეთაურებმა მხარი უნდა დაუჭირონ საერთაშორისო დელფიურ მოძრაობას.
მოხარული ვარ, რომ საქართველო დღეს, პირველ მსოფლიო საყმაწვილო დელფიადასთან ერთად, მასპინძლობს მეორე მსოფლიო დელფიურ კონგრესს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და შედეგებით განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს დელფიური მოძრაობის ისტორიაში. ამ ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები დაედება საფუძვლად პირველ დელფიურ თამაშებს, რომლის ჩატარების ადგილიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ აქვე დადგინდება. გისურვებთ წარმატებებს თქვენი კეთილშობილური მიზნების განხორციელებაში.
ე. შევარდნაძე.
ყველა სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აპრილი. - №95 (2468). - 1 გვ.
![]() |
44 ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო და ქალბატონებო,
ჩემო პატარა მეგობრებო!
ბედნიერი, ვარ რომ მომეცა საშუალება მივესალმო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, ბედნიერი ვარ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ჩემი ქვეყნის პატარა მოქალაქეები პირველად მასპინძლობენ თავიანთ თანატოლებს. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება და მათი ქვეყნების მომავალი მშვიდობიანი თანაარსებობის საწინდარი გახდება.
მართალია, პირველი საყმაწვილო დელფიადის მონაწილეთა რიცხვი ჯერჯერობით არც ისე დიდია, მაგრამ ეს უკვე არის უძველესი კულტურული ტრადიციის აღორძინების ისტორიული ფაქტი, რომელიც დასაბამს საქართველოში იღებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოძრაობა მალე ფართო მასშტაბებს მიიღებს, მას მხარს დაუჭერს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი და ამით ხელს შეუწყობს არა მარტო საკუთარი ქვეყნის კულტურის განვითარებას, არამედ მსოფლიოს ხალხთა კულტურულ ურთიერთდაახლოებას.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, წარმატებას ვუსურვებ მის მონაწილეებს.
ე. შევარდნაძე.
ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აპრილი. - №95 (2468). - 1 გვ.
![]() |
45 „ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც ამ კეთილშობილური საქმის განხორციელებაში მიუძღვის დიდ გერმანელ ხალხს...“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის მადლობა
მეოთხე წელიწადია, წარმატებით გრძელდება გერმანიის ბავშვთა მშვიდობის საერთაშორისო სოფელ - ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის (დირექტორი ბატონი რონალდ გეგენფურტნერი) და საქართველოს საბავშვო ფონდის გამგეობის (თავმჯდომარე ხუტა ბერულავა) საქმიანი ურთიერთობა. საბავშვო ფონდის გერმანელ პარტნიორებს თავიანთ ქვეყანაში მიჰყავთ ავადმყოფი ბავშვები, რომელთაც საუკეთესო სპეციალისტები უფასოდ მკურნალობენ.
ფრიდენსდორფ ინტერნაციონალისა და მისი ხელმძღვანელის, მსოფლიოში ცნობილი ჰუმანისტის ბატონ რონალდ გეგენფურტნერის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევენ გერმანიის გამოჩენილი მოღვაწეები - ბატონები ჰელმუტ კოლი და დიტრიხ გენშერი.
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მადლობის წერილი გაუგზავნა ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის დირექტორს ბატონ რონალდ გეგენფურტნერს. წერილში ნათქვამია:
„დიდად პატივცემულო, ბატონო გეგენფურტნერო!
ყოველთვის სიამოვნებით ვიგონებთ თქვენთან შეხვედრას და საუბარს თბილისში. მე ვიცი, რომ თქვენ ნაყოფიერად თანამშრომლობთ საქართველოს საბავშვო ფონდთან და ინტენსიურად მკურნალობთ ჩვენს ბავშვებს გერმანიაში.
გთხოვთ, ჩემი გულწრფელი მადლობა გადასცეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ვინც ქართველ ბავშვებს ჰუმანიტარულ ამანათებს უგზავნის. ბარათებს, რომლებიც ამ საჩუქრებს მოჰყვება, ჩვენი ადამიანები ძვირფას რელიკვიასავით ინახავენ.
განსაკუთრებით გამახარა ცნობამ, რომ ფრიდენსდორფ ინტერნაციონალი საქართველოს საბავშვო ფონდისათვის ააშენებს სარეაბილიტაციო ცენტრს და ორთოპედიულ სახელოსნოს.
გარწმუნებთ, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც ამ კეთილშობილური საქმის განხორციელებაში მიუძღვის დიდ გერმანელ ხალხს, თქვენს სამთავრობო ორგანიზაციებს და პირადად თქვენ.
საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე.“
„ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც ამ კეთილშობილური საქმის განხორციელებაში მიუძღვის დიდ გერმანელ ხალხს...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აპრილი. - №95 (2468). - 1 გვ
![]() |
46 დგება ქმედითი თანამშრომლობის დრო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება „კამპანია ცოცხალი პლანეტა - WWF 2000“-ის შესახებ
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე შავიზღვისპირა პატარა ქვეყანაა. აქ ისევე როგორც მთელ კავკასიაში, ადამიანისა და სასიცოცხლო გარემოს მრავალსაუკუნოვანმა ურთიერთქმედებამ არ განაპირობა ბუნებრივი ფენომენების დიდმასშტაბიანი გაქრობა და გარემოს წონასწორობის დარღვევა.
ქართველი ხალხი თავისი ისტორიის თანამედროვე დინამიურ ეტაპზეც ცდილობს შექმნას ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების პროგრესული სამართლებრივი საფუძველი. ჩვენი პარლამენტი აკანონებს გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს, დაცული ტერიტორიების დაარსების პროცედურებს და გარეულ ცხოველთა შენარჩუნების მკაცრ ნორმებს.
იდგმება პრაქტიკული ნაბიჯებიც - WWF-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემწეობით საქართველოში იშლება დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესი, ინერგება მოსახლეობის გათვითცნობიერების ღონისძიებები. საქართველო ფართოდ უღებს კარს გარემოს დაცვითი ორიენტაციის საერთაშორისო წამოწყებებს, უერთდება მნიშვნელოვან კონვენციებს და შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში თვითონაც გამოდის ბუნების დაცვის საქმეში თანამშრომლობის ინიციატივებით.
მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, იმ დროს, როდესაც ბუნებრივი მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია გარდამავალ პერიოდში მყოფ და განვითარებად ქვეყნებში, ხოლო მისი შენარჩუნებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები კი კონცენტრირებულია ქვეყნებში, სადაც გარემო უკვე დრამატულად მოდიფიცირებულია. ბუნებრივია, დგება დრო ეფექტური და ქმედითი თანამშრომლობისთვის, როდესაც ყველა მხარე გაიღებს კუთვნილ წვლილს თავისი და საყოველთაო მომავლისათვის.
ამ სულისკვეთებით უერთდება საქართველო „WWF 2000 - კამპანია ცოცხალ პლანეტას“ და გამოთქვამს მზადყოფნას 2000 წლამდე „დედამიწას საჩუქრად მიუძღვის“ თავისი ბუნებრივი ტერიტორიის 20 პროცენტზე დაკანონებული სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიები და მთელ ქვეყანაში მოქმედი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მაღალი სამართლებრივი ნორმები.
ედუარდ შევარდნაძე.
დგება ქმედითი თანამშრომლობის დრო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 აპრილი. - №96 (2469). - 2 გვ.
![]() |
47 „მხოლოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების რაციონალურ მიზანშეწონილობასა და შესაბამისობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს სტაბილურობა და უშიშროება დედამიწის ნებისმიერ რეგიონში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ბიზნეს-კონფერენციაზე „ახალი შესაძლებლობანი შავი ზღვის რეგიონში“
სტამბოლი, 1997 წლის 28 აპრილი
პატივცემულო, ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო ბატონო თურქეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტო,
პატივცემულო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მიბოძეთ, მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც კონფერენცია მოაწყო, ესოდენ შესანიშნავი ორგანიზაციისა და სტუმართმოყვარეობისათვის.
მინდა განსაკუთრებით გადავუხადო მადლობა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისათვის დიდად პატივცემულ პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, ჩვენი დროის გამოჩენილ პოლიტიკოსს, რომელიც მიუძღვის თავის ნიჭიერ და შრომისმოყვარე ხალხს აყვავებისა და პროგრესის გზით. მოწვევის მიღებისთანავე გადავწყვიტე, უარი არ მეთქვა მასთან კვლავ შეხვედრის სიამოვნებაზე.
მაგრამ, არის სხვა მიზეზიც, რომელმაც სტამბოლში ჩამომიყვანა. რადგან იცით, რომ ჩემს ქვეყანას კონფერენციაზე თითქმის ნახევარი დღე ეთმობა და, ამიტომ, ჩემგან არ ელით კონკრეტული ეკონომიკური პროექტების აღწერას, მინდა გაგიზიაროთ მოსაზრებანი ბიზნესის განვითარებაში პოლიტიკოსთა როლის შესახებ, ნება მომეცით, შევეხო ამას - უფრო დაწვრილებით.
აქსიომაა ის, რომ ეკონომიკური ინტერესები, ეკონომიკური მიზანშეწონილობა, ეკონომიკური ურთიერთობანი გადამწყვეტ წილად აყალიბებს სახელმწიფოს პოლიტიკას. ბუნებრივია, თავად მეც არაერთხელ გამომითქვამს აზრი ამ მოსაზრების სასარგებლოდ და არც დღეს ვამბობ უარს ამაზე, რადგან კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ მხოლოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების რაციონალურ მიზანშეწონილობასა და შესაბამისობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს სტაბილურობა და უშიშროება დედამიწის ნებისმიერ რეგიონში. მაგრამ, საქართველოს უახლესი ისტორიის გამოცდილება, სადაც, როგორც წვეთ წყალში ირეკლება ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მრავალი პრობლემა, გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ უკუპროცესსაც, ესე იგი, ეკონომიკაზე პოლიტიკური ფაქტორების ზემოქმედებას და განსაკუთრებით, პოლიტიკოსთა როლს ქვეყნის ისტორიის კრიზისული ქარტეხილების ჟამს. შევნიშნავ, რომ, როცა ეკონომიკაზე ვლაპარაკობ, ბუნებრივია, მხედველობაში მაქვს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობანი და სახელმწიფოს მიერ კერძო მეწარმეობის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმი.
სულ სამიოდე წლის წინათ ისეთი ცნებები, როგორიც არის ინვესტიციები, პრივატიზაცია, აქციონირება, სტაბილური ფინანსური სისტემა, ბაზრის გაჯერება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს მოქალაქეებს შორეული მომავლის საქმედ მიაჩნიათ და ეუცხოებათ. სამოქალაქო ომი, პოლიტიკური არასტაბილურობა, განუკითხაობა, უწესრიგობა დაუცველობის გრძნობას იწვევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ გაგვაჩნდა ყოველივე ის, რისი შექმნაც და შენარჩუნებაც არის პოლიტიკური ინსტიტუტების უპირველესი მოვალეობა და პრეროგატივა. იმის გამო, რომ საქართველოს არ შეეძლო განეხორციელებინა ეკონომიკური და ფინანსური ღონისძიებები, წაეხალისებინა კერძო მეწარმეობა, დაეცვა ინვესტიციები, იგი სრულფასოვნად ვერ მონაწილეობდა ინტეგრაციულ პროცესებში საერთოდ და, კერძოდ, შავი ზღვის აუზის ინტეგრაციულ პროცესებში. შედეგად ქვეყანა კარდინალური მსოფლიო პროცესებისაგან იზოლირებული აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გახდა საჭირო პოლიტიკური ნება და გაბედული გადაწყვეტილებანი ისეთი ინსტიტუტების შესაქმნელად, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის საჭირო პოლიტიკურ პირობებს. უმძიმესი სოციალური კრიზისის პირობებში მკაცრი, ზოგჯერ სასტიკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება - ესეც პოლიტიკური, უაღრესად სარისკო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ეს რისკი გამართლდა. 1995 წლის დამლევს დაწყებული აშკარა ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სტაბილიზაცია 1996 წელსაც გრძელდებოდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, ხოლო ინფლაციის წლიური დონე 11 პროცენტამდე შემცირდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება: მიმდინარე წლის სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ინფლაციის საერთო დონე 1,2 პროცენტს არ აღემატება. დგება ხანა, როცა საქართველოს პოლიტიკური, მათ შორის, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებიც სულ უფრო მეტად ეკონომიკური ინტერესებით, ბიზნესის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახევი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოსაზრებას ეფუძნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ღონისძიებანი, რომელთა მიზანია სრულფასოვანი მონაწილეობა ევროპის კავშირის ტრასეკის - დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში, მჭიდრო კონტაქტების დამყარება ჩვენი რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, კასპიის ენერგიაშემცველების ტრანსპორტირების დასავლეთის მარშრუტში მონაწილეობა. დადგა დრო, როცა ჩემი სახელმწიფოს ეროვნულ უშიშროებას უზრუნველყოფს ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებანი, ხოლო პოლიტიკური ინტეგრაციის დონესა და მიმართულებას განსაზღვრავს ეკონომიკური განზომილება.
მაგრამ, თუ საკითხს ფართოდ განვიხილავთ, ჩვენ კი ვალდებული ვართ, ფართოდ განვიხილოთ, რათა ადეკვატურად შევაფასოთ მოვლენები და გავაკეთოთ პროგნოზები, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე გაბედული და შორს გამიზნული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც ძირეულად შეცვალა ეკონომიკური ურთიერთობანი და ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს, მათ შორის, ვაჭრობასა და თავისუფალ მეწარმეობას ჭეშმარიტად თვალუწვდენელი ჰორიზონტები გადაუშალა, ეს ცივი ომის დამთავრება იყო. მაგრამ ხომ ის ეპოქა სტაბილურობისა და წესრიგის ეპოქა უზარმაზარ სივრცეში, მაშ, რა უშლიდა ხელს ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის განვითარებას? - შეიძლება შემოგვედაონ ჩვენი ოპონენტები. ის, რომ, თუმცა გარკვევით არ ჩანდა არასტაბილურობის ნიშნები, სწორედ ბიპოლარულობისა და კონფრონტაციის იდეოლოგიაზე დაფუძნებული მსოფლმხედველობა ქმნიდა თავისუფალი არჩევის გადაულახავ დაბრკოლებებს, მათ შორის, თავისუფალი მეწარმეობისა, ვაჭრობის, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობის გზაზე. ამ უდიდესი რევოლუციის შედეგი იყო ჩვენი საერთო ფასდაუდებელი მონაპოვარი - უპოლუსო მსოფლიო, ერთიანი მსოფლმხედველობითი სივრცე. ეს მოხდა პოლიტიკოსთა ნებით და მან, ამ სივრცემ თავისუფლება მიანიჭა პროცესებს, რომლებზეც ადამიანები ვერც იოცნებებდნენ. უიმისოდ არ იქნებოდა ტრასეკის ახალი აბრეშუმის გზის საუკუნო პროექტი, არ იქნებოდა ენერგიაშემცველების ალტერნატიული მარშრუტები, არ იქნებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა და, ბუნებრივია, არც ეს კონფერენცია იქნებოდა.
სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა უნიკალური კაპიტალი გვაქვს და რაოდენ საიმედოდ უნდა დავიცვათ იგი წარსულის რეციდივებისაგან. ხომ არავინ რეაგირებს ისე მგრძნობიარედ პოლიტიკაში დაძაბულობის უმცირეს გაძლიერებაზეც კი, როგორც კერძო ბიზნესი. ზოგჯერ, საკმარისია გაისმას ერთი დაუფიქრებელი განცხადება, და მაშინვე იწყებს ნგრევას ეკონომიკურ ურთიერთობათა მთელი მწყობრი სისტემა და შემდეგ - უშიშროების სისტემა.
პოლიტიკოსები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებებით მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეუქმნას ეკონომიკურ ინტეგრაციას. დღეს დასავლეთისა და ცენტრალური ევროპის, კავკასიის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანდათანობით ყალიბდება სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელმაც ახლო მომავალში ეს ვრცელი არეალი ერთიან სატრანსპორტო-ეკონომიკურ სისტემად უნდა გადააქციოს. მხედველობაში მაქვს სახელშეკრულებო ვალდებულებებით გაერთიანებული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო ტვირთზიდვას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებებით. შავი ზღვის ეკონომიკური რეგიონი ამ სისტემის აუცილებელი რგოლია, მაგრამ მხოლოდ საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შესწევთ უნარი დატვირთონ იგი რეალური შინაარსით და პოლიტიკოსების მიერ შექმნილი მაგისტრალით აამოძრაონ საქონლის, მომსახურების, ნედლეულის ნაკადები, ესე იგი, საბოლოო ანგარიშით აამუშაოს სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებანი, და ამით გადამწყვეტი წვლილი შეიტანონ პოლიტიკური უშიშროების უზრუნველყოფაში.
მე პოლიტიკოსების მოღვაწეობას შევადარებდი მშენებელთა მუშაობას, რომელთაც არხები გაჰყავთ უწყლო უდაბნოებში. ჩვენი საზრუნავი ის არის, რომ ეს არხები საჭირო, საიმედო და დაცული იყოს. მაგრამ არც ერთ მშენებელს არ ძალუძს აავსოს ისინი მაცოცხლებელი ტენით. არხების ესოდენ საჭირო სისტემის ნაწილი, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უკვე ავაგეთ. მაშ, მოდით, გავხსნათ რაბები და გავუშვათ წყალი.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.
„მხოლოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების რაციონალურ მიზანშეწონილობასა და შესაბამისობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს სტაბილურობა და უშიშროება დედამიწის ნებისმიერ რეგიონში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 აპრილი. - №97 (2470). - 1,2 გვ.
![]() |
48 ჩვენ აგურ-აგურ ვაშენებთ და მტკიცე ნაბიჯით მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც სტაბილური იყოს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა მთავრობის 1997 წლის 25 აპრილის გაფართოებულ სხდომაზე
დღეს ჩვენ საფუძვლიანად განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის სამი თვის შედეგები. მიუხედავად იმისა, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ ნაკლოვანებებზე იყო საუბარი, ყველაფერი შეფარდებითია და მაინც გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ვთქვათ, ქვეყანა წინ მიდის და გარკვეულ დადებით შედეგებს ვაღწევთ.
მაგრამ შედარება წინა წლის პირველ კვარტალთან არ არის ის საზომი, რომელზეც უნდა ვიყოთ ორიენტირებული. გასული წლის პირველ კვარტალში სასტიკი ენერგეტიკული კრიზისის გამო პრაქტიკულად არ ვმუშაობდით. ამიტომ იმით, რომ შარშანდელთან შედარებით 20-25 პროცენტით მეტი პროდუქცია შეიქმნა და, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზარდა, არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. მაგრამ დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, სტაბილიზაციის განმტკიცების პროცესი გრძელდება და მინდა, ყველა კატეგორიის ხელმძღვანელთა ყურადღება სწორედ პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემას მივაპყრო. ეს საკითხთა საკითხია. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ დავიწყეთ კრიზისიდან გამოსვლა. ქვეყანა პროგრესის გზით მიდის. უწინარეს ყოვლისა, მივაღწიეთ პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც არ უნდა შეირყეს. ეს არის ჩვენი მომავალი წინსვლისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მთავარი საფუძველი.
საკმაოდ ხშირად გაისმის ხოლმე თვითკმაყოფილების გამომხატველი ფრაზები, რაც დამღუპველია. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საბოლოოდ სტაბილური ქვეყანა მანამ, სანამ კიდევ არსებობს სოციალური დაძაბულობა. სანამ ძალებს, რომლებსაც სურთ ხალხის წონასწორობიდან გამოყვანა, გარკვეული გავლენა აქვთ, ჩვენ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს.
ამ აზრსაც მინდა დავეთანხმო, რომ დესტრუქციული ძალები ქვეყნის შიგნითაც არიან და ქვეყნის გარეთაც. ეს არც არის გასაკვირი. ქვეყნის გარეთ არიან ძალები, რომელთაც გარკვეული ინტერესები აქვთ რეგიონში, საქართველოში და ყველა ხერხითა და გზით ცდილობენ თავიანთი მიზნების განხორციელებას. ამიტომ საჭიროა ყველა ვიყოთ ძალიან ფხიზლად მობილიზებული, რათა საფრთხე არ შეექმნას ყველაზე დიდ კაპიტალს, რომელიც საქართველომ დააგროვა. ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული, საერთო სახალხო კონსენსუსი ჩვენს საერთო მიზანთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას, ეკონომიკის აღმავლობას, საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასვლას, ფინანსების გაჯანსაღებას და ა.შ. ეს საკითხთა საკითხად მიმაჩნია და კვლავაც მოგიწოდებთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში გათვალისწინებული იყოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი.
ყურადღებას არ შევაჩერებ დადებით ტენდენციებზე. ხაზს გავუსვამ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ძალიან აქტიურ საქმიანობას საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით. ასევე ნაყოფიერად მუშაობენ ამ მიმართულებით ჩვენი უწყებები, სამინისტროები, დეპარტამენტები, რეგიონები და ეს საქმიანობა მეტი ინტენსიურობით უნდა გაგრძელდეს.
ძალზე იმედისმომცემია საბანკო საქმიანობაში გამოკვეთილი გამოცოცხლების ტენდენცია. უწინარეს ყოვლისა მხედველობაში მაქვს კომერციული ბანკები. აქ ითქვა, რომ იზრდება დეპოზიტების მოცულობა და მცირდება ბანკების გარეთ ფულის მიმოქცევა. ეს ნიშნავს, რომ ძლიერდება ნდობის ფაქტორი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. თუ მოსახლეობა ბანკებისაკენ შემობრუნდება, ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ საკმაოდ სერიოზული საკრედიტო რესურსები გვექნება.
უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გარკვეული ძვრებია სოციალურ სფეროში. შეიძლება ეს ყველა ოჯახისათვის საგრძნობი არც არის, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება მიზნობრივი ოჯახური სოციალური დახმარებების შემოღების შესახებ (თბილისში ასეთი 75-80 ათასი ოჯახია), ისევე, როგორც სამედიცინო დაზღვევის ინსტიტუტების შექმნა, სწორედ ის წინგადადგმული ნაბიჯებია, რომლებიც გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგვცემს მომავალში. ეს არის ის საფუძველი, რომელიც შექმნის გარანტიებს იმისა, რომ დაზღვეული ვიყოთ ყოველგვარი პრობლემებისაგან.
უნდა დაჩქარდეს მუშაობა საპენსიო საქმის მოწესრიგებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანებულების მომზადებისათვის. პენსიონერებზე ზრუნვა, პენსიების დროულად გაცემა, შემდგომში კი მათი გაზრდა უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და ეს სამუშაო უახლოეს ხანში უნდა შესრულდეს.
გამოიკვეთა ზოგიერთი კიდევ უფრო პერსპექტიული ტენდენცია. დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ საქართველო მძლავრი სატრანზიტო არტერია ხდება. თავისთავად, ამის აღიარება ბევრს ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირი შემოსავლების თვალსაზრისით. მას უკავშირდება ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. თუ ამას დავუმატებთ ნავთობსადენების პერსპექტივასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოესი 2-3 წელი საქართველოსათვის ძალზე ინტენსიური საქმიანობის წლები იქნება.
ეს უკვე შეეტყო საბაჟოსაც. არის დღეები, როცა საბაჟო შემოსავალი 1 მილიონს აღწევს. ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანა ყალიბდება სატრანზიტო არხად, რაც დიდ სიკეთეს მოგვიტანს, თუ ამ შესაძლებლობას უდანაკარგოდ გამოვიყენებთ.
მინდა შევეხმიანო ორატორებს, რომლებმაც ყურადღება მიაპყრეს ქვეყანაში არსებულ რეზერვებს. საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა ეს რეზერვები რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს ხალხის სამსახურში და სახელმწიფოს კეთილდღეობას მოემსახუროს. უმთავრესი მათ შორის სამრეწველო რეზერვებია. ყველაზე სწრაფი ეფექტის მიღება სწორედ აქედან შეგვიძლია. ყველა რაიონში და ქალაქში არის შესაბამისი ობიექტები, რომლებიც მეტ ყურადღებას, მზრუნველობას, დახმარებას, უცხოელ ინვესტორთა მოზიდვას და მათთან აქტიურ მუშაობას მოითხოვს.
ამასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ სწორი არ იყო გადაწყვეტილება მრეწველობის სამინისტროს გაუქმების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს უამრავი საქმე აქვს. იგი სამინისტროთა შორის ერთ-ერთი წამყვანი სამინისტროა თავისი ანალიზით, პროგნოზებით, ხედვით, ფუნქციით - იმუშაოს ინდიკატური გეგმების არა მხოლოდ შედგენაზე, არამედ კონტროლზეც. ამიტომ მას, ბუნებრივია, არ ეყო ძალები და არც კვალიფიკაცია, გაძღოლოდა მრეწველობის დარგს. მისასალმებელია პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს წინადადებას მრეწველობის სამინისტროს აღდგენის თაობაზე. იქ არის ჯგუფი ძალზე კვალიფიციური სპეციალისტებისა, რომლებიც გააგრძელებენ სამინისტროში მუშაობას. რაც შეეხება ხელმძღვანელობას, ვფიქრობ, უნდა ვეძიოთ არაორდინარული გადაწყვეტა. ეს არ იქნება სამინისტრო, რომელიც დღედაღამ მომარაგება-გასაღების პრობლემებზე იმუშავებს. ეს იქნება სამინისტრო, რომელიც იმუშავებს პერსპექტივაზე და რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ინვესტორებთან მუშაობა, ბაზრების მოძიება, გლობალური და სერიოზული საქმიანობა. ამასთან, მან აქტიურად უნდა მოიზიდოს მეცნიერები. სწორედ ამ პერსპექტიულ პრობლემებზე უნდა იმუშაოს სამინისტრომ. ვიმეორებ, რომ არავითარ უნდობლობას იქ მომუშავე ხალხს არ ვუცხადებთ, მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს მრეწველობის განვითარებაში, მაგრამ დღეს მუშაობის ცოტა უფრო სხვაგვარი სტილი და მეთოდრბია საჭირო. ეს ეხება ბევრ სხვა სამინისტროს, ქალაქის, რაიონის ხელმძღვანელობასაც. ის, რასაც შარშან მივაღწიეთ, წლეულს უკვე საკმარისი აღარ არის. და თუ დავინახავთ იმის სიმპტომებს, რომ ამოვწურეთ შესაძლებლობები და მხოლოდ გუშინდელი გამოცდილებით გვინდა ვიმუშაოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი პერსპექტივა ძალზე ჩამაფიქრებელია. მიმაჩნია, რომ ქალაქებსა და რაიონებში გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, თუკი იქნება მაღალი კვალიფიკაცია და იმ ადამიანების ყოველმხრივი ზრდა, რომელთაც ნდობა გამოუცხადა სახელმწიფომ და რაიონების, ქალაქების, საწარმოებისა და ორგანიზაციების მართვა დაავალა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ფოთის მერს ნუგზარ ნადარაიას. ის უერთგულესი კაცია. მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტისა და სახელმწიფოს ერთგული არის ის, ვინც კარგად მუშაობს, იღვწის თავისი ქალაქის და სახელმწიფოსათვის. გული მწყდება, რომ ფოთი ვერ ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ ფოთი საქართველოს ჭიშკარია, დიდხანს შეიძლება. მაგრამ იმისათვის, რომ ხელმძღვანელობამ მეტი ინიციატივა გამოიჩინოს ფოთის, როგორც საქართველოსათვის ერთ-ერთი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანისი ქალაქის განვითარებისათვის, ძალიან ცოტა რამ კეთდება. ეს ეხება ნადარაიასაც, გეგიძესაც, რომელიც უდავოდ კვალიფიკაციური პიროვნებაა.
ფოთი თავისი ნავსადგურით უდიდეს ინვესტორებს იზიდავს, მაგრამ ამავე დროს, მისი მრეწველობა, პრაქტიკულად, ჩამკვდარია. რა თქმა უნდა, მარტო მათი ბრალი არ არის, მაგრამ ის ინიციატივა, ბრძოლის უნარი და კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგების აღმავლობისათვის, ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ: მეგობრობა - მეგობრობად, ერთგულება - ერთგულებად, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა უნდა გაძლიერდეს, უნდა მოვიდეს ის ადამიანი, რომელიც იქნება ლიდერი, რომელმაც იცის და კარგად ხედავს დღევანდელ შესაძლებლობებსა და მომავლის პერსპექტივას. დღეს ლიდერის გარეშე არსად არც ერთი საკითხი არ წყდება. მე ამას შემთხვევით არ ვამბობ და რეგიონული სამსახურისაგან სათანადო რეაგირებას მოვითხოვ.
მე დღეს ერთი ჩვენი მეგობარი დავასახელე, ხვალ და ზეგ, ალბათ, სხვების შესახებაც უნდა ვილაპარაკოთ. უპასუხებს თუ არა თითოეული ჩვენგანი იმ მდგომარეობას, რომელიც მას საზოგადოებასა და სახელმწიფოში უკავია - ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი.
ასევე სერიოზული შენიშვნები უნდა გამოვთქვა ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მაგრამ სანამ შენიშვნებზე გადავიდოდე, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბატონმა დავით იაკობიძემ მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდა, ძალიან ბევრი რამ გააკეთა მიმართულებების განსაზღვრის, კადრების შერჩევის, ახალგაზრდობის მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამის შედეგია, რომ კოლექტივი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ, ამავე დროს, არაფრით შემიძლია იმ მძიმე დღეების გამართლება, რომლებიც ბიუჯეტის შედგენასა და, განსაკუთრებით, პარლამენტში მის წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებით გადავიარეთ. სიმართლე გითხრათ, წონასწორობა დავკარგე, როცა ბატონმა შავიშვილმა სავსებით დასაბუთებული სერიოზული დოკუმენტი წარმომიდგინა სამინისტროს საქმიანობის მიმართ პრეტენზიებით. იმ ანგარიშში ისეთი ცოდვებია მხილებული, რომელთა გამართლება არ შეიძლება. მიზეზი ის არის, რომ მინისტრმა ყველა საქმეში არ ჩაიხედა, ყველაფერი თვითონ არ წაიკითხა. აპარატში კი, როგორც ჩანს, არ არის სათანადო მოთხოვნილება.
სხვათა შორის, თუ ვინმეს პატივს ვცემ, პატივს ვცემ ბატონ დავითს. ის ერუდირებული, ძალზე ფართო მასშტაბის განათლების მქონე კაცია. თქვენ ეს იცით თუნდაც მისი გამოსვლებიდან. რაც შეეხება მართვის სისტემას, საქმის ორგანიზაციას, აქ ძალზე სერიოზული პრობლემებია. ალბათ, მე და ბატონმა დავითმა უნდა მოვილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთ. ერთხელ უკვე გავაკეთე ასეთი განცხადება, როდესაც ბიუჯეტის ბედი წყდებოდა, იგი მთელი ორი კვირის განმავლობაში საზღვარგარეთ აღმოჩნდა და მაშინ თითქმის მივიღე გადაწყვეტილება. მან დაწერა განცხადება, მაგრამ ვთხოვე დარჩენილიყო და კიდევ გვემუშავა ერთად. მაგრამ ახლა ვუკვირდები, სხვა სტილი, მიდგომა, საქმის სხვაგვარი ორგანიზაციაა საჭირო. ამიტომ, დღეს, მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, აუცილებელია ორგანიზატორული ცვლილებები, აუცილებელია იმის უნარი, რომ მოსთხოვო და იზრუნო კიდეც ადამიანებზე. ჩვენი ავადმყოფობაა - ვეჩვევით ერთმანეთს და გვიჭირს დაცილება. ჩვენ შეიძლება ვართ ერთმანეთისათვის მისაღები პარტნიორები, მაგრამ რა დააშავა ხალხმა და სახელმწიფომ, თუკი ეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ამცირებს, თუ ხელს უშლის ქვეყანაში საერთო წესრიგის დამყარებას და ქვეყნის აღმავლობას. ამიტომ ჩვენს თავში უნდა გამოვძებნოთ ძალა და გამბედაობა, რათა, როცა საჭიროა, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ამ ადამიანების მორალის წინააღმდეგ არავითარი პრეტენზია არ მაქვს და არც საფუძველი გამაჩნია, ეჭვი შევიტანო მათს წესიერებაში. მიმაჩნია, რომ ისინი სხვა უბნებზე გამოდგებიან, სხვაგან იმუშავებენ ჩვენთან ერთად. აქ კი უკვე სხვა დონეა საჭირო და სხვა, უფრო მასშტაბური და სერიოზული პრობლემებია გადასაწყვეტი.
არის მეორე მხარეც, უნდა გავთავისუფლდეთ კორუმპირებული ხალხისაგან. სხვათა შორის, ამ მხრივ უკვე სერიოზული მუშაობა მიმდინერეობს. გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინა დოკუმენტი ყოფილი მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შესახებ. ეს არის პროკურატურის მასალა, რომლის მიხედვითაც ძალიან ბევრმა უნდა აგოს პასუხი. პასუხისგება კი არის სასამართლო, ბოლოს კი მიდიან იქ, სადაც რემი ვაშაკიძე წავიდა. სხვათა შორის, ეს ერთგული ხალხია. ყველაზე მძიმე წლებში ემსახურებოდნენ საქართველოს ისე, როგორც შეეძლოთ. როგორ უნდა გადავწყვიტო, მაგალითად, ბატონ ოთარ ფაცაციას პასუხისმგებლობის საკითხი. კაცს არავითარი პრეტენზია არ ჰქონია, ვთხოვეთ, ჩამოვიყვანეთ და ჩვენთან ერთად იბრძოდა და მუშაობდა, როგორც შეეძლო. ასევე - ვიცე-პრემიერები და სხვები. მაგრამ ამ დოკუმენტებს რომ წაიკითხავ, უკვე აღარ იცი, როგორ მოიქცე. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძირითადი ბუდე კორუფციისა სწორედ აქ იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად პიროვნება იყო კორუმპირებული - სისტემა იყო ასეთი. ის ბუდე მოიშალა. ახლა საშიშროება ის არის, რომ კორუფციამ კანცელარიაშიც არ მოიკიდოს ფეხი. სხვათა შორის, პატარ-პატარა სიგნალები არის. თუ გვინდა სერიოზულად ვილაპარაკოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ალბათ, სწორედ ამ სათავეებიდან უნდა დავიწყოთ. სხვაგვარად საქმეს ვერ მივხედავთ.
კორუფციის დაძლევა ერთ-ერთი უდიდესი რეზერვია. მიმაჩნია, რომ ეს მთავარი თემაა არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაზე უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე. საქართველო აღიარებულია, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგომი, რეფორმატორული ქვეყანა. ამის გამო გვეხმარებიან, მხარს გვიჭერენ არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ევროკავშირი და სხვები, არამედ ცალკეული სახელმწიფოებიც. იაპონიამდეც კი მიაღწია, რომ საქართველო სწორი გზით მიდის და 50 მილიონი დოლარი გამოგვიყვეს ენერგეტიკის განვითარებისათვის. თუ ქვეყანას კორუმპირებულის სახელი დაუმკვიდრდება, ვერც ერთ დოლარს ვეღარ მივიღებთ, ყველა ზურგს შემოგვაქცევს. რუსეთისათვის ზურგის შექცევა ძნელია, რადგან მისი არასტაბილურობა ევროპისა და აზიის არასტაბილურობას ნიშნავს. საქართველოს კი იოლად შეაქცევენ ზურგს და ნავთობსადენის პერსპექტივაც დაიკარგება, დიდი ტრანსპორტისაც და ყველა სხვაც. ჩემი უცხოელი ნაცნობები და მეგობრები პირდაპირ მეუბნებიან, რომ დღეს ეს საქართველოსათვის უმთავრესი თემაა. ძნელი და რთულია ეს ბრძოლა, მაგრამ თუ გვინდა, რომ მართალი ვიყოთ მომავალი თაობების წინაშე, ეს უნდა შევძლოთ.
რაც შეეხება ბაზრობებს. უნდა ვთქვა, რომ თემურ შაშიაშვილმა შეიძლება ტაქტიკაში შეცდომა დაუშვა, მაგრამ პრინციპში, მისი მიდგომა სწორი იყო. სხვათა შორის, არცთუ გარეშე ძალების დახმარებით მოხდა ის არეულობა ქუთაისში, 4-5 ათასი კაცი რომ შეიკრიბა. თანხა, რომელიც სხვაგან მიდის, სახელმწიფო სალაროში უნდა შემოდიოდეს. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემით სერიოზულად არის შეწუხებული ბადრი შოშიტაიშვილიც. უზარმაზარი მოსაკრებელი იკარგება იმის გამო, რომ წესრიგი არ არის. ჩვენ ბაზრობების წინააღმდეგი არ ვართ. ხალხმა უნდა ივაჭროს. ჩვენი შემოსავლების თითქმის ორი მასამედი ბაზრობებიდან შემოდის და ხელი უნდა შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ბაზრობების განვითარება აინტერესებთ. მათ უნდა დაინახონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე, მაგრამ, ამავე დროს, მათაც უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება. რომ არ იყოს კორუფცია, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი შემოსავლები გვექნებოდა.
არ ვიცი, რომელი დეპარტამენტი ან სამინისტროა ჩვენში ისეთი, სადაც ლიცენზიების სისტემა დამახინჯებული არ იყოს. ჩვენთან, შეიძლება ითქვას, ხელჩართული ბრძოლაა, ჩემს დონეზეც კი, რომ ლიცენზირების უფლება მიიღონ. თქვენ კარგად იცით, რასთანაც არის ეს დაკავშირებული. მე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, ლიცენზირების საკითხი დაამუშაონ ისე, როგორც მოეთხოვება ნამდვილ ოპერატიულ მუშაკს. დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებენ და თქვენ დაინახავთ შემაზრზენ სურათს იმისა, თუ რა ხდება ამ სფეროში.
არაერთხელ გვითქვამს, რომ საგადასახადო ინსპექხცია, საბაჟო სამსახური ცარიელ ადგილზე შეიქმნა და მართლაც გიგანტური სამუშაო შეასრულა. მე მადლობელი ვარ ბატონი სალარიძის იმისათვის, რაც მან გააკეთა. ასევე ბატონი აბულაძისა, რომლის მოსვლის შემდეგაც შეიქმნა სისტემა. უკვე ვთქვით, რომ არის დღეები, როცა 1 მილიონი შემოსავალია საბაჟოზე, მაშინ, როცა 1 მილიონი ერთი წლის შემოსავალიც კი არ იყო. მართლაც უზარმაზარი საქმე გაკეთდა, მაგრამ რომელი მათგანი გაბედავს და იტყვის, რომ ეს სისტემები კორუმპირებული არ არის. კარგია, რომ თვითონვე აღიარებენ ამას, მაგრამ მარტო თქმა საქმეს არ შველის. საჭიროა სერიოზული ბრძოლა და იგი სწორედ ამ სისტემებიდან უნდა დაიწყოს. მართალი ითქვა, რომ ჩვენ ბაჟს ტვირთების, ალბათ, სულ რაღაც 40-50 პროცენტისაგან ვიღებთ. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველოში მხოლოდ 40-50 ტონა სპირტი შემოდის. ანდა რატომაა, რომ უცხოურ ფქვილთან კონკურენცია გვიჭირს. რუსთავში დამზადებული ფქვილი ხომ გაცილებით უფრო იაფი უნდა იყოს. მაგრამ უცხოური იმიტომ არის იაფი, რომ მისი შემომტანი, ცოტა ფულს გადაუგდებს მესაზღვრეს და დამთავრებულია. მერე ყიდის იაფად. ამიტომ არის ის კონკურენტუნარიანი. და ეს მაშინ, როცა ჩვენ გავუზარდეთ გადასახადი, რათა დაგვეცვა ჩვენი მეწისქვილეები, მცხობელები, ჩვენი მარცვლეული, საწარმოები და ბიზნესი. დღეს მებაჟეებზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველოში მეწარმეობა, რადგან როგორი კანონიც უნდა მივიღოთ, თუ ის საზღვარზე და ტრასაზე არ მოქმედებს, არაფერი გამოვა. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ვინმეს უნდობლობას ვუცხადებდე. ამ სისტემებში ბევრი რამ გაკეთდა და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ, მაგრამ ეს საქმე ჩვენი საერთო საზრუნავია.
ამ დღეებში პრეზიდენტის რწმუნებულის თემურ გიორგაძის ინიციატივით იძულებული ვიყავით უშიშროების საბჭოზე განგვეხილა სამხედრო გზაზე შექმნილი ვითარება. სამხედრო გზამ თავისი ფუნქცია დაკარგა. გარდა იმისა, რომ თავად გზა არის ცუდი (ბორის სარალიძეს ბევრი საზრუნავი აქვს ამ მიმართულებით), ხალხს აღარ უნდა ამ გზით სიარული. მარტო ყაზბეგამდე, სულ რაღაც 2-3 კილომეტრის მანძილზე 18 ჯებირია და 18 სამსახური აჩერებს მანქანას. ტრასამდე მანქანის გაჩერება კი კარგად იცით, რაც არის, თუ გაჩერება შეგიძლია, შეგიძლია ისიც, რომ აღარ გაუშვა და მიდის გაქანებული ვაჭრობა. ამიტომაც აღარ დადის ხალხი და ძირითადი სიმძიმე გადავიდა უღელტეხილის მეორე მხარეს, მეორე გვირაბში.
იძულებული ვიქნებით, რომ ამჯერად ლევან მამალაძის გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე უშიშროების საბჭოზე განვიხილოთ საკითხი წითელი ხიდიდან რუსთავამდე და თბილისამდე ვითარების შესახებ. მაგრამ შეიძლება ასე მუშაობა მაშინ, როდესაც არსებობს უწყება, არიან რწმუნებული, გამგებელი და ხალხი, ვისაც ეს ევალება? აღარ ვლაპარაკობ სხვა მიმართულებებზე. ასევე იქნება, ალბათ, ახალციხის მიმართულება და სხვებიც. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოვიხვეჭთ ავტორიტეტს და სანდო ქვეყნისა და პარტნიორის სახელს, როცა წესრიგი დამყარდება. ეს ყველაფერი ერთად აღებული არის ფული, ეს არის შემოსავლები, პენსიებო, სტიპენდიები, ხელფასები, ჯარი, ქვეყნის კეთილდღეობა და სახელმწიფოს მშენებლობა.
ჩვენი ყურადღების ცენტრში კვლავ იქნება ენერგეტიკის პრობლემა. მართალია, ჯერ კიდევ, ძნელია ლაპარაკი შედეგებზე, მაგრამ გარკვეული წესრიგი მაინც დამყარდა, უცხოელების დახმარებაც შეგვეშველა და, ასე თუ ისე, ზამთარში მრეწველობა მუშაობდა.
სამწუხაროდ, ენგურთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მე ასეთი განმარტება მინდა გავაკეთო, ჩვენ ამ ღონისძიებაზე უნდა წავსულიყავით. ის, რომ აფხაზეთის კავშირგაბმულობის სისტემა პირდაპირ გადიოდა რუსეთზე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა უხეში დარღვევაა. ეს შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნებართვით ან თხოვნით. ფრიდონ ინჯიამ კარგად იმუშავა, რუსეთის შესაბამისი სამინისტროს წინაშე დააყენა საკითხი და რუსეთმაც გათიშა პირდაპირი კავშირი აფხაზეთთან. ეს არ არის მარტო კავშირგაბმულობის საკითხი, ეს არის ძალზე სერიოზული მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხი. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის გარკვეულ წრეებში, მაგრამ ვერავინ საბოლოოდ უარი ვერ თქვა, რადგან ეს კანონიერი და სწორი მოთხოვნაა და საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება, საპასუხოდ აფხაზებმა გათიშეს ენგური. ჩემი პოზიცია ასეთია: კიდევ უფრო მეტადაც რომ გაგვიჭირდეს, უნდა მოვითმინოთ (ამიტომაც მოვთხოვე ზუბიტაშვილს დაიწყოს სარემონტო სამუშაოები) და ამ პრინციპს არ გადავუხვიოთ. არავის დახრჩობა არ გვინდა, აფხაზეთის მოქალაქე ჩვენი მოქალაქეა, მაგრამ კეთილი ინებოს და თბილისის გავლით ელაპარაკოს მოსკოვს, გნებავთ ვაშინგტონს და ლონდონს, ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა. სხვათა შორის, მე არ მივეცი ნება განეხორციელებინათ ეს აქცია მანამ, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ხაზები უფრო საიმედოა, ვიდრე ის, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ. ბუნებრივია, კავშირგაბმულობის გარეშე ვერ იარსებებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა, ხვალ სამართლიანობა აღდგება.
ამასთან, დავავალე სამინისტროს, რომ მომზადდეს პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე მომავალი ზამთრის სეზონისათვის მზადების შესახებ. წლეულს გაცილებით მეტი საშუალებებია: გვეხმარებიან გერმანელები, იაპონელები, მსოფლიო ბანკი... ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ზამთრის სეზონისათვის უკვე შევძლებთ მეათე ბლოკის ექსპლოატაციასა და მთელი რიგი სიმძლავრეების რეაბილიტაციას. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალ ზამთარს წლევანდელზე უკეთესად მომზადებული შევხვდეთ.
ამავე დროს, კატეგორიულად ვუყენებ საკითხს ზუბიტაშვილს და თევზაძეს: საქართველოში არის ნავთობისა და გაზის საბადოები. ეს არ არის მარტო ჩემი და ჩვენი სპეციალისტების მონაცემები. ამ დღეებში მივიღე ერთ-ერთი უზარმაზარი ფირმა „ტოტალის“ წარმომადგენლები, რომელთა მონაცემები ჩვენსას აბსოლუტურად დაემთხვა. მათაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ზღვაშიც და ხმელეთზეც არის გაზისა და ნავთობის საკმაოდ სოლიდური საბადოები. რა გვაკლია დღეს ჩვენ? გვაკლია ტემპი. ამიტომ მე საჯაროდ და სახალხოდ მოვითხოვ თქვენგან, რომ შედგენილი გრაფიკები შესრულდეს. ეს გრაფიკები ვიზირებულია თქვენი პარტნიორი კომპანიების მიერ და, თუ ისინი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ, კონტრაქტები უნდა დაირღვეს. ჩვენ ასარჩევად გვაქვს საქმე, იმდენი კომპანიაა დაინტერესებული, რომ იმუშაოს საქართველოში. ისინი მოდიან არა მარტო იმიტომ, რომ აქ ზღაპრული სიმდიდრეებია, არამედ იმიტომ, რომ კასპიის ზღვასთან ვართ ახლოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს დიდი რეზერვი ჩვენი გაზისა და ნავთობისა დროულად უნდა ავამოქმედოთ.
განსაკუთრებით მიხარია, რომ კახელი კაცი მიუბრუნდა ვენახს, მარცვცლეულის მოყვანას მოჰკიდა ხელი. ეს გარკვეულწილად იმ 5 თუ 6 მილიონის შედეგიც არის, რომელიც მოვახერხეთ და შარშან მივეცით მევენახეებს. მე ძალიან გთხოვთ, კახელებო, სიტყვა არ გატეხოთ. ჩვენ კვლავაც მოგეხმარებით. მადლობელი ვარ ფინანსთა სამინისტროსი, ეროვნული ბანკის, სხვების, რომლებმაც ანგარიში გაგვიწიეს და გამონახეს ეს თანხა, რომელიც გამოვიყენეთ.
მაგრამ არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანა და იყოს პრეზიდენტი, რომელსაც 10 მილიონი რესურსი მაინც არ გააჩნია. ჩვენ რომ შემოდგომაზე 5 მილიონი მეჩაიობაზეც დაგვეხარჯა, დღეს ეს დარგი წელში იქნებოდა გასწორებული. ახლა უკვე გაჩნდა ბაზარი. ჩაის ითხოვენ უზბეკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. უკრაინაშიც გაჩნდა ბაზარი, რუსეთშიც შევდივართ. შემოდგომაზე რომ მოგვეძლიერებინა მეჩაიეები, ახლა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ბანკებმა, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ სახელმწიფოს გარკვეული რესურსები ჰქონდეს. შარშან მეჩაიეობიდან 3 მილიონი ლარი შემოვიდა, 5 მილიონი რომ დაგვეხარჯა, 15 მილიონი შემოვიდოდა. ასეთია ლოგიკა და - არა მარტო მეჩაიობაში. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამგვარი დარგების რეაბილიტაციის პრობლემები სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა დადგეს. არ უნდა ველოდებოდეთ, რომ გაძლიერდება რომელიმე კომერციული ბანკი, მისი პროცენტი დაიწევს და ამით ისარგებლებენ მეწარმეები. ეს ცოტა უფრო შორეული მომავლის საქმეა და შეიძლება მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხდეს. ორ წელიწადში კი ტყავი გაგძვრება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ასეთ რეზერვებზე. რომ აღირიცხოს ის, რაც აღურიცხავია და მისი თუნდაც 30 პროცენტი რომ შემოვიდეს სახელმწიფო სალაროში, ისეთ რესურსს შევქმნით, რომ აღარც ზღვის ნაპირის გამაგრება იქნება ჩვენთვის პრობლემა, აღარც გემის მშენებლობა და საკრედიტო რესურსსაც სათანადოთ გავაძლიერებთ.
მინდა შევეხო საკითხს, რომელზეც სერგო დარბინიანმა ილაპარაკა. რა პროგნოზებს არ აკეთებენ ჩვენი „მეგობრები“ სხვადასხვა ქვეყნებში. ორიენტაციაა იმაზე, რომ ჯავახეთი აუფეთქდება საქართველოს და საქართველოც დაემორჩილება ბედს. ისიც კი მოახერხეს, რომ აჭარაზე თქვეს აჭარაში სეპარატიზმი განვითარდება და საქართველოს იქ პრობლემები შეექმნებაო. ვერავინ მოესწრება ვერც რუსეთში და ვერც საქართველოში იმას, რომ აჭარაში სეპარატიზმი განვითარდეს. ეს გამორიცხულია. ეს მხოლოდ იმას შეუძლია თქვას, ვისაც ქართული სულის არაფერი გაეგება, ვინც არ იცის რა არის ქართველებისა და სომხების, ქართველებისა და აზერბაიჯანელების ძმობა და მეგობრობა.
უნდა ითქვას, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით პრობლემებს - ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი პოლიტიკური ძალები. მართლაც ისტორიული იყო სომხეთის პრეზიდენტის ბატონ ტერ-პეტროსიანის ჩამოსვლა საქართველოში. საუკუნეების განმავლობაში დარჩება მისი ფრაზა, რომ სომეხი, რომელიც გამოვა საქართველოს წინააღმდეგ, პირველ რიგში სომხეთის მტერია. ისტორიული იყო ალიევის სტუმრობა საქართველოში, ისევე როგორც თავის დროზე ელცინის ჩამოსვლა. ჩვენ ასე აგურაგურ ვაშენებთ და მტკიცე ნაბიჯით მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც სტაბილური იყოს. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ კი ამას წინათ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ შევარდნაძესა და ალიევს კარგი ურთიერთობა აქვთ და დროა, შევარდნაძემ მას საინგილოს დაბრუნება მოსთხოვოსო. არ ვიცი, ვინ უკეთესი პატრიოტია ჩვენს შორის, მაგრამ იმას ხომ ყველა კარგად ხვდება, რაზეა ეს ყველაფერი გაანგარიშებული. თუ ჩვენს საკითხს დავაყენებთ, აზერბაიჯანშიც გამოჩნდება მსგავსი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის: თქვენთან აზერბაიჯანული რაიონებია და იქ ჩვენ სხვა ინტერესი გვაქვსო. როგორც კი რაღაცას შევაკოწიწებთ, ავაშენებთ, მაშინვე ამოძრავდებიან ძალები, რომლებსაც ხელს არ აძლევთ. ისინი იმაზე ფიქრობენ, როდის აიმღვრევა წყალი, რომ შემდეგ ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირონ. შევარდნაძე ყოველთვის არ იქნება და მოვა სხვა ხალხი. იზრდებიან ადამიანები, ხდება ნამდვილი პოლიტიკოსების ფორმორება, მოდით და ერთად შევებრძოლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვის წისქვილზე ასხამენ წყალს. იმის უფლებას, რასაც ცეცხლთან თამაში და ერებსა და ხალხებს შორის ღვარძლის გაღვივება ჰქვია, არავის მივცემთ. ჯერ სამშობლოზე იფიქრე და მერე იმაზე, ამბიციები როგორ დაიკმაყოფილოთ. შეიძლება მთლად სამართლიანი არ ვარ, მაგრამ ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი. ჩვენ ყველამ ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი საქართველო უნდა ავაშენოთ და ნურავინ შეგვიშლის ამაში ხელს.
მესმის, რომ ზოგი რამ მწარე ვთქვი, მაპატიეთ, თუ ვინმეს გული ვატკინე, მაგრამ ასეთია რეალობა.
(იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)
ჩვენ აგურ-აგურ ვაშენებთ და მტკიცე ნაბიჯით მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც სტაბილური იყოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 3 მაისი. - №100 (2473). - 1,2 გვ.
![]() |
49 „ვიზიტები ბაქოში, ერევანში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სტუმრობა საქართველოში კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
5 მაისის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის ცენტრალური მოვლენა გახდა თქვენი ვიზიტი სომხეთში: ხელმოწერილია მრავალი დოკუმენტი ქვეყნებს შორის რეგიონში თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის შესახებ, სადაც კვლავ ხაზგასმული იყო მშვიდობიანი კავკასიის თემა. ალბათ, ჯავახეთის გამო ატეხილი ხმაურის ფონზე (ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს რუსული პრესა), ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა სომხეთის პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და არც შეიძლება იყოს, მან ასეთი ფორმულირება იხმარა, ჩვენ, პოლიტიკოსებს, ფაქტობრივად, არაფერი გვევალება იმის გარდა, რომ არ გავაფუჭოთ ის არაჩვეულებრივი და საოცარი ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებს ჩვენს ხალხებს... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- სომხეთში ვიზიტისათვის საფუძვლიანად ვემზადებოდით. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობაც და პირდად პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ჩვენი ვიზიტისათვის აბსოლუტურად მზად იყვნენ.
შედეგი? შედეგი კი ორმხრივ ტრადიციულ ურთიერეთობათა გაღრმავება-გაფართოება, მთელი რიგი კონკრეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა გახლავთ.
ვიზიტის სერიოზულ წარმატებად მიმაჩნია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლივი გააზრება, რეგიონში ჯერ კიდევ დაუძლეველი კონფლიქტების მოგვარებაში წვლილის შეტანისათვის მხარეების მზადყოფნა, კისლოვოდსკის დეკლარაციის დებულებათა ხორცშესხმაში ერთობლივი ძალისხმევა, კავკასიის სახელმწიფოთა პრეზიდენტების შეხვედრა, რასაც, როგორც ერევანში ვთქვი, როცა კავკასიის სახელმწიფოთა პრეზიდენტებზე ვსაუბრობდი, მხედველობაში მყავს რუსეთის პრეზიდენტიც (ესე იგი კისლოვოდსკის შეხვედრის მსგავსი რამ), აუცილებლად უნდა მოხდეს კავკასიის სამეულის - ესე იგი სამი პრეზიდენტის შეხვედრები. ეს მნიშვნელოვანი იდეაა და, ვფიქრობ, არც თუ ისე უსაფუძვლო.
ბაქოსა და ერევანში ვიზიტების შემდეგ გაცილებით უფრო ნათლად ჩამოყალიბდა მშვიდობიანი კავკასიის მომავალი კონტურები. ამასთან კავკასიის სახელმწიფოთა მეთაურების ვიზიტების უმთავრესი შედეგი ის გახლავთ, რომ ახლა უკეთ არის უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნების შინაგანი სტაბილურობის შემდგომი განმტკიცება და ამ ბაზაზე ცნობილი ტკივილების მოშუშება, კონფლიქტების დაძლევა, ეკონომიკური და სოციალური აღმავლობის მიღწევა. ჩემი აზრით, იმ ადამიანებს, რომლებიც ზოგი რუსეთში და ზოგი ჩვენშიც ბევრს ხმაურობდნენ ჯავახეთის პრობლემასთან დაკავშირებით, იმედი გაუცრუვდათ და კვლავაც გაუცრუვდებათ. ჩვენ, ისევე როგორც აქამდე, გვჭირდება უფრო მეტი ინტენსიურობით მუშაობა ამ მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. შესაბამისად, მმართველობის სტრუქტურებში, საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობა და სხვ. და უნდა ვითანამშრომლოთ ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყნებშია მიღებული.
დარწმუნებული ვარ, კვლავაც გაუცრუვდებათ იმედები, თუ თავიანთ „პროფესიას“ არ მოეშვებიან.
ვიზიტები ბაქოში, ერევანში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სტუმრობა საქართველოში კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კავკასიის სახელმწიფოები მოკლე დროში დაძლევენ კონფლიქტებს და მჭიდრო რეგიონალური და სუბრეგიონალური თანამშრომლობის წყალობით საბოლოოდ დაადგებიან სტაბილურობის აღორძინებისა და აღმავლობის გზას.
- განვლილ კვირას სტამბოლში გამართულ ბისეკის ბიზნესკონფერენციას მეტად კონკრეტული თემა ჰქონდა - ახალი შესაძლებლობანი შავი ზღვის რეგიონში. კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, თქვენ შეხვდით სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებს. ამ კონფერენციაზე გამოსვლაში, ფაქტობრივად, თქვენ მოუწოდეთ პოლიტიკოსებს ბიზნესმენთა დახმარებისა და თანადგომისათვის. სხვათა შორის, კონფერენციაზე პრეზიდენტთა გამოსვლებში ხშირად ფიგურირებდა მშვიდობისა და სტაბილურობის თემაც, როგორც ეკონომიკის განვითარების, საერთოდ, ბიზნესის განვითარების აუცილებელი წანამძღვარი...
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა ეკონომიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი ამ რგოლთაგანია, რომელმაც რეალურად უნდა შეუწყოს ხელი ევროპისა და აზიის ერთიანი სატრანსპორტო-ეკონომიკური მექანიზმის ჩამოყალიბებასა და მის გამართულ ფუნქციონირებას. თუმცა ეს ერთადერთი მიმართულება არ არის, მაგრამ ამჯერად ამ თემას გამოვყოფდი. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი იყო სტამბოლში გამართული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ შვიდი ქვეყნის პრეზიდენტები, და მათთან ერთად სხვა ხელმძღვანეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმონადგენლები და, რა თქმა უნდა, ძირითადი მასა იყო 400-ზე მეტი დიდი ბიზნესმენი, რომელთაც ცხოველი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი შეხვედრის მიმართ.
საკუთრივ ბისეკის ფარგლებში თანამშრომლობაც, რომელიც თავისი არსებობის 5 წელს ითვლის, დღითი დღე სრულყოფილი ხდება და ახალ პერსპექტივებს იძენს. მე ასე ვიტყოდი, რომ საჭირო ხდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობა, და ჩვენ სავსებით რეალურ შედეგებს ვხედავთ. ალიანსის მონაწილე ქვეყნების მრავალმხრივი ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო აქტიურად ებმება რეგიონალური პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესებში. შესაძლოა, ერთობლივი საქმიანობის არეალმა უახლოეს ხანში მოიცვას ეკონომიკის თითქმის ყველა ძირითადი დარგი და სფერო - ინვესტიციების დაბანდება, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და ტელესაკომუნიკაციო სისტემები, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სხვა მრავალი, განსაკუთრებით შავი ზღვის ეკოლოგია.
თავის მხრივ, ერთიან, რეგიონალურ, ეკონომიკურ მიმართულებებზე ორიენტაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის ევროკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის - ეს ერთგვარი ხიდია, ასევე ფართო შესაძლებლობებს უსახავს ურთიერთხელსაყრელი კავშირების დასამყარებლად კერძო ბიზნესის, მსოფლიოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, უმსხვილეს კომპანიებსა და საერთაშორისო გაერთიანებებს.
რეგიონალური პროექტების ფინანსური ხელშეწყობის თვალსაზრისით, მხარდასაჭერია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის შექმნა, რომელთან თანამშრომლობისათვის მზად არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო-საფინანსო ორგანოები. ეს ახალი საბანკო სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფქალ ვაჭრობის ზონად რეგიონის გადაქცევასაც. ჩვენ აქეთკენ უნდა ვილტვოდეთ.
საქართველოს პრეზიდენტს საქმიანი შეხვედრები ჰქონდა კონფერენციის მონაწილე ქვეყნების - თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუმინეთის, მოლდავეთის პრეზიდენტებთან, რომლებთანაც საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში ერთობლივ მონაწილეობას და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში პოლიტიკოსთა მხარდაჭერას.
სტმბოლის შეხვედრათაგან მე გამოვყოფდი დიალოგს თურქეთის პრეზიდენტთან ბატონ სულეიმან დემირელთან, რომელიც, როგორც შევთანხმდით, ივნისში ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა თბილისს. ასევე საინტერესო კონტაქტები გვქონდა თურქეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქალბატონ თანსუ ჩილერთან, სხვა ხელმძღვანელებთან.
ასეთი იყო ჩვენი საქმიანობა სტმბოლში. ჩემი აზრით, ძალიან საჭირო და აუცილებელი.
- გარდა ბისეკისა და სომხეთში ვიზიტისა, რასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის, საინტერესოა ბოლო პერიოდის ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი ტენდენციები.
- აპრილის ბოლო დეკადაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა გარკვეული უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკის, კერძოდ სამრეწველო საწარმოების მუშაობაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მრეწველობაში საერთო მდგომარეობა აპრილში გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება. ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება: რომ არ ყოფილიყო ჟინვალის წყალსაცავი, საქართველოს დედაქალაქი - ჩვენი თბილისი, ალბათ დაიტბორებოდა და დიდი ნგრევა და დიდი მსხვერპლი იქნებოდა. სწორედ იმან გვიშველა, რომ ადიდებული არაგვი არ შეუერთდა ასევე ადიდებულ და აზვირთებულ მტკვარს და, თუ შედარებით იოლად გადავრჩით, ეს იმის შედეგია, რომ თავის დროზე სწორად იყო ჩაფიქრებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვათა შორის, არსებობდა ასეთი პროექტი - „მინაძე“ ჰესი ასპინძის რაიონში. ჰესზე აღარ ვლაპარაკობ, წყალსაცავის პრობლემა რომ გადაწყვეტილიყო - ეს პროექტი გამზადებული იყო, დაფინანსება უკვე მიმდინარეობდა, ესე იგი ამ ჰესის მშენებლობის საკითხი რომ გადაწყვეტილიყო, ყოველ შემთხვევაში, წყალსაცავისა, მტკვრის ადიდებასთან დაკავშირებული უსიამოვნებანი საშვილიშვილოდ იქნებოდა თავიდან აცილებული. ეს ისე, შეხსენებისათვის. ამიტომ, როცა რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ათიათასჯერ უნდა გაიზომოს ყველაფერი და მერე გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება.
ახლა შედეგებთან დაკავშირებით, საბოლოო, დაზუსტებული მონაცემები ჯერ არა გვაქვს. ცალკეული სამინისტროებიდან, უწყებებიდან და საწარმოებიდან მიღებული ოპერატიული მონაცემებით კი ვითარება ასეთია. ყოფილი მრეწველობის დეპარტამენტის სამრეწველო საწარმოებმა განვლილ თვეში გამოუშვეს 6,5 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც 14 პროცენტით აღემატება პირველი კვარტალის საშუალო თვიურ მაჩვენებელს, ხოლო მთლიანად ოთხ თვეში წარმოებული 23 მილიონი ლარის პროდუქცია თითქმის 30 პროცენტით სჭარბობს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. მხედველობაში მაქვს მრეწველობის დეპარტამენტში შემავალი საწარმოები. მომავალში ჩვენ ასე უნდა ვიფიქროთ - როცა დამტკიცდება მრეწველობის მინისტრი, ეს უნდა იყოს სრულიად ახალი სამინისტრო, მისი ფუნქციების ახლებურად გააზრებით და, ფაქტობრივად, იგი კოორდინაციას უნდა უწევდეს ყველა დარგს, იმ დარგებსაც, რომლებიც ახლა შედიან ამ დეპარტამენტში და რომლებიც არ შედიან.
ზრდის ტენდენცია გრძელდება „საქსამთომეტალურგიის“ საწარმოებშიც. აქ აპრილში წარმოებულია 4,5 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც პირველ კვარტალში წარმოებული პროდუქციის ნახევარზე მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსთაველი მეტალურგების საქმიანობის აქტიურობა, სადღაც აპრილში წარმოებული 2,5 მილიონი ლარის პროდუქცია მნიშვნელოვნად აღემატება წინა თვეების მაჩვენებელს. იგივე ითქმის სააქციო საზოგადოება „ფეროზე“ - აქაც იგრძნობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, სტაბილურად ფუნქციონირებს სააქციო საზოგადოება „მადნეულიც“.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ, მართალია უმნიშვნელო დატვირთვით, მაგრამ მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმმაც“. ზოგიერთი საიმედო ტენდენცია გამოიკვეთა ტყიბულშიც.
ამავე დროს მრეწველობაში არსებულ შესაძლებლობათა უფრო სრულად გამოყენება კვლავ პირველი რიგის ამოცანად რჩება. უნდა შეიქმნას პრივატიზებულ და აქციონირებულ საწარმოთა ერთიანი სახელმწიფო მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სისტემა, რისი კოორდინაციისთვისაც აღდგა მრეწველობის სამინისტრო. ახალი სამინისტროს, მისი ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანაა დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და სწორად წარმართვა (მე ვიმეორებ, მაგრამ ვიმეორებ იმისათვის, რომ ეს თავიდანვე ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რას წარმოადგენს ეს სამინისტრო). უნდა მოვიზიდოთ მეცნიერები, ვიმუშაოთ პერსპექტიულ პრობლემებზე, უნდა ვიზრუნოთ არა მარტო ინდიკატური გეგმების შედგენისათვის, არამედ მისი შესრულების ანალიზისა და სხვა აუცილებელი კომპონენტებისათვის. დარგში ინვესტიციების, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის სამინისტროსთან ერთად მეტი აქტიურობით უნდა იმუშაონ რაიონების, ქალაქების, რეგიონების ხელმძღვანელებმა, იქ, სადაც შესაბამისი სამრეწველო ობიექტებია თავმოყრილი. კანდიტატურა, რომელიც მე დავასახელე ამ პოსტზე, იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ მას ძალიან კარგად ეხერხება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, კავშირურთიერთობის დამყარება, ხელშეკრულებების მომზადება და ასე შემდეგ.
კვლავ გადაუდებელი ყურადღების ცენტრშია ენერგეტიკა. აფხაზური მხარის მიერ შექმნილი ხელშემშლელი სიტუაციის მიუხედავად, მიღებულია გადაწყვეტილება და, როგორც კი წყალსაცავი დაიცლება, დღე-დღეზე დაიწყება ენგურჰესის სარემონტო სამუშაოები, რათა დროულად დავამთავროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ წყლის მარაგის შესაქმნელად წყალუხვობის პერიოდი. სარემონტო სამუშაოების გრაფიკი შედგენილია, ამ დღეებში დავამტკიცებ და მოვითხოვ, რომ ბატონმა ზუბიტაშვილმა, მთელმა სისტემამ ყველაფერი იღონონ, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დამთავრდეს სარემონტო სამუშაოები. სხვა შემთხვევაში ჩვენ დიდი პრობლემები შეგვექმნება წელსაც და მომავალშიც.
ყოველივე ეს და ამ სფეროში ჩვენი პერსპექტივები ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება, რის გამოც მწვავედ უნდა დადგეს საქენერგოს დებიტორთა პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს საქენერგოს დებიტორულმა დავალიანებამ 187 მილიონ ლარს გადააჭარბა. მე, უპირველესად უნდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვაფასებ ენერგეტიკის მინისტრის ბატონ ზუბიტაშვილის აქტიურ საქმიანობას, უნდა ვთქვა ისიც, რომ ამ სამინისტრომ ჯერჯერობით ვერ მოახდინა გარდატეხა ამ სფეროში. ასევე უნდა აღინიშნოს სერიოზული დავალიანებანი: ქალაქ თბილისში - 69 მილიონი ლარი, ასე მუშაობა და ცხოვრება შეუძლებელია. ეს თბილისის ხელმძღვანელობამაც უნდა შეიგნოს და ყველა თბილისელმაც, ყველა მეწარმემ, ქუთაისში - 14 მილიონი ლარი, რუსთავში - 3 მილიონი ლარი. და დღეს მე პირველად ვასახელებ ამ გვარებს: მოვითხოვ, რომ ბადრი შოშიტაიშვილმა, თემურ შაშიაშვილმა და მერაბ ტყეშელაშვილმა განახორციელონ გადამწყვეტი ღონისძიებანი. ასე მუშაობა აღარ გამოგვადგება. როგორი დიდიც არ უნდა იყოს თქვენთან მეგობრობა, პატივცემულო მეგობრებო, ჩვენ იძულებული ვიქნებით გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობაში ზოგიერთ რამეს, თუ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა. მე სერიოზულად ვაფრთხილებ მათ. ისინი ყველაზე გამოჩენილი ხელმძღვანელები არიან და სწორედ მათგან მოვითხოვ ამ ვალდებულებების შესრულებას.
საგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, აპრილში მათ მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 25 მილიონი ლარი. ეს 4 მილიონი ლარით ანუ 20 პროცენტით აღემატება პირველი კვარტალის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. მთლიანად ოთხ თვეში კი მობილიზებულია 95 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც 40 მილიონი ლარით ანუ 1,7-ჯერ მეტია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე. მაგრამ მიმაჩნია, რომ საგადასახადო ინსპექციას თავისი რეზერვები ჯერ კიდევ არ აუმოქმედებია მთლიანად და ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნულ ხელმძღვანელებს, აქაც მივმართავ ბატონ სალარიძეს, მეტი ზრუნვა გამოიჩინოს იმისათვის, რომ ეს არსებული უზარმაზარი რეზერვები (მხედველობაში მაქვს გადამხდელთა ახალი რაზმები, ახალი ფენები, რომლებიც უნდა ჩაებან საქმეში) აუცილებლად ამოძრავდეს.
მიუხედავად ერთგვარი ძვრებისა, ჯერ კიდევ გაგვიჭირდა იანვარში დაშვებული ჩამორჩენის მთლიანად დაძლევა. წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს თბილისმა, იმერეთის მხარემ, სამეგრელომ, სამცხე-ჯავახეთის მხარემ, რაც იმ რეგიონებში ადგილობრივი მმართველობისა და საგადასახადო ორგანოების მუშაობის გაძლიერებას საჭიროებს.
საბაჟო დეპარტამენტიდან აპრილში ბიუჯეტში გადარიცხულია 14 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანად იანვარ-აპრილში - 46 მილიონი ლარი, რაც 4,5-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ბიუჯეტით დამტკიცებული საპროგნოზო დავალება წლის განვლილ ოთხ თვეში თითქმის 102 პროცენტით არის შესრულებული. დავალების გადამეტებით ჩარიცხულია 756 ათასი ლარი. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც, ამ სფეროშიც საკმაოდ დიდი რეზერვებია და მოვითხოვ, რომ ბატონმა აბულაძემ ეს რეზერვები კიდევ უფრო სწრაფად აამოქმედოს და ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს.
- 9 მაისი იმ იშვიათ თარიღთაგანია, რომელიც, ალბათ, კომუნისტურ დღესასწაულებს არ გადავაყოლეთ. რამდენიმე დღეში ჩვენი ვეტერანებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმ საშინელ და ქარცეცხლიან დღეებს შეესწრენ, დადგება ეს დიდი დღე...
- 9 მაისი ნამდვილად მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია და მას ყოველთვის აღნიშნავს მთელი პროგრესული კაცობრიობა, მათ შორის გერმანიაშიც და სხვა იმ სახელმწიფოებშიც, რომლებიც ბარიკადების მეორე მხარეს იყვნენ. მეორე მსოფლიო ომში (შეგახსენებთ უბრალოდ, ძვირფასო რადიომსმენელებო) 700 ათასი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა და 300 ათასზე მეტი ვეღარ დაუბრუნდა მშობლიურ სახლ-კარს, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოში ყველა გულისტკივილით იხსენებს იმ დროს, უწინარესად კი ჩვენი ვეტერანები და ომის საშინელებით გატანჯული ხალხი. სამწუხაროდ, ქვეყნის საერთო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ომის მონაწილეთა და მათი ოჯახების სოციალური დაცვის სრულყოფილი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია. უახლოეს დღეებში შევხვდები ვეტერანთა თავკაცს ბატონ გიორგი ციციშვილს და განვიხილავთ ვეტერანთა დეპარტამენტის შექმნის საკითხს. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო და ახლა საჭიროა მისი პრაქტიკული განხორციელება, ყველა მხარისა თუ ქალაქის, შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების თანადგომა და ყოველდღიური მზრუნველობა. ეს თანაბრად შეეხება პენსიების გაზრდის, ჯანმრთელობის დაცვისა თუ სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ სათანადოთ დავაფასოთ ომის მონაწილეთა თავადება და ღვაწლი. ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ 9 მაისის დღესასწაული, რადგან წარსულის თუნდაც მწარე გამოცდილების ახლაბურად გააზრება მომავალი პოლიტიკური თანაცხოვრების საიმედო საწინდარია - ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ომის, ნგრევისა და დაპირისპირების მწარე გაკვეთილებს და მოგვიწოდებს საერთაშორისო თანხმობისა და ახალი მსოფლიო წყობისათვის.
მინდა მივულოცო ომის ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, საქართველოს მთელ მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ვუსურვო წარმატებები და კეთილდღეობა.
- ბოლო პერიოდში სცენაზე კვლავ გამოჩნდა იგორ გიორგაძე, ზოგი მას პარტიაში იღებს და ამტკიცებს, რომ, თურმე, მას 29 აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ისიც საოცარია, რომ უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცოდა (მაგრამ ეს ცალკე თემაა). ახლა კი „ახალ თაობაში“ გიორგაძის მორიგი ინტერვიუც დაიბეჭდა ჩვეული ტონით...
- სხვათა შორის, მე მინდა მივესალმო იმას, რომ „ახალმა თაობამ“ ეს გამოაქვეყნა და მინდა ვთხოვო „საქართველოს რესპუბლიკასა“ და ზოგიერთ სხვა გაზეთს, გადმობეჭდონ ეს ინტერვიუ. ვიღაც-ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ „ამერიკა აღმოაჩინეს“.
ეს ჩვეულებრივი პროვოკაციებია, ჩვეულებრივი, მათთვის დამახასიათებელი ცილისწამებანი და სხვა და სხვა. ეს სხვა საკითხია.
როგორც ვიცი, ეს ის მასალაა, რომელიც ბატონმა პანტელეიმონ გიორგაძემ მიიღო და შემდეგ, ბუნებრივია, რაღაც ქსელით მიაწოდეს რედაქციას. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცნობილი დამნაშავე ტერორისტი რუსეთში არავის არ ემალება და მას არავინ არ ეძებს და არც სურთ მისი დაკავება. ამაზე დიდი ხანია არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, ჩემი მიმართვებიც, პროკურატურის არაერთი წარდგინებაც და ასე შემდეგ. იმასაც ვიტყვი, რომ საქმე იგორ გიორგაძე და მისი ინტერვიუ როდია. ასეთი ინტერვიუები შეიძლება ბევრი გამოქვეყნდეს და წერას ვერავის აუკრძალავ.
მე უფრო მეტად მაწუხებს რუსეთის შესაბამის ხელისუფალთა დამოკიდებულება ცნობილი ტერორისტების მიმართ. არა მარტო ერთი ტერორისტის, არამედ ტერორისტების მიმართ, რადგან გიორგაძესთან ერთად რუსეთში სხვა ტერორისტებმა და დამნაშავეებმაც, საკმაოდ დიდმა ჯგუფმა, ჰპოვეს თავშესაფარი. ეს არაერთხელ ითქვა.
მე ერთი რამ ვერ გამიგია, და ძალიან მინდა, ჩემმა ნათქვამმა მიაღწიოს რუსეთის შესაბამის სტრუქტურებამდე, რატომ აყენებენ რუსეთში უფრო მაღლა ტერორისტის ინტერესებს, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაა. ბუნებრივია ისმის კითხვა, ვისთვის და რისთვის ინახავენ ასე სათუთად ამ პიროვნებას რუსეთში? რატომ არღვევს რუსეთი იმ ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებულია დამნაშავეთა ერთმანეთისათვის გადაცემა თანამეგობრობის ფარგლებში? ეს ერთ-ერთი ისეთი ხელშეკრულებაა, რომელსაც ჩვენ ყველანი მივესალმეთ. გამოდის, რომ იგი ფარატინა ქაღალდი ყოფილა. ასე ვაპირებთ თანამეგობრობის განმტკიცებასა და გაძლიერებას (რომ არაფერი ვთქვათ ორმხრივ ურთიერთობათა ხასიათსა და ვალდებულებებზე)? საჯაროდ ამ თემაზე არაფერი მითქვამს, თავს ვიკიავებდი, მაგრამ, ალბათ, დადგა დრო, რომ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და სახელმწიფოებმაც ერთმანეთის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე იფიქრონ. დიდი სახელმწიფოა თუ პატარა, ეს სხვა საკითხია.
თქვენ, საქართველოს მოსახლეობა, ალბათ ადევნებთ თვალს რუსეთის ტელევიზიას, და იცით, როგორ მტკივნეულად განიცდის რუსეთი ტერორიზმთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს. თუ ეს მტკივნეულია შენთვის, ასევე მტკივნეულია იმ ქვეყნისათვისაც, რომლის ტერორისტ ორგანიზატორებს თქვენ ხელს აფარებთ.
- და ბოლოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი გუშინ მოსკოვს გაემგზავრა. ვარაუდობენ, რომ იგი აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის ბაბენკოვის საკითხსაც დააყენებს. მოსკოვის სამიტის გადაწყვეტილებები სამშვიდობო ზონაში არ სრულდება, რაშიც სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას სდებს ბრალს...
- ალბათ, უფრო ამომწურავი პასუხის გაცემას ბატონი ნადიბაიძის დაბრუნების შემდეგ შევძლებ. მაგრამ მაინც გარკვეულ კომენტარს შემოგთავაზებთ.
დიდად სამწუხაროდ, მოსკოვის სამიტის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად არაფერი გაკეთებულა და იმასაც ვიტყოდი, რომ თითი თითზე არავის დაუკარებია. მხედველობაში მყავს, რა თქმა უნდა, სამშვიდობო ძალები და ის სტრუქტურები, რომლებიც ამ სამშვიდობო ძალებს მართავენ. მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. მანდატის ვადის გასვლის შემდეგ, სამშვიდობო ძალების შენარჩუნება მე ასე ვიტყოდი, ნადიბაიძის დაბრუნებამდე, პრობლემური იქნება. და თუ იგი უარყოფითი შედეგით დაბრუნდება, საერთოდ შეუძლებელი იქნება. რა მოხდება თუ ისინი წავლენ? ვფიქრობ აფხაზებს ომი არ უნდათ, ომი არც ჩვენ გვინდა. ესე იგი, ჩვენ და აფხაზებმა უნდა მოვილაპარაკოთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მეორე ეტაპზე დავაჩქაროთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი. ჩემი აზრით ეს შესაძლებელია.
პირადად მე მთელი გულახდილობით ვაცხადებ, რომ ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას დაუსრულებელი დაპირებებით ვკვებოთ იმედგადაწურული მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ლტოლვილები.
ცოტა დრო კიდევ არის დარჩენილი, ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს რამდენიმე კვირა, და შემდეგ ერთად, მთელ საზოგადოებასთან ერთად, მივიღოთ ფადაწყვეტილება.
საქინფორმი.
„ვიზიტები ბაქოში, ერევანში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სტუმრობა საქართველოში კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 მაისი. - №102 (2473). - 1,2 გვ.
![]() |
50 „ყველა და ყველაფერი უნდა დაფასდეს, რაც დაკავშირებულია წმიდათაწმიდა ომთან, ქვეყნებისა და ხალხების თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გამარჯვების დღესასწაულზე
ძვირფასო ვეტერანებო, ძვირფასო თბილისელებო!
მინდა ჩვენი ხალხის სახელით, საქართველოს პარლამენტის, ქვეყნის ხელისუფლების და, რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების სახელოვანი წლისთავი, მადლობა მოგახსენოთ ყველა თქვენგანს თავდადებისათვის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვისათვის.
ღრმად მჯერა, რომ მეორე მსოფლიო ომი უკანასკნელი დიდი ომია კაცობრიობის ისტორიაში. ეს იყო უმკაცრესი გაკვეთილი მსოფლიოს ყველა ხალხისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელს პლანეტაზე დაიწყო სამშვიდობო მოძრაობა, მოძრაობა უშიშროების მსოფლიო და რეგიონალური სისტემის შექმნისათვის. უწინარესად, ვგულისხმობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას, უშიშროების საბჭოს, რომლის უშუალო ფუნქცია გახლავთ საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფა პლანეტაზე და რომელსაც საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით ასე ხშირად მივმართავთ ამ ბოლო წლების განმავლობაში.
მისასალმებელია, რომ თანდათანობით მტკიცდება, ძალას იკრებს უშიშროების ევროპული სისტემა და პირველი შედეგები ამ სისტემის ნაყოფიერი საქმიანობისა უკვე გამოიკვეთა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ დიდმა სამეულმა, რომელიც მაშინ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ედგა სათავეში, მხედველობაში მყავს სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი, მყარი საფუძველი ჩაუყარეს ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიებს მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა ძვირფასო მეგობრებო, განუზომელია თქვენი, თქვენი კოლეგების და თანამებრძოლების წვლილი მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ვეტერანებზე ზრუნვა, თითოეულ თქვენგანზე, თქვენს ოჯახებზე ზრუნვა, მშვიდობიანი საქართველოს მშენებლობასაც უწყობს ხელს.
კარგად მოგეხსენებათ რამდენი ჭირ-ვარამი გადაიტანა ჩვენმა ახალგაზრდა სახელმწიფომ ამ ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ როგორც კი ქვეყანამ ოდნავ მოითქვა სული, ერთ-ერთ უპირველეს მიზნად დაისახა ზრუნვა იმ ვეტერანებზე,
რომლებიც ჩვენთან ერთად არიან მწყობრში. მინდა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ. ეს ძალიან საჭირო გადაწყვეტილება გახლავთ. მინდა ისიც გაცნობოთ, რომ დეპარტამენტის პირველ თავმჯდომარედ, ჩემი განკარგულებით, დაინიშნა ყველა ჩვენთაგანისათვის პატივსაცემი პიროვნება, ცნობილი მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი გიორგი ციციშვილი. ვეტერანთა მოძრაობის აქტივისტთა ერთი ჯგუფი დაჯილდოვდა მესამე ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით და დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში ვეტერანების შრომა, თქვენი ბრძოლა არ დარჩეს შეუნიშნავი და დამოუკიდებელმა საქართველომ თქვენი განსაკუთრებული ღვაწლი სამშობლოს წინაშე მთავრობის სათანადო ჯილდოებით აღნიშნოს.
ჩვენ შევეცადეთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ცოტა უფრო გაგვეუმჯობესებინა ფინანსური დახმარების საკითხი, მაგალითისათვის, შარშან ჩვენ მოვახერხეთ სულ ოთხი მილიონი ლარის გამოყოფა ვეტერანების დასახმარებლად. მიმდინარე წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი გაცილებით უკეთესად იმუშავებს წლეულს და გაისად მეტი საშუალება გვექნება ვიზრუნოთ ვეტერანებზე - ყველაზე, ვინც დღეს მწყობრშია და მათ ოჯახებზე, ვინც ჩვენს შორის აღარ არის. ზრუნვა თქვენზე ყველა სტრუქტურის ვალია. მხედველობაში მაქვს ცენტრალური ხელისუფლება, სამხარეო ადმინისტრაციები, რაიონების ხელმძღვანელები. განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წავიდნენ ამ ქვეყნიდან, სჭირდებათ ზრუნვა მათ საფლავებს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ვერც ერთი თაობა ვერ იქნება ბედნიერი, თუკი არ ფიქრობს წინა თაობის კეთილდღეობასა და დაფასებაზე, რადგანაც უფროსი თაობა მთელ ჩვენს წარსულთან, მთელ ჩვენს საგმირო საქმეებთან დამაკავშირებელი ხიდია.
ვეტერანებზე ზრუნვა, ამავე დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ზრუნვაცაა. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საქართველოს ჯარში მსახურობენ, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მომავალი თაობები მათ ღვაწლს, მათ წვლილს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში ღირსეულად დააფასებენ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უკვე შეუძლიათ შეასრულონ თავისი ვალდებულება და მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ რუსეთთან, ჩვენ დიდ მეზობელთან, მის შეიარაღებულ ძალებთან. ჩვენ გვინდა ეს თანამშრომლობა, მხოლოდ ერთი პირობით - ჩვენი ურთიერთობა იქნება პატიოსანი. თანასწორუფლებიანი. ორივე მხარე ერთგული უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულებებისა. ეს, რა თქმა უნდა, უწინარესად, ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს გამთლიანებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენი და რუსეთის თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოსა და მისი მეგობარი ქვეყნების ჯგუფის თანამშრომლობა, შედეგიანი იქნება.
მინდა შეგახსენოთ ის უდიდესი წვლილი, რომელიც ისტორიულიმნიშვნელობის გამარჯვებაში შეიტანა საქართველო - პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა იმ წლებში 3-3,5 მილიონს შეადგენდა და 700 ათასი ვაჟკაცი გაგზავნა ფრონტზე, რომელთაგან 300 ათასამდე ვერ დაგვიბრუნდა. ეს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის მიერ გაღებული წმინდა მსხვერპლია - მომავალი თაობების ბედნიერებისათვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის გაღებული მსხვერპლი. რომ არ ყოფილიყო ის დიდი გამარჯვება, არ იქნებოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო.
რუს ეგოროვთან ერთად, რაიხსტაგზე ქართველმა ჯარისკაცმა მელიტონ ქანთარიამ აღმართა გამარჯვების დროშა, რაც სიმბოლიურად იმ წლების გამოხატულებაა, რომელიც საქართველომ ამ საყოველთაო-სახალხო ბრძოლაში შეიტანა. მე ასე მიმაჩნია: ყველა და ყველაფერი უნდა დაფასდეს, რაც დაკავშირებულია წმიდათაწმიდა ომთან, ქვეყნებისა და ხალხების თავისუფალებასთან და დამოუკიდებელობასთან.
მეორე მსოფლიო ომის - დიდი სამამულო ომის ისტორია, ჩემი აზრით, ხელახლა უნდა დაიწეროს. მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თვალყურს ადევნებს მეცნიერულ თუ ნახევრადმეცნიერულ ლიტერატურას, ნაშრომებს, რომლებიც ქვეყნდება და რომლებიც ძალიან სუბიექტურად და ცალმხრივად აშუქებენ იმ დიდ მოვლენებს, მსოფლიოს რომ უცვალეს სახე. ეს ისტორია, მე ასე მგონია, უნდა შექმნან ომის მონაწილე ყველა ქვეყნების მეცნიერებმა, იქნება ეს ანტიჰიტლერული კოალიცია თუ ბარიკადების მეორე მხარეს მებრძოლი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის შექმნაში თავის წვლილს შეიტანენ გერმანიის მეცნიერები. ბოლო უნდა მოეღოს ცალმხრივ შეფასებებს, უსამართლობას.
მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ერთი აზრი: ომს იგებენ და აგებენ უმაღლესი მთავარსარდლობი და არა ცალკეული მხედართმთავრები, როგორც ეს ზოგიერთ მეცნიერს ჰგონია ან ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეს სურს დაინახოს. სხვაგვარი მიდგომა ძირშივე მცდარია. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ უარვყავით ის სისტემა, რომელიც სტალინმა შექმნა და ვაშენებთ სრულიად განსხვავებულ წყობას - დემოკრატიულ, პლურალისტურ საზოგადოებას, ესე იგი რადიკალურად საწინააღმდეგოს იმისა, რასაც ქმნიდა სტალინი. ჩვენ დავგმეთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მის შეცდომებთან, მის სისასტიკესთან და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს გაუმართლებლად მიმაჩნია მისი როლის დაკნინება დიდ სამამულო ომში. თუ ვინმემ მოიგო დიდი სამამულო ომი, შეძლო შეუძლებელი და წარმართა ეს უზარმაზარი მოძრაობა მტერზე გასამარჯვებლად, სტალინი გახლავთ. მე მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სამართლიანი (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სტალინი წარმოშობით ქართველია, თუმცა, სადღაც გულში კი ვფიქრობთ ამის შესახებ). სტალინის პიროვნების შესაფასებლად ძნელია მოიძებნოს უფრო დიდი ავტორიტეტი, ვიდრე ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი და მე-20 საუკუნის სხვა ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეები არიან. ძნელია უფრო ობიექტური შემფასებელი მოიძებნოს მისი როლისა სამამულო ომში გამარჯვებაში, ვიდრე მარშალი ჟუკოვი, მარშალი როკოსოვსკი, მარშალი ვასილევსკი და სხვა სახელოვანი მხედართმთავრები, რომლებმაც თავიანთი მოგონებებით უნიკალური სიმდიდრე დაგვიტოვეს. მოვიდა დრო, ისტორიკოსებმა, რუსები იქნებიან, ქართველები, ფრანგები, ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები თუ სხვები, იხელმძღვანელონ ცხოვრების რეალობით, შექმნან ნამდვილი ისტორია მეორე მსოფლიო ომისა, რომელშიც ყველა ხალხის, ყველა მოღვაწის როლი მეცნიერულად ობიექტურად აისახება.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის, გისურვებთ ბედნიერებასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გამარჯვების დღესასწაულზე : „ყველა და ყველაფერი უნდა დაფასდეს, რაც დაკავშირებულია წმიდათაწმიდა ომთან, ქვეყნებისა და ხალხების თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 10 მაისი. - №106 (2479). - 1,2 გვ.
![]() |
51 „უაღრესად მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს როლის წამოწევა და მისი აქტიურობის მხარდაჭერა აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
12 მაისის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირა სტაბილურობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის ინტერესები საქართველოს მიმართ. მაგალითად, კროტოვთან და ლენი ფიშერთან შეხვედრა. და მაინც, მთავრობის სხდომაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ამა თუ იმ მინისტრის პრეზიდენტისადმი ერთგულება და პირადი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს მის ხელშეუხებლობას და ამის გარანტიას. პრინციპში, ბოლოდროინდელი, საკმაოდ სერიოზული საკადრო ცვლილებების ფონზე ასეთი ფრაზა მაინცდამაინც იმედისმომცემი არ უნდა იყოს, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოში იწყება რეფორმების ახალი ეტაპი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მინდა წინასწარ მოვიხადო ბოდიში იმის გამო, რომ შესაძლოა დღევანდელი საუბარი გაგვიგრძელდეს ზოგიერთი თემის და, აგრეთვე, იმ შეკითხვის გამოც, რომელიც ახლა დამისვით.
განვლილ კვირაში ჩვენს ქვეყანას ესტუმრა ევროპის საბჭოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ქალბატონ ლენი ფიშერის მეთაურობით. როგორც აღინიშნა პრეზიდენტთან ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრისას, ჩვენთვის უდავოდ დიდი სტიმული იყო შარშან, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასთან ერთად, ევროსაბჭოში საქართველოსათვის „სპეციალური სტუმრის“ სტატუსის მინიჭება. თავის მხრივ საქართველო ყოველნაირად ცდილობს მაქსიმალურად მიუახლოვდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროსაბჭოში მის გაწევრიანებას და, ჩემი აზრით, ეს დრო ძალიან შორს არ უნდა იყოს.
რასაკვირველია, აქ სრულიადაც არ იგულისხმება პროცესების ხელოვნურად დაჩქარება და ლაპარაკი მხოლოდ ინტერესთა ბალანსზეა - ევროპას სავსებით რეალური ინტერესი გაუჩნდა კასპიის ზღვის, ცენტრალური აზიის რეგიონების მიმართ, „დიდი აბრეშუმის“ გზაც აღარ არის განყენებული ცნება. ამდენად, კავკასია, როგორც საკომუნიკაციო არტერიის ერთ-ერთი მონაკვეთი და პერსპექტიული რეგიონი, ზედმეტი ტვირთი არ იქნება ევროპისათვის. ხოლო, თუ პირველ ეტაპზე ინვესტიციებია საჭირო, ისინი მალე ანაზღაურდება და საკმაოდ მომგებიანადაც, და აქვე მინდა შევნიშნო, რომ (თქვენ გაკვრით რუსეთის ინტერესებსაც შეეხეთ) ეს სავსებით შეუთავსებადია, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ტვირთზიდვა დაიწყება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, დასავლეთიდან - აღმოსავლეთისაკენ, და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტვირთზიდვაა მოსალოდნელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და პირიქით, სამხრეთიდან - ჩრდილოეთისაკენ. ასე რომ, რუსეთიც ისევე ჩაებმება ამ ტვირთზიდვაში, როგორც სხვა ქვეყნები. დიდძალი ტვირთი დაიძვრება ევროპისაკენ და, ბუნებრივია, ამ პროცესით დაინტერესებული არიან ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც არის, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოთა ფირმები, რომლებიც უკვე რეალურად მუშაობენ კავკასიაში.
ევროსაბჭოშო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ინტეგრაციაზე იყო საუბარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნისა და პრეზიდენტის შეხვედრის დროსაც. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ, თუ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა თანამეგობრობის წინაშე დასახული ამოცანების გადასაწყვეტად, მისი ეფექტიანობა მინიმუმამდე შემცირდება, ანდა კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მივიღოთ. ყოველივე ამაზე იყო საუბარი ბატონ კროტოვთან.
შემდეგი საკითხი - ეს გახლავთ რეფორმების კურსის გაგრძელება. სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და სისტემაში ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის წარმატებული განხორციელების შედეგად ქვეყანაში პრაქტიკულად რეალიზებულია ეკონომიკური რეფორმების პირველი ეტაპი. პირველ ეტაპზე რეფორმების რადიკალური ხასიათისა და რთული ფონის მიუხედავად, რომლის პირობებშიც მიმდინარეობდა რეფორმა, მიღწეულმა საკმაოდ შთამბეჭდავმა შედეგებმა ხალხი მის მხარდასაჭერად განაწყო. ამან კი, თავის მხრივ, რეფორმებს შეუქცევადი ხასიათი მიანიჭა.
ერთხელ კიდევ შევახსენებ რადიომსმენელებს, რომ ქვეყანაში განხორციელდა ფინანსური სტაბილიზაცია, დაძლეულია ჰიპერინფლაცია, მყარად დამკვიდრდა სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა. დასრულდა მცირე და საშუალო პრივატიზება, აქციონირებულია 1000-ზე მეტი სახელმწიფო საწარმო, წარმატებით განხორციელდა პურის ფასების სრული ლიბერალიზაცია და პურპროდუქტების სისტემის დემონოპოლიზაცია. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ელექტროენერგეტიკის რესტრუქტურიზაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების რეფორმების მიმართულებით და მრავალი სხვა. აღარაფერს ვამბობ კანონშემოქმედებაზე, ამ სფეროში მართლაც ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა.
ამჟამად, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება რეფორმების ახალ ეტაპზე გადასვლის საჭიროება, რის შესახებაც მთავრობის სხდომაზე საკმაოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანი მსჯელობა გაიმართა.
ახალი ეტაპი უფრო ფართომასშტაბიანი და ღრმა პროცესი იქნება, იგი ფაქტობრივად მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსის ყველა სფეროს, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, სერიოზულად შეეხება მეცნიერებას. ამ სფეროებში რეფორმები დაწყებულია, მაგრამ ახლა ლაპარაკია რეფორმების სრულყოფასა და იმაზე, რომ ამ რეფორმების რეალური, კონკრეტული დადებითი შედეგები თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს.
ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ისეთი მსხვილი ბუნებრივი მონოპოლიების რესტრუქტურიზაცია, როგორიც არის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროები, კომუნალური მეურნეობა, მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, მათ შორის, ენერგეტიკული და მეტალურგიული კომპლექსების საწარმოები.
საჭიროა მთელი ფისკალური პოლიტიკის სრულყოფაც. მაქსიმალურად უნდა ამოქმედდეს ის რეზერვები, რომლებიც უკავშირდება ხაზინისა და საბანკო სფეროს მუშაობის გაუმჯობესებას, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებას (ესეც ერთ-ერთი დიდი რეზერვია), პრივატიზეციის ახლებურად გააზრებას, საკრედიტო (მათ შორის უცხოური) რესურსების შექმნას, ურომლისოდაც წარმოების სერიოზულ გამოცოცხლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სხვათა შორის, ამ საკრედიტო, საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სპეციალური საბჭო პრეზიდენტის მეთაურობით, რომლის მხედველობის არეშიც იქნება არა მარტო მთელი საინვესტიციო პოლიტიკა, არამედ კონკრეტული თანხებიც - სად რა იხარჯება და რომელი დარგის განვითარებას უნდა მიექცეს პრიორიტეტული ყურადღება.
უნდა შეიქმნას საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში არსებულ შესაძლებლობათა რეალური ამოქმედების ხელშემწყობი გარემო, რამაც საშუალება უნდა მოგვცეს არსებითი გარდატეხა შევიტანოთ პენსიების, დახმარების, ხელფასების გადიდების, მათი გაცემის საქმეში. უფრო მეტად მივხედოთ კულტურას, მეცნიერებას, განვახორციელოთ სხვადასხვა მიზნობრივი სოციალური პროგრამები, მათ შორის, ინვალიდთა, უპატრონო ბავშვთა მხარდასაჭერად - ეს როგორც საბრძოლო ამოცანა, ისე დგება დღის წესრიგში და, რა თქმა უნდა, საჭიროა შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები.
ამ ღონისძიებათა ამსახველი პრეზიდენტის ბრძანებულებაა, რომელიც ფაქტობრივად რეფორმების ახალი ეტაპის სამოქმედო პროგრამა იქნება, ორიენტირი უნდა გახდეს სამინისტროების, უწყებებისა და რეგიონების მიხედვით სერიოზული პროგრამების შესამუშავებლად, რომლებმაც უნდა დააკონკრეტონ და შეავსონ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ცალკე უნდა გამოიყოს კონფლიქტების ზონების რეაბილიტაციასთან (მე მეორედ, თუ მესამედ ვამახვილებ ამ საკითხზე რადიომსმენელთა ყურადღებას) დაკავშირებული პრობლემები, რომელთა განხორციელებაშიც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპულ საფინანსო ცენტრებს, და საერთოდ, საერთაშორისო დახმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა მნიშვნელობა ჩვენში მიმდინარე გარდაქმნების ხელშეწყობის თვალსაზრისით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
ბოლოს, უნდა გამოიკვეთოს ძალისმიერი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების როლი, რაც კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლით გამოიხატება და, რაც დღევანდელ ეტაპზე რეფორმების წარმატებული განხორციელების და, საერთოდ, ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეზერვია. კორუფციასთან ბრძოლის პრობლემაზე ყურადღება არ შესუსტდება. ეს ჩვენი მუდმივი მსჯელობის და, არა მარტო მსჯელობის, არამედ მუდმივი ზრუნვის საგანი იქნება.
საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, მაისის დამდეგიდან მათ მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 6 მილიონი ლარი, რაც მილიონ 200 ათასი ლარით, ანუ 20 პროცენტით აღემატება აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელს და გაწეული სამუშაო დღეების რაოდენობის გათვალისწინებით საგეგმო დავალების შესრულების საფუძველს ქმნის. წლის დასაწყისიდან საგადასახადო ინსპექციის ხაზით აკრეფილია 100 მილიონი ლარი, რაც 41 მილიონი ლარით, ანუ თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საბაჟო დეპარტამენტიდან ცხრა დღის განმავლობაში - 1-9 მაისამდე ბიუჯეტში მობილიზებულია თითქმის 3 მილიონი ლარი, რაც 300 ათასი ლარით, ანუ 11 პროცენტით აღემატება წინა თვის შესაბამის პერიოდში მიღწეულ დონეს.
მიუხედავად ამისა, ბიუჯეტისა და პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამის შესრულების უზრუნველყოფა კვლავ ერთ-ერთ უმწვავეს და რთულ ამოცანად რჩება, მისი რეალიზაციისათვის საგადასახადო და საფინანსო ორგანოებმა რადიკალურად უნდა გააუმჯობესონ მუშაობა. ყოველივე ეს მთელი პრონციპულობით ითქვა მთავრობის სხდომაზე.
ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის რეალური ამაღლებისათვის. ყველამ საჭირო დასკვნა უნდა გამოიტანოს: თუ შენი დრო წავიდა და შესაძლებლობანი ამოიწურა, ადგილი სხვას უნდა დაუთმო. ამას მოითხოვს საქართველოს ინტერესები.
- როგორ შეაფასებდით თავდაცვის მინისტრის ბოლო ვიზიტს მოსკოვში? გასაგები მიზეზების გამო, ეს ვიზიტი საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. რას უნდა ველოდეთ, რუსეთის საშუამავლო როლის შემდგომ გააქტიურებას თუ იმას, რაზეც თქვენ წინა რადიოინტერვიუში ილაპარაკეთ, ანუ პირდაპირ კონტაქტებს აფხაზთა მხარესთან? და კიდევ, აფხაზეთთან დაკავშირებით, განვლილ კვირას, გაეროს მორიგი განცხადება გამოქვეყნდა...
- მე ამ განცხადების კომენტარით დავიწყებდი, რადგანაც, ჯერჯერობით ეს პრესასა და ტელევიზიაში არ გაშუქებულა ისე, როგორც საჭიროა. დოკუმენტი კი მნიშვნელოვანია. ამ დოკუმენტში ზოგიერთ სხვა ელემენტს მივაქცევ ყურადღებას. უშიშროების საბჭო ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეს რამდენჯერაც უნდა გაიმეორონ უშიშროების საბჭოს დოკუმენტებში ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამას თავისთავად მნიშვნელობა აქვს სხვა ორგანიზაციებისთვისაც, მაგალითად ევროპის მასშტაბით, თანამეგობრობის ხაზით გამართულ ღონისძიებებზე და ასე შემდეგ.
მიღებული განცხადება იმაზეც მეტყველებს, რომ გაერო აცნობიერებს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სიტუაციის გაგრძელების შეუძლებლობს. პირველად ჩნდება ამგვარი ფრაზები და გამოთქმები. ჯერ კიდევ ბოლო, 1997 წლის 30 იანვრის დოკუმენტებში აღინიშნა, რომ სამი თვის ვადაში სამშვიდობო პროცესში გაეროს როლის გადასინჯვის საფუძველზე უნდა შემუშავებულიყო მისი გააქტიურების რეკომენდაციები. ამგვარად, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებით გაეროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მის მიერ შემუშავებულ მიდგომათა გამოხატულებაა. კერძოდ, უაღრესად მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს როლის წამოწევა და მისი აქტიურობისათვის მხარდაჭერა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესში. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაყენებდით ამ პრობლემას უშიშროების საბჭოს წინაშე.
კონფლიქტისადმი გაეროს ახლებური მიდგომას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გადაწყდა საქართველოში მუდმივად მყოფი გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნა და გაეროს მისიის პოლიტიკური კომპონენტის განვითარება-გაძლიერება. ესე იგი, დაინიშნება სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც ოფისი თბილისში ექნება. მოგვეცემა საშუალება, რომ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდეს და ერთობლივად გადავწყვიტოთ მომწიფებული საკითხები. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია. უშიშროების საბჭოს 1997 წლის 30 იანვრის დოკუმენტით, აფხაზეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად გაეროს საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო. გაეროს მისიის მანდატში სამხედრო მეთვალყურეთა კომპონენტს დაემატა ადამიანების უფლებათა მონიტორინგი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამჯერად კი, ფაქტობრივად, ლაპარაკია გაეროს მისიაში პოლიტიკურ მეთვალყურეთა ინსტიტუტის შემოღებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტით გამოწვეულ პროცესებზე გაეროს ზეგავლენა უდავოდ იზრდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს განცხადება იმის დასტურიც არის რომ, 1997 წლის 30 იანვრის დოკუმენტს მოლაპარაკების გამოცოცხლების მიზნით გაეროს გენერალური მდივნის კონკრეტული ღონისძიებანიც მოჰყვა. ეს უწინარესად ეხება გენერალური მდივნის განზრახვას კონფლიქტის მხარეების შეხვედრის მოწყობის შესახებ, ესე იგი, უშუალო ჩარევასა და უშუალო შუამავლობას ასეთი შეხვედრის ორგანიზაციისათვის.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება შეესაბამება ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში აღებულ კურსს. ყურადღება გამახვილებულია გენერალური მდივნის ამ მოწოდებაზე, რომ გაგრძელდეს თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს 1997 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებათა შესრულების საკითხის განხილვა. ესე იგი, აქ, ერთი მხრივ, მოწონებულია ეს გადაწყვეტილებები და, მეორე მხრივ, არის მოწოდება იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილებები რეალურად განხორციელდეს.
აღსანიშნავია თავდაცვის მინისტრის ბატონ ნადიბაიძის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში, რომლის დროსაც მას ჩემი დავალებითა და ჩემი რწმუნებით შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ჩერნომირდინთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი პრიმაკოვთან, თავდაცვის მინისტრთან იგორ როდიონოვთან და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ სამსონოვთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკმაოდ პრინციპულად და სავსებით კონკრეტულად ჩამოაყალიბა საქართველოს პოზიცია სწორედ იმ სულისკვეთებით, რომლის შესახებაც რადიომსმენელებმა უკვე იციან, რომ მანდატის ვადა იწურება და იქმნება კრიზისული მდგომარეობა. უახლოეს დღეებში, როგორც ეს ბატონმა ნადიბაიძემ გუშინ მოახსენა უშიშროების საბჭოს, საქართველოს ესტუმრება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის საკმაოდ დიდი ჯგუფი, - წარმომადგენლები, რომლებიც თბილისსა და სოხუმში შეხვდებიან კონფლიქტის მხარეებს 1997 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებათა შესრულების მისაღწევად ნებისმიერ შემთხვევაში შეიარაღებული კონფლიქტის განახლება გარდაუვალი არ არის. ჩვენ და აფხაზებმა ერთად უნდა მოვილაპარაკოთ, როგორც მე ეს წინათ განვაცხადე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ძალების ყოფნას კონფლიქტის ზონაში შედეგი არ მოჰყვება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უშიშროების საბჭო მოუწოდებს გენერალურ მდივანს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა აფხაზეთში დაბრუნების დასაჩქარებლად, და ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კიონფლიქტის შედეგად დაზარალებული, კერძოდ, იძულებით ადგილნაცვალი პირების დახმერების გააქტიურებას.
მე რომ მოგახსენეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვლენ-მეთქი, მხედველობაში მაქვს ისიც, რომ მეორე ეტაპზე, ესე იგი, ამ სამუშაო ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ, უნდა ჩამოვიდეს გენერალური შტაბის უფროსი გენერალი სამსონოვი, რომელიც ჩვენთან ერთად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სამშვიდობო ოპერაციის შესახებ.
ჯერჯერობით ეს საკითხი ასე გამოიყურება.
- და, კვლავ, აფხაზეთის თემა. მხოლოდ თბილისის გავლით სატელეფონო კავშირმა საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია თავის დროზე სოხუმში და მწვავე რეაქციის საგნად რჩება დღემდე. ამის საპასუხოდ ვითარდება ენგურთან დაკავშირებული მოვლენებიც. როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, წუხელ შევადგინე ეს ტექსტი, რადგან ვიცოდი, რომ ეს კითხვაც დაისმებოდა და კიდეც უნდა ყოფილიყო დღის წესრიგში. და ეს მინდა გაფორმდეს როგორც საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განცხადება ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
აფხაზეთში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით სატელეფონო კავშორითა და ელექტროენერგიით ამ რეგიონის უზრუნველყოფის პრობლემები იმდენად მწვავეა და ისე ცალმხრივად შუქდება, რომ იძულებული ვარ გავაკეთო სპეციალური განცხადება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს აფხაზეთშიკონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტისათვის. და, მე მგონია, ეს სადავო აღარ უნდა იყოს. ჩვენს მიერ არაერთგზის გამოხატული კეთილი ნების მიუხედავად, აფხაზ სეპარატისტთა ზოგიერთი ლიდერი კვლავინდებურად ცდილობს ვითარების გამწვავებას, ეძებს საბაბს, რათა შეწყვიტოს, ან გაართულოს მოლაპარაკების პროცესი. ბოლო დროს ამგვარ საბაბად იყენებენ იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და რუსეთის სამთავრობათშორისო შეთანხმების საფუძველზე, ორი ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად (ეს საერთაშორისო ნორმა გახლათ), საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთშიც, აღადგინა სატელეფონო კავშირის ერთიანი სისტემა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუადვილდება სატელეფონო კავშირის დამყარება, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებთან, ისე თანამეგობრობის ქვეყნებთან და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაზღვრული აქვს შესაბამისი შემოსავალი მთლიანად ჩარიცხოს აფხაზეთის ბიუჯეტში, რათა ეს თანხები მომავალში აფხაზეთის მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდეს. და ეს არც თუ ისე ცოტა თანხაა.
სამწუხაროდ, აფხაზეთის დღევანდელი რეჟიმი თვითიზოლაციის გზას დაადგა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით აფხაზეთის მოსახლეობას გადაუკეტა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ყველა არხი. საქართველოს ხელისუფლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად სატელეფონო არხები ბლოკირებულია გუდაუთაში და არა სხვაგან. ამავე დროს, ზოგიერთები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოებრიობა და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს საქართველომ „გამოურთო“ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან დამაკავშირებელი სატელეფონო არხები. აფხაზეთის ახლანდელი რეჟიმის წარმომადგენელთა ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი პირადი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აფხაზეთის მოსახლეობის მისწრაფება მშვიდობიანი და ნორმალური ცხოვრებისაკენ. სეპარატისტებმა ამ შემთხვევაშიც სეპარატისტული ამბიცია მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა დააყენეს.
უფრო მეტიც, „სატელეფონო კომუნიკაციის“ საკითხს სეპარატისტები საბაბად იყენებდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოწესრიგების მიზნით მიმდინარე დიალოგის შესაწყვეტად, რითაც საფრთხეს უქმნიან მთლიანად სამშვიდობო პროცესს აფხაზეთში.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ყველაფერს იღონებს, რათა აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფალთა ძალმომრეობის შედეგად უმძიმეს ვითარებაში მყოფ აფხაზეთის მოსახლეობას ეს მძიმე ხვედრი შეუმსუბუქოს. მაგალითად, ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ (და ასეთი სამუშაოები უკვე დაწყებულია), საქართველოს ხელისუფლება მზად არის აღადგინოს ყველა საკომუნიკაციო ხაზი, ელექტროგადამცემი ხაზები და თავად უზრუნველყოს აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიით. როგორც ცნობილია, დღემდე საქართველოს თანხმობით, აფხაზეთის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებდა, ამ ელექტროენერგიის საფასური კი საქართველოს ერიცხება რუსეთისადმი სახელმწიფო ვალის ანგარიშში. ამჟამად (მე ერთხელ დავასახელე, მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო) თანხის რაოდენობამ, რომელიც საქართველო უნდა გადაიხადოს, 35 მილიონ დოლარს მიაღწია, ესე იგი, ეს ის თანხაა, რომელიც აფხაზეთში დახარჯული ელექტროენერგიისათვის უნდა გადავიხადოთ. სეპარატისტული რეჟიმის დესტრუქციულმა და შეურიგებელმა პოზიციამ შეიძლება აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, და ამას მინდა ყველამ მიაქციოს ყურადღება, რასაც ახლა ვამბობ, მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას, რომ შეუწყვიტოს აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება. მოსალოდნელი მძიმე შედეგებისათვის მთელი პასუხისმგებლობა აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფალთ დაეკისრებათ.
დღემდე თავს ვიკავებდით ამგვარი გადაწყვეტილებებისაგან, მაგრამ სოხუმში უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი პოზიცია, როგორც სატელეფონო კავშირის, ისე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხში აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესით არის განპირობებული. ჩვენ ვეხმარებით მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ სეპარატისტული რეჟიმისათვის ცალმხრივ დათმობათა ლიმიტი თანდათანობით იწურება და ეს კარგად უნდა გაიცნობიეროს ყველამ, ვინც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებითაა დაინტერესებული.
რაც შეეხება ენგურჰესის რეაბილიტაციას, თქვენ, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ეს წყალსაცავი ფაქტობრივად დაიცალა. ახლა არის გვირაბებში მუშაობის საშუალება. ვითარება ურთულესია და პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ამ სამუშაოს თუ არ დავიწყებდით, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მოსალოდნელი იყო კატასტროფა, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. შევეცდებით, ეს სამუშაოები რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დავამთავროთ. იმისათვის, რომ აქ მომუშავე პერსონალს მოქმედების ნორმალური პირობები ჰქონდეს, სპეციალური მოლაპარაკება გაიმართა სამშვიდობო ძალებთან და ისინი უზრუნველყოფენ ასეთი პირობების შექმნას.
- და ბოლოს. რამდენიმე დღეში გაიმართება თქვენი ოფიციალური ვიზიტი იტალიაში. ეს ვიზიტი, ალბათ, არ ნიშნავს ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობას ზოგადად, არამედ ეს არის საქართველოს მხრივ ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი...
- იტალიაში ვიზიტს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ისტორიული თვალსაზრისით ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამასთანავე, იტალია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, დიდი შვიდეულის წევრია და, ბუნებრივია მასთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული კავშირურთიერთობის განმტკიცება-განვითარება საქართველოს გადაუდებელ ინტერესთა სფეროს განეკუთვნება. აქამდე ამისათვის არ ვიყავით მომწიფებული არც ჩვენ, და, არც იტალიაში. დღეს ასეთი დრო დადგა. ამავე დროს, როგორც მოგეხსენებათ, რომში განლაგებულია საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციები, მათი ცენტრები. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობისა და პოტენციალის ორგანიზაციებია, რომლებსაც შეუძლიათ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანონ ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ამისათვის ნიადაგი წინასწარ მოვსინჯეთ, იქ ვიზიტად იმყოფებოდა ბატონი ნიკო ლეკიშვილი, ორჯერ იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ბატონი ბაკურ გულუა. ჩვენი შეთანხმებებისა და პროექტების კონტურები უკვე გამოკვეთილია და ძალიან შთამბეჭდავი იქნება სამომავლოდ. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ველოდებით შეხვედრას ვატიკანში მის უწმინდესობასთან იოანე პავლე მეორესთან და სხვებთან.
საქინფორმი.
„უაღრესად მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს როლის წამოწევა და მისი აქტიურობის მხარდაჭერა აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესში“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 მაისის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 მაისი. - №108 (2481). - 1,2 გვ.
![]() |
52 „საქართველო მზად არის ევროკავშირში შესასვლელად“ |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი ნამდვილად არ არის მდიდარი ქალაქი. სამოქალაქო ომმა და საბჭოთა კავშირის დაშლამ მას თავისი კვალი დააჩნია. მაგრამ დღეს საქართველო (შვეიცარიაზე ოდნავ დიდი), რომელიც შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, უეჭველად წარმოადგენს რეგიონის წამყვან სახელმწიფოს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პოლიტიკურ სტაბილურობას. დასძლია ჰიპერინფლაცია და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
1992 წელს ცოტას თუ წარმოედგინა, რომ ედუარდ შევარდნაძე - გორბაჩოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, დატოვებდა რუსეთის პოლიტიკურ სცენას და დაბრუნდებოდა თავის მშობლიურ ქვეყანაში პრეზიდენტის მძიმე ტვირთის საზიდად. სამოქალაქო ომის შემდეგ კი მდგომარეობა აფხაზეთში დაწყებულმა სეპარატისტულმა მოძრაობამ გააუარესა. საბჭოთა კავშირის პერიოდში გამომჟღავნებულმა უნარმა და შეუპოვრობამ, შევარდნაძეს მისცა საშუალება მშვიდობა დაემყარებინა საქართველოში. ამ პროცესში ჩართული იყო რუსეთი (რომელიც აქეზებდა სეპარატისტებს), რომელიც ამჟამად საქართველო-აფხაზეთს შორის მომრიგებლის როლში გამოდის. შევარდნაძემ ყოველი ღონე იხმარა რუსეთის პრეზიდენტის - ბორის ელცინის დასარწმუნებლად, რომ სტაბილური საქართველო რუსეთის ინტერესებში შედიოდა. ამგვარად მან თითქმის მიაღწია თავის მიზანს.
ოთხშაბათს საქართველოს პრეზიდენტი პირველად ჩამოდის იტალიაში სახელმწიფო ვიზიტად. გამგზავრების წინ შევარდნაძემ უპასუხა გაზეთ „კორიერე დელა სერა“-ს კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვებს.
- დღეისათვის მოსკოვსა და დასავლეთს შორის მთავარი დაპირისპირება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხია. როგორია საქართველოს პოზიცია?
- გულწრფელად ვთვლი, რომ ეს საკითხი გადაჭარბებულად დრამატიზებული იქნა. მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა უფრო უმტკივნეულოდ. საქართველო უშუალოდ არ განიცდის ამ პროცესის პირდაპირ შედეგებს. ჩვენ უფრო მეტად ვართ დაინტერესებულნი ევროკავშირის გაფართოებით, რაც ამ რეგიონში სტაბილურობის შემარჩუნების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. მომავალში გვსურს ევროკავშირში შესვლა და ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე გვსურს ევროპის საბჭოში შესვლა.
- და, ნატო?
- ჯერ ადრეა მასში საქართველოს შესვლაზე ლაპარაკი. ჩვენი საქმიანობა ხორციელდება ჩვენს მიერ ხელმოწერილი პროგრამით „პარტნიორობა - მშვიდობისათვის“. ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი ნატოში შესვლა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ესაზღვრება ალიანსის ერთ-ერთ ძირითად წევრს - თურქეთს.
- ქვეყნებს, რომლებმაც გამოთქვეს ნატოს რიგებში გაერთიანების სურვილი, რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხე ემუქრება. საქართველოსაც ხომ გააჩნდა პრობლემები მოსკოვთან ურთიერთობაში?
- ჩემი აზრით, ყველა ქვეყანას გააჩნია უფლება, სურვილის შემთხვევაში, გაერთიანდეს ნატოს რიგებში. ეს მათი პოზიციაა და ამის ახსნა შეიძლება იმ მწარე გაკვეთილებით, რომლებიც მათ ისტორიამ ჩაუტარა.
საბჭოთა კავშირმა მოახდინა პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია და ამით მრავალი ტანჯვა მოუტანა. აქამდე ვერ დაძლიეს შიში, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს. გავიხსენოთ, თუნდაც, პრაღისა და ბუდაპეშტის მოვლენები.
- ამგვარი საშიშროება დღესაც არსებობს?
- თუ ჩვენ დავეყრდნობით დღევანდელ სიტუაცის, მაშინ, ბუნებრივია, ეს საშიშროება არ არსებობს. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა უგულებელვყოთ, რომ რუსეთში არსებობს რევანშისტული მენტალიტეტის მქონე ძალები, რომელთაც სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. ჩვენ უნდა სერიოზულად მივუდგეთ ამ ძალების პრობლემას, რადგან მომავალში ისინი შეიძლება დიდ საფრთხედ გადაიქაცნენ. თუ რას წარმოადგენს ეს ძალა, ამაში ჩვენ საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდით აფხაზეთში, როდესაც სეპარატისტებმა რუსეთიდან დიდძალი იარაღი და აღჭურვილობა მიიღეს, როდესაც რუსების შეიარაღებული ჯგუფები რეგულარული ჯარის ნაწილების ჩათვლით აფხაზეთში გვებრძოდნენ.
- ჯარები მოსკოვმა გამოგზავნა?
- ეს ყველაფერი ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე მოხდა. ამიტომაცაა, რომ პოლონეთი და უნგრეთი გარანტიებს ითხოვენ.
- თქვენ თვლით, რომ ამჟამად კრემლს არ გააჩნია ამ დამოუკიდებლად მოქმედი ძალების კონტროლის საშუალება?
- რუსეთის პრეზიდენტი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და დიდი ძალაუფლება აქვს. ამავე დროს ავტონომიურ რეგიონებსაც ძლიერი ძალაუფლებები გააჩნია, მაგრამ რუსეთის კონსტიტუციით პრეზიდენტს მინიჭებული აქვს უფლება, გააკონტროლოს ვრცელი რუსეთის ტერიტორიაზე რაც ხდება.
- რამდენიმე დღეში თქვენ იტალიაში იქნებით. მოელით თუ არა იტალიური ინვესტიციების შემოსვლას თქვენს ქვეყანაში?
- ცოტა ხნის წინანდელ პერიოდთან შედარებით საქართველო დღეისათვის პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანაა. დემოკრატიული ინსტიტუტები რეგულარულად საქმიანობენ, ისევე, როგორც პრეზიდენტი, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი და სხვა დანარჩენი. ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, შარშან 12 პროცენტი, წელს უფრო ნაკლები (1 პროცენტი თვეში). შიდა პროდუქტის წარმოება 1996 წელთან შედარებით 12 პროცენტით გაიზარდა. აღმავლობა, როგორც სტაბილური პოლიტიკის შედეგი, სახეზეა. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ინტეგრაციისაკენ. საქართველო უძველეს დროში არსებული „აბრეშუმის გზის“ გზაჯვარედინი იყო. ამ მიმართებით აღდგება მიმოსვლის გზები. შავი ზღვის ჩვენს ნავსადგურებს დიდ პოტენციალი გააჩნია. არსებობს კასპიის ზღვის ნავთობის ტრანსპორტირების პროექტები. ჩვენ ვართ ცენტრალური აზიისაკენ მიმავალი გზის ბუნებრივი სატრანზიტო ქვეყანა.
- თქვენი აზრით, რომელ სფეროში შეუძლიათ თანამშრომლობა იტალიურ საწარმოებს თქვენს ქვეყანასთან?
- ბევრში. დავიწყოთ, თუნდაც, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურით, გზებით, რკინიგზით, საზღვაო კავშირებით, შემდეგ - ენერგეტიკის სფერო, ნავთობი და, აგრეთვე, ჰიდროელექტროენერგია: ჩვენ ვიყენებთ არსებული რესურსების მხოლოდ 10 პროცენტს. შესაძლებელია 400 მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენება. შემდეგ - ტურიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელები დაინტერესდებიან იხილონ კოლხეთის მიწა, სადაც არგონავტები წავიდნენ ოწროს საწმისის საძებნელად.
ფაბრიციო დრაგოზეი
„კორიერე დელა სერა“
1997 წლის 10 მაისი.
„საქართველო მზად არის ევროკავშირში შესასვლელად“ : ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ფაბრიციო დრაგოზეიმ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 მაისი. - №109 (2482). - 1,2 გვ.
![]() |
53 „მადლობა მართალი სიტყვისა და ბასრი კალმისათვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „შუქურას“ („ფაროსის“) კოლექტივს
ძვირფასო მეგობრებო,
გილოცავთ თქვენი გაზეთის, ახალქალაქის რაიონული გაზეთის „შუქურას“ („ფაროსის“) დაარსების სამოცდახუთი წლისთავს.
ეს გაზეთი უთქვენოთ ისევე წარმოუდგენელია, როგორც თქვენ - უმისოდ.
მოხარული ვარ, რომ გაზეთ „შუქურა“ („ფაროსი“) ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის იბრძვის, რომ იგი ღირსეულად აგრძელებს ქართველებისა და სომხების მრავალსაუკუნოვანი თანცხოვრების საუკეთესო ტრადიციებს, რომ იგი მუდმივად შრომობს საქართველოს მთლიანობისათვის, ჩვენი ერების მეგობრობისათვის.
ეს დიდი შრომაა, ჩვენი ისტორიის სადიდებელი და ჩვენი მომავლისათვის აუცილებელი შრომა.
უღრმესი მადლობა ყოველივე ამისათვის, მადლობა მართალი სიტყვისა და ბასრი კალმისათვის, მადლობა თანდგომისა და ქვეყნის სამსახურისათვის თქვენ და მათ, ვინც გაზეთის სათავეებთან იდგა და ვინც ღირსეულად აგრძელებს გაზეთის ტრადიციებს.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ჩვენი ერის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
ე. შევარდნაძე.
„მადლობა მართალი სიტყვისა და ბასრი კალმისათვის“ : გაზეთ „შუქურას“ („ფაროსის“) კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 მაისი. - №112 (2485). - 1 გვ.
![]() |
54 მადლობა სენაკელებს |
▲ზევით დაბრუნება |
17 მაისს სენაკში გაიხსნა ჟიული შარტავას ძეგლი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ბონდო ჯიქიას. წერილში, კერძოდ, ნათქვამია:
„საზღვარგარეთ მივლინებიდან გვიან დაბრუნებისა და გადაუდებელ საქმეთა გამო ვერ ვახერხებ მონაწილეობა მივიღო საქართველოს ეროვნული გმირის, ჩემი ჟიული შარტავას ძეგლის გახსნის ცერემონიაში. ბოდიშს ვუხდი მის მშობლებს, მეუღლეს, შვილებს.
მადლობა სენაკელებს ჟიულის სახელის უკვდავებაზე ზრუნვისათვის.
თქვენი ედუარდ შევარდნაძე.
17.05. 1997 წელი“.
მადლობა სენაკელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მაისი. - №113 (2486). - 1 გვ.
![]() |
55 რომში 18 საუკუნის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თვითმფრინავში ინტერვიუ მისცა ქართველ ჟურნალისტებს
18 საუკუნის წინათ „...ანტონიუს პიუსის (138-161 წწ.) მეფობის დროს ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის გაუმჯობესდა... ფარსმან II ოჯახითა და იბერ დიდებულთა თანხლებით ეწვია რომს, სადაც იბერთა პატივსაცემად დაიდგა ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება“, რადგან მოიხიბლნენ გონიერებითა და მხედრული სიკასკასით იბერთა წინამძღოლისა და მიაგეს საკადრისი პატივი ამიტომაც.
18 საუკუნის შემდეგ: ათასრვაასწლიანი პაუზის შემდეგ პირველად საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი ჩადის რომში...
ეს იყო მსოფლიო რეზონანსის მოვლენა, - ასე შეაფასებს იტალიური პრესა ამ ფაქტს.
ასეთი ისტორიული პარალელები ბადებს შეკითხვას:
- რა განწყობილებით ბრუნდებოდა ფარსმან II სამშობლოში, მიახლოების ანალოგიით შეიძლება გავიგოთ, თუ დღეს გვიპასუხებთ ვიზიტის შემდგომ თქვენს განწყობილებაზე, ბატონო ედუარდ.
- ჩვენ ახლა ხშირად ვხმარობთ გამოთქმებს - „ისტორიული ვიზიტი“, ისტორიული მისია“... ფაქტობრივად ასეც არის: ახალი სახელმწიფოსათვის ახალი ურთიერთობების აწყობა, განსაკუთრებით, დიდ ქვეყნებთან, მართლაც დიდი მოვლენაა.
სასიხარულოა, რომ ეს ვიზიტი მართლაც დატვირთული იყო თავისი შედეგებით, დოკუმენტებით, რომლებიც გაფორმდა. მე მგონი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი დეკლარაცია მივიღეთ.
ვთხოვ პრესას, ტელევიზიას მიაქციონ ყურადღება იმას, როგორი არაფორმალურია პოლიტიკური დეკლარაციაც, საქართველოს სათანადო მხარდაჭერის გამოხატვით და, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაცია ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ძალზე საინტერესოა ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ; მანქანათმშენებლობა, კულტურა, მეცნიერება, ტურიზმი, თითქმის ყველა დარგია მოცული.
ფარსმანის შემდეგ 18 საუკუნის განმავლობაში მისი რანგის მოღვაწე რომში არ ყოფილა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის მიღებაზე ვთქვი, რომ ქართველები ალღოიანი ხალხი ვართ. 18 საუკუნის წინათ იცოდა ჩვენმა წინაპარმა, რომ ყველა გზა რომისკენ მიდის. ჩვენ დღეს დავუბრუნდით ამ ჭეშმარიტებას, და მოვუწოდებთ ხალხებს, რომლებსაც დავიწყებული აქვთ იგი, რაც შეიძლება სწრაფად მიბაძონ ჩვენს მაგალითს.
- ევროკავშირთან და ევროსტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომანო პროდიმ მაგალითად დაასახელა ფაქტი ნატოს მისიის დასპონსორების შესახებ.
- უწინარეს ყოვლისა, ისინი მიესალმებიან ევროპაში ინტეგრირების პროცესს. იგულისხმება ეკონომიკური ინტეგრაცია, აგრეთვე ყველა სხვა სახის დაახლოვება ევროპასთან.
ნატოს იტალიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მას მიაჩნია, რომ ნატომ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს უსაფრთხოების საქმეში. თუ მიაქციეთ ყურადღება, მე გამოვკვეთე კიდეც იტალიის როლი ევროპული უსაფრთხოების სამხრეთი სარტყელის ფორმირებაში. მხედველობაში მქონდა იტალიის აქტიური როლი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (უკვე 14 თუ 15 ქვეყანა შეუერთდა მის წამოწყებას); იტალიის უნიკალური ინიციატივები ხმელთაშუა ზღვის აუზში ესპანეთთან და სხვა ქვეყნებან ერთად, ე.წ. ბარსელონის ინიციატივები და იტალიელთა ძალიან გაბედული მოქმედება ალბანეთში. მართალია, ეს უკანასკნელი ეუთოს ეგიდით განხორციელდა, მაგრამ ძირითადი სიმძიმე ალბანეთის სამოქალაქო ომისაგან და მასობრივი სისხლისღვრისაგან გადასარჩენად იტალიელებმა თავად იკისრეს.
მიმაჩნია, რომ იტალია დღეს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროპის უსაფრთხოებისათვის, ეკონომიკური, ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის და მშვიდობისათვის ბრძოლაში.
ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული იტალიის პრემიერ-მინისტრს სტუდენტობასთან შეხვედრის დროს. პრემიერი თავისთავად ძალიან ჭკვიანი და საინტერესო პიროვნებაა. მან თქვა, რომ იტალია თანამედროვეობის ერთ-ერთი გიგანტია, სამრეწველო და ეკონომიკური გიგანტი, მაგრამ, პოლიტიკურად (მე არ მინდა ის სიტყვა გავიმეორო, რომელიც მან აქ იხმარა, რადგან შეურაცხმყოფელია), ტაქტიანად თუ ვიტყვი, ძალიან ინერტულია. ეს ჩვენ უნდა დავძლიოთო.
მიმაჩნია, რომ იტალიას მართლაც შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს. იგი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა თავისი ფინანსური, სამრეწველო, საერთო ეკონომიკური პოტენციალით, ქვეყანა მრავალრიცხოვანია - 60 მილიონს აღწევს. ჰყავს შესანიშნავი პოლიტიკოსები, მოაზროვნეები.
ჩვენი ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ეკონომიკური ასპექტები, რომლებიც, როგორც გითხარით, დეკლარაციის დონემდეა აყვანილი. მაგრამ არა მარტო დეკლარირებულია, არამედ კონკრეტული შეთანხმებით არის გამოხატული.
შემიძლია გითხრათ, რომ შემოდგომისთვის გვაქვს გარანტია, რომ ისევე, როგორც გერმანია, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, იტალიის მთავრობაც დააზღვევს ინვესტიციებს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
თქვენ იცით და ეს თქვენს გადაცემებსა და ინფორმაციებში გამოჩნდა, ამერიკული, იტალიური და სხვა ქვეყნების ეკონომოკის როგორ გიგანტებთან მქონდა ახლახან შეხვედრები. მათ აინტერესებთ ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა, სხვა დარგები. მაგრამ მათი მოძრაობა ჩვენსკენ დიდად იქნება დამოკიდებული სწორედ იტალიის მთავრობის მზადყოფნასთან, რისკთან - დააზღვევოს ეს ინვესტიციები.
მოვილაპარაკეთ იმაზეც, რომ თბილისში გაიმართოს იტალიის პროდუქციის ძალიან დიდი გამოფენა, რომელიც ორჯერ და მეტად გადააჭარბებს ჩვენში ერთხელ უკვე გამართულს. შევთანხმდით იმაზეც, რომ ამ გამოფენის დროს იტალიის მსხვილი, საშუალო, მცირე ბიზნესის 150-200 წარმომადგენელი ჩამოვა თბილისში. მათთან შეხვედრა მიიღებს კონფერენციის, ბიზნეს-ფორუმის ხასიათს, რომელზეც განვიხილავთ პრობლემებსაც, მოვამზადებთ და ხელს მოვაწერთ კონკრეტულ კონტრაქტებსაც.
აღარ გავაგრძელებ ისეთ სფეროებზე საუბარს, როგორიც არის კულტურა, სპორტი, ტურიზმი.
დღეს ჩემთან მოვიდნენ ტურიზმის დარგში მომუშავე ბიზნესმენები, რომელთაც ჩვენთან ურთიერთობის დაწყების ინტერესი აქვთ.
თქვენ ნახეთ, იტალიაში იმდენი ტურისტია, რომ ლამის ადგილობრივ მოსახლეობას სჭარბობს - ამერიკელები, გერმანელები, იაპონელები, მთელი მსოფლიო. უნიკალური გამოცდილება აქვთ და უზარმაზარი შემოსავალი.
იტალიასთან თანამშრომლობა ჩვენ უდავოდ გაგვამდიდრებს.
- შეხვედრების ატმოსფეროს შესახებ?
- ატმოსფეროს შესახებ, ალბათ, თქვენ დაწერთ. მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე თუ ვიტყვი, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ვხედავ, ამჯერეად რომშიც, დავრწმუნდი, რომ, თურმე, არა ვარ ჩამოწერილი, არ დავვიწყებივარ ადამიანებს. უწინარეს ყოვლისა, ყველაფერი ეს მსიამოვნებს იმიტომ, რომ რაღაც ფორმით, რაღაც სახითა და დოზით ჩემს ქვეყანას წაადგება.
ამას გამოხატავენ ხელმძღვანელებიც, რიგითი მოქალაქეებიც...
- რომის პაპთან შეხვედრის შესახებ, თუ შეიძლება...
- სამწუხაროდ, ჩვენი დელეგაცია აქ ფართოდ არ იყო წარმოდგენილი.
იოანე პავლე II ცოტა სიტყვაძუნწი გამხდარა - ფიზიკურად ძლიერად ვერ არის, მაგრამ ძალიან საღად აზროვნებს, საოცრად საღად, და ყველაფერი, რაც თქვა, საყურადღებოა.
მის საქმიანობაში, ამ ბოლო დროს (მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ის მაინც მოგზაურობს - იყო იუგოსლავიის კონფლიქტურ რეგიონში, იყო ლიბანში) გამოიკვეთა რელიგიათა შორის თანამშრომლობის, რელიგიათა შემწყნარებლობის, ამ ისტორიული საქმისათვის ხელშეწყობის ფუნქცია. ჩანს, მან ითავა ეს დიდი საქმე.
მას აქვს (მიაქციეთ ყურადღება) ერთი საოცრად საინტერესო გამონათქვამი (მე კიდეც ვუთხარი, რომ იგი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა-მეთქი მისი მრავალი ბრძნული გამონათქვამიდან), რომ დემოკრატია ეთიკური საფუძველის გარეშე ანარქიული ეგოიზმია. საოცრად მიგნებული, ხატოვანი და ბრძნული აზრია. ეს მას ცხოვრებამ ასწავლა.
მიმაჩნია, რომ მან მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ადამიანის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეთა აზროვნების გასათავისუფლებლად მარწუხებისა და ბორკილებისაგან. ამის შესახებ კიდეც ვთქვი ვატიკანის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ზოგიერთ თქვენგანს ახსოვს ის პერიოდი, როდესაც რომის პაპის ხსენებაზე მაშინდელ საბჭოთა კავშირში აძაგძაგებდათ ხოლმე, იმდენად შეურიგებელი იყვნენ მისადმი.
ისე მოხდა, რომ დღეს მისი წინასწარმეტყველებები გამართლდა.
- თუ ჩამოვა საქართველოში?
- მე არ შემითავაზებია, თვითონ თქვა.
მან გაიხსენა უწმინდესის და უნეტარესის ილია II მასთან სტუმრობა, სახელით მოიხსენია: ჩემთან იყო ილია და კარგი შეხვედრა გვქონდაო. გაიხსენა შეხვედრა ყოველთა სომეხთა კათალიკოსთან და განაცხადა, რომ მიმიწვიაო სომხეთში.
მე არ მქონია წინასწარ თათბირი უწმინდესთან და უნეტარესთან, მოვიწვიოთ, თუ - არა. მართალია, იოანე პავლე II ვატიკანის მეთაურიც არის, ვატიკანის სახელმწიფოსი, მაგრამ იგი უწინარეს ყოვლისა, სასულიერო მოღვაწეა. ამიტომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევის მიუღებლად ვერ გავკადნიერდებოდი მომეწვია იგი. მდგომარეობიდან გამოვედი იმით, რომ ვუთხარი - თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ კავკასიაში, არა მარტო სომხეთში, არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც. და თუ გაქვთ სურვილი, ჩამობრძანდეთ კავკასიაში და გააგრძელოთ თქვენი დიდი მისია, ჩვენ, სამი პრეზიდენტი მოვილაპარაკებთ, შემდეგ ჩვენს სულიერ ლიდერებს დავუკავშირდებით, იმათ მოველაპარაკებით და ასე მივალთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
დარწმუნებული ვარ, რომ რომის პაპი კავკასიას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, იგი შეიძლება კიდეც ჩამოვიდეს. როდის? რამდენი ხნით? ეს ცალკე საკითხებია.
იტალიაში ვიზიტის სხვა საკითხებიდან კიდევ ერთზე შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას. ეს არის სამხედრო ხელშეკრულება. ხელშეკრულება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პრეზიდენტთან საუბრის დროს გადავწყვიტეთ ამ ხელშეკრულებას უმაღლეს დონეზე მოვაწეროთ ხელი.
ასეთი რამ სახელმწიფოთა შორის ნდობის ფაქტორის უმაღლესი გამოხატულება არის. დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იტალიის პრემიერ-მინისტრმა და მე.
ვერ გეტყვით, სასწაულს მოახდენს, მაგრამ ვნახოთ...
პრემიერ-მინისტრთან სადილის დროს იტალიის თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ანდრეატამ მითხრა, დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი საქართველოშიო. ცოტა მოგვიანებით, როცა უკვე ვიშლებოდით, ხუმრობით ვუთხარი: - ბევრი არ დაგჭირდებათ, 15-20 დიდი ხომალდი ჩამოგვიტანეთ და გელოდებით- მეთქი (იცინის). გაასავსავა ხელები - ოღონდ მაგას ნუ მთხოვთო!..
მთავარი ის არის, რომ იტალია-საქართველოს თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა და უფრო მეტი ინიციატივა მათგან იყო.
საერთოდ კავკასიისადმი ინტერესი ძალიან დიდია.
იტალიის უმსხვილესი ფირმები უკვე შემოსული არიან კასპიის ზღვაში, განსაკუთრებით, ყაზახეთის ტერიტორიულ წყლებში - ყაზახეთის ნავთობსა და გაზზე მუშაობენ, და შესანიშნავად იციან, რომ თუ ერთადერთი არა, ამ სიმდიდრის გამოსატანი ერთ-ერთი მარშრუტი საქართველოზე გადის.
- გაეროს როლის ამაღლების, მსოფლიო თანამეგობრობაში მცირე ქვეყნების მნიშვნელობის გაზრდით ახალი წინადადებები ხომ არ ნიშნავს მეორე რეალურ შანსს, რომელიც ეძლევა მსოფლიოს ქვეყნებს მას შემდეგ, რაც მათ მსოფლიოს გარდაქმნის პირველი შანსი, რომელიც ცივი ომის დამთავრებით შეიქმნა, ვერ გამოიყენეს?
და, საერთოდ, იმ შეფასებებს თუ დავეყრდნობით, რომლებიც ამ ვიზიტს ჰქონდა უცხოეთში, იგი ორი ქვეყნის ურთიერთობით არ იფარგლება და საერთაშორისო პერსპექტივით განიზომება.
- კარგია, რომ წამოჭერით საკითხი გაეროს შესახებ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, სხვებმაც შემახსენეს მათი ინიციატივა გაეროს რეორგანიზაციის შესახებ.
ისინი არ იზიარებენ აზრს, რომ გაიზარდოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობა.
თუ გახსოვთ, 92 წელს მე შევიტანე წინადადება, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებს დაემატოს გერმანია და იაპონია. გერმანელებთან და იაპონელებთან ამით ძალიან ვტრაბახობ... იტალიელებს კი მიაჩნიათ, რომ უნდა გაიზარდოს არამუდმივი წევრების რაოდენობა, შესაბამისად, გაიზარდოს მათი სტატუსიც, რასაც უნდა მოჰყვეს საერთო პასუხისმგებლობის გაძლიერება გაეროში.
როცა პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი წამოჭრა, ვუთხარი, რომ უნდა ვაღიარო ჩემი დიდი ცოდვა თქვენს წინაშე, ერთ-ერთი ინიციატორი მუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდისა მე გახლდით, მაგრამ მაშინ იტალიასთან ასე ახლოს არ ვიყავიმეთქი (იცინის). ახლა გადავხედავთ ჩვენს პოზიციას...
იტალიელები ძალიან მგრძნობიარენი არიან პატარა ქვეყნების მიმართ, ხაზგასმულად მგრძნობიარენი.
ჩვენ საერთო აზრი გვაქვს, რომ პატარა და საშუალო ქვეყნებს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ საკაცობრიო უსაფრთხოების პრინციპების შემუშავებაში.
- გაეროსთან სასამართლოს შესახებაც იყო საუბარი...
სასამართლო იტალიელების უნიკალური ინიციატივაა. მე ყველა დონეზე, საჯარო გამოსვლებში, პრესკონფერენციაზეც განვაცხადე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური წინადადება და მისი რეალიზაციის დაბრკოლება დანაშაულია. ლაპარკია უშიშროების საბჭოს ტრიბუნალზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რომელმაც უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულობათა შესახებ. ეს ის არის, რაზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ, ჩანს, ჩვენი ხმა ისეთი მძლავრი არ არის, როგორც იტალიელების.
სასიხარულოა, რომ ჩვენ და იტალიელები ერთ პოზიციაზე ვდგავართ.
საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელთა შრომას ვიზიტის მომზადებასა და ჩატარებაში, ასევე, მინისტრების საქმიანობას, რომლებმაც კარგი კონტაქტები დაამყარეს თავიანთ კოლეგებთან. ამასთან, დასძინა:
- თქვენ იცით, რომ მე მოვინახულე საერთაშორისო ორგანიზაციები - ფაო, იფადი. ბატონი ბაკურ გულუა დაგვიდასტურებს, რომ ხელი მოვაწერეთ 6,5 მილიონი დოლარის გამოყოფას გლეხებისათვის სოფლის მცირე მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით. ამას თუ დავუმატებთ 15 მილიონ დოლარს, რომელიც მსოფლიო ბანკმა ამავე მიზნებისათვის გამოყო, ეს 22 მილიონამდე დოლარია, რომელიც ჩვენს სოფლის მეურნეობას წაადგება. ძალიან დიდი ფინანსური ეფექტი ექნება იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ჩვენმა მინისტრებმა ხელი მოაწერეს, ამიტომ ნუ შეაშინებთ ის ხარჯები, ჩვენს ვიზიტს რომ მოჰყვება ხოლმე. (იცინის).
საქართველოს პრეზიდენტი კარგი, იმედიანი განწყობილებით დაბრუნდა სამშობლოში.
საუბარი ჩაიწერა
არმაზ სანებლიძემ.
რომი - თბილისი.
რომში 18 საუკუნის შემდეგ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] არმაზ სანებლიძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მაისი. - №113 (2486). - 1,2,4 გვ.
![]() |
56 „ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში ეს დღე ჩაიწერება როგორც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
იტალიის პრეზიდენტის ოსკარ ლუიჯი სკალფაროს მიერ მის პატივსაცემად გამართულ
სადილზე 1997 წლის 14 მაისს
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქალბატონო სკალფარო,
ბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისათვის კიდევ ერთხელ ვწვეოდი თქვენს მშვენიერ ქვეყანას, ამჯერად უკვე როგორც ჩემი მშობლიური საქართველოს, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი.
მე ბედნიერი ვარ, რომ სტუმრად ვიმყოფები თქვენს დიდ სამშობლოში, დიდ ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი თქვენი სტუმრობისა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ თანამედროვეობის გამოჩენილი მოღვაწე, იტალიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ლეგენდარული მებრძოლი. ბედნიერი ვარ, რომ სტუმრად ვიმყოფები იმ ხალხთან, ვინც კარგად იცის თავისუფლებისათვის ბრძოლის, მისი მოპოვების და შენარჩუნების ფასი და ვისი საარაკო თავგანწირვაც ქვეყნის თავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ჩემს თანამემამულეთა გულებშიც აღვივებდა პატრიოტულ გრძნობებს. უნდა გითხრათ, რომ, იტალიის მე-19 საუკუნის ბრძოლას უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველოს მოწინავე საზოგადოებაში ისეთი დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე, რომელსაც შემდგომ ქართველმა ხალხმა „ერის მამა“ უწოდა, ცარიზმის რეჟიმისაგან ფარულად გეგმავდა იტალიაში ჩამოსვლას, გარიბალდის რაზმში ჩაწერას და იტალიის განთავისუფლებისათვის ბრძოლას. სამწუხაროდ, ქართველი პატრიოტის ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც თქვენ ბრძანეთ და მე მადლობელი ვარ, რომ ეს გაიხსენეთ, 500- ზე მეტ ქართველ პარტიზანს წილად ხვდა პატივი, ებრძოლათ იტალიის თავისუფლებისათვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათ პირნათლად შეასრულეს ჩვენი დიდი წინაპრის ანდერძი, ყველგან და ყოველთვის ყოფილიყვნენ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლთა მხარეზე. ერთ-ერთი პირველი მებრძოლი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სწორედ თქვენ ბრძანდებით. მრავალმა მათგანმა სამუდამო სამყოფელი იტალიის მიწაში ჰპოვა. მათ შორის იყო ფორე მოსულიშვილი, რომელიც თქვენს მშობლიურ ნოვარაში იბრძოდა და რომელსაც იტალიის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ 1969 წლის დეკრეტით სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ მიანიჭა იტალიის უმაღლესი ჯილდო - „ოქროს ვარსკვლავი მხედრული მამაცობისათვის“.
ბატონო პრეზიდენტო, ბუნებრივია, რომ ქართველმა ხალხმა, რომლისთვისაც ასე ძვირფასია თავისუფლების იდეალები, ამ საუკუნეში უკვე მეორედ, და ვფიქრობ, ახლა უკვე სამუდამოდ, აღიდგინა მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ხოლო ის ფაქტი, რომ ორივეჯერ, მაშინაც, შორეულ 1918-ში და ახლაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც იტალიამ ერთ-ერთმა პირველმა სცნო ჩვენი სუვერენიტეტი, ნათლად მიუთითებს იტალიელი ხალხის დიდ საპასუხისმგებლო სიმპათიებსა და კეთილგანწყობაზე ჩვენი ქვეყნისადმი. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და საქართველოს მთელი ხალხის სახელით გულითადი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და მთელ იტალიელ ხალხს.
უნდა გითხრათ, რომ ამ ვიზიტისათვის დიდხანს და გულდასმით ვემზადებოდით და ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში ეს დღეს ჩაიწერება როგორც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი. მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემი ჩამოსვლა იტალიაში, უპირველეს ყოვლისა, დროის მოთხოვნაა, დღეს ცხოვრებამ დაგვანახა, რომ იტალიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირები უფრო ფართო და სოლიდურ საკანანონმდებლო ბაზას მოითხოვს და გამოვთქვამ იმედს, რომ ვიზიტის განმავლობაში ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტები შექმნიან იმ იურიდიულ საფუძველს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე პირობებში ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობისათვის.
ჩვენი მომავალი ურთიერთობების წარმატებით განვითარებისათვის კი, ჩემი აზრით, მრავალი კარგი საწინდარი არსებობს. მოგეხსენებათ, იტალიაც და საქართველოც სამხრეთევროპული, ხმელთაშუა ზღვის კულტურის ქვეყნებია და შესაბამისად, ჩვენს ხალხებს ანტიკური ეპოქიდან დღემდე ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, საერთო კულტურული ღირებულებები, მსგავსი ტემპერამენტი, ცხოვრების წესი, ტრადიციები, სოციალური ინსტიტუტები და სულიერი სიახლოვე კარგ საფუძველს ქმნიან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებისა და გაღრმავებისათვის, იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები იდეალური იყოს. ამასთანავე, საქართველო თანამიმდევრულად ერთვება ევროპულ ინტეგრაციულ პროცესში. ევროპის საბჭომ საქართველოს მიანიჭა სპეციალური სტუმრის სტატუსი და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ამ უაღრესად ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრები გავხდებით, რაც ევროპულ სტრუქტურაში ჩვენს შემდგომ ინტეგრირებას დააჩქარებს.
ამის პარალელურად, გასული წლის აპრილში საქართველომ ხელი მოაწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ევროპის კავშირთან, რითაც გააკეთა განაცხადი, რომ სურს მომავალში კაცობრიობის ისტორიაში ამ უნიკალური პოლიტიკური გაერთიანების წევრად იხილოს თავი. სხვათა შორის, ღირსშესანიშნავია, რომ სხდომას, რომელზეც ხელმოწერა შედგა, იტალიის წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ადვილი მისაღწევი, რომ ამისთვის უზარმაზარი შრომის და ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს. რამდენიმე წელიწადში უნდა დავასრულოთ თანამედროვე, დემოკრატიული, სამართლებრივი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის ურთულესი პროცესი. ამ გზას ხუთი წლის წინ დავადექით და მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, არჩეული გზიდან არ გადაგვიხვევია. პირველი შედეგებიც, რომ იტყვიან, სახეზეა: მივიღეთ სახელმწიფოს ძირითადი კანონი - კონსტიტუცია, რომლის შემუშავებაშიც აქტიურად გვეხმარებოდნენ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და სხვა უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები და რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩავატარეთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და დავიწყეთ კარდინალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებაა. იქნებ, ეს ცოტა მოსაწყენიც იყოს, მაგრამ იმდენად მეამაყება, რომ მინდა მაინც დავასახელო რამდენიმე ციფრი. გასულ წელს ერთობლივი შიდა ეროვნული პროდუქტის წარმოება 12 პროცენტით გაიზარდა, ინფლაციის ყოველთვიური დონე 1 პროცენტის ფარგლებშია, მყარია ეროვნული ვალუტა. საბიუჯეტო შემოსავლების 65-70 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. საგრძნობლად გამოსწორდა კრიმინალური სიტუაცია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა საქართველო ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო ქვეყანაა, მომზადდა კარგი პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული საფუძველი ყველა სახის უცხოური კაპიტალის მოსაზიდად. ჩვენ მივესალმებით იტალიელ ბიზნესმენთა აქტივობას საქართველოში, მთელს კავკასიაში.
ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამ წარმატებების მიღწევა, რომ არა ქართველი ხალხის ურყევი ნება და დიდი სურვილი, გახდეს ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი და რომ არა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, მათ შორის იტალიის, გულუხვი დახმარება და მხარდაჭერა. თქვენ მაშინ გამოგიწოდეთ დახმარების ხელი, როცა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ამ თანადგომის გარეშე მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობა მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა ან საერთოდ ვერ შედგებოდა. ასევე განსაკუთრებით მინდა გამოვყო საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარების საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ იტალია მრავალი მათგანის აქტიური დონორია და ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ თუ ჰუმანიტარულ დახმარებაში თქვენი დიდი წვლილიც არის, რისთვისაც მადლობა მინდა მოგახსენოთ.
და, ბოლოს, აქვე, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერების გრძნობით არ აღვნიშნო ის დიდი გულისხმიერება და ყურადღება, რომელიც სიცილიის ქალაქების, პალერმოს და მენფის მოსახლეობამ გამოიჩინა, როდესაც 1995-1996 წლებში აფხაზეთიდან ლტოლვილ 300-ზე მეტ ბავშვს გაუწია მასპინძლობა.
ბატონო პრეზიდენტო, მე ღრმად მწამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის დახმარებით ჩვენ მალე სამართლიანად გადავჭრით აფხაზეთის კონფლიქტის საკითხს და მადლობელი ვარ იმ სიტყვებისათვის, რომლებიც თქვენ წარმოთქვით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ეს ბავშვები მშობლებთან ერთად თავის საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრებათ იტალიელი ხალხის სითბო და სიყვარული. სწორედ მათზე და მათ იტალიელ მეგობრებზე იქნება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იტალია-საქართველოს ურთიერთობები მომავალ 21-ე საუკუნეში. დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ დაფუძნებულ ძმურ და მეგობრულ ტრადიციებს, და იმ ახალ ტრადიციებსაც, რომლებსაც დღეს ვუყრით საფუძველს.
ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო სკალფარო, ნება მიბოძეთ, შევსვა პირადად თქვენი, დიდი იტალიელი ხალხის, თქვენი დიდი სამშობლოს სადღეგრძელო, იტალიის კიდევ უფრო აყვავებისა და ბედნიერების სადღეგრძელო.
„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში ეს დღე ჩაიწერება როგორც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მაისი. - №113 (2486). - 3 გვ.
![]() |
57 „დავით აღმაშენებლის ძეგლი, როგორც ხატი ერთიანი და ძლიერი საქართველოსი, შთაგვაგონებს ძველებური სიმხნევით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და ბედნიერებისათვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებელობის დღეს,
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება დიდი მეფის დავით IV აღმაშენებლის ძეგლი.
დავით აღმაშენებელი ერთიანი, ძლევამოსილი და თავისუფალი საქართველოს მარადიული სიმბოლოა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა უცხოელ დამპყრობთაგან ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებაში. სწორედ მისი ძალისხმევით იქნა შემომტკიცებული მტრის მიერ ქვეყნისაგან მოწყვეტილი თუ განმდგარი მხარეები.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით წმინდანად შერაცხულმა დიდმა დავით მეფემ საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესად დაამკვიდრა შემწყნარებლობა ყველა ადამიანის მიმართ, - განურჩევლად ენისა, სარწმუნოებისა და ეთნიკური წარმომავლობისა. იგი თავისი დროის გამოჩენილი მოაზროვნე და დიდი განმანათლებელი იყო, რომელიც დღემდე რჩება მეცნიერთა თუ ხელოვანთა შთაგონების უშრეტ წყაროდ.
დღეს, როდესაც ეს ერთიანობა დარღვეულია, დავით აღმაშენებლის ძეგლი, - როგორც ხატი ერთიანი და ძლიერი საქართველოსი, შთაგვაგნებს ძველებური სიმხნევით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და ბედნიერებისათვის. ამ თვალსაზრისით დავით აღმაშენებელი, ისევე, როგორც საუკუნეთა განმავლობაში, ამჟამადაც ნამდვილი მედროშეა სახელმწიფოებრივი აღმშენებელობისა.
პატივი დიდი დავითის ძეგლის შექმნისა წილად ხვდათ გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს მერაბ ბერძენიშვილს და საყოველთაოდ ცნობილ არქიტექტორს ოთარ კალანდარიშვილს.
დაე, აღმაშენებლის ძეგლის გახსნა ჩვენს დედაქალაქში ქვეყნის აღორძინების კიდევ ერთ თვალსაჩინო ნიმუშად იქცეს და დაგვაახლოვოს იმ საოცნებო დღეს, როდესაც გამთლიანებული საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის დაარსებას იზეიმებს.
ე. შევარდნაძე.
„დავით აღმაშენებლის ძეგლი, როგორც ხატი ერთიანი და ძლიერი საქართველოსი, შთაგვაგონებს ძველებური სიმხნევით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და ბედნიერებისათვის“ : საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 1 გვ.
![]() |
58 „...მუდამ გინდა იმუშაო და გაისარჯო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების უკეთესი მერმისისათვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტრის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა რომის მერიაში
პატივცემულო ბატონო მერო,
ქალბატონებო და ბატონებო. რომაელნო!
თქმულა ყველა გზა რომში მიდისო. და რომის ყველა გზა მიდის პალატინის, მარადიული ქალაქის სათავისა და დასაბამისაკენ.
დიდი ფილოსოფოსის სიტყვები რომ ვიხმაროთ, რომმა ლაციოს მოსახლეობა შეაკავშირა ერთიან სოციალურ სხეულად, რის შემდეგაც დაიწყო ერთიანი იტალიის სამყაროს შენება. და თუ ნება მომეცემა, რაიმე დავსძინო ამ სიტყვებს, მაშინ ვიტყვი: მიუხედავად ექსპანსიისა თუ შემოერთებისა, რომი რაზმავდა ყველას, ვინც მის გზას ირჩევდა.
ისინი ჩემს სამშობლოსაც გადმოსწვდნენ. რომაელთა ნაკვალევი დატოვეს ქართულ მიწა-წყალზე პომპეუსის ლეგიონერებმა და ადრიანესა და ანტონიუსის, ავგუსტუსისა და დომიციანეს რელიეფურმა სახეებმა. ჩემმა სამშობლომაც - საქართველომ, ანტიკურ ხანაში - იბერიამ და კოლხეთმა - ასევე დააჩინა თავისი კვალი ძველი რომის გზებს. ამ თვალსაზრისით სწორი იქნებოდა, გვეთქვა, საქართველოს გზებს ისიც რომში მიჰყავდა.
იბერთა მეფემ ფარსმანმა გააოცა იმპერატორი ადრიანე ოქრომკედით გაწყობილი ფარჩა-ატლასითა და მხედრული ხელოვნებით, რისთვისაც ღირსჰყვეს მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკების დადგმით და კაპიტოლიუმში ღმერთებისათვის ზვარაკის შეწირვის უფლებით.
ჩვენმა დიდმა თანამემამულემ სულხან-საბამ, რომელიც ევროპაში საქართველოს მეოხებას დაეძებდა, 1711 წლის 29 ივნისს შემოდგა ფეხი რომში და იმავე დღეს მიაგო პატივი ძუ მგელს, რომულსა და რომულუსს რომ აწოვებს ძუძუს... ენით აუწერელია ამ შენობის სიდიადე. წერდა იგი წმინდა პეტრეს ტაძარზე, რომელსაც ზეციურ საუფლოს ადარებდა.
პოლიტიკოსისა და დიპლომატის გზამ მეც რომს მომიყვანა. არასოდეს დამავიწყდება 1991 წლის 15 მარტი, როდესაც აქ რომში, იტალიის პარლამენტის ჯგუფების დარბაზში პრეზენტაცია გაუმართეს ჩემს წიგნს - „ხელისუფლების კრიზისი და საერთაშორისო დიპლომატია“.
მე მაშინ ვთქვი: ბედნიერი ვარ, რომ იგი გამოიცა ქალაქში, სადაც მრავალი საუკუნის წინათ პირველად აიწყო ჩვენი პირველნაბეჭდი წიგნი. საქართველოს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ვთქვი მაშინ, ჩვენი წინაპარნი იძულებულნი იყვნენ საბეჭდი დაზგა სამშობლოს გარეთ ეძებნათ.
მე არ გამივლია არავითარი პარალელი ჩემს ბედთან, უბრალოდ, დიდი სიამოვნებით აღვნიშნე, რომ იტალიური სიტყვა „სტამბა“ და ქართული „სტამბა“ ერთნაირად ჟღერს.
რა თქმა უნდა, შემეძლო მეთქვა, აფსუს, რომ უაილერის განთქმული ფილმის გმირების მსგავსად ამ ქალაქში არასდროს მქონია „რომაული არდადეგები“ - მხოლოდ საქმე და სამუშაო. და ვერ ვნახე ბევრი რამ იქიდან, რაც წიგნებით ვიცოდი. მაგრამ ეს იყო მუშაობა ხალხთა დაახლოების სასიკეთოდ და „ცივ ომზე“ გამარჯვების მოსაპოვებლად, ამიტომ არ ვნანობ, რომ ვერ გავყევი ექსკურსიებს კოლიზეუმსა და ფორუმში. რაც შეეხება არაფორმალურ, ცოცხალ ურთიერთობას რომაელებთან, რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ვერ შევძელი მათთან გამესაუბრა ჭიქა ღვინოზე ტიბროსის პირა ოსტერიაში. მაგრამ მე მაინც მუდამ ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. რომაელები მეხმარებოდნენ ჩემს აქაურ სამუშაოში - თავიანთი ენთუზიაზმით, თავიანთი ხასიათით, ასე რომ ჰგავს ჩემი თანამემამულეების ხასიათს. აკი ამიტომაც ვამბობ, რომ რომი ძალზე ძვირფასია ჩემთვის. იგი ძვირფასია როგორც ის გამორჩეული ადგილი დედამიწაზე, რომლის ატმოსფეროში მუდამ მოისმის შენდამი მომართული კითხვა: „საით მიემართები?“ კითხვა, რომელიც ზუსტსა და წრფელ პასუხს მოითხოვს.
მე იგი მომესმის დღესაც, ახლა, და წინასწარ ვიცი პასუხი, რომელიც შეიძლება ჩამომერთვას ამ დიადი ქალაქისა და მისი შესანიშნავი მოქალაქეების სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულებად - მათ შემხედვარეს მუდამ გინდა იმუშაო და გაისარჯო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების უკეთესი მერმისისათვის.“
„...მუდამ გინდა იმუშაო და გაისარჯო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების უკეთესი მერმისისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 2 გვ.
![]() |
59 „იტალიაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მზარდი ინტეგრირების პროცესის შეუქცევადობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
19 მაისის რადიოინტერვიუ
- 12 მაისს თქვენ ხელი მოაწერეთ განკარგულებას დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის თაობაზე. 26 მაისს ეს ძეგლი გაიხსნება. ჩვენ გვახსოვს ამ მოედანთან დაკავშირებული ამბები: როცა იგი კეთდებოდა, ჩაფიქრებული იყო დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა. ქვეყანამ გარკვეული პერიოდი გაიარა და მაშინ ამისათვის არ ეცალა. ძალიან სასიამოვნოა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ ახლა ასეთი ნაბიჯი გადადგა და ეს ძეგლი დაამშვენებს თბილისს - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- დარწმუნებული ვარ, ბატონი ოთარ კალანდარიშვილი, რომელიც ამ მოედნის ავტორია, დაადასტურებს, რომ ეს ჩანაფიქრი არსებობდა: დავით აღმაშენებლის ძეგლს უნდა დაემშვენებინა ეს მოედანი.
მართლაც მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ავალებს სხვადასხვა უწყებას, უზრუნველყონ ღონისძიების სათანადო დონეზე ორგანიზება საქართველოს დამოუკიდებელობის დღესთან დაკავშირებით (არა დამოუკიდებელობის აღდგენის, არამედ დამოუკიდებელობის დღესთან დაკავშირებით, - პარლამენტმა ასე გადაწყვიტა), მაგრამ ამ მოვლენის საერთო-ეროვნული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ესე იგი, დავითის ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიმაჩნია გავაკეთო სპეციალური განცხადება და მივმართო საქართველოს მოსახლეობას.
- განვლილ კვირაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში. ხელმოწერილია უმაღლეს დონეზე ორი, პოლიტიკური და ეკონომიკური დეკლარაცია, 20 შეთანხმება და ოქმი სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებას შორის. თქვენ შეხვდით იტალიელ მრეწველებს, ბანკირებს, ფირმების ხელმძღვანელებს. განხილული იყო ინვესტიციების სახელმწიფო დაზღვევის საკითხი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტის შედეგები მეტად კონკრეტული და მნიშვნელოვანი იყო. და, კიდევ. განვლილი ეკონომიკური კვირა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მომენტით აღინიშნა. მხედველობაში მაქვს მურთუზ ალესკეროვთან შეხვედრა, და, ალბათ, კიდევ ბევრი სხვა მოვლენა, რომლებსაც ქვეყნის საშინაო-ეკონომიკური ცხოვრება ჰქვია...
- ჯერ ერთი, მინდა მადლობა მოვახსენო საქართველოს ტელევიზიას, პირადად თქვენ და თქვენ კოლეგებს, რომლებმაც ფუნდამენტურად გააშუქეთ ეს ვიზიტი. თავისთავად, ეს ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება ხოლმე. ამჯერად ძალიან წარმატებულად და კარგად გაკეთდა. ასევე მადლობას მოვახსენებ ჩვენს პრესას, „საქართველოს რესპუბლიკას“, რომელმაც ჩვენს მოსახლეობას ამომწურავი და სრული ინფორმაცია მიაწოდა.
ორი ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით, მართლაცდა ისტორიული მოვლენა იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მზარდი ინტეგრირების პროცესის შეუქცევადობა. საკმაოდ დაძაბული და უაღრესად ნაყოფიერი სამდღიანი ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები იტალიის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბანკირებთან, ბიზნესმენებთან, იტალიის დედაქალაქში განლაგებული საერთაშორისო სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, და, რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებულ კატეგორიად გამოვყოფდი შეხვედრას რომის პაპთან იოანე პავლე მეორესთან.
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის ურთიერთობის პრინციპების შესახებ ხელმოწერილ დეკლარაციასთან, როგორც პოლიტიკურ დოკუმენტთან ერთად, მიღწეულია აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეკრულებათა დიდი პაკეტი.
მყარ ეკონომიკურ განვითარებასა და საბაზრო პრინციპებზე აგებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის, ორივე ქვეყანა მზად არის შექმნას სახელმწიფო მხარდამჭერი და წამახალისებელი პირობები, ხელი შეუწყოს უშუალო, საქმიანი კონტაქტების დამყარებას მეწარმეებს, ბანკირებს, ბიზნესმენებსა და ფირმებს შორის.
ამ მხრივ მეტად საინტერესო იყო შეხვედრები იტალიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, როგორც საერთოდ ამ ქვეყნის, ისე მისი საქმიანი წრეების ყურადღებას იპყრობს „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების პერსპექტივა და ტრასეკას პროექტი, ჩვენი ნავსადგურების პოტენციალი და ევრაზიის დერეფნის ჩვენში პრაქტიკულად მოქმედი მონაკვეთები.
ყურადსაღებია, რომ ამ ქვეყნის უდიდესი ენერგეტიკული კომპანიები დაინტერესებული არიან მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ტერიტორიაზე მილსადენის მშენებლობისა და ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციის სამუშაოებში. მნიშვნელოვანია „ფიატის“ კონცერნის (თქვენ იცით, რომ იგი თანამედროვეობის გიგანტია) წარმომადგენელთა მოსაზრებანი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, ორი ქვეყნის კომერციულ ბანკებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის, საბანკო კავშირის შექმნის წინადადებანი და სხვ.
იტალიელი ბიზნესმენები მზად არიან განავითარონ ჩვენს ქვეყანასთან საქმიანი კონტრაქტები მცირე ბიზნესის სფეროში. უნდა ვთქვა, რომ იტალია ამ მცირე და საშუალო ბიზნესის კლასიკური ქვეყანაა. რა თქმა უნდა არის გიგანტები, უზარმაზარი ფირმები და გაერთიანებები, მაგრამ, როგორც წესი, იტალია სწორედ იმით გამოირჩევა, რომ იგი კლასიკური ქვეყანაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. და, ალბათ, იტალიის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე სწორედ ეს გახლავთ. სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ენერგეტიკული და საბანკო სექტორების გარდა, თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროებია მსუბუქი, საფეიქრო და კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიელ და ქართველ მეწარმეთა შორის ხელმოწერილი მემორანდუმი, ასევე ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები ინვესტიციების დაცვის, სოფლის მეურნეობის, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, მეცნიერების, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შედეგად ხელმოწერილ მემორანდუმში აისახა სპეციალური სასურსათო პროგრამის შემუშავება და რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, ამ დარგის პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნებიდან (ეს ფანტაზიის სფეროდან არ არის) გადაიქცეს მის ექსპორტიორად. სწორედ ამას გვეუბნეოდნენ ამ ორგანიზაციაში ჩვენი მასპინძლები, რომ არსებობს ასეთი რეალური შანსი, რაშიც ისინი დაარწმუნა საქართველოში მოგზაურობამ.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან ხელმოწერილია საკრედიტო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებისათვის 40 წლის ვადით 6,5 მილიონი ამერიკული დოლარის უპროცენტო კრედიტის გამოყოფას, რაც ამ სფეროსათვის მსოფლიო ბანკის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათიანი კრედიტის - საბოლოო ანგარიშით 26-27 მილიონი დოლარის თანხის ნაწილია.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეხვედრას ვატიკანში. როგორც ზემოთ ვთქვი, იოანე პავლე მეორე თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნეა. მან მითხრა, რომ იგი ლოცულობს საქართველოსათვის ჩვენ, კავკასიის სახელმწიფოებმა და ხალხებმა სერიოზულად უნდა ვიფიქრით ჩვენს რეგიონში მის შესაძლო ვიზიტზე.
ახლა რაც შეეხება ბატონ ალესკეროვის ვიზიტს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის თავმჯდომარის მურთუზ ალესკეროვის და პრეზიდენტის შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული სახის ურთიერთობათა განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ორი ქვეყნის კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია (ეს ძალიან სერიოზული შეთანხმებაა, პრინციპული შეთანხმება, რომ მოხდეს ასეთი ჰარმონიზაცია) ხელს შეუწყობს კავკასიაში ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნას, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი მომენტია კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განსახორციელებლად.
ახლა მოგახსენებთ ქვეყნის საშინაო ეკონომიკური პროცესების განვითარების შესახებ. აღინიშნება წარმოების ზრდის ტემპის დაჩქარება. სამრეწველო წარმოების მოცულობა ჯერჯერობით შეჯამებულია პურის ცხობის მაჩვენებლის გარეშე, და ეს გასაგებიცაა, რადგან მას დაზუსტება სჭირდება. ადრე აღინიშნა, რომ ამ დარგში უზრუნველყოფილი უნდა იყოს წარმოებული პროდუქციის სრული აღრიცხვა, რისთვისაც სტატისტიკის ორგანოებთან ერთად ადგილობრივი მართვის ორგანოებმაც უნდა იზრუნონ. პურის ცხობის გარეშე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარ-აპრილში ქვეყნის მრეწველობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობამ მოქმედი ფასებით 187 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი შესადარი ფასებით 27 პროცენტით აღემატება შარშანდელ იანვარ-აპრილის, და თითქმის 6 პროცენტული პუნქტით წლევენდელი პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სამრეწველო წარმოების ზრდის სწრაფი ტემპით ხასიათდება თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის მხარეების საწარმოები. სამრეწველო პროდუქციის მატება აღინიშნა ქვემო და შიდა ქართლში, იმერეთის მხარეში. ამასთანავე ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით შემცირებულია აჭარაში, გურიასა და კახეთში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.
ახლა რამდენიმე სიტყვა საგადასახადო ორგანოებზე. მათ მიერ 1-16 მაისის პერიოდში, ოპერატიული მონაცემებით, აკრეფილია 10 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც 1,5 მილიონი ლარით ანუ 16 პროცენტით აღემატება აპრილის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებულია 6 მილიონი ლარი. ამასთანავე, საგადასახადო ინსპექციამ უფრო მეტად უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რადგან მხოლოდ მაისის საგეგმო დავალების შესასრულებლად თვის ბოლომდე ასაკრეფია ორჯერ მეტი თანხა - სულ ცოტა 20 მილიონი ლარი. საგადასახადო ინსპექციას, ბატონ დავით სალარიძეს ძალიან დიდი სამუშაო აქვთ შესასრულებელი და მას ყველანი უნდა დავეხმაროთ - ადგილობრივი ხელისუფლებაც და ცენტრალურიც.
აღნიშნულ პერიოდში საბაჟო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტში გადარიცხულია 7,5 მილიონი ლარი რაც 40 პროცენტით აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსული თანხების 44 პროცენტი ბოლო კვირაშია მობილიზებული.
წინა რადიოინტერვიუებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საბიუჯეტო შემოსავლის მატება უშუალოდ არის დაკავშირებული პენსიების, დახმარების, ხელფასის გაცემასთან. ესე იგი, ამ პრობლემას არაფერი არ ეშველება, თუ საბოლოოდ არ გადაწყდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების საკითხი. ამიტომაც მე ყველა ჩემს გამოსვლაში ამ პრობლემაზე ვამახვილებ ყურადღებას.
საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა პედაგოგების ზაფხულის ხელფასისათვის ზრუნვაა. ამ საკითხს ადგილებზე თუ სერიოზულად მოეკიდებიან, როგორც არის ეს მთელ რიგ რეგიონებში, კერძოდ ზესტაფონში, ბაღდათში და სხვაგან ხდება, ვფიქრობ პედაგოგების, და არა მარტო პედაგოგების კუთვნილი ხელფასების დროულად და სრულად გადაცემა უთუოდ უზრუნველყოფილი იქნება. ახალმა ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ჭკუასელმა მიიღო ჩემი კატეგორიული დავალება, რომ ხელფასების, პენსიების და დახმარების დროულად გაცემის საკითხი საბოლოოდ მოაწესრიგოს.
- ნატო-რუსეთის შეთამხმება, შეიძლება ითქვას, განვლილი კვირის სენსაციად იქცა. უმაღლესი ხელისუფლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი მაინც წავიდა კომპრომისზე. როგორ გგონიათ რა იყო ეს, - იძულება თუ რუსეთის მხრივ გონივრული და ლოგიკური ნაბიჯი? და კიდევ, გასაგებია, რომ ნატოს თემა აღმოსავლეთ ქვეყნებისათვის უშიშროების ერთ-ერთ გარანტიად აღიქმება. იტალიაში ვიზიტის დროს თქვენ გაეროს, როგორც მსოფლიოს მოვლენებისათვის პასუხისმგებლის საკითხი დააყენეთ. გაეროს ტრანსფორმაციაზე საკმაოდ გისაუბრიათ თქვენ და საინტერესო მოსაზრებანი გამოთქვეს იტალიელებმაც. და აი, განვლილ კვირას მოსკოვში სერიოზული განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა. ხომ არ უნდა მოველოდეთ უახლოეს მომავალში ამ ორგანიზაციის რაღაც ტრანსფორმაციას?
- ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, გონივრული აქტი და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 27 მაისს ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. დარწმუნებული ვარ, ეს მოვლენა დიდ როლს შეასრულებს ცივი ომის დამთავრების შემდგომ ეტაპზე ევროპაში მშვიდობისა და უშიშროების გარანტიების შექმნაში.
ალბათ გახსოვთ, იმთავითვე ვამბობდი, რომ ზედმეტად ხდება-მეთქი პრობლემის დრამატიზირება, რომ აუცილებლად იქნება მიღწეული კომპრომისი. არ იყო სხვა გამოსავალი და ალტერნატივა. კომპრომისი მართლაც მიღწეულია. იგი ყველასათვის მისაღებია.
ამიერიდან ევროპის უშიშროების სისტემის მთავარი საზრუნავი ეგრეთ წოდებული „ცხელი წერტილებია“, ესე იგი არსებული კონფლიქტების მოგვარება და მოსალოდნელი ხანძრების თავიდან აცილებაა. ამისათვის ყველა წანამძღვარი არსებობს. ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მწვავე დისკუსიები დამთავრდა და ახლა მართლაც სათანადო პირობები მომწიფდა.
ამ ფონზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია გაეროს. და სწორედ საგულისხმოა ახალი გენერალური მდივნის კოფი ანანის საკმაოდ პრინციპული განცხადებები მოსკოვში აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებუთ. საყურადღებოა კოფი ანანის პრინციპული გაგამონათქვამები გაეროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მსოფლიოში გაჩნდება ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იკისრებს საერთო გლობალური უშიშროების უზრუნველყოფისათვის, აგრესიული სეპარატიზმის, ტერორიზმის აღმოფხვრისათვის. ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ბევრი მოსაზრება, რომლებიც ახლა ჩემთვის ცნობილი გახდა, აბსოლუტურად ემთხვევა არა მარტო ჩვენს ინტერესებს, არამედ ჩვენს შეხედულებებსაც.
ამასთან ისიც მინდა დავძინო, რომ დიდი ხანია დადგა დრო, როგორც ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა აღნიშნეს მოსკოვში მიმდინარე წლის მარტში, თანამეგობრობამ და უწინარესად რუსეთმა რეალური ნაბიჯები გადადგას აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესასრულებლად. ეს პრობლემათა პრობლემა და სასინჯი ქვა არის, როცა ლაპარაკია თანამეგობრობის სიცოცხლისუნარიანობაზე.
იტალიაში ვიზიტის პერიოდში გამოჩნდა, რომ იტალია დაინტერესებულია კავკასიით, და, კერძოდ, საქართველოთი. პატარა სახელმწიფოების თემა, შეიძლება ითქვას, ძალიან საინტერესოდ მუსირებდა მთელი ვიზიტის პერიოდში. პირველად ნატოს წევრ ქვეყანასთან უმაღლეს დონეზე ხელმოწერილია სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება, ვიმეორებ უმაღლეს დონეზე, თორემ ასეთი ხელშეკრულება ჩვენ საფრანგეთთან და საბერძნეთთანაც გვაქვს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოს საგარეო კურსი გარკვეულ კორექტირებას განიცდის, მით უმეტეს, რომ იტალიის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს, იქ მიმდინარე რეფორმებს და საქართველოს გაერთიანებას ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ საქართველო უნდა გაერთიანდეს ევროსაბჭოში, ეს ითქვა მისასალმებელ სიტყვებში და ჩაიწერა ერთ-ერთ მიღებულ დეკლარაციაშიც...
- მე იმდენად კორექტირებაზე არ ვილაპარაკებ, რამდენადაც ახალ მიმართულებაზე. ჩნდება ახალი ვარიანტები, ახალი შესაძლებლობა, არსებობს პოტენციალი, და ეს, ბუნებრივია, უნდა მოქმედებდეს და მას უნდა ვიყენებდეთ.
რაც შეეხება იტალიასთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, ეს საერთო-ევროპული ინტეგრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. სამხედრო ხელშეკრულება იმით არის აღსანიშნავი, რომ სახელმწიფოთა ურთიერთობაში განსაკუთრებული ნდობის ფაქტორზე მიგვანიშნებს. სწორერდ ასეთ ფაზაში შევიდა საქართველოსა და იტალიის კავშირურთიერთობა დღევანდელ ეტაპზე და სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი გაჩნდა.
- საკმაო რეაქცია მოჰყვა და ინტერესი გამოიწვია პრეზიდენტ ნაზარბაევის მძაფრ განცხადებებს რუსეთთან დაკავშირებით. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობაში რაღაც ხდება, ახალი ეტაპი იწყება?
- პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ამჯერად საჯაროდ გამოხატა ის შეშფოთება თანამეგობრობაში, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაზეც მან მოსკოვში პრეზიდენტების შეხვედრაზე ილაპარაკა, პრეზიდენტების დახურული შეხვედრის რაღაც ელემენტები ჩვენი ქვეყნების საზოგადოებრიობისათვის ცნობილია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი არა. აი, აქ ყველაფერი ითქვა.
სამწუხაროდ ტელევიზიამ აჩვენა მისი გამოსვლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი. დარწმუნებული ვარ, ითქვა გაცილებით მეტი. საერთოდ კი, გაფრთხილების ზარი თანამეგობრობისათვის დიდი ხანია დაირეკა. ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ამ რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის გადასარჩენად თანამეგობრობის სივრცეში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების რადიკალური და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება იქნება. ამის შესახებ ყველაფერი ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
ჩემს კომენტარს ასე დავამთავრებ: გაბედული მოქმედების დრო დადგა. სხვა შემთხვევაში შედეგები მძიმე იქნება. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ნაზარბაევის გამოსვლა, ისევე როგორც წინა გამოსვლები, საფუძვლიანია.
- და ბოლო კითხვა. განვლილ კვირაში გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელია, სახელმწიფოს კი ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლებაც არა აქვს, რა თქმა უნდა, იქ მიმდინარე ნებისმიერ მოვლენას, ნებისმიერ პროცესს ჩვენი საზოგადოებრიობა უაღრესად მტკივნეულად აღიქვამს, რამდენადაც ყველანი ამ ეკლესიის მრავლი ვართ...
- თქვენ მართალი ბრძანდებით - ეს კონსტიტუციური მონაპოვარია და კონსტიტუციური დებულებაა, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. მაგრამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართველი ხალხის ინტერესები არასოდეს ყოფილა გამოყოფილი. საქართველო, ასე ვიტყოდი, აწამეს ქრისტიანობისათვის და ქრისტიანობამ საქართველო გადაარჩინა.
ჩემთვის, ახლა უკვე ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანისა და ქვეყნის პრეზიდენტისათვის ეკლესიის გათიშვაზე ლაპარაკიც კი მიუღებელია. მჯერა, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საქმე აქამდე არ მივა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის, წმინდა სინოდისა და დიდი მრევლის სიბრძნისა და წინდახედულების მჯეროდა და მჯერა.
მაღალი ღმერთი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს.
საქინფორმი.
„იტალიაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მზარდი ინტეგრირების პროცესის შეუქცევადობა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 1,2 გვ.
![]() |
60 „მსურს ეს მშვენიერება და ეს სიმდიდრე ყოველი თქვენგანის კუთვნილებად იქცეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა ირაკლი ფარჯიანის გამოფენის გახსნაზე
ქალბატონებო და ბატონებო,
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენ მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენის - ირაკლი ფარჯიანის მხატვრული ტილოების წინაშე ვდგავართ. ეს ის მხატვარია, რომელმაც ბრწყინვალედ განაგრძო და გაამდიდრა უნიკალური ქართული ხატწერისა და ფერწერის ტრადიციები.
ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ნიმუშთა რომში ჩამოტანას ვერ გავბედავდი, რომ არ მჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან, მას მსოფლიო აუცილებლად აღიარებს.
აქ, ამ დარბაზში, სხვადასხვა გრძნობები მავსებს - სიამაყე, აღტაცება, ტკივილი... სიამაყე, იმისა, რომ ირაკლი ფარჯიანი ქართველია მთელი თავისი არსით, აღტაცება, ფერის, ხაზის და აზრის შესანიშნავი ჰარმონიით, ტკივილი - იმის შეგრძნებით, რომ ეს დიდი მხატვარი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი დარჩა.
ფარჯიანი მხოლოდ ქართული მხატვარული კულტურის გამომხატველი არ გახლავთ, იგი ქართული სულის გამოხატულებაცაა - მშვენიერი, ღრმა, მაგრამ ხშირად დაუცველი სულის გამოხატულება.
სულ ახლახან იტალიაში ქართული კულტურის დიდი მოამაგის ლუიჯი მაგაროტოს თარგმანით გამოვიდა ჩვენი დიდი მწერლის ვაჟა-ფშაველას წიგნი.
თქვენ ნახავთ ამ წიგნს და დარწმუნდებით, რა ბევრი აქვს საერთო ირაკლი ფარჯიანს მსოფლიო მნიშვნელობის ამ დიდ მწერალთან და დიდ მოაზროვნესთან.
ირაკლიც ისევე ღრმაა, როგორც ვაჟა-ფშაველას გმირები, ისევე დაუცველი და უმანკო, ისევე მშვენიერი და უშუალო, როგორც მისი უნიკალური სამყარო - მოაზროვნე ბუნება.
ვაჟას რომ კითხულობ, შემდეგ თავადვე აგრძელებ ფიქრს, თავადვე ხდები დიდი ხელოვანის თანაზიარი და თანაშემოქმედი.
ირაკლი ფარჯიანის ნახატებს რომ უცქერი, რა მიუწვდომელი უნდა იყონ ისინი, თავად შეერწყმი მათ, ისინი შენი ხდება და შენ მათი. აქაც აგრძელებ ფიქრს ისევე, როგორც აგრძელებ ფიქრს დიდი მუსიკის მოსმენის დროს.
შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ამ ნახატებისადმი და ამ დიდი ხელოვანისადმი ასეთია.
მსურს ეს მშვენიერება და ეს სიმდიდრე ყოველი თქვენგანის კუთვნილებად იქცეს.
იმედი მაქვს თქვენ დღეს დიდ ხელოვანს აღმოაჩენთ და ის წარმატებული სვლა მსოფლიო აღიარებისაკენ, რომელიც ფარჯიანმა საფრანგეთიდან დაიწყო, იტალიაშიც წარმატებით გაგრძელდება.
„მსურს ეს მშვენიერება და ეს სიმდიდრე ყოველი თქვენგანის კუთვნილებად იქცეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 2 გვ.
![]() |
61 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
გამართულ დარბაზობაზე 1997 წლის 26 მაისს
ძვირფასო მეგობრებო!
თქვენო უწმინდესობავ!
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!
პატივცემულო საზღვარგარეთელო სტუმრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!
ნება მიბოძეთ, გულითადად მოგესალმოთ დღეს - 26 მაისს, დიდი მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისათვის და გისურვოთ წარმატებები და გამარჯვებები.
საქართველოს, მისი სახელმწიფოებრიობის ცივილიზაციისა და მესამე ათასწლეულების გზაგასაყართან, 2000 წლამდე - უახლოეს ორ-სამ წელიწადში ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან იუბილეს და იმედი მაქვს, მაშინაც ერთად ვიქნებით.
ამ ოცდაათი საუკუნის მანძილზე მრავალტანჯულმა საქართველომ გამოიარა, ხატოვანად რომ ვთქვათ, დანტეს ჯოჯოხეთის ყველა ცხრა წრე, გოლგოთას სისხლიანი ჯვარცმა, მაგრამ ერის ისტორიამ, ერის გაუტეხელმა ნებამ და აღმაშენებელმა, ჰეროიკულმა სულმა მაინც გააცხადა ისტორიის ფილოსოფიური საზრისი და სტრატეგიული მიზანი: ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.
საქართველოს ისტორიის ამ ჰუმანისტურ რენესანსულ მიზანს და საზრისს ყველაზე სრულყოფილად გამოხატავს დიდი ისტორიული თარიღი - 26 მაისი. ეს თარიღი არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის, არა მხოლოდ შავბნელ საუკუნეებში ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილი საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას, ერისა და სახელმწიფოს არა მხოლოდ ნომინალურ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტის მოპოვებას, არამედ თვისობრივად ახალ ისტორიულ ეტაპზე ასვლას - საქართველოს რესპუბლიკის, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას აღნიშნავს.
ამიტომ ამ დღეს დიდი ისტორიული საზრისი, კონტექსტი და ქვეტექსტი აკავშირებს არა მარტო დღევანდელ, არამედ მომავალ საქართველოსთან.
მივესალმები ჩვენს ძვირფას საზღვარგარეთელ სტუმრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. მათ შორისაა უკრაინის სამთავრობო-სამხედრო დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ალექსანდრე კუზმუკის ხელმძღვანელობით.
მე მხურვალედ მივესალმები აქ წარმოდგენილ დიპლომატიურ კორპუსს - უდიდესი ქვეყნების, საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სრულუფლებიან და საგანგებო ელჩებს, ყველა რანგის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ წარმომადგენლებს და დიდ მადლობას მოვახსენებ მათ. მათი მეშვეობით კი საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის სახელით მივესალმები მათ ხალხებს, პრეზიდენტებს, მთავრობებს, პარლამენტებს საიმედო პარტნიორობისათვის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის, იმ მართლაც და ფასდაუდებელი დახმარებისათვის, რომელსაც ისინი გვიწევენ, ახალი დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.
დღეს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებული აქვს მსოფლიოს ასზე მეტ სახელმწიფოსთან.
საქართველო არის გაეროს, მრავალი სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის წევრი.
მათ გარეშე საქართველოსთვის წარმოუდგენელი იყო ინტეგრაცია მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, და სხვა სფეროებში, რაც ასე წარმატებით ხორციელდება დღეს.
ამისათვის დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას.
დღითიდღე იზრდება დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს პრესტიჟი და იმიჯი მსოფლიოს ქვეყნებში, საერთაშორისო ასპარეზზე.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო ინიციატივებს, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს „მშვიოდბიანი კავკასიის“ დოქტრინა და სხვა მრავალი.
უდიდესი პერსპექტივებია გადაშლილი საქართველოს წინაშე ევრაზიის სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნის - „აბრეშუმის გზის“ - ამოქმედების, სხვა დიდმნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ხორცშესხმის ფონზე.
საქართველო მიმდინარე ეტაპზე დიდ რეფორმებს განახორციელებს ყველა სფეროში, მათი მიზანია სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, ღია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.
ახალმა კონსტიტუციამ და მის საფუძველზე ჩატარებულმა არჩევნებმა ყველა პირობა შექმნა ხელისუფლების სამივე შტოს - საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების, უმაღლესი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების ფორმირებისა და სრულფასოვნად ამოქმედებისათვის. უკვე ფუნქციონირებს კონსტიტუციური სასამართლო.
ხელისუფლება ერთია, ოღონდ სამ შტოდ არის დაყოფილი, ამიტომ, ნება მიბოძეთ, ერთად ვადღეგრძელო საკანონმდებლო, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება, მათი წარმომადგენლები და ვუსურვო მათ კონსტრუქციული თანამშრომლობა, პოლიტიკური კონსენსუსი, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზნების განხორციელების, სამოქალაქო მშვიდობის და ერისა და მოსახლეობის გაბზარული ცნობიერების გამთლიანების გარანტიაა.
განსაკუთრებული მადლობის სიტყვებით მივმართავ პარლამენტს, პარლამენტის წევრებს, მის თავმჯდომერეს დღეს აქ მობრძანებისათვის.
დღეს აქ ყველანი მოწმენი ვიყავით შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმისა რესპუბლიკის მოედანზე.
დაიბადა, ვაჟკაცდება და იწრთობა დემოკრატიული საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი არმია, საზღვაო და საჰაერო ფლოტი.
დღეს ჩვენ ყველანი ამაყად ვგრძნობთ თავს, როცა მოწმენი გავხდით აღლუმისა, ვუყურებთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს საქართველოს დამცველებს.
მე მივესალმები საქართველოს შეიარაღებული ძალებს, მესაზღვრეებს, ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურის ორგანოების მუშაკებს, მივესალმები ეროვნული უშიშროების საბჭოს, ყველა სამინისტროს და უწყებას, დეპარტამენტებს და სხვებს, რომლებიც დიდ სახელმწიფო საქმეს აკეთებენ.
მივესალმები საქართველოს მეწარმეებს, ბიზნესმენებს, კომერსანტებს, ბანკირებს, მენეჯერებს, ფერმერებს, გლეხებს - ერის მარჩენალთ, ვისთვისაც პირველ რიგში განხორციელდა მიწის რეფორმა, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, საშუალო ფენას - ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტს.
ქედს ვიხრი საქართველოს ქალების, დედების, დების, მეუღლეების, ქვეყნის სინდის-ნამუსის წინაშე. თამამად შემიძლია ვთქვა: თუ საქართველო გადარჩა, გადარჩა იგი თქვენი ნებით და თქვენი ზრუნვით. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ არსებობთ, როგორც ბურჯი ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერისა, მისი მომავლისა.
მივესალმები პოლიტიკურ პარტიებს, პროფკავშირებს, ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ყველა კონსტიტუციურ და კანონიერ ფორმირებას, რომლებიც ქმნიან ახალ, დემოკრატიულ საქართველოს.
ოპოზიციას მივესალმები, საპარლამენტო ფრაქციებს ვთავაზობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ჩვენ უკვე გავდივართ ამ შესანიშნავ სკოლას და ვეუფლებით ამ კულტურას.
დღეგრძელობა, წარმატება და გამარჯვება - საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეროვნულ უმცირესობებს, ავტონომიურ ფორმირებებს, სამხარეო ადმინისტრაციებს, მერიებს, გამგეობებს, ყველა ქალაქს, დაბას, სოფელს, თემს, ყველა ოჯახს, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახებს, დედებს და მამებს, ძმებს და დებს, ყველა თაობის წარმომადგენლებს. ვუსურვებ მათ გამრავლებას მათი ოჯახებისა და საქართველოს საკეთილდღეოდ.
მივესალმები საქართველოს სახელოვან ინტელიგენციას, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, შემოქმედებით კავშირებს, პედაგოგებს, ინჟინრებს, ექიმებს, იურისტებს, ყველა ინტელიგენტს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წვლილით დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში.
ჩვენ ვიხსენით ქართული კულტურა. ახლა კულტურის რენესანსია საჭირო.
უფრო ფართოდ უნდა გავიტანოთ პეტრე იბერისა და პეტრიწის, რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის, ფალიაშვილისა და ფიროსმანის ერის კულტურა მსოფლიოში.
მე დიდი მოწიწებითა და უღრმესი პატივისცემით მივმართავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, აღჭურვილს საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნდობით, ერის სულიერი გამთლიანების წინამძღოლს.
მივესალმები ომის და შრომის ვეტერანებს, პენსიონერებს, უფროსი თაობის ადამიანებს - ჩვენი საუკუნის ცოცხალ მატიანეებს.
თქვენზე ზრუნავს თქვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში; ვიცით, რომ ეს ცოტაა, მაგრამ ხვალ მეტის გაკეთება მოხერხდება.
მივესალმები ჩვენს საამაყო ახალგაზრდობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებს - ერის იმედსა და მომავალს, XXI საუკუნის საქართველოს ბატონ-პატრონებს.
გილოცავთ ძვირფასო ახალგაზრდებო სტუდენტური დღეების ბრწყინვალედ, ტრიუმფით ჩატარებასა და დამთავრებას. ჩვენ მართლაც შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ახალგაზრდობით. ამ გაჭირვების, შიმშილისა და სიცივის წლებში მათ შეეძლოთ გაბოროტებულიყვნენ თავიანთ მშობლებზე, აღმზრდელებსა და ქვეყანაზე. ეს არ მოხდა, ისინი მიეძალნენ შრომას, სწავლას და, მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს შესანიშნავი ახალგაზრდობა, დიდი მომავლის გარანტი ეზრდება.
ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკური, დიპლომატიური, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი ჰუმანურია, მშვიდობისმოყვარულია, კეთილმეზობლურია. ორმხრივი ურთიერთობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან არასოდეს არ არის მიმართული მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ვგმობ ეთნოგენოციდს, სეპარატიზმს, ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებს გაეროს, ბუდაპეშტისა და ლისაბონის ცნობილი დოკუმენტების სულისკვეთების შესაბამისად.
მე განსაკუთრებით მივესალმები ლტოლვილებს და იძულებით ადგილნაცვალ პირებს, მოსახლეობის უღარიბეს ფენებს, რომლებსაც სხვებზე მეტად უჭირთ ცხოვრება. მინდა მათ იცოდნენ, მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის, ჩემი ტკივილია.
მხარს ვუჭერთ რუსეთის დუმის მიმართვას რუსეთის პრეზიდენტისადმი - ხელი შეუწყოს აფხაზეთში კონფლიქტის გადაჭრას.
მოვუწოდებ გაეროს, უშიშროების საბჭოს, რეალური ნაბიჯები გადადგას აფხაზეთში კონფლიქტის თაობაზე მიღებული რეზოლუციების შესასრულებლად.
ხორციელდება დიდი სოციალური რეფორმები, გაუმჯობესდება სოციალური დაცვა. ხვალ უკეთ ვიცხოვრებთ, ვიდრე დღეს ვცხოვრობთ.
რეფორმების შედეგად თვისობრივად გარდაიქმნება ეკონომიკა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. ვფიქრობ, ეს პროცესი ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.
უახლოეს დროში ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გამთლიანდება საქართველოს ტერიტორია და ერისა და მთელი მოსახლეობის გაბზარული ცნობიერება.
ხვალ უკეთ დავიცავთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიდრე დღეს! ეს დემოკრატიის საყოველთაო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების განხორციელების ბაზაზე მოხდება.
მე დღეს, 26 მაისს, მივესალმები მთელ ქართველ ხალხს, საქართველოს ყველა ეროვნების და კონფესიის მოქალაქეს, ვულოცავ მათ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ აყვავებას, წარმატებებს, გამარჯვებებს, მზეგრძელობას, დღეგრძელობას!
დღეს, ჩვენ თბილისში აღვმართეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი - დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო და ხატი. ეს ისტორიული მოვლენა და ძალიან კარგი ნიშანია.
ადამიანები, რომლებიც ღირსეულს მიაგებენ დიდ წინაპართ, ბედნიერ მომავალს ააშენებენ. მათ შეუძლიათ ბედნიერი მომავლის აშენება.
ბედნიერი ვარ იმით, რომ წილად მერგო უფლება, გამეხსნა ეს ძეგლი მთელი ქართველი ხალხის, საქართველოს ყველა მცხოვრების სახელით.
დაე, მარადჟამს ჰყვაოდეს, ძლიერდებოდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო!
მრავალჟამიერ!
გმადლობთ ყურადღებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა : საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ დარბაზობაზე 1997 წლის 26 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 მაისი. - №120 (2493). - 1,3 გვ.
![]() |
62 მე ყველას ხელს ვუწვდი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიის არა მარტო ნიშანი, არამედ მისი განვითარების აუცილებელი პირობაა.
მხედველობაში მაქვს მტრული, შეურიგებელი ანტაგონიზმის დაძლევა და არსებულ წინააღმდეგობათა პოლიტიკური პაექრობის, პოლიტიკური პლურალიზმის სფეროში გადაყვანა.
ხომ არ დადგა დრო, დავამთავროთ საზოგადოების გათიშვის პროცესი, როგორც ახლა ჩვენშია მიღებული, ზვიადისტებად, შევარდნაძისტებად და ა.შ. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის, ერთი ხალხის შვილები ვართ, ჩვენ ხომ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც არა მარტო უფლებებს გვაძლევს, არამედ ქვეყნის სამსახურსაც გვავალდებულებს. ვერ დავიჯერებ, რომ ე.წ. ზვიადისტების უმრავლესობას საქართველოს მტრობა ჰქონდეს ჩაფიქრებული. დავა და შეურიგებლობა იმ გზებზეა, რომლებითაც უნდა მივიდეთ ბედნიერ საქართველომდე. მე ვსვამ კითხვას, ბევრი რამ, რაც გუშინ დაპირისპირებულობის თვალსაზრისით რეალობას წარმოადგენდა, ხომ არ იქცა ანაქრონიზმად?
ვაცხადებ, ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს შერიგებისა და ეროვნული თანხმობისაკენ, ნდობისა და ურთიერთგაგებისაკენ. მოდით ვითანამშრომლოთ, მათ შორის ვითანამშრომლოთ ხელისუფლების სტრუქტურებშიც, მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველანი დავიცავთ კონსტიტუციას, გავუფრთხილდებით დემოკრატიულ მონაპოვართ, ერთად ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ საქართველოს საკეთილდღეოდ. მე ყველას ხელს ვუწვდი, ვინც ამ პრინციპს გაიზიარებს. პრაქტიკულ ნაბიჯებსაც პირველი გადავდგამ.
1997 წლის 27 მაისს
პარლამენტში წაკითხული
პოლიტიკური მოხსენებიდან.
მე ყველას ხელს ვუწვდი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 მაისი. - №121 (2494). - 1 გვ.
![]() |
63 სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობისათვის! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო
საბჭოს მანიფესტი
საქართველოს პარლამენტში გუშინ გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა მანიფესტი, რომელიც მან 1992 წლის 4 აგვისტოს რესპუბლიკის მოედანზე გამოაქვეყნა. მაშინ ქვეყანას სამოქალაქო ომის შავი ღრუბელი დასტრიალებდა. ეს დოკუმენტი იმდენად საინტერესოა, რომ დღეს განმეორებით ვბეჭდავთ მას.
საქართველოს მოქალაქენო!
მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა დიდ ნიშანსვეტს მიუახლოვდა. საქართველოს რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო აღიარა მსოფლიომ, რითაც მისი დამოუკიდებლობა დაგვირგვინდა. შექმნილია კეთილსასურველი საერთაშორისო გარემო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობისათვის. დასრულდა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთი, მთავარი ეტაპი.
უკუგდებულია იზოლაციონიზმის დამღუპველი საშიშროება, რომლისგან თავის დაღწევა მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება იყო ამ მიზანს ბევრი ღირსეული მამულიშვილის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს თანამდევი მათი სულები დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ.
ცივილიზებულ ერთა დიდი ოჯახის წევრობა არა მარტო პატივის მიგებაა იმ წვლილისადმი, რაც საქართველოს მსოფლიო კულტურის საგანძურში შეუტანია, ან მხოლოდ დიდი გარანტიაა ქვეყნის სუვერენული უფლების განხორციელებისა, არამედ გაცხადებაც არის იმ პრინციპების ერთგულებისა, რითაც თანამედროვე მსოფლიო სულდგმულობს. საქართველო შევიდა ახალ ზნეობრივ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სივრცეში, სადაც ახალი წესი, ახალი მოთხოვნები, სხვა ნორმები და განზომილებებია.
ამ ნორმების ერთგულება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით საქართველოს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში საქართველო ღირსეულ ადგილს ვერ მოიპოვებს, როგორც ერი და დემოკრატიული სახელმწიფო, თუ იგი არ იქნება მოწესრიგებული პოლიტიკური ორგანიზმი. თანამედროვე და მომავლის ცივილიზაციასთან ზიარების გასაღები ქვეყნის მთლიანობაში, მის ერთიანობაშია.
დადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ახალი ეტაპი, რომლის ძირითადი საზრისი საქართველოს გამთლიანება, ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის დამკვიდრებაა. ახალი წესრიგი შინააშლილობის დაძლევას, ეროვნული თანხმობის დამკვიდრებას ითხოვს უსისხლოდ, უმსხვერპლოდ, ცეცხლისა და მახვილის გარეშე. ამით საქართველო საბოლოოდ გაემიჯნება წარსულის ყავლაგასულ ნორმებსა და ცნობიერებას და თანამედროვე ისტორიის ღირსეული შემოქმედი გახდება.
ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის დამკვიდრების, საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისა და დემოკრატიული აღმშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება საქვეყნოდ აცხადებს:
დაწესდეს 31 ივლისი საქართველოში ეროვნული თანხმობის, სამოქალაქო და ერთაშორისი მშვიდობის, შერიგების დღედ.
მიჩნეულ იქნეს საქართველოს ყოველი მოქალაქის პატრიოტულ მოვალეობად საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში მათი წვლილის შეტანის კეთილი ნების გამოხატულებად მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის არჩევნებში, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ისტორიული ბედი, მსოფლიოს წინაშე მისი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო ავტორიტეტი.
საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ერისა და ქვეყნისათვის ამ ძნელბედობის ჟამს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის დედასამშობლოს ასაღორძინებლად.
- საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების შეთანხმების, ქვეყნის ყველა რეგიონის განვითარებისა და სახელმწიფო მართვაში მათი უშუალო მონაწილეობისათვის უზრუნველყოფილია ყველა რაიონისა და ქალაქის წარმომადგენლობა ხელისუფლების უზენაეს ორგანოში, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები.
- საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისადმი, ადასტურებს და უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების და სხვა ასოციაციების შექმნის, კრებების, მიტინგების, დემონსტრაციების, სიტყვის, პრესის, საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგის, ზნეობის მოთხოვნებთან შესაბამისობით. აღიკვეთოს ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობა, რომლებიც ქმნიან შეიარაღებულ ფორმირებებს, აღვივებენ ერთაშორის შუღლს, მიმართავენ ძალისმიერ მეთოდებს.
- გაუქმდეს საგანგებო წესები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბრძოლა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების, ქონების ხელყოფასთან ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება ჯეროვანი პირობების შექმნა ეროვნული პოლიციის საქმიანობისათვის. ქართული პოლიცია კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისათვის.
- გაერთიანდეს ყველა შეიარაღებული ფორმირება საქართველოს რესპუბლიკის ერთიან შეიარაღებულ ძალებში, რომელიც დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარების სარდლობას, გაძლიერდეს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური. კატეგორიულად აიკრძალოს ყველა სხვა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და მოქმედება.
- რეგიონებში მოქმედი არარეგისტრირებული სამხედრო რაზმების წევრებს მიეცათ საშუალება ხელისუფლებისადმი მათი ლოიალობის გათვალისწინებით გაერთიანდეს თავდაცვის სამინისტროს, შინაგანი ჯარების ან პოლიციის ქვედანაყოფებში. მოხდეს მათ მფლობელობაში არსებული იარაღის რეგისტრაცია ან ჩაბარება. ის პირები, რომლებიც არ შევლენ სახელმწიფო სამხედრო ფორმირებებში, თავისუფლდებიან ადრე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობისაგან (ეს არ შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულს) და დაუბრუნდებიან ოჯახებს, მშვიდობიან შრომას. დაუყოვნებლივ შესრულდეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველა შეიარაღებული ფორმირების თავიანთი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახური პატრიოტული ვალია.
- ეროვნული ერთიანობისა და თანხმობის უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე, გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 იანვრიდან მონაწილეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო აქციებში, თუ მათ არ ჩაუდენიათ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
- გათავისუფლდნენ პატიმრობიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულობათა ჩადენაში. მხედველობაშია მიღებული, რომ მათი ქმედებანი გარკვეულწილად განაპირობა ავტორიტარულმა, დიქტატორულმა რეჟიმმა.
- გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან პირები, რომლებიც მონაწილეობდნედნ მიმდინარე წლის 24 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების ავანტიურისტულ მცდელობაში, მიუხედავად ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისა.
- ამიერიდან, ამ მანიფესტით გამოცხადებული დიდსულოვანი აქტების შემდეგ, სახელმწიფო იქნება გარანტი, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დაარღვევს კანონს და შეეცდება ძალის გამოყენებას არსებული ხელისუფლების წიმააღმდეგ, ხელყოფს პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებას და საკუთრებას, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით.
- საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს, რომ სხვადასხვა ძალებისაგან მძევლებად აყვანილი პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან. ამასთანავე საზოგადოება გმობს ადამიანთა უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს, რა მიზნებითაც უნდა იყოს ისინი ნაკარნახევი.
- შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ შეიარაღებული ფორმირებების მიერ ძალადობისა და სხვა უკანონო მოქმედებების ფაქტებს. დამნაშავენი დაისჯებიან, ზარალი ანაზღაურდება.
- დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლაში, შიდა შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნა უკვდავყოფილი იქნება, შედგება მათი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების ღონისძიებათა გეგმა, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადოდ იქნება ინფორმირებული.
- გაგრძელდება კონსტრუქციული დიალოგი აფხაზეთის ხელისუფლებასთან კომპეტენციათა გამიჯვნის, მყარი სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობის დასამკვიდრებლად ერთიანი საქართველოს ფარგლებში.
საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ცხინვალის რეგიონში დაწყებულ სამშვიდობო ღონისძიებებს, რამაც უნდა უზრუნველყოს სისხლისღვრის შეწყვეტა და ამ რეგიონში წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობის აღდგენა.
- ხელისუფლება სრულიად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით კვლავაც იზრუნებს საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
- საქართველოს ყველა რეგიონის, ქალაქისა და რაიონების მოსახლეობა, ადგილობრივი მმართველობის და სამართალდაცვის ორგანოები არ დაუშვებენ მათ ტერიტორიაზე დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს, უზრუნველყოფენ რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სახალხო მეურნეობის, განათლების ჯანმრთელობის დაცვის, ტურისტულ და საკურორტო დაწესებულებათა შეუფერხებელ მუშაობას.
- საქართველოს ხელისუფლება აუცილებლობად მიიჩნევს უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავებას და წარმართვას საჯაროობის პრინციპების დაცვით, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების საფუძველზე.
ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირნი უზრუნველყოფენ მოსახლეობისათვის ინფორმაციის შეუფერხებელ მიწოდებას.
- გზა გაეხსნას თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
- საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს ქალაქების, რაიონების, სოფლების, დაბების ხელმძღვანელობისაგან ამ მანიფესტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საშუალებათა საყოველთაო მსჯელობის საგნად გადაქცევას, იმედოვნებს, რომ ამ პროცესებში თავიანთ გავლენიან აზრს გამოთქვამენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური გაერთიანებები.
საქართველოს მოქალაქენო!
საქართველოს უზენაესი ინტერესებით ნაკარნახევი ეს მანიფესტი მიმტევებლობის, ჰუმანიზმის საქვეყნო გაცხადება და ქართული სახელმწიფოებრიობის ძლიერების დასტურია.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
ე. შევარდნაძე.
თბილისი, 1992 წლის 3 აგვისტო.
სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობისათვის! : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მანიფესტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 მაისი. - №121 (2494). - 1 გვ.
![]() |
64 ქვეყნის განწმენდის მრავალსახეობა |
▲ზევით დაბრუნება |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განვიხილოთ, როგორც საზოგადოებაში, სახელმწიფოში ჯანსაღი მორალური და ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნის, ერთის მხრივ, და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების, ბიუჯეტის დამატებითი მნიშვნელოვანი წყარო, ეს მეორე მხრივ.
ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ოჯახის და ყველა მოქალაქის ინტერესებშია, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტი დემოკრატია მაღალი ზნეობისა და მორალის გარეში, ისევე როგორც არ არსებობს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა ძლიერი ბიუჯეტის, სწორი ფისკალური პოლიტიკის გარეშე.
ედუარდ შევარდნაძე,
1997 წლის 27 მაისს პარლამენტში
წაკითხული პოლიტიკური მოხსენებიდან.
ქვეყნის განწმენდის მრავალსახეობა : დღის ციტატა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 მაისი. - №122 (2495). - 1 გვ.
![]() |
65 „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი“ |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ვიუწყებოდით, 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტში გააკეთა მოხსენება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ. გთავაზობთ ამ დოკუმენტის პოლიტიკური ნაწილის ზოგიერთ დებულებას. მოხსენების სრული ტექსტი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
დაიწყო მუშაობა ახალი საქართველოს იდეური და
სულიერი საყრდენის განმტკიცებისათვის
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული მსოფლმხედველობის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფციის შექმნისათვის. ახალ ქართულ სახელმწიფოს, აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციებს ეყრდნობა, უდავოდ, უნდა ჰქონდეს მკაფიო ორიენტირები თავისი რაობის, თავისუფალი ხალხებისა და ქვეყნების მსოფლიო თანამეგობრობაში საკუთარი ადგილის, განვითარების გეზისა და მიმართულებათა თაობაზე ხილული და შორეული ისტორიული პერსპექტივებისათვის ჩვენ, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, მიზნად როდი ვისახავთ რაიმე ფორმით შევქმნათ იდეოლოგიზებული და დოგმატური დოქტრინა და თავს მოვახვიოთ იგი საზოგადოებას. იდეოლოგიზებულ სახელმწიფოთა დრო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თვისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი. დემოკრატიულ საქართველოში ადამიანი არასდროს იქნება მიზნის მიღწევის საშუალება. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ მთელი პირდაპირობით და სერიოზულობით: საქართველოში არასდროს არ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები, არ იქნება დევნა შეხედულებებისათვის, არ იქნება რელიგიური შეუწყნარებლობა. სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, უნდა გახდეს კეთილგანწყობისა და ძმური კონტაქტების გაღრმავების წინაპირობა ჩვენი მეგობრებისა და მეზობლებისათვის. კონსტიტუციაზე დაფუძნებულმა და კონსტიტუციიდან გამომდინარე მისმა პრინციპებმა კი საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს, ეროვნულ უმცირესობებს უნდა შევუქმნათ საკუთარი პიროვნული და ეროვნული ღირსების, საკუთარი პიროვნული და ეროვნული იდეალებისა და მიზნების განხორციელების აბსოლუტური გარანტიის საფუძვლები, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ედუარდ შევარდნაძე: „პოლიტიკური პლურალიზმი არ
მარტო დემოკრატიის ნიშანი, არამედ მისი
განვითარების აუცილებელი პირობაცაა“
ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და გაიხსენა მის მიერ რესპუბლიკის მოედანზე 1992 წელს საჯაროდ გამოცხადებული „შერიგების მანიფესტი“. მაშინ ეს მანიფესტი საზოგადოებამ გარკვეული იმედით მიიღო, თუმცა, გამოიძებნენ სკეპტიკოსებიც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ სამოქალაქო მშვიდობა და საყოველთაო შერიგება შეუძლებელია. ნაწილობრივ ეს სიფრთხილე უსაფუძვლო არ ყოფილა. გავიდა დრო და მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ტელევიზიის შენობას. ეს ავანტიურა, რა თქმა უნდა, ჩაიშალა ისევე, როგორც ჩაიშალა, მარცხით დასრულდა სამოქალაქო ომის წამქეზებელთა სისხლიანი ლაშქრობები. ამის მიუხედავად, თვით მანიფესტის იდეებმა, მისმა დებულებებმა იმოქმედეს, განსაკუთრებით ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში. მაგრამ, შენიშნა ედუარდ შევარდნაძემ, აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული ეროვნული და საერთო სახელმწიფოებრივი ზავი. საზოგადოების გათიშულობისა და დაპირისპირების კვალი იმდენად ღრმა იყო, რომ მისი დაძლევა დროს, მოთმინებას, სახელმწიფოს გაძლიერებას, ცხოვრების დემოკრატიული ნორმების დამკვიდრებას მოითხოვდა. ამ თვალსაზრისით, აღნიშნა პრეზიდენტმა, ჩვენ უმოკლეს ვადაში გადავდგით ისტორიული ნაბიჯები. მისი ღრმა რწმენით, მოვიდა დრო, კვლავ დადგეს დღის წესრიგში საბოლოო ეროვნული შერიგების, საზოგადოებაში აგრესიული ანტაგონიზმის დაძლევის პრობლემა. ლაპარაკიც კი ზედმეტია პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების ნიველირებაზე. პოლიტიკურ მოძრაობათა მრავალფეროვნება, პოლიტიკური პლურალიზმი არის დემოკრატიის არა მარტო ნიშანი, არამედ აუცილებელი პირობაც მისი განვითრებისათვის. მე, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, ვგულისხმობ მტრული ანტაგონიზმის დაძლევას და არსებულ წინააღმდეგობათა გადატანას პოლიტიკური პაექრობის, პოლიტიკური პლურალიზმის სფეროში. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დროა ბოლო მოვუღოთ საზოგადოების ეგრეთ წოდებულ „ზვიადისტებად“ და „შევარდნაძისტებად“ დაყოფის პროცესს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს შერიგებისა და ეროვნული თანხმობის, ნდობისა და ურთიერთგაგებისაკენ. იგი არის თანამშრომლობის მომხრე იმ პირობით, თუ ყველა დაიცავს კონსტიტუციას, მოუფრთხილდება დემოკრატიულ მონაპოვარს და, ამავე დროს, იშრომებს და იბრძოლებს საქართველოს კეთილდღეობისათვის. მე ხელს ვუწვდი ყველას, ვინც იზიარებს ამ პრინციპს. პრაქტიკულ ნაბიჯებსაც პირველი გადავდგამ თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა აფხაზეთის
კონფლიქტის მოწესრიგების ძირითადი პრინციპები
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის დაუყოვნებლივ განაახლოს ყველა დონის მოლაპარაკება, მათ შორის ორმხრივი ქართულ-აფხაზური დიალოგი. მან ჩამოაყალიბა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ძირითადი პრინციპები.
ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთს ექნება უფართოესი ავტონომია, როგორსაც კი თანამედროვე მსოფლიო სტანდარტები ითვალისწინებენ.
ლტოლვილთა დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ შემჭიდროებულ ვადებში, ამ უდიდესი აქციისათვის მატერიალური, ფინანსური ბაზის მომზადების კვალობაზე, ერთობლივი ღონისძიებებით, რეგიონში წესრიგის აღდგენის პარალელურად.
მივაღწიეთ მნიშვნელოვანი სახსრების გამოყოფას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნებისაგან აფხაზეთის ეკონომიკის, სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის. ასეთი წანამძღვრები უკვე არსებობს.
დავასრულებთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა-განვითრების სამუშაოებს, რის შემდეგაც აფხაზეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები, სტაბილურად იქნება მომარაგებული ელექტროენერგიით.
ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნების კვალობაზე, დაჩქარებული ტემპით წარიმართება რუსეთისა და ამიერკავკასიის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა და ავტომაგისტრალის აღდგენა, რაც მგზავრთა გადაყვანის და დიდი ტვირთზიდვას შეუწყობს ხელს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და პირიქით. აღსანიშნავია ამ მაგისტრალის აღდგენით რუსეთის, განსაკუთრებით, მისი სამხრეთი რეგიონების დაინტერესება. ეს დიდი შემოსავალს მოუტანს აფხაზეთს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, მრავალ სხვა ქვეყანას.
შეიძლება განვიხილოთ საკითხი იმ ადამიანთა მიმართ, საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციებში.
ვარიანტი, რომელიც ვლადისლავ არძინბამ თავის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში შემოგვთავაზა, იგი კი, როგორც ცნობილია, ითვალისწინებს რუსეთ-ჩეჩნეთის ხელშეკრულების მოდელის გამოყენებას, მიუღებელია. ჩეჩნეთისა და აფხაზეთის პრობლემები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლისათვის იბრძვის. აფხაზი ლიდერები კი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ცდილობენ, რაც თანამედროვე მსოფლიო წესრიგის პირობებში წარმოუდგენელია.
სამწუხაროდ, საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით, ლტოლვილთა დამოკიდებულება აფხაზეთში მყოფი სამშვიდობო ძალების მიმართ უკიდურესად უარყოფითია. თუ დარჩენილ დროში არ შესრულდება თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს გადაწყვეტილება, საკონტროლო ზონის გაფართოების და ამ ზონაში ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, სამშვიდობო ძალების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მათ გასვლას საომარი მოქმედების ფატალური განახლება უნდა მოჰყვეს. უფრო სწორია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება, აფხაზებს ომი არ სურთ, ეს მათთვის თვითმკვლელობაა. ომი არც ჩვენ გვინდა, გვეყო ამდენი მსხვერპლი და ნგრევა. გამოსავალი ერთია: დაიწყოს აქტიური შერიგების პროცესი ქართველებსა და აფხაზებს შორის.
სამშვიდობო ძალების გასვლისთანავე ან მანამდე, შესაძლებლად მიმაჩნია სამშვიდობო კონფერენციის მოწვევა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს და „საქართველოს მეგობარი“ ქვეყნების წარმომადგენლები, არ გამოვრიცხავ ასეთ კონფერენციაში თანამეგობრობის იმ ქვეყნების მონაწილეობას, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ. მეთვალყურეთა ხარისხით კონფერენციაზე შეიძლება მოვიწვიოთ ჩრდილო კავკასიის ხალხების იმ ლიდერების წარმომადგენლები, რომლებმაც 1992 წლის სექტემბერში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებთან, ვლადისლავ არძინბასთან ერთად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.
რუსეთის სამშვიდობო მისია ასეთი შეკრების ორგანიზაციის პირობებში არათუ შემცირდება, არამედ პირიქით - გაიზრდება კიდეც. რუსეთს შეუძლია იკისროს შეხვედრის მთავარი ორგანიზატორისა და, თუ გნებავთ, კონფერენციის მონაწილეთა მასპინძლის როლი. ორი ხალხის შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამავე დროს ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს არც ერთი თაობა, არავითარ პირობებში არ შეეგუება ქვეყნის გახლეჩას და ყოველგვარი ქმედება მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით საერთაშორისო ნორმის ფარგლებში მოთავსდება.
დადგა ქართულ-ოსური დიალოგის გააქტიურების დრო
რაც შეეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხს, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ტრაგედიის გენეზისი განსხვავდება აფხაზეთის კონფლიქტისაგან. სიმართლე განკურნების აუცილებელი პირობაა. რა თქმა უნდა, ორივე მხარემ გამოიჩინა სისასტიკე, დაუნდობლობა. ოსი მოსახლეობა დაზარალდა თბილისში, ბორჯომის ხეობაში, ქართლის ზოგიერთ რაიონში. მსურს სწორად გამოგოთ, ეს არის სამარცხვინო ლაქა ჩვენს სინდისზე. ამავე დროს, პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ვლადიკავკაზში, სადაც იმყოფება ლტოლვილთა ძირითადი მასები, ცხოვრობს რამდენიმე ათასი ქართველი, მოქმედებს ქართული სკოლა, არც ერთ ქართველს, თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნია. ესეც ფაქტია, ესეც სიმართლეა.
ამავე დროს, როგორც ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, არის გარკვეული წინსვლა კონფლიქტის მოწესრიგებაში. რუსეთის დიპლომატიამ, სამშვიდობო ძალებმა, აფხაზეთის კონფლიქტისაგან განსხვავებით, ბევრი რამ გააკეთეს სასიკეთო პროცესის დაწყებისათვის. ორ ძირითად დოკუმენტს ხელს აწერს პრეზიდენტი ბორის ელცინი, შედეგიანად გვეხმარება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. მრავალი სასარგებლო მოსაზრება გამოითქვა ვლადიკავკაზში ლუდვიგ ჩიბიროვთან შეხვედრის დროს, ბევრი კარგი სიტყვის თქმა შეიძლება აღსარბეკ გალაზოვზე, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მოსახლეობაში დაიწყო შერიგების პროცესი, დაიწყო ქართველთა და ოსთა სულიერი ნათესაობის საუკეთესო ტრადიციათა აღდგენა. ვფიქრობ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, მომწიფდა პირობები უფრო აქტიური დიალოგისა და მოქმედებისათვის. ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის ცხინვალში ჩასვლა, და ყველა მტკივნეული საკითხის ერთობლივი განხილვა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ლუდვიგ ჩიბიროვის ჩამოსვლას თბილისში. პრეზიდენტის აზრით, ასეთი რეგულარული კონტაქტები გააიოლებს დიალოგს და, საბოლოო ანგარიშით, ამ რეგიონის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
ედუარდ შევარდნაძე მიესალმება მშვიდობიანი
კავკასიისათვის გამიზნულ ყველა ინიციატივას
თავის მოხსენებაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მიაპყრო „მშვიდობიანი
კავკასიისათვის მოძრაობის მნიშვნელობას, მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი კავკასიის პრობლემები კომპლექსურად აისახა თბილისისა და კისლოვოდსკის დეკლარაციებში. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების მოსკოვის მიმდინარე წლის მარტის სამიტზე მან გამოთქვა ინიციატივა ოთხი სახელმწიფოს - რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ახალი შეხვედრის ორგანიზების შესახებ. რეაქცია დადებითი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ შეახსენა კოლეგებს, რომ მოხარული იქნება, თუ ეს შეხვედრა თბილისში გაიმართება. ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ კავკასიაში არსებულ პრობლემათა ამოწურვა შეუძლებელია მარტო უმაღლესი დონის შეხვედრებით. საქართველოში დაიწყო ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა კავკასიის ხალხების დაახლოებისა და დამეგობრებისათვის. პრეზიდენტთან მოქმედებს სპეციალური კომისია, რომლის მხედველობის არეშია კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური კავშირების განვითარების კონკრეტული საკითხები. აქტიურად მუშაობენ საპარლამენტო კომიტეტები, ცალკეული პარლამენტარები. მაგრამ, როგორც ედუარდ შევარდნაძე ფიქრობს, ეს მხოლოდ საქმის დასაწყისია. ამ პროცესში უნდა ჩაებან სამინისტროები და უწყებები, მეცნიერებათა აკადემია, უმაღლესი სასწავლებლები, რეგიონები.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია -
ვიცხოვროთ მეგობრულად ყველა ქვეყანასთან და ყველა ხალხთან
საქართველოს პრეზიდენტი შეეხო ევროპის ორგანიზაციებსა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, და აღნიშნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ქვეყნის ცალკეულ პოლიტიკოსთა შორის ასეთი პროცესის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - ან რუსეთი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ან ევროპა. ასეთია მათი რადიკალურად გამოკვეთილი პოზიცია.
უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი ადამიანი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულა ძველი მენტალიტეტის, უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პროცესების მიმართ იდეოლოგიზებული მიდგომისაგან. მტრის ხატი, რომელიც ტოტალიტარიზმის წლებში დასავლათთან იყო ასოცირებული, კვლავ მოქმედებს. საქართველო ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. ჩვენ გავერთიანდით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ხელი მოვაწერეთ რუსეთთან ფუნდამენტურ შეთანხმებათა მთელ პაკეტს, რაც, საბოლოო ანგარიშით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე მიგვანიშნებს. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თითქმის ყველა ქვეყანასთან შექმნილია ურთიერთობის მტკიცე სამართლებრივი ბაზა, მრავალ მათგანთან საქართველო განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობას აშენებს.
ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია ვიცხოვროთ მეგობრულად ყველა ქვეყანასთან და ყველა ხალხთან.
ჩვენ, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, მივესალმეთ, როცა რუსეთმა ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, გახდა ევროსაბჭოს წევრი, დაძლია ცნობილი წინააღმდეგობანი ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ რუსეთის ინტეგრირება ევროპულ და მსოფლიო სტრუქტურებში ის სასიკეთო მოვლენაა, რომელიც „ცივი ომის“ დასრულებამ მოიტანა. მაგრამ იბადება ასეთი კითხვა: რატომ უნდა აეკრძალოს საქართველოს იაროს იმავე გზით, რომლითაც რუსეთი და სხვა ქვეყნები მიდიან? რატომ არ უნდა ჩაეწეროს საქართველო იმ ერთიან ეკონომიკურ, სამართლებრივ, მსოფლმხედველობრივ სივრცეში, რომელიც გადაჭიმულია ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჩვენი და ჩვენი მეგობრების ინტერესებს შეესაბამება დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრირება ევროპასთან, ჩვენი ამოცანა ის არის, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ დავაჩქაროთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება ყველა სფეროში.
ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა საქართველოს
პრეტენზია შავი ზღვის ფლოტის წილზე
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფოსთან გქონდეს სტრატეგიული ურთიერთობა და, ამავე დროს, უგულებელყოფდე მის სამართლიან მოთხოვნებს. ასე მოხდა საქართველოდან სამხედრო ტექნიკის, თვითმფრინავების პარკის, საჰაერო თავდაცვის საშუალებათა გატანის დროს. ასე ხდება დღესაც, როცა საქართველოს არ თვლიან პარტნიორად შავი ზღვის ფლოტის გაყოფის პროცესში, თუნდაც ხომალდების დაბრუნების პერსპექტივით, რომელთა ბაზირების ადგილად ქალაქ ფოთის ნავსადგური იყო, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 მაისი. - №122 (2495). - 1,2 გვ.
![]() |
66 „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
მოხსენება საქართველოს პარლამენტის 1997 წლის
27 მაისის სხდომაზე
ბატონო პარლამენტარებო!
დღევანდელი გამოსვლა პირველი ცდაა იმისა, რომ განვახორციელოთ კონსტიტუციის მოთხოვნა - ყოველწლიურად ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტსა და მოსახლეობას წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ამჯერად პროცედურა გარკვეულად დაირღვა, საქმე ის არის, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეიქმნა სიძნელეები, რომელთა გამოც წლის დასაწყისში საჭირო გახდა პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა პარლამენტის წინაშე. ის მოხსენება, გარკვეულწილად, პოლიტიკური ანგარიშის მომენტებსაც შეიცავდა. ამის შემდეგ საჭირო იყო ინტერვალი. ამასთან, თავისთავად, პრობლემებთან იყო დაკავშირებული საჭირო მასალის თავმოყრა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
კონსტიტუციური მოთხოვნის შესაბამისად, დღეს ვაქვეყნებ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას - ხალხისა და პარლამენტისადმი ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ.
მოგეხსენებათ, კონსტიტუცია ამ ნაწილში საკმაოდ მკაცრ და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს როგორც პრეზიდენტს, ისე ხელისუფლების ყველა შტოს. ამ მოთხოვნათა სათანადო დონეზე შესრულება უაღრესად შრომატევად სამუშაოს, მიმდინარე პროცესთა ყოველმხრივ გამოწვლილივით ანალიზს საჭიროებს, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა ჩვენგან. თითოეულ დეპუტატს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ჰქონდეს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოებრივი ცხოველქმედების ყველა სფეროს, ყველა ასპექტის შესახებ.
როგორი უნდა იყოს მოხსენების, მიმართვის წარდგენის წესი მომავალში, რომ გაუგებრობანი ვადებთან დაკავშირებით არ განმეორდეს? მოხსენება მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ - წლის ბოლომდე, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. მოხსენება ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე.
ასეთი წესის დამკვიდრება ხელს შეუწყობს საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტთან და კონსტიტუციურ სასამართლოსთან მუშაობის პრაქტიკის სრულყოფას და ქვეყანაში ახალი დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
ხელისუფლების საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებაა კონსტიტუციური წყობილების შემდგომი განმტკიცება.
კონსტიტუცია ჩვენი სახელმწიფოებრიობის იურიდიული და პოლიტიკური საფუძველია, ხოლო იმ გარემოებამ, რომ ძირითადი კანონის მიღება მოხდა დემოკრატიული პროცედურის სრული დაცვის, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა ფართო დისკუსიის, განსხვავებული აზრის მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში, ამ ფუძემდებელ დოკუმენტს მიენიჭა ჭეშმარიტად „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების“, სოციალური ჰარმონიის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტის ფუნქცია.
კონსტიტუციის ანუ „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების“ დაცვა პრეზიდენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტის, მართლმსაჯულების, თითოეული მოქალაქის, მთელი საზოგადოების მოვალეობაა.
რა თქმა უნდა, მომდევნო წლები იქნება საქართველოს კონსტიტუციის შემდგომი სრულყოფის ეტაპი. მოგახსენებთ, ობიექტური მიზეზების გამო, კონსტიტუციაში არსებობს იურიდიული ხარვეზები - მისაღებია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავი „ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის“ შესახებ, აგრეთვე რამდენიმე ორგანული კანონი. ეს ხარვეზი უეჭველად უნდა შეივსოს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი დამატების შეტანა კონსტიტუციაში, ანუ ქვეყნის ძირითად კანონში ამჟამად არსებული ხარვეზის შევსება უნდა მოხდეს მხოლოდ ზემოხსენებული დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების პირობათა დაცვით, კონსტიტუციური წყობილების საფუძველთა რევიზიის გაუწევლად.
კონსტიტუციურ მოთხოვნათა სახელმწიფოებრივი განხორციელების თვალსაზრისით კი ჩვენი მიზანია დავამყაროთ კონსტიტუციური წესრიგი და კანონიერება სახელმწიფოში, უწინარესად, უზენაეს ხელისუფლებაში, რადგანაც მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც სამართლისა და კანონის უზენაესობას არ იცავს, სოციალურად საშიშია დემოკრატიის, ხალხისა და საზოგადოებისათვის.
1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციის ერთ-ერთი უდიდესი ღირსება ის არის, რომ მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივ-იურიდიული მექანიზმი.
პარლამენტისა და ხალხისადმი პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის მთავარი საზრისი ის არის, რომ დასაბამი მიეცეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების საერთო-სახალხო დემოკრატიულ კონტროლს, საერთო-სახალხო დისკუსიას ამ თემაზე.
კონსტიტუციურად დადგენილია, რომ ადამიანის ბუნებრივი უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც მოქმედი სამართლით, წინასწარ არის შეზღუდული საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება, თვით პარლამენტიც, საკონსტიტუციო სასამართლო, მუნიციპალური ხელისუფლება, ელექტროენერგიაც კი, რადგან დემოკრატია არ ნიშნავს ინდივიდის დათრგუნვას, ხოლო ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამიანის თავისუფლება იწყება.
პარლამენტმა, რომელიც ხალხის მანდატით იყო აღჭურვილი. მიიღო კონსტიტუცია. პრეზიდენტი, პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის სრულფასოვანი მოქმედების გარანტს წარმოადგენენ.
სასურველია, ყოველწლიურად გამოქვეყნდეს პრეზიდენტის, პარლამენტის და სასამართლო ხელისუფლების ერთობლივი დასკვნა, ანალიზი ქვეყანაში ყველა იერარქიულ დონეზე
კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შესახებ. ეს წინადადება შეიძლება მივიღოთ, შეიძლება - არა, მაგრამ, ვფიქრობ, იგი განხილვას იმსახურებს.
დღეს უკვე შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას: საქართველოს კონსტიტუცია ჯანსაღად შობილი ორგანიზმია, რომელიც ცოცხლობს და რეალურად მოქმედებს. მისი მეშვეობით შენდება საქართველოში სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზრო ეკონომიკა, გაიმართა დემოკრატიული არჩევნები, შეიქმნა პარლამენტი, საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა, ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლო.
როგორც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი, განსაკუთრებით აღვნიშნავ ამ პროცესში სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობასა და როლს.
წინამდენარე მოხსენებაში ჩამოყალიბებული ამოცანები გამომდინარეობს პრეზიდენტის პოლიტიკური პროგრამიდან, კონსტიტუციის დაცვის ინტერესებიდან და საპრეზიდენტო რესპუბლიკის, საპრეზიდენტო ხელისუფლების მოქმედების ერთგვარ პროგრამასაც შეადგენს, ამდენად, მათ არსებითი მნიშვნელობა აქვთ სტრატეგიული საპრეზიდენტო პროგრამის შესრულებისათვის.
* * *
1997 წელს საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საბიუჯეტო პოლიტიკის ოპტიმალურად განხორციელება და მაკროეკონომიკური, სტრუქტურული გარდაქმნების სამწლიანი პროგრამის ხორცშესხმა.
მიმდინარე წელი ამ სამწლიანი პროგრამის შესრულების მეორე წელია.
პარლამენტის მიერ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად დამტკიცებული, ამჟამად უკვე მოქმედი ბიუჯეტი სინთეზური პროდუქტია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებისა. იგი ცხარე საპარლამენტო დებატების შედეგად იქნა მიღებული. მისი ძირითადი პარამეტრები, მიჯნები თქვენთვის კარგად არის ცნობილი.
მიღწეულ ეკონომიკურ პროგრესს უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ეროვნული თვითშეგნებისა და თვითდამკვიდრების თვალსაზრისითაც. ბიუჯეტის ციფრები და პარამეტრები გვარწმუნებენ, რომ ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხალხს შესწევს უნარი გადაწყვიტოს ურთულესი პრობლემები, გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან და, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი ხელთ და ნიჭით შექმნას ახალი რეალობა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის საკითხები ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია შევჩერდე მიმდინარე ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების ზოგიერთ პარამეტრზე.
ბევრი რამ თქვენთვის ცნობილია, მაგრამ რადგან ჩვენს დებატებში მონაწილეობენ ტელემაყურებლები, რადიომსმენელები, შეიძლება მათთვის ზოგიერთი ციფრი ყურადღებას იმსახურებდეს. ამასთან ამ ციფრებსა და ტენდენციებს, რომელთა შესახებაც მოგახსენებთ, არ განვიხილავ როგორც თვითმიზანს. ეს არის იმედისმომცემი ციფრები და ტენდენციები, ხოლო იმედი დღეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება.
საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების 1996 წლისა და მიმდინარე წლის განვლილი თვეების ძირითადი შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი მთლიანობაში შეესაბამება საპრეზიდენტო ეკონომიკურ პროგრამას. კერძოდ, მოხერხდა ქვეყანაში დაწყებული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესის ყოველმხრივი განმტკიცება და ამის შედეგად კრიზისული პროცესების შემდგომი განვითარების შეჩერება, საერთო ეკონომიკური აღმავლობისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის თანდათანობითი გაუმჯობესების დაწყება.
ქვეყანაში თვისობრივად გაჯანსაღდა კრიმინოგენული სიტუაცია, რის შედეგადაც მეწარმეს, საერთოდ მოსახლეობას, შეექმნა სამეწარმეო საქმიანობის გარკვეული გარანტიები.
1996 წელი შემობრუნების წელი იყო სამეურნეო შედეგების მიხედვითაც, კერძოდ, ამ წელს ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი რეალური განზომილებით 11 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო 1997 წლის პირველ კვარტალში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი შარშანდელი შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9 პროცენტით აღემატება. ამასთან, 1996 წელს ნავარაუდევი იყო 29 პროცენტიანი წლიური ინფლაცია, მაშინ, როცა რეალურად ამ მაჩვენებელმა 13,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 1997 წლის პირველი კვარტალის საშუალო თვიური ინფლაციის დონე 1,2 პროცენტია, მაშინ, როცა ვვარაუდობდით 3-პროცენტიან დონეს.
1997 წლისათვის ნავარაუდევია მთლიანი შიდა პროდუქტის 10,2-14,1 პროცენტით ზრდა, ხოლო ინფლაციის წლიური ტემპი უნდა შევინარჩუნოთ 10-12 პროცენტის ფარგლებში; ეს არის ჩვენი ვარაუდო და მიზანი.
1996 წელს სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპმა 107,7 პროცენტი შეადგინა, წინა წლის 13,5 პროცენტით დაცემის ნაცვლად, ხოლო 1997 წლის პირველი კვარტალში ზრდის ტემპი 109 პროცენტია.
ამავე დროს, ჩვენი სამრეწველო პოტენციალი ამავე დროს ჩვენი სამრეწველო პოტენციალი კვლავ მნიშვნელოვანწილად არასრულად გამოიყენება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჯერჯერობით არსებული სამრეწველო პოტენციალის მხოლოდ 25 პროცენტს ვიყენებთ. ამ მხრივ რესურსები ძალიან დიდია.
აგრარულ სექტორში გასულ წელს გაუმჯობესდა თითქმის ყველა ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი, რაც, საბოლოო ჯამში სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 6 პროცენტიანი ზრდით გამოიხატა.
საკრედიტო რესურსების სიმწირის გამო კვლავ მეტად მწირია კაპიტალური მშენებლობის მასშტაბები. აქ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ინვესტიციების უფრო ინტენსიურად მოზიდვამ, რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენეთ.
1996 წლისა და მიმდინარე წლის პირველი კვარტალის შედეგებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ძვრებია მომსახურების სფეროს დარგებში, რომელიც მართლაც ერთ-ერთი წამყვანი სფერო გახდა ჩვენი მეურნეობისა და ეკონომიკასათვის. ამასთან, სასურველისაგან ჯერ ისევ შორსაა მომსახურების ხარისხი, დონე და კულტურა. ამ პრობლემის გადაჭრაზე ყველამ ერთად უბდა ვიფიქროთ.
უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დასაქმების სფეროში. კერძოდ, 1996 წელს ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაში დამატებით დასაქმდა 189 ათასი კაცი (ეს ციფრი, ალბათ, კიდევ დაზუსტებას მოითხოვს). 1997 წლის პირველი კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 25-30 ათასი კაცით გაიზარდა და 1,8 მილიონი კაცი შეადგინა. ამასთან, სტატისტიკური აღრიცხვის მოწესრიგების, პარამეტრების დაზუსტების შედეგად, სავარაუდოა ამ მაჩვენებლის ზრდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უმუშევრად ძნელია ჩავთვალოთ თვითდასაქმებული მოსახლეობა, განსაკუთრებით მიწის ნაკვეთის მფლობელი მოსახლეობა. ამ უკანასკნელთა კატეგორიებს უნდა მიეკუთვნოს სტატისტიკის თანახმად დაუსაქმებელი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, მიწის მფლობელი გახდა მილიონზე მეტი ოჯახი.
მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში. კერძო საკუთრევაში გადაეცა 9600-მდე მცირე პრივატიზაციის ობიექტი, დაფუძნებულია 1050-მდე სააქციო საზოგადოება. სახელმწიფომ ვაუჩერის საშუალებით მოსახლეობას გადასცა 154 მილიონი დოლარი ღირებულების სახელმწიფო ქონება. ამ გზით დაახლოებით 500 ათასი კაცი გახდა მესაკუთრე.
საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე ქვეყანაში ფაქტობრივად მიღწეული იქნა ეკონომიკური და ფინანსური სტაბილიზაციის დასახული დონე. არსებითია ის გარემოება, რომ 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 2,3-ჯერ გაიზარდა. მინდა დავაზუსტო, რომ შეიძლება აბსოლუტურ მოცულობაში ეს ძალიან დიდი თანხა და სახსრები არ არის, მაგრამ თავისთავად, ეს არის ეკონომიკის ზრდის უპრეცენდენტო ტემპი.
1997 წელს გათვალისწინებულია საგადასახადო შემოსავლების თითქმის 2-ჯერ გადიდება. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 1995 წლის 3,6 პროცენტიდან 1996 წელს - 5,4 პროცენტამდე გაიზარდა. 1995 წლისათვის დაგეგმილია 8,8 პროცენტი, ხოლო 1998 წლისათვის ნავარაუდევია 9,3 პროცენტი.
დღეისათვის არსებული ვითარების გაანალიზებით პრაქტიკულად წარმატებით შესრულდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების პირველი ეტაპის ამოცანები. მაგრამ რეფორმებმა ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა საკმარისი ადეკვატური ასახვა მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე, მათი ცხოვრების დონეზე. ჯერ კიდევ მწვავეა სოციალური პრობლემები. ამჟამად დღის წესრიგში დგება ეკონომიკური რეფორმების გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა.
ამ ეტაპზე რეფორმების ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს: ყველა დონის ბიუჯეტისათვის ინვესტიციური და ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ხასიათის მინიჭება, სახელმწიფო ინვესტიციების მარეგულირებელი როლის ამაღლება საქართველოში მეწარმეობის განვითარებისა და სამეურნეო კომპლექსის სტრუქტურული სრულყოფის მიმართულებით; მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული ქონებრივი დიფერენციაციის შემცირება და თითოეული ოჯახის საბაზრო ფასების არსებული დონის შესაბამისი მსყიდველუნარიანობის უზრუნველყოფა; პრივატიზებული საწარმოების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება; მონოპოლიური დარგების რესტრუქტურიზაცია - კერძოდ, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროები, კომუნალურ მეურნეობაში, და მათში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება; მსხვილი სახელმწიფო საწარმოების, მათ შორის ენერგეტიკული, მეტალურგიული კომპლექსების რესტრუქტურიზაცია, რომელიც უნდა გახდეს წარმოების სფეროს დაჩქარებული განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების წანამძღვარი; საჭიროა გაკოტრების შესახებ კანონის და სხვა კანონების სრულფასოვანი ამოქმედება, სასამართლო რეფორმების განხორციელება, ახალი კანონების მიღება. ყველა ეს ღონისძიება, საბოლოო ანგარიშით უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გადიდებასა და მათი ცხოვრების დონის რეალურ ამაღლებას.
ცნობისათვის: დღეს საშუალო ხელფასი 40 ლარია (საკმაოდ დიდი წილი ამ თანხისა მოდის სამართალდამცავ ორგანოებზე), კერძო სექტორში 100 ლარზე მეტი (ჩემი ვარაუდით - ცოტა უფრო მეტის უნდა იყოს. ამას დაზუსტება სჭირდება.
საშუალო პენსიები ომის მონაწილეთათვის, თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად 60 ლარს შეადგენს, ხოლო შრომის პენსია 12 ლარია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირეა.
ორიოდე სიტყვა საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მიმართულებების პროექტზე.
1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მიმართულებების პროგნოზი გამომდინარეობს ქვეყნის საფინანსო და ზოგადეკონომიკური პოტენციალის რეალისტური შეფასებიდან და ამასთან, მაქსიმალურად ასახავს მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე მდგარ ამოცანებს. ვფიქრობ, მომავალი წლის ჩვენი ბიუჯეტის და მთელი ეკონომიკის განვითარების პარამეტრები საკმაოდ საინტერესოა. კერძოდ, ვეცდებით, ინფლაციის წლიური დონე 10 პროცენტს არ აღემატებოდეს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა მომავალი წლის საქართველოს ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები.
ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს კრებსითი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლებისა და გრანტების მისაღები საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 1047,3 მლნ. ლარს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 13,1%25-ს. აღნიშნული თანხა 28%25-ით აღემატება წლევანდელ დამტკიცებულ დონეს.
თქვენი ყურადღება განსაკუთრებით მინდა მივაპყრო იმას, რომ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლების მოცულობა განისაზღვრება 234,9 მლნ. ლარით, რაც წლევანდელ დაგეგმილ დონესთან შედარებით 35 პროცენტით მეტია.
1996 წლის ბიუჯეტების შესრულების პროცესში წამოჭრილმა პრობლემებმა, ასევე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის დონის ობიექტურმა შეფასებამ უფრო რეალისტური ხასიათი მიანიჭა საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში გამოყენებულ კრიტერიუმებს, დაადასტურა არსებული შესაძლებლობების უფრო ზუსტი შეფასების აუცილებლობა. ეს გარკვეულ ტენდენციას ასახავს.
მე ასეც ვთქვი მთავრობის სხდომაზე, რომ მიმდინარე წელი, ისე როგორც მომავალი, უნდა იყოს ტერიტორიული, ადგილობრივი ბიუჯეტების სრულყოფის, მათთვის სათანადო სტიმულების შექმნის წელი.
საგულისხმოა, რომ საკუთარი შემოსავლები ბიუჯეტში თანდათანობით იზრდება. ჩვენ 1996 წელს დავიწყეთ 65 პროცენტით, 1997-ში გავდივართ თითქმის 75%25-მდე და ვვარაუდობთ, რომ გაისად საკუთარი შემოსავლები შეადგენს 85%25-ს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1998 წელი გაცილებით უკეთესი მაჩვენებლებით დამთავრდება.
აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, მიუხედავად გარკვეული სიძნელეებისა და იმისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების შემუშავებას ძალზე ფრთხილად, წინდახედულად მივუდექით, მაინც ვახერხებთ სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსების გაზრდას 48-49%25-ით. მხედველობაში მაქვს ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, მასობრივი იმფორმაციის საშუალებები, სპორტი და ა.შ. ამ მიზნით გათვალისწინებულია 155 მლნ. ლარი.
თავდაცვის ღონისძიებებზე, მიუხედავად გარკვეული შეზღუდულობისა, დაიხარჯება 84,8 მლნ. ლარი (მთლიანი ხარჯების 8,5%25), ანუ 1997 წლის დაგეგმილ მაჩვენებელზე 10%25-ით მეტი.
ამასთან, საჭიროა შემდგომი მუშაობა ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე, შესაბამისი მექანიზმების მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვის მიმართულებით. ეს ეხება ცენტრალურსა და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის შემოსავალთა განაწილების ოპტიმიზაციას, უკეთესი ინვესტიციური გარემოს შექმნასთან დაკავშირებული ბერკეტების გაძლიერებას, ახალ საბიუჯეტო რეზერვებისა და რესურსების გამონახვას, - განსაკუთრებით ჩრდილოვანი ეკონომიკის საფინანსო კონტროლისადმი დაქვემდებარების ხარჯზე, სახელმწიფოს მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების ეტაპობრივი დაფარვის მექანიზმის შემუშავებას, საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფასა და მრავალ სხვა საკთხებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება შესაბამისი საპარლამენტო სტრუქტურების აქტიური მონაწილეობით.
უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით მოისმენთ ბატონ მიხეილ ჭკუასელის გამოსვლაში, რომელიც, ალბათ, უახლოეს მომავალში შედგება.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 5 თვის შედეგებს, მიუხედავად ცნობილი სიძნელეებისა, რომლებითაც წლის დასაწყისში ხასიათდებოდა ქვეყნის სახალხო მეურნეობა და ეკონომიკა, მდგომარეობა უმჯობესდება. ხუთი თვის, განსაკუთრებით, ნახევარი წლის შედეგები, ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლის ნაწილების შესრულების თვალსაზრისით, მთავრობის ვარაუდით, ნორმალური უნდა იყოს. შეიძლება გვქონდეს გარკვეული გადახრები, მაგრამ პრინციპულად საკონტროლო დავალებები, რომლებიც დაამტკიცა პარლამენტმა, პროგნოზების თანახმად, უნდა შესრულდეს. ჩვენ შევეცდებით, რომ ამოცანა რეალურად გადავწყვიტოთ.
* * *
1997 წელს და მომდევნო წლებშისაქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა. დღეს ერთ-ერთ პირველ საკითხად თქვენთან ერთად სწორედ ეს საკითხი მინდა განვიხილო.
ამ სოციალური სენისა და უმძიმესი სახელმწიფოებრივი მანკისაგან თუ არ განვიკურნეთ, ზედმეტია ლაპარაკი საქართველოში დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და მოქალაქეთა ჰუმანიტარული თუ სოციალური უფლებების დაცვაზე.
კორუფცია აუძლურებს და ალპობს სახელმწიფოებრივ მექანიზმს, არყევს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების, სახელმწიფოებრივი მართლშეგნების საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობასა და უშიშროებას.
ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც გვეკისრება ერისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენ დაუნდობელი უნდა ვიყოთ და ვიქნებით კიდეც ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კორუფცია უმძიმესი სახელმწიფოებრივი მანკია.
მიუხედავა სიძნელეებისა, რომლებსაც წავაწყდებით მომავალშიც, გაწმენდის პროცესი დაწყებულია. ოღონდ ყველას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას ხელისუფლება შეიძლება მხოლოდ უტყუარ ფაქტებს დაეყრდნოს და არა მოარულ ხმებს და ჭორებს.
ამ პირობებში განსაკუთრებით იზრდება იმ სტრუქტურათა პასუხისმგებლობა, რომლებმაც კანონის საფუძველზე უშუალოდ უნდა განახორციელონ ხალხისა და ხელისუფლების ნება, გაწმინდონ ყველა სახელმწიფოებრივი რგოლი კრიმინალური ელემენტებისაგან. ვგულისხმობ, უწინარესად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას, სხვა სამართალდამცავ ორგანოებს. საზოგადოება უპირველესად სწორედ მათგან ელის კონკრეტულ ძალისხმევასა და შედეგს. რა თქმა უნდა, მათ უნდა დაიწყონ საკუთარი თავით, საკუთარი სისტემებით, საკუთარი სამინისტროებით და, ვფიქრობ, ისინი ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებენ.
დიდი როლი შეასრულა პარლამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ანტიკორუფციულმა კომისიამ, სამწუხაროდ, ამ კომისიის ყველა დასკვნა ჯერჯერობით სათანადოდ არ იქნა გაზიარებული და გააზრებული სხვადასხვა უწყების მიერ.
რა მაღალი რანგის და სტატუსის სახელმწიფო მოხელეც უნდა იყოს, - თუ ის მხილებული იქნება კორუფციაში, უნდა გასამართლდეს თანამდებობის მიუხედავად. აქ გამონაკლისი არ შეიძლება არსებობდეს. კორუფციის მასაზრდოებელი წყაროა ჩრდილოვანი ეკონომიკა, აღურიცხავი, დამალული შემოსავლები; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად დამალული შემოსავალი არ არსებობს; შემოსავლის დაფარვის ფაქტების 90 პროცენტი ქრთამთან და გამოძალვასთან არის დაკავშირებული.
აღურიცხავი, დამალული საგადასახადო თუ საბაჟო შემოსავლების მოცულობა ბიუჯეტთან მიმართებაში, ჩემი გამოანგარიშებით 20%25-ზე მეტია. ზოგიერთები კიდევ უფრო დიდ ციფრსაც ასახელებენ. თანხების ეს მასა კორუმპირებულთა ჯიბეებში ილექება. საქმე მარტო უდიდესი ეკონომიკური ზარალი როდია. უბედურება ის არის, რომ გრძელდება და ღრმავდება საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის გახრწნა და გადაგვარება. გაბედულად უნდა ითქვას ამის შესახებ.
აქედან გამომდინარე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განვიხილოთ როგორც, ერთი მხრივ, საზოგადოებაში, სახელმწიფოში ჯანსაღი მორალური და ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნის, და, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების, ბიუჯეტის დამატებითი მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ოჯახის და ყველა მოქალაქის ინტერესებს შეესაბამება, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტი დემოკრატია მაღალი ზნეობისა და მორალის გარეშე, ისევე, როგორც არ არსებობს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა ძლიერი ბიუჯეტის, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გარეშე.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოების კორუმპირებულ ნაწილთან ბრძოლა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე შეიარაღებული ბანდიტების, პროფესიონალი მკვლელებისა და ტერორისტების იზოლირება. როგორც ზემოთ ითქვა, ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ და ჩავაბარეთ წარმატებითაც.
გაიხსენეთ, როგორ შეზანზარდა საქართველო, როცა კახეთის საზოგადოებამ, თელავის თეატრში შეკრებილმა, მთელი საქართველოსთვის შემოჰკრა ზარი. როცა შენობაში კრება მიმდინარეობდა, ათასობით ადამიანი თოხებთ, ფიწლებით ხელში ქუჩაში გამოვიდა და შეიარაღებული ბანდიტებისაგან განთავისუფლება მოითხოვა: ან თქვენ, მთავრობა გააკეთებთ ამას, ან ჩვენ, ხალხი გავუსწორდებით მათ, ვინც ჩვენს ოჯახებს აწიოკებს, ოფლით მონაპოვარ ლუკმა-პურს გვართმევს, მშვიდობიანი ცხოვრებისა და შრომის საშუალებას არ გვაძლევსო.
ასე იყო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში და სხვა რეგიონებში.
შვებით ამოისუნთქა სამეგრელომ, რომლის მოსახლეობის მიმართაც სხვადასხვა ჯურის პოლიტიკანებმა და პოლიტიკაში ფეხმოკიდებულმა ქურდ-ბანდიტებმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს.
კორუმპირებული ადამიანები საშიშნი არიან იმითაც, რომ მათ ჩვენს შორის, სამთავრობო თუ საპარლამენტო კაბინეტებში მოიკალათეს, ზოგმა ხალხის ნდობაც მოიხვეჭა, კეთილი და გაჭირვებულთა დამხმარე ადამიანის სახელიც დაიმკვიდრა. ამიტომ იოლი არ არის მათი მხილება.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. როგორც ჩანს, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა რწმენა, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა დავუმტკიცოთ ხალხს, ჩვენს თანამემამულეთ: უიმედობა გამართლებული არ არის, ხელისუფლებას შესწევს ძალა და უნარი ბოლო მოუღოს კრიმინალთა თარეშს არა მარტო ქუჩებში, არამედ სახელისუფლებო კაბინეტებშიც.
ოღონდ ამ პრობლემას კიდევ ერთი წახნაგი აქვს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გადაიზარდოს მასობრივ რეპრესიებად, სახელმწიფოს „პოლიციურ ყაიდაზე“ მოწყობად, ადამიანის უფლებების დარღვევად, კანონიერებისათვის ბრძოლა - კანონიერი გზებით და საშუალებებით! - ასეთი უნდა იყოს ჩვენი პრინციპი.
* * *
1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ელემენტარული პირობები, საქართველოში დაიწყო რადიკალური რეფორმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სფეროებში.
თუ გადაჭარბებული არ არის ამის თქმა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ ამის ავტორი), რეფორმათა ერთობლიობას უკვე ეწოდა „ქართული რეფორმაცია“, რომლის მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის ახალი საფუძვლის შექმნა, თვისობრივად ახალი, პროგრესული სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება.
1997 წელს რეფორმათა პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება ეკონომიკის, სახელმწიფოებრივი მშენებლობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით. ეს არ არის აბსტრაქტული პროცესი, რეფორმათა გაღრმავება სავსებით კონკრეტულ, სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანისათვის. ქართული რეფორმაციის მიზანია ადამიანის კეთილდღეობა, ინდივიდის პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოვლენისათვის საჭირო პირობებისა და ხელშემწყობი გარემოს შექმნა.
* * *
ჩვენი საქმიანობის ბევრი ნაკლი და ხარვეზი „თეორიული დეფიციტის“ შედეგია. ეს ეხება ხელისუფლების ყველა შტოს და იერარქიულ დონეს.
ცხოვრებაში შემოდის ახალი ტიპის ბიუროკრატი, რომელიც ცდილობს თავისი სუბიექტური მენტალიტეტით, უთეორიო „ვიწრო პრაქტიციზმით“, „ვიწრო პრაგმატიზმით“ შეცვალოს მეცნიერება, თეორია, მეთოდოლოგია, ეროვნული და მსოფლიო გამოცდილება. ეს სოციალურად საშიში მოვლენაა. დიდი ილიასი არ იყოს: არც მხოლოდ წიგნებიდან გამოხედვა ვარგა, მაგრამ უწიგნურობა მთლიანად დამღუპველია.
ხელისუფლების მიერ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა პრაქტიკული პროგრამის სწორ გააზრებაზე დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს ბედი ამ საუკუნის ბოლოს და შემდეგ საუკუნეში.
პოლიტიკის მეცნიერული საფუძვლების გაძლიერების პრობლემა დღეს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ხელისუფლებისათვის.
ქვეყანა, როგორც იტყვიან, მოსულიერდა, სახელმწიფო შეიქმნა, კონსტიტუცია მივიღეთ, დავიწყეთ ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ბუნებრივია, ყველას გვსურს დავინახოთ მომავალი კონტურები, შევიცნოთ, როგორი იქნება XXI საუკუნის საქართველო, როგორ გვესმის ეროვნული ცნობიერება თანამედროვე ეპოქაში და როგორ გავამთლიანოთ, ავაღორძინოთ იგი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი უძველესი ერის წვლილი მომავლის ცივილიზაციაში.
ვუერთგულოთ აზროვნების საკუთარი სკოლის მონაპოვართა შერწყმას საკაცობრიოსთან თუ გადავეშვათ პრაგმატიზმის ტალღებში და უარი ვთქვათ ჩვენს სულიერებაზე, უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ათასწლეულობით რომ ყალიბდებოდა, როგორც საკუთარ, აზიურ თუ ევროპულ კულტურათა გასაოცარი სინთეზი?!
არის თუ არა საჭირო ეროვნული, სახელმწიფო იდეოლოგია, დღეს ეს ერთ-ერთი სადისკუსიო თემაა ჩვენი საზოგადოებისათვის. მიუხედავად უამრავი სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური პრობლემების არსებობისა, გასული წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ, მთავრობამ დაიწყო კონკრეტული მუშაობა ახალი საქართველოს იდეური და სულიერი საყრდენების განსამტკიცებლად. ერთი მხრივ, ვცდილობდით ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაგვედგა რეალური ნაბიჯები კულტურის, მეცნიერების გადასარჩენად. რამეთუ ყოველი ერის, ყოველი ქვეყნის არსებობის უზენაესი დანიშნულება კულტურის შექმნაა, კულტურის შემოქმედებაა და, მეორე მხრივ, დავიწყეთ მუშაობა ეროვნული მსოფლმხედველობის, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად. ახალი ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ეყრდნობა, უდავოდ, უნდა გააჩნდეს მკაფიო ორიენტირები თავისი რაობის, თავისუფალ ხალხთა და ქვეყანათა მსოფლიო თანამეგობრობაში თავისი ადგილის, განვითარების გეზისა და მიმართულებათა თაობაზე როგორც მიმდინარე ეტაპისათვის, ასევე ხილული და შორეული ისტორიული პერსპექტივისათვის. ასეთი ეროვნული მსოფლმხედველობა, ასეთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია უნდა დაერფუძნოს ჩვენი ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალურობას, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს კონსტიტუციას. ასეთი მსოფლმხედველობა უნდა ეყრდნობოდეს და ითვალისწინებდეს საქართველოს მოსახლეობის მრავალეროვნულობას, სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურებებს, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალურმა ჯგუფმა, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, უკვე დაიწყო მუშაობა აღნიშნულ პრობლემებზე. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, იურისტები, მწერლები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. არიან დეპუტატებიც. მე ვთხოვ ყველა თქვენგანს, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში.
ჯგუფის წევრები ყურადღებით ადევნებენ თვალს ეროვნული მსოფლმხედველობის და იდეალების თაობაზე მასმედიის ფურცლებზე მიმდინარე დისკუსიას და ბევრი მათგანი თავადვე მონაწილეობს აღნიშნულ დისკუსიაში.
ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: ჩვენი მიზანი არ არის რაიმე ფორმით იდეოლოგიზებული და დოგმატური დოქტრინის შექმნა და მისი თავს მოხვევა საზოგადოებისათვის, იდეოლოგიზებული სახელმწიფოების დრო წარსულს ჩაბარდა. რა გინდ კეთილშობილი ზრახვებით უნდა იყოს ნაკარნახევი, ძალადობა საზოგადოებაზე ან მის ნაწილზე, აზროვნებისა და შემოქმედების, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროში უკუეფექტს და ყოველთვის სასურველის საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.
ჩვენ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი.
ქართული ეროვნული სახელმწიფო შენდება ადამიანისათვის, მოქალაქისათვის, მისი მისწრაფების ხორცშესხმის ხელშეწყობისათვის და არა - პირიქით.
დემოკრატიულ საქართველოში ადამიანი არასდროს იქნება მიზნის მიღწევის საშუალება. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ მთელი პირდაპირობით და სერიოზულობით, რომ საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტპატიმრები, არ იქნება დევნა შეხედულებებისათვის, ადგილი არ ექნება რელიგიურ შეუწყნარებლობას.
ჩვენ ვერ გავუწევთ ვერანაირ შეღავათს ფუნდამენტალისტურ ცნობიერებას, პირიქით, ქართველური ჰუმანიზმი უნდა გახდეს დოგმატიზმისა და ყოველგვარ ფუნდამენტალიზმზე აღმატებულობის მთავარი არგუმენტი.
სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ვაშენებთ, უნდა გახდეს კეთილგანწყობილებისა და ძმური კონტაქტების გაღრმავებუს საწინდარი ჩვენი მეგობრებისა და მეზობლებისათვის, ხოლო მისი პრინციპები, კონსტიტუციაზე დაფუძნებული და კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგენდეს საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხების, ეროვნული უმცირესობებისათვის საკუთარი პიროვნული და ეროვნული ღირსების, საკუთარი პიროვნული და ეროვნული იდეალებისა და მიზნების რეალიზაციის აბსოლუტური გარანტიის საფუძველს.
მე მჯერა, რომ ჩვენ შევუქმნით ყველას საუკეთესო პირობას თავიანთი პიროვნული და ეროვნული მისწრაფებების რეალიზაციისათვის. ის ეროვნული მსოფლმხედველობა, გნებავთ, ეროვნული მსოფლგაგება, ეროვნული ფილოსოფია, რომელიც უდავოდ უნდა ჩამოყალიბდეს (ძირითადი კონტურები მაქვს მხედველობაში) და რომლის შექმნაშიც ყველა ჩვენგანმა, ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით, ახალგაზრდობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მძლავრი საყრდენი გახდება.
საქართველოს, ქართველი ერის, ქართული ცივილიზაციის ისტორია, ქართული ეზოთერული ცოდნა, ქართული მითოსი, ქართული მართლმადიდებელი ქრისტიანობის ისტორია, სახელმწიფოებრიობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის გამოცდილება, რუსთაველის ფილოსოფია, ილიას მოძღვრება, ხალხის, რიგითი მოქალაქეების გმირული ცხოვრება და მოწამეობა, ქართველი მოაზროვნეების მემკვიდრეობა, საქართველოს დიდთა მეფეთა, ქართველი პოლიტიკოსების თავდადებული მოღვაწეობა - ის ამოუწურავი და უკიდეგანო უშრეტი საგანძურია, რომლის ჩამოქნაც ეროვნულ სახელმწიფოებრივ მსოფლმხედველობად სავსებით შეგვიძლია და წლების განმავლობაში მას უნდა მივაღწიოთ.
ამასთან დაკავშირებით - ერთი კონკრეტული წინადადება.
უნდა შევისწავლოთ სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსების შესაძლებლობაც, რომელიც სახელმწიფო დაკვეთით შეიმუშავებს და მეცნიერულად გადაწყვეტს სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის ფორმირების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. აუცილებელია ამ მიმართულებით საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის გააქტიურებაც.
* * *
ზოგადი სახელმწიფოებრივი კონცეფცია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული კონცეპტუალური ნაწილისაგან უნდა შედგებოდეს. ამდენად, აუცილებელია სრულვყოთ საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირების მოქმედი პროგრამები და ეს პროცესი, პრაქტიკულად, უკვე მიმდინარეობს.
მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პრეზიდენტს, ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, არ მაკმაყოფილებს აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის დონე. იქმნება და გამოიცემა ბევრი დოკუმენტი, გამოდის კანონები, ბრძანებულებები, კანონქვემდებარე აქტები, შედეგი კი ხშირად მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. უფრო ღრმად უნდა გავაანალიზოთ დადებითი და უარყოფითი ტენდენციები ხელისუფლების საქმიანობაში, რათა ნაკლები შეცდომა დავუშვათ და განვამტკიცოთ საზოგადოების თვალში ხელისუფლების ავტორიტეტი. ხელისუფლების ავტორიტეტი სახელმწიფოებრივი ფორმირების აუცილებელი კომპონენტია.
პარლამენტმა მიიღო კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების“ შესახებ. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც დააჩქარებს აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფას, მისი ქმედუნარიანობის გაზრდას.
ამ მიმართულებით ნაყოფიერად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან ერთად.
ჩვენ არ გვეშინია საკუთარი საქმიანობის კრიტიკული შეფასებისა. არ გვეშინია, რომ ხელისუფლების საქმიანობის თვითკრიტიკულ ანალიზს „ხელზე დაიხვევენ“ პოლიტიკური ოპონენტები (ეს ჩვეულებრივი მოვლენაა) და თავიანთ არგუმენტაციას გააძლიერებენ.
ხელისუფლება გულწრფელი უნდა იყოს ხალხთან, ამომრჩეველთან. ხალხი კი ბრძენია და არ შეცდება.
* * *
ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანობას პარლამენტთან კონსტიტუციის საფუძველზე.
აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, ესე იგი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის, კარგად ვითარდება. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, წინააღმდეგობისა, სადავო საკითხებისა, საკითხების ჩავარდნისა და ა.შ. ჩვენში იზრდება და ყალიბდება ის კულტურა, რომელსაც ჰქვია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე.
რა თქმა უნდა, პარლამენტის უმთავრესი საზრუნავია კანონშემოქმედებითი პროცესის სრულყოფა, კონსტიტუციასთან კანონების შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის გაუმჯობესება. საჭიროა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს რეალურად არსებული იურიდიული ბაზის შემდგომი სრულყოფა. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კანონები ერთხელ და სამუდამოდ მიღებული და სრულყოფილი ფენომენია. ჩვენ უკვე გვიხდება მიღებულ კანონებში კორექტივების შეტანა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
მე უკვე ვთქვი, რომ საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა ჩამოყალიბდა პარლამენტსა და პრეზიდენტის ხელისუფლებას შორის. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ საერთო ეროვნული კონსენსუსის მიღწევა ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი საზოგადოებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
რაკი პოლიტიკური კონსენსუსის, კონსტრუქციული თანამშრომლობის კეთილისმყოფელ ატმოსფეროს შევეხე, ერთი უაღრესად მწვავე და დელიკატური პრობლემის შესახებაც მინდა ვილაპარაკო, მინდა გავიხსენო მანიფესტი, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე გამოვაქვეყნე, როცა ქვეყანას სამოქალაქო ომის შავი ღრუბელი ჩამოაწვა. მე მას შერიგების მანიფესტი დავარქვი (ეს დოკუმენტი იმდენად საინტერესოდ მიმაჩნია, რომ ახლაც რომ გამოაქვეყნოს იგი რომელიმე ჩვენმა გაზეთმა, ალბათ, ზედმეტი არ იქნება).
მაშინ ეს მანიფესტი საზოგადოებამ გარკვეული იმედით მიიღო. იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სამოქალაქო მშვიდობა და საყოველთაო შერიგება შეუძლებელია, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს მოგვიტანსო. ნაწილობრივ ეს სიფრთხილე საფუძცელს მოკლებული არ იყო. ყველას გახსოვთ, რამდენიმე ხნის შემდეგ, დედაქალაქზე, კერძოდ, ტელევიზიაზე შეიარაღებული ანტისამთავრობო ძალების მიერ ორგანიზებული შეტევა.
ავანტიურა, რა თქმა უნდა, ჩაიშალა, ისევე, როგორც ჩაიშალა, მარცხით დამთავრდა სამოქალაქო ომის ინსპირატორთა სისხლიანი ლაშქრობები.
მიუხედავად ამისა, თვით მანიფესტის იდეებმა, მისმა დებულებებმა იმოქმედეს, განსაკუთრებით ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ათეულ ათასობით ადამიანმა, რომლებიც მერყეობდნენ და უჭირდათ გარკვევა, საით, რომელ მხარეს უნდა გადახრილიყვნენ და ბარიკადების რომელ მხარეს უნდა დამდგარიყვნენ, დაიკავა თავისი პოზიცია და ეს, შეიძლება ითქვას ისტორიული შემობრუნება იყო.
მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ეროვნული და საერთო სახელმწიფოებრივი ზავი ჯერ კიდევ გარანტირებული არ არის. საზოგადოების გათიშულობის და დაპირისპირების კვალი იმდენად ღრმა იყო და არის, რომ მისი დაძლევა დროს, მოთმინებას, სახელმწიფოს გაძლიერებას, ცხოვრების დემოკრატიული ნორმების დამკვიდრებას მოითხოვდა. ამ მხრივ ჩვენ საოცრად მოკლე დროში, ნამდვილად ისტორიული ნაბიჯები გადავდგით.
მიუხედავად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა, ჩემი ღრმა რწმენით, მოვიდა დრო, როცა კვლავ უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში საბოლოო ეროვნული შერიგების, საზოგადოებაში აგრესიული ანტაგონიზმის დაძლევის პრობლემა.
ლაპარაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკურ შეხედულებათა და ინტერესთა ნიველირებაზე.
პოლიტიკურ მოძრაობათა მრავალფეროვნება, პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიის არა მარტო ნიშანი, არამედ მისი განვითარების აუცილებელი პირობაა.
მხედველობაში მაქვს მტრული, შეურიგებელი ანტაგონიზმის დაძლევა და არსებულ წინააღმდეგობათა პოლიტიკური პაექრობის, პოლიტიკური პლურალიზმის სფეროში გადატანა.
ხომ არ დადგა დრო, დავამთავროთ საზოგადოების გათიშვის პროცესი, როგორც ახლა ჩვენშია მიღებული „ზვიადისტებად“, „შევარდნაძისტებად“ და ა.შ. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის, ერთი ხალხის შვილები ვართ; ჩვენ ხომ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც არა მარტო უფლებებს გვაძლევს, არამედ ქვეყნის სამსახურსაც გვავალდებულებს.
ვერ დავიჯერებ, რომ ეგრეთ წოდებული „ზვიადისტების“ უმრავლესობას საქართველოს მტრობა ჰქონდეს ჩაფიქრებული. დავა და შეურიგებელობა იმ გზებზეა, რომლებითაც უნდა მივიდეთ ბედნიერ საქართველომდე.
მე ვსვამ კითხვას: ბევრი რამ, რაც გუშინ დაპირისპირებულობის თვალსაზრისით რეალობას წარმოადგენდა, ხომ არ იქცა ანაქრონიზმად?
ვაცხადებ, ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს შერიგებისა და ეროვნული თანხმობისაკენ, ნდობისა და ურთიერთგაგებისაკენ. მოდით, ვითანამშრომლოთ, მათ შორის, ვითანამშრომლოთ ხელისუფლების სტრუქტურებშიც, მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველანი დავიცავთ კონსტიტუციას, გავუფრთხილდებით დემოკრატიულ მონაპოვართ, ერთად ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ საქართველოს საკეთილდღეოდ. მე ყველას ხელს ვუწვდი, ვინც ამ პრინციპს გაიზიარებს. პრაქტიკულ ნაბიჯებსაც პირველი გადავდგამ.
* * *
1997 წლის საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების სასამართლო ხელისუფლებასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობათა სრულყოფა, შეიძლება ითქვას ამ ურთიერთობათა სისტემის შექმნა.
სასამართლო ხელისუფლების დაფუძნებამ, კონსტიტუციური პრინციპის განხორციელებამ ახალი ამოცანები დააყენა ხელისუფლების სამივე შტოს წინაშე.
თავს ნებას მივცემ დღევანდელ გამოსვლაში ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდე სასამართლო რეფორმის ძირეულ საკითხებზე, რადგანაც ფართო გაგებით სასამართლო რეფორმა ხანგრძლივი პროცესია და მას კიდევ გარკვეული დრო და ბევრი ფუნდამენტური საკითხის განხილვა დასჭირდება.
ამ რეფორმამ არსებითი გავლენა უნდა მოახდინოს არა მხოლოდ საკუთრივ სასამართლოების ფუნქციონირებაზე, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ტემპზე. თქვენ იცით, რომ სასამართლო რეფორმის ძირითადი პრინციპები ჯერ კიდევ საპრეზიდენტო პროგრამაში იქნა გაცხადებული და ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაო უკვე შესრულებულია.
ეს არის, პირველ ყოვლისა, პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან სასამართლო ხელისუფლების დემოკრატიზაციის საკითხებს. ამასთან, განსაკუთრებით საგულისხმოა ის წვლილი, რომელიც ამ საქმეში შეაქვს 1993 წელს ჩემი ბრძანებულებით შექმნილ იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს სამუშაოს. ამ კომისიამ, სპეციალისტებმა, მეცნიერებმა ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს, რისთვისაც მე მათ მადლობას ვუხდი.
ამ დღეებში პარლამენტს განსახილველად წარვუდგინე კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ, რომელშიც ახლებურად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის გააზრებული სასამართლო მოწყობისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ფუძემდებელი იდეები.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, აქაც გათვალისწინებულია ხელისუფლებათა გამიჯვნის, ხელისუფლების განშტოებათა ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სამართლებრივი მექანიზმები. კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან რეორგანიზაციას და სასამართლო ხელისუფლების ქმედუნარიანობის იურიდიულ გარანტიებს.
უზენაეს და რაიონის სასამართლოებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს ჩვენთან სრულიად ახალი ინსტიტუტის - სააპელაციო სასამართლოს შექმნას, რომელიც მეორე ინსტანციის სასამართლო იქნება. საქართველოში შეიქმნება ორი სააპელაციო სასამართლო.
საერთო სასამართლოების ახალი კანონი უფრო განავრცობს და განამტკიცებს სასამართლოს საქმიანობის ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა უფლების სასამართლო წესით დაცვა, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი მხოლოდ კანონისადმი მორჩილება, სასამართლოს წინაშე თანასწორობა და სხვ. ეს დეკლარაციული სახის დებულებები არ არის, პირიქით, კანონპროექტი ითვალისწინებს მათი რეალიზაციისა და უზრუნველყოფის საიდუმლო გარანტიების ერთობლიობას.
ახლებურად იქნება მოწყობილი საქართველოს უზენაესი სასამართლო, სრულიად ახალი ფუნქციური დანიშნულება დაეკისრებათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. უზენაესი სასამართლოში საქმეები განიხილება საზედამხედველო წესით, კასაციით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - აგრეთვე პირველი ინსტანციით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ ამ კანონპროექტს.
მნიშვნელოვანი სიახლეებია საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების რეგულირების მხრივაც. დისკუსიების დროს ნათელი გახდა, რომ ეს სულაც არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. კანონპროექტით გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შექმნა, რომლის თავმჯდომარე დაინიშნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით. ის ფაქტი, რომ სასამართლო დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროდან უზენაეს სასამართლოში გადადის, სრულიადაც არ ლახავს იუსტიციის სამინისტროს ფუნქციებსა და დანიშნულებას. მას დარჩვება კანონშემოქმედებითი საქმიანობის უფართოესი არეალი, კადრების მომზადების ფუნქციები, გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს მომავალში დაემატება სასჯელთა აღმასრულებელი სისტემის მართვის ფუნქციებიც.
კანონპროექტით გათვალისწინებულია - და ეს მართლაც სიახლეა - პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - საქართველოს იუსტიციის საბჭოს შექმნა, რომელიც თანაზომიერად დაკომპლექტდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან. იუსტიციის საბჭოს შევა თორმეტი იურისტი და მათი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სამი წლით. იუსტიციის საბჭოს ძირითადი ამოცანა იქნება მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების საკონკურსო წესით შერჩევა, სასამართლოს ორგანიზაციული საქმიანობის კოორდინაცია და კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა. მე თავს უფლებას ვაძლევ ასე დეტალურად შევჩერდე ამ საკითხებზე, რადგან მიმაჩნია, რომ ის ჩვენი საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მწვავე საკითხია.
იუსტიციის საბჭოში შექმნება ადმინისტრაციული კოლეგია, რომელსაც ექნება კანონით გათვალისწინებული წესით დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, იუსტიციის საბჭო შეიმუშავებს წინადადებებს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მინდა გულწრფელად მოგახსენოთ, რომ ყოველგვარი რეფორმა და, ბუნებრივია, პირველ ყოვლისა, სასამართლო რეფორმა, შესაძლოა უშედეგო და უშინაარსო აღმოჩნდეს, თუ იმთავითვე არ იქნა სათანადოდ გააზრებული საკუთრივ მოსამართლეების, სასამართლო აპარატის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების, დამოუკიდებლობისა და მატერიალური უზრუნველყოფის, სასამართლო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრის და ამ მოთხოვნათა რეალიზაციის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები.
სწორედ ამიტომ, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია კადრების შერჩევის შესაბამისი სისტემის შექმნაც. მოსამართლე დაინიშნება ათი წლის ვადით, მას უნდა ჰქონდეს პარლამენტის წევრთან მიახლოებული ხელფასი, გარანტირებული იქნება მისი დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ მაღალი სტატუსით და დიდი უფლებამოსილებით მუშაობისათვის კანდიდატმა უნდა გაიაროს იუსტიციის საბჭოს საგამოცდო კომისია და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგიის ზედა და ქვედა პალატების არსებობას, რომლებიც განიხილავენ მოსამართლეთა მიმართ აღძრულ დისციპლინურ საქმეებს.
სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის კანონპროექტში გათვალისწინებულია მოსამართლეთა თვითმმართველობის მოდელი მოსამართლეთა კონფერენციის სახით, რომელსაც ზუსტად განსაზღვრული, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპეტენცია ექნება.
დაეწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდება და სასამართლო დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოს სახელისუფლო სტრუქტურებში. მოსამართლეებმა უნდა მოიპოვონ პირუთვნელი არბიტრების ავტორიტეტი და ყოველმხრივ იზრუნონ საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მიმაჩნია, რომ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის შემდეგ ჩვენ შევქმნით რეალურ საფუძველს ამ მიზნების მისაღწევად.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მთელი ეს ძალიან დიდი, ფაქიზი და პასუხსაგები მუშაობა მიმდინარეობს არა მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არამედ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებშიც, სპეციალისტებთან ერთად. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმ კომიტეტის ძალზე სასარგებლო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას ყველასთან და, მათ შორის, პრეზიდენტთან, რომელსაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
* * *
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნება საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი, სასიცოცხლო ამოცანაა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნათელი და მკაფიო პრიორიტეტის დასახვა, ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს, რას ვესწრაფვით და რა არის ჩვენი მიზანი ამ სფეროში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ამ კითხვას ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ.
ჩვენი კონსტიტუციის კონცეპტუალური მონახაზები საშუალებას გვაძლევს სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის მრავალვარიანტული, მრავალწახნაგოვანი სისტემები დავამუშაოთ. ასეთი საქმიანობა მიმდინარეობს. ბევრი რამ მოწმდება პრაქტიკით, ექსპერიმენტებით. ჩვენ უარს არ ვამბობთ ტერიტორიული მოწყობის იმ ფორმებზეც, რომლებმაც პრინციპში გაამართლეს. სწორედ მოდერნიზებული ძველი სისტემის ბაზაზე (რაიონები, ქალაქები, თემები, დაბები და ა.შ.) გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობათა არჩევანები. დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალყურს პრეზიდენტის რწმუნებულთა საქმიანობას განვლილ ეტაპზე. მოვიდა დრო, განვაზოგადოთ ის, რაც უკვე გვაქვს.
მზადდება მრავალვარიანტული პროექტები აფხაზეთის სტატუსთან, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ამ საკითხებს დღეს პარლამენტის მსჯელობის საგნად, ალბათ, ვერ გავხდით, რადგანაც მიმდინარეობს მოლაპარაკების ურთულესი პროცესი, რომელშიც უფრო გაბედულად უნდა ჩაერთონ პარლამენტის სტრუქტურებიც.
მრავალპარიანტული პროექტები გულისხმობენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის, ისეთს, როგორიცაა „ასიმეტრიული ფედერაცია“ ან „ფედერაციული უნიტარიზმი“ და ზოგიერთი სხვა.
ფაქტი ერთია, როგორი მოდელიც უნდა ვაღიაროთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საფუძვლად, ეს იქნება ერთიანი, განუყოფელი დემოკრატიული სახელმწიფო.
რა შეიძლება ითქვას აფხაზეთთან დაკავშირებთ. მზად ვართ დაუყოვნებლივ განვაახლოთ ყველა დონის და ყოველგვარი შემადგენლობის დელეგაციათა მოლაპარაკებები. მათ შორის, ორმხრივი ქართულ-აფხაზური დიალოგი. არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც ვადასტურებ: 1. ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთს ექნება უფართოესი ავტონომია, როგორსაც კი თანამედროვე მსოფლიო სტანდარტები ითვალისწინებენ. 2. ლტოლვილთა დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ შემჭიდროებულ ვადებში, ამ უდიდესი აქციისათვის მატერიალური, ფინანსური ბაზის მომზადების კვალობაზე. ერთობლივი ღონისძიებებით, რეგიონში წესრიგის აღდგენის პარალელურად. ასევე ერთობლივი ზრუნვით, ძალების სათანადო მობილიზაციით გამოვრიცხავთ ტერორიზმის, დივერსიების, ანგარიშსწორების ფაქტებს. ასეთი საქმიანობის გამოცდილება საქართველომ დააგროვა სხვადასხვა რეგიონებში შექმნილი ვითარების გაჯანსაღების დარგში. 3. მივაღწევთ მნიშვნელოვანი სახსრების გამოყოფას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნებისაგან აფხაზეთის ეკონომიკის, სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის. ამის წანამძღვრები არსებობს. 4. დავამთავრებთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა-განვითარებას, რის საფუძველზეც აფხაზეთი, ისევე, როგორც საქართველოს მრავალი სხვა რეგიონი, სტაბილურად მომარაგდება ელექტროენერგიით. 5. ლტოლვილების მასობრივი დაბრუნების კვალობაზე დაჩქარებული ტემპებით წარიმართება რუსეთისა და ამიერკავკასიის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის და ავტომაგისტრალის აღდგენა, რაც მგზავრთა და ტვირთების დიდ მასებს გაატარებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და - პირიქით. აღსანიშნავია ამ მაგისტრალების აღდგენით რუსეთის, განსაკუთრებით მისი სამხრეთ რაიონების დაინტერესება. ეს აქცია დიდ შემოსავალს მოუტანს აფხაზეთს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, სომხეთს აზერბაიჯანს, თურქეთს, მრავალ სხვა ქვეყანას. 6. შეიძლება განვიხილოთ საკითხი საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების შესახებ იმ ადამიანთა მიმართ, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა მიიღეს საომარ ოპერაციებში, აქადან გამომდინარე მთელი შედეგებით.
ვარიანტი, რომელიც ბატონმა ვლადისლავ არძინბამ ბოლო დროს შემოგვთავაზა თავის საჯარო გამოსვლაში, მიუღებელია. ის რუსეთ-ჩეჩნეთის ხელშეკრულების მოდელს გვთავაზობს. მინდა განვმარტო: რადიკალურად განსხვავებულია ჩეჩნეთისა და აფხაზეთის პრობლემები ამ ეტაპზე. ჩეჩნეთი რუსეთიდან გასვლისათვის იბრძვის, აფხაზი ლიდერები რუსეთის შემადგენლობაში შესვლისათვის, რაც თანამედროვე მსოფლიო წესრიგის პირობებში წარმოუდგენელია, ფანტასტიკის სფეროდანაა.
7. სამშვიდობო ძალების შესახებ: სამწუხაროდ, საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით ლტოლვილთა მასების დამოკიდებულება, უაღრესად უარყოფითია. თუ დარჩენილ დროში (და დარჩა სულ რაღაც ორიოდე თვე) არ შესრულდა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილება, საკონტროლო ზონის გაფართოებისა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, ამ ზონაში სამშვიდობო ძალების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მათ გასვლას საომარი ოპერაციების ფატალური დაწყება უნდა მოჰყვეს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება. აფხაზებს ომი არ უნდათ, ეს მათთვის თვითმკვლელობაა. ომი არც ჩვენ გვინდა. გვეყო ამდენი მსხვერპლი და ნგრევა. გამოსავალი ერთია: დაიწყოს აქტიური შერიგების პროცესი ქართველებისა და აფხაზებისა.
8. მე შესაძლებლად მიმაჩნია სამშვიდობო კონფერენციის მოწვევა სამშვიდობო ძალების გასვლისთანავე, ან მათ გასვლამდეც გაეროს ეგიდით, ევროპის უშიშროების და თანამეგობრობის ორგანიზაციის წარმომადგენელთა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების შემადგენლობით (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთ, გერმანია). არ გამოვრიცხავ ასეთ კონფერენციაში თანამეგობრობის იმ ქვეყნების მონაწილეობას, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ. მეთვალყურეთა სტატუსით კონფერენციაზე შეიძლება მოვიწვიოთ ჩრდილოეთკავკასიის ხალხთა იმ ლიდერების წარმომადგენელები, რომლებმაც 1992 წლის სექტემბერში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებთან, ვლადისლავ არძინბასთან ერთად, ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.
9. რუსეთის სამშვიდობო მისია, ასეთი შეკრების ორგანიზაციის პირობებში არათუ არ შემცირდება, არამედ - პირიქით. რუსეთს შეუძლია იკისროს ასეთი შეხვედრის მთავარი ორგანიზატორის და, თუ გნებავთ, კონფერენციის მონაწილეთა მასპინძლის როლიც.
ასეთია ზოგიერთი პრინციპული პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ორი ხალხის შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია.
გუშინ, დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნაზე დიდი გულისყურით ვუსმენდი ბატონ ლორიკ მარშანიას გამოსვლას. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ბრძნული გამოსვლა. ამავე დროს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს არც ერთი თაობა არავითარ პირობებში არ შეეგუება ქვეყნის გახლეჩას და ყოველგვარი მოქმედება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოთავსდება.
რაც შეეხება საკითხს ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ. ამ ტრაგედიის გენეზისი განსხვავებულია აფხაზეთის კონფლიქტისაგან. იმის შესახებ, თუ რამდენად არის საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, მე უკვე განვაცხადე და ამ საკითხს ახლა აღარ დავუბრუნდები.
სიმართლე განკურნების აუცილებელი პირობაა. რა თქმა უნდა სისასტიკეს, დაუნდობლობას ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან. სხვათა შორის, დაზარალდა ოსი მოსახლეობა თბილისში, ბორჯომის ხეობაში, ქართლის ზოგიერთ რაიონში. მინდა სწორად გამიგოთ: ეს სამარცხვინო ლაქაა ჩვენს სინდისზე. რაკი სიტყვამ მოიტანა, ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ვლადიკავკაზში, სადაც ოს ლტოლვილთა ძირითადი მასებია, საკმაოდ გაბოროტებული და გამწარებული ადამიანები, რამდენიმე ათასი ქართველი ცხოვრობს, ფუნქციონირებს ქართული სკოლა. არც ერთ ქართველს იქ თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია. ესეც ფაქტია. ესეც სიმართლეა.
ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ კონფლიქტში საქმე უფრო წინ წაწეულია. რუსეთის დიპლომატიამ, სამშვიდობო ძალებმაც, აფხაზეთისაგან განსხვავებით, ბევრი გააკეთეს სასიკეთო პროცესის დასაწყებად. პრეზიდენტ ელცინის ხელმოწერა ორ უმთავრეს დოკუმენტზეა. შედეგიანად გვეხმარება ეუთო. მისი ოფისის გახსნა ცხინვალში კარგის მომასწავებელია.
მნიშვნელოვანი იყო ბატონ ზურაბ ჟვანიას შეხვედრები „ნიხასის“ წარმომადგენლებთან. ბევრი სასარგებლო აზრი გამოითქვა ლუდვიგ ჩიბიროვისა და ჩემს შეხვედრაზე ვლადიკავკაზში. ბევრი კარგი სიტყვის თქმა შეიძლება ახსარბეკ გალაზოვზე. თქვენთვის ეს ახალი არ არის. მე მითქვამს ამის შესახებ. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ თვით მოსახლეობაში დაიწყო შერიგების პროცესი. დაიწყო ოსთა და ქართველთა სულიერი ნათესაობის საუკეთესო ტრადიციების აღდგენა. პროცესი თვით მოსახლეობამ დაიწყო სათანადო ადმინისტრაციების ხელშეწყობით. ბევრი ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს ცხინვალში. ბევრს აკეთებს შიდა ქართლის ადმინისტრაცია, მაგრამ ყველაფერი ეს საკმარისი აღარ არის. ვფიქრობ, მომწიფდა პირობები უფრო აქტიური დიალოგისა და მოქმედებისათვის.
მოვიდა დრო, ვიფიქროთ ჩემი და ლუდვიგ ჩიბიროვის, სხვა ხელმძღვანელების შეხვედრაზე. ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ცხინვალში ჩასვლა და ყველა მტკივნეული საკითხის ერთობლივი განხილვა. საკითხები კი უამრავია. ეს არის გზები, სკოლები, საავადმყოფოები, ენერგეტიკა და სხვა მრავალი.
არ ვლაპარაკობ სტატუსის საკითხზე. ეს თავისთავად იგულისხმება. დროა, სერიოზულად ვიფიქროთ მხარის რეაბილიტაციაზე. საერთაშორისო ორგანიზაციები მხარდაჭერას გვპირდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ჩიბიროვის თბილისში ჩამოსვლას. ასეთი რეგულარული კონტაქტები გაგვიადვილებს საუბარს და, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღებას ამ რეგიონის სტატუსის შესახებ.
* * *
ახალი საქართველოს, ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. უფრო მეტიც, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლად შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება.
პრეზიდენტის საინაუგურაციო პოლიტიკურ პროგრამაში, მოხსენებაში კონსტიტუციის შესახებ, თავად კონსტიტუციაში, კანონებში მოცემულია სამოქალაქო საზოგადოების დეფინიცია, კონცეფცია, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის რეალური კონსტიტუციური პროგრამა.
ეს პროგრამა სრული ძალით უნდა ამოქმედდეს.
თუ ჩვენ გვინდა სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, საჭიროა ამ დარგში მსოფლიო გამოცდილების ათვისება.
სამოქალაქო საზოგადოება ფართო გაგებით - ეს არის საქართველოს სუვერენული ხალხი, ქართველი ერი, ელექტორატი, ეროვნული უმცირესობები. საჭიროა მათი პრობლემების უკეთ გადაწყვეტა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, ოპოზიციასთან ხელისუფლების ურთიერთობის აქტუალური პრობლემების მოგვარება.
სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურაში შედის ჩვენი ეროვნული მეცნიერება: მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და დარგობრივი აკადემიები, მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა, თეატრის მოღვაწეთა და სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციები, პრესა, ტელევიზია, გამომცემლობები, ფონდები, ქალთა მოძრაობა, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სხვა გაერთიანებები.
ამავე დროს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფორმალურად თითქმის ყველა ეს ორგანიზაცია ტოტალიტარულ საზოგადოებაშიც არსებობდა. ამდენად, მთავარია არა თვით მათი არსებობის ფაქტი, არამედ შინაარსობრივი დატვირთვა - ის, თუ რამდენად შეესატყვისება მათი მოქმედება საკაცობრიო იდეალებს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის მარადიულ ღირებულებებს.
მართალია, საქართველოში არ გაგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირების გამოცდილება, მაგრამ ქართულ კულტურას, ქართულ ცივილიზაციას ტრადიციულად მოსდევს ყველა ის ჰუმანისტური კომპონენტი, რომლებისგანაც შედგა სამოქალაქო საზოგადოება.
დიდ გარდაქმნას ამ სფეროში ვერავითარი ადმინისტრაციული ზეგავლენით ვერ მოვახდენთ. ამას სჭირდება საზოგადოების საერთო შემოქმედება და თვით ამ ორგანიზაციებში შემოქმედებითი სულის აღორძინება ახალ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სამოქალაქო საზოგადოებაში მეტად აქტუალურია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების, თანამშრომლობის საკითხები. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი როლის კონსტიტუციურმა დადასტურებამ, საქართველოსთვის ტრადიციული რელიგიური კონფესიების მიმდევართა უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებამ მტკიცე საფუძველი შეუქმნა ნორმალურ თანამოქმედებას საზოგადოებრივი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი სულიერი მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, პარლამენტარები გაიზიარებენ ჩემს შეშფოთებას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გათიშვის ცდებთან დაკავშირებით. უცხო ძალამ დათესა შური და მტრობა ქართველ ხალხში. ახლა ეს ძალა ცდილობს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სულიერ წინამძღოლს გამოაცალონ დასაყრდენი. მათ შესანიშნავად ესმით, რომ ეკლესიის გათიშვა ხალხის გათიშვაა. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, ქართული სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი საფრთხე, რომელიც მის ერთიანობას ემუქრება, თავიდან აიცილოს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტარები ამაში დამეთანხმებიან.
* * *
პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველია საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა საქართველოში. მაგრამ თანამედროვე პოსტინდუსტრიული, პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის, რომ „ველური კაპიტალიზმის“ ეპოქა უკვე განვლილი ეტაპია. ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს სოციალური რეგულირების, სოციალურ ფენათა ინტერესების გათვალისწინების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური პროგრესის ინტერესები შეიძლება დაუპირისპირდნენ სამოქალაქო საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების ინტერესებს. ასეთი მაგალითები თანამედროვე მსოფლიოში, იმ ქვეყნებში, სადაც დიდი სოციალური ძვრები მოხდა ამ ბოლო წლებში, ჩვენ უკვე საკმაოდ გვაქვს და საკმაო გაკვეთილებიც არსებობს. ამგვარი წინააღმდეგობის წარმოშობა კი ძალზე საშიშია დემოკრატიული ქვეყნისათვის.
სოციალური პოლიტიკა ჰარმონიზებული უნდა იყოს ეკონომიკურ პროგრესთან. საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა, რადიკალური ეკონომიკური რეფორმა არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რა თქმა უნდა, სამთავრობო სტრუქტურათა მუშაობის რაციონალიზაციას. ამ თვალსაზრისით უკვე მიიღეს პრეზიდენტის განსაკუთრებული დავალებები მთავრობამ, ეკონომიკურმა საბჭომ, ყველა სამინისტრომ, უწყებამ და რეგიონულმა ადმინისტრაციებმა.
მე უკვე ვთქვი, რომ მზადდება პრეზიდენტის ბრძანებულების ახალი პროექტი, რომელშიც, რეფორმის პროცესის პარალელურად, სათანადოდ იქნება ასახული ჩვენი ამოცანები სოციალურ სფეროში, მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ყველა სამინისტრომ, დეპარტამენტმა და სამთავრობო სტრუქტურამ უნდა შეადგინოს მოქმედების პროგრამა ამ დარგში.
თითოეულმა სამინისტრომ წელს საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში უნდა შეიტანოს თავისი განსაკუთრებული წვლილი. ახალი ტიპის, ახალი სტრუქტურისა და ფუნქციური დატვირთვის სამინისტროებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურებიც, ისევე როგორც უნდა გაუქმდეს დრომოჭმული, ის, რაც უკვე საჭირო აღარ არის და ზედმეტი ტვირთია.
მადლობელი ვარ მხარდაჭერისათვის, უდაოდ გამართლებულია, რომ მრეწველობის სამინისტრო შეიქმნა სრულიად ახალი ფუნქციით.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამას, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ გეგმას, რომელშიც ასახულია ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლამდე პერიოდის ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები.
* * *
მიმდინარე წელი იქნება სოციალური პოლიტიკის სფეროში გარდატეხის წელი.
საქართველოში ეკონომიკურ რეფორმასთან ერთად მიმდინარეობს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირებაც.
მიღებულია:
1. მოსახლეობის სოციალური განვითარების 1997-2000 წლების სახელმწიფო პროგრამა;
2. შემოღებულია ოჯახური მიზნობრივი დახმარებები;
3. ხორციელდება ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის 1997-2000 წლების სახელმწიფო პროგრამა;
4. ხორციელდება დასაქმების აქტიური პოლიტიკის წარმართვის ღონისძიებები, რამაც სათანადო ასახვა ჰპოვა 1997 წლის ბიუჯეტში. მიმაჩნია, რომ ამ საკითხში საერთო ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ და დასაქმების პრობლემა კონკრეტული ამოცანების დონეზე გადავწყვიტოთ;
მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ“.
აღნიშნული დახმარების შემოღება იმ პირთათვის და ოჯახებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან, უზრუნველყოფს მათთვის ელემენტარული სასიცოცხლო პირობების შექმნას. ბრძანებულებით განსაზღვრულია ასეთი ოჯახების სამი ტიპი:
- არამომუშავე მარტოხელა პენსიონერების ოჯახები;
- შრომისუუნარო წევრებისაგან შემდგარი ოჯახები;
- ქალაქად მცხოვრები მხოლოდ უმუშევარი წევრებისაგან შემდგარი ოჯახები.
სოციალური დახმარება და მის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება ამ დანიშნულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში. თავისი შინაარსით ეს დიდი მოვლენაა. რაც მთავარია, დახმარება ეწევათ ყველაზე ხელმოკლე ოჯახებს და მათ შორის ბავშვებს.
ეს არის პოსტკომუნისტურ სივრცეში ერთ-ერთი პირველი და გაბედული ნაბიჯი სახელმწიფოებრივ-სოციალური პოლიტიკის დამკვიდრების გზაზე. მისი განხორციელება რამდენადმე გააუმჯობესებს მოსახლეობის ყველაზე უმწეო ნაწილის, დაახლოებით 120 ათასი ოჯახის, 400 ათასამდე კაცის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას.
დღეს ქვეყანაში 241 ათასი ინვალიდია, მათ შორის, 86 ათასი 45 წლამდე ასაკისაა, ხოლო 26 ათასი 16 წლამდე ასაკის ინვალიდი ბავშვი და ბავშვობიდან ინვალიდია. 300 ათასი ლტოლვილია, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე დაბლა ცხოვრობს.
სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, ისევე, როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სამინისტროთა საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი, რეგიონული ორგანიზაციების გააქტიურება.
არ არსებობს უფრო მთავარი და საარსებო მნიშვნელობის ამოცანა, ვიდრე ეს პრობლემაა სამინისტროების, რწმუნებულების, გამგებლების, და, ალბათ, დამეთანხმებით, პარლამენტარებისათვისაც. სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ახალი დებულების შესაბამისად მთლიანად დაიხვეწა სამინისტროს სტრუქტურა. შეიქმნა დასაქმების დეპარტამენტი, ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი და შრომის სახელმწიფო ინსპექცია. რეგიონებში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით მთელ რიგ სამხარეო ადმინისტრაციებში დაინიშნენ მინისტრის რწმუნებულები. ასევე, რამდენიმე რეგიონში შეიქმნა სოციალური დაცვის დეპარტამენტები, ქალაქებსა და რაიონებში ჩამოყალიბდა მოქალაქეთა სოციალური დახმარების მოქნილი სტრუქტურა. ქვეყანაში სოციალური დახმარების 52 განყოფილებაა, მათ შორის 35 - იურიდიული პირის სტატუსით.
1996 წელი სოციალური დაცვის სფეროსათვის იყო საკანონმდებლო-სამართლებრივი ბაზის მომზადებისა და ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელების წელი. 1997 წელი სოციალურ სფეროში სერიოზული გარდატეხისა და რეალური, ხელშესახები შედეგების წელი იქნება.
უკვე გითხარით, რომ პარამეტრებში, რომლებიც წარმოდგენილია 1998 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით იქნება ასახული. ჩვენი შემოსავლების თითქმის 45 პროცენტი ამ სფეროს უნდა მოხმარდეს.
პრეზიდენტის პოლიტიკურ პროგრამაში ნათქვამია, რომ 2000 წლისათვის შეიქმნება ერთი მილიონი სამუშაო ადგილი და ძირითადად გადაიჭრება დასაქმების პრობლემა. ეს არის სავსებით რეალური ამოცანა. ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს მეტი სისტემური მიდგომა და კონკრეტულობა სჭირდება. დროა, პრეზიდენტის დონეზე შეჯამდეს გაწეული მუშაობა და განისაზღვროს ახალი ამოცანები. ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვს ბატონ ზურაბ ჟვანიას და ჩვენ, ალბათ, მოვილაპარაკებთ, როგორ ვიმოქმედოთ ერთობლივად უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდებიან მაჟორიტარი დეპუტატები. ყველა რაიონში არსებობს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს.
სოციალური პოლიტიკა უახლოვდება სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს. ამის საბაზისო ფაქტორია ბიუჯეტი. პრეზიდენტის საგანგებო საფინანსო პროგრამა, წარმოების გამოცოცხლება და მთელი რიგი სხვა მომენტები.
სწრაფად ხორციელდება სიღრმისეული რეფორმები ჯანდაცვისა და განათლების დარგში, გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, სხვა შემოსავლები.
უკეთ გადაიჭრება ლტოლვილთა და დევნილოთა პრობლემები.
პრეზიდენტმა და მთავრობამ მიმდინარე წელს ამ დარგებში განსაკუთრებული ამოცანები დავუსახეთ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და სხვა უწყებებს.
აქვე უნდა აღინიშნოს რა სრულყოფილი პროექტებიც უნდა შევიმუშაოთ, როგორი კარგი კანონები და დადგენილებებიც უნდა მივიღოთ, თუ მოქალაქისათვის სიღატაკის გამო ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა, განათლება, თუ იგი უბინაოა, მშიერი და ჩაუცმელია, თუ ვერ ახერხებს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, მაშინ სახელმწიფო პოლიტიკას აზრი არ აქვს.
როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა შესაძლებლობის გამოყენების ხელოვნება. ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი საკითხია. ასეთი შესაძლებლობი კი არცთუ ცოტაა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით კიდევ ერთ ელემენტს შევეხები.
მთელი სოციალური პოლიტიკის წარმატება ეკონომიკის აღმავლობას უკავშირდება, ხოლო სწრაფი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების გაბედული მოზიდვის გარეშე. ეს დღეს ჩვენი ქვეყნისათვის პრობლემათა პრობლემაა. ამგვარად, ამ პრობლემას მკვეთრად გამოხატული სოციალური დატვირთვა აქვს.
ქვეყანაში მიღწეულმა მაკროეკონომიკურმა და ფინანსურმა სტაბილიზაციამ ხელსაყრელი პირობები შექმნა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. უფრო სანდო ხალხი გავხდით. არადა, ამ სფეროში დღემდე საქართველოში რამდენიმე მაკოორდინირებელი რგოლი არსებობდა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა საქმიანობის დუბლირებასა და პარალელიზმს. ხელს არ უწყობდა ინვესტიციების მოზიდვას.
საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით შექმნილმა საინვესტიციო საბჭომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს ერთიანი მაკოორდინირებელი ორგანოს საკითხი, ვინაიდან საბჭო იქნება ის სათათბირო ორგანო, სადაც თავს მოიყრის საგარეო რესურსების მოზიდვასა და კოორდინაციასთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის საჭირბოროტო საკითხი.
საინვესტიციო საბჭო უზრუნველყოფს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას, ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციათა მიღებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს, როგორც ინვესტიციათა ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრას, კოორდინაციას გაუწევს საერთო-სახელმწიფოებრივ საინვესტიციო პროგრამებში ჩართულ ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობას. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას, ინვესტიციების მოზიდვას ჩვენი რაიონებისა და რეგიონების, ავტონომიების განვითარების თვალსაზრისით. მის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ის, რომ თვალყური ადევნოს ინვესტიციის მცირე ნაწილიც კი არ უნდა წარიმართოს არადანიშნულებისამებრ. ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ პარტნიორებთანაც და ჩვენს საკუთარ ხალხთანაც.
რა მასშტაბებზე შეიძლება ლაპარაკი? მე მხოლოდ ერთ, ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიტან და გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება. მსოფლიო ბანკის ახალი პროგრამით, ინდიკატური გეგმის, ბიუჯეტის წარმატებული შესრულების, სტაბილურობის განმტკიცების შემთხვევაში საქართველო 1998-2000 წლებში მიიღებს 290 მილიონ ამერიკულ დოლარს, როგორც დახმარებას. აქედან განვითარების საერთაშორისო ასოციაციაზე 290 მილიონი დოლარი მოდის.
პირდაპირ გეტყვით: თუ არ იქნება სათანადო სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა და გარანტიები, რომ გამოყოფილი თანხა წარიმართება დანიშნულებისამებრ, ეს თანხა აორთქლდება ისე, როგორც ბევრი რამ აორთქლდა და დაიკარგა საქართველოში.
სხვათა შორის, როგორც მსოფლიო ბანკმა, ასევე ევროპის ბანკმა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების შესასრულებლად დაიწყეს კომერციული და პარტნიორული კრედიტების გამოყოფა, ცალკეული პროექტების დაფინანსება.
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია მომავალი წლისათვის საქართველოს სხვადასხვა დარგებში (მედიცინაში, განათლებაში) ინვესტირებული სახსრებისა.
ამას დაუმატეთ ინვესტიციები „აბრეშუმის გზის“ აღორძინებასთან დაკავშირებით, მრავალი სახის და მიმართების სხვა კერძო ინვესტიციები და დარწმუნდებით, თუ რაოდენ საჭიროა პრეზიდენტთან საინვესტიციო საბჭოს შექმნა, რომელშიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები არიან წარმოდგენილი.
მსოფლიო ბანკის პროგრამაში გათვალისწინებულია ძალზე სერიოზული დახმარება რეგიონების, რაიონების, ქალაქებისათვის, მათ შორის კომუნალური სფეროს გაუმჯობესებისათვის.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საინვესტიციო საბჭო არავის ზღუდავს, არავინ არავითარ რეგლამენტირებას არ ახდენს.
ჩვენი მიზანია სახსრები დაიხარჯოს მიზანმიმართულად, ამ საშვილიშვილო საქმეს ჩამოვაცილოთ წურბელები, რომლებიც აფრთხობენ უცხოურ ბიზნესს და ატყავებენ ჩვენს მოსახლეობას.
მხოლოდ ასეთი გზით შეიძლება ჩვენი სოციალური პროგრამების რეალიზაცია, ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.
ამრიგად, საინვესტიციო საბჭო მოწოდებულია ხელშემწყობი პირობები შექმნას ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.
ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ქართული კულტურის გადასარჩენად. ამ დარბაზში იმყოფება ბატონი ვახტანგ გოგუაძე, რომელთანაც ბევრჯერ გვიმსჯელია იმის თაობაზე, როგორ მოვქცეულიყავით.
ეკონომიკას ეშველება, მაგრამ თუ კულტურა დაიღუპა, თაობები ამას არ გვაპატიებენ და ვერც გამოასწორებენ ამ დანაკლისს. იქნებ ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც შეიძლება ითქვას - ქართული კულტურა გადარჩა.
ეს მთელი საზოგადაოების ყოველდღიური ზრუნვის და ძალისხმევის შედეგია.
მართალია, სრულყოფილებისაგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ, პრინციპულად, ძირითადი საკითხები გადაწყვეტილია.
ახლა მეცნიერებისა და კულტურის აღმავლობის ახალ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ.
საქართველოს კულტურა ერის ყველაზე დიდი მონაპოვარია და უნდა გავუფრთხილდეთ მას. ყველა პირობა უნდა შევქმნათ კულტურის აღორძინებისათვის.
მე შემთხვევით არ ვახსენე შემადგენელი კომპონენტები მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებისა, მათ შორის ის საბიუჯეტო პარამეტრები, რომლებმაც კულტურის შემდგომი აღმავლობა უნდა უზრუნველყონ.
ხელისუფლების დიდი ზრუნვის საგანი უნდა იყოს იმ ხალხთა კულტურული ფენომენი, რომლებიც საქართველოში სახლობენ.
ქართული კულტურის აღორძინებაში გვეხმარებიან იუნესკო, მსოფლიო ბანკი (ის, რომ მსოფლიო ბანკის სისტემაში და მის მიერ გამოყოფილ ფინანსებში გაჩნდა სპეციალური მუხლი საქართველოსათვის მისი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის, თითქმის უპრეცენდენტო შემთხვევაა), სხვა საერთაშორისო ფონდები, მათ შორის სოროსის ფონდი. ბატონ სოროსს განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენი ხალხის სახელით.
იუნესკოს საქმეთა კომისია და იუნესკოსთან საქართველოს წარმომადგენლობა გააგრძელებენ ნაყოფიერ მუშაობას განათლების, კულტურის, მეცნიერების, ინფორმატიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
მიუხედავად იუნესკოს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებისა და საქართველოს მიერ საწევროს გადაუხდელობისა, მარტო 1996 წელს იუნესკომ დააფინანსა საქართველოში 20-მდე პროექტი, რომელთა ღირებულებემ 400 ათასზე დოლარზე მეტი შეადგინა.
ვინც იცნობს იუნესკოს შესაძლებლობებს, დამეთანხმება, რომ ეს მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მნიშვნელოვანი თანხაა.
მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
სათანადო პროექტები დამუშავდა საქართველოს პედაგოგიური უნივერსიტეტისათვის, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტებისათვის. ამ დაწესებულებებში გაიმართა ძალზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციები.
საქართველოს პედაგოგიური უნივერსიტეტში გაიხსნა მშვიდობის, კულტურისა და დემოკრატიის კათედრა. შესანიშნავი წამოწყებაა.
მე გამოვყოფდი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩვენთან ერთად თბილისში გამართულ კონფერენციას, რომელიც ტოლერანტობასა და კულტურათა დიალოგს მიეძღვნა. იუნესკო დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სკოლებს, მათ შორის, კომპიუტერული ცოდნის ამაღლების თვალსაზრისით.
1996 წლის 22-29 მაისს იუნესკოს შტაბბინაში მოეწყო ქუთაისის კულტურის დღეები.
მცხეთას, გელათსა და ბაგრატს შეემატა ზემო სვანეთი (უშგული), რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
ეს საამაყოა, მაგრამ, ამავე დროს, დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს ჩვენს ხალხს.
გამოიყო შესაბამისი თანხა მცხეთის განვითარებუს გეგმის შესაქმნელად, რომელიც მიზნად ისახავს მცხეთის, როგორც კულტურული და ტურისტული ცენტრის კომპლექსურ განვითარებას.
ყოველ ღონეს ვხმარობთ ძეგლთა დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისათვის ანაზღაურების გასაზრდელად. უეჭველად გამოვძებნით სახსრებს მათთვის საერთაშორისო ორგანიზაციათა ეგიდით სასწავლო-სამეცნიერო სემინარების მოსაწყობადაც.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ მიღწეულია შეთანხმება იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის აფხაზეთში გამგზავრების თაობაზე. მათი ჩამოსვლის მიზანია აფხაზეთში არსებული კულტურის ძეგლებისათვის მიყენებული ზიანის დადგენა. ექსპერტთა ჯგუფს უნდა შეექმნას მუშაობის საუკეთესო პირობები, მათ შორის უშიშროების გარანტიაც.
დიდი რეფორმები ხორციელდება განათლებისა და კულტურის სფეროში.
* * *
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია საგარეო პოლიტიკა.
საგარეო პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.
1997 წელს უნდა სრულვყოთ საგარეო პოლიტიკის თეორიული საფუძვლები, საგარეო პოლიტიკური კონცეფცია და შევუსაბამოთ ისინი პრაქტიკას, ცვალებად რეალობას.
საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ქვეყნის უშიშროებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მაგრამ ამ მიზნის მიღწევის თვალსაზრისით დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და ტაქტიკური ნაბიჯები გარკვეულწილად იცვლებოდა დროისა და ცვალებად რეალობის შესაბამისად. ასე, მაგალითად, 1992 წელს საგარეო პოლიტიკის სფეროში უმთავრესი ამოცანა პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციიდან თავის დაღწევა და საერთაშორისო აღიარება, უცხოეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამარება იყო. ეს მიჯნა საქართველომ, შეიძლება ითქვას, წარმატებით გადალახა.
დღეს საქართველო გაეროსა და 37 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობა 102 ქვეყანასთან აქვს დამყარებული.
1992 წლიდანვე ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად იქნა მიჩნეული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრისა ჩამოყალიბება საქართველოს სასარგებლოდ.
გახსოვთ, რამდენს ვლაპარაკობდით იმის შესახებ, რომ ინფორმაციული ომი წავაგეთ, საზოგადოებრივი აზრი არ ყალიბდება საქართველოს სასარგებლოდ და ა.შ. ბევრი ეს შენიშვნა, რა თქმა უნდა სამართლიანი იყო. ამ თვალსაზრისით, მიუხედავად სეპარატისტთა და მათ ძლიერ მხარდამჭერთა პროპაგანდისტული ძალისხმევისა, საქართველომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. უკლებლივ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნები, ისევე როგორც ამ ქვეყანათა საზოგადოებრიობა, აღიარებს საქართველოს სიმართლეს. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ მთლიანობას და გმობს აგრესიულ სეპარატიზმს, რომელმაც ეთნოწმენდა და, ფაქტობრივად, მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი მოაწყო.
პარალელურად საქართველოს ხელისუფლება გეგმაზომიერად და მიზანსწრაფულად აძლიერებდა ძალისხმევას 1994 წლიდან ქვეყანაში დაწყებული რადიკალური ეკონომიკური რეფორმის უზრუნველსაყოფად საგარეო ეკონომიკური მხარდაჭერით.
ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ევროპის სტრუქტურებში - ევროკავშირში, ევროპის საბჭოში, სხვა ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებისათვის. სულ უფრო ფართოვდება საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკის სამხედრო კავშირთან „სამშვიდობო პარტნიორობის“ პროგრამის ფორმატით გათვალისწინებულ ჩარჩოებში.
საქართველო არა მარტო იბრუნებს, არამედ იძენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას ევრაზიის ახალ საკომუნიკაციო სისტემაში ჩართვით, „ევრაზიის ხიდის“ „ევრაზიის დერეფნის“ რეგიონულ და ტრანსრეგიონულ პროგრამებში აქტიური მონაწილეობით. საქართველოს საგარეო პოლიტიკური დოქტრინა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის, როგორც საიმედო და სანდო პარტნიორის ხატის შექმნას.
დღეს ჩვენი რეგიონი საერთაშორისო გაერთიანების, ყველაზე განვითარებული ქვეყნების, მეზობელი სახელმწიფოებისა და უდიდესი ტრანსეროვნული კორპორაციების ყურადღების ცენტრშია.
შარშან განსაკუთრებით გააქტიურდა კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან.
საქართველო სულ უფრო მეტად და აქტიურად ხდება გლობალური თუ რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივების ავტორი, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური რესურსის ზრდას მოწმობს.
ზემოთ შევეხე კონფლიქტებს, მათი მოგვარების პერსპექტივებს. ამასთან დაკავშირებით, მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ მოძრაობის მნიშვნელობას, რომელსაც „მშვიდობიანი კავკასია“ ჰქვია. კომპლექსურად მშვიდობიანი კავკასიის პრობლემები თბილისისა და კისლოვოდსკის დეკლარაციებში აისახა. მოსკოვში შეხვედრისას, 27 მარტს, მე წამოვაყენე ინიციატივა ოთხი პრეზიდენტის (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ახალი შეხვედრის ორგანიზაციის შესახებ. რეაქცია დადებითი იყო. მე კვლავაც შევახსენებ ჩემს კოლეგებს, რომ მოხარული ვიქნები, თუ ასეთი შეხვედრა თბილისში მოეწყობა.
მაგრამ კავკასიის პრობლემების ამოწურვა შეუძლენელია მარტო უმაღლესი დონის შეხვედრებით, საქართველოში დაიწყო ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა კავკასიის ხალხთა დაახლოვებისა და დამეგობრებისათვის. პრეზიდენტთან მუშაობს სპეციალური კომისია, რომლის მხედველობის არეშია კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური კავშირების განვითარების კონკრეტული საკითხები.
ბევრს და სასარგებლოდ მუშაობენ პარლამენტის კომიტეტები, ცალკეული პარლამენტარები. ამასთან დაკავშირებით ყველა თქვენგანის ინიციატივას მივესალმები. მაგრამ ყველაფერი ეს საქმის მხოლოდ დასაწყისია, საჭიროა ამ პროცესში სამინისტროების, დეპარტამენტების, მეცნიერებათა აკადემიის, უმაღლესი სასწავლებლებისა და რეგიონების ჩართვა. უნდა გაძლიერდეს, ინტენსიური უნდა გახდეს ჩვენი კონსულტაციები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ჩრდილოკავკასიის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.
ყველაფერი, რასაც ახლა მოგახსენებთ, არის საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი უშიშროების ერთ-ერთი უმთავრესი პირობათაგანი.
ეუთოს ლისაბონის სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება-განვითარების მიზნით ევროპის გაერთიანებას შესთავაზა ევროპაში ახალი წესრიგის განმსაზვრელი ძირითადი კანონის - „ევროპის კონსტიტუციის შემუშავება.
ეს წინადადება დიდი ყურადღებით იქნა აღქმული და უნდა მოგახსენოთ, რომ მისი რეალიზაცია, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ პროცესში თავის ადგილს დაიკავებს.
არანაკლებ სწრაფად ვითარედება და შემდგომშიც უნდა განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები როგორც მსოფლიო გაერთიანების წევრ სახელმწიფოებთან, ისე ჩვენს უშუალო მეზობლებთან. ამ ურთიერთობათა განვითარება ჰარმონიზებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც. 1997 წელს დაიხვეწება და უფრო სრულყოფილი გახდება ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელთანაც უკვე მოეწერა ხელი უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, აგრეთვე ნატოსთან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპარლამენტთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, რომლის საქმიანობა თანდათანობით უფრო დინამიკური და ინტენსიური ხდება. ახალ საფეხურზე ავიყვანოთ და ყოველმხრივ განვავითროთ თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და უკრაინას, საქართველოსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის.
ჩვენთვის პრიორიტეტულია ურთიერთობა აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უახლოეს დიდ მეზობელთან თურქეთთან, ირანთან და სხვებთან.
მინდა მოკლედ გამოვთქვა ზოგიერთი მოსაზრება ევროპის ორგანიზაციებში და ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ.
ჩვენი საზოგადოების გარკვეულ მაწილში, ცალკეულ პოლიტიკოსთა შორისაც კი, ასეთი ინტეგრაციის მიზანშეწონილობა კითხვის ქვეშ დგება. ან რუსეთი და თანამეგობრობა, ან ევროპა - ასეთია, თუ მარტივად ვიტყვით, მათი რადიკალურად გამოკვეთილი პოზიცია.
უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში და არა მარტო იმდენად ჩვენში, რამდენადაც დიდ სახელმწიფოებში, ვერ გათავისუფლდა ძველი მენტალიტეტისაგან, უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პროცესების მიმართ იდეოლოგიზირებული მიდგომებისაგან. ეს მძიმე მემკვიდრეობა ტვირთად აწევს თაობებს.
მტრის ხატი, რომელიც ტოტალიტარიზმის წლებში დასავლეთთან იყო ასოცირებული, კვლავ ძალაშია.
საქართველო ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. როგორც ვთქვი, ჩვენ გავერთიანდით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ხელი მოვაწერეთ ფუნდამენტალურ შეთანხმებათა მთელ პაკეტს რუსეთთან, რაიც, საბოლოო ჯამში, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე მიუთითებს. თანამეგობრობის თითქმის ყველა ქვეყანასთან შევქმენით მტკიცე სამართლებრივი ბაზა. ბევრ მათგანთან საქართველო განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობას აშენებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ძმობა და მეგობრობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა უკრაინასთან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. ამ ცოტა ხნის წინათ განხორციელებული ვიზიტები ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის პრეზიდენტებისა და ა.შ., არ არის მარტო ვიზიტები ვიზიტების გულისთვის. ეს ახალი, დიდი ურთიერთობების დასაწყისია.
ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია ვიცხოვროთ მეგობრულად ყველა ქვეყანასთან და ყველა ხალხთან.
ჩვენ მივესალმეთ, როცა რუსეთმა, ჩვენზე დიდი ხნით ადრე, ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, გახდა ევროსაბჭოს წევრი, როცა მან დაძლია ცნობილი წინააღმდეგობები ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.
მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ რუსეთის ინტეგრირება ევროპულ და მსოფლიო სტრუქტურებში ის სასიკეთო მოვლენაა, რომელიც „ცივი ომის“ დამთავრებამ მოიტანა და რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს რუსეთსაც და მთელ მსოფლიოსაც.
მაშ რატომ უნდა აეკრძალოს საქართველოს გაიაროს იმ გზაზე, რომლითაც რუსეთი და სხვა ქვეყნები მიდიან? რატომ ვერ უნდა მოერგოს საქართველო იმ ერთიან ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ მსოფლმხედველობრივ სივრცეს, რომელიც ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმულა?
პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ჩვენს და ჩვენი მეგობრების ინტერესებს შეესაბამება დაჩქარდეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრირება. ეს ჩვენი დიდი წინაპრების საუკუნეობრივი ოცნება იყო. ჩვენ დღეს სიამაყით დავაბიჯებთ მათ ნაკვალევზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გვაკვირვებს „ქართველი დონ კიხოტების“ (კარგი გაგებით!) მაშინდელი შემართება, მიზანსწრაფულობა და რწმენა, რწმენა მომავლისა.
ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება. ეს განსაკუთრებით ეხება მთელ ჩვენს კანონშემოქმედებით საქმიანობას, სხვადასხვა ფუძემდებელ კონვენციებთან მიერთებას. ევროპის და საქართველოს კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია ჩვენი პარლამენტის, პრეზიდენტის, საგარეო პოლიტიკის აქტუალური ამოცანაა.
ამას წინათ გაიმართა ჩემი და ბატონ ზურაბ ჟვანიას სპეციალური შეხვედრა და საუბარი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთნაირად გვესმის ჩვენი ამოცანა.
სხვათა შორის, აქაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება ჩვენი რუსი და სხვა კოლეგებისაგან, რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგეს ევროპული ინტეგრაციის სულისკვეთებით, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვების თვალსაზრისით.
როგორც ვთქვი, რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ვიკისრეთ ხელშეკრულებებით, ვასრულებთ და მომავალშიც უფრო ნაყოფიერად და პატიოსნად შევასრულებთ.
მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფოსთან გქონდეს სტრატეგიული ურთიერთობა და თვლიდე მას, ასე ვთქვათ, უმცროს პარტნიორად, რომელსაც შეგიძლია მოუსმინო, გაითვალისწინო ან არ გაითვალისწინო მისი ტკივილი, უგულებელყოფდე მის სამართლიან მოთხოვნებს. ასეთი დიდი ტრიბუნიდან პირველად ვამბობ ამის შესახებ. ასე მოხდა საქართველოდან სამხედრო ტექნიკის, მათ შორის თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის საშუალებათა გატანის დროს. ეს იყო უზარმაზარი მოცულობის სიმდიდრე.
სამწუხაროდ, მაშინ ამ საქმეს პატრონი არ ჰყავდა. ასე ხდება დღესაც, როცა საქართველოს არ თვლიან პარტნიორად შავი ზღვის სამხედრო ფლოტის განაწილების პროცესში, თუნდაც იმ გემების დაბრუნების პერსპექტივით, რომელთა ბაზირების ადგილი ქალაქი ფოთი გახლდათ.
ნახევრად პარტიზანულად, ნახევრად ყაჩაღურად, უკვე ჩემს დროს, გაიყვანეს ეს გემები ღამით, ჩუმად, ქალაქ ფოთიდან.
მიმაჩვია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო მთელი სერიოზულობით არ იბრძვიან შავი ზღვის ფლოტის ნაწილზე საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს უფლების აღსადგენად.
შავი ზღვის ფლოტი, რომლის გაყოფაზეც ახლა მხოლოდ ორი სახელმწიფო აწარმოებს მოლაპარაკებას, - იქმნებოდა მაშინდელი კავშირის ყველა რესპუბლიკის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით, ღირსეული მონაწილეობით. მხედველობაში მაქვს ფინანსური და მატერიალური მხარე. რა თქმა უნდა, უსამართლობაა, რომ საქართველო ამ პროცესს გამოეთიშოს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელზეც ვილაპარაკე, სერიოზულ მუშაობას ეწევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად.
სამინისტროს საქმიანობაში აშკარად იგრძნობა გარდატეხა.
მიმდინარე წელს მთლიანად საგარეო პოლიტიკაში უნდა მოხდეს ძირფესვიანი გარდაქმნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი დახმარება უნდა გაუწიონ პრეზიდენტმა, მთავრობამ, პარლამენტმა, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა.
მე სამინისტრო წარმომიდგენია, როგორც საგარეო პოლიტიკის ჭეშმარიტი აკადემია, იდეებისა და ინიციატივების გენერატორი, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ორგანიზატორი.
არ შემიძლია არ მივესალმო პარლამენტის აქტიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას, რის მშვენიერ მაგალითს პარლამენტის თავმჯდომარე იძლევა.
საქართველოს პარლამენტარებმა მაღალი ინტელექტის, ურთიერთობათა კულტურის წყალობით საიმედო პარტნიორის რეპუტაცია დაიმკვიდრეს ევროპაში, ამერიკაში, აზიის ქვეყნებში და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან.
რასაც ვამბობ, თანაბრად ეხება უმრავლესობასაც და ოპონენტებსაც; საერთაშორისო არენაზე მოღვაწეობისას არ არიან კურსის დამცველნი და მოწინააღმდეგენი, არიან კურსის გამტარებელნი. რადგანაც ჩვენ პარლამენტის ფარგლებში სახელმწიფო დონეზე შევათანხმეთ პოლიტიკური კურსი, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვახორციელებდეთ მას.
მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დელეგაციები სწორედ ამ დონეზე დგანან. ჩემთვის ძალიან ბევრ მეგობარს უთქვამს, რომ საქართველოს ჰყავს შესანიშნავი პარლამენტი, ეზრდება საუცხოო პარლამენტარები, რომლებმაც დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭეს საერთაშორისო არენაზე.
1996 წელს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა 83 ქვეყანასთან ნაცვლად 70 ქვეყნისა 1995 წელს და 54 ქვეყნისა 1994 წელს.
მსოფლიოს 36 ქვეყნის ინვესტორებმა მოახდინეს საქართველოს ეკონომიკაში 98 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია როგორც ფულადი სახით, ისე მასალებით, ნედლეულით, ტექნოლოგიით და ა.შ.
საგარეოეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით კვლავაც პრიორიტეტული ამოცანაა ექსპორტისა და იმპორტის ოპტიმალური შეწონასწორება, საინვესტიციო პოლიტიკის სრულყოფა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევრობანკთან და სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარება, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ბისეკის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა თანამეგობრობის ქვეყნების ბაზრებზე დაბრუნება, ჩვენი კუთვნილი ადგილის დაკავება და იმ ტრადიციების აღდგენა, რომელიც გვქონდა, ოღონდ ახალ პირობებში და ახალი პროდუქციით.
საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური ზრუნვის საგანია საგარეო ვალისა და მისი რესტრუქტურიზაციის პრობლემების გადაჭრა, საგარეოეკონომიკური ურთიერთობების დარგში სამომავლო პროგრამის შემუშავება 2000 წლამდე და უფრო შორეული პერსპექტივისათვის. საჭიროა ამ სფეროში საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციის კონცეპტუალური გააზრება.
არაფერი არ უნდა იყოს დამალული.
ფინანსთა მინისტრი ამ დღეებში წარმოადგენს სრულ სურათს საგარეო და საშინაო ვალების შესახებ და წინადადებებს, როგორ უნდა მივუდგეთ მათ ჩვენი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. რა თქმა უნდა, არის დარღვევებიც, დანაშაულობანიც, რის შესახებაც ბევრი რამ თქვა ხელისუფლებამ, მათ შორის, პარლამენტის საგანგებო კომისიამაც.
ყველას თავისი უნდა მიეზღოს, მაგრამ თუ სადმე ობიექტური გარემოებებია, მათაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.
ყოველივე ეს მხოლოდ ერთი რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის ფუნქცია როდია. ამ საკითხების გადაწყვეტაში მთელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა: პრეზიდენტმაც, პარლამენტმაც, სამთავრობო სტრუქტურებმაც.
1996 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის გასული წლის 13 იანვრის განკარგულებით, რომლითაც დამტკიცდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში 1996 წელს მოსამზადებელი კანონპროექტების ნუსხა, მათი მომზადებისათვის პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები.
განკარგულების თანახმად კანონშემოქმედებითი მუშაობა ჩაითვალა სამინისტროთა და უწყებათა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. ამასთანავე, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიზანმიმართულობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წერილს პარლამენტისადმი, რომელშიც ლაპარაკი იყო კანონშემოქმედებით საქმიანობაში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობის საკითხზე.
საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული განკარგულებით მთლიანად 1996 წელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გათვალისწინებული იყო 87 კანონპროექტის მომზადება. მომზადდა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადაეცა 92 კანონპროექტი. აქედან პარლამენტმა მიიღო 60 კანონი. და აქ საკვირველი არაფერია, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს კანონ-შემოქმედების ინტერესებისათვის სხვადასხვა სფეროში.
* * *
სახელმწიფო წყობილების საფუძვლების განმტკიცებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ კანონების მიღებას, რომლებიც ადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ცალკეული შტოების ფორმირებისა და საქმიანობის წესს, მათ ურთიერთმიმართებასა და ურთიერთკონტროლის მექანიზმებს.
ამ სფეროში მიღებული აქტებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“. ამ კანონის მიღებით, მართალია, შესაძლებელი გახდა მთავრობის ფორმირებისათვის სათანადო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, მაგრამ, ამავე დროს, უპასუხოდ დარჩა მთელი რიგი კითხვები, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირების წესს, რომლებმაც აშკარად იჩინეს თავი აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკული საქმიანობის პროცესში. ამიტომ ანალოგიური ახალი კანონის შემუშავების აუცილებლობამ იმთავითვე იჩინა თავი. თითქმის მთელი წელი დასჭირდა „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას. სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, მთავრობის სხდომაზე რამდენჯერმე განხილვისა და პარლამენტის კომიტეტებთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ იგი საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით გადაეცა პარლამენტს განსახილველად.
ხანგრძლივი დებატების შემდეგ პარლამენტმა მიიღო ეს კანონი. იგი უკვე გამოქვეყნდა და მოქმედებს.
არანაკლები დრო და ენერგია დასჭირდა „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ კანონის განახლებაზე მუშაობას, მაგრამ, იუსტიციის სამინისტროს მონდომების მიუხედავად, სამწუხაროდ, ეს ცდა ჯერჯერობით მაინც უშედეგოა, 1997 წლის გეგმით უნდა დამთავრდეს ეს მუშაობა.
„სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღება უაღრესად საშური საქმეა, რადგან მან უნდა მოაწესრიგოს სახელმწიფო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული მრავალსახოვანი ურთიერთობები და დაადგინოს სახელმწიფო სამსახურთან სხვა საქმიანობის (მათ შორის მეწარმეობის) შეთავსების პრინციპები, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ხელისუფლების აპარატში წესრიგის განმტკიცებასა და კორუფციის წარმომშობი პირობების აღმოფხვრას.
აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურის, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულების მუხედვით მმართველობის სისტემის შემდგომი სრულყოფის მიზნით მივიღეთ კანონები ტრანსპორტისა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროების შექმნის თაობაზე.
უზრუნველვყავით ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამებოდეს უშუალო დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმის - რეფერენდუმის კანონის ნორმები. ამ კანონის შესაბამისად ჩავატარეთ პლებისციტი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის და ჩვენთვის დადებითი საერთაშორისო აზრის ფორმირებისათვის აფხაზეთის კონფლოქტთან დაკავშირებით. ამასთან, მისმა რეალურად ამოქმედებამ საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას გაერკვია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა დამოკიდებულება სეპარატისტული რეჟიმის მიერ მოწყობილი უკანონო არჩევნებისადმი და მიეღო პრინციპული პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის გადაწყვეტილებები.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტის მიერ „საჰაერო კოდექსის“ მიღებას, რომელიც კომპლექსურად აწესრიგებს საჰაერო სივრცის დაცვასთან და საავიაციო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების სახელმწიფო კონტროლისაგან განთავისუფლების, ცენზურის გაუქმებისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიღებულია კანონი „სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით წარმოებს მუშაობა კანონპროექტების „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ“, და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის სტატუსის შესახებ“ მოსამზადებლად. ეს განსაკუთრებით პასუხსაგები მოვლენაა ჩვენი ცხოვრებისა და განვითარების დღევანდელ ეტაპზე. შესრულდა ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო.
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის სტატუსის შესახებ“ კანონპროექტი უკვე გადაეცა პარლამენტს განსახილველად. ამასთან, მიმდინარეობს მძაფრი დისკუსია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე. კანონპროექტი წინასწარი განხილვისათვის გაეგზავნა პარლამენტის კომიტეტებს, რომელთა შენიშვნებსა და წინადადებებს ამუშავებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები.
კანონპროექტებზე მუშაობა უეჭველად უნდა დაჩქარდეს. თუ საგაზაფხულო სესიაზე მოვასწარით მათი მიღება, შემოდგომისათვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოწყობა და ამ ორგანოთა რეალური ამოქმედება. სასურველია, ძალიან სასურველია, რომ არჩევნები ჩავატაროთ მიმდინარე წელს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიული განვითარების გზაზე.
სამწუხაროდ, შარშან ასევე ვერ მოვასწარით „სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ და „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტების სათანადოდ მომზადება და პარლამენტში წარდგენა. იქნებ აჩქარებაც არ ღირდეს ამ საკითხში. ბევრი რამის აპრობირებაა საჭირო. მოსახლეობა, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო სიმბოლოების შენარჩუნების თუ ახლის შერჩევის პროცესში.
გუშინდელ ზეიმზე ზოგიერთი სიახლე ამ თვალსაზრისით უკვე იყო.
* * *
გასულ წელს მნიშვნელოვანი კანონები შემუშავდა, და ეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, სამხედრო აღმშენებლობის, თავდაცვის, ეროვნული უშიშროების დარგში. პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“. ეს ახალი ინსტიტუტი უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებაში.
ეროვნული უშიშროების საბჭო დიდ როლს ასრულებს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურების კოორდინაციის თვალსაზრისით. მისასალმებელია, რომ უშიშროების საბჭოს სტრუქტურაში გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული რგოლი. ხაზი ესმება იმ ჭეშმარიტებას, რომ პიროვნების უფლებათა დაცვა ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც ქვეყნის უშიშროების ერთ-ერთი მთავარი პირობა.
თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა სამხედრო და სახელმწიფო უშიშროების კანონმდებლობის პროექტების პაკეტი, რომელიც მოიცავს კანონპროექტებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“, „საყოველთაო სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“, „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“.
მე იძულებული გავხდი გამომეყენებინა კონსტიტუციური უფლება და ვეტო დამედო გასული წლის 26 ივნისს პარლამენტის ინიციატივით მიღებული კანონისათვის საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონში ცვლილებების თაობაზე“, ვინაიდან მისი ზოგიერთი დებულება არღვევდა ადამიანის უფლებებს. ამჟამად კანონი კვლავ პარლამენტის კომიტეტებში მუშავდება. იმედი მაქვს, რომ თანხმობა ამ საკითხებში უმოკლეს ხანში იქნება მიღწეული.
დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გასულ წელს მიღებულ იქნა კანონები, რითაც 70-მდე ცვლილება და დამატება შევიდა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.
თქვენ რომ ეს შესწორებები არ მიგეღოთ, ძალიან დიდი სიძნელეები შეიქმნებოდა დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცვლილებები და დამატებები ძირითადად ეხებოდა მეწარმეების კანონმდებლობის, ვაჭრობის, ფინანსების, გარემოს დაცვის, საგზაო მოძრაობის წესების, სახელმწიფო დაწესებულებათა ფუნქციონირების, ადამიანის უფლებათა სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და ადმინისტრაციული გადაცდომისათვის იურიდიული პასუხისმგებლობის შემდგომი სრულყოფის საკითხებს.
პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს გადაეცა სხვა რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც ითვალისწინებენ ცვლილებებს ზემოთ ჩამოთვლილ კოდიფიცირებულ აქტებში. კარგი იქნება, თუ პარლამენტი დააჩქარებს ამ საკითხების განხილვას.
ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები მიღებულია სულ სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში და საჭიროებენ არსებით გადამუშავებას, უფრო სწორად, ახალი კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტების მიღებას.
ამდენად, საჭიროა იუსტიციის სამინისტრომ და სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიამ წელს დაასრულონ ამ კანონპროექტებზე მუშაობა.
* * *
ლიბერალური რეფორმების განხორციელება, ახალი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ეროვნულ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში. „ქართული რეფორმაციის“ საკანონმდებლო უზრუნველყოფის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიზნით საპარლამენტო და საპრეზიდენტო სტრუქტურები აქტიურად ითანამშრომლებენ.
შარშან მიღებული 108 კანონიდან 45 კანონი უშუალოდ ეხება ეკონომიკური რეფორმების, ფულად-საკრედიტო სისტემისა და საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელი მექანიზმის ძირითად საკითხებს. ამ კანონპროექტთა აბსოლუტური უმრავლესობა მომზადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ და წარდგენილია პარლამენტში პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით.
უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულების სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხები. ქვეყანაში სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ შარშან, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, შესაძლებელი გახდა რეალური სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცება. მართალია, დაგვიანებით, წვალებით, დიდი შეფერხებებით, მაგრამ მაინც საერთაშორისო სტანდსარტების დონეზე.
ამასთან დაკავშირებით გარდაუვალი იყო მოქმედ კანონმდებლობაში რეალობის შესაბამისი ცვლილებების შეტანაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებებმა მხოლოდ ნაწილობრივ თუ გადაწყვიტეს წარმოშობილი კოლიზია. ამდენად, საბიუჯეტო პროცესის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 29 მაისს მიიღო კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“. სწორედ ამ კანონის შესაბამისად მიმდინარეობდა 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და განხილვა, სამწუხაროდ, შარშან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაეცვა პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენის კონსტიტუციური ვადები. და მე ერთხელ კიდევ ვუხდი ბოდიშს პარლამენტს ამ სერიოზული შეცდომისათვის.
შარშან, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო საგადასახადო პოლიტიკა და მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფის საკითხები. ეს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან საგადასახადო პოლიტიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის გულანია, ის წნულია, რომელშიც ყველა მარეგულირებელი ძაფი იყრის თავს. ამ სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტს განსახილველად გადაეცა საგადასახადო კოდექსის პროექტი. აგრეთვე საბაჟო კოდექსის პროექტი და კანონპროექტი „დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ“. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტებია ჩვენი ქვეყნისათვის.
პარლამენტის მიერ მიღებულია რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლებიც არეგულირებენ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების სვვადასხვა (მათ შორის სოციალურ), ასპექტს. მათ შორის არის კანონები „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“.
განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა კანონებს მიწისა და მიწითსარგებლობის შესახებ, რითაც არსებითი ცვლილება იქნა შეტანილი საადგილმამულო ურთიერთობათა დღემდე არსებულ სისტემაში, შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა მიწის რეფორმის გატარებისათვის, რომლის შედეგადაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე (ოჯახი) ყველაზე უფრო ფასეული უძრავი ქონების - მიწის მესაკუთრე გახდა. ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ერთ მილიონ სამუშაო ადგილზე ვლაპარაკობთ.
ცვლილებები განიცადა, აგრეთვე ბანკებისა და საბანკო საქმიანობის მომწესრიგებელმა კანონმდებლობამ. აქვე მინდა დავადასტურო ჩემი შეხედულება ეროვნული ბანკის შესახებ. რა თქმა უნდა, იმ წარდგინებას ხელს არ მოვაწერდი, რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ეროვნულმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის, ეროვნული ვალუტის შემოღებისა და მისი კურსის განმტკიცების საქმეში.
საბაზრო და სოციალური ურთიერთობების სრულყოფილი სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებას.
მოგეხსენებათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ კანონპროექტს. ეს იქნება ერთ-ერთი ფუძემდებელი კანონი ქვეყნისათვის.
ამასთანავე, გასულ წელს სათანადოდ ვერ მომზადდა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 იანვრის განკარგულებით გათვალისწინებული ზოგიერთი კანონის პროექტი ეკონომიკურ საკითხებზე. მეორე მხრივ, ამ სფეროში კანონ-შემოქმედებისას იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევებიც, როდესაც წინასწარ არ იყო გააზრებული კანონის ამოქმედების სოციალურ-ეკონომიკური და იურიდიული შედეგები, კონსტიტუციის მოთხოვნები. ამის გამო პრეზიდენტი იძულებული გახდა ვეტოს უფლება გამოეყენებინა.
გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა, უზენაესმა სასამართლომ და საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნეს და აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობა, რამაც საფუძველი შექმნა სასამართლო ხელისუფლების ამ სრულიად ახალი ინსტიტუტის რეალური ამოქმედებისათვის.
რაც შეეხება სასამართლოს რეფორმის ძირეულ საკითხებს, ამის შესახებ მე ზემოთ ვილაპარაკე, აქ მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ესოდენ რთული ისტორიული მნიშვნელობის რეფორმის განხორციელება დროს მოითხოვს. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. რომ სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა საკანონმდებლო რეგლამენტაცია უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 1997 წლის ნოემბრისა.
ეს არის კონსტიტუციის ურყევი მოთხოვნა და იგი აუცილებლად უნდა შესრულდეს.
* * *
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პირველად ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ადამიანის უფლებადამცველი ორგანო სახალხო დამცველის ინსტიტუტის სახით.
საკანონმდებლო ბაზა ამ ინსტიტუტის ამოქმედებისათვის უკვე მომზადებულია. კერძოდ, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტმა გასული წლის 16 მაისს მიიღო ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“. კანონის შესაბამისად შეტანილ იქნა ცვლილებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სახალხო დამცველის ინსტიტუტის რეალური ამოქმედებისათვის დარჩა მხოლოდ იმ პიროვნების შერჩევა, რომელსაც პარლამენტის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ მოვალეობის შესრულება.
საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“, რომლითაც გაუქმდა ჩაწერის ინსტიტუტი. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება შეტანილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა და საბინაო კოდექსში.
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დევნილი მოსახლეობის უფლებათა საკანონმდებლო მოწესრიგების მიზნით მიღებულია კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“. მომზადდა კანონპროექტი ლტოლვილთა შესახებ. მისი მიღება მეტად საშური საქმეა.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს შემდეგი ცნობა შემიძლია წარმოვუდგინო: დღეისათვის ქვეყანაში 288 ათასი ლტოლვილი და ადგილ ნაცვალი პირია. აქედან 124 ათასი კაცი ორგანიზებულადაა ჩასახლებული და მათი მომსახურების თანხებს (თვეში 7 ლარი) სახელმწიფო იხდის.
კარძო ბინებში ჩასახლებულთა კომუნალური გადასახადის 50 პროცენტზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.
ძალიან ვთხოვ ფინანსთა მინისტრს, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინოს და იზრუნოს დანარჩენ 50 პროცენტზე.
1997 წლიდან დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურსაც სახელმწიფო იხდის. სამწუხაროდ, უმნიშვნელოა სახელმწიფო შემწეობა, რომელიც 8,5 ლარს შეადგენს.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ივლისიდან ბიუჯეტი, თუ შევასრულეთ მისი საშემოსავლო ნაწილის პარამეტრები, ითვალისწინებს შემწეობებისა და პენსიების 20-პროცენტიან ზრდას. რა თქმა უნდა, ეს, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეეხოს პენსიონერებს და ლტოლვილებს.
აღსანიშნავია, რომ სოფლად ჩასახლებულმა 8 ათასმა ოჯახმა მიიღო მიწის ნაკვეთი და შეიძლება ვიფიქროთ მთელ მასის დაკმაყოფილებაზეც.
შარშან 30 ათასმა დევნილმა მიიღო სამედიცინო დახმარების ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისი, ხოლო მიმდინარე წელს ამ ციფრმა 57 ათასი შეადგინა.
მატერიალური წარმოების სფეროში დასაქმებულია 50 ათასი კაცი.
განსაკუთრებული კატეგორიაა მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, ინვალიდები, ობოლი ბავშვები.
გვეხმარებიან უცხოელები. უცხოელთა დახმარებასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენც და მომავალი თაობებიც, ალბათ, სამუდამო ვალში ვართ ჩვენი უცხოელი მეგობრების წინაშე. პირდაპირ მინდა გითხრათ: რომ არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი გულუხვი დახმარება, შიმშილის, სიცივის და უბედურების წლებში ჩვენ ამოვწყდებოდით. აშშ ახლაც აგრძელებს დახმარებას. წლეულს 20 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 100 ათას ტონა ხორბალს მივიღებთ.
იგივე შეიძლება ითქვას გერმანიაზე, საფრანგეთზე, ჰოლანდიაზე, დიდ ბრიტანეთზე, თურქეთზე და ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე.
რა თქმა უნდა, გვეხმარება ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, რომელმაც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში თავისი დამოკიდებულება გამოხატა.
მაგრამ ახლა კვლავ ლტოლვილებთან დაკავშირებით: 1995-96 წლებში ლტოლვილებისათვის ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა შემოიტანეს 20 ათასი ტონა სურსათი. ცალკეულ ჯგუფებს გაეწიათ დახმარება პრეზიდენტის ფონდიდან.
აქვე აღსანიშნავია ღონისძიებები ლტოლვილთა მხარდასაჭერად სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში.
სამწუხაროდ, ჩვენმა ღარიბმა სახელმწიფომ მეტი ვერ შეძლო. დახმარება უფრო ინტენსიური იქნება გაისად, განსაკუთრებული პროგრამები დგება დაბრუნებულთა მხარდასაჭერად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყება.
შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვის უფლების - ადამიანის ერთ-ერთი კონსტიტუციური უფლების დაცვისათვის მომზადდა და პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.
ადამიანის შრომითი და სოციალური უფლებების საკანონმდებლო უზრუნველყოფისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „პროფესიული კავშირების შესახებ“, „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“, „საარსებო მინიმუმის შესახებ“, „შრომოს კანონთა კოდექსში ცვლილებების შესახებ“, „შრომითი ხელშეკრულების კონტრაქტის შესახებ“, კანონპროექტების მომზადებას.
ადამიანის უპირველესი უფლების - სიცოცხლის უფლების თაობაზე კონსტიტუციურ დებულებებს ახლა უკვე შეესაბამება სისხლის სამართლის სასჯელის განსაკუთრებული ზომის - სიკვდილით დასჯის გამოყენების ფარგლები. ცნობილია, რომ სასჯელის აღსრულებაზე დაწესებულია მოროტორიუმი.
შემოღებულ იქნა სასჯელის ახალი სახეობა - სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა.
ჩვენ კვლავ და კვლავ უნდა დავუბრუნდეთ ამ პრობლემას.
მინდა გაცნობოთ, რომ ამ დღეებში პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი შეწყალების უფლება, შეწყალება გავრცელდა 400-მდე პიროვნებაზე, მათ შორის, 250 პიროვნება, რომელთაც დადებითი დახასიათება ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მთლიანად გათავისუფლდა საპატიმრო ადგილებიდან.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პატიოსან ცხოვრებას შეუდგებიან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
* * *
შარშან კანონშემოქმედება სულიერი ცხოვრების, კულტურის განვითარებისათვის საკანონმდებლო საფუძვლების შესაქმნელად შედარებით ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა. თუმცა, პარლამენტმა მაინც მიიღო რამდენიმე ფუძემდებლური საკანონმდებლო აქტი. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კანონებს „კულტურის შესახებ“, „სპორტის შესახებ“, „უცხოეთის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის ცენტრებთან, დაწესებულებებთან, ინვესტორებთან პარტნიორული ურთიერთობის სახელმწიფოებრივი რეგულირების შესახებ“.
მიმდინარე წელს კულტურის საკითხებზე რამდენიმე კანონპროექტი მომზადდება. განათლების სამინისტრომ გასული წლის მიწურულს დაასრულა მუშაობა „განათლების შესახებ“ კანონპროექტზე და წარმოადგინა განსახილველად.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომზადდა და პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, რომლებიც პარლამენტმა უკვე მიიღო.
ასეთია დღეისათვის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის, ახალი საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის დარგში საკანონმდებლო ბაზის ზოგადი მახასიათებლები.
* * *
პოლიტიკური პროგრამის შესრულების მიმდინარეობა, შედეგების შეჯამება და სამომავლო ამოცანების დასახვა პრეზიდენტის მიმართვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.
რამდენად შეიძლება, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, კმაყოფილი ვიყო საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელებით? ამ კითხვაზე პირუთვნელი და სამართლიანი პასუხის გასაცემად უნდა გავითვალისწინოთ ობიექტური ვითარებაც და ისიც, თუ რამდენი რამ გაკეთდა ურთულეს პირობებში ხელშემშლელ ფაქტორთა მიუხედავად.
ობიექტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ ვერ შევუქმენით (მე კვლავაც დავუბრუნდები ამ თემას) ხალხს ცხოვრების ღირსეული პირობები, დაკმაყოფილებული არ არის თითოეული მოქალაქე საარსებო მინიმუმით, დაბალია ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, სხვა შემოსავლების დონე.
მე დღეს აქ არ მილაპარაკია ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მოძებნის დროს და ამ საკითხებზე სპეციალური დისკუსიები გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი ის არის, რომ თანაბარი საწყისი პირობები შეუქმნას ყველა ადამიანს საკუთარი ინიციატივის, ნიჭისა და უნარის გამოსავლენად. ამავე დროს, სახელმწიფომ სოციალურად უნდა დაიცვას უპოვარნი, შრომისუუნარონი, დავრდომილნი, მცირეწლოვანნი. წლეულს ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. გაისად მეტი უნდა გაკეთდეს. ეს ჩვენი მოვალეობაა, ვინაიდან ვაშენებთ არა „ველურ კაპიტალიზმს“, „ველურ საბაზრო ეკონომიკას“, არამედ ცივილიზებულ სამართლებრივ სახელმწიფოს და სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკას.
* * *
ბატონო პარლამენტარებო!
ნება მიბოძეთ, ამით დავამთავრო ჩემი მოხსენება პარლამენტისადმი. იმედს გამოვქვამ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ ენერგია შემატონ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესს. ეს პროცესი უკვე შეუქცევადია.
ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ 21-ე საუკუნის ევროპის კონსტიტუციის შექმნაში. ვმონაწილეობთ გაეროს რეფორმასა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებაში. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ და სოციალურ სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზრო ეკონომიკას, ახალ კულტურასა და ცივილიზაციას.
მიმდინარე წელს საქართველო კიდევ ერთ მძლავრ და გაბედულ ნაბიჯს გადადგამს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ იპოვა უმთავრესი ორიენტირი, რომელიც უეჭველად მიგვიყვანს მძლავრი, დემოკრატიული, ერთიანი, ბედნიერი და აყვავებული ქვეყნის შექმნამდე. ვფიქრობ, ძალზე სიმბოლიური იყო ის, რომ დღევანდელმა საქართველომ გუშინ ძეგლი დაუდგა ჩვენს უდიდეს და უკვდავ მეფეს, დიდ მოაზროვნეს, საქართველოს ერთიანობის, მთლიანობის და მისი სიმძლავრის სიმბოლოს დავით აღმაშენებელს.
მადლობას მოგახსენებთ.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 31 მაისი. - №124 (2497). - 1,2,3,4,5,6 გვ.
![]() |
67 „საქართველოს კონსტიტუცია ის ფუნდამენტია, რომელზეც ძმობის, მეგობრობის, თანხმობის შენობა უნდა აღიმართოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 ივნისის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა თქვენი მოხსენება პარლამენტში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და, კერძოდ, ისევე როგორც შემდგომ გამოსვლებში, საბანკო სისტემას, აგრეთვე, მსოფლიო ბანკის მონაწილეობას და როლს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებში... ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- პრეზიდენტის მოხსენება ხალხისა და პარლამენტისადმი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის თაობაზე წელს, როგორც მოგეხსენებათ, პირველად გაკეთდა და ამ წესის დამკვიდრება მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენში დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესის შემდგომ განმტკიცებას. ეს ზოგადად.
მოხსენებაში კონცენტრირებულად აისახა პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის თანამიმდევრული განხორციელების შედეგები. აღმავლობის ტენდენციები წელსაც გრძელდება - ინდიკატორული გეგმით, როგორც აღინიშნა, ნავარაუდევია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10-14 პროცენტით, ხოლო ინფლაციის წლიური ტემპი ასევე 10-12 პროცენტით შემოიფარგლება. ეს მაჩვენებლები 1998 წლის საპროექტო ბიუჯეტის მონაცემებით, შესაბამისად, 11-13 და 8-9 პროცენტით განისაზღვრება.
ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგია თანდათანობით ორიენტირებული უნდა იყოს სოციალური რეგულირების ასპექტების გაძლიერებაზე, და თუ ამ მომენტებს რადიკალური ეკონომიკური რეფორმის პირველი ეტაპის თავისებურებანი ვერ ითვალისწინებენ, იგი სრულად უნდა აისახოს რეფორმის მომდევნო ეტაპის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრისას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სწორედ მეორე ეტაპის განსაზღვრისა და მისი არსის ჩამოყალიბებისათვის.
ბუნებრივია, ეს უშუალოდ უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების მოცულობის ზრდას, ამდენად გასაგებია, რა მნიშვნელობა ენიჭება წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლის აკრეფას და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სრულფასოვნად შედგენას.
მთავრობის სხდომაზე 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებისა და მიმართულებების განხილვის შედეგად, ფაქტობრივად, ქვეყანაში მომავალი წლის ბიუჯეტზე სერიოზული მუშაობა დაიწყო, რომელიც აქტიურად უნდა გაგრძელდეს და ფართოდ გაიშალოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის ყველა დონეზე. სხვათა შორის, ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყო პარლამენტმაც და პირველი პარამეტრები უკვე წარედგინა მას.
მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების პარამეტრებით კრებსითი ბიუჯეტის შემოსავალი (გრანტის ჩათვლით) 28 პროცენტით აღემატება 1997 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ დონეს და მთლიანი შიდა პროდუქტის 13 პროცენტს შეადგენს, რაც წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,6 პროცენტული პუნქტით მეტია. შენარჩუნებულია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების დადებითი ტენდენცია და მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ მომავალი წლისათვის ეს მაჩვენებელი ნავარაუდევია 2 პროცენტის დონეზე და ა.შ.
ბიუჯეტის გასვლის სტრუქტურაშიც, ქვეყნის აღმშენებლობის სხვა ღონისძიებებთან ერთად, პრიორიტეტულ სფეროდ რჩება მოსახლეობის სოციალური დაცვა, რისთვისაც დაფინანსების ხარჯები თითქმის 1,5-ჯერ გაიზრდება.
რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კვლავ გათვალისწინებული იქნება სახსრები მოსახლეობის ანაბრების ინდექსაციისთვისაც, რაც საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
თქვენი შეკითხვის ერთ-ერთი ელემენტი იყო, მსოფლიო ბანკის პროგრამასთან დაკავშირებით, რა მოცულობა და მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს მას.
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნებისა და რეფორმების განხორციელების შედეგად მიღწეულ წარმატებათა საერთაშორისო აღიარებაა მსოფლიო ბანკის მიერ 1998-2000 წლები საქართველოსათვის დახმარების გაწევის სტრატეგია, რომელიც მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური შედეგების მქონე ქვეყნებისათვის განსაზღვრული, ეგრეთ წოდებული საბაზისო, ე.ი. მაღალი დონის პირობებით წარიმართება. ეს დახმარება, მე უკვე ვილაპარაკე ამაზე, 289 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის აზიისა და ევროპის მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის ბატონ ბაზილ კოვალსკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილული იყო პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ეს თანხები მოხმარდება: ეს არის სტრუქტურული გარდაქმნები, სოციალური სფერო, ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, ენერგეტიკა, წარმოების რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობა და სხვ. ტრანსპორტის რეაბილიტაციისთვის დამატებით კიდევ 20 მილიონზე მეტი დოლარი იქნება მიღებული, არც 289-მილიონიან პროგრამაში არ შედის.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო-ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. სწორედ აქ განვიხილეთ თქვენთვის საინტერესო საბანკო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემა.
კრიზისიდან გამოსვლის დაწყებას დიდად შეუწყო ხელი საფინანსო და ფულად -საკრედიტო სფეროში პრეზიდენტის პროგრამით დასახული პოლიტიკის თანამიმდევრული განხორციელებისათვის ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა მუშაობამ. მათ შორის აღსანიშნავია კომერციული ბანკების რესტრუქტურიზაციისა და სანაციის ღონისძიებების განხორციელება. ამ მხრივ ჩვენში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა და მინდა, რომ ეს ყველა მოქალაქემ და რადიომსმენელმა იცოდეს, რადგან თავისთავად ეს სისტემა ყველას სჭირდება.
შრომატევადი მუშაობაა გაწეული საბანკო სექტორის მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად, რამაც ყველა ბანკს მისცა თანაბარ და ცივილიზებულ პირობებში ფუნქციონირების საშუალება. ჩვენ გავიარეთ სერტიფიკაციის მტკივნეული გზა, რითაც საშუალება მოგვეცა გამოგვევლინა არასაიმედო ბანკები, რომელთაგან ნაწილს ჩამოერთვა საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია, ნაწილი კი უფრო ძლიერ ბანკებს შეუერთდა. მნიშვნელოვანი იყო ბანკების მინიმალური საწესდებო კაპიტალისადმი მოთხოვნების განმტკიცებაც.
აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ 1995 წლის დასაწყისში მოქმედი 229 ბანკიდან (თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, როცა სოკოსავით მრავლდებოდნენ ასეთი ბანკები) დღეს ფუნქციონირებს 55 კომერციული ბანკი. მათ შორის 47 ბანკი უკვე სერტიფიცირებული, 3 - ყოფილი სახელმწიფო-კომერციული და 4 ახლაც ლიცენზირებული ბანკია. ამავე დროს მკვეთრად, თითქმის ორჯერ გაიზარდა ბანკების კაპიტალი და იგი 63 მილიონ ლარს შეადგენს. მნიშვნელოვნად მოიმატა ანაბრების რიცხვმაც - 1996 წლის პირველი იანვრისათვის არსებული 9,5 მილიონი ლარიდან ანაბრების მოცულობა წელს, პირველი აპრილისათვის, 27,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თქვენ იცით, რასაც ნიშნავს ეს, - ლაპარაკია ნდობის ფაქტორზე.
ყოველივე ეს ნათლად მოწმობს, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა ბანკების გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის დონე; უსაფრთხო გახდა მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესები და, რაც მთავარია, საზოგადოებას აღუდგა შერყეული ნდობა ბანკების, მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. დღეს უკვე შეიძლება გაბედულად ვურჩიოთ ქართველ მოქალაქეებს, ისარგებლონ საბანკო მომსახურების ყველა სიკეთით. ჩვენი დღევანდელი სერტიფიცირებული კომერციული ბანკი საერთაშორისო სტანდარტების დონესთან მაქსიმალურად მიახლოებული ორგანიზაციაა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ითანამშრომლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე დაიწყო თანამშრომლობა მთელ რიგ ქართულ ბანკებთან და თითოეულ მათგანში თავისი კონსულტანტებიც ჰყავს; სხვათა შორის, ნდობის ფაქტორის ერთ-ერთი გარანტი ისიც არის, რომ საერთაშორისო ბანკები, საერთაშორისო ორგანიზაციები თანამშრომლობენ ჩვენს ბანკებთან. რამდენიმე ქართული ბანკის ტასისის პროგრამის ფარგლებში მუშაობს საპარტნიორო ფონდების ასათვისებლად; სოფლის მეურნეობის განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტის განხორციელებასაც ქართული ბანკები მოემსახურებიან. ამასთან, მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ქართულ ბანკებში სპეცანგარიშების გახსნის თაობაზე და სხვა, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს ჩვენი ბანკების მიერ საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვებას.
უდიდესი როლი განეკუთვნება ყოფილი სახელმწიფო კომერციული ბანკების აქციონირებას, მათი რესტრუქტურიზაციისა და სანაციის კონკრეტული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, რასაც, „საქართველოს ბანკისა“ და „გაერთიანებული ქართული ბანკის“ მიხედვით თუ განვსჯით, უდავოდ უკვე მოჰყვა შედეგები. ამასთანავე, გარკვეული პრობლემები გვაქვს „აგრობანკში“. მე ასე მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ყველაფერი უნდა იღონონ ამ ფართო ქსელის მქონე ბანკის გაჯანსაღებისათვის, და ამის რეალური პირობები არსებობს.
წვრილ და საშუალო მესაკუთრეთა ფენის ჩამყალიბება და ფეხზე მყარად დადგომა უნდა გახდეს ჩვენში კერძო მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის რეალური დამკვიდრების საფუძველი. ამასთან დაკავშირებით, არსებობს სპეციალური საკრედიტო ხაზი, რომელიც გაიხსნა ეკონომიკის სამინისტროსთან, არის სხვა წყაროებიც. დღეს ყველა პრობლემაზე ვერ შევჩერდები.
ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. წელს შედარებით უკეთესი შედეგები უნდა გვქონდეს მთლიანად სოფლის მეურნეობაში. ხვალ დედოფლისწყაროში გაიმართება შეკრება ალოობის დაწყებასთან დაკავშირებით. ესე იგი, იწყება ალოობა, მოსავლის აღება. ყველა პირობა გვაქვს, რომ საქართველომ ხორბლის სარეკორდო მოსავალი მიიღოს. და ეს, უდავოდ, დიდი გამარჯვება იქნება. პროგნოზები სხვადასხვაგვარია - ზოგი ვარაუდობს 400 ათას ტონას, ზოგი - ცოტა მეტს. ჩემი აზრით, წელს 400 ათას ტონიან მიჯნას თუ მივაღწიეთ, - მხედველობაში მაქვს ხორბლის მოცულობა, ეს მართლაც ჩვენი ეკონომიკის დიდი გამარჯვება იქნება.
ამ დილით ბატონმა ბაკურ გულუამ მიიღო სასიამოვნო ცნობა, რომ რომში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის „ფაოს“ ევროპის ქვეყნების სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს ამ ქვეყნების თავმჯდომარედ მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ეს პირველი მერცხალია; საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აღიარებაა. სიხარულის გამოხატვის გარდა, რა გვეთქმის: ესე იგი, ესეც იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველო ხდება ის ქვეყანა, რომელიც პარტნიორების ძალიან დიდ ნდობას იმსახურებს.
- რადგან ეკონომიკის თემით დავიწყეთ, „ბორჯომის“ პროექტი თავის დროზე ძალიან დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ეს თემა დღესაც უაღრესად აქტუალურია. იმასაც ამბობენ, პრეზიდენტის ბრძანებულება ამ პროცესში თავისებური ჩარევა იყოო. რა მდგომარეობაა დღეს და რამდენად სწორი იყო თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება?
- ამასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა მოვისმინე, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებამ ერთგვარი მარეგულირებელი როლი შეასრულა,როცა ამდენი კომპანია, ამდენი ფირმა არსებობდა, „ბორჯომი“ კი, ფაქტობრივად, გაჩანაგებისა და განადგურების გზაზე იდგა. სწორედ ამისათვის გახდა აუცილებელი სახელმწიფოებრივი ჩარევა. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ მომავალში ეს ფუნქცია თავად უნდა იკისროს.
ახლა, რაც შეეხება იმას, თუ რა მოგვცა რეალურად ამან? მინერალური წყლის „ბორჯომის“ მინის ტარის საწარმოთა რეაბილიტაციისა და განვითარების თვალსაზრისით, პრეზიდენტის ბრძანებულებათა შესაბამისად, სერიოზული სამუშაოები გაიშალა. „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ“ ამ დარგისათვის უკვე მიიღო ათი მილიონი დოლარი ინვესტიცია. ინვესტორები არიან ჰოლანდიის, საფრანგეთისა და ინგლისის კომპანიები, დღემდე არსებულ ფირმებს შემოუერთა უძველესი ინგლისური ბანკი ბერინგსი (ეს გახლავთ საინვესტიციო ბანკი, რომელმაც თავის დროზე თბილის-ფოთის რკინიგზის მშენებლობა დააფინანსა).
პრინციპული მნიშვნელობა აქვს პროექტის რეალიზაციაში მსოფლიო ბანკისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მონაწილეობას - პირველისა - 3 მილიონის, ხოლო მეორისა - 10 მილიონი დოლარის ოდენობით. 24 ივნისს ბორჯომში მოხდება ამ პროექტის პრეზენტაცია. თუ დავიანგარიშებთ, გამოდის, რომ რაღაც ერთ-ორ წელიწადში საერთო ინვესტიციების მოცულობა 24 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
„ბორჯომის“ ჩამოსხმის სიმძლავრე ამ ორ-სამ წელიწადში 200-300 მილიონ ბოთლს მიაღწევს. წელს უკვე 50 მილიონ ბოთლს ვარაუდობენ. დაიწყება ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელიც 250 მილიონ ბოთლ წყაროს წყალს ჩამოასხამს (1,5-ლიტრიან ბოთლებში).
მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალს (გუშინ დაიანგარიშეს და წარმოადგინეს ეს მონაცემები) ამ პროგრამების განხორციელების შემდეგ, მხოლოდ დამატებითი ღირებულების სახით 40 მილიონი ლარი შეემატება. ესე იგი „ბორჯომის“ წყლის წყაროებისა და რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო მიიღებს ბიუჯეტში უშუალო შემოსავალს მარტო დამატებითი ღირებულების გადასახადის ხაზით 40 მილიონი ლარის ოდენობით. მე აღარ ვლაპარაკობ სხვა შემოსავალსა და იმაზე, თუ რას მიიღებს ეს მხარე.
განხორციელდება მრავალი საინტერესო ღონისძიება ბორჯომის ხეობის და, საერთოდ, მესხეთ-ჯავახეთის განვითარებისათვის სწორედ ამ პროექტებისა და სხვა პროექტების ბაზაზე.
- კვლავ ვუბრუნდებით თქვენს მოხსენებას ხალხისა და პარლამენტისადმი. საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკის საკითხთან ერთად თქვენ შეეხეთ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემას და ჩამოაყალიბეთ ამისათვის საჭირო ცხრა პრინციპი. იქ იყო აფხაზეთის უფართოესი ავტონომია, ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნება, პოსტკომფლიქტური რეაბილიტაცია და ასე შემდეგ...
- ყველაფერს, რაც პარლამენტში, ჩემს გამოსვლაში ითქვა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, „ცივი გონებით“ გაანალიზება სჭირდება ჩვენი პარტნიორების მხრივ.
ყველაზე უკეთესი გამოსავალი ის არის, რომ რუსეთმა შეასრულოს თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის პრინციპული გადაწყვეტილებანი ამ საკითხზე. დრო ამისათვის ბევრი არაა, მაგრამ მაინც კიდევ არის. ამასთანავე, ანგარიშგასაწევია, რომ დიდი კითხვის ქვეშ დგება თავად თანამეგობრობის ავტორიტეტი და უნარი, ძალუძს თუ არა მას თავი გაართვას კონფლიქტებთან დაკავშირებულ პრობლემას. ეს ეხება რუსეთსაც და, ბუნებრივია, სხვა ქვეყნებსაც.
სამშვიდობო ძალების გასვლასთან დაკავშირებით, მე ვთავაზობ აფხაზთა ხელმძღვანელებს, როგორც უკვე ვთქვი პარლამენტში, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გარანტირებული შენარჩუნების შესახებ. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა პრობლემები, სხვა საკითხები, რომლებზეც მე უკვე ვილაპარაკე, მაგრამ მთავარი მაინც ამ რეჟიმის შენარჩუნებაა. ჩვენ ეს შეგვიძლია და, მჯერა, ჩვენ ამას გავაკეთებთ.
რაც შეეხება ჩემი ინიციატივის სხვა შემადგენელ ნაწილებს, ყველაფერი ეს გამოქვეყნებულია და, ვფიქრობ, ძირითადი იდეები მისაღები უნდა იყოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისა და ასევე მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნებისათვისაც.
ჩემს წინადადებაში არ არის არავითარი მინიშნება რუსეთის მისიის უგულებელყოფაზე (მე ამას ხაზი მინდა გავუსვა და ყველამ მიაქციოს ყურადღება); რუსეთს შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამშვიდობო ძალები გავლენ; წამოაყენოს ახალი ინიციატივები და სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს ერთობლივად დაწყებული საქმე, თუკი მას ეს გულწრფელად სურდა და გულწრფელად სურს.
- თქვენ ისაუბრეთ აგრეთვე ეროვნული შერიგების აუცილებლობაზე, ქვეყანაში აგრესიული ანტაგონიზმის დაძლევის პრობლემაზე და, ალბათ, პირველად, კატეგორიული ფორმით დააფიქსირეთ, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს, თანაც პირველ ნაბიჯს შერიგებისა და ეროვნული თანხმობის გზაზე...
- ეროვნულ შერიგებაზე მე პირველად არ ვლაპარაკობ. თქვენ გახსოვთ, რომ მოხსენებაში ვახსენე ის მანიფესტი, რომელიც 1992 წელს გამოვაქვეყნე რესპუბლიკის მოედანზე, გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ კიდევ გადაბეჭდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო დოკუმენტია და საქართველოს მოქალაქეებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ. ახლაც, ამ ეტაპზეც, მას ძალა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ახლა გაცილებით უკეთესი პირობებია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მე ისიც ვთქვი პარლამენტში, რომ ამ მანიფესტმა იმუშავა და ბევრს ჩაუსახა იმედი და ბევრი ადამიანიც შემოურიგა ხელისუფლებას.
თუ რა მოჰყვება ჩემს პირველ ნაბიჯებს, უახლოესი დროის საქმეები გვიჩვენებს. აქ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს; ზოგიერთი რამ მოუფიქრებელია, ზოგმა უნდა ვიმუშაოთ. კანცელარიაში სპეციალური ჯგუფი იქმნება ამასთან დაკავშირებით. ამავე დროს მტრული ანტაგონიზმის დაძლევას შემხვედრი მოძრაობა სჭირდება. ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. დაძლევა კი შესაძლებელია, დღეს ამის პირობები არსებობს, რადგან მტრობისა და შეურიგებელი ანტაგონიზმისათვის აღარც პოლიტიკური და აღარც სხვა რამ ისეთი სერიოზული საფუძველი გვაქვს. მე ისიც განვაცხადე, რომ საქართველოს კონსტიტუცია ის ფუნდამენტია, რომელზეც ძმობის, მეგობრობის, თანხმობის შენობა უნდა აღიმართოს.
- განვლილი პოლიტიკური კვირის ყურადღების ცენტრში იყო კვლავ რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულება. რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხელშეკრულება საერთო-ევროპულ უშიშროებას?
- თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინათ მე მივესალმე რუსეთსა და უკრაინას შორის დადებულ ხელშეკრულებას. იმ ვალდებულებათა რეალური შესრულება, რომლებიც მხარეებმა იკისრეს, ევროპის უშიშროების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. უდიდესი ყურადღებით წავიკითხე ეს ფრიად დიდი მოცულობისა და საინტერესო აზრებით დატვირთული ხელშეკრულება. რაც უფრო მეტად გამოიკვეთება ამ ორი წამყვანი სახელმწიფოს როლი ევროპის უშიშროების სისტემაში, მით უკეთესი და მით უფრო მყარი იქნება ეგრეთ წოდებული ევროპის უშიშროების არქიტექტურა.
- განვლილი კვირა, შეიძლება ითქვას, ისტორიული იქნება - ვგულისხმობ ნატოსა და რუსეთის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც ნატოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ დადებული ხელშეკრულებაც დაერთო. იტალიაში ვიზიტის დროს თქვენ და პრემიერ-მინისტრმა პროდიმ ამაზე განსაკუთრებით ისაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ რუსეთ-ნატოს ურთიერთობის გარდა, საჭიროა ნატომ ისეთ დიდ სახელმწიფოსთანაც მოაწესრიგოს თავისი ურთიერთობა, როგორიც უკრაინაა. და მაინც, რუსეთში პოლიტიკური ექსპერტები და ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო, კვლავაც განსხვავებულად ეკიდებიან ამ საკითხს, და განსხვავებული პოლუსებიდან უდგებიან ამ თემას.
- ნატოსთან ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი თავის დროზე, თქვენ თვითონ ხართ ამის მოწმე, და ზედმეტად დრამატიზებულად მიმაჩნია ეს პრობლემა.
ახლა? ახლა ვფიქრობ, რომ პატივი უნდა მივაგოთ რუსეთის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტ ელცინის წინდახედულებას, რომლის წყალობითაც ევროპასა და მსოფლიოში ახალი დაპირისპირების რეალური საფრთხე დაძლეული და გამორიცხულია. დაპირისპირების გამორიცხვა კეთილი ნებაა, თუ რაციონალური აზროვნებისა და ანალიზის შედეგი? - ჩემი აზრით, სწორედ ღრმა ანალიზის შედეგია. ახალი დაპირისპირება მიუღებელია, ეგრეთ წოდებული (ჯერ კიდევ ხმარობენ ამ გამოთქმას) დასავლეთისათვის და დამღუპველია, ვიმეორებ, დამღუპველი იქნებოდა რუსეთისათვის - ყოველ შემთხვევაში, „ცივი ომის“ დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული ტენდენციები ღრმავდება, ფართოვდება, რითაც საქართველო, ისევე როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარი სხვა ქვეყნები, როგორც მთელი მსოფლიო, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული.
მე ასევე გულწრფელად მივესალმები ნატოსა და უკაინას შორის „განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ“ ხელშეკრულების დადებას. ამ ფაქტით ხაზი გაესვა უკრაინის, როგორც ევროპის ერთ-ერთი დიდი და ძლიერი გავლენიანი სახელმწიფოს მნიშვნელობას.
- შავი ზღვის ფლოტის გაყოფის საკითხი, აქამდე თუ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხად განიხილებოდა და გამუდმებით მასმედიის ყურადღების ცენტრში იყო, ახლა უკვე გამოიკვეთა საქართველოს სრულიად კანონიერი და აბსოლუტურად გასაგები პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორის, პარლამენტში გამოსვლისას თქვენ ძალიან მწვავედ შეეხეთ ამ თემას. როგორია საქართველოს შანსი, რომელიც ამ ბრძოლაში სრულიად გასაგები მიზეზების გამო მოგვიანებით ჩაება?
- შავი ზღვის ფლოტის გაყოფაში საქართველოს მონაწილეობის უგულებელყოფა რუსეთის მხრივ უსამართლობაა. მე მწვავედ ვილაპარაკე პარლამენტში ამის თაობაზე. უნდა ვთქვა, რომ მეგობრული და კარგი ურთიერთობის აგება სახელმწიფოთა შორის შეუძლებელია, თუ სიმართლის ფაქტორს არ გავითვალისწინებთ, და როცა საჭიროა, მწვავედაც ვილაპარაკებ ამ სიმართლის შესახებ. ჩვენ გული გვტკივა და იმიტომ ვამბობთ, რომ გვინდა იყოს კარგი ურთიერთობა. ასეთი უგულებელყოფა კი ხშირად ხელს უშლის ისეთი მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელზეც მე და ბატონმა ელცინმა ვისაუბრეთ, არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოლაპარაკება დაიწყო თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელთა 1992 წლის რომელიღაც გადაწყვეტილების საფუძველზე, არ არის დამაჯერებელი. 1992 წელს საქართველო თანამეგობრობის წევრი არ იყო და მოლაპარაკებაშიც ვერ მიიღებდა მონაწილეობას, სხვათა შორის, ამაზე ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა ილაპარაკა, მაგრამ მე მაინც საჭიროდ მიმაჩნია, ერთხელ კიდევ გავუსვა ხაზი. თუ ძალიან მწვავე არ იქნება, რა ჩანს ასეთი დამოკიდებულებიდან, მე ასე ვიტყოდი: თქვენ ხართ უმცროსი პარტნიორი და როგორც გვინდა, ისე მოგექცევით. და სწორედ ეს გახლავთ უსამართლობის არსი. რუსეთს ახლაც შეუძლია, თუნდაც სიმბოლურად, დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა. უნდა ვიქონიოთ თუ არა იმედი, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება? ჩემი აზრით ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის და, შეძლებისდაგვარად, უნდა ვიბრძოლოთ.
- განვლილი კვირა საქართველოს მიმართ ჩეჩნეთის რაღაც გამორჩეული ინტერესით აღინიშნა. მინისტრის ზაკაევის ვიზიტს, რომლის დროს მან ხმამაღლა გამოხატა ჩეჩნეთის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოსადმი, უმალ მოჰყვა კუტაევის ვიზიტი. შემდეგ ჩეჩნეთის ცნობილმა ლიდერმა უდუგოვმა კისლოვოდსკში გამართულ შეხვედრაზე წამოაყენა წინადადება კავკასიაში თავისებური ეუთოს ტიპის ორგანიზაციის გახსნის თაობაზე, რომლის ცენტრი თბილისში იქნება. ამას მოჰყვა აუშევის განცხადება, ჩეჩნეთთან ერთად, ალბათ, ესეც საინტერესოა კავკასიური კონტექსტით, რომელმაც ასეთი რამ თქვა: თუ იქნება სტაბილური საქართველო, მთლიანად კავკასიაც სტაბილური იქნება, და თუ არ იქნება სტაბილური საქართველო, ბუნებრივია, ვერც კავკასია იქნება სტაბილური. და კვლავ უდუგოვის ერთი ფრაზა, რომელიც მან კისლოვოდსკში წარმოთქვა პრესკონფერენციაზე: საქართველო ჩეჩნეთისათვის სტრატეგიული პარტნიორია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დაიწყო რაღაც ახალი ეტაპი საქართველოსა და ჩეჩნეთის ურთიერთობაზე, რადგან, საერთოდ, ჩვენი კავკასიური პოლიტიკა და ჩრდილოეთ კავკასიის ქეყნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია....
- რა თქმა უნდა, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებს, მათ შორის, ბატონ მასხადოვის, ბატონ აუშევის ყველა გამონათქვამს. თქვენ იცით, რომ, ადრე ბატონ გალაზოვის გამოსვლებთან დაკავშირებით მისაუბრია და ასე შემდეგ. ყურადღება მივაქციე ბატონ უდუგოვის გამოსვლას კისლოვოდსკის ცნობილი შეხვედრის შემდეგ. დღევანდელ გამოსვლაში, ალბათ, არ არის აუცილებელი ყველა ამ გამოსვლის კომენტარი. ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით იმას, მაგრამ ზოგადად ვიტყოდი შემდეგს: კავკასიის თემა საერთოდ უაღრესად აქტუალურია ევროპისათვის, აქტუალურია მთელი მსოფლიოსათვის, და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონისთვისაც, განსაკუთრებით და, უწინარესად, საარსებო მნიშვნელობისაა თვით კავკასიელებისათვის. ჩვენ დღეს კავკასიის ყველა ხალხთან გვაქვს აქტიური დიალოგი, ხოლო სახელმწიფოებთან (მხედველობაში მყავს ჩვენი უახლოესი მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი) - განსაკუთრებული ურთიერთობა, ისევე როგორც რუსეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობა.
ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი აქვს კონტაქტებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელებთან და მათს წარმომადგენლებთან. ეს კონტაქტები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ყველა მშვიდად უნდა იყოს. მოგეხსენებათ, აფხაზეთში კონფლიქტის გამო ორი მეზობელი მონათესავე ხალხის ურთიერთობა გართულდა, და ახლა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დავძლიოთ ყოველგვარი ნეგატიური ჩვენს ურთიერთობაში და აღვადგინოთ, ავაღორძინოთ, მე ასე ვიტყოდი, მეზობლობისა და ძმობის ტრადიციები, მემკვიდრეობად რომ მიგვიღია ჩვენი წინაპრებისაგან.
საქინფორმი.
„საქართველოს კონსტიტუცია ის ფუნდამენტია, რომელზეც ძმობის, მეგობრობის, თანხმობის შენობა უნდა აღიმართოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 3 ივნისი. - №126 (2499). - 1,2 გვ.
![]() |
68 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საიუბილეო მილოცვა ვლადიმერ ალფენიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო ვლადიმერ,
თავს უფლებას ვაძლევ განსაკუთრებული გრძნობებით, პატივისცემით მოგილოცოთ სამოცი წლისთავი.
არ მეგონა, თუ ამდენი დრო გავიდა.
თითქოს ყველაფერი იყო გუშინ.
რამდენი რამაა მოსაგონარი, გასახსენებელი, საამაყოცაა და დასანანიც.
ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ეპოქის ურთულეს მოვლენათა ანარეკლია.
იქნებ მოვიდეს დრო და ერთად გავიხსენოთ ზოგიერთი რამ, რასაც პიროვნულის გარდა, საერთო ეროვნული, იქნებ ზოგადკაცობრიული ელფერიც დაჰკრავს.
მადლობა მინდა გითხრა მრავალწლიანი თანადგომისათვის, დახმარებისათვის, თანამოაზრეობისათვის, რასაც ჩემთვის, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ საუკუნის დასასრულიც გვიახლოვდება. ოცდამეერთე საუკუნის დადგომასაც მოვესწრებით.
მჯერა, სხვა საქართველო შეაბიჯებს მესამე ათასწლეულში.
ოჯახურ ბედნიერებას და შემოქმედებით სიხარულს გისურვებ მუდამ.
შენი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი
4.02.97 წელი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საიუბილეო მილოცვა ვლადიმერ ალფენიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 ივნისი. - №128 (2500). - 9 გვ.
![]() |
69 „პარტნიორობა უეჭველად გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების პატივისცემას და ორივე მხარის სასარგებლო თანამშრომლობას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
9 ივნისის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუსაც ტრადიციულად ეკონომიკის თემით დავიწყებთ. მთავრობის სხდომაზე შეჯამდა ბიუჯეტის ხუთი თვის შედეგები. თქვენ ამაზე ძალიან დაწვრილებით ილაპარაკეთ. საერთოდ, ეკონომიკის თემის წინ წამოწევა თქვენს ინტერვიუებსა და სხვა გამოსვლებში იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ დანარჩენ მსოფლიოსთან საქართველოს ურთიერთობაში ძირითად, მთავარ კოზირად სწორედ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა რჩება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- მინდა დაგეთანხმოთ, რომ ჩვენ ქვეყნის ცხოვრების ბევრი სხვადასხვა ასპექტი გვაინტერესებს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ განსაკუთრებული ხედვა აქვთ, მაგრამ მაინც ეკონომიკური რეფორმები უმთავრესი საზრუნავი და უმთავრესი სამიზნეა, მე ასე ვიტყოდი, მათი ანალიზისა და ხედვის თვალსაზრისით. რამდენადაც უფრო ინტენსიურად და სიღრმისეულად მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმები, მით უფრო ძლიერია, როგორც მიღებულია ითქვას, კოზირი. ეს ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო სარბიელზე ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახის და აქ მიმდინარე პროცესების კონცენტრირებული გამოხატულებაა.
ახლა უფრო კონკრეტულად. განვლილი კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენებიდან მინდა გამოვყო მსოფლიო ბანკის მორიგი მისიის სამუშაო ვიზიტის დასრულება. ვიზიტის დროს შემუშავებულია სტრუქტურული გარდაქმნების მეორე კრედიტის მიღების პირობები. ეს კრედიტი დახმარების კონკრეტული პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობის შემდგომ განმტკიცებას ისეთი მიმართულებების მიხედვით, როგორიც არის სოციალური სფერო (ამ კრედიტებში ახლა სწორედ სოციალური სფერო გამოიკვეთა), საბანკო და ენერგეტიკული სექტორები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და პრივატიზაცია, სავაჭრო და საბანკო სისტემების სრულყოფა.
ბანკის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრისას ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩვენში რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით შეეხება საბანკო სისტემაში მომხდარ ცვლილებებს, ასევე რეფორმებს ჯანმრთელობის დაცვასა და განათლების სისტემაში, ვაჭრობის პოლიტიკის მხარდაჭერას და ასე შემდეგ.
ამასთანავე, კრედიტის მიღების პირობები სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს საფონდო და ფასიანი ქაღალდების ბაზრების შექმნას (ეს, ასე ვთქვათ, ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და იგი უკვე დგას დღის წესრიგში), ესე იგი ამ ბაზრების შექმნას და ფუნქციონირებას, აქციონერთა უფლებების დაცვას, პრივატიზაციის პროცესის ახალ ეტაპზე წარმართვის ღონისძიებებს. გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის თავისებურებათა გათვალისწინებით კვლავაც უნდა ვესწრაფოდეთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა ძირითადი შეთანხმების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია საბაჟო ადმინისტრაციის სრულყოფისა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცების ამოცანებიც. მე ხშირად ვახსენებ ამ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას. შემდეგ გამოსვლებში ალბათ უნდა შევეცადოთ ცალკე გავაშუქოთ საკითხი, თუ რას მოასწავებს საქართველოსათვის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, გაერთიანება. რა პრობლემები უნდა დავძლიოთ, რა მიჯნები უნდა გადავლახოთ და რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას ამ ორგანიზაციაში ინტეგრირება. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც შეიძლება, სავსებით გასაგები მიზეზების გამო, ყველა მოქალაქეს წარმოდგენა არ ჰქონდეს, და ისინი უნდა გავარკვიოთ.
ახლა ისეთი სასიამოვნო მოვლენა: ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების საკითხებში უკვე მივაღწიეთ ცოტაოდენ წინსვლას და, ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს უკვე შეგვიძლია, და მსოფლიო ბანკის მოთხოვნაც ასეთია, რომ როგორმე ავიდეთ 70-პროცენტიან დონეზე, იყოს მხოლოდ უშუალო ანაზღაურება და არავითარი ჩათვლები.
სოციალურ სექტორში, ჯანმრთელობის დაცვისა და საპენსიო სისტემის სრულყოფასთან ერთად, გათვალისწინებულია, როგორც მოგახსენეთ, ასევე განათლების სისტემის რეფორმის საწყისი ეტაპის ღონისძიებანი. მათ შორის მასწავლებელთა და განათლების სფეროს სხვა პერსონალის სერტიფიცირება (და მინდა შემდგომ ფრაზას ყველამ მიაქციოს ყურადღება), რაც მაღალკვალიფიციური პედაგოგების შრომის ანაზღაურების მკვეთრი გადიდების საშუალებას მოგვცემს. მჯერა, რომ ჩვენი პედაგოგების უმრავლესობა სწორედ ამ სტანდარტს შეესაბამება. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ატესტაციისა თუ სერტიფიცირების გამო უმუშევარი არავინ არ რჩება, ხდება კლასიფიკაცია - ვისაც მაღალი რანგი და დონე აქვს, მაღალ შეფასებას იღებს, მაღალი ხელფასი ექნება და ასე შემდეგ.
აღნიშნულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელებისათვის უნდა გაფართოვდეს საკანონმდებლო ბაზა და შესრულდეს სრულყოფის სამუშაოები - მისაღებია საბაჟო კოდექსი, კანონები საბაჟო ტარიფის, ელექტროენერგიის, ფასიანი ქაღალდების, არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ და სხვა, ცვლილებები იქნება შესატანი გაკოტრებისა და მეწარმეთა შესახებ კანონებში. მე ახლა სხვა სფეროებს არ ვეხები. იცით, ეს გახლავთ სასამართლო რეფორმასთან, სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებული და მრავალი სხვა ფუძემდებლური კანონის პროექტები უკვე მომზადდა მთავრობაში და განსახილველად წარედგინა პარლამენტს.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ მოიწონა განვითარების საერთაშორისო სააგენტოს წინადადება საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის 50 მილიონი ამერიკული დოლარი კრედიტის გამოყოფის თაობაზე. ეს გრძელვადიანი - ორმოცწლიანი, ფაქტობრივად, ნაჩუქარი კრედიტია იმისათვის, რომ ჩვენი ენერგეტიკა ფეხზე დავაყენოთ. ეს დიდი დახმარებაა, რომელმაც უნდა შეგვიქმნას იმის გარანტია, რომ მომავალი ზამთრის სეზონისათვის მზადება გაცილებით უკეთეს ფინანსურ ფონზე წარიმართება.
მეოთხე საკითხი, რომელზეც მინდა შევჩერდე, - მრეწველობის ფუნქციონირების ხუთი თვის საბოლოო შედეგები ჯერ შეჯამებული არ არის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყნის განვითარების ბედს ბოლოს და ბოლოს მრეწველობის დონე, მისი გამოცოცხლების პროცესი გადაწყვეტს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარ-მაისში სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპმა 115 პროცენტი შეადგინა. ესეც იშვიათი მონაცემია. მართალია, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნულა, სწრაფი ზრდის ტემპი ძირითადად დაბალი საბაზისო დონით არის განპირობებული, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ხუთ თვეში ეს მაჩვენებელი 102 პროცენტს აღწევდა, ვითარების გაუმჯობესების მკვეთრი ტენდენცია აშკარაა. ხუთი თვის შედეგების მიხედვით, საშუალოზე მაღალი ტემპი აქვთ ქალაქ თბილისს - 119 პროცენტი, რუსთავს - 116 პროცენტი, ზრდით ხასიათდება ასევე ქვემო ქართლის - 109 პროცენტი და იმერეთის მხარის - 105 პროცენტი სამრეწველო საწარმოები. უწყებებიდან და ცალკეული საწარმოებიდან მიღებული ოპერატიული მონაცემებით, მაისის მესამე დეკადაში და მთლიანად განვლილ თვეში შეიმჩნევა სამრეწველო საწარმოთა ეკონომიკური აქტიურობის გაძლიერება წინა ოთხ თვესთან შედარებით.
კერძოდ, განვლილ თვეში ყოფილი მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში შემავალმა საწარმოებმა გამოუშვეს 10,5 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც თითქმის 2-ჯერ სჭარბობს წინა ოთხი თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. მსუბუქი მრეწველობის საწარმოებმა მაისში გამოუშვეს 1,5-ჯერ მეტი პროდუქცია იანვარ-აპრილის საშუალო თვიურ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა დარგის პოტენციური შესაძლებლობანი ჯერ ისევ მეტად უმნიშვნელოდ გამოიყენება და განვლილ თვეში იქ სულ წარმოებულია 650 ათასი ლარის პროდუქცია. მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად აუთვისებელია შიდა ბაზარიც კი და ჩვენი ღონისძიებები ამ მხრივ საკმაოდ უსუსურად გამოიყურება. ახალი მრეწველობის მინისტრი თამაზ აგლაძე ახლებურად უნდა მოეკიდოს როგორც მსუბუქი მრეწველობის, ისე სხვა დარგების პრობლემებს, განსაკუთრებით ბაზრის, წარმოებული პროდუქციის გასაღების პრობლემებს.
მეტალურგიული მრეწველობის საწარმოებმა მაისში გამოუშვეს 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, რაც 18,5 პროცენტით აღემატება წლის განვლილი პერიოდის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. მეტალურგია განსაკუთრებით მახარებს, რადგან მთავრობის სხდომებზე ჩვენ პრინციპულად განვიხილეთ ეს საკითხი, დახმარებაც გავუწიეთ, და დაიწყო გამოცოცხლების პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ აქაც წარმოების შემდგომი ზრდის რეზერვები საკმაოდ სოლიდურია, რომელთა ასამოქმედებლადაც რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში განხორციელდა მთელი რიგი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებანი, რომელთა შედეგების მიღებასაც უკვე ივნისიდან ვვარაუდობთ. სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ რესტრუქტურიზაციამ ახლო მომავალში უნდა უზრუნველყოს დარგის რეაბილიტაცია.
საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, მაისში საბაჟო სისტემიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 15 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თვიური გეგმის თითქმის 102 პროცენტით შესრულებას ნიშნავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთლიანად 5 თვეში საბაჟო დეპარტამენტის ხაზით ბიუჯეტში მობილიზებულია 60 მილიონი ლარი. და ისევ და ისევ საგულისხმო ციფრი გახლავთ - ეს ციფრი 3,5-ჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ხუთი თვის დავალება 100-ზე მეტი პროცენტით შესრულდა. სწორედ ეს გახლავთ ის, რაზეც ჩვენ ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაუთავებლად ვლაპარაკობთ - ევრაზიის დერეფანი, საქართველოს გადაქცევა სატრანზიტო ქვეყნად - სწორედ ეს პროცესი ღრმავდება და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამჯერ და ოთხჯერ გავადიდოთ საბაჟო შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტში.
საგადასახადო ინსპექციის ცნობით, მაისში აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი 26 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 16 მილიონი ლარი ჩაირიცხა ცენტრალურ ბიუჯეტში. მთლიანად ხუთ თვეში საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში გადარიცხა 115 მილიონი ლარი, რაც 29 მილიონი ლარით, ანუ 35 პროცენტით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი შედარების მეთოდის მიხედვით კარგია, მაგრამ იგი ვერ უზრუნველყოფს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის სრულად შესრულებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ხუთი თვის გეგმების შესრულება უზრუნველყვეს კახეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის მხარეებმა, ამასთან შეფერხებებია, როგორც მე მთავრობის სხდომაზე ვთქვი, სერიოზულად და ძალიან მწარედ, - თბილისში, შეფერხებებია აჭარაში, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის მხარეებში.
ეს შეფერხებები სახელმწიფო და ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებაში უფრო დაძაბულს ხდის ივნისში გასაწევ რთულ სამუშაოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ექვსი თვის დავალების შესრულება.
ყველაფერი ამის თაობაზე მკაცრად, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მკაცრად ვთქვი ამასწინდელ მთავრობის სხდომაზე.
ამ დღეებში დაიწყო ხუთი თვის შედეგების ადგილებზე - რაიონებში, ქალაქებში, რეგიონებში შეჯამება-განხილვის პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების ყველა მაღალი რანგის ხელმძღვანელი მუშაკები, მათ შორის პრეზიდენტიც. მეც, კერძოდ, მხედველობაში მაქვს მონაწილეობა მივიღო თბილისში, დავესწრო ხუთი თვის შედეგების შეჯამებას, მონაწილეობა მივიღო ამ დისკუსიაში, ასევე კახეთშიც და იქნებ ზოგიერთ სხვა რეგიონშიც.
ამ ფორმით მუშაობის წარმართვა, რომელიც მომავალი კვირის ბოლომდე გასტანს, ქვეყნის ბიუჯეტისა და ფინანსების განმტკიცებაში თითოეული სოფლის, რაიონის, ქალაქისა და რეგიონის რეალური შესაძლებლობის შესწავლისა და გამოვლენის, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანი საშუალება უნდა გახდეს. მან უნდა დაგვანახოს, თუ როგორ შევიტანოთ გარდატეხა ამ საქმეში, რათა ექვსი თვის და მთლიანად წლის დავალებათა შესრულება სათუო არ გახდეს არავითარ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა შევამციროთ ბიუჯეტის გასავლის ნაწილი, ესე იგი ხარჯები, ხარჯების შემცირება კი იცით, რასთან არის დაკავშირებული. ეს არის შტატების შემცირება, ხელფასების შემცირება და სხვა.
ექვსი თვის შედეგების შეჯამება ფაქტობრივად არსებულ შესაძლებლობათა გამოყენების ხარისხის შეფასება იქნება, რაც ძალზე მკაცრად, პერსონალურად მოეთხოვება ყველას, ვინც და რა დონის ხელმძღვანელი მუშაკიც უნდა იყოს. მე მინდა ერთხელ კიდევ გავიმეორო: ჩვენი მთავრობის სხდომაზე პედაგოგთა ატესტაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენისას სავსებით პრინციპულად დავაყენე პედაგოგთა ხელფასებით უზრუნველყოფის საკითხი. საქმე ეხება არამარტო ძველი დავალიანების დაფარვას, არამედ აგრეთვე ზაფხულის ხელფასების დროულად გაცემას. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამისთვის განსაკუთრებულად უნდა იზრუნონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, მითუმეტეს, რომ მომავალში ასეთი ხარჯების დაფინანსების სიმძიმის ცენტრი თანდათანობით ადგილობრივ ბიუჯეტზე გადაინაცვლებს. ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლის ბუჯეტის ის პარამეტრები, ახალმა ფინანსთა მინისტრმა რომ წამოაყენა, გულისხმობს, რომ სწორედ ადგილობრივ ბიუჯეტებს დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლებისა და პენსიების გადახდისათვის.
- გასულ კვირას რუსეთის სამშვიდობო ძალები კვლავ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქ მომხდარი საზარელი ფაქტის გამო, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საინტერესო იყო ამ ინციდენტის კონტექსტი: საქართველოს ხელისუფლება აკეთებს განცხადებას რუსეთის სამშვიდობო ძალების შესაძლო გაყვანის თაობაზე, რასაც რუსი პოლიტიკოსების - სელეზნიოვის, რიბკინისა და სხვების შესაბამისი განცხადებები და მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. ამ ინციდენტის ფონზე საინტერესოა აგრეთვე ის პროვოკაციული ინფორმაციები, საქართველოში აკრედიტებული თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების მიმართ რომ გაისმა, თითქოს ისინი, თუ ჯარი გავა, თანახმანი არიან ცნონ აფზახეთის დამოუკიდებლობა. საინტერესოა ისიც, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იმ ორი ქვეყნის ელჩების მიმართ გავრცელდა, რომელთაც საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და იმავე აფხაზეთის კონფლიქტში, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა თუ თურქეთს...
- მინდა, რომ ამ თემაზე რაღაც დიდი გამწვავების გარეშე ვილაპარაკო, მაგრამ მაინც, ალბათ, ზოგიერთ რაღაცას, რუსეთის ცნობილი მოღვაწეების ზოგიერთ გამონათქვამს ვუპასუხო - კერძოდ, ბატონ რიბკინის განცხადებას (მე ამ მოღვაწეს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და საკმაოდ დიდ პატივსაც ვცემდი), მაგრამ სიმართლე სიმართლეა და სიმართლე პიროვნულ პატივისცემაზე უფრო მაღლა დგას, ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას. პასუხად, რასაკვირველია, ბევრი ქართული ანდაზის მოყვანა შეიძლებოდა. თქვენ იცით, რომ მან ანდაზების ენით ილაპარაკა, რაც არანაკლებ ზუსტად ასახავს ჩვენს სათქმელს. თუმცა, ანდაზებით საუბარი არ ღირს, ვინაიდან ამ კონტექსტით (ვგულისხმობ პოლიტიკურ კონტექსტს) ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ კონფრონტაციული მუხტის მატარებელიც აღმოჩნდეს. მავანს რატომღაც ჰგონია, რომ საქართველო უარესისკენ ისწრაფვის და არა უკეთესისაკენ, როდესაც აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის გზებს ვეძებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს ომი, ვინაიდან შესანიშნავად გვესმის და ვიცით, რა უბედურების მომტანია იგი როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ხალხისათვის. ასე რომ, აქ ნიშნის მოგება და ფარული მუქარა (თუნდაც ხალხური ანდაზით შენიღბული) არავის ამშვენებს. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ რუსეთის მეშვეობით, რუსეთთან თანამშრომლობით, მისი ინტერესების მრავალმხრივი გათვალისწინებით გადაგვეწყვიტა პრობლემა მშვიდობიანად - ძალის გამოუყენებლად. სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, - მრავალი დაპირების, მრავალი რეზოლუციის მიუხედავად, სამშვიდობო ძალების მოქმედება, ხასიათი და მოქმედების მასშტაბი არ შეცვლილა - ისინი კვლავინდებურად აფიქსირებენ ეგრეთ წოდებულ „საზღვარს“ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ამავე დროს, ასევე უსულგულოდ და, მე ვიტყოდი, ცოტა არ იყოს ცინიკურად მოეკიდა რუსეთის ზოგიერთი მოხელე ჩინოვნიკი საქართველოს თხოვნას შავი ზღვის ფლოტიდან კუთვნილი წილის მიღების თაობაზე. მე არ შემიძლია არ გამოვხატო ამასთან დაკავშირებით წყენაც და არ გამოვხატო ის გრძნობაც, რომ ერთგვარად შეურაცხყოფილიც ვართ. ამგვარი დამოკიდებულების გამო ჩვენ უკვე გვიჭირს ვისაუბროთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უკვე გვიჭირს, ვინაიდან პარტნიორობა უეჭველად გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების პატივისცემას და ორივე მხარისათვის სასარგებლო თანამშრომლობას, ყოველ შემთხვევაში, ადამიანურ და არგუმენტირებულ პასუხს და ჩვეულებრივ დიალოგს, თუკი საკითხი სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წამოიჭრება.
რაც შეეხება აფხაზეთის საკითხს, ჩემი ღრმა რწმენით, იგი უნდა გადაწყეს სამართლიანად - როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ხალხის სასიკეთოდ. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მაინც შეასრულებს თავის მისიას, მიმაჩნია, რომ იგი ერთ-ერთი ინიციატორი უნდა იყოს იმ ღონისძიებისა, რომლის იდეაც მე წამოვაყენე. დიახ, ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სამშვიდობო კონფერენციის მოწვევაზე, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას, თუკი ასეთი კონფერენცია შეიკრიბება. სამშვიდობო პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული ქვეყანა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მე ისე წარმომიდგენია, რომ ეს კონფერენცია უნდა მოეწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, რა თქმა უნდა, რუსეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი, თუ გნებავთ, მასპინძელი. ვთქვათ, სოჭში შეიძლებოდა შეკრებილიყო ასეთი კონფერენცია. უფრო ძლიერად უნდა ამოქმედდეს „კავკასიური ფაქტორი“. და მე ის აზრიც გამოვთქვი, რომ სასურველია კავკასიის ლიდერებმა - ზოგმა მეთვალყურის სტატუსით, ზოგმა შეიძლება უშუალო მონაწილის ხარისხით მიიღოს მონაწილეობა ამ კონფერენციის მუშაობაში და, ჩემი აზრით, კონფერენციის საყრდენი უნდა იყო საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომლებიც მეგობრები არიან ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც.
რაც შეეხება ხმაურს ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის ელჩების განცხადებებთან დაკავშირებით, მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადებები ფალსიფიცირებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. სხვათა შორის, მათი წასვლა აფხაზეთში - ბატონი კორტნი არაერთხელ ყოფილა, თურქეთის ელჩი ერთხელ იყო, ეს მოხდა არა მარტო ჩვენი თანხმობით, არამედ თხოვნითაც, რომ მათ უშუალო კონტაქტები დაამყარონ და ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესის განვითარებას.
- გალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?
- თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ სამშვიდობო ძალების სერჟანტ ვაგანოვის მიერ მხეცური დახვრეტის ფაქტი. ამის მიზეზი, ყველაფერი, ალბათ, გაირკვევა. სხვათა შორის, რუსეთის პროგრამის ერთ-ერთ გადაცემას მივაქციე ყურადღება და რაღაც სხვა ეჭვებიც გამოითქვა, ვითომ ეს ასე კი არ არის, არამედ ქვეტექსტი იყო, რომ ვიღაცის მიერ მოწყობილ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩემს განცხადებაში ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქმული იყო არა მარტო ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და სხვების მიმართ, რუსეთის, ხელმძღვანელობის მისამართით, არამედ სერიოზული შეშფოთებაც იმის გამო, რომ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში უშიშროების გარანტს უნდა წარმოადგენდნენ და თავიანთი უდისციპლინობითა თუ არაორგანიზებულობით დამატებითს პრობლემებს არ უნდა ქმნიდნენ. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეს საზარელი ფაქტი მოწმობს ერთგვარ კრიზისულ ვითარებას, რომელშიც სამშვიდობო ოპერაცია და თვით სამშვიდობო ძალები აღმოჩნდნენ. ვიმედოვნებ, ინციდენტი საფუძვლიანად იქნება გამოძიებული და გაირკვევა ყველა თანამდევი გარემოება. სხვათა შორის, მე მივაქციე ყურადღება გუშინ ბატონ კახა თარგამაძის სატელევიზიო გამოსვლას, რომელმაც მოიყვანა ათობით ფაქტი, როდესაც სამშვიდობო ძალები მონაწილეობდნენ რეპრესიულ ღონისძიებაში, მათი მონაწილეობით ხდებოდა ადამიანებთან ანგარიშსწორება, ბევრი მოქალაქის დახვრეტა, ბევრის იზოლირება და ა.შ. ეს იმიტომ კი არ ვთქვი, რომ ვიღაცას ნიშნი მოვუგო, არამედ იმიტომ ვამბობ, რომ ღრმა გაანალიზება სჭირდება იმას, რასაც ჰქვია სამშვიდობო ფუნქცია და ამ ფუნქციის განხორციელება ამ რეგიონში.
- ამ კონტექსტით, ალბათ, ძალიან საინტერესოა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ინიციატივა კავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან დაკავშირებით. რამდენად შეუწყობს იგი ხელს კავკასიის და, კერძოდ, საერთო-ევროპულ უშიშროებას?
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ინიციატივა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის - ამჯერად საგარეო-პოლიტიკურ სფეროში კონსტრუქციული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. ეს წინადადება გულისხმობს „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივის განვითარებას და გარკვეულწილად ახალ სიბრტყეზე მის გადატანასაც. კისლოვოდსკის დეკლარაციას, როგორც მოგეხსენებათ, ხელი მოაწერეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა (ყოველ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ამ კონფერენციის მუშაობაში. რასაკვირველია, პოლიტიკური დეკლარაცია ფარატინა ქაღალდი არ არის და კისლოვოდსკშიც იმისათვის არ შევკრებილვართ, რომ მარტოოდენ გვესაუბრა და კეთილი სურვილები გამოგვეთქვა. კისლოვოდსკის დეკლარაციამ უნდა იმუშაოს და კონკრეტული შედეგებიც მოიტანოს - კავკასიური დიალოგის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას რაღაც წარმონაქმნი - ეს იქნება რეგიონული ორგანიზაცია თუ სხვა რაღაც ფორმით. მხედველობაში მაქვს სამი კავკასიური სახელმწიფო, მეოთხე - აუცილებლად რუსეთი როგორც ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რუსეთის სუბიექტები - ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები, რესპუბლიკები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ. ახლა ცოტა ძნელია მოვხაზოთ ის კონტურები, ასეთი რეგიონული წარმონაქმნი რომ მიიღებს. შეიძლება ეს იყოს ეუთოს მსგავსი, ანდა უფრო საკონსულტაციო ხასიათის ორგანიზაცია ჩემი აზრით, თუ ახლა ყველაფერს წინასწარ განვსაზღვრავთ და გავწევთ მუშაობას, ამან შეიძლება გააღიზიანოს ჩვენი კოლეგები და პარტნიორები. ჩვენ ეს მათთან ერთად უნდა შევქმნათ და არ უნდა იყოს ისეთი პრეტენზია, რომ, აი, თბილისია რაღაცის და ვიღაცისკანონმდებელი. ეს უნდა მოხდეს სწორედ მათთან ერთად კოლეგიურად, მეგობრულად, შეთანხმებული პრინციპებით, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კავკასიის ჩანაფიქრის იდეის განხორციელებას.
- და, ვიდრე კავკასია მშვიდობიანი არ არის, კონფლიქტები ქართული პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად რჩება. გუშინ პეტერბურგში თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე იმსჯელეს აფხაზეთთან დაკავშირებით. რამდენად მოახდენს ეს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება რეალურ ზეგავლენას აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე?
- გუშინ პეტერბურგში თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დადგენილება აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება, განსაკუთრებით ლტოლვილთა დაბრუნების გამო, რაშიც არავითარი პროგრესი არ იგრძნობა. ასამბლეა მოუწოდებს ყველას, ვისაც კი ეს ევალება, სამშვიდობო ძალების მანდატის ვადის გასვლის მოახლოებასთან დაკავშირებით დააჩქარონ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 28 მარტის გადაწყვეტილებათა შესრულება და, სხვათა შორის ითხოვს ამას ძალიან პრინციპულად. გადაწყვეტილება, როგორც ვთქვი, საკმაოდ პრინციპული და კატეგორიულია, თუმცა, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არა მგონია, რუსეთის ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში ნაწილი, დიდად შეაშფოთოს თანამეგობრობის ქვეყნების ასამბლეის კატეგორიულობამ და პრინციპულობამ. ეს მოღვაწეები ნაკლებად ან სრულებითაც არ ზრუნავენ თანამეგობრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის, რომლებზეც უშუალოდ იქნება დამოკიდებული ამ საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა. ჩვენ, როცა 28 მარტს ამ თემაზე ვსაუბრობდით, მეც და სხვა პრეზიდენტებიც გამოვთქვამდით აზრს, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე, საერთოდ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე დიდად იქნება დამოკიდებული ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა და ავტორიტეტი. თუ ის მოხელე-ჩინოვნიკები, რომლებიც რეალურად მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე გაითავისებენ ამ პრობლემას და იზრუნებენ ამ ორგანიზაციის ავტორიტეტისთვის, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ წვლილს შევიტანთ თანამეგობრობის განმტკიცებასა და გაძლიერებაში.
- ბოლო კითხვა, რომელსაც ჩვენს საინფორმაციო საშუალებებში ამ რამდენიმე დღის წინათ პირველი ადგილი ეკავა. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა ჩეჩნეთში დატყვევებული ოთხი ჟურნალისტის დაბრუნება საკუთარ ოჯახებსა და სამსახურებში...
- მე არ შემიძლია ამ კითხვას ავუარო და მადლობელი ვარ, რომ შემახსენეთ.
რუსეთელი ჟურნალისტების განთავისუფლებასთან დაკავშირებით მინდა ძლიან დიდი კმაყოფილება გამოვხატო. ვიცი, რომ ბევრი რამ გააკეთეს მათი განთავისუფლებისათვის პრეზიდენტმა ელცინმა და, რა თქმა უნდა პრეზიდენტმა მასხადოვმა.
ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მათი თავისუფალი შემოქმედებისათვის ზრუნვა - ეს უკვე პრინციპული საკითხია, ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალია. ჟურნალისტის უსაფრთხოების წინააღმდეგ აღმართული ხელი მე კაცობრიობის წინაშე დანაშაულად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებაც და ჟურნალისტიც იცავენ კანონს და უფრთხილდებიან ქვეყანაში მოქმედ კონსტიტუციას.
საქინფორმი.
„პარტნიორობა უეჭველად გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების პატივისცემას და ორივე მხარის სასარგებლო თანამშრომლობას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 10 ივნისი. - №132 (2505). - 1,2 გვ.
![]() |
70 „ჩვენ თქვენთან ვართ ამ მწუხარების დღეებში“ |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა ბულატ ოკუჯავას ოჯახსა და ახლობლებს. წერილში, კერძოდ, ნათქვამია:
„ვიზიარებ თქვენს მწუხარებას მძიმე დანაკარგის გამო, რომელიც განიცადეთ თქვენ, და დარწმუნებული ვარ, მთელმა რუსეთმაც. მასთან ერთად, დაუვიწყარ ბულატ ოკუჯავას დასტირის მიწა, რომელშიც იხარა მისი შემოქმედების შესანიშნავმა მსხმოიარე ვაზმა. ოკუჯავას დაბალი ხმა, რომელიც გარკვეულ დროს ნაღარასავით ჟღერდა, საქართველოშიც, მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის ქალაქ თბილისშიც ისმოდა, სადაც სიხარულით გრძნობდნენ პოეტის სიტყვებში ნათესაობის გამოძახილს. ბულატ ოკუჯავას გარდაცვალებით იგი არ გაქრება.
ჩვენ თქვენთან ვართ ამ მწუხარების დღეებში“.
„ჩვენ თქვენთან ვართ ამ მწუხარების დღეებში“ : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 ივნისი. - №138 (2511). - 1 გვ.
![]() |
71 „მე ყოველთვის ვარ შეხვედრების მომხრე, დიალოგის მომხრე, მით უმეტეს, თუკი კონსტრუქციულ მიდგომათა რაღაც ახალი ელემენტი გაჩნდება, ყოველმხრივ დავუჭერ მხარს და მივესალმები ამას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 ივნისის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით გამოირჩეოდა. „დოიჩე ბანკი“ ქართული ბანკებისათვის უგარანტიო საკრედიტო ხაზების გახსნას აპირებს და იმასაც გვპირდება, რომ ჩვენი ბანკებისათვის ემისიის გარანტიით ხანგრძლივ კრედიტებს მივიღებთ. მრავალისმთქმელი იყო თურქეთის დელეგაციის ვიზიტის შედეგები. გუშინ გაიმართა შეხვედრა ბიზნესმენებთან. და, ბოლოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეჯამდა ხუთი თვის შედეგები. თქვენ თელავში ბრძანდებოდით და, მე ვიტყოდი, თქვენს საპროგრამო გამოსვლაში ორი საინტერესო მომენტი გამოიკვეთა: თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში არ იქნებიან ღატაკები, რომ საქართველო კარგად უზრუნველყოფილ მოქალაქეთა ქვეყანა იქნება. და, კიდევ, რეფორმის მეორე ეტაპისათვის საჭირო სტაბილურობიდან გამომდინარე, თქვენ კვლავ დააყენეთ დიდი შერიგების საკითხი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- განვლილ კვირაში გამართული რამდენიმე საერთაშორისო დონის შეხვედრა იმსახურებს ყურადღებას. აქედან ორმხრივ პარტნიორულ ურთიერთობაში ეკონომიკური თანამშრომლობის წინა პლანზე წამოწევის მიზნით, და სწორედ ამ ნიშნით, ხასიათდებოდა საქართველოში თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის, ქალბატონ აიფერ ილმაზის ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც თან ახლდა თურქი ბიზნესმენებისა და საქმიანი წრეების საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია. მე იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს, რომ საჭიროდ ვთვლი რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამის თაობაზე.
პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სტრატეგიული მიმართულებანი, რომლებიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ უკავშირდება ჩვენს გეოპოლიტიკურ თავისებურებებს. ევრაზიული დერეფანი, კასპიისა და ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებასთან ერთად (თქვენ მოგეხსენებათ, ბატონ ალიევისა და ბატონ ნაზარბაევის ამბოლოდროინდელი შეხვედრა, კიდევ ერთი საინტერესო პრესპექტივა გაჩნდა), კარგ პერსპექტივებს უსახავს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან ენერგორესურსების თურქეთში ტრანზიტის პროექტების განხორციელებასაც. (ვფიქრობ, სამომავლოდ შეიძლება ლაპარაკი იყოს თურქმენულ გაზზეც რუსეთის გავლით ანდა სხვა გზით). მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ქსელის აღდგენა-გაფართოებაში სარკინიგზო და ავტომაგისტრალების ერთობლივი პროექტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს, ასევე საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსების პოტენციალის ათვისება ერთობლივი ძალებით, ეკოლოგიურად უსაფრთხო ნორმების დაცვით. უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს თურქული მხარის დაინტერესება საბანკო სფეროში კონტაქტების განვითარებით. ეროვნულმა ბანკმა ამასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად უნდა იმუშაოს, რათა საბანკო სისტემებს შორის განვითარდეს ურთიერთობა. სხვათა შორის, მინდა შევნიშნო, რომ სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ ილმაზთან საუბრისას მე განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება ჭოროხის პრობლემაზე. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში ამ მდინარეზე მრავალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა აქვთ დაგეგმილი, რამაც შეიძლება მძიმე შედეგები მოუტანოს ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებს. შემპირდნენ, რომ, როცა პრეზიდენტი ჩამობრძანდება საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში, მაშინ ამასთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმასაც შემპირდნენ, რომ ისინი პრობლემებს არ შექმნიან.
გაიმართა შეხვედრა შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების წარმომადგენლებთან, რომელზეც მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების, მსხვილი ბანკების, მათ შორის შავი ზღვის ბანკის ყურადღება იმაზე გამახვილდა, თუ რა მნიშვნელობა და როლი ენიჭებათ საქართველოთი დაინტერესებას კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი პროექტების განხორციელებაში. მინდა გითხრათ, რომ შავი ზღვის ბანკი ახლა იწყებს არსებობას, ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიტანია ჩვენი წილი, მაგრამ ეს საკითხები ახლა უკვე წყდება. მახსოვს, როგორ დაიწყო ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის შექმნა ცარიელ ადგილზე, დღეს კი ეს უკვე უზარმაზარი ფაქტორია მთელი ევროპისა და მისი გარემოს განვითარებისათვის. ასევე იქნება ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ შავი ზღვის ბანკიც.
ევრაზიული დერეფნის ფუნქციონირების დიდ პერსპექტივებს, საქართველოში მნიშვნელოვან მოცულობის გრძელვადიანი კრედიტის მოზიდვასა და პრიორიტეტულ დარგებში მათს განთავსებას უკავშირებს თავის სამომავლო გეგმებს ჩვენთან ურთიერთობაში „დოიჩე ბანკიც“ (თქვენ იცით, რომ ჩვენ რამდენიმე წელია ვმუშაობთ ამ ბანკთან, იგი ჩვენ გვსწავლობს, ჩვენც ვუკვირდებით), რომელიც ქართული ბანკებისათვის საკრედიტო ხაზების გახსნას იწყებს. გერმანული ბანკის ეს ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვანი სტიმულია სხვა ბანკებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისითაც.
მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციისათვის საარსებო მნიშვნელობის პირობაა საგარეო ვაჭრობის განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ამიტომაც, ჩვენი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად გახდომაა, რაც ქვეყნის მომავალი განვითარების მძლავრი იმპულსი იქნება. თქვენ გახსოვთ, წინა ინტერვიუში მე შევპირდი რადიომსმენელებს, რომ შევეხებოდი ამ თემას და რამდენიმე სიტყვას ვიტყოდი ამ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც გაწევრიანების პრეტენზია გვაქვს.
ეს მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც 129 წევრი და 30 მეთვალყურე ქვეყანა შედის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან შეთანხმებული გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის თანამიმდევრული განხორციელებით სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძველს უქმნის მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის მიზანია ღია მსოფლიო ბაზრის ფორმირება თავისუფალ კონკურენციაზე დაყრდნობით. მისი საქმიანობა ისეთ ძირითად პრინციპებზეა აგებული, როგორიც არის ადგილობრივი წარმოების დაცვა (რითაც ჩვენ განსაკუთრებით ვართ დაინტერესებული) მხოლოდ საიმპორტო ტარიფების მეშვეობით; ვაჭრობა ყოველგვარი დისკრიმინაციული პირობების გარეშე; სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა; ექსპორტის, ვაჭრობის, მეწარმეობის, ინვესტიციების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური რეფორმების სტიმულირება; აგრეთვე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის დახმარება.
ყოველივე ეს თავისთავად ცხადყოფს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს, რომელიც შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებამ, მით უმეტეს, რომ ზემოაღნიშნულთან ერთად, გარკვეული აზრით, ეს ჩვენი ქვეყნისათვის პოლიტიკური უშიშროების პირობების შექმნასაც მოასწავებს.
შარშან, ივნისში, საქართველოს მიენიჭა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მეთვალყურის სტატუსი. ამჟამად, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილი კომისია აქტიურად მუშაობს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულების უზრუნველსაყოფად, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ორგანიზაცია, ევროკომისია, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენგან ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბატონი მიხეილ უკლება და საკმაოდ წარმატებითაც.
დღეისათვის საქართველოს შიდა ბაზარი საკმაოდ ღიაა, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისათვის სავსებით მისაღებია, მაგრამ გარდამავალ ეტაპზე აუცილებელია ვისარგებლოთ ამ ორგანიზაციის მიერ დაწესებული შეღავათიანი, შუალედური პერიოდით (შუალედური პერიოდი 10 წლამდეა), რომელიც ღია კონკურენციის რეჟიმზე გადასვლამდე ეძლევა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შიდა ბაზრის განმტკიცებისათვის, გადაჭარბებული იმპორტისაგან დაცვისა და საკუთარი საწარმოო პოტენციალის განვითარებისათვის.
ამავე დროს, შიდა ბაზრის დაცვის მექანიზმების გამოყენებისას, არ უნდა დავუშვათ ისეთი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტები, როგორიც არის კონკურენციის ჩახშობა, ბაზრის მონოპოლიზება და ხელოვნური დეფიციტის შექმნა, ფასების გაუმართლებელი ზრდა, სამამულო წარმოების პროდუქციის ხარისხის დაქვეითება და სხვა მრავალი. ყოველივე ამაში ჩვენი და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესები აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს და, აქედან გამომდინარე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისათვის დიდი სამუშაოა გასაწევი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიმართულებითაც. მე ჩემს აპარატს ამ დილით უნდა შევხვდე და დავავალო კანცელარიას, რომ ეს პროექტი შესაბამისად შემუშავდეს.
ქვეყნის რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს 5 თვის მუშაობის ეკონომიკური შედეგების შეჯამება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი საქმიანი შეხვედრები ადგილებზე უდავოდ ეფექტიანი გზა გამოდგა კონკრეტულ გადაწყვეტილებათა მისაღებად, თითოეული რეგიონის პრობლემებისა და შესაძლებლობების სიღრმისეულად გააზრებისათვის. მე, როგორც აღნიშნეთ, მონაწილეობა მივიღე კახეთის რეგიონის აქტივის მუშაობაში. კახეთი იმ რეგიონთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც ბიუჯეტის შემოსავლის 5 თვის გეგმა გადაჭარბებით - 109 პროცენტით შესრულდა. სამრეწველო პროდუქციის ზრდაც საკმაოდ შთამბეჭდავია - იგი 12 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიით მომარაგება დინამიკურად არ ხდებოდა. და ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის. აღსანიშნავია ბოლო პერიოდში მეღვინეობის დარგის რეაბილიტაციის ტენდენციები, რაც განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა. მევენახეობა გადარჩენის გზაზეა და სწორედ ამ დარგზე დიდად იქნება დამოკიდებული მომავალში არა მარტო კახეთის განვითარება. ამავე დროს მხარის ადმინისტრაციამ ღვინის საწარმოების ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა მიიღოს ზომები მზა პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევისა და შარშან მიღებული კრედიტების დროულად დაფარვისათვის. ეს ვადა იწურება, კახელებმა პირობა მოგვცეს, რომ ამ კრედიტებს დაფარავენ, და მე მჯერა, რომ მათი სიტყვა მარტოოდენ სიტყვად არ დარჩება და ისინი ამას უდავოდ შეასრულებენ.
კახეთში მარცვლეულის მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს. ჩვენ, სამწუხაროდ, ყველა მინდორი ვერ მოვიარეთ, მაგრამ თვითმფრინავით შემოვუარე მთელ კახეთს, ყველა რეგიონსა და რაიონს, ლამის ყველა სოფელს და მართლაც ზღვასავით მოსავალი დგას ახლა. ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე მოულოდნელი მოხდეს, და უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი მოსავალი იქნება. ამასთან დაკავშირებით, ბიზნესმენებმა, ბანკირებმა, გამგებლებმა და მხარის ხელმძღვანელობამ, ყველამ ერთად, უნდა იფიქროს საკუთარი წარმოების მარცვლეულის შესყიდვაზე, გადამუშავებაზე და ამით მომავალი წლის მოსავლისათვის საფუძვლის ჩაყრაზე. თუ ახლა შეისყიდიან მოწეულ მოსავალს, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული მომავალი წლის კიდევ უფრო უკეთესი მოსავლისათვის. საკუთარი მარცვლეულის რესურსის გადიდების ღონისძიებანი საიმედო გზაა იმისათვის, რომ შემცირდეს იმპორტი და დამკვიდრდეს დადებითი ტენდენციები ეკონომიკაში. ეს რეალური გზაა, რათა შევამციროთ შემოტანა და უფრო მეტად ავიღოთ საკუთარი წარმოების კურსი. ამით ჩვენ განვამტკიცებთ ეროვნულ ვალუტას და ხელს შევუწყობთ მის სტაბილურობას.
ზუსტად ერთი წელი გავიდა პურის ფასების ლიბერალიზაციიდან. გახსოვთ ალბათ, რა პირობებში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დღეს, დაწყებული სახელმწიფო კომისიით, რომელსაც ბატონი ბაკური ხელმძღვანელობს და ჩვენი მინისტრებიც შედიოდნენ ამ კომისიაში, და დამთავრებული რიგითი მეპურით, ბიზნესმენებით, ბანკირებით და ასე შემდეგ, ყველანი მადლობას იმსახურებენ ამ სოციალურად და პოლიტიკურად ურთულესი ამოცანის შესრულებისათვის. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, დაჯილდოვდნენ მთავრობის ჯილდოებით, ორდენებითა და მედლებით.
და რადგან ხუთი თვის შედეგებზეა ლაპარაკი, მე ისევ დავუბრუნდები ამ თემას. მაღალ დონეზე შეჯამდა ხუთი თვის შედეგები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, პოლიტიკური დატვირთვის თვალსაზრისითაც და ეკონომიკური მსჯელობითაც მაღალკვალიფიციურობა გამოიჩინეს მონაწილეებმა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში, ასევე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში და ასე შემდეგ.
განსაკუთრებით საინტერესო იყო შედეგების შეჯამება აჭარაში - ბატონების ასლან აბაშიძისა და ნიკო ლეკიშვილის, მინისტრების მონაწილეობით. პრობლემათა განხილვის სიმწვავე, რომლითაც ეს შეხვედრა გამოირჩეოდა, შეესაბამება პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ისიც უნდა ითქვას, რომ აჭარის წილი საერთო-სახელმწიფო ყულაბაში თანდათანობით იზრდება და კვლავაც გაიზრდება. ჩვენ ამისათვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. თქვენ იცით, რომ კომპანია „შევრონს“ ახლა აჭარა-ბათუმის გავლით გააქვს თითქმის მილიონ-ნახევარი ტონა ნავთობი. ახლა კვლავ ჩამოდიან ამ კომპანიის ხელმძღვანელები. ვფიქრობ, რომ გაისისთვის კიდევ უფრო დიდი პროგრამა იქნება. არის აგრეთვე სხვა საინტერესო მიმართულებანი. საინტერესოა იაპონელებთან ერთად ნავთობის ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტი, ფაქტობრივად, ლაპარაკია ახალი ქარხნის მშენებლობაზე, და სხვა მრავალი. მინდა ვთქვა, რომ აჭარის პრობლემები, ისევე როგორც აჭარის ხელმძღვანელობის, ასევე მთლიანად საქართველოს ხელმძღვანელობის ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.
ახლა ორიოდე სიტყვით შევეხები ზოგიერთ პრინციპულ მოთხოვნას, რომლებიც თელავში დადგა დღის წესრიგში. მე ვთქვი, რომ იწყება რეფორმების მეორე ეტაპი, პრივატიზაციის მეორე ეტაპი და არა მარტო პრივატიზაციისა. ამას მე უფრო ფართო თვალსაზრისით ვუყურებ. მეორე ეტაპი განვითარების ახალი დონეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს უნდა იყოს სიღარიბის, სიღატაკის დაძლევის ეტაპი. ეს კი შეუძლებელია ერის, მთელი მოსახლეობის შემდგომი კონსოლიდაციის გარეშე, ესე იგი, შერიგების პროცესის გარეშე. მე სულაც არა მყავს მხედველობაში, როცა შერიგებას ვგულისხმობ, რაღაც ორი მხარე. საერთოდ მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელოვნურად შექმნილი, თითიდან გამოწოვილი პრობლემები არ უნდა დგებოდეს დღის წესრიგში. ხშირად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვანდომებთ ასეთი პრობლემების დაძლევას.
- თქვენ ახლა ილაპარაკეთ შერიგების თემაზე, აჭარის შედეგებზე და ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე. ხომ არ გგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა ნამდვილი დემოკრატიის ელემენტებმა. თუნდაც ის ფაქტი, რომ აჭარის ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ცნობილმა ფაქტმა, ვგულისხმობ შარჟს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელსაც ძალიან დიდი გაღიზიანება მოჰყვა...
- მე ალბათ მთლად ამომწურავ პასუხს ამჯერად ვერ მოგცემთ. ეს ისეთი თემაა, რომელიც მოითხოვს კვლავ და კვლავ გაშუქებას, და კვლავ და კვლავ უნდა დავუბრუნდეთ მას. მაგრამ ჩემი პასუხის მონახაზი ასეთი იქნება: თავისუფალ პრესას განვითარების თავისი კანონზომიერება აქვს დემოკრატიულ ქვეყანაში, და ჩვენ, ყველამ ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ეს გზა ავირჩიეთ და სწორედ ამ გზას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებში. მაგრამ თვით პიროვნების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის ინეტერესები მოითხოვს, რომ უსაფუძვლოდ არავის ღირსება არ უნდა შეილახოს. საერთოდ, ღირსების შემლახავი ყოველგვარი გამოსვლა გამაღიზიანებელია და მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საკითხი ავტონომიურ ფორმირებათა ლიდერებს (გთხოვთ, ამას მივაქციოთ ყურადღება), ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებს ეხება. თქვენ ხშირად მოგისმენიათ ცალკეული ჩვენი რეგიონების ცრემლებამდე მისული თხოვნა, ცოტა გაგვიფრთხილდითო. ზოგიერთი პუბლიკაცია, რომელზეც ისინი მსჯელობდნენ და ლაპარაკობდნენ, მართლაც ძალიან დიდ გულისტკივილს იწვევს, როცა უსაფუძვლოა. აქ, კერძოდ, ერთგვარი გაღიზიანების ელემენტები შეინიშნებოდა ბათუმში (ეს მე მითხრეს) და იგი დაკავშირებულია რაღაც შარჟებთან, კარიკატურებთან და ასე შემდეგ. შარჟები და კარიკატურები, იქნება ეს საგაზეთო პუბლიკაციაში თუ სცენიდან, ჩვენ ქვეყნის ამ თავისებურებას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს. მე არ მინდა რაღაც კანონმდებელი ვიყო ამ სფეროში და ეს ყველაფერი ჩარჩოებში ჩაჯდეს. ეს არ მოხდება, მაგრამ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ძალიან ბევრი თავისებურება ახასიათებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ქვეყნის ამ თავისებურებებსა და სპეციფიკურობას, იმას, რომ სტაბილურობისა და დემოკრატიის ყლორტები, როგორც თქვენ სწორედ შენიშნეთ, ჯერ კიდევ სუსტია და ვერ მომაგრებულან, ამისათვის დროა საჭირო. ჩემი შენიშვნა სულაც არ ეხება ქვეყნის უმაღლეს ეშელონებს. ალბათ, უმაღლეს ეშელონებს და სხვებსაც უნდა ვაკრიტიკებდეთ. სატირა - სატირაა, კრიტიკა - კრიტიკაა, მათ შორის შარჟებიცა და კარიკატურებიც, თუ ისინი პიროვნების ღირსებას არ შელახავენ, პრესის, სიტყვისა და კრიტიკის თავისუფლების ელემენტებია. ჩვენი ახალგაზრდა საზოგადოება ახლა დუღილის პროცესშია. ეს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს ეხება. დაღვინებამდე, დამწიფებამდე, ახალ წყობაში პოლიტიკურ, უბრალოდ ადამიანთა შორის ახალ ურთიერთობათა მაღალ კულტურამდე. მე ასე ვხედავ, არც ისე შორსა ვართ. მივდივართ ამ გზით საკმაოდ სწრაფად და მჯერა, რომ მიზნამდე მივაღწევთ.
