The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი IV

საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი IV


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები)
თარიღი: 2019
აღწერა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები (1919 წლის 14 ნოემბერი – 31 დეკემბერი) ტომის სარედაქციო საბჭო: ირაკლი იაკობაშვილი, მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია თბილისი სერია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმები. 7 ტომად. ტომი IV; 1919 წლის 14 ნოემბერი – 31 დეკემბერი. იდეის ავტორი და შემდგენელი – ირაკლი იაკობაშვილი, წიგნის რედაქტორი და საძიებლის შემდგენელი – მზია ხოსიტაშვილი. წინათქმა ემზარ ჯგერენაიასი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა. 2019 წელი. 477 გვერდი. ISBN 978-9941-9652-8-9 (ყველა ტომის) ISBN 978-9941-9620-8-0 (მეოთხე ტომის) © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ 7-ტომეულში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პლენარული სხდომის ოქმები. სხდომის ოქმები წიგნის სახით პირველად ქვეყნდება. გამოცემა დაეხმარება საქართველოს უახლესი ისტორიის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მკვლევრებს. „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკებში.

2 სამოცდამეერთე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


(61)

1919 წელი, ნოემბრის 14. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალ. ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი,

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 ს. და 50 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია, გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს დღიურ წესრიგს).

აქტების და ქაღალდების შინაარსი:

1. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის საკანონმდებლო წინადადება - ზოგიერთი საქონელზე ექსპორტების მონოპოლიის განხორციელების შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. შინაგან საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტელეგრაფ-ტელეფონის ქსელისთვის საჭირო მასალებისა და აპარატების უცხოეთში შესაძენათ 6.5000.000 მან. კრედიტის შესახებ - გადაეცეს საბიუჯეტო - საფინანსო კომისიას.

3. შინაგან საქმეთა მინისტრის კანონ-პროექტი კანონთა კრებულის 1 ნაწ. 368,372 და 374 მუხ. (1887 წ. გამოცემა) შეცვლისა უჭკუოთა და ჭკუაზე შეშლილთა შემოწმების შესახებ - გადაეცეს იურიდიულ კომისიას.

4. მთავრობის პროექტი დეკრეტისა - მთავრობის საქმეთა მმართველობის ზოგიერთ მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების და ამავე მმართველობის ხარჯთაღრიცხვის დამატებათ 16.200 მან. გადადებისა - გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დამფუძნებელი კრება ნუსხას უცვლელად ადასტურებს.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო - ტექსტი რკინის გზის მილიციის დამატებითი შტატისათვის გაწეული ხარჯის დასაფარავად 580.500 მან. გადადების კანონისა.

2. საბოლოო - ტექსტი - ტყიბულის მაღაროების მუშა-მოსამსახურეთათვის 1919 წ. აგვისტოს და სექტემბრის ჯამაგირის მისაცემათ 1.200.000 მან. გადადების დეკრეტისა.

3. საბოლოო - ტექსტი - ახალქალაქისა, ახალციხისა, ბორჩალოს და თიანეთის მაზრებში საექიმო საქმისათვის 1919 წლის ექვს თვეში გასაწევ ხარჯათ 961.770 მან. და 30 კაპ. გადადების დეკრეტისა.

4. პროექტი - რატიფიკაციისა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკათა შორის დადებულ ხელშეკრულების ამ რესპუბლიკათა სადაო საკითხების შეთანხმებით, ან სავალდებულო არბიტრაჟის საშუალებით გადაწყვეტის შესახებ.

5. პროექტი - საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკათა შორის დადებულ სატრანზიტო ხელშეკრულების რატიფიკაციისა.

6. დეკრეტი - საშემოსავლო გადასახადისა, საცხოვრებელი მინიმუმისა და გადასახადის ნუსხის შეცვლისა.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და გაუქმების შესახებ.

8. დეკრეტი - დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების დამატებისა.

9. დეკრეტი - ალავერდის ქარხნიდან ოქრო-ვერცხლის შესაძენად 225.400 მან. გადადებისა.

10. დეკრეტი სატელეგრაფო ქსელის ბამბა - შეკეთებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 375.000 მან. კრედიტის გახსნისა.

11. დეკრეტი - ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთ საბრძოლველ ზომისა.

12. მეორე (მუხლობრივი) განხილვა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულებისა.

13. დამფუძნებელი კრების საპროპაგანდო კომისიის არჩევა.

14. დეკრეტი - ოზურგეთის სამაზრო ერობისთვის 3.000.000 მან. სესხის მიცემისა.

15. დეკრეტი - სამხედრო უწყების განკარგულებაში 15 მილ. მანეთის გადადებისა, ჯარისათვის, სურსათ-სანოვაგის დასამზადებლად.

16. დეკრეტი - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდებისა.

17. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების წევრთა გასამრჯელოს გადიდებისა.

18. ეროვნულ - დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - რუსულ სავაჭრო საზოგადოების „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების შესახებ.

თავმჯდომარე. წინადადება არის ს.-დ. ფრაქციისა: მე-15-ე მუხლი. დეკრეტი სამხედრო სამინისტროსათვის 15 მილიონის გადადებისა, დასმულ იქმნეს მე-6 მუხლად, ხოლო დეკრეტი ანარქიასთან ბრძოლისა, რომელიც მე-12 მუხ. მიდის, გადატანილ იქნეს მე-7 მუხლად.

დამფუძნებელი კრება უკამათოდ იღებს ამ წინადადებას.

(დანარჩენ დღიურ წესრიგის მუხლებს დამფუძნებელი კრება უცვლელად ამტკიცებს).

თავმჯდომარე. გარდა ამისა არის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადება.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, მთავრობის სახელით აცხადებს, რომ მთავრობამ დაადგინა დაარსდეს მომარაგების სამინისტრო, რომელსაც შეუერთდება შრომის სამინისტრო და ამ ორ უწყების სათავეში დანიშნულია შრომის მინისტრის ამხანაგი გიორგი ერაძე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ნათაძეს.

გრ. ნათაძე (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია.

უნდა გაუწყოთ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც თხოულობს, რომ, რადგანაც მე ვერ დავესწრები კრებას, კამათი შემდეგისათვის გადაიდოსო. წინაარმდეგი ხომ არავინ არის, რომ კამათი გადაიდოს? (ერ.-დემ. ფრაქციიდან ხმები: რასაკვირველია, სასურველია გადიდოს!) წინააღმდეგი არავინ არის. კამათი გადადებულია.

შემდეგი საკითხი: -

რატიფიკაციის შესახებ.

მომხსენებელია ბ. კ. ჯაფარიძე.

. ჯაფარიძე. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ის ხელშეკრულება, რომელიც დღეს თქვენ უნდა განიხილოთ და დაამტკიცოთ, არის მეორე ნაბიჯი იმ გზაზე, რომლითაც მიდის და მუდამ ივლის ჩვენი დემოკრატია, ეს არის გზა - ერთა სოლიდარობისა. კეთილმეზობლური განწყობილება, უპირველეს ყოვლისა, ამიერ-კავკასიაში მობინადრე ერებთან, არის უმთავრესი საშუალება ამ ერთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ამ დამოუკიდებლობის კედლებში მომწყვდეული თავისუფლების განმტკიცებისა.

ჩვენ მუდამ გვრწამდა და დღესაც გვრწამს, რომ ამიერ-კავკასიის რომელიმე ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია არა მარტო იმის შინაური მდგომარეობის სიმტკიცეზე, არამედ სამივე ერთა შორის მტკიცე მეგობრულ ურთიერთობაზედ. ერთი რომელიმე მათგანის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების თავისუფალი განვითარება არა თუ არ მოითხოვს დანარჩენ ერთა ცხოვრების შევიწროებას, არამედ არის აუცილებელი პირობა მათი ასეთივე განვითარებისა. ერთი რომელიმე მათგანის დაცემა, არის დაცემა მთელი ამიერ-კავკასიის დემოკრატიისა. წარმოუდგენელია თავისუფალი საქართველო, თუ მას გვერდით თავისუფალი სომხეთი და ადერბეიჯანი არ იქნენ. ვერც ერთი მათგანი ვერ იარსებებს თუ მათ შორის მტკიცე სოლიდარობა არ იქნა. აი, ამ შეგნებით ჩვენი დემოკრატია და მისი დემოკრატიული მთავრობა მუდამ ეძებდა საერთო ენას ამ ერთა შორის. მუდამ მათი გაერთიანების წინადადებით გამოდიოდა, მუდამ ასეთი პოლიტიკის ინიციატორი იყო. ასეთმა ცდამ პირველად ხორცი შეისხა ამა წლის 16 ივნისს. როდესაც ჩვენსა და ადერბეიჯანს შორის დაიდვა თავდაცვითი ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების ერთი მუხლის ძალით ყოველი დავა, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ჩვენსა და ადერბეიჯანის შორის, საზღვრების გამო, უნდა გათავდეს შეთანხმებით, ან არბიტრაჟის საშუალებით.

ეს იყო პირველი გამარჯვება ერთა სოლიდარობის იდეისა ჩვენ შორის, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ გამარჯვებას ბევრი რამ აკლდა და უპირველეს ყოვლისა ის, რაც ამ დარბაზში, მაშინ იმ ხელშეკრულების რატიფიკაციის დროს, ყველა ფრაქციების წარმომადგენლებმა გულის ტკივილით აღნიშნეს. ეს ის, რომ ამ ხელშეკრულობაზე მესამე მეზობელ ერს ხელი არ ეწერა. მაგრამ ამავე დროს ღრმათა გვრწამდა, რომ სომხის ერის ხელმძღვანელებიც შეიგნებდენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ამიერ-კავკასიის ერთა ხსნა დამოკიდებულია ამ ერთა თვითმოქმედებაზედ, შეიგნებდენ ჩვენ შორის კავშირის აუცილებლობას. და ეს იმედი კიდევაც გამართლდა.

დღეს ჩვენ სომხეთთან გვაქვს დადებული ორნაირი ხელშეკრულება და ამიერიდან ჩვენს ურთიერთობას დაედება საფუძვლად საერთო ინტერესების შეგნება და ამის მიხედვით გადიჭრება ყოველგვარი უთანხმოება.

3 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება სომხეთთან ორნაირი არის.

ერთი შეეხება იმ სადაო საკითხის გადაჭრას, რომელიც ჩვენს შორის არსებობს დღეს, ან და შეიძლება აღიძრას შემდეგში. ამ ხელშეკრულების ძალით ყოველი ასეთი დავა უნდა გადაწყდეს შეთანხმებით და თუ შეთანხმება არ მოხდა, მაშინ სავალდებულოა არბიტრაჟის საშუალებით ე.ი. უნდა გადაწყდეს ეგრედწოდებული სამედიატორო სამართლის წესით. ეს ხელშეკრულება იმდენათ მარტივია, რომ არავითარი იურიდიული ანალიზი და განმარტება საჭირო არ არის. ცხადია, რომ ჩვენ შორის არსებული ტერიტორიალური დავა, რომელიც ჩვენ მუდამ გვასუსტებდა და გვასუსტებს, ამაგრებს და ამხნევებს ჩვენ მტრებს, ასაზრდოებს ყოველგვარ პროვოკაციას ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რომელიც, ართულებს ამ ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს პარიზის კონფერენციაზე. დღეიდან ამ ხელშეკრულობის ძალით, მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. ამიერიდან დავიწყებას მიეცემა ის სამწუხარო კონფლიქტი, რომელსაც ჩვენ შორის ჰქონდა ადგილი, შარშან, რომელიც ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში შავი ასოებით აღიბეჭდება, და რომელიც ზოგიერთების აზრით მომასწავებია ჩვენს და სომხეთის შორის სამუდამოდ ხიდის ჩატეხას. მაგრამ ხიდი არ ჩატყდება იმ ერთა შორის, რომლებიც ისტორიული ბედით გადაბმული და გადაჯაჭვული არიან. და თუ დღემდის ჩვენ შორის გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გაუგებრობას შემდეგში ადგილი აღარ ექნება.

ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი ლოღიკური, აუცილებელი დასკვნა მოყვა მეორე ხელშეკრულება; (თავმჯდომარე: მეორეზედ შემდეგ... ჯერ პირველ ხელშეკრულებაზედ ილაპარაკეთ). ასეთია ჩვენი პირველი ხელშეკრულება. თუმცა ეს ჯერ ზოგადი პრინციპია და არ არის სადაო საკითხების კონკრეტიულათ გადაჭრა, მაგრამ მე მგონია, რომ დღეიდან ეს მთავარი პრინციპი ჩვენი ურთიერთობისა მალე ხორცს შეისხავს და კონკრეტიულ სახეს მიიღებს.

ჩვენმა გარეშე საქმეთა კომისიამ იურიდიულ კომისიასთან ერთად განიხილა ეს ხელშეკრულება, სავსებით მოიწონა იგი და მე როგორც ამ კომისიის წარმომადგენელს დამავალა ვთხოვო დამფუძნებელ კრებას, რომ მანაც მიიღოს და დაადასტუროს იგი.

ტექსტი ამ ხელშეკრულებისა ასეთია: (კითხულობს).

„ქალაქ ტფილისი 1919 წლის ნოემბრის 3-ს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ, წარმოდგენილმა შინაგან საქმეთა სამხედრო მინისტრის ნოე ბესარიონის-ძის რამიშვილისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგის სიმონ გურგენის-ძის მდივანის მიერ - ერთის მხრით, - და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ, წარმოდგენილმა სტეფანე გრიგოლის-ძის მამიკონიანისა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრის სუმბათ არტემის-ძის ხაჩატურიანის მიერ - მეორე მხრით, გაეცნენ რა ურთიერთის რწმუნებულობას და სცნეს იგი ჯეროვან ფორმითა და სახით შედგენილად, - შემდეგი ხელშეკრულება დასდეს:

1) ამა ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფონი (სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკები) ვალდებულნი არიან ყოველი დავა, რომელიც არსებობს, ან შეიძლება შემდეგში აღიძრას, მათ შორის გადასწყვიტონ შეთანხმებით, ხოლო თუ შეთანხმება არ მოხდა, სავალდებულო არბიტრაჟის საშუალებით.

2) ამა ხელშეკრულების რატიფიკაციათა გაცვლა უნდა მოხდეს ორი კვირის განმავლობაში ქალაქ ტფილისში.

3) ხელშეკრულება ესე ორ ცალად არის შედგენილი.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნ. რამიშვილი.

საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ს. მდივანი.

სტეფანე გრიგოლის-ძე მამიკონიანი.

სომხეთის პარლამენტის წევრი სუმბათ არტემის-ძე ხაჩატურიანი.

«Город Тифлисъ 1919 года 3-го ноября.

Правительство Республики Грузიи, представленное Министромъ Внутреннихъ Делъ и Военнимъ, Ноемъ Виссарიоновичемъ Рамишвили и Таварищемъ Председателемъ Учредительнаго Собранიя Грузიи, Семеномъ Гургеновичемъ Мдивани - съ одной - стороны, и Правительство Республики Арменიи, представленное Степаномъ Григорьевичемь Мамиконянъ и Членомъ Парламента Республики Арменიи, Сумбатомъ Артемьевичемъ Хачатурянъ - съ другой стороны, ознакомившись - съ полномочიями и найдя ихъ въ должной форме и надлежащемъ виде, эаключили настоящიй договоръ о нижеследующемъ:

1) Договаривающიяся Государства (Республики: Арменიи и Грузიи) обяэывются все существующიе, а также могущიе возникнуть споры между собою, разрешать путемъ Соглашенიя, а если таковое ие будеть достигнуто, то, посредствомь обяэательнаго арбитража;

2) Обменъ ратификацიями настаящаго договора последовать въ двухнедельный срокъ въ городе Тифлисе.

3) Настаящიй договоръ составляется въ двух экземплярахъ.

Министръ Внутреннихъ Делъ и Военный Республики Грузიи Ной Рамишвили.

Товарищъ Председателя Учредительнаго Собранიя Грузიи С. Г. Мдивани.

Степанъ Григорьевичь Мамиконянъ.

Членъ Парламента Арменიи Сумбатъ Артемьевичъ Хачатурянъ.»

თავმჯდომარე. საბოლოო მსჯელობისათვის სიტყვა ბ. ს. კედიას ეკუთვნის.

სპ. კედია (ე.-დ.) ბატონებო! ჩვენს წინაშე წარმოდგენილი არის ხელშეკრულების ტექსტი, რომლითაც ყველა არსებული საკითხი, ან მომავალი ჩვენსა და სომხეთის შორის უნდა გადიჭრას ამ ხელშეკრულებით და უკეთუ ეს შეთანხმება არ მოხდება, ეს საკითხი უნდა გადიჭრას არბიტრაჟით.

აშკარა არის, რომ ვერავინ ვერ წავა დღეს წინააღმდეგ იმ პრინციპისა, რომ ყველა სადავო საკითხი გადაიჭრას შეთანხმებით, ან არბიტრაჟით. როგორც დეკლარაცია, როგორც პრინციპი, თეორეტიული განყენება, - ეს უსათუოდ ყოველ დროსა და სივრცეში მისაღებია. მაგრამ თუ ამ თეორეტიულ დეკლარატიზაციას გამოუძებნით საფუძველს, მის კონკრეტიულ შინაარსს, თუ მოვახდენთ იმას, რასაც ხელშეკრულება ეხება, კონკრეტიზაციას, მაშინ საკითხი სხვანაირად უნდა დაისვას და მაშინ ყოვლად, შეუძლებელი იქნება წინასწარ მისი ავანსად მიღება. როგორც სავალდებულო გზა, როგორც პრინციპი - ეს ხაზი აუცილებლად მისაღებია, მაგრამ გარდა ზოგად პრინციპებისა, გარდა დეკლარაციებისა, ჩვენს მთავრობას და დამფუძნებელ კრებას შესაქმნელი აქვს, გასაკეთებელი აქვს საქმე და ეს საქმე კონკრეტიულად არის სახელმწიფო. და ეს ხელშეკრულება იმდენად მისაღები უნდა იყოს, რამდენადაც ის მიანიჭებს რეალურ სარგებლობას სახელმწიფოს. მას ჩვენ მხოლოდ ასე უნდა შევხედოთ: მოაქვს თუ არა მას ჩვენთვის რაიმე სარგებლობა, შემატება, თუ არ მოაქვს. შემატება შეიძლება იყოს ორნაირი: ერთი მატერიალური, მეორე ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური.

ჩვენ მოვისმინეთ მომხსენებელის სიტყვა, რომელშიც გარდა ზოგად აზრებისა, გარდა დეკლარაციისა, რომლის მოსმენასაც დამფუძნებელი კრება ჩვეული არის და ჩვენი ხალხი უფრო მეტად. ჩვენ ვერ დავინახეთ ხელშეკრულების ანალიზში ისეთი აზრი, რომელიც გვამცნობდეს ჩვენ იმ კონკრეტიულ სარგებლობას, რომელიც მას მოაქვს ჩვენთვის და რომლისდა მიხედვით მთავრობასაც და დამფუძნებელ კრებასაც შეუძლიან მისი მიღება და დადასტურება. თავის-თავად აშკარა არის რა კონკრეტიული შინაარსი აქვს ამ ხელშეკრულობას, რას ეხება იგი? ამ ხელშეკრულობას ხასიათი აქვს, იგი ეხება იმ ტერიტორიას, რომელიც სადავოა ჩვენ შორის. ვიმეორებ, რადგანაც ხელშეკრულობაში არის ეს დეფექტი, ამიტომ ეს ხელშეკრულობა ჩვენთვის, დამფუძნებელ კრებისთვის უნდა იყოს მიუღებელი.

ერის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, - რა არის გამოცხადებული სადავოდ ჩვენი მთავრობის მიერ. ჩვენ ეს არ ვიცით ხელშეკრულობის ძალით და ამიტომ იგი მიუღებელია. დამფუძნებელი კრება უნდა იყოს დარაჯი ერის სასიცოცხლო ინტერესებისა და მთავრობის ხელშეკრულობას უნდა შეხედოს არა კმაყოფილებით. ამ მოსაზრებით ჩვენ გვგონია, რომ ეს წარმოდგენილი ხელშეკრულობა, რომელიც თავის-თავად უკვე ამტკიცებს და ამბობს, რომ სადავოდ გავხადეთ ის, რაც ჩვენ უდავოდ მიგვაჩნია, მიგვაჩნდა ჩვენს საკუთრებად, ეს არის უკვე მიუღებელი დათმობა ერისათვის.

მეორე, რადგანაც არ ვიცით, სად უწევს ამ სადავო საკითხს საზღვარი და ამასთანავე, რადგანაც შეუძლებელია გადაწყდეს არბიტრაჟით, ამ მოსაზრებათა ძალით, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხელშეკრულობა არ არის დამუშავებული იმ პასუხისმგებლობის შეგნებით, რომელიც სასურველი და სავალდებულო უნდა ყოფილიყო ჩვენი წინაპრებისაგან შემოხაზულ ტერიტორიის შემოსაზღვრის დროს. და როგორც ასეთი, ეს ხელშეკრულობა დამფუძნებელმა კრებამ არ უნდა მიიღოს და თავი უნდა შეიკავოს. (გ. მახარაძე: კაციჭამია ნაციონალიზმი!).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრს.

საგარეო საქმეთა მინისტრი. ბატონებო! ის ჯგუფი, რომლის წარმომადგენლად თქვენ ახლა მოგევლინათ ბ. კედია, საზოგადოდ ერთ რამეს იკვეხის. ის თავისთავს უწოდებს, მეტი რომ არა ვთქვათ, ერთად-ერთ სახელმწიფოებრივ ჯგუფს, ერთი სიტყვა, რომელიც მუდამ მათ აკერიათ პირზე, ეს გახლავთ დარაჯი ქვეყნისა და სამშობლოსი. და მე უნდა განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ ვერც ერთი დარაჯი თავისი სამშობლოისა ვერ წარმოსთქვამდა ასეთ სიტყვას დღევანდელ მომენტში, როგორიც წარმოსთქვა პატ. სპ. კედიამ (ურატაძე: მართალია!) ის თქვენს წინაშე ლაპარაკობს ისეთ რამეზე, რომელსაც არსებითად არავითარი კავშირი არა აქვს იმ ხელშეკრულობასთან, რომელიც თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი. მე შევცდი, როდესაც ვთქვი, რომ არავითარი კავშირი არა აქვს მეთქი. საერთოდ ვერც ერთ მოვლენას ვერ ნახავთ, რომელსაც რაიმე კავშირი არ ჰქონდეს მეორე მოვლენასთან. (შენგელაია: ფიზიკაშიაც ასე არის!) დიახ, ფიზიკაშიაც ასე გახლავთ.

უნდა ავღნიშნო თქვენს წინაშე, რომ ის საკითხი, რომელიც მან აქ წამოაყენა, შეიძლება შედეგად მოჰყვეს ამ ხელშეკრულობას, იქმნეს საგნად თქვენი განხილვისა შემდეგ, მაგრამ ის ხელშეკრულობა, რომელიც წარმოგედგინათ სრულებით არ ლაპარაკობს იმაზე, რაზედაც აქ ლაპარაკობდა სპ. კედია. მან განაცხადა, რომ თითქოს ეს ხელშეკრულობა სადაოთ აცხადებს განსაზღვრულ ტერიტორიას ჩვენი რესპუბლიკისას ჩვენ და სომხეთის შორის. მე ვლაპარაკობ, რომ ეს სრულებით ესე არ გახლავთ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ. რომ კითხვის ისე დასმა, როგორც ის დასვა კედიამ დიდ ვნებას მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ხელშეკრულობით არავითარი ჩვენი ტერიტორია სადაოდ არ არის გამოცხადებული (კედია: ტერიტორიას ეხება ის, რაც მომხსენებელმა სთქვა!) სრულებითაც არა, ის ეხება ყოველგვარ სადაო საკითხს (კედია: ვიცით რაც არის, პირდაპირ უნდა ვსთქვათ!) თუ იცით უნდა სთქვათ ის, რაც იცით და არ ილაპარაკოთ იმაზე, რაც სურვილათ მოგივათ.

ის პრინციპი, რომელიც ხელშეკრულობაში არის წამოყენებული, კედიას მისაღებად მიაჩნია ყოველ დროს და ყოველ რიცხვში და ამავე დროს წარმოსთქვა ერთი სიტყვა, რომელიც ძირიან-ფესვიანად უარყოფს და ასამარებს ამ პრინციპს. სად არის აქ ლოღიკა, სად არის პრინციპიალობა, ჩვენ კი ვლაპარაკობთ შემდეგს მართალია, არის ისეთი საკითხები, რომელიც არ გახდება და ვერც გახდება საგნად არბიტრაჟისა, მაგრამ ამისთვის არსებობს არა ისეთი სიტყვა აქ იხმარა კედიამ, არამედ კეთილსინიდისიერი განწყობილება და ურთიერთობა ორ მეზობელთა და ორ სახელმწიფოთა შორის. (კედია: არა ჩვენს ხარჯზე ყოველთვის!) მაშინ, როდესაც ერთი მხარე მოინდომებს პირადათ ისარგებლოს იმ პრინციპით, რომელიც დღეს უკვე მთავრობის მიერ არის აღიარებული, როგორც დემოკრატიული პრინციპი, ასეთს საქციელს დაგმობს მთელი მოწინავე ევროპა და ამასთანავე წინააღმდეგობა შეხვდებოდა ჩვენშიაც, მაგრამ სანამ ასეთს ფაქტთან საქმე არ გვაქვს, სანამ ცხოვრებამ ეს კითხვა არ დაგვიყენა, რისთვის დარაჯმა რესპუბლიკისამ უნდა აღიაროს ქვეყნის წინაშე, რომ ეს საკითხი სადაო საკითხად არის გამოცხადებული. მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არა გაქვთ, ნურავინ ნუ ისარგებლებთ იმით, რომ შესაძლებელია ჩვენ დღევანდელ დროს, დღევანდელ მომენტში ვერ წარმოვადგინოთ მთელი ის არგუმენტაცია, რომელსაც წარმოვადგენთ შემდეგ, როცა ამის დრო დადგება (კედია: ჩვენ ცოტა რამ ვიცით იქიდან!) იმიტომ, რომ ასეთი მდგომარეობით სარგებლობა მე არ ვფიქრობ ღაღადებდეს ბ. კედიას და მის ჯგუფის ჯელტმენობაზე (კედია: ეს სადაო არის, ბატონო!).

ბოლოს და ბოლოს ორი გზაა სადაო საკითხის გადასაჭრელათ, მესამე გზა არ არსებობს. სადაო საკითხები, ან მორიგებით, ურთ-ერთ შეთანხმებით უნდა გადაიჭრეს, ან იარაღით ხელში ბრძოლით. ჩვენ კი მუდამ მთელი ჩვენი პოლიტიკით, ჩვენს მოქმედებაში თავგამოდებით ვიცავდით პრინციპს სადაო საკითხების მორიგებით გადაწყვეტისა. (კედია: რეალურათ რა მიიღეთ?) მე არ ვიცი რომელ ზომებზე ლაპარაკობს ბ. კედია, ყოველ შემთხვევაში, უნდა ვაღიარო, რომ ის მთავრობა, რომელიც დღეს-დღეობით პასუხისმგებელია ქვეყნის და დამფუძნებელი კრების წინაშე, ამ მთავრობას აქვს უფლება პოლიტიკური და მორალური, რომ მან დღეს-დღეობით რეალურათ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და სამშობლოს ინტერესები (ტაში). რაც შეეხება თქვენს განცხადებას, მხოლოდ ლამაზი სიტყვები გვესმის (ჯუღელი: არც ლამაზია!) რას მოგვიტანს ეს ხელშეკრულება, რას მისცემს ეს ჩვენ ხალხს? მე მგონია, რომ ერთ რამეს: პირველი, რომ მართლაც მთელი დემოკრატიულ ევროპის თვალში ჩვენი ხალხი და რესპუბლიკა იქნება აღიარებული, როგორც მოწინავე რესპუბლიკა, რომელიც მატარებელია კულტურული და პროგრესიული პრინციპებისა და ამის ფაქტი ჩვენ უკვე გვაქვს, არც სულს და არც გულს ბ. კედიისას ინგლისის წარმომადგენელის ამერიკის განცხადება არაფერს არ ელაპარაკება. მაგრამ მე მგონია, ხალხი და დემოკრატია ასეთ სიტყვას შესაფერ შინაარსს აძლევს და როგორც შესაფერ ღირებულებას ღებულობს. ბ. კედიას განცხადება, რომ დამფუძნებელ კრებას არა აქვს უფლება მისცეს მთავრობას „კარტ ბლანში“, რომ მთავრობამ მოაწყოს საქმე ისე, როგორც სასურველია, არ ვიცი, რომელ მუხლიდან, გამოიტანა ბ. კედიამ ასეთი უფლება? მაშინ, როდესაც კონკრეტიულ ნაბიჯს გადავდგამთ ამ ხელშეკრულების მიხედვით, მაშინ გექნებათ უფლება სთქვათ გადავდგით თუ არა ჩვენ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტესებს, აი მაშინ შეგეძლებათ წარმოსთქვათ ის სიტყვა, რომელიც წარმოსთქვით. ერთი რამ საგულისხმო არის, თუ მართლაც ეს პრინციპი არ იყო მისაღები სპ. კედიასათვის, მაშინ სად იყავით, როცა ხელს აწერდით ასეთივე ხელშეკრულებას ადერბეიჯანთან? მიპასუხეთ, განა ასეთივე ხელშეკრულებას სხვა სახელმწიფოსთან არ მოაწერეთ ხელი? (კედია: აქ ასე არ იყო!) სრულიად სიტყვა-სიტყვით განმეორებულია პირველ მუხლში ის, რასაც თქვენ დღეს იხილავთ, მოქალაქენო, სად იყო მაშინ ბ. კედია და მისი არგუმენტაცია?! თუ ეს ესე არ არის, მე მოვითხოვ გამოვიდეს ბ. კედია აქ და დაამტკიცოს წინააღმდეგ, მე კი ვამტკიცებ, რომ ასეთივე ხელშეკრულება იყო ხელმოწერილი (ლ. ნათაძე: თათრებთან შეიძლება, სომხებთან არა!) დახასიათებას ამ ფაქტს მე არ ვაძლევ, მაგრამ ეს ფაქტი დიდათ მნიშვნელოვანი არის. თავისთავად ეს ფაქტები იძლევა იმ საშუალებას, რომ ხალხს აუხელს თვალს და ერთხელ კიდევ დაანახვებს თუ რა პოზიციაზე სდგას ბ. კედია და მისი პარტია და რა პოზიციაზე - მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა. ჩვენი შეხედულობით, ერთა სოლიდარობა არის ერთად ერთი გზა, რომელიც ქართველ ხალხს, საქართველოს რესპუბლიკას მისცემს საშუალებას მთელი თავისი ძალა მოახმაროს ხალხის კეთილდღეობას და ჩვენი სახელმწიფოს განმტკიცებას. ერთა სოლიდარობა გახლავთ სწორედ ის საშუალება, რომელიც ააყვავებს ჩვენს რესპუბლიკას და ამიერ-კავკასიაში დაამყარებს იმ წესს, რომელიც აუცილებელი პირობაა ჩვენი არსებობისათვის და განვითარებისათვის. მე ერთხელ კიდევ უნდა გავიმეორო ის, რაც არა ერთხელ მითქვამს. პირადათ მე ვერ წარმომიდგენია ამიერ-კავკასიის ისეთნაირად მოწყობა, სადაც ერთ ხალხს ექნება ბედნიერება, თავისუფლება, დანარჩენები კი დაბეჩავებული და დამონავებული იქნებიან, მე ასეთი ვერ წარმომიდგენია. ჩემის ღრმა რწმენით მაშინ, როდესაც ერთა შორის დამყარდება სოლიდარობა, ურთ-ერთ ინტერესების შემეცნება და ხელიხელ ჩაკიდებული სიარული პროგრესის გზით, ეს მისცემს საშუალებას ჩვენ ხალხს იაროს კულტურისა და პროგრესისაკენ, რაც ჩვენი მიზანია და ამ მიზანს ემსახურება ეს ხელშეკრულობა. ეს ხელშეკრულობა გვაძლევს გარანტიას, რომ განმეორდება ის უბედურება რომელსაც ჩვენი ხალხის და სომხის ხალხის შორის ჰქონდა ადგილი. ეს დიდი რეალური ღირებულება გახლავთ და როგორც ჩვენს დამფუძნებელ კრებაზე არის დამოკიდებული, ისე სომხეთის ხალხისაგან არის დამოკიდებული, რომ ეს მშვენიერი მკვეთრი იარაღი მოვიხმაროთ ისე, როგორც ხალხის ინტერესი თხოულობს. მე მგონია, რომ ამ გარდამავალ მოვლენამ არ დაჩრდილოს ეს სასიხარულო მომენტი და ის პრინციპი, რომელიც საფუძვლათ დაედვა ამ ხელშეკრულებას: ერთა შორის სოლიდარობა და მეგობრული კავშირი სომეხ-ადერბეიჯანის შორის ამიერ-კავკასიაში. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სამსონ ფირცხალავას.

სამსონ ფირცხალავა. (ს.ფ.) მოქალაქენო, ჩვენ შეგვიძლიან მხოლოდ და მარტივად მოვესალმოთ იმ ხელშეკრულებას, რომელიც წარმოგვიდგინა ჩვენ მთავრობამ (ტაში). სხვანაირად არ შეუძლიან შეხედოს მამულიშვილმა ამ ხელშეკრულებას. მე როდესაც ვამბობ - მივესალმები ამ ხელშეკრულებასთქო, მე არ ვდგევარ არც მორალის ნიადაგზედ, არც სოციალისტის ნიადაგზედ, - მე მალაპარაკებს ვიწრო ეგოისტობა, ეროვნული ინტერესები. მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს არსებობა ამიერ-კავკასიაში, სადაც ერთ ერს მოელის მეორესაგან მუდმივი სისხლის ღვრა, ის, რაც აქა სთქვა ბ. კედიამ ეს შეეძლოთ ეთქვათ ჰინდენბურგს, კიტჩენერს და ფოშს და იმათაც მოიტეხეს ამაზედ კისერი...

ჩვენ პატარა ერს, რომელსაც მუდმივი შიში აქვს რუსეთისა და სხვა გარეშე მტერთა, რომელსაც შინაური სოციალური საქმეები არ აქვს მოწესრიგებული, ნუ თუ უნდა წარმოსთქვას იმპერიალისტური სიტყვები: ვინც ჩემს ვითარებას არ დაემორჩილება გავანდგურებო... (გვაზავა: როდის სთქვა ეს?) ეს იმპერიალისტური სიტყვებია. ეს იმპერიალიზმია... (გვაზავა: არ გცოდნიათ იმპერიალიზმი!) ბ. გვაზავა, ტყუილად გგონიათ, რომ იმპერიალიზმი მხოლოდ დიდ ერებს, დიდ კაცებს აქვს. იმპერიალიზმი პატარა ერებს, პატარა კაცებსაც აქვთ, ხოლმე, (სიცილი) როდესაც ვითვალისწინებთ ჩვენ საქართველოს წარსულ ცხოვრებას, იმ ომებს, რომელთაც წალეკეს ნახევარი საქართველო და გაანადგურეს ერის კულტურული შემოქმედება, როდესაც ვითვალისწინებთ იმ დიდ კითხვებს, რომელიც საქართველოს წინაშე ამართულან, როდესაც ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ, ჩვენ არ შეგვიძლიან ვირჩიოთ სხვა გზა გარდა შეთანხმებისა მეზობელ ხალხებთან. განა ეს შეთანხმება გულისხმობს ერის ინტერესების უკუგდებას. კავკასიაში არ არსებობს არც ერთი ერი, რომელსაც შეეძლოს სხვა მეზობელი ერის დამორჩილება. კავკასიაში იმისთანა ერი არ არსებობს, რომელიც თავის ინტერესებს სხვის კეთილ-დღეობაზე აშენებდეს. (გვაზავა: ფედერალისტების აზრით...) იქნება ბ. გვაზავას სურდეს ამიერკავკასიის იქითაც წაიღოს თვით საბატონო სფერო, მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელია.... (გვაზავა: საქმეზედ ილაპარაკეთ?) შუღლი და მტრობა, რომელსაც გამოიწვევს კავკასიაში ამგვარი მოქმედება, დრო არის საქართველომ მოსპოს მეზობელ ერებთან შეთანხმებით, ამიტომ არ შეიძლება არ მივესალმოთ ამ ხელშეკრულებას და არ უსურვოთ ჩვენს მთავრობას, რომ რაც შეიძლება მჭიდრო, კარგი მეზობლური დამოკიდებულება დაამყაროს ყველა კავკასიის ერთან, ყველა მეზობელ ერებთან.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ვეშაპელს ეკუთვნის.

გ. ვეშაპელი (ნაციონალისტი). დამფუძნებელი კრების წევრნო! საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ. გეგეჭკორმა მოინდომა თავისი სიტყვის დროს ამ ხელშეკრულობის შედარება ადერბეიჯანთან დადებულ ხელშეკრულობასთან. ეს მოგონება მართლაც საჭირო არის, მხოლოდ არა იმ მნიშვნელობით, რომელიც ბ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისურვა დაედო თავისი სიტყვის სარჩულად. მართალია, თუ ამ ხელშეკრულობის მუხლებს ადერბეიჯანთან დადებულ შეთანხმებას შევადარებთ, იქაც არის არბიტრაჟის შესახებ ნათქვამი და აქაც, მაგრამ ამ წესს მაშინ მოჰყვა პრაქტიკული ნაბიჯი - პოლიტიკური, სამხედრო კავშირი, რომელიც ემყარება კავკასიის ერთა დამოუკიდებლობის იდეას; დამფუძნებელ კრებას, რომ ასეთი აქტის პროექტი მოესმინა დღესაც, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი მართალი იქნებოდა, როცა საზეიმო მისალმებისათვის მოუწოდებდა ყოველ ორატორს, რომელიც ამ ტრიბუნაზედ ამოვა ამ საკითხის შესახებ სალაპარაკოდ.

მე ვეცდები პსიქოლოგიურად ხელი არ შეუშალო მმართველ წრეების ზეიმობას, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ყოველი აქტი - შეთანხმების აუცილებლობასა და არბიტრაჟისა - ეს არის საერთაშორისო ფორმულა, საერთაშორისო დეკლარაცია და განსაკუთრებით პარიზის კონფერენციის შემდეგ, როდესაც ამერიკამ თავისი ტრადიციები მიიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში, - არ შეიძლება პრინციპიალურად წინ აღუდგე არბიტრაჟს სხვა და სხვა მეზობელ სახელმწიფოთა შორის, მაგრამ ჩვენ ვიცით თვით ამ პარიზის კონფერენციის მემორანდუმიდან და იმ პოზიციიდან, რომელიც დაიკავა თვით ამერიკამ და პოლიტიკურ ძალების უმრავლესობამ, თუ რა ფასი აქვს ასეთ საერთაშორისო დეკლარაციებს.

ამ არბიტრაჟის წესის მიღებას დამფუძნებელი კრების მიერ არა აქვს რეალური მნიშვნელობა საერთაშორისო ძალთა განწყობილებისათვის. მართალია ეს შეეფერება იმ მოლაპარაკებას, რომელიც სწარმოებს პარიზში ამ საკითხის შესახებ; დიდი სახელმწიფოები საფრანგეთი იქნება თუ ინგლისი მზად არიან თავოსნობა საკუთარი საზღვრების საკითხებში დაუთმონ თვით პატარა ერებს, თუ ისინი მორიგდებიან, მაგრამ მარტო არბიტრაჟის ხელშეკრულობას არ აქვს რეალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ, სანამ კავკასიის ყველა სახელმწიფოები არ შეთანხმებულან იმ ნიადაგზე, რა ნიადაგზედაც დამყარდა საქართველოს და ადერბეიჯანის შეთანხმება და ეს უნდა დაიწყოს არა ეკონომიური ნიადაგიდან, არა საქონლის ვაჭრობიდან, ან დაკავებულ ვაგონების ძებნიდან, არამედ ისეთი პოლიტიკური კავშირით, რომ მოკავშირენი ვალდებულნი იყვნენ თავდასხმისაგან დაიცვან თავისი მეზობელი, მეზობელ ერის ტერიტორია, დაიცვან გარეშე ძალისგან...

დღეს, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის ცნობილი, სანამ საქართველოს საშინაო, და საგარეო მდგომარეობა არ არის ჩაყენებული მტკიცე კალაპოტში და არ ვართ თანასწორნი, იურიდიულად წევრი საერთაშორისო ოჯახისა, - ყოველი საკითხი, რაც უნდა დიდი, ან პატარა იყოს, ფასდება პოლიტიკურად;

და მე ვეკითხები საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მოაზრეთ - ამ პოლიტიკურ მოსაზრებით რა შედეგი, რა სარგებლობა უნდა მოჰყვეს ამ ხელშეკრულებას? ადერბეიჯანთან დადებულ ხელშეკრულების მოგონება სწორედ გარეშე საქმეთა მინისტრისათვის არ არის ხელ-საყრელი, იმიტომ, რომ ის აგონებს დამფუძნებელ კრებას იმ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც მას ჰქონდა და რომელთაც ის განირჩევა ახლანდელ ხელშეკრულებიდან. ისეთ საკითხში, როგორიცაა თავისი თავის და მეზობლის დაცვა დამაპყრობელ ძალებისაგან - აზერბაიჯანის პოზიცია ვიცით და მას არ უღალატნია ამ პრინციპისთვის და ხელშეკრულების დადების შემდეგ დღემდის ამ პოზიციაზე სდგას.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს და სომხეთის კონფერენცია, რომელიც შეიკრიბა ტფილისში, ანდომებს მთელ თავის დროს და მუშაობას იმ პროექტების და ფორმულების გამოტანას, რომელშიც ხეირი არ არის. ასეთი ეკონომიური და ფინანსიური კომბინაციების დაწესება წარმოადგენს ნაძალადევ დათმობას იმ იმედით, რომ შემდეგში მაინც მოხდება პოლიტიკური შეთანხმება.

არა მარტო საზღვრების საკითხი შედის შეთანხმების საქმეში, არამედ პოლიტიკური და სამხედრო კავშირის საკითხიც. დღეს, როდესაც ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს მოელის საფრთხე სხვა და სხვა მხრიდან - უმთავრეს პრინციპად ურთიერთის დაცვა და დახმარება უნდა იყოს აღიარებული. ასეთ გზას უნდა დაადგეს ჩვენი სომეხი მეზობლები, თუ უნდათ, რომ თანაგრძნობა გამოიწვიონ ქართულ ერში, ჯერ-ჯერობით ამას ჩვენ ვერ ვხედავთ.

ამიტომ ჩემის აზრით ცოტა უხერხულია, რომ დამფუძნებელ კრებისათვის, როგორც ამ ხელშეკრულების, ისე მის შემდეგ მომყოლ ტრანზიტის ხელშეკრულების დამტკიცება უხდება ორი კვირის ვადის სიჩქარით, ასეთ დროს, როცა არ არის გამორკვეული მთავარი საკითხები ქართველ-სომეხთა კონფერენციისა, მე მგონია, რომ უფრო ნორმალური იქნებოდა საქართველო-სომხეთის კონფერენციის მუშაობის დასრულებისათვის მოგვეცადა და იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციას ისეთი ბოლო არ ხვდება, როგორც შარშანდელ კონფერენციას ხვდა წილად.

ეხლანდელმა კონფერენციამ არა მარტო ასეთი დეკლარატიული ხასიათის ხელ-შეკრულებანი და ასეთი მერკანტილისტური საკითხები უნდა გადაწყვიტოს, როგორც არის ტრანზიტის საკითხი. და მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც გამოირკვევა საქართველო-სომხეთის კონფერენციის ნამუშევარი მთლად, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს დამფუძნებელმა კრებამ ამის შესახებ.

მაგრამ დამფუძნებელი კრება არის დღეს ჩაყენებული ისეთ მდგომარეობაში, რომ წინადადებას გვაძლევენ ვსთქვათ: ან „ჰო“, ან „არა“ - ამ რატიფიკაციის დამტკიცების შესახებ!

ნაციონალისტური თვალსაზრისით, არბიტრაჟისა, ან შეთანხმების ხელშეკრულების რატიფიკაცია არ წარმოადგენს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს რომელიმე ერის რეალურ ინტერესს; ეს არის უბრალო ფორმულა. არა მარტო ისეთი უბრალო ფორმულა, უფრო შინაარსიანი ფორმულაც ყოველთვის რეალურ ძალთა განწყობილებაზეა აშენებული და ასეთი უშინაარსო ფორმულა, როგორიცაა ეს ხელშეკრულება, შეიძლება ძალთა განწყობილების გარეშე სდგას.

ყოველი ერის ცხოვრებაში არის ისეთი სასიცოცხლო საკითხები, რომელსაც თუ ვერ შეუთანხმდა თავის მეზობელს, ვერც ერთ არბიტრაჟს ვერ მიანდობს გადასაწყვეტად; არბიტრაჟი ძალიან ადვილია როცა სწყდება უბრალო საკითხები, მაგრამ როცა საქმე ეხება ერის სასიცოცხლო ინტერესებს, და ისეთ საკითხებს, რომელიც ნაანდერძევი არის ისტორიულად, - თუ ვერ მოხდა შეთანხმება ერთი მეორესთან, ვერც ერთ არბიტრაჟს ვერ ენდობიან.

ეს ფაქტია და ამიტომ არავითარი პრაქტიკული ზიანი არ არის მოსალოდნელი იმით, რომ დამფუძნებელმა კრებამ მოახდინოს ეს რატიფიკაცია.

მხოლოდ რადგან დამფუძნებელი კრება არ არის მარტო იურიდიული კრებული, არამედ უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა, ამიტომ ვალდებულნი ვართ პოლიტიკურ მხარეს მივაქციოთ ყურადღება და ხაზი გაუსვათ იმ გარემოებას, რომ ყველა უფრო საჭირო მომენტი, მომენტი პოლიტიკური კავშირისა აკლია ამ ხელშეკრულებას, ეს მომენტი მიღწეულია უკვე მეორე მეზობელ ადერბეიჯანთან შეთანხმებით და უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ხელშეკრულება დეკლარაციად დარჩება და არ ექნება რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა კავკასიის ერთა ცხოვრებაში, სანამ ჩვენი მეზობელი სომხეთის ერი არ აღიარებს, რომ თავდაცვითი პოლიტიკური კავშირი კავკასიის რესპუბლიკათა შორის, რომლის მიზანი იქნება დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოების თავისუფლების დაცვა და განმტკიცება - აუცილებელია.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ერს წილად ხვდა ახალი გამარჯვება: შეთანხმებისა და სოლიდარობის გზას დაადგა ჩვენი მეორე მეზობელიც.

ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს წინაშე არის განსახილველად და დასამტკიცებლად წარმოდგენილი, არის პირველი ნაბიჯი, გადადგმული საქართველოს და სომხეთის დემოკრატიის საკეთილდღეოდ, მათი ერთობისა და სოლიდარობის გასამტკიცებლად.

როდესაც ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა იშლებოდა, ყოველი გულწრფელი სოციალისტის აზრი და გონება ტრიალებდა ორი კითხვის გარშემო: შესძლებენ თუ არა ახალი რესპუბლიკები დამოუკიდებელ არსებობას, ამიერ-კავკასია ხომ არ გადაიქცევა მეორე ბალკანეთად, სადაც ფართო ასპარეზი გაეხსნება იმპერიალისტთა ინტრიგებს და ურთი-ერთის მტრობა და შუღლი ფრთებს აისხამსო - აი, რა გვაშინებდა და რა გვაღონებდა ჩვენ მაშინ.

საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარმა ომმა ეს შიში თითქოს სინამდვილედ აქცია. ბევრს ეგონა, რომ საქართველოს და სომხეთის დემოკრატიის შორის ხიდი სამუდამოდ ჩატყდა. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ჩვენ აქ ადერბეიჯანთან ხელშეკრულებას ვადასტურებდით, ბევრი ნიშნის მოგებით გვეუბნებოდა: ხომ ხედავთ, სომხეთი განზე გადგა, აკი გეუბნებოდით, რომ სომხეთი ჩვენი მეგობარი არ იქნებაო.

წარმოდგენილი ხელშეკრულება არის ბრწყინვალე საბუთი იმისა, რომ ნაციონალისტების მოლოდინი არ გამართლდა. ორივე ერის სასიცოცხლო ინტერესებმა თავისი გაიტანა. ვერც ომმა, ვერც შოვინისტურმა შხამმა ვერ ჩაკლა ორივე ერის დემოკრატიაში მისწრაფება სოლიდარობისაკენ, ურთიერთ შორის კეთილმეზობლურ განწყობილების დამყარებისაკენ.

ხელშეკრულობა მოითხოვს, რომ ჩვენ შორის ყველა სადაო საკითხები გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. დღეის იქით იარაღი არ იქნება ჩვენს შორის მსაჯული, უარყოფილია ომი და იმპერიალისტური პოლიტიკა. დემოკრატია, რომელიც თავისუფალია იმპერიალისტური ფსიქოზისაგან, სხვა გზას ვერ დაადგება. ჩვენ გვწამს საქართველოს და სომხეთის მშრომელი დემოკრატია ამ გზას არ გადაუხვევს.

ჩვენს დამფუძნებელ კრებაში არ არის არც ერთი პარტია, რომელსაც აქვს ერში რაიმე საფუძველი და რომელიც არ იცავდეს ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ გვგონია, რომ ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი დამოუკიდებელი არსებობა ობიექტურად შესაძლებელია. ჩვენ, რომ მომწყვდეული ვიყოთ, ვსთქვათ, მარტო ქუთაისის გუბერნიაში, ჩვენში დამოუკიდებლობის მომხრე ძლიერ ცოტა იქნებოდა.

სომხის ერი მუდამ რუსეთისაკენ იხედებოდა. ეს ყოფილა შედეგი არა რომელიმე პარტიის თუ ჯგუფის სიმპატია-ანტიპატიისა, არამედ ეს იყო გამოწვეული იმ ეროვნული ტრაღიზმით, რომელსაც სომხის ერი განიცდის. სომხის ერი არის ერი უტერიტორიო, ის მომწყვდეული არის ერევნის ყოვლად უხეირო გუბერნიაში. თუ სომხის ერს გასაქანი არ მიეცა, ის სრულიად ბუნებრივად არ იქნება არც თავისი და არც სხვისი დამოუკიდებლობის მომხრე.

ჩვენ უნდა მივიღოთ ყოველი ზომა, ვიხმაროთ ყოველი საშუალება, რომ სომხეთის ერის დამოუკიდებლობა ობიექტურად შესაძლებელი გახდეს. კერძოდ, ტერიტორიის გამიჯვნის დროს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ეტნოგრაფიული პრინციპით.

დესპოტიზმმა გაანადგურა სომხის ერი, რევოლუციამ, სოციალიზმმა ის უნდა აღადგინოს ისე, როგორც ყოველი ერი და ჩვენი მოვალეობაა ამ პროცესს ხელი შეუწყოთ რითაც შეგვიძლია (ტაში).

თავმჯდომარე: სიტყვა ბ. გვაზავას ეკუთვნის.

ბ. გვაზავა: (ერ.-დემ.) ჩვენი ფრაქციის აზრი არ არის რიგიანად გაგებული და სულ სხვანაირად არის დაფასებული, არავის უთქვამს, რომ მორიგეობით საკითხის გადაწყვეტა არ იყვეს სასურველი, პირიქით იყო გამოთქმული აზრი, რომ ჩვენ დიდის სიხარულით ვეგებებით ხელშეკრულებას. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ისეთია, რომ ამ ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპაში. ბევრი ცრუ და ყალბი ხმა ვრცელდებოდა ჩვენსა და საზოგადოდ ამიერ-კავკასიის ხალხთა შესახებ ევროპაში, როდესაც გაიგებენ პარიზში, სადაც წყდება საკითხი ერების შესახებ, რასაკვირველია, ასეთი მიმდინარეობა ჩვენი პოლიტიკისა მოახდენს კარგ შთაბეჭდილებას. ისინი შეიცვლიან ჩვენზე აზრს, ამ მხრით ეს აქტი - კარგი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენი ყურადღება უნდა მივაქციოთ თვით ამ ხელშეკრულებას, რომელიც დადებული არის. ჩემის აზრით იგივე მიზანი მიღწეული იქნებოდა, რომ ეს ხელშეკრულება ყოფილიყო უკეთესად გამოხატული, თვით აზრის მხრივ. აქ ბევრი ილაპარაკეს იმაზე, რომ საჭიროა, ამიერ-კავკასიის ერთა სოლიდარობა. თითქოს ვინმე წინააღმდეგი იყვეს ამ აზრისა. ამის წინააღმდეგ არავის უთქვამს რამე. სწორედ იმისთვის, რომ განხორციელდეს ეგ იდეალი, საჭირო იყო, რომ ეს ხელშეკრულება, სხვა-ნაირად ყოფილიყო შედგენილი. ჩვენ პრინციპის წინააღმდეგ არ მივდივართ. არბიტრაჟი ხელსაყრელია ყველა სახელმწიფოსთვის და განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისათვის ყოველი შეხლა-შემოხლის დასამთავრებლად. მაგრამ თვითონ ისტორიამ ამ საკითხისამ ჩვენ დაგვიმტკიცა, რომ არის გამონაკლისი, რომლის აღიარებაც აუცილებელია. არბიტრაჟს ვერ გადაეცემა ისეთი საკითხი, რომელიც ეხება ერის სასიცოცხლო ინტერესებსა და ერის ღირსებას. მთელი ისტორია, საერთაშორისო უფლების განვითარებისა ამტკიცებს ამას. ეს საკითხი დასმული იყო ბრიუსელის კონფერენციაზე. შემდეგ ჰააგის კონფერენციაზე; მაგრამ ხსენებული გამონაკლისი შეუცვლელად დარჩა, პრინციპი მისაღებია: ძალიან ბევრი საკითხი შეიძლება გადაწყდეს არბიტრაჟით, მაგრამ არის ზოგი საკითხი, რომლის გადაწყვეტა არ შეიძლება მივანდოთ არბიტრაჟს. ეს მოსაზრება მით უფრო საგულისხმოა ჩვენთვის, რომ ფაქტიური მდგომარეობა ჩვენი და სომხეთის ერთნაირი არ არის. სომხები ბლომად არიან საქართველოში, სომხეთში კი ერთი ქართველიც არ არის. ეს გარემოება უპირატესობას აძლევს სომხებს, ყოველი დავის ასატეხად და მერე არბიტრაჟით მისი გადაწყვეტას. ასეთია მაგალითად ტერიტორიული საკითხი. არის კიდევ სხვა ბევრი საკითხი, პოლიტიკური და უფლებრივი. უფრო გაღრმავება ამ საკითხისა არ მინდა, მაგრამ ვიტყვი, ჩვენ წინდაწინ ვაძლევთ ერთნაირ უპირატესობას სომხებს, რომლით სარგებლობა ჩვენ არ შეგვიძლია. მოგვიტანოს ბ. მინისტრმა ერთი მაგალითი საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომ ყოველი საკითხი გადადებული იყვეს საარბიტრაჟოდ, მე ვიცი მხოლოდ ერთი შემთხვევა: ნიდერლანდიისა და დანიის შორის დადებული ხელშეკრულება 1904 წელს. მაგრამ ეს სახელმწიფოები დიდი ხანია ცნობილია. მათ შორის არაფერია სადაო. იქ არ არის მოსახლეობა აჭრელებულად. იმ ქვეყნებს, რომ მივბაძოთ, ეს ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის. (ხმა: ხალხთა ლიგა?) შეიძლება ოდესმე დაარსდეს სახალხო ლიგა, მაგრამ რად მივრბივართ წინ, რად უსწრებთ სხვებს. ჯერ ლიგა არ არსებობს. იქნება თუ არა ეს ლიგა არ ვიცით. აი, ბატონებო, ჩვენი შენიშვნის აზრი; მაგრამ როცა ორატორები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ შოვინისტები, ეს არ არის მართალი; ამას პატიოსანი ორატორი არ იკადრებს. შეთანხმება ჩვენც გვინდა, მაგრამ ისე, რომ ჩვენ ძალიან არ დავზარალდეთ. სწორედ კარგი მაგალითი მოიტანა ბ. საგ. საქ. მინისტრმა - ადერბაიჯანის ხელშეკრულება. მაგრამ იქ სულ სხვა იყო. იქ იყო ხელშეკრულება სამხედრო, საპოლიტიკო... აქ ამგვარი არაფერია. ერთმა ორატორმა კიდევ ისროლა ჩვენსკენ ერთი კენჭი. ეს იყო ბ. ფირცხალავა. როცა უთხარი, რომ თავის დაცვა იმპერიალიზმი არ არის მეთქი, იმან სთქვა, ჩემს შესახებ, რომ იმპერიალიზმის ტარება შეუძლია პატარა ერების, პატარა კაცებსაც და მით სიცილი გამოიწვია. ამ სიტყვებში პასუხი არა სჩანს. თუ ყოველი დავა არბიტრაჟით უნდა გადაწყდეს, მაშინ ჯარიც საჭირო არ ყოფილა და თუ ჯარი არ გვეყოლება, მაშინ ჩვენ დავიღუპებით. აი, საით იხრება თქვენი ხელშეკრულება! ეს შეჰქმის ერთნაირ სულიერ განწყობილებას ჩვენს ხალხში და მოადუნებს ეროვნულ ენერგიას. (ჯუღელი: ძალიან კარგი განწყობილება იქნება!) არა მგონია, ბატონო ჯუღელო, და ვწუხვარ, რომ სისხლის დაღვრა ისევ თქვენ მოგინდებათ, ხალხი იტყვის: რა საჭიროა ჯარი, ეს ვარჯიშობა, ეს გაწვრთნა, როცა ისეც შეიძლება ამ საკითხების გადაჭრაო. ეს არ არის რიგიანი პოლიტიკა. პირიქით, ჩვენ უნდა უთხრათ ხალხს, რომ იგი ყოველთვის მზად უნდა იყოს იარაღით ხელში, დაიცვას თავისი სასიცოცხლო ინტერესი და თავისი ღირსება. ეს არ არის ისეთი 2 შაურიანი საქმე, რომ წაიღოს მოსამართლესთან, ასეთი კითხვების გადაწყვეტა არ შეიძლება მართლ-მსაჯულებით.

ამიტომ ამ ხელშეკრულებაში უნდა იყოს ერთი გამონაკლისი, სადაც ნაჩვენები იქნებოდა ეროვნული ღირსება და ერის სასიცოცხლო ინტერესები. ამას ერთგვარი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ექნებოდა. მაშინ ჩვენი ხალხი გაიგებდა, რომ ყოფილა უაღრესი ღირებულობა, რომლისათვის საჭიროა, სისხლის ღვრა და ბრძოლა.

მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ - თუ კი ერს უნდა განამტკიცოს სახელმწიფოებრივი ცხოვრება, მას ამისთვის სათანადო მილიტარული ძალებიც უნდა ჰყავდეს, მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო ადვილად ცნობილ იქნება ევროპაში, თუ ჩვენ არ გვეყოლება საკმარისი მილიტარული ძალა, რომ განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფო და დავიცვათ წესიერება შინაურ განწყობილებაში, ეჭვი არ არის, არც არავინ გვიცნობს.

ერთი არის ეროვნული ნების-ყოფა და მეორე არის მილიტარული ძალა. საჭიროა ეროვნული ნების-ყოფა, მაგრამ ამას თან უნდა მოსდევდეს ძალაც, რომელიც მთელ ქვეყანას, რომ ჩვენი თავისუფლების შესანარჩუნებლად შეგვიძლიან სისხლი დავღვაროთ. სწორედ ასეა შეკავშირებული ეს მოვლენანი.

ბ-ნ ფირცხალავას ჰგონია, რომ ეს არის თავ-დასხმა, იმპერიალიზმი. ეს ყალბი შეფასება არის. ამიტომ დავინახე საჭიროდ მომეწოდებინა ჩვენი შეხედულება ამ საკითხის შესახებ.

აქ არ არის იმპერიალიზმი და არც შოვინიზმი. ამის გაგება ადვილია. მხოლოდ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ეს გამონაკლისი ერთნაირად სასარგებლო იქნებოდა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისათვის. როდესაც წინ ვაყენებთ უაღრეს ეროვნულ ღირებულებას, ამას აქვს ერთნაირი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ხალხისათვის. ასეთივე მნიშვნელობა ექნებოდა სომხეთისათვის და გარდა ამისა იგი ჩვენ უფლებრივ ძალას მოგვცემდა, რომ ყოველი კითხვა არ დაგვეყენებინა საარბიტრაჟოდ. ჩვენ მაშინ უფრო ფხიზლად და პატივისცემით მოვეპყრობოდით ერთმანეთს: ორივე მხარე გაფრთხილებული იქნებოდა და ამიტომ შეთანხმებაც - უფრო ადვილი. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი არა ვართ ხელშეკრულებისა. შეთანხმება აუცილებელია, მაგრამ იმ შესწორებას, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ღრმა საფუძველი აქვს. (ჯუღელი: უარყოფითი ხასიათის!) ღმერთმა ბრძანოს, რომ არაფერი არ მოხდეს და ჩვენი ეჭვი არ გამართლდეს. ჩვენ ისეთ მნიშვნელობას ვაძლევთ ამ გამონაკლისს, რომ ამ ხელშეკრულების დამტკიცების დროს, იძულებულნი ვართ თავი შევიკავოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. (ს.-დ.) ბატონებო. დამფუძნებელ კრების წევრნო! პატივცემულმა სამსონ ფირცხალავამ შენიშნა ერთ პარტიის წარმომადგენელს, მათი პოზიცია ამ საკითხში არის იმპერიალისტური პოზიციაო. ბ. გვაზავამ თავის სიტყვაში ეს სავსებით დაადასტურა. ის თურმე მომხრე არის ყოველ ხელშეკრულებისა, რომელსაც მიზნად ექნება ომის შეჩერება, ან მისი უარყოფა. მხოლოდ ის მოითხოვს ერთ შესწორებას, რომ ყოველი სადავო საკითხი გადაეცეს არბიტრაჟს, თუ ეს საკითხი არ ეხება ერის ღირსებას და მის სასიცოცხლო ინტერესებს. მაგალითად, მისი აზრით, თუ რომელიმე ორ სოფელზედ დავა ერის ღირსებას და სასიცოცხლო ინტერესებს შეეხება, ასეთ კითხვას არბიტრაჟი ვერ გადასწყვეტს. (გვაზავა: დიახ, მართალია!).

შეიძლება ყოველმა პარტიულმა მოღვაწემ, ან პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც განაგებს სახელმწიფოს რომელიმე დროს, შეიძლება დასვას საკითხი, რომელიც ერის დიდი უმრავლესობისთვის დასათმობია, ვიდრე ომი, მაშინ გამოდის, რომ შეიძლება ყოველ ერის, უმრავლესობისთვის უდავო კითხვაზე მოწინააღმდეგეს გამოუცხადოს ომი. მე ვამბობ, რომ ყველა საკითხი თვით არბიტრაჟმა უნდა გადასწყვიტოს მაშინაც, როდესაც კითხვა ეხება ერის სასიცოცხლო ინტერესებს და მის ღირსებას, თუ ეს უნდოდა ბ. გვაზავას, მაშინ ასეთი შესწორება უნდა შემოეტანა დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ მან ეს არ ინება (გვაზავა: შესწორება შეუძლებელია, იგი, ან უნდა მიიღო, ან არა!) მე ვამბობ შემდეგს: ჩვენ დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ პირობებში კარგს ომს ცუდი ზავი გვირჩევნია. გარწმუნებთ, რომ ჩვენი ერის დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა. დიდ უმრავლესობას ურჩევნია ერთი-ორი სოფელი სადმე დაუთმოს, ვიდრე ატეხოს ახალი ომი. მაგრამ გვაზავა პრინციპიალურად ომის დაცვის პოზიციაზე სდგას. როცა გვაზავა არბიტრაჟის შესახებ მსჯელობდა, სთქვა, რომ იმპერიალისტური ქვეყნები ამბობენ, მომხრენი ვართ ყოველი კითხვა გადავწყვიტოთ თქვენ არბიტრაჟით; ხოლო რაც შეეხება ერის ღირსებას და სასიცოცხლო ინტერესებს, გიტოვებთ მთელს უფლებას მათის გადაწყვეტისა. გვაზავას ეს მისაღებად მიაჩნია ჩვენთვის და სომხეთისათვისაც. ჩვენ შეგვიძლიან ესა თუ ის კითხვა დავსვათ, როგორც ერის ღირსების კითხვა. ამაზე შეიძლება მოხდეს მორიგება, ან შეთანხმება და ამით აცილებულ იქნება თავიდან ომი (ხმა: ტფილისსაც დაუთმობთ!) როცა ტფილისზე დადგება საკითხი, ნუთუ თქვენ, ბ. კედია, გგონიათ, რომ გამოვიდეს მესამე, რომელიც იტყვის: ტფილისი სომხეთის ქალაქია. აქ არ იქნება დავა ტფილისზე. აქ იქნება დავა იმაზე, რომ საქართველო უნდა დაემორჩილოს სომხეთს თუ არა? არა მგონია სადმე მოიპოვებოდეს ისეთი არბიტრაჟი, რომელმაც ტფილისის საკითხი სომხების სასარგებლოდ გადასწყვიტოს...

დამფუძნებელ კრების წევრი ბ. კედია, რომელიც უნდა იცავდეს ერის ღირსებას, ისვრის ისეთ სიტყვებს, რომლებიც ამცირებენ ერის ღირსებას. (კედია - გუშინდელი ამბები მოიგონეთ!) გუშინდელ ამბებს თავი დავანებოთ, ვისთვის ჩვენ სხვა ადგილი მოგვეპოება. ბ. გვაზავამ სრულიად უსაფუძვლოდ მისაყვედურა, რომ თქვენ იყავით ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი და არ გცოდნიათ, რომ ლიგა აღარ არსებობსო. აქ იყო ლაპარაკი მხოლოდ ტენდენციაზე. ბ. გვაზავამ იცის, რომ ამ საკითხის შესახებ აუარებელი პროექტებია შემუშავებული იმ ხალხის მიერ, რომელსაც ბ. გვაზავა პატივსა სცემს...

მე ვსთქვი, რომ ტენდენცია: ამ ლიგის იქნება ის, რომ ყოველი სადავო კითხვა გადაეცემა სამედიატორო სასამართლოს, მართალია ამ შემთხვევაში ერთი მხარე აგებს და მეორე იგებს, მაგრამ ეს არის პროგრესიული მოვლენა.

ისე, როგორც პიროვნებათა შორის სასამართლოს წესი ხელს შეუწყობს პროგრესს, ასევე უნდა მოხდეს ხალხთა შორის, რომ მან ხელი შეუწყოს საერთაშორისო პროგრესს.

ამას ამბობს ევროპის ბურჟუაზია. თუმც თქვენ ჩამორჩენილნი ხართ თქვენს ევროპიულ თანამოაზრეებს, მაინც ამ პრინციპს უნდა აღიარებდეთ.

მე მაკვირებს ერთი გარემოება. ეს პირველი მუხლი უცვლელად არის შეტანილი ადერბეიჯანის ხელშეკრულებაში და როცა ის ხელშეკრულება უნდა დამტკიცებულიყო რატომ არ წამოაყენეთ ეს თქვენი მოსაზრება: ეს თუ სავალდებულო იყო იქ - აქაც სავალდებულო უნდა იყოს. აქედან გამოდის შემდეგი დასკვნა: თქვენ უფრო გალაპარაკებთ ფსიქოლოგიური მომენტი თქვენი აზროვნებისა, ვიდრე ნამდვილი შეფასება ამ ხელშეკრულებისა. (კედია: ეგ სახალხო ლექციაა!) ჩემი ბრალი არ არის, როცა ზოგიერთ დამფუძნებელ კრების წევრისათვის საჭიროა სახალხო ლექცია. ამ ხელშეკრულებას აქვს ერთი დიდი მნიშვნელობა.

ჩვენ ვეცდებით ყველა სახელმწიფოებთან დავდოთ ასეთი ხელშეკრულება. 24

ამას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა...

ძნელია გამორკვევა იმისა, ამ საერთო აღშფოთების ხანაში, ვინ ეცემა და ვინ არის დამცველი. ეს ისტორიას უნდა მივანდოთ.

მაგრამ არის ერთი უტყუარი საშუალება იმის გამოსარკვევად, თუ ვინ ეცემა და ვინ იგერიებს. ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის მიღება, ან არ მიღება საბოლოოდ სწყვეტს ამ საკითხს. თუ რომელიმე სახელმწიფო ამბობს, რომ იგი სასამართლოს გადაწყვტილებას დაემორჩილება, ხოლო მეორე ამას გაურბის. აქედან აშკარაა, რომ ვინც გაურბის, ის არის დამცემი. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ერის თავდაცვის საქმეში. ვინც იცავს თავს, მისი გამოსვლა არის ძლევა-მოსილი და არავის დაანებებს იგი თავის თავს, სანამ მთლად არ ამოსწყდება, მაგრამ არის მესამე გარემოება, რომელზედაც ვეშაპელი ამბობდა, ეს არის ძალთა განწყობილება. ეს მართალი არის. ჩემის აზრით, ეხლანდელი ძალთა განწყობილება მთელს ევროპაში და ჩვენშიაც იქითკენ არის მიმართული, რომ ყოველი სადაო საკითხი ერთა შორის უნდა გადაწყდეს იმ გვარივე ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს და სომხეთთა შორის. ძალთა განწყობილება ევროპაში არის ისეთი, რომ ეს პრინციპი დემოკრატიულია, რომელსაც ეტრფოდა არა მარტო საერთაშორისო სოციალისტური დემოკრატია, არამედ მოწინავე დემოკრატიაც, დღეს გატარების გზაზედ სდგას, და რად უნდა ბ. გვაზავას, რომ ჯერ სხვაგან გაატარონ ის პრინციპი, და ჩვენ ყოველთვის ვიყვეთ სხვის მაჩანჩალები. თუ სადმე პარიზში, ან ვაშინგტონში მიიღებდნენ მას, მაშინ ის იტყოდა, ეს მშვენიერიაო. მაგრამ ჩვენ ვამბობთ: ეს ასე იქნება და ამიტომ ჩვენ წინ და წინვე ვღებულობთ ამ ხელშეკრულებას. ვნახოთ, ბატონო გვაზავა, ისტორია ვის გაამართლებს.

თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება სხდომა გაგრძელდეს 4 საათამდე. ვინ არის წინააღმდეგი? სხდომა გრძელდება. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ტერ-სტეპანიანცს.

ტერ-სტეპანიანცი. (დაშნაკ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენი ფრაქცია, ესე იგი ფრაქცია დაშნაკცუტიუნისა, გულწრფელ სალამს უძღვნის საქართველოს და სომხეთის შორის დადებულ ხელშეკრულებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიადი საკითხი გაადვილებს სოლიდარობას საქართველოს და სომხეთის დემოკრატიის შორის. (ტაში). (ასათიანი: ეს საუკეთესო დაფასებაა!).

თავმჯდომარე. კამათი დასრულებულია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

კ. ჯაფარიძე. იმ პასუხს, რომელიც უკვე გასცეს ეროვნულ-დემოკრატიულ და ეროვნული ფრაქციის წარმომადგენლებს, მე უნდა დაუმატო ცოტა რამ. ბ. სპირიდონ კედიამ გვისაყვედურა შემდეგი: ამ ხელშეკრულებაში საკითხები კონკრეტულად დასმული და გადაჭრილი არ არის. არ არის შეტანილი ის, და იმ სახითაა რაც და როგორც ეს ჩვენთვის სასურველი და საინტერესო იყო. რასაკვირველია, სასურველია, ყველაფერი გადაიჭრას ისე, როგორც ამას ჩვენი ინტერესები მოითხოვს, მაგრამ სურვილი არ ნიშნავს საკითხის სასურველათ გადაჭრის შესაძლებლობას. ეს ხელშეკრულება არის მაქსიმუმი იმისა, რის გაკეთებაც შესძლო ჩვენმა მთავრობამ. და ამის თუნდაც ცოტა რამესი უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო დიდი საქმე და ყველაფერი არ გაკეთებულა უსაფუძვლოა და ლოღიკას მოკლებულია.

მართალია, რომ ეს არის მხოლოდ ზოგადი პრინციპი. თუმცა კედიამ განაცხადა, რომ ამ პრინციპს იგი არ უარყოფს, მაგრამ მთელი მისი სიტყვა იყო უარყოფა ამ პრინციპისა. ეს პრინციპი კი ისე დიადია, რომ მისთვის იბრძვის საერთაშორისო უფლება, ყოველი ერის დემოკრატიული კლასი და ყველა დემოკრატიული სახელმწიფოები. და ეს დიადი პრინციპი ჩვენ ხელშეკრულებაში მოვამწყვდიეთ და ასეთი ხელშეკრულების უარყოფა არის უკან გადადგმა ნაბიჯის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი შეუშალოთ ყოველგვარ დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ხელი შეუწყოთ მის იარაღის საშუალებით გადაჭრას, ასეთი პრინციპი, თუნდაც ის დეკლარატიული ხასიათისა იყოს, ჰქმნის ესეთ ფსიქოლოგიურ ატმოსფერას, ისეთ ნიადაგს, როგორც ეს აღნიშნა დაშნაკცუტიუნის პარტიის წარმომადგენელმა და აგრეთვე გვაზავამაც, რომელიც გაადვილებს სადაო საკითხების საბოლოოთ გადაჭრას.

ბ. გვაზავამ ერთის მხრივ თითქმის უარჰყო ის, რაც კედიამ გვისაყვედურა. მან აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულობა მიზანშეწონილია, მას ევროპის თვალში დიდი მნიშვნელობა ექნება. თუ ეს ასეა, მაშინ მე არ მესმის თქვენი პოზიცია, როდესაც თავს იკავებთ და ამ ხელშეკრულებას ხმას არ აძლევთ. გვაზავას განცხადებით, უმჯობესი იყო, რომ ეს ხელშეკრულება სხვანაირად ყოფილიყო დაწერილი. მან სთქვა, არსად არ იწერება ასეთი ხელშეკრულებაო. ყველა ხელშეკრულებაში იწერება ის, რომ არბიტრაჟის საშუალებით უნდა გადაწყდეს ყველა საკითხები, გარდა იმ საკითხებისა, რომელნიც ეხებიან ერის ღირსებას და მის სასიცოცხლო ინტერესებსო. ეს რომ შეგვეტანა, იგივე იქნებოდა, რაც ეხლა ჩვენს ხელშეკრულებაში არის. ეს არაფერს გარკვეულს რამეს ამ ხელშეკრულებაში არ შეიტანდა, იმიტომ, რომ ამ ცნებაში - „ერის სასიცოცხლო ინტერესი“ - ყოველგვარი შინაარსის ჩადება შეიძლება. როდესაც დადგება საკითხი, თუ რა არის ეს სასიცოცხლო ინტერესები, შეიძლება ბ. გვაზავას აზრით, ეს იყოს ყოველგვარი დავა ტერიტორიის საზღვრების შესახებ, მოწინააღმდეგე მხარის აზრით კი ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს შეიძლება ქ. ტფილისიც არ შეადგენდეს. ვინ არის ამ საკითხის გადამწყვეტი?! ასეთ პოზიციას, რომ დაადგეს ჩვენი მთავრობა, ვერასოდეს ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა და ვერავითარ ხელშეკრულებას ვერ დასდებდა.

ბ. ვეშაპელმა აღნიშნა სულ წინააღმდეგი იმისა, რაც კედიამ განაცხადა. კედიას აშინებს ეს ხელშეკრულება, რომ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ გადაწყდება სადავო საკითხებიო. ბ. ვეშაპელი, უფრო მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ნაციონალისტური თვალსაზრისით, თავის-თავად არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენსო, არც ერთი მუხლი არ არის ისეთი, რომლითაც ჩვენს მოწინააღმდეგეს შეეძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებაო. ხოლო, როდესაც ბ-ნ გვაზავს და კედიას უპასუხეს, რომ სწორედ ასეთი მუხლი იყო შეტანილი აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებაში, კედიამ განაცხადა, რომ ასეთი მუხლი არ იყო შეტანილიო. მაგრამ ეს ფაქტია, რომ იყო იქ. ხოლო ბ. ვეშაპელმა სთქვა, რომ თუმცა არის აზერბეიჯანთან დადებულ ხელშეკრულებაში ასეთივე მუხლი, მაგრამ ის მივიღეთ იმიტომ, რომ ის ხელშეკრულება სხვა უფრო დიდ საკითხებსაც ეხებოდაო და ამიტომ მის შესახებ არაფერი გვითქვამსო. მართალია, იქ ერთი მუხლი უფრო დიდ-მნიშვნელოვან საკითხს შეიცავს, მაგრამ ეს სრულებით არ ამართლებს თქვენს პოზიციას ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის დროს. თუ მართლა ის მუხლი ასე მავნებელი იყო, თქვენ შეგეძლოთ მთელი ხელშეკრულებისათვის ხმა მიგეცათ და იმავე დროს იმ მუხლის შესახებ თქვენი აზრი გამოგეთქვათ, მაგრამ მაშინ იმ მუხლს იზიარებდით, ეხლა კი იმავე მუხლის წინააღმდეგი ხართ, როდესაც ეს მუხლი ცალკე ხელშეკრულებას წარმოადგენს სომხეთთან.

ბ. ვეშაპელმა გვისაყვედურა: მართალია, არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს ხელშეკრულება, მაგრამ გვეკითხება, რა ფასი აქვს მას პოლიტიკურად, რა შედეგი უნდა მოჰყვესო? უმჯობესი იქნებოდაო, ამბობს იგი, უპირველეს ყოვლისა ისეთი დიდი საკითხები შეგვეტანა ამ ხელშეკრულობაში, როგორც აზერბეიჯანთან დადებულში, სახელდობრ, პოლიტიკური საკითხი, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა, ე.ი. უფრო დიდ-მნიშვნელოვანი საკითხი შეგვეტანა და ამნაირად შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა პატარა საკითხებზე დაგვეწყო ლაპარაკიო. მე ვეთანხმები ბ. ვეშაპელს; - საქმე სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული, ეს ისე გადაწყდებოდა, როგორც ვეშაპელს სურს და როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ აქ სურვილი არ არის საკმარისი, საქმე დამოკიდებულია საერთო პირობებზე რომელიც გვიდასტურებს ამა თუ იმ ნაბიჯს, და ამ პირობებს უნდა გაუწიოთ ანგარიში. ამ პატარა საკითხების ირგვლივ ისეთი მოშხამული ატმოსფერო არის შექმნილი, რომ ამ პატარა საკითხების ჩამოშორება აადვილებს დიდ საკითხების გადაჭრას. ამიტომ თუ პატარა საკითხების გადაჭრა შევძელით, ეს უკვე დიდი ნაბიჯია დიდი საკითხის გადაჭრისაკენ. აი, ბატონებო, ის, რაც მინდოდა მეთქვა დასამატებლად იმისა, რაც მოგახსენეს აქ სხვა ორატორებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოზიცია, რომელზედაც მთავრობა სდგას, მეტად მიზან-შეწონილია და სავსებით იცავს ჩვენს ინტერესებს, დემოკრატიის მიზნებს ემსახურება. და ამიტომ მე ვსთხოვ დამფუძნებელ კრებას, ეს ნაბიჯი დაადასტუროს და ეს ხელშეკრულება დაამტკიცოს.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებულია. გთხოვთ პროექტი წაიკითხოთ.

ჯაფარიძე. (კითხულობს).

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ჯაფარიძე. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის არ სურს. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

ჯაფარიძე. (კითხულობს).

თავმჯდომარე. სიტყვა ხომ არავის არ სურს? სიტყვა არავის არ სურს. არის ვინმე წინააღმდეგი? არავინ არის. თავი ვინ შეიკავა? თავი შეიკავა ეროვნულ-დემოკრატიულ და ეროვნულ-პარტიის ფრაქციებმა. დანარჩენები მომხრენი არიან.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი (კითხულობს):

რატიფიკაცია საქართველოსა და სომხეთის შორის დადებულ სატრანზიტო ხელშეკრულებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კ. ჯაფარიძეს.

კ. ჯაფარიძე. მეორე ხელშეკრულება არის პირველის - ლოღიკური გაგრძელება და ეხება ტრანზიტის საკითხს. ამ ხელშეკრულების ძალით სომხეთის საქონელს, რომელიც გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს საქონელი რომელიც გამოივლის სომხის ტერიტორიაზე არავითარი ბაჟი არ ედება. მეტია იმის მტკიცება, თუ ამ ეკონომიურ კრიზისის დროს, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ თავისუფალ ტრანზიტს. საქონელის კიდევ უფრო გაძვირება განსაკუთრებულ ბაჟებით, ხელოვნურად გაძნელება საქონლის შემოზიდვისა, მეტად ართულებდა ჩვენს, ისედაც შერყეულს, ეკონომიურს მდგომარეობას და ამწვავებდა ურთიერთობას ჩვენსა და სომხეთს შორის. იქ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ ხელშეკრულებას სომხებისათვის, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან სომხეთზე ჩვენი საქონელი ცოტა გამოივლის, ეს დათმობა იყო ჩვენი მხრით, მაგრამ ამ დათმობას, გვიკარნახებდა კეთილმეზობლური განწყობილების სურვილი. ეს ხელშეკრულება დადებულია 3 წლის ვადით, ხოლო ერთი წლის შემდეგ თვითეულ მონაწილე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადასინჯვა და თუ ვერ შეთანხმდენ ამ გადასინჯვაში, მაშინ ეს ხელშეკრულება ძალას ჰკარგავს, ზოგზე იქნებ ამ მუხლმა გლახა შთაბეჭდილება დასტოვოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მუხლით არც ერთი მხარე არ ისარგებლებს; აგრეთვე არც 1 ხელშეკრულებაში აღნიშნული არბიტრაჟით სარგებლობა დაგვჭირდება, ისე შეთანხმებით გადაწყდება ყოველი საკითხი. ეჭვი არ არის, რომ საქართველოსა და სომხეთ შორის ურთიერთობის დამყარების საქმეში პირველ ნაბიჯს მოჰყვება მეორე, რომელიც სავსებით ამოსწურავს ყოველგვარ დღევანდელ საჭირბოროტო საკითხებს, ნიადაგს გამოაცლის შოვინიზმს და გააჯანსაღებს ჩვენს ურთიერთობას და მრავალ საუკუნეთა განმავლობაში მჭიდროდ დამეგობრებულნი სომხეთი და საქართველო კვლავ განაახლებენ თავის მეგობრულ კავშირს, რომელიც მხოლოდ მსოფლიო ომის მიერ შექმნილმა პირობებმა მოკლე ხნით გასწყვიტა, დღეიდან პარიზის კონფერენციასაც მტკიცე საბუთი ეძლევა, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები ამ კუთხეს მეორე ბალკანეთათ არ გადააქცევენ. მართალია ჩვენდა სამწუხაროდ სომხეთსა და ადერბეიჯანის შორის დღესაც აქვს შეიარაღებული შეტაკებას ადგილი, მაგრამ ის შეთანხმება, რომელიც მოხდა ჩვენსა და ადერბაიჯან-სომხეთს შორის, ის შეგნება - ჩვენი გაერთიანების აუცილებლობისა, რომელიც თან და თან იზრდება სამივე ერის დემოკრატიაში, აშკარა მაჩვენებელია იმისი, რომ ამ დარჩენილ უთანხმოებასაც მალე მოეღება ბოლო და მთელი ამიერ-კავკასიის დემოკრატია გაერთიანებული, ვით ერთი ადამიანი, დადგება საერთო ინტერესების ნიადაგზე და მით უზრუნველყოფს ჩვენ თავისუფალ არსებობას და მომავალს. ამ იმედით შეხვდა იურიდიულ და გარეშე საქმეთა კომისიების შეერთებული სხდომა, როგორც პირველ ხელშეკრულებას, ისე მეორეს. ამ კომისიების სახელით მე გთხოვეთ ეს მეორე ხელშეკრულებაც დაამტკიცოთ. 28

ხელშეკრულების შინაარსი ასეთია (კითხულობს):

„ქ. ტფილისი 1919 წლის ნოემბრის 3-ს.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ, წარმოდგენილმა სტეფანე გრიგოლის ძის მამიკონიანისა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრის სუმბათ არტემის ძის ხაჩატურიანის მიერ, ერთის მხრივ, და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ, წარმოდგენილმა შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრის, ნოე ბესარიონის ძის რამიშვილისა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგის სიმონ გურგენის ძის მდივანის მიერ, მეორეს მხრივ, გაეცნენ რა ურთიერთის რწმუნებულობას და სცნეს იგი ჯეროვან ფორმითა და სახით შედგენილად, შემდეგი ხელშეკრულება დასდეს:

1) დაწესდეს თავისუფალი ტრანზიტი, ე.ი. უგარდასახადო ტრანზიტი, იმ ტვირთისათვის, რომელიც იგზავნება სომხეთის რკინის გზით სომხეთის საზღვარს გარეშე ადგილებიდან საქართველოში, ან საქართველოდან სომხეთის საზღვარს გარეშე ადგილებში, და აგრეთვე იმ ტვირთისათვის, რომელიც იგზავნება საქართველოს რკინის გზით საქართველოს საზღვარს გარეშე ადგილებიდან სომხეთში, ან სომხეთიდან საქართველოს საზღვარს გარეშე ადგილებში.

2) ეს ხელშეკრულობა დადებულია სამის წლის ვადით, გარდა მისის დამტკიცების დღიდან ერთის წლის გასვლის შემდეგ, თვითეულს ხელშეკრულებაში მონაწილეს უფლება აქვს მისი გადასინჯვა მოითხოვოს, და ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში რჩება ექვს თვეს, ასეთ განცხადების დღიდან. თუ ამ ვადის განმავლობაში მონაწილენი გადასინჯვის შესახებ ვერ შეთანხმდენ, ხელშეკრულობა ძალას ჰკარგავს.

3) რატიფიკაციათა გაცვლა უნდა მოხდეს ქ. ტფილისში ორის კვირის განმავლობაში დღიდან ხელის მოწერისა.

4) ხელშეკრულობა ორ ცალად არის შედგენილი.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნ. რამიშვილი.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ს. მდივანი.

სტეფანე გრიგოლის ძე მამიკონიანი.

სომხეთის რესპუბლიკის, პარლამენტის წევრი სუმბათ არტემის ძე ხაჩატურიანი“.

«Городъ Тифлисъ, 1919 года, 3-го ноября.

Правительство Республики Арменіи, представленное Степаномъ Григорьевичемъ Мамиконянъ и членомъ Парламента Республики Арменіи Сумбатомъ Артемьевичемъ Хачатурянъ - съ одной стороны и Правительство Республики Грузіи, представленное Министромъ Внутреннихъ Дѣль и военнымъ, Ноемъ Виссаріоновичемъ Рамишвили и Товарищемъ Предсѣдателя Учередительнаго Собранія Республики Грузіи, Семеномъ Гургеновичемъ Мдивани - съ другой стороны, ознакомившись съ полномочіями и наидя ихъ въ должной формѣ и надлежащемъ видѣ, заключили настоящій договоръ о нижеслѣдующемъ:

1) Для Грузовъ слѣдующихъ по Армианскимъ желѣзнимъ дорогамъ изъ за предѣловъ Арменіи въ Грузію, или изъ Грузіи за предѣлы Арменіи, а также для 29

Грузовъ, слѣдующихъ по Грузинскимъ желѣзнимъ дорогамъ изъ за предѣловъ Грузіи въ Арменію, или изъ Арменіи за предѣлы Грузіи, устанавливается свободный транзитъ, т. е. транзитъ безъ пошлинъ.

2) Договоръ этотъ устанавливается срокомъ на три года, причемъ по истеченіи годичнаго срока со дня ратификаціи каждой изъ договаривающихся сторонъ предоставляется право заявить о пересмотрѣ договора, и въ этомъ случаѣ договоръ остается въ силѣ въ теченіе шести мѣсяцевъ со дня заявленія. Если въ теченіе этого срока стороны къ соглашенію о пересмотрѣ не придутъ, то дѣйствіе договора прекращается.

3) Ратификація настоящаго договора должны послѣдовать въ двухнедѣльный срокъ въ городѣ Тифлисѣ.

4) Настаящій договорь составляется въ двухъ экземплярахъ.

Министръ внутреннихъ дѣдъ и военный Республики Грузіи Н.Рамишвили, Товарищъ Предсѣддателя Учредителбного Собранія С. Мдивани.

Степан Григорьевичъ Мамиконянъ.

Членъ Парламента Республики Арменіи Сумбатъ Артемьевичъ Хачатурянъ.»

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. კედიას.

სპირიდონ კედია. ბატონებო! ხელშეკრულების მეორე ნაწილი ტრანზიტს ეხება.

ვისაც გათვალისწინებული აქვს საქართველო-სომხეთის გეოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა, ვინც იცნობს ამ ორი რესპუბლიკის შინა-მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის ხასიათს, ის დაეთანხმება, რომ ჩვენი მთავრობის მიერ სომხეთთან დადებული სატრანზიტო ხელშეკრულება საქართველოსათვის დამაზარალებელია.

ასე ფიქრობს მომხსენებელიც.

მე არ ვიცნობ არც ერთს ისეთს სახელმწიფოსა და არც ისეთს სახელმწიფოს მმართველ კაცებს, რომელნიც, რაც შეიძლება მეტის დათმობისა და მეტის გაცემის პოლიტიკას აწარმოებდნენ, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის მმართველნი სჩადიან.

ტრანზიტი ერთ-ერთი თვალსაჩინო წყაროა საქართველოს ხაზინისათვის და ერთი ძლიერი იარაღია პოლიტიკურ მიზნისთვისაც მოსახმარი და აი, ასეთი ფაქტორი ჩვენმა მთავრობამ სომხეთს მუქთად გაუბოძა.

საქართველოს ყველა პოლიტიკური წრეებიც და ყველა ქართული გაზეთებიც გაზ. „სახ. საქმიდან“ დაწყებული გაზ. „ერთობამდე“, ჩვენთან ერთად, იმ აზრისანი არიან, რომ საქართველო-სომხეთის ხელშეკრულების ეს მეორე ნაწილი ჩვენი ქვეყნისათვის საზარალოა, ხოლო სომხეთისათვის დიდად სასარგებლო. (ორატორი კითხულობს ამ საკითხის შესახებ გაზეთებში მოთავსებულ წერილებს).

თუ ეს ასეა, თუ ჩვენთვის ამ ხელშეკრულებას მხოლოდ ზარალი და დანაკლისი მოაქვს, - რისთვის, რა უფლების ძალით და რომელი კომპენსაციის მიხედვით დადვა იგი ჩვენმა მთავრობამ?

ამ უკანასკნელ ხანებში რესპუბლიკის მთავრობამ რამოდენიმე საქონელზე მონოპოლია გამოაცხადა - ცხადია იმ აზრით, რომ ქვეყნის ეკონომიური წარმატება მეტის ტემპითა და მეტის ენერგიით წავიდეს, მაგრამ აქვთ თუ არა გათვალისწინებული, რომ ასეთი სატრანზიტო ხელშეკრულების შემდეგ შესაძლებელია ჩვენს სამონოპოლიო საქონელს ახლა ხელსაყრელი კონკურენცია მოელოდეს.

გამოტოვებულია ერთი სატრანზიტო საგანი, რომელსაც მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა. ეს არის სამხედრო მასალის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზედ სომხეთის შესაიარაღებლად. ამ საგანს განსაკუთრებული სპეციფიკაცია ესაჭიროება. განსაკუთრებული შეზღუდვა და განსაკუთრებული დაბეგვრა. ხოლო, როგორც სჩანს, ჩვენს მთავრობას ეს სრულიად გამორჩენია. თქვენ ხედავთ, რა დიდი და ყოვლად შეუწყნარებელი ნაკლით არის დაწერილი ეს ხელშეკრულება და რამდენად საზარალოა იგი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის.

ეხლა ვიკითხოთ, როგორ შეხვდა ამ ხელშეკრულებას სომხური პრესა, როგორ დაგვიფასა ამდენი დათმობა. სომხურმა პრესამ ეს მიიღო, როგორც სათანადო დათმობა, ხმაც არ ამოუღია იმაზედ, რომ საქართველომ ამ ხელშეკრულობებით ბევრი დასთმო და დიდი მსხვერპლიც გასწირა. „სლოვომ“ ორი მეთაური უძღვნა და არსად არ აღნიშნა ჩვენი დათმობის განსაკუთრებული სიდიადე. ასე მოიქცა „აშხატავორიც“.

ხომ ხედავთ, ბ-ბო, რომ არავინ გიმადლით ამ დათმობისათვის. მაგრამ დამავიწყდა. „აშხატავორი“ გვპირდება ერთს კომპენსაციას. იგი სწერს, ეს ხელშეკრულება საქართველოს დიდ კომპენსაციას მოუტანს, ვინაიდან იგი სომხეთის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ წრეებში რადიკალურ გარდატეხვას გამოიწვევს საქართველოს სასარგებლოდო! ისე სწერს თითქოს სომხეთი ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, ან დიდი ბრიტანეთის იმპერია, ან თითქოს სომხეთი საქართველოს უფრო ეჭირვებოდეს, ვიდრე საქართველო სომხეთს!! აი, მათი პასუხი ჩვენს პრესაზედ და ჩვენს დათმობაზედ!

თქვენ ხედავთ, რომ ხელშეკრულება ჯეროვანის სიფრთხილით და სახელმწიფოებრივი გონების სიმწიფით არ არის დაწერილი.

ჩვენ და ჩვენთან ერთად მთელი მოაზროვნე ქართველობა დარწმუნებულია ამ ხელშეკრულების საზარალო შედეგებში და საქართველოს დამფუძნებელი კრების მოვალეობაა არ მისცეს მას თავისი დასტური.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. განცხადებისათვის სიტყვა ეკუთვნის გრ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. მე თავს შევიკავებ მაშინ, როცა კენჭი ეყრება საკითხს, დამტკიცდეს თუ არა რატიფიკაცია სატრანზიტო ხელშეკრულებისა, - შემდეგი მოტივით...

თავმჯდომარე. უკაცრავად, მაგის შესახებ, მაშინ განაცხადეთ, როცა კენჭის ყრას შეუდგებით. (გრ. ვეშაპელი ჩამოდის ტრიბუნიდან). ვინ, არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი. (კითხულობს რატიფიკაციის ტექსტს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაციონ.) მე თავს შევიკავებ შემდეგი მოტივით: როგორც სჩანს უდაოა ის, რაც პრესაში იყო აღნიშნული და აქაც ამბობენ, უდაოა, რომ ეს ხელშეკრულება არის კომპრომისი - დათმობა მატერიალური ხასიათისა.

ყოველ დათმობას უნდა მოსდევდეს სამაგიერო კონპენსაცია, მაგრამ ჯერჯერობით ეს სამაგიერო არა სჩანს; თუ ჩვენ მივიღეთ არბიტრაჟის წესი, ეს არ არის კომპენსაცია სომხების მხრივ.

არ არის კიდევ გამარჯვებული შედეგი ქართველ-სომხების კონფერენციისა, არ მომხდარა შეთანხმება მთავარ პოლიტიკურ საკითხებში და კერძოდ საზღვრების საკითხში და არც მე არც არავინ იცის, როგორ გათავდება ეს კონფერენცია, ამიტომ თავი უნდა შევიკაო ამ ხელშეკრულების დამტკიცების დროს.

როცა კონფერენცია შეთანხმდება საზღვრების საკითხებში, და ჩვენ დავინახავთ კომპრომისს სომხების მხრივ, მაშინ აზრი ექნება ასეთ ხელშეკრულებას და პროპორცია დათმობისა არ იქნება დარღვეული, მაგრამ დღეს არც კი ვიცით კონფერენცია მიაღწევს თუ არა საბოლოო შედეგს;

ამიტომ თავი უნდა შევიკაო კენჭისყრის დროს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კ. ჯაფარიძე.

კ. ჯაფარიძე. რაც ბატონმა კედიამ სთქვა, ის მეც აღვნიშნე ჩემს მოხსენებაში, რომ ამ ხელშეკრულებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისათვის, ვიდრე ჩვენთვის, აქ დასამალავი არაფერია და არც ვინმე მალავს მას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ, რომ არაფერი დასთმე, ისე შეთანხმება და მორიგება წარმოუდგენელია. ეს დათმობა მართლა მეტად დიდად მოგვეჩვენება, თუ ისე მოვიქცვევით, როგორც ბ. კედია ე.ი. მოვემწყვდევით მხოლოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში და იმის გარეთ აღარაფერს დავინახავთ, თუ ამ ხელშეკრულებას სრულიად განცალკევებით განვიხილავთ. პირიქით თუ ამას ჩვენ დაუკავშირებთ პირველ ხელშეკრულებას და აგრეთვე იმ უფრო დიდ შეთანხმებას, რომელიც მომავალში ჩვენ შორის უნდა მოხდეს, მაშინ ეს დათმობა აუცილებელი იყო. თვით კედიას სიტყვით სომხეთი დიდ გაჭირვებას განიცდის კარჩაკეტილობით და, როდესაც შენს მეზობელს, რომელთანაც მისვლა გულწრფელათ გინდა, კეთილი განწყობილების დამყარება და რომელიც ასეთ გაჭირვებაშია, უარს ეუბნებით ისეთ უბრალო დახმარებაზე, როგორც შენს ტერიტორიაზე მისი საქონლის გატარება, ამის შემდეგ რაღა შეთანხმებაზე შეიძლება მასთან ლაპარაკი? ბ. კედიას პოზიციაზე რომ დაადგეთ, მაშინ ჩვენს მომავალ შეთანხმებას ჯვარი უნდა გადუსვათ.

ბ. კედია ამბობს, რომ იარაღს უნდა მიექცეს მთავრობის ყურადღება. რასაკვირველია, უნდა მიექცეს, მაგრამ ამ საკითხს არავითარი კავშირი არა აქვს ტრანზიტების საკითხთან. იარაღის გატანის უფლებას ეს ხელშეკრულება არა სწყვეტს. ამრიგათ თუ ამ ხელშეკრულებას ჩვენ დაუკავშირდებით ჩვენ მთავარ მიზანს - სომხეთთან კეთილ-მეზობლური ურთიერთობის აუცილებლობას, მაშინ იგი მეტათ მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს და მე კიდევ ვსთხოვ დამფუძ. კრებას იგი მიიღოს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის ამ მუხლის წინააღმდეგი? მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის ამ მუხლის წინააღმდეგი? მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ ამ ხელშეკრულების წინააღმდეგი? ყველა ფრაქცია მომხრეა. თავი შეიკავეს ეროვნულ-დემოკრატების და ეროვნულ პარტიის ფრაქციებმა. მაშასადამე ხელშეკრულება დამტკიცებული გახლავთ. რადგან 4 საათი უკვე არის, სხვა საკითხების განხილვა გადაიდოს შემდეგი კრებისათვის. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. კრება დახურული გახლავთ.

კრება დაიხურა საღ. 4 ს. 10 წ. 33

3 სამოცდამეორე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(62)

სამშაბათი, 1919 წელი, ნოემბრის 18. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრებას თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის:

ექვთიმე თაყაიშვილი.

სხდომა იწყება 12 ს. და 25 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. დეკრეტი - სამხედრო უწყების განკარგულებაში 15 მილიონ მან. გადადებისა - ჯარისათვის სურსათ-სანოვაგის დასამზადებლად. მომხსენებელია სიმონ მდივანი.

2. დეკრეტი - ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთ საბრძოლველ ზომისა.

3. დეკრეტი - საშემოსავლო გადასახადისა, საცხოვრებელი მინიმუმისა და გადასახადის ნუსხის შეცვლისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა - კანონ-პროქტისა - აწ მოქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და გაუქმების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.

5. დეკრეტი - დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების დამატებისა. მომხსენებელი ი. ფირცხალაიშვილი.

6. დეკრეტი - ალავერდის ქარხნიდან ოქრო-ვერცხლის შესაძენად 225.400 მან. გადადებისა. მომხსენებელია ალ. ასათიანი.

7. დეკრეტი - სატელეგრაფო ქსელის გაბმა-შეკეთებისათვის შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 357.000 მან. კრედიტის გახსნისა. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

9. დეკრეტი - ოზურგეთის სამაზრო ერობისათვის სამი მილიონ მან. სესხის მიცემისა. მომხსენებელია ნიკ. ელიავა.

10. დეკრეტი - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდებისა; მომხსენებელია კირ. ნინიძე.

11 დეკრეტი - დამფუძნებელ კრების წვერთა - გასამრჯელოს გადიდებისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

12. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო - მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

13. დამფუძნებელი კრების საპროპაგანდო კომისიის არჩევა.

14. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - რუსულ სავაჭრო საზოგადოების „სიბუნიონ“-თან დადებულ ხელშეკრულობის შესახებ.

დ ა მ ა ტ ე ბ ა

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო ბანკის დაარსების - შესახებ. მომხსენებელი ივ. ჭავჭანიძე.

16 დეკრეტი - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულების ქონებათა გასაძლიერებლად და დამსახურებულ მოღვაწეთა დასახმარებლად ბილეთების დაბეგვრის შესახებ. მომხსენებლები არიან: ნიკ. იმნაიშვილი და გრ. ურატაძე.

17. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - დამზღვევ კანონის მე-65 მუხლის შეცვლისა. მომხსენებელია პავ. ბერიშვილი.