- განვლილ კვირაში მეტად აქტუალური იყო აფხაზეთის თემა. რუსეთში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მოლაპარაკება აფხაზურ მხარესთან. მოლაპარაკება არ უნდა გადაიქცეს აფხაზეთის მოსახლეობის ეთნოწმენდის და გენოციდის შედეგების დაკანონების საშუალებად (ციტატა თქვენი კომენტარიდან). ელჩი ლორთქიფანიძე მეტად დამაფიქრებელ ინფორმაციებს გვაწვდის მოსკოვის შეხვედრის შესახებ. არძინბა აცხადებს, რომ სურს შეხვდეს ქვეყნის პრეზიდენტს. კვლავ აქტუალურია ხელშეკრულების ეგრეთ წოდებული ჩეჩნური ვარიანტის თემა, აქტუალურია კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ყოფნა-არყოფნის თემაც. სხვათა შორის, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი კონფედერაციის ძალების შემოყვანასაც გვპირდება. და ამ ფონზე თავდაცვის მინისტრი ვ. ნადიბაიძე ჯერ მოსკოვს, შემდეგ ბრიუსელს ეწვია...
- თქვენს კითხვასთან დაკავშირებით შემდეგ აზრს მინდა გავუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ წამოყენებული ახალი წინადადებების შემდეგ (მოგეხსენებათ, რაზეა ლაპარაკი - პარლამენტში ჩვენი წინადადებები, ზურაბ ჟვანიას გამოსვლა და სხვ.) ერთგვარად დაიძრა მოლაპარაკების პროცესი მოსკოვში, დაიძრა მკვეთრი წერტილიდან. საქმეში აქტიურად, და მე ვიტყოდი, საკმაოდ პრინციპულად, მკაცრად ჩაერია რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი. როგორც მითხრეს, სისტემატურ შეხვედრებს აწყობს აფხაზურ მხარესთან საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვლადისლავ არძინბას პოზიციაში, როგორც მაწვდიან ყოველდღიურ ინფორმაციას, იგრძნობა კომპრომისების ძიების სურვილი. დასკვნების გამოტანა, რა თქმა უნდა, ნაჩქარევია, ჩვენი მოთხოვნები, ნათლად არის ჩამოყალიბებული არაერთხელ პრეზიდენტის გამოსვლებსა და პარლამენტის გადაწყვეტილებებში. ამ დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კვლავ გაემგზავრება მოსკოვს და მას შეიძლება პარლამენტიდანაც გაჰყვეს რამდენიმე მოღვაწე. ამასთანავე, მიმდინარეობს უაღრესად აქტიური მუშაობა იმ იდეებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ბოლო დროს წამოაყენა საქართველომ და რომლებსაც საკმაოდ აქტიურად უჭერენ მხარს მსოფლიო საზოგადოებრიობის სხვადასხვა წრეებში.
რაც შეეხება იმას, რომ ვლადისლავ არძინბა მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს (ალბათ, მე ვყავდი მხედველობაში და არა სხვა პრეზიდენტი), მე, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ვარ შეხვედრის მომხრე, დიალოგის მომხრე, მით უმეტეს, თუკი კონსტრუქციულ მიდგომათა რაღაც ახალი ელემენტები გაჩნდება, ყოველმხრივ დავუჭერ მხარს და მივესალმები ამას.
კონფედერაციის განცხადებას არავითარი საფუძველი არა აქვს, თუ რომელიღაც ძალა გავა, და თუ ვინმეს ჩანაცვლება უნდა მოხდეს, ჩვენ ვიცით, ვინ უნდა ჩაენაცვლოს. ანდა შეიძლება საერთოდ არავინ იყოს. თუ საკითხი საბოლოოდ ასე დადგება და 28 მარტის გადაწყვეტილება არ შესრულდება, მაშინ მოსალოდნელია არა კონფედერაცია, არამედ სულ სხვა გადაწყვეტილება.
მე ასევე მინდა აღვნიშნო ვ. ნადიბაიძის სასარგებლო ვიზიტი ბრიუსელში. ახლა იგი მოსკოვშია, იქ აქვს საინტერესო შეხვედრები კოლეგებთან. საინტერესო იყო მისი გამოსვლა ბრიუსელშიც და ესეც ჩვეულებრივი პროცესია იმ ხელშეკრულების რეალიზაციის თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.
- უკვე კარგა ხანია პრესაში მუსირებს პრეზიდენტის რეზიდენციის თემა. ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ახალი რეზიდენცია და გარკვეული პროექტის ავტორთა აზრით, ყოფილი პიონერთა სასახლის შენობა.
- დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე უნდა იქცეს იმ ადგილად, სადაც პრეზიდენტი მიიღებს საპატიო სტუმრებს და ასე შემდეგ... როგორია თქვენი აზრი ამ პოზიციასთან და ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ თქვენი პოზიცია არ არის ცნობილი...
- კარგია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ, რადგან უნდა ამოიწუროს იგი. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ეს არაჯანსაღი ინფორმაციის საგანი ხდება. ჩემი აზრით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მეათეხარისხოვანია. მე საქმიანობის სავსებით ნორმალური პირობები მაქვს, ყოველ შემთხვევაში ამ შენობაში, სადაც ახლა ვიმყოფები. შენობა, სადაც ვმუშაობ, ტექნოლოგიურად (და ეს მთავარია) სავსებით მოსახერხებელი და მისაღებია. სხვათა შორის, მე მირჩევნია თქვან, შევარდნაძე ცენტრალური კომიტეტის შენობას რომ აშენებდა, პრეზიდენტის რეზიდენციას გულისხმობდაო. ეს ვარიანტი მირჩევნია. რაც შეეხება რეზიდენციის ბრწყინვალებას (ბევრი ქვეყნისთვის, ბევრი რეზიდენციისათვის არის დამახასიათებელი), მოდით და ეს საკითხი მომავალ თაობებს დავუტოვოთ გადასაწყვეტად. სხვათა შორის, თავის დროზე ამერიკელებმა ეს უბრალოდ გადაწყვიტეს, საკმაოდ უბრალო შენობაა დღევანდელობის თვალსაზრისით, მაგრამ არავინ არ იწუნებს, საკმაოდ კარგად მუშაობენ და კარგადაც ცხოვრობენ იმ შენობაში.
ახლა რაც შეეხება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გადაკეთებას ქვეყნის მეთაურის რეზიდენციად, მე ეს არათუ არადროულად, არამედ უზნეობადაც მიმაჩნია. დღეს ჩვენს ბავშვებს ასეთი კონკურენტი არ უნდა გამოუჩნდეს. პირიქით, ჩვენ თუ რაიმე სახსრებს ვიშოვით, ამ სასახლეს უნდა დავეხმაროთ მატერიალურად, ფინანსურად, მორალურად, პოლიტიკურად და საერთოდ ყოველმხრივ.
საქინფორმი.
„მე ყოველთვის ვარ შეხვედრების მომხრე, დიალოგის მომხრე, მით უმეტეს, თუკი კონსტრუქციულ მიდგომათა რაღაც ახალი ელემენტი გაჩნდება, ყოველმხრივ დავუჭერ მხარს და მივესალმები ამას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 ივნისი. - №138 (2511). - 1,2 გვ.
![]() |
72 „დღეს „სვობოდნაია გრუზია“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფალი გაზეთია“ |
▲ზევით დაბრუნება |
მხურვალედ ვულოცავ 75 წლის იუბილეს „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქციას, გაზეთის მთელ კოლექტივს, მივესალმები ვეტერანებს, რომელთა გამოცდილებაზეც ჟურნალისტთა მრავალი თაობა აღიზარდა. მინდა მივულოცო გაზეთის ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომლებიც მის ფურცლებზე გვიჩვენებენ შემართებასა და გამბედაობას, ჩვენი რთული, მაგრამ საინტერესო დროის თავისებურ ხედვას.
თქვენი წინამორბედის „ზარია ვოსტოკას“ ისტორია რთული და წინააღმდეგობრივია, ისევე, როგორც რთული და წინააღმდეგობრივი იყო საქართველოს ცხოვრება მეორე საუკუნეში. ვინც გაიხსენებს - თანაც გაიხსენებს სამართლიანი გულისწყრომითა და აღშფოთებით - 20-იანი და 30-იანი წლების სისხლიან დრამებს, ისიც უნდა გაიხსენოს, რომ 70 წლის მანძილზე საქართველოს ხალხი თავდადებით იბრძოდა და შრომობდა, რათა გადაერჩინა ახალი თაობები და შეენარჩუნებინა მისთვის მშობლიური ენა, რათა გაეყვანა გზები და სინათლით გაეჩახჩახებინა სახლები, ეშენებინა, ახალი ქალაქები და სოფლები. „ზარია ვოსტოკა“ ამ აღმშენებლობითს პროცესშიც მონაწლეობდა.
გაზეთი ქვეყნის ცხოვრების სარკეა. რთულ წლებს მისთვისაც არ აუვლია გვერდი.
დღეს „სვობოდნაია გრუზია“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფალი გაზეთია. თქვენი გაზეთი ასრულებს უაღრესად საპატიო მისიას, რომელიც იმით გამოიხატება, რომ ყოველდღიურად ურთიერთობა აქვს ქვეყნის არაქართულენოვან მოსახლეობასთან და საინფორმაციო ხიდს აგებს ახლო და შორეული საზღვარგარეთისაკენ.
თქვენ შესძელით გადაგერჩინათ გაზეთი ჩვენი ისტორიის ამ მძიმე და დრამატულ პერიოდში, დღეს კი აქტიურად მონაწილეობთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესში, და არ ივიწყებთ ჩვენს მთავარ პრობლემას - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
მადლობას გიხდით ამისათვის. გისურვებთ დიდ შემოქმედებითს გამარჯვებებს. ჩვენ, ყველას, საქართველოს ყველა ეროვნების მოქალაქეებს, გვწამს ჩვენი სამშობლოს აღორძინებისა.
ედუარდ შევარდნაძე.
„დღეს „სვობოდნაია გრუზია“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფალი გაზეთია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 ივნისი. - №141 (2514). - 1 გვ.
![]() |
73 ედუარდ შევარდნაძე: „მე მივიღებ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ ვარიანტს, ოღონდ, ერთი პირობით: საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისა და შენარჩუნების პირობით“ |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან
ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან
- ამ ჩამოსვლაზე თბილისში ბევრი ცვლილება დამხვდა და თითქმის ყოველ მათგანს შეიძლება ეწოდოს სენსაციური. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ბატონო ედუარდ, მინდა გკითხოთ თბილისის პეიზაჟის ერთ ახალ დეტალზე; სასტუმრო „ივერიასთან“ აღმართულ დავით აღმაშენებლის ძეგლზე მოგახსენებთ.
XI-XII საუკუნეების საქართველოს მძლავრი ცენტრალიზებული სახელმწიფოს აღმაშენებლის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება და მის უკან - ლტოლვილებით გაჭედილი, დამახინჯებული სასტუმრო, ესოდენ მრავლისმეტყველი, პირდაპირ სიმბოლური სახელწოდება რომ აქვს... თქვენ არ შეგაცბუნათ სიმბოლოების ასეთმა მონტაჟმა: ყოფილი ძლიერება და ახლანდელი გაჭირვება?
- მე რომ ვუყურებ, სხვაგვარად ვხედავ. სასტუმროს დროებითი მობინადრეებისა და ყოველი ჩვენგანისათვის ეს არის აგრეთვე ნიშანი მტკიცე გადაწყვეტილებისა, აღვადგინოთ ქვეყნის მთლიანობა, და მოწოდება შემწყნარებლობისა მშვიდობის სასიკეთოდ. აკი დავითი, რომლის ტიტული „აღმაშენებელი“, აგრეთვე „ამაღორძინებელს“, „განმაახლებელს“ ნიშნავს, სახელმწიფოს აშენებდა ეროვნული და რელიგიური ტოლერანტობის საწყისებზე (სხვათა შორის, ბროკჰაუზის და ეფრონის ენციკლოპედიაში დავითი სწორედ განმაახლებლად არის მოხსენიებული - «Давид Возобновитель». - რედ.).
- ვშიშობ, რომ ისტორიის, უძველესისა თუ უახლესის, ცოდნა, დიდი ვერაფერი შეღავათია შემწყნარებლობისათვის. ის კი არა, უფრო პირიქით არის. აი, ვთქვათ, კიდევ ერთი ასეთი სიახლე: თბილისში მოუხშირეს სიარულს ჩეჩენთა დელეგაციებმა. ამ რამდენიმე დღის წინათ კი მასხადოვმა თავისი პირადი წარმომადგენელიც დანიშნა საქართველოში...
- ჩვენში, პანკისის ხეობაში, ძველთაგან ცხოვრობენ ჩეჩნები, ჩვენებურად - ქისტები. მასხადოვის წარმომადგენელიც წარმოშობით სწორედ პანკისიდან არის, იგი საქართველოს მოქალაქეა.
ხოლო რაც შეეხება ჩეჩენთა დელეგაციებს, ხომ გახსოვთ, სტუმარი ღვთისააო, ანდა, როგორც ერთ ძველ სიმღერაშია, ყოველი სტუმარი უფლისგან მოდის...
- თუ არა ვცდები, ეს სიმღერა წარსულ საუკუნეში შექმნეს ნიჟნინოვგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცრებმა, კახეთში რომ იყვნენ დაბანეკებული და მხარეს ლეკების გამაჩანაგებელი თარეშისაგან იცავდნენ. ამ სიმღერაში არაფერია ნათქვამი ჩეჩენთა მხარდაჭერაზე აფხაზური სეპარატიზმისადმი, გაგრის „გმირზე“ - ახლა მეორე კაცად რომ ზის მასხადოვის მთავრობაში. ყოველივე ეს დავიწყებას მიეცა?
- არა, ალბათ, ისევე, როგორც არ მისცემია დავიწყებას რუსეთში გროზნოს ნანგრევები და ბუდიონოვსკის ტრაგედია. მაგრამ რეალურ პოლიტიკაში, როდესაც მარტოოდენ წარსულით სულდგმულობ, შეიძლება საერთოდ დაჰკარგო მომავალი. განა რუსეთში მშვიდობის გულისათვის არ დაიწყეს ჩეჩნებთან მოლაპარაკება? მაშ რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს კონტაქტები თავის ოდინდელ მეზობელთან?
ნუ დაივიწყებთ ნურც იმას, რომ, სანამ აფხაზეთის პრობლემა არსებობს, ვეძებოთ მისი გადაწყვეტის სხვადასხვა, თუნდაც ყველაზე არასტანდარტული ხერხები. და თქვენც სწორედ ამ პრიზმით შეხედეთ ჩვენს „პროჩეჩნურ“ სტუმართმოყვარეობას.
- როგორც ჩანს, ამ პრიზმით უნდა ვუყუროთ კიდევ ერთ სენსაციურ სიახლეს. როგორც შევიტყვე, თქვენ ზოგჯერ ტელეფონით ესაუბრებით ხოლმე ვლადისლავ არძინბას. გკითხავდით, „რის შესახებო?“, ასეთი კონტაქტების კონფიდენციალობა რომ არ გამორიცხავდეს საკითხის ესოდენ არაკორექტულ დაყენებას. მაგრამ აი, მეორე კითხვა, შესაძლოა, ასევე არაკორექტული... ხომ არ მოგესმით ხოლმე სატელეფონო საუბრების დროს აფხაზეთში დაღუპულთა ხმები?
- სწორედ იმიტომ, რომ მათი ხმა გამუდმებით ჩამესმის ყურში, დავთანხმდი ასეთ კონტაქტებს. გაუცხოების, შეურიგებლობისა და შურისგების პოლიტიკა ვერაფერი ძეგლი იქნებოდა დაღუპულთათვის.
- საქართველოში ბევრნი არ დაგეთანხმებიან ამაში. მაგალითად, დივერსიული ჯგუფის „თეთრი ლეგიონის“ ბოევიკები. ჩემთვის უთქვამთ, რომ ზოგი თურმე ძილშიც არ იშორებს ხელიდან იარაღს, ერთი სული აქვს, როდის იძიებს შურს დახოცილი ახლობლებისა და წართმეული მიწა-წყლისათვის. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება აფხაზეთის ახალ ომზე ისე ლაპარაკობს, როგორც თითქმის გადაწყვეტილ საქმეზე, და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის დროს რუსთაველის პროსპექტზე მოგრიალე ტანკებმა, მგონი, საკმაოდ დამაჯერებლად დაასურათხატეს ეს მტკიცებები.
- ეტყობა, ვიღაც ძალიან არის მოწადინებული, სასურველი სინამდვილედ გაასაღოს. იმასაც კი ამტკიცებენ, აფხაზეთში ქართველთა პარტიზანული ჯგუფები საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბეს და სახელმწიფო სტრუქტურების ბაზაზე არსებობენო. ეს არ არის მართალი. მე არა მწამს პარტიზანობა და არ ვიზიარებ მას, ვინაიდან ვთვლი, რომ ჩვენს პირობებში მან შეიძლება მხოლოდ ავნოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეს. მაგრამ ძნელია კონტროლს დაუქვემდებარო და დააოკო ადამიანები, რომლებიც სასოწარკვეთილებამდე არიან მისული თავიანთი დუხჭირი მდგომარეობით, წლობით უნაყოფოდ მიმდინარე მშვიდობისმყოფლობით, მათი შინდაბრუნების შეთანხმებათა შეუსრულებლობით, და უკვე გაეწურათ იმედი, რომ შესაძლებელია მშვიდობიანად აღდგეს ფეხქვეშ გათელილი სამართლიანობა.
ახალი ტალღის აგორება კატასტროფა იქნებოდა აფხაზეთისა და სრულიად საქართველოსათვის. რაც უნდა მოხდეს, საქართველო არ დაიწყებს ომს, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაცამ პროვოკაციულად არ გამოიწვია, როგორც ეს 1992 წლის აგვისტოში იყო. რაც შეეხება ტანკებს... ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის დახმარებით...
- რომელიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების პრობლემის გადაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობისა და ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ. საეჭვოა, რომ ასეთი კონტექსტით 30 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აფხაზეთში რუს მშვიდობისმყოფელთა შემდგომი ყოფნის პირობების შესახებ, ხელი შეუწყოს საქართველო-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებას. ამასთან დაკავშირებით მოსკოვში ითქვა, რომ პოლიტიკური შანტაჟის პირობებში რუსი მშვიდბისმყოფელნი ვერ შეძლებენ დაკისრებული მისიის შესრულებას.
- პოლიტიკაში ძლიერ გამოთქმებს მე ვამჯობინებდი ძლიერ, გააზრებულ პოლიტიკას. ვინ აშანტაჟებს რუსეთს? მისი სტრატეგიული პარტნიორი თუ სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც მარტო თავისი არსებობით აბუჩად იგდებს ერთიან რუსეთს? პასუხს აუკუღმართებენ. თან მხედველობიდან რჩებათ ისეთი „წვრილმანიც“, როგორიც არის მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზონის გაფართოებისა და 31 ივლისამდე ლტოლვილთა შინ დაბრუნების შესახებ. არადა, ეს გადაწყვეტილება მიიღო თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ რუსეთის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით.
სახელისა და ხელისუფლებრივი გადაწყვეტილებების პრესტიჟისადმი ასეთი გულგრილობის ფონზე ერთობ უცნაურად გამოიყურება ის აწრიალება, რომელიც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, შეეტანა სიცხადე სიტუაციაში, რომლის დროსაც რუსეთის მშვიდობისმყოფელი ძალების კონტინგენტი აფიქსირებს საქართველოს გახლეჩას მდინარე ენგურზე და, ფაქტობრივად, კალთას აფარებს სეპარატისტულ რეჟიმს „მეგობრული ხიშტების წყების მიღმა“.
საკმარისია შესრულდეს თანამეგობრობის მოსკოვის სამიტის 28 მარტის გადაწყვეტილება და მშვიდობისმყოფლები აფხაზეთში დარჩებიან, რათა უფრო წარმატებით შეასრულონ თავიანთი მისია.
- როგორც გვესახება, მათი „ხიშტები“ საქართველოსთვისაც მეგობრულია. ტერიტორიის ნაწილის დაკარგვისა და ლტოლვილთა დიდ მასასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გაჭირვების გამო ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ვითარდებოდეს, და, როგორც მრავალი ნიშანი მოწმობს, საკმაოდ წარმატებითაც. საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორის საქართველომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების არცთუ ურიგო ტემპს მიაღწია. ხოლო თუ რუსი მშვიდობისმყოფლები წავლენ, აფხაზთა ფორმირებები დაუყოვნებლივ დადგებიან ენგურის ზღუდეზე, და მაშინ, საკმარისია ერთი ნაპერწკალი, რომ კვლავ იფეთქოს ხანძარმა. თქვენ გამორიცხავთ ასეთ ვარიანტს?
- კონფლიქტის კონსერვაცია ისეთი მეთოდებით, რომლებიც ახლა გამოიყენება აფხაზეთში, სულაც არ არის რეგიონში მშვიდობის გარანტია. ნებისმიერ ვითარებაში მშვიდობისმყოფლობის არსებული „ტექნოლოგია“ არ უნდა ემსახურებოდეს აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის, უკანონო ტერიტორიული შენაძენის დამკვიდრებას.
თუკი ერთი „ტექნოლოგია“ ვერ ჭრის, ვერ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას და ლტოლვილთა დაბრუნებას, მაშინ უნდა ვეძებოთ სხვა საშუალებები. მე წამოვაყენე საერთაშორისო კონფერენციის იდეა, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა და თავის ტერიტორიაზე გამართავდა რუსეთი. ასეთი კონფერენცია უკვე თავისთავად ზღუდეა საომარი მოქმედების განახლების გზაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უზარმაზარ მშვიდობისმყოფლურ პოტენციალზე.
- ამასობაში კი გვთავაზობენ სულ სხვა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ტექნოლოგიას: მოსკოვში რუსეთის შუამავლობით კონფლიქტის მხარეები ცდილობენ დააახლოვონ პოზიციები მუშაობაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის დიპლომატიის მიერ შემოთავაზებულ „ქართველ-აფხაზთა პრობლემების მოგვარების საფუძვლების ოქმზე“. თქვენ წინააღმდეგი ხართ ამ ოქმისა?
- რაკი მოლაპარაკება მიმდინარეობს, ბუნებრივია, მომხრე ვარ. მე მივიღებ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ ვარიანტს, ოღონდ, ერთი პირობით: საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისა და შენარჩუნების პირობით, რა თქმა უნდა, ამასთან უნდა გვქონდეს შეთანხმების ქმედითობის მკაფიო და მტკიცე გარანტიები.
მაგრამ შეთანხმებანი ისე ხშირად ირღვეოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, აღარავის სჯერა მათი. გავიხსენოთ მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი. კონფლიქტის დაწყებისთანავე ბორის ელცინის ინიციატივითა და მონაწილეობით დადებული შეთანხმება შეიცავდა ყველაფერს, რაც აუცილებელი იყო აფხაზეთის პრობლემის სრულმასშტაბიანი მოწესრიგებისათვის. ჩემი და რუსეთის პრეზიდენტის გარდა, ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბ-მა არძინბამ და აფხაზეთის ქართველი უმრავლესობის წარმომადგენელმა ნადარეიშვილმა, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკის მეთაურებმა. დღეს ამჯობინებენ საერთოდ არ გაიხსენონ ეს დოკუმენტი, ხოლო, როდესაც ჩვენ მაინც შევახსენებთ ხოლმე, გვეუბნებიან, რომ მომდევნო მოვლენებმა შეცვალეს სიტუაცია. თითქოს არ იცოდნენ, თუ ვინ, როგორ და რა ვითარებაში შეცვალა სიტუაცია.
ამავე დროს, მთელი ეჭვებისა და გულისტკენის, თუ გნებავთ - წარსულში არცთუ იშვიათი მოტყუების მიუხედავად, ჩვენ გვინდა ვიწამოთ, რომ მოსკოვის ახლანდელი მოლაპარაკება შეიძლება დასრულდეს დაგაწყვეტილებით, რომლებიც ხელს მისცემს კონფლიქტის მხარეებსაც, კავკასიის ხალხებსაც და მთლიანად რუსეთსაც. მე ვიცი, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკების წარმატებას, რა ძალისხმევას მიმართავენ საამისოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, და ამიტომ პოზიტიური შედეგების იმედი მაქვს. მით უმეტეს, რომ აფხაზთა ლიდერების პოზიციაში გამოსჭვივის უფრო კონსტრუქციული მიდგომის ელემენტები.
- აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კონტექსტით დიდ ინტერესს იპყრობს რამდენიმე ახალი იდეა, რომლებიც კავკასიის უსაფრთხოებას შეეხება. ეს არის ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დასავლეთის მშვიდობისმყოფელი კონტინგენტების შეყვანა, ერთგვარი, ეუთოს მსგავსი, სრულიად კავკასიის საკონსულტაციო-საკოორდინაციო ორგანოსა და კავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნა. როგორ უყურებთ თქვენ ყოველივე ამას?
- თავის დროზე მე არ დავიშურე ძალისხმევა, რათა აფხაზეთში მოსულიყვნენ მშვიდობისმყოფელნი გაეროს ალმით. არ გამომივიდა. კონფლიქტის ზონაში შემოვიდნენ რუსი მშვიდობისმყოფელნი თანამეგობრობის ეგიდით. დასავლელ „ცისფერმუზარადიანთა“ გამოჩენა ამიერკავკასიაში რთული საკითხია, მაგრამ ჩვენს დღეებში შეუძლებელი არაფერია. აკი გაამართლა კოლექტიურმა მშვიდობისმყოფლურმა ოპერაციამ ბოსნიაში.
ყურადღებას იმსახურებს მოვლადი უდუგოვის წინადადებაც კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის რეგიონული სტრუქტურის შესახებ. პერსპექტიულია, ჩემი აზრით, აგრეთვე კავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იდეა, რომელსაც მხარი დაუჭირა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ. ვიცი, რომ ორივე იდეა მოერგება ჩვენს „მშვიდობიანი კავკასიის“ კონფერენციას, რომლის ბევრი დებულება აისახა კისლოვოდსკის დეკლარაციაში.
- მერედა, რა ადგილი შეიძლება დაეთმოს ამ კავკასიურ „ეუთო“-ში რუსეთს? სად იქნება იგი - ორგანიზაციის შიგნით, თუ გარეთ? ისე ხომ არ გამოვა, რომ ახალი იდეების რეალიზაცია მოხდეს რუსეთის გვერდის ავლით და კავკასიაში მისი ინტერესების საზიანოდ, რასაც თქვენ გწამებთ ზოგიერთი რუსი კრიტიკოსი? ერთი პირობა, მოსაზრებებიც გამოითქვა, რომ თქვენ ჯოჰარ დუდაევთან გქონდათ კონტაქტები.
- დიახ, მე შევხვედრივარ დუდაევს. 1993 წელს, როდესაც ვიზიტად ვიყავი ბაქოში, იქ ჩემთვის მოულოდნელად ჩამოფრინდა დუდაევი, როგორც მითხრა, საგანგებოდ ჩემთან შესახვედრად. საუბარზე უარს ხომ არ ვეტყოდი. ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო და ერთი მწვავე დისკუსია კავკასიის ხალხთა თანამშრომლობის პრინციპების შესახებ. ამის თაობაზე მან წამოაყენა საკმაოდ არაორდინარული, მაგრამ იმ მომენტისათვის განუხორციელებელი იდეები. და მე პირდაპირ ვუთხარი ეს.
აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა და ჩეჩნები სეპარატისტთა დამკვრელ ძალას შეადგენდნენ. იმავე დროს, სოხუმს ბომბავდნენ რუსეთის თვითმფრინავები, გუდაუთაში მიდიოდა რუსული იარაღით დატვირთული ეშელონები, მინისტრი გრაჩოვი აყენებდა წინადადებას შეეყვანათ აფხაზეთში ორი დივიზია, გენერალური შტაბის უფროსი კოლესნიკოვი რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს არწმუნებდა, სოხუმის აღება სულ რამდენიმე დღის საკითხიაო, ხოლო გენშტაბის ოფიცრები გეგმავდნენ ოპერაციას ჩვენს წინააღმდეგ...
ოდესმე მე უფრო დაწვრილებით მოვყვები ამ შეხვედრის დეტალებს, მაგრამ იმ მომენტში ყოველი ჩვენგანი თავის აზრზე დარჩა. ასე დავშორდით ერთმანეთს.
დღეს, როდესაც ვკითხულობ ნაირნაირ მტკიცებებს, კერძოდ, „შევარდნაძე კავკასიიდან რუსეთის გამოდევნისა და რეგიონში მის მაგივრად დასავლეთის ქვეყნების ჩანაცვლების პოლიტიკას ახორციელებსო“, - მე ვფიქრობ იმაზე, რომ ეს სიცრუე მიმართულია არა მარტო ჩემი და საქართველოს წინააღმდეგ, არამედ, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ. მთელი ეს ინსინუაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციას და აქეზებენ ხელისუფალთ მიიღონ რუსეთისათვის დამღუპველი გადაწყვეტილებანი, მიმდინარეობს თავის აშვების გზების იმ მაძიებელთანაგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის გვერდის ავლით და მისი ინტერესების საზიანოდ აქუცმაცებენ რუსეთის პოლიტიკას თავიანთ „სამკვიდროებად“, კალთას აფარებენ ტერიტორიებს, ხელს უწყობენ მშვიდობიან შეთანხმებათა ჩაშლას, ამუშავებენ კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ძალისმიერი დაშოშმინების დოქტრინებს და ა.შ. სწორედ მათ უნდა უმადლოდეს რუსეთი თავისი პოზიციების შესუსტებას რეგიონში, თორემ მათ გარდა სხვა არავინ ერეკება რუსეთს აქედან.
- მაინც, ვინ არიან ისინი კონკრეტულად? თქვენ იცით სახელები?
- ჩვენს დროში ყოველივე დაფარული ძალიან მალე ცხადდება და ხდება აშკარა პოლიტიკის არსი. ამასთანავე, რუსული პრესა საკმაოდ კარგი სარკეა საიმისოდ, რომ სულ იოლად დაინახო, ვინ ვინ არის.
თეიმურაზ მამალაძე.
თბილისი. გაზ. „იზვესტია“. (111)
ედუარდ შევარდნაძე: „მე მივიღებ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ ვარიანტს, ოღონდ, ერთი პირობით: საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისა და შენარჩუნების პირობით“ : ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] თეიმურაზ მამალაძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 ივნისი. - №141 (2514). - 1,2 გვ.
![]() |
74 ქართული მეცნიერების რაინდი |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ვეკუა - 90
ამ დღეებში საქართველო აღნიშნავს დიდი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწის ილია ვეკუას დაბადების 90 წლის იუბილეს.
აკადემიკოსი ილია ვეკუა იმ რჩეულთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც შექმნეს მეოცე საუკუნის საქართველოს ინტელექტუალური სახე და მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი დაუმკვიდრეს ქართულ მეცნიერებას. ის იყო ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მკვლევარი, ბრწყინვალე პედაგოგი და მეცნიერების შესანიშნავი ორგანიზატორი.
ამ საიუბილეო დღეებში თბილად ვიგონებ საქმიან და მეგობრულ შეხვედრებს აკადემიკოს ილია ვეკუასთან.
მე და ბატონი ილია ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, მათ შორის, საკავშირო აკადემიის პრეზიდენტებთან აკადემიკოს კელდიშთან და აკადემიკოს ალექსანდროვთან ერთად, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ ბატონ ილიას, როგორც მეცნიერს, საზოგადო მოღვაწესა და ახლო მეგობარს. ჩვენ ერთად განვიხილავდით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის, ქართული კულტურის შემდგომი განვითარების საკითხებს.
თავის დროზე ილია ვეკუას თავის დიდ მასწავლებელთან, ჩვენი აკადემიის პირველ პრეზიდენტთან აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილთან ერთად კოლოსალური მუშაობის გაწევა მოუხდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დასაარსებლად.
აკადემიკოსი ილია ვეკუა უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო სამეცნიერო, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც, არც ერთი მისი თხოვნა, წინადადება, პროექტი უყურადღებოდ არ დარჩენილა.
თვალს ავლებ დიდი მეცნიერის ბიოგრაფიას და გიკვირს მისი გასაოცარი მიღწევები. ილია ვეკუამ ოცდათორმეტი წლისამ ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოკლე ხანში ამ ნაშრომის საფუძველზე დაწერა მონოგრაფია „ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები“, რომელმაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ასეთივე წარმატება ხვდა წილად ორმოცდაათიან და სამოცდაათიან წლებში შესრულებულ მონოგრაფიებს: „განზოგადებული ანალიზური ფუნქციები“ და „გარსთა თეორიის სხვადასხვა ვარიანტის აგების ზოგადი მეთოდები“. სამივე ხსენებული მონოგრაფია, რომელთათვისაც ბატონ ილიას საბჭოთა კავშირის უმაღლესი სამეცნიერო პრემიები (სტალინური, ლენინური და სახელმწიფო) მიენიჭა, მიჩნეულია სახელგანთქმული ქართული მათემატიკური სკოლის უმნიშვნელოვანეს მიღწევებად. ისინი კარგა ხანია ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, მსოფლიოს ხალხთა სხვა ენებზე, რამდენჯერმეა გამოცემული უცხოეთში და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებად არის ქცეული.
ცალკე აღნიშვნის ღირსია აკადემიკოს ილია ვეკუას ნაყოფიერი მოღვაწეობა 1951-64 წლებში რუსეთის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ციმბირის სამეცნიერო ცენტრი და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თვითონვე იყო ამ უნივერსიტეტის პირველი რექტორი.
ბატონი ილია კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში.
1964 წლის ბოლოს ჩვენი სასიქადულო მეცნიერი რუსეთიდან სამშობლოს დაბრუნდა.
დაბრუნდა იმ გადაწყვეტილებით, რომ მთელი თავისი სულიერი და ფიზიკური ენერგია მშობელი ერის სამსახურში დაეხარჯა, რომ თავისი უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება ქართული მეცნიერების აღმავლობისათვის მოეხმარებინა. ჩვენ ყველანი, მოწმენი ვართ იმისა, თუ რაოდენ მტკიცედ და თანმიმდევრულად ახორციელებდა ბატონი ილია თავის ჩანაფიქრს, რაოდენ ღირსეულად ატარებდა იგი დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის, დიდი ერისკაცის მძიმე და საპატიო ტვირთს.
ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ხოლო შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და მის მიერვე დაარსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელად ყოფნისას, აკადემიკოსი ილია ვეკუა უთვალსაჩინოეს როლს ასრულებდა საქართველოს ინტელექტუალურ ცხოვრებაში.
მე ისიც მინდა გავიხსენო, რომ ზოგიერთმა ავისმდომმა მას ბევრი სულიერი ტრამვა მიაყენა, მაგრამ ამის შესახებ ილია ვეკუას არასოდეს სიტყვა არ დასცდენია.
მე ამ წერილის სათაურში სიტყვა რაინდი ვიხმარე. რაინდისათვის, ჩემი აზრით, ორი უმთავრესი თვისებაა დამახასიათებელი: გმირობა და სულგრძელობა. ამ თვალსაზრისით ილია ვეკუა მართლაც რაინდი იყო, როგორც მეცნიერი და როგორც მოქალაქე.
მომავალი თაობებისათვის მეცნიერული გმირობის ნიმუშად დარჩება ის ფაქტი, რომ უკვე უკურნებელი სენით დაავადებული და სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული მეცნიერი წარმატებით აგრძელებდა მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოზე მუშაობას და მოასწრო კიდეც მათი გასრულება.
იმ დღეებში მე მოვინახულე ბატონი ილია. არ დამავიწყდება: ხელში ეჭირა ფორმულებით აჭრელებული მცირე დაფა და ცარცი, წერდა და ქმნიდა ახალ ფორმულებს. ის რაღაცით მაგონებდა მეცნიერების მსოფლიო ტიტანებს, რომლებიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან დასახული მიზნის მისაღწევად.
ასე ებრძოდა სიკვდილს დიდი მეცნიერი, ასე გაიმარჯვა მან სიკვდილზე.
ასეთი ადამიანები საუკუნეებში ერთხელ იბადებიან, მაგრამ სამარადჟამოდ რჩებიან.
მჯერა, რომ ჩვენი ისტორია საპატიო ადგილს მიუჩენს ქართული მეცნიერების რაინდს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე წინ ჭეშმარიტება უძღოდა და ამ ქვეყნად ნათელი კვალი დატოვა.
მე თავის დროზე აქტიური მონაწილეობა მივიღე აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში - ბატონ ილიას მშობლიურ სოფელში - ილია ვეკუას სახლ-მუზეუმის დაარსებაში.
ილია ვეკუას დიდ პატივს სცემდნენ აფხაზეთში, აფხაზეთის მეცნიერები და მწერლები.
ის წავიდა, და დარჩა დიდი ვაკუუმი.
როგორ გვაკლია დღეს ილია ვეკუა, როცა აფხაზეთში ეთნოპოლიტიკური კონფლიქტია მოსაგვარებელი. რა დიდ როლს შეასრულებდა ის ამ პროცესში, დღეს ცოცხალი რომ იყოს!
არაერთხელ უთქვამს ილია ვეკუას: მე ილია მამაჩემმა დიდი ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დამარქვაო. მან გაამართლა არა მარტო მამისა, არამედ ერის იმედებიც. მას ღირსეულად ერქვა ილია.
ამ დღეებში მუშაობას შეუდგება მათემატიკოსთა დიდი საერთაშორისო ფორუმი დიფერენციული განტოლებებისა და მათემატიკური ფიზიკის პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდგანან სათავეში და უძღვნიან დიდი მეცნიერის ილია ვეკუას სახელოვან იუბილეს. სიმპოზიუმს გულთბილად მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ მუშაობაში.
ილია ვეკუა უკვდავია ერის ხსოვნაში. ის ქართველი ხალხის საამაყო შვილია.
ედუარდ შევარდნაძე.
ქართული მეცნიერების რაინდი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 ივნისი. - №142 (2515). - 1,2 გვ.
![]() |
75 „ხელისუფლებას არათუ არ ეშინია ისეთი ფაქტების გამოვლინებისა, ძველად ცხრაკლიტულში რომ იყო ჩაკეტილი, არამედ ხელსაც კი უწყობს დისკუსიის გამართვას, ესე იგი, ჩვენ მართლა დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიწყებთ ცხოვრებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
23 ივნისის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირა, შეიძლება ითქვას, მოვლენებით მდიდარი აღმოჩნდა: გაიმართა მთავრობის სხდომა პრივატიზაციისა და ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების საკითხებზე, აგრეთვე დიდი ხნის დაპირებული სხდომა, რომელზეც შეჯამდა თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტის შესრულების შედეგები. და, რაც მთავარია, სრულიად მოულოდნელი იყო სხდომის შედეგი, - ვგულისხმობ საკადრო ცვლილებებს. პროგნოზი იყო, რომ ამ სხდომას საკადრო ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა...
- ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- განვლილ კვირაში გაგრძელდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგების მიმოხილვა რეგიონების მიხედვით და ერთ-ერთი ეტაპი იყო თბილისელთა მუშაობის შედეგების შეჯამება, რომელშიც მონაწილეობდა ფართო აქტივი, მათ შორის, მოქალაქეთა წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, რომ თბილისს განსაკუთრებული ადგილი უკავია არა მარტო კულტურულ და, თუ გნებავთ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის დიდი ნაწილი სწორედ თბილისზე მოდის. ხოლო, რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავალს, მისი 60 პროცენტი დედაქალაქზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ არსებითად განგვეხილა თბილისელთა მთელი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ აქ გარკვეული დადებითი ძვრები მოხდა, თუ შევადარებთ წინა თვის მუშაობის შედეგებს, განსაკუთრებით, პირველი კვარტლის შედეგებს, რა თქმა უნდა, ისინი სერიოზულად წავიდნენ წინ, მაგრამ ეს შედეგები მაინც არ გვაკმაყოფილებს. უწინარესად, მე ასეთნაირად ვიტყოდი: თბილისელებმა ვერ მოაგვარეს აღრიცხვა, ესე იგი, სახელმწიფო ფაქტობრივად არ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც სახელმწფო ხაზინაში უნდა შემოდიოდეს. ვგულისხმობ ბაზრობებს, სხვადასხვა სახის ვაჭრობებს, სხვადასხვა ობიექტებს, - ეს არის ბენზინგასამართავი სადგურები, საიდანაც იმის 15-20 პროცენტი შემოდის, რასაც ფაქტობრივად უნდა ვიღებდეთ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოგვარდა და სერიოზული შენიშვნები სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოითქვა თბილისის ხელმძღვანელებსა და რაიონების ხელმძღვანელების მიმართ.
ახლა იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოვიტანეთ უფრო მკაცრი დასკვნები. თუმცა უნდა გითხრათ, რომ შეფასებებიც დასკვნებია და სწორედ პირველად გამოითქვა პრინციპული მოსაზრება იმის შესახებ, რომ, თუ არ გაიზრდება დედაქალაქის როლი და მისი წილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში, ბუნებრივია, შემდეგში, ესე იგი ნახევარი წლის შედეგების შეჯამებისას, ჩვენ შეიძლება სხვა გადაწყვეტილებებამდეც მივიდეთ. ამიტომ მე მოვთხოვე ქალაქის ხელმძღვანელობას, განახორციელოს საგანგებო ღონისძიებანი არსებულ ნაკლოვანებათა რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრისათვის.
შემდეგი საკითხი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს გახლავთ მთავრობის სხდომა. ჩვენ განვიხილეთ საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები და ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ვიმსჯელეთ, სწორედ ის იყო, თუ როგორ უნდა გავიაროთ რეფორმების ახალი ეტაპი - მხედველობაში მაქვს პრივატიზაციის ახალი დონე, ახალი მასშტაბი პრივატიზაციისა, რომელსაც ახლა იწყებს ქვეყანა.
ეფექტიანად მომუშავე მესაკუთრე სახელმწიფოს სიძლიერის ქვაკუთხედია, ამიტომ პრივატიზაციის პროცესის ახალ დონეზე დაჩქარება, რეფორმების მეორე ეტაპზეც უპირველეს საზრუნავად რჩება, და აქ გადამწყვეტი როლი საშუალო და მსხვილი საწარმოების რესტრუქტურიზაცია-პრივატიზაციას ენიჭება. მე ამ საკითხზე სპეციალურად ვამახვილებ ყურადღებას, რადგან, ჩემი აზრით, ბევრი მოქალაქე უნდა დაინტერესდეს ამ პროცესით, რომელსაც ახლა იწყებს საქართველო.
ამ პროცესს ახალი სტიმული უნდა მისცეს „სახელმწიფო ქონების პროვატიზაციის დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებამ, რომლის პროექტიც განიხილეს სხდომაზე. იგი უდავოდ შეუწყობს ხელს გაუყიდავი სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილის განსახელმწიფოებრიობას, კარგ საშუალებას მისცემს მოსახლეობას, წვრილ ინვესტორებსა და საწარმოთა კოლექტივებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრივატიზაციაში - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 275 სააქციო საზოგადოების აქციები საწყისი ფასის გარეშე გაიყიდება სპეციალიზებულ ფულად აუქციონებზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს, რაც შეიძლება, საჯაროობის პირობებში და, როგორც ახლა გვიყვარს თემა, გამჭვირვალების ვითარებაში მოხდეს.
ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს აგრეთვე თავიდან ავიცილოთ საწარმოთა ხელოვნური გაკოტრება. ეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა სწორედ ამ 275 საწარმოს, ასევე ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს შიდა ვალის დაფარვის პრობლემების გადაჭრას და სხვა.
რეფორმების ბედი დღემდე და მომავალშიც დიდად არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სიმტკიცეზე, რომლის სტაბილურობაც ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც კი შეიძლება სასურველი იყოს. ამ დროს სრულიად გაუგებარი და დაუშვებელია ის შეფერხებები და პრობლემები, რომლებიც თან სდევს ეროვნული ვალუტის მიმოქცევას ცალკეულ რაიონებში.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილმა სპეციალურმა მუდმივმოქმედმა სამთავრობო კომისიამ, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ბატონი ნიკო ლეკიშვილი ჩაუდგა სათავეში, უნდა უზრუნველყოს ამ მიმართულებით სამინისტროების, უწყებების, მხარეების, მერიებისა და რაიონების მიზანმიმართული მუშაობა, რომელიც უპირატესად ეკონომიკური მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენებას უნდა დაეფუძნოს;
რეფორმების მეორე ეტაპზე განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს მიწის რეფორმასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. ცენტრალური ამოცანებია მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის დასრულება, საკუთარი ძალებით ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და სხვა. ერთხელ კიდევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სამუშაოებს. უამისოდ უკვე განხორციელებული რეფორმაც კი შეიძლება სერიოზულ პრობლემებს წააწყდეს, თუ მიწის კადასტრის პრობლემა არ იქნება მოგვარებული. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ და კიდეც მივიღეთ გადაწყვეტილებები.
დღეს, შეზღუდული ფინანსური და საკრედიტო რესურსების პირობებში, კერძო საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანად გამოყენებისათვის საგულისხმოა სოფლად საკრედიტო კავშირების შექმნა. ეს ახალი მოვლენაა. საკუთარ და მოზიდულ სახსრებზე დაფუძნებული ამ ფინანსური ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში გვეხმარებიან ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების მსოფლიო ფონდი - მსოფლიო ბანკის პროექტით თითოეული საკრედიტო კავშირისათვის გამოიყოფა 5 000 დოლარი, ევროკავშირის საპარტნიორო ფონდიდან მათ ეძლევათ შეღავათიანი სესხი და სხვა.
ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 12 საკრედიტო კავშირი, რომელთა საპატიო კაპიტალი 39 ათას ლარს შეადგენს. ეს, რა თქმა უნდა, საწყისი ეტაპის პირველი მოკრძალებული ნაბიჯებია, მაგრამ პერსპექტივა საკმაოდ კარგი აქვთ. მომავალში ეს კავშირები შეიძლება გახდეს ძირითადი ფინანსური რგოლი მიწასთან, სოფელთან ადამიანების სრულიად ახალი ფორმის ურთიერთობაში; რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები, მაგრამ მათ შეიძლება დაერქვას რაღაც კოოპერატივის მსგავსი გლეხთა გაერთიანება იმ კაპიტალის საფუძველზე, რომელსაც ჩვენთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად გაიღებენ საერთაშორისო საფინანსო ცენტრები.
რამდენიმე ყურადსაღები პროექტი იყო განხილული პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოწონებული პროექტი ითვალისწინებს დედაქალაქში და ქვეყნის მთელ რიგ რაიონებში საბითუმო „მწვანე ბაზრის“ ჩამოყალიბებას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ შევძელით ამ პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, დებატები ორი-სამი წელია მიმდინარეობდა. ამ პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის განაწილების, დამუშავებისა და დახარისხების გაუმჯობესებული მეთოდების გამოყენების მეშვეობით ექსპორტის ხელშეწყობისათვის; ეს გახლავთ საბითუმო ბაზარი, და როცა ამას დავასრულებთ, 2-3 წელი დასჭირდება მთელი კომპლექსის დამთავრებას და განვითარებას, ყველა მეწარმე და ყველა მომხმარებელი იგრძნობს, თუ რა სასიკეთო საქმეს ეყრება საფუძველი.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ამოცანაა სატრანსპორტო პოლიტიკის გადასინჯვა და ამ სექტორის რეორგანიზაცია, ასევე სატრანსპორტო ქსელის ზოგიერთი მნიშვნელოვანი უბნის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
გაეროს განვითარების პროგრამის - „ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის“ პროექტს (ვთხოვ რადიომსმენელებს, ამას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება) ეკონომიკის გარდა, კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის დატვირთვაც აქვს. გამოყოფილი სახსრების დიდი ნაწილი დაეთმობა გზებისა და ხიდების მშენებლობას, ტელეკომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ცხინვალსა და აფხაზეთში თუ გვისმენენ, ასეთი დახმარება კვლავაც გამოიყოფა საერთაშორისო ცენტრებისა და ევროპის მიერ, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში უნდა დაჩქარდეს კონფლიქტის მოგვარების პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ პროექტის დაფინანსება შეწყდება და აღარ გაგრძელდება. ეს ექსპერიმენტული პროექტებია, უკვე ორი წელიწადია ვლაპარაკობ იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სწორედ ეკონომიკურ ფაქტორს უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სტიმულს. და აი, ცხინვალში, ფაქტობრივად, დაიწყო ეს სამუშაოები.
და, ბოლოს, ბიუჯეტის შევსების მიმდინარეობის შესახებ. აქ, მაისის შესაბამის პერიოდთან შედარებით გარკვეული დადებითი ძვრებია მიღწეული. კერძოდ, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, 1-20 ივნისის პერიოდში მათ ბიუჯეტში ჩარიცხეს 19 მილიონი ლარი, რაც 5 მილიონი ლარით, ანუ 35 პროცენტით აღემატება მაისის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საბაჟო დეპარტამენტმა ამავე პერიოდში ბიუჯეტში 8,5 მილიონი ლარი გადარიცხა, რაც აგრეთვე მეტია, ვიდრე წინა თვეში.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საგადასახადო შემოსავლის მობილიზაციის ტემპი საკმარისი არ არის ადრე დაშვებული ჩამორჩენის კომპენსირებისა და წლის საგეგმო დავალებათა შესრულებისათვის. მოვითხოვ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა, სახელმწიფო კანცელარიამ, საგანგებო ზომები მიიღონ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ნახევარი წლის დავალებათა შესასრულებლად. ასეთი დავალება მე ამ დილით უკვე მივეცი მათ. ამ საქმიანობას სათავეში ჩაუდგებიან სახელმწიფო მინისტრი და ჩვენი კანცელარიის ხელმძღვანელობა. ყველა პასუხისმგებელი პირი გაეცნობა მდგომარეობას რაიონებში, განსაკუთრებით დედაქალაქის რაიონებში და ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად პრაქტიკულ ღონისძიებებს განახორციელებენ ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ.
და, კიდევ ერთი რამ: დაიწყო მარცვლეულის მოსავლის აღება. გუშინ მე მოვუსმინე ბატონ ბაკურ გულუას სპეციალურ შეხვედრაზე. ეს სამუშაოები დაწყებულია სიღნაღის რაიონში, ემზადებიან დედოფლისწყაროსა და ზოგიერთი სხვა რაიონები. ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, სხვა სამინისტროებსა და უწყებებს დაევალათ ორგანიზაცია გაუწიონ საკუთარი წარმოების მარცვლეულის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით შესყიდვას, რაც შესაბამისად სტიმულს მისცემს იმპორტის შემცირებას. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს ექსპორტი, შემცირდეს იმპორტი. ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ახლა იმისათვის, რომ საკუთარი წარმოების მარცვლეული შეისყიდონ კომბინატებმა, პურის ქარხნებმა, ჩვენმა ბიზნესმენებმა და ამით შევქმნათ საკუთარი რესურსი და რაც შეიძლება ნაკლები შემოვიტანოთ უცხოეთიდან.
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი თემა იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების მორიგი რაუნდი ამჯერად მოსკოვში. როგორ შეაფასებდით მის შედეგებსა და კიდევ, ალბათ, ამ კონტექსტით ძალიან ორგანულად ერწყმის მას განცხადება, რომელიც სამმა პრეზიდენტმა გააკეთა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით - მხედველობაში მაქვს კლინტონის, ელცინისა და შირაკის ერთობლივი განცხადება?
- ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მოსკოვის რაუნდი უდავოდ უნდა შეფასდეს, როგორც ორივე მხარის ცდა, მიაღწიონ გონივრულ კომპრომისს. შეთანხმებულია საკმაოდ სერიოზული ცალკეული დებულებებიც, რასაც ადრე ვერ ვაღწევდით.
მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, გიგანტური სამუშაო წინ გვაქვს და, ვფიქრობ, ეს აფხაზებსაც ესმით. სხვათა შორის, იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის დიპლომატების საშუამავლო საქმიანობა. მაგრამ იყო ორმხრივი კონტაქტები და ყველაზე რთულ საკითხებზე შეთანხმება სწორედ ამ ორმხრივი კონტაქტების პროცესში მოხერხდა.
ამავე დროს მინდა ყურადღება მივაქციო იმასაც, რომ რვა წამყვანი სახელმწიფოს ხელმძღვანელთა ცნობილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ელცინის განცხადებაში იყო ერთი საინტერესო მომენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს როლი უნდა გაძლიერდეს და გააქტიურდეს კონფლიქტის მოგვარებაში, განსაკუთრებით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, და რომ ეს როლი მეტად აქტუალურია. ეს საკმაოდ პოზიტიურად ეხმაურება ჩვენს იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ ბოლო დროს წამოვაყენეთ: ეს გახლავთ საერთაშორისო კონფერენცია, სხვა საერთაშორისო შეხვედრები ჩვენი მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით, რუსეთის აქტიური ხელშეწყობით და ასე შემდეგ, და, რა თქმა უნდა, გაეროს ეგიდით.
უაღრესად საყურადღებოა, ჩემი აზრით, ბილ კლინტონის, ბორის ელცინისა და ჟაკ შირაკის განცხადება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, რატომ გამოიყო ყარაბაღი, იმიტომ რომ ესენი არიან თანათავმჯდომარეები ეგრეთ წოდებული მინსკის ჯგუფისა და, ბუნებრივია, სწორედ ამ კონფლიქტზე იყო კონცენტრირებული ეს განცხადება. ამავე დროს, ამ განცხადებაში აღძრულია საერთოდ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის პრობლემები და საკითხები.
მივესალმები სამი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც იმის დასტურია, რომ კავკასია წამყვან სახელმწიფოთა და, საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის ყველა მკვიდრისათვის. ვფიქრობ, აქედან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
- რუსეთის მონაწილეობა საერთოდ ქათულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში, ალბათ, ბევრად განსაზღვრავს იმას, რასაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჰქვია, ურთიერთობა, რომელსაც, გვინდა თუ არა, უკვე დიდი ხანია დაედო სათავე და გარკვეულ პერიოდებში ვითარდებოდა ხან როგორ, და ხან - როგორ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ორი ქვეყნის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ურთიერთობის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ამ დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინა. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს ფაქტი თუნდაც ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე - მხედველობაში მაქვს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება, რამდენად თავსდება ეს ყველაფერი იმ კონტექსტში, რომელსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში რუსეთის მონაწილეობა ჰქვია, თუნდაც ბოლო პერიოდში?
- სანამ უშუალოდ ამ თემის კომენტარს შევუდგებოდე, მინდა ვთქვა, პრინციპში, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ელცინი ვიზიტად გვეწვია და ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ სფეროს, ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით უდავოდ დიდი იყო რუსეთის დიპლომატიის აქტიურობა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ახლა უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რომ ვერ შეძლო ან არ მოინდომა რუსეთ-საქართველოს, როგორც მე ხშირად ვუწოდებ ხოლმე, „დიდი“ ხელშეკრულების რატიფიცირება, - ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და პირდაპირ უნდა გითხრათ, არც დიდ ტრაგედიად მიმაჩნია. ეს ფაქტი ერთხელ კიდევ ადასტურებს ჩემ მიერ ამას წინათ გაზეთ „იზვესტიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული იმ აზრის სისწორეს, რომ არავინ არ ესწრაფვის რუსეთის შევიწროებას და ამა თუ იმ რეგიონიდან მის, როგორც წერენ, „გამოდევნას“. რუსეთი თვითონ „ახერხებს“ (თუ ეს სიტყვა მისაღებია) შეუქმნას თავის თავს პრობლემები და სტრატეგიულ მოკავშირეებშიც კი (ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო და რუსეთი სტრატეგიული მოკაშირეები არიან) ეჭვები და უნდობლობის ელემენტები თესოს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რას უნდა მიაღწიოს რუსეთმა იმით, რომ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოხდება? რა მიზანს ემსახურება ეს, რას ნიშნავს, რაზე მიგვანიშნებს ეს ფაქტი? ჩვენი წარმოდგენა ასეთია: ვფიქრობ, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის გარკვეულ წრეებში არათუ ძველი, არამედ „ძველისძველი“ აზროვნების წესებს უბრუნდებიან. სხვა არაფერი! რას აძლევს რუსეთს რატიფიცირების შეჩერება, მაშინ როცა, იციან, რომ აქ ძალიან ბევრი ხელშეკრულების რატიფიცირებაა საჭირო, რითაც რუსეთი არანაკლებ არის დაინტერესებული, ვიდრე ჩვენ იმ დიდი ხელშეკრულების რატიფიცირებით, რომელზეც ახლა ლაპარაკია რუსეთის სათათბიროში.
- კიდევ ერთი თემა და არა მარტო ქართული პრესის ფურცლებზე საქართველოს უშიშროების მინისტრის შოთა კვირაიას სახლთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი. იყო ასეთი ფაქტიც: გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი აცხადებს, რომ მის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და, მისივე მტკიცებით, ანალოგიური მასალა არსებობს სხვა გაზეთების და არა მარტო გაზეთების მთავარ რედაქტორებზე, ანუ მათს სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ და იწერდნენ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით...
- შევეცდები დეტალურად შევჩერდე და ზოგი რამ განვაზოგადო. მინდა ყველა რადიომსმენელმა იცოდეს, რომ უშიშროების სამსახური ურთულესი სისტემაა უმძიმესი მემკვიდრეობით. და ჩვენ (მე ქვემოთ ვიტყვი ამის შესახებ) ვერ მოვახერხეთ შეგვეცვალა სახე და შინაარსი ამ სამსახურისათვის, და რაც მივიღეთ მემკვიდრეობით, საბჭოთა, ტოტალური სისტემიდან, ფაქტობრივად, ის დარჩა. ბევრს გაუკვირდა, რომ მე (მინდა შეგახსენოთ ზოგიერთი რამ ახლო წარსულიდან), ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭოს პერიოდში, ამ სამსახურის ფუნდამენტური რეორგანიზაციის სქემა დავამუშავე და შევთავაზე ჩემს კოლეგებს თვითსახელწოდების შეცვლის ჩათვლით. გახსოვთ, მაშინდელი სახელწოდება - საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური. და დავა იმაზე იყო - წინა პლანზე საინფორმაციო უნდა იყოს თუ სადაზვერვოო. მაგრამ მე ვთქვი, თუ გინდათ ნამდვილი რეფორმირება, ეს უნდა იყოს ის სამსახური, რომელიც ინფორმაციას აწვდის ქვეყანას სახელმწიფოში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ ვითარებაზე. ხოლო სამსახურის ხელმძღვანელად მოვიწვიე მაშინ ირაკლი ბათიაშვილი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელი, რომელსაც ვთხოვე შეექმნა ჩვენი დახმარებით ახალი, ძველისაგან პრინციპულად განსხვავებული სტრუქტურა. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო (სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ირაკლი ბათიაშვილი მე დღესაც მიმაჩნია ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მოღვაწედ) და შემთხვევითი არ იყო, რომ მას ჩავაბარე ეს სამსახური. მინდოდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც არ არის დამძიმებული ძველი ტვირთითა და ძველი მემკვიდრეობით. სწორედ ასეთი კაცი მინდოდა ჩასდგომოდა სათავეში. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი არ გამოვიდა.
ბატონ შოთა კვირაია მოვიდა მას შემდეგ, რაც უშიშროების სამსახურის ყველა ძველი რგოლი პრაქტიკულად აღდგა იგორ გიორგაძის მუშაობის პერიოდში ძველი სტილით, ძველი მეთოდებით და მთელი ძველი სისტემით და მთელი თავისი მანკიერებით.
ბატონი შოთა (ესეც მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ) კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროფესიის შეცვლისა (მე ასე მიმაჩნია - პროფესიის შეცვლის), იგი პოპულარული შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, გახსოვთ ცნობილი ოპერაციები, ცნობილი ღონისძიებები და ასე შემდეგ და ბევრი ძალიან სასარგებლო საქმეც გააკეთა ამ პოსტზე მუშაობის დროს. ამის დავიწყება, ჩემი აზრით, არა მარტო უმადურობა, არამედ უგუნურებაც იქნებოდა.
არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც ამ კაცმა გააკეთა. ბოლოს, 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის შემდეგ, თვითონ დარწმუნდა, რომ მისი გადაადგილება და უშიშროების სამსახურის რეორგანიზაცია ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით აუცილებელია.
შოთა კვირაიამ რომ დიდი წვლილი შეიტანა (როგორც ზემოთ მოგახსენეთ) ქვეყნის სტაბილიზაციაში, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება. და აქაც მისი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოეყენებინა თავისი ავტორიტეტი ამ სამსახურის ფეხზე დასაყენებლად და მისი სრული რეორგანიზაციისათვის.
შეძლო თუ არა მან მთელი სამსახურის რესტრუქტურიზაცია, როგორც ეს ყველა სხვა უწყებაში ხდება? პასუხი ასეთი უნდა იყოს: პირველი ნაბიჯები უდავოდ გადაიდგა, მათ შორის ზოგიერთი საკადრო საკითხიც გადაწყდა, ზოგიერთი, ვამბობ, რომ ყველა გამართლებული და ყველა სწორია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ პრინციპებზე, თანამედროვე დონეზე მომუშავე უშიშროების სამინისტროს შექმნა ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით და ეს კვლავ დგას დღის წესრიგში. ჩვენ კვლავ ძველი სისტემით ვმუშაობთ და ამის გაგრძელება დაუშვებელია. ვიმეორებ, ცვლილებები მოხდა, მაგრამ ეს ცვლილებები ამინდს ვერ ქმნის.
დაუშვებელია გავიმეოროთ ის, რაც ძველი წყობის, ტოტალიტარულ პირობებში ცხოვრების ნორმად ითვლებოდა. მე მიმაჩნია, რომ არ არსებობს უფრო ამაზრზენი მოვლენა, ვიდრე სატელეფონო საუბრების მოსმენაა სათანადო ნებართვისა და აუცილებლობის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, ეს ანტიმორალური, ანტიზნეობრივი კატეგორიაა. როგორი დასკვნა უნდა გამოვიტანო მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა?
1. ჯაშუშობის, დასმენის, პროვოკაციების, ძველი სისტემა ჯერ კიდევ არ არის დაძველებული.
2. უნდა გვქონდეს და რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და საკონტროლო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევებს გამორიცხავს (სისტემა და არა მარტო პიროვნებები).
3. უშიშროების სამინისტროს პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს და მისი მდივნის, აგრეთვე პარლამენტის მეტი ყურადღება, მეტი კონტროლი და მეტი დახმარება სჭირდება.
4. პრეზიდენტმა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი დასკვნები (გთხოვთ ამ თეზისს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხთან დაკავშირებით) უნდა გამოიტანოს გენერალური პროკურორის მიერ გაწეული საფუძვლიანი, პრინციპული და ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ. სხვაგვარად, მე უბრალოდ, არ შემიძლია.
5. თუ დადასტურდა არასანქცირებულ მოსმენათა ფაქტები, და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის ხალხი, ვინც ეს გამოაქვეყნა, გულწრფელად მოიქცა, და რაც ხელში ჩაუვარდა, ბუნებრივია, უნდა გამოექვეყნებინა კიდეც, მაგრამ, ამას ჯერ კიდევ გამოკვლევა სჭირდება: რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ხომ არ არის აქ რაღაც სხვა ელემენტი? და მეორე მხარე - რამდენად არის ამ ბინძურ საქმიანობაში, თუ ეს ნამდვილად ხდება, გარეული სამინისტროს ზოგიერთი ხელმძღვანელი ან მინისტრი. მაშინ პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა იყოს არა მარტო პრინციპული, არამედ სასტიკიც. ასეთია ფაქტები ჩირქს სცხებს საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებს და აბრკოლებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
6. ბოლოს საგაზეთო პუბლიკაციათა იმ ავტორებსაც მინდა დავეთანხმო, რომლებიც შენიშნავენ, რომ, რახან ასეთი დელიკატური საკითხები ჩვენი საზოგადოების საჯარო განხილვის საგანი ხდება (თუ არ ვცდები, ეს ბატონ გრიგალაშვილის ერთ-ერთ სტატიაში იყო, შეიძლება ვცდებოდე) და ხელისუფლებას, არათუ არ ეშინია ისეთი ფაქტების გამოვლენისა, ძველად ცხრაკლიტულში რომ იყო ჩაკეტილი, არამედ ხალხსაც კი უწყობს დისკუსიების გამართვას, ესე იგი ჩვენ მართლა დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიწყებთ ცხოვრებას. ესეც ფაქტია და ტენდენციაზე მიუთითებს. ხოლო როგორც უნდა მოხდეს ასეთი სახელმწიფოს სრულყოფა, ამაზე მთელმა საზოგადოებამაც უნდა იფიქროს და იზრუნოს, უწინარესად კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ და ქვეყნის პრეზიდენტმა.
მე ამ თემის კომენტარს დავამთავრებდი იმით, რომ, ალბათ პარლამენტიც სპეციალურად იმსჯელებს. მთავარია, ამ საკითხებში გავერკვეთ ნერვიულობის, დაძაბულობის გარეშე, მშვიდად, ძალიან ობიექტურად, მიუდგომლად და ისეთნაირად, რომ ვიცოდეთ, რა არის მემკვიდრეობით მიღებული, რას აკეთებენ ბოროტი ზრახვებიდან გამომდინარე ცალკეული თანამშრომლები თუ ცალკეული ხელმძღვანელები, სად არის შეცდომები, და ისე არ უნდა მოხდეს, რომ მართალი კაცი, ვინც უნდა იყოს იგი - მინისტრი თუ რიგითი შემსრულებელი - დაისაჯოს. ძალიან ობიექტურად და, როგორც ამბობენ, ცივი გონებით გარკვევაა საჭირო მთელ ამ სიტუაციაში.
- და, ბოლოს. გუშინ თქვენ სტუდენტთა დიდი ჯგუფი დააჯილდოვეთ. ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო. ალბათ, ტრადიცია გაგრძელდება...
- ეს მართლაც კარგი და სასიამოვნო დღე იყო. სტუდენტური დღეები საინტერესო ტრადიციის სახეს იღებს. აღნიშვნის ღირსია ამ ღონისძიების ინიციატორთა დამსახურება. ეს სახელმწიფო კანცელარიას, ზაზა შენგელიას, ბატონ ნიკო ლეკიშვილს, რექტორებს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, სხვებსა და სხვებს ეხება. სასიხარულო ის არის, რომ არ ღონისძიებებში ფაქტობრივად ქვეყნის მთელი ახალგაზრდობა მონაწილეობს აქაც, ცენტრშიც და სხვა რაიონებშიც.
უდიდესი ადამიანური სიხარული მომანიჭა გუშინ იმ ახალგაზრდების ჯგუფთან შეხვედრამ, რომლებმაც სამეცნიერო კონფერენციებსა და კონკურსებში გაიმარჯვეს. ბრწყინვალე ქალიშვილები და ჭაბუკები არიან. ბრწყინვალე, სასიქადულო ახალგაზრდობა ეზრდება დამოუკიდებელ საქართველოს, თუ მათი იერსახის მიხედვით ვიმსჯელებთ. მე მათ პრეზიდენტის ჯილდოები და მადლობის წერილები გადავეცი. გუშინ ისიც ვთქვი, რომ მსურდა მეცნიერების გზაზე მათი პირველი ნაბიჯების აღნიშვნა ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილის, გამოჩენილი მეცნიერისა და დიდი მოღვაწის ილია ვეკუას დაბადების 90 წლისთავს დამთხვეოდა. ძალიან მინდა, რომ ბატონ ილიას რაინდული სული, სამაგალითოდ განვლილი მისი ცხოვრება, ჩვენი ახალგაზრდობისათვის მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო გახდეს.
საქინფორმი.
„ხელისუფლებას არათუ არ ეშინია ისეთი ფაქტების გამოვლინებისა, ძველად ცხრაკლიტულში რომ იყო ჩაკეტილი, არამედ ხელსაც კი უწყობს დისკუსიის გამართვას, ესე იგი, ჩვენ მართლა დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიწყებთ ცხოვრებას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 ივნისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 ივნისი. - №144 (2517). - 1,2 გვ.
![]() |
76 „საზოგადოება აღარასოდეს შეურიგდება დემოკრატიულ მონაპოვართა ხელყოფას საქართველოში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 ივნისის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირის რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა: გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მთის რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს. თქვენ სტუმრად ბრძანდებოდით სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომში მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი. კუმურდოში კი თქვენი დახმარებით, თქვენი სახსრებით პრეზიდენტის წყარო გაიხსნა და ამ კუთხის მოსახლეობას, რომელსაც უამისოდაც უამრავი პრობლემა აქვს, ალბათ, პირველად მოეხსნება წყლის პრობლემა. საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ტერი ადამსი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც განვლილ კვირაში გამოიკვეთა - საქართველოსკენ თითქოს დაიძრა უცხოური ინვესტიციები... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- საქართველოს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობათა რეალიზაციას, ევრაზიის დერეფანში მისი ფუნქციის სრული მასშტაბით განხორციელებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შესაბამისი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ობიექტების მშენებლობისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის დროულად განხორციელება. ამ საკითხზე ვიმსჯელეთ აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის პრეზიდენტის, ბატონ ტერი ადამსის ჩემთან შეხვედრისას, და, უნდა ითქვას, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.
კერძოდ, აღინიშნა, რომ საგულისხმოა კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მილსადენის მშენებლობის საკითხი, დამაკმაყოფილებელია ტერმინალის გამო ამჟამად დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საქმიანობა. ასევე აღინიშნა, რომ ნავთობსადენის დაჩქარებული მშენებლობისათვის კვლავაც საჭირო იქნება ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიო ბანკს, რომელიც ხსენებული პროექტით დაინტერესდა. ვფიქრობ, ამ პროექტების განხორციელების ყველაზე საიმედო გარანტი სწორედ მსოფლიო ბანკის დაინტერესებაა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საარსებო მნიშვნელობა აქვს საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი სიმდიდრის ცივილიზებული წესებით ექსპლუატაციისა და ამ პროდუქციის მსოფლიო ბაზაზე მიღწევისათვის, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი და საქვეყნოდ რეკლამირებული პროდუქციისა, როგორიც არის მინერალური წყალი „ბორჯომი“. სწორედ ამიტომ, ყოველი შემოტანილი დოლარის დაბანდებას აქტიური მხარდაჭერით ვხვდებით, მით უმეტეს, თუ ეს ისეთი საიმედო პარტნიორისაგან მოდის, როგორიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია.
ამჟამად ამ ბანკთან ხელმოწერილია საკრედიტო ხელშეკრულებები ბორჯომის ჩამომხსნელი ქარხნების რეკონსტრუქციისათვის 10 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე, ასევე 3 მილიონამდე დოლარია გამოყოფილი ბორჯომის პროგრამის განვითარებისათვის. ევრობანკის მიერ საქართველოს კერძო სექტორისათვის გამოყოფილ ამ, ჯერჯერობით ყველაზე დიდ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიო ბანკი, ინგლისის საინვესტიციო ბანკი „ბერინგსი“, რომელიც მრავალი ათეული წლის წინათ ფინანსებდა ზოგიერთ პროგრამას საქართველოში, ფრანგი ინვესტორები და სხვები და სხვები.
რაკი შევეხე ევრაზიის დერეფნის თემას, მინდა დავსძინო, რომ წარმატებით ხორციელდება ყაზახეთის თენგიზის საბადოს ნავთობის გადატვირთვა, რაც ცნობილი „შევრონის“ შეკვეთით მიმდინარეობს. დღეისათვის საკმაოდ სერიოზული მოცულობის (თუ არ ვცდები) ნახევარ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობია გადატვირთული ჩვენი რკინიგზის მეშვეობით, ბათუმის ნავსადგურის საშუალებით. როგორც რკინიგზამ, ასევე ბათუმის ნავსადგურმა და საერთოდ სახელმწიფომ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღეს. არ არის გამორიცხული, რომ გაისად გადასატვირთი ნავთობის მოცულობა, რომელიც წელს მილიონ 200 ათას ტონას შეადგენს, შეიძლება 2-3-ჯერაც კი გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში ასეთი საუბარი მათთან გვქონდა, ამ კომპანიის პრეზიდენტი ბატონი მაცკე გახლდათ აქ.
გაიმართა პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განვიხილეთ ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობადა პერსპექტივები. აღინიშნა ის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება ამ ორგანიზაციასა და ევროპასთან ჩვენი ურთიერთობის სწორად წარმართვას. ძალიან საიმედოდ მიმდინარეობს ეს პროცესი - ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება.
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობის მნიშვნელობა - ის მუდმივი ურთიერთობა, ის ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება, რომელიც „ტასისის“, „ტრასეკის“ და სხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება, დახმარება სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ხაზით. როგორც ვიცი, ევროკავშირში საკმაოდ რეალურად განიხილება ის საკითხი, რომ გამოიყოს 40 მილიონი ეკიუ სოფლის მეურნეობის აღმავლობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებისათვის. ეს იქნება 2-3-წლიანი პროგრამა. წელს გამოიკვეთა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულება კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციის საკითხებში. ეს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ახალი პრობლემა, ახალი მიმართულებაა და იგი ძალიან იმედისმომცემი და პერსპექტიულია. ევროკავშირი მზად არის ლტოლვილების დაბრუნებისას მნიშვნელოვანი მატერიალური და ფულადი დახმარების გასაწევად გამოყოს სარეაბილიტაციო კრედიტი და სხვა.
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიის განმსაზღვრელი ინსტრუმენტია შარშან აპრილში მიღწეული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება. მინდა რადიომსმენელებს მოვახსენო, რომ ეს საკმაოდ სქელტანიანი შეთანხმება, რომელსაც შარშან მოვაწეროთ ხელი, ერთობ წარმატებით ხორციელდება. ყურადსაღებია შარშანვე, ოქტომბერში, ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე შუალედური ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ძალაში შესვლამდე მისი სავაჭრო ნაწილის დებულებების ამოქმედების საშუალებას იძლევა. ასე რომ, ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობდს.
ჩემი აზრით, საყურადღებოა შემდეგი: საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბაზრო ეკონომოკის პირობებში მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით ამ რეგიონებში ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის ზოგადი მოდელის ჩამოყალიბების მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ. შეიქმნა სპეციალური ცენტრი მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების შესასწავლად. წამოწყებულია უდავოდ საინტერესო და დროული საქმე. მომზადებულია მნიშვნელოვანი მასალა, რომელზეც უნდა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა რეგიონების, სამინისტროებისა და სხვა სამსახურების მონაწილეობით. ეს მუშაობა უნდა დავუკავშიროთ ასევე პერსპექტიული საერთაშორისო პროგრამების შესწავლას, ამ პროგრამებში კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხების შეტანას, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობა. ასეთი მასშტაბური მიდგომა ახალ პერსპექტივებს გვიხსნის იმისათვის, რომ მთიან რეგიონებს მეტი დახმარება გავუწიოთ, დავამკვიდროთ იქ მოსახლეობა და შევქმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები. მართალია, ეს ხანგრძლივი პროგრამა იქნება, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობათა გათვალისწინებით პრაქტიკულად ვიმოქმედოთ. მაგალითად, კუმურდოში, რომელიც ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე და ძალიან დიდი სოფელია, სადაც თითქმის 5 ათასი კაცი ცხოვრობს, როგორც იცით, 150 წლის განმავლობაში, როცა იქ დევნილ კუმურდოელთა წინაპრები ჩამოსახლდნენ, მათ იქ წყალი არ ჰქონდათ. ამ ხნის განმავლობაში ისინი წვალობდნენ და იტანჯებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც ხელმოკლე სახელმწიფო ვართ, მოვახერხეთ 25-კილომეტრიანი წყალსადენის გაყვანა. ჩემთვის ის დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა დავინახე, რომ იმ ადამიანებს საუკუნოვანი ოცნება აუხდათ. ვფიქრობ, ასეთივე კონკრეტული მიდგომა სჭირდება ყველა რაიონს, ყველა რეგიონს. მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ დადგენილება რაჭა-ლეჩხუმის შესახებ, ვეხმარებით მესტიას, ზოგიერთ სხვა რეგიონს. ასევე ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება აჭარის მთიან რაიონებს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას და იმათაც, ვინც სხვადასხვა მოსახლეობა რეგიონში გადასახლდა. ასე რომ, მთელი კომპლექსია უზარმაზარი ღონისძიებებისა, რომლებიც უნდა განვახორციელოთ.
გამომრჩა მეთქვა, რომ ყაზბეგში მოსახლეობის დასამკვიდრებლად და ცხოვრების ელემენტარული პირობების შესაქმნელაად, ჩვენი ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ყოველწლიურად ვახერხებთ მილიონ - მილიონ ნახევარი ლარის გამოძებნას, რათა მათ ისარგებლონ ბუნებრივი გაზითა და ზოგიერთი სხვა სიკეთით. აი, ასეთნაირად, ესე იგი კონცეპტუალურ გააზრებასთან, სამეცნიერო კვლევით სამუშაოებთან ერთად უნდა მიმდინერეობდეს პრაქტიკული საქმიანობა და პრაქტიკული მუშაობა მთიანი რაიონების დასახმარებლად. ეს, უწინარესად, ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ამავე დროს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორი იქნება ადგილობრივი ინიციატივა, ხელისუფლების დამოკიდებულება თითოეული სოფლისა და თითოეული რაიონის მიმართ. მე არ გამოვრიცხავ ჩემს მოგზაურობას ზოგიერთ მთის რეგიონში, იმისათვის, რომ ადგილზე შევხვდე იქაურ მცხოვრებლებს, დავაჩქარო პრობლემის გადაჭრა. ისიც მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთიანეთი სულაც არ უნდა წარმოვიდგინოთ ვიღაცის კმაყოფაზე მყოფ რეგიონად. მთიანეთს აქვს იმის პოტენციალი, რომ უზარმაზარი შემოსავალი მოგვცეს: ეს არის მეცხოველეობა, ხე-ტყე (თუ იგი რაციონალურად იქნება გამოყენებული), ტურიზმი, ალპინიზმი, ამ რეგიონში არსებული უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრეები - წყალი და სხვა მრავალი. და სწორედ ამ სიმდიდრეთა შესწავლა, მათი გამოყენების გზების დასახვა გვაქვს მხედველობაში, როცა რესპუბლიკურ პროგრამებზე ვლაპარაკობთ.
ჩვენ საინტერესოდ ვისაუბრეთ საკონსულტაციო საბჭოზე რეფორმების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი. ახალ ეტაპზე გადასვლის უზრუნველმყოფი ძირითადი მიმართულებანი, ასე თუ ისე, განსაზღვრულია, დაისახა ღონისძიებებიც. ეს 1997-2000 წლების პერიოდია, და იგი, ფაქტობრივად, მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს - ეკონომიკასაც, ჯანმრთელობის დაცვასაც, განათლებასაც, და, თავისთავად ცხადია, სოციალურ სფეროს.
დოკუმენტის გამოქვეყნებამდე და საჯაროდ განხილვის დაწყებამდე, მისი საბოლოო დამუშავებისა და სრულყოფის პროცესში აქტიურად უნდა ჩაებნენ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენლები, რადგან რეფორმების მეორე ეტაპი ფაქტობრივად დამამთავრებელი ეტაპია და იგი ყოველმხრივ შესწავლილი და გააზრებული უნდა იყოს. მისმა რეალიზაციამ საბოლოო ანგარიშით უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, საჭირო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონის რეალური ამაღლება. თუ პირველი ეტაპისათვის ძირითადი დამახასიათებელი იყო მესაკუთრის ფორმირება, პრივატიზაციის პროცესის, მიწის რეფორმის განხორციელება და სხვა, მეორე ეტაპის ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა იქნება ზრუნვა ადამიანებისათვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ამ რეფორმებისაგან რეალური შედეგები მიიღონ და ეს უნდა იგრძნონ თითოეულმა ოჯახმა და თითოეულმა მოქალაქემ. აი, ასე წარმოგვიდგენია ჩვენ მეორე ეტაპი.
საგადასახადო ინსპექციის წინასწარი შეფასებით, მათ მიერ ივნისში აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი 29 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც 1,5-ჯერ აღემატება 5 თვის საშუალო მაჩვენებელს. ბიუჯეტის შემოსავლის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგადასახადო ორგანოების საქმიანობის გააქტიურებამ, განსაკუთრებით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში გადასახადების აკრეფამ. მაგალითად, თბილისის ბაზრებიდან ბოლო პერიოდში შემოსავალმა 3,5-ჯერ იმატა. თქვენ გახსოვთ ის მწარე საუბარი თბილისელებთან, რომელიც ამ შენობაში გავმართეთ, და გარკვეულ შედეგებს, ვფიქრობ, მივაღწიეთ. ანალოგიური მდგომარეობაა ქუთაისის, რუსთავის, ბათუმისა და სხვა ბაზრებზე. ივნისში განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია ასევე კვების პროდუქტების, ალკოჰოლიანი სასმელების, სამკურნალო საშუალებებისა და სხვა აქციზური საქონლის ვაჭრობის დარღვევის წესები, რის გამოც მიღებულია შესაბამისი ზომები. სხვათა შორის, მე წუხელ მივაქციე ყურადღება სატელევიზიო პროგრამის - „მსგეფსის“ იმ ნაწილს, სადაც მოსახლეობას უჩვენეს საშინელი ანტისანიტარიის სურათები ჩვენთან, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში. ჩემი აზრით, ქალაქის მერია დღესვე უნდა შეიკრიბოს და, თუ არ უნახავს, ვისაც ეს ეხება, უნდა ნახოს. ზომებს თუ არ მიიღებენ, უნდა აიძულო ზოგიერთი, მიირთვას ზემოხსენებულ პირობებში დამზადებული პროდუქტები, ხშირად მოსახლეობას რომ აწვდიან. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ნამცხვარი და სხვ. შემზარავი სურათია ის, რაც მე ვნახე, და, სხვათა შორის, სამედიცინო კონტროლის ინსპექციაც უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს ამასთან დაკავშირებით.
საბაჟო ორგანოებიდან დღემდე თითქმის 13 მილიონი ლარია შემოსული, რაც 2,5 მილიონი ლარით აღემატება წინა თვის შესაბამის მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, როგორც ეს წინა რადიოინტერვიუშიც აღვნიშნე, წლის დავალებათა შესასრულებლედ როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო ორგანოებსაც მეტი ინტენსიურობით მართებთ მუშაობა რეზერვების ძიებისა და ამოქმედებისათვის. მე ვიცი, რომ ისინი ახლა, ალბათ, მისმენენ. თითოეულ მათგანს მივმართავ: ის მოთხოვნები, რომლებიც პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებში ჩამოყალიბდა ნახევარი წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა შესრულდეს. შემოსავლის მობილიზაციისათვის მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული დღევანდელი თვის ბოლო დღე. დღესაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, განსაკუთრებით ეხება ეს სათანადო ანგარიშების მოგვარებას, მოწესრიგებას, გადარიცხვებსა და მრავალ სხვას. მთელი სისრულით ეხება ეს აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და ყველა იმ უწყების ხელმძღვანელებს, რომლებზეც დამოკიდებულია ბიუჯეტის შევსება. მე მივმართავ რაიონების გამგებლებს, ქალაქების ხელმძღვანელებს, რწმუნებულებს, რომ დღეს ერთხელ კიდევ გადახედონ თავიანთი მუშაობის შედეგებს და მოემზადონ იმისათვის, რომ 6 თვის შედეგების შეჯამება არცთუ ისე ორდინარული იქნება, როგორც ეს მე განვაცხადე.
- განვლილი კვირის თემა იყო კვლავ უშიშროების მინისტრის საკითხი. საქართველოს პარლამენტმა დახურულ სხდომაზე განიხლა კვირაიას საკითხი და გადაწყვეტილების გამოტანა თქვენ დაგაკისრათ. როგორი იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით?
- სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ დაწვრილებით კომენტარების გაკეთებას, რადგან უბრალოდ საჭიროდ არ მიმაჩნია. რაც უნდა თქმულიყო, ყველაფერი ითქვა. დისკუსიათა სიმწვავე, შეფასებათა უკომპრომისობა იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება აღარასოდეს შეურიგდება დემოკრატიულ მონაპოვართა ხელყოფას საქართველოში. და ეს ყველასათვის გაკვეთილი უნდა იყოს თავისთავად. რა მოხდა, როგორ მოხდა, რა გზითა და რა საშუალებით, ეს სულ სხვა საკითხია. იქნებ სწორედ ეს დებულება, რომელიც ახლა მოგახსენეთ, რომ საზოგადოება აღარასოდეს შეურიგდება დემოკრატიულ მონაპოვართა ხელყოფას, იყო საპარლამენტო მოსმენისა და ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომებზე გამოთქმულ შეფასებათა და პრეზიდენტის გამოსვლათა მთავარი აზრი. თქვენ გახსოვთ, რომ პარლამენტში განხილვამდე მე ჩემი შეხედულებები რამდენიმე მუხლად ჩამოვაყალიბე.
ამასთანავე, როცა ლაპარაკია მთავრობის წევრის, მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მის დამსახურებასთან, ღვაწლთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ მისი პირადი როლი იმაში, რაც მოხდა. ამიტომაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გენერალური პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები, ოფიციალური დასკვნები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი დავალებანი ჯერ კიდევ პარლამენტის სხდომამდე მიეცა გენერალურ პროკურორს. მუშაობა მიმდინარეობს და გუშინწინ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთხელ კიდევ მოვითხოვეთ ამ დავალების შესრულება. როცა ეს დასკვნა წარმოდგენილი იქნება, მაშინ შეიძლება უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ.
- განვლილ კვირაში ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობის საგანი იყო ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლის დაბრუნება თბილისში. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თქვენმა პრესმდივანმა. რამდენად შეესაბამება იგი თქვენს პოზიციას?
- მე ასე მინდა გიპასუხოთ: ზოგიერთის აზრით, ეს დელიკატური თემაა. არავითარი დელიკატური თემა ეს არ არის. მინდა განვაცხადო, რომ გამსახურდიას ოჯახის ყველა წევრისათვის, ისევე როგორც ძველი და ახალი პოლიტიკური ოპოზიციის წევრთათვის, სამშობლოში ცხოვრება, ქვეყანაში დაბრუნება გარანტირებულია კონსტიტუციით და ხელისუფლების პასუხისმგებლობით. მე სავსებით გულწრფელი ვიყავი, როცა რამდენიმე წლის წინათ შერიგების მანიფესტი გამოვაქვეყნე, გულწრფელი ვარ დღესაც, როცა პარლამენტში კვლავ შერიგების აუცილებლობაზე ვილაპარაკე. და ეს არ ეხება მარტო გამსახურდიას მომხრეებს, ეს ეხება ანტაგონისტურად განწყობილ ადამიანებს, რომლებთანაც რაღაც საერთო უნდა მოვძებნოთ. ხშირად მეკითხებიან პლატფორმის შესახებ, შერიგების პლატფორმის თაობაზე. რესპუბლიკის მოედანზე გამოქვეყნებული მანიფესტი შერიგების პლატფორმად მესახებოდა და ეს ასეც იყო. მანიფესტმა, მიუხედავად იმისა, რომ 100 პროცენტით ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება, თავისი საქმე მაინც გააკეთა. დღეს როგორღაა? დღეს ამის აუცილებლობა აღარ არის, ესე იგი, არ არის საჭირო პლატფორმის ჩამოყალიბება. ჩვენ შევქმენით საქართველოს მოქალაქეთა თანცხოვრების უზენაესი კანონი - ქვეყნის კონსტიტუცია. ყველამ უნდა დავიცვათ ეს კანონი და სწორედ ეს არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც უნდა შეასრულოს ყველამ, ვინც ახლა საქართველოში ცხოვრობს და ვინც დაბრუნდება, ყველამ, ვისაც გული შესტკივა თავის ქვეყანაზე. კონსტიტუციაა იმ შერიგების ძირითადი პლატფორმა, რომელიც მე გამოვაცხადე. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ ვინ რა როლს შეასრულებს ჩვენს საზოგადოებაში, ეს კონკრეტული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
- თქვენ ბატონ ვახტანგ აბაშიძის განცხადება ახსენეთ. თუ ყურადღებით წაიკითხეთ იგი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ვისი ხელი ურევის ამ განცხადებაში.
- და, ბოლოს. ახლოვდება 31 ივლისი. ალბათ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ეს საკითხიც განიხილეს...
- ჩვენ ყოველდღიურად ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ახლა უფრო მწვავე პრობლემა არა გვაქვს. აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა პროცესი (ასე მინდა დავაზუსტო დღევანდელი მდგომარეობა) დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ეს უწინარესად ეხება დიალოგს მოსკოვში. კიდევ არის დრო თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა 28 მარტის გადაწყვეტილების შესასრულებლად. მე ამას ვაცხადებ ჩვენი კოლეგების - რუსეთის ხელმძღვანელების საყურადღებოდ. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები გაეროს ხელმძღვანელობასთან, ეუთოსთან, აქტიურად ვმუშაობთ ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებთან, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელებათან, და ასე შემდეგ. არ შეიძლება არ ვთქვა ისიც, რომ აგერ უკვე ერთი თვეა, რაც რუსეთის დიპლომატია საკმაოდ ქმედითად და საკმაოდ კონკრეტულად მუშაობს იმისათვის, რომ როგორმე რაღაც კომპრომისს მივაღწიოთ.
ამავე დროს არ შეწყვეტილა ქართულ-აფხაზური დიალოგი. უახლოეს დღეებში ამ დიალოგმა შეიძლება ახალი განზომილება შეიძინა. ბუნებრივია, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე მელის ზოგიერთი ვიზიტი, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მადრიდში და ასე შემდეგ. და ყველა ეს ვიზიტი იმისათვის იქნება გამოყენებული, რომ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, კოლეგებს ავუხსნათ მდგომარეობა, ვითარების კრიზისულობა, განსაკუთრებით გვჭირდება მუდმივი კონსულტაციები საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსეთსაც. აი, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს. უფრო დეტალურად მე დღეს ვერ მოგახსენებთ და აფხაზეთის თემაზე, ვფიქრობ, შემდეგ გადაცემებში შეგვიძლია ვისაუბროთ.
საქინფორმი.
„საზოგადოება აღარასოდეს შეურიგდება დემოკრატიულ მონაპოვართა ხელყოფას საქართველოში“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 30 ივნისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 ივლისი. - №150 (2523). - 1,2 გვ.
![]() |
77 „მშვიდობიანი კავკასია თანასწორთა და თანამოაზრეთა ერთობლივი ძალისხმევის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი იქნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
7 ივლისის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ რადიოინტერვიუსაც ტრადიციულად ეკონომიური თემით დავიწყებთ. ეს ჩვენს ეკონომიკაში განვლილ კვირაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციებია. ბიუჯეტის ექვსი თვის შედეგების შესრულება უაღრესად მნიშვნელოვანი და განვლილი კვირისათვის მეტად აქტუალური თემა იყო და კიდევ ერთი პრობლემა განვლილი ეკონომიური კვირიდან - დასაქმების პრობლემა, რომელიც ასე აქტუალურია... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მე სწორედ ბოლო შეკითხვით დავიწყებ ჩემს კომენტარს.
რეფორმების მეორე ეტაპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის გაძლიერება, მოსახლეობის სოციალური დაცვის პრობლემების წინა პლანზე რეალურად წამოწევა და მათს გადაწყვეტასთან ეკონომიური აღმავლობის პროცესების უშუალოდ დაკავშირებაა. მოსახლეობის სოციალური დაცვისა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებნის უმთავრესი წყარო და ქვაკუთხედი დასაქმება გახლავთ.
ამდენად, ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნების, რეფორმების ახალი ეტაპის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული „დასაქმების შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომლის პროექტი მოიწონეს მთავრობის სხდომაზე, მეტად აქტუალური და დროული საქმეა.
ამჟამად მოქმედი კანონისაგან იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება დასაქმების რეგულირფების მექანიზმებით. ახლებურად არის გააზრებული სახელმწიფოს როლი - სხვადასხვა რეგიონული და მიზნობრივი პროგრამების ხორცშესხმით იგი ქმნის აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელების საფუძველს, წამყვან როლს ასრულებს შრომის ბაზრის რეგულირების პროცესში.
ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია ასევე ყველა მოქალაქის შრომის უფლების უზრუნველყოფის თანასწორ შესაძლებლობათა შექმნა, რაც კონსტიტუციური დებულებაა; მოქალაქეთა პროფესიული ორიენტაციის, მომზადებისა და გადამზადების, კვალიფილაციის ამაღლების სისტემის ხელშეწყობა; თვითდასაქმებისა და სამეწარმეო ინიციატივის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა - იმ მეწარმეთა წახალისება, რომლებიც ინარჩუნებენ ან აღადგენენ არსებულ სამუშაო ადგილებს, ქმნიან ახალ ადგილებს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ როგორ გამოვიყენებთ საერთაშორისო დახმარებას, სხვადასხვა ქვეყნის მხრივ ხელშეწყობას ბიზნესის განვითარებაისათვის, და თავისთავად ეს უკვე მოგვცემს ახალ სამუშაო ადგილებს.
სახელმწიფო განსაკუთრებით იზრუნებს შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმებისათვის - ეს ჩვენი დროის ყველაზე რთული პრობლემაა - და დამატებითი გარანტიებით უზრუნველყოფს მათ, რაც იმით გამოიხატება, რომ 18 წლამდე ახალგაზრდების, ინვალიდების, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლებისათვის, აგრეთვე წინასაპენსიო ასაკის, იძულებით ადგილნაცვალი და სხვა პირებისათვის იქმნება შესაფერისი სამუშაო ადგილები და განხორციელდება მათი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სპეციალური პროგრამები. კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, იქ იგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, დაიხვეწება და ჩვენ გვექნება ძალიან კარგი სამართლებრივი საფუძვლი, რათა დადებითად გადავწყვიტოთ დასაქმების - დღეს სოციალურ სფეროსა და ეკონომიკაში ეს ყველაზე უფრო აქტუალური პრობლემა.
ქვეყნის ეკონომიური განვითარების ექვსი თვის შედეგები ჯერჯერობით შეჯამებული არ არის. დღეისათვის ჩვენ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო ენგურჰესის დროებით გაჩერების მიუხედავად, რამაც, ბუნებრივია, ამ ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების შემცირების შედეგად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც თვით ელექტროენერგეტიკის დარგის, ისე სხვა სამრეწველო საწარმოების ფუნქციონირებაზე. მთლიანად 6 თვეში, მრეწველობის სამინისტროს შეფასებით, მრეწველობის წამყვან დარგებში მაინც შენარჩუნებულია წარმოების საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი.
წლის პირველ ნახევარში სამინისტროში შემავალ სამრეწველო კომპლექსში წარმოებულია 67 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც 14 პროცენტით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საშუალოზე მაღალია ტემპი სამინისტროს მრავალდარგოვანი (176 პროცენტი), ქიმიური (137 პროცენტი), და მეტალურგიული მრეწველობის (117 პროცენტი) საწარმოებში.
ენგურჰესის გაჩერებისა და ივნისში ელექტროენერგიის წარმოების შემცირების მიუხედავად, მთლიანად 6 თვეში, წინასწარი შეფასებით, ელექტროენერგეტიკული დარგის წარმოების ზრდის ტემპი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109 პროცენტის დონეზეა.
ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ (ამას მინდა მივაპყრო რადიომსმენელთა ყურადღება, ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს ენგურჰესის მდგომარეობა) 2 ივლისიდან დაიწყო გვირაბის შევსება. 3 ივლისისათვის ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 440 მეტრი იყო, ჰესის მუშაობის დაწყება ნავარაუდევია 10 ივლისიდან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მოსახლეობის, ისე საწარმოო ობიექტების მომარაგებას ელექტროენერგიით. მაგრამ, ამასთანავე, მკაცრი იქნება ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დავალიანების მქონე ორგანიზაციებისა და რეგიონებისათვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდამ 80 პროცენტს გადააჭარბა (გადახდილია თითქმის 7 მილიონი ლარი), ექვსი თვის შედეგების მიხედვით ეს მაჩვენებელი 65 პროცენტს შეადგენს და საქენერგოს დებიტორული დავალიანება 3 ივლისისათვის 195 მილიონ ლარს აღემატება, რაც დიდად აფერხებს სისტემის მუშაობას და მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის მის მომზადებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი შედეგი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოში პირველად არის მიღწეული. ყველას, უწინარესად მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან დანახარჯის საფასურს, ყველას მინდა მივმართო ძალიან დიდი მადლობის სიტყვებით და გამოვთქვა რწმენა, რომ მომდევნო თვეები კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას მოუტანს ენერგეტიკის სისტენას.
ამ საკითხებზე განსაკუთრებით უნდა გაამახვილონ ყურადღება თბილისმა (დიდი დავალიანება), რუსთავმა, ზუგდიდმა, სამტრედიამ, გორმა, ხაშურმა და სხვა რაიონებმა.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შეფასებით, კარგი პირი უჩანს თავთავიანი მარცვლეული კულტურების მოსავალს - მოსალოდნელია 380-400 ათასი ტონა მარცვლეულის წარმოება. აქედან ხორბალი შეადგენს 300-320 ათას ტონას. ამაზე ჩვენ რამდენიმე წლის წინათ ლაპარაკიც კი არ შეგვეძლო და დღეს უკვე ამ მხრივ ძალიან სერიოზული ფაქტორი გაჩნდა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით. რამდენიმე ხნის წინათ ჩვენ ყოველ კილოგრამ ხორბალს ვთვლიდით და ახლა საკუთარი წარმოების მარცვალი უკვე კარგი საფუძველია იმისათვის, რომ მომავალში შევცვალოთ ექსპორტსა და იმპორტს შორის შეფარდება სწორედ ექსპორტის სასარგებლოდ.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი მიწათმოსარგებლეებს მოსავლის აღება-დაბინავების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემების მოგვარებას მისი შესყიდვის შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოყენების თვალსაზრისით. მე სპეციალური ბრძანებულება გამოვეცი, რომელიც უდავოდ შეუწყობს ხელს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი კამპანიის წარმატებით დამთავრებას.
საგადასახადო ინსპექციის დაზუსტებული მონაცემებით ივნისში მის მიერ აკრეფილია 34 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავალი ნავარაუდევი 29 მილიონის ნაცვლად. მარტო თვის ბოლო დღეს მიღებულია 5 მილიონი ლარი. ამის შედეგად საგადასახადო ინსპექციამ შეასრულა თვის გეგმა და ნაწილობრივ დაფარა ადრე დაშვებული ჩამორჩენა.
საგადასახადო ინსპექციის მიერ ივნისში აკრეფილი შემოსავალი წელს ყველაზე მაღალია და 14 მილიონი ლარით აღემატება წლევანდელ საშუალო თვიურ მაჩვენებელს, წლის დასაწყისიდან კი მის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 136 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავალი - 38 მილიონი ლარით, ანუ თითქმის ერთნახევრით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მუშაობის შედეგები - მათ ივნისში ბიუჯეტში ჩარიცხეს 10,5 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საგეგმო დავალებათ შესრულებაში (მინდა ჩამოვთვალო ზოგიერთი ორგანიზაცია) რკინიგზის დეპარტამენტს, ფოთის ნავსადგურს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, რუსთავის „აზოტს“, „ჭიათურმანგანუმს“, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ „ჭიათურმანგანუმი“ გაცოცხლდა და მას უკვე სერიოზული წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. ორჯერ და მეტად გაიზარდა წინა თვესთან შედარებით ავტოგასამართი სადგურებიდან შემოსული შემოსავალი (თქვენ გახსოვთ ჩემი კრიტიკული შენიშვნები და გაფრთხილება ამ საკითხთან დაკავშირებით, და სასიხარულოა, რომ გამოტანილია გარკვეული დასკვნები). იზრდება მომსახურების სფეროს წვლილიც - მარტო სასტუმრო „მეტეხმა“ - მხოლოდ ერთმა ობიექტმა ივნისში ბიუჯეტს 780 ათასი ლარი შემატა.
საბაჟო დეპარტამენტის სისტემამ წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტში 77 მილიონი ლარი გადარიცხა, რაც თითქმის 3,5-ჯერ (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ამას, ძვირფასო მოქალაქეებო) სჭარბობს შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. ამასთანავე, თუ პირველ კვარტალში ჩარიცხულია 32 მილიონი ლარი, მეორე კვარტალზე მოდის 45 მილიონი ლარი, ანუ პირველ კვარტალზე 38 პროცენტით მეტი.
აქაც განსაკუთრებით მაღალი შედეგებია მიღწეული ივნისში - აკრეფილია 17 მილიონი ლარი, რაც 16 პროცენტით მეტია წინა თვესთან და ორნახევარჯერ მეტი შარშანდელ ივნისთან შედარებით. მთლიანად ნახევარი წლის პროგნოზური დავალება საბაჟომ 103 პროცენტით შეასრულა. საბიუჯეტო შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი მოდის ნავთობპროდუქტების დაბეგვრაზე - ეს გახლავთ 27 მილიონი ლარი, მათ შორის ბენზინის დაბეგვრიდან 17,5 მილიონი ლარი (ეს ახალი კატეგორიაა, რასაც, ახლა ვიტყვი), ხოლო სატრანზიტო სპირტის მომსახურებიდან შემოსავალმა მარტო 19 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით 4 მილიონი ლარი შეადგინა. ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროში მომუშავე ბიზნესმენებს სათანადო სახელმწიფო მხარდაჭერა ექნებათ, რადგან მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს ბიუჯეტისადმი საკმაო პასუხისმგებლობის გრძნობით ხასიათდება და მე მათ მადლობის სიტყვებით მივმართავ.
მიუხედავად აღნიშნულისა, წლის დავალებათა შესრულებისათვის მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს მუშაობა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებმა, მაგრამ, ყველაფერი, რაც მოგახსენეთ, წინასწარი მონაცემებია. უფრო დეტალური იქნება ანალიზი უმაღლეს დონეზე ნახევარი წლის შედეგების შეჯამებისას. ანალიზი იქნება რაიონების, მხარეების, ავტონომიების მიხედვით, და ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩემი გაფრთხილება, რომ ვინც სათანადო პასუხისმგებლობით არ მოეკიდება სახელმწიფო დავალებათა შესრულებას, უფრო სწორად კანონის მოთხოვნათა შესრულებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზომები იქნება მიღებული. როგორი, ამას ცხოვრება გვიჩვენებს.
- განვლილი კვირა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა აფხაზეთის პროცესთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ბერეზოვსკის, ბატურინის ვიზიტები და, რაც მთავარია, ზურაბ ჟვანიასა და ბორის ბერეზოვსკის მოლაპარაკება სოხუმ- ში. ვარაუდები საკმაოდ მრავლად გამოითქვა, ისევე, როგორც ჭორები. 31 ივლისი კი ახლოვდება. ალბათ, აფხაზეთი იქნება თქვენი უახლოესი ვიზიტების მთავარი თემა...
- ჩემი პასუხი რამდენადმე ზოგადი იქნება. მაგრამ მაინც შევეცდები, კითხვაში დასმულ თემებს შევეხო. ბორის ბერეზოვსკის ვიზიტი, მისი აქტიურობა და არაორდინარული წინადადებები საინტერესო და უდავოდ სასარგებლოა. ასევე საჭირო და სასარგებლო იყო იური ბატურინის სტუმრობა, რომელთანაც პრობლემათა ფართო სპექტრი განვიხილეთ. რაც შეეხება აფხაზეთში კონფლიქტს დღევანდელი თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ რეალური პროგრესის მიღწევის უმოკლესი გზა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების 28 მარტის სამიტის გადაწყვეტილების უპირობო შესრულებაა. ბორის ბერეზოვსკისა და ზურაბ ჟვანიას შეხვედრა ვლადისლავ არძინბასთან ამ თვალსაზრისით უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არა სრული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამგვარი კონტაქტები ამ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩემი აზრით, უნდა გავშალოთ ფართომასშტაბიანი მოძრაოაბა კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ჩვენ კვლავ დაინტერესებული ვართ რუსეთის შუამავლობის წარმატებით, რაც ამ ეტაპზე 28 მარტის გადაწყვეტილებათა შესრულება უნდა იყოს.
ამავე დროს ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში. მე მივესალმები გაეროს წარმომადგენლების, უწინარესად, მისი გენერალური მდივნის კოფი ანანის გააქტიურებას, ევროპის უშიშროების სტრუქტურების ახალ როლს. იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში მეგობარი ქვეყნები. საინტერესოა ჟენევის შეხვედრის იდეა, რომელიც მიმაჩნია ეტაპად სამშვიდობო კონფერენციის გზაზე. ეს იდეა თქვენ მოგეხსენებათ.
განსაკუთრებით პერსპექტიულია ქართულ-აფხაზური ორმხრივი დიალოგი. მე ეს არაერთხელ მითქვამს. თუ სამშვიდობო ძალების გასვლა გარდაუვალი იქნება, ქართულ-აფხაზურმა დიალოგმა სისტემატიური ხასიათი უნდა მიიღოს, რაც შესაძლებელია. ასეთ პირობებში, ალბათ, გარდაუვალი იქნება ჩემი და არძინბას შეხვედრა. როგორც ადრე ვთქვი, საომარ მოქმედებათა განახლება უნდა გამოირიცხოს, და დარწმუნებული ვარ, კიდევაც გამოირიცხება. სისხლისღვრა არ უნდათ ქართველებს, ომის განახლების ვარიანტი დამღუპველია აფხაზეთისათვის. ყველა შემთხვევაში, მოქმედების როგორი მოდელიც უნდა ავირჩიოთ, რუსეთის როლი კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ რუსეთი ფლობს ჯერ კიდევ უნიკალურ ბერკეტებს შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ამის შესახებ იყო საუბარი ბატონ ბერეზოვსკისთან. სხვა საკითხია, როგორ იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობანი და ის ბერკეტები, რომლებზეც მოგახსენეთ.
რაც შეეხება ვიზიტებს მადრიდში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ვიზიტების მოსალოდნელი შედეგების წინასწარი პროგნოზირებისაგან თავს შევიკავებ. საერთო მიზანი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. ჩვენ ბევრი მეგობარი და თანამდგომი შევიძინეთ მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის უდიდესი დახმარების, მატერიალური, ფინანსური, მორალური, პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ეს ტენდენციები უნდა განვამტკიცოთ. ჩვენი ვიზიტები არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული. მე ბედნიერი ვიქნები, თუ შემეძლება თუნდაც მცირედი, სულ მცირედი წვლილი შევიტანო სახელმწიფოთა შორის მეტ ურთიერთგაგებაში.
- კვლავ კავკასიის თემა, რამდენადაც იგივე ბერეზოვსკი-ბატურინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ამ პერიოდში განსაკუთრებით არის დაინტერესებული კავკასიის თემით. კავკასიის თემა ძალიან აქტუალურია რუსულ პრესაშიც, და მინდა გაგახსენოთ ერთი პუბლიკაცია „ობშჩაია გაზეტაში“, სადაც კავკასიის მოვლენების შესახებ იყო საუბარი, შეფასებული იყო სიტუაცია და ითქვა ასეთი ფრაზა: შევარდნაძე კავკასიის ლიდერობაზე აცხადებსო პრეტენზიას. დაახლოებით ასეთი ფრაზა. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას და როგორ გგონიათ, რას უნდა ნიშნავდეს ეს იმ ეტაპზე, როცა მეტ-ნაკლებად უკვე არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ კავკასიის ლიდერებმაც მოახერხეს საერთო ენის გამოძებნა საერთო კავკასიური ინტერესებიდან გამომდინარე...
- მინდა ამთავითვე დავაზუსტო: საქართველო, ისევე როგორც, ალბათ, ამიერკავკასიის ყველა ქვეყანა, მიესალმება ყველა სახელმწიფოს აქტიურობას, თუკი იგი მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობის დამყარებას, მშვიდობის განმტკიცებას და ასე შემდეგ. კერძოდ, რა თქმა უნდა, რუსეთის აქტიურობასაც, რომელიც კეთილ ნებას ეფუძნება.
რაც შეეხება რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, სხვათა შორის, „ობშჩაია გაზეტას“ ფრაზა მე ასე ვთარგმნე: „შევარდნაძე კავკასიის ლიდერობაზე დებს თავს“.
თქვენ იცით, რომ მე იშვიათად ვპასუხობ ათას მონაჭორს და მონაჩმახს, რუსეთის პრესაში რომ იწერება საქართველოსა და მის პრეზიდენტზე. ასევე ძალიან იშვიათად თუ შევეხმიანები ასეთივე ტიპის გამოსვლებს ქართულ მასმედიაშიც. მაგრამ „ობშჩაია გაზეტას“ ეს მორიგი ცილისწამება უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ეს, უბრალოდ, ბოროტი გამოსვლაა. საქმე ის გახლავთ, რომ რეგიონის ხალხები, მათ შორის, რუსეთშიც, მშვიდობიანი, სტაბილური კავკასიისათვის მოძრაობას მიესალმებიან და იმედის თვალით შეჰყურებენ. ჩანს, რუსეთში არიან ძალები, რომელთა ინტერესებს არ შეესაბამება ჩვენს რეგიონში ამ ახალი მოვლენის განვითარება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თვითონ არის და კიდევაც იქნება მისი აქტიური მონაწილე. შეგახსენებთ კისლოვოდსკის შეხვედრას და იქ მიღებულ დეკლარაციას.
ცნობილი მეთოდია: ხელი რომ შეუშალო ხალხთა დაახლოებას, ლიდერები უნდა წაჰკიდო ერთმანეთს, ასე იყო იმპერიების ცხოვრების კანონი - შეიქმნას ლიდერებს შორის შურის და შუღლის განწყობილება. აქედან ერთი ნაბიჯია ხალხთა შორის განხეთქილებამდე.
მშვიდობიანი კავკასია თანასწორთა და თანამოაზრეთა ერთობლივი ძალისხმევის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი იქნება. საქართველოს, მის პრეზიდენტს საბოლოო მიზნის მიღწევა აინტერესებთ და არა რაღაც ლიდერის დაფნის გვირგვინი, როგორც ამას „ობშჩაია გაზეტა“ მიგვანიშნებს.
ახლა, რადგან ცილისწამებისა და ადამიანის ღირსების შემლახველ პუბლიკაციათა პრობლემას შევეხე, არ შემიძლია, ორი სიტყვა, არ ვთქვა იმის შესახებაც, რომ ეს საკითხი უაღრესად მტკივნეულია დღევანდელი საქართველოსათვის. დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა არ შეიძლება პოლიტიკანობის, ჭორების, ცილისწამების, პროვოკაციების საფუძველს ეყრდნობოდეს. ეს ყველაფერი ანტიდემოკრატიული მოვლენებია. მაგრამ ეს ცალკე თემაა, რომელსაც, ალბათ, უფრო ჩაღრმავებული და საგნობრივი განხილვა სჭირდება.
- რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი. ამ ვიზიტს დიდი ხანია ელიან საქართველოში და, ალბათ, თურქეთშიც. ეს ვიზიტი საინტერესოა ორი მეზობელი ხალხის, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით, საინტერესოა ზოგადად, რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისითაც...
- ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით პრეზიდენტ დემირელის ვიზიტისათვის. საქართველოში კარგად იციან, თუ რა გადამწყვეტი როლი შეასრულა სულეიმან დემირელმა თურქეთსა და საქართველოს შორის სრულიად ახალი, თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის მშენებლობაში. თურქეთსა და საქართველოს პოლიტიკოსთა დღევანდელმა თაობამ არცთუ უბრალო ისტორიული მემკვიდრეობა მიიღო. სასიხარულო და სასახელოა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მოხერხდა, გაგვევლო ის გზა, რომელსაც ხშირად ათეული წლები სჭირდება. სწორედ ეს არის სულეიმან დემირელის განსაკუთრებული როლის მნიშვნელობა, ამიტომაც ასე გულწრფელად გვიხარია ჩვენი დიდი მეზობლის, თურქეთის რესპუბლიკის სახელოვანი პრეზიდენტის სტუმრობა.
- განვლილი კვირაში თქვენ დააკმაყოფილეთ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის შოთა კვირაიას თხოვნა გადადგომის თაობაზე. და, მაინც, მთელი ამ ხმაურიანი ისტორიის პერიპეტიებიდან გამომდინარე, ალბათ, მას წერტილი ჯერ არ დასმია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დასტურდება თუ არა ჯერჯერობით მინისტრის კვირაიას პირადი მონაწილეობა ამ სიტუაციებში - სატელეფონო მოსმენა და ასე შემდეგ...
- პროკურატურამ დავალების შესაბამისად შუალედური დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვით ბატონ შოთა კვირაიას პირადი მონაწილეობა - პირადი, უშუალო მითითებანი და სხვა იმ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, არ დასტურდება. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სისტემაში უხეშად ირღვეოდა კონსტიტუციური ნორმები.
შოთა კვირაიამ დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგომი სახელმწიფოს ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენა. პროკურორის ეს დასკვნა, სხვათა შორის, მას აძლევდა საშუალებას ახლა არ მიეღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ფასეულობანი უზენაესობის რანგში ადის. ვიმეორებ, საქართველოში დემოკრატიული ფასეულობანი უზენაესობის რანგში ადის. ამავე დროს მინდა დავაზუსტო: პროკურატურის პირველადი დასკვნა წარდგენილია, ხოლო გამოძიება გრძელდება. ვიღებთ ზომებს უშიშროების სამსახურში რეფორმების გაგრძელებისა და მისი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების დონეზე გარდაქმნისათვის.
- განვლილი კვირაში თქვენ ცნობილი ონასისის სახელობის პრემია მოგენიჭათ. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და თქვენთვის?
- ჩემთვის ეს საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო ძალიან ძვირფასია. მარტო ის მოღვაწეები რომ ჩამოვთვალოთ, რომლებმაც ეს ჯილდო დაიმსახურეს, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება და მათ გვერდით დგომა საამაყოა. იგი არა მარტო წარსულ დამსახურებათა შეფასებაა, არამედ იმ პროცესების აღიარებაც არის, ჩემი წარმოდგენით, და მხარდაჭერა, ჩემს ქვეყანაში რომ მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს დემოკრატიის დამაჯერებელი მიღწევები, ეკონომიკურ რეფორმათა მასშტაბურობა და სიღრმე, რეგიონის უშიშროებისათვის ჩვენს მიერ არჩეული გზის სისწორის დადასტურება.
დიდ მადლობას მოვახსენებ საერთაშორისო ჟიურის გამოჩენილ მოღვაწეებს - წევრებს, საბერძნეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისათვის. როცა საბერძნეთში ვიქნები, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს ვიტყვი.
საქინფორმი.
„მშვიდობიანი კავკასია თანასწორთა და თანამოაზრეთა ერთობლივი ძალისხმევის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 7 ივლისის რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 8 ივლისი. - №156 (2529). - 1,2 გვ.
![]() |
78 სანამ სხვადასხვა ქვეყანაში დარღვეულია ცხოვრების მთლიანობა, ჩვენ გამარჯვებას ვერ ვიდღესასწაულებთ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა მადრიდის ევროატლანტიკური პარტნიორობის
საბჭოს სამიტზე 1997 წლის 9 ივლისს
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ!
პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო, ბატონებო,
მადრიდის შეხვედრა უახლესი დროის ის მაღალი და ძნელი მწვერვალია, რომლის დალაშქვრა მნიშვნელოვან რისკთან იყო დაკავშირებული. მაგრამ იგი შედგა და ჩვენ მით უფრო მეტი საფუძველი გვაქვს, მივულოცოთ მის მონაწილეებს.
მადრიდის მწვერვალიდან ბევრი რამ ახლებურად ჩანს. კერძოდ, მოჩანს გზა, რომელსაც უნდა დადგომოდა მსოფლიო ცივი ომის დამთავრების შემდეგ.
ეს არის გზა დემოკრატიული ძალების გაერთიანებისა, რომლებსაც ძალუძთ შექმნან საერთო ღირებულებებისა და ერთიანი მსოფლმხედველობის საფუძველზე დამყარებული უშიშროების მსოფლიო სისტემა.
ეს არის ირაციონალური კონფრონტაციებისა და იდეოლოგიური ქიმერების დაძლევის გზა.
მაგრამ მსოფლიოს ერგო სულ სხვა გზა, ცივი ომისაგან დარჩენილ ყინულებში რომ გადიოდა, რომლებსაც შეეძლოთ შეეკრათ იგი ან დაებრუნებინათ უკან, ძველი კონფრონტაციის მიმართულებით. ცივი მშვიდობა ცივი ომის შემდეგ, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, სავსებით რეალური ალტერნატივა იყო.
მადრიდის მწვერვალიდან მკაფიოდ მოჩანს, - რატომღაც.
თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრნი ჯერაც წარსულში იმყოფებიან. მეტისმეტად ბევრნი არიან კვლავინდებურად ისტორიის გავლენისა და ამ ისტორიით ჩამოყალიბებული წარმოდგენების ტყვეობაში.
წარმოდგენების ომმა შეცვალა იდეოლოგიების ომი.
ნატო შეიცვალა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ ნატოთი აშინებენ ბავშვებს.
შეიცვალა რუსეთი, მაგრამ ალიანსის გაფართოების ბევრი მომხრე რუსეთს კვლავ ძველი წარმოდგენების შუქზე აღიქვამს.
ჩვენ უსასრულოდ ვებრძვით აჩრდილს - წარსულის აჩრდილს, და ჩვენვე გვხვდება დარტყმები, მას რომ უნდა მოხვედროდა.
მიმავალი საუკუნის უკანასკნელი სქოლასტიკოსები დღესაც გაშმაგებით კამათობენ იმაზე, თუ სად და როდის დასრულდა ცივი ომი - მალტის ქარიშხლის დღეს, ბერლინის კედლის დაცემის წელიწადს, თუ ახალი ევროპის ქარტიის ხელმოწერის ჟამს. მე მაინც ვფიქრობ, რომ იგი არ თმობს თავის პოზიციებს და ისინი უნდა დავათმობინოთ დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა სულ უფრო გავაფართოოთ სივრცე ახალი მონაპოვრებისათვის.
ამ რიგში მე დავაყენებდი ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს შექმნას, რუსეთისა და ნატოს ხალშეკრულების ხელმოწერას, და ამ დიადი ქვეყნის შეყვანას „დიდ რვეულში“, უკრაინასა და ნატოს შორის განსაკუთრებული პარტნიორობის ქარტიის დადებას. ყოველივე ეს დამაჯერებლად მოწმობს იმ ახალი პოლიტიკური აზროვნების სიცოცხლისუნარიანობას, რომლის ჩასახვაც ოთხმოციანი წლების შუახანების მოსკოვში ცივი ომის დასასრულის დასაწყისს მოასწავებდა.
რაც შეეხება ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, მინდა ვისურვო, რომ მომავალში იგი მარტოოდენ პოლიტიკური კონსულტაციების ორგანო კი არ დარჩეს, არამედ გახდეს იმ პრობლემათა მოწესრიგების ქმედითი ინსტრუმენტი, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად არის პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე. ალბათ, ღირს, ვიფიქროთ საბჭოს ფარგლებში რეგიონული ჯგუფების შექმნაზეც. ეს დაგვეხმარება გამოვიყენოთ ალიანსის ქვეყანაში შეძენილი გამოცდილება და დამატებითი სტიმული მივანიჭოთ რეგიონულ თანამშრომლობას.
მაგრამ, ნება მიბოძეთ, სულ სხვა რამით დავამთავრო. სანამ სხვადასხვა ქვეყანაში დარღვეულია ცხოვრების მთლიანობა, ჩვენ გამარჯვებას ვერ ვიდღესასწაულებთ. მშვიდობა შეიძლება აღგვადგენინოს მხოლოდ კოლექტიურმა ძალისხმევამ და ამას ნათლად მოწმობს ბოსნიის კოლექტიური ოპერაციის გამოცდილება. და ვფიქრობ, მოვიდა კოლექტიური ძალისხმევის დრო, რათა აღდგეს აფხაზეთის კონფლიქტის დროს ფეხქვეშ გათელილი მშვიდობა და სამართლიანობა. მხოლოდ ევროპაში და მის ირგვლივ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ქმედითობა შეგვაძლებინებს ვთქვათ: არ არის მთავარი, ქვეყნიერების რომელი მხარის მიმართულებით გაფართოვდება ნატო, მთავარია, იგი მშვიდობის მიმართულებით გაფართოვდეს.
სანამ სხვადასხვა ქვეყანაში დარღვეულია ცხოვრების მთლიანობა, ჩვენ გამარჯვებას ვერ ვიდღესასწაულებთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 10 ივლისი. - №158 (2531). - 1 გვ.
![]() |
79 „სამხედრო აკადემიის დაარსება, მისი პირველი გამოშვება გვირგვინია ქართული არმიის შექმნისა და ჩამოყალიბებისათვის მიმართული მთელი ჩვენი ხალხის ძალისხმევისა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ბატონო გენერლებო და ოფიცრებო!
ბატონო კურსანტებო!
ბატონებო!
გულახდილად მინდა გითხრათ, მგონი, თქვენზე - კურსანტებზე მეტად, აქ დამსწრე საზოგადოება, თქვენი მშობლები ღელავენ.
დღევანდელი დღე, ეს წუთები აუცილებლად ჩაიწერება საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ქართული სამხედრო აკადემიის დაარსება, მისი პირველი გამოშვება თავისი მნიშვნელობით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების თვალსაზრისით, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას მოგვაგონებს, უნივერსიტეტისა, რომლის შექმნამ დააგვირგვინა ქართული კულტურის, ქართული მეცნიერების, ქართული სულიერების აღორძინებისა და გადარჩენისათვის მე-19 საუკუნეში დიდი ილიას მიერ წამოწყებული ბრძოლა.
სამხედრო აკადემიის დაარსება, მისი პირველი გამოშვება გვირგვინია ქართული არმიის შექმნისა და ჩამოყალიბებისათვის მიმართული მთელი ჩვენი ხალხის ძალისხმევისა.
ქართული სამხედრო ხელოვნების მაღალი დონის დამადასტურებელი არაერთი ისტორიული დოკუმენტი მოიპოვება ქართულ და უცხოურ წყაროებში. ჩვენ ამის შესახებაც უნდა ვილაპარაკოთ და ვესაუბროთ ჩვენს მომავალ თაობებს. გამოჩენილი ქართველი მეფეები ვახტანგ გორგასალი, დავით კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეორე არა მარტო დიდი პოლიტიკოსები, არამედ უდიდესი სტრატეგები და მხედართმთავრები იყვნენ.
ქართველი კაცი აკვნიდანვე იზრდებოდა სამშობლოს დამცველის, მეომრის სულისკვეთებით. მისი გონებრივი და ფიზიკური სრულყოფისაკენ მიმართული ცდის მიზანი სწორედ ჯარისკაცად - პროფესიონალ მეომრად ჩამოყალიბება იყო. ქართველ მხედარმთავართა და მეომართა გონიერებამ, პროფესიონალიზმმა, გმირობამ მისცა საშუალება მცირერიცხოვან საქართველოს გაეძლო ასჯერ მეტი მტრის ურიცხვი შემოსევებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ სამიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში გადაიტანა ათასობით ომი, ჰქონდა აღზევებისა და დაცემის პერიოდები, მაგრამ არ დაუკარგავს სამშობლო და არ უქცევია თავისი ხალხი დედამიწის ზურგზე მოხეტიალე ერად. ეს, უპირველესად, ქართველი მეომრისა და სარდლის გონიერებისა და სიმამაცის დამსახურებაა.
დავითისა და თამარის დიდი ეპოქის შემდგომმა უმძიმესმა და ურთულესმა შვიდმა საუკუნემ საქართველოს დამოუკიდებლობის არაერთგზისმა ხელყოფამ და შემდგომში სხვა ქვეყნის მიერ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ გარკვეული უნდობლობა ჩაუსახა ადამიანებს საკუთარი ერის სასიცოცხლო პოტენციისადმი. ასეთი ნიჰილისტები დღესაც არიან ჩვენში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოთა არსებობის ფორმები ბევრადაა განპირობებული მსოფლიოში მიმდინარე ზოგადსაკაცობრიო პროცესებით. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მე-19 საუკუნის დასაწყისში ლოგიკური დასასრული იყო პროცესისა, რომელიც დაიწყო ცნობილი მოვლენებით, მათ შორის საქართველოს მოწყვეტით ევროპისა და ქრისტიანული ცივილიზაციისაგან, რომლისთვისაც იგი აღმოსავლეთით წაწეული ფორპოსტისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა. ამ თვალსაზრისით დღევანდელი საქართველოს აღორძინება პირდაპირ უკავშირდება მისი ოდინდელი ფუნქციის, ანუ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლის აღორძინებას, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ევრაზიის კონტინენტზე ცივი ომის დამთავრებით, გერმანიის გაერთიანებით, ჩვენი მეზობლების ჩართვით საერთო-ევროპულ პროცესებში, საქართველოსა და მთლიანად კავკასიის როლის ზრდით, საბჭოთა კავშირის რღვევითა და ახალი რეალობების ჩამოყალიბებით.
ერის გადარჩენაში უდიდესია ქართველ პოლიტიკოსთა, საქართველოს მეფეთა დამსახურება, რომელთაც თავიდანვე ჰქონდათ შემეცნებული უძველესი ჭეშმარიტება, რომ პოლიტიკა შესაძლებლობების მაქსიმუმის კეთების ხელოვნებაა. ეს ფორმულა დღესაც აქტუალურია.
სხვადასხვა ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე, ქართველ მხედარმთავრებსა და მეომრებს სხვათა ომებშიც უღვრიათ სისხლი და იქაც, და მინდა ამის შესახებაც კარგად იცოდეთ, როგორც ნამდვილ მეომრებს შეეფერებოდათ, არ შეურცხვენიათ ერის სახელი. უფრო მეტიც - ბევრ მათგანს გადამწყვეტი სიტყვაც უთქვამს სხვათა ომების ბედ-იღბლის გადაწყვეტის საქმეში.
ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, როცა მოკლებული ვიყავით საკუთარ სახელმწიფოებრიობას, ქართველები რუსეთის არმიის შემადგენლობაში საკუთარი ჯიშისა და გენის ძლიერებას ადასტურებდნენ. რუსული არტილერიის მამა ქართველი ბაგრატიონი გახლდათ. პეტრე ბაგრატიონის მამაცობასა და მხედრულ გენიაზე აღფრთოვანების გარეშე საუბარი შეუძლებელია. ათასობით ქართველ გენერალსა და ოფიცერს უბრძოლია რუსეთის სასახელოდ, უსახელებია რუსული იარაღი და ქართველობა!
მეორე მსოფლიო ომში ქართველები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის ყველა ფრონტზე. ისინი ყველგან იყვნენ. დაწყებული უმაღლესი მთავარსარდლიდან, დამთავრებული რიგითი მელიტონ ქანთარიათი, რომელმაც გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა. ვფიქრობ, რომ ამ გმირული თაობის შესახებ მოგონებები ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ. ზოგი მათგანი იმ ქვეყნებში ეროვნულ გმირებად არიან აღიარებული. მხედველობაში მაქვს ევროპის ქვეყნების განმათავისუფლებელ მოძრაობაში მათი მონაწილეობა. ამის მაგალითად თუნდაც იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის დასახელებაც კმარა.
ქართველი გენერალი ამილახვარი კი საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა. მან თავისი სიმამაცით ბევრის მნახველი ფრანგებიც კი განაცვიფრა. მე ამის შესახებ ბევრი წავიკითხე და მოვისმინე იმ აკადემიაში საფრანგეთში ვიზიტის დროს, რომელიც მან დაამთავრა.
დარწმუნებული ვართ, დღევანდელ პირობებში თქვენს გულებს სიამაყით აღავსებს გამოჩენილი ამერიკელი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ქართული წარმოშობა და მისი სახელოვანი გზა.
ქართული სახელმწიფოებრიობის მტერთა მიერ პროვოცირებულ აფხაზეთის ომში ჩამოუყალიბებელ და გაუწვრთნელ, ცუდად შეიარაღებულ ქართულ შენაერთებს, გარდა სეპარატისტთა და დაქირავებულთა ბანდებისა, სხვა ქვეყნის გაწვრთნილი სადესანტო ბატალიონები დაუპირისპირდნენ. მიუხედავად განცდილი დროებითი მარცხისა, ქართველმა ბიჭებმა სიმამაცისა და თავდადების სასწაულები აჩვენეს. სწორედ ქვეყნის სამხედრო ძლიერება და თქვენი ძლიერება და გმირობა იქნება გარანტი, რომ ჩვენ უახლოეს დროში აღვიდგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ქვეყნის მშენებლობა დაწყებულია და მხოლოდ წარსულზე ფიქრით შორს ვერ წავალთ. ამიტომაც საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, 1993 წელს, შეიქმნა და ჩამოყალიბდა საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია. სწორედ თქვენ - აკადემიის პირველ კურსანტებსა და აღმზრდელ პედაგოგებს, აკადემიის ხელმძღვანელობას წილად გხვდათ თავდადებული შრომით დანგრეულის შენებაცა და სწავლაც. თქვენ, პატრიოტული სულისკვეთებითა და სიმამაცით აღსავსე ბიჭებს, მოგიხდათ სამხედრო განათლების მიღებაც და ამ მშვენიერი კომპლექსის კეთილმოწყობაც. დიდი მადლობა თქვენ და აკადემიის ხელმძღვანელობას, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას თავდაუზოგავი შრომისათვის.
წელს აკადემიის კურსდამთავრებულები - მოტომსროლელი, სატანკო, სახმელეთო არტილერიის, სასაზღვრო და შინაგანი ჯარების სამეთაურო-საშტაბო სპეციალობებით მრავალი ათეული ოფიცერი შეემატა ახალგაზრდა ქართულ არმიას. ამათ გარდა, ამ წლებში 37-მა ახალგაზრდამ ექსტერნად დაამთავრა აკადემიის კურსი და ამჟამად არმიის რიგებში მსახურობს. კიდევ ათი ახალგაზრდა, რუსეთის სასწავლებლებიდან გადმოსული, წელს ექსტერნად ჩააბარებს გამოსაშვებ გამოცდებს. სწავლობენ და მალე დაამთავრებენ მომზადებას უკრაინაში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.
არმია ივსება და კომპლექტდება პროფესიონალი, ახალგაზრდა, ენერგიული კადრებით. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართული აკადემიის ჩამოყალიბებასა და წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა - რუსეთმა, ამერიკის შეერთებულ შტატებმა, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ძვირადღირებული სასწავლო ტექნიკა უსასყიდლოდ გადმოგვცეს.
ხალხს უნდა ვუთხრათ: ჩვენ გვაქვს შესანიშნავი აკადემია, აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით, ლინგოფონური კაბინეტებით, ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარით, ვაზიანის საველე-სასწავლო ცენტრით და, რაც მთავარია, შესანიშნავი, საქმის მცოდნე პატრიოტი პედაგოგებით.
და როგორ გვეამაყება თითოეულ ჩვენგანს, თქვენი აკადემიის სტუმრებს, სრულიად საქართველოს, რომ თქვენი, ჩვენი სამხედრო აკადემიის პირველი ფრიადოსანი კურსანტი უკვე ლეიტენანტი ლაშა გრიგოლიაა, რომელსაც მე ახლახან გადავეცი გამოსაშვები დიპლომი.
როგორ არ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ლეიტენანტებმა ჯემალ ძლიერიშვილმა, რევაზ ნიკოლეიშვილმა, მამუკა შიუკაშვილმა, გიორგი გერმესაშვილმა, მალხაზ მელქაძემ და სხვებმა წარჩინებით დაამთავრეს აკადემია. გულწრფელად გილოცავთ ყველას.
როგორც არ უნდა გვიხაროდეს, როცა აი აქ ჩამწკრივებულ ტანად, ლამაზ, ახალგაზრდა ოფიცრებს ვუყურებთ და ვიცით, სწორედ ისინი იქნებიან საქართველოს ხვალინდელი არმიის სახე და ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მადლობა გაერთიანებულ ქართულ აკადემიას თქვენი აღზრდისათვის.
მადლობა თქვენს ძვირფას მშობლებს, რომელთაც ასეთი კარგი შვილები აღუზარდეს ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს!
მადლობა თქვენ სამშობლოს სადიდებლად თავდადებული შრომისა და სწავლებისათვის!
მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველა სიკეთეს ქვეყნისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.
საქინფორმი.
„სამხედრო აკადემიის დაარსება, მისი პირველი გამოშვება გვირგვინია ქართული არმიის შექმნისა და ჩამოყალიბებისათვის მიმართული მთელი ჩვენი ხალხის ძალისხმევისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 ივლისი. - №161 (2534). - 1,2 გვ.
![]() |
80 თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო,
ქალბატონო დემირელ,
ბატონებო და ქალბატონო,
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ვუმასპინძლო ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ სულეიმან დემირელს.
ბატონო პრეზიდენტო, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი თქვენი ჩამობრძანება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც თქვენ პირველად ჩამოხვედით თბილისში. მაშინ 1992 წელს თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ახლადშექმნილ სახელმწიფოში ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივი აღიარების ტოლფასი იყო და მას უდიდესი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა ყოველი ჩვენგანისათვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არც ერთი სახელმწიფოს ლიდერი არ ჩამოსულა თბილისში იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენ. ეს კი, უწინარესად, მიუთითებს თქვენს დამოკიდებულებაზე საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ.
ჩემის მხრივ მინდა გითხრათ, რომ ყოველი თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ჩვენი ხალხისათვის არის შესაძლებლობა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა იმ დიდი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელიც აღმოგვიჩინეთ ჩვენთვის უკიდურესი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს.
დღესდღეობით მდგომარეობა საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ ორი, სამი წლის განმავლობაში ჩვენ დიდი გზა განვვლეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინსვლა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრების საქმეში შემდგომში კიდევ უფრო დაჩქარდება.
ამის იმედს კი გვაძლევს დღეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნები, წარმატებული საბაზრო რეფორმები, თანამედროვე საკანონმდებლო ბაზის შექმნა და სტაბილური ეროვნული ვალუტა, რაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის კარგ პირობებს ქმნის.
ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით, თქვენი დიდი ქვეყნის გარეშე. დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ, თუ არა თურქეთთან დამყარებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, კავშირები ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის, საქართველოს გაუჭირდებოდა გამოსულიყო არსებული უმძიმესი სიტუაციიდან, მას საყოველთაო შიმშილის და გაჩანაგების საფრთხე ემუქრებოდა.
ამჟამად საქართველოს თურქეთთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო სოლიდური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ბაზა აქვს, რაც თავის დადებით შედეგებს იძლევა ცხოვრების ყველა სფეროში.
ამ ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი დემირელი. ამით მან ჩვენი ქვეყნების დაახლოებას ისეთი საძირკველი ჩაუყარა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის მომავალი მრავალ საუკუნოვანი მეგობრობის ურყევ საფუძვლად იქცა. დღევანდელი ჩვენი დიალოგი, რომელმაც მსოფლიო თუ ევროპული, რეგიონალური პრობლემების და ორმხრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრი მოიცვა, იმ უნიკალური დამოკიდებულების გამოხატულება და გაგრძელებაა, რომელიც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა თქვენი თბილისში ჩამობრძანების პირველი დღეებიდან.
თურქეთს უდიდესი როლი აკისრია რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენი დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პრობლემების განხილვას დავუთმეთ. ორივე ქვეყანა მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ საერთაშორისო თანაარსებობის ფუძემდებლურ პრინციპებზე დამყარებულ მშვიდობას კავკასიაში გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ სულეიმან დემირელს ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისათვის. ასეთი მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ საუბრებში დიდი ადგილი დაეთმო აფხაზეთის თემას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ბოლო მოეღოს ადამიანების წამებას, ლტოლვილები დაუბრუნდნენ მშობლიურ კერებს. ვფიქრობ, აფხაზთა ლიდერები გაიგებენ, რომ არ შეიძლება დღეს შუასაუკუნოებრივ სისასტიკეზე დაყრდნობით, ეთნოწმენდისა და გენოციდის პოლიტიკით, სხვა ეროვნებათა ადამიანების გაჟლეტით საკუთარი ერის კეთილდღეობას მიაღწიო. მე მჯერა, ქართველები და აფხაზები ძმები იყვნენ და ძმებად დარჩებიან მომავალში. აფხაზეთის კონფლიქტი უახლოეს დროში უნდა მოგვარდეს, ასეთია მთელი მსოფლიოს ნება. ასე სურს ჩვენს დიდი მეზობელ თურქეთს და მის პრეზიდენტს.
ჩვენ, ასევე, დაწვრილებით ვისაუბრეთ რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე. ეკონომიკურ განზომილებას სულ უფრო მზარდი წვლილი შეაქვს რეგიონის სტაბილურობასა და უშიშროებაში. თურქეთსა და საქართველოს მიაჩნიათ, რომ კავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალები, კასპიის, ცენტრალური აზიის ენერგოშემცველების ჩათვლით, დღეს უკვე ასრულებენ მნიშვნელოვან როლს რეგიონის მსოფლიო სავაჭრო-ეკონომიკურ სისტემებში ჩართვაში. ჩვენი ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა არსებულმა და მშენებარე სატრანზიტო ხაზებმა სწრაფად და საიმედოდ დააკავშირონ ევროპის ქვეყნები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას, შორეულ აღმოსავლეთს, ისევე, როგორც რუსეთი - შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.
„ცივი ომის“ დასრულებისა და მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალობის დამყარების შემდეგ, თურქეთმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა რეგიონში უკეთესი მომავლის მშენებლობის საქმეში. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის შექმნის ინიციატივა თურქეთს ეკუთვნის. თქვენი ქვეყანა დღესაც სათავეში უდგას თანამშრომლობის ამ პროცესებს და ამას მოწმობს სულ ახლახანს სტამბოლში გამართული ბიზნეს-კონფერენცია, რომელმაც შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა სახელმწიფოს მეთაურს მოუყარა თავი.
ჩვენ გულწრფელად მივესალმებით თურქეთის მიზანმიმართულ პოლიტიკას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი როლი ნატოში. ჩვენ გვჯერა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა თქვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. აქეთკენ მიისწრაფვიან კავკასიის სახელმწიფოებიც. თურქეთისა და კავკასიის სახელმწიფოთა ევროკავშირში გაერთიანება შთამბეჭდავი ნაბიჯი იქნება მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური აღორძინების მისაღწევად ერთიან ევრაზიურ სივრცეში.
საზოგადოდ, ვფიქრობ, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის სხვა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ბედმა გაუღიმა, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის ამ ურთულეს ეტაპზე, ჩვენი დიდი მეზობელი ქვეყნის სათავეში დგას ისეთი გამოცდილი და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, როგორიცაა ბატონი სულეიმან დემირელი, რომელსაც მართვის საკუთარი, განუმეორებელი ხელწერა აქვს და რომელიც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ჩვენი რეგიონის და მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს ჩვენი მოძმე თურქი ხალხის საკეთილდღეოდ.
ქალბატონებო და ბატონებო, ნება მომეცით, შევსვა დიდი თურქი ხალხის, მისი აღიარებული ლიდერის, ბატონი სულეიმან დემირელისა და ქალბატონ დემირელის სადღეგრძელო.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 ივლისი. - №163 (2536). - 1,2,4 გვ.
![]() |
81 „დადგა დრო, „საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა“ რუსეთთან თანამოქმედებით, გაეროს ეგიდით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ახალ ეტაპს ჩაუყარონ საფუძველი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 ივლისის რადიოინტერვიუ
- სულ რამოდენიმე საათში საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი. ალბათ, დღევანდელი ინტერვიუც ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენით უნდა დავიწყოთ... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ზუსტად ორი საათის შემდეგ პრეზიდენტ სულეიმან დემირელს შევხვდები. იწყება მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ეს თურქეთის პრეზიდენტის მესამე სტუმრობაა 1992 წლიდან მოყოლებული. პირველად იგი ვიზიტად გვეწვია, როცა ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა. მაშინ ის ცეცხლმოდებულ ქვეყანაში ჩამოვიდა. ძალიან კარგად მახსოვს და თბილისელებსაც ახსოვთ, როგორ გაგვამხნევა, მხარი დაგვიჭირა, მატერიალურად და პოლიტიკურად დაგვეხმარა. ამიტომაც იგი საქართველოში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს და მას დიდ პატივს სცემენ, როგორც ჩვენი მეგობარი დიდი ხალხის გამოჩენილ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრები, როგორც ყოველთვის, ასე ვთქვათ, აზრებითა და წინადადებებით იქნება დატვირთული, ბევრი რამის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისა და მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის.
- განვლილი პოლიტიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო უდავოდ ნატოსა და ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს მადრიდის სამიტი, რომელზეც ნატომ ერთხელ კიდევ დააფიქსირა საკუთარი ინტერესები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, ვგულისხმობ ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის გაწევრიანებას და, ალბათ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას - უკრაინასთან დადებულ განსაკუთრებულ ხელშეკრულებას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნატოს პროცესი რომ უწოდა. საქართველო ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყანაა და, როგორც ყოველთვის ხშირად, ასეთ შემთხვევაშიც ისმება ხოლმე კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველო სხვა ტიპის გაერთიანებებზე უარს ამბობს?
- ნატოს გაფართოება, ევროატლანტიკური საბჭოს შექმნა, ამ საბჭოში საქართველოს გაწევრიანება, ასე ვთქვათ, დრომ მოიტანა. ევროპა, ევროატლანტიკური ქვეყნები ეძებენ და კიდევაც პოულობენ გარანტირებული მშვიდობისა და სტაბილურობის ეფექტიან ფორმებს. ისტორიის გამოცდილება უბრალოდ არ აძლევს უფლებას დემოკრატიულ სამყაროს, არ იფიქროს საიმედო უშიშროებაზე, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკური აღმავლობა, დემოკრატიულ ღირებულებათა, განსაკუთრებით, პიროვნების თავისუფლების, ადამიანის უფლებათა უზენაესობა.
ევროატლანტიკური საბჭოს წევრობა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ზურგი შევაქციოთ იმ ქვეყნებს ან იმ გაერთიანებებს, რომელთა შემადგენლობაში გარკვეული პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, და თქვენ სავსებით კანონზომიერად დასვით ეს შეკითხვა.
ამავე დროს, სამომავლო გეგმების განსაზღვრისას და ჩვენი კურსის ჩამოყალიბების პროცესში, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ არა დეკლარაციათა სიმრავლით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებათა ეფექტიანობით.
მაგალითად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობაში ჩვენი თანამშრომლობის დონე განისაზღვრება აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მიღებულ რეზოლუციათა შესრულებისა და აგრესიული სეპარატიზმის შესახებ თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა ალმა-ათის შეხვედრაზე ნაკისრ ვალდებულებათა განხორციელების მიხედვით.
ამ მხრივ ბევრი საფიქრალი და თავსატეხი აქვთ თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს.
აქვე უნდა ითქვას, რომ დიდად ცდება ყველა, ვინც ნატოს შემადგენლობაში ახალი წევრების მიღებას განიხილავს, როგორც რომელიღაც სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის გაფართოებას, გაძლიერებას ვიღაცის საზიანოდ. ლაპარაკი უნდა იყოს გლობალური მშვიდობის და უშიშროების რეალურად მოქმედ სისტემაზე, რომლის სრულყოფისათვის ყველა სახელმწიფო იზრუნებს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსეთსაც, რომელსაც კვლავაც შეუძლია სრულიად უნიკალური როლის შესრულება ევროპული თუ მსოფლიო უშიშროების სისტემის შექმნაში.
- საქართველოსათვის, ისევე როგორც ყველა ქვეყნისათვის, ალბათ, ამ ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრობა მარტო პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტი არ არის. საყოველთაო მშვიდობა, საყოველთაო უშიშროება ნიშნავს ქვეყნებს შორის ნორმალურ, კარგად განვითარებულ ეკონომიკურ ურთიერთობას. განვლილი ეკონომიკური კვირა ამ მხრივ საინტერესო იყო. საქართველოს ეწვია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ თქვენ შეხვდით „მაკდონალდის“ - მსოფლიოში ცნობილი ფირმის წარმომადგენელს. აქ, ალბათ, საინტერესო იყო ის მომენტი, რომ საქართველოში დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან ეს უკვე კარგად აწყობილი და მთელ მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა. და, ტრადიციული თემა - ივლისის ბიუჯეტი. იქნება თუ არა შენარჩუნებული ივნისში მიღწეული დონე?..
- მე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ევროატლანტიკური საბჭოს წევრობა საქართველოს სრულიად ახალ განზომილებაში წარმოგვიდგენს. მიუხედავად თავისი პოლიტიკური ხასიათისა, ასეთ შეხვედრებს, მშვიდობის განმტკიცებისა და რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების მეშვეობით, არცთუ უმნიშვნელო წვლილის შეტანა შეუძლია ცალკეული ქვეყნების სტაბილურობის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით ეს ითქმის საქართველოზე, სადაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების წარმოქმნასთან ერთად, ეკონომიკურ წინსვლასაც ართულებს. ასე რომ, ევროატლანტიკური საბჭოს, როგორც ასეთ უაღრესად მნიშვნელოვან სტრუქტურას უშიშროების თვალსაზრისით, ძალიან დიდი მომავალი აქვს, და იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი წევრები არიან, ბუნებრივია, გარკვეული გარანტიების მიღების უფლებაც აქვთ.
პრეზიდენტთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის შემდგომ სრულყოფასთან ერთად, საუბარი შეეხო აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების საკითხებსაც. ეს ურთიერთობანი უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენს, როგორც ტრანსკავკასიის სატრანსპორტო სისტემის ფარგლებში, ისე სხვა მიმართულებითაც, მათ შორის სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენ უკვე მოვიპოვეთ შესაბამისი სახსრები - ევრობანკმა იკისრა ვალდებულება ძირითადად დააფინანსოს სარკინიგზო-საბორნე მეურნეობა, სისტემა ფოთსა და ილიჩოვსკს შორის. ეს მოქმედ სტრუქტურებთან და სისტემებთან ერთად იქნება ძირითადი ღერძი საქართველოს, ამიერკავკასიასა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისა და სავაჭრო ბრუნვის გაფართოვებისათვის.
კომპანია „მაკდონალდ ინტერნეიშელი“, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი რესტორნების უზარმაზარი ქსელით, რომელთა რაოდენობა 26 ათასს აღწევს, ნებისმიერი ქვეყნისათვის სასურველი და საიმედო პარტნიორია, და, როდესაც ასეთი კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თავისი პერსპექტიული გეგმების განხორციელებისათვის რეგიონალური მართვის ცენტრად საქართველოს ირჩევს, ყოველმხრივ მისასალმებელი და მხარდასაჭერია ის, რასაც პრეზიდენტთან კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი.
კომპანიასთან ხელმოწერილი თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოში მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი რესტორნების ქსელის გახსნასთან ერთად, ამასთანავე ნიშნავს რამდენიმე ათასი კაცის დასაქმებას, ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების, ფერმერული მეურნეობის, კერძო მეწარმეობის რეალური სტიმულირების საფუძვლის შექმნას. სავარაუდოდ, ნატურალურ რძეზე კომპანიის წლიური მოთხოვნილება 120-150 ათასი ტონა იქნება, სერიოზული დაინტერესება ექნებათ ხორცის, კარტოფილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქციის მწარმოებლებს.
საყურადღებოა, რომ კომპანია აპირებს საქართველოში დააბანდოს კაპიტალი საჭირო ნედლეულის წარმოებისათვის, რომლითაც შემდგომ მოამარაგებს სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებულ თავის რესტორნებს. ჩვენს ინტერესს იწვევს არა იმდენად ახალი რესტორნების გახსნა, რამდენად სტიმულის მიცემა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისათვის, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და მაღალი გემოვნებითი ხასიათის თვისებებით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქცია უკვე აპრობირებულია „მაკდონალდის“ ხელმძღვანელობის მიერ და სწორედ ამიტომ მათ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.
ახლა შემდეგი საკითხი. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 6 თვეში ქვეყანაში წარმოებულია 357 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს თითქმის 12 პროცენტით აღემატება. როგორც ადრე აღინიშნა, სარემონტო სამუშაოების გამო ენგურჰესის გაჩერების გათვალისწინებით, ეს არც თუ ურიგო მაჩვენებელია. პურის ცხობის დარგის გარეშე, სადაც აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა, და უნდა მოგვარდეს, მე ამას ხაზს ვუსვამ, მრეწველობის ზრდის ტემპი გაცილებით უფრო მაღალია და 122 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ჯერჯერობით მრეწველობაში არსებული ეს რეზერვები სრული მასშტაბით არ არის ამოქმედებული.
მრეწველობის სამინისტრომ, რომელმაც უკვე დაიწყო გარკვეული მუშაობა უცხოელ ინვესტორთა მოზიდვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარების, ძველი სამეურნეო კავშირების აღდგენისა და ბაზრების მოძიების მიმართულებით, სერიოზულად, საფუძვლიანად და ყოველმხრივ უნდა გააანალიზოს და შეისწავლოს ცალკეულ სამრეწველო სექტორებსა და საწარმოებში არსებული რეალური მდგომარეობა და დასახოს კონკრეტული სარეაბილიტაციო პროგრამები მიმდინარე და პერსპექტიული პერიოდისათვის.
დროულად უნდა დაძლიოს სიძნელეები სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმმა“, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მანგანუმის საბადოების ამუშავებასა და რაციონალურ ექსპლოატაციაში სამხრეთ აფრიკის ფირმებთან ერთობლივი მუშაობის დაწყების დაჩქარება. უნდა ვთქვა, რომ მრეწველობის სამინისტრო ამ სფეროში თანდათანობით პოულობს თავის კუთვნილ ადგილს.
დასაჩქარებელია ფოთის გემთსაშენი ქარხნის რეკონსტრუქციის პროცესი, ხოლო ბათუმის გემთსაშენ ქარხანაში, როგორც ქვეყნის ბევრ სხვა საწარმოში, მოსაგვარებელია საბრუნავი სახსრებით უზრუნველყოფის საკითხი. კვლავ განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება სჭირდება მსუბუქი მრეწველობის დარგს, რომლის საწარმოთა თითქმის 80 პროცენტი მთლიანად ან ნახევრად გაჩერებულია ასევე საბრუნავი სახსრებისა და გასაღების ბაზრების უქონლობის გამო. პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები მოსაგვარებელია ხის დასამუშავებელ მრეწველობაშიც. მე ერთხელ კიდევ შევახსენებ მრეწველობის სამინისტროს იმას, რომ სწორედ ამ პრობლემებზე უნდა იყოს მისი ყურადღება კონცენტრირებული.
როგორც წინა რადიოინტერვიუში აღვნიშნე, განვლილ თვეში გარკვეული დადებითი ძვრებია მიღწეული მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის და ნაწილობრივ ძველი დავალიანების დაფარვის საქმეში. მე უბრალოდ, ვალდებული ვარ ეს აღვნიშნო: ასე ვთქვათ, პირველად მოხერხდა სერიოზული გარდატეხის შეტანა ამ სფეროში.
სახელმწიფო კომპანიის „საქენერგოს“ დაზუსტებული მონაცემებით, ივნისში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, მთლიანად ქვეყანაში მოხმარებულია 8,5 მილიონი ლარის ელექტროენერგია, ფაქტობრივად კი გადახდილია 8,7 მილიონი ლარი ანუ 101 პროცენტი (როგორც გითხარით, ეს პირველად არის ამ ბოლო წლების განმავლობაში) ნავარაუდევი 80 პროცენტის ნაცვლად. აღნიშნული შედეგების მიღწევაში განსაკუთრებული როლი შეასრულა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების საფუძველზე ცენტრალიზებულად შემოსულმა სოლიდურმა თანხებმა, რითაც დაიფარა ფინანსთა სამინისტროს მიერ წლის დამდეგიდან დაკლებული თანხები. სააქციო საზოგადოება „ქიმკომბინატმა“ და რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ თბილსრესს მიაწოდეს 1,2 მილიონი ლარის ბუნებრივი გაზი. თბილისის საავიაციო გაერთიანებამ და ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ „საქენერგოს“ დაუფარეს ბიუჯეტის დავალიანება 800 ათასი ლარის ოდენობით, და სხვა მრავალი. მე სპეციალურად ვასახელებ იმ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი.
ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა და ადრე არსხებული დავალიანების გადახდის საქმეში კარგ შედეგებს მიაღწიეს ქვემო ქართლში (თითქმის 110 პროცენტი), კახეთში (113 პროცენტი). მთლიანად ცენტრალური მომხმარებლების ეს მაჩვენებელი 138 პროცენტის დონეზეა. ესე იგი, თურმე შესაძლებელი ყოფილა ეფექტიანი საქმიანობა ამ თვალსაზრისით და სწორედ ეს არის მომავალი წარმატების საწინდარი.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად 6 თვეში მიღწეული შედეგები ამ პერიოდისათვის მიცემული დავალების დონეზეა, წლის დავალების შესრულებისათვის ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი შემოდგომა ზამთრის პერიოდი სადაცაა კარს მოგვადგება და მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საკმაო რაოდენობის ფინანსური სახსრებია საჭირო. ასე რომ, დიდი დავალიანების მქონე რაიონულ ენერგოკომპანიებს, ცენტრალურ მომხმარებლებს მეტი ძალისხმევა მართებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად, რადგან ექვსი თვის შედეგების შეჯამებისას ყველას მუშაობას მკაცრი შეფასება მიეცემა და გამოყენებული იქნება როგორც ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული ზომები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთელი ეს საქმიანობა და გარდატეხა, რომელიც დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების სფეროშია მიღწეული, ენერგეტიკის სამინისტროს უაღრესად აქტიური მუშაობის შედეგია.
გაზაფხულზე არახელსაყრელი ამინდების გამო ჩაის ფოთლის კრეფის დაგვიანების მიუხედავად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, წინა კვირის დასაწყისისათვის ქვეყანაში მოკრეფილი და გადამუშავებულია 15 ათასი ტონა მწვანე ჩაის ფოთოლი, რაც 2 ათასი ტონით აღემატება შარშანდელი ამ პერიოდის დონეს. აქედან სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ ფაბრიკების მიერ დამზადებულია თითქმის 7 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი.
ჩაის კრეფის ტემპი უნდა დაჩქარდეს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ჭიათურის, ხონის რაიონებში, სადაც მეჩაიეებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა და დახმარება უნდა გაუწიონ მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა. უნდა ვთქვა, რომ ჭირვეული ამინდების მიუხედავად, ჩაის კრეფა კარგად დაიწყო. აქტიურად საქმიანობენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ზოგიერთი სხვა უწყება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის ბატონ ნოდარ ჯავახიშვილის აქტიური მხარდაჭერა ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის.
საგადასახადო და საბანკო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციით, ივლისის პირველ დეკადაში შენარჩუნებული იყო საბიუჯეტო შემოსავლის მატების წინა თვეში აღებული ტემპი. საგადასახადო ინსპექციის ხაზით თვის პირველ დეკადაში ბიუჯეტში ჩაირიცხა 10 მილიონი ლარი შემოსავალი, რაც 2 მილიონი ლარით ანუ 25 პროცენტით აღემატება ივნისის შესაბამის მაჩვენებელს. საშუალო დღიურმა შემოსავლმა აღნიშნულ პერიოდში 1,3 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი მილიონს აღწევდა. ივლისში მიღებული შემოსავლის ჩათვლით, წლის დასაწყისიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩარიცხა 150 მილიონი ლარი, რაც 33 მილიონი ლარით, ანუ თითქმის 1,5-ჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.
საბაჟო სისტემიდან 1-11 ივლისს, ესე იგი თვის პირველ დეკადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 4,7 მილიონი ლარი, რაც თითქმის 2 მილიონი ლარით ანუ 24 პროცენტით აღემატება წინა თვის შესაბამისი პერიოდის დონეს.
კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიომსმენელს, რომ მე მომავალშიც საგადასახადო პრობლემებზე, განსაკუთრებით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული პენსიის, ხელფასის, დახმარების დროული გაცემა. ვფიქრობ, რომ ჩვენ აგვისტოში ალბათ, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, უნდა დავამთავროთ ლაპარაკი იმაზე, რომ პენსიის, ხელფასის, დახმარების გაცემა ჭიანურდება, გვიანდება და ასევე სხვა, ბევრი რამ, რაც მოსახლეობის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ბიუჯეტი, მისი საშემოსავლო ნაწილი, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა კვლავ და კვლავ მუდმივად უნდა იყოს მთელი ჩვენი ხელისუფლების, მთელი მოსახლეობის ყურადღების ცენტრში.
- და ბოლო კითხვა. ორ დღეში თქვენი ოფიციალური ვიზიტი გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში (პირველი ვიზიტი სამი წლის წინათ იყო), ქვეყანაში, რომელმაც არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენად უკავშირდება ეს ვიზიტი აფხაზეთის პრობლემას?
- მე ალბათ, უფრო დეტალური ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ, როცა დავბრუნდები. მანამდე კი მოკლე კომენტარს გავაკეთებდი. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური რეფორმები და მათი მატერიალური უზრუნველყოფა დიდად განაპირობა ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ საქართველოსათვის გაწეულმა უპრეცედენტო დახმარებამ (უპრეცედენტო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, ასეთი სისტემური დახმარება მართლაც აღსანიშნავია). 1993 წლიდან მოყოლებული ამ დახმარებას სულ უფრო მზარდი და, ასე ვთქვათ, პროგრესირებადი ხასიათი აქვს. ფორმები იცვლება და იგი თანდათანობით იღებს პარტნიორულ ხასიათს.
ამავე დროს, ამერიკის შეერთებულ შტატები აქტიურად არის ჩაბმული ამიერკავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის, კერძოდ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. დადგა დრო, „საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა“ (როგორც დამკვიდრდა ეს ტერმინი) რუსეთთან თანამოქმედებით (და ამ ჯგუფში, თავისთავად ცხადია, რუსეთიც შედის), გაეროს ეგიდით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ახალ ეტაპს ჩაუყარონ საფუძველი. აი, სწორედ ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
ორმხრივი ურთიერთობანი, რეგიონული და გლობალური პრობლემები, კონფლიქტების, პირველ რიგში, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პრობლემა - ასეთი იქნება ამ დიალოგის დღის წესრიგი, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
აფხაზეთის პრობლემები იდგება ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრების დროს. გარკვეულ იმედებს ვამყარებ უშიშროების საბჭოსთან და გაეროს ახალ გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან შეხვედრაზე.
რა თქმა უნდა, წინასწარ არ ვილაპარაკებ მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც მოგახსენეთ, დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას.
საქინფორმი.
„დადგა დრო, „საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა“ რუსეთთან თანამოქმედებით, გაეროს ეგიდით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ახალ ეტაპს ჩაუყარონ საფუძველი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 ივლისი. - №163 (2536). - 1,3 გვ.
![]() |
82 „საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ დღეს ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, შეუძლია განახორციელოს შეუქცევადი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, თუკი აქვს ამის მტკიცე ნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი
ცენტრის მიერ გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონში,
1997 წლის 17 ივლისს
ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მიბოძეთ, გულითადად მოგესალმოთ ამ დარბაზში შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას და მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის.
ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწისათვის დიდი პატივია ასეთი საზოგადოების წინაშე გამოსვლა. მსურს განსაკუთრებით მივესალმო ბატონ ზბიგნევ ბჟეზინსკის, რომელიც უკანასკნელად ოთხი წლის წინად ვნახე. მაშინ იგი ესტუმრა საქართველოს და ორი დღით გაიზიარა ჩვენს თავს დატეხილი უზარმაზარი პრობლემები. იმ დროს ქვეყანაში გამეფებული ქაოსის მიუხედავად, მე სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს საუბრებს და მინდა მადლობა მოვახსენო იმ, როგორც ყოველთვის, საინტერესო და ორიგინალური აზრებისათვის, რომლებიც მან მაშინ უხვად შემოგვთავაზა. მე მასთან წინათაც არაერთხელ მისაუბრია - მოსკოვში და ვაშინგტონში, მაგრამ ჩვენი საუბარი თბილისში განსაკუთრებული იყო. ჩვენ ვკამათობდით იმაზე, თუ როგორ განვითარდება მსოფლიო და როგორი იქნება ის მომავალი საუკუნის შუა წლებისათვის. დიახ, ეს ხდებოდა პატარა, და როგორც უკვე ვთქვი, იმ დროს საკმაოდ აწეწილ და გაჭირვებულ ქვეყანაში, მაგრამ, დღეს ხომ ყველანი, დიდიც და პატარაც, პასუხს ვაგებთ პლანეტის მომავლისათვის, ყველანი ვმონაწილეობთ მისი გადარჩენის პროცესში. მართალია, ბირთვული იარაღის საფრთხე მეტ-ნაკლებად დაძლეულია, მაგრამ კაცობრიობას არაერთი სხვა საფრთხე ემუქრება - ეკოლოგიური და დაემოგრაფიული კატასტროფები, მრავალი სახის ფანატიკური ექსტრემიზმი და, ღმერთმა ნუ ქნას, იქნებ ცივილიზაციათა დაპირისპირებაც კი. ყოველივე ამის დასაძლევად კაცთა მოდგმას მხოლოდ ერთი საშუალება აქვს - ერთიანობა.
რა თემაზეც უნდა ლაპარაკობდეს დღეს ევროპელი პოლიტიკოსი, იგი გვერდს ვერ აუვლის „ცივი ომის“ შემდგომ რეალიებს - ახალ მსოფლიო წყობასა და მასში აღმოსავლეთ ევროპისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ადგილს. მით უმეტეს ვერ ავცდები ამაზე საუბარს მე და ალბათ ცოტა ვინმე თუ ელის ჩემგან დღეს განყენებულ თეორიულ მსჯელობას.
მაგრამ, ვიდრე დღევანდელობის და მომავლის პრობლემებზე ვისაუბრებდე, მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც მაშინდელი მოვლენების შუაგულში მყოფი ადამიანის მოსაზრებანი იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობდა „ცივი ომის“ დასასრული და როდის მოხდა ეს სინამდვილეში.
ვიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადი გახდება, თუკი შევთანხმდებით, რომ თვით „ცივი ომი“ იყო არა უბრალოდ ბირთვული დაპირისპირება და გავლენის სფეროებისათვის ბრძოლა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ორი ზესახელმწიფოს მიერ მსოფლიოსა და მისი მამოძრავებელი ფასეულობების სრულიად საპირისპიროდ განსხვავებული აღქმა.
ამიტომაც, მე ვიტყოდი, რომ მეოცე საუკუნის ეს ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა მაშინ, როცა ამ ორი მთავარი მოთამაშიდან ერთ-ერთმა უკუაგდო მსოფლმხედველობრივი დოგმები. ვფიქრობ, ყველაზე მკაფიოდ ეს გაცხადდა სპარსეთის ყურის ომის წინ. სწორედ მაშინ პირველად გადაიდგა ამგვარი ისტორიული ცვლილებებით ნაკარნახევი პრაქტიკული ნაბიჯი. მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ დავეთანხმო ჩემს მეგობარს ჯიმ ბეიკერს, რომელიც სწორედ ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და საბჭოთა საგარეო მინისტრს შორის მოსკოვის აეროპორტში გაკეთებულ განცხადებას მიიჩნევს შემობრუნების წერტილად. მაშინ პირველად ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობრივად გაერთიანებული ერების ერთობა საყოველთაოდ მიღებული თამაშის წესების დამრღვევთა წინააღმდეგ.
შემთხვევითი როდია, რომ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინათ კაცობრიობას ახალი აზროვნების საფუძველზე ამგვარი გაერთიანებისათვის მოუწოდეს ჩვენი საუკუნის უდიდესმა მოაზროვნეებმა - ალბერტ აინშტაინმა და ბერტრან რასელმა. მათ სხვებზე ადრე განჭვრიტეს, რომ ბირთვული იარაღის არსებობის პირობებში ძველი ანტაგონიზმისა და იდეოლოგიური ქიმერების ინერცია მსოფლიო ცივილიზაციას განადგურებას უქადდა. 80-იანი წლების მსოფლმხედველობითმა რევოლუციამ კაცობრიობას შესთავაზა ცივილიზაციის გადარჩენის ამ ერთადერთი გზის პრაქტიკული განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა.
დამერწმუნეთ, როგორც პიროვნებას, რომელიც წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში შედიოდა, იმ ქვეყანას შესწევდა ძალა, ყოველგვარი შინაგანი თუ გარე წინააღმდეგობების მიუხედავად, რამდენიმე ათწლეულს, ავად თუ კარგად, კიდევ ეარსება, და შემდეგ, თუკი მის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა, ისეთი ხმამაღალი კარის ჯახუნით წასულიყო ისტორიის არენიდან, რომ მთელი პლანეტისათვის აუნაზღაურებლად ძვირად დაესვა თავისი წასვლა. მით უმეტეს, რომ ბოლშევიკური მსოფლმხედველობის დამფუძნებელი მამების მოძღვრება ამისთვის ნოყიერ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ საფუძველს ქმნიდა.
იმპერიის, საბჭოთა კავშირის ნგრევის მთავარი ფაქტორი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს, თვით რუსეთი გახდა. გაიხსენეთ ბორის ელცინის, მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით, განხორციელებული აქციები რუსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის. მიაღწია რა დამოუკიდებლობას, რუსეთმა ნებსით თუ უნებლიეთ განაპირობა სხვა რესპუბლიკების, დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ფაქტობრივი აღიარება. სხვათა შორის, დღეს ძალიან ცოტას, ან სავსებით არ წერენ რუსეთის მიერ განხორციელებულ ამ ისტორიულ მისიაზე.
სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა უზარმაზარი საბჭოთა სივრცის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გარდაქმნა გლობალური სამოქალაქო ომებისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გარეშე, რასაც, სავსებით მოსალოდნელია, მსოფლიო მნიშვნელობის კატასტროფა მოჰყოლოდა.
მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. თუმცა განვლილ გზას ხავერდოვანს ვერ ვუწოდებ, ერთი შეხედვით მონოლითური საბჭოთა იმპერია, მთელი თავისი ბიუროკრატიული პარტიული აპარატითა და იდეოლოგიური ინსტიტუტებით, შედარებით უმტკივნეულოდ დაიშალა. და ვინ იცის, იქნებ პირველად მსოფლიო ისტორიაში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სამი კონტინენტის უკიდეგანო სივრცეზე ძალთა ბალანსის მიზნით „ორგანიზებული ქიშპობის“ ნაცვლად „დემოკრატიული პარტნიორობის“ საფუძველზე განხორციელებულიყო უილსონისეული „ორგანიზებული საყოველთაო მშვიდობა“. აღმოცენებული რეალობა იმდენად მოულოდნელი და არაორდინარული რამ გახლდათ, რომ მას „ისტორიის დასასრულიც“ კი უწოდეს.
მაგრამ, მკითხავს ჩემი ოპონენტი, თუკი „ცივი ომის“ დამთავრებამ მსოფლიოს ჰარმონიული განვითარერბისათვის ესოდენ ხელსაყრელი პირობები შექმნა, როგორ მოხდა, რომ უზარმაზარი სივრცე, რომელსაც ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ ძლევამოსილი ტრანსფორმაცია უნდა განეცადა, აგერ უკვე მერვე წელიწადია კონფლიქტებითა და პოლიტიკური დაპირისპირებით არის მოცული. ისე არ გამიგოთ, თითქოს გარდაქმნის ინიციატორები რაღაც ილუზიების ტყვეობაში ვიმყოფებოდით და იმდენად მიამიტები ვიყავით, რომ გვჯეროდა, თითქოს 40-წლიანი „ცივი ომის“ მკვეთრი დასრულებით გამოწვეული ისტორიული ცვლილებები უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. კარგად გვესმოდა, თუ რა ძნელია ბავშვობიდან შეძენილი ღირებულებებისა და თაობების მიერ გამომუშავებული მენტალიტეტის მკვეთრი შეცვლა.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, აღინიშნოს ის გარემოება, რომ გარდაქმნები, რომლებიც გასულ ათწლეულში დაიწყო საბჭოთა ბანაკში, უმთავრესად ცენტრალურ ხელმძღვანელობაში მომხდარი მსოფლმხედველობრივი გარდატეხის შედეგი იყო. ამიტომაც, კლასობრივ პრინციპებზე დაფუძნებული იდეოლოგიის უეცარმა გაუქმებამ შექმნა ვაკუუმი, რომლის ახალი კონფრონტაციული იდეოლოგიით ამოვსება ადამიანთა ცნობიერებაში არცთუ წარუმატებლად დაიწყეს ძველი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის ტალღაზე აღზრდილმა პოლიტიკურმა დილეტენტებმა, ცნობიერებაში ჯერ კიდევ რჩებოდა მტრის აჩრდილი, რომლის ახლებურად განსახიერება, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო. ამას დაერთო ისიც, რომ ტოტალური კონტროლისაგან დაღლილი ადამიანები დემოკრატიას ანარქიასთან აიგივებდნენ. ასე იქცა ქაოსი - თავისუფლებად, რომანტიზმით შეზავებული მითები - ერისა და ქვეყნის წარსულად და აწმყოდ, უკიდურესი ნაციონალიზმი - სახელმწიფოს ინტერესების დაცვად, ხოლო ქსენოფობია - ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებად. ერების ქვეცნობიერებაში მანამდე დათრგუნული სურვილების ამოფრქვევამ ამავე იდეოლოგიურ საფუძველზე შვა აგრესიული სეპარატიზმის მძაფრი ტალღა. შეიარაღებული გზით თვითგამორკვევის უფლება არათუ სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის, არამედ ასი ათასობით სხვა ერის ადამიანის ბუნებრივ უფლებაზე უზენაესად იქცა. როგორც ჩანს, სულ ცოტა ხნის წინათ გადატანილმა გლობალურმა დაპირისპირებამ მსოფლიო თანამეგობრობის ისეთი გონებრივი და სულიერი დაძაბვა მოითხოვა, რომ ამ ახალი საშიში მოვლენისათვის დაუყოვნებელი ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევა ვეღარავინ შეძლო.
სრულიად ბუნებრივია, რომ პოსტტოტალიტარული რეალობის ხასიათს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს რუსეთის სახელმწიფოებრივი განვითარება და მისი თანმხლები პროცესები. რაც ერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს აზრადაც კი არ მოუვა, რომ დღევანდელი რუსეთი თავისი დემოკრატიული კონსტიტუციით, თავისუფლად და სამართლიანად არჩეული პარლამენტითა და პრეზიდენტით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით, თავისუფალი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებითა და საბაზრო რეფორმებით შეადაროს საბჭოთა კავშირს მისი ერთპარტიული დიქტატით, ამ დიქტატს დაქვემდებარებული პრესითა და ტელევიზიით და მკაცრად ცენტრალიზებული მბრძანებლური ეკონომიკით. ყოველივე ეს მისასალმებელი და იმედისმომცემია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ამ გიგანტური სახელმწიფოს მეზობლად მდებარეობენ და იქ მიმდინარე პროცესებს განიხილავენ, როგორც ყოფნა-არყოფნის საკითხს. ამიტომაც, როცა ცალკეული პოლიტიკური ძალების გამონათქვამებსა და მოქმედებაში მჟღავნდება ძველი, იმპერიული აზროვნების რეციდივები, ეს ქვეყნები განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებენ. მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ ამგვარი რეციდივები ყველაზე უფრო საშიშია თავად რუსეთისათვის, რადგან იმპერიულმა განწყობილებემ სხვების მიმართ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დღევანდელ პირობებში ახალი აზროვნების ჯერაც ნორჩ ყლორტებს საშინაო რეფორმებში. თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ, რომ როდესაც არაერთხელ მოვუწოდებდით დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებს არ დაეშვათ მკვეთრი დისპროპორცია რუსეთისათვის დახმარების მოცულობასა და ყველა სხვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის გაწეული დახმარების მოცულობას შორის როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში, არა მხოლოდ ახალი დემოკრატიების იმწუთიერ გასაჭირს ვგულისხმობდით არამედ იმ სერიოზულ საფრთხესაც, რომელსაც რუსეთში დაწყებულ გარდაქმნებს სუსტი და დაუცველი სახელმწიფოების მეზობლობით გამოწვეული ცდუნება უქადდა. მაშინ ეს მოწოდებები ცოტა ვინმემ თუ შეისმინა. შედეგს მხოლოდ ერთი მაგალითის მოშველიებით განვმარტავ: აფხაზეთის სეპარატისტები რუსეთის გარკვეულმა ძალებმა შეაიარაღეს და დააფინანსეს, იქვე იგეგმებოდა სამხედრო ოპერაციები, მათ შორის დედაქალაქ სოხუმის „წარმატებული“ იერიშიც. დღეს უკვე არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ეს კონფლიქტი ბუმერანგად დაუბრუნდა თვით რუსეთს ჩეჩნეთის ომის სახით. ამ უკანასკნელმა უდიდესი საფრთხე შეუქმნა დემოკრატიის განვითარებას ამ ქვეყანაში. შეგახსენებთ რაოდენ სათუო გახადა ჩეჩნეთის ომმა პრეზიდენტის არჩევნებში დემოკრატიული რუსეთის უდავო ლიდერის - ბორის ელცინის გამარჯვება, რომ აღარაფერი ვთქვათ დემოკრატიული რუსეთის იმიჯისათვის საერთაშორისო ასპარეზზე მიყენებულ ზარალზე.
საზოგადოდ, იმასაც ვიტყვი, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად უსწრებს წინ წარმოდგენათა შეცვლას. მათი ინერცია იმდენად მდგრადი აღმოჩნდა, რომ დღეს იდეოლოგიათა დაპირისპირება წარმოდგენათა დაპირისპირებამ შეცვალა. ეს მკაფიოდ გამოჩნდა ნატოს გაფართოების პროცესში, როდესაც არც ნატოს და არც რუსეთის მიზნები ის აღარ არის, რაც სისტემათა დაპირისპირების დროს იყო. მაგრამ, ზოგიერთ ქვეყანაში ურჩ ბავშვებს ჯერ კიდევ ნატოთი აშინებენ, ხოლო ნატოში შესვლის ზოგიერთ კანდიდატთა შორის რუსეთის ხსენება დღეს უკვე აუხსნელ შიშს იწვევს.
ჩვენ ყველას ჯერ კიდევ ბევრი ხიფათი გველის ურთულესი ტრანსფორმაციის გრძელ და ეკლიან გზაზე. ბევრი მათგანი ზედაპირზე ძევს და ამიტომაც ნაკლებ მუქარას გვიქადის. ამ აუდიტორიაში მსურდა ერთ ისეთ საკითხზე მესაუბრა, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფარგლებს არ სცილდება, მაგრამ შეიძლება ჩვენს საერთო პრობლემად იქცეს.
მხედველობაში მაქვს გაუთავებელი დისკუსიები იმის გამო, თუ როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ - ერთ პოლუსიანში, ორ პოლუსიანში თუ მრავალპოლუსიანში. მე ამაში სხვას არაფერს ვხედავ, თუ არა ახალ მცდელობას წინასწარ გამზადებულ თეორიულ პროკუსტეს სარეცელში მოაქციონ დღევანდელი მსოფლიო.
ნუთუ ეს დრო ჯერაც არ დამთავრდა? ძველი მენტალიტეტის გადმონაშთია, როცა ჯიუტად სურთ ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკაში რომელიმე ბანაკზე ორიენტაცია აღმოაჩინონ და ამით, თავისდაუნებურად, მსოფლიოს კვლავ ბანაკებად დაპირისპირებულს ხედავენ.
თითქოს იალტის აჩრდილი ისე ძლიერ ჩაგვებღაუჭა, რომ ვერა და ვერ განვთავისუფლდით მისგან. თითქოს, ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე გაშლილი ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე იმდენად უმნიშვნელო რამაა, რომ ვერ აკმაყოფილებს ყველას ამბიციებს.
თუ ჩვენ გვსურს სულ ახლო წარსულის ტვირთი ამ საუკუნეში დავტოვოთ და ჩვენს შთამომავლობას იმაზე უკეთესი მსოფლიო შევუქმნათ, ვიდრე ის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ უპოლუსო მსოფლიოს შექმნას, რომელშიც მხოლოდ უნივერსალური ზოგადსაკაცობრიო იდეალები იქნება მიზიდულობის ცენტრი და რომელშიც მხოლოდ ამ იდეალების ერთგული სახელმწიფოები იქნებიან სხვებისათვის მიმზიდველნი და მიბაძვის ღირსნი.
მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიო თანდათანობით სწორედ ასეთი სისტემისაკენ ვითარდება. „ცივი ომის“ შემდგომ მძიმე გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლიათ. „ცივი ომის“ შემდგომი მსოფლიოს უმთავრესი საკითხი პოსტ-ტოტალიტარული სივრცის შეუქცევადი ტრანსფორმაცია გახლავთ, რომელიც, თუმცა მძიმედ, მაინც მიმდინარეობს.
ამ ტრანსფორმაციის პროცესის მხარდასაჭერად და იმისათვის, რომ რუსეთი - მსოფლიოს ეს უდიდესი სახელმწიფო - დემოკრატიული და განვითარებული სამყაროს ღირსეულ და თანასწორ პარტნიორად იქცეს, ერთადერთ სწორ გზად მიაჩნია მისი ჩართვა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური და სამხედრო სისტემების სტრუქტურებში. ეს, ნაწილობრივ უკვე ხორციელდება. ერთის მხრივ - ნატოსთან განსაკუთრებული ურთიერთობის გაფორმება, რუსეთს აძლევს უნიკალურ ასპარეზს ყველას დაუმტკიცოს, რომ ის მსოფლიოში მიღებული თამაშის წესების ერთგულია, როგორც შინ, ისე გარეთ. მიმაჩნია, რომ მსოფლიო პოლიტიკის ეს ახლახან შექმნილი ფაქტორი ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა უშიშროების გარანტიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ისევე, როგორც განვითარებული მსოფლიოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ევროპის საკვანძო სახელმწიფოს - უკრაინის მიმართ. თუმცა, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ევრო-ატლანტიკური უშიშროების ახალი სისტემის ყველაზე არაკონფრონტაციული მოდელი, რა თქმა უნდა, უწინარესად ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება იქნებოდა. ახლა ძნელია იმის წინასწარმეტყველება, ეს გაერთიანება როდის მოადგება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს და მისი სტანდარტების შესაბამისი იქნებიან თუ არა რეგიონის სახელმწიფოები. პესიმისტები აცხადებენ - ეს ალბათ არ მოხდებაო. ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, იცის, რომ მე ოპტიმისტთა რიგებს მივეკუთვნები. თუ გლობალური პროცესების ტენდენციებსა და დინამიკაზე მსოფლიოში უკანასკნელ ათწლეულში მომხდარის მიხედვით ვიმსჯელებთ, პესიმისტებს მორიგი იმედგაცრუება უნდა ელოდეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ჩვენი გასავლელი გზა რაც შეიძლება სწრაფად განვვლოთ და იმედით აღსავსენი ველოდოთ იმ ისტორიულ წუთს, როცა კარზე გაისმება კაკუნი.
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ნაწილობრივ ამ ოპტიმიზმის საფუძველს ჩემი სამშობლო საქართველოც მაძლევს. ვფიქრობ, საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ დღეს ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას შეუძლია განახორციელოს შეუქცევადი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, თუკი აქვს ამის მტკიცე ნება. დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ამისათვის აუცილებელი პირობები.
უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადამწყვეტი დახმარება რომ არა შესაძლოა, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, საერთოდ გამქრალიყო პოლიტიკური რუკიდან. არ მინდა ამ აუდიტორიაში თავი შეგაწყინოთ ციფრებითა და ეკონომიკური მაჩვენებლებით. ვიტყვი მხოლოდ, რომ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე შიდაეროვნული პროდუქტის წლიურმა ზრდამ საშუალოდ 10-12 პროცენტი შეადგინა, ინფლაციის საშუალო თვიური დონე ერთ პროცენტს არ აღემატებოდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები შეაფასა, როგორც შეიძლება განახორციელოს ესოდენ მძიმე პირობებში მყოფმა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში სერიოზული ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნები. ჩვენმა თავმდაბალმა პარტნიორებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მხოლოდ ის არ აღნიშნეს, რომ ამაში უდიდესი წვლილი თვით მათ მიუძღვით. თუკი ამ აუდიტორიაში არიან ადამიანები, ვისაც ახსოვთ ჩემი წინა ვიზიტი ამერიკაში 1994 წლის გაზაფხულზე, ისიც ემახსოვრებათ თუ რა ნანგრევებად ქცეულ ქვეყანას წარმოვადგენდი მაშინ. ხოლო, თუკი ასეთები აქ არ არიან, მაშინ ბატონ ბჟეზინსკის მოვიყვან ამის მოწმედ.
რადგან მაგალითად საქართველოს მოყვანა დაიწყეს, მე გავაგრძელებ ამ ტრადიციას. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი ურთიერთობაც მაგალითია, კერძოდ იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი და მცირე ქვეყნის დამოკიდებულება. ბოლო წლების საქართველო მაგალითია აგრეთვე იმისა, თუ რა შედეგები მოაქვთ დანაწევრების პირას მისული, დანგრეული და გაპარტახებული, მაგრამ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლების ერთგული ქვეყნისათვის უდიდესი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ზნეობრივ თანადგომას. მაგალითია იმისა, რომ საბოლოო ანგარიშით განვითარების ამ გზას გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია.
დღეს უკვე ცხადია, ინვესტორები არ შემცდარან. საქართველოში ინვესტირებული პოლიტიკური, ფინანსური თუ სულიერი კაპიტალი არა თუ არ დაიკარგა, არამედ მოგებაც მოაქვს და არა მხოლოდ მატერიალური. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების გადამწყვეტ დახმარებას დაემატა საქართველოში საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული ტრადიციები - ტოლერანტობა, თანამედროვე პროცესების სწრაფად აღქმის უნარი, განათლებისა და მეცნიერულ-ტექნიკური კვალიფიკაციის მაღალი დონე, რაც გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად საქართველოს რეგიონში გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს. საქართველოში გაიმართა პარლამენტისა და პრეზიდენტის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ეუთოს მეთვალყურეებმა დაადასტურეს, როგორც ობიექტური. შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, შარშან საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთამხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ და ამით იურიდიულად გააფორმეს ურთიერთობა. საქართველოს მინიჭებული აქვს სპეციალური სტუმრის სტატუსი ევროპის საბჭოში და მეთვალყურის სტატუსი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. მალე ამ ორგანიზაციების წევრი გავხდებით.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე სახელმწიფოს წინაშე მდგომ პრობლემათაგან ყოველთვის ყველაზე რთული იყო მეზობლებთან ურთიერთობის პრობლემა. მის მოუგვარებლობასთან არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიის ყველაზე შავბნელი ეპიზოდები - სახელმწიფოს დანაწევრება, სახელმწიფოებრიობის ნგრევა, ასიათასობით ქართველის განადგურება და სხვა ქვეყნებში ყმებად გარეკვა. ამდენად, შესანიშნავი ურთიერთობა მეზობლებთან დღევანდელი საქართველოსათვის უდიდესი მონაპოვარია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ, ვცხოვრობთ რა მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში, სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს უკლებლივ ყველა მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან, უკრაინასთან, ბალკანეთის ქვეყნებთან. ეს განსაკუთრებული კაპიტალია და ჩვენ მას თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.
ვისაც საქართველოს თავზე გადაუფრენია, შეამჩნევდა, რომ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მიუვალ მთებს შორის მოქცეული ბარი ორ ნაპირს შორის გამდინარე სრუტეს გავს. ამასწინათ, ჩემთან საუბარში ერთმა მსხვილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ის გიბრალტარის სრუტესაც კი შეადარა. ჩანს, თვით ბუნებამ მიანიჭა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია. ამით სარგებლობდნენ ძველი სოვდაგრები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს ამ ბუნებრივ დერეფანს შუა საუკუნეების აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთად იყენებდნენ.
სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო საკომუნიკაციო გზები და მილსადენები, მათ შორის ნავთობის მილსადენები, ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდიან კასპიის ცენტრალური და აღმოსავლეთი აზიის ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებს, ახლაც და მომავალშიც გამორიცხავენ მათზე ერთი რომელიმე ქვეყნისა თუ ალიანსის მონოპოლიურ უფლებებს. ეს მარშრუტები უკვე მოქმედებენ: ეს არის განახლებული „დიდი აბრეშუმის გზა“ - ევროკავშირის საუკუნის პროექტი ტრასეკა - სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფანი ევროპა-ამიერკავკასია-აზია, კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები საქართველოს გავლით, რომლებსაც ჩვენთან ერთად ამუშავებენ დასავლეთის, მათ შორის, ამერიკისა და იაპონიის უდიდესი კომპანიები.
ამ პროექტებში საქართველო მარტო როდი მონაწილეობს. ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები მხოლოდ მაშინ შეასრულებენ სტაბილურობისა და რეგიონულ თანამშრომლობაში ინტერესთა გამაერთიანებლის როლს, თუკი მათი სიკეთით ისარგებლებს, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, მათ შორის ის სახელმწიფოებიც, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო დღეს ამ პროექტების მიღმა აღმოჩდნენ, ასევე მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები - ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია. ცხადია ყველამ თანაბრად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა რეგიონისათვის, მათ შორის კონფლიქტების მოწესრიგებისათვის, რათა ის გახდეს არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის არენა. რეგიონის არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა იგრძნოს თავი გარიყულად. თორემ ვინ იცის, კავკასიის ფეთქებადსაშიშ რეგიონში რომელ გარეშე ძალას როდის მოუვა აზრად, განაწყენებული მხარე თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს.
სწორედ ამიტომ, რეგიონული პრობლემების, მათ შორის კონფლიქტების მოგვარება საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. საქართველოს მოუშუშებელ ჭრილობად კვლავ რჩება კონფლიქტი აფხაზეთში, დანაშაულებრივი სეპარატისტული რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის, უპირატესად ქართველთა მასობრივი განადგურება და მათ წინააღმდეგ მიმართული ეთნიკური წმენდა დაგმეს ეუთოს ბუდაპეშტის და ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრებმა. გაეროს უშიშროების თხუთმეტზე მეტმა რეზოლუციამ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომებმა მკაფიოდ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკლებლივ ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირისა და ლტოლვილის უპირობო უფლება დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მიუხედავად ამისა, სეპარატისტთა დესტრუქციული პოზიციის გამო, კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი ადგილიდან არ იძვრის. გარდა იმისა, რომ ამას აუტანელი ტანჯვა მოაქვს 300 ათასი ლტოლვილისა და კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობისათვის, ეს სერიოზულად აფერხებს აღმავლობის გზაზე დამდგარ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ძალზე სერიოზულ სოციალურ პრობლემებს გვიქმნის. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ეძებოს კონფლიქტის პოლიტიკურად გადაჭრის გზები ნებისმიერი ფორმატით, იქნება ეს მოსკოვში მიმდინარე კონსულტაციები, თუ გაეროს ეგიდითა და ეუთოსა და „საქართველოს მეგობრების ჯგუფის“ (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი) მონაწილეობით გამართული მოლაპარაკება. აფხაზეთს ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოში მიღებულ ყველაზე მაღალ ავტონომიას, რომლის პირობებშიც მას ექნება თავისი კონსტიტუცია, პარლამენტი, მთავრობა, დროშა, გერბი, ჰიმნი და ასე შემდეგ.
კავკასიური ფაქტორის ყოველმხრივ გათვალისწინების გარეშე ერთიან ევრაზიულ მსოფლმხედველობრივ სივრცეზე ოცნებაც კი ზედმეტია. ერთის მხრივ, ევრო-ატლანტიკურ არეალში უკანასკნელ ხანს მომხდარ ისტორიულ ძვრებს, ბალკანეთში მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციას და მეორე მხრივ, კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ამ რეგიონის ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრესა და მის უნიკალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, უახლოეს ხანში კავკასიაში მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესების მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ. ამ ინტერესების პირველი გამოვლინება გახლდათ ევროპის საბჭოს მიერ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფოსათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭება და ევროკავშირის მიერ ამ სამ ქვეყანასთან ცალ-ცალკე პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ამდენად, ევროპის ამ ორმა უაღრესად ავტორიტეტულმა გაერთიანებამ ამიერკავკასია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის განუყოფელ ნაწილად აღიარა.
დღეს უდიდესი ევროპული, ამერიკული, იაპონური კომპანიების კავკასიით დაინტერესებას თუ გავითვალისწინებთ, მომავალ საუკუნეში ეს რეგიონი, ცენტრალურ აზიასთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებადი იქნება. მაგრამ, ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს თავისთავად არ მოხდება, ამას რეგიონის ქვეყნების და ხალხების უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება. ამ ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს, ჩვენს ყველა კეთილისმყოფელთან ერთად კავკასიის ხალხების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის გააზრება. ბევრი დიდი და ძლიერი სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს კავკასიას, ბევრი უკვე ეხმარება კიდეც, მაგრამ ყველაფერი ეს წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, თუკი თვით კავკასიელებმა უფრო აქტიურად არ ეძებეს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გზები.
საქართველო არათუ მზად არის ასეთი ინტეგრაციისათვის, გასულ წელს იგი თვითონ გამოვიდა „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივით, რომლის უპირველესი მიზანი იყო ადამიანთა ცნობიერებაში, და მაშასადამე, სახელმწიფოთა პოლიტიკაშიც კავკასიური ფაქტორისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, რათა კავკასიაში საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დამყარებულმა ხანგრძლივმა და სამართლიანმა მშვიდობამ დაისადგუროს.
სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, ბოლოს რომ ვესტუმრე ამერიკას. პატარა ქვეყნისაგან განსხვავებით, დიდი ქვეყნის გადასახედიდან დროის ამ უმნიშვნელო მონაკვეთში მსოფლიოში მომხდარი მოვლენები, შესაძლოა, სხვაგვარად ჩანს და განსხვავებულადაც აღითქმება, მაგრამ მე პატარა ქვეყნიდან ჩამოვედი და ასე ვხედავ დღევანდელ მსოფლიოს თავისი პრობლემებითა და საზრუნავით. ვხედავ იმასაც, რომ მასში მიღწევები მეტია, ვიდრე დანაკარგები, რომ ოპტიმიზმის საფუძველი უფრო მეტია, ვიდრე პესიმიზმის, რომ, „მუდმივი ინტერესების“ გარდა, არსებობენ „მუდმივი მეგობრებიც“ და რომ ყოველივე ეს უკეთესი მომავლის რწმენით უნდა აღგვავსებდეს პატარა ქვეყანასაც და დიდსაც, მეც და თქვენც.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
„საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ დღეს ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, შეუძლია განახორციელოს შეუქცევადი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, თუკი აქვს ამის მტკიცე ნება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ივლისი. - №167 (2540). - 1,3 გვ.
![]() |
83 მთელმა ხალხებმა გაიარეს ტანჯვა-ვაების სკოლა, სანამ დემოკრატიის უნივერსიტეტში მოხვდებოდნენ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში სახელმწიფო დემოკრატიული
ინსტიტუტის სახელით გამართულ დარბაზობაზე
რამდენიმე წლის წინათ აქ, ვაშინგტონში, ერთმა აქაურმა მეგობარმა მიმღერა ერთი ამერიკული სიმღერა. მეგობარს ჯორჯ შულცი ერქვა, ხოლო სიმღერას - „ჯორჯია ონ მაი მაინდი“.
ჩვენ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ხელშეკრულების პროექტზე ვმუშაობდით, ცოტა დავიღალეთ, და ჯორჯმა გადაწყვიტა, მოეწყო დასვენების საღამო ჰამბურგერებით, ლუდითა და სიმღერებით, ბანჯოს თანხლებით. ჯორჯს საუცხოო ხმა აღმოაჩნდა, გული კიდევ უფრო უკეთესი. ბანჯოზე დაამღერეს სიმღერა ქალიშვილზე, რომლის სახელიც ჩემს სამშობლოს - ჩემს ჯორჯიას მომაგონებდა.
მე შეერთებულ შტატებში ჩამოვედი სამშობლოს სიყვარულითა და მადლიერებით მისი ამერიკელი მეგობრებისადმი, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ ძნელბედობის ჟამს.
ბუნებრივია, უაღრესად მადლიერი ვარ თქვენი ინსტიტუტისა, ნორჩი ქართული დემოკრატიისათვის ესოდენ სიმბოლიურ სახელს რომ ატარებს, მადლობელი ვარ დემოკრატიის ჩამოყალიბების ჟამს ესოდენ მასშტაბური მხარდაჭერისათვის.
ამასთან დაკავშირებით, თუ თავს არ შეგაწყენთ, კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. როდესაც ჩემს სამშობლოში, საქართველოში დავბრუნდი, ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა მკითხა, ნაადრევი ხომ არ არისო დემოკრატია ჩვენი ქვეყნისათვის. იქნებ, ჯერ არც დამდგარაო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დრო. კითხვა დამისვა ისეთი კონტექსტით, რომლის ფონიც იყო ორუელის ყაიდის ანტიუტოპია. ოღონდ, იდგა არა 1984, არამედ 1992 წელი. ქვეყანაში წყვდიადს დაესადგურებინა, და თუკი სადმე სინათლე გამოკრთებოდა, ეს ხანძრისა და აფეთქებების ცეცხლის შუქი იყო. ქალაქში დაპარპაშობდნენ გაველურებული არამზადების ბანდები, რომლებსაც ქვეყანაში პოლიტიკური ბატონობის პრეტენზიის ერთადერთ არგუმენტად ჰქონდათ კალაშნიკოვის ავტომატი და განუსაზღვრელი უფლება ხოცვა-ჟლეტისა.
დემოკრატია მართლაც უტოპიად მოგეჩვენებოდა მაშინ, როდესაც ოქლოკრატიის ანტიუტოპიას რეალური ხორცშესხმის პირი უჩანდა. ცრუმორწმუნე რომ ვყოფილიყავ, - ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ეს ბედისწერის შურისგებაა-მეთქი საჯაროობის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის დემოკრატიზაციის მისწრაფებისათვის. იყო რაღაც ავი ბედის ირონია იმაში, რაც ჩემს ქვეყანას ემართებოდა ჩემი მმართველობის ჟამს „ცივი ომის“, იმ ომის შემდეგ, რომლის დასრულებაშიც მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი. პასუხად ჟურნალისტს მივუგე, რომ დემოკრატიის შექმნა - ეს არის არა მყისიერი აქტი, არამედ მრავალმხრივი პროცესი მრავალფეროვანი ჟანრებითურთ, ტრაგედიიდან ტრაგიკომედიამდე, ჰეროიკული ეპოსიდან კომიქსამდე, იმის კვალობაზე, თუ ვინ გამოდის ამ საჯარო მოქმედების ავანსცენაზე.
გულში კი ვფიქრობდი, რომ მარტოკაცი ვერაფერს შეძლებს, მაგრამ შეძლებს ყველაფერს, თუკი მარტო არ იქნება. და თუ იგი მარტო კი არ არის დანარჩენების თავზე გახელისუფლებული, არამედ - სწორედ დანარჩენებთან ერთად, სწორედ ეს არის დემოკრატია, რა თქმა უნდა, მთელი რიგი უცილობელი მოთხოვნებისა და პირობების დაცვით.
ეს - გულში ვიფიქრე, თქმით კი, ვთქვი, რომ გადადებული საქმე ეშმაკისაა, და თუკი შეგიძლია გააკეთო დღეს, უნდა დაიკაპიწო ხელი და შეუდგე საქმეს, არ უნდა ითაკილო არავითარი შავი სამუშაო; ამის თქმა უფრო ადვილი იყო, ვიდრე გაკეთება. ინფლაცია წელიწადში 15 ათას პროცენტს აღწევდა, ხოლო წარმოების ყოველწლიური კლება - 30 პროცენტს. როგორ გინდა, ასეთ პირობებში მისცე ხმა და სიტყვა - უტყვთ, მისცე უფლება - უუფლებოებს, ღირსეული ცხოვრების შანსი - მთელ ხალხს და თითოეულ მოქალაქეს?!
და აი, სწორედ აქ მინდა გავიხსენო დახმარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუვიდა ზოლიან-ვარსკვლავებიანი დროშით. 1992 წლის 25 მაისიდან, როდესაც საქართველოში ჯიმ ბეიკერი ჩამოფრინდა, - ეს კი პოლიტიკური მხარდაჭერის ჟესტი გახლდათ, - საქართველოში დღემდე შემოვიდა ასი ათასობით ტონა სურსათი, წამლები, ტანსაცმელი, შემოვიდა ის, რის უქონლადაც დავიხოცებოდით შიმშილით, ავადმყოფობით, სიცივით, ხორცისა და სულის გათოშვით, ვერავითარი ზომისა და წონის ერთეული ვერ გაზომავს, ვერავითარი საწყაო ვერ აწყავს ამერიკის იმ დახმარებას ჩვენი ქვეყნისადმი, რომელიც გვისახავდა რწმენას, რომ ჩვენ მარტოდმარტოს არ შეგვატოვებენ ჩვენს უბედურებას და რომ უკეთესი მერმისი მოვა.
საბოლოო ანგარიშით, იმედისა და რწმენის ეს გულუხვი ამერიკული ექსპორტი ხორბალთან და ინსულინთან ერთდ მოგვევლინა ჩვენი დემოკრატიის ჩამოყალიბების საყრდენ დედაბოძად, ვინაიდან, შეუძლებელია ეყრდნობოდე უმრავლესობის ნებას, თუკი არსებობის ელემენტარულ პირობებს მოკლებულ უმრავლესობას მაცოცხლებელი იმედიც მოაკელი. შეუძლებელია, აშენო დემოკრატიული ინსტიტუტები ცარიელი კუჭისა და დაცარიელებული სულის ამარა. შეუძლებელია, იარო ზევით, თუკი ვიღაც არ გიწვდენს მიღწეული მწვერვალიდან თავის ვაჟკაცურ ხელს. რასაცა გასცემ, შენიაო, უთქვამთ ჩვენში, და თქვენც ღმერთი გიშველით ამ დიდი დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.
მთელმა ხალხებმა გაიარეს ტანჯვა-ვაების სკოლა, სანამ დემოკრატიის უნივერსიტეტში მოხვდებოდნენ. ისინი უნდა დაეუფლონ მეცნიერებათა უდიდეს კურსს, რომელთაგან მე გამოვყოფდი ორ უმთავრეს მეცნიერებას:
- შინაგანი ავტოკრატულობის თვითდაძლევას და ისეთი საზოგადოების აშენებას, რომელშიც, ჩემი მეგობარი ჯიმ ბეიკერის თქმით, დემოკრატია ცხოვრების წესად იქცევა;
- სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება საზოგადოების დემოკრატიულ მისწრაფებებს.
აქ წარმოიშობა მასწავლებლისა და მოწაფის პრობლემა. ტოლერანტული დამრიგებლისა და დემოკრატიულ ღირებულებათა აღმქმელი პიროვნების პრობლემა. შესაძლოა, ეს უფრო მეტად იყოს პრობლემა მასწავლებლისა, რომელიც ჩვენზე მსჯელობს თავისი გამოცდილების მწვერვალიდან, ვიდრე პრობლემა მოწაფისა, რომელიც მზად არის მთელი არსებით მიენდოს მასწავლებელის გამოცდილებას.
აქ შესაძლებელია საბედისწერო და გამოუსწორებელი შეცდომები.
ვინაიდან, არაფერია იმაზე უფრო საშიში და შემზარავი, ვიდრე მცოდნის ქედმაღლობა-ამპარტავნობა და თქვენი მენტალურობის, თქვენი ცხოვრების წესის, თქვენი კულტურის უგულებელყოფა.
დემოკრატიას და მის ღირებულებებს ვერ ჩადებ სტანდარტულ საექსპორტო კოლოფში, რომელსაც ახლავს სტერეოტიპული წარწარა: „ყველაფერი, რაც გამოგვადგება ჩვენ, გამოადგება დანარჩენ სამყაროსაც“. აქ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა მისი მთავარი პრინციპითურთ: სანამ შეუდგებოდე სწავლებასა და სწავლას - უნდა იცოდე, რომ შენი საწყაოთი არ აიწყვება ყოველივე ამ ქვეყანაზე. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ, სადაც თავგადასარჩენი ბრძოლის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა თავისუფლების იდეალი, რომელიც ეროვნული და რელიგიური შემწყნარებლობის ტრადიციებ განასახიერებს. სადაც, ამავე დროს, თავდაჯერებული მასწავლებლის თითის ქნევა იწვევს ამ თითის ძირშივე წაცლის სურვილს. საუკუნეების მანძილზე გვიქნევდნენ თითს სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, ბოლოს - ჩრდილოეთიდან.
საქართველო ჯერ არ არის „მწვერვალის კალთებს შეფენილი მბრწყინავი ქალაქი“, მაგრამ მასალა, რომლისგანაც აშენდება იგი, უკვე გვიგროვდება.
თუმცა, ბატონებო, მე აქ მოვედი არა იმისთვის, რომ გაქოთ ან ვიქოთ თავი, გიმტკიცოთ სიყვარული, გიფიცოთ ერთგულება და გითხრათ სამადლობელი სიტყვები.
მე მგონი, ჩვენ ყველას ერთი საფიქრალი გვაქვს. მსოფლიოში, საკმაოდ მრავლად არიან მძლავრი და გავლენიანი ძალები, მისტერ ტომ კლენსის რომანების სიუჟეტებს რომ ქმნიან. ძალზე ბევრი ადამიანი მთელ მსოფლიოში, იგივე ავტორის სიტყვით რომ ვთქვათ, ქაღალდის ბიუროკრატიული ჯაჭვის ბოლოში ცასა და დედამიწას შუა აღმოჩნდა გამოკიდული.
ისინი ერთობ გაუცხოებულნი არიან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესისაგან, რაც დემოკრატიას არსგამოცლილი სიმბოლოების სისტემად აქცევს. ერთობ დიდია მათი დამოკიდებულება გეოსტრატეგოსთა დოქტრინულ სქემებზე, რომლებიც მთავრობებს თავს ახვევენ თავიანთი ინტელექტის პროდუქტს.
დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ვერაფერ სიკეთეს დააყრის სიტუაცია, რომელშიც მთელი ყურადღება კვლავინდებურად გადადის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროებზე და არა დემოკრატიის გავლენის სფეროებზე. თავის დროზე, მე შევეცადე დასავლეთის ლიდერებისათვის ჩამეგონებინა ერთი ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტება: ყველა ყოფილი პოსტტოტალიტარული ქვეყანა - ეს არის პრობლემათა ერთიანი კომპლექსი და, ამდენად, მათ უნდა მივუდგეთ კომპლექსურად, ერთი რომელიმე ქვეყნისათვის ყოველგვარი უპირატესობის მიუნიჭებლად. ვერ შევაგონე, და სწორედ ამიტომ შევესწარი პოსტსაბჭოური მონროს დოქტრინის რეალიზაციას მისი ზარბაზნების დიპლომატიით, ე.ი. ზღაპრული ცეცხლისა და სუ-27 მოპიკირე მოიერიშეების სისტემებითურთ.
ჩვენს დროში იალტის კატეგორიებით აზროვნებაც კი ამორალურია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი იდეების რეალიზაციამ შეიძლება სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაგვიქციოს. თუმცა, მე არსებითად ოპტიმისტი ვარ და მწამს, რომ მსოფლიო აღარასდროს გაიყოფა.
ვამთავრებ იმით, რითაც დავიწყე. ჩემმა მეგობარმა შულცმა არ იკმარა „ჯორჯია ონ მაი მაინდი“. როდესაც ჩვენ ხელმოსაწერად გავამზადეთ საბჭოთა კავშირ-ამერიკის საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები ხელშეკრულება, მან სახელმწიფო დეპარტამენტში მოიპატიჟა იელის უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ქართული მრავალჟამიერი დააგუგუნა.
ჟღერადობა მართლაც ბრწყინვალე იყო.
ვიცი, რომ თქვენ ასეთი მასწავლებელები არ ყოფილხართ. თქვენ გაგვიგეთ და ჩვენც უმალ მადლიერებით გიპასუხეთ. სწორედ ამიტომ მოჰყვა ესოდენ მნიშვნელოვანი, ესოდენ დიდი შედეგი თქვენს ღვწას საქართველოში. და თუ არ ვცდები, დიდ ემერსონს უნდა ეკუთვნოდეს გამონათქვამი ღირსეულად ხმის მიმცემ ადამიანთა... დემოკრატიის შესახებ. რობერტ პენ უორენის თქმით, ეს სიტყვები რომ მოიტანა ციტატად თავის ერთ-ერთ ესეში, ემერსონის სიცოცხლეში ამერიკა ერთობ შორს იყო ამ იდეალისაგან. უორენის მეორე ნაწარმოებში, სახელდობრ, რომანში „მთელი სამეფო ამალა“, მისი გმირი ამბობს, ყოველი დიდი ცოდნა დიდი სისხლის ფასად ჯდებაო.
ჩვენ ძალზე გვჭირდება დიდი ცოდნა, მაგრამ არა - დიდი სისხლის ფასად. საკმარისად დაიღვარა ეს სისხლი საქართველოსათვის თავსმოხვეულ შეიარაღებულ კონფლიქტებში. ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებს ისე უნდა ჩაეარა, რომ მოეხდინა სიტუაციის სტაბილიზება კრიზისულად საშიში პოლიტიკური კომპრესიის პირობებში.
გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც ჩაშლა მოუნდომეს ამ ჩანაფიქრს. დემოკრატიის მტრებმა მის წინააღმდეგ დიდი სიმძლავრის ტროტილს მიმართეს. და როდესაც 1995 წლის არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოსაკლავად დამესხნენ თავს, მე ამ მცდელობაში დავინახე გამოწვევა და გადავწყვიტე გამეცა ადეკვატური პასუხი, - მომეწყო პატიოსანი და თავისუფალი არჩევნები, ყველაზე მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. არჩევნები შედგა და ავტორიტეტიან მეთვალყურეთა ავტორიტეტიანი შეფასებით, ეს იყო ნამდვილად პატიოსანი, ნამდვილად თავისუფალი არჩევნები, რომლებიც ნამდვილად შეეფერებოდა ყველაზე მაღალ საერთაშორისო კრიტერიუმებს. და მე ვამაყობ, რომ გავიმარჯვე ტერორისტებზე.
თავის დროზე მე საქვეყნოდ გადავუხადე მადლობა ამ წარმატების ყველა თანაავტორს. ახლა კი მომეცა იშვიათი შესაძლებლობა, მეთქვა ეს მადლობა იმ ინსტიტუტის კედლებში, რომლის სპეციალობაც არის, ეხმარებოდეს ახალ დემოკრატიებს სამოქალაქო საზოგადოებათა ჩამოყალიბებაში.
ალბათ, უნდა გითხრათ ისიც, რომ პარალელურად ქვეყანა ეკონომიკური ქაოსიდან მიდიოდა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისაკენ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში ყველაზე მყარი ეროვნული ვალუტით მთლიანი შინაგანი პროდუქტის 10,5-პროცენტიანი წლიური ზრდისა და დაბალი ინფლაციისაკენ.
ქართული სიმღერები, სიმღერები საქართველოზე და საქართველოსათვის კარგად ჟღერდა ამერიკის მიწა-წყალზე.
იმედი მაქვს ასე იქნება მომავალშიც.
მთელმა ხალხებმა გაიარეს ტანჯვა-ვაების სკოლა, სანამ დემოკრატიის
უნივერსიტეტში მოხვდებოდნენ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 ივლისი. - №172-175 (2548). - 1,3 გვ.
![]() |
84 გაზეთ „ხიდის“ რედაქციას |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთი წელი შესრულდა ქართულ-თურქულენოვან გაზეთ „ხიდის“ პირველი ნომრის გამოსვლიდან.
ამდენივე წელს ითვლის საქართველოს ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან, რომელიც აგებულია სრულიად ახალ საფუძველზე - ორ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე.
1992 წლის 30 ივლისს თბილისში ხელი მოეწერა საქართველო-თურქეთის პირველ სრულმასშტაბიან ხელშეკრულებას, წინა დღით კი თურქეთის დელეგაციამ, ქართველმა მკითხველმა „ხიდის“ პირველი ნომერი მიიღო.
სულ რამდენიმე წელიწადში გავიარეთ გზა, რომელსაც ხშირად ათეული წლები სჭირდება და ამაში გადამწყვეტი როლი პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა შეასრულა.
გაზეთს გზად და ხიდად მეგობრობა და სიყვარული აურჩევია და დღესაც „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციის უშურველი დახმარებითა და თანხმობით ღირსეულად აგრძელებს თურქეთის მოსახლეობასთან ძმური ურთიერთობის ტრადიციის დამკვიდრების გზას.
გილოცავთ და ახალ წარმატებებს გისურვებთ ამ პატრიოტულ და კეთილშობილურ საქმიანობაში.
ე. შევარდნაძე
16.07.97 წ.
გაზეთ „ხიდის“ რედაქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ივლისი. - №176 (2549). - 1 გვ.
![]() |
85 უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების I საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ნება მომეცით გულწრფელად მოგესალმოთ და გითხრათ, რომ ჩემთვის კარგადაა ცნობილი, თუ რაოდენ დიდია თითოეული თქვენგანის ძალისხმევა და წვლილი უცხოეთში ქართული ენის, ისტორიისა თუ კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედმა ქართულმა სათვისტომოებმა და ორგანიზაციებმა, პერიოდულმა გამოცემებმა თუ ქართული სასწავლებლების საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს სახელმწიფოთა შორის ურყევი მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და თანადგომის ატმოსფეროს შექმნასა და მშვიდობის დამკვიდრებას. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენმა მოღვაწეობამ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველთა შორის განამტკიცა ქართული სული, შეინარჩუნა ენა, კულტურული და ისტორიული ტრადიციები.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს, თქვენს ესოდენ საშურ საქმიანობაში.
ედუარდ შევარდნაძე.
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების I საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ივლისი. - №176 (2549). - 6 გვ.
![]() |
86 „იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაერო დაიბრუნებს თავის უმთავრეს ფუნქციას - დედამიწის მთავარი მშვიდობისმყოფლის ფუნქციას და განახორციელებს მას ჩემს ქვეყანაში მთელი სიმტკიცით“. |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 1997 წლის 21 ივლისს
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებო,
ამ სამიოდე წლის წინათ, სახელდობრ, 1994 წლის მარტში, პატივი მქონდა, საბჭოსთვის წარმომედგინა ინფორმაცია ჩემს სამშობლოში შექმნილი ვითარების შესახებ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - აფხაზეთში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან და მის შედეგებთან დაკავშირებით.
მას შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა და, ვფიქრობ, შეიცვალა უკეთესობისაკენ. პოზიტიურ ცვლილებათა დინამიკაში მოექცა პოლიტიკური აზრი, რომელიც სისხლიანი შეიარაღებული კონფლიქტების მოწესრიგების ყველაზე ეფექტიანი საშუალებებისა და მეთოდების ძიებას ესწრაფვის. ეს ძიება ზოგან წარმატებით დაგვირგვინდა, წარმატება კი მშვიდობის აღდგენად მოგვევლინა.
ამ ფონზე უძრავად არ გამოიყურება არც საქართველოში არსებული მდგომარეობა. ამას რომ ვამბობ, უნებლიედ ვუდარებ იმას, რაც აქ გაუწყეთ 1994 წლის მარტში.
არადა, მაშინ იძულებული ვიყავი, მეთქვა, (მომყავს ციტატა), რომ „ჩვენ ქვეყანაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით უამრავ უბედურებას, უამრავ ფრონტზე. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძნელი და მთავარი ფრონტია დამნაშავეობასთან ბრძოლა... მძლავრი შეიარაღებული ბანდები ატერორებენ მოსახლეობას, ფაქტობრივად ამყარებენ თავიანთ ძალაუფლებას მთელ რეგიონებში...“
ნება მიბოძეთ დღეს გითხრათ, რომ ამ ძალაუფლებას - დანაშაულებრივი, არცთუ იშვიათად, - პოლიტიზირებული კლანების ძალაუფლებას - ბოლო მოვუღეთ. ძალები, რომლებიც ერთ დროს მძევლად იყვანდნენ არა მარტო თვალსაჩინო საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეებს, არამედ არსებითად მთელ ქვეყანას, - ნეიტრალიზებული არიან.
ამ რამდენიმე წელიწადში, რომლებიც დაემთხვა შეიარაღებულ კონფლიქტებს ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველომ გამოიარა გზა საყოველთაო ქაოსიდან საყოველთაო სტაბილიზაციამდე, თუ, რა თქმა უნდა, არ ვიგულისხმებთ მისი სხეულის სისხლიან იარას - აფხაზეთს.
მაგრამ, შეუძლებელია არ იგულო და არ იგულისხმო იგი, ვინაიდან, სანამ ეს იარა გვექნება, ვერავითარი ჩვენი ბოლო წლების შენაძენნი ვერ უზრუნველყოფენ ვერც საქართველოს და ვერც მთლიანად რეგიონის მშვიდობასა და უშიშროებას.
ჩვენ მივიღეთ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელიც შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო და კონსტიტუციური სამართლის ყველაზე მაღალ კრიტერიუმებს.
გავმართეთ ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები - თავისუფალი, დემოკრატიული, პატიოსანი არჩევნები.
შევაჩერეთ წარმოების კლების საშუალო წლიური 30-პროცენტიანი დონე და ინფლაცია, რომელიც წელიწადში 8 ათას პროცენტს სჭარბობდა, შემოვიღეთ ახალი ეროვნული ვალუტა, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ყველაზე მყარი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალ ვალუტებს შორის, და მივაღწიეთ ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტემპის განუხრელად გაუმჯობესებას, როგორც არის მთლიანი შინაგანი პროდუქტის ზრდა, წელიწადში 10 პროცენტს რომ აღწევს.
საქართველოს მონაწილეობთ და საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება დიდი ტრანსსახელმწიფოებრივი პროექტები, როგორიც არის, მაგალითდ, აზია-კავკასია-ევროპის, თანამედროვეობის ამ ჭეშმარიტად „დიდი აბრეშუმის გზის“ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის მშენებლობა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ კოოპერაციაში აბამს უდიდესი ევრაზიული მასივის მრავალ ქვეყანას.
კასპიისპირეთისა და ცენტრალური აზიის ახალი ნავთობგაზის ელდორადოები, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა ქვეყანას აღუთქვამს მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს, დიდი ინვესტიციების მოზიდვასა და თანამედროვე სოციალურ-კულტურული ინფრასტრუქტურის შექმნას.
ერთი სიტყვით, სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, დღევანდელი გამოსვლის თემა ოდნავადაც არ შეცვლილა 1994 წელთან შედარებით.
არ შეცვლილა და, მე მგონი, არსებითად კიდევ უფრო მეტად გამწვავდა ვითარება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ირგვლივ.
ნება მიბოძეთ, კვლავ გითხრათ, რომ ეს კონფლიქტი განუყრელი შემადგენელი ნაწილია იმ მწვავე პრობლემათა რთული კომპლექტისა, რომლებმაც შეიძლება ააფეთქონ, როგორც ეს უკვე ყოფილა, არა მარტო აფხაზეთის რაიონები, არამედ უფრო ფართო სივრცეებიც, რუსეთის სამხრეთი რეგიონების ჩათვლით, რაც საფრთხეს უქადის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას - და ჩვენ ესეც ვნახეთ კავკასიაში.
პრობლემათა კომპლექსი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომებს მოსახმარ საშუალებათა უცილობელი გადაფასებით. განვლილი სამი წლის მანძილზე ცდებისა და შეცდომების ფასად, თითქოს დაისახა კოლექტიური თანამოქმედების ზრდა ბოსნიაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და მშვიდობის აღდგენის მიზნით. ჩვენ ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდით საკუთარი ვარაუდების სისწორეში, სახელდობრ იმაში, რომ წარმატების თავი და თავია პრობლემის მოგვარების პოლიტიკური და სამხედრო მეთოდების შეხამება, რომ მშვიდობის გალავნის ამოსაყვანი აგურების დუღაბს მხოლოდ თეთრი დიპლომატიური ხელთათმანით ვერ მოზელ, და რომ ამ მშვიდობას მარტოდმარტო ვერ მიაღწევს ვერც ერთი, თუნდაც ყველაზე დიდი და მოწინავე მსოფლიო სახელმწიფო. თითქოს დეიტონის იდეას ავითარებს და ასურათხატებსო, სამი პრეზიდენტის დენვერის განცხადებამ დაადასტურა ისეთი კონფლიქტების მოგვარების კოლექტიური, საკონსილიუმო მეთოდის აუცილებლობა, როგორიც არის, მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტი.
აფხაზეთში კი, როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი უცვლელად დარჩა. მუდმივობა და სტაბილურობა ვლინდება მხოლოდ იმით, რომ სეპარატისტები აჭიანურებენ მოლაპარაკებას, კვლავინდებურად იყენებენ მოლაპარაკების პროცესს, მხოლოდ ერთი მიზნით - თვითმარქვია აფხაზეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ ლეგალიზაციისათვის.
თუმცა, უსამართლობა იქნებოდა, გველაპარაკა აფხაზეთის ირგვლივ სიტუაციის სრულ უძრაობაზე, ყოველ შემთხვევაში, ამ კედლებში მაინც. აქ ჩემი ბოლო გამოსვლიდან განვლილი სამი წლის მანძილზე გაეროს უშიშროების საბჭომ ჩვიდმეტი რეზოლუცია მიიღო აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე, ხოლო ამავე საკითხზე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ცამეტი განცხადერბა გააკეთა. ამ დოკუმენტებში ჩამოყალიბებულია კონფლიქტის სრულმასშტაბოვანი მოწესრიგების ძირითადი პრინციპები.
- საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა;
- აფხაზეთის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს იმ შემადგენელი ნაწილის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, რომელსაც აქვს ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ფედერაციის სუბიექტებისათვის დამახასიათებელი ფართო უფლებები;
- ლტოლვოლთა და ადგილნაცვალ პირთა დაუყოვნებლივი, გარანტირებული და უსაფრთხო ეტაპობრივი დაბრუნება მათი მუდმივი ბინადრობის ადგილებში, აფხაზეთის (საქართველო), გალის რაიონიდან დაწყებული, ყოველგვარი წინასწარი პირობის წამოუყენებლად;
- დაუშვებლობა აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის საკითხის დაკავშირებისა ლტოლვოლთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების პროცესთან, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
სამწუხაროდ, ეს პრინციპები ჯერჯერობით ქაღალდზე რჩება.
მომიტევეთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არაფერი ვთქვა აქ ჩემი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილების ქმედითობაზე, კერძოდ, - უმწეო ქუვეითში შეჭრილი აგრესორის ალაგმვის თაობაზე, მაგრამ, ეს იყო წარსულში, აწმყოს კი სულ სხვა შედეგები მოაქვს.
მაგალითად, ის, რომ მშვიდობისმყოფელი კონტინგენტი, თანამეგობრობის ეგიდითა და დროშით რომ განლაგდა მდინარე ენგურის მიჯნაზე, მხარეთა გამყოფ ზღუდეზე, ფაქტობრივად გადაიქცა, ჯერ ერთი, სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაპყრობათა ფიქსატორად და გუშაგად, და, მეორე, ერთგვარ საიმედო „ზურგად“, რომელსაც ეს რეჟიმი ამოეფარა და, მისით გულმიცემული, შემზარავ, მხეცურ თვითნებობას სჩადის. აი, ზოგიერთი ციფრი: 1994 წლის აპრილიდან, მარტო გალის რაიონში დახოცეს 1300 მშვიდობიანი მცხოვრები: ძირითადად ქართველები, გადაბუგეს 5000 სახლი, ყოველივე ეს კეთდებოდა და კეთდება იმისათვის, რომ დააშინონ ისინი, ვინც სოხუმის მოწყალე ნებართვით „ოფიციალურად“ დაბრუნდა. ასეთები კი სულ 311-ნი არიან; აგრეთვე ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ფასად ბრუნდება და სამართლებრივი წრეგადასულობის ზონაში ხვდება.
რაღა გასაკვირია, რომ ორგზის - 1994 წელს ბუდაპეშტში და 1996 წელს ლისაბონში - ეუთოს სამიტებმა დანაშაულებრივი სეპარატისტული რეჟიმის ქმედობა დააკვალიფიცირეს, როგორც ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, მასობრივი განადგურება და ძალადობრივი აყრა.
იძულებული ვარ, გამოვთქვა სინანული იმის გამო, რომ აქ მიღებული რეზოლუციები შეიცავს ეუთოს ამ დოკუმენტების მხოლოდ ზოგად დამოწმებას, თვითონ კი აუხსნელად მოკრძალებულია მომხდარის შეფასებაში.
მაგრამ, ჯერჯერობით საქმე სულ სხვას ეხება. ეთნიკურმა წმენდამ, მშობლიურ კერაში დაბრუნებაზე უარის თქმამ დევნილებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ, გამოიწვია, და არ შეიძლებოდა, არ გამოეწვია ქართველი მოსახლეობის საპასუხო მოქმედება. ამის შედეგად იქმნება სიტუაცია, რომლის დროსაც შეუძლებელია მივცეთ ლტოლვილებს დაბრუნების გარანტია და შევუქმნათ მათ მშვიდობისა და უშიშროების ისეთი პირობები, იძულების ელემენტებს რომ არ შეიცავენ. მე მხედველობაში მაქვს სეპარატისტთა დესტრუქციული პოლიტიკა, რომლებსაც სურთ დააკანონონ ეთნიკური წმენდის შედეგები, არამედ, აგრეთვე პარტიზანული მოძრაობაც, რომელიც სულ უფრო ძლიერდება.
ენგურისა და ფსოუს შუამდინარეთში ომის შემდეგ ათიათასობით ნაღმი დარჩა. ამ ნაღმებს აყენებდნენ უწესრიგოდ, ისე, რომ არ შეჰქონდათ დანაღმული ველების რუკებში. დღეს ამ ნაღმებზე იღუპებიან მშვიდობისმყოფელნი და მშვიდობიანი მცხოვრებნი. დანაღმვა კი გრძელდება. შეშფოთებასა და წუხილს იწვევს აფხაზეთის გზებზე მომხდარი აფეთქებებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის ფაქტები, მაგრამ, ვთქვათ დაუფარავად: დაწყებისთანავე, მოწესრიგების მთელი პროცესი განწირული იყო პერმანენტული ძირგამოთხრისათვის. საიმედო გარანტიებისა და მიღწეული მორიგებების შესრულების მექანიზმის უქონლობამ თავიდანვე განაპირობა სიტუაცია, რომლის დროსაც ყოველგვარი შეთანხმება ერთ-ერთი მხარის და მისი დამქაშების ავი ნების მძევალი ხდებოდა.
რუსეთის მონაწილეობით, რუსეთისავე დაჟინებით მივიღეთ სამი შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - სამივე ჩაიშალა. მივიღეთ განცხადება ქართველ-აფხაზთა კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ და ოთხმხრივი შეთანხმება ლტოლვილ და ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ - აქაც იგივე გამეორდა. გაეროს ეგიდით ჟენევაში 1993-1994 წლებში გამართული მოლაპარაკება, მოსკოვის 1995 წლის მოლაპარაკებათა ციკლი, მისი განახლება შეჩერება 1995 წელს - გაეროს, ეუთოს, მოსკოველი შუამავლების კოლოსალური ძალისხმევისა და ჯაფის მთელ ამ საინვენტარიზაციო ნუსხას აქვს მხოლოდ მხოლოდ ერთი შთამბეჭდავი - ნულოვანი შედეგი.
ნება მიბოძეთ, ამასთან დაკავშირებით კვლავ შეგახსენოთ ერთი ადგილი 1994 წლის გამოსვლიდან: „ჩვენ საქმე გვაქვს დროის გაჭიანურების ტაქტიკასთან, ჩიხში მიმავალი სიტუაციის შექმნის მისწრაფებასთან, რომელიც გააქარწყლებს სრულმასშტაბოვანი პოლიტიკური მოწესრიგების შესაძლებლობებს“.
ამასთან დაკავშირებით, ასი პროცენტით დადასტურებული კონსტატაციით დაისვა კითხვა: „რა შეიძლება დავუპირისპიროთ ცდებს, როდესაც ისწრაფვიან გაერო გამოიყენონ იმის მისაჩქმალავად, რომ საბოლოოდ ამკვიდრებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის წართმევის ფაქტს?“
პასუხი: „მტკიცე გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ ისე, რომ მოვუსპოთ მშვიდობისა და მოწესრიგების მოწინააღმდეგეებს ჩვენით მანიპულირების შესაძლებლობა... ამისათვის, როგორც მინიმუმი, უნდა გავხსნათ, სწორედ რომ, გავხსნათ და არა - გავკვეთოთ, გორდიას კვანძი: შევიყვანოთ რეგიონში გაეროს მშვიდობისმყოფელი ძალები - აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების მოლაპარაკებაში პროგრესის მიღწევის საწინდარი“.
კითხვაც და პასუხიც დღესაც ინარჩუნებს თავის უცვლელ აქტუალობას.
სამწუხაროდ მშვიდობისმყოფელი ძალების „სასაზღვრო ჯარებად“ „მცოცავი“ გადაქცევის გარდა, მდგომარეობას ართულებს შეზღუდული უფლებამოსილება, რომელიც მშვიდობისმყოფელებს მიენიჭა არსებული მანდატით, აგრეთვე, სეპარატისტთა უარი, დაუშვან მანდატისა და მისი გამოყენების ზონის გაფართოება, რაც ეჭვქვეშ აყენებს კონფლიქტის ზონაში ამ მშვიდობისმყოფელი ძალების დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს.
ამასთან დაკავშირებით, მინდა გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ, ეგრეთ წოდებული, ეთნოკონფლიქტების დროს მშვიდობისმყოფლური ოპერაციების ხასიათი უიმედოდ მოძველდა: როდესაც სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში წარმოიშობა კონფლიქტი სახელმწიფოს დანაწევრებას მოწადინებულ შეიარაღებულ ჯგუფსა და თვით სახელმწიფოს შორის, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მთელი მათი მოცულობით, გაეროს პოზიცია სრულიად ნათელი უნდა იყოს. საჭიროა განისაზღვროს სეპარატისტთა მოქმედების უკანონობა და წინადადება მივცეთ მათ, დაიცვან სახელმწიფოს საშინაო კანონები, ხოლო ურჩობის შემთხვევაში - მიღებულ იქნეს ზემოქმედების შესაბამისი ზომები.
მშვიდობის ხელშემწყობი ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ და მხოლოდ სეპარატისტთა თანხმობის პირობით, - სხვა რომ არა ვთქვათ რა, - ანაქრონიზმია. ეს წესი ხელს აძლევს სეპარატისტებს, რომლებიც ირაზმებიან, იკრებენ ძალებს და ემზადებიან ახალი კონფლიქტისათვის.
ამა თუ იმ კოლექტიური მოქმედებისათვის სეპარატისტთა თანხმობაზე შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ლიდერები ცდილობენ ნამდვილად მშვიდობიანად მოაგვარონ კონფლიქტი, ეძებენ კონსტრუქციულ გადაწყვეტებს.
ვფიქრობ, დროა, გადაისინჯოს ეს ფორმულა და შეესატყვისოს შემთხვევებს, როდესაც აგრესიული სეპარატიზმი უგულებელყოფს გაეროს გადაწყვეტილებებს, და, ცდილობს რა დროის მოგებას, შლის მოლაპარაკებას. მან და მისმა დამქაშებმა უნდა იცოდნენ, რომ გაეროს წესდება, კერძოდ მე-7 თავი შეიცავს დებულებებს, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ნებადართულად აცხადებს მშვიდობის დამყარებას იძულების სათანადო ზომებით. ვფიქრობ, უშიშროების საბჭომ უნდა შეახსენოს ყველას ამ ნორმის არსებობა.
კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საშუალებათა ძიებაში აქტიურად მონაწილეობენ „გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები საქართველოს საკითხში“. მაგრამ, ჩემი აზრით, მათი უდიდესი პოტენციური შესაძლებლობანი უფრო აქტიური გამოყენების ღირსია.
ჩვენ მადლიერი ვართ ეუთოსი, მისი სულ უფრო მზარდი როლისათვის იმ ძალისხმევაში, რომლის მიზანია, მხარეები მოათათბიროს ერთმანეთს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროსთან ერთად.
კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპულ პოზიციას დაადგნენ თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოები, ერთგულად რომ იცავენ პრინციპებს რომლებიც ჩამოყალიბებულია უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში, და განვითარებულია თანამეგობრობის ფარგლებში მოწვეული სამიტების გადაწყვეტილებებში.
მოლაპარაკების პროცესი შებრკოლდა ძირითადად იმის გამო, რომ სეპარატისტები აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას მოითხოვენ, ფედერაციის სუბიექტის შეთავაზებულ სტატუსს უარყოფენ, და დაუჩემებიათ, რომ უნდა დაიდოს ორი თანასწორუფლებიანი დამოუკიდებელი სუბიექტის გამაერთიანებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
ჩვენ, ისევე როგორც წინათ, გვწამს, რომ ადრე თუ გვიან, შევძლებთ ავლაგმოთ აგრესიული სეპარატიზმი, ასე რომ ტკბება ილუზორული „გამარჯვებით“, რომელსაც არავინ და არასდროს უღიარებს.
და აქ უცვლელი და აქტუალურია ჩვენი რწმენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი უშიშროების საბჭოს შესაძლებლობებისადმი, რომლებიც დღემდე ვერ არის რეალიზებული მათგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო.
უცვლელი და აქტუალურია ჩვენი იმედი. უთქვამთ, კაცი იმედით ცოცხლობსო, და ამ იმედს არასდროს გადავიწურავთ...
ამ იმედს ასაზრდოებს ნაბიჯები, რომლებიც გადადგეს გენერალურმა მდივანმა, ბატონმა კოფი ანანმა, მისმა პირადმა წარმომადგენელმა ლივიუ ბოტამ, რუსეთმა, როგორც ხელშემწყობმა მხარემ, ეუთოს, აგრეთვე „საქართველოს მეგობრების“ ჯგუფის მონაწილეობით.
ამ იმედს ასაზრდოებს გენერალური მდივნის მიერ ჩამოყალიბებული იდეა, რომ განახლდეს ჟენევის პროცესი გაეროს ეგიდით და „მეგობრების“ ჯგუფის წევრი ქვეყნების მონაწილეობით, რაც უკვე თავისთავად გახდება დაბრკოლება ერთ-ერთი მხარის ცდებისათვის, ჩაშალოს ამა თუ იმ საბაბით მშვიდობიანი პროცესი და საბოტაჟი გამოუცხადოს მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მაგრამ, მე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი იმედი განუყოფელია ჩვენი გადაწყვეტილებისაგან, მტკიცედ ვადგეთ ქვემოთდასახელებულ მოთხოვნებს, შეხედულებებსა და შეფასებებს:
1) აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მთელ პროცესს, რომელიც გაეროს ეგიდით მიმდინარეობს, პრაქტიკულად საფუძვლად უნდა დაედოს კონკრეტული პრინციპები აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის თაობაზე, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებშია ჩამოყალიბებული.
ჩვენ ამის თაობაზე შევიმუშავეთ წინადადებანი, რომლებიც ითვალისწინებს აფხაზეთის სტატუსის უპრეცენდენტო გაფართოებას და რომლებიც გავრცელდა, როგორც გაეროს ოფიციალური დოკუმენტი.
2) მე მტკიცედ მოვითხოვ - უნდა დაიძრას მკვდარი წერტილიდან აფხაზეთის რაიონებსა და დასახლებულ პუნქტებში მშობლიური კერიდან აყრილი ლტოლვილების შეუფერხებელი მასობრივი დაბრუნების საკითხი. ამასთან, დღის წესრიგში გარდაუვლად დგება მშვიდობის ხელშეწყობისა და უსაფრთხოების ზონის გაფართოებისათვის გაეროს კლასიკური ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელების საჭიროება. მე მესმის, რაოდენ რთულია ამასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები და მაინც მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ინვესტიციებიც კი ვერ შეედრება იმ დანაკარგს, რომელიც კონფლიქტის მოუგვარებლობას მოჰყვება ხოლმე.
მინდა მოგახსენოთ, რომ 1994 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს ბევრმა წევრმა ქვეყანამ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ასეთ ოპერაციას. როგორც ვიცი, მთელი რიგი ქვეყნები დღესაც გამოხატავენ ამ ოპერაციაში მონაწილეობის მზადყოფნას.
თავის მხრივ, საქართველო კვლავ საქვეყნოდ აცხადებს, რომ არავითარ ვითარებაში არ მიმართავს კონფლიქტის გადაწყვეტის ძალისმიერ მეთოდებს.
3) კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შედეგია რეგიონის ეთნოდემოგრაფიული კორპუსის ახლით შეცვლა და ასეთივე ძალით გამოდევნა სამოქალაქო მოსახლეობისა მისი ბინადრობის ტრადიციული ადგილების ფარგლებს გარეთ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქადის ქვეყანას, სადაც არის 300 ათასზე მეტი დევნილი და იძულებით ადგილნაცვალი პირი და კიდევ ათეულ ათასობით კაცი, რომელმაც მშობლიური კერა დატოვა იმიტომ, რომ არ სურს იცხოვროს დღევანდელ აფხაზეთში, და უკვე რამდენიმე წელიწადია მოელის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტიურ მოქმედებას.
4) ამასთანავე, ჩვენ გვსურს შევიტანოთ მოწესრიგების პროცესში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, აფხაზეთში ინფრასტრუქტურის აღდგენისა და აღორძინების (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, სოფლის მეურნეოდა და ა.შ.), მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კონკრეტული ღონისძიებანი.
ამასთან დაკავშირებით, მინდა გამოვთქვა ერთი მოსაზრება. კონფლიქტის მოწესრიგების ეკონომიკური სტიმულირების სახით „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფს შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა, რათა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფარგლებში შემუშავდეს აფხაზთა და ქართველთა მშვიდობიანი თანაცხოვრების, აგრეთვე ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დასრულების შემდეგ რეგიონის ეკონომიკური აღორძინების კონკრეტული პროგრამა. ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობდა მშვიდობიანი პროცესის ერთგვარ „დეიდეოლოგიზაციას“ და მისთვის უფრო საგნობრივი და საქმიანი ხასიათის მინიჭებას.
5) ჩვენ ვთხოვდით გაეროს, აგრეთვე მსოფლიო გაერთიანებას, განახორციელონ კოლექტიური ძალისხმევა ორი მიმართულებით: პირველი, ეს არის დანაღმული ველების მონიშვნა აფხაზეთში, მათი უვნებელყოფა, და, მეორე, ისეთი ავისმომასწავებელი დანაღმული ველის უვნებელყოფა, როგორიც არის სეპარატისტული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები. ჩვენი აზრით, საამისოდ შექმნილი სოხუმის განყოფილების მონიტორინგი უნდა იყოს მუდმივი, ხოლო მისი მასალების განხილვას მოჰყვება პოლიტიკური, სასამართლო-სამართლებრივი და სხვა ხასიათის ღონისძიებანი.
6) ნებისმიერ ვითარებაში, როგორც უნდა შებრუნდეს საქმე, მე მთელი კატეგორიულობით მოვითხოვ, რომ გაერომ გარკვევით და არა ორაორაზროვნად შეაფასოს აფხაზეთში მიმდინარე ტრაგედია. ჩვენს ორგანიზაციას არა აქვს არავითარი საფუძველი, არ იზიარებდეს და არ იღებდეს მხედველობაში ეუთოს ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების გადაწყვეტილებებს.
აფხაზეთში მიმდინარე გენოციდის ერთ-ერთი ფორმის - ეთნიკური წმენდის ფაქტების გაეროს მიერ აღიარება უდავოდ უბიძგებს სეპარატისტთა ახლანდელ მმართველ რეჟიმს, ეძებოს პოლიტიკური მოწესრიგებისა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების უმოკლესი გზები. მათ უნდა იცოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, როგორც ადამიანობის წინაშე ჩადენილ დანაშაულობებში ბრალეულნი, და თუ ეს რეჟიმი კვლავ ისევე როგორც არაერთგზის უქნია წარსულში, - ძირავს მიღებულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ იძულებული გავხდებით ვიზრუნოთ მათი შესრულების გარანტიათა სისტემისათვის, აგრეთვე, მსოფლიო გაერთიანების ნებისადმი წინააღმდეგობის გამო, - შესაბამისი სანქციების მიღებისათვის.
7) საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს გენერალური მდივნის ინიციატივას ჟენევის პროცესის განახლების შესახებ. გამოვთქვამთ რა ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას „მეგობართა ჯგუფის“ ქვეყნების მზადყოფნისათვის მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებაში, ჩვენ გვსურს, ვხედავდეთ გაეროს ამ პროცესის სათავეში და არა მისგან სადღაც განზე, როგორც ეს წინა წლებში ყოფილა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა დაიბრუნოს ლიდერის როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში და ჟენევის მოლაპარაკება საუკეთესო შანსს იძლევა საამისოდ.
ჟენევის შეხვედრის იდეა სრულიად ლოგიკურად ესატყვისება ჩვენს ინიციატივას აფხაზეთის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ. არსებობს რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილება, და, ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ, გახდება კონფერენცია ჟენევის შეხვედრის გაგრძელება, მუდმივმოქმედ საერთაშორისო ფორუმად, თუ საგანგებოდ მოწვეული კონფერენცია შეაფასებს ჟენევის პროცესის საქმიანობის შედეგებს.
ამ გამოსვლას დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე 1994 წელს. მადლობას მოვახსენებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მის უშიშროების საბჭოსა და გენერალურ მდივანს, და გამოვთქვამ იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს, ორგანიზაცია დაიბრუნებს თავის უმთავრეს ფუნქციას - დედამიწის მთავარი მშვიდობისმყოფელის ფუნქციას და განახორციელებს მას ჩემს ქვეყანაში მთელი სიმტკიცით.
„იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაერო დაიბრუნებს თავის უმთავრეს ფუნქციას - დედამიწის მთავარი მშვიდობისმყოფლის ფუნქციას და განახორციელებს მას ჩემს ქვეყანაში მთელი სიმტკიცით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ივლისი. - №176 (2549). - 1,2 გვ.
![]() |
87 პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმირების უპირველესი პირობა, სოციალურეკონომიკური რეფორმების განხორციელების საშუალება და დემოკრატიული ცხოვრების ნორმაა; სხვაგვარად ვერ ავაშენებთ ჭეშმარიტად თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის გამიზნული მუშაობის შედეგების განხილვა ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
რა ძირითადი დასკვნების გამოტანა შეიძლება დღეს გამართული საქმიანი საუბრიდან, რასაც ბევრად შეუწყო ხელი ბატონების ჯამლეთ ბაბილაშვილის, კახა თარგამაძის, თედო ნინიძის, ჯემალ გახოკიძის, ზურაბ მეფარიშვილის საინტერესო ინფორმაციებმა, კამათის მონაწილეთა საყურადღებო გამოსვლებმა. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იმ პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც ჩვენი დღევანდელი შეკრება საინტერესო და ორიგინალური წინადადებებით გაამდიდრეს.
უწინარეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ გამუხრელად სრულდება პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში ამ კუთხით ჩამოყალიბებული ამოცანები. მხედველობაში მაქვს წესრიგის დამყარება ქვეყანაში.
მე ხალხს შევპირდი, რომ სახელმწიფოში თანდათან დამყარდებოდა წესრიგი და კანონიერება. დღეს, ალბათ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებისათვის მიმართული გეგმაზომიერი მუშაობის შედეგები შეიძლება არასაკმარისი, მაგრამ უდავოდ თვალსაჩინოა და, რაც მთავარია, ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი შეიძინა, დღევანდელი ჩვენი დისკუსიის ხასიათი და არსი ჩვენი მსჯელობისა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ეს პროცესები შეუქცევადია.
მიმდინარე წლის I ნახევარში გაუმჯობესდა მოქალაქეთა პირადი ქონების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის მაჩვენებლები, შემცირდა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, განზრახ მკვლელობათა რიცხვი. შენარჩუნებულია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია. ამასთანავე, ამაღლდა გამოძიების ხარისხი, მძიმე კატეგორიის დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელმა 80 პროცენტს გადააჭარბა.
სამართალდაცვის ორგანოებში გრძელდება ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმები, რათა მთელი ეს სისტემა „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს შეესაბამებოდეს.
დღეს ჩვენ არ მოგვისმენია ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი სპეციალური მუდმივი და დროებითი კომისიების ხელმძღვანელებისათვის. წლის შედეგების შეჯამებისას კი სპეციალურად მოვისმინეთ ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თანათავმჯდომარის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძისა და არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების, სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის კომისიის თავმჯდომარის ბატონ თამაზ კვაჭანტირაძის ანგარიშებს. ეს იქნება ძალიან სერიოზული, არსებითი და პრინციპული განხილვა. ამასთან, მინდა დავეთანხმო გამომსვლელებს, რომ ახალგაზრდობასთან, განსაკუთრებით, მცირეწლოვანებთან მუშაობამ, მეთვალყურეობამ, მეურვეობამ საქართველოში, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სახე უნდა მიიღოს და ეს უნდა იყოს სავსებით კონკრეტული საქმიანობა. ნარკომანიის პრობლემა ჩვენთვის ერთ-ერთი უმწვავესია. მან შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ახალგაზრდობის დეგრადირება. მართალია, ამ ბოლო დროს ცოტა იკლო მისი გავრცელების კოეფიციენტმა, მაგრამ მდგომარეობა მაინც საგანგაშოა. ქვეყანა სატრანზიტოა და ჩვენ უკვე გვაქვს არაერთი მონაცემი იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყნის კარგად გაწვრთნილი საქმოსნები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ სხვადასხვა ქვეყნებში, მოეძალნენ საქართველოს. ამიტომ საჭირო იქნება საგანგებო ღონისძიებების განხორციელება. უნდა შეიქმნას ბარიერი, რათა საქართველოზე ამ ტვირთმა არ გაიაროს. ამასთან, მინდა გითხრათ ერთი რამ: როდესაც საქართველოში მკვლელობათა და ანგარიშსწორებათა სერიალი დაიწყო, არსებობდა სერიოზული მასალები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ ანგარიშსწორებისა იყო ის, რომ სადღაც რაღაც დიდი კონტეინერი დაიკარგა და ბოლოს გავიდა საზღვარგარეთ. ეს იყო მილიონებად ღირებული ნარკოტიკები.
ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ კვლავაც დიდ სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ტრანზიტს დიდი სიკეთე მოაქვს, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს, რომელსაც, ასევე, თვალი უნდა გავუსწოროთ. მინდა შევახსენო ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, რომ კონცეფციის პროექტი სექტემბერში უნდა წარმომიდგინოთ.
კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის ყურადღება ერთ ახალ ასპექტზე უნდა გავამახვილო. ამავე კონცეფციაში უნდა გავიაზროთ ეროვნული თანხმობის კონცეფციის ძირითადი პრინციპებიც. ერთი ფრანგი ისტორიკოსი ამბობდა, რომ „ერი არის მუდმივი პლებისციტი“, ანუ - ერთობა მუდმივი თანხმობის საფუძველზე. ეს კონცეფცია უნდა ითვალისწინებდეს ყველა ქვეყნის ეროვნული თანხმობის ისტორტიულ გამოცდილებას, მაგრამ არ უნდა იყოს სხვისი თარგების საქართველოსათვის ავტომატური მორგების ცდა. ჩვენი ისტორიისა და რეალობის შესაბამისად უნდა მოვძებნოთ ეროვნული თანხმობის მიღწევის ჩვენეული გზა, გავითვალისწინოთ ჩვენი დადებითი და უარყოფითი გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს წილად ხვდა ქრისტესავით იყოს გაკრული გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახებათა ჯვარზე - მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში ჩვენი ბედისა და მომავლის გასაღები ეროვნულ, საერთო-სახალხო თანხმობაშია.
ბოლო პერიოდის გამოსვლებში რამდენჯერმე ზოგადად შევეხე კრიმინოგენური სტაბილურობიდან პოლიტიკურ სტაბილურობაზე გადასვლის საკითხს. დღეს საჭიროდ მიმაჩნია განვმარტოთ მისი ძირითადი არსი, დანიშნულება და მიზანი.
კრიმინოგენური სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ახლაც უმნიშვნელოვანეს წარმატებად მიმაჩნია და არაერთხელ გამისვამს ხაზი, თუ რა უდავო დამსახურება მიუძღვის ამ საქმეში ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს და თითოეულ თქვენგანს.
უმთავრესი პოზიტიური შედეგი ასეთი სტაბილურობისა ის არის, რომ 1995 წლის შემოდგომიდან დასაბამი მიეცა ჩვენი არასახელმწიფოებრივი ყოფის დასასრულს. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირველად გახდა შესაძლებელი საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო უმთავრესი პირობის - ხელისუფლებრივი, ანუ პოლიტიკურ ურეთიერთობათა აღდგენა.
მაგრამ ამგვარი პირობა თავისთავად შემდგომ წინსვლას როდი განაპირობებს კრიმინოგენური სტაბილურობა იმ ფარგლებში, რომლებშიც ჩვენ იგი გვაქვს, შესაძლებელია ნებისმიერ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, დიქტატორულ სისტემაშიც. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს არის ძალოვანი სტრუქტურების უმთავრესი და უპირველესი დანიშნულება.
ამოცანა კი, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, გულისხმობს კრიმინოგენურ სტაბილურობამდე მისვლას, პოლიტიკურად სტაბილური დემოკრატიული საზოგადოების არსებობის უზრუნველყოფას.
ლაპარაკია კრიმინოგენურისა და პოლიტიკურის გამიჯვნისა და, ამავე დროს, ურთიერთგანპირობებულობის უაღრესად რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის არა მარტო გააზრებაზე, არამედ მის პრაქტიკულ სიბრტყეში გადაყვანაზე, ესე იგი, შესაბამისი კანონმდებლობის, უწყებების სტრუქტურული და ფუნქციური ტრანსფორმირების განხორციელებაზე.
კრიმინოგენურისა და პოლიტიკურის თანაფარდობის საკითხის სწორი გადაწყვეტა, ვფიქრობ, უნდა ემყარებოდეს უახლესი წარსულის ღრმა ანალიზს, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის და კონსტიტუციის მოთხოვნათა უპირობო, განუხრელ დაცვას.
თუ ჩვენი უახლესი წარსულის კრიმინალიზაციის მიზეზებს გავაანალიზებთ, უთუოდ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ კრიმინალის და თოფიანი ყაჩაღის რეჟიმი განაპირობა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ.
ვეცდები განვმარტო უკანასკნელი თემა.
ერთია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კეთილშობილური, ჭეშმარიტად ჰუმანური მიზნები და შინაარსი და მეორეა მათი განხორციელების ფორმები, სტრატეგია და ტაქტიკა. ამ უკანასკნელს პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და არსებითად ესაა სწორედ პოლიტიკა. ასე რომ არ იყოს, საკაცობრიო, თუნდაც ქართულ აზროვნებაში ისტორიულად უძველეს ეპოქებშიც კი შეიძლება იპოვოთ ჭეშმარიტად ჰუმანური და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ამსახველი იდეები. მაგრამ ისინი თავისთავად არ ხორციელდება და არც არასდროს არ განხორციელებულა, იდეათა რეალიზაციის გზები, ფორმები და საშუალებები არის სწორედ პოლიტიკა და ესაა მისი დანიშნულებაც.
ბოდიშს ვიხდი ამ თეორიული ჭეშმარიტების გამეორებისათვის, მაგრამ იგი საჭიროდ მივიჩნიე იმდენად, რამდენადაც ხელს შეუწყობს ჩემო შემდგომი მსჯელობის ზუსტ აღქმას.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე 90-იანი წლების დასაწყისში იდგა ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა: პირველი, საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლება და, მეორე, კომუნისტური რეჟიმის შეცვლა. ამიტომ ჰქონდა ჩვენს ეროვნულ მოძრაობას ანტიკომუნისტური შინაარსი. ამ ამოცანათა გადაწყვეტის სხვადასხვა გზა და ფორმა არსებობდა. მათ შორის, როგორც რეფორმისტული, ისე რევოლუციური. ნებსით, თუ უნებლიეთ, შეგნებულად, თუ შეუგნებლად ჩვენი მოძრაობა რევოლუციური გზით წარიმართა და ამას იმთავითვე დაჰყვა რევოლუციურობისათვის დამახასიათებელი როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ნიშნები. რევოლუცია, როგორც პოლიტიკური და სოციალური რეფორმის საშუალება, სისხლთან, მსხვერპლთან, ნგრევასთან, ანგარიშსწორებასთან და შურისძიებასთან არის დაკავშირებული. ასეთია კაცობრიობის ისტორიული გამოცდილების ვერდიქტი.
ამ რევოლუციური უარყოფის უმთავრესი ნეგატიური შედეგი იყო სახელმწიფოებრივი ვაკუუმი და კრიმინალური სამყაროს მომძლავრება. რევოლუციური გზა პოლიტიკური დესტაბილიზაციით ვლინდება. პოლიტიკური დესტაბილიზაცია კი არის კრიმინოგენური დესტაბილიზაციის უმთავრესი მიზეზი.
მე ძალიან ზოგადად ვეხები ამ საკითხებს, რადგან სულ უფრო ხშირად გაისმის ჩვენს საზოგადოებაში მოწოდება იმის შესახებ, რომ ზოგიერთ მოვლენას, რომელსაც ამ ბოლო წლებში ჰქონდა ადგილი, შევხედოთ ახლებურად, გავიაზროთ და სათანადო შეფასებებიც მივცეთ. არ მაქვს პრეტენზია, რომ ამომწურავი იყოს ჩემი შეფასება, მაგრამ საუბარი ამ საკითხზე, ალბათ, უნდა დავიწყოთ.
არჩეული გზის გამო ქვეყანამ გამოიარა უდიდესი ტანჯვა, მაგრამ გაცილებით მოკლე დროში შეძლო აუარებელი სირთულისა და წინააღმდეგობის დაძლევა და განვითარების ცივილიზებულ გზაზე გადასვლა. ამაში ვხედავ განვლილი გზის პოზიტიურ შედეგს.
ვფიქრობ, ზემონათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება განისაზღვროს პოლიტიკური სტაბილურობის არსიც, მიზნებიც და ამოცანებიც. პოლიტიკური სტაბილურობა არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის მდგრადობისათვის საჭირო პირობათა საყოველთაო და უპირობო დაცვა.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ პლურალიზმზე უარის თქმას, მაგრამ იგი არც იმას ნიშნავს, რომ პლურალიზმი ვაქციოთ დესტაბილიზაციის, სისტემის ნგრევის საშუალებად. პოლიტიკურ პლურალიზმი უნდა იყოს დემოკრატიული განვითარების, პოლიტიკური სტაბილურობის უმთავრესი გარანტი, მაგრამ მხოლოდ კონსტიტუციისა და მისგან გამომდინარე, კანონების მკაცრი დაცვით.
ამ კანონების დაცვა სამართალდაცვის ორგანოების უპირველესი ამოცანაა, ხოლო მისი აღსრულება - მოქალაქეთა, პოლიტიკურ ძალთა უპირველესი მოვალეობა. თუ ეს არ იქნება, არ იქნება პოლიტიკური კულტურაც, ურომლისოდაც, საერთოდ შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების მშენერბლობა.
პოლიტიკური სტაბილურობის მიზანია სისტემის დაცვა ნგრევისაგან, ეს არის ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სტაბილური ცხოვრების უზრუნველყოფა, მათი დაცვა იმ საშინელებისაგან, რომელიც ჩვენ უკვე გამოვიარეთ. შეიძლება იცვლებოდეს ხელისუფლება - ეს დემოკრატიის ჩვეულებრივი ნორმაა, მაგრამ პოლიტიკური ცვლილებები არ უნდა გახდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების დესტაბილიზაციის, მოსახლეობის უბედურების საფუძველი. ჩვენი ცხოვრების ამგვარი მდგრადობის დაცვა კი, ვიმეორებ, არის ძალოვანი სტრუქტურების, კერძოდ უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების უპირველესი და უმთავრესი ფუნქცია. ამგვარი ფუნქციის სრულყოფილი განხორციელება გულისხმობს სამართალდაცვის ორგანოების დეპოლიტიზაციას არა ფორმალურს, არა დროებითს, არამედ რეალურსა და მუდმივს.
პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმირების უპირველესი პირობაა. იგი არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ბოლომდე მიყვანის საშუალება, არამედ დემოკრატიული, პოლიტიკური ცხოვრების ნორმაცაა. სხვაგვარად ვერ შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას - ჭეშმარიტად თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანის აშენებას.
ამ ახალ პირობებში სამართალდაცვის ორგანოების ფუნქცია თავისი დანიშნულებით გაცილებით მეტია, ვიდრე მარტოოდენ კრიმინოგენური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ახალ მოთხოვნათა შესაბამისად უნდა განხორციელდეს სამართალდაცვის სისტემისდ არა მარტო სტრუქტურული ტრანსფორმირება, არამედ ახალი პროფესიული ცნობიერების ჩამოყალიბებაც.
თავისი სტრუქტურული და ფუნქციური დანიშნულებით სამართალდაცვის ორგანოები უნდა უზრუნველყოფდნენ დემოკრატიისა და პიროვნების რეალური თავისუფლების კანონიერ ხორცშესხმას. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი ან პოლიტიკური ლიდერისადმი სიმპათია-ანტიპათია არის ყოველი თქვენგანის პიროვნული უფლება, მაგრამ არა პროფესიული ფუნქციის განხორციელების საფუძველი და მოტივი. ჩვენი უზენაესი დანიშნულებაა დავიცვათ პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ნებისმიერი ფაქტორისაგან, რომელიც ხელს უშლის ან საფრთხეს უქმნის ქვეყნის ნორმალურ, კონსტიტუციურ არსებობას და ფუნქციონირებას.
ახლა კი ნება მიბოძეთ მოკლედ შევეხო რამდენიმე კონკრეტულ საკითხს.
პირველი - ძალიან მოკლედ ამ მოვლენის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. თავისუფალი პრესის რედაქციათა ტელეფონების უკანომო მოსმენის ბრალდებას ბატონ შოთა კვირაიას გადადგომა მოჰყვა. ეს არის სახელმწიფო მოხელისა და მოღვაწის კეთილგონიერებისა და სიბრძნის ნიმუში. არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების გაზიარება, რადგან კრიმინოგენური სიტუაციის სტაბილიზაციის საქმეში, როგორც არაერთხელ აღინიშნა პარლამენტში და რაზეც მეც ვრცლად ვისაუბრე, გამოკვეთილია ბატონ შოთა კვირაიას განსაკუთრებული დამსახურება, რომლის დავიწყების მორალური უფლება არავის გვაქვს.
ადამიანების, მით უმეტეს, თანამებრძოლების მიმართ უმადური არ უნდა ვიყოთ. კარგიც უნდა დავიმახსოვროთ და ცუდისაგანაც გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ამ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. მომხდარი ფაქტის საბოლოო შეფასებისაგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გამოძიების დამთავრების შემდეგ ვაპირებ შევხვდე უშიშროების სამინისტროს კოლექტივს. დამოუკიდებელ საქართველოს ძალზე სჭირდება ეს სამსახური. ჩვენ ყოველნაირად შევუწყობთ ხელს სამინისტროს ავტორიტეტის ამაღლებას, მაგრამ საქართველო ესწრაფვის ევროპულ სტანდარტებს და მისი საიდუმლო სამსახურიც ქვეყნის საერთო დემოკრატიულ-სამართლებრივი სივრცის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
აქ სწორად ითქვა იმის შესახებ, რომ თვითონ ამ ფაქტს გამართლება არ გააჩნია. სხვა სახელმწიფოში, ტოტალიტალური წყობის დროს, ეს სისტემა იყო. დღეს ეს საგანგაშო მოვლენაა ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას აშენებს. მაგრამ, ამავე დროს, ამ ე.წ. სრულიად საიდუმლო მასალების გადინება, გატანა, მე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემაში ღრმა კრიზისთან გვაქვს საქმე. ეს კრიზისი ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ. უნდა წავახალისოთ ის თანამშრომლები უშიშროებაშიც და სხვა სისტემებშიც (ასეთია დემოკრატიული სახელმწიფოს ცხოვრების წესი), რომლებიც ხედავენ დარღვევებს და თავის კოლექტივში აყენებენ ამ პრობლემებს იქ, იმ კედლებში. თუ მხარდაჭერას ვერ პოვებენ, რა თქმა უნდა, მაშინ უნდა მიმართონ საზოგადოებას. თუ ამ პრინციპს მხარს არ დავუჭერთ, არ გვექნება არანაირი უშიშროება და ასეთი უშიშროების სამსახური კი არავის სჭირდება.
მეორე - საქართველოს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სამართლიანად მიიჩნევენ მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოდელის შექმნას. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში ამ მხრივ უაღრესად შრომატევადი და სერიოზული მუშაობაა გასაწევი. ამასთან, გულწრფელად მივესალმები იმას, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შემუშავებისას, თვით უმწვავესი დებატების დროსაც კი, აქტიურად თანამშრომლობდნენ როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ისე საკუთრივ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სწორედ ამ კოორდინირებული თანამშრომლობის წყალობით შესაძლებელი გახდა კანონპროექტში ასახულიყო ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სახელმძღვანელო პრინციპები.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონმა სრულიად ახლებურად წარმოაჩინა სასამართლო ხელისუფლების დანიშნულება და ფუნქციები, და ამ ფუნქციების განხორციელებისათვის, კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის ამთავითვე გვმართებს სერიოზული ზრუნვა.
უწინარეს ყოვლისა, ეს შეეხება საქართველოს იუსტიციის საბჭოს ჩამოყალიბების საკითხებს, რომელიც კანონის თანახმად ჩემი სათათბირო ორგანო იქნება. უახლოეს მომავალში ახალი კანონის მიხედვით, მე გამოვცემ ბრძანებულებას იუსტიციის საბჭოს შექმნის შესახებ. შესაბამისად დაინიშნებიან და აირჩევიან იუსტიციის საბჭოს წევრები. ჩამოყალიბდება იუსტიციის საბჭოს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირების მატერიალურ და ორგანიზაციულ მხარეებს.
იუსტიციის საბჭოს, რომელიც თანაბარზომიერად დაკომპლექტდება სამივე ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, უთუოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება მოუწევს. თქვენ იცით, რომ კანონის შესაბამისად იუსტიციის საბჭომ უნდა შეიმუშაოს წინადადებანი სასამართლო რეფორმის განხორციელების შესახებ, შეარჩიოს მოსამართლეთა კანდიდატები, მოაწყოს საკვალიფიკაციო გამოცდები და შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ფაქტობრივად, იუსტიციის საბჭოზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შევძლებთ ამ კანონის ამოქმედებას და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას რეფორმათა იმ წრეში, რომელზეც დღეს მუშაობს ჩვენი სახელმწიფო, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ფაქიზად განსახორციელებელი რეფორმა გახლავთ.
კანონის უთუოდ საგულისხმო მომენტი არის, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომოურ რესპუბლიკებშიც შეიქმნება იუსტიციის საბჭოები, რომლებიც ცხრა-ცხრა წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. ავტონომოურ რესპუბლიკებში იუსტიციის საბჭოები გამართავენ კონკურსს მოსამართლეთა კანდიდატებისათვის, განსაზღვრავენ რაიონის მოსამართლეთა სპეციალიზაციას.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის საბჭომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი, ხოლო 1998 წლის 15 მარტისათვის უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების მოწყობა. ამ საქმესთან დაკავშირებით, მინდა ერთი მოსაზრება გაგიზიაროთ.
ბუნებრივია, ყოველგვარ რეფორმას ახლავს თავისი უარყოფითი მომენტები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სწორედ დადებითმა და პროგრესულმა იმპულსებმა უნდა იმძლავროს. მე მიმაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს დანიშნულებაც ეს იქნება - კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს ახალი სასამართლო სისტემის ქმედითობა და, მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ეს დამოუკიდებლობა დაემყარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკურსში გაიმარჯვებენ და შეირჩევიან განსაკუთრებული კრიტერიუმების შესაბამისად.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს აუცილებლად განხორციელდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნებიან ღირსეული რეპუტაციის მქონე პროფესიონალები, მაგრამ არც გამოცდილება და დამსახურება იქნება დაუფასებელი.
მომავალი წლის 1 მაისამდე, საქართველოს იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წარდგინების საფუძველზე მივიღებ გადაწყვეტილებას თითოეული კანდიდატის შესახებ. მთავარია არ დაირღვეს რეფორმის დინამიზმი, არ დავუშვათ შეცდომები და საფუძველშივე არ შევლახოთ ახალი სასამართლოს ღირსება და ავტორიტეტი.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით შეიქმნება ორი სააპელაციო სასამართლო - ქუთაისსა და თბილისში. გვექნება ახალი სისტემა რაიონული სასამართლოებისა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში შეიქმნება საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც შეასრულებს სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამუშაოებს, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მაინც დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევთ მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და გამგებლებს. მე ვთხოვ აჭარის, თბილისის, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს ხელი შეუწყონ სასამართლო რეფორმას და ყველა საშუალება გამოძებნონ იმისათვის, რომ სასამართლოებს შევუქმნათ ნორმალური მუშაობის პირობები.
კანონის დიდ ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო საქმიანობის ხარჯები გათვალისწინებული იქნება ცალკე მუხლით. საერთოდ, ამ კანონის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მიენიჭება.
კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროექტი, რომელიც სასამართლოების დასაფინანსებლად არის საჭირო, პრეზიდენტს წარედგინება იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს შესაბამისი დეპარტამენტის წინადადებათა საფუძველზე, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მონაწილეობით, მაგრამ, ვიდრე არ შექმნილა იუსტიციის საბჭო, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა.
მე ვთხოვ ფინანსთა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჭკუასელს, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილვალად შემოიტანოს ეს საკითხი.
უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში. მსოფლიო ბანკი გვპირდება გარკვეულ ფინანსურ დახმარებას. ამ დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის კოორდინაციის ფუნქციები სათანადოდ უნდა მოგვარდეს.
მოკლედ, ძალზე რთული და შრომატევადი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, რომელიც პრეზიდენტის, პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისევე, როგორც უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების მუდმივი ყურაღების ცენტრში უნდა იყოს.
ვაშინგტონში ვიზიტის დროს ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის წინაშე დავაყენე, გახლდათ სწორედ ის, რომ დაფინანსდეს პროგრამა, რომელმაც უნდა შეგვიწყოს ხელი სასამართლო რეფორმის განხორციელებაში. აქვე მინდა ვთქვა: შეიძლება ჩვენი ეს რეფორმა და უზარმაზარი პროგრამა ფიქციად იქცეს, თუ ვერ გამოვნახავთ სახსრებს იმისათვის, რომ მოსამართლეები ნორმალური ხელფასით იყვნენ უზრუნველყოფილნი. როგორც უნდა გვიჭირდეს მოსამართლე უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ის უნდა უფრთხილდებოდეს თავის ადგილს, სახელს, ავტორიტეტს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ.
მესამე - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შემდგომი გაღრმავების, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა უშუალოდ არის დაკავშირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომ გააქტიურებასთან. მართალია, ამ სფეროში გადამწყვეტი სიტყვა საკონონმდებლო ხელისუფლებას - პარლამენტს ეკუთვნის, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივისა და მიზანმიმართული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ხელშესახებ შედეგებზე ვიფიქროთ. ამიტომაა, რომ საკონონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები თითქმის თანაბრად ეწევიან ამ ჭაპანს, რის საშუალებასაც მათ შორის დამყარებული პოლიტიკური ბალანსი, თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის ატმოსფერო იძლევა.
მარტო მიმდინარე წელს საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღო 74 კანონი, რატიფიცირებულია 49 საერთაშორისო ხელშეკრულება და კონვენცია. აქედან, 38 ფუძემდებლური კანონი, ესე იგი, ნახევარზე მეტი, მომზადებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში და პარლამენტის მიერ მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით.
მათ შორისაა ისეთი ფუძემდებლური საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა: სამოქალაქო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, საზღვაო კოდექსი, განათლების კანონი, კულტურის კანონი და სხვ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებას, რომლის პროექტზე მუშაობას ავტორთა საკმაოდ ძლიერმა კოლექტივმა პროფესორ სერგო ჯორბენაძის ხელმძღვანელობით 4 წელიწადი შეალია, ხოლო პარლამენტმა მის განხილვას წელიწადზე მეტი დრო მოანდომა. სამოქალაქო კოდექსი, რომელიც 1520 მუხლისაგან შედგება, თავისი მნიშვნელობით კონსტიტუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, კერძო საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის, პიროვნების თავისუფლებებისათვის მტკიცე სამართლებრივი გარანტიების შექმნა, ახალ დონეზე აიყვანოს სამოქალაქო ცხოვრება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. ახლა საჭიროა ამ კოდექსის ამოქმედებამდე, ესე იგი, მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე, იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი იღონოს, რათა ახალი სამოქალაქო კოდექსი ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.
ძალიან მსიამოვნებს, რომ ბატონ თედო ნინიძეს, მაღალი რანგის იურისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, ძალიან კარგად და სწორედ ესმის იუსტიციის სამინისტროს როლი და ადგილი რეფორმირებულ სახელმწიფოში. პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 28 მაისს რატიფიცირებულია გაეროს 1988 წლის კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. ამ კონვენციის ძირითადი დებულებების გათვალისწინებით მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ამ დღეებში გადაეცემა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საშემოდგომო სესიაზე დასრულდება ახალი სისხლის სამართლის კოდექსის განხილვა და მიღება, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ წელს ნარკომანიის - ამ მეტად საშიში სოციალური სენის დასაძლევად სათანადო საკანონმდებლო ბაზა იქნება შექმნილი.
დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით მიმდინარე წელს მიღებული იქნა კანონები, რომლებითაც ორმოცდაათამდე ცვლილება და დამატება შვიდა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლიერებით მინდა აღვნიშნო კანონშემოქმედებით საქმიანობაში საპარლამენტო კომიტეტების, მთლიანად პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანიას აქტიური მუშაობა.
მეოთხე - აქვე მსურს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროს განეკუთვნება. ეს არის კონსტიტუციური კონტროლის, როგორც სასამართლო ხელისუფლების უაღრესად საგულისხმო ფუნქციის საკითხი.
უკვე ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოქმედდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც იხილავს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს. ამასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ერთი ძალიან საინტერესო ტენდანცია.
საქმე ის არის, რომ ინტენსიური კანონშემოქმედებითი პროცესის პარალელურად მიმდინარეობს ნორმატიული მასივის, ეგრეთ წოდებული, „კონსტიტუციური წმენდა“. კანონ-შემოქმედებითი პროცესი, მით უმეტეს, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ერთგვარი თავისებურებით გამოირჩევა და ამ თავისებურებას განაპირობებს სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების აუცილებლობა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ.
ამ რეფორმების ტემპი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები სასწრაფო და კარდინალურ საკანონმდებლო რეაგირებას მოითხოვენ. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვერ გაართვეს თავი ამ მოთხოვნებს, რამაც სამართლებრივი ქაოსის საშიშროება შექმნა, ამან კი გამოიწვია ეკონომიკური ურთიერთობების არასწორი რეგლამენტაცია, ძველი და ახალი კანონების შეუთავსებლობა. მიმაჩნია, რომ საქართველოში ასეთი საშიშროება არ არსებობს, რადგან ამის გარანტი არის კონსტიტუცია.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისა არის ის, რომ საქართველოში დამკვიდრდა რწმენა კონსტიტუციისა, მისი უზენაესობისა. ეს უკავშირდება ადამიანის უფლებების პრობლემას, ჩვენმა მოქალაქემ იცის, რომ თუ სადმე ვერ მიაღწია სამართალს, თუ ხელყოფილია მისი კანონიერი ინტერესები, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლებები. მიმაჩნია, რომ ეს შეუქცევად პროცესად იქცევა.
შორიდან ვადევნებ თვალყურს და ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განცხადებების დიდი ნაკადი შედის მთელი რიგი აქტების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოვა დრო, ჩვენში დაიხვეწება ეს კულტურა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ყველა ორგანიზაციის, სამინისტროების, უწყებების საქმიანობა და ნაკლები ექნება დატვირთვა საკონსტიტუციო სასამართლოს.
მეხუთე - ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ.
1997 წელი ანტიკორუფციული პოლიტიკის დასაწყისად გამოცხადდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და წარმოიშვა მუშაობის შეფასების აუცილებლობა.
მოკლედ შევეხოთ ანტიკორუფციული პოლიტიკის არსს, თუ რით გამოიხატება ამგვარი პოლიტიკის შინაარსი. ამ საჭიროებას განაპირობებს ის, რომ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა გაგებული იქნა მხოლოდ პიროვნებათა წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. ყოველ შემთხვევაში, პრესის ანალიზი ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა. პრიმიტიული მიდგომა ჭარბობს ამ პრობლემებზე მუშაობისას.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შორს ვართ ანტიკორუფციული პოლიტიკის ამგვარი გაგებისაგან.
ქვეყნის საერთო მდგომარეობის ანალიზმა, კორუფციის მასშტაბისა და საფუძვლების შესწავლამ განსაზღვრა ანტიკორუფციული პოლიტიკის არსი და მიზნები.
მასში უმთავრესია კორუფციის მიზეზების ეტაპობრივი ლიკვიდაცია და არა შედეგების, ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლის მარტივი კამპანია.
თუმცა, ვერც ამას ავცდებით - ჩვენ ბრძოლა უკვე დავიწყეთ, და ბუნებრივია, წავაწყდებით ცალკეულ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც უგულვებელყოფენ კონსტიტუციას, უგულვებელყოფენ კანონებს. კამპანიური მიდგომის ეტაპი ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გაიარა. თუ ჩვენ ამას მაინც ვიზამთ, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების გარეგნული ეფექტის შექმნა.
ანტიკორუფციული პოლიტიკა გულისხმობს კორუფციის სოციალურ-ეკონომიკური, ბიუროკრატიული და ფსიქოლოგიური მიზეზების ლიკვიდაციას. იგი დროში ხანგრძლივი იქნება და არა კამპანიური, რადგან ხანგრძლივია მთელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების დემოკრატიულ საწყისებზე გადაყვანის პროცესი, ახალი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულნი, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირნი, ჩვენი მხედველობის გარეთ რჩებიან.
ლაპარაკია ანტიკორუფციული პოლიტიკის კომპლექსურობასა და ეტაპობრიობაზე. ამჟამად უპირველესი ამოცანაა მოჯადოებული წრიდან გასვლა, რომელსაც სუსტი ეკონომიკა ცხოვრების დაბალი დონე და სუსტი ბიუჯეტი განაპირობებს. მოძრაობა ამ მოჯადოებული წრიდან გასვლისათვის დაწყებულია.
ვგულისხმობ შემდეგს:
- განხორციელდა კორუფციის ობიექტების გამოვლენა და ლოკალიზება. ეს საწყისი ეტაპის მნიშვნელოვან და საჭირო საქმედ გვესახება. ამის შედეგია ის, რომ შემცირდა ქონების მითვისების და იოლი გზით გამდიდრების შეუზღუდავი და განუკითხავი შესაძლებლობები, რომელიც სახელმწიფოს გაპარტახებასა და მოსახლეობის გაჩანაგებას იწვევდა.
თუ ანტიკორუფციული პოლიტიკის შედეგებს გავადევნებთ თვალს, არ შეიძლება არ დავინახოთ სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები, რომელთა მიზანია კორუფციის ბიუროკრატიული მიზეზების აღმოფხვრა. ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე კანონის უწინარეს ყოვლისა კი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ (რომელიც პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულია), სახელმწიფო მოხელისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონთა მიღებას. პრეზიდენტის დავალებით მიმდინარეობს უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ყოველი კანონპროექტის ანტიკორუფციული ფილტრაცია და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
სწორედ ირაციონალური ბიუროკრატია რჩება კორუფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად. უწყებებსა და სახელმწიფო ორგანოებში ჭარბობს სტრუქტურულ ცვლილებათა გარეგნულობა, მოჩვენებითობა. საკმარისი იყო გამომეცხადებინა ანტიკორუფციული პოლიტიკა, რომ ლამის ყველა უწყებამ საკუთარი ანტიკორუფციული განყოფილება შექმნა. ეს ცუდი არ არის, თუ შედეგს მოიტანს, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს.
ფორმალიზმამდე დავიდა კადრების შემცირების საკითხი, სტიქიურად ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები. ჩვენი ამოცანაა ტლანქი და ხარჯიანი ბიუროკრატიის გარდაქმნა. ცვლილება უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს - ეკონომიკა, თითოეული მოქალაქე და მთლიანად საზოგადოება გათავისუფლდეს ბიუროკრატიული მარწუხებისაგან.
აქვე მინდა აღვნიშნო კორუფციასთან ბრძოლაში შესაბამისი საპარლამენტო კომისიის ეფექტიანი მუშაობა, რომელსაც ბატონი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობს.
ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრია ხმაური, ზოგჯერ სწორად აფასებენ, ზოგჯერ გაღიზიანებულები არიან, მაგრამ თითონ თემა და საგანია ასეთი, რომელმაც შეუძლებელია არ გამოიწვიოს სერიოზული წინააღმდეგობები.
როგორ ვებრძოლოთ კორუფციას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მთავრობაში, როგორ ვებრძოლოთ კორუფციას სასამართლო სისტემაში, როგორ გამოვავლინოთ კორუმპირებულები პარლამენტში? კორუფციის დაძლევისათვის ბრძოლა მეცნიერულ მეთოდოლოგიას და მსოფლიოში აპრობირებულ ფორმებს უნდა ეყრდნობოდეს. ვხემძღვანელობდი რა ამ დებულებით, მე თხოვნით მივმართე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დააფინანსოს საქართველოში ასეთი მეცნიერული პროგრამის დამუშავება. ამის მაგალითი უკვე არსებობს ლიტვაში, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
პროგრამის დაფინანსება საშუალებას მოგვცემს ჩავებათ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოძრაობაში.
ჩემი შენიშვნა ის არის, რომ საჭიროა უფრო ფუნდამენტური, არსებითი, მეცნიერული მიდგომა, რათა დავძლიოთ ეს სენი და მომავალ თაობებს შედარებით ჯანსაღი საზოგადოება დავუტოვოთ.
მეექვსე - ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყანაში უნდა გახდეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. პარლამენტმა მიიღო კანონი სახალხო დამცველის შესახებ და დააჩქარებს სახალხო დამცველის კანდიტატურის დამტკიცებას; გაუქმდა „ჩაწერების ინსტიტუტი“, სახელმწიფომ ღონისძიებები განახორციელა ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის, მათი კულტურისა და ენის განვითარების გარანტიების შესაქმნელად.
ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობაში საჭიროა, რომ ისინი ჩავაბათ მთელ ჩვენს საქმიანობაში - საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ისინი წარმოდგენილნი უნდა იყვნენ მთავრობაში, სამინისტროებში, პარლამენტში, თუ გვინდა, რომ ისინი პატრიოტებად და საქართველოს მოქალაქეებად თვლიდნენ თავს. ყოველივე ეს პოზიტიურად შეაფასდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილეს საქართველოს პირველადი მოხსენება.
სამწუხაროდ ჯერ კიდევ მრავალი საჩივარია წინასწარი დაკავების სტადიაზე ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გამო. ვავალებ, მოვითხოვ შესაბამისი მინისტრისა და პროკურორისაგან: ბოლო მოეღოს უცხოელი თუ ჩვენი მოქალაქეების საჩივარს იმის შესახებ, რომ წინასწარი დაკავების საკნებში ირღვევა კანონიერება. მძიმე მდგომარეობაა სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში. ეს ახალი ბიუჯეტის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ. პატიმრებისათვის არ არის შექმნილი სათანადო პირობები. მოუგვარებელია მიუსაფარ და უზედამხედველოდ დარჩენილ ბავშვთა მდგომარეობა. ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა.
1997 წლის 18 აპრილს მე შემოვიღე ახალი თანამდებობა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. 1997 წლის 12 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ და დავამტკიცეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა განყოფილების დებულება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ფართო უფლებამოსილებანი მივანიჭე, მოვახდინე პრეზიდენტის უფლებამოსილებათა დელეგირება და ამ ახალმა სტრუქტურამ უკვე სერიოზული მუშაობა დაიწყო.
1997 წლის 1 ივნისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“. ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებათა შემუშავების მიზნით შეიქმნა საუწყებათაშორისო კომისია.
ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალბატონ რუსუდან ბერიძეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები ჩემს კონტროლს დაექვემდებარება.
ამავე დროს ადამიანის უფლება რომ დავიცვათ, უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფო მოხელის, პოლიციელის, პარლამენტარის, გამომძიებლის უფლებათა სწორი გაგება, ამ უფლებათა დაცვა.
მე კარგად ვიცნობ დასავლეთის კლასიკური დემოკრატიის ქვეყნების პრაქტიკას. იქ პოლიციელი სასტიკად ისჯება, თუ მან უფლებას გადააჭარბა, მაგრამ პოლიციელმა კარგად იცის, რომ მთელი საზოგადოება აღდგება მის დასაცავად, თუ მის უფლებებს ხელყოფენ, ან მის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე.
სახელმწიფო მოხელის, პოლიციელის, პარლამენტარის, მოსამართლის, ადვოკატის, ფუნქციათა აღრევა საყოველთაო ქაოსამდე მიგვიყვანს, თუ დროულად არ დავამყარებთ წესრიგს.
თქვენ უკვე იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი წაკითხვით უკვე მიიღო ახალი სისხლის სამართლის კოდექსი. კოდექსის თანახმად, ყველა იმ მუხლზე, რომლებიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, ახლა შემოდის ახალი სასჯელი - უვადო პატიმრობა.
საქართველომ, რომელიც დაეყრდნო ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის საუკუნოვან ტრადიციებს, დაადგა დემოკრატიის გზას - უარი თქვა სიკვდილით დასჯაზე.
ბუნებრივია დაისვა კითხვა, როგორ გადაწყდეს იმ სიკვდილმისჯილთა ბედი, რომელთაც უკვე მისჯილი აქვთ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა.
გაიმართა კონსულტაციები და მივედით დასკვნამდე, რომ რადგან უარი ვთქვით სიკვდილით დასჯაზე მათ მიმართ ვეღარ გამოვიყენებთ სასჯელის ამ ზომას, მაგრამ ამ პირებისათვის უვადო პატიმრობის სასჯელის გამოყენებაც არ შეიძლება, რადგან პირს არ შეიძლება შეეფარდოს ის სასჯელი, რომელიც არ არსებობდა, როცა დანაშაული ჩაიდინა.
არჩევანი ასეთი იყო: ან სიკვდილით დასჯა და ეს შესაბამის სტრუქტურებს სისრულეში უნდა მოეყვანათ, ან თავისუფლების ოცი წლით აღკვეთა.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის ო) პუნქტი პრეზიდენტს ანიჭებს მსჯავრდებულის შეწყალების უფლებას. მე ეს უფლება მინდა გამოვიყენო და ორმოცდათოთხმეტ სიკვდილით მსჯავრდებულს სიკვდილით დასჯა შევუცვალო 20 წლის თავისუფლების აღკვეთით.
მე მესმის ამ მსჯავრდებულთა მიერ გაუბედურებული ოჯახების ტკივილი, მაგრამ მჯერა, რომ მათ სულგრძელობა ეყოფათ და ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს სწორად გაიგებენ.
მეშვიდე - დღეს ჩვენ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ზურაბ მეფარიშვილის ინფორმაცია.
სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობის დონის ამაღლებისათვის უმნიშვნელოვანესია ჯარების პირადი შემადგენლობით ხარისხიანი დაკომპლექტება.
როგორც საგაზაფხულო გაწვევის შედეგები გვიჩვენებს, საქართველოს სამხედრო კომისარიატების ძირითადმა ნაწილმა შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმა-დავალება.
სამხედრო შენაერთები დაკომპლექტდებიან ფიზიკურად ჯანსაღი და პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით.
გაიმართა წვევამდელთა რესპუბლიკური სპარტაკიადა. განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყვეს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობას.
ახალგაზრდების გაწვევის, სამხედრო ძალების ხარისხიანად დაკომპლექტების საქმეში ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი. ბევრი აქვთ გასაკეთებელი თავდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების სამინისტროს.
მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ასევე ორგანიზებულად მოეწყობა საშემოდგომო გაწვევაც, რომელიც ოქტომბერში დაიწყება.
და ბოლოს, ტრადიციისამებრ, ძალიან მოკლედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ.
მე ამ საკითხზე არ შევჩერდებოდი, მაგრამ მივიღე წერილი, რომელშიც მთხოვენ განვმარტო სამართალდამცავი ორგანოების მიერ რა ხასიათის რეაგირებაა საჭირო, როდესაც ერთ-ერთი გაზეთი წერს, თითქოს ვახტანგ ესვანჯიამ (საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და მეც ვიცნობ) უდედმამო ბავშვები საზღვარგარეთ დაარიგა. წერილში ნათქვამია, რომ ეს შემზარავი ტყუილია და რომ ესვანჯია ღირსეული პიროვნებაა და ერთგული მამულიშვილია. წერილის ავტორები წერენ, რომ პრობლემა სერიოზულია და მასმედიის როლს ეხება, მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის დამღუპველია.
მე პირადად მაქვს შეხება ამ თემასთან, შარშან ლტოლვილი ბავშვები გავაგზავნეთ იტალიაში. ისინი 2-3 თვე იტალიელთა ოჯახებში ისვენებდნენ, გამოჯანსაღდნენ. ეს იყო 200-ზე მეტი ბავშვი. ისინი იქედან ბედნიერები დაბრუნდნენ. წელს ისევ მომმართეს თხოვნით, მათ შორის ბატონმა ვახტანგმაც. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ უშიშროების საბჭოზე და გადავწყვიტეთ გამოგვეყო თანხები გზის ხარჯების ასანაზ- ღაურებლად. ეს ომში დაღუპულთა შვილები არიან. წელს 300 ბავშვი გავაგზავნეთ. იტალიის პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა განმიცხადეს, რომ ამაყობენ თავიანთი წვლილით აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაში.
ვახტანგს 40 წელია ვიცნობ. იგი დაკავშირებული იყო პარტიზანული მოძრაობის გმირებთან, მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ქალაქების დაძმობილებაში და ვერ წარმოვიდგენ, რომ მას ბავშვები დაეყიდა ან მსგავსი რამ გაეკეთებინა.
ალბათ თვითონ ის გაზეთი გაერკვევა. თუ მართლაც კონკრეტული ფაქტი არსებობს, ამ საქმეში დანდობა არ უნდა იყოს, მაგრამ მე არ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა უღალატოს თავის თავს და თავის ხალხს.
ერთიანი სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ენიჭება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. მადლიერებთ უნდა აღვნიშნო კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში საქართველოს ტელერადიოკორპორაციის აქტიური შემოქმედებითი მუშაობა.
ბოლო ხანებში საქართველოს თავისუფალ პრესაში სახელმწიფოებრივი აზროვნება, პრინციპული საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის ტენდენცია გამოიკვეთა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მასმედიის ცალკეულმა წარმომადგენელმა ვერ მოიცილა პროვინციონალიზმის სენი. ამის გამო ძალიან მწყდება გული. ვხედავ როგორ იზრდება და ფორმირდება ჭეშმარიტად თავისუფალი პრესა, მაგრამ ეს სენი, რომელსაც მე პროვინციონალიზმს დავარქმევ, მაინც ვერ მოვიცილეთ.
ამ სამი დღის წინ შევხვდი სხვადასხვა ტელეკომპანიებისსა და გაზეთების ჟურნალისტთა დიდ ჯგუფს. მქონდა დახურული შეხვედრა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქტორთა ჯგუფთან. ესენი არიან თანამედროვე ჟურნალისტიკის გრანდები. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ვცოდავთ, რომ ჩვენს ჟურნალისტებს ვერ ვაძლევთ მათთან კონტაქტის საშუალებას. ეს იყო უმაღლესი კვალიფიკაციის შეკითხვები. მათთან კამათი და საუბარი ჩემთვისაც კარგი სკოლა იყო.
ჩვენი თავისუფალი პრესა მართლაც დიდი მონაპოვარია, მაგრამ მე მეტის სურვილს გამოვთქვამ, იმიტომ რომ მინდა გაცილებით უფრო პროფესიული, სერიოზული იყოს თქვენი კრიტიკული შენიშვნები. მიმაჩნია, რომ ჩვენ მართლაც საინტერესო გზით მივდივართ. ვინც ამერიკაში მახლდა, დამიდასტურებს როგორი წარმოდგენა შეიქმნა საქართველოზე, თუ წინათ ერთ კაცზე იყო ლაპარაკი, ახლა საქართველოს ფენომენზე, მის უნიკალურ მდებარეობაზეა ლაპარაკი, რომ მან მოახერხა განსაცვიფრებელი წარმატების მოპოვება დემოკრატიულ მშენებლობაში. ამის პირველი ნიშანია თავისუფალი პრესა, მაგრამ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი.
მინდა ჩემი გამოსვლა დავამთავრო იმით, რომ ყველამ გარკვეული კმაყოფილება მივიღეთ დღევანდელი საქმიანი და სერიოზული განხილვით. პროგრამა ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, ბრძანებულება ჩვენი მსჯელობის და დისკუსიის ადეკვატური ანარეკლი იქნება.
მინდა გისურვოთ წარმატება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმირების უპირველესი პირობა, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საშუალება და დემოკრატიული ცხოვრების ნორმაა; სხვაგვარად ვერ ავაშენებთ ჭეშმარიტად თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 ივლისი. - №177 (2550). - 1,2,3 გვ.
![]() |
88 „ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა და დასაბამი მისცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპს, უფრო მასშტაბურს და, შეიძლება ითქვას, - ყოვლისმომცველს“ |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ცნობილია, 16-21 ივლისს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გამართა პრესკონფერენცია ვიზიტების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.
[...]
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო იმ პოლიტიკური, მატერიალური და მორალური დახმარების მნიშვნელობა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებისაგან მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია, მატერიალური გამოხატულებით ამ დახმარებამ 400 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამერიკის მთავრობის, ხალხის ამგვარი გულისხმიერი დამოკიდებულების შედეგია ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა, დავადექით დემოკრატიული საზოგადოების და საბაზრო ურთიერთობების მშენებლობის გზას. ჩვენში მიმდინარე სასიკეთო გარდაქმნების ტემპები, მასშტაბები და შინაარსი მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, საერთაშორისო საფინანსო ცენტრებს აძლევს საშუალებას საქართველო ღირსეული გარდაქმნების თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყნად მიიჩნიონ.
[...] უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ კლინტონთან შეხვედრა. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- ალბათ კომენტარს არ საჭიროებს მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოს პირველი პირის მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების დარგში მიღწეული წარმატებების მაღალი შეფასება. მან განსაცვიფრებელი უწოდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიზაციისა და საბაზრო ურთიერთობების მშენებლობის გზაზე მიღწეულ შედეგებს. მნიშვნელოვანწილად ამ წარმატებებმა განსაზღვრა მომავალ საფინანსო წელს საქართველოსადმი აშშ მთავრობის დახმარების 100 მლნ დოლარამდე გაზრდის თაობაზე საშუალედო გადაწყვეტილების მიღება, რასაც პრეზიდენტმა კლინტონმა მხარი დაუჭირა. მან კმაყოფილება გამოთქვა, იმ ძალისხმევის გამო, რასაც საქართველო მიმართავს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის მიზნით. კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივას“ და აღნიშნა, რომ ევრაზიის დერეფნის ასეთი სწრაფი განვითარება საქართველოს ინიციატივებთან არის დაკავშირებული...
[...] პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ აქცენტი ენერგეტიკაზე უნდა გააკეთოს.
- ჩვენ თითქმის ამოუწურავი ჰიდრორესურსები, საკუთარი, თუ სატრანზიტო ენერგოშემცველები გვაძლევს საშუალებას, შევიმუშაოთ რეგიონული თუ საერთაშორისო მასშტაბის ენერგეტიკული პროგრამა, უფრო შთამბეჭდავი ვიდრე დღეს გვაქვს, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები და ინვესტორები დაუჭერენ მხარს...
- ეს არის ძალზე ეფექტიანი ინვესტირება დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. სხვადასხვა ქვეყნების, კერძოდ ამერიკის ასეთი ინვესტიციების წყალობით მოხერხდა ის, რომ პლანეტას, სახელმწიფოთა თანამეგობრობას კიდევ ერთი ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო შეემატა...
პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივის გაფართოება:
- დღემდე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, ძირითადად, ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობოსათვის“ ფარგლებში ხდებოდა. ეს თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. ამავე დროს, ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმებით „მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისა და თავდაცვისა და სამხედრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“ შეიძლება ითქვას საფუძველი ეყრება ორმხრივ ურთიერთობას, რაც განსაკუთრებული ურთიერთნდობის გამომხატველია.
სასაზღვრო ჯარების და სანაპიროს დაცვის სამსახურის მშენებლობა დღეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. აშშ აქტიურად გვეხმარება აღნიშნულ სფეროში, ხოლო პენტაგონში შეხვედრისას გადაწყდა თანამშრომლობის არსებული დონის გაზრდა. საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირების მიმართ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველო ამ ორგანიზაციაში ამჟამად დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს, ხოლო სრულუფლებიან წევრად გახდომა ახლო მომავლის საქმეა. ყოველივე ამაში დიდია ამერიკელი ექსპერტების და იმ მხარდაჭერის წვლილი, რასაც ამერიკელი კოლეგები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვიწევენ. მათ აღნიშნეს, რომ რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ეს ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს...
[...] პრეზიდენტი შეეხო გაეროში შეხვედრებს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემების შესახებ. მან თქვა:
- კონფლიქტის მოწესრიგების ირგვლივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აღნიშნული შეხვედრების მიზანი სამშვიდობო პროცესის ახლაბურად გააზრების, ახალი მიდგომების თაობაზე საქართველოს ხედვის, წინადადების წარდგენისა და ამ საკითხებზე პარტნიორების მხრიდან პოზიციების განსაზღვრა იყო. აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის პოლიტიკური ფონი, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ტაჯიკეთში, ყარაბაღში კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით მეტ-ნაკლები პროგრესის შედეგად შეიქმნა. ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე, გარკვეული წინსვლა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაში, რაც სამშვიდობო პროცესში უკრაინის აქტიურმა ჩართვამ განაპირობა. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ გაეროში შეხვედრები ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე შედგა და მნიშვნელოვნად იქნა განპირობებული ამერიკელ კოლეგებთან საუბრების შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კოფი ანანი რამდენიმე თვეა რაც ხელმძღვანელობს გაეროს, იგი უაღრესად გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწეა. ...სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების მიმართულებით. უფრო მეტიც - ვითარება უფრო დამძიმდა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მარტო აფხაზეთში, არამედ რუსეთის სამხრეთ რეგიონებშიც. მიუხედავად დიპლომატიური აქტიურობისა, რომლის შედეგად მიღებული იქნა გაეროს 17-მდე რეზოლუცია, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ფორუმების დოკუმენტები, პირველ რიგში ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრებზე, სადაც დაგმობილია აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდა და სხვა დანაშაულები, პროგრესი მაინც არ ჩანს... ასეთ ვითარებაში აუცილებელი ხდება კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში სერიოზული კორექტივების შეტანა, კერძოდ:
1. კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო პროცესს საფუძვლად აფხაზეთის სტატუსის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული პრინციპი უნდა დაედოს.
2. ლტოლვილების შეუფერხებელი მასობრივი დაბრუნების მიზნით აუცილებელია განხორციელდეს გაეროს კლასიკური ფართომასშტაბიანი მრავალეროვანი ოპერაცია შესაბამისი დაფინანსებითა და სხვა ატრიბუტებით.
3 კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში განხილული უნდა იქნას აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების, ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარების, მოსახლეობის რეაბილიტაციის საკითხები, ანუ ის ფაქტორები, რაც დამატებითი სტიმული უნდა გახდეს კონფლიქტის მოგვარების გზაზე. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საშური იქნებოდა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფარგლებში ქართველების და აფხაზების თანცხოვრების და რეგიონის განვითარების თაობაზე ყოვლისმომცველი პროგრამის შემუშავება.
4. გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად უნდა წარმართოს საქმიანობა ტერიტორიის განაღმვის მიმართულებით.
5. სეპარატისტული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის აღკვეთისათვის უნდა გააქტიურდეს ამ მიზნით შექმნილი ბიურო სოხუმში, ხოლო მის დასკვნებს და რეკომენდაციებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური, სამართლებრივი და სხვა ხასიათის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა.
6. აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას გაერომ პრინციპული და არაორაზროვანი შეფასება უნდა მისცეს. გაეროს მიერ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების ცნობა სეპარატისტებს „გაჯიუტების“ საშუალებას არ მისცემს. ხოლო თუ ისინი მაინც არ გამოიჩენენ კომპრომისისაკენ სწრაფვას, უნდა იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში წარდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მიზნით არსებობს ძალდატანების ინსტრუმენტებიც. საბჭოს აქვს ასეთი ინსტრუმენტები და იძულების საშუალებები, რომელიც გაეროს წესდებაშია გათვალისწინებული.
7. გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივა კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით მოლაპარაკებების ჟენევის პროცესის აღდგენის თაობაზე უდაოდ მისასალმებელია და მხარს ვუჭერთ. ამავე დროს გვსურს გაერო ამ პროცესის სათავეში ვიხილოთ და არა მისგან, ასე ვთქვათ, „გარიყული“, როგორც ეს დღემდე იყო.
[...] ედუარდ შევარდნაძემ კომენტარი გაუკეთა პარტიზანულ მოძრაობას:
- გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას განვაცხადე, რომ თუ არ მოგვარდა კონფლიქტი, გაჩნდება ახალი ელემენტი, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე დავეხმარებით პარტიზანულ მოძრაობას თუ არა. ამასთან, პარტიზანული მოძრაობა დიდ პრობლემებს შექმნის მშვიდობის დამყარებისათვის და გამოიწვევს არასტაბილურობის გაფართოებას თვით რუსეთის სამხრეთის საზღვრების ჩათვლით. მაგრამ იმ ადამიანის მოთმინება, რომლებსაც დაბრუნება სურთ, ამოუწურავი არ არის. თუ კონფლიქტის მოწესრიგება გაჭიანურდება, მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ. ამას არც საქართველოს მთავრობა და არც მე პირადად არ ვიზიარებთ, მაგრამ პარტიზანულ მოძრაობას, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ვერაფერი შეაჩერებს...
[...]
„ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა და დასაბამი მისცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპს, უფრო მასშტაბურს და, შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 ივლისი. - №178 (2551). - 1,2 გვ.
![]() |
89 „აფხაზეთში კონფლიქტის პრობლემა მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე არ არის, იგი სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო პრობლემაა და მისი ინტერნაციონალიზაცია სავსებით მიზანშეწონილი და გამართლებულია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
28 ივლისის რადიოინტერვიუ
განვლილი კვირა ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი მეორე სამუშაო ვიზიტის კვირა იყო. ამის შესახებ თქვენ დაწვრილებით ისაუბრეთ პრესკონფერენციაზე. ეს მოვლენა ვიზიტის დროს თუ მას შემდეგ ტელევიზიით შუქდებოდა. ამდენად, უფრო კონკრეტული თემით დავიწყებ: ნიუ-იორკში ყოფნისას თქვენ მონაწილეობა მიიღეთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობაში, სადაც აფხაზეთის საკითხი განიხილებოდა. მანამდე პრეზიდენტ კლინტონთან, ვიცე-პრეზიდენტ გორთან თუ სხვა შეხვედრების დროსაც, და განსაკუთრებით გაეროში აშკარად გამოიკვეთა მოლაპარაკების ფორმატის გაფართოებისა და რეგიონში მრავალეროვნული ძალების შეყვანის აუცილებლობა. საქართველოს წინადადებას მხარი დაუჭირეს და კიდევაც მიიღეს. ამასთანავე, პროცესები ისე ვითარდება, რომ 31 ივლისს იწურება აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის ვადა. ჟენევის მოლაპარაკებაზე განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა, რომ ფაქტობრივად, როგორც რუსეთი, ისე დანარჩენი მსოფლიო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოელიან საქართველოს გადაწყვეტილებას რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატთან დაკავშირებით. ესე იგი, სიტუაცია ისეთია, რომ რუსეთი ელის საქართველოს თხოვნას. ამავე დროს საქართველოში არსებობს გარკვეული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, და ჩვენი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იზიარებს იმ აზრს, რომ ეს ძალები კონფლიქტის ზონიდან უნდა გავიდნენ. ამასთანავე გაეროში, როგორც საქართველოს მეგობრების ჯგუფმა, ისე თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ფაქტობრივად ძალიან აშკარად მიგვანიშნეს, რომ, ვიდრე არ მოხდება ახალი სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლება, კონფლიქტის ზონის დატოვებას საქართველო არ უნდა ცდილობდეს. პრინციპულად, ეს მათს განცხადებაშიც გამოიკვეთა. რა კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ყოველივე აქედან გამომდინარე? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო თაქვისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- გეთანხმებით, რომ ამჟამად, ალბათ, დღეს განსახილველი არ არის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის საკითხი, რადგან, ჯერ ერთი, ითქვა ზოგიერთი რამ და ამასთანავე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ორივე ვიზიტი - როგორც 1994 წელს, ისე მიმდინარე წლის ვიზიტი, იმდენად მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ეტაპების განმსაზღვრელი მოვლენებია საქართველოსათვის, რომ, ალბათ, ჩვენც და მომავალი მკვლევარებიც დაუბრუნდებიან ამ ვიზიტებს, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის მისი განსაზღვრის თვალსაზრისით.
ახლა, თქვენს ძირითად კითხვასთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია (და ეს სავსებით ბუნებრივია) იმაზე უფრო დიდი პრობლემა და საფიქრალი, ვიდრე აფხაზეთის საკითხია. აფხაზეთია თითოეული ჩვენგანის სულიერი და ფიზიკური ტკივილი, ამდენად, ნებისმიერი ვიზიტი, მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის ხელისუფლება საქართველოს დიდი დახმარებას უწევდა და ახლაც ძალიან გულთბილად და ყურადღებით მიგვიღო, ძირითადად სწორედ ამ პრობლემის განხილვას ეძღვნება. გაიმართა სერიოზული მოლაპარაკება და სავსებით კონკრეტული მნიშვნელოვანი შედეგებით. საქართველოს დელეგაცია, როგორც მოგეხსენებათ, ეწვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. უშიშროების საბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიღწეულია პრინციპული შეთანხმება აფხაზეთში ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების შესახებ. სხვათა შორის, ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის იმ გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც რეალურ ზემოქმედებას ახდენს პროცესების განვითარებაზე კავკასიაში, კერძოდ საქართველოში.
მინდა შეგახსენოთ ჩემი წინანდელი შეხვედრა უშიშროების საბჭოსთან და, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელების საკითხი მაშინაც დავაყენეთ, სათანადო მხარდაჭერა ვერ მივიღეთ. სხვა დრო იყო და სულ სხვა სიტუაცია. იმ მიზნისა და გამოსვლისაგან განსხვავებით, ახლა დამოკიდებულება რამდენადმე სხვა არის. ამავე დროს ისიც მინდა გითხრათ, რომ ასეთ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის ორჯერ გამოსვლა უშიშროების საბჭოში თითქმის უპრეცენდენტო შემთხვევა გახლავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ მანდატით, რომელიც საქართველოს პარლამენტის ცნობილი დადგენილებით განისაზღვრა, თუმცა ამ დადგენილების შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა - გარენოებანი და მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. გაიმართა შეხვედრები ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, სხვა ხელმძღვანელებთან; ნიუ იორკში უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაცია აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ; მთავრდება მუშაობა ახალ რეზოლუციაზე, რომელსაც საფუძვლად დაედება გენერალური მდივნის მოხსენება და უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის თეზისები; დარწმუნებული ვარ, რომ ამ თეზისებიდან ზოგიერთი აუცილებლად იქნება გამოყენებული. ჟენევაში გაიმართა შეხვედრა კონფლიქტის მხარეთა შორის, რომელშიც თვისობრივად ახალი სტატუსით მონაწილეობდნენ „საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის“ წევრები. ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, შეიძლება ყველას აღარ ახსოვს, ამ ჯგუფის წევრები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და რუსეთი. და ეს მოვლენა, რასაკვირველია, თავისთავად ეს ჯგუფი რომ კოლექტიურად არის წარმოდგენილი ჟენევის შეხვედრაზე, სულაც არ ნიშნავს, რუსეთის, როგორც ხელშემწყობი ქვეყნის, როლის უგულებელყოფას (და მე მინდა, რომ ეს ასე არ იყოს გაგებული). რა თქმა უნდა, შეხვედრა მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით, ეუთოს აქტიური მონაწილეობით და რაც მთავარია, გენერალური მდივნის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, ეს პრინციპულად ახალი მოვლენაა. მიღებული იქნა თავმჯდომარის განცხადება (ასე დაერქვა ამ დოკუმენტს) კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და დიალოგის გაგრძელების შესახებ. რაც მთავარია, ყველა მხარემ, განსაკუთრებით კი „საქართველოს მეგობარებმა“ დასვეს საკითხი აფხაზეთში მოსახლეობის დაბრუნების პროცესში ამ მხარის რეაბილიტაციის შესახებ. ასე პრინციპულად და ასე მასშტაბურად ეს საკითხი პირველად დაისვა. ესე იგი, მოახლოვდა ეს დრო და საჭიროა ამისათვის ზრუნვა. ეს კი გულისხმობს მნიშვნელოვანი სახსრების გამოყოფას, სხვა სახის მატერიალურ დახმარებას. სწორედ ამ თვალსაზრისით ჟენევის შეხვედრას საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობისათვის, იმათთვის დახმარების გაწევის თაობაზე, ვინც დაიწყო დაბრუნება განსაკუთრებით გალის რაიონში, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საკმაოდ დიდი თანხის გამოყოფის თაობაზე.
ახლა, რაც შეეხება ფორმატს (მაპატიოს რადიომსმენელმა, რომ პასუხი გამიგრძელდება, რადგანაც თემა ყოვლისმომცველია). რამდენადაც ვიცი, ამ საკითხმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ზოგიერთ ქვეყანაში. ჯერ ერთი, „ჟენევის ფორმატი“, რა თქმა უნდა, არ ცვლის მოსკოვის შეხვედრების ინსტიტუტს. ეს არის ნორმალური დიპლომატიური პრაქტიკა (ამის თაობაზეც მიღწეულია შეთანხმება), როდესაც მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით. გარდა ამისა, ნურავის გაუკვირდაბა, თუ საქართველო დიახაც ეძებს სხვადასხვა გზას, სხვადასხვა საშუალებასა და სხვადასხვა ფორმატს. თუ ამჟამინდელმა ფორმამ ვერ გაამართლა დანიშნულება, მაშინ იძულებული ვიქნებით ვეძებით ალტერნატიული ხერხები. ეს საქართველოს სუვერენული უეჭველი უფლებაა და ისინი, ვინც საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამენ ამ ცვლილებას, სჯობს დაფიქრდნენ: რატომ გახდა საქართველო იძულებული, ეფიქრა ახალ ფორმატზე. იმიტომ ხომ არა, რომ ძველმა ხერხმა, ძველმა ფორმამ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) ჩვენი იმედები არ გაამართლა? ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებთ (ეს საგანგებოდ აღვნიშნე გაეროში გამოსვლისას) რუსეთის როლს, პირიქით, გვსურს რუსეთის პოზიტიური წვლილი კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებაში რეალური გახდეს. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთი იტყვის თავის სამართლიან, პრინციპულ სიტყვას საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნებთან, ეუთოსთან, გაეროსთან ერთად. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო ის განსაკუთრებული მონდომება, დიპლომატიური ნიჭი და უნარი, აქტიურობა, რომელსაც მოლაპარაკების დროს ამჟღავნებდა გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი ბატონი ლივიუ ბოტა.
ახლა ის, რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს ყველას: რა ბედი ეწევა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, რომლის მანდატი დღე-დღეზე იწურება?
მინდა, რომ ყველა რადიომსმენელმა არა მარტო ყურადღებით მოისმინოს, არამედ განსაჯოს კიდეც ყველაფერი, რაც განსასჯელია, დღეს უაღრესად პასუხსაგები გადაწყვეტილებებია მისაღები. ეს საკითხი კომპლექსურად დაისვა ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ჟენევაში მოლაპარაკების დროს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული საკითხია, რომელშიც აჩქარება და ემოციების აყოლა არ ეგების. ამჯერად მე ასე ვიტყოდი: არსებობს საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის ძალითაც რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა დატოვონ კონფლიქტის ზონა იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 28 მარტის გადაწყვეტილებას ლტოლვილებისათვის უსაფრთხოების გარანტიათა შექმნის შესახებ (ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი, მოსახლეობამ ყველაფერი ეს იცის). ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შესრულებულა. მხოლოდ მცირე დადებითი ნაბიჯი მოჰყვა ბატონ ბერეზოვსკის ჩამოსვლას მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით გალის რაიონის პატარა ნაწილში, არა ძველ საზღვრებში, არამედ პატარა ნაწილში, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. მიუხედავად ამისა, სანამ არ არის მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთში გაეროს ეგიდით ფართომასშტაბიანი სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების შესახებ, რადიკალურმა გადაწყვეტილებამ (ვთქვათ, საქართველოს კატეგორიულმა მოთხოვნამ რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე) შეიძლება გაამწვაოს ვითარება კონფლიქტის ზონაში და ამის რეალური სიმპტომები უკვე გაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ვინც ზუგდიდში და წალენჯიხაში ცხოვრობს და თვალყურს ადევნებს იქ მიმდინარე პროცესებს, დამერწმუნება, რომ ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს. ჩვენ კი არაერთგზის გვითქვამს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრე ვართ. ამას მოითხოვს ჩვენგან მსოფლიო გაერთიანება, ეს პირდაპირ გვითხრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენმა მეგობარებმა, რომელთა კეთილგანწყობაში საქართველოს მიმართ ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. იმის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ ფართომასშტაბიანი სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას მივაღწიოთ, ის გახლავთ, რომ კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს. მაგრამ, მე ისიც მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმე ელის, რომ საქართველო ისევ ძველი სქემით (ამგვარი ქარაგმული მინიშნებაც გაჩნდა) დაუყოვნებლივ მოითხოვს მანდატის კიდევ სამი თვით ან ექვსი თვით გაგრძელებას, ესეც ფუჭი მოლოდინი იქნება. თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საკუთარი ნებით გავლენ, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ვერ დავაკავებთ, - ეს მათი უფლებაა, მაგრამ ნამდვილად არ იქნებოდა მართებული, საქართველოს მანდატის ვადის გაგრძელება მოეთხოვა იმ ფონზე, როდესაც იურიდიულ ძალმოსილებას ინარჩუნებს პარლამენტის დადგენილება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის გარეშე ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, გადაწყვეტილება სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეიძლება მიიღოს მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭომ, რომელიც ჯერ არ შეკრებილა და არ უმსჯელია იმაზე, თუ რატომ არ შეასრულა სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 28 მარტის გადაწყვეტილება გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებისა და მათი უშიშროების გარანტიის შექმნის შესახებ. სწორედ თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭო, რომელიც სექტემბერში შეიკრიბება, იქნება უფლებამოსილი მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება რეალური სიტუაციის საფუძველზე.
კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობამ აიძულა საქართველო ეძებნა ახალი ფორმები, ახალი ფორმატი. ეს ხომ სავსებით ბუნებრივია. რატომ უკვირთ ეს ზოგიერთ ქვეყანაში? თუ ვინმე აფხაზეთის პრობლემას განიხილავს როგორც მხოლოდ საკუთარ პრეროგატივას, თუ ვინმეს საქართველო თავის „გავლენის სფეროდ“ მიაჩნია და ამიტომ არის სხვა ქვეყნების ჩარევის წინააღმდეგი, ეს ძალიან სერიოზული შეცდომაა. რაკი პროცესი ფერხდება და სამშვიდობო ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს, საქართველოს აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება გააფართოოს მოლაპარაკების ფორმატი, მიმართოს ახალ ძალებს, სხვა ქვეყნებს, რათა პრობლემის გადაწყვეტა დაიძრას მკვდარი წერტილიდან.
გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთში კონფლიქტის პრობლემა მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ჩემი ოპონენტი ირწმუნება. იგი სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო პრობლემაა და მისი ინტერნაციონალიზაცია, ამ თვალსაზრისით, სავსებით მიზანშეწონილი და გამართლებულია.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო არძინბას ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელთა ტონი, მე ასე ვიტყოდი, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. ამ განცხადებათა ტონალობა და შინაარსი ძალიან ჰგავს იმ „კომენტარებს“, ასე უხვად რომ „აფრქვევენ“ ამ დღეებში რუსეთის ცალკეული საინფორმაციო საშუალებები ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან და ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: მოახდენს თუ არა ყოველივე ეს, ყველაფერი, რაც მოხდა, გავლენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე.
კვლავ ვადასტურებ: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკური განვითარებით ორივე ქვეყანა და ორივე ხალხია დაინტერესებული. საქართველოს გულწრფელად სურს დაამყაროს ახალი, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული კავშირი ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელთან, ოღონდ თანასწორუფლებიანობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის (არა სიტყვით, არამედ საქმით), დამოუკიდებლობისა და ურთიერთნდობის საფუძველზე. სწორედ ამ პრინციპებზე უნდა აიგოს ის ახალი ურთიერთობა, რომელიც მე არაერთხელ აღმინიშნავს. საქართველომ ძლიან ბევრი რამ გააკეთა ამ მიზნით: ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებებს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ (კერძოდ სამხედრო ბაზები მაქვს მხედველობაში), დღევანდელ პირობებში, მინდა ვთქვა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, გამიჭირდება დავასახელო ქვეყანა, რომელიც დათანხმდებოდა ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებას. აღარაფერს ვამბობ „დიდ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე“, რომლის პარაფირება 1994 წლის 3 თებერვალს მოხდა საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ბორის ელცინის ვიზიტის დროს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და ერთ-ერთ პირველსავე სხდომაზე მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება. რუსეთში კი იგი დღემდე არ არის რატიფიცირებული, რაც უკვე გარკვეულ ეჭვსა და გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. თუმცა ჩვენ არც ამ საკითხის მეტისმეტ დრამატიზირებას ვაპირებთ. კარგად გვესმის ის სირთულეები, რომლებიც თავს იჩენს რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ურთიერთობაში. მათ ჩვენი გასაჭირი და სირთულეებიც უნდა გაიგონ. ამ საკითხში ისეთივე მოთმინებას ვიჩენთ, როგორც ზოგიერთი სხვა პრობლემის განხილვისას. მაგალითად, მხოლოდ საყვედური და გულისტკივილი გამოვთქვით იმის გამო, რომ რუსეთმა თავშესაფარი მისცა ცნობილი ტერორისტული აქტების ორგანიზატორებისა და სულისჩამდგმელების მთელ ბანდას. ესეც არ არის მარტო ერთი ან ორი ქვეყნის პრობლემა. ასეთი საშიში ტერორისტული ბანდის შეფარება და მფარველობა უკვე საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე გარკვეულ ახსნა-განმარტებას მოითხოვს და, ჩემი აზრით, აქ რუსეთის მიერ დეკლარირებული მზადყოფნა - ებრძოლო საერთაშორისო ტერორიზმს, ძალიან სცილდება მის კონკრეტულ მოქმედებათა სფეროს. ძალიან მოკლედ ჩვენი ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებაც: სახელმწიფოს მეთაურთან, უმაღლეს მთავარსარდალთან არსებულმა ამ საკონსულტაციო ორგანომ (ხშირად მეკითხებიან, რა განიხილეთო) განიხილა ის საკითხები, რომლებიც ისევ და ისევ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და შესაძლო გადაწყვეტილებათა მიღებას უკავშირდება, რომლებზეც შეიძლება ჩვენი შეხედულება საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ.
- განვლილ კვირაში უკვე ტრადიციულად მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამოსვლისას თქვენ სენსაციური განცხადება გააკეთეთ 54 სიკვდილმისჯილის შეწყალების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შექმნას უწყობს ხელს, და გარდა იმისა, რომ ამას საქართველოსაგან მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ხომ არ შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი იგივე შერიგების კონტექსტით, რადგან სიკვდილმისჯილთა დიდი ნაწილი ისინი არიან, ვისაც ამ მძიმე პერიოდში „ღვაწლი“ მიუძღვით საქართველოს წინაშე.
- რა თქმა უნდა, სავსებით გეთანხმებით. უწინარესად, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი აქტი და გარკვეული აზრით, ისტორიულიც, მინდა იმ შინაგანი პროცესებით ავხსნა, რომელიც საქართველოში განვითარდა. ავხსნა საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის დინამიზმით, მისი ტემპით, მასშტაბით და საერთო განწყობილებითაც. და, რა თქმა უნდა, ეს კითხვა სავსებით კანონზომიერად დაისვა.
აფხაზეთი არის უმთავრესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემა და მისი გადაწყვეტისათვის აუცილებელია ეროვნული თანხმობის მიღწევა მთელ ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვაგრძელებთ იმ შემრიგებლურ, შემწყნარებლურ კურსს, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წლის ცნობილ მანიფესტში აისახა და მე არ მინდა რომ ეს მანიფესტი დაიკარგოს. სწორედ იგი იყო იმის გამოხატულება, რომ უმძიმეს წლებში ჩვენ დავადექით ეროვნული შერიგებისა და ეროვნული თანხმობის კურსს.
როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი უკვე მსჯელობს. მან პირველი წაკითხვით მიიღო კანონი, რომლითაც გაუქმდება სიკვდილით დასჯა. ფაქტობრივად, უკვე 3 წელია, არც ერთი განაჩენი არ ყოფილა სისრულეში მოყვანილი და ჩემი ბრძანებულებით დაწესდა მორატორიუმი. ეს ნაბიჯი, საქართველოს, დარწმუნებული ვარ, აღამაღლებს და ზნეობრივად ათანაბრებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მაგალითს წარმოადგენენ. ამავე დროს, მინდა დავარწმუნო მთელი ჩვენი საზოგადოება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი სამართალდამცავი ორგანოები არათუ შეასუსტებენ, არამედ გააძლიერებენ ბრძოლას დამნაშავეობის წინააღმდეგ და ყველაფერს იღონებენ ქვეყანაში მართალწესრიგისა და კანონიერების უზენაესობისათვის. ჩვენს დღევანდელ სახელმწიფოს ამის საშუალება უკვე აქვს. სხვათაშორის, მე ორი წლის წინათაც მქონდა იდეა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ მაშინ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ არ ვიყავით მზად ამისათვის. ახლა, ასეა თუ ისე, სახელმწიფო მომძლავრდა, მომაგრდა და მას შეუძლია პასუხი აგოს ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერებისათვის.
- განვლილ კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელმაც ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგები შეაჯამა, თქვენ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყარით ენერგეტიკის პრობლემებს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ გამორჩეული სიახლეები იქნება წელს ამასთან დაკავშირებით.
- მინდა ასე გიპასუხოთ: საქართველოს ეკონომიკის განვითარებამ მიაღწია იმ კონდიციას, როდესაც ბევრი რამ დამოკიდებული ხდება სწორედ ბაზისის საკითხზე. მოგეხსენებათ, 1994-1995 წლებიდან დაწყებული რადიკალური ეკონომიკური რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა და ძალიან სერიოზულად ვემზადებით მეორე ეტაპისათვის, რომელიც უფრო მეტად სოციალურად უნდა იყოს ორიენტირებული. სერიოზული სტრუქტურული გარდაქმნა მიმდინარეობს მრავალ დარგში. ყოველმხრივ თავისუფლდება კერძო ინიციატივა, მაგრამ თუ არ იქნება მძლავრი ბაზისი, უწინარესად, ენერგეტიკული საფუძვლის სახით, ეკონომიკა ვერ განვითარდება და რეფორმებიც შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს. ამდენად ენერგეტიკული ბაზისის განმტკიცება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მე ვილაპარაკე იმ პერსპექტივებზე, რომლებიც ნამდვილად გვაქვს ამ სფეროში. ეს არის ნავთობმაგისტრალები. „საუკუნის პროექტის“ განხორციელება - კასპიის შელფის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბუნებრივი გაზის ტრანზიტი რუსეთიდან და თურქმენეთიდან თურქეთში, ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, ქარის ენერგიის უფრო აქტიური გამოყენება (ჩვენი ხეობები ამის შესანიშნავ საშუალებას იძლევა), მზის ენერგიის ათვისება, თერმული წყლები, და, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ჰიდრორესურსი საქართველოს უდიდესი სიმდიდრეა, რომელიც უფრო თამამად და აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მეგობრების დახმარებით, სხვათაშორის, უნდა დავიწყოთ ტენდერების გამოცხადება იმ ელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე, რომელთა პროექტები კარგა ხანია მზად არის. თბილისი, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ; მეცხრე ბლოკი საბოლოოდ და საიმედოდ გადაეცა საექსპლუატაციოდ. მიმდინარეობს დამამთავრებელი სამუშაოები მეათე ბლოკზე, მართალია, ამ სეზონისათვის ეს არ მოესწრო, მაგრამ მომავალი წლისათვის იგი გადაეცემა საექსპლუატაციოდ. ასევე ვიწყებთ ზრუნვას იმისათვის, რომ მეთერთმეტე ბლოკის მშენებლობა გაგრძელდეს და კიდევაც დამთავრდეს. რაც ძალიან სასიხარულოა, მოხდა ცვლილება მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებაში. ახლა ჩვენ პირველად მივაღწიეთ ისეთ დონეს, როცა მიღებულია თანხების 55-60 პროცენტი. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეს 70 პროცენტს შეადგენს. მაშინ ჩვენ გვექნება რესურსი, გვექნება მარაგი და ელექტროენერგიის მიწოდების რეჟიმის დარღვევა, რაც ადრე ხდებოდა, ფაქტობრივად, ლიკვიდირებული იქნება.
ამავე დროს, მინდა კიდევ ერთ ძალიან მტკივნეულ, შეიძლება ითქვას, საარსებო მნიშვნელობის საკითხზე შევაჩერო საზოგადოების ყურადღება: მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლის პირველ ნახევარში ძირითადად შევინარჩუნეთ დადებითი ტენდენცია ეკონომიკის განვითარებაში. გადასახადების აკრეფის, ბიუჯეტის შემოსავლის შესრულების თვალსაზრისით არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც, ისევ და ისევ, იანვარში დაშვებულ „ჩავარდნას“ უკავშირდება. ამდენად, მინდა ვთხოვო ყველა მეწარმეს, თითოეული უწყების, ქალაქის, რაიონის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი შეგნებითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ პრობლემის გადაწყვეტას. ეს საშვილიშვილო პრობლემაა.
გადაუჭარბებლად ვიტყვი: ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი დღეს. ამდენად მივმართავ ყველა მოქალაქესაც, ყველას, ვისაც გარკვეული ურთიერთობა აქვს ბიუჯეტთან. ხელისუფლების პოზიციაც შესაბამისი იქნება. ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებაზეა დამოკიდებული სოციალური პროგრამების განხორციელება; პენსიების, საბიუჯეტო ორგანიზაციათა მუშაკების ხელფასების დარიგება და სხვა მრავალი. ბიუჯეტის შეუსრულებლობა დაუშვებელია, ვინაიდან ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვება ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, თითოეული მოქალაქის სოციალურ უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. და, რადგან ვახსენე დადებითი ტენდენციები, შევახსენებ რადიომსმენელებს, როგორც სხდომაზე უკვე აღვნიშნე, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისა და აღმავლობის კურსი შენარჩუნებულია. შიდა ეროვნული პროდუქტის ზრდამ წლის პირველ ნახევარში 4,5 პროცენტს გადააჭა ბა. ეს უპრეცენდენტოა ჩვენი ტიპისა და ყალიბის სახელმწიფოსათვის. ინფლაცია წლის პირველ ნახევარში 3-4 პროცენტის დონეზეა, ეროვნული ვალუტა კვლავ მყარია. ასე რომ, ტენდენციები შესანიშნავია. მთავარია, ბიუჯეტის პრობლემებს გავართვათ თავი.
- ამასთან დაკავშირებით, აგვისტოდან ცვლილებებია მოსალოდნელი ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით?
- მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დასვით. მინდა განვმარტო, რომ აგვისტოდან იწყება ელექტროენერგიის ტარიფების მოწესრიგება. თქვენ გახსოვთ, შარშან ერთი ეტაპი გავიარეთ; მაშინ ხელფასების მომატებაც მოხდა და ამისი კომპენსირებაც. ახლა მეორე ეტაპია და ამით მოწესრიგედება საერთოდ ტარიფების პრობლემა. უფრო სწორად, საწარმოებისა და მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფები გათანაბრდება. გარდა იმისა, რომ ეს მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, ასეთივე წესი დამყარდება ჩვენთან. ჩვენ თვითონ მივხვდით, რომ ეს აუცილებელია, რადგანაც ათასნაირი მაქინაციების წყაროდ გადაიქცა ეს სფერო.
ეს ღონისძიება რომ (ვთხოვ რადიომსმენელებს, მიაქციონ ამას ყურადღება) გარკვეულწილად დამატებით ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას, გუშინ მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებას მცირეხელფასიანი მოქალაქეებისათვის, პენსიონერების, ინვალიდების, ლტოლვილების, სტუდენტების და სამართალდამცავ ორგანოების ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა სარგოების 20 პროცენტით გადიდების შესახებ. ბრძანებულება ხვალ გამოქვეყნდება პრესაში. ეს თანხა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ (თუ ვინმეს არ სჯერა, კარგად იანგარიშოს), გაცილებით მეტია, ვიდრე ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებული დანახარჯები.
- გასულ კვირას ცხინვალში ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა: ააფეთქეს ივანე მაჩაბლის სახლი. ჩიბიროვმა, ამასთან დაკავშირებით, ასეთი კომენტარი გააკეთა: ეს რომ 1989-1990 წლებში მომხდარიყო, ნამდვილად არ გამიკვირდებოდაო. მართლაც, დამშვიდებული სიტუაციის ფონზე, რაც ახლა იქ არის, ეს ფაქტი რამდენადმე კონტექსტიდან ამოვარდნას ჰგავს.
- ცხინვალში ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებული ინცინდენტი, როგორც ეს ლუდვიგ ჩიბიროვმა აღნიშნა და დაადასტურა, და მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები, იმ ძალთა ნამოქმედარია (ეს ჩემი შეხედულებაა), ვისაც ხელს არ აძლევს, ქართველთა და ოსთა ურთიერთობაში, მათი შერიგების პროცესში ამ ბოლო ხანს გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები. დარწმუნებული ვარ, ბოროტმოქმედებს დავადგენთ ჩვენი საერთო ძალებით; ამით დაინტერესებულნი არიან ოსებიც და ჩვენი სათანადო სტრუქტურებიც, ხოლო ამ ბოლო ხანს ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში მომხდარი სასიკეთო ძვრები შეუქცევადი ხასიათის გახდება.
საქინფორმი.
„აფხაზეთში კონფლიქტის პრობლემა მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე არ არის, იგი სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო პრობლემაა და მისი ინტერნაციონალიზაცია სავსებით მიზანშეწონილი და გამართლებულია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 ივლისი. - №180 (2553). - 1,2 გვ.
![]() |
90 „ბაზალეთის ტბა მარადიულად გვახსენებს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ძლიერება მხოლოდ ერთად ყოფნაში, ერთმანეთის ერთგულებასა და სიყვარულშია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდობის დღეების
„ოქროს აკვანის“ მონაწილეებს
ძვირფასო ახალგაზრდებო!
ბაზალეთის ტბა ჩვენს ცხოვრებაში ორ ურთიერთსაწინააღმდეგომოვლენას უკავშირდება - ერთი მხრივ, ძმათა შორის უთანხმოებასა და გაუტანლობას, ხოლო მეორე მხრივ, იმედის სიმბოლოს - ლეგენდებითა და დიდი მწერლის შემოქმედებით უკვდავყოფილ ოქროს აკვანსა და ყრმას - მომავალ მზეჭაბუკს.
ხალხმა იმიტომაც უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია, რომ წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროს. ბაზალეთის ტბა მარადიულად გვახსენებს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ძლიერება მხოლოდ ერთად ყოფნაში, ერთმანეთის ერთგულებასა და სიყვარულშია. მე ღრმად მწამს, რომ ამ თერთმეტი დღის განმავლობაში ერთად გატარებული დრო თქვენი დაახლოებისა და თანამეგობრობის საწინდარი გახდება.
მე ვიცი, რომ თქვენს ზეიმში მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები - ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის, რეგიონში მშვიდობის დამყარების, მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობის საქმეში.
ახალგაზრდობა მარადიული პროგრესის, ახალი აზროვნების გარანტია. ამიტომაც თითოეულ თქვენთაგანში, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობაში, მე სწორედ იმ თაობას ვხედავ, რომელმაც ღირსეულად უნდა გაარძელოს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში.
მოგესალმებით სიჭაბუკის ზეიმის - საქართველოს ახალგაზრდობის დღეების მონაწილეებს, გისურვებთ წარმატებებს და გამოვთქვამ იმედს, რომ ეს მშვენიერი წამოწყება ლამაზ ტრადიციად იქცევა.
ე. შევარდნაძე.
„ბაზალეთის ტბა მარადიულად გვახსენებს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ძლიერება მხოლოდ ერთად ყოფნაში, ერთმანეთის ერთგულებასა და სიყვარულშია“ : საქართველოს ახალგაზრდობის დღეების „ოქროს აკვანის“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 აგვისტო. - №184 (2557). - 1 გვ.
![]() |
91 „მავანთა და მავანთა წყალობით დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა გასაოცრად სწრაფად დგება ფეხზე და ჩვენი ხალხის უდრეკი, სპეტაკი სულისწორედ ამ უმძიმესი გამოცდის წლებში გამობრწყინდა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- დღევანდელ რადიოინტერვიუსაც განვლილი ეკონომიკური კვირის მიმოხილვით დავიწყებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და მარტო სახელების ჩამოთვლაც უკვე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის: საქართველოს ეწვია საფრანგეთის წამყვანი კომპანიის „კოჟემას“ ხელმძღვანელობა, რომელიც მადნეულის კომბინატით დაინტერესდა, შემდეგ „მერილ ლინჩი“, - მსოფლიოში ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი უდიდესი განმკარგველი, საფრანგეთის სენატის საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ქრისტიან პონსელე და „ტომსონის“ პრეზიდენტი. პრინციპულად ეს ის ვიზიტებია, რომლებსაც საფრანგეთში თქვენმა ვიზიტებმა ჩაუყარეს საფუძველი. გვახსოვს, მაშინ „კოფასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ფრანგული კაპიტალი უფრო თამამად შემოვიდა საქართველოში... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- განვლილ კვირაში მართლაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, აღსანიშნავია, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ბატონ ქრისტიან პონსელეს ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებაა, საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს რომ ჩაეყარა საფუძველი.
პრეზიდენტთან საფრანგეთის დელეგაციის შეხვედრისას, რომელშიც შედიოდნენ საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი (სხვათა შორის, ამ ასოციაციაში გაერთიანებული არიან საფრანგეთის ფერმერები და გლეხობა, რომელთა კაპიტალის ბრუნვა დაახლოებით 30 მილიარდს შეადგენს), ეს პიროვნება ამავე დროს საფრანგეთის მეწარმეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტია, მისი სახელი და გვარია ვიქტორ შესერი, დელეგაციაში შედიოდნენ, აგრეთვე ცნობილი კომპანიის „ტომსონის“ ხელმძღვანელები და სხვა ექსპერტები. საუბარი შეეხო საქართველოში მთელი რიგი კონკრეტული პროექტების ხორცშესხმას.
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა „ტომსონზე“, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „ლე ბურჟეს“ საერთაშორისო ავიასალონზე ქართული „იაკის“ ტიპის თვითმფრინავების წარდგენაში, და ეს ფირმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, მზად არის ითანამშრომლოს ჩვენთან თბილისის საავიაციო ქარხნის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციაში და სასაზღვრო დაცვის მთელ რიგ პრობლემათა გადაწყვეტაში, რომელთა დაფინანსების საქმეში მონაწილეობის სურვილს იაპონელებიც გამოთქვამენ. ფირმა „კოჟემა“, რომლის ხელმძღვანელობაც მე მივიღე, ასევე დაინტერესებულია საქართველოთი, კერძოდ, ოქროს ამოღებით იმ კვარციტებიდან, რომელთა მარაგი ძალიან დიდია ჩვენს ქვეყანაში. მას ჰყავს კონკურენტები და, ვფიქრობ, საბოლოო ანგარიშით, ყველაფერი ტენდერმა უნდა გადაწყვიტოს.
პრივატიზაციის პროცესის დასრულება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება და რეგულირება რეფორმების მეორე ეტაპის პრიორიტეტული მიმართულებებია. ამ პროცესების წარმატებით წარმართვაში და საქართველოს მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე გასვლაში დაგვეხმარება მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების უდიდესი განმკარგველი, საინვესტიციო ბანკი „მერილ ლინჩ ინტერნეიშნლი“, რომელიც თითქმის ტრილიონ-ნახევარი დოლარი კაპიტალის მფლობელია და რომელიც უპირატესად ახალშექმნილ ბაზრებთან თანამშრომლობს.
ეკონომიკის ფუნქციონირების ივლისის მაჩვენებლები ამჟამად ჯამდება. ამასთან, წინასწარი მონაცემებისა და შეფასებათა საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წარმოების ზრდის განახლებისა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ტენდენციები შეუქცევადია.
ივლისი, ისევე როგორც ივნისი, ინფლაციის არსებითი შეზღუდვით აღინიშნა, კერძოდ, სტატისტიკის დეპარტამენტის ოპერატიული მონაცემებით, 40 დასახელების უმნიშვნელოვანესი სამომხმარებლო საქონლის მიხედვით, რომელიც ყოველკვირეულად აღირიცხება, ივლისში ფასების ჯამური ინდექსი 1,2 პროცენტით შემცირდა.
კვლავინდებურად სტაბილურობით ხასიათდება ეროვნული ვალუტის კურსი - პარასკევს 1 დოლარი ღირდა 1,28 ლარი (ივლისში ცოტა მეტი იყო).
ივლისში გრძლდებოდა ქვეყნის ბიუჯეტის სწრაფი ტემპით განვითარების ტენდენცია, რადიომსმენელს, ალბათ, აინტერესებს ეს. თვის განმავლობაში საგადასახადო სამსახურის მიერ აკრეფილია 32 მილიონი ლარი, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის მიერ - 19,4 მილიონი ლარი. ესე იგი, სულ აკრეფილია 51,5 მილიონი ლარი, რაც 1,5-ჯერ სჭარბობს განვლილი პერიოდის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. აქედან საბაჟო დეპარტამენტის ხაზით 7 თვეში შარშანდელთან შედარებით 3-ჯერ უფრო მეტი თანხაა აკრეფილი, ეს მართლაც საოცარი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ სატრანზიტო დერეფანი საქართველოში რეალურად მოქმედებს. ეს ჩვენთვის რეკორდული მაჩვენებლებია. ისახება იმედი, რომ წლის დასაწყისში დაშვებული ჩამორჩენა არსებითად შემცირდება, ან საერთოდ იქნება ლიკვიდირებული.
სახელმწიფო შემოსავლის მობილიზაციის დონემ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ (ეს შედარებით ახალი კატეგორიაა, ამაზე აქამდე არ ვამახვილებდი ყურადღებას, მინდა, რომ ეს ცნებაც ვიხმაროთ ხოლმე ჩვენი მიმოხილვების დროს), ექვს თვეში 13,7 პროცენტი შეადგინა, აქედან საგადასახადო შემოსავლის მიხედვით - 9,2 პროცენტი. როგორც ვხედავთ, წლის პირველ ნახევარში მიღწეული მაჩვენებელი წლიურ პროგნოზირებულ მაჩვენებლებს სჭარბობს, მაგრამ ეს განსაზღვრულია წლიურ მთლიან შიდა პროდუქტში ამავე პერიოდის დაბალი ხვედრითი წილით, რაც ობიექტურად ჩამოყალიბებული ტენდენციაა. კერძოდ, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მეტი წილი წლის მეორე ნახევარში იქმნება (უპირატესად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სეზონურობის გამო). ამიტომ წლის მეორე ნახევარში საგადასახადო შემოსავალი და მთლიან შიდა პროდუქტთან მისი თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ საგეგმო გაანგარიშებანი წლის დასაწყისიდან არ შესრულებულა, გადასახადების მობილიზაციის დონის ზრდა აშკარაა, მაგრამ ამ მიმართულებითაც პრობლემა კვლავ მწვავედ დგას, კერძოდ, 1997 წელს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში (და მე მინდა, რომ ყველამ მიაქციოს ამას ყურადღება, ჩვენ ხშირად მივმართავთ, შემდეგ ამ შედარებებს) ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან შეადგენდა: სომხეთში - 15,5 პროცენტს, აზერბაიჯანში - 16, ბელორუსიაში - 41, ესტონეთში - 39, ლატვიაში - 35, ლიტვაში - 23 და მოლდოვაში - 33 პროცენტს, ხოლო, თუ განვითარებულ ქვეყნებზე ვილაპარაკებთ, აქ ასეთი მონაცემებია. ავსტრიაში ეს შეადგენს 43 პროცენტს, ბელგიაში - 45, დანიაში - 49, ფინეთში - 46 პროცენტს და ასე შემდეგ. ეს, მართალია, ბუნებრივია და დამოკიდებულია წარმოების დონეზე, მაგრამ ჩვენთანაც, ალბათ, შიდა პროდუქტთან შეფარდებით გადასახადებისა და შემოსავლის მოცულობა ყოველწლიურად თანდათანობით უნდა მატულობდეს. სხვაგვარად სახელმწიფო ვერ იარსებებს.
შემოსავლის გეგმის შეუსრულებლობის მიუხედავად, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა ძირითადად დაცული მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებანი. სოციალური დაზღვევისა და სოციალური ღონისძიებებისათვის შვიდ თვეში (მე მინდა ანგარიში ჩავაბარო მოსახლეობას) გაიცა 65 მილიონი ლარი, ანუ გეგმის თითქმის 100 პროცენტი. აქედან საპენსიო უზრუნველყოფისათვის გაიცა 26 მილიონი ლარი, ლტოლვილების შენახვისა და შემწეობის ხარჯებმა შეადგინა 28 მილიონი ლარი, ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების დახმარებას მოხმარდა (როგორც მოგეხსენებათ, ეს მუხლი მოქმედებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში) 5,5 მილიონი ლარი. ინვალიდთა რეაბილიტაციის პროგრამისათვის გაიცა 5 მილიონამდე ლარი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება თითქმის სრულად იყო დაფინანსებული. კვების ხარჯებისათვის 30 მილიონი ლარიდან გაცემულია 29,5 მილიონი ლარი, ანუ თითქმის 98 პროცენტი. შედარებით ჩამორჩება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება (ეს ძალიან დამაფიქრებელია), გაცემულია მხოლოდ 14 მილიონი ლარი, გათვალისწინებული 20 მილიონის ნაცვლად, ანუ შესრულებამ 70 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტრომ და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეადგინეს სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვით წლის მეორე ნახევრიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროსათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მაქსიმალური დახმარებაა განსაზღვრული.
ახლა, რაც შეეხება ხელფასის თანხებს: ცენტრალური ბიუჯეტიდან გასაცემი 49 მილიონი ლარიდან 7 თვეში გაცემულია 47 მილიონი ლარი. ძალიან ხშირად ცალკეული რაიონებიდან მოდის სიგნალები, რომ ხელფასები დაგვიანებით გაიცემა. მე ერთხელ კიდევ ვიმეორებ, რომ 49 მილიონიდან 7 თვეში გაცემულია 47 მილიონი ლარი, ანუ 96 პროცენტი. განსხვავება მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაიფაროს. მით უმეტეს, რომ 1 აგვისტოდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასმა 20 პროცენტით მოიმატა. საერთოდ, შიდა მეურნეობების გამოკვლევის მონაცემებით, მომატებამდე საშუალო თვიური ხელფასი ქვეყანაში შარშანდელ 6 თვესთან შედარებით 1,9-ჯერ არის გაზრდილი, და 54 ლარს შეადგენს და მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესაბამისად 2,9-ჯერ გაიზარა და 37 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებლები, ბუნებრივია, გაიზრდება ხელფასების ახალ მატებასთან დაკავშირებით. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ეს საკმარისია - 43 ლარიც ცოტაა და 37 ლარიც, მაგრამ თითქმის 2-3-ჯერ გაიზარდა სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში. ესეც ალბათ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში გაჯანსაღების პროცესი შეუქცევადია. ახლა ორიოდე სიტყვა იმაზე, რომ მრეწველობის სამინისტროდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ივლისში სისტემის სამრეწველო საწარმოებმა (მეტალურგიული და მსუბუქი მრეწველობის ჩათვლით) გამოუშვეს 13 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც 15 პროცენტით აღემატება ივნისში მიღწეულ დონეს. მთლიანად შვიდ თვეში მრეწველობის სამინისტროს საწარმოებმა გამოუშვეს 84 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც 17 პროცენტით მეტია შარშანდელ დონესთან შედარებით. აქ შემიძლია დავასახელო მთელი რიგი საწარმოები, რომლებმაც საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწიეს. ეს არის რუსთავის „ქიმკობინატი“, სადაც გაცილებით გაიზარდა წარმოება წინა თვეებთან შედარებით, ამუშავდა ქუთაისის ლითოფონის ქარხანა (ეს ძალიან მისასალმებელი მოვლენაა), რომელმაც უკვე გამოუშვა 300 ათასი ლარის პროდუქცია, კარგად მუშაობს ჯერჯერობით ისეთი დიდი გიგანტი, როგორიც არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. აქ გამოშვებულია 17 პროცენტით მეტი პროდუქცია შესაბამის პერიოდთან შედარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
კიდევ ერთი ძალიან კარგი და სასიხარულო მოვლენა: სარკინიგზო ტვირთზიდვამ გასული წლის 7 თვეში 2,5 მილიონი ტონა შეადგინა, მიმდინარე წელს კი თითქმის 4 მილიონ ტონამდე გაიზარდა, ანუ 44-45 პროცენტით მეტია. ამ პერიოდში ტვირთბრუნვა შარშანდელთან შედარებით 1,6-ჯერ გადიდდა და 620 მილიონი ტონა კილოგრამი შეადგინა.
გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა წელს უკვე 2,5 მილიონს აღწევს, ანუ 40 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით მინდა მივესალმო რკინიგზელების წვლილს ბიუჯეტში - რკინიგზელებმა მარტო გასულ წელს მილიონი ლარი შეიტანეს. ეს ის დანგრეული და დარბეული მეურნეობაა, რომელიც ორი წლის წინათ არათუ სახელმწიფოს აძლევდა რაიმეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს კისერზე იყო. და, ბოლოს, წლევანდელმა არახელსაყრელმა ბუნებრივ-კლიმატურმა პირობებმა და სტიქიურმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს სოფლის მეურნეობას. მიუხედავად ამისა, მოსავლის აღება მაინც მიმდინარეობს. 31 ივლისისათვის გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წარმოებულია 41 ათასი ტონით და საშუალოდ ჰექტარზე მიღებულია 5 ცენტნერით მეტი მარცვალი. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, და, ვფიქრობ, მომავალში ეს მონაცემები გაიზრდება.
ივლისის ბოლოსათვის ქვეყანაში დამზადებულია 18 ათასი ტონა ფოთოლი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე შარშან. აი, ასეთია ეკონომიკური მიმოხილვა, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება.
- განვლილი კვირა აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იყო. ჯერ ერთი, გამოქვეყნდა ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი უშიშროების საბჭო ანგარიშს უწევს გაეროს უშიშროების საბჭოს, „მეგობარი ქვეყნებისა“ და პირადად გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას კონფლიქტის ზონიდან თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების გაყვანის შემთხვევაში მოსალოდნელ გართულებათა შესახებ და ამ პროცესის ფორსირებას საჭიროდ არ მიიჩნევს. პარალელურად მოხდა რუსეთის პრეზიდენტის ერთგვარი გააქტიურება, რომელმაც გადაწყვიტა მოსკოვში მიეწვიეთ თქვენ და ვლადისლავ არძინბა. რამდენად ტაქტიანია ასეთი სვლა, ეს სხვა საუბრისა და განხილვის თემაა. ასევე გააქტიურდა რუსეთის მასმედია, რომელიც გვაფრთხილებს, თუკი რუსეთის სამშვიდობო ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, აფხაზეთს, მაშინ რა ელის საქართველოს და ასევე პარალელურად შეიმჩნევა საქართველოსთან ჩეჩნეთის კონტაქტების გააქტიურება. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ვგულისხმობ ვიცე-პრემიერის ზაკაევის ვიზიტს, თქვენთან შეხვედრას, რომლის დროს ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, თითქოს ჩეჩენი ბოევიკები აპირებდნენ კვლავ ჩასვლას აფხაზეთში. ეს უარყვეს ჩეჩნებმა, მაგრამ არ უარყვიათ არც რუსებს და არც აფხაზებს... თუმცა ზაკაევმა განაცხადა, ჩვენ მთლად დარწმუნებული არა ვართ, რომ ეს ასეაო. პრინციპში, შეიძლება, მთავრობის პოზიცია ერთი იყოს და იქ კი სხვა...
- მე დავიწყებდი ბატონ ელცინის მიერ ჩემს შესაძლო ვიზტთან დაკავშირებული კომენტარით. მინდა კიდევ ერთხელ მივაპყრო საზოგადოების ყურადღება ბატონ ბორის ელცინის განცხადებას, რომელშიც, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია კონფლიქტის სამართლიანი მოწესრიგების კონცეფცია. და ეს კონცეფცია ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. თუკი დიპლომატები და ისინი, ვინც საბოლოო ანგარიშით დოკუმენტებს აფორმებენ, მისი ამ შეხედულებებით იხელმძღვანელებენ, ეს ჩვენთვის სავსებით მისაღებია. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის საბოლოო მიზანი უნდა იყოს საქართველო როგორც „ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“. ამავე დროს, ცენტრსა და რეგიონს, ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის გზით უზრუნველყოფილი უნდა იყოს აფხაზეთში, როგორც საქართველოს შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, უაღრესად ფართოუფლებები, და მე ამას სავსებით ვეთანხმები. ეს გახლავთ სწორედ ის კონცეპტუალური დებულება, რომელსაც საქართველო უკვე დიდი ხანია სთავაზობს აფხაზთა ლიდერებს და მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას (მე ახლა მიმართვის ფორმის ეთიკურობაზე იმდენად არ ვამახვილებ ყურადღებას, ეს სულ სხვა საკითხია).
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - საქართველოსათვის ამ თვალსაზრისით მისაღებია რუსეთის ფედერაციის ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის ხელმოწერილი ყველა ხელშეკრულება, რამდენადაც ეს დოკუმენტები სავსებით თავსდება ფედერალიზმის ჩარჩოებში და საეჭვოს არ ხდის ერთიანობასა და მთლიანობას.
ამრიგად, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში ჩამოყალიბებული პრინციპები, თუ მას დაემატება დებულება ლტოლვილთა უპირობო, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების შესახებ, და თავისთავად იგულისხმება, რომ ეს ასე უნდა იყოს, - ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ამ კონცეფციის საფუძველზე შეიქმნება და ამას დაეყრდნობა. რაც შეეხება მოსკოვში, ან რუსეთის სხვა რომელიმე ქალაქში ჩემსა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას ვლადისლავ არძინბას მონაწილეობით, არაერთგზის აღმინიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგის მომხრე ყოველთვის ვარ. მე ასე წარმომიდგენია: შეხვედრა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დაგვირგვინება, გვირგვინი, შედეგი მოსამზადებელი მუშაობისა, რომლის პროცესშიც გადაწყდება ძირითადი საკითხები. თუმცა, აქვე მინდა ვიგულისხმო, რომ რუსეთის მხარემ ალბათ უკვე შეასრულა შესაბამისი სამუშაო აფხაზურ მხარესთან, და ბორის ელცინის განცხადება, რომლის ზოგიერთ დებულებას აფხაზური ლიდერები დღემდე არ ეთანხმებოდნენ, ამჯერად მათთან, ვფიქრობ, უკვე შეთანხმებულია. სხვანაირად, ალბათ, პრეზიდენტი ასე გაბედულად არ იტყოდა. ამდენად სამმხრივი შეხვედრისას შეიძლება ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რომლის თაობაზეც დღეს ბევრს ლაპარაკობენ პოლიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც.
ახლა სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და მიიღო კომპრომისული ფორმულირება, რომელიც პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ მუშაობა. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პარლამენტის დადგენილებამ კეთილისმყოფელი როლი შეასრულა ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის გააქტიურების თვალსაზრისით, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის.
- კიდევ ერთი საკითხი ამასთან დაკავშირებით. რუსეთის პრესამ, „ნეზავისიმაია გაზეტამ“ მოულოდნელად გამოაქვეყნა მხარეებს შორის ხელმოსაწერი ოქმი კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ, რომელსაც ქართული მხარე პრინციპში არ დაეთანხმა გარკვეულ დებულებათა გამო, და რომელიც ორ მხარეს შორის არსებული შეთანხმებით, და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, არ უნდა გამოქვეყნებულიყო, საერთოდ არ უნდა დაბეჭდილიყო. რატომ მოხდა ეს?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთები ასე უდიერად ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს, თუნდაც ეს ვალდებულებანი დოკუმენტურად არ იყოს გაფორმებული და ჯენტლმენური შეთანხმების ხასიათი ჰქონდეს. მაგრამ, რაკი გამოქვეყნდა ეს პროექტი, თანაც ისეთი კომენტარით, თითქოს საქართველოს უარი ეთქვას კომპრომისზე, მაშინ ოქმის ის პროექტიც უნდა გამოაქვეყნონ, რომელიც ერთი წლის წინათ ვიზირებული, ფაქტობრივად, პარაფირებული იყო აფხაზური მხარის მიერ, მაგრამ მოულოდნელად მაინც დაუწუნეს სოხუმში და მოლაპარაკება მაშინ შეწყდა. თუ ერთ ვარიანტს აქვეყნებ, ბუნებრივია, მეორეც უნდა გახდეს ცნობილი მკითხველისათვის, რათა რუსეთის საზოგადოება და არა მხოლოდ რუსეთისა, შეცდომაში არ შეიყვანო და იგი სრულად იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მიმდინარეობდა დოკუმენტის სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობა.
ასეთია ჩემი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
- კიდევ ერთი საკითხი კვლავ აფხაზეთის თემაზე. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ, როგორც კი აფხაზეთის პროცესში გარკვეული საეტაპო მნიშვნელობის მოვლენები ხდება, ყოველთვის თანაბრად აქტიურდებიან რუსეთის მასმედია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაგალითად, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება, რომ ეკონომიკური სანქციები, რუსეთის ინტერესებს პრინციპულად აღარ შეესაბამება, ვინაიდან ჩეჩნეთის მოვლენები მეტნაკლებად მოწესრიგდა და რუსეთს იმდენად აღარ აინტერესებს. ამავე დროს საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობენ იმაზეც, რომ სოხუმს თითქოს არ აქვს სატელეფონო კავშირი გარე სამყაროსთან, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს კავშირი არსებობს და როგორც წესი და რიგია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტი მოითხოვს, თბილისის გავლით ხორციელდება...
- მე გავეცანი ამ განცხადებას და უნდა მოგახსენოთ, რომ იგი, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია. ეკონომიკური სანქციები აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ შემოღებული იყო დამოუკიდებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა გადაწყვეტილების შესაბამისად. თუ ვინმეს მეხსიერება ღალატობს, გადაათვალიეროს ის დოკუმენტები. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა სეპარატისტულ რეჟიმზე მშვიდობიანი ზემოქმედების ღონისძიებათა განხორციელებას. რუსეთის მიერ სანქციების ცალმხრივად გაუქმება უეჭველად გამოიწვევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ავტორიტეტის დაკნინებას და სერიოზულად გაართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ეს ბუნებრივია. გარდა ამისა, ზოგიერთ მოხელეს რუსეთში ნუ დაავიწყდება, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს ადეკვატური ზომებიც, თუმცა ეს სრულებით არ არის სასურველი. ამასთან, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ, როცა ლაპარაკია მდინარე ფსოუზე, იგულისხმება საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის, ე.ი. სასაზღვრო რეჟიმიც ორმა სახელმწიფომ - რუსეთმა და საქართველომ უნდა განსაზღვროს (ვთქვათ ისევე, როგორც ხდება ეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ანდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის სხვა მონაკვეთზე). ზუსტად ასევე უნდა მოხდეს ჩვენი მოლაპარაკების შედეგად მდინარე ფსოუზე საზღვრის რეჟიმის განსაზღვრა.
საქართველოში ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ ხალხებთან, მათ შორის ჩეჩნეთთან, ბევრი რამ გვაკავშირებს. ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შეუძლიათ პოზიტიური როლი შეასრულონ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში. მოგეხსენებათ, რომ 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკის ლიდერებმა. საქართველომ ეს შესაძლებლობაც უნდა გამოიყენოს. უნდა სცადოს ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და მშობლიურ კერებში ლტოლვილთა დასაბრუნებლად. კავკასიელ ხალხებთან ჩვენი ურთიერთობა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის და არც შეიძლება იყოს მიმართული. სხვათა შორის, მე გუშინ მივიღე ბატონ გალაზოვის წერილი და მისი წინადადებანი იმის შესახებ, რომ საქართველომ და ჩრდილოეთ ოსეთმა დაამყარონ ეკონომიკური და ზოგიერთი სხვა კავშირურთიერთობა და გააფორმონ ხელშეკრულება ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სატელეფონო კავშირს (ეს მინდა განვმარტო), აფხაზეთს დღესვე, ზუსტად ერთი საათის შემდეგ შეუძლია ჩაერთოს ტრადიციულ სისტემაში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ თბილისის გავლით და მიიღოს 60-მდე არხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქთან, დამოკიდებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან, და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან დასაკავშირებლად. ჩვენი ბრალი არ არის, თუ აფხაზთა ზოგიერთი ლიდერი ვერა და ვერ მოერევა თავის ამბიციას. მოგეხსენებათ, სატელეფონო არხები გუდაუთაშია (და არა თბილისში) გამორთული. ეს მარტო სატელეფონო კავშირს როდი ეხება. საქართველოდან აფხაზეთისაკენ მიმავალი ყველა გზა (მათ შორის საავტომობილო თუ სხვა სატრანსპორტო არტერიები) გახსნილია. ჩვენ არ ვაპირებთ ბლოკირებას, ვინაიდან აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამდენად, აფხაზურ მხარეს შეუძლია ისარგებლოს ამ სატრანსპორტო თუ კავშირგაბმულობის არტერიებით, რათა სრულად დაიკმაყოფილოს თავისი და მოსახლეობის მოთხოვნილებანი.
- და ერთი კითხვაც: ერთ-ერთი კუთხე, სადაც პრინციპში სეპარატისტები ვერ შევიდნენ, კოდორის ხეობაა. მის მოსახლეობას დღეს ძალიან უჭირს. რა ზომები იქნება მიღებული?
- როგორც იცით, კოდორის ხეობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შედეგად ნათელი გახდა, რომ ამ რეგიონის მოსახლეობას გადაუდებელი დახმარება სჭირდება. შარშან ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და მოსახლეობა კმაყოფილი და მადლიერია, მაგრამ წელს, ალბათ, გაცილებით მეტის მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი, უწინარესად სურსათ-სანოვაგით, საცხებ-საპოხი მასალებით, საწვავით, მედიკამენტებით მომარაგება და ა.შ.; გადასაწყვეტია სკოლების, საავადმყოფოების პრობლემა და, რაც მთავარია, გზის საკითხი. ამდენად, პრეზიდენტის ბრძანებულებაში, დიდი გაჭირვების მიუხედავად, გათვალისწინებული იქნება გარკვეული სახსრების გამოყოფა ხეობის მოსახლეობის დასახმარებლად, რომელიც უდიდეს გაჭირვებას იტანს და გმირულად იცავს ხეობას ძალმომრეობისაგან. ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ ასეთივე დახმარება გავუწიოთ აფხაზეთის სხვა რეგიონის მცხოვრებლებსაც - ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მათთვისაც იზრუნოს, თუკი, რა თქმა უნდა, ხელს არ შეგვიშლიან.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეარბილა სანქციები ირანის მიმართ და თურქმენეთის გაზის გატარებაზე, ფაქტობრივად, თანხმობა განაცხადა. ამერიკელებს მიაჩნიათ რომ, ეს თავსდება ემბარგოს ფარგლებში, რომელიც თავის დროზე შემოიღეს მათ ირანის მიმართ. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
- ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. ირანის ტერიტორიის გავლით ჩვენი მეზობელი თურქეთისათვის თურქმენეთის გაზის ნაწილის მიწოდების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კეთილი ნების გამოხატვა (მე ასე დავარქმევდი ამას) უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. ახლა ლაპარაკი იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება სამომავლო საქმეებზე, ჯერ კიდევ ნაადრევია. ფაქტი ერთია, საქართველო უაღრესად მგრძნობიარეა ყველა მოვლენის მიმართ რომელმაც შეიძლება სასიკეთო, ანდა, პირიქით, ნეგატიური გავლენა მოახდინოს რეგიონის მდგომარეობაზე, იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ხშირად დიდი საქმეები ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით იწყება ხოლმე.
- და, ბოლო შეკითხვა: თქვენ ყველა ინტერვიუს ჩვეულებრივ ეკონომიკური მიმოხილვით იწყებთ ხოლმე. ყველა გამოსვლაში - იქნება ეს საქართველოში თუ უცხოეთში, როცა ქვეყნის სტაბილურობასა და მიღწევებზე ლაპარაკობთ, უპირველესად, მისი ეკონომიკური მაჩვენებლები მოგყავთ. ეს მარტო საქართველოს როდი ეხება. გავიხსენებ თქვენს ამასწინანდელ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, როცა საქართველოზე იყო საუბარი და უნდოდათ ეთქვათ, რომ საქართველოში ბოლო სამი წლის მანძილზე გარკვეული დადებითი ტენდენციები განვითარდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ, სწორედ ეკონომიკურ მაჩვენებლებს იშველიებდნენ. კლინტონმა ასეთი ფრაზა თქვა: განსაცვიფრებელი წარმატებები მოიპოვა საქართველომ ეკონომიკური რეფორმების მხრივ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სფეროში. საუბარი შეეხო იმასაც, რომ პოსტსაბჭოურ, ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ ქვეყნებს შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია (ასეც იყო იქ ნათქვამი) თავისი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით და ა.შ. მოკლედ, შინ თუ გარეთ, იქნება ეს ექსპერტთა თუ პოლიტიკოსთა შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქვეყნის პრეზიდენტის შეფასება, ყოველთვის სასიკეთო ეკონომიკურ ძვრებზეა ლაპარაკი და თანაც ძალიან ხაზგასმით. რატომ? რაც შესამჩნევია, იმას მოსახლეობა ამჩნევს, თუმცა ნაკლებად ამჩნევს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩაბმული. საზღვარგარეთ ექსპერტებს აქვთ საშუალება, რაღაც გარკვეული მომენტების შემდეგ, ჩამოვიდნენ ქვეყანაში და ნახონ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. მოსახლეობა კი ამას ყოველდღიურად ხედავს და შეჩვეული მომენტია. რატომ ხდება ეს?
- მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დასვით და მინდა ასეთნაირად ვუპასუხო: არა იმიტომ, რომ ვინმეს შევედარო, ან ჩვენი პრესის კრიტიკული პათოსის შესუსტება მოვითხოვო. ეს არ მოხდება. მაშინ ეს თავისუფალი პრესის პრინციპებს უგულებელყოფს. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ამ ნეგატიურმა, შავმა ნიაღვარმა, ჩვენი ინფორმაციის საშუალებებით რომ მოედინება, ლამის ყველა და ყველაფერი წალეკოს. ყველაფერს რომ ვკითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ამ ქვეყანაში მარტო ინტრიგანები, მოქიშპენი, ქურდბაცაცები და ლამის ბანდიტები ცხოვრობენ. ლამის ყველა ქალი გაირყვნა. ლამის ყველა მამაკაცის ზნეობა დაეცა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, არსებობს ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის უმაღლესი დონის განვითარების ქვეყნებში, მაგრამ ხომ არ შეიძლება სახელმწიფო, როგორც ახლა ამბობენ, „შავთა“ და „ყვითელთა“ სამეფოდ გამოაცხადონ. ამიტომაც რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით.
მე საქართველოს, ასე ვთქვათ, შიგნიდანაც ვხედავ და ასე მგონია, ვხედავ კარგად, ვხედავ გარედანაც, მთელი თავისი შუქ-ჩრდილებით. საქმეში ჩახედული ჩვენი უცხოელი მეგობრები, ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები საქართველოს სწრაფად განვითარებად, დემოკრატიულ, უაღრესად თვითმყოფად ქვეყნად აღიქვამენ. ჭეშმარიტი გულშემატკივარნი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის მაგისტრალზე გადის, არ დაკარგოს ის, რაც საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულა და რასაც ქართული ეროვნული ფენომენი ჰქვია. ისიც მითქვამს, რომ მსოფლიო ბანკმაც კი, რომლისთვისაც ეს პრობლემა თითქოს უცხო უნდა იყოს, სპეციალური ანგარიში გახსნა, რათა საქართველომ თავისი კულტურული მემკვიდრეობა შეინარჩუნოს და გაამდიდროს.
საქართველოში არიან დიდი მოაზროვნენი. დიახ, არიან დიდი მოღვაწენი, რომლებიც ნათლად ხედავენ ქვეყნის დღევანდელობის ავ-კარგს, ხვალინდელ დღეს. სწორედ ისინი ჰყავთ მხედველობაში ჩვენს საზღვარგარეთელ გულშემატკივრებს, როცა გაოცებას გამოხატავენ ჩვენი ხალხის მაღალი ინტელექტუალური დონით, მსოფლიო მოვლენათა შემეცნების საოცარი უნარით, ურთულეს მოვლენებში ღრმად ჩახედვისა და სწორი ორიენტირების ნიჭით, საკუთარი ღირსების დაფასებით, სხვათა არადაკნინებით, მათი პატივისცემითა და თავისი ტოლერანტობით.
გულის სიღრმემდე ვარ შეძრწუნებული, როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ მომწერლო მოღვაწე (მე ასე დავარქმევდი) საკუთარი ქვეყნისათვის უხვად იყენებს ისეთ ეპითეტებს, როგორიც არის: „ჩემი დებილი თუ დეგენერატი ხალხი“, ანდა „სიგარეტის ქვეყანა“, „ბანანის რესპუბლიკა“, გუშინ წავიკითხე „სიცრუის ქვეყანა“ და სხვა მრავალი მარგალიტები, ასე უხვად რომ არის მიმოფანტული სხვადასხვა გამოცემათა ფურცლებზე. მიმაჩნია, რომ, სანამ დაწერ, სანამ ასოები გამოიხატება და გამოიხაზება, მანამდე უნდა იფიქრო ამაზე და მერე გადაიტანო ქაღალდზე. მე კიდე ასე ვხედავ: მავანთა და მავანთა წყალობით დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა „გასაოცრად“ (ეს გამოთქმა იხმარეს ვაშინგტონში) სწრაფად დგება ფეხზე და ჩვენი ხალხის უდრეკი, სპეტაკი სული სწორედ ამ უმძიმესი გამოცდის წლებში გამობრწყინდა. ეს არ არის არავითარი გადაჭარბება და არავითარი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. ჩვენ ვამკვიდრებთ ჭეშმარიტ დემოკრატიულ, ჰუმანისტურ ღირებულებებს, ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ნიჭიერი და ძლიერნი იქნებიან თავიანთი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქენი და პატრიოტები, სუსტნი და ხელმოცარულნი კი საიმედოდ დაცულნი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ.
სწორედ თანამედროვეობის მოთხოვნებთან ადაპტირების, ეკონომიკის, კულტურის, სამხედრო ხელოვნების სწრაფი აღმავლობის, საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი ავტორიტეტის დამკვიდრების გენიალური თვისება არის მოკლე დროში ქვეყნის მთლიანობის აღდგენის, საქართველოს ყველა ოჯახის (ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩევლად) გაძლიერებისა და ქვეყნის აღორძინების გარანტია.
საქინფორმი.
„მავანთა და მავანთა წყალობით დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა გასაოცრად სწრაფად დგება ფეხზე და ჩვენი ხალხის უდრეკი, სპეტაკი სული სწორედ ამ უმძიმესი გამოცდის წლებში გამობრწყინდა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 აგვისტო. - №187 (2560). - 1,2 გვ.
![]() |
92 საქართველოს პრეზიდენტი დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის იმ ახალი წინადადებების გამო, რომლებიც აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას ეხება |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა ბორის ელცინს
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქვამს დიდ კმაყოფილებას რუსეთის პრეზიდენტის იმ ახალი წინადადებების გამო, რომლებიც ეხება აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას. „თქვენ მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ლტოლვილთა დაუყოვნებლივ დაბრუნების პირობით, შეესაბამება როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებს, ასევე, თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურების საბჭოს გადაწყვეტილებებსაც.
სავსებით ვიზიარებ თქვენს აზრს ფედერალურ ცენტრსა და რესპუბლიკებს შორის ფუნქციათა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის რუსეთის გამოცდილების გამოყენების შესახებ“, - ნათქვამია წერილში.
რუსეთის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში ედუარდ შევარდნაძე გამოთქვამს რწმენას, რომ ბორის ელცინის გადამწყვეტი ინიციატივა და მისი ავტორიტეტული ხელშეწყობა დაგვეხმარება დავძლიოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებანი და, რომ ჩიხიდან გამოსვლის რეალური გზები, ბოლოს და ბოლოს, გამოიძებნება მოსკოვის შეხვედრის დროს.
1997 წლის 6 აგვისტო.
საქართველოს პრეზიდენტი დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის იმ ახალი წინადადებების გამო, რომლებიც აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას ეხება : ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 აგვისტო. - №189 (2562). - 1 გვ.
![]() |
93 „თუ გვსურს საქართველო იქცეს თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დინამიკურად განვითარებული ეკონომიკით, მრეწველობა უნდა ვაქციოთ ეკონომიკის ხერხემლად“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის მიმოხილვას დავიწყებთ აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობით, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, თუმცა განსხვავებული მიზნებითა და იმედებით. ყრილობა გაიმართა. მისი ძირითადი მოთხოვნა იყო რუსეთის სამშვიდობო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა. ბუნებრივია, იყო ემოცია და ალბათ, ნაკლებად, ახალი სიტყვა, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის ახალი მოდელი და, სხვათა შორის, ეს ყრილობის მონაწილეებმაც იგრძნეს, რაზეც იქ იყო კიდეც საუბარი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მე ალბათ დეტალური კომენტარი დამჭირდება, იმიტომ, რომ ყრილობა სერიოზული მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში.
ლტოლვილთა ყრილობა ძირითადად ობიექტური იყო, თუმცა არასრული ანარეკლი იმ ვითარებისა, რომელიც ამჟამად შექმნილია ჩვენს მრავალტანჯულ, განაწამებ თანამემამულე-ლტოლვილთა შორის. ყრილობა ისეთი გამოდგა, როგორიც, ალბათ, უნდა ყოფილიყო: გულმოკლულ ადამიანთა გოდებით, წინააღმდეგობებით, ნაწილობრივ უიმედობითა და ხშირად მწარე სიმართლით. გოდებით იმ უბედურების გამო, რომელშიც მთელი ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩნდით აფხაზეთის ტრაგედიის შედეგად. არაერთგზის მითქვამს: სანამ უკანასკნელი ლტოლვილი არ დაბრუნდება აფხაზეთში, საქართველოს ყველა მოქალაქე, პრეზიდენტიდან დაწყებული - თავად ლტოლვილია. ამდენად, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ ადამიანთა ემოცია, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს ან დევნილებად იქცნენ საკუთარ ქვეყანაში, ოთხი წელიწადია გრძელდება მათი გვემა და ტანჯვა-წამება.
ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, ხელისუფლებამაც უნდა გაუგოს ამ ადამიანებს. ემოციურმა, მწარე ნათქვამმა სიტყვამ არ უნდა გამოიწვიოს ერთგვარი განაწყენება, გაბუტვა. მით უმეტეს, გაუცხოება, ან იმ პრობლემათა გაუგებრობა, რომელთა შესახებაც იყო საუბარი ყრილობაზე. სხვათა შორის, იქ ბევრი საკითხი დაისვა, რომელთა შესწავლა და გათვალისწინება დღევანდელ პირობებში სავსებით შესაძლებელია. უფრო მეტიც - ეს მთლიანად ხელისუფლების ვალია. როცა ვლაპარაკობ, რომ მეტი გაგებით უნდა შევხვდეთ ამ კრიტიკულ გამოსვლებს, შენიშვნებს და გამწარებულ ადამიანთა ნათქვამს, მე მარტო საქართველოს ხელისუფლება არა მყავს მხედველობაში, არამედ ის ქვეყნებიც და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც, ასე თუ ისე, ჩართული არიან აფხაზეთის ვითარების მოწესრიგების საკითხში. და თუ მათი მისამართითაც გამოითქმება მწარე შეფასებები და მწარე სიტყვები, მათაც, ალბათ, ეს ისე უნდა მიიღონ, როგორც სავსებით სამართლიანი და ობიექტური საყვედურები.
რა თქმა უნდა, უმთავრესი დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანო ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან ის არის, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი. გაიმართებოდა თუ არა ყრილობა, ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში აფხაზეთი იყო, არის და პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე იქნება საქართველოს ხელისუფლების უდიდესი, უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი, ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.
დრო მართლაც აღარ ითმენს, უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს ყველა პოლიტიკური ბერკეტი. დღეს მდგომარეობა გაცილებით საიმედოა, ვიდრე სამი, ორი ან თუნდაც ერთი წლის წინათ იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცნობილი დადგენილება, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემი გამოსვლა უშიშროების საბჭოში, რასაც ამ ორგანოს საკმაოდ პრინციპული რეზოლუცია მოჰყვა - გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია მაქვს მხედველობაში. მოლაპარაკებაში ჩაერთო საქართველოს მეგობარი ქვეყნები - შესამჩნევად ამაღლდა (ეს მოსალოდნელიც იყო) რუსეთის პოლიტიკური აქტიურობა ამ ფონზე და მე ვიტყოდი, გარკვეული დოზით რუსეთის პასუხისმგებლობაც. აქვე მინდა ხაზი გავუსვა: რუსეთი ერთ-ერთი უმთავრესი და მრავლისშემძლეა იმ პოლიტიკურ სუბიექტთაგან, რომლებიც ჩართული არიან აფხაზეთის პრობლემის საბოლოო და სამართლიან გადაჭრაში. ეს მარტო საქართველოს აზრი არ არის, ასე ფიქრობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც და უშიშროების საბჭოც. ამდენად განსაკუთრებული ინტერესით ველით წინადადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან. ევგენი პრიმაკოვის ვიზიტი საქართველოში წესით უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. მოსალოდნელია ჩემი ვიზიტიც მოსკოვში და შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ბორის ელცინთან, რომელმაც თავად გამოთქვა ასეთი სურვილი. იმედი მაქვს, ამ მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი და, ბოლოს და ბოლოს, ხელს მოვაწერთ იმ (მე ვიტყოდი) „მრავალტანჯულ“ დოკუმენტს, რომლითაც კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება უნდა დაიწყოს. ოღონდ, აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ამ დოკუმენტის (თუ როგორც მას უწოდებენ - ოქმის) ხელმოწერა, ისევე, როგორც ვლადისლავ არძინბას მონაწილეობა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ წინასწარ იქნება მიღწეული პროგრესი და დოკუმენტი - გამზადებული ხელმოსაწერად. მე არ ვაპირებ მოსკოვში მხოლოდ იმისათვის გავემგზავრო, რომ ვიღაცას რაღაცის „დაფიქსირების“ (როგორც ახლა ამბობენ ხოლმე) საშუალება მივცე - გამგები გაიგებს, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.
ზემოთ თქმული არ ნიშნავს უარს ვამბობდე შევხვდე კონკრეტულად ბატონ არძინბას. ქართულ-აფხაზური დიალოგი შერიგებისათვის, ორმხრივი კომპრომისების გზით შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ძიებისათვის - არათუ სასურველი, არამედ აუცილებელი კომპონენტია მთელი მოლაპარაკების პროცესისა. ამას ვრცელი კომენტარი იმიტომ მოვაყოლე, რომ ჩემი ვიზიტი მოსკოვში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ იქნება გარანტია, რომ მომზადებულია ისეთი დოკუმენტი, რომელიც მისაღებია აფხაზებისათვისაც.
ახლა, რაც შეეხება „სამშვიდობო ძალების გაყვანას“. ეს საკითხი ყრილობაზე ძალზე მწვავედ დაისვა და არა მარტო ყრილობაზე, ჩვენს საზოგადოებაშიც ფართომასშტაბიანი მსჯელობა მიმდინარეობს. ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ჯარებთან დაკავშირებით, რთულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება და ეს უბრალოდ გადასაწყვეტი არ იყო. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, და მგონია, საკმაოდ ბრძნული გადაწყვეტილება იყო თავისი ნიუანსებითა და ფორმულირებათა გათვალისწინებით. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუ სამშვიდობო ჯარები დაუყოვნებლივ დატოვებდნენ კონფლიქტის ზონას. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება მრავალეროვნული სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების შესახებ - ამდენად ჯერჯერობით შეუძლებელია სამშვიდობო ძალთა ჩანაცვლება. მე მარტო ენგური არა მაქვს მხედველობაში, სხვათა შორის, ნუ დაგვავიწყდება კოდორის ხეობის პრობლემებიც და ზოგიერთი სხვაც რომელთა შესახებაც ჩვენს საზოგადოებრიობას საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ზოგიერთ რეგიონში (განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში), ჩვენი მონაცემებით, უკვე იკრიბებიან ეგრეთ წოდებულ „ბოევიკთა“ რაზმები, კონფედერატები და სხვა ჯურის ავანტიურისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის კონფლიქტში სეპარატისტთა მხარეს და ახლაც მზად არიან განახორციელონ აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინონ, ასე ვთქვათ, რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება - ასეთი მოძრაობაც მიმდინარეობს ენგურზე. შემთხვევითი სრულებითაც არ არის ცნობილი სოსლანბეკოვის და არა მარტო მისი მოხშირებული ვიზიტები სოხუმში. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ძნელი იმის წარმოდგენა, რა უბედურება დატრიალდებოდა გალის რაიონის ქართულ სოფლებში, სადაც უდიდესი რისკის ფასად, მაგრამ მაინც დაბრუნდა მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, რამდენიმე ათეული ათასი კაცი.
მესმის, რომ ხშირად იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ემოციებს არიან აყოლილი, ამგვარ, ან ნებისმიერ სხვა რაციონალურ არგუმენტს ვერ შეასმენ. სხვთა შორის, აქ მე მინდა გავცე პასუხი კითხვას: რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ყრილობას? პირდაპირ ვიტყვი: მინდოდა, რომ ეს ფორუმი ყოფილიყო აზრთა აბოლუტურად თავისუფალი, შეუზღუდავი გაზიარების ასპარეზი. მოგეხსენებათ, ყრილობას ესწრებოდნენ „მომხრენიც“, „მოწინააღმდეგენიც“, ოპოზიციაც და ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული, პრეზიდენტის პარტიის საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც. ვგრძნობდი, რომ ახალს ამ გაუბედურებულ თანამემამულეთ ვერაფერს ვეტყოდი. ამავე დროს, პრეზიდენტის დასწრებას შეეძლო ერთგვარად შეეზღუდა იქ წარმოდგენილი საზოგადოება და გარკვეული დაძაბულობაც შეეტანა, რაც, ნამდვილად, სასურველი არ იყო. ვიმეორებ: ყრილობა უნდა ყოფილიყო გულახდილი, გულწრფელი საუბრის ასპარეზი და ასეთად იქცა კიდეც. პრეზიდენტთან ლტოლვილებთა წარმომადგენლობითი დელეგაციის შეხვედრა კი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს. უფრო მეტიც, ამგვარი დიალოგი განუწყვეტლივ მიმდინარეობს.
და ბოლოს: ყრილობაზე გამოსული ზოგიერთი ორატორი (სხვათა შორის, მეტწილად ისინი, ვინც აფხაზეთში დასასვენებლად თუ ყოფილან - ყოველ შემთხვევაში, ომის დროს ამ „მოღვაწეთათვის“ თვალი მე არსად მომიკრავს) გვემუქრებოდა: ავაგორებთ აქციებს, ზეგავლენას მოვახდენთ ხელისუფლებაზე, გავალთ ქუჩაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ გასაგონად ვიტყვი, ტონის ყოველგვარი შერბილების გარეშე: ნუ გვაშინებენ და ნუ ჰგონიათ, რომ ამ მეთოდით რამეს მიაღწევენ. აქ ხელისუფლების დღევანდელი სიმტკიცეც კი არ არის მთავარი (თუმცა, ანგარიშგასაწევი ფაქტორია). განმსაზღვრელი მაინც ის არის, რომ ხალხი, საზოგადოება, რომლებმაც ამდენი უბედურება გადაიტანა ქუჩებში გასვლით, ამდენი მოძრაობების აგორებით და სხვათი, ყველაფერს მოითმენს, ყველაფერს დაუჭერს მხარს, მორიგი დესტაბილიზაციისა და გათიშულობის გარდა. აფხაზეთი გადამწყვეტწილად სწორედ გათიშულობამ, და ეს ყველამ უნდა გაიგოს, ქიშპმა და ქართველთა ურთიერთმტრობამ დაგვაკარგვინა. რაც შეეხება პარტიზანულ ომს (ამაზეც იყო საუბარი) - თუ ამის შნო და სათანადო გეგმები აქვს ვინმეს, ისიც უნდა იცოდეს, რომ ამგვარ გეგმებს ყრილობაზე არ „აფრქვევენ“.
- გასულ კვირას გენერალი შალიკაშვილი ეწვია საქართველოს. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს ჯეროვანი რეაქცია მოჰყვა ჩვენში და, ალბათ, ისეთი რეაქცია, რომელსაც ველოდით, მოჰყვა რუსეთის მასმედიაში - ძალიან მძაფრი რეაქცია იყო ამ ვიზიტის გამო. გარდა, ეგრეთ წოდებული, საზეიმო ნაწილისა, რით იყო მნიშვნელოვანი შალიკაშვილის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისათვის?
- სხვადასხვა ქვეყნების პრესაში ბევრი ეჭვი გამოითქვა - რა საჭირო იყო ეს ვიზიტი, რასთან იყო დაკავშირებული და ასე შემდეგ. მინდა ამ ეჭვების მატარებელი დავამშვიდო: არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და არ ხდება. ვგულისხმობ საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ თავისთავად, რა თქმა უნდა, ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში, შეხვედრები, მოლაპარაკებები. ახლა მიმდინარეობს საპასუხო ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში. ეს სავსებით ნორმალური პროცესია და იგი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ამ დღეებში საქართველოში ამერიკელ სენატორთა საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩამოვა. საქართველო იძენს (შეიძლება ითქვას, იბრუნებს) გეოპოლიტიკურ, მსოფლიო-ისტორიულ მისიას კავკასიის რეგიონში და არა მარტო კავკასიის რეგიონში. შესაბამისად იზრდება ინტერესიც მის მიმართ. რა ჩვენი ბრალია, თუ ამ ინტერესის გამომჟღავნების თვალსაზრისით ამერიკელები ზოგიერთ სხვაზე მეტად აქტიურობენ. როგორც ჩანს, მათ უკეთ აქვთ გაცნობიერებული და განჭვრეტილი, რა ადგილს დაიკავებს საქართველო ჩვენს რეგიონში 10 ან 20 წლის შემდეგ. თუ სხვები ნაკლებად აქტიურობენ - ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი, რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კურსს, იგი უცვლელია. საქართველოს სურს კეთილმეზობლური, მეგობრული, თანამშრომლობაზე დამყარებული კავშირი ჰქონდეს ყველა მეზობელ ქვეყანასთან და იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც უდიდესი პოტენციალის გამო შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ჩვენს რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. ამ თვალსაზრისით უდიდესი როლი შეიძლება შეასრულოს რუსეთმა, ჩვენ კვლავინდებურად გვჯერა ამ მეზობელ, ისტორიულად ახლობელ ქვეყანასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა. ამერიკასთან დაახლოება და მეგობრობა არ ნიშნავს ურთიერთობათა გაუარესებას, მით უმეტეს, დაპირისპირებას (ეს ღმერთმა დაგვიფაროს), მტრობას რუსეთთან. სამწუხაროდ, ასეთი გაგება არის სწორედ იმ ძველი „ცივი ომის“ ფსიქოლოგიური და არა მარტო ფსიქოლოგიური გადმონაშთი და ამ ტყვეობიდან ჯერაც ვერ განთავისუფლებულა ბევრი ვერც საქართველოში, ვერც რუსეთში და, შეიძლება, დასავლეთშიც. მითუმეტეს, რომ თავად რუსეთს ამერიკა მიაჩნია მეგობრულ სახელმწიფოდ და ესწრაფვის მასთან კიდევ უფრო დაახლოებას. ვფიქრობ, არანაკლებ სარგებელს იღებს რუსეთი ამერიკელებთან თანამშრომლობით, ვიდრე საქართველო, გაცილებით მეტს, ალბათ, ასჯერ და ათასჯერ.
რაც შეეხება ბატონ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის სტუმრობას, ეს იყო ძალიან სერიოზული ვიზიტი, რომელმაც, მე ვიტყოდი, შექმნა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ეტაპი. თუმცა მას ჰქონდა სხვა, ემოციური დატვირთვაც - გენერალი შალიკაშვილი რომლის ძარღვებშიც დიდი ქართველი წინაპრების, შესანიშნავი ქართული გვარის სისხლი ჩქეფს, მიეახლა მამაპაპეულ საძვალეს, მშობლიურ კერას. ქართველი ხალხი მას სიხარულით შეხვდა. მალხაზ შალიკაშვილი ადასტურებს, რომ ქართველთა მეომარი, ასე ვთქვათ, გენის, გადაუჭარბებლად ვიტყვი, და საბრძოლო სულისკვეთება, რომელმაც არაერთგზის გაიბრწყინა კაცობრიობის ისტორიაში, სულაც არ არის მითი და ზღაპარი, როგორც ბოლო დროს ზოგიერთი ნიჰილისტი და არაკეთილმოსურნე გვიმტკიცებს. სამწუხაროდ მხოლოდ ის არის, რომ ისტორიულად ეს გენია სხვა ქვეყნების არმიებში ბრწყინავდა. ალბათ, ამის მიზეზი ქართული სახელმწიფოს სისუსტე იყო იმ ეტაპებზე, იმ ეპოქებში. დღევანდელმა თაობამ ჩვენი სამშობლოს ეს ისტორიული მანკიც უნდა გამოასწოროს და მოარჩინოს. ქართული ნიჭიერება, უწინარესად, საქართველოს უნდა ემსახურებოდეს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს და კაცობრიობას.
- ნატოს სამეცნიერო კომიტეტმა გამოიჩინა ინიციატივა, რომლის არსი ის არის, რომ უნდა შემუშავდეს სამეცნიერო თანამშრომლობის სპეციალური პროგრამა „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ნატომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ კონტაქტებისათვის ნატოსა და პროგრამა „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის. ეს ინიციატივა ისევე საინტერესო და მრავლისმთქმელია, როგორც ვთქვათ, პრეზიდენტ კლინტონის ინიციატივა განათლებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ...
- ძალიან საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. სათანადო დოკუმენტაციისა და წინადადებებს ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ და მაშინ უფრო დეტალური საუბარიც შეგვეძლება, ჯერჯერობით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ახალი პროგრამა მიზნად ისახავს გაუადვილოს პარტნიორ ქვეყნებს საბაზრო ეკონომიკასთან ადაპტირება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, სამეცნიერო ბაზის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. ამ პროგრამას ეწოდება „მეცნიერება - მეცნიერება მშვიდობისათვის“. და მინდა, რომ ჩვენმა რადიომსმენელებმა, განსაკუთრებით ჩვენმა მეცნიერებმა ამას ყურადღება მიაქციონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ წამოწყებას. საქართველოს ჩართვა ევროატლანტიკურ სივრცეში დროულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ნატოსთან პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრის - მისი ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებისა და განვითარების წინაპირობად იქცევა. ასე ვხედავ ამ ინიციატივის პერსპექტივას. ამგვარად, თუ ეს ინიციატივა რეალური პროგრამის სახეს მიიღებს და მხოლოდ დეკლარაციით არ შემოიფარგლება (რაც, სხვათა შორის, არცთუ ისე იშვიათია), საქართველო მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილშობილური იდეის ხორცშესხმაში. ჩვენ დაგვჭირდება სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, შეიძლება ამ პრობლემას გაუძღვეს მეცნიერებათა აკადემია, ან მეცნიერების დეპარტამენტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში შედის, ან რაიმე სხვა ფორმა მოიძებნოს.
ჩვენ ასევე დიდი ენთუზიაზმით ვითანამშომლებთ თანამეგობრობის ყველა ქვეყანასთან; სამწუხაროდ, აქ მიღებული მშვენიერი დეკლარაციები სამეცნიერო პოტენციალის ამაღლების, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში სამეცნიერო ინტეგრაციის შესახებ ჯერჯერობით სურვილების ფარგლებს არ გასცილებია. და კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც მინდა ყურადღება მივაპყრო: ყველაფერი ეს, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ - ინიციატივა, ბატონ კლინტონის 21-ე საუკუნის განათლების პროგრამა, რომელიც მან შესთავაზა საზოგადოებას და სხვა, ყოველივე ეს იმას მოწმობს, რომ თანამედროვე დემოკრატიებისათვის განათლების და მეცნიერების განვითარება ჭეშმარიტ პრიორიტეტებად იქცევა, რითაც საქართველო უაღრესად დიდად არის დაინტერესებული.
- ალბათ, კიდევ ერთ პრობლემას უნდა შევეხოთ. თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ „ცივი ომის“ შემდეგ ბიპოლარული მსოფლიოს პრობლემის შესახებ, რომ მეცნიერება იღვწოდა არა ომისთვის, არა ახალი გამანადგურებელი იარაღის შექმნისათვის, არამედ მშვიდობისათვის. ღონისძიება, რომელსაც მიმართა ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიც ნატოა, თანამედროვე პოლიტიკაში უკვე სულ სხვა, ახალ პერსპექტივასა და ახალ სიმაღლეებს მოწმობს, და იმასაც ადასტურებს, რომ ნატო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უკვე ნელ-ნელა და ძალიან მძლავრად ყალიბდება. ეს აბსოლუტურად ახალი მიდგომაა, ვიმეორებ, აქამდე მეცნიერება სულ სხვა კუთხით იყო მიმართული, ასე ვთქვათ, გამანადგურებელი იარაღის გამოგონებას ისახავდა მიზნად...
- მეცნიერებასთან ინტეგრაცია, მეცნიერული პოტენციალის გამოყენება და მისი ამოძრავება ნატოსა და ევროატლანტიკურ საბჭოს სრულიად სხვა ფუნქციას ანიჭებს. მე ასე ვიტყოდი: მთავარი მიზიდულობის ცენტრი სამომავლოდ სწორედ მეცნიერული პოტენციალი, მეცნიერების განვითარების დონე გახდება საერთო პლანეტარული მასშტაბით და არა მარტო ცალკეულ ქვეყნებში. და სწორედ ეს იხსნის კაცობრიობას, მე ამის უდავოდ მჯერა.
- განვლილი კვირის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა - კვლავ იყო ვიცე-პრემიერი ზაკაევის ვიზიტი საქართველოში; საუბარი პრეზიდენტ შევარდნაძესა და ჩეჩნეთის პრეზიდენტის მასხადოვის შეხვედრის შესახებ. გასული კვირა, სხვათა შორის, რუსეთის მასმედიაში ასე აისახა, რუსეთმა გაააქტიურა თავისი ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში, იმ დღეს, როცა ზაკაევი თბილისში იმყოფებოდა, გადაიცა ინფორმაცია, ამის თაობაზე, სიუჟეტების საინტერესო რიგი მოჰყვა მას. კერძოდ, რიბკინის განცხადებები რუსეთისათვის ჩეჩნეთთან ურთიერთობის, ჩერნომირდინის ჩრდილოეთკავკასიელ ლიდერებთან შეხვედრების თაობაზე და შემდეგ საუბარი იმის შესახებ, რომ ხვალ მათ პრეზიდენტი ელცინი მიიღებს. ჩრდილოეთკავკასიური პოლიტიკის გააქტიურება ტელეეკრანზე შეინიშნებოდა იმ დღეს, როცა ზაკაევი იმყოფებოდა საქართველოში და საუბარი იყო იმაზე, რომ თქვენ პრეზიდენტ მასხადოვს უნდა შეხვდეთ. როდის გაიმართება ეს შეხვედრა?
- რაც ახლა ჩამოთვალეთ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ, ეს ის ელემენტებია, რომლებიც გათვალისწინებულია კისლოვოდსკის დეკლარაციაში. არა აქვს მნიშვნელობა ინიციატივას, საიდან მოდის იგი - სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. ეს არის მოძრაობა მშვიდობიანი, სტაბილური კავკასიისათვის. მე, მაგალითად, გულით მივესალმები იმას, რასაც ახლა რუსეთის პრეზიდენტი გააკეთებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც აწუხებს ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს, ჩრდილოეთ კავკასიაში ზოგიერთ სხვა რეგიონს იმიტომ, რომ სტაბილური კავკასია, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასია საქართველოს უდავო ინტერესების სფეროშია. რაც შეეხება ბატონ მასხადოვთან ჩვენს კონტაქტებს, ამჟამად, მართლაც მიმდინარეობს კონსულტაციები ამგვარი შეხვედრის მოსამზადებლად. პრეზიდენტ მასხადოვთან ჩემი შეხვედრა შეიძლება გაიმართოს აგვისტოს მეორე ნახევარში. საუბრის ძირითადი თემა იქნება გავერკვეთ, მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს, და ვთხოვ ჩვენს პრესსამსახურს რუსეთის პრესისა და ტელევიზიის ყურადღება სწორედ ამ დეტალს მიაქციოს, იმ უმძიმეს მემკვიდრეობაში, რომელიც გვერგო აფხაზეთის ტრაგედიის შედეგად. ეს ტრაგედია საერთო იყო, იქ ასობით და, შეიძლება, ათასობით ჩეჩენი დაიღუპა ისე, როგორც ქართველები დაიღუპნენ ათასობით და ათიათასობით, ისე როგორც აფხაზები და სხვები და სხვები - ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავცდებით სერიოზულ დიალოგს იმისათვის, რომ მსგავსი რამ ჩვენს რეგიონში აღარასოდეს განმეორდეს. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ჩვენს რეგიონში სამართლიანი მშვიდობის დამყარების თაობაზე. ეს, ბუნებრივია. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობს მნიშვნელოვანი ჩეჩნური დიასპორა, ბევრი ქართველი ცხოვრობს ჩეჩნეთშიც. შეხვედრა უდავოდ სასარგებლო იქნება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გავიცნოთ ერთმანეთი და შევისწვლოთ ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივა. ერთი რამ შემიძლია განვაცხადო მთელი პრინციპულობით, შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო მიზნებსა და სასიკეთო საქმეებს ისახავს. სხვათა შორის, ასეთივე დიალოგი გვაქვს მომავალი შეხვედრების თაობაზე ბატონ გალაზოვთან, მივიღეთ მისი საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები, ბატონ აუშევთან, რომელსაც აქვს სურვილი ჩამოვიდეს, შეხვდეს, ვისაუბროთ ამ თემებზე ამ საკითხებზე და მიმაჩნია, სწორედ კონტაქტების ასეთი ინტენსიურობა არის იმის გარანტია, რომ კისლოვოდსკის დეკლარაცია მარტო ქაღალდად არ დარჩება.
- 29 აგვისტოს ორი წლისთავი ახლოვდება და კვლავ გააქტიურდა პრესა საქართველოს პრეზიდენტზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. გაკეთდა სამართალდამცავი სტრუქტურების პირველი პირების განცხადებები, კვლავ ამოტივტივდა იგორ გიორგაძის თემა. როგორ აფასებთ თავისთავად ამ ფაქტს, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი და რამდენადაა მომზადებული მოსალოდნელი საფრთხისათვის პრეზიდენტის დაცვის სამსახური?
- ათასნაირ ვარიანტს გვთავაზობენ მოსალოდნელ ტერაქტთან დაკავშირებით, ოღონდ არავინ ამბობს, რამდენი დღე დარჩა მანამდე, სანამ ეს ამბავი მოხდება. ეს ისე ლირიკული გადახვევაა.
უწინარეს ყოვლისა, მინდა შევნიშნო, რომ ჩემი აზრით, მორიგი პროპაგანდისტული ტალღის აგორება ამ თემაზე სწორედ ახლა, როცა დგება, თუ ასე შეიძლება ითქვას, „ჭეშმარიტების მომენტი“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, შემთხვევითი ნამდვილად არ არის. უბადრუკია ის, ვინც ფიქრობს, რომ ამგვარი პრიმიტიული პროვოკაციით შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის დაშინება, რათა მან მიიღოს, ან არ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ჩემი დაშინება საერთოდ რამდენად შესაძლებელია - ეს საქართველოშიც კარგად იციან, და მგონი, ცოტა უფრო გარეთაც.
ეს ეგრეთ წოდებული „საინფორმაციო გაჟონვა“, არსებობენ ასეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ამაზე არიან დასპეციალებული, ალბათ, იმასთან არის დაკავშირებული, რომ ორი წელი სრულდება, რაც რუსეთში საკმაოდ კომფორტულ პირობებში ამყოფებენ ცნობილი ტერორისტული აქტების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს. არადა, არსებული საკანონმდებლო ბაზით და ორმხრივი შეთანხმებებით, აგრეთვე, საერთაშორისო კონვენციებით, განსაკუთრებით თანამეგობრობის ხაზით ნაკისრი ვალდებულებებით, რუსეთი მოვალეა (ეს არ არის რაღაც სიკეთის ჟესტი) დამნაშავეთა ჯგუფი საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს გადმოსცემს. ამას ხელს ვერ შეუშლის ის, რომ იგორ გიორგაძე ამ ტერორისტული აქტის მერე რომელიღაც პარტიაში ჩაეწერა, რომელიღაც პარტიის წევრი გახდა. იგი არავითარი პოლიტიკური დევნილი არ არის. მაგრამ ამას ზოგიერთები მოსკოვში ხელს უშლიან - როგორც ჩანს, ვიღაცას სურს ეს პაიკი კიდევ ერთხელ გამოიყენოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ტალღა სწორედ იმ დროს აგორდა, როცა ახლოვდება 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის, სხვა სისხლიანი ტერორისტული აქტების „გმირთა“ სასამართლო პროცესი.
რამდენად რეალურია დღეს იგივეს განმეორება, ანუ მორიგი ტერორისტული აქტი, ძნელი სათქმელია. არავის არ შეუძლია თქვას, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ქართველ კაცს უთქვამს: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. რამდენადაც მე ვიცი და ვგრძნობ, პრეზიდენტის დაცვის პრობლემა ამჟამად გადაწყვეტილია და არა მარტო პრეზიდენტისა. ასე რომ, ტყუილად ნურავინ ნუ გაირჯება, ნურავინ ნუ დახარჯავს ზედმეტ ფულს ამ საქმისათვის და იარაღს ნუ შეიძენს. საზოგადოებას კი მოვუწოდებ, მშვიდად, აუღელვებლად აღიქვას ამგვარი ხმები, რომლებიც ქვეყანაში უიმედობის, უილაჯობის, განწირულობის ატმოსფეროს დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ვიმეორებ: ქართულ სახელმწიფოს შესწევს ძალა აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია და პროვოკატორებსაც სათანადო პასუხი გასცეს.
- განვლილი კვირა ეკონომიკური კვირის ცენტრალური თემა კვლავ ბიუჯეტი იყო. გუშინდელ თათბირზე გადასახადების გადახდის თემასთან დაკავშირებით რომ საუბრობდით, თქვენ სწორედ ბიუჯეტის შესრულების თემა გამოჰყავით და ბრძანეთ, რომ ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე ელის...
- თქვენ ამჩნევთ, რომ ამ ბოლო კვირეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვიხილავთ ეკონომიკურ, ან ეკონომიკის პრობლემებთან, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს.
1997 წლის ბიუჯეტის საგეგმო მაჩვენებელი საგადასახადო ინსპექციის ხაზით შესრულებულია 87 პროცენტით. გეგმის შესრულებას 13 პროცენტი დააკლდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრი პოსტსაბჭოური ქვეყნისათვის ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ ყველაზე მაღალი არა, ანუ ბევრგან ჩვენზე უარესი მდგომარეობაა, მაგრამ, ჯერ ერთი, მხოლოდ პოზიტიური მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის მისაბაძი. გარდა ამისა (მე ეს სხდომაზეც აღვნიშნე), ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვთქვათ რუსეთი, ყაზახეთი ნაწილობრივ აზერბაიჯანი და სხვები - საბიუჯეტო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქვთ საშუალება სხვა რესურსებით (ნავთობით, ოქროს მარაგით, უცხოური მოკლევადიანი კრედიტებით და სხვა) დაფარონ დანაკლისი, საქართველოს კი ამის შესაძლებლობა არა აქვს. ამდენად, ბიუჯეტის შეუსრულებლობა ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მტკივნეული იქნება, - უწინარეს ყოვლისა, სოციალური პროგრამების დაფინანსების თვალსაზრისით. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვთხოვო ყველას, ვისაც ეს ევალება, თავი არ დაზოგოს ბიუჯეტის შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტიც იძულებული იქნება უმკაცრესი ზომები მიიღოს. სხვათა შორის, ეს მარტო სიტყვები არ არის. ცნობილია, რომ თბილისში ორი გამგებელი განთავისუფლდა თანამდებობიდან. გავანთავისუფლეთ თანამდებობიდან ჩხოროწყუს გამგებელიც. სადაც საქმე ძალიან მძიმედაა და ახლა საგანგებო ზომების მიღება დაგვჭირდება და ბუნებრივია, ვერავის ვერ მოვერიდებით, როცა ლაპარაკია ქვეყნის სტაბილურობაზე, სტაბილურობის საფუძველი კი სწორედ ბიუჯეტია.
რაც მთავარია, ჩვენ უკვე მივაგენით უმთავრეს მაჩვენებელს, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უმთავრესი კრიტერიუმი, ყველაზე მეტი ინდიკატორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებისა. ეს არის სწორი შეფარდება საბიუჯეტო შემოსავლისა და ქვეყნის შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობას შორის. აბსოლუტური ციფრებით თავს ნუ მოვიტყუებთ, რამდენადაც უნდა აღემატებოდეს ჩვენი საბიუჯეტო შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი ზოგიერთი სხვა ქვეყნისას, სწორედ იმ უმთავრესი კრიტერიუმით უნდა განვსაზღვროთ, თუ რა მდგომარეობაა რეალურად. მაგალითად, თანამეგობრობის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით საქართველოს მეტი საბიუჯეტო შემოსავალი აქვს, სამაგიეროდ კვლავინდებურად არასახარბიელოა შეფარდება ეროვნული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის (ეს ბრუნვაში შედარებით ახალი შემოტანილი კატეგორიაა და ამას ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება). სავსებით ნათელია, რომ აქ არსებობს უზარმაზარი რეზერვი, რომლის ამოქმედება და ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება ამთავითვე უნდა დავიწყოთ. მინდა გითხრათ, რომ წლეულს ჩვენი ინდიკატური გეგმის საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით უნდა მივაღწიოთ შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობის დონის თვალსაზრისით სადღაც 6,5 მილიარდი ლარის დონეს. დარწმუნებული ვარ, 7-მილიარდიან დონესაც დავძლევთ შესაბამისად, აქედან ვიანგარიშოთ, რამდენად დაბალი მაჩვენებელია დაგეგმილი ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილში.
კიდევ ერთი ფუძემდებლური დებულება, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ: მრეწველობის აღორძინების, გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის სტაბილური განვითარება. თუ გვსურს საქართველო იქცეს თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკით, მრეწველობა უნდა ვაქციოთ ეკონომიკის ხერხემლად. გადაუჭარბებლად ვიტყვი: უბედურებაა ქვეყნისათვის, როცა საბიუჯეტო შემოსავალში მრეწველობის წილი სულ 16-17 პროცენტს არ აღემატება. მთავრობის სხდომაზე მე შევაქე მებაჟეები, რომლებმაც ბოლო დროს თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ არ შეიძლება ბიუჯეტში საბაჟო შემოსავალი სჭარბობდეს სამრეწველო პროდუქციის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს. ნორმალურ ქვეყნებში ეს არ ხდება. აბსოლუტურად უნდა იზრდებოდეს საბაჟო შემოსავალი, მაგრამ მრეწველობას უნდა ეკავოს გადამწყვეტი ადგილი. ეს არა თუ მხოლოდ არასასურველი, არამედ საშიში ტენდენციაც არის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში უიმედოდ ვითარება ნამდვილად არა გვაქვს: სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინასწარი გაანგარიშებით (და უნდა გითხრათ, რომ ეს დეპარტამენტი ძალიან გამოცოცხლდა), იანვარ-ივლისში ქვეყნის მრეწველობაში წარმოების ზრდის მოსალოდნელი ტემპი შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 110-112 პროცენტის ფარგლებში იქნება (შვიდი თვის მონაცემებით არის 115-116 პროცენტი). უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ფაქტორს - ნიჭიერ ადამიანს, გონებამახვილ, შემძლე, გაბედულ, ინიციატივიან მეწარმეს. ჩვენ თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ ამ ხალხს. ყოველნაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რათა მან თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოამჟღავნოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ბედნიერება და აყვავება სწორედ ასეთ მეწარმეებზე იქნება დაფუძნებული და დამოკიდებული. ამიტომ იგი მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ. მეორე მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ პრივატიზების შედეგად ბევრი პერსპექტიული საწარმო ხშირად უგერგილო, უნიჭო, უპასუხისმგებლო ადამიანების ხელშია, რომლებიც როგორც იტყვიან, არც თავად ქმნიან რაიმე ღირებულს და არც სხვას ანებებენ. დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს გაკოტრების მექანიზმი და საწარმოს ნამდვილი პატრონი უნდა გაუჩნდეს.
ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით უკვე ლაპარაკობენ სეკვესტრის შესახებ. ვიცი რომ ეს გახდება ძალიან სერიოზული, შეიძლება, მწვავე დისკუსიის საგანიც, განსაკუთრებით პარლამენტში. ამიტომ სეკვესტრზე უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ყველა სხვა საშუალება ამოიწურება. მანამდე კი, განმსაზღვრელი იქნება მესამე კვარტლის შედეგები. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და სერიოზულად ვიმსჯელებთ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. საბოლოო ანგარიშით ვასრულებ ჩემს კომენტარს და მინდა განვაცხადო, რომ ყველა პირობა გვაქვს, რათა მიმდინარე წლის ბიუჯეტი შესრულდეს, ხოლო ცალკეულ რეგიონებში განაღდდეს პრეზიდენტის პროგრამაც.
საქინფორმი.
„თუ გვსურს საქართველო იქცეს თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დინამიკურად განვითარებული ეკონომიკით, მრეწველობა უნდა ვაქციოთ ეკონომიკის ხერხემლად“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 12 აგვისტო. - №194 (2566). - 1,2 გვ.
![]() |
94 „დღევანდელ საქართველოს ერისა და ბერის ერთობა სჭირდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- რადიოინტერვიუს, რომელსაც, სხვათა შორის, გუშინ 5 წელი შეუსრულდა, რასაკვირველია, დავიწყებთ აფხაზეთის თემით. განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო თბილისში აფხაზთა ლიდერების სტუმრობა. 11 აგვისტოს თქვენსა და ბორის ელცინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა იყო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება. ელცინმა განაცხადა, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისში პრიმაკოვის ვიზიტს. პრიმაკოვს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში სისხლიანი ბატალიების დაწყების დღეს, თბილისში ვლადისლავ არძინბა ჩამოჰყვა. 16 აგვისტროს გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვენ ასეთი შეფასება მიეცით ამ ფაქტს: „არძინბას თბილისში რიგების, მოსახლეობის სამშობლოში დასაბრუნებლად ნიადაგის მომზადების მომასწავებელია. ეს შეხვედრა შესაძლებელი გახდა საქართველოს მიზანმიმართული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად“. ამ შეხვედრას წინ უძღოდა არძინბას საათნახევრიანი ტელეინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრი ირწმუნებოდა დევნილთა აღშფოთების თაობაზე, არძინბას ორდღიანი ვიზიტის პერიოდში თბილისში სრული სიმშვიდე იყო, რაც იმის მანიშნებელია, როგორც მოსალოდნელი იყო, რომ დევნილი მოსახლეობა ზუსტად ერკვევა შექმნილ სიტუაციაში, რეალისტურად აფასებს მას და ერთადერთი - აფხაზეთში ღირსეული დაბრუნება და თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს. რა იყო 14 აგვისტოს შეხვედრა, კარგად დადგმული სპექტაკლი, როგორც გარკვეული ძალები ირწმუნებიან, თუ წინ გადადგმული ნაბიჯი კონფლიქტის მოწესრიგების გზაზე? - ჟურნალის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- თითქოს მოულოდნელია, - 5 წელი გავიდა პირველი რადიოინტერვიუდან. რადგან ვერ შევნიშნეთ ისე გაირბინა ამ დრომ, ეს იმას მოწმობს, რომ ვცხოვრობთ დაძაბულ ვითარებაში, მოვლენები მოვლენებს ცვლიან და მე ასე ვიტყოდი, რომ იქნებ ჩვენი ხუთი წლის ერთობლივი შრომა, თუ დღევანდელ თაობას არა, მომავალ თაობებს რაღაცაში გამოადგეს. გმადლობთ, თანამშრომლობისათვის.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამ საკითხზე, ალბათ, ცოტა უფრო ვრცელი კომენტარია საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ საკითხთან დაკავშირებით და თავს უფლებას მივცემ, უფრო დეტალურად შევჩერდე განსაკუთრებით იმ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ მოვლენამ გამოიწვია.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საზარელი შედეგი იმ ომისა, რომელიც გადავიტანეთ, იყო და, სამწუხაროდ, დღესაც არის მტრის ხატის ჩამოყალიბება. იგი ჩამოყალიბდა ორივე მხრიდან და, მე ვიტყოდი, რომ ორივე მხარე ამით ერთნაირად დაზარალდა. ვინაიდან, ისტორიულად ახლობელი ხალხის ამგვარი ხატის ჩამოყალიბება ნაწილობრივ იმ ღირებულებებზე უარის თქმასაც ნიშნავს, რომლებსაც საუკუნეთა განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება. მეორე მხრივ, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. რა თქმა უნდა, ჭრილობა მოუშუშებელია და კიდევ დიდხანს არ მოშუშდება, თუმცა ვალდებული ვართ ისიც გავითვალისწინოთ, რომ რეალობა ჩვენს გარშემო იცვლება. მესმის, მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს საქართველო ის აღარ არის, რაც 1992-1993 წლებში იყო და ჩვენი ქვეყნის გარემომცველი მსოფლიოც შეიცვალა. ეს არა მარტო მხარდაჭერის ახალ იმპულსებსა და სფეროებს ქმნის, არამედ ახალ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. ვიმეორებ: შეიცვალა რეგიონული და მსოფლიო გარემო, ვითარება ევროპაში, რუსეთში, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველოც ახალ პირობებში დგება არჩევანის წინაშე. არჩევანი, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ჩვენი მოსახდენია, ოღონდ შეცდომის, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული, შეცდომის უფლება არა გვაქვს - დადგა დრო, როცა მტკიცე ნაბიჯები უნდა გადავდგათ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით. ეს არის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის იმპერატივი: კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას ჩვენი მეგობარი ქვეყნები, საქართველოს ყველა კეთილმოსურნე, რომლებიც ძალიან მრავლად არიან პლანეტაზე, ვისაც გულწრფელად სურს დაეხმაროს და ხელი შეაშველოს ჩვენს ქვეყანას და ვინც უკვე დაეხმარა და მხარი დაუჭირა მას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასეთი განწყობილებაა საქართველოშიც. მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს სურს პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრა - ეს უკვე დადასტურებულია გამოკვლევებით, გამოკითხვებით და სერიოზული მეცნიერული მიმოხილვებით. ომი, უბედურება, სისხლისღვრა, ნგრევა არ არის ჩვენი ხალხის არჩევანი. გარდა ამისა, ესეც უნდა გვახსოვდეს: დღეს არც 1992 წელია და არც 1993 წელი. კიდევ ვიმეორებ ამ დებულებას: დღევანდელი საქართველო, შეიძლება ითქვას, უკვე სხვა ქვეყანაა - შესაბამისად, გაცილებით ხელსაყრელი ფონიც არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და შერიგებისათვის ამიტომ, როგორი ძნელიც უნდა იყოს, როგორც უნდა გვტკიოდეს ჭრილობა, უნდა ვძლიოთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციას „მტრის ხატს“ და გავუწიოთ ხელი გუშინდელ მოწინააღმდეგეს. თუ ვინმეს სტკივა, თუ ვინმე დაჭრილია, როგორც იტყვიან გულში, ალბათ რადიომსმენელი დამეთანხმება, რომ ჩემში ეს ჭრილობა ძალიან ღრმა და მტკივნეულია. დაუშვებელია ვიხილავდეთ მტერს, როგორც რაღაც მუდმივ კატეგორიას. უნდა შევიცნოთ ის პროცესებიც, რომლებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბარიკადის მეორე მხარეს ვითარდება. ვლადისლავ არძინბასათვის 14 აგვისტოს - ტრაგედიის 5 წლისთავზე თბილისში ჩამოსვლა, ნამდვილად არ იყო იოლად გადასადგმელი ნაბიჯი. იქაც არიან რადიკალები, რომელთა თვალშიც არძინბამ თბილისში ჩამოსვლით ძალიან ბევრი რამ დაკარგა, რისკზე წავიდა. მიმაჩნია, რომ ამჯერად, ამ ეტაპზე იგი გულწრფელად ცდილობს იპოვოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან - ომმა უბედურების მეტი არაფერი მოუტანა აფხაზ ხალხს, ისევე როგორც ქართველებს და მთლიანად საქართველოს. სწორედ ზემოთხსენებული „მტრის ხატი“ გვიშლის ხელს დავინახოთ, რომ ფორმულირება „მხარეები (სხვათა შორის, პროტოკოლის ერთ-ერთი ფორმულირებაა, რაზეც ჩვენ საბოლოოდ ვერ შევთანხმდით, მაგრამ ამ ფორმულირებაზე ისინი თანახმა არიან) გამოთქვამენ მზადყოფნას იცხოვრონ საერთო სახელმწიფოში“, ერთიანი საზღვრის პირობებში და სხვა, თავისთავად ორმხრივი კომპრომისია. ვგულისხმობ ამ ფორმულირების აღქმას, ასე ვთქვათ „სახალხო“ - უბრალო ადამიანების დონეზე, თუმცა მასში, რა თქმა უნდა, ბევრი პოლიტიკური ნიუანსის მოძიება შეიძლება და გარკვეული ეჭვიც გამოითქმის, მაგრამ მთავარია, რამდენად უწყობს ხელს ესა თუ ის დებულება „მტრის ხატის“ დაშლას. საბედნიეროდ, ორივე მხარე თანაბრად აცნობიერებს: ახალი ომი უბედურების და საბოლოო გაჩანაგების მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ხალხებს. ამ ჭეშმარიტების განცობიერებას მოჰყვა პირდაპირი დიალოგის სურვილი. სხვათა შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შემდეგი გარემოება: უდავოა, რუსეთმა, პრეზიდენტ ელცინის, საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის სახით დიდი როლი შეასრულა შეხვედრის ორგანიზაციაში. ეს მათი ინიციატივა იყო. ამასთან თვით დიალოგი პირდაპირი და უშუალო ხასიათის იყო. საბოლოო ანგარიშით, ჩვენ პირისპირ 7-8 თუ 9 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, მართალია ზოგიერთ კარდინალურ საკითხზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ბევრი პრობლემის ურთიერთგაგებასაც მივაღწიეთ, საკმაოდ რთული და ჩახლართული პრობლემებისა. თვით საუბრის ტონალობა, საერთო განწყობა ისეთი იყო, რომ იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
მე, როგორც პრეზიდენტმა, ხალხის ნებაც გამოვხატე: საქართველოში თითქმის ყველა, ვისთანაც საუბარი მქონია, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. რაც შეეხება რუსეთის როლს, როგორც ხელშემწყობი ქვეყნისა (მისი სტატუსი ასეა დაფიქსირებული გაეროს ფუძემდებლურ დოკუმენტებში), რა თქმა უნდა, მას არავინ ამცირებს, მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო ვლადისლავ არძინბას იმაში, რომ კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ხალხების საქმეა - სხვებმა კი შეიძლება მხოლოდ ხელი შეგვიწყონ ამ თანხმობის მიღწევაში.
მესმის, უკლებრივ ყველა ჩემი თანამემამულისათვის როდი იქნება მისაღები ეს არგუმენტი. მეტისმეტად ძლიერია წყენა, ტკივილი, იმედგაცრუება. ასეთივე მდგომარეობაა, ალბათ, მეორე მხარესაც. შერიგებას ჩვენს პირობებში ალტერნატივა არა აქვს - სწორედ ამ თავლსაზრისით გადაიდგა 14 აგვისტოს თბილისში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. თვისებრივად მნიშვნელოვან ამ შეხვედრას ვერ შეედრება სხვა შეხვედრები, სადაცუნდა იყოს ეს, მოსკოვში, ჟენევაში თუ სხვაგან.
და, ისევ და ისევ ამ ორმხრივ დიალოგთან დაკავშირებით. ასეა ჩვენს მოსახლეობასა და საზოგადოებაში - ყველა მომხრეა, მთავარი უნდა იყოს სწორედ ორმხრივი დიალოგი, მაგრამ, როცა ეს ორმხრივი დიალოგი ზედა ეშელონით დაიწყო, ვთქვათ, შევარდნაძისა და არძინბას შეხვედრით, აქ ყველანი ამას არ ეთანხმებიან. მე ასე წარმომიდგენია, რომ თუ ლიდერებმა არ მისცეს ბიძგი, ამ ორმხრივ დიალოგს, ისე ფართომასშტაბიანი კონტაქტები არ განვითარდება.
ახლა, რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს: ჩვენ შევთანხმდით, რომ ომით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება. გარდა ამისა, შერიგება უნდა მიმდინარეობდეს ორი ხალხის უბრალო წარმომადგენელთა დონეზეც, სახალხო დიპლომატიის გზითაც და ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს უწყვეტი და სწრაფად განვითარებადი. ხელმძღვანელებმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს. მინდა გავიხსენო ჩემი ჩასვლა გუდაუთასა და ახალ ათონში 1994 წელს - ვლადისლავ არძინბას ჩამოსვლა თბილისში დიდ წილად სწორედ იმ პირველი შეხვედრის შედეგი გახდა. აქვე უნდა გავიხსენოთ ჩვენი ისტორიაც: განა საქართველოს წარსული არ გვასწავლის, რომ შერიგების, შეთანხმების გარეშე ჩვენს წინაპრებს გაუჭირდებოდათ იმ პრობლემათა გადაჭრა, რომლებიც ძალიან ხშირად წარმოიშვებოდა ურთიერთობათა სხვადასხვა კუთხეებს, სხვადასხვა ხალხებს შორის. ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს ისტორიულად საქართველოში ამ თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე იყო და მხოლოდ ბოლო დროს წარმოიშვა რთულად გადასაწყვეტი პრობლემები. უახლოეს დღეებში გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯიც - სახელმწიფო მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები ეწვევიან სოხუმს, სადაც განიხილავენ ენერგეტიკის კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ აფხაზეთის საქართველოს სხვა რეგიონებთან დაკავშირების საკითხებს, შეიქმნება მუდმივი საკონტაქტო ჯგუფი პრობლემათა ოპერატიული გადაჭრისათვის. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი იყო და არის ლტოლვილთა დაბრუნება მშობლიურ სახლებში. თბილისის შეხვედრა ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია უდავოდ, რადგან მეტია ურთიერთგაგება. მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტით, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივი იქნება. ესეც რეალობაა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. მაგალითად, გალის რაიონში მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საბოლოო შეთანხმებასთან. ლაპარაკია ზოგიერთ მონაკვეთზე და იმ მექანიზმზე, რომელიც საბოლოოდ უნდა დაიხვეწოს და ეს დელეგაციის ყველა წევრმა იცის.
აქვე მინდა ვუპასუხო კითხვას: ნიშნავს თუ არა პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი რუსეთის როლის უგულებელყოფას? - არავითარ შემთხვევაში! უფრო მკვეთრადაც ვიტყვი: რუსეთის როლის უგულებელყოფა ამ საკითხში გამორიცხულია. ეს მარტო ჩვენი პოზიცია როდია, - ამასვე გვეუბნებიან ჩვენი ქვეყნის სხვა მეგობრებიც, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ჩემს სახელზე გამოგზავნილ წერილში კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - არ ვიჩქაროთ რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანა. ბატონი კლინტონი სრულად ეთანხმება, აგრეთვე, პრეზიდენტ ელცინის ინიციატივებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება: აფხაზეთზე მსჯელობისას, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს ტერიტორია იქცევა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ზოგადად, დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური დაპირისპირების ასპარეზად. ეს, სხვათა შორის, მარტო აფხაზეთს არ ეხება, კავკასიაზეც ასე უნდა ვილაპარაკოთ. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ და საქართველო ეცდება ამას - ჩვენი ქვეყანა და საკუთრივ აფხაზეთი, მსოფლიო ძალთა კონსტრუქციული თანამშრომლობის ასპარეზად ვაქციოთ. სწორედ ამ სისტემის ფარგლებში გახდება შესაძლებელი აფხაზეთის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა.
- 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის მიღების ორი წლისთავი სრულდება, კონსტიტუციისა, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღო საქართველომ...
- ორი წელი სრულდება, რაც საქართველოს პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შედეგად მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი. ყველას გვახსოვს მართლაცდა მღელვარე, დრამატიზმით აღსავსე თვეები, როცა მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს პარლამენტის სხდომებს. თითოეულმა მოქალაქემ, მთელმა მოსახლეობამ მაშინ იგრძნო, რომ კონსტიტუციის მიღება საერთო-სახალხო საქმედ იქცა, ვინაიდან ქვეყნის ძირითად კანონს დიდწილად უნდა განესაზღვრა ყოველი ჩვენგანის როლი და ადგილი საზოგადოებაში.
უმთავრესი დასკვნა, რომელიც ორი წლის შემდეგ შეიძლება გამოვიტანოთ, ის გახლავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციამ ნამდვილად შეასრულა „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების: ფუნქცია, ანუ მოახდინა საზოგადოების კონსოლიდაცია თანაცხოვრების უძირითადეს, ფუძემდებლურ პრინციპთა გარშემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. კაცობრიობის ისტორიას ახსოვს მკვდარდშობილი კონსტიტუციები, რომლებმაც სწორედ ეს ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულეს. მათგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუცია ჯანსაღად შობილი ორგანიზმია, რომელიც ცოცხლობს და ვითარდება კიდეც. ამ თვალსაზრისით დიდი მუშაობა მოგვიწევს პარლამენტთან ერთად შემოდგომაზე, რადგან კვლავაც მისაღებია რამდენიმე ორგანული კანონი. ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ, სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის საკითხის საბოლოო გადაწყვეტაზე, იქნებ დებატებიც საკმარისი იყოს ამასთან დაკავშირებით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მთლიანად ჩვენი საზოგადოება კონსტიტუციას მართლაც თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეს, რადგან იგი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მდგრადობის, დემოკრატიული სტაბილური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი გარანტიაა. მხოლოდ მის საფუძველზე უნდა წარიმართოს ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი საქართველოში.
- გასულ კვირას გერმანულ პრესაში რამდენიმე ნეგატიური ხასიათის მასალა გამოქვეყნდა ჩვენი თანამემამულეების შესახებ, რომლებიც, ასე ვთქვათ, გერმანიაში „მოღვაწეობდნენ“ და რომლებიც ქვეყნის სახელს, მის პრესტიჟს არცხვენენ. და, ალბათ, გერმანია ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. სამწუხაროდ ამას მარტო პრესიდან როდი ვიგებთ. თბილისშიც აღწევს ამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია...
- მე ძალიან შემაშფოთა ამ ინფორმაციამ. როგორც მითხრეს, ანალოგიური ექსცესები ხდება სხვა ქვეყნებშიც, რუსეთშიც და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც, სადაც თანამემამულეთა ერთ ნაწილს „ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად“. რაც შეეხება გერმანიას, რომლის ხელისუფლება და ხალხი ყოველთვის განსაკუთრებულ სითბოს ამჟღავნებენ საქართველოს მიმართ - ამ ქვეყანაში ბევრი ჩვენი ღირსეული თანამემამულე ცხოვრობს, ეწევა შემოქმედებით საქმიანობას, შრომობს თუ სწავლობს, მაგრამ თითო-ოროლა უღირსის საქციელს მთელი ერის სახელის შებღალვა შეუძლია. მოგეხსენებათ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმას, თუ საქართველოს როგორი ხატება ჩამოყალიბდება ევროპაში ან სხვა ქვეყნებში, სხვა კონტინენტებზე. ამიტომ ვთხოვ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ეს პრობლემა, დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს და შეიმუშაონ მოქმედების შესაბამისი გეგმა. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ თითო-ოროლა კრიმინალმა ქართველი ერის სახელი შებღალოს თავისი საქციელით. მე ამას როგორც ზნეობრივ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ვანიჭებ.
- ქართულმა პოლიტიკამ პრინციპში კონფლიქტების მოწესრიგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად და ქვაკუთხედად ეკონომიკური ფაქტორი წამოსწია წინ, კონფლიქტების მოწესრიგებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურ ფაქტორს დაეკისრა. გასული ეკონომიკური კვირა ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო, გრძელდებოდა საქართველოში ამერიკელ სენატორთა ვიზიტი, მათ შორის, საქართველოში იმყოფებოდა სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. იაპონური კაპიტალის განსაკუთრებული ინტერესით აღინიშნა გასული კვირა. საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა უმნიშვნელოვანესი გრანტები იაპონიიდან და ნავთობმოპოვების ექვსი პროექტი. ცნობილი იაპონური ფირმა „მარუბანი“ 250 მილიონ დოლარს - ასე დიდ კაპიტალს აბანდებს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, საუბარია თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, იყო თურქული ფირმების აქტიური დაინტერესება და ასე შემდეგ...
- თქვენ, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას: იმ გახმაურებულ ტელეინტერვიუში ვლადისლავ არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკამ შეიძლება უაღრესად დადებითი როლი შეასრულოს კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტაში. როგორც მან თქვა, „თვლა აფხაზეთშიც იციან“ და შესანიშნავად ხვდებიან, თუ რამდენი სიკეთე შეიძლება მოუტანოს აფხაზეთს ევრაზიული დერეფნისა და სხვა „საუკუნის პროექტთა“ განხორციელებაში ჩართვამ. ამ შესაძლებლობას ჯერ კიდევ სუსტად ვიყენებთ როგორც ჩვენ, ისე აფხაზური მხარეც. არადა, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივა ფაქტობრივად ამოუწურავია. აფხაზეთზე გავლით რეგიონს შეუძლია დაუკავშირდეს მსოფლიო მნიშვნელობის მაგისტრალებს - თურქეთს, ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას. თავადაც დააკავშიროს სხვა ქვეყნები (ვთქვათ, რუსეთი) ამ მაგისტრალებთან უმოკლესი გზით. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა შესაძლო თანამშრომლობისა. აფხაზეთში უნდა იცოდნენ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად და სწრაფად ვითარდება (ამას გასული კვირის მონაცემებიც ადასტურებს). აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ ცენტრებთან. თუ პოლიტიკური პრობლემები გადაიჭრება, დევნილი მოსახლეობა დაბრუნდება და დალაგდება, როგორც იტყვიან, ეს დახმარება აფხაზეთის აყვავებასაც მოხმარდება უდავოდ.
ახლა გასული კვირის ზოგიერთ მოვლენასთან დაკავშირებით. განვლილმა კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკაში ამასწინდელი ვიზიტი ნაყოფიერი და შედეგიანი იყო. საქართველოში საქმიან ვიზიტად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ასიგნებათა ქვეკომიტეტისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ოპერაციების, ექსპორტის დაფინანსებისა და მათთან დაკავშირებული პროგრამების ასიგნებათა ქვეკომიტეტის წევრები.
თუ გავითვალისწინებთ წინა კვირაში ამერიკელი ბიზნესმენებისა და საქმიანი წრეების ვიზიტების სიმრავლესაც, აშკარა გახდება, რომ გააქტიურდა ამ ქვეყნის საქართველოთი რეალური და მრავალმხრივი დაინტერესება. თვით ამერიკელებიც კი, სენატისა და კონგრესის მონათესავე კომიტეტების ერთდროულ ვიზიტს ერთსა და იმავე ქვეყანაში უნიკალური მნიშვნელობის შემთხვევაში მიიჩნევენ. სხვათა შორის, ეს სენატორები, კონგრესმენები, ქვეკომიტეტის წევრები საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ ჩვენ საქართველოში, უწინარესად, გვიზიდავს ის, რომ თქვენ აირჩიეთ ჭეშმარიტი დემოკრატიის გზაო. ისინი შეხვდნენ პარლამენტარებს, შეხვდნენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სამსახურების, მოსახლეობას, იყვნენ ზუგდიდშიც, შეხვდნენ ლტოლვილებსაც და უმთავრესი დასკვნა, რომელიც მათ გამოიტანეს, ის არის, რომ საქართველო, ასე ვთქვათ, კლასიკური დემოკრატიული განვითარების გზით მიდის.
ყოველივე ამის საფუძველი კი საქართველოში მიღწეული სტაბილურობისა და რეფორმისტული კურსისადმი ერთგულება არის. არჩეული გზის პერსპექტიულობამ შექმნა ეს საფუძველი. დახმარებიდან ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე თანდათან გადასვლას დიდად განაპირობებს საქართველოს, როგორც საკვანძო სატრანსპორტო ქვეყნის ფუნქციები, რომლის როლი გაცილებით გაიზრდება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის გადაწყვეტის შემდეგ. მერე ეს მაგისტრალი სულ სხვა სიძლიერითა და დატვირთვით ამუშავდება.
ამასთანავე, ჯერჯერობით, ისევე აქტუალურია ამ დიდი ქვეყნიდან მიღებული დახმარებების გაზრდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმების ამუშავება დიდ როლს შეასრულებს კონფლიქტების მოგვარების საქმეში. საჭირო იქნება შემუშავდეს და განხორციელდეს პოსტ-კონფლიქტური ზონების ეკონომიკური და სოციალური აღორძინების პროგრამები, შეიქმნას მათ დასაფინანსებლად სპეციალური ფონდი. გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთთან მოლაპარაკებაში დასავლური, კერძოდ, ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
მე ახლა ციფრებს არ დავასახელებ. ვთქვი ჩამოსვლისთანავე, ერთი ციფრი დავასახელე საკმაოდ დიდი მასშტაბისა, რომელიც იხილება ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც იცით, პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, შესაბამისმა სენატის ქვეკომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, სენატმა ეს გადაწყვეტილება გაიზიარა და, ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებში წარმომადგენლობითმა პალატამ უნდა განიხილოს ეს საკითხი.
ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ესე იგი, ლაპარაკია საქართველოსათვის გაწეული დახმარების ოთხჯერ გადიდებაზე და, როგორც მათ მიაჩნიათ, ეს უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დემოკრატიული განვითარების ძალიან დიდი სტიმული.
ახლა პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სხდომის შესახებ. ეს სხდომა გამოირჩეოდა განსახილველი საინვესტიციო პროექტებისა და წინადადებების სიმრავლით, რომელთა უმეტესობაც საქართველოს ენერგეტიკული კომპლექსის რეაბილიტაციისა და განვითარების პრობლემებს უკავშირდება.
იაპონიის „საზღვარგარეთული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ პროექტით გამოყოფილი 45 მილიონი ამერიკული დოლარის შეღავათიანი კრედიტი მოხმარდება „ხრამჰესი-2“ და „ლაჯანურჰესის“, აგრეთვე, თბილისისა და ქუთაისის სადისპეტჩერო ცენტრების რეაბილიტაციას, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება აღნიშნული ელექტროსადგურების მწარმოებლობა და ამაღლდება ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობის დონე, სიმძლავრეები თითქმის გაორკეცდება.
ასევე ხელსაყრელია ქართული მხარისათვის აზერბაიჯანის საერთაშორისო კონსორციუმის მონაწილე მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ბრიტანული ნავთობის კომპანია „რამკო ენერჯის“ საინვესტიციო წინადადება, ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების შესახებ.
ერთობლივი საოპერაციო კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას მოემსახურება, ძირითადად ქართველი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც არის საინტერესო. მარტო მიმდინარე წლის დარჩენილ დროში საინვესტიციო თანხის მოცულობა 10-დან 15 მილიონ დოლარამდეა.
იაპონური და ავსტრიული ფირმებისაგან შემდგარი კონსორციუმის პროექტი ბათუმის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციის განვითარების შესახებ ითვალისწინებს ქარხნის მწარმოებლობის გზრდას 2,5 მილიონ ტონამდე წელიწადში. ფაქტობრივად, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ქარხნისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე აშენდეს ახალი ქარხანა ორ მილიონნახევარი ტონის სიმძლავრით. მშენებლობის ხანგრძლივობა 28 თვეა. პროექტით განსაზღვრულია 250 მილიონი დოლარის ათვისება.
დასრულების სტადიაშია ბათუმში 200 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხილვა. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წინასწარ დაიგეგმა, ბათუმი, მიიღებს ბუნებრივ გაზს, აგრეთვე, მძლავრ ელექტროსადგურს და ამ ქალაქის სწრაფი განვითარების პერსპექტივა რეალური გახდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოსაზრება შეთანხმებული აჭარის ხელმძღვანელობას. საქართველო-საფრანგეთის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გეფტეს“ საინვესტიციო წინადადება ითვალისწინებს შავი ზღვის პირას, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობას, რომლის განსახორციელებლად, წინასწარი შეფასებით, ნავარაუდევია 100 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციების მოზიდვა ევროპის ქვეყნების კერძო ფირმებისაგან. ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, აგრეთვე, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმოს „ფრონტერა რესორსიზ ჯორჯია კორპორეიშნლის“ საქმიანობასაც. ეს უზარმაზარი საწარმოა, რომელიც ძირითადად იმუშავებს დედოფლისწყაროს ტერიროტიაზე, სადაც მათი და ჩვენი მონაცემებითაც საკმაოდ დიდი ნავთობი უნდა იყოს. ამერიკაში და აქაც მქონდა რამდენიმე შეხვედრა მათთან და ახლა კონტრაქტი დამთავრების სტადიაშია.
კასპიის შელფის ნავთობის საქართველოზე გავლით ტრანსპორტირების მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მინდა ესეც იცოდეს რადიომსმენელმა. უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობის კოპანიამ „შევრონმა“, რომელთანაც ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს (ერთმა პოლიტიკოსმა ახსენა, რომ მე ყაზახეთში „თენგის - შევრონის“ საბადოებიდან, არა საერთოდ, არამედ დააზუსტეს ორი ჭაბურღილი მქონია. ღმერთმა ქნას, მართლაც ეს ყოფილიყოს). ამ კომპანიამ დაიწყო ნავთობის ტრანსპორტირება რკინიგზით და ორ თვენახევარში უკვე გადაიზიდა 500 ათასი ტონა. წლის დამლევამდე ეს მაჩვენებელი 1,8 მილიონ ტონას მიაღწევს, მომავალი წლისათვის განსაზღვრულია 4 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა, 1999 წელს კი - სავარაუდოა, მაგრამ მე მაინც ვასახელებ ამ ციფრს - 10 მილიონი ტონისა. მომავალ წელს საქართველოს რკინიგზა ამ ნავთობის ტრანსპორტირებიდან 32 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო 1999 წელს - 80 მილიონ დოლარს. აი, რა არის ნავთობის ტრანზიტი. ეკონომიკის სხვა საკითხებზე მე დღეს აღარ შევჩერდები.