დეკრეტი სამხედრო უწყების განკარგულებაში 15 მილიონი მანეთის გადადებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ხომ არავის ნებავს დღიურ წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის ნებავს. დღიური წესრიგი მიღებულია. პირველი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ მდივანს.

სვიმონ მდივანი. (სოც.-ფედ.) ბატონებო! სამხედრო უწყება ითხოვს 15 მილიონ მანეთს ამ წლის საერთო ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში. ჯარის სურსათ-სანოვაგის დასამზადებლად იგი ითხოვს 15 მილიონ მანეთს. ამ მოთხოვნილებას აქვს ორნაირი საფუძველი. ფორმალური და არსებითი. საზოგადოდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებითად ჩვენი ხარჯთ-აღრიცხვა არ არის დამტკიცებული და ამიტომ დამფუძნებელი კრება ნაწილობრივ აძლევს უწყებას შესაფერ კრედიტს. ამ კრედიტში შედის ეს 15 მილიონი მანეთიც. ერთხელ სამი თვის ქონდა სამხედრო უწყებას მიღებული განსაზღვრული კრედიტი, გავიდა ეს სამი თვის კრედიტის ვადა. ამ ახლო მომავალში ჩვენ გვექნება საერთო დეკრეტი ნაწილობრივ ბიუჯეტის ანგარიშში კრედიტის გახსნისა. მაშასადამე, ვინაიდან სამხედრო უწყებას არსებითად არა აქვს საშუალება ისარგებლოს განსაკუთრებული თანხით იგი ითხოვს შესაფერ კრედიტის გახსნას მის განკარგულებაში.

ეს არის ფორმალური მხარე.

არსებითად მდგომარეობა ასეთია. 15 ნოემბერს დაიწყო ახალგაზდათა ჯარში გაწვევა. საჭირო იქნება ამ ჯარისათვის სანოვაგის და სურსათის დამზადება. სწორედ ახლა არის შესაფერისი თანხა, როდესაც უნდა დამზადდეს სურსათ-სანოვაგე ახლად გაწეულ ჯარის-კაცთათვის, თუ სამხედრო უწყებას არ ექნება საჭირო თანხა, იგი ცხადია ამ საქმეს ვერ მოაწყობს საჭიროებისამებრ. შემდეგ, როცა გაძვირდება სურსათ-სანოვაგე მისი დამზადებაც მეტ ხარჯებს გამოიწვევს. ამით კი ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ჯარი ვერ იქნება შესაფერ პირობებში ჩაყენებული, ჩვენ ვერ მივაქცევთ შესაფერ ყურადღებას, ეს კი დეზორგანიზაციას შეიტანს ჯარში. ამას მიაქცია ყურადღება მთავრობამ და გადასწყვიტა 15 მილ. მან. გამოთხოვა აღნიშნულ მიზნებისათვის. მთავრობის მოთხოვნილებას დაეთანხმა სახელმწიფო კონტროლი, ფინანსთა სამინისტრო და საფინანსო-საბიუჯეტო და აგრეთვე სამხედრო კომისიები. ეს საკითხი განხილული იყო ორ კომისიაში სამხედროში და საფინანსო-საბიუჯეტოში; ერთიც და მეორეც დაეთანხმა მთავრობას და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე - იქნეს მიღებული იმ სახით, რა სახითაც იგი არის წარმოდგენილი დეკრეტში.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე დეკრეტის მუხლობრივ განხილვისა?

მდივანი. (კითხულობს, მუხლობრივ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

დეკრეტი საშემოსავლო გადასახადის საცხოვრებელი მინიმუმისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე. (სოც.-დემ.) მოქალაქენო! დღემდე საშემოსავლო გადასახადის შეკრეფა სწარმოებდა იმ ნორმებით და წესით, რომელიც იყო აღნიშნული 1917 წ. გამოცემულ კანონში. მხოლოდ შემდეგ, ზოგიერთ მუხლებში იქმნა შეტანილი ზოგიერთი ცვლილება დროებით მთავრობის მიერ და ამ სახით დამტკიცებული. თავდაპირველად ცვლილება შეტანილი იყო კანონის იმ მუხლში, რომელიც შეეხებოდა შემოსავლის მინიმუმის დაწესებას. ამ გადასახადს ჰქონდა პროგრესიული გადასახადის ხასიათი, ვინაიდან იგი თანდათან მატულობდა პროცენტულად. დროებით მთავრობამ შეცვალა ეს კანონი 17 წელს და საცხოვრებელი მინიმუმი ნაცვლად 500 მანეთისა დააწესა 1000 მანეთი. დღევანდელ პირობებში ეს ძლიერ მცირე მინიმუმია, ისეთი მცირეა იგი, როგორც წლიური შემოსავალი, რომ ამაზე გადასახადის დაწესება საშინელ ტვირთად დააწვება უპირველესად ყოვლისა სწორედ მუშებს და იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ჯამაგირით იკვებავენ თავს. თუ მხედველობაში მივიღებთ %25 არსებულ გადასახადებისას, მუშებს და მოხელეებს ძლიერ დიდი თანხა გადახდებათ. დღევანდელ პირობებში ყოვლად შეუძლებელია საცხოვრებელ მინიმუმად დაწესდეს 1000 მანეთი. დღეს 1000 მანეთი არაფერს არ წარმოადგენს და რაღა შემოსავლად უნდა ჩაითვალოს იგი? თუ მხედველობაში მივიღებთ %25 ზრდას, მაშინ მივიღებთ, რომ იმ მუშას, რომელიც იღებს 1000 მანეთს გადახდება დიდი თანხა პროგრესულ გადასახადის სახით.

ამის გამო ფინანსთა უწყება შუამდგომლობს ამ დეკრეტით, გადასინჯულ იქნეს ეს საშემოსავლო გადასახადის კანონი და თხოულობს მის შეცვლას. იგი თხოულობს არსებულ კანონის შეცვლას, რათა საცხოვრებელი მინიმუმი ნორმალურად იქმნეს გაწესებული. დედა-აზრი ამ კანონ-პროექტისა ასეთია: ეს დეკრეტი მოითხოვს, რათა შეცლილ იქმნეს არსებულ კანონის 45 და 46 მუხლი. პირველი თავი 45 მუხლისა გულისხმობს იმას, რომ შეღავათი მიეცეს დიდ ოჯახს. მათ შეეძლოთ ესარგებლათ შეღავათით და საცხოვრებელ მინიმუმად მიღებული იყო 4000 მანეთი.

46 მუხლი გულისხმობს შეღავათის მიცემას მათთვის, ვისაც ამ წლის განმავლობაში ავადმყოფობის გამო ხარჯი მოუვიდა, ან სხვა უბედურებით იყვნენ დაზარალებულნი, მათთვის საშემოსავლო მინიმუმი დაწესებული იყო 6000 მან.

პირველ მუხლში აღნიშნული შეღავათის მიცემა 4000 მანეთამდისაა გადიდებული, ეხლა 12000 მანეთამდის და საერთოდ საცხოვრებელ მინიმუმად ნაცვლად 1000 მანეთისა უწყების წინადადებით უნდა დაწესდეს 12000 მანეთი. ისინი, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 12000 მანეთს განთავისუფლებულ უნდა იქმნენ საშემოსავლო გადასახადისაგან. თუ აღემატება - ამ პირობებში, დაბეგრილ უნდა იქმნენ.

მე-45 მუხლის ძალით შეღავათი გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა შემოსავალი არ აღემატება (არ ისმის) მანეთს.

და 46 მუხლი კი გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 72000 მანეთს.

აი, სულ დედა-აზრი ამ დეკრეტისა. ამ საშემოსავლო კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე დეკრეტის მუხლობრივ განხილვისა? გთხოვთ წაიკითხოთ.

ჭავჭანიძე (კითხულობს მუხლობრივ. 1, 2, 8 მუხლები და ნუსხა მიღებულია. კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. შემოტანილია ასეთი შესწორება (კითხულობს): „მეოთხე მუხლის შემდეგ დაემატოს მე-5 მუხლი: „შემოსავალზე გადასახადის დებულების მე-113 მუხლით დაწესებული გადასახადის ფურცლების დაგზავნის ვადა 1-ლ სექტემბერი 1919 წლისათვის გადაიდოს 1-ლ დეკემბრამდე. მე-6 მუხ. იმავე დებულების 156 მუხ. დაწესებული ვადები ფულის ხაზინაში შეტანის შესახებ 1 ნახევრისთვის 2 ოქტომბერი და მეორე ნახევრისათვის 15 დეკემბერი 1919 წლისათვის გადაიდოს მთელი გადასახადისათვის 31 დეკემბრამდე“.

„მეხუთე მუხლი გადაკეთდეს მე-8 მუხლად, ხოლო მე-6 მუხლი მე-9 მუხლად“.

ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? სიტყვა არავის სურს. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.

ჭავჭანიძე. ეს შესწორება მიზანშეწონილად მიმაჩნია და მიღებულ უნდა იქნეს.

თავმჯდომარე. ვინ არის შესწორების წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებულია. გთხოვთ მერვე მუხლი წაიკითხოთ.

ჭავჭანიძე. (კითხულობს მერვე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მერვე მუხლი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ჯაფარიძეს.

დეკრეტი ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთ საბრძოლველ ზომებისა.

სერგო ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბატონებო! იმ ანარქიის წინააღმდეგ, რომელიც ასე გაძლიერდა ბოლო ხანებში ჩვენ რესპუბლიკაში, დამფუძნებელმა კრებამ ამ ერთი კვირის წინეთ, როგორც მოგეხსენებათ უკვე მიიღო ერთი ზომა. ეს ზომა გახლავთ უმძიმეს დანაშაულთა საჩქაროთ გასამართლება, ამიტომ ჩვეულებრივ სასამართლოს ნაცვლად შემოღებულ იქმნა სამხედრო საგანგებო სასამართლო, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, უკვე მოქმედობს. მაგრამ თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ხშირად სასამართლოს ხელიდან უსხლტება, ან უკეთ, რომ ვთქვათ იშვიათად უვარდება ხელში ნამდვილი მომწყობი ანარქიულ გამოსვლებისა, მთავარი დამნაშავე ანუ ინტელექტუალური ხელმძღვანელი ის დამნაშავენი, რომლებიც აწყობენ გამოსვლებს, რომლებიც ეცემიან მატარებლებს და ამსხვრევენ, გარბიან და ამ რიგად ხელიდან უსხლტებიან სასამართლოს, არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მთავარი შტაბი ამ ელემენტებს მოწყობილი აქვთ ქალაქ ტფილისში, აქ არის მათი მთავარი ადგილი და აქედან, ხელმძღვანელობენ სხვა და სხვა გამოსვლებს. თქვენ ყველამ თუ არა, ბევრმა მაინც იცით, თუ ვინ არიან ეს, ხელმძღვანელნი, ეს მთავრობამაც იცის. მაგრამ სასამართლოს არ შეუძლია მათი ხელში ჩაგდება და ამის გამო აუცილებლად საჭირო ხდება მათთან ბრძოლის წარმოება სხვა გზით, სახელდობრ ადმინისტრატიულ წესით. ამიტომ მთავრობა თხოულობს მიეცეს მას უფლება შესაფერი ზომების მიღებისა ამ მავნე ელემენტების წინააღმდეგ. ამ ჯგუფებში, რომელთა წინააღმდეგ თხოულობს ბრძოლის საშუალების მიცემას მთავრობა, არიან პოლიტიკური ჯგუფებიც, უმთავრესად უცხოელნი. კარგად მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმთავრესად უცხოელებს, ყოველთვის შეუძლიათ ცხოვრება უცხო სახელმწიფოში, მაგალითად საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, და აწარმოვონ აგიტაცია თავის სახელმწიფო საქმეებზე, მაგრამ იმ, პირობით კი, რომ არ გაერიონ იმ უცხო სახელმწიფოს საქმეებში, სადაც ცხოვრობენ, არ იმოქმედონ ამ უცხო სახელმწიფოს და მის მთავრობის წინააღმდეგ. თქვენ იცით, შეიძლება თქვენ თვითონ გიცხოვრიათ შვეიცარიაში და იცით, რომ იქ ბლომათ არიან რუსეთის ემიგრანტები, მაგრამ მათ არ აძლევს უფლებას ადგილობრივი ადმინისტრაცია არავის სხვა საშუალებით ებრძოლონ ადგილობრივ მთავრობას, გაილაშქრონ შვეიცარიის სახელმწიფოებრივ წყობილების წინააღმდეგ, ამიტომ საქართველო, როგორც დემოკრატიულ რესპუბლიკამ, თუ ამას არ ეწინააღმდეგება თვით მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები, ნება აქ ცხოვრებისა უნდა მისცეს, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც არ შეუძლიათ იმოქმედონ და იცხოვრონ რუსეთში. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთად ერთი მისაღებ პირობით, რომ ისინი არ ჩაერიონ ჩვენ შინაურ ცხოვრებაში, არ იმოქმედონ ჩვენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო თხოულობს, რომ იმ უცხოეთის პოლიტიკურ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც აქ არიან და პრესით თუ სხვა საშუალებით აგიტაციას ეწევიან ჩვენ წინააღმდეგ, მიეცეს უფლება ებრძოლოს ადმინისტრატიული წესით. პოლიტიკურ ჯგუფების გარდა დეკრეტს მხედველობაში ყავს უბრალო ბოროტმოქმედნიც, მაგალითად, მძარცველ-მგლეჯელები, ისინი არიან ტფილისში და აქედან აწყობენ ბოროტმოქმედებებს, აბამენ მის ქსელს. თქვენ იცით, რომ სწორედ ესენი ეცემიან რკინის გზებს, ამსხვრევენ მატარებლებს და სძარცვავენ მგზავრებს. ბევრი უსაქმო ხალხი მოაწყდა ტფილისს და აქ კრავენ მჭიდრო ორგანიზაციებს, აწყობენ შაიკებს და თავის ბნელ საქმეებს. ამიტომ საჭიროა მიეცეს მთავრობას უფლება მიიღოს ყოველგვარი ზომები ამ მძარცველ მგლეჯელების წინააღმდეგ, რომელთა ბანაკი აქ არის მოთავსებული - ებრძოლოს მათ ადმინისტრატიული წესით. ამ მიზნით წარმოადგინა დეკრეტი შინაგან-საქმეთა სამინისტრომ დამფუძნებელ კრების წინაშე.

განსაკუთრებული ზომები, რომლების უფლებასაც თხოულობს მთავრობა, არის შემდეგი: იმ უცხოელების გაძევება საქართველოს საზღვრებიდან, რომელთა ცხოვრება საზიანოთ იქნება მიჩნეული სახელმწიფო ინტერესების მიხედვით; მათი ორგანიზაციების გაუქმება და ბეჭვდითი ორგანოების დაკეტვა. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, საეჭვო პირთ, სამინისტროს უნდა ექნეს უფლება ამ საეჭვო ხალხს აუკრძალოს ცხოვრება იქ, სადაც ის ბნელ საქმეებს სჩადის და გაგზავნოს ამა თუ იმ ადგილას, ან დააპატიმროს. ვადა დაპატიმრებისა ნავარაუდევია ერთ წლამდე, ხოლო ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მარტო მთავრობის დადგენილებით. აი, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოგიდგინათ დეკრეტის პროექტი შემდეგი შინაარსისა (კითხულობს).

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ.-ნ ლ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო!

ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე ჩვენ აქ მოვისმინეთ ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის მოხსენება ჩვენი შინაური მდგომარეობის შესახებ. ბ. მინისტრმა თავის მოხსენებაში, სხვათა შორის, განაცხადა: ჩვენში ანარქიის ხასიათი და მეამბოხეთა გეგმა სავსებით გამოირკვაო.

თუ ეს მართალია, თუ მართლაც მეამბოხეთა გეგმები სავსებით გამოირკვა, მეორეს მხრით სავსებით გამოირკვა აგრეთვე მთავრობის პოლიტიკა და გეგმა ანარქიასთან ბრძოლაში. ძველ რუსეთში ბიუროკრატიულ მთავრობას ჰქონდა ერთი ფორმულა ყოველთვის, როდესაც რუსეთში რაიმე მოძრაობა დაიწყებოდა, მოხდებოდა გაფიცვები და აჯანყებები, ბიუროკრატიული მთავრობა გაიძახოდა: ჯერ დამშვიდება და შემდეგ რეფორმებიო, სოციალ-დემოკრატიამ აქაც, როგორც მრავალ სხვა საკითხებში, წაბაძა რუსეთის ბიუროკრატიას და მიიღო მისი ფორმულა, მაგრამ მასში შეიტანა ერთი არსებითი კორექტივი; თუ წინედ ბიუროკრატია გაიძახოდა: ჯერ დამშვიდება და შემდეგ რეფორმებიო, დღეს სოციალ-დემოკრატია ამბობს: ჯერ დამშვიდება და შემდეგ... არაფერიო!

მმართველ პარტიას ჰგონია, რომ ჩვენში ყველაფერი რიგზე არის, მისი აზრით ჩვენში ყველაფერი მშვენივრად არის მოწესრიგებული, ისე მშვენივრად, რომ გაზეთი „ერთობა“ სიხარულისაგან მღერის: „ჩვენისთანა ბედნიერი; განა არის სადმე ერიო?“

მმართველ წრეებს არ სურთ გაიგონ, რომ ჩვენში ანარქიას აღვივებს არა მარტო უცხო ძალა და მისი ფულები, არამედ ანარქიას აღვივებს აგრეთვე და შეიძლება უმთავრესად - ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა, ანარქიას ასაზრდოებს ის უსისტემობა და უმწეობა, რომელიც მმართველმა პარტიამ ჩვენი ცხოვრების ყოველ დარგში გამოიჩინა. ჯერ-ჯერობით მმართველმა წრეებმა ჩვენ მოგვცეს ორი ვერსია ჩვენში ანარქიის მიზეზების ასახსნელად. ერთი ვერსია ასეთი არის: ჩვენში ანარქიას მეთაურობს უცხო ძალა, რომელსაც აქვს დიდი ფულები, ის რაზმავს ჩვენი საზოგადოების ნაძირალებს, ქურდებს, ყაჩაღებს, დეზერტირებს და მათი საშუალებით სურს დაამხოს ჩვენი რესპუბლიკა. მთავრობამ ეს ადრე გაიგო, მიიღო სასწრაფო ზომები და მათი მრისხანე აჯანყებანი ოპერეტად გადააქცია. ასეთია ერთი ვერსია. მე არ ვიცი რამდენად მართალი არის ეს, მაგრამ თუ ეს მართალია - აქედან მხოლოდ, ერთი დასკვნა გამოდის: თუ ჩვენში უცხო ელემენტებმა მოაწყვეს „ოპერეტა“, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შინაურებმა ჩვენში საშინელი ტრაღედია არ დაგვიტრიალონ. ამისათვის საჭიროა არა რეპრესიები, არამედ მთავრობის მთელი პოლიტიკის გაჯანსაღება.

არის მეორე ვერსიაც ბოლშევიზმი, ან როგორც გაზეთი „ერთობა“ ეძახის, „კომუნისტური ჭირი“, არის თურმე ხვედრი ჩამორჩენილი ქვეყნებისა.

თუ ეს ასე არის, უნდა გულახდილად მოგახსენოთ: ჩვენი სოციალ-დემოკრატების მდგომარეობა ტრაღიკული არის, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა თავისი ჩამორჩენილობით, როგორც მოგეხსენებათ, არ ჩამოუვარდება არც რუსეთს, არც უნგრეთსა და არც ბავარიას.

ანარქიის მიზეზების ასე ზერელე ახსნა ადასტურებს მხოლოდ იმ არევ-დარევას, დეზორგანიზაციასა და დემორალიზაციას, რომელიც ემჩნევა მმართველ პარტიას დღევანდელს საპასუხისმგებლო მომენტში. ამ დაბნეულობის ბეჭედი აზის ყველა იმ დეკრეტებსა და ზომებს, რომლებსაც ღებულობს ამ უკანასკნელ ხანებში დამფუძნებელი კრება და მთავრობა. ამას წინედ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ერთი დეკრეტი ანარქიასთან ბრძოლის შესახებ, სადაც სხვათა შორის იყო ნათქვამი, რომ გასამართლების წესი მოხდება თანახმად იმ ინსტრუქციისა, რომელიც მინისტრმა გამოსცაო. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი და მაშასადამე მიიღო, დააკანონა ის ინსტრუქციაც, რომელიც მინისტრმა გამოსცა და რომელიც დამფუძნებელ კრებას არ განუხილავს. ეს არის პირდაპირ კურიოზი და აბსურდი. ასეთივე აბსურდული და ახირებული არის წარმოდგენილი დეკრეტიც. ის ზომები, რომლებსაც დეკრეტი მოითხოვს ანარქიასთან ბრძოლაში, სრულებით არ გამომდინარეობს ლოღიკურად იმ მოხსენებიდან, რომელიც აქ ბ. მინისტრმა ჩვენი შინაური მდგომარეობის შესახებ უკანასკნელად გააკეთა. თავის მოხსენებაში ბ. მინისტრი ამბობდა, რომ მთავრობამ იცის მეამბოხეთა გეგმები, მეამბოხეთა საქმე წაგებულია, მთავრობამ იცის რა ხდება მეამბოხეთა შტაბებში და ხელმძღვანელ კომიტეტებში და თუ ჩვენში მაინც გრძელდება ანარქია, მაშინ ორში ერთია ან ჩვენი მთავრობა თვითონ უწყობს ხელს ანარქიას, ან ის სრულიად უძლური არის!.. დეკრეტი მოითხოვს, რომ შინაგან-საქმეთა მინისტრს მიეცეს უფლება აკრძალოს არსებობა ისეთი პარტიებისა, რომლებიც ჩვენში მოღვაწეობენ და ჩვენს დამოუკიდებლობას არ სცნობენ, მიეცეს მასვე უფლება რესპუბლიკის საზღვრებიდან გააძეოს უცხოელები, დახუროს გაზეთები და დააპატიმროს და გადაასახლოს რესპუბლიკის მოქალაქენი. ერთი სიტყვით დეკრეტი მოითხოვს სრული ადმინისტრაციული თვითნებობის დაკანონებას.

წარმოდგენილ დეკრეტს ასაბუთებენ როგორც ეკონომიურის, ისე პოლიტიკური მოსაზრებით: ეკონომიური მოსაზრება ასეთი არის: ჩვენში ცხოვრობს ბევრი უცხოელი. მარტო ქალაქ ტფილისში ქალაქის მოურავის ბ. ჩხიკვიშვილის ცნობით სცხოვრობს 100 ათასზე მეტი უცხოელი, მათ ყოველ დღე სჭირდებათ არა ნაკლები 500 ფუთი პურისა. მათ უჭირავთ მინიმუმი 25-30 ათასი ოთახი, თუ ეს ხალხი გავაძევეთ, ჩვენ ყოველ დღე დაგვრჩება ზედმეტი 500 ფუთი პური და განთავისუფლდება 25-30 ათასი ოთახისა, რაც დღევანდელს კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ განვიცდით ბინისა და სურსათის დიდ კრიზისს, დიდ შეღავათად უნდა ჩაითვალოს. თუ ამასთან მხედველობაში მივიღებთ, რომ დამფუძნებელ კრების წევრების დიდი ნაწილი დღემდის სასტუმროებში სცხოვრობს და ბინა ვერ უშოვია, შესაძლებელია ამ დეკრეტს ბევრმა დეპუტატმა სიამოვნებით მისცეს ხმა, მაგრამ ჩვენ ვერ დავდგებით ამ მეშჩანურ თვალ-საზრისზე. ჩვენ აქ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საერთო და უმაღლესი ინტერესებით და დღეს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა ჯერ სრულებით გამორკვეული არ არის, როდესაც ყველა ზევიდან გვიყურებს და შორიდან გვათვალიერებს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი არ მოითხოვს, რომ ჩვენ გამოვსცეთ აქტი, მიმართული უცხოელების წინააღმდეგ. ეს აქტი მისცემს ჩვენს მტრებს ახალ მასალას, დიდ საბაბს, რომ ჩვენს წინააღმდეგ გასწიონ საშინელი პროვოკაცია, გაავრცელონ სხვა და სხვა ჭორები, ინსინუაციები.

ჩვენ დღემდის არ გადაგვიდგამს რაიმე მტრული ნაბიჯი უცხოელების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავათ ამისა ჩვენი მტრები ჩვენს წინააღმდეგ ეწეოდნენ საშინელ პროვოკაციას, ავრცელებდნენ სხვა და სხვა ჭორებს, ინსინუაციებს, ჩვენ გვჭირდება დიდი ენერგია, დიდი ღონისძიება რომ გავფანტოთ ის ბურუსი, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩვენს გარშემო შექმნეს. ასეთ პირობებში წარმოდგენილი დეკრეტი აბსოლუტურად მიღებულია.

დეკრეტს ასაბუთებენ აგრეთვე პოლიტიკურ მოსაზრებით. ჩვენში, როგორც მოგახსენეთ, ცხოვრობენ უცხოელები. ბევრი მათგანი არ სცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას და ზოგი ბოლშევიკების სახით, ზოგი დენიკინელების და სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წევრების სახით ებრძვის ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ, ვინც ვიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ვალდებულნი ვართ სასტიკად შევებრძოლოთ ყველას, ვინც ანგრევს ჩვენს რესპუბლიკას და ავლაგმოთ მათი მოღვაწეობა, მაგრამ ჩვენის აზრით ამისთვის სრულებით საჭირო არ არის ეს დეკრეტი. ჩვენ ვიცით, თანახმად საერთაშორისო უფლებისა სისხლის სამართლის იურისდიქციის სფეროში უცხოელი ექვემდებარება ყველა იმ კანონებს, რომლებსაც ემორჩილება მოქალაქე, ქვეშევრდომი. მაშასადამე, თუ უცხოელი ჩვენში ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ის პასუხს აგებს იმ კანონების ძალით რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც ემორჩილება ჩვენი მოქალაქე. ასე, რომ აქ უცხოელების წინააღმდეგ საგანგებო დეკრეტის გამოცემა, სრულებით საჭირო არ არის, ის მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოგვცემს.

დეკრეტი მიმართულია იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ სცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას, შეადგენენ რუსეთის პარტიების ნაწილს და ამავე დროს მოღვაწეობენ ჩვენში. დეკრეტი ამტყუნებს მათ იმაში, რომ ეს პარტიები მოქმედებენ თავიანთი ცენტრალური კომიტეტის დირექტივების თანახმად.

ეს სავსებით მართალი არ არის, აპრიორი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერების და რუსეთის მენშევიკების ცენტრალური კომიტეტები, არ იქნებიან იმის მომხრე, რომ ჩვენში რუსი ემისრები და რუსი მენშევიკები გამოვიდნენ იარაღით ხელში სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ... ეს აპრიორი შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე სხვა ფაქტებიც; ჩვენ ვიცით, რომ ლიუცერინსა და ამსტერდამის საერთაშორისო სოციალისტურმა კონგრესმა იცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ კონგრესებს დაესწრენ აგრეთვე რუსი ესერები და მენშევიკების წარმომადგენელნი, რომლებმაც აგრეთვე იცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა. რუსეთის ესერები არამც თუ არ ებრძვიან ჩვენს დამოუკიდებლობას, არამედ თვითონ თავგამოდებით იცავენ მას. მე ხელთ მაქვს რუსეთის ესერების ცენტრალური კომიტეტის წევრის და წარმომადგენელის ნ. რუსანოვის წერილი, სადაც ის თავგამოდებით იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას.

ასე, რომ უბედურება არის არა იმაში, რომ ჩვენში არსებული რუსული პარტიები მოქმედებენ თანახმად მათი ცენტრალური კომიტეტის დირექტივებისა, არამედ იმაში, რომ ესენი - ეს ადგილობრივი ორგანიზაციები რუსი ესერებისა და რუსი მენშევიკების არ მოქმედებენ თანახმად იმ ტაქტიკისა, რომელიც გამომდინარეობს იმ პოზიციიდან, რომელსაც ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხში იცავენ რუსეთის სოც. რევ. და მენშევიკების ცენტრალური კომიტეტები.

რუსულ პარტიების არსებობას ჩვენში ასაზრდოებს და ერთგვარ აზრს აძლევს ორი გარემოება: ეს არის ერთის მხრით ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობის გამოურკვევლობა, ხოლო მეორეს მხრით მმართველ პარტიის ორჭოფი პოლიტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხში. ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა ჯერ სრულებით გამორკვეული არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ხანაში. საზავო კონფერენციას ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ არ უცვნია. ამ პარტიებს ჰგონიათ, რომ კონფერენცია არ იცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენ ისევ რუსეთის ფარგლებში მოვექცევით. ამიტომ ჩვენში არსებულ რუსულ პარტიებს არ სურთ დაშალონ თავიანთი ორგანიზაციები. მე მწამს, მე მაქვს ამის კერძო საბუთებიც, როგორც კი საზავო კონფერენცია იცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს პარტიები თავიანთ პოზიციას შეცვლიან.

არის მეორე გარემოებაც. ეს არის როგორც მოგახსენეთ, მმართველი პარტიისა ორჭოფი პოლიტიკა დამოუკიდებლობის საკითხში.

თქვენ ალბათ, გახსოვთ ჯერ კიდევ ამიერ-კავკასიის გლეხთა ყრილობაზე ბ. ნ. ჟორდანიამ განაცხადა: ეროვნულ სახელმწიფოს შექმნა და გაძღოლა ბურჟუაზიისა და ნაციონალისტების საქმე არისო. ამ უკანასკნელ ხანებში ბ. ჟორდანიამ გვარდიის ყრილობაზე განაცხადა: ჩვენ მარქსისტები ვართ; თუ ჩვენს წინაშე დაისვა დილემა: ავტონომია თუ სეპარაცია, ჩვენ ავტონომია გვირჩვენიაო. გაზეთ „ერთობაში“ და „ბარბაში“ დაიბეჭდა არა ერთი ორჭოფი წერილი ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ.

ყველა ეს ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, ისეთ ატმოსფერას, თითქოს ჩვენ სხვათა შორის უყურებთ დამოუკიდებლობას, თითქოს მმართველი პარტია არაა წინააღმდეგი, რომ ჩვენ ისევ რუსეთს შეუერთდეთ ფედერატიულ ნიადაგზე.

თუ ეს ასეა, თუ პერსპექტივაში გვაქვს ისევ რუსეთთან, თუნდაც ფედერატიულ ნიადაგზე შეკავშირება, შეერთება, მაშინ სრულიად უაზროა გამოვსცეთ სასტიკი დეკრეტი იმ რუსულ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც სწორედ რუსეთთან ფედერაციას მოითხოვენ!..

დეკრეტი მოითხოვს აგრეთვე მიეცეს შინაგან-საქმეთა მინისტრს უფლება დააპატიმროს და გადაასახლოს ჩვენი მოქალაქენი. დეკრეტის აზრით ეს ეხება უსაქმო ხალხს, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენი მთავრობა არის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, ის სამსახურში მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს ღებულებს, ასე რომ „უსაქმოთა“ რიცხვი ბევრია ისეთი, რომელიც სულით და გულით მომხრეა ჩვენი დამოუკიდებლობისა. ესენი არიან არა უსაქმო, არამედ უმუშევარნი. თქვენ მატერიალისტები ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ უმუშევრობასთან ბრძოლა რეპრესიებით შეუძლებელია. შემოიღეთ შრომის საყოველთაო ბეგარა, მიეცით ყველას საქმე, სამუშაო და მაშინ უსაქმოც არავინ იქნება. თუ მინისტრმა გადაასახლა და დააპატიმრა ეს უმუშევარნი ეს იქნება ორმაგი სასჯელი. ისინი უკვე დასაჯეთ იმით, რომ სამსახურში არ ღებულობთ, ახლა გინდათ უფრო მეტი: დააპატიმროთ და გადაასახლოთ. ეს შეუწყნარებელია...

ამნაირად არ არის არც ერთი მოსაზრება, რომლითაც შეიძლებოდეს წარმოდგენილი დეკრეტის დასაბუთება, მიღება, ის არამც თუ ვერ გაანელებს ანარქიას, პირიქით გააძლიერებს.

მე დარწმუნებული ვარ, დამფუძნებელ კრებაში, რომ იყოს ბოლშევიკი, უსათუოდ ის ხმას მისცემდა ამ დეკრეტს, ვინაიდან ეს დეკრეტი გამოიწვევს სხვა და სხვა წრეებში დიდ უკმაყოფილებას. ეს მისცემს ბოლშევიკებს ახალ კადრებს.

ამ მხრით ეს დეკრეტი არის წმინდა წყლის ავანტიურა და მას ჩვენ ხმას ვერ მივცემთ...

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს.

ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენ აქ განვაცხადეთ წინეთ, თუ რა ხასიათი აქვს იმ მოძრაობას, რომელსაც ჩვენს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა უკანასკნელ დღეებში. მე ვფიქრობ, რომ ს.-რევოლუციონერთა ფრაქციას არა აქვს არავითარი საბუთი საწინააღმდეგო დებულება აქ წამოაყენოს. ჩვენ აქ განვაცხადეთ, რომ ეს არის მოძრაობა - გამოწვეული უცხო ძალების მიერ, რომელნიც მოქმედებენ ჩვენს საზოგადოებაში მყოფ ნაძირალების მოსყიდვით. და ასე უცხო ძალები და ადგილობრივი ნაძირალები ადგენენ იმ ბლოკს, რომელსაც სურს ჩვენი დამოუკიდებლობის დასამარება.

შეიძლება ბ. შენგელაიას მოეპოვება ამის საწინააღმდეგო საბუთები, მაგრამ ეს ჩვენ არ გვსმენია. მაგრამ ჩვენ გვაქვს საბუთი, ახალი საბუთი იმის დასამტკიცებლად, რაც არა ერთხელ გვითქვამს.

აი, უკანასკნელი ცნობები გურიაში მომხდარ ამბოხების შესახებ. (შენგელაია: გურია ხომ თქვენია? არსენიძე: საქართველოც ჩვენია!) გურია ჩვენი იყო, მაგრამ ის ელემენტები, რომელთაც ბ. შენგელაია იცავს, აწყობდნენ ამ გამოსვლებს და ნება მიბოძეთ ამ გამოსვლების ხასიათის შესახებ მცირეოდენი რამ მოგახსენოთ.

ამ გამოსვლის მოსაწყობად დახარჯულ იქნა 12 მილიონი მანეთი. ეს ერთი. და მე მგონია, რომ თქვენ ალბათ იცით, ვინაიდან თქვენ პოლიტიკურ პარტიებზე ლაპარაკობთ, ბ. შენგელაიამ და მისმა ამხანაგებმა იციან, რომ დამფუძნებელ კრების არჩევნებზე დაახლოვებით ყველა პარტიებს აქვს დახარჯული ნახევარი მილიონი მანეთი. (რეპლიკა: რა იცით?) იმიტომ ვიცი, რომ მე თვით მონაწილე ვარ პოლიტიკური პარტიისა. თუ თქვენ შეადარებთ ამ თანხას იმათგან დახარჯულთან, დაინახავთ და თქვენთვის აშკარა იქნება, რომ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გამოდის უცხო ძალა, არ შეგვიძლია გულხელ დაკრეფილი ვიყოთ, როგორც გვირჩევს ბ. შენგელაია. ის ებრძვის ჩვენს მეორე დებულებას: აქ არ იყვნენ ნაძირალებიო, თუმცა ამის საბუთი ვერ წარმოუდგენია.

აი, ბატონებო, ვინ იღებდა მონაწილეობას ჩოხატაურის რაიონში, სადაც უფრო დიდ გამოსვლებს ჰქონდა ადგილი. აი, მათი გვარები: მგალობლიშვილები, შაქრიაშვილები და ბერიძეები. ესენი არიან თავად-აზნაურები, ესენი არიან ის ელემენტები, რომელნიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მარცხნივ გადახვევას (ლეო ნათაძე: ლეოსაკენ მარცხნივ!) დიახ, ლეოსკენ, რასაკვირველია. მე მგონია, ეს ხასიათი მოძრაობისა აშკარა არის ყველასთვის, გარდა იმათის, ვინც ფიქრობს მუდამ მარცხენა ფეხით იაროს, იმ მიზნით, რომ შექმნას აქ ბოლშევიკური ანარქია და ბოლშევიკური საქმიანობა სოციალიზმად გაასაღოს.

და როცა ჩვენს წინაშე ასეთი ხალხი სდგას, რომელიც ასეთი ზომებით გვებრძვის, მთავრობა ვალდებული იყო მიეღო შესაფერი ზომები და ამ მიზნით შემოიტანა ეს დეკრეტი, რომელიც მოისმინეთ და რომელიც არის მისი უმთავრესი ძაფი, რომელზედაც ასხმულია მთელი მისი საკანონმდებლო განზრახვა.

ჩვენ ვამბობთ: უნდა მიეცეს მთავრობას უფლება, აკრძალულ იყოს ის პარტიები, რომელნიც მოქმედებენ უცხო სახელმწიფოებში მოქმედ ცენტრალურ ორგანოს დირექტივების თანახმად.

ეს დეკრეტი პირდაპირ ეხება ბოლშევიკურ ორგანოებს. მე თქვენ წინად მოგახსენეთ, რომ ადგილობრივი ორგანო - საოლქო კომიტეტი - კავკასიაში მოქმედობს მოსკოვში არსებულ ცენტრის დირექტივების თანახმად და ასრულებს უპირველეს ყოვლისა მის სტრატეგიულ დავალებებს.

და მე თქვენ გეკითხებით: მოვალე არის თუ არა მთავრობა იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც შეიარაღებულია არა მარტო იმით, რომ ჰქონდა ოდესმე იდეოლოგია, არამედ დიდძალი თანხით, - ვალდებულია თუ არა მთავრობამ მიიღოს ზომები?

და ჩვენ ვამბობთ: ვალდებულია, იღებს და შემდეგშიაც მიიღებს.

მაგრამ არის სხვა პარტიები, რომელთა დასაცავად აქ შენგელაია გამოვიდა. ის ამბობს, რომ რუსული სოციალ. პარტიები ესერების და მენშევიკების, როცა ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება ცნობილი და განმტკიცებული, ორგანიზაციები თავითავად მოისპობა და გაუქმდებაო. შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ერთი ხელის დაკვრით შეიძლება ჩვენი სუვერენობის განმტკიცება. ჯერ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და უმთავრესათ უნდა განვმტკიცდეთ შიგნით, უნდა დავემგზავსოთ უცხო სახელმწიფოებს, გადმოვიღოთ მათი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობითი ტრადიციები. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ზედმეტი ელემენტები, სხვა და სხვა ჯურის სპეკულიანტები, რომელთაც ადგილი არ უნდა ქონდეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. და როცა ამ მხრივ გავამაგრებთ შინაურ წყობილებას, მხოლოდ შემდეგ შეუძლიათ უცხო სახელმწიფოებს დაადასტურონ ჩვენი არსებული მდგომარეობა, მხოლოდ შემდეგ შეუძლია ევროპას და ამერიკას, მთელი სახელმწიფოთა არეოპაგს იცნოს ჩვენი დამოუკიდებელი არსებობა. და სხვანაირად არც შეიძლება იყვეს. ამიტომ, როგორც აქ უკვე იყო ნათქვამი არც უცხო სახელმწიფოში, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არა აქვს ემიგრანტების ჯგუფს უფლება ჩაერიოს ამ სახელმწიფოს შინაურ საქმეებში და იბრძოლოს არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ. ამ გზას ვადგივართ ჩვენც. რაც შეეხება ემიგრანტთა ჯგუფს ჩვენ მათ ვეუბნებით სიამოვნებით: მობრძანდით აქ ჩვენში, დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იცხოვრეთ თავისუფლად, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ არას დროს არ მოგცემთ უფლებას იბრძოლოთ ადგილობრივ დემოკრატიულ წყობილების წინააღმდეგ, ჩაერიოთ ჩვენ შინაურ საქმეებში. სხვანაირად მოქმედება ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც ჩვენ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ვინც ერევა ჩვენ შინაურ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება საქართველოს დემოკრატია, ის მიხვდება და იტყვის, რომ ეს არის ერთად ერთი ნაბიჯი, შესაფერისი ნაბიჯი, რომელიც უფრო ადრე უნდა გადაგვედგა, მაგრამ რომელიც დაგვიანებით მაინც უნდა გადავდგათ.

აქ შეეხენ ერთ უკანასკნელ სავალდებულო დადგენილებას. თქვენ იცით, რომ ეს სავალდებულო დადგენილება, რომელიც ამ დღეებში გამოიცა, მოხდა ადგილობრივ დემოკრატიულ თვითმმართველობის დადგენილების თანახმად. დემოკრატიული თვითმმართველობა ითხოვდა ამ ზომებს, და ჩვენ ვალდებული ვიყავით მათი სურვილისათვის ანგარიში გაგვეწია. ამ დადგენილებაში არ არის არც ერთი ნაბიჯი, რომლისათვის ამ ომის დროს არ მიემართოს რომელიმე დემოკრატიულ მთავრობას. აქ იყო განცხადებული თითქოს ერთ-ერთ მუხლის ძალით ჩვენ ვდევნით უმუშევარ მუშებს. მაგრამ ეს არ შეეფერება სრულიად სიმართლეს. ჩვენ ვამბობთ გარკვევით და ცხადათ, რომ ისინი, ვინც ჩაწერილნი არიან პროფესიონალურ კავშირებში, შრომის ბირჟაში, თუ სხვა შესაფერ ორგანიზაციებში აქ დარჩებიან და არსად არ იქნებიან გადასახლებული. მაგრამ ის კი მართალია, რომ ეს დეკრეტი მიმართულია იმ სპეკულიანტების და უსაქმო პირთა წინააღმდეგ, რომლებიც აქ იმყოფებიან ამჟამად და უცდიან ხელსაყრელ პირობებს, რომ გამოიწვიონ არევ-დარევა და რომლებსაც სურთ ისარგებლონ ამ ანარქიით ჩვენ წინააღმდეგ, ასეთ ელემენტების წინააღმდეგ არის ეს ზომები მიღებული. და მე გეკითხებით, თუ თქვენ უკვირდებით ქალაქის მწვავე მდგომარეობას, რომელიც დგას სურსათის და ბინის კრიზისის წინ, რომელიც ვამბობ მე, ემუქრება მუშათა კლასს გადაგვარებით, განა თვითმმართველობა, ვალდებული არ არის გაუზიაროს ანგარიში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და მიმართონ ასეთ არაჩვეულებრივ ზომებს? აი, ასეთი ზომებია ამ დადგენილებაში. ასეთ ზომებს მიმართავდა რევოლუციონური ავსტრია, დემოკრატიული შვეცია და სხვა სახელმწიფონი და არც ერთს დემოკრატიულ ჯგუფს არ უთქვავს იქ, რომ დემოკრატიას არ აქვს უფლება მიიღოს ზომები თავის დასაცავად, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შიმშილისაგან და ბინის კრიზისის უზრუნველსაყოფათო. აი, ბატონებო, მდგომარეობა ასეთია: მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებობენ სერიოზულად მოქმედნი ჯგუფები და დაადასტურეთ ის ზომები, რომლებიც მიმართული არის ამ მტრების ასალაგმავად. თქვენ შეგიძლიათ ეს მდგომარეობა ისეთად ჩათვალოდ, რომ საჭიროდ დაინახოთ სწორედ ამ ზომების მიღება, ან და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის გზა, რომელსაც გირჩევთ ესერების წარმომადგენელი ბატონი შენგელაია, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გზა ძველებური ქართველური ხელგაშლილობისა, პოლიტიკური დამონებისა და გადაგვარებისა. მაგრამ მე მგონია დამფ. კრება ვერ აირჩევს ამ უკანასკნელ გზას, რომელსაც იცავს შენგელაია, რომელსაც აინტერესებს არა რესპუბლიკის მომავალი, არამედ, რომელსაც სურს ისარგებლოს შემთხვევით, რომ მორიგი ლექცია წაიკითხოს ამ ტრიბუნაზე. მე მგონია დამფუძნებელი კრება დაადასტურებს იმ ზომებს, რომლებიც აუცილებლად საჭირონი არიან ჩვენი დემოკრატიულ რესპუბლიკის მტრების ასალაგმავად. (ტაში).

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბატონ კედიას.

სპირიდონ კედია. (ნაც.-დემ.) მეტის მეტად მარტივი არის ის მოსაზრება, რომლითაც შემოტანილ იქმნა დამფუძნებელ კრებაში აღნიშნული დეკრეტი. მართლაც საჭირო არ უნდა ყოფილიყო ამ დეკრეტის გარშემო დიდი კამათის გაჩაღება, მაგრამ ჩვენი აზრით სოც. რევოლ. წარმომადგენლებმა ბატონმა შენგელაიამ დააშავა დამფუძნებელი კრების და ქვეყნის წინაშე იმით, რომ მან იმ ერთად-ერთ აუცილებელ ღონისძიებას, რომელსაც დასახული აქვს მიზნად ებრძოლოს საქართველოს მტრებს, მიზანშეუწონლად გამოაცხადა და ოპოზიციაში ჩაუდგა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეკრეტი ძლიერ გვიან არის შემოტანილი. ის უფრო ადრე უნდა ყოფილიყო აქ შემოტანილი და მიღებული. როდესაც შარშან ჩვენ მიუთითეთ მთავრობას და უთხარით, რომ საქართველოს დედა ქალაქი დაცლილი ყოფილიყო აუარებელ მავნე ელემენტებისაგან, ჩვენ ამ სამინისტროდან და მრავალ პარტიიდან ვისმენდით იმგვარ დაფასებას, როგორიც მოვისმინეთ ახლა სოც.-რევოლუციონერებისაგან. დღეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა გამოიცვალა, იგი გართულდა და მთავრობა ვალდებული გახდა ერთგვარი შესაწევარი მიიტანოს იმ აუცილებელ საკურთხეველზე, რომელსაც ქვია სახელმწიფოს შექმნა. დღეს სახელმწიფოს პრაქტიკულ შემოქმედებითი ხანა დაიწყო და მთავრობაც ვალდებულია მიაქციოს ამ გარემოებას შესაფერი ყურადღება და პრაქტიკული ზომებიც მიიღოს. ეს ცხოვრების მიერ იძულება არის და ამას მთავრობა ანგარიშს უწევს, და ის არ იქნებოდა მთავრობა, რომ არ მიექცია ყურადღება ასეთ გარემოებისათვის და პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაედგა მტრების ასალაგმავად და ბოლოს და ბოლოს არ მიმხვდარიყო იმ აუცილებელ სიმართლეს, რომ შეუძლებელია დედა ქალაქში ვიყოლიოთ მტერი და არ ამოიწუროს ყველა საშუალება, რეპრესიული ღონის ძიება მათ წინააღმდეგ მიმართული, და ამ რიგად არ დაიცვას და არ განამტკიცოს სახელმწიფოს საძირკველი.

ვიმეორებ, დღემდე არ იყო ამოწურული ყველა საშვალება და ღონისძიება, რომელიც უნდა ყოფილიყო მიღებული აუცილებლად.

თქვენ იცით, რომ ტფილისი, როგორც გული ამიერ-კავკასიისა დაიტევს აუარებელ მტერს, ანტი-ქართულ ელემენტებს, როგორც მემკვიდრეს წარსულ რეჟიმისას და მართლაც მრავალი ანტი-ქართული ელემენტები მოქმედებს ტფილისში საქართველოს სახელმწიფოებრივ იდეის წინააღმდეგ და როცა საკითხი ასეა დასმული, ყველასათვის აშკარა უნდა იყოს, რომ ეს ანტი-ქართული ელემენტები, რომელსაც მოუყრიათ აქ თავი და ყველა საშუალებით ებრძვიან ჩვენ დამოუკიდებლობას, ყოველ ღონისძიების საშუალებით უნდა იყვნენ აღმოფხვრილნი. და როცა ასეთი ფაქტის, სინამდვილის წინაშე ვდგევართ, ოპოზიცია ზედმეტია, იგი არ უნდა ყოფილიყო. და საერთოდ არ უნდა მომხდარიყო საკითხის ასე დასმა: საჭიროა თუ არა ასეთი ზომების, რეპრესიულ ზომების მიღებაო, ვიმეორებ ასეთი საკითხის დროს არ უნდა ჩადგომოდნენ ოპოზიციაში მთავრობას. ვინც თვალ-ყურს ადევნებს დღევანდელ საერთაშორისო მსვლელობას, იგი დაინახავს, რომ დღესაც დიდ სახელმწიფოებში, ვერც საფრანგეთში, ვერც ინგლისში და ვერც სხვა ქვეყნებში თავისუფლად ვერ შებრძანდებით. თქვენთვის იქ კარი ღია არ არის. საჭირო არის განსაკუთრებული ნებართვა, რომ პარიზში შეგიშვან. ასე იყო 5 წლის განმავლობაში. და ეს იყო არა იმიტომ, რომ მათ პური ჰქონდეთ ნაკლები, ეს იყო იმიტომ, რომ ამას მოითხოვდა მათი სახელმწიფოებრივობის დაცვა, განმტკიცება და ამას მოითხოვდა სურვილი ომში გამარჯვებისა. ჩვენთვისაც მთავარი საკითხი არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის განმტკიცება. და საკითხი ყველა საკითხისა, საზომი ყველა საზომისა არის დამოუკიდებლობის დაცვა და მისი განმტკიცება და, ვიმეორებ, ჩვენი მთავრობის მიზანია ამ დამოუკიდებლობის დასაცავად მიიღოს ყოველგვარი ზომები. ამისთვის, ნურას უკაცრავად, თუ ანტი-ქართული ელემენტების გაძევება დაგვჭირდეს აქედან. თუ ამას საქართველოს ინტერესები მოითხოვს, ეს ზომა მოყვანილი უნდა იყვეს სისრულეში უშიშრად და სიმკაცრით.

აქ არ უნდა შეირყეს მთავრობის ხასიათი. ამ მხრივ, ვიმეორებ, ჩვენ მხარს უჭერთ დეკრეტს პრინციპიალურად და მოვითხოვთ მართლაც გატარებულ იქმნეს იგი ცხოვრებაში. ამას მოვითხოვთ იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს ჩვენ მივიღეთ დეკრეტი სერიოზული ხასიათის. მიმართული აშკარა მტრების მოქმედების წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ იქმნა გატარებული იგი ცხოვრებაში. დეკრეტი - დეკრეტად დარჩა. ამ მხრივ ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისაგან რათა მან ფხიზლად დაიჭიროს თვალი და დეკრეტი მართლაც გატარებული იქმნას ცხოვრებაში.

ჩვენ მოვითხოვთ აგრეთვე მთავრობისაგან, რათა მან მიიღოს ზომები და არ მისცეს საშუალება ადმინისტრაციის პატარა აგენტებს გადაახტენ ამ დეკრეტს და მართლაც განახორციელონ იგი ცხოვრებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შ. ნუცუბიძეს.

შალვა ნუცუბიძე. (სოც. ფედ.) ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ საკითხის შესახებ ჩვენ, სოციალ-ფედერალისტებს, ბევრი არაფერი გვაქვს სათქმელი, ვინაიდან, როდესაც კი დადგება საჭირ-ბოროტო საკითხი, რომელიც კი უმზადებს ჩვენ დამოუკიდებლობას და თავდაცვას ახალ საფრთხეს ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა იქმნას მიღებული რადიკალური ზომები თფილისის გასაწმენდათ.

ამიტომ არსებითად აქ ახალს არაფერს შევმატებთ იმ მოსაზრებებს, რომელნიც აქ წამოყენებულ იყო, მაგრამ საჭირო შეიქმნა ზოგ რამეების თქმა იმიტომ, რომ აქ გაისმა ისეთი რამ წარმოდგენილ დეკრეტის წინააღმდეგ, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, მოვალე ვარ განვმარტო, რომ ყოველთვის და ყოველგან ოპოზიცია იმაში კი არ მდგომარეობს, რომ apriori, განზრახვა გვქონდეს იმის საწინააღმდეგო ვსთქვათ, რასაც მთავრობა ამბობს, ვინაიდან ასეთი წესი რომ მივიღოთ, მაშინ ჩავარდებით ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელია ჩვენმა მთავრობამ ხან და ხან ჭკვიანი რამ სთქვას და მაშინ მის წინააღმდეგ თქმული სისულელე იქნება.

ყოველი ზომის მიღება შეფასებულ უნდა იქმნას არა აბსოლიუტურათ, არამედ შედარებით, იმ პირობების მიხედვით, რომელშიაც გამომუშავდება ეს ზომები. ჩვენ, რომ ნორმალურ პირობებში ავიღოთ შენგელაიას მიერ წამოყენებული საბუთი, - მაშინ სოციალისტების ნახევარიც არ მისცემდა ხმას ამ დეკრეტს. მაგრამ ეს არის საკითხი უმართებულო და შეუსაბამო. ყოველი ზომა შეფასებული უნდა იქნეს იმ კონკრეტულ პირობების მიხედვით, რომელშიაც არის მიღებული. ვინც გაილაშქრებს ამ ზომების წინააღმდეგ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის პირობები, როდესაც ეს ზომები იქმნა მიღებული, არ არის რთული და განსაკუთრებული ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ ასეთი დებულება დამტკიცებულ არ იქმნა, - მაშინ შენგელაია თავის მჭერმეტყველობით ვერაფერს ვერ დაამტკიცებს. ასეთი დასკვნა შენგელაიასი ჩვენ არ მოგვისმენია და არსებითად ლ. შენგელაიას სიტყვაში არაფერი არ არის მისაღები.

ის ამბობს, რომ არც ერთი სოც. რევოლიუციონერი და მენშევიკი არ ილაშქრებს ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, თუ ეს ასეა, თუ მართლა მოიპოვება და არსებობს ასეთი ჯგუფი და პარტიები, რომელნიც ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არ იბრძვიან, მაშინ რას სწუხს ბ. ლ. შენგელაია, რადგან ეს ზომა ხომ არ იქნება მიმართული იმათკენ ვინც არ იბრძვის ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ დეკრეტში, რომ იყოს აღნიშნული, რომ ესა თუ ის ჯგუფი უნდა იქმნეს გაძევებულიო, მაშინ საბუთი ექნებოდა შენგელაიას და ამ საბუთს მივიღებდით მხედველობაში და ჩვენ მათ წინააღმდეგ არ წავიდოდით. მაგრამ დეკრეტში ნათლად არის ნათქვამი - ვინც გაილაშქრებს ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგო, და ამიტომ ცხადია, ლ. შენგელაიას არგუმენტაცია ამ შემთხევეაში ვერ გამოდგება და დარჩება საერთო დებულება, სახელდობრ ის, რომ ვინაიდან ჩვენში არსებობს ისეთი ხალხი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს დამოუკიდებლობას, ის უნდა გაძევებული იქნას ამ კანონის ძალით და მათ წინააღმდეგ უნდა იქნას მიღებული განსაკუთრებული ზომები. ასეთ ნათელ საკითხის წინააღმდეგ ისეთ ბრუნდოვან არგუმენტაციით გამოსვლამ, რომელსაც ადგილი ქონდა ლ. შენგელაიას მხრივ, ბევრი ბრუნდოვანობა შეიტანა, მაგრამ ნათელ საკითხს მაინც ვერაფერი ვერ დააკლო.

დასასრულ მთავრობას უნდა უთხრათ ერთი რამ, რაც სთქვა აქ დამფუძნებელ კრების ერთმა წევრმა და მასაც განაკუთრებული ხაზი უნდა გაუსვათ, განსაკუთრებული იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ არ მოგვიხდეს ზომების მიღება არა გარეშე მტრის წინააღმდეგ, რომ არ მოგვიხდეს დამჭერთა დაჭერა, რომ ეს ტრაღიკული მდგომარეობა არ გადაიქცეს კომიკურათ, - უნდა მოვსთხოვოთ მთავრობას, რომ მან თვალი ადევნოს თავის აგენტებს, რომ ის ზომები, რომელნიც იქნება მიღებული მთავრობის მიერ სხვა და სხვა წერილმანმა აგენტებმა არ გამოიყენონ თავისი ზრახვების განსახორციელებლათ, თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სულ აირევა ცხოვრება, შინაური მდგომარეობა და გარეგან გამოსვლებს და არევ-დარევას მოემატება ის ელემენტები, რომელნიც მოახერხებენ ისარგებლონ მდგომარეობით.

თუ მთავრობამ შესძლო ამ მხრივ მიმართოს თავისი მუშაობა, გამოიყენოს განსაკუთრებული ზომები, რომლებსაც დამფუძნებელი კრება ადასტურებს, - მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მიზანი რამოდენიმეთ მიღწეული იქნება; რამოდენიმეთ იმიტომ, რომ მე ვფიქრობ - არ არის ისეთი წევრი დამფუძნებელ კრებისა, რომელიც ფიქრობდეს, რომ ჩვენი შინაური მდგომარეობა მხოლოდ გარეშე პირობებზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენი შინაური მდგომარეობა განმტკიცდება თუ შესძლეს გარეშე მტრების ალაგმვას. პირიქით, შინაური პირობები, რომ არ უწყობდეს ხელს გარეშე ძალები ვერ განახორციელებდნენ იმას, რისი მოწამენიც ჩვენა ვართ.

ამიტომ საჭიროა, რომ მთავრობამ, გარდა დეკრეტის ცხოვრებაში გასატარებლათ აგენტებზე თვალყურის დევნისა, უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ მოსპობილ იქნას ის შინაური პირობები, რომელნიც ასულდგმულებენ ანარქიას და ნიადაგს უმზადებენ ასეთ გამოსვლებს.

ჩვენ ერთი პოლიტიკური ოპერაციას განვიცდით, რომელიც გვართმევს საშუალებას ჩვენი შინაური მდგომარეობა შევაფასოთ. ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი ამ ხანათ გადატანილია საერთაშორისო სფეროში და ამიტომ ჩვენ ყველა საკითხი საერთაშორისო საზომით უნდა გავზომოთ და ამ ოპერაციის გავლენით ჩვენ ვერ ვამჩნევთ შინაურ მოვლენათა მიზეზს და ამას გარეშე მოვლენებს ვაწერთ, გარეშე მიზეზებით ვხსნით.

ჩვენს შინაურ ცხოვრებაში არის ბევრი პირობები, რომლებიც ხელს უწყობენ ანარქიას და ასაზრდოვებენ მას. თვით ბ. შინაგან საქმეთა მინისტრიც დამეთანხმება იმაში, რომ თუ მისთვის საძნელოა ანარქიასთან ბრძოლა, თუ ისე ადრე არ ხდება მისი ლიკვიდაცია, - ეს იმიტომ კი არ, რომ გარეშე ძალები აწვებიან, არამედ იმიტომ. რომ ჩვენი შინაური ცხოვრება არის ამის მიზეზები, და ამიტომ მარტო გარეშე ძალებზე ყურადღების მოპყრობა არ შექმნის იმ წესრიგს, რომელიც ჩვენთვის სანუკვარი და სასურველია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს ყოველივე ზომები, რომელნიც უზრუნველ-ყოფენ ჩვენს ქვეყანას გარეშე ძალთა გავლენისაგან და ამავე დროს მიიღოს აგრეთვე ზომები შინაურ ცხოვრების მოსაწესრიგებლათ.

მე ძალიან მეეჭვება, რომ მთავრობამ არ იცოდეს, რომ ის მდგომარეობა, რომელსაც აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, აძლევს საშუალებას ხალხს თავისი ნება გამოსთქვას არა პარლამენტარული გზით. თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი ხალხის ნების სურვილის გამომხატველია დამფუძნებელი კრება, ეს მართალი არ იქნება სავსებით. რაც შეეხება საგარეო საკითხს, დამფუძნებელ კრებამ სთქვა თავისი სიტყვა და ის ამ შემთხვევაში სრული გამომხატველია ხალხის სურვილის. (ხმა სოც. დემ. მხრიდან: რაშია საქმე!) ბ. ნინიძეს კარგად ესმოდა რაში იყო საქმე, როდესაც პირველ რიგში იჯდა. (ე. ნინიძე: - მე არაფერი არ მითქვამს!).

ბატონებო! თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ დამფუძნებელი კრება სრული გამომხატველია ქართველი ერის ნების, ეს შემცდარი აზრი იქნება. რაც შეეხება საგარეო საკითხს და დამოუკიდებლობას, დამფუძნებელი კრება სრული გამომხატველია და მატარებელი ქართველი ერის სურვილის. მაგრამ რაც შეეხება შინაურ საკითხს, არ შეიძლება არ იცოდეთ, რომ დამფუძნებელი კრება არ არის ქართველი ერის სრული ზრახვების გამომხატველი. (არსენიძე ადგილიდან: მაშ რისი გამომხატველია?) მისი ერთ ნაწილის და სოც. დემ. მთელი შემადგენლობის.

ამიტომ ბ.-ბო, ვინაიდან ასეთი მდგომარეობაა ჩვენში შექმნილი (ხმაურობა. არ ისმის...) საარჩევნო რულეტი და არღანი თამაშობდა არჩევნების დროს (თევზაია: - რულეტა რა შუაშია?) ბ.-ნი თევზაია, მაშინ სხვაგან ათამაშებდა რულეტას და არ იცის თუ როგორ ხდება აქ არჩევნები, მაგრამ უნდა მოვახსენოთ მას, რომ შედეგებს მაინც მოუსწრო იმ მხრივ, რომ დღეს არ შეგვიძლია ჩვენ ვსთქვათ, რომ საქმე არ გვაქვს ერთგვარ უკმაყოფილებასთან.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობა დასრულებულია. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? ვინ არის მომხრე მუხლობრივი განხილვისა?

გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. მომხსენებელს ვთხოვ წაიკითხოს სათაური და პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოსული სოც.-დემ. ფრაქციის მიერ. 1-ლ მუხლში... (კითხულობს) ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? შესწორება მიღებულია.

ეხლა შესწორება არის განზრახული მეორე მუხლის „ბ“-ანისთვის. არსენიძეს ეკუთვნის სიტყვა.

რაჟდენ არსენიძე (ს.-დ.) მეორე მუხლის შესწორება ისეთი ხასიათის არ არის, რომ მას განმარტება გამოეწვია, მაგრამ აქ შეეცადნენ ყველა გასაგები საკითხები გაუგებრად გაეხადათ და ამიტომ საჭიროდ ვსთვლი ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. მეორე მუხლში სწერია, რომ: (კითხულობს) ცხადია აქ ფორმულიროვკა ისეთნაირი არის მიღებული, რომ გაძევებული უნდა იქნეს ის პირი, რომელსაც თავისთავად არავითარი დანაშაული არ მიუძღვის. გაძევება კი არის სასჯელი. სასჯელის მიღება იმისთანა კაცის წინააღმდეგ, რომელიც დამნაშავე არ არის - შეუძლებელია. ამიტომ შემოგვაქვს სხვა მუხლი ასეთი შესწორებით: (კითხულობს) როგორც ხედავთ, ამავე მუხლის „ა“ პუნქტში იყო ნათქვამი, რომ პარტიები და ჯგუფები, რომელნიც იბრძვიან ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ერევიან ჩვენ შინაურ საქმეებში, ისინი აკრძალულ უნდა იქმნენ. მაგრამ, თუ ამას ჩაიდენს კერძო პირები, ჩვენი ქვეშევრდომები თუ არა-ქვეშევრდომები, ცხადია, მაშინ ისინი დასჯილ უნდა იქმნენ და მათი მოქმედება აღკვეთილი. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ უსაქმური ხალხი არ იქნეს დატოვებული რესპუბლიკაში, შეიძლება ასეთი ღონისძიება იქნეს მიღებული, მაგრამ არ შეიძლება მივიღოთ, როგორც სასჯელი. ეს სტუმართ-მოყვარეობის საკითხია. შეიძლება ჩვენ ზოგიერთი სტუმრების მიღება ვერ შევძლოთ, ეს იმიტომ, რომ საკმაო პური არა გვაქვს, და ამისთვის ვიღაცის დამნაშავედ გამოცხადების უფლება არა გვაქვს. მე მინდა გაიგოს ბ. შენგელაიამ, რომ ყოველ სახელმწიფოში არის ასეთი წესი. ჩვენ ამით არ გვინდა ვსთქვათ, რომ, როცა ჩვენ მშიერი ვართ, არა გვაქვს არც სასმელი, არც საჭმელი, სხვას უთხრათ, მობრძანდით და მიირთვითო, ხოლო ჩვენ კი მას შევყურებდეთ. ჩვენ არ გვინდა ისეთი პირები, რომელსაც პურს ვერ ვაჭმევთ, გამოვაცხადოთ დამნაშავედ. მაგრამ თავის-თავად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პირები, რომელნიც ჩამოვლენ, შეგვიძლია გამოვკვებოთ. მაგრამ ეს გამოკვების საკითხი უნდა იყოს ცალკე მსჯელობისა და სხვა განკარგულების საგანი, ვინაიდან ბოროტმოქმედება ისჯება, როგორც ბოროტმოქმედება. ამიტომ ამ დეკრეტის ეს მუხლი ამოღებულ უნდა იქნეს, მაგალითად, სამხედრო პირების გაძევება - თუ მტერია, გაძევებულ უნდა იქნეს, როგორც მტერი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სხვა სახელმწიფოს სამხედრო პირია, მისი გაძევება სახელმწიფოდან არ შეიძლება.

ამიტომ დეკრეტი, სადაც არის ლაპარაკი რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლთა წინააღმდეგ, აქ უნდა იყოს ლოღიკით გატარებული და მიღებული ისეთი მუხლი, რომელიც კერძო პირების ასეთ ბოროტმოქმედებას ალაგმავს. რაც შეეხება საკითხს, რომ სურსათ-სანოვაგის უქონლობის გამო ზოგჯერ სტუმართ-მოყვარეობა უარვყოთ - ზოგი არ შემოუშვათ, ზოგიც აქედან გავისტუმროთ, - ეს ცალკე უნდა იქნეს განხილული, როგორც საკითხი სურსათის, გამოკვების, დაბინავების და სხვა.

თავმჯდომარე. ამნაირად არის შემოსული შესწორება (კითხულობს). ამას თან სდევს შენიშვნა (კითხულობს). აი, მთელი შესწორება. როგორია მომხსენებლის აზრი ამ შესწორების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ჯაფარიძე. ამ შესწორების წინააღმდეგი არაფერი მაქვს.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ: პუნქტები „გ“-ნი და „დ“-ნი ამოიშალოს. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა საერთოდ? სოც.-რევოლიუციონერები არიან წინააღმდეგი, სხვები მომხრენი არიან.

გადავდივართ მეორე მუხლზე. გთხოვთ წაიკითხოთ, ვის სურს სიტყვა?

სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ მესხიშვილს.

შალვა მესხიშვილი. (სოც. ფედ.) იქნება თქვენ გაოცდეთ, რომ იმ მუხლის შესახებ ავიღე სიტყვა, სადაც ნათქვამია „დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ“. მე მინდა ერთ გარემოებას მივაქციო ყურადღება. ჩვენ ს. დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებით დეკრეტი არსებითად შევცვალეთ, როდესაც აქ გამოვტოვეთ 3-4 მუხლი, უკვე დღეს დაბეჭდილი შინაგან საქმეთა მინისტრის სავალდებულო დადგენილებაში, სადაც ეს მუხლები უცვლელად არის დარჩენილი. იმ უფლების, რომელსაც დამფუძნებელი კრება ს.-დემ. ფრაქციის შესწორებით აძლევს შინაგან-საქმეთა მინისტრს და ადასტურებს, და შინაგან-საქმეთა მინისტრის დადგენილების შორის იბადება კოლიზია. ამიტომ ჩვენ რაიმე გამოსავალი უნდა ვნახოთ და უპირველეს ყოვლისა გამოქვეყნებულ უნდა იქმნეს დამ. კრების მიერ მიღებული კანონის ტექსტი და მეორეს მხრივ ის, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენს დღეის ამ დადგენილებას.

ამიტომ ჩვენი წინადადებაა: დამფ. კრებამ ხაზი გაუსვას ამ გარემოებას და შინაგან საქმეთა მინისტრმა იმოქმედოს ისე, როგორც შეეფერება იმ უფლებას, რომელიც მას დღეს მივეცით.

თავმჯდომარე. თქვენ ინებეთ სიტყვა მხოლოდ მეორე მუხლის შესახებ. ვთხოვ ბ.-ნ დეპუტატებს შემდეგში ბოროტად ნუ გამოიყენებენ სიტყვის ნებას.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ს. ჯაფარიძე. შინაგ.-საქმეთა მინისტრის მიერ გამოცხადებულ დადგენილებაში არის ნათქვამი თბილისის დაცლის შესახებ უსაქმო ხალხისაგან, ხოლო დეკრეტი ეხება საქართველოს მთელ ტერიტორიას. ეს ერთი. აქ არის მეორე მომენტი - დანაშაულობისა. ყოველი პიროვნება, ს. დ. ფრაქციის შესწორების თანახმად, საქმე ეხება მას თუ არა, შესაძლებელია გაძევებულ იქმნეს. იქ არის უსაქმო ხალხი. რომელსაც თავი მოუყრია თბილისში, შეიძლება გაიდევნოს... მაგრამ მაინც არის საერთო მუხლები თუ პუნქტები, სადაც საჭირო არის... (მომხსენებლის სიტყვები არ ისმის) შეიძლება ამას მივაღწიოთ იმით, რომ დეკრეტს მივცეთ კანონის ხასიათი 15 ნოემბრიდან, ე.ი. როცა შ.-საქმეთა მინისტრმა გამოსცა თავისი დადგენილება, რომ არ იქმნეს რამე უთანხმოება. (ვეშაპელი: ეს ახალი საკითხია! შენგელაია: კომისიის აზრი?).

თავმჯდომარე. მართალია ახალი საკითხია. მე ასე გავიგე, რომ ეს დეკრეტი შედის ძალაში 15 ნოემბრიდან, როდესაც გამოცემულ იქმნა სავალდებულო დადგენილება. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა? სიტყვა რუსიას ეკუთვნის.

მელიტონ რუსია (სოც.-დემ.) ბატონებო! მე მგონია, რომ მას შემდეგ, რაც იყო გარკვევით ნათქვამი, რომ დეკრეტის მიზანია ებრძოლოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჩვენ დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან და არა სურსათის, თუ ბინის საკითხს, აქ გაუგებარი არაფერი არ უნდა დარჩენილიყო. სოც.-ფედ. ხმოსნებმა კარგად იციან, რომ იქ ქალაქის საბჭოში იქმნა მიღებული სავალდებულო დადგენილება, რომელიც ებრძვის ქალაქში გამეფებულ სურსათის და ბინის კრიზისს. ეს დადგენილება არის მიმართული ზედმეტ სტუმართმოყვარეობის წინააღმდეგ. ის ზომაა კრიზისის შესამცირებლად მიღებული. ამას თხოულობდა თვითმმართველობაც. თუ ეს მიგაჩნიათ უკანონოდ, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ და ჩვენც გაგცემთ პასუხს. დღეს კი ვლაპარაკობთ დეკრეტზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური ხასიათი. ეს არის კანონი, მიმართული იმათ წინააღმდეგ ვინც ებრძვის ჩვენს თავისუფლებას, ვინც ებრძვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ნუ თუ ეს ვერ გაიგეთ? მე ძლიერ მიკვირს ეს! ამაზე მთელი ორი საათი ვილაპარაკეთ. ვიმეორებ სავალდებულო დადგენილება სხვა არის და დეკრეტი კიდევ სულ სხვა.

თავმჯდომარე. მე მხოლოდ ერთ შესწორებას შემიძლია უყარო კენჭი, ეს არის ჯაფარიძის მიერ შემოტანილი შესწორება. იგი ასეთია: დეკრეტი შევიდეს ძალაში 15 ნოემბრიდან ე.ი. იმ დღიდან, როცა გამოიცა სავალდებულო დადგენილება. სხვა არავითარი შესწორება არ შემოსულა და არ შემიძლია კენჭის ყრაც. ვინ არის მომხრე ამ შესწორების? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია.

ვინ არის მეორე მუხლის წინააღმდეგი? მეორე მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ მომხრე დეკრეტისა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია მხოლოდ ესერთა ფრაქცია. სხვა ფრაქციები მომხრეა. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგ საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრ. წევრს ბ.-ნ რუსიას.

კანონ-პროექტი აწ მომქმედ თამასუქების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და გაუქმების შესახებ.

მელიტონ რუსია. (ს.-დ.) ის პატარა კანონ-პროექტი, რომელიც წარმოადგინა იურიდიულმა კომისიამ, ეხება სათამასუქო წესდებას. ცხადია, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაარსეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სათამასუქო წესდების იმ სახით დატოვება, როგორც წინეთ იყო, ყოვლად შეუძლებელია. რასაკვირველია, სათამასუქო წესდების მუხლები დღევანდელ პირობების მიხედვით შეცვლილ უნდა იქნეს. მას შემდეგ, რაც ჩვენში მოისპო წოდებრიობა, უნდა შეცვლილ იქნეს წოდებრიობის ნიადაგზე თამასუქის დაწერაც და აგრეთვე მისი დაწერა რუსულ ენაზე, როგორც ამას წინეთ მოითხოვდა სათამასუქო წესდება. ყველა ეს ამოშლილი უნდა იყვეს სათამასუქო წესდებიდან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. შესაფერ დროს განხილული იქნება დეკრეტი მუხლობრივად. ახლა კი გადავდივართ შემდეგ საკითხზე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ფირცხალაიშვილს.

დეკრეტი დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების დამატებისა.

ილია ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) ბატონებო! დამფუძნებელ კრების არჩევნებში, როგორც მოგეხსენებათ, სოხუმის ოლქს მონაწილეობა არ მიუღია პირველ არჩევნების დროს, სოხუმის ოლქში სწარმოებდა სამხედრო მოქმედება და ამიტომ მას არ შეეძლო მიეღო მონაწილეობა. მეორე დამატებითი არჩევნების დროს ვერ მოხდა არჩევნები სოხუმის ოლქში სხვა და სხვა ტეხნიკურ მიზეზების გამო და უმთავრესად კი იმიტომ, რომ არ იყო დამზადებული საარჩევნო სიები. ამის გამო დამფუძნებელმა კრებამ გადადო დამატებითი არჩევნები სოხუმის ოლქში და ვადა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდა. ეს ვადაც გადის თებერვალში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იქონია მსჯელობა ამის შესახებ და გადასწყვიტა სოხუმის ოლქში არჩევნები მოახდინოს საარჩევნო ვადის გასვლამდე. ამასთანავე მან გადასწყვიტა, რომ სოხუმის ოლქში მომქმედ პარტიებს და ჯგუფებს მიეცეს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. დამფუძნებელ კრების არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 15 პოლიტიკურმა პარტიამ და ჯგუფმა. თუ სოხუმის ოლქში გამოჩნდება პარტია თუ ჯგუფი, რომელსაც არ მიუღია წინეთ მონაწილეობა არჩევნებში, მას შეუძლია 20 დღით არჩევნების დაწყებამდის წარმოადგინოს სია და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. უმთავრესი მოსაზრება, რომლითაც ვხელმძღვანელობდით არის ის, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ სოხუმის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა. სხვა მოსაზრება ჩვენ არ გვქონია. უმთავრესი მოტივი ის არის, რომ გვინდა სოხუმის ოლქში ყველა მომქმედმა პარტიებმა მიიღოს მონაწილეობა.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ. (კენჭის ყრა). შემოვიდა წინადადება სოც.-დემ. დაემატოს ამას: „დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მისი მიღებისა“. ვინ არის წინააღმდეგი ამ დამატებისა? მიღებულია. ვინ არის საერთოდ წინააღმდეგი დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ ასათიანს.

დეკრეტი ალავერდის ქარხნიდან ოქრო-ვერცხლის შესაძენად 205.400 მან. გადადებისა.

ალექსანდრე ასათიანი. (ნ. დ.) ალავერდის სპილენძის გადასადნობ ქარხანაზე, სპილენძის გადადნობის დროს რჩება ოქროს ნაწილები. წარსულ წელს მთავრობა შეეკრა პირობით ალავერდის ქარხანას ოქროს შესაძენად და კიდევაც გადადო ამ მიზნით განსაზღვრული თანხა. ამის შემდეგ მთავრობას გამოელია ეს კრედიტი და მას აღარ ჰქონდა შეძლება განეგრძო ოქროს შეძენა ამ პირობებში. პირობები კი ხელსაყრელია შედარებით. ფასი მცირეა და ამიტომ მთავრობა და ფინანსთა უწყება თხოულობს გავხსნათ მის განკარგულებაში კრედიტი. შესაძლებელია, რომ გადადნობის დროს დარჩეს (?) ფული ოქრო დაახლოვებით მისი მიზანია შეიძინოს კიდევ 29 გირვანქა ოქრო და 15-20 ფუთი ვერცხლი.

საფინანსო კომისიამ განიხილა და მიიღო ეს კრედიტი და წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას გახსნას მთავრობის განკარგულებაში საჭირო თანხა. (კენჭის ყრა მუხლობრივ).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინაა. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი მომხსენებელია ბ.-ნი იმნაიშვილი.

დეკრეტი სატელეგრაფო ქსელის გაბმა-შეკეთებისათვის შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 357. 000 მან. კრედიტის გახსნისა.

ნიკ. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ფოსტა-ტელეგრაფის უწყების ხარჯთ-აღრიცხვის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სატელეფონო და სატელეგრაფო ქსელის შეკეთებას და გაბმას, ნავარაუდევი იყო წლიურათ 612 ათასი მან. ამის თანახმად ყოველთვიურად იხარჯებოდა 56 ათასი მანეთი. ეხლა უწყება შემოდის დამფუძნებელ კრებაში შუამდგომლობით, რომ საერთო ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში წლის ბოლომდე დარჩენილი ფული მას მიეცეს ერთდროულათ. ამას მოითხოვს უწყება იმ მოსაზრებით, რომ ის მუშაობა, რომელიც მას დაკისრებული აქვს ქსელის შესაკეთებლათ, განსაკუთრებით ხდება გაზაფხულში, და ნაწილათ შემოდგომაში, ზამთარში კი უამინდობისა გამო, მუშაობა შეუძლებელი არის. ამის გამო ირკვევა, რომ ეს მუშაობა განსაკუთრებული ინტენსივობით ხდებოდა ზაფხულის და შემოდგომის თვეებში, რომ წინასწარ აენაზღაურებიათ ის დანაკლისი, რომელიც მოხდებოდა ზამთარში მუშაობის შეჩერებით ამიტომ ის შემოდის შუამდგომლობით, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი ხვედრი ფულის კრედიტი გაეხსნას მას ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში ერთდროულად. უწყებას უკვე მიღებული აქვს ხვედრი ფული ამა წლის ნოემბრამდე. ახლა კი, გამოთხოული არის 7 თვის ერთად. წარმოდგენილ დეკრეტის პროექტს ახლავს სახელმწიფო კონტროლის დადებითი დასკენა, საფინანსო უწყებაც თანახმაა ამისი. ამიტომ მე კომისიის სახელით გთხოვთ წარმოდგენილი დეკრეტი დაადასტუროთ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინაა, ვინ არის მომხრე გადავიდეთ დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (კენჭის ყრა მუხლობრივ).

თავმჯდომარე. მიღებულია. შემდეგი არის დეკრეტი:

ოზურგეთის ერობისათვის 3 მილ. მან. სესხად მიცემისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ელიავას.

ნიკო ელიავა. (სოც.-დემ.) როგორც თვით დეკრეტის ტექსტიდან დაინახავდით, ეს სესხი, რომელსაც თხოულობს ოზურგეთის ერობა, არ არის ჩვეულებრივი, რომელიც გატარებულა დამფუძნებელ კრებაში, ვინაიდან ამ სესხს მიზნად აქვს წარმოების გაჩაღება.

თანახმად ერობის თხოვნისა, მთავრობა შემოდის შუამდგომლობით, მიეცეს მას ეს სესხი განსაზღვრული მიზნით - ხე-ტყის დასამუშავებელ ქარხნის მოსაწყობად. აქ არის დასკვნები: სახელმწიფო კონტროლის, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის და შემდეგ მთავრობამაც დაუჭირა მხარი და შესაძლებლად სცნო მიეცეს ერობას ეს სესხი განსაზღვრულ მიზნით. და რადგანაც ეს ასეა, ვფიქრობ, რომ დამფუძნებელი კრება თანაგრძნობით შეხვდება და მიიღებს წარმოდგენილ დეკრეტს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? (კენჭის ყრა) მიღებულია. ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგი საერთოდ? არავინ, ამგვარად დეკრეტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დეკრეტი მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ურატაძეს.

გრ. ურატაძე. (ს.-დ.) როგორც მოგეხსენებათ, საკითხი მთავრობის წევრთა ჯამაგირების გადიდების შესახებ დამფუძნებელმა კრებამ ერთხელ მოხსნა დღიურ წესრიგიდან და გადასცა საბიუჯეტო საფინანსო კომისიას, რომ მას ეს შეუფარდებია რესპუბლიკის უმაღლეს მოხელეების ჯამაგირებთან. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და შესაძლებლად სცნო დაეტოვებია ისე, როგორც იყო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ, გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. შემოსული გახლავთ სოც.-დემოკრატიული ფრაქციისაგან შესწორება პირველ მუხლში. აქ სწერია: 1 ოქტომბრის მაგიერ მიღებულ იქმნას „1 ნოემბრიდან“ ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. პირველი მუხლი სოც.-დემ. ფრაქციის შესწორებით მიღებული განლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი შესწორება: „მთავრობის თავმჯდომარეს მიეცეს ნაცვლად 12 ათასი მანეთისა 10 ათასი მანეთი, მინისტრებს - 9000 მან. ნაცვლად 8000 მან., მინისტრთა ამხანაგებს ნაცვლად 7500 მან. 7000 მანეთი“. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ. მაშ მეორე მუხ. სოც.-დემ. ფრაქციის შესწორებით მიღებული გახლავთ. ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგი საერთოდ? წინააღმდეგი არავინაა. მაშ დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი დეკრეტი -

დეკრეტი დამფუძნებელი კრების წევრთა გასამრჯელოს გადიდებისა.

მომხსენებელია გრ. ურატაძე.

გრ. ურატაძე. ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიაც იყო მთავრობის წევრთა გასამრჯელოს საკითხი, გახლავთ დამფუძნებელ კრების წევრთა გასამრჯელოს გადიდების საკითხი, ის გადაეცა საბიუჯეტო კომისიას. რომელმაც საჭიროდ დაინახა იგივე ციფრების დატოვება, რომელიც წინედ იყო შემოტანილი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება არის შემოტანილი სოც.-დემ. ფრაქციის მიერ; შესწორება ასეთია: „ნაცვლად პირველი ოქტომბრისა, დაიწეროს 1 ნოემბრიდან, ხოლო ნაცვლად 7,500 მან. 6000 მან.“ ვინ არის ამ შესწორების წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებული გახლავთ. ამრიგად პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი. (მომხსენებელი კითხულობს) ვინ არის მეორე მუხლის წინააღმდეგი? არავინ. მეორე მუხლიც მიღებულია. ვინ არის დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

აქ წინადადება გახლავთ შემოტანილი, რომ სხდომა შეწყდეს და შემდეგ მოხდეს საპროპაგანდო კომისიის არჩევნებიო.

რ. არსენიძე. (ადგილიდან) ჯერ არჩეულ იქმნას საპროპაგანდო კომისია და შემდეგ შეწყდეს სხდომა. (სხდომა გრძელდება).

თავმჯდომარე. სოც.-დემ. მხრივ საპროპაგანდო კომისიაში დასახელებულია გიორგაძე, გომართელი, ბადრიძე და ურატაძე.

სოც.-რევ. მხრივ გობეჩია.

ნაც.-დემოკრატების - სპ. კედია.

სოც.-ფედ. მხრივ ფირცხალავა.

ვინ არის ასეთი შემადგენლობის წინააღმდეგი? არავინ. ესენი არჩეულნი არიან. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი. (მდივანი კითხულობს) სხდომა დახურულია.

სხდომა იხურება 3 ს. და 45 წ.

4 სამოცდამესამე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(63)

1919 წელი, პარასკევი, ნოემბრის 21. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხ.

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არის:

ექვთიმე თაყაიშვილი.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა 51 წუთზე.

თავმჯდომარე. დამფუძნებელი კრების სხდომას გახსნილად ვაცხადებ. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სამხედრო უწყების განკარგულებაში 15 მილ. მან. გადადების შესახებ - ჯარისათვის სურსათ-სანოვაგის დასამზადებლად. მომხსენებელია რ. არსენიძე.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთ საბრძოლველ ზომების შესახებ. მომხსენებელია რ. არსენიძე.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საშემოსავლო გადასახადისა, საცხოვრებელი მინიმუმისა და გადასახადის ნუსხის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების დამატების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ალავერდის ქარხნიდან ოქრო-ვერცხლის შესაძენად 225.400 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სატელეგრაფო ქსელის გაბმა-შეკეთებისთვის შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 357.000 მან. კრედიტის გახსნის შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

7. საბოლოო ტექსტი დეკრეტით - ოზურგეთის სამაზრო ერობისათვის 3 მილ. მან. სესხის მიცემის შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

8. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მთავრობის წევრთა ჯამაგირის გადიდების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

9. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დამფუძნებელ კრების წევრთა გასამრჯელოს გადიდების შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

10. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

11. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა - რუსულ სავაჭრო საზოგადოების „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების შესახებ.

12. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

13. დეკრეტი - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულების ქონებათა გასაძლიერებლად და დამსახურებულ მოღვაწეთა დასახმარებლად ბილეთების დაბეგვრის შესახებ. მომხსენებელნი არიან ნ. იმნაიშვილი და გრ. ურატაძე.

14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხლის შესახებ. მომხსენებელია პავ. ბერიშვილი.

15. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულების დამტკიცებისა. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

16. დეკრეტი - ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარის საჭიროებისათვის ყოველთვიურად დამატებით 14.734 მან. და 50 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

17. დეკრეტი - რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284,920 მან. დამატებითი კრედიტის გახსნისა, 1918 წლის ზენა ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია ივ. ჭავჭანიძე.

18. დეკრეტი - გზათა დეპარტამენტისათვის 88. 425 მან. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ შემოტანილია ორი განცხადება. 1 გახლავთ სახალხო კომისიის თავმჯდომარისა, დღიურ წესრიგიდან მე-13-ე მუხლის მოხსნის შესახებ, ვინაიდან კომისიები ჯერ არ შეთანხმებულან. მეორე განცხადება გახლავთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა: მოიხსნას დღიურ წესრიგიდან მე-10-ე საკითხი, ვინაიდან მთავრობის თავმჯდომარე ავად გახლავთ. ამრიგად ეს ორი საკითხი მოხსნილია დღიურ წესრიგიდან. სიტყვა ეკუთვნის ბ. არსენიძეს.

. არსენიძე. (კითხულობს) 1) საბოლოო ტექსტს - დეკრეტისას სამხედრო უწყების განკარგულებაში 15 მილ. მან. გადადების შესახებ ჯარისათვის სურსათ-სანოვაგის დასამზადებლად. და 2) საბოლოო ტექსტს დეკრეტისას ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთ საბრძოლველ ზომების შესახებ., რომელსაც კრება იღებს უკამათოდ.

მდივანი. (კითხულობს დღიურ წესრიგის 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9 მუხლებს რომელთაც კრება იღებს უკამათოდ).

თავმჯდომარე. შემდეგი გახლავთ:

შეკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციისა მთავრობისადმი რუსულ სავაჭრო საზ. „სიბუნიონთანდადებულ ხელშეკრულების შესახებ.

გთხოვთ წაიკითხოთ შეკითხვის ტექსტი.

მდივანი. (კითხულობს შეკითხვის ტექსტს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ალექსანდრე ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ერ.-დემ.) ბ.ბ. ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ შემოიტანა შეკითხვა, რომელიც თქვენ ეხლა მოისმინეთ.

ამა წლის 29 ოქტომბერს მომარაგების მთავარ სამმართველომ, რესპუბლიკის მთავრობის სახელით, დადვა ხელშეკრულება რუსულ სავაჭრო საზოგადოება „სიბუნიონთან“. ხელშეკრულება შეეხება რესპუბლიკის ყველა იმ საქონლებს, რომელიც უცხოეთში გასატანად არის დანიშნული, ამიტომ მას ფრიად დიდი ეკონომიური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დავალებით, პატივი მაქვს შევაჩერო თქვენი ყურადღება ამ ხელშეკრულებით შექმნილ ვალდებულებებზე და მის ეკონომიურ და პოლიტიკურ მნიშვნელობებზე. ხელშეკრულება ეს შემდგომია:

ხელშეკრულება:

„ქ. ტფილისი ოქტომბრის 29. ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნი: ერთის მხრით საქართველოს მომარაგების მთავარი სამმართველო მთავარ რწმუნებულის ილია გიტოს-ძე ქარცივაძის პირით, ამის შემდგომ „გლავნოსნაბად“ წოდებული და მეორეს მხრით, რწმუნებული „სიბუნიონ ლიმიტედის“ ლონდონში, მისტერ ნოელ სმიტი, ამის შემდგომ „სიბუნიონად“ წოდებული, შევეკარით ერთმანეთს შემდგომის პირობით:

1. „გლავნოსნაბი“ გადასცემს „სიბუნიონს“ ყველა მის საწყობებში ამ ჟამად მოთავსებულს, ანუ რომელნიც მომავალში მის საწყობებში იქნება, სავალიუტო საქონელს, რომელიც უცხოეთში გასაყიდათ იქნება დანიშნული, როგორც მაგალითად: ფოთოლი თამბაქო, მატყლი, სპილენძი, ტყის მასალა და სხ. მათს უცხოეთში გასასყიდათ საკომისიო საფუძველზე. ამასთან „გლავნოსნაბს“ აქვს უფლება დანიშნოს თავისი წარმომადგენლები საკომისიოთ მიცემულ საქონლის რეალიზაციაში მონაწილეობისათვის.

შენიშვნა 1. 1 § მოხსენებული საქონელს „გლავნოსნაბი“ აბარებს „სიბუნიონს“ საქართველოს ნავთსადგურებში გემზე განსაკუთრებული სპეციფიკაციით.

შენიშვნა 2. „გლავნოსნაბი“ იტოვებს უფლებას საქონლის საკუთრივ უშუამავლოდ გაზიდვისა.

2. „სიბუნიონი“ ღებულობს თავის თავზე ყველა ხარჯებს, რომელიც საჭირო იქნება 1 მ. მოხსენებული საქონლის გასაზიდათ და რეალიზაციისათვის უცხოეთში, როგორც ფრახტს, დაზღვევას, გადატვირთვას, საკურტაჟო და სამაკლერო, ყოველგვარ გადასახადებს, რომლის ხარჯები შეადგენს დამატებით ხარჯებს და საქონლის ღირებულებას ემატება. ყველა მოხსენებული ხარჯები უნდა იყოს დამტკიცებული სათანადო საბუთებით.

3. 2 მ. მოხსენებულ ხარჯების რაოდენობას «სიბუნიონი“ უმატებს წლიურად 5 პროც. თავის სასარგებლოდ.

4. 1 მ. აღრიცხულ საქონელს „გლავნოსნაბი“ გადასცემს „სიბუნიონს“ წინასწარ შეთანხმებით „დადგენილს“ ფასებში გემზე საქართველოს ნავთსადგურებში, ანუ „სიბუნიონის“ სურვილით რკინის გზის სადგურებზე. საქონელი უნდა იყვეს გასაღებული უცხოეთის ბაზარზე. ფასები არა ნაკლებ იმისა, რომელიც იქნება შემუშავებული „გლავნოსნაბისა“ და „სიბუნიონის“ წინასწარი შეთანხმებით.

5. უკეთუ „გლავნოსნაბთან“ შეთანხმებით იქნება გამოწვეული ერთ-ერთ ნავთსადგურში გემი ამა ხელშეკრულებით ნაგულისხმევი საქონლით დასატვირთავად, და საქონელი დასატვირთავად მზად არ იქნება, „გლავნოსნაბი“ პასუხს აგებს გაცდენისათვის, რომელნიც გემის გამოწვევით იქნება გამოწვეული.

6. მთელი თანხა, რომელიც აღებული იქნება უცხოეთში იმ საქონლის რეალიზაციით, რომელიც „გლავნოსნაბის“ მიერ „სიბუნიონისათვის“ იქნება გადაცემული, საქონლის ღირებულებისა და 2 მუხ. მოხსენებულ ხარჯების გამოკლების შემდგომ, შეადგენს წმინდა მოგებას, რომელიც 20 პროც. რჩება „სიბუნიონს“; 80 პროც. კი საქონლის ღირებულებასთან ერთად შეტანილ იქნება „სიბუნიონ ლიმიტედში“ საქართველოს მთავრობის მიმდინარე ანგარიშზე იმავე ვალიუტით, რომელი ვალიუტით მოხდა საქონლის რეალიზაცია.

7. „სიბუნიონი“ ვალდებულია მოიტანოს და ჩააბაროს „გლავნოსნაბს“ ფოთის პორტში უცხოეთის საქონელი.

„სიბუნიონისთვის“ მიცემულ საქონლის ღირებულების ოდენა თანხისა, „გლავნოსნაბთან“ შეთანხმებით შესახებ საქონლის ხარისხისა და რაოდენობისა, რომელი საქონელიც ჩაბარდება „გლავნოსნაბს“ გასავალის და ფაქტურ-ლოკო საბუთებით დახარჯულ თანხაზე დამატებით 15 პროც. საწარმოვო მოგებისა უცხოეთის ვალიუტით, «სიბუნიონის“ სასარგებლოდ.

8. უკეთუ „გლავნოსნაბი“ რაიმე მიზეზით უარს იტყვის საქონლის მიღებაზე ათი დღის განმავლობაში შემოტანილ საქონლის სპეციფიკაციის მიღების შემდგომ, საქონელი იყიდება საქართველოს ბაზარზე თავისუფალ ფასებში.

9. „სიბუნიონი“ გადასდებს ავანსათ (авансируетъ) „გლავნოსნაბთან“ ერთად სავალიუტო და სხვა საქონლის შესაძენად, რომელიც საქართველოში მოიპოვება, მის საჭიროების მიხედვით „სიბუნიონს“ მიერ წარმოდგენილი სპეციფიკაციით ხუთ მილიონ სტერლინგამდე, ადგილობრივ ვალიუტზე გადატანით. „გლავნოსნაბი“ ხარჯავს ამ შესყიდვაზე თავის მხრივ 25 პროც. სიბუნიონის სპეციფიკაციის ღირებულებისა. „გლავნოსნაბი“ აბარებს ამ საქონელს „სიბუნიონს“ საქართველოს ნავთსადგურებში გემზე, «სიბუნიონის“ მიერ საზღვარ გარედ რეალიზაციისათვის, „გლავნოსნაბის“ წარმომადგენელთან ერთად. წმინდა მოგებიდან, რომელიც დარჩება ამ რეალიზაციის შემდგომ „გლავნოსნაბს“ მიაქვს 70 პროც. 30 პროც. კი იკავებს „სიბუნიონი“ თავის სასარგებლოდ.

10. „სიბუნიონი“ ვალდებულია შემოიტანოს და ჩააბაროს „გლავნოსნაბს“ ფქვილი რაოდენობით არა ნაკლებ 400,000 ფუთისა, ხარისხით არა უარესი რუსული სეიანკოსა და არა უგვიანეს სამი თვისა ამა ხელშეკრულების დადების დღიდან, იმ ფასებში და პირობებში, როგორიც მოხსენებულია § 7.

11. „გლავნოსნაბი“ უფლებას აძლევს „სიბუნიონს“ საქართველოს საზღვრებში შესყიდვისა და გაზიდვისა უცხოეთში ყველა დანარჩენ არა სავალიუტო საქონლისა, რომელთა გაზიდვა აღკრძალული არ არის. „სიბუნიონი“ ვალდებულია, რომ შემოიტანოს საქართველოში თავის შეხედულებით უცხოეთის საქონელი თანაბარ ეკვივალენტისა საქართველოს ბაზარზე გასასყიდათ, თავისუფალს ფასებში. მასთან „სიბუნიონი“ ვალდებულია წარუდგინოს „გლავნოსსნაბს“, საქონლის ბაზარზე გამოშვებამდე, ამ საქონლის სპეციფიკაცია, „სიბუნიონის“ მიერ დადგენილს ფასების ჩვენებით.

12. უკეთუ, „გლავნოსნაბი“ მოისურვებს მე-11 მ. მოხსენებული საქონლის შეძენას „სიბუნიონისაგან“, საქონელი უნდა გადაეცეს „გლავნოსნაბს“ მე-7-ე მუხ. მოხსენებულს პირობებში.

13. „გლავნოსნაბი“ ვალდებულია ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს „სიბუნიონს“ მისი უფლებათა და ვალდებულებათა განხორციელებაში, კერძოდ „სიბუნიონისათვის“ საჭირო რაოდენობის ვაგონების მიღებაში საქონლის ნავთსადგურებში მისაზიდავად.

14. როგორც საქართველოდან გატანილის, ისე შემოტანილი საქონლის დაზღვევა სავალდებულოა.

15. საქონლის გაცვლის ანგარიში ხდება ყოველს ექვს თვეში უჯარიმოთ.

16. „სიბუნიონის“ მიერ შემოტანილ საქონლისთვის, ანგარიშების გასწორების დროს კურსი არსდება ურთიერთ შეთანხმებით, მაგრამ არა უმაღლეს ოფიციალური კურსისა ინგლისის ბანკის ბათუმში, რომელიც სახელმწიფო ბანკის უფლებებით არის აღჭურვილი.

17. იმ შემთხვევაში, უკეთუ მოხდება „გლავნოსნაბის“ რეორგანიზაცია, ანუ გაუქმება, ყველა უფლებანი და ვალდებულებანი გადადის მის სამაგიერო დაწესებულებაზე. ამასთანავე საქართველოს მთავრობა თავის თავზე ღებულობს „გლავნოსნაბის“ ყველა ვალების პასუხისმგებლობას.

18. ამ ხელშეკრულების ვადა არის ერთი წელიწადი, დღიდან მისი ხელის მოწერისა, რომელი დღიდან ის შედის ძალაში.

19. ნამდვილი ხელშეკრულება ინახება „გლავნოსნაბში“, დამტკიცებული ასლი ეძლევა „სიბუნიონს“.

20. უკეთუ, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის სახელზე არ მოვა ბრიტანეთის მთავრობისაგან ოფიციალური ცნობა, რომ: 1. ფირმა „სიბუნიონი ლიმიტედ“ არის ნამდვილი ბრიტანული, რომ, 2. ამ ფირმის განყოფილებას ნება აქვს, როგორც ბრიტანეთის მთავრობისაგან, ისე ფირმის მთავარ მმართველობისაგან ხელშეკრულება დასდოს საქართველოს რესპუბლიკასთან შესახებ საქართველოში საქონლის შეზიდვისა და იქიდან საქონლის გაზიდვისა, ხელშეკრულება გაუქმებულად იყოს ცნობილი“.

ბ. ბ. ასეთია „სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულება.

უწინარეს ყოვლისა, მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას საქმის უფლებრივ მხარეს.

ჩვენ გავგზავნეთ ევროპაში მისიები. ევროპის სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მთავარი საფუძველი არის და იქნება ის ნედლი მასალა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ევროპის მრეწველობას ესაჭიროება. ანტანტის წევრებს ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ეს ინტერესები მოეპოებათ სამაგიეროდ იმ ფინანსიური და პოლიტიკური დახმარებისა, რომელსაც ჩვენ მათგან მოველით. ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ყველა საქონელს ვაბამთ რუს საკომისიო ფირმასთან დადებულ ხელშეკრულებით და მათ ხელ-ფეხს უბორკავთ იმ მისიებს, რომელნიც ჩვენ უცხოეთში გავგზავნეთ. ჩვენ ვფიქრობთ ასეთი დიდი ეკონომიური და პოლიტიკური მნიშვნელობის ხელშეკრულების დადების უფლება არ ჰქონდა მომარაგების სამმართველოს და არც თვით მთავრობას, უკეთუ ის დამფუძნებელს კრებას არ დაეკითხებოდა და მისგან არ მიიღებდა დასტურს.

ხელშეკრულება აკისრებს ჩვენს მთავრობას ვალდებულობას, რომ მან გამოიღოს თავის მხრივ 1 1/4 მილიონი სტერლინგი, უკეთუ «სიბუნიონი“ მოიტანს საქართველოში ხუთ მილიონამდე სტერლინგს აქ, ისეთი საქონლების სასყიდლად, რომელიც მას მოესურვება. მაშასადამე, შესაძლებელია, რომ ერთს მშვენიერს დღეს „სიბუნიონმა“ მოიტანოს ხუთი მილიონი სტერლინგი, თავისი, ან სხვისი, აქ საქონლის სასყიდლათ და მოსთხოვოს მთავრობას რამოდენიმე ასეული მილიონი და მილიარდიც.

ყოველგან, სადაც პარლამენტარული წყობილებაა, მთავრობის სულ მცირე კრედიტებსაც პარლამენტი ამტკიცებს. ჩვენშიაც ასე იყო აქამდე. დღეს კი, ამ ხელშეკრულობით მთავრობას თვითონ, ჩვენ დაუკითხავად, მოუსურვებია ერთი მილიარდის მიღება ავანსად.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პარლამენტარული წესის სრული გაბათილებაა.

მაგრამ იქნება ხელშეკრულება იმდენად სასარგებლო ჩვენთვის, რომ მთავრობამ ასეთი რისკი გასწია, დარწმუნებული, რომ ჩვენ მის ნაბიჯს მოვიწონებდით?