- კარგა ხანია, ბოლო პერიოდში, ქართული საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დგას. რა ხდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში? ეკლესიაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, ის ხომ არ ხდება, რაც უკრაინაში მოხდა? და, საერთოდ, პოლიტიკური ბრძოლა უკვე ამ სფეროში ხომ არ გადადის?
- ეს ძალიან სერიოზული კითხვაა და სერიოზული საკითხი. შევეცდები მოკლედ გიპასუოთ.
დღევანდელ საქართველოს ერისა და ბერის ერთობა სჭირდება. როცა საერთო ცხოვრებაში ხალხის კონსოლიდაციის, ანტაგონისტურ ძალთა შერიგების რეალური პროცესი დაიწყო, ძნელად ასახსნელია, ცალკეულ საეკლესიო პირთა მცდელობა, განხეთქილება შეიტანონ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეკლესია, რა თქმა უნდა, გამოყოფილია სახელმწიფოსაგან; ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის საგანგებო როლს ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირებასა და განვითარებაში. ეს დებულება არა მარტო წარსულს, არამედ აწყმოსაც ეხება და ქვეყნის მომავალსაც.
ამიტომაც, სახელმწიფო არ შეიძლება გულგრილი მეთვალყურე იყოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევის მცდელობისას. მთელი ხალხი, მორწმუნენიც და არამორწმუნენიც, რომლებსაც პატრიოტული სულისკვეთება ასაზრდოებთ და ამოძრავებთ, მხარში უნდა ამოუდგნენ საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, რომლის ავტორიტეტმა და ლოცვა-კურთხევამ, ღვთის მიერ შესმენილმა, უკვე ბევრი სიკეთე მოუტანა საქართველოს. ასე სჭირდება ქვეყანას, მის სიძლიერეს, გაერთიანებას და გამთლიანებას.
საქინფორმი.
„დღევანდელ საქართველოს ერისა და ბერის ერთობა სჭირდება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 აგვისტო. - №201 (2574). - 1,2 გვ.
![]() |
95 „მოთმინება ძლიერთა ხვედრია და მხოლოდ იგი შეიძლება იყოს შექმნილ ვითარებაში საბოლოო წარმატების გარანტი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- დღევანდელ მიმოხილვასაც, ალბათ, აფხაზეთის თემით დავიწყებთ, მით უმეტეს, იგი გასულ კვირას ეწვია სოხუმს. ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა - ასეთი იყო საუბრის ძირითადი მიმართულებები აფხაზურ მხარესთან. ნიკო ლეკიშვილს თან ახლდნენ მინისტრები, კოკა-კოლას პრეზიდენტი. გასულ კვირას თამაზ ნადარეიშვილმა გააკეთა განცხადება შესაძლო გადადგომის თაობაზე. გერმანე ფაცაციამ ლტოლვილ მოსახლეობას უსაყვედურა, რომ ნაკლებად აქტიურია. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის თემის გამო მოსაზრებები და პოზიციები განსხვავებული იყო. არძინბამ სოხუმში დადებითად შეაფასა 14 აგვისტოს შეხვედრის შედეგები და ისიც თქვა, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ხიდი უნდა აღდგეს. მართალია, ეს ძნელად მოხდება, განაცხადა არძინბამ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს თანდათანობით და ეტაპობრივად. ბორის ელცინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კავკასიაში იზრდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა, რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ გაოცებული პასუხი მოჰყვა - კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურება რუსეთთან ერთად უნდა მოხდეს და იგი ამას რუსეთთან ერთად ახორციელებსო. აი, ასეთი იყო, ერთი შეხედვით, განვლილი პოლიტიკური კვირა აფხაზეთთან დაკავშირებით... - ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ვნებათაღელვა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ის მღელვარება, რომელიც მოჰყვა ჩემს შეხვედრას ვლადისლავ არძინბასთან, ევგენი პრიმაკოვთან და შემდეგ სახელმწიფო მინისტრის ჩასვლა სოხუმში სხვა მინისტრებთან ერთად სავსებით ბუნებრივია და გასაგები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის აქ არაფერი მოულოდნელი და გასაკვირი არ არის. გასაკვირი ის იქნებოდა, ჩვენი საზოგადოება (უწინარესად დევნილები) გულგრილად რომ შეხვედროდა ამ მოვლენებს. ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფები ერთმნიშვნელოვნად, ერთგვაროვნად არ აფასებენ მიმდინარე პროცესებს, თუმცა აქვე შეიძლება გამოითქვას მცირე გულისტკივილი იმის გამო, რომ დისკუსიის დროს ყველა მხარე როდი იცავს ელემენტარულ, თუნდაც ზრდილობის და ეთიკის ნორმებს. ზოგიერთ შემთხვევაში არ ერიდებიან პიროვნულ შეურაცხყოფას, აბსურდულ ბრალდებებს. ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება უუნაროა (საკუთარ უნარში ეჭვი, რა თქმა უნდა, არ ეპარებათ), რომ ორიენტაცია იცვლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ხელი შევუშალო საზოგადოებრიობაში თავისუფალი განსჯის, საერთო აზრის ჩამოყალიბების პროცესს - ფართო დისკუსიას ჩვენი ინტელიგენციის თუ სხვა სოციალურ წრეთა წარმომადგენლების მონაწილეობით. თუ გზა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ქვეყანას მიუღებელია, მაშინ კითხვა შემდეგნაირად უნდა დაისვას: არსებობს თუ არა ალტერნატივა და რით გამოიხატება იგი?
აფხაზეთში საზარელი, სისხლისმღვრელი კონფლიქტის დაწყების დღიდანვე არ უარვყოფდით, პირიქით, ჩვენი მხრივ უპირატესობასაც ვანიჭებდით პირდაპირ ქართულ-აფხაზურ დიალოგს. მას შემდეგ აზრი არ შეგვიცვლია. სწორედ ამიტომ გაიმართა შეხვედრები ჯერ გუდაუთაში, ახალ ათონში, ახლა კი - თბილისში. კიდევ ერთი პრინციპული დებულება: ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, თუ იგი ამ დიალოგის განვითარებასა და გაფართოებას უწყობს ხელს. ამიტომ კვლავ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის პოზიტიური წვლილი, რომელიც შეხვედრის ორგანიზაციაში შეიტანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ევგენი პრიმაკოვმა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის დავალებით ძალიან დიდი და რთული სამუშაო შეასრულა, რათა ასეთი შეხვედრა სწორედ თბილისში გამართულიყო. იოტისოდენადაც არ მეშინია, ამ შეხვედრას ვუწოდო საეტაპო, გნებავთ, ისტორიული მნიშვნელობისა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ: მან ახალ ფაზაში გადაიყვანა სამშვიდობო პროცესი აფხაზეთში. თუმცა, ბევრი რამ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული მომავალში.
ახლა რაც შეეხება რუსეთის როლს. მინდა ყველა ოპონენტს ვთხოვო, ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებას, თუ როდის გაიმართა თბილისის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქტიური მონაწილეობით. ეს შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უაღრესად გულწრფელად და პირდაპირ ვესაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც წინ უძღოდა ინტენსიური მრავალმხრივი კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის „საქართველოს მეგობარი ქვეყნების“ ჯგუფის თუ იმავე ჩრდილოეთკავკასიელი ლიდერების მონაწილეობით მოეწყო კონსულტაციები, გაიმართა ჟენევის შეხვედრაც, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, ყველა გზა და საშუალება მოსინჯა, ყველა ბერკეტი (რაც კი ჩვენს პატარა ქვეყანას აქვს) აამოქმედა, რათა მიგვეღწია ოპტიმალური შედეგისათვის და შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოგვეწურა ამჟამად შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან. აი, მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ. შეუძლებელია, არათუ ხელისუფლებისადმი მოაზროვნე ადამიანმა აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დაინახოს. ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ის, რაც რეალურად შესაძლებელია მოცემულ მომენტში. ამიტომაც უწოდებენ პოლიტიკას „შესაძლებლის ხელოვნებას“. რა თქმა უნდა, შედეგი ჯერჯერობით არ არის ისეთი, მთლიანად რომ დააკმაყოფილებს ვინმეს საქართველოში: პრეზიდენტიდან - რიგით მოქალაქემდე, მაგრამ ეს არის ის, რაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი. დისკუსიის, საკუთარი, განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლებას არავის ვართმევთ, ვერც წავართმევთ, მაგრამ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტების ცნებაც. არ შეიძლება არ დავინახოთ გარკვეული კორექტივები (ამჯერად მხოლოდ ამგვარი შეფასებით შემოვიფარგლები) აფხაზთა ლიდერის პოზიციაში. თუნდაც საუბრის ხასიათი, საუბრის ხანგრძლივობა, რომელიც ცხრა საათს გაგრძელდა და სხვა მრავალი. უკვე საუბარია საერთო სახელმწიფოზე, ამაზე ხომ ლაპარაკი, სიტყვის თქმაც არ შეიძლებოდა, საარსებო სახელმწიფოებრივი ფუნქციების დელეგირებაზე საერთო სახელმწიფოებრივ ორგანოებში. თუმცა, ფორმულირებებზე შეიძლება კიდევ დიდხანს ვიდაოთ და ვიდავებთ, კომპრომისიც ვეძიოთ, ოღონდ სამართლიანი უნდა ვიყოთ და საღმა აზრმა არ უნდა გვიღალატოს: ვლადისლავ არძინბას ჯერ კიდევ გუშინ მოსისხლე მტრად ვთვლიდით. გულწრფელად გეტყვით: გამონაკლისი ამ თვალსაზრისით საქართველოში, ალბათ, არც არსებობდა. ასეთივე დამოკიდებულება იყო მეორე მხარესაც - ჩვენს მიმართ. მაგრამ რაკი უეჭველად მივედით იმ დასკვნამდე (ამ აზრს საქართველოს მოსახლეობის აბოსლუტური უმრავლესობა იზიარებს), რომ ეს პრობლემა ომით არ გადაიჭრება, იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ კონსენსუსის მიღწევა ურთულესი პროცესია. კომპრომისმა ორივე მხარე უნდა დააკმაყოფილოს - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკვე კომპრომისი აღარ არის. ამიტომ, რაოდენ რთული, მტკივნეულიც უნდა იყოს (განსაკუთრებით დევნილთათვის) ამის მოსმენა, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, აუცილებელია მოთმინება. მოთმინება - ძლიერთა ხვედრია და მხოლოდ იგი შეიძლება იყოს შექმნილ ვითარებაში საბოლოო წარმატების გარანტი.
ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ ქართული საზოგადოება გაეცნობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ოქმის პროექტსაც. ხაზს ვუსვამ: ეს არის პროექტი, რომელზეც კიდევ უფრო გაძლიერდება მუშაობა, და ალბათ, კიდევ უფრო დაიხვეწება. ოღონდ, ვთხოვ ყველას გაითვალისწინოს, სანამ ეს გამოქვეყნდება, ჯერჯერობით როდის - ამას ვერ გეტყვით, ოქმი არ არის საბოლოო დოკუმენტი. იგი „გარდამავალ ფუნქციას“ ასრულებს. ეს დოკუმენტი ქმნის მხოლოდ იურიდიულ წინაპირობას ფუძემდებლური ხელშეკრულების შესამუშავებლად და გასაფორმებლად, რომელიც განსაზღვრავს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობას ჩვენს საერთო სახელმწიფოში. ამ ხელშეკრულებას კონსტიტუციური ძალა ექნება. თუმცა, ეს საბოლოო მიზანია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯი (თბილისში შეხვედრით) უკვე გადაიდგა. სხვათა შორის, ამ ნაბიჯის მნიშვნელობას უმალვე ჩასწვდნენ მსოფლიოში, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მხედველობაში მაქვს ბატონ კლინტონის წერილი ჩემს სახელზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობილი განცხადება ამასთან დაკავშირებით და სხვა. ჩვენმა მეგობრებმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს და ასე ვთქვათ, „მამაცურიც“ კი უწოდეს საქართველოს გადაწყვეტილებას უკან არ დაეხია ასეთი შეხვედრისაგან. არა მგონია, თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილმა ადამიანმაც კი ეჭვი შეიტანოს ამ ქვეყნების კეთილგანწყობაში საქართველოს მიმართ.
უმთავრესი ის გახლავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს ძალისხმევით, ჩვენი მეგობრების აქტიური მონაწილეობითა და დახმარებით, პრობლემა მკვდარი წერტილიდან დაიძრა. დაიძრა მშვიდობიანი მოწესრიგების და არა ომის მიმართულებით. ეს იქნება რთული, წინააღმდეგობრივი, როგორც ჩვენ ვამბობთ, ეკლიანი, ტკივილიანი, მაგრამ მაინც ერთადერთი სწორი გზა. მინდა გავიხსენო ერთი ლტოლვილის საოცრად ბრძნული სიტყვები: „გოლგოთა გავიარეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთის დაღმართი აღმართზე უფრო რთული და უფრო ძნელია“.
მინდა დავეთანხმო ვლადისლავ არძინბას განსაზღვრას ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე რომ არის ლაპარაკი, როცა მან თქვა, რომ ხიდი უკვე გაიდო. ამ ხიდის გადება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის იმ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე.
ახლა ისეთი ხმაურია, რა საჭირო იყო „კოკა-კოლას“ პრეზიდენტის ჩართვა მინისტრებთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშიო. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი წარმოდგენა სერიოზულ ბიზნესმენებზე სწორი არ არის. დიდი ბიზნესმენები პოლიტიკითაც არიან დაინტერესებული და ეს კარგი მაგალითია. მე ჯერ არ მქონია სერიოზული, ასე ვთქვათ, ვიზიტი, როცა მნიშვნელოვანი პრობლემები იყო გადასაწყვეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური, რომ ჩემს დელეგაციაში (მხედველობაში მაქვს ვიზიტები უცხოეთში) ბიზნესმენების რაღაც რაოდენობა რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი. როგორც წესი, არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოეთში ვიზიტის დროს არ შევხვედროდი ბზინესმენების დიდ და წამყვან ჯგუფებს. ამიტომ, ამას უნდა შევეგუოთ. „კოკა-კოლა“ მუშაობს, მაგალითად, ცხინვალში და მგონია, ამით არაფერი გაფუჭებულა. პირიქით, ბევრი რამ სასარგებლო და საჭირო გაკეთდა. დღეს „კოკა-კოლა“, ხვალ შეიძლება სხვა ფირმა იყოს, ის ფირმები, რომლებსაც უკვე დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის მშენებლობაში. მიაქციეთ ყურადღება, რომელი მინისტრები იყვნენ ჩასული აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრთან ერთად: ენერგეტიკის - ჩვენც და აფხაზებიც დაინტერსებული ვართ ენგურჰესის ნორმალური მუშაობით. ეს რა, ეკონომიკა არ არის? ტრანსპორტის მინისტრი - განა აფხაზეთში დღეს მცხოვრები, თუნდაც გალში მცხოვრები მოსახლეობა არ არის დაინტერესებული? ავტობუსის ცხრა მარშრუტი მუშაობს უკვე გალიდან ზუგდიდისაკენ და არაფერი განსაკუთრებული შემთხვევები ამ ავტობუსის მოძრაობასთან დაკავშირებით არ ხდება. განა ეს ეკონომიკა და ხალხის მომსახურება არ არის? ანდა კავშირგაბმულობის საკითხები, რომელზეც სერიოზული სჯა-ბაასი გაიმართა. ასევე არის ის ბიზნესი, რომელსაც ბატონი თემურ ჭყონია წარმოადგენს.
ახლა, რაც შეეხება ეჭვიანობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა კავკასიაში ძლიერდება. ვფიქრობ, რომ აქ მოვიშველიებდი წინა ინტერვიუებში ჩემს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ კავკასია არ შეიძლება გადაიქცეს რაღაც ახალი ბრძოლის ასპარეზად, პოლიტიკური და სხვა გავლენის სფეროების გაძლიერებისათვის სხვადასხვა ქვეყნებს შორის. კავკასია იქნება ამ ქვეყნების ინტერესების ერთმანეთთან დამაკავშირებელი და უფრო მეტად, ალბათ, საუბარი უნდა იყოს ამ ინტერესების შეხამებაზე, შერწყმაზე, ისევ და ისევ კავკასიაში სტაბილურობის ინტერესებისათვის.
- კვლავ აფხაზეთის თემას გავაგრძელებ, რადგან ეს თემა, გასაგები მიზეზების გამო ამ ბოლო პერიოდში მით უმეტეს, უფრო აქტუალური გახდა იმ ფონზე, როცა საქართველოში ვიღაცას უკვირს, რომ საქართველოს ნებისმიერი მინისტრი ჩადის თავისი ქვეყნის შემადგენელ ნაწილში - აფხაზეთში, იმ ფონზე, როცა წინათ იყო მოწოდებები, რომ ჩვენ არც რუსეთი გვჭირდება, არც დასავლეთი და პირდაპირ ველაპარაკოთ ჩვენს აფხაზ მეგობრებს და მტრებსაც, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფო ვართ და შუამავალი არ გვჭირდება, რატომღაც პოზიციები შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია იყო აბსოლუტურად გამოკვეთილი ჩვენი ურთიერთობის უკვე ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. თქვენ ეს ბრძანეთ, გაიხსენეთ კლინტონის წერილი. იყო სხვა პოლიტიკოსების საინტერესო განცხადებებიც, და ბოლოს, იყო საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კაბინეტის წევრის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის ბილ რიჩარდსონის განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ქართველთა და აფხაზთა შორის ორმხრივი დიალოგის დაწყებას და ამას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს. ალბათ, გაეროს უშიშროების საბჭოშიც განიხილავენ მომავალში კიდევ ერთხელ აფხაზეთის საკითხს იმიტომ, რომ ასეთი რანგის დიპლომატის სტუმრობა საქართველოში შემთხვევითი არ იქნება.
- მე გეთანხმებით. თქვენ, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით „დიდი სტუმრიანობაა“ ამერიკიდან. კონგრესმენთა და სენატორთა მრავალრიცხოვანი დელეგაციების ვიზიტს მოჰყვა ამერიკის ადმინისტრაციის თვალსაჩინო მოღვაწის, უკვე პრეზიდენტ კლინტონის კაბინეტის წევრის, გაეროში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის ბატონ ბილ რიჩარდსონის ვიზიტი. მასთან საუბარმა, ვიმეორებ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამერიკის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი მეგობარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხელსაც შეგვაშველებს და საჭირო რჩევასაც მოგვცემს. ბატონმა რიჩარდსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ კლინტონის შეხედულება, რომ საქართველოს არჩევანი: ეძებოს გამოსავალი „აფხაზური ჩიხიდან“ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით არის აბსოლუტურად სწორი და მიზანშეწონილი.
- გასულ კვირას დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ორ ელჩს საქართველოში - ესენი არიან ამერიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანატოლი კასიანენკო. ეს ის ქვეყნები და ელჩები არიან, რომლებმაც შეიძლება ითქვას, გარკვეული მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაში...
- მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დასვით. ალბათ, მომავალში, ეს პრაქტიკაში უნდა დავნერგოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას, რაღაც ჩვენი დამოკიდებულება უნდა გამოიხატოს.
ჩვენ გულთბილი სიტყვებით, გულწრფელი გრძნობებით გავაცილეთ საქართველოდან ბატონი უილიამ კორტნი. საქართველოში ყოფნისას, როგორც ამერიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, მან ბევრი რამ გააკეთა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, კონსტრუქციული თანამშრომლობის დასამყარებლად. რაც მთავარია, დიდად შეუწყო ხელი შესაბამისი მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, ურომლისოდაც წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში. ბატონ კორტნის ვულოცავ პრეზიდენტ კლინტონის მიერ მის მიმართ გამომჟღავნებულ მაღალ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას ახალ, პასუხსაგებ პოსტზე.
ასევე დიდი პატივისცემით მინდა ვისაუბრო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შესახებ. ბატონმა ანატოლი კასიანენკომ საქართველოში მუშაობისას დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, როგორც კარგმა პროფესიონალმა დიპლომატმა და გულისხმიერმა პიროვნებამ. მან ძალიან მჭიდრო კონტაქტები დაამყარა საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან, რეგიონებთან, მთლიანად საზოგადოებრიობასთან, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობისათვის. ანატოლი კასიანენკოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში დაემთხვა პერიოდს, როდესაც საფუძველი ეყრება განსაკუთრებულ, უნიკალურ, სტრატეგიულ ურთიერთობას საქართველოსა და უკრაინას შორის. ამ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაში ელჩმა, უნდა ითქვას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
- გასულ კვირას, თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული სტუმრიანობა იყო საქართველოშიო. და ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვია ჩვენს ქვეყანას ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების თავმჯდომარის მოადგილის ვან ბინციანის ხელმძღვანელობით. ჩინეთში თქვენი ვიზიტის შემდეგ, პრინციპში, ქართულ-ჩინური ურთიერთობა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში თანდათანობით ვითარდება. იგივე „აბრეშუმის გზის“ პროექტთან დაკავშირებით და ეს ამ კონტექსტით ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი ქვეყნისათვის...
- არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ დელეგაციის სტუმრობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე მსჯელობისას არასდროს არ უნდა დავივიწყოთ დიდი ჩინეთი. იგი XXI საუკუნეში საკაცობრიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უმძლავრეს დასაყრდენად იქცევა. მით უფრო სასიამოვნოა ამ ქვეყნის ხელისუფალთა ყურადღება საქართველოსადმი. ბატონ ვან ბინციანის ვიზიტი იყო იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც 1993 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. შემდეგ, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ციან ჩიცენი ეწვია საქართველოს, გაიმართა სხვა დონის ვიზიტებიც. ამჟამად ჩვენი ურთიერთობა იურიდიული თვალსაზრისით ეფუძნება 22 ხელშეკრულებას, 22 დოკუმენტს, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთმოქმედების სხვადასხვა ასპექტებს. მაგრამ ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ გრანდიოზულ ქვეყანასთან, ჩინეთის უკიდეგანო ცივილიზაციასთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა მართლაც რომ უსაზღვროა. ჩინეთი აქტიურად ეხმარება ჩვენს ქვეყანას. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - იგი მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას აფხაზეთის საკითხში: ეს არაერთგზის გამომჟღავნდა კიდეც გაეროში მიმდინარე დისკუსიებისას, აფხაზეთის საკითხებზე რეზოლუციების მიღების დროს. ვიმედოვნებ, ბატონ ვან ბინციანის ვიზიტი კიდევ უფრო სასარგებლოსა და ურთიერთხელსაყრელს გახდის ჩვენს თანამშრომლობას.
- ისევ აფხაზეთის თემას დავუბრუნდები. არძინბასთან თქვენი შეხვედრის ფაქტს საკმაოდ დადებითად გამოეხმაურა ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი ლუდვიგ ჩიბიროვი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცხინვალში მიღწეული პროგრესი, შეიძლება ითქვას, თანდათანობით გაგრძელდება და ამ შეხვედრასაც რაღაც მნიშვნელობა ექნება ცხინვალში პროგრესისათვის?
- ამასთან დაკავშირებით, მინდა ჩემი შეხედულებები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შეჩერება და პოზიტიური სამშვიდობო პროცესის სტიმულირება, მე ვიტყოდი, ძალიან სპეციფიკური გზებითა და საშუალებებით მიმდინარეობდა. უდიდესი როლი შეასრულა სახალხო დიპლომატიამ - შერიგებამ უბრალო ადამიანთა, მეზობელთა, ნათესავთა დონეზე. ზემოთ ვისაუბრეთ ლიდერებთან შეხვედრის, ყოველდღიური კონტაქტების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ხალხები უნდა შერიგდნენ. და ეს პროცესი დაიწყო. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები ამის ნათელი დადასტურებაა: შერიგების, ურთიერთმიტევების პროცესი აქ შეუქცევადი ხდება, ჩემი დაკვირვებით, თანდათანობით ფეხზე დგება ეკონომიკაც, რისი საჭირო პირობაა გადაწყვეტილი კავშირურთიერთობის აღდგენა. ჩვენც, როგორც შეგვიძლია, ვმონაწილეობთ ამ საქმეში. რა თქმა უნდა სამშვიდობო პროცესის წარმატება დიდად განსაზღვრა რუსეთის დიპლომატიის აქტიურობამ, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ბატონ ახსარბეკ გალაზოვის დაინტერესებამ. გარდამტეხი მნიშვნელობის იყო უდავოდ ჩემი შეხვედრა ვლადიკავკაზში ლუდვიგ ჩიბიროვთან. პროცესების ხელოვნურად დაჩქარების მომხრე არ გახლავართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ მოვლენები დადებითი მიმართულებით განვითარდა და ამ პოზიციური ენერგიის შესანარჩუნებლად, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება მორიგი შეხვედრის გამართვა. მით უმეტეს, რამდენადაც ვიცი, ბატონი ლუდვიგ ჩიბიროვი თავად გამოთქვამს სურვილს შემხვდეს, რათა ვისაუბროთ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ პასუხს დღევანდელ ვითარებაში. ახალმა შეხვედრამ სამშვიდობო პროცესს ცხინვალის რეგიონში შეუქცევადი ხასიათი უნდა შესძინოს. მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუ ასეთი შეხვედრა ცხინვალში გაიმართება, ან თბილისში, გორში, ან თუნდაც ცალკე აღებულ რომელიმე სოფელში. მთავარია, პრინციპული შეთანხმება იყოს მიღწეული შეხვედრის თაობაზე. უახლოეს დღეებში ჩვენ ვისაუბრებთ ტელეფონით და ამ საკითხსაც შევეხებით.
- ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ინტერვიუში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კვლავ გაისმის ხმები პურის გაძვირების შესახებ...
- აქ ალბათ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი ამჟამად არ იბეგრება, ეს შეღავათი მაშინ პურის ფასების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავავრცელეთ. ეს იყო საგანგებო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა სწორედ იმ მიზნით, რათა პურის ფასების ლიბერალიზაცია რაც შეიძლება უმტკივნეულო ყოფილიყო მოსახლეობისათვის. ხორბლის იმპორტის დაბეგვრა უეჭველად გამოიწვევს პურის გაძვირებას. ამდენად, ამ ნაბიჯის გადადგმამდე ყველა შესაძლო სოციალური შედეგის გათვლა გვმართებს. პურის ფასის მომატება ურთულესი სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე ღონისძიება არის და მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ ამას არ დავუშვებ, სანამ არ იქნება ფულადი კომეპნსაციის სახით მოსახლეობისათვის ფასთა სხვაობის ანაზღაურებისა და ხელფასების ზრდის აბსოლუტური გარანტია, არა მარტო კომპენსაციის თვალსაზრისით, არამედ, საერთოდ, აბსოლუტური მოცულობით. ამდენად, ეს არ არის დღევანდელი დღის პრობლემა. ალბათ, სჯობს ამ თემაზე საუბარი გადავდოთ მომავალი წლისათვის და დაველოდოთ 1998 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ნათელყოფს, რისი შესაძლებლობა ექნება ქვეყანას და რისი - არა.
- გუშინ საქართველოს კონსტიტუციის მიღების ორი წლისთავი აღინიშნა. ეს კონსტიტუცია მართლაც დიდი ბრძოლის შედეგად მიიღო ჩვენმა პარლამენტმა. კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 29 აგვისტოს განხორციელდა ტერორისტული აქტი სახელმწიფოს პირველ პირზე, ტერორისტული აქტი, რომელსაც შეეძლო პრინციპში, სრულიად შეეცვალა კონსტიტუციით მიღებული მნიშვნელოვანი შედეგები და წინსვლა საქართველოსათვის, ისევე როგორც, საერთოდ, ქვეყნის სვლა - ქვეყანა წასულიყო განვითარების სულ სხვა გზით და მიმართულებით. გასაგებია, რა მიმართულებასაც ვგულისხმობთ...
- ძალიან არ მინდოდა ეს ორი საკითხი დამეკავშირებინა ერთმანეთთან. არ ვიცი, არის თუ არა საჭირო ჩემი დეტალური საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ გუშინ მოეწყო ძალიან საინტერესო გადაცემა კონსტიტუციის ორი წლისთავთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც ვიტყვი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას იმის შესახებ, რომ არა მგონია ბოლო საუკუნეების საქართველოში იყოს უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, ვიდრე ამ კონსტიტუციის მიღებაა. ეს იგი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონტურების ჩამოყალიბება, მისი განვითარების ძირითადი გზების განსაზღვრა, ხალხის, ადამიანების, სახელმწიფოს ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის პრინციპების შემუშავება, ადამიანის უფლებების ჩამოყალიბება თანამედროვე სტანდარტების, მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა დონეზე და მრავალი სხვა და სხვა. ასე რომ, ჩვენ ყოველ წელიწადსაც ერთმანეთს რომ მივულოცავთ ამ დიდი მოვლენის მნიშვნელობა და მთელი ყურადღება მივაპყროთ, ალბათ, ზედმეტი არ იქნება. მე ისიც მგონია, რომ კონსტიტუციას ყველა თაობა უნდა უბრუნდებოდეს და არა ერთხელ და ორჯერ უნდა წაიკითხოს იგი. ეს ღრმა დოკუმენტია, სამი წელიწადი დასჭირდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალურ ნაწილს, თანაც განსხვავებული პოზიციების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს ემუშავათ ამ დოკუმენტზე. მინდა ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ახალგაზრდობამ, ბავშვებმა, ხელი უნდა მოჰკიდონ თავისი ქვეყნის კონსტიტუციის შესწავლას, თუ მათ უნდათ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ როგორც დღევანდელობაზე, ისე საქართველოს მომავალზე.
ახლა ასევე ორიოდე სიტყვას ვიტყვი მხოლოდ იმის შესახებ, რასაც 29 აგვისტოს მოვლენა დაარქვეს და რომელსაც, ასე მგონია, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და არა მხოლოდ პიროვნული.
თუ ტერორისტები მიზანს მიაღწევდნენ - მხედველობაში მაქვს, თუ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას, რისი პირველი (საწყისი) აქტიც იყო აფეთქება იმდროინდელი პარლამენტის ეზოში, - ამას შედეგად უეჭველად მოჰყვებოდა ქვეყანაში შავბნელი რეაქციების გაბატონება, ვიმეორებ, შავბნელი რეაქციის გაბატონება. სხვა გზა არ არსებობდა, ან იქნებოდა, მასობრივი რეპრესიები, ან სრული ქაოსი და სრული განუკითხაობა. ორივე შესაძლო შედეგი დამღუპველი იქნებოდა ახლადფეხადგმული დემოკრატიული ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. ამდენად, ეს იყო არა პიროვნების, არამედ ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბოროტად ჩაფიქრებული და განხორციელებული აქცია. საბედნიეროდ, როგორც იტყვიან, გვიხსნა განგებამ და ჩემი აზრით, ამით შეუქცევადი გახადა საქართველოს აღორძინების გარანტიების ჩამოყალიბება. 29 აგვისტოს ტერორისტული აქტი იყო ბოროტი თესლის უკანსაკნელი გაბრძოლება საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა მჯეროდეს.
- და, ბოლო კითხვა - გასული კვირის ეკონომიკური მოვლენები. გაიმართა პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს საკითხი, თუ რა გავლენას ახდენს „ტრასეკის“ დერეფანი ქვეყნის საწარმო ძალთა განვითარებაზე, გარემოზე, დემოგრაფიულ სიტუაციაზე და ასე შემდეგ. თქვენ წამოაყენეთ იდეა, შეიქმნას, სამეცნიერო ცენტრი, რომელიც თავს მოუყრის ქვეყნის სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალს - ისევ „ტრასეკის“ კონტექსტით და აღნიშნეთ ისიც, რომ აფხაზეთი ერთ-ერთი უმთავრეს სატრანზიტო მონაკვეთს წარმოადგენს. ამ კონტექსტით ძალიან საინტერესო იყო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ევრაზიის დერეფნის განვითარების შესახებ. მან განაცხადა, რომ ეს პრიორიტეტული მნიშვნელობის მოვლენა და მიმართულებაა იაპონიისათვის და აქ კავკასიის განსაკუთრებულ როლზეც იყო საუბარი. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წამოადგინა განვლილი ექვსი თვის შედეგები. ინფლაციის ტემპი განვლილ ექვს თვეში 1996 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლები იყო და 0,5 პროცენტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო.
- საქართველოსადმი დაინტერესებას იჩენდნენ სხვადასხვა უცხოური ფირმები. ამ შემთხვევაში განვლილ კვირას გამოიკვეთა სააქციო საზოგადოება „ტერნესის“ მნიშვნელოვანი ინტერესი. ისინი „ხუდონჰესის“ მშენებლობით დაინტერესდნენ. ესეც ძალიან საინტერესო ფაქტი იყო. აღინიშნა, რომ იაპონიის ფირმები „მარუბენი“, „ჯეიჯისი“ და სხვები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ. საქართველოში იყო იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო ნაკაიამა. და, სხვათა შორის, ამ ფონზე, ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა: სტატისტიკური მონაცემები საქართველოდან ემიგრირებულთა რიცხვმა 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან მნიშვნელოვნად იკლო. ეს იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის პროცესმა ადამიანებს რაღაც იმის იმედი გაუჩინა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება, საქმიანობა, არსებობა და საკუთარი კერძო ბიზნესის განვითარება შეიძლება...
რამდენიმე სიტყვით შევეხები გასული ეკონომიკური კვირის ძირითად ტენდენციებს: ამ თვალსაზრისით გასული კვირა, თქვენ სწორედ თქვით, საკმაოდ მრავალფეროვანი და შედეგიანი იყო. იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დღეს ცნობილი პარლამენტარის ტარო ნაკაიამას ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის უდიდესი კომპანიების აქტიური დაინტერესება საქართველოს ეკონომიკით და აქ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობით. გამოითქვა მოსაზრება, რომ იაპონიამ მონაწილეობა მიიღოს ნავთობსადენის მშენებლობაში, ასევე შემუშავებული აქვთ „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების სპეციალური სამთავრობო პროგრამა. რითაც მათი ინტერესები კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ამ პროექტში საქართველოს როლს. მინდა ხაზი გავუსვა: იაპონური ბიზნესი განსაკუთრებული რაციონალიზმით გამოირჩევა. ამდენად, იაპონელთა მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია - მაშასადამე, პროექტი რეალურია და პერსპექტიული. ამასთან დაკავშირებით, ქვემოთ ძალიან მოკლედ კიდევ ერთ ასპექტს შევეხები.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც აგრეთვე ასახავს სასიკეთო ტენდენციას, მთლიანად გაამართლა ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანმა აუქციონმა“. გაყიდულია აუქციონზე გამოტანილი ყველა საწარმო, რის შედეგადაც პრივატიზების სატრანზიტო ანგარიშზე სულ ჩარიცხულია 5 მილიონ ლარზე მეტი. აუქციონის მეშვეობით დაიფარა თითქმის ორი მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ვალი, რომელიც წარმოიშვა თურქმენეთში ბუნებრივი გაზის საფასურად გაგზავნილი პროდუქციის ღირებულებიდან გამომდინარე. ხორციელდება სხვა საინტერესო პროექტებიც სატენდერო და საკონკურსო მეთოდით, რაც მოზიდვის საკმაოდ ეფექტიანი გზაა. თბილისის მშენებარე ლუდის ქარხნის შეძენაზე (მე ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე და ახლაც მინდა გავამახვილო ყურადღება) გამოცხადებულ საინვესტიციო კონკურსში გაიმარჯვა და შეძენის უფლება მოიპოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გომბორმა“, რომელმაც უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი 388 ათასი ლარის ოდენობით. თვის დამლევამდე სახელმწიფო ბიუჯეტში კიდევ შეიტანს მილიონ 200 ათას ლარს, ხოლო უახლოეს ორ წელიწადში მთლიანად დაფარავს ქარხნის ღირებულებას (ეს 3 მილიონ დოლარამდეა). ქარხნის რეკონსტრუქციისა და ტექნიკური განახლებისათვის ინვესტიციები ორ ათეულ მილიონ დოლარამდეა გათვალისწინებული იმისათვის, რომ ეს ქარხანა საბოლოოდ მწყობრში ჩადგეს. იზრდება უცხოელ ინვესტორთა რაოდენობა, რისი მაგალითიცაა ის, რომ თურქეთის ფირმა „შიშიჯემმა“ შეისყიდა ქსნის სააქციო საზოგადოება „მინას“ აქციები. უახლოეს 4 წელიწადში ეს ფირმა არანაკლებ 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. გახსოვთ, 5-6 წლის განმავლობაში რამდენი პერიპეტიები, ხოცვა-ჟლეტვა, გატაცებები, დაპირისპირება და ათასი უბედურება იყო. ბოლოს და ბოლოს ამას წერტილი დაესვა.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა საკონსულტაციო ეკონომიკურმა საბჭომ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მუშაობს, მე ვიტყოდი, მაღალ მეცნიერულ დონეზე იმსჯელა საქართველოს საწარმოო ძალთა განვითარებასა და დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ბუნებრივ და ანთროპოგენურ გარემოზე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის - „ტრასეკის“ გავლენის შესახებ. და სწორედ აქ მინდა დავამატო ის, რაც ზემოთ ვთქვი. მე ყურადღება მივაქციე იაპონიის პრემიერ-მინისტრის ბატონ ხასიმოტოს უმნიშვნელოვანეს გამოსვლას. ეს იყო კონცეფციური გააზრება იაპონიის ადგილისა თანამედროვე მსოფლიოში. იგი განიხილავს იაპონიის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ორიენტირებს ახლო და შორეული პერსპექტივისათვის. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის პარალელურად. იგი პრიორიტეტულად მიიჩნევს ევრაზიის ეკონომიკური სივრცის ფორმირების პრობლემას და ამ მხრივ ევრაზიის დერეფნის განვითარების ამოცანას. ამასთან, იგი განსაკუთრებით აღნიშნავს, თუ რაოდენ დიდი საკვანძო მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ აზიასა და კავკასიის სახელმწიფოებს ამ უდიდესი ჩანაფიქრის განხორციელებაში.
ამ მხრივ ძალიან საყურადღებოა ის საუბრები, რომლებიც ბატონ ნაკიამასთან გვქონდა ამ დღეებში. ბუნებრივია, იაპონიის პრემიერი ამ იდეის განხორციელებას არ უპირისპირებს მისი სახელმწიფოს ინტენსიური ურთიერთობის განვითარებას რუსეთთან, ჩინეთთან და მსფლიოს ბევრ სხვა ქვეყანასთან.
მე იმის თქმა მინდოდა, რომ თანდათანობით, როგორც იტყვიან, რკალი შეიკრა თანამედროვე მსოფლიოს ორი გიგანტის - ევროკავშირისა და იაპონიის ინეტერესები „აბრეშუმის გზის“ აღორძინებით სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ეს საქართველოსათვის, რაღა თქმა უნდა, დიდი მოვლენაა. ზემოთ ვთქვი, რომ იაპონიის მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა „აბრეშუმის გზის“ აღორძინებასთან დაკავშირებით. თუ ამას დავუმატებთ ევროკავშირის პროგრამას - „ტრასეკას“, მაშინ გამოდის, რომ ორი ეკონომიკური და ფინანსური გიგანტის შესაძლებლობანი გაერთიანდება ამ სატრანზიტო მაგისტრალის ამოქმედებისათვის.
ეკონომიკური ურთიერთობის ზრდამ ევროპისა და აზიის უმოკლეს საზღვაო-სახმელეთო გზით დაკავშირებაში ყოფილი „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენისა და საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობის მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების პერსპექტივა განაპირობა, რის გამოც „ტრასეკის“ საქართველოს მიმართულების ტერიტორიული განვითარების საკითხი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და მინდა, რომ ეს იცოდეს ყველა მოქალაქემ და თავიდანვე იყოს ჩართული ამ პროცესში.
კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სახაზინო ვალდებულებების ემისია, რაც მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული, საქართველოსათვის სრულიად ახალი მოვლენაა საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ პირველსავე აუქციონზე მყიდველთა მოთხოვნა 63 პროცენტით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ესე იგი, ეს, უწინარეს ყოვლისა, მთელი ჩვენი სამეურნეო, ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის გააქტიურების ნიშანია. სახაზინო ვალდებულებათა განთავსებით შემოსულმა თანხამ 977 ათასი ლარი შეადგინა. ეს სიახლე, უპირველესად, იმით არის საინტერესო, რომ მოკლევადიანი სახაზინო სასესხო ვალდებულებების გამოშვება ბიუჯეტის შევსების არაინფლაციურ წყაროს წარმოადგენს.
ქვეყანაში ამჟამად არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესი იმის საფუძველს იძლევა, რომ საფინანსო ბაზრის განვითარებისაკენ გადადგმული ეს პირველი ნაბიჯი, მისი შესაბამისი პოპულარიზაციისა და განხორციელების მექანიზმის შემდგომი დახვეწის პირობებში, მომავალი წარმატების საწინდარი გახდება და ჩვენი ბიუჯეტის საკმაოდ სერიოზული შემოსავლის წყარო იქნება.
საქინფორმი.
„მოთმინება ძლიერთა ხვედრია და მხოლოდ იგი შეიძლება იყოს შექმნილ ვითარებაში საბოლოო წარმატების გარანტი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 აგვისტოს რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აგვისტო. - №209 (2582). - 1,2 გვ.
![]() |
96 „ჩვენ თანამედროვენი ვართ ჭეშმარიტად დიდი შემოქმედისა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ცნობილი ხელოვანის რეზო გაბრიაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გვერდი. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ასე შეაფასა ეს ფაქტი:
მადლობას მოვახსენებ „საქართველოს რესპუბლიკას“, ქალბატონ მანანა ახმეტელს ჩვენი დროის გამოჩენილი ხელოვანის რეზო გაბრიაძის შესახებ ასეთი საინტერესო მასალის შექმნისა და გამოქვეყნებისათვის.
რა კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ტელევიზიას მისთვის ჩვეული ხერხებით შეეხსენებინა ქართველებისათვის, რომ ჩვენ თანამედროვენი ვართ ჭეშმარიტად დიდი, მსოფლიოში აღიარებული, გენიალური შემოქმედისა.
და კიდევ ერთი: მასალაში გამოყენებულია ჩემი პატარა წერილი რეზო გაბრიაძის სახელზე, რომელშიც გამოთქმულია სურვილი, რომ იგი დაუბრუნდეს თბილისს და სახელი გაუთქვას საქართველოს, როგორც ის აქამდე აკეთებდა, მაგრამ ახლა აქედან - თბილისის, საქართველოს გადასახედიდან.
ბედნიერი ვარ, რომ რეზო დაგვიბრუნდა. ჩვენ კი ყველაფერს ვიღონებთ, რომ მას ხელი შევუწყოთ ახალი შემოქმედებითი შედევრების შექმნაში.
ედუარდ შევარდნაძე.
„ჩვენ თანამედროვენი ვართ ჭეშმარიტად დიდი შემოქმედისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 აგვისტო. - №210 (2583). - 1 გვ.
![]() |
97 უღალატო კაცის ღალატი |
▲ზევით დაბრუნება |
მოულოდნელად გარდაიცვალა უღალატო კაცი, გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, თანამოაზრე და თანამებრძოლი გურამ ფანჯიკიძე.
ტკივილებით სავსე ამ ჩვენს ძნელ დროში ეს საქვეყნო ტკივილი ჩემი პირადი ტკივილიცაა, რადგან ჩვენ ბევრი რამ გვქონდა ერთად გაკეთებული, მაგრამ უფრო ბევრი - გასაკეთებელი. ახალი საქართველოს მშენებლობაში ხომ მას, როგორც მწერალს, როგორც პუბლიცისტს, როგორც საზოგადო მოღვაწეს, და ბოლოს, როგორც ჯარისკაცს, უშურველად შეჰქონდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი.
ჯერ კიდევ ყოფილ საბჭოთა კავშირში, მან, ერთ-ერთმა პირველმა, აღიმაღლა ხმა მოძალებული უკანონობისა და კორუფციის წინააღმდეგ.
ერთეულებს თუ შეეძლოთ მაშინ სიმართლის თქმა და ბრძოლა.
მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა საბჭოთა კავშირში ერების ასიმილაციის წინააღმდეგაც და არგუმენტირებულად წარმოაჩინა საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის საშიშროებანი.
არც ამის თქმა იყო ადვილი.
მანვე, თავისი რომანითა თუ წერილებით, შთამბეჭდავად დაგვანახა „ბუნების აკრძალვათა“ დარღვევისა და ღვთის ნებაში ჩარევის კატასტროფული შედეგები.
ყველაზე ძნელ წლებში გურამმა დაშლას გადაარჩინა მწერალთა კავშირი, ხოლო ბევრი მწერალი - შიმშილით დაღუპვას.
იგი, გაბედული მებრძოლი, სოხუმში ავტომატით ბოლომდე იდგა ჩემს გვერდით და სრულად გაიზარდა დამარცხების სიმწარე და ლტოლვილთა ფიზიკური თუ სულიერი ტკივილები.
თუმცა, არც იმის იმედი დაუკარგავს, რომ საქართველო კვლავ გამთლიანდებოდა.
ფიზიკური და სულიერი სიძლიერის განსახიერება იყო გურამი, მუდამ ბრძოლისთვის შემართული, გამოკვეთილი ლიდერი და უღალატო პიროვნება.
მას თავად უღალატა გულმა.
მისი სიკვდილი საოცრად ჰგავდა თავად მას. იგი არ შეიძლებოდა ლოგინში მომკვდარიყო - ზღვასთან ბრძოლაში გათავდა.
ეს იყო უღალატო კაცის ღალატი, რადგან მის დასაწერსა და მის გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, მის ადგილს სხვა ვერავინ დაიკავებს.
როცა ასეთი ადამიანები ამ ქვეყნიდან მიდიან, ყოველი ჩვენგანის სულში თითქოს რაღაც სიმი წყდება, რომელიც შემდეგ მოგონებების ექოდ გახმიანდება ხოლმე.
მე ვუთანაგრძნობ ქართველ ხალხს, ვუთანაგრძნობ ქართულ მწერლობას, ვუთანაგრძნობ მწერლის ოჯახს და მის უპირველეს მეგობარსა და სამაგალითო მეუღლეს ქალბატონ დალის.
დარჩა ტკივილი, რომელსაც უნდა გავუძლოთ და ხსოვნა, რომელიც მუდმივი იქნება.
ედუარდ შევარდნაძე.
უღალატო კაცის ღალატი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 სექტემბერი. - №215 (2588). - 1 გვ.
![]() |
98 „ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისადა შვილიშვილებისათვის, იმ თაობისათვის, რომლის ბედნიერებისა და სიხარულისათვის ვარსებობთ და ვიღვწით ყველანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
პირველი სექტემბრის რადიოინტერვიუ
- დღეს პირველი სექტემბერია. საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების პირველი დღეა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევადნაძემ.
- მოგესალმებით და ბოდიშს გიხდით იმისათვის, რომ დღეს ეთერში გასვლა დავაგვიანეთ. გარწმუნებთ, საპატიო მიზეზები იყო.
რაც შეეხება პირველ სექტემბერს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ დღეს გულგრილი რჩებოდეს, უწინარესად, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, იმ თაობისათვის, რომლის ბედნიერებისა და სიხარულისათვის ვარსებობთ და ვიღვწვით ყველანი.
წლეულს ქვეყანა გაცილებით უკეთ მომზადებული ხვდება ამ მშვენიერ დღეს, ვიდრე, ვთქვათ, შარშანწინ, თუნდაც შარშან, ამ ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმა განათლების სისტემაში თანდათანობით ძალას იკრებს, იხვეწება, ახალ ფაზაში შედის. უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ უაღრესად ფაქიზ სფეროში რეფორმების დაწყებას განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიდინჯით მოეკიდა (ცოტა დავაგვიანეთ კიდეც, გვსაყვედურობდნენ). ჩვენ ნათლად ვაცნობიერებდით, რომ განათლების სისტემის რეფორმირება სირთულითა და მნიშვნელობით აღემატებოდა რეფორმებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ეს არის სფერო, სადაც დაუშვებელია გაუმართლებელი აჩქარება, ვინაიდან საქმე ეხება მოზარდის ცნობიერებას. სრულფასოვან, ღირსეულ მოქალაქედ მის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, სკოლის უმთავრესი ფუნქცია სწორედ ეს არის - ხელი შეუწყოს პიროვნების, მოქალაქის ჩამოყალიბებას, აზიაროს იგი უზენაეს საკაცობრიო ღირებულებებს, შესძინოს მას ცოდნა, ანუ ის ფასდაუდებელი სიმდიდრე, რომელიც, როგორც დიდი პოეტი ამბობდა, სიკვდილამდე შენთან არის და ყოველთვის გაგინათებს გზას.
სირთულეების მიუხედავად, რეფორმა დაიძრა და ვითარდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქმნება ახალი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც გაითავისებს ყოველივე საუკეთესოს, რაც წარსულში გვქონდა, ასევე, კაცობრიობის გამოცდილებას, ხოლო დემოკრატიული ქართული სახელმწიფოსათვის განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის და იქნება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ სახელმწიფოს მხრივ არა მარტო მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ მიზანმიმართულ სოციალურ პოლიტიკასაც ამ დარგში, მომავალ წლებში კი დაფინანსების განუხრელ, სისტემატურ ზრდას.
სულ უფრო ამაღლდება მასწავლებლის, როგორც საზოგადოების უპირველესი კირითხუროს სოციალური ცენზი და როლი. საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფას, რა თქმა უნდა, საზღვარი არა აქვს და არც ექნება. ჩვენ უნდა ვესწრაფოთ იდეალს, როდესაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო გახდება ცივილიზებულ ერთა შორის. საბოლოოდ კი უეჭველად მივაღწევთ ყოველი ჩვენთაგანისათვის სასურველ მიზანს - მძლავრი და მდიდარი ქართული სახელმწიფო შესძლებს მთლიანად უზრუნველყოს თავისი მოქალაქეებისათვის განათლების სრული ხელმისაწვდომობა. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა გვმართებს ყველას - ხელისუფლებას, საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს.
დღეს კი მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ეს ბედნიერი დღე ყველა პატარას, ყველა მოზარდს, ყველა სტუდენტს, აგრეთვე ყველა მშობელსა და მასწავლებელს. დაე, სიხარულისა და სინათლის დღევანდელი შეგრძნება გაჰყოლოდეთ მათ მთელი ცხოვრების გზაზე.
- ახლა განვლილი პოლიტიკური კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ: საქართველოს ეწვია ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი და ჩეჩნეთის დელეგაცია. ისინი შეგხვდნენ თქვენ, შემდეგ მოინახულეს სამხედრო აკადემია და საქართველოში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორა. ჩეჩნეთის დელეგაციის ეს ვიზიტი მრავალმხრივ საყურადღებო იყო. ჩეჩნეთი ის ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ არა გვაქვს მთლად დამშვიდებული და რბილი ურთიერთობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც აფზახეთის ომის შედეგებმა განაპირობა. ისიც ფაქტია, რომ დღეს ჩვენ და ჩეჩნეთი ახალ ურთიერთობას ვაშენებთ. და კიდევ ერთი მომენტი: ამ ვიზიტმა ხომ არ გაართულა ჩვენი ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან?
- ასლან მასხადოვთან თბილისში გამართული მოლაპარაკება უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია კავკასიის ცხოვრებაში. უმთავრესი მიზანი, როგორც მაშინვე ვთქვი პრესასთან შეხვედრის დროს, ის იყო, რომ წერტილი დაგვესვა მტრობის, სიძულვილის, გაუცხოების მემკვიდრეობისათვის, რომელიც ამ ბოლო წლების დრამატულ მოვლენათა ფონზე ჩამოყალიბდა. ეს ამოცანა შესრულდა. ამიერიდან შეგვიძლია ვილაპარაკოთ საუკეთესო მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა ტრადიციების აღდგენაზე, განვითარებაზე, მეგობრობაზე. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის სახელით მე მივესალმე ჩეჩნეთში ომის დამთავრებას, შევაფასე იგი, როგორც დიდი მონაპოვარი მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ბრძოლაში, რაშიც უდიდესი დამსახურება მიუძღვით პრეზიდენტ ელცინსა და მის თანამოაზრეებს, და ამ შეფასებაშიც ჩვენ ერთიანი ვიყავით.
ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მშვიდობიანი კავკასია და რეგიონის სტაბილურობა იყო. ამ თვალსაზრისით ორივე ხალხს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, და კიდევაც ვხედავთ კონკრეტულ გზებსა და კონკრეტულ საშუალებებს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩეჩნეთს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ასევე აფხაზეთის კონფლიქტის დაძლევის პროცესის დაჩქარებაში. ჩვენ გვქონდა საშუალება საფუძვლიანად განგვეხილა ბევრი რამ იმ პრობლემებიდან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე რომ ითქვა. ვიმსჯელეთ აგრეთვე ვლადისლავ არძინბას თბილისში ჩამოსვლისა და აქ გამართული დიალოგის აქტუალურ საკითხებზე. ორივე მხარემ ეს შეხვედრა დადებითად შევაფასეთ.
შეხვედრები კახეთში მართლაცდა დაუვიწყარია. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო შეხვედრა პანკისის ხეობაში, რომელზეც ათასობით ქისტი, და არა მარტო ქისტი მოვიდა, რომელთა (ქისტები მყავს მხედველობაში) წინაპრები აქ 200-ზე მეტი წლის წინათ დასახლდნენ, ერთგულობდნენ და ერთგულობენ საქართველოს ისე, როგორც მისი ღირსეული მოქალაქენი, ახსოვთ, უყვართ და ამაყობენ თავიანთი ისტორიული სამშობლო მხარით.
რაც შეეხება გართულებას რუსეთთან, ვფიქრობ, აქ ყოველგვარი გართულების რაიმე ნიშნებიც კი გამორიცხულია, რამდენადაც ყველაფერი, რასაც კავკასიის სტაბილურობისაკენ მივყავართ, უპირველეს ყოვლისა, იმ ქვეყნების ინეტერესებს შეესაბამება, რომლებიც მთლიანად კავკასიას შეადგენს. ეს ეხება რუსეთსაც, ეს ეხება საქართველოს, ეხება სხვა ქვეყნებსა და სხვა ხალხებს.
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე თქვენ ასეთი ფრაზა წარმოთქვით: ეკონომიკური პოტენციალი ყველა ქვეყნის გასაღებიაო. აქ იგულსხმებოდა შიდა სტაბილიზაციაც, კონფლიქტების მოწესრიგებაც და კიდევ ბევრი სხვა რამ. განვლილი ეკონომიკური კვირა საქართველოსათვის კვლავ აქტიურობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით საბანკო სისტემაში. თქვენ შეხვდით კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის თათბირი მათთან. საქართველოს ეწვია მსოფლიოში ერთ-ერთი გამოჩენილი და უდიდესი ჰოლანდიური ბანკი „ეი-ბი-ენ ამრო“. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან ურთიერთობებს და ჰოლანდიელი ბანკირები დაგვპირდნენ, რომ საქართველოს ხელს შეუწყობენ საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე გასვლაში.
- მე კვლავ ვადასტურებ იმას, რომ ვთქვი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, ყველა პრობლემის გასაღები ეკონომიკაა. მოვმძლავრდებით ეკონომიკურად, დაიწყება ეკონომიკის აღმავლობა, რომელიც ფაქტობრივად უკვე ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზეა ამ აღმავლობის თვალსაზრისით და, ვფიქრობ ყველა პრობლემა ასე თუ ისე მოგვარდება.
საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროდან გავლილ კვირაში მნიშვნელოვანი იყო ჰოლანდიის საინვესტიციო კომპანიის (ეს არაა მარტო ჰოლანდიურია, მაგრამ ჰოლანდია წამყვანია) ევროპის ერთ-ერთი ბანკის „ეი-ბი-ენ ამროს“ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ეს კომპანია ასობით მილიარდი ამერიკული დოლარის აქტივების მფლობელია, შედის 14 უმსხვილესი ბანკის სიაში და საბანკო-საინვესტიციო მომსახურებას უწევს მსოფლიოს მსხვილ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო ინვესტორებს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა და მიმართულებანი. შემოგვთავაზეს უფასო მომსახურება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის ჩამოყალიბებაში. რეიტინგის ჩამოყალიბება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას პირობები, რომ საქართველო გავიდეს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე, გავიდეს თავისი ფასიანი ქაღალდების მეშვეობითაც. უნდა მოგახსენოთ, რომ საერთოდ უნდა დავაჩქაროთ ამ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნის პროცესი. ახლა ამოცანა ის არის (მოგეხსენებათ, პირველი ასეთი ცდა განხორციელდა), რომ დავაჩქაროთ ამ ბაზრის ფორმირება, ეს კი უდავოდ სახელმწიფოს გაძლიერების, ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლების დიდი რეზერვი იქნება.
პარასკევს გამართულ კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე საკმაოდ გულახდილი და კონსტრუქციული საუბარი გაიმართა საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე. ამაზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდები, რადგანაც ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თანდათანობით დაიწყო ვითარების სტაბილიზაცია და ხორციელდება ქვეყნის ხელისუფლების მიერ დასახული ეკონომიკური რეფორმები, საბანკო სისტემაც აქტიურად ჩაება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ესე იგი, საქართველოში განხორციელდა საბანკო სისტემის სრული რეფორმა და იგი დასასრულს უახლოვდება.
რეფორმების განხორციელების პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საბანკო სისტემის განმტკიცებას და ფულად-საკრედიტო რეგულირების სრულყოფას. ამასთან, ძირითად მიმართულებად რჩებოდა ინფლაციის მაჩვენებლების შემცირება და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა.
ეროვნული ვალუტის შემოღებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის ყოვლისმომცველი პროგრამის შემდეგ, ფინანსური სექტორის შემდგომი განვითარების მთავარ პრიორიტეტს საიმედო კომერციული ბანკების ქსელის განვითარება წარმოადგენს. ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ბანკების მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ძალიან პასუხსაგები ნაბიჯი გადაიდგა საბანკო სისტემის სრულყოფის, რესტრუქტურიზაციისა და უნიფიცირების, აგრეთვე, ინსტიტუციური გარდაქმნების, მისი გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის ამაღლების გზაზე. ამ ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია სერტიფიკაციის პროგრამა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 47 სიცოცხლისუნარიანი, ასე ვთქვათ, სრულყოფილი, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბანკი. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ ახალი კანონის მიღებით დამთავრდა გარდამავალი ეტაპი და ფაქტობრივად საქართველოს საბანკო სისტემამ ახალ სამართლებრივ საფუძველზე დაიწყო ფუნქციონირება, რაც გულისხმობს, ბუნებრივია, ახალ ნორმატივებს, ახალ ლიმიტებს და, საერთოდ, ახალ მიდგომებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ისეთი ბანკები, რომელთა ავტორიტეტი შემდგომი ინვესტიციების მოზიდვის გარანტიას შექმნის. მომავალში საქართველო უნდა გადაიქცეს საბანკო ქვეყნად, სადაც დიდი ოდენობით მოიზიდება უცხოური ინვესტიციები. ამის საფუძველს კი იძლევა სულ ახლახანს ევრობანკის დაინტერესება „გაერთიანებული ქართული ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების შეძენით, უფრო სწორად, ეს პროცესი უკვე მოხდა. ამგვარი პროცესები სულ უფრო ხელშესახებს ხდის საბანკო სისტემისადმი ნდობის აღდგენას და ამას განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი. ვთხოვ რადიომსმენელებს მიაქციონ ყურადღება: ამის დამადასტურებელია წლის დასაწყისთან შედარებით დეპოზიტის 30 მილიონი ლარით გაზრდა, რომლის ოდენობამაც 1997 წლის პირველი აგვისტოსათვის 109 მილიონს გადააჭარბა. აქედან მოქალაქეთა ანაბრებზე მოდის 33 მილიონ 300 ათასი ლარი, ესე იგი, მოქალაქეები დაიძრნენ ბანკებისაკენ. აღდგა ნდობის ფაქტორი. დეპოზიტი გაიზარდა როგორც ეროვნული, ასევე, უცხოური ვალუტით - ორივე ელემენტი მნიშვნელოვანია. უცხოური ვალუტით დეპოზიტის ზრდა თავისთავად დადებითი მოვლენაა და გარკვეულწილად საექსპორტო პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე მიგვანიშნებს. ამასთანავე, ინტენსიური მუშაობაა საჭირო ეროვნული ვალუტით დეპოზიტის ზრდის გონივრულად მართვისათვის. ამავე დროს ეს ტენდენციები ჯერჯერობით საწყის სტადიაზეა. ნდობის ფაქტორის, თუ სხვა მოვლენების გამო საკმაოდ სერიოზულ პრობლემად რჩება მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოხვედრა საბანკო დაწესებულებაში, სტაბილური და ხელსაყრელი საკრედიტო ბაზის ჩამოყალიბება და წარმოების სფეროში საკრედიტო რესურსების დაბანდების სტიმულირება. დღესდღეობით ხომ საკრედიტო რესურსების ორი მესამედი მხოლოდ სავაჭრო ოპერაციათა დაკრედიტებაზე მოდის, რაც მეტად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ეკონომიკას. თუმცა სოფლის მეურნეობას გარკვეული დახმარება ეწევა საპარტნიორო ფონდის, საკრედიტო კავშირებისა და სხვა მიზნობრივი სესხების სახით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მრეწველობაში კი გაცილებით რთული ვითარებაა: სამრეწველო პოტენციალის ასამოქმედებლად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად საჭიროა საკუთარი საკრედიტო რესურსების უფრო ინტენსიური და ეფექტიანი გამოყენება.
საკმაოდ ნაყოფიერი და გულახდილი საუბრისას გამოიკვეთა მთელი რიგი საქმიანი და კონსტრუქციული წინადადებები, რომელთა მხედველობაში მიღებაც ერთობლივი მუშაობისას, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებს საბანკო სისტემის შემდგომ განვითარებას. ამ მიზნით მზადდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც, ერთი მხრივ, აამაღლებს ამ სფეროში დაუსაქმებელ პირთა პასუხისმგებლობას, მეორეს მხრივ კი, გარკვეულ იმპულსს მიანიჭებს თვით საბანკო სექტორის წინსვლას. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ვისაც აქვს ამის საშუალება და სურვილი, მიბაძონ იმათ, ვინც თავიანთი დანაზოგი თუნდაც დროებით, თუნდაც ხანმოკლე ვადით შეიტანეს საქართველოს ბანკებში. ამით ისინი, უდავოდ, ხელს შეუწყობენ ქვეყნისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას.
ორიოდე სიტყვა საგადასახადო ინსპექციაზე: მის მიერ განვლილ თვეში მობილიზებულია 30 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო შემოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, და უნდა ვთქვა, რომ საგადასახადო ინსპექციამ აგვისტოში კარგად ვერ იმუშავა. ხოლო წლის დასაწყისიდან აკრეფილია 200 მილიონ ლარზე მეტი, რაც 20 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. პირველი სექტემბრიდან ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსით დამატებითი ღირებულების გადასახადისა და აქციზის კანონმდებლობის ამოქმედება გადასახადებისათვის თავის არიდების მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს კი მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის შემოსავლის უფრო მეტად გაზრდის გარანტიას წარმოადგენს. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ყველა ორგანიზაციამ, ყველამ, ვისაც ეს ეხება, უზრუნველყონ წლის ბიუჯეტის შესრულება და დარჩენილ რამდენიმე თვეში ძირითად სამუშაოთა განხორციელება.
აგვისტოში ორგანოების მიერ მობილიზებულია 19 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც საგეგმო დავალების 101 პროცენტს შეადგენს და 2,5-ჯერ აღემატება გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს. მთლიანად წლის დამდეგიდან მიღებულია 116 მილიონ ლარზე მეტი თანხა.
თანხების მობილიზაციის საქმეში ტრადიციულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის, აჭარის, ფოთის, კახეთისა და ზოგიერთმა სხვა რეგიონულმა საბაჟომ.
- 28 აგვისტოს დანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თქვენ გადმოგცათ რწმუნებათა სიგელები. 30 აგვისტოს კი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნილს ჰელვეტ პეტერსენი ეწვია საქართველოს. ევროპის სტაბილურობა და მშვიდობა, ჩვენი და ეუთოს თანამშრომლობა, ევროპულსტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაცია და, რასაკვირველია, აფხაზეთის - ასეთი იყო ამ შეხვედრის ძირითადი თემატიკა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გარკვეული წინსვლა დაისახა აფხაზეთის პროცესში. რას მივიღებთ ამჯერად ეუთოსაგან?
- დანია, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულისახელმწიფოა, განსაკუთრებით სოციალურ და ყველა სფეროში. ამიტომ დანიის ელჩის დანიშვნა საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია. რაც შეეხება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ბატონ პეტერსენის ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ორგანიზაციის გააქტიურება კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში კონფლიქტების მოგვარებასა და ამ პროცესის დაჩქარებაში. ჩვენი საუბრებიც იმ კონკრეტული გზების ძიებას მიეძღვნა, რომლებიც ამ ეტაპზე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებისათვის არის ხელმისაწვდომი. ეუთოს როლი სისტემატურად ამაღლდება და საერთო-ევროპული უშიშროების ერთ-ერთი მთავარი გარანტი გახდება. აი, ამ თემებზე ვისაუბრებთ.
- განვლილ კვირაში ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი ქართველი მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი გურამ ფანჯიკიძე...
- ძალიან დიდი კაცი, დიდი მწერალი, მებრძოლი მოქალაქე წავიდა ჩვენგან. საყოველთაოდ აღიარებულია მისი ენციკლოპედიური ცოდნა, მხატვრული აზროვნების ორიგინალობა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ავადმყოფურ მოვლენათა მხატვრული ხერხებით მხილების დიდოსტატი გახდათ ჩვენი გურამი. მე პატარა წერილი მივუძღვენი გურამის ხსოვნას ასეთი სათაურით: „უღალატო კაცის ღალატი“. მხედველობაში ის მაქვს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გურამს არც ქვეყნისთვის, არც კაცისთვის არ უღალატია, მხოლოდ ერთგულებისა და თავდადების მაგალითი იყო. ახლა კი, როცა საქართველოს აღდგენა და აღორძინება დადგა დღის წესრიგში და ეს დაიწყო, გვიღალატა, წავიდა ჩვენგან. მადლიერი საქართველო მას არასოდეს დაივიწყებს.
- და, ბოლოს, განვლილი კვირის კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი. გუშინ და დღესაც მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემა პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვაა. როცა ასეთი მშვენიერი და ამასთანავე ჭკვიანი ქალბატონი იღუპება, რა თქმა უნდა, ეს ყურადღების ცენტრში ექცევა. ქალბატონი დიანა საკუთარ გამორჩეულ სიტყვასაც ამბობდა და როგორც მოღვაწე. და, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ პრინცესა დიანა საქართველოში ჩამოსვლასაც აპირებდა...
- პრინცესა დიანას ტრაგიკულმა სიკვდილმა, როგორც იტყვიან, მთელი მსოფლიო შეძრა, და, რა თქმა უნდა, მე დიდ გულისტკივილს გამოვხატავ ამ სამწუხარო შემთხვევის გამო. როგორც ვიცი, იგი მართლაც ემზადებოდა საქართველოში ჩამოსასვლელად, ამავე დროს არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ფაქტმა პლანეტის ყველა მკვიდრი უნდა ჩააფიქროს. ღირებულებანი, რომლებსაც დემოკრატია აფუძნებს, არ შეიძლება შეეხამოს ადამიანის სულში ხელის ფათურს, პიროვნების თავისუფლების უზენაესობის ხელყოფას, ყოველგვარ სისასტიკეს, სადისტურ გამოვლინებებს, როგორი შეფერილობითაც უნდა ხდებოდეს ეს უკუღმართობანი. ამ მხრივ საქართველოშიც ბევრი გვაქვს საფიქრებელი. სადარდებელი და მოსაგვარებელიც. ჩვენშიც ვერ გადავლახეთ დაუნდობლობის, შურისძიების, სენსაციების გაფეტიშების სინდრომი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ გულარხეინად შეჰყურებს საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი, როგორ კვდება ზეზეურად უდანაშაულო ადამიანი არა დანით, არა ტყვიით, არამედ სიტყვით, ბილწი და დაუმსახურებელი სიტყვით, და ეს ყველაზე მწარე სიკვდილია.
საქინფორმი.
„ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, იმ თაობისათვის, რომლის ბედნიერებისა და სიხარულისათვის ვარსებობთ და ვიღვწით ყველანი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირველი სექტემბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 სექტემბერი. - №215 (2588). - 1,2 გვ.
![]() |
99 „წარმოდგენილი ბიუჯეტის ერთ-ერთი ღირსება მისი სოციალური ორიენტაციაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
8 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს კვლავ ეკონომიკის მიმოხილვით დავიწყებთ, მით უმეტეს, რომ განვლილ კვირას გაიმართა საქართველოს მთავრობის დახურული სხდომა, რომლის მთავარი საკითხი ქვეყნის ბიუჯეტი იყო... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ქვეყანაში დაიწყო საბიუჯეტო თვეები, და, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თვალ-ყური ადევნონ ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესს.
განვლილ კვირაში გაიმართა მთავრობის სპეციალური სხდომა, რომელიც მთლიანად 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეძღვნა. პროექტის ფორმირების პროცესი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და ივნისში პარლამენტს წარედგინა მისი ძირითადი პარამეტრები. ამჟამად პროექტში გათვალისწინებულია განვლილ პერიოდში შეტანილი ცვლილებები და დაზუსტებული მაჩვენებლები, რომლებსაც საფუძვლად დაედო სტრუქტურული გარდაქმნების ცნობილი სამწლიანი პროგრამა და მასთან დაკავშირებული ქვეყნის საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობანი და ჩვენი ვალდებულებანი.
უწინარესად უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის პროექტი საკმაოდ რეალისტურია და გულისხმობს იმ შემოსავლის მაქსიმუმს, რომლის ფაქტობრივი მიღებაც ქვეყანას შეუძლია განვითარების დღევანდელ ეტაპზე. ამასთანავე მისი ნიშანდობლივი დადებითი თვისება ის არის, რომ იგი აგრძელებს ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ ტენდენციას - საკუთარი შესაძლებლობებით სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. საინტერესოა, მაგალითად, ასეთი მონაცემები: 1995 წელს ეს მაჩვენებელი 55 პროცენტს შეადგენდა, ესე იგი საერთო ბიუჯეტში ჩვენი საკუთარი წილი 55 პროცენტი იყო. 1996 წელს იგი 67 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წელს - 71 პროცენტს. მომავალი წლისათვის კი განსაზღვრული ხარჯების 82 პროცენტზე მეტი საკუთარი შემოსავლით დაფინანსდება და, ვფიქრობ, რომ მომავალი წელი, უკიდურეს შემთხვევაში 1999-2000 წლები ისეთ სიტუაციას შექმნის, რომ მთლიანად საქართველო თავის ბიუჯეტს თვითონ დააფინანსებს საკუთარი შემოსავლით.
გრძელდება აგრეთვე სახელმწიფო შემოსავლის აბსოლუტური მატების მნიშვნელოვანი ტენდენცია, რასაც საფუძველი უდევს მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტიანი ზრდა, ახალი საგადასახადო კოდექსის სრულმასშტაბიანი ამოქმედება. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება პოტენციური შემოსავლის სრულად მიღება, გაისად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღრიცხვის მოწესრიგებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ჩვენს საქმიანობაში.
გასავლის პროგრამას ძირითადად, მე ასე დავარქმევდი, - ეს არის მომჭირნეობისა და სტაბილურობის ბიუჯეტი, სწორედ ასეთ კვალიფიკაციას მივცემდი მას.
წარმოდგენილი პროექტის ერთ-ერთი ღირსება მისი სოციალური ორიენტაციაა. სოციალური სფეროსათვის მთლიანად 460 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც წლევანდელ დონეს 1,3-ჯერ აღემატება. გათვალისწინებულია განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, პენსიონერების, ინვალიდების, ლტოლვილებისა და სხვათა ინტერესები. რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რის გაკეთებაც სახელმწიფოს დღეს შეუძლია. მე გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტის პროექტი ამ მხრივ პრეზიდენტის პროგრამის ერთ-ერთ ფუძემდებლურ დებულებასაც შეესაბამება.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტში გაჩნდა ახალი სტრიქონი - ლტოლვილთა დაბრუნების პირველი რიგის ღონისძიებათა დასაფარავად და ამისათვის გათვალისწინებულია გარკვეული რეალური თანხა.
ბუნებრივია, რომ ბიუჯეტის გათვალისწინებულ საინვესტიციო პოგრამებს მნიშვნელოვნად ზღუდავს შემოსაზღვრული შემოსავალი. მაგრამ ამ ნაწილში მომდევნო ეტაპზე სავსებით შესაძლებელია საკმაოდ დიდი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისაგან არის მოსალოდნელი, როგორც ცნობილია, გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის მთავრობებისა და სხვათა შეპირება. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ სერიოზულ რეზერვებსა და რესურსებზე მომავალი წლის ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლის გასამდიდრებლად.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოიკვეთა მთელი რიგი გადასაწყვეტი საკითხების დასაფინანსებლად საჭირო რეზერვების მობილიზაციის აუცილებლობა. ეს ძირითადად ეხება თავდაცვისა და წესრიგის დაფინანსების პრობლემის, აგრეთვე მიწის რეფორმასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ერთხელ კიდევ განიხილავს აღნიშნულ პრობლემებს, არის სხვა საკითხებიც. ბიუჯეტის პროექტი განიხილება ეტაპობრივად. პარლამენტში წარდგენამდე მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ერთხელ კიდევ ვიმსჯელებთ ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე და მაშინ, ალბათ, უფრო დეტალურად შევეხებით, ასე ვთქვათ, ჩრდილოვან მხარეს და, რა თქმა უნდა, იმ პროგრესს, რომელსაც რეალურად მივაღწიეთ.
ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ვაშინგტონში უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ახალი გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფის შესახებ. მათგან სტრუქტურული რეფორმების კრედიტი 60 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც 40 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებს მოხმარდება. უკვე მიმდინარე წელს აგრეთვე 5 მილიონი ამერიკული დოლარია გამოყოფილი ტექნიკური დახმარების პროგრამებისათვის.
ახლა იმის შესახებ, თუ როგორ დავიწყეთ სექტემბერი. საგადასახადო ინსპექციის, ოპერატიული მონაცემებით, სექტემბრის დამდეგიდან საგადასახადო ორგანოების მიერ უკვე აკრეფილია 7 მილიონი ლარი, რაც 2 მილიონით აღემატება გასული თვის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ეს კარგი დასაწყისია. აღნიშნული ზრდა რეალურ წინამძღვარს უქმნის სექტემბრის საგეგმო დავალების შესრულებასა და წლის დასაწყისიდან დაშვებული ჩამორჩენის შემცირებას. წელს ჩვენმა საშემოსავლო ნაწილმა ყოველ მიზეზ გარეშე 702 მილიონ ლარს უნდა მიაღწიოს და ეს უნდა შევძლოთ არა, ასე ვთქვთ, მომავალი წლის რესურსებში ჩაძრომითა და ხელის ჩაყოფით. ამას უნდა მივაღწიოთ იმ შემოსავლის ხარჯზე, რომელიც ქვეყანას რეალურად აქვს მიმდინარე წელს. აღნიშნული თანხის გათვალისწინებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან, საგადასახადო ინსპექციის მიერ მობილიზებულია 208 მილიონი ლარი, რაც 45 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდში მიღწეულ დონეს. სერიოზული ზრდა აღინიშნება საბაჟო დეპარტამენტის მიერ აკრეფილ საბიუჯეტო შემოსავალშიც, საიდანაც თვის დასაწყისიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2 მილიონ 460 ათასი ლარი, რაც მილიონ 328 ათასი ლარით ან თითქმის 2,2-ჯერ მეტია აგვისტოს შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ასეთია მოკლე მიმოხილვა.
- განვლილი საპარლამენტო კვირის მთავრი თემა იყო კანონი „თვითმმართველობის შესახებ“, რომლის განხილვისას ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა დატოვა სხდომა. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ამჯერად ეს პროექტი განხეთქილების მიზეზი, და გაიმართება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები?
- სიმართლე გითხრათ, მქონდა სურვილი, შინაგანი მოთხოვნილება, მესაუბრა ამ თემაზე, და ამ თავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს კანონპროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც კი დღემდე განუხილავს საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების წარდგინებით. ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ პროექტზე. ჯერ კიდევ წინა პარლამენტში, ალბათ გახსოვთ, არანაკლებ მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ამ დარგში მსოფლიოს დემოკრატიული გამოცდილება. ამავე დროს, ვცდილობდით ჩვენი ეროვნული სპეციფიკაც გაგვეთვალისწინებინა. მოეწყო რამდენიმე სემინარი უცხოელი ექსპერტების, საპარლამენტო თუ პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიების მონაწილეობით. საბოლოოდ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე. იგი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრინციპებს (ეს ძალიან მნიშვნელოვანია), თვითმმართველობისა და მმართველობის ცნებას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათს სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, უფლებამოსილების განხორციელების სახელმწიფო გარანტიებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობას.
ჩვენი პრინციპული პოზიცია ის გახლავთ, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოში ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციის პროცესი დაიყოს ორ, ურთიერთგანმაპირობებელ ეტაპებად. პირველ ეტაპზე ხორციელდება სრული თვითმმართველობა სოფლის, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის მასშტაბით, გარდა ექვსი დიდი ქალაქისა და დედაქალაქისა. აქ გარკვეული სპეციფიკაა და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. იგულისხმება, რომ ამ დონეზე განხორციელდა სრული თვითმმართველობა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ფუნქციებით.
მეორე დონეზე, კერძოდ, მხედველობაში მაქვს რაიონი და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქები, მოსახლეობა აირჩევს წარმომადგენლობითს ორგანოს ჩვენი პროექტით, ხოლო აღმასრულებელ შტოს, ხელმძღვანელს, ამჟამინდელი რეალიებიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლება დანიშნავს, აქვე აღვნიშნავ, რომ წარმომადგენლობითს ორგანოს (ეს, ჩვენი აზრით, არ არის ფორმალური ორგანო) ექნება უაღრესად ფართო უფლებამოსილება რაიონული ბიუჯეტის განკარგვის, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციები, მათთვის ნდობის თუ უნდობლობის გამოცხადების თვალსაზრით. ვიცი, რომ რაიონის გამგებლის დანიშვნას ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტის მიერ, ცალკეული პარტიები არ ეთანხმებიან სხვადასხვა ფორმით (ახლა არ დავაზუსტებ, როგორი ფორმით), მაგრამ ერთხელ კიდევ ვუსვამ ხაზს: ეს არის დროებითი მოვლენა. საქართველოში თვითმმართველობის ფორმირების მეორე ეტაპზე (და მე ასე წარმომიდგენია, რომ ეს უნდა იყოს 2-3 წლის შემდეგ) რაიონული ადმინისტრაციის ფორმირების წესი შეიცვლება. შეიძლება, თვით ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპებსაც გადავხედოთ, გადავსინჯოთ. მთავარია, ნაჩქარევი, მოუმწიფებელი გადაწყვეტილებით არ ვავნოთ პროცესს მისი სირთულისა და წინააღმდეგობრიობის გათვალისწინებით. ეს პროცესი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ყველა თვალსაზრისით სამაგალითოდ არიან მიჩნეული, არათუ ორი-სამი წელი, არამედ ათწლეულობით გრძელდებოდა. ყურადღებით შევისწავლეთ, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესი, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. იქ უაღრესად ფრთხილად, დინჯად, მაგრამ მიზანსწრაფულად იღვწოდნენ დასახული საბოლოო მიზნის მისაღწევად. მიუხედავად ამისა, არის ქვეყნები, სადაც ისეთი მასშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობა, როგორიც, მაგალითად, რაიონის ხელმძღვანელი, რაიონის ადმინისტრაციული ხელმძღვანელია და სხვა, დანიშვნითია, მათ ნიშნავენ. ამის გამო არავის მოსვლია აზრად, ასეთი სახელმწიფოს დემოკრატიულობაში ეჭვი შეეტანა, ვინაიდან მთავარი კრიტერიუმი აქ წარმომადგენლობითი ორგანოს არსებობა, მისი უფლებამოსილებაა და არა აღმასრულებელი რგოლის დაკომპლექტების წესი. ამ გარემოებას მინდა განსაკუთრებით მივაქციო ჩვენი საზოგადოების, კერძოდ, ოპონენტების ყურადღება - ევროქარტია თუ სხვა ფუძემდებლური დოკუმენტები, ევროპარლამენტის მოდელური კანონები იმპერატიულ ნორმად არ მიიჩნევენ აღმასრულებელ შტოს - ადგილობრივი ადმინისტრაციის აუცილებელ არჩევითობას. იმპერატიულ ნორმად მიჩნეულია სათანადო უფლებებით აღჭურვილი წარმომადგენლობითი ორგანოს არსებობა ადგილებზე. ჩვენ ამ ნორმას აბსოლუტურად ვიზიარებთ და იგი უცვლელად არის გათვალისწინებული კანონპროექტში.
გარდა ამისა, მე მომხრე ვარ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში საქართველოში დაფუძნდეს სრული თვითმმართველობა ყველა დონეზე - როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევითობით. მაგრამ ამისათვის საჭიროა მომწიფდეს ვითარება, შეიქმნას სათანადო ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სოციალური, თუ გნებავთ, მენტალური ცნობიერი ხასიათის პირობები. დღევანდელ ეტაპზე კი წყდება წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევა რაიონში, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია იმასთან შედარებით, რაც ბოლო დრომდე გვქონდა.
ჩვენს პირობებში ეს მნიშვნელოვანი ექსპერიმენტიც არის, რომელსაც უეჭველად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც. პროცესი კი დაგვიანდება საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ კონსტიტუციური თავის მიღებით (მოგეხსენებათ, ეს საკითხი ამჟამად ღიად არის დატოვებული) და სენატის ფორმირებით.
მინდა პირდაპირ, გულწრფელად ვუპასუხო კითხვას: რატომ არის დღეს აუცილებელი ზოგიერთი ქალაქისა და რაიონის დონეზე დანიშვნითი თანამდებობის შენარჩუნება? ჯერ ერთი, ეს მექანიზმი საშუალებას მოგვცემს, ამჟამინდელი ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით, ბევრი რამ უფრო ოპერატიულად, დროულად გადავწყვიტოთ, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ზომები მივიღოთ, უფრო მჭიდროდ და ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ რაიონებთან - იგივე წარმომადგენლობითს ორგანოებთან ჩვენი დანიშნული პირების მეშვეობით, ვგულისხმობ შესაბამისი რესურსების დროულად მიწოდებას, მათს სამართლიან გადანაწილებას და ყველა ამ საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტას. ეს ეხება საბიუჯეტო საკითხებს, ეკონომიკური პროგრამების დამუშავებას, მათს განხორციელებას და მრავალ სხვას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეკონომიკის და ფისკალური პოლიტიკის სფეროში ჩვენ კვლავაც გვიხდება ექსტრემალურ პირობებში ცხოვრება და ამ ინსტიტუტის არსებობა, ვიგულისხმოთ, ამითაც არის ნაკარნახევი.
გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ დღევანდელ ეტაპზე, დღევანდელ პირობებში ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ არა მარტო გართულებანი ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობაში, არამედ სერიოზული კონფლიქტები და იქნებ კატაკლიზმებიც კი, რაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს, თუ ვიჩქარებთ.
ამ საკითხებზე გულდასმით უნდა ვიმსჯელოთ. რეფორმა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ინსიტუციური რეფორმაა. ამგვარი რეფორმა კი ერთჯერადი აქტითა და „შტურმით“ ვერ განხორციელდება. ახალ ინსტიტუციურ სისტემას რუდუნებით, დინჯად უნდა ვქმნიდეთ. თუმცა საქართველოში ამ მხრივ ბევრი რამ უკვე გაკეთდა. მე ვიტყვი, რომ ძირითადი ბარიერები უკვე გადალახულია და ბევრი რამ შეიცვალა. კონსტიტუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა, როგორც მოგეხსენებათ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, არჩეულია პრეზიდენტი და პარლამენტი, ყალიბდება ხელისუფლების მესამე, დამოუკიდებელი შტო - სასამართლო ხელისუფლება, და უნდა გითხრათ, რომ ის რეფორმა, რომელიც აქ მზადდება, ძალიან ორიგინალური, ძალიან გაბედული და სერიოზულია. არის ზოგიერთი სხვა მოსაზრებაც საერთო სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებით. ყოველივე ამას გადახარშვა სჭირდება არა მარტო ზედა ეშელონებში, არამედ მოსახლეობის მხრივაც თავის გონებასა და აზროვნებაში. მიღებულია სამოქალაქო კოდექსი, ფუძნდება სამოქალაქო საზოგადოება, ფაქტობრივად, ვიმეორებ, ფაქტობრივად, გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ვფიქრობ, პარლამენტი ჩემს მიდგომებს გაიზიარებს. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენში იზღუდება სიტყვის თავისუფლება, იცით, რომ მიმდინარეობს რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, პრივატიზება, მიწის განსახელმწიფოებრიობა და სხვა მრავალი.
ეს სისტემური გარდაქმნები თავისთავად ამზადებს ნიადაგს ინსტიტუციური რეფორმის ურთულესი ეტაპის - სრული თვითმმართველობის დამკვიდრებისათვის. ეს მართლაც ძალზე რთული პრობლემაა. ამიტომ მე მივესალმები ფართო დისკუსიას საზოგადოებაში. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, განსხვავებული აზრიც გავითვალისწინოთ, კომპრომისებიც ვეძებოთ. მე არ ვაპირებ, ასე ვთქვათ, ფეტიშად ვაქციო უფლება, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ვგულისხმობ ვეტოს უფლებას. ეს უკიდურესი ზომაა და არც-თუ ყოველთვის სასურველი. ამავე დროს, არსებობს ზღვარი, რომლის იქით პრეზიდენტი ვერ დაიხევს, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის მთლიანობას, სტაბილურობას, ერთა შორის თანხმობას, დასაბრუნებელ ტერიტორიათა პრობლემას. ნურც ამას დავივიწყებთ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.
სახელმწიფოს, ერისა და ქვეყნის სტაბილურობისათვის, უშიშროებისათვის პასუხს აგებენ არა მარტო ცალკეული პირები, ცალკეული პარტიები, არამედ, უპირველეს ყოვლისა - პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ამიტომ აჩქარების, მით უმეტეს, შეცდომის დაშვების უფლება ამ პრინციპულ საკითხში არ გვაქვს და ახლა ასეთი აჩქარება უნდა გამოირიცხოს. ვიმედოვნებ, რომ პრობლემა გადაწყდება იმ, მე ვიტყოდი, შესანიშნავი ტრადიციის შესაბამისად, რომელსაც კონსტიტუციაზე მუშაობისას ჩაეყარა საფუძველი, ანუ შეთანხმებითა და განსხვავებული აზრის მაქსიმალურად გათვალისწინებით, რის კარგი მაგალითიც გვიჩვენა კანონპროექტის პირველი წაკითხვის მოსმენამ და უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთი ნაწილის, კერძოდ, სახალხო ფრაქციის საკმოდ საინტერესო თანამშრომლობამ.
- 15-17 სექტემბერს გაიმართება თქვენი ვიზიტი საბერძნეთში, სადაც გადმოგეცემათ ონასისის სახელობის პრემია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობაში იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი, რადგან ისტორიულად ეს ურთიერთობა არსებობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინცდამაინც არ იგრძნობოდა...
- გეთანხმებით, რომ აქ არის გარკვეული, თუმცა არ ვიტყვი, რომ ვაკუუმი, მაგრამ გამოუყენებელ შესაძლებლობათა საკმაოდ დიდი სფერო. საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობის ისტორია, როგორც მოგეხსენებათ, ათასწლეულებს ითვლის. დადგა დრო, ამ ურთიერთობამ შესაბამისი სამართლებრივი ბაზაც შეიძინოს, რათა მასზე დაყრდნობით კიდევ უფრო დინამიკური და ურთიერთსასარგებლო გახდეს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა.
მოგეხსენებათ, საბერძნეთი ევროკავშირისა და სხვა ევროპულ გაერთიანებათა სრულუფლებიანი წევრია. მას საკმაოდ დიდი შესაძლებლობანი აქვს, რათა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დასაჩქარებლად.
ორმხრივ ურთიერთობათა კეთილისმყოფელ განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ათიათასობით ბერძენი ჩვენი თანამემამულე, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ქართველ ხალხთან ერთად იზიარებენ ჭირსაც და ლხინსაც. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ობიექტურმა გარემოებებმა აიძულა დაეტოვებინა საქართველო, მაგრამ საქართველოს ბერძნები კვლავაც ცხოვრობენ ჩვენს საერთო სამშობლოში. სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლი და მონაწილეობა დღითი დღე უნდა იზრდებოდეს.
რაც შეეხება არისტოტელე ონასისის სახელობის პრემიას, თუ გავიხსენებთ იმ ადმიანთა რანგსა და დამსახურებას, რომელთაც ეს პრემია მიენიჭათ, იგი საერთაშორისო რანგის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და პრესტიჟული ჯილდოა. ამდენად ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათის, ნამდვილად საამაყო და სასიხარულოა ამ პრემიის ლაურეატობა და მისი მიღება.
- განვლილ კვირაში, სანამ პრინცესა დიანას დაკრძალავდნენ, მსოფლიომ შეიტყო, რომ გარდაიცვალა დედა ტერეზა, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქალი, რომელსაც ალბათ, ჩვენი პლანეტის ყველა მოქალაქე იცნობდა, უყვარდა და ეიმედებოდა. დედა ტერეზა საქართველოშიც ყოფილა, თანაც მაშინ, როდესაც ქვეყანას მეტისმეტად უჭირდა, ალბათ, ასეთი ადამიანების წასვლა ყოველთვის ისეთ სიცარიელეს ტოვებს, რომელსაც მერე ვეღარავინ ავსებს...
- მე არ მეგულება დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანი, რომელსაც გულწრფელად არ განეცადოს დედა ტერეზას გარდაცვალება. ეს ღვთისნიერი ქალი მართლაც ღვთიური სათნოებისა და სიყვარულის განსახიერება იყო. ჩვენს ულმობელ და სასტიკ საუკუნეში იგი ჰუმანიზმის, შემწყნარებლობის, თანადგომისა და ურთიერთმიტევების პრინციპს იცავდა და მტკიცედ და შეუპოვრად ახორციელებდა ამ პრინციპს. იგი საოცრად ძლიერი ადამიანი გახლდათ. მე შევხვედრივარ მას, მქონდა საშუალება გამომეხატა ჩემი აღტაცება მისი დიდი მოღვაწეობის გამო. დედა ტერეზა, უდავოდ, საკაცობრიო იყო. მე მას მოვლენას და სიკეთის მისიონერს ვუწოდებ. ყველას გვახსოვს, ქართველი დედების მოწოდებისთანავე როგორ ჩამოვიდა დედა ტერეზა 9 აპრილით შეძრულ და გულმოკლულ საქართველოში, გაიზიარა ქართველი ხალხის ტკივილი და შეძლებისდაგვარად გაამხნევა იგი. XX საუკუნის ნიშანსვეტი სწორედ ასეთი ადამიანები არიან, ვინაიდან ზნეობრიობისა და სულიერი სიწმინდის შეურყეველ მაგალითს გვიჩვენებენ.
- საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრშია მწერალთა კავშირის პრობლემები. იქ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ცნობილი კრიტიკოსი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე. წინათ, საბჭოთა პერიოდში, ეს პოსტი მაინც „ნომენკლატურული“ იყო და ამ პოსტზე პიროვნების დანიშვნაში ქვეყნის პირველი პირი ერეოდა ხოლმე, რომლის გარეშე ეს საკითხი არ წყდებოდა. ამჯერად მოსალოდნელია თუ არა ამ საკითხში ხელისუფლების ჩარევა?
- წარსულ ეპოქას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იმ დროს ხელისუფლების გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდებოდა და მეც გარკვეულწილად ვმონაწილეობდი ამ წესის შესრულებაში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემს დროსაც და ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სხვა ეტაპებზეც ჩვენ ყველანი, მეც და ჩემი წინამორბედებიც, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც, იმ პერიოდში მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებად (გნებავთ არჩეულად ჩავთვალეთ, გნებავთ დანიშნულად) ვცდილობდით მოხვედრილიყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აბსოლუტური უმრავლესობა, უაღრესად ღირსეული ადამიანები - ყველა მათგანი გამორჩეული მწერალი, გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, შესანიშნავი პიროვნება იყო. ასე რომ, უკუღმართი წესების პირობებშიც შეიძლება სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თუკი ეს ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით არის ნაკარნახევი.
რაც შეეხება ბატონ თამაზ წივწივაძის არჩევას, იგი, მოგეხსენებათ, ცნობილი ლიტერატორია, ჩვენი დროის ინტელექტუალია და, ჩემი აზრით, დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს კოლეგებსა და საერთოდ საზოგადოებაში. სახელმწიფო და ხელისუფლება კი ხელს უნდა უწყობდეს შემოქმედებითი გაერთიანებების ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას. მიმაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება სწორედ ეს არის - შემოქმედებითი სფეროსა და შემოქმედებითი ორგანიზაციების, სტრუქტურების სრული დემოკრატიზაცია. საქმით და არა სიტყვით დამოუკიდებლობა, და სწორედ საქმით უნდა ვცეთ პატივი დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა უწინარესად ხელმძღვანელის აჩევაში უნდა გამოიხატებოდეს. პრეზიდენტი ამ სფეროში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა. ეს ჩემი ურყევი პოზიციაა. ისევე, როგორც არ ჩავრეულვარ და არც ჩავერევი სხვა შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, საქმიანობაში. რა თქმა უნდა, გემით, რა ჩარევაზეა საუბარი. მაგალითად, მხატვართა კავშირმა აირჩია ხელმძღვანელად ცნობილი მოქანდაკე, ბატონი გოგი ოჩიაური, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მივესალმებოდი სხვა გადაწყვეტილებასაც, რომელიც ამ შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნების გამოხატულება იქნებოდა. ეს მათი უფლებაა.
თუ შეიკრიბა მწერალთა უფლებამოსილი ჯგუფი და მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა ბატონ თამაზ წივწივაძის კანდიდატურას, ჩემი მხრივ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან ქართველი მწერლების პრობლემათა გადასაწყვეტად, იმისათვის, რომ რაც კი შეგვიძლია დღევანდელ სახელმწიფოში, შევუქმნათ მათ შემოქმედებით ცხოვრების, შემოქმედებითი შრომისა და წარმატების ოპტიმალური პირობებია.
- და, ბოლო შეკითხვა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სპირტის ტრანზიტთან დაკავშირებით კვლავ არეულობაა. ხომ არ ხდება ამჯერად საქართველოს მიმართ ის, რაც რუსეთმა თავის დროზე უკრაინის მიმართ განახორციელა?
- სხვათა შორის, აქ მარტო სპირტზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. ეს უფრო პრინციპული საკითხია, ვიდრე ტრანზიტის რაღაც ერთი სახეობა. ყევლამ უნდა გაუწიოს ანგარიში და შეეგუოს იმ გარემოებას, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. ჩვენ ვატარებთ და კვლავაც გავატარებთ ყველა ტვირთს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო ნორმებით.
სახელმწიფოთა შორის საბაჟო, სატრანზიტო ურთიერთობის გასარკვევად უნდა ვიხელმძღვანელოთ ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ანდა ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენ არ დაგვირღვევია არც ერთი და არც მეორე, ხოლო თუ გაუგებრობა მაინც მოხდა, საჭიროა მოლაპარაკება და არა მუქარათა ძალისმიერი მეთოდების, მათ შორის, ავიაციის გამოყენებით. თქვენ, ალბათ, ხვდებით, ვინც მყავს მხედველობაში. და, რადგან ამ თემას შევეხე, მინდა ვთქვა შემდეგი:
საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა საჯაროდ განაცხადეს მსოფლიოს გასაგონად, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა აშენდეს განსაკუთრებული, სტრატეგიული ურთიერთობა. და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამისათვის. პრეზიდენტების გენერლებმაც უნდა იხელმძღვანელონ და ისინი ამით უნდა ხელმძღვანელობდნენ. ახლო წარსულის მოვლენები შეგვახსენებს, თუ რა ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ პრინციპის უგულებელყოფამ.
და კიდევ ერთი, ეს უკვე ჩვენი საშინაო პრობლემაა. შეიძლება ტრანზიტთან დაკავშირებით მომავალში კვლავაც შეიქმნას გარკვეული სიძნელეები საქართველოში. თუმცა უნდა შევეცადოთ, რომ მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით ეს თავიდან ავიცილოთ. ამიტომ ჩვენს საბაჟო სამსახურს და არა მარტო მას, მთავრობას დასჭირდებათ სერიოზულად იფიქრონ ასევე სერიოზულ სასაწყობო და სატერმინალო მეურნეობის განვითარებისათვის. უცხოელს, ჩვენს გადამზიდავ კომპანიებს უნდა შეეძლოთ რამდენიმე დღით, თუნდაც რამდენიმე კვირით შეინახონ ტვირთი. აქ ჩვენ მოვემსახურებით იმათაც, ვინც გადაზიდვაზე მუშაობს, და აგრეთვე, აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება და იმის გარანტიები, რომ არაფერი არ დაიკარგება და არაფერს არ მიადგება ზიანი.
საქინფორმი.
„წარმოდგენილი ბიუჯეტის ერთ-ერთი ღირსება მისი სოციალური ორიენტაციაა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 სექტემბერი. - №225 (2598). - 1,2 გვ.
![]() |
100 „ჩათვალე ძმებად ჭეშმარიტი მეგობრები“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საბერძნეთის
პრეზიდენტის კონსტანტინოს სტეფანოპულოსის მიერ გამართულ სადილზე
ათენი. 1997 წლის 15 სექტემბერი.
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო,
მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მოწვევისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად გამართულ დარბაზობისათვის.
ელადაში, ათენში ჩამოსულ ყოველ ადამიანს ევროპული კულტურის საფუძვლებთან ზიარების მოლოდინით გამოწვეული განსაკუთრებული მღელვარება იპყრობს.
ჩემთვის ამას ემატება ონასისის მაღალი პრემიით მონიჭებული დიდი პატივი და, რასაკვირველია, ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების მნიშვნელობა. ბერძნებმა და ქართველებმა პრომეთესა და არგონავტების ლეგენდარული ეპოქიდან მოყოლებული ერთმანეთთან ურთიერთობის თითქმის ოთხი ათასწლოვანი გზა განვლეს და ამ გზაზე ჩვენ შევძელით ორი ხალხის მჭიდრო, ხანგრძლივი და უწყვეტი ურთიერთობის მშვენიერი პარადიგმა შეგვექმნა, სულიერი კავშირის სიღრმითა თა ინტენსივობით საყოველთაო გაოცებას რომ იმსახურებს.
ელინის ქართულ სახელწოდებას „ბერძენი“ ქართველები ბრძენის სინონიმად აღიქვამთ და ეს, ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობასთან ერთად, გასაგებს ხდის, თუ რატომ იყო და არის საქართველოში განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული, ინტერესი ბერძენთა მიმართ.
უკვე ჩვენი საუკუნის ოთხმოციან წლებში, პირველად საბჭოთა კავშირში, აღვადგინეთ ბერძნული ენის შესწავლა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტური ბერძენი მოსახლეობა იყო, ხოლო სულ ახლახან, ვფიქრობ, ასევე პირველად არაბერძნულენოვან სახელმწიფოთა შორის, მას მივანიჭეთ სრულუფლებიანი უცხო ენის სტატუსი. ამიერიდან საქართველოს ნებისმიერ სკოლაში მსურველს შეუძლია ჩვენთანვე სპეციალურად გამოცემული სახელმძღვანელოებით შეისწავლოს იგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ელინისტიკის მძლავრი ინსტიტუტი, რომელიც 250-ზე მეტ სტუდენტსა და თანამშრომელს აერთიანებს. ყოველივე ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში საბერძნეთის საელჩო, საბერძნეთის სხვადასხვა ფონდები და ორგანიზაციები. თავად საბერძნეთში საქართველოს პრობლემატიკით დაინტერესებას, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ათენში ახლახან გახსნილი ქართულ-ბერძნული ინსტიტუტი.
საქართველო უკვე ძველმა ბერძენმა ავტორებმა მიიჩნიეს ევროპისა და აზიის საზღვრად. აღნიშნავდნენ მის მუდმივ ლტოლვას ევროპული ღირებულებებისაკენ, რაშიც საუკუნეების განმავლობაში უმთავრეს როლს ბერძნულ სამყაროსთან კავშირის ასრულებდა. სიმბოლურია, რომ ჩვენ დროშიც, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა, საბერძნეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა, თავისი წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნისათვის გაწეულ გადამწყვეტ დახმარებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ბერძენ ხალხს ასეთი თანადგომისათვის, ისევე, როგორც იმ უშუალო დახმარებისათვის, რომელსაც თქვენ ჩვენს სახელმწიფოს აღმოუჩენთ.
ევროპული სტრუქტურების მზადყოფნამ, დასავლური ცივილიზაციის სფეროში კვლავ მოექციათ საქართველო, თავისი ნაყოფი გამოიღო. სულ რამდენიმე წლის წინათ ომებისა და შეიარაღებული დაპირისპირებების ცეცხლში გახვეული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დაშლის პირას მისული ქვეყანა, ჩვენს თვალწინ ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი და პარტნიორი ხდება. დამამთავრებელ ფაზაშია შესული საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროცესი, მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, საქართველო არის ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველად მიიღო მონაწილეობა ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაში. შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ პარტნიორობას და თანამშრომლობის შეთანხმებას ევროკავშირთან. თუ, ერთი მხრივ, ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ტენდენციებსა და დინამიკას, ხოლო, მეორე მხრივ - საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებსა და ეკონომიკური აღმავლობის ტემპებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში სულაც აღარ განეკუთვნება ფანტაზიის სფეროს.
საქართველო არის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენ ძალზე დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე, მით უმეტეს, რომ მისი წევრია თქვენი ქვეყანა - მონაწილეთაგან დღესდღეობით ევროკავშირის ერთადერთი წევრი ვფიქრობ, ბისეკი ვალდებულია უფრო აქტიური როლი შეასრულოს შავი და კასპიის ზღვების აუზში მიმდინარე უაღრესად დინამიკურ პროცესებში.
დღეს საქართველოსკენ მრავალი დიდი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მზერაა მიპყრობილი. სიამედო პარტნიორის სახელის დამკვიდრებასთან ერთად ამას ჩემი სამშობლოს, როგორც კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოს, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც განაპირობებს. საქართველოში სულ უფრო მეტად იყრის თავს ის სტიმული, რომლებიც ეთნიკურად, რელიგიურად, ენობრივად ესოდენ ჭრელ, მაგრამ უნიკალურ კავკასიურ რეგიონს დაპირისპირებისა და სისხლისღვრის სტიქიიდან, მშვიდობიანი და სტაბილური კავკასიური ერთობის შექმნისაკენ წარმართვას.
საქართველო, რომელსაც თავისმა ხანგრძლივმა ისტორიამ აჩვენა, რომ მისი უბედურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ყოველთვის მეზობლებთან აშლილობა, ხოლო კეთილდღეობისა - მათთან თანხმობა იყო, დღეს მტკიცედ ადგას, უწინარეს ყოვლისა, მეზობელ სახელმწიფოებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის მკერდზე აფხაზეთისა და ქართველ-ოსთა დრამის შედეგად გაჩენილი ღრმა ჭრილობების მიუხედავად, ჩვენ, ფაქტობრივად, გარშემო მხოლოდ მეგობრული ქვეყნები გვაკრავს. ამან თავად სეპარატისტული რეჟიმებიც მიიყვანა დასკვნამდე, რომ უმჯობესია თბილისთან თანამშრომლობა, ვიდრე თბილისთან კონფრონტაცია. არ შემიძლია, აქვე მადლიერებით არ აღვნიშნო, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ფორუმზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს საბერძნეთი.
გვახარებს ისიც, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წრე არ შემოიფარგლება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებით და, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს. საქართველოზე გადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზები. გვინდა, რომ ისინი ჩვენთვის და სხვებისთვისაც შემოქმედებითი შეჯიბრის, ურთიერთთანამშრომლობის კეთილი ნაყოფის მომტანი იყოს. გვინდა, რომ ამ გზებზე თქვენი ქვეყნის წარმომადგენლები თავს ლაღად გრძნობდნენ, თქვენმა ქვეყანამ, მრავალფეროვანი აგონების, მათ შორის, დიადი ოლიმპიადების სამშობლომ, ხომ ასე ნათლად აჩვენა კაცობრიობას მშვიდობიანი შეჯიბრის მნიშვნელობა და სიკეთე. სწორედ ამიტომ ესოდენი კმაყოფილებით აღვიქვით ცნობა, რომ დამდეგი საუკუნის პირველ ოლიმპიადას ათენი უმასპინძლებს.
ბატობო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მომეცით, შემოგთავაზოთ საბერძნეთის სადღეგრძელო. ჩვენ აქ ჩამოვედით ახალი ურთიერთობის ასაგებად, როგორც მეგობრები მეგობრებთან, ერთგული დიდი ბერძენი პოეტის სიტყვებისა - „ჩათვალე ძმებად ჭეშმარიტი მეგობრები“. გაუმარჯოს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ჭეშმარიტ მეგობრობას. ნება მიბოძეთ, გადღეგრძელოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, და ჩვენი სტუმართმოყვარე მასპინძლები.
„ჩათვალე ძმებად ჭეშმარიტი მეგობრები“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საბერძნეთის პრეზიდენტის კონსტანტინოს სტეფანოპულოსის მიერ გამართულ სადილზე : ათენი, 1997 წლის 15 სექტემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 სექტემბერი. - №233 (2606). - 1,2 გვ.
![]() |
101 „აიეტისა და მედეას შთამომავალნი იაზონისმემკვიდრეთაგან იღებენ ოქროს საწმისის უძვირფასეს ნაწილს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა ონასისის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე
ათენი, 1997 წლის 16 სექტემბერი.
ძვირფასო პრეზიდენტო სტეფანოპულოს, ბატონებო,
ჩემთვის უდიდესი პატივია, ელადაში, მის დედაქალაქში - ევროპული ცივილიზაციისა და დემოკრატიული იდეალების სამშობლოში - ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრემიის მიღება. გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ, ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად ვულოცავ მათ, ვისაც ჩემთან ერთად მიენიჭა ეს მაღალი ჯილდო.
ჩემმა ბავშვობამ ჩაიარა იმ მდინარეთა შესართავებთან, რომლებშიც ჩვენი წინაპარნი ოქროს მოიპოვებდნენ საკმაოდ ორიგინალური ხერხით. ისინი ცხვრის ტყავს ჩაუშვებდნენ ხოლმე მთის სწრაფ ნაკადში და ოქროს მარცვლები მატყლში რჩებოდა. ანტიკურ და ბიზანტიურ მწერალთა თხზულებებში თქვენ წაკითხული გექნებათ ეს ცნობები, ოქროს საწმისის თქმულებაში რომ აისახა.
ახალგაზრდობის წლებში მე ვმუშაობდი შესანიშნავ ქალაქ ქუთაისში, რომელსაც ძველად აიას უწოდებდნენ. ამ ქალაქში მოედინება მდინარე რიონი ძველებურად - ფაზისი. სწორედ რიონით შემოვიდა იაზონი აიაში, ლეგენდარული კოლხეთის დედაქალაქში.
ფოთი, დიოსკურია - თანამედროვე სოხუმი, ბათუმი, ვალი და, ვინ მოთვლის, კოლხეთის კიდევ რამდენი კუთხე ინახავს არგონავტების, ელინებთან უძველესი ურთიერთობის კვალს.
შემიძლია კიდევ დავძინო. აიადან - ქუთაისიდან მოჩანს პიტალო კლდე, რომელზეც, თქმულების მიხედვით, იყო მიჯაჭვული ამირანი, ქართველი პრომეთე... დაუსრულებლად შეიძლება განგრძო საქართველო-საბერძნეთის თანახმიერების ეს ამაღელვებელი წყება, იქნება ეს მართლმადიდებელი ქრისტიანობის ფესვების სიახლოვე თუ ბრძოლის ველზე სამწყობრო წესების მსგავსება, მაგრამ ნათქვამიც საკმარისია ამის ასახსნელად, თუ რატომ იგრძნობა საქართველოში ასეთი გულისხმიერება საბერძნეთის მიმართ.
საკმარისი იმისათვის, რომ გაიგონო, როგორ ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ძველად ჩვენი ხალხები და დაფიქრდე ჩვენი მოყვრობის სათავეებზე, ანტიკური, მერე კი ბიზანტიური სამყაროს არეალიდან რომ მოდის. დაფიქრდე ურთიერთობაზე, ჩვენი ხალხები რომ ამყარებდნენ ერთურთთან, იქნებოდა ეს ვაჭრობა, ესპანსია თუ თუნდაც ისეთი კავშირი, იოლკოსელმა ბატონიშვილმა და კოლხმა მეფის ასულმა რომ აირჩიეს.
ნებისმიერ ვითარებაში - ეს იყო დიალოგის ურთიერთობა. თვალუწვდენელ ელინურ მემკვიდრეობაში, რომელიც მიიღო კაცობრიობამ, ყველა პოლიტიკოსისათვის განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ბერძნებმა არა მარტო შექმნეს ცნება - დიალოგი, არამედ თავად დიალოგის კულტურა, როგორც მხატვრულ ლიტარატურასა და ფილოსოფიურ აზროვნებაში, ისე საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში აიყვანეს უმაღლესი სრულყოფის დონემდე.
მთელი ჩემი ცხოვრების მიმდინარეობა სავსებით საკმარისი იყო, რათა, პლატონის სიტყვებით რომ ვთქვა, ადამიანის სულის სიღრმეში მუდმივად წარმოებულიყო უხმო დიალოგი საკუთარ თავთან.
მე ვიზრდებოდი ჩემი ქვეყნის იმ ნაწილში, რომელიც მრავალ ურთიერთდაკავშირებულ მიზეზთა გამო ყველაზე მეტად აღმოჩნდა ჩაბმული დროის პოლიტიკურ ბრძოლებში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ოჯახებიც კი განიცდიდნენ ანტაგონისტურ პოლიტიკურ მიმდინარეობათა გავლენას. და ოჯახი, რომელშიც მე ვიზრდებოდი, სწორედ ასეთი გახლდათ. იგი იყო მრავალპარტიული, როგორც დღეს იტყოდნენ, საპირისპირო იდეებით შთაგონებული, და, ალბათ, ამიტომაც შეეგდო ბედის სასწორზე საკუთარი სამყარო. როგორც ჩანს, უფროსები, ჩემი ახლობელ-ნათესავები, გრძნობდნენ ამას და ცდილობდნენ შეემუშავებინათ მოთმინებისა და შერიგების ენა.
აკი ამიტომაც გადარჩა ოჯახი.
მეორე გაკვეთილი ამავე დისციპლინაში მასწავლეს ჩემმა სამშობლომ - საქართველომ და ჩემმა სამუშაომ, რომელიც დაკავშირებული იყო ნაირნაირი ენების, განსხვავებული ფესვებისა და სარწმუნოებების ადამიანებთან. ისინი საქართველოს ბაბილონის გოდოლად გადააქცევდნენ, ჩვენ განუწყვეტლივ რომ არ გვენერგა დიალოგის სულისკვეთება. მაგრამ, ამავე დროს, ჩემი იმდროინდელი პირადი გამოცდილბა მოწმობს, რაოდენ ბევრნი და რაოდენ ხშირად ცდილან შუღლის ჩამოგდებას ადამიანთა შორის, რათა დაეღუპათ მათი მარჯვენისა და სულის საერთო საქმე.
და, ბოლო, მესამე გაკვეთილი, უფრო ზუსტად კი - დიალოგის უმაღლესი სკოლა, აკადემია, - ეს გახლდათ წლები გარდაქმნისა და საჯაროობისა, კონფრონტაციის ძლევისა, ბიპოლარული სამყაროს ნგრევისა, „ხავერდოვანი“ რევოლუციებისა და ევროპის გაერთიანებისა.
დავრწმუნდი, რომ ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, იმავე ენაზე ვსაუბრობთ, რომელზედაც ჩემი ოპონენტები საუბრობენ და მზად ვარ ნაბიჯი იქითკენ გადავდგა, რომ მეგობრები გავხდეთ.
ვგონებ, ეს ნაბიჯი მე გადავდგი.
ვინ წარმოიდგენდა სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ, რომ საუკუნეთა განმავლობაში კაცობრიობის მიერ შექმნილი დიალოგის კულტურა, რომლის სათავეშიც ელინები იდგნენ, ბოლოს მოუღებდა „ცივ ომს“ მსოფლიოს ორად გახლეჩას, კლასობრივ და შეურიგებელ იდეოლოგიათა დაპირისპირებას, ადამიანებს ბირთვული ომის კოშმარებისგან იხსნიდა. ეს არის XX საუკუნის დასასრულის ნამდვილი სასწაული და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული პროცესის ერთ-ერთი ჯარისკაცი გავხდი.
ვიღებ რა დღევანდელობის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს, მიმაჩნია, რომ იგი ეკუთვნის აგრეთვე ჩემს მეგობრებსაც, თანამოაზრეებსაც და ოპონენტებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც ამ სასწაულის ნამდვილი შემოქმედნი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ სოლონისა და პერიკლეს, სოკრატესა და პლატონის, არისტოტელეს და დემოსთენეს ეპოქას მრავალი, ქარტეხილებითა და ცვლილებებით აღსავსე საუკუნე გვაშორებს, კაცობრიობისათვის დღესაც ესოდენ ახლობელია მათი ენა, მათ მიერ შექმნილი, თანამედროვეობისათვის საბაზრო კატეგორიები: დემოკრატია, პოლიტიკა, ეკონომიკა...
ეს არის ენა იმ ადამიანებისა, რომელთაც შექმნეს დიალოგის კონცეფცია. მათი ღირსეული მემკვიდრე, თანამედროვე ელადა ძალას არ იშურებს, რომ სწორედ დიალოგი იქცეს კაცობრიობისათვის ურთიერთობის გარკვევის ძირითად საშუალებად.
კაცობრიობის მანძილზე მსოფლიოში სუფევდა დაპყრობისა და დათრგუნვის იმპერიული პრინციპი, რომელიც არ იგუებდა დიდ დიალოგისტთა ისეთ დარიგებებს, როგორიც არის, ვთქვათ, დიოგენე ლაერტელის მოწოდება განხილვის ხელოვნებისა და არგუმენტაციის ხელოვნების განუყოფლობის შესახებ. რად გინდა „წარმოდგენილი ხასიათების ერთგულების დაცვა“, როცა ხელთა გვაქვს ძალის არგუმენტი?
მაგრამ ახლა, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, კაცობრიობა უნდა დაეწაფოს დიალოგის კულტურას და ხელოვნებას, ვინაიდან იგი გვაძლევს შანსს, დავძლიოთ რეაქციული წარმოდგენები სახელმწიფოთა და ადამიანთა შორის ურთიერთობებზე, როგორც ბატონობისა და ქვემდებარობის, ძალადობისა და მორჩილების ურთიერთობაზე. ეს უნიკალური შანსია და მისი ხელიდან გაშვება არ გვეპატიება.
მასთან არის დაკავშირებული ჩვენი დიადი ქართველური ნატვრაც. ამ ოცნებას მე ოქროს საწმისის ნატვრას ვუწოდებ. არსებითად ხომ ოქროს საწმისის იდეა - ეს არის იდეა მოპოვებული და დაკარგული განძისა, იდეა კუთვნილებისა, თვალისჩინივით რომ უფრთხილდებოდი, მაგრამ თვალსა და ხელს შუა აგაცალეს, იდეა ბედისწერისა, ერთნაირად რომ ემუქრება მკარგველსაც და გამტაცებელსაც.
ეს მეტაფორაა სრულიად საქართველოსი, რომლის ისტორიაც არის თავგადასავალი ქვეყნისა, რომელსაც განუწყვეტლივ უქადიან მისი კუთვნილების წართმევას. მშვიდობა მის მიწა-წყალზე, თვით მიწა-წყალი, ენა, მამული, სარწმუნოება, სახელმწიფოებრიობა - ყოველივე ეს არის ჩვენი ოქროს საწმისი.
ამიტომ ჩვენი ოცნება, ჩვენი მთავარი და ერთადერთი ნატვრაა - დავიბრუნოთ დაკარგული და წართმეული. ნუ გვინდა ნართაული და ეზოპესეული მინიშნებანი, ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ კიდეც! - ისტორიული კოლხეთის ნაწილს - აფხაზეთს.
რაც შეეხება საკუთრივ ოქროს საწმისის მითს, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს ბერძნებთან. რაც უნდა წერონ ანტიკურმა ავტორებმა საწმისისა და მისი გამტაცებლების ხვედრზე, თქვენ, ბერძნებმა, ჩინებულად განკარგეთ ჩვენი დაკარგული: თქვენ დაგვიბრუნეთ იგი ჩვენ, დაუბრუნეთ მსოფლიოს ჰომეროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, არისტოფანეს ქმნილებებით... ალექსანდრე ონასისის ფონდის ფარგლებშიც კი, თქვენ კვლავ დაუშურებლად გვიბრუნებთ: ფონდის, საქართველოში საბერძნეთის საელჩოსა და თქვენი ქვეყნის მთელი რიგი სხვა ორგანიზაციების ხელშეწყობით თბილისის უნივერსიტეტმა შექმნა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ხოლო ფონდის სტიპენდიატი ქართველი სპეციალისტები ელადის მადლიან მიწა-წყალზე ეწევიან კვლევას და ვინაიდან მე აქ კოლხეთის ხალხს წარმოვადგენ, ჩავთვალოთ, რომ ჩემი სახით სწორედ ის იღებს ონასისის პრემიას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აიეტისა და მედეას შთამომავალნი იაზონის მემკვიდრეთაგან იღებენ ოქროს საწმისის უძვირფასეს ნაწილს.
მადლობა თქვენდა ყოველივე ამისათვის.
„აიეტისა და მედეას შთამომავალნი იაზონის მემკვიდრეთაგან იღებენ ოქროს საწმისის უძვირფასეს ნაწილს“ : საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ონასისის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე : 1997 წლის 16 სექტემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 სექტემბერი. - №234 (2607). - 1,2 გვ.
![]() |
102 „ბედნიერი ვარ, რომ უზენაესის ნებით ფეხი დავადგი წმინდა მიწაზე - ათონის მთაზე, მოვიხილე ივერთ მონასტერი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დააარსეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ათონის მთის
პოლიტიკურ მოღვაწეებსა და სასულიერო
პირებთან შეხვედრაზე
[...]
- მინდა გულითადად მოგესალმოთ თქვენ - ათონის მთის პოლიტიკურ მოღვაწეებსა და სასულიერო პირებს და გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ მზადყოფნისათვის, მიმიღოთ წმინდა მთაზე და მომცეთ საშუალება ჩემი დიდი ხნის ოცნების განხორციელებისა - მოვიხილო ეს, ყველა მართლმადიდებლისათვის სანუკვარი ადგილი.
საბერძნეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში არაერთი ღირსშესანიშნავი ფურცელია ჩაწერილი, მაგრამ, ვფიქრობ, ათონის მთას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ძნელია დღეს საქართველოში მოინახოს ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს წმინდა მთის შესახებ, რადგან სწორედ აქ ქართული სასულიერო მწერლობისათვის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის და, ვიტყოდი, ზოგადად ქართული კულტურისათვის მრავალი უმნიშვნელოვანესი ჩანაფიქრი განახორციელა.
ეს პატარა, ჭეშმარიტად ღვთის მადლით გაცისკროვნებული ნაწილი ჩვენი დიდი სამყაროსი, შეიძლება ითქვას, ყველა მართლმადიდებლური ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობისა არის, რადგან აქ დაფუძნებულ მონასტერთან ხილული თუ უხილავი ძაფებით ყველა ამ ქვეყნის სასულიერო ცხოვრება არის დაკავშირებული. და, აი, მეც არ შემეძლო, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის წარმომადგენლეს, არ შემეძლო ჩემი თავისათვის მიმეცა უფლება ჩამოვსულიყავი საბერძნეთში და არ დამედგა ფეხი ამ კურთხეულ მიწაზე, არ ვწვეოდი ჩემი ყველა თანამოქალაქისათვის ცნობილ და სათაყვანო ივერთა მონასტერს.
უკანასკნელ ხანებში ქვეყანაზე ბევრი რამ შეიცვალა. იყო დრო, როდესაც ჩემს სამშობლოში, რომელიც დიდი ქვეყნის ნაწილს წარმოადგენდა, იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, არსებითად, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის აკრძალული იყო რელიგიური გრძნობების საჯაროდ გამოხატვა. ამ ქვეყნისათვის იდეოლოგიის ერთ-ერთ საფუძველთაგანს ათეიზმი წარმოადგენდა და, ბუნებრივია, მაშინ მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანს თუ შეეძლო თავში გაევლო გაბედული აზრი წმინდა მთაზე ჩამოსვლისა.
დღეს ვითარება არსებითად შეიცვალა. ჩემი ქვეყანა კვლავ დაუბრუნდა ღვთის გზას და ეკლესიამ, მართლმადიდებლობამ ჩემი ხალხის ცხოვრებაში სათანადო ადგილი დაიკავა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს გზა დიდი რელიგიური ცენტრებისაკენ გაეხსნათ არა მარტო სასულიერო, არამედ საერო პირებსაც.
მე მინდა, რომ ჩემმა ჩამოსვლამ მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ პროცესის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ჩვენი ორი ხალხისათვის სასიკეთოდ წარმართვის საქმეში.
კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მიღებისა და ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.
[...]
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ სტუმართა წიგნში ასეთი ჩანაწერი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ, რომ უზენაესის ნებით ფეხი დავადგი წმინდა მიწაზე - ათონის მთაზე, მოვიხილე ივერთ მონასტერი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დააარსეს.
მადლობა ღმერთს, ამ დღეს რომ მომასწრო.
ედუარდ (გიორგი) შევარდნაძე“.
„ბედნიერი ვარ, რომ უზენაესის ნებით ფეხი დავადგი წმინდა მიწაზე - ათონის მთაზე, მოვიხილე ივერთ მონასტერი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დააარსეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 სექტემბერი. - №235 (2608). - 1,2 გვ.
![]() |
103 „ორი ხალხის შერიგების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა, რამაც რეალურ შედეგებამდე უახლოეს დროში უნდა მიგვიყვანოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
22 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- გასული პოლიტიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო უდავოდ თქვენი - საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც გადმოგეცათ ონასისის პრემია. ყველა ქრისტიანის ცხოვრებასა და თქვენს ცხოვრებაში, ალბათ, უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო ათონის მთაზე ივერთა მონასტრის მოხილვა. და, ბოლოს, ვიზიტის, ასე ვთქვათ, ოფიციალური ნაწილი: ხელმოწერილია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა გახდება იმისათვის, რომ საბერძნეთი დაინტერესდეს საქართველოში კაპიტალის დაბანდებით. აღარაფერს ვამბობთ ევრაზიის დერეფანში საბერძნეთის მონაწილეობის იდეაზე... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობანი და თვალსაწიერი გარე სამყაროსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამჟამად უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალ გეოპოლიტიკურ განზომილებაზე, რომელიც მოიცავს სამი ზღვისპირეთის - ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების აუზებს. მოგეხსენებათ, ისტორიულად ეს სივრცე, მისი დიდი ნაწილი ერთიან ცივილიზაციად მოიაზრებოდა. ისტორიულ ტრადიციას კი უდიდესი პოტენციალი აქვს და, ჩემი აზრით, საქართველოს ნამდვილად შესწევს უნარი აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონში მცხოვრებ ხალხთა საკეთილდღეოდ ამ პოტენციალის გამოყენებაში. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, უწინარესად, ეკონომიკურ თანამშრომლობას (რომელიც ნაწილობრივ ხორციელდება განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში). შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში იგი საკმაოდ დიდ მასშტაბს იძენს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა საშუალება და ყველა გზა ამოწურული არ არის, და გაცილებით მეტი შესაძლებლობანი გვაქვს. ვგულისხმობ კომუნიკაციებს, კულტურათა დიალოგს, პოლიტიკურ თანამდებობას და ა.შ. საქართველოს შესწევს უნარი არათუ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, არამედ გარკვეულწილად მისი ინიციატორიც კი გახდეს, მით უმეტეს, იმ გლობალურ სასიკეთო ცვლილებათა ფონზე, მსოფლიოში ახლა რომ მიმდინარეობს.
გავიხსენოთ ბოლოდროინდელი ვიზიტები საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში - ეს ქვეყნები ხომ იმავე არეალს მიეკუთვნება, რომელზეც ვსაუბრობთ. ამდენად, საბერძნეთში სტუმრობაც ამ პროცესის გაგრძელება იყო, ვინაიდან საბერძნეთს შეუძლია ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამი ზღვისპირა ქვეყნის თანამშრომლობაში. მე ერთხელ კიდევ ვუსვამ ზახს - სამი ზღვისპირა ქვეყნის თანამშრომლობაში, რომელსაც მომავალი აქვს.
რაც შეეხება თვით საბერძნეთთან ჩვენს ურთიერთობას, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ვიზიტს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უნიკალურს ვუწოდებდი. უნიკალურს თავისი შინაარსით, საქართველოსათვის - მისი მნიშვნელობით. ასევე აღიქვა იგი ჩვენმა საზოგადოებამაც. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა ღრმა ისტორიული ფესვები აქვს ჩვენი ორი უძველესი ხალხის ურთიერთობას. იგი ფართოდ არის ასახული ისტორიულ წყაროებში, ლეგენდებში, მითოლოგიაში. ამდენად, შეიძლება ითქვას, გლობალურ ფასეულობას წარმოადგენს და ამიტომაც დაწვრილებით არის შესწავლილი არა მარტო ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შესასწავლი და საკვლევი ძალზე ბევრი გვაქვს.
სულიერი ნათესაობა ჩვენი საუბრებისა და დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ - უნდა ავაღორძინოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში იყო დამახასიათებელი ჩვენი ხალხებისათვის.
გაიმართა უაღრესად გულთბილი, მეგობრული და გულწრფელი საუბრები საბერძნეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ათენისა და სალონიკის მერებთან, შესაბამისად შეხვედრები საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და ასე შემდეგ. ყველა შეხვედრა, ვიმეორებ, საოცრად გულთბილი და საქმიანი გამოდგა. მიღწეულია პრაქტიკული შედეგებიც ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარების სფეროში. საბერძნეთი აქტიურ როლს შეასრულებს ისეთი გრანდიოზული, საკაცობრიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში, როგორიცაა ტრასეკის პროექტი. ჯერჯერობით იგი აქტიურად ვერ არის ჩართული, მაგრამ ვიგრძენი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პოტენციალი, თუკი ამ პროექტის განხორციელებაში ჩაებმება. პროექტით გათვალისწინებულ კომუნიკაციათა ახალი სისტემის შექმნაში საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს როგორც საბერძნეთთან, ასევე, ახლო თუ შორეულ საზღვარგარეთის ბევრ სხვა ქვეყანასთან.
ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის დღე, როდესაც ათონის წმინდა მთას მივეახლე. ეს მთა ქართული სულიერების მწვერვალიც იყო საუკუნეთა განმავლობაში. როდესაც ამ მთაზე ქართული სული, ქართული კულტურა ზეობდა, - მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობაც გარკვეულ პერიოდებში მწვერვალს აღწევდა. საერთოდ, უნდა მოგახსენოთ, რომ სახელმწიფოს მეთაურთა მიწვევა ამ მთაზე (როგორც საბერძნეთში მითხრეს) დიდი იშვიათობაა, მაგრამ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ამ წმინდა ალაგს ვეახლე იმ შეგნებით, იმ განცდით, რომ ამით იგებოდა სულიერი ხიდი წარსულსა და დღევანდელობას შორის. რაკი საქართველოს ხელმძღვანელი საუკუნეთა განმავლობაში პირველად ეახლა წმინდა მთას, დაე, ეს კიდევ ერთი ნიშანი გახდეს ჩვენი ქვეყნის აღორძინებისა - უპირველესად სულიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისათვის ონასისის პრემიის გადმოცემა. რა თქმა უნდა პრემია მიეკუთვნება პიროვნებას, უწინარესად, ავტორიტეტის გათვალისწინებით, იმ დამსახურებისათვის, რომელიც დაკავშირებულია არა მარტო საქართველოსთან, არამედ ამავე დროს იმ სასიკეთო ცვლილებათა აღიარებაც არის (იქ რომ გაესვა ხაზი, რის მოწმეც თქვენ ბრძანდებით), რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. აქ ჰარმონიული ურთიერთკავშირი არსებობს. ქვეყნის დემოკრატიზაცია, ჰუმანიზაცია, მშვიდობისა და სამართლიანი (მე ვიტყოდი, ცივილიზებული) წესრიგის დამყარება, კრიმინალური ანარქია აღკვეთა, - ყოველივე ამან (ალბათ პიროვნულ დამსახურებასთან ერთად) განაპირობა გადაწყვეტილების მიღება, ჩემთვის ამგვარი, ძალიან მაღალი ჯილდოს მოსანიჭებლად, რაც უდავოდ სასიამოვნო და საამაყოა. მე ამ მომენტს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ღირსებაც არის.
და კიდევ ერთი ელემენტი, რომელსაც მინდა განსაკუთრებით შევეხო. ეს არის საქართველოს ბერძნების დიასპორა - თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ხალხი საქართველოდან - თბილისიდან, წალკიდან, და ასე შემდეგ. ჩვენ გვქონდა სპეციალური შეხვედრა მათთან, რომელიც ამაღელვებელ, ემოციურად დატვირთულ სიტუაციაში გაიმართა, ხანდახან ალბათ ცრემლსაც ვერ შეიკავებდა კაცი. ჩვენი გუშინდელი თანამემამულენი (მინდა, ისინი ჩვენს თანამემამულეებად მიგვაჩნდეს) ძალიან ღირსეულად ცხოვრობენ იქ, ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს კულტურასაც. როგორც პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, სხვებმაც ბრძანეს, ეს ძალიან კარგი ხიდია საქართველოსა და საბერძნეთს შორის. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ (ამას ყველა ამჩნევს) საქართველო ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობით, განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ ბერძნებთან ურთიერთობით, გამორჩეული ქვეყანაა. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ჩვენში არის სპეციალური ცენტრი - ელინისტიკის შემსწავლელი ცენტრი უნივერსიტეტში. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, რომ საქართველოში ბერძნული ენა აღიარებულია როგორც უცხო ენა, რომელიც უნდა ისწავლებოდეს მთელ რიგ სკოლებში, და რომ ჩვენ ასობით სახელმძღვანელო უფასოდ გადავეცით ბერძნული ენის შესწავლით დაინტერესებულ ბავშვებს, და მრავალი სხვა.
ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მხარდაჭერითა და პოპულარობით სარგებლობს საბერძნეთში, ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში.
- გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ თბილისს ეწვია სერგეი ბაღაფში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტები აფხაზურ მხარესთან ამ ბოლო პერიოდში შესამჩნევად გააქტიურდა..
- აფხაზეთის დელეგაციას სერგეი ბაღაფშის მეთაურობით (სხვათა შორის, დელეგაციაში კონსტანტინე ოზგანიც შედის, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ უკვე იყო თბილისში დამოუკიდებელ ვიზიტად), საინტერესო და საქმიანი შეხვედრები ჰქონდა ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურათა ხელმძღვანელებთან, რომელთაც ბატონი ნიკო ლეკიშვილი მეთაურობს. წუხელ მოგვიანებით მე და ზურაბ ჟვანიაც ჩავერიეთ საუბარში.
მოგეხსენებათ, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი აქტიურ ფაზაში შევიდა, სხვადასხვა დონის შეხვედრები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რა თქმა უნდა, უმთავრესი იყო ვლადისლავ არძინბას ჩამოსვლა დედაქალაქში, რამაც უდავოდ გადამწყვეტი სტიმული მიანიჭა ორმხრივი დიალოგის განვითარებას. ამჟამად ყურადღების ცენტრში ძირითადად ეკონომიკური და საკომუნიკაციო პრობლემები დგას. თუმცა ორი ხალხის შერიგების ცალკეული ასპექტები ასევე გახლავთ მსჯელობისა და განსჯის საგანი.
მე მქონდა ერთსაათიანი ცალკე შეხვედრა სერგეი ბაღაფშთან. საუბარმა სრული გულახდილობის ვითარებაში ჩაიარა და მრავალ პრინციპულ საკითხზე, ასე ვთქვათ, ჩამოვაყალიბეთ შეხედულებანი, რომლებსაც, ჩემი აზით, კარგი პერსპექტივა აქვთ.
თბილისში შეხვედრას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ამჟამად მოსკოვში იმყოფება ვლადისლავ არძინბას წარმომადგენელი ბატონი ჯერგენია, იგი, ვაჟა ლორთქიფანიძე, პასტუხოვი და სხვები ერთად აგრძელებენ მუშაობას ცნობილ „პროტოკოლზე“.
დასკვნა, ალბათ, ასეთი უნდა გამოვიტანოთ: ორი ხალხის შერიგების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა, რამაც რეალურ შედეგებამდე უახლოეს დროში უნდა მიგვიყვანოს.
- განვლილი ეკონომიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ალბათ, მთავრობის სხდომა იყო, რომელზეც 1998 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილეს. ბიუჯეტი მალე წარედგინება დასამტკიცებლად პარლამენტს. როგორ გგონიათ, გახდება თუ არა ეს ბიუჯეტიც ერთგვარი „საჯილდაო ქვა“ პარლამენტისთვის?
- მე პატარა შესავალს გავაკეთებ და ბოლოს კითხვაზე გიპასუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ, საყოველთაო აღიარებით, ეკონომიკური რეფორმა საქართველოში წარმატებით ვითარდება, 1998 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ჩვენ მაინც გარკვეულწილად შევარბილეთ, ასე ვთქვათ, პროგრესისტული ტენდენცია (მხედველობაში მაქვს ფართომასშტაბიანი ინვესტირება ეკონომიკაში) და მეტი სახსრები გამოვყავით სოციალური დაცვისათვის. არსებობს ისეთი ფასეულობანი, რომელთა კომპენსირება ვერანაირი ეკონომიკური პროგრესით ვერ მოხერხდება. სათნოების, შემწყნარებლობის (კერძოდ, სოციალური შემწყნარებლობის), დავრდომილთა, უპოვართა, გაჭირვებულთა, პენსიონერთა დახმარების გარეშე ქვეყანამ შეიძლება უფრო მეტი დაკარგოს, ვიდრე ეკონომიკური მოგებაა. ამიტომ ბიუჯეტის პროექტი ამჟამად სოციალურია. ძირითადად სოციალურად არის ორიენტირებული. თუმცა აქაც აუცილებელია ჰარმონიული თანხმობის დაცვა, რათა ისევ და ისევ ქვეყნის, ხალხის, თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ წამოყენებული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმაც არ შეფერხდეს - წარმოება გადარჩეს - წარმოება გადარჩეს და აღორძინდეს. შესაძლებლობის ფარგლებში, ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად უფრო რეალისტურია, ვიდრე გასულ წელს, ამ ელემენტსაც ითვალისწინებს.
მთლიანობაში ბიუჯეტის პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინება პარლამენტს, ასახავს ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების თანამედროვე ეტაპის მოთხოვნებს, სახელმწიფო შემოსავლის მობილიზაციის პოტენციურ შესაძლებლობებს, რაც გამოიხატება მისი მოცულობის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 12 პროცენტის დონემდე ზრდით. შევახსენებ რადიომსმენელს, რომ 1996 წელს ეს მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 9.9 პროცენტს შეადგენდა. წელს მოსალოდნელია 10,8 ან 11 პროცენტის ფარგლებში.
მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილველად. კანონის მიღება მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის სახელმწიფოს მიერ ვალის აღებასთან და მის დაფარვასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან შეიქმნა ახალი, მეტად პერსპექტიული და საჭირო ინსტიტუტი - საინვესტიციო საბჭო პრეზიდენტის მეთაურობით, რომლებმაც, ჩემი აზრით, დიდი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის, მთლიანად საინვესტიციო პროცესის კოორდინაციის თვალსაზრისით, რათა ჩვენი მეწარმეები თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი ზეგავლენისაგან და ასევე დაცულად გრძნობდნენ თავს უცხოელი ინვესტორებიც. საინვესტიციო საბჭო ინვესტირების პროცესის რეგულირებისას იხელმძღვანელებს უზენაესი ეროვნული-სახელმწიფოებრივი ინტერესებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველ მეწარმეთა ინტერესებით. უკვე არსებობს რამდენიმე საინტერესო საინვესტიციო წინადადება, მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი. ეს პროექტი, როგორც ერთ-ერთ ელემენტს, გულისხმობს „ანტიკორუფციული ჯგუფის ჩამოყალიბებისა და მხარდაჭერის“ პროგრამას, რომლის არსი და მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ქვეყანა არ შემოიფარგლოს მარტო ადმინისტრირებით, მარტო დამსჯელობითი პრაქტიკით და სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ ის პროცესები, რომლებიც განაპირობებს კორუფციას, და შემდეგ თანდათანობით სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ამოიქოლოს ეს არხები.
ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკთან ქვეყნის ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის საერთო ღირებულება 52 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, რასაც 14 თვე დასჭირდება, შესაძლებელი გახდება მომავალი წლის ბოლოსათვის მწყობრში ჩადგეს თბილსრესის მე-10 ბლოკი. მაშინ უკვე მეცხრე და მეათე ბლოკები ერთად აღებული მოგვცემს 600 მეგავატამდე ელექტროენერგიას და ეს უკვე ძალიან სერიოზული საბაზისო სადგური გახდება და ნაკლებად სარისკო იქნება ჩვენი მდგომარეობა ელექტროენერგიით მომარაგებაში.
არსებობს აგრეთვე ევროგაერთიანების პროგრამა „საპარტნიორო ფონდი“, რომლის სახსრების დაბანდება საწყის ეტაპზე ხდება მარცვლეულის წარმოების, შესყიდვისა და გადამუშავების ქვედარგებში და საკმაოდ წარმატებითაც.
სერტიფიცირებული კომერციული ბანკების მეშვეობით მარცვლეულის წარმოების 138 და მარცვლეულით ვაჭრობისა და გადამუშავების 99 პროექტისათვის უკვე გაცემულია 20 მილიონ ლარზე მეტი საერთო ოდენობის სესხი. როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ დიდი თანხებია და ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტისა და უმაღლესი დონის ხელმძღვანელთა მხედველობის არეში იყოს, რათა არავინ არ მიეტმასნოს და არავინ არ შეაწუხოს ინვესტორები და ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან საქართველოში კაპიტალის დასაბანდებლად.
მომავალში საპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო რესურსები ორიენტირებული იქნება ასევე აგრარულ სფეროში სახელმწიფო დანახარჯების, დაგეგმვისა და მართვის რეფორმის განხორციელებისათვის.
მხარდასაჭერია მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი საინვესტიციო წინადადება ქალაქ თბილისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების თაობაზე. მინდა თბილისელებმა იცოდნენ, რომ მსოფლიო ბანკმა რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის 300 მილიონი დოლარი უნდა მოახმაროს იმ უზარმაზარ სამუშაოთა შესრულებას, რომელიც არა მარტო დღევანდელ, არამედ მომავალ თაობებსაც წაადგება. იგივე ითქმის მუნიციპალურ პროექტებზეც, რომლებიც ასევე საკმაოდ მასშტაბურია. ეს შეეხება ბათუმს, ქუთაისს, სხვა ქალაქებსა და რაიონებს.
შესასწავლია აგრეთვე საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმოს „საქართველო ინტერმოდელური ქსელის“ პროექტი, რომელიც საქართველოში სამი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობასა და განვითარებას ითვალისწინებს, - ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე, ვინაიდან პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საკონტეინერო ტვირთზიდვის პროცესის სრულყოფას საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმდებარე ქვეყნების ტერიტორიებიდან.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების საკითხებში, რის შედეგადაც ეს პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა. ამგვარ მიდგომას უდავოდ უნდა მიბაძონ სხვა სამინისტროებმაც, რათა მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშეწყობას რეალური ხასიათი მიეცეს. ესე იგი, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ფუნქციები ცენტრიდან რაიონებსა და ქალაქებს გადაეცემა.
რამდენიმე სიტყვა კვლავ საბიუჯეტო თემაზე, ოღონდ ამჯერად 1997 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
საგადასახადო ინსპექციის ცნობით, განვლილ კვირაში შენარჩუნებული იყო სექტემბრის დამდეგიდან მიღებული შემოსავლის ზრდის ტემპი. ოპერატიული მონაცემებით, პირველიდან 19 სექტემბრამდე საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილია 20 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც 3 მლიონი ლარით, ანუ 20 პროცენტით სჭარბობს აგვისტოს შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამ თანხის გათვალისწინებით წლის დასაწყისიდან საგადასახადო სამსახურის მიერ აკრეფილი შემოსავალი - 220 მილიონი ლარი შარშანდელს 53 მილიონით აღემატება.
საგადასახადო ინსპექციაში, თვის ბოლომდე მისაღები შემოსავლის მოსალოდნელი დონის გათვალისწინებით, ვარაუდობენ სექტემბრის გეგმის შესრულებას და ნაწილობრივ
წლის დამდეგიდან დაშვებული ჩამორჩენის დაძლევას, შემცირებას.
სექტემბრის აღნიშნულ პერიოდში საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში გადაირიცხა 10 მილიონი ლარი, რაც ასევე აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანად წლის დამდეგიდან საბაჟოს მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 126 მილიონი ლარი, რაც 3-ჯერ მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ახლა, როგორ წარიმართება პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა. ცოტა ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, იქნება დისკუსიები, კამათი, პარლამენტარები ბევრ რამეში შეგვედავებიან და არცთუ უსაფუძვლოდ. მაგრამ მე ვთხოვ ფინანსთა სამინისტროს და ასევე მინდა თხოვნით მივმართო პარლამენტის ყველა ფრაქციას, ვიდრე საკითხი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი, ყველა კომიტეტმა შეისწავლოს ბიუჯეტი, მისი ყველა დეტალი. განსაკუთრებით შევისწავლოთ ის, თუ რა შეუძლია ქვეყანას დღეს, როგორი შეიძლება იყოს მისი ბიუჯეტი, და აქედან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს ის ხარჯები, რომლებიც უნდა გავიღოთ. ფინანსთა სამინისტრო ამისათვის მზად არის. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის სხდომამ სამჯერ იმსჯელა ბიუჯეტის ყველა ასპექტზე. ყველა რესურსი, ყველა რეზერვი, რომლებიც კი შეიძლებოდა გამოგვეყენებინა საქმისათვის, ამოძრავებულია და სათანადო მისამართი მიეცა. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დადგენილ ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომელსაც მთავრობა წარუდგენს.
- განვლილ კვირაში „მხედრიონელთა“ ერთი ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სხვა მოწმეებთან ერთად ჯაბა იოსელიანიც დაჰკითხეს, გარდა მოსალოდნელი რეაქციისა, გნებავთ, აჟიოტაჟისა (გარკვეული დოზით სრულიად გასაგებია, რადგან იმ პერიოდთან ყველას რაღაც საკუთარი ბიოგრაფიის ნაწილი აკავშირებს, ზოგს - დადებითი, ზოგს - უარყოფითი) კარგად იგრძნობოდა, რომ ეს აჟიოტაჟი გარკვეულწილად ხელოვნურადაც იქმნებოდა, ანუ პროცესი იყო მართვადი და იმართებოდა...
- ამ კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ: სასამართლო პროცესის კომენტირებისაგან პრეზიდენტმა თავი უნდა შეიკავოს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე პროცესი არ დასრულებულა და განაჩენი არ არის გამოტანილი. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. თუმცა აქვე დავძენ, რომ ეს, ალბათ, მხოლოდ პრეზიდენტს არ ეხება. ჩემი აზრით, სასამართლოზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედებისაგან საზოგადოებამ საერთოდ თავი უნდა შეიკავონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და მხოლოდ ერთი სურვილი: ნუ დაგვავიწყდება, როგორი ქაოსიდან და ანარქიიდან გამოვიდა ქვეყანა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულ ფორმირებათა თარეში აღიკვეთა. ეს ნურავის ნუ დაავიწყდება.
ამჯერად, ამ კომენტარით შემოვიფარგლები.
- განვლილ კვირაში რუსული ავტომანქანებისადმი თავისი სიმპათიით გამორჩეულმა ვიცე-პრემიერმა ნემცოვმა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების პროექტს ნაკლებად რეალური უწოდა. თქვენი აზრით, რა იყო ეს - მის მიერ რეალური ვითარების ამგვარად გააზრება, დავუშვათ, ის ასე ხედავს ამ საკითხს, თუ აშკარა მინიშნება?
- მე მივაქციე ამას ყურადღება და უნდა ვთქვა, რომ ბორის ნემცოვის ეს განცხადება მის სურვილს უფრო გამოხატავს, ვიდრე რეალობას. მოგეხსენაბთ, არსებობს ასეთი გამოთქმა: როდესაც ზოგიერთები „სასურველს - რეალობად ასაღებენ“ აქ, ალბათ, სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
- და კიდევ ერთხელ რუსეთის თემა. სახელმწიფო სათათბიროს თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტიხონოვმა ამასწინათ აფხაზეთში იმოგზაურა. შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და საკმაოდ „მკაცრი“ განცხადებები გააკეთა, რომლებიც ეხებოდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასაც, ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასაც და ასე შემდეგ. ამ ბოლო ხანს რუსეთში გააქტიურდა საქართველოს თემა...
- როგორც ჩანს, ღრმად პატივცემულმა ბატონმა გიორგი ტიხონოვმა რუსეთის ყველა პრობლემა უკვე მოაგვარა და ახლა საქართველოს მოაპყრო თავისი მაღალი ყურადღება. მას (და არა მხოლოდ მას) ხომ აფხაზეთის „მეურვედ“ მიაჩნია თავი და ხშირად გვმოძღვრავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ან როგორ უნდა მოვქცეულიყავით ახლო წარსულში. სხვათა შორის, მის განცხადებაში არის ასეთი ტიპაჟი: სად გაგონილა დამარცხებული - გამარჯვებულს სტატუსს სთავაზობსო. კარგად მიმოიხედოს ირგვლივ და იქნებ საკუთარ ქვეყანაშიც აღმოაჩინოს ამის მაგალითი. გარდა ამისა, ტიხონოვი საქართველოს ადანაშაულებს საბჭოთა კავშირის დაშლაში. იქნებ სჯობდეს ჯერ ის გავიხსენოთ, რომ მისმა რესპუბლიკამ (რუსეთმა) ერთ-ერთმა პირველთაგანმა გამოაცხადა სუვერენიტეტი და ამით ბევრ სხვას უჩვენა სასიკეთო მაგალითი, და ძალიან კარგი გააკეთა, რომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ასე, რომ უმჯობესია ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს.
საქინფორმი.
„ორი ხალხის შერიგების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა, რამაც რეალურ შედეგებამდე უახლოეს დროში უნდა მიგვიყვანოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 სექტემბერი. - №238 (2611). - 1,2 გვ.
![]() |
104 „რასაც ისტორიის გაკვეთილზე დავთესთ, იმას ისტორიული გაკვეთილით მოვიმკით ხოლმე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება საერთაშორისო
რეგიონული სემინარის - „ისტორიის სწავლების რეფორმა საშუალო სკოლაში“ - მონაწილეებს
ქალბატონებო და ბატონებო, მაქვს პატივი მოგესალმოთ ევროსაბჭოს ეგიდით მოწვეული საერთაშორისო თბილისური სემინარის მონაწილეებს.
ეს სემინარი „თბილისური ინიციატივის“ შედეგი გახლავთ. სემინარის თემაც - „როგორ ვასწავლოთ ისტორია“, და ადგილიც - საქართველო - ევროსაბჭომ მოიწონა; არა მგონია, ამ არჩევანში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს, პრეზიდენტს დიპლომში სპეციალობის აღმნიშვნელად უწერია - „ისტორიის მასწავლებელი“... განგებამ ისე ინება, რომ ბავშვებისთვის ისტორია არ მისწავლებია - მოგეხსენებათ, ქვეყნის მეთაურებს ისტორიის სწავლების ნაცვლად ისტორიის კეთება უწევთ. მაგრამ ისტორიის მართებულად სწავლების ფასი ჩვენ სხვაზე ნაკლებ როდი ვიცით; პირიქით, ხშირად, როგორც იტყვიან, საკუთარ ტყავზე გამოვცდით ხოლმე, რაოდენ დამანგრეველ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ისტორიის გაყალბებულად სწავლებამ, მცდარმა ისტორიულმა ორიენტირებმა და გამრუდებულმა ისტორიულმა ხედვამ.
ჩვენ რომ მართლად გვესწავლებინა ყმაწვილებისათვის წარსული, უფრო უკეთესი აწმყო გვექნებოდა.
ეს, მეტნაკლებად, ყველა ქვეყნისა და ყველა დროის საგანმანათლებლო სისტემაზე ითქმის.
„თბილისური ინიციატივა“ კი, ალბათ იმიტომ გაიზიარეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გზაზე მდგარი საქართველო ისტორიულად იყო, არის და დარჩება ტოლერანტობის, ეროვნულ-რელიგიური შემწყნარებლობის ქვეყნად, რომელსაც ვერც ისტორიული ძნელბედობა და ვერც პოლიტიკური უსამართლობა ვერ გააბოროტებს და ვერ შეაქმნევინებს ვერც ერთი ხალხისაგან, დიდი იქნება იგი თუ მცირე, მტრის ხატს.
არის ისტორიის გაკვეთილი და არის ისტორიული გაკვეთილი. რასაც ისტორიის გაკვეთილზე დავთესავთ, იმას ისტორიული გაკვეთილით მოვიმკით ხოლმე.
კეთილ მთესველობას გისურვებთ, მეგობრებო და კოლეგებო.
ედუარდ შევარდნაძე.
„რასაც ისტორიის გაკვეთილზე დავთესთ, იმას ისტორიული გაკვეთილით მოვიმკით ხოლმე“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება საერთაშორისო რეგიონული სემინარის - „ისტორიის სწავლების რეფორმა საშუალო სკოლაში“ - მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 სექტემბერი. - №240 (2613). - 1 გვ.
![]() |
105 „მომავალი საქართველოს ძლიერება და სტაბილურობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებულ საქმიანობას დაეფუძნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
29 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო მოვლენით აღინიშნა. კერძოდ, თქვენ მოინახულეთ მნიშვნელოვანი ობიექტები. აი, თუნდაც ერთი ფაქტი: ეწვიეთ ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანს“, ყველასათვის ცნობილ ფაბრიკას უხარისხო პროდუქციით. მაგრამ დღეს ეს საწარმო „ქართუს“ ხელში აღმოჩნდა და გარანტიას იძლევა, რომ პროდუქცია უკვე მაღალი ხარისხისა იქნება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მითუმეტეს, იმ დღეს. ამ ფაქტებს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობენ, ეს ქვეყანაში უმოწყალო კაპიტალიზმის შენებააო, და, სამწუხაროდ, ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ კომუნისტური სისტემის აქტიური ოპონენტები იყვნენ, და სამართლიანადაც... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა უფრო დეტალური მიმოხილვა დაგვჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ.
ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრისას ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ზუსტი ორიენტირი უნდა შეარჩიოს. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული, სოციალური სახელმწიფო. მაშასადამე, საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის დროს უნდა გვახსოვდეს სოციალური პასუხისმგებლობაც როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე მთლიანად საზოგადოების მიმართ. მაგრამ თანამედროვე პირობებში „სოციალურ სახელმწიფოზე“ ლაპარაკი დემაგოგია იქნება, თუ საქართველოში არ ჩამოყალიბდა მძლავრი და გავლენიანი საშუალო ფენა, რომელიც (ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში) საზოგადოებრივი სიმშვიდის, სამოქალაქო თანხმობისა და ზოგადად სახელმწიფოებრივი სტაბილურობის გარანტი გახდება. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური სტრატეგია, სოციალური საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა, უფრო ფართო გაგებით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ნაწილია.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმის წარმატების უპირველეს დადასტურებად მიმაჩნია არა მარტო რაიმე ეკონომიკური მაჩვენებელი (თუმცა ასეთი მაჩვენებელი თავისთავად ბევრს ნიშნავს), არამედ ის ფაქტი, რომ დაიწყო საშუალო ფენის ფორმირება - მძლავრი პროცესი, იქმნება კერძო საკუთრებასთან, მეწარმესთან, ბიზნესმენთან დამოკიდებულების ახალი ტრადიცია. საილუსტრაციოდ მოვიყვან მხოლოდ ერთ ციფრს, თუ რას წარმოადგენს დღეს კერძო ბიზნესი: საბიუჯეტო შემოსავლის 80 პროცენტი ამჟამად კერძო სექტორზე, პრივატიზებულ საწარმოებზე მოდის.
ვიქნები მაქსიმალურად გულახდილი: ჩემს შეშფოთებას იწვევს, და ეს გაკვრით ვთქვი „ისანში“ შეხვედრაზე, ბიზნესმენთა, მეწარმეთა მიმართ გაღიზიანების ტენდენცია, რომელიც შეინიშნება საზოგადოების გარკვეულ წრეებში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და იგი მთელი საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
ყველა ეპოქას თავისი გმირები და შემოქმედნი ჰყავს. მომავალი საქართველოს ძლიერება და სტაბილურობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებულ საქმიანობას დაეფუძნა, ანუ დაეფუძნება, ანუ დაეფუძნება მეწარმეს - ქართველ მეწარმესა და ბიზნესმენს. არავის ეგონოს, თითქოს მხოლოდ დიდი ქარხნების, ფაბრიკების მფლობელთ ვგულისხმობდე. მეწარმეა ფერმერიც, რომელმაც მიწა მიიღო და ამუშავებს, მეწარმეა მცირე საწარმოს მეპატრონეც, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში სულ სამ-ოთხ-ხუთ ადამიანს ასაქმებს, მაგრამ მთლიანობაში ეს ასიათასობით სამუშაო ადგილს ქმნის.
გადაუჭარბებლად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს დემოკრატიული, სოციალური სახელმწიფოს შექმნის ამოცანა სწორედ ქართველმა მეწარმემ უნდა იტვირთოს და გადაჭრას. ამ შემთხვევაში ბიუჯეტიც მომძლავრდება, პენსიებსა და შემწეობასაც გავზრდით და გვექნება ყოველმხრივი შესაძლებლობა დავეხმაროთ უპოვართ და გაჭირვებულთ. ამიტომ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ჯანსაღი, ვიმეორებ, ჯანსაღი ეკონომიკის იმ პირველ მაცოცხლებელ ყლორტებს, რომლებიც უკვე გამოჩნდა ჩვენს სინამდვილეში. ყოველნაირად უნდა დავუჭიროთ მხარი მეწარმეობის განვითარებას, წავახალისოთ განსაკუთრებით წარმატებული ბიზნესმენები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, რომლებიც თავადაც მდიდრდებიან და ბიუჯეტსაც ამდიდრებენ. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ მათგანს პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოთიც გამოარჩევს და წაახალისებს, ისევე, როგორც ხელოვანების, მეცნიერების, სპორტის გამოჩენილ მოღვაწეებს. თუ კაცი პატიოსან ბიზნესს ეწევა, ასობით ადამიანს ასაქმებს, ბიუჯეტსაც ავსებს და ამით საშუალებას გვაძლევს შევინახოთ ათასობით პენსიონერი, ჯარისკაცი და მასწავლებელი, მაშ, ღმერთმა შეარგოს ის სიმდიდრე, რომელსაც პატიოსანი შრომით და საქმიანობით მოიპოვებს კანონის ფარგლებში.
ყოველნაირად შევუწყობთ ხელს აგრეთვე ბინზესმენთა შორის პროფესიული სოლიდარობის, ჯანსაღი კონკურენციისა და ერთმანეთის მხარდაჭერის ატმოსფეროს დამკვიდრებას, იმ დიდი ტრადიციების აღორძინებას, სარაჯიშვილისა და ძმები ზუბალაშვილების სახელებს რომ უკავშირდება. ქართველი მეწარმე კი, თავის მხრივ, ქვეყანას გააძლიერებს და მაშინ მეცნიერებაც გაძლიერდება, კულტურაც, სპორტიც და ადამიანური თუ საზოგადოებრივი ცხოველმყოფელობის სხვა სფეროებიც. ყოველივე ამაზე ვილაპარაკე „ისანში“ ჩემს მოკლე გამოსვლაში.
ჩვენ ყველანი უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ დღეს სხვა საქართველოა, სხვა დროა, - შეიცვალა წყობა, ახალ წყობას კი სხვა ღირებულებათა სისტემა აქვს. თუ ეს არ მოგვწონს, თუ ამ ღირებულებებს არ ვეთანხმებით, მაშინ რატომღა ვებრძოდით იმ კომუნისტურ სისტემას, რომელიც საყოველთაო თანასწორობას ქადაგებდა?!
საქართველოს დაბრუნება ცივილიზებულ ერთა ოჯახში, უწინარესად, იმ ღირებულებათა აღიარებას ნიშნავს, რომელთაც ეს ოჯახიც აღიარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე ინდივიდის თავისუფლებაზე, კერძო ინიციატივასა და სამრთლებრივ, დემოკრატიულ, სოციალურ სახელმწიფოზე ყოველგვარი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ლიტონი სიტყვები იქნება.
მეწარმის დაცვა არ ნიშნავს მხოლოდ ქართველი მეწარმის დაცვას. ასეთივე გულისყურით მოვეკიდებით, და ამ აზრსაც გავუსვი ხაზი, უცხოელ მეწარმეებსაც, რომლებიც თავინთ კაპიტალს დააბანდებენ საქართველოში. მითუმეტეს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კვალობაზე თანდათან იზრდება საქართველოთი უცხოური კაპიტალის დაინტერესება და ქართულ ბიზნესმენებთან პარტნიორობის სურვილი. განსაკუთრებული ინტენსიურობით გამოირჩევა ბოლო პერიოდში ამერიკული ფირმებისა და კომპანიების გააქტიურება. მათ არც ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, თურქები, ბერძნები, ჰოლანდიელები ჩამორჩებიან, მისასალმებელია იაპონელთა შემობრუნება კავკასიისაკენ, კერძოდ, საქართველოსაკენ. არის რამდენიმე საინტერესო პროექტი და ისინი უნდა განხორციელდეს. რუსეთის ბინზესმენები ახლა გაცილებით უფრო რეალისტურად მიიჩნევენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ვიდრე ადრე, და ესეც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
განვლილ კვირაში გაიმართა შეხვედრები ფიჭური სისტემის სატელეფონო კავშირის საქართველო-ამერიკის კომპანიისა და ამერიკის უდიდესი კორპორაციის „მეტრომედიის“ ხელმძღვანელობასთან. ამაზე უკვე ვისაუბრე სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ შეხვედრაზე.
ადგილობრივი ნავთობის მოპოვების შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოყენებასთან დაკავშირებით დღევანდელ ეტაპზე, გადამწყვეტი სიტყვა უცხოელმა ინვესტორებმა უნდა თქვან. ამერიკის „ფრონტერა რისორისის“ კომპანიასთან წელს დადებული ხელშეკრულება ქართული ნავთობის ძიების, მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ ის ბლოკი, ასე ვუწოდებთ ბლოკებად დაყოფილ ნავთობის შემცველ ტერიტორიებს, ძირითადად მოიცავს დედოფლისწყაროს რაიონს, სადაც მუშაობის საკმაოდ რთული პირობებია, მაგრამ, როგორც მონაცემები ადასტურებს იქ ნავთობი არის.
ამერიკელებთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა დღეს მრავალგანზომილებიანი პარტნიორული ურთიერთობის სახეს იღებს, რის მიღწევაშიც, რეფორმების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წვლილი თვით ამ სახელმწიფოს მიუძღვის, და ესეც გამოკვეთილად უნდა ვუთხრა რადიომსმენელს.
მნიშვნელოვანწილად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შედეგია ჩვენში პურის ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება, ის, რომ პურპროდუქტების სისტემის დემონოპოლიზაცია, პურის ფასების ლიბერალიზაციის პროცესი დადებითი ეკონომიკური და სოციალური ეფექტების ფონზე წარიმართა: სტაბილური ფასებისა და პურის ხარისხის გაუმჯობესების პირობებში ქვეყანაში ხორბლის მნიშვნელოვანი მარაგი შეიქმნა და, რაც მთავარია, სახელმწიფოს აქვს აუცილებელი რეზერვი ბაზრის რეგულირებისათვის.
პურის ბაზრის ფორმირებაში თანდათანობით განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს საკუთარმა რესურსებმა. წელს, უამინდობის მიუხედავად, საკუთარი მარცვლის მნიშვნელოვანი მოსავალია მოწვეული (დღეისათვის არსებული შეფასებით, 330-350 ათასი ტონა), რომლის რეალიზაციაშიც მიწათმოქმედებს ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ, რამაც მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას მომავალი წლის მოსავლის გაზრდას. მე ახლა საშინელი განცდებით ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც 5-6-7 ათასი ტონა მარცვლისათვის ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩოქვით დავდიოდით სხვადასხვა სახელმწიფოში, დღეს ყოველივე ეს უკან დარჩა და, ასე თუ ისე, საკუთარი მარცვლის მარაგიც გვაქვს. ხანდახან ისეთ მდგომარეობაშიც კი ვიყავით, როცა მხოლოდ ორი დღის მარაგიღა გვქონდა ხოლმე...
საბაზრო სტრუქტურების განვითარებაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებას გადამწყვეტი როლი ენიჭება (ეს ახალი მოვლენაა ჩვენთვის და ამიტომაც ვამახვილებ ყურადღებას), რაც რეფორმების მეორე ეტაპის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ბიუჯეტის დასაფინანსებლად შიდა და უცხოური კაპიტალის დამატებით მოზიდვის მნიშვნელოვანი პირობაა. მეორე ეტაპის ერთ-ერთი მოვლენა სწორედ ეს გახლავთ - ფასიანი ქაღალდების ბაზარი.
უკვე წარმატებით განხორციელებულ 28-დღიან სახაზინო ვალდებულებათა ორ აუქციონზე, წარდგენილი განაცხადებით, მოთხოვნა მნიშვნელოვნად სჭარბობდა ემისიას, ხოლო პირველ აუქციონზე ჩამოყალიბებული საშუალოწლიური საპროცენტო განაკვეთი 30-დან მეორე აუქციონზე 25 პროცენტამდე შემცირდა. ამასთანავე, მეორე აუქციონზე, პირველისაგან განსხვავებით, საქართველო ბანკების განაცხადებთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა, მათ შორის, უცხოელ ინვესტორთა განაცხადები, რაც სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებისადმი მათს ნდობასა და ინტერესებზე მიუთითებს.
და ბოლოს, საგადასახადო ინფორმაციით, განვლილ კვირაში საგრძნობლად იმატა ბიუჯეტის შემოსავალმა, რის შედეგადაც 1-დან 26 სექტემბრამდე მობილიზებულია 28 მილიონი ლარი. საგადასახადო ინსპექციის ვარაუდით, თვის დარჩენილ დღეებში მოსალოდნელია შემოსავლის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება, რაც ხელს შეუწყობს სექტემბრის გეგმის შესრულებას. წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი შეადგენს 228 მილიონ ლარს, რაც 56 მილიონით, ესე იგი, მთელი 25 პროცენტით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს.
საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან დღემდე ბიუჯეტში გადაირიცხა 12,5 მილიონი ლარი. სექტემბრის დარჩენილ პერიოდში მოსალოდნელი შემოსავლის გათვალისწინებით, აქაც ვარაუდობენ გეგმის უთუოდ შესრულებას.
წლის ბოლომდე მხოლოდ ერთი კვარტალი დარჩა, ამიტომ საგადასახადო და საბაჟო ორგანოებმა ყველაფერი უნდა იღონონ წლის საგეგმო დავალებათა შესასრულებლად, რათა დაიფაროს პედაგოგთა ხელფასების, პენსიების დავალიანება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ერთ-ორ თვეში ეს პროცესი დამთავრდება.
- შაბათს, 27 სექტემბერს საქართველოში აღინიშნა „რწმენისა და იმედის დღე“. ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხეში დაინთო კოცონები. რამდენად იმედიანია საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი დღეს - 1993 წლის 27 სექტემბრიდან მეოთხე წლისთავის დღეს, როცა, ერთი მხრივ, წელს პირველად დაიძრა გარკვეულწილად უშუალო მოლაპარაკება ქართულ და აფხაზურ მხარეთა შორის, და, ამასთანავე, მოსკოვში ანრი ჯერგენია აცხადებს, რომ არავითარი ცვლილება არ იქნება მოლაპარაკების საბოლოო დოკუმენტში - ოქმში...
- 27 სექტემბერს, სოხუმის ტრაგედიის ოთხი წლისთავზე, მთელმა მსოფლიომ ერთხელ კიდევ დაინახა, რომ საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ლტოლვილები, ამ საზარელი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრე არიან. სწორედ ასეთი იყო დედააზრი ყველა სამგლოვიარო ღონისძიებისა, შაბათს რომ მოაწყვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, მოქალაქეთა კავშირმა თუ სხვა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა თბილისსა და მთელს საქართველოში. მინდა ჩვენს გატანჯულ თანამემამულეთ, ჩვენს დებსა და ძმებს, ლტოლვილებს მადლიერების სიტყვები ვუთხრა იმის გამო, რომ არ აჰყვნენ თითო-ოროლა პროვოკატორის ექსტრემისტულ მოწოდებებს და მთელ ქართველ ხალხთან ერთად, ასე ვთქვათ (თუ შეიძლება გლოვაზე ილაპარაკოს კაცმა), ღირსეულად იგლოვეს ჩვენი საერთო, დიდი ეროვნული ტრაგედია.
კიდევ ერთხელ ყველანი ვიხრით ქედს იმ გმირთა ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს მთლიანობისა და თავისუფლებისთვის გაწირეს თავი. უთანასწორო ბრძოლაში მოხდა ეს ყველაფერი. რა გზითაც უნდა გადაწყდეს საბოლოოდ აფხაზეთის პრობლემა, იქნება ეს მშვიდობიანი მოლაპარაკება, შეთანხმება, მორიგება თუ სხვა, იმ გმირთა სახელებს საქართველო არასდროს დაივიწყებს. ისინი სამუდამოდ გმირებად დარჩებიან.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი არცთუ ცუდად დაიწყო. დიდი ფსიქოლოგიური ბარიერი გადაილახა როგორც ვლადისლავ არძინბას, სერგეი ბაღაფშის და კონსტანტინე ოზგანის თბილისში ჩამოსვლით, ასევე ზურაბ ჟვანიას, ნიკო ლეკიშვილის, მინისტრებისა და დეპარტამენტთა ხელმძღვანელების სოხუმში ჩასვლით. არ შეიძლება ხაზგასმით არ აღვნიშნოთ ევგენი პრიმაკოვის აქტიური როლი ასეთი დიალოგის დაწყებაში.
მიუხედავად ამ უდიდესი ტკივილისა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც შეუხორცებელია ჭრილობა, ჩვენ მაინც მზად ვართ აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი დიალოგისთვის. ოღონდ, აქვე მინდა ვთქვა, და თქვენ ეს სწორედ შენიშნეთ: პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა ორმხრივი არჩევანი უნდა იყოს. ჩემი განცვიფრება გამოიწვია ანრი ჯერგენიას განცხადებამ, რომ ოქმის პროექტში (შეგახსენებთ, ეს დოკუმენტი ჯერ მხოლოდ პროექტია) არავითარი ცვლილება აღარ უნდა მოხდეს. თუ ჩვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორები ამგვარ პოზიციას ადგანან, მაშინ ყოველგვარი მოლაპარაკებაც აზრს დაკარგავს. მოლაპარაკება ხომ გამორიცხავს საუბარს ულტიმატუმის ენაზე! საქართველო კარგა ხანია ამ ენაზე აღარ ლაპარაკობს და, სხვათა შორის, ეს სრულიადაც არ ნიშნავს მისი სისუსტის გამოვლინებას, ეს უფრო კეთილი ნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის სურვილის გამოხატულებაა, რასაც მსოფლიო თანამეგობრობა ასე აქტიურად უჭერს მხარს.
თუ ბატონ ჯერგენიას ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ საქართველოს ხელისუფლებასაც შეუძლია 1995 წელს მომზადებული დოკუმენტი მიიჩნიოს საბოლოოდ და უარი თქვას ყოველგვარ დიალოგზე. მით უმეტეს, რომ 1995 წელს მომზადებული ოქმი პარაფირებულიც კი იყო იმავე ანრი ჯერგენიას მიერ, მაგრამ შემდგომ იგი მაინც უარყო და მისმა კოლეგებმაც. კვლავ ვიმეორებ: დღევანდელ საქართველოსთან ულტიმატუმით ლაპარაკი უსარგებლოა. ეს აფხაზურმა მხარემაც უნდა გაითვალისწინოს და შუამავლებმაც.
- არის რაღაც სიმბოლიკა იმაში, რომ სწორედ 27 სექტემბერს დაიწყო საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნა, რომელშიც ათი ათასამდე სამხედრო მონაწილეობს. ასეთი რამ და, მით უმეტეს, ასეთი მასშტაბით, ეს პირველად ხდება ჩვენში...
- მართალი ბრძანდებით, ეს პირველადაა. ამ სამხედრო წვრთნის მოწყობას მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ და ეს ეწყობა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სპეციალური ბრძანებით - პრეზიდენტის ბრძანებულებით. წვრთნის მიზანი სწორედ საბრძოლო და მორალური მზადყოფნის შემოწმებაა. ამგვარი სამეთაურო-საშტაბო წვრთნა ბევრ ქვეყანაში იმართება და ამას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს სამხედრო ხასიათის ეს სახელმწიფოებრივი ღონისძიება მაქსიმალურად ტრანსპარენტული, ანუ საზოგადოებისათვის გამჭვირვალე უნდა იყოს. მას მეთვალყურეობა უნდა გაუწიონ არა მარტო ხელისუფლების, არამედ, აგრეთვე საზოგადოებრიობის, საპარლამენტო თუ, ეგრეთ წოდებული, „პარლამენტსგარეშე“ პარტიების, მასმედიის წარმომადგენლებმა.
არ გამოვრიცხავ წვრთნაზე სხვა სახელმწიფოთა სამხედრო წარმომადგენლების მოწვევასაც. რაც შეეხება აფხაზური მხარის მეთვალყურეებს, ისინი წინა სამხედრო წვრთას ესწრებოდნენ. მათი აქ მონაწილეობა და დასწრება იქნებ სასარგებლოც იყოს. თუმცა, მათი მოწვევის საკითხი, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. შესაბამის წინადადებებსა და მოსაზრებებს თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების საბჭოს ექსპერტები წარმოგვიდგენენ.
მინდა აქვე გაცნობოთ, რომ ყოველდღიურად 19 საათისათვის თავდაცვის მინისტრი ბატონი ნადიბაიძე წარმომიდგენს დეტალურ ინფორმაციას წვრთნის მიმდინარეობის შესახებ. ამ ინფორმაციის შინაარსი ცნობილი იქნება პრესისა და ტელევიზიისათვის, ესე იგი, მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.
- ახლა, რაც შეეხება მეორე - ქართულ-ოსურ კონფლიქტს. განვლილ კვირაში ჯავაში კვლავ განიხილებოდა კონფლიქტის მოგვარების საკითხი. ისევ დღის წესრიგში დგება შეხვედრა ლუდვიგ ჩიბიროვთან. გაიმართება თუ არა ასეთი შეხვედრა უახლოეს მომავალში.
- ქართულ-ოსური კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის მიზნით მიმდინარე დიალოგი ბოლო დროს სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. თანაც ეს ხდება ორმხრივი სურვილითა და თანხმობით, პროცესის ხელოვნური, ცალმხრივი ფორსირების გარეშე.
ჯავაში გამართული დიალოგი, ისე როგორც სხვა შეხვედრები, შეიძლება ჩაითვალოს ჩემსა და ბატონ ლუდვიგ ჩიბაროვს შორის შეხედრაზე მოსამზადებელ ეტაპად. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა შეიძლება ოქტომბრის მეორე ნახევარში მოეწყოს. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა არც ამ ერთი შეხვედრით მოგვარდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ უფრო განამტკიცებს ნდობას ჩვენს ხალხებს შორის, რაც შერიგებისა და რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარების უმნიშვნელოვანესი პირობაა.
- საქართველოს უშიშროების სამსახურს უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ბატონი ჯემალ გახოკიძე, რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი (რაც იშვიათი მოვლენაა ჩვენს პარლამენტში).
- უშიშროების სისტემამ საქართველოში (მინდა ამას შევეხო ამ თვალსაზრისითაც) სერიოზული რეფორმა განიცადა და ეს რეფორმა სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც იგი შესაძლებელიც იყო და აუცილებელიც. ესე იგი, ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ რეფორმირების პროცესი გრძელდება და იგი, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხო, ანდა შეეხება. მოგეხსენებათ, რა ურთულეს პრობლემებთან არის დაკავშირებული სისტემური, ინსტიტუციური რეფორმა. ამის თაობაზე უკვე გვქონდა საუბარი ერთ-ერთ წინა ინტერვიუში. რეფორმის უმთავრესი მიმართულება ამჯერად ჩვენთვის ტრადიციული სპეცსამსახურის დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მკვეთრი ფუნქციური გამიჯვნა გახდა. ოღონდ ჩვენ წავედით არა მექანიკური გზით, არამედ გადავწყვიტეთ გარკვეული სისტემური კავშირი მაინც შეგვენარჩუნებინა მათ შორის.
ამდენად, შეიქმნა დაზვერვის დეპარტამენტი, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია ექნება. მე ვიცი, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა, თუ რატომ არ გამოიტანეს პარლამენტში განსახილველად დაზვერვის სამსახურის უფროსის კანდიდატურა. მათ გასაგონად უნდა ვთქვა: საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის ხელისუფლების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომელი თანამდებობა განეკუთვნება საპარლამენტო განსჯის სფეროს და რომელი არ მოითხოვს კანდიდატურის დამტკიცებას პარლამენტში. ქვეყნის ძირითადი კანონი კი ისე უნდა შევასრულოთ, როგორც დაწერილია. ნებისმიერი ინტერპრეტაცია აქ დაუშვებელია. პრეზიდენტი სწორედ ამ პრინციპს იცავს.
ისე კი, არა მგონია, კონკრეტულად ამ კანდიდატურის, ბატონ ავთანდილ იოსელიანის დამტკიცება პარლამენტში რაიმე წინააღმდეგობას წაწყდომოდა, ისევე, როგორც პარლამენტმა დაამტკიცა ბატონ ჯემალ გახოკიძის კანდიდატურა.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანო დაეთანხმა უშიშროების სისტემის გარდაქმნის სქემას, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადა.
შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ ადრე არ ხერხდებოდა სისტემის რეფორმირება, ან ახალი კადრების მოზიდვით შესაბამისი სტრუქტურული გარდაქმნა?
მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი ურთულესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტია, ამდენად, ახალი პირობებისათვის, ახალი, მკვეთრადგანსხვავებული ამოცანებისათვის მისადაგება დროს მოითხოვდა. საჭირო იყო ახალი კადრების მოზიდვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, კერძოდ, ბატონ შოთა კვირაიას მუშაობის დროს, მათი აღზრდა, რათა უშიშროების სამსახურს ძველი, რეპრესიული შინაარსი გამოსვლოდა, ამავე დროს, საკმარისად პროფესიული და კომპეტენტური ყოფილიყო და ცივილიზებული სპეცსამსახურის (როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუტის) ფუნქცია შეესრულებინა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უშიშროების სისტემიდან სხვა შესაბამის უწყებებს გადაეცათ შეიარაღებული ფორმირებანი, მათ შორის, სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა, რომელსაც ჩვენი საზოგადოებრიობა საკმაოდ კარგად იცნობს. არ შეიძლებოდა არ დავთანხმებოდით იმ აზრს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში უშიშროების სამსახურს დიდი სამხედრო შენაერთი არ უნდა ჰყავდეს, და ახლა ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნა, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯებიც გადადგა. საბოლოოდ კი, ჩვენი მიზანია შევქმნათ მძლავრი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ქართული დემოკრატიის მონაპოვარს, ადამიანის უფლებებს, თითოეული მოქალაქის ღირსებას, სიცოცხლესა და ქონებას ყოველგვარი ხელყოფისაგან.
- განვლილ კვირაში გამართული უსანქციო მიტინგის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასება იყო.
- ეს ისეთი პრობლემა გახლავთ, რომლის გადაწყვეტა უდიდესი მოცულობის საგამოძიებო საქმიანობას მოითხოვს, თანაც, აუჩქარებელს, რამდენადაც ვიცი, პროკურატურის ორგანოები უკვე კარგა ხანია საფუძვლიანად იძიებენ იმას, თუ რა მოხდა საქართველოში, რა მოხდა აფხაზეთში, სამოქალაქო ომის დროს და ასე შემდეგ. ბევრი რამ, სამართლებრივი თვალსაზრისით, კვლავ და კვლავ გასარკვევია.
თუმცა აქვე მინდა შევნიშნო: იმ მოვლენათა პოლიტიკური და მორალური შეფასებისათვის მხოლოდ საგამოძიებო საქმიანობა ანუ, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი გამოძიება არ არის საკმარისი. საჭირო და აუცილებელია იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ღრმა მეცნიერული ანალიზი, რომელთა განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების ეპოქაში დაიწყო დაახლოებით 1988 წლიდან და, რომლებიც შემდგომ დამოუკიდებლობის მოპოვების ფონზეც გაგრძელდა.
არ შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობისას მხოლოდ ერთი ჯგუფის, ერთი ან რამდენიმე პიროვნების შეხედულება იყოს განმსაზღვრელი. მე, როგორც პიროვნებას, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შეხედულება იმ ტრაგიკულ მოვლენათა მიზეზების თაობაზე, მაგრამ არ ვაპირებ, ჯერჯერობით არ ვჩქარობ, საბოლოოდ ჩამოვაყალიბო საკუთარი აზრი, ან საბოლოოდ გამოვთქვა იგი და თავს მოვახვიო საზოგადოებას. თუმცა ჩემი ზოგიერთი გამონათქვამი ამასთან დაკავშირებით ცნობილია. ამიტომაც მიმაჩნია: ყოველგვარი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ აი, თუ მოხდება ვიღაცის რეაბილიტაცია, მაშინ ვიფიქრებთ შერიგებაზე, თუ არა - მაშინ კვლავ შეურიგებელნი დავრჩებით, - დაუშვებელია, ჩვენთვის მიუღებელია. ასეთი ულტიმატუმი იმდროინდელ დაპირისპირებაში ჩართულმა მეორე მხარემაც შეიძლება წამოგვიყენოს, ამას კი ერთმანეთის სიძულვილისა და კონფრონტაციის ახალი ესკალაცია, ახალი ეტაპი მოჰყვება.
ამიტომ აჩქარება აქ ნამდვილად არ ეგების. დაე, ჯერჯერობით ყველა საკუთარ აზრზე დარჩეს, რაკი ასე სწამს და ასე სჯერა. რაც შეეხება ოფიციალური ორგანოების მიერ იმ მოვლენათა შეფასებას, ზოგიერთები რომ მოითხოვენ, ჩემი აზრით, ეს ჯერ ნაადრევია, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენათა შეფასებას გარკვეული „დროითი დისტანცია“ სჭირდება. იქნებ, ჩვენი თაობა ვერც შეთანხმდეს ამ მოვლენათა შეფასებაში. მაგრამ მთავარია იმაში ვიყოთ ერთიანი, რომ ის, რაც მაშინ მოხდა, იყო საზარელი, საშინელი ეროვნული ტრაგედია.
არ არსებობს ერისათვის, მით უმეტეს, მცირერიცხოვანი ერისათვის, იმაზე მეტი უბედურება, ვიდრე სამოქალაქო ომი და ძმათა კვლაა. ამ თემაზე საუბრისას მახსენდება (მაქვს ნანახი) გენიალური ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის შემაძრწუნებელი სურათი: „სამოქალაქო ომის წინათგრძნობა“. ჩვენ, ვინც ის საშინელება გამოვიარეთ, ორივე მხარემ, განსაკუთრებით კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეროვნული სხეულის, ოჯახების, ადამიანის ცნობიერების გახლეჩა უდიდესი უბედურებაა. ასე რომ, მივანდოთ ეს საკითხი ისტორიას, ასე ვთქვათ, მომავალს, მომავალ თაობას, რომელიც უფრო მეტად პირუთვნელი და ობიექტური მსაჯული იქნება.
- უახლოესი მომავლისათვის, რამდენადაც ცნობილია, მზადდება შეწყალების აქტი, რომელიც მსჯავრდებულთა დიდ კონტინგენტს მოიცავს.
- გმადლობთ. სიმართლე გითხრათ, მქონდა სურვილი ამაზე უფრო დეტალურად მელაპარაკა, ვიდრე აქამდე.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე მე ვთხოვე შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ კახა თარგამაძეს მოემზადებინა მასალები იმ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, რომელთაც მისჯილი აქვთ შრომაში სავალდებულო ჩაბმა, ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული, მისჯილი აქვთ 3 თვიდან 5 წლამდე ვადით პატიმრობა და პირველად არიან ნასამართლევი.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად მომზადებული მასალა გადაეცემა დროებითს კომისიას (ეს უწყებათაშორისი კომისია იქნება და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას), განიხილება შეწყალების საკითხთა კომისიაში და პირველ ნოემბრამდე მოხსენდება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იყენებს შეწყალების კონსტიტუციურ უფლებას.
ეს პროცესი (მინდა ეს იცოდეს ჩვენმა საზოგადოებრიობამ), თანდათანობით სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს, 1996-1997 წლებში პრეზიდენტმა 400-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან - 54 სიკვდილმისჯილი, რაც, თუ არ ვცდები, უპრეცედენტო ფაქტია მსოფლიო პრაქტიკისათვის. ამჟამად კვლავ დგას დღის წესრიგში შეწყალების ახალი აქტის გამოცემა, რომელიც ასობით მსჯავრდებულს შეეხება. მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგრეთ წოდებულ, მიმაგრებაში მყოფთ. ეს, ფაქტობრივად, ფორმალური ინსტიტუტია. ამ კატეგორიის მსჯავრდებულთ მიეცემათ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, ისარგებლონ ყველა სამოქალაქო უფლებით. მოგეხსენებათ, მსჯავრდებულნი სრულად ვერ სარგებლობენ ამ უფლებით. შეწყალების აქტი მომავალში შეეხება განსაკუთრებით ქალებს, არასრულწლოვანებს, ინვალიდებს. ზოგადად კი შეწყალება, შეიძლება ითქვას, უფრო ეფექტიანი აღმზრდელობითი საშუალებაა, ვიდრე ვთქვათ, ამნისტია, ვინაიდან ეს ფორმა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ პატიმართა დიფერენცირება იმის მიხედვით, თუ რამდენად მოინანია მან დანაშაული, როგორ ხასიათდებოდა სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში, ანუ ინდივიდუალურად შევისწავლოთ ყოველი საქმე, ყოველი პიროვნება. ეს სამართლიანი მიდგომაა, რადგან საქმე ეხება ადამიანის ბედს, მის თავისუფლებას, ასევე, მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებას.
ამავე დროს, მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესი ეროვნული შერიგების პოლიტიკის ერთ-ერთ ფრაგმენტადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან საზოგადოება პასუხისმგებლობას კისრულობს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ბოლო წლების საზარელ მოვლენათა ზემოქმედებით ჩაიდინეს დანაშაული.
მინდა აღვნიშნო ამ თვალსაზრისით პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის დამსახურება. ამ კომისიას ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ბატონი რისმაგ გორდეზიანი ხელმძღვანელობს. აქტიურად მუშაობს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაბამისი სტრუქტურაც ქალბატონ რუსუდან ბერიძის ხელმძღვანელობით.
ეს პოლიტიკა კვლავაც გაგრძლდება. უმძიმესი დაპირისპირების წლებშიც კი ჩვენ ვიწყალებდით მსჯავრდებულთ, ხშირ შემთხვევაში იმათაც, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა და იარაღით ხელში იბრძოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ქვეყანა სტაბილური ხდება, საზოგადოებასა და ხელისუფლებას მით უფრო მართებთ შემწყნარებლობა და ლმობიერება, რა თქმა უნდა, სიმტკიცესთან და პრინციპულობასთან შეხამებული და შეთავსებული.
საქინფორმი.
„მომავალი საქართველოს ძლიერება და სტაბილურობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებულ საქმიანობას დაეფუძნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 სექტემბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 სექტემბერი. - №243 (2616). - 1,2 გვ.
![]() |
106 „მჯერა, რომ ქართულ კინოსკოლას მომავალი წინა აქვს და მოხარული ვიქნები, თუ ამ მომავლის კონტურების ჩამოყალიბებაში თქვენთან ერთად მეც მივიღებ აქტიურ მონაწილეობას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს
გულითადად გილოცავთ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დაარსების 25 წლისთავს და გისურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს, განსაკუთრებით ვულოცავ ამ ფაკულტეტის დაარსების მესვეურებს, მის აღმზრდელებს.
დღეს ქართველ კინემატოგრაფისტთა უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მათ შორის, კინემატოგრაფისტთა ის ახალი თაობა - ახალი ტალღა, რომელიც ბოლო წლებში მოვიდა ქართულ კინოში. იგი ორგანულად აგრძელებს ეროვნული კინემატოგრაფიის დიდ ტრადიციებს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სათქმელს ამბობს ახალი, სრულიად განსხვავებული ხერხებით. აქ უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ თემის, ესთეტიკის, პრობლემათა ხედვის სიახლეზე.
მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და უსახსრობისა, 90-იან წლებში ამ თაობამ უფროსი თაობის შესანიშნავ კინორეჟისორებთან ერთად შეძლო მნიშვნელოვანი ფილმით გაემდიდრებინა ქართული კინოს ისტორია. სასიხარულოა, რომ ეს თაობა ერთდროულად ქართული კინოს დღევანდელობაც არის და მომავალიც.
აქვე მინდა გითხრათ, რომ პირადად მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მაქვს ქართულ კინოსთან და ქართველ კინემატოგრაფისტებთან, ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი მათგანის მეგობრად ვთვლი თავს. ბევრის თანამოაზრე ვიყავი და ვარ კიდეც. მიხარია, რომ ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. ვამაყობ, რომ თავის დროზე, საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეთა შუამდგომლობის შესაბამისად, კინოფაკულტეტის დაფუძნების საკითხი გადავწყვიტე.
მჯერა, რომ ქართულ კინოსკოლას მომავალი წინა აქვს და მოხარული ვიქნები, თუ ამ მომავლის კონტურების ჩამოყალიბებაში თქვენთან ერთად მეც მივიღებ აქტიურ მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს.
ე. შევარდნაძე
28.09.97 წელი.
„მჯერა, რომ ქართულ კინოსკოლას მომავალი წინა აქვს და მოხარული ვიქნები, თუ ამ მომავლის კონტურების ჩამოყალიბებაში თქვენთან ერთად მეც მივიღებ აქტიურ მონაწილეობას“ : საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 სექტემბერი. - №243 (2616). - 1 გვ.
![]() |
107 „საქართველო ევროპისაკენ ისწრაფის იმიტომ, რომ ეს ქართული კულტურის შინაარსზე დაფუძნებული მისი ისტორიული და სულიერი ლტოლვაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
6 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი ეკონომიკური კვირის მთავარი მოვლენები იყო მთავრობის სხდომა, რომელზეც ენერგეტიკის თემა უკვე მერამდენედ და მკაცრად განიხილეს; თბილისს ეწვივნენ „შევრონ-ოვერსის“ პრეზიდენტი რიჩარდ მაცკე და აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის პრეზიდენტი ტერი ადამსი. მასმედიის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; განვლილ კვირაში თბილისს ეწვივნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბორის ბერეზოვსკი და რუსეთის მასმედიის ცნობილი წარმომადგენლები. ესეც გარკვეული ჭორების საბაბი გახდა. - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ყველა ეს ვიზიტი, განსაკუთრებით, ბატონების ტერი ადამსისა და რიჩარდ მაცკესი, (მართლაც გახშირებული სტუმრობა საქართველოში) უეჭველად, საქართველოს მზარდი გეოპოლიტიკური აქტიურობის მნიშვნელობისა და პოტენციალის კიდევ ერთ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ.
ის, რაც სულ რაღაც ორი-სამი წლის წინათ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა (გახსოვთ, ალბათ, ჩვენს საზოგადოებაში და სხვაგანაც იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ეჭვით შეხვდნენ ამ იდეას), ესე იგი, სატრანზიტო ქვეყნად საქართველოს გადაქცევის იდეა, უკვე განხორციელდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხორცი შეისხა სავსებით კონკრეტულ, ხელშესახებ სიკეთეში. ლაპარაკია სავსებით კონკრეტულ ციფრებზე საბიუჯეტო შემოსავალში, ტვირთზიდვის განუხრელ ზრდაში, სამუშაო ადგილებში, აგრეთვე, ისეთ თითქოსდა აბსტრაქტულ ცნებაში, როგორიცაა ქვეყნისადმი ნდობა და მისი მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი. არადა, სწორედ ეს ფაქტორები ქმნიან იმ სივრცეს, რომელშიც შესაძლებელი ხდება ქვეყნის, სახელმწიფოს აღორძინება და აღმავლობა. ამჯერად აღარაფერს ვიტყვი, თუმცა ვგულისხმობ იმასაც, რამდენად საამაყოა ნებისმიერი მამულიშვილისათვის მისი ქვეყნისადმი გამოჩენილი ყოველდღიური ყურადღება, პატივისცემა და ნდობა.
ზემოთქმული არ ნიშნავს, თითქოს საქართველოს ეკნომიკური პოტენციალი მხოლოდ მისი სატრანზიტო მნიშვნელობით ამოიწურებოდეს. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას მძლავრი სამრეწველო ბაზისიც აქვს, თუმცა მისი ძალიან მცირე ნაწილია გამოყენებული, რომელიც (რა თქმა უნდა, რეფორმირების, რეკონსტრუირების, ინვესტიციათა მოზიდვის შემდეგ) ახალი საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლევამოსილების კიდევ ერთი და მძლავრი ბურჯი გახდება. ამის ნიშნებიც უკვე თვალნათლივ ჩანს. კერძოდ, მსოფლიოში უდიდესი სამრეწველო კომპანია, ამერიკის სახელგანთქმული „ჯენერალ მოტორსი“, რომლის ხელმძღვანელობასაც ვაშინგტონში შევხვდი ჩემი ვიზიტის დროს, დაინტერესდა საქართველოს სამრეწველო საწარმოებით. ამჟამად გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები ქუთაისის საავტომობილო ქარხნისა და თბილისის ელმავალსაშენებელი ქარხნის მოდერზინაციის თაობაზე. პრინციპული გადაწყვეტილება მიღების პროცესშია. ჩვენი მხრივ, საჭიროა კონსტრუქციული, ამავე დროს დინჯი მუშაობა, რათა მომავალი კონტრაქტი ხელსაყრელი და მომგებიანი იყოს საქართველოსათვის, და უწინარესად - მისაღები ქართული მეწარმეებისათვის. უახლოეს მომავალში ამ საკითხებისადმი მხარეთა პრინციპული დამოკიდებულება აისახება განზრახულობათა ოქმში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკთან საქართველოს ურთიერთობა, თამამად შეიძლება ითქვას, ახალ თვისობრიობას იძენს. მოგეხსენებათ, განვლილ კვირაში მსოფლიო ბანკის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ავტორიტეტული დელეგაცია მივიღე.
ამჯერად უკვე ლაპარაკია არა მარტო ბიუჯეტის შევსებაზე, არამედ, აგრეთვე ერთობლივი პროგრამების დამუშავებასა და განხორციელებაზე. მაგალითად, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში (მათ შორის საკმაოდ განვითარებულ ქვეყნებშიც), მსოფლიო ბანკის ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად ამუშავებენ სოციალური დაცვის პროგრამებს, მე მათთან საუბარი მქონდა იმაზეც, რომ შედეგს სიღარიბის საბოლოო დაძლევის 1998-2000 წლების სპეციალური გეგმა-პროგრამა. ლაპარაკია ასევე მუნიციპალური განვითარების გეგმაზე. აქ უკვე, პრინციპში, გადაწყვეტილია საქართველოსათვის დაახლოებით ოცი მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხი.
პირველად გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში ეკოლოგიური თემატიკა - ესეც საქართველოსადმი ნდობის გამოხატულებაა და ჩვენთან თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანას ნიშნავს. მუშავდება შავი ზღვის ეკოლოგიური დაცვის პროექტი, რომელიც პირველი ასეთ პროექტია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მართალია, თანხა ჯერჯერობით არც ისე დიდია (სულ სამი მილიონი დოლარი), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მსოფლიო ბანკი გამოყოფს სახსრებს თბილისის წყალსადენის სარეკონსტრუქციოდ, რასაც ნამდვილად საშვილიშვილო მნიშვნელობა ექნება დედაქალაქისათვის. მოგეხსენებათ, თბილისის წყალსადენს ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება, რაც აძვირებს წყლის თვითღირებულებას. არის საშუალება, რომ თბილისმა სასმელი წყალი თვითდინებით მიიღოს. ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე იქნება და სასმელი წყლის ფასი ხელმისაწვდომი გახდება ყველა ოჯახისათვის. ამასთანავე გაიზრდება სისუფთავე, საიმედოობა და ყოველივე ის, რაც სასმელ წყალთან არის დაკავშირებული. ასეთივე პროექტები შეიქმნება ზოგიერთი სხვა რეგიონისათვის - აჭარის, ქუთაისისა და სხვა ქალაქებისა და რაიონებისთვის. მე აქ ვახსენე შავი ზღვის ეკოლოგიის პრობლემები, და თანხა, რომელიც გამოიყოფა, ყველაზე მწვავე პრობლემებს მოხმარდება. ჩვენი სურვილია აგრეთვე, რომ ამ თანხის ნაწილი მოხმარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აჭარის საზღვაო სანაპიროსათვის, ასევე რთული ვითარებაა ფოთში და ამ დახმარების წყალობით ჩვენ მოგვეცემა საშუალება უკვე მომავალი წლიდან დავიწყოთ აღდგენითი სამუშაოები.
საზოგადოებისათვის ცნობილია აგრეთვე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ უპრეცედენტო პროექტი. რაც ყველაზე მეტად საგულისხმოა, ამ პროექტის შემუშავების ინიციატორი, ჩვენი თხოვნით, სწორედ მსოფლიო ბანკი იყო. დამუშავების სტადიაშია სხვა პროგრამებიც.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უდიდესი ფინანსური ცენტრები დაინტერესდნენ საქართველოს საკომუნიკაციო სისტემის განვითარებით - ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან, თუ საქართველო XXI ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიად გადაიქცევა ევრაზიისათვის, უახლესი საკომუნიკაციო ქსელით მისი უზრუნველყოფა უკვე გლობალური დაინტერესების საგანი გახდება. მოგეხსენებათ, მომავალ საუკუნეს ინფორმაციის საუკუნე უწოდეს და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ საქართველო არ ჩამორჩება პროცესს და თავადაც აჰყვება ამ გრანდიოზულ ტალღას სხვა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად.
ნამდვილად სასიამოვნო და საგულისხმოა ისიც, რომ რუსული კაპიტალი, ზოგადად რუსული ისტებლიშმენტი, სულ უფრო აქტიურობს საქართველოსთან ურთიერთობის დასამყარებლად. მე გულწრფელად მივესალმები ამ პროცესს, რაც კიდევაც აღვნიშნე გასულ კვირას რუს სტუმრებთან შეხვედრისას. მათი მხრივაც მოვისმინე ძალზე საინტერესო წინადადებანი. ზოგადად, ასეთი შეხვედრები, საუბრები თბილისსა თუ წინანდალში ტრადიციულ ხასიათს იძენს, ეს კიდე დაგვეხმარება ავაღორძინოთ თანამშრომლობის, ნდობისა და პატივისცემის ის ატმოსფერო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენი ხალხების საუკეთესო წარმომადგენელთა ურთიერთობაში. მომავალი კეთილმეზობლობაც სწორედ საუკეთესო ისტორიულ ტრადიციებზე უნდა დავაფუძნოთ და არა ცენტრისა და პერიფერიის დრომოჭმულ ნოსტალგიაზე.
ძალიან მოკლედ შევეხები გასული კვირის ძირითად ეკონომიკურ მახასიათებლებს. საერთოდ გრძელდებოდა წინა პერიოდებისთვის დამახასიათებელ ტენდენციათა განვითარება.
იზრდება საბიუჯეტო შემოსავალი. საგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში მის მიერ აკრეფილი შემოსავალი 32 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული შემოსავლის ჩათვლით მე-3 კვარტალში ბიუჯეტში მობილიზებულია 94 მილიონი ლარი, მაშინ როცა პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 68 მილიონს არ აღემატებოდა, მეორეში კი - 70 მილიონს. სულ 9 თვეში საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში გადარიცხა 233 მილიონი ლარი, რაც 72 მილიონით და თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება შარშანდელ შესაბამის დონეს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საგადასახადო ინსპექციამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია საკონტროლო დავალებათა მიჯნას, რაც მეოთხე კვარტალში ყოველ მიზეზგარეშე უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.
საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული ინფორმაციით, სექტემბერში სისტემამ ბიუჯეტში გადარიცხა თითქმის 17 მილიონი ლარი, რაც დამტკიცებულ გეგმას 2,6 პროცენტით აღემატება. მთლიანად წლის დამდეგიდან ბიუჯეტში გადაირიცხა 132 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, ანუ გეგმის 107,5 პროცენტი, რაც 3-ჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. საბაჟო სისტემაშიც შეინიშნება შემოსავლის ზრდის ტენდენცია კვარტლების მიხედვით: პირველ კვარტალში მიღებულია 32 მილიონი ლარი, მეორეში - 45 ლარი, ხოლო მესამეში - 54 მილიონი ლარი. სწორედ ამ ტენდენციის განსამტკიცებლად, აგრეთვე წლის დასაწყისში დაშვებული „ჩავარდნის“ გამოსასწორებლად უახლოეს მომავალში დაგეგმილი მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელიც ეკონომიკის მდგომარეობის, გადასახადების აკრეფისა და ბიუჯეტის შევსების საკითხებს მიეძღვნება.
ეკონომიკის თემაზე მსჯელობისას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ნეგატიურ თუ შემაშფოთებელ ტენდენციებსაც. კერძოდ, მოვუწოდებ ყველა გამგებელს, სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელებს, შესაბამის უწყებებს, ვისაც ეს ეხება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ყველაფერი იღონონ, რათა დავძლიოთ ჩამორჩენა საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებასა და ზამთრისათვის მზადებაში. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, კახეთში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რთული ვითარება შეიქმნა. რა თქმა უნდა, არის ობიექტური ხელშემშლელი ფაქტორებიც, მაგრამ ნებისმიერი ხელმძღვანელის მუშაობა, უწინარესად, შედეგით ფასდება - მით უმეტეს, შედეგით, რომელიც მძიმე ობიექტურ გარემო-პირობებში მიიღწევა. მაგალითად, წელს კახელებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს. ურთულეს კლიმატურ პირობებში არცთუ ისე ცუდი მოსავალი მოიწიეს. მომავალი წლის კარგ მოსავალს ახლავე უნდა ჩაეყაროს საფუძველი.
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ენერგეტიკასთან დაკავშირებით: ენერგეტიკისა და სათბობის სამინისტრო, მთავრობა საგანგებო ღონისძიებებს ახორციელებენ ზამთრის სეზონისათვის ნორმალური მარაგის შესაქმნელად.
რა თქმა უნდა, უმთავრესი პრობლემა სათანადო რესურსების შესაქმნელად სახსრების გამოძებნაა.
თანხის გადახდევინების კოეფიციენტმა 60 პროცენტს მიაღწია.
მაგრამ ეს - ჩათვლების გათვალისწინებით, ეს არ არის ნაღდი ფული. მთლიანად წლის განმავლობაში „საქენერგოს“ არ გადაუხადეს 37 მილიონი ლარი. ეს თანხა რომ გვქონდეს, გამოზამთრების პრობლემებზე საერთოდ არ ვილაპარაკებდით.
ამ დღეებში დამატებითი რესურსების გამოძებნის საკითხებს განვიხილავთ ჩემთან, პრეზიდენტის დონეზე და, ვფიქრობ, გამოსავალსაც გამოვძებნით. ასე რომ, ზამთარი შედარებით უმტკივნეულოდ და სერიოზული დანაკარგების გარეშე უნდა გადავიტანოთ. ყოველ შემთხვევაში, ამის რეალური შესაძლებლობანი არსებობს.
- გასულ კვირაში, ახმედ ზაკაევი, სოხუმში ვიზიტის შემდეგ, თბილისს ეწვია. კავკასიის პრობლემები, მათ შორის აფხაზეთის პრობლემაც, თავად კავკასიელებმა უნდა მოაგვარონ. ასეთი იყო ახმედ ზაკაევის შეფასება...
- თბილისში იყო ახმედ ზაკაევიც, ბორის ბერეზოვსკიც და, როგორც ყოველთვის, ამ ვიზიტებთან დაკავშირებით ჩვენ ავხმიანდით და, ბუნებრივია, წინა პლანზე აფხაზეთის თემამ წამოიწია. რამდენად არის ეს ერთმანეთთან დაკავშირებული და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენები. ამ საკითხებში გარკვეული სიახლე მართლაც მწიფდება, მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, აფხაზეთის თემა, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მიმდინარე კვირაში გაიმართება ქართულ-აფხაზური კონსულტაციების მორიგი რაუნდი მოსკოვში. გრძელდება მზადება ჟენევის მომავალი მოლაპარაკებისათვის. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლზე, რომელიც ასე თუ ისე, უკვე ცნობილია ჩვენი საზოგადოებისათვის და ამაზე აქვს წარმოდგენა. კვლავინდებურად აქტიურობენ შუამავლები. ეს, უდავოდ, მისასალმებელია. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებთან ლივიუ ბოტასთან შეხვედრისას. არის სხვა საინტერესო კონტაქტებიც ამავე თემაზე, რის შესახებაც საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს უფრო ზუსტ ინფორმაციას. ეს თემები იყო, რა თქმა უნდა, განხილვის საგანი ბორის ბერეზოვსკისთანაც, ახმედ ზაკაევთანაც და სხვებთან და სხვებთან. მაგრამ ამას საშუამავლო ფუნქციას ვერ დავარქმევდი. უფრო სწორად, ეს იყო კონსულტაციები, თუ რა შეუძლია თითოეულ მათგანს გააკეთოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებისათვის და, საერთოდ, ვიმსჯელეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე. კვლავაც უნდა გაგრძელდეს ქართულ-აფხაზური დიალოგი, განსაკუთრებით პარლამენტარებისა და საზოგადოებრიობის რაც შეიძლება ფართო მონაწილეობით, მათ შორის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ეგრეთ წოდებულ „შეურიგებელთა“ მონაწილეობაც ამ დიალოგში, სხვადასხვა დონის შეხვედრებში. ასეთი ხალხი არის ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ჩვენ არ შეგვიძლია გავრიყოთ ისინი ამ პროცესისაგან და აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. მე ასევე მინდა მხარი დავუჭირო პრესის აქტიურობას. პირველი ასეთი შეხვედრები უკვე გაიმართა ზოგი სოხუმში, ზოგი აქ - თბილისში, და ძალიან დიდ საქმეს გააკეთებდნენ ტელევიზია და, საერთოდ პრესის საინფორმაციო საშუალებები, თუკი ეს კონტაქტები უფრო სისტემურ ხასიათს მიიღებს. მე ვიცი, რომ აფხაზეთში მზად არიან ამისათვის.
- ყულევში საქართველოს ეროვნული ჯარისათვის აქამდე არნახული მასშტაბის წვრთნა მიმდინარეობს. პარალელურად გენერალი ნადიბაიძე მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილებას გამოთქვამს და ამ ვიზიტის ერთ-ერთ შედეგად დოლია ბაბენკოვის გათავისუფლება მიაჩნია...
- რაც შეეხება ბაბენკოვს, საჭიროდ არ მიმაჩნია ამასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო. ალბათ, გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორის ღირსიც ის კაცი არის.
ახლა წვრთნასთან დაკავშირებით. ეს სამხედრო წვრთნა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა საბრძოლო მზადყოფნის ყველაზე სერიოზული დათვალიერებაა ბოლო წლების განმავლობაში და იგი, დარწმუნებული ვარ, უდავოდ შეასრულებს თავის დანიშნულებას. მე წინა ინტერვიუებშიც ვილაპარაკე, მაგრამ, ეს მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროდ მიმაჩნია ერთხელ კიდევ მივაპყრო ამას რადიომსმენელთა ყურადღება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის ვაშინებთ, იქნებ ვერც შევაშინოთ, არავის ვემუქრებით, მაგრამ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე პერიოდულად შეამოწმოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნა. ისეთ ნეიტრალურ ქვეყანას, როგორიც, მაგალითად, შვეიცარიაა, რომელსაც, ღვთის წყალობით, არავინ ემუქრება, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს და საბრძოლო წვრთნას ძალზე ხშირად აწყობს - უფრო ხშირადაც კი, ვიდრე ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო.
საქართველოში მოწყობილი სამხედრო წვრთნის მიზანი რთულ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში კომპლექსური წვრთნა იყო. პირადად მე განზრახული მაქვს, დამამთავრებელ ეტაპზე უშუალოდ ვუხელმძღვანელო წვრთნას, დაგროვილი ინფორმაციის ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ კი სათანადო დასკვნებს გამოვიტან. არ გამოვრიცხავ ამ თემაზე შესაბამისი შეფასებებით სპეციალურ გამოსვლას სამხედრო აკადემიაში ან თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე, რა თქმა უნდა, ამ წვრთნის დამამთავრებელ ეტაპში მონაწილეობის შემდეგ.
- კვლავ სამხედრო თემას გავაგრძელებ. გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგა გენერალი შალიკაშვილი. ვაშინგტონში შეხვედრისას თქვენ მას უთხარით, რომ იგი თავისი დიდი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და გეამაყებათ, რომ იგი ქართველია...
- ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გადადგომა (შეიძლება ეს ყველამ არ იცოდეს, მინდა განვმარტო) იმით იყო განპირობებული, რომ ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება ეკავოს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ვადა სწორედ 1997 წლის აგვისტოში ამოიწურა.
შალიკაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების არმიასა და საზოგადოებაში. მე ამაში დავრწმუნდი იქ ვიზიტების დროს. არ შემიძლია ახლა არ გავიხსენო მისი ჩამოსვლა საქართველოში ბეიკერთან ერთად, როცა ჩვენში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. და კიდევ ერთი: მე მივაქციე ყურადღება თანამდებობიდან შალიკაშვილის გაცილების დროს პრეზიდენტ კლინტონის ფრაზას, რომ მან ამერიკის სამხედროებისათვის არაჩვეულებრივი გზა გაიარა. მან ასე თქვა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გზა (მხედველობაშია მისი წარმომავლობა) არც ერთ ამერიკელ სამხედროს არ გაუვლია და ამ გზაზე მიდიოდა იგი, სანამ სამხედრო მწვერვალებს არ მიაღწია. აქ, ალბათ, იგულისხმება გენერლის წარმომავლობა, მისი ოჯახის ტრაგიკული ბედი. მეც, ჩემი მხრივ, პირადი წერილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი პატივისცემა გენერალ შალიკაშვილს.
რა თქმა უნდა, ყველა ქართველს ეამაყება, რომ ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მხედართმთავარს, ასე ვთქვათ, ქართული სისხლი უჩქეფს ძარღვებში, გარკვეულწილად, ეს ჩვენი ისტორიული ტრადიციაც არის - ჩვენი ბედიც და უბედობაც, თუმცა ერთხელ უკვე ვთქვი: ამ ტრადიციაში ნამდვილად ვლინდება ქართველი ერის სამხედრო გენია, რამაც უნდა გაგვამხნევოს და მომავლის რწმენით აღგვავსოს.
- განვლილ კვირაში იუსტიციის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც თქვენ მაღალი შეფასება მიეცით მოსალოდნელ სასამართლო რეფორმას...
- ამჯერად განსაკუთრებულ ყურადღებას იუსტიციის საბჭოს სხდომას მივაპყრობ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაიმართა მთავრობის სხდომა და ზოგიერთი სხვა ღონისძიება. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს დგამს სასამართლო სისტემის რეფორმების გზაზე სამართლებრივი სისტემის რეფორმაციის თვალსაზრისით. ჩვენს გაბედულებას ბევრი უცხოელი სტუმარი თუ მეთვალყურე აღნიშნავს. არადა, ამ სისტემის რეფორმირება ყველაზე რთული და საყურადღებო ეტაპია ზოგადსახელმწიფოებრივი, თუ გნებავთ, ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის ფორმირების თვალსაზრისით.
აქ საქმე ეხება არა მარტო უშუალოდ სასამართლოებს, არამედ მთელ ამ სისტემასაც. მხედველობაში მაქვს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და ასე შემდეგ. ეს პროცესი უკვე დაიძრა და იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლოების გარდაქმნასთან. მე ვისაუბრებდი ამჟამად საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიან იურიდიულ-სამართლებრივ რეფორმაზე, ხელისუფლების მესამე, დამოუკიდებელი შტოს ჩამოყალიბების მიზნით. ამ პროცესში განსაკუთრებით გვმართებს განსხვავებული აზრის, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინება. მოხარული ვარ, რომ იუსტიციის საბჭოს პირველმა სხდომამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დაინტერესებულ მსჯელობას და თუნდაც დისკუსიას ფართომასშტაბიანი იურიდიული, სამართლებრივი რეფორმის საკითხებზე. მთავარი მაინც ის არის, რომ, როგორც საჭოს სხდომაზე განვაცხადე, რეფორმის შედეგები, მისი სიკეთე, სამართლიანობის პრინციპი რაც შეიძლება მალე გახდეს საგრძნობი საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
- ორ დღეში თქვენ გაემგზავრებით სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი გაიმართება. არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფონზე ჩვენს სიახლოვეს და, მით უმეტეს, ჩვენს წევრობას საერთოდ ევროპულ სტრუქტურებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება...
- სანამ უშუალოდ გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო ბატონ ზურაბ ჟვანიას საინტერესო და წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში, მისი საფუძვლიანი გამოსვლა ევროპარლამენტში, სხვა შეხვედრები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი მიზნის მისაღწევად.
ვფიქრობ, სტრასბურგის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. საქართველოსათვის ეს ისტორიული პრიორიტეტია. ამისკენ ყოველთვის ისწრაფოდა ჩვენი ხალხი, თუმცა ნურავინ გაიგებს ისე, თითქოს ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია თვითმიზანი იყოს. საქართველო ევროპისაკენ ისწრაფის იმიტომ, რომ ეს ქართული კულტურის შინაარსზე დაფუძნებული მისი ისტორიული და სულიერი ლტოლვაა. ამავე დროს, ევროპაში ვხედავთ მოსახლეობის კეთილდღეობას, ქვეყნის წინსვლისა და, რა თქმა უნდა, უშიშროების გარანტიებს.
და კიდევ მინდა ერთი აზრი გამოვთქვა: ზოგიერთები კვლავაც გვიკიჟინებენ: რატომ ვაქცევთ ზურგს რუსეთს, რატომ ვაღიზიანებთ მას ევროპული ორიენტაციით და ასე შემდეგ. უსაფუძვლოა ეს ყველაფერი. რუსეთს ამჟამად თავად აქვს ევროპული ორიენტაცია. სხვათა შორის, იმავე ევროპის საბჭოში გაწევრიანება მან უკვე კიდეც დაგვასწრო და არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირშიც ჩვენზე ადრე გაწევრიანდეს. ცოტა არ იყოს უცნაურია, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ბრალად სდებენ სწრაფვას იმ სივრცისაკენ (და ამით რუსეთის გაღიზიანებას), რომლისკენაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავად ისწრაფის. თანაც ეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკა როდია. არ მახსოვს რუსეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლა, რომელშიც არ გამოეხატოთ კმაყოფილება რუსეთის, ვთქვათ, ევროსაბჭოში გაწევრიანების გამო, და ისინი შესანიშნავად მონაწილეობენ ევროსაბჭოს მუშაობაში, გამოდიან და ხანდახან ჩვენთანაც კამათობენ. ასე რომ, აქ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, მე ასე დავარქმევდი ამ პროცესს, „პარალელურ მოძრაობაზე“ და არა დაპირისპირებაზე. ზემოხსენებული უმეცარი კიჟინა კი უცოდინართა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი კომპლექსების გამოვლინებაა და არა საღი და რაციონალური განსჯა.
- და ბოლოს, გასულ კვირას პაატა ბურჭულაძის კონცერტს თბილისის პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის საზეიმო გახსნა მოჰყვა კონსერვატორიის აღდგენილ, მართლაც შესანიშნავ დარბაზში. მანანა დოიჯაშვილმა მართლაც შეუძლებელი შეძლო და გუშინ ამ არაჩვეულებრივ სახელებს რომ შევხვდით სცენაზე, ისეთი განცდა დაგვეუფლა, თითქოს განვლილი წლები - ეს უმძიმესი, უშუქო, ომითა და შიმშილით აღბეჭდილი წლები არც კი ყოფილიყო.
- პაატასთან შეხვედრისას მე მას კლასიკური მუსიკის გენიალური შემსრულებელი ვუწოდე. ვფიქრობ, არ გადამიჭარბებია. პაატა მთელი ჩვენი ერის, თითოეული ჩვენგანის სიამაყეა. სადაც უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს, იგი საქართველოს მოქალაქედ დარჩა. პაატა ბურჭულაძე მშობლიური ქვეყნის დიდი პატრიოტია. მე უკვე აღვნიშნე მისი ღვაწლი და დამსახურება ღირსების ორდენით. თუმცა ეს შეიძლება სრულად ვერ გამოხატავს იმას, რაც მან გააკეთა და რასაც აკეთებს. ყოველმხრივ მხარს ვუჭერ საქართველოში მისი სახელობის ფონდის დაარსებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული კულტურის აღორძინებაში.
გასულ კვირას მოვინახულე კონსერვატორიის აღდგენილი დიდი დარბაზი. წუხელ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გახსნას დავესწარი. ეს დაუვიწყარი საღამო გახლდათ და კარგია, რომ ტელევიზიამაც გაახარა მაყურებელი ამ ამაღელვებელი შეხვედრის ჩვენებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია ქალბატონ მანანას როლი, მისი ინიციატივა, ყველა უწყებასთან, ყველა სისტემასთან, ყველა პიროვნებასთან მუშაობის უნარი, და იგი მართლაც გუშინდელი ღონისძიების გმირი იყო. მისი მისია ყოველმხრივ წარმატებით შესრულდა.
ისევე როგორც წინათ, კონსერვატორიის დიდი დარბაზი სულიერების მძლავრი კერა გახდება საქართველოში. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც საკუთარი შრომითა და მონდომებით შესაძლებელი გახდა ქართული კულტურის კიდევ ერთი სიმბოლოს აღდგენა. მე აღარ ჩამოვთვლი მათ, რადგან დარბაზის დათვალიერების დროს უკვე ვილაპარაკე ამაზე და გამეორება, ალბათ, საჭირო აღარ არის.
საქინფორმი.
„საქართველო ევროპისაკენ ისწრაფის იმიტომ, რომ ეს ქართული კულტურის შინაარსზე დაფუძნებული მისი ისტორიული და სულიერი ლტოლვაა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 ოქტომბერი. - №249 (2622). - 1,2 გვ.
![]() |
108 საქართველოს რკინიგზელებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რკინიგზამ 125 წლის მანძილზე განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში.
გადაუჭარბებლად შეიძლება განვაცხადო, რომ რკინიგზა ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული მეურნეობის ხერხემალი. მის გამართულ მუშაობაზე ბევრადაა დამოკიდებული სხვადასხვა დარგის ნორმალური ფუნქციონირება და განვითარება.
საქართველოს რკინიგზელთა სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყოველ დროსა და ეპოქაში, ყოველი გასაჭირის ჟამს სახელმწიფოს დასაყრდენები იყვნენ და დღესაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებისათვის.
ამჟამად დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის ტრანსპორტს, როგორც „ევროპა-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელ ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში ბოლო პერიოდში მიღწეულია შედეგები. ეს განპირობებულია მთელი რიგი ღონისძიებებით, რომლებიც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ კოლექტივმა განახორციელეს რკინიგზის მუშაობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დასამყარებლად.
დღეს რკინიგზის ბედი პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ, იმ ვაჟკაცური შემართების ადამიანებმა, რომლებსაც შეუძლიათ მისი ნორმალური სამუშაო რიტმის უზრუნველყოფა და საქართველოს ბედნიერი მომავლისათვის ჭეშმარიტად ზრუნვა. ვულოცავ საქართველოს რკინიგზელებს მაგისტრალის 125 წლისთავს და გამოვთქვამ ღრმა რწმენას, რომ ისინი კვლავაც დიდ წვლილს შეიტანენ დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისა და აყვავების საქმეში.
ე. შევარდნაძე.
საქართველოს რკინიგზელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 8 ოქტომბერი. - №250 (2623). - 1 გვ.
![]() |
109 „ჩვენ შემოვდივართ ევროპაში, რათა შევმატოთ ჩვენი წვლილი ევროპული კულტურის მხსნელ მისიას და ვპოვოთ მასში გზა საკუთარი ხსნისა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ევროპის საბჭოს
უმაღლესი დონის შეხვედრაზე 1997 წლის
11 ოქტომბერს სტრასბურგში
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო,
საქართველო, რომელსაც სტუმარი არასდროს ეთქმოდა ევროპაში, საუკუნეთა მანძილზე მოწყვეტილი იყო მისგან.
საქართველოს გზა ევროპისაკენ მოწამეობრივია.
აქ ევროპული რეფორმაციისა და ჰუმანიზმის, პიროვნების თავისუფლების ფილოსოფიის ისტორიულ ცენტრში, არ შემიძლია არ დავესესხო ჩემს თანამემამულე დიდ ფილოსოფოსს, რომელიც ამბობდა:
„ჩემთვის ევროპული კულტურა - ეს არის მაქსიმალური მიახლოება ადამიანის დანიშნულების ცნებასთან. და, თუ სამყაროს ჩანაფიქრია ადამიანის გაადამიანურება, მაშინ ევროპა მაქსიმალური მიახლოებაა ამ ცნების რეალიზაციასთან“.
ოთხი წლის წინათ, ვენის დეკლარაციის მიღების დღეს, ჩვენ უსასრულოდ შორს ვიყავით ამ კრიტერიუმისაგან.
მე, მაშინ გახლდით სულ სხვა ტრიბუნაზე, თუ შეიძლება ტრიბუნა ეწოდოს სამოქალაქო ომის ორთაბრძოლების, შინაგანი კონფლიქტების, დანაშაულებრივი პოლიტიკური კლანების სათარეშო ველზე აღმართულ პოზიციას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, - ეს იყო ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის მორიგი მცდელობის წინააღმდეგ.
ეს ბრძოლა საქართველოს არ წაუგია.
მისთვის პირველ ევროპის საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე იგი ხელცარიელი არ მოსულა. მას გზა გაუხსნა ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა - პოლიტიკური სტაბილიზაციის ფაზაში შესვლის დასტურმა.
მთლიანი შიდა პროდუქტის შარშანდელი 10-პროცენტიანი ზრდა, წლევანდელი ანალოგიური ტენდენციისა და შვიდი თვის ინფლაციის ორი პროცენტის პირობებში, უდავოდ მოწმობს ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას. უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობისა და მათი განვითარებისათვის ტრადიციული ზრუნვა, განათლების შვიდ ენაზე მიღების გარანტიები, მოქალაქეობრივ თავისუფლებათა დაცვის მთელი რიგი კანონები - ეს ის მაჩვენებელია, მაღალ, ევროპულ სტანდარტებს რომ გვაახლოებს.
გაბედულად შეიძლება ითქვას, ისტორიულად უმოკლეს დროში მოხდა სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემის სრული რეფორმაცია.
საქართველო ევროპაში შემოდის წვითა და დაგვით მოპოვებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამოცდილებით, რომლის 3000 წლისთავს ჩვენ სულ მალე აღვნიშნავთ.
მას თან მოყვება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები.
საქართველოში პოლიეთნიკური ძმობის ტაძარი ისევე ამაყად დგას, როგორც იდგა, მისი შემუსვრის აურაცხელი ცდების მიუხედავად.
დრო-ჟამმა ვერაფერი დააკლო ჩვენს ეროვნულ თავისთავადობას, რომელიც დიდი კულტურული მემკვიდრეობის ბალავარზე აღმოცენდა და რომელსაც ქართველები იარაღით ხელში იცავდნენ ათასწლეულების მანძილზე.
ჩვენ შემოვდივართ ევროპაში, რათა შევესისხლხორცოთ მის ცხოველ ვაზს ლერწმად და მტევნად. შემოვდივართ, რათა შევმატოთ ჩვენი წვლილი ევროპული კულტურის მხსნელ მისიას და ვპოვოთ მასში გზა საკუთარი ხსნისა.
ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. არსებობს კულტურების ჰომოგენიზაციის გლობალური საფრთხე, ადამიანის გაარაკაცებისა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები. „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგაც კი რეალურად ემუქრება საფრთხე ცივილიზაციის ნაზსა და სიფრიფანა ჰუმუსს, რომელიც შეიძლება წალეკოს გარე თუ შინა ომების ღვარცოფმა. თანამედროვე აგრესიებისა და კონფლიქტების ქარცეცხლში იფერფლება უდიდესი კულტურული საგანძური, როგორც ეს უკვე მოხდა კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთში და განა მარტო იქ, - ჩემს სამშობლოშიც. ჯერაც არ არსებობს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და პიროვნების ხელშეუხებლობის ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის საბოლოო გარანტიები, პიროვნებისა, რომლის უმწეობამ ესოდენ ტრაგიკულად იჩინა თავი საუკუნის უკანასკნელი კონკიას ცხოვრების უდროო ფინალში.
ევროპის ტრადიციულ ღირებულებათა ეროზია შეიძლება შევარჩიოთ მხოლოდ ჩვენი საერთო მისწრაფებით, უზრუნველვყოთ კულტურის უსაფრთხოება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სოციალური ჰარმონიის საერთო კონტექსტში.
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარად, ჩვენ მოვალენი ვართ, დავაკანონოთ ევროპის ერთიანი კულტურული ველისა და მისი ეროვნული შემადგენელი ნაწილების მთლიანობის კატეგორია.
საგულისხმო ფაქტი - მსოფლიო ბანკის მიერ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება, შესაძლოა, ევროპის საბჭოსთან ფინანსური ინსტიტუტების თანამშრომლობის მაგალითად იქცეს სფეროში, რომელიც ისეთივე პრიორიტეტული უნდა გახდეს, როგორც გარემოს დაცვა.
ჩვენ ევროპის საბჭოს როლს ვხედავთ ორი ურთიერთდაკავშირებული ასპექტით. პირველი, - როგორც იმ პროცესის ფლაგმანისა, რომელიც ევროპული კულტურისა და ევროპული ცივილიზაციის წიაღს დაუბრუნებს ჟამთა სიავის გამო მის კალთას მოწყვეტილ ხალხებს, სულიერად და მენტალურად შეამზადებს მათ უფრო ღრმა, უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი სასტარტო მოედანი და საშვია იმ საზოგადოებაში შესასვლელად, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შორის ყველაზე მცირეც კი განწირული არ იქნება გარეშე საფრთხისაგან საკუთარი ქვეყნისა და მისი მონაპოვრის მარტოდმარტო დასაცავად.
მეორე, - როგორც კონტინენტზე პოლიტიკური აზროვნების მოწინავე ინსტიტუტისა, რომელიც მოვალეა შეიმუშაოს „ცივი ომის“ შემდგომ წამოჭრილ ანომალიათა დაძლევის მეთოდიკა; ფილიგრანული პოლიტიკა, დიპლომატია, მაღალტექნოლოგიური „ქირურგია“ დაუპირისპიროს შფოთისა და სისხლისღვრის გამჩაღებელთ.
ახალმა პოლიტიკურმა რეალიებმა სიცოცხლე შთაბერეს დიდ აბრეშუმის გზას, გიგანტური სალტის მსგავსად რომ კრავდა თვალუწვდენელ ევრაზიულ სივრცეს ჩინეთიდან და იაპონიიდან პირენეებამდე და კვეთდა სამი ზღვის - ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების სახელმწიფოებს. ამ სუბრეგიონების მომცველი თანამედროვე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტების წყალობით აღდგენილი დღევანდელი დიდი აბრეშუმის გზა მათი განვითარების ახალ ჰორიზონტებს სახავს. სამი ზღვის ქვეყნების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ევროპის საბჭოს ნოვატორული როლი ერთიანი სამართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებაში სუბრეგიონული ინტეგრაციის საწყისებზე. და, თუკი ბუნებრივი ეკონომიკური, ხოლო ევროპის საბჭოს ექსპერტების დახმარებით - სამართლებრივი და პოლიტიკური დაახლოების კვალობაზე მომწიფდებოდა აზრი სამი ზღვის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა ინსტიტუციონალიზაციის შესახებ, საქართველო ყოველმხრივ მიესალმებოდა და ხელს შეუწყობდა ამ პროცესს.
ასეთია ევროპის საბჭოს მომავლისა და მის შემადგენლობაში საქართველოს მომავლის ჩვენეული ხედვა, რომელიც შეესაბამება ამ უძველესი და უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ღირებულებრივ ორიენტირებას. ხელმძვღანელობს რა ამ ორიენტირებით, საქართველოს მას შემდეგ, რაც იუნესკოს ეგიდით უკვე გამართა თავის მიწა-წყალზე „კულტურათა დიალოგის“ ფორუმი, მზად არის უმასპინძლოს საბჭოს ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრას, რომლის დღის წესრიგი იქნება „დემოკრატიული მშენებლობა“ საბაზრო ეკონომიკა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“.
მე მივესალმები სიახლეებს, რომლებსაც დღევანდელი სამიტი გვთავაზობს, - იქნება ეს ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტი, სოციალური სამართლიანობის პრინციპების ჩამოყალიბება, თუ კაცობრიობის ავადმყოფურ მოვლენათა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი დონე.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დეკლარირებული დებულებანი და საქმე ერთი იქნება. არ შეიძლება დაგმო ძალადობა, მკვლელობები და კალთა გადააფარო ტერორისტებს. თუ დისკრიმინაცია საერთოდ მიუღებელია, ყველა ჩვენგანი საქმით, და არა მარტო სიტყვით, უნდა იყოს თანასწორობის ქომაგი. ძლიერნი ამა ქვეყნისანი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ, სანამ არიან უმდიდრესნი და ღატაკნი, მშვიდი ძილი და ჭეშმარიტი ბედნიერება არც ერთ ქვეყანას არ უწერია.
და კიდევ ერთი: საქართველო ევროსაბჭოში სპეციალური სტუმრის სტატუსით არის. როგორი საპატიოც უნდა იყოს ეს ტიტული, დიდი ხნის სტუმრობა არც მასპინძლისათვის არის მისაღები და არც სტუმრისათვის. ამიტომაც, იმედს გამოვთქვამ, რომ 1999 წლის საიუბილეო სხდომაზე საქართველო წარდგება ევროპის წინაშე როგორც თქვენი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
დასასრულ, უღრმეს მადლობას მოვახსენებ საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს ინიციატივისა და ზღაპრული სტუმართმოყვარეობისათვის, გულწრფელი მადლობა ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას, თითოეულ თქვენგანს.
„ჩვენ შემოვდივართ ევროპაში, რათა შევმატოთ ჩვენი წვლილი ევროპული კულტურის მხსნელ მისიას და ვპოვოთ მასში გზა საკუთარი ხსნისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 ოქტომბერი. - №255 (2628). - 1,3 გვ.
![]() |
110 „ევროპა ხედავს, აღიარებს, აღიქვამს საქართველოს საკუთარი სივრცის ნაწილად“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
13 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ევროპის საბჭოს მეორე - სტრასბურგის სამიტი იყო. საბერძნეთის პრეზიდენტმა თქვენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 1998 წლის დამდეგს საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდება. რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის, რა უფლებებსა და მოვალეობებს გულისხმობს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ სამიტზე ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ზუსტად და კარგად თქვა: აქამდე ჩვენ მარტოოდენ მოვალეობებით ვცხოვრობდით (იგულისხმება სოციალისტური სისტემა), ახლა კი გვიხდება ბრძოლა უფლებებით ცხოვრების ილუზიასთან - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- უწინარესად, მინდა ბოდიში მოვიხადო დაგვიანებისათვის.
ახლა, რაც შეეხება სტრასბურგის ფორუმს. ეს ფორუმი, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამიტში საკმაოდ ფართოდ გაშუქდა და შუქდება ქართული მასმედიის მიერ. მხედველობაში მაქვს ის გაზეთები, რომლებსაც აინტერესებთ, რა ხდება რეალურად ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ამჯერად ძირითადად პრინციპულ საკითხებზე შევაჩერებ თქვენსა და რადიომსმენელთა ყურადღებას.
მიმაჩნია, რომ სტრასბურგის შეხვედრას საფუძვლად დაედო საერთო სივრცის ფილოსოფია და იგი, გარკვეული აზრით, ახალი საფეხურია ევროპის განვითარებაში. ეს ფილოსოფია, ანუ ეს ფილოსოფიური მაქსიმა, ყველა იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური დოქტრინის მსოფლმხედველობრივი გულანია, რომლებიც ახალი ეპოქის, მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდში წარმოიშობოდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში, და ეს იდეები უფრო ადრეც იბადებოდა. ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვისაუბრებთ „დიდ ევროპაზე“ ატლანტიკიდან - ურალამდე, თუ ერთიან მსოფლმხედველობრივ სივრცეზე ვანკუვერიდან - ვლადივოსტოკამდე.
თქვენ გახსოვთ, ეს ფრაზა გამოვიყენე ჩემს გამოსვლაში ლისაბონში. „საერთო სივრცის“ ფილოსოფია ევროპული, დემოკრატიული ცივილიზაციის უნივერსალურობის აღიარებას მოიცავს, ან გულისხმობს იმ ღირებულებათა გათავისებასა და შესისხლხორცებას, რომელთა დომინირებამაც განაპირობა უეჭველი ფაქტი: ევროპული ცივილიზაციის განსაკუთრებული როლი, შეიძლება ითქვას, ლიდერობა თანამედროვე მსოფლიოში. ოღონდ „ევროპა“ ამ კონტექსტით, რა თქმა უნდა, უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ის გეოგრაფიული არეალი, რომლითაც იგი შემოისაზღვრება. არც ამ არეალის დადგენისა და განსაზღვრის თაობაზე შეწყვეტილა დისკუსია. თუმცა, ეს სხვა თემაა და ამჯერად ამაზე არ ვილაპარაკებ.
მე მინდა ერთ, ჩემი აზრით, პრინციპულ საკითხს გავუსვა ხაზი: „საერთო სივრცე“ არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ სივრცეს, ან, თუნდაც, საერთო იურიდიულ სივრცეს (მხედველობაში მაქვს კანონმდებლობათა უნიფიკაცია). სტრასბურგის ფორუმზე გამოსვლისას მე შევთავაზე კოლეგებს - დავიწყოთ საუბარი საერთო კულტურული სივრცის შესახებ, შევქმნათ წინამძღვარი, რათა „დიდმა ევროპამ“ საკუთარ მემკვიდრეობად აღიაროს ყველა ერის კულტურული მონაპოვარი (და, მე ვფიქრობ, მივდივართ აქეთკენ), მატერიალური თუ სულიერი ძეგლი. მაგალითად, არა მარტო სტრასბურგის საკათედრო ეკლესია, არამედ, ვთქვათ, სვეტიცხოველიც, ვარძიაც, გელათიც, ნიკორწმინდაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკთან ერთად ამჟამად საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ამუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამას, არსებობს ჩემი ბრძანებულებაც, პარლამენტი ქმნის საკანონმდებლო ბაზას, გამოიყოფა შესაბამისი თანხებიც, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს და ცალკეული ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ისინი ძალზე დადებითად აღიქვამენ საქართველოს ინიციატივებს „საერთო კულტურული სივრცის“ იდეას. ქართული კულტურის ფენომენის განსაკუთრებულობის, მისი შემადგენელი ნაწილების, კომპონენტების უმაღლეს ღირებულებათა გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია გამორჩეული როლი შეასრულოს კულტურული მემკვიდრეობის არა მარტო გადარჩენაში, არამედ, საერთოდ, თანამედროვე ევროპული კულტურის განვითარებაშიც.
და კიდეც ერთი მნიშვნელოვანი თემა, იმავე კონტექსტით - მორალურ, ზნეობრივ კატეგორიათა და ღირებულებათა ერთიანობა საერთო სივრცეში. აქ ახლა არ შევეხები იმ ავადმყოფურ მოვლენებს, რომლებზეც იყო საუბარი და ეს დოკუმენტებში კარგად არის ასახული. ვფიქრობ, ეს დოკუმენტები გამოქვეყნდება, ამიტომ, ყველა დეტალზე არ შევჩერდები, მხოლოდ ერთი მომენტის შესახებ ვიტყოდი რამდენიმე სიტყვას. სტრასბურგის სამიტმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო ისეთი, მე ვიტყოდი, საზარელი პრაქტიკა, როგორიც არის მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით ჩარევა უზენაესის მიერ დაწესებულ „ბუნების კანონებში“. მხედველობაში მაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი ზღაპრული ნახტომი. მაგალითად, კლონირების პრაქტიკა ანუ გენეტიკური იდენტიფიკაციით ხელოვნური ბიოლოგიური სხეულების შექმნა და ასე შემდეგ. ეს ასეთი მასშტაბის დოკუმენტში პირველად აისახა. სხვათა შორის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტს, შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ, როდესაც ევროპაში რამდენიმე ათეული წლის წინათ ეს დისკუსია იწყებოდა (კარგად და მასშტაბურად არ იყო დაწყებული), მას ქართულმა კულტურამ, ქართულმა ლიტერატურამაც აუბა მხარი და ბევრს კიდევაც გაუსწრო. ქართველმა მწერლებმა, შემოქმედებმა თავიანთ თხზულებებში ასევე მკაცრად დაგმეს ეს მეტად საშიში ტენდენცია და მისი ნებისმიერი გამოხატულება, იქნება ეს კლონირება თუ სხვაგვარი ჩარევა, ბუნებრიობაში. აქ, რა თქმა უნდა, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შეზღუდვაზე არც შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ ვერანაირი მეცნიერული პროგრესი ვერ აუნაზღაურებს ადამიანს ზნეობრივ დანაკლისს, - სწორედ ამიტომ ვილაპარაკე ფორუმზე გამოსვლისას ადამიანის გაადამიანურების, როგორც ევროპული იდეალის შესახებ და ისიც ვთქვი, რომ შეინიშნება საპირისპირო ტენდენცია - ადამიანისაგან ადამიანურობის ჩამოშორება, გაუცხოება.
ზოგიერთს შეუძლია მოეჩვენოს, რომ ეს პრობლემატიკა დღევანდელი საქართველოსთვის არ არის აქტუალური. თითქოსდა, აბა რას გვაძლევს ევროპის ფორუმებზე, ერთი შეხედვით, თეორიული მსჯელობა ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ დოქტრინათა შესახებ, იმ პრობლემათა გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
ამ შემთხვევაში კატეგორიული ვიქნები: გვაძლევს იმას, რომ ევროპა ხედავს, აღიარებს, აღიქვამს საქართველოს საკუთარი სივრცის ნაწილად. რომ არა ეს აღქმა, ვერანაირი ეკონომიკური პროექტი თუ განვითარების გრძელვადიანი გეგმა ვერ „იმუშავებს“, როგორც ჩვენ ვამბობთ, ვერ მოგვცემს შესაბამის შედეგს, ვინაიდან (ისევ სულიერების სფეროს დავუბრუნდები) ჩვენი ერის სწრაფვა ევროპისაკენ, უპირველესად, სწორედ ზნეობრივი არჩევანი იყო, რომელიც გულისხმობდა მატერიალურ კეთილდღეობასაც, და დღესაც ასეა, მაგრამ ნამდვილად არ იყო განპირობებული მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამ დებულებას არ დავეთანხმებით, მაშინ ძნელი ასახსნელი იქნება, რატომ იბრძოდა ქართველობა უმძიმეს პირობებში, საკუთარი ენის, თავისთავადობის, მამა-პაპათა ადათ-წესებისა და რწმენის შესანარჩუნებლად, რატომ ღვრიდა სისხლს, როდესაც პრაგმატული კომპრომისით თითქოს უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა.
საქართველო სწორედ ამ პოზიციით წარსდგა სტრასბურგში საერთო-ევროპულ ფორუმზე და, ვფიქრობ, შეძლო კიდევ იმის დადასტურება, რომ „ხელცარიელი არ ბრუნდება ევროპაში“ და მე კიდევ დავუმატებდი, რომ არც ევროპიდან დაბრუნდება „ხელცარიელი“.
ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის საიმედო თავშესაფარია (ჩემს ტელეინტერვიუში ვთქვი ეს), დამოუკიდებლობის, თავისუფლების, თავისთავადობის (მე ასე ვიტყოდი) და საკაცობრიოსთან შერწყმის საიმედო გარანტიაა.
- თქვენ ახლა სწორედ ამ თავშესაფარზე საუბრობთ. ცოტა ხნით ადრე ევროპის საერთო კულტურულ სივრცეზე ვლაპარაკობდით. ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: ერთ-ერთმა გამომსვლელმა, პატარა ქვეყნის წარმომადგენელმა ასეთი რამ თქვა: როცა ლაპარაკია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და საერთოევროპულ ღირებულებებზე, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი ენის შენარჩუნებაც არის. იგი ანდორის წარმომადგენელი იყო და მან თავისი კატავანური ენა მოიყვანა ამის მაგალითად. ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ ევროპის საბჭოში რამდენიმე სამუშაო ენაა, ძირითადად პოსტსოციალისტური სისტემის წარმომადგენლები გამოდიოდნენ ან ინგლისურად, ან ფრანგულად, ზოგიერთი რუსულად. სულ რამდენიმე, მაგალითად, ვაცლავ ჰაველისა და უნგრეთის წარმომადგენლის გამოსვლა იყო მშობლიურ ენაზე და საქართველოს პრეზიდენტისა - ქართულ ენაზე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. სხვა კულტურულ ღირებულებებთან ერთად უკვე დიდი ყურადღება ექცევა ევროპის დიდ ოჯახში, მიუხედავად იმისა, პატარაა თუ დიდი ქვეყანა, ენის შენარჩუნების მომენტს. ქართველებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, რადგან სულ ათიოდე წლის წინათ ერთიან ძმურ ოჯახშიც ენის შენარჩუნებისათვის ძალიან დიდი ბრძოლა გვიხდებოდა...
- აი, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ჩემი გამოსვლა ქართულად ამხელა ფორუმზე. მე ვაკვირდებოდი დარბაზს, და ვერც ერთი ადამიანის გაკვირვებული გამოხედვა ვერ შევნიშნე. მშობლიურ ენაზე გამოსვლა ევროპული კულტურისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი ამჯობინებს, ვთქვათ, ინგლისურად, ან სხვა ენაზე გამოსვლას, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. ევროპაში ეს არავის უკვირს. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსკოვში, გნებავთ, თანამეგობრობის ქვეყნებში, გნებავთ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ქართულად გამოსვლა როგორ რეაქციას გამოიწვევდა და როგორ იქნებოდა აღქმული. ამიტომ ვამბობ, რომ ევროპა ჩვენი თავშესაფარია, ჩვენი თვითმყოფობის, ჩვენი ენის შენარჩუნების ყველაზე საიმედო გარანტიაა. სხვათა შორის, საბოლოო გამოსვლაში (ჩემს შემდეგ გამოვიდა საფრანგეთის წარმომადგენელი), თავის მოკლე გამოსვლაში საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ახსენა მშობლიური ენა, მშობლიური ენის ფენომენი და ილაპარაკა მშობლიური ენების შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ.
- რადგან რუსეთისა და თანამეგობრობის თემა ვახსენეთ, განვლილ კვირაში ბიშკეკში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა მეთაურების შეხვედრა, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა მკაცრად შეაფასა თანამეგობრობის სივრცეში, რასაკვირველია, რუსეთის ინიციატივით ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროექტები. ეს პირველი შემთხვევა არ არის. გვახსოვს, იყო ლაპარაკი საბაჟო კავშირზე, კიდევ სხვა დოკუმენტებზე. მაშინაც და ახლაც საქართველოს პოზიცია ერთი და იგივე იყო. საქართველომ უარი განაცხადა ზოგიერთ მათგანში მონაწილეობაზე, ალბათ, იმიტომ, რომ ეს რამდენადმე სხვა ინტეგრაციას გულისხმობს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს შეუარცხყოფს და ხელყოფს...
- ჩვენი ქვეყანა ყოველმხრივ მზად არის ნებისმიერი ფორმის ხელსაყრელი და სასარგებლო ინტეგრაციისათვის, ჩვენთვის მისაღები ინტეგრაციისათვის. ოღონდ მრავალგზის გვითქვამს ჩვენი პატივცემული კოლეგებისთვის და ბატონმა კინომაც ამას გაუსვა ხაზი, რომ ინტეგრაცია უნდა იყოს მიზანშეწონილი, ანუ იმთავითვე უნდა გაცხადდეს, რა მიზანს ისახავს იგი - თუ მისი მიზანია ადამიანის, მთლიანად მოსახლეობის, ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლება, მრეწველობის ამოქმედება, ახალი კომუნიკაციების გაყვანა, სამეურნეო არეალის და ბაზრის გაფართოება, სამუშაო ადგილების შექმნა, - არ მეგულება ჭკუათმყოფელი ადამიანი საქართველოში, ან თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ასეთ ინტეგრაციაზე უარს იტყვის. მაგრამ, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უამრავი დადგენილებიდან თითქმის არც ერთი არ სრულდება, როცა, ერთი მხრივ, „საერთო ბაზრის“ ჩამოყალიბებას, საზღვრების მოშლას მთავაზობ და, მეორე მხრივ, ადრე მიღწეულ შეთანხმებათა შესაბამისად, შენივე მოქალაქეების კუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გატარებისათვის საავიაციო დაბომბვით მემუქრები, ბუნებრივია, ნებისმიერ „საინვესტიციო პროექტს“ მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით მოვეკიდები. სად გაგონილა, ერთი მხრივ, ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ლაპარაკობდე და, მეორე მხრივ, ლამის მიზანმიმართულად ცდილობდე მეზობელი ქვეყნის, შენი მოკავშირე ქვეყნის სატრანზიტო ავტორიტეტის დაკნინებას.
- კვლავ სტრასბურგის თემას დავუბრუნდები. შირაკისა და ელცინის ერთობლივ ბრიფინგზე ასეთი ფრაზა ითქვა: შირაკმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მიესალმება რუსეთის ახალ კავკასიურ ინიციატივას, უფრო სწორად, იმაზე იყო ლაპარაკი, რომ რუსეთი აპირებს კავკასიაში ახალი ინიციატივის განხორციელებას. კავკასიის მიმართ ახალი პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ მოსკოვშიც და ლაპარაკობენ სხვადასხვა დონეზეც. ამ ბოლო ხანს ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა: ლაპარაკობენ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები, ლაპარაკობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც...
- სხვათა შორის, ბატონმა შირაკმა ჩემთან საუბრისას ისიც თქვა, რომ მე ჯერ არ მქონია სერიოზული შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, რომ კავკასიის, და განსაკუთრებით, ამიერკავკასიის თემა არ წამოიჭრას. ამას გარდა მე ყურადღებით ვადევნებ თვალს კავკასიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთში მიმდინარე დისკუსიას. რუსეთმა მართლაც თანამედროვე რეალობათა შესაბამისად უნდა გაიზიაროს თავისი ინტერესები რეგიონში. ეს საჭიროა როგორც რუსეთის, ისე კავკასიის ყველა ქვეყნისა და ხალხის საერთთო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი მისასალმებელია. მე მზად ვარ შევხვდე იმ დემოკრატიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, რომლებსაც საჭიროდ მიაჩნიათ კავკასიური პოლიტიკის ახლებური გააზრება, დღევანდელი კავკასიის რეალობათა გათვალისწინებით. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს გაძლიერდა ყველაზე უფრო დემოკრატიული ძალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში ამ აზრის განვითარება.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც კავკასიურ პოლიტიკაზე ფიქრობს. კავკასიის მიმართ საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიციები, მაგალითად, ევროპამ, და თქვენ ეს იგრძენით, ალბათ, სტრასბურგის შეხვედრაზეც. მე მხედველობაში მაქვს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, გნებავთ, ნატო და სხვა. ამ სტრუქტურებში შემავალმა სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია. მე არ ჩამოვთვლი ამ სახელმწიფოებს. თქვენ იცით, ეს არის გერმანია, საფრანგეთი და სხვები. სულ უფრო ნათლად გამოიკვეთა კავკასიის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებათა კონტურები, კერძოდ საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში, რეალურად არის წარმოდგენილი თურქეთის, უკრაინის, ირანის, ბალკანეთის ქვეყნების, საბერძნეთის, იტალიის ინტერესები. „აბრეშუმის გზის“ აღორძინების კვალობაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, „მოგვიახლოვდა“ იაპონია, იაპონიის კომპანიები და სხვა. მოგვიახლოვდა ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა, ძალიან შორეული ქვეყნები. ე.ი. ლაპარაკი უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკის კონკურენტუნარიანობაზე, რომელიც უნდა გამორიცხავდეს ძველის რეციდივებს. ამ ბაზაზე ჩვენ შეგვიძია ძალზე საინტერესო და ორმხრივ სასარგებლო დისკუსიები გავმართოთ და სამუშაოც ასე წარვმართოთ. პრაქტიკულად ჩვენი პოლიტიკა ასე განვახორციელოთ. ამ დისკუსიებში და, მით უმეტეს, პრაქტიკულ პოლიტიკაში, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს ბორის ელცინს, დისკრიმინაციული მიდგომის ნიშანწყალიც არ უნდა იყოს. და, სხვათა შორის, სტრასბურგში მან ძალიან ლამაზად ილაპარაკა ამაზე. ეს ლიტონ სიტყვებად რომ არ დარჩეს, კონკრეტულ საკითხებსაც გავუსვამ ხაზს. მაგალითად, ქართველებისათვის დღემდე გაუგებარია, რატომ მოხდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სრული უგულებელყოფა შავი ზღვის ფლოტის განაწილებისას? აბსოლუტური უგულებელყოფა, წესიერი პასუხიც კი არ მოუწერიათ. ან, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რატომ გაზიდეს საბჭოთა სამხედრო ტექნიკის თითქმის 80 პროცენტი საქართველოდან, ჩვენი სახელმწიფოდან, მაშინ, როცა ეს თითქმის არსად არ გაუკეთებიათ. მხედველობაში მაქვს ის, რომ არც ერთი სამხედრო თვითმფრინავი საქართველოში არ დარჩენილა, თუმცა აქ რამდენიმე დივიზი იყო განლაგებული. საჰაერო თავდაცვაც კი მთლიანად იყო დემონტირებული და გატანილი, მე აღარაფერს ვამბობ სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც საქართველოში იყო. ყველაფერი გაზიდეს და გაიტანეს, რის გატანაც შეიძლებოდა. ან რატომ იქცა რუსეთი ქართველ ტერორისტთა თავშესაფრად? მე ეს მინიშნებით ვთქვი სტრასბურგში, მაგრამ რუსეთი არ დამისახელებია. არ შეიძლება დეკლარირებული იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ტერორისტებს თავშესაფარს აძლევდნენ.
ჩვენ მივესალმებით ამ დღეებში რუსეთის მთავრობის ავტორიტეტული დელეგაციის ჩამოსვლას, რომელსაც ვიცე-პრემიერი ბატონი სეროვი უხელმძღვანელებს. იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო და საჭირო კითხვას გაეცემა პასუხი. მათ შორის, არ გავექცევით იმ რთულ კითხვებსაც, რომლებიც ჩვენს ურთიერთობაში ასე თუ ისე დაგროვდა.
- ისევ სტრასბურგის თემას დავუბრუნდები. ჩვენს თაობას არც 1937 წელი ახსოვს, არც ჩეხეთის გაზაფხული, მაგრამ გვახსოვს ავღანეთი, გვახსოვს 9 აპრილი, გვახსოვს აზერბაიჯანში დატრიალებული მოვლენები. საინტერესო მომენტი იყო: გარდაქმნა 1985 წელს დაიწყო. 10-15 წელი ისტორიისთვის არაფერი არ არის, ეს ჩვენთვის არის დიდი და მნიშვნელოვანი პერიოდი, ჩვენთვის, ვინც ამ დროს დავიბადეთ და ვცხოვრობთ. სტრასბურგში ყველა პოსტსოციალისტური თუ პოსტსაბჭოური ქვეყნის ხელმძღვანელები დაუფარავად ლაპარაკობდნენ იმ საშინელებაზე, რაც იყო ტოტალიტარული სისტემა, იმ უბედურებაზე, რომელიც ამ სისტემამ მოუტანა მათს ქვეყნებს. ამ დროს მათ პირდაპირ ისხდნენ რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ასეთი მომენტი იყო და ომი ხომ არ დაწყებულა ამის გამო? არადა, სწორედ ამის გამო მოხდა 9 აპრილი. ამოდენა ფორუმზე არ უთქვამთ ქართველებს, რომ თავისუფლება სურთ, მაგრამ მოხდა 9 აპრილი. რაც მოხდა სხვა ქვეყნებში, ისიც ვიცით... უდიდესი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა წინ ამ გარდაქმნის პოლიტიკის შემდეგ, კიდევ ერთხელ იყო გასაგები და იოლად გასაცნობიერებელი...
- სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა იმ თვალსაზრისით, რომ მან ილაპარაკა რუსეთში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებზე. რაც შეეხება იმ ასპექტებს, რომლებსაც ახლა შეეხეთ, მონანიების საკითხია, მონანიების პრობლემა დგას. ქვეყანას, რომელზეც ახლა ილაპარაკეთ, ლომის წილი მიუძღვის. მონანიებამდე რომ მივიდეს, მას გარკვეული დრო სჭირდება და ეს იოლი გადასადგმელი ნაბიჯი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყანაში არსებული ძალების რეალურ განლაგებას.
- გუშინ თქვენ ყულევში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ სამხედრო წვრთნას ესწრებოდით როგორც პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდით როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. წვრთნის შემდეგ თქვენ საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეთ ჩვენს არმიასთან დაკავშირებით...
- ვიდრე ამ წვრთნის შესახებ ვიტყოდე რამდენიმე სიტყვას, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა 4 ოქტომბერს ყულევის სამხედრო პოლიგონზე მხედრული ვალის მოხდისას ჯარისკაცების დოლიძისა და პერმისაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და საქართველოს ხელისუფლების სახელით ერთხელ კიდევ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და მხოლოდ მისი დამთავრების შემდეგ შეგვიძლია უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ ამ ფაქტზე და მივცეთ შეფასება კონკრეტულ პირთა მოქმედებას.
რაც შეეხება წვრთნას, იგი უდავოდ დადებითი მოვლენაა ქართული ჯარის ჩამოყალიბების გზაზე, თუნდაც იმიტომ, რომ იგი პირველია ჩვენი ჯარისათვის მასშტაბის გათვალისწინებით. წვრთნაში მონაწილეობდა 10 ათასზე მეტი კაცი. ახლა ძალიან ძნელია ბოლომდე შევაფასოთ მისი მნიშვნელობა და შედეგები, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამხედრო ძალებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ პროფესიული დახელოვნების თვალსაზრისით.
ამგვარი წვრთნა ყველა ქვეყანაში იმართება და მიზნად ისახავს სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. წვრთნა მომავალშიც გაიმართება. უფრო მეტიც, შეიძლება ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ეგიდით განხორციელდეს. სხვათა შორის, ეს შეესაბამება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის განწყობილებას და სურვილსაც.
და კიდევ ერთი რამ, სხვა წვრთნისაგან შედარებით განსხვავებული: მოგეხსენებათ, საქართველო საზღვაო სახელმწიფოა და ასეთი მასშტაბური წვრთნა სწორედ საზღვაო პირობებში პირველად მოეწყო. ამან საშუალება მოგვცა განგვეხორციელებინა ყველა სახეობის ძალების შეთანხმებული თანამოქმედებისა და სინქრონულობის ის ჩანაფიქრი, რომელიც წვრთნის საფუძველს შეადგენდა.
ახლა, ბუნებრივია, ზოგიერთ მოქალაქეს დაებადება კითხვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის, ხომ არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მართლაც დიდი, არაჩვეულებრივი მასშტაბის აქცენტების გადატანას მშვიდობიანი მოლაპარაკებიდან ძალისმიერ მეთოდებზე?
საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც ემუქრება ვინმეს, მით უმეტეს, საკუთარ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს. მისი მშვიდობიანი პოლიტიკის დამადასტურებელია თუნდაც მშვიდობიანი კავკასიის იდეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წვრთნის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა და არა ძალის დემონსტრირება. თუმცა, არმია ყოველგვარი ამოცანის შესასრულებლად მზად უნდა იყოს და გუშინ მე ამაზე ვილაპარაკე.
- განვლილ კვირაში თქვენ შეხვდით დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს. საგარეო დაზვერვის ფუნქციაზე საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და მსჯელობენ...
- მე ასე შემიძლია გიპასუხოთ, უნდა იყოს თუ არა ასეთი სამსახური, არის თუ არა მიზანშეწონილი ასეთი ფორმით მისი არსებობა, რა მიზანს ისახავს იგი? თუ ეს მიზანი არის ადამიანის, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება, ბუნებრივია, მის არსებობას აზრი აქვს. ჩემი აზრით, დაზვერვის დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, არ შექმნილა რაღაც ფორმალური ნორმის დასაცავად, ან სხვათა მიბაძვით. ამგვარი სტრუქტურა არსებობს ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში და მისი ფუნქცია ინფორმაციის მოპოვება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, და ჯერჯერობით მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს დაზვერვა, რომელსაც სათავეში გამოცდილი ოპერატიული მუშაკი და ამ სფეროს მოღვაწე ავთანდილ იოსელიანი ჩაუდგა, ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი იქნება ამ ინტერესების დასაცავად და აღსასრულებლად. რა თქმა უნდა, იგულისხმება საზოგადოებრივი კონტროლიც და საერთაშორისო დაწერილი თუ დაუწერელი ნორმების შესაბამისად მოქმედებაც. ამასთან, უშიშროების სამსახურიდან დაზვერვის დეპარტამენტის გამოყოფა იმ სამართლებრივი რეფორმის შემადგენელი ნაწილიც არის, რომელსაც ახლა სახელმწიფო ახორციელებს.
- გასულ კვირას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად შეეხნენ რადიაციის თემას, რომელმაც ათი ქართველი ჯარისკაცის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა...
- ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ლილოს სამხედრო ბაზაში (მესაზღვრეების ბაზა გახლავთ) რადიაქტიულ ნივთიერებასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, რომლის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დაავადდა.
ეს საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზეც, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნა ამ თემას და ამასთან ერთად აფხაზეთის თემაზეც იყო საუბარი. ჩემი ბრძანებულებით შექმნილია სახელმწიფო სპეციალური კომისია ქალბატონ ნინო ჩხობაძის ხელმძღვანელობით, რომელიც დეტალურად შეისწავლის ამ საკითხს მეცნიერებთან და პრაქტიკოსებთან ერთად. არ გამოვრიცხავ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული ქვეყნების ექსპერტთა მოწვევას. ყველა ნიუანსი და დეტალი გამოწვლილვით იქნება შესწავლილი. მსოფლიოს გამოცდილება გვიკარნახებს, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია რადიაქტიურობასთან, ატომურ ენერგიასთან, ამ ენერგიის შემცველ ნივთიერებებთან, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების, მთელი საზოგადოებრიობის განსაკუთრებულ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. აქვე მინდა განვაცხადო, რომ სახელმწიფო გაიღებს საჭირო სახსრებს, ვუმკურნალებთ ამ ახალგაზრდებს საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.
- გუშინ თქვენ დაესწარით თეატრალური ფესტივალის გახსნას, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს...
- დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი შემოქმედებისათვის ღირსეული პატივის მისაგებად, ჩვენმა თეატრალურმა საზოგადოებამ გადაწყვიტა მისთვის მიეძღვნა თეატრალური ფესტივალი, რომელიც საქართველოსთვისაც კი (დიდი თეატრალური ტრადიციების გათვალისწინებით) უჩვეულოდ, უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითია და მრავალრიცხოვანი.
ეს არის ნამდვილი ზეიმი ქართული ხელოვნების, ქართული სულიერების, ზოგადად კულტურისა, ვინაიდან ქართული თეატრალური, კულტურული ფენომენი, როგორც ზემოთ ვთქვი, არა მარტო ჩვენი ერის, არამედ ევროპული მემკვიდრეობის ნაწილია და ისევ და ისევ გვაბრუნებს „საერთო კულტურული სივრცის“ თემასთან. ეს ფესტივალიც იმის დასტური გახდება, რომ „საქართველო ხელცარიელი არ ბრუნდება ევროპაში“. მინდა ყველას, ვინც ხელი შეუწყო, ვინც ორგანიზატორია (გვარებს ვერ ჩამოვთვლი, გუშინ ამაზე იყო საუბარი), ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს სტუმრებს.
მუსიკოს-შემსრულებელთა დიდ კონკურსთან ერთად, რომლებიც აღორძინებული კონსერვატორიის დიდ დარბაზში მიმდინარეობს, საერთაშორისო ფესტივალი, რა თქმა უნდა, ღრმა კვალს დატოვებს, და მჯერა, რომ თბილისური თეატრალური შემოდგომის ტრადიციის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მართალია, ეს სხვა სფეროა, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქართველ მოჭიდავეებს ბრწყინვალე გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, და მნიშვნელოვანი წარმატება მივულოცო ასევე ქართველ ფეხბურთელებსაც.
- და, რამდენიმე სიტყვა ეკონომიკაზე...
- სწორი არ იქნება, თუ დღეს ამ თემას ავცდები. მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული განვლილ კვირასთან. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (ისაფის) პროგრამის ფარგლებში დაამტკიცოს 40 მილიონი დოლარი კრედიტის გამოყოფა. ეს სახსრები მიმდინარე წელს გათვალისწინებული კრედიტის მეორე ტრანშს წარმოადგენს და გამიზნულია ქვეყანაში ფინანსური სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა:
განვლილ კვირაში გაიმართა შეხვედრა უმსხვილესი ნავთობის კონცერნის „როიალ დატჩ შელის“ წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში კონცერნის ხელმძღვანელობა სულ უფრო აქტიურად განიხილავს კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების პროექტებში თავისი მონაწილეობის შესაძლებლობებს. ეს კომპანია მთელ მსოფლიოშია ცნობილი და აღიარებული. განვიხილეთ რამდენიმე კონკრეტული მოსაზრება ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით. ამ კომპანიასთან ჩამოყალიბებული იდეების საჯარო განხილვა ჯერჯერობით ნაადრევად მიმაჩნია. თანაც მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: რამდენიმე შესაძლო მიმართულებაც უნდა არსებობდეს, გადამწყვეტი სიტყვა დაინტერესებულ კომპანიასთან ერთად) აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს ეკუთვნის. ამიტომაც მისი მოსაზრების გარეშე რაიმე წინასწარი კომენტარი უბრალოდ უნაყოფოდ და უადგილოდ მიმაჩნია.
რაც შეეხება საქართველოში ენერგორესურსების და, კერძოდ, ნავთობის მოძიება-მოპოვების საკითხს, ამიერკავკასიაში ფეხის მოკიდების კვალობაზე კონცერნი „შელი“ ჩვენი ნავთობსაბადოების დამუშავებაშიც მიიღებს მონაწილეობას და მას აქვს პერსპექტივა შელფში იმუშაოს ძალიან სერიოზულად.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საბოლოო შედეგები კვირის ბოლოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე შეჯამდება. მაგრამ წინასწარი მონაცემები ასეთია: სამომხმარებლო ფასების ზრდამ 103,3 პროცენტი შეადგინა, რაც საშუალოდ თვეში 0,35 პროცენტი ინფლაციის ტოლფასია, შარშან კი 1,15 პროცენტი იყო.
ცხრა თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 112,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56 მილიონი ლარით, ანუ თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. ეს ბოლო წლებისათვის უპრეცედენტო შემთხვევაა.
ინფლაციის ასეთი უმნიშვნელო დონის ფონზე, წლევანდელ მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე. აქ ლაპარაკია დასაქმებულებზე. რეალური ხელფასი 1,8-ჯერ არის გაზრდილი. მონაცემები ასეთია: დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 70 ლარს, რაც 80 პროცენტით ფარავს საარსებო მინიმუმს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ჩამორჩენა საშუალო ხელფასსა და საარსებო მინიმუმს შორის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშან ეს მაჩვენებელი 40 პროცენტის დონეზე იყო, მდგომარეობა უდავოდ გაუმჯობესებულია. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის ზრდის ტემპიც საქართველოში საკმაოდ მაღალია. მომავალ წელსაც დაგეგმილია ორჯერადი მატება იმ პროექტში, რომელიც პარლამენტში შევიტანე. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლავ დაბალია პენსიები, შემწეობა ლტოლვილთათვის, დახმარება უმწეო ოჯახებისათვის, და, ალბათ, მომავალ წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ.
ჩემს გამოსვლაში 9 თვის შედეგების შეჯამებისას სპეციალურად შევეხები ტრანსპორტის თემას, ტრასეკის პროექტის განხორციელების პრობლემებს და აქ ბევრი რამ საინტერესო იქნება სათქმელი.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვა „თბილისობის“ შესახებ. ეს უკვე ტრადიციულია. „თბილისობა“, როგორც მოგეხსენებათ, აღდგენილია, ტრადიცია აღდგა წელს „თბილისობას“ პირადად მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. დედაქალაქი ემზადება შემხვედრი ვაჭრობისათვის. წუხელ ბატონი ბადრი შოშიტაიშვილი მელაპარაკა ამის თაობაზე. ისინი ამზადებენ ძალიან დიდ გამოფენას, სადაც სოფლის მცხოვრებლებს შეუძლიათ მოვიდნენ, იხილონ, რისი ყიდვა შეუძლიათ დედაქალაქში. ემზადებიან ჩვენი რეგიონები და რაიონები თბილისელებთან შესახვედრად. იმედი მაქვს, რომ ზამთრისპირას გამართული ეს დიდი ვაჭრობა - საქართველოს დიდი ვაჭრობა-ზეიმი (მე ასე დავარქმევდი) არც ერთ ოჯახს არ დატოვებს გულგრილს და ყველა ოჯახში შევა.
ხვალ ბრწყინვალე დღესასწაულია - სვეტიცხოვლობა, მცხეთობა. წინასწარ ვულოცავ ყველა მოქალაქეს და აქვე პირადულიც არ შემიძლია არ გავიხსენო. ვიხსენებ ჩემს წარსულს, რელიგიური დღესასწაულების აკრძალვის ეპოქაში მე ბედნიერება მქონდა ამეღორძინებინა მცხეთობა. მართალია, მაშინ „მცხეთობას“ სხვა შინაარსი ჰქონდა, მაგრამ ფაქტობრივად იგულისხმებოდა ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ზეიმით აღინიშნებოდა საქართველოში, - მცხეთობა, სვეტიცხოვლობა.
საქინფორმი.
„ევროპა ხედავს, აღიარებს, აღიქვამს საქართველოს საკუთარი სივრცის ნაწილად“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 ოქტომბერი. - №255 (2628). - 1,2 გვ.
![]() |
111 ედუარდ შევარდნაძის სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ჭადრაკში პირველი ქართული მსოფლიო გარდამავალი თასის დაწესებას, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჭადრაკი მაღალინტელექტუალური სპორტია. ამ სახეობაში ჩვენი თანამემამულის, მართლაც ლეგენდარული ადამიანის სახელობის ჯილდოს დაწესება ისტორიული მოვლენაა, განსაკუთრებით, ისეთი არამრავალრიცხოვანი ერისათვის, როგორიც საქართველოა.
ედუარდ შევარდნაძე.
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 16 ოქტომბერი. - №256 (2629). - 1 გვ.
![]() |
112 „კოლოსალური ცვლილებების შედეგად ამიერკავკასია, ისევე როგორც მთლიანად კავკასია, მკვეთრად გაზრდილი ინტერესების საგანი გახდა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მივესალმო საერთაშორისო კონფერენციის „პოსტკომუნისტურ დემოკრატიული გარდაქმნები და გეოპოლიტიკა ამიერკავკასიაში (სამხრეთ კავკასიაში)“ მონაწილეებს.
საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ აქტუალურია არჩეული თემა. კოლოსალური ცვლილებების შედეგად ამიერკავკასია (სამხრეთი კავკასია), ისევე როგორც მთლიანად კავკასია, მკვეთრად გაზრდილი ინტერესების საგანი გახდა. არადა, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში წარმოქმნილი სინამდვილის ახალი კონცეპტუალური გააზრება შესამჩნევად ჩამორჩება დროის მოთხოვნებს. ბოლო გარემოება ზრდის ამ ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ყურადღებას მიაპყრობს კონფლიქტების მოწესრიგების შესაძლებლობათა განსაზღვრასა და „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეის, როგორც ახალი მსოფლწესრიგის ფორმირების პროცესის ერთ-ერთი განუყოფელი რგოლის, განხორციელებას.
დასასრულ მინდა ვუსურვო კონფედერაციის ყველა მონაწილეს დიდი შემოქმედებითი წარმატებანი და ჯანმრთელობა.
ედუარდ შევარდნაძე.
„კოლოსალური ცვლილებების შედეგად ამიერკავკასია, ისევე როგორც მთლიანად კავკასია, მკვეთრად გაზრდილი ინტერესების საგანი გახდა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ოქტომბერი. - №258 (2631). - 1 გვ.
![]() |
113 „სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სამბისტთა ნაკრები გუნდის წევრებს
გულითადად გილოცავთ სამბოში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას.
მაღალი ოსტატობის გულმოდგინებისა და სამშობლოს სიყვარულის ნათელი მაგალითია თქვენს მიერ მოპოვებული ხუთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით.
მოხარული ვარ, რომ ქართველ სამბისტთა დღევანდელი შემადგენლობა, რომელთა შორის არიან იოსებ ახალბედაშვილი, მამუკა კურდღელაშვილი, ჯონდო მუზაშვილი, დავით ხახალეიშვილი, ბადრი ჯანიაშვილი, ივანე გამხიტაშვილი, ლაშა ფიფია და არჩილ ჩოხელი, ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელის ოლეგ იაძის ხელმძღვანელობით ღირსეულად აგრძელებს სახელოვან ქართველ ფალავანთა მიერ გაკვალულ გზას.
გისურვებთ დიდ სპორტულ მიღწევებს, ახალ გამარჯვებებს და პირად ბედნიერებას.
ე. შევარდნაძე.
„სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით“ : საქართველოს სამბისტთა ნაკრები გუნდის წევრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ოქტომბერი. - №258 (2631). - 1 გვ.
![]() |
114 მადლობა გამოეცხადათ |
▲ზევით დაბრუნება |
დაჯილდოება
საქართველოს თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მადლობა გამოეცხადებათ ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის თანამშრომლებს:
მსახიობებს მიხეილ ამბროსოვს, ვალენტინა ვოინოვას, ლევ გავრილოვს, ლარისა კრილოვას, ირინე მეღვინეთუხუცესს, თეიმურაზ შოთაძეს, კარინა ყენიას, ლეილა ჯაშს, რეჟისორ გურამ ჩერქეზიშვილს, მუსიკალური ნაწილის გამგეს, კომპოზიტორ თენგიზ ჯაიანს.
ე. შევარდნაძე.
დაჯილდოება : მადლობა გამოეცხადათ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ოქტომბერი. - №259 (2632). - 2 გვ.
![]() |
115 გულწრფელად გიკრავთ ტაშს |
▲ზევით დაბრუნება |
მისალმება
ბატონებო,
ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენი თეატრის დაარსების ასორმოცდაათი წლისთავი და გისურვოთ წარმატებანი შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში.
თქვენი თეატრი დიდი რუსი დრამატურგისა და ქართველთა სიძის გრიბოედოვის სახელს ატარებს. მისი ნეშთი ქართველ მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს, თბილისში, მთაწმინდაზე და მას დღესაც გულისშემძვრელი სიტყვებით დასტირის მისი მშვენიერი მეუღლე ნინო ჭავჭავაძე, ქართული პოეზიის კლასიკოსის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი. ეს სიმბოლური მოვლენა გახლავთ და ამავე დროს ისტორიული ფაქტი.
ისტორიული ფაქტია ისიც, რომ ამ თეატრმა თავისი წვლილი შეიტანა არამარტო რუსი და ქართველი ერების დაახლოებაში, არამედ ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში და ისიც, რომ სწორედ ამ თეატრის სცენაზე დაიდგა ბევრი ქართული პიესა, აქ გაბრწყინდა ბევრი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, მხატვრისა თუ მუსიკოსის ნიჭი.
გრიბოედოვის თეატრი არასოდეს არსებობდა მხოლოდ რუსულენოვანი მაყურებლებისათვის. აქ ქართველ მაყურებელს არაერთხელ დაუკრავს ტაში როგორც ადგილობრივი, ისე გასტროლებზე ჩამოსული რუსი მსახიობებისათვის.
ამ თეატრის, ისევე, როგორც მისი შვილობილის, თბილისის რუსული მოზარდმაყურებელთა თეატრის მისია მარტოოდენ კულტურული დანიშნულებით არასოდეს შემოფარგლულა - ეს იყო დაახლოებისათვის უანგარო მსახურების ნიმუში.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ტრადიციების მქონე ეს თეატრი, მისი ხელმძღვანელობა, მისი დასი, მისი თანამშრომლები ახალ დროში, ახალ საქართველოში ღირსეულად გააგრძელებენ წინაპართა ტრადიციებს.
ყოველივე ამის გარანტად საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს, საქართველოს ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ თუ ერი არ ზრუნავს სხვა ერის კულტურაზე, იგი ვერც თავის კულტურაზე იზრუნებს. თუ ერი მზად არაა ეზიაროს სხვა ერის კულტურას, იგი ვერც თავის კულტურას გაიტანს საზღვრებს გარეთ.
სწორედ ამიტომ გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი თუ რუსული სკოლები ჩვენთვის ის ხიდია, რომელიც გადებულია არა მხოლოდ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის, არამედ წარსულსა და მომავალს შორისაც იმ სიკეთის შენარჩუნებისათვის, რომელმაც რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი რთული ურთიერთობიდან მხოლოდ კარგი უნდა შემოგვინახოს და ფაქტობრივად ახალ სიმაღლეზე, ჭეშმარიტი სიყვარულისა და პატივისცემის სიმაღლეზე უნდა აიყვანოს.
ამ ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. თქვენი სიტყვა აქ ბევრს ნიშნავს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და თქვენი ისტორიული მისიის ღირსეული აღსრულებისთვის გულწრფელად გიკრავთ ტაშს.
ე. შევარდნაძე.
მისალმება : გულწრფელად გიკრავთ ტაშს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ოქტომბერი. - №259 (2632). - 1 გვ.
![]() |
116 „საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალაც და უფლებაც დაიცვას სტაბილურობა და ამით დაიცვას ქართული დემოკრატია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
20 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- რადიოინტერვიუს ტრადიციულად ეკონომიკის თემით ვიწყებთ. ალბათ, უმნიშვნელოვანესი მოვლენა განვლილ კვირაში გამართული მთავრობის გაფართოებული სხდომა იყო, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად თქვენ ასეთი განცხადება გააკეთეთ: დაიწყო ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მთავრობის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ მინისტრები, სამხარეო, რაიონულ და საქალაქო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები, სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლები, დეპუტატები, ბიზნესმენები და მეცნიერები, ამჯერად მარტო 1997 წლის 9 თვის შედეგების შეჯამებას როდი მიეძღვნა.
ქვეყანა, შეიძლება ითქვას, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მიჯნასთან დგას. საქართველოში, ჩვენი აზრით და ჩვენეული ანალიზით, დასრულდა რადიკალური ეკონომიკური რეფორმის პირველი ეტაპი, რომელმაც შექმნა საფუძველი, შესაბამისი მაკროეკონომიკური გარემო - სივრცე ეკნომიკის შემდგომი აღმავლობისა და განვითარებისათვის. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, რომლებმაც იმთავითვე აირჩიეს სწორი ეკონომიკური სტრატეგია.
პირველ ეტაპზე ხორციელდება მცირე და საშუალო პრივატიზება, ხდება ფასების განთავისუფლება, მაქსიმალურად იზღუდება ინფლაცია და (შეძლებისდაგვარად) რადიკალური ეკონომიკური რეფორმის პროცესში საარსებო მნიშვნელობის დახმარება ეწევა მოსახლეობას. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა მართლაც ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მთავრობის სხდომაზე მე დავასახელე ციფრი, რომელიც ყველამ უნდა დაიმახსოვროს და გაითვალისწინოს. 1992-1996 წლებში საქართველომ დასავლეთის ქვეყნებიდან მილიარდ 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. აქედან ამერიკის წილი 400 მილიონ დოლარს აღემატება. ლაპარაკია პირდაპირ დახმარებასა და 30-40-წლიან შეღავათიან კრედიტებზე. ასეთი მასშტაბის დახმარება თითქოს უპრეცედენტოა, და თუ ქვეყანა (ნახევრად დანგრეული და გაჩანაგებული) გადარჩა, ამაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით უცხოელ მეგობრებს, და ეს უბრალოდ ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს.
მე გუშინ ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ამ დახმარებათა განაწილებაში იყო დარღვევებიც, იყო ანგარებაც და ასე შემდეგ, მაგრამ, თავისთავად, ასეთი დიდი მოცულობის თანხებისა და პროდუქტების დაბრუნება ქვეყანაში, გადარჩენის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი გახლდათ.
რაც მთავარია, ამ დახმარების, აგრეთვე მტკიცე და გაბედული მოქმედების მეშვეობით ქვეყანამ წარმატებით განვლო რეფორმათა პირველი ეტაპი, და საკმაოდ წარმატებითაც. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ციფრს დავასახელებ: განვლილი 9 თვის განმავლობაში ინფლაციამ ყოველთვიურად 0,25 პროცენტი შეადგინა, ამავე დროს წარმოების დონე თითქმის 12 პროცენტით ამაღლდა. ყველაზე საინტერესოა ციფრი - 1996 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახალხო მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი 336 ათასით გაიზარდა. ასე რომ, „მილიონი სამუშაო ადგილი“ სულაც არ არის ზოგიერთთა საქილიკო - მალე დარწმუნდებიან, რომ ეს სავსებით რეალური ამოცანა იყო და რეალური ამოცანაა ჩვენი ქვეყნისათვის.
ნურავის შეეშინდება, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ყველაფერი, რაც დღემდე გაკეთდა (რეფორმათა პირველ ეტაპზე), მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო იყო რეფორმების შემდგომი, მეორე ეტაპისათვის. ოღონდ მეორე ეტაპზე ამოცანა უფრო რთულიც არის და ერთგვარად საამაყოც: არა ეკონომიკის გადარჩენა და მხოლოდ გარემო პირობათა შექმნა, არამედ ცივილიზებული ქვეყნის საკადრისი მძლავრი, განვითარებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის აღმავლობა და საერთოდ სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ინტენსიური (და არა ექსტენსიური) ზრდა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. სწორედ ეს კომპონენტი, ესე იგი, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება გახლავთ რეფორმათა ახალი ეტაპის განმსაზღვრელი და განმაპირობებელი.
გარკვეულ წარმატებათა მიუხედავად, შინაარსობრივად, ისეთი მაჩვენებლების გათვალისწინებით, როგორიც არის საგარეო ვაჭრობის სალდო ანუ თანაფარდობა იმპორტსა და ექსპორტს შორის, ბიუჯეტში მოზიდული სახსრების შეფარდება მთლიანი შიდაპროდუქტის ოდენობასთან და სხვა, - საქართველო ჯერჯერობით მაინც ვერ უტოლდება განვითარებულ ქვეყნებს. რეფორმათა მეორე ეტაპის მიზანია ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსების საბოლოოდ გაჯანსაღება.
გუშინ, სხვათა შორის, ბევრი რამ ისეთი, რაც საინტერესო უნდა იყოს ყველა მოქალაქისა და ყველა ოჯახისათვის. მე დღეს სპეციალურ დავალებას ვაძლევ ჩვენს კანცელარიას, ამ მალასებზე მომუშავე ყველა სპეციალისტს, რომ, რაც შეიძლება ლაკონურად და გასაგებად ჩამოაყალიბონ ყველაფერი ის, რაც გუშინ ითქვა და აღინიშნა, და რა ვალდებულებანიც იკისრა ხელისუფლებამ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. კერძოდ, ითქვა ისიც, რომ ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ განვითარების ისეთ ტემპსა და მასშტაბს უნდა მივაღწიოთ, რომ 2000 წლისათვის საერთოდ ლაპარაკიც აღარ უნდა იყოს სიღატაკეზე, იგი უნდა იყოს ლიკვიდირებული, და არა მხოლოდ ლოკალიზებული, იგულისხმება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, იმ ვალების დაბრუნება, სახელმწიფომ თავის დროზე მოსახლეობისაგან რომ აიღო, საბინაო მშენებლობა და განსაკუთრებით ჩვენი ლტოლვილები, დაბრუნების დაწყებამდე და დაბრუნების შემდეგ მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა.
როდესაც ამ სფეროშიც დაიწყება დადებითი ტენდენციების განვითარება, როცა ექსპორტის ოდენობა (მე ისევ ექსპორტის პრობლემას ვუბრუნდები) მატულობს იმპორტთან შედარებით (რაც, რა თქმა უნდა, იმპორტის შემცირებას არ ნიშნავს და არც გულისხმობს), როცა მთლიანი შიდა პროდუქტის სულ უფრო მეტი წილი შევა ბიუჯეტში, საბოლოოდ შეგვეძლება ვთქვათ, რომ მომავალი საქართველოს ეკონომიკურ ძლევამოსილებას ვეღარაფერი შეარყევს. ქვეყნის ეკონომიკური ძლევამოსილება და სიმდიდრე კი უწინარესად მოქალაქეთა შეძლებულ თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს, ნიშნავს სოციალური დაცვის მძლავრ სისტემას, საყოველთაო უფასო განათლებას, კულტურის, მეცნიერების აყვავებას და (ესეც უნდა ითქვას) მძლავრ არმიას, ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრიც ინტერესთა უზრუნველყოფას და სანიმუშო წესრიგს.
სწორედ მაშინ გახდება საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, როცა მისი თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონე ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდება და გაუთანაბრდება. ოღონდ ამ მიზნის მისაღწევად ყველას მუხლჩართული შრომა და სახელმწიფოებრივი შეგნების, პასუხისმგებლობის მაღალი დონე გვმართებს.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ, ამ ამბიციურ გეგმებს რომ ვსახავთ, რა თქმა უნდა, მარტო საკუთარი თავის იმედი არა გვაქვს. ჩვენ მთელ მსოფლიოში შევიძინეთ უამრავი მეგობარი, პარტნიორები, რომლებიც დიდი სიამოვნებით, ინტერესითა და ხალისით თანამშრომლობენ საქართველოსთან, ჩვენს ბიზნესმენებთან, ჩვენი ეკონომიკის მესვეურებთან. ჩვენ კვლავაც საერთაშორისო საფინანსო ცენტრების დახმარების დიდი იმედი გვაქვს. მხედველობაში მაქვს ის საუბარი, რომელსაც თქვენ მოუსმინეთ სტრასბურგის შეხვედრაზე, სამიტზე რომ გაიმართა. ესე იგი, ლაპარაკია იმაზე, რომ უახლოეს წლებში უნდა ამაღლდეს ცხოვრებისა და კულტურის დონე, გნებავთ, მოხდეს პოლიტიკური კულტურის ერთგვარი გათანაბრება, ესე იგი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება ყველა ქვეყანაში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისაკენ მიილტვიან.
- გასულ კვირას გენერალ მაევის მოულოდნელ ვიზიტს მოსალოდნელი მითქმა-მოთქმა მოჰყვა პრესაში, განსაკუთრებით შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ შავი ზღვის ფლოტიდან ოთხი სამხედრო გემის გადმოცემის საკითხი განიხილება და, რაც ყველაზე უფრო საინტერესო იყო, ისე მოხდა, რომ გასულ ორშაბათს თქვენ სწორედ ერთ-ერთ მომენტზე - რუსეთთან ურთიერთობაზე შეაჩერეთ ყურადღება და აღნიშნეთ, რომ შავი ზღვის ფლოტის გაყოფის დროს საქართველოს არაფერი არ შეხვდა და ეს უსამართლობააო. მოხდა მოულოდნელი დამთხვევა. მაევის ვიზიტი კიდევ ერთ საინტერესო მომენტს დაემთხვა: საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნატოში რობერტ ჰანტერი.
- ეს ძალიან დიდი საკითხია (მას წინა საუბარში ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ), რომელსაც საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, და იგი თავად ბატონ მაევს რომ არ წამოეჭრა და რუსეთის მასმედიაში ასეთი ხმაური არ ატეხილიყო, მე ცოტა ნაჩქარევადაც მიმაჩნდა ამ თემაზე დისკუსიის დაწყება. თუმცა იმ საკმაოდ ფართო და მრავლისმომცველი ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ამჟამად ვფლობთ, უკვე შეიძლება ზოგიერთი დასკვნის გამოტანა: ეგრეთ წოდებულ არეულობის წლებში (ვგულისხმობ 1991-1993 წლების პერიოდს, სამოქალაქო ომისა და სისხლიანი კონფლიქტების წლებს) რუსეთმა საქართველოდან გაიტანა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ქონება. მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავების ღირებულება (მოგეხსენებათ, საქართველოში დისლოცირებული იყო რამდენიმე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის შენაერთი, დივიზიები, პოლკები, ბატალიონები და ასე შემდეგ) დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, გაჰქონდათ სხვა სახის სამხედრო ტექნიკა, ყველაფერი, რაც სამხედრო ობიექტებზე ფასეული იყო. ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან ჩუმად გააპარეს ათობით გემი ისე, რომ არავისთან არაფერი შეუთანხმებიათ. ერთი სიტყვით, არაფერი დარჩენიათ და არაფერი დავიწყებიათ - ყველაფერი, რის გატანაც შეიძლებოდა, გაზიდეს.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: არც ერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში რუსეთს ამგვარი რამ არ გაუკეთებია და ასე უცერემონიოდ არ მოქცეულა.
ახლა, რაც შეეხება კონკრეტულად გემებს. არა მგონია, რომ გენერალ მაევის განცხადება ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ან მხარეთა პოზიციების საბოლოო თანხვედრაზე მიუთითებდეს. დაპირება უფრო მაღალი დონიდანაც მოგვისმენია, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვას საქმე არ მოჰყოლია.
ამდენად მე არ ვიცი, რატომ ატყდა აჟიოტაჟი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ყოველგვარი ემოციის გარეშე აღიქვამს ამგვარ განცხადებებს.
ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც მხოლოდ უმაღლეს დონეზე შეიძლება გადაწყდეს - ვგულისხმობ საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს სახელისუფლო დონეს და ორივე მხარემ უწინარესად უნდა გაარკვიოს, თუ რატომ გახდა სწორედ საქართველო გამონაკლისი სამხედრო ქონების განაწილებისას.
ამთავითვე ვიტყვი: ეს დიდ უსამართლობად მიმაჩნია და ყველაფერს ვიღონებ ამ უსამართლობის შედეგების აღმოსაფხვრელად. ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია და გულწრფელი ის შეპირებანი, რომელთაც ხშირად ვისმენთ. ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია დაშვებული მძიმე შეცდომის გამოსწორება, თუ გვსურს მეგობრობა, კეთილმეზობლობა და სტრატეგიული მოკავშირეობა.
საბედნიეროდ, რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს კარგად ესმის (და მას არაერთგზის უთქვამს), რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ თვით რუსეთისათვისაც კავკასიის ურთულეს რეგიონში საქართველოსთან მეგობრობასა და სტრატეგიულ კავშირს.
აქვე ორიოდე სიტყვას ვიტყვი ბატონ ჰანტერის ვიზიტის შესახებ: ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება ცნობილი პროგრამის („მშვიდობისათვის პარტნიორობის“) ფარგლებში და სხვა მომენტებთან ერთად გულისხმობს აქტიურ, კონსტრუქციულ თანამოქმედებას მეცნიერების ყველა თანამედროვე დარგში, ტექნოლოგიურ სიახლეთა დანერგვას, აგრეთვე კოოპერაციას, ერთობლივი პოზიციის შემუშავების პოლიტიკური მექანიზმების ჩამოყალიბებას ზოგიერთი სხვა მიმართულებებითაც.
- გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო აფხაზეთის თემა. რუსეთის საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ფაქტობრივად ჩაიშალა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. ხომ არ არის ეს ერთგვარი ჩიხი და რა იქნება შემდეგ?
- რუსულ და აფხაზურ მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკება გადაიდო სოხუმის ხელისუფლების მოუმზადებლობის გამო. ძნელი სათქმელია, რა იგულისხმება ამ „მოუმზადებლობაში“, - ალბათ, არგუმენტთა ამოწურვა, ვინაიდან მართლაც რთული და შეუძლებელია უსასრულოდ იცავდე მორალურად და პოლიტიკურად სრულიად უსაფუძვლო პოზიციას, თუნდაც უფრო სხვა ქვეყნების, უფრო ფართო, საერთაშორისო დონეზე.
სხვათა შორის, მოლაპარაკების ამ რაუნდისაგან ჩვენ არ ველოდით რაიმე კარდინალურ ცვლილებას, ან, როგორც ამბობენ ხოლმე, „გარღვევას“. მიუხედავად ამისა, დიალოგი, შეხვედრა მაინც ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნებოდა. ვწუხვარ, რომ აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა დიალოგზე - ეს კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს, ვინ არის დაინტერესებული დიალოგის ჩაშლით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პერსპექტივის ამოწურვითა და დაკნინებით.
აფხაზური მხარის უკომპრომისო პოზიცია ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს მომავალი სხდომის შედეგებზე. საქართველო ამ სხომაზე წარდგება ისეთი პოზიციით, რომელიც იქნება რეალისტური (მე ხაზს ვუსვამ - რეალისტური), გაითვალისწინებს კონფლიქტის მოგვარების დაჩქარების ინტერესებს და მხედველობაში მიიღებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის, უწინარეს ყოვლისა, „მეგობარი ქვეყნების“ რჩევებსაც, რადგანაც მათი დახმარება და მათი მხარდაჭერა, მათი თანადგომა ჩვენ ძალიან გვჭირდება. თუ იქნება ლაპარაკი სამშვიდობო ძალების მანდატის რაიმე ვადით გაგრძელებაზე, მაშინ უნდა მივიღოთ თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებათა უპირობო და უმოკლეს დროში შესრულების აბსოლუტური გარანტია.
არაერთგზის მითქვამს: კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება კონფლიქტის მონაწილე ორი მხარის სურვილი და მისწრაფება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი, რა თქმა უნდა, მძიმე იქნება.
- ამ ფონზე და რუსეთის ასეთი მოქმედების ფონზე უკვე მერამდენედ საეჭვოდ სინქრონულად ემთხვევა ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა შეკრებები. გასულ კვირას მათ რამდენიმე შეკრება გამართეს რადიკალური მოწოდებებით...
- ჩემი პასუხი ასეთი იქნება: არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, ეჭვქვეშ დავაყენო პოლიტიკურ ორგანიზაციათა თუ გაერთიანებათა უფლება, შეიკრიბონ და იმსჯელონ ნებისმიერ საკითხზე - „როგორც ჭერქვეშ, ასევე ღია ცის ქვეშ - ასე სხარტად არის ეს წმიდათაწმიდა უფლება ფორმულირებული საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ დაე თავად შეკრების მონაწილენი და ორგანიზატორები დაფიქრდნენ: რას აკეთებენ, რა მოწოდებებითა და ლოზუნგებით გამოდიან, საით უბიძგებენ ადამიანებს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახანს მოითქვა სული, და დაიწყო გამოსვლა სისხლიანი ქაოსიდან.
ყველას გასაგონად ვიტყვი: დემოკრატია უნდა იყოს სტაბილური და ძლიერი. დაუცველი დემოკრატია, დონდლო დემოკრატია, ადვილად ხელწამოსაკრავი დემოკრატია, ქართველი კაცის თქმისა არ იყოს, „ჩირადაც არ ღირს“. შინაარსობრივად, ასეთი დემოკრატია - დემოკრატია არც არის. როგორ შეიძლება შევურიგდეთ დემოკრატიულ ქვეყანაში პირდაპირ მოწოდებებს ხელისუფლების „გარეკვის“ შესახებ, და იყო ცოტა უფრო მკვახე გამოთქმებიც, რაც დაუშვებელია ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყანასა და სახელმწიფოში.
არავის ეგონოს, თითქოს ამ მოწოდებების გვეშინოდეს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკანმა საერთოდ ვერ გამოიტანა ვერანაირი დასკვნა უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილებიდან. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ეს ამ პიროვნებათა ზნეობისა და ინტელექტის პრობლემაა - რეალურ გავლენას ქვეყანაში, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ისინი ვერ მოახდენენ.
სტაბილიზაციის, აღორძინებისა და აღმავლობის პროცესი საქართველოში შეუქცევადია. ამ პროცესს მხარს უჭერს ყველა კეთილგონიერი, ხაზს ვუსვამ, ყველა კეთილგონიერი ადამიანი და ყველა კეთილგონიერი პოლიტიკური მოღვაწე, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა - ოპოზიციონერი იქნება იგი თუ ხელისუფლების მომხრე.
ამდენად, ექსტრემისტულ, პროვოკაციულ მოწოდებათა ავტორები საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის, მიმდინარე პროცესების მიღმა დარჩებიან, როგორც ეს უკვე მოხდა არა ერთხელ და არა ორჯერ, გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალაც და უფლებაც დაიცვას სტაბილურობა და ამით დაიცვას ქართული დემოკრატია, რომელიც (გადაუჭარბებლად ვიტყვი) უკვე მსოფლიო დემოკრატიული ფენომენის ნაწილად იქცა (თუნდაც ქაოსიდან, კრიმინალური ანარქიიდან, სამოქალაქო ომიდან გამოსვლის, უმძიმეს ჭრილობათა მოშუშების განსაცვიფრებლად სწრაფი ტემპით). ეს მხოლოდ საქართველოს ღირსება როდია - ეს ღირსებას მატებს ზოგადად დემოკრატიულ ფენომენს, დემოკრატიულ მსოფლმხედველობას. - საქართველოს მაგალითი ამტკიცებს, რომ სავსებით შესაძლებელია დემოკრატიული პრინციპების დაურღვევლად, ადამიანის უფლებათა პატივისცემის პირობებში, საგანგებო ზომების, დემოკრატიის თუნდაც დროებით შეზღუდვის გარეშე, ქვეყანამ დაძლიოს არასტაბილურობა და სამოქალაქო ომის შედეგი. დემოკრატიის შეუზღუდველობაზე რომ ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს კონსტიტუციური უფლებები, კონსტიტუციის დაცვა, დემოკრატიული წყობის კონსტიტუციური საფუძვლები, ამ ზნეობრივ მონაპოვარს არავის დავუთმობთ. არც ძალა გვაკლია და არც ნებისყოფა. დარწმუნებული ვარ, მხარს დაგვიჭერს მთელი საზოგადოება, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული დემოკრატიის მონაპოვარი. არავის მივცემ უფლებას შეურაცხყოს ერის ნება, ხალხის ნება. ამიტომ ვიმოქმედებთ მტკიცედ, პრინციპულად, ოღონდ კანონისა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში.
- სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი პარლამენტარებს შორის აგროვებს ხელმოწერებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება იყოს ერთდროულად პრეზიდენტიც და მოქალაქეთა კავშირის პარტიის თავმჯდომარეც, თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით...
- კომენტარი ასეთია: კონსტიტუციამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის, მათი ურთიერთობის ქმედითი პოლიტიკური მექანიზმი ჩამოაყალიბა. ეს ურთიერთობა ეფუძნება ხელისუფლებათა დემოკრატიული გამიჯვნის უნივერსალურ პრინციპს, რაც არათუ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს და განაპირობებს კოსნტრუქციულ, კეთილგანწყობილ ატმოსფეროს.
გარდა ამისა, ზემოხსენებული უნივერსალური პრინციპი მოიცავს შეწონასწორებისა და ხელისუფლებათა შეკავება-დაბალანსებიც ფაქტორებს - რაც აგრეთვე მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. ყველა ამ თვალსაზრისით, საქართველოს სახელისუფლებო დემოკრატიული სისტემა აღიარებულია ყველაზე კომპეტენტური და ობიექტური ექსპერტების მიერ. ახალ დემოკრატიათა შორის იგი გამორჩეულია. სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ თქვენ მიერ დასმული საკითხიც. ხელისუფლების ყველა შტოს, ინსტიტუტსა და რგოლს მკვეთრად განსაზღვრული ფუნქცია და უფლებამოსილება აქვს. კონსტიტუცია არ უკრძალავს პრეზიდენტს, იყოს ამავე დროს პარტიის ლიდერიც. ეს გახლდათ იურისტ ექსპერტთა კვალიფიციური, კომპეტენტური დასკვნა. ამ საკითხში ძირითადი კანონი არ უშვებს რაიმე ორაზროვნებას. და, სხათა შორის, მე კონსულტაციები მქონდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბატონ ვახტანგს ეს გაახსენდებოდა და ამ საკითხს დააყენებდა.
მოქალაქეთა კავშირმა და მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციამ, და მე უნდა ვთქვა ეს, უკვე შეასრულა (გადაუჭარბებლად) ძალიან დიდი როლი კონსტიტუციურ დებულებათა პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციურ ორგანიზაციებთან და პარტიებთან ერთად, რომლებიც თანამშრომლობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან. თანამშრომლობაში ვგულისხმობ თუნდაც კრიტიკულ დამოკიდებულებას ამა თუ იმ გადაწყვეტილების, კანონის, დადგენილების მიღებისას. პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიზანი დღეს აღარ არის ის, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, უმრავლესობას. კრიტიკა საშუალებაა და არა თვითმიზანი. ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ავტომოსფეროს დამკვიდრება პარლამენტში უწინარესად, სწორედ უმრავლეობის ბირთვის - მოქალაქეთა კავშირისა და მისი ლიდერების დამსახურებაა, რომლებმაც ეს უმრავლესობა და რიცხობრივი უპირატესობა არ გადააქციეს განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებად. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული სტიმულიც მისცეს განსხვავებული, თავისუფალი აზრის გამოთქმას.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი ბირთვია და სწორედ ამიტომ გაიმარჯვა არჩევნებში. არათუ ვნანობ, არამედ ვამაყობ იმით, რომ ვიყავი საქართველოში ასეთი პარტიის დაფუძნების ინიციატორი, რომლის იდეოლოგია სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა გახდა. გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი, ასეთი კავშირის, მოძრაობის დაფუძნებაზე რომ უარი მეთქვა.
მოქალაქეთა კავშირის პლატფორმა, თუ გნებავთ, მისი მსოფლმხედველობა და ფილოსოფიური წარმოდგენები (სხვათა შორის, თუ არ წაიკითხავ, ისე ვერ გაიგებ, რა პლატფორმა აქვს მოქალაქეთა კავშირს, ეს უნდა წაიკითხო), შეესაბამება ჩემს შეხედულებებს, ჩემს მრწამსს. მოქალაქეთა კავშირი აერთიანებს ჩვენი საზოგადოების ყველა სოციალური ფენის მრავალ შესანიშნავ წარმომადგენელს, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას.
ისე არ გამიგოთ, თითქოს სხვა პარტიების საწინააღმდეგო მქონდეს რაიმე. პრეზიდენტი, მით უმეტეს, მისი პარტია, ვალდებულია ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, მათ შორის სოციალისტურ პარტიასთანაც, მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ პრეზიდენტის უფლებას - იყოს პარტიის ლიდერი. ამგვარი მოთხოვნა თუ პრეტენზია არათუ უსაფუძვლოა იურიდიული თვალსაზრისით, არამედ, შეიძლება ითქვას ქვეყნის განვითარების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. სხვათა შორის, ქვეყნის სტაბილურობაზე, მოქალაქეთა კავშირის როლზე რომ ვლაპარაკობ, მე კიდევ მინდა გავუსვა ხაზი ამას, ვგულისხმობ იმასაც, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია, და არა მარტო უმრავლესობა.
რაც შეეხება თვითონ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს, მე ხშირად ვხვდები მას, დიდ პატივს ვცემ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უმძიმესი წლები გავატარეთ ერთად როგორც თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა და არავითარი შეუთავსებლობის კომპლექსი არ გამაჩნია. ამასთანავე, ისიც უნდა ვთქვა, რომ მოქალაქეთა კავშირი არც ერთ პარტიას არ ემიჯნება და არც პრეზიდენტი გაემიჯნება თავის პარტიას.
- საქართველოს პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“...
- პრეზიდენტი ხშირად არ უკეთებს კომენტარს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთიანი უნდა იყოს და საზოგადოებაც გრძნობდეს, რომ ეს არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივი მანკიერების - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას, მოქალაქეთა პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობას. ამდენად, ჩემი მხრივ, ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს პარლამენტს და კანონსაც, როგორც იტყვიან, უყოყმანოდ მოვაწერ ხელს. ეს არის კანონი, რომელმაც უნდა დაამკვიდროს თანამდებობის პირთა სახელმწიფოებრივი ეთიკის ნორმები. კანონმდებელმა ამ შემთხვევაში ზოგიერთი ის მანკიერებაც გაითვალისწინა (კანონი შეიცავს მისი აღმოფხვრის მექანიზმს), რომელიც, სამწუხაროდ, ლამის საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველდღიურობის ნორმად იქცეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასეთი კანონპროექტის მიღება ჩვენ ჯერ კიდევ წინა პარლამენტში გვინდოდა და მე ვცადე შემეტანა განსახილველად ეს კანონპროექტი. სამწუხაროდ, მაშინ ეს არ მოხერხდა. შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სხვადასხვა ფრაქციებსა და ჯგუფებში და, ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კარგი კანონი მივიღეთ.
ეს კანონი ყველა თანამდებობის პირს სამუშაო მაგიდაზე უნდა ედოს. მიმაჩნია, რომ იგი არამარტო იურიდიული აქტია, არამედ პარლამენტის, მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკური და მორალური დეკლარაციაც არის.
- გასულ კვირას საზეიმო ვითარებაში დაიხურა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი. მიმდინარეობს თეატრალური ფესტივალი. და კიდევ, გასულ კვირას გრიბოედოვის სახელობის რუსულმა თეატრმა დაარსების 150 წლისთავი იზეიმა.
- წლევანდელი შემოდგომა დიდი ხელოვნების ნამდვილი ზეიმია. მხედველობაში მაქვს მუსიკის შემსრულებელთა ბრწყინვალე კონკურსი, რომელიც კონსერვატორიის განახლებულ დარბაზში გაიმართა, და თაეტრალური ფესტივალი, რომლებმაც გულგრილი არ დატოვა თბილისელები. ყველა ორგანიზატორსა და ყველა მხარდამჭერს დიდ მადლობას მოვახსენებ.
დღეს გრიბოედოველები თბილისში რუსული თეატრის დაფუძნების 150 წლისთავს იზეიმებენ. ვულოცავ მათ, ვულოცავ გრიბოედოველებსაც და მათთან ერთად ყველა თბილისელს, რომლებიც ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებენ საყვარელ კოლექტივს.
არ შემიძლია არ ვისარგებლო ამ შემთხვევით და არ შევუერთდე მხურვალე გამოსვლებს, ბატონ გიგა ლორთქიფანიძის 70 წლისთავის აღსანიშნავად რომ გაისმოდა ფილარმონიის დიდ დარბაზში. ბატონი გიგა ხელოვნების დიდოსტატია, ეს საყოველთაო აზრია, იგი ახლი საქართველოსათვის თავგანწირული მებრძოლია, ასე იყო ძველ პარლამენტში, ასეა ახალ პარლამენტში და ასე იყო მანამდეც. პირადად ჩემთვის იგი დიდი მეგობარი და თანამდგომია. ვულოცავ მას!
საქინფორმი.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალაც და უფლებაც დაიცვას სტაბილურობა და ამით დაიცვას ქართული დემოკრატია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 20 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 ოქტომბერი. - №261 (2634). - 1,2 გვ.
![]() |
117 ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის მთავარი ორიენტირია მოსახლეობის ცხოვრების დონის რეალური გაუმჯობესება და სიღატაკის დაძლევა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე
1997 წლის 19 ოქტომბერს
დღეს თქვენს წინაშეა პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. მისი მნიშვნელობა ჩვენი შემდგომი წინსვლისათვის ძნელია გადაჭარბებით შეფასდეს.
რეფორმების ახალი ეტაპის კონცეფციის ძირითადი მიმართულებებისა და პარამეტრების დახასიათებამდე უნდა განზოგადდეს განვლილი გზა, რათა შემდგომში გამოირიცხოს წინა პერიოდში დაშვებული შეცდომების გამეორების შესაძლებლობა და უფრო მკაფიოდ და მიზანდასახულად ჩამოყალიბდეს გარდაქმნათა სამომავლო სტრატეგია და ტაქტიკა. დღეისათვის ერთი რამ ნათელია - დრომ და მიმდინარე პროცესებმა დაადასტურა ეკონომიკური რეფორმის ობიექტური აუცილებლობა, უალტერნატივობა, მისი გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყანაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისათვის. ამ შედეგამდე იოლად და მარტივად არ მივსულვართ.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლები ჩვენი ქვეყნისათვის იყო პერიოდი, როდესაც პოლიტიკურ კატაკლიზმებთან ერთად ადგილი ჰქონდა დირექტიულ საგეგმო რეჟიმებს ნგრევას, ეკონომიკური კრიზისის გამწვავებას, საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემების თითქმის სრულ მოშლას, ტრადიციული სამეურნეო კავშირების რღვევას და ბაზრების დაკარგვას, წარმოების პარალიზებას. ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს, რომლებიც მეტწილად წინა პერიოდში მცდარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ტრაგიკული ანარეკლი იყო, განსაკუთრებით ამწვავებდა ქვეყნის შიდა დაპირისპირებულობა, გარედან ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობები, კრიმინალური ძალების აღზევება და ტერორიზმის აყვავება.
მე ძალიან იშვიათად ვახსენებ ვინმეს წარსულ შეცდომებსა თუ ცოდვებს. და თუ ვინმეს დღეს რამეს შევახსენებ, მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომები აღარავინ გაიმეოროს. ჩვენ არავის დაპატიმრება და რეპრესიები არ გვინდა, მაგრამ ნურც იმას შევეცდებით, რომ გმირებად ვაქციოთ ის ადამიანები, რომელთა წყალობითაც ქვეყანა ამ უბედურებაში, ჭაობში, აღმოჩნდა, რომლებმაც დაღუპვის გზისკენ ჰკრეს ხალხს ხელი.
სიტუაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაამძიმა სამოქალაქო ომმა, კონფლიქტებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონ- ში, რის შედეგადაც ხელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ქვეყანაში გაჩნდა 300 ათასამდე დევნილი, მათი მწვავე სოციალური, მორალური და ეკონომიკური პრობლემებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მილიარდობით პირდაპირ ეკონომიკურ ზარალსა და განადგურებულ ქონებაზე.
ჩვენ კიდევ უნდა მოვძებნოთ რესურსები იმისათვის, რომ მეტი სითბო და ზრუნვა იგრძნონ ამ ადამიანებმა. ყველა რაიონს შეუძლია რაღაცის გაკეთება. მე მინდა ამ ხალხს შევპირდე, რომ თუკი რამე რესურსი გააჩნია სახელმწიფოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ დროულად დავამთავროთ პროცესი, რომელსაც კონფლიქტის მოწესრიგება ჰქვია.
ამ პირობებში რთული და არაერთგვაროვანი იყო ეკონომიკურ სფეროში გარდაქმნების ის მცდელობანი, რასაც ახლიდან ფორმირებადი ეკონომიკური და პოლიტიკური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები ეწეოდნენ ისედაც მძიმე პოსტტოტალიტარული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის ეკონომიკაში.
მართალია, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საქართველოში რეფორმების განხორციელების პირველი ნაბიჯები, როგორიც იყო ფასების ლიბერალიზაცია, დირექტიული სახელმწიფო დაკვეთის სისტემის გაუქმება, მიწის რეფორმა, საცხოვრებელი ბინების განსახელმწიფოებრიობა, მაგრამ ეს პროცესი წარიმართა სერიოზული ხარვეზებით და შეცდომებით. ამის გამოც მდგომარეობა არა თუ არ გამოსწორებულა, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა ის კრიზისული მოვლენები და არასასურველი ეკონომიკური ტენდენციები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან გახდა შესამჩნევი, რაც საბოლოო ანგარიშით გამოიხატა წარმოების დონის მკვეთრ დაცემაში, საყოველთაო დეფიციტსა და ფასების შეუჩერებელ ზრდაში. ეკონომიკურმა დაქვეითებამ კრიტიკულ ზღვარს 1993-1994 წლებში მიაღწია, როცა შეუძლებელი გახდა მრეწველობის საბაზო დარგების ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირება, სადაც სამრეწველო წარმოების მოცულობა თითქმის ექვსჯერ შემცირდა. ანალოგიური ვითარება შეიქმნა საქართველოს აგროსამრეწველო და სასურსათო კომპლექსში, რის შედეგადაც ძველი სტრუქტურების მოშლის უამრავი პროცესის პირობებში, დიდწილად განადგურდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უმოთხოვნოდ აღმოჩნდა ქვეყნის ძირითადი საექსპორტო რესურსები, ჩამოყალიბდა სრული ანტიინვესტიციური კლიმატი.
კრიზისის კულმინაციას მაკროეკონომიკურ დონეზე გამოხატავს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 1990 წლის 2063 აშშ დოლარიდან 1994 წელს 450 აშშ დოლარამდე შემცირება და 65-პროცენტიანი საშუალო თვიური ინფლაცია. მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული ქვეყნების ჰუმანიტარული დახმარებით გახდა შესაძლებელი მოსახლეობის დიდი ნაწილის სურსათით მინიმალური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. მოიშალა სახელმწიფო შემოსავლების სისტემა და არსებითად დაეცა სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის დონე. ამ შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1994 წელს 4,2%25-მდე დაეცა, ხოლო საგადასახადო შემოსავლის წილმა 1994 წელს ბიუჯეტში მხოლოდ 2%25 შეადგინა. უკვე 1993 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 26%25-ს გადააჭარბა და მთლიანი ემისიური კრედიტით დაფინანსდა. ასეთივე წესით დაფინანსდა 1994 წლის ბიუჯეტის დეფიციტიც.
გარდა ამისა, 1992 წლიდან მოყოლებული 1994 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხშირად სამთავრობო წრეების კარნახით, ყოველგვარი გაანგარიშებისა და რესურსების უზრუნველყოფის გარეშე სხვადასხვა დაუსაბუთებელ პროგრამაზე დიდი ოდენობით სესხების გაცემამ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, მძიმე, გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა საფინანსო-საკრედიტო სისტემას.
ასეთ ვითარებაში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე ანტიკრიზისული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია.
1994 წლის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით დამტკიცდა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში ინტენსიურად დაიწყო რადიკალური ეკონომიკური გარდაქმნები. ანტიკრიზისულ პროგრამაში ძირითად ქვაკუთხედს შეადგენდა საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს გარდაქმნა, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპის მკვეთრი დაჩქარება, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და ზოგადად, სოციალური სფეროს რეფორმა, ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელება.
პროგრამის რეალიზაციის გადამწყვეტი ნაბიჯი იყო „მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის ძირეული რეფორმის დაჩქარების შესახებ“ სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს 281 ბრძანებულება და მის შესასრულებლად სამთავრობო გადაწყვეტილებათა მიღება, რითაც შეიქმნა პირობები ერთიანი საფინანსო სისტემის ფორმირების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დაწყებისა და ჰიპერინფლაციის დაძლევისათვის.
ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ინფლაციის რეგულირება წარმოადგენდა. შეგახსენებთ: წლიური ინფლაციის დონე 1994 წლის 8500 პროცენტიდან 1996 წელს 13,5 პროცენტამდე შემცირდა. 1997 წლის 9 თვეში კი იგი მხოლოდ 3,3 პროცენტს შეადგენს. ინფლაციის ასეთი შეზღუდვა სამართლიანად უნდა ჩაითვალოს განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მონაპოვრად. ფულად-საკრედიტო რეგულირებას სწორედ შერჩეულმა კურსმა ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა ქვეყანაში საერთაშორისო რეზონანსის მქონე ფულის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. ეკონომიკური გარდაქმნების თანამიმდევრულობამ და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფამ, აგრეთვე, ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების ფლობამ ლარი აქცია ქვეყანაში გადახდის ერთადერთ რეალურ საშუალებად.
ფულის რეფორმა, ცხადია, ემყარებოდა ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო პოლიტიკის რადიკალურ ტრანსფორმაციას, ქვეყნის საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას, ფასების მოწესრიგებასა და ლიბერალიზაციას.
საბანკო სისტემის გარდაქმნის პროგრამის განხორციელებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია მოსახლეობისა და სამეურნეო სუბიექტების საბანკო სისტემისაკენ შემობრუნების თვალსაზრისით. კერძოდ, 1995 წლის სექტემბრისათვის კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე იყო 46,1 მილიონი ლარი, 1996 წლის ამავე პერიოდისათვის 72 მილიონი ლარია.
1994-1996 წლებში განხორციელდა ფასების ლიბერალიზაციის დამამთავრებელი ეტაპის დიდი ნაწილი. პურის ფასების 1994 წლის 17 სექტემბრიდან დაწყებული გამოთავისუფლების შედეგად შესაძლებელი გახდა არა მარტო ამ დარგის სუბსიდირების შეწყვეტა, არამედ ხორბლის რესურსების რეალიზაციიდან ამონაგები თანხების რესპუბლიკური ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ბოლო წლების საქართველოს უახლეს ისტორიაში პურის ფასის ლიბერალიზაცია, რომელიც უმტკივნეულოდ ჩატარდა, ისტორიული მოვლენაა. აქ მე ერთხელ კიდევ მინდა გავუსვა ხაზი ეროვნული ბანკის სწორი საფინანსო საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელობას. ნუ დაგვავიწყებთ, რა იყო, რა მდგომარეობაში ვიყავით და როგორ გამოიყურება დღეს ეს სისტემა. ყველას ვთხოვ, ეს ნუ დაავიწყდებათ.
განხორციელებული რეფორმების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში კერძო მესაკუთრეთა მყარი ფენის ჩამოყალიბებას.
დღეისათვის პრივატიზებულია 10 ათასამდე სახელმწიფო საწარმო და შეიქმნა მესაკუთრეთა ახალი ფენა, რომელსაც საკმაოდ კარგი ავტორიტეტი აქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ცოცხალი, რეალური საქმეების კეთება საკუთარი თავის, ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ ხალხს სჭირდება ყოველმხრივი მხარდაჭერა. მე მხედველობაში მყავს პატიოსანი ბიზნესმენები და პატიოსანი ბიზნესი.
გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა მიწის რეფორმას. ბევრმა სახელმწიფომ ვერ გაბედა და დღემდე ვერ მიიღი შესაბამისი გადაწყვეტილება. 950 ათასი ოჯახი, ხოლო თუ ქალაქებსაც ვიგულისხმებთ თავიანთი ყოფილი საბოსტნე ნაკვეთებით, მილიონ ათი ათასი ოჯახი მიწის მესაკუთრე გახდა. მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს მიწაზე უდგას ფეხი და, ყოველ შემთხვევაში, შიმშილის საფრთხე არ ემუქრება. ეს უდიდესი სიმდიდრე მოსახლეობაზე გადანაწილდა შედარებით სამართლიანად.
1995 წლიდან განახლდა ეკონომიკური ზრდის პროცესი. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1995 წელს წინა წელთან შედარებით 2,4%25-ით გაიზარდა, 1996 წელს - 10%25-ით, ხოლო 1997 წლის 9 თვეში - 12%25-ით. საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ქვეყნის სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპმა.
ყურადსაღებია სერიოზული ძვრები აგრარულ სექტორში, რაზეც დეტალურად აღარ შევჩერდები.
რეფორმების წარმატების, კრიზისული მოვლენების დაძლევის დასაწყისის, ეკონომიკური ზრდის განახლების, შიმშილის დაძლევის, ფინანსური სტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორი იყო და რჩება საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობაში. კონსტიტუციის მიღება, დემოკრატიული გარდაქმნების პირველი ნაბიჯები, პრეზიდენტისა და პარლამენტის საყოველთაო და პირდაპირი არჩევნები, კრიმინოგენური სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება ის აუცილებელი პოლიტიკური ფონია, რაც მეგობარ განვითარებულ ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საშუალებას და ბიძგს აძლევს გააფართოონ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რაც ამ ეტაპზე უპირატესად საქართველოს ეკონომიკური დახმარების სერიოზული მასშტაბებით აღინიშნება.
მიმაჩნია, რომ ჩვენც და ჩვენი მომავალი თაობებიც მადლიერი უნდა იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ საქართველოსადმი გაწეულმა ყველა სახის დახმარებამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1992-1996 წლებში) 1 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ისიც უნდა ითქვას, რომ იყო, ალბათ, დარღვევებიც, უსამართლობაც, მითვისებაც, მაგრამ ეს პროდუქტი ხომ ქვეყანაში შემოვიდა. მის გარეშე ხომ ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა, ნახევარი საქართველო შიმშილით ამოწყდებოდა. მე მარტო ლტოლვილებსა და უმწეო, დაუცველ ადამიანებს არ ვგულისხმობ.
ამ დახმარების სტრუქტურა ამგვარად ხასიათდება (აქ არ შედის 1997 წელს მიღებული სტრუქტურული ტრანსფორმაციის სესხები - სავალუტო ფონდიდან 40 მილიონი და მსოფლიო ბანკიდან 65 მილიონი აშშ დოლარი): ტექნიკური დახმარება (95,0 მილიონი აშშ დოლარი) ძირითადად მიმართული იყო საკონსულტაციო მომსახურებაზე, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ტექნიკური მოწყობილობებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე; უშუალო ჰუმანიტარული დახმარება - პროდუქტები, მედიკამენტები და სხვა - 574 მილიონი აშშ დოლარი.
მარტო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ამ წლების განმავლობაში 400 მილიონ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, ამერიკის კონგრესი იხილავს საქართველოსათვის შემდგომი დახმარების საკითხს - კიდევ 80-დან 100 მილიონამდე დოლარის გამოყოფა არის მოსალოდნელი.
ეკონომიკაში მიღწეული შედეგების კვალობაზე თანამიმდევრულად ხორციელდებოდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. კერძოდ, ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1996 წელს 1995 წელთან შედარებით 2,3-ჯერ გაიზარდა, წლევანდელი სექტემბრისათვის ამ მაჩვენებელმა 70 ლარს (მათ შორის, საბიუჯეტო სექტორში - 39 ლარს) მიაღწია, რაც საარსებო მინიმუმის 80 პროცენტია, 1996 წლის შესაბამისი პერიოდის 40 პროცენტის ნაცვლად. ხელფასის მომატების ღონისძიებები ორჯერ განხორციელდა 1997 წელს. ერთ სულ მოსახლეზე გაწეულმა სახელმწიფო ხარჯებმა 1995 წლის 93,7 ლარიდან 1996 წლისათვის მიაღწია 150,5 ლარს. სახელმწიფო ხარჯები სოციალურ საჭიროებებზე წლიდან წლამდე იზრდება როგორც აბსოლუტურ გამოსახულებაში, ასევე ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებაში. მაგალითად, 1995 წელს ბიუჯეტიდან სოციალური საჭიროებისათვის დაიხარჯა 90 მილიონი ლარი, 1996 წელს - 290 მილიონი ლარი, 1997 წლის 9 თვეში - 345 მილიონი ლარი, ხოლო მისი ხვედრითი წილი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების მიმართ შეადგენდა შესაბამისად 20%25, 37,6%25 და 52 %25-ს. მოგეხსენებათ, მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სოციალური საკითხებია.
ამასთან, ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციის შედეგად განხორციელებულმა რეფორმებმა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო წარმოებისა და ცხოვრების დონის სრული რეაბილიტაცია. საქართველოს მოქალაქეთათვის თანამედროვე ცივილიზაციისათვის შესაფერისი კეთილდღეობისა და საქმიანობის პირობების შექმნა რეფორმის უმთავრეს პრობლემად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მატულობს ეკონომიკაში დასაქმებულთა ხელფასები, მაინც დიდია სხვაობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავლებისა და საბაზრო ფასების დონეებს შორის.
ოჯახების საკმაოდ დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. თუმცა, სავარაუდოა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები ჯერ კიდევ სრულად ვერ ასახავს მოსახლეობის ცხოვრების დონესთან დაკავშირებულ სურათს, რადგანაც მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც აღურიცხავი რჩება. კვლავ დიდია ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ჩამორჩენა კრიზისისადმი პარამეტრებიდან. ასე მაგალითად, 1990 წლის დონის მიმართ 1996 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 33,4%25.
ეკონომიკის რეალურ სექტორში მიმდინარე პოზიტიური პროცესებისა და საერთო გაჯანსაღების ფონზე ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში კვლავ შეინიშნება სერიოზული სირთულეები, რომელთა დაძლევაც მიმდინარე ეტაპის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
ასევე გაანალიზდა ბიუჯეტის შესრულებაში არსებული სიძნელეებიც, რასაც კონცენტრირებულად გამოხატავს მობილიზებული სახელმწიფო და განსაკუთრებით საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან.
საქართველოში მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჩამორჩება არა მხოლოდ განვითარებული საბაზრო ქვეყნების, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა დიდ ნაწილში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს. მაგალითად, 1996 წელს აზერბაიჯანში საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წილი საქართველოში ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს (5,7%25) 8 პროცენტული პუნქტით აჭარბებდა, რუსეთში - 15,2 პროცენტული პუნქტით, მოლდავეთში - 19,3, ყაზახეთში - 5,3, ხოლო ყირგიზეთში 7,3-ით.
გარკვეული ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა საქართველოს სამეურნეო კომპლექსში ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილის არსებითი შემცირება. კვლავ გადაუჭრელ და ძალზე მტკივნეულ საკითხად რჩება ეგრეთ წოდებული „თვითდასაქმებულ“ მოქალაქეთა შემოსავლების ლეგალიზაცია. ამასთან დაკავშირებით, სწორი არ არის გამოთქმა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოაცხადა. ჩვენ დავიწყეთ ხანგრძლივი ბრძოლა ჩრდილოვან ეკონომიკაში გასარკვევად და მისი მიზეზების შესასწავლად. საქართველოში ახლა მსოფლიო ბანკისა და გაეროს დახმარებით იქმნება სპეციალური სამეცნიერო ცენტრი პარლამენტის, პრეზიდენტის, პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და მეცნიერთა მონაწილეობით, რომელმაც უნდა განსაზღვროს პროგრამა იმისა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, როგორ დავძლიოთ იგი. არავის ეგონოს, რომ თუ მებაჟეს 500 ლარს მივცემთ ხელფასს (რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს), ის ქრთამს აღარ აიღებს. ამიტომ უნდა მოიძებნოს გზები და საშუალებები - სტიმულირება, ადმინისტრირება, სასჯელი თუ სხვა რამ - იმისათვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია, როგორც ნეგატიური მოვლენა, აღარ არსებობდეს.
არსებულ დადებით ტენდენციათა განმტკიცებისა და უარყოფითი პროცესების აღმოფხვრის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის პროგრამა, რომლის მთავარი ორიენტირია მოსახლეობის ცხოვრების დონის რეალური გაუმჯობესება და სიღატაკის დაძლევა, რაც უზრუნველყოფილი იქნება წარმოების რეაბილიტაციისა და დასაქმების ამაღლების საფუძველზე, შემოსავლების არაინფლაციური ზრდის, სახელმწიფოს მიერ სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიების შექმნის, საკომპენსაციო დახმარებისა და შემწეობის გაცემის არსებული სისტემის ძირეული გარდაქმნის, სოციალური პროგრამების დაფინანსების სისტემის გაფართოებისა და საპენსიო რეფორმის განხორციელების გზით. ამოცანის ამგვარად დაყენება სავსებით შეესაბამება ქვეყნის განვითარების დღევანდელ დონეს, ეკონომიკურ გარდაქმნებში მიღწეულ შედეგებს, გამოცდილებას, საერთაშორისო ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სტანდარტებს, საქართველოს სწრაფვას ევროპულ სტრუქტურებში, რომელთაც სიღატაკესთან ბრძოლა ერთერთ უმთავრეს ამოცანად მიაჩნიათ.
სხვათა შორის, სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ პრესის წარმომადგენლებს გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები: რას ნიშნავს ევროპულ ინტეგრაციაში ჩართვა. ეს არის, პირველ ყოვლისა, ცხოვრების დონის გათანაბრება, ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური დონის, პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნულობის, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ჩვენი კულტურული ფენომენის შენარჩუნება და გადარჩენა. სტრასბურგი ახალი მოვლენა იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთოდ ევროპული ცხოვრებისათვის. ამიტომაც მოძრაობას საერთაშორისო ევროპული ინტეგრაციისაკენ უნდა მიეცეს უფრო მიზანმიმართული ხასიათი და ეს იდეალები თითოეული მოქალაქის საკუთრებად უნდა იქცეს.
ამ მიზნის მისაღწევად ახალ ეტაპზე რეფორმების ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს ისეთი ეკონომიკური ღონისძიებები, როგორიცაა ყველა დონის ბიუჯეტისათვის პრიორიტეტულ სოციალურ ფუნქციასთან ერთად ინვესტიციური და ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ხასიათის მინიჭება: სახელმწიფო ინვესტიციების მარეგულირებელი როლის გაძლიერება საქართველოში მეწარმეობის განვითარებისა და სამეურნეო კომპლექსის სტრუქტურული სრულყოფის მიმართულებით; პრივატიზებული საწარმოების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება; ბუნებრივი მონოპოლიების რესტრუქტურიზაცია, კერძოდ, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში; კომუნალური მეურნეობის სტრუქტურული რეორგანიზაცია და მასში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება; მსხვილ სახელმწიფო საწარმოების, მათ შორის, ენერგეტიკული, მეტალურგიული კომპლექსების რესტუქტურიზაცია, რაც უნდა გახდეს წარმოების სფეროს დაჩქარებული განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების წინაპირობა; სასამართლო რეფორმა და გაკოტრების კანონის სრულფასოვანი ამოქმედება; შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საფუძველზე კორუფციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, რაც, საბოლოო ანგარიშით, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გადიდებასა და მათი ცხოვრების დონის რეალურ ამაღლებას, მოსახლეობის წინაშე სახელმწიფო ვალდებულებათა (ანაბრების ინდექსაცია, კოოპერაციული ბინათმშენებლობის შენატანების კომპენსირება, სტიქიათა და საომარი კონფლიქტებით დაზარალებულთა ქონებრივი რეაბილიტაცია) თანმიმდევრული რეალიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას.
ამ ამოცანების რეალიზაციიდან გამომდინარე, ძირითადი მაკროეკონომიკური მიზნები 1997-2000 წლების პროგრამისათვის შემდეგია: ეკონომიკური ზრდის ტემპი 8-10 პროცენტი წელიწადში; ინფლაციის შემდგომი შემცირება, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდა მთლიანი იმპორტის 2,5 თვიდან (170 მილიონი აშშ დოლარი) 1997 წელს, სამ თვემდე 1998-1999 წლებში. ეს მიზნები მიღწეულ უნდა იქნეს ოპტიმალური ფინანსური პოლიტიკის განხორციელებით, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმებით, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების, საშინაო დანაზოგებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისაკენ.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა რეფორმების ახალ ეტაპზე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს როგორც უცხოური, ისე შიდა საინვესტიციო საკრედიტო რესურსების მოზიდვას და ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების სამსახურში მათ მიზანმიმართულ ჩართვას. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას გამოყენებული იქნება მოწინავე ქვეყნების მიერ აპრობირებული რეგულირების საერთო და სელექციური მეთოდები.
განხორციელდა ღონისძიებები კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობის გადიდების ხელშეწყობისა და საკრედიტო რესურსების ზრდისა და გაიაფების მიმართულებით.
მეწარმეს, ბიზნესმენს ჰაერივით სჭირდება კრედიტი, რომელიც არ დაახრჩობს და სტიმულს მისცემს წარმოებას. ასეთი კლიმატი და წყაროები უნდა შეიქმნას საქართველოში და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაინც იმედიანად იზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში საქართველოს ბანკები კონკურენტუნარიანი გახდებიან. ეს ნიშნავს, რომ მთელ სახალხო მეურნეობას, მთელ ეკონომიკას ექნება განვითარების დიდი სტიმული.
მე დატალურად ვჩერდები ამ საკითხებზე, რადგან ეს ჩვენი ცხოვრებაა. ამის გარეშე არც დემოკრატია არსებობს, არც აყვავებული ქვეყანა და არც დამოუკიდებლობა. ჩვენ მივუახლოვდით იმ დონეს, როცა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება. ამის გარეშე კი ამ მიზანს ვერ მივაღწევთ.
უახლოეს წლებში საგადასახადო პოლიტიკის უპირველეს მიზნად დასახულია საგადასახადო შემოსავლების განუხრელი ზრდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებული დავალიანებების მოცულობის მინიმიზაციის გზით. ჩვენ დაგვჭირდება არა ერთხელ დავუბრუნდეთ საგადასახადო სისტემის სრულყოფის, მისი ოპტიმალურობის საკითხებს, კანონმდებლობის სრულყოფას. საფუძველი გვაქვს, მაგრამ საჭიროა მისი ყოველდღიური სრულყოფა. არაერთხელ მითქვამს, რომ საგადასახადო სისტემა ისეთი უნდა იყოს, რომ სტიმულს აძლევდეს წარმოებას. ჩვენ სწორედ ასეთ ოპტიმალურ სისტემამდე უნდა მივიდეთ.
რეფორმის ახალ ეტაპზე ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტარნსპორტის, კავშირგაბმულობის, კომუნალური სფეროს რესტრუქტურიზაციასთან ერთად „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ ახლადმიღებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელდა მსხვილ სახელმწიფოთა სააქციო საზოგადოებების რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია და შემდგომ - პრივატიზება. ასეთი სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტის გაყიდვა განხორციელდა წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამების საფუძველზე.
ჩვენ ახლა ისეთ დონეზე ვართ პრივატიზაციის სფეროში, როცა ლაპარაკია ტრანსპორტზე, რკინიგზაზე, ნავსადგურებზე, ენერგეტიკაზე და მხოლოდ დიდ ინვესტორებთან უნდა გვქონდეს საქმე. სხვანაირად რეფორმის მეორე ეტაპი აზრს დაკარგავს.
რეფორმის მეორე ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის საკითხი. ჩვენ ვერ ვივლით მასობრივი რეპრესიების გზით. ადამიანებში არის ასეთი განწყობილება: რატომ არ დაიჭერენ და ჩასვამენ ციხეში... უნდა შევძლოთ მიზეზების შესწავლა. არ უნდა შესუსტდეს ბრძოლა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი თანამოქალაქეები არიან და უნდა შევუქმნათ პირობები იმისათვის, რომ პატიოსანი, წესიერი გზით შეიძინონ სიმდიდრე.
ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა უშუალოდ არის დაკავშირებული ეროვნული მეურნეობის სტრუქტურულ გარდაქმნებთან, რომლებიც უნდა განხორციელდეს დარგობრივი პრიორიტეტების მართებულად შერჩევის ფონზე. აუცილებელია ეკონომიკის იმ დარგების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობენ: ენერგეტიკული კრიზისის დაძლევას (ჩვენი გეგმით, 2000 წლისათვის საქართველო შეიძლება ნაწილობრივ მაინც ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს); სასურსათო პროგრამების განხორციელებას (ლაპარაკი უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებაზე.) ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი გარანტიები ან გარანტირებული ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც უტყუარი პარტნიორები არიან; კომუნიკაციების განვითარებას; შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას, უმუშევრობის დონის მინიმუმამდე დაყვანას; საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაფართოებას.
საქართველო არ შეიძლება იყოს მარტო იმპორტიორი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე სწორედ საექსპორტო წარმოების განვითარებაზეა დამოკიდებული. ჩვენ დიდი შეღავათები გავავრცელეთ. მადლობელი ვარ პარლამენტის, რომელმაც გაგებით მიიღო ჩვენი წინადადებები და თვითონაც ბევრი რამ დაუმატა. მაგრამ კიდევ უნდა ვიფიქროთ ექსპორტის სტიმულირებისათვის საჭირო ღონისძიებებზე.
ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სათბობენერგეტიკული კომპლექსის გარდაქმნას.
ეკონომიკური რეფორმის ახალ ეტაპზე აგრარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით აუცილებელია საადგილმამულო ურთიერთობებში საბაზრო პრინციპების მყარად დამკვიდრება, ცივილური ფორმების განვითარება და ინვესტიციების საკითხის გადაწყვეტა აგრარულ სექტორში, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკისა.
სასურსათო კომპლექსისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული საქონლისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა, რაც უმოკლეს დროში უნდა განხორციელდეს. ყველა უნდა დავირაზმოთ, მათ შორის, უშიშროების, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროები, საგადასახადო ინსპექცია, თავისთავად, საბჟო სამსახური, უნდა ავამოქმედოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები იმ ქვეყნებში, სადაც ბაზრები გვაქვს, რომ ფალსიფიცირებული ნაწარმი საქართველოს სახელით არ მიდიოდეს.
საპროგრამო პერიოდში გარემოს დაცვის ძირითად ამოცანად ნავარაუდევია გარემოსდაცვითი საქმიანობის ინტეგრირება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, მისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნით. მოხდა გარემოსდაცვითი საქმიანობის მართვის სტრუქტურის შემდგომი სრულყოფა რეგიონალური სამსახურების გაძლიერებითა და მათზე შესაბამისი სამინისტროს ფუნქციების დელეგირებით. მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით შემუშავდება „გარემოს დაცვის ეროვნულ მოქმედებათა გეგმა“. ეს მუშაობა უკვე დაწყებულია.
ქვეყანაში ამჟამად არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების ძირითად საშუალებად იქცევა მაღალკვალიფიციური სამუშაო კადრების შენარჩუნება და მომავალში სამეცნიერო კადრების მომზადების უფრო ქმედითი სისტემის შექმნა.
რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაემყარება ორ ძირითად პრინციპს: ა) მოსახლეობის საწარმოო შრომითი აქტივობის ამაღლებას, დასაქმების მაქსიმიზაციასა და მისი ოპტიმალური დონის უზრუნველყოფას თითოეულ რეგიონში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაუმართლებელი შიდა მიგრაცია, აგრეთვე შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრაცია; ბ) რეგიონების შეწონასწორებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას და ზოგიერთ სხვა ღონისძიებას.
თუ ჩვენ მეორე ეტაპს წარმატებით დავასრულებთ, ვვარაუდობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც წასული არიან ქვეყნიდან, 2-3 წელიწადში აუცილებლად დაბრუნდებიან.
უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პარტნიორული ურთიერთობა რეგიონალურ და საერთაშორისო საფინანსო ცენტრებთან კიდევ უფრო განვითარდეს.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხიც, რომელიც უშუალოდ ეკონომიკურ რეფორმას არ უკავშირდება, მაგრამ ჩვენ პარალელურად მოძრაობის მომხრენი ვართ. ერთია, რაში მდგომარეობს არსი ეკონომიკური რეფორმისა, მეორე ის, რომ მას სჭირდება სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური უზრუნველყოფა, საფუძველი. ეს საფუძველი არის ის რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების ხაზით. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია მადლიერებით არ მივმართო ჩვენს პარლამენტს, რომელმაც სათანადო წინდახედულება და სიბრძნე გამოიჩინა, როდესაც ძირითადად მიიღო ის წინადადებები, რომლებიც პრეზიდენტმა შეიტანა. აქ არის, ერთის მხრივ, გლობალური არჩევითობა თემის, დაბის დონეზე, წარმომადგენლობითი სტრუქტურები, რაიონის, ქალაქის საკრებულოები დიდი უფლებებით, არჩევითობა პროპორციული სისტემის საფუძველზე, რაც ბიძგს მისცემს პლურალიზმის განვითარებას, ყველა პარტიას მისცემს საშუალებას, თავისი პოლიტიკური პლატფორმა მიიტანოს თითოეულ მცხოვრებამდე. მეორეს მხრივ, არის გარანტიები იმისა, რომ არ იქნება დაშვებული ქაოსი და ანარქია, რადგან ჯერჯერობით, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, დანიშვნის ინსტიტუტზე რაიონულ და საქალაქო ადმინისტრაციებში უარს ვერ ვიტყვით. ეს დიდი ხნისა და ბევრი ღამის ნაფიქრია. ჩვენ მივდივართ სწორი გზით. ზოგიერთი რეფორმა ჩვენ მაშინ დავიწყეთ, როცა არ შეიძლებოდა და ეს საწინააღმდეგო დინებად მოუბრუნდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, რომ 2-3 წლის განმავლობაში, რომლებიც სწორედ ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპს ემთხვევა, ჩატარდება ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების სწორედ ამ სახის რეფორმა. მადლობელი ვარ იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ხმა მისცეს ამ ვარიანტს და არც იმათ ვემდური, ვინც საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა სათანადო ტაქტითა და არგუმენტებით.
ეკონომიკური რეფორმების მიმდინარე ეტაპი სრულიად ახლებურ მოთხოვნებს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მიმართ. თუ განვლილ პერიოდში ძირითადად მოქმედებდნენ ისეთი პროგრამები, რომლებიც შეეხებოდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ეკონომიკური კრიზისის უმწვავეს ფაზაში ქვეყნის სასიცოცხლო ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ამჟამად უკვე ჩამოყალიბებულია ისეთი პირობები, როდესაც პირველი რიგის ამოცანებს წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის კომპლექსურობის დონის ამაღლება, ეკონომიკის დარგობრივი განვითარების პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია, საგარეო ბაზარზე პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საექსპორტო ბაზის გაფართოება.
ამრიგად, ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამის დებულებათა თანამიმდევრული რეალიზაცია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, რეფორმების პროცესის შეუქცევადობა და გაღრმავება, მოსახლეობის შემოსავლების გადიდება და მათი ცხოვრების დონის რეალური ამაღლება.
გმადლობთ.
იბეჭდება შემოკლებით.
ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის მთავარი ორიენტირია მოსახლეობის ცხოვრების დონის რეალური გაუმჯობესება და სიღატაკის დაძლევა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 ოქტომბერი. - №263 (2636). - 1,3 გვ.
![]() |
118 საქართველოს არქიტექტორებს, „არქიტექტურის დღის“ მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - არქიტექტურის დღეს.
ქართული არქიტექტურის ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი.
არქიტექტურა გათავისუფლდა რა სახელმწიფო დიქტატისაგან, თანდათანობით უბრუნდება ობიექტური კანონზომიერებით განვითარების ბუნებრივ გზას. ეს კიდევ უფრო ამაღლებს საქართველოს არქიტექტორთა როლსა და პასუხისმგებლობას ადამიანთა სასიცოცხლო პროცესების მოწესრიგების და მათთვის მაღალმხატვრული გარემოს შექმნის თვალსაზრისით. არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიული საზოგადოების - არქიტექტორთა კავშირის ღვაწლი როგორც ხუროთმოძღვრების, ისე მდიდარი ეროვნული ტრადიციების დაცვაში.
დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც ჩვენი სოფლები და ქალაქები უსწრაფეს სახეცვლილებას განიცდის, საჭიროა დამკვეთის, ინვესტორისა და ეროვნული კულტურის ინტერესების გონივრული თანხვედრის გზების გამონახვა.
ჩემთვის ცნობილია ის სირთულეები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ქართული არქიტექტურა, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით სულ მალე დავძლევთ ამ პრობლემებს.
ე. შევარდნაძე.
მილოცვა : საქართველოს არქიტექტორებს, „არქიტექტურის დღის“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 ოქტომბერი. - №263 (2636). - 1 გვ.
![]() |
119 გაზეთ „გიურჯუსთანის“ შემოქმედებით კოლექტივს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
გულწრფელად გილოცავთ დაარსებიდან 75-ე წლისთავს.
საქართველოში პირველი აზერბაიჯანული გაზეთი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გამოიცა. თქვენი შემოქმედებითი კოლექტივი ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას, რომლის მთავარი არსი ორი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული მეგობრობისა და ნათესაობის განმტკიცებაა.
„გიურჯუსთანს“ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. მის ფურცლებზე ათეული წლების განმავლობაში აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ღირსსახსოვარი მოვლენა. გაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივმა და ჟურნალისტებმა გაუძლეს დროის გამოცდას და შეინარჩუნეს გაზეთი უახლოესი წარსულის მძიმე და დრამატულ პერიოდში. დღეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის სრულიად ახალ ეტაპზე, რომელიც დამოუკიდებელი და პარტნიორი სახელმწიფოების ტრადიციულ ძმობას ეფუძნება, „გიურჯუსთანს“ თვისებრივად ახალი მისია დაეკისრა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენც და თქვენს მკითხველებსაც ღირსშესანიშნავ თარიღს. გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.
ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : გაზეთ „გიურჯუსთანის“ შემოქმედებით კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 ოქტომბერი. - №264 (2637). - 1 გვ.
![]() |
120 უბრწყინვალესი მაგალითი მოქალაქეობრივი გმირობისა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წერილი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, სულ ორიოდ თვის წინათ გაუგზავნა მან იუბილარ ალექსანდრე ჯავახიშვილს. ეს წერილი დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
ღრმად პატივცემულო ალექსანდრევ, ბატონო ლალი, ვიცი, საიდუმლოდ ინახავდით და დღევანდელი დღის შესახებ არ გვიმხელდით (ეს თქვენი ბუნება და ხასიათია), მაგრამ ასეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ჩვენი ცხოვრებისა, როგორიც თქვენი სახელოვანი იუბილეა, შეუმჩნეველი როგორ დარჩებოდა?!
ეს-ესაა დავბრუნდი კახეთიდან და გადავწყვიტე, შეგეხმიანოთ: გილოცავთ! ათიათასი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი ხალხისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისათვის, ბრძანდებით უბრწყინვალესი მაგალითი მოქალაქეობრივი გმირობისა, ზნეობრივი ამაღლებისა, მეცნიერული თავდადებისა, პატრიოტული თავგანწირვისა.
მეამაყებით. მიხარია, ძალას მმატებს, რომ ვარ თქვენი თანამედროვე.
ამ სიტყვებში გრამი წყალი არ ურევია, რადგან გიცნობთ რამდენიმე ათეული წელია, იმ „ძველი“ დროიდან მოყოლებული, მახსოვხართ ყოველგვარ სიტუაციაში მყოფი, განსაკუთრებით დაგიახლოვდით საქართველოსათვის ძნელბედობის დღეებში და მაქვს საფუძველი ვთქვა ის, რაიც ვიცი და რის მომსწრეც ვარ.
უღრმესი პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
31.08.97 წელი.
უბრწყინვალესი მაგალითი მოქალაქეობრივი გმირობისა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ოქტომბერი. - №265 (2638). - 1 გვ.
![]() |
121 ჩვენი სახელოვანი თანამედროვე |
▲ზევით დაბრუნება |
გამოთხოვება
კიდევ ერთმა სახელოვანმა მამულიშვილმა დასტოვა ეს ქვეყანა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი მიეახლა დიდ წინაპრებს: გარდაიცვალა დიდი ივანე ჯავახიშვილის ღირსეული შვილი და მისი საქმის ღირსეულად გამაგრძელებელი ბატონი ალექსანდრე ჯავახიშვილი.
სულ ახლახანს სიამოვნებითა და სიამაყით მივულოცე ბატონ ალექსანდრეს, ჩვენს ლალის, როგორც მას ყველა სიყვარულით იხსენიებდა, დაბადების ოთხმოცი წელი. იმ მილოცვაში ვწერდი: „მეამაყებით, მიხარია, ძალას მმატებს, რომ ვარ თქვენი თანამედროვე“.
და ეს მართლაც ასეა, ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ მისი თანამედროვენი ვიყავით, რომ ყველაზე ძნელ დროს ერთად ვიდექით და მისი მხარდაჭერა გვქონდა.
უხმაუროდ და პომპეზურობის გარეშე ჩაიარა მისმა საიუბილეო თარიღმა. ყოველივე ამის მიზეზი კი თავად ბატონი ლალი გახლდათ - თავმდაბალი, ჩუმი და უპრეტენზიო პიროვნება.
არადა, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონოდა რაიმე პრეტენზია საკუთარი თავის წარმოჩენისა, სწორედ მას უნდა ჰქონოდა - ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, იგი ხომ ივანეს შვილი გახლდათ, ხატად მისი მსგავსი და საქმითაც მისი შესაფერისი, მეცნიერად ღირსშესანიშნავი და საზოგადო მოღვაწედაც სამაგალითო.
დიდი მამის შვილობა ძალზე ძნელია, მისი ჩრდილიდან გამოსვლა კი უფრო ძნელი. ძნელია იმ პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელსაც არა მხოლოდ სახელოვანი მამა, არამედ საქართველოს უძველესი გვარიც გავალდებულებს.
ლალი ჯავახიშვილმა, ჭეშმარიტმა ინტელიგენტმა, დიდად განათლებულმა შესანიშნავმა მეცნიერმა და მართლაც უმწიკვლო პიროვნებამ არა მარტო სანაქებოდ შესძლო დიდი მამის შვილობა, არამედ თავისი კვალი დააჩნია როგორც ქართულ ისტორიულ მეცნიერებას, ისე თანამედროვე ქართულ ცხოვრებას.
სწორედ იმიტომ, რომ დიდი მამის შვილი გახლდათ, დიდი და ძველი გვარის ღირსეული წარმომადგენელი და ყოველმხრივ გამორჩეული პიროვნება, შინაგანი ღირსებით იმდენად იყო სავსე, იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარი ცხოვრებისეული ორიენტირების სიმყარესა და სიმაღლეში, რომ წამიერი და წარმავალი დიდებისადმი აბსოლუტურად ინდიფერენტული რჩებოდა.
თუმცა, სადაც საჭირო იყო და როგორც საჭირო იყო, იგი უყოყმანოდ იკავებდა ადგილს ბრძოლის წინა ხაზზე... მე მახსოვს მისი შემართება ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვისა და ბოლო ათწლეულის რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბატალიების დროს, როდესაც დაპირისპირება ხდებოდა არა მარტო მთავრობასთან, არამედ თუნდაც საკუთარ კოლეგებთან, მეგობრებთან, საკუთარ წრესთან, რაც ხშირად უფრო ძნელია. არდამთმობი იყო იგი, როდესაც სასწორზე ეროვნული ინტერესები იდო, უმაღლესი და მუდმივი ინტერესები.
იგი იდგა ჩემს გვერდით, როცა მე სამშობლოს ხსნის იმედით „მოქალაქეთა, მოძრაობას ჩავუყარე საფუძველი და იგი იყო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი.
იმ, „ძველი“ დროიდან მოყოლებული, მისი პოზიცია ჩემთვის მუდამ საყურადღებო და გასაზიარებელი იყო. განსაკუთრებით დავახლოვდით საქართველოსთვის ძნელბედობის დღეებში და მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი მხოლოდ საქართველოს ძველი ისტორიის მკვლევარი კი არ იყო, არამედ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედიც.
დიდი მადლობა ბატონ ლალის დიდებულ სახელს იმისთვის, რომ იგი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უბრწყინვალესი მაგალითი იყო მოქალაქეობრივი გმირობისა, ზნეობრივი ამაღლებისა, მეცნიერული თავდადებისა, პატრიოტული თავგანწირვისა.
ასეთ მაგალითად დარჩება იგი შთამომავლობასაც.
ედუარდ შევარდნაძე.
P. S. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გუშინ გამოქვეყნდა ლალი ჯავახიშვილის ოთხმოც წლისთავთან დაკავშირებული ჩემი ბარათი, გამოქვეყნდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კოლექტიური წერილი, მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, კიდევ რამდენიმე გამოსათხოვარი სიტყვა მეთქვა ადამიანისათვის, რომელიც მართლაცდა სანთელივით წმინდა და სპეტაკი, შეუპოვარი მებრძოლი იყო ახალი საქართველოსთვის. მე მსურს, ჩემი გრძნობები, გამოხატული ამ სიტყვებში, „დაეწიოს“ მის სულს, რომელიც ჯერ კიდევ თავს დაგვტრიალებს და შორეული უკვდავების სამყაროში არ ამაღლებულა.
გამოთხოვება : ჩვენი სახელოვანი თანამედროვე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 ოქტომბერი. - №266 (2639). - 4 გვ.
![]() |
122 „საღამოს ფურცელი“ №1 |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისობის დღესასწაულს მიეძღვნა ჩვენი გაზეთის პირველი „საღამოს ფურცელი“, რომელიც 26 ოქტომბერს გამოვიდა.
თბილისის საზოგადოებრიობის დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ ყველაზე უკეთ გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, რომლებიც მან „საღამოს ფურცლის“ პირველ ნომერს წააწერა:
„ყოჩაღ „საქართველოს რესპუბლიკავ“, აი, ასე ოპერატიულად, დროულად უნდა გამოეხმაუროთ იმას, რაც საზოგადოებაში ხდება.
შესანიშნავია, გმადლობთ.
ედუარდ შევარდნაძე“.
„საღამოს ფურცელი“ №1 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 ოქტომბერი. - №268 (2641). - 1 გვ.
![]() |
123 „ის საზოგადოება, რომლის აშენებასაც ვესწრაფვით, პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთა შერწყმას, მათს თავისუფალ ნებას ეფუძნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
27 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რა თქმა უნდა, კიშინიოვში გამართული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრა იყო, რომელიც, ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა მთელი თანამეგობრობისათვის. რუსულმა მასმედიამ ეს შეხვედრა შეაფასა, როგორც სკანდალური. იმასაც ამბობენ, რომ მან ძალიან სერიოზულად შეარყია თანამეგობრობის საძირკველი. სამიტზე გადაწყდა სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელების საკითხიც. თუ შეიძლება, თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ჩემთვის მოთხოვნილებაც იყო, გამაკეთებინა რაღაც კომენტარი კიშინიოვის შეხვედრისა და იმ შეფასებებისათვის, რომელიც უკვე მიეცა მას სხვადასხვა გზებითა და სხვადასხვა საშუალებებით.
ამთავითვე მინდა ვთქვა, რომ სწორი არ არის ასეთი შეფასება, თითქოს ეს იყო სკანდალური, უშედეგო და სხვა. პირადად მე ასე ვიტყოდი, რომ იმ შეხვედრათა შორის, რომლებსაც 1993 წლიდან ვესწრები, ჩემი აზრით, ეს ყველაზე შედეგიანი შეხვედრა იყო. მნიშვნელობა არა აქვს, რა ქაღალდსა და რა დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. თუ საერთაშორისო ურთიერთობიდან გავიხსენებთ, იყო სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრები, რომლებზეც არც ერთი დოკუმენტისათვის არ მოგვიწერია ხელი, მაგრამ, რომლებიც ინტელექტუალურ გარღვევად ითვლებოდა. თუ რაიმე წინსვლაზე შეიძლება ლაპარაკი, ჩემი აზრით, სწორედ კიშინიოვის შეხვედრამ ბევრი რამ მისცა თანამეგობრობას, თუკი ისე განხორციელდა და შესრულდა ყოველივე, რაც ითქვა, და რა სურვილებიც ჩამოყალიბდა. იგი მართლაც გამორჩეული იყო თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხვა სამიტებთან შედარებით, უწინარესად, იმ განსაკუთრებული გულახდილობითა და გულწრფელობით, როგორითაც მიმდინარეობდა საუბარი და ზოგჯერ მწვავე დისკუსიაც. სხვათა შორის, ამ სიმწვავის გამო ზოგიერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისევე როგორც ზოგიერთმა გაზეთმა და სხვებმა, კიშინიოვის შეხვედრას „წარუმატებელი“ უწოდა, ზოგმა - „სკანდალური“ და სხვა. მე კი პირიქით მგონია, - თანამეგობრობის წევრ ქვეყანათა ხელმძღვანელების სამიტი სწორედაც რომ ძალზე წარმატებული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მისი მონაწილე თითქმის ყველა პრეზიდენტი გულწრფელად, დაუფარავად ამბობდა სათქმელს, არ ცდილობდა პრობლემათა მიჩქმალვას ან მათი მნიშვნელობის მიჩუმათებას. კიშინიოვში საბოლოოდ დავრწმუნდი: თუ თანამეგობრობას „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“ არსებობა და განვითარება უწერია, - მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი გულახდილობის, გულწრფელობის, ერთმანეთის აზრის პატივისცემის, ჭეშმარიტი კოლეგიალურობისა და თანასწორობის პირობებში.
დღეს ვერავინ ვერავის მოატყუებს და ვერ მოახვევს თავს საკუთარ აზრს, თუნდაც გასაცოდავებული იყოს ქვეყანა, და საკუთარ შეხედულებას, მით უმეტეს, საკუთარი ქვეყნის ეგოისტურ ინტერესებს. რა საჭიროა თანამეგობრობა, ვის სჭირდება რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც წევრი ქვეყნების, სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უშიშროებას არ დაიცავს? დარწმუნებული ვარ, და მე არაერთხელ მითქვამს, რომ თანამეგობრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუკი ხელს შეუწყობს წევრი ქვეყნების დამოუკიდებულობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას. არ სჭირდება არც თვით რუსეთს ასეთი კავშირი, ასეთი ურთიერთობა. კიშინიოვის შეხვედრის ღირსება სწორედ ის გახლავთ, რომ ჩვენ შევეცადეთ თუნდაც ძალზე მწვავე შეფასებითა და გულახდილი საუბრით მიგვეგნო სტაგნაციის შინაგანი სიღრმისეული მიზეზისათვის და, უნდა მოგახსენოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბატონი ბორის ელცინი კოლეგათა ამ მისწრაფებას სრული გაგებით შეხვდა. უფრო მეტიც, იგი თავად გახლდათ საკმაოდ მწვავე დისკუსიის წამომწყები. შემდგომი რეაქციები, განსაკუთრებით, დახურულ სხდომაზე აღნიშნულისა და ნათქვამის ქუჩაში გამოტანა (მე არ მეშინია ამ სიტყვებისა), რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია. მაგრამ, რახან ითქვა, რახან დაიწერა, მეც იძულებული ვარ ზოგიერთ რამეს გავუსვა ხაზი და ზოგიერთ რამეს შევეხმიანო. მხოლოდ ზოგიერთ რამეს, რადგან ყველაფრის თქმა, ალბათ, დღეს არ გამოვა.
თანაც ის, რასაც ახლა მოგახსენებთ, მანამდეც არაერთხელ აღმინიშნავს დახურულადაც და საჯაროდაც.
მაგალითად, რატომ უნდა იყოს საწყენი, თუკი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი იტყვის შეხვედრაზე, რომ 1991-93 წლებში და ნაწილობრივ 1994-ში რუსეთმა საქართველოდან გაზიდა თითქმის მთელი თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 2,5 მილიარდი დოლარი ღირებულების თვითმფრინავები, უამრავი მძიმე ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებიც კი. მაშინ, როცა ასეთი რამე არცერთი რესპუბლიკის, არცერთი ქვეყნის მიმართ არ გაუკეთებიათ. ანდა განა ფაქტი არ არის, რომ თითქმის ორ წელიწად-ნახევარი - სამი წელია ვითხოვთ, ნება დაგვრთონ ჩავერთოთ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში შავი ზღვის ფლოტის გაყოფასთან დაკავშირებით. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ახლა სხვადასხვანაირად აშუქებენ, სხვადასხვაგვარი სპეკულაცია მიდის... და მე არ შემიძლია, აზრი არ გამოვთქვა. აქვე მინდა დავძინო, რომ უკრაინა თანახმა იყო. ჩვენ ხომ ავიამზიდებს არ ვითხოვდით, საკმარისი იყო სიმბოლური წილი, რათა საქართველოს ნამდვილი საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი ჰქონოდა, ეს სტატუსი შეეძინა. იგი ხომ შავი ზღვის ერთ-ერთი წამყვანი თუ არა ერთ-ერთი სერიოზული სახელმწიფოა, ან რატომ უნდა გამოეწვია ზოგიერთი მოხელის გაღიზიანება ტერორისტების შესახებ საკითხის დაყენებას. დიახ, მე ვთქვი, რომ რუსეთი იმ იშვიათ გამონაკლის ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებიც იცავენ ტერორისტებს. აგერ, ორ წელზე მეტია იგი გულმოდგინედ აფარებს კალთას ტერორისტთა ჯგუფს, რომლებმაც საქართველოში ცნობილი დივერსიები და ტერაქტები განახორციელეს. მე სრულიად გულწრფელად ვიკითხე: რისთვის გჭირდებათ-მეთქი? თუ ელოდებით, რომ დღევანდელ პრეზიდენტს მოაცილებენ და მოსკოვში მზა გუნდი გეყოლებათ, ეს ხომ ილუზიაა. ესენი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და საქართველოდან კი კრიმინალების მატარებელი დიდი ხანია გავიდა.
ანდა, სანამდე უნდა გვატყუონ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით? გამოვითვალოთ - 1992 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ოთხ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი რუსეთის გარანტიებით. ხომ ფაქტია, რომ აფხაზეთში რუსეთის არმიაში გაწვრთნილი და რუსული იარაღით კბილებამდე შეიარაღებული ათიათასობით „ბოევიკი“ იბრძოდა. ყველა ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ახალი შემოტევა, ახალი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვებოდა ხოლმე. ახლაც არ ამოდის გონებიდან გენერალ კოლესნიკოვის ომახიანი განცხადება მაშინდელ უმაღლეს საბჭოში - 3 დღეში სოხუმი აღებული იქნებაო. ალბათ, რუსეთში წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, სხვა ამოცანები რომ გადაეწყვიტა რუსეთის ზოგიერთ გენერალს, როგორც ეს მათ აფხაზეთში მოახერხეს. ისიც ითქვა, რომ ამ ბოლო ხანს იმის შესახებ, რომ რუსეთის დიპლომატია ცდილობს გააქტიურებას, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ აფხაზთა მზადყოფნის დემონსტრირება: თუნდაც ერთ - ცალკე აღებულ გალის რაიონში. დამთავრდეს ამ რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი - დაბრუნდეს ყველა ლტოლვილი (ეს ერთი რაიონია, აფხაზეთის შვიდი ქალაქიდან და რაიონიდან) და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ფსოუზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის რეჟიმის შერბილებასა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებზე.
დიახ, მე ვთქვი ისიც, რომ სანამ საბაჟო კავშირზე ვილაპარაკებთ, ავამოქმედოთ ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ვივაჭროთ თავისუფლად დისკრიმინაციისა და უკანონო ბარიერების გარეშე, ისე, როგორც ვაკეთებთ ამას უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებთან. მანამდე კი ჩვენ ყველანი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები გავხდებით და ვიმუშავებთ და ვიცხოვრებთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, ერთია სავაჭრო და საბაჟო სივრცეში.
რაც შეეხება სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებას, ჩვენ შევთავაზეთ ვადა გაგრძელდეს 31 იანვრამდე, ან იმ დრომდე, სანამ რომელიმე მხარე არ დააყენებს ოპერაციის შეწყვეტის საკითხს. ესე იგი, თუ დოკუმენტის ხელმოწერის დღიდან დაწყებული ოპერაცია ნორმალურად არ განვითარდება, საქართველოს, ისევე როგორც აფხაზებს, ექნებათ უფლება, არა მარტო დააყენონ მისი შეწყვეტის საკითხი, არამედ კიდევაც შეწყვიტონ იგი. ორივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტების, უპირველესად ბატონ ელცინის კატეგორიული თანხმობა და კატეგორიული მხარდაჭერა, და მან ეს პრესკონფერენციაზეც და პლენარულ სხდომაზეც სავსებით ნათლად გამოხატა.
ზოგიერთი მოხელი, კომენტატორის სახელს ამოფარებული, შეგვახსენებს მე და ჰეიდარ ალიევს, რომ ჩვენ პოლიტბიუროს წევრები ვიყავით. ჩემს გამოსვლაში (მათ საყურადღებოდ ვამბობ) სწორედ ის ვთქვი, რომ ზოგიერთი სხდომა და საკითხთა მომზადების ტექნოლოგია პოლიტბიუროს მოგვაგონებს-მეთქი. საჭიროა შეიცვალოს გადაწყვეტილებათა მომზადების მექანიზმი, საჭიროა სხვა დონემდე ამაღლდეს თანამეგობრობის აღმასრულებელი სამდივნოს სტატუსი. მე არათუ პოლიტბიუროს, არამედ ბევრი გაერთიანების ევროკავშირის გამოცდილებასაც დავესესხებოდი-მეთქი. მე ეს ვთქვი, და ისინი პოლიტბიუროს იხსენებენ.
და კიდევ ერთი (მე, რა თქმა უნდა, დღეს ყველა საკითხზე არ შევჩერდები), სიმართლე გითხრათ, მოთმინების ფიალა აივსო, როგორც იტყვიან, გაუთავებელი ყვედრებით, რომ ალმოდებული სოხუმიდან რუსმა სამხედროებმა მიხსნეს და გამომიყვანეს. რეუტის მიერ (გახსოვთ რეუტი, კავკასიის ჯარების სარდალი) ღამით შეპირებული ოთხი თვითმფრინავი, დღესაც გზაშია, სამხედრო კატარღა, რომელიც ბაბუშერის ნაპირს მოადგა, დაუყოვნებლივ უკან გადატრიალდა. საკმარისი იყო რამდენიმე ავტომატი აკაკანებულიყო სანაპიროდან, რომელიც ამ ჯავშნიან კატარღას ვერაფერს დააკლებდა. ჩემი „სალონის“ („სალონს“ ვუწოდებ იმ პატარა თვითმფრინავს) მფრინავები სვანეთის გზას გაუდგნენ. ისინი წინასწარ დეზინფორმირებულნი იყვნენ, რომ მე უკვე თავი დავაღწიე და გავედი სოხუმიდან, და სხვათა შორის ჩემი ძირითადი დაცვაც ასევე დეზინფორმირებული იყო სხვადასხვა ძალების მიერ. მხოლოდ რამდენიმე ბიჭი დარჩა ჩემთან საბოლოოდ. ბაბუშერის აეროდრომზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, თუ არ ვცდები ტუ-134-ის ეკიპაჟი, რომელიც დათანხმდა დამჯდარიყო შტურვალთან, მიუხედავად იმისა, რომ საწვავი ეყოფოდათ მხოლოდ კოპიტნარამდე ან ბათუმამდე. თვითმფრინავის ჰაერში აჭრა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ, როცა სიმაღლე ავიღეთ, მხოლოდ შემდეგ გაგვიხსნეს ცეცხლი სანაპირო და საზენიტო საშუალებებით, მაგრამ უკვე მაღლა ვიყავით. ბათუმში საწვავი ჩაგვისხეს (ვთხოვე, არავინ გაეღვიძებინათ, არავინ შეეწუხებინათ) და თბილისში ისე მოულოდნელად ჩამოვფრინდით, რომ მანქანებიც კი არ დაგვხვედრია.
შეიძლებოდა, იმ გზით წამოვსულიყავი, რომელიც ათიათასობით ლტოლვილმა აირჩია (სვანეთის მთები მაქვს მხედველობაში, ან აქეთ, სამეგრელოსაკენ), ანდა ისევე გამეწირა თავი, როგორც ეს გენერალმა გენო ადამიამ გააკეთა და სხვებმა და სხვებმა. მაგრამ მაშინ ეს სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ჰაერში უკვე ტრიალებდა სამოქალაქო ომის დენთის სუნი.
კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაგონარი, მაგრამ ვურჩევდი ჩემს ოპონენტებს რუსეთშიცა და სხვაგანაც, თავი დავანებოთ ერთმანეთის მიმართ ყვედრებას, მით უმეტეს, რომ ბევრი რამ სიმართლისაგან ძალზე შორსაა, ხოლო, რაც სიმართლეა, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი.
მე ვგრძნობ, რომ ბევრი „მეგობარი“ (მე ამას უკვე ვხედავ) ხელებს იფშვნეტს სიამოვნებით, ხედავთ, საქართველო და რუსეთი შეეჯახნენ, შეეტაკნენ ერთმანეთს და ახლა, თუ წყალი აიმღვრა, რაღაცას დავიჭეღ, ყოველ შემთხვევაში ლიფსიტას მაინცო. არა, ბატონებო, შორსმჭვრეტელობა გვეყოფა ჩვენც და დარწმუნებული ვარ ეყოფა რუსეთის ხელმძღვანელობასაც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავაც და კვლავაც აღმავლობის გზით ივლის, რა თქმა უნდა, თუკი მისი საფუძველი იქნება თანასწორობა, ურთერთპატივისცემა, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება. ვფიქრობთ, რომ რაც ახლა ხდება ჩვენ შორის, ერთი მხრივ, გვაკვირვებს კიდეც, მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოს არ უნდა გვიკვირდეს. რადგან ის უზარმაზარი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და დაიშალა, და სხვათა შორის, მე ცენტრის შესახებაც ვთქვი, და იმ ცენტრის შენარჩუნება რომ ბევრს უნდა, ეს იმ ძველი მენტალიტეტის გადმონაშთია. ძველი მენტალიტეტისაგან რომ განთავისუფლდნენ, ამას, ალბათ, კიდევ ბევრი დრო დასჭირდება. ამიტომ დრამატიზება იმისა, რაც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარს, დისკუსიას გულახდილი, პირდაპირი, პრინციპული ხასიათი აქვს, საჭირო არ არის. ვფიქრობ, კიშინიოვის შეხვედრა უკეთესობის გზაზე გადადგმული ნაბიჯი იყო.
- სოხუმის დაცემის შემდეგ უკვე ამდენი ხანი გავიდა და თქვენ პირველად ახსენეთ ეს სიტუაცია და პირველად შეეხეთ ამას. თუმცა ვერსიები მაშინაც იბეჭდებოდა. და მახსოვს ასეთი დეტალი: როცა თქვენი თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა, თვითმფრინავი, რამდენადაც ვიცი, ნახევრად დაშლილი იყო და მისი ფრენა არ შეიძლებოდა. მაშინ ქართველმა მფრინავებმა თავი გასწირეს. თუ ვინმეს მადლობა ეთქმის, მხოლოდ მათ, და არა იმათ, ვის შესახებაც რუსული მასმედია ლაპარაკობდა. და ასეთი ფრაზა გაისმოდა ჰაერში: «Седой уходит». ეს იყო სრულიად შემთხვევით, თვითმფრინავი არანორმალურად აფრინდა და ის აუცილებელი ნორმა აფრენისა არ შეასრულა - თვითმფრინავი ნელ-ნელა იღებს სიმაღლეს, თორემ თქვენს თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ. რაღაც სასწაული მოხდა მაშინ...
- ესე იგი, აკრძალული ხერხებითა და მეთოდებით აიღო სიმაღლე და, როგორც შემდეგ დავრწმუნდი, ფაქტობრივად ჩვენ უკვე გარშემორტყმული ვიყავით. მაგრამ ხელს უშლიდათ ის, რომ არ იცოდნენ, რა ძალები იყო იქ. ისინი არ ფიქრობდნენ, რომ დაცვამ და სხვებმა დატოვეს ბაბუშერის აეროპორტი.
- ამ საკმაოდ მძიმე მოგონების შემდეგ, ისევ დავუბრუნდეთ სოხუმის თემას, აფხაზეთის თემას. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, მით უმეტეს, საგანგაშოდ აღიქმება ცნობები იმის შესახებ, რომ აფხაზეთში პრივატიზაცია მიმდინარეობს...
- ეს ძალზე სერიოზული საკითხია, რომელიც არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ იმ ფინანსური წრეების წარმომადგენლებსაც უნდა აღელვებდეთ და აფიქრებდეთ, რომლებიც მზად არიან ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და ჩალის ფასად იგდონ ხელთ საქართველოს, აფხაზეთის სიმდიდრეები. დიახ, ეს უნდა აღელვებდეთ მათ, ვინაიდან კატეგორიულად ვაცხადებ: საქართველოს ხელისუფლება ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის თავიდან იმ კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გამო, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ფორმდება თვითმარქვია „მთავრობათა“ მიერ. ამდენად, მე სიფრთხილისათვის მოვუწოდებ ყველას, ვისაც მცირედით ბევრის მოპოვება სურს, რომ ის მცირედიც არ დაიკარგოს.
პრივატიზება აფხაზეთში, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში, განხორციელდება საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდგენის შემდეგ, რაც არათუ გამორიცხავს, არამედ განაპირობებს კიდეც თვით აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ინტერესების დაცვას. ხოლო, თუ ისე განხორციელდა, როგორც ახლა ზოგიერთს აქვს ჩაფიქრებული, ეს სერიოზული უთანხმოებისა და უკმაყოფილების კიდევ ერთი საგანი გახდება, რომელიც დაგვაცილებს მოწესრიგებისა და მოლაპარაკების საბოლოო შედეგს.
გარდა ამისა, იურიდიულ-სამართლებრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა, იყოფდე და ითვისებდე ქონებას, როცა სამასი ათასი კაცი, რომლებმაც უდიდესი გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს ამ ქონების შექმნაში, გაძევებულია მშობლიური მიწიდან, დარწმუნებული ვარ, ამ პირობებში არც ერთი პატიოსანი ბიზნესმენი არ ისარგებლებს იმით, რომ სხვის უბედურებაზე ააგოს საკუთარი ბედნიერება. და თუ ვინმე მაინც იკადრებს ამას, მწარედ შეცდება და ხელმოცარული დარჩება.
- გასული კვირა სკანდალური აღმოჩნდა საქართველოსათვის, ვგულისხმობ მორიგ დაძაბულობას ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის, რისი საფუძველიც ბათუმის ყოფილი მერის განცხადება გახდა...
- ვიცი, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ახლა ბევრნი პრეზიდენტისაგან ელიან კომენტარს თუ შეფასებას, რაღაც გადამწყვეტ სიტყვას. მაგრამ ერთადერთი, რაც დღეს, დღევანდელ პირობებში შეუძლია პრეზიდენტს, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა გენერალური პროკურორის მიმართ, სასწრაფოდ შეამოწმოს ეს ფაქტი, ამგვარი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არა აქვს ჩამოყალიბებული აზრი, შეხედულება თუ დამოკიდებულება მომხდარის მიმართ, მაგრამ მისი გამოთქმა მანამ, სანამ კომპეტენტური და კანონით უფლებამოსილი ორგანო არ წარმოადგენს უტყუარ, უეჭველ ფაქტობრივ მასალას, არათუ მიზანშეუწონლად, არამედ ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია. პირადად ჩემთვის, ახლა უბრალოდ ადამიანური პოზიციებიდან გამომდინარე, როგორც ადამიანისათვის, წარმოუდგენელია მომხდარიყო ის, რასაც ბატონი ხარაზი ამტკიცებს, მაგრამ საქმე ეს როდია. პრეზიდენტი მოვალეა თქვას პრეზიდენტის სიტყვა მხოლოდ პროკურატურის დასკვნის შემდეგ. სხვათა შორის, თქვენ გახსოვთ, ალბათ, თბილისში რამდენიმე პროცესი, სადაც სხვადასხვა გვარებს ატრიალებდნენ ხოლმე, მათ შორის, აჭარიდანაც. უნდა გითხრათ, რომ არცერთი ამ ვერსიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს თავისი აზრი არ გამოუთქვამს. სასამართლომ, სადაც არის დაცვა, და სადაც არის ბრალდება, სადაც არის საჯაროობა და პაექრობა, ასე ვთქვათ, ის ვერსიები, რომლებიც სიცოცხლისუნარიანი არ იყო, მოხსნა დღის წესრიგიდან. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.
- განვლილი კვირა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ თბილისში უკვე მერამდენედ თბილისობის დღესასწაული გაიმართა. მიუხედავად გარკვეული „მკბენარე“ შეფასებებისა, შეიძლება ითქვას, რომ თბილისობა შედგა და თანაც გამორჩეულად ბევრი სტუმარი ჰყავდა...
- უწინარესად, ამ „კბენების“ შესახებ. ძალიან მინდოდა ერთ-ერთს მაინც შევხვედროდი გუშინ ქუჩებში, მაგრამ რას ამოიცნობდი. მთელი თბილისი გუშინწინ და გუშინ ქუჩაში იყო. მე მგონი, ამ „კბენებს“ ასეთ უსაფუძვლოს სჯობს საკუთარ ხელზე ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილზე იკბინონ, რადგან არავითარი სერიოზული საფუძველი არა აქვს იმას, რასაც ისინი, ასე ვთქვათ, გვიწინასწარმეტყველებდნენ ხოლმე.
გულწრფელად გეტყვით, ამ დღესასწაულში ყველაზე მეტად ის მახარებს და ერთგვარად მეამაყება კიდეც (რაკი თბილისობის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდით თავის დროზე), რომ იგი ასე აიტაცა და შეისისხლხორცა, გაითავისა ჩვენმა ხალხმა, თბილისელებმა, მთელმა საქართველომ. თბილისობა ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულად იქცა და დარწმუნებული ვარ, ისეთივე ტრადიციული გახდება, როგორც უძველესი „მცხეთობა“ და დარწმუნებული ვარ, რომ გაისად, უწმინდესის ნებით, ზარებიც დაირეკება, ზარებიც გვამცნობს, რომ თბილისობა იწყება. ეს ჩვენი დედაქალაქის დღეა, თბილისისა და სრულიად საქართველოს ერთობის ზეიმია. რამ გაყო თბილისი და სრულიად საქართველო, მისი ნებისმიერი კუთხე, ისინი ხომ „ერთსულ და ერთხორც“ იყვნენ, არიან და იქნებიან მარად.
მინდა, მივულოცო ყველა თბილისელს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, და მადლობაც ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ჩვენი დედაქალაქისათვის ღირსეული პატივის მისაგებად. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, თბილისის მერიას, რომელიც ბევრს აკეთებს, რათა ყოველ ახალ თბილისობას ახალი საწარმოებით, ახალი პროდუქციით, საცხოვრებელი სახლებით, აღდგენილი და გალამაზებული უბნებით შეხვდეს ჩვენი ქალაქი. გუშინ მე ვეახლე იმ სახლდამწვართა ოჯახებს, აღდგენილ სახლებს, და უკვე ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვერ იქნება ყველაფრისათვის, რაც წინათ მოხდა, მაგრამ კვლავაც იზრუნებს ადამიანებზე და ისინი სხვა პირობებში იცხოვრებენ. აგრეთვე მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს მხარეების, რაიონების, ქალაქების თავკაცებს. საქართველომ დედაქალაქს მართლაც სადღესასწაულო ნობათი მოუმზადა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მონაცემებით, ამ დღეებში თბილისში გასაყიდად შემოიტანეს დიდძალი პროდუქტი. რაც თბილისელებს ზამთრისათვის მარაგის შევსებაშიც დაეხმარება. მე აქ მაქვს მონაცემები - ასობით, ათასობით ტონა ხორცი, ცოცხალი ცხვარი, გოჭი, ქათამი, ინდაური, თევზი და სხვა და სხვა, თითქმის ყველაფერი, რაც კაცს სჭირდება.
სოფლის მუშაკთა წლევანდელი ღვაწლის, განსაკუთრებით მარცვლეულის წარმოებაში მიღწეული წარმატებების აღნიშვნასთან ერთად, არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილო საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოებში შექმნილ შეფერხებებზე. დღეისათვის, ოპერატიული მონაცემებით, მოხნულია 115 ათასი ჰექტარი, ანუ მოსახნავი ფართობის 62 პროცენტი, და დათესილი მხოლოდ 43 ათასი ჰექტარი, ანუ 23 პროცენტი, მაშინ, როცა ხვნის აგროტექნიკური ვადები ფაქტობრივად დამთავრებულია. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში არის საკმარისი თესლეული, ტექნიკა, სათადარიგო ნაწილები, სასუქები. ამიტომ საჭიროა მიწათმოსარგებლეთა უფრო აქტიური ძალისხმევა, ტექნიკის ორცვლიანი და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა ხვნა-თესვის დასაჩქარებლად, რასაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად მმართველობის ადგილობრივი ორგანოების თანადგომა და ყურადღება სჭირდება. მე დღეს არ შევჩერდები ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე, ვფიქრობ, ეს მომავალი კვირისათვის გადავდოთ, როცა უფრო დეტალური და უფრო სრული ინფორმაცია გვექნება მთელი თვის შედეგების მიხედვით.
- ხვალ თბილისს ეწვევა ლეონიდ კუჩმა, უკრაინის, იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელთანაც საქართველოს გამორჩეული ურთიერთობა აკავშირებს...
- მე ასეთნაირად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება: ხვალ პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ჩამობრძანდება. ჩვენი ვიზიტი სისტემურ ხასიათს იძენს. სწორედ ამიტომაც ასე ძალუმად ვითარდება უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობანი.
უკრაინის პრეზიდენტი ის პიროვნებაა, რომელიც ყველგან, ყველა ფორუმზე იცავს საქართველოს სამართლიან ინტერესებს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, იგი მომხრეა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკური და სულიერი კავშირები. თქვენ გახსოვთ მის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე წამოყენებული წინადადება, რომ უკრაინა მზად არის ჩაერთოს აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების, მოწესრიგების საქმეში.
საქართველო, ყველა ჩვენი მოქალაქე მიესალმება პრეზიდენტ კუჩმას, მის მეუღლეს და ყველა თანმხლებ პირს.
- რადგან ვიზიტზე ვსაუბრობთ, ახლა ერთი რამ მინდა გავიხსენო: ნატოს გენერალური მდივნის თბილისში სტუმრობისას, ერთ-ერთი სამუშაო დღე დაიწყო მისი და ვარდიკო ნადიბაიძის ერთობლივი ვარჯიშით კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში. ესეც ჯანსაღი ცხოვრების წესის თავისებური რეკლამა იყო, რომელიც დასავლეთში აქტიურად კეთდებოდა და ამ ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმაც მას ყურადღება მიაქცია. სხვათა შორის, ამ მხრივ გასულ კვირას მოხდა საინტერესო ფაქტი - უნივერსიტეტში დაიწყო მსგავსი მოძრაობა, შეიკრიბნენ სტუდენტები და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ დაიწყეს საუბარი...
- მე მაშინ ბატონ ვარდიკოს ვკითხე, თქვენი სირბილი როგორ დამთავრდა-მეთქი, და მან მითხრა, იგი ვერ გამომყვა, თორემ ბრიუსელამდე რომ გაგრძელებულიყო, მე უფრო ადრე შევიდოდი ნატოშიო...
რაც შეეხება სტუნდეტობის ინიციატივას, ამ ფაქტს მივაქცი ყურადღება და იგი ღირსშენიშნავად უწინარესად იმიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივის, საზოგადოებრივი აქტიურობის პრეცედენტი, რაც უდავოდ მიუთითებს საზოგადოებრივი ატმოსფეროს საერთო გაჯანსაღებაზე საქართველოში. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ცხოვრების ახალ წესზე, სხვათა შორის, ამას წინათ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ შემოტანილი საკითხი, მაგრამ ეს საზოგადოება შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი შეგნების გარკვეულ დონეს დაეფუძნოს - ვერანაირი, თუნდაც არქიმნიშვნელოვანი იურიდიული აქტით, მით უმეტეს, „ზემოდან“ ბრძანებითა და დირექტივით ამგვარი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება.
აი, ვნახოთ რა მოხდა: შეიკრიბნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებითაც ჩვენ ვამაყობთ და, რომლებსაც ვეთაყვანებით, და ყოველგვარი მითების, კამპანიურობისა თუ კარიერისტული მოსაზრებების გარეშე გამოვიდნენ ინიციატივით: დავამკვიდროთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, გავაჯანსაღოთ ერი, გავაჯანსაღოთ ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, სწორედ მისი ბუნებრიობის, არაკამპანიურობის გამო ეს ინიციატივა წარმატებული იქნება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყოველნაირად შევუწყობ ხელს სტუდენტებს მათი ინიციატივის განხორციელებაში. ამ საკითხზე მსჯელობისას ყოველთვის გვახსოვდეს: ის საზოგადოება, რომლის აშენებასაც ვესწრაფვით, პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთა შერწყმას, მათს თავისუფალ ნებას ეფუძნება. ამიტომ უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივა ღრმა საზოგადოებრივ მნიშვნელობას იძენს. ეს არის ერთ-ერთი პირველი მერცხალი მომავალი თავისუფალი, ბედნიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, ჯანსაღი ქართული სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებისა.
საქინფორმი.
„ის საზოგადოება, რომლის აშენებასაც ვესწრაფვით, პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთა შერწყმას, მათს თავისუფალ ნებას ეფუძნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 ოქტომბერი. - №268 (2641). - 1,2 გვ.
![]() |
124 „ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს“... |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ რონალდ გეგენფურტნერის მეთვრამეტე ვიზიტი
ქველმოქმედება
ერთ-ერთ სამადლობელ წერილში ბატონი ედუარდ შევარდნაძე წერდა:
„დიდად პატივცემულო ბატონო გეგენფურტნერო! ყოველთვის სიამოვნებით ვიგონებ თქვენთან შეხვედრას და საუბარს თბილისში. მე ვიცი, რომ თქვენ ნაყოფიერი ურთიერთობა გაქვთ საქართველოს საბავშვო ფონდთან და ინტენსიურად მკურნალობთ ჩვენს ბავშვებს გერმანიაში.
გთხოვთ, ჩემი გულწრფელი მადლობა გადასცეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ვინც ქართველ ბავშვებს ჰუმანიტარულ ამანათებს უგზავნის. ბარათებს, რომლებიც ამ საჩუქრებს მოჰყვება, ჩვენი ადამიანები ძვირფას რელიქვიასავით ინახავენ.
განსაკუთრებით გამახარა ცნობამ, რომ ფრიდენსდორფ ინტერნაციონალი საქართველოს საბავშვო ფონდისათვის ააშენებს სარეაბილიტაციო ცენტრს და ორთოპედიულ სახელოსნოს.
გარწმუნებთ, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც ამ კეთილშობილური საქმის გახორციელებაში მიუძღვის დიდ გერმანელ ხალხს, თქვენს სამთავრობო ორგანიზაციებს და პირადად თქვენ.
საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე“.
„ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს“... : ბატონ რონალდ გეგენფურტნერის მეთვრამეტე ვიზიტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 ოქტომბერი. - №269 (2642). - 8 გვ.
![]() |
125 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო ლეონიდ დანელის ძევ!
პატივცემულო ლუდმილა ნიკოლოზის ასულო!
ძვირფასო უკრაინელო სტუმრებო!
კეთილი იყოს ჩამობრძანება საქართველოში. იგი მუდამ სტუმართმოყვარედ უხსნის გულს ძვირფას და სასურველ სტუმრებს, ხოლო ისეთი ახლობელი მეგობრებისათვის, როგორც თქვენ ბრძანდებით, მზად არის ყველაფერი გაიღოს, რაც კი მას აქვს. იქნებ ეს ძალიან ხმამაღლა იყოს ნათქვამი დღეს, როცა ჩემი ქვეყანა ეს-ეს არის წელში იმართება, მაგრამ საიმედო და ერთგული მეგობრის ხელის იმედი შეგიძლიათ იქონიოთ დღესაც და მომავალშიც.
ერთი თვეც კი არ გასულა, რაც ჩვენ, ლეონიდ დანილის ძევ, ბოლოს შევხვდით სტარსბურგში. სულ რამდენიმე თვის წინათ გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი უკრაინაში. იქნებ, საჭირო არც კი იყოს ესოდენ ხშირი უმაღლესი დონის შეხვედრები, რომ არა, ჯერ ერთი, სრულიად განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობა ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის და, მეორე, რომ არა თანამედროვე მსოფლიოში ახალ ურთიერთობათა ფორმირების პროცესები, რომლებიც მოითხოვენ ჩვენი შეხედულებების მუდმივ შეჯერებას მეგობრობისა და თანამოაზრეების შეხედულებებთან.
საოცარია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების დინამიკა. ამაში არის თავისი ლოგიკა. ყოველთვის, გლობალურ დაპირისპირებათა დამთავრების შემდეგ, იბადება ახალი მსოფლწესრიგის დამყარების სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის სამართლიანი როდია. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ და მაშინ მსოფლიო ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფილი აღმოჩნდა. ასე ხდება დღესაც, ჩვენი ასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი ომის - „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ. ახალი მსოფლწესრიგის ფორმირების პროცესის სისწრაფეს, სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვათ, წინანდელზე უფრო სამართლიანს, მოწმობს ბოლო წლების მანძილზე მომხდარი მოვლენები. ხომ არ აღმოჩნდნენ ჩვენი ქვეყნები ამ პროცესის განაპირას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საუკუნეთა განმავლობაში? ხომ არ მოხდება ის, რომ ჩვენ, უკვე მერამდენედ, შემოგვთავაზებენ ელიტარული პოლიტიკური და ეკონომიკური კლუბების დახურულ კარს მიღმა მიღებულ მზა გადაწყვეტილებებს და შემდეგ კეთილმოსურნედ დაგვრთავენ არჩევანის ნებას, როცა, სინამდვილეში, ასარჩევი უკვე აღარაფერია.
მაგრამ, ყველაფერი იმას მოწმობს, რომ წარსული არ გამეორდება. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების განსაკუთრებული დამოკიდებულება უკრაინის - ევროპის პოსტტოტალიტარული პერიოდის ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფოსადმი, მოწმობს, რომ მოხდა ძირფესვიანი ცვლილებები ჩვენი კონტინენტის მომავლის ხედვაში. უკრაინა, იმის გამო, რომ მას ევროპის აღმოსავლეთით უკავია უდიდესი სივრცე, აქვს გიგანტური სულიერი და მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი, მდიდარი ბუნებრივი რესურსები, მუდამ ითვლებოდა მნიშვნელოვან ფაქტორად მსოფლიო პოლიტიკაში. მაგრამ, ერთი საქმეა გქონდეს შესაძლებლობანი და სულ სხვა, დაუმტკიცო ყველას, რომ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი გამოიყენო ისინი საკუთარი სახელმწიფოს, მისი მეგობრების, ყველა იმათ საკეთილდღეოდ, ვინც საბოლოოდ და უყოყმანოდ ერთგულებს დემოკრატიის, მეწარმეობის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. ყველას, და იმათაც, ვინც ახლა ეძებს მისკენ სავალ გზებს, გაუმართლა, რომ ამ რთულ დროში, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების დროში, უკრაინას ხელმძღვანელობს ადამიანთა გუნდი პრეზიდენტ კუჩმას მეთაურობით, საოცრად გაბედული და მოქნილი პოლიტიკოსი ურთულესი საშინაო და საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტის დროს, კაცი, რომელსაც სრულად აქვს შეგნებული თავისი უდიდესი პასუხისმგებლობა კონტინენტის უკეთესი მომავლისათვის.
უკრაინის - აღმოსავლეთ ევროპის საკვანძო სახელმწიფოს მიერ ნატოსთან განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს დამფუძნებლებად, ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სულ უფრო მზარდი დახმარება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისადმი, რომლებიც თავიანთ ადგილს ეძებენ თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში, ევროპის საბჭოს მიერ ახლახან სტრასბურგში იმათდამი გამოვლენილი დიდი ყურადღება, ვინც ესწრაფვის გახდეს ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, უფლებას გვაძლევენ ვთქვათ: ხელიდან არ იქნება გაშვებული კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველა სამართლიანი მსოფლმოწყობის შექმნის უნიკალური შანსი.
ჩვენ სახელმწიფოებს არსებითი წვლილი შეაქვთ ამ ისტორიულ გარდაქმნაში. უკრაინისა და საქართველოს სანიმუშო ურთიერთობა, რაც გამოიხატება არა მარტო ჩვენი ხალხების ბუნებრივი ურთიერთსიმპათიებით, არამედ ყოვლისმომცველი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზით, საფუძველი რომ ჩაეყარა არაერთგზისი შეხვედრების შედეგად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და მომიჯნავე რეგიონების მომავალში. ჩვენ წილად გვხვდა უდიდესი პასუხისმგებლობა - გავდოთ ხიდები, რომლებიც სრული ძალით ამოქმედდება ჯერ კიდევ მომავალი ასწლეულის დამდეგამდე.
დღეს გამართულ საუბარში კვლავ გამოვთქვით ჩვენი საერთო აზრი იმის შესახებ, რომ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალები, რომლებიც აღადგენენ დიდ აბრეშუმის გზას, საიმედო ხიდია კონტინენტებს შორის, ევროატლანტიკური გაერთიანების, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის და შორეულ აღმოსავლეთის ყველა სახელმწიფოს თანაბრად რომ უხსნის გზას ამ უზარმაზარი სივრცის სიმდიდრეებისაკენ. ჩვენი მუდმივი კონტაქტები ყველა დონეზე მოწმობს, რომ აღორძინებად დიდ აბრეშუმის გზაზე განლაგებულ უკლებლივ ყველა სახელმწიფოს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია მაქსიმალურად აამოქმედოს ამ მაგისტრალის გიგანტური ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თაოსნობებს სულ უფრო მზარდ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი ტრასეკის საუკუნის პროექტის განხორციელების გზით, აგრეთვე დასავლეთისა და აღმოსავლეთის სხვა უდიდეს სახელმწიფოთა დაინტერესებას, მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში დღის წესრიგში შეიძლება დადგეს სამი ზღვის - ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაციის საკითხი. ვფიქრობ, ეს არ იქნება მორიგი, ხელოვნურად შექმნილი წარმონაქმნი, არამედ იქნება იმ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლებიც უკვე დღეს შეგნებულად ეძებენ ურთიერთხელსაყრელი თანასწორუფლებიანი ინტეგრაციის გზებს.
რაკი შევეხეთ ინტეგრაციულ სისტემებს, უნდა გავიხსენოთ ამ დღეებში დამთავრებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგი სამიტიც. ბოლო ხანს ხშირად ისმება კითხვები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არა მარტო სიცოცხლისუნარიანობის, არამედ არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ. მე და ლეონიდ დანილის ძეს ერთი აზრი გვაქვს, რომ სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ ის გაერთიანებანი, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის განმტკიცებას, თავისუფალ, დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებენ მათი არჩევანის თავისუფლებას. და თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ასეთი გახდება, იგი არა მარტო უზრუნველყოფს თავის მომავალს, არამედ, ორგანულადაც ჩაეწერება ვრცელ არეალში, რომელსაც ვუწოდებთ ერთიან მსოფლმხედველურ ეკონომიკურ, სამართლებრივ სივრცეს ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. თანამეგობრობას ექნება პერსპექტივა, თუ იგი წესად შემოიღეს პრობლემათა გულახდილად განხილვას, რაც უნდა უსიამოვნო იყოს ეს ხელმძღვანელთა ცალკეული ჯგუფებისათვის. უმისოდ ვერ წარმოიქმნება და ვერ განმტკიცდება სახელმწიფოთა ვერც ერთი გაერთიანება.
და კიდევ ერთი. როცა ჩამოყალიბებად ახალ მსოფლიო წესრიგზე ვლაპარაკობთ, გვინდა შევნიშნოთ, რომ ევროპელთათვის საარსებო მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტის დროს არ ღირს, აგრეთვე, ეშორებოდეთ სახელმწიფოებს, ურომლისოდაც ევროპა არ იქნებოდა ის, რაც ახლა არის, სხვა იქნებოდა დანარჩენი მსოფლიოც. მშვიდობის და შედარებითი კეთილდღეობის ის მოკლე მონაკვეთი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შევაფასებთ ღირსეულად, შესაძლებელი გახდა მხოლოდ უკლებლივ იმ ყველა სახელმწიფოს კოლექტიური პასუხისმგებლობის მეოხებით, რომლებიც ოდესღაც „კედლის“ სხვადასხვა მხარეს იყვნენ. დღეს, თუ შეეცდებიან კონტინენტის მომავალი ააგონ ჩვენგან ყველაზე მცირეს აზრის გაუთვალისწინებლად, შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე ხიდებზე, ეს მოიმოქმედონ იმათი მონაწილეობის გარეშე, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს საერთო გამარჯვებაში ფაშიზმზე, პირდაპირ გამოიყვანა დასავლეთი ევროპა ნანგრევებიდან, დღეს კი, როგორც მშვიდობისა და დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი გარანტიები, ხელს უწყობენ აღმოსავლეთ ევროპასა და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს დააღწიონ თავი ტოტალიტარიზმის მძიმე მემკვიდრეობას. ერთიან სივრცეში ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე უმცირესი ბზარის გაჩენაც კი აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ევროატლანტიზმის იდეას, ყველა სახელმწიფოს, დიდი და პატარა სახელმწიფოების კოლექტიური პასუხისმგებლობის იდეას ევროპის ბედისათვის.
ასე ვხედავთ ევროპის მომავალს და ჩვენს სახელმწიფოთა მომავალს მასში. თქვენმა ვიზიტმა, პატივცემულო უკრაინელო სტუმრებო, ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არ არსებობს არავითარი უთანხმოება არც ორმხრივ ურთიერთობაში, არც ჩამოყალიბებადი ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ხედვაში. ამას უფრო ცხადად და მკაფიოდ ვერ გამოაცხადებდი, ვიდრე ეს გაკეთდა საერთო მიზნებისა და შეთანხმებული პოლიტიკის შესახებ დღეს ხელმოწერილ უკრაინისა და საქართველოს დეკლარაციაში.
ძვირფასო მეგობრებო,
ნება მიბოძეთ, შევსვა ჩემი დიდი მეგობრის ლეონიდ დანილის ძე კუჩმასა და ლუდმილა ნიკოლოზის ასულის, ყველა უკრაინელი სტუმრის, ჩვენი საერთო მომავლის სადღეგრძელო.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 ოქტომბერი. - №270 (2643). - 1,2 გვ.
![]() |
126 „ბედნიერია საქართველო, რომ თქვენისთანა ადამიანები ჰყავს“ |
▲ზევით დაბრუნება |
აკადემიკოს ევგენი ხარაძეს
ბატონო ევგენი,
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ, მოგილოცოთ დაბადების დღე და გამოვხატო უდიდესი თაყვანისცემა თქვენი, როგორც თანამედროვეობის დიდი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის მიმართ.
მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე, ბატონო ევგენი, თქვენ მაგალითს იძლევით, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოქალაქე და მამულიშვილი. არც ამჯერად უღალატეთ თქვენს ჩვეულებას და ახლაც მოგვეცით მაგალითი თავმდაბლობის, ნამდვილი ინტელიგენტურობის, უდიდეს საქმეთა ჩუმად, უხმაუროდ კეთების მაგალითი და ამჯერადაც მართალი აღმოჩნდით. განა ის პატივი და თაყვანისცემა, რომლითაც ერს ჰყავხართ გარემოსილი, თავისთავად არ არის ყველაზე დიდებულ იუბილეზე უფრო დიდი დაფასება? ვეცდები ეს სიტყვები, რომელიც თქვენთვის იუბილეზე უნდა მეთქვა, ამ პატარა ბარათში ჩავატიო: ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ წლების მანძილზე თქვენს გვერდით ვიყავი ქართული მეცნიერების მხარდაჭერისა და მისი სახელის გარეთ გატანის დიდ საქმეში. ყოველთვის აღტაცებული ვიყავი, როგორი ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით და უანგაროდ ემსახურებოდით მეცნიერებას და თქვენს ხალხს, როგორ ზრდიდით და ზრდით თაობებს, როგორ იყავით და დღესაც ხართ მათთვის უდიდესი მასწავლებელი და ზნეობრივი მაგალითი.
ჯანმრთელად და მხნედ ყოფნას გისურვებთ.
ბედნიერია საქართველო, რომ თქვენისთანა ადამიანები ჰყავს.
ე. შევარდნაძე.
„ბედნიერია საქართველო, რომ თქვენისთანა ადამიანები ჰყავს“ : აკადემიკოს ევგენი ხარაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 31 ოქტომბერი. - №271 (2644). - 1 გვ.
![]() |
127 არჩილ სულაკაურის ხსოვნას |
▲ზევით დაბრუნება |
გამორჩეული და ღირსეული პიროვნების სიკვდილი ყოველთვის დიდ ტკივილად გახმიანდება ხოლმე ადამიანის სულში, მით უფრო, თუ ასეთ პიროვნებასთან თანამშრომლობისა და ერთად ბრძოლის წლები გაკავშირებს, მაგრამ ეს ტკივილი ბევრად მძაფრია და გაუსაძლისი, თუ ამ სიკვდილთან შეჩვევაც ვერ მოასწარი. როდესაც არჩილ სულაკაურის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, სწორედ ამ მძაფრმა და გაუსაძლისმა ტკივილმა ამავსო.
აღარ არის ჩვენთან შესანიშნავი ქართველი მწერლი, იმ ნაწარმოებთა შემქმნელი, რომელთაც არა მარტო გამოხატეს ჩვენი დროის წამყვანი ტენდენციები, არამედ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს კიდეც ჩვენი მწერლობისა და ჩვენი ყოფის განვითარების ესა თუ ის გზა. არჩილ სულაკაურის სახით ჩვენ მხოლოდ განუმეორებელი პიროვნება კი არ დაგვაკლდა და არც მხოლოდ დიდი მწერლი, არამედ იმ მოლოდინის ჯადოსნური განცდაც, რომელსაც მუდმივად ველოდით ამ ღრმა ადამიანისაგან.
მისი ნაწარმოებები ჩვენი სულიერი საგანძურის ის სიმდიდრეა, რომელიც მუდამ აამაღლებს ბავშვებსაც და უფროსებსაც, მაგრამ ჩვენ მასთან უშუალო ურთიერთობის დანაკლისს მაინც ვერაფერი ვერ აგვინაზღაურებს.
როცა ჭეშმარიტი შემოქმედი მიდის ცხოვრებიდან, მისი ადგილი ყოველთვის შეუვსებელი რჩება.
ჩვენს სულს კიდევ ერთ უკურნებელ ტკივილად დააჩნდება არჩილ სულაკაურის ამ ქვეყნიდან წასვლა.
ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ მან პირნათლად მოიხადა ვალი ქვეყნის წინაშე და იგი წინაპრებს სახელიანი და ხელდამშვენებული მიუვა.
ედუარდ შევარდნაძე.
30. 10. 97 წ.
არჩილ სულაკაურის ხსოვნას : გამოსათხოვარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 ნოემბერი. - №272 (2645). - 1 გვ.
![]() |
128 „დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
[...]
ბათუმის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
ძვირფასო თანამემამულენო, ბათუმელებო, ძვირფასო ბატონო ასლან, სტუმრებო,
მინდა, ვიდრე ჩემს წუხანდელ ნაფიქრ-ნააზრევს გაგაცნობდეთ, ორიოდე სიტყვით ყველა თქვენგანს, აჭარას და მთლიანად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, მართლაც დიდი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, ქვეყნის გაერთიანებისა და გამთლიანების ერთ-ერთი ფაქტორი. ამ რამდენიმე ხნის წინათ, როცა საქართველო აღნიშნავდა მემედ აბაშიძის იუბილეს, მე აქაც და თბილისშიც ვთქვი ჩემი სათქმელი, ჩემი დამოკიდებულება ამ დიდი ისტორიული მოღვაწის, ისტორიული დამსახურების მქონე პიროვნების მიმართ. მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ეს დღე და, უწინარეს ყოვლისა, მივულოცო ბატონ ელგუჯა ამაშუკელს, ჩვენი დროის უბრწყინვალეს შემოქმედს, ხუროთმოძღვარს, შესანიშნავ პიროვნებას, რომელმაც გაჭირვების ჟამს, ქვეყნის შიმშილის პირობებში მრავალი ძეგლი დადგა საქართველოში. ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის ის არის, რომელიც დღეს ბათუმში გავხსენით. ალბათ, არ ვიქნებოდი სწორი, თუ არ შევუერთებდი ჩემს ხმას აქ გამოთქმულ სურვილებს, მათ შორის ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენელთა აზრს: მე ვთხოვ ბატონ ელგუჯას, იფიქროს იმაზე, რომ შექმნას და თბილისში დადგას მემედ აბაშიძის ძეგლი, როგორც სიმბოლო საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისა, მშობლიური კალთის ქვეშ აჭარის დაბრუნებისა. მე მდიდარი კაცი არ ვარ, მაგრამ დაფინანსებასაც ვკისრულობ და ხელშეწყობასაც.
ახლოვდება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავი და დღევანდელ საზეიმო შეხვედრაზე ჩვენი აზრისა და ეროვნული ოცნების საჭეთამპყრობლის სიტყვები მსურს შეგახსენოთ. ისინი ჩვენი შეკრების არსსაც ეხნიანება და იმ მოვლენასაც, რომლის მოწმენიც ვართ. ეს არის საოცარი სიტყვები იმაზე, თუ რატომ უდგამენ ძეგლებს სახელოვან შვილებს.
„დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან. ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს. აბა შეხედეთ სხვა ქვეყნებს, ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არა ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არა ჰქონდეთ აღმართული. რისთვის? სულ იმისთვის, რომ დიდმა და პატარამ დაიხსომოს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალწინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს“ („ერი და ისტორია“, 1888).
დღეს ბათუმში, საქართველოს უძველეს და ულამაზეს მიწაზე, ქართველმა ხალხმა ძეგლი დაუდგა თავის სახელოვან კაცს არა მხოლოდ მადლიერების ნიშნად, არამედ იმისათვის, რომ „მუდამ თვალწინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს“ და მის ანდერძს მისდიოს.
ეს „სახელოვანი კაცი“ მემედ აბაშიძე გახლავთ, ილიას მოწაფე, ილიას იდეათა მქადაგებელი, ილიას საქმის დიდებული გამგრძელებელი.
ყოველივე ამაში მხოლოდ ისტორიის კანონზომიერება კი არ გამოვლინდა, არამედ ღვთის ნებაც. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსებულ ბათუმის ქართულ სკოლაში სწავლაც, რთულ დროში გაძლებაც, მისი ტრაგიკული ცხოვრებაც და მიზანმიმართული ქმედებაც ერისთვის დიდ მაგალითად რომ ქცეულიყო, ბევრი რამ უნდა დამთხვეოდა ერთმანეთს, რაც შემთხვევით არ ხდება.
დრომ და საქართველოს ბედმა ინება, რომ გასული საუკუნის ეროვნული გამთლიანების გზაზე საქართველოს ერთი მხრივ ილია და მისი დასი მოვლენოდა, მეორე მხრივ კი - მემედ აბაშიძე და მისი თანამებრძოლები.
ჩვენ ახლა ხშირად გვაკვირვებს და გვაშფოთებს საქართველოსთან დაკავშირებული ესა თუ ის გაუგებრობანი თუ გარედან ინსპირირებული პროვოკაციები, გვიჭირს კიდეც მათ მექანიზმში გარკვევა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა რთულ პერიოდში უწევდათ ბრძოლა და ცხოვრება იმ დიდ ქართველებს, რომელთა შორის მემედ აბაშიძეს თავისი გამორჩეული ადგილი ეკავა.
დიდი ბრძოლა დასჭირდათ მათ, დიდი საგანმანათლებლო მუშაობა, რომ საქართველოს გამთლიანების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად ქცეული ეროვნებისა და სარწმუნოების იდენტურობის გაგება მოესპოთ (ეს გმირობა იყო მაშინ) ხალხში განათლება შეეტანათ, საერთო ისტორიითა და საერთო კულტურით გაეერთიანებინათ ერთმანეთისაგან მოწყვეტილი ძმები. არადა, ხომ ყველამ იცოდა და იცის, რომ ამ კუთხეს, აჭარას, ილიას თქმით „დიდი პატივსაცემი და სახელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს თვით-არსებობისათვის.“
ჯერ კიდევ 1908 წელს თქვა მემედ აბაშიძემ ქართველთა და აზერბაიჯანელთა კრებაზე.
„ჩვენ ქართველები ვართ და ამით ვამაყობთ“.
„ჩვენში ვერასდროს ვერ მოიკიდებს ფეხს იმგვარი ქადაგება, რომელსაც მიზნად ექნება ჩვენს ძმებს - ქრისტიან ქართველებს გადაგვკიდოს, ჩვენსა და მათ შორის მტრობა გააჩაღოს“ („ივერია“, 1905, № 98).
„ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, ჩვენი ზნე-ჩვეულებაც ქართულია და ჩვენი ეროვნული თვითშეგნებაც ერთია, მასთან ერთად გვსურს გარდავიქმნეთ ერთ ერთეულად, ერთ სულად და სხეულად, რათა აღვადგინოთ ჩვენი ეროვნული მთლიანოაბ“ („დედა-ენა“ და სამაჰმადიანო საქართველო, „საქართველო“, 1916, № 61).
ერთი კი არა, ათასი ძეგლი ეკუთვნის ამ სიტყვების ავტორს.
ეს პოზიცია განსაზღვრავდა მემედ აბაშიძისა და იმ მოღვაწეთა ქმედებას, რომელნიც წლების მანძილზე, სიცოცხლის რისკის ფასად, ყოველწამიერად ამტკიცებდნენ ამ ყოველივეს გარდუვალობას.
ამავე დროს, მემედ აბაშიძე მუდმივად მოუწოდებდა ძმების დაახლოების პროცესის ფრთხილად წარმართვისაკენ, მისი ეს რჩევა დღესაც ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია იმ დროინდელ და დღევანდელ აჭარას შორის, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად განსხვავდება.
მაგრამ ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მკვეთრად თავისებურია ისტორიაში თავისი განსხვავებული ტკივილებით, დღევანდელობაში განსხვავებული ინტერესებით და ყოველივე ამის გათვალისწინება აუცილებელია, თუ ჩვენ პოლიტიკოსები ვართ.
დღევანდელი დღე და ქვეყნის მომავალი მხოლოდ ისტორიის ღრმად გაანალიზებითა და გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ამას განსაკუთრებით აჭარაში უნდა გაესვას ხაზი.
„დიდი დაკვირვება, დიდი წინდახედულება გვმართებს“, - ეს მემედ აბაშიძის სიტყვებია.
თითქოს დღესაა ეს სიტყვები ნათქვამი და ჩვენი წინაპრები, არც მომავალი თაობები აქ შეცდომის დაშვებას არ გვაპატიებენ.
ეს წინაპრები ყოველთვის ჩვენს დიდ თანამედროვეებად რჩებიან. ჩვენთა საქმეთა ყოველდღიურ მონაწილედ. ასეთი თანამედროვეა ჩვენთვის მემედ აბაშიძე, რომლის იუბილე საქართველომ ღირსეულად გადაიხადა იმ წლებში, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა. სწორედ მაშინ ვთქვი, თუ რა იყო ჩვენი ქვეყნისათვის მემედ აბაშიძე, მისი თანამებრძოლები და მისი ბრძოლა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მთელი სიცხადით, თუ საქართველოსათვის, თბილისისათვის, რას წარმოადგენს აჭარა და მისი ყოველი მკვიდრი.
დღეს ჩვენ მემედ აბაშიძესთან ვართ, მის ანდერძთან, მის რწმენასთან, მის იდეალებთან. მისი ძეგლის აღმართვა სწორედ ამის მაჩვენებელია. მალე აბუსერისძე ტბელის იუბილეს ვიზეიმებთ. თუ თქვენი ნებაც იქნება, საქართველოს პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში ამ გამოჩენილი მოღვაწის საიუბილეო ღონისძიებებს.
ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვაგრძელებთ ერის სვლის ძირითად გზას, იმ გზას, რომელიც საქართველოს მისმა სამაგალითო შვილებმა მოუნიშნეს. სწორედ ამ დიდ ქართველებთან არის მემედ აბაშიძე, გონიერი და გულადი მაგალითი საქართველოს ერთგულებისა და ბოლოს, ისევ ილიას სიტყვებს მოვუხმობ: „ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავისის დიდ-ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი“ („ერი და ისტორია“, 1888).
ამ ჭირსა და ლხინში ჩვენს მაგალითად და ორიენტირად ყოველთვის დარჩება კაცი, რომელსაც დღეს ძეგლი დაუდგა მადლიერმა შთამომავლობამ - მემედ აბაშიძე. და რომლის ანდერძის ერთგულნი მუდამ იქნებიან ქართველები, მცხოვრებნი აჭარაში, სრულიად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც.
დღეს, დაიდგა რა მისი ძეგლი, განივთებული ბრინჯაოში, მემედ აბაშიძე მოწმე ხდება იმ სიხარულისა, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ბათუმში ყოველი ჩამოსვლისას. დღეს არავის უკვირს ამ შესანიშნავი თეატრის სცენაზე საოპერო ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშების ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, ახალი კოლექტივები, ბათუმის კეთილმოწყობა, ახალი ხიდები...
ძალიან ძნელია გამოვიდეს კაცი დიდი წინამორბედის ჩრდილიდან. მე დღეს მინდა განსაკუთრებული სიხარულით ვთქვა: მემედ აბაშიძეს შესანიშნავი შთამომავალი ყავს და მას არ სჭირდება არავითარი ჩრდილი. ის თავისთავად არის ღირსეული ლიდერი თავისი ხალხისა.
* * *
შესვენების დროს საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ცერემონიაზე დამსწრე მრავალრიცხოვან ჟურნალისტთა თხოვნით თეატრის ფოიეში ხანმოკლე ბრიფინგი გამართეს. მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ინტერესი, როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმის ყოფილი მერის მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის პასუხებმა ეს თემა მომენტალურად ამოწურა: „ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებზე ვსაუბრობდით“, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და აქვე, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დააზუსტა, რომ თამაზ ხარაზის განცხადებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა პროკურატურის საქმეა და პრეზიდენტი მასში არ ჩაერევა. რაც შეეხება აჭარის ავტონომიის საკითხს, მასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია უცვლელი რჩება: „ყოველთრვის ვიყავი და ვარ მომხრე იმისა, რომ აჭარაში იყოს ავტონომია ან სხვა უფრო სრულყოფილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ეს მოიფიქრეს და გადაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა, სერიოზულმა პოლიტიკოსებმა და ჩვენ უკან ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია. ვინც არ უნდა თქვას და რაც უნდა მოხდეს, ეს გამორიცხულია“.
საქინფორმი.
„დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 ნოემბერი. - №272 (2645). - 1,2 გვ.
![]() |
129 75 სიმწიფის, სრულყოფის ასაკია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ
შევარდნაძის სიტყვა
31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 75 წლის იუბილე, რომელზეც სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 75 წლისთავს.
საქმე ეხება უმაღლესი სასწავლებლის იუბილეს, რომელმაც, მართლაც რომ, განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
თავად ის ფაქტი, რომ 75 წლის წინათ საჭირო გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოყოფოდა პოლიტექნიკური ფაკულტეტი და შექმნილიყო ამ პროფილის დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი, მეტყველებს, თუ როგორ სჭირდებოდა მაშინ ქვეყანას მაღალკვალიფიციური ტექნიკური ინტელიგენცია, საინჟინრო კადრები, რომელთაც მეტად რთული და საპასუხისმგებლო მისია დაეკისრათ - ყოფილიყვნენ საინჟინრო აზრის განმავითარებელნი საქართველოში და ქვეყნის ტექნოლოგიური დონის საიმედო გარანტი.
როგორც არ უნდა შევაფასოთ 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში არსებობა, ფაქტი ერთია, რომ ამ წლებში ეყრებოდა საფუძველი ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას - მრეწველობის სხვადასხვა დარგის განვითარებას, გზების, ხიდების, რკინიგზების, დიდი უნიკალური ობიექტების მშენებლობას.
სწორედ ეს წლები მოითხოვდა ასობით, ათასობით ინჟინერს, ქიმიკოსს, მეტალურგს, მეცნიერ-ტექნიკოსს. ახლად შექმნილმა საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტმა შესძლო აღეზარდა კადრები, რომლებიც ძირითადად აკმაყოფილებდნენ ქვეყნის მოთხოვნას და, ამასთნ, გამოირჩეოდნენ მაღალი კვალიფიკაციით და, რაც მთავარია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით.
ბევრმა მათგანმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების, ასე ვიტყოდი, გიგანტების მშენებლობაში. ამიტომაცაა, რომ დღეს, როცა ამ უმაღლესი სასწავლებლის 75 წლის იუბილეს ვზეიმობთ, აღვნიშნავთ მის უნიკალურ როლს ქვეყნის ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში მის უახლოეს წარსულში, დარწმუნებული ვართ, რომ მოგვიწევს ამ ღვაწლის აღნიშვნა მომავალშიც, რადგან დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე ამზადებს იმ კადრებს, რომლებიც ხვალინდელ საქართველოს, დამოუკიდებელ ქვეყანას სჭირდება.
მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ანუ „გეპეი“, როგორც მაშინ ვუწოდებდით ამ უმაღლეს სასწავლებელს, არ წარმოადგენდა მხოლოდ საინჟინრო კადრების სამჭედლოს. ის იყო და არის კოლექტივი, რომელიც მუდამ თავის სიტყვას ამბობდა ქვეყნის ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, რომლის აზრს და დამოკიდებულებას ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მოვლენისა თუ პიროვნების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, რადგან პოლიტექნიკური ინსტიტუტი ყოველთვის იყო შეკავშირებული კოლექტივი მკვეთრად გამოხატული ეროვნული მამულიშვილური პოზიციით.
მნიშვნელოვანწილად ამას განაპირობებდა ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტში მუდამ განსაკუთრებული სული და ატმოსფერო ტრიალებდა. ეს არ იყო, როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ კადრების სამჭედლო. პროფესიულ მომზადებასთან ერთად ეს უმაღლესი სასწავლებელი ყოველნაირ პირობას უქმნიდა ახალგაზრდობას ჰარმონიული განვითარებისათვის და, შეიძლება ითქვას, რომ „გეპეის“ თანაბრად მიუძღვის წვლილი, როგორც უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე კადრების მომზადებაში, ასევე ქართული კულტურის, სპორტის განვითარებაში. დღეს, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ქართული კულტურა, სპორტი, თუნდაც მწერლობა ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილების გარეშე და მე მიხარია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს ტრადიცია დღესაც შესანიშნავად გრძელდება.
ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სიცოცხლისუნარიანობას ხომ ის განსაზღვრავს, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი დროის მოთხოვნებს.
ტექნიკური უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან უმალ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. თავად ის ფაქტი, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთდა, მეტყველებს ამაზე, რადგან ტექნიკურ სასწავლებლების ჰუმანიტარიზაცია აუცილებელი პროცესია დამახასიათებელი, განსაკუთრებით ჩვენი დროისათვის, რომელსაც დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში ითვალსიწინებენ.
დღეს ამიერკავკასიაში ეს უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც 12 ფაკულტეტი და 150 კათედრა აქვს, 110 სპეციალობით ამზადებს კადრებს, რომელიც ასე დეფიციტურია დღევანდელ საქართველოსათვის, ესენი არიან: ეკონომიკური სამართლის სპეციალისტები, ბიზნესის მენეჯერები, თანამედროვე ტიპის სახელმწიფო მოხელეები, და რაც მთავარია, ტექნიკური დარგის ის სპეციალისტები, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას, როგორც ტრანზიტულ სახელმწიფოს. მომავალში ჩვენი ქვეყნის ფუნქციები კიდევ უფრო გაიზრდება და ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე დღეს ფიქრობენ ამის შესახებ და არა მარტო ფიქრობენ, არამედ კონკრეტულ და რეალურ ნაბიჯებსაც დგამენ.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ახალი ავიაციისა და სხვა ინსტიტუტები, მივესალმები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მისწრაფებას მოამზადოს და ქართველი ახალგაზრდების სწავლა-აღზრდის, სასწავლო პირობების განახლების პროცესში ჩართოს გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები, მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები. მისასალმებელია ისიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი საქვეყნოდ განთქმულ მრავალ საზღვარგარეთულ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს, როგორც თანასწორი თანასწოთან.
ჩვენ ძალზე ბევრს ველით ტექნიკური უნივერსიტეტის დღევანდელი სტუდენტებისაგან, პროფესორ-მასწავლებლებისაგან, მთელი კოლექტივისაგან. დარწმუნებული ვარ, რომ ის ქალიშვილები და ჭაბუკები, რომლებიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლეს სპეციალობებს ეუფლებიან, ისეთივე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ ქვეყნის ისტორიაში, როგორც პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა წინა თაობებმა შეასრულეს, მათ, ვინც საქართველოში ინდუსტრიალიზაციის სათავეებთან იდგნენ.
მინდა მივესალმო მათ ყველას და მივულოცო თავიანთი სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლის იუბილე, მივულოცო ეს ღირსსახსოვარი თარიღი ყველა თაობის „გეპეელს“, პროფესორ-მასწავლებელს, ყველა თანამშრომელს და ვუსურვო შემდგომი წარმატებები.
მჯერა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც თავის სიმაღლეზე იქნება და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ახალი საქართველოს მშენებლობაში.
ორიოდ სიტყვას დავუმატებ იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ დონეზე იდგა და როგორ დონეზე დგას დღეს ჩვენი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. მხედველობაში მაქვს მისი სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალი.
ძველი დროიდან მე გავიხსენებდი უნიკალურ ნაწარმოებს, უნიკალურ მშენებლობას - ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურს, რომლის თაღოვანი კაშხალი თავისი პარამეტრებით პირველი იყო მსოფლიოში და აკვირვებდა უდიდესი რანგის სპეციალისტებს ჩანაფიქრის გენიალობით, არაორდინალობით და, რაც მთავარია, მისი განხორციელებით. ეს ჰიდროელექტროსადგური დღესაც ითვლება მსოფლიო ინჟინრული აზრის მონაპოვრად.
მეორე, რის შესახებაც აქ უკვე ითქვა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატომნა რომან ჰერცოგმა მოინახულა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. იგი გაოცებული დარჩა. სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ, მან სპეციალური ჯგუფები გამოგზავნა და დღეს უკვე გამოიკვეთა მრავალმხრივი კონტრაქტები და შეიძლება გაბედულად ითქვას, საერთო აღიარებით, ამ დარგში საქართველოს საინჟინრო და მეცნიერული აზროვნება მსოფლიოს სტანდარტების დონეზეა.
დღეს აქ ყველამ მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის, ჩვენი დიდი მეგობრის ლეონიდ კუჩმას მისალმება. მისი ამასწინანდელი ვიზიტის დროს ჩვენ ერთად მოვინახულეთ ეს ინსტიტუტი. ბატონი კუჩმა გახლავთ კოსმოსის საქმის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტი, მრავალი წამოწყების ავტორი, „ბაიკანურის“ დიდი ორგანიზატორი, შემდეგ დნეპროპეტროვსკის, თქვენთვის კარგად ცნობილი, უზარმაზარი სარაკეტო გიგანტების ხელმძღვანელი. მან მითხრა: მე ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ტექნიკური, ინჟინრული, მეცნიერული აზროვნება ასეთ დონეზე იქნებოდა წარმოდგენილი და შენარჩუნებული.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი პოტენციალი ამოუწურავია და დღეს, მიუხედავად გაჭირვებისა, ბედნიერი ვართ, რომ ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს და მწამს, რომ ჩვენ ქვეყნის მეცნიერული პოტენციალი აუცილებლად დიდ სიკეთეს მოუტანს დამოუკიდებელ საქართველოს.
ახლა ასაკთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინათ რომ ახსენებდნენ იუბილეს - 75, მეგონა, რომ ეს გაუთავებელი წლების რბოლა იყო. ახლა მე თვითონ ვუახლოვდები 70-ს და ვთვლი, რომ თქვენ არც ისე ხნიერი ხართ. ეს არის სიმწიფის, სრულყოფის ასაკი.
მინდა ყველას სიხარული და ბედნიერება გისურვოთ. 75 სიმწიფის, სრულყოფის ასაკია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 ნოემბერი. - №273 (2644). - 1,2 გვ.
![]() |
130 „საქართველოსთან უკრაინის დაახლოება, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული კავშირი იმ შესაძლებლობათა გამოყენების წარმატებული ცდაა, რომლებსაც შეიცავს საერთო სივრცე, თუნდაც ის საერთო სივრცე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
3 ნოემბრის რადიოინტერვიუ
დღევანდელ რადიოინტერვიუს, რასაკვირველია, საქართველოში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ვიზიტით დავიწყებთ. რას ნიშნავს უკრაინის გააქტიურება კავკასიაში? ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს რამდენადმე დეტალურად შევეხები. მისი ვიზიტი საქართველოში, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამაზე ბევრი დაიწერა. ამჯერად მინდა მოვლენა შევაფასო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით. ჩვენში ხშირად ამბობენ, რომ ეს თანამეგობრობა სრულიად უსარგებლო და უმაქნისი ორგანიზაციაა, რომ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს თანამეგობრობიდან და ასე შემდეგ. რატომღაც ზოგიერთი თანამეგობრობას მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტით განიხილავს. რა თქმა უნდა, თანამეგობრობაში რუსეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია და მის პოლიტიკაზეა მეტწილად დამოკიდებული ამ ორგანიზაციის - რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციის ბედი, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა მაინც უფრო ფართო ცნებაა, ფართო მოვლენაა და არ შეიძლება მისი როლი რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობაში არსებული პრობლემებით განისაზღვრებოდეს.
თანამეგობრობა ნამდვილად ქმნის თანამშრომლობისა და კოოპერაციის ერთგვარ გეოპოლიტიკურ სივრცეს. რამდენ ხანს იარსებებს ეს სივრცე - სხვა საკითხია, მაგრამ ამჯერად ამ სივრცეზე რეალურად არის ლაპარაკი. სწორედ ამიტომ მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ თანამეგობრობას აქვს იმის პოტენციალი, რომ წევრ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის გარკვეულ ხელშემწყობ ფაქტორად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, სხვა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, მას არავითარი მომავალი არ ექნება. ამ ეტაპზე მას შეუძლია შეასრულოს ეს როლი, ჯერ კიდევ აქვს ეს პოტენციალი. საქართველოსთან უკრაინის დაახლოება, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული კავშირი ამ შესაძლებლობათა გამოყენების წარმატებული ცდაა, რომლებსაც შეიცავს საერთო სივრცე, თუნდაც ის საერთო სივრცე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ, როგორც კი ვიწყებთ საუბარს რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, ბუნებრივად ვუბრუნდებით საერთო სივრცის თემას, საერთო სივრცის ფილოსოფიას. ეს, შეიძლება ითქვას, ქართული პოლიტიკის ზოგადი მნიშვნელი ხდება.
უკრაინის პრეზიდენტს მე მივესალმე, როგორც დიდი ქვეყნის, დიდი ევროპული ერის ლიდერს. უკრაინის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ, დარწმუნებული ვარ, ოცდამეერთე საუკუნეში საერთო ევროპული სახლის ერთ-ერთი საყრდენი გახდება და მნიშვნელოვან წვლილსაც შეიტანს საერთო ევროპული და გლობალური უშიშროების სისტემის განმტკიცებაში. აქვე დავაკონკრეტებ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემის გათვალისწინებით. 3-4 წლის წინათ წინადადება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში უკრაინის სამშვიდობო ძალების ამოქმედების შესახებ ზოგიერთ დედაქალაქში სკეპტიკურ, ან ირონიულ ღიმილს იწვევდა. დღეს კი იდეა უფრო რეალურად გამოიყურება. დეკლარაციაში, რომელსაც მე და ბატონმა კუჩმამ მოვაწერეთ ხელი, პირდაპირ ჩაიწერა, რომ უკრაინა მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი მოწესრიგების პროცესში არა მარტო დიპლომატიურ დონეზე, არა მარტო საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში ჩართვით, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, არამედ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო გაგზავნითაც. ეს პირველად ითქვა, ესე იგი, სამი-ოთხი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით. უკრაინელმა ცისფერჩაფხუტიანებმა გაეროს ეგიდით შესანიშნავად შეასრულეს სამშვიდობო მისია ბოსნიაში. ამდენად, უკრაინის შესაბამისი გამოცდილება აქვს და სათანადო ავტორიტეტიც, რათა მისი სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურება (თანამეგობრობის ქვეყნებში) არავის აკვირვებდეს. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამას მიესალმება. როცა ჩვენ ადრე, წინა სხდომებზე ვადის გაგრძელებაზე ვლაპარაკობდით, მაშინ რუსეთის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ძირითად სიმძიმეს, ფინანსურ ხარჯებს და სხვას რუსეთი კისრულობს, დანარჩენი სახელმწიფოები არ მონაწილეობენ. ვფიქრობ, ახლა ხდება ამ ნაკლის კომპენსირება, უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. თუმცა, უკრაინა გამონაკლისი როდია, არიან სხვა სახელმწიფოებიც, რომლებიც მზად არიან ჩანაცვლების პრობლემაზე იმუშაონ.
უკრაინასთან თანამშრომლობა საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა ხელსაყრელი თანამშრომლობის პერსპექტივა. ეს ორმხრივი პროცესია, ანუ საქართველოსაც აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი, რათა დააინტერესოს პარტნიორები. ამჯერად დეტალებზე ან კონკრეტულ შეთანხმებებზე არ შევჩერდები, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს მივაპყრობ მსმენელთა ყურადღებას. ქართული არმიის მშენებლობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს ძირითადად იმ სივრცეში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში იმყოფებოდა. ამგვარ რეალობას ქმნის იარაღის, სამხედრო სპეციალიზაციის, სამხედრო ტექნიკის საერთო სტანდარტი. ამ სტანდარტის შეცვლა და ახლის მიღება-დანერგვა, მე ასე ვიტყოდი, უფრო ხანგრძლივი პროცესია. ამით იმის თქმა მინდა, რომ სულაც არ უგულებელვყოფ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას. ჩვენ ეს უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „განაყოფ“ ძმებთან თანამშრომლობის მიზანშეწონილობის კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია. მე მარტო უკრაინას არ ვგულისხმობ, სხვა ქვეყნებიც მაქვს მხედველობაში. როდესაც ჩვენში „გაწყვეტილი კავშირების“ აღდგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, ხშირად კვლავ რატომღაც მხოლოდ რუსეთს გულისხმობენ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ ქვეყანასთან იმ კავშირ-ურთიერთობათა აღდგენა, რომელმაც შეიძლება მხოლოდ სიკეთე მოუტანოს ორივე ხალხს. მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს, რომ ასევე მიზანმიმართულად ვიმუშაოთ უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან „გაწყვეტილი კავშირების“ აღსადგენად. ეს პროცესი დაიწყო და, მე მგონი, ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.
ბატონ კუჩმასთან საუბრის დროს შევთანხმდით საერთო ეკონომიკური სტრატეგიის საკითხებზე თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც. უკრაინა იზიარებს საქართველოს პოზიციას, რომ დღევანდელ ეტაპზე უპრიანი იქნებოდა გვესაუბრა არა საბაჟო კავშირების (გთხოვთ ამას მიაქციონ ყურადღება), არამედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის. ასეთი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩვენ მრავალ ქვეყანასთან გვაქვს, მათ შორის რუსეთთანაც, უკრაინასთან. უკრაინასთან, მაგალითად, ეს დოკუმენტი შესანიშნავად მუშაობს, მაშინ როცა ამას ვერ ვიტყვი ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე, კერძოდ რუსეთზე, რამაც სერიოზულად დააბრკოლა ტრანზიტი საქართველოსთან და საერთოდ, ხელი შეუშალა ჩვენი პროდუქციის გატანას რუსეთის ბაზარზე, ისევე როგორც იქიდან შესაბამისი პროდუქტების შემოტანას. რაც შეეხება საბაჟო კავშირს, ეს პრობლემა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტ შესწავლას მოითხოვს, და იგი თავისთავად მოიხსნება დღის წესრიგიდან, როცა ჩვენ ყველანი შევალთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში და მისი წევრები გავხდებით. ასეთი განაცხადი ყველას აქვს გაკეთებული რუსეთის ჩათვლით. აგრეთვე, საქართველოსაც და სხვებსაც. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენს სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გავრცელება ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნებოდა.
ამას დავუმატებ კიდევ ერთ ელემენტს და მინდა ეს იცოდეს რადიომსმენელმა. გარდა ამისა, განზრახული მაქვს (ეს განსაკუთრებით შეიძლება ბიზნესმენებისათვის იყოს საინტერესო) იანვრის სამიტზე კოლეგებს შევთავაზო პროდუქციის ფალსიფიკაციის აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ გადაწყვეტილების პროექტი. ფალსიფიცირებულმა პროდუქტებმა წალეკეს თანამეგობრობის ბაზრები. ეს ეხება თითქმის ყველა ქვეყანას და, განსაკუთრებით, რუსეთს. ვგულისხმობ სასმელებს, კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს. საქართველოსათვის ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია, ვინაიდან ხდება ტრადიციული ქართული პროდუქციის - ღვინის, ბრენდის, შუშხუნას, კონიაკის, შამპანურის, „ბორჯომის“ და სხვა ჩვენი პროდუქციის ფალსიფიცირება, რაც დიდ ზიანს აყენებს ჩვენს მეურნეობასა და კონკრეტულ მეწარმეებს. ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ ამ საკითხების გადაწყვეტაში სრული მხარდაჭერა აღმითქვა.
საქართველოს ეკონომიკას, მის სხვადასხვა დარგს ნამდვილად ძალუძს უკრაინის მრეწველობის, უკრაინის ბაზრის მეშვეობით დაძლიოს კრიზისული მომენტები. არანაკლებ დიდია თვით უკრაინის ინტერესიც საქართველოს მიმართ. ეს ქვეყანა დაინტერესებულია მოიპოვოს ახალი გზები, ახალი მარშრუტები ცენტრალური აზიიდან, კასპიის ზღვიდან თუ თუ სხვა რეგიონებდან საარსებო მნიშვნელობის ენერგოშემცველების იმპორტისათვის. ჩვენი ქვეყანა კი საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის განმტკიცების დამატებითს ვექტორს იძენს. ასევე დიდია პერსპექტივა თანამშრომლობისა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში და საერთაშორისო ასპარეზზე ევროპაში.
რაც ყველაზე მთავარია, მძლავრი და სტაბილური უკრაინა კავკასიის, როგორც დიდი ევროპის ერთ-ერთი რეგიონის სტაბილურობის სრულფასოვანი გარანტი გახდება თავისი პოტენციალის გათვალისწინებით. ამოქმედდება ევრაზიის დერეფანი, ახალ კომუნიკაციათა სისტემა, განხორციელდება „საუკუნის პროექტი“. მხედველობაში მაქვს აბრეშუმის გზა, უკრაინა სხვა მძლავრ და დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უფრო აქტიურად „შემოვა“ კავკასიაში, რაც მხოლოდ სიკეთეს, სიმშვიდესა და სიმდიდრეს შემატებს ჩვენს რეგიონს.
აქვე მინდა შევნიშნო: უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული კავშირი არც ერთი ქვეყნის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამდენად, ტყუილად ცდილობენ ზოგიერთები აღმოაჩინონ აქ რაღაც შეთქმულება ვიღაცის წინააღმდეგ. „შეთქმულებები“ ყველგან იმას ელანდება, ვინც თავად არის მიჩვეული შეთქმულებათა ორგანიზებას სხვათა წინააღმდეგ.
მე ამით შემოვიფარგლებოდი, რაც ახლა ვთქვი უკრაინის შესახებ. დავამატებდი იმას, რომ ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ სხვა მიმართულებითაც. როგორც მოგეხსენებათ, ნოემბრის მეორე დეკადაში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ყაზახეთში, რომელსაც ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამ წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა ვეწვიო ბალკანეთის ქვეყნებს, კერძოდ, რუმინეთსა და ბულგარეთს. და აი, ეს ხიდი, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობთ, თანდათანობით უფრო მტკიცდება, მისი ფუნდამენტი მყარი ხდება, მხედველობაში მაქვს ევრაზიის ხიდი, რომელიც უკავშირდება უკრაინასაც, დაუკავშირდება მოლდავეთსაც (მათთანაც მქონდა ამის შესახებ საუბარი და განსაკუთრებული დიალოგი გაიმართება ამ თემაზე რუმინეთსა და ბულგარეთში ვიზიტის დროს. ამასთანავე ეს საუბარი უნდა გაგრძელდეს თურქეთის ხელმძღვანელობასთან. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანში ასეთი შეხვედრაც გაიმართოს.
- განვლილ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პირველი ქართული ომბუდსმენი - ბატონი დავით სალარიძე, საგადასახადო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. ხშირად ამბობენ, რომ ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი უნდა აერჩიათ, რომელსაც, ვთქვათ, დისიდენტური წარსული აქვს, და ხშირად დავით სალარიძეს იმასაც უსაყვედურებენ, რომ იგი სამართალდამცავი ორგანოებიდან, კერძოდ, პოლიციიდან არის მოსული...
- ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ხდება პრობლემის ზედმეტი პერსონიფიცირება. რა თქმა უნდა, პიროვნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მე ამის შესახებ კიდევ მოგახსენებთ ჩემს აზრს, მაგრამ მთავარია შეიქმნას ინსტიტუტი, რომელიც თავისი შინაარსით, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიმართული იქნება დაიცვას ქვეყანაში ადამიანის უფლებები, მკაცრად გააკონტროლოს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა და ის, რომ მათი მოქმედება შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს. და, სხვათა შორის, ასეთი სამსახურის, ახალი სტრუქტურის შექმნის შესანიშნავი გამოცდილება შეიძინა დავით სალარიძემ, როცა მან ფაქტობრივად ცარიელ ადგილზე უზარმაზარი სამსახური - საგადასახადო ინსპექცია შექმნა. ახლა იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ გარკვეული ნაკლოვანებებია, თავისთავად სტრუქტურის შექმნა მოკლე დროში მოხერხდა და ეს სტრუქტურა ავად თუ კარგად ქვეყანას ემსახურება.