მთავარი ღერძი ამ პირობისა საქართველოდან საქონლის გაზიდვაში მდგომარეობს. ყველა გასაზიდავი საქონლები ორ კატეგორიად ნაწილდება:

პირველია სავალიუტო საქონელი, რომელიც მთავრობის საწყობშია ამ ჟამად, ანუ მომავალში იქნება. ეს საქონელი უნდა ჩააბაროს მთავრობამ „სიბუნიონს“ ნავთსადგურში გემზე. ამ საქონელში ის არაფერს არ იძლევა. მხოლოდ უნდა მოხდეს შერიგება შესახებ მისი ფასისა. „სიბუნიონს“ ეხარჯება მხოლოდ ფრახტი და დაზღვევა. სამაკლერო, საკომისიო და სხვა საქონლის რეალიზაციამდე არ გადახდება. ყველა გადასაზიდავი ხარჯები, რასაკვირველია, საქონლის ღირებულებას ემატება, ხოლო რაც „სიბუნიონს“ ამისთვის დაეხარჯება, ამ თანხაზე ის ცალკე ანგარიშობს წლიურად 5 პროცენტს თავის სასარგებლოდ. საქონლის განაღდების შემდგომ, მთელი აღებული თანხა, გამოკლებით აქ დადგენილ ფასისა და ყველა ხარჯებისა, შეადგენს წმინდა მოგებას. 20 პროც. მოგებისა მიაქვს სიბუნიონს, 80 პროც. კი ჩვენს მთავრობას. მთელი ეს თანხა და თვით საქონლის ფასიც რჩება სიბუნიონის კასაში საქართველოს მთავრობის მიმდინარე ანგარიშებზე. ამ ოპერაციების ანგარიშები ექვსი თვის დამლევს სწორდება. ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩვენი თანხები სიბუ-ნიონს აქვს უსარგებლოდ.

ჩვენი საქონელი, რომ აქ შეფასდება, იმისი თანაბარი ღირებულობის საქონელი უნდა შემოიტანოს „სიბუნიონმა“. დახარჯული თანხაზე დამატებით, 15 პროც. „საწარმოვო მოგებისა“ (предпринимательской прибыли).

ამრიგად, ფული ჩვენია, რისკიც ჩვენია. „სიბუნიონმა“ გაიღო მხოლოდ ტონაჟის ხარჯები და „პრედპრინიმატელებათ“ ისინი გამოდიან. ნისიათ წაღებულ საქონელის განაღდებაში 20 პროც., იქ საქონლის შეძენაში კიდევ 15 პროც., გარდა იმ საკომისიო პროცენტებისა, რომელსაც ყოველთვის ახდევინებენ კომისიონერები საქონლის მეპატრონეთ.

გამოგზავნილ საქონლის სპეციფიკაციას, რომ მივიღებთ, ათს დღეში თუ არ ჩავიბარეთ საქონელი, სიბუნიონს ბაზარზე გამოაქვს საქონელი და ჰყიდის მას თავისუფალს ფასებში. აქ ჩვენ აღარც კი ვართ მისი კომპანიონი, მოგების მონაწილე და ჩვენი ფულით შეძენილს საქონელს ისეთ ფასებში ჰყიდის, როგორც მოესურვება.

„სიბუნიონს“ გააქვს სხვა, არა სავალიუტო საქონელი. ის ირჩევს როგორი საქონელი უნდა მას. ის ყიდულობს საქონელს. მაგრამ ამ ოპერაციაში ჩვენ ვართ მისი ამხანაგი და მონაწილე.

ჩვენ უნდა გამოვიღოთ 25 პროც., იმ თანხისა, რომელსაც ის გამოიღებს საქონლის შესაძენად. თუ მან მართლაც 5 მილიონი სტერლინგი მოიტანა თავისი და სხვისი, ჩვენმა მთავრობამ 1 1/4 სტელინგი უნდა გამოიღოს, ე.ი. ჩვენი ფულით მილიარდი. სიბუნიონი საქონელს შეიძენს ამ საამხანაგო თანხით. მაგრამ საქონელს რკინის გზაზე უნდა მიზიდვა, ვაგონებს დატვირთვა, გადმოტვირთვა, გემზე ატანა, ამ შავს მუშაობას ჩვენს მთავრობას აკისრებს და საქონელს გემზე იბარებს. ამ საქონელს ის წაიღებს. მოგებიდან ეხლა 30 პროც. მიაქვს, 70 პროც. კი აძლევს - მთავრობას, ხოლო როგორც მოგებას ისე თავნს თავის კასაში ინახავს და ექვსი თვის მერე ასწორებს ანგარიშს.

თუ პირველ შემთხვევაში მას მოჰქონდა ის, რასაც მთავრობა დაავალებდა, ეხლა მას მოაქვს ის რაც მას მოესურვება. მას შეუძლიან შემოიტანოს მხოლოდ ფუფუნების ნივთები. ეს მისი საქმეა. ამ საქონელს თავისუფლად ჰყიდის ჩვენს ბაზარზე. მთავრობას შეუძლიან მისი შეძენა 15 პროც. დამატებით, მაგრამ ეს ისეთი საქონელი, იქნება, რომ მისი შეძენა მთავრობისათვის არ იქნება ანგარიში. ამ საქონელს, რომ თავისუფალს ფასებში გაჰყიდის „სიბუნიონი“, მთავრობა მონაწილე აღარ არის მოგებაში, თუმცა მან ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და დიდი შავი მუშაობა გასწია.

ამ ხელშეკრულებაში ორი ჯადოა. ერთი ისა, რომ სიბუნიონი ავანსად იღებს ხუთი მილიონ სტერლინგამდე. ალბად იფიქრეს ჩვენმა ბრძენებმა, რომ „სიბუნიონი“ ამ ხუთ მილიონს მათ აძლევდა. ჯერ ერთი, აქ ნათქვამია ხუთი მილიონამდე. მაშასადამე მას შეუძლია მოიტანოს არა ხუთი მილიონი, არამედ ხუთი სტრელინგი. მეორე, რომ ის, ამ ფულს მთავრობას კი არ აძლევს, არამედ თავის თავს უკეთებს ავანსს საქონლის შესაძენად. მთავრობა ჩვენი იქით არის ვალდებული, რომ 25 პროც. თვითონ წაუმატოს მას. მეორე ჯადოა 400,000 ფუთი ფქვილი. სიბუნიონმა უნდა შემოიტანოს ჩვენში სამი თვის განმავლობაში. დიდი საქმეა, დიდი ბედნიერება იქნებოდა მაგრამ... ეს მხოლოდ დაპირებაა.

ხელშეკრულების ძალით „სიბუნიონს“ ეხლავე შეუძლიან მოსთხოვოს მთავრობას ყველა ის პარკი, მატყლი და თამბაქო, რომელიც მის საწყობებშია. ეს ასეული მილიონის საქონელი მას უნდა მივცეთ ნისიათ. იქ გაიყიდება და მის კასაში შეინახება მაგრამ... რა გარანტია გვაქვს, რომ ყველა ეს ფირმა არ გაკოტრდება, ან რაიმე სხვა ხიფათი არ შეემთხვევა? გვპირდებიან საქონელს, ფქვილს, სამაგიეროდ ჩვენგან წაღებული საქონლისა, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს მცირედ მაინც შესრულდება? ჩვენ უნდა მივცეთ მას ფული კიდევ, რომ მან აქ საქონელი შეიძინოს, რაც ჩვენს საწყობებში არ არის, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ჩვენი ფული მაინც არ დაგვეკარგება და მოგებამ თქვენი ჭირი წაიღოს. «სიბუნიონი“ არ არდგენს არავითარ საწინდარს, არავითარ გარანტიას.

იქნებ ფირმაა მეტად სერიოზული. ადვილი შესაძლებელია, მაგრამ ამ ომიანობისა და რევოლიუციის შემდგომ, რომელი ფირმა დარჩა სერიოზული და რომელი დაზარალდა და გაკოტრდა, ეს ვინ გამოიკვლია? მე არ აღვნიშნავ ხელშეკრულების ზოგიერთ პირდაპირ შეუწყნარებელ შეცდომებს, მცნებათა გაურკვევლობას და არევ-დარევას ყოველს მუხლში აქვს ადგილი.

ამრიგად ბ. ბ. იმ ნედლს მასალას, რომელსაც ჩვენს მონოპოლიის წესით ჩამოვართმევთ ჩვენს მწარმოებელთ, ნისიად ვაძლევთ უცხო საკომისიო კანტორას და დიდ მონაწილედ ვიხდით მას მხოლოდ იმისთვის, რომ მან ეს საქონელი ფოთიდან ევროპის სანაპირომდე მიიტანოს. მოგება ამ საქმიდან დიდი უნდა იყოს, თუ მთავრობამ ეს საქონელი თავისიანებს ისე მუქთად ჩამოართვა, როგორც აქამდე. შეიძლება ეს მოგება ბევრად მეტი იყოს „სიბუნიონის“ წილში, ვინემ ჩვენ საქონლის პატრონს ვაძლევთ საქონელში, ამ რიგად ჩვენებს ვართმევთ და სხვას უბოძებთ. შეიძლება ასეთი იყოს ამ ხელშეკრულების შედეგი და შეიძლება კიდევ უარესი, თუ ისიც დაგვეკარგა, რაც აქ საქონელში მიგვიცია.

მთავრობის წრეებში გვეუბნებიან: შემოსავლელი გზები გვაქვსო, შეგვიძლიან ჩვენ თითონ წავიღოთ სავალიუტო საქონელიო. დანარჩენი საქონელი ხომ იმ წესით უნდა გავიტანოთ, როგორც ხელშეკრულებაშია? ან რაზედ უნდა გავიხადოთ თავი შემოსავლელად და შემოსარბენად? რა სარგებლობა მივიღეთ, ან ვღებულობთ მისთვის, რომ უპირო და სახელგატეხილი გამოვიდეთ ევროპის წინაშე? მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას, რომ წინდაწინვე მისი შემოსარები გზები ვეძიოთ.

იქნებ ეს ფირმა დიდად სერიოზული იყოს, მაგრამ მისი წარმომადგენლები და მოლაპარაკების ხასიათი არ ჩაითვლება სერიოზულად. „სიბუნიონის“ სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა გერმანი. ხელშეკრულობა მის სახელზე იწერებოდა. მხოლოდ ბოლოს გამოირკვა, რომ მას არ ჰქონდა ფირმიდან რწმუნებულობა და მის მაგიერ პირობაში სმიტი შევიდა. ეს გერმანი ცნობილია, როგორც ქუჩური პრესის მოღვაწე, „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ და „კუტაისკია ვესტის“ გამომცემი, საქართველოს მუდმივი მოძულე და ეხლა კი ჩრდილოეთის საფრთხის აგენტი და პროპაგანდისტი. ნუ თუ ასეთს პირთან შეიძლებოდა ასეთი დიდი მოლაპარაკების წარმოება?

იქნებ ფირმა დიდად სერიოზული იყოს, მაგრამ მისმა აგენტებმა მას სავსებით გაუტეხეს სახელი. ფირმა მალავს თავის სახელს. მისი ნამდვილი სახელია «Русская торговая компанიя Сибунიонъ Лимитетъ». ეს ფირმა ასე იწოდება იმ ოფიციალურ რწმუნების ქაღალდში, რომელიც ნოელ-სმიტმა მიიღო ლონდონიდან ნოტარიუსით შემოწმებული. ასე იცნობენ ამ ფირმას ბათუმში და სხვაგან. ხოლო ჩვენს ხელშეკრულებაში მან თავისი სახელის პირველი ნაწილი „რუსსკაია“ დამალა. თუ არ წარმოგვიდგინა საბუთიო, თანახმად 20 მუხლისა ხელშეკრულება გაუქმებული იქნებაო. მან უკვე წარმოგიდგინათ ნოტარიუსის საბუთი, რომ ის რუსული ფირმაა, რომლის გამგეობა, ან განყოფილება ეხლა შეიძლება ლონდონში იმყოფებოდეს. რა საჭიროა ასე არა სერიოზული კითხვების დასმა ინგლისის მთავრობისათვის, როდესაც, გარდა ამ საბუთებისა, კიდევ ჰქონდა ჩვენ მთავრობას ავტორიტეტული ცნობა ამ ფირმის გენეოლოგიის შესახებ.

ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენი მომავალი პოლიტიკური და ეკონომიური პერსპექტივები გვავალებენ, რომ არამც თუ ასეთი დიდი ხელშეკრულებანი, არამედ უფრო მცირედიც, დიდის მოფიქრების და მოზომვის შემდეგ დავდგათ და, რასაკვირველია, არა რუსულ სავაჭრო საზოგადოებებთან, არამედ იმ ქვეყნებთან, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა და ჩვენი ფინანსიურ-ეკონომიური გამაგრება.

შეიძლება „სიბუნიონი“ დღეს ევროპაში გაჰკივის, რომ მან მთელი ჩვენი ნედლი მასალა ხელში ჩაიგდო, შეიძლება ის მოლაპარაკებას აწარმოებს მსხვილ კომერციულ წრეებთან ამ ხელშეკრულების გასანაღდებლად. ეს ამ ფირმისთვის, რასაკვირველია, დიდი რეკლამა არის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობისთვის მეტად დამაზიანებელი.

ყოველივე ამის გამო ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობამ გამონახოს საშუალება ამ ხელშეკრულების გასაბათილებლად და ვაფრთხილებთ მას ასეთი ნაბიჯებისაგან მომავალში. ასეთი პირობების დადება შეურაცხყოფს მის ღირსებას და მეტად საზიანოა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური ვითარებისთვის.

. მდივანი. დამფუძ. კრების წევრნო! დღევანდელ ჩვენს სხდომას ეწვია სტუმრებათ ორი წარმომადგენელი მეზობელ სახელმწიფოებისა: ეს გახლავთ ადერბეიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ბ. უსუფბეკოვი და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ბ. ხატისოვი (ტაში და ოვაციები).

ამიერ-კავკასიამ გადაიტანა საშინელი, სასტიკი რეაქცია რუსეთის თვითმპყრობელობისა. ამიერკავკასიამ გადაიტანა საშინელება უდიდესი ომისა.

ამიერკავკასია იშვა რევოლიუციის ქარცეცხლში. ამიერკავკასიის ნაწილები ბუნებრივად ლაგდება, ბუნებრივად თავის შინაურ საქმეებს აწყობს, ამავე დროს ამ ნაწილებმა უეჭველად უნდა მოაწესრიგონ ურთიერთ-შორის დამოკიდებულება, ეს არის მათი ისტორიული ვალი და ამ ვალის წინაშე, ყოველივე უთანხმოება არარაა. თუ ამიერ-კავკასიაში მობინადრე ხალხებმა შესძლეს ასეთი საშინელების დაძლევა, მე ღრმადა მწამს, რომ ის უთანხმოება, რომელიც არსებობს - ორ მეზობელთა შორის, იქნება ადვილად გაქარწყლებული, ვინაიდან ამას გვიკარნახებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მომავალი ბედი.

ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ ყველა კულტურულ ქვეყნებს რომ ამიერ-კავკასიაში ბინადრობს ხალხი, ფრიად კულტურული, დემოკრატიულად განწყობილი და დემოკრატია შესძლებს ძველი წესები და საშუალებები უარყოს და ახალ საშუალებებით მოაწყოს ურთიერთ-შორის დამოკიდებულება. ის უთანხმოება, რომელიც დღეს მათ შორის არსებობს არ წარმოადგენს ისეთ ღირებულებას, როგორიც არის არსებობა თვით ამ სამი რესპუბლიკისა - საქართველოს, სომხეთის და ადერბეიჯანის.

მე დარწმუნებული ვარ, გამოვთქვამ, რა ღრმა რწმენას, რომ დამფუძნებელ კრებას და საქართველოს დემოკრატიას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამიერ-კავკასიაში მობინადრე ხალხი შესძლებს თავის-თავს თვითონვე მოუაროს (ტაში). ჩვენ კარგად გვაქვს შეგნებული, რომ ყველა ერისათვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი, უწინარეს ყოვლისა კი პატარა ერისათვის, აუცილებელია მეზობელ ერებთან შეთანხმებაზე ზრუნვა. პატარა ერს გარდა შეთანხმებისა მეორე გზა არა გვაქვს, ამიტომ ამ გზით უნდა იარონ პატარა ერებმა, მაშინ უფლება ექნებათ მოითხოვონ დიდი ერებისაგან პატივცემა და აღიარება მათი უფლებებისა. საქართველოს დემოკრატია მზად არის, ყოველივე თავისი ძალა, ნივთიერი თუ სულიერი შესწიროს ამ საქმეს.

მე ერთხელ კიდევ სალამს უძღვნი ამ ორ მეზობელ რესპუბლიკის წარმომადგენელს და უსურვებ მათ, რომ ჩვენს დედა-ქალაქში მოიპოვონ ის გზა, რომლითაც უნდა იარონ სამივე რესპუბლიკის ხალხმა (ტაში). გაუმარჯოს საქართველოს, სომხეთს და ადერბეიჯანს (ტაში და ოვაციები).

დასასრულ ჩემ თავს ნებას მივცემ გაუგზავნო დეპეშები სომხეთის და ადერბეიჯანის პარლამენტს და გამოვსთქვა ღრმა რწმენა დამფუძნებელი კრებისა, რომ მათ შორის მალე დამყარდება შეთანხმება და მეზობლური დამოკიდებულება (ტაში). (კრება სწყდება რამოდენიმე წუთით).

კრება განახლდა 2 ს. და 45 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ: სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგს სიმონ ავალიანს.

სიმ. ავალიანი (ვაჭრობა-მრეწ. და ფინანსთა მინისტრის ამხანაგი). ეროვნულ-დემოკრატების შეკითხვაში სამი უმთავრესი მუხლია. ისინი გვეკითხებიან: ჰქონდა თუ არა მთავრობას უფლება დამფუძნებელ კრების დაუკითხავად და დამოუკიდებლად ასეთი ხელშეკრულება დაედო „სიბუნიონთან“. მართალია, მე არ გახლავართ დიდი კონსტიტუციონალისტი, მაგრამ კარგად ვიცი, რომ მთავრობა არც ერთ კონსტიტუციონალურ სახელმწიფოში არ არის ვალდებული წარადგინოს საკანონმდებლო დაწესებულების წინაშე ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ძლიერ მოკლე ხნით არის დადებული. რომ ამ ხელშეკრულებით რაიმე კონცესია ყოფილიყო გაცემული, რომ ამ ხელშეკრულებაში ხანგრძლივი ვადა ყოფილიყო დადებული, იმ შემთხვევაში მთავრობა ვალდებული იქნებოდა ამ ხელშეკრულების პროექტი წარედგინა დამფუძნებელ კრების წინაშე დასადასტურებლად. მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, რომ როცა მთავრობას უნდა რომელიმე დაწესებულებასთან რაიმე პროექტის დამუშავება, ყოველთვის მოვიდეს დამფუძნებელ კრებასთან და მოითხოვოს დასტური, ვინაიდან ასეთ ხელშეკრულებაში არის ისეთი მუხლები, რომლების საჯაროდ გამოტანა არ არის საჭირო ასე, რომ ეს მოსაზრება, ვითომ კონსტიტუციონალური წესი დარღვეულია, მისაღები არ არის.

მეორე მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის რუსული დაწესებულება და თუმცა იგი აღვითქვამდეს პირობების და ვალდებულობების შესრულებას შეუძლია ხელშეკრულების მასთან დადებაო? არ ვიცი რა მოსაზრებაა ეს მოსაზრება?! ნუ თუ ჩვენ ვინმესთან, რომელიმე ფირმასთან თუ დავდებთ ხელშეკრულებას, რუსი იქნება, ფრანგი თუ სხვა, თუ კი იგი ხელშეკრულებას შეასრულებს, პასპორტი უნდა მოსთხოვოთ? რისთვის არის საჭირო - ჯერ პასპორტი მოვსთხოვოთ და შემდეგ შეუდგეთ ხელშეკრულების შედგენას? (სპ. კედია: პოლიტიკურ მომენტისთვის!)

მესამე მოსაზრება გახლავთ ის, რომ ეს ხელშეკრულება უაღრესად საზარალო არის საქართველოს რესპუბლიკისთვის და რასაკვირველია, ამას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. მე მეგონა, რომ ის პირი, რომელმაც შეკითხვა შემოიტანა, ამ ხელშეკრულებას გულმოდგინედ შეისწავლიდა და უმთავრეს მუხლებს ჩაუკვირდებოდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ამ ხელშეკრულების ძალით „სიბუნიონს“ უფლება აქვს საქართველოს საზღვრებიდან გაზიდოს ის საქონელი, რომელიც არის სახელმწიფო საწყობებში და, მაშასადამე, თუ სახელმწიფო საწყობებში არ იქნება რაიმე საქონელი ვერაფერს ვერ გაზიდავს და „სიბუნიონს“ არ შეუძლიან, რომ უკმაყოფილება გამოაცხადოს და რაიმე დავა აღძრას ამის შესახებ. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი საწყობები საქონლით გავსილია და „სიბუნიონი“ მოითხოვს დაუყონებლივ გაზიდვას. „სიბუნიონი“ ამ უფლებას ვერ მოითხოვს, ვინაიდან განმარტებული გვაქვს, რომ „გლავნოსნაბს“ რჩება უმთავრესი უფლება, ყოველ შემთხვევაში, გაიტანოს ეს საქონელი „სიბუნიონთან“ დამოუკიდებლად. აქ ნათლად სწერია: (კითხულობს): მაშასადამე, როდესაც ეს ხელსაყრელი და მოსაგები იქნება ჩვენი რესპუბლიკისათვის „გლავნოსნაბს“ ყოველთვის შეუძლიან გადასცეს ეს თვისი უფლება მას ისევ, როგორც თავის კომისიონერს.

მაშასადამე, „გლავნოსნაბის“ რომელიმე უფლება სრულიად არ არის შეზღუდული. „გლავნოსნაბისათვის“ სავალდებულო არ არის გადასცეს „სიბუნიონს“ საქონელი, მას აქვს უფლება, როდესაც მოითხოვს საჭიროება, თვითონ გაყიდოს საქონელი. წარმოვიდგინოთ, რომ „გლავნოსნაბმა“ არ ისარგებლა ამ უფლებით და ამ უფლებას გადასცემს „სიბუნიონს“, რომ მან ბაზარზე შეისყიდოს ეს საქონელი და საზღვარ-გარედ გაიტანოს, რას გვაძლევს სიბუნიონი ამის მაგივრად? რა დამოკიდებულება არსებობს „სიბუნიონსა“ და ჩვენს შორის? ჯერ საქმე იმაში გახლავთ, როგორც ნათქვამი იყო შეკითხვაში, რომ როდესაც „სიბუნიონი“ საქონელს საზღვარ-გარედ გაიტანს, მას დიდი მოგება ექნება, იგი გამდიდრდება, როდესაც „სიბუნიონს“ აქედან გააქვს საქონელი ფასებს აწესებს «გლავნოსნაბი“. და მაშასადამე გატანილ ნედლ მასალაზე ფასების დაწესება და განსაზღვრვა არის უფლება მხოლოდ „გლავნოსნაბისა“. გაზვიადებული მოგებაზე ლაპარაკი გადაჭარბებულია, რადგან ფასები ყოველთვის განსაზღვრულია. ფასების განსაზღვრა მოხდება აქ, ვიდრე საქონელს გაზიდავდნენ. (ს. დადიანი: ფასები ადგილობრივ ბაზრისაა? ხმაურობა...) მოგახსენებთ! შემდეგ, როცა „გლავნოსნაბი“ ამ საქონელს საზღვარ-გარედ გაიტანს და გაასაღებს, - იმ ფასიდან, რომელსაც „სიბუნიონი“ საზღვარ-გარედ აიღებს, გამორიცხული იქნება ის სხვა და სხვა ხარჯები, რომლებიც გაწეული იყო ამ საქონლის შეძენაზედ და გატანაზე.

მაშასადამე ამ ხარჯების გამორიცხვის შემდეგ დარჩება თანხა, რომელიც იქნება წმინდა მოგება. წმინდა მოგება განაწილდება ასე: 20 %25-ს წაიღებს «სიბუნიონი“ და დანარჩენი 80 %25 რჩება საქართველოს რესპუბლიკას. (ვეშაპელი: სიბუნიონის კასაში!). მაგრამ, რომ „სიბუნიონმა“ აქ რაიმე სიყალბე არ ჩაიდინოს, საქონლის საზღვარ-გარედ განაღდების დროს, „გლავნოსნაბს“ აქვს უფლება გაატანოს თვისი წარმომადგენელი და მას შეუძლიან, მოსთხოვოს ანგარიში - რა ფასებში და სად გაიყიდა საქონელი. თვალ-ყური ადევნოს საქონლის გაყიდვას. თუ იცით საზღვარ-გარეთის წესები, იქ ბირჟა ფასებს ყოველთვის აცხადებს და ყველას შეუძლიან თვალ-ყური ადევნოს. ამ ფულიდან, რომელსაც „სიბუნიონი“ აიღებს, 80%25 შეტანილ იქნება „На текущიй счетъ правительство Грузიй“. რა არის „текущიй счетъ“? ეს იმას მიშნავს, რომ მთავრობის მეტი ვის სახელზედაც არის მიმდინარე ანგარიშები შეტანილ ფულს ვერავინ ვერ გაიტანს, თუ მთავრობა არ გასცემს ჩეკს. ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია.

ეს არის ერთი ოპერაცია, ე.ი. საზოგადოება „სიბუნიონი“ საქონელს აქ შეისყიდის და ამ მოგებიდან მთავრობას უბრუნებს 80 %25-ს. ამის შემდეგ იწყება მეორე ოპერაცია, რომელსაც თითქმის არავითარი დამოკიდებულება არ აქვს პირველ ოპერაციასთან. რაში გამოიხატება ეს მეორე ოპერაცია? „სიბუნიონი“ თავისი ფულით და თავისი ხარჯით ყიდულობს საზღვარ-გარედ საქონელს, „გლავნოსნაბი“ უკვეთავს თუ რა საქონელი უნდა შემოიტანოს საქართველოში. „სიბუნიონი“ ამ შემთხვევაში თავის ფულებს ხარჯავს და მოგებიდან, რომელიც ექნება მას აქ საქართველოში შემოტანილი საქონლის განაღდების შემდეგ თითონ მიაქვს 30%25, რესპუბლიკას აძლევს 70%25.

აქ შეკითხვაში იყო ნათქვამი, რომ თითქოს „სიბუნიონი“ არ იხდის არავითარ ხარჯებს და ფულს, ვინაიდან შესაძლებელია, რომ ჩვენ საწყობში იქნება დაგროვილი ნედლი მასალა, რომელსაც ის გაიტანს. თუ „სიბუნიონი“ წაიღებს ნედლ მასალას, რესპუბლიკის საწყობებში დაგროვებულს, იგი იქნება და ყოველთვის არის ჩვენი კომისიონერი და როგორც კომისიონერი ღებულობს ჯილდოს, 20%25 წმინდა მოგებიდან. არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ „სიბუნიონი“ გატანის დროს ხარჯებს სწევს. შესაძლებელია, რომ მან შემოიტანოს მეტი საქონელი ვიდრე გატანილი ღირდა, ეს მისი კომერციული მოსაზრება ჩვენთვის სავალდებულო არ არის, შემოტანილი საქონლის ფასები უნდა იქნეს დამტკიცებული ფაქტურების დოკუმენტებით, საქონელი, უნდა იქნეს შეძენილი „Ioсo” - თვით ქარხნებში, ფაბრიკებში, საქონელს დაამზადებს ადგილობრივად. მაშასადამე „სიბუნიონი“ მხოლოდ თვისი მოსაზრებით ფასებს ვერ დააწესებს. თუ საქონელი ძვირი იქნება, ჩვენ შეგვიძლიან არ შევისყიდოთ და ის თავისუფალ ბაზარზე გაიყიდოს.

აქ არის ნახმარი სიტქვა „ლოკო“ იქნებ ეს სიტყვა ბევრს არ ესმის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქონელი უნდა იყოს შეძენილი არა ჩვეულებრივ ბაზარზე, სპეკულიანტებისაგან. ის უნდა მივიდეს ქარხნებში და ქარხნების ფასებში შეიძინოს საქონელი და ანგარიში წარმოგვიდგინოს. ბატონებო! თქვენ იტყვით, რომ სიბუნიონი მოგვატყუებს, ფასებში, ჩვენი წარმომადგენელი ხომ იქ იქნება, თვალყურს ადევნებს, რომ მართლაც ის «ლოკო” იყო ნაყიდი. ძლიერ აწუხებს შემკითხველებს ის გარემოება, რომ „სიბუნიონი“ პროცენტებს მოგებისას აიღებსო. რისთვის იღებს ამ პროცენტებს? აი, რისთვის: ვინაიდან საქონლის ყიდვა, ფულის იქ ჩაყრა, არის ისეთი ოპერაცია, რომელსაც კაპიტალისტი უსარგებლოდ და ნაღდად არ მოახდენს, ამიტომ ვინაიდან მან ხარჯი გასწია, ის დაინტერესებულია პროცენტები აიღოს. ეს არის დამოუკიდებელი ახალი ოპერაცია. სიბუნიონს გააქვს საქონელი საქართველოდან, თავის ფულით იძენს საქონელს, შემოაქვს ჩვენთვის საჭირო საქონელი და აქ ასაღებს. საქმე იმაში არის, რომ ის საქონელი, რომელიც შემოტანილი იქნება უცხოეთიდან აქ უნდა ჩაბარდეს სპეციფიკაციით. ამას ძლიერ შეუწუხებია მომხსენებელი. სპეციფიკაცია არ არის მხოლოდ სია საქონლისა, საერთოდ, როდესაც სპეციფიკაციას წარუდგენენ, ნიმუშებსაც ზედ მიაყოლებენ. მაშასადამე საქონელი ნიმუშებით იქნება მიღებული. ნუ თუ წარმოდგენილი გაქვთ, რომ, როდესაც ფოთში შემოვა საქონელი, გემზე რომელზედაც ასი-ათასი ფუთი იქნება დადებული, თქვენ შეგეძლებათ ყოველი, თვითეული ფუთი გადაატრიალოთ და გაშინჯოთ მათი ღირსება. მიღებულია ის, რომ გიჩვენებენ ნიმუშებს, ფაქტურას და მათი მიხედვით მიიღებთ საქონელს, აი ასეთი სპეციფიკაციით „სიბუნიონი“ ჩაგვაბარებს საქონელს. ჩვენ მას, ან მივიღებთ, ან არა და ნებას მივცემთ თავისუფლად გაყიდოს. სიბუნიონს შეუძლიან ჩვენს ბაზარზე შეიძინოს ისეთი საქონელი, რომელსაც გასავალი ექნება უცხოეთში, სიბუნიონმა იცის ბაზრის მოთხოვნილება და თქვენ იმას, რომ ხურმა მიაწოდოთ, რასაკვირველია, ის ამას არ წაიღებს.

სპეციფიკაცია გულისხმობს ნიმუშებს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრმად არ ვიღებთ საქონელს. საქონელი წინასწარ შეგვიძლიან გავშინჯოთ, მისი ღირსება, მისი ბუნება, ხარისხი, ფასები და თუ ყველა ის მისაღებია, მაშინ საქონელსაც ჩავიბარებთ.

„სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების მეცხრე მუხლში არის დაწერილი (კითხულობს). ალბად აქაც რაღაც გაუგებრობა არის. რას ნიშნავს ეს «авансируетъ» ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც „გლავნოსნაბი“ და „სიბუნიონი“ შეთანხმდებიან, რომ ერთად შეისყიდონ სხვა და სხვა საქონელი და როდესაც ჩვენ და სიბუნიონი ერთად გამოვალთ ბაზარზე საქონლის შესაძენად, ამ მუხლის ძალით სიბუნიონი ვალდებულია დაგვეხმაროს ფულით. აქ აღნიშნეს, რომ 5 მილიონმა სტერლინგმა ისე დაგვაბრმავა, ისე აგვირია დავთრები, რომ საქართველოს ავლადიდება, სიმდიდრე ჩალის ფასად მივყიდეთ სხვას, და ხუთი მილიონი სტერლინგის მაგივრად შეიძლება ხუთი სტერლინგი მივიღოთო. ეს რაღაც სასაცილო რამ იქნებოდა. ძლიერ აშინებთ შემკითხველებთ ის გარემოება, რომ 5 მილიონ სტერლინგს შემოიტანენ და მთავრობა მოვალე იქნება უცბად ერთი მილიარდი მანეთი გამოიღოს. თავის თავად ცხადია, რომ ეს ხუთი მილიონი სტერლინგი შეუძლებელია ერთ დღეს, ერთს საათში იქნას შემოტანილი, ეს იქნება ნაწილ-ნაწილად შემოტანილი და მთავრობას საშუალება ექნება თავისი წილი შეიტანოს და ასე შეიძინოს საქონელი, მაგრამ ეს ავანსებით ფულის მიცემა მოხდება მაშინ, როდესაც „სიბუნიონსა“ და ჩვენს შორის მოხდება შეთანხმება.

შემდეგ არის მეთერთმეტე მუხლი, რომელიც, დავას იწვევს: ამ მუხლის ძალით „სიბუნიონს“ უფლება ეძლევა შეისყიდოს ისეთი საქონელი, რომლის გაზიდვა აკრძალული არ არის.

თუ კი იქნება ისეთი საქონელი, რომლის გაზიდვა აკრძალული არ არის, თავის თავად ცხადია, რომ სიბუნიონს ნება უნდა მიეცეს ასეთი საქონელი გაიტანოს. როდესაც სიბუნიონი თავის ფულით ნაყიდ საქონელს შემოიტანს, „გლავნოსნაბს“ ეძლევა უპირატესობა. თუ საქონელი ხელსაყრელია, მისთვის მისაღებია, მაშინ „გლავნოსნაბი“ შეიძენს, თუ არა და არ შეიძენს. ამ ხელშეკრულების დადებითი მხარე იმაში გამოიხატება, რომ, ვინაიდან შესაძლებელია დიდ-ძალი საქონლის გამოზიდვა ერთბაშათ ვერ შევძლოთ, უფლება გვაქვს ანგარიში გავასწოროთ ექვსი თვის განმავლობაში. მაშ რა უფლებები მივეცით სიბუნიონს?

სრული უფლება ჩვენს ხელშია. ჩვენ გადავცემთ საქონელს მაშინ, როდესაც ჩვენ ეს გვინდა, და თუ არ გვინდა, არ გადავცემთ.

პირველი მუხლი მეორე შენიშვნის თანახმად, ჩვენ შეგვიძლიან «სიბუნიონის“ დამოუკიდებლად საქონელი უცხოეთში გავიტანოთ, თუ რამდენად მისაღებია ეს მუხლი, გამოჩნდება შედარებით. მე მაქვს ხელთ დოკუმენტი. ეს გახლავთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წინადადება. რასაკვირველია, როდესაც ჩვენ ამ ხელშეკრულებას ვსდებდით, ერთი მეორეს შევადარეთ და მასთან დავსდეთ ხელშეკრულება, ვინც უფრო კარგი პირობა მოგვცა. ისეთ წინადადებასაც გვაძლევდნენ, რომელიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო. მოითხოვდნენ, რომ რესპუბლიკის საზღვრებში იძულებითი საშუალებით შეესყიდნათ უცხოეთში გასატანი საქონელი.

ჩვენ გვაქვს მეორე ხელშეკრულება, გვარების დასახელება საჭირო არ არის, და თუ შეადარებთ ამ ხელშეკრულებას, რომელიც არ მოხდა, იმასთან, რომელიც დაიდო «სიბუნიანთან», დიდ განსხვავებას დაინახავთ მათ შორის.

შეკითხვის დროს გვითხრეს, თითქოს ჩვენ ძალიან დიდ პროცენტს ვაძლევდეთ სიბუნიონს და ამიტომ გავყიდეთ საქართველო. ეხლა მოგახსენებთ რამდენს თხოულობდნენ სხვები ჩვენი მემამულენი: აი, მაგალითათ ერთ ხელშეკრულებაში მოითხოვენ 15%25 აქ შეძენილ საქონელზე და 7%25 იმ საქონლის მოგებიდან, რომელიც აქ შემოვა; ეს კი შეადგენს 22%25, «სიბუნიონს“ ვაძლევთ 20%25-ში.

მეორე განსხვავება. აქ სწერია, თუ სიბუნიონმა საქონელი შემოიტანა და მთავრობის მიერ აქ იქნა მიღებული, სიბუნიონს უფლება ეძლევა გაიტანოს ბაზარზე და გაყიდოს.

ჩვენი მემამულენი კი გვეუბნება: თუ ჩვენ არ მივიღებთ საქონელს და ისინი იზარალებენ, ზარალის მონაწილე უნდა იყოს მთავრობაო.

«სიბუნიონი“ ამბობს: ჩაგაბარებთ საქონელს, მიიღეთ და ანგარიში ექვსი თვის განმავლობაში უნდა გავასწოროთო. ერთი ჯგუფი ჩვენი მემამულეთა კი გვეუბნება, რომ სპეციფიკაციის ჩაბარების შემდეგ 5 დღის განმავლობაში ანგარიშები გავასწოროთო, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 21 დღისაო. მაშასადამე თუ ამ მუხლებს შევადარებთ, სიბუნიონთან დადებულ ხელშეკრულებას უფრო მეტი მნიშვნელობა და უპირატესობა აქვს. ბოლოს იყო დასმული საკითხი, მთავრობას „აფერისტული“ ხელშეკრულება წარმოუდგინეს და მან ის მიიღოვო, ვინაიდან მთავრობა სრულიად დაიბნა ხუთი მილიონი სტერლინგის გაგონებაზე და თვალები დაუბრმავდაო.

ჩვენ ნაც.-დემოკრატებზე კარგად გვესმის და ვიცით, რომ ვაჭრულ ხელშეკრულებას უცხოელებთან პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

როდესაც ჩვენ წინ წარდგება რუსი, ან ინგლისელი, ფრანგი, ან თათარი, ჩინელი, ვინც ჩვენ საქონელს შემოგვიტანს თანაბარ პირობებში მასთან დავდებთ ხელშეკრულებას, ვინც უკეთეს პირობებს მოგვცემს და მეტ დახმარებას აღმოგვიჩენს, მასთან დავიჭერთ საქმეს. და ისეც არის, რომ ხელშეკრულებას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა და ვინაიდან კარგათ ვიცოდით, რომ ასეთი აყალ-მაყალი ატყდებოდა ხელშეკრულების გარშემო, და ვინაიდან ჩვენ გვინდოდა ამ ხელშეკრულებისათვის მიგვეცა პოლიტიკური მნიშვნელობა, ჩვენ მოვიკითხეთ, რომ სიბუნიონს დაემტკიცებინა, რომ ის არის ბრიტანიის ფირმა, ჩვენ მოვთხოვეთ, რომ ეს დაედასტურებინა ბრიტანიის მთავრობას, და თუ აღმოჩნდება, რომ ის არის რუსეთის ფირმა, ხელშეკრულება დარღვეულად ჩაითვლება.

წარმოვიდგინოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ დაამტკიცებს და ჩვენ გავიგებთ, რომ ეს რუსეთის ფირმაა და ისინი რუსეთის აგენტები არიან. რა მოხდება? მოხდება ის, რომ ხელშეკრულება დაკარგავს ძალას... მაშასადამე ჩვენ საქართველო ჩალის ფასად არ გაგვიყიდია და გამოსავალი მოვნახეთ. ეხლა გვეუბნებიან ისინი ივლიან ევროპაში და იტყვიან, რომ რაც საქართველოს სიმდიდრე აქვს ჩვენ გადმოგვცესო. მე მგონია ეს კარგი რეკლამა იქნება იმისათვის, რომ საქართველოს სიმდიდრე ჰქონია: (მაჭავარიანი: კარგია...) რა მნიშვნელობა ექნება იმ განცხადებას, რომ საქართველომ თავისი სიმდიდრე გადმოგვცაო. ლონდონში, როდესაც ამას გაიგებენ, იქ ისეთი ხალხია, რომ მაშინვე მოითხოვენ გვიჩვენეთ სად არის ეს სიმდიდრე? და ეს სიმდიდრე უნდა ვუჩვენოთ. ვაჩვენოთ რა პირობებში შეიძინეს ეს სიმდიდრე, და რით დაიმსახურეს იგი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ გერმანი აგენტიც ყოფილა, ჯაშუშიც და ვინ იცის კიდევ რა არა ყოფილა. მე მგონია, დიდი მეცნიერება არ იყო საჭირო, რომ გაგვეგო ვინ აწერს ხელს ამ ხელშეკრულებას. თქვენ გინახავთ რაღაცა შავი ამ ხელშეკრულებისა და ამ შავზედ ხელი უწერია გერმანს და ამას ემყარებით. ბატონებო, აი ამ დამტკიცებულ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში არავითარი გერმანი არ არის. აქ ხელს აწერს ნოიელ სტეფენ სმიტტ, მაშასადამე არავითარი გერმანი აქ არ არის, ვინაიდან პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებაში არის სმიტტი, თქვენ შეგიძლიანთ სთქვათ, რომ არც ეს არის ინგლისელიო. თქვენ ეჭვი გეპარებათ ამ „სიბუნიონს“ აქვს ფული თუ არაო და ამბობთ, რომ ეს რაღაცა ციმბირის ფირმა არისო. უმთავრესი საკითხი იმაშია, რომ სასარგებლო არის ეს ხელშეკრულება რესპუბლიკისათვის თუ არა? ხელშეკრულება არავითარ ზარალს არ წარმოადგენს, ვინაიდან „სიბუნიონს“ ჯერ არავითარი საქონელი გაუტანია საქართველოდან და ვერც გაიტანს ვიდრე არ გამოირკვევა, რომ ეს ბრიტანული ფირმა არის და არ დაამტკიცებს ბრიტანეთის ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო მანამდის, ამ ხელშეკრულებას არავითარ მნიშვნელობას არ მივცემთ. ახლაც გვაცნობინებს «სიბუნიონი“ მობრძანდით ბათუმში 2 მილიონი მანუფაქტურაა, ფეხსაცმელები და სხვა არის მოტანილი, მობრძანდით და მიიღეთ. ხელშეკრულების ძალით სიბუნიონი ჩვენ ხელშია სრულებით. აქაური ვაჭრები გვეუბნებიან, რომ თუ მოვიგებთ - მოგება ჩვენია, თუ წავაგებთ თქვენიაო. „სიბუნიონის“ წინააღმდეგი თქვენ ხართ, იმიტომ რომ ის არის კომისიონერი. რა არის კომისიონერი და რა ხასიათი აქვს კომისიონერის მუშაობს. უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს ინტერესებისათვის საჭიროა კომისიონერები. კომისიონერი არის მსახური, რომელიც სამსახურს გიწევთ თავისი ცოდნით, ტეხნიკით, ის გაძლევთ ამ ცოდნას, ტეხნიკას (მაჭავარიანი: ჭკუას?) და ამაში იღებს ჯილდოს. იმ ხელშეკრულებათა შორის, რომელიც დადებული იყო მთავრობასთან სხვა და სხვა ვაჭრებისაგან, სხვა ვაჭრებთან, „სიბუნიონი“ უფრო მისაღებია. საქართველოს რესპუბლიკიდან არაფერი გაიტანება, თუ სურვილი და თანხმობა მთავრობისა არ იქნება. იყო ნათქვამი, რომ მთავრობის დამოუკიდებლათ „გლავნოსნაბმა“ ეს ხელშეკრულება გადაწყვიტა. უკაცრავათ გახლავართ, მთავრობამ ამას მოანდომა სამი სხდომა და მხოლოდ ამის შემდეგ მთავრობის დასტურით ხელშეკრულება იყო დაწერილი. თუ კარგათ საქმეს ჩაუკვირდებით, თუ ჩაუკვირდებით ამ ხელშეკრულების დედა-აზრს დამეთანხმებით, რომ ამ ხელშეკრულებაში საშიში არაფერი არ არის... თუ მთავრობასთან მოვა კაცი, რომელსაც შეეძლება საქონელი მოუტანოს, სამუდამოთ უნდა ითქვას ის, რომ უნდა მივიღოთ ის და მას წინასწარ პასპორტი არ უნდა მოვსთხოვოთ.

თავმჯდომარე. ვინაიდან უკვე მეოთხე საათია, შემოვიდა წინადადება, რომ კრება შეწყვეტილი იქნას. ვის აქვს კიდევ ამის შესახებ წინადადება?

შალვა მესხიშვილი. მე მაქვს წინადადება.

თავმჯდომარე. დასწერეთ. (მესხიშვილი აძლევს დაწერილ წინადადებას).

შალვა მესხიშვილი. მე შეუძლებლათ მიმაჩნია ამისთანა პირობებში, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით ასეთი მნიშვნელოვანი და დიდი საკითხის გადაწყვეტა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არც ერთმა ფრაქციამ არ ვიცით დანამდვილებით ის ხელშეკრულება, რომელიც არის შეკრული, ჩვენ ასლი არა გვაქვს.

თავმჯდომარე. თქვენ სიტყვა მხოლოდ იმისთვის გაქვთ მოცემული, რომ წინადადება შემოიტანოთ - გავაგრძელოთ თუ არა კრება.

. მესხიშვილი. დიახ, სწორეთ იმიტომ მე მინდა დავასაბუთო, რათ მოვითხოვ კრების დახურვას.

თავმჯდომარე. საკითხი კონკრეტიულად არის დასმული: დაიხუროს კრება თუ გაგრძელდეს. რეგლამენტის ძალით მე დავსვი ეს კითხვა და მხოლოდ ამის შესახებ შეგიძლიანთ ილაპარაკოთ.

. მესხიშვილი. მე მგონია, რომ დამფუძნებელ კრების წევრს აქვს უფლება მოითხოვოს კრების დახურვა და ამის დასაბუთებისათვის სიტყვა მოითხოვოს. და თუ აქ მუნჯი წევრები უნდა ისხდნენ, მე ამაზედ პროტესტს ვაცხადებ და ვითხოვ ოქმში შეიტანოთ.

თავმჯდომარე. ოქმში ამას ვერ შევიტანთ, რადგან თქვენ წერილობით არ გაქვთ წარმოდგენილი. საკითხი მარტივია. - აქ არის წინადადება, რომ ვინაიდან სამი საათი გახდა - შეწყდეს კრება თუ არა? და არა იმის შესახებ, რომ მსჯელობა იყოს გაგრძელებული თუ არა? საკითხი ასეთია: შევწყვიტოთ კრება თუ არა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. კრება დახურულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს დღის წესრიგს).

სხდომა იხურება 4 საათ. და 5 წუთზე. 73

5 სამოცდამეოთხე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(64)

1919 წელი, ნოემბრის 25. სამშაბათი. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა და 35 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. გაგრძელება მსჯელობისა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - რუსულ სავაჭრო საზოგადოების „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების შესახებ.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხლის შეცვლისა. მომხსენებელია პავ. ბერიშვილი.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულების დამტკიცებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

5. დეკრეტი - ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფრის საჭიროებისათვის ყოველ თვიურად დამატებით 14.734 მან. და 50 კაპ. გადადებისა, მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

6. დეკრეტი - რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284.920 მან. დამატებითი კრედიტის გახსნისა, 1918 წლის ზენა ხარჯის დასაფარავად.74

7. დეკრეტი გზათა დეპარტამენტისათვის 88.425 მან. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოვებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

8. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთ დანაშაულობისათვის სასჯელის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ილ. ფირცხალაიშვილი.

9. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია მელ. რუსია.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ბეჭვდითი სიტყვის ნაწარმოების მთავრობისადმი წარდგენისა. მომხსენებელია ექვთ. თაყაიშვილი.

11. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო - მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

დამატება.

12. დეკრეტი - სახელმწიფო სამოქალაქო დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

13. დეკრეტი - გზათა დეპარტამენტის უწყების მუშა-მოსამსახურეთა და ხელოსანთა ჯამაგირის მომატებისა. მომხსენებელია. გრ. ურატაძე.

14. დეკრეტი - რესპუბლიკის ლაშქრის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

15. დეკრეტი - სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარების აღმოსაჩენად 1.115.565 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

16. დეკრეტი - მაზრის მილიციის მოსამსახურეთა ჯამაგირისათვის კრედიტის განგრძობისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

17. დეკრეტი - ტყის მფლობელობისა და სარგებლობის შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემოტანილია წინადადება სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა, რომ დეკრეტები 12, 13, 14 და 15 დღიურ წესრიგში დაისვას პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მუხლად. დანარჩენი წესრიგი უცვლელად დარჩეს. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინაა. მიღებულია. შემდეგ ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი დღიური წესრიგიდან ამოშლილი იქნება ორი დეკრეტი: პირველი-პროექტი დეკრეტისა მაზრის მილიციის მოსამსახურეთა ჯამაგირის მისაცემად კრედიტის განგრძობის შესახებ, - რადგანაც ამ პროექტს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის აზრით, უნდა დაემატოს დეკრეტი საქალაქო მილიციის მსახურთათვის ჯამაგირის განგრძობის შესახებ და მეორე - პროექტი დეკრეტისა რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284.920 მან. დამატებითი კრედიტის გახსნის შესახებ, - რადგანაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ახალი მომხსენებელი ამ პროექტისა არ დაუნიშნავს, ხოლო მომხსენებელად დანიშნული ბ. ივანე ჭავჭანიძე ამჟამად არის გაწესებული მომარაგების მინისტრის ამხანაგად და მომხსენებლის მოვალეობას ვერ შეასრულებს.

გარდა ამისა შემოვიდა წინადადება ს.დ. ფრაქციისა, რომ საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სამუსულმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების დახმარების აღმოსაჩენად 1.115.565 მან. გადადებისა მიღებულ იქმნეს დღევანდელ სხდომაზე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

გადავდივართ დღიურ წესრიგზე. პირველი მომხსენებელი ბ. ურატაძე გრიგოლ. გთხოვთ.

დეკრეტი სახელმწიფო მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდებისა

გრიგოლ ურატაძე. ბატონებო! როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინად დამფ. კრებამ მიიღო დეკრეტი 50 მილ. გადადებისა მთავრობის განკარგულებაში, რომ მას ამ თანხით შეეძინა პირველ მოთხოვნილების საქონელი და ხელმისაწდომ ფასებში მიეწოდებია მუშა-მოსამსახურეთათვის. მდგომარეობა მუშებისა ისეთი კრიტიკულია, რომ თუ არ იქნებოდა მიღებული სასწრაფო ზომები, შეიძლებოდა შეჩერებულიყო ყველა წარმოება, რადგან მუშები ვეღარ შესძლებენ მუშაობას. ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყო ორი გზა: ერთია ხელფასის გადიდება. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ხელფასის გადიდება საქმეს ვერ შველის. საქმე იმაშია, რომ რაოდენობა ხელფასისა დიდად დაშორდა მის რეალურ ღირებულებას. მაშინ, როცა ცხოვრება 80 პროც. გაძვირდა, ხელფასი მხოლოდ 21 პროც. გადიდდა. ამიტომ შრომის სამინისტრომ აირჩია მეორე გზა, რადგან ხელფასი რაც უნდა გადიდებულიყო მაინც არ შეეძლო დაკმაყოფილება, უნდა დაარსებულიყო ორგანო, რომელიც შეიძენდა პირველ მოთხოვნილების საგნებს და მიაწოდებდა მუშა-მოსამსახურეთ იაფ ფასებში და თუ ვინიცობაა საქონელი ძვირად იქნებოდა შეძენილი, დეფიციტი უნდა დაფარულიყო ამ 50 მილიონიან ფონდიდან.

ამ დეკრეტის მიღების შემდეგ შრომის სამინისტროსთან არსებულმა სტატისტიკურ განყოფილებამ გამოარკვია, რომ ცხოვრება გაძვირდა 40 პროც. კიდევ. ასე, რომ თუ გინდ შესაძლო გამხდარიყო შეძენა პირველ მოთხოვნილების საქონლისა, მუშებს მაინც არ შეეძლო ესარგებლათ ამით, რადგან მისი ბიუჯეტი მეტის-მეტად მცირე შეიქნა.

განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა დღეს, როცა ზამთარი უკვე დადგა. ზამთარი ითხოვს ზედმეტ ყურადღებას და განსაკუთრებულ ხარჯს და ამ ხარჯების დაფარვა მუშის ბიუჯეტისათვის შეუძლებელი გახდა. ამან აიძულა შრომის სამინისტრო, რომ მიეღო ზომები ხელფასის გადიდების შესახებ. მართალია დღეს ხელფასი ზოგიერთ შემთხვევაში უდრის საშუალოდ, 1.600 მან., მაგრამ იმავე სტატისტიკურ განყოფილების გამოანგარიშებით, თუ მივიღებთ იმ ფასებს, რომელიც არის ბაზარზე, გამოდის, რომ ამ ხელფასით თუ მაგ. ოჯახში ოთხი სულია, მას შეუძლია იყიდოს დღეში ორი გირვანქა პური თითო სულზე ნახევარი გირვანქა. 4 გირვანქა მჭადი და 3/4 ლობიო და კვირაში ორჯერ ხორცი, ისიც 2 გირვანქა. ისე, რომ მუშის ფიზიკური არსებობისთვის ეს ხელფასი იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელი იყო მისი უყურადღებოთ დატოვება და აი, შრომის სამინისტრო ითხოვს ხელფასის გადიდებას, მაგრამ, რადგანაც ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა მეტად კრიტიკულია შრომის სამინისტრომ მომჭირნეობა გამოიჩინა, შესაძლებლად დაინახა ჯამაგირების გადიდება მხოლოთ 40 პროც. ეს მომატება მეტად მცირეა, მაგრამ თუ შესაძლებელი შეიქნა 50 მილიონის გამოყენება საქონლის შეძენა და მოწოდება, მაშინ დროებით მაინც მუშა-მოსამსახურეები, ასე ვთქვათ სულს მოიბრუნებენ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი მუშები ანგარიშს გაუწევენ ამ მდგომარეობას და დროებით დაკმაყოფილდებიან ამ მცირე მომატებით.

ეს დეკრეტი განიხილა სახელმწიფო კონტროლმა მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ მომატებულ იქნას 40 პროც. არსებულ ჯამაგირებზე. არაფერი აქვს საწინააღმდეგო ფინანსთა მინისტრსაც. საფინანსო საბიუჯეტო კომისიამაც განიხილა ეს დეკრეტი, თავის მხრივ ადასტურებს და შემოაქვს დამფ. კრებაში მისაღებად და დასადასტურებლად.

დეკრეტით 40 პროც. დიდდება არსებული ჯამაგირი; მაგრამ ამ ჯამაგირებში შედის არა ის ძირითადი ჯამაგირები რომელიც არსებობდა ამ დამატების წინ, არამედ ნაანგარიშებია ყველა ის დამატებებიც, რომელიც მიუღია დამფ. კრებას, ამას დაემატება - 40 პროც.

დეკრეტში მოხსენებულია ზოგიერთი დაწესებულება, რომელზედაც არ ვრცელდება ეს მომატება. იმ მოსაზრებით, რომ არის ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულებანი, სადაც შეუძლებელი იყო მოსამსახურეების დაკმაყოფილება მარტო 40%25 მომატებით.

იყო ზოგიერთი დაწესებულებები, სადაც, როცა წინად მომატება იყო დამფუძნებელ კრების მიერ მიღებული, მაშინ ეს დარგი თითქმის დავიწყებული შეიქნა ამ მხრივ.

მაგალ. ერთ დაწესებულებაში, რომ მოსამსახურე ღებულობს 1000 მანეთს, მეორე ადგილას იმავე თანამდებობის მოსამსახურე ღებულობს გაცილებით ნაკლებს.

ცხადია ასეთ შემთხვევებში, საჭიროა მოემატოს არა 40 პროც., არამედ მეტი. იგივე ითქმის რკინის გზის ზოგიერთ მოსამსახურებზედაც, განსაკუთრებით სპეციალისტებზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს რესპუბლიკაში ნაკლებად მოიპოვება სპეციალისტები და ვინც მოიპოვება იძულებული არის თავისი სამსახური დასტოვოს, იმიტომ, რომ კერძო სამსახური მეტს იძლევა ვიდრე რესპუბლიკის დაწესებულებანი. ამით აიხსნება ის, რომ ზოგიერთ ადგილებზე დღემდის ვერ უშოვიათ შესაფერი სპეციალისტები, რადგან არსებულ ჯამაგირზე არავინ თანხმდება. ამას მიაქცია ყურადღება უწყებამ, შრომის სამინისტრომ, გაიზიარა საბიუჯეტო კომისიამაც და საჭიროდ დაინახა, ამგვარ შემთხვევებში ჯამაგირები გადიდებულ იყოს არა 40 პროც. არამედ ზედმეტად. რომ ამ მიზეზების გამო არ ქონდეთ სურვილი ჩვენი რესპუბლიკიდან სხვაგან გადასვლისა ან კერძო სამსახურში შესვლისა.

ამიტომ ეს უწყება და აგრეთვე ზოგი კიდევ სხვა გამოყოფილია და მათ შესახებ არის ცალკე დეკრეტი. თუ რამდენად იზრდება ხელფასი სხვა და სხვა უწყებაში ეს მოგხსენდებათ მაშინ, როცა დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადასვლა? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი. .

მომხსენებელი ურატაძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულია ზოგიერთ შესწორებით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ გიორგაძეს.

დეკრეტი რესპუბლიკის ლაშქრის ჯამაგირის მომატებისა.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) ეს დეკრეტიც შეეხება ჯამაგირების მომატებას, სამხედრო უწყებას: ოფიცრებს და ჯარის კაცებს. ახლანდელი ჯამაგირები თქვენ დააწესეთ ივნისში. ეს ჯამაგირები ამგვარად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: სულ დიდი ჯამაგირი არის 3000 მან. მინიმალური კი უმცროს ოფიცრებს 1200 მან., მორიგ ჯარის კაცებს კი აძლევენ 50 მან. მათ კი ვინც ვადის გარეშე მსახურობს მეტი ჯამაგირი ეძლევათ. დღევანდელ პირობების მიხედვით, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ცხოვრება ძლიერ გაძვირდა, და მეორე, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ როგორც ჯარის კაცები, ისე სამხედრო მოხელეები ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებში გაცილებით უკეთესად არიან უზრუნველყოფილნი, ჩვენ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ არსებული ჯამაგირები ძლიერ მცირეა. ამიტომ სამხედრო სამინისტრომ წარმოადგინა ეს დეკრეტი და მოითხოვს მოემატოს ოფიცრებს და ჯარის კაცებს 50 პროც. იმაზე, რაც ახლა აქვთ და უმცროს ოფიცრებს დაენიშნოს 2.000 მან. აგრეთვე ჯარის კაცებს უნდა გაუდიდდეს ჯამაგირი. იმის მიხედვით, რომ ულუფას ღებულობენ, ჯამაგირის ნაცვლად 50 მანეთი უნდა მიეცეთ 100 მან. ეს შეეხება იმ ჯარის კაცებს, რომლებიც ვალდებულნი არიან იმსახურონ. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და მიიღო ისე, როგორც იგი უწყებამ წარმოადგინა და თავის მხრივ შუამდგომლობს დამ. კრების წინაშე ეს დეკრეტი განხილულ და მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მომხრე დეკრეტის მუხლობრივად განხილვის? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

გრ. გიორგაძე. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მეორე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. პირველი მუხლი მიღებულია. მე-2 მუხლი.

გრ. გიორგაძე. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მეორე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა? წინააღმდეგი არავინაა. მეორე მუხლი მიღებულია.

გრ. გიორგაძე. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მესამე მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მესამე მუხლისა? წინააღმდეგი არავინაა. მესამე მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ წინააღმდეგი მთელი დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინაა, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი მომხსენებელი ბ-ნი იმნაიშვილი.

დეკრეტი სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარების აღმოსაჩენად 1.115.565 . გადადებისა.

. იმნაიშვილი. სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებას მიუმართავს „საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებისათვის“ თხოვნით, რათა ამ უკანასკნელმა გაუწიოს მას დახმარება იმ ხარჯების დასაფარავად, რომელიც აქვს „სამ. ს. საქვ. საზ.“ იქ არსებულ სკოლების, პანსიონის და საქველმოქმედო საზოგადოების კანცელარიის შესანახავად.

ამ უკანასკნელ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სამუსლიმანო საქართველოში ჩვენი მტრები კულტურულ მუშაობას. ისინი აღდგენენ იქ ძველ სკოლებს, ხსნიან ახალს და ყოველივე ამას შვრებიან იმ მიზნით, რომ ეს დაუპირდაპირონ იქ საქველმოქმედო საზოგადოების კულტურულ მოღვაწეობას. ამით ისინი ხელს უშლიან იმ იდეის ცხოვრებაში გატარებას, რომელიც გამოიხატება სამუსლიმანო საქართველოს დედა-საქართველოსთან გაერთიანებაში. ჩვენი მტრების მუშაობას რომ ჩვენი საკუთარი მუშაობა დაუპირდაპიროთ, საჭიროა სათანადო დახმარება გაუწიოთ სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებას იმ დიდ კულტურულ მუშაობისთვის, რომელსაც ის აწარმოებს. ის ხარჯები, რომლებიც არის გაწეული იქ, ან 1 იანვრამდე საჭირო იქნება ადგილობრივი კანცელარიის, სკოლების და პანსიონის შესანახად, ანაზღაურებულ უნდა იყოს სახელმწიფო ხაზინიდან. ასეთი თხოვნით მიმართეს მათ საქ. საქვ. საზოგადოებას, ამან კი შინაგან-საქმეთა სამინისტროს გადასცა ეს შუამდგომლობა. 1-ლ ოქტომბრამდე ყოველთვიური ხარჯი იყო 93 ათასი მანეთი, 1 ოქტომბრიდან კი ცხოვრების გაძვირების გამო ყოველთვიური ხარჯი ნავარაუდევია 215 ათასი მან. ეს ხარჯები განაწილებულია შემდეგნაირად: (კითხულობს) ეს ხარჯები ნავარაუდევია 1 იანვრამდე 1920 წლისა, სულ გამოთხოვილია 1.115,000 მან. ეს თანხა განიყოფება ორ ნაწილად: პირველი შეეხება იმ ხარჯებს, რომელიც საზოგადოებას გაწეული აქვს 1 ოქტომბრამდე, მეორე კი - რაც ნავარაუდევი არის 1 იანვრამდე 1920 წლისა. ეს პროექტი განხილული იყო სახელმწიფო კონტროლის მიერ, რომელსაც ცოტა მომეტებულად უცვნია 1-ლ იანვრამდე ნავარაუდევი ხარჯები და ის შეუმცირებია 800 ათას მანეთამდე. სახალხო განათლების კომისიამ განიხილა ეს პროექტი და მიზანშეუწონელად დაინახა გამოთხოვილი თანხის შემცირება და სათანადო შუამდგომლობით შევიდა საბიუჯეტო კომისიაში. საბიუჯეტო კომისიამ ეს თანხა უცვლელად დასტოვა და თავის მხრითაც შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ეს პროექტი დეკრეტისა მიღებულ იქმნას და დადასტურებული ის 1.115,000 მანეთი, რომელიც გამოითხოვა საქ. სამ. საქველმოქმედო საზოგადოებამ. საბიუჯეტო კომისია თავის აზრს - სახელმწიფო კონტროლის დასკვნის წინააღმდეგ - ასაბუთებს იმით, რომ ასეთი თანხის გაღება აუცილებელ საჭიროებას შეადგენს, ვინაიდან ჩვენი მტრების მუშაობა სამუსლიმანო საქართველოში ფართე ხასიათს იღებს და ჩვენ მათ მუშაობას უნდა დავუპირდაპიროთ ჩვენი მუშაობა, რაც მომეტებულ ხარჯებს მოითხოვს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისთვის? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინაა. მაშ გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. აქ სოც.-დემოკრატიული ფრაქციისაგან შემოსულია შესწორება, რომ პირველ მუხლში ჩაემატოს სიტყვები „მთავრობის განკარგულებაში“. ვის სურს ამის შესახებ სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინაა. თქვენი აზრი ბ. მომხსენებელო?

მომხსენებელი. ამ სიტყვების ჩამატება საჭირო არ არის, რადგან ეს თავის-თავად იგულისხმება.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი. ვინ არის სოც.-დემ. ფრაქციის შესწორების წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებულია.

ვინ არის პირველი მუხლის წინააღმდეგი? არავინ. მაშ პირველი მუხლი სოც.-დემ. ფრაქ. შესწორებით მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მეორე მუხლიც მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. სარედაქციო კომისიას ვსთხოვთ საბოლოო ტექსტი ამ დეკრეტისა წარმოგვიდგინოს სხდომის დასრულებამდე.

გაგრძელება მსჯელობისა ერ.-დემ. ფრაქციის შეკითხვაზე.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს. (ვეშაპელი არ აღმოჩნდა დარბაზში). რადგან ვეშაპელი არ არის, სიტყვა ეკუთვნის ბ. მესხიშვილს შალვას.

. მესხიშვილი. (ს.-ფ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! არის ხოლმე სახელმწიფოსათვის იმისთანა დიდმნიშვნელოვანი საკითხები, რომლის წინაშე უნდა მოიხაროს პარტიულმა და პირადულმა თავმოყვარეობამ და საკითხი გადასწყდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი (რ. არსენიძე: ეს ყოველთვის ასეა!) თუ ყოველთვის ასეა, მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის გადაჭრის დროსაც ასე მოიქცევით (არსენიძე: უეჭველათ!).

როდესაც ისეთი ხელშეკრულება იდება, როგორც არის „სიბუნიონ-ლიმიტედთან“ დადებული პირობა, როცა მთელი ჩვენი სავალიუტო ქონება, ყოველივე ის, რაც დღევანდელს პირობებში შეადგენს ჩვენს ეკონომიურ სიძლიერის საფუძველს, ეძლევა მონოპოლიურად კონტრაგენტს, საჭიროა დინჯი და მოფიქრებული ნაბიჯის გადადგმა. რადგანაც საკითხი ეხება სახელმწიფოსათვის მეტის-მეტად მნიშვნელოვან ინტერესებს, შეუძლებელია მთავრობამ ამისთანა კითხვა გადასწყვიტოს დამფუძნებელ კრების დაუკითხავად.

მართალია, ჩვენ არ გვაქვს დაწერილი კონსტიტუცია, მაგრამ მე არ შემიძლიან გავიზიარო ის დებულება, რომელიც მთავრობის წარმომადგენელმა ბ.-ნმა ავალიანმა წამოაყენა. კითხვა იმაში კი არ არის რამდენი ხნით არის დადებული ხელშეკრულება, შეიძლება თავლის დახვეტა მისცეთ ვისმეს 3 წლით, მაგრამ ეს საკონსტიტუციო საკითხი არ იქნება, მაგრამ შეიძლება ერთი, ან ორი თვის განმავლობაში კონტრაგენტს მიანიჭოთ ისეთი უფლება, რომელიც ეხება სახელმწიფოსათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესებს - ეს კი საკონსტიტუციო საკითხი იქნება.

ამიტომ, რადგან მომავალი ჩვენი კონსტიტუცია, სხვათა შორის, დაეყრდნობა იმ ტრადიციებსაც, რომელთაც ჩვენ შევქმნით, მთავრობას ასეთი კითხვა არ უნდა გადაეწყვიტა დამფუძნებელ კრების დაუკითხავად, ვინაიდგან ამითი იქმნება ნამდვილ დემოკრატიულ წყობილებისათვის მეტის-მეტად არასასურველი პრეცედენტი. ყურადღება რომ არ მივაქციოთ იმ ფორმალურ მოსაზრებას, რომ არსებულის კანონებით მთავრობას უფლება არა აქვს განსაზღვრულ თანხის ზევით მარტო თითონ შეჰკრას პირობა, ზედმოყვანილ პრინციპიალურ დებულების გამო, მთავრობა ზნეობრივად მოვალე იყო დამფუძნებელ კრების დაუკითხავად „სიბუნიონთან“ ხელშეკრულება არ დაედო.

შეიძლება მიპასუხონ, რომ ზოგიერთი კითხვა კომერციულ, ან სხვა რაიმე საიდუმლოებას შეადგენს და არ შეიძლება საჭიროდ მისი განხილვა, მაგრამ ხომ შეეძლო მთავრობას დახურულ კრებაზედ გადაწყვეტა ამ კითხვების, ან დამფუძნებელ კრების სათანადო კომისიებში განეხილათ ეს კითხვები და შემდეგ ფრაქციებს გამოეტანათ თავისი მსჯავრი. მთავრობამ ეს არ მოისურვა და ამან კი ძალიან ცუდ შედეგებამდინ მიგვიყვანა.

საჭიროდ მიმაჩნია თქვენი ყურადღება მივაქციო შემდეგ გარემოებას.

მთავრობას პირდაპირ დაუყენეს კითხვა: რას წარმოადგენს „სიბუნიონ ლიმიტედი“, რუსული საზოგადოებაა იგი თუ ინგლისური?

ამაზედ მთავრობამ ბ.-ნ ავალიანის პირით გვიპასუხა ერთგვარი ინტერნაციონალიზმით, რომ „პასპორტებს არავისა ვთხოვთ და ვინც უნდა იყოს, თუ საქონელს მოგვიტანს ჩვენთვის სულერთია რუსია ის თუ ურიაო“.

ასეთი პასუხი მე პირდაპირ დაუფიქრებლობის შედეგად მიმაჩნია. სახელმწიფო მოღვაწეს არასოდეს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგი სახელმწიფო მოღვაწეა და ერთგვარ კონკრეტიულ პირობებში უხდება მოქმედება. ინტერნაციონალიზმი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ მე ვამტკიცებ თქვენს წინაშე, რომ დღევანდელ პირობებში, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრების განმტკიცებისათვის, მისი დამოუკიდებლობის ცნობისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ბუნებრივი სიმდიდრით სარგებლობის საკითხის გადაჭრასაც. მართალია, ეს არ არის ერთად ერთი პირობა, მაგრამ, სხვა პირობათა შორის ეკონომიურ საკითხს უჭირავს არა უკანასკნელი ადგილი. თუ ეს ასეა, პოლიტიკური მოღვაწე, რასაკვირველია, პირველად თავის თავს დაუსვამს კითხვას: ვის აძლევს უპირატესობას? და მისცემს მას, ვისგანაც მოელის ეკონომიურ საკითხის გარდა პოლიტიკურ საკითხის გადაჭრასაც. ეს ერთი დებულება, რომ ამის წინააღმდეგ მოყვანა „პასპორტი რა საჭიროაო“ სრულიად შეუწყნარებელია. თუ „სიბუნიონი“ სერიოზული ინგლისური ფირმაა, მაშინ ამისთანა ხელშეკრულებას შეიძლება პოლიტიკური მნიშვნელობაცა ჰქონდეს და ჩვენთვის სრულიად ხელსაყრელი არ არის, თუ „სიბუნიონი“ უცნობისაგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც გუშინ კოლჩაკთან ციმბირში მოქმედებდა, საიდანაც ისინი გამოისტუმრეს, დღეს ჩვენთან აპირებს ხელის მოთბობას და შესაფერ მოღვაწეობისათვის შეიძლება ისევ ციმბირს დაუბრუნდნენ. გულუხვობა რასაკვირველია კარგია, მაგრამ არა ყოველთვის და არა ისეთ ძირითად საკითხებში, როცა ჩვენი ბედ-იღბალი წყდება, ამიტომ მე ვერ გავიგე ის განმარტება, რომელიც მთავრობის წარმომადგენელმა მოგვაწოდა. და, რომ იგი მართალი არ არის, რომ მთავრობაც ისე უნდა უყურებდეს საკითხს, როგორც მე მოგახსენეთ, ეს იქიდანა სჩანს, რომ ბ.-მა ავალიანმა მართალია იქიდან დაიწყო, რომ პასპორტები რა საჭიროა, მაგრამ ხელშეკრულების ბოლო მუხლამდინ, რომ ჩავიდა თვით მიადგა ამ პასპორტებს. ბოლო მუხლში ნათქვამია: თუ ერთი თვის განმავლობაში ინგლისის მთავრობამ ოფიციალურად არ გვაცნობა, რომ „სიბუნიონი“ ინგლისში არსებობს, ხელშეკრულება ძალაში არ შევაო.“ მე გეკითხებით თქვენ - სად არის ლოღიკა? ან პასპორტი საჭირო არ არის, ან იგი მართლაც საჭირო ყოფილა, როგორც ამას ბოლო მუხლი მოითხოვს. ამიტომ მთავრობას უფლება არა ჰქონდა ასეთი სერიოზული ხელშეკრულება დაედო, სანამ მისთვის ნათელი არ იქნებოდა ვისთანა აქვს მას საქმე. თავის პასუხის უშინაარსობის დასაფარავად ბ-მა ავალიანმა პორტფელიდან რამოდენიმე სინამდვილე ამოიღო და იმის დასამტკიცებლად, რომ „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულებაზედ უფრო ცუდი წინადადებებიც იყოვო, ღიმილით ორი ხელშეკრულების პროტესტი წაგვიკითხა. მე არ ვიცნობ არსებითად იმას, რაც ბ-მა ავალიანმა წაიკითხა. ვსთქვათ ის მართალია და წაკითხული პროტესტები მეტის მეტად ცუდებია. განა ეს არგუმენტია? განა შეიძლება „სიბუნიონთან“ ძალიან საზარალო ხელშეკრულების დადება იმითი გაამართლოს მთავრობამ, რომ ამაზედ უფრო ცუდი წინადადება ჰქონდათ მათ?! შეიძლება ავალიანის პორტფელში ბევრი იყოს ძალიან ცუდი პროექტები, მაგრამ განა შეიძლება სერიოზული საკითხების გადაჭრის დროს ამით იხელმძღვანელოს საზოგადო მოღვაწემ? (სოც.-დემ. რეპლიკა: საქმეც იმაშია, რომ შემკითხველები ცუდი ხელშეკრულების მომხრენი არიან!) მე საქმე არა მაქვს შემკითხველებთან, თუ ეგენი უფრო ცუდი ხელშეკრულების მომხრენი არიან, ისევე გავილაშქრებთ ასეთი ხელშეკრულების წინააღმდეგ, როგორც მთავრობის მიერ „სიბუნიონთან“ დადებულ პირობების წინააღმდეგ. მე მსურს მხოლოდ ერთი, რომ მთავრობის მიერ შეკრული პირობა, ვისთანაც არ უნდა იყოს იგი დადებული, სასარგებლო იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის. თავის მართლება იმითი, რომ შესაძლებელია უფრო ცუდი ხელშეკრულებაო, ჩემთვის მიუღებელია. ეხლა ნება მიბოძეთ თქვენი ყურადღება მივაქციო „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების შინაარს, ბევრი ხელშეკრულება მინახავს, მაგრამ ამისთანას კი პირველად წავაწყდი. ხელშეკრულება ეხება მთელს სავალიუტო საქონელს, რაც დღეს ჩვენი ერთად-ერთი იარაღია ეკონომიურ ცხოვრების მოსაწყობად და მთელი ეს ქონება გადაცემული აქვს „სიბუნიონს“. არა მარტო ის, რაც დღეს გვაქვს საწყობებში, არამედ ისიც, რაც მომავალში სამონოპოლიოდ უნდა გამოვაცხადოთ. თამბაქოს მონოპოლია უკვე გამოცხადებულია. მოკლე ხანში გამოცხადდება მონოპოლია მატყლის და აბრეშუმის პარკისა. თუ ამას ზედ დაუმატებთ შავქვას, ტყეს, ყოვვლგვარ მადნეულობას, ერთის სიტყვით ყველაფერს, რისი გაზიდვაც კი შეიძლება დღევანდელ პირობებში, დამეთანხმებით, რომ მთელი ჩვენი ქონების გატანის უფლება გადაუციათ „სიბუნიონისათვის“. რა პირობით ხდება ეს? პირობა გახლავთ შემდეგი: შეიძლება „სიბუნიონმა“ გაიტანოს მთელი საქონელი, მაგრამ არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი სამაგიეროთ რასმეს შემოგვიტანენ. როცა კერძო პირი, ან რაიმე საზოგადოება აპირებდა სავალიუტო საქონლის გატანას, ვინაიდან მთავრობას არ აინტერესებდა მარტო ქაღალდის ფულის დაგროვება, არამედ ხალხისათვის საჭიროა სამაგიერო საქონლის შემოტანა, იყო შექმნილი პირობები, რომელნიც ერთგვარ გარანტიას იძლეოდნენ, რომ საქონელს, მართლაც შემოიტანდნენ. ხელშეკრულებით „სიბუნიონს“ ფაქტიურად მონოპოლია აქვს მინიჭებული საქონლის გატანისა. მართალია ხელშეკრულების ერთ ადგილას ნათქვამია, რომ „გლავნოსნაბს“ აქვს უფლება თითონაც გაიტანოს საქონელი, მაგრამ ეს უფრო იმიტომაა შეტანილი, რომ ძალიან აშკარა არ იყოს „სიბუნიონის“ მონოპოლია. მე თქვენ გეკითხებით, სად არის გარანტია ხელშეკრულების ძალით, ან რა პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული „სიბუნიონს“, თუ გაიტანა საქონელი და არაფერი შემოგვიტანა. გარანტია არ არის არავითარი და არც რაიმე პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული.

მე ვეკითხები მთავრობას: რამდენად სერიოზული ფირმაა „სიბუნიონი“? რა თანხა აქვთ მათ? ვინ უდგა სათავეში? როგორია მისი წარსული? რატომ გამოდევნეს იგი ციმბირიდან? (სოც.-დემ. რეპლიკა: თქვით რა გაიგეთ?) თქვენა გქონდათ სჯა-ბაასი ორი თვის განმავლობაში ამ საკითხზედ მე კი მხოლოდ მაშინ შევიტყე, როცა საქმე გათავებული იყო და ხელშეკრულება წავიკითხე. მე რომ შემეკრა ეს პირობა, უეჭველად ყველაფერს შევიტყობდი, სანამ ხელს მოვაწერდი, მაგრამ ვინაიდან ეს თქვენი ნაწარმოებია, თქვენ უნდა გქონდეთ ცნობები და ჩემს კითხვებზედ პასუხი მომცეთ.

ყველა ამ კითხვების შესახებ მთავრობას სათანადო ცნობა არა აქვს და ამისთანა კონტრაგენტს პირობას უკრავს.

საყურადღებოა, რომ „სიბუნიონს“ საქონლის გატანაში მომხდარ ხარჯებში ეძლევა წლიურად 5 პროც., მოგებიდან კი 20 პროც., ასე რომ საქართველოს მთავრობას რჩება 80 პროც. ამგვარად „სიბუნიონი“ მოქმედობს ვითომდა როგორც კომისიონერი, გაწეულ ხარჯებში იღებს 5 პროც. და მოგებიდან 20 პროც. და თითონ კი არავითარ პასუხისმგებლობას არ ეწევა.

მაგრამ უფრო საინტერესოა სად ინახება ის 80 პროც., რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ეს თანხა შეტანილი უნდა იყოს „სიბუნიონის“ ბანკში ჩვენს მიმდინარე ხარჯზე (სოც.-დემ. რეპლიკა: ვის სახელზედ შეაქვთ მიმდინარე ხარჯი?) ბავშვმაც კი იცის თუ ჩვენს მიმდინარე ხარჯზედ იქნება შეტანილი ფული იგი იქნება ჩვენს სახელზედ.

კითხვის სიმძიმე სრულიად ამაში არ გახლავთ. თუ მთავრობას საზღვარგარედ ჰქონდეს ვალიუტა, რატომ ფული არ შეგაქვთ ინგლისის ბანკში, ან ლიონის კრედიტში. ან სხვა ამგვარ დაწესებულებაში, რომელთა რეპუტაცია ცნობილია და თქვენ ყოველთვისა გაქვთ გარანტია, რომ ფული არ დაგეკარგებათ.

როცა მოგების 80 პროც. სტოვებთ „სიბუნიონის“ ბანკის ხელში, იცით თუ არა რამდენად სერიოზულია ეს ბანკი? ერთიც ვნახოთ „სიბუნიონის“ საქმეები ცუდად წავიდა და მიღებული ვალდებულების განაღდება შეაჩერა, რა მოუვა მაშინ ჩვენს 80 პროცენტს? ვისგან მიიღებს სახელმწიფო ამ ფულს? ვინ არის პასუხისმგებელი?

ეს ალბად ჩვენს მთავრობას და მათ, ვინც ეს ხელშეკრულება დასდო გულუხვობით მოუვიდათ. 5 პროც. ხარჯებისაგან, 20 პროც. მოგებიდან, მაგრამ, რომ „სიბუნიონს“ გული არ დასწყვეტოდა 80 პროც. იმათვე ბანკში დასტოვეს (გვაზავა: ბანკი არ არის?) მით უარესი ხელშეკრულების ავტორებისათვის. საქონლის გატანის შემდეგ, თუ „სიბუნიონმა“ კეთილ-ნება და სამაგიეროდ რამე შემოგვიტანა, შემოტანილ საქონელზედაც 15 პროც. იგებენ. ჩვენი ფულით იყიდიან საზღვარგარედ საქონელს, დაბრუნდებიან და 5 პროც. და 20 პროც. გარდა კიდევ 15 პროც. გვართმევენ. (კედია: ძალიან კარგი ხელშეკრულებაა!) ამგვარად ჩვენ თუ დავთვლით რამდენ პროცენტს იგებენ, დავრწმუნდებით, რომ მოგება აუარებელია, და ვერავითარი მათემატიკოსი ვერ დამიმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. (ნიკოლაძე: თავნი?) თავნიც იმათ ხელშია (სიცილი).

ეს გახლავთ ეკონომიური და ფინანსიური პოლიტიკა, ამაში გამოიხატება ჩვენი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა! არ ვიცით არსებობს თუ არა კონტრაგენტი, ამის გასაგებად თვით ხელშეკრულებაში ერთი თვის ვადასა ვდებთ, რამდენად სანდო არის კონტრაგენტი, თუ კი იგი არსებობს, და ამისდა მიუხედავად ვაძლევთ მთელი ჩვენი ქონების გატანის მონოპოლიურ უფლებას, ჩვენი ფულით, ჩვენის გადასაზიდავ საშუალებით გააქვთ საქონელი, ჩვენი ფული რჩება მათ ხელში, ჩვენივე ფულში ჩვენვე გვართმევენ სარგებელს და თუ პირობა არ შეასრულეს არავითარ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ. მთელი უფლება აქვს კონტრაგენტს და მთელი მოვალეობა საქართველოს მთავრობას.

თანახმად მე-5 მუხლისა, როგორც კი მოგვივა ცნობა, რომ ინგლისში არსებობს „სიბუნიონი“, ისინი მოგვთხოვენ საქონელს და ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ. თუ დროზედ არ მივაწოდეთ ჩვენ ვიხდით მთელს ზარალს და იმათი პასუხისმგებლობა კი მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენის საქონლით და ფულით ჩვენვე გვაძრონ ტყავი. ამიტომ მოგახსენეთ წეღან, რომ ამისთანა ხელშეკრულებას პირველად წავაწყდი მეთქი.

მე-14 მუხლში სწერია, რომ საქონლის დაზღვევა სავალდებულოა, მაგრამ ვინ უნდა დააზღვიოს? (რეპლიკა: წაიკითხეთ მეორე მუხლი!) დიახ, სწორედ ამ მეორე მუხლიდანა სჩანს, რომ „სიბუნიონი“ იბრუნებს უკან საქონლის დაზღვევისათვის საჭირო თანხას და ამაშიაც 5 პროც. გვახდევინებს.

იცით თუ არა, ბ.-ბო, რომ უკვე „სიბუნიონთან“ ხელშეკრულების დადებამ საქართველოს მთავრობის მიერ დიდი სარგებლობა მოუტანა „სიბუნიონს“, რადგანაც კერძო პირები, ვისაც საქონელი აქვთ და ხელშეკრულების ძალით კი სავალიუტო საქონლის გარდა სხვა საქონლის გატანაც შეიძლება, „სიბუნიონს“ ერთგვარ ქრთამს აძლევენ, ჩვენი საქონელი გაიტანეთო და ყველაფერი ეს ხარჯად ჩვენ დაგვაწვება (ხმაურობა. თავმჯდომარე ზარს რეკავს). ჩემი სიტყვა დიდ აღშფოთებას იწვევს თქვენში; მაგრამ სჯობია ჩემმა სიტყვამ აგაშფოთოთ თქვენ, ვიდრე. თქვენმა საქმემ აღმაშფოთოს მე და ყოველივე შეგნებული საქართველოს მოქალაქე.

საჭიროა ხაზი გაუსვა კიდევ შემდეგს.

მეორე ოპერაციის დროს, როცა „სიბუნიონი“ ამხანაგად უხდება საქართველოს მთავრობას საქონლის გატანაში და შემოტანაში, „სიბუნიონი“ იძლევა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს თანამედროვე ვალიუტით, ეს დაახლოვებით ოთხი მილიარდი მანეთია და ამის მეოთხედი ვალდებულია გამოიღოს საქართველოს მთავრობამ, ესე იგი ერთი მილიარდი მანეთი.

დამფუძნებელ კრების დაუკითხავად არც სამინისტროს და არც მთავრობას არ შეუძლიან ერთი მილიარდი მანეთი გაიღოს. ეს არის დამფუძნებელ კრების საბიუჯეტო უფლების დარღვევა. ეს არის ძირითადი საკონსტიტუციო საკითხი.

ვსთქვათ ხელშეკრულება ძალაში შევიდა და „სიბუნიონმა“ გამოიღო 3 მილიარდი მანეთი. ხომ ვალდებული ხართ თქვენ, თანახმად ხელშეკრულობისა, ერთი მილიარდი გაიღოთ? მე ვეკითხები მთავრობას, ვინ მისცა მას ეს კრედიტი? და თუ კრედიტი არა გაქვთ, საიდან გაიღებთ ფულს? მაშასადამე უნდა სთხოვოთ კრედიტი დამფუძნებელ კრებას. ხომ აქვს უფლება დამფუძნებელ კრებას უარი გითხრათ ამ კრედიტის გახსნაში, რასაკვირველია, თუ იმისი იმედი არა გაქვთ, რომ რაც უნდა არ ჩაიდინოთ, რაკი უმრავლესობა თქვენია, ყველაფერს დაგიდასტურებენ (კედია: საიდან მისცემენ?) ამაზედ უნდა ივალალოს ფინანსთა მინისტრმა. რა მდგომარეობა შეიქმნება მაშინ? ამრიგად მთავრობამ დაარღვია დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო უფლება, როცა მის დაუკითხავად აიღო ვალდებულება ერთი მილიარდი მანეთის გაღებისა.

ამ წმინდა საკონსტიტუციო საკითხის გარდა მინდა მიგითითოთ ერთ გაუგებრობაზედაც, რომელიც დამართვია ხელშეკრულების ავტორებს. როცა „სიბუნიონს“ გაჰქონდა საქონელი და ყველა ხარჯს ეწეოდა თითონ, მოგებიდან ის იღებდა 20 პროც. როცა საქართველოს მთავრობა ფულის ერთი მეოთხედით ეხმარება „სიბუნიონს“, მას მიაქვს მოგების 30 პროც. წინანდელ 20 პროც. მაგიერ. ასე, რომ მთავრობას, რომ ეკისრა ყველა ხარჯის 50 პროც. ალბათ „სიბუნიონი“ მოგების 50 პროც. წაიღებდა. სად არის აქ ლოღიკა, ან წინდახედულება? ვინ ადგენდა ასეთ ხელშეკრულებას, ვერ წარმომიდგენია (რეპლიკა ს.-დ. თქვენ არ შეგიდგენიათ!) დიახ, არც შემიდგენია და ამისთანა ხელშეკრულებას არც შევადგენ. (ურატაძე: თქვენ ხართ შეუდარებელი!) თუ თქვენთვის ლოღიკის ქონა და ცოტაოდენი წინდახედულება მიუწდომელი იდეალია, დიახ მე შეუდარებელი ვარ.

მოქალაქენო! მე იმიტომ დავიწყე სიტყვა იქიდან, რომ სერიოზული კითხვები არ უნდა გადააქციოთ პარტიული თავმოყვარეობის საკითხად, რომ როცა დამფუძნებელ კრების წევრი გეუბნებათ, რომ დარღვეულია სახელმწიფო ინტერესები, თქვენ უნდა დამიმტკიცოთ, რომ მე ვცდები და ჩემს სიტყვას უკანვე წავიღებ.

მე სიტყვას აღარ გავაგრძელებ და მოკლედ მოვჭრი ჩემს მთავარ დებულებებს: მთავრობა ვალდებული იყო დაჰკითხებოდა დამფუძნებელ კრებას, როდესაც ხელშეკრულებას სდებდა საქართველოს დღევანდელ სიმდიდრის შესახებ და ამით სწყვეტდა ჩვენს ეკონომიურ პერსპექტივას. მთავრობას თავის მოქმედებით არ უნდა შეექმნა პრეცედენტი, რომ დამფუძნებელ კრების დაუკითხავად გადაეწყვიტა ასეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხი. რადგანაც საკითხს ჩვენი სიმდიდრით სარგებლობა, აქვს გარდა ეკონომიურის, პოლიტიკური მნიშვნელობაც და იგი ერთი საშუალებთაგანია საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა, მთავრობა მოვალე იყო კბილი გაეშინჯა კონსტიტუციისათვის და არ შეჰკროდა პირობით ისეთ საზოგადოებას, რომლის ვინაობა კარგად არ იცის და არც იცის რამდენად სერიოზულია ეს საზოგადოება. ხელშეკრულებით მთელი ვალდებულება აწევს საქართველოს მთავრობას და ყველა უფლება აქვს კონტრაგენტს. ხელშეკრულებით არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ კონტრაგენტი შეასრულებს პირობას და თუ არ შეასრულებს, რომ ჩვენი ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი. ხელშეკრულება თავის შინაარსით მეტად საზარალოა სახელმწიფოს ეკონომიურ ინტერესებისათვის, მთავრობამ გადაამეტა თავის უფლებას და შელახა დამფუძნებელ კრების საბიუჯეტო უფლება.

მოქალაქენო! თუ თქვენ მართლა იხელმძღვანელებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ გაგიტაცებთ პარტიული თავმოყვარეობა და ჟინი, მე დარწმუნებული ვარ თქვენ არ დაადასტურებთ ამ თქვენთვის დამღუპველ ხელშეკრულებას. (არსენიძე: ჩვენთვის?) უკაცრავად, საქართველოსთვის (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაციონ.) ბატონებო! სამწუხაროდ მე გამომრჩა ნაწყვეტი შეკითხვის გარშემო ატეხით კამათისა და ამიტომ შეიძლება ზოგი რამ გამომრჩეს ჩემ სიტყვაში და ზოგი რამ, რაც აქ უკვე ნათქვამი იყო, მე კვლავ გავიმეორო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხია, რომ გამეორებაც საჭირო იქნება ამ საკითხის ასე თუ ისე გადაჭრისათვის.

მე მასალად მაქვს ფინანსთა მინისტრის ამხანაგის, ბატონ პროფესორ ავალიანის სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა დამფუძნებელ კრებაზე, იმ რედაქციით, როგორც ეს მოთავსებული იყო სოც.-დემ. ორგანოში „ერთობაში“, სადაც ხშირად თანამშრომლობს იგი; ვფიქრობ ამიტომ, რომ ეს ვარიანტი სანდო არის.

ბატონ ავალიანის სიტყვაში სამი მთავარი საკითხია წამოყენებული, რომლითაც იგი თავსაც იმართლებს და მეორე მხრით აყვედრის მათ, ვინც კრიტიკა გაუწია მთავრობის მიერ დადებულ ხელშეკრულებას.

პირველი საკითხი ასე ვთქვათ უფლებრივი საკონსტიტუციო ხასიათის არის: ქონდა თუ არა მომარაგების სამმართველოს, ან მთელ მთავრობას ერთად უფლება, შეეკრა ისეთ ხასიათის ხელშეკრულება, რომელიც ძირიანად ეხება მთელ საქართველოს ეკონომიურ მდგომარეობას და მომავალს? ბატონი პროფესორი უპასუხებს შემკითხველებს, რომ ხელშეკრულება მოკლე ვადით არის შეკრული და ამიტომ ამისი უფლება ქონდა მთავრობასაო. ასეთი საბუთებით გამართლება მთავრობის მოქმედებისა ყოვლად შეუძლებელია. ჯერ ჩვენში არავითარი კონსტიტუცია არ დაწერილა, მაგრამ კიდევაც რომ დაიწეროს ასეთ აზრებს არ ექნება შიგ ადგილი. ვინაიდან თუ მივიღებთ მხედველობაში ჩვენ პარლამენტარულ ქვეყნებს, ისეთ პარლამენტარულ ქვეყანასაც კი, როგორიც რუსეთი იყო, იქ მთავრობასაც კი არ შეეძლო დაედვა რაიმე ხელშეკრულება ეკონომიურ ნიადაგზე, თუ ეს ხელშეკრულება განსაზღვრულ ზომას თანხისას აღემატებოდა. და განა საქმე მარტო ვადაზეა? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქმე ვადაზე კი არაა, არამედ თანხმობაზეა! რუსეთის მთავრობას არ ქონდა უფლება ხელშეკრულების დადებისა განსაზღვრულ თანხის ზევით, თუ ამას არ განიხილავდა წინასწარ სათათბირო, ან თუ ეს არ მოხსენდებოდა უზენაეს უფლების გამომხატველს - მეფეს; ჩვენში, მოგეხსენებათ, სათათბიროც და უზენაესი უფლებაც მიკუთვნებული აქვს დამფუძნებელ კრებას და თავის თავად ცხადია, რომ ასეთი ხელშეკრულება, რომელიც ერთიანად შეიცავს საქართველოს მთელი სიმდიდრის გაყიდვას და უცხოეთში გატანას, რომ მის მაგიერ შემოვიტანოთ სამაგიერო საქონელი, აი ასეთი გრანდიოზული ხელშეკრულების დადება, როგორ შეუძლია, როგორც მთავრობას, ან რომელიმე სამინისტროს ცალკედ აღებულს? განა მარტო ვადა სწყვეტს საკითხს? განა მარტო ვადაზეა ყველაფერი დამოკიდებული?

აქ ვადას კი არ უნდა მივაქციოთ მთავარი ყურადღება, არამედ იმას თუ თანხის, როგორ ფარგლებში ტრიალებს ეს ხელშეკრულება; მაგრამ რასაკვირველია, რომ ისეთმა ფრაქციამ, რომელმაც ძირში ჩაკლა და მოსპო სახე პარლამენტარიზმისა და რომელმაც უკანასკნელი თავის კაბინეტში გადაიტანა, ეს გრანდიოზული საკითხიც ამ კაბინეტში გადაწყვიტა ჩუმად და მალულად? მე ვაცხადებ, რომ ასეთი ხელშეკრულება არ შეუძლია დადვას არც ერთ მთავრობას, რომელიც ოდნავად მაინც გრძნობს პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე და მით უფრო პარტიულ მთავრობას. (რეპლიკა: არჩევნები?).

არჩევნები თქვენ უფრო გაშინებთ და გაწუხებთ. ეს იქიდანაც სჩანს, რომ ყოველდღე ითვლით თუ რამდენი ხმები მიიღო სოციალისტებმა საფრანგეთში. თქვენ არ წერდით გაზეთში, რომ იტალიაში სოციალისტებმა გაიმარჯვესო, მაგრამ ესეც ტყუილი გამოგადგათ, აღმოჩდა, რომ მესამედი გაუყვანიათ მხოლოდ.

არის კიდევ ერთი მოსაზრება. თუ მთავრობას ასეთი ხასიათის ხელშეკრულების დადება შეუძლია უცხო ფირმასთან დამფუძნებელ კრების დაუკითხავად, რატომ არის, რომ ხანდახან რაიმე ხელშეკრულებებს წარმოადგენენ განსახილველად, მაგალითად ფინანსიურ კომისიაში, სადაც არიან ყველა ფრაქციების წარმომადგენელნი? რით უნდა ავხსნათ მაგალითად, თუ გინდ ასეთი მაგალითი, რომ ექსპორტის პირობა, რომელიც შეეხებოდა შავ-ქვის სააქციონერო საზოგადოებას, მრავალჯერ იყო მოხსენებული ამ აზრით: ამბობდნენ გვინდა მოვისმინოთ ფინანსიურ კომისიის შეხედულება და აზრი ამ საკითხზეო, და იგი შეუფარდოთ მთავრობის შეხედულებასო. შავი ქვა ხომ ნაწილი არის მხოლოდ სამონოპოლიო საქონლისა? (რეპლიკა: რამხელა?) იმოდენა ნაწილი, რამდენი ნაწილიც თქვენ ხართ მაგალითად მთელი საქართველოს ხალხისა. (არსენიძე: შავი ქვა - ეხლა ოქრო არის!) შეიძლება თქვენ მოგწონთ შავ ქვასთან შედარება! აი ბატონებო! თუ იმ ფინანსიურ კომისიაში შავი ქვის მონოპოლიის, საკითხის გარჩევა მოხდა, მაშ რატომ ეს ხელშეკრულებაც არ გავიდა და არ გაირჩა.

წინასწარ ფინანსიურ კომისიაში? ეს ხელშეკრულებაც ხომ სამონოპოლიო საქონელს შეეხება? განსხვავება აქ იმაშია, რომ იქ იყო მხოლოდ ერთი სამონოპოლიო საქონელი, აქ კი ყველა საქონელია ნავარაუდევი და არა მარტო შავი ქვა. მე ასეთ მოვლენას ავხსნი იმ გარემოებით, რომ პირველ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა საქართველოში მომქმედ საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში, კი ძნელი იყო რასაკვირველია საკითხის პირდაპირ კაბინეტში გადატანა, ისე, რომ ჯერ იგი წინასწარ არ ყოფილიყო გატარებული დამფუძნებელ კრებაში. არის ერთგვარი ტენდეცია, რომლითაც ხელმძღვანელობს ჩვენი მთავრობა. ხელშეკრულება უფრო იოლად იწერება და მისი გატარება შეიძლება ჩუმად და მალულად, თუ როდესაც იგი ეხება არა საქართველოში მომქმედ ძალებს, არამედ უცხოეთიდან ჩამოსულებს, რომელთა ეროვნების გამორკვევაც კი ძნელი ხდება ჩვენთვის. განსაკუთრებით იოლად იწერება ასეთი ხელშეკრულებები, როდესაც ჩვენში გამოდიან რუსის ებრაელები. აი, მაშინ უფრო იოლია კომბინაციების კაბინეტში გადატანა და დამფუძნებელ კრების გვერდის ახვევა, იმიტომ, რომ არ მოიპოვება მტკიცე კავშირი ჩამოსულ რუსის ებრაელთა და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის (ს. ჯაფარიძე ადგილიდან: ამ ტრიბუნის ღირსებას არ შეეფერება მთელი ხალხის შეურაცყოფა! ხმაურობა ზარი). თქვენ რა გაწუხებთ, ბატონო, მე არ ვიცი. თუ რამე გაწუხებთ, როგორც კი გავათავებ ჩემ სიტყვას, გამობრძანდით და თქვით და მეც გაგცემთ პასუხს, ყოველ შემთხვევაში თქვენს პარტიას ახსოვს ჩემი პასუხი (ჯაფარიძე: რა პასუხი?), მოიგონეთ კაჩუხოვის პროცესი და გაჩუმდით.

მეორე საკითხი არის საკითხი ეროვნული ეკონომიური პოლიტიკის წარმოებისა. ბ. მინისტრის ამხანაგმა ავალიანმა ბრძანა, რომ ჩვენთვის სულ ერთია: რუსი იქნება, თათარი, ინგლისელი თუ ქართველიო, ოღონდ კი საქონელი მოგვიტანოსო. მე მგონია, რომ ასეთი ეკონომიური პოლიტიკის წარმოება შეიძლება არა ეროვნულ სახელმწიფოში, როგორიც არის ჩვენი სახელმწიფო, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც იყო სეიმის დროს, გასაგები იქნებოდა. დღეს კი ასეთი პოლიტიკა ჩვენთვის მიუღებელია.

ჩემის აზრით სულ ერთი არ არის თუ ვისთან ვდებთ ხელშეკრულებას, რომელიც შეეხება საქართველოს შემოსავალს და გასავალს. თავის-თავად ცხადია, რომ თუ თანასწორი პირობები არის საქართველოს და უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი, მაშინ საქართველომ უპირატესობა აუცილებლად ქართველ მოქალაქეს უნდა მიანიჭოს. (სოც.-დემოკრ. სკამებიდან: ეს ასეც არის. მაგრამ თანასწორი პირობები არ იყო). მე ვსთქვი, თუ თანასწორი პირობები იქნება მეთქი, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თანასწორი პირობები არ არისო. ბ. მინისტრის ამხანაგმა ავალიანმა შეადარა ერთმანეთს ხელშეკრულებები და სთქვა: ჩვენ გვქონდა წინადადება, სადაც ქართველ ვაჭართა ჯგუფი ჩვენგან მოითხოვდა 22 პროც., „სიბუნიონი“ კი გვთხოვდა მხოლოდ 20 პროც. მოგებიდანო. ბოლოს და ბოლოს თურმე მარტო 2 პროცენტში ყოფილა საქმე. 2 პროცენტია განსხვავება.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, რა უფრო ხელსაყრელი იყო ეროვნული პოლიტიკისათვის, 2 პროცენტის განსხვავების მიუხედავად ქართველებთან შეგეკრათ ხელშეკრულება, თუ ის, რომ ისეთ უცხო ფირმასთან დაგედვათ პირობა, რომლის მისამართიც არ იცით და ეხლა ეძებთ. სხვა რომ არა იყოს, ჩვენი ხალხის ანდაზა ლაპარაკობს: „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო“. (სიცილი. ისმის ხმები: ეს ჯამია თქვენ რომ გაწუხებთ!) თუ გნებავთ, კიდევ სხვა ანდაზაც არის ჯამზე: „ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო“ (სიცილი).

თქვენ ყოველთვის ცდილობთ, რასაკვირველია, პარტიული მოსაზრებით, სახელი გაუტეხოთ საქართველოს ბურჟუაზიას, თქვენ ამბობთ, რომ ის სუსტია, არ არის სანდო და სხვა. მე ეხლა ვლაპარაკობ არა როგორც ბურჟუაზიის წარმომადგენელი, მე, ამ მხრივ სრულიად თავისუფალი ვარ. თქვენ საქართველოს ბურჟუაზია არ მიგაჩნიათ სანდოთ და აქედან ის დასკვნა გააკეთეთ, რომ ჩვენში ყოველგვარი კომერციული ხასიათის საქმე რუს ებრაელებმა უნდა გააკეთონო. განა 2 პროცენტით მეტის მოთხოვა საკმარისი იყო იმისათვის, რომ უპირატესობა რუსის ურიების ფირმისათვის მიგენიჭებიათ?

ამ უკანასკნელ ხანებში თქვენ შემთხვევა გქონდათ დაგეჭირათ და ციხეში ჩასმით დაგესაჯათ ერთი ქართველი კაპიტალისტი. ახლა ხომ ამის საშუალება არ გექნებათ „სიბუნიონთან“, განა არ სჯობდა, რომ ეს უფლება თქვენთვის დაგეტოვებინათ და ისეთ ხალხთან შეგეკრათ ხელშეკრულება, რომელთა ცოლ-შვილი და ქონება საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება? წარმოვიდგინოთ, რომ გემები დაიღუპა, ან სხვა რაიმე უბედურება შეემთხვა ამ „სიბუნიონს“, მაშინ რა გარანტია აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ის ზარალს აინაზღაურებს? არავითარი. 2 პროცენტზე მეტიც რომ იყოს განსხვავება, საქართველოს მთავრობისათვის უკეთესი იქნებოდა ხელშეკრულება დაედვა საქართველოს ფირმასთან. თუნდაც რომ მოვიდეს დეპეშა და ეს შესაძლებელია, ვინაიდან მარტო ჩვენში კი არ იღებენ ქრთამებს, მაინც ჩვენთვის საზარალო და არა სასარგებლო არის ეს ხელშეკრულება.

მესამე საკითხი ეხება პურს, რადგანაც ჩვენ პური არა გვაქვს, ჩვენ იძულებული ვხდებით თურმე დავდოთ ისეთი ხელშეკრულება, როგორიც არის ხელშეკრულება „სიბუნიონთან“. როდესაც საქმე ეხება პურს, მაშინ შეიძლება თურმე მთავრობა რისკზედაც წავიდეს, ვინაიდან მეტი გზა არ არის. მართალია საქართველომაც თავისი ნაბიჯები უნდა შეუფარდოს პურის საკითხს. მაგრამ თუ თქვენ არა გწამთ კერძო ინიციატივა და მას გასაქანს არ აძლევთ, ნუ თუ თქვენი დელეგაციები, რომელიც უცხოეთში, ევროპაში არიან და რომლებსაც ამდენი ნაცნობები ჰყავთ, ამდენ კონგრესებზე დადიან, ნუ თუ ვერ მისცემენ პურის შეძენის საკითხს სახელმწიფოებრივ ხასიათს? ამ მხრივ სომხეთმა უკვე შესძლო მცხოვრებთა უზრუნველყოფა. მან თავისი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეც კი გაგზავნა ამერიკაში და სომხებს უკვე გაუხსნეს 50 მილ. მან. კრედიტი და პურის საკითხი ასე თუ ისე სახელმწიფო მასშტაბით მოაგვარეს. მთელი ჩვენი მთავრობის მოქმედება კი ამ მხრივ ამოიწურა „სიბუნიონთან“ ხელშეკრულების დადებით, ნუ თუ თქვენ ვერ მიჰბაძავთ ისეთ ბურჟუაზიულ სახელმწიფოს მაინც, როგორიც არის სომხეთი?

თქვენ მუდამ გაჰკივით აქ, რომ კერძო ინიციატივა არ ვარგაო და უარყოფთ ამას, მაგრამ ამავე დროს უცხო კერძო ინიციატივას კი უვარდებით ხელში.

მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეყრდნობოდეს მარტო პურის საკითხს. მე მიკვირს თუ რატომ ვერ მოახერხეს წინანდელმა მომარაგების კომიტეტმა და ჩვენმა დელეგაციებმა პურის საკითხისათვის სახელმწიფოებრივ ხასიათის მიცემა?

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება არ შესრულდება და ის ოპტიმიზმი, რომლითაც სოც.-დემოკრატები ხვდებიან ხელშეკრულების პესიმისტურ განმარტებას, იქიდან გამომდინარეობს, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან ხელშეკრულების შეუსრულებლობაში და მართლაც ბ. ავალიანის ანგარიშით 5-6 დღეღა დარჩა დეპეშის მოსვლამდე. შეიძლება ამან იპატიოს ჩვენი მთავრობა იმ შეცდომით გადადგმულ ნაბიჯის შედეგებისაგან, მაგრამ ჩემი სურვილი, და მე მგონია, რომ სხვების სურვილიც უნდა იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ისეთი სასურსათო პოლიტიკა, რომელიც თავდება იმით, რომ დაიწერება განსაცვიფრებელი ხელშეკრულებები, ჩვენთვის ფრიად საზარალო და როცა ეს გამოაშკარავდება. სასურსათო დაწესებულება უქმდება, და, ან სამინისტროდ გადაკეთდება, როგორც ეს ახლა მოხდა.

ჩვენ გვახსოვს წინანდელი ხელშეკრულება ბ. ი. ლორთქიფანიძის მინისტრობის დროს. მაშინაც პარლამენტში შეტანილი იყო შეკითხვა, რომლის განხილვის დროს მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებებს იმიტომ არ ვადგენთ პარლამენტში, რომ შეიძლება არ გამოდგეს და მაშინ უფრო ძნელი დასარღვევი იქნება, ვიდრე მთავრობის შედგენილისაო.

უნდა მოისპოს ასეთი წესი ხელშეკრულებათა დადებისა, ისეთ ხელშეკრულებათა, რომელთა ძალით უცხოელთა ხელში გადადის ისეთი საქმე, რომელიც უდრის მთელს ჩვენს არსებობას, უნდა გაუქმდეს ის წესი, რომლითაც სასურსათო პოლიტიკის ხელმძღვანელნი არავითარ ანგარიშს, გეგმას მოქმედებისას არ უდგენენ საკანონმდებლო ორგანოს. ყველა სამინისტროები ხომ მოდიან და ამა თუ იმ საკითხებში დასტურს ითხოვენ დამფუძნებელი კრებისაგან, ასე წარმოიდგინეთ მიწ.- მოქმედების სამინისტროც კი ნებართვას ითხოვს ყურძნის შეძენის შესახებ, და რატომ არ უნდა იყვეს ასე სხვა საკითხებში?

ეხლა რომ დაარსდა მომარაგების სამინისტრო, ის მაინც უნდა ასცდეს იმ ძველ ცოდვებს და უნდა წარმოადგინოს აქ თავისი გეგმა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სურსათის ე. ი. პურის საკითხს და როგორც ეკონომიურ პოლიტიკის მხრივ, ისე ორგანიზაციის მხრივ, უნდა იქნეს დადასტურებული დამფუძნებელ კრების მიერ. შეიძლება იგი იქმნეს მოწონებული მხოლოდ მმართველ პარტიის მიერ, მაგრამ მაინც იქნება კონტროლი საზოგადოებრივი აზრისა და მაშინ უფრო მეტი უფლებით შეეძლებათ მისი თქმა, რომ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ჩვენი ხელშეკრულება კარგია, მხოლოდ მილიონები მოგვეცითო. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მილიონი იყო გადადებული მომარაგების საქმისათვის, ჯერ 2, შემდეგ - 20, შემდეგ - 50, ახლა კი 100 მილიონის მოთხოვნაზე არის საქმე, იტალიიდან მოსულ ტელეგრამის მიხედვით.

ასეთი პრაქტიკა უნდა მოისპოს. აქ უნდა წარმოდგეს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი, და მთელი ქართველ ერის საყურადღებოდ უნდა განმარტოს სასურსათო საქმის ვითარება, თუ რა გზას ადგია ეკონომიურ საქმეებში, ე.ი. პურის საქმეში, თუ რა საშუალება აქვს მას ხელთ, უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციაც თავის სამინისტროსი, უნდა გატარდეს ეს საკითხები დამფუძნებელ კრებაში და მაშინ ადგილი არ ექნება იმას, რომ დროებით ორგანოს მეთაური დასდებს ხელშეკრულებას, რომლის შედეგების თვითონ შეეშინდება და დასცლის ადგილს, მერმე „ვივესკას“ გამოსცვლიან, სამმართველოს მაგიერად დასწერენ სამინისტროს, ან კომიტეტს, კიდევ ხელახლა დადებენ ხელშეკრულებებს, კიდევ შეიქნება ალიაქოთი, ხელახლა გამოიცვლებიან და ასე... თუ შესაფერი ზომები დროზე არ იქმნა მიღებული, მე ვშიშობ, რომ მთავრობის მომარაგების პოლიტიკას არავითარი ნდობა აღარ ექმნება.

თავმჯდომარე. უკვე სამი საათი გახლავთ, რეგლამენტის ძალით სხდომა უნდა დაიხუროს, მაგრამ წინადადება შემოვიდა სხდომა გაგრძელდეს ოთხ საათამდე. მე კენჭს უყრი ამ წინადადებას. წინააღმდეგი არავინ არის.

სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს სერგეი ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. (ს.-დ.) ბ.-ბო! ის შეკითხვა, რომელსაც ეხლა თქვენ იხილავთ, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რა მრუდე მიმართულებას ღებულობს ჩვენში შეკითხვების სისტემა. თქვენ მოგეხსენებათ, ზოგიერთს მაინც, რომ იმ ტიპიურ საპარლამენტო ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, ინგლისი, იქანა შეკითხვებს მიმართავენ იშვიათ შემთხვევებში (დადიანი: - იქანა რა არის?) ქართულ ენის გაკვეთილს თქვენგან ვერ ავიღებ, ბ. დადიანო! იქ შეკითხვებს მიმართავენ მაშინ, და იმ მიზნით, როდესაც უნდათ გამოარკვიონ მთავრობის მოქმედების საერთო მიმართულება, ან მთავარი ხაზი. ზოგიერთ საპარლამენტო კი, როგორიც მაგალითად საფრანგეთი არის, ამ შეკითხვების სისტემამ უფრო მახინჯი ხასიათი მიიღო ე.ი. კაზიყისტები და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარლამენტიც ამ გზას ადგება. ე.ი. სახელმწიფო საერთო ხაზის გამოსაკვლევად კი არ სარგებლობენ შეკითხვით, არამედ აიღებენ ცალკე შეკითხვას, მიადგებიან მთავრობას გასაკირცხავათ, სალაყბოთ და საჭორიკანოთ, როგორც მაგალითად ბ. ვეშაპელი.

მე ვამბობ, რომ ასეთი შეკითხვებით სარგებლობა ყოვლად შეუწყნარებელი გახლავთ და ვეცდები ეს დაგიმტკიცოთ მაგალითებით. ამ შეკითხვის შინაარსი გახლავთ ის, რომ, მთავრობამ, ან უკეთ რომ ვსთქვათ რესპუბლიკის მომარაგების მთავარმა გამგემ ხელშეკრულება დასდო, როდესაც საამისო უფლება არ ქონდა, და ეს ხელშეკრულება აღმოჩდა ყოვლად საზარალო ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიური თვალსაზრისითო. მეც დავიწყებ ამ მომენტიდან. ქონდა თუ არა ეს უფლება მთავრობას, ან მთავრობის მინდობილებით მთავარ გამგეს?

უნდა ფაქტიური ცნობა მოგაწოდოთ, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მომარაგების გამგემ, მთავრობის განსაკუთრებული დადგენილების თანახმად. მაშასადამე ხელი მოაწერა, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, მთავრობისავე მინდობილობით. როდესაც მთავრობას კანონის დარღვევას უსაყვედურებთ, დავისწავლოთ. (ნიკოლაძე: ესეც საპასუხოთ თქვენთვის!) რაც სხვას ეპატიება, ბატონო ნიკო, იგი თქვენთვის არ არის საპატიებელი. თქვენ უნდა იცოდეთ ის რაც სხვამ არ იცის.

როდესაც მთავრობას უსაყვედურებთ კანონის დარღვევას, მაშინ თქვენ უნდა უჩვენოთ, რომელი კანონი არის დარღვეული. ეს არის სააქსიომო ჭეშმარიტება. (ნიკოლაძე: ეს არის საბიუჯეტო უფლებები!). ის შემთხვევები, როცა საკითხი უნდა გადაწყდეს პარლამენტში, პირდაპირ არის აღნიშნული კანონში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს წელს იანვარში მიღებული კანონი, რომელშიაც განსაზღვრულია, თუ რაგვარი კონცესიები წყალთა ძალების გამოყენების დარგში უნდა დაადასტუროს პარლამენტმა. თუ რამდენად სუსტია ის ნიადაგი, რომელზედაც შემკითხველები დგანან ამოწმებს ბ. მესხიშვილიც, რომლის აზრით მთავრობას „ზნეობრივი“ უფლება არ ჰქონდა პირობა დაედო დამფუძნებელი კრების გარეშე. ვეშაპელმა თავის მხრივ სთქვა: თუ შავი ქვის მონოპოლიაზე ჩვენთან მოდიხართ მოსალაპარაკებლად და ჩვენ გვეკითხებით, რატომ უფრო დიდ მნიშვნელოვან საქმეებზე არ გვეკითხებითო... იმ სფეროში, რომელსაც კავშირი აქვს თვით ხელშეკრულების შინაარსთან (ნუცუბიძე: განა ეგ კაზუისტიკა არ არის?) თქვენ თუ არ გესმით ბ. პროფესორო, თუ რა არის იურიდიული ნორმა და რა არის ხელშეკრულების შინაარსი, მაშინ პროფესორობა ვინ მოგცათ? არ ვიცი! (ხმაურობა. სიცილი).

გადავიდეთ ეხლა ხელშეკრულების შინაარსზე. (მესხიშვილი: საკონსტიტუციო საკითხი? ბ. ნუცუბიძე. - დაასაბუთეთ კიდეც?) მე დავასაბუთებ თვით მესხიშვილის საბუთებით. ეხლა ჩვენ გავარჩევთ თუ რამდენად დიდმნიშვნელოვანია ეს ხელშეკრულება, და რამდენად საზარალოა იგი ჩვენთვის, და დავსკვნით თუ რამდენათ დამნაშავე იყო მთავრობა. რასაკვირველია ის, რაც იკადრა აქ ვეშაპელმა, რომელიც რაღაც ჭორებს უშვებს მხოლოდ ბაზარზე, ურიებთან გაქვთ საქმეო, პასუხის ღირსი არ არის, ჩვენ ანგარიშს უწევთ სერიოზულ კრიტიკას.

როგორც შემკითხველები ისე, მესხიშვილი ამბობდენ, რომ ეს ხელშეკრულება არის საზარალო, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიურის მხრით. პოლიტიკური ზონი თურმე გამოიხატება იმაში, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ დღევანდელ პირობებში საქმე გვაქვს ევროპიელ სახელმწიფოებთან, რომელთაგან არის დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ცნობა, მაშინ ეკონომიური ქსელიც იმათთან უნდა გავაბათ და არა რუს ებრაელთანო. უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში თვით მთავრობას სურდა საქმე ქონოდა სწორედ ინგლისის ფირმასთან, და არა რუს ებრაელების ფირმასთან. ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ნათქვამი (§ 20), რომ თუ ჩვენი მთავრობა ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებს ინგლისის მთავრობისაგან ცნობას, რომ ის ფირმა არის ბრიტანეთის ფირმა, და მოცემული აქვს უფლება თავის გამგეობისგან და ინგლისის მთავრობისაგან, ეს პირობა დასდოს, ეს ხელშეკრულება ძალას ჰკარგავს. (ასათიანი: ესეც სერიოზული პასუხია?) ჩვენი მთავრობა ანგარიშს უწევს იმას; მაგრამ ბ. ასათიანს ის დასკვნა, რომ ეს საზოგადოება რუსეთის საზოგადოება არის, რუს ებრაელებისა, იქიდან გამოყავს, რომ თურმე ერთ საბუთში „რუსეთის საზოგადოება ქვიან“. ეს საბუთი ბ. ასათიანმა ჩვენც გვაჩვენა და იქიდან სჩანს, რომ საზოგადოებას მიზნად დაუსახავს ვაჭრობის წარმოება რუსეთთან. მაგრამ ქართველებმა, რომ შეადგინონ საზოგადოება, რომელიც თავის მოქმედების ასპარეზათ გაიხდიან იმ ტერიტორიას, რომელიც საქართველოს გარეშე იმყოფება და დაარქმევენ მაგალითად საფრანგეთის საზოგადოებას, მაშინ ისინი განა ფრანგები იქნებიან? მე ვფიქრობ, რუსეთი იმიტომ ჰქვიან, რომ რუსეთის ტერიტორია აქვს მოქმედების ასპარეზად. ამას, როგორც ვთქვი, მთავრობამაც ყურადღება მიაქცია და ცალკე მუხლიც კი შეიტანა ხელშეკრულებაში. მაგრამ, იმ აზრს ვითომც საქმეს ზიანს მოუტანს, რომ რუსეთთან ხდება ხელშეკრულებაო, ასეთს დებულებას საკმაო ნიადაგი არა აქვს. (მესხიშვილი: ავალიანმა, რომ განაცხადა, სულ ერთია ვისთანაც უნდა იყოსო!) მე მოგახსენებთ, რომ ჩვენ თანაბარ პირობებში თანახმა ვართ: „ლუკმა გავარდეს ჯამში ჩავარდეს“, მაგრამ როცა თანაბარ პირობებში არა ვართ და ჩვენი მოქალაქენი გვიყენებენ გაცილებით უარეს პირობებს, ვიდრე უცხოეთში... (ხმაურობა. თავმჯდომარე ზარს რეკავს). ბატონებო! თქვენს ორატორებს სხვა ფაქტები არ მოუყვანიათ. თუ აგრე გსურდათ, თქვენ კეთილ უნდა გენებათ, მისულიყავით და გეკითხათ მთავრობისთვის, ვინ როგორი წინადადება წამოუყენა მას და შემდეგ შემოგეტანათ აქ შეკითხვა. თქვენ გაიგებდით, რატომ მისცეს უცხოელებს და არა შინაურებს. მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს ორი წინადადება - უცხოელების და შინაურების და როცა შინაურების წინადადება არის უარესი, ჩვენ უპირატესობას ვაძლევთ გარეშე პიროვნებას. ეკონომიის მხრით ამ ხელშეკრულების ზიანს ხედავენ ასეთ ფორმულებში (ნუცუბიძე შალვა: გაათავეთ?) ასათიანისა და მესხიშვილის აზრით ჩვენ მთელი ეროვნული სიმდიდრე სიბუნიონს ჩაუგდეთ ხელში, ის საქონელი, რომლის საშუალებით ჩვენ შეგვეძლო ჩვენი ვალიუტის გაუმჯობესება, ასეთი საქონელი გამოაქვს მას ნისიათ და იაფ ფასებში მიაქვს საზღვარ გარედ, იქ ყიდის, იღებს ფულს და თავის ჯიბეში იდებს. შემდეგ ყიდულობს სხვა საქონელს, შემოაქვს აქ, სპეციფიკაციას უგზავნის მთავრობას: საქონელი ვიყიდეთ და მიიღეთო. მთავრობა იძულებულია, ან მხოლოდ სპეციფიკაციის მიხედვით, საქონლის უნახავად მიიღოს იგი, ან უარი სთქვას. თუ უარს იტყვის, «სიბუნიონი“ საქონელს გაიტანს და გაყიდის ბაზარზე, როგორც მოისურვებს. მე უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი დასკვნა არ მართლდება ხელშეკრულების შინაარსით, რომელიც ბ. ასათიანმა, მადლობა ღმერთს, წაიკითხა ამ ტრიბუნიდან. აი, პირველი დებულება: ჩვენი მთელი ეროვნული სიმდიდრე, ჩვენი საქონელი ჩაუყარეთ ხელში სიბუნიონს. მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც გასატანია საზღვარ გარეთ და ამასთანავე არის, ან იქნება ჩვენს საწყობებში. (არ ისმის) რომ უფრო გასაგები იქნეს, და ცილი არ დამწამოთ, მე მოვიყვან პირველ მუხლს (კითხულობს რუსულად) აქიდან ჩანს, რომ ჩვენ არავის არავითარ საქონელს ხელში არ ჩაუყრით, არამედ ჩვენ ვიწვევთ სიბუნიონს (მესხიშვილის რეპლიკა.) ბ. შალვა მოითმინეთ, მე მგონია, მენდობი, რომ იმდენი ნიჭი და უნარი მაქვს, რომ ავხსნი ამ მუხლს, როგორც მე მესმის. (მესხიშვილი: დიახ, როგორც თქვენ გესმით!) თქვენ ამბობთ, რომ ხელში ჩაუყარეთ საქონელიო. ეს შეცდომაა, იმიტომ, რომ აქ არის მხოლოდ უბრალო საკომისიო ხელშეკრულება, ესე იგი „სიბუნიონს“ ვიწვევთ მხოლოდ დასახმარებლად. არავის საკუთრად საქონელს არ ვაძლევთ, არამედ გაგვაქ საზღვარ გარედ გასასყიდად. ჩვენი აგენტები მათ გაჰყვება, ჩვენ სახელზე იქნება საბუთებიც, ხოლო იმათ ცოდნას უცხო ბაზრისას და გემებს ვიხმართ.

ამნაირად ჩვენ მათგან ვიღებთ ტექნიკურ და ფინანსიურ საშუალებას, რომ საქონელი გავიტანოთ საზღვარ გარედ. ცხადია, ჩვენ არავის არ უყრით საქონელს ხელში, არამედ საქონელი ჩვენ გვრჩება. (ასათიანი: საქონელი ვის ხელშია?) მომითმინეთ... ვიმეორებ, რომ ჩვენ ვატანთ ჩვენს აგენტებს სხვა ხალხს. მაშასადამე იმ დებულებას, რომ სხვას ვუყრიდეთ ხელში საქონელს, ნიადაგი არა აქვს, რომ ჩვენ ვატანთ წარმომადგენელს მათ, ეს დასკვნა უარყოფს ასათიანის საყვედურს, რომ ნისიათ და იაფ-ფასებში ვაძლევთ მათ საქონელსო. პირობებში თუმცა არის ნათქვამი, რომ ფასები განსაზღვრული უნდა იყოსო, მაგრამ ეს განსაზღვრა საჭიროა მოგების გამოსარკვევად, ვინაიდან ამ მოგებიდან ჩვენ განსაზღვრულ პროცენტებს ვაძლევთ „სიბუნიონს“.

თავმჯდომარე. ნება მომეცით ხელმეორედ გავახსენოთ დამფ. კრების წევრებს, რომ რეპლიკებს ნუ მისცემთ შინაური დიალოგისა და ბაასის ხასიათს. გთხოვთ განაგრძოთ.

ჯაფარიძე. მეორე დებულება: აი, გაიტანეს საქონელი, ფული აიღეს, თავის კასაში შეინახესო. ამ ფულით ყიდულობენ საქონელს, მიაქვთ, მოგებას იღებენ, მოაქვთ კიდევ იგებენო. ეს გაუგებრობაა. მე-6-ე მუხლში არის ნათქვამი, რომ იმ ფულიდან, რომელსაც „სიბუნიონი“ აიღებს, უნდა გამოირიცხოს ის ფასი, რომელიც არის შეთანხმებით დანიშნული, ხარჯიც უნდა გამოირიცხოს და ამით განისაზღვროს მოგება. 20 პროც. ეძლევა „სიბუნიონს“ და დანარჩენი კი დაიდება „სიბუნიონის“ კასაში. აქედან ასე ფიქრობენ: თუ ფული კასაში იქნება, ისინი ამ ფულს დაატრიალებენ და საქონელს იყიდიანო. არავითარი საფუძველი არა აქვს იმ თქმას, რომ ჩვენ ფულს ვტოვებთ „სიბუნიონის“ განკარგულებაში. აქ რომ იყოს, ვსთქვათ, განსაზღვრული ვადა, მაშინ სხვაა. (ასათიანი: მე-14-ე მუხლი?) მიმდინარე ანგარიშში ფულის დადება ნიშნავს, რომ, როცა გინდა მაშინ გამოიტან. (ნიკოლაძე: კაზუისტიკა! კედია: სანამ არ გამოიტან?) აზრი და მიზანი ამ ხელშეკრულებისა ის არის, რომ ის ფული, რომელიც იქნება შემოსული საქონლის გაყიდვიდან, იქნება მთავრობის განკარგულებაში. (კედია: ანგარიში, რომ არ გაგისწორონ?) მოგახსენებთ, ეს ხელშეკრულება (ხმაურობა. თავმჯდომარე ზარს რეკავს) ის ოპერაცია, საკომისიო ხელშეკრულება, რომელიც არის მოთავსებული პირველ 6 მუხლში - გატანის, გაყიდვის, მოგების შესახებ, ეს არის წმინდა საკომისიო ხელშეკრულება. ბ. ასათიანმა ისა სთქვა, რომ აქ არის ერთგვარი იურიდიული გაუგებრობა - არ ვიცით კომისიონერია თუ ამხანაგობაა, - რადგანაც პროცენტსაც იღებს და წილიც აქვსო. ასათიანმა იცის, რომ ეს არის წმინდა საკომისიო ხელშეკრულება (კედია? მეორე ნახევარი?), რომლის საშუალებითაც ვიღებთ ფინანსიურ დახმარებას და ამისთვის ვაძლევთ ჩვენ ჯილდოს, რომელიც განისაზღვრება პროცენტებით. ამ ოპერაციასთან დაკავშირებულია მეორე ოპერაცია: იმან უნდა თავისი ხარჯით და ფულით შემოიტანოს საქონელი. ეს იწყება მე-7-ე მუხლიდან.

ბატონმა ასათიანმა მოგახსენათ, რომ არ ვიცით რა საქონელი უნდა შემოიტანონ ჩვენში გასასყიდად და ასეთი მდგომარეობა სასარგებლოა მათთვის და არა ჩვენთვისო. ეს არის ალბად ფაქტიური შეცდომა, რადგან პირობით ისეთი საქონელი უნდა შემოიტანონ, რომლის შესახებ წინდაწინ შეთანხმდებიან «სიბუნიონი“ და ჩვენი მთავრობა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი საქონელი შემოიტანონ ჩვენში, და თუ ვიშოვნით ისეთ ფირმას, საზოგადოებას, რომელიც შემოიტანს საქონელს თავისი ფულით, რასაკვირველია, ეს ხელსაყრელი იქნება ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისათვის ჩვენ ვაძლევთ მხოლოდ 15 პროც. მეტს ვინემ მათ უჯდებათ ადგილობრივად.

ჩვენ ვაძლევთ აქ ფეხსაცმელებში... (არ ისმის). დღევანდელ პირობებში რომ მხოლოდ 15 პროც. სარგებელი მივცეთ, ეს არ იქნება საზარალო ჩვენთვის, თუ კი ეს ხელშეკრულება განვახორციელეთ. მაშასადამე, ეს ორი ოპერაცია, რომელიც არის საგანი ამ ხელშეკრულებისა, და რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ამ ფირმას შემოაქვს ჩვენში საქონელი ისეთ ფარგლებში, როგორც ეს მე-7-ე §-ია აღნიშნული. ჩვენთვის ხელსაყრელია და ის საყვედური მთავრობის მიმართ: რატომ არის დადებული ზედ 15 პროცენტიო, არის უსაფუძვლო და გაუგებრობით გამოწვეული

გადავიდეთ ახლა ცალკე იმ 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე (არსენიძე ადგილიდან: მესხიშვილს კი ერთი მილიარდი ჰგონია!) მეცხრე მუხლში ნათქვამია, რომ «სიბუნიონი“ მოვალე არის თვითონ გამოიღოს ავანსად 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იმ პირობით, რომ მთავრობამ უნდა დახარჯოს 1/4 გასატან საქონლის ყიდვაზე და ბატონი ასათიანი (ნუცუბიძე: მილიარდები ნუ დაგავიწყდათ, კონსტიტუციონალური საკითხი?) და ბატონმა ასათიანმა მოიყვანა ორნაირი დილემა, ფორმულა: ჯერ ერთი ის, რომ ეს მუხლი სერიოზული არ არისო, იმიტომ, რომ იქ ნათქვამია 5 მილიონ გირ. სტერლინგამდე უნდა შემოიტანოსო, მაშასადამე შეუძლია 5 გირვანქაც გაიღოსო. და მეორე, რასაც უფრო მიაწვა მესხიშვილი, მაქსიმუმს - 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიღებსო. მე უნდა ვთქვა, რომ შესაძლებელი იყო უფრო მკაფიოდ გამოხატვა ამ დებულებისა, მაგრამ, როდესაც ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ იღებს ავანსს 5 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს არც 5 გირვანქას და არც მაინცდამაინც სრულ 5 მილიონ გირვანქას.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე გადავდევით მთავრობის განკარგულებაში რამდენიმე ათეული მილიონი (ვეშაპელი: დარჩა რამე?) ამ საქმისათვის და თუ ამ თანხაზე 4-ჯერ მეტ თანხას შემოიტანს ავანსათ ეს ფირმა, ეს კარგი იქნება ჩვენთვის. ამ თანხით ჩვენ დავამზადებთ საქონელს, ვიყიდით მას და დავაწყობთ მთავრობის საწყობებში.

და თუ მისი გეშინიათ რომ კრედიტი დაგვჭირდებაო და ხელფეხი გვექნება შეკრულიო, მაშინ მე საყვედური არ მესმის, იმიტომ, რომ თუ მეტი კრედიტი დაგვჭირდა და თუ პრაქტიკამ არ დაგვანახა, რომ ეს საზარალო იქნება, მაშინ რა თქმა უნდა დამფ. კრება არ მისცემს ამ კრედიტს. (ვეშაპელი: მე არა? ეს ხომ რესპუბლიკის დაღუპვა იქნება! ხმაურობა. ზარი. მესხიშვილი ადგილიდან. გარანტია, გარანტია?).

ბატონო მესხიშვილო, თქვენ იძახით გარანტია, გარანტიაო. მე მოგახსენებთ, რომ რასაკვირველია ყოველ შეკრულობის დროს უნდა მოსთხოვო გარანტია კონტრაგენტს. მაგრამ გარანტია მაშინ არის საჭირო, როდესაც პირობის ასრულება მოწინააღმდეგის მხრივ საეჭვოა. აქ კი საუკეთესო გარანტია არის საქმის ინტერესი. ამბობენ, „სიბუნიონს“ საქონლის გატანის მონოპოლია მივეცითო, ეს ასე არ არის. მთავრობას თვით შეუძლია გაიტანოს საქონელი უშუამავლოდ. „სიბუნიონს“ მიეცემა ის საქონელი, რომელიც მთავრობის საწყობებში იქნება და რომელსაც თვით მთავრობა არ გაიტანს. მაგრამ გარდა ამისა, იმ საქონლის გატანა, რომელიც მთავრობის საწყობებში არ იქნება, მთავრობას შეუძლია სხვას მიანდოს, გარეშე „სიბუნიონისა“, ან თვითონ იკისროს.

ასე, რომ მე გარწმუნუბთ, ამ ხელშეკრულების ძალით მთავრობას შეუძლია თვითონაც გაიტანოს საქონელი და სხვასაც მისცეს უფლება გატანისა (ხმაურობა ზარი). მთავრობას შეუძლია იყიდოს საქონელი და დააწყოს საწყობებში, მაგრამ შეუძლია არც იყიდოს და არც არაფერი დააწყოს ამ საწყობებში. (ასათიანი: ადგილიდან დამალოს არა? ხმაურობა. სიცილი. ზარი).

თავმჯდომარე. მე მოვითხოვ, რომ ვისაც სიტყვის სურვილი აქვს, აქ ჩაეწეროს. ბატონო ასათიანო, თქვენ ჩაწერილი ბრძანდებით და შეგიძლიათ მერე სთქვათ რაც გნებავთ, მე გთხოვთ, რეპლიკებს ნუ მისცემთ დიალოგების ხასიათს. თქვენ რეპლიკას რეპლიკა მოყვება. (ასათიანი: გარანტია არა მაქვს, რომ მალაპარაკებენ) ამის სრული გარანტია აქვს ყოველ დამფ. კრ. წევრს. ახლა კი გთხოვთ დაწყნარდეთ. ბატონო ორატორო, თქვენ ნუ მიაქცევთ ყურადღებას რეპლიკებს და ისე განაგრძეთ თქვენი სიტყვა.

ჯაფარიძე. მე ვუპასუხებ ბატონ გობეჩიას. მან კარგათ უნდა იცოდეს ის, რომ მე არ ვეკუთვნი იმ ვექილთა რიცხვს, რომლებიც ფულზე ყიდიან თავის სინდისს. (სოც.-ფედ. ეგ მართალია. გვაზავა: თქვენ ხომ არ მოაწერდით ხელს ამ ხელშეკრულებას?) მე მოგახსენებთ არა ჩემ პირად აზრს, არამედ მთელი ფრაქციის შეხედულებას, რომ ჩვენი განმარტებით (მესხიშვილი: სწორედ თქვენი განმარტებით!) ამ მუხლის გაგება სხვანაირად არ შეიძლება ვიდრე მე მოგახსენეთ, ესე იგი მთავრობას შეუძლია შეიძინოს საქონელი და დააწყოს საწყობში. ეს საქონელი შეუძლია, ან თვითონ გაიტანოს, ან სიბუნიონს გაატანოს. მაგრამ მას შეუძლია საქონელი არ შეიძინოს და არც საწყობებში დააწყოს. და მისცეს უფლება გადატანისა ყველას, იქნება ეს ხოშტარია თუ სხვა ვინმე. (ხმაურობა. ზარი. ღლონტი: აი ეს მუხლი წაგვიკითხეთ!).

თავმჯდომარე. ბატონო ღლონტო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ არ გაქვთ ამის უფლება. ბატონებო, ნუ მაიძულებთ მივიღო ისეთი ზომები, რომელიც არ არის სასურველი. მე არ მივცემ ნებას ორატორს განაგრძოს თავის სიტყვა, სანამ თქვენ არ დაწყნარდებით. (ხანგრძლივი პაუზა) გთხოვთ განაგრძოთ.

ჯაფარიძე. ყველაზე უფრო მე უშლიდი ხელს ვეშაპელს და ის ახლა ჩუმად არის და სხვები კი მიშლიან (ვეშაპელი: თქვენ მოატყუებთ „სიბუნიონს“? საერთო სიცილი ყველა სკამებზე. ზარი. ხმაურობა).

პირველი მუხლი ასეთია: (კითხულობს რუსულად) (გვაზავა: შენიშვნები?) მაგასაც წაგიკითხავთ დამაცალეთ (კითხულობს სოც. ფედერ. და ერ. დემ. непосредственно. ხმაურობა. ზარი) ამერიკა აღმოაჩინეთ, არა? შეიძლება მე ვცდებოდე. მე მოგახსენებთ გულწრფელად ჩემ მოსაზრებას, მე ვერავინ დამწამებს, რომ თითქოს მე მაინცა და მაინც მინდოდეს მთავრობის დაცვა. მთავრობა ამას არ საჭიროებს (გვაზავა: მართალია მთავრობას ეს არ სჭირია!). «სიბუნიონს“ ეძლევა ის საქონელი, რომელიც დაგროვილია საწყობებში და საზღვარ გარეთ გასატანად აქვს მთავრობას გადადებული. მაშასადამე ხელშეკრულობის საგანი არის ისეთი საქონელი, რომელიც განისაზღვრება ორი ნიშნით: ერთი ნიშნავს იმას, რომ უნდა იქნეს დაგროვებული მთავრობის საწყობებში, ხოლო მეორე - იმას, რომ უნდა იქნეს დაგროვებული საზღვარ გარეთ გასაგზავნად.

მთავრობა ხომ ვალდებული არ არის ყველა სავალიუტო საქონელი იყიდოს და გაგზავნოს, აგრეთვე გააგზავნოს ისეთი საქონელი, რომლის გაგზავნასაც იგი არ მოისურვებს? ამ შემთხვევაში შეზღუდვა მთავრობისათვის არ არსებობს; იმას შეუძლია ყველა ვაჭარს მიანდოს ყიდვა და გატანა საქონლისა სრულიად უშუამავლოდ (ხმები: ეს არ შეუძლია. დადიანი: непосредственно?) უშუამავლოდ გატანა მთავრობას შეუძლია იმ საქონლისა, რომელიც იქნება დაწყობილი ჩვენ საწყობებში. (გვაზავა: არ შეუძლია) მაგრამ გაიგეთ, რომ თქვენ მართალი იქნებით მაშინ, რომ მთავრობა ვალდებული იყოს იყიდოს სავალიუტო საქონელი და დააწყოს საწყობებში. თუ არის ეს სავალიუტო საქონელი არავითარი კანონი არ ავალებს მას, რომ... (ხმაურობა: ზარი. ხმები სოც.-ფედ. მონოპოლია?) მონოპოლია რას ნიშნავს? მონოპოლია ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ნებადაურთველად არავის არ აქვს უფლება იყიდოს სავალიუტო საქონელი და გაიტანოს საზღვარ გარეთ. (სოც.-ფ: «სიბუნიონის“ გარდა, არა? არსენიძე: რათ უხსნი ეგენი მაინც ვერაფერს გაიგებენ!) ასეთი მხიარული სულისკვეთება შეიქმნა აქ, ბატონებო, რომ მიუხედავად ნაც.დემ. მტკიცებისა, რომ საკითხს დიდი სერიოზული მნიშვნელობა აქვსო, ვფიქრობ არც ისეთი საშიში უნდა იყვეს ეს ხელშეკრულება. (არსენიძე: ეს მაგათაც კარგად იციან).

დასკვნა გახლავთ ასეთი: ამ ხელშეკრულებას არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, არც ისეთ დიდ საფრთხეს გვიქადის, როგორც ეს დაასკვნეს აქ წინა ორატორებმა. რომ მკითხოთ ჩემი კერძო აზრი, მე ვფიქრობ, რომ აქ მთავრობამ შეინარჩუნა მეტი თავისუფალი ხელი, ვინემ მეორე მხარემ და ამას კი ვერ ამჩნევენ ჩვენი მოწინააღმდეგენი. შიში, რომელიც აქ წინა ორატორების მიერ იქმნა გამოთქმული, ყოველივე საფუძველს მოკლებულია.

არც უფლებრივ და არც ზნეობრივი მხრივ, მთავრობა ვალდებული არ იყო ეს ხელშეკრულება დამფუძნებელ კრებაში შემოეტანა (ნუცუბიძე: კონსტიტუციური?).

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობამ ყოველი საკომისიო ხელშეკრულება დამფუძნებელ კრებაში უნდა შემოიტანოს და თქვენი დასტური მიიღოს, ეს შემცდარი აზრია და შეუძლებელი. (ფედერალისტები: ფულის გაღება?) არც შეიძლება გამოინახოს ისეთი ხელშეკრულება, რომელსაც ესა თუ ის პარტია დიდმნიშვნელოვანს არ დაუძახებს, ვინაიდან ეს სუბიექტიური შეხედულებაა. თქვენ დირექტივებს აძლევთ მთავრობას, რომ მან ყოველი ხელშეკრულება დამფუძნებელ კრებაში შეიტანოს. ეს კი შეუძლებელია (გვაზავა: ეს მართალი არ არის!). მე ვამბობ, რომ ეს არ არის სავალდებულო მთავრობისთვის. (გვაზავა: ეს მართალი არ არის!).

თავმჯდომარე. ეხლა რეპლიკები გააგრძელეთ!

გვაზავა. რა ამბავია?

თავმჯდომარე. ის ამბავია, რომ დაწყნარდით!

გვაზავა. მე დაწყნარებული ვარ.

თავმჯდომარე. მაშ განაგრძეთ თქვენი სიჩუმე.

ვინაიდან დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა ოთხ საათზე შეწყდეს სხდომა, ამიტომ კამათი გადაიდება შემდეგი სხდომისათვის.

სანამ მომხსენებელს საბოლოო ტექსტის შესახებ მივსცემდე სიტყვას, მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ჯაფარიძის სიტყვის შემდეგ მე მოვითხოვე ვეშაპელის სიტყვის სტენოგრამა, მაგრამ ის საბოლოოდ არ არის დამოწმებული.

აქ არ არის მთელ რუსეთის ებრაელებზე, არამედ ეს ეხება იმ უცხო ებრაელებს, რომელნიც აქ შემოდიან და ახერხებენ აქ ჩუმად საქმის გაკეთებას. ასეთია ჯერ-ჯერობით სტენოგრამა.

ივ. გომართელი. (კითხულობს საბოლოო ტექსტებს დეკრეტისა სამუსლიმანო საქართველოს საქველ-მოქმედო საზოგადოებისათვის 1.115.000 მანეთის დახმარების მიცემის შესახებ. საბოლოო ტექსტი დამტკიცებული იქნა).

თავმჯდომარე. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი. (მდივანი კითხულობს). სხდომას დახურულათ ვაცხადებ.

სხდომა იხურება 4 საათსა და 15 წუთზე.

6 სამოცდამეხუთე (სასწრაფო) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(65)

1919 წელი, პარასკევი. ნოემბრის 28. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი.

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი

და გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა და 20 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი: .

1. გაგრძელება მსჯელობისა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - რუსულ სავაჭრო საზოგადოების „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულობის შესახებ.

2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

3. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხლის შეცვლისა. მომხსენებელია პავ. ბერიშვილი.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულების დამტკიცებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

5. დეკრეტი ალექსანდრეს სახელობის ბავშთა თავ-შესაფარის საჭიროებისათვის ყოველთვიურად დამატებით 14.734 მან. და 50 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

6. დეკრეტი - გზათა-დეპარტამენტისათვის 88.425 მან. 89 კ. კრედიტის გახსნისა - მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოვებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია დავით ონიაშვილი.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთ დანაშაულობისათვის სასჯელის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ილ. ფირცხალაიშვილი.

8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია მელ. რუსია.

9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ბეჭვდითი სიტყვის ნაწარმოების მთავრობისადმი წარდგენისა. მომხსენებელია ექვთ. თაყაიშვილი.

10. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო - მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

11. დეკრეტი - ტყის მფლობელობისა და სარგებლობის შესახებ. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

12. დეკრეტი - სახალხო განათლების უწყების მოსამსახურეთა ჯამაგირის 100 პროც. გადიდებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

13. დეკრეტი - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგრონომიო განყოფილების გახსნისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი და გრ. ნათაძე.

14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ნავთსადგურების გადასახადთა ახალი ნიხრის დაწესების შესახებ. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

15. დეკრეტი - რკინის-გზის დეპარტამენტისათვის 52.284.920 მან. დამატებითი კრედიტის გახსნისა - 1918 წელზე - ნიხრის დასაფარავად. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

წინადადებანი დღიური წესრიგის შესახებ.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემოიტანა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ შემდეგი განცხადება: დეკრეტი მე-12 - სახალხო განათლების უწყების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის 100 პროც. გადიდების შესახებ - იქნეს განხილული პირველ რიგში.

სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას მე-2 წინადადება შემოაქვს, რომ დღესვე იქმნეს მიღებული საბოლოო ტექსტი დეკრეტისა სახალხო განათლების უწყების მოსამსახურეთა ჯამაგირის 100 პროც. გადიდების შესახებ. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა მიღებულია და დღის წესრიგიც დამტკიცებული.

დეკრეტი სახალხო განათლების უწყების მოსამსახურეთა ჯამაგირების 100 პროც. გადიდებისა.

ამ საკითხის შესახებ მომხსენებელია დამფუძნებელ კრების წევრი იმნაიშვილი. სიტყვა ეკუთვნის იმნაიშვილს.

ნიკიფორე იმნაიშვილი. (ს.-დ.) თავის მოსამსახურეთა ქონებრივად უზრუნველყოფის მხრივ არც ერთი უწყება ისე ჩამორჩენილი არ არის, როგორც სახალხო განათლების უწყება და არც ერთი მოხელე სახელმწიფოში - შეიძლება ისე დაჩაგრული არ იყოს, როგორც მოსამსახურენი ამ უწყებისა - მასწავლებლები. ეს უსამართლობა იმათ მიმართ იყო ძველ წესწყობილების დროს და საუბედუროდ რევოლიუციის შემდეგ ის არ შეცვლილა დღევანდლამდისაც. ამის გამო იყო, რომ შეუძლებელი გახდა უზრუნველყოფა რესპუბლიკის სკოლების მასწავლებელთა საკმაო რიცხვის მხრით. აუტანელი პირობები ცხოვრებისა აიძულებდა მათ მიეტოვებინათ ეს ასპარეზი მუშაობისა და სხვა სამსახური ეძებნათ. ისინი, ვინც, საქმის სიყვარულის გამო, შერჩნენ ამ პროფესიას, ჩუმად, უენოდ იტანდნენ ამ უბედურებას იმ მოლოდინში, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. ამ უკანასკნელ თვეებში სახალხო განათლების კომისიას და სამინისტროს აუარებელი თხოვნები მოსდიოდა, როგორც კერძო პირებისგან - ისე მასწავლებელთა ყრილობების სახელით, სადაც უთითებდენ თავის აუტანელ გაჭივრებაზე და ითხოვდნენ დახმარებას. სამწუხაროდ აქამდე ჩვენ ვერავითარი პრაქტიკული ნაბიჯი ვერ გადავდგით, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნილება სახალხო განათლების ასპარეზზე მომუშავეთა დაგვეკმაყოფილებინა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ფინანსიური კრიტიკული მდგომარეობა საამისო საშუალებას არ გვაძლევდა. ეხლა კი, როდესაც, ისედაც საშინელი პირობები ცხოვრებისა უფრო გაუარესდა, როდესაც ისინი იძულებულნი არიან მუშაობა მიატოვონ, განათლების კომისია დაყოვნებას დანაშაულად ჩასთვლის მათ წინაშე, ვინც ასეთ დიდს საპასუხისმგელო საქმეს ასრულებს ჩვენი კულტურული წინსვლის ასპარეზე.

და აი, ამიტო ამ კომისიას შემოაქვს ეს დეკრეტი, რომლის ძალითაც უწყებაში მოსამსახურეების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლების, ჯამაგირი უნდა გადიდდეს 100 პროცენტით. პირველი შეხედვით ეს თითქოს დიდი ციფრი არის, მაგრამ ჩვენ თუ ჩაუკვირდებით იმას, თუ როგორ იყვნენ ისინი აქამდის უზრუნველყოფილნი და ამ ასი პროცენტის მიმატებით რას მიიღებენ შემდეგ, მაშინ დარწმუნდებით, რომ ამ ასი პროცენტის მიმატებით იმათი მდგომარეობა კიდევ საკმარისად გაუმჯობესებული არ იქნება. ჩვენ დავამყარებთ ამ 100 პროცენტის მომატებით მხოლოდ საშუალო ნორმებს იმასთან შედარებით, თუ რა ნორმები არსებობს სახელმწიფო სამსახურის სხვა და სხვა დარგებში, ან მოსალოდნელია დამყარდეს იმისდა მიხედვით, თუ რა პროექტები არის შემოტანილი საბიუჯეტო კომისიაში სხვა და სხვა უწყებების მიერ. მაგალითად, საშუალო სასწავლებლებს თუ ავიღებთ, დავინახავთ, რომ აქამდის დამსახურებული მასწავლებელი დირექტორი იღებდა 1900 მანეთს თვეში, ხოლო ამ პროექტით მისი ჯამაგირი აყვანილი იქნება 3800 მანეთამდე. ინსპექტორი იღებდა 1816 მანეთს, ეხლა მისი ჯამაგირი იქნება 3632 მანეთი. საშუალო სკოლის მასწავლებელს, უმაღლეს განათლება მიღებულს, აქამდე ჰქონდა 1700 მანეთი, ეხლა, ამ პროექტით მას 3400 მანეთი ექნება. დირექტორი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლისა იღებდა 1592 მანეთს, ეხლა მას, მაშასადამე 3184 მანეთამდე ექნება. მასწავლებელს უმაღლეს დაწყებით სკოლისას ჰქონდა აქამდე 1410 მანეთი, ეხლა ექნება 2820 მანეთი. პირველ-დაწყებითი სახალხო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც განსაკუთრებულ გაჭირვებას განიცდიან, აქამდე იღებდნენ 800 მანეთს, მაშასადამე ამ პროექტით მათი ჯამაგირი გადიდებული იქნება მხოლოდ 1600 მანეთამდე.

ასე რომ ბოლოს და ბოლოს ამ გადიდებული ნორმით ეს დეკრეტი აღწევს მხოლოდ ნაწილობრივ მიზანს, რადგან მხოლოდ რამოდენიმედ შეამსუბუქებს სახალხო განათლების ასპარეზზე მომუშავეთა მდგომარეობას. ამ დეკრეტის თანახმათ სახალხო სკოლებისათვის ამ 100 პროცენტის მიმატების მიღების შემდეგ უნდა გაღებულ იქმნეს 6.228,000 მან.

უმაღლეს დაწყებით სასწავლებლებისათვის ზედმეტი ხარჯი იქნება: 1 მილიონი მან., საშუალო სკოლებისათვის 1.820 ათასი მან., სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის 2.600 ათასი მანეთი, ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმისათვის 22 ათასი მან. და ფიზიკურ ობსერვატორიისათვის 42 ათასი მანეთი, სულ 6.228,000 მანეთი.

თავის-თავად ცხადია, დღევანდელს ჩვენს ფინანსიურ მდგომარეობაში ეს ზედმეტი ხარჯი, რომელიც 70 მილიონს აღემატება, სამძიმო იქნება, ბატონებო, მაგრამ სახალხო განათლების კომისიამ, რომელიც ადგენს ამ დეკრეტს, და საფინანსო კომისიამაც მიიღო მხედველობაში ის აუტანელი პირობები ცხოვრებისა, რომლებსაც სახალხო განათლების მასწავლებლები განიცდიან და ამისდა მიხედვით ერთსულოვნად და ერთხმად მიიღო ეს დეკრეტი და შემოიტანა დამფუძნებელ კრებაში დასამტკიცებლად. უნდა მოგახსენოთ აგრეთვე, რომ სახელმწიფო კონტროლს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ დეკრეტისა. ეს დეკრეტი არა ვრცელდება ცენტრალურ დაწესებულებების, - ესე იგი სამინისტროს მოსამსახურეებზე, ვინაიდგან მათ შესახებ მუშავდება ცალკე შტატი და ხარჯთ-აღრიცხვა. შემდეგ, ეს დეკრეტი არ ვრცელდება ამ უწყების დაბალ მოსამსახურეებზე, ვინაიდგან მათ შესახებ იყო განსაკუთრებული დეკრეტი, რომელიც არის მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ 25 ნოემბერს, დეკრეტი - ჯამაგირების 40 პროცენტით გადიდების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იყო შრომის სამინისტროს მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

იმნაიშვილი. (კითხულობს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი ამ დეკრეტისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია და თანახმად დადგენილებისა, ვსთხოვ სარედაქციო კოლეგიას შეასწოროს ეს დეკრეტი და შემოიტანოს კრების დასასრულს.

კანონ-პროექტი ნავთსადგურების გადასახადთა ახალი ნიხრის დაწესების შესახებ.

თავმჯდომარე. მომხსენებელია ბ. ონიაშვილი.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) ეს კანონ-პროექტი, რომელიც ეხლა უნდა განიხილოს დამფუძნებელმა კრებამ, შეეხება სანავთსადგურო გადასახადების ძველი ნიხრის შეცვლას და ახალი ნიხრის დაწესებას.

ცნობისათვის უნდა მოგახსენოთ, რომ ძველი კანონის ძალით არსებობდა სამნაირი სანავთსადგურო გადასახადი: 1. - გემის ტონაჟის მიხედვით, ე. ი. თითოულ ტონაზე, ძველი, 1913 წლის კანონის მიხედვით, უნდა გადახდილიყო, 10 კაპ. ამ გადასახადს იხდიდა რუსეთში რუსეთის გემები, მხოლოდ ნავიგაციის დროს და თითოული გემი შემოსული საზღვარ-გარეთიდან და გასული პორტიდან საზღვარ-გარეთ. ეს არის სანავოსნო გადასახადი. შემდეგ, არსებობდა და არსებობს დღესაც ეგრედწოდებული საფუთო გადასახადი. უნდა მოგახსენოთ, რომ ძველი წესწყობილების დროს ეს საფუთო გადასახადი ძალიან მცირე იყო: დაწყებული 1/4 კაპიკიდან 1/2 კაპიკამდე და ზოგ საქონელზე 1 კაპიკი. გარდა ამისა ზოგი საქონელი სრულიად განთავისუფლებული იყო საფუთო გადასახადისაგან; მაგალითად, სამხედრო გემები, მთავრობისაგან სამხედროთ გამოცხადებული, სრულიად განთავისუფლებული იყვნენ საფუთო გადასახადისაგან. შემდეგ, ის გემები, რომელთა სპეციალური დანიშნულება იყო კაბელების გაბმა - ისინიც განთავისუფლებულნი იყვნენ საფუთო გადასახადებისაგან. შემოსავალი საფუთო გადასახადებისაგან ირიცხებოდა ხაზინაში, 2/5 - საერთო კასაში და 3/5 ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშებში. გარდა ზემოაღნიშნული გადასახადებისა, არსებობდა სალოცმანო გადასახადი. მესამე ფორმა ამ სანავთსადგურო გადასახადებისა არის იმ პირთა სასარგებლოთ, რომელნიც მოსდევდენ და მისდევდენ გემებს რუსეთიდან საზღვარ გარეთ და საზღვარ გარეთიდან რუსეთში. ასეთი სამი გადასახადი იყო ძველათ. ამის გარდა, როდესაც გერმანიის სარდლობა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, დაწესდა ერთდროული 10 პროც. საფრახტო გადასახადისა. ეს გადასახადი იყო სრულიად უკანონო და ქონდა შემთხვევითი ხასიათი. ფაქტიურათ დღეს ეს გადასახადი სრულიად მოსპობილია. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ, ამ სანაოსნო გადასახადთა დარგში, დღეს საშინელი არევ-დარევა არის. არ არის არავითარი სისტემა დამუშავებული და ამ სანავთსადგურო გადასახადებს სრულიად შემთხვევითი ხასიათი აქვს.

აი, ამის გამოისობით, ამ წლის 15 ივნისს შესდგა საუწყებათაშორისო თათბირი, და ამ თათბირზე მიღებული იქნა ახალი გადასახადები, ე.ი. შეიცვალა ძველი და დაწესდა ახალი ნორმები გადასახადებისა.

მე მოგახსენეთ რა გადასახადი იყო, როდესაც ძველი კანონი არსებობდა. მაშინ თითო ტონზე იყო 10 კაპ. გადასახადი და ამ ახალი კანონ-პროექტის შინაარსის მიხედვით, რომელსაც მუხლობრივი განხილვის დროს გავეცნობით - სანაოსნო გადასახადი თითოეულ ტონზე. ნაცვლათ 10 კაპ-სა, უდრის 1 მანეთს. შემდეგ, ძველი კანონით, ის გემები, რომლებიც მიდიოდენ არა სავაჭრო მიზნით, სრულიად განთავისუფლებული იყვნენ გადასახადებისაგან, ამ კანონ-პროექტის მიხედვით ეს გემებიც უნდა დაემორჩილონ ამ წესებს; მხოლოდ გაცილებით ნაკლები გადასახადი ექნებათ მათ. უნდა დაწესდეს 30 კაპ. და ერთი მან.

აი, ეს ცვლილება არის შეტანილი, მაშასადამე, სანაოსნო გადასახ. დარგში. შემდეგ, საფუთო გადასახადი საგრძნობლად შეცვლილია. წინათ იყო ერთი ნორმა. ამ კანონ-პროექტის ძალით სამნაირი ნორმაა მიღებული ამ საფუთო გადასახადებისა. უმთავრესი ნორმა არის 20 კაპ. ყოველ სამადნო ნივთეულობაზე და მათ შორის, ქვა-ნახშირზე. შემდეგ, მეორე ნორმა - 20 კაპ. დაწყებული 2 მანეთამდი; და უკანასკნელი მესამე ნორმა ადის 2 მანეთიდან 5 მანეთამდი ლითონის ყოველ გვარ ნაწარმოებზე. გარდა ამისა, სალოცმანო გადასახადი, რომელზედაც მოგახსენეთ, ამ კანონ-პროექტის მიხედვით, ამნაირათაა შეცვლილი: იმ გემებს, რომელთა ტონაჟიც არ აღემატება 100 ტონს - ეხება ეს გადასახადი.

აი, ასეთი არის ის მცირე ცვლილება, რომელიც შეაქვს ამ ახალ კანონ-პროექტს სანავთსადგურო გადასახადთა სისტემაში. ამას გარდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ვაჭრობა-მრეწველობის, ფინანსთა და შინაგან-საქმეთა სამინისტროებს - რამდენიმე უწყებას - უფლება ეძლევათ, საერთოდ გადაიმუშაონ ეს გადასახადები, თუ ამას სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს; შეთანხმდენ და შეთანხმების შემდეგ შესცვალონ ეს ნორმა. ეს ცვლილება, მათ აქვთ უფლება, მოახდინონ როგორც ერთი კატეგორიის ნორმების ფარგლებში ისე ეს ნორმები ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში შეუძლიათ გადაიტანონ. ასეთი უფლება აქვს მინიჭებული ამ ახალი კანონ-პროექტის ძალით მთავრობას.

აი, ეს საზოგადო ხასიათის ცნობები, რომელიც უნდა წარმომედგინა, რომ შემდეგ, როდესაც გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე, უფრო ნათელი იყოს ეს კანონ-პროექტი დამფუძნებელ კრებისათვის.

თავმჯდომარე. ვის სურს საერთო მსჯელობისათვის სიტყვა? - სიტყვა არავის არ სურს. მე კენჭს უყრი. ვინაა წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. მაშასადამე, ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა მიღებულია და მუხლობრივი განხილვა იქნება შესაფერი ვადის გასვლის შემდეგ.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

გაგრძელება მსჯელობისა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - რუსულ სავაჭრო საზოგადოებისსიბუნიონთანდადებულ ხელშეკრულობის გამო.

სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს გ. გვაზავას.

. გვაზავა. (ერ.-დემ.) როდესაც ჩვენ შემოვიტანეთ ეს შეკითხვა, ერთი უმთავრესი მოტივი შეეხებოდა საბიუჯეტო უფლებას. ეს საკითხი, როგორც სჩანს, კარგად გარკვეული არ არის და ბევრს ბუნდოვანათ ესმის. ამას დავასკვნი იმიტომ, რომ ბატ. მესხიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებული იყო, ზნეობრივათ მაინც, არ შეეკრა ეს ხელშეკრულობაო. მან იხმარა სიტყვა „ზნეობრივი“ და ცოტა არ იყოს, ამით თვით გაბზარა თავისი თეორიული აღნაგობა. ამით, რასაკვირველია, ისარგებლა ბ. ჯაფარიძემ, რომელიც მივიდა იმ დასკვნამდი, რომ მთავრობას ნება ჰქონდა და აქვს დასდოს ასეთი ხასიათის ხელშეკრულობა დამფუძ. კრების დაუკითხავათ, აქედან სჩანს მეთქი, მე მოგახსენებთ, რომ ამ კითხვის შესახებ არის ბუნდოვანი აზრი და ამიტომ მე მოვალეთ ვრაცხ ჩემ თავს, ამაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.

პირველი და უმთავრესი საკითხი გახლავთ - ვის ეკუთვნის საბიუჯეტო უფლება? საზოგადოთ, მეცნიერებაში მიღებულია ის აზრი, რომ საბიუჯეტო უფლება არის ერთი ელემენტი უმაღლესი ხელმწიფეობისა, ან სუვერენობისა. ძველი რეჟიმის დროს, ყველა ახალი გადასახადის შემოღება, ან რამე ხარჯის გაღება - იყო განსაკუთრებული უფლება იმპერატორისა. რასაკვირველია, მას ჰყავდა სხვა და სხვა დაწესებულება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აუცილებელი იყო მეფის დასკვნა. საბიუჯეტო უფლება არის ერთი ელემენტი უფლებრივი კანონმდებელი უფლებისა, ან, უკეთ რომ ვსთქვათ, ერთი ელემენტი სუვერენობისა. იმ დღიდან, როცა გამოცხადდა საქართველოს თავისუფლება - უზენაისი უფლება სუვერენობისა, ან უზენაესი ხელმწიფობა გადავიდა ხალხის ხელში. ეს არის ერთი ელემენტი ამ უზენაესი ხელმწიფეობისა. როგორც იცით, აქედან წარმოსდგება დამფუძნებელი კრება, საზოგადოთ, პარლამენტი - წარმომადგენლობა ერისა. და ერის წარმომადგენლობის ხელში არის საკანონმდებლო უფლება; და, მაშასადამე, საბიუჯეტო უფლებაც უნდა იყოს და არის კიდეც მოქცეული პარლამენტის ხელში. მთავრობას არა აქვს უფლება შეეხოს ამ საბიუჯეტო უფლებას პარლამენტისას. მთავრობას აქვს უფლება გაიღოს სხვადასხვა ხარჯი, მაგრამ იმ აუცილებელი პირობით, რომ ყოველ ხარჯს უნდა მოსდევდეს დასტური ეროვნული ნებისყოფისა და ეროვნული ნებისყოფის გამომხატველი არის დამფუძნებელი კრება. ჩვენ რომ გვქონდეს დამტკიცებული ბიუჯეტი, მაშინ, რასაკვირველია, ამას არ გამოუდგებოდით, იმიტომ, რომ, როცა ბიუჯეტი დამტკიცებული არის, იქ მოყვანილი არის ხარჯთ-აღრიცხვა - შემოსავალ-გასავალი - მთელი სახელმწიფოსი. მაშინ იქ ყოველი ხარჯი იქნება წინდახეული და აწონილ-დაწონილი. და როდესაც ბიუჯეტი დამტკიცებული არის, მაშინ მთავრობას უფლება აქვს ამ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგალში იმუშაოს, ფული დახარჯოს. მაგრამ ჩვენ ჯერ ბიუჯეტი დამტკიცებული არა გვაქვს და ამიტომ არ შეიძლება მთავრობამ დასდოს ყოველნაირი ხელშეკრულება, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხარჯი და რომელზედაც დამფუძნებელ კრებას არ უთქვამს თავისი დასტური.

მე გაკვირვებული ვიყავი იმ სიტყვით, რომელიც აქ წარმოსთქვა ბატ. ავალიანმა. მან სთქვა, რომ მთავრობას აქვს ამის უფლება და საბუთად ის მოიყვანა, რომ ეს ხელშეკრულება არის მცირე ვადიანი. თუმც დაუმატა - მე არა ვარ კონსტიტუციონალისტი, მაგრამ არავითარ კონსტიტუციაში ეს არ არის აღკრძალულიო. მე მგონია, არა თუ ბ. ავალიანი ვალდებული იყო ასეთ საანბანო პარლამენტარული ჭეშმარიტება სცოდნოდა, რომ ეს ხელშეკრულების დადება - აქ დადასტურებული უნდა იყოს დამფუძნებელი კრების მიერ, არამედ ყოველი მოქალაქე ვალდებულია ეს იცოდეს. მე მგონია, ვიმეორებ, არა თუ ბ. ავალიანი, რომელიც არის პროფესორი და მინისტრის ამხანაგი - პირიქით, ყოველი მოქალაქე, რომელიც კი გაზეთს კითხულობს, ვალდებულია იცოდეს, რომ არსად, არც ერთს კონსტიტუციაში, სადაც კი არის ერის წარმომადგენლობა, ე.ი. პარლამენტი, ასეთი ხელშეკრულების დადება, ამ პარლამენტის გარეშე, შეუძლებელია. და როდესაც ასეთი მოსაზრება მოყავს ბ. ავალიანს, მე გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ასეთი კაცი, რომელმაც, თურმე, არ იცის უფლებრივი ცხოვრება - სახელმწიფო ეკონომიური პოლიტიკის სათავეში იდგეს. რასაკვირველია, გარდა არევ-დარევისა, ის ამ სფეროში არაფერს შექმნის. განსაკუთრებით დემოკრატიულ ცხოვრებაში, ე.ი. ისეთ სახელმწიფოში, სადაც დემოკრატიული წესწყობილება არის დამყარებული.

თუ უფლება არის დემოკრატიული, თუ დემოკრატიის ხელში არის კანონმდებლობითი უფლება, უეჭველია, საბიუჯეტო უფლებაც ამისთანა პარლამენტის ხელში უნდა იყოს. საბიუჯეტო უფლების პრინციპი არის, რომ არ შეიძლება 1 კაპიკი გადახდეს ვისმე, თუ არ არის დასტური პარლამენტის. მეორე პრინციპი - არ შეიძლება დაიხარჯოს 1 კაპიკიც, თუ არა კანონის ძალით.

ეხლა სდგას საკითხი: იმ ხელშეკრულებაში, რომელიც დადებულია „სიბუნიონთან“ არის პირობა, რომელიც აკისრებს მთავრობას გაიღოს ერთნაირი თანხა, ჰქონდა თუ არა მთავრობას ამაზე დასტური პარლამენტის მხრივ? არა.

სხვათა შორის, აქ არის 1 მუხლი, სადაც ნათქვამია შემდეგი: როდესაც «სიბუნიონი“, გაიღებს თანხას 5 მილიონ სტერლინგამდე, მაშინ მთავრობა ვალდებულია 25 პროც. თვით შეიტანოს, ე.ი. 1/4 ამ თანხისა. აქ ვალდებულება სახელმწიფოსი უდრის ერთ მილიარდ მანეთს. შეიძლება დადგეს მომენტი, რომ 1 მილიარდი უნდა გაიღოს მთავრობამ, რადგან ვალდებულება თანხის გაღებისა აუცილებელი არის ამ ხელშეკრულებით. სხვა კითხვა იყო - მისცემდა დასტურს დამფუძნებელი კრება თუ არა. საბიუჯეტო კანონი რომ დამტკიცებული ყოფილიყო და ეს თანხა გაღებული - სხვაა. მაგრამ ეს არ იყო ასე და მთავრობამ ეს საბიუჯეტო საკითხი ასე უცბად გადაჭრა. აქ საჭიროა მივიღოთ მხედველობაში, რომ საბიუჯეტო კანონი იყოფა სხვა და სხვა ნაწილად. ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს წესი, რომ თუ იხარჯება რაიმე თანხა, მთავრობა შემოდის წინადადებით და გვთხოვს და ჩვენც ან დეკრეტის სახით, ან კანონის სახით ვადასტურებთ მას. აქ, დღესაც მიიღეს, - ჩემ წინ ორატორი კითხულობდა... (ხმა: ის ხარჯთ-აღრიცხვაა!) აქ კი დასტური დამფუძნებელი კრებისა არ არის, უდასტუროდ ფულის გაღება ყოვლად შეუძლებელია. ასეთი დეკრეტით, ან კანონით რომ მთავრობას მისცემოდეს უფლება ერთი მილიარდის დახარჯვისა - ჯერ აქ არ გამოსულან, - მაშასადამე, დასტური დამფუძნებელი კრებისა არ არის. და ჩვენ სწორედ ვამბობთ, რომ ასეთი ხელშეკრულების დადების უფლება მთავრობას არ ჰქონდა და ეს იყო უმთავრესი მოტივი იმისა, რომ ჩვენ შეკითხვა შემოვიტანეთ.

ბატონებო, ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მოპირდაპირე „სიბუნიონი“ ჩვენთან ხელშეკრულებას სდებს. იმას უნდა ჩვენი ავლა-დიდება ხელში ჩაიგდოს. ჩვენ არ ვიცით რა შედეგი მოჰყვება ამას. მთავრობა ვალდებული იყო არა ზნეობრივად, არამედ უფლებრივად წარედგინა ეს ხელშეკრულება დამფუძნებელი კრებისათვის. მე ვამბობ, ყველგან მიღებულია საბიუჯეტო უფლება მაჩვენებლად სუვერენობისა.

პირველი მუხლი ჩვენ მიერ მიღებული აქტისა ამბობს, რომ საქართველოს ერი არის სუვერენული უფლებრივი ძალის მატარებელი. პირველი საქმე ამ სუვერენობის არის საბიუჯეტო უფლება. ასე რომ აუცილებლად უნდა იყოს დასტური ეროვნულ ნებისყოფისა და ეს ეროვნული ნებისყოფა მოთავსებულია პარლამენტში. ეს არის უფლებრივი საფუძველი და ეს უფლებრივი საფუძველი დღეს დარღვეული არის.

ეს განვაცხადეთ აქ და ჩვენ, ერ.-დემოკრატებმა მხოლოდ მოვიხადეთ ჩვენი ვალი ხალხის წინაშე.

ჩვენ მივაქციეთ თქვენი ყურადღება ამ საქმეზე და ეხლა თქვენზე არის დამოკიდებული (ხმა: ვის წინაშე?) თქვენს წინაშე იმიტომ, რომ თქვენ ხართ წარმომადგენელი ერისა.

ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს ხელშეკრულება რიგიანი არ არის, ეს არ არის უფლებრივად შესხმული ხელშეკრულება, ე. ი. მთავრობას არ ჰქონდა უფლება დაედვა ამისთანა ხელშეკრულება ჩვენდა დაუკითხავად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს ბ. ასათიანს. რადგანაც ბ. ასათიანი არ არის, სიტყვა მორიგ ორატორს ბ. ღლონტს ეკუთვნის.

თევდორე ღლონტი (ს.-ფ.) მოქალაქენო! სამართლიანად „სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულება არის ამ ჟამად ჩვენი საზოგადოების ძალიან ფართო წრის მსჯელობის საგანი. და როდესაც ქართული პრესა, ჩვეულებრივი მეთვალყურე ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულებას, - სრულიად არაჩვეულებრივი და არანორმალური ეს არ არის. ეს საკითხი ერთი დიდი საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტთან.

„გლავნოსნაბმა“, რომელმაც დასდო ეს ხელშეკრულება, წარმოიდგინა, რომ ის ამით შეამსუბუქებდა რესპუბლიკის ფინანსიურ მდგომარეობას და თუ დღეს ასე მკაცრი მსჯელობა სწარმოებს, იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი და სამარცხვინო იყო ასეთი ხელშეკრულების დადება. როცა „სიბუნიონთან“ სწარმოებდა მოლაპარაკება, ამ დროს ჩვენი საზოგადოების სხვა და სხვა ელემენტებისაგანაც წარმოდგენილი იყო პირობები; მათ შორის იყო კონკურენცია, ბრძოლა. როცა ჩვენ ამ ბრძოლას, ჭიდილს გავიგებთ, მაშინ აშკარა გახდება, თუ რას აძლევს ეს ხელშეკრულება სახელმწიფოს, რომ გააუმჯობესოს მისი ფინანსიური მდგომარეობა.

იმისთვის, რომ დაეხასიათებინა ბ-ნ ავალიანს, თუ რა საშინელი იყო ეს პირობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ერთი ჯგუფის მიერ, მან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქენი გვიდებენ პირობას საქონლის იძულებით ჩამორთმევისასო. ეს განაცხადა ბ. ავალიანმა ამ კათედრიდან მაშინ, როდესაც ჩვენ ხელში არ იყო ის პირობა, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა. ამავე დროს ბ. ავალიანმა განაცხადა, რომ თქვენ ვინ გეკითხებათ ვინც იყო შუამავალიო, ეს სადაო საკითხი არ არისო. თქვენ წინ არის ხელშეკრულება და იმაზე ილაპარაკეთო.

მე მინდა ვისარგებლო სწორედ ამ განმარტებით და არ მივაქციო ყურადღება იმას, თუ ვინ იღებდა მონაწილეობას ამ ხელშეკრულების პირველი ვარიანტის შედგენაში. ყურადღების ღირსი არის ის, რაც ფორმალურად ჩამოყალიბებულია. აქ კი მგზავსი არაფერია. აქ არაფერია იმის შესახებ, ვითომ ქართველ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი თხოულობდა რეპრესიების მიღებას. ამაზე არაფერია ნათქვამი იმ ხელშეკრულებაში, რომლის პროექტიც იყო წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ. (არსენიძე: კარგი ვექილი ბრძანდებით!) სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, დაწყებული ეროვნულ საბჭოდან, საქართველოს პარლამენტში და დამფუძნებელ კრებაში, სისტემატიურად აცხადებდა, რომ ასეთ პირობებში ეკონომიური პოლიტიკა მავნებელია და თუ ათას ხმებს მისცემთ, სარგებლობას მაინც არ მოგცემთ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ეს ხელშეკრულება პრინციპიალურად უნდა იყოს უარყოფილი და თავის საზოგადოებრივ ძალებით მოახდინოს ასეთი ვაჭრობა. ეს იყო ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, ლეიტ-მოტივი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკისა. მე არ მესმის ამის შემდეგ, რას ლაპარაკობს ბ. არსენიძე. ქვეყანა ამბობს, დამფუძნებელ კრებამ იცის, რას მოითხოვდენ სოციალისტ-ფედერალისტები. ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ ორგანოების საშუალებით სახელმწიფოში ასეთი გაცვლა-გამოცვლა მოხდეს და არა სხვა ელემენტების საშუალებით, იქნება უცხო თუ შინაური ელემენტი.

ეხლა მოქალაქენო, მე ვლაპარაკობ არა ზოგად მოსაზრებით. მე ამას უფრო კონკრეტიულად გავსინჯავ შედარებით მეორე ხელშეკრულებასთან, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა. (ხმა: სად იშოვეთ?) მე ვიშოვე ფინანსთა სამინისტროში და ყველა დამფუძნებელ კრების წევრს შეუძლია იქ იშოვოს. (ხმა: დიახ, დიახ!) მე ავიღებ მუხლობრივ განხილვას. რას მოითხოვს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რას მოითხოვს „სიბუნიონი“ ერთ და იმავე საგანზე.

პირველი პუნქტი: საქონლის შეძენა და საქონლის კატეგორიად დაყოფა. საქონელს იძენენ და არკვევენ კატეგორიებად. რა არის ეს კატეგორიები? საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, ვიხმარ შემოკლებისთვის ქართველები, პირველ მუხლში ასახელებენ რა და რა საქონელი უნდა გაიტანონ და ასახელებენ ამ საქონლის რაოდენობას. სპეციფიკაციის პრინციპი არის, როგორც „სიბუნიონის“ ხელშეკრულებაში, ისე ამ შემთხვევაში. უცხოელები 1-ლ და მე-11-ე მუხლებში თავის ძალა-უფლებას ავრცელებენ, როგორც სამონოპოლიო საგნებზე; საქართველოს მოქალაქენი ამბობენ: მოგვეცით ესა თუ ის საქონელი; ისინი ამბობენ მოგვეცით რაც გიწყვიათ საწყობებში, რაც გაქვთ, ან რაც შემოგივათ, ესე იგი პრეტენზიებს აცხადებენ ისინი განუსაზღვრელად საქონლის მთელ ქონებაზე.

მეორე: დახმარება კონტრაგენტისთვის საქონლის გადატანის დროს. აქ ილაპარაკეს: დახმარებისათვის საჭიროა და ამათ მოითხოვეს რეპრესიებიო. მე ვიმეორებ, არავითარი ამის მგზავსი არ არის ხელშეკრულობაში და თუ გაგება გვესმის, რეპრესიები დაგვჭირდება მაშინ, როდესაც „სიბუნიონთან“ გვექნება საქმე. შემდეგ, გარემოების მიხედვით საქართველოს მოქალაქენი ამბობენ: ჩვენ გემს როგორ მოვიყვანთ, როგორ დავტვირთავთ, ეს ჩვენი საქმეაო. ამით საქართველოს მთავრობის მდგომარეობა სრულიად უზრუნველყოფილი არის, მთავრობას არავითარი ზიანი არ მოელის, მაგრამ „სიბუნიონი“ ამბობს: თქვენ რო საქონელს ვერ დაამზადებთ თუ დაიგვიანებთ, მე, რომ გემს მოვიყვან, მაშინ თქვენ გადაგხდებათ გემის მოყვანის ხარჯი, ჯარიმა, ამიტომ საქონელი უნდა მოიტანოთ იმ რკინის გზის სადგურზე, იმ გემზე, სადაც მე გეტყვით და საქონელიც იქ უნდა ჩამაბაროთო. რასაკვირველია, მაშინ საქონელი, რომ არ მიუტანოთ, მთავრობა იძულებულია ზარალი არ მიიღოს, რაც შეიძლება მალე და ჩქარა მოუტანოს იმ გემზე საქონელი და შეიძლება სავალდებულო იყოს რეპრესიები, მაგრამ ზოგიერთ რეპრესიებისაგან საქართველოს მოქალაქეთა პროექტი მთავრობას ანთავისუფლებს ამ მხრივ. „სიბუნიონის“ ხელშეკრულება გაცილებით ცუდ პირობებს სდებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქენი.

კიდევ საინტერესოა 3 მუხლი: სახსარი საქონლის შესაძენად. საქართველოს მოქალაქენი ამბობენ: რაკი ჩვენ უფლება მოგვეცით საქონლის შესაძენად, ჩვენ მთავრობას ერთ გროშსაც არ ვთხოვთ. ბაზარზე გამოვალთ, ჩვენი საშუალებით ვიყიდოთ საქონელს და მთავრობა ამ მხრივ თავისუფალი არის. „სიბუნიონი“ გვეუბნება: ჩვენ გამოვიღებთ 75 პროცენტს საჭირო თანხისას და 25%25 უნდა გამოიღოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ, ასე, რომ ერთ და იმავე მიზნისთვის საქართველოს მოქალაქენი ამბობენ: თქვენი ფული არ გვინდაო, „სიბუნიონი“ ამბობს: თქვენ გამოიღეთ ერთი ნაწილი და ჩვენ მეორეს გამოვიღებთო. ამ მხრივ „სიბუნიონის“ ხელშეკრულობა საშინელია და უფრო მისაღებია საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნილება. ეხლა საქონლის შემოტანის საკითხი. საქართველოს მოქალაქეთათვის საქონლის შემოტანის დრო განსაზღვრული არის. ისინი ამბობენ გატანილ საქონელზე ჩვენ შემოვიტანთ 40 პროც. ფქვილს, 10 პროც. შაქარს დანარჩენ 50 პროც. შემოვიტანთ ფართალს, ფეხთ-საცმელებს, ტეხნიკურ იარაღს და წამალს, ისეთი პროპორციით, როგორც ეს იქნება „გლავსნაბის“ მოთხოვნილებაო. ეს პროპორცია სავალდებულო იქნება საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას ამბობს მე-4-ე მუხლი. „სიბუნიონი“ ამბობს: მე შემოვიტან 400.000 ფუთს ფქვილს, დანარჩენ რას, როგორ შემოიტანს ეს არ არის განსაზღვრული, ეს შეთანხმების საკითხია და შეთანხმდებიან თუ არა, ეს სხვა საკითხია. შეთანხმდებიან, - შემოიტანს, არ შეთანხმდებიან - არ შემოიტანს. განსაზღვრული აქ არაფერი არის, ისე, როგორც არის განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეთა პირობაში.

აქ იყო ნათქვამი - ვინც ფქვილს მოგვცემს, ის გვინდაო, გავსინჯოთ ფაქტიურად, ვინ მართლა მეტს პურს იძლევა.

საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი ამბობს, მე შემოვიტან ფქვილს 160 მანეთად ფუთსო. რომ ძირითად საფუძვლად მივიღოთ ეს ფასი, რომ ამდენი რაოდენობა უნდა წაიღოს საზღვარ გარედ საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა, რას ნიშნავს ეს 40 პროც. რანაირი პროპორციაა აქ. სულ არის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დაახლოვებით დღევანდელ კურსით 4 მილიარდი მანეთი და 40 პროც. რომ მისცეს მთავრობამ ამ საქონლის გატანაზე 4 მილიარდიდან, იქნება მილიარდი 600.000 მანეთი. მაგრამ რას ნიშნავს 400.000 ფუთი ფქვილი მხოლოდ 64 მილიონ მანეთს. ელემენტარულია, ბ. არსენიძე, რომ 64 მილიონი მანეთი 25-ჯერ ნაკლებია... და 25-ჯერ მეტს ფქვილს შემოიტანს ამ ღირებულების მიხედვით, ვიდრე შემოიტანს „სიბუნიონი“. და თუ თქვენ მართლა ფქვილი გაინტერესებთ, პროცენტი და პროპორცია აშკარად გვეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის პირობა გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე «სიბუნიონის“ მიერ წარმოდგენილი პირობები. შემდეგ: ფქვილის ფასი კიდევ.

საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი ამბობს: თუ ამ ფასში ვერ შევძელი ამ ფქვილის ჩაბარება 160 მანეთად, ამ შემთხვევაში, გავიტან რამდენიმე კატეგორიის საქონელს, მაგალითად, თამბაქოს, რომ გავყიდი, იმ ფულით შევავსებ ზარალს და ფქვილს მთავრობას ჩავაბარებ 160 მანეთად, მაგრამ თუნდა ამ თამბაქოს მოგება არ მეყოს მაშინ მე ერთგვარ სავაჭრო რისკის ძალით ჯიბიდან ვდებ ამდენ თანხასო. ეხლა «სიბუნიონის“ ფასი რა არის? მისი ფასი არის „ლოცო“, მისი ფასები გარკვეული არაა. მე როცა შემეძლება წარმოდგენა 5 მილიონი სტერლინგისა, ანდა მილიარდ მანეთის ფქვილის შესაძენად 160 მანეთად ფუთი. ყველა ამ ფულს „ლოცო“-ს მიხედვით იხდის ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ კომისიონერი, ყოველ შემთხვევაში, ეს «სიბუნიონი“, ის ფულს ჯიბიდან არ იღებს. მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი კი ამბობს, მე თუ არ მეყო ფული, თამბაქო არ მეყო, მე ვფარავ ზარალს ჩემი ჯიბიდან.

წინა კრებაზე, რომ იყო ლაპარაკი, ბ. ავალიანმა, რისთვის არ ვიცი, სთქვა, რომ ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი იღებს, გასაღებაზე არა 20 პროც., არამედ 22 პროც. და მაშასადამე, 2 პროც. მაინც რჩება მის ჯიბეში. ამის შესახებ პრესაშიაც დაიწყეს ლაპარაკი, „ერთობა“ სწერდა: „რისთვის უნდა ჩავიდეს ჩვენ მოქალაქეთა ჯიბეში 20 პროც.? საიდან მოვიდა ეს 2 პროც. მე ეხლაც არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც ეს ხელშეკრულება შეკრეს გაკლებ-გამოკლების ხალხი არ არის, მაგრამ ამ ფაქტით აშკარად მტკიცდება, რომ მათ უბრალო ელემენტარულ არითმეტიკასთანაც არ აქვთ არავითარი კავშირი. ნაყიდ საქონლის გაყიდვაში „სიბუნიონი“ იღებს 20 პროც., ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი კი 15 პროც., იმ შემთხვევაში, როცა იქ გაიყიდება საქონელი. ამგვარად, იქ, სადაც ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი იღებს 15 პროც., „სიბუნიონი“ იღებს 20 პროც. (თოფურიძე - მოგებიდან? გ. გვაზავა რასაკვირველია მოგებიდან!) წაგიკითხავთ, ბატონებო, და გაიგებთ. ავიღოთ მეხუთე მუხლი (კითხულობს). (ხმაურობა ხმები - „სიბუნიონი?“) წავიკითხავ „სიბუნიონის“ შესახებაც, დიახ, ეხლავე მოგახსენებთ! ავიღოთ მე-6-მუხლი (კითხულობს) (ხმაურობა) დაწყნარდით, ეხლავე მოგახსენოთ. ეხლა ავიღოთ მეცხრე მუხლი (კითხულობს) (ხმაურობა) დაწყნარდით, მოგახსენებთ! გვადროვეთ (ხმები: რაშია საქმე?) რას ნიშნავს ეს მეცხრე მუხლი მაშინ მივხდებით, როცა 30 პროც. მოგთხოვენ 20 პროც. მაგიერ. (ხმა: ეგ სიზმარში!) თქვენ სიზმარში აკეთებთ საქმეს, მე კი საქმეზე გეუბნებით. მე მიჩვეული ვარ ანგარიშებს და ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ აკეთებთ ანგარიშებს და რომ თქვენც მიჩვეული იყოთ, დაგანახვებდით, თუ რას ნიშნავს იგი ჩვენი რესპუბლიკისათვის და რას ნიშნავს „სიბუნიონისათვის“. (კითხულობს). პროცენტებს არა მარტო გატანილ არამედ შემოტანილ საქონელზეც იღებს, როგორც ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი, ისე „სიბუნიონი“, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი იღებს 7 პროც. „სიბუნიონი“ კი 15 პროც. ამ შემთხვევაში „სიბუნიონი“ იღებს 8 პროც. მეტს. ამასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მენშევიკებისათვის, როგორც სხვა ბევრს რამეს, ისე ამასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი მოითხოვს, რომ ჩვენ შემოგვაქვს 40 პროც. ფქვილი, 10 პროც. შაქარი და დანარჩენი სხვა საქონელი. იმ საქონლის ხუთი პროცენტი, რომელიც შემოგვაქვს, ნება მოგვეცეს თავისუფლად გავყიდოთ ბაზარზეო. ქართველ მოქალაქეთა ჯგუფის 5 პროც. მოგება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის მოგება, რომელსაც „სიბუნიონი“ აიღებს პირობის მიხედვით, იმიტომ, რომ „სიბუნიონი“ 6-9 მუხლში ამბობს, რომ ის არა-სავალიუტო საქონელი, რომელსაც გავიტანთ ჩვენი ფასების მიხედვით, უნდა გაიყიდოს თავისუფალ ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუ „გლავსნაბი“ არ აიღებს. ასე რომ, იქაც ისეთივე მომენტია დატოვებული.

ეხლა საქონლის შემოტანის შესახებ. ქართველ მოქალაქეთა ჯგუფმა minimum 40 მილიონი საქონელი უნდა შემოიტანოს სამი თვის განმავლობაში, თუნდაც ერთი ფუთიც არ გაიტანოს აქედან. (ხმა: შენახული ექნებოდათ!) მათ საკმაო თანხა აქვთ, ფულიანი ხალხია. ამ ხელშეკრულების დადებით ისინი იდებენ ვალდებულებას, რომ 40 მილიონი მანეთის საქონელი უნდა შემოიტანონ საქართველოში, აქედან 40 პროც. ფქვილი უნდა შემოიტანონ ყოველ მიზეზს გარეშე. მე არ ვიცი, რამდენად გამორკვეულია „გლავსნაბისათვის“ და საქართველოს მთავრობისათვის, თუ როდის შემოიტანს „სიბუნიონი“ ამ 40 ათას ფუთ ფქვილს. აქ ეს სრულებით არ სწერია, როგორც იქ, - ქართველ მოქალაქეთა ჯგუფის პირობაში სწერია. თუ საქონელი ვერ გავიტანეთ, მაინც ვალდებული ვართ შემოვიტანოთ, - ამბობს ქართველ მოქალაქეთა ჯგუფის პირობა, „სიბუნიონი“ კი ამის შესახებ არაფერს ამბობს. ჩემის აზრით, როგორც მოგახსენეთ, ეს საქონელი და ფქვილი ქართველ მოქალაქეთა ჯგუფის მიერ უფრო ადრე იქნება შემოტანილი, ვიდრე „სიბუნიონის“ მიერ. (ხმაურობა).

ეხლა, თუ „სიბუნიონმა“ საქონელი არ შემოიტანა, რა გარანტია არის? როდესაც ბ. ავალიანი ლაპარაკობდა, ჩვენ შეგეკითხეთ ადგილიდან: „სად არის გარანტია?“ ბ. ავალიანი დაეძებდა რაღაც მასალებს, მაგრამ პასუხს ვერსად ვერ პოულობდა. თუ საქონელი ვერ შემოვიტანეთ, ამბობს ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი, მაშინ არავითარ სარგებელს არ ვიღებთ და საქართველოს მთავრობას ვაძლევთ უცხო ვალიუტას, როგორც გავყიდით, იმდენ თანხასო. (ურატაძე: რა გარანტიაა, რომ არ მისცეს?) ის გარანტია არის, რომ თუ ვერ შემოიტანეს, ისინი ხელს იღებენ პროცენტებზე და მთავრობის განკარგულებაში იძლევიან უცხოეთის ვალიუტას. „სიბუნიონის“ მხრივ კი არავითარი გარანტია არ არის, რომ მან საქონელი არ შემოიტანოს - არავითარი ჯარიმა არ არის. წარმოიდგინეთ, რომ „სიბუნიონმა“ წაიღო ჩვენი საქონელი, გაყიდა საზღვარ-გარედ და აღებული ფული მოათავსა თავის ბანკში, ეს პროცედურა მან შეიძლება გაიაროს, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა „სიბუნიონის“ მხრივ არ არის.

ეხლა ავიღოთ მე-12 მუხლი. წარმოვიდგინოთ, რომ ბაზრის პირობები შეიცვალა; - ბაზრის პირობები ცვალებადია, შეიძლება რაც სასარგებლოა დღეს, ხვალ სასარგებლო აღარ იყოს, - ამ შემთხვევაში ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი ამბობს, რომ თუ საქონელი ვერ, ან არ გავიტანე, მაშინ ორმაგ ფასს ვიხდი იმდენ საქონელზე, რამდენიც გაუტანელი იქნებაო. (ურატაძე: თუ ეს პირობა, არ შეასრულა?) მაგაზე კიდევ გვექნება ლაპარაკი! (ხმაურობა) დაწყნარდით, ეხლავე მოგახსენებთ, დაგაკმაყოფილებთ!.. რატომ ეხლა გაგახსენდათ ყოველივე ეგ რატომ მაშინ არ გახსენდებოდათ, როცა სხვას უდებდით ხელშეკრულებას? ჩვენი მოთხოვნილება არის ის, რომ ეს გახსოვდეთ ყველგან.

ეხლა, ბატონებო, თუ პური არ შემოიტანა რა გარანტია არის? ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი ამბობს, რომ იხდის ოთხჯერ მეტს ფასს... (ხმაურობა) ნუ აჩქარდებით, მოგახსენებთ! თქვენ ყოველთვის ჩქარობთ და ამიტომ ვერაფერს აკეთებთ. დიახ, ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი ოთხჯერ მეტს ფასს იხდის და „სიბუნიონი“ კი არც ერთ გროშს კაპეიკს. (ხმა: ენუქას ანდერძია!) თუ ენუქას ანდერძია მოგახსენებთ. დაიმახსოვრეთ ჯერ ეს. დაიმახსოვრეთ ჯერ ეს.

გარანტია გატანილ საქონლისა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს გააქვს საქონელი თავისი საშუალებით და კაპიკსაც არ თხოულობს სახელმწიფოსაგან ის ამბობს: მე, რომ ვერ შემოვიტანო საქონელი, თანახმა ვარ ვექსილების გაცემაზეო. ეს თამასუქები 3-ჯერ მეტი ღირებულებისა იქნებაო. აი, ბ: ურატაძე, თქვენს საპასუხოდ. თქვენ უცხოელების ბანკში სდებთ ფულს მიმდინარე ანგარიშზე. თქვენთან მოდიან საქართველოს მოქალაქენი და თავიანთ თამასუქებს გაძლევენ. (არსენიძე: მეც მოგცემთ თამასუქებს!). არსენიძის თამასუქი მე გროშადაც არ მიღირს. (ჭიაბრიშვილი: რატომ, განა არსენიძე მოქალაქე არ არის?). ყოველ შემთხვევაში მენშევიკების ლიდერებს აქ სიცილი არ მართებთ. რამდენიც უნდა იცინოთ ამ პროექტს ვერ გაამასხარავებთ. მაშასადამე, ისინი სდებენ სამ იმდენ ღირებულებას, რაც გააქვთ, „სიბუნიონი“ კი არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობს. ახლა 15 მუხლი. მონოპოლიური უფლება საქონლის გატანისა უცხოეთში. საქართველოს მოქალაქეთა მხრით არავითარი ხელის შემბორკველ პირობებს არ აქვს ადგილი. ისინი ამბობენ: მომეცით საქონელიო, შეიძლება ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდეს მეორე საზოგადოება, რომელიც უკეთეს პირობებში აწარმოებს ამ საქონლის გატანას. „სიბუნიონთან“ პირობის დროს თქვენ ასეთი უფლება არა გაქვთ. ეს საზარალოა ჩვენი რესპუბლიკისათვის. ზედ სადები ხარჯები გატანისა და სხვა, რომელიც აძვირებს ჩვენს საქონელს. რასაკვირველია, საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი იქიდან 1 კაპიკს არ იღებს, სიბუნიონი კი 50 პროც. იღებს.

საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი ამბობს, - მე მინდა მხოლოდ თქვენი ნებართვა. რისკი, როგორ მივიტან საქონელს და სად, ეს ჩემი საქმეაო. „სიბუნიონი“ კი უჭერს მუხრუჭს. მიმიტანე არა თუ სადგურზე და ნავთ-სადგურზე, არამედ «на борть парохода»-ო. ეს დატვირთვა მთავრობისათვის მეტად ძნელია. მუხ. 9 კვალიფიკაცია. ამ მუხლში ზევით სწერია - ჩვენი მთავრობა იღებს მოგების 30 პროც. და 20 პროც. მიაქვს „სიბუნიონსო“. თუ ამ საქონელს „გლავსნაბთან“ ერთად გავყიდით, ჩვენ უნდა ავიღოთ 30 პროც. და თქვენ 70 პროცენტიო. საინტერესოა გავიგოთ თუ რამდენად მართალია ჩვენი კვალიფიკაცია, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევს ბანკში შენახვა. ყოველ შემთხვევაში პროც. დიდია. ასეთი დიდი პროც. არ მოუთხოვია საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ერთ ჯგუფს (ნ. ელიავა: რომ მეტი მოვნახოთ? არსენიძე: რომ წარმოვიდგინოთ 60 პროც. რას ბრძანებთ?).

თუ ჩვენ ხელშეკრულებას ვსწერთ იმიტომ, რომ შევთანხმდეთ და ხელშეკრულება არის სინონიმი შეთანხმებისა. დანარჩენს საქონელს რას შემოიტანს და როგორს, ეგეც შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვსწერთ ხელშეკრულებას, თუ გვაინტერესებს, რომ ასრულდეს დავალება, თორემ თუ შეთანხმებაზე წავა საქმე, შეიძლება ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა იაროს რუსთაველის პროსპექტის ერთ მხარეს და იმათ მეორე მხარეს. საჭირო იყო წინასწარი გამორკვევა ამ საქმისა. უნდა მიქცეოდა ყურადღება, ასეთი პირობების მაგიერ უკეთესი პირობები წარმოადგინა თუ არა საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა. „სიბუნიონის“ ხელშეკრულება ვერ უძლებს ელემენტარ კრიტიკას. ახლა მუხლების შედარება. (ნიკოლაძე: რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ მაგაზე მით უფრო ცხადი იქნება! არსენიძე: მართალია?). შემდეგ ადგილობრივ ფასებზე შემოტანილი საქონლის გაყიდვისაგან საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი მოითხოვს 5 პროც., „სიბუნიონი“ - პროც. (არ ისმის) აქედან ვხედავთ, რომ იმ პროდუქტების შემოტანისთვის, რომელიც საჭიროა ჩვენი რესპუბლიკისათვის, არ არის გარანტია „სიბუნიონისაგან“. რასაკვირველია, საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის წინადადებას ნაკლი აქვს, მაგრამ გაცილებით მეტი ნაკლი აქვს „სიბუნიონის ხელშეკრულებას“. უმთავრესი ნაკლი ის არის, რომ არ არის გარანტია არც ერთ შემოსატან საქონელზე „სიბუნიონის“ მხრით, საქართველოს მოქალაქენი ამბობენ: თუ ვერ შემოვიტანთ საქონელს, ვიხდით 4-ჯერ მეტს იმაზე, რაც უნდა შემოგვეტანა ხელშეკრულობის ძალითო. თუ ბოროტად გამოვიყენეთ მთავრობის ნდობა, მაშინ 3-ჯერ მეტს. თუ ბაზრის ფასი შეიცვალა, ან ვერ შესძლო საქონლის გატანა, მაშინ შემოაქვს ორი იმდენი საქონლის ღირებულება. ეხლა თამასუქების შესახებ. თქვენ ენდობით „სიბუნიონის“ თამასუქებს. (ვეშაპელი გერმანს...) ეხლა გერმანს აღარ ვეხები, მაგრამ უნდა ავღნიშნო ის გვარები, რომელნიც ამ საქმეს აკეთებდნენ. ესენი გახლავან ამიერ-კავკასიაში მეტად ცნობილნი ყოველ მხრივ და განსაკუთრებით თავის ქონებით. აქ ლაპარაკი არ არის მორალურ მხარეზე. ჩვენ გვაქვს ორი პირობა ორი ბურჟუაზიისა - უცხოეთისა და ადგილობრივის. (ხმა: ერთი მეორედ ღირს!) დიახ, ერთი მეორედ ღირს.

ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ ქონება და ძველი ვაჭრები არიან. მათ ჰქონდათ კავშირი ევროპასთან და ცოტა იქითაც. ყოველთვის უნდა იცოდეთ, როცა მოდის კონტრაგენტი, საიდან მოდის, საიდან მოგიტანთ საქონელს, როგორ მუშაობდა ძველად. თუ ეს არ ვიცით, ყოვლად შეუძლებელია საქმის გაკეთება. (ხმა: ვინ არიან ეს კაცები?) ეს პირები გახლავან შემდეგი: მილერი, (ხმაურობა) დიახ, მილერი, მას თქვენ იცნობთ. (ხმა: მერე ეგ ქართველია?) მოითმინეთ, ბატონებო, მოითმინეთ. შემდეგ (კითხულობს) არკადი მილოვი (ხმაურობა) დიახ ცნობილია ისევე, როგორც „სიბუნიონი“ არის ცნობილი. შემდეგ ალექსანდრე ძეგველოვი (ხმა: თევზები რომ მოაქვს?) დიახ, თევზები რომ მოაქვს. დიახ, ამ სპეკულიანტებთან მოლაპარაკება თქვენა გაქვთ და არა სხვას. ჩვენ იმიტომ გეჩხუბებით, რომ ნუ ელაპარაკებით ამ სპეკულიანტებს. შემდეგ, არტემ სეილანოვი (ხმა: სომეხი?) დიახ, სომეხი გახლავთ ტომით, საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომია, იცნობთ ალბად. ნიკოლოზ წვერავა (რეპლიკა არ ისმის) დიახ, ნიკოლოზ წვერავა, ტფილისის თვითმმართველობის ხმოსანი, ამიერ-კავკასიის ბანკის დირექტორი ტერ-ზახაროვი, ნიკოლოზ ჯაყელი, რომელიც ქონების მხრივ მეტის-მეტად შეძლებული პიროვნებაა. (ვეშაპელი: იტალიის დელეგატი!) არამ ბაღდასაროვი, აფრიკიანი ფართლეულობით მოვაჭრე, მსხვილი მოვაჭრეების სახელი აქვთ, ქალანთაროვი, აკაკი ხოშტარია (ცენტრიდან ხმა: ეს ყველას სჯობია!) დიახ, ეს ყველას სჯობია, ეს ყველაზე ძალიან გიყვართ თქვენ. (ნიკოლაძე: შეუძლებელია ასეთი ლაპარაკი!) მე ვამბობ, რომ აქ არავითარი შეურაცყოფა არ არის. ესენი ოფიციალური პირები და მოღვაწეები არიან სავაჭრო დარგში და თქვენ გვერდს ვერ აუხვევთ ამათ. და მათი პასუხისგება თამასუქების, ვექსილების მხრივ არა ჰგავს არც ბატონ არსენიძის და არც «სიბუნიონის“ პასუხისგებას თამასუქებისას, იმიტომ, რომ მათ ფული აქვთ და აქ არის სწორედ უმთავრესი მნიშვნელობა, რომ მათი გარანტიები გაცილებით უფრო მკვიდრია, ვიდრე «სიბუნიონის“ გარანტიები. ისინი ძველი ვაჭრები არიან, აქვთ საკმარისი ქონება და საშუალება. მე ვამბობ, რომ მთელი მათი ქონება საქართველოს რესპუბლიკის განკარგულებაშია. იმათ, რომ გააფრიალონ მთავრობის თამასუქები, ისინი მეორე დღესვე იგრძნობენ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ბატონო არსენიძევ, პასუხისმგებლობას აქვს დიდი რეალური ღირებულება.

თავმჯდომარე. (ღლონტს) თქვენ დაგრჩათ სალაპარაკოდ კიდევ 5 წუთი.

. ღლონტი. ჩვენი პარტია ამბობს, რომ არც ეს ხელშეკრულება ვარგა და არც ის. არც „სიბუნიონი“ გვინდა და არც საქართველოს მოქალაქეთა ის ერთი ჯგუფი. ჩვენ რომ ეს ხელშეკრულება მოვიყვანეთ იმიტომ კი არა, რომ ის მისაღებია ჩვენთვის, არამედ იმიტომ, რომ გვინდოდა ამ ხელშეკრულების შედარებით ცხად გვეყო თქვენთვის ის, რომ ეს ხელშეკრულება «სიბუნიონთან“ რესპუბლიკისთვის ყოველ მხრივ მისაღებია. ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ისინი არ ფიქრობენ თუ რა რესპუბლიკა არის ეს, რომელიც ასეთს ხელშეკრულებას სდებს?

უეჭველია, ეს ხელშეკრულობა „სიბუნიონთან“ რესპუბლიკისთვის საზარალოა პოლიტიკურადაც და ეკონომიურადაც. მერე კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეხედავს ამ ხელშეკრულებას ხალხი. რაც უნდა ილაპარაკოთ, ხალხი მაინც ვერ გაამართლებს ამ ნაბიჯს. ხალხი ამბობს, რომ რესპუბლიკა, რაკი მან მონოპოლია გამოაცხადა, რაკი მის ხელში არის ეს ღირებულება, დე მან თავისი საშუალებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საშუალებით გაიტანოს ეს საქონელი და სამაგიერო შემოიტანოს. მე თქვენ გარწმუნებთ, გლეხ კაცს რომ უთხრათ: მოგვეცი საქონელი და გვადროვე რამოდენიმედ სანამ ამ საქონელს გავიტანთ უცხოეთში და შემოვიტანთ იქიდან სამაგიეროს, ყველა მომხმარებელი და მწარმოებელი ამ საქონელს მოგცემთ. თქვენ არავითარი წარმოდგენა არ გაქვთ ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიაზე. ჩვენ ვინც ვმუშაობთ კოოპერაციის დარგში, ვიცით რომ ხალხი განდობთ თქვენ გასაყიდ საქონელს თუ თქვენ მისცემთ გარანტიას, ან ნაწილს ამ საქონლის ფასისას. კიდევ არის რამდენიმე ობიექტური საშუალება. რამოდენიმეჯერ გვიცდია ეს საშუალება - პარკის საქმე გვიცდია, თამბაქოსიც. ეს შეგიძლიანთ თქვენ, მაგრამ ამ გზას თქვენ არ მიმართეთ. სარგებლის მხრით ხომ აქ უმთავრესად წააგებს ჩვენი სახელმწიფო, მე არ მესმის სადაური სახელმწიფოებრივობა არის ეს, ვისთანაც არის დადებული ხელშეკრულება. ვერ გამიგია, როდესაც პარტია, რომელიც სახელმწიფოს სათავეში სდგას, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფოებრივ პრინციპებს, აცხადებს, რომ მისთვის, სულ ერთია ვისთან დასდებს ხელშეკრულებას. (ხმა: რად სჩქარობთ?) მე ვჩქარობ, რადგან ხუთი წუთი დამრჩა სალაპარაკოდ. ჩვენი რესპულიკის დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის, ჩვენს დამოკიდებულობას და ურთიერთობას, წინასწარ განსაზღვრულ სახელმწიფოებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და როდესაც მინისტრი გამოდის აქ და ამბობს, რომ ჩვენთვის სულ ერთია ვინ მოგვიტანს პურს - ინგლისი თუ ჩინეთი ოღონდ საქმე გაგვიკეთოს და ჩვენ პასპორტს ვერ მოვთხოვთო. ამის თქმა შეუძლია მხოლოდ რომელიმე უპასუხიმგებლო პროპოგანდისტს სადმე მიტინგზე, მაგრამ აქ, დამ. კრებაში, ამას ვერ იტყვის ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს განაგებს და პასუხისმგებლობას გრძნობს. ჩვენ, ოპოზიციას, გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა სახელმწიფოს წინაშე და ეს გრძნობა უფრო უნდა იყოს გაღვიძებული თქვენში. რაც შეეხება უცხოეთის კაპიტალს, ჩვენ შემდეგ დებულებას უნდა ვეყრდნობოდეთ: რომ წარმოსდგეს თანასწორ ღირებულების პირობები, ჩვენ უეჭველად შინაურ ძალებს უნდა დავემყაროთ. ყველა მოქალაქე, რომელიც ჩაუკვირდება ამ ხელშეკრულობებს, ის დაინახავს, რომ ნაკლი აქაც არის და იქაც არის. მაგრამ გაცილებით მეტი ნაკლი „სიბუნიონთან“ ხელშეკრულებაში არის ვიდრე საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ხელშეკრულებაში. (რეპლიკა არ ისმის) ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს გამომჟღავნდეს საქმის დროს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საქმის დროს არ მჟღავნდება.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ კაპიტლის ტრიალი იყოს ჩვენს სახელმწიფოში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ კაპიტალიდგან ჩვენს ხაზინას შეემატება შემოსავალი სახელმწიფო გადასახადის, საღერბო გადასახადის სახით, ამ შემთხვევაში ფაქტიურად ამ კაპიტალის პატრონი არის სახელმწიფო, რადგან მას შეუძლია უკარნახოს ამ კაპიტალს ესა თუ ის გეზი. მე ვათავებ რა ჩემს სიტყვას, ვასკვნი, რომ ის პირობები, რომლებიც დადებული იქნება, როგორც უცხოეთის, ისე შინაურ ვაჭრებთან, რესპუბლიკისთვის ძლიერ საზარალო არის. განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც მონოპოლია გვაქვს გამოცხადებული, ასეთი პირობები სახელმწიფომ არ უნდა დადოს. და ან თუ დადო - ეს მეტის მეტად უკიდურეს შემთხვევის დროს. ამისათვის ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ჩვენს კოოპერაციას, საკუთარ ძალებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. შემდეგ, სავაჭრო ხელშეკრულება უნდა დავდოთ იმასთან, ვინც ჩვენი რესპუბლიკისთვის არის საჭირო. იმიტომ რომ უძვირფასესი რამ არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ამას შეგვიძლიან ბევრი რამ შევწიროთ მსხვერპლად, ვინაიდგან ეს იქნება მკვიდრი საფუძველი შემდეგშიც გამარჯვებით სიარულისთვის.

(სხდომა სწყდება ათი წუთით განახლდა 2 ს. და 20 წ).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ყველა იმის შემდეგ, რაც აქ ითქვა „სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულების შესახებ, მე ბევრი არ დამრჩენია სალაპარაკო, მე მინდა მხოლოდ მოკლედ მოგახსენოთ ჩვენი ფრაქციის შეხედულება ნაციონალ-დემოკრატების შეკითხვის შესახებ. ხელშეკრულება ეხება ფრიად სერიოზულ საკითხს, ის ეხება მთელს ჩვენს სიმდიდრეს, მთელს ჩვენს ავლადიდებას, ამიტომ მისდამი სერიოზული ყურადღება და დიდი ინტერესი არის სავალდებულო არა მარტო დეპუტატებისათვის, არამედ ყოველი მოქალაქისთვის, რომელსაც აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიური და პოლიტიკური მომავალი.

რამდენიც არ უნდა გვარწმუნონ, რომ «სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულება უნაკლოა, ჩვენთვის ერთი რამ აშკარა და უდაო არის: ამ ხელშეკრულების ძალით შეიძლება ჩვენმა რესპუბლიკამ ბევრი რამ წააგოს, ნახოს დიდი ზარალი, ხოლო რაც შეეხება ჩვენს კონტრაგენტს «სიბუნიონს“, ის კაპიკს გროშასაც არ დაკარგავს. ეს არის უტყუარი, დაურღვევლი დებულება და მე ვეცდები ხელშეკრულების მოკლე ანალიზით ეს აზრი ნათელი გავხადო. აქ უკვე შეეხენ ხელშეკრულების ზოგიერთ მუხლებს, მე დავიწყებ მეორეხარისხოვანი მუხლებიდან.

ხელშეკრულების მე-14 მუხლი ეხება დაზღვევის საკითხს. ამ მუხლის თანახმად დაზღვევა, ასე უნდა მოხდეს: ყოველი საქონელი, რომელიც იქნება ჩვენი რესპუბლიკიდან გატანილი, აგრეთვე ყოველი საქონელი, რომელიც იქნება ჩვენს საზღვრებში შემოტანილი, აუცილებლად დაზღვეული უნდა იქნეს. დაზღვევა სავალდებულოა. ხოლო რა პირობებში ხდება ეს დაზღვევა - ამაზე მე-14 მუხლი არაფერს გვეუბნება. დღევანდელს პირობებში, როცა იმსხვრევა და იღუპება სახელმწიფოებიც, რა თქმა უნდა დაზღვევას დიდი მნიშვნელობა ეძლევა. განსაკუთრებით ჩვენთვის აქვს დიდი მნიშვნელობა დაზღვევას. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, განვიცდით სისტემატიურ ბლოკადას. თუ ამას დაუმატებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენ თვით შიგნითაც ხშირად აჯანყებებს გვიწყობენ, აშკარაა, არ იქნებოდა ზედმეტი არამც თუ გემების დაზღვევა, არამედ არ იქნებოდა ზედმეტი თვით მმართველი პარტიის დაზღვევაც. მაგრამ დაზღვევაც არის და დაზღვევაც, ვის ხარჯზე უნდა მოხდეს ეს დაზღვევა ან სად - ამის შესახებ არაფერი ვიცით. დაზღვევას ეხება აგრეთვე ხელშეკრულების მეორე მუხლი იქ არის ნათქვამი, რომ „სიბუნიონი“ კისრულობს სხვა და სხვა ხარჯებს, საკურტაჟოს, სამაკლეროს, დაზღვევის და სხვა. მაშასადამე გამოდის, რომ იმ საქონლის დაზღვევას, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნიდან გატანილი, კისრულობს „სიბუნიონი“. მეორე მუხლში ნათქვამია, რომ „სიბუნიონი“ კისრულობს იმ ხარჯებს, რომელსაც გამოიწვევს ის ოპერაციები, რომლებზედაც არის ლაპარაკი პირველ მუხლში, ხოლო პირველ მუხლში კი ლაპარაკი არის სწორედ იმ საქონელზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან უნდა გაიტანონ - მაგრამ ჩვენ ვიცით „სიბუნიონს“ არა მარტო გააქვს საქონელი, მას შემოაქვს სხვადასხვა საქონელი, ხოლო ვის ხარჯზე, ან სად მოხდება ამ საქონელის დაზღვევა - ხელშეკრულობის არც ერთი მუხლიდან არ სჩანს. ასე რომ დაზღვევის პირობები ბუნდოვანი, გამოურკვეველი არის და როგორც ასეთი, მიუღებელია.

ავიღოთ მე-13 მუხლი. ამ მუხლის ძალით მთავრობა ვალდებულია „სიბუნიონს“ აღმოუჩინოს „ყოველგვარი დახმარება“. მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას ამ უკანასკნელ ტერმინს. რა არის „ყოველგვარი დახმარება?“ ეს არ არის გარკვეული იურიდიული ტერმინი. ეს არის უფრო პუბლიცისტური ტერმინი. ჩვენ ის შეგვიძლია ვიხმაროთ პუბლიცისტურ წერილებში, მაგრამ რაც შეეხება ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც წყვეტს მთელი ჩვენი სიმდიდრის ბედს - აქ ყოვლად შეუწყნარებელია ვიხმაროთ ისეთი ბუნდოვანი ტერმინი, როგორიც არის „ყოველგვარი დახმარება“. რეალურად როგორ სახეს მიიღებს, რაში გამოიხატება ეს „ყოველგვარი დახმარება?“ ჩვენ ვიცით, „სიბუნიონს“ არა მარტო გააქვს საქონელი, არამედ მას შემოაქვს აგრეთვე. აქ გაუგებარია, რატომ უნდა გაუწიოთ სიბუნიონს ყოველგვარი დახმარება თუ ის ჩვენი საქონლის კომისიონერი არის, მას საკომისიო უკვე მიაქვს ცალკე, მაგრამ მაინც დახმარებას აქვს ერთგვარი აზრი, როდესაც «სიბუნიონს“ მიაქვს ჩვენი საქონელი, როდესაც ჩვენ ვართ მონაწილე მისი მოგების, მაგრამ «სიბუნიონს“ გააქვს აგრეთვე საქონელი სრულიად დამოუკიდებლათ, სადაც ჩვენ სრულებით არა ვართ მისი მოგების მონაწილენი და მე არ მესმის, რატომ უნდა გაუწიოს სახელმწიფომ ყოველ-გვარი დახმარება კაპიტალისტს, რომელიც მხოლოდ თავის ჯიბისათვის ზრუნავს? ასე, რომ ეს მუხლიც მიუღებელია.

ხელშეკრულობის მე-10 მუხლი გვპირდება 400.000 ფუთ პურს. დღევანდელი კრიზისის დროს 400.000 ფუთი პური მშვენიერი რამ არის, მაგრამ ვსთქვათ ეს მუხლი არ შეასრულა „სიბუნიონმა“, რა შეგვიძლია ჩვენ მაშინ? გვაქვს თუ არა ჩვენ რაიმე გარანტია, რომ ეს მუხლი განხორციელდება? არავითარი. მე მიკვირს. რატომ «სიბუნიონი“ შეგვპირდა 400.000 ფუთ პურს და არა 400.000 ფუთ ოქროს. ეს ხომ უფრო მომხიბლავი იქნებოდა?!

ავიღოთ მე-17 მუხლი. ეს მუხლი იცავს სავსებით მხოლოდ «სიბუნიონის“ ინტერესებს. მას გათვალისწინებული აქვს „გლავსნაბის“ რეორგანიზაცია, ან მისი გაუქმება, ამ შემთხვევაში სავსებით პასუხის-მგებლობას კისრულობს ჩვენი მთავრობა.

ჩვენ გვესმის, მთავრობას სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. რაკი მან ხელი მოაწერა ხელშეკრულობას, ვალდებულებაც უნდა მოეღო, მაგრამ მთავრობა ვალდებული იყო ასევე ეზრუნა ჩვენი ინტერესების დასაცავად, მათ უზრუნველსაყოფად. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. „სიბუნიონი“ დაზღვეულია ყოველგვარი შემთხვევისაგან, რაც არ უნდა დაემართოს „გლავსნაბს“ სიბუნიონი რისკისაგან თავისუფალია. პასუხისმგებლობას კისრულობს ჩვენი მთავრობა. მაშასადაშე ეს მუხლიც სავსებით მიუღებელია, როგორც ცალმხრივი.

ავიღოთ ეხლა მე-11 მუხლი. ამ მუხლის თანახმად „სიბუნიონს“ ეძლევა უფლება ჩვენი საზღვრებიდან გაიტანოს - ესე იგი შეისყიდოს და გაზიდოს - უცხოეთში ყველა არა სავალიუტო საქონელი, რომლის გატანა ჩვენში აკრძალული არ არის. ერთის შეხედვით ეს თითქოს სავსებით მისაღებია. მართლაც თუ ჩვენში ჩამოვლენ ევროპიდან კაპიტალისტები და გაიტანენ იმ საქონლებს, რომელთა გატანა აკრძალული არ არის და რომლებზედაც მონოპოლია გამოცხადებული არ არის მაინც და მაინც ვის რა უნდა ჰქონდეს ამის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება ასე ვიფიქროთ. თუ „სიბუნიონი“ არის სერიოზული უცხოელი ფირმა, მას ალბათ კარგად ეცოდინება ევროპის ბაზრის პირობები, მას კარგად ეცოდინება თუ რომელი ჩვენი საქონელი სად უფრო მეტს ფასობს. ვსთქვათ ჩვენ გვაქვს დღეს ისეთი საქონელი, რომელზედაც მონოპოლია გამოცხადებული არ არის და რომლის გატანაც აკრძალული არ არის ჩვენ ევროპის ბაზრის პირობები არ ვიცით. ევროპის ბაზრის პირობები იცის „სიბუნიონმა“. მას შეუძლია გაიტანოს ჩვენი ქვეყნიდან ყველა ის საქონლები, რომელთა გატანა დღეს ჩვენში აკრძალული არ არის, და რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე დიდი ფასი და გასავალი აქვს, მხოლოდ ეს ჩვენ არვიცით. შემდეგ გავა რამდენიმე ხანი, შეიძლება ჩვენც გავიგოთ, რომ ესა და ეს საქონელი ევროპაში ძვირად ფასობს, კიდევაც ავკრძალოთ და გამოვაცხადოთ მისი მონოპოლია, მაგრამ გვიან იქნება, საქონელს ჩვენში ვერ ვიპოვით, ის „სიბუნიონს“ გატანილი ექნება. მაშასადამე, ეს მუხლიც სავსებით მიუღებელია. გადავიდეთ მე-6 მუხლზე. სიბუნიონს გააქვს საქონელი, ხოლო როცა ის გაიყიდება წმინდა მოგების 20 პროც. მიაქვს სიბუნიონს, ხოლო 80 პროც. მთავრობას. ერთი შეხედვით ესეც ხელსაყრელია, მაგრამ ეს ასე არ არის. სიბუნიონს მიაქვს თავისთვის ჩვენი ფული, შეძენილ ჩვენი საქონლის წმინდა მოგების 20 პროც. რისთვის? - გაუგებარია. თუ ის არის კომისიონერი ჩვენი საქონლისა, მას უკვე მიაქვს ცალკე საკომისიო, ასე, რომ ეს 20 პროც. სრულიად ტყუილად მიაქვს „სიბუნიონს“.

ჩვენ აქ გვითხრეს, თითქოს „სიბუნიონი“ არის მხოლოდ კომისიონერი. ეს მართალი არ გახლავთ. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ის მართლაც კომისიონერი არის, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ხელშეკრულების მე-9 მუხლს, დავინახავთ, რომ „სიბუნიონი“ არ არის მხოლოდ კომისიონერი. მე-9 მუხლის ძალით უნდა შესდგეს საერთო თანხა. რომლის 25 პროც. იხდის ჩვენი მთავრობა. ხოლო დანარჩენს „სიბუნიონი“. ამ თანხით უნდა იქნეს შეძენილი ჩვენში საქონელი. მაშასადამე აქ „სიბუნიონი“ გამოდის როგორც ამხანაგი.

ახლა ავიღოთ მე-11 მუხლი. როგორც მოგახსენეთ ამ მუხლის ძალით «სიბუნიონს“ აქვს სრული უფლება თვითონ შეიძინოს ყველა ის საქონელი, რომლის გატანა აკრძალული არ არის და რომელზედაც მონოპოლია ჯერ გამოცხადებული არ არის, ესე იგი ის ამ მუხლის თანახმად მოქმედობს სრულიად დამოუკიდებლად.

ამნაირად „სიბუნიონის“ როლი ასე იცვლება: ის შემოდის ჩვენში როგორც კომისიონერი, შემდეგ ის ხდება ჩვენი ამხანაგი, ბოლოს კი ჩვენი ბატონი! ეს ბატონი სრულიად დამოუკიდებლათ ყიდულობს ჩვენში სხვა და სხვა საქონელს, ისქელებს თავის ჯიბეს, ხოლო ჩვენმა მთავრობამ კი უნდა გაუწიოს მას „ყოველგვარი დახმარება“.

ასეთია ხელშეკრულების შინაარსი. როდესაც ყველა ამის შემდეგ გაზეთი „ერთობა“ სწერს, რომ ხელშეკრულება მეტად ხელსაყრელიაო, ეს პირდაპირ სასაცილოა!

აქ გამოვიდენ როგორც ხელშეკრულობის დამცველები, ისე მისი მოწინააღმდეგენიც.

ბ. მესხიშვილის აზრით ხელშეკრულობა ჩვენ მხოლოდ მოვალეობას გვაკისრებს და არავითარ უფლებას არ გვაძლევს. ეს მართალი არ არის. ხელშეკრულობა ჩვენ გვანიჭებს როგორც უფლებებს, ისე მოვალეობას. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ჩვენი უფლებები მხოლოდ ქაღალდზეა დაწერილი და არაფრით უზრუნველყოფილი არ არის.

ხელშეკრულობის დამცველად გამოვიდა ბატონი სერგო ჯაფარიძე. ბატონი ცნობილია, როგორც გამოცდილი ცივილისტი, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ჯაფარიძე ამ ხელშეკრულობას სავსებით გააშუქებდა და დაგვიმტკიცებდა, რომ ის მართლაც ჩვენთვის ხელსაყრელია. ბ. ჯაფარიძემ ეს ვერ მოახერხა ის რაც ბ. ჯაფარიძისგან მოვისმინეთ, იყო არა სიტყვა დეპუტატისა არამედ სრული აბდა-უბდა. ბ. ჯაფარიძემ წამოაყენა ერთი დებულება, რომ ამ ხელშეკრულებაში მთავრობამ შეინარჩუნა თავისუფალი ხელი. რაში სჩანს ეს თავისუფალი ხელი - არავინ იცის. რომ ჩვენი მთავრობა თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, როდესაც მოქალაქეებს აპატიმრებს და ასახლებს - ეგ ჩვენ დიდიხანია ვიცით, მაგრამ ის რომ თავისუფალია ამ პასუხისმგებლობისაგან, რომელსაც ხელშეკრულება მთავრობას აკისრებს ეს ბ. ჯაფარიძემ ვერ დაამტკიცა!

აქ გამოვიდა აგრეთვე ბ. ავალიანი. მას საჭიროდ არ მიაჩნია, რომ ასეთი ხელშეკრულობანი მთავრობამ დამფუძნებელ კრებას წარუდგინოს. ბ. ავალიანი ამას უმთავრესად იმით ასაბუთებდა, რომ ხელშეკრულობა მოკლევადიანია, ერთი წლით არისო.

მე არ ვიცი, ბატონებო, როდესაც რომელიმე მდინარზე ხიდი არის გასაკეთებელი - აქ საგანგებო დეკრეტი შემოაქვთ და გვეკითხებიან, ფულს გაიღებთ თუ არაო, როცა რომელიმე მოხელეს უნდა მოუმატონ 200-300 მანეთი, ამაზედაც გვეკითხებიან და ნუ თუ ჩვენ არ გვეხება, როდესაც მილიონებზე და მილიარდებზე არის ლაპარაკი?

ხელშეკრულება ერთი წლით არის დადებული და ამიტომ საჭირო არ არის დამფუძნებელ კრებაში მისი წარდგენაო გვეუბნება ბ. ავალიანი. ჯერ ერთი - როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხელშეკრულებაზე, ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში არა მარტო ვადა. ვადას აქვს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში, როგორც ვადა, ისე თანხაც, ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში ხელშეკრულობის ყოველი მუხლი, ავსწონ-დავსწონოთ ყველა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მაშინ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, ხელსაყრელია თუ არა ის ჩვენთვის, ეხება თუ არა ის დამფუძნებელ კრებას.

გარდა ამისა არ არის მართალი ბ. ავალიანი თუნდაც ვადის მხრით. ერთი წელიწადი ბ. ავალიანს მოკლე ვადათ მიაჩნია, მაგრამ დღევანდელს ჩვენს პირობებში ერთი წელიწადი უდრის თუ ერთ საუკუნეს არა, ნახევარ საუკუნეს მაინც, და როდესაც მიუხედავად ამისა ბ. პროფესორი და მინისტრი გვეუბნება ერთი წელიწადი არაფერიაო, ეს ჩემის აზრით უბრალო ლაპსუსი უნდა იყოს.

ბ. ავალიანმა ასე განაცხადა, რომ მას საჭიროდ არ მიაჩნია ვინმეს პასპორტები მოსთხოვოს. მეტად სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ლიბერალურ განცხადებას აკეთებს ჩვენი მთავრობის წევრი, მართლაც, ჩვენში ოფიციალურად მაინც პასპორტები სავალდებულო არ არის. ეს ტრადიცია დარჩა ჩვენში არა იმიტომ, თითქოს ჩვენში არსებულ რეჟიმს არ შეეფერება პასპორტების სისტემა, არამედ იმიტომ რომ, როგორც მოგეხსენებათ, პასპორტებს უნდა დაწერა და წაკითხვა და რადგანაც ჩვენი კომისრებისა და მილიციონერების დიდმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცის, ამიტომ ჯერ ჯერობით ჩვენში პასპორტები შემოღებული არ არის, მაგრამ მე იმედი მაქვს, როდესაც ბ. რამიშვილი მილიციონერების კურსებს მოაწყობს და ჩვენი კომისრები და მილიციელები წერა-კითხვას შეისწავლიან - მაშინ შემოღებული იქნება პასპორტებიც და მაშინ თვით ბატონი ავალიანიც ვერ გამოვა ამ ტრიბუნაზე ასეთ განცხადებებით.

ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, ვინ იქნება ჩვენი კონტრაგენტი, - რუსი, ებრაელი, ინგლისელი, სულ ერთია იმ პოლიტიკისათვის, რომელსაც აწარმოებს მმართველი პარტია. მნიშვნელობა აქვს ორ გარემოებას: ეს არის ერთის მხრით, თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის ესა თუ ის ფირმა და მეორეს მხრით თუ რამდენათ სერიოზულია ესა თუ ის ფირმა კომერციული თვალსაზრისით, და როდესაც აქ ლაპარაკობდენ პასპორტზე სწორედ ეს ჰქონდათ მხედველობაში და არა ჩვეულებრივი პასპორტები, როგორც ეს ბ. ავალიანს გონია.

ხელშეკრულობას რომ ჩაუკვირდეთ დაინახავთ, რომ მთავრობა სწორედ ჩვეულებრივ პასპორტებით კმაყოფილდება, ხოლო რაც შეეხება უმთავრესს - თუ რომელი სახელმწიფოს ფირმაა «სიბუნიონი”, ან რამდენათ სერიოზული კომერციული დაწესებულებაა ის - ამის შესახებ მთავრობამ არაფერი იცის. ის, როგორც მოგახსენეთ კმაყოფილდება ჩვეულებრივი პასპორტებით, ხელშეკრულობას ხელს აწერს ნოელ სმიტი. მე მგონია, ვიდრე ბ. სმიტი ხელს მოაწერდა, ის წარუდგენდა მთავრობას საბუთს, პასპორტს იმისა, რომ ის არის ნოელ სმიტი და არა ადამ სმიტი!

ხელშეკრულობის შავზე თუ თეთრზე ხელი უწერია ვიღაც გერმანს. მე მგონია, ვიდრე გერმანი ხელს მოაწერდა, ისიც წარადგენდა საბუთსა, ან პასპორტს, რომ ის არის გერმანი, რომ გერმანი არის მისი გვარი და არა სახელი! რომ სოციალ-დემოკრატია არც ისე გაურბის პასპორტებს, სჩანს შემდეგიდან: გაზეთ „ბორბაში“ დაისტამბა ბ. ვოიტინსკის წერილები, სადაც ის აღიარებს, რომ ჩვენმა სოციალ-დემოკრატიამ თვის მასწავლებლათ უნდა აიყვანოს ევროპის ბურჟუაზია. როდესაც თქვენ გინდათ მასწავლებელათ ევროპის ბურჟუაზია და არა სხვა - რა არის ეს თუ არა პასპორტი?! პასპორტზე არის ლაპარაკი ხელშეკრულობის მე-20 მუხლში. იქ არის ნათქვამი, რომ თუ ინგლისის მთავრობიდან არ მოვიდა ცნობა, რომ „სიბუნიონი“ არის ინგლისური ფირმა მაშინ ხელშეკრულობა დარღვეულად უნდა ჩაითვალოს. აქ ორი რამ არის დადასტურებული. ერთი ის, რომ წინააღმდეგ ბ. ავალიანის განცხადებისა, ჩვენი მთავრობა თხოულობს პასპორტებს, მეორე ის, რომ მთავრობამ არ იცის ვისთან აქვს საქმე, ვისთან დასდო ხელშეკრულობა.

ამნაირად აქ არ მოუყვანიათ არც ერთი მოსაზრება ხელშეკრულობის სასარგებლოთ. ჩვენ ვართ წინააღმდეგი ამ ხელშეკრულობისა არა იმიტომ, რომ «სიბუნიონი“ არის უცხოეთის ფირმა, არამედ იმიტომ, რომ ის არის კერძო ფირმა. ჩვენ ვართ მონოპოლიის მომხრე, აქ კი ვხედავთ მონოპოლიას მონოპოლიაზე - ესე იგი, მის უარყოფას. მთავრობამ თვითონ საკუთარი აპარატით და საზოგადოებრივი ძალების დახმარებით და გამოყენებით უნდა მოაწესრიგოს ექსპორტის საქმე.

დასასრულ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას: ეს შეკითხვა შემოიტანა ნაციონალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ. რა თქმა უნდა მას აქვს სრული იურიდიული უფლება ყოველგვარი შეკითხვები შემოიტანოს, მაგრამ მე ვფიქრობ ნაციონალ-დემოკრატიულ ფრაქციას, მაშინ ექნება ზნეობრივი უფლება ასეთი შეკითხვები შემოიტანოს, როდესაც ის წრეები, რომლებსაც ნაციონალ-დემოკრატები წარმოადგენენ, ჩვენ მოგვცემენ უკეთეს პირობებს, ხოლო ვიდრე ეს არ მომხდარა, ვიდრე ჩვენ მხოლოდ, სიტყვები და კეთილი სურვილები გვესმის - ჩვენ უნდა უთხრათ ნაციონალ-დემოკრატებს სიტყვა სხვაა - საქმე სხვაა - მათ შორის არის დიდი ზღვარი!

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნიკო ელიავას.

ნიკო ელიავა (სოც.-დემ.) მე მგონია, მოქალაქენო, რომ ეს საკითხი თავის-თავად დიდი მნიშვნელობისაა და დაფიქრებაა საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კითხვას გარკვევა უნდა. თუ გამოირკვა, რომ ამ ხელშეკრულებას რაიმე ზიანი მიუყენებია რესპუბლიკისათვის, უსათუოდ უნდა უარყოფილ იქმნას. ეს რომ დაემტკიცებინათ აქ, მე შემიძლიან განვაცხადო ჩვენი ფრაქციის სახელით, იგი არ შეუშინდებოდა ეთქვა, ეს ხელშეკრულება საზარალოაო. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ატმოსფერა, რომელიც უნდა ყოფილიყო საკითხის გარჩევის დროს არ ყოფილა და ორატორებიც საქმიანი მოსაზრებით არ ხელმძღვანელობდნენ.

მესხიშვილს უნდოდა სრულიად ობიექტიურად ელაპარაკა და ჩვენ ველოდით, რომ იგი მართლაც ასეთს გზას დაადგებოდა, მაგრამ თვითონ მესხიშვილის გამოსვლა საუკეთესო დამამტკიცებელი იყო იმისი, რომ იგი რაღაც ისეთი ცნობებითა და მოსაზრებით ხელმძღვანელობდა აქ ლაპარაკის დროს, რომლებსაც საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ ვიცნობთ მესხიშვილს როგორც, კარგს იურისტს და იმისდა მიუხედავად, რომ იგი არ არის ცივილისტი, როგორც ჩვენი ამხანაგი ს. ჯაფარიძე, მისი იურიდიული ლოღიკა ყოველთვის მისწვდებოდა იმ მუხლის შინაარსს, რომელიც მოიყვანა. უპირველეს ყოვლისა აი, რა სთქვა მესხიშვილმა: 14 მუხლი თუმცა ავალებს ვიღასაც, რომ საქონელი დაზღვეული იყოს, მაგრამ ვინ არის მოვალე ამ საქონლის დაზღვევისა არა სჩანსო. როცა ის კითხულობს ხელშეკრულებას ივიწყებს, რომ ის არის იურისტი. (გვაზავა: ეგ წვრილმანია!) როცა მას გაახსენეს მეორე მუხლი, ვეღარაფერი მოსძებნა [მესხიშვილი...(არ ისმის)] ამის წინააღმდეგ არაფერი გვითქვამს. მე ვამბობ თუ 14 და 2 მუხლს ერთმანეთს დააშორებს კაცი, ე. ი. 1 მუხლს ამოიღებს და სხვას წაიკითხავს, ეს სხვა არის.

აქ როგორც იურისტი, მესხიშვილი ვერ გამოდგა იმ სიმაღლეზე, რომელიც საჭირო იყო მისთვის. მესხიშვილი აქ გამოვიდა და განაცხადა იურიდიული მხრით მთავრობას არ ჰქონდა ასეთი ხელშეკრულების დადების უფლებაო, მაგრამ, როდესაც არგუმენტაცია დასჭირდა, - მოიყვანა მორალური მოსაზრება, რომელიც მშვენივრად უარჰყო გვაზავამ. როცა კანონიერების მხრით ეხებით მთავრობის მოქმედებას, კანონს გარეშე ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ მორალზე ლაპარაკი ზედმეტია.

ბ. გვაზავამ, როგორც დაკვირვებულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, გადაიტანა საკითხის მთელი სიმძიმე საბიუჯეტო უფლებაში. ასეთი საბიუჯეტო უფლება არ გახლავს ჩვენს კონსტიტუციაში, თუნდ დაუწერელში. აქ არა აქვს ადგილი რაიმე ხარჯის გაღებას ჩვენი ხაზინიდან. ამ პირობებში ხარჯის გაღება სავალდებულო არ არის მთავრობისათვის. აქ არის მხოლოდ ერთი: თუ განსაზღვრული რამ ოპერაცია აწარმოვა მთავრობამ და კონტრაგენტმა, მაშინ მთავრობა იძულებულია 25 პროც. შეიტანოს. მაგრამ ეს გახლავთ ისეთი ოპერაცია, რომელშიაც საჭიროა მთავრობის დასტური და შეთანხმება კონტრაგენტთან. მეორე საკითხია - აქვს თუ არა საჭირო ფული? მთავრობას აქვს განსაზღვრული თანხები დამფუძნებელი კრების მიერ მიცემული. (გვაზავა: ამ საქმისთვის?).

მთავრობას აქვს განსაზღვრული თანხა მიცემული. ჩვენ გვაქვს კანონები ხელში. მთავრობას აქვს 2 კანონი, რომლითაც მას შეეძლო ესარგებლა. პირველი კანონი მიღებულია დამფუძნებელ კრების მიერ აგვისტოს 2-ს 1919 წ. და ეძლევა მთავრობას 50 მილიონი თანხა, რომელიც მას აქვს გადაცემული. (გვაზავა: სურსათის დასამზადებლად!) სურსათი მზადდება თუ 400.000 ფუთი ფქვილი შემოდის, ეს, მე მგონი, სულ ერთია (სიცილი). პური თუ სურსათი არ არის, მაშ რა არის - არ ვიცი. რასაკვირველია, პური პურად დარჩება.

მეორე გახლავთ თანხა მუშა-მოსამსახურეთათვის პირველ მოთხოვნილების საგნების შესაძენად 50 მილიონი მანეთი, რომელიც მთავრობის განკარგულებაში გადაცემულია 21 ოქტომბერს. მაშასადამე, მთავრობას უკვე 100 მილიონი მანეთი აქვს. (გვაზავა: დახარჯული არ არის?).

დახარჯული არის თუ არა, მიჰმართეთ მთავრობას. მე ვარ დამფუძნებელი კრების წევრი და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით ვლაპარაკობ. მიჰმართეთ მთავრობას, აქ არიან მინისტრები, რომლებმაც იციან სად არის ის ფული, რომელიც მათ განკარგულებაში არის გადაცემული. კანონებიც რომ არ იყოს დაწერილი, მოგეხსენებათ, პარლამენტში ტარდება მხოლოდ ისეთი ხარჯი, რომელიც მიდის და აღარ ბრუნდება ხაზინაში. აი, მაგალითად, აქ მოიყვანეს, რომ, თუ რომელიმე მოხელეს 200 მანეთი მოუმატეს აქ, ჩვენ, დამფუძნებელ კრებას გვეკითხებით, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მილიარდს - არავის ეკითხებითო. აი, სწორედ, აქ არის საჭირო საბიუჯეტო უფლების შეგნება. ეს ფული არის დასატრიალებელი. (ასათიანი: რომ დაიკარგოს?) რომ დაიკარგოს შეგიძლიანთ მოსთხოვოთ მთავრობას. (გვაზავა: რა უნდა მოვსთხოვოთ?) მე მესმის ეს. ეს არის მათი გულის ამოძახილი, მათ სურთ, რომ მთავრობაში იჯდეს ის ქართველ მოქალაქეთა ჯგუფი. მაშასადამე, მე მოგახსენებთ, რომ ამ მხრივ სრულიად ლეგალური არის მთავრობის მოქმედება. (გვაზავა: დამფუძნებელ კრებამ უნდა მისცეს დასტური. შალვა მესხიშვილი: რომელ კონსტიტუციაში სწერია ეგ?) რომელში სწერია საწინააღმდეგო? (თავმჯდომარე: ზარი. გთხოვთ ნუ უშლით ორატორს). იურიდიულად მთავრობას შეეძლო ასეთი ხელშეკრულება დაედო. უპირველეს ყოვლისა მის განკარგულებაში იყო და შეეძლო ეს თანხა დაეტრიალებინა. მაშასადამე, ის დებულება, რომ მთავრობას დამფუძნებელი კრების დაუკითხავად ნება არ ჰქონდა თანხის გაღებისაო, უარყოფილ იყოს.

ეხლა ავიღოთ მეორე დებულება. ინტერპელიანტები ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება „სიბუნიონთან“ უაღრესად საზარალოა რესპუბლიკის ინტერესებისთვისო. ყველა ორატორი შეეხო ამ საკითხს, მაგრამ მათ ეს დებულება ვერ დაამტკიცეს და ვერც დაამტკიცებენ. პირადად მე უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველთვის, როდესაც დადგება საკითხი ისეთი საქმის შესახებ, რომელიც საზარალოა რესპუბლიკისათვის და ამას იცავს განსაზღვრული ჯგუფი, დამფუძნებელი კრება და პარლამენტი ვალდებული არის ერთ თვალსაზრისზე იდგეს ამ საკითხში. მან უნდა იხელმძღვანელოს იმ დებულებით: რომელიც რომაელებს ჰქონდათ მიღებული: ვინ იღებს სარგებელს? როცა ინტერპელიანტები გამოდიან მე ვიცი ვის სასარგებლოდ იქნება ეს. მაგრამ როცა ამათ აჰყვნენ სოციალისტ-ფედერალისტები და ლეო შენგელაია, - ეს კი არ გვესმის. მე მგონი ეს აიხსნება ან მათი გამოუცდელობით, ან მათი გულუბრყვილობით. ესენი კი, ეს ხელშეკრულება რომ არ დაიშალოს ვერ ისარგებლებენ. ამათთვის ეს სასარგებლო არის და დაგიმტკიცებთ, რომ სასარგებლოა მათთვის. მე პირად სარგებლობაზე არას ვიტყვი, რადგან ეს ჯგუფური სარგებლობა არის. მათთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ ხელშეკრულება დადებული ყოფილიყო ქართველ მოქალაქეთა ჯგუფთან. (ასათიანი: „სიბუნიონი“ მაინც არაფერს მიიღებს!) პირადად ბატონი ასათიანი არა მგონია დაინტერესებული იყოს ამაში, მაგრამ ის ჯგუფი, რომლის იდეოლოგად არის აქ ასათიანი, ბევრ რამეს მიიღებდა, რომ იძულებული ვყოფილიყავით და ქართველ მოქალაქეთა ჯგუფთან შეგვეკრა ხელშეკრულება. და თუ როგორი არის ამ ჯგუფის მადა მოგახსენებთ შემდეგ. მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას იმას, თუ რამდენად სამართლიანად აშუქებენ ამ ხელშეკრულებას. უპირველეს ყოვლისა ყველა მოლაპარაკე იბნეოდა პირველ საკითხში: თუ რა არის ეს ხელშეკრულება, კომისიაა, ამხანაგობა, თუ რა. და ლეო შენგელაიამ ისეთი დასკვნაც გამოიყვანა, რომ ეს არც კომისია არის, არც ამხანაგობა და ბოლოს გამოიყვანა თითქოს ეს იყოს „სიბუნიონის“ სრული გაბატონება. მე მგონია, უკანასკნელში შემცდარი გახლავთ ლეო შენგელაია, ხოლო პირველი ორი კი - დავეთანხმები ბ. შენგელაიას - სამართლიანია. აქ, ბატონებო, არის გათვალისწინებული სამი ოპერაცია. პირველი ოპერაცია გახლავთ ის, როდესაც „სიბუნიონი“ მიიღებს მთავრობისგან განსაკუთრებულ საქონელს, რომელიც მის საწყობში არის დღეს, ან იქნება ამ ერთი წლის განმავლობაში - ეს არის სამონოპოლიო და საზღვარ გარედ გასატანი საქონელი.

მაშასადამე, მას ეს საქონელი გააქვს და კომისია თავდება რეალიზაციით, და, როდესაც ფული ასრულებს თავის მსვლელობას „სიბუნიონს“ უბრუნდება ნაწილი, ხოლო დანარჩენი შედის ბანკში ჩვენი მთავრობის განკარგულებაში. აქ ამბობენ, რომ „სიბუნიონს“ ჯერ საქონელი გააქვს, მერე შემოაქვს და ფული კი თავის ბანკში შეაქვსო. მის ხელშია საქონელი და მის ხელშია ფულიცო. ყველაფერი ეს მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არ არის, რა დასკვნაც გამოიყვანა ბ. ასათიანმა. უპირველესად ყოვლისა საქონელი მოდის, როგორც საკუთრება ჩვენი მთავრობისა. (ღლონტი: პორტამდის!) არა, ბატონებო, საკუთრება რჩება მას ბოლომდის, როცა საკომისიოდ გააქვს საქონელი. ამ მხარემ (უჩვენებს მარჯვნით) მშვენივრად იცის ეს. აი, როცა ეს ოპერაცია დასრულდება და საქონელი გაიყიდება, „სიბუნიონს“ ის ფული შეაქვს თავის ბანკში (მესხიშვილი: კომისიონერის ბანკში, მართალია!) სახელდახელო ანგარიშზე. რა არის სახელდახელო ანგარიში? იქ (უჩვენებს მარცხნით) შეიძლება არ ესმოდეთ, მაგრამ აქ (მარჯვნივ) კარგად იციან, რომ სახელდახელო ანგარიში არის ისეთი ანგარიში, როდესაც რაკი თქვენ სახელზე არის, თქვენ შეგიძლიანთ დასწეროთ ჩეკი და მთელი ფული გადაიტანოთ იქ, სადაც გინდათ. (ასათიანი: ექვს თვეში!) ხელშეკრულებაში არაფერი არ არის ამის მსგავსი, თითქოს ექვს თვემდის არ შეიძლებოდეს ფულის გატანა. იქ არ არის ეს და მთავრობას შეუძლიან ექვსი წუთის შემდეგაც გადაიტანოს ის ფული, სადაც უნდა. რაც შეეხება ანგარიშის გასწორებას ექვს თვეში, როგორც ეს ნახსენებია ხელშეკრულებაში, ეს ნიშნავს ანგარიშის გასწორებას ქაღალდებით, რომ ბალანსი გამოვიყვანოთ. თუ თქვენ ეს არ იცით, ჰკითხეთ იმათ, ვისი იდეოლოგებიც ბრძანდებით, და ისინი გეტყვიან, აგიხსნიან, რომ ანგარიშის გასწორება ერთია და ფულის შენახვა კი სულ სხვა. ეს ერთი. მაშასადამე, ჩვენ „სიბუნიონის“ ბანკში შეგვაქვს (მესხიშვილი: სად არის ეს ბანკი?) იქ, ბატონო, იქ... (სიცილი, ხმაურობა) ლონდონში გახლავთ. ძალიან პირდაღებული იცინის ბ. მესხიშვილი, მაგრამ პირის დაღება არგუმენტი არ გახლავთ.

აქ არის მეოცე მუხლი და, რაც გინდა მოსაზრებები წამოაყენოთ, მაინც ვერ უარყოფთ ამ მუხლის მნიშვნელობას. აი, სწორედ აქ გამოიჩინა მთავრობამ საჭირო სიფრთხილე. რომ „სიბუნიონი“ არსებობს, ეს ჩვენმა მთავრობამ იცის, მაგრამ რომ ის არსებობს, როგორც ბრიტანეთის ფირმა - ეს უნდა დაამტკიცოს ბრიტანეთის მთავრობამ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გარანტია - ბრიტანეთის მთავრობის მოწმობა - ბევრად უფრო მეტ გარანტიას წარმოადგენენ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის თამასუქები მთავრობის პორთფელში. თუ „სიბუნიონი“ მართლა ისეთი ფირმა არის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, და თუ ის ვერ წარმოადგენს მოწმობას ბრიტანეთის მთავრობისას, თუ ეს ასე იქნება, ხელშეკრულება ძალას ჰკარგავს. სწორედ ამიტომ არის დაწერილი ეს მეოცე მუხლი. (რეპლიკა არ ისმის) აი რა უნდა: რომ ის არის ნამდვილი ბრიტანეთის ფირმა და მეორე - დადასტურება ხელშეკრულებისა. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება უფრო მეტი გარანტია, ყოველ შემთხვევაში მორალური (ხმები: მორალური?) დიახ, ამას დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ ჩვენ.

ჩვენ ვიჭერთ საქმეს ბრიტანეთის ფირმასთან და იმის შემდეგ როდესაც ბრიტანიის მთავრობა გვეტყვის, რომ ის არის მისი წარმომადგენელი, პოლიტიკური მნიშვნელობის მხრივ ამაზედ უკეთესი რა იქნება. ეს ერთი ოპერაცია. მეორე ოპერაცია გახლავთ საამხანაგო ოპერაცია. მე მგონია თქვენს თვალში, საზოგადოების და დამფუძნებელი კრების თვალში, არაფერია მიუღებელი იმაში, რომ მთავრობამ რომელიმე სერიოზულ ფირმასთან ერთად მოახერხოს იმის გაკეთება, რასაც სხვა თხოულობს. მაშასადამე, მცირე ნაწილს თანხისას იღებს მთავრობა და 4/5-ს კი კონტრაგენტი და ამ მეორე ოპერაციას აწარმოებს. აქ უნდა მიიღოთ მხედველობაში ის, რომ „სიბუნიონი“ იმ ფულით, რომელსაც პირველ ოპერაციიდგან, გაყიდვიდგან მიიღებს, სრულებით არ სარგებლობს მეორე ოპერაციის დროს. პირიქით, მან უნდა აწარმოვოს «на свой счетъ», უნდა შეისყიდოს და შემოიტანოს საქონელი თავის ფულით. უკაცრავად, მე საამხანაგო კაპიტალზე ვთქვი და შეცდომა მომივიდა. მე-7 მუხლს მოგახსენებთ... (ხმაურობაა, რეპლიკები მარჯვენა და მარცხენა სექტორებიდან. არ ისმის. თავმჯდომარის ზარი) აი, აქ არის მეორე ოპერაცია. ერთად-ერთი კავშირი აქვს პირველ ფულთან, რომელიც შეგროვდა იქ, პირველი ოპერაციის მიხედვით. აქ განსაზღვრული არის მხოლოდ ვალდებულება „სიბუნიონისა“, რამდენი საქონელი უნდა შემოიტანოს აქ. როცა მთავრობა თავის წილ ფულს შეიტანს ბანკში - პირველი ოპერაციიდან მიიღებს თავის ხვედრ მოგებას და ამით თავდება პირველი ოპერაცია.

ამ საქონელზე მიიღებს 15 პროცენტს და ამაზე ცალკე მოგახსენებთ, ამაზე აქ არ შევჩერდები.

შემდეგ. მეორე ოპერაცია არის საამხანაგო კაპიტალი. ესეც ისეთი ოპერაცია არის, რომელიც, მე მგონია, მისაღებია და რომლის წინააღმდეგ მთავრობას ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის, თუ კი ეს გატარდება. შემდეგ არის მე-3 ოპერაცია - იქ, სადაც ლეო შენგელაიამ ნახა „სიბუნიონის“ გაბატონება ჩვენზე არავითარი ამის მგზავსი არ არის. მე ვხედავ, რომ არავითარი ვალდებულება მთავრობამ თავის თავზე არ მიიღო. მან სთქვა: ის საქონელი, რომლის გატანა შესაძლებელი არის და აკრძალული არ არის, შეიძინონ, იყიდონ, და გაიტანონ. მაგრამ, თუ ამ საქონელში რომელიმე სრულებით აკრძალულია აქ მთავრობა არავითარ ვალდებულობას არ იდებს. ახლა გადვიდეთ პროცენტების შესახებ.

პროცენტებზე აქ ბევრს ლაპარაკობდენ, თითქო „სიბუნიონს“ ბევრათ მეტი პროცენტები მიაქვსო და თითქო საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა უფრო ნაკლები პროც. მოითხოვა. (ი. მაჭავარიანი ადგილიდან: რა შუაშია ეს?)

რა შუაშია? იმ შუაშია, რომ თქვენ უნდა იცოდეთ წაკითხვა იმ დოკუმენტისა, რომელსაც წარუდგენთ დამფუძნ. კრებას. „უაღრესათ საზარალო“-ო და ეს უნდა გამოერკვიათ შედარებით იმ ხელშეკრულებასთან, რომელიც მთავრობას შეძლება ქონდა შეეკრა საქართ. მოქალ. ერთ ჯგუფთან. და აი, აქ, განყენებულათ როცა დავაყენებთ ჩვენ ამ საკითხს, მაშინ მოგახსენებთ, რომ თქვენ (მიმართავს ეროვნ.-დემოკრ.) ყველაზე ნაკლები უფლება გაქვთ ამაზე ილაპარაკოთ; იმიტომ, რომ იმ თქვენს ჯგუფში არავინ ამ პროცენტს არ კმაყოფილდება. ამას არ შვრებოდა არც ის მოქალაქ. ჯგუფი, რომელზედაც აქ ბ. ღლონტი ლაპარაკობდა. აქ აშკარაა ეს დებულება. ამ ხელშეკრულებას ვიცნობ, ვიცი ის მოლაპარაკება, რომელიც ამ ჯგუფთან სწარმოებდა ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს იტყვის! (ს. დადიანი ადგილიდან: - ამ ხელშეკრულებასაც იცნობდით?)

დიახ, ვიცნობდი ამასაც. და მაშასადამე, ღლონტმა უნდა იცოდეს ეს, უნდა იცოდეს, რომ ქართ. მოქალაქ. ერთი ჯგუფი ერთსა და იმავე ფულს თხოულობს: ერთხელ 7 პროც. და მეორეგან 15 პროც. სწორეთ ერთი თანხის შესახებ არის აქ ნათქვამი. მაშასადამე, როგორც მინისტრის ამხანაგმა ბ. ავალიანმა მოგახსენათ, - 22 პროც. ეს არის სრული სიმართლე და როცა ველაპარაკებით, რომ 22 პროც. არის 20 პროც. მეტი ორითო - თქვენ ეს არ გინდათ გაიგოთ. ორი ოპერაციაა, მაგრამ ერთი ფული შვრება ამ ორ ოპერაციას. ეს დიდი განსხვავებაა და ეს თქვენ, ბ. ასათიანო, ყველაზე კარგათ გესმით.

ავიღოთ მეორე. თქვენ ბევრს ლაპარაკობდით იმაზე, რომ მთავრობა აძლევს 20 პროც. და ეს არ არის სიმართლე. ღლონტი ცდილობდა დაენახვებინა თქვენთვის, რომ მთავრობა აძლევს 20 პროც. და როცა ეს მუხლი მეორეს შეუფარდა - თქვენ დაინახეთ რა მდგომარეობაში ჩავარდა იგი. აშკარა იყო აქ: ან დაკვირვებით არ წაეკითხა, ან ვერ გაეგო. განყენებულათ, რომ ვსთქვათ 20 პროც.- ეს არაფერს გვეტყვის; შეიძლება ეს 20 პროც. იყოს ბევრი და შეიძლება ნაკლები.აქ გახლავთ 20 პროც. მოგებისა. და როცა 20 პროც. მოგებისა ეძლევა კაცს მთელი ოპერაციის გაწმენდის შემდეგ, დღევანდელ პირობებში, ე.ი. 1/5 ნაწილი მოგებისა - აქ გადიდებული გასამრჯელო არაფერი არის. (თ. ღლონტი ადგილიდან: - მე-6 მუხლი წაიკითხეთ!)

მე მე-6 მუხლს წავიკითხავ ბ.ბ. და მოგახსენებთ. თქვენ კარგად იცით, რომ პირველ ოპერაციაში არის „სიბუნიონ“-ის ფული, ჩვენი არის საქონელი. მთელი გატანის ხარჯი არის აგრეთვე „სიბუნიონ“-ისა, - ხარჯი - ფულია. ფული თუ არ დახარჯა - საქონელს ვერ გაიტანს, და თქვენ კარგათ იცით, რომ არის საქონელი ისეთი, რომლის გატანაც თხოულობს ზედმეტ ხარჯს. რაკი მას განსაზღვრული ფული შემოაქვს, იმაზე ლაპარაკი, რომ 1/5 წმინდა მოგებიდან მას არ უნდა მიეცესო - მე არ მესმის. მე არ ვიცი, რამდენი პროცენტი იქნება მისი ფული ამ საქმეზე, შეიძლება იქნეს მხოლოდ 20 პროც. შეიძლება 40, 80 და სხვა. ჩვენი საქონლის ღირებულება შედარებითია. მაგალითად აქ დასახელებული არის ტყე, ტყის მასალა გაიტანონ. მაგრამ რა იქნება ფრახტი, ან სხვა და სხვა ხარჯი ვერ გამოვიანგარიშებთ, მაგრამ, რომ იქნება და რომ ეს ხარჯები დიდი იქნება, ეს ყველამ იცის. ღლონტმაც იცის. ახლა მეორე შემთხვევა: მეორე კაპიტალი იმ ოპერაციით, რომლის რაოდენობა განსაზღვრულია პირველი ოპერაციით - თავის ხარჯით მან უნდა შეისყიდოს და შემოიტანოს საქონელი. აქ იღებს 15 პროც., რომელიც ყველგან მისაღებია, „ფაქტურა-ლოკო“ ნიშნავს, რომ მწარმოებელთან უნდა იყიდოს ეს საქონელი, ან ქარხნებში, ან სხვაგან. ასეთი „ლოკო“ უნდა წარმოადგინოს და აქ იღებს 15 პროც. ასე გვესმის ჩვენ ეს და თქვენ როგორ მიგაჩნიათ? დაიდეთ ხელი სინიდისზე და სთქვით, მისაღებია ეს თუ არა? (გ. გვაზავა ადგილიდან: ვინ აკეთებს ამას?) კომერსანტი აკეთებს და არა ქველ-მოქმედი. თავის ფულს ხარჯავს და ამ ფულის გატანის უფლება აქვს. დანარჩენი ფული, აღებული საქონლიდან რომ შეიტანოს „სიბუნიონ“-მა ბრიტანეთის ბანკში - ჩვენ შეგვიძლია ეს ფული ბრიტანეთის მთავრობას მივსცეთ, თუ კი მისი ვალი გვექნება. მაშასადამე, ეს ისეთი გაუგებრობა არის, რომ ყოვლად მიუღებელია. თქვენ 15 პროც.-ის წინააღმდეგ ვერაფერს ბრძანებთ და მაშასადამე ეს მუხლიც არ არის „უაღრესად საზარალო რესპუბლიკისათვის“.

თავმჯდომარე. რეგლამენტის ძალით კრება გრძელდება 3 საათამდი. არის სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება, კრება გავაგრძელოთ 4 საათამდი. თუ ვისმეს სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ბ. მაჭავარიანს.

იოსებ მაჭავარიანი. (ერ.-დემ.) ჩემი სიტყვა მოკლე არის. წინადადებას ვიძლევი გადაიდოს ეს საკითხი შემდეგი კრებისათვის. ეს უნდა იყოს მისაღები ერთის მხრივ და მე მხოლოდ ამ ერთს მხარეს მივაქცევ თქვენს ყურადღებას. ხვალ მგონი გადის ვადა ტელეგრამისა და იმ ტელეგრამის მიღება, თუ არ მიღება - გადასწყვეტს ამ საკითხს. შეიძლება ამ საკითხს არ გადასწყვეტს. მაგრამ რა მიმართულება უნდა მიეცეს ამ საკითხს, ამას კი გადასწყვეტს. და ეს ხელსაყრელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ამიტომ წინადადებას ვიძლევი, გადაიდოს ეს საკითხი შემდეგი კრებისათვის.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს, ურატაძეს.

. ურატაძე. (ს.-დ.) ბატონებო! ჩვენ ვიცავთ ჩვენ წინადადებას, რომ კრება არ გადაიდოს და გაგრძელდეს ერთი საათით. ის მოსაზრება ბ. მაჭავარიანმა რომ წამოაყენა, ნაც.-დემოკრატებისათვის იქნებ სასარგებლოა, რადგან მით შესაძლებელია გაუქმდეს ხელშეკრულება და ისარგებლონ მათ, მაგრამ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მართალია ხვალინდელი ტელეგრამა ჩვენ გვაინტერესებს, მაგრამ უფრო დაინტერესებული ვართ, ამ შეკითხვით გამოწვეული კამათი დავამთავროთ ისე, რომ გამოვიტანოთ საბოლოო დადგენილება, მართლა საზარალო ნაბიჯი გადადგა ამ ხელშეკრულების დადებით ჩვენმა მთავრობამ, თუ არა? აქ საკითხია იმაზე, თუ რამდენათ იცავდა მთავრობა რესპუბლიკის ინტერესებს და ამიტომ ვერავითარი დეპეში ვერ შესძლებს ამ საკითხის გადაწყვეტას. ჩვენი ფრაქციისათვის მნიშვნელობა აქვს იმ დასკვნას, რომელსაც გამოიტანს დამფუძნ. კრება, ე.ი. რამდენათ მთავრობის მოქმედება ეთანხმება რესპუბლიკის ინტერესებს და მართლა, მთავრობამ უარყოფითი ნაბიჯი გადადგა, თუ არა? ამ მოსაზრებით ჩვენი ფრაქცია მოითხოვს კრების გაგრძელებას.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი. ვინაა წინააღმდეგი რომ გაგრძელდეს კრება? მაშასადამე, მიღებულია სოც.-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება კრების გაგრძელების შესახებ. განაგრძეთ სიტყვა ბ. ელიავა.

. ელიავა. აი, ახლა მე-IX მუხლი. პირადათ, მე მგონია, ეს მუხლი ყველაზე ნაკლებ საშიშარია. აქ თქვენ მოისმინეთ ოპოზიციის ორატორები, რომლებიც ამტკიცებდენ, რომ მთავრობას უხდება საკომისიონერო შეთანხმების მოხდენა კონტრაგენტებთან. ესეც, მე მგონია, სიფრთხილით არის გამოწვეული და სრულიათ ვერ ვიზიარებ ბ. შენგელაიას კომერციულ მოსაზრებას. თქვენის აზრით, საჭიროა ხელშეკრულებაში იყოს საქონლის რაოდენობა გამორკვეული. ჩვენ ისეთ ხანაში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რაოდენობის გამორკვევა არ არის საჭირო. ამას ძალიან ყურადღებას აქცევდა აქ ბ. ღლონტი. იგი ამბობს, რომ საქართ. მოქალაქ. ერთ ჯგუფს ყველაფერი გარკვევით აქვს. მე მოგახსენებთ, ისეთ ხანაში, როგორიც არის დღეს, სწორეთ საუმჯობესო არის, რომ ხელშეკრულება ფართო ფარგლებში გვქონდეს ჩაყენებული. სწორეთ ეს არის ამ დებულებაში. წინასწარი განსაზღვრა არ არის საჭირო. და მთავრობა თუ შეუთანხმდება ერთს შემთხვევაში - ამ ოპერაციას გააკეთებს; და თუ დაინახავს, რომ ეს შეხედულება მიუღებელია და საზიანოა რესპუბლიკის ინტერესებისათვის - მაშინ ეს ცარიელი ადგილი იქნება. ამის უფლება დატოვებული აქვს მთავრობას. მაშასადამე აქაც განსაკუთრებული შეთანხმებაა. დიდი სიფრთხილეა მთავრობის მიერ დაცული. „სიბუნიონი“ ვალდებულია შემოიტანოს «по мере надобности» 5 მილიონი სტერლინგი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმან ახლავე დააყაროს თავზე 5 მილიონი და მოითხოვოს ის 25 პროც. შემოიტანეო, ასეთი შინაარსი ამ მუხლს არა აქვს.

რა არის აქ საზიანო და საზარალო? მე თვითონ ვდგევარ ისეთი დაწესებულების სათავეში, რომელიც აწარმოებს კომერციას და აქ ვერაფერს ვხედავ საზარალოს. გულწრფელად გეუბნებით, რომ საზიანო აქ არაფერია.

თუ თქვენ ჩვენში იპოვნით ისეთ ელემენტებს, რომელნიც ასე გაანაწილებენ მოგებას, მთავრობა დიდი სიამოვნებით მიიღებს, მაგრამ ეს არ ყოფილა ჯერ.

თუ ჩვენ შევცდით და ვერ დავიჭირეთ კავშირი სერიოზულ ფირმასთან, თავის-თავად უსიამოვნო ფაქტი იქნება, რომ ვერ შევძელით გამოგვერკვია, რა ფირმაა ეს და ვისთან დავიჭირეთ საქმე. ეს უსიამოვნო ფაქტი იქნება, მაგრამ უბედურება ისეთი არის, რომელიც ზიანს არ მოგვიტანს.

თქვენ ბრძანეთ, არ იცით რა არის „სიბუნიონიო“. სიბუნიონი იყო ციმბირის ბანკების სინდიკატი. (ასათიანი ადგილიდან - ნიკოლოზიც იყო ხელმწიფე!) როცა ის „სიბუნიონად“ გახდა შეიერთა ინგლისის კაპიტალისტები. რა მდგომარეობაშია ახლა ის? ამის გასარკვევად მთავრობა არ დაენდო ძველს ცნობას, ამისთვის დაიტოვა შეძლება შეეკითხოს ინგლისს. თუ ბრიტანეთიდან არ მოუვა ცნობა 29 ნოემბრამდე, ხელშეკრულება გაუქმებული იქნება. რა არის აქ ზიანი? ეს ხელშეკრულება ჩვენ მიგვაჩნია ისეთად, რომ სრულიად არ ველით 29 ნოემბრის დადგომას გულის ფანცქალით. რაღა რჩება ინტერპელიანტების შეკითხვისაგან? არაფერი. აქ არის შემოტანილი საკანონმდებლო წინადადება ბ. ალ. ასათიანისა და თქვენი დადგენილებით გადაცემული აქვს საბიუჯეტო კომისიას (კითხულობს წინადადებას) ეს წინადადება შეეხება ზოგიერთი საქონლის ექსპორტის მონოპოლიის განხორციელებას. მივაქცევ ყურადღებას დამფუძნებელ კრებისას იმას, რომ არა თუ თვით ქართველთა ჯგუფები, არამედ მათი იდეოლოგებიც ისეთს პირობებს იძლევიან, რომ „სიბუნიონისას“ ვერა სჯობნის. აქ მინისტრი ავალიანი მართალია. თუ ჩვენი მოქალაქენი მეტ პროცენტს მოითხოვენ, მათ უარი უნდა ეთქვას. აქ მინისტრის ამხანაგი ავალიანი და თვითონ კანდელაკიც ვალდებულნი იყვნენ უცხოელებთან დაეჭირათ საქმე და არა ქართველ მოქალაქეებთან. პირველი საფეხური, რომელიც არის გათვალისწინებული, გახლავთ მწარმოებელი. მწარმოებელს აძლევენ რა ფასებს? არა იმ ფასებს, რომელიც ახლაა, არამედ მომავალ სეზონისას. აქ მოგება 15 პროც. და 20 პროც. კი არ იქნება ლაპარაკი, არამედ 100 პროცენტზე. იმიტომ, რომ თამბაქო დამზადებულია 1917 წლის და მათ უნდა გაყიდონ იმ ფასებში, რომელიც შეეფერება 1940 წელს.

თქვენ ამბობთ, რომ მოგება განაწილდება მთავრობასა და მეპატრონეთა შორისო. მწარმოებელი და მეპატრონე ხშირად ერთი და იგივე არის. საქონლის მეპატრონე არის ვაჭარი და ვაჭარი უმთავრეს შემთხვევაში არის სპეკულიანტი.

ჩემთვის გაუგებარია, როცა სოციალისტური პარტიები გამოდიან ამ შეკითხვის დასაცავად, ალბად ისინი არ არიან გარკვეული საკითხში. მაგალითად, მესხიშვილი ურევს პირველსა და მეორე მუხლებს.

მე ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი დონით შევეცადე გამომერკვია ნამდვილი აზრი და მნიშვნელობა ინტერპელიანტების შეკითხვისა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც აქ არის. არსაიდან სჩანს, რომ რესპუბლიკას ზიანი მოუვა და მთავრობამ გადალახა თავისი ფარგლები და დაიმსახურა იმისი თქმა, რომ მან დაარღვია ან კანონი, ან სახელმწიფოს ინტერესები. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ფინანსთა მინისტრს.

. კანდელაკი (ფინანსთა მინისტრი). ბატონებო! კამათი „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულობის თაობაზე გაგრძელდა სამი დღე და მე ვფიქრობ ამ, შედარებით, პატარა კითხვის გამორკვევა იმდენად მაინც შეიძლებოდა, რომ ერთი და იგივე ნათელი საგანი ხელშეკრულობაში სადავო არ ყოფილიყო.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ნედლი მასალა, რომელსაც გავიტანთ უცხოეთში, ყოველ მხრივ გამოყენებული იყოს და, ვისაც უნდა არსებითად შეეხოს საგანს, აუცილებლად ერთნაირი პარალელი უნდა გაატაროს, ერთნაირი საქმის შესრულება უნდა მოსთხოვოს ყველას. და როდესაც აქ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ზოგიერთი ხელშეკრულებანი მოიყვანეს, სრულიად არ გაუწიეს ანგარიში იმ გარემოებას, რომ როცა ამ ხელშეკრულების თანახმად ჩვენი ნედლი მასალა გადის უცხოეთში, უცხო ვალიუტა მთელი ამ საქონლისა რჩება ჩვენს განკარგულებაში. ამის გამო ჩვენ შეგვიძლიან შევიძინოთ საქონელი არა იქ, სადაც კონტრაგენტისათვის უკეთესი პირობებია ჩვენი საქონლის გასაყიდად და შეიძლება ცუდი საქონლის შესაძენად, არამედ იქ, სადაც ყიდვა გამოსატანი საქონლისა გაცილებით უკეთეს პირობებში შეიძლება მოხდეს. ეგ ორი მომენტი - ყიდვა შემოსატანი საქონლისა და გაყიდვა გასატანი საქონლისა, შეიძლება ერთ და იგივე ადგილს არ მოხდეს. ხოლო ეს მოსახერხებელი იქნება, თუ ვალიუტა ჩვენ გვექნა. ეს მუხლი შეტანილია „სიბუნიონთან“ ხელშეკრულებაში და იგი უპირატესობას წარმოადგენს ყველა იმ ხელშეკრულებასთან, რომელიც შეგიძლიანთ მოიტანოთ დღემდი დადებულ ხელშეკრულობებიდან და ყველა შემოსულ წინადადებებთან. ბატონ ასათიანს, მე ვფიქრობ, როგორც ინიციატორს ამ შეკითხვისა, ზედმიწევნით უნდა შეესწავლა ეს საკითხი, მაგრამ მან სთქვა და ბ. ღლონტმაც გაიმეორა, რომ თქვენი ფულით ყიდულობს „სიბუნიონი“ საქონელსო; ეს არის განა მართალი? მე-7 მუხლი ხელშეკრულებისა ნათლად ამბობს, რომ შემოსატან საქონელს ისინი ყიდულობენ საკუთარის და არა ჩვენის ფულით (კითხულობს): «На всю сумму, равную оценке, переданныхъ Сибунიону Главснабомъ товаровъ, Сибунიонъ обязывается закупить на свой счетъ, привезти и сдать Главснабу въ порте Поти, товары иностраннаго происхождения».

მაშასადამე სხვა თანხა, რომელიც უდრის გატანილ საქონლის ღირებულებას, უნდა დახარჯოს «სიბუნიონმა“ და საქონელი იმ ფულით შემოიტანოს. (გვაზავა: უფრო სწორედ შეიძლება ამისი თქმა!) დიახ, იძულებული ვარ განვიმეორო, იმიტომ, რომ აქ ორატორები გამოდიან და ამ ნათელი საკითხის გამორკვევას სამი დღე უნდებიან. იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც პარალელი გაუკეთა დღეს ბ. ღლონტმა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იქ იღებენ 7პრ. და 15 პროც. და აქ კი 20 პროც., მართალია, 7 და 20 სხვა და სხვა ციფრია და ძალიან დიდი განსხვავებაცაა მათ შორის, მაგრამ 20 პროც. მოგებიდან და 7 პროც. გატანილ საქონლის ღირებულებიდან, რომელიც შეიძლება იყოს 200 მილიონის და შეუძლიან მოიტანოს მოგება მხოლოდ 10 მილიონი, ერთი და იგივე არ არის. (ხმაურობა) თუ ბ. ღლონტს უნდოდა პარალელი გაეკეთებია სხვა და სხვა ხელშეკრულებასთან, მას უნდა ამოეღო, ან დადებული ხელშეკრულებასთან, მას უნდა ამოეღო ან დადებული ხელშეკრულება, ან წინადადებები კონტრაგენტების. მან კი მოიტანა პროექტი ხელშეკრულებისა, დამუშავებული მთავარ გამგეობის მიერ, რომელსაც კონტრაგენტებმა ხელი არ მოაწერეს. ეს არის, ვიმეორებ, პროექტი. ვსთქვათ იგი ხელსაყრელი იყო, მერე ხელი რომ არ მოაწერეს? დიახ, ეს პროექტი გახლავთ, რომელსაც კონტრაგენტეგმა ხელი არ მოაწერეს, და არა მათი წინადადება. ბატონებო! მე ძალიან უხერხულად მიმაჩნია, ვის წინადადება მივეცით, ვინ მოგვცა წინადადება, - ყველა ამის აქ გამოტანა უხერხულად მიმაჩნია. ამას კომერციული ეთიკა ეწინააღმდეგება და ამით ჩვენ კონტრაგენტს ვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. მაგრამ მაინც იძულებულს მხდით იმ წინადადებების გარდა, რომელიც ჩემმა ამხანაგმა დაასახელა, დავასახელო კიდევ ერთი წინადადება ერთი ჩვენებურ ჯგუფისა, თუ დაწესებულებისა, რომელიც ჩვენ გვეუბნება, თუ რანაირ წინადადებას იძლეოდა ჩვენებური ჯგუფები. ამ წინადადების თანახმად ჩვენ უნდა გადავცეთ იმათ უფლება (კითხულობს): მარგანეცის, მატყლის, თამბაქოს, პარკის და სხვ. შეუზღუდავი (безпрепятственно) გატანისა. მერე როგორ ფიქრობთ, ისინი თავის ფულს ხარჯავდენ? არა, ფულიც იმათთვის ჩვენ უნდა მიგვეცა (კითხულობს): მთავრობა აძლევს იმათ 50 მილ. მან. ობლიგაციებს და კიდევ რამდენიმე მილიონ ბონებს (გვაზავა: ეგ რად გინდათ?) იმისთვის გვინდა, ბატონებო, რომ თქვენ მოგყავთ შედარებები. ისინი გვთხოვენ გარდა ამისა, ნაწილი თქვენი ფულით ნაყიდ საქონლისა უცხოეთში უნდა გავიტანოთო და მოგებიდან ისინი მთავრობას აძლევენ მხოლოდ 50 პროც. აი, ბატონებო, მე ვლაპარაკობ იმ წინადადებაზე, რომელიც შემოვიდა ერთი ადგილობრივ ჯგუფისაგან, რომლებთანაც ასეთ პირობებში ხელშეკრულება ვერ შევკარით; ხოლო ის ხელშეკრულება, რომელიც მისაღები იყო და რომელიც აქ მოიყვანეს, ჩვენი რედაქცია იყო და ამ რედაქციით ხელშეკრულება კონტრაგენტებმა არ მიიღეს.

აქ მოიტანეს სხვა კონტრაგენტისაგანაც შემოტანილი წინადადებანი საქონლის გატანის შესახებ, მაგრამ იმათ შესახებ მე აღარ გავიმეორებ, ამაზე ბევრი ილაპარაკა ჩემმა ამხანაგმა და დეპუტატმა ელიავამაც. დაირღვა საბიუჯეტო უფლებაო აი, ფორმალური მხარე. თქვენ მოგახსენეს და მე უნდა გავიმეორო: ჩვენ განკარგულებაში არის ნედლი მასალა, შეზღუდული მთავრობის მიერ, არის კრედიტები, ზოგი დახარჯული, ზოგი საქონლის შესაძენად გადადებული, ერთი სიტყვით ეს არის საწარმოო თანხა. (ხმა მარჯვნიდან: ერთი მილიარდი?) მოგახსენებთ... მაშასადამე ჩვენ შეგვეძლო ამ თანხით სარგებლობა, ისე, რომ თქვენ არ შეგვეწუხებიეთ. რა შუაშია აქ მილიარდი? განა ის გარემოება, რომ მეცხრე მუხლის ძალით «სიბუნიონი“ ვალდებულია ავანსი მოგვცეს ხუთ მილიონ სტერლინგამდის, ჩვენ გვაიძულებს, რომ უსათუოდ ავიღოთ ეგ ავანსი? (კითხულობს) «Сибунიонъ» авансируетъ совместную съ Главснабомъ закупку товаровъ» და სხვა, ავანსი იგივე კრედიტია. თქვენ თუ სადმე კრედიტი გაგიხსნეს, ეს განა იმას ნიშნავს, რომ იძულებული ხართ კრედიტით ისარგებლოთ? იმდენით ისარგებლებთ, რამდენიც გჭირიათ. უნდა მოგახსენოთ თუ ძველ ვარიანტებს ეძებდა ასათიანი, იმას შეეძლო წაეკითხა, რომ ერთს ძველ ვარიანტში 500 ათასი სტერლინგი ეწერა. ჩვენ ავსწიეთ იგი ხუთ მილიონამდის. ყიდვა საქონლისა მოითხოვს შეთანხმებას. თუ არ შევთანხმდით, სად არის ნათქვამი რომ გვაიძულებენ საქონლის შესყიდვას? (ხმა: ამ მუხლს არ შეეხება შეთანხმება?) რომელი მუხლი შეეხება იმას, რომ იძულებული ვართ 5 მილიონი გამოვართვათ? აქ არის შეთანხმება და თუ ჩვენთვის მიუღებელი იქნება არც გამოვართმევთ.

არ უნდათ მოწინააღმდეგეებმა გაიგონ, რომ მთელი ამ ხელშეკრულების ძარღვი არის პრინციპი საკომისიო ოპერაციისა. რომელი საბიუჯეტო უფლება მოითხოვს საკომისიო ოპერაციისა, რომელი საბიუჯეტო უფლება მოითხოვს საკომისიო საქმის განსაზღვრას? პირველი მუხლი ამას პირდაპირ ამბობს: «на комисионныхъ началахъ» (კითხულობს) «Главснабъ предоставляетъ Сибунიону товаръ, предоставляется продажи заграницей на комисионныхъ началахъ». ერთი აურ-ზაური შეიქმნა, რომ ფულს იქ უტოვებთო. დიახ, ვუტოვებთ დროებით სახელ-დახელო ანგარიშზედ. ბ. ასათიანი ამას უკავშირებს 15 მუხლს (კითხულობს) სადაც სწერია: «Расчеты по товарообмену производятся черезъ каждые шесть мѣсяцевъ». მაგრამ, ბატონებო ვინ არ იცის, რომ როცა ბანკში შედიხართ გაძლევენ «расчетная книжка» სახელ-დახელო ანგარიშზე შეტანილ ფულისას და ეს «книжка», ეს «тек. счет»-ი, სახელ-დახელო ანგარიში ყველა დაწესებულებისათვის განსაზღვრულია ერთგვარ პირობებში, რომელსაც არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს საგანგებო ხელშეკრულების სხვა და სხვა მუხლებთან (ასათიანი: თქვენ ბუღჰალტერი ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ «въ текущий» და «на текущий» სხვაა!) დიახ, მე ბუღჰალტერი ვარ და ვიცი, რომ ეს ერთი და იგივეა. ეხლა არ შეიძლება, ბატონებო, ხელშეკრულებაში მხოლოდ ჩვენს უპირატესობაზე ვიზრუნოთ და კონტრაგენტის პირობებს და მის მდგომარეობას სრულებით არ გაუწიოთ ანგარიში. ამ «სიბუნიონს“ კორპორაციაში, გარდა ამისა, რომ შედის ციმბირის ბანკი, რომლის გამგეობა ახლა ლონდონშია, შედის აგრეთვე უნიონ-ბანკი მანჩესტერში. (ასათიანი: წესდება აქვს?) მოგეხსენებათ, როდესაც როდესაც მის ორგანიზაციაში შედის თუნდაც ერთი ბანკი, რომელიც ეწევა სახელმწიფო ანგარიშების ოპერაციებს, მისი მდგომარეობისათვის სირცხვილია, რომ იმდენი ნდობაც არ გაუწიოთ, რომ დროებით «на текущий счетъ» ფული მასთან არ შევიტანოთ და სხვა ბანკები ვაძებნიოთ ფულის შესანახად. ეს კონტრაგენტის პრესტიჟისათვის მეტად ცუდია, რადგან მარტო ჩვენთან არა კრავს იგი ხელშეკრულებებს. დაუკვირდით ახლა მე-15-ე მუხლს. (კითხულობს:) «Расчеты по товарообмѣну производятся черезъ каждые шесть мѣсяцевъ» განა ეს და «тек. счетъ» ერთი და იგივეა? ერთი და იგივე არ არის იმისათვის, რომ «тек. счетъ» შეტანილია ბანკში და ბანკი იმ საქმეში განსაზღვრული პირობებით ხელმძღვანელობს. ამიერ-კავკასიის კოოპერატივთა კავშირმა, რომ გახსნას სახელ-დახელო ანგარიში, მან უნდა შეიმუშაოს ამისთვის განსაკუთრებული პირობები და ეს პირობები სხვა განსაზღვრული მის ხელშეუხებლობაზე არ შეიძლება გავრცელდეს: ეს ხელშეკრულებაც არის განსაკუთრებული ხელშეკრულობა, რომელიც სხვა და სხვა დამოკიდებულებას შეეხება და ამიტომ არ შეიძლება მე-15 მუხლი «текущიй счетъ»-ს მივაწებოთ.

აქ იყო ლაპარაკი პასპორტების შესახებ. ოპოზიციის ორატორების სიტყვებიდან გამოდის, ვითომ მოვიდა ვიღაც გერმანი, იმას დაუჯერეს და მისცეს უფლებები, როდესაც მთავრობამ არაფერი იცოდა ფირმის ვინაობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ „სიბუნიონ-ლიმიტედი“, ზოგს შეიძლება არც კი ქონდეს გაგებული, დიდი ფირმა იყო, რომელიც თითქმის ერთად ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო ციმბირის ერბოს მწარმოებელ ამხანაგობისა უცხოეთში. (ასათიანი - ეგ იყო წინედ!) ამბობენ, ახლა მათი გამგეობა სად არისო, ბატონებო! ჩვენ არ ვართ იურისტები, მაგრამ ეს კი ვიცით, რომ, როცა ვინმესთან ხელშეკრულობას ვსდებთ და ხელს ვაწერთ, ალბად რამე დოკუმენტი უნდა მოსთხოვო და ეს დოკუმენტი მათ მოვსთხოვეთ და ჰქონდათ კიდეც; იგი დამტკიცებული გახლავთ ლონდონის ნოტარიუსის მიერ (კითხულობს ადგილებს „სიბუნიონის“ გამგე მის მიერ ნოელ სმიტისთვის მიცემულ რწმუნების ქაღალდიდან (ხმა: რა ქვიან ამ ფირმას?) ამას ქვიან: Русское акционерное товарищество «Сибунიонъ-Лимитедъ». ამნაირად მათ ჰქონდათ რწმუნების ქაღალდი, რომელიც აძლევს უფლებას ხელშეკრულობის დადებისას.

მაშ, ბატონებო, გვცოდნია, რომ ქუჩიდან არ მოსულა ეს ხალხი და რწმუნების ქაღალდიც გაგვისინჯავს, რომელიც ნოტარიუსთან ყოფილა დამტკიცებული ლონდონში. ახლა გვეკითხებიან: რისთვის ქვიან რუსული ფირმაო. თქვენ კარგად იცით, რომ ძველი რუსეთის კანონების წყალობით ძლიერ ბევრ არა რუსულ ფირმას ქონდა რუსული სახელი. თქვენ მოგეხსენებათ, მაგალითად ისტორია ერთ დიდ ფირმისა - ელექტრონის საზოგადოების, რომლის შესახებ რუსეთში ომის დროს დიდი დავა იყო და რომელსაც რუსული სახელი ქონდა, მაგრამ გერმანული კი იყო (გ. გვაზავა: მართალია, მაგრამ თანხები ხომ რუსეთში ქონდა!) თანხები რუსეთში ქონდათ, მაგრამ გერმანიაშიც ჰქონდათ. ეს ფორმალური მხარე... გარდა ამისა, ჩვენ გავიგეთ ცნობები მისი ნივთიერ მდგომარეობის შესახებაც, თუ არა? არის დოკუმენტი, რომელსაც ბათუმის ბრიტანიის კონსული აწერს ხელს. (კითხულობს):

«Великобрიтанское консульство въ Батумъ.

Удостовѣренიе

Симъ удостовѣряется, что «Сибунიонъ-Лимитедъ» является Торговой Кооперациიй Британскаго происхождения, имѣющей Правление въ Лондонѣ. Согласно полученнымъ Консульствомъ свѣдѣнიямъ, у ней имѣются многочисленыя и обширныя отделенიя, и до войны операцიи Компанიи въ России велись въ крупномъ масштабѣ.

Батумское отдѣленიе было открыто шесть недѣль тому назадъ, и согласно представленнымъ Консульству доказательствамъ, настоящая стоимость товаровъ на складѣ и депозитовъ въ распоряжении Отдѣленიя въ этомъ порту выражается въ суммѣ болѣе двухсотъ тысяч фунтовъ стерлинговъ.

Батумъ 11 октября 1919 г.

Британское Консульство

П. Стивенсъ

Британский Консулъ.»

მაშასადამე, ბატონებო, როგორც ფორმალური, ისე არსებითი მხარე ამ პირობისა შესწორებულია. ჩვენში არიან ზოგიერთი დაწესებულებანი, რომელთაც ამ ფირმამ რამდენიმე მილიონი მანეთის საქონელი შემოუტანა. ამნაირად ამ ხელშეკრულების ფორმალური მხარეც დაცული ყოფილა და ნივთიერი მდგომარეობის შესახებაც ცნობები შევაგროვეთ, და თუ დაუკვირდებით, არა ჟინიანობით არამედ საქმის ინტერესის გულისათვის, დარწმუნდებით, რომ ეს ხელშეკრულება «გლავსნაბს“ არავითარ ზარალს და ვნებას არ მოუტანს, თუ შესაძლებელი იქმნა მისი ცხოვრებაში გატარება.

ის მე-20 მუხლი, რომელიც არის შეტანილი ხელშეკრულებაში და რომელიც შეეხება ბრიტანეთის მთავრობისაგან ცნობის მიღებას, შევიტანეთ არა იმისათვის, რომ ჩვენ თითქოს არავითარი ცნობა არ გვქონდა, არამედ იმისათვის, რომ გვინდოდა რწმუნების ქაღალდის დოკუმენტი იმათ წარმოედგინათ არა ყოფილ რუსეთის იმპერიისათვის დაწერილი, არამედ ინგლისის მთავრობას აშკარად ეთქვა, რომ იგი უფლებას აძლევს ამ საზოგადოების გამგეობას, რომ ხელშეკრულება დასდოს საქართველოს მთავრობასთან, არა როგორც ყოფილ რუსეთის იმპერიის ნაწილთან, არამედ როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოსთან. ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამ მოსაზრებით შევიტანეთ ეს მუხლი ხელშეკრულებაში.

თავმჯდომარე. უკვე 4 საათია. თანახმად თქვენი დადგენილებისა კრება უნდა შესწყდეს. მაგრამ სანამ კრებას დავხურავდე უნდა მიიღოთ საბოლოო ტექსტი მასწავლებელთა ჯამაგირების გადიდების დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ივ. გომართელს.

ივ. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი საბოლოო ტექსტის მიღებისა? არავინ. საბოლოო ტექსტი მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა შემდეგი კრების დღიური წესრიგის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. დღიური წესრიგი მიღებულია. კრებას დახურულად ვაცხადებ.

კრება იხურება 4ს. და 10 წუთზე.

7 სამოცდამეექვსე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(66)

სამშაბათი. 1919 წელი, დეკემბრის 2. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არის:

ექვთიმე თაყაიშვილი.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 ს. და 30 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია, გთხოვთ მოისმინოთ სომხეთის პარლამენტის დეპეშა და დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს დეპეშას და შემდეგ დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი სახელმწიფო დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი გზათა უწყების მოსამსახურეებისა. ხელოსნებისა და მუშებისათვის ჯამაგირის მომატების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი რესპუბლიკის ლაშქრის მსახურთა ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. გაგრძელება მსჯელობისა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - რუსულ სავაჭრო საზოგადოების „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების შესახებ.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხ. შეცვლისა. მომხსენებელია პ. ბერიშვილი.

7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულების დამტკიცებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

8. დეკრეტი ალექსანდრეს სახელობის ბავშთა თავშესაფარის საჭიროებისათვის ყოველთვიურად დამატებით 14.734 მან. და 50 კ. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

9. დეკრეტი გზათა დეპარტამენტისათვის 88.425 მან. 89 კ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოებლათ გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთი დანაშაულობისათვის სასჯელის შეცვლის შესახებ.

11. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია მელ. რუსია.

12. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების მთავრობისადმი წარდგენისა. მომხსენებელია ექ. თაყაიშვილი.

13. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო - მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

14. დეკრეტი ტყის მფლობელობისა და სარგებლობის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

15. დეკრეტი ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგრონომიო განყოფილების გახსნისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი და გრ. ნათაძე.

16. დეკრეტი რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284.920 მან. დამატებითი კრედიტის გახსნისა - 1918 წ. ზენა ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია თევ. ღლონტი.

17. დეკრეტი მაზრის მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

18. დეკრეტი ქალაქების მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

19. დეკრეტი საზღვარ-გარეთ სწავლა-განათლების, ან სპეციალ ცოდნის შესაძენათ გასაგზავნ პირთათვის დამატებით სამი მილ. მან. გაღების შესახებ. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

20. იურიდიულ კომისიის დადგენილება - დეპარტამენტების დაარსების ძირითად დებულებათა პროექტის მთავრობისათვის უკან დაბრუნების შესახებ. მომხსენებელია სერ. ჯაფარიძე.

21. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილება - ტყავეულობის გასაკეთებელ მასალის დამზადება-შეძენის მონოპოლიის გამოცხადების დეკრეტის უარყოფის შესახებ.

22. სენატორის არჩევა თავისუფალ თანამდებობაზე.

:

23. დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.720 მან. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობის შესახებ.

24. დეკრეტი მატყლზე და აბრეშუმის პარკზე მონოპოლიის გამოცხადებისა. მომხსენებელია ვ. თევზაია.

თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ არის შემოტანილი შესწორებები სოც. დემოკრ. ფრაქციის ბიუროსი (კითხულობს) დეკრეტი №24 და №14 137

განხილულ იქნას საბოლოო ტექსტის შემდეგ, ე.ი. 4 და მე-5 საკითხად. ხოლო დეკრეტი 65 მილ. მან. გადადებისა (№23) მე-6-ე საკითხად. №18 დეკრეტი - გადაიდოს მე 7-ე საკითხად და საბოლოო ტექსტი სამი მილიონი მან. გადადების დეკრეტის საზღვარ გარედ გასაგზავნ ახალგაზდებისათვის დღესვე იქნას განხილული. აგრეთვე არის საბიუჯეტო კომისიის წინადადებაო - დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 65.827.720 მ. გადადებისა განხილულ იქნას პირველ რიგში და საბოლოო ტექსტი დღესვე იქნეს მიღებული. შემდეგ, - მომარაგების სამინისტროს შესახებ, ვინაიდან ამ საკითხის შემოტანიდან არ გასულა შესაფერი დრო, პრეზიდიუმმა და ფრაქციათა წარმომადგენელმა საჭიროდ დაინახეს, ეს საკითხი ბოლოში მოექცეს. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი აღნიშნულ შესწორებისა? წინააღმდეგი არავინ არის. შესწორებები მიღებულია, გადავდივართ დღიურ წესრიგზე; პირველი საკითხი მხოლოდ საბოლოო ტექსტი. მომხსენებულია ბ. გომართელი.

სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.

ივ. გომართელი. (კითხულობს დღიურ წესრიგს, 2 და 3 მუხლში აღნიშნული საკითხთა საბოლოო ტექსტებს სარედაქციო კომისიის შესწორებით, საბოლოო ტექსტები დამტკიცებულ იქმნენ).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. თევზაიას.

ვიქტორ თევზაია. (ს.-დ.) ბატონებო! მთავრობამ მიზნად დაისახა უმთავრეს სავალიუტო საქონლებზე გამოაცხადოს მონოპოლია.

დამფუძნებელ კრებამ უკვე მიიღო დეკრეტი შავი ქვისა და თამბაქოს მონოპოლიისა. იმავე საფუძველზე მთავრობა მოითხოვს გამოცხადდეს მონოპოლია მატყლზე და აბრეშუმის პარკზე. უმთავრესი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ, ჩვენ ნედლ საქონელს ევროპაში აქვს გასავალი და საერთოდ დიდი ბაზარი. მეორე მხრივ ამ ნედლი საქონლის გატანით ჩვენ შეგვიძლიან გავანელოთ ის კრიზისი, რომელსაც ამ ჟამად ჩვენ განვიცდით და შემოვიტანოთ ევროპიდან საჭირო და ჩვენი ხალხისთვის აუცილებელი საქონელი. თუ კი ჩვენ თავისუფალი გასავალი მივეცით ჩვენ საქონელს, იგი დარჩება სხვაგან და მის სამაგიეროს ჩვენ ვერას მივიღებთ. ხოლო თუ საქონლის გატანა იქნა სახელმწიფოს ხელში, იგი მიიღებს შესაფერ ზომებს, რომ გატანის სამაგიეროდ ჩვენში შემოვიდეს ის საქონელი, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

ყველასათვის ცხადია, ბატონებო, რომ როცა მონოპოლია ცხადდება, მისი განხორციელებისათვის აუცილებელია მტკიცე ფასების დაწესება სამონოპოლიო საქონელზე და ამისათვის მთავრობა მოითხოვს მიეცეს მას უფლება მტკიცე ფასების დაწესებისა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მონოპოლიას არ უნდა მიეცეს ფისკალური ხასიათი და სწორედ მთავრობის განმარტებაში ნათქვამია, რომ იგი მონოპოლიას არ გამოიყენებს ფისკალურ მიზნებისათვის, არ გახდის მას მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის წყაროდ. მტკიცე ფასები დაწესებული იქნება დახარჯულ შრომის მიხედვით და მასთან შეფარდებული იქნება სამართლიანად. ამ საქმისათვის მთავრობას აზრათ აქვს დააარსოს ცალკე სპეციალური ორგანიზაცია, რომელშიაც შევა, მთავრობის, წარმოების და საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენელნი. ეს სამი ძალა, ჩვენ გვჯერა, შესძლებს რეალ ფასების დამყარებას, შეთანხმებულს წარმოების სინამდვილესთან.

შემდეგ, რასაკვირველია, სადავო არ არის ის აზრი, რომ, ძლიერ კარგი იქნებოდა, თუ მთავრობა თითონ, საკუთარი ძალით გაიტანდა ევროპის ბაზარზე საქონელს, მაგრამ ვინაიდან შესაძლებელია მთავრობამ ეს ვერ მოახერხოს, აუცილებელი გახდება დაიხმაროს სხვა და სხვა ორგანიზაციები. ამიტომ მთავრობას უფლება უნდა მიეცეს გადასცეს რომელიმე ორგანიზაციას საქონლის გატანის უფლება, რასაკვირველია, თავისი ფხიზელი კონტროლის ქვეშ. ყველა პრინციპები და მონოპოლიის დედა აზრი მკაცრად უნდა იქნას დაცული.

ამ დიდ საქმისთვის ბატონებო, საჭიროა თანხა, მთავრობა მოითხოვს 130 მილ. მანეთს. იტალიაში არის ჩვენი მისია, რომელიც მოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, თუ რა საქონელია ჩვენში დამზადებული და რისი გატანა შეგვიძლია ჩვენ დღეს იქ. იტალიიდან ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ჯარისათვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მით უფრო რომ, დღეს ჩვენში გაწვეულია ახალგაზრდობა, რომელსაც მოვლა და პატრონობა უნდა, და, ეს საქმე ჩვენ უნდა დავაჩქაროთ. ის დეკრეტი, რომელიც შეეხება მატყლის და პარკის მონოპოლიას რა თქმა უნდა ვერ სცვლის სავსებით ჩვენ ეკონომიურ მდგომარეობას, იგი მხოლოდ პოლიტიკაა, მაგრამ იგი ისეთი ხასიათისაა, რომ დაუყოვნებლივ უნდა იყვეს მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ილია ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მონოპოლიის სისტემის შემოღება სახელმწიფოებრივი წესით, ჩვენ ფრაქციას პრინციპიალურად მისაღებად მიაჩნია, და აგრეთვე ჩვენის აზრით, მონოპოლიის წესი არის ერთად-ერთი პრაქტიკული საშვალება, რომელსაც შეუძლია გამოიყვანოს სახელმწიფო დღევანდელ გაჭირვებულ ეკონომიურ მდგომარეობიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკას აქვს თავისი შინაგანი კანონები, მაგრამ ჩვენ ვიცით, ისიც, რომ სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ეკონომიურ ცხოვრებაში, ეკონომიურ სფეროში, განსაზღვრულ პლანით, ბევრ რამეს გააკეთებს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს ეკონომიურ ცხოვრებაში და წარმომართოს მისი გეზი. მონოპოლიის სისტემა, რამდენათ ერთი მხრით არის ხელსაყრელი სახელმწიფოსთვის და მისაღები, იმდენათ შეიძლება საზარალო, ბოროტი გამოდგეს, თუ სათანადოთ არ იქნა გამოყენებული იგი სახელმწიფოს მიერ. მონოპოლია მავნებელი და საზარალო იქნება სახელმწიფოსთვის, თუ იგი სავსებით არ იქნება დაცული, თუ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული მონოპოლიისაკენ და ორი კი მის წინააღმდეგ.

აი მაგალითად - I მუხლში აღნიშნულია, რომ მთავრობა აცხადებს მონოპოლიას აბრეშუმზე და მატყლზე, მაგრამ შემდეგ მესამე მუხლში უარყოფილია ეს მონოპოლია. აქ სწერია: (კითხულობს). ეს მესამე მუხლი ჩვენი ფრაქციის აზრით ყოვლად მიუღებელია, იმიტომ რომ, როდესაც კერძო პირებს ჩაუვარდებათ საქონელი ხელში, ისინი გამოიყენებენ მას სასპეკულიაციო მიზნით, მით უფრო, რომ ჩვენი ეკონომიური ცხოვრება, წესიერად არ მიმდინარეობს და ის სპეკულიანტების და ჩარჩების ხელშია ჩავარდნილი.

ამიტომ ასეთი თუ ისეთი დამოკიდებულება კერძო პირებთან დასცემს მთავრობის პრესტიჟს ხალხში და მთავრობის ნაბიჯები არ მიაღწევს მიზანს. მოიგონეთ თუ გინდ, „სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულება.

ამის გარდა, მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას. ამ დეკრეტში ნათქვამია, რომ მონოპოლია გამოცხადებულია, სხვათა შორის, პარკზე. მაგრამ მე უნდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი პროდუქტის განსაზღვრულ კატეგორიას ეკუთვნის და ამიტომ საერთო წესს ვერ დაუქვემდებარებთ, საერთო საზომით მას ვერ მიუდგებით. ვინც იცნობს ჩვენ სოფლის ცხოვრებას, იმან იცის, რომ მეაბრეშუმეობას უმთავრესათ სოფლის უღარიბესი ნაწილი ეწევა. მას სძინავს იმავე სახლში, სადაც აბრეშუმის ჭია ჰყავს. სახლში აუტანელი და საშინელი სუნი დგება და ადამიანს უნახევრებს სიცოცხლეს. გარდა ამისა პარკი ისეთი პროდუქტია, რომ დიდხანს მისი გაჩერება არ შეიძლება - პეპელი გამოვა. ამით სარგებლობენ სოფლის ჩარჩები - ვაჭრები, მიდიან სოფლად გაჭირვებულ გლეხთან და ყიდულობენ პარკს ჩალის ფასათ და ეწევიან შემდეგ სპეკულიაციას. ამიტომ მე ვამბობ, რადგანაც პარკი განსაკუთრებულ პროდუქტს შეადგენს და ამავე დროს იგი არის სოფლის უღარიბეს ნაწილის კუთვნილება, ამიტომ მთავრობა ვალდებულია განსაკუთრებული სახით და წესით მიუდგეს ამ საკითხს. ჩვენ არ შეგვიძლიან სოფლის უღარიბეს ნაწილს მოვექცეთ ისე, როგორც მსხვილ მრეწველებს (ასათიანი ადგილიდან: ბურჟუებს!) დიახ, ბურჟუებს! მთავრობა თუ მივა ამ ღარიბ გლეხობასთან, მივა იმიტომ, რომ ჩამოაცალოს ეს სოფლის ჩარჩები და სპეკულიანტები, მთავრობამ უნდა მისცეს მეაბრეშუმეებს ავანსათ ფული და შეიძინოს პარკი. პარკს მთავრობა გაანაღდებს ბაზარზე და მოგების ნაწილს გაუყოფს მეაბრეშუმეებს.

აი, ეს მოსაზრებები ჩვენი ფრაქციის აზრით უნდა დაედვას იმ დეკრეტს საფუძვლად, რომელიც უნდა იქნეს შემოტანილი აქ ნაცვლად ამ დეკრეტისა.

მესამე მუხლი მიუღებელია კიდევ იმიტომ, რომ იგი გვაახლოვებს სპეკულიანტებს და ჩარჩებს, უკანასკნელნი კი, როგორც ვიცით, ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ ჯიბეზე და თავიანთ ეგოისტურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. მათ სახეში არას დროს არ აქვთ სახელმწიფოს ინტერესები. ამას ყველა ჩვენთაგანი გრძნობს, ეს ისტორიამ დაამტკიცა და ვერავითარი პირობა და ხელშეკრულება ვერ შესცვლის მათ სპეკულიანტურ ბუნებას.

აღნიშნული დეკრეტი უნდა დაუბრუნდეს სათანადო უწყებას. და შემდეგ იმ შესწორებებით, რომელიც ავღნიშნე, დაუბრუნდეს დამფუძნებელ კრებას. ამის გარდა უნდა მოგახსენოთ ერთი გარემოებაც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამფუძნებელმა კრებამ გადადო მთავრობის განკარგულებაში სხვა და სხვა დროს რამოდენიმე მილიონი თავისუფალი თანხა. მაგალითად ჯერ 50 მილიონი, შემდეგ 20 მილიონი სურსათის დასამზადებლად, შემდეგ 10 მილიონი გვარდიის სურსათის დასამზადებლად, შემდეგ 12 მილიონი და უკანასკნელად 50 მილიონი მუშების და მოსამსახურეებისათვის სურსათის დასამზადებლად. სულ 142 მილიონი. ამდენი თანხა არის გადადებული სურსათის შესაძენათ. მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ დარგში არაფერი გაკეთებულა და ყველაფერი ძველებურათ არის, პირიქით ზოგიერთი საქონელი უფრო გაძვირდა, მაგალითად: პური, და ჩვენ იმედს გამოვსთქვამთ, რომ მომავალში მთავრობა აწარმოებს უფრო მტკიცე პოლიტიკას (ჯუღელი - ალაგიდან: - გვასწავლეთ?) რა გასწავლოთ, როცა ჩვენსას მაინც არაფერს გაიგონებთ, ვინაიდან ოპოზიციის მიერ ნათქვამი, ყველაფერი ეშმაკური გგონიათ.

ყველა ამ მოსაზრებით ჩვენი ფრაქცია ფიქრობს, რომ დეკრეტი უკან უნდა დაუბრუნდეს უწყებას და იმ დებულების მიხედვით, რომელიც მოგახსენეთ, იქნეს შედგენილი და წარმოდგენილი დამფუძნებელ კრებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საერთო მსჯელობისათვის ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ერ. დემ.) ბატონებო, თქვენ მოისმინეთ ორი ორატორის აზრი, რომელნიც იცავენ ამ დეკრეტს, არ ვიცი, რა იმედები აღგეძრათ თქვენ ამ კითხვის შესახებ, მე კი სრული სასოწარკვეთილება ვიგრძენი, რადგან ასეთი დიდი საკითხის შესახებ, რომელიც შეეხება დიდ დარგს და რომელიც რადიკალურად სწყვეტს არსებულ მდგომარეობას, ასეთი ზეპირი წინადადება წარმოგვიდგინეს, გამოცხადება მონოპოლიისა, აკრძალვა ყიდვა-გაყიდვისა და სხვა (რეპლიკა: ძველი „სიბუნიონი“) არ ვიცი ძველი თუ ახალი „სიბუნიონი“, მაგრამ არავითარი გარკვევა საქმის, არავითარი განხილვა არსებული მდგომარეობისა, ან იმისა, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს ამ მონოპოლიას, არ გვესმის არც მომხსენებელისა და არც უწყებისაგან, რომელმაც ამ დეკრეტს წაუძღოლა რამდენიმე სტრიქონი, არაფერს გვეუბნებიან გარდა იმისა, რომ აქამდის გზა დაკეტილი იყო, ახლა გაიხსნა და მონოპოლია უნდა გამოვაცხადოთო.

ჩვენ ამის წინად გამოვაცხადეთ მონოპოლია ფრიად მნიშვნელოვან საგნებზე, როგორიცაა მარგანეცი, თამბაქო და სხ. როგორც დღეს ბატონი თევზაია, ისე მაშინდელი მომხსენებლები გვეუბნებოდენ, რომ მონოპოლია გამოვაცხადოთ, თანხა გავიღოთ და მთავრობა შემდეგ წარმოგვიდგენს ანგარიშებსო. ეს ახირებული პოლიტიკაა. ჯერ მოგვეცით თანხა, უფლება და მერე გეტყვით როგორ და რაზე მოვიხმართო. მიუხედავად მრავალი დაპირების, ამ უწყებებს დღემდის არ აქვს შემუშავებული, თუ რა წესით მოაწყონ საქმე და როგორ განახორციელონ მონოპოლია. ისიც ვერ გაურკვევიათ, მთავრობა თვითონ მოაწყობს ამ საქმეს, თუ ამ ახლო მომავალში იმედი აქვს, რომ ისეთ საიმედო ამხანაგს კონტრაგენტს გაიჩენს, რომელიც ამ საქმეს განახორციელებს. ჩვენ ეს ცნობები არ გვაქვს და იძულებული ვართ გამოვაცხადოთ მონოპოლია, ავკრძალოთ ყიდვა-გაყიდვა და ვუცადოთ იმ დროს, როცა მთავრობა წარმოგვიდგება და გვეტყვის, აი რა შედეგები გამოიღო მონოპოლიამო.

მეორე ორატორმა დიდი აღტაცებით გაიზიარა ეს მონოპოლია, მაგრამ მთავრობას უსაყვედურა, რატომ საკმაო რადიკალურ ღონისძიებას არ იღებო.

მე ეჭვი მაქვს, რომ ბ. ნუცუბიძეს ეს დეკრეტი დიდს სოციალისტურ ღონისძიებად მიაჩნია. შეიძლება დამფუძნებელ კრებაში ბევრი სხვაც იყოს ასეთი ფიქრით შეპყრობილი, ვითომც ამ მონოპოლიის გამოცხადებით თუ დიდს არა, პატარა ნაბიჯს მაინც გადავდგამთ სოციალიზმისაკენ. (რეპლიკა: სპეკულიანტებს მოვსპობთ!) ბატონებო, თუ სპეკულიანტების მოსპობა გინდათ, უნდა ერიდოთ ასეთ ნაბიჯებს, თქვენ სწორედ სპეკულიანტებს ჩაუვარდებით ხელში, როცა ისეთ საქმეს მოვკიდებთ ხელს, რომლის განხორციელებაც არ შეგიძლიათ. (რეპლიკა: მსხვილფეხა სპეკულიანტებს ხომ ავიშორებთ თავიდან!) მსხვილფეხა იქნება, თუ წვრილფეხა, სულ ერთია, თქვენ მათი შესაჭმელი გახდებით, როდესაც პოლიტიკას ასეთს აწარმოვებთ. ნუ თუ ამაში არ დაგარწმუნათ თქვენ ამ ორი წლის ისტორიამ! ჩვენ არ გვინდა, რომ სპეკულიანტებმა შესჭამონ, სახელმწიფო. ჩვენ გვინდა, რომ ის მეურნეობა და მრეწველობა, რომელიც დღეს არსებობს, აყვავდეს და არ დაინგრეს, არ განადგურდეს, (ჯუღელი: ვისი იდეოლოგი ხართ თქვენ... ხმა: ნორჩი ბურჟუაზიის იდეოლოგი!) დიახ, ნორჩი ბურჟუაზიის იდეოლოგი ვარ. უნდა, იცოდეთ, რომ ეს ნორჩი ბურჟუაზიაა მთელი საქართველო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ვალ. ჯუღელს, რომ არ დავიწყებოდა, რომ ბურჟუაზია თვით მარქსისტული თვალსაზრისით არის მესაკუთრეთა კლასი - ჩვენი გლეხ-კაცობა რომელზედაც ნუცუბიძე ლაპარაკობდა, ქალაქის მესაკუთრე მცხოვრებნი და ინტელიგენციაც, რომელსაც აქვს ერთგვარი გონებრივი კაპიტალი, ასე აღარ იფიქრებდა. (ჯუღელი: ეს მეორე ტიპის მარქსიზმია!) არა, ბ-ნო ჯუღელო, ეს კი არ არის მეორე ტიპის მარქსიზმი, არამედ თვითონ თქვენ არ ხართ იმ ტიპის მარქსისტი, რომლისაც იყო მარქსი.

ამგვარად, როდესაც ასეთ დიდ საკითხს ვსწყვეტთ, მთავრობა მოვალეა წარმოგვიდგინოს ერთგვარი გეგმა და გაითვალისწინოს ის შედეგები, რომელიც მოჰყვება ამ საქმეს; ეს სერიოზული საქმეა და სერიოზული მოპყრობაც უნდა. (რეპლიკა: სავაჭრო პალატა?) ბატონებო, უნდა მოგახსენოთ, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატისაგან, რაც უნდა ახალი დაწესებულება არ იყოს ის, ასეთს უცნაურობას არ მოველი. სავაჭრო პალატას კი არა, ხშირად უბრალო ვაჭართან მეწვრილმანესთან რომ მიხვიდეთ და დაეკითხოთ შეიძლება ისეთი პასუხი მიიღოთ, რომ შეიძლება ზოგიერთი თქვენი ნაბიჯები უარჰყოთ. ვაჭრობა ისე ადვილი არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. სულელი ვაჭარი ყოველთვის კოტრდება.

ამნაირად, ბატონებო, როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხს ვსწყვეტთ, საჭიროა, საქმის მეტად დაკვირვება და კარგად გათვალისწინება. ჩვენ გამოვაცხადეთ თამბაქოზე მონოპოლია, რომელიც მარგანეცის შემდეგ უმთავრესი საქონელია, რომლის შემწეობითაც უნდა შევიძინოთ ჩვენთვის საჭირო საქონელი და დავაფუძნოთ ჩვენი ვალუტა, რომელიც ასეთ სახიფათო მდგომარეობაშია, ასეთი სერიოზული საქმის შესახებ წარმოგვიდგინეს ასეთი მარტივი დეკრეტი, რომელსაც არავითარი განმარტება წინ არ მიუძღვის. ეს არ არის მონოპოლია. ეს არის თქვენგან ამ ორი წლის განმავლობაში შეთვისებული, ძვალ-რბილში გამჯდარი უბრალო რეკვიზიცია, ეს წართმევაა - მტაცებლობაა. თვით მონოპოლია გულისხმობს ერთგვარ ძალდატანებით ხელმწიფების დამყარებას, მაგრამ სადაც მონოპოლია გამოიხატება წართმევაში, ეს არ არის მონოპოლია. სხვა ქვეყნებში რაიმე მონოპოლიას რომ აწესებენ, რთულ დებულებებსა და კანონებს იმუშავებენ და ისე მოქმედებენ, თუ თქვენც სერიოზული მუშაობა გინდათ, ასე უნდა მოიქცეთ. შეიძლება მონოპოლიის შემოღების პირველს შემთხვევაში ეს იყო გასამართლებელი, რადგან ეს იყო პირველი ნაბიჯი, მაგრამ მეორე მივიღეთ, დღეს მესამე. აგრეთვე მზადდება დეკრეტი მთელი რიგი მონოპოლიებისა, როგორც მაგალ. თრიმლისა, მუხის კანისა და სხ. რომელსაც ბ. ხომერიკი იმუშავებს. ერთი სამაზრო ერობის ხმოსანთა ყრილობას კიდევ ლობიოზე განუზრახავს მონოპოლიის გამოცხადება.

ბატონებო, უნდა გავიგოთ რაში უნდა მდგომარეობდეს ეს მონოპოლია. არის თუ არა სახიფათო ეს მეურნეობისათვის. ამის გამო, თუმცა ჩვენ ყოველთვის, როცა აღიძროდა მონოპოლიის საკითხი, მომხრე ვიყავით ექსპორტის მონოპოლიისა, მაგრამ ვინაიდან ვხედავთ, რომ თქვენ ამ საქმეს საიოლოდ სთვლით და არ მუშაობთ მასზე, ამიტომ ჩვენ ამ სახით ამ დეკრეტს მიუღებელად ვსთვლით და წინააღმდეგი ვიქნებით მისი.

თავმჯდომარე. კამათი დასრულებულია. სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრს ბ. კანდელაკს.

. კანდელაკი, ფინანსთა მინისტრი. ბ.-ბო. უდიდესი და პრინციპიალური საკითხი, თუ გნებავთ ყოველ მონოპოლიის შემოღების დროს, არის ის საკითხი, რომელიც არა ერთხელ იყო წამოყენებული აქ სამართლიანად და ამ პრინციპიალურ საკითხს არავინ არ ეწინააღმდეგებოდა. ყველა თანახმაა, რომ მთავრობამ, ამ მონოპოლიის პატრონმა, თვითონ გაიტანოს უცხოეთში საქონელი და თვითონ გაასაღოს, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი ეთქმის, პირიქით ჩვენი აზრიც ის არის, რომ პირდაპირ ბაზარს დაუკავშირდეთ; მაგრამ ამავე დროს აუცილებლად საჭიროა ამ კონკრეტიულ პირობებს გაუწიოთ ანგარიში, რომელიც ხელს უშლის არა მარტო ახალგაზრდა რესპუბლიკებს, არამედ ჩვენზე უფრო ძველი და ძლიერ სახელმწიფოებს: ეს გახლავთ ტონაჟის საკითხი, ტონაჟის უქონლობა.

თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ თუ გნებავთ გემი დატვირთოთ საქონლით და გაგზავნოთ უცხოეთში, ან საკუთარი გემი უნდა იყოს ჩვენ განკარგულებაში, ან იმის შოვნა თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს, გემების შოვნა კი ძლიერ ძნელია. თუ სხვისი გემი აქ მოდის და მოაქვს საქონელი, იმას უნდა თვითონვე წაიღოს მაგიერი საქონელი აქედან. ტონაჟის პატრონს უნდა უდიდესი სარგებლობა სხვას არ დაუთმოს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტონაჟის უფლებაც ხშირად სადაოა. ორი გემი, როგორც გადმოგვცემენ, რომელიც ჩვენსკენ მოდიან საქონლით, უკანვე გააბრუნეს. ამნაირად ტონაჟის მფლობელობას დღეს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. მთავრობას განზრახვა აქვს შეიძინოს საკუთარი გემები და ამისათვის ნაწილი სავალიუტო საქონლის კიდეც გადასდო. მეორე საკითხია, როცა ნაც.-დემ. წარმომადგენელმა გვისაყვედურა: არა გაქვთ ერთნაირი წესი შემუშავებული, ამ დეკრეტს მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი - წინასიტყვაობა ახლავსო. მე ვფიქრობ, ბევრის დაწერაში არ უნდა გამოიხატებოდეს აზრის მნიშვნელობა, რამდენიმე სტრიქონში შეიძლება მარტივად და უბრალოდ დიდი და კარგი აზრის გამოთქმა. აქ გამოთქმულ აზრის წინააღმდეგ არავინ ყოფილა, გარდა ნაც.-დემოკრატებისა. მაგრამ არსებითად ამის წინააღმდეგნი თითქო, არც ისინი არიან სავსებით. მაშ ბევრის წერა და მტკიცება, ვისთვის იყო საჭირო.

რაც შეეხება სოციალისტ-რევოლიუციონერების აზრს, თითქოს მთავრობას რაკი დასახული აქვს თვით გაახორციელოს და გაატაროს ცხოვრებაში მონოპოლია, სხვა ძალები არ უნდა გამოიყენოს, სანამ ჩვენ განკარგულებაში ტონაჟი არ არის, მანამდის თუ ვიცადეთ, ეს ერთობ დაგვიანდება.

აქ ახსენეს კიდევ ერთი საკითხი, მარგანეცის მონოპოლია; მართალია, სამი თვის განმავლობაში ეს მონოპოლია ჩვენ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ თუ ვისმეს ესმის მარგანეცის საქმე, დაიდვას გულზე ხელი და სთქვას, - შეუძლია თუ არა დღევანდელ პირობებში მთავრობას საკუთარის ძალ-ღონით ამ მონოპოლიის ცხოვრებაში გატარება. ჩვენ მთელ ამ სამ თვის განმავლობაში მტკიცეთ ვიდექით ამ მონოპოლიის ნიადაგზე და ვიცავდით ჩვენს უფლებას ათასგვარ ზეგავლენისაგან, ამასთანავე ვცდილობდით იგი შეგვეკავშირებია თვით მრეწველობის ინტერესებთან და ეს მონოპოლია არ ყოფილიყო მომართული ისე, რომ წვრილი მრეწველი შევიწროვებულიყო. ამას ჩვენ ახლა მივაღწიეთ. ჩვენ განა სადმე, როდისმე მივმართეთ ჩამორთმევას თვით მწარმოებლისაგან. დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც. პირიქით ჩვენ მონოპოლიის - გამოცხადება გვიხდება მაშინ, როდესაც სამონოპოლიო საქონელი უფრო გადასულია კერძო მყიდველების ხელში. ერთ საკუთარ მაგალითს იმისას, რომ ჩვენ არ წავსულვართ მწარმოებელთა წინააღმდეგ იძულებითი გზით, და ჩვენი დანიშნული ფასები არ არიან ნაკლები საერთოდ მისაღებ სამართლიან ფასებზე, თქვენ დაინახავთ იმ საბუთიდან, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში იმყოფება. ხშირად ჩარჩები მთავრობას არ აძლევენ საქონელს და კერძო პირებს კი ნაკლებ ფასებში უთმობენ. მაგალითად, ერთი ქუთაისელი ვაჭარი მთავრობას 1800 მან. არ აძლევს აბრეშუმის პარკს და კერძო ფირმას კი 1600 მან. უთმობს. აი, ამის საბუთი ხელში მიჭირავს. სამწუხაროდ კიდევ გამოდიან ზოგიერთი წევრნი დამფუძნებელ კრებისა და იცავენ ასეთ ჩარჩ-ვაჭრებს. ჩვენ იძულებითი ზომებს არ მივმარავთ, ჩვენ გვინდა ბაზრის ფასს გაუწიოთ ანგარიში.

რაც შეეხება თვით ავანსების გაღებას, ჩვენ უკვე ვადგივართ ამ გზას. მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობებს, ერობებს და კოოპერატივებს წელს მიცემული ჰქონდათ ფული წლევანდელ მოსავლის აბრეშუმის პარკის შესასყიდათ. მეორეს მხრივ, რომ არ დაეცეს სამონოპოლიო საგნების წარმოება, მომავალში საჭირო იქნება მწარმოებელს დავეხმაროთ სესხით, იაფ ფასებში მივაწოდოთ თესლი, რომელიც დღეს მეტად ძვირად უჯდებათ; აგრეთვე რადგან მეტად ძვირი ჯდება თამბაქოს მოყვანა და შეიძლება მწარმოებელმა გული აიცრუოს მოყვანაზე, ამ მაღალ კულტურულ მეურნეობის დარგსაც ჩვენ ყოველ მხრივ უნდა შეუწყოთ და მრეწველს გაუწიოთ დახმარება სესხის სახით (ასათიანი: მილიარდები დაგვჭირდება?). მთავრობა დაეხმარება შეძლებისდაგვარად, მილიარდებს კი მთავრობას ამ საქმეზედ უპასუხისმგებლო ოპოზიციის მეტი არავინ მოსთხოვს რაც შეეხება სამონოპოლიო საქმისთვის უკვე გადადებულ ავანსებს, უნდა მოგახსენოთ: 50 მილიონი გადადებული იყო მუშა-მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საქონლის და სანოვაგეს შესაძენათ და ეს ეს თანხა ჯერ არაა დახარჯული მეორე 70 მილ. მანეთის შესახებ მოგახსენებთ დაახლოვებით შემდეგ ციფრებს: 10 მილიონამდის შეძენილი იყო სამანუფაქტურო საქონელი; 15 მილ. - ქაღალდის სამაგიერო საქონელი უნდა შევიძინოთ ფილიანდელებისათვის, შეძენილი იყო შაქარი, ჩაი, 15 მილ. - ხორბალი, პარკის შესაძენად დაიხარჯა - 10 მილ., და თითქმის მთელი ახალი მოსავლის პარკი ჩვენ ხელშია. უცხო ვალიუტის შესაძენად დაიხარჯა 6 მილიონამდის, დაიხარჯა - 60 მილ. დანარჩენის - მზადდება სხვა და სხვა საქონელი, რომლებიც მთავრობის საწყობებში შემოდის. ამნაირად თქვენ ხედავთ, რომ მიღებული თანხა დაბანდებულა სხვა და სხვა საქონელზე, ზოგიც არ არის დახარჯული და დღესაც მთავრობის ხელში იმყოფება. რასაკვირველია გამოთხოვილი თანხა სამონოპოლიო საქონლის შესაძენათ სრულიად არ გვყოფნის: ყველა საქონლის შესაძენად, რომელიც უნდა დავამზადოთ, მაგალითად: თამბაქო, მატყლი, აბრეშუმის პარკი და სხვა. მთავრობას არ შეუძლია ერთბაშად გაიღოს თანხა და ამიტომაც ჩვენ გვიხდება ნაწილობრივ გამოთხოვა ამ ფულისა. გარდა ამისა ის საქონელი, რომელიც ამ თანხით შეძენილ საქონლის მაგივრად, ეკვივალენტით შემოვა, გაიყიდება ჩვენში და აღებული თანხა ისევ გასატან საქონლის დამზადებას მოხმარდება, იგი მუდამ ბრუნვაში იქნება.

თავმჯდომარე. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. თევზაიას.

ვიქტორ თევზაია. დამფუძნებელ კრების წევრმა ბ. ასათიანმა აღძრა სიტყვა ამ დეკრეტის შესახებ და შეეხო ისეთ კითხვებს, რომელთაც არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არა აქვთ არავითარი დამოკიდებულება დღევანდელ დეკრეტთან. (ასათიანი ადგილიდან: მაგალითად?) მაგალითად აკადემიური ნაწილი თქვენი სიტყვისა, სადაც ლაპარაკი იყო პროლეტარიატზე, წვრილ ბურჟუაზიაზე და სხვა, თუ ბ. ასათიანს ჰგონია მართლა, რომ მონოპოლია არის სოციალისტური ზომა, - უსათუოდ შეცდომაა. ასათიანი ასე უყურებს საკითხს: პრინციპიალურად ის იზიარებს მონოპოლიის აზრს, მაგრამ ყოველ ცალკე შემთხვევაში იგი მონოპოლიის წინააღმდეგია. განყენებულად ყოველთვის მისი მომხრეა, კონკრეტიულად ყოველთვის მისი წინააღმდეგი. მას ჰგონია, რომ მონოპოლია არის სოციალისტური ზომა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ ბ. ასათიანო, - მონოპოლია არის საერთო ზომა, მას ხშირად მიმართავს როგორც სოციალისტური, აგრეთვე ბურჟუაზიული და მონარქიულ-ფეოდალური მთავრობაც. აქ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ როგორ უცქერის ჩვენში კაცი ამა თუ იმ საქონელზე მონოპოლიის გამოცხადებას. ბ. ასათიანი კი ყოველთვის წინააღმდეგია მონოპოლიისა. მან სთქვა: ეს მონოპოლია კი არ არის, არამედ რეკვიზიციაო. მონოპოლიის უმთავრესი პრინციპი, მთავარი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცე ფასი შეთანხმებული იყოს საქონელზე დახარჯულ შრომასთან. მონოპოლია რეკვიზიციის ხასიათს იღებს იქ, სადაც ეს ფასის შეფარდება არ არის, სადაც ათ მანეთად ღირებულში მანეთს აძლევენ. ეს არის რეკვიზიცია ჩვენ კი შემდეგ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე: მტკიცე ფასებს აწესებს სპეციალი ორგანიზაცია, სადაც შედის ერთის მხრით მთავრობის წარმომადგენელი, მეორეს მხრით წარმოებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენელნი და თუ ამ ორგანიზაციამ ვერ შესძლო სათანადო ფასების დაწესება, მაშინ ბ. ასათიანი სწორი წარმოდგენის ვერ ყოფილა წარმოებათა წარმომადგენლებზე. ჩვენ კი გვჯერა, რომ ეს ორგანიზაცია დააწესებს რეალ ფასებს და უზრუნველყოფს რეკვიზიციისაგან ყოველგვარ სამონოპოლიო საქონელს.

ბ. ნუცუბიძე მესამე მუხლის წინააღმდეგია. ჩვენ ვსთქვით და ეხლაც ვიმეორებთ, რომ ძლიერ კარგია თუ მთავრობა თავიდან ბოლომდი თითონ ატარებს ცხოვრებაში მონოპოლიას, მაგრამ დღევანდელ პირობებში ამას ვერ შესძლებს ჩვენში ვერც ერთი მთავრობა. მეორე მხრით საინტერესო ის არის, რომ სპეკულიაცია მარტო კერძო პირთა თვისება კი არ არის, არამედ ხშირად სხვა და სხვა ორგანიზაციებიც შეპყრობილია ამ სენით და ზოგჯერ არც დემოკრატიული ორგანიზაციაა მისგან თავისუფალი.

ნუცუბიძემ იცის, რომ ვაჭრები უფრო ხალისიანად ეწევიან სპეკულიაციას, ვიდრე მრეწველები. ამაში ის დამეთანხმება. რაც შეეხება მრეწველობას, უკანასკნელი ნაკლებად არის ჩაბმული სპეკულიაციაში. მაგრამ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენში ადგილობრივად უნდა მოეწყოს აბრეშუმის ფაბრიკები, ეს კარგი სათქმელია, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა არ არის თავისუფალი და ვინაიდან იგი თავისუფალი არ არის, ამიტომ ჩვენ უნდა გაუწიოთ ანგარიში არა მარტო შიგნით მომქმედ ძალებს, არამედ გარეშე მდგომარეობასაც. ეს კარგად იცის ბ. ნუცუბიძემ. მაგალითად აბრეშუმის წარმოება საფრანგეთში კოოპერატივის ხელში რომ იყოს, მაშინ ჩვენი კოოპერატივებიც მას შეუკავშირდებოდენ და საქმეც ადვილად მოწესრიგდებოდა, მაგრამ, როცა მომქმედი ძალები სხვები არიან, მაშინ ჩვენი ვალდებულებაა მას ანგარიში გაუწიოთ. და ასეთ მდგომარეობაში უნდა მიიღოთ ისეთი დეკრეტი, რომლის ცხოვრებაში გატარება შესაძლებელი იქნება.

თქვენ შეიძლება სთქვათ, რომ ხალხს უნდა დაურიგდეს საქონელი ძლიერ იაფ ფასებში, მაგალითად ორ, სამ, ან ხუთ შაურად კოოპერაციის საშუალებით, მაგრამ ეს მხოლოდ თქმა იქნება, რადგან მისი განხორციელება შეუძლებელია, ვინაიდან თვით კოოპერაცია იძულებული იქნება მიმართოს კერძო მრეწველობას და მასთან დაიჭიროს კავშირი. მაშინ ნუცუბიძეს დაემართება ისეთი უცნაური ამბავი. იგი, მაგალითად, დაჰპირდა მას სამ შაურად საქონელს, მაგრამ ამ ფასად ვერ შემოიტანს და გლეხსაც ვერაფერს მისცემს. ერთი სიტყვით მოხდება მოტყუება.

დეკრეტი წინ და წინ უწევს ანგარიშს ასეთ მდგომარეობას და ამას უნდა გაუწიოს ანგარიში მომავალშიაც. სხვა წინააღმდეგ დეკრეტისა არაფერი თქმულა. მხოლოდ ერთი შენიშვნა გაუკეთეს კიდევ დეკრეტს. დეკრეტი ორი სტრიქონით არის შედგენილიო. მე მგონია ეს დეკრეტის სიკარგეს შეადგენს მხოლოდ. ისეთი დეკრეტი, რომელიც 5 ფურცელზე ყოფილიყოს შედგენილი ჯერ არც ერთ პარლამენტს არ მიუღია.

თავჯდომარე. კამათი დასრულებულია. წინადადება არის შემოსული სოციალისტ-რევოლიუციონერებისაგან (კითხულობს).

„დეკრეტი, მატყლზე და აბრეშუმზე მონოპოლიის, გამოცხადების დაუბრუნდეს საფინანსო უწყებას დასამუშავებლად სრული მონოპოლიის წესისა და წვრილ მწარმოებელთა ინტერესების დაცვით“.

ვინაიდან პირველი წინადადება საბიუჯეტო კომისიას ეკუთვნის, ამიტომ პირველათ მას უყრი კენჭს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის მომხრე მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? ვინ შეიკავა თავი? წინააღმდეგია სოც.-რევ. და ეროვნულ-დემოკრატები. თავი შეიკავა ვეშაპელმა. ვინ არის მომხრე სოც.-რევ. წინადადებისა? წინადადება უარყოფილია. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

თევზაია. (კითხულობს).

თავმჯდომარე. შემოსულია სოც.-დემ. ფრაქციიდან შემდეგი შესწორება: (კითხულობს) „სიტყვა მონოპოლიის შემდეგ დაერთოს სიტყვები: „სახელმწიფო მონოპოლიას შეადგენს აგრეთვე აბრეშუმის ძაფის და ყაჭის უცხოეთში გატანა და გასაღება“.

თქვენი დასკვნა, ბ. მომხსენებელო.

თევზაია. მე მომხრე ვარ ამ შესწორების. ამ შესწორებით ადგილი არ ექნება შიგნით ძაფით ვაჭრობის აკრძალვას. რაც შეეხება უცხოეთში გატანას, მათ შეუძლიანთ ძაფათ ამოიღონ და გაიტანონ. შიგნით თავისუფალი ვაჭრობა ძაფისა ნებადაურთველი იქნება, ხოლო გატანა კი აკრძალული. ამიტომ მომხრე ვარ შესწორებისა.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორების? შესწორება მიღებულია. ვინაა წინააღმდეგი პირველი მუხლისა? მიღებულია.

თევზაია. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. სოც.-დემოკ. ფრაქციისაგან შემოტანილია ასეთი შესწორება. (კითხულობს) მეორე მუხლში, სიტყვა „პარკის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები: „აბრეშუმის ძაფის და ყაჭის“.

თქვენი აზრი, ბ-ნო მომხსენებელო.

თევზაია. ეს გამომდინარეობს პირველი შესწორებიდან და ამიტომ მისაღებია.

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი შესწორებისა? შესწორება მიღებულია. ვინაა წინაღმდეგი მეორე მუხლის შესწორებით? მეორე მუხლი მიღებულია. (3, 4 და 5 მუხლები მიღებულ იქნენ უკამათოდ. დეკრეტი მთლიანათ იქნა მიღებული, წინააღმდეგია სოც.-რევოლიუციონერებისა და ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციები. თავი შეიკავა ვეშაპელმა. დანარჩენი ფრაქციები მომხრენი არიან. დეკრეტი გადაეცა სარედაქციო კომისიას).

გადავდივართ შემდეგ საკითხზე.

დეკრეტი ტყის მფლობელობისა და სარგებლობის შესახებ

სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ კ. ნინიძეს.

კირილე ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო! დეკრეტი, რომელიც წარმოადგინა აგრარულმა კომისიამ დამფუძნებელ კრებაში, შეიცავს შევსებას და განმარტებას აწ არსებულ აგრარულ კანონმდებლობისას. ჩვენ გვაქვს სეიმის მიერ 7 მარტს მიღებული კანონი მიწის ნორმის დატოვების შესახებ და აგრეთვე დეკრეტი 16 დეკემბრისა. ამ დეკრეტში, რომელიც სეიმის მიერ გამოცემულ კანონის შემდეგაა მიღებული, არის მეხუთე მუხლი, რომელიც ეხება მადნების, წყლების და ტყის სარგებლობას. ამ ტყეების შესახებ ნათქვამია მხოლოდ, რომ ის არ იქნება განაწილებული მცხოვრებთა შორის. სხვა აგრარულ კანონში ტყის შესახებ არაფერი არ მოიძებნება. ამ მეხუთე მუხლიდან კი არ სჩანს, ეხება თუ არა ის იმ ტყეებს, რომლებიც ფონდში იქნენ გადარიცხულნი, თუ ეხება იგი საერთოდ ტყეებს. - როგორც ჩვენ დაგვარწმუნა პრაქტიკამ, ადგილობრივი კომისიები იზიარებენ იმ აზრს, რომ საერთოდ ტყე, სადაც არ უნდა იყოს, შედის სახელმწიფო მამულების ფონდში. ასეთი განმარტება კი კანონისა არ ეგუებოდა ცხოვრების სინამდვილეს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრ კუთხეში, განსაკუთრებით კი იმერეთში, არსებობენ წვრილი ტყეები, რომელიც გლეხებს კერძო საკუთრებათ აქვთ შესყიდული და გლეხი კერძო მესაკუთრე, ვერ ურიგდება მათ ჩამორთმევას. და ესეც რომ არ იყოს, მეურნეობის თვალსაზრისი არ მოითხოვს, რომ ყველა ტყე იყოს გადარიცხული სახელმწიფოს ფონდში.

არის ერთი მოსაზრება კიდევ, თუ გინდ მეცნიერული, - ის რომ ტყეს ამ მხრივ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ მთიან ადგილებში, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ასეთი ტყეები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის დაშრობაზე, წვრილ მესაკუთრეებს არა აქვთ. მათ აქვთ მხოლოდ წვრილი ტყეები.

არსებობს კიდევ მეორე მოსაზრება: ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს, ტყეები არ იყოს გაჩეხილი. უკანასკნელი მიზანი კი მიღწეული იქნება, თუ გამოცემული იქნება კანონი, რომ დაცული იქნეს ტყე გაჩეხისაგან. ჩვენ ვიცით, რომ კერძო მესაკუთრე უფრო შეუწყობს ხელს ტყის გაუჩეხლობას, ის შეინახავს მას და მოუვლის! ამიტომ მიღებულ უნდა იქნეს ეს დეკრეტიც, რომლითაც ტყე ნორმას ქვევით არ ჩამოერთმევა კერძო მესაკუთრეს.

აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქების ტყეები. ქალაქებში არ იქნება ჩამორთმეული ტყეები. ეს უფრო შეეხება ახალ ქალაქებს, მათ შეუძლიანთ მოუარონ ტყეს და გამოიყენონ ქალაქში სხვა და სხვა კულტურულ მოთხოვნილებისათვის. არის ისეთი ტყეები, რომელნიც ეკუთვნის მთელ სოფელს, რომელსაც საერთოდ აქვს ის შეძენილი. თუ ასეთ ტყეს აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, ის გადაცემულ უნდა იქნეს სახელმწიფოს განკარგულებაში; მცხოვრებლებს კი ექნება უფლება უფასოდ ისარგებლონ იმ ტყით, რომელიც ეკუთვნის სოფელს, მაგრამ მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ის გადადის სახელმწიფოს ფონდში. მცხოვრებლებს კი ეძლევა უფლება ამ ტყეების განსაზღვრული ნორმით ისარგებლონ. ასეთია ამ დეკრეტის შინაარსი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. ვეშაპელს.

გრიგ. ვეშაპელი (ნაციონალისტი). ბატონებო! ეს დეკრეტი წარმოადგენს შესწორებას აგრარულ კანონისა და შესწორებას ფრიად საგულისხმოს და მნიშვნელოვანს.

აგრარულ რეფორმის და კანონის უმთავრესი ნაკლი იყო ის კი არაა, თუ რომელ მსოფლმხედველობაზე ემყარებოდა ის, სოციალიზაციას, მუნიციპალიზაციას, თუ კერძო საკუთრებას, არამედ ის, რომ ეს კანონი გატარებული იყო ცხოვრებაში წინასწარ სოფლის პირობების შეუსწავლელად.

როცა სხვა სახელმწიფოებში ტარდება აგრარული კანონი, იქ ხდება წინასწარი და დინჯი შესწავლა სინამდვილისა. მხოლოდ მაშინ, როდესაც სტატისტიკა მეცნიერულად შეისწავლის და მიაწვდის კანონმდებელთა წრეებს ცნობებს, ამის შემდეგ ადგენენ ამა თუ იმ კანონს და ატარებენ მას ცხოვრებაში.

ჩვენში ასეთი შესწავლა სინამდვილისა მიწის საკითხში არ ყოფილა. აგრარული რეფორმა იყო გატარებული რევოლიუციონური სიჩქარით იმიტომ, რომ არ ჩამორჩენოდა ჩვენი ქვეყანაც რევოლიუციის ტემპს. ჩვენი კანონი წარმოადგენს მაშინდელ სეიმში მყოფ სამ ეროვნებათა - ქართველების, სომხების და მუსულმანების პარტიების შეთანხმებას უფრო, ვიდრე საქართველოს ცხოვრებასთან შეფარდებით შედგენილ კანონს.

ამიტომ ბუნებრივია, რომ, როცა რევოლიუციონური ფსიქოზი, როგორც სოფლად, ისე ქალაქად თანდათან ნელდება, კანონმდებლებს უხდებათ ანგარიშის გაწევა, თუ რამდენად მიზანშეწონილია რევოლიუციის დროს გამოცემული კანონი და დეკრეტი და რამდენად ეგუება იგი ცხოვრების განვითარებას.

ცხადია, რომ ყოვლად შეუძლებელია დარჩეს ცხოვრებაში ისეთი კანონი, რომელიც ხალხის უმრავლესობის სურვილს არ აკმაყოფილებს.

აგრარულ კანონმა კი ბევრი რამ ასეთი შეიტანა ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.

აგრარულმა კანონმა და ტყის საკითხმა წაართვა სოფლის მეურნეს, გლეხს, ისიც რაც ჰქონდა რევოლიუციამდე. გლეხს თავისებურად ესმოდა რევოლიუცია, როგორც მომატება ყოველივე დოვლათისა (რეპლიკა: თქვენ?) ჩვენ ნაციონალისტურად ვანგარიშობთ, თქვენ კი მატერიალისტურად. ამ რევოლიუციის დროს დაწერილი კანონი იყო დიდი შეცდომა და მას შეეძლო არსებობა მხოლოდ ქაღალდზე და ისიც მანამდის, სანამ რევოლიუციის ფსიქოზის გამო არ შეეძლო კანონმდებელს უკან მიხედვა და იმის დანახვა, რაც სინამდვილეში ხდებოდა. ამ მხრივ აგრარული კანონი ძალიან საწინააღმდეგო გზას დაადგა იმასთან შედარებით, რაც უნდოდათ კანონმდებლებს. მათ უნდოდათ, რომ მიეცათ სოფლის გლეხისთვის მიწა და ყველაფერი, რაც მიწაზე არის, თუ უფასოდ არა, ყოველ შემთხვევაში იოლად, ვიდრე ეს შეიძლებოდა წინანდელ წესწყობილების დროს. ამის გამო კანონით დაწესდა ნორმა, ხოლო რაც ნორმაზე მეტი იყო, ის გადაირიცხოს სახელმწიფო ფონდში და მისი დანიშნულება იყო უმიწა-წყლო გლეხებისთვის დარიგება. ასეთი იყო იდეალი აგრარული კანონმდებლებისა. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მოინდომეს ამ კანონის ცხოვრებაში გატარება, გამოჩნდა, რომ საქართველოში თავისუფალი მიწა არ ყოფილა, არამედ ის ფაქტიურად ყოფილა დანაწილებული იმათ შორის, ვინც მიწას ამუშავებდა.

საქართველოში ითვლებოდა დიდი მამულები, სახნავ-სათესი და ვენახები, რომელნიც თითქოს ფეოდალურ ელემენტებს შეადგენდნენ. მაგრამ უმეტესად მაშინდელი ფეოდალების უფლება იყო ნოტარიული და ფაქტიურად კი მამულები დანაწილებული იყო მცხოვრებთა შორის.

ამიტომ ხდება, რომ, როდესაც შეუდგენ ნორმაზე მეტის ჩამორთმევას და ფონდის განაწილებას, მიწად-მოქმედების სამინისტროს თაოსნობით, იმის მაგიერ, რომ დაეკმაყოფილებინათ სოფლის გლეხი და ესიამოვნებინათ, წინააღმდეგობა და უსიამოვნება გამოიწვიეს, რადგან მას ართმევდნენ იმას, რაც მას ფაქტიურად ჰქონდა რევოლიუციამდე, ან ნაყიდი, ან იჯარით, ან სანახევროდ.

აგრარულმა რეფორმამ ჯერ-ჯერობით სოფელში შეიტანა ერთი ახალი მოვლენა, ერთი ახალი ფაქტი. ეს ის, რომ, როცა სოფლის მესაკუთრე გლეხი, რომელიც ფაქტიურად სარგებლობდა მემამულისა, ან სახელმწიფო მამულის მიწით, რასაც ის წინად იხდიდა, ახლაც იმას ახდევინებს სახელმწიფო. ღალა, რომლის წინააღმდეგ იყო მიმართული სოციალისტური პარტიების პროპაგანდა, ახლა მოისპო მხოლოდ იმ მხრივ, რომ ის არ მიაქვს მემამულეს, არამედ მიაქვს სახელმწიფოს. (არსენიძე: განსხვავება დიდია!) უბედურება იმაშია, რომ ღალა სახელმწიფო ხაზინაშიც არ შედის, არამედ იფანტება, იცრება, გზაში. (ხმები: გვითხარით მაგალითი!) ბორჩალოში ბევრი ფაქტებია.

შეიძლება სახელმწიფო ფინანსიურ თვალსაზრისით ეს ახალი ფაქტი, რომ ღალა მესაკუთრის მაგიერ სახელმწიფო ხაზინაში შედიოდეს, იყოს კარგი მოვლენა, მაგრამ სოფლის მცხოვრებს რევოლიუციამ ამ მხრივ არავითარი სარგებლობა არ მოუტანა იმიტომ, რომ ის დღეს მეტს იხდის, ვიდრე წინად იხდიდა. ამ მხრივაც გლეხების შეღავათი არაფერია (ჯუღელი: თქვენც გლეხებს იცავთ?) ალბად თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ მე თავად-აზნაურობის დამცველი ვიყო, მაგრამ ყველაზე მეტი ასეთი საყვედური სწორედ თქვენ მიგიღიათ სოფლის ხალხისაგან იმ ექსპედიციების და ეგზეკუციების გამო, რომელიც თქვენ გიხდებათ, რომ სულელურ კანონს ატარებთ ცხოვრებაში.

ამ მხრივ შეიძლება პირდაპირ ჭეშმარიტებად ვაღიაროთ, რომ რევოლიუციამ დააყენა სამინისტროს არა პასუხის მგებელი უანგარიშო აგენტები მემამულის ალაგას. ხოლო რაც შეეხება მიწის ფონდს, ის იმდენივე დარჩა, რამდენიც იყო, რადგან კანონს არ შეუძლია შესცვალოს გეოგრაფიული პირობები, იმ სურვილებმა, რომ ეს ფონდი გადაეცეს, არა იმათ ვისაც ჰქონდა რევოლიუციამდე, გამოიწვია სოფლის გლეხებში არევ-დარევა. რომ წინასწარ და სპეციალურად შეესწავლა სოფლის ეკონომიური მდგომარეობა, მაშინ არც იქნებოდა ლაპარაკი იმაზე რომ დაარსდება სახელმწიფოს თავისუფალი ფონდი და დაურიგდება მიწა - უმიწაწყლო და მცირე მამულიან გლეხებს. (ხმები: თქვენ როგორ ფიქრობთ?) ჩვენი პროგრამა ის იყო და არის, რომელიც ახლაც თავისუფლად ტარდება ცხოვრებაში - დიდ მემამულეებს ვერ დარჩებოდათ მიწები, რადგან ისინი მათ უფრო ადრე ყიდდენ, ვიდრე თქვენ ამ ქალაქში გაჩნდით. ეხლა სახელმწიფო ატყუებს გლეხებს: გადაიხადეთ იაფი ფასი და მიწა თქვენი იქნებაო. გლეხიც ატყუებს სახელმწიფოს: 1000 მ. მოგცემ და დამიმტკიცეო. ფაქტიურად მოტყუება ხდება, რადგან მიწებს ყიდულობენ ძველი პატრონისაგან და არა თუ შინაური არამედ ნოტარიული წესით. ეს იცის სამინისტრომ, ეს იცის მთავრობამ, ეს იცით თქვენ, მაგრამ გაჩუმებული ხართ. ფაქტიურად მთელი საფონდო მიწები გაყიდულია თითქმის, წინანდელთან შედარებით განსხვავება ის არის მხოლოდ, რომ ამ ბუნებრივ ხარჯების გარდა, რომლითაც მიწა უნდა შეიძინონ მათ სჭირდებათ გაიღონ უარესი სხვა ხარჯები „სამიწე“ კომისიების შესანახავად და კიდევ ვინ იცის, რამდენი სხვა.

ამიტომ არის, რომ ტყის საკითხმა ხელი შეუწყო იმ არეულობას, რომელსაც ჩვენში ხშირათ ჰქონდა ადგილი. მართალია ამ აჯანყებებს უმთავრესად ასაზრდოებდა გარედან შემოსული ფული და კანონს გარეშე მომქმედი სხვა და სხვა ძალები, მაგრამ მათ აგრეთვე ნიადაგს უმზადებდა ჩვენი ცხოვრების არა ნორმალური პირობები და კერძოდ ტყის საკითხის გადაჭრა. აგრარულ საკითხის ისტორიას ჩვენში მოემატება ის ფაქტი, რომ თვით კანონმდებლებმა აღიარეს აუცილებლობა ტყის საქმის შეცვლისა და შესწორებისა. დღევანდელი დეკრეტი შეიტანს დიდ ცვლილებას ტყის საკითხში და ეს ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლებმა იცნეს სინამდვილე და მისი ძალის წინაშე მოიხარა კაბინეტებში შედგენილი მოქმედების აზრი და პლანი.

თვით ამ დეკრეტში არის მუხლები, რომელნიც თავის მხრივ მოითხოვენ შესწორებას. მაგრამ ეს კიდეც, რომ არ მოხდეს, დეკრეტი მაინც წარმოადგენს დადებით ნაბიჯს; და სურვილი ჩვენი უნდა იყოს ის, რომ არა მარტო აჯანყებისა და სამოქალაქო ომის ნიშნები უნდა აიძულებდეს მთავრობას ხელი აიღოს ამა თუ იმ დეკრეტზე და შესცვალოს ესა თუ ის ნაბიჯი, არამედ ამ ნიშნებს უნდა დაასწროს და ჩვეულებრივ დროს უნდა სწარმოებდეს ისეთი მუშაობა და პოლიტიკა, რომელიც გამართლებული იქნება ცხოვრების პირობების მიერ.

ჩვენში მომქმედ აგრარულ კანონს აქვს სხვა მხარეებიც, რომელიც აუცილებლათ მოითხოვს შესწორებას. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ მთავრობა და მმართველი პარტია გაყვება სინამდვილეს და აგრარული კანონი იქნება გასინჯული ისევე, როგორც დღეს ტყის კანონი აგრარული რეფორმისა.

აქამდე ჩვენ არ გვინახავს სერიოზული შესწორება ჩვენ აგრარული კანონში; დღეს სამინისტრო და მთავრობა თითქოს დაადგა იმ გზას, რომელიც ჩვენი ცხოვრების სინამდვილით არის წამოყენებული. თითქოს ხდება ის, რაც თავის თავად უნდა მომხდარიყო.

მიწის საკითხის ერთმა მხარემ, ტყეების საკითხმა, მიიღო ჩვენში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი. როცა რეფორმა იწყებოდა, იმ მუხლში; რომელიც ტყეების საკითხს ეხებოდა, ტყეთ ნაგულისხმევი ყოველი პატარა ბუჩქი და შედეგი გახლდათ ასეთი: სოფელს ჩამოართვეს იურიდიულად ტყე, და ფაქტიურად არა საკუთარ ტყეებიდაც სარგებლობის საშუალება და უფლება ამას წინად ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული იყო ნიხრი, რომელიც დადებული იყო ტყით სარგებლობის საქმეზე. მაშინვე სამიწადმომქმედო სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ეგ ბრძანება მიწის შესახებ გაუქმებული არისო. ეს ნიხრი მხეცების მოკვლასაც ბაჟს ადებდა იმდენად დიდს, რომ ალბათ მთელი საქართველო სამხეცეთ გადაიქცეოდა.

ეს ნიხრი მხოლოდ ნიმუშია სამინისტროს მოუფიქრებელი და სინამდვილესთან შეუფარდებელ პოლიტიკისა.

ჩვენ არა გვაქვს საშუალება ვიცოდეთ ყველა სხვა ნიხრი, რომელიც ეხება ამა თუ იმ საკითხს. მაგრამ ეს ნიხრი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ყაზბეგის რაიონში, იმდენათ შეუსაბამო იყო, რომ თვით დამფ. კრების წევრმა ბ. სირბილაძემ იგი საარჩეენო კრებაზე საჯაროდ უარყო, როდესაც მას ამბავი წაუკითხეს და დაიფიცა, რომ ეს ნიხრი სინამდვილე არ არისო.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ი. ნუცუბიძეს.

ილია ნუცუბიძე. (ს.- რ.) ბატონებო! ჩვენ აქ არ ვილაპარაკებთ მენშევიკების აგრარულ პოლიტიკაზე, რადგან ამაზე თავის დროზე ვილაპარაკეთ. ეხლა მოგახსენებთ მხოლოდ ორიოდე მოსაზრებას წარმოდგენილ დეკრეტის შესახებ. აგრარული საკითხი მეტად რთული საკითხია, ამ საკითხის ჯეროვნათ გადაჭრისათვის დიდი ხანია მუშაობენ ხალხის საუკეთესო შვილნი, მაგრამ დღემდის კიდევ გადაუჭრელია, თუმცა ისეთი არეული აგრარული კანონმდებლობა, როგორსაც ჩვენში ადგილი აქვს, არსად არ არის. მენშევიკური აგრარული კანონმდებლობა არავითარ პრინციპზე არ არის აგებული. არ არის დაცული არც შრომის, არც მოთხოვნილების და არც სხვა რამ პრინციპი. ერთი ნორმა ეძლევა ოჯახს იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცავს 50 წევრს და იმ შემთხვევაშიაც თუ ის ერთ წევრს შეიცავს, მისი გამართლება-დასაბუთება არავითარი მოსაზრებით არ შეიძლება. მე მივაქცევ მომხსენებლის, მენშევიკების ფრაქციის და უწყების ყურადღებას ამ გარემოებაზე და მოვითხოვ მათგან გარკვეულ პასუხს.

წარმოდგენილი დეკრეტის შესწორებაა მიწის შესახებ მიღებულ კანონისა, მაგრამ ეს შესწორებაც სავსებით არაა მისაღები დემოკრატიის ინტერესების თვალსაზრისით. დეკრეტი ამბობს ნორმაში მიეზომოს ტყე მეპატრონეთ, თუ ისინი ამას მოისურვებენ. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ნორმაში ტყის მიზომას მოისურვებს - მას ამის უფლება ეძლევა.

როგორც ვიცით ტყეები უფრო მემამულეთ აქვთ და ამ დეკრეტით ისინი უფრო სარგებლობენ, მაგრამ მიწის მუშათაც ენიჭებათ უფლება თვისი პატარა ტყე ნორმაში ჩაითვალოს. ამის წინააღმდეგი ჩვენ ვერ ვიქნებით. ამ გვარათ წარმოდგენილი დეკრეტი, რამოდენიმეთ მაინც იცავს მშრომელი ხალხის ინტერესებს და ამიტომ ჩვენი ფრაქცია მის წინააღმდეგ ხმას არ მიცემს, თავს შეიკავებს. საერთოდ სამართლიანობა და სახალხო მეურნეობის განვითარების ინტერესები მოითხოვს მიწა მიეცეს მიწის მუშას, უკანასკნელი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი როგორც ტყით, ისე სამეურნეო ინვენტარით. აი, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული უწყების მოღვაწეობა, ჩვენი ფრაქცია ამას მოთხოვს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს დ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) ბატონებო, ეს საკითხი, რომელიც ამ საათში მოხსენდა დამფუძნებელ კრებას, ჩვენი ფრაქციის აზრით ფრიად მნიშვნელოვანი არის. და თუ დემაგოგიას თავს დავანებებთ (ხმები სოციალ-ფედერალისტებთა სკამებიდან: ეს თქვენი მოგონილია!) ღირსი არის პრინციპიალური მსჯელობისა და ფართე გაშუქებისა. ამ საკითხის სირთულე გამომდინარეობს იმ მდგომარეობიდან, რომ ტყის სარგებლობით მართლა ძალიან დაინტერესებულია ხალხი. ხალხს თუ ტყე მოაშორეთ და აუკრძალეთ შესვლა შიგ, შეიძლება ამან დიდი უკმაყოფილება და არევ-დარევა გამოიწვიოს ხალხში. მაგრამ არის განსაზღვრული სივრცე ტყისა და რაც დრო მიდის ტყის სივრცე თანდათან იკლებს და თუ მას წესიერათ ვერ მოეპყარით მაშინ სახელმწიფო და ხალხი ტყის სარგებლობას ვერ შესძლებს. საუკეთესო ფორმა, საუკეთესო კანონი ის იქნება, რომელიც შექმნის ისეთ მდგომარეობას, როდესაც კერძო და სახელმწიფოებრივი ინტერესი შეთანხმებული იქნება და ტყის რაციონალური ექსპლოატაციაც შესაძლებელი გახდება. და უნდა მოგახსენოთ, რომ ტყის საკითხს ერთნაირად არ უყურებენ სხვა და სხვა დროს. მაგალითად მაშინ, როდესაც საზოგადოება განვითარების პირველ საფეხურზე იმყოფებოდა, ტყის გაჩეხვის უფლება არ იყო აკრძალული. ჩეხდენ ტყეს ვისაც სურდა და რამდენიც უნდოდა. და ამით დაუსრულებელ ზარალს აყენებდნენ ხალხსა და სახელმწიფოს. თუ გადაავლებთ თვალს ძველ კანონმდებლობას დაინახავთ, რომ ტყით სარგებლობის უფლება, მართლაც განუსაზღვრელი იყო. მე შემიძლია, თუ გნებავთ, აქ მოვიყვანო ერთი კურიოზული ადგილი ვახტანგის კანონებიდან მე-172 მუხლში სწერია (კითხულობს). მაშასადამე როგორც ხედავთ ტყის საკითხზე შეხედულება ასეთი სადა და უბრალო იყო, დაახლოვებით ისეთი, როგორიც დღეს გაგებული აქვს ორატორს. სწორეთ ასე უყურებენ ძველი დროის მოღვაწენი ტყის საკითხს, მაგრამ რაც დრო მიდიოდა, შეხედულება ტყეზე და ტყის ექსპლოატაციაზე იცვლებოდა და სხვა სახეს ღებულობდა. მე-19 საუკუნეში 1865 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო ერთი დეკრეტი, რის ძალითაც სახელმწიფომ გადადო რამდენიმე მილიონი მანეთი ტყის გაჩეხის წინააღმდეგ საბრძოლველად და ტყის გაშენებისთვის იმ ადგილებზე, სადაც იგი არ იყო. საფრანგეთის პარლამენტი დარწმუნებული იყო, რომ ტყის გაჩეხვას დიდი ზარალი მოქონდა სახელმწიფოსათვის და თავის გადაწყვეტილების დროს იგი გამოდიოდა სახელმწიფოს ინტერესებიდან. შვეიცარიას, ომის დაწყებამდის, ყოველ წლიურად ეხარჯებოდა ნახევარი მილიონი მარკა ამ ტყეების პატრონობაზე და მოვლაზე. რუსეთში არ არსებობდა კანონი ტყის სარგებლობის შესახებ და მხოლოდ 1864 წელში გამოვიდა კანონი ტყის მოვლის და რაციონალურ ექსპლოატაციის შესახებ.

რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, საქართველოს, უნდა მოგახსენოთ, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, ვინაიდან ისეთ მთიან ადგილებში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, ტყეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვაგან. ჩვენი ტყის მოჭრას მოყვება მთების გაშიშვლება, ამას კი მოყვება ნიაღვარი მაღლა მთიდან გადმომსკდარი და მას კი დიდი ზარალი მოაქვს სახელმწიფოსთვის. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ტყის მოვლაზე და მის რაციონარულ ექსპლოატაციაზე.

ასეთია ის მოვალეობა, რომელიც აწევს თავზე ამ ტყის მომვლელს. ხალხს არ უნდა აეკრძალოს ტყეში შესვლა და მით სარგებლობა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ხალხში, განსაკუთრებით ქართლში და კახეთში არსებობს ისეთი შეხედულება, რომ თუ აუკრძალეთ მათ ტყეში შესვლა და მოჭრა ოჯახის საჭიროებისთვის, ამას შეუძლია ხალხში გამოიწვიოს დიდი უკმაყოფილება. თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ამიერ-კავკასიის სეიმმა მიიღო დეკრეტი და ამ დეკრეტის ძალით ტყე გამოცხადებულია ხალხის საკუთრებად. მაგრამ ეს კანონი ისეთ პირობებში იყო მიღებული, როცა მთელ ამიერ-კავკასიაში მძვინვარებდა ანარქია და საშინელი მდგომარეობა იყო. და მიტომ შესაძლებელია მას მართლაც, ზოგადი ხასიათი ქონდა, მაგრამ მე ამ ტრიბუნიდან ვაცხადებ გადაჭრით, რომ არასოდეს, არც მაშინ და არც ახლა, ჩვენ ფრაქციას არ ქონია მიზნად ხალხისთვის აეკრძალათ ტყით სარგებლობა. და სირცხვილია, ბატონებო, ეს კანონი გამოიყენოთ სადემაგოგიოთ.

ის დეკრეტი, რომელიც მიიღო მაშინ სეიმმა, იყო ზოგადი ხასიათის და ამ ნიადაგზე მოხდა საშინელი გაუგებრობა. ამით ისარგებლეს ჩვენმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და მიმართეს საშინელ დემაგოგიას, როგორც ეს ქნეს ვეშაპელმა და ესერებმა. ვეშაპელმა მაგალითად სთქვა: ამ კანონით ხალხს წაართვით ზოგიერთი უფლებებიო (ვეშაპელი ადგილიდან: მართალია!) აი, როდესაც დამფუძნებელი კრების წევრი შენგელაია მიმართავს ამ დემაგოგიას, თქვენ ადვილად წარმოიდგენთ რა დემაგოგიას ექნება ადგილი სოფელში და რას იტყვიან იქ. ჩვენ, რასაკვირველია, ვეშაპელს ბევრს არაფერს მოვსთხოვთ, ვინაიდან მან ერთი აფორიზმი გადმოისროლა აქ, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად - „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო“ - და, რასაკვირველია, ის, ვინც ასე სწყვეტავს პოლიტიკურ, თუ ეკონომიურ საკითხებს და ამ ფრაზით ზომავს ყველაფერს, ჩვენ ყურადღებას ვერ დაიმსახურებს. ასეთ ადამიანებზედ ხელი უნდა ჩავიქნიოთ, ვინაიდან მისი დემაგოგია პასუხის ღირსიც არ არის. (ვეშაპელი ადგილიდან: რაღად იწუხებდით თავს ამდენ ხანს?) ვეშაპელმა ისიც იკადრა, მაგალითად, რომ განაცხადა უაპელაციოდ და კატეგორიულად, რომ მე ვაცხადებ სახელმწიფო ფონდში ჩარიცხული მამულები უკვე გაყიდულია კერძო მესაკუთრეებზეო. მე არ, ვიცი, ბატონებო, რითი ხელმძღვანელობდა ვეშაპელი, როცა იგი აცხადებდა ამ სიტყვებს, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ბ-ნო ვეშაპელო, რომ ეს არის მოტყუილების პროცესი და ამ პროცესში თქვენ ვერავის ვერ ჩაითრევთ. მე გადაჭრით ვაცხადებ (ხმაურობა სკამებზე. არ ისმის არაფერი. ზარი. თავმჯდომარე: ბატონებო, აცალეთ ორატორს სიტყვის თქმა, თორემ მე იძულებული ვიქნები მივმართო არასასურველ ზომებს. გთხოვთ განაგრძოთ სიტყვა!) მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ ეს უსაბუთოდ წამოსროლილი ფრაზაა. ვეშაპელს საამისო საბუთები უნდა მოეყვანა და რადგან მან ეს არ ქნა, ამიტომ მის განცხადებასაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

დასასრულ უნდა მოგახსენოთ კიდევ ერთი რამ: სოც.-რევოლიუციონერთა ორატორმა, როცა ის ათავებდა თავის სიტყვას, მოგვმართა ჩვენ ამ კითხვით: გამაგებინეთ, თუ რა პრინციპს ემსახურება თქვენი კანონიო, და დაიწუნა აგრარული კანონმდებლობა საერთოდ დამფ. კრების და განსაკუთრებით სოც.-დემოკრატიული ფრაქციის.

მე მგონია, რომ დამფუძნებელ კრებაში ყოველ დეპუტატს და ორატორს შეუძლია ილაპარაკოს აგრარულ კითხვებზე, გარდა იმ ფრაქციისა (მიუთითებს ესერებზე), იმიტომ, რომ იმის შემდეგ, რაც დამარცხება განიცადეს მათ რუსეთში, თქვენ ხომ ფილიალური განყოფილება ბრძანდებით იმ რუსეთის პარტიის (შენგელაია: თქვენ კი გაიმარჯვეთ?) აი, ბატონებო, საკვირველი ის არის, რომ ჩვენ რომ დავმარცხდით და თქვენ ამ დამარცხებას ხედავთ იმაში, რომ ჩვენ 5 კაცი გავიყვანეთ, თქვენ კი 99, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ კანონები ვერ გაატარეთ ცხოვრებაში, ასე, რომ თქვენი სოციალიზაციისა და პროგრამებისა მხოლოდ ძველი წიგნები დარჩა.

მე ვაცხადებ, რომ ყველა ამის შემდეგ თქვენ უნდა გაჩუმდეთ, როცა აგრარულ საკითხზე ლაპარაკია, ხოლო, თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ, თუ რა პრინციპს ემსახურება ჩვენი აგრარული კანონი, ამაზე აქ მსჯელობა არ არის, საზოგადოდ აქ არის მსჯელობა მხოლოდ ტყეების საკითხზე. მაგრამ მე ვაცხადებ, რომ ჩვენ აგრარული კანონის გატარების დროს ვემსახურებით დემოკრატიულ პრინციპს, თქვენ კი ეს არ გწამთ. თქვენ გწამთ მხოლოდ ორი უკიდურესობა საზოგადოებაში: ბურჟუაზია და სოციალისტები, თქვენთვის დემოკრატია არ არსებობს.

ყველა იმ მოსაზრებათა შემდეგ, რომელნიც მე გამოვსთქვი ამ დეკრეტის შესახებ, კიდევ ვაცხადებ სოც.-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, რომ ის სრულიად მისაღებია. ამ დეკრეტით ერთის მხრივ ჩვენ ვაკმაყოფილებთ ხალხის სურვილებს, რომ მას მიეცეს უფლება ტყეებით ისარგებლოს და მეორეს მხრივ, ეს სურვილი არ არის ისე განუსაზღვრელად დაკმაყოფილებული, როგორც ეს ესერებს ჰგონიათ. მეორე მუხლში არის ნათქვამი (კითხულობს):

აი, მაშასადამე, მიეცემა სოფლის საზოგადოებას ეს ტყეები განსაზღვრული ნორმით. (ვეშაპელი: ვინ გაზომავს?) ამ დებულებით ჩვენ ერთის მხრივ ვაკმაყოფილებთ ხალხის ინტერესებს, მის სურვილებს ტყით სარგებლობისას და მეორეს მხრივ საზღვარს ვუდებთ ამ სარგებლობას და ტყის ექსპლოატაციას ვიყენებთ რაციონალურ ფარგლებში.

აი, ბატონებო, არსებითად ჩვენი შეხედულება ამ საკითხზე და მაშასადამე, ჩვენი აზრით ეს დეკრეტი სრულიად მისაღებია იმ სახით, როგორც ეს არის შემოტანილი დამფუძნებელ კრებაში. (ვეშაპელი: რატომ აჯანყების შემდეგ შემოიტანეთ და არა წინად?).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს თედო ღლონტის.

თედო ღლონტი. (ს.-ფ.) მოქალაქენო! აქ ბატონმა ონიაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არის მეტად დიდი საკითხი, რომელსაც ამავე დროს აქვს პრინციპიალური მნიშვნელობაო. უეჭველად, ტყის და საზოგადოდ მიწის საკითხი არის ერთი მთავარი საკითხთაგანი, როგორც ბევრს სხვა სახელმწიფოში, ისე განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მიწის და მეურნეობის საკითხი არის ძირითადი ეროვნული საკითხი. მე ამ მხრივ იმიტომ ვიგონებ ონიაშვილს, რომ ვსთქვა რომ ამ დიდ და პრინციპიალურ საკითხს ჩვენი მიწად-მოქმედების მინისტრი ისე მოეპყრა, როგორც ძალიან პატარა საკითხს. როცა დამფუძნებელი კრების აგრარულ კომისიებში ეს საკითხი ირჩეოდა, დაპირებული იყო მიწად-მოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი, მაგრამ არ მობრძანდა. (ვეშაპელი: საპროპაგანდოთ იყვნენ, ალბად წასული!) ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ როცა ჩვენ ამით დიდ საკითხს ვსწყვეტდით, საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა აზრის არის მინისტრი დეკრეტზე. თქვენ მოისმინეთ მომხსენებლის მოხსენება ამის შესახებ, მაგრამ არავითარი წარმოდგენა არ დაგრჩენიათ, თუ რა მდგომარეობაშია ტყის საქმე. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მეორე წარმომადგენელმა დაიწყო ლაპარაკი ხალხის ინტერესებს ვიცავთო, შვეიცარიაში და სხვა სახელმწიფოში ტყეს რგავენ და აშენებენო და ერთი სიტყვით, ტყის გაშენება უდიდესი საქმეა. მაგრამ ვის აძლევენ ტყეს? - ეს არ არის გამორკვეული, და არავითარი ცნობა ამის შესახებ არ გვაქვს. მე აღვნუსხავ, რომ შეუძლებელია ასეთი დიდის და პრაქტიკულად ღირებულის საკითხის შესახებ, რომ აქ არ გვქონდეს ის მასალები მაინც, რომლებიც ამის შესახებ ალბად აქვს სამინისტროს. ეს ერთი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს კანონ-პროექტი ნაჩქარევად არის შემოტანილი. ეს არ შემოუტანია მიწად-მოქმედების სამინისტროს, ეს აღიძრა აგრარული კომისიის ინიციატივით.

არ არის სადავო შემდეგი დებულება, რომელიც მოაგონდა სოც.-დემ. ფრაქციის წარმომადგენელს ბ. ონიაშვილს. მან ხაზ-გასმით აღიარა, რომ ამ დეკრეტით ხალხი მიიღებს საჭირო ტყის მასალასო. მართალი ეგონება დამფუძნებელი კრების წევრს, რომელიც არ არის ამ საკითხს გაცნობილი და მით უმეტეს საზოგადოება იფიქრებს, რომ დამფუძნებელი კრება და სოც.-დემოკრატიული ფრაქცია დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ ხალხს აძლევს ტყესა. ეს არის დემაგოგია, როცა მთავარ მუხლს მალავთ (არსენიძე: რა არის დამალული?) ის არის დამალული, რომ ხალხი არაფერს არ ღებულობს, აქ ტყის მოვლაზე არ არის ლაპარაკი, ტყის გაჩანაგებაზე კი. მე ვიცავ იმ დებულებას, რომ ტყე უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოდ სახელმწიფოს. ეს მიიჩნია ბ. ონიაშვილმა სოციალიზმად. ვისაც ესმის სოციალიზაცია, იმან იცის, რომ ასე მამულების დაყოფა მხოლოდ საკითხის უცოდინარობას ნიშნავს. მე ვამბობ, რომ აქ სოციალიზაციის პრინციპი დაცული უნდა იქნეს, რომ ტყის მესაკუთრე უნდა იქმნეს მთელი ქვეყანა და მისი მთავარი ორგანიზაციები, როგორიცაა ერობები. იმის მოყვანა თუ სოციალიზაციის პრინციპმა რა მოახდინა რუსეთში, ონიაშვილს არ უნდა დასჭირებოდა, რადგანაც იქ დარჩნენ სოციალიზაციის მოტრფიალენი და ვინც უარყოფდა, ის კი გამოიქცა. (არსენიძე: ეს ტყულია!) ვინც ისევ დარჩა რუსეთში, მას დღესაც არ აუღია ხელი სოციალიზმზე და ეს მათ დროშას დღესაც აწერია. (ხოჭოლავა: დაწერილია, მაგრამ როგორ ატარებენ, ეს არის საკითხი) ჩვენ იმიტომ გვაქვს დაწერილი, რომ მას აქვს ნიადაგი. თქვენ კი იმიტომ დასწერეთ, რომ თქვენ დაწერილს არ დაუჯერა ხალხმა. მიწის საკითხი იმ გეზით წავიდა და მიდის რუსეთში, როგორც ვისახავდით და ჩვენ მიგვაჩნდა ჭეშმარიტად. ვის არ მოეხსენება, რომ საქართველოში ცოტა არის სახნავ-სათესი მიწა. ეს ალბად ახლა გაიგო დამფუძნებელ კრების წევრმა ვეშაპელმა (ვეშაპელი: მე მენშევიკებზე ვლაპარაკობდი, კაცო!) ეს მართალია, მენშევიკებმა ახლა გაიგეს, მაგრამ ჩვენგან დიდი ხანია ამას გაიგებდით; ჩვენ ვანგარიშობდით (რეპლიკა: თქვენი ფელეტონები!) დიახ, ჩვენ ფელეტონებს თუ წაიკითხავდით, გაიგონებდით, რომ საქართველოში არ არის საკმარისი მიწა-ადგილი საშუალოდ, რომ ის ნორმა, რომელიც თქვენ დააწესეთ სინამდვილეს არ შეეფერება.

ჩვენ ვამბობთ, რომ ტყის მფლობელი არის უმთავრესად თავად-აზნაურობა და მსხვილი მემამულენი. ბ. ონიაშვილი, რომ ბრძანებს, რომ ტყე ეკუთვნის ხალხსა და სახელმწიფოსო, მე ვამტკიცებ, რომ ხალხს არა აქვს არც მეათედი იმისა, რაც აქვს ჩვენ თავად-აზნაურობას, რომელსაც ტყე ჩამოერთვა და ეხლა კი უკან უბრუნდება (არსენიძე ადგილიდან: საიდან სჩანს ესა?) იმ პირს, რომელსაც ერთ ნორმაზე ნაკლები აქვს მიღებული, რასაკვირველია, უნდა საკუთარ ტყიდან შეუვსოთ ეს ნორმამდე. მაგრამ თქვენ გინდათ ზუბრებს მისცეთ ტყე, მისცეთ ის, რაც მათ დააკლდათ. ჩაუკვირდეთ რას ნიშნავს ეს. (ხმა: ვინ არის ზუბრი?) ამაზედაც მოგახსენებთ.

თავმჯდომარე. ბატონებო, გთხოვთ საშვალება მისცეთ ორატორს გამოსთქვას აზრი. რეპლიკები ღებულობს ბაასის ხასიათს; საშვალება არა გვაქვს არც ჩვენ, არც სტენოგრაფისტებს მოსდიონ კრების ასეთ მსვლელობას. მიუღებელია როცა რეპლიკები ასე გამბმული და განუწყვეტელია. გთხოვთ ეს მიიღოთ მხედველობაში განაგრძეთ, ბ. ორატორო!

ღლონტი. როგორ შეიძლება ათი და შვიდი დესიატინის პატრონი იყოს ზუბრი. ზუბრი ეს არ გახლავთ. ზუბრი არის ის, ვისაც ათასი დესიატინობით ქონდა, თქვენ ჩამოართვით და ეხლა კი უკან უბრუნებთ - აი, ეს გახლავთ ზუბრი. როცა ჩვენ ჩამოვართვით დიდ მემამულეთ ადგილები და გადავეცით წვრილ მესაკუთრეთ, მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ამით ვსდგამთ დიდ კულტურულ ნაბიჯს და ეფექტს მოვახდენთ ხალხში-თქო. და ეხლა როცა ტყეებს ისევ უბრუნებთ მუქთახორა თავად-აზნაურობას, უნდა ვიკითხოთ რამ გაამტყუნა ჩვენი მოტივი? რამ გააკეთა, რამ გააუმჯობესა ჩვენი მფლობელი კლასი, რომელიც მაჯლაჯუნასავით კისერზე აწვა ჩვენ მშრომელ ხალხს, რა ცვლილების მოწმე ვართ ჩვენ დღეს? რა პეტრუბაცია მოხდა ამ ხალხის ფსიხიკაში? სრულიად არაფერი. მაგრამ რაშია საქმე? სად უნდა ვეძიოთ მიზეზი დღევანდელი დეკრეტის წარმოშობისა? მიზეზი გახლავთ ის, რომ მთავრობა ფიქრობს, რომ მარტო ციხეებითა და ზარბაზნებით ანარქიის მოსპობა შეუძლებელია, რომ საჭიროა რეფორმები. და მთავრობას გონია, რომ ეს დეკრეტი აქეთკენ იქნება მიმართული, რომ იგი თითქმის გაანელებს ჩვენში ანარქიას. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თვითონ ეს დეკრეტი გახდება წყაროდ ანარქიისა. თქვენ არ გყავთ ისეთი ადმინისტრაცია, რომ თუ გნებავთ, ეს დეკრეტი გაატაროთ ცხოვრებაში მიზანშეწონილად. (არსენიძე: მაშ თქვენ მოგანდობთ!) დიახ, რომ სახელმწიფო ძალაუფლება გადასცეთ სოც.-ფედერალისტებს არაფერს არ დაკარგავთ. (ხმა: თქვენ ხელში იყო უწყება?) დიახ, იყო და თუ ჩვენ იგი ვერ დავაყენეთ შესაფერ სიმაღლეზე, ეს იმიტომ, რომ თქვენ ხელს გვიშლიდით. (საყვარელიძე ადგილიდან: ჩქარა სამი საათი იქნება!) რა უყოთ, ბ. საყვარელიძე, შემდეგ სხდომაზე კიდევ ერთ საათს ვილაპარაკებ.

ეხლა როგორ გამოიწვევს ანარქიას ეს კანონ-პროექტი? ეს დეკრეტი რომ ცხოვრებაში გატარდეს, ხალხი შემდეგს მოგახსენებთ: საქართველოში დიდძალი ტყე არის, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს, თავად-აზნაურობას და მსხვილ გლეხობას. ხშირად ჩვენში ტყით მფლობელობა არის გვარობით, მთელს გვარს აქვს რამოდენიმე ათასი დესეტინა. როცა მე შევეკითხე ბ. კ. ნინიძეს, წარმოდგენილი აქვს თუ არა მას, როგორ მიიღებს ასეთი გვარი ამ დეკრეტს, მან ისეთი პასუხი მომცა, რომ თითონ არ არის კმაყოფილი ხსენებული დეკრეტით.

თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება კრება გაგრძელდეს ერთი საათით. ვინ, არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, კრება გრძელდება. ბ. ორატორო, განაგრძეთ!

. ღლონტი. ტყე, მაშასადამე, აქვს მთელ გვარს, რომელიც შესდგება ოცდაათ, ორმოც კომლისაგან. გვარის საქმეებს ტყის შესახებ აწარმოებდა ერთი წარმომადგენელი და ასეთ შემთხვევაში, მე შევეკითხე დეკრეტის ინიციატორს, როგორ გინდათ მოახდინოთ განაწილება, მთელ გვარს მისცემთ ერთად, თუ თითოეულ კომლს ცალკე. თუ გვარს, ოცი, ოცდაათი კომლისაგან შემდგარს, ერთად მიეცით შვიდი დესეტინა, მაშინ ხომ ამას არავითარი აზრი და მნიშვნელობა არა აქვს, არაფერს არ მისცემს გვარს გარდა ერთურთ შორის ჩხუბისა და დავიდარაბისა, ხოლო თუ თითოეულ კომლს შვიდი დესეტინა მიეცით, მაშინ მთელი ტყე დარჩება ისევ ძველ მეპატრონეს, გვარს. დეკრეტი ვერ არკვევს ამ საკითხს, არ არის გათვალისწინებული ის მდგომარეობა, რომელიც უნდა შეიქმნას დეკრეტის ცხოვრებაში გატარების დროს. (ხმა: სად არის ასეთი საგვარო მფლობელობა?) ამას კითხულობს ოზურგეთის ქალაქის თავი, სადაც სწორედ ასეთი მფლობელობა არის, (ხმა: დაასახელეთ!) დიდი სიამოვნებით: ებრალიძე, ქარცივაძე, ურუშაძე, ჭყონია, ჯაფარიძე და სხვ. შეიძლება გნებავთ კიდევ დავასახელო გვარები. მე ეჭვი არ შემდის, რომ ეს გარემოება არც უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს ესმის და არა აქვთ ნათელი წარმოდგენა საკითხის შესახებ და როდესაც არ არის გარკვეული, ვის მიეცემა ტყე, ან რამდენი, როგორ და რა პირობებში, მაშინ ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ვიცით, რომ ეს კანონ-პროექტი გამოიწვევს მხოლოდ ალიაქოთსა და ანარქიას. მომხსენებელმა განაცხადა, რომ კერძო ინიციატივის ხელში ტყე უფრო შეინახება, ვიდრე საზოგადო ინიციატივის დროსო. ჩვენ არა ერთხელ გვქონდა შემთხვევა გვეთქვა, რომ სოც.-დემოკრატები მისდევენ ძველის-ძველ დახავსებულ აზრს. 1892 წლის შემდეგ ვერც ერთ სოც.-დემოკრატს და საერთოდ სოციალისტს ვერ დამისახელებთ, რომ კერძო ინიციატივას უპირატესობას აძლევდეს საზოგადოსთან. ყველამ აღიარა, რომ აუცილებელია პრიმატი საზოგადო მეურნეობისა. ამას ამტკიცებენ თქვენი ლიდერები ევროპაში: კ. კაუცკი, ბერნშტეინი და სხვები.

ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადო მფლობელობის დროს ტყე უფრო შეინახება, თქვენი აზროვნება ამ საკითხში კი დაბერებულია.

თავად-აზნაურობა, რომელიც ხედავს, რომ სოც.-დემოკრატიამ წაართვა გუშინ ტყე და დღეს ისევ დაუბრუნა, ცხადია იფიქრებს, რომ იმავე სოც.-დემოკრატიამ შეიძლება ხვალ ისევ წაართვას. და ასეთ პირობებში იგი დააჩქარებს ისარგებლოს თავისი დროებითი უფლებით და ტყეს არა თუ მოუვლის, არამედ პირწმინდად გაანადგურებს. ეს არის ფაქტი.

მამულის პატრონები ამ დეკრეტის გამოქვეყნებისთანავე იფიქრებენ, მალე თუ არ ვისარგებლეთ იმ ნორმით, რომელსაც ისინი ამ დეკრეტით მიიღებენ, თუ არ ამოვწურეთ მისი სიმდიდრე, დღეს გარდამავალი ხანაა და შეიძლება მდგომარეობა შეირყეს და ეს დადგენილებაც შეიცვალოს და მამულიც წაგვერთვასო. ასეთი დიდი ადგილები აქვთ კერძო მესაკუთრეთ და ისინი შეეცდებიან ტყიდან ყველაფერი გაიტანონ, რაც კი შესაძლებელია ტყავი გააძრონ, უდიდესი სარგებლობა გამონახონ. ამით კი ტყე საბოლოოდ განადგურდება (ხმები ადგილიდან: ახლაც ანადგურებენ!) ახლა თუ შვრებიან და ანადგურებენ ტყეს, ეს იმიტომ, რომ არ არსებობს შესაფერისი ტყის მტკიცე ადმინისტრაცია, ტყეს არ უვლიან და ყველა ჩადის იმას, რაც კი მოესურვება. ახლა რომ შედიან ეს იმიტომ, რომ არ არის არავითარი მოწესრიგება ტყით სარგებლობისა, არ არის მოწესრიგება მისი დაცვისა და ამის მიზეზები თქვენ უნდა ჰკითხოთ მიწად-მოქმედების სამინისტროს და იმასთან უნდა გამოარკვიოთ ეს საკითხი. მაგრამ რა შუაშია აქ თავად-აზნაურობისათვის მიწების დარიგება. ამ დეკრეტის მნიშვნელობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ გლეხობას მისცეთ ტყით სარგებლობის უფლება, მისცეთ უსასყიდლოდ შეშა და სხვა საჭირო და აუცილებელი მასალა, არამედ იმაში, რომ გაკოტრებულმა თავადაზნაურობამ კვლავ მიიღოს ტყის განსაზღვრული ნორმა. ეს არის ამ დეკრეტის შინაარსი. დიახ, სწორედ ამიტომ მოგემხროთ თქვენ ვეშაპელი და ნაციონალ-დემოკრატები. იმიტომ კი არ მოგემხროთ, რომ თქვენ ადვილად აძლევთ ტყეს მიწის მუშებს, არამედ იმიტომ, რომ იცავთ თავად-აზნაურობის ინტერესებს ამ დეკრეტით. თქვენ შექმენით ნაც.-დემ. ერთად ბლოკი სოციალისტების წინააღმდეგ. რაც შეეხება თვით ბუნებას და თვისებას, იგი სავსებით დამახასიათებელია სოც.-დემ. ფრაქციისათვის. ისინი ფიქრობენ, დღეს წვრილი ბურჟუაზიული ეპოქაა, საქართველო წვრილი ბურჟუაზიული ქვეყანაა და დეე წვრილი ბურჟუაზიული რეფორმები განვახორციელოთ. მაგრამ, საყურადღებოა, რომ დღეს ისინი ამ ზომასაც გასცდენ, უფრო წინ წავიდენ და ისე ღრმად შესტოპეს, რომ წვრილი ბურჟუაზიული რეფორმების გატარებას თავი დაანებეს და ახლა ფეოდალურ მიზნების განხორციელებას შეუდგენ.

ერთმა ჩვენმა ამხანაგმა სთქვა, რომ როცა სოც.-დემ. მუშაობას ვუკვირდები, მათ მუშაობას ვითვალისწინებთ, ერთ დასკვნამდის მივდივარ: სოციალ-დემოკრატიამ შექმნა ერთი ჯგუფი - სოც.-დემოკრატიული ბურჟუაზია, მაგრამ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ეს პროცესიც თავდება და ჩდება ნაცვლად სოც.-დემ. ბურჟუაზიისა, სოც.-დემ. არისტოკრატია. ამდენ ხანს ლაპარაკობდენ, ხელმძღვანელობდენ ერთი დევიზით: დემოკრატიზმით - სოციალიზმისკენ, დღეს კი მათ მეოხებით ეს დევიზი ასე შეიცვალა: დემოკრატიზმით - ფეოდალიზმისაკენ. ასეთი აბრუნდი დაემართა სოციალ-დემოკრატიას. და დაემართება ყოველთვის ისეთ პარტიას, რომელიც ანარქიის პროცესში ჩაიჭრება და მას თავს ვერ გაართმევს. ასე დაემართება ისეთ პარტიას, რომელიც ვერ ხედავს ანარქიის ნამდვილ მიზეზებს და ვერ ღებულობს ზომებს მის საწინააღმდეგოთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უმთავრესი მიზეზი ანარქიისა, არის ის, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი არ არის დაკმაყოფილებული. და იმის მაგივრათ, რომ მოინახოს ამის მიზეზები, და შესაფერ სოციალურ რეფორმებით მოსპოთ ეს მიზეზები, თქვენ ისევ ძველ გზით მისდევთ და დღეს, რომ ბოლშევიკურ მოძრაობას აქვს ადგილი სწორედ გურიაში, დამახასიათებელია სწორედ ეს; რათ ივიწყებთ, რომ ასეთი მოძრაობა, აღმოცენებული მიწის ნაკლუვანობაზე, იყო გურიაშივე 1905 წელში და ეს მოხდა იმიტომ, ვიმეორებ, რომ იქ დიდი გაჭივრებაა. და ეს მოძრაობა არ დასცხრება, პირიქით, გაძრიელდება, თუ გლეხებს არ მიეცით მიწა (ადგილიდან სოც.-დემ: - საიდან?) საიდან და იქიდან, იმ ნორმებიდან, რომელიც თქვენ დაარიგეთ აგრარულ კანონის მიხედვით, სწორედ იმ ნორმებიდან. (ლეო ნათაძე ადგილიდან: ეყოფათ კი?) დიახ, ბატონო ნათაძე, უფრო ეყოფათ. ყოველ შემთხვევაში თქვენ უნდა სდუმდეთ, ვინაიდან არავითარი, წარმოდგენა არა გაქვთ მიწის საკითხზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მუქთა-მჭამლებს, პარაზიტებს, ყველას ვინც თვითონ არ იმუშავებს მიწას, უნდა ჩამოერთვას მიწები და მიეცეს მიწის მუშას. (არსენიძე: სტატისტიკაში სწერია). დიახ სტატისტიკაში, და თქვენ, რომ კითხულობდეთ მეტი წარმოდგენა გექნებოდათ (არსენიძე: თქვენ ფელეტონებს არ ვკითხულობ მართლაც!) ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, სახელდობრ, რომ ვინც არ მუშაობს არ მიეცეს მიწა, რომ იყოს გატარებული, მაშინ მიწის ფონდიც მეტი გექნებოდათ, მიწა სამყოფი იქნებოდა. და თუ კიდევ ნორმას დაუახლოვებთ შრომის პრინციპს, ამ შემთხვევაში თავისუფალი მიწა კიდევ მეტი დარჩება და გლეხობაც დაკმაყოფილდება. (საყვარელიძე ადგილიდან: ეს უნდა გლეხობას?) დიახ, ჩვენ გლეხობას ეს უნდა. მიწა უნდა გლეხობას. (ხმაურობა ყველა სკამებზე. ზარი. ხმაურობა გრძელდება).

თავმჯდომარე. სანამ არ დაწყნარდებით მე არ მივცემ ნებას ორატორს განაგრძოს თავისი სიტყვა. (სიწყნარე) გთხოვთ განაგრძოთ სიტყვა, მხოლოდ რეპლიკებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას

ღლონტი. და ეს დეკრეტი კი, ეს კანონი რას მისცემს ხალხს? ონიაშვილმა დაუმალა საზოგადოებას მთავარი აზრი დეკრეტისა. მან სთქვა, დეკრეტი ხალხს მისცემს კერძო საკუთრებათ ტყესო, მაგრამ მე ვეკითხები მას, თავად-აზნაურობას, რომელსაც ტყე არა აქვს, მიეცემა თუ არა ამ დეკრეტით ნორმა? (არსენიძე: არ არის ასეთი!) ბატონო არსენიძე, ერთიც რომ იყოს ხომ მიეცემა. (ხმაურობა. არაფერი არ ისმის. ზარი).

თავმჯდომარე. თუ თქვენ არ დაიცავთ წესიერებას. მე იძულებული ვიქნები მივმართო მკაცრ ზომებს, გთხოვთ დაწყნარდეთ და ნუ შეუშლით ხელს ორატორს. განაგრძეთ, ბატონო, ორატორო!

ღლონტი. თუ ესეც გაუგებარია, თუ ესეც სადავოა, რომ თავად-აზნაურობა, რომელსაც ჩამოერთვა წინეთ მამული, ამ დეკრეტით მიიღებს ნორმას, მაშინ... (დიდი ხმაურობა ყველა სკამებზე).

თავმჯდომარე. დაწყნარდით, ბატონებო, სანამ არ დაწყნარდებით ორატორს არ მივცემ ნებას განაგრძოს, ვინაიდან ასეთ ხმაურობაში ყოვლად შეუძლებელია თვალყური ადევნოს სტენოგრაფისტებმა კრების მიმდინარეობას. ნუ დამასახელებინებთ იმ დეპუტატების გვარებს, რომლებიც არღვევენ წესს. ერთის მეტი არ დამისახელებია, ახლა კი დავასახელებ სხვებსაც. რეპლიკებს ნუ აძლევთ გაბმულ კამათის ხასიათს და თქვენ, ორატორო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ რეპლიკებს. განაგრძეთ.

ღლონტი. თუ ეს სადაოა თქვენთვის, სადაო არის, რომ თავად-აზნაურობა ამ დეკრეტით მიიღებს ტყეს, მაშინ სავალდებულო არის დამფუძნებელ კრების წევრთათვის, ასეთი ცნობების ქონება, მათ უნდა იცოდენ გარკვევით თუ ვის შეეხება ეს დეკრეტი. მე ვამტკიცებ, რომ, თუ გინდათ, დიდი უმრავლესობა, ტიპიური თავად-აზნაურობა ამ დეკრეტით აიღებს ტყეს. და მაშინ როდესაც თავად-აზნაურობა იღებს ტყეს ისევ უკან, გლეხი არაფერს და ამას იგი ხედავს, აბა მითხარით რა პოლიტიკურ ეფექტს მოახდენს ეს და, ან რას იტყვის გლეხობა. ეს იმ პოლიტიკურ ეფექტს მოახდენს, რომ უკმაყოფილება გაიზრდება და ანარქიაც გაძლიერდება. საჭირო კი არის ეს დღევანდელ ჩვენ პოლიტიკურ მდგომარეობისათვის? ჩვენთვის საჭიროა მყუდროება, ნორმალური ეკონომიური აღმშენებლობითი მუშაობა, თქვენ კი გვიქნით ამ დეკრეტით ისეთ პირობებს, რომელიც ხელს უშლის ამ ეკონომიურ მუშაობას და ანარქიის ქარტეხილში ისვრის ქვეყანას. ჩვენ სოც.-ფედერალისტები ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ტყე უნდა იყვეს მთელი ერის საკუთრება, რომ ტყის მოშენება, მოვლა და პატრონობა უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს საშვალებით. როცა აქ ვლაპარაკობ ამ საკითხის შესახებ, მომხსენებელი, რომელთანაც ამაზე მქონდა კამათი აგრარულ კომისიაში, იტყვის, რომ ეს დეკრეტი არ ეხება ტყეს, არამედ იმ ბუჩქნარებს, რომლებიც აკრავს სოფლებს. მაგრამ ეს პატარა ვარიაცია იქნება, ვინ არ იცის, რომ იქ, სადაც საჭირო იქნება, დეკრეტი ყველას შეეხება.

მეორე მხრით, ტეხნიკურადაც მიუღებელია, ვინაიდან ძლიერ ძნელია ამ დეკრეტის ცხოვრებაში გატარება. თქვენ ატარებთ ისეთ დეკრეტს, რომელშიაც სრულიად გამოურკვეველია თუ დიდ გვარეულობას, როგორ და რამდენი ნორმა მიეცემა (არსენიძე: არ მიეცემა არც ერთი ნაჭერი!) ეს არის მხოლოდ ლიტონი განცხადება, ლიტონი სიტყვა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საკითხთან. (არსენიძე: არც ერთ ნაჭერს არ მიიღებს). ვისაც გაგების უნარი არ წართმევია, ისიც გაიგებს, რომ ამ დეკრეტის ძალით ყველას შეუძლია თქვას, რომ მას უფლება აქვს მიიღოს ნორმა. ტყის დაცვის თვალსაზრისითაც ეს დეკრეტი მიუღებელია, რადგან ვერაფრით ვერ არკვევს, თუ რა წესით მოხდება ტყის მოვლა, ვინაიდან პატარა საკუთრებად გადაცემული ტყე არასდროს დაცული არ იქნება (ვეშაპელი: თქვენი ზომით?) საკუთრება სხვაა და სარგებლობა სხვაა ბატონო, ვეშაპელო. და მათ ვისაც ტყე პატარა საკუთრებად ექნება დანაწილებული არა თუ მოუვლიან, არამედ სავსებით გააჩანაგებენ. როგორც კი შეუშვებთ ტყეში მფლობელს, ის იქ ისეთ საწყობს გაიჩენს, რომ ბევრი სხვა გადავა ბოროტად და მალულად მასთან ამ ტყეში. (ვეშაპელი: ახლა?) ახლა მომვლელი არ არის. საქმე იმაშია, რომ თქვენ ვერ მოგივლიათ ტყისთვის და აძლევთ მესაკუთრეთ, რომ ისინი მოუვლიან, მაგრამ ისინი უფრო გააპარტახებენ, ვიდრე მოუვლიან მას. ამიტომ ტყის მოვლის და გაშენების თვალსაზრისით შეუძლებელია ტყეში წვრილი სხვა და სხვა ელემენტების შეშვება. ტყის მოვლა შეიძლება როცა მას ჰყავს ერთი მფლობელი, როცა ის იქნება განუყოფელი, ხოლო სადაც ერთი მთლიანობა არის, ჩვენ ეს მთლიანობა უნდა დავიცვათ, თქვენ კი მას აქუცმაცებთ, სჭრით, შეგყავთ შიგ ის ელემენტები, რომლებმაც ძველად ვერ მოუარეს და ამბობთ, რომ ახლა მოუვლიანო. სადაური ლოღიკაა ეს? ასეთი ეკონომიური მოსაზრება არის პოლიტიკური მოსაზრებაც, რომ ეს გამოიწვევს დიდ ანარქიას და მესამე, ტყის დაცვის თვალსაზრისით ეს ტყეს გაანადგურებს, ამით ჩვენი ფრაქცია ამბობს, რომ ეს დეკრეტი არ არის მისაღები (ვეშაპელი: ერთხმად ამბობს?) დიახ, ჩვენ ყოველთვის ერთხმად ვამბობთ, ჩვენ ორი აზრი არა გვაქვს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს რ. არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! რასაკვირველია, კარგი საქონელია დემაგოგია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ისეთი სპეკულიატიური მიზნისთვის იყენებენ, როგორც დღეს ამ ტრიბუნიდან.

მე ვამბობ, არავითარი სხვა დახასიათება არ შეგვიძლია მივცეთ თედო ღლონტის სიტყვას. რომელიც მან აქ წარმოსთქვა. მთელი მისი აზროვნების მთავარი ხაზი იყო ის, რომ ჩვენ ამ დეკრეტით უბრუნებთ ტყეებს ლატიფუნდიებს პატრონებს. ეს არის ისეთი გაუგებრობა, რომელსაც ვერ მივაწერ თ. ღლონტს, იმიტომ, რომ მან განზრახ სიცრუე წარმოსთქვა, რომ შეცდომაში შეეყვანა ხალხი.

ყველა გაიგებს, რომ თუ ჩვენ მივცემთ ტყეს იმ პირთ, რომელთაც არა აქვთ ნორმა, ის არ იქნება ლატიფუნდიების პატრონი. (თ. ღლონტი: იყო, იყო!) ვთქვათ იყო, მაგრამ მან 7 დესეტინა უკვე მიიღო და ცხადია ლატიფუნდიების პატრონებს ამ დეკრეტით არაფერი არ ერგებათ. მხოლოდ ერგებათ იმათ, რომლის მთელი ნორმა 7-15 დესეტინას არ აღემატება და ამათი ლატიფუნდიების პატრონებად დასახვა - ეს უდიდესი სიყალბე და დემაგოგია არის, რომლის წამოსროლაც არ ეპატიება პატიოსან პოლიტიკურ მოღვაწეს. რადგან აქედან ნათქვამ ყოველ სიტყვას გასავალი აქვს მთელ რესპუბლიკაში და ყოველი სიტყვა წინასწარ უნდა იქნეს მოფიქრებული და არა ისე ზერელეთ წამოსროლილი, როგორც ეს ისურვა წინა მოლაპარაკემ. (ს. დადიანი: თქვენ შეგიძლიანთ ლაპარაკი - ჩვენ არა?!) თქვენ რაც გინდოდათ ის ილაპარაკეთ, მაგრამ ეხლა ნება მომეცით უწოდო თქვენ სიტყვებს სიყალბე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სიყალბის უფლებას ვერ მოგცემთ.

გადავდივარ შემდეგზე, დაგვისახელეთ ერთი მაგალითი. შესაძლებელია ერთი მემამულე გამოჩნდეს, რომელსაც ტყის მეტი ქონდეს რა და იმას მიეცეს ტყე. შეიძლება თეთრი ყვავი გამოჩნდეს, რომელსაც არც ერთი დესეტინა არ გაუკაფავს, შეიძლება ისეთი არქაული პირი გამოჩნდეს, მაგრამ, ნუ თუ ამ ერთ კაცისთვის ყველა წვრილი მესაკუთრე დავტოვოთ, რომ მას 7 დესეტინა არ დაუტოვოთ, რომ თავი ირჩინოს? ეს არის ლოღიკა? მე ვამბობ, რომ ერთ მემამულეს ვერ ვანაცვალებთ 1000 და მეტს გლეხ კაცს, რომელთაც აქვთ თავისი პატარა ტყეები, განსაკუთრებით იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში და სხვაგან, რომელსაც გლეხ-კაცი უვლიდა თავისებურად, ისტორიულ კულტურის შემუშავებული წესით. ასეთ ტყეებს ჩვენ ვერ წავართმევთ. შეიძლება თ. ღლონტმა არ იცოდეს, რადგანაც სასტატისტიკოში არ სწერია, თუ როგორი ტყის გაშენება იციან ჩვენში გლეხებმა, თუ როგორ აშენებენ ისინი თხმელარს, წაბლარს და სხვა. თუ ეს თედო ღლონტმა არ იცის, მივიდეს იმ სოფელში თავისი სოციალიზაციის დეკრეტით და ჰკითხოს, როგორ ამუშავებს გლეხი ტყეს. გლეხი არასოდეს არ გააჩანაგებს ტყეს ისე, რომ ახალი არ მოაშენოს. მე მინახავს ზოგიერთი სოფლები რკინის ღობით შეკავებული, რომ ყლორტები, ახლად ამოყრილი, საქონელმა არ გადაჭამოს. და რომ სამინისტრო მოსდგეს ამ შემოღობვას - ის ვერ შესძლებს ამას და გლეხი კი უკეთესად მოუვლის. ის ღამესაც კი ათევს, რომ მეზობელმა არ წაუქციოს ღამე და საქონელმა არ გაუფუჭოს ტყე. ის მოუვლის ამ ტყეს უფრო უკეთესად, ვიდრე რომელიმე ცენტრალური მთავრობა (ხმა: ეს ხომ ნაც.-დემ. აზრია?) ვთქვათ ეს ნაციონალ-დემ. აზრია, მაგრამ მე ვამბობ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავარი ძარღვი არის დემოკრატიის მოვლა-პატრონობა.

ჩვენ ვამბობთ, უნდა შეიქნას ისეთი წესი, როცა ხალხი თითონ არის დაინტერესებული ქვეყნის მოვლაში და ცენტრალურ მთავრობას გაუადვილდეს მათი მოვლა-პატრონობა. ბიუროკრატიზმი სცდილობს ზევიდან პატრონობას.

თქვენ მინისტრი ვერ დაგიყენებს ყველა მილიციებს. მილიციელების დაყენება არის მოვალეობა ადგილობრივი დემოკრატიისა. ეს საქმე იქ კეთდება უკეთესად, სადაც თითონ ადგილობრივი დემოკრატია არის დაინტერესებული, თუ დღეს ჩანაგდება ტყეები ეს იმიტომ, რომ მას უდგია ზოგიერთი დაყენებული მოხელეები და არ შეიძლება დაყენებულმა მოხელემ ხალხის წინააღმდეგ რაიმე დაიცვას. ბ-ნ შენგელაიას გონია, რომ სოციალიზაციის დაცვა შეიძლება ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ სოციალიზაცია ისეთი მიუკარებელი გახდა ჩვენში რომ არა თუ ამ აზრს, მის მატარებელს ახლოს აღარ ატარებენ. ჩვენი აზრი და ჩვენი აგრარული კანონი კი ხალხმა სავსებით მიიღო (ხმა: თქვენ დამარცხდით!) ჩვენ თუ დავმარცხდით, თქვენ გაიმარჯვეთ, მაშ რატომ მოხდა ის, რომ უმრავლესობა დღეს ჩვენებია დამფუძ. კრ. ჩვენ ვამბობთ, არის ბევრ გაუგებრობა, რომელიც აგრარულ ნიადაგზე აღმოცენდა, ჩვენ ამას უწევთ ანგარიშს, გლეხ-კაცის ფსიქოლოგია არის ისეთი, რომ მისი გადატეხა არ შეიძლება. ჩვენ ვართ მომქმედი პარტია და ფანტაზიორები ვიქნებოდით, რომ გვეფიქრა, გლეხკაცს ჩამოვართვათ და ჩვენ გავხდეთ მისი პატრონი. ჩვენ ამას არ ვამბობთ და ამიტომ საჭიროა იმ ხალხს მიეცეს ეს მცირეოდენი ტყე და მიწა, ვინც მფლობელობდა და შემდეგშიაც დარჩეს მის საკუთრებათ.

ეს წვრილი ტყეები არის დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კართლ-კახეთში, უმთავრესად ქართლში, გლეხ-კაცებს სულ არ მოეპოვებათ ტყე, და მთავრობის უმთავრესი მნიშვნელობა აქ ტყიდან ფიჩხის გამოტანის და სხვა. ტყის უკან დაბრუნება კი ეხება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს გლეხობას, - იმერეთს, სამეგრელო-გურიას, და გარწმუნებთ რომ, თუ გნებავთ სტატისტიკური ცნობებითაც, 93%25 ტყეებისა დაუბრუნდება გლეხობას. და შეიძლება მხოლოდ ერთი პროც. შეხვდეს აზნაურობას. ბ. თედო ღლონტმა სთქვა, რომ ვეღარა იშოვა სადემაგოგიო, წვრილ აზნაურობას წამოავლო ხელი და სთქვა, რომ ტყე წვრილ აზნაურობას მაინც დაუბრუნდესო. მაგრამ არ არის ეს წვრილი აზნაურობა. მათ მხოლოთ შერჩენიათ აზნაურობისა, მაგრამ არსებითად, განსაკუთრებით იმერეთში, წვრილი აზნაური იგივ საწყალი მუშა გლეხია. ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამ წვრილ აზნაურობას არ ვებრძვით, იმიტომ რომ იგი წვრილი მესაკუთრეა და არა დიდი მემამულე. და რაც უნდა უთხრათ გლეხს წადი და მას ყელი გამოსჭერიო, ეს მე ვერ წარმომიდგენია. თუ ამ წვრილ აზნაურობას 5 დესეტინა მიწა აქვს, ამაში ორი დესეტინა ტყეა, განა ეს ორი დესეტინაც უნდა წავართვათ. ეს ხომ ყელის გამოჭრა იქნება. (ღლონტი: სამი დესეტინა!) ეს არის დემაგოგია, ეს არის მისისიანება, უბრალო წაქეზება, რომელიც არ შეეფერება არა თუ დამფუძნებელ კრების წევრს, არამედ უბრალო მართებულ ადამიანსაც. ეს ჩვენ შევიგნეთ მაშინ, როდესაც სარევოლიუციო მუშაობა დავიწყეთ ამ 20-30 წლის წინეთ, და ჩვენ უბრალო პროპაგანდისტსაც, რომ ჰკითხოთ, ისიც კი გეტყვით იმას, რასაც მე აქ ვიმეორებ: რომ ჩვენ არ ვებრძვით წვრილ აზნაურებს და არ გამოვყობთ მას გლეხობისაგან.

ეხლა, ბატონებო, შევეხოთ მეორე საკითხს - ავიღოთ ქართლ-კახეთი. აქ თავადები ვერ მიიღებენ ტყის ვერც ერთ ნაკვეთს, ვინაიდან მათ მიწები უკვე ჩამოართვეს, ყველამ მიიღო ნორმა ტყის გარეშე, და მათთვის ტყის მიცემა არც საჭიროა და არც დეკრეტი მოითხოვს ამას. მაგრამ ეს ტყე იქ, არც გლეხებს გადაეცემათ, ვინაიდან ტყე მათი საკუთრება უწინაც არ ყოფილა. იქაური გლეხი წინად თავადის ტყეში დადიოდა, უფასოდ, ან მცირე ფასით სარგებლობდა მით, და დღესაც უნდა მიეცეს მას ასეთი საშუალება. აქამდის ბოლშევიკები ეუბნებოდენ გლეხებს: ტყე წაგართვეს და აჯანყდითო, და თუ დღეს ასეთი დემაგოგიით წაბრძანდება ბ. თედო ღლონტი ხალხში, მას არ მიიკარებენ, რადგანაც ჩვენ გლეხობას მისი სოციალიზაცია არ მოსწონს. არც ქართლის, არც გურია-სამეგრელოს გლეხობის კულტურული ცხოვრება და წარსული არ შეეფერება ამ სოციალურ პირობებს. ნურც რუსის გლეხს მოიყვანთ მაგალითად. ასეთმა ექსპერიმენტებმა რუსეთის სოციალისტურ პარტიებს მხოლოდ დამარცხება მოუტანა. სოციალისტ-რევოლიუციონერებს შედეგათ მისცა სრული და სასტიკი გაკოტრება, ხოლო ბოლშევიკებს მუდმივი სამოქალაქო ომი და დაუსრულებელი სისხლის ღვრა. დიახ, ომის დაწყება ადვილია, ბატონებო, მაგრამ იქიდან ამოძრომა კი მეტად საძნელო. რუსეთის მაგალითებს ჩვენ მეტად სიფრთხილით ვეკიდებით და მათი წაბაძვა თედო ღღონტისათვის დაგვილოცნია. (დარბაზში ხმაურობა. გობეჩია: როლშია შესული აცალეთ! ხმა: ახალი ექსპერიმენტია?) აქ ექსპერიმენტი არ არის, აქ არის გლეხის კონსერვატიზმი, იმ გლეხის, რომელსაც თავის გაშენებული ტყე უყვარს, და ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს სჯობს ეს ტყე მასვე დაუტოვოთ.

არც ერთი ჭკუაში მყოფი პოლიტიკური მოღვაწე არ მოისურვებს ერთბაშად გალაშქრებას მთელი ბურჟუაზიის წინააღმდეგ. ასეთი მაგალითები იყო რუსეთში, როცა ლენინი თავის დეკრეტებში აცხადებდა: ჩვენ მსხვილ ბურჟუაზიას ვებრძვითო, ერთი კვირის შემდეგ კი აცხადებდა: მსხვილი ბურჟუაზია დავამხეთ, ახლა წვრილზე გადავალთ და შემდეგ სოფლის „კულაკებს“ მოუბრუნდებითო. მაგრამ რა მოუტანა ამ დეკრეტებმა რუსეთს, თქვენ კარგად იცით!

ჩვენი მიზანი იყო მსხვილი თავად-აზნაურობის, როგორც უვარგისი კლასის გაუქმება, და ამ მიზანს კიდეც მივაღწიეთ, ისინი სავსებით ჩამოვიშორეთ. ჩვენთვის უმჯობესია დღეს-დღეობით გლეხის ფსიქოლოგიას შევეგუოთ, ვინაიდან მისი გადატეხვა თუ მოვინდომეთ, შეიძლება ჩვენც კისერი წავიტეხოთ ზედ. ჩვენ ეს არ გვსურს და თუ თქვენ გსურთ, სცადეთ ბ. სოც.-ფედერალისტებო, ჩვენ კი რაკი ხალხმა ერთგვარი ნდობით აღგვჭურვა, არ შეგვიძლია ანგარიში არ გაუწიოთ გლეხის ფსიქოლოგიას, რომელსაც არსებითად არ ვიზიარებთ. ჩვენ სოციალიზმი გვინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც გლეხი საამისოდ შეემზადება, შეისწავლის, (ასათიანი: რომ ვერ შეისწავლოს?) მაშინ ეს თქვენთვის სასიხარულო იქნება, მაგრამ თუ შეისწავლა, თქვენ მწარე ცრემლებს გადმოყრით.

ჩვენ ახლა ბევრ რამეს უთმობთ გლეხებს, ჩვენ ამას არ ვფარავთ, აშკარად ვაცხადებთ და ჩვენ დათმობას მომავალი გაამართლებს. ეს დათმობა თუ გინდათ დიდი პოლიტიკური ნაბიჯია, ვინაიდან მან ბევრი არა სასიამოვნო მოვლენა აგვაცდინა თავიდან და იმედია მომავალშიაც აგვაცდენს. მეტს გეტყვით, თუ ბოლშევიკურ ანარქიის ჩაქრობაში ადგილობრივმა ძალებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ეს იმიტომ, რომ აგრარულ რეფორმით ძალიან ბევრია დაკმაყოფილებული და მხოლოდ მცირეოდენი ელემენტი დარჩა უკმაყოფილო და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სტატისტიკურ ცნობების მიხედვით, გლეხობას ჩვენში სულ ჰქონდა 36 ათასი დესეტინა ტყე და ეს ტყე კიდეც რომ განადგურდეს, ერთი ხეც აღარ დარჩეს, მთავრობას იმდენი ტყე კიდევ დარჩება, რომ ტყის კულტურა აწარმოვოს და სამაგიეროდ აჯანყების მომწყობ ელემენტებს სათქმელი მაინც აღარ ექნებათ ტყე წაგართვეს და აჯანყდითო. თუ გინდ ეს 36 ათასი დესეტინა ტყე კიდევაც გადიწვას, მე გეკითხებით თქვენ - რას ირჩევთ, ამ ტყის დაკარგვას თუ გლეხების გადამტერებას? ჩემის აზრით ტყის დაკარგვა სჯობია სისხლის ღვრას, ვინაიდგან სისხლი უფრო ძვირად ღირს და აჯანყება, არეულობა უფრო მეტად დაგვიჯდება, ვიდრე ეს ტყე ღირს.

ეს არის სრული უაზრობა და გაუგებრობა ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიისა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დეკრეტი ჩვენ მომავალში ბევრს გაგვიშუქებს და ბევრს გაუგებრობას აგვაცდენს თავიდან და მეტ სარგებლობას მოუტანს ჩვენს დემოკრატიას და ამ მოსაზრებით მიღებულიც უნდა იქნეს. (ტაში).

თავმჯდომარე. სანამ მომხსენებელს მივცემდე სიტყვას, უნდა მოგახსენოთ. რომ კრება უნდა შემწყდარიყო 3 საათზე, თანახმად თქვენივე დადგენილებისა, ახლა 4 საათს 5 წუთი აკლია. მაგრამ მე მაქვს სოციალ-დემოკრატიის ფრაქციის წინადადება, რომ კრება დაინიშნოს ხვალ დილის 12 საათზე. ეს ზომა მე სავსებით სამართლიანად მიმაჩნია, ვინაიდან მრავალი კანონ-პროექტია დაგროვილი, ამიტომ ეს ზომა მისაღებია. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინადადების წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. კრება დანიშნულია ხვალ დღის 12 საათზე.

სხდომა იხურება 4 საათზე.

8 სამოცდამეშვიდე (სასწრაფო) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(67)

1919 წელი, ოთხშაბათი. დეკემბრის 3. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივნის ამხ.

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა და 40 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. დღიური წესრიგი იგივეა, რაც გუშინ იყო. ვიდრე მის განხილვას შეუდგებით, მინდა მოგახსენოთ წინადადება პრეზიდიუმისა იმის შესახებ, რომ თუ დამფუძნებელ კრებას არაფერი საწინააღმდეგო ექნება, ყველა შეკითხვები გაირჩეს ხოლმე პარასკეობით, გარდა იმ შეკითხვებისა, რომელნიც განსახილველნი არიან სასწრაფოდ. თუ ამის წინააღმდეგი არავინ არის, ამას მიღებულად ჩავთვლი.

მეორე ის გახლავთ, რომ გუშინ განხილული იყო საკითხი მატყლზედ და აბრეშუმის პარკზედ მონოპოლიის გამოცხადების შესახებ. ამის საბოლოო ტექსტი იქნეს განხილული დღესვე, ვინაიდან ეს საჩქარო საკითხი გახლავთ.

გადავდივართ დღიურ წესრიგზედ. პირველი საკითხია:

გაგრძელება მსჯელობისა ტყის მფლობელობის და სარგებლობის შესახებ.

მომხსენებელია ბ. ნინიძე.

კირილე ნინიძე (ს.-დ.) ბატონებო! ჩვენი აგრარულ კანონმდებლობის თვალსაზრისით სრულიად მარტივმა აგრარულმა დეკრეტმა გამოიწვია, ასე ვთქვათ, პრინციპიალური დავა, საუბედუროდ არა იმ მხრივ, რომ მოწინააღმდეგეებს წამოეყენებინათ პრინციპიალური მოსაზრებანი. ეს სრულებით არ ყოფილა. უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც სხვა და სხვა ორატორებმა წარმოსთქვეს, განსაკუთრებით ეს ეხება ს.-ფ. და ს.-რ. ორატორებს, არის ჩვენი აგრარული კანონის უარყოფა საერთოდ. აქ ბ. ვეშაპელმა სთქვა - ეს არის სულელური კანონიო. ბ. ნუცუბიძე უფრო რბილად მოიქცა; მან განაცხადა, რომ თუმცა ეს მშრომელებს იცავს, მაგრამ აქ არის მემამულეების დაცვის პრინციპიც და ამიტომ ჩვენი ფრაქცია თავს დაიჭერსო.

რაც შეეხება ფედერალისტებს იმათ ასეთი საშინელებაც კი გვაუწყეს, მაგალითად ბ. თედო ღლონტი ამბობს, რომ ეს დეკრეტი ანარქიის სათავედ გარდაიქცევაო და ამიტომ ის ამისი წინააღმდეგია.

მე ვამბობ, რომ ეს მოსაზრება არამც თუ არ არის სამართლიანი, სრულიად დაუსაბუთებელია. ამას სჭირია დასაბუთება. მაგრამ მანამ ამ დასაბუთებას შევეხები, მე მოგახსენებთ ერთ ფაქტიურ განმარტებას, ბ. ღლონტის განცხადების გამო. ბ. ღლონტი ამბობს, ვითომ ეს კანონ-პროექტი აგრარულ კომისიის მიერ მიღებული იყოს ნაჩქარევად. ეს არ არის მართალი, რადგანაც ბ-ნ ღლონტმა, როგორც ამ კომისიის წევრმა, უნდა იცოდეს, რომ ეს საკითხი აგრარულ კომისიაში დაისვა სექტემბრის გასულს და, მაშასადამე, აგრარულ კომისიას ორი თვის განმავლობაში შეძლება ჰქონდა ამ საკითხს გასცნობოდა. (თ. ღლონტი: რამდენი სხდომა მოანდომა?) მე არ ვიცი რამდენი სხდომა მოანდომა, მე არ დამითვლია. შეიძლება თქვენ დათვალეთ ბ. ღლონტო, ეს თქვენ უფრო უნდა იცოდეთ. ეს ერთი. მეორეც ის, რომ არ არის მართალი ბ. ღლონტი, როდესაც ის ამბობს, რომ ამ დეკრეტის შესახებ არ მოგვეპოვება ცნობებიო.

ჩვენ რომ გვქონდა მსჯელობა იმ ტყეების შესახებ, რომელიც ფონდში არიან გამოცხადებულნი და მაშინ ვლაპარაკობდეთ მათი განაწილების შესახებ, ან ისეთ ტყეებთან გვქონდეს საქმე, რომელნიც საექსპლოატაციოდ არიან დანიშნულნი, მაშინ სტატისტიკური ცნობები უნდა გვქონოდა, მაგრამ ჩვენ სულ სხვა მოსაზრება გვქონდა სახეში. ვღებულობთ აგრარულ კანონს, რომელიც არსებობს და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ აგრარულ კანონიდან ჩვენ უნდა გავაკეთოდ შესაფერი დასკვნა. უნდა მიეცეს ერთგვარი ხაზი მიწათმოქმედების სამინისტროს, რომელსაც არა აქვს კანონში გარკვეული გზა ნაჩვენები, ეს იყო უმთავრესი დებულება. ის კანონი, რომელიც განიხილა 7 მარტს სეიმმა და ის დეკრეტი, რომელიც განიხილა 16 დეკემბერს 1917 წელს, აი ის კანონი და ეს დეკრეტი ღიათ სტოვებენ საკითხს ტყეების და მადნების შესახებ. იქ მე-5 მუხლში ნათლათ არის ნათქვამი, რომ ტყეები არ იქნება განაწილებული მცხოვრებთა შორისო. თუ იურიდიულად ვიმსჯელებთ, განმარტება, უნდა ვსთქვათ, რომ ის ტყეები, რომელიც გადარიცხულია ფონდში, არ იქნება განაწილებული. მე-6 მუხლში ამგვარად არის ნათქვამი, რომ ეს მიწები დაურიგდეს მცხოვრებთ სამფლობელოთ. შემდეგ ჩვენ გვაქვს 7 მარტის კანონი, რომელშიაც აგრეთვე არის აღნიშნული ნორმა დატოვებისა და სპეციალურად ტყეების შესახებ კი არაფერი არის ნათქვამი გარკვეულად, ამ საკითხს იგი ღიად სტოვებს.

და აქედან სამინისტროს ჰქონდა საშუალება, ან უკეთ რომ ვსთქვათ, ჰქონდა გასამართლებელი საბუთი, რომ განემარტებინა ეს კანონი ისე, რომ თითქოს ყველა ტყე უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში; რადგანაც სამინისტრო დაადგა ამ გზას, და სხვა გზა მას არ ჰქონდა, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ სამინისტრო შეიძლება ამ გზას დაადგეს, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დამფუძნებელი კრება იძულებული და ვალდებულია ეს ერთნაირი გზა უჩვენოს სამინისტროს, მიეცეს ერთგვარი განმარტება მას და აი, სწორედ დამფუძნებელი კრება ამბობს, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს კანონი. და ბ. ვეშაპელს ტყუილად ჰგონია, რომ კანონის განვითარება და შევსება იყოს სულელური რამ. მან ამით სთქვა, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარლამენტი, დამფუძნებელი კრება გამოსცემს ხოლმე სულელურ კანონებს. და ტყულად ფიქრობს, რომ ეს არის დათმობის ნაბიჯი გამოცემულ კანონმდებლობის წინააღმდეგ. არავითარი დათმობა აქ არ არის, თუმცა... (შენგელაია: არსენიძემ ასე განაცხადა!) არსენიძემ განაცხადა, რომ ჩვენ გვირჩევნია 30.000 დეს. ტყე დაიღუპოს თუ კი ეს საჭირო იქნება რევოლიუციის გადასარჩენადო. მაშასადამე, აგრარული კომისია და არც... (ხმაურობა) არ არის საჭირო ის სტატისტიკური ცნობები, რომელიც მოგვცა ბ. ღლონტმა, იმიტომ, რომ ჩვენ აქ არავითარ ახალ მდგომარეობას, ახალ ურთიერთობას არ ვქმნით, ჩვენ გამოვდივართ შემდეგი მარტივი დებულებიდან: ჩვენ ვამბობთ, რომ ვიდრე სახელმწიფოს არა აქვს გარკვეული აპარატი ჩვენ არ უნდა შევეცადნოთ მოვახდინოთ ეკონომიურ ურთიერთობის შეცვლა, ჩვენ გამოვდივართ იმ მარტივ შეხედულებიდან, რომ ცხოვრების შემუშავება არ შეიძლება კაბინეტებში. კანონმდებელის მოვალეობა არის, რომ... (შენგელაია: რევოლიუცია!) რევოლიუცია ხდება ქუჩაში, ბ-ნო შენგელაია, მაგრამ მის შემდეგ, როდესაც რომელიმე ძალა დაეპატრონება ის უკვე კაბინეტში არ ახდენს ახალ ურთიერთობას, არ სცვლის ეკონომიურ ცხოვრებას. ის ჩამოასხავს, ჩამოაყალიბებს იმას, რაც ხდება ქუჩაში... ეს საყურადღებოდ ბ. ილია ნუცუბიძისა, რომელიც კითხულობს - რა პრინციპი აქვს მხედველობაში (ხმაურობა მარცხნივ. რეპლიკა არ ისმის). ჩვენ უბრალოთ, რბილად რომა ვსთქვათ, ჩვენ არ გახლავართ ისეთი გმირები, რომელნიც ებრძვიან სხვა და სხვა თავიანთ ფანტაზიების ნაყოფს; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინც გაიგო ცხოვრება და ის, რაც არსებობს ცხოვრებაში ჩამოასხა ერთგვარ კალაპოტში, ის შეიძლება იყოს კანონმდებლათ და ის კი, ვინც წინააღმდეგ, კაბინეთში ფიქრობს ცხოვრების ურთიერთობის შექმნას, იმას დამფუძნებელ კრებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს... (შენგელაია: თქვენი დეკრეტები სად იწერება?). მაშასადამე ის პრინციპი, რომელიც ჩვენ დაუდეთ საფუძველათ ამ დეკრეტს არის შემდეგი: არსებობს კერძო საკუთრება, სხვათა შორის ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკეთ 28 იანვარს, როდესაც მივიღეთ კანონი, რომ საფონდო მიწები კერძო საკუთრებათ ექნათ მიცემული მცხოვრებლებს. მაშასადამე, ეს პრინციპი თავიდან ბოლომდის გატარებულია ჩვენს დეკრეტში, რადგანაც ჩვენ არ ვართ მოწმენი სოციალურ რევოლიუციისა, აქედან ცხადია, ჩვენ უნდა მოუდგეთ ცხოვრებას ამ უმთავრესი დებულებით. ჩვენი კანონი თავიდან ბოლომდის არის გამსჭვალული ამ მთავარი დებულებით, რომ კერძო საკუთრებას სრულებით არ სპობს... (შენგელაია: ნაციონალ-დემოკრატების პოზიცია?).. ეს არ არის ნ.-დ. პოზიცია. ისინი ამბობდნენ, მისადგომ ფასებში მიწების გამოყიდვას და თქვენ არ წაგიკითხავთ მათი ლიტერატურა და არ იცნობთ ალბათ ნ.-დ. პოზიციას; ისინი ჩვენ დეკრეტს ყაჩაღურ დეკრეტს ეძახიან. (შენგელაია: ხმა კი მისცეს!) ხმა ბ. ვეშაპელმაც მისცა, მაგრამ საქმე იმაში კი არ არის ვინ მოგვცა ხმა, საქმე იმაშია ჩვენ ვის მივეცით ხმა. თუმცა ასათიანი იძულებული იყო ჩვენთვის ხმა მოეცა მაგრამ ის უარყოფს ჩვენ პოზიციას. ს. ფ. და ს. რ.-ებს პროგრამა ერთი გაქვთ მიწის საკითხში, მაგრამ ესერებმა განაცხადეს, რომ ისინი თავს იკავებენ და ს.ფ. კი განაცხადეს, რომ ეს კანონი დაღუპავს საქართველოს და ამისათვის წინააღმდეგნი ვართ ამ დეკრეტისაო. ჩვენ ამას ყურადღებას და მნიშვნელობას არ ვაძლევთ, მაგრამ როდესაც ჩვენ რომელიმე კანონს ვცემთ ჩვენ ერთ კითხვას ვაძლევთ მნიშვნელობას: შეეფერება ეს თუ არა ხალხის უმრავლესობის ინტერესებს, და მეორე - აფერხებს თუ არა ეკონომიურ მსვლელობას... (შენგელაია: ბურჟუაზიის ინტერესებს?!) თუ თქვენ ეკონომიურ ინტერესებს უკავშირებთ ბურჟუაზიის ინტერესებს, თქვენ უნდა მობრძანდეთ სოვდეპიაში. თქვენ ემყარებით ჭამის სოციალიზმს. ეს არის ჭამის სოციალიზმი... ჩვენ კი გვინდა დამზადების სოციალიზმი და არა ჭამისა. ქრისტემაც უთხრა „ბოსიაკებს“, შეხედეთ ფრინველებს ისინი არც თესვენ, არცა მკიან, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათო. მაგრამ ეს „ბოსიაკების“ სოციალიზმი არ უნდა მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ...

მაშასადამე, ჩვენი პრინციპი, როგორც მოგახსენეთ, არის ის, რომ კერძო საკუთრებას ჩვენ დღეს არ ვებრძვით. მაგრამ არის კერძო საკუთრება და კერძო საკუთრებაც. არის კერძო საკუთრება, რომელსაც ერთი სექტორი იცავს - ვეშაპელი და სხვა რომელიც ცნობს კერძო საკუთრებას მხოლოდ გაბატონებული კლასებისათვის - და როდესაც ამ გაბატონებული კლასების საკუთრებას ვინმე შეეხება - ამბობენ, რომ ეს არის ყაჩაღობა, ძარცვა და სხვა. და მაშასადამე, ამ დეკრეტით ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ კერძო საკუთრება ხალხის დიდი უმრავლესობისა. ამაში არის პრინციპი და მთავარი აზრი ჩვენი აგრარული კანონმდებლობისა. ჩვენ ამით წვრილ მესაკუთრეს არ ვართმევთ დღეს მიწას. (ასათიანი: ხვალ?) მე დღეს მოგახსენებთ, და ხვალ რა იქნება მე არ ვიცი, მე წინასწარმეტყველება არ შემიძლია და ვფიქრობ არც თქვენ შეგიძლიათ, მე მოგახსენებთ ამ დეკრეტზე და არა აგრალულ საკითხზე.

აქედან ცხადია, რომ, რაკი ჩვენ ვდგევართ ამ ნიადაგზე, ეს აშკარათ უნდა იქნეს გამოხატული. გგონიათ, რომ ამას ჩვენ სადემაგოგიოთ ვჩავდივართ? მაგრამ აგრარული კომისია ძალიან შორს არის ასეთი დემაგოგიისაგან. ვინც გადასინჯავს და დაუკვირდება აგრარული კომისიის ქაღალდს, დაინახავს, რომ ერობები შუამდგომლობენ ამას არც სადემაგოგიო, არც სხვა რაიმე მიზნით. ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ხალხის ხმას. და ხალხი კი ამბობს, რომ ის უნდა დარჩეს კერძო მესაკუთრეთ, როგორც სხვა წვრილი მიწებისა, ისე ტყისა. (შენგელაია: ბოლშევიკებზე რაღას ამბობს ხალხი?) ბოლშევიკებს ებრძვის ხალხი ისე, როგორც თქვენ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ დეკრეტში ჩვენ ბოლშევიკებზე არაფერი გვაქვს. ეს შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეა და ის გაგცემთ ამაზე პასუხს. ჩვენ ვამბობთ აქ მიწაზე. ეს დეკრეტი არ არის ვისმეს გულის მოსაგებათ; ეს გამოწვეულია ცხოვრების მოთხოვნილებით. და თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ უმჯობესი იქნება, ეს წვრილი ნაჭრები ტყეებისა ჩამოერთვას წვრილ მესაკუთრეებს და გადავიდეს სახელმწიფოს ხელში, თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ ამ გზით სახელმწიფოს ინტერესები უფრო კარგათ იქნება დაცული, უფრო კარგათ იქნება მოვლილი ტყე - მაშინ მართალი იქნება ბ. ღლონტი, რომელმაც განაცხადა, რომ ტყეები უნდა იყოს უსათუოდ, სახელმწიფოს მთავარ ორგანოების ხელშიო. მე ვეკითხები ბ. ღლონტს, რატომ უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარ ორგანოების ხელში? საქმე იმაშია, რომ ამ ტყეებს უნდა მოვლა. ეს პატარა ნაჭრები ტყეები, რომ არიან - ამათი მოვლა მოითხოვს სახელმწიფოს აუარებელ ხარჯებს, მოითხოვს ძლიერს სახელმწიფო აპარატს. ამაშია საქმე და მე მგონია, არც ერთი მეურნე არ მოისურვებს, აიღოს ხელში საქმე, რომელიც სახელმწიფოს ზარალს აძლევს. ეს მიწათმოქმედების სამინისტრომ კარგად იცის. თქვენ ვერ აღმოფხვრით გლეხობის ფსიხოლოგიიდან იმას, რომ ტყე უნდა შეადგენდეს მის კერძო საკუთრებას. როდესაც გლეხი ასე ფიქრობს, რამდენი ყარაულია საჭირო, რომ ერთნაირ კალაპოტში ჩააყენოთ ის და ეს ტყეები დაიცვათ, აი უმთავრესი მოსაზრება, რომელიც საფუძვლათ უდევს ამ დეკრეტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც ეკონომიური, არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე მოსაზრება არ მოითხოვს ამ ტყეების სახელმწიფოს ხელში გადაცემას. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ეს დეკრეტი სწორეთ იმიტომ არის მისაღები, რომ ის ახალს არაფერს არ ამბობს.

რასაკვირველია, კარგია ახალი ურთიერთობის შექმნა, მაგრამ მერე. ბ.-ნ შენგელაიამ უნდა იცოდეს, თუ ცხოვრებას დაუკვირდება, რომ ახალი ურთიერთობის დამყარება დეკრეტებით არ შეიძლება; პირიქით მას შეუძლია დიდი გაუგებრობა და არევ-დარევა გამოიწვიოს. ბ. ღლონტი რომ დაფიქრებულიყო, ისიც იტყოდა, რომ ეს დეკრეტი კი არ გახდება ანარქიის წყაროდ, არამედ ანარქიისა და არევ-დარევის წყაროდ გახდებოდა ის წინადადება, რომელსაც ის გვირჩევს. იმ დეკრეტის (ე. ი. ღლონტის დეკრ.) ძალით, მიწა, თუნდაც რამდენიმე საჟენი, უნდა გადავიდეს სახელმწიფო ორგანოების ხელში. აი, მაშინ გამოჩნდება ის უბედურება, რომელზედაც ღლონტი და ასათიანი აქ ამბობდენ და არა ამ დეკრეტის მიღების შემდეგ.

რაც შეეხება ტყეებს, სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და მათი დაცვის საჭიროებას, მე ვფიქრობ, რომ, როცა ეს დეკრეტი იქნება გატარებული, ეს საუკეთესო ნიადაგს მოუმზადებს ამ ტყეების დაცვას. რატომ? იმიტომ, რომ, თუ ჩაუკვირდებით ცხოვრებას, რევოლიუციის საზოგადოდ არევ-დარევის დროს, გლეხობა - საზოგადოდ, მცხოვრებლები - ეტანებიან სხვის ქონებას. არავინ არ ცდილობს გაანადგუროს თავისი საკუთარი ქონება; ყველა ცდილობს გაანადგუროს სხვისი ქონება. და აი, 905 და 17 წლებს თუ აიღებთ, დაინახავთ, რომ ეს ასე იყო. მცხოვრებლები ჩეხდენ არა საკუთარ ტყეს, არამედ სხვის ტყეებს. (ასათიანი: თქვენ გბაძავენ!) ჩვენ, ბატონებო, არავისი ტყე არ გაგვიჩეხია.

აქედან ცხადია, რომ, თუ ეს წვრილი ნაჭრები გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად, მაშინ მეტი სტიმული, მეტი მიდრეკილება ექნება გლეხობას, რომ ეს ტყე გაჩეხოს. თუმცა მე არ ვიზიარებ ღლონტის აზრს; მისი აზრით გამოდის, რომ გლეხი ველურია, ერთგვარი მხეცია, რომელსაც არა ესმის რა და ამიტომ, ბ. ღლონტს ჰგონია, თუ სახელმწიფოს ხელში არ გადავიდა ტყე, ის გაანადგურებს მას. საიდან ამოიკითხა ბ. ღლონტმა ასეთი შეხედულობა გლეხობაზე? (თ. ღლონტი: მაგას მე კი არა, თქვენ ამბობთ; თქვენ ამბობთ, რომ გლეხი ველურია!) არც ერთს სოციალ-დემოკრატს არსად არ უთქვამს, რომ გლეხი ანიავებს თავის საკუთრებას, პირიქით, სოც.-დემოკრატებმა სთქვეს, რომ გლეხი ყველაზე უკეთ უვლის და ყველაზე უფრო უფრთხილდება საკუთარ ქონებას. ამიტომ ჩვენ გვგონია, ამ მხრივაც, ტყეებს დაიცავს გლეხი. და ეს დეკრეტი საუკეთესო საშუალება იქნება, რომ ტყე დარჩეს მის ხელში, ვინც დღემდი უვლიდა მას და შემდეგშიაც მოუვლის.

აი, ეს არის უმთავრესი დებულება.

არის მეორე გარემოებაც, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მეორე გარემოება არის ის, რომ ჩვენ არც გვსურს, არც საჭიროდ მიგვაჩნია შევქმნათ გლეხობისათვის განსაკუთრებული მდგომარეობა, ბევრად უარესი ვინემ რევოლიუციამდე იყო. ჩვენ ვიცით ბევრ სოფელს ჰქონდა საკუთარი ტყეები. აი, ეს ტყეები გადავიდა სახელმწიფოს განკარგულებაში. ჩვენ არ შეგვიძლია შევქნათ ის წესი - და ამას არც საჭიროება მოითხოვს, - რომ გლეხობამ ამ ტყით არ ისარგებლოს. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ეს დეკრეტი აკმაყოფილებს საზოგადოდ, ფართოდ რომ ავიღოთ, საქართველოს მცხოვრებლების დიდი უმრავლესობის ინტერესს. ერთის მხრივ, წვრილ-წვრილ მესაკუთრეთა ინტერესებს და, მეორეს მხრივ, თემებთა ინტერესებს. იმიტომ, რომ, თუმცა ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიწები მათ ჩამოერთვათ, მაგრამ შეუძლიათ ისარგებლონ ისე, როგორც სარგებლობდენ. აი, ეს არის მთავარი აზრი ამ დეკრეტისა.

რაც შეეხება ს.-ფედერალისტების განცხადებას, რომ აქ რაღაც დამალულია, თორემ შემდეგში მემამულეები მიიღებენ მიწას, რომ ეს არის დახევა მემამულეებისაკენ, - მე უნდა განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, ბ. ღლონტს ამის შესახებ აგრარულ კომისიაში კრინტიც არ დაუძრავს. იქ რომ ეთქვა, რომ ეს არის დახევა მემამულეთა ინტერესებისაკენ, მაშინ, თავის-თავად ცხადია, აგრარული კომისია ამ დეკრეტს უკან წაიღებდა და მოგვიტანდა მეორეს. მაგრას ეს მას იქ არ უთქვამს. მან კომისიაში წამოაყენა მხოლოდ ორი დებულება: პირველი, რომ ტყე უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში და მეორე, რომ არა გვაქვს სტატისტიკური ცნობები ტყეების შესახებ. მაგრამ სხვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქ არის რაღაც დამალვა და დაფარვა განზრახ - იქ არ წამოუყენებია და არც შეეძლო, რომ წამოუყენებია. ეხლა რას ნიშნავს ის განცხადება, რომ ამ დეკრეტით ეს ტყეები დაუბრუნდება მემამულეებს? თუ ბ. ღლონტს ჰგონია, ყველა ის აზნაური, ან თავადი, რომელიც სიებში ამ ხარისხით სწერია, მემამულეა - მართალია, ასეთებს არ ვებრძვით. დამფუძ. კრებას არ შეუძლია იბრძოლოს რომელიმე წოდების წინააღმდეგ. დამფუძნ. კრება იბრძვის მხოლოდ უსამართლოების წინააღმდეგ. და თუ ამ დეკრეტით ვინმე თავადიშვილი, ან აზნაური მიიღებს რამეს - ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგანაც ვფიქრობთ, რომ მოწოდებული ვართ ამ დეკრეტით დავაკმაყოფილოთ ხალხის მოთხოვნილება მიწაზე, რომ მას ჰქონდეს საშუალება იმუშაოს. ეს არის უმთავრესი იმ დებულებისა, რომელიც სეიმმა მიიღო 7 მარტს და პარლამენტმაც დაადასტურა ეს აგრარული კანონი. და ჩვენ აქედან არავითარი გადახვევა არ ჩაგვიდენია. იქაც იყო აღნიშნული ნორმა, რომელიც უნდა მიეცეს ყველას; თავადი იქნება, აზნაური, თუ გლეხი - იქ არავითარი განსხვავება არ არის გარდა იმისა, რომ ზოგიერთ ტყეს შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. და ამიტომ მე მოგახსენებთ, ეს განცხადება არავითარ საფუძველს არ შეიცავს. ამ დეკრეტით ჩვენ არავის არაფერს არ ვაძლევთ. ამ დეკრეტით ჩვენ მხოლოდ არ ვართმევთ ტყეს წვრილ მესაკუთრეებს. ჩვენ წვრილ მესაკუთრეებს არ ვართმევთ მიწებს და აქედან ცხადია, რომ დიდ მემამულეებს ჩვენ არაფერს არ ვაძლევთ. (ასათიანი: რა დაუშავებიათ?) ის დაუშავებიათ, რომ 1-ლ მუხლში სწერია, ვისაც არა აქვს ნორმამდი, მიეცემა იმდენი, რომ ნორმამდი შეუსრულდეს. ასეთი მემამულენი კი არა გვყავს, რომ 7 დესეტინაზე ნაკლები ჰქონდეს. ჩვენ წვრილ მემამულეთ არ ვებრძვით და არც ვისმეს ვართმევთ მიწებს და ეს დეკრეტი არ შეეხება ამას.

ამიტომ, მე მგონია, ვერც ერთმა ორატორმა, რომელიც ამ დეკრეტის წინააღმდეგ ლაპარაკობდა, ვერ მოიყვანა საფუძვლიანი მოსაზრება ამ დეკრეტის მიუღებლობისა. ვერც ერთმა ვერ დაამტკიცა, რომ საჭიროა გლეხობას ჩამოერთვას ტყეები, ან ქალაქების, ან სოფლების საზოგადოებებს არ მივსცეთ უფლება ისარგებლონ ამ ტყეებით. და რადგან ასეთი საბუთი არ მოუყვანიათ, ამიტომ მე მგონია, რომ ეს დეკრეტი უნდა მივიღოთ.

თავმჯდომარე. მე ეხლა კენჭს ვუყრი დეკრეტის მუხლობრივ განხილვას. ვინაა წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

ნინიძე (კითხულობს დეკრეტის პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლის-შესახებ შემოვიდა ბ. ვეშაპელის შესწორება (კითხულობს): „ტყის განსაზღვრა კატეგორიებად მიენდოს ადგილობრივ ერობებს“. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? ამ შესწორების შესახებ სიტყვა ეძლევა დამფუძნებელ კრების წევრს ალ. ასათიანს.

ალ. ასათიანი (ნ.-დ.) მე მგონია, ეს თავის თავად უნდა იგულისხმებოდეს და სააგრარო კომისია შეცდა, რომ ამ სახით შემოიტანა ეს დეკრეტი. საქმე იმაშია, რომ დეკრეტი, რომლის შესწორებაც აქ არის წარმოდგენილი, განსაზღვრავს მიწებს და ანაწილებს ხარისხებად. ამ დეკრეტიდან სულ არ გამომდინარეობს, რომ ტყე, ან სახნავი მიწა დანაწილდეს პირველ, მეორე, ან მესამე კატეგორიებად. მიწები უნდა იმ მხრივ იქმნას დანაწილებული, თუ რა კულტურის მოყვანა შეუძლიან, ან რა ხარისხისაა თავის ღირსებით.

თუ ეს განმარტებაა წინანდელი დეკრეტისა, კატეგორიებად განაწილება უნდა მიენდოს ერობებს. თუ ეს ტყე უბრალო ბუჩქნარს წარმოადგენს, როგორც თვით მომხსენებელი ამბობს, მაშინ ის უმაღლეს კულტურისთვის გამოსადეგი არ არის და სრულიად უკანონო იქნება ის გამოცხადდეს პირველ კატეგორიად.

თავმჯდომარე. სიტყვა აღარავის არ სურს. სიტყვა ეძლევა მომხსენებელს.

. ნინიძე. მე წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა იმიტომ, რომ მეცნიერულად ძნელი გახლავთ განსაზღვრა მიწებისა კატეგორიებად. აგრარულს კომისიას აქვს ერთი მოსაზრება, რომ ტყეს აქვს საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ამ ტყის ნორმის რაოდენობა არ უნდა გავაფართოვოთ. გარდა ამისა ეს შეეხება ხალხის დიდ უმრავლესობას, რომელიც შესდგება წვრილ მესაკუთრეებისაგან. ჩვენ ამ დეკრეტით გვინდა დავაკმაყოფილოთ ხალხის დიდი უმრავლესობა. ასეთი არის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, წვრილი მესაკუთრეები. (ასათიანი: ეს დემაგოგიაა!) რათაა, ბატონებო, ეს დემაგოგია? სტატისტიკა არ შეიძლება დემაგოგია იყოს და თუ თქვენ სტატისტიკური ცნობები დემაგოგიად მიგაჩნიათ, მაშინ სტატისტიკა რაღაა? აი, მაგალითად, ქუთაისის გუბერნიაში 2/3 დეს. არ მოდის მცხოვრებზე.

შემდეგ აგრარულ კანონში არის ერთი მუხლი, რომელიც ერობებს და საადგილ-მამულო კომისიას უფლებას აძლევს პირველი კატეგორიის მიწები გაადიდოს 10 დესეტინამდე და კანონის ეს მუხლი აძლევს ერობებს საშუალებას, რომ კერძო შემთხვევებში შევიდეს ამის განხილვაში. რაც შეეხება ტყის ღირებულებას, ის თავისთავად დიდ ღირებულებას წარმოადგენს. ის, რომ გაიჩეხოს კიდეც, მოგვცემს იმდენს, რასაც უბრალო მიწა გვაძლევს. და თუ მიიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ეს დეკრეტი შეეხება წვრილ ტყეებს სოფლად და არა მთებში, თავის-თავად ცხადია, რომ, როდესაც მას გაჩეხავენ, მიიღებენ საუკეთესო ნიადაგს კულტურისათვის.

ამრიგად, არც ერთი მოსაზრებით არ შეიძლება მივიღოთ ეს შესწორება.

თავმჯდომარე: ვინ არის მომხრე ამ შესწორებისა? არავინ. შესწორება უარყოფილია. კენჭს უყრი პირველ მუხლს, ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? არავინ. მაშასადამე, პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

. ნინიძე. (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. მეორე მუხლის შესახებ შემოვიდა სოც.-დემოკრატიულ ფრაქციიდან შემდეგი შესწორება (კითხულობს): სიტყვები „ნორმის ზევით“ ამოიშალოს და ჩაემატოს „რომელიც ჩამოერთმევა კერძო მფლობელებს“. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ბ. მომხსენებელო! თქვენი აზრის შესწორების შესახებ.

. ნინიძე. მე ვფიქრობ, ეს შესწორება არ არის მისაღები. კანონში აშკარად და ნათლად უნდა იყოს, თუ რა სურს კანონმდებელს. რადგან ნორმაზედ ზევით ტყეები უნდა გადავიდეს ფონდში, ამ მუხლით კანონმდებელს სურს, რომ ასეთი ტყეები გადავიდეს არა ფონდში, არამედ თემის ხელში. ეს უფრო ნათლად გამოიხატება ისე, როგორც არის წარმოდგენილი, და ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა დარჩეს ეს მუხლი უცვლელად.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ შესწორებას. ვინ არის მომხრე? ბატონო, ქვესტორო! გთხოვთ დაითვალოთ ხმები. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? ეს შესწორება მიღებულია. კენჭს უყრი მეორე მუხლის შესწორებით. ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? მაშასადამე, მეორე მუხლი შესწორებით მიღებულია.

გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

. ნინიძე. (კითხულობს მესამე მუხლს).

თავმჯდომარე. მესამე მუხლის შესახებ შემოვიდა სოც.-დემოკრატ. ფრაქციიდან შესწორება (კითხულობს): „ქალაქებს და ერობებს ტყე არ ჩამოერთმევა თუნდაც ნორმას აღემატებოდეს“. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. სიტყვა ბ. მომხსენებელს ეკუთვნის.

. ნინიძე. ეს შესწორება შეიძლება მიღებულ იქმნას, რადგანაც სრულიად არ ეწინააღმდეგება დეკრეტს.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ შესწორებას, ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ შეიკავა თავი? ეს შესწორებაც მიღებულია. კენჭს უყრი მესამე მუხლს შესწორებით. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე, მიღებულია მესამე მუხლი შესწორებით. გთხოვთ წაიკითხოთ მეოთხე მუხლი.

. ნინიძე (კითხულობს მეოთხე მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლის შესახებ არის წინადადება სოც. დემოკრატ. ფრაქციის, რომ მეოთხე მუხლს დაემატოს შემდეგი (კითხულობს): „ამავე ნორმით და უფასოდ მიეცემა ხე-ტყის მასალა სოფლებს და სოფლის საზოგადოებებს იმ სახელმწიფოს ხელში გადასულ ტყეებიდან, რომლიდანაც მათ წინედაც უფასოდ ეძლეოდათ ასეთი მასალა“. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ. არავის. ბ. მომხსენებელო! თქვენი დასკვნა.

. ნინიძე. წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი მეოთხე მუხლს შესწორებით. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე, მეოთხე მუხლი შესწორებით მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეხუთე მუხლი.

. ნინიძე (კითხულობს მეხუთე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეხუთე მუხლისა? არავინ. მაშასადამე მიღებულია. კენჭს უყრი მთელს დეკრეტს. ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? თავი ვინ შეიკავა? მაშასადამე დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ (კითხულობს) სიტყვა ეძლევა მომხსენებელ ბ. თევზაიას.

დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა ყოველ თვიურად 65.827.720 მან. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობის შესახებ.

ბიქტორ თევზაია. (ს.-დ.) 15 ივნისს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი, რომლითაც უნდა გადადებულიყო ფინანსთა მინისტრის განკარგულებაში 65.827.720 მან. სამი თვის განმავლობაში ექნებოდა ძალა ამ დეკრეტს. ეს მოხდა იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დამფუძნებელ კრების მიერ არ იყო მიღებული და დამტკიცებული. სამი თვის შემდეგ, რადგანაც დამფუძნებელმა კრებამ ვერ შესძლო ამ ბიუჯეტის დამტკიცება, ეს დეკრეტი განახლდა კიდევ სამი თვის ვადით. და რადგანაც მესამეჯერაც არ იყო საშუალება ბიუჯეტის დამტკიცებისა, ამიტომ ფინანსთა მინისტრი თხოულობს, რომ კიდევ გაგრძელებული იქმნეს დეკრეტის ძალა სამი თვითო - ამა წლის დეკემბრის და მომავალი წლის იანვრის და თებერვლის განმავლობაში.

ამის წინააღმდეგ შეიძლება მოიყვანონ საერთოთ მოსაზრება, თუ რატომ აქამდის არა გვაქვს განხილული და დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგრამ ეს მუშაობა სწარმოებს და ძნელია მისი სწრაფად განხილვა და დამტკიცება. დამფუძნებელ კრებას შეუძლიან ინუგეშოს თავი იმით, რომ არსად ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც დაარსდა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, დღემდის არ არის დამტკიცებული ბიუჯეტი. და მეორე მხრივ, ჩვეულებრივ დროსაც, როდესაც არც ომი იყო და არც რევოლიუცია, ხშირად მიმართავდენ ევროპაშიაც ასეთ საშუალებას. საფრანგეთში საერთო ბიუჯეტის დამტკიცებამდის სარგებლობდნენ ამ უფლებით. ყველასათვის ცნობილია ეგრეთ წოდებული douzieme provisoire, რომელიც ბიუჯეტის მეთორმეტე ნაწილს წარმოადგენს. ეს ხდებოდა ჩვეულებრივ დროს და, მით უმეტეს, შეიძლება მოხდეს ასეთ გარდამავალ ხანაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. გობეჩიას.

ივანე გობეჩია (ს.-რ.) მოქალაქენო! ჩვენს ფრაქციას უკვე ჰქონდა შემთხვევა ამა წლის 29 ივლისს ანალოგიურ დეკრეტის წინააღმდეგ მიეცა ხმა, რომლითაც ბიუჯეტის მეოთხედი უნდა გადადებულიყო მთავრობის განკარგულებაში სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის განმავლობაში ბიუჯეტის განუხილველად. ბიუჯეტის მეოთხედი მთავრობამ პირველად მოითხოვა დამფუძნებელ კრებისაგან ივნისში. ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ მხედველობაში ვიღებთ სახელმწიფოს არაჩვეულებრივ მდგომარეობას, საერთო არევ-დარევას, ანგარიშს ვუწევთ ჩვენს გამოუცდელობას, აგრეთვე იმას, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ვერ დაამთავრა მუშაობა თავის დროზე და ყველა ამის გამო ჩვენ მაშინ არ მივეცით ხმა წინააღმდეგ ამა წლის 13 ივნისის დეკრეტისა, რომლითაც დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის განკარგულებაში გადასდო ივნის-ივლის-აგვისტოს განმავლობაში ყოველთვიურად სამოცდაექვს მილიონ მანეთამდე.

მაგრამ, როდესაც ივლისში მთავრობამ მოითხოვა 13 ივნისის დეკრეტის მოქმედების კიდევ სამი თვით განგრძობა, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვიყავით. მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხარჯთაღრიცხვის იმ პროექტში, რომელიც შემუშავებული აქვს ფინანსთა მინისტრს, ბევრი ისეთი ხარჯები არის აღნიშნული, რომლებსაც ყოველი აზრი და მნიშვნელობა ეკარგება. ზოგიერთი დაწესებულება, რომლისთვისაც ჩვენ ხარჯთ-აღრიცხვის პროექტის მიხედვით უნდა გავიღოთ ხარჯი, სრულიად გაუქმებული არის, მაგრამ იმ დაწესებულებათა შესანახად მაინც უნდა ვაძლიოთ ფული მთავრობას. მაშინ ჩვენ აგრეთვე განვაცხადეთ ის, რომ ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ზოგიერთი სახელმწიფო ხარჯი უსათუოდ შემცირებულ უნდა იქმნეს და სხვა. ერთი სიტყვით ჩვენ მოვითხოვდით ბიუჯეტის განხილვას, ჩვენი სახელმწიფო შემოსავალ-გასავლის სისტემაში მოყვანას და, ასე ვთქვათ, ერთგვარი გეგმით ხალხის ფულის ხარჯვას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით 13 ივნისის დეკრეტის მოქმედების განგრძობისა. მაგრამ მაშინ ჩვენ გვიპასუხებდნენ, რომ დამფუძნებელი კრება თვენახევრით მუშაობას სწყვეტს და შეაკრიბება მხოლოდ ენკენისთვეში; ორ-სამ თვეში ბიუჯეტს განიხილავს საბიუჯეტო-საფინანსო კომისია და დეკემბრამდე დამფუძნებელი კრებაც შესძლებს ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცებასო. მაგრამ, აი ეხლა ჩვენ მოგვმართავენ მესამეჯერ და მოითხოვენ კიდევ სამი თვით განვაგრძოთ 13 ივნისის დეკრეტის მოქმედება. აგერ თითქმის 2 წელიწადია, რაც ჩვენ მთავრობას ასი მილიონობით ფულს ვაძლევთ და ამ ხნის განმავლობაში ანგარიშები მას არ წარმოუდგენია. ჩვენ არ ვიცით, როგორ და რაში დაიხარჯა ამდენი ფული. ამიტომ ზნეობრივი უფლება არა გვაქვს, სანამ ბიუჯეტს არ განვიხილავთ და დახარჯულ მილიონების ანგარიშს არ გავეცნობით, მივცეთ მთავრობას კიდევ ახალი მილიონები. (გრ. ურატაძე: მთავრობას რათ უნდა?) დიახ, მთავრობას, რადგან მთავრობის განკარგულებაში უნდა გადავდოთ ეს ფულები.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მუშაობა ფერხდება იმიტომ, რომ მას ბიუჯეტის განსახილველად საჭირო მასალებს სხვა და სხვა უწყებები არ აწვდიანო. თუ კი ეს ასეა, ჩვენ ყოველი ძალა უნდა ვიხმაროთ და ვაიძულოთ უწყებები, რომ მიაწოდონ ეს მასალები კომისიას. საუკეთესო გამოსავალი აქედან ის იქნებოდა, რომ დამფუძნებელ კრებას არ მიეცა ფული იმ უწყებათათვის, რომლებიც თავის დროზე მასალებს არ აწვდიან საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას და მით ამ უკანასკნელის მუშაობას აფერხებენ. მაგრამ თუ ჩვენ ეხლა ბიუჯეტის განუხილველად კიდევ სამი თვით განვუგრძელეთ მთავრობას კრედიტები, მე მგონია, რომ ეს დიდი გარანტია არ იქნება იმისი, რომ ჩვენ ამ სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტს განვიხილავთ და მთავრობა 3 მარტს (დღეს 3 დეკემბერია) კვლავ არ შემოიტანს დამფუძნებელ კრებაში ასეთივე დეკრეტს და არ მოითხოვს 13 ივნისის დეკრეტის კიდევ სამი თვით განგრძობას.

მოქალაქენო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველ მეურნეობისათვის - იქნება იგი საზოგადოებრივი, თუ კერძო (ასათიანი: სოციალისტური?) არა, ბურჟუაზიულიც, აუცილებელია ერთგვარი გეგმა, ერთგვარი სისტემა. ყოველი მეფურნე ვალდებულია წინდაწინ გაითვალისწინოს, როგორც გასავალი, ისე შემოსავალი განზრახულ საქმის წარმოებიდან და თუ შემოსავალი გასავალს ვერ გაამართლებს, მეურნე ან ხარჯებს შეამოკლებს, ან და სრულიად თავს დაანებებს იმ საქმეს, რომელიც მისთვის საზარალოა. ეს აქსიომა გახლავთ. (ნ. ცინცაძე: თქვენი პლანები? ა. ასათიანი: სოციალიზაცია!) ეს მიწას ეხება და არა ფინანსებს (მუხრან ხოჭოლავა: ბანკების ნაციონალიზაცია!) ასე იქცევა ყოველგან, ასე იქცეოდა ყოველთვის ყოველი კეთილი და სინიდისიერი მეურნე. ასე უნდა მოიქცეს აგრეთვე სახელმწიფო იმ მეურნეობაში, რომელსაც ეწოდება სახელმწიფოს საფინანსო მეურნეობა.

ჩვენი ქვეყანა, როგორც მოგეხსენებათ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკონომიურად მეტად ჩამორჩენილია; ფინანსებს და ეკონომიკას კი დიდი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. ჩვენს ქვეყანაში შინაური კულტურულ-ეკონომიური ძალები იმდენათ სუსტია, რომ ერის ცხოვრების ამოძრავებისათვის საჭიროა გარეშე ძალები, გარედან დახმარება. ასეთ პირობებში კი ჩვენი პაწია რესპუბლიკა დიდს ანგარიშს უნდა უწევდეს იმას, თუ როგორ არის დაწყებული ფორმალურად მაინც სახელმწიფო ხარჯებისათვის ფულის გაცემის საქმე და როგორ იხარჯება გაცემული ფული. თუ ფული იხარჯება უსისტემოდ, უთავოთ და უთავბოლოთ, თუ მხოლოდ დეკრეტების სახით ვაძლევთ ამ ფულს მთავრობას ეს კარგი დამახასიათებელი არ იქნება ჩვენი ფინანსიური მეურნეობისა. ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტში ხალხის წარმომადგენელთა წინაშე გამოდის ფინანსთა მანისტრი და ვრცელს მოხსენებას აკეთებს იმის შესახებ, თუ როგორი გეგმა აქვს მას შედგენილი სახელმწიფოს ფინანსიური მეურნეობისათვის, თუ როგორი ფინანსიური პერსპექტივები აქვს მას, რა გეგმით სურს მას აწარმოვოს სახელმწიფოს მეურნეობა და სხვა. ჩვენ კი აქამდის არც ფინანსთა მინისტრისაგან და არც ერთ უწყების წარმომადგენლისაგან, არ მოგვისმენია, თუ რას ფიქრობენ ისინი ჩვენი ფინანსების შესახებ.

ნუ თუ მათ არა აქვთ გათვალისწინებული, რომ ის მილიონები შემოსავლისა, რომელიც აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, ვერ დაფარავენ გასავალს. ბიუჯეტში ნავარაუდევია 797 მილიონი შემოსავალი, ამდენივე გასავალი, ასე რომ ერთგვარი ბალანსი გამოდის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის გარემოება, რომ ჩვენ უკვე დავხარჯეთ ორჯერ იმაზე მეტი, რაც უნდა დაგვეხარჯა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით და სახელმწიფო ხაზინის კასაში არ შემოსულა ერთი მეათედიც იმისა, რაც უნდა შესულიყო იქ ფინანსთა მინისტრის ვარაუდით. ეხლა მე ვეკითხები ფინანსთა მინისტრს, შეუძლია მან სთქვას, რომ ჩვენი სახელმწიფოს შემოსავალი დაფარავს სახელმწიფო ხარჯებს? ფინანსთა მინისტრმა კარგათ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი რესპუბლიკის შემოსავალი, ჩვენი ხაზინა ვერ დაფარავს მეათედ ნაწილს იმ ხარჯებისას, რომელიც უკვე გაწეულია. მაშ დიდი დეფიციტია მოსალოდნელი. დეფიციტი აუცილებელია. და განა ასეთ პირობებში ფინანსთა მინისტრი უნდა სდუმდეს? განა საფრანგეთში, რომლის მაგალითი აქ სრულიად უსაფუძვლოდ მოიყვანა ბ. ბიქტორ თევზაიამ, ან სხვა რომელიმე უფლებრივ სახელმწიფოში შესაძლოა, რომ დიდი დეფიციტის მოლოდინში ფინანსთა უწყება სრულს უთაობას, უსისტემობას და უპრინციპობას იჩენდეს? ყოველ სახელმწიფოში, სადაც პარლამენტი არსებობს, ასეთ შემთხვევაში გამოდის ხალხის წარმომადგენელთა წინაშე და ამბობს: მართალია, ჩვენ წელს დეფიციტი მოგველის, მაგრამ ეს დეფიციტი დაფარული უნდა იქნეს ამა და ამ წყაროებიდანო.

მაგრამ ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეს ასე არ ხდება და ამ საზომით თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ფინანსთა მინისტრის მოღვაწეობას, ის სრულებით ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. (ნ. ცინცაძე: ასწავლეთ!) განათლების უწყება თქვენ გაბარიათ და ამიტომ ეს თქვენი საქმეა.

საერთოდ, როდესაც ჩვენ ფინანსებზე გვაქვს ლაპარაკი, კარგათ უნდა გვქონდეს გათვალისწინებული ჩვენი საერთო ეკონომიური მდგომარეობა. ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა - კი ისეთია, რომ მას არ შეუძლიან კარგი ფინანსები მისცეს ჩვენს სახელმწიფოს. ამ ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლებოდა, რომ მმართველ პარტიას თავიდანვე ბევრი შეცდომები არ დაეშვა, რომ მას არ ენაცვალებია ფართო მასის ინტერესები მარქსისტულ დახავსებულ დოგმისთვის. ეკონომიურად ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლო იყო სულ სხვა გვარი სოციალ-ეკონომიური პოლიტიკის დასახვით და წარმოებით მაგრამ ეს ვერ შესძლო მმართველმა პარტიამ ჩვენში, რადგანაც მისი სოციალ-ეკონომიური პოლიტიკა ჩამორჩა ცხოვრებას და ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომლებიც წამოაყენა რუსეთის დიდმა რევოლიუციამ. ჩვენ დღესაც არ მოგვისმენია ფინანსთა მინისტრისაგან, თუ როგორი ფინანსიურ პოლიტიკას აწარმოებს და საითკენ მიყავს მის ფინანსიურ და ეკონომიურ პოლიტიკას ჩვენი ნორჩი რესპუბლიკა. ჩვენ მხოლოდ ერთი ვიცით: ის, რომ თითქმის ყოველ დღე სხვა და სხვა სამინისტროები შემოდიან აქ დეკრეტებით კრედიტების მისაღებად (ლ. შენგელაია: დუჟინობით!) ამ დეკრეტების დამზადება-განხილვას საბიუჯეტო-საფინანსო კომისია ვერც კი ასწრებს და აბა როდის უნდა მოასწროს მან სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა, როცა ასეთ მდგომარეობაში იმყოფება სახელმწიფო, როცა მთავრობა ხალხის წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად ვერ ასრულებს, გვაქვს თუ არა უფლება მივსცეთ ახალი კრედიტები ასეთ მთავრობას. მე მგონია ის, ვინც არ უღალატებს დემოკრატიზმს, ის ფულს ვერ მისცემს მთავრობას. (ნ. ცინცაძე: რა მოხდება?) ჩვენ გვეტყვიან, მაშინ რა იქნებაო, მთავრობას თუ ფული არ მივეცით, ჩინოვნიკები ჯამაგირს ვერ აიღებენ (ხმა მარცხნიდან: დეპუტატები?) დიახ, ვერც დეპუტატები აიღებენ თავის გასამრჯელოს, (ხმა მარცხენა სექტორიდან: მოხდება აჯანყება!) მოხდება ჩინოვნიკების გაფიცვა. ხალხის აჯანყება და სხვა ბევრი ასეთი უბედურება დააწყდება ხალხს თავზეო. (მუხრან ხოჭოლავა: რათ უწყობთ ხელს?) ასეთ საკითხის დაყენება, სწორედ შეუწყნარებელია და შეუძლია მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც თავის ბატონის ცოტათი მაინც გახანგრძლივებას ყველაფერს ანაცვალებს. საკითხის სიმძიმის ცენტრი აქ იმაში კი არ მდგომარეობს, შეუძლია თუ არა სახელმწიფომ უფულოთ და უკრედიტოთ იარსებოს, არამედ იმაში, შესაძლოა თუ არა ხალხის წარმომადგენლებმა კრედიტები გაუხსნან ისეთ მთავრობას, რომელიც ანგარიშს არ უწევს სახელმწიფოს მდგომარეობას და ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს. ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ ხალხის ინტერესებს გავაუმჯობესებთ, თუ ასეთი დეკრეტებით, ბიუჯეტის განუხილველად მთავრობას წინდაწინ და ზეპირათ ასი მილიონი ვაძლიეთ. არა, ასეთი ნაბიჯით სვლა, ასეთი ფინანსიური პოლიტიკის წარმოება ხალხის მდგომარეობას გააუარესებს და თუ კიდევ ასე გაგრძელდა, ხალხის მდგომარეობა ისეთი იქნება, რომ მართლაც აჯანყებები მოსალოდნელი იქნება. ყოველ შემთხვევაში ასეთი პოლიტიკა დაასამარებს ჩვენს დამოუკიდებლობას, რადგანც მხოლოდ ერთი ის, რომ ჩვენ ქაღალდის ფულებს ბლომად ვბეჭდავთ, სახელმწიფოს ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. დასასრულ უნდა განვაცხადო, რომ სანამ ფინანსთა მინისტრს არ გაუკეთებია დამფუძნებელ კრებისთვის მოხსენება ჩვენი რესპუბლიკის ფინანსიურ პოლიტიკის შესახებ, სანამ დამფუძნებელ კრებას არ განუხილავს და არ დაუმტკიცებია მთლიანად სახელმწიფოს ბეუჯეტი, სანამ მთავრობას არ წარმოუდგენია უკვე წაღებულ მილიონების დახარჯვის ანგარიშები სახელმწიფო კონტროლის დასკვნით, სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია ვერ მისცემს მთავრობას ბიუჯეტის მეასედ ნაწილსაც და ამიტომ წარმოდგენილ დეკრეტს წინააღმდეგ მისცემს ხმას.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინაა. ამგვარად კამათი დასრულებული გახლავთ. სიტყვა ეკუთვნის დასკვნისთვის ბ. მომხსენებელს თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. დამფუძნებელი კრების წევრმა ბ. გობეჩიამ, ჩემის აზრით, ვერ დაასაბუთა სრულებით, თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა ამ დეკრეტს. მე მგონია ის ვერ გამოდგა ლოღიკური. მას უნდა ელაპარაკნა ასე: ჩვენ მთავრობის დღევანდელ სისტემას და არსებულ სოციალ-პოლიტიკურ მდგომარეობას უარვყოფთ; ვინც ამას იცავს, იმას ერთ შაურსაც ვერ მივცემთ, თუ გინდ მშვენიერი ბიუჯეტი იყოს წარმოდგენილი, რადგან იმ ხალხს, რომელიც განაგებს სახელმწიფოს, დაღუპვისკენ მიჰყავს სახელმწიფოო. მაშინ ეს იქნებოდა ლოღიკური და გვეცოდინებოდა, თუ როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფორმალური უფლება არა გვაქვს ამ ხმის მიცემისაო, ასე ეუბნება გობეჩია დამფუძნებელ კრებას. მე ვეკითხები გობეჩიას, სად არის ეს ფორმალური მხარე, რომელიც გვეუბნება არ მივცეთ ხმა დეკრეტსო?

თქვენ იცით ჩვენი საბიუჯეტო უფლება არ არის შემუშავებული. თქვენ გინდათ მისცეთ ხმა მაგალითად, საფრანგეთის უფლებას. რატომ როსტოვის, ყუბანის სხვათა უფლებას არ მისცემთ ხმას? თუ გინდათ ჩვენი ქვეყნის უფლებათ გაასაღოთ უცხო ქვეყნის უფლება, ამის უფლება არა გაქვთ. ეს ნიშნავს რყევას. თქვენც ირყევით ოპოზიციაში. (ვეშაპელი: კურსები, გახსენით ოპოზიციისათვის!) რომ ეს ოპოზიცია ირყევა, მტკიცდება შემდეგით: გუშინდელ კრებაზე ესერების ფრაქციის ორატორმა იერიში მიიტანა მესამე მუხლზე მონოპოლიის საკითხის გარჩევის დროს.

ის ამბობს, ეს შეუძლებელია, სპეკულიაციასთან რაღაც კავშირი გაქვთო. ეს არ ვარგა არც თქვენთვის, არც ჩვენთვის.

ჩვენ ვფიქრობთ იმათ უნდათ კოოპერატიული ორგანიზაციები და არა კერძო ინიციატივა. ეს არის მათი პროგრამა.

დღეს კი გამოდის მათი ფრაქციისავე ორატორი და ამბობს: ჩვენი ბიუჯეტის უფლება როგორ არის დაწერილი, ამას მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ხელშიც არის ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური ბედიო.

თქვენ დასვით კითხვა იმაზე, რომ ეს შეუძლებელია მიეცეს მთავრობასაო. ეს ვიცოდით და იმიტომ მოგახსენეთ, რომ რუსეთის ფარგლებში აღმოცენებულმა ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შესძლო ბიუჯეტის დამტკიცება. უნდა ეცადო ეს ქნა, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ არის როგორც გობეჩიას ჰგონია. ეს ვერ მოახერხეს პოლონეთმა, უკრაინამ, ბოლშევიკებმა და სხვებმაც.

ჩვენ ვეცდებით ბიუჯეტი გვქონდეს. ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია სხვებზე. მე ვთქვი, რომ ამისთანა კანონს მშვიდობიან დროშიც, რევოლუციამდეც ღებულობდნენ სხვა და სხვა სახელმწიფოები. მაგ. საფრანგეთი, ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ჰყავდა კარგი ფინანსთა მინისტრი. douzieme provisoire-ის ძალით მთავრობას ეძლეოდა 1 თვე, ჩვენში კი თხოულობენ 3 თვეს.

ეს არ უნდა გაუკვირდეს კაცს. ჩვენ ეს არ მოგვიგონია. დღეს მემარცხენენიც და მემარჯვენენიც ორივე ასეთს აზრს ემხრობიან. გობეჩია წინააღმდეგია იმისა, რომ ეს თანხა მიეცეს მთავრობას. ის ამბობს, მთავრობას ანგარიში რ წარმოუდგენია და არ ვიცით სად იხარჯება გაღებული ფული.

გუშინ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ დამფუძნებელ კრების ყოველს წევრს უფლება აქვს მოსთხოვოს მინისტრს, სად დაიხარჯა ფული. გუშინ მინისტრმა ციფრებით ხელში შეგვატყობინა, სად და როგორ იხარჯება ეს ფული.

თქვენ რომ გკითხეთ, რა მოხდება მაშინ, რომ მთავრობას არ მივცეთ ეს ვადა და თანხაო, - განაცხადეთ: ასეთს ნაბიჯს აჯანყება მოჰყვებაო. აჯანყება, ბ. შენგელაია, ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ თუ აჯანყება გინდათ უნდა იცოდეთ პასუხისმგებლობაც, უნდა გქონდეთ ისეთი პროგრამა... აჯანყების მოხდენა შემდეგ თვითონვე გეწყინებათ, მაგრამ გვიანღა იქნება მერმე თითზე კბენა.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი დეკრეტს მუხლობრივად (დეკრეტი მუხლობრივად და მთლიანად მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხია:

დეკრეტი საზღვარგარედ სწავლა განათლების, ან სპეციალ. ცოდნის შესაძენად გასაგზავნ პირთათვის დამატებით 3 მილ. მანეთის გადადებისა.

მომხსენებელია ბ. იმნაიშვილი.

ნიკ. იმნაიშვილი. დეკრეტში აღნიშნულ მიზნისთვის გადადებული იყო 2 მილ. მანეთი. მაშინ არჩეული იყო საუწყებათაშორისო კომისია, რომელშიაც აგრეთვე მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი კრების სხვა და სხვა კომისიების წევრებმა. ამ კომისიამ შეიმუშავა იმ პირთა სია, რომელნიც საზღვარ გარედ უნდა წასულიყვენ განათლების მისაღებად. ეხლა ამ დამატების გამოთხოვა გამოწვეულია 2 გარემოებით, - ერთი ჩვენი ფულის კურსის დაცემის გამო, ორი მილიონი მანეთი ძლიერ ცოტა არის.

მეორე, - საუწყებათაშორისო კომისიამ გადასწყვიტა 50 კაცის მაგიერ 75 კაცის გაგზავნა. ამ ორმა გარემოებამ აიძულა სახალხო განათლების უწყება ეს დამატებით, 3 მილიონი გამოეთხოვა და ამგვარად ამ საქმეს მოხმარებოდა 5 მილ.

საფინანსო კომისიამ დაადასტურა ეს და თხოულობს დადასტურებულ იქნას აგრეთვე დამფუძნებელ კრების მიერაც.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის ამ დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მუხლობრივ და საერთოდ მიღებულ იქნა. გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სანამ მორიგ ორატორს სიტყვას მივცემდე, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ: შემოვიდა წინადადება ს-დემ. ფრაქციის სახელით - „სიბუნიონის“ შეკითხვაზე ორატორთა სიტყვის დრო განისაზღვროს 10 წუთით. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

. ასათიანი. (ერ.-დემ) ეროვნულ დემოკრატიულ ფრაქციის მიერ აღძრული საკითხი, რომ სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო, ეს იქიდანაც სჩანს, რომ ყველა ფრაქციამ 3-3 ორატორი გამოიყვანა და მთავრობამ 2 წევრი. და მე ვფიქრობ, რომ საკითხი სერიოზული იყო და ამიტომ იმ ფრაქციას, რომელმაც აღძრა ეს შეკითხვა, უნდა მიეცეს საშუალება, ისეთივე მონაწილეობა მაინც მიიღოს, როგორც სხვა ფრაქციებმა. ჩვენ უფრო დაინტერესებული და ჩახედული ვიყავით ამ საკითხში და უნდა მოგვეცეს უფლება ლაპარაკისა. ჩვენი ფრაქციიდან ერთია მხოლოდ კიდევ ჩაწერილი და სწორეთ ის, ვინც გამოვიდა ინტერპელიაციით. ის წესი უნდა შემოვიღოთ, რომ ინტერპელიანტი გათანასწორებული იყოს, საზოგადოთ მომხსენებელთან. ვიმეორებ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელს უნდა მიეცეს ისევე სიტყვა, როგორც სხვა ფრაქციის წარმომადგენლებს. თუ ეს არ იქნება, მაშინ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია სავსებით უარს იტყვის თავის სიტყვაზე და საზოგადოება გაიგებს, რამ გამოიწვია ეს. როდესაც სიტყვის რიგმა მიაღწია ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელამდი - სწორეთ მაშინ განსაზღვრეთ დრო. (ჯუღელი ადგილიდან: არ ვიცოდით!). თუ არ იცოდით - ახლა ხომ იცით, გამოასწორეთ.

თავმჯდომარე. მაშ სიტყვა აღარავის სურს? მე კენჭს უყრი. ვინაა წინააღმდეგი წინადადებისა, რომ აწინდელი ორატორის დრო განისაზღვროს 10 წამით? ვინაა მომხრე? მაშ წინადადება მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს, ს. დადიანს.

სამსონ დადიანი. (სოც.-ფედ) ბატონებო! მე აქ ამ კათედრაზე გეახელით, რათა განვაცხადო შემდეგი: იმ პირობებში, რომელშიც ჩააყენა საკითხი უმრავლესობის ფრაქციამ ყოვლად შეუძლებელია მონაწილეობა მივიღო კამათში და სიტყვით ვისარგებლოთ. აქ საინტერესო იქნებოდა ანალიზის გაკეთება იმისა, რაც მოვისმინეთ, როგორც მთავრობის მხრივ, ისე მმართველი ფრაქციის მხრივ. ჩვენ საინტერესო მასალები გვქონდა იმის შესახებ, რაც აქ ბ. ელიავამ წინა სხდომაზე განაცხადა. ვინ ისარგებლებს ამ ხელშეკრულებით, ვისთვის იყო ის დადებული - შესაძლებელია ამის შესახებ ჩვენც რამ მოგვეწოდებია დამფუძნებელი კრებისთვის. მაგრამ ვინაიდან ყოველივე ამას 10 წამის განმავლობაში ვერ შევძლებთ, მე მხოლოთ ორიოდე რამეს მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რადგანაც განსაზღვრეთ კამათის დასრულება. შემდეგ, თქვენ წაგიკითხავთ იმ არითმეტიკულ ანგარიშებს, რომელიც აქ ჩემმა ამხანაგმა, ღლონტმა გამოაქვეყნა და რომელსაც, როგორც აქედან - მარჯვნივ, ნიკო ნიკოლაძემ, ისე იქიდან, - მარცხნივ, ელიავამ, დაუძახეს, შეცდომა არისო. როგორ შეიძლება ერთნაირი პროც. იყოს და ერთნაირი მოგება კი არ შეხვდეთო. ეს ანგარიშები უკვე გაზეთებშიაც დაიბეჭდა და თქვენს ყურადღებას მივაქცევ. ეს ანგარიშები ამოწმებენ იმას, რომ ჩვენში - როგორც მთავრობას, ისე დამფუძ. კრების უმრავლესობის, სოც.-დემოკრატების ფრაქციას - ეს ანგარიშები ძალიან აურევ-დაურევია. ყოველ შემთხვევაში, ამ ანგარიშებისათვის არავითარი ანგარიში არ გაუწევიათ და რომ ეს ასე არ ექნათ, და ნაჩვენები ანგარიშები მხედველობაში მიეღოთ - მაშინ დარწმუნდებოდენ, რომ ეს ხელშეკრულება დიდს ზარალს მოგვიტანდა. და შემთხვევით, თუ შეიძლება, არა შემთხვევით - ეს ვადა გავიდა, თქვენი ატესტატი არ მოვიდა, და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არც მოვიდოდა, იმიტომ, რომ „სიბუნიონს“, მაინც და მაინც, ეს ატესტატი არ აინტერესებდა; მას აინტერესებდა ის, რომ სხვა და სხვა ბანკში მივიდოდა და განაცხადებდა, რომ იგი საქართველოს რესპუბლიკასთან კრავს ხელშეკრულებას. რაც უნდა იყოს, არის თუ არა ცნობილი ჩვენი რესპუბლიკა, ის რევოლიუციის წიაღში შობილია და მას რაც უნდა იყოს, ანგარიშს გაუწევდენ. ამ მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, მან უკვე ისარგებლა ამ ხელშეკრულებით და კრედიტი გაიხსნა.

და სკანდალი ამ საკითხისა ის არის, რომ, როდესაც შეადარეთ ორი ხელშეკრულება, გამოვიდა, რომ სწორეთ ადგილობრივ ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო გაცილებით სასარგებლო ჩვენი რესპუბლიკისათვის. აქ მთავრობის წარმომადგენელმა, მინისტრმა კანდელაკმა გვითხრა, ეს ჩვენი პროექტი იყო, რომელსაც ამ მოქალაქეთა ჯგუფმა ხელი არ მოაწერაო. და მართალია, როგორც მას შეეკითხა დეპუტატი ღლონტი, თუ მართლა ეს მათი ხელშეკრულება ძალიან კარგი ხელშეკრულებაა, თუ მართლა ასეთი კარგი ხელშეკრულების შედგენა შეგეძლოთ - რატომ მთავრობამ, ან იმ ქარცივაძემ, რომელსაც მიანდეთ ამ ხელშეკრულების დადება, ასეთი ხელშეკრულება არ წარუდგინეთ „სიბუნიონს“? (ხმები სოც..დემ. ფრაქციის ადგილებიდან: უკეთესი წარუდგინეთ!) ეს კარგი ხელშეკრულება არ წარუდგინეთ. უკეთესი წარუდგინეთო - ამბობენ აქ, მაგრამ თქვენს გაზეთში „ერთობაში“ სწერია სწორედ დამახასიათებელი კორესპონდენცია და იმ კორესპონდენტს ყური უნდა აუწიოო იმ უმართებულო კილოსათვის, რომელიც ამ წერილს თან ახლავს. - თქვენ გაზეთში ამტკიცებდით, თითქოს „სიბუნიონ“-თან დადებული ხელშეკრულება უკეთესი იყო მე-2-ე ხელშეკრულებაზე - მაშინ თქვენ ცუდი ხელშეკრულება შეგიდგენიათ და წარგიდგენიათ იმ ჯგუფისათვის. მაგრამ მთავრობამ ხომ თვით შეადგინა ეს ხელშეკრულება. მან განაცხადა, ეს ჩვენი დაწერილი არისო. თუ „სიბუნიონ“-თან დადებული ხელშეკრულება სჯობია - მაშასადამე, თქვენ ეს უვარგისი ხელშეკრულება წარგიდგენიათ ქ. მოქალაქეთა ჯგუფისათვის და ამ ჯგუფმაც ხელი არ მოაწერა მას. მართლა საფიქრებელია, Quo Prodis? რას ნიშნავს ეს? ყოველ შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, თუ ვინ ისარგებლებს ამით. ისარგელებენ ის იურისტები, რომლებიც რჩევას იძლეოდენ და რომელთაც „სიბუნიონ“-თან ხელშეკრულება დასდეს. და ძალიან საინტერესო არის, ვინ იყვნენ ის იურისტები რომლებიც ურჩევდენ „სიბუნიონ“-ს, შეედგინა ეს ხელშეკრულება და რომლებმაც შეადგინეს ეს პროექტი? უცხო ქვეყნიდან - ინგლისიდან - მოყვანილი „სიბუნიონის“ მიერ, თუ ვინმე ჩვენგანი? ეს ძალიან საინტერესო არის.

მეორეს მხრივ, საინტერესოა ვიცოდეთ, ქარცივაძე, რომელიც სამინისტროს ნდობით ჰყავს აღჭურვილი, თვით ადგენს ასეთს პროექტს, თუ ვისმეს ეკითხება? ყოველ შემთხვევაში, მთავრობას ხომ ჰყავს იურისკონსულტები დი რატომ არ დაეკითხა მათ წინასწარ, რატომ მათი აზრი არ გაიგო? ეს არ არის გამორკვეული. ვიღაცას შეუდგენია პროექტი და მთავრობას ნება დაურთვია მის ხელის მოწერაზე. შემდეგ ერთი ლეგენდაც უნდა აღვნიშნო. (ხმები: ლეგენდა?) დიახ, ლეგენდა შექმენით თქვენ აქ, რომ ვითომ ამ ხელშეკრულობით „სიბუნიონი“ იღებდა 20 პროც.; მაგრამ წარმოიდგინეთ, იმას ყურადღებას არ აქცევთ, რომ 5 პროცენტიც არის. ამ 5 პროცენტს, მართალია, დანახარჯიდან იღებს, მაგრამ შემდეგ არ აქცევთ ყურადღებას არც იმას, რომ 15 პროცენტსაც იღებს იმ სახით, «предпринимательская прибыль» რომ ჰქვია; ეს ის რისკია, რომლის გაწევაშიაც ის იღებს 15 პროც. შემდეგ კიდევ იღებს 20 პროც. და რომ შევაერთოდ ყველა ეს - მივიღებთ 40 პროც. (ხმაურობა ს.-დების ადგილებზე. რეპლიკები: რა არის მერე მაგაში?) რასაკვირველია... დიახ, მოგახსენებთ მე თქვენ, რა არის მაგაში. აქ რაც არის აღნიშნული - «товаро-обмѣн»-ს ეძახიან.

ჩვენთვის საინტერესო არის ის, რომ აქ ერთი პროცესი არის; ე.ი. ჩვენ აქ საქონელი უნდა ჩამოგვიტანონ. ამაში ვართ დაინტერესებული. თქვენ კი - „სიბუნიონ“-თან ერთად სამი პროცენტი... (თავმჯდომარე: ბატ. ორატორო, ერთი წუთი დაგრჩათ!) სამწუხაროდ, ყოვლად შეუძლებელია ამ ხნის განმავლობაში მოვასწრო ყველაფრის თქმა. (ხმები ადგილებიდან: პროცენტებზე ილაპარაკეთ!) დიახ, პროცენტებზე მოგახსენებთ. იანგარიშეთ 40 პროც. ერთ შემთხვევაში, 50 პროც. მეორე შემთხვევაში. 40 პროც. იღებს მაშინ, როცა არ ვხარჯავთ და 50 პროც. - როცა მონაწილე ვართ ჩვენც დანახარჯში. მაშ ის ლეგენდა ვიღას ეკუთვნის ვიღაც „განმა“ რომ დასწერა „ერთობაში“, ბ.ურატაძე? თქვენ უნდა ასწავლოთ ამ „განს“ 20 და 40 რამდენია; და რომ შემდეგში ასეთი სასირცხო რამ არ გაიმეოროს - თქვენ, ბ. ურატაძე, ამ „განს“ ყური უნდა აუწიოთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი (ქრ.-დემ.) ბ.ბ. ჩემს განკარგულებაში მეტად მცირე დროა და მე იძულებული ვარ სრულიად არ შევეხო ბევრს შემცდარს მოსაზრებებს, რომელნიც აქ წარმოსთქვეს „სიბუნიონთან“ დადებულ ხელშეკრულების დამცველებმა. საყურადღებოა, რომ ყველა ფრაქციებში დაჰგმეს ეს ხელშეკრულება, როგორც მეტად საზიანო ჩვენი ქონებრივი ინტერესებისა და სახელმწიფოებრივი პრესტიჟისა. მხოლოდ მენშევიკების ფრაქცია, რასაკვირველია, ამ ხელშეკრულების დამდები მთავრობის წევრები იცავენ „სიბუნიონის“ პირობას.

უწინარეს ყოვლისა, ჩვენ საკონსტიტუციო საკითხს შევეხეთ. ჩვენ და ყველა სხვა ფრაქციებს უდავოდ მიგვაჩნია, რომ მთავრობას არა აქვს უფლება ჩვენ დაუკითხავად დასდოს ისეთი პირობა, რომელიც ერთ მილიარდ მანეთს მოითხოვს ჩვენი ხაზინიდან. ბ-ნი მინისტრის ამხანაგი ავალიანი ამაზე მეტად ახირებულ პასუხს გვაძლევს: ხელშეკრულება მოკლე ვადიანია და ამიტომ მთავრობას ყოველთვის აქვს ამის უფლებაო. გრძელ ვადიანი კონცესია რომ იყოს, მაშინ იქნებოდა საჭირო დამფუძნებელ კრების დაკითხვაო. ბ-ნ პროფესორს ჰგონია, რომ მას აქვს უფლება საქართველოს, ვთქვათ, რკინის გზები და ნავთ-სადგურები ერთი წლით გადასცეს უცხოელებს, ხოლო თუ კი ორი დესეტინა ტყის გაცემას მოინდომებს გძელ ვადიან კონცესიად, ამის უფლება არ აქვს ჩვენ დაუკითხავად. ასევე ახირებული საბუთი მოიყვანა ბ-ნმა ელიავამ. საბიუჯეტო უფლება მაშინ იქნებოდა დარღვეული, რომ მთავრობას ეს მილიარდი თავის დაწესებულებების, შტატებისა და სხვ. ხარჯებისთვის მოეთხოვა, მაგრამ აქ ფული მიაქვს „საბრუნებელ“ თანხად და არა ჩვეულებრივ ხარჯადაო. რასაკვირველია, საბიუჯეტო უფლებიდან არსად ასეთი „საბრუნავი“ თანხები არ გამორიცხულა და არც შეიძლება, რომ გამოირიცხოს. სალაროსთვის ეს საბრუნავი თანხაც ისეთივე გასავალია, როგორც ყველა სხვა ხარჯები.

მთავრობამ და მენშევიკების ფრაქციამ აგრეთვე დიდი ენერგია მოანდომეს იმის მტკიცებას, რომ „სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულება მეტად სასარგებლოა ჩვენთვის. ბ. ბ. ავალიანს და ელიავას ასეთი საბუთი მოჰყავს: სხვა წინადადებანი გაცილებით უარესი იყოვო. ბ.-ნმა ავალიანმა ორი წინადადება დაასახელა: „ქართველთა ერთი ჯგუფის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის. უბრალო არითმეტიკული ანგარიში გვეუბნება, რომ ამ ჯგუფის წინადადება გაცილებით უფრო სასარგებლოა რესპუბლიკისათვის. ჯგუფი 22 პროც. გვთხოვს, „სიბუნიონი“ კი 20 პროც. სჯერდებაო. ეს სრულიად არ შეეფერება იმ ცნობებს, რომელიც თვითონ ავალიანმა მოგვცა. ჯგუფი თხოულობს გატანილ საქონელზე 15 პროც. და შემოტანილზე 7 პროც. „სიბუნიონი“ კი ზოგიერთ საქონელზე - გატანისას 20 პროც. და შემოტანისას 15 პროც. ე.ი. 35 პროც. და ზოგიერთზე კი 80 პროც. და 15 პროც. ე. ი. 45 პროც. აქ იტყვიან - ის მოგებიდან თხოუღობს 20 და 30 პროც., ჯგუფი კი საერთო თანხიდანაო. მართალია, მაგრამ თვით მინისტრების ცნობით „სიბუნიონს“ რომ საქონელი გააქვს, ის უცხო ბაზარზე ექვსჯერ და ათჯერ მეტი ღირს. ცხადია ასეთი ოპერაციის მოგებიდან 30 პროც. მეტი იქნება, ვინემ აქ საქონელში მიცემული თანხის 15 პროც. შემოტანილ საქონელზე კი «სიბუნიონი“ თხოულობს საერთო თანხიდან 15 პროც. ჯგუფი კი მხოლოდ 7 პროც. მაგრამ ვთქვათ ჯგუფი 2 პროც. მეტს თხოულობს. ნუ თუ ფინანსთა მინისტრმა არ უნდა იცოდეს, რომ არამც თუ 2 პროც., არამედ მთელი მოგების 50 პროც. და მეტსაც იღებს ჩვენი ხაზინა რესპუბლიკის მწარმოებელთაგან სხვა და სხვა გადასახადების სახით? მაგრამ შეიძლება ჯგუფის პირობები მაინც არ იყო მისაღები, განა აქედან მთავრობას ის დასკვნა უნდა გამოეტანა, რომ „სიბუნიონის“ პირობები მისაღებიაო?

ბ. ავალიანის მეორე საბუთი კიდევ უფრო მდარე გამოდგა იურიდიულად და მორალურადაც. ის გვარწმუნებდა - სავაჭრო სამრეწველო პალატამ ისეთი რამ მოგვთხოვა, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყოვო. პალატა გვთხოვდა საქონლის „იძულებით“ ჩამორთმევას, ჩვენთვის კი ეს მიუღებელიაო. ასეთმა განცხადებამ აქ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვაჭარ-მრეწველთა პალატა საქონლის ძალდატანებით ჩამორთმევას ითხოვს, სოციალისტური მთავრობა კი ამის წინააღმდეგ წასულაო. რასაკვირველია, ეს სიცრუე გამოდგა. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გაზეთის საშუალებით უარყო ბ. ავალიანის განცხადება და კიდეც დაბეჭდა ის პროექტი საექსპორტო მონოპოლიისა, რომელიც პალატას წარუდგენია მთავრობისათვის. პალატის აზრით, მთავრობა არ უნდა ართმევდეს მწარმოებელთ საქონელს დაბალს ფასებში, არამედ უნდა გაჰქონდეს ეს საქონელი და მოგების ნაწილი მიჰქონდეს და იქ აღებული ვალიუტას კი სავსებით ჩვენთვის საჭირო საქონლის შესაძენად იყენებდეს. (ხმები: თქვენც ასე ჰფიქრობთ?) დიახ. აქ მოყვანილი იყო ჩვენი ფრაქციის წინადადება შესახებ ექსპორტის მონოპოლიის განხორციელებისა, მაგრამ მეტად მრუდეთ იყო გაშუქებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქონლის მწარმოებელნი, ქვეყნის სიმდიდრის შემქნელი არ იყვნენ გაძარცული მთავრობის მიერ და საქონელი მათ არ ჩამოერთვას დაბალ ფასებში, თორემ ეს შეამცირებს მომავლისთვის ამ საქონლის მოყვანას. მთავრობამ და მწარმოებელთა კლასმა შეთანხმებით უნდა მოაწყოს საქონლის უცხოეთში გაზიდვა. შეუწყნარებლად მიგვაჩნია, რომ მთავრობამ აქ საქონელი ჩამოართვას მეპატრონეთ მეათედს ფასებში, გაზიდოს უცხოეთში რომელიმე „სიბუნიონის“ საშვალებით და უკანასკნელს აღებული თანხის სამი მეათედი მისცეს, ე.ი. სამჯერ მეტი იმაზე, ვინც ეს საქონელი წარმოშვა და მოიყვანა.

ამ რიგად ბ. ავალიანის ორი საბუთი ყალბი გამოდგა.

აქ გვიმტკიცებდენ, თუ სხვები უკეთეს პირობებში წაიღებენ ჩვენს საქონელს, ჩვენ მათ გადავცემთო. ეს ასე არ არის. ხელშეკრულებაში ნათლად არის ნათქვამი, რომ მთავრობას თითონ უშუამავლოდ «непосредственно» აქვს გატანის უფლება, მაგრამ სხვისი გადაცემა მას კი არ შეუძლიან.

აქ გარანტიის შესახებაც მეტად ახირებული აზრი გვითხრა ბ-მა ავალიანმა. ჩვენ გვენდობიან და ჩვენ უნდა ვენდოთო. ერთი რესპუბლიკა და ბ. გერმანი ერთს დაფაზე არ უნდა დაისვას ნდობის მხრივ და მეორე სად ნახა ბ. ავალიანმა, რომ ისინი ჩვენ გვენდობიან. „სიბუნიონის“ ოპერაციები იწყება ჩვენგან საქონლის გატანით, ისიც ნისიათ.

ხელშეკრულებაში ნათლად არის ნათქვამი, რომ საქონლის ფასი მოგებასთან ერთად „სიბუნიონის“ კასაში შეინახება. მოგებამ თქვენი ჭირი წაიღოს, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ თავნიც არ დაგვეკარგება. საწინდარიც არ მოვთხოვეთ, მაგრამ იქნებ ფირმას ვიცნობდით, როგორც დიდს და სერიოზულს. აქ გვიმტკიცებდენ - ომამდე დიდი ფირმა იყოვო. ეს საკმაო არ არის, უნდა ვიცოდეთ ეხლა როგორ მდგომარეობაშია ამ ფირმის საქმეები. ჩვენ მისი ადრესიც კი არ ვიცით. მან სახელიც კი დაგვიმალა თავისი და წესდებაც ვერ წარმოგვიდგინა (ხმები: ვინ გითხრათ?) დიახ, ამ ფირმამ ჩვენს მთავრობას წესდებაც ვერ წარუდგინა. ეს ფაქტია. ამითაც აიხსნება ის, სასკანდალო შეკითხვა, რომელიც ჩვენ ინგლისის მთავრობას გაუკეთეთ მეოცე მუხლში. არის თუ არა ეს ფირმა ინგლისური და აქვს თუ არა მას ვაჭრობის უფლებაო. წესდება რომ გვქონოდა, ასეთს ახირებულს, ჩვენი პრესტიჟისთვის დიდათ დამამცირებელს მუხლსაც არ შევიტანდით ამ ხელშეკრულებაში. როგორც ხედავთ ამ ფირმამ ასეთი უბრალო საბუთიც ვერ წარმოადგინა.

თითქოს ჩვენი მოწინააღმდეგენიც დაგვეთანხმენ აქ, რომ, ეს პირობა ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ბ.-ნი ავალიანი და ელიავაც შემოსარებს ეძებენ. თუ საწყობებში არ იქნება საქონელი, რას წაიღებენო. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ასეთი უბრალო განცხადების წინააღმდეგაც კი. სამონოპოლიო საგნების ყიდვა-გაყიდვა აღკრძალეთ, ცხადია ყველა ამ საქონლებმა სახელმწიფო საწყობი უნდა გაიაროს. რამოდენიმე ათეული მილიონის საქონელი ეხლაც აქვს მთავრობას თავის საწყობებში. ნუ თუ ჩვენ ეს საქონელი უნდა გადავმალოთ? ვალდებულებათა შესრულებას სახელმწიფო კერძო პირთა ურთიერთობაშიაც ძალდატანებით უნდა აკანონებდეს, არამც თუ თითონ სდებდეს პირობას და მის დაწერასთან ერთად ჰფიქრობდეს მის შემორებას და არა შესრულებას. თუ რესპუბლიკა თავისთვის საზარალო ხელშეკრულებას სდებს, ბევრად სჯობს მან თუნდაც ათეულ მილიონების ზარალი ნახოს ვინემ სახელგატეხილი და გაკოტრებული გამოვიდეს უცხოელთა თვალში.

მრავალ ასეთს უცნაურ საბუთებს ვერ შევეხები. მე უნდა აღვნიშნო მოკლედ ის მიზეზები, რომლებმაც წარმოშვა ეს სამარცხვინო ხელშეკრულება და კიდევ მრავალი სხვა ასეთი შეცდომები. მომარაგების სამმართველოს მუშაობიდან კიდევ ბევრ უარეს უნდა მოველოდეთ.

თავმჯდომარე. ბ. ორატორო, თქვენი დრო უკვე გასულია მაგრამ შემოსულია ბ. ვეშაპლის განცხადება, რომ ის გითმობთ თქვენ თავისუფლებას სიტყვის თქმისას. აქვეა შემოსული ს.-დ. ფრაქციის წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ. მე კენჭს უყრი ამ წინადადებას. ვინ არის წინააღმდეგი კამათის შეწყვეტისა? კამათი შეწყვეტილია. (წინააღმდეგია ყველა დანარჩენი ფრაქციები). შემოსულია რამოდენიმე ფორმულა, რომელსაც მოგახსენებთ მდივანი.

მდივანი (კითხულობს).

ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის ფორმულა.

„მოისმინა რა ერ.-დემ. ფრაქციის მთავრობისადმი შეკითხვა „სიბუნიონ“-თან დადებულ ხელშეკრულობის შესახებ და ამ შეკითხვაზე მთავრობის განმარტება, - დამფუძნებელი კრება აღიარებს, რომ დადებული ხელშეკრულება საზარალოა რესპუბლიკის ეკონომიური, ფინანსიური და პოლიტიკური ინტერესებისათვის, რომ მთავრობას არ ქონდა უფლება დამფუძნებელი კრების გარეშე ხელი მოეწერა ისეთ ხელშეკრულობაზე, რომელიც ყოველ წამს მილიარდ მანეთის გაღებას მოსთხოვდა ჩვენს ხაზინას და რომელიც ამავე დროს ქვეყნის ყველა სამონოპოლიო და არა სამონოპოლიო საქონლის ბედს „სიბუნიონს“ უკავშირებს, და უარყოფს „სიბუნიონ“-თან დადებულ ხელშეკრულებას“.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის ფორმულა.

„მოისმინა რა შეკითხვა და მთავრობის განმარტება „სიბუნიონ“-თან დადებულ ხელშეკრულობის შესახებ და სცნო რა ის საზარალოდ რესპუბლიკისათვის - დამფუძნებელი კრება ადგენს, მთავრობის დადგენილება, რომლის ძალით დაიდო „სიბუნიონ“-თან ხელშეკრულობა, გაუქმებულ იქმნას. ამასთანავე დამფ. კრება ავალებს მთავრობას სავალიუტო და სხვა საქონლის იმპორტს სახელმწიფომ მოაწყოს უმეშველოდ საკუთარი აპარატთა და საზოგადოებრივი ძალების გამოყენებით - და გადადის მორიგ საკითხებზე.“.

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ფორმულა.

„მოისმინა რა ეროვნ.-დემ. ფრაქციის შეკითხვა ამხანაგობა „სიბუნონ“-თან დადებულ ხელშეკრულობის დადების შესახებ, დამფუძნებელი კრება აღიარებს, რომ მთავრობას ჰქონდა უფლება ასეთი ხელშეკრულების დადებისა, რომ არსებითადაც ხელშეკრულობაში საკმაოთ დაცულია რესპუბლიკის ინტერესები და გადადის მორიგ საკითხზე.“

სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის ფორმულა.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა შეკითხვა „სიბუნიონ-ლიმიტედ“-თან დადებული ხელშეკრულების შესახებ და მთავრობის განმარტება, დაადგინა:

1. ეკონომიური ურთიერთობის განმტკიცება უცხო სახელმწიფოსთან არის ერთი ძლიერი ფაქტორთაგანი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მიღწევისათვის და ამიტომ ასეთი ერთობა უნდა განმტკიცდეს უწინარეს ყოვლისა იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც აღებ-მიცემობა სასარგებლოა რესპუბლიკისათვის, როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად.

2. სამონოპოლიო საქონლების გატანა და შემოტანის საქმე აწარმოოს რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ორგანოების საშუალებით.

3. თუ სახელმწიფოებრივი და ეროვნული საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქონლის გატანის საქმეს ვერ მოაწყობენ, იმ შემთხვევაში, საგარეო აღებ-მიცემობის საწარმოებლად წარმოდგენილ თანასწორ პირობებში უპირატესობა უნდა მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის ძალებს.

4. „სიბუნიონ“-თან დადებული ხელშეკრულება, როგორც საზარალო რესპუბლიკისათვის ეკონომიურად და პოლიტიკურად, ხოლო დადებული მთავრობის მიერ დამფუძნებელ კრების უსანქციოდ გაუქმდეს.

დაშნაკცუთიუნის ფრაქციის ფორმულა.

„ჩვენი ფრაქცია, სდგას რა პარლამენტარულ თვალსაზრისზე, სცნობს, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები (ამ შემთხვევაში - საბიუჯეტო ხასიათისა) გადაწყვეტილ უნდა იქნეს დამფუძნებელი კრების ცნობითა და დასტურით, „სიბუნიონთან“ დადებული ხელშეკრულება ამ პრინციპს არ შეესაბამება და ამასთანავე ჩვენი რესპუბლიკისათვის იგი სასარგებლო არ არის ფინანსიურის მხრით. ამის გამო ჩვენ წინააღმდეგნი ვიქნებით კენჭის ყრის დროს“.

(თავმჯდომარე კენჭს უყრის ფორმულებს. ხმის უმრავლესობით მიღებულ იქმნა, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ფორმულა. დანარჩენი ფორმულები უარყოფილ იქნენ).

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ურატაძეს.

გრ. ურატაძე. ეს კანონ-პროექტი ზოგადათ უკვე იყო განხილული. ახლა წავიკითხავ მუხლობრივად.

თავმჯდომარე. წაიკითხეთ.

გრ. ურატაძე. (კითხულობს პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. პირველი მუხლი მიღებული გახლავთ.

(ამ რიგად მოხდა განხილვა დანარჩენი მუხლების. შესწორება არ ყოფილა. კენჭის ყრით მიღებულ იქმნა კანონ-პროექტი მთლიანად).

თავმჯდომარე. შემდეგი არის:

კანონ-პროექტი მუშათა დაზღვევის კანონის მე-65- მუხლის შეცვლის შესახებ.

მომხსენებელია დამფუძნებელი კრების წევრი პ.ბერიშვილი.

. ბერიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! წარმოდგენილი კანონ-პროექტი ეხება მუშათა დაზღვევის კანონის მე-65-ე მუხლის შეცვლას. ხსენებული კანონი რუსეთში გამოიცა ომამდე, რეაქციის ხანაში და ჰქონდა ხასიათი მუშათა მოძრაობისადმი დათმობისა. ჩვენში კი მაშინ ბევრს ყოყმანობდნენ და ცდილობდნენ მუშათა კლასისათვის არ მიეცათ ეს ლეგალური საშუალება. დაზღვევის ორგანიზაცია იმ სახითაც კი, რომელიც მოწყობილ იქმნა, ასე თუ ისე მაინც აძლევდა საშუალებას მუშებს ორგანიზაციულად დარაზმისას. იმ ბრძოლამ, რომელსაც მუშათა კლასი აწარმოებდა კანონის მახინჯ მხარეების წინააღმდეგ, თებერვლის რევოლიუციამდე გასტანა. მაშინ რუსეთის დროებითმა მთავრობამ სრულიად შეცვალა ხსენებულ კანონის შინაარსი. სხვა მუხლებთან ერთად შეცვლილ იქნა მე-65-ე მუხლიც.

დაზღვევის ორგანიზაციის ბიუჯეტს შეადგენს მუშათა ხელფასზე დადებული გადასახადი ერთის მხრივ და მწარმოებელთა მიერ გაღებული თანხა მეორეს მხრივ. თუ პროცენტი გადასახადისა კანონის ძალით არ შეიძლებოდა გაცილებულიყო კანონში აღნიშნულ 1-3 პროცენტს და დაზღვევაში მონაწილენი იყვნენ დაბალ მოსამსახურეებიდან დაწყებული უმაღლეს თანამდებობის პირებამდე, საჭირო შეიქმნა დაწესება ერთგვარი საზღვრის, რომლის ზევითაც არსებული ჯამაგირი განთავისუფლებული ყოფილიყო გადასახადისაგან. ასეთ საზღვრად მაშინ მიღებულ იქმნა მუშათა საშუალო ხელფასი, რომელიც გამოიხატებოდა კანონის დაწერის დროს 5 მანეთში. ეს განსაზღვრა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: საკმარისი იყო მცირე თავისი რიცხვით და ბიუჯეტით დაზღვევის ორგანიზაციაში, გამხდარიყო ავად რამოდენიმე მაღალ ჯამაგირიანი პირი, რომ სრულიად მოშლილიყო სუსტ ორგანიზაციის ბიუჯეტი, ამიტომ კანონმდებლებმა განსაზღვრეს გადასახადი და, მაშასადამე, დახმარების რაოდენობაც.

ომის მიერ გამოწვეულ მიზეზების გამო, ფულის კურსმა რყევა დაიწყო; თუ წინეთ მუშათა საშუალო ხელფასი 5 მანეთს უდრიდა რევოლიუციის პირველ დღეებში ის აღარ შეიცავდა საშუალო ნორმას, რის გამო მუშათა საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 10 მანეთამდე აიწია. დროებითმა მთავრობამ ანგარიში გაუწია ამ გარემოებას და მე-65-ე მუხლში 5 მან. მაგივრად 10 მანეთი შეიტანა. დროთა მსვლელობის გამო ფულის კურსი თანდათან დაეცა და აღარც 10 მან. გახდა საკმარისი მუშათა საშუალო ხელფასის გამოსახატავად. შრომის სამინისტროს არ შეეძლო სათანადო ყურადღება არ მოექცია ამ გარემოებისათვის და მისი შუამდგომლობით საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ნორმა, 10 მანეთი, შესცვალა 21 მანეთით. მაგრამ იმის შემდეგ, როგორც იცით, ფულის კურსი საგრძნობლად დაეცა და დღეს მუშათა საშუალო ხელფასად არ შეიძლება ჩაითვალოს 21 მან. და ამიტომ შრომის სამინისტროს წინაშე დაისვა საკითხი ზემოთხსენებულ ნორმის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. ხსენებული სამინისტრო დარწმუნდა იმაში, რომ სანამ ფულის კურსის რყევა არ შეჩერდება, მანამ არ შეიძლება ხანგრძლივად იქნეს განსაზღვრული მუშათა საშუალო ხელფასის რაოდენობა და კონკრეტიულად რომელიმე ციფრზე შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავდგებოდით იმ ფაქტის წინაშე, რომ რამოდენიმე თვის შემდეგ ჩვენ ხელახლა მოგვიხდებოდა თქვენი ყურადღება მიგვეპყრო ამ მუხლის შეცვლაზე. თუ კანონის გამოცემის დროს ჯერ ხუთი მან. იყო ნორმათ მიჩნეული, შემდეგ კი 10, 21 მან., დღეს 70 მანეთიც რომ დავაწესოთ, სულ რამოდენიმე თვის შემდეგ საჭირო გახდება მისი გადიდება. თქვენ მოგეხსენებათ თუ რა ძნელია კანონმდებლობის გზით კანონის რომელიმე მუხლის შეცვლა და ისიც ყოველ სამ-ოთხ თვეში. ეს ბადებს იმ უხერხულობას, რომ დაწესებული დღიური ხელფასის რაოდენობიდან დამზღვევი ორგანიზაციის წევრებს ეძლევათ მხოლოდ ნორმის 1/2 ან 3/4 და რამდენადაც ნაკლები იქნება ეს ნორმა იმდენად მცირე იქნება ის დახმარება, რომელიც დაზღვეულებს მიეცემათ. ამიტომ შრომის კომისია ფიქრობს, რომ ეს ნორმა საშუალო ხელფასისა, რომელიც მხედველობაში მიიღება დაზღვევის ანგარიშის დროს, ისაზღვრებოდეს არა კანონმდებლობის საშუალებით, არამედ ამ ნორმის დაწესების უფლება მიეცეს შრომის სამინისტროს. შრომის სამინისტრო, როგორც უფრო მოძრავი ორგანიზაცია, ვინემ საკანონმდებლო ორგანო, უფრო ადრე და ადვილად შესძლებს ამ ნორმის გამონახვას და ინსტრუქციის თუ დადგენილების სახით თავიდან აგვაცილებს ზემოხსენებულ უხერხულობას. ამიტომ შრომის კომისიის სახელით ვსთხოვ დამფუძნებელ კრებას ხსენებული 65 მუხლის ის ნაწილი, რომელშიაც ნათქვამია: (კითხულობს) ამის მაგივრად დაიწეროს (კითხულობს კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულების დამტკიცებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ ურატაძეს.

. ურატაძე. როგორც მოგეხსენებათ, დამფუძნებელ კრებაში შემოტანილი იყო დებულება ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროდან საბჭოს დაარსების შესახებ. ეს დებულება გადაეცა საბიუჯეტო კომისიას. მან ეს განიხილა და დამფუძნებელ კრებაში მისი პირველი განხილვა მოხდა. ახლა მეორე განხილვა არის დღის წესრიგში შეტანილი. ამ დებულებას არ ჰქონდა დართული კანონი დამტკიცებისა. საბიუჯეტო კომისიამ თავისი ინიციატივით შეიმუშავა კანონ-პროექტი სამი მუხლისაგან შემდგარი და რომელიც მოითხოვს დამატებითი შტატების დამტკიცებას და მისთვის საჭირო თანხის გაღებას ხაზინიდან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. გთხოვთ წაიკითხოთ.

ურატაძე. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. წინადადებაა, რომ რადგანაც 3 საათი სრულდება, მივიღოთ საბოლოო ტექსტები.

გრიგოლ ნათაძე. (მოახსენებს კრებას, რომ სარედაქციო კომისიამ წარმოადგინა შემდეგი დეკრეტების საბოლოო ტექსტი: საბოლოო ტექსტი მატყლზე და აბრეშუმის პარკზე მონოპოლიის შემოღებისა. 2. სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად 65.827.720 მანეთის გადადების დეკრეტის განგრძობის. და 3. საზღვარ-გარეთ სწავლა-განათლების, ან სპეციალური ცოდნის შესაძენად გაგზავნილ პირთათვის დამატებად 3.000.000 მან. გაღების დეკრეტისა. სამივე დეკრეტის საბოლოო ტექსტები მიღებული იქნა უცვლელად. ამის შემდეგ მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის (დეკემბრის 9-ს) დღიურ წესრიგს, რის შემდეგაც თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს).

სხდომა იხურება 3 ს. და 5 წუთზე.

9 სამოცდამერვე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(68)

1919 წელი, პარასკევი, დეკემბრის 5. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხ.

. მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა 30 წუთზე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ, დამფუძნებელი კრების სხდომას გახსნილად ვაცხადებ. გთხოვთ მოისმინოთ კომისიებში გადასაცემი კანონ-პროექტების ნუსხა და დღის წესრიგი (დარბაზში ხმაურობაა). ბ-ბო, კრება გახსნილათ არის გამოცხადებული და გთხოვთ დაიცვათ სიჩუმე.

მდივანი. (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ტყის მფლობელობისა და სარგებლობის დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. დეკრეტი - ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარის საჭიროებისათვის ყოველთვიურად დამატებით 14.734 მ. და 50 კ. გადადებისა. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

3. დეკრეტი გზათა დეპარტამენტისათვის 88.425 მან. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა - მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთი დანაშაულობისთვის სასჯელის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ილ. ფირცხალაიშვილი.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელი ილ. ფირცხალაიშვილი.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების მთავრობისადმი წარდგენისა. მომხსენებელია ექვთ. თაყაიშვილი.

7. დეკრეტი ტფილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სააგრონომიო განყოფილების გახსნისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი და გრ. ნათაძე.

8. დეკრეტი რკინის-გზის დეპარტამენტისათვის 52.284.290 მ. დამატებითი კრედიტის გახსნისა - 1918 წ. დანახარჯის დასაფარავად. მომხსენებელია, თევ. ღლონტი.

9. დეკრეტი - მაზრის მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

10. დეკრეტების ქალაქების მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

11. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ნავთსადგურებში გადასახადთა ახალ ნიხრის დაწესების შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

12. დეკრეტი სამხედრო სამინისტროს ვალების დასაფარავად 4 მილ. მან. გადადებისა.

13. დეკრეტი აფხაზეთის და საქართველოს სხვა განაპირა კუთხეთა ახალგაზრდებისათვის სტიპენდიების დასანიშნავად 200.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

14. დეკრეტი იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 86.867 მან. და 10 კაპ. გადადებისა - იუსტიციის სამინისტროს დაწესებულებათა 1918 წ. ვალების გადასახდელად. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

15. დეკრეტი ხაზინიდან 6.500.000 მან. გადადებისა ტელეგრაფისა და ტელეფონის ქსელისათვის საჭირო მასალების და აპარატების შესაძენად. მომხსენებელია ვიქტ. თევზაია.

16. დეკრეტი - სასამართლო უწყების დაწესებულებათა შტატების შემცირებისა, ჯამაგირის მომატებისა და ზოგიერთი სხვა ცვლილებისა. მომხსენებელია სერ. ჯაფარიძე.

17. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - სახალხო გვარდიის შესახებ. მომხსენებელია ვალ. ჯუღელი, ზაქ. გურული და იოს. სალაყაია.

18. სენატორის არჩევა თავისუფალ თანამდებობაზე.

19. იურიდიულ კომისიის დადგენილება დეპარტამენტებისათვის დაარსების ძირითად დებულებათა პროექტის მთავრობისათვის უკან დაბრუნების შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

20. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილება - ტყავეულობის გასაკეთებელ მასალის დამზადება-შეძენის მონოპოლიის გამოცხადების დეკრეტის უარყოფის შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

21. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

თავმჯდომარე. ბატონებო! სოც.-დემოკრატიული ფრაქციიდან შემოსულია შემდეგი წინადადება: მე-16 მუხლი წესრიგისა (კითხულობს) განხილულ იქნეს მეორე რიგში ე.ი. პირველი მუხლის შემდეგ და მასთან მე-17-ე მუხლიც (კითხულობს) მეორე მუხლის შემდეგ ე. ი. მესამედ. ამასთან დამფ.

კრების პრეზიდიუმს აქვს წინადადება: მუხლი - ბეჭვდითი სიტყვის ნაწარმოების მთავრობისათვის წარდგენისა - განხილულ იქნეს პირველ რიგში, რადგან მომხსენებელი ბ-ნი ე. თაყაიშვილი 1 საათზე უეჭველად უნდა წავიდეს ფრიად საჭირო და სერიოზულ საქმეზე. ამგვარად არის შემოტანილი რამდენიმე წინადადება. თუ სიტყვა არავის სურს მე პირდაპირ გადავალ კენჭის ყრაზე (სიტყვის მსურველი, არავინ არის). ვინ არის წინააღმდეგი დღიურ წესრიგისა შემოტანილი შესწორებით? წინააღმდეგი არავინაა. წესრიგი მიღებულია. გადავდივართ, პირველი მუხლის განხილვაზე (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ ივ. გომართელს.

ივ. გომართელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს ტყის მფლობელობის და სარგებლობის დეკრეტის სარედაქციო კომისიის მიერ მიღებულ შესწორებებით).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა, კომისიის შესწორებებით? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია.

გადავდივართ შემდეგ მუხლის განხილვაზე (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ ე. თაყაიშვილს.

. თაყაიშვილი. ბატონებო! ამ კანონ-პროექტის აზრი მარტივია - ჩვენ გვინდა ჩვენს წიგნთსაცავებში მოიპოვებოდეს ყველა ის ნაწარმოებნი, რაც გამოიცემა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ყველა გამოცემა, ბეჭვდითი ნაწარმოების ყოველი ცალი შეგროვებულ უნდა იყოს სხვა და სხვა დაწესებულებათა ბიბლიოთეკებში, რომ ყოველ მოქალაქეს რესპუბლიკისა, როდესაც ესა თუ ის წიგნი, ან სტატია დასჭირდება, შეძლება ჰქონდეს მოიპოვოს ეს ნაწარმოები. გარდა ამისა, საჭიროა, რომ მთავრობამ იცოდეს თუ რა გამოდის იმ სახელმწიფოში, რომელსაც თითონ მართავს, და ხშირად ამ მიზანს ის ვერ აღწევს, ვინაიდან არა გვაქვს კანონი, რომ თითო ეგზემპლიარი გამოცემულ ნაწარმოებისა, ინახებოდეს სათანადო წიგნთ-საცავში.

როგორც მოგეხსენებათ, წინად, როდესაც საცენზურო კომიტეტი არსებობდა, მიღებული იყო, რომ 13 ცალი ყოველ გამოცემისა წარდგენოდა ამ კომიტეტს და ეს კომიტეტი კი ანაწილებდა ამას სხვა და სხვა წიგნთ-საცავებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოში ეს არ იყო შემოღებული და როდესაც პეტერბურგის პროფესორებმა და სტუდენტებმა განიზრახეს ბიბლიოგრაფიულ კრებულის გამოცემა, ეს საქართველოში არ მოხერხდა, ვინაიდან არც ერთი ჟურნალ-გაზეთის სრული კომპლექტი არც ერთ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვებოდა და მხოლოდ პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის საშუალებით შესძლეს შედგენა და გამოცემა პირველი ტომისა. ხოლო, როდესაც ამ გამოცემის გაგრძელება განიზრახეს ტფილისში ამისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, ტფილისში არ აღმოჩნდა მასალა. და აი, სწორედ, რომ მომავალში ასეთი ნაკლი თავიდან ავიცილოთ, ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს კანონი, დაევალოს ყველა სტამბებს, რომ მათში დაბეჭდილი ნაწარმოების 14 ცალი წარუდგინონ მთავრობას. ორი შინაგან-საქმეთა სამინისტროს და 12 განათლების სამინისტროს. უკანასკნელი ვალდებულია გაანაწილოს ეს არსებულ წიგნთსაცავთა შორის: - დამფუძნებელ კრების ბიბლიოთეკის, საეთნოგრაფიო საზოგადოების, უნივერსიტეტების, საჯარო წიგნთ-საცავებსა, ქუთაისის ეტნოგრაფიულ საზოგადოების და სხვ. შორის, სადაც საჭიროდ დაინახავს.

აი, ეს არის დედა-აზრი ამ კანონ-პროექტისა. მე მგონია აქ სადავო არაფერი არ არის, ეს დღემდე უნდა ყოფილიყო და ეხლა მაინც უნდა შემოიღოთ. დარწმუნებული ვარ, ნახევარს იმ ჟურნალ-გაზეთებისა, რომელიც გამოცემულა ჩვენს რესპუბლიკაში, თქვენ ვერ იპოვით, ვინაიდან წინეთ არ ყოფილა მიღებული ისეთი წესი, რომ რამოდენიმე ცალი ყოველ გამოცემისა ერთ ადგილას ყოფილიყო დაგროვილი. აი, ამ მიზნით არის წარმოდგენილი ეს კანონ-პროექტი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფუძ. კრების წევრს გრიგოლ ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე. (სოც.-რევ.) ბატონებო! ეს კანონ-პროექტი, რომელიც ახლა მოხსენდა დამფუძნებელ კრებას, სწორეთ იმ სახით, რა სახითაც იგი დამფუძნებელ კრებას მოახსენა ბ. ე. თაყაიშვილმა საკამათო არ არის - და ეჭვათაც არავის აღუძრავს, რის გამოც იგი სავსებით მისაღები უნდა იყოს დამფუძნებელ კრებისათვის. მაგრამ თვით ისტორია ამ კანონ-პროექტისა სავსებით ააშკარავებს მის დაფარულ ხასიათს. ზოგადათ, რომ გადახედოთ კანონ-პროექტს, თითქოს მასში მიუღებელი და საეჭვო არ არის რა, მაგრამ თუ მას შიგა და შიგ ჩაუკვირდებით, მაშინ ბევრ რამეს ისეთს შეამჩნევთ, რაც ჩემის აზრით მიუღებელია. ეს კანონ-პროექტი პირველათ საბიბლიოთეკო კომისიაში იყო მიღებული და ხსენებულ კომისიის აზრი სწორედ ის იყო, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ბიბლიოთეკისა და წიგნთ-საცავებში შენახულიყო რამოდენიმე ეგზემპლიარი ჩვენი გამოცემებისა და ჟურნალ-გაზეთებისა. ეს თავითავად დიდი კულტურული საქმეა და ყოველ კულტურულ ქვეყანაში ეს ასეც ხდება. ხდება იმიტომ, რომ არ დაიკარგოს და შენახულ იქნეს ყველასათვის სხვა და სხვა გამოცემები, მაგრამ როდესაც საბიბლიოთეკო კომისიიდან გავიდა ეს კანონ-პროექტი, იგი ისე შეიცვალა, იმდენად გადასხვაფერდა, რომ მე, შემდეგ ვნახე, მართალი მოგახსენოთ, ვერ ვიცანი. მისი დედა აზრი იმდენათ, სავსებით გამოიცვალა, რომ მაპატიეთ ამ სიტყვისათვის, თითქოს ცოტა პიკანტური ისტორია გამოვიდა. იგი არ შეეფერება არა თუ იმ აზრს, რომელიც მას თავიდანვე ქონდა მიცემული, არ შეეფერება აგრეთვე იმ ინიციატივასაც, რომლითაც წარმოიშვა თვით კანონ-პროექტი საბიბლიოთეკო კომისიაში. ისე რომ, რაღაც მანქანების ძალით კანონ-პროექტი სრულიად შეიცვალა. განსაკუთრებით პიკანტურია ის, რომ წერილობითი განმარტება, რომელიც წინ წარუმძღვარა ამ კანონ-პროექტს მომხსენებელმა ბ. თაყაიშვილმა არა ჰგავს იმ განმარტებას, რომელიც მან ზეპირად წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, არც საბიბლიოთეკო კომისიის აზრს ეთანხმება. ამასთან მომხსენებელი კი საბიბლიოთეკო კომისიის სახელით გამოვიდა ამ კანონ-პროექტის დასაცავად. განმარტებაში ნათქვამია, რომ მთავრობას უნდა საშუალება მიეცეს, რათა მან თვალ-ყური უნდა ადევნოს გამოცემებსაო. ეს მიზანი სულ სხვაა და საბიბლიოთეკო კომისიისა კი სულ სხვა იყო. პირველი ცენზურას მოგვაგონებს, მეორის საზრუნავი კი ბიბლიოთეკები და არხივებია. საცენზურო კომიტეტი ძველათ სწორეთ ამისთვის არსებობდა. საცენზურო კომიტეტზე ლაპარაკი საბიბლიოთეკო კომისიაშიც იყო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ კომიტეტიდან ურიგდებოდა გამოცემები ბიბლიოთეკებსა და არქივებს, მაგრამ იგი თვალ-ყურსაც ადევნებდა და როცა აქ გვეუბნებიან შინაგან-საქმეთა სამინისტროს უნდა დავეხმაროთ, რომ თვალყური ადევნოს ბეჭდვით სიტყვასაო ეს უეჭველათ ჩვენ ცენზურას გვიახლოვებს. შინაგან-საქმეთა სამინისტრომ თვალ-ყური უნდა ადევნოსო მაგრამ რათ გავიწყდებათ, რომ თვალ-ყურის დევნება სხვაა და ბიბლიოთეკებზე და არქივებზე ზრუნვა სულ სხვა. ცენზურის მიზანი სულ სხვაა. ძველად იგი წინ და წინვე არჩევდა ყოველ გამოცემას და მისი შინარსის მიხედვით აფერხებდა მის გამოცემას თუ გავრცელებას. საცენზურო კომიტეტი სწორედ, რომ ცენზურას აწარმოებდა, მაგრამ თუ ძველად მას ჰქონდა მინდობილი აგრეთვე გამოცემის ეგზემპლიარების განაწილება არქივებსა და ბიბლიოთეკებში, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეხლაც ამგვარსავე დაწესებულებას უნდა მივმართოთ, რომ მომავალ თაობისათვის დაცულ იქმნეს თვითეული ბეჭდვითი სიტყვა. დღეს სულ სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუ საჭიროა, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრომ თვალ-ყური ადევნოს, დეე ადევნოს მან თვალ-ყური. ჩვენის ინიციატივით ამისთვის კანონი რა საჭიროა, რაც თვით სამინისტრო არა გვთხოვს, რომ ეს საქმე მას გაუადვილოთ. თუ მას გაუჭირდება სათანადო კანონ-პროექტს შემოიტანს და მაშინ განვიხილოთ იგი. ჩვენ მაშინაც, შესაძლოა არ დაგეთანხმოთ, მაგრამ თუ უმრავლესობას შეუძლიან მაშინ გაატაროს საცენზურო კანონი, ხოლო წინ და წინ მას ნუ დავაკანონებთ, ნუ მივიღებთ მას, რაც არავითარი გარემოებით ნაკარნახევი არ არის. მომხსენებლის წერილობით განმარტებაშიც ერთი ორი სიტყვა არის, რომელიც კანონ-პროექტს სულ სხვა მიმართულებას აძლევს. მას სხვა გარემოებაში ყურადღებასაც არ მივაქცევდით, რომ თვით კანონ-პროექტშიც შიგნით სხვა აზრი არ იმალებოდეს იმ ალაგას, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროსაც უნდა 2 ეგზემპლიარი მიეცესო. ყოველივე ამის გამო ჩვენი ფრაქციის აზრით კანონ-პროექტში სავსებით უნდა ამოიშალოს წინადადება, რომელიც გულისხმობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ეგზემპლიარი ყოველგვარი გამოცემისა უნდა გადაეცესო. იმ მიზნის განხორციელებაში, რომელიც საბიბლიოთეკო კომისიამ დაისახა, შინაგან-საქმეთა სამინისტრო აქ სრულებით არაფერ შუაშია და რა მოსაზრებითაც იგი აქ დაკავშირებულია, ის ჩვენი ფრაქციისათვის მიუღებელია. მხოლოდ ამ ადგილის კანონ-პროექტიდან გამოტოვების შემდეგ შეუძლია ჩვენ ფრაქციას დაუჭიროს მხარი ხსენებულ კანონ-პროექტს. ამასთან მინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ სხვა მოვლენასაც. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ნებას მივცემ ჩემ თავს ორიოდე შენიშვნა მივსცე დამფუძნებელი კრების იურიდიულ კომისიასაც. როგორც სჩანს უკანასკნელი შესწორებანი ხსენებულ კანონ-პროექტში იურიდიულმა კომისიამ შეიტანა. იურიდიულადაც მიუღებელია ეს კანონ-პროექტი, რადგანაც იგი ორ სულ სხვა და სხვა კანონპროექტისაგან არის შეკოწიწებული. თავისთავად ეს შესწორებები გაუგებრობას იწვევენ, რადგან სრულებით არ არის გარკვეული პირიქით ბურუსშია გახვეული ის, რაც შეიძლება დღეს ამ კანონ-პროექტის მთავარ მიზანს შეადგენდეს. სწორედ, რომ გარკვეულათ არც მიზანია და არც საშუალებაა გამოხატულნი კანონ-პროექტში მათი შესწორების წყალობით. იგი ვერც ასრულდება, რადგან ამსრულებლისათვის გამოურკვეველი იქნება კანონმდებელის სურვილი. მძიმე მოვალეობა დაეკისრება იმას, ვისაც კი კავშირი ექნება ხსენებულ კანონის ცხოვრებაში გატარებასთან. გარკვეულად და ნათლად კანონში არ არის გამოხატული თუ რას ავალებს იგი ამსრულებელს. ამიტომ ეს დამატებები უნდა ამოიშალოს და ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება კანონ-პროექტისა, თუ ეს შესწორებები, რომელიც მე თქვენ აქ მოგახსენეთ მიღებულნი არ იქნებიან. ჩვენ შემოვიტანთ ამ შესწორებებს, ეს თქვენი საქმეა მიიღებთ თუ არა, მაგრამ თუ არ მიიღებთ, ჩვენი ფრაქცია ხსენებულ კანონ-პროექტს წინააღმდეგ მისცემს ხმას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბ. რაჟდენ არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრიბუნიდან ხშირათ ბევრი არქაიული აზრი გამოთქმულა და ასეთი არქაიული აზრი იყო დღეს გამოთქმული დამფუძნებელ კრების წევრისაგან ნათაძის მიერ. მას საერთოდ წარმოუდგენია, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო რაღაც დამაფრთხობელი, ბნელი, ან შავი ძალაა და მისთვის რაიმეს მინდობა, დაკისრება წარმოუდგენელ მიუღებელ მოვლენათ მიაჩნიათ (ივ. გობეჩია ადგილიდან: ძალიან წითელი კია არა?) უნდა მოგახსენოთ, რომ ბევრად უფრო წითელია, ვინემ იმ შესწორების შემომტანნი, რომელზედაც აქედან ლაპარაკობდენ. დიახ, ბევრად უფრო წითელი, ვინემ ის ფრაქცია რომელმაც ჩვენი ახლანდელი ისტორია შავი ასოებით აავსო. და, რასაკვირველია, ამ შავს საქმეებს და ბოროტებას შინაგან-საქმეთა სამინისტრო, რომელიც დარაჯათ უდგია ჩვენს დემოკრატიულ-რესპუბლიკას, არა თუ თვალყურს ადევნებს, არამედ სასტიკ ბრძოლასაც უცხადებს; ეს ჩვენი ვალი იყო და ასეც ვიქცეოდით. მომავალშიაც სამინისტრო ყოველ კონტრ-რევოლიუციონერ და ბოროტ მიზნებით გამსჭვალულ მოძრაობას უფრო მეტს ენერგიითა და მხნეობით შეებრძოლება. ვალდებულია შეებრძოლოს, ამაში დამეთანხმება დამფუძნებელ კრების წევრი ლეო შენგელაიაც. მაგრამ რაშია საქმე? ამათ (უჩვენებს ესერებზე) ვერ გაურჩევიათ ორი გარემოება. რუსეთში არსებობდა ძველად ცენზურა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რადგანაც აქ ამ კანონ-პროექტში ნახსენებია ეს სამინისტრო, მათ ჰგონიათ, რომ აქაც ცენზურის შემოღებას ვაპირებთ. რუსეთში არსებობდა შინაგან-საქმეთა სამიმისტრო, ჩვენშიც არსებობს შინაგან-საქმეთა სამინისტრო და ჰგონიათ ეს არსებობა ნიშნავს ერთ და იგივეობას მათი მიზნებისას; მათ ვერ განურჩევიათ, ვერ განუსხვავებიათ. (ლ. შენგელაია ადგილიდან: არაფერი განსხვავება არ არის!) დიახ, თქვენი უბედურება და უბადრუკებაც ის არის, რომ თქვენ ვერ გაგირჩევიათ, ვერ გაგინსხვავებიათ, ვერ მოგინახავთ განსხვავება მათ შორის, დიახ ეს განსხვავება არ ესმის შენგელაიას, მას რომ ხელში მივცეთ სახელმწიფოს მართვა-გამგეობა, ამ თეორიით ის ალბად - სავსებით მოსპობდა შინაგან-საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მაშინ ისეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ისეთ პირობებს შექმნიდა, რომ თვით ჩაიხრჩობოდა ამ საშინელებაში (ლ. შენგელაია ადგილიდან: იმაზე საშინელება მაინც არ მოხდებოდა, რაც ახლა არის!) ეს მხოლოდ თქვენისთანებს შეუძლიათ სთქვან და სხვას არავის, რადგან თქვენ გაინტერესებთ პოზიცია.

გადავიდეთ საქმეზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ უბრალო ფაქტი: შეიძლება თუ არა ბოროტ-მოქმედების ჩადენა წერით, შეიძლება თუ არა ასეთი დელიქტი? და თუ შეიძლება, არის თუ არა ვინმე მოვალე ეს დელიქტი აღნუსხოს და დამნაშავეს პასუხი მოსთხოვოს? ცხადია, რომ არის - და ალბად უნდა იყოს თვალ-ყურის მდევნელიც. მაგალითად ვინმემ ჩაიდინა ბოროტ-მოქმედება, კაცი მოჰკლა, იყაჩაღა, არ არის განა შინაგან-საქმეთა სამინისტრო ვალდებული ამას თვალ-ყური ადევნოს, დაატუსაღოს და სამართალში მისცეს დამნაშავენი? ცხადია ვალდებულია. ვთქვათ ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინა წერით აი, თუნდ ისეთი მიმართულების პირმა, როგორიც მოქ. ლეო შენგელაია ბრძანდება, უნდა იყოს თუ არა ისეთი ორგანო, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს და პასუხს მოსთხოვს, რომ მაგ. არავინ არ გაამასხარავოს და აბუჩად არ აიგდოს ეს დაწესებულებაც, როგორც ეს სჩვევია ზოგიერთ დეპუტატებს (შენგელაია: როგორც მაგალითად არსენიძეს!) ყველა ხომ არ სარგებლობს იმუნიტეტით, მაშასადამე მას პასუხიც უნდა მოეთხოვოს. შინაგან-საქმეთა სამინისტროც ვალდებულია მათ წინააღმდეგ ზომები მიიღოს. მაგრამ სულ სხვაა, შინაგან-საქმეთა სამინისტოს რომ მივსცეთ უფლება ცენზურა დააარსოს. აქ ამის მსგავსი არაფერია დაბეჭდილი და ხალხში უკვე გამოსული გაზეთი მისდის მთავრობას... (შენგელაია: და უნდა დახუროს?) დახუროს, თუ ეს სასარგებლო იქნება რესპუბლიკისათვის. (გვაზავა: გაუმარჯოს სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლებას!) მე მგონია ნამდვილი თავისუფლება მაშინ იქნება, როცა მის ბოროტად გამოყენებას და სარგებლობას არ ისურვებს მოქალაქე, როცა ის თავისუფლებას თვითნებობად დააქცევს. მე მგონია, ყოველი დემოკრატი და სოციალისტი ვალდებულია იცოდეს, რომ არის საზღვარი... (გობეჩია: ნაციონალ-დემოკრატებიც კი იცინიან!) ისინი იმიტომ იცინიან, რომ თქვენ უგნურ აზრებს ისმენენ.

მე ვამბობ, რომ შინაარსი და დედა-აზრი ამ კანონ-პროექტისა უმთავრესად იმის, რაც იწვევს წინააღმდეგობას, სრულებით არ შეიცავს იმის მსგავს... (შენგელაია: ცენზურას?) არც ცენზურას და არც იმას, რასაც ადგილი ჰქონდა ძველ დროს. იქ ცენზორი წინასწარ განიხილავდა მასალას, რომ იქიდან ამოეშალა ის, რის თქმაც უნდოდა კაცს. აქ კი საქმე ასე სრულებითაც არ არის. ნაწარმოები იბეჭდება და სამინისტროში მიდის ბაზარზე გასვლისა და გავრცელებასთან ერთად. მხოლოდ სამინისტროს ეგზავნება იმიტომ, რომ განიხილოს აქ რაიმე დელიქტი თუ არა. აი, რა არის მთავარი და მე მგონია, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაში ისარგებლებს მხოლოდ იმ წესებით, რომელნიც რესპუბლიკაში არსებობენ. შეიძლება ეს ზოგიერთ ჩვენ მემარჯვენეებს არ მოსწონდეთ, რადგან ზოგიერთ მათ ორგანოებს მოხვდათ სუსხი ამ ნიადაგზე... ეს აუცილებელი იყო, ბ. გვაზავა. როცა ასეთი სუსხი მემარცხენე ანარქისტებს მოხვდება, თქვენ გეცინებათ და ტაშს უკრავთ, როცა მემარჯვენეებს - არ მოგწონთ. ეს ბუშმენური ლოღიკა არის.

უმთავრესი აზრი კანონ-პროექტისა კი არის კულტურულ-განმანათლებლობითი მიზანი - მიწოდება ყველა ნაწარმოებისა საზოგადო დაწესებულებათადმი, როგორიცაა მაგალ. დამფ. კრების ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, საჯარო ბიბლიოთეკა და სხვა. მართალია ისინი კანონ-პროექტში არ არის ჩამოთვლილი, მაგრამ ის გარემოება, რომ აქ არის აღნიშნული, რომ განათლების სამინისტროს ეძლევა 12 ცალი. ცხად-ჰყოფს, ვისაც დაურიგდება ეს ნაწარმოები. პირველ პროექტში ეწერა, რომ უნდა გაგზავნოდა 14 ცალი შინაგან-საქმეთა სამინისტროს, ხოლო იურიდიულმა კომისიამ ეს გადაასწორა და აი რატომ: ყველა კულტურული დაწესებულებანი განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. ამიტომ იურიდიულმა კომისიამ დაადგინა, რომ 12 ცალი გაგზავნოდა განათლების სამინისტროს, ხოლო შინაგან-საქმეთა სამინისტროსათვის საკმარისი იქნება 2 ცალი, რომ გაეცნოს ნაწარმოების შინაარსს, ამიტომ ეს 2 ცალი შინ.-საქმეთა სამინისტროს უნდა გაეგზავნოს. ხოლო, რაც შეეხება ცენზურას, ამაზე აქ ლაპარაკიც არ არის. ეს მხოლოდ შეთხზულია წინა ორატორისაგან.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ ილ. ნუცუბიძეს.

ილ. ნუცუბიძე. ბ.-ბო! ჩვენმა ფრაქციამ მიაქცია ყურადღება იმას, რისთვისაც მას ეს ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცია. ეს კანონ-პროექტი, როგორიც მენშევიკების ფრაქციის წარმომადგენელმა განაცხადა და როგორც, განმარტებაში სწერია, სხვათა შორის მოითხოვს ცენზურას. ეს აშკარად სჩანს იმ განმარტებიდან, რომელიც დართული აქვს ამ კანონ-პროექტს. ამის უარყოფა ყოვლად შეუძლებელია. მართალია წინასწარი არ არის, მაგრამ ცენზურა მაინც არის. გამომცემელი ვალდებულია გამოცემის შემდეგ გაუგზავნოს შინაგან-საქმეთა სამინისტროს თავისი გამოცემა, რომ მან თვალყური ადევნოს, თუ რა იწერება იქ. (არსენიძე: განა ცენზურა არის ეს?) იქ პირდაპირ სწერია, რომ სამინისტროს არა აქვს საშუალება თვალყური ადევნოს ყველა გამოცემებს და ამიტომ გამომცემელი ვალდებულია გაუგზავნოს მას ჟურნალ-გაზეთები და სხვა.

ჩვენ ვერც პრინციპიალურის და ვერც პრაქტიკულის მოსაზრებით ვერ ვიქნებით ცენზურის მომხრე.

სხვას რომ თავი დავანებოთ, კანონმდებლობით დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცენზურის შემოღება ეს ისეთი შავი რამ არის, რომ ისტორიის წინაშე გაგვაწითლებს. ძვირად არსებობდა წინასწარი ცენზურა - სანამ გამოიცემოდა გაზეთი, გამომცემელს უნდა გაეგზავნა ის ცენზურისათვის. ცენზორი ამოშლიდა იმას, რაც არ მოეწონებოდა და გამოდიოდა გაზეთი თეთრი სვეტებით. შემდეგ ეს გააუქმეს და შემოიღეს ასეთი ცენზურა. გაზეთი რომ გამოვიდოდა გაუგზავნიდენ ცენზორს და მას შეეძლო თუ საჭირო იქნებოდა დაჭერა გაზეთის. აი, ამ კანონ-პროექტით არის ეს მოთხოვნილება, რომ დაარსდეს ასეთი ცენზურა და ამის წინააღმდეგნი ვართ ჩვენ.

ჩვენ, რასაკვირველია, მომხრენი ვართ ყოველი გამოცემა წარდგენილ იქნას კულტურულ დაწესებულებაში და იქ ინახებოდეს. ეს რა თქმა უნდა საჭიროა, ამის წინააღმდეგნი ვერ ვიქნებით, ხოლო ცენზურის მომხრე ვერ ვიქნებით. ეს აღნიშნა ჩვენმა ფრაქციის წარმომადგენელმა. ჯელტმენურ ფორმაში, გამოვიდა ბ.-ნი არსენიძე და თავისი ჩვეულებრივი მოუხეშაობით და სიტლანქით (რეპლიკა: გითხრათ სიმართლე?) რა სიტყვებით არ შეამკო ჩვენი ფრაქცია, „უგნური, ბოროტება, ყაჩაღობა“ და სხვა ასეთი ეპიტეტებით შეგვამკო მან. (არსენიძე: - „ყაჩაღები“ არ მითქვამს?) მე მოვახსენებ ბ.-ნ არსენიძეს: კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. არც ერთი დეპუტატი ისეთ უშვერ სიტყვებს არ ისვრის ამ ტრიბუნიდან, როგორც არსენიძე. რომ მას ესმოდეს ტრიბუნის ღირსება, მე მგონია, რომ მას ეს არ ესმის, (ონიაშვილი: ეს თავმჯდომარის საქმეა) ტრიბუნიდან ასეთ სიტყვებს არ წამოისვრიდა. მე მგონია ეს ტრიბუნა არის უწმინდესი და ყოველივე სიტყვა უნდა იქნას ჩამოყალიბებული პარლამენტარულ ფორმაში და არა უხეშ, ტლანქ ფორმაში, ისე როგორც ამას ბ-ნი არსენიძე ჩადის. ბ-ბო, ცენზურის შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: თვით დამფუძნებელ კრებაში არსებობს ცენზურა. როცა მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, ორმოცდაათი დეპუტატი სოც.-დემ. ახმაურდება და აყვირდება და არ აძლევს საშუალებას მოწინააღმდეგეს გამოსთქვას თვისი აზრი.

ეს ერთნაირი პრაქტიკული ცენზურა არის. (თავმჯდომარე: უკაცრავად ბ-ნო ორატორო, გთხოვთ დაუახლოვდეთ საკითხს.) მეორე ცენზურა არსებობს პრესაში. ეს გაბატონებული პარტიის პრესა მოწინააღმდეგე ორატორის სიტყვას, ან სულ არ მოიყვანს, ან თუ მოიყვანს, მოიყვანს ისე გამასხარავებულად, რომ მის მგზავსი არავის უთქვამს.

ეს არ არის ლამაზი საშუალება ბრძოლისა. (ხმაურობა) ასე იქცევა ოფიციოზი „ერთობა“. მაგრამ ვთქვათ ეს პარტიული გაზეთი და კიდევ... მაგრამ ოფიციალური ორგანო, სააგენტო, რომელიც ვალდებულია ხალხს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, ისე ამახინჯებს ოპოზიციის აზრებს, რომ პირდაპირ შეუძლებელია გაგება.

განა ეს ცენზურა არ არის?! იგივე ითქმის „საქართველოს რესპუბლიკაზე“. ეხლა კი აი ამ ცენზურის წინააღმდეგი ვართ და მოვითხოვთ ის მუხლი, რომელიც ცენზურას შეეხება ამოშლილ იქნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგნი ვიქნებით მთელი კანონ-პროექტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე (ს.-დ) ბატონებო! აქ საკითხი არ არის დასმული ორატორების მიერ ისე, როგორც საჭირო იყო. აქ საკითხი ეხება არა წინასწარ ცენზურის შემოღებას, ან საერთოდ ცენზურას, საკითხი ეხება იმას, უნდა ჰქონდეს თუ არა მთავრობას საშუალება თვალ-ყური ადევნოს იმას, რაც მის გარშემო ხდება საერთოდ და კერძოდ გამომცემლობის საქმეს. რა არის წინასწარი ცენზურა? ეს გახლავთ ის, რომ სანამ რაიმე ნაწარმოები გამოვიდოდეს, ის მიდის ცენზორთან, რომელიც, ან ამოგლეჯს ისეთ ადგილებს, რომელიც მისი აზრით მავნებელია, ან თუ მთელი წიგნი ცენზორს არ მოეწონა და დაინახა, რომ ხალხში იგი - არ უნდა გავრცელდეს, ნაწარმოები არ გამოდის. აქ, მაშასადამე, ნაწარმოები გამოდის მხოლოდ და მხოლოდ ცენზურაში გავლის შემდეგ. დღევანდელი დეკრეტი კი ქმნის შემდეგ მდგომარეობას: ნაწარმოები გამოდის და განსაზღვრული ცალი ეგზავნება მთავრობას. მაშასადამე, ნაწარმოები ერთსა და იმავე დროს ვრცელდება და მთავრობასაც ეგზავნება. მაგ. დღეს გამოდის გაზეთი, იგი ვრცელდება დღესვე და იმავე დროს მიდის ფოსტაში და მთავრობას ეგზავნება. როგორც ხედავთ აქ არ არის სრულებით წინასწარი ცენზურა. ჩვენ მთავრობას მხოლოდ საშუალებას ვაძლევთ თვალ-ყურის დევნებისას. თქვენ გინდათ აქ ძალით დაინახოთ ცენზურა, თქვენ გინდათ ყალბად გააშუქოთ საკითხი და ყალბად გაშუქებული იგი ხალხში გაიტანოთ. ჩვენ კი, გვინდა ხალხს სწორად დავანახოთ საკითხი და ჩვენი ხმა გავაგონოთ. თქვენ თუ ცენზურათ გესმით ის, რომ მთავრობას საშუალება ჰქონდეს თვალ-ყური ადევნოს გამომცემლობის საქმეს, მაშინ თქვენი აზრით არავითარი თვალ-ყურის დევნება საჭირო არ არის. მაშინ თქვენ ყოველივე რეჟიმის წინააღმდეგი ყოფილხართ. ჩვენ კი ამის მომხრე არა ვართ: ვისაც სურს, რომ სახელმწიფო მკვიდრ ნიადაგზე დადგეს, ის ამ დეკრეტს მხარს დაუჭერს.

იურიდიულ კომისიას ამიტომ საჭიროდ მიაჩნია - ერთი მხრით გვქონდეს არხივში ყოველი დაბეჭდილი ნაწარმოები და მეორე მხრით მთავრობას საშუალება ჰქონდეს თვალ-ყური ადევნოს. თუ მთავრობამ გაიგო, რომ რაიმე ნაწარმოებს აზრად აქვს დაშალოს სახელმწიფოს სიმტკიცე, მან ზომები უნდა მიიღოს. როცა რესპულიკის წინააღმდეგ იბეჭდება რამე, მთავრობას საშუალება უნდა ჰქონდეს მას დროზე მიაქციოს ყურადღება და პასუხი მოსთხოვოს დამნაშავეს. ვინც სდგას სახელმწიფოს აშენების ნიადაგზე, ვინც უპასუხისმგებლო ლაპარაკის ჟინით არ არის შეპყრობილი, იგი ვერ იქნება ამის წინააღმდეგი. აქ არ არის წინასწარი ცენზურა, არც საერთოდ ცენზურა, ეს არის მხოლოდ თვალ-ყურის დევნება. თქვენ თუ ამის წინააღმდეგი ხართ, გამობძანდით და განაცხადეთ, რომ მთავრობამ არ უნდა ადევნოს თვალ-ყური იმას, რაც მის გარშემო ხდება. თქვენ გვისაყვედურებდით ანარქიას არ ებრძვითო და განა თქვენი, დღევანდელი აზრი რომ მივიღოთ და მთავრობას თვალ-ყურის დევნების უფლება მოუსპოთ, მას ექნება საშუალება ებრძოლოს რაიმე ანარქიას? განა ეს ანარქია მაშინ საშინლად არ გაიზრდება? რით ვებრძოლოთ ჩვენ რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებს, თუ თვალ-ყურის დევნისა და ზომების მიღების საშუალება არ გვექნა? (ხმა: სასამართლო არ არსებობს?) არსებობს სასამართლოც და ადმინისტრაციაც. ჩვენ არა ვართ იმის წინააღმდეგი, რომ სასამართლომ გაარჩიოს ყოველგვარი ბოროტმოქმედება, მაგრამ თქვენ ისე აზროვნობთ, თითქოს ყველაფერი გათავდა, ყველაფერი მოვაწყეთ და დავალაგეთ, თითქოს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრება მიმდინარეობდეს სრულიად ნორმალურ პირობებში, თითქოს არ იყოს არაჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელიც არაჩვეულებრივ ზომებს მოითხოვს. რომ ეს ასე იყოს, რომ ჩვენც თქვენსავით გვესმოდეს და თქვენსავით ვაფასებდეთ ჩვენ რესპუბლიკის დღევანდელ მდგომარეობას, მაშინ ჩვენც მხოლოდ სასამართლოს მოვითხოვდით. მაგრამ დღეს, როცა ზარბაზნებს გვიშენენ, განა არაჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის?

მე თქვენ გეკითხებით: იყო თუ არა რესპუბლიკა არაჩვეულებრივ მდგომარეობაში? ჩვენში დღეს არაჩვეულებრივი მდგომარეობაა: დენიკინის საფრთხე თვალ წინა გვაქვს, სოჭის ფრონტზე მდგომარეობა არ არის უზრუნველყოფილი. გაზეთებში მთავრობისა და რესპუბლიკის საწინააღმდეგო წერილები იბეჭდება, ხალხში აგიტაციას ეწევიან, გადასახადები არ გადიხადოთო, - ამ უკანასკნელმა კი საშინელი დემაგოგიის ხასიათიც მიიღო, პროვოკაცია იქამდისაც კი მივიდა, რომ ვინ იცის რაზე არ გვწამებენ გადასახადის დადებას: მატყლის საჩეჩ მანქანაზე კი მოგვაწერეს გადასახადის დადება და ამას სოფლებში დიდის ენერგიით ავრცელებენ, და მე თქვენ გეკითხებით ასეთ პირობებში არა-ჩვეულებრივი ზომები მისაღებია თუ არა? და თუ თქვენ იმას აღიარებთ, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით, საფრთხე არსაიდან არ მოგველის, ყოველივე რიგზე და წესზე მიმდინარეობს, მაშინ რასაკვირველია, არაჩვეულებრივი ზომები მისაღები არ არის, მაგრამ ამ გზას, ამგვარ განმარტებას ჩვენ ვერ გავყვებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა სერიოზულია, ჩვენ ვხედავთ, რომ რესპუბლიკის მტრებს არ სძინავთ და ამიტომ ასეთი ზომებიც უნდა მივიღოთ, მაგრამ თქვენთვის რაც კარგია, რაც მისაღებია, თქვენი თვალსაზრისით, ის გამოსადეგი და ცხოვრებაში გასატარებელია, ის, თქვენთვის ჩვეულებრივი ზომაა, მხოლოდ თუ იგი თქვენ წინააღმდეგ არის მომართული, წინააღმდეგ თქვენი მიზნებისა, მაშინ იგი დასაგმობია და თქვენც არაჩვეულებრივი ზომების მომხრენი ხდებით. მაგრამ მთავრობას თავისი საზომი აქვს, მას თავისი გზა აქვს და უნდა მიეცეს მას საშვალება ეს შეასრულოს და დანაპირები გაანაღდოს და მტრის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღოს. აქ გვისაყვედურეს, გაზეთები, რომლებიც დახურეთ, რატომ სასამართლოში არ მიეცითო. უნდა მოგახსენოთ რომ ეს უმთავრესად პრაქტიკის საკითხია და მისი დაბოლოვებაც სხვაგვარად ხდება. როდესაც გამოდის გაზეთი და თავის ფურცლებზე იგი ებრძვის ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის მთავრობას, ცხადია მის წინააღმდეგ ზომები უნდა მივიღოთ და ზომები არა მარტო გაზეთის დახურვით, არამედ თუ ამას საჭიროება მოითხოვს ადმინისტრატიულ მკაცრ ზომებსაც უნდა მივმართოთ. ამას რესპუბლიკის კეთილ-დღეობისა და დემოკრატიის ინტერესები მოითხოვენ და ფრაქცია დამფუძნებელ კრებისა, ფრაქცია, რომელიც სდგას რესპუბლიკის სახელმწიფოს აღმშენებლობითი ნიადაგზე, ის უეჭველათ ამ გზაზე უნდა დადგეს, სხვა გზა მისთვის არ არსებობს, გაჩუმება სიკვდილია. და ჩვენი ფრაქცია, რომელსაც თქვენ ბიუროკრატიზმსა სწამებთ, რომლის ყოველი ნაბიჯი გინდათ მუდამ კრიტიკის დაუნდობელ ქარცეცხლში გაატაროთ, მაინც წაიყვანს იმ დემოკრატიას, რომელმაც იგი ნდობით აღჭურვა იმ გზაზე რომელზედაც იგი აქამდის მიყავდა და რომელზედაც დღესაც მივდივართ. და ჩვენ ბევრი რამ გამოვცადეთ ამ გზაზე, გადავიტანეთ მრავალი ანარქია გამოწვეული გარეშე, თუ შინაგან მტრებთაგან, მედგრათ დაუხვდით როგორც გარეშე, ისე შიგნით მომქმედ მტერთ, მაგრამ მაინც მოვაღწიეთ დღემდის. და ჩვენ ვიცით, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ბათომში სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გვქონდა გამართული ჩვენ ძველ მტრებთან ბათომის ფრონტზე, თქვენ შიგნით დამორჩილებასა და დამონებას ქადაგებდით, როცა ჩვენ შინაურ ანარქიას ვებრძოდით, თქვენ აქავე ანარქიას ქადაგებდით და რამდენი რამ გითხრათ კიდევ. მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ გზას მივსდევდით. ამ გზამ კეთილად მოგვიყვანა აქამდის. ეს ჩვენი დემოკრატიის შერჩეული გზაა და იგი თავის ნაცად გზას არასდროს არ უღალატებს.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი მეტი არავინ არის. კამათი დასრულებულია. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ მომხსენებელს.

ექვთიმე თაყაიშვილი. ბატონებო! ყველაფერს მოველოდი, მაგრამ თუ ეს უბრალო, მარტივი, ყველასათვის გასაგები და სასარგებლო კანონ-პროექტი ამდენ დავიდარაბას გამოიწვევდა, ამას კი არ მოველოდი (საერთო სიცილი). ეს სწორედ პარტიულ ჟინიანობით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ასეთ მარტივ საგანზე ასეთი აურ-ზაური ასტეხეს. ეს მხოლოთ ერთმანეთთან პარტიულის ანგარიშის გასწორების მიზნით თუ აიხსნება, თორემ სხვა არაფრით. დაგვწამეს ცენზურის აღდგენა. აშოროს ღმერთმა, ცენზურის აღდგენა ჩვენ კანონ-პროექტის ავტორებს სრულიად სახეში არ გვქონია. ცენზურა ჩვენ ერთხელ და სამუდამოთ მოვიშორეთ (შენგელაია: ისევ მოგიბრუნდებათ!) თუ ცენზურა მოგვიბრუნდება ჩვენ მას ყოვლის დონით შევებრძოლებით და ხელს მოგიწერთ, რომ მოვსპოთ. მაგრამ თუ თქვენ ცენზურა გელანდებათ იქ, სადაც ამას ადგილი არა აქვს, ეს ჩვენი ბრალი არ არის.

მე ვერ წარმომიდგენია ისეთი სახელმწიფო, ისეთი მთავრობა, რომელსაც ევალებოდეს ცოდნა იმისი, რაც ხდება, დაიწერება სახელმწიფოში. მთავრობამ, იქნება ის დემოკრატიული, თუ არა დემოკრატიული, სოციალისტური, თუ არა სოციალისტური, სულ ერთია, ყოველმა მთავრობამ უნდა იცოდეს თუ რა ხდება, რა აზრები, იდეები და მოძღვრებანი ვრცელდება სახელმწიფოში რაც უფრო იდეალური იქნება ეს მთავრობა, მით უკეთ ეცოდინება იმას, რაც ხდება სახელმწიფოში, რა იდეები ტრიალებს ხალხში, რა მიმართულებაა პრესაში. დიახ, მთავრობა მოვალეა თვალ-ყური ადევნოს პრესას. მაგრამ თავის-თავად ცხადია, რომ ეს თვალ-ყურის დევნა არ ნიშნავს მის ბოროტათ გამოყენებას. ესენი ამბობენ, რომ თუ ორი ცალი გამოცემულ ნაწარმოებისა გაეგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს ცენზურის აღდგენა არისო. ამიტომ რომ ის ამას ბოროტათ გამოიყენებსო, გამოდის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა იცოდეს, რა იბეჭდება სახელმწიფოში. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს არ გაეგზავნა გამოცემულ ნაწარმოების 2 ცალი და გაეგზავნა მხოლოდ განათლების სამინისტროს, ნუ თუ შინაგან-საქმეთა მინისტრი ისეთი უსუსური არის, რომ ის ვერ იშოვის 12 ცალიდან ორ ცალს და ვერ გადაათვალიერებს მას. ყოველ შემთხვევაში ის შესძლებს გაიგოს, ის, რაც საჭიროა. აი ეხლაც არ მისდის გამოცემული ნაწარმოების არც ერთი ცალი - მაგრამ მიუხედავადა ამისა, ის მაინც ზოგ რამეს ტყობილობს. ჩვენ უნდა უარი ვსთქვათ ყოველგვარ მთავრობაზედ, ან თუ მთავრობა გვინდა, მან უნდა იცოდეს თუ რა იბეჭდება და რა ხდება სახელმწიფოში. ზოგჯერ ჩვენ ყველანი მომხრე ვართ, რომ მინისტრმა ზომა მიიღოს მავნე პრესის შესახებ. მაგალითად ჩვენ ყველანი სხვა და სხვა პარტიას ვეკუთვნით მაგრამ ერთში ყველანი ვერთდებით და ეს არის შეერთებულის ძალით გალაშქრება მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენ თავისუფლებას ძირს უთხრის. ვისაც ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდა, ვისაც სურს, რომ ჩვენ კვლავ მონებად ვიყოთ. ჩვენ ეს თავისუფლება უნდა განვამტკიცოთ და ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და სხვა ყველაფერი ჩვენი შინაური საქმეა და ამაში გამოვსწორდებით მერე, როდესაც შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, სრულს თავისუფლებას. (გვაზავა: შევჭამთ ერთმანეთს!).

ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ არის პრესა, რომელიც აშკარად მიმართულია დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ, მტერი უწყობს ხელს და ხალხში ამბოხებას იწვევს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მივსცეთ მთავრობას საშუალება მიიღოს მის წინააღმდეგ საჭირო ზომები? დიახ, მინისტრმა უნდა მიიღოს ზომები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უკანონოდ მოიქცეს. მე, როდესაც მთავრობას ვაძლევ ამის ნებას, სახეში მაქვს, რომ მთავრობა უნდა მოიქცეს კანონის ძალით. მე თანახმა ვარ, რომ მინისტრმა ასეთი საქმე გადასცეს სასამართლოს. მაგრამ რანაირად უნდა მიმართოს მან სასამართლოს, თუ არ იცის ვინ ჩაიდინა დანაშაულობა პრესის საშუალებით, ან ვინ არის ბოროტმომქმედი?

დიახ, ბატონებო, ჯერ-ჯერობით, სანამ ჩვენი თავისუფლება არ განმტკიცებულა, ერთად-ერთი მიზანი ყველა პარტიისა არის თავისუფლების განმტკიცება. არ არის ისეთი პარტია, რომელიც ასეთ ნიადაგზე არ იდგეს. ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, ის ჩვენი ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ თუნდა პრესის საშუალებით.

დავანებოთ თავი პოლიტიკურ საქმეებს. განა გაზეთებში არ იბეჭდება პორნოგრაფიული სახის ლიტერატურა, რომელიც გარყვნას ავრცელებს და განა არის სადმე ისეთი მთავრობა, რომელიც არ ებრძოდეს ასეთ მიმართულებას? დიახ, მინისტრი მოვალეა გადასცეს ასეთი საქმეები სასამართლოს. სწორედ ყველა ეს მოსაზრება გვქონდა ჩვენ სახეში, როდესაც ვამბობდით, რომ მინისტრს უნდა მივსცეთ საშუალება იცოდეს, თუ რა ხდება სახელმწიფოში (შენგელაია: სამხედრო სამინისტრომ არ უნდა იცოდეს?) სამხედრო სამინისტრომაც უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ ისეთი კორესპოდენციები და ტელეგრამები გამოდის, რომელნიც ხალხის განწყობილებას ააშკარავებენ, რომელთაც ზოგჯერ სტრატეგიული ხასიათიც აქვთ და ამას კი სამხედრო მინისტრი გამოიყენებს. ჩვენ არა ერთი მაგალითი ვიცით, რომ სამხედრო შტაბს მტრის ზრახვანი პრესის საშუალებით შეუტყვია. ამიტომ შტაბთან არის განყოფილება, რომელიც პრესას თვალს ადევნებს. თუ მინისტრმა არ იცის ის, რაც ხდება და იბეჭდება სახელმწიფოში, მაშინ ყოველივე ბოროტმოქმედება მისთვის დამალული იქნება, თუ იცის, და მოვალეა უნდა იცოდეს, ის მოვალეა სამართალში მისცეს ბოროტმოქმედი. ყოველივე, რაც იწერება შეეხება სახელმწიფო ცხოვრების ყველა მხარეს, ერსაც, მტერსაც და ყველას შეეხება.

ჩვენ ამ კანონ-პროექტით ყველას ვაძლევთ საშუალებას იცოდეს ის, რაც იბეჭდება და შეეძლოს ამ დაბეჭდილის ადვილად შოვნა. ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს არავინ, მაგრამ დაკარგვა და დამალვა იმის, რაც იბეჭდება ყოვლად შეუძლებელია, ყოვლად მიუღებელი, შეუძლებელია ასე მსჯელობა.

ის, რაც მოგახსენეს იმ შესწორებაზე, რომელიც იურიდიულმა კომისიამ შეიტანა, ეს მართალია. მაგრამ ეს შესწორება კომისიამ მიიღო. არც ისე დიდი ცვლილება არის აქ, უმთავრესი ეს ერთი შესწორებაა - ჩვენ პროკლამაციაზე არ გვქონდა ნათქვამი (შენგელაია: ვინ გამოგზავნის პროკლამაციებს?) თუ არ გამოგზავნის, პასუხისგებაში მიეცემიან დამბეჭდავნი.

როცა მესტამბემ იცის, რომ პასუხისმგებელი იქნება, ის ადვილად ასეთს არაფერს დაბეჭდავს. ეს იყო მიზანი და მე ვწუხვარ, რომ ამან ასეთი აურზაური გამოიწვია. ჩვენ მოგვაწერეს ის, რაც სახეში სრულებით არ გვქონია. მართალია, რომ წინად ჩვენს დეკრეტში 13 ცალი იყო, შემდეგ გადაასწორეს 14-ად და ჩამოთვალეს ბროშიურები, ჟურნალები და სხვა, მაგრამ, რაც შეეხება ცენზურას, როცა მუხლებს წავიკითხავ და ეს ეხლა უნდა წავიკითხოთ, თქვენ დაინახავთ, რომ ასეთი საშიში აქ არაფერია და ცენზურის ნასახი, რომ აქ სრულებით არ არის. აი პირველი მუხლი (კითხულობს) ეს ერთი (შენგელაია: ასე იყო ძველად!) მეორე (კითხულობს). მესამე (კითხულობს). აი, მე აქ წარმოგიდგინეთ ყველა მუხლები, თუ აქ აღდგენაა ცენზურის, ან ცენზურის ხასიათი აქვს, მაშინ მე თითონ უარს ვიტყვი, მხოლოდ აქ თქვენ უნდა დაგვიმტკიცოთ. (შენგელაია: განმარტება?) ბატონებო განმარტებაც ჩემი დაწერილია (გრ. ნათაძე: არ არის თქვენი დაწერილი!) მოგახსენებთ (შენგელაია: მით უარესი?) უარესი იყოს, მაგრამ სხვას ნუ მიაწერთ. განმარტება ხომ კანონი არ არის. კანონი რომ ვერ ნახეთ ის, რასაც გვაბრალებდით, ეხლა განმარტებას მიმართეთ, ვთქვათ მე ვერ განვმარტე კანონი ჯეროვანად, ამით თვით კანონს არაფერი არ უშავს. მაგრამ მე ვაცხადებ, რომ ყოველმა მთავრობამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რა იწერება რესპუბლიკაში. ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული. ის უნდა დაისაჯოს. მე ვამბობ ამას, ეს ჩემი დაწერილია, ჩემი განმარტებაა. სრულებით მე სახეში არ მქონია, რაც თქვენ გინდათ მე მომაწეროთ. ყოველგვარ კულტურულ სახელმწიფოში თქვენ იპოვნით წიგნთსაცავს სადაც არის ყოველნაირი ნაწარმოები, რომელიც ამ სახელმწიფოს სტამბიდან გამოსულა. საუბედუროდ საქართველოში ვერ მივაღწიეთ ამ იდეალს. ჩვენ გვინდოდა იმ დროიდან, რაც პირველად იტალიაში მაჯის ქართული გრამატიკა დაისტამბა, ყველა ის წიგნები რაც დაიბეჭდა ქართულ ენაზედ შეგვეგროვებია, ამისთვის არაფერი არ გვშურს, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ. მეტსაც ვიტყვი, ჩვენდა სამარცხვინოთ ამ უკანასკნელი დროის, რევოლიუციის ხანის ნაწარმოებიც ვერ შეგვიგროვებია, ვერ შეგვინახავს (ასათიანი: არც არის შესანახი!) ბატონებო, მე მგონია ყველა ნაწარმოები შესანახია. თანამედროვე მოღვაწენი ვერ დააფასებენ იმას თუ რა არის შესანახი და რა არა. ასე ეგონათ დიდი საფრანგეთის რევოლიუციის დროსაც, მაგრამ ეხლა ათას მანათობით ვაძლევთ იმ პატარა ფურცლებში, რომლის შენახვა მაშინ საჭიროდ არ მიაჩნდათ. (ლ. ნათაძე და რუსია: უსმინე ბ. ასათიანო!) შეუძლებელია ჩვენ დავაფასოთ დღეს ის, რაც ისტორიამ უნდა დააფასოს. ეხლანდელ მოქმედებას ისტორია გაარჩევს. ისტორია ყველას თავისას მიუსჯის. ის ყველას გაგვასამართლებს. ამიტომ თუ თქვენ კულტურული ხალხი ხართ, ეს წესი უნდა შემოიღოთ და ყოველგვარი ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოები მომავალ თაობას შეუნახოთ. (საერთო ტაში).

თავმჯდომარე. ამნაირად საზოგადო მსჯელობა დასრულებულია, ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის? ესერები არიან წინააღმდეგნი. ვინ არის მომხრე? ყველანი ესერების გარდა. მუხლობრივ განხილვაზე გადასვლა მიღებულია. მუხლობრივი განხილვა მოხდება შესაფერ დროს.

შემდეგი საკითხი:

დეკრეტი სასამართლოს უწყების დაწესებულებათა შტატების შემცირებისა, ჯამაგირების მომატებისა და ზოგიერთი სხვა ცვლილებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ს. ჯაფარიძეს.

ჯაფარიძე. იმ დეკრეტს, რომელსაც მე მოგახსენებთ იურიდიულ კომისიის ხელით, მიზნად აქვს უმთავრესად გაუმჯობესება სასამართლოს მოღვაწე პირთა ნივთიერ მდგომარეობისა - ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შემცირება შტატებისა, რამდენადაც ეს შეიძლება, ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად. იმ დეკრეტში, რომელიც თქვენ ამას წინად მიიღეთ ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურე პირთათვის 40 პროც. ჯამაგირების გადიდების შესახებ, სხვათა შორის, სასამართლოს შესახებ ნათქვამია, რომ სასამართლო უწყება შეადგენს გამონაკლისს, ე.ი. იქ მომატება ჯამაგირებისა უნდა მოხდეს უფრო მეტად, ვიდრე 40 პროც. მე თავს არ შეგაწყენთ იმის შესახებ თუ რით მართლდება ასეთი შეხედულება სასამართლოზე. მოკლეთ ვიტყვი: სენატის დებულების განხილვის დროს სასამართლოს შესახებ (არ ისმის) თქვენ მოგეხსენებათ, რომ სასამართლო არის საფუძველი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა. ყოველ მოქალაქის უფლების დაცვა - იქნება ეს უფლება ქონებრივი, ხელშეუხებლობა, სიცოცხლე თუ სხვა მისი უძვირფასესი უფლება, შეადგენს სასამართლოს მოვალეობას. არავითარი ფასი არ აქვს სახელმწიფოს, თუ მას არა აქვს მტკიცე სასამართლო, რომელიც მოქალაქის უფლებას დაიცავს. (გვაზავა: სად არის . მერე? დააჯერეთ ამხანაგები, რომ ეს საჭირო არის!) ამხანაგები დაჯერებულნი არიან, ხოლო თქვენ არ იცით როდის და რა უნდა მოვთხოვოთ სასამართლოს და რა პირობებში ვიმყოფებით. როცა თქვენ შეგეხებათ, მაშინ გინდათ სასამართლომ იმოქმედოს, როცა სხვას მაშინ გინდათ ადმინისტრატიული წესით იმოქმედონ. (გვაზავა: ეს არ არის მართალი, ეს ცილისწამებაა!) ჩვენ ამას იდეალად ვისახავთ. გადავიდეთ ამ წესზე, რომელიც თქვენ გინდათ, ბ-ნო გიორგი, თქვენ ბრძანდებით წევრი საკონსტიტუციო კომისიისა, რომელმაც გამოიმუშავა ბეჭვდითი თავისულების წესი, მოქალაქის უფლების დაცვის წესი და სხვა, და სოც.-დემ. მიიღეს ის წესი, რომელიც თქვენ მოგწონთ (გვაზავა: მიიღეს იქ ხოლო აქ არა!) როცა ცხოვრება ჩადგება კალაპოტში და ცხოვრების პირობები მოგვცემს საშუალებას, მაშინ ამას გავატარებთ. მოგეხსენებათ, რომ ყოველ ქვეყანაში უფლებრივ-მოქალაქობრივი ცხოვრების განვითარება, საზოგადოდ, კულტურა განისაზღვრება იმითი, თუ როგორ არის დაყენებული სასამართლო. (გვაზავა: მართალია!) თქვენ თუ აიღებთ კულტურულ ქვეყნებს, მაგ. ინგლისს, შვეიცარიას, ბელგიას და აგრეთვე ამერიკას და შეადარებთ აღმოსავლეთ ქვეყნებს - მაგალითად, ოსმალეთს, და დარწმუნდებით, რომ სასამართლო ყველაზე მაღლა დაყენებულია დემოკრატიულ ქვეყნებში. დაცემულია იქ, სადაც (გვაზავა: სადაც არის დიქტატურა შახისა!) დიახ, და ამიტომ ჩვენი იდეალია ისეთ მიუწვდენელ სიმაღლეზე დავაყენოთ სასამართლო, როგორც არის ინგლისში. მოგეხსენებათ კანონებს არავითარი აზრი არა აქვთ თუ არ ეყოლა გამტარებელი ცხოვრებაში და დამცველი ორგანო. ეს ორგანო არის - სასამართლო. (გვაზავა: მართალია, იქით უთხარით - უჩვენებს სოც.-დემ.) მე ვოცნებობ იმ დროზე, როდესაც თვით სასამართლო იმოქმედებს ისე, რომ იგი შექმნის უფლებას, კანონიერებას.

მოგეხსენებათ ინგლისში სტატუტები შეადგენენ უმცირესს ნაწილს უფლებისას, ხოლო სასამართლოების განაჩენების ნიადაგზე აღმოცენდა ეგრედწოდებული საერთო უფლება. ჩვენ ვოცნებობთ, რომ ასე მოხდეს ჩვენშიაც. (ასათიანი: ოცნებობთ მხოლოდ!) და ამიტომ თუ ერთბაშად არა, თანდათან მაინც უნდა შევქმნათ ისეთი პირობა, როცა სასამართლოს ეს ავტორიტეტი მიეცემა. ერთი უმთავრესი პირობათაგანი გახლავთ მოსამართლის უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ, არც ერთ მოხელეს ინგლისში არა აქვს ისეთი დიდი ჯამაგირი როგორც მოსამართლეს, და არსად ისე მცირე, როგორც (აზიაში) აღმოსავლეთში. წარმოიდგინეთ რუსეთშიაც, ძველი რეჟიმის დროს 60 წლებიდან მოყოლებული, ყველაზე მაღლა იდგა სასამართლო, სასამართლოს მოხელეებს მეტი ჯამაგირები ჰქონდათ დანიშნული, მათი ქონებრივ უზრუნველსაყოფად თუ სახეში არ მივიღებთ საფინანსო უწყებას. ეხლა, რომ გადავხედოთ იმ სინამდვილეს, რომელსაც განიცდის სასამართლოს მოღვაწე, თქვენ დაინახავთ, რომ სასამართლო პალატის წევრი, ოლქის სასამართლოს წევრი, გამომძიებელი, მომრიგებელი მოსამართლე იღებს თვეში აპრილის და აგვისტოს მომატებიანათ 1800-2100 მანეთამდე. იმდენად მცირეა ჯამაგირი, რომ სწორედ გიკვირს, როგორ სცხოვრობს ადამიანი, მით უმეტეს, თუ ოჯახი ჰყავს, ასეთ აუტანელ მდგომარეობაში ისე, რომ ნამუსი და პატიოსნება შეინარჩუნოს. რასაკვირველია ჩვენ ასეთ ანორმალურ მდგომარეობას ყველგან და უპირველეს ყოვლისა სასამართლოში ბოლო უნდა მოუღოთ.

აი, ეს იყო მიზეზი, რომ იურიდიულ კომისიამ ყურადღება მიაქცია სასამართლოს მდგომარეობას, მოიწვია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი და იმასთან ერთად შეიმუშავა ის პროგრამა, თუ რა ზომამდე შეიძლება მოემატოს ჯამაგირები მოსამართლეთ და მეორე მხრივ რა ზომამდე შეიძლება შტატების შემცირება, რომ ნაკლები ხარჯები გავწიოთ.

ამ მუშაობას იურიდიული კომისია შეუდგა ოქტომბერში, თუ არ ვცდები ოქტომბრის შუა რიცხვებში და დაამთავრა უკანასკნელ დღეებში. იურიდიული კომისიის მიერ შემუშავებული ნორმები გადავიდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, მაგრამ საფინანსო კომისიამდი ეს ნორმები განხილული იყო განსაკუთრებულ საუწყებათაშორისო კომისიაში, სადაც შედიოდა წარმომადგენელი ფინანსთა მინისტრისა, კონტროლისა და შრომის სამინისტროსი. ხოლო საბოლოოდ იგი განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და იურიდიული კომისიას შემოაქვს ნორმები მიღებული ზემოხსენებულ საფინანსო კომისიის მიერ. ეს ნორმები გახლავთ შემდეგი: მომრიგებელ მოსამართლეს, რომლის თანამდებობა ასე ვსთქვათ შეადგენს პირველი საფეხურს, დაენიშნა 4.000 მან. წინად ჰქონდა 650 მან. როცა ერობები შემოვიღეთ და ამორჩეულ მომრიგებელ მოსამართლეს, ჩვენ სახეში გვაქვს ის, რომ ყოველგვარი მომატება, ზოგან მეტი - ზოგან ნაკლები, როცა ამ 4.000 მან. უნიშნავთ მომრიგებელ მოსამართლეს ჩვენ სახეში გვაქვს ის, რომ ყოველგვარი მომატება და ხარჯები ერობების მხრივ უნდა მოისპოს, რადგან ეს ბოლოს და ბოლოს ისევ ხალხს ხდება. ასეთივე ჯამაგირი დაენიშნა ისეთ საპატივცემლო თანამდებობის პირს, როგორიც არის გამომძიებელი. შემდეგი საფეხური გახლავთ საოლქო სასამართლოს წევრი, რომელსაც ენიშნება - 4.600 მან., პალატის წევრს - 5.000 მან., საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს - 5.500 მან., მის ამხანაგს - 5.000 მან. მომრიგებელ მოსამართლეთ ყრილობის თავმჯდომარეს ენიშნება იმდენი, რამდენიც ოლქის სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგს. პალატის თავმჯდომარეს 6.000 მ., მის ამხანაგს - 5.500 მან. ერთი სიტყვით ჩვენ დავიცავით ის თანდათანობის პროპორცია, რომელიც წინად იყო, ასე რომ თუ ავიღებთ ჯამაგირის მაქსიმუმს - 6.000 მან. მინიმუმი არის - 4.000 მან. რაც შეეხება სასამართლოს უწყების დანარჩენ მოხელეებს, ესენი ორ ნაწილათ იყოფა, იმ მოხელეებს, რომელთა მუშაობა ერთგვარია ყველა დაწესებულებებში, როგორც - მემანქანენი, რეგისტრატორები, გადამწერები და სხვა დაბალი მოსამსახურენი, ამათ სასამართლოს დაწესებულებებში ემატებათ იმდენი, რამდენიც რესპუბლიკის სხვა დაწესებულებებში ე.ი. 49 პროც. მეორე ნაწილს, მდივნები, მათი თანაშემწენი, საქმის მწარმოებელთ და სხვას ემატებათ ამ ნორმაზე მეტი.

რაც შეეხება შტატებს, უნდა მოგახსენოთ, რომ შესაძლებელი გახდა შემცირება ოლქის სასამართლოებში (ქუთაისის, ტფილისის, სოხუმის) და აგრეთვე პალატაში. გამომძიებელთა რიცხვი გავამრავლეთ ცოტაოდენ. შტატი შემცირებული შეიქმნა საერთოდ სამოცდათოთხმეტი ადგილით. (გვაზავა ადგილიდან: ეს რამდენ პროცენტს შეადგენს?) ნორმები ასეთი გახლავთ: სენატორთა ჯამაგირი, როგორც რიცხვი მათი, უცვლელი რჩება, რაც შეეხება კანცელარიის მოხელეთ, აქ ასეთი ცვლილებაა: სენატის მდივანს - 4.000 მან., მის თანაშემწეს - 3.000 მან., პროკურორის მდივანს - 3.200 მან. (კითხულობს) დანარჩენებს ემატებათ 40 პროც. ამასთანავე გადიდებულია ხარჯები სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა. სენატთან არსებობს საკოდიფიკაციო განყოფილება, სადაც ასეთი ნორმებია - (კითხულობს). მეორე დაწესებულება გახლავთ იუსტიციის სამინისტროს კანცელარია; - აქ ასეთი ნორმებია - (კითხულობს). დეპარტამენტის თავმჯდომარის ჯამაგირი უდრის მინისტრის ამხანაგის ჯამაგირს - დანარჩენებს ემატებათ 40%25. გადიდებულია საკანცელარიო, საგზო და სხვა ხარჯები. სხვათა შორის აქ არის ხარჯები სხვა და სხვა დახმარების აღმოჩენისთვის - ავადმყოფობისა და გარდაცვალების დროს და სხვა. ტფილისის სასამართლოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს ენიშნება 6.000 მან. თანაშემწეს 5.500 მან. წევრებს - 5.000 მან., მდივანს... (კითხულობს). ყრილობაში (კითხულობს). ამასთან გათანასწორებულნი არიან საგანგებო სასამართლოს წევრები. უდიდეს საგანგებო საქმეთა გამომძიებელს, ერთად-ერთის რესპუბლიკაში, დაენიშნა იმდენი რამდენიც პალატის წევრს - 5.000 მან. გვყავს აგრეთვე საგანგებო საქმეთა სამი გამომძიებელი; - ენიშნებათ 4.500 მან. აი ის ნორმები, რომელიც შეიმუშავა იურიდიულმა კომისიამ და მოიწონა საფ.-საბიუჯეტო კომისიამ. ამ შტატების დასამტკიცებლათ იურიდიული კომისია ადგენს შემდეგ დეკრეტს (კითხულობს). დეკრეტი მიღებულია მცირე შესწორებებით.

განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო გვარდიის შესახებ.

თავმჯდომარე. ვინაიდან ეს მუხლი განხილულ უნდა იქმნეს დახურულ სხდომაზე, წინადადებას ვაძლევ ქვესტორს გაიყვანოს ხალხი დარბაზიდან.

10 წუთის შემდეგ კრება გრძელდება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ ვალიკო ჯუღელს.

(ეს კანონ-პროექტი განხილულ იქმნა დახურულ კარებში).

სენატორის არჩევა თავისუფალ თანამდებობაზე.

თავმჯდომარე. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. მაგრამ სანამ შემდეგ საკითხზე გადავიდოდეთ მე მოგახსენებთ წინადადებას, რომელიც შემოვიდა სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის ბიუროსაგან. (კითხულობს წინადადებას). მე ვთხოვ ქვესტორს და თქვენ დაგირიგდებათ ბარათები. ვის სურს სიტყვა ამ საკითხის ეხლა დაყენების შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. სიტყვა ეკუთვნის ბ. მესხიშვილს.

. მესხიშვილი. თავმჯდომარის სიტყვიდან ისე გავიგე ამ საქმის მდგომარეობა, რომ ჩვენ ეხლავ დაგვირიგდება ბარათები სენატორის ასარჩევად.

თავმჯდომარე. მოხსენების შემდეგ.

. მესხიშვილი. მაშ სიტყვა მომეცით მოხსენების შემდეგ.

თავმჯდომარე. (კითხულობს იურიდიულ კომისიის წინადადებას. მაგრამ შემოვიდა მეორე დამატებითი განცხადება ს.-ფ. ფრაქციისა. კითხულობს).

სიტყვა ეკუთვნის ბ. გრ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე. თქვენ მოისმინეთ სარეკომენდაციო და იურიდიულ კომისიების შეერთებული დადგენილება. ჩვენ ნაფიც ვექილ საყვარელიძისაგან თანხმობა არ მიგვიღია, მაგრამ ვიცით, რომ თუ ერთი კაციც წინააღმდეგი იქნებოდა, ის თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. ამის გამო კომისიამ მისი კანდიდატურა მოხსნილად ჩასთვალა. კომისიას ჰყავდა სხვა და სხვა კანდიდატები, მაგრამ, რადგან ზოგი მათგანი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო ზოგი კი ამ სისხლის სამართლის საქმეების სპეციალისტი არ იყო, ხოლო ის კანდიდატი, რომელსაც აყენებენ - ხარაზაშვილი, მსახურებდა ჯერ რუსეთში ნაფიც სამსაჯულოში, მერე ქ. ქუთაისში საოლქო სასამართლოს ბრალმდებლად. ჩვენი აზრით ის სენატის ამ თანამდებობას შეეფერება, და ამიტომ სარეკომენდაციო და იურიდიულ კომისიებმა დაადგინეს მისი კანდიდატურა წამოაყენოთ და სთხოვოთ დამფუძვნებელ კრებას (ხმა: თანხმობა არის?) დაამტკიცოს ის ამ თანამდებობაზე. თანხმობა მიღებული გვაქვს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მესხიშვილს.

. მესხიშვილი. სენატორის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველა ფრაქციას საშუალება უნდა ჰქონდეს შეგნებულად მისცეს ხმა ამა თუ იმ კანდიდატს. ბ-ნ საყვარელიძის კანდიდატურა უცაბედად მოიხსნა. ხოლო ბ-ნ ხარაზაშვილის შესახებ სარეკომენდაციო კომისიის კრება მოხდა რამდენიმე წუთით წინ დამფუძნებელ კრების გახსნამდის. ამისთანა პირობებში სოც.-ფედ. ფრაქცია მონაწილეობას ვერ მიიღებს სენატორის არჩევაში. რადგანაც წარმოდგენილ კანდიდატის შესახებ ფრაქციას მსჯელობა არა ჰქონია. ამიტომ ჩვენი წინადადება არის არჩევანი გადაიდოს შემდეგ კრებისათვის, მით უმეტესად, რომ სენატის ეხლანდელი შემადგენლობა სათანადოდ უძღვება საქმეს და დღესვე ერთი სენატორის არჩევა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ს. ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. მე მოგახსენებთ ფრაქციის იმ აზრს, რომ არჩევნების გადადებას არავითარი გასამართლებელი საბუთი არა აქვს. სიდამონ-ერისთავი ჩვენ ავირჩიეთ, როგორც მახსოვს, ნოემბრის დასაწყისში. მას უკან გადის თვე ნახევარი და ის მუშაობას ვერ შეუდგა. მას შემდეგ სარეკომენდაციო და იურიდიულ კომისიებს ჰქონდათ რამდენიმე სხდომა, ჰქონდათ მსჯელობა სხვა და სხვა კანდიდატებზე. ეს წრე კანდიდატებისა, როგორც მოგეხსენებათ, იყო ვიწრო. ჩვენ გავჩერდით ბ. საყვარელიძის კანდიდატურაზე, მაგრამ მან ისეთი პირობები წამოგვიყენა, რომ მისი კანდიდატურა მოვხსენით. ჩვენ შევჩერდით სხვა კანდიდატებზე. ასეთ სასურველ კანდიდატად ჩვენ მივიჩნიეთ ბ. ხარაზოვი - ანუ ხარაზაშვილი. ამიტომ სწორედ საქმის ინტერესებისათვის, სწორედ იმიტომ, რომ დღეს სენატის მუშაობა შეფერხებული არის (მესხიშვილი: არ არის!) რადგან საკმაო სამუშაო ხელი არა ჰყავს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნები უნდა მოხდეს დღესვე. გადადებას არავითარი აზრი არა აქვს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ალ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. მე ვფიქრობ, ბატონებო, რომ, თუ ჩვენ ვირჩევთ კომისიას და მას ვავალებთ მუშაობას, ერთგვარი წესი უნდა იყოს ამ კომისიის მიერ თავისი ნამუშავარის წარმოდგენისა დამფუძნებელ კრებაში. ხარაზაშვილის კანდიდატურა კომისიისთვის არავის არ წარუდგენია. ეს ფაქტია. რაც შეეხება იმას, რომ საყვარელიძემ თანხმობა არ განაცხადა - და ამის გამო კანდიდატურა მოიხსნაო, ეს კი შესწორებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა წარმოადგინეს, საყვარელიძეს არავინ შეჰკითხებია. აქ ამბობენ: ბ. საყვარელიძემ მოითხოვა, თუ ერთხმად არ ამირჩიეს არ დავთანხმდებიო. ამის შესახებ მე არაფერი გამიგია. კომისიაში მისი კანდიდატურის წინააღმდეგ იყვენ რამოდენიმე, მაგრამ ეს კანდიდატურა იქ მიღებული იყო. დღეს ამბობენ მისი თანხმობა არ გვაქვსო. საიდან გვექნება, როდესაც მას არავინ შეკითხებია. თუ ეს კანდიდატურა მენშევიკების ფრაქციისათვის სასურველი არ აღმოჩნდა, ეს მაინც უნდა ყოფილიყო, რომ თქვენი კანდიდატურა დროზე გაგეცნოთ სხვა ფრაქციებისათვის და კომისიისთვის და ხუთიოდე წუთით არ შეკრებილიყავით დამფუძნებელი კრების გახსნის წინ ისეთ კანდიდატის წარსადგენად, რომლის შესახებ არც ერთ ფრაქციას, გარდა მენშევიკებისა, არავითარი ცნობა არა აქვს. საჭირო არის, რომ კომისიებს ერთგვარი წესი ჰქონდეთ მუშაობისა, საჭიროა ანგარიში გაუწიოთ მის მუშაობას და ასე ნაჩქარევად არ მოვიქცეთ. მე ვეთანხმები ბ. მესხიშვილის წინადადებას, რომ ეს საკითხი გადაიდოს შემდეგი სხდომისთვის და ყველა ფრაქციებს საშუალება მიეცეს თავისი აზრი შეიმუშაოს. თუ ასე საჩქარო იყო არჩევა, ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა წარმოგედგინათ ეს კანდიდატურა და ჩვენ მას გავეცნობოდით. რაღა მაინცა და მაინც დღეს გახდა ასე სასწრაფო.

თავმჯდომარე. მაშასადამე, არის ორი წინადადება: ერთი იურიდიულ კომისიისა, რომ დღეს მოხდეს არჩევნები, მეორე სოც.-ფედერალისტების ფრაქციისა, რომ ეს საკითხი გადაიდვეს შემდეგ კრებისთვის. მე უნდა მოგახსენოთ, ა. ასათიანის შეკითხვა, რომ კანდიდატის შეცვლის შესახებ ფრაქციებს გაგზავნილი არ ჰქონდა, კანონიერი არის. რეგლამენტის ძალით ჩვენ უნდა გაგვეგზავნა ფრაქციებისთვის. ვინაიდან ეს არ მოხდა და წინადადება შემოტანილი იყო კრების გახსნის შემდეგ, მე უნდა მოვხსნა ეს საკითხი და შემდეგ კრებაზე განვიხილოთ იგი. გადავდივართ შემდეგ საკითხზე (კითხულობს) სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ნ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) ეს დეკრეტი, რომელიც წარმოდგენილია დამფუძნებელ კრების წინაშე განსახილველად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შარშან იყო შედგენილი თავშესაფარისთვის დღევანდლამდის უცვლელად იყო დატოვებული. თავშესაფარში 87 ბავშვია და იმ ხარჯთაღრიცხვით, რომელიც ამ ერთი წლის წინად იყო შედგენილი, თითო ბავშზე საჭმელ-სასმელით და ჩაცმა-დახურვით ხარჯი უდრიდა თვეში 41/2 მანეთს. რასაკვირველია, დღევანდელ პირობებთან შედარებით პირდაპირ წარმოუდგენელია და ამიტომაც თავშესაფარი საშინელ უნუგეშო მდგომარეობაშია. ამიტომ უწყება შემოდის წინადადებით, რათა გაუდიდდეს (რიცხვი) ხარჯი ამ თავშესაფარს, რომ შეძლება მიეცეს მას დააკმაყოფილოს ყველა გასაჭირ მოთხოვნილებები. ეს მოსაზრება დაადასტურა აგრეთვე საფინანსო კომისიამაც და ვითხოვ მის მიღებას დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლის? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

მომხსენებელი იმნაიშვილი (კითხულობს. მუხლობრივი განხილვა კანონპროექტით მიღებულია).

სხდომა იხურება 4 ს. და 50 წ.211

10 სამოცდამეცხრე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(69)

სამშაბათი. 1919 წელი, დეკემბრის 9. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 ს. და 45 წ.

თავმჯდომარე: კრებას ვაცხადებ გახსნილად, გთხოვთ წაიკითხოთ დღიური წესრიგი და ნუსხა.

მდივანი (კითხულობს ნუსხას, შემდეგ ქართველ მხატვართა საზოგადოების მიმართვას დამფუძნებელ კრებისადმი და დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - სასამართლოს უწყების დაწესებულებათა შტატების შემცირებისა, ჯამაგირის მომატებისა და ზოგიერთი სხვა ცვლილების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი - ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარის საჭიროებისათვის ყოველთვიურად დამატებით 14.734 მან. და 50 კ. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. დეკრეტი - გზათა დეპარტამენტისათვის 88.425 მან. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთი დანაშაულობისათვის სასჯელის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ილ. ფირცხალაიშვილი.

5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - აწ მომქმედ თამასუქების წესდების ზოგიერთ მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი. 212

6. დეკრეტი - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგრონომიო განყოფილების გახსნისა. მომხსენებელია იმნაიშვილი და ნათაძე.

7. დეკრეტი - რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284,290 მან. დამატებითი კრედიტის გახსნისა 1918 წ. ზენახარჯის დასაფარავად. მომხსენებელია თედო ღლონტი.

8. დეკრეტი - მაზრის მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

9. დეკრეტი - ქალაქების მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

10. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ნავთსადგურებში გადასახადთა ახალ ნიხრის დაწესების შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

11. დეკრეტი - სამხედრო სამინისტროს ვალების დასაფარავად 4 მილ. მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

12. დეკრეტი - სამუსულმანო საქართველოს, აფხაზეთის და საქართველოს სხვა განაპირა კუთხეთა ახალგაზრდებისათვის სტიპენდიების დასანიშნავად 200.000 მანეთის გადადებისა. მომხსენებელნი ჰაიდარ აბაშიძე და ნ. იმნაიშვილი.

13. დეკრეტი - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 86.867 მან. და 10 კ. გადადებისა - იუსტიციის სამინისტროს დაწესებულებათა 1918 წ. ვალების გადასახდელად. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

14. დეკრეტი-ხაზინიდან 6.500,000 მანეთის გაღებისა ტელეგრაფისა და ტელეფონის საჭირო მასალების და აპარატების შესაძენად.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულებისა და კანონ-პროექტისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხლის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია პავ. ბერიშვილი.

17. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიის შტატის დამატებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

18. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.

19. სენატორის არჩევა თავისუფალ თანამდებობაზე.

20. იურიდიულ კომისიის დადგენილება დეპარტამენტების დაარსების ძირითად დებულებათა პროექტის მთავრობისათვის უკან დაბრუნების შესახებ. მომხსენებელია ს. ჯაფარიძე.

21. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილება - ტყავეულობის გასაკეთებელ მასალის დამზადება-შეძენის მონოპოლიის გამოცხადების დეკრეტის უარყოფის შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

22. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო - მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემოსულია განცხადება მთავრობისა და იურიდიულ კომისიისა, რომ წესრიგის მე-20-ე საკითხი მოიხსნას დღიურ წესრიგიდან.

მეორე გახლავთ განცხადება იმის შესახებ, რომ მე-18 საკითხი: - დეკრეტი დამფუძნებელ კრების კანცელარიის მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატებისა მოხსნილ იქნეს დღიურ წესრიგიდან, ვინაიდან კომისიას მისი დამუშავება დაუსრულებია.

ვინ არის წინააღმდეგი აღნიშნულ წესრიგისა? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, დღიური წესრიგი მიღებულია შესწორებით.

გადავდივართ დღიურ წესრიგზე. პირველი საკითხი გახლავთ: საბოლოო ტექსტი სასამართლოს უწყების დაწესებულებათა შტატების შემცირებისა, ჯამაგირის მომატებისა და ზოგიერთ სხვა ცვლილების დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

საბოლოო ტექსტი.

ივ. გომართელი. (კითხულობს საბოლოო ტექსტს აღნიშნულ დეკრეტისა).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ტექსტის შესახებ? მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი ამ ტექსტისა? არავინ, მაშასადამე, საბოლოო ტექსტი მიღებულია.

შემდეგი საკითხი გახლავთ საბოლოო ტექსტი ალექსანდრეს სახელობის ბავშთა თავშესაფარის საჭიროებისათვის ყოველთვიურად დამატებითი 14.734 მან. და 50 კაპ. გადადების დეკრეტისა. სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

. გომართელი. (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ტექსტის შესახებ? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი საბოლოო ტექსტისა? არავინ. მიღებულია.

დეკრეტი გზათა დეპარტამენტისთვის 88.425 მან. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოვებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. (ს.-დ.) ეს დეკრეტი, ბატონებო, ორი მუხლისაგან შესდგება. სათაური ასეთია: „დეკრეტი გზათა დეპარტამენტისთვის 88.425 მან. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოვებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად“.

საქმის მდგომარეობა გახლავთ შემდეგი: გზათა სამინისტროსთან არსებობს საავტომობილო სახელოსნო და საჭირო იყო ამ სახელოსნოს შეკეთება და გაფართოვება; გზათა უწყების და სამხედრო უწყების შეთანხმებით დაარსდა სააღმშენებლო კომისია, ამ კომისიამ შეაკეთა და გააფართოვა ეს სახელოსნო და გასწია სათანადო ხარჯები. ეს ხარჯები უდრიდა (კითხულობს) აქედან (კითხულობს) გაიღო გზათა სამინისტრომ სათანადო კრედიტიდან, ხოლო დანარჩენ (კითხულობს) უარი უთხრა ამ სააღმშენებლო კომისიას იმ მოსაზრებით, რომ მაშინ თავისუფალი კრედიტები გახსნილი არ იყო, ეს კრედიტები არ ქონდა აგრეთვე სამხედრო უწყებას და ამიტომ სამეურნეო კომისია იძულებული იყო მთავრობისათვის მიემართა განსაკუთრებულ თხოვნით, რომ ეს გაწეული ხარჯები სპეციალისტებისთვის აუცილებლად მიეცეთ როგორმე. მაშინ მთავრობამ გადასწყვიტა, რომ გზათა სამინისტროს სათანადო კრედიტი და ამ კრედიტით დაკმაყოფილებულ ყოფილიყო სამეურნეო ხარჯები.

ამის შესახებ არის თანხმობა ფინანსთა მინისტრისა და სახელმწიფო კონტროლიორისა. აი, ეს გახლავთ მცირე განმარტება ამ დეკრეტის შესახებ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ დეკრეტის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. მეორე მუხლი. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა, მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

. ონიაშვილი. (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს. მუხლი მიღებულია. მეორე მუხლი.

. ონიაშვილი (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? არავის. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? არავინ. მუხლი მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინაა. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთი დანაშაულობისათვის სასჯელის შეცვლის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ფირცხალაიშვილს.

ილია ფირცხალაიშვილი. (ს.-დ.) ბატონებო, შინაგან-საქმეთა სამინისტროს განკარგულებით მოხდა რევიზია აფთიაქების და სააფთიაქო მაღაზიებისა. ამ რევიზიამ ბევრი ბოროტმოქმედება და დაუდევრობა აღმოაჩინა წამლის მიცემაში და დამზადებაში. მაგალითად, ახვლედიანის აფთიაქიდან იყო წაღებული ქაფური. გაუკეთეს ანალიზი მედიკო-სანიტარულ ლაბორატორიაში და აღმოჩნდა, რომ ქაფური მხოლოდ ნახევარი ყოფილა. წაიღეს ზემელის აფთიაქიდან, რომლის მოიჯარადე ჩხეიძე გახლავთ, ყვითელი ექსტრაქი. ანალიზმა აღმოაჩინა, რომ ის ფარმაკოლოგიის მოთხოვნილებებს სრულებით არ აკმაყოფილებს. აბრამსონის აფთიაქიდან წაიღეს იოდი. ანალიზმა აღმოაჩინა, რომ ის იოდს შეიცავს მცირე პროცენტით. იგი წმინდა სპირტზე არ არის დამზადებული, არამედ დენატურარზე, რომელსაც შეუძლია დააბრმავოს ადამიანი. ამავე აფთიაქიდან წაიღეს პეპსინი. ანალიზმა აღმოაჩინა, რომ ის ფარმაკოლოგიის მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებს და შეიცავს გუმმიარაბიკს. ასეთი მაგალითები მე შემეძლო მომეყვანა ბევრი. რევიზია მოხდა ზელკინის, და აგრეთვე პროვინციის აფთიაქებშიაც.

ამგვარ ბოროტმოქმედებამ მეტად ფართო ხასიათი მიიღო და ეს ადამიანის ჯანმრთელობას მეტად დიდ საფრთხეს უქადის.

ამასთანავე ის სასჯელი, რომელიც არის დადებული ძველი კანონით ასეთ დაუდევრობისათვის, მეტად მცირეა. ძველ კანონის მიხედვით ასეთ მდგომარეობისათვის იყო დადებული საყვედური და ჯარიმა ათიდან ას მანეთამდე. ეხლანდელ წამლის სიძვირესთან ეს სასჯელი შეუფერებელია. ამიტომ ის კანონ-პროექტი, რომელიც შემოდის თქვენ განსახილველად ასეთ ბოროტმოქმედებისთვის ბევრად დიდ სასჯელს სდებს. აქ ჯარიმა ისპობა და შემოღებულია სასჯელი სატუსაღოში ჩასმით 1-2 წლამდე.

დედა-აზრი ამ კანონ-პროექტისა ის არის, რომ სასჯელი ძლიერდება იმასთან შედარებით, რომელიც იყო დაწესებული ძველი კანონით და როდესაც გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე, დაწვრილებით მოგახსენებთ.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისთვის? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა. მუხლობრივი განხილვა მოხდება შესაფერ დროს. შემდეგი საკითხი გახლავთ:

მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ფირცხალაიშვილს.

ილ. ფირცხალაიშვილი. (კითხულობს კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის მომხრე კანონ-პროექტისა? ვინ არის წინააღმდეგი? კანონ-პროექტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგრონომიო განყოფილების გახსნისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. გრიგოლ ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე (ს.-რ.) ბატონებო! ეს დეკრეტი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა არაჩვეულებრივ პირობებში სააგრონომიო განყოფილება. წინასწარ განზრახვით ეს განყოფილება უნდა გახსნილიყო ჩვეულებრივ პირობებში. უნდა გახსნილიყო ჯერ ერთი კურსი, მერე თანდათან მომატებულიყო. სამოსწავლო წლის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო უფროსი კურსების გახსნა. ეს გარემოება გამოწვეული იყო შემდეგ მიზეზით. რევოლიუციის პირველ წლებში რუსეთის სტუდენტობა მოაწყდა საზოგადოთ საქართველოს და კერძოდ ტფილისს. სტუდენტთა უმეტესობას ქართველობა შეადგენდა. მათ შორის იყვნენ სხვა და სხვა დარგის სპეციალისტები და სხვათა შორის აგრონომებიც. უმრავლესობა შევიდა ამიერკავკასიის პოლიტეხნიკუმში და იქ სწავლობენ. მაგრამ წელს ბევრი პროფესორი წავიდა იქიდან და ეს განყოფილება იქ ვერ არის რიგიანად დაყენებული, ამიტომ სტუდენტობამ თავი დაანება ამ პოლიტეხნიკუმს და მიმართა უნივერსიტეტის გამგეობას, - ამ თავითვე გაეხსნათ უმთავრესი კურსები და მისცემოდათ საშუალება განეგრძოთ სწავლა და არ მოცდენილიყვნენ, ვიდრე გაიხსნებოდა ეს კურსები.

პროფესორთა საბჭო შევიდა იმათ მდგომარეობაში და ამ ჟამად გახსნა უფროსი კურსები. ამან გამოიწვია ზედმეტი ხარჯი იმასთან შედარებით, რაც ნავარაუდევი იყო.

ეს საკითხი სრულებით უბრალო და მარტივია, მაგრამ შეხლა-შემოხლა გამოიწვია ერთმა კითხვამ - ცალკე იყოს გახსნილი სააგრონომიო განყოფილება, თუ იყოს გახსნილი ბუნებისმეტყველების ფაკულტეტთან ერთად. გადაწყდა, რომ გაიხსნას ერთად რადგან ამით ხარჯი მცირდებოდა, პროფესორთა რიცხვი იგივე რჩებოდა, დეკანი ერთი იქნებოდა საჭირო, საქმის მწარმოებელიც ერთი. რაც შეეხება საქმის მოწყობას, - ეს ნაკლებ ხარჯებს იწვევს იმ მიზეზით, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ყველა ისეთი საგნები არის, რომელიც უნდა საერთოდ მოისმინონ, როგორც ბუნებისმეტყველებმა, ისე აგრონომებმა. და ამ განყოფილებას დამატება დასჭირდება მხოლოდ იმ საგნებისა, რომელთაც პრაქტიკული ხასიათი აქვს. ეს კი მცირე ხარჯებს იწვევს. მთელი ხარჯები არ აღემატება 91,000 მანეთს. ასეთი გახლავთ კანონ-პროექტის უმთავრესი აზრი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი. (ს.-დ.) აღნიშნულ შტატების თანახმად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და დაამტკიცა. ესე რომ ამ კომისიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ ეს ფული გაღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

ნათაძე. (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? არავინ. მიღებულია. მე-2-ე მუხლი.

ნათაძე. (კითხულობს მე-2-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? არავინ. მუხლი მიღებულია. მე-3-ე მუხლი.

ნათაძე. (კითხულობს მე-3-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? არავის. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? არავინ. მიღებულია. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს. ვინ არის მომხრე დეკრეტისა? ვინ არის წინააღმდეგი? დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284.290 მან. დამატებით კრედიტის გახსნისა 1918 . ზენახარჯის დასაფარავად.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ღლონტს.

თედო ღლონტი. (ს.-ფ.) 1918 წლის საქართველოს რკინის გზის საექსპლოატაციო ხარჯებისათვის იყო გახსნილი 4 თვის კრედიტი ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის. შემდეგ კრედიტის გახსნა არ შესწევს და ხარჯის დაფარვა მოხდა იმ შემოსავლით, რომელიც რკინის გზას ჰქონდა. ასე, რომ მთელი საექსპლოატაციო ხარჯები შეადგენდა (კითხულობს). შემდეგ დამატება სიძვირის გამო (კითხულობს). მაშასადამე, მთელი ხარჯები ექვსი თვის განმავლობაში უდრის 77.029.640 მან. 80 კაპ. აქედან კრედიტმა დაფარა (კითხულობს) დაუფარავი დარჩა დანარჩენი თანხა (კითხულობს) ამ თანხიდან ფაქტიურად შემოსავალმა დაფარა (კითხულობს). ასე, რომ შემოსავალი ჰქონდა რკინის გზას (კითხულობს). ფაქტიურად დეფიციტი, რომელიც უნდა გამოიღოს ჩვენმა მთავრობამ, სულ შეადგენს (კითხულობს).

ეს არის ის, რაც უნდა გაიღოს ჩვენმა მთავრობამ გასული წლის ხარჯების დასაფარავად.

ეს კანონ-პროექტი მიიღო საფინანსო კომისიამ და წარუდგინა სახელმწიფო კონტროლიორს. რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლიორს, მან გაუკეთა მთელი რიგი შეკითხვებისა ამ კანონ-პროექტს. ეს შენიშვნები უმთავრესად ეხებოდა ხარჯებს. რკინის გზის კომისიამ ამ ხარჯების კითხვის გამოსარკვევად, რომელიც აღძრული იქნა სახელმწიფო კონტროლიორის მიერ, დაიბარა სახელმწიფო კონტროლის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ეს შენიშვნები მიიღეს და საფუძვლად დაუდეს მცირედი შესწორებებით.

ასე, რომ ფაქტიურად ეს თანხა გასაღებია ხაზინიდან. ის განსხვავება, რომელიც დარჩა კრედიტის გაუხსნელობის გამო, საგზაო კომისიამ მიიღო ერთხმად და ეხლა ვშუამდგომლობ საგზაო კომისიის მხრივ, რომ ეს დეკრეტი მიღებული და დადასტურებული იქნეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვის მეორე მომხსენებელს ბ. იმნაიშვილს.

. იმნაიშვილი. საფინანსო კომისია კანონიერად სცნობს და ადასტურებს კომისიის აზრს და ამ კანონ-პროექტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

თავმჯდომარე. არავის სურს სიტყვა საზოგადოდ მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

. ღლონტი (კითხულობს. დეკრეტი მიღებულია უცვლელად და გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი - მაზრის მილიციის ჯამაგირების დამატებისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი. (ს.-დ.) ამა წლის 2 დეკემბერს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი სამაზრო მილიციის მოსამსახურეთა ჯამაგირის გადიდების შესახებ. ამ დეკრეტს ჰქონდა დროებითი ხასიათი და მას ვადა გაუვიდა პირველ ნოემბერს, მაგრამ, არსებითად საქმის მდგომარეობა ძველი დარჩა. თქვენ მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ ამ ჟამად შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებაში მუშავდება ერთი მთლიანი კანონ-პროექტი სამაზრო მილიციაში ახალი შტატების დაარსების და ძველის შეცვლის შესახებ. ეს კანონი ძალიან რთული არის, მოითხოვს დიდს დროს და დღემდის არ მოხერხდა მისი დამთავრება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საჭიროა ცნობები ამ კანონისათვის პროვინციიდან. მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ აქამდის ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს და თიანეთის მაზრებში არ იყო შემოღებული ერობა. იქ მხოლოდ ეხლა შემოიღეს სამაზრო ერობები და სათანადო ცნობები გამოუგზავნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ ცნობების მიხედვით შეიმუშავებენ შტატებს და გადაუგზავნიან სახელმწიფო კონტროლს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შტატები მალე იქნება დამთავრებული და პირველი იანვრისთვის წარდგენილ იქნება დამფუძნებელ კრებაში. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოვიდა სათანადო შუამდგომლობით საფინანსო კომისიაში და მოითხოვს, რომ ამ დეკრეტის ძალა, რომელიც მიღებული იყო 2 დეკემბერს, გავრცელებული იქნას პირველ იანვრამდის.

საფინანსო-აბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს საკითხი, მიიღო და დაადასტურა ის. სახელმწიფო კონტროლის აზრიც დადებითია ამ საკითხის შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ის ოპერეტა, რომლის შესახებ ჩვენ აქ მთავრობამ გვაუწყა, შედარებით გრძელი გამოდგა. სხვა და სხვა გამოსვლების საბოლოო ლიკვიდაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა, - ანარქიის საფრთხე ჯერ კიდევ დაძლეული და ამოწურული არ არის.

ასეთი მდგომარეობა, უეჭველია, ჰქმნის ერთგვარ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს ამ დეკრეტის სასარგებლოდ. როგორც მოგეხსენებათ, დეკრეტი მოითხოვს სამაზრო მილიციისათვის კრედიტის განგრძობას. ერთის შეხედვით, ვის რა უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო. ჩვენი მილიცია ებრძვის ანარქიას, იცავს წესიერებას, ემსახურება ხალხს. მაშასადამე, მან ჯამაგირიც უნდა მიიღოს. ასე ფიქრობს და მსჯელობს მმართველი პარტია და ასევე ფიქრობს ობივატელიც.

მაგრამ თუ ჩვენ საკითხს ობიექტიურად მიუდგებით, თუ მხედველობაში მივიღებთ ადმინისტრაციის მოღვაწეობას საერთოდ და კერძოდ მის როლს უკანასკნელ გამოსვლებში, დარწმუნდებით, რომ დღეს ჩვენ უფრო მეტი უფლება გვეძლევა მათ წინააღმდეგ ვილაპარაკოთ, ვიდრე წინედ. ანარქიამ და მასთან ბრძოლამ სავსებით დაადასტურა, რომ ჩვენ ადმინისტრატიული აპარატი არა გვაქვს, რომ ადმინისტრაცია თავის სიმაღლეზე ვერ სდგას.

ჩვენ აქ არა ერთხელ გვქონია ადმინისტრაციის მოღვაწეობის შესახებ ლაპარაკი, არა ერთხელ დაგვიხასიათებია იგი, მაგრამ, ვინაიდან დამფუძნებელი კრება გადაიქცა ბონების განმანაწილებელ დაწესებულებად, სადაც თითქმის ყოველ ორ-სამ თვეში გვიხდება ჩვენ ლაპარაკი ერთსა და იმავე დეკრეტზე, ჩვენ იძულებულნი ვართ ადმინისტრაციის შესახებ ზოგიერთი რამ კვლავ მოვიხსენოთ.

ჩვენი ადმინისტრაციის მთავარი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ მასში სრულებით