ვიმეორებ: ამ შემთხვევაში მთავარია თვით ინსტიტუტის დაფუძნება, მისი შინაარსი, და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ არის სახალხო დამცველი. მე ასე ვფიქრობ, რომ იქნებ ჩვენს პირობებში სასარგებლოც იყოს, რომ საწყის ეტაპზე ამ ინსტიტუტს უხელმძღვანელოს ისეთმა პიროვნებამ, რომელიც კარგად იცნობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, სხვა ძალისმიერი სტრუქტურების საქმიანობას. ჩემი აზრით, (სწორედ ამით ვხელმძღვანელობდი, როდესაც ამ კანდიდატურაზე შევაჩერე არჩევანი), დათო სალარიძე ის პიროვნებაა, რომელსაც ძალუძს შექმნას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ინსტიტუტი.
გარდა ამისა, მინდა ყველას შევახსენო, რომ პრეზიდენტმა ორჯერ წარუდგინა პარლამენტს სხვა კანდიდატურები, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ ისინი უარყო. მაშასადამე, ამ შემთხვევაში, რადგან ეს არ უარყვეს, გაკეთდა ისეთი არჩევანი, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის პირობებს ქმნიდა. თუ სხვანაირი უნდოდათ, მაშინ უნდა აერჩიათ სხვა, რომელიც ადრე შევთავაზე.
პირველ ქართველ ომბუდსმენს - დათო სალარიძეს ამ ურთულესი მოვალეობის შესრულებისას მოთმინებისა და სულიერი სიფაქიზის დიდი ნიჭის გამოვლენას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ იგი ამ დიდი, კეთილშობილური ტვირთისა და დიდი ნდობის ღირსი იქნება.
სალარიძემ დიდი სკოლა გაიარა და გამოცდილებაც არ აკლია. იგი წლების განმავლობაში (სხვათა შორის, ამას რატომღაც ხაზს არ უსვამენ) მუშაობდა სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწედ და მისი ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ის იყო, რასაც დღეს უნდა ემსახუროს. ამდენად, მე მქონდა საშუალება დავრწმუნებულიყავი მის პროფესიონალიზმში. სხვაგვარად, არც გავაკეთებდი ასეთ პასუხსაგებ არჩევანს.
ამავე დროს, მოვუწოდებ მთელ საზოგადოებას, ყველას განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეებს, პროფესიონალებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს მხარში ამოუდგნენ ომბუდსმენს და დაეხმარონ მას შექმნას, დააფუძნოს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი - როგორც ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი და მისი განუყოფელი ელემენტი.
- გასულ კვირას თავდაცვის საბჭოს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე ყულევის სამხედრო პოლიგონზე გამართული ფართომასშტაბიანი წვრთნის შედეგები შეჯამდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, როგორ შეაფასებთ დღეს ქართული ჯარის მდგომარეობას?
- საქართველოს ეროვნული არმიის საბრძოლო მზადყოფნას ამჟამად დამაკმაყოფილებლად ვაფასებ, რაც სამხედრო ტერმინოლოგიით (მით უმეტეს ჩვენს პირობებში) საკმაოდ მაღალ შეფასებად უნდა ჩაითვალოს. რაც მთავარია, საქართველოს უკვე ნამდვილად ჰყავს არმია, ანუ ცივილიზებული ძალა, რომელსაც შესწევს უნარი დაიცვას აუცილებლობისა და გარდაუვალობის პირობებში ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები და მისი სუვერენიტეტის განუყოფლობა.
დემოკრატიულ ქვეყანაში არმია ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტია, თუმცა მას, რა თქმა უნდა, თავისი სპეციფიკა აქვს - იგი არ მონაწილეობს (არც უნდა მონაწილეობდეს) შიდაპოლიტიკურ პროცესებში. სამხედროები არ ერევიან პოლიტიკაში და მხოლოდ ხელისუფლების ბრძანებით იწყებან მოქმედებას ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, როცა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება გაიცემა.
ამავე დროს, არმიის მშენებლობა მუდმივი პროცესია. სამხედრო ძალის სრულყოფას საზღვარი არა აქვს და, რაც უფრო ძლიერი, მდიდარი და სტაბილურია ქვეყანა, მით უფრო მძლავრია არმია.
შეიარაღებისა და ტექნიკის რაოდენობაზე ან ხარისხზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განწყობილებას. მე უკვე უბერებლად მიმაჩნია ის გამონათქვამი, რომ „არმია ერის ნაწილია“, საზოგადოების სარკეა და თუ რამ არ მოგვწონდა და არ მოგვწონს, - მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. საზოგადოებრივი ატმოსფეროს გაჯანსაღება ხელს უწყობს არმიის სიჯანსაღესაც. ხელისუფლება კი თავის მხრივ ყველაფერს იღონებს, რათა აღმოფხვრას არმიაში ნეგატიური მოვლენები, და მე ამაზე უკვე ვილაპარაკე.
ქართული არმია იქნება მაღალორგანიზებული, დისციპლინირებული, მობილური, კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი სამხედრო ფორმირება, რომელსაც შეეძლება არა მარტო ლოკალური, არამედ მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტაც - ისევ და ისევ ერისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ სტანდარტამდე მისვლას კიდევ რაღაც გარკვეული დრო დასჭირდება, და ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ ჩვენი არმია მივიდეს მაღალ კონდიციამდე.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ყულევში გამართულ წვრთნას, მისი მიზანი იყო არმიის მართვის სისტემათა სრულყოფა და დახვეწა, სხვადასხვა შენაერთთა შეთანხმებული მოქმედების ოპერაციათა კოორდინირების ჩვევის გამომუშავება. სამხედრო ქვედანაყოფებმა უმაღლესი მხედართმთავრის მიერ დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულეს, რისთვისაც პირად შემადგენლობას, ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, მინისტრს მადლობა გამოვუცხადე. და მე უკვე ვთქვი ეს წვრთნის შედეგების შეჯამებისას, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამეგრელოს, ყულევის ზონაში მცხოვრებთა, მოქალაქეთა საოცარი სითბო და საოცარი მზრუნველობა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ.
- ლუდვიგ ჩიბიროვთან თქვენი შეხვედრა გადაიდო. ხომ არ ნიშნავს ეს ვითარების გაუარესებას?
- არა, არ ნიშნავს, არავითარ შემთხვევაში! შეხვედრა უეჭველად გაიმართება, იგი გადაიდო მხოლოდ ტექნიკური მიზეზით - შეთანხმებათა უკეთ მოსამზადებლად. ამჟამად გრძელდება კონსულტაციები მხარეთა შორის. რაც უფრო უკეთ მომზადდება შეხვედრა, მით უფრო წარმატებული იქნება იგი. ამ აზრს ორივე მხარე იზიარებს.
- ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, განვლილი ეკონომიკური კვირის შედეგები...
- ეკონომიკური თემა კვლავ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან გვაბრუნებს. უკრაინასთან საქართველოს გაფორმებული აქვს უკვე 90-მდე ხელშეკრულება და მათი დიდი უმრავლესობა სწორედ ეკონომიკურ თემას უკავშირდება და წარმატებითაც სრულდება.
ევროპის ეკონომიკურ სტრუქტურებსა და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაციის ურთიერთმხარდაჭერასთან ერთად, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გააქტიურება და შემდგომი ინტენსიფიკაცია ორმხრივი საქონელბრუნვის, ინვესტიციების შემდგომი ზრდის, ერთობლივი საწარმოების შექმნის, სამამულო საქონლის ურთიერთმიწოდებისა და მესამე ქვეყნების ბაზარზე გატანის ხელშეწყობის მიმართულებით და სხვ. სატრანსპორტო სექტორთან ერთად უნდა გაფართოვდეს აგრეთვე კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, მანქანათნშენებლობის, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო-ტექნიკური, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მასშტაბი. და მე აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ უკრაინიდან შემოგვაქვს შაქარი, კარაქი, ნაწილობრივ ხორცი, ზოგიერთი სხვა პროდუქტი. უკრაინაში, ასე ვთქვათ, დიდი სიამოვნებით იღებენ ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ციტრუსი, (წლის ციტრუსების მოსავალს არაფერი არ ემუქრება, თუ კი უკრაინელებთან კარგად წავიმუშავებთ). ასევე სხვადასხვა კონსერვები, ნატურალური წვენები, „ბორჯომი“, ღვინოები და სხვა მრავალი. მე ასევე სერიოზული საუბარი მქონდა ბატონ კუჩმასთან და იგი შემპირდა, რომ თავის საკმაოდ დიდ არმიას, თავისუფლების აღკვეთის ადგილებს და სხვებსა და სხვებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანს ქართულ ჩაიზე. რა თქმა უნდა, ქართული ჩაი იქნება თავისუფალი ვაჭრობის საგანი. ასე რომ, მომავალი წლისათვის ჩვენ უკრაინაში შეგვიძლია შევიტანოთ 7-8-10 ათას ტონამდე მზა ჩაის პროდუქცია. ასე რომ, მეჩაიებიც სერიოზულად ემზადებიან იმისათვის, რომ უკრაინის ბაზარზე გავიდნენ.
აღმავალი ტემპით ვითარდება ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ბატონ იოჰანეს ლინთან შეხვედრისას. ამ ვიზიტის მიზანი იყო ამიერკავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელების შეფასება.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს პრიორიტეტულ დარგებში ამჟამად წარმატებით სრულდება (მე ერთხელ ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა) მსოფლიო ბანკის 15-მდე სერიოზული პროექტი. მათ შორის არაერთხელ აღნიშნულა მუნიციპალური განვითარებისა და შავი ზღვის გარემოს დაცვის ორი ახალი პროექტი. თქვენ იცით რას ნიშნავს შავი ზღვის გარემოს დაცვა, რამდენად მწვავეა ეს პრობლემა, რომლის რეალიზაციაც საშუალებას მოგვცემს სერიოზულად წავიწიოთ წინ და სანაპიროების აღდგენისათვის ჩვენი საწარმოო სიმძლავრეებიც და ჩვენი მეცნიერული მეთოდიც გამოვიყენოთ.
ასევე არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო მსოფლიო ბანკის მონაწილეობა საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციაში. სწორედ მსოფლიო ბანკის, ზოგიერთი სხვა დონორი ქვეყნის დახმარებით, კერძოდ, გერმანელებისა, მომავალი წლის დამლევისათვის ჩვენ შეგვიძლია რეალურად გადავცეთ საექსპლოატაციოდ მეათე ბლოკი. ამით, ფაქტობრივად, გადავწყვეტთ ენერგეტიკის საბაზისო საკითხს, ესე იგი, მე-9 და მე-10 ბლოკები ერთობლივად 600 მეგავატს მოგვცემენ. საქართველო გარანტირებული იქნება და ეს ქმნის იმის გარანტიასაც, რომ ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისიდან საბოლოოდ გამოვიდეს.
მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის წვლილი საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რისთვისაც უკვე გამოყოფილია პირველი კრედიტი 12 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო საქართველოში „დიდი ნავთობის“ მარშრუტის შესასწავლად (ეს თუმცა სიმბოლური თანხაა) 1,5 მილიონი დოლარის გამოყოფა ამავე დროს ამ მარშრუტის გარკვეულ მხარდაჭერასაც ნიშნავს ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრივ.
საქართველოსადმი მსოფლიო ბანკის ნდობისა და ჩვენში მიმდინარე გარდაქმნების მაღალი შეფასების დასტურია მის მიერ შემუშავებული და რადიომსმენელთათვის უკვე ცნობილი „1998-2000 წლებში საქართველოსთან თანამშრომლობის სტრსტეგია“, რომელიც სახელმწიფო ფინანსების გაძლიერების, გარემოს დაცვის და სიღარიბის აღმოფხვრისათვის გამიზნულ პროგრამას და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროგრამას წარმოადგენს. მისი ღირებულება (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ ციფრს) არც მეტი, არც ნაკლები 320 მილიონ დოლარს აღწევს. ამასთანავე ჩვენი თანამშრომლობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ სახელმწიფო შემოსავლის ვალების მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებათა ეფექტიან განხორციელებას. საჭირო იქნება ასევე პრივატიზაციის პროცესის შემდგომი დაჩქარება უფრო რაციონალური ფორმებითა და მეთოდებით, ვიდრე აქამდე. ასევე რეფორმების გაგრძელება და გაღრმავება განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და ასე შემდეგ.
ოქტომბრის შედეგები ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ მრეწველობის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, ამ სისტემაში მთლიანად 10 თვეში შენარჩუნებულია წარმოების ზრდის ტემპი 110-111 პროცენტის დონეზე. ამ დღეებში ამუშავდა რუსთავის „ქიმკომბინატი“. ნოემბერ-დეკემბერში აქ ვარაუდობენ 8-9 მილიონი ლარის პროდუქციის გამოშვებას. გათვალისწინებულია კაპროლაქტამის წარმოების ამუშავებაც. თუკი ეს მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ეკონომიკაში.
საგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მის მიერ აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავალი 32 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალი 18 მილიონი ლარია. ეს უკანასკნელი წლევანდელი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საგულისხმოა ისიც, რომ კვარტლის პირველ თვეში ბიუჯეტმა წინა კვარტლის დამამთავრებელი თვის ტოლი თანხა მიიღო, რაც, საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეოთხე კვარტლის საგეგმო დავალებათა შესრულებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს აჭარაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებანი. კარგად იმუშავეს თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში და ზოგიერთ სხვა რეგიონში. სამწუხაროდ, უმძიმესი მდგომარეობაა იმერეთში, ძალიან უჭირს ქვემო ქართლს, ყველა რეზერვი არ არის გამოყენებული სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონებში და ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის რწმუნებულებმა, გამგებლებმა დასკვნები უნდა გამოიტანონ. მე ვესაუბრე ბატონ თემურ შაშიაშვილს და განსაკუთრებით იმერეთში იქნება საჭირო შემობრუნება, როგორც იტყვიან, 180 გრადუსით.
განვლილ თვეში საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში გადარიცხულია, 18 მილიონი ლარი, რაც გეგმის 109 პროცენტს შეადგენს და ამასთანავე 10 პროცენტით აღემატება წინა თვის მოცულობას. მთლიანად ათ თვეში საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში ჩაირიცხა 150 მილიონზე მეტი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, ათი თვის გეგმა 107 პროცენტით შესრულდა.
აი, ეს არის ის ხიდი, ესე იგი ევრაზიის დერეფანი, ევრაზიის ხიდი, სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, რომელმაც მარტო საბაჟოს ხაზით ჩვენ 150 მილიონი ლარი შემოგვიტანა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ოქტომბერში გადასახადების სახით ბიუჯეტში ჩარიცხული სახსრების მოცულობამ 22 პროცენტით გადააჭარბა წინა წლის საშუალო თვიურ მოცულობას.
ბიუჯეტზე სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. სანამ საგადასახადო ინსპექციის უფროსს დავნიშნავდეთ, ჩვენ ასე ვართ შეთანხმებული, რომ ფინანსთა მინისტრი, ბატონი მიხეილ ჭკუასელი თვითონ ჩაუჯდება აქ ამ საქმეს რამდენიმე კვირის განმავლობაში და თვითონ ახალმა მინისტრმა უნდა დაინახოს, რა არის ეს სამსახური. მან, როგორც იტყვიან, უნდა შეისწავლოს საგადასახადო სამსახურის „ანაბანა“ და მანვე უნდა აღმოაჩინოს ის რეზერვები, ის რესურსები, რომლებიც ჯერჯერობით გამოუყენებელია. რეზერვები და რესურსები ძალიან ბევრია.
და, კიდევ ერთი რამ. არ შემიძლია არ შევნიშნო ერთი ძალიან ნეგატიური ტენდენცია: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მონაცემებით, ზოგიერთმა რაიონამა ჯერ კიდევ არ აითვისა (თუ ვერ აითვისა) მათთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი სახსრები და რესურსები. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას უჭირს, ვპოულობთ სახსრებს, რესურსებს (ეს იქნება საწვავი, სათადარიგო ნაწილები თუ სათესლე ხორბალი, შხამქიმიკატები, სასუქი და სხვ.), ამის აუთვისებლობა, ვფიქრობ, დანაშაულია. მე ვთხოვ რაიონებს შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ.
- და ბოლო კითხვა: გაეროს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირაში ასეთი რამ თქვა: თუ არ იქნებიან გაეროსა და თანამეგობრობის სამშვიდობო ძალები, მოსალოდნელია აფხაზეთის კონფლიქტის განახლება. ხომ არ არის რაიმე სიახლე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით განვლილ კვირაში?
- მე კონფლიქტის განახლების ვარიანტს ახლა არ შევეხები. საერთოდ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, უფრო სწორად გავიმეორო ზოგიერთი რამ, რაც უკვე ითქვა და ზოგიერთი ახალი ელემენტიც დავუმატო. ხაზს ვუსვამ: კიშინიოვის დოკუმენტში, რომელიც ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის, ორი უმნიშვნელოვანესი მომენტია. ითქვა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ყველას საყურადღებოდ, განსაკუთრებით იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და სავსებით ბუნებრივია, ეს უწინარესად ლტოლვილებს ეხება: რეგიონში სამშვიდობო ძალების ყოფნის ვადა გაგრძელებულია 31 იანვრამდე, ან იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს ოპერაციის შეწყვეტას. ესე იგი, თუ საქართველო საჭიროდ მიიჩნევს, ოპერაციის შეწყვეტა ყოველთვის შეიძლება, როგორც იტყვიან ყოველდღე. (მაგრამ, ჩემი აზრით, სანამ ჩანაცვლების საკითხი არ გადაწყვეტილა, ოპერაციის შეწყვეტაზე ლაპარაკი ნაადრევია და ძალიან სარისკოა, და გენერალური მდივანი მართალია).
იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ფსოუზე, ესე იგი, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნორმალური რეჟიმის შესაქმნელად, შესარბილებლად და ზოგიერთი ეკონომიკური პრობლემის მოსაგვარებლად აფხაზეთში უპირობოდ უნდა შესრულდეს (როგორც მინიმუმი) გალის რაიონში, ძველ საზღვრებში, ხალხის სრულიად უსაფრთხო დაბრუნება, სათანადო მექანიზმების შექმნის ბაზაზე, ესე იგი, აბსოლუტური უსაფრთხოების პირობებში, ვიმეორებ, ძველ საზღვრებში.
სხვათა შორის, მოსახლეობის დაბრუნების პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გვპირდება მარტო ამ რაიონისათვის, სადაც ხალხი დაბრუნდება, - გალის რაიონისათვის გამოყოს 20-25 მილიონი დოლარი გალის რაიონის რეაბილიტაციისათვის. და ეს მცირე თანხა არ არის. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოსახლეს, ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ სიკეთით. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატები გამონაკლისი არ არის. ასეთი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირიდანაც და იქიდან გვაქვს იმპულსები, რომ ჩვენ თანხებს მივიღებთ, თუკი ხალხი დაბრუნდება. ეს ეხება გალის რაიონსაც, ეს შეხება სხვა რაიონებსაც, სადაც მოსახლეობა დაბრუნდება, და ამ სიკეთით ისარგებლებენ არა მარტო დაბრუნებულნი, არამედ ისინიც, ყველა, ვინც დღეს იქ ცხოვრობს.
როგორც გითხარით, ამას ემატება 15 ნოემბრისათვის დაგეგმილი ჟენევის შეხვედრა, რომლის წინაც, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ამ შეხვედრის დაწყებამდე გამოთქვა აზრი სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელების შესახებ.
ყველა ეს მომენტი გასათვალისწინებელია. გასათვალისწინებელია „მეგობარი ქვეყნების“ მკვეთრი გააქტიურება საერთოდ კავკასიაში და განსაკუთრებით აფხაზეთში. ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ბევრი რამ პერსპექტიული გამოიკვეთა მათი გააქტიურების პარალელურად. მნიშვნელოვანია ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელმაც რეალურ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს. მე კვლავ და კვლავ ჩანაცვლების პრობლემას ვუბრუნდები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს სულაც არ არის უიმედო. სამომავლოდ, თუ ეს აუცილებელი იქნება, თუ რომელიღაც სამშვიდობო ძალა გავა, სამაგიერო ძალა შემოვიდეს.
საქინფორმი.
„საქართველოსთან უკრაინის დაახლოება, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული კავშირი იმ შესაძლებლობათა გამოყენების წარმატებული ცდაა, რომლებსაც შეიცავს საერთო სივრცე, თუნდაც ის საერთო სივრცე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 3 ნოემბრის რადიოინტერვიუ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 4 ნოემბერი. - №275 (2646). - 1,2 გვ.
![]() |
131 ძლიერი არმია ძლიერი და ეფექტიანი პოლიტიკის საწინდარია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ
სხდომაზე 1997 წლის 31 ოქტომბერს
დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი სახელმწიფოს არსებობის პირველი ათწლეული ძნელიც არის და მნიშვნელოვანიც. იქმნება სახელმწიფო, ყველა მისი ატრიბუტი, ყალიბდება ახალი სახელმწიფო სტრუქტურები, რაც აუცილებელია ხალხის მონაპოვრების, დემოკრატიულ მონაპოვართა დასაცავად. ბევრი რამ ხდება პირველად, იქმნება და იწერება ქვეყნის ახალი ისტორია.
ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა დღეს პირველად იმართება ასეთი შემადგენლობით. ეს კანონზომიერი მოვლენაა, რადგან საკითხი, რომელსაც ვიხილავთ, ქვეყნის უშიშროების გარანტიებს შეეხება.
საქართველოს სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა „აბჯარი-97“, რომელიც ყულევის სამხედრო პოლიგონზე მოეწყო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რამდენიმე გარემოების გამო:
პირველი. წვრთნაში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო შენაერთები.
სამხედრო ძალების ასეთი მასშტაბის სამხედრო წვრთნა საქართველოში პირველად გაიმართ.
მეორე. სამხედრო წვრთნა დასახული ამოცანის სირთულითაც გამოირჩეოდა. იგი მიზნად ისახავდა სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის სხვადასხვა ხარისხის მდგომარეობაში მოყვანას, კონტრშეტევითი ოპერაციების დაგეგმვასა და საქართველოს ტერიტორიული წყლების დაცვას. სწავლების დროს რეალურად განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ნაწილების სამობილიზაციო რეზერვიდან ომიანობის დროისათვის გაანგარიშებული საშტატო ორგანიზაციამდე დაკომპლექტება.
მესამე. სამხედრო შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოყვანის დროს დამუშავდა და პრაქტიკულად შემოწმდა ჯარების მართვის სისტემა. ეს უმთავრესია. ბოლო წლების ტრაგიკული მოვლენების დროს, როცა ჩვენი ჯარისკაცები, გენერლები, ოფიცრები თავდადებულად იბრძოდნენ, არ გვქონდა სწორედ ჯარების მართვის ერთიანი სისტემა. ამიტომ შედეგი, რომელიც მივიღეთ, სამხედრო თვალსაზრისით, გარდაუვალი იყო. საბრძოლო ამოცანათა გადაწყვეტის დროს ძალოვან სტრუქტურებს შორის განხორციელდა ურთიერთქმედების ორგანიზაცია, რაც ასევე მიმდინარე წვრთნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გახლდათ. ყველა დონის შტაბებმა გაიარეს მეთაურის გადაწყვეტილების მომზადების, საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისა და დოკუმენტების გაფორმრბის, საველე პირობებში შტაბების მოწყობის პრაქტიკა; კარგი გამოცდილება შეიძინა სწავლების სხვადასხვა ეტაპზე წვრთნის მონაწილე ათასობით სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც ყველა სახეობისა და გვარეობის ჯარების ურთიერთმოქმედების დეტალების დამუშავებაში მონაწილეობდნენ.
მეოთხე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საბრძოლო პოზიციების განლაგებისა და მათი საინჟინრო მოწყობის, საზღვაო და საჰაერო დესანტების გადმოსხმის, საავიაციო დარტყმების მიყენების დროს შეძენილი პრაქტიკული ჩვევების აუცილებლობა.
მეხუთე. საქართველომ, როგორც საზღვაო სახელმწიფომ, ასეთი მასშტაბური წვრთნა სწორედ საზღვაო პირობებში პირველად მოაწყო.
მეექვსე. პირველად საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა წვრთნას ყველა მოვლენის საქმის კურსში იყო. ყოველდღიურად 19 საათზე თავდაცვის მინისტრისაგან ვიღებდი დეტალურ ინფორმაციას წვრთნის მიმდინარეობის შესახებ. მინისტრს კი მთავარსარდლისაგან ეძლეოდა აუცილებელი ბრძანებები.
სამხედრო ძალების საბრძოლო წვრთნის შედეგებს მაღალი შეფასება მივეცი. რაც მთავარია, საქართველოს სამხედრო ძალებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ პროფესიული დახელოვნების გზაზე.
მადლობას გიხდით ყველას, ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს, მთელ გენერალიტეტს. ვინც შეამზადა და წარმატებით განახორციელა წვრთნის დროს უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანები. მადლობის განსაკუთრებული სიტყვები, ვფიქრობ, სავსებით დამსახურებულად ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ვარდიკო ნადიბაიძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და მონდომებით პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ქართული არმია.
ასევე მადლობის სიტყვებით მინდა მივმართო ყველას - პარლამენტის, მისი შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს, მინისტრებს, მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს, გამგებლებს, ინტელიგენციის, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს, რომლებიც არა მარტო მონაწილეობდნენ, არამედ პრაქტიკულ დახმარებასაც უწევდნენ წვრთნის ორგანიზატორებს.
სანიმუშოდ გააშუქეს წვრთნის მიმდინარეობა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციამ, ძირითადმა გაზეთებმა.
მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად, სამეგრელოს მხარის, ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერა და თანდგომა, რაც ყოველმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა და გენერალმა იგრძნო.
ამავე დროს იბადება ლოგიკური კითხვა - იყო თუ არა ნაკლოვანებანი, შეცდომები, ხარვეზები, რა თქმა უნდა იყო და ამ წვრთნის ერთ-ერთი ძირითადი შედეგი ისიც არის, რომ შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. თვალნათლივ გამოჩნდა, რას უნდა მიექცეს ძირითადი ყურადღება მომავალში. ვავალებ თავდაცვის, უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრებს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, კოლეგიის სხდომებზე გააანალიზონ წვრთნის შედეგები და წარმომიდგინონ გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის კონკრეტული გეგმები.
ახლა კი ძალიან მოკლედ მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს.
უწინარე ყოვლისა - ორიოდე სიტყვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და არმიის შემდგომი მშენებლობის შესახებ.
საქართველოსათვის დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი და კონკრეტული მონაპოვარია მისი უფლება ჰყავდეს საკუთარი შეიარაღებული ძალები. არმია არა მარტო დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ატრიბუტი, არამედ ამ დამოუკიდებლობის აუცილებელი პირობაც არის.
შეიარაღებული ძალების საერთო ხარისხი დიდად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და, მაშასადამე, დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობასაც. დამოუკიდებლობის მოპოვება არ არის იმდენად ძნელი, რამდენადაც მისი შენარჩუნება, განმტკიცება და დასახული მიზნის შესაბამისად ახალი სახელმწიფოს მშენებლობა.
ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით არმიის მშენებლობის პრობლემები უნდა იყოს არა მარტო აქტუალური, არამედ საყოველთაოც. თითოეული მოქალაქისასთვის, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და სოციალური მდგომარეობისა, არმია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ღვიძლი საქმე უნდა იყოს. იგი თავისთავად, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, ვერ იარსებებს და თუ მოსწყდება საკუთარი ხალხის მხარდაჭერასა და თანადგომას, მაშინ საზოგადოებასა და ქვეყნისათვის რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს. დემოკრატიული სისტემა ამგვარი არმიის არსებობას პრინციპულად გამორიცხავს.
აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არის ქვეყანა, რომელსაც არმიისა და სამხედრო სფეროში არ ჰქონდეს მეტ-ნაკლები პრობლემები. ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და ძირეულ ღირებულებათა ცვლილებები უთუოდ იწვევს არმიის ფუნქციური მასშტაბების, ამოცანების, საერთოდ, მისი, როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ცვლილებებსაც.
ამ გარდაუვალ კრიზისს თავი ვერ აარიდეს მყარი სამხედრო ტენდენციის მქონე რუსეთმა, რუმინეთმა, ჩეხოსლოვაკიამ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც გაცილებით უკეთესი მემკვიდრეობა ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ.
არმიის მშენებლობის დაწყება, ფაქტობრივად, სუფთა ფურცლიდან მოგვიწია. ერთდროულად დავდექით მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და რთული ამოცანის წინაშე. ესაა არმიის დემოკრატულ პრინციპებზე დაფუძნება. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ზრდადაუსრულებელი საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სისტემისა და გეოპოლიტიკური სივრცის პირობებში ამ ორი ერთდროული ამოცანის სწრაფად და ოპტიმალურად გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია. იგი გარკვეულ ეტაპობრივ პროცესს მოიცავს და გზადაგზა გადასაწყვეტ უთუო პრობლემებსაც გულისხმობს.
თუ ამ საკითხს ამ თვალსაზრისით მივუდგებით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისათვის, ისე თითოეული მოქალაქისათვის, ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს არმიის მშენებლობის დღევანდელ ეტაპზე არსებული წინააღმდეგობების, სირთულეების გაზვიადება და საერთო პროცესის ცალმხრივი შეფასება. მით უმეტეს, ბოროტი ხითხითი, მაშინ როცა რაღაც არ გამოგვდის, მაშინ როცა რაღაც შეგვეშლება. შეიარაღებული ძალები ხომ ერთ რომელიღაც პარტიას, მოძრაობას ან მიმდინარეობას არ იცავენ. ისინი იცავენ ყველა მოქალაქეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა პარტიას, ყველა მოძრაობას. ამიტომ ყველას საზრუნავი უნდა იყოს და ყველა ერთნაირი პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ განმსჭვალულნი იმ დიდი საქმის, დიდი პრობლემის გადაწყვეტისას, რასაც ჰქვია თანამედროვე სტანდარტების დონის შეიარაღებული ძალების მშენებლობას.
რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს არმიაში, სამწუხაროდ, არის მრავალი ნეგატიური მოვლენა, ეგრეთ წოდებული „დედოვშჩინით“ დაწყებული და ჯარისკაცთა თვითმკვლელობებით დამთავრებული. მე დღეს მინდა მთელი სიმკაცრით განვაცხადო: დაუნდობელი ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქართულ არმიაში ასეთ მოვლენებს დაუშვებს, დაუშვებს ისეთ ატმოსფეროს, ისეთი სიტუაციის შექმნას, რომ ჩვენი შვილი თუ შვილიშვილი, ჩვენი ღვიძლი ახალგაზრდა კაცი იძულებული იქნება თავი მოიკლას. ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია. მაგრამ მათი გამოვლენა და გამოაშკარავება არ უნდა მიდიოდეს საერთო პროცესის კითხვის ქვეშ დაყენებამდე. მით უმეტეს, არმიისადმი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების შექმნამდე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საერთო - საქვეყნო ინტერესების თვალსაზრისით დაუშვებელია შეიარაღებული ძალები არ სარგებლობდნენ მაღალი ავტორიტეტით, რეალურად პრივილიგირებული სისტემის მდგომარეობით.
ვეცდები მოკლედ გავაანალიზო ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის მთავარ მიმართულებებს.
ჩვენი არმია კონკრეტულ-ისტორიულ პირობებში წარმოიშვა და მას უთუოდ დაჰყვა ამ პირობებით განსაზღვრული საწყისეული პრობლემები. ჯერ კიდევ სტრუქტურულად ჩამოუყალიბებელ თითქმის მოხალისეობის პრინციპებზე სახელდახელოდ შექმნილ არმიას იმთავითვე მოუწია ეთნოკომფლიქტებით გამოწვეულ საომარ მოქმედებებში, არათანაბარ ბრძოლებში ჩაბმა. არ შევჩერდები იმაზე, თუ რას ნიშნავს არათანაბარი პირობები, როცა ერთის წინააღმდეგ ასი კბილებამდე შეიარაღებული „ბოევიკი“ იბრძვის. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შევიძინეთ საბრძოლო გამოცდილება, მაგრამ მნიშვნელოვნად შეფერხდა და, ალბათ, უფრო ზუსტად, საერთოდ შეჩერდა არმიის, როგორც ასეთის, მშენებლობა. სამოქალაქო ომმა და შეიარაღებული ბანდების თარეშმა კიდევ უფრო შეასუსტა არმიის, უფრო სწორად, მისი პირველი ჩანასახების ბრძოლისუნარიანობა და მთლიანად სტიქიური გახდა არმიის შევსების, საერთოდ, საკადრო პოლიტიკის სისტემა. თოფიანი და ფორმიანი კაცი საკუთარ თავთანაც კი იმდენად გაუცხოვდა, რომ მიუღებელი გახდა საზოგადოებისათვის. არმიის ჩამოყალიბების სპონტანურობამ, რომელიც უმეტესწილად რთული პოლიტიკური მოვლენებით იყო განპირობებული, მიუხედავად მებრძოლთა თავდადებისა და ჭეშმარიტად გმირული შემართებისა, მტკივნეული მარცხი გამოიწვია.
მე ამ დარბაზში ვხედავ ოფიცრებსაც და გენერლებსაც, რომლებიც თავგანწირვამდე ერთგულად იბრძოდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს. მე არ ჩამოვთვლი მათ გვარებს - ყველა თქვენგანისათვის ისინი ცნობილნი არიან და მხოლოდ მადლობას იმსახურებენ, რადგან გააკეთეს იმის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც იმ დროს შეიძლებოდა (ახლა არ მინდა გავიხსენო ღალატის, შიშის, სიმხდალის სხვადასხვა ფაქტები. ალბათ, ესეც გარდაუვალი იყო ჩვენი ცხოვრებისა და განვითარების ამ ეტაპისათვის). არ შემიძლია მადლიერების სიტყვებით არ მივმართო ამ ადამიანებს. უწინარესად, მინდა დავასახელო გია ყარყარაშვილი. ეს ომი მან პირტიტველა ბიჭმა დაიწყო და დაამთავრა როგორც გენერალმა. სამწუხაროდ, ის, როგორც გენერალი და როგორც მებრძოლი, მწყობრიდან გამოიყვანა ტერორისტის ტყვიამ. მე მგონი, თქვენ ხვდებით, ვინ უნდა ყოფილიყო ავტორი და ორგანიზატორი ამ ტერორისტული აქტისა. მე მინდა გიასთან და ყველა მის თანამებრძოლთან მივიდეს ჩვენი მადლიერების სიტყვები.
ძალზე უარყოფითი შედეგი მოიტანა შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებამ. დავიხსომოთ ეს. დავიხსომოთ, რომ არ შეიძლება შეიარაღებული ძალები პოლიტიზირებული იყოს და არ დავუშვათ შეიარაღებული ძალების პოლიტიზირება. არ შეიძლება შეიარაღებული ძალები ემსახურებოდნენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არის არმია, როგორც სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი. მისი ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურა, არის თავდაცვის მინისტრი, არის ქვეყნის პრეზიდენტი - უმაღლესი მთავარსარდალი და, პარლამენტთან ერთად, მხოლოდ მათ აქვთ უფლება გასცენ ბრძანებები, გამოიტანონ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ნურავინ ეთამაშება შეიარაღებულ ძალებს. ის დასკვნები, რომლებიც ჩვენ გამოვიტანეთ, საბოლოო და სამუდამოა. საქართველოში აღარასოდეს განმეორდება ის, რაც მოხდა, როცა ცალკეული ნაწილები ცალკეული პარტიების ნებასურვილის გამომხატველები იყვნენ.
პოლიტიკას ამოეფარა შეიარაღებულ დამნაშავეთა და კრიმინალთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ბევრი მსჯავრდებული დღესაც ჩადენილ დანაშაულობათა გამართლების მოტივად იყენებს. სწორედ ამ ნაწილმა სერიოზული ზიანი მოუტანა შეიარაღებული ძალების მშენებლობას.
ყოველივე ეს როგორც მეომართა სულიერი ტრამვის ისე საერთოდ არმიის იმიჯის გარკვეული დაცემის უმთავრესი მიზეზი გახდა. ამასთან დაკავირებით უნდა განვაცხადო რომ მას, ვინც ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას საერთოდ, და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან კერძოდ, კაპიტულანტობად აფასებს, არ ესმის სამშვიდობო პოლიტიკისა და სამხედრო პოლიტიკის ურთიერთმიმართება, საომარი მოქმედებების შეწყვეტის, ანუ დამარცხების პირველივე დღიდან (მანამდე არ იყო ამის საშუალება). ხელისუფლების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არმიის მშენებლობის განახლება, მისი ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება და ავტორიტეტის ამაღლებაა. ყველა, ვისაც ჰქონდა მორალური უფლება დარჩენილიყო არმიაში, დარჩა და დღესაც კეთილსინდისიერად ემსახურება ამ საპატიო საქმეს. იმის გაუთვალისწინებლობა, რაც ზემოთ მოგახსენეთ, და შიშველი პატრიოტიზმით ომისაკენ მოწოდება ეროვნული ინტერესებით სპეკულაციაა. ომზე უნდა ილაპარაკო მაშინ, როცა მზად ხარ იმისათვის. აჩქარება, რომელიც დავუშვით ჩვენ თავის დროზე და მოუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა ღალატის ტოლფასია და მისი გამეორება საქართველოს დაღუპვას ნიშნავს. არმია მხოლოდ უშუალო ბრძოლებით არ ახორციელებს თავის დანიშნულებას. ძლიერი არმია ძლიერი და ეფექტიანი პოლიტიკის პირობაცაა. ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს გამოცდილების გათვალისწინებაც და შეცდომების დაძლავაც. არ შეიძლება დამარცხების გამო ზურგი შეაქციო არმიას. მით უმეტეს, რომ ღევანდელ არმიაში მსახურობენ ის უწვერულვაშო ბიჭები, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს ჯერ კიდევ სკოლის მერხზე ისხდნენ.
მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ თვალი ავარიდოთ არმიის მშენებლობაში არსებულ ნეგატიურ მოვლენებს. ამოცანაა არა მხოლოდ პრობლემათა გამოვლენა, არამედ მათი დაძლევა. დაბალი იმიჯისა და არსებული პრობლემების მიზეზები მოიძებნება როგორც თვით არმიაში, ისე საზოგადოებაშიც. ობიექტური ხასიათის სირთულეებს თან ერთვის არმიის ცალკეულ ხელმძღვანელთა და მეთაურთა შემადგენლობის ჯერ კიდევ დაბალი პროფესიონალიზმი, გულგრილობა, მექრთამეობისა და კორუფციის ფაქტები. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოს მაგალითზე იცით, რას ნიშნავს, როცა არმიას კორუფცია მოედება. ასეთი არმია აუცილებლად დაიშლება, თუ დროზე არ უწამლეს, დროზე არ მოიძებნა გამოსავალი. საქართველოში ჯერ მხოლოდ მის საწყისებზეა ლაპარაკი. მჯერა, რომ მთელ პირად შემადგენლობას ეყოფა გამბედაობა, ვაჟკაცობა, ჩვენც მხარში ამოგიდგებით, რომ ამ სენის გავრცელება არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ქართულ არმიაში.
ოფიცერი არმიისა და ჯარისკაცის ნიმუშია; მისი პიროვნება არის თავისთავად ყველაზე ეფექტიანი და პირდაპირი პროპაგანდა, აღმზრდელობითი მუშაობის საფუძველი. ვერავითარი მოწოდებითა და პატრიოტული დეკლარაციით ვერ შევძლებთ წვევამდელთა ვალდებულების შეგნებულად შესრულებას, თუ სამხედრო სამსახურიდან დემობილიზებული ახალგაზრდა ერთდროულად დემორალიზებული იქნება.
სამხედრო სამსახური საქმიანობისა და ადამიანური ურთიერთობების განსხვავებული ფორმაა, რომელიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური ძალების მაქსიმალურ დაძაბვას აქ პრაქტიკულად მოქმედებს ერთმმართველობის ურყევი პრინციპი. მეთაურთა ბრძანების უპირობოდ შესრულების წესი. ასე რომ, მეთაურებს აქვთ უდიდესი უფლებები იმ გარანტიით, რომ ეს უფლებები გამოყენებული იქნება ჯეროვნად და ხელქვეითთა ღირსების შეულახავად.
ერთმმართველობის რეჟიმში წესრიგის უპირველესი გარანტი მეთაურთა მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმია. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი ყურადღება სწორედ მათ პირად პასუხისმგებლობას უნდა მიეპყროს.
მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების კომპლექსური სისტემის შექმნას. წინადადების დონეზე ამგვარი სისტემა შეიძლება გულისხმობდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
- სამხედრო სამსახურის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებათა პრაქტიკის შემუშავება;
- სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების წესების დაცვისათვის ორმხრივი (ხელქვეითისა და მეთაურის) პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება და დაცვა;
- პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფა; შეიძლება ვიფიქროთ არმიაში ფსიქოლოგის მუშაობის ფორმებსა და მეთოდებზე. ვფიქრობ ეს აუცილებელია.
- სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების სისტემის რეალიზაციისათვის პირადი შემადგენლობის ინფორმაციული უზრუნველყოფა. იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში, ყველაზე უკეთ ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ინფორმაციის საიმედო წყაროებით;
- ჯარისკაცთა და ოფიცეთა სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების სისტემის დაცვისადმი ყველა დონის კონტროლის გაძლიერება. რა თქმა უნდა, უწინარესად თავდაცვის სამინისტრო, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები მყავს მხედველობაში; - სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ორგანიზაცია; ამ მიმართულებით მეთოდური და პროპაგანდისტული ლიტერატურის შემუშავება; მოწინავე გამოცდილების განზოგადება და გავრცელება;
- სამხედრო ვალდებულების მოხდის მოტივაციის ამაღლება და ა.შ.
უთუოდ უნდა ვიფიქროთ ჯარისკაცთა, კერძოდ, კი იმ პირთა შეღავათების სისტემაზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამხედრო სამსახური და განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი.
რადგან ოფიცრისა და ჯარისკაცის, მათი უსაფრთხოების თემას შევეხე, მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ბატონმა ბონდო ჯიქიამ წამოჭრა - კუთხურობის პრობლემა ცალკეულ ნაწილებში, ცალკეულ ქვედანაყოფებში. ეს პრობლემა რეალურად არსებობს. არაფერი ისე არ შეურაცხყოფს ახალგაზრდა კაცს, ვიდრე იმ კუთხის, იმ მხარის შეურაცხყოფა, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. აქ მხოლოდ ქართველებზე არ არის ლაპარაკი. ჩვენს არმიაში დღეს უკვე მოდიან სომხები, აზერბაიჯანლები, რუსები. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მასში იმსახურებენ აფხაზები, ოსები, ქურთები, სხვები. ამ თვალსაზრისით ჩვენი არმია უნდა იყოს ტოლერანტობის, სხვადასხვა მხარეების, სხვადასხვა ერების, მათი კულტურის, წარმომავლობისა და ა.შ. პატივისცემის მაგალითი. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია შევქმნათ მორალურად, ფსიქოლოგიურად კარგად შეკრული, ძლიერი არმია, ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების, ყველა მოქალაქის ინტერესს დაიცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეუსწავლელია. ბევრ რამეს ჩვენი მეცნიერების თვალი, მეცნიერული კვლევა სჭირდება. ამიტომაც ვაყენებ საკითხს: ამ მიმართულებით უნდა დამუშავდეს სპეციალური სახელმწიფოებრივი პროგრამა.
1997 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი - სამხედრო დოქტრინა, რომელიც სამხედრო ძალების სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად შემუშავდა. ეს არის ზოგადი შინაარსის დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდაა განსაზღვრული საქართველოს სამხედრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები; გაცხადებულია, რომ საქართველო მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და მისი სამხედრო ძალები ვითარდება თავდაცვითი ორიენტაციით.
ამ მოვლენას წინ უძღოდა მეტად რთული და შრომატევადი მოსამზადებელი პერიოდი და დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს სამხედრო ძალებმა მიიღო ის დოკუმენტი, რომელიც მისი განვითარების, მომავალი ზრდისა და ჩამოყალიბების ქვაკუთხედია. აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში პირველად შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სამხედრო უშიშროებისა და თავდაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს. და, თუმცა, ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ამ ფაქტის მნიშვნელობა, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია საქართველოს სამხედრო დოქტრინის შემდგომი სრულყოფა. ამას დრო მოიტანს, და ეს ბუნებრივიცაა. ამ ტიპის დოკუმენტის შექმნას გარკვეული ტრადიცია სჭირდება, რასაც ჩვენი სამხედრო ძალები, მთავარი შტაბი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება დღეს იძენს. მეორე მხრივ, ასეთი ვითარება ხელს უწყობს დოქტრინის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ქმნის მისი განვითრებისათვის ხელსაყრელ ვითარებას. ალბათ, მომავალში უნდა ვიფიქროთ იმდაგვარი კვლევითი ცენტრების შექმნაზე, რომლებიც დასაქმებული იქნებიან რეგიონალური სამხედრო უშიშროების, მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური თუ სტრატეგიული ამოცანებისა და მოქმედი, თანამედროვე სამხედრო დოქტრინების ანალიზით. ეს უდავოდ აისახება ჩვენი დოქტრინის დინამიკურ განვითარებაში, თავიდან აგვაცილებს მის გაფეტიშებას, სამხედრო ძალებს შეაიარაღებს თანამედროვე ხედვით და საფუძვლად დაედება ქართული სამხედრო ხელოვნების, მისი თეორიის ჩამოყალიბებას. გულახდილად გეტყვით: ერთი-ორი გაზეთისა და სატელევიზიო პროგრამის გარდა, არავინ შეხმიანებია ისეთ დიდ მოვლენას, როგორიც საქართველოს პარლამენტის მიერ სამხედრო დოქტრინის დამტკიცება იყო. დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში ეს საეტაპო მოვლენა, ისევე, როგორც მრავალი სხვა, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას შეეხება, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩა ბევრი ჩვენი გაზეთისათვის.
ეს - რაც შეეხება მომავალს. დღეს კი, ამ დოქტრინიდან გამომდინარე, ზუსტად უნდა გავარკვიოთ, რა კონკრეტული ამოცანები დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. განვსაზღვროთ პრიორიტეტები და რეალურად შევაფასოთ - რისი უნარი შეგვწევს, როგორც ქვეყანას, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენივე რესურსების (როგორც ადამიანური, ისე მატერიალური) ფუჭად ხარჯვა, მიზანდასახულად შევასრულოთ სამხედრო ძალების მშენებლობის მეტად რთული, მაგრამ უაღრესად საპატიო მისია.
არსებითად შეიცვალა და განმტკიცდა სამხედრო ძალების საკანონმდებლო ბაზა. მადლობა პარლამენტს და ყველას, ვინც მონაწილეობს ამ დოკუმენტების შექმნაში. პარლამენტში მიღებულია სამხედრო აღმშენებლობის რამდენიმე ფუძემდებლური კანონი. ახალმა კანონმა სამხედრო ვალდებულების შესახებ განსაზღვრა სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი და ფორმები. კანონმდებელმა შექმნა იმის იურიდიული საფუძველი, რომ სამხედრო სამსახური უფრო პრესტიჟული გახდეს. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია კანონების მიღება ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ. სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. ვეტერანი გენერლების, ოფიცრების პენსიების მოცულობას (ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით), ასე თუ ისე, არაუშავს ამ ეტაპისათვის. რაც შეეხება რიგითებს, ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისათვის, მონაწილეობდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ საერთო საკაცობრიო ბრძოლაში, მათი ღვაწლი დღემდე დაუფასებელია. მივმართავ ფინანსთა მინისტრს, ვიცი ჩვენი შესაძლებლობები, მაგრამ მომავალი წლიდან ყოველ მიზეზგარეშე უნდა გამოიძებნოს ფინანსები იმისათვის, რომ ეს გამოვასწოროთ.
მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, პრეზიდენტის რწმუნებულებს მხარეებში, გამგებლებს, მერებს, მინისტრებს და სხვებს, ქვეყნის სამობილიზაციო მზადყოფნა ჩვენზეა დამოკიდებული. გთხოვთ უფრო მეტად, გაათკეცებული ენერგიით იზრუნოთ იმ ნაწილებზე, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზეა დისლოცირებული, ჯარისკაცებზე, წვევამდელებსა და მათ ოჯახებზე. დღეს ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად სრულყოფილი სამობილიზაციო რესურსების შესაქმნელად, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსები, რომლის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერავითარ ომს ვერ აწარმოებს. ვთხოვ იმ ჩემს მეგობრებს, რომლებიც მომიწოდებენ იარაღით ხელში აღვადგინო ტერიტორიული მთლიანობა, ფანქრით ხელში ჩავუჯდეთ და ვიანგარიშოთ, რა აქვს ქვეყანას, რამდენი დღე შეუძლია იომოს. სხვა შემთხვევაში, ასეთი ღონისძიების წამოწყება იქნება ავანტიურა. ჩემი ამგვარი პოზიციის გამო, ზოგიერთი ბრალს მდებს, რომ არ მსურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აქა-იქ გაისმის მოწოდებები: გადადგეს ახლანდელი პრეზიდენტი, ჩვენ გვყავს კაცი, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მისია. მე მგონი საქართველოში თამაშის ეპოქა - დღეს ერთი პრეზიდენტი და მთავრობა, ხვალ - სხვა და ა.შ. - დამთავრდა. ჩვენ ყველა ერთად ვაგებთ პასუხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ქვეყნის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა იცის, როდის უნდა გასცეს ბრძანება. ამიტომაც ყველას ვთხოვ, რომელ ძალასაც უნდა წარმოადგენდეს, თავი დაანებოს ამ თამაშობანას. ჩვენ სოლიდური, სერიოზული სახელმწიფოს სახელი და ავტორიტეტი მოვიხვეჭეთ და თუ ასე, სწორი ნაბიჯებით, მშვიდად, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვივლით წინ, შორს არ არის ის დღე, როცა ერთიანი, მთლიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმს ჩავატარებთ აქ, რუსთაველის გამზირზე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამხედრო ძალების ოფიცერთა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას. იმ მძიმე წარსულიდან სასარგებლო გაკვეთილი ის უნდა იყოს, რომ მოვამზადოთ საიმედო ოფიცერთა კადრები, რომლებიც გენერლებთან ერთად, ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ძლიერების ძარღვია.
სასპეკულაციო თემების საპასუხოდ მინდა ვთქვა: რუსეთი იყო და კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად როგორც სამხედრო საქმეში, ისე საერთო სივრცეში მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ ვაკრიტიკებთ რუსეთს არა იმიტომ, რომ სიძულვილის ან შეუთავსებლობის გრძნობა გვამოძრავებს, არამედ ვაკრიტიკებთ სურვილებით, რადგანაც გვსურს გვყავდეს სამართლიანი და ობიექტური პარტნიორი. გვსურს, რომ ამ ქვეყანამ, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, არ დაუშვას უსამართლობა იმ სივრცეში, რომელსაც ახალი თანამეგობრობა ეწოდება. რაც უფრო მეტ უსამართლობას დაუშვებს იგი, მით უფრო მძიმე ბუმერანგად დაუბრუნდება, ისევე, როგორც ეს მოხდა აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ.
ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადის მომზადებას უკრაინაში. მიმაჩნია, რომ უკრაინასთან დამეგობრება, დაძმობილება საქართველოსთვის უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენაა. ტრადიციულად, ჩვენი ურთიერთობა არც წარსულში, არც აწმყოში შელახული არ ყოფილა. დღეს ორივე ქვეყნის მიზნები, ამოცანები და ოცნებები თანხვედრია. უკრაინაში უბრწყინვალესი სამხედრო სასწავლებლებია. თბილისში ამასწინდელი ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ პირად საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო გაძლიერების მიზნით უკრაინა მზად არის დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას კადრების მომზადებით, ტექნიკით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.
კადრები ასევე მზადდება უცხოეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში და კოლეჯებში. მათი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამშობლოს და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გაამდიდრებს ჩვენს სამხედრო ძალების შესაძლებლობებს. მინდა აღვნიშნო, რომ სრულად არ ვიყენებთ იმ პოტენციალს, რომელიც ჩვენი ჯარის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას დააჩქარებს. მხედველობაში მაქვს არა მარტო ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის წევრი ქვეყნების, არამედ თანამეგობრობისა და შავიზღვისპირეთის რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობანიც.
სამხედრო ძალების მშენებლობის ამ ეტაპზე სულაც არ მეუფლება უხერხულობის გრძნობა, როცა ნატოსთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე ვსაუბრობ. ეს დრომ მოიტანა. პრეზიდენტებთან შეხვედრის დროს ჩემს რუს კოლეგებს ვუთხარი - ნუ გვედავებით იმაში, რის მომხრეც თვითონ ხართ. ვთქვათ, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ გვინდა ევროპულ ინტეგრაციას მივუახლოვდეთ, განა რუსეთმა პირველმა არ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ევროკავშირთან? განა რუსეთი არ გახდა ევროპის საბჭოს ნამდვილი წევრი? განა რუსეთმა პირველმა არ მოაწერა ხელი ნატოსთან განსაკუთრებულ ურთიერთობას? გააუქმეთ ეს ყველაფერი, ზურგი აქციეთ ევროპას, მსოფლიოს და იქნება გამოგყვეთ კიდეც. თქვენ მიდიხართ ევროპული და მსოფლიო ინტეგრაციის გზით, ჩვენც ამ გზით ვივლით. ასე რომ, არაფერი „საკეკლუცო“ არ არის თუ გამოვიყენებთ ნატოს დახმარებას. ეს საკმაოდ სერიოზული დახმარება იქნება: თანხები, კადრები, პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონე... მართალია, ენობრივი ბარიერი უნდა გადავლახოთ, ენების გარეშე ძნელია ილაპარაკო დიდ ინტეგრაციაზე. ასე რომ, შევთანხმდეთ, ვითანამშრომლოთ იმასთან, ვისაც ჩვენთან პარტნიორობა და თანამშრომლობა სურს. დარწმუნებული ვარ, რომ 21-ე საუკუნეში წელგამართული შევალთ და წელგამართული ვივლით.
ჩემი აზრით, დროა შეიქმნას სამშვიდობო ქვედანაყოფი, რომელიც მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს გაეროსა და ეუთოს, ნატოს სარდლობით განხორციელებულ ოპერაციებში. ფასდაუდებელია ის დახმარება, რომელსაც ნატო უწევს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დაინტერესება წვრთნებით შემთხვევითი არ არის. ესეც გარკვეული სტიმულია.
მე არაერთხელ აღმინიშნავს დახმარება, რომელსაც სხვა ქვეყნები, ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და სხვები გვიწევენ. ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ და ვიმოქმედოთ ღირსეული პარტნიორის დონეზე.
მე კვლავ გავიმეორებ ჩვენს თხოვნას რუსეთის მიმართ - აღდგეს სამართლიანობა. რუსეთმა საქართველოდან გაიტანა სამხედრო ტექნიკის 80 პროცენტი. ყველაზე თანამედროვე შეიარაღება, რომელიც საქართველოში, კავკასიაში იყო განლაგებული (მიაჩნდათ, რომ სამხრეთის საზღვარი იყო მაშინ ყველაზე საშიში). იმ ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავებიდან, რომლებითაც სენაკის დივიზია იყო შეიარაღებული, არც ერთი არ დარჩენილა საქართველოში. 2,5 მლრდ. დოლარის მხოლოდ საჰაერო სამხედრო ტექნიკაა გატანილი. აღარაფერს ვამბობ ტანკებზე, თავდაცვის სხვა საშუალებებზე და ა.შ. მთლიანად, უხეში ანგარიშით, ეს ყველაფერი 5 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულებას აღწევს. იმედი მაქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია როგორც დემოკრატიის დამამკვიდრებელი სამხედრო ფლოტის და ავიაციის ნაწილს მაინც დაუბრუნებს საქართველოს.
აქვე არ შეიძლება არ შევეხო მნიშვნელოვან პრობლემას.
საქმე ეხება შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას საკუთარი შეიარაღებით, სამხედრო და სპეციალური ტექნიკით, საბრძოლო აღჭურვილობითა და მასალებით. თურმე ბევრი რამის გაკეთება შეგვძლებია.
არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საქმის მოგვარება მარტო იმპორტის ხარჯზე გაუმართლებელია, რადგან ბევრი რამის შექმნა ადგილზეა შესაძლებელი და ჩვენში დამზადებული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში, ხარისხითაც, თავისი ტექნიკური პარამეტრებითაც, ფსიქოლოგიური შეთავსებითობითაც იმპორტულს სჯობს. გარდა ამისა, აღორძინდება ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის და მეცნიერების ბევრი უნიკალური დარგი. საბიუჯეტო სახსრები ჩვენი ხალხის სოციალური პრობლემების გადაწყვეტას მოხმარდება. ეს არის სამუშაო ადგილები, ხელფასები და შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში.
საწვრთნელ მეცადინეობაში პირველად იქნა გამოყენებული სამამულო იარაღი, საბრძოლო მასალები - ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმსატყორცნები, მოდერნიზებული ქვემეხები, ნაღმები თავისივე საბრძოლო მუხტებით, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო დანადგარი, ოპტიკური სამიზნეები და ა.შ. შეიარაღების წარმოების შემდგომი განვითარება ფრიად მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეა. მე აღარ მოგახსენებთ საავიაციო ქარხნის შესაძლებლობაზე, რომელიც უშვებს თანამედროვე ტიპის ავია გამანადგურებლებს, სასიხარულოა, რომ მათ აითვისეს ახალი სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავი. გვირჩევნია დავაფინანსოთ ჩვენი წარმოება, რაც შეამცირებს იმპორტს და შეცვლის შეფარდებას იმპორტსა და ექსპორტს შორის.
საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში სამხედრო ძალების საინჟინრო უზრუნველყოფის მიზნით, შევქმენით სამხედრო ძალების სახელმწიფო საინჟინრო ცენტრი, სადაც სხვა სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა წყალმცირე მდინარეების, მშრალი ხევების და სხვა სირთულეების დაბრკოლებათა დაძლევის, მათზე სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გასაშლელი, მობილური ხიდის შესაქმნელად. ასეთი ხიდის შექმნის აუცილებლობა განვლილმა საწრთვნელმა მეცადინეობამ დაგვანახა. შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს შეიარაღების კომპლექსური გრძელვადიანი პროგრამა. ეს რთული სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემაა. ეს უნდა გამომდინარეობდეს ქვეყნის სამხედრო დოქტრინიდან და სამხედრო აღმშენებლობის გეგმებიდან.
პროგრამების შედგენის საქმეში პროფესიონალი სამხედროების გამოცდილებასა და ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საკითხზე მათთან ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვითი მრეწველობის სპეციალისტებმა, ეკონომისტებმა, მეცნიერებმა, კონსტრუქტორებმა და ყველაფერი ეს უნდა იყოს შეფარდებული ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებთან. პრობლემები სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს გათვალისწინებული.
ამ დოკუმენტში შეიარაღების პროგრამასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციის და რემონტის პროგრამა, თავდაცვითი მრეწველობის, სამეცნიერო-კვლევითი, საკონსტრუქტორო, ქვეყნის სამობილიზაციო მზადყოფნის პროგრამები და ა.შ.
სწორედ ამ საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ჩაუდგა სათავეში.
მოგახსენებთ, სამხედრო ძალების ნორმალური ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ხშირია სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელფასებისა და პენსიების გაცემის დაგვიანების შემთხვევები. ასევე, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა ჯარის სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფის საქმეში. მე ვთხოვ ფინანსთა მინისტრს ბატონ მ. ჭკუასელს საბოლოოდ გადაწყვიტოს საქართველოს სამხედრო ძალების შეუფერხებელი დაფინანსების საკითხი.
მე ასევე მინდა გთხოვოთ, ძვირფასო მეგობრებო, მინისტრებო, უფრო ხშირი სტუმრები იყავით თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ბრიგადების და ქვედანაყოფების, რომლებიც დისლოცირებული არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ყველა ვემსახურებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ამიტომ ყველა მინისტრმა თავი სამხედრო ვალდებულად უნდა ჩათვალოს.
აღსანიშნავია ინსპექცია, როგორც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მაკონტროლებელი ორგანო, მოწოდებულია უზრუნველყოს პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობა სამხედრო ძალების კონტროლისა და ხელმძღვანელობის საკითხებში. მე მგონი, და ხელმძღვანელის, ბატონ დავით თევზაძის კანდიდატურა სწორად შევარჩიეთ. ის არ არის პროფესიონალი სამხედრო (ფილოსოფოსია), მაგრამ მან გაიარა კარგი საზღვარგარეთული სკოლა სამხედრო წოდებაც მიიღო. ვფიქრობ ეს ის პიროვნებაა, რომელსაც ყველა თქვენგანი ენდობა.
პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექცია კიდევ ერთი დამსჯელი რგოლი კი არაა, არამედ იგი პრეზიდენტს საშუალებას მისცემს იყოს ყველა საქმის კურსში და გააძლიეროს სამხედრო ძალებისადმი სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი. ობიექტების შემოწმებას მთავარი სამხედრო ინსპექცია მხოლოდ პრეზიდენტის დავალებით განახორციელებს. პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექცია კომპლექტდება ახალგაზრდა, განსწავლული და მაღალპროფესიონალი კადრებით. ინსპექცია მოკლე დროში დაასრულებს ორგანიზაციულ ჩამოყალიბებას და შეუდგება მისთვის დაკისრებული ამოცანების გადაწყვეტას.
ძლიერი არმია ძლიერი და ეფექტიანი პოლიტიკის საწინდარია: საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე 1997 წლის 31 ოქტომბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 4 ნოემბერი. - №275 (2646). - 1,3 გვ.
![]() |
132 „სწორედ ილიას მთლიანობამ და განუყოფლობამ შექმნა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და განუყოფლობის სულიერი წანამძღვრები“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ
შევარდნაძის სიტყვა
ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო კახელებო,
ყვარლის, კახეთის მადლიან მიწაზე, ამ კუთხისა და სრულიად საქართველოს დიდი შვილის ილია ჭავჭავაძის დღეობაში მონაწილეობა ყოველთვის, ყველა დროს განსაკუთრებული პატივი და სიხარულის მომგვრელი უფლება იყო ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყველა ქართველისათვის - უფლება იმისა, რომ სრულიად საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ მოვეფერო ჩვენს საყვარელ კუთხეს, ჩვენი სამშობლოს სიმდიდრისა და ძლიერების უშრეტ წყაროს - ჩვენს, ჩემს კახეთს და კვლავ მივაგო პატივი იმ დიდ მამულიშვილს, რომელიც აქ თქვენს შორის დაიბადა დიდი ქართული ტრადიციის ძუძუნაწოვ ჭავჭავაძეთა ოჯახში.
ილია ჭავჭავაძის ეროვნული ფენომენი განუყოფელია კახეთისაგან. ყვარლის მთებს კვლავაც დასტრიალებს მისი სული და აქედან ეფერება სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს.
ჭავჭავაძეთა დიდმა გვარმა, დიდმა ოჯახმა და მისმა უთველსაჩინოესმა წარმომადგენელმა ილია ჭავჭავაძემ აქ შესვეს საქართველოს სადღეგრძელო და ამ ფიცის, ამ სადღეგრძელოს ერთგული იყვნენ და არიან კიდეც. ილია ჭავჭავაძე, უპირველესად, თქვენი სისხლი და ხორცია, თქვენი ნიჭი და ძალაა. მისი სიყვარული და ერთგულება კახეთში სამარადჟამოდ ქართველი კაცის სიყვარული და ერთგულებაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ომახიანობით კახეთში ითქმის დიდი ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო და სადიდებელი.
ილიას სწორედ მშობლიური კუთხიდან გამოჰყვა ძარღვიანი ქართული, მე ვიტყოდი ფუძექართული, რომელმაც უკვე სრულიად საქართველო მოიცვა. კახელთა ჯიქური შეუპოვრობა (არ გეწყინოთ ეს), უშიშრობა და სიფიცხეც ვლინდება ილიას ყოვლისმძლე აზრში, რომელსაც ხშირად „იშიშვლებდა“ ხოლმე მახვილივით საქართველოს ინტერესების დასაცავად. განა ილიას ბრძოლის უნარი, თუ გნებავთ ბრძოლისმოყვარეობაც, - გამოვლინება არ არის იმ უტეხი გენისა, რომლითაც კახეთმა საუკუნეთა განმავლობაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ზურგით გადაათრია“ და გადაარჩინა დაჭრილი საქართველო. ილიას თითოეულ სიტყვაში იგრძნობა ეს ჟინი - ჟინი ბრძოლისა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე.
როგორც კი ილიას შეუპოვრობას, ბრძოლის ნიჭსა და უნარს ვახსენებთ, უეჭველად უნდა გავიხსენოთ ამ მადლიანი მიწის მეორე დიდი თვისებაც - სიყვარულის, სათნოების, მიტევების, სიმშვიდისა და თანდგომის უნარი. ყველა ეს თვისება ილია ჭავჭავაძისათვის უხვად გაიღო ამ ადგილის დედამ და მისი მეშვეობით გადააფარა სათნოების კალთა მთელს საქართველოს. ილია ხომ ათწლეულების განმავლობაში, - ბოროტად გაღივებული თესლის მუხთლობამდე - საქართველოს სულის მესაიდუმლე, მისი ტკივილის მომშუშებელი, თანდგომისა და შემწყნარებლობის დამამკვიდრებელი იყო. სწორედ ილიას ამ მთლიანობამ და განუყოფლობამ შექმნა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და განუყოფლობის სულიერი წანამძღვრები. ილია ჭავჭავაძემ პირველმა, საუკუნეთა შემდგომ, დაინახა ერთიანი და განუყოფელი საქართველო - ის საქართველო, რომლისთვისაც ამჟამად ვიბრძვით და ვიღვწით ყველანი.
და კიდევ ერთი იპოსტასი ილიას ნიჭისა - ბუნებითი თავისუფლება. ილია თავისუფალ კაცად დაიბადა იმ ეპოქაში, როდესაც მის ერს ქვეყანა „თავად არ ეყუდნოდა“. სწორედ ამიტომ შეძლო მან ქვეყნის განთავისუფლება.
არა სისხლითა და ომით, არამედ სიტყვით, წიგნითა და რწმენით, ილიას საქართველო შინაგანად, სულიერად თავისუფალია, რომელსაც ვერას დააკლებდა და დააკლებს ნებისმიერი იდეოლოგიური თუ გეოპოლიტიკური ხუნდი.
ესეც ხომ ამ მიწა-წყლის ნიჭია, ჩემო ამაყო, თავნება, მარად ქედმოუხრელო და ერთგულო კახელებო. გილოცავთ ილიას დღეობას. თქვენი სახით ვულოცავ სრულიად საქართველოს.
დაე, გვფარავდეს და ძალას გვმატებდეს დიდი ილიას აჩრდილი, საქართველოს თანმდევი უკვდავი სული, კვლავაც სიყვარულით რომ შემოგვცქერის ყვარლის მთებიდან.
ახლა იმ რიტორიკულ კითხვაზე, რომელიც თავის დროზე დასვა ილიამ და დღეს ბატონმა თამაზ წივწივაძემ შემახსენა. - მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?
მე შემიძლია გაბედულად განვაცხადო, რომ საქართველო დღეს ის ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი შეიძლება ვუწოდოთ, ბევრი მოუშუშებელი ტკივილით, დაკარგული აფხაზეთით, გაუმთლიანებელი, მაგრამ მაინც აყვავების გზაზე მდგომი ქვეყანა.
დღეს, სწორედ ილიას ხსოვნასთან მის 160 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მართებულად მიმაჩნია რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ. ჩვენ მოკლე მეხსიერება გვაქვს - ეს ადამიანის თანმდევი სენია. ჩვენ ხშირად გვიკიჟინებენ: რა შეიცვალა? ვიყავით მშიერი და დავრჩით მშიერი. მინდა შევახსენო მათ, თუ რანი ვიყავით ჩვენ სულ რამდენიმე წლის წინათ, შევახსენო სამოქალაქო ომი, რომელიც მძვინვარებდა საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით თბილისში. შევახსენო, როგორ ბომბავდნენ დედაქალაქის ცენტრს და გვიხაროდა, როცა შენობები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, ინგრეოდა. მე მინდა შეგახსენოთ ის სისხლიანი დღეები, რომლებიც ჩვენ აფხაზეთში და აფხაზეთის შემდეგ გადავიტანეთ. მე შემიძლია შეგახსენოთ თქვენ ის ხანჯალი, რომელიც ჩვენ ზურგში ჩაგვცეს ჩვენმა ძმებმა, ჩვენმა სისხლმა და ხორცმა და რის გამოც დაეცა სოხუმი. მინდა შეგახსენოთ ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქიდან წამოსული ბრძანებები, რომ სოხუმის დამცველი ბატალიონები მოხსნილიყვნენ პოზიციებიდან. და მართლაც მოიხსნენ - მეორე დილიდან გავიდნენ სოხუმიდან, იმ ხალხთან ერთად, ვინც მათთან იდგა. ეს ჩვენმა მოძმეებმა გააკეთეს - ჩვენმა სისხლმა და ხორცმა. ნუ დაგავიწყდებათ ეს. მე მინდა შეგახსენოთ, როგორ დათარეშობდნენ შეიარაღებული ბანდიტები აქ კახეთში, მთელ საქართველოში, როგორ აწიოკებდნენ ადამიანებს, ოჯახებს, როგორ ძარცვავდნენ რკინიგზებს, ქარხნებს, ფაბრიკებს. ყველაფერი ეს იყო და არც თუ ისე შორეულ წარსულში, ეს გუშინდელი ჩვენი დღეა.
დღესაც ვერ არის საქართველო მოსვენებული, მაგრამ ქვეყანა დადგა აყვავების გზაზე, ჩვენ ვისწავლეთ უცხოეთის ბაზარზე შესვლა, ჩვენ 90 ქვეყანასთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა, ჩვენ მთელი მსოფლიო გვიცნობს როგორც დემოკრატიულ და სწრაფად განვითარებად ქვეყანას.
სწრაფად მივდივართ, თუმცა სტარტი ძალიან მძიმე იყო. მაინც გვიკიჟინებენ, მაინც მოგვიწოდებენ გათიშვისაკენ, ერთმანეთის დაპირისპირებისაკენ. სხვათა შორის, მაშინ, როცა შეიარაღებულ ბანდებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოვუცხადეთ, კახეთში ჩამოვედი და სწორედ თელავის თეატრში დაირეკა დიდი ზარი იმისა, რომ დროა ბოლო მოეღოს შეიარაღებული ბანდიტების თარეშს მთელს საქართველოში. ეს აღსრულდა და გადამწყვეტი სიტყვა კახელებმაც თქვეს. მადლობა თქვენ ამისათვის.
მაგრამ დღეს იგივე ხალხს გმირებად სახავენ. ვერ გახდებიან ისინი საქართველოს გმირები. საქართველოს გმირები დღეს ისინი არიან, ვინც ვენახს ელოლიავება, ვინც ითმენს ჩვენს გაჭირვებას. ჩვენ გაცილებით უკეთესი, თუმცა მაინც მძიმე ბოლო ზამთარი გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, კიდევ ერთი წელი და საქართველოს ენერგეტიკული კრიზისიდან გამოვა, კიდევ ბევრი რამ შეგვემატება. რუსთავი ამუშავდა, ზესტაფონი ამუშავდა, ჭიათურა ამუშავდა. შეიქმნა ათასობით, ათიათასობით სამუშაო ადგილი.
და ამ დროს თბილისში დაძრწიან ვიღაც-ვიღაცეები, პიროვნებები, რომლებიც ხალხმა გამოაპანღურა ძველი პარლამენტიდან, ახალში აღარ აირჩია, ნდობა აღარ გამოუცხადა და დღეს ისინი მოუწოდებენ ხალხს: გამოდით ქუჩაში, გავმართოთ მიტინგები, დემონსტრაციები, იქნებ სადმე ისევ სისხლი დაიღვაროს, იქნებ მთავრობა იძულებული გახდეს გაისროლოს და მაშინ ჩვენი დრო მოვა. თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს ეს.
მინდა შეგახსენოთ: ილია ერთხელ არ მოუკლავთ საქართველოში. ილია ათასჯერ მოკლეს. ის მხოლოდ ერთხელ მოკლეს ფიზიკურად, ათასჯერ - მწარე სიტყვით, ბინძური სიტყვითა და ბინძური ეპითეტებით. ესეც ფაქტია. მინდა შეგახსენოთ ილიას სიტყვები: აღვირახსნილი ვარჯიშობა კალმისა, თუ სიტყვისა, იმოდენად ხშირია ჩვენში, რომ შეუძლებელია კაცმა ყურადღება არ მიაქციოს. არ ვიცი, რათა გგონიათ ხოლმე სულელნი მხოლოდ ისინი, ვიზედაც ლაპარაკის ჟინი მოგვადგა.
ილია არაერთხელ ჩიოდა იმის შესახებ, რომ საქართველოში არაფრად ღირდა ადამიანის შეურაცხყოფა.
დღეს აქ, კახეთის მიწაზე, ილიას სამშობლოში მინდა ვთქვა: დღესაც ბევრ ადამიანს კლავენ ბინძური და მწარე სიტყვებით.
ალბათ, ესეც გასავლელია, ესეც დემოკრატიის ტკივილებია, მაგრამ ხალხი უნდა დაირაზმოს იმისათვის, რომ სიმართლე დამკვიდრდეს საქართველოში. როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც, ილიას მკვლელობა მაგალითი უნდა იყოს მთელი საქართველოსათვის. განა ჩვენ სინამდვილეში არ გამოასალმეს სიცოცხლეს შესანიშნავი პიროვნება და უაღრესად ნიჭიერი კაცი - სოლიკო ხაბეიშვილი? განა ჩვენ სინამდვილეში არ დახვრიტეს სეპარატისტებმა უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე ჟიული შარტავა? განა ჩვენ სინამდვილეში არ მოკლეს ტერორისტებმა დიდი მომავლის მქონე პოლიტიკოსი გია ჭანტურია, გია გულუა და სხვები? ბოლოს და ბოლოს, განა ჩვენ სინამდვილეში, სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ არ აღმართეს ხელი საქართველოს პრეზიდენტზე და მხოლოდ ღმერთის სასწაული იყო, რომ ის გადარჩა?
ფხიზელი უნდა იყოს საქართველო.
ჩვენ მივდივართ აყვავების გზით, ჩვენ მივდივართ გაერთიანებისა და გამთლიანების გზით. ილიაც, ეს უზარმაზარი ფანტაზიის მქონე მწერალი და საზოგადო მოღვაწეც კი, ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს მთელი მსოფლიო აღიარებდა.დღეს ჩვენ მილიონობით, ათეულმილიონობით, ასეულმილიონობით მეგობარი გვყავს. ისინი გვეხმარებიან, მხარში გვიდგანან.
ფხიზლად უნდა ვიყოთ.
ერთიანობისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ერთმანეთის გატანისათვის კიდევ უფრო გულიანად უნდა ვიბრძოლოთ, ისე როგორც ამას დიდი ილია აკეთებდა, რომელსაც შეეძლო მწარე სიმართლისათვის თველი გაესწორებინა, თავისი ქვეყნის მარცხზე, მანკიერებაზე ისე ელაპარაკა, როგორც „კაცია-ადამიანში“ თქვა, თავისი ქვეყნის დედა, ბედკრული დედა ისე დაეხატა, როგორც „ოთარაანთ ქვრივში“, რომელშიც ქართველი ქალის სინდისი, ნამუსი, გამძლეობა განასახიერა.
მინდა სწორედ ამ ჭრილში ვუპასუხო ისტორიულ კითხვას - მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?
აყვავდები შენ ჩემო მამულო, თუკი იქნება ჩვენი ხალხი დარაზმული ერთიანი, განუყოფელი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსათვის.
„სწორედ ილიას მთლიანობამ და განუყოფლობამ შექმნა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და განუყოფლობის სულიერი წანამძღვრები“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 ნოემბერი. - №280 (2653). - 1,2 გვ.
![]() |
133 „ხალხი დაბრძენდა, ხალხმა იცის მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი, ხალხი ხედავს თავისი ქვეყნის რეალურ მომავალს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
10 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას მსჯელობის საგანი გახდა აფხაზეთიდან ლტოლვილთა მეორე ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ლტოლვილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, თუმცა მთელმა რიგმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ყრილობაში მონაწილეობაზე. მათი პოზიცია ასეთია: დღეს ხელისუფლების საკითხი არ უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნების საკითხი... - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა:
- ლტოლვილთა ყრილობის მოწვევა, ჩემი ღრმა რწმენით, ნაადრევია. მე აღარაფერს ვამბობ დღის წესრიგზე, რომელიც ეგრეთ წოდებულმა საკოორდინაციო საბჭომ წამოაყენა პრეზიდენტის გადაყენებისა და ხელისუფლებისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით.
ნაადრევია იმიტომ, რომ კიშინიოვის სამიტმა დადებითად გადაწყვიტა ამ ეტაპზე გალის რაიონში, მის ძველ საზღვრებში ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი. თუმცა ისიც უნდა დავძინო, რომ დოკუმენტი დღემდე ხელმოწერილი არ არის, მაგრამ -პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია. ამავე დროს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ყოფნის ვადა გაგრძელდა 31 იანვრამდე (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება - 31 იანვრამდე), ან იმ დრომდე, სანამ რომელიმე მხარე არ დააყენებს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის საკითხს. შეიძლება ეს მოხდეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, ან საერთოდ 31 იანვრამდე არ დავაყენოთ ეს საკითხი. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მდგომარეობა. ესე იგი ამ ძალების გაყვანის ვადით ჩვენ შეზღუდული არა ვართ და ამას არც ყრილობა უ8ნდა, არც მიტინგი და არც დემონსტრაცია.
ეს-ეს არის რეალურად იწყება ჟენევის პროცესი, უფრო სწორად დაიწყო სოლიდური დღის წესრიგითა და სათანადო მონაწილეებით. შეხვედრა 15 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ამ პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბატონმა კოფი ანანმა (გთხოვთ ამასაც მიაქციოთ ყურადღება) გამოთქვა თავისი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, ისევე, როგორც ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა.
ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკების მიმართ, ესე იგი კონფლიქტის მოწესრიგების შემდგომი ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის დიპლომატია დადებითად არის განწყობილი. ისინი ჩამოყალიბდნენ და მიაჩნიათ, რომ ამ პროცესის - ინტერნაციონალიზაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია და მას საკმაოდ აქტიურად უჭერენ მხარს.
გადასაწყვეტია ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკებაში, ხოლო შემდეგ სამშვიდობო ოპერაციებში უკრაინის ჩართვის საკითხი. შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტამ სამშვიდობო მისიას, რომელიც გაეროს ეგიდით ხორციელდება, სულ სხვა ხასიათი და მასშტაბი მიანიჭოს. ეს საკითხი ჩვენ განვიხილეთ თბილისში ბატონ კუჩმას ვიზიტის დროს. იქნებ სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების პრობლემაც მოგვარდეს.
ამასთან, ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას შეიძლება მოჰყვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი, რაც აფხაზეთის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, თავიდან დაიწყოს (ტექნიკისა და იარაღის ჩატოვება, თუკი სამშვიდობო ძალები გავლენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიარაღების 89-90 პროცენტს იქ დატოვებენ, და ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნიკა, ეგრეთ წოდებული „მოხალისე ბოევიკთა“ ახალი რაზმების, ახალი ჯგუფების შემოსვლა და მრავალი სხვა). ამიტომაც ჩანაცვლების საკითხი პრობლემათა პრობლემაა. ვინც ამ ეტაპზე სამშვიდობო ძალების გაყვანის მოსალოდნელ შედეგებს ვერ ითვალისწინებს, იგი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს არა მარტო გალის რაიონში ჩარჩენილ ქართველობას, არამედ ენგურის გამოღმა მცხოვრები ათიათასობით ოჯახის, როგორც ადგილობრივი, ასევე ლტოლვილი ოჯახების ბედსაც.
თუ ღმერთმა ინება და გალის რაიონში ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან დააფინანსონ ამ რაიონის აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის გადამწვარი სახლების აღდგენა, ახლების აშენება, სკოლებისა და საავადმყოფოების ამოქმედება და მრავალი სხვა. მომავალში, დარწმუნებული ვარ, ლტოლვილთა დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი მასირებული დახმარება სხვა რაიონებსაც შეეხება და იგი გავრცელდება არა მარტო ქართველებზე, არამედ აფხაზებზე, სომხებზე, რუსებზე და სხვებზე, რომლებმაც ომის შედეგად მძიმე ზარალი განიცადეს. საბოლოო ანგარიშით ხალხის დაბრუნებისა და სრული პოლიტიკური მოწესრიგების შემთხვევაში, ლაპარაკი იქნება უკვე მთელი აფხაზეთის აღდგენა-აღორძინებაზე, მისი ყველა მცხოვრების კეთილდღეობაზე. ვიმეორებ, პოლიტიკური მოწესრიგებისა და ლტოლვილთა დაბრუნების შემთხვევაში.
ვერ გეტყვით, უბრალოდ, არ ვარ ამისათვის ახლა მზად, რას წარმოადგენს საკოორდინაციო საბჭო, რომლის გადაწყვეტილებათა შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს აფხაზეთის (როგორც ჩვენ ვუწოდებთ და არცთუ უსაფუძვლოდ) ლეგიტიმური ხელისუფლება - უმაღლესი საბჭო, მთავრობა, დევნილთა კავშირი, პარლამენტში აფხაზეთის ფრაქციის წევრთა უმრავლესობა და ზოგიერთი სხვა წამყვანი პოლიტიკური პარტია. მათ შორის მოქალაქეთა კავშირი. ესე იგი, ვის ეყრდნობა ეს საკოორდინაციო საბჭო?
იქნებ ჩვენ, ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის მონაწილეობით, განვსაზღვროთ, რას წარმოადგენს დევნილთა ყრილობა, თუნდაც მისი წესდების გათვალისწინებით ანდა შემოღებით, რა შემთხვევაში და რა ვითარებაში, როგორი დღის წესრიგით არის შესაძლებელი მისი მოწვევა. შეუძლია თუ არა დევნილთა ყრილობას მოითხოვოს პრეზიდენტის გადადგომა და გადაყენება. ვისთვის არის სავალდებულო მისი გადაწყვეტილებანი? ესე იგი, თუ მოითხოვა დევნილთა ყრილობამ პრეზიდენტის გადადგომა უნდა გადადგეს პრეზიდენტი თუ არ უნდა გადადგეს? და ა.შ. ყველაფერი ეს ბურუსით არის მოცული. პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ მოსამზადებელ მუშაობაში, ე.ი. იმის განსაზღვრაში, თუ რა არის დევნილთა ყრილობა, რა გადაწყვეტილებები შეიძლება მან მიიღოს და როგორ უნდა სრულდებოდეს, დიდი პასუხისმგებლობით მივიღებდი მონაწილეობას.
გვთავაზობენ განვიხილოთ ლტოლვილთა მატერიალური ყოფის პრობლემები და დავეხმაროთ ლტოლვილებს. ნორმალური ადამიანებისათვის არ შეიძლება სადავო იყოს ამ საკითხის სიმწვავე და აქტუალურობა. ბევრი ლტოლვილი, ისევე როგორც არალტოლვილი, უკიდურეს გაჭირვებას განიცდის. მაგრამ საკითხის ასე სპონტანურად განხილვას შედეგი, გარწმუნებთ, არ მოჰყვება. საქართველოს შესაძლებლობანი ყველას ხელისგულზე უდევს. უნდა ვიკისროთ ის ვალდებულება, რომლის შესრულება შეგვიძლია. სხვათა შორის, ისიც მინდა გაცნობოთ, მე უწინარესად ლტოლვილებს მივმართავ, რომ გამოზამთრების პერიოდში ლტოლვილებისათვის დახმარების გაწევის შესახებ მზადდება პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს იმ გადაუდებელ ღონისძიებებს, ყველაზე დაუცველი ფენების გამოზამთრებისათვის რომ არის აუცილებელი.
მე გთავაზობთ ასეთ ვარიანტსაც: როცა ვლაპარაკობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, უნდა შევეჯამოთ ისიც, თუ რა გაკეთდეა, შევადგინოთ ნუსხა, რა გავაკეთეთ ყველამ ერთად ლტოლვილებისათვის, კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა ანდა შეიძლებოდა თუ არა კიდევ სხვა რამის გაკეთება, ან რა რეალური რესურსები აქვს ქვეყანას? ისიც ვნახოთ ლტოლვილებისათვის გამოყოფილმა ყოველმა ლარმა მიაღწია თუ არა ადრესატამდე? იმაშიც გავერკვეთ რამდენი ლტოლვილია დასაქმებული, რამდენი ლტოლვილის დასაქმება მოვახერხეთ, რამდენი სწავლობს, რამდენი კოლექტივი, რამდენი სამთავრობო სტრუქტურა და სხვები შევინარჩუნეთ. ყველაფერი შევაჯამოთ და თქვენთან ერთად, ლტოლვილებთან ერთად შევაჯამოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. სხვანაირად, ისე გამოვა, რომ შევიკრიბებით, გულს მოვიფხანთ, შედეგს კი შეიძლება საერთოდ ვერ მივაღწიოთ.
და კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ვაი-პოლიტიკოსთა საყურადღებოდ (თქვენ მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს მე იშვიათად ვხმარობ სიტყვებს „ვაი-პოლიტიკოსებს“ და ასე შემდეგ), რომლებიც არა მარტო ლტოლვილებს, არამედ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისაკენ და, სხვათა შორის, რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, აქა-იქ გაისმის ძალიან ნაცნობი ხმები და ლოზუნგები - სისხლი, სისხლი უნდა დაიღვაროსო, თუ დაიღვრება სისხლი, ქვეყანა არ დაიქცევაო, მაშინ დადგება ჩვენი დრო და ჩვენი ამინდიო. ეს ის ხალხია, ვინც მოწოდებაშია მაგარი და როცა საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ ყოველთვის ჩრდილში აღმოჩნდებიან ხოლმე. ყველაფერი ეს „არახალია, ძველია“. ფრთხილად, ბატონებო, ჩვენმა ხალხმა, სამიათასწლოვანმა ქართულმა სახელმწიფომ სისხლის ზღვაში იცურავა, ამ ზღვაში შინააშლილობისა და ღალატის შედეგად დაღვრილი თანამემამულეთა სისხლიცაა, რომელიც მდინარეებად ერთვიან ამ სისხლიან ზღვას.
ნურვინ შეეცდება ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ნურვინ შეეცდება გაწამებული და გატანჯული ლტოლვილის თავისი პოლიტიკური ამბიციების ხორცშესხმისათვის გამოყენებას. ხალხი დაბრძენდა, ხალხმა იცის მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ხალხი ხედავს თავისი ქვეყნის რეალურ მომავალს. მაშ, თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, ჩაერთედ აღმშენებლობის იმ ნაკადებში, რომლებსაც საქართველოში ახლა დაედო სათავე.
მე ჩემი ნაბიჯი უკვე გადმოვდგი, ჩემი სიტყვა უკვე ვთქვი და ხელიც გამოგიწოდეთ. სიტყვაც და საქმეც ახლა თქვენზეა.
აი, ეს მინდოდა მეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით.
- კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო თემა განვლილი კვირისა: თქვენ ხელი მოაწერეთ ბრძანებულებას დაახლოებით 1400 პატიმრის შეწყალების თაობაზე. განვლილ კვირაშივე გაიმართა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, როგორც ყოველთვის, რასაკვირველია, დახურულ კარს მიღმა...
- უშიშროების საბჭოს სხდომა რომ დახურულ კარს მიღმა იმართება, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან იგი განსაკუთრებული ორგანო და განსაკუთრებული სტრუქტურაა. ამ სხდომაზე ბევრი საყურადღებო საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ამჯერად მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ერთ პრობლემას, და არა შემთხვევით. მე ვიტყოდი, შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელმაც თავი იჩინა სამოქალაქო და რაიონული სასამართლოების მუშაობაში. შეიძლება ამაზე პრეზიდენტი ამდენ ხანს არ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე, თავს უფლებას ვაძლევ განგაშის ზარი შემოვკრა ამასთან დაკავშირებით.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე შემოდის უამრავი წერილი, მათ შორის პრეზიდენტის სახელზე, საჩივარი. ადამიანები (განსაკუთრებით დაზარალებულთა ახლობლები) გამოთქვამენ აღშფოთებას იმის გამო, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენთ ზოგიერთ სასამართლოში, მე ვიტყოდი, გაუმართლებელი ლმობიერებით ეპყრობიან, გაუმართლებელად ავრცელებენ მათზე დაუსაბუთებელ შეღავათებს. რატომ და რისთვის. ალბათ, მსმენელი მიმიხვდება და ყოველთვის ჰუმანიზმი არ არის აქ მამოძრავებელი ფაქტორი. საზოგადოებაში სულ უფრო მკვიდრდება აზრი, რომ აქ ახალი, სასტიკი ძალით იფეთქა ფართომასშტაბიანმა კორუფციამ. ამიტომ მე არა მაქვს უფლება, იუსტიციის საბჭოს უახლოეს სხდომაზე პრინციპულად არ დავსვა ეს საკითხი. მით უმეტეს, რომ იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი თავად კატეგორიულად მოითხოვს ამ თემაზე პრინციპული მსჯელობის დაწყებას სწორედ სასამართლო რეფორმის პირველ ეტაპთან დაკავშირებით. გადაუჭარბებლად ვიტყვი: საქმე ეხება სამართლებრივი რეფორმის ბედს საქართველოში. რეფორმა აუცილებელი და გარდაუვალია, მაგრამ არ უნდა მივცეთ მისი დისკრედიტაციის უფლება მოსამართლის მანტიას ამოფარებულ მექრთამეებს. ღმერთმა დამიფაროს, რომ ყველა მოსამართლეს ვგულისხმობდე.
კორუფცია ყველგან და განსაკუთრებით სასამართლოში - უმძიმეს სახელმწიფოებრივ დანაშაულად მიმაჩნია. მით უმეტეს, როდესაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ სტადიაში შედის, და ერთდროულად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გამართლებული და საზოგადოებრივად მიზანშეწონილი ლმობიერება გამოვიჩინოთ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ამას იმსახურებენ.
საქართველოში, თქვენ მოგეხსენებათ, ფაქტობრივად გაუქმდა სიკვდილით დასჯა, პრეზიდენტმა შეიწყალა ორმოცდაათზე მეტი სიკვდილმისჯილი. გუშინწინ მე ხელი მოვაწერე და შევიტანე პარლამენტში კანონპროექტი სასჯელის ამ უმაღლესი ზომის საერთოდ გაუქმების შესახებ და მჯერა, რომ პარლამენტი ამას დაეთანხმება. სულ ახლახან განხორციელდა შეწყალების კიდევ ერთი აქტი - შეწყალებულია 958 მსჯავრდებული, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ შრომაში სავალდებულო ჩაბმა (და ისინი ფორმალურად იხდიდნენ ამ სასჯელს), და 420 მსჯავრდებული, რომელებიც სასჯელს იხდიან იზოლატორებში. დეკემბერში განხორციელდა შეწყალების მეორე ეტაპი. მაგრამ ამგვარი ლმობიერება როდი ნიშნავს, რომ შევურიგდეთ დამანგრეველი პროცესის წარმოშობას სამართალდაცვის სისტემაში. ყოველნაირად დავეხმარებით სასამართლო ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ეს პროცესი ჩანასახშივე აღიკვეთოს. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭო, რა თქმა უნდა, უმაღლესი სასამართლო მტკიცე და პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამის თაობაზე.
ჩვენი რადიოინტერვიუს დამთავრების შემდეგ მე მექნება შეხვედრა პოლიციის დღესთან დაკავშირებული შეკრების მონაწილეებთან. რამდენიმე სიტყვას აქაც ვიტყვი და იქაც მინდა მთელი სიმწვავით დავაყენო ეს პრობლემა.
- განვლილ კვირაში 7 ნოემბერი ჩვენი საზოგადოების მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა აღნიშნა, ასე ვთქვათ, საზეიმო და გაუგებარი ლოზუნგებით. მაგალითად, გორში სტალინის ძეგლთან ასეთი ლოზუნგი იყო რაღაც ახალ კავშირში საქართველოს შესვლის თაობაზე. თავის დროზე, საბედნიეროდ, საქართველოში ვერ მოხერხდა ინტერფრონტის ჩამოყალიბება, ვერ მოხერხდა მეხუთე კოლონის შექმნა, ყველა ადამიანს აქვს უფლება სწამდეს და სჯეროდეს ის იდეა, რომელიც მოსწონს. ხომ არ ხდება გაერთიანება სწორედ ამ მიზნით, რომლითაც თავის დროზე საქართველოში ვერ შეიქმნა ინტერფრონტი?
- მე მგონი, ეს მოწოდებები აბსურდამდე მიდის. საქართველო თანამეგობრობის ქვეყნების გაერთიანების წევრია, საქართველო არის შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ალიანსის წევრი, საქართველო გახლავთ ევროატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ საბჭოს წევრი. საქართველოს აქვს განაცხადი ევროსაბჭოს წევრობაზე და საქართველო ბოლოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და კიდევ კასპიისზღვისპირა ქვეყნების წევრობაზე ვაცხადებთ პრეტენზიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ რა კავშირი უნდათ ვერ გამიგია.
გორში შეკრებილთ ორ კატეგორიად დავყოფდი: იქ იყვნენ კომუნისტები, რომელთა ნაწილს მეც ვიცნობ. ეს უფრო ხნიერი ხალხია და, თავისთავად, ისინი პატივისცემას იმსახურებენ. გარკვეული დამსახურებაც მიუძღვით წარსულში და ასე შემდეგ. და იყვნენ ეგრეთ წოდებული „მოკომუნისტო“ ელემენტები, უფრო სწორად, მედროვე ხალხი, ყველა არა, მაგრამ ნაწილი. მათ მიერ ოქტომბრის რევოლუციის 80 წლისთავის აღნიშვნამ, შესაბამისმა ლოზუნგებმა და ტრანსპარანტებმა, მომიტევეთ ამ გამოთქმისათვის და ნაფტალინის მძაფრი „სურნელი“ დააყენა საქართველოში. ძალიან ჩამორჩენილი უნდა იყოს კაცი ცხოვრებას, რომ შენი ქვეყნის მომავალს ასეთი პოზიციიდან უყურებდე და, ფაქტობრივად, კვლავ მობრუნებულ წარსულში ექაჩებოდე. ამაზე საუბრის გაგრძელება, ალბათ, არც ღირს.
- გასულ კვირას თქვენ მიიღეთ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მიხაილოვა. ხომ არ შეიძლება ეს განვიხილოთ, როგორც საქართველოს ბალკანური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება?
- მართალი ბრძანდებით, ასეთი შეხვედრა გაიმართა. მე ახლა ერთ მხარეს შევეხები. ჩემი აზრით, ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკურ კოოპერაციას, ამ ქვეყნებს შორის დიალოგის განვითარებას, აგრეთვე კონტაქტებს თურქეთსა და საბერძნეთს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ამ რეგიონში და მეზობლად მცხოვრები ყველა ხალხის, მათ შორის საქართველოსთვისაც. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. მინდა ვთქვა: საქართველო მიესალმება დიალოგს ბალკანურ სახელმწიფოთა შორის, ისინი ჩვენი მეზობლები არიან. უკვე გამოვთქვი უფრო ადრე მოსაზრება სამი ზღვისპირა - ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვისპირა ქვეყნების თანამშრომლობის თაობაზე. ბალკანეთი ამ დიდი არეალის შემადგენელი ნაწილია. ამავე კონტექსტით განვიხილავ აგრეთვე გააქტიურებულ კონტრაქტებს თურქეთსა და საბერძნეთს, ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანს შორის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს იქმნება კეთილმყოფელი ვითარება. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს საბერძნეთის ხელმძღვანელობის პოზიცია იმ შეკრებაზე, სადაც საბერძნეთმა მხარი დაუჭირა თურქეთის გაერთიანებას ევროსტრუქტურებში, და ამას საქართველო მიესალმება. ამასთან ერთად, ჩვენი, როგორც იტყვიან, ბალკანური პოლიტიკა ჩამოყალიბებულია და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ბულგარეთში. ასევე შევეხები რუმინეთის ხელმძღვანელობას, იქაც სერიოზულად ემზადებიან. ასევე სხვა ქვეყნებშიც. ასე რომ საქართველო-კავკასია-ბალკანეთი, ასე ვთქვათ, მას სჭირდება ხიდი და ჩვენ ამ ხიდს აუცილებლად გავუდებთ.
- გასულ კვირას ვენაში გაიმართა ევროუშიშროების ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოში ამ მისიის მეთაურმა მიხეილ ლიბალმა თავისი ანგარიში წარადგინა. განსაკუთრებული ყურადღება, რასაკვირველია, ცხინვალისა და აფხაზეთის პრობლემებს დაეთმო. მის გამოსვლაში ითქვა ასეთი ფრაზა, რომ ცხინვალსა და აფხაზეთს მხოლოდ ავტონომიის სტატუსი ჰქონდეთ საქართველოს შემადგენლობაში. მისი შეფასებანი საკმაოდ კრიტიკული იყო აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ითქვა ასეთი საყურადღებო ფრაზაც ქართული ჯარის მომზადების საერთო მაღალი დონის აღნიშვნასთან ერთად (საუბარი იყო ყულევის წვრთნაზე) ყულევის წვრთნა არ უნდა განვიხილოთ როგორც საქართველოს მზადება მისი ერთ-ერთი ნაწილის - აფხაზეთის წინააღმდეგ საომრად. აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში საქართველოს პოლიციას მხარი დაუჭირეს ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყნებმა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი და უკრაინა, რომლებსაც თავისი სიტყვა ეთქმით ამ ორგანიზაციაში.
- ყველაფერი, რაც აღნიშნეთ უაღრესად საყურადღებოა, ეუთოს საბჭოს სხდომამ ვენაში გარკვეულწილად განაგრძო ის ტრადიცია, რომელსაც ბუდაპეშტსა და ლისაბონში ჩაეყარა საფუძველი. ამ ევროპული ორგანიზაციის უმაღლესი დონის სამიტზე. უკვე შეიძლება მართლაც ვისაუბროთ ევროპული სტრუქტურების მხრივ პოლიტიკის ტრადიციულ მხარდაჭერაზე. სხვათა შორის, ეს არ არის ორდინარული მოვლენა - ყველა პოსტსაბჭოურმა თუ პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ როდი შეძლო ევროპაში ამგვარი ტრადიციის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თუ კვლავაც ვუერთგულებთ დემოკრატიის პრინციპებს, - ეს ტრადიცია კიდევ უფრო განმტკიცდება და ხელს შეუწყობს კონფლიქტის სამართლიან და მშვიდობიან მოწესრიგებას.
- გასულ კვირაში გამოქვეყნდა იტარ-ტასის ცნობა, რომლის თანახმად პენტაგონის ხელმძღვანელობა ახლა განიხილავს კასპიისპირეთის სამხედრო-სტრატეგიული კუთვნილების საკითხს, ანუ იგულისხმება ის, თუ ამერიკის შეიარაღებული ძალების რომელმა რეგიონულმა სარდლობამ უნდა გაუწიოს კურირება კასპიისპირეთისა და კავკასიის რეგიონის სამხედრო-სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით. იმავე წყაროს ცნობით, პენტაგონის მიზანია შექმნას ამერიკის სამხედრო სარდლობისა და კავკასია-კასპიისპირეთის ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებს შორის რეგულარული კონტაქტების პირობები. ასეთი საინტერესო თეზისიც არის: ამგვარ კონტაქტებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუ კავკასიაში ამჟამად არსებული რომელიმე კონფლიქტი ოდესმე საფრთხეს შეუქმნის ამერიკის მზარდ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში და ნავთობკომპანიათა მრავალმილიარდიან ინვესტიციებს.
- ამ წყაროს წარმოშობა და მისი საიმედობა არ შემიმოწმებია. მაგრამ, ვგულისხმობ, რომ იტარ-ტასი იმდენად ავტორიტეტული სააგენტოა, რომ, არა მგონია, ეს მონაჭორი იყოს. აქედან გამომდინარე, მართლაც საყურადღებო ინფორმაციაა. აქედან საქართველოშიც და, მე ვიტყოდი, რუსეთშიც ის დასკვნა უნდა გამოიტანონ, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ყარაბაღის, აფხაზეთის, ქართულ-ოსური კონფლიქტების პრობლემათა გადაწყვეტა. ყველამ უნდა გაიგოს - მოსკოვშიც, თბილისშიც და სხვა დედაქალაქებშიც. თუ ამ პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ ისინი, ვინც ამჟამად ყველა საშუალება და უფლებამოსილება აქვს საამისოდ. მაშინ საქმეში ჩაერევიან სხვა ძალები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს, სამართლიანი მშვიდობა უნდა დამყარდეს, ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს არის მსოფლიო საზოგადოებრიობის მტკიცე ნება და ამ ნების შესაბამისად რეგიონში მოქმედების მანდატს მიიღებს ის, ვინც უფრო მეტი წარმატებით გადაწყვეტს სამართლიანი მშვიდობის დამყარების ამოცანებს. ეს ყველამ უნდა შეიგნოს, ყველამ უნდა გაითავისოს.
- ხვალ თქვენ ოფიციალურ ვიზიტად მიემგზავრებით ყაზახეთში. გარდა ამისა, დაგეგმილია ბაქოში ახალი ნავთობსაბადოსა და ნავთობსადენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს დელეგაციისა და მისი პრეზიდენტის მონაწილეობა.
- მომავალი ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება არა მარტო ჩვენი ორი ქვეყნის (საქართველოსა და ყაზახეთის), არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების დაახლოებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით. მოუთმენლად ველი შეხვედრას ბატონ ნურსულთან ნაზარბაევთან. მოგეხსენებათ, ჩვენი საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა. სათქმელი ბევრი დაგვიგროვდა. ორმხრივი დიალოგი, როგორც ყოველთვის, გულახდილი და სასარგებლო იქნება. საქართველო და ყაზახეთი კვლავაც სინქრონულად იმოქმედებენ ჩვენი ქვეყნების ინტერესების თანხვედრის გათვალისწინებით.
რაც შეეხება ხანმოკლე შეჩერებას ბაქოში, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან გავიზიარებთ იმ სიხარულს, „საუკუნის პროექტის“ რეალურ განხორციელებასთან რომ არის დაკაცშირებული. ამოქმედდება ნავთობსადენი, რომელმაც მომავალში კიდევ უფრო მტკიცედ უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს ჩვენი ქვეყნები, ბევრი სიკეთე უნდა მოუტანოს აზერბაიჯანს, საქართველოს და ყველა ქვეყანას, რომლებიც ამ პროექტის რეალიზაციაში არიან ჩართული. ეს მართლაც ზეიმია, რომელსაც მხოლოდ პოზიტიური შინაარსი აქვს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგი არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს მეგობართან პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრას. ასეთი შეხვედრა დაგეგმილია. დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრემიერთან მასუდ ილმაზთან და სხვებთან და სხვებთან. თუ იქნებიან მაღალი რანგის წარმომადგენლები რუსეთიდან, შეიძლება მათთანაც მქონდეს შეხვედრა. ასე რომ, ეს ხანმოკლე შეჩერება ბაქოში ძალიან დიდი აზრებითა და ძალიან დიდი მიზნებით არის დატვირთული.
საქინფორმი.
„ხალხი დაბრძენდა, ხალხმა იცის მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი, ხალხი ხედავს თავისი ქვეყნის რეალურ მომავალს“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 ნოემბერი. - №282 (2655). - 1,2 გვ.
![]() |
134 საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა გულწრფელად მივულოცო ცივილიზებული საზოგადოების დამკვიდრების პროცესში მიღწეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება.
სიკვდილით სასჯელის გაუქმება ჩვენს საერთო მიზანსწრაფვას წარმოადგენდა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც თანდათანობით და განუხრელად მზადდებოდა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 1995 წლიდან ფაქტობრივად შეჩერდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება; ამა წლის 25 ივლისს ჩემს მიერ შეწყალებული იქნა 54 სიკვდილმისჯილი; ხოლო პარლამენტს განსახილველად წარვუდგინე კანონპროექტი სიკვდილით დასჯის საერთოდ გაუქმების შესახებ. მადლობას ვუხდი საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან საკითხში მხარდაჭერისათვის. სხვაგვარი გადაწყვეტილება არც იყო მოსალოდნელი; იგი საერთო ნების გამოხატულებას წარმოადგენს.
სიკვდილით დასჯის გაუქმება თავისთავად ერთჯერადი აქტია, მაგრამ ფუნქციური დანიშნულებით უაღტესად ტევადი.
დემოკრატიული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და დანიშნულებაა ადამიანის სიცოცხლის, როგორც უზენაესი უფლების, ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ეს უფლება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საზოგადოების თითოეულ წევრზე, ყოველ მოქალაქეზე. ამიტომ სიკვდილით სასჯელის გაუქმება ნიშნავს ჰუმანიზმის განხორციელებას არა მარტო დამნაშავეთა მიმართ, არამედ საზოგადოების ყველა სხვა წევრის მიმართაც, რომელიც უნდა გამოვლინდეს მათი სიცოცხლის დაცვაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ერთდროული გაზრდით. მაშასადამე, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ამგვარი პასუხისმგებლობისათვის და ძირითადად ამითვე იყო განპირობებული გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაბამისი პირობების მომზადება.
სიკვდილით სასჯელის გაუქმება ჰუმანიზმთან ერთად არის დამნაშავეთა და დანაშაულობათა წინააღმდეგ სახელმწიფოს მზაობის სერიოზული განცხადება. მიღებული გადაწყვეტილების უპირველესი შედეგობრივი დანიშნულება გულისხმობს კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
სიკვდილით სასჯელის გაუქმება არის გზა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების დემოკრატიული, სამართლიანი და ერთდროულად ჰუმანური ნორმების დამკვიდრებისაკენ; პრეზიდენტის, ქვეყნის თითოეული მოქალაქისა და ერის განაცხადი თავისუფალი, კანონიერი და სამოქალაქო ცხოვრების უნარსა და შესაძლებლობაზე.
სიკვდილით სასჯელის გაუქმება არის ჩვენი ჰუმანისტი წინაპრების იდეალების ხორცშესხმა, ჩვენი დიდი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო კულტურის დადასტურებაც და თითოეული ჩვენგანის მაღალი პასუხისმგებლობაც.
ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება სახელმწიფოს მზადყოფნას - განუხრელად განამტკიცოს და მაქსიმალურად უზრუნველყოს კანონისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სიკვდილით სასჯელის გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ გახდება თვითნებობის უსამართლობისა და დამნაშავეობასთან შეგუების საფუძველი. ხელისუფლებისა და სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია ჰუმანიზმისა და კანონიერების პრინციპების განუხრელი დაცვით მყარი კრიმინოგენული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და საქართველოს მოქალაქე, ბედნიერი ვარ ამ ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს დღევანდელი და მომავალი ხელისუფლება რეალურად უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ხელშეუხებლობას.
ედუარდ შევარდნაძე.
15. XI. 97 წელი.
თბილისი.
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს// საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ნოემბერი. - №289 (2662). - 2 გვ.
![]() |
135 „ქართულ სიმღერას და ცეკვას თქვენი სახით დიდი მემკვიდრე და პატრონი ჰყავს“... |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლების პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსის მონაწილეებს
ჩემო ნორჩო მეგობრებო, თქვენი თბილისში ჩამოსვლა და კონკურსში მონაწილეობა ბევრის მთქმელია - უპირველესად კი იმისა, რომ ქართულ სიმღერასა და ცეკვას თქვენი სახით დიდი მემკვიდრე და პატრონი ჰყავს, რომ თქვენ ეროვნული სულისკვეთებით იზრდებით და ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ისევე ეყვარებათ ჩვენი ეროვნული სიმდიდრე - ქართული სიმღერა და ცეკვა, როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ.
წარმატებებს გისურვებთ სცენაზეც და სწავლაშიც.
ე. შევარდნაძე.
„ქართულ სიმღერას და ცეკვას თქვენი სახით დიდი მემკვიდრე და პატრონი ჰყავს“... : ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლების პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ნოემბერი. - №289 (2662). - 1 გვ.
![]() |
136 „ბედნიერი დამთხვევაა, წლევანდელი „ილიაობა“ ახალგაზრდობის დღეს რომ უკავშირდება... საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც სულ მალე იტვირთებს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
17 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- შარშან სარაპსში ხელმოწერილ დოკუმენტს სატრანსპორტო ტვირთზიდვის შესახებ, განვლილ კვირაში ყაზახეთი შეემატა. თქვენი ოფიციალური ვიზიტის დროს ევრაზიის დერეფნის პროექტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით წაიწია წინ. ყაზახეთში დაწყებული თემა გაგრძელდა აზერბაიჯანში, სადაც გასულ კვირას ჩირაგის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია გაიმართა. როგორც ცერემონიაზე გამოსვლისას აღნიშნეთ, თქვენ, ფაქტობრივად, გჯერათ, რომ დიდი ნავთობის გზა გვერდს ვერ აუვლის საქართველოს, თუმცა რუსეთის პრემიერი ჩერნომირდინი თუ ვიცე-პრემიერი ნემცოვი იმავე საზეიმო ცერემონიაზე რუსეთის მარშრუტის უპირატესობას ამტკიცებდნენ... ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრედიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში მართლაც არაორდინარული, ძალზე დატვირთული, საინტერესო და რაც მთავარია შედეგიანი აღმოჩნდა. ყაზახეთი ამ უაღრესასდ პერსპექტიული რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოა ტერიტორიითაც და ეკონომიკური პოტენციალითაც. აღარაფერს ვამბობ წიაღისეულ სიმდიდრეთა ჭეშმარიტად ზღაპრულ რაოდენობაზე. ადრეც არაერთგზის მითქვამს, რომ ცენტრალური აზია, ყაზახეთი იმ „დიდი აბრეშუმის გზის“ ერთი გეოპოლიტიკური რგოლია, რომელმაც ევრაზიის ორივე ნაწილი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს და ერთ მთლიან სისტემად აქციოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევრაზიის დერეფანი, რა თქმა უნდა, გულისხმობს ორმხრივ დაინტერესებასაც ქვეყნებს შორის ურთიერთობათა დასამყარებლად. პრეზიდენტ ნაზარბაევთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ყაზახეთის ნავთობის, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გადაიგზავნება ევროპასა და თურქეთში.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა თუკი შესრულდა და, ვფიქრობ, რომ შესრულდება. შეხვედრის დროს ჩემმა კოლეგამ პირდაპირ ასე განაცხადა: ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, ყაზახეთს სჭირდება ახალი მაგისტრალი (თუმცა მას აქვს მაგისტრალები, მაგრამ ეს მაინც ყველაზე უფრო საიმედოდ მიმაჩნია), და თუ საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებთან დასაკავშირებლად საჭიროა მილსადენების გაყვანა ზღვის ფსკერზე, მაშასადამე ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყაზახეთისა და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა მხოლოდ ტრანზიტით არ ამოიწურება. მიღწეულია, აგრეთვე, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყაზახეთის ბაზარი გაიხსნა ქართული წარმოების პროდუქციისათვის და, რამდენადაც ვიცი, ქართველ მრეწველთა შორის უკვე დაიწყო საიმედო მოძრაობა. მაგალითად, ძალზე საინტერესოდ და ნაყოფიერად მუშაობს ყაზახეთში რუსთავის გაერთიანება „აზოტის“ ხელმძღვანელობა, რომელსაც დაგეგმილი აქვს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაზარდოს საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა.
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის იმის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება თავის მეწარმეობაზე, მეწარმეთათვის ახალი ბაზრის მოპოვებაზე - ესეც უკრაინასთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობაა. ამ მომენტს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, კარგია, როცა გვაქვს საშუალება პარტნიორ სახელმწიფოს მივაწოდოთ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია - თხილი, ციტრუსები, აგრეთვე ღვინო და კონიაკი. ამაზეც მოვილაპარაკეთ, მაგრამ ნამდვილად უფრო პრესტიჟული და საამაყოა, როდესაც სხვა ქვეყნებში გზავნი მაღალი ტექნოლოგიის ნაწარმს, რთულ სამრეწველო პროდუქციას. ეს ქვეყნის სახეც არის და ქვეყნის ზოგადი ცივილიზებულობის დონის მაჩვენებელიც.
რაც შეეხება თანამშრომლობის პოლიტიკურ ასპექტებს, პოლიტიკურ დეკლარაციაში (თავისთავად ესეც საინტერესო და უნიკალური დოკუმენტია, რომელსაც ორმა პრეზიდენტმა მოვაწერეთ ხელი) კიდევ ერთხელ აღინიშნა ევრაზიის ერთიანი ეკონომიკური, სამართლებრივი, ჰუმანიტარული სივრცის ფორმირების აუცილებლობა. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ნაზარბაევი საერთო ევრაზიული სივრცის ერთ-ერთი ავტორია და მე ვიზიარებ მის მრავალ და მრავალ შეხედულებას. აქვე ვიტყვი, რომ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, უზბეკეთთან, ჩვენს დიდ მეგობარ ქვეყანასთან, რომლის პრეზიდენტი ბატონი ისლამ კარიმოვი ხაზგასმულად კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არაერთგზის გამოუხატავს საქმით, თუნდაც თანამეგობრობის უმაღლესი დონის სამიტებზე. წარმატებით ვითარდება ურთიერთობა ყირგიზეთთან. ბატონი აკაევი საქართველოში ბრძანდებოდა ოფიციალურ ვიზიტად, რის შედეგადაც თანამშრომლობა მეტად ინტენსიური გახდა. განზრახული მაქვს უახლოეს მომავალში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტად ვეწვიო თურქმენეთს და პრეზიდენტ ნიაზოვთან ერთად გადავწყვიტო ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანასთან ურთიერთობას საქართველოსათვის, მისი ენერგეტიკისათვის. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წინ წაიწია ტაჯიკეთთან ჩვენმა ურთიერთობამ და, სხვათა შორის, ტვირთზიდვა ტაჯიკეთისაკენ და ტაჯიკეთიდან დასავლეთისაკენ უკვე დაიწყო. თუ ამას დავუმატებთ ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და შეგახსენებთ, რომ ასევე უახლოეს დროში გაიმართება ჩემი ვიზიტი ბულგარეთში და რუმინეთში. ეს ხიდი - კავკასიის ხიდი, ტრანსკავკასიის, ანუ ევრაზიის ხიდი უკვე ოცნება აღარ არის, იგი უკვე რეალური ფაქტია.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, ევრაზიული სივრცის, ევრაზიის დერეფნის, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის აღდგენისა და დამკვიდრების კონტექსტით უნდა განვიხილოთ. ამავე პოლიტიკურ კონტექსტს მივაკუთვნებდი ჩემს მონაწილეობას ბაქოში გამართულ საუკუნის პროექტის განხორციელებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. მე არ მქონდა მორალური უფლება არ გამოვხმაურებოდი ჩემი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ბატონ ჰეიდარ ალიევის მიწვევას. საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ ბაქოში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, კავკასიისათვის ახალი ერის დასაწყისი აღინიშნა - დაიწყო კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში. ეს პროექტი ბევრ სიკეთეს ჰპირდება მთლიანად კავკასიას, კავკასიის ყველა ხალხს. ამ მხრივ უდიდესი დამსახურება მიუძღვის პირადად ჰეიდარ ალიევს. მასთან ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებისათვის ყველა პირობის შექმნა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს პირველი ნავთობი ჩრდილოეთის მიმართულებით გაედინება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგულებელყოფილია დასავლეთის, ესე იგი, საქართველოს მიმართულება. ჩვენ ახლა აქტიურად ვაშენებთ ტერმინალს სუფსაში, ეს უნიკალური ობიექტი იქნება, ამავე დროს სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ნავთობსადენის შეკეთება. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე ეს ნავთობსადენი ამუშავდება.
რაც შეეხება დიდი ნავთობის ბედს, მასაც, ალბათ, ექნება რამდენიმე მიმართულება, მაგრამ ერთი უმთავრესი აუცილებლად საქართველოზე გაივლის. ასე უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, წესით, კანონისა და ლოგიკის შესაბამისად, რამდენადაც ჩვენგან გაცილებით იოლია ნავთობი გადაიტუმბოს უკრაინაშიც, ბალკანეთშიც და დუნაისპირა ქვეყნებშიც, რომლებიც ნავთობის დიდი მომხმარებლები არიან, და ასევე ეს ბაქო-ჯეიჰანის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. საქართველოს ვერ ასცდება, ალბათ, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიც, მისი ან სახმელეთო, ან საზღვაო ვარიანტი.
ახლა, რაც შეეხება ჩვენს მოდავე მხარეს, მე ასე ვიტყოდი, დაობენ ისინი, ვისაც არ სჯერა. მე სადავო არაფერი მაქვს, რადგან ეს მიმართულებები აუცილებლად სიცოცხლისუნარიანი იქნება.
- მალე საქართველოს ეწვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ქოჩარიანი. ხომ არ ნიშნავს ეს სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის დაახლოების გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს?
- ბატონ ქოჩარიანის ვიზიტი მართლაც ასე უნდა განვიხილოთ,როგორც სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და სტაბილური მმართველობის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მით უმეტეს, ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ არაერთი უაღრესად საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი მქონდა სომხეთის პრეზიდენტთან, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ ბოლო საუბარს ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანთან. მე მივესალმები მის ბოლოდროინდელ გაბედულ, უაღღესად შორსმჭვრეტელურ, პრინციპულ და ბრძნულ გამონათქვამებს ცნობილი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე.
თანამშრომლობის საერთო სივრცე კავკასიაში სამივე ქვეყანას თანაბრად სჭირდება და ისიც უნდა ითქვას, რომ ევრაზიის დერეანი სრულყოფილი ვერ იქნება რომელიმე ქვეყნის გამიჯვნის შემთხვევაში.
- გასულ კვირაში თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრს ფედერიკო პენიას და დელეგაციის წევრებს შეხვდით. პრინციპში საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალისადმი ყურადღება ჯერ კიდევ ამერიკაში თქვენი ვიზიტის დროს გამოიხატა...
- ამერიკელ ენერგეტიკოსებთან ჩვენ უკვე ძალიან მჭიდრო, ვიტყოდი, ტრადიციული, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველას კარგად მოეხსენება, უმძიმეს წლებში ამ ქვეყანამ როგორი დახმარება გაუწია საქართველოს, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში. ეს იყო საწვავი თბილსრესისათვის, იყო გრძელვადიანი, ან საერთოდ უვადო კრედიტები და ასე შემდეგ. ამდენად, მე ვისარგებლე შემთხვევით და ბატონ ფედერიკო პენიასთან შეხვედრისას ვთხოვე მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის, კონგრესისათვის გადაეცა ჩემი გულწრფელი მადლობა ამ უანგარო დახმარების გამო. ვფიქრობ, მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამაღლდება ჰუმანიტარული დახმარებიდან თანასწორუფლებიან თანამშრომლობამდე, ასეთი იყო ჩვენი ამერიკელი სტუმრის სურვილი, რომელიც ჩვენსას დაემთხვა. ვისაუბრეთ საქართველოს ამერიკული კომპანიების საქმიანობაზე. შემოსულია ორი დიდი კომპანია, რომლებმაც უკვე გააფორმეს შესაბამისი დოკუმენტები და ისინი მუშაობას იწყებენ. შემოკლებით ამ კომპანიას „ფონტერა“ეწოდება, რომელიც ნავთობის მოპოვების გარდა, აპირებს ააშენოს კახეთში, თუმცა მცირე სიმძლავრის, მაგრამ მაინც ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. ეს იქნება დაახლოებით 300 ათასი ტონა ნავთობი, ესე იგი, ის მოცულობა, რომელსაც დღეს მოვიპოვებთ, და გადაამუშავებს მას ისეთ ძნელად მოსაპოვებელ პროდუქტებად, როგორიც არის დიზელის საწვავი, მაღალი ხარისხის ბენზინი და სხვა, ამით სერიოზულად მოგვიხსნის ამ პრობლემას.
ასევე ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა სახელმწიფო მინისტრ ბატონ ნიკო ლეკიშვილსა და ენერგეტიკის მინისტრს შორის, ამერიკელ სტუმრებთან საქართველოში არატრადიციული ენერგიის განვითარების თაობაზე. ეს, უწინარესად, ეხება ქარის ენერგიას, მზის ენერგიას და ასე შემდეგ. ყოველივე ეს ძალიან საინტერესო და კონკრეტულ სახეს იძენს.
- ამ ფონზე, როცა საქართველოში ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რასაკვირველია, კიდევ უფრო მეტად და აქტუალურად დგება არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პრობლემა. განვლილ კვირას ჯავაში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით თქვენ ლუდვიგ ჩიბიროვს შეხვდით. ინტერვიუში ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ასეთი რამ ბრძანა: „რახან ჩვენს შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნდათ, აქ სისხლი აღარ იღვრება და, საბედნიეროდ, ქართველები და ოსები ერთმანეთს აღარ ვხოცავთ (ეს უკვე მოხდა), ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ ამ მიწაზე ჩვენ, ორივე ხალხნა, მშვიდობიანი თანაარსებობა შევძლოთ“...
- ამ მოვლენას, ამ შეხვედრას რამდენადმე დეტალურად უნდა შევეხო და ისიც ვთქვა, რომ ასეთ მოვლენებს საერთოდ ისტორიულს უწოდებენ ხოლმე და, ხშირად - გადაჭარბებითაც, თუმცა ამ შემთხვევაში, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვით, რომ ქართველთა და ოსთა თანცხოვრების საუკუნოვან ისტორიაში ახალი პერიოდი იწყება. უდავოდ დადგა შერიგების, ურთიერთმიტევების, საერთო სახელომწიფოში ერთად ცხოვრების წესთა და ჩვევათა აღორძინების, ან თუნდაც ახლად გამომუშავების დრო.
შეხვედრა გაიმართა ჯავაში და არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც, აგრეთვე, ნიშანდობლივია. მოვილაპარაკეთ, რომ ამიერიდან კიდევ უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს თბილისში, ცხინვალსა და სხვა ქალაქებში, ან თუნდაც სოფლებში. უპირველეს საკითხად მეც და ბატონ ჩიბიროვსაც ლტოლვილთა დაბრუნება მიგვაჩნია. ვგულისხმობ როგორც ქართველ, ასევე ოს ლტოლვილებს, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა იმ ჩიბიროვს შორის, რომელსაც პირველად შევხვდი და, რომელსაც ახლა ვესაუბრე. მოხდა მისი, როგორც პოლიტიკოსის, ძალიან სწრაფი ფორმირება და მასთან საუბარი უმწვავეს პრობლემებზეც კი, ასე ვთქვათ, გარკვეულ სიამოვნებას განიჭებს, რადგან იგი უკვე ფლობს საგანს და იცის რა უნდა, იცის როგორ უნდა თქვას და ჩამოაყალიბოს თავისი აზრები, და სულაც არ არის განწყობილი აგრესიულად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ მკაცრადაც უნდა მაკრიტიკონ, მაინც ვიტყვი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ეროვნული ნიშნით ოსი მოსახლეობის განდევნა დანაშაული იყო, უწინარესად, ქართველი ერისა და მისი ჰუმანისტური ტრადიციების წინაშე. ეს უმწეო ადამიანები ხომ, უმრავლეს შემთხვევაში, არაფერს და ვერაფერს გააკეთებდნენ საქართველოს საზიანოდ. მათს განდევნას კი მსოფლიო რეზონანსი ჰქონდა და კარგა ხნით შეარყია საქართველოს ხატი, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, იმიჯი მსოფლიოში. ასევე გაუმართლებელი იყო, რა თქმა უნდა, უმწეო ქართველების გამოდევნა ცხინვალიდან. ამის შესახებაც ვილაპარაკეთ... ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველა მოქალაქის, ყველა ოჯახის მიმართ, ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ. ამაში აქტიურად დაგვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ეუთო, რომლის როლი დღითი დღე იზრდება, ყველა ჩვენი მეგობარი, ის ქვეყნები, რომლებიც უკვე თავად არიან დაინტერესებული კავკასიაში სტაბილური მშვიდობის დამყარებით. ძალიან არ უნდა გავაჭიანუროთ სტატუსის შემუშავების პროცესიც. ჯავაში ამ თემაზე დიდი დისკუსია არ გვქონია, მხოლოდ, ასე ვთქვათ, მოვსინჯეთ პრობლემის ზოგიერთი ასპექტი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც რეალურად დაიწყება საქართველოს მთლიანობის აღდგენა, მთლიანობის აღდგენის პროცესი, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ოსების, ოსი მოსახლეობის, ისევე როგორც ქართველების კანონიერი უფლებების გათვალისწინებით მსოფლიო ნორმების შესაბამისად.
კიდევ ერთხელ მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ კონფლიქტის მოწესრიგებაში კონსტრუქციულად მონაწილეობს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ბატონი გალაზოვი, რომელიც ბოლო დროს ბევრი საინტერესო ინიციატივის ავტორია. როგორც მითხრეს, იგი გვთავაზობს კავკასიის ოთხივე სახელმწიფოს ლიდერებს, რუსეთის ჩათვლით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან ერთად, ერთხელ კიდევ შევიკრიბათ ვლადიკავკაზში, რათა განვაგრძოთ შარშან კისლოვოდსკში დაწყებული დიალოგი. ჩემი მხრივ, მხარს ვუჭერ ვლადიკავკაზის არჩევას ამ ფორუმის გამართვის ადგილად. ასევე ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩრდილოეთ ოსეთის მეორე ცნობილი პოლიტიკოსი ბატონი ძასოხოვიც. მათი კონსტრუქციული და კეთილმოსურნე განცხადებები ნამდვილად უწყობს ხელს ქართულ-ოსური კონფლიქტის მონაწილე მხარეთა დიალოგს, რაც, უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, წარმატების გარანტია იქნება.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტ ელცინის, რუსეთის დიპლომატების, სამშვიდობო ძალებისა და სხვათა განსაკუთრებული, კონსტრუქციული როლი. ამჯერად, ამ ეტაპზე რუსეთი უდავოდ დადებითს როლს ასრუელბს ეუთოსთან და ევროკავშირთან ერთად.
- მალე ჟენევაში მეორე კონფლიქტის - გაცილებით უფრო მწვავე კონფლიქტის - აფხაზეთის კონფლიქტის მოსაწესრიგებელი პროცესი გაგრძელდება...
- რაც შეეხება ჟენევის პროცესს, ჟენევის დიალოგს, რაიმე პროგნოზირებისაგან, მით უმეტეს დასკვნებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, თუმცა, მივესალმები თვით ამგვარი შეხვედრის გამართვის ფაქტს იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითია. რამდენადაც ვიცი, ბატონი არძინბა აპირებს მიიღოს მონაწილეობა, რათა უშუალოდ შეხვდეს საქართველოს წარმომადგენლებს, მათ შორის, ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს, ირაკლი მენაღარიშვილს და სხვებს. არ ვიცი გაიმართება თუ არა ასეთი შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ვერსია არსებობს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოს მეგობარი ქვეყნების“ ელჩები. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოესწრო უკრაინის ჩართვა ამ პროცესში, თუმცა, პრინციპულად, საკითხი პირადად მე შეთანხმებულად მიმაჩნია და აქ სადავოს არაფერს ვხედავ, უკრაინის დელეგაციამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა.
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ საქართველოს ძალისხმევით ხდება პრობლემის ინტერნაციონალიზაცია და მისი თანდათანობითი, ასე ვთქვათ, გლობალიზაცია. ამ პროცესს მიესალმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყოველ შემთხვევაში, ამ უწყების მესვეურნი აღიარებენ, რომ მხოლოდ რუსეთს მარტო, სხვების დახმარებისა და თანდგომის გარეშე, არ ძალუძს გასწვდეს პრობლემის მოწესრიგების რთულ პროცესს.
- ამასობაში ერთი საგულისხმო მომენტია: გასულ კვირას რუსეთის პრემიერმა ჩერნომირდინმა გააკეთა ისეთი სახის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, აფხაზეთს უნდა შეუწყდეს ეკონომიკური ბლოკადა, თუმცა ის მხოლოდ თანამეგობრობის პრეროგატივაა და არა რომელიმე ერთი სახელმწიფოსი. ყველასათვის ცნობილია, რომ თანამეგობრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება აფხაზეთისათვის ეკონომიკური ბლოკადის დაწყების შესახებ...
- უნდა გითხრათ, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას რაღაცნაირად თითქოს თავისუფალ ვაჭრობას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს უკავშირებს და ასე შემდეგ. აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ, რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, პირადად მე ნამდვილად ვარ ყველა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის მომხრე. მე უკვე მოვიყვანე ყაზახეთის, უკრაინისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მაგალითი. სამწუხაროდ, უკრაინისა და ყაზახეთისაგან განსხვავებით, საქართველომ ვერ შეძლო რუსეთთან ამგვარი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება, რაც ნამდვილად არ არის საქართველოს ბრალი. ეს უფრო ჩვენი პატივცემული რუსი კოლეგების პოზიციით, იმ შეზღუდვებითა და ბარიერებით არის განპირობებული, რომლებსაც ისინი გამუდმებით ქმნიან. სამაგიეროდ ბატონმა ვიქტორ ჩერნომირდინმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, „სასათბურო“ პირობები შეუქმნას სეპარატისტებს და ამ მიზნით უღმერთოდ უგულებელყოფს თანამეგობრობის ქვეყნების საყოველთაოდ ცნობილ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ასეთია მისი დამოკიდებულება თვით თანამეგობრობისადმი და თანამეგობრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი, და ასე „უწყობს იგი ხელს“ ამ ორგანიზაციების ავტორიტეტის ზრდას. სხვათა შორის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბატონი ვიქტორ ჩერნომირდინი ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად, უნდა ჩასულიყო კონფლიქტის ზონაში და ჩვენთან ერთად მიეღო დამატებითი ზომები. ეს იყო უკვე 7-8 თვის წინათ და, როგორც თქვენ არ ჩასულხართ, ისე მას არ გახსენებია, რომ ასეთი გადაწყვეტილება არსებობდა.
მე მინდა ვუთხრა რუსეთის მოქალაქეებს, დიახ, რუსეთის მოქალაქეებს, რომ ის მანდარინი, რომელიც მათს სუფრაზე გამოჩნდება, უბედურ ლტოლვილთა გადამწვარი სახლების ეზოებშია დაკრეფილი და, თუ რომელიმე მათგანისათვის ეს არგუმენტი არაფერს ნიშნავს, დაე, მიირთვან. არა მგონია, რომ კარგად შეერგოთ. დანარჩენს, ალბათ, აფხაზეთიდან ლტოლვილი 300 ათასი ქართველის, რუსის, აფხაზის, სომეხის, ბერძენის სახელით აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება იტყვის, რომელიც ამ გაუბედურებული ადამიანების მოთხოვნით ამზადებს წერილს ვიქტორ ჩერნომირდინისადმი. თუმცა, არა მგონია, ამ წერილმა ვიქტორ ჩერნომირდინს გული აუჩუყოს, ან თანაგრძნობისა და სიბრალულის რაღაც გრძნობა გაუღვიძოს.
შეიძლება ზედმეტად მწარე სიტყვებსა და ფორმულებს ვხმარობ, მაგრამ მაქვს ამის უფლება, რადგან მათი მოქმედება არავითარ ნომრებს არ შეესაბამება.
- კვლავ იძაბება ვითარება სპარსეთის ყურეში. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე წლის წინათ იქ მიმდინარე პროცესები. ერაყის ლიდერი კვლავაც უარზეა შეასრულოს გაეროს გადაწყვეტილებანი. პრინციპში, ალბათ, ესეც ერთ-ერთი თემაა, თქვენ ახლა აფხაზეთის კონფლიქტზე ბრძანებდით, ისიც იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ჯერ მაინც ვერ შეიმუშავა ასეთ სიტუაციებში მოქმედების მოდელი...
- ჩემი პასუხი ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია და ძალიან მოკლე იქნება. მე არ შევეხები იმას, თუ ვინ არის მართალი, და ვინ მტყუანი, ეს დიდი ხანია გარკვეულია. თუ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, იგი უეჭველად და უსიტყვოდ უნდა შესრულდეს, ვინაიდან უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობის ნებას გამოხატავს. ეს აქსიომატური ფორმულაა, რომელიც უდავოა ყოველგვარ კონფლიქტურ სიტუაციაში - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე, მათ შორის აფხაზეთი - საქართველოს შემადგენელი ნაწილი.
- ილიას საიუბილეო დღეები საქართველოში, შეიძლება ითქვას, კულმინაციას უახლოვდება, ამ დღეებს ახალგაზრდობის დღეებიც დაემთხვა, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით თქვენ სულ რამდენიმე თვის წინათ „ოქროს აკვნის“ მედალიც მოგენიჭათ...
- დიდი ილიას იუბილეს შესახებ არაფერს მოგახსენებთ. დღეს გაიმართება დიდი საზეიმო სხდომა ჩვენს დედაქალაქში - ოპერისა და ბალეტის თეატრში. მექნება საშუალება რამდენიმე სიტყვა იქ ვთქვა. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ეს დღე დაემთხვა ახალგაზრდობის დღეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ბევრი ღონისძიება იმართება. ეს ბედნიერი დამთხვევაა, წლევანდელი „ილიაობა“ ახალგაზრდობის დღეს რომ უკავშირდება. ილია ჭავჭავაძეზე უკეთ ახალგაზრდობის პატრიოტულ დანიშნულებაზე დღევანდელ სათქმელს ვერავინ ჩამოაყალიბებს. იგი ხომ ყველა თაობის მოძღვართ-მოძღვარი, დიდი მასწავლებელი იყო და არის. ილია ჭავჭავაძე თავად სულიერად ახალგაზრდა დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მისი მოძღვრება ხომ მარად უბერებელია.
ახალგაზრდებს კი, უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებ სრულად აღიქვან ის, რომ ახალგაზრდობა თავისთავად ბედნიერებაა და იმავდროულად ქვეყნის მომავლისათვის თავიანთი პასუხისმგებლობაც გაიცნობიერონ. ეს, რა თქმა უნდა, მათი თავისუფალი ნებისა და არჩევანის საკითხია. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ მათ ამ რთული არჩევანის განსაზღვრისას. შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა მეტი ინიციატივა, მეტი ორგანიზებულობა გამოიჩინოს, უფრო მეტი სტიმული მიანიჭოს ხელისუფლებასთან ერთად ახალგაზრდობის მოძრაობას საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად და დემოკრატიის დასაფუძნებლად. საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც სულ მალე იტვირთავს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
- და განვლილი ეკონომიკური კვირა. რა მოვლენებს გამოჰყოფდით?
- მე ძალიან მოკლედ შევეხები ერთ, ცოტა საგანგაშო მოვლენას. ძალიან ნელა მიმდინარეობს საშემოდგომო ხვნა-თესვა. ძალიან სერიოზულად ჩამოვრჩებით. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ასეთი ამინდები დაგვეკვებება მთელი შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში. უფრო მძიმე ამინდებია მოსალოდნელი და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ძალიან სარისკოდ გავიხადოთ ჩვენი მომავალი წლის მოსავალი, მაგრამ, ამასთანავე, მინდა ასევე დადებითი ფაქტიც აღვნიშნო: თითქმის დამთავრდა, მთავრდება მესიმინდეობის რაიონებში მოსავლის დაბინავება. დაბინავებაული სიმინდის რაოდენობა ნახევარ მილიონ ტონას აღწევს. ასეთია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მონაცემები. ხოლო საშუალო მოსავლიანობა 25-26 ცენტნერს შეადგენს. ეს თითქმის სარეკორდო მონაცემებია ჩვენი მეურნეობის ისტორიაში, და მე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მესიმინდეებს ასეთი თავდადებისათვის. ეს ნიშნავს გაცილებით მეტ საკვებს ჩვენი მოსახლეობისათვის, გაცილებით მეტ ხორცს, მეტ ფქვილს, ყველს და მრავალ სხვა სიკეთეს.
- და ბოლოს, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, ალბათ, შეიძლება ითქვას, საქართველომ რამდენიმე წლით გაუსწრო თავისი განვითარების დონეს. არათუ რომელიმე ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ, არამედ ბევრმა, განვითარების გაცილებით მაღალ დონეზე მყოფმა ქვეყანამაც კი ვერ გაბედა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება.
- მე ვიცი, რომ საქართველოს ტელევიზიამ გუშინ გადასცა ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობისადმი ჩემი მიმართვის ტექსტი. მაგრამ, რადგან დღეს მაქვს საშუალება და მაქვს ტრიბუნა თქვენთან ერთად მინდა გავიმეორო ის, რაც გუშინ დავწერე, რითაც მივმართე საქართველოს მოსახლეობას, რამდენადაც მიმაჩნია, რომ ეს მართლაც საგანგებო და ისტორიული მოვლენაა საქართველოს ცხოვრებაში.
ამ ჩემს მიმართვას ერთ პატარა კომენტარს დავუმატებ: დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისრტო, ქვეყნის პროკურატურა, უშიშროების სტრუქტურები, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, პრეზიდენტის წარმომადგენლები და სხვები საგანგებო ღონისძიებებს განახორციელებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ შეირყეს წესრიგის საფუძვლები. არავინ არ გაიგოს ისე, რომ ამიერიდან დაიწყება განუკითხაობა და, ასე ვთქვათ, დაუსჯელობა. ეს გამორიცხულია. პირიქით, კანონი კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით უნდა შესრულდეს, სწორედ ეს ჰუმანური დამოკიდებულება გვაძლევს საშუალებას, რომ დამნაშავეს მოვკითხოთ უფრო მეტად და უფრო მკაცრად.
საქინფორმი.
„ბედნიერი დამთხვევაა, წლევანდელი „ილიაობა“ ახალგაზრდობის დღეს რომ უკავშირდება... საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც სულ მალე იტვირთებს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ნოემბერი. - №289 (2662). - 1,2 გვ.
![]() |
137 „ყოველი ადამიანის ბედნიერება, - აი, ანდერძი ილიასი, რომელიც მან მეოცე საუკუნის ქართველებს დაუტოვა და რომლის აღსრულებისათვის ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა ვიღვაწოთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო საზოგადოებავ,
ბატონებო!
სიტყვა ილიაზე პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწისათვის წარმოსათქმელად ერთდროულად რთულიც არის და იოლიც.
იოლია, ვინაიდან დიდი ილიას ნააზრევი, მისი ინტელექტუალური და მორალური მემკვიდრეობა იმდენად ღრმა და მრავალფეროვანია, რომ საქართველოს პრობლემებზე, ჩვენი ქვეყნის ტკივილსა და ჭირ-ვარამზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-დემოკრატიული მოძღვრება თვითონ გვიკარნახებს როგორ მივაგნოთ ყველა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემის საწყისს, განმაპირობებელ მიზეზსა და წყაროს.
მე ვიტყოდი, არსებობს ურთულესი საზოგადოებრივი პროცესების კვლევის ილიასეული მეთოდოლოგია, რომელიც დღემდე აქტუალური და ზუსტია. ამავე დროს, ილიას გენიალობას მისი სიტყვისა და აზრის დემოკრატიულობაც გამოხატავს. იგი ერთნაირად გასაგები და მისაღებია საქართველოს ყველა აუდიტორიისათვის, - იქნება ეს თავყრილობა მის მშობლიურ ყვარელში, კახეთის მადლიან მიწაზე, საგურამოში, მის ადგილ-მამულში, თუ იმ წარჩინებულთა შეკრება, რომელმაც დღეს უნდა იმსჯელოს თანადროულობის ავ-კარგზე.
ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი შეკრება ილია ჭავჭავაძისათვის ღირსეული პატივის მისაგებად, არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ საიუბილეო ღონისძიება, - ილია მარად თანამედროვეა. წყალობაა, რომელსაც, - როგორც თავად ილია ჭავჭავაძემ ბრძანა გაბრიელ ეპისკოპოსზე გაენათის მონასტერში დასაფლავების დღეს, - „ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილ ქვეყანას, რათა ადამიანმა მისის ხდევით და მაგალითით შესძლოს საკუთარი ზნისა და ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება. თითოეული წამი მისი ცხოვრებისა მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვემთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალი სათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტისა, მადლისა და მოწყალებისა!“
ამიტომ, სიტყვა ილიაზე, - საქვეყნო სიტყვა უნდა იყოს, ერის ტკივილს უნდა გამოხატავდეს, პირუთვნელი სიმართლით უნდა იყოს აღსავსე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ეს სიტყვა და არც ეს შეკრება ილიას საკადრისი არ იქნება.
ალბათ, სწორედ ამიტომ არის ძნელი და მძიმე ილიას შესახებ საუბარი. ილიას ანდერძი გვავალდებულებს ყოველთვის, ყველგან, განურჩევლად გარემოვითარებისა, განურჩევლად იმისა, ვინ როგორ გაგიგებს და აღიქვამს, შენს გულისტკივილს, მხოლოდ სიმართლე ილაპარაკო, ილაპარაკო ილიას ხმით, მისივე პირუთვნელობითა და გაბედულებით.
გავიხსენოთ, რაოდენ მკაცრი და ზოგჯერ სასტიკი იყო ილია ეროვნულ მანკზე მსჯელობისას. იგი ამითაც უნიკალურია... რა შეუპოვრად, უშიშრად ამხელდა ყველა იმ სიბილწეს, რომელიც სისხლიან საუკუნეთა უმძიმეს ტვირფს ატარებდა, მაგრამ ამის გამო იოლად საპატიებელი ნამდვილად არ იყო ილიასათვის. გავიხსენოთ, რამდენი გესლიანი ისარი ესროლეს ილიას - რად აძაგებო, თავს რად სჭრიო საკუთარ ხალხს, საკუთარ ერს.
ნურავის ჰგონია, ისტორიას ჩაბარდა თათქარიძეობა, ბერბიჭაშვილობა, შადიმანობა, კუჭატნელობა, რასაც ჩვენი წინამორბედნი თვალში თვალს უყრიდნენ, მაგრამ უძლურნი იყვნენ დაეძლიათ ეს საშინელი სნეულებანი, ვინაიდან თვით სხეული ერისა არ იყო ჯანმრთელი და არც გარედან შემოჭრილი ბაცილები ავსულობისა აკლდა ქვეყანას.
იქნებ, ვინმე ფიქრობს, რომ ბერბიჭაშვილებმა და მისთანათ იდეურმა შთამაგონებლებმა თავისი დრო უკვე მოჭამეს. არა ეს ასე არ არის, ილიას აღწერილი სიმახინჯენი სულისა კვლავაც ჩვენი საერთო ტკივილია, მათი დაძლევა ნაწილია ეროვნული მშენებლობის ურთულესი პროცესისა.
ამიტომაც ილიას შეგონებანი ნაკლოვანებათა და ცდუნებათა დასაძლევად, აქტუალურია დღევანდელი და, იქნებ, ხვალინდელი დღისათვის.
ამავე დროს ილიას ყველაზე მეტად სტკიოდა მისი მკურნალი სიტყვით ერისათვის მიყენებული აუცილებელი ტკივილი და სათნოების ჟამს წარმოთქვამდა სევდითა და სინანულით: „...ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია...“
ილია გვასწავლის და გვიბრძანებს, ჯერ ვერ გავთავისუფლებულვართ ჩვენი მონური წარსულისა და მონური ფსიქოლოგიისაგან, ჩვენი უვიცობისაგან, ჩვენი სიხარბისაგან, ჩვენი სიმდაბლისაგან, ჩვენი უსულგულობისაგან, ჩვენი სიზარმაცისაგან, ჩვენი ორგულობა-ორპირობისაგან, მტრის კარზე სირბილის ჩვევისაგან, ჩვენი სიმხდალისა და ეგოიზმისაგან... ანუ ყველაფერი იმისაგან, რასაც ამხელდა და რასაც ებრძოდა ერის თავგადადებული ქომაგი და უგვირგვინო საჭეთმპყრობელი ილია ჭავჭავაძე.
ამავე დროს, ილია, მოძულე და შეურიგებელი რეჟიმისა, რომელშიც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, იმ ჟანდარმული სახელმწიფოს შესაძლებლობათა გამოყენებასაც არ გაურბოდა, რათა თუნდაც ორიოდე სიტყვა ეთქვა ქვეყნისა და ერის სასარგებლოდ - სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან.
ბევრს უჭირს წარმოიდგინოს ილია ჭავჭავაძე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბაირახტარი, ამ სათათბიროს წევრად. არადა, ასე იყო საჭირო, ასე სჯობდა ხალხისათვის, იქნებ, ცოტათი მაინც შეშველებოდა თავის განაწამებ სამშობლოს - ილია ხომ დიდი პოლიტიკოსი, რეალურად მოაზროვნე მოღვაწე იყო.
ილიას შთამომავალნი ჩვენ მხოლოდ მაშინ შეიძლება გვერქვას, თუ თავად დავუპირისპირდებით ყოველივე ზემოთ ნახსენებ მოვლენას და ილიას მიერ მონიშნულ გზას უყოყმანოდ გავყვებით.
ეროვნული სახელმწიფოს შექმნა ილიას უმაღლესი ოცნებაიყო. ჩვენ ამ გზას დავადექით და აღარასოდეს არც ერთი თაობა არ გადაუხვევს აღებულ გეზს.
მე ასე ვიტყოდი, მთელი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული დიდი ილიას მიმდევართა ერთ ოჯახად უნდა იქცეს, მის კვალს, მის ნააზრევს და ნაფიქრალს მისდიოს, მისი იდეებით, მიზნებით სამუდამოდ შეიკრას და შედუღაბდეს. ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ქვეყნის შიგნით ჩატეხილი ხიდები, ქვეყნის გარეთაც, ყველა ქვეყანასთან, ყველა კონტინენტთან მეგობრობის გზები და ხიდები ვაშენოთ, ისე, ვითრცა აღორძინდება დიდი აბრეშუმის გზა, რომლის ცენტრშიც საქართველო ევრაზიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება.
გულწრფელად გეტყვით, ძლიერ მაშფოთებს ის გარემოება, რომ ბოლო დროს საზოგადოების ხელახალი გახლეჩის ტენდენცია გამოიკვეთა. და არაფერი შეიძლება იყოს იმაზე მეტად საზარელი, თუ განხეთქილების მოსურნენი ილიას სახელს ამოეფარებიან. ეს ისეთივე ტრაგედია იქნება ერისათვის, როგორც მაგალითად, ამჟამინდელი მცდელობა ჩვენი ეროვნულობის უმტკიცესი ბურჯის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გახლეჩისა, მართლმადიდებლური რწმენისადმი ყალბი ერთგულების ნიშნით. წმინდანად შერაცხული ილია მართლის სული არ გვაპატიებს ამ მკრეხელობას, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის უგულებელყოფას. საერო და საეკლესიო ხელისუფლება დღეს და მარადჟამს ერთად მიაგებს პატივს დიდ ილია ჭავჭავაძეს წმინდა ილია მართალს, საქართველოს ეროვნულ, სულიერ გმირსა და მოძღვარს.
ილია ჭავჭავაძე ყოველგვარ კონიუნქტურასა და პოლიტიკურ დოქტრინაზე უფრო მეტია. იგი ისეთ ღირებულებებს ეფუძნება, რომელთა დაქუცმაცება და დაწიაწება პოლიტიკური ნიშნით იმთავითვე ბოროტი განზრახვაა. ილია მთლიანი ფენომენია, ამიტომ ყველაზე დიდი დანაშაული ერის, ქვეყნისა და თვით დიდი ილია ჭავჭავაძის წინაშე იქნებოდა მისი მომხრეების ერთგვარი სექტის შექმნა, რომელიც არათუ ილიას სიტყვით უმკურნალებდა ერს, მისი თავმდაბლობითა და ერთგულებით იმსახურებდა ქვეყნის სასიკეთოდ, საქართველოს გადასარჩენად, სულიერი ატმოსფეროს გასაჯანსაღებლად, - არამედ ილიას მრისხანე იარაღით შეიარაღდებოდა პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად. ძნელი წარმოსადგენია ამაზე დიდი მტრობა ილიას საქმისა, რომელმაც მთელი ცხოვრება და შემოქმედება საქართველოს გამთლიანებას შეალია.
ამ მაღალი ტრიბუნიდან უნდა განვაცხადო: საქართველოს გამთლიანების საქმე, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ თანამიმდევრულად წინ მიიწევს და იგი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა, თუ გვეყოფა ილიასეული სიბრძნე, წინგახედულობა, ჭირთათმენის ქართველური უნარი. დღევანდელი მსოფლიოს განვითარების კანონზომიერება ისეთია, რომ ქვეყანა აუცილებლად გაერთიანდება, სამართლიანობა აღსდგება, თუ კვლავ თანამოქალაქეთა დაპირისპირება და შინააშლილობა არ აღიმართება გადაულახავ ჯებირად.
არ მავიწყდება, სად, ვის იუბილეზე წარმოვთქვამ ამ სიტყვებს.
მთავარი თვისება ჩვენი ეროვნულობის მტრისა, რომელიც ჩვენშივე იმყოფება, ჩვენივე სისხლი და ხორცია, ალბათ, ღალატია. ღალატი, რომელმაც ძმათა სისხლი დაღვარა და აფხაზეთი საქართველოს მოკვეთა. ეს ბერბიჭაშვილთა მოქმედებაა.
სამწუხაროდ, ოხვრითა და ვაებით ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში ბერბიჭაშვილიც უკვდავი აღმოჩნდა. იმ საზარელი დღიდან დაწყებული, როცა ერის მხსნელსა და მისი სულის მეოხს მისსავე სისხლმა და ხორცმა განუგმირა გული, ლამის ყოველ დღე და ყოველ წელს ჰკლავენ ილია ჭავჭავაძეს საქართველოში. თანაც ის ადამიანები, იგივე ბერბიჭაშვილები, რომლებიც ვითომ ილიას მზეს ფიცულობენ.
ილია ჭავჭავაძე არ არის ერთი რომელიმე პარტიის ან მოძრაობის კუთვნილება - იგი საერთო-ეროვნული დროშაა.
ნურავინ შეეცდება ილიას ფენომენი, მისი მოძღვრება ორი დიდი ცნებისაგან გაჰყოს, რომელთც იგი ემსახურებოდა და ერთგულობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში: ესაა დამოუკიდებლობა და დემოკრატია. ამ მცნებათა ხელყოფა ილიას სინდისისა და რწმენის შეურაცხყოფაა. კიდევ უფრო დიდი უზნეობა იქნებოდა მათი დაპირისპირება, სამწუხაროდ, ამის ნიშნებიც გაჩნდა.
ილია ჭავჭავაძეს „დამოუკიდებლობა“ ესმოდა, როგორც ერისა და პიროვნების განუყოფელი ერთობის გამოხატულება. ილია ამ ერთობას აღნიშნავდა ერთადერთი სიტყვა-ცნებით - „თავისუფლება“. ილიას უმთავრესი მიზანი და ნატვრაც სწორედ ეს იყო: საქართველოსა და საქართველოს ყოველი შვილის განთავისუფლება.
თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალ სახელმწიფოს თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ასეთი ადამიანები ცოტანი არიან. თავისუფლება განსაკუთრებული ნიჭია. ჩვენი ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სიძნელეებს, მნიშვნელოვანწილად, როგორც ჩანს, სწორედ ეს განაპირობებს.
მე უკვე ვთქვი, რომ, ჩემი აზრით, ილია ჭავჭავაძემ მისი თანდაყოლილი თავისუფლების ნიჭით შეძლო შეექმნა ქვეყნის თავისუფლების სულიერი წანამძღვრები. ამ თვალსაზრისით ილია ჭავჭავაძე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს დამფუძნებელია და მისი მოძღვრება დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური საფუძველია - ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვისა.
ალბათ, დროა, გავთავისუფლდეთ კომუნისტურ ეპოქაში წარმოშობილ „საპირისპირო სტერეოტიპთა“ ტყვეობიდან, გამოვიდეთ მეორე უკიდურესობიდან და ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება მსოფლმხედველობა, იდეოლოგია, როგორც უმთავრეს ღირებულებათა ერთობლიობა, ძირითად სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პოსტულატთა სისტემა. ილიას მემკვიდრეობა ყველა ამ ღირებულებას შეიცავს.
ილიას უდიდესი ღვაწლი ის არის, რომ მან მინავლული ეროვნული ცნობიერება გააღვივა, ქართველი, ანუ საქართველოს მოქალაქე ჩააფიქრა საქართველოს და ქართველობის მოქალაქეობის რაობაზე. ამასთან ერთად, მან მთავარზე უმთავრესი მიზანი დაუსახა თანამედროვეთ და შთამომავალთ: ქვეყნის გავთავისუფლება, და ისიც განუმარტა ყოველ ქართველს, თუ რა აერთიანებდა მათ და ადუღაბებდა ერს - ამ ცნების ჭეშმარიტად ევროპული გაგებით; რას ნიშნავდა მოქალაქეობა, რა აქცევდა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს ცივილიზებულ ერად.
ილიას იდეალამდე, რა თქმა უნდა, შორსა ვართ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ილია სახავდა სრულქმნილ მიზანს, როგორც მუდმივი სრულყოფისა და განვითარების პირობას, მაგრამ განა ამ იდეალისადმი სწრაფვა არ არის ილიას ერთგულება?
დღეს საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდა მიზანს, რომელსაც ასი წლის წინათ მხოლოდ ილია და მისი უერთგულესი თანამებრძოლები თუ ხედავდნენ, თუნდაც ბაზალეთისა ტბის ძირას. საქართველო სრულფასოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებს. საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, აქტიურად მონაწილეობს რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტთა განხორციელებაში. მტკიცდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სხეული - წარმატებით სრულდება ეროვნული არმიის მშენებლობის ურთულესი პროცესი, მიმდინარეობს დემოკრატიულ სტრუქტურათა ინსტიტუციირება, იქმნება საკანონმდებლო ბაზა, ღრმავდება ეკონომიკური რეფორმა. იგი ახალ ჯანსაღ საფუძველზე მტკიცდება.
დღევანდელმა თაობამ ამ თვალსაზრისით ნამდვილად უერთგულა ალიას ანდერძს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის ეროვნული ფენომენის გარეშე, ალბათ, არც იარსებებდა ის საძირკველი, რომელზეც ვაშენებთ ახალ, დამოუკიდებელ საქართველოს.
ამავე დროს ილიას მოძღვრება კაცთმოყვარეობის, სოციალური თანხმობის, შემწყნარენლობისა და თანადგომის აპოთეოზია, ილია ჭავჭავაძე თავად განასახიერებდა „დიდ საზოგადოებრივ შეთანხმებას“, იყო ეროვნული თანხმობის გარანტი და, რომ დასცლოდა, ალბათ, პირველი ქართველი კონსტიტუციის შემოქმედიც თავად გახდებოდა.
არ არის შემთხვევითი, რომ იგი სწორედ სოციალური და საზოგადოებრივი განხეთქილების წამომწყებმა უსულგულო არაკაცებმა მოკლეს - რაკი ილია ჭავჭავაძეში ხედავდნენ ქართველთა ერთობისა და თანადგომის უმთავრეს გარანტს.
ილია ჭავჭავაძე იმ ეპოქაში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი წარმომადგენელი იყო და შესანიშნავად ხვდებოდა, უკვე მაშინ იცოდა, რა ზნეობრივ პოსტულატებს უნდა დაფუძნებოდა ეს საზოგადოება. ამ თვალსაზრისით, ილიას „სარჩობელაზედ“ საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლია, რომლითაც ქართული ფენომენი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შეუერთდა ცივილიზებულ ერთა მოძრაობას - სახელმწიფოს მიერ ადამიანის მკვლელობის საწინააღმდეგოდ, ადამიანის სიციცხლის ხელშეუხებლობის პრინციპის დასამკვიდრებლად.
ბედნიერი ვარ, რომ ვიყავ ინიციატორი და ხელი შევუწყვე ამ თვალსაზრისით ილიას ანდერძის აღსრულებას - საქართველოში საბოლოოდ და სამუდამოდ გაუქმდა სიკვდილით დასჯა, რითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული ცივილიზაციის უმთავრესი პრინციპებისადმი ერთგულება, ოღონდ ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო სწორედ ის უნდა იყოს, რომ ვმოქმედებდით, უპირველესად, ჩვენივე დიდი თანამემამულის მრწამსის შესაბამისად, რომელიც ილიას შემდეგაც ესოდენი კეთილშობილებით გამოხატა მისმა მეუღლემ.
დღეს, როდესაც ჩვენს სულს ეჭვი და უსასოობა ღრღნის და ხშირად წაგებული ბრძოლის მოსაგებად ვიბრძვით, უაღრესად აქტუალურია ილიას სიტყვები: „ყოველი ერი თავისის ისტორიით სულდგმულობს, იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისის სულის ღონეს, თავისის სულის ბგერას, თავისის ზნეობითს და გონებითს აღმატებულობას, თავის ვინაობას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“.
ილია გვასწავლის, რომ სწორედ ერთობა ისტორიისა, ისტორიის სიღრმიდან ეროვნული მეობის გამოტარება არის ჩვენი ერთიანობის საწყისი და აუცილებელი პირობა.
ილიამ ეს შესანიშნავად ახსნა.
ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ მხოლოდ წარსულის ლოგიკა კი არ იკითხება, არამედ აწმყოსა და მომავლისაც.
ხალხს უნდა სჯეროდეს თავისი გმირებისა, რომლებიც ზნეობისა და თავდადების მაგალითებს ქმნიან. თუ თანამედროვეთა შორის არ მოიძებნება გმირი, გმირული მაგალითი, ერის მოჭირნახულე მწერალი წარსულში მოიძიებს ამგვარ მაგალითს, გარდასულ საუკუნეთა მოღვაწეთ გააცოცხლებს მხატვრული ნიჭითა და შთაგონებით, მათი მეშვეობით გააღვივებს ერში იმედის ნაპერწკალს, აანთებს მას ყოვლისშემძლე რწმენად, გამარჯვების უმთავრეს მიზეზად და წყაროდ.
ილიამ ასევე შესანიშნავად ახსნა ძირითადი მიზეზი ქართველი ერის გადარჩენისა დიდ იმპერიათა და მრავალრიცხოვან ერთა გაქრობის ფონზე, ჩვენც ხომ ათასჯერ დაგვისვამს საკუთარი თავისათვის ეს ურთულესი კითხვა.
„რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, როგორ გადავრჩით, რა ძალამ გვაცოცხლა, რამ გვასულიერა“, - კითხულობს ილია და იქვე უპასუხებს: „მან, რომ ვიცოდით იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა - ხმალი გვიჭრიდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა - ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა. იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი... დროთა შესაფერისი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერისი ხერხი, დროთა შესაფერისი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერისი მხნეობა და გამრჯეობა“.
თანამედროვეობის მოთხოვნათა შესაბამისობა - აი, ქართველთა გადარჩენის უმთავრესი მიზეზი, და ჩვენი პროგრამაც - სადღეისო და სამომავლო. ისევ და ისევ - ილიას ანდერძის შესაბამისად.
ილიამ ისიც გვითხრა, თუ რა უნდა იყოს სათავე და საფუძველი სახელმწიფოსი, მისი ძალისა და ღონის წყარო: „სიყვარულია სათავედ ყოველივე იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ რომ, მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზე შეემთხვევა ხოლმე, მარტო სიყვარულით გულგამთბარ ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, მარტო სიყვარულით გაძლიერებულის ხალხით შეიძლება იმისთანა სასწაულები მოახდინოს სახელმწიფომ, რომლის მაგალითები ბევრია ისტორიაში და რომელიც დღესაც გვიკვირს და გვაოცებს“ (შინაური მიმოხილვა 1979. II).
ჩვენ სწორედ ასეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, სიყვარულზე დამყარებული სახელმწიფო.
ერთი უმთავრესი ილიასეული ანდერძი ძმობა და მეგობრობაა, ილიას და გიორგი შერვაშიძის სამაგალითო მეგობრობა, ილია და აჭარა ხომ ამოუწურავი თემაა, ილია და მემედ აბაშიძე, ილია და სამეგრელო, ილია და საქართველოს ყველა მხარე - დღევანდელი თაობებისთვისაც საუცხოო მაგალითია, იგივე ითქმის კავკასიის ცნობილ მოღვაწეთა მიმართ ილიას დამოკიდებულებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე.
არა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან დამოკიდებულების, არამედ ზოგადად, პოლიტიკის მრისხანე კანონთა აღქმის თვალსაზრისით, ილიას მაგალითი საგულისხმო და აქტუალურია: ილია ჭავჭავაძე ქართული ეროვნული მოძრაობის წინამძღოლი იყო ათწლეულების განმავლობაში. არავის გაუკეთებია მასზე მეტი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებისათვის, მაგრამ ილია არასდროს ქადაგებდა კარჩაკეტილობასა და გარე სამყაროსაგან გამიჯვნას. პირიქით, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად გაეხსნა საქართველო მსოფლიოს პროგრესული აზრის აღსაქმელად განურჩევლად იმისა, სად იბადებოდა ეს აზრი - შორეულ იტალიაში თუ რუსეთში, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა გუბერნიებად დანაწევრებული საქართველო.
ილია ჭავჭავაძე შეურიგებელი იყო რუსული თვითმპყრობელური შოვინიზმისა თუ ქართველოფობიის თითოეული გამოვლინების მიმართ, მაგრამ ილიასათვის ორგანულად უცხოა ობსკურანტიზმი - იგი უდიდეს პატივს სცემდა რუსულ კულტურას, რუსულ დემოკრატიულ აზრს, მან სრულიად ახალი რაკურსით განიხილა რუსულ-ქართული ურთიერთობები. ილიას თვალთახედვა ამ საკითხშიც თანადროულია და უაღრესად ფასეული.
და ილიას კიდევ ერთი სიბრძნე. იგი სცილდება ქართველი ერის კონკრეტულ ეროვნულ მიზნებს და ზოგადკაცობრიული ამოცანის გადაჭრისკენ მოგვიწოდებს, იმ ამოცანისა, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს უმთვრეს პრობლემსდ რჩება.
მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე ილია წერდა:
„წარსულმა საუკუნემ თავის მხრით ბევრი კეთილი შესძინა ადამიანს, ხოლო საკითხავი ეს არის: დღეს უფრო ბედნიერია კაცი, თუ არა, ამოდენა სიკეთით გარემოცული და ესე წარმატებულის მეცნიერებით გაღონივრებული? არა გვგონია. მართალია, დღეს ადამიანი უკეთ არის მოწყობილი, უფრო მოხერხებულია მისთვის წასვლა-წამოსვლა, ქვეყნიერებასთან გამოხმაურება, ქვეყნიერებასთან ურთიერთობის გაწევა, დღეს ადამიანი უკეთ ცხოვრობს, მაგრამ ბედნიერება კი სადღაც შორს არის“.
დიდი ილიას ეს სიტყვებიც საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ ქართული დემოკრატიული აზრის ურღვევ ერთობაში მსოფლიო დემოკრატიულ საზრისთან.
ყოველი ადამიანის ბედნიერება, - აი ანდერძი ილიასი, რომელიც მან მეოცე საუკუნის ქართველებს დაგვიტოვა და რომლის აღსრულებისათვის, ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა ვიღვაწოთ, ვიღვაწოთ მსოფლიოსთან ერთად, მსოფლიოს მოვლენათა შესაბამისად, რადგან ჩვენი დროითა და ადგილით პირობადებულნი ვართ და პასუხისმგებელნი არა მარტო შთამომავლობის, არამედ წინაპრების წინაშე, ილიას წინაშე.
დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო ილიას იდეების ხორცშესხმაა. და თუ რომელიმე პიროვნების გაიგივება შეიძლება ქვეყანასთან, ალბათ, მხოლოდ ილიაზე შეიძლება ითქვას, რომ ილია - საქართველოა. თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო მისი ნატვრის განხორციელებაა, ხოლო დღევანდელ თაობას, ყველას თანაბრად, გვმართებს, ვიყოთ ილიას მემკვიდრე, მისი ანდერძის აღმასრულებელი.
მაგრამ თუ შეიძლება ილიას დღეს ვინმე იყოს მისი უპირველესი ჭირისუფალი, - ეს ქართული მწერლობაა, რომელსაც დიდმა მწერალმა, ილია ჭავჭავაძემ დღეისათვისაც და სამომავლოდაც განუსაზღვრა განსაკუთრებული ადგილი საზოგადოებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის, ხალხისა და ღვთის წიმაშე.
ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ილიას ღირსნი, ღირსნი იმისა, რომ მისი მემკვიდრენი გვერქვას და გვქონდეს უფლება, ვაშენოთ ახალი საქართველო, ილია ჭავჭავაძის მარად აქტუალური და თანადროული მოძღვრების შესაბამისად.
ილია ჭავჭავაძე ჩვენს ყველაზე დიდ თანამედროვედ რჩება, იგია შთამაგონებელი ჩვენი ქმედობისა და ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯთა მკაცრი და პირუთვნელი მსაჯულიც.
„ყოველი ადამიანის ბედნიერება, - აი, ანდერძი ილიასი, რომელიც მან მეოცე საუკუნის ქართველებს დაუტოვა და რომლის აღსრულებისათვის ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა ვიღვაწოთ“ : ილია ჭავჭავაძე - 160 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ნოემბერი. - №290 (2663). - 1,2 გვ.
![]() |
138 „თქვენ მიერ განვლილი გზა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ჭეშმარიტი მამულიშვილობის შესანიშნავი მაგალითია“ |
▲ზევით დაბრუნება |
სახელგანთქმულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს
დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი
გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ
ღრმად პარივცემულო ბატონო ვახტანგ!
გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ საიუბილეო თარიღს დაბადების 70 წლისთავს.
თქვენ მიერ განვლილი გზა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ჭეშმარიტი მამულიშვილობის შესანიშნავი მაგალითია; სწორედ ასეთი შესაშური თავდადების დასტურია თქვენი წარმატებები სპორტულ სარბიელზე.
თქვენ ბრძანდებით მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი, „ჭიდაობის პროფესორად“ წოდებული სახელოვანი ფალავანი, მაგრამ ამ ტიტულებს შორის ყველაზე დიდია ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც თქვენ მოგაგებთ მადლიერი ქართველი ხალხი და ჭიდაობის საერთაშორისო სამყარო.
მოხარული ვარ, რომ დღესაც ჩვეული ვაჟკაცური შემართებით ემსახურებით ქართული სპორტის წინსვლას, ნიჭიერი მოზარდი თაობის დაოსტატებას, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და აღორძინების საქმეში.
ბატონო ვახტანგ,
კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ სახელოვან იუბილეს, მადლობას მოგახსენებთ გაწეული შრომისათვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას; კიდევ დიდხანს გეღვაწოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით, ე. შევარდნაძე. 17.11.97
„თქვენ მიერ განვლილი გზა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ჭეშმარიტი მამულიშვილობის შესანიშნავი მაგალითია“ : პრეზიდენტის ფოსტიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 ნოემბერი. - №292 (2665). - 1 გვ.
![]() |
139 ქალბატონ მაყვალა ქასრაშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ქალბატონო მაყვალა, მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება გამოვხატო თაყვანისცემა თქვენი შესანიშნავი ხელოვნების მიმართ და მოგილოცოთ სამშობლოს ჯილდო.
მრავალი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, მოწმე ვყოფილიყავი თქვენი ბრწყინვალე წარმატებებისა საბჭოთა კავშირისა თუ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საოპერო სცენაზე. მეამაყება, რომ საბჭოთა საოპერო ხელოვნების თვალსაჩინო აღიარებას სხვა ქართველ ვარსკვლავებთან ერთად თქვენც მნიშვნელოვნად შეუწყეთ ხელი. როგორც არ უნდა შევაფასოთ ეს მოვლენა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ქართული ხელოვნების წვლილია მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში და ამით თქვენ ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეთ თქვენს სანშობლოს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში ამას არასოდეს არ ივიწყებენ.
უდიდესი პატივისცემით და თქვენს ხელოვნებასთან კვლავ არაერთგზის შეხვედრის სურვილით,
ე. შევარდნაძე.
ქალბატონ მაყვალა ქასრაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 22 ნოემბერი. - №293 (2666). - 1 გვ.
![]() |
140 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ჩვენი ისტორიოგრაფია სამართლიანად ამაყობს ქართული პოლიტიკური აზროვნების ფენომენით, რომლის ღრმა ეროვნულ ფესვებს და ზოგადსაკაცობრიო ტრადიციებს ჯერ კიდევ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ამ ჯანსაღ ფესვებზე ამოიზარდნენ ქართული ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგიის კორიფეები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, სპირიდონ კედია, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა მრავალი სამშობლოზე გულანთებული მამულიშვილი.
რვა ათეული წლის წინ ახლადდაფუძნებულმა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ საჯაროდ გამოიტანა თავისი პროგრამა, რომელიც სამ ძირითად დებულებას ეფუძნებოდა: ეროვნული თვითმყოფადობა, ტერიტორიული მთლიანობა, ზოგადჰუმანური დემოკრატიული ღირებულებანი. ამავე პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ ეროვნულ-დემოკრატები პირველი ქართული რესპუბლიკის დროს არჩეული დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში.
სამწუხაროდ, ბედის უკუღმართობამ ისტორიის ჩარხი სხვაგვარად დაატრიალა, რასაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი შეეწირა ზვარაკად. სულ ცოტა ხნის წინათ ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა გიორგი ჭანტურია. ეს ჩვენი მოურჩენელი ტკივილია. იგი მუდამ შეგვახსენებს, თუ რა თავგანწირვას მოითხოვს სიმართლისათვის ბრძოლა, იმ იდეალების ერთგულება, რომელთა დაცვა და პატრონობა ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიანდერძეს. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ არაერთხელ დაადასტურა ეს ერთგულება, რაც კარგად მოჩანს თუნდაც იმ კონსტრუქტივიზმში, რომელსაც პარლამენტში თქვენი ოპოზიციური ფრაქცია პრინციპული გადაწყვეტილებების დროს იჩენს.
ნება მიბოძეთ, გულწრფელად მოგილოცოთ ღირსშესანიშნავი თარიღი, გისურვოთ იდეური მემკვიდრეობის ერთგულება, პოლიტიკური სიბრძნე და თავდადება საქართველოს საკეთილდღეოდ.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ნოემბერი. - №296 (2669). - 1 გვ.
![]() |
141 უნდა დაზუსტდეს იმგვარად, რომ აღარ წარმოიშვას აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის წერილი - პარლამენტს
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებულმა ზოგიერთმა ცვლილებამ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა უკმაყოფილება გამოიწვია.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა წერილი გაუგზავნა ქვეყნის პარლამენტს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
საქმე ეხება პრესის თავისუფლების შეზღუდვას კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლების მოქმედ კანონში ასახვის სიზუსტეს, რადგან პრესის კანონის მე-4 მუხლში შეტანილი ცვლილებები მისი ზოგიერთი ხასიათის გამო შეიძლება გახდეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი, ამიტომ საჭიროა მისი დაზუსტება და ისეთი სახით დაფიქსირება, რომელიც აღარ წარმოშობს აზრთა სხვადასხვაობასა და გაუგებრობას.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით მომზადდა კანონპროექტი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი კანონპროექტით - აღნიშნულია წერილში, - ცვლილება შედის კანონის მე-4 და მე-12 მუხლებში. მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრესის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების ჩამოთვლის ნაცვლად შემოთავაზებულია ბლანკეტური ნორმა, რომლის თანახმად „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით“. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებსა და წესს, იგი მოცემულია სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში, სახელმწიფო საიდუმლოების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონებში და სხვა საკანონმდებლო აქტებში. მე-12 მუხლით გათვალისწინებულია აღდგეს მოქმედი კანონის დებულება, რომლის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქნიანობა შეიძლენა შეჩერდეს, ან შეწყდეს არა კანონის დარღვევის პირველივე შემთხვევაში, არამედ, თუ განმეორებით დაირღვა კანონი.
ზემოაღნიშნულ მოსაზრებათა გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქინფორმი.
უნდა დაზუსტდეს იმგვარად, რომ აღარ წარმოიშვას აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობა : საქართველოს პრეზიდენტის წერილი - პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ნოემბერი. - №296 (2669). - 1 გვ.
![]() |
142 „დემოკრატიული პრესა საზოგადოებამ თავად უნდა აღზარდოს, საზოგადოება თავად უნდა ზრუნავდეს ასეთი პრესის ფორმირებისათვის“... |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
24 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შეფასება, ალბათ, ჟენევის შეხვედრით უნდა დავიწყოთ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს იყო საღი აზრის გამარჯვება. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? - ამ შეკითხვაზე პასუხით დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ჟენევასთან დაკავშირებით უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი. წუხელ, ვისაც შუქი ჰქონდა, ექნებოდა საშუალება მოესმინა ჩემი შეფასება. მაგრამ, თუ გავიმეორებ, ალბათ, ზედმეტი არ იქნება.
სამშვიდობო პროცესი აფხაზეთში კონფლიქტის სამართლიანი და მშვიდობიანი მოწესრიგების მიზნით ნელა, წინააღმდეგობრივად, მაგრამ, მაინც, განუხრელად და მიზანმიმართულად ვითარდება. ჩემი აზრით, ეს რეალობა მოლაპარაკებათა ჟენევის რაუნდმაც დაადასტურა და მე ვეთანხმები ჩვენი მეგობრების - საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა შეფასებებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებასა და ამ დისკუსიებში.
სხვათა შორის, აქვე ვიტყვი მავანთა გასაგონად: როგორც უნდა ეცადონ ორგანიზაციის (ვგულისხმობ საქართველოს მეგობართა ჯგუფს, მე ახლა უკვე მას ორგანიზაციას ვუწოდებ) სახელწოდების დაზუსტებას, დასუსტებას თუ დაკნინებას, - შინაარსობრივად ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნეს საქართველოსადმი კეთილგანწყობილმა ქვეყნებმა. მისი დაარსება ჩვენდამი მხარდაჭერის, თანადგომის, საქართველოსათვის, მისი შემადგენელი ნაწილის - აფხაზეთისათვის დახმარების სურვილის გამოხატულება იყო. ამ ასპექტს იმიტომ ვეხები, რომ ჩვენშიც ძალიან „გაუხარდა“ ზოგიერთს, რომ თურმე ჯგუფს „საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები ეწოდება“ და არა „საქართველოს მეგობრებიო“, - თითქოსდა შინაარსობრივად ეს ერთი და იგივე არ იყოს.
თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და, რა თქმა უნდა, რუსეთიც, - ერთობლივ ჯგუფს ქმნიდნენ რაიმე რეგიონული პრობლემის გადასაჭრელად. საქართველოსთან დაკავშირებით კი მათ შექმნეს ისეთი ორგანიზაცია, რაც (გადაუჭარბებლად ვიტყვი) ქართული დიპლომატიის, ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის უდავო წარმატებაა (და იგი შეიქმნა იმ წლებში, როცა საქართველოს წინააღმდეგ ძლიერი საინფორმაციო ომი მიმდინარეობდა) ახლა იგი უკვე ძალას იკრებს, ამისათვის დრო იყო საჭირო. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ არ გვყოფნის მოთმინება, იმდენი გაჭირვებაა. მაგრამ, ეს ორგანიზაცია ისე რომ ჩამოყალიბებულიყო თავისი საკოორდინაციო საბჭოთი, ქვეჯგუფებით და სხვა, ამისათვის დრო იყო საჭირო.
ან ბეცი უნდა იყო ან გულღრძო, რომ ვერ დაინახო, ამ ცვლილების მნიშვნელობა რომ ვერ შეაფასო. თუმცა, ამ ჩვენი საზარელი ეროვნული მანკის შესახებ უკვე ვილაპარაკე დიდი ილიას იუბილეზე გამოსვლისას და ამჯერად ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის მთავარია რეალობა, და არა ის, თუ ვინ როგორ ხედავს, როგორ, რა თვალთახედვით აფასებს ამ რეალობას. რეალურად კი ჟენევაში ძალზე მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ: პირველად, 1994 წელიდან, აფხაზური მხარე დაეთანხმა მუდმივმოქმედი (არა პერიოდულად, არამედ მუდმივად მოქმედი) ორგანოს შექმნას, რომელიც იმუშავებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა საკმაოდ დეტალურად ილაპარაკა პრესკონფერენციაზე და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან შეხვედრაზეც. ეს პრობლემატიკა მოიცავს როგორც ლტოლვილთა დაბრუნებას და აფხაზეთის ეკონომიკის აღორძინებას, ასევე ერთანი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.
საქართველოს მეგობართა აქტიური ძალისხმევის შედეგად მიღწეულია შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების, ომის განახლების დაუშვებლობის თაობაზეც.
ჟენევის მოლაპარაკება ახალი ფორმატით მიმდინარეობს და ძალზე ნიშანდობლივად მიმაჩნია აფხაზური დელეგაციის შედარებით ლოიალური პოზიცია ამ ფორმატის მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ამჯერად ისინი აღარ მიმართავდნენ ისეთ დემარშებს, როგორიც არის მოლაპარაკების მაგიდის მიტოვება, „კარის გაჯახუნება“ და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ერთხელ კიდევ უნდა გავუსვა ხაზი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობას, რადგან უამისოდ ეს შეხვედრა ვერ გაიმართებოდა, ანდა, თუ გაიმართებოდა, მას ის ფასი არ ექნებოდა, რაც ახლა აქვს.
აფხაზები სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ, აგრეთვე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების, მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტებისადმი - ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციისა და აღორძინების თაობაზე. მე ვთავაზობ ბატონ არძინბას კვლავ განვაგრძოთ დიალოგი ამ თემაზე - აფხაზეთის მომავალ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, და იმ პოტენციალის გამოყენების შესახებ, რომელიც შეიძლება ჰქონდეს და კიდევაც აქვს აფხაზეთს. ბევრი რამ ვიცით და ბევრი რამ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში არ ვიცით რა არის მიწის ქვეშ.
განსაკუთრებით საგულისხმოა რუსეთის დელეგაციის პოზიცია. ყოველ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები ჟენევაში ერთმნიშვნელოვნად უჭერდნენ მხარს საქართველოს სამართლიან მოთხოვნებს ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, თუმცა მთლიანობაში რუსეთის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი ცნობილი გადაწყვეტილებანი მაინც ქმნის შეშფოთების საფუძველს. აღარ გავიმეორებ ჩემს სერიოზულ კრიტიკულ შენიშვნებს, რამდენჯერმე უკვე ვილაპარაკე ამაზე. უნდა გითხრათ, რომ რუსული მასმედია ძალიან ობიექტურად და, მე ვიტყოდი, მწვავედ გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსეთში მიიღეს.
ხანდახან ჩნდება ეჭვიც: ხომ არ ცდილობს მავანი იმის დემონსტრირებას, ან იმგვარი პრეცედენტის შექმნას, რომ რუსეთის ხელისუფალთა ცალკეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ საქართველოს გვერდის ავლით დაამყარონ კონტაქტი აფხაზეთთან, ითანამშრომლონ სეპარატისტებთან?
თუ ასეა (მე ძალიან არ მინდა რომ ასე იყოს) საქართველოც იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური ზომები საკუთარი ინტერესების დასაცავად, თუმცა ეს სასურველი ნამდვილად არ არი. ჩვენ თანამშრომლობის, პარტნიორობის მომხრე ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სამართლიან ინტერესებს ისევე, როგორც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვცემთ პატივს. ორმაგი სტანდარტი ამ საკითხებში დაუშვებელია.
აფხაზეთს რეალური დახმარება მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პირობებში შეიძლება გაეწიოს.
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი თემა კვლავ ენერგეტიკა იყო, მთავრობაში სხდომაზეც დაისვა ეს საკითხი, იყო ლაპარაკი ენგურჰესში მომუშავეთა ხელფასებზეც, საერთოდ ქვეყნის ენერგეტიკაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მოგვიანებით გაიმართა მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით მიიღო მიმართვა თქვენდამი და იგი ძალიან მწვავე, განსაკუთრებით მწვავე ტონით გამოირჩეოდა. ასევე განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას, რომლის ტონმაც, ალბათ, უნდა შეაწუხოს გარკვეული თანამდებობის პირები...
- მე, რა თქმა უნდა, მივიღე „მოქალაქეთა“ წერილი. ძალიან სერიოზული და პრინციპული საუბარი მქონდა ბატონ ზურაბ ჟვანიასთან, პარლამენტის სხვა ხელმძღვანელებთან. რა თქმა უნდა, მაქვს კონტაქტი ენგურჰესთან, ვიცი რა ვითარებაა და უნდა გითხრათ, რომ მართლაც შემაშფოთებელია ის, რაც ხდება.
უდავოა, რომ გამოზამთრებისათვის მოსამზადებლად დიდი სამუშაოები შესრულდა, ამდენად, შეპირებული გრაფიკების დაცვა (მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალური პირობების დაცვაა) სათანადო უწყებათა ორგანიზებული, მოწესრიგებული მოქმედების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია.
სამწუხაროდ, ენერგეტიკაში ბევრი რამ ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ოთხშაბათს (მინდა ვაცნობო რადიომსმენელებს) გაიმართება სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელთა, რაიონებისა და მხარეების ხელმძღვანელთა შეხვედრა პრეზიდენტთან. ამ შეხვედრამ წერტილი უნდა დაუსვას განუკითხაობას ელექტრომომარაგებაში და, განსაკუთრებით, ელექტროენერგიის განაწილებაში. რაც მთავარია, უნდა აღმოვფხვრათ კორუფცია, რომელიც კრიზისის თავიდათავია. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ, თუ კორუფციის ფაქტები დადასტურდა (არადა ძალიან ხშირად ვიღებ სათანადო სიგნალებს), მხოლოდ თანამდებობის დაკარგვით „გადარჩება“ - ასე არ იქნება. ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ხალხისა და პრეზიდენტის მოთმინებასაც.
შევეცდებით, მომავალი შეხვედრის მომზადებასა და ნაყოფიერად წარმართვაში ფართო საზოგადოებამ და მოსახლეობის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა კონკრეტულად როგორი ფორმით მოხდება ეს, ალბათ, დამატებითი განსჯის საგანია და დღეს დღის ბოლომდე გადავწყვეტთ ამ საკითხს. სასურველია, საქართველოს ტელევიზიამ შეადგინეს სპეციალური გეგმა, ასევე პრესამ, და ვისაც გულწრფელად სურს მდგომარეობის გამოსწორება, იმუშაოს ამ გეგმის მიხედვით.
ერთი რამ მტკიცედ უნდა განვაცხადო: ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს მიიღებს მდგომარეობის გამოსასწორებლად და შარშანდელი ზამთრის განმეორებას არ დავუშვებთ, ამისათვის ყველა საშუალება გვაქვს. მხედველობაში მაქვს: უნდა მოქმედებდეს სამრეწველო პოტენციალი, უნდა მუშაობდეს მრეწველობა და მოქალაქეებმა დამტკიცებული გრაფიკით უნდა მიიღონ ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ლაპარაკია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იხდიან დახარჯული ენერგიის საფასურს.
- და, აგრეთვე, უნდა შესრულდეს ის ბრძანებულებანი და გადაწყვეტილებანი, რომლებსაც პრეზიდენტთან, მთავრობის სხდომაზე, თუ სხვაგან იღებენ, ხოლო იმის სამაგალითოდ, თუ რა შედეგი მოაქვს ამ ბრძანებულებათა ნორმალურად შესრულებასა და განხორციელებას, სამცხე-ჯავახეთიც კმარა...
- ეს კარგი მაგალითი შემახსენეთ და ბევრი ასეთი მაგალითის მოტანაც შეიძლება, როცა პრეზიდენტის ბრძანებულებებს, მთავრობის გადაწყვეტილებებს, კანონებს პატივისცემით ეკიდებიან და შედეგსაც აღწევენ. ერთი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში მიღწეული პროგრესი იმის თვალსაჩინო დასტურია, რომ ორგანიზებულობის, სისტემატური შრომის პირობებში ურთულესი პრობლემების გადაჭრაც შეიძლება (თქვენ გახსოვთ, რომ იქ არა მარტო სოციალური, არამედ გარკვეული პოლიტიკური პრობლემებისც იყო).
სამცხე-ჯავახეთში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ ჩვენი, ძალიან მწირი რესურსების მიუხედავად. გულმოდგინედ იმუშავეს სამხარეო ადმინისტრაციამ, რაიონის ხელმძღვანელებმა (ამას განსაკუთრებით მინდა გაუსვა ხაზი) შედეგად კი გადაწყდა ბევრი ასეთი საარსებო, შეიძლება ითქვას, საქართველოს ამ მხარის მოსახლეობისათვის ისტორიული მნიშვნელობის პრობლემა, როგორიც არის წყალმომარაგება (ცალკეულ რეგიონებში, ცალკეულ სოფლებში) გზების მშენებლობა, მაგალითად, ნინოწმინდისა და ახალქალაქის დამაკავშირებელი გაჩანაგებული გზის აღდგენა, რომელზეც გავლა შეუძლებელი იყო, ახლა კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დონეზეა. თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია და პრეზიდენტიც მხარდაჭერას არ მოაკლებს ამ რეგიონს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გითხრათ, რომ ყველა რაიონის ქართველი და სომეხი მოსახლეობა დიდად აფასებს ამას და გაცილებით მეტი ნდობის ფაქტორი გამოიკვეთა ხელისუფლების, პრეზიდენტისა და ჩვენი სამსახურების მიმართ. მე კვლავ მოუწოდებ ჩვენს სამინისტროებსა და დეპარტამენტებს მეტი ყურადღება მიაქციონ ამ მხარეს ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს.
- კიდევ ერთ საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. ამას წინათ ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა პოზნერმა გააკეთა გადაცემა: დარბაზში ძირითადად პენსიონერები იყვნენ მოწვეული და მთავარ თემად ანაბრების საკითხი იყო გამოტანილი. ეს მთლიანად პოსტსაბჭოური სივრცისათვის ნაცნობი თემაა და გამოიკვეთა, რომ რუსეთს დღეს, ფაქტობრივად, არანაირი შესაძლებლობა და რესურსი არა აქვს რომ მოახდინოს ამ ანაბრების ინდექსაცია. იგივე გასაჭირია, რასაკვირველია, საქართველოში და თუ ვინმე რეკავს ტელევიზიაში, მოგვმართავს წერილით და ითხოვს დახმარებას, ეს უწინარესად ანაბრების ინდექსაციასთან არის დაკავშირებული. პრინციპში, პოსტსაბჭოურ სივრცში ეს პრობლემა ჯერჯერობით ვერავინ გადაჭრა. გადაიდგა თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება?
- თქვენ, ალბათ, გახსოვთ, ჩემს საპროგრამო გამოსვლაში ვთქვი, რომ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარება, და მიუხედავად იმისა, თუ რომელი სისტემა ბატონობდა, სახელმწიფომ უნდა იკისროს ამ ანაბრებისათვის პასუხისმგებლობა. ფინანსთა სამინისტრომ ეს ყველაფერი დაიანგარიშა. თანხა, არც მეტი, არც ნაკლები 540 მილიონ ლარს შეადგენს, ესე იგი ჩვენი ერთი წლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს.
პრინციპული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვკისრულობთ, უკვე მიღებულია. ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი. თქვენს შეკითხვაში ეს ელემენტი ჩანდა. ამ პრობლემას სხვა ასპექტი აქვს - მოქალაქეს უნდა სჯეროდეს, რომ სახელმწიფო, რომელშიც იგი ცხოვრობს და რომლის მიმართაც გარკვეული ვალდებულებები აქვს, თავის მხრივ, მას არ დაუკარგავს კუთვნილს და თითონაც შეასრულებს ვალდებულებებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა და რომელი სისტემა იქნება.
ამრიგად, მომზადებულია პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელშიც პრობლემის თანდათანობით, ვიმეორებ, თანდათანობით, ეტაპობრივი გადაწყვეტის გზებია დასახული.
აქაც, ძალიან ვთხოვ ყველა რადიომსმენელს, ვიყოთ რეალისტები: ერთდროულად, ერთბაშად სახელმწიფო ამ ვალს ვერ გაისტუმრებს. რაც მთავარია, სახელმწიფომ აღიარა ვალის არსებობა და დროთა განმავლობაში იგი უეჭველად დაიფარება, ოღონდ, რასაკვირველია, არაინფლაციური, არაპოპულისტური ხერხებით - სახელმწიფოს შემოსავლის ზრდის კვალობაზე და მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. სხვანაირად, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია დავბეჭდოთ ეს 540 მილიონი ლარი და დავარიგოთ, მაგრამ ეს გამოიწვევს ფულის გაბონებას და სახელმწიფოს აბსოლუტურ გაბანკროტებას, ამის დაშვება კი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
მოსახლეობის ანაბრების ინდექსაცია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის, პრეზიდენტის სოციალური პროგრამის ნაწილი გახდა და, უდავოდ, უფრო მეტად გახდება. უპირველესად ანაბრები აუნაზღაურდებათ (ესეც ყველამ უნდა იცოდეს) სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენების წარმომადგენლებს - უწინარეს ყოვლისა, ლტოლვილებს (მე უკვე დავავალე მთავრობის სხდომაზე, რომ ამის თაობაზე უნდა შედგეს სპეციალური პროგრამა), მარტოხელა მოხუცებს, ინვალიდებს, და შესაძლებლობის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებს. და, საერთოდ, მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ ჩვენ ცალკე უნდა ვიმსჯელოთ.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდობა, უფროს თაობათა მემკვიდრენი. ზემოთ აღნიშნული თანხის მთლიანი ანაზღაურება მოხდება მაშინ, როცა ისინი ოჯახებს მოეკიდებიან, ცხოვრებაში გამოვლენ, ესე იგი, ჩვენს დღევანდელ თაობასაც და მემკვიდრეებსაც არ ვუკარგავთ იმას, რაც მათ თავის დროზე სახელმწიფოს ჩააბარეს.
- დაახლოებით როდის დაიწყება თანხის გაცემა?
- ჩვენ მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე გვაქვს გარკვეული თანხა, მართალია, ცოტა სიმბოლური, მაგრამ გვაქვს. გაისად, თუ პარლამენტი მიიღებს ჩემს წინადადებას, ეს იქნება 8 მილიონი ლარი, რაც არც თუ ისე ცოტაა. მხედველობაში მავს ის კატეგორია, რომელიც უკვე ჩამოვთვალე, - პენსიონერები, დაუცველი ადამიანები და განსაკუთრებით ლტოლვილები, რომლებისთვისაც ეს საგრძნობი თანხა იქნება.
- გასულ კვირას რუსთავში წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა, საერთოდ წყალკანალის თემა წამოსწია წინ. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც სამართლიანად ამაყობს თავისი წყლის რესურსებით და სასმელი წყლის იმპორტი ნამდვილად არ გვჭიორდება, პრეტენზია სასმელი წყლის ექსპორტზე გვაქვს. ასეთი რამ კი მოხდა ქალაქ რუსთავში...
- ეს საგანგაშო შემთხვევა დაუყოვნებლივ იქცა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღებისა და მსჯელობის საგნად, და რუსთაველებმა ეს იციან, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ბავშვებსა და მათს ჯანმრთელობას.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ წყალსადენები საქართველოში უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს ახალი მოვლენა არ არის. ჯერ კიდევ მაშინ, საბჭოთა სისტემის დროს იყო ამ მხრივ ძალიან მძიმე სიტუაცია. სისტემა მოძველდა და საჭიროა მისი შეცვლა. ხშირ შემთხვევაში კაპიტალური შეკეთებითაც ვერაფერს გავხდებით. მით უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მიღწეული წინასწარი შეთანხმება. რომლის მეოხებითაც თბილისისა და სხვა ქალაქების წყალგაყვანილობის რეაბილიტაციისათვის ათობით მილიონი დოლარი გამოიყოფა. ეს გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის ეგრათ წოდებულ მუნიციპალურ პროექტებში.
თუმცა უნდა გითხრათ, რომ აქაც უმძიმესი მდგომარეობაა დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურებასა და, საერთოდ, მოხმარებული წყლის ანაზღაურებაში, უღმერთოდ, დიდი რაოდენობით, დიდი მოცულობით იხარჯება და ყოველივე ამას მძიმე შედეგი მოჰყვება. ესე იგი, საკუთარი რესურსები წყალსადენებს აღარ გააჩნიათ. რასაკვირველია, ეს არ ამსუბუქებს კონკრეტულ პირთა და უწყებათა პასუხისმგებლობას, რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ სასმელი წყლის ხარისხი - მისი ქლორირება (ხანდახან, თუ ქლორირება ზომიერად და ხარისხიანად იქნება გამოყენებული, ესეც გამოსავალია), წყალგაყვანილობის წესრიგში მოყვანა, ან ყოველ შემთხვევაში, უბედურების თავიდან ასაცილებლად, ავარიის შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება მაინც.
საბედნიეროდ, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან შემატყობინეს, არც ერთი ბავშვის, რუსთავის არც ერთი მკვიდრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შექმნილია მთავრობის კომისია, რომელიც ყოველმხრივ შეისწავლის ამ ფაქტს და სათანადო დასკვნებსაც გამოიტანს.
მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რწმუნებულებს, გამგებლებს, ქალაქის ხელმძღვანელებს, რომ საჭიროა ყოველდღიური კონტროლი. მე მესმის, რომ მათ ძალიან დიდი და ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ისეთი პრობლემები, როგორიც არის ენერგომომარაგება, წყლის ხარისხი, სამედიცინო მომსახურება და სხვა, ინფექციურ დაავადებათა გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს.
- გასული კვირა, შეიძლება ითქვას, პარლამენტმა იურიდიული კანონმდებლობის მოწესრიგებასაც მოანდომა. განვლილ კვირაში მიიღეს კანონები „საპროცესო კოდექსის შესახებ“ და „პროკურატურის შესახებ“...
- პარლამენტში საკმაოდ მწვავე დისკუსიები გაიმართა და, ჩემი აზრით, ამგვარმა დისკუსიამ არ უნდა შეგვაშინოს. ცუდია, როცა მწვავე საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია არ იმართება. ეს პარლამენტისა და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის სავსებით ნორმალური, ბუნებრივი და ჯანსაღი მდგომარეობაა. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, პროკურატურასაც სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებდათ ამ შემთხვევაში და მწვავე დისკუსია ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს მათს კოლეგიურ მუშაობას ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების განსამტკიცებლად.
მინდა მადლობა მოვახსენო პარლამენტს იმისათვის, რომ მტკიცე და გაბედული გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ეგრეთ წოდებულ, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, „საბჭოთა კანონმდებლობას“. ჩვენ დღემდე ამ კანონმდებლობის შესაბამისად ვმუშაობდით. იგულისხმება სამოქალაქო კოდექსი, საპროცესო კოდექსი და მრავალი სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „საპროცესო კოდექსის“ მიღება. ყველაფერი ეს უკვე მოძველებული იყო, თანამედროვეობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და, ბუნებრივია, ეს უნდა შეცვლილიყო. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოს აქვს ცივილიზებული, დემოკრატიული სამართალდამცავი სისტემის დაფუძნებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა. მისი ძირითადი თვისება ადამიანის უფლებათა დაცვა, მოქალაქეთა ღირსების, სიცოცხლისა და ქონების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა იქნება.
რა თქმა უნდა, ახალი კანონმდებლობა კიდევ უფრო ზრდის ყველა უწყების პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე - დემოკრატიული კანონმდებლობა, დემოკრატიული სამართალდამცავი სისტემა, უეჭველად გულისხმობს გაცილებით მეტ წესრიგს, ვიდრე იმ სასტიკი კანონების პირობებში, მეტ საზოგადოებრივ, კრიმინოგენურ უსაფრთხოებას, და არა - პირიქით.
- პარლამენტში საკმაოდ მწვავე დისკუსია და აჟიოტაჟი გამოიწვია კანონმა „პრესის შესახებ“.
- ეს ძალიან სერიოზული საკითხია. და ამთავითვე უნდა მოგახსენოთ: დღემდე თავს ვიკავებდი ამ თემაზე აზრის საჯაროდ გამოთქმისაგან.
რაკი დაუყოვნებლივ შემატყობინეს, რომ პარლამენტმა ჟურნალისტებთან ერთად გაანახლა ამ საკითხზე მუშაობა, არ მინდოდა დროზე ადრე ჩავრეულიყავი, ასე ვთქვათ, დეპუტატთა საქმიანობაში, ამ დისკუსიებში, რათა მათი საბოლოო გადაწყვეტილება თავისუფალი ნების გამოხატულება ყოფილიყო - კანონმდებელი კანონმდებელია და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაგანად არ ვეთანხმებით. თუმცა დაუყოვნებლივ, სპეციალური წერილით ვამცნე პარლამენტს ჩემი პოზიცია. სხვათა შორის, თუ ეს წერილი გამოქვეყნდება, ცუდი არ იქნება. იქ გამოკვეთილია პრეზიდენტის პოზიცია და პრეზიდენტის დამოკიდებულება საერთოდ პრესისა და განსაკუთრებით თავისუფალი პრესის მიმართ.
მეორე მხრივ, ჩემთვის იმთავითვე ნათელი იყო: აქ უფრო გაუგებრობასთან გვქონდა საქმე, ვიდრე პრესის თავისუფლების შეზღუდვის მიზანმიმართულ მცდელობასთან. მმართველი პარტიაც, დეპუტატთა უმრავლესობაც თავიდანვე იზიარებდნენ იმ აზრს, რომ დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კანონით ისეთი მექანიზმების გათვალისწინება, რომლებიც ამა თუ იმ „ჩინოვნიკს“ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემდა. ოღონდ აქვე შევნიშნავ „დემოკრატიის მტრებად“ არც იმ ადამიანთა გამოცხადება ეგების, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, და ვინც მოითხოვდა და დღესაც მოითხოვს „პრესის კანონის“ სხვა პრინციპებზე აგებას და ჩვენი „პრესის კანონის“, ყოველ შემთხვევაში, იმ სტანდარტებთან მიახლოებას, რომლებიც დასავლეთ ევროპისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. ვფიქრობ, ასეთი კანონი საქართველოში ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შეიქმნას.
ძალიან კარგად მესმის, რომ საზოგადოებას აღელვებს პრესის ბედი. გამოითქმის განსხვავებული მოსაზრებანიც, მაგრამ ერთ პრინციპულ საკითხში უნდა შევთანხმდეთ: დემოკრატიული პრესა საზოგადოებამ თავად უნდა აღზარდოს, საზოგადოება თავად უნდა ზრუნავდეს ასეთი პრესის ფორმირებისათვის. საზოგადოება თვითონ უნდა იყოს მზად და თავისი მზადყოფნითა და თავისი სიმწიფით, ასე ვიტყოდი, ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალი პრესის რაც შეიძლება სწრაფად ფორმირებას.
ქართული პრესა იზრდება, მე აღარ მითქვამს, ნამდვილად იზრდება - და ამას სიხარულით აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ გაზეთს ჩემთვისაც მოუყენებია ტკივილი. და არა ერთხელ და არა ორჯერ. მაგრამ აკრძალვით, დაშინებით, შეზღუდვით ვერაფერს ვერ მივაღწევთ.
თანდათანობით, საზოგადოების დემოკრატიული კულტურის, თვითშეგნების, ცივილიზებულობის დონის ამაღლებასთან ერთად პრესის ზოგადი კულტურული დონე განუხრელად ამაღლდება. ამაში დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: გაზეთის მკითხველზეა დამოკიდებული ბევრი რამ და ძალიან ძნელია ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ დონის გაზეთის შექმნა ჩვენს პირობებში მანამ, სანამ ჩვენ ყველანი არ მოვმწიფდებით, არ შევეგუებით იმას, რომ ჩვენში არსბობს თავისუფალი პრესა და აზრის გამოთქმის აბსოლუტური თავისუფლება.
- გასული კვირაში ძალიან აქტუალური იყო კიდევ ერთი თემა. თუ შეიძლება ასე ითქვას, გამწვავდა დისკუსია და აჟიოტაჟი გარკვეულ პირთა დაპატიმრების, სხვადასხვა ბრალდების და, როგორც ახლაა მიღებული, ეგრეთ წოდებული, გახმაურებული პროცესების გამო...
- ამ აჟიოტაჟის თაობაზე, როგორიც უნდა იყოს პრეზიდენტის დამოკიდებულება პიროვნების მიმართ, იქნება ეს სიმპათია, თუ ანტიპათია, პრეზიდენტი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ეს მითქვამს ასჯერ და კიდევ ასჯერ და ათასჯერ გავიმეორებ, რადგან ყველა მიჩვეულია, რომ განცხადება გამოგზავნონ პრეზიდენტის სახელზე და მოუწოდონ პრეზიდენტს, ჩაერიოს ამა თუ იმ კონკრეტული საქმის გარჩევაში, ან გამოძიებაში, ან პიროვნების დაპატიმრებასა თუ გათავისუფლებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
- არადა დავანგრიეთ ტოტალიტარული რეჟიმი, სიტყვით ყველანი დემოკრატები ვართ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, როგორც ჩანს, ხანდახან ჩვენ თვითონ გვინდა ძველი დროის დაბრუნება...
- თუ ჩვენ ამ პრაქტიკას დავაბრუნებთ ან გავაგრძელებთ, ეს იქნება იმის საწინდარი, რომ საქართველოში დაიწყოს ახალი უბედურება, გაჩნდეს უკანონობის ახალი ზვირთი და ახალი ტალღა და, არ გამოვრიცხავ, რომ იგივე 37 წელი უკვე მოსაგონი იქნება. არსებობს გამოძიება, არსებობს პროკურატურა, არსებობს კანონი, როგორც აღვნიშნე. „სამოქალაქო კოდექსი“, „სისხლის სამართლის კოდექსი“ და სხვა და სხვა, ამით ახლა კარგად ვართ შეიარაღებული და არსებობს მოსამართლე - უმაღლესი ფიგურა, უმაღლესი მსაჯული. ამას ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში. ახლა თქვენ მკითხავთ მოსამართლის შესახებ და მე ამის თაობაზეც მისაუბრია. რაც შეეხება მოსამართლეთა მიერ დაშვებულ შეცდომებსა თუ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, თქვენ იცით, რომ ახლა დაიწყო სასამართლო რეფორმა საქართველოში და ამ მოვლენის საწინააღმდეგო მექანიზმიც, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოდ ყალიბდება.
- გასული კვირაში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეებს დაემთხვა ერთი, სამწუხაროდ მივიწყებული ტრადიციის აღდგენა. მხედველობაში მაქვს ხალხური შემოქმედების ოლიმპიადები...
- ხალხური შემოქმედების ოლიმპიადა 10 თუ 12 წელიწადია არ გამართულა საქართველოში, და ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო ახალგაზრდობისათვის. მინდა მივესალმო ყველას, კერძოდ, კულტურის, განათლების სამინისტროებს, რაიონების, რეგიონების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ტრადიციის განახლებას, სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი, მაგრამ მითხრეს, რომ იგი საკმაოდ მაღალ დონეზე გაიმართა და ეს იყო არა მარტო მაყურებელთა, არამედ მონაწილეთა საოცარი, უზარმაზარი სიხარული. მით უმეტეს, იმ კოლექტივებისა, რომლებმაც რაღაც პრიზი მოიპოვეს და, მე მგონი, ყველა კოლექტივმა მიიღო გარკვეული პრიზები. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ ხალხურ შემოქმედებას მხარი დავუჭიროთ, შევინარჩუნოთ, გავამდიდროთ, გავაღრმაოთ და, რაც მთავარია, ახალი თაობა ვაქციოთ იმის მემკვიდრედ, რაც წინა თაობებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს.
- და ბოლო კითხვა: განვლილი ეკონომიკური კვირის რამდენიმე საინტერესო მომენტი - ევრობანკის კონტრაქტები ახალ ქართულ ბანკთან, კონპანია „მარუბენის“ კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოსაკენ, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სერიოზული მიღწევები ლონდონში და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ქოჩარიანის ვიზიტი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იყო...
- ზოგიერთ საკითხს უკვე შევეხე მთავრობის სხდომაზე, ზოგი რამ თქვენს გადაცემებში გაშუქდა. შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკელ კონგრესმენთა სტუმრობა და მათთან ეკონომიკური ზოგიერთი სხვა ისეთი საკითხის განხილვა, როგორიც არის საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება, აგრეთვე, ევრაზიის დერეფანსა და ნავთობსადენებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ქოჩარიანის ვიზიტს საქართველოში. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში მას შემდეგ, რაც პრემიერი გახდა. მოლაპარაკება ძირითადად პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის დონეზე მიმდინარეობდა. მე მას ორჯერ შევხვდი და ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო რამ განვიხილეთ, უპირველესად, მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობის თვალსაზრისით. შეიძლება სომხეთში სხვა ტერმინს ხმარობენ, მაგრამ კავკასიის ყველა მცხოვრები დღეს მშვიდობასა და სტაბილურობას ელტვის.
ასევე მინდა გამოვყო განსაკუთრებული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც ევრობანკის პრეზიდენტმა მიიღო იმის თაობაზე, რომ შეიძინოს გაერთიანებული ქართული ბანკის აქციების ნაწილი (ეს აქციები ძალიან დიდი რაოდენობის არ არის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია) და კიდევ ის, რომ ამ ბანკში გახსნას ახალი საკრედიტო ხაზი დაახლოებით 10 მილიონის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ქართულ ბანკს უკვე აქვს რესურსი, რათა დააკრედიტოს საკმაოდ საინტერესო წამოწყებანი როგორც ეკონომიკაში, ისე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ყოველივე ამას ჩვენ მივესალმებით და შემთხვევითი არ იყო, რომ მე დავესწარი ამ პრეზენტაციას, რომლისადმიც ძალიან დიდი იყო ინტერესი. რამდენადაც ვიცი, ბევრი ევროპული ბანკი მზად არის ასეთივე ურთიერთობა დაამყაროს საქართველოს სხვა ბანკებთან, და თანდათანობით სულ უფრო კარგად მიმდინარეობს საქართველოს კომერციული ბანკების ფორმირება.
მინდა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საზღვაო ფლოტის კრიზისიდან გამოსვლა უკვე რეალური ფაქტია და დღეს უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სამოქალაქო ფლოტის რესტრუქტურიზაციის, კრიზისიდან გამოყვანის შესახებ საკმაოდ წარმატებით სრულდება. ეს კრიზისი თითქმის სამ-ოთხ წელს გრძელდებოდა. ჩემი ყურადღება მიიპყრო საქართველოს ტელევიზიის საკმაოდ საინტერესო გადაცემამ იმის შესახებ, რომ საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, დღეს უკვე აქვს თავისი სამოქალაქო ფლოტი. სამწუხაროდ, ჯერ სამხედრო ფლოტზე ასე ვერ ვიტყვით, მაგრამ სამოქალაქო ფლოტი უკვე ჰყავს და იგი საკმაოდ წარმატებითაც მუშაობს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონ ბიჭიკო ვარშანიძის დამსახურება. იგი მაღალი რანგის პროფესიონალია, საბერძნეთშიც გვახლდა და მაშინაც ვისაუბრეთ ზოგიერთ პარტნიორთან ამ თემაზე. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ტრანსპორტის მინისტრის ბატონ მერაბ ადეიშვილის ძალიან მიზანმიმართული აქტიურობა და, რა თქმა უნდა, ბატონ ასლან აბაშიძის მხარდაჭერა და ხელშეწყობა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან დაკავშირებით.
ახლა არ არის ძალიან დიდი ფლოტი. ყოველ შემთხვევაში, ლონდონის ცენტრში რეგისტრირებულია 17 გემი, მათ შორის საკმაოდ მძიმე, ვთქვათ, 30-50 ტონა წყალწყვისა და ასე შემდეგ. მაგრამ ტენდენცია მნიშვნელოვანია, და რაც მთავარია, მომგებიანი სამუშაო გაუჩნდებათ წელს თუ არა, გაისად მაინც დაიწყება შეერთებული ნავთობის მასობრივი გადატვირთვა - ეს იქნება 6-7 მილიონი ტონა. ამას სჭირდება სპეციალიზებული გემები, რომლებიც საქართველოს ფლოტს აქვს, და ჩვენ თვითონ მოვემსახურებით ამ პრობლემას. ასე რომ, გარკვეული ძვრები არის.
სხვათა შორის, ეს კითხვა თქვენ არ დაგისვამთ, მაგრამ საქართველოში მეტს ხმაურობენ რემი ვაშაკიძის გამო, ვიდრე საქართველოს რკინიგზის მდგომარეობაზე. ალბათ, ბუნებრივია, იმაზე უნდა იხმაურონ, კიდეც უნდა დაიცვან და ბრალიც უნდა დასდონ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ, საქართველოს რკინიგზამ ხომ დაძლია კრიზისი! საქართველოს რკინიგზა დღეს მომგებიანი ორგანიზაციაა. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე დასაქმებაზე. საქართველოს რკინიგზაში დღეს დასაქმებულია 24 ათასი კაცი. საშუალო ხელფასი 80-100 ლარია. მემანქანეთა ხელფასი 200-250 ლარს შეადგენს და ახლა უნდათ 300 ლარამდეც გაზარდოს. მაგალითად, ამ თვეში რკინიგზამ სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონი ლარი შეიტანა, თანაც წინასწარ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს და ენერგეტიკოსებიც ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ეხმარებიან რკინიგზას.
ამას ერთ ელემენტსაც დავუმატებ. თუ დაინტერესდა ვინმე თუ რა ბედი ეწია ელმავალმშენებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხნებს? ეს ორი ობიექტი ხომ რკინიგზამ, ფაქტობრივად, თავის ბალანსზე აიყვანა. ამჟამად ეს ორივე ქარხანა მუშაობს, ქმნის პროდუქციას, რომელიც სჭირდება საქართველოს რკინიგზას, და ახლა უკვე უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის დაკვეთასაც იღებენ.
ასე რომ, საქმე, თუკი შევნიშნავთ, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის.
საქინფორმი.
„დემოკრატიული პრესა საზოგადოებამ თავად უნდა აღზარდოს, საზოგადოება თავად უნდა ზრუნავდეს ასეთი პრესის ფორმირებისათვის“... / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ნოემბერი. - №296 (2669). - 1,2 გვ.
![]() |
143 საქართველოს აზერბაიჯანულ საზოგადოებას |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა მოგესალმოთ და მოგილოცოთ საქართველოს სახალხო არტისტის იბრაჰიმ ისფაჰანლის დაბადებიდან 100 წლისთავი. ჩვენი ერების ურთიერთობისათვის ნიშანდობლივია, რომ საქართველომ თავისი აზერბაიჯანელი შვილის ხსოვნა დღემდე შეინარჩუნა. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჭეშმარიტი ხელოვნება, კულტურა იმ ბალავართაგანია, რომლებზეც დაშენებულია ერების, უბრალოდ, ადამიანების მეგობრობა.
თბილისი იმთავითვე ის ქალაქი გახლდათ, სადაც ყველა ერის შვილი ნაყოფიერ ნიადაგს ჰპოვებდა თავისი ნიჭისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენისათვის. მათ შორის იყო მისი ღირსეული მოქალაქე და შესანიშნავი მსახიობი იბრაჰიმ ისფაჰანლიც.
ყოველი ასეთი გახსენება პატივს მიაგებს წარსულს, ამტკიცებს აწმყოსა და მომავალი ცხოვრების წესს გვასწავლის. ჩვენი მეგობრობა დღეს არ დაწყებულა. ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა მას ახალი შინაარსი და სხვა მასშტაბი შევძინოთ.
გილოცავთ ჩვენი სასიქადულო თანამემამულის ისფაჰანლის დაბადებიდან 100 წლისთავს. დაე, მისი ნათელი სახე მუდამ მტკიცედ იდგეს ჩვენი ძმური ურთიერთობის ნიშანსვეტად.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს აზერბაიჯანულ საზოგადოებას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 ნოემბერი. - №301 (2674). - 1 გვ.
![]() |
144 „მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ნიშანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონცეპტუალური ღერძი, მასში ორი - სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური პრიორიტეტის შეთავსება იქნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
1 დეკემბრის რადიოინტერვიუ
განვლილი ეკონომიკური კვირის უმნიშვნელოვანესი თემა ის იყო, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. რა პრინციპული განსხვავებაა, ვთქვათ, ერთი, ან ორი წლის წინანდელი პროცესებისაგან? ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტის სხდომაზე მეტნაკლებად კონსტრუქტივიზმი გამოიხატა - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ორიოდე სიტყვით თვით ამ საბიუჯეტო პროცესის მნიშვნელობას შევეხები. ყველა ნორმალური ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნებისათვის, საბიუჯეტო პროცესი - ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა, რომელიც, ფაქტობრივად, მოიცავს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს. აქედან გამომდინარე, პარლამენტში ჩემს მიერ შეტანილი და ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ყველა კონსტიტუციური წესისა და ნორმის დაცვით იყო შეტანილი. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ კონსტიტუციამ განსაზღვრა, თუ ვის აქვს შეტანის უფლება, რა ვადებში, რა წესით და შემდეგ ამას მოჰყვა კანონი ბიუჯეტის შესახებ. წარსულში სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეს ვერ ხერხდებოდა და ჩვენი ოპონენტები სამართლიანად გვაკრიტიკებდნენ არა მარტო პარლამენტში, არამედ საზოგადოებაშიც. ამ შემთხვევაში კრიტიკას სავსებით ვეთანხებოდით, ვინაიდან ჩვენი შესანიშნავი მწერლის ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის თქმისა არ იყოს, „ჯერ წესია საქმე და შემდეგ საქმეა საქმე“
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი თანამედროვე რეალობისა და საკმაოდ მაღალი სტანდარტების დონეზეა შესრულებული. უნდა გითხრათ ისიც, რომ ამ ბიჯეტის შედგენაში თავიდან ბოლომდე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სავალუტო ფონდის კონსულტანტები, ისე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, სხვადასხვა უცხოელი ექსპერტები. რა თქმა უნდა, დეპუტატებმა ისიც იციან, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, თითოეულ მუხლს, თითოეულ ციფრს, ყოველი თეთრის დახარჯვის მიზანშეწონილობას გამოწვლილვით ვაანალიზებდით. არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ პროცესში ახალი ფინანსთა მინისტრის ბატონ მიხეილ ჭკუასელის განსაკუთრებული როლი, მე ასე ვიტყოდი ამას, მას ძალიან დიდი წვილილი მიუძღვის არა მარტო თვით პროექტის სრულყოფაში. არამედ პარლამენეტთან საბიუჯეტო პაექრობისა თუ თანამშრომლობის ახალი სტილის დამკვიდრებაშიც. ასევე განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პარლამენტის კომიტეტების, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფრაქციების მუშაობა, რომლებმაც უდიდესი ინტერესი გამოიჩინეს და ბევრი იშრომეს, ყველაფერი ეს მოხდა პლენარულ სხდომაზე პროექტის გატანამდე და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ თვით პლენარულ სხომაზე გაცილებით ნაკლები დრო მოხმარდა იმას, რისი გაკეთებაც შესძლეს კომიტეტებში. ჩემი დაკვირვებით, ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა დეპუტატს შეეძლო უშუალოდ მიემართა ფინანსთა მინისტრისათვის და უშუალოდ მისგან მიეღო კომენტარი, თუ იგი უფლებამოსილი იყო გაეკეთებინა კომენტარი პრეზიდენტის სახელითაც და პრეზიდენტის უფლებამოსილებითაც.
მინდა ამთავითვე დიდი მადლობა გადავუხადო დეპუტატთა კორპუსს, მათ შორის, ოპოზიციას, რომლის კრიტიკული მიდგომა, თუნდაც პედანტური ოპონირება, ამ შემთხვევაში სავსებით გამართლებული და სასარგებლოა. რა თქმა უნდა, კვლავაც იქნება, ალბათ, დისკუსია მეორე წაკითხვით მიღებამდე, იქნება კამათი, იქნება დებატები, განსჯა-განხილვა, რის შედეგადაც, დარწმუნებული ვარ, პროექტის კიდევ უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება. აღმასრულებელი ხელისუფლება ყველა კონსტრუქციულ წინადადებას შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდა და კიდევაც ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ბიუჯეტის გასავლის ნაწილი ქვეყნის დღევანდელ შესაძლებლობათა ფარგლებს არ გასცდეს, უბრალოდ, ვერ გასცდება. მაშინ ქვეყანაში სულ სხვა პროცესები განვითარდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ნიშანი, თუ შეიძლება ასე ითქვას (გავიმეორებ რაც ადრე მითქვამს) კონცეპტუალური ღერძი მასში - ორი სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური პრიორიტეტების შეთავსება იქნება. რაოდენ რთულიც უნდა იყოს, ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ ერთმანეთს ჰარმონიულად შევუთავსოთ ბიუჯეტის სოციალური მიმართულება და მისი ინვესტიციურობა: მნიშვნელოვანი თანხების გამოიყოფა 1998 წელს მოსახლეობის სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის სფეროებისათვის და ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია - 25-30 პროცენტის ფარგლებში: ოღონდ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში შეძლებისდაგვარად გრძელვადიან, პერსპექტიულ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ, სახალხო მეურნეობის ზრდის ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება და მომავალი წლის ბიუჯეტებს გამოეცლებათ, ასე ვთქვათ, მკვებავი წყარო. სამწუხაროდ, ინვესტიციებისათვის დიდი თანხების გამოძებნა, გასაგები მიზეზების გამო, ახლა ვერ ხერხდება, მაგრამ უფრო ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს დამატებითი რესურსების გამოვლენის კვალობაზე გარკვეული მოცულობის თანხები გამოიძებნება. დავსახე ასეთი ამოცანა - რადაც უნდა დაგვიჯდეს, წლის განმავლობაში უნდა გამოიძებნოს რამდენიმე მილიონი ლარი მეჩაიეობის ინვესტირებისათვის. მეჩაიეობა - როგორც დარგი, ყოველმიზეზგარეშე უნდა ავაღორძინოთ და 1998 წელი გარდატეხის წელი უნდა იყოს.
ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესში კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საშემოსავლო ნაწილის შესრულებას. ამაზე დიდად იქნებადამოკიდებული, თუ როგორ დავიწყებთ მომავალ წელს და რა წანამძღვრებს შევქმნით 1998 წლის ბიუჯეტის შესრულებისათვის.
საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით (როგორც წესი, ყველა ინტერვიუში შევახსენებ ჩვენს რადიომსმენელებს და ზოგჯერ ჩვენს ტელემაყურებლებსაც, თუ რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულების სფეროში), 24-29 ნოემბრის განმავლობაში ინსპექციის მიერ აკრეფილია 16 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც თვის პირველ სამ კვირაში, ამის შედეგად ნოემბრის მოსალოდნელი შემოსავალი 32 მილიონ ლარს მიაღწევს, ათი თვის საშუალო თვიური 26 მილიონი ლარის ნაცვლად, ნოემბრის შემოსავალში თბილისის საგადასახადო ინსპექციაზე მოდის 12,5 მილიონი ლარი, რაც გეგმის დონეზეა. ერთხელ კიდევ მინდა შევახსენო რადიომსენელებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ციფრები. უნდა ვიცოდეთ, მთელ რიგ რაიონებში რომ ჩივიან, პენსიების გაცემა იგვიანებსო, ინვალიდები და ლტოლვლები დახმარებას ვერ იღებენო და სხვა; მაგრამ თუ დაგეგმილი საშემოსავლო ნაწილი ნორმალურად სრულდება, მაშინ ხელფასების გაცემაც ნორმის ფარგლებში იქნება. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის და ვიცი, რომ მთელ რიგ რაიონებში ასეთი სერიოზული პრობლემა არსებობს.
საგეგმო დავალებანი შეასრულეს და კარგად იმუშავეს კახეთში, შიდა ქართლის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმში. ჩემი მონაცემებით, საკმაოდ კარგად იმუშავა აჭარამ. საგადასახადო ინსპექციის ცნობით, წინა თვესთან შედარებით შემოსავლის საგრძნობი მატება აღინიშნება იმერეთშიც და ეს ძალიან მახარებს, რადგან ამ ბოლო თვეების განმავლობაში იმერეთის ადმინისტრაციის მიმართ გამოითქმებოდა კრიტიკული შენიშვნები. იქ ბევრი ობიექტური მიზეზიც არის, მაგრამ ახლა გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია. ამავე დროს, კვლავ დაძაბულად მიმდინარეობს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში. ნოემბრის შემოსავლის გათვალისწინებთ, საგადასახდო ინსპექციის მიერ წლის დამდეგიდან ბიუჯეტში ჩარიცხულია 300 მილიონი ლარი, რაც 50 მილიონით აღემატება მთლიანად შარშანდელ დონეს. ესე იგი, რასაც ჩვენ ახლა დეკემბრის განმავლობაში ავკრეფთ და ვფიქრობ, დეკემბერში საკმაოდ დიდი იქნება შემოსავალი, ეს ყველაფერი შარშანდელ დონეს აღემატება.
წინასწარი მონაცემებით, საბაჟო სისტემამ განვლილ თვეში ბიუჯეტს გადაურიცხა 17 მილიონი ლარი, რაც საკონსტროლო დავალებებს 180 ათასით სჭარბობს. დღემდე საბაჟო სამსახურიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 168 მილიონი ლარი, ანუ 11 თვის გეგმა 107 პროცენტით შესრულდა - მობილიზებულია წლიური დავალების 97 პროცენტი, ასე რომ, აქაც, საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის თვალსაზრისით, დეკემბერში ამ სამსახურს დიდი რეზერვები აქვს.
- გასულ კვირაში საქართველოს ეწვია მოლდოვის პრეზიდენტი პეტრუ ლუჩინსკი. საქართველოს, უკრიანის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, როგორც თქვენ უწოდებთ, საკონსულტაციო გაერთიანება პირველად სტრასბურგში აღინიშნა. სუამი - ახალი ალიანსი ახალი გართიანებაა, რომელიც მოლდოვას კასპიის ნავთობთან აკავშირებს. დანარჩენ სამ ქვეყანასაც თავისი ინტერსები აქვს. ხომ არ არის მოსალოდნელი ამ გაერთიანების შევსება ახალი წევრებით, ან თუ შეიძლება ეს მოხდეს მომავალში, - ბულგარეთსა და რუმინეთში თქვენს ვიზიტებს ვგულისხმობ და კიდევ ერთი შეკითხვა: გასულ კვირას საქართველოს ეწვია ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე. ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობით ჩვენ მაინცდამაინც განებივრებულები არა ვართ.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობას, როგორიც არის მოლდოვა - დაახლოებით ჩვენი მოცულობის სახელმწიფო და საშუალო სიდიდის სახელმწიფოები, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თქვენ იცით, რომ დიდ სახელმწიფოებთან ჩვენ განსაკუთრებული ურთერთობა გვაქვს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მასშტაბის ქვეყნები დიდ როლს ასრულებენ დღევანდელი მსოფლიოს ცხოვრებაში. ხშირად ჩვენი ქვეყნები, ეს სახელმწიფოები საერთაშორისო ორგანიზაციებში, გლობალური თუ რეგიონული პროექტების განხილვისას მსგავს კონცეპტუალურ მიდგომას ამჟღავნებენ, ერთნაირ პოზიციებზე დგანან.
იმის თქმა კი არ მსურს, თითქოს აქ რაიმე წინააღმდეგობა არსებობდეს, - პატარა და დიდი სახელმწიფოები უფლებრივად თანასწორი უნდა იყვნენ, თუმცა უდავო რეალობაა, რომ დიდი პოლიტიკა ხშირად ამ სიბრტყეზეც მოიაზრება, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესების დაცვისას.
მოლდოვასთან თანამშრომლობას ჩვენ მივიჩნევთ როგორც ზოგადად საქართველოს მშვიდობიანი და კონსტრუქციული საგარეო-პოლიტიკური კურსის შემადგენელ ნაწილს, მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.
ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ალბათ, არც ის არის უმნიშვნელო მომენტი, რომ ქვეყნების პრეზიდენტების, კერძოდ, ბატონ პეტრუ ლუჩინსკისა და ჩემს ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. ესეც, რა თქმა უნდა, დადებითს გავლენას ახდენს. ჩვენი ქვეყნები ერთნაირად იყვნენ და არიან ავად ყველა იმ უმძიმესი პრობლემით, საბჭოთა კავშირის დაშლის თუ მის შემდგომ პერიოდში რომ წარმოიშვა. თუმცა მოლდოვამ, საბედნიეროდ, შესაძლო სამოქალაქო ომის თავიდან აცილება და ნგრევის იმ მასშტაბების გამეორებას, რომელიც ჩვენთან მოხდა, ამას იგი გადაურჩა. ამ ქვეყნის გამოცდილება ჩვენთვის საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ ცდილობს ის დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტას რუსეთთან, ევროპულ ორგანიზაციებთან, გაეროსთან მიზანმიმართული თანამშრომლობით.
ისევე, როგორც ჩვენ, მოლდოვაც ახერხებს პრობლემის ინტერნაციონალიზაციას, აღიარებს რუსეთის როლს, შესაბამისად, არ ჩქარობს, ძალზე დინჯად უდგება კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების პრობლემასაც, ოღონდ ასევე მიზანსწრაფულად ცდილობს უკრიანის, სხვა ქვეყნების ჩართვას სამშვიდობო პროცესში. უკრაინის ჩართვის პროცესი, იქ საკმაოდ, ასე ვთქვათ წინწაწეულია და უკრაინა ფაქტობრივად უკვე მონაწილეობს ამ კონფლიქტის მოგვარებაში.
მოლოდოვამ მიაგნო თავის ადგილს „ევრაზიის დერეფნის“ „ევრაზიული ხიდის“ „ტრასეკის პროექტის“ საკომუნიკაციო სისტემაში. ბატონმა პეტრუ ლეჩინსკიმ ჩემთან საუბრისას გამოთქვა სურვილი, რომ მისი ქვეყანა შეუერთდეს სარაქსის ხელშეკრულებას, რომელიც აგრეთვე ამ სისტემის ნაწილია. საქართველოსთვის კი მოლდოვა, როგორც დინამიკურად განვითარებული ქვეყანა და განვითარებადიც, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპასთან დამაკავშირებელ კიდევ ერთ ხიდად შეიძლება გადაიქცეს ისევე, როგორც საქართველო გადაიქცევა ხიდად მოლდოვასათვის შავი ზღვის და კასპიის აუზების, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, რა თქმა უნდა, თვით კავკასიის ქვეყნებთან დასაკავშირებლად. მოვილაპარაკეთ ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის „თავისუფალი რეჟიმის“ შემოღების თაობაზე, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებას. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კოლეგა იზიარებს თანამეგობრობის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის იდეას.
ახლა რაც შეეხება ბალტიისპირეთს. მინდა შეგეახსენოთ ალგირდას ბრაზაუსკასის უაღრესად საინტერესო ვიზიტი. ფაქტობრივად, ამით დაიწყო ჩვენი რეალური ურთიერთობა.ასევე მივესალმები ბატონ თომას სავის ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტს აქვს დიდი სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად და ასეთი მოპატიჟებაც მიღებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობა ცოტა დავაგვიანეთ, ჩემი აზრით, აქ პოტენციალი ძალიან დიდია და ახლა იწყება ამ პოტენციალის რეალური ამოქმედება.
ახლა იმ ოთხთა კავშირზე, რომელსაც ხან ოთხთა ალიანსს უწოდებენ და ხან სხვას. პეტრუ ლუჩინსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ეს არ არის ალიანსი, ჩამოყალიბებული კავშირი, ეს არის ამ ოთხი სახელმწიფოს საკონსულტაციო სტრქუტურა, რომელთაც ძალიან ბევრი ინტერესი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. პირველი ასეთი ძალიან საინტერესო შეხვედრა სტრასბურგში გაიმართა. ეს ბატონ ალიევის ინიციატივა იყო და მეც ძალიან აქტიურად დავუჭირე მხარი. მაშინ დოკუმეტიც შევადგინეთ. ახლა მიმდინარეობს შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. კონსულტაციები და ასე შემდეგ, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში სხვა ქვეყნებიც შეუერთდენ ან მთლიანად, ან ცალკეულ საკითხებში იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ.
რადგან ეს თემა წამოიჭრა, მინდა ხაზი გავუსვა ბულგარეთსა და რუმინეთში ჩემი ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ამ ორ კვირაში გაიმართება. ეს ქვეყნები ევრაზიის დერეფნის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთზე საკვანძო ქვეყნებია. ჩვენ წინასწარ ვართ შეთანხმებული ამ ქვეყნების პრეზიდენტებთან, სხვა ხელმძღვანელებთან, რომ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ევრაზიის დერეფნის მშენებლობაში, რომლითაც საარსებოდ არიან დაინტერესებულნი. რუმინეთიცა და ბულგარეთიც სრულიად ახალ ფუნქციას, უფრო ფართომასშტაბიან ფუნქციას იძენენ სხვადასხვა ტვირთის, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დარგში და ეს ბუნებრივია, აძლიერებს მათს ეკონომიკურ პოტენციალს და პოლიტიკურ დანიშნულებასაც.
კიდევ ერთი დეტალი: ამ დღეებში გაიმართება ჩემი ძალიან პასუხსაგები ვიზიტი თურქმენეთში, კერძოდ 5 დეკემბერს. თურქმენეთის პრეზიდენტი ბატონი საფარმურატ ნიაზოვი დიდ ანგარიშს გვიწევს, ეს ჩვენმა მოსახლეობამ შესანიშნავად იცის, გვეხმარება ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ თურქმენეთის ძალიან დიდი ვალი გვაქვს. ჩემი ჩასვლის მიზანი იქნება მადლიერების გამოხატვა. ამჯერადაც ზოგიერთი თხოვნით მინდა წავრდგე იქ და ზოგიერთ საკითხში კვლავ ვთხოვო მხარდაჭერა. კერძოდ, ვგულისხმობ ამ ვალების რესტრუქტურიზაციას, ესე იგი, დაფარვის გადავადებას ისეთი პირობებით, რომ მისაღები იყოს თურქმენეთისთვისაც. ამავე დროს მიდა შეგახსენოთ, რომ ცნობილი სარაქსის ხელშეკრულების დადების ინიციატორი სწორედ თურქმენეთის პრეზიდენტი გახლდათ, მაშინ ოთხეული ვიყავით, ახლა კი იცით, რამდენი ქვეყანა შეუერთდა ამ ხელშეკრულებას. დარწმუნებული ვარ, მათ რიცხვში იქნებიან ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებთანაც მქონდა წინასწარი კონსულტაციები და ჩემი ვიზიტის დროს, ვფიქრობ, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს.
- განვლილ კვირაში მთვარობის სხდომაზე ენერგეტიკოსთა უმაღლეს ეშელონებს რამდენიმე კაცი გამოაკლდა. გამოიწვევს ეს თუ არა შესაბამის ცვლილებებს თავად პროცესში, თავად ენერგეტიკაში?
- მინდა განვმარტო, რომ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, რომლებსაც სხვადასხვა წყარო ადასტურებს, გასული კვირის ბოლოს დედაქალაქსა და საქართველოს ბევრ რაიონში ელექტროენერგიით მომხმარებელთა უზრუნველყოფის თვალსაზრისით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, ჩემთან არსებობს სამსახური, რომელიც თვალს ადევნებს, სად რა ხდება და სათანადო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გვთავაზობს გადაწყვეტილების ვარიანტს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მინდა გავიმეორო ის, რაც ადრე ვთქვი: 1997-98 წლების ზამთრის სეზონი გარდატეხის დასაწყისი უნდა იყოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ამ მიზნით მართლაც ბევრი გაკეთდა საკმაოდ მოკლე დროში. მხედველობაში მაქვს ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებაც. თუმცა ის პირველი შედეგები, რომლებსაც ამ დღეებში მივაღწიეთ და რომლებზეც ახლა ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი ნაბიჯია. არაერთგზის მითქვამს და მთავრობის სხდომაზეც ხაზგასმით აღვნიშნე: 1998 წელს სერიოზულ გაუმჯობესებას რომ მივაღწიოთ, ყველას, მთელი მოსახლეობის ჩათვლით, ძალიან დიდი შრომა გვმართებს: ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ უკეთესად გადავიტანოთ ეს ზამთარი. ვგულისხმობ სათანადო რესურსებს. მაგალითად, დიდი გაჭივრების ფასად, მაგრამ ჩვენ შევძელით თავი მოგვეყარა 25-30 მილიონი ლარისათვის, რომ შევიძინოთ გაზი. მისი შეძენა კი დაუბრკოლებლად შეიძლება, თუკი გვექნება თანხები. ეს, ასე ვთქვათ საწყისი პოზიციაა. ასევე გვაქვს მაზუთის გარკვეული მარაგი, მიმდინარეობს ენგურჰესის გარემონტება-შეკეთება და მთელი რიგი ელექტროსადგურების აღდგენა. გაცილებით უკეთესი ფინანსური და მატერიალური ბაზა გვაქვს, ვიდრე წინა წლებში. ვგულისხმობ სათანადო რესურსებს, ამასთანავე, კიდევ და კიდევ ხაზი უნდა გავუსვა ამას (ქვემოთაც ვიტყვი ორიოდე სიტყვას) რომ ყველაფრის გასაღები იქნება დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. ჩვენ გარკვეულ ძვრებს მივაღწიეთ და მინდა ყველა მოქალაქეს, ვინც მხარში ამოგვიდგა და მხარს გვიჭერს ამ საქმეში, მადლიერების სიტყვით მივმართო. მე რომ ვახსენე თანხა 25-30-40 მილიონი ლარი, რომელიც თბილსრესისთვის გაზის შესაძენად დაგვჭირდება, დღეს ამ თანხებს ვერ მოვაგროვებდით, მოქალაქეთა მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო.
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად განხორციელდება სისტემური გარდაქმნა ენერგეტიკის სფეროში, ანუ დარგის რესტრუქტურიზაცია. სიმძლავრეთა აზრიანი და მიზანშეწონილი პრივატიზება, ჩვენ გაფართოებულ თათბირზე ვთქვით, რომ რაიონული, საქალაქო ენერგოკომპანიების პრივატიზება უნდა დაჩქარდეს, ამას არ უნდა დიდხანს ლოდინი და რაც უფრო ჩქარა განვახორციელებთ, მით უფრო მეტი იქნება ეფექტი და ნაკლები - დანაკარგები.
ენერგეტიკა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ზედმეტი მეურვეობის გარეშე უნდა ფუნქციონირებდეს. სწორი ორგანიზაციის პირობებში იგი უფრო წარმატებით და სასარგებლოდ ამუშავდება.
ყოველვე ეს, რა თქმა უნდა, დღემდეც შეიძლება გაკეთებულიყო, ყოველ შემთხვევაში „საქმის დაძვრას“ მაინც არაფერი უშლიდა ხელს, პირიქით, ყოველმხრივ ვეხმარებოდით ენერგეტიკოსებს და გარკვეულწილად პრივილეგიურ მდგომარეობაში ვაყენებდით დარგს, რაც სრულიად გამართლებულია, ვინაიდან ენერგეტიკა სახალხო მეურნეობისა და ეკონომიკის ხერხემალია, ესე იგი, სახელმწიფოს ხერხემალია.
მთავრობის სხდომაზე მართლა მკაცრი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. დარგის ზოგიერთი ხელმძღვანელი, მათ შორის, ცნობილი, ავტორიტეტიანი ხელმძღვანელები, ვფიქრობ, სამართლიანად დაისაჯნენ. ზოგიერთს შევუნდეთ, რათა გარკვეული მემკვიდრეობაც შეგვენარჩუნებინა, - ამ შემთხვევაში გავითვალისწინეთ ისეთი მომენტები, როგორიც არის წარსული დამსახურება, კვალიფიციურობა, პროფესიონალიზმის დონე და სხვა. ამავე დროს, მე განსაკუთრებით გულწრფელი ვიყავი, როცა მადლიერების სიტყვებით მივმართე ენგურჰესში მომუშავე ადამიანებს, იმათ, ვინც თუნდაც თბილსრესში მუშაობდა, მეცხრე ბლოკის რეაბილიტაციაზე, სხვა ბლოკების აღდგენაზე, და ასე შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებიც ურთულეს პირობებში მუშაობდნენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე და სხვა, ყველა მათგანს სახელმწიფოს მხრივ განსაკუთრებულ პატივისცემას და განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.
მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია შემდგომშიც განვითარდება, ოღონდ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ დარგში არსებობს სტრატეგიული ხასიათის პრობლემები, რომელთა სრულ გადაწყვეტას წლები დასჭირდება. მაგრამ მთავარია მყარი გრაფიკის შენარჩუნება, თანაც ყოვეწლიურად ეს გრაფიკი გაუმჯობესდება, წელს ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგალითად, თბილისში 7-8 საათიან გრაფიკზე და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ და უზრუნველვყოთ ეს. გაისად უკვე, ალბათ, შეიძლება ლაპარაკი 12-საათიან გრაფიკზე და მერე, ბოლოს და ბოლოს, დღის წესრიგში დადგება ელექტროენერგიით სრული უზრუნველყოფა და ის, რაც ხალხს შევპირდით. ამის შესრულება სავსებით შესაძლებელია.
ყველაზე მთავარი და ყველაზე პრიორტეტული ის არის, რომ არ უნდა გაჩერდეს მრეწველობა, ეკონომიკამ უნდა იმუშაოს, მხედველობაში მაქვს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის სფეროები, გადამუშავების სფერო, აგრეთვე სხვა ობიექტები, საიდანაც სახელმწიფო შემოსავალს იღებს. ისინი შეუფერხებლად უნდა მუშაობდნენ. ვგულისხმობ, რომ ისინიც უნდა იხდიდნენ გადასახადს. სახალხო მეურნეობის ელექტროენრეგიით უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. რასაკვირველია, მოსახლეობამაც (იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვიგებს) უნდა გადაიხადოს ქირა. თუ ვინმეს შეღავათი უნდა გაეწიოს, - ვიცი, რომ ბიუჯეტში გვაქვს გარკვეული სახსრები აბსოლუტურად უმწეო ოჯახებისთვის, - ეს თანხები მათთვის უნდა იყოს გათვალისწინებული და იქედან უნდა იფარებოდეს. სხვა შემთხვევაში ვინც არ იხდის ელეტროენერგიის მიწოდებისათვის გარკვეულ თანხას, ბუნებრივია იგი ვერ ისარგებლებს და ვერ გამოიყენებს მას. როგორი ძნელი სათქმელიც უნდა იყოს, მე ეს უნდა ვთქვა: მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ღონისძიებებით მოსახლეობაც შეძლებს ანგარიში გაუწიოს შესაბამის სისტემებს და სახელმწიფოც სათანადოდ დაეხმარება ყველაზე დაუცველ ადამიანებს და უმწეო ოჯახებს.
- გარკვეულ წლებში განსაკუთრებით ტოტალიტარული რეჟიმის დროს, ჩვენს ქვეყნაში სპორტი საერთოდ და განსაკუთრებით ფეხბურთი ჩვენთვის ფაქტობრივად პოლიტიკა იყო. გასულ კვირაში ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციაში საქართველოს წევრობა - ჩვენი დამოუკიდებლობის ერთგვარი სიმბოლო, როგორც იცით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა...
- ძალიან კარგად მესმის პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს და არც ჩაერევა იმ დისკუსიაში, რომელიც მისი კომპეტენციის სფეროში არ შედის და რის უფლებასაც არ ანიჭებს მას კონსტიტუცია. მხედველობაში მაქვს ფედერაცია - დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომლის მუშაობაშიც პრეზიდენტი ძალიანაც რომ მოინდომოს ვერ ჩაერევა. მაგრამ ამ საკითხს, გადაუჭარბებლად ვიტყვი, აქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და არ ვიცი, ფეხბურთის მოყვარულიც რომ არ იყოს, არის თუ არა ვინმე გულგრილი ფეხბურთისადმი, მასზე არ მსჯელობდეს და არ ზრუნავდეს, ქართული ფეხბურთი ჩვენი სიამაყეა, ისევე როგორც ლიტერატურის, ხელოვნების და სპორტის სხვა სფეროები, ქართული ფეხბურთი ჩვენი ხალხის მონაპოვარია და აქ პოზიციების დათმობა, რა თქმა უნდა დაუშვებელია.
ალბათ, საუკეთესო ვარიანტი, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ფედერაციის ყრილობის მოწვევა. ვგულისხმობ იმას, რომ ყრილობაში მონაწილეობას მიიღებდა ყველა დაინტერესებული პირი, მოიძებნებოდა კოლექტიური გამოსავალი. დაე, უფლებამოსილმა ორგანომ იმსჯელოს და მიიღოს სამართლიანი, გონივრული გადაწყვეტილება. რამდენად მიზანშეწონილია, ან იურიდიულად გამართლებულია ამ ყრილობის მოწვევა, ამაზე კონკრეტულად, იურისტები იმსჯელებენ, შეიძლება ნაადრევია, სამწუხაროდ, მე ეს საკითხი შესწავლილი არ მაქვს. რომც შევისწავლო, როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, ამავე დროს ისიც მინდა ვთქვა, რომ ვერც სპორტის დეპარტამენტი ვერ აუვლის გვერდს ამ მოვლენას და გულგრილი ვერ იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, იმის დაშვება, რომ ჩვენ გაგვრიცხავენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციიდან, წარმოუდგენელია. ყველამ - სპორტის დეპარტამენტმა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ, იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისმა წარმომადგენლებმა პარლამენტიდანაც (ალბათ, ეს ურიგო არ იქნებოდა) ერთად უნდა იმსჯელონ და რაღაც გამოსავალი გამოძებნონ.
ჩემდათავად კი, მე ვარ ასეთი წინადადების ინიციატორი: შემუშავდეს (ამაზე უკვე მუშაობენ სპეციალისტები) საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ეს არ იქნება ერთწლიანი, ჩემი წარმოდგენით, იგი იქნება 7-10 წლიანი პროგრამა, და ჩემი მოვალეობა ის არის, რომ ხელი შევუწყო მას, რათა მერე და მერე ამ პროგრამას სათანადო სახელმწიფოებრივი და ფინანსური მხარდაჭერა არა მარტო შევპირდე, არამედ კიდევაც უზრუნველვყო.
- და ბოლო კითხვა. დღეს უზენაეს სასამართლოში ეგრეათ წოდებული „საუკუნის პროცესი“ იწყება. ვგულისხმობ „მხედრიონის“ ლიდერთა, იმ ადამიანთა სასამართლოს, რომლებთაც ტერაქტების ორგანიზებაში ედებათ ბრალი...
- ვერ გეტყვით, როდის იწყება, შეიძლება დღესაც დაიწყო. საზოგადოების ყურადღება ამ პროცესისადმი სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია, ვინაიდან საქმე ეხება ტერორისტულ აქტებს, რომელთაც ბევრი შესანიშნავი მამულიშვილი და ღვაწლმოსილი პიროვნება ემსხვერპლა.
პრეზიდენტი არც გამოძიების პროცესში ჩარეულა და მით უმეტეს, არ ჩარევა, ვერც ჩაერევა სასამართლო განხილვაში. ეს გამორიცხულია. პროცესი უნდა წარიმართოს და, დარწმუნებული ვარ, წარიმართება იურიდიული, სამართლებლივი თუ დემოკრატიული ნორმების დაცვით. ვიმეორებ: გაუმართლებელია ღია სასამართლოზე როგორც ხელისუფლების ასევე საზოგადოების, თუ მისი ნაწილის მხრივ ნებისმიერი ზემოქმედება.
და კიდევ ერთი: მე შედარებით მშვიდად ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგან ჩვენი უზენაესი სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანოა საქართველოში და იგი საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია. მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ უზენაეს სასამართლოზე როგორი წარმოდგენა აქვთ. მან არაერთგზის დაადასტურა თავისი მიუკერძოებლობა, კომპეტენტურობა, იმ უმძიმეს წლებშიც, როცა ქვეყანა ქაოსით და განუკითხაობით იყო მოცული,უზენაესი სასამართლო კანონის შესაბამისად იღებდა უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით განსმჭვალულ გადაწყვეტილბებს ამდენად, მე ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ვერდიქტი ობიექტური იქნება: უდანაშაულოდ არავინ დაისჯება, მაგრამ ვერც დამნაშავეს ასცდება დამსახურებული სასჯელი. ასე სჭირდება ქვეყანას, ამას მოითხოვს კონსტიტუციაც.
საქინფორმი.
„მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ნიშანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონცეპტუალური ღერძი, მასში ორი - სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური პრიორიტეტის შეთავსება იქნება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 დეკემბერი. - №302 (2675). - 1,2 გვ.
![]() |
145 თურქეთში მოქმედებს ედუარდ შევარდნაძის ფონდი „თანადგომა და მეგობრობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძის ფონდის „თანადგომისა და მეგობრობის“ (თურქეთი) პირველი კონფერენციის მონაწილეებს, ფონდის პრეზიდენტს, თურქეთის ავიაციის თადარიგის ქორ-გენერალს ბატონ გუვენ აღაათინს
ძვირფასო მეგობრებო!
მოხარული ვარ მოგესალმოთ „თანადგომისა და მეგობრობის“ ფონდის პირველი კონფერენციის დელეგატებს, გამოვხატო დიდი პატივისცემა და მადლიერება ფონდის დამფუძნებლებისადმი, რომლებმაც ამ წამოწყებით დაადასტურეს თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრული და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავების კეთილშობილური სურვილი.
ფრიად სასიამოვნოა ის, რომ ფონდის პირველი ნაბიჯები უკვე მოწმობს არა მარტო ჩვენი ხალხების მეგობრობის პრინციპებისადმი, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებეულებებისადმი თქვენს ერთგულებას.
დღეს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებით ვითარდება, ამ ნიშან-თვისებებს იძენს ადამიანთა მისწრაფება დემოკრატიისა და ჰუმანიზმის დამკვიდრებისადმი ცხოვრების ყველა სფეროში. შეუძლებელია ამ სწრაფვამ საზოგადოების ფართო ფენების დიდი მხარდაჭერა არ პოვოს თურქეთშიც და საქართველოშიც. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელთა ცდას ასეთი კურსის გატარებისათვის მხარში უდგანან თანამოაზრეთა გაერთიანებები, რომელთა მიზნები და უშუალო საქმიანობა ამ მაღალი იდეალების ხორცშეხმას ემსახურება.
თურქეთში „თანადგომისა და მეგობრობის“ ფონდის დაარსება საქართველოში აღიქვეს როგორც ჩემი სამშობლოს პატივისცემის, მასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისადმი მისწრაფების კიდევ ერთი გამოვლინება, რამაც საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ფონდის საქმიანობა ერთობ წაადგება არა მარტო ჩვენი ქვეყნების წინსვლას, არამედ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის გაღმავებას, ამ რეგიონებში მშვიდობის დამყარების, ხალხთა გულწრფელი მეგობრობის განმტკიცების საშურ საქმეს.
გულითადად გისურვებთ წარმატებებს, თქვენ კეთილშობილ საქმიანობაში, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, დასახული მიზნების განხორციელებას.
პატივისცემით,
ე. შევარდნაძე.
თურქეთში მოქმედებს ედუარდ შევარდნაძის ფონდი „თანადგომა და მეგობრობა“// საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 3 დეკემბერი. - №303 (2676). - გვ. 5.
![]() |
146 თბილისის 47-ე საშუალო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
გულითადად გილოცავთ თქვენი სახელოვანი სკოლის იუბილეს.
ამ სკოლას ბევრი რამ აქვს საამაყო - ისტორია, ტრადიციები და, რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც მის სათავეებთან იდგნენ, ამ კედლებში მოღვაწეობდნენ, აქ აღიზარდნენ.
150 წლის ისტორია მარტო მდიდარ ტრადიციას არ ნიშნავს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რომელსაც ყოველ დროში, ყოველ პოლიტიკურ სისტემაში წარმატებით ართმევდა თავს თბილისის 47-ე საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.
კვლავ წარმატებებს გისურვებთ თქვენს კეთილშობილურ საქმიანობაში.
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისის 47-ე საშუალო სკოლის კოლექტივს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 დეკემბერი. - №307 (2680). - 1 გვ.
![]() |
147 „ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა და, უწინარესად, კონსტიტუცია არის ამის გარანტი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
8 დეკემბრის რადიოინტერვიუ
დღევანდელ რადიოინტერვიუს განვლილი კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე საუბრით დავიწყებ. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქმენეთში. იგი შეიძლება მივიჩნიოთ არა მარტო ერთ ქვეყანაში ვიზიტად, არამდე საქართველოს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაში გადადგმულ ნაბიჯადაც, - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციულირადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ალბათ მიაქცევდით ყურადღებას: ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც მე და ბატონმა ნიაზოვმა მოვაწერეთ ხელი, საგანგებოდ აღინიშნა ცენტრალური აზიიდან ენერგოშემცველთა ტრანსპორტირების ახალ მარშრუტებზე მსჯელობის დაწყების საჭიროება და სარგებლიანობა. ეს დეკლარაციაში ჩაიწერა, აქამდე თურქმენეთის პოზიცია გამოკვეთილი არ იყო. ამ მხრივ თურქმენეთს, ისივე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, უზარმაზარი პოტენციალი აქვს - საკმარისია ითქვას, რომ გაზის მთელი მსოფლიო მარაგის 35-37 პროცენტითურქმენეთის წიაღშია და კასპიის ზღვის მის სექტორზე მოდის.
აშხაბადში ჩვენ, უპირეველეს ყოვლისა, შევთახმდით, რომ კასპიისპირა ქვეყნებს შორის არსებულმა უთანხმოებამ, თუ დროდადრო წარმოქმნილმა გაუგებრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმ დიდი პროექტების განხორციელებას, რომელებზეც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოების კეთილდღეობა და პროგრესია დამოკიდებული. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ აზრს იზიარებენ აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბატონი ჰეიდარ ალიევი და სხვა პრეზიდენტები.
ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონის ქვეყნები ან მათი მეზობელი სახელმწიფოები მიაღწევენ ურთიერთგაგებას სტრატეგიულ საკითხებში, მაშინ ტაქტიკური მნიშვნელობის პრობლემათა გადაწყვეტაც გაიოლდება. ასეთ პრობლემათა რიგს მივაკუთვნებდი საქართველოს დავალიანების საკითხსაც, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ამცირებს ჩვენს პასუხისმგებლობას ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ შესძლო უაღრესად სასარგებლო (ორმხრივად სასარგებლო) კავშირურთიერთობა დაემყარებინა თურქმენეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან. თუქმენეთის პრეზიდენტთან ბატონ საფარმურატ ნიაზოვთან ეს ჩემი მესამე შეხვედრა იყო, თუ არ ჩავთვლით კონტაქტებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე.
აშხაბადში მოლაპარაკების შედეგად კიდევ უფრო განვამტკიცეთ თანამშრომლობის იურიდიული ბაზა. ხელი მოვაწერეთ 8 დოკუმენტს, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, როგორიც არის „შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელს უხსნის ქართველ მეწარმეებს და ბიზნესმენებს ამ ქვეყანასთან თანამშრომლობისათვის. რა თქმა უნდა პრიორიტეტული საკითხი იყო „ტრასეკას“ პროექტი, მთლიანობაში, ევრაზიის დერეფნის იდეა. საუბრისას დადებითად შევაფასეთ სარაქსის ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა. მოგეხსენებათ, „სარაქსი“ ახლა „ტრასეკას“ ერთ-ერთი საკვანძო პროექტი ხდება, რომლის განხორციელებაზე დიდად იქნება დამოკიდებული მთლიანად „ევრაზიის დერეფნის“ „ევრაზიული ხიდის“ იდეის წარმატება.
სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ახლა უკვე ტრიალებს ეს იდეა, განსაკუთრებით ევროკავშირში. ჩვენ და აზერბაიჯანის პრეზიდენტს გვეკუთვნის ინიციატივა, რომ დროა, გაიმართოს იმ ქვეყნების სამიტი, რომლებიც „ევრაზიის დერეფნის“ მშენებლობაში მონაწილეობენ. ბევრი ქვეყანა უკვე დაეთანხმა ამ ინიციატივას. თვითონ ევროკავშირი დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სამიტი ალბათ 14-15 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართება.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს (ვინაიდან ეს ქვეყნის ღირსებას ეხება) რომ დიდი „აბრეშუმის გზის“ აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორი საქართველო იყო. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა ეს იდეა 1993 წელს ბრიუსელის შეხვედრაზე. მაშინ იქნებ მეტისმეტად ოპტიმისტურად და არარეალურადაც კი მოეჩვენა იგი ზოგიერთს, მაგრამ დღეს (სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ) საერთაშორისო ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიაში, წარმოუდგენელიც კი ხდება ამ იდეის, ამ „საუკუნის პროექტების“ გარეშე. ეს იდეა, ეს პრიორიტეტი ნამდვილად ეხმარება საქართველოს, რომ გადაწყვიტოს ზემოთ ხსენებული ტაქტიკური ხასიათის პრობლემები. რაც შეეხება თურქმენეთისადმი ჩვენს დავალიანებას, პრეზიდენტ ნიაზოვთან გულთბილი, კეთილმოსურნე, ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული საუბრის შედეგად მოვილაპარაკეთ, რომ მომავალი წლის დამდეგს დოკუმენტურად გავაფორმებთ შესაბამის შეთანხმებას, მანამდე კი ყველაფერს ვიღონებთ კომპრომისის მისაღწევად. თურქმენეთიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული საქართველოს აღმავლობით, სტაბილურობით, ვინაიდან ამ ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრის (უწინარესა, ბუნებრივი გაზის) მსოფლიო ბაზარზე ტრანსპორტირების ერთ-ერთ მარშრუტად სწორედ სამხრეთ კავკასიაა მიჩნეული. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პერსპექტივა გამოიკვეთა ჩვენი საუბრის დროს.
მჯერა, რომ, რადგან სტრატეგიულ საკითხებში უთანხმოება არა გვაქვს. დავალიანების პრობლემათა განხილვის დროსაც უეჭველად მოიძებნება ურთიერთმისაღები გადაწყვეტილება. ამის გარანტია მივიღეთ.
თურქმენეთი (ისევე, როგორც საქართველო) მზარდი ქვეყანაა. საბედნიეროდ, მან თავიდან აიცილა ნგრევა, სამოქალაქო ომი, ძმათაკვლა და არავის მისცა საშუალება მის ტერიტორიაზე აემოქმედებინა „მართვადი ქაოსის“ დოქტრინა. ამდენად სერიოზული კატაკლიზმების გარეშე გადის გარდამავალ პერიოდს ეს ქვეყანა, რაც საშუალებას აძლევს სრულად გამოიყენოს ბუნებრივი სიმდიდრე, ეკონომიკური პოტენციალი. ძნელი მისახვედრი არ არის, ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური და დემოკრატიული პოტენციალის გათვალისწინებით, რამდენად მეტს მივაღწევდით, ასევე გონივრულად რომ გვემოქმედა თავის დროზე, - ეს არაერთგზის მითქვამს, მაგრამ, კვალავაც ვიმეორებ, რათა არასოდეს დავივიწყოთ მწარე გაკვეთილი - საკუთარ შეცდომებზეც ვისწავლოთ და სხვის წარმატეტებზეც. ამაში სათაკილო არაფერია.
- გასულ კვირაში ძალიან გამწვავდა ვითარება ლარსში საქართველო-რუსეთის საზღვარზე. დაპირისპრებამ კულმინაციას გუშინწინ მიაღწია. გარკვეულმა ძალებმა ისიც კი სცადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თითქოს საქართველო მათთვის ახლი ტერიტორიის წართმევას აპირებს, თუ რაღაც ამგვარი. სიტუაცია მეტად დაძაბულია. დღეს ბატონ სეროვის ვიზიტის დროსაც იქნება ამ თემაზე საუბარი?
- ამ საკითხს ცოტა დაწვრილებით უნდა შევეხო. სახელმწიფოთა შორის საზღვართმოწყობისას წარმოშობილ პრობლემათა გადასაწყვეტად არსებობს საერთაშორისო ნორმები და ცივილიზებული მეთოდები. ეს უკვე დამკვიდრებულია დღევანდელ მსოფლიოში, გარდა გარკვეული გამონაკლისისა. სწორედ ამ ნორმებისა და მეთოდების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს სასაზღვრო პრობლემა რუსეთსა და საქართველოს შორის.
საერთაშორისო ეტიკეტის თანახმად, მსგავსი პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, ან მსგავსი გართულების თავიდან ასცილებლად, იქმნება ორმხრივი კომისია, რომელიც მშვიდად, მოვლენათა ზედმეტი ფორსირების გარეშე, არგუმენტირებულად მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას. ასეთი ორგანო რუსეთის მხარესთან ერთად შევქმენით კიდეც რამდენიმე წლის წინათ. მას ოფიციალურად ეწოდება „რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივი კომისია“ ყველა სადავო საკითხი (სადავო კი ნამდვილად იქნება, ალბათ, ასეთ დროს) უნდა მოგვარებულიყო მოლაპარაკების მაგიდასთან, მშვიდ ვითარებაში, კეთილმეზობლობის პრინციპის უზენაესობის გათვალისწინებით.
სამწუხაროდ მოვლენები ასე არ განვითარდა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში გამონაკლისი აღმოჩნდა - წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის, არავითარი გაუგებრობა არ გვაქვს თურქეთთან, შავი ზღვის აუზის სხვა სახელმწიფოებთან.
ბოლო დრომდე საკმაოდ შედეგიანად მიმდინარეობდა მოლაპარაკება რუსეთთანაც. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო დროებით შეწყდა, ჩვენ მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ დაუყოვნებლივ განვაახლოთ მოლაპარაკებების პროცესი.
ის, რაც დარიალის ხეობაში მოხდა, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ელემენტარულ პრინციპებს. სადავო ტერიტორიათა შესახებ მოლაპარაკება წლობით, ხანდახან ათწლეულობით გრძელდება. თვითონ რუსეთი ამის მაგალითია. ჩინეთთან საზღვრის შესახებ მოლაპარაკება, მაგალითად, რამდენიმე ათეული წელიწადია მიმდინარეობს. სადავო ტერიტორიებია იაპონიასთან კურილიის კუნძულები და სხვა. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგრამ ეს არცერთ მხარეს არ აძლევს საბაბს, მხოლოდ მისი შეხედულებისამბერ, ფაქტობრივად, უხეში ძალით გადაწყვიტოს ესა თუ ის პრობლემა.
რუსეთის მესაზღვრეებმა, ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მათთვის ეს ჩვეული მეთოდია. სწორედ ეს ჩვეული მეთოდი გამოიყენეს, - ყოველგვარი შეთანმხების, მოლაპარაკების, თუნდაც წინასწარი შეტყობინების გარეშე დაიკავეს ნეიტრალურად მიჩნეული ტერიტორია (ჩვენ აქამდე ასე მიგვაჩნდა, ორივე მხარეს ერჩია ასეთნაირად ყოფილიყო აღიარებული - ეს დაახლოებით კილომეტრნახევარია), რომლის მითვისების, წაგლეჯის უფლება მათ არ ჰქონდათ. მით უმეტეს, სასაზღვრო საკითხებზე მოლაპარაკების მიმდინარეობის ფონზე.
როგორც ჩანს აქ მარტივი ანგარიშია - დაგვაყენონ ფაქტის წინაშე და შემდეგ განაახლონ მოლაპარაკება უკვე ახალი რეალობის გათვალიწინებით, მათთვის სასურველ ფონზე. თუმცა ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო შორს გამიზნულ ინტრიგასთან - მხედველობაში მყავს ცალკეული მოღვაწეები, ან უფრო სწორად, მესაზღვრეთა ხელმძღვანელები - ზოგიერთები ცდილობენ ერთმანეთს წაჰკიდონ საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა, რაც არ მოხდება, - ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ დაიძაბება. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი ანგარიში აქვთ - ახალ კონფლიქტში ჩათრევა სურთ იმათ, ვინც მოაწყო ამ ინციდენტის ინიცირება.
ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს თითქმის მეკობრული აქტი რუსეთის მთავრობის, მით უმეტეს, რუსეთის პრეზიდენტის თანხმობით, ან მითითებით განხორციელდა. ამიტომაც მივმართე რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს სპეციალური წერილით - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აღადგინოს სტატუს-კვო, ანუ დააბრუნოს საკონტროლო გამშვები პუნქტი ტრადიციულ პოზიციაზე და დაუყოვნებლივ განვაახლოთ ორმხივი სადელიმიტაციო - სადემარკაციო კომისიის მუშაობა.
დარწმუნებული ვარ, ფაქტებისა და არგუმენტების საფუძველზე, მოიძებნება გონივრული, ორი მეგობარი ქვეყნისთვის მისაღები გადაწყვეტილება.
არაერთგზის მთქვამს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, ორმხრივი კეთილმოსურნეობის თვალსაზრისით არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემა, სტრატეგიული ხასიათის წინააღმდეგობა. შესაბამისი სამართლებლივი ბაზაც შექმნეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა. მინდა მჯეროდეს, რომ ორივე ვუერთგლებთ ჩვენს სიტყვას და ჩვენს შეთანხმებას. რომელსაც საარსებო მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის.
რაც შეეხება ახალგაზრდების აქციას, გასაკვირი იქნებოდა, საქართველოს ახალგაზრდობას მწვავე რეაგირება რომ არ მოეხდინა შექმნილ ვითარებაზე. ვის აქვს უფლება, აუკრძალოს
მოქალაქეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, გამოთქვან თავიანთი გულისწყრომა უსამართლობის წინააღმდეგ - ქვეყნის შიგნით გამოვლინდება ეს უსამართლობა, თუ უცხო ქვეყნის, სხვა ქვეყნის მხრიდან.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს თბილისს ესტუმრება რუსეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია ვიცე-პრემიერის ვალერი სეროვის ხელმძღვანელობით. ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ეს საკითხი იქნება განხილული. იქ მთელი გამაა პრობლემებისა და საკითხებისა, რომლებიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დაგროვდა. განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხთა სფერო უაღრესად ფართოა და მარავალფეროვანი. მჯერა, რომ შედეგიანი და სასარგებლო იქნება ვიზიტი ბატონ სეროვისა რომელსაც დიდი დელეგაცია ახლავს.
ახლა, რახან რუსეთის თემას შევეხეთ, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენმა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანა რუსეთის ტკივილი მეშახტეთა დაღუპვისა და ირკუტსკში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.
ჩემი ხალხის სახელით გამოვთქვამ ღრმა სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, უწინარეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, თანაგრძნობას ვუცხადებ რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს.
- მე-20 საუკუნის მიწურულს ადამიანის უფლებათა დაცვა ყველაზე აქტუალურ თემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსათვის. 10 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მორიგი წლისთავი აღინიშნება. გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა სპეციალური წერილით მოგმართათ და გთხოვათ მხარი დაუჭიროთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევას ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი გლობალური სისტემის შესაქმნელად....
- 10 დეკემბერი მოახლოვდა, და ალბათ, უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა და უწინარესად, კონსტიტუცია არის ამის გარანტი და ადამიანის უფლებათა დაცვის თავები და შემდეგ - მთელი გამა კანონებისა.
ჩემი აზრით, აქ იმდენად დეკლარირებას არ უნდა ექცეოდეს ყურადღება, რამდენადაც ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, საყოველთაოდ ცნობილია, რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და როგორ აღიქმებოდა საქართველო მსოფლიოში - იმავე უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიუხედავად ამისა, ორი-სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია და ამის დაუნახაობა შეუძლებელია. კვლავ და კვლავ ხელისუფლების განცხადებებს როდი ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს იურიდიული ბაზა, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პარლამენტთან თანამშრომლობით, ახალი დემოკრატიული ინსტიტუტები, ისეთი როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველი და სხვა მრავალი, პრაქტიკული ღონისძიებანი, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს. სხვათა შორის გენერალურმა მდივანმა შემთხვევით არ გამოგზავნა ჩემს სახელზე წერილი და ალბათ, ეს, გარკვეული აზრით, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ აღიარებული ვართ როგორც სახელმწიფო, რომლისთვისაც ადამიანის უფლებათა პრობლემა და კანონები ამ სფეროში უზენაესობის კატეგორიას განეკუთვნება.
იქმნება სახელმწიფოებრივი სისტემა, თვისებრივად ახალი სისტემა, რათა ადამიანი, პიროვნება, ყოველი მოქალაქე დაცული იყოს. ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის თავისუფლება ვერ განხორციელდება სხვა ადამიანის თავისუფლების ხარჯზე. საყოველთაოდ აღიარებული თეზისია: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. ეს პრინციპი ხაზს უსვამს, აგრეთვე, პიროვნების პასუხისმგებლობას მთლიანად დემოკრატიული საზოგადოების მიმართ. ამ პასუხისმგებლობამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცავი მექანიზმების შექმნაც.
საქართველოში ამ თვალსაზრისით, გარკვეულ წარმატებათა მიუხედავად, კვლავაც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში მაინც ხშირია ადამიანის უფლებათა ხელყოფის შემთხვევები. წარსული, ტოტალიტარული სისტემის ამ რეციდივებს არ შევურგიდებით, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვა, მხოლოდ დეკლარირება. საჭიროა განვაგრძოთ ურთულესი ინსტიტუციური რეფორმა მთლიანად სახელმწიფოებრივ სტრქტურებში, რათა შეიქმნას თვისებრივად ახალი სისტემა, რომლის შინაარსი ადამიანის უფლებათა უზრუნველსაყოფად მიღებულ კანონთა უეჭველი და უპირობო დაცვა იქნება. შეგახსენებთ ამ ბოლო დროს მიღებულ კანონს სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც ერთი ასეთი საკვანძო საკითხი გახლავთ.
პირადად მე, როდესაც ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ამ თემის კლასიკურ გაგებას - ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. ეს არის უკვდავი, კლასიკური ფორმულა. მაგრამ იგი როდი გულისხმობს ადამიანის სხვა უფლებების, მათ შორის, სოციალური უფლებების უგულებელყოფას. უფრო მეტიც, ამ სფეროში კლასიკური პრინციპების დაცვა უეჭველად განაპირობებს სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასაც.
საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები შეძლებისდაგვარად, სახელმწიფოს შესაძლებლობების ფარგლებში დაცული იყოს სოციალური თვალსაზრისით - ჩვენ ვქმნით სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკას. ეკონომიკის მათ შორის, მრეწველობის ზრდის ტემპი 10-12 პროცენტია, შევინარჩუნეთ ინფლაციის დაბალი დონე, მავანის არცთუ კეთილმოსურნე ქილიკის მიუხედავად, 1995 წლიდან დღემდე საქართველოში ასიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მომსახურების სფეროში. გაისად ჩვენ საბოლოოდ უნდა დავადგინოთ, სტატისტიკამ უნდა მოგვცეს სამუშაო ადგილების რაოდენობისა და უმუშევართა ზუსტი ციფრიც.
მაგრამ არასდროს დავეთანხმებით იმას, რომ ადამიანის სოციალურ უფლებათა დასაცავად მისივე პიროვნული უფლებების ხელყოფაა საჭირო. ისტორიამ დაადასტურა ამგვარი მიდგომის მანკიერება, ამიტომაც მიგვაჩნია უბერებლად ეს დიადი ფორმულა, რომელსაც არ სჭირდება კორექტირება და დამატება - სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა.
- ადამიანის ერთ-ერთი უფლება - მისი თავისუფლება განისაზღვრება სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობით, რომლის სრულყოფის გზაზე საქართველომ და მისმა პარლამენტმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ამ ბოლო პერიოდში გაისმის ხმები, რომ აუცილებელია „ლუსტრაციის კანონის“ მიღება. როგორ ფიქრობთ, რამდენად ნორმალური იქნება ეს დღეს და რა მოვლენებს გამოიწვევს ამ კანონის მიღება ან მიუღებლობა?
- თვით კანონზე მოგახსენებთ, მისი მიღება კი პარლამენტის პრეროგატივაა. ჯერჯერობით კანონთან დაკავშირებით არ მაქვს ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია, მაგრამ ამ თემაზე პრინციპში ერთხელ უკვე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ზოგადად და საკმაოდ მწვავედაც. ვგულისხმობ წინა პარლამენტს, სადაც, აგრეთვე მიმდინარეობდა დისკუსია აგენტურის გამოვლენის, ხელისუფლების სტრუქტურებისგან მისი ჩამოშორების, ამ სიების გამოქვეყნების თაობაზე და ასე შემდეგ.
ამთავითვე ვიტყვი, რომ ეს წინადადება სავსებით ლოგიკურად და მართებულად მიმაჩნია - წარმოუდგენელია ქვეყანა შეეგუოს სპეცსამსახურების აგენტების მუშაობას სახელმწიფო სისტემის რომელიმე რგოლში. მაგრამ გააჩნია, რას ვიგულისხმებთ ამა თუ იმ ცნებაში.
მე მქონდა საშუალება, თავის დროზე, მრავალი წლის წინათ შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში გავცნობოდი ზოგიერთ მასალას, მათ შორის, 37 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.
უნდა მოგახსენოთ, რომ იმან, რაც ვნახე და გავიგე, რაც წავკითხე, ჩემზე შემაძრწუნებული შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინაც და ახლაც იმ მასალების გამოქვეყნების წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. არ დავაკონკრეტებ, რატომ - გამგები მიხვდება და გაიგებს. იმდენი დასმენა და ხელმოწერაა, რომ შეიძლება ადამიანს საკუთარი თავი შეგძულდეს.
70 წლის განმავლობაში ათასობით და ათიათასობით ადამიანი იძულებული იყო ეთანამშრომლა სპეცსამსახურებთან ამა თუ იმ ფორმით. ეს ჩვენი ტრაგიკული ისტორიის უმძიმესი, უსაშინლესი მემკვიდრეობაა. ამ მონაცემების გამოქვეყნება დაუშვებელია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე. ხოლო თუ მაინც მოხდა (პარლამენტის გადაწყვეტილებას, აბა, ვინ შეეწინაღმდეგება) ეს გამოიწვევს ურთიერთსიძლუვლილის, შეურიგებლობის, დაპირისპირების ახალ აფეთქებას საქართველოში. ეს ერთი და ორი ადამიანი, ან ათი, ასი და ათასი ოჯახი როდია.
კვლავ გაიხსნება ჭრილობა, რომლის მოშუშება სულ ახლახანს დაიწყო კვლავ გაიხლიჩება საზოგადოება და ახლი ძალა მიეცემა წარსულის წყენას, შურისძიებას.
გაცილებით ზნეობრივად მიმაჩნია, იმ ადამიანთა მოსაზრება, რომელთა აზრით, თუ საქმე არა გვაქვს (ასე ვთქვათ) მოქმედ მოხელეებთან, იქნებ არც ღირდეს უდიდესი ტკვივილი მივაყენოთ მათი ოჯახის წევრებს, შვილებსა და შვილიშვილებს. ხოლო, თუ საქმე მოქმედ მოხეელებთან გვაქვს, მაშინ ეს ძალიან უბრალოდ უნდა გადაწყდეს, ისე, როგორც ქვემოდ ვიტყვი ამას.
ამავე დროს, რა თქმა უნდა, აუცილებელია ამგვარი მექანიზმის შექმნა, რომელიც ამჟამად მოქმედ მოხელეთა შორის გამოავლენს დამსმენებს, სპეცსამსახურების აგენტებს, რათა არაფერი ავნონ სახელმწიფო ინტერესებს.
ოღონდ აქაც საჭიროა დელიკატურობა - შევახსენებ ყველას, რა დიდსულოვნად მოიქცა ჩეხეთის პრეზიდენტი ბატონი ვაცლავ ჰაველი (მე იგი ჩვენი დროის ზნეობრივ გმირად მიმაჩნია) ჩეხეთშიც მიიღეს შესაბამისი კანონი, მაგრამ მისი განხორციელების ისეთის მექანიზმი მოიფიქრეს, რომელიც გამორიცხავდა მასობრივი ფსიქოზის პროვოცირებას, საშუალებას აძლევდა ყველას, თავად მიეღო გადაწყვეტილება და საკუთარი ნებით წასულიყო სახელმწიფო სამსახურიდან ეს სავსებით შესაძლებელია.
რაც შეეხება ცალკეულ ბრალდებებს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მათ სათანადო ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი. გუშინ უკვე გამოქვეყნდა უშიშროების სამინისტროს პრესცენტრის ერთი ასეთი ცნობა.
ჩემი მხრივ, მხოლოდ ერთს დავსძენ - რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო კანცელარიასთან თუ პრეზიდენტის აპარატში მუშაობის დაწყებამდე ყველა პიროვნება გადის გარკვეულ შემოწმებას, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითს საფუძველზე, ვინაიდან ვერანაირი სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ მოგვცემს უფლებას, ვერ გვაიძულებს დავარღვიოთ ადამიანის უფლებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია - შევლახოთ მისი ღირსება.
ამდენად, ეს ძალიან რთული საკითხია, ფაქიზი თემაა, რომელსაც ასევე ფაქიზი მიდგომა სჭირდება. დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება გაითვალიწინებს წარსულის გაკვეთილებს და გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყანაში თანხმობის შენარჩნების იმპერატიული აუცილებლობის საფუძველზე...
- ეხლა რაც შეეხება განვლილ ეკონომიკურ კვირას. გარდა თურქმენეთში ვიზიტისა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა, მათ შორის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ და სხვა, გასულ კვირას პრეზიდენტთან არსებული, უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე ასევე მნიშვნელოვანი წინადადება გამოიკვეთა...
- ეს საბჭო თანდათანობით იღებს ძალიან საინტერესო ფორმას, ესე იგი, მთელი ინვესტიციების დიდი ნაკადები ექცევა საკმაოდ ფართო წარმომადგენლობითი ორგანოს მხედველობის არეში და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ბევრი რამ უსიამოვნო გამოვრიცხოთ.
ყველა იმ ქვეყნის გამოცდილება, როლებმაც სწრაფად ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში დააღწიეს თავი ეკონომიკურ კრიზისს, თვალნათლივ ადასტურებს და გვიკარნახებს, რომ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ოდენობების მოზიდვის გარეშე ეკონომიკის აღორძინება სერიოზულ პრობლემებს წააწყდება. ამდენად, ინვესტიციები წარმატების აუცილებელი პირობაა, მაგრამ შეუძლებელია ლაპარაკი (რეალურად და არა როგორც იტყვიან ხოლმე ჰაერზე) მნიშვნელოვან ინვესტიციებზე. თუ არ აღმოიფხვრა კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურაში (ამას განსაკუთრებით აღვნიშნავ და ამიტომაც შეიქმნა ეს საკოორდინაციო საბჭო. თუ კორუფციას არ მოეღო ბოლო და არ „დასამარდა“ საბოლოოდ და სამუდამოდ).
სწორედ ამ საკითხის განხილვას მიეძღვნა მეტწილად საინვესტიციო საბჭოს ბოლო სხდომა. ლაპარაკი ზედმეტია „დიდ ქართულ ბიზნესზე“ თუ არ მივიღეთ საგანგებო ზომები კორუფციის წინააღმდეგ, თუ არ ამოვშანთეთ, მე ასე ვიტყოდი, ეს ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენი ახალშობილი საბაზო ეკონომიკის ჯანსაღი სხეულიდან.
ვაპირებ მომავალ წელს საზოგადოებას შევთავაზო დაკონკრეტებული წინადადებები ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა და ალბათ, გაისად გარკვეული ფორმის და გარკვეული მეთოდების სახე უნდა მიიღოს..
ბუნებრივია, როგორც უნდა იყოს ჩვენი ემოციური დამოკიდებულება კორუფციის საშინელი მანკის მიმართ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ რეპრესიული ზომებით ვერაფერს გავხდებით. უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც - კორუფცია ხომ ქართული ეროვნული მოვლენა არ არის - იგი ბევრ, საკმაოდ ცივილიზებულ, განვითარებულ სახელმწიფოებსაც ღრღნის. თუმცა არც დაყოვნება შეიძლება სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს გადამწყვეტი ღონისძიებანი, სანამ სიმსივნის მეტასტაზები სრულიად დაეუფლება ორგანიზმს და ამასთან დაკავშირებით მინდა მხარი დავუჭირო იმ უაღრესად საინტერესო ღონისძიებებს, ახალმა ფინანსთა მინისტრმა რომ წამოიწყო და სხვათა შორის, მისი ეს პირველი ნაბიჯები დაეტყო სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ შემოსავალს. ძალიან ბევრი რამ გამოირკვა ისეთი, რაც, ასე ვთქვათ, ფარდის მიღმა ხდებოდა. სწორედ ისეთ ობიექტებს მიაგნო. რომელებიც კონტროლირებადი არ იყო.
აქვე მინდა შევეხო ერთ საყურადღებო საკითხს. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ალბათ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ყველას გასაგონად. არ არსებობს სხვადასხვა ფორმის კორუფცია: შეფარული კორუფცია, ქუდი, სახურავი, ზოგიერთები „კრიშას“ უწოდებენ და სხვა ათასი უბედურება.
ვისაც უნდა ეხებოდეს ეს ყველას გასაგონად ვამბობ, იქნება იგი მინისტრი, დეპუტატი, ნათესავი, ახლობელი, თუნდაც ოჯახის წევრი, - ერთნაირად დაუნდობელი უნდა ვიყოთ ყველას მიმართ, როცა კორუფციას ეხება საქმე, ამავე დროს, მინდა დავაზუსტო, ნურავინ ისპეკულანტებს ამ თემით.
ბიზნესმენობას ვერავის დავუშლი, პატიოსანი საქმის კეთებაში ხელს ვერვის შევუშლი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში! ვინც უნდა იყოს კანონი ყველასათვის ერთია და ასეთ შემთხვევებში შესაბამისმა ორგანოებმა მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ.
ერთადერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს დეკლარირება, იმის აღრიცხვა რასაც აკეთებ, რეგისტრაციაში გატარება და ასე შემდეგ. ეს აუცილებელი მოვალეობაა და შემდეგ მოვალეობაა ბიუჯეტის მიმართ - გადასახადების სრული და დროული გადახდა. ვინც დროულად იხდის გადასახადს და თავის ბიზნესსაც წარმატებით ეწევა, ასეთ ხალხს ჩვენ ორდენები და მედლები უნდა მივცეთ. უნდა წავახალისოდ ასეთი ადამიანები, რამდენადაც ეს სახელმწიფოს ძლიერების წყარო ხდება. გადასახადის დამალვა უბედურებაა. წუხელ მქონდა შეხვედრა ბატონ ჭკუასელთან და მისი მოსაზრებით, უფრო უნდა გამკაცრდეს ახალმიღებული კანონი გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით. ვინც გადასახადს მალავს, იგი ღალატობს სამშობლოს, ფაქტობრივად ეს ასეა, ღალატობს ქვეყანას, ძლიერების საფუძველს აცლის მას. თუ ეს პირობა დაცულია, თუ პატიოსან ბიზნესს ეწევა, თუ გადასახადებს იხდის, კანონის ფარგლებში მოქმედებს, თუნდაც ეს იყვნენ უახლოესი ადამიანები, გინდაც თანამოაზრენი, ან სხვები, ყველას სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ამას წინათ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე სწორედ ეს აზრი გამოვთქვი. მაგრამ ნებადართული კონტროლი ყველას მიმართ უნდა იყოს თანაბარი და არავის მიმართ შეღავათი არ უნდა ვრცელდებოდეს. შეღავათი რომელიც არ არის დაკანონებული სახელმწიფოს მიერ.
საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ, აგრეთვე, კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები. ეს, ალბათ, საინტერესოა რადიომსმენელისათვის:
- გათვალისწინებულია ევროკავშირის ტექნიკური დახმარება ეკონომიკური თანამშრომლობის, კონკურენციის, სავაჭრო პოლიტიკის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღებისათვის. რაც შეესატყვისება ევროკავშირის კანონმდებლობას. ეს პროგრამა განხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკსა და სამართლებლივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით. რომლის მიზანია დამოუკიდებელი პროექტების განხორციელების კოორდინაცია. სხვათა შორის, ეს პროექტი, ძალიან ძვირი ჯდება და როგორც აღვნიშნე, აფინანსებს ევროკავშირი.
- საბჭოს სხდომაზე განხილულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის სამი ძალიან საინტერესო პროექტი.
„საქართველოს პარლამენტის დახმარების“, ესე იგი, საქართველოს პარლამენტის მუშაობა ძირითადად მხედველობაშია მთელი მისი აპარატი, როგორც იტყვიან, საშინაო ტექნოლოგიის აწყობა, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების“ (იქ სწორედ ეს არის ნაგულისხმევი - კავშირურთიერთობის დამყარების საშუალებები) და „სახელმწიფოს მართვის სისტემის სრულყოფა - დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის“ პროექტების დასრულება, რომელთა განხორციელებაც ამჟამად წარმატებით მიმდინარეობს.
- განხილულია მსოფლიო ბანკის „სოციალური ინვესტიციების ფონდის პროექტი, რომლის მიზანია მცირე ზომის სოციალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, იგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საქმიანი ინიციატივისა და შემოსავლის ზრდას, დეცენტრალიზაციის პროცესების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მინდა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ საინვესტიციო საბჭოში და ზოგიერთ სხვა ინსტიტუტებში იყოს, როგორც ახლა ამბობენ გამჭვირვალე, ყველასათვის ნათელი და დასანახი. პროექტის ღირებულება ადრე გათვალისწინებული 14 მილიონი დოლარის ნაცვლად, მსოფლიო ბანკის შემფასებელი მისიის წინადადებით, შესაძლებელია 20 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. პროექტის განხორციელების პერიოდია 1998-2001 წლები. ყოველწლიურად დაგეგმილია 100 პროექტის, წარმოიდგინეთ, 100 პროექტის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფა. პროექტს ახორციელებს შარშან პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საქართველოს სოციალრი ინვესტიციების ფონდი. რომლის მუშაობა ისეთივე გამჭვირვალე უნდა გახდეს, როგორც ჩვენ საინვესტიციო ფონდზე ვლაპარაკობთ.
- მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანადის ფირმა „კანარგოს“, რომელიც ნინოწმინდის ნავთობის პროექტის ძირითადი ინვესტორი და აქციონერია, გადაეცეს ეგრეთ წოდებული „შეუსწავლელი პერსპექტივის ტერიტორიების“, კერძოდ, „ნაზვრევის“ საძიებო ფართობები. აგრეთვე, ფართობები თეთრიწყაროს, ბოლნისის, მარნეულის რაიონებში. ფირმას სურს გაზარდოს საქართველოში ინვესტიციების მოცულობა. უნდა გითხრათ ისიც, რომ ეს ისეთი ფირმაა, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე სტაბილურად თანამშრომლობს საქართველოსთან ნავთობძიებისა და ნავთობის მოპოვების საქმეში.
- საბჭოს სხდომაზე განხილულია ეგრეთ წოდებული „მწვანე ბაზრის“ საკითხი. ალბათ ამ დღეებში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით „ჩაის“ პროექტის განხორციელებისთვის სტრატეგიული პარტნიორების გამოძებნის პრობლემებთან დაკავშირებით. ესე, იგი აქ გამოჩნდა რეალური პერსპექტივა და იქნებ მომავალი წლისათვის ჩვენ ჩაის გადარჩენის პროგრამა სერიოზულად ჩამოვაყალიბოთ. მით უმეტეს, რომ პარლამენტმა გამოთქვა აზრი ბიუჯეტში მეჩაიეობის რეაბილიტაციისთვის გარკვეული სუბსიდიების გათვალისწინების თაობაზე.
- და ბოლო კითხვა. გასულ კვირას ევროპის რეგიონების გენერალური ასამბლეის სხდომაზე აჭარა რეგიონების ასამბლეის წევრად მიიღეს...
- თავის დროზე მე ამის შესახებ ასლან აბაშიძემ დამირეკა და მითხრა, რომ არის ასეთი პერსპექტივა. გუშინ მივიღე საფრანგეთში საქართველოს ელჩის ბატონ გოჩა ჩოგოვაძის ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის წლის 4 დეკემბერს გაიმართა ევროპის რეგიონების გენერალური ასამბლეის სხდომა.
ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროპის 250-ზე მეტი რეგიონის წარმომადგენლები. რომლებმაც აჭარა ერთსულოვნად მიიღეს რეგიონის ასამბლეის წევრად. ვულოცავ აჭარას ასეთ აღიარებას, და ამავე დროს ვისურვებდი, რომ მის მაგალითს საქართველოს სხვა რეგიონებმაც მიბაძონ, რადგან იქ ზოგიერთი ქვეყნიდან 10-15-20 რეგიონია ხოლმე წარმოდგენილი და ძალიან სასარგებლო საქმიანობასაც ეწევიან.
ეს უდავოდ საჭიროა, რადგან ევროპის რეგიონული ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონთა შორის კოოპერაციის განვითარებას სახელმწიფოთა კონსტიტუციებისა და ხელშეკრულებების პატივისცემის პრინციპებზე. ასეთი მიდგომა ყველა ქვეყნისათვის, ყველა სახელმწიფოსთვის მისაღები და დასაფასებელია.
საქინფორმი.
„ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა და, უწინარესად, კონსტიტუცია არის ამის გარანტი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 დეკემბერი. - №308 (2681). - 1,2 გვ.
![]() |
148 ევროპისკენ გაჭრილი სარკმელი |
▲ზევით დაბრუნება |
თვითმფრინავში გამართულ ბლიცინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა:
- თქვენ, - თქვა მან, - ყველა მოწმე ხართ, ამიტომ მოკლე კომენტარებით შემოვიფარგლები. ეს არ იყო პირველი შეხვედრა რუმინეთის სახელმწიფოს ლიდერთნ, ნიადაგი ამ ვიზიტის განხორციელებისათვის მომწიფებული იყო.
იმ დოკუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, (ვფიქრობ, ისინი საკმაოდ დატვირთული, ღრმა შინაარსის დაკუმენტებია), შეიძლება ვთქვათ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობისათვის, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობისათვის, მწვანე შუქი აინთო.
თუ ამას დავუმატებთ ჩვენს პრინციპულ შეთანხმებას, რომ ბატონი კონსტანტინესკუ ჩამოვა საქართველოში, როგორც შევთანხმდით, გაზაფხულზე, და მაშინ ხელს მოვაწერთ (ვფიქრობ, უკვე მზად ვიქნებით) ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს უკვე იქნება მთელი კომპლექსი, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას გვანიჭებს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობისათვის განვითარებისათვის. იქამდე კი გასავლელია ორი მნიშვნელოვანი ეტაპი - ორმაგი დაბეგვრისა და ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებების დადება.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა დეკლარაცია თანამშრომლობის განვითარების შესახებ საქართველოსა და რუმინეთს შორის, დეტალებზე არ შევჩერდები, რადგან პრესაში გამოქვეყნდება; მთავარი კი ის არის, რომ ორი ქვეყნის ყველა ძირითადი სტრატეგიული მიზანი ერთმანეთს ემთხვევა. ეს კარგად არის ასახული ამ დოკუმენტში. განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია, ვფიქრობ, ჩვენი შეხედულებები ტრასეკას პროექტზე - „აბრეშუმის დიდი გზის“ აღდგენა-განვითარებაში ორი ქვეყნის მონაწილეობისა და ადგილის შესახებ. ორივე სახელმწიფოს ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, და რაც უფრო მეტია ვიზიტები და შეხვედრები, მით უფრო მეტად იკვეთება საქართველოს, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის ადგილი ტრასეკას პროექტის განხორციელებაში.
ასევე არის რუმინეთიც, თუ მეტად არა. რუმინეთის, ბულგარეთის გარეშე ევროპის ქვეყნების მუდმივი ეკონომიკური ურთიერთობა, გადაზიდვათა განვითარება, ნავთობსადენების მნიშვნელობა და ბევრი სხვა რამ წარმოუდგენელია. რუმინეთი ამ მხრივ განსაკუთრებული ქვეყანაა - დუნაის თითქმის ნახევარი - 47 პროცენტი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებთან საზღვაო ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი არტერია სწორედ რუმინეთშია მოქცეული.
ჩვენ საფუძვლიანად მოვილაპარაკეთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის განვითარდება ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა ხელშეკრულებები კონსტანცასა და ფოთს შორის - და ეს პირველი ეტაპია ხელშეკრულებათა მომზადებისა და რეალიზაციის გზაზე. პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ორი ქვეყანა იმუშავებს უფრო ხანგრძლივი, ხუთ-ათწლიანი პროგრამის მომზადებაზე ამ ნავსადგურების პოტენციალის სათანადოდ ჩართვით.
კონსტანცა ერთ-ერთი უდიდესი საკვანძო ნავსადგურია შავ ზღვაზე, დღეს მისი სიმძლავრე ოთხმოც მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს. მთლიანად არ არის დატვირთული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი სიმძლავრეები შესაბამისად გავზარდოთ როგორც ბათუმში, ასევე, ფოთში.
მოვილაპარაკეთ იმაზეც, რომ საზღვაო ნაოსნობა გამოყენებული იქნება სარკინიგზო ბორნების განვითარებისათვის. ასეთი პროექტები პრინციპულად შეთანხმებულია. ახლა საჭიროა ინვესტორის მოძებნა, და რამდენადაც ამ სფეროში ძალიან სწრაფად ანაზღაურდება დანახარჯები, ვფიქრობ, ინვესტორის მონახვა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. თქვენ იცით, როგორც კი გაჩნდა იდეა ფოთსა და ილიჩოვსკს შორის სარკინიგზო საბორნე გადაზიდვების თაობაზე, ერთი თვის განმავლობაში ევროკავშირმა ამ პროექტის დაფინანსება თვითონ იკისრა. ასე რომ, კონსტანცასთან ჩვენი ნავსადგურების კავშირები, დარწმუნებული ვარ, სერიოზული ინვესტიციებით გარანტირებული იქნება.
რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს?
ვფიქრობ, კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობას ბალკანეთის ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა, რუმინეთთან, ბულგარეთთან (რამდენიმე დღის შემდეგ მექნება ვიზიტი ბულგარეთშიც) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ევროპისკენ სარკმელის გაჭრაზეა ლაპარაკი, ეს არის დასაწყისი: ჩვენ ბალკანეთისაკენ გაგვეხსნა ძალიან დიდი პერსპექტივა. ბალკანეთი თანდათან სტაბილური რეგიონი ხდება (ღმერთმა ქნას ეს ჩვენც გადმოგვედოს) და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი რეგიონის ურთიერთობას დიდი მომავალი აქვს.
კიდევ ერთი შთაბეჭდილება. სასიამოვნო პარტნიორი არის ამგვარ მოლაპარაკებებში რუმინეთის პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ. ეს ჩვენი მესამე თუ მეოთხე შერხვედრა არის, და როგორც ცა და დედამიწა ისე გაიზარდა. იგი ძალიან კარგი მეცნიერია, ამავე დროს, პოლიტიკაში აზროვნებს არაორდინარულად, არ მოჰყვება ძველი ტვირთი, და ძალიან იოლია მასთან საუბარიც და საკითხების გადაწყვეტაც. ამ მხრივაც, ორი პრეზიდენტის ურთიერთობის თვალსაზრისითაც, კარგ თანამშრომლობას ჩავუყარეთ საფუძველი.
ძალიან საინტერესო იყო საქმიან წრეებთან შეხვედრა, რომელიც რუმინეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი მოვიდა მომზადებული სათანადო სქემებით, დიაგრამებით, სურათებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობები გააზრებულია არა მარტო პრეზიდენტების, მთავრობის დონეზე, არამედ ბიზნესმენების დონეზე. ბევრი საინტერესო პროექტი წარმოადგინეს.
უაღრესად მნიშვნელოვანია შემდეგიც: პრეზიდენტმა კონსტანტინესკუმ განაცხადა, რომ იგი შეუერთდება სარაქსის ცნობილ ხელშეკრულებას.
ეს ხელშეკრულება უკვე დიდ მოვლენად იქცევა. უკრაინის, ბულგარეთის, მოლდავეთის შეერთება ამ ხელშეკრულებასთან, ყაზახეთის თანხმობა, ახლა - რუმინეთი... ასე რომ, იგი იქცევა ცენტრალურ, საბაზო მოვლენად ტრასეკას პროექტის, ესე იგი, „აბრეშუმის დიდი გზის“ განვითარების საქმეში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი ხმაც კი, როცა ევროსაბჭოში გაერთიანებაზე არის საუბარი. პრეზიდენტმა კონსტანტინესკუმ განაცხადა, რომ - რუმინეთი იქნება არა მარტო მომხრე, არამედ აქტიურად ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან ევროსაბჭოში ჩვენი გაწევრიანების მხარდასაჭერადაც და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ინტენსიფიცირებისათვის. ისინი ევროსაბჭოს წევრები არიან და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.
ბატონმა კონსტანტინესკუმ პირად საუბარშიც, კოლექტიური შეხვედრების დროსაც არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებას. მას ძალიან კარგად ესმის, რომ რეგიონული თანამშრომლობის განვითარება ჩამქრალი, მაგრამ ბოლომდე მოუგვარებელი კონფლიქტების ვითარებაში სარისკო საქმეა.
ამ დღე-ნახევრის განმავლობაში მე ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი საკითხი, რომელიც რაიმე წინააღმდეგობას იწვევდეს ჩვენს ურთიერთობებში. აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს.
ბატონმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა იმ უდიდეს სულიერ სიამოვნებაზე, რომელიც მას ანთიმოზ ივერიელის (როგორც აქ უწოდებენ - ივერიანუს) მონასტრის მოხილვით განიცადა, დიდი მოღვაწისა, რომელიც შერაცხულია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად.
- და მე ჩემთვის მივიღე გადაწყვეტილება, რაც შემიძლია, დავეხმარო კინორეჟისორ გიული ჭოხონელიძეს, როგორმე ბოლომდე მიიყვანოს ანთიმოზ ივერიელის შესახებ ფილმის გადაღება, რომლის პირველი სერია უკვე დამთავრებულია.
საქართველოს პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ვიზიტი რუმინეთში დატვირთული, ძალიან საინტერესო იყო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსპექტივა დაისახა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
„საქართველოს რესპუბლიკა“ - ისე ჩანს, რომ სარაქსის ხელშეკრულება ვერ ეტევა მხოლოდ ტრასეკას ჩარჩოებში და ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე, როგორც თქვენ ბრძანეთ, ერთიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის, ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების სერიოზული საფუძველი ხდება. ასეა?
- მე ვფიქრობ, საფუძველი ეყრება იმ დიდ იდეას, რომელზეც დიდი ხანია საუბარია. ჯერ კიდევ ადრე ვამბობდი, შემდეგ ბატონმა ნაზარბაევმა ძალიან საფუძვლიანად წამოაყენა ეს იდეა და ზოგიერთმა სხვა მოღვაწემ, გენშერმაც გაიმეორა, თუ ჩემზე ადრე თქვა, ახლა ვეღარ გეტყვით, ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ. მთავარია, ეს ითქვა. ეს სივრცე თანდათან რეალობად იქცევა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, - ევროპული სივრცე, მაგრამ მივდივართ აზიისაკენ, წყნარი ოკეანისაკენ, და შემთხვევითი არ არის, რომ იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა „აბრეშუმის დიდი გზის“ აღორძინებისა. არც ისაა შემთხვევითი, რომ კონსტანცაშიც წავაწყდით იაპონურ ბიზნესს - 170 მილიონ დოლარს აბანდებენ ამ ნავსადგურის განვითარებისათვის. არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოში უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ჩვენი ნავსადგურების განვითარებაზე, ბათუმის ახალი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის, ფოთისა და ბათუმის ტერმინალების მშენებლობაზე. თუ ამას დავუმატებთ, რომ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მოქმედებს რკინიგზა, რომ ჩინეთი უკავშირდება უზბეკეთს, ყირგიზეთს, ანუ სარაქსის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს, მაშინ აზიისა და ევროპის ერთიანი სივრცე - ეკონომიკური, თუნდაც - სამართლებრივი და სხვა მრავალი, ოცბენიდან რეალობად იქცევა.
საქართველოს ტელევიზია, „მოამბე“ (ნატო ონიანი): - ტრასეკა „აბრეშუმის დიდი გზის“ აღორძინება, ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები და მათ შორის - რუმინეთი და საქართველო თავიანთ პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ?
- ბუნებრივია, რა თქმა უნდა, როგორც საქართველომ, რუმინეთმაც თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ბევრი რამ გადაიტანეს, ვიღას არ უთარეშია რუმინეთის მიწაზე, ისევე, როგორც ჩვენთან, ბევრი „სტუმარი“ ყოფილა. ხვდებით, ალბათ, რა გაგებითაც ვამბობ „სტუმარს“. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვეძებთ უსაფრთხოების გარანტიებს ევროპაში, მათ შორის, - ბალკანეთში, ჩვენს რეგიონში, ცენტრალურ აზიაში, რუსეთთან ურთიერთობაში, ისევე, როგორც ოკეანის გაღმა ჩვენს მეგობრებთან კავშირებსა და ურთიერთობებში.
ჩაიწერა
არმაზ სანებლიძემ,
„სრ“ სპეც. კორ.
კონსტანცა - თბილისი.
ევროპისკენ გაჭრილი სარკმელი / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] არმაზ სანებლიძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 12 დეკემბერი. - №311 (2684). - 1,12 გვ.
![]() |
149 საქართველო მზადაა რუმინეთის საიმედო პარტნიორად იქცეს |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ვიუწყებოდით, რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დროს, 10 დეკემბერს ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტმა ემილ კონსტანტინესკუმ, გამართა ოფიციალური სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად. სადილზე ორი ქვეყნის მეთაურებმა სადღეგძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო მეგობრებო.
საქართველოს დელეგაციის სახელთ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მოწვევისთვის და ჩვენს მიმართ წარმოთქმული გულთბილი სიტყვებისთვის.
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისა და ურთიერთობისთვისაც, რომელიც ჩვენს შორის უკანასკნელ ხანს ჩამოყალიბდა.
მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ ის დიდი წარმატებები, რომელსაც რუმინეთმა მიაღწია, დაძლია რა წარსულის უმძიმესი მემკვიდრეობა. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ ეკლიანი აღმოჩნდა რუმინელი ხალხის უახლესი ისტორია, რა მსხვერპლის ფასად დაუჯდა მას თავისუფლება და დემოკრატია. არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი ერთ-ერთი ჩამოსვლა, როცა მშვენიერ ბუქარესტს ტანკების საზარელი გრუხუნი და ტყვიათმფრქვევების სროლის ხმა აზანზარებდა. როგორც ამ ხალხის წარმომადგენელმა, რომელმაც არაერთხელ და მათ შორის, უკანასკენლ წლებში თავად გაიღო სისხლი უკეთესი მომავლისთვის, შემიძლია დაგარწმუნოთ: თქვენს მსხვერპლს ამაოდ არ ჩაუვლია. ჩვენ გვახარებს თქვენი დინამიკური განვითარება იმ გზით, რომელიც მთლიანად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, შავიზღვისპირეთს, კავკასიას, ცენტრალურ აზიას თავის ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც ჩვენს თვალსწინ და ჩვენი მონაწილეობით ყალიბდება. რუმინეთში უკანასკნელ ხანს მომხდარი ცვლილებები, ახალი გზა, რომელსაც თქვენი სახელმწიფო და თქვენი ხელმძღვანელები დაადგა, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღმოსავლეთ ევროპისა და არა მხოლოდ მის მომავალს.
ჩვენ კარგა ხანია ვემზადებოთ ამ ვიზიტისთვის. მე მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებულ ცერემონიალურ ღონისძიებებს არ ვგულისხმობ. ჩვენს შეხვედრას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიღებთ, თვით მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მასშტაბის მოვლენები უწყობდნენ ხელს. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესები, ჩვენს საერთო სახლში - ევროპაში შექმნილი ახალი რეალიები და მათთან ადაპტაციისა და მათში სრულფასოვანი ჩართვის სურვილი და აუცილებლობა პრეზიდენტ კონსტანტინესკუსა და მე გვიბიძგებდა არც ერთი შესაძლებლობა არ გამოგვეტოვებინა, რომ არ შეგვეჯერებინა ჩვენი აზრები და სამომავლო გეგმები. ასე იყო სტამბოლში ბისეკ-ტრასეკას ფორუმზე, ასე იყო მოსკოვშიც ბისეკის სამიტზე, ასე იყო სტრასბურგში, ევროპის საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე. გამოვყოფდი ბატონ პეტრუ რომანთან უაღესად ნაყოფიერ საუბარსაც, მისი თბილისში ამასწინდელი ვიზიტის დროს და მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს დელეგაციის პირველი ვიზიტია რუმინეთში. ჩვენს შორის ურთიერთობა უკვე კარგა ხანია მსგავსი ღირებულებითა და მიზნებით გაერთიანებული ძველი საქმიანი პარტნიორების სისტემატიურ კონსულტაციებს უფრო ემსგავსება. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამგვარ ურთერთობას.
ბოლო ორი წელი დიდი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სხვადასხვა დონის შეხვედრების ინტენსივობით აღინიშნა. ამ ისტორიული გზის აღდგენასა და მის წარმატებით ფუნქციონირებაში რუმინეთსა და საქართველოს, მათ შორის სანიმუშო ურთიერთობას, გადამწყვეტი როლი ეკისრება. დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალის აღორძინება და ფუნქციონირება დამოკიდებულია ამ გზაზე განლაგებულ ყველა ქვეყანას შორის ცვილიზებულ, მეგობრულ ურთიერთობაზე. ჩვენ მივესალმებით რუმინეთის განზრახვას შეუერთდეს სარაქსის შეთანხმებას, რომელსაც უკვე ბულგარეთმა და ყირგიზეთმაც მოაწერეს ხელი. ასეთივე განზრახვა გამოთქვეს უკანსაკნელ ხანს, უკრაინის, მოლოდოვასა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა. რუმინეთის უნიკალური შესაძლებლობები საზღვაო ნავსადგურების, გემთსაშენების და დუნაის აუზზე გასვლის გათვალისწინებით, მისი დიდი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილეობის საუკეთესო პერსპექტივას ქმნიან. საქართველო მზადაა რუმინეთის საიმედო პარტნიორად იქცეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ახლა ვამტკიცებთ რა ჩვენს შორის კავშირურთიერთბას, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ხალხების, არამედ გაცილებით დიდ სივრცეებზე მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე, ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვისაც ვზრუნავთ.
ამ პროცესებს, რომლებიც მხოლოდ „ცივი ომის“ და ბიპოლარული კონფრონტაციის დასრულების შედეგად გახდა შესაძლებელი, ჩვენს დროში ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს ევროკავშირის სახით. მისი აღმოსავლური პოლიტიკის წყალობით ევროპულ ღირებულებებთან წლობითა თუ საუკუნეებით მოწყვეტილი ხალხები თანდათან უბრუნდებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლების უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპებს. ჩვენ მივესალმებით და იმედით შევყურებთ რუმინეთის ლტოლვას ევროკავშირისკენ, ისევე როგორც ევროკავშირის ძალისხმევას, მიმართულს რუმინეთის გაწევრიანებისთვის თავის რიგებში. არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა, ბალკანეთისა და კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, სრულფასოვანი გაწევრიანება ევროპულ სტრუქტურებში, ახალი, სამართლიანი, არაკონფრონტაციული მსოფლიო წესრიგის შექმნის უმტკიცესი გარანტიაა. დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ რაც ეს უდიდესი და უძლიერესი გაერთიანება მოადგება შავი ზღვის დასავლეთ ნაპირებს, კავკასიის სახელმწიფოთა ცხოვრებაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყება - ეტაპი ხალხთა ევროპულ ოჯახში ყოვლისმომცველი ინტეგრაციისა, ეტაპი, რომელიც უამრავი სიძნელის მიუხედავად, უკვე დაიწყო და რომელსაც საქართველო და დარწმუნებული ვარ, კავკასიის დანარჩენი სახელმწიფოები ბოლომდე მიიყვანენ.
პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. გასულ წელს კავკასიის სამმა სახელმწიფომ, ცალ-ცალკე ხელი მოაწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ევროკავშირთან. ამ შეთანხმების რატიფიკაცია უკვე მოახდინა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის ხუთმა სახელმწიფომ. წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობამ თვისებრივად ახალ დონეს მიაღწია - დაიწყო პოლიტიკური დიალოგი ჩვენს შორის. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, წელს გახდა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო სულ მალე ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრიც გახდება. წარმატებით მიმდინარეობს დიალოგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან. ასე რომ, ჩვენ იმედით შევყურებთ მომავალს და მზად ვართ რუმინეთთან, აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან თანასწორუფლებიანი, მეგობრული, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისათვის.
ძვირფასო მეოგობრებო,
დღეს ჩვენ უაღესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცების გზაზე. ამ ურთიერთობის სათავეებთან იდგენ ჩვენი დიდი წინაპრები და მათ შორის დიდი ანთიმოზ ივერიელი, რომლის სულიერი სიდიადე ყოველი ჩვენგანისთვის სამაგალითო უნდა იყოს, მინდა ვისურვო, რომ ჩვენ, მისი შთამომავალნი, დიდი ქართველისა და რუმინული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის საქმეთა ღირსეული გამგრძელებელნი ვყოფილიყავით. ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ჩვენი გულითადი მასპინძლის, პრეზიდენტ კონსტანტინესკუს, რუმინელი ხალხის, ჩვენი საერთო მიზნების აღსრულების სადღეგრძელო.
საქართველო მზადაა რუმინეთის საიმედო პარტნიორად იქცეს : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 დეკემბერი. - №312 (2685). - 1,2 გვ.
![]() |
150 „ვცდილობთ გავაგრძელოთ წინაპართა მიერ დაწყებული საქმე და ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტარ სტოიანოვმა 1997 წლის 14 დეკემბერს სოფიაში მთავრობის „ბოიანის“ რეზიდენციაში ოფიციალური სადილი გაუმართა საპატიო სტუმარს. სადილზე ორი სახელმწიფოს მეთაურებმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,
მადლობას მოგახსენებთ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მოწვევისთვის, ჩვენს მიმართ გამოთქმული გულთბილი სიტყვებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ეს დამოუკიდებელი საქართველოს წარმოგზავნილთა მეორე უმაღლესი დონის ვიზიტია ბულგარეთში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დადებითი ცვლილებები, რომლებიც ჩვენი დელეგაციის ყოველი წევრისათვის თვალნათელია. საქართველოს ხალხმა, ჩვენმა ხელმძღვანელობამ კარგად იციან, თუ რა სირთულეები ახლავს თან დემოკრატიისა და საბაზრო ურთიერთობათა შენებას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თავისუფლებისა და აყვავებისკენ მიმავალ ამ გზას გონიერი ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მივესალმებით ბულგარელი ხალხის არჩევანს, რომელიც მტკიცედ და შეუქცევადად დაადგა ამ გზას. დარწმუნებული ვართ, იგი ახლო მომავალში თქვენს ქვეყანას ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციამდე მიიყვანს.
შავი ზღვის აუზის ქვეყნების სწრაფვა ევროპული სტრუქტურებისკენ შეუქცევადი პროცესია. იგი მიგვაჩნია საერთო-ევროპული სახლის, ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ ქვაკუთხედად. საქართველოს იმედის თვალით შეჰყურებს ევროკავშირის აღმოსავლურ პოლიტიკას, რომელიც სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზეა ორიენტირებული. ეს მნიშვნელოვნად მიგვაახლოებს იმ დღეს, როდესაც კავკასიის სახელმწიფოები, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ თანამეგობრობაში, რომლისგანაც ჟამთა სიავის გამო საუკუნეების მანძილზე იყვნენ მოწყვეტილნი.
ჩვენს ამჟამინდელ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ხომ ის დიდი ხნის ნანატრი დროა, როდესაც პოსტტოტალიტარულ სივრცეში განლაგებულ სახელმწიფოებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში, რომელშიც მათ მომავალ საუკუნეში თავად უნდა იცხოვრონ. თავის საგარეო პოლიტიკაში საქართველო ხელმძღვანელობდა და მომავალშიც იხელმძღვანელებს ყველა სახელმწიფოსთან, ახლოსთან თუ შორეულთან, საუკეთესო მეგობრობის პრინციპებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან, უახლოეს მეზობლებთან მეგობრობისა და ურთიერთხელსაყრელი კონტაქტებისათვის. ახლა ყოველ ჩვენგანზეცაა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ახალი მსოფლიო. სწორედ ამიტომ გამოირჩევა უკანასკნელ წლებში, ამ სახელმწიფოთა პოლიტიკური ცხოვრება ასეთი აქტიურობით. ბოლო ორი წლის მანძილზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ევროკავშირის საუკუნის პროექტის ტრასეკას - განახლებული დიდი აბრეშუმის გზის კონტურები, ხელმოწერილია სარაქსის შეთანხმება, რომლის წევრი, ჩვენდა სასიხარულოდ, ყირგიზეთთან ერთად ბულგარეთიც გახდა. მზად არიან მათ შეუერთდენენ უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, რუმინეთი, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები კასპიის ზღვის აუზისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივ სიმდიდრეთა ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებისათვის. შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე მდებარე სახელმწიფოთა სამაგალითო ურთიერთობას ამ გრანდიოზული პროექტების წარმატებით განხორციელების საქმეში გადამწყვეტი როლი ენიჭება.
საზოგადოდ, დღევანდელ მსოფლიოში, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას დიდად განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორი, ლიდერთა შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სულისკვეთების დამკვიდრება. უდიდესი სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პრეზიდენტები ამ პრინციპის ერთგულნი არიან და ჩვენ ძალიან სწრაფად მოვძებნეთ საერთო ენა თანამედროვეობის გლობალურ თუ ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებთან დაკავშირებით. მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩვენი ბულგარელი მასპინძლები, რომ თქვენ საქართველოს სახით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთგული მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გეყოლებათ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მე დღეს ოფიციალურ ვიზიტად მოვიწვიე ბატონი პეტარ სტოიანოვი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, იგი შორს არ გადადებს საქართველოში ჩამოსვლას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოებს ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბს.
და კიდევ ერთიც. ჩვენი კონტაქტები კასპიის აუზის, ცენტრალური აზიის, დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებთან საფუძველს გვაძლევს. ვიფიქროთ, რომ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფანი არ შემოიფარგლება ერთი სარკინიგზო მაგისტრალით, ერთი მილსადენითა და ერთი საბორნე გადასასვლელით. ორივე მიმართულებით გადასატანი მანქანა-მოწყობილობათა, ტვირთისა და ბუნებრივი რესურსების რაოდენობა უკვე მოითხოვს ამ დერეფნის ფარგლებში რამდენიმე პარალელური მარშრუტისა და მათი განშტოებების დაგეგმვას. ასამოქმედებელი იქნება დიდი აბრეშუმის გზის სახელმწიფოთა არა მარტო არსებული ინფრასტრუქტურა, არამედ, ბევრ შემთხვევაში უნდა შეიქმნას ახალი მაგისტრალებიც.
ყველა ამ და სხვა მრავალ საკითხზე მოგვიხდება მსჯელობა ტრასეკას ქვეყნების უმაღლესი დონის ფორუმის მონაწილეებს, რომლის გამართვა ევროკომისიის ეგიდით გაისადაა დაგეგმილი. მასში ბულგარეთის მონაწილეობა იმდენადვე ბუნებრივია, რამდენადაც ბუნებრივი იყო თქვენი ქვეყნის შეერთება სარაქსის შეთანხმებასთან.
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო მეგობრებო,
ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიაში დღეს კიდევ ერთი ნათელი ფურცელი ჩაიწერა. ამ ურთიერთობათა სათავეებთან იდგენენ ჩვენი დიდი წინაპრები და მათ შორის გამოჩენილი პიროვნება - გრიგოლ ბაკურიანისძე, რომელმაც ჯერ კიდევ XI საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა ცნობილ საგანმანათლებლო კერას - ბაჩკოვოს პეტრიწონის მონასტერს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მონასტერთან არსებულ სემინარიას ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე, ქართველი ერის დიდი შვილი იოანე პეტრიწი. აქ ჩვენ ჩამოვედით პლოვდივიდან, სადაც პრეზიდენტ სტოიანოვთან ერთად მივეახლეთ იმათ წმინდა სულებს, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი და ბულგარელი ხალხის, ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში. ამ გრძნობებით განმსჭვალულნი ვცდილობთ გავაგრძელოთ წინაპართა მიერ დაწყებული საქმე და ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობანი ჩვენი ხალხების, ჩვენი საერთო მიზნების საკეთილდღეოდ.
ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ ჩვენი დღევანდელი მასპინძლის - პრეზიდენტ სტოიანოვის, ბულგარელი ხალხის, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის სადღეგრძელო.
„ვცდილობთ გავაგრძელოთ წინაპართა მიერ დაწყებული საქმე და ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობანი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 დეკემბერი. - №315 (2688). - 1,2 გვ.
![]() |
151 მიეცით ნიჭსა გზა ფართო! |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციას და მკითხველებს
მილოცვა
ქართული კულტურის ისტორიაში მეტად ღირსშესანიშნავი თარიღია ჟურნალ „ცისკრის“ დაარსებიდან 145-ე და აღდგენიდან მე-40-ე წლისთავი.
ჟურნალმა „ცისკარმა“ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის განვითრებაში XIX და XX საუკუნეებში.
„ცისკარმა“ ქართველი ერის მთელი თაობები აღზარდა პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის, ქრისტიანული მორალის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების სულისკვეთებით. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ახალგაზრდობის მხატვრულ- ესთეტიკურ აღზრდაში და ცივილიზაციისა და კულტურის არა ერთ მონაპოვარს აზიარა ქართველი მკითხველი.
ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ბევრი პოეტური, პროზაული, დრამატული, კრიტიკული, პუბლიცისტური ნაწარმოები, რომლებიც დღეს უკვე ქართული ლიტერატურის კლასიკურ საგანძურს განეკუთვნებიან, ბევრმა მათგანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. „ცისკარმა“ გზა გაუკაფა ნიჭიერი ახალგაზრდობის მთელ თაობებს, პირველსხიველებს, სამოციანელებს, ცისკრელებს, ნიჭიერ მწერალთა და კრიტიკოსთა მთელ დასს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ცისკრის“ აღდგენა ამ ორმოცი წლის წინ. მე დღეს მეამაყება, რომ „ცისკრის“ აღდგენაში მეც მაქვს შეტანილი ჩემი მოკრძალებული წვლილი ამ საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში.
ჟურნალმა „ცისკარმა“ გაამართლა იმედები, მან ისტორიული კვალი დატოვა ერის სულიერ ცხოვრებაში და უფრო მეტს გვპირდება მომავალში.
გულწრფელ მადლობას ვეუბნები „ცისკრის“ რედაქციას განსაკუთრებით 90-იან წლებში კულტურული კრიზისის პერიოდში გამოჩენილი თავდადებისა და კეთილსინდისიერებისათვის, შემოქმედებითი გმირობისათვის, „ქართული კულტურის ხსნაში“ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი „ცისკარმაც“ შეიტანა.
ჩვენ შეძლებისდაგვარად მუდამ ვეხმარებოდით და მომავალშიც დავეხმარებით ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციას ყველა პრობლემის გადაჭრაში.
ჟურნალ „ცისკრის“ ახალგაზრდა მკითხველები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ XIX და XX საუკუნეების გზაგასაყარზე, მეორე და მესამე ქრისტიანული ათასწლეულების მიჯნაზე, ხვალ იცხოვრებენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ერის გაბზარული ცნობიერების გამთლიანებაში, თავისუფალი და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის, საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის აყვავებაში, სახელმწიფო ენის, დედაენის სიწმინდის დაცვასა და სრულყოფაში.
ახალგაზრდობა, განსაკუთრებით ნიჭიერი, შემოქმედებითი ახალგაზრდობა ერის სამამულე რქაა. ის ყოველდღე უნდა გრძნობდეს ერისა და ხელისუფლების ყურადღებას და ზრუნვას.
ახალგაზრდობა ჩვენი იმედი და მომავალია. პლურალისტურ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ახალგაზრდობამ ეროვნული და ჰუმანისტური ორიენტაცია არასოდეს არ უნდა დაკარგოს.
მიეცით ნიჭსა გზა ფართო!
მე მუდამ ვიყავი და ვიქნები ჟურნალ „ცისკრის“ აქტიური და გულშემატკივარი მკითხველი.
ვულოცავ „ცისკრის“ რედაქციას სახელოვან იუბილეს, ვუსურვებ ჟურნალის ავტორებსა და მკითხველებს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებითს გამარჯვებებს ქართველი ერისა და საქართველოს კულტურის საკეთილდღეოდ.
მარად თქვენი, ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : მიეცით ნიჭსა გზა ფართო! / ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციას და მკითხველებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 დეკემბერი. - №318 (2691). - 1 გვ.
![]() |
152 „ნამდვილად არ არის შემთხვევითი ევროპის, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების გააქტიურება კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
22 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს დავიწყებთ გუშინ გამოქვეყნებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების მეოცე წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოების შესახებ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ჯილდო გაიცა. ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 20 წლისთავის საგანგებოდ აღნიშვნა, ჩემი აზრით, დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა.
ეს ჭეშმარიტი დღესასწაულია ქართველობისათვის, საქართველოს მოქალაქეთათვის, განურჩევლად მათი მრწამსისა, განურჩევლად იმისა არიან თუ არა ისინი მორწმუნენი და ეწევიან თუ არა საეკლესიო ცხოვრებას.
ილია მეორე, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერის სულიერი წინამძღვარია, ზნეობისა და თვითეროვნულობის განსახიერებაა, დიდი სახელმწიფო მოღვაწეც არის. მან უდიდესი, შეიძლება ითქვას, ჩვენი თაობისათვის უნიკალური წვლილი შეიტანა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინების, ქართველი ერის სულიერი შეკრების, ქართული სახელმწიფოს გამთლიანების საქმეში, ამით ილია მეორე თავისი დიდი წინამორბედების წმინდა საქმის ღირსეული მემკვიდრე და განმვრცობი გახდა. ოცი წელი! - ვფიქრობ, მარტო ამ ვადის დასახელებაც კი, - როგორი ქარტეხილების, როგორი გადატრიალების, როგორი შემობრუნების 20 წელი, და თავისთავად ეს ყველაფერი - ესე იგი გადარჩენის პრობლემები მის სახელთან არის დაკავშირებული.
ამდენად, მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, მივიღე გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მივაკუთვნო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - დავით აღმაშენებლის ორდენი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორდენი ჯერ არავის გადასცემია, ამ ორდენით არავინ არ დაჯილდოებულა, ბატონი ილია გახლავთ ამ ორდენის - დავით აღმაშენებლის ორდენის პირველი კავალერი და, არა მგონია, რომ უახლოეს დროში კიდევ ვინმე გახდება. ეს პირადად ჩემთვისაც სასიხარულო და საპატიო მისიაა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩვენ თანამოაზრენი, გარკვეული თვალსაზრისით, თანამებრძოლნი ვართ.
ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დღესასწაულს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეულ საჭეთმპყრობელს კი ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს, ფიზიკურ ძალმოსილებას იმ დიდი სულიერი მისიის ბოლომდე აღსასრულებლად, რომელიც ერმა დააკისრა ღვთის სადიდებლად და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გასაძლიერებლად.
- გასულ კვირას კოპენჰაგენში გაიმართა ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელმაც ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწტვეტილება მიიღო.
- ყველა დეტალი ვერ მოვისმინე, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია ბატონ მენაღარიშვილისაგან და ზოგიერთი სხვა წყაროდანაც მივიღე, და აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრამ დაადასტურა ეუთოს გადამწყვეტი როლი, რომელიც მან უნდა შეასრულოს საერთო ევროპული უშიშროების ახალი სისტემის მშენებლობის პროცესში, რომელშიც ჩვენი ქვეყანაც აქტიურად მონაწილეობს.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის შემაჯამებელ განცხადებაში (ეს მთლიანად ამ შეხვედრის დოკუმენტად ითვლება) საგანგებო ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგებას. მინისტრებმა დაადასტურეს ეუთოს სურვილი კვლავაც მხარი დაუჭიროს კონფლიქტების საფუძვლიანი, სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესს.
ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ კოპენჰაგენის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება შეიმუშაონ ევროპის უშიშროების ქარტია, რომლის კონსპექტი ანუ კონცეპტუალურ დებულებათა ერთობა ამ შეხვედრაზევე იქნა განხილული.
ამით ევროპა გამოეხმაურა იმ იდეას თუ წინადადებას, რომელიც ჯერ კიდევ ლისაბონის სამიტზე, ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრისას განსახილველად შეიტანა საქართველოს დელეგაციამ. შეიძლება ეს მარტო საქართველოს დელეგაციის აზრი არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სწორედ საქართველოს დელეგაციის აზრი იყო. სხვათა შორის, მინდა შევნიშნო ჩემი ზოგიერთი პატივცემული ოპონენტის გასაგონად, რომლებმაც ლისაბონში ჩემს გამოსვლას „ბელეტრისტიკის“ რაღაც ნიმუში უწოდეს: ასეთი დონის ფორუმზე გამოსვლისას ყველა პრეზიდენტი ცდილობს თქვას უმთავრესი, რაც მისი ქვეყნის ტკივილსა და მისწრაფებას გამოხატავს, და მსოფლიოს განცდებს შეეხმიანება. როცა ლისაბონში ევროპის კონსტიტუციის შექმნის საჭიროებაზე ვლაპარაკობდი, სწორედ ისეთ დოკუმენტს ვგულისხმობდი, როგორიც უახლოეს მომავალში უნდა იყოს შემუშავებული, ვთქვათ, კოპენჰაგენში ან შემდეგ, სხვა შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ევროპის უშიშროების ქარტია საქართველოს უშუალო მონაწილეობით შემუშავდება, ვინაიდან ეუთოს ფუძემდებლური პრინციპის თანახმად ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით ანუ ყველა ქვეყნის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა მომავალი ქარტია (შინაარსობრივად შეიძლება ითქვას, ევროპის მომავალი კონსტიტუცია, ან სხვა რაიმე დავარქვათ), ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს ინტერესებთან ერთად, საქართველოს მისწრაფებებსაც ასახავდეს. და, ფაქტობრივად ეს განსაზღვრავს საქართველოს ახალი ცხოვრების დაწყებას XXI საუკუნეში.
- გასულ კვირას ჟენევაში დაწყებული შეხვედრა სოხუმში გაგრძელდა. გვახსოვს, ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კლინტონის წერილი, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ, პრინციპში კონფლიქტის მოწესრიგება თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა?
- მე სწორედ ამ წერილით დავიწყებდი. ამერიკის პრეზიდენტის წერილში მნიშვნელოვანი და საყურადღებო აზრებია გამოთქმული აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ეს პირველი წერილია, როცა სპეციალურად ერთი თემაა გაშუქებული. რაც მთავარია ბატონი ბილ კლინტონი არა მარტო იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად, განსაკუთრებით რუსეთთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, აქტიურად იმუშავებს საბოლოო შედეგის მისაღწევად, არამედ გვპირდება, რომ ამერიკა მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს (თანხის მოცულობაც კი მინიშნებულია) ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე დიდი დახმარება იქნება როგორც დაბრუნებული ლტოლვილებისათვის, ისე აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობისათვისაც. ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება და ყველა მოქალაქეზე გავრცელდება. მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით დაბრუნების შემდეგ პროცესი.
ასევე არიან განწყობილი ევროკავშირში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ დაიწყო პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. საქართველო პოსტსაბჭოური სივრცის მესამე ქვეყანაა რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, რომელთანაც ევროკავშირმა ასეთი დიალოგი წამოიწყო, რაც თავისთავად უაღრესად ნიშანდობლივი და სასიხარულო მოვლენაა. უკვე მივიღეთ იმის გარანტია, რომ ლტოლვილთა დაბრუნებისთანავე, ვიმეორებ, ლტოლვილთა დაბრუნებისთანავე, გამოიყოფა ათი მილიონი დოლარი, რაც არც თუ მცირე თანხაა ჩვენს პირობებში. ეს თანხაც ლტოლვილებს მოხმარდება ისევე, როგორც აფხაზეთის სხვა მცხოვრებლებს, მაგრამ, კიდევ და კიდევ ვიმეორებ, თანხა გამოიყოფა ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების დაწყების შემდეგ, როცა ეს პროცესი ორგანიზებულად და მასობრივად დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვიტყვი - ბატონი კლინტონი მზად არის დაგვეხმაროს აფხაზეთის რეაბილიტაციის საქმეში, მზად არის ევროკავშირიც და ეს უნდა იცოდნენ არა მარტო საქართველოს ლტოლვილმა მოქალაქეებმა, არამედ აფხაზეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც. იცოდნენ, რომ ისინი ყურადღების გარეშე არ დარჩებიან, თუკი შეიქმნება სათანადო პირობები ლტოლვილთა დასაბრუნებლად.
ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა რუსეთის ბოლოდროინდელ პოზიციაშიც, მხედველობაში მაქვს დახმარება და მზადყოფნა. კერძოდ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ქვეყანაც მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენაში (რა თქმა უნდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგებისა და ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ). ლაპარაკია რკინიგზის აღდგენასა და მთელი ინფრასრუქტურის რეაბილიტაციაზე, ზოგიერთ სხვა საკითხზე.
რაც შეეხება სოხუმში გამართულ დიალოგს, იგი უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ვგულისხმობ არა მხოლოდ და არა იმდენად თვით შეხვედრას, რანდენადაც კონსტრუქციულ პოზიციას, რომელიც დაიკავეს აფხაზთა ლიდერებმა, განსაკუთრებით კი რუსეთის წარმომადგენლებმა.
მუშაობას შეუდგება საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამივე საკონსულტაციო ჯგუფი თუ კომისია - აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის, ლტოლვილთა დაბრუნების, ეკონომიკის რეაბილიტაციის მიზნით.
ისიც უნდა ითქვას, რომ ნამდვილად არ არის შემთხვევითი ევროპის, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების გააქტიურება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით. ამაზე საუბარი იყო როგორც კოპენჰაგენში, ისე ევროატლანტიკური საბჭოს სხდომაზეც. შეგახსენებთ, მადრიდის შემდეგ ეს პირველი სხდომა იყო და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ევროპისა და მსოფლიო ფორუმებზე საკითხის განხილვისას, უმრავლეს გამოსვლებში იგულისხმება, რომ სამართლიანობის აღსადგენად გაეროს წესდებით გათვალისწინებული ყველა ხერხი და მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული - მათ შორის დეიტონის ხელშეკრულების შესაბამისად ბოსნიაში აპრობირებული საპოლიციო ოპერაციაც. თუკი მშვიდობიანი მოწესრიგების ყველა ფორმა ამოიწურა, მაშინ, ალბათ, ეს ღონისძიებაც არ იქნება გამორიცხული და ამაზე უკვე სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს.
- მაშინ როცა აფხაზეთის პროცესში თითქოს ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებები შეიმჩნევა, ისევ გაისმის ლაპარაკი იმაზე, რომ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები აპირებენ კვლავ მოიწვიონ ყრილობა, წამოაყენონ რადიკალური მოთხოვნები, პრინციპში, ლტოლვილთა ორგანიზაციების დიდი ნაწილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების გარეშე...
- შეკრებას ვერავის ვერ აუკრძალავ, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ყველამ ის უნდა თქვას, კონკრეტულად ვინ რა გააკეთა ჩვენი ყველაზე დიდი და მოუშუშებელი ტკივილის - აფხაზეთის, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად. მთავრობის ბოლო სხდომებზე განსაკუთრებული ყურადღება მივაპყარით ლტოლვილთათვის ზამთრის პერიოდში დამატებითი დახმარების გაწევის საჭიროებას. შეზღუდული რესურსების მიუხედავად, უკვე საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, იქნებ საჭირო იყოს მოსახლეობამ იცოდეს, კონკრეტულად რა არის გათვალისწინებული ლტოლვილთა დასახმარებლად. მე აქ ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდები და მოვიშველიებ ფინანსთა სამინისტროს მიერ სპეციალურად მომზადებულ ცნობას.
საბიუჯეტო პროცესის რეაბილიტაციის პროპორციულად (ვთხოვ ყველა მსმენელს კარგად მოისმინოს და დაიმახსოვროს თითოეული ციფრი, რომელიც იმ ტენდენციის ამსახველია, ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში რომ ჩამოყალიბდა. შეუნელებელი ყურადღება ექცეოდა ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. და აი, ძალიან დამახასიათებელი ტენდენცია: თუ 1994 წელს ლტოლვილთა შემწეობისა და შენახვის ხარჯებისათვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯედიტან გამოიყო 7,5 მილიონი ლარი, ანუ ბიუჯეტის მთელი გასავლის 5 პროცენტი, 1995 წელს გამოყოფილმა ასიგნებებმა 23,0 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ 6,8 პროცენტი, 1997 წელს 56 მილიონი ლარი ანუ 7,1 პროცენტი, ხოლო 1998 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით ლტოლვილთა შემწეობისა და შენახვისათვის გათვალისწინებულია 67 მილიონი ლარი, ანუ მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებისათვის გამოყოფილი ხარჯების 22 პროცენტზე მეტი. ეს თანხა დაახლოებით იმდენია, რამდენსაც სახელმწიფო ხარჯავს თავდაცვის პრობლემებზე საერთოდ.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ გამოყოფილი ასიგნებებით შესაძლებელი იყო ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების რადიკალური გაუმჯობესება, მაგრამ სახელმწიფოს ზრუნვა ამ პრობლემაზე, ფინანსური რესურსების კვალობაზე წლიდან წლამდე უფრო თვალსაჩინო და საგრძნობი გახდა, ბუნებრივია, ჩვენი შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ასე მაგალითად, ლტოლვილთა შემწეობა ერთ სულზე 1995 წელის 3 ლარიდან 4-ჯერ გაიზარდა. არც ეს არის ძალიან ბევრი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოთხჯერ მეტია და 13 ლარამდეა. დაახლოებით 125 ათასამდე ლტოლვილი (ეს ცალკე ანგარიშია) ჩასახლებულია სახელმწიფო დაწესებულებებში და მათი შენახვის ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. მხედველობაში მაქვს კომუნალური, ბინის და სხვა ხარჯები. ეს საშუალოდ ერთ ლტოლვილზე 8 ლარს შეადგენს. ამას სახელმწიფო შენობებში მოთავსებული ოჯახები იღებენ. საქალაქო ტრანსპორტით ლტოლვილთა მგზავრობისათვის სახელმწიფო თითოეულ ლტოლვილზე წელიწადში 78 ლარს გამოყოფს. ლტოლვილთა ოჯახების მოსწავლეები განთავისუფლებული არიან მე-10 და მე-11 კლასებში სწავლების საფასურისაგან. დაახლოებით 40 ათასამდე ლტოლვილი იღებს ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში სადაზღვეო პოლისებს და მათ უფასოდ მკურნალობენ. ლტოლვილთა გადარჩენის საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა როგორც ქვეყნის შიგნით მობილიზებულმა, ისე საზღვარგარეთიდან მოწოდებულმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ. წინასწარი გაანგარიშებით, ასეთი დახმარების მოცულობა 1994-1996 წლებში საშუალოდ თითოეულ ლტოლვილ ოჯახზე 1000 ლარს აღემატებოდა. თუ აქ რაღაც ირღვეოდა და დანიშნულების ადგილს ვერ აღწევდა, ეს სხვა საკითხია და ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ ამის გამომწვევი მიზეზები. ლტოლვილთა ოჯახებს სერიოზული ხელშეწყობა აქვთ სამუშაოზე მოწყობაში. დაახლოებით 10 ათასამდე კაცი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში - მმართველობის ორგანიზაციებში, ძალისმიერ სტრუქტურებში, ჩვენ შევინარჩუნეთ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სოხუმის ბავშვთა თეატრი, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის მთელი რიგი დაწესებულებები და ინსტიტუტები. სოფლად ლტოლვილთა ოჯახებს ეძლევათ მიწები დასამუშავებლად ყველგან, სადაც კი ისინი მოისურვებენ. ასევე მნიშვნელოვანი შეღავათებია დაწესებული არაფორმალურ სექტორებში. მხედველობაში მაქვს ბაზრობები და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები მათი საქმიანობისათვის.
მიმდინარე წელს ჰუმანიტარული დახმარების შემცირების კომპენსაციისათვის ლტოლვილთა დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1,5 მილიონი ლარი. ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების აღსადგენად დამატებით გამოიყოფა 2 მილიონი ლარი, ესე იგი, ის, რასაც ბატონი კლინტონი და ევროკავშირი გვწერენ, ჩვენ ვცდილობთ, ეს ფუნქცია, ნაწილობრივ ციფრებით გამოხატული, გავითვალისწინოთ ბიუჯეტში, უფრო სწორად, უკვე გავითვალისწინეთ.
თუ გავიანგარიშებთ ერთ სულ კომპაქტურად ჩასახლებულ ლტოლვილზე ყველა სახელმწიფო დახმარებას (შემწეობა, პენსია, კომუნალური მომსახურება, მგზავრობა, ჰუმანიტარული დახმარება), მისი საშუალო ოდენობა თვეში 35-40 ლარს აღწევს, რაც საბიუჯეტო სფეროში საშუალო ხელფასს უტოლდება, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ ერთ სულ ლტოლვილზე 25 ლარამდეა. ვიმეორებ, ეს არ არის ცხოვრების ნორმალური პირობა, მაგრამ ლტოლვილთა გადარჩენისათვის, მათი აუცილებელი, გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებისათვის სახელმწიფო თითქმის იმდენს გამოყოფს, რამდენსაც ქვეყანაში მცხოვრები 2 მილიონი ადამიანისათვის. მათ შორის 1 მილიონი პენსიონერის საშუალო შემოსავალი თვეში 12-14 ლარია, საბიუჯეტო სფეროში მომუშავე 400 ათასი კაცის საშუალო ხელფასი 40 ლარი გახლავთ, უმუშევართა საშუალო შემწეობა 8-10 ლარს შეადგენს და ა.შ. აქედან ჩანს, თუ რის გაკეთება შეუძლია შედარებით სუსტ სახელმწიფოს. ვფიქრობ, რომ კეთდება იმის მაქსიმუმი, რა რესურსებიც გვაქვს. ამის ჩამოთვლა დაყვედრება როდია. უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამას პრეზიდენტი და ხელისუფლება როდი აკეთებენ. ამას აკეთებს საქართველო, ქართველი ხალხი თავის სისხლისა და ხორცის - აფხაზეთის ქართველებისათვის, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველასათვის, ვინც მშობლიური კერა დაკარგა. გვეუბნევიან, ეს საკმარისი არ არისო. ცალკეული პოლიტიკოსები და პოლიტიკანები ამ გზით ცდილობენ ლტოლვილთა გაჭირვებაზე სპეკულირებას. მაგრამ, აბა, ერთი მიგვითითონ: სად არის სხვა წყარო, ვის დავაკლოთ და ვის მოვაკლოთ ლუკმა - პენსიონერებს, მასწავლებლებს, ჯარისკაცებს?.. ისინი ხომ მინიმუმს იღებენ. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ვერანაირი მატერიალური დახმარება ვერ დაგვაკმაყოფილებს ვერც ჩვენ და ვერც ლტოლვილებს, სანამ საერთოდ სამართლიანად არ გადაწყდება აფხაზეთის პრობლემა და ადამიანები მშობლიურ კერას არ დაუბრუნდებიან.
სხვათა შორის, მე არ მითქვამს ის, რაც ჩვენ ჯოჯოხეთურ პირობებში შევძელით, და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, - შეგვენარჩუნებინა ორი უმაღლესი სასწავლებელი მთლიანად მთელი თავისი კონტინგენტით - პროფესორ-მასწავლებლებითა და სტუდენტებით, ორი თეატრი - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ბავშვთა თეატრი „თეთრი ტალღა“, თითქმის ყველა სკოლა თავიანთი კოლექტივებით, საბავშვო ბაღები და მრავალი სხვა, ასევე მთელი რიგი საწარმოები, რისი შენარჩუნებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. იმასაც დავძენ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვახერხებთ უცხოელ მეგობრებთან ერთად ათასობით ბავშვი გავაგზავნოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, დასასვენებლად, სასწავლებლად და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, ბევრი პოლიტიკური მოღვაწე, პოპულისტური მიზნებითა თუ საქმეში ჩაუხედაობის გამო, სოციალური სფეროებისათვის სახსრების რადიკალურ გაზრდას მოითხოვს. დადგა დრო, ყველა ჩვენგანმა რეალური კატეგორიებით იაზროვნოს და იმსჯელოს. პარლამენტში ბიუჯეტის განხილვამ ყველა დაარწმუნა, რომ იგი საქმით არის, ასე ვთქვათ, სოციალურად ორიენტირებული. ბევრ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სოციალური სფეროსათვის ხარჯების 20-25 პროცენტით მატებას რომ ითვალისწინებდეს. მეტი საშუალება ამჟამად არ არის. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და მოეშვას ქულების დაგროვებას გაჭირვებულ ადამიანთა გრძნობების ხარჯზე.
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემა მუდმივი ყურადღების ცენტრშია: ორი მნიშვნელოვანი პიროვნება გვეწვია ვიზიტად: რუსეთის მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიცე-პრემიერი სეროვი და მთელი თანამეგობრობის ტერიტორიაზე საქმიან წრეებში საკმაოდ ცნობილი რემ ვიახირევი. ეს საპროგრამო ვიზიტები იყო, პოლიტიკურ წრეებში გარკვეული კომენტარების გარეშე რომ არ დაუტოვებიათ...
- რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის ბატონ სეროვის და მასთან ერთად ბორის პასტუხოვისა და რუსეთის სხვა პასუხისმგებელი პირების ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. დადებითად გადაწყდა ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების შედეგად შევძელით განგვემუხტა დარიალის ხეობაში შექმნილი დაძაბული ვითარება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტარიზაციის კომისიის მუშაობის განახლება. შეიძლება ითქვას, კონფლიქტი ამოწურულია - ორმხრივი კეთილი ნების წყალობით იგი სამართლიანად გადაწყდა. და, სხვათა შორის, აქვე უნდა აღვნიშნო, რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ბორის ელცინის პრინციპული, კატეგორიული ჩარევის მნიშვნელობა.
ვისაუბრეთ ეკონომიკურ ურთიერთობათა თაობაზეც. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს თვალსაჩინოა ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვაში ზრდის ტენდენცია. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს არც ჩვენ და, არც რუსეთის მხარეს. ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთის ბაზარზე უფრო მეტი რაოდენობით შედიოდეს საქართველოს პროდუქტი.
ასევე წარმატებული და საინტერესო იყო ბატონ რემ ვიახირევთან მოლაპარაკებაც. იქმნება რუსეთ-საქართველოს დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება ბუნებრივი აირის ერთობლივი წარმოების, ექსპორტირებისა და გამოყენებისათვის. ფაქტობრივად დაიწყო იმ ტრადიციის აღდგენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. საქართველო ჩრდილოეთიდან იღებდა ბუნებრივ აირს კავკასიონზე გამავალი გაზსადენის მეშვეობით. ამ საწვავს იყენებდა მრეწველობა, მოსახლეობა. მჯერა, რომ ტრადიცია თანდათანობით აღდგება. ეს სავსებით რეალურია, ოღონდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების შემთხვევაში - დამოუკიდებლობასთან ერთად იმ აზრსაც უნდა შევეჩვიოთ, რომ უფასოდ არავინ არაფერს არ მოგვცემს.
ბატონ ვიახირევთან შეხვედრისას ზოგადად ვისაუბრეთ სხვა ქვეყნებში, უწინარესად, თურქეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის თაობაზეც. თუმცა ეს ძალიან ზოგადი მსჯელობა იყო, ზოგადად ჩაიწერა ოქმში და რაიმე კონკრეტული აქ ჯერჯერობით არაფერია. მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: კავკასიონზე გამავალი გაზსადენის მეშვეობით აირის მიღება - ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა წყაროები დახურულია. გაზის მიღება შეიძლება, ვთქვათ, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, თუკი უფრო ხელსაყრელი პირობები იქნება, და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პირობებს გამოვიყენებთ.
- გასულ კვირას ვაშინგტონში დასრულდა ჩვენი თანამემამულის გიორგი მახარაძის სასამართლო პროცესი. სასამართლომ საბოლოოდ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სანიმუშო მოქცევის შემთხვევაში (ასეა ფორმულირებული), შეიძლება ეს ვადა 5 წლამდე შემცირდეს. სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ეს სასამართლო იმთავითვე მთელი ჩვენი საზოგადოებრიობისა და განსაკუთრებით პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში მოექცა...
- ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედება შექმნილ ტრაგიკულ ვითარებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ მაინც სწორი და სამართლიანი აღმოჩნდა. ამგვარი დანაშაულისათვის, მოგეხსენებათ, დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, ამერიკის კანონმდებლობა საერთო ანგარიშით 21 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიგა მახარაძეს კი 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ეს ვადაც გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში შეიძლება 5 წლამდე შემცირდეს.
თვით დანაშაული ძალიან მძიმეა, არა მგონია, საქართველოში ასეთი დანაშაულისათვის (ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, რასაც უმძიმესი შედეგი მოჰყვა), სასამართლოს უფრო ლმობიერი განაჩენი გამოეტანა.
სასამართლომ უეჭველად მიიღო მხედველობაში გიორგი მახარაძის გულწრფელი აღიარება. ასევე, არ დაგიმალავთ, გარკვეული შედეგი გამოიღო საქართველოს ხელისუფლების ცნობილმა გადაწყვეტილებამაც. ახლა ფუჭია იმაზე საუბარი, თუ როგორ მოიქცეოდა ჩვენს ადგილას სხვა ქვეყნის ხელისუფლება. კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ ქვეყანაში ჩვენ ასე მოვიქეცით, როგორც ჩვენმა, მე ასე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივმა სინდისმა გვიკარნახა. ვფიქრობ, არ შევმცდარვართ. ახლო მომავალი ჩვენი მოქმედების სისწორეს კიდევ უფრო მეტად დაადასტურებს.
რა თქმა უნდა, ძალზე განვიცდით ჩვენი მოქალაქის ბედს, მის მდგომარეობას. ამთავითვე ვაცხადებ, რომ საქართველო მის ბედზე ზრუნავს და კვლავაც განაგრძობს ამ ზრუნვას.
ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს დაღუპული გოგონას ოჯახს. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა სიცოცხლე იმსხვერპლა და ნიჭიერ დიპლომატს, ასევე ახალგაზრდა კაცს ცხოვრების გზა გაუმრუდა. სწორედ ამ ტრაგიზმის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისსა და ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებანი ადამიანურობის ფარგლებშია მოქცეული.
- და ბოლო კითხვა - გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, პრინციპში, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ გართულებათა გარეშე. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი მოვლენებიც - გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, ეკონომიკური საბჭოს სხდომა, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ორი კვირის განმავლობაში რადიოინტერვიუ არ შემდგარა...
- უპირველესად, მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტს, ყველა ფრაქციას, დეპუტატთა ჯგუფს, თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბიუჯეტის განხილვაში და თუნდაც კრიტიკული მიდგომით, მწვავე ოპონირებით, შენიშვნებით მოგვცეს საშუალება უფრო სრულყოფილი ფინანსური დაკუმენტი შეგვემუშავებინა.
ბიუჯეტი (ეს არაერთგზის მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ) ასახავს ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებს.
დიდი დახმარება გაგვიწიეს მსოფლიოს ფინანსურმა ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა. შემუშავდა და ხორციელდება სპეციალური პროგრამები, რომლებიც უშუალოდ არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავალში. მაგალითად, მსოფლიო ბანკმა გამოყო 5 მილიონი დოლარი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც მსოფლიო ბანკი ამ მიზნით გამოყოფს თანხას. მუშავდება მუნიციპალური პროგრამები, საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებია, ეს ბიუჯეტში არ შედის. დაფინანსდება პროგრამები ენერგეტიკაში, ტრანსპორტის დარგში, ჯანმრთელობის, განათლების სფეროებში და ასე შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანასაც წელს უკვე სხვა ძალა და შესაძლებლობა გაუჩნდა. ეკონომიკურ აღმავლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს, შესაბამისად რესურსებიც იზრდება და ბიუჯეტიც უფრო მეტად არის, როგორც ზემოთ ვთქვი, სოციალურად ორიენტირებული.
ამჯერად მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები: ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის საკუთარი მარცვლეულის წარმოების ზრდას, მარცვლეულზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. წელს თავთავიანთა მოსავალი აღებულია 194 ჰექტარზე. წარმოებულია 346 ათასი ტონა, ანუ საშუალოდ ჰექტარზე 18-19 ცენტნერი. თავთავიანთა ასეთი მოსავალი საქართველოსათვის სარეკორდოა. საერთოდ ასევე არნახული მოსავალია მიღებული სასიმინდე მეურნეობაში. წარმოებულია 550 ათასი ტონა ანუ საშუალოდ თითოეულ ჰექტარზე თითქმის 26 ცენტნერი სიმინდის მარცვალი.
ასეთი ოდენობა იმ ეპოქაშიც კი სანატრელი გვქონდა. როცა თითქმის მთელი სახელმწიფო ამ მოსავლის მოყვანაზე იყო ორიენტირებული. არსებობდა უზარმაზარი რეზერვები და ასე შემდეგ.
აი, რას ნიშნავს ჯანსაღ ეკონომიკურ ურთიერთობათა დამკვიდრება ნაცვლად ადმინისტრირებისა, რომელსაც შედეგი არ მოჰქონდა და ვერც მოიტანდა. ამოქმედდა ეს უზარმაზარი ფაქტორი - ესე იგი მესაკუთრის ფაქტორი, მიწისა და მოსავლისადმი მისი დამოკიდებულება. მე არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია უარი ვთქვათ უცხოურ დახმარებაზე. ეს ჯერ ნაადრევია და ძალიან დროულად შეგვეშველა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც 100 ათასი ტონა მარცვლეული გამოგვიყო და ეს აბალანსებს, ასე ვთქვათ, ჩვენს პირობებს. ასეთი დახმარება, ალბათ, კიდევ გაგრძელდება, მაგრამ, ჩემი აზრით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში (ეს რეალური ამოცანაა) საკუთარი წარმოების მარცვალი თითქმის გადაწყვეტს მარცვლეულისა და მის პროდუქციაზე მოთხოვნილების პრობლემას.
ამავე ტენდენციის თვალსაჩინო გამოხატულებაა საბიუჯეტო შემოსავლის განუხრელი ზრდა.
საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, დეკემბრის განვლილ სამ კვირაში მის მიერ მობილიზებულია 20 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რის ჩათვლითაც წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში ჩარიცხულია 315 მილიონი ლარი ანუ 64 მილიონით მეტი, ვიდრე მთლიანად 1996 წელს.
საბაჟო დეპარტამენტის სისტემამ 19 დეკემბრის ჩათვლით ბიუჯეტში გადარიცხა 8 მილიონამდე ლარი, ანუ 7,4 პროცენტით მეტი წინა თვის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. წლის დამდეგიდან საბაჟოს მიერ მობილიზებულია 176 მილიონი ლარი, რაც 2,5 მილიონი ლარით ანუ 1,5 პროცენტით აღემატება წლის საგეგმო დავალებას.
ამასთან ერთად, მინდა შევნიშნო, რომ ფინანსთა სამინისტრო, ახალი ფინანსთა მინისტრი ახლა ძალიან აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებენ დამალული შემოსავლის, დამალული გადასახადების გამოვლენის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი რაიონი შემოწმდა, უზარმაზარი რესურსებია. გახსოვთ, ერთხელ დავასახელე, რომ ბიუჯეტში არ შემოდის იმის 45, შეიძლება 50 პროცენტიც კი, რაც უნდა შემოდიოდეს, და ეს ციფრი მიახლოებით მაინც სწორია.
სხვა ღონისძიებებიდან მე გამოვყოფდი პარიზში დონორ ქვეყნებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრას. ეს განსაკუთრებული თემაა, იგი უაღრესად წარმატებული შეხვედრა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა და, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება დელეგაციის ანგარიშს სპეციალური სატელევიზიო პროგრამა მიეძღვნას.
და კიდევ ერთი. ახლა ბატონი ნიკო ლეკიშვილი და მასთან ერთად რამდენიმე ჩვენი წარმომადგენელი იაპონიაში იმყოფება, საერთოდ, ეს განსაკუთრებული მოვლენაა - იაპონიის ფინანსური წრეების, სამთავრობო სტრუქტურების შემობრუნება არა მარტო კასპიისაკენ, კასპიის ნავთობთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსაკენ როგორც წინასწარი ინფორმაციით ვიცი. ეს ვიზიტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, განხილულია ბევრი კონკრეტული პროექტი, იაპონელმა ბიზნესმენებმა, ბანკირებმა და სხვებმა დადებითი პოზიციები ჩამოაყალიბეს. იქ სერიოზული განცხადებები გააკეთეს იმის შესახებ, რომ მომავალი წლისათვის ისინი ამზადებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რომლის დროსაც განიხილავენ საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაფართოების ძირეულ საკითხებს.
საქინფორმი.
„ნამდვილად არ არის შემთხვევითი ევროპის, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების გააქტიურება კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 დეკემბერი. - №320 (2693). - 1,2 გვ.
![]() |
153 „აჭარის ექიმთა საზოგადოება ყოველთვის იყო ის სკოლა, რომელიც ზრდიდა ბრწყინვალე მედიკოსების თაობებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
აჭარის სამედიცინო საზოგადოებას
მილოცვა
ძვირფასო მედიკოსებო,
გილოცავთ თქვენი საზოგადოების სახელოვან საუკუნოვანიუბილეს.
აჭარის ექიმთა საზოგადოება ყოველთვის იყო ის სკოლა, რომელიც ზრდიდა ბრწყინვალე მედიკოსების თაობებს, უანგაროდ რომ ემსახურებოდნენ ერის ფიზიკური ტკივილების მოშუშებასა და სულიერი აღზევების მამულიშვილურ საქმეს.
საზოგადოების წიაღიდან გამოსულ სახელოვან ექიმთა არა ერთმა ფუნდამენტურმა გამოკვლევამ დიდად გაუთქვა სახელი ქართულ მედიცინას მთელს მსოფლიოში.
იმედი მაქვს აჭარის სამედიცინო საზოგადოება კვლავაც იქნება ჩვენი ინტელიგენციის ავანგარდში და თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს არა მარტო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესში, არამედ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებაში.
ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : „აჭარის ექიმთა საზოგადოება ყოველთვის იყო ის სკოლა, რომელიც ზრდიდა ბრწყინვალე მედიკოსების თაობებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 დეკემბერი. - №322 (2695). - 1 გვ.
![]() |
154 „მჯერა, რომ სპასოვკის საშუალო სკოლაში განათლებამიღებული ახალი თაობა კვლავაც ერთგული დარჩება იმ დიდებული ტრადიციებისა, რაც სხვადასხვა ერების ძმურ თანაცხოვრებაში გამოიხატება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო თანამემამულენო, თქვენთან ერთად ვზეიმობ სპასოვკის ახალი საშუალო სკოლის გახსნას.
ვწუხვარ, რომ მოუცლელობის გამო ვერ ვესწრები თქვენს ლამაზ სოფელში გამართულ შესანიშნავ ზეიმს.
ახალი სასწავლო კერის შექმნა თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ რეგიონში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველები, სომხები, რუსები და სხვა ეროვნების ადამიანები, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მჯერა, რომ სპასოვკის საშუალო სკოლაში განათლებამიღებული ახალი თაობა კვლავაც ერთგული დარჩება იმ დიდებული ტრადიციებისა, რაც სხვადასხვა ერების ძმურ თანაცხოვრებაში გამოიხატება.
ვულოცავ სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, მოსწავლე ახალგაზრდობასა და სოფელ სპასოვკის მოსახლეობას ამ ღირსშესანიშნავ დღეს.
მინდა მადლიერება გამოვხატო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, ნინოწმინდის რაიონის გამგებლის ბატონ რაფიკ არზუმანიანისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ სასიკეთო საქმეში.
ძვირფასო ჯავახელებო,
წინასაახალწლო დღეებში მიიღეთ ჩემი კეთილი სურვილები. გულწრფელად გილოცავთ დამდეგ 1998 წელს.
ეს წელი ყოფილიყოს მეკვლე ჩვენი ახალი გამარჯვებებისა.
ედუარდ შევარდნაძე.
„მჯერა, რომ სპასოვკის საშუალო სკოლაში განათლებამიღებული ახალი თაობა კვლავაც ერთგული დარჩება იმ დიდებული ტრადიციებისა, რაც სხვადასხვა ერების ძმურ თანაცხოვრებაში გამოიხატება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 დეკემბერი. - №322 (2695). - 1 გვ.
![]() |
155 „გმირობის ტოლფასია მშენებელთა და იმ ადამიანთა რუდუნება, რომლებიც ამ მამულიშვილური საქმის წამომწყებნი და დამგვირგვინებელნი არიან“ |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ადიგენელებო,
გულწრფელად გილოცავთ ქართული ენერგეტიკის პირმშოს - კახარეთჰესის მწყობრში ჩადგომას.
გმირობის ტოლფასია მშენებელთა და იმ ადამიანთა რუდუნება, რომლებიც ამ მამულიშვილური საქმის წამომწყებნი არიან. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, მადლობა მინდა ვუთხრა სამხარეო ადმინისტრაციას, რაიონის ხელმძღვანელობას.
აქვე მინდა მოგილოცოთ დამდეგი, ახალი 1998 წელი. შუქ-ჩაუმქრალი და ხვავიან-ბარაქიანი ყოფილიყოს იგი თქვენი ოჯახებისათვის.
გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებასა და წინსვლას ახალი
საქართველოს მშენებლობის გზაზე.
ედუარდ შევარდნაძე.
„გმირობის ტოლფასია მშენებელთა და იმ ადამიანთა რუდუნება, რომლებიც ამ მამულიშვილური საქმის წამომწყებნი და დამგვირგვინებელნი არიან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 დეკემბერი. - №322 (2695). - 1 გვ.
![]() |
156 „ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ ზაურ კალოევის ოჯახს
დიდი გულისტკივილით ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას ბატონი ზაურის გარდაცვალების გამო. იგი დააკლდა არა მარტო თავის ოჯახსა და ახლობლებს, იგი დააკლდა თითოეულ ჩვენგანს.
ბატონი ზაური ქართული სპორტის, კერძოდ ფეხბურთის ღირსეული წარმომადგენელი იყო.
დაუვიწყარია და შეუფასებელი მისი ღვაწლი ფეხბურთის განვითარების საქმეში და ის დიდი სიხარული, რომელსაც განგვაცდევინებდა ჩვენი 60-იანი წლების ბომბარდირი, „დინამოს“ დიდი გამარჯვების ერთ-ერთი წინამორბედი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდის მამულიშვილურ საქმეს.
მინდა გავიხსენო ის სახელმწიფოებრივი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქისათვის ღირსეული პოზიცია, რომელიც მან თავის დროზე გამოხატა უსამართლო, ძმათამკვლელი კონფლიქტის გამო.
მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.
ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
ე. შევარდნაძე.
„ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“ : ბატონ ზაურ კალოევის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 დეკემბერი. - №325 (2698). - 1 გვ.
![]() |
157 „საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სტატუსი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
29 დეკემბრის რადიოინტერვიუ
დღეს 1997 წლის ბოლო რადიოინტერვიუა, როცა, ალბათ, წლის შედეგები უნდა შეჯამდეს. როგორი იყო განვლილი 1997 წელი საქართველოში? ტრადიციულად თქვენ ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს და ტენდენციებს საახალწლო მიმართვაში აშუქებთ ხოლმე და დღეს, ალბათ, ეკონომიკური მოვლენების შესახებ გვექნება საუბარი, და კიდევ ერთი მომენტი: გასული კვირის მოვლენებიდან აღსანიშნავია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არტურ რასი-ზადეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ რამდენიმე დოკუმენტი შეემატა... ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მინდა დაგეთანხმოთ, რომ, ალბათ, სასურველი იქნება ჩვენი დღევანდელი ანგარიში თუ მიმოხილვა ძირითადად უფრო მეტად ეკონომიკურ პრობლემებს მიეძღვნას. წელი მთავრდება, იწყება ახალი წელი და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ დღევანდელი სიძლიერისა და კეთილდღეობის და, განსაკუთრებით ხვალინდელი სიძლიერისა და კეთილდღეობის საფუძველი სწორედ ეკონომიკის აღმავლობაა. რამდენად იმედიანად გამოიყურება ეს დარგი და როგორ გვესახება მისი მომავალი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შედარებით მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
1997 წლის მიწურულს, თუ ძირითად მაჩვენებლებზე ვილაპარაკებთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ წელს წარმატებით დასრულდა ქვეყანაში მიმდინარე ფართო მასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმის პირველი ეტაპი და დაიწყო ეკონომიკური გარდაქმნების მეორე, თვისობრივად უფრო რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი.
პირველ ეტაპზე შევძელით საბოლოოდ განგვემტკიცებინა, შექცევადი გაგვეხადა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესი. არსებითად მყარია ეროვნული ვალუტა და აქვე მინდა შევნიშნო - ლარის სიმყარეს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, თუ მომავალში რაიმე შეცდომებს არ დავუშვებთ, ნავარაუდევზე სწრაფი ტემპით მცირდება ინფლაციის დონე (აქ კი ციფრებს მოვიშველიებ) - 11 თვეში მან 6,5 პროცენტი შეადგინა, რაც საშუალოდ თვეში 0,55 პროცენტიანი ინფლაციის ტოლფასია, ანუ შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლებია. ჩემი აზრით, ეს ისეთი მაჩვენებელია, რომელიც ყველაზე უფრო ნათლად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე ურთულეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა პროცესებს და მისი სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.
წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საბანკო და საგადასახადო სისტემების მოწესრიგების, ქმედუნარიანი საბანკო სექტორის განვითარების გზაზე. მიღებულია საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, კიდევ უფრო გამდიდრდა ჩვენი გამოცდილება სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და შემოსავლის მობილიზაციის საქმეში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი წლის დაწყებამდე ხელმოწერილია კანონი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. პრეზიდენტისა და პარლამემტის კონსტრუქციული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეს, მე მგონი, საუკეთესო ნიმუშია - საკმაოდ მაღალ დონეზე შედგენილი ბიუჯეტის მიღება და დამტკიცება.
საქართველომ მტკიცედ დაამკვიდრა მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სტატუსი. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემების თამახმად, წლევანდელი შედეგებით შესაძლოა 12 პროცენტამდე გაიზარდოს და ახლანდელი ფასებით უკვე 6 მილიარდ ლარს აღემატება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო მტკიცედ ლიდერობს ეკონომიკური ზრდის ტემპით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის. ალბათ სჯობს მივმართოთ შედარებას, რათა წარმატება უფრო თვალსაჩინო გახდეს: 1996-1997 წლებში მთლიანად შიდა პროდუქტის ზრდამ საქართველოში 25 პროცენტი შეადგინა. მე ახლა არ მინდა სხვა სახელმწიფოები ჩამოვთვალო, აქამდე ამ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ვერც ერთი სახელმწიფო ვერ უახლოვდება. რაც მთავარია, ზრდის სწრაფი ტემპით ხასიადება ეკონომიკის ყველა სფერო და სექტორი - მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი.
ეკონომიკის განვითარების ხელს უწყობს თანამიმდევრული სტრუქტურული გარდაქმნა. საშუალო და მცირე საწარმოთა პრივატიზების ვრცელი პროგრამის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბებული მეწარმეთა ფენა უკვე ნახევარ მილიონზე მეტ კაცს აერთიანებს (ეს ციფრები უნდა დავიმახსოვროთ) პრივატიზებული და კერძო საწარმოები ქმნიან ქვეყნის მთლიანად შიდა პროდუქტის სამ მეოთხედს. პრაქტიკულად, მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვა მიწის რეფორმამ, რომელსაც საფუძვლად უდევს მოქალაქეთათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემა, დაიწყო მსხვილი საწარმოების, მათ შორის, ენერგეტიკული სექტორის დემონოპოლიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი, სრულმასშტაბიანი რეფორმები გრძელდება ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში. მე ამ თემებს ალბათ საახალწლო გამოსვლებში კვლავ დავუბრუნდები - ვგულისხმობ ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებს. ჩემი აზრით, 1997 წელი მართლაც გარდატეხის წელი იყო რეფორმების თვალსაზრისით, ძალიან მტკივნეული, ძალიან მძიმე, მაგრამ უკვე გავედით იმ გზაზე, რომელმაც სასურველ მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს.
წელს კიდევ უფრო განვითარდა ინტენსიური საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობანი, მათ შორის, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც გაფართოვდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მხრივ მხარდაჭერის, ინვესტიციათა მოზიდვის მასშტაბი, დღითი დღე მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.
წლევანდელი წელი იმითაც გამოირჩევა, რომ შემუშავდა და სამოქმედოდ შემოღებულია ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის პროგრამა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია სოციალურ პრობლემათა გადასაწყვეტად მაკროეკონომიკურ მიღწევათა რეალიზება. ესე იგი, დადგა ის დრო, როცა ციფრები, პროცენტები, ზრდის დინამიზმი უწინარესად მომავალ წელს უნდა აისახოს სოციალურ სფეროში.
ამ პროგრამის განხორციელების პირველი კონკრეტული ნაბიჯია ახალი წლიდან საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების შემდგომი მოწესრიგების მიზნით ხელფასების, სტიპენდიებისა და სხვა გასაცემლების 10 პროცენტით ზრდა. ამასთან, პედაგოგებისათვის გათვალისწინებულია ხელფასის მომატების დიფერენცირებული მაჩვენებლები მათი კატეგორიების მიხედვით. ამ საკითხზე პრეზიდენტის ბრძანებულებას უახლოეს დღეებში მოვაწერ ხელს. ასეთივე მასშტაბით ხელფასების მატება განხორციელდება წლის მეორე ნახევარშიც. ესე იგი, საბოლოო ანგარიშით, მომავალ წელს საშუალოდ, მხედველობაში მაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციები, ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება. და, რა თქმა უნდა, ძირითადად ეს შეეხება ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებსა და ადამიანებს.
ისიც უდავო ფაქტია, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავალი ბოლო პერიოდში წლიდან წლამდე, მართალია ზომიერი ტემპით, მაგრამ მუდმივად იზრდება, რადგან საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების მატება სტიმულს აძლევს არასაბიუჯეტო სექტორის ხელფასების გადიდებას. მთავარი სწორედ ეს ტენდენციაა, იგი უეჭველად დაგვაძლევინებს გაჭირვებას, რომელშიც აღმოვჩნდით ყოველივესა და ყველაფრის უკანმოუხედავად ნგრევის შედეგად.
მნიშვნელოვანი შედეგი მოგვიტანა საქართველოს საგარეო-ეკონომიკურმა აქტიურობამაც. მე აღარ ვილაპარაკებ უკვე ტრადიციულად ქცეულ ურთიერთობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელმაც მომავალი წლისათვის 120 მილიონზე მეტი დოლარი გამოყო საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა დარგში. თქვენთვის ცნობილია გერმანიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების გულუხვობა. მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინო მოვლენაა იაპონელთა შემობრუნება, იაპონიის დაინტერესება კავკასიით და განსაკუთრებით საქართველოთი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო ბატონ ნიკო ლეკიშვილის ვიზიტი იაპონიაში, - მან დაადასტურა, რომ ამ დიდმა ქვეყანამ გადაწყვიტა „შემოვიდეს“, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოში, მტკიცედ დამკვიდრდეს მთლიანად რეგიონში და მნიშვნელოვანი ინვესტიციები დააბანდოს რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტის განსახორციელებლად.
იაპონიაში დაადასტურეს ადრე მიღწეული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისათვის ენერგეტიკის სფეროს განსავითარებლად გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის თაობაზე. თანხა 46 მილიონ დოლარს შეადგენს. კრედიტი მოხმარდება ხრამჰესისა და ლაჯანურჰესის რეაბილიტაციას. გამოცხადდება ტენდერი. ბუნებრივია, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ორივე ჰესი (თითოეულის სიმძლავრე დაახლოებით 60 მეგავატია) უახლოეს წლებში ამოქმედდება ახალი ძალითა და მთელი მასშტაბით. მიღწეულია აგრეთვე შეთანხმება ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე. სხვათა შორის, ეს მიმართულებაც ძალზე პერსპექტიულია საქართველოს ენერგეტიკისათვის. პირველი სიმძლავრეები დაახლოვებით 30 მეგავატის ფარგლებში იქნება.
და რაც ყველაზე მთავარია: კომპანია „იტოჩუმ“ (თქვენ იცით, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფირმაა) ხანგრძლივი ფიქრის, ანალიზის შემდეგ თანხმობა განაცხადა, რომ სახელმწიფო გარანტიის გარეშე გამოყოს 300 მილიონი დოლარი საქართველოში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად და ეს ქარხანა დაახლოებით იმ დროისათვის ამოქმედდება, როცა სავარაუდოდ დაიწყება საქართველოს გავლით კასპიის დიდი ნავთობის ტრანსპორტირება. ესე იგი მათაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ საქართველოში დიდმა ნავთობმა უნდა გაიაროს. ეს ჩვენი ქვეყნისათვის, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სახელმწიფოებრივად პრესტიჟული პროექტია, ვინაიდან ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით დადასტურდება, რომ საქართველო უკვე არა მარტო სატრანზიტო ქვეყანაა, არანედ მას ნავთობის გადამუშავება და მსოფლიო ბაზარზე მზა პროდუქციის გატანაც ძალუძს.
ვაგრძელებთ აგრეთვე მოლაპარაკებას ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციის თაობაზე იაპონიის კონცერნ „მარუბენთან“. და ეს მოლაპარაკებაც ბატონმა ნიკომ საკმაოდ წარმატებით წარმართა. თითქმის მიღწეულია შეთანხმება რუსთავის ქიმიური კომბინატის განახლების თაობაზე, რა თქმა უნდა, გარკვეულ წილს იაპონელები ალბათ იყიდიან და საქმეში ძალიან მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწევენ.
იაპონელი ექსპერტები უკვე მომავალ წელს დაიწყებენ მუშაობას შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირისა და ნავთობის ძიებასთან დაკავშირებით.
როგორც შევიტყვე, გრძელდება მუშაობა, იაპონიის მთავრობის მოწვევით, ამ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად. სავარაუდოდ, იაპონიას ალბათ, გაისად შემოდგომაზე ვესტუმრები.
კვლავინდებურად აქტუალური და მნიშვნელოვანია აგრეთვე, თანამშრომლობა უახლოეს მეზობელთან. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან ბატონ არტურ რასი-ზადესთან მოლაპარაკებისას განხილული იყო სავაჭრო-ეკონომიკურ, საფინანსო, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, ევრაზიის დერეფნის, კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პროექტებს დაეთმო. ამ სფეროში თანამშრომლობას მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი სარაქსის ოთხთა შეთანხმებისა და საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის სატრანსპორტო დერეფნის შექმნაში თანამშრომლობის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების რეალიზაციამ.
აზერბაიჯანის დელეგაციამ დადებითად შეაფასა ფოთის ნავსადგურის შესაძლებლობანი, სუფსის ტერმინალის მშენებლობის პროცესი, სადაც უკვე მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყება ადრეული ნავთობის შემოსვლა. საკმაოდ პერსპექტიულია საქართველოს შანსი დიდი ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული ვარიანტის თვალსაზრისითაც. ადრეული ნავთობის გატარების პრობლემებს თუ თავს გავართმევთ, ეს კიდევ ერთი არგუმენტი იქნება საქართველოში დიდი ნავთობის გატარების სასარგებლოდ. ეს უზარმაზარი შემოსავალი იქნება. მე ახლა ციფრებს არ ვასახელებ, არ მინდა რაღაც ოცნებათა სფეროში გადავიდეთ, მაგრამ ეს რეალობა, ნამდვილად დიდი რეალობა იქნება - უზარმაზარი შემოსავალი საქართველოს ბიუჯეტში.
ოთხშაბათს მთავრობის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2005 წლამდე, რომელსაც საფუძვლად დაედო მსოფლიო ბანკის, უცხოელ და ქართველ ექსპერტთა მიერ შემუშავებული საბაზრო ეკონომიკის შესატყვისი რეკომენდაციები სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესახებ. პროგრამაში ჩამოყალიბებულია ტყის რესურსების ერთიანი სახელმწიფო მართვის პრინციპები, გარდამავალი პერიოდის სატყეო პოლიტიკა და მისი განხორციელების მიმართულებანი, სატყეო მეურნეობის სისტემის რეფორმირების ძირითადი ეტაპები. იგი მოიცავს ასეთივე ტყის დაცვისა და აღდგენა-განახლების მიზნობრივ და ტყით სარგებლობის სრულყოფის სახელმწიფო პროგრამებს. ამ ეროვნული სახელმწიფო პროგრამის განხორციელება მტკიცე გარანტია იქნება ტყის საბოლოო შენარჩუნების, მისი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქციების გაუმჯობესების, დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. მე გადავწყვიტე, სწორედ ახალი წლის წინ მეთქვა ეს, რადგანაც ტყის მოვლა, მისი პატრონობა, ტყის განვითარება არა მარტო დღევანდელი თაობის, არამედ აგრეთვე მომავალი თაობების, ყველა თაობის ამოცანა იქნება და ჩვენ ახლა სწორედ ასეთ მიდგომას ჩავუყარეთ საფუძველი.
მთავრობის იმავე სხდომაზე მოვიწონეთ რეფორმების მეორე ეტაპის მოთხოვნათა შესაბამისი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ერთიანი პოლიტიკის წარმართვის მიზნით შემუშავებული „ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზაციის განხორციელების ერთიანი გეგმა 1998-2000 წლებისათვის“. მე დეტალებზე არ შევჩერდები, ეს, ალბათ, ცალკე საუბრის საგანი უნდა იყოს.
ამ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელთა თაობაზეც მომზადებულ განკარგულების პროექტს ამ დღეებში მოვაწერ ხელს.
წლევანდელ საბიუჯეტო ვალდებულებათა შესრულებისათვის, რაც, როგორც ცნობილია, მთლიანობაში დადებითად, მაგრამ საკმაოდ დიდი დაძაბულობით სრულდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წლის ბოლომდე დარჩენილ რამდენიმე დღეში მობილიზებული საბიუჯეტო შემოსავლის მაქსიმალურ ზრდას.
საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით 1-26 დეკემბერს მის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 25 მილიონი ლარი, რაც ნოემბრის შესაბამის მაჩვენებელს 3 მილიონით აღემატება. ამის გათვალისწინებით, წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილი საბიუჯეტო შემოსავლის მოცულობა შეადგენს 320 მილიონ ლარს, ანუ 69 მილიონით მეტს შარშანდელ წლიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საბაჟო სისტემამ წლის დამდეგიდან ბიუჯეტში უკვე გადარიცხა 180 მილიონი ლარი. აი, რა არის საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, ამ ფუნქციამ საქართველოს 180 მილიონი ლარი შემოუტანა, და ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა სულ ორიოდე წლის წინათ. წლის დარჩენილ სამ დღეში მას შეუძლია კიდევ უფრო გაადიდოს ამოღებული საბიუჯეტო შენოსავლის თანხა.
ახალ წლამდე დარჩენილ დღეებში ძირითადად უნდა დამთავრდეს ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემა. ბევრი რამ უკვე გაკეთდა ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი სტრუქტურების ერთობლივი მუშაობით. მოსახლეობის მიმართ დავალიანება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ასეთი კატეგორიული დირექტივა მიეცა ყველა სამინისტროს, უწყებას, ადგილობრივ ადმინისტრაციას.
მინდა რადიომსმენელს ვაცნობო, რომ საგანგებო ღონისძიებანი განხორციელდა საახალწლო ვაჭრობის ორგანიზაციისათვის. ჩვენი მონაცემებით ფასები იქნება ხელმისაწვდომი, როგორც მწარმოებლის, ისე მომხმარებლისათვის. ენერგეტიკოსებს დაევალათ უზრუნველყონ ახალი წლის დღეების, ასე ვთქვათ, სინათლიანი ღამეები.
- გასული კვირის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა - თბილისში ენვერ კაპბას ჩამოსვლა მაქვს მხედველობაში, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ჩვენი ურიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებას?
- მე მგონი, საერთოდ კარგი ნიშანია და, შეიძლება ითქვას, რომ 1997 წელი მთლიანობაში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოწესრიგების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, აქციებით, შეთანხმებებით იყო გამორჩეული. მე ცალკე კიდევ ვილაპარაკებ ჟენევის შეხვედრაზე, მის ფორმალიზებაზე, დაკანონებაზე, ამ შეხვედრის ყველა მონაწილის გააქტიურებაზე.
აფხაზეთი კვლავინდებურად, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი და უმწვავესი სატკივარია. მე მივესალმები დიალოგს ბატონ კაპბასთან ისევე, როგორც ნებისმიერ აფხაზ ლიდერთან თუ თითოეულ აფხაზთან. კონფლიქტი უნდა მოწესრიგდეს და უნდა დამთავრდეს დაპირისპირება, რომელიც ერთნაირად მიუღებელია როგორც აფხაზი, ასევე ქართველი ხალხისათვის.
მოხარული ვარ, რომ დიალოგი გრძელდება, რაც გვისახავს იმედს ორმხრივი ძალისხმევით უახლოეს მომავალში შევძლებთ კომპრომისის, შემდეგ კი კონსენსუსის მიღწევას. მე კვლავ ვადასტურებ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს, რაც განსაკუთრებით ჯავის შეხვედრაზე გამოიკვეთა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხები XXI საუკუნეს შერიგებული შეხვდებიან, და ერთად თანცხოვრების ძველებურ წესებს გაიხსენებენ. ეს ჩვენი დიდი წინაპრების ანდერძია, რომელსაც უეჭველად უნდა ვუერთგულოთ.
აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, 1998 წელს ძალიან ბევრი რამ გველოდება. მე არ მინდა, ახლა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ეს იქნება უაღრესად დინამიკური და უამრავი ღონისძიებით დატვირთული წელი, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე ორმხრივი დიალოგის თვალსაზრისითაც. ვგულისხმობ დადებითს შედეგებს.
- კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გასული კვირისა - ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის წევრი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი წლის ადამიანად აღიარეს...
- სასიამოვნოა. მიხეილ სააკაშვილი უაღრესად საინტერესო და პერსპექტიულ ახალგაზრდა მოღვაწედ მიმაჩნია. ამიტომ მისი აღიარება სამართლიანია, ვულოცავ გულწრფელად. ამასთან, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასპარეზზე გამოვიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მთელი პლეადა, რაც დიდ იმედებს და რწმენას გვინერგავს, და ჩემდათავად ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ იმისათვის, რომ რამდენადაც შემიძლია, დავეხმარო მათ ამ ზრდასა და ფორმირების პროცესში.
- განვლილი წლის კიდევ ერთი სიახლე: თქვენ ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა ერთი ჯგუფს პრეზიდენტის სტიპენდია უნდა გადასცეთ...
- ზემოთ მე ვილაპარაკე ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე. მე განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა დიდ ჯგუფს პირველად გადაეცემათ საპრეზიდენტო სტიპენდიებისა და გრანტების დიპლომები. პირველად, მაგრამ ეს ცერემონია ყოველწლიურად გაიმართება.
გაისად ძალაში შევა გადაწყვეტილება უნიჭიერესი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების შემოღების შესახებ - დაწყებული 6 წლის ასაკიდან. ეს შეეხება მეცნიერებასაც, ხელოვნებასაც და სპორტსაც. ქვეყანა გზას უნდა აძლევდეს, მხარს უჭერდეს ნიჭიერთ და გამორჩეულთ. ჩვენში, მადლობა ღმერთს, თანდათანობით მკვიდრდება ცხოვრებისა და არსებობის, მუშაობის სწორედ ასეთი წესი.
საქინფორმი.
„საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სტატუსი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 დეკემბერი. - №326 (2699). - 1,2 გვ.
![]() |
158 საახალწლო მილოცვა საქართველოს მედიკოსებს! |
▲ზევით დაბრუნება |
გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს!
მედიკოსთა ოდინდელი მოწოდება - „ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სული!“ იმ ჰარმონიული სრულფასოვანი ადამიანის კულტს ამკვიდრებს, აღმშენებლობის გზაზე შემდგარ ქვეყანას რომ სჭირდება. დღევანდელი ქართული მედიცინაც, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, დაცვისთვის, ერის ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისათვის იღვწის.
ამ წელს, რომელიც სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების წელია, სიხარული და წარმატება მოეტანოს თქვენს კეთილშობილურ საქმიანობაში.
ედუარდ შევარდნაძე.
საახალწლო მილოცვა საქართველოს მედიკოსებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 დეკემბერი. - №326 (2699). - 1 გვ.
![]() |
159 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშიძე ასლან
აბაშიძე ვახტანგ
აბაშიძე მემედ
აბულაძე ილია
აბულაძე (თენგიზ; საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე)
აგლაძე თამაზ
ადამია გენო
ადამსი ტერი
ადეიშვილი მერაბ
აიეტი
აინშტაინი ალბერტ
აკაევი ასკარ
ალესკეროვი მურთუზ
ალექსანდროვი
ალექსიძე ზაზა
ალიევი ჰეიდარ
ამაშუკელი ელგუჯა
ამბროსოვი მიხეილ
ამილახვარი დიმიტრი
ანანი კოფი
ანდრეატა ბენიამინ
ანთიმოზ ივერიელი (ივერიანუ)
ანრი ნავარელი
არაგონა ჯანკარლო
არაფატი იასირ
არზუმანიანი რაფიკ
არისტოფანე
არძინბა ვლადისლავ
ასკურავა ვანო
აუშევი
აღაათინი გუვენ
ახალბედაშვილი იოსებ
ახმეტელი მანანა
ბ
ბაბენკოვი დოლია
ბაბილაშვილი ჯამლეტ (ჯამლეთ)
ბაგრატიონი პეტრე
ბალავაძე ვახტანგ
ბარამიძე გიორგი
ბასილია თემურ
ბატურინი იური
ბაღაფში (ბაგაფში) სერგეი
ბეიკერი ჯეიმს ა. (ჯიმ)
ბერბიჭაშვილი
ბერეზოვსკი ბორის
ბერიძე რუსუდან
ბერულავა ხუტა
ბერძენიშვილი მერაბ
ბინციანი ვან
ბოტა ლივიუ
ბოჭორიძე ირაკლი
ბჟეზინსკი ზბიგნევ
ბრაზაუსკასი ალგირდას
ბროკჰაუზი და ეფრონი
ბურჭულაძე პაატა
გ
გაბრიაძე რეზო
გაბრიელ ეპისკოპოსი
გავრილოვი ლევ
გაზდელიანი თენგიზ
გალაზოვი ახსარბეკ (აღსარბეკ) ხაჯიმურზას
გამბა ჟან-ფრანსუა (შევალიე)
გამსახურდია ზვიად (პრეზიდენტყოფილი, ექსპრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი)
გამსახურდია კონსტანტინე
გამხიტაშვილი ივანე
გარიბალდი
გაფრინდაშვილი ნონა
გახოკიძე ჯემალ
გეგენფურტნერი რონალდ
გეგიძე 3
გენშერი ჰანს-დიტრიხ
გერმესაშვილი გიორგი
გიორგაძე თემურ
გიორგაძე იგორ
გიორგაძე პანტელეიმონ
გიორგი ბრწყინვალე
გოგუაძე ვახტანგ
გორბაჩოვი მიხეილ
გორდეზიანი რისმაგ
გორდია (გორდიას კვანძი)
გრაჩოვი პავლე
გრიბოედოვი ალექსანდრე
გრიგალაშვილი
გრიგოლია ლაშა
გულუა გია
გულუა ბაკურ
გურამიშვილი დავით
დ
Давид Возобновитель (დავით აღმაშენებელი)
დავით IV აღმაშენებელი
დავით კურაპალატი
დანტე
დარბინიანი სერგო
დე გოლი
დე ლა პორტი (აბატი)
დემირელი ნაზმიე
დემირელი სულეიმან
დიანა (პრინცესა)
დიუბუა დე მონპერე ფრედერიკ
დიუმა როლან
დიუმა ალექსანდრე
დოიჯაშვილი მანანა
დოლენკო
დოლიძე (ჯარისკაცი)
დრაგოზეი ფაბრიციო
დუდაევი ჯოხარ (ჯოჰარ)
ე
ეგოროვი მიხეილ
ევრიპიდე
ელცინი ბორის
ემერსონი
ერეკლე II (პატარა კახი)
ესვანჯია ვახტანგ
ესქილე
ვ
ვაგანოვი
ვალავი მოჰამედ შადმან
ვაჟა-ფშაველა
ვარშანიძე ბიჭიკო
ვასილევსკი ალექსანდრე
ვაშაკიძე რემი
ვახტანგ VI
ვახტანგ გორგასალი
ვეკუა ილია
ვიახირევი რემ
ვოზნესენსკი
ვოინოვა ვალენტინა
ზ
ზაკაევი ახმედ
ზატულინი კონსტანტინე
ზიუგანოვი გენადი
ზოიძე
ზუბალაშვილები, ძმები
ზუბიტაშვილი დავით
თ
თათქარიძე
თარგამაძე კახა
თაყაიშვილი ექვთიმე
თევზაძე დავით
თუმანიშვილი მიხეილ
ი
იაზონი
იაკობიძე დავით
იაძე ოლეგ
იესო ქრისტე (ნაზარეველი)
ივანოვი ბორის
ილია მეორე (კათოლიკოს-პატრიარქი)
ილმაზი აიფერ
ილმაზი მასუდ
ინჯია ფრიდონ
იოანე პეტრიწი
იოანე პავლე II
იოსელიანი ავთანდილ
იოსელიანი ჯაბა
ისფაჰანლი იბრაჰიმ
კ
კალანდარიშვილი ოთარ
კალაშნიკოვი
კალოევი ზაურ
კაპბა ენვერ
კარუ (გენერალი)
კასიანენკო ანატოლი
კახიძე ჯანსუღ
კედია სპირიდონ
კელდიში
კვაჭანტირაძე თამაზ
კვირაია შოთა,
კლენსი ტომ
კლინტონი უილიამ ჯეფერსონ (ბილ)
კოვალიოვი სერგეი
კოვალსკი ბაზილ
კოლესნიკოვი (გენერალი)
კოლი ჰელმუტ
კომახიძე ნოდარ
კონსტანტინესკუ ემილ
კორტნი უილიამ
კრილოვა ლარისა
კრისტოფერი უორენ
კროტოვი მიხაილ
კუზმუკი ალექსანდრე
კურდღელაშვილი მამუკა
კუტაევი
კუჩმა ლეონიდ დანილის (დანიელის) ძე
კუჩმა ლუდმილა ნიკოლოზის ასული
კუჭატნელი
ლ
ლამენტოვიჩი
ლაროზიე (ლაროზიერი) ჟაკ დე
ლებედი (გენერალი)
ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო)
ლენინი (ლენინელი, ლენინური)
ლიბალი მიხეილ
ლინი იოჰანეს
ლორთქიფანიძე ვაჟა
ლორთქიფანიძე გიგა
ლუი XIV, მზე-მეფე
ლუკაშენკო ალექსანდრე
ლუჩინსკი პეტრუ
მ
მაგაროტო ლუიჯი
მაევი სერგეი
მამალაძე თეიმურაზ
მამალაძე ლევან
მარშანია ლორიკ
მასხადოვი ასლან
მაჩაბელი ივანე
მაცკე რიჩარდ ჰერმან
მახარაძე გიორგი (გიგა)
მედეა
მელქაძე მალხაზ
მენაღარიშვილი ირაკლი
მეტრეველი ვალერიან
მეფარიშვილი ზურაბ
მეღვინეთუხუცესი ირინე
მიურატი აშილ
მიხაილოვა ნადეჟდა
მოსულიშვილი ფორე
მუბარაქი ჰოსნი
მუზაშვილი ჯონდო
მუსხელიშვილი ნიკო
ნ
ნადარაია ნუგზარ
ნადარეიშვილი (მებრძოლი)
ნადარეიშვილი თამაზ
ნადიბაიძე ვარდენ (ვარდიკო)
ნაზარბაევი ნურსულთან
ნაკაიამა ტარო
ნაპოლეონი
ნეთანიაჰუ ბენიამინ
ნემცოვი ბორის
ნიაზოვი საფარმურატ
ნიკოლაევი (გენერალი)
ნიკოლაძე ნიკო
ნიკოლეიშვილი რევაზ
ნინიძე თედო
ო
ობგაიძე შალვა
ოზგანი კონსტანტინე
ოკუჯავა ბულატ
ონასისი ალექსანდრე
ონასისი არისტოტელე
ონიანი ნატო
ორბელიანი სულხან-საბა,
ორუელი ჯორჯ
ოქიაიუზი თევფიქ
ოჩიაური გოგი
პ
პასტუხოვი ბორის
პენია ფედერიკო
პერმისაშვილი
პეტერსენი ნილს ჰელვეტ
პეტრე დიდი
პეტრე იბერი (ივერი; ფსევდო დიონისე არეოპაგელი)
პონსელე ქრისტიან
პრიმაკოვი ევგენი
პროდი რომანო
ჟ
ჟვანია ზურაბ
ჟუკოვი მარშალი
რ
რაბინი იცხაკ
რასელი ბერტრან
რასი-ზადე არტურ
რეუტი თევდორე
რიბკინი
რიშარი (მისიონერი)
როდიონოვი იგორ
როკოსოვსკი კონსტანტინე
რომან პეტრუ
რუზველტი
რუზლიაევი
რუსო ჟან-ჟაკ
რჩეულიშვილი ვახტანგ
ს
სააკაშვილი მიხეილ
სადათი ანვარ
სავი თომას
სალარიძე დავით (დათო)
სამსონოვი ვიქტორ
სანებლიძე არმაზ
სარაგატი ჯუზეპე
სარალიძე ბორის
სარაჯიშვილი დავით
სელეზნიოვი გენადი
სეროვი ვალერი
სიდამონ-ერისთავი ვალერიან
სკალფარო ოსკარ ლუიჯი
სოლანა ხავიერ
სოროსი ჯორჯ
სოტკილავა ზურაბ
სოფოკლე
სტალინი იოსებ
სტეფანოპულოსი კონსტანტინოს
სტოიანოვი პეტარ
სულაკაური არჩილ
სურმანიძე ედუარდ
ტ
ტერეზა (დედა)
ტერ-პეტროსიანი ლევონ
ტიხონოვი გიორგი
ტულიევი
ტურნეფორი
ტყეშელაშვილი მერაბ
უ
უგრეხელიძე მინდია
უდუგოვი მოვლადი
უკლება მიხეილ
უკრაინკა ლესია
უორენი რობერტ პენ
უორენ კრისტოფერი
ფ
ფანჯიკიძე გურამ
ფარჯიანი ირაკლი
ფაცაცია ოთარ
ფაცაცია გერმანე
ფიფია ლაშა
ფიშერი ლენი
ქ
ქანთარია მელიტონ
ქასრაშვილი მაყვალა
ქოჩარიანი რობერტ
ყ
ყარყარაშვილი გიორგი (გია)
ყენია კარინა
შ
შადიმანი
შავიშვილი რევაზ
შალიკაშვილი ჯონ (მალხაზ)
შანიძე აკაკი
შარდენი ჟან
შარეტი ერვე დე
შარტავა ჟიული
შაშიაშვილი თეიმურაზ (თემურ)
შევარდნაძე ედუარდ (გიორგი)
შევჩენკო ტარას
შენგელია ზაზა
შესერი ვიქტორ
შირაკი ჟაკ
შიუკაშვილი მამუკა
შოთა რუსთაველი (რუსთველი)
შოთაძე თეიმურაზ
შოშიტაიშვილი ბადრი
შულცი ჯორჯ
ჩ
ჩაიკოვსკი პეტრე
ჩერნომირდინი ვიქტორ სტეფანეს ძე
ჩერქეზიშვილი გურამ
ჩერჩილი უინსტონ
ჩიბიროვი ლუდვიგ
ჩილერი თანსუ
ჩიცენი ციან
ჩოგოვაძე გოჩა
ჩოხელი არჩილ
ჩხობაძე ნინო
ც
ცისკარიშვილი მიხეილ
ციციშვილი გიორგი
ძ
ძასოხოვი ალექსანდრე
ძლიერიშვილი ჯემალ
წ
წერეთელი ზურაბ
წივწივაძე თამაზ
ჭ
ჭავჭავაძე ნინო
ჭავჭავაძე ალექსანდრე
ჭავჭავაძე ილია (მართალი)
ჭავჭავაძე ნიკო
ჭანტურია გიორგი (გია)
ჭკუასელი მიხეილ
ჭოხონელიძე გიული
ჭყონია თემურ
ხ
ხაბეიშვილი სოლიკო
ხარაზი თამაზ
ხარაძე ევგენი
ხასიმოტო
ხახალეიშვილი დავით
ჯ
ჯაიანი თენგიზ
ჯანიაშვილი ბადრი
ჯაში ლეილა
ჯერგენია ანრი
ჯიქია ბონდო
ჯორბენაძე ავთანდილ
ჯორბენაძე სერგო
ჰ
ჰაველი ვაცლავ
ჰანტერი რობერტ
ჰერცოგი რომან
ჰომეროსი
![]() |
160 ადგილის საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
„აბრეშუმის გზა“
ადიგენი
ავსტრია
ავღანეთი
აზერბაიჯანი
აზია
ათენი
ათონის მთა
აია (ქუთაისი)
ალბანეთი
ალმა-ათა (ალმათი)
ამბროლაური
ამერიკა
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
ამიერკავკასია
ამიერკავკასიის ფედერაცია (ფედერაციული რესპუბლიკა)
ანტვერპენი
არაბული სამყარო (არაბული ქვეყნები, არაბეთის ქვეყნები)
ასპინძა
აფრიკა
აფხაზეთი
აღმოსავლეთი აზია
აღმოსავლეთი ევროპა
აღმოსავლეთი საქართველო
აჭარა
აჭარის (სამუსლიმანო საქართველოს) ავტონომიური რესპუბლიკა
ახალქალაქი
ახალციხე
ახლო აღმოსავლეთი
ბ
„ბოიანის“ რეზიდენცია
ბაბუშერა
ბაგრატი (ტაძარი)
ბაზალეთის ტბა
ბათუმი
ბალკანეთი
ბალტიისპირეთი
ბაქო
ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი
ბაღდათი
ბელგია
ბელორუსია
ბერლინი
ბიშკეკი
ბოლნისი
ბორჯომი
ბორჯომის ხეობა
ბოსნია
ბოსნია-ჰერცეგოვინა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
ბრიუსელი
ბუდაპეშტი
ბუდიონოვსკი
ბულგარეთი
ბურგასი
ბუქარესტი
ზ
გაგრა
გაენათის მონასტერი
გალი
გელათი
გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
გორი
გროზნო
გუდაუთა
გურია
დ
დანია
დასავლეთი ევროპა
დასავლეთი საქართველო
დედოფლისწყარო
დიდი ბრიტანეთი
დიოსკურია
დმანისი
დნეპროპეტროვსკი
დნესტრისპირეთი
დუნაის აუზი (დუნაისპირა ქვეყნები)
დუნაი
დუშეთი
ე
ეგვიპტე
ევრაზია
ევროკავშირი
ევროპა
ენგური
ენგურჰესი
ერაყი
ერევანი
ესპანეთი
ესტონეთი
ვ
ვანკუვერი
ვარშავა
ვარძია
ვაშინგტონი
ვენა
ვლადივოსტოკი
ვლადიკავკაზი
ზ
ზემო სვანეთი
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თბილისი
თეთრიწყარო
თელავი
თერჯოლა
თურქეთი
თურქმენეთი
ი
იაპონია
იბერია (კავკასიის)
ილიჩოვსკი
იმერეთი
ინგლისი
ინგუშეთი
იორდანი
ირანი
ირკუტსკი
ისრაელი
იტალია
იუგოსლავია
კ
კავკასია
კანადა
კასპი
კასპიის ზღვა
კასპიის ზღვის აუზი
კასპიისპირეთი
კახარეთჰესი
კახეთი
კიევი
კისლოვოდსკი (კისლოვოდსკის დეკლარაცია)
კიშინიოვი
კოდორის ხეობა
კოლხეთი
კონსტანცა
კოპენჰაგენი
ლ
ლანჩხუთი
ლატვია
ლაციო
ლაჯანურჰესი
ლეჩხუმი
ლისაბონი
ლიტვა
ლონდონი
მ
„მინაძე“ ჰესი (მინაძის ჰესი)
მადრიდი
მაინი
მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა
მარნეული
მარტვილი
მენფი
მესხეთ-ჯავახეთი
მთაწმინდა
მთიანეთი
მინსკი
მოლდავეთი (მოლდოვა)
მოსკოვი
მტკვარი
მცხეთა
მცხეთა-მთიანეთი
ნ
ნანტი
ნიკორწმინდა
ნინოწმინდა
ნიუ-იორკი
ნოვარა
ნოვოროსიისკი
ო
ოდესა
ოსლო
ოჩამჩირე
პ
პალატინი 393
პალერმო
პალესტინა
პარიზი
პირენეები
პოლონეთი
პორტუგალია
პრაღა
ჟ
ჟენევა
ჟინვალის წყალსაცავი
რ
რაინი
რაჭა-ლეჩხუმი
რიონი
როკის გვირაბი
რომი
რუმინეთი
რუსეთი
რუსთაველის პროსპექტი
რუსთავი
ს
(სანქტ-)პეტერბურგი
საბერძნეთი
საბჭოთა კავშირი (სსრკ)
საგარეჯო
სამაჩაბლო
სამეგრელო
სამტრედია
სამცხე-ჯავახეთი
კორეა სამხრეთი,
სამხრეთ ოსეთი
სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა
სარახსი (სარაქსი)
საფრანგეთი
სენაკი
სენ-სირი
სვანეთი
სვეტიცხოველი
სინას მთა
სიღნაღი
სომხეთი
სოფია
სოჭი
სოხუმი
სპარსეთის ყურე
სპასოვკი
სტამბოლი
სუფსა
ტ
ტაჯიკეთი
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
უნგრეთი
უშგული
ფ
ფაზისი
ფინეთი
ფოთი
ფსოუ
ქ
ქართლი
ქვემო სვანეთი
ქვემო ქართლი
ქობულეთი
ქუვეითი (კუვეიტი)
ქუთაისი
ღ
ღალიძგა
ყ
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყარაბაღი (მთიანი ყარაბაღი)
ყარსი
ყვარელი
ყირგიზეთი
ყულევი
შ
შავი ზღვა
შავი ზღვის აუზი (შავიზღვისპირეთი)
შეშელეთი
შვეიცარია
შიდა ქართლი
შორეული აღმოსავლეთი
შუა აზია
შუა აღმოსავლეთი
ჩ
ჩეჩნეთი
ჩეხეთი
ჩეხოსლოვაკია (ჩეხოსლოვაკეთი)
ჩინეთი
ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთი
ჩრდილოეთ კავკასია (ჩრდილოეთკავკასიური)
ჩხოროწყუ
ც
ცენტრალური აზია
ცენტრალური ევროპა
ცხინვალი
წ
წალენჯიხა
წალკა
წითელი ხიდი
წყნარი ოკეანის აუზი
ჭ
ჭიათურა
ჭოროხი
ხ
ხაშური
ხელვაჩაური
ხმელთაშუა ზღვა
ხონი
ხრამჰესი(-2)
ხუდონჰესი
ჯ
ჯავა
ჯავახეთი
ჯვრის წყალსაცავი
ჰ
ჰებრონი
ჰელსინკი
![]() |
161 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ამერიკის ადმინისტრაცია
ამერიკის კონგრესი
ანარქია; დესტაბილიზაცია
ანტაგონისტური კლასი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
აღმავლობა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
ბ
ბერლინის კედელი
ბიუჯეტის დეფიციტი
ბლოკადა
გ
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება
განხეთქილება
გერმანიის გაერთიანება
გოლგოთას გზა
დ
დამოუკიდებლობა
დასავლეთის ქვეყნები
დემოკრატიული, დემოკრატია
დემოკრატიული გარდაქმნა
დესტაბილიზაცია
დესტრუქციული ძალები
ე
ევროპელები
ევროპული გაერთიანება
ეთნოგენოციდი
ეთნოკონფლიქტები
ეკონომიკა
ეკონომიკური კრიზისი
ეკონომიკური ქაოსი
ემიგრაცია
ენერგეტიკა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ეროვნული ცნობიერება
ეროვნული თანხმობა
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა
ერისა და ბერის ერთობა
თ
„თელასი“
თავდაცვის სამინისტრო
თავისუფლება
თავისუფალი არჩევნები
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა
თავისუფალიმეწარმეობა
თანამეგობრობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი
„ინტერფრონტები“
იმპერიული ძალები
იმპერიული პოლიტიკა
ინფორმაციული ომი
იუგოსლავიის ტრაგედია
იუნესკო
იუსტიციის სამინისტრო
კ
კორუფცია
კომუნისტური რეჟიმი
კომპრესია
კონცეფცია
კურსანტი
მ
„მრეწველობა“
მართვადი ქაოსი
მიტინგი
მონოგრაფია
მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ომი
მსოფლიო ცივილიზაცია
მსოფლმხედველობა
მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები
ნ
ნატო
ო
„ოქროს საწმისი“
ოპოზიცია
პ
პატრიოტიზმი
პოლიტპატიმარი
პირდაპირი არჩევნები
პრეზიდენტის პრესის სამსახური
პროვოკაცია
კ
კონსტიტუცია
კონფლიქტი
პოლიტიკური მიზნები
პოლიტიკური სტაბილურობა
პოლიტიკური ძალა
პრეზიდენტის პრესსამსახური
კულტურის ხსნის კომიტეტი
რ
რეაქციულიძალები
რეფერენდუმი
რეგიონალურიკონფლიქტები
რეზოლუცია
ს
„სვობოდნაია გრუზია“
საინფორმაციო ომი
საქენერგო
საქნავთობი
საბოტაჟი
საბჭოთა იმპერია
საბჭოთა კავშირი
საბჭოთა კავშირის დაშლა
საგარეო-პოლიტიკური კურსი
საერთაშორისო კონვენციები
საერთაშორისო თანამეგობრობა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საკანონმდებლო ინიციატივა
სამოქალაქო ომი
სამაგიდო წიგნი
სამშვიდობო მისია
საპარლამენტთაშორისო ასამბლეა
სასაზღვრო ჯარები
სამხედრო კომისარიატები
საპროტესტო აქციები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
საქართველოს პრეზიდენტის აპარატი
საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება
საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური კურსი
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს წარმომადგენლობა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს პირველი პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფოებრიობა
საქინფორმი
სახელმწიფოებრიობის გაუქმება
სახელმწიფო გადატრიალება
სახელმწიფო საბჭო
სოციალისტური ბანაკი
სოციალური კრიზისი
სოციალური ჰარმონია
სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოები
ტ
ტოტალიტარული რეჟიმი
ტოტალიტარიზმი
უ
უტოპია
ქ
ქაოსი
ქართველი ერი
ქართული ჯარი
ყ
ყოფილი კავშირის ქვეყნები
შ
შავი ზღვის ეკოლოგია
შეიარაღებული კონფლიქტი
ჩ
ჩრდილოვანი ეკონომიკა
ც
9 აპრილის ტრაგედია
ცივი ომი
ხ
„ხავერდოვანი რევოლუცია“
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოები
ჯ
ჯვარცმა
ჰ
ჰელსინკის ხელშეკრულება
ჰუმანური
![]() |
162 ბიბლიოგრაფიული საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს პრეზიდენტის მისალმება მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 იანვარი. - №1 (2374). - 4 გვ.
2. „ღმერთმა ქნას, ახალ წელიწადს თითოეულმა გუთნისდედამ ხარივით გასწიოს ერის ჭაპანი. იყოს ხვავი და ბარაქა ქართულ მიწაზე, სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ძეობა - ყველა ოჯახში, მშვიდობა, უღრუბლო ზეცა - სრულიად საქართველოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 იანვარი. - №1 (2374). - 1,2 გვ.
3. პანსიონატ „ნატვრის ხის“ აღსაზრდელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 იანვარი. - №3 (2376). - 1 გვ.
4. „საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო ყველა ოჯახს და მთლიანად საქართველოს ბედნიერება და სიხარული, გამთლიანება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 იანვარი. - №4 (2377). - 1,2 გვ.
5. „ორმხრივი შეხვედრების განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი ატმოსფეროს ფორმირებაა, რაც საშუალებას იძლევა უფრო მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში გადავჭრათ ორი ხალხის საბოლოო შერიგების პრობლემები“ / შევარდნაძე ედუარდ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 იანვარი. - №9 (2382). - 1,2 გვ.
6. „ქვეყანა თქვენით არის და თქვენ ქვეყნისათვის ხართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 იანვარი. - №10 (2383). - 1 გვ.
7. დიპლომატია, პოლიტიკა წარმოუდგენელია მორალისა და ზნეობის გარეშე : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომელიც მან გააკეთა მსოფლიოს ტელესააგენტოებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 იანვარი. - №10 (2383). - 1 გვ.
8. „კეთილი ნების პირობებში ორ ქვეყანას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ კეთილი ნება უნდა არსებობდეს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 იანვარი. - №15 (2388). - 1,2 გვ.
9. „...მეცნიერული კვლევა წარმოუდგენელია თქვენი ნაშრომების, ხოლო ქართული მწერლობა - თქვენი თარგმანების გარეშე“ : ბატონ მაგალი თოდუას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 იანვარი. - №18 (2391). - 1 გვ.
10. „თქვენი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ერთგულების მაგალითად იქცა...“ : ბატონ ვანო ასკურავას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 იანვარი. - №18 (2391). - 1 გვ.
11. „ყველა სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი აქვს და ამ უფლებაში ვერავინ შეეცილება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 იანვარი. - №21(2393). - 1,2 გვ.
12. სამძიმარი : საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი ნოდარ კომახიძის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 თებერვალი. - №25 (2397). - 1 გვ.
13. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება რთული, უაღრესად მძიმე და ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ნურავინ იმედოვნებს, რომ იაფი პოპულიზმის ცდუნებამ შეიძლება ხელი აგვაღებინოს ქვეყნის მომავლისათვის ამ უთუოდ საჭირო ამოცანის განხორციელებაზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 თებერვალი. - №25 (2397). - 1,2,3,4 გვ.
14. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საფრანგეთის საგარეო ურთიერთობის მინისტრის ერვე დე შარეტის მიერ გამართულ სადილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 თებერვალი. - №28 (2401). - 2 გვ.
15. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საქართველოს შესახებ საფრანგეთის სენატისა და საგარეო ვაჭრობის ფრანგული ცენტრის მიერ გამართულ კოლოკვიუმზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 თებერვალი. - №29 (2402). - 1,2 გვ.
16. „რათა საქართველოს ყოველწლიურად მიეღო ნაყოფი...“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სენ-სირის სამხედრო სკოლაში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 თებერვალი. - №30 (2403). - 1 გვ.
17. „უშიშროების სისტემა ევროპულ სივრცეში ერთიანი და მყარი უნდა იყოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 თებერვალი. - №33 (2406). - 1,2 გვ.
18. კონსტრუქციულმა თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს უმაღლესი მიზნის მიღწევას - ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგებისა და 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1997 წლის 7 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 თებერვალი. - №35 (2408). - 1,3,4,5,6 გვ. 166
19. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 16 თებერვალი. - №38 (2411). - 3 გვ.
20. „გლობალურ დაპირისპირებათა ეპოქა დამთავრდა და ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერავინ დაატრიალებს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 თებერვალი. - №39 (2412). - 1,2 გვ.
21. სამძიმარი : ნიკო ჭავჭავაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 თებერვალი. - №40 (2413). - 1 გვ.
22. მიხეილ ცისკარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 თებერვალი. - №40 (2413). - 1 გვ.
23. „ჩვენს ქვეყნებს შორის სამაგალითო ურთიერთობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ის, რომ ამიერკავკასია სერიოზულ ფაქტორად იქცა დღევანდელ მსოფლიოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 თებერვალი. - №41 (2414). - 1,2 გვ.
24. „ამბობთ და აკეთებთ იმას, რასაც ხალხი და დრო ითხოვს“ : არჩილ სულაკაურის დაბადების სამოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 თებერვალი. - №42 (2415). - 1 გვ. 192
25. „ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ თავისთავადი კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც წინაპართა ურიცხვმა თაობებმა შექმნეს, განავითარეს და გადმოგვცეს იმ იმედით, რომ „კავკასიელობას“ გადაშენება არ უწერია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 22 თებერვალი. - №43 (2416). - 1,2 გვ.
26. უბერებელი : ედუარდ შევარდნაძის მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 თებერვალი. - №47 (2420). - 6 გვ.
27. „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მასწავლებლებს, რომელთა მოღვაწეობა საქართველოში ზნეობრივი გმირობის ტოლფასია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 მარტი. - №51 (2424). - 1,2 გვ. 28. XXI საუკუნის ევროპას ახალი კონსტიტუცია სჭირდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 მარტი. - №56 (2427). - 1 გვ.
29. „საქართველო დღეს იმკვიდრებს სახელს მსოფლიოში როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენზე მხოლოდ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვრცელდებოდეს“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 მარტი. - №56 (2427). - 1,2 გვ.
30. საზოგადოებაში გამეფებული მექრთამეობა და ხალხის ძარცვა ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი დარღვევაა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 12 მარტი. - №57 (2430). - 1,2 გვ.
31. „ზურაბ სოტკილავას სახით საქართველოს კულტურას უცხოეთში შეუდარებელი დესპანი ჰყავს...“ : ბატონ ზურაბ სოტკილავას დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 მარტი. - №59 (2432). - 1 გვ.
32. უკვდავებაში გადასული - გაუტეხელი სულის სიმბოლო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 მარტი. - №59 (2432). - 5 გვ.
33. „თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ დემოკრატიას, სტაბილურობას, პროგრესის იმ ყლორტებს, ამ ორი-სამი წლის განმავლობაში რომ ამოიზარდა საქართველოში“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მარტი. - №62 (2435). - 1,2 გვ.
34. საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მარტი. - №62 (2435). - 1 გვ.
35. „საერთაშორისო ურთიერთობაში მიღწეული პოზიტიური ძვრები კიდევ უფრო რეალურს გახდის ლოკალური კონფლიქტების დაძლევაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა როლის გააქტიურებას“ // ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 მარტი. - №68 (2440). - 1,2 გვ.
36. „აფხაზ სეპარატისტთა მიერ რუსეთის საშუამავლო როლის უგულებელყოფა, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარის თქმა, თანამეგობრობის ქვეყნების იგნორირება კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს ვისთან გვაქვს საქმე“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 აპრილი. - №74 (2447). - 1,2 გვ.
37. „სტაბილური საქართველო სწრაფად აღორძინდება, სწრაფად გადაწყვეტს სოციალურ და სხვა პრობლემებს, უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 8 აპრილი. - №80 (2453). - 1,2 გვ.
38. თბილისის შეხვედრა ახალ განზომილებას შესძენს ბისეკის საქმიანობას, მძლავრ ბიძგს მისცემს ტრასეკის შემდგომ განვითარებას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 აპრილი. - №81 (2454). - 1,2 გვ.
39. „მჯერა, რომ საერთო ენას იპოვიან ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ყველა ხალხის, ყველა მოქალაქის, ყველა ეროვნების წარმომადგენელთა ინტერესების ჭეშმარიტი დამცველი იქნება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 აპრილი. - №85 (2458). - 1,2 გვ.
40. მილოცვა : „...კვლავაც ძალზე სჭირდებით თქვენს ქვეყანასა და თქვენს ხალხს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 16 აპრილი. - №86 (2459). - 1 გვ.
41. „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 22 აპრილი. - №91 (2464). - 1,2 გვ.
42. ყველა სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აპრილი. - №95 (2468). - 1 გვ.
43. ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აპრილი. - №95 (2468). - 1 გვ.
44. „ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც ამ კეთილშობილური საქმის განხორციელებაში მიუძღვის დიდ გერმანელ ხალხს...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აპრილი. - №95 (2468). - 1 გვ.
45. დგება ქმედითი თანამშრომლობის დრო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 აპრილი. - №96 (2469). - 2 გვ.
46. „მხოლოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების რაციონალურ მიზანშეწონილობასა და შესაბამისობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს სტაბილურობა და უშიშროება დედამიწის ნებისმიერ რეგიონში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 აპრილი. - №97 (2470). - 1,2 გვ.
47. ჩვენ აგურ-აგურ ვაშენებთ და მტკიცე ნაბიჯით მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც სტაბილური იყოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 3 მაისი. - №100 (2473). - 1,2 გვ.
48. „ვიზიტები ბაქოში, ერევანში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სტუმრობა საქართველოში კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 6 მაისი. - №102 (2473). - 1,2 გვ.
49. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გამარჯვების დღესასწაულზე : „ყველა და ყველაფერი უნდა დაფასდეს, რაც დაკავშირებულია წმიდათაწმიდა ომთან, ქვეყნებისა და ხალხების თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 10 მაისი. - №106 (2479). - 1,2 გვ.
50. „უაღრესად მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს როლის წამოწევა და მისი აქტიურობის მხარდაჭერა აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესში“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 მაისის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 მაისი. - №108 (2481). - 1,2 გვ.
51. „საქართველო მზად არის ევროკავშირში შესასვლელად“ : ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ფაბრიციო დრაგოზეიმ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 მაისი. - №109 (2482). - 1,2 გვ.
52. „მადლობა მართალი სიტყვისა და ბასრი კალმისათვის“ : გაზეთ „შუქურას“ („ფაროსის“) კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 მაისი. - №112 (2485). - 1 გვ.
53. მადლობა სენაკელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მაისი. - №113 (2486). - 1 გვ.
54. რომში 18 საუკუნის შემდეგ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] არმაზ სანებლიძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მაისი. - №113 (2486). - 1,2,4 გვ.
55. „ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაში ეს დღე ჩაიწერება როგორც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 მაისი. - №113 (2486). - 3 გვ.
56. „დავით აღმაშენებლის ძეგლი, როგორც ხატი ერთიანი და ძლიერი საქართველოსი, შთაგვაგონებს ძველებური სიმხნევით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და ბედნიერებისათვის“ : საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 1 გვ.
57. „...მუდამ გინდა იმუშაო და გაისარჯო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების უკეთესი მერმისისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 2 გვ.
58. „ იტალიაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მზარდი ინტეგრირების პროცესის შეუქცევადობა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 1,2 გვ.
59. „მსურს ეს მშვენიერება და ეს სიმდიდრე ყოველი თქვენგანის კუთვნილებად იქცეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 მაისი. - №114 (2487). - 2 გვ.
60. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა : საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ დარბაზობაზე 1997 წლის 26 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 მაისი. - №120 (2493). - 1,3 გვ.
61. მე ყველას ხელს ვუწვდი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 მაისი. - №121 (2494). - 1 გვ.
62. სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობისათვის! : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მანიფესტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 მაისი. - №121 (2494). - 1 გვ.
63. ქვეყნის განწმენდის მრავალსახეობა : დღის ციტატა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 მაისი. - №122 (2495). - 1 გვ.
64. „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 მაისი. - №122 (2495). - 1,2 გვ.
65. „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 31 მაისი. - №124 (2497). - 1,2,3,4,5,6 გვ.
66. „საქართველოს კონსტიტუცია ის ფუნდამენტია, რომელზეც ძმობის, მეგობრობის, თანხმობის შენობა უნდა აღიმართოს“ // ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 3 ივნისი. - №126 (2499). - 1,2 გვ.
67. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საიუბილეო მილოცვა ვლადიმერ ალფენიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 ივნისი. - №128 (2500). - 9 გვ.
68. „პარტნიორობა უეჭველად გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების პატივისცემას და ორივე მხარის სასარგებლო თანამშრომლობას“ // შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 10 ივნისი. - №132 (2505). - 1,2 გვ.
69. „ჩვენ თქვენთან ვართ ამ მწუხარების დღეებში“ : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 ივნისი. - №138 (2511). - 1 გვ.
70. „მე ყოველთვის ვარ შეხვედრების მომხრე, დიალოგის მომხრე, მით უმეტეს, თუკი კონსტრუქციულ მიდგომათა რაღაც ახალი ელემენტი გაჩნდება, ყოველმხრივ დავუჭერ მხარს და მივესალმები ამას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 ივნისი. - №138 (2511). - 1,2 გვ.
71. „დღეს „სვობოდნაია გრუზია“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფალი გაზეთია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 ივნისი. - №141 (2514). - 1 გვ.
72. ედუარდ შევარდნაძე: „მე მივიღებ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ ვარიანტს, ოღონდ, ერთი პირობით: საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისა და შენარჩუნების პირობით“ : ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] თეიმურაზ მამალაძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 ივნისი. - №141 (2514). - 1,2 გვ.
73. ქართული მეცნიერების რაინდი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 ივნისი. - №142 (2515). - 1,2 გვ.
74. „ხელისუფლებას არათუ არ ეშინია ისეთი ფაქტების გამოვლინებისა, ძველად ცხრაკლიტულში რომ იყო ჩაკეტილი, არამედ ხელსაც კი უწყობს დისკუსიის გამართვას, ესე იგი, ჩვენ მართლა დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიწყებთ ცხოვრებას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 ივნისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 ივნისი. - №144 (2517). - 1,2 გვ.
75. „საზოგადოება აღარასოდეს შეურიგდება დემოკრატიულ მონაპოვართა ხელყოფას საქართველოში“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 30 ივნისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 ივლისი. - №150 (2523). - 1,2 გვ.
76. „მშვიდობიანი კავკასია თანასწორთა და თანამოაზრეთა ერთობლივი ძალისხმევის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 7 ივლისის რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 8 ივლისი. - №156 (2529). - 1,2 გვ.
77. სანამ სხვადასხვა ქვეყანაში დარღვეულია ცხოვრების მთლიანობა, ჩვენ გამარჯვებას ვერ ვიდღესასწაულებთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 10 ივლისი. - №158 (2531). - 1 გვ.
78. „სამხედრო აკადემიის დაარსება, მისი პირველი გამოშვება გვირგვინია ქართული არმიის შექმნისა და ჩამოყალიბებისათვის მიმართული მთელი ჩვენი ხალხის ძალისხმევისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 ივლისი. - №161 (2534). - 1,2 გვ.
79. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 ივლისი. - №163 (2536). - 1,2,4 გვ.
80. „დადგა დრო, „საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა“ რუსეთთან თანამოქმედებით, გაეროს ეგიდით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ახალ ეტაპს ჩაუყარონ საფუძველი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 15 ივლისი. - №163 (2536). - 1,3 გვ.
81. „საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ დღეს ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, შეუძლია განახორციელოს შეუქცევადი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, თუკი აქვს ამის მტკიცე ნება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ივლისი. - №167 (2540). - 1,3 გვ.
82. მთელმა ხალხებმა გაიარეს ტანჯვა-ვაების სკოლა, სანამ დემოკრატიის უნივერსიტეტში მოხვდებოდნენ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 ივლისი. - №172-175 (2548). - 1,3 გვ.
83. გაზეთ „ხიდის“ რედაქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ივლისი. - №176 (2549). - 1 გვ.
84. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების I საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ივლისი. - №176 (2549). - 6 გვ.
85. „იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაერო დაიბრუნებს თავის უმთავრეს ფუნქციას - დედამიწის მთავარი მშვიდობისმყოფლის ფუნქციას და განახორციელებს მას ჩემს ქვეყანაში მთელი სიმტკიცით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ივლისი. - №176 (2549). - 1,2 გვ.
86. პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმირების უპირველესი პირობა, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საშუალება და დემოკრატიული ცხოვრების ნორმაა; სხვაგვარად ვერ ავაშენებთ ჭეშმარიტად თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 ივლისი. - №177 (2550). - 1,2,3 გვ.
87. „ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა და დასაბამი მისცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპს, უფრო მასშტაბურს და, შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 ივლისი. - №178 (2551). - 1,2 გვ.
88. „აფხაზეთში კონფლიქტის პრობლემა მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე არ არის, იგი სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო პრობლემაა და მისი ინტერნაციონალიზაცია სავსებით მიზანშეწონილი და გამართლებულია“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 ივლისი. - №180 (2553). - 1,2 გვ.
89. „ბაზალეთის ტბა მარადიულად გვახსენებს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ძლიერება მხოლოდ ერთად ყოფნაში, ერთმანეთის ერთგულებასა და სიყვარულშია“ : საქართველოს ახალგაზრდობის დღეების „ოქროს აკვანის“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 აგვისტო. - №184 (2557). - 1 გვ.
90. „მავანთა და მავანთა წყალობით დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა გასაოცრად სწრაფად დგება ფეხზე და ჩვენი ხალხის უდრეკი, სპეტაკი სული სწორედ ამ უმძიმესი გამოცდის წლებში გამობრწყინდა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 5 აგვისტო. - №187 (2560). - 1,2 გვ.
91. საქართველოს პრეზიდენტი დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის იმ ახალი წინადადებების გამო, რომლებიც აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას ეხება : ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 აგვისტო. - №189 (2562). - 1 გვ.
92. „თუ გვსურს საქართველო იქცეს თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დინამიკურად განვითარებული ეკონომიკით, მრეწველობა უნდა ვაქციოთ ეკონომიკის ხერხემლად“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 12 აგვისტო. - №194 (2566). - 1,2 გვ.
93. „დღევანდელ საქართველოს ერისა და ბერის ერთობა სჭირდება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 აგვისტო. - №201 (2574). - 1,2 გვ.
94. „მოთმინება ძლიერთა ხვედრია და მხოლოდ იგი შეიძლება იყოს შექმნილ ვითარებაში საბოლოო წარმატების გარანტი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 აგვისტოს რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 აგვისტო. - №209 (2582). - 1,2 გვ.
95. „ჩვენ თანამედროვენი ვართ ჭეშმარიტად დიდი შემოქმედისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 27 აგვისტო. - №210 (2583). - 1 გვ.
96. უღალატო კაცის ღალატი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 სექტემბერი. - №215 (2588). - 1 გვ.
97. „ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, იმ თაობისათვის, რომლის ბედნიერებისა და სიხარულისათვის ვარსებობთ და ვიღვწით ყველანი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირველი სექტემბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 სექტემბერი. - №215 (2588). - 1,2 გვ.
98. „წარმოდგენილი ბიუჯეტის ერთ-ერთი ღირსება მისი სოციალური ორიენტაციაა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 სექტემბერი. - №225 (2598). - 1,2 გვ.
99. „ჩათვალე ძმებად ჭეშმარიტი მეგობრები“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საბერძნეთის პრეზიდენტის კონსტანტინოს სტეფანოპულოსის მიერ გამართულ სადილზე : ათენი, 1997 წლის 15 სექტემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 სექტემბერი. - №233 (2606). - 1,2 გვ.
100. „აიეტისა და მედეას შთამომავალნი იაზონის მემკვიდრეთაგან იღებენ ოქროს საწმისის უძვირფასეს ნაწილს“ : საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ონასისის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე : 1997 წლის 16 სექტემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 სექტემბერი. - №234 (2607). - 1,2 გვ.
101. „ბედნიერი ვარ, რომ უზენაესის ნებით ფეხი დავადგი წმინდა მიწაზე - ათონის მთაზე, მოვიხილე ივერთ მონასტერი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დააარსეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 სექტემბერი. - №235 (2608). - 1,2 გვ.
102. „ორი ხალხის შერიგების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა, რამაც რეალურ შედეგებამდე უახლოეს დროში უნდა მიგვიყვანოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 სექტემბერი. - №238 (2611). - 1,2 გვ.
103. „რასაც ისტორიის გაკვეთილზე დავთესთ, იმას ისტორიული გაკვეთილით მოვიმკით ხოლმე“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება საერთაშორისო რეგიონული სემინარის - „ისტორიის სწავლების რეფორმა საშუალო სკოლაში“ - მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 სექტემბერი. - №240 (2613). - 1 გვ.
104. „მომავალი საქართველოს ძლიერება და სტაბილურობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებულ საქმიანობას დაეფუძნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 სექტემბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 სექტემბერი. - №243 (2616). - 1,2 გვ.
105. „მჯერა, რომ ქართულ კინოსკოლას მომავალი წინა აქვს და მოხარული ვიქნები, თუ ამ მომავლის კონტურების ჩამოყალიბებაში თქვენთან ერთად მეც მივიღებ აქტიურ მონაწილეობას“ : საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 სექტემბერი. - №243 (2616). - 1 გვ.
106. „საქართველო ევროპისაკენ ისწრაფის იმიტომ, რომ ეს ქართული კულტურის შინაარსზე დაფუძნებული მისი ისტორიული და სულიერი ლტოლვაა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 ოქტომბერი. - №249 (2622). - 1,2 გვ.
107. საქართველოს რკინიგზელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 8 ოქტომბერი. - №250 (2623). - 1 გვ.
108. „ჩვენ შემოვდივართ ევროპაში, რათა შევმატოთ ჩვენი წვლილი ევროპული კულტურის მხსნელ მისიას და ვპოვოთ მასში გზა საკუთარი ხსნისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 ოქტომბერი. - №255 (2628). - 1,3 გვ.
109. „ევროპა ხედავს, აღიარებს, აღიქვამს საქართველოს საკუთარი სივრცის ნაწილად“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 14 ოქტომბერი. - №255 (2628). - 1,2 გვ.
110. ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 16 ოქტომბერი. - №256 (2629). - 1 გვ.
111. „კოლოსალური ცვლილებების შედეგად ამიერკავკასია, ისევე როგორც მთლიანად კავკასია, მკვეთრად გაზრდილი ინტერესების საგანი გახდა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ოქტომბერი. - №258 (2631). - 1 გვ.
112. „სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით“ : საქართველოს სამბისტთა ნაკრები გუნდის წევრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ოქტომბერი. - №258 (2631). - 1 გვ.
113. დაჯილდოება : მადლობა გამოეცხადათ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ოქტომბერი. - №259 (2632). - 2 გვ. 114. მისალმება : გულწრფელად გიკრავთ ტაშს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ოქტომბერი. - №259 (2632). - 1 გვ.
115. „საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალაც და უფლებაც დაიცვას სტაბილურობა და ამით დაიცვას ქართული დემოკრატია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 20 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 ოქტომბერი. - №261 (2634). - 1,2 გვ.
116. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის მთავარი ორიენტირია მოსახლეობის ცხოვრების დონის რეალური გაუმჯობესება და სიღატაკის დაძლევა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 ოქტომბერი. - №263 (2636). - 1,3 გვ.
117. მილოცვა : საქართველოს არქიტექტორებს, „არქიტექტურის დღის“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 ოქტომბერი. - №263 (2636). - 1 გვ.
118. მილოცვა : გაზეთ „გიურჯუსთანის“ შემოქმედებით კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 24 ოქტომბერი. - №264 (2637). - 1 გვ.
119. უბრწყინვალესი მაგალითი მოქალაქეობრივი გმირობისა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ოქტომბერი. - №265 (2638). - 1 გვ.
120. გამოთხოვება : ჩვენი სახელოვანი თანამედროვე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 26 ოქტომბერი. - №266 (2639). - 4 გვ.
121. „საღამოს ფურცელი“ №1 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 ოქტომბერი. - №268 (2641). - 1 გვ.
122. „ის საზოგადოება, რომლის აშენებასაც ვესწრაფვით, პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთა შერწყმას, მათს თავისუფალ ნებას ეფუძნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 ოქტომბერი. - №268 (2641). - 1,2 გვ.
123. „ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს“... : ბატონ რონალდ გეგენფურტნერის მეთვრამეტე ვიზიტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 29 ოქტომბერი. - №269 (2642). - 8 გვ.
124. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 ოქტომბერი. - №270 (2643). - 1,2 გვ.
125. „ბედნიერია საქართველო, რომ თქვენისთანა ადამიანები ჰყავს“ : აკადემიკოს ევგენი ხარაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 31 ოქტომბერი. - №271 (2644). - 1 გვ.
126. არჩილ სულაკაურის ხსოვნას : გამოსათხოვარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 ნოემბერი. - №272 (2645). - 1 გვ.
127. „დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 1 ნოემბერი. - №272 (2645). - 1,2 გვ.
128. 75 სიმწიფის, სრულყოფის ასაკია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 ნოემბერი. - №273 (2644). - 1,2 გვ.
129. „საქართველოსთან უკრაინის დაახლოება, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული კავშირი იმ შესაძლებლობათა გამოყენების წარმატებული ცდაა, რომლებსაც შეიცავს საერთო სივრცე, თუნდაც ის საერთო სივრცე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 3 ნოემბრის რადიოინტერვიუ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 4 ნოემბერი. - №275 (2646). - 1,2 გვ.
130. ძლიერი არმია ძლიერი და ეფექტიანი პოლიტიკის საწინდარია: საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე 1997 წლის 31 ოქტომბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 4 ნოემბერი. - №275 (2646). - 1,3 გვ.
131. „სწორედ ილიას მთლიანობამ და განუყოფლობამ შექმნა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და განუყოფლობის სულიერი წანამძღვრები“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 ნოემბერი. - №280 (2653). - 1,2 გვ.
132. „ხალხი დაბრძენდა, ხალხმა იცის მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი, ხალხი ხედავს თავისი ქვეყნის რეალურ მომავალს“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 11 ნოემბერი. - №282 (2655). - 1,2 გვ.
133. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს// საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ნოემბერი. - №289 (2662). - 2 გვ.
134. „ქართულ სიმღერას და ცეკვას თქვენი სახით დიდი მემკვიდრე და პატრონი ჰყავს“... : ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლების პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ნოემბერი. - №289 (2662). - 1 გვ.
135. „ბედნიერი დამთხვევაა, წლევანდელი „ილიაობა“ ახალგაზრდობის დღეს რომ უკავშირდება... საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც სულ მალე იტვირთებს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 18 ნოემბერი. - №289 (2662). - 1,2 გვ. 985
136. „ყოველი ადამიანის ბედნიერება, - აი, ანდერძი ილიასი, რომელიც მან მეოცე საუკუნის ქართველებს დაუტოვა და რომლის აღსრულებისათვის ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა ვიღვაწოთ“ : ილია ჭავჭავაძე - 160 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 19 ნოემბერი. - №290 (2663). - 1,2 გვ.
137. „თქვენ მიერ განვლილი გზა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ჭეშმარიტი მამულიშვილობის შესანიშნავი მაგალითია“ : პრეზიდენტის ფოსტიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 21 ნოემბერი. - №292 (2665). - 1 გვ.
138. ქალბატონ მაყვალა ქასრაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 22 ნოემბერი. - №293 (2666). - 1 გვ.
139. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ნოემბერი. - №296 (2669). - 1 გვ.
140. უნდა დაზუსტდეს იმგვარად, რომ აღარ წარმოიშვას აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობა : საქართველოს პრეზიდენტის წერილი - პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ნოემბერი. - №296 (2669). - 1 გვ.
141. „დემოკრატიული პრესა საზოგადოებამ თავად უნდა აღზარდოს, საზოგადოება თავად უნდა ზრუნავდეს ასეთი პრესის ფორმირებისათვის“... / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 ნოემბერი. - №296 (2669). - 1,2 გვ.
142. საქართველოს აზერბაიჯანულ საზოგადოებას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 ნოემბერი. - №301 (2674). - 1 გვ.
143. „მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ნიშანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონცეპტუალური ღერძი, მასში ორი - სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური პრიორიტეტის შეთავსება იქნება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 2 დეკემბერი. - №302 (2675). - 1,2 გვ.
144. თურქეთში მოქმედებს ედუარდ შევარდნაძის ფონდი „თანადგომა და მეგობრობა“// საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 3 დეკემბერი. - №303 (2676). - გვ. 5.
145. თბილისის 47-ე საშუალო სკოლის კოლექტივს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 7 დეკემბერი. - №307 (2680). - 1 გვ.
146. „ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი საქართველოში უკვე რეალობად იქცა და, უწინარესად, კონსტიტუცია არის ამის გარანტი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 9 დეკემბერი. - №308 (2681). - 1,2 გვ.
147. ევროპისკენ გაჭრილი სარკმელი / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] არმაზ სანებლიძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 12 დეკემბერი. - №311 (2684). - 1,12 გვ.
148. საქართველო მზადაა რუმინეთის საიმედო პარტნიორად იქცეს : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 13 დეკემბერი. - №312 (2685). - 1,2 გვ.
149. „ვცდილობთ გავაგრძელოთ წინაპართა მიერ დაწყებული საქმე და ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობანი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 17 დეკემბერი. - №315 (2688). - 1,2 გვ.
150. მილოცვა : მიეცით ნიჭსა გზა ფართო! / ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციას და მკითხველებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 20 დეკემბერი. - №318 (2691). - 1 გვ.
151. „ნამდვილად არ არის შემთხვევითი ევროპის, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების გააქტიურება კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 23 დეკემბერი. - №320 (2693). - 1,2 გვ.
152. მილოცვა : „აჭარის ექიმთა საზოგადოება ყოველთვის იყო ის სკოლა, რომელიც ზრდიდა ბრწყინვალე მედიკოსების თაობებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 დეკემბერი. - №322 (2695). - 1 გვ.
153. „მჯერა, რომ სპასოვკის საშუალო სკოლაში განათლებამიღებული ახალი თაობა კვლავაც ერთგული დარჩება იმ დიდებული ტრადიციებისა, რაც სხვადასხვა ერების ძმურ თანაცხოვრებაში გამოიხატება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 დეკემბერი. - №322 (2695). - 1 გვ.
154. „გმირობის ტოლფასია მშენებელთა და იმ ადამიანთა რუდუნება, რომლებიც ამ მამულიშვილური საქმის წამომწყებნი და დამგვირგვინებელნი არიან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 25 დეკემბერი. - №322 (2695). - 1 გვ.
155. „ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“ : ბატონ ზაურ კალოევის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 28 დეკემბერი. - №325 (2698). - 1 გვ.
156. „საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სტატუსი“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 დეკემბერი. - №326 (2699). - 1,2 გვ.
157. საახალწლო მილოცვა საქართველოს მედიკოსებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 დეკემბერი. - №326 (2699). - 1 გვ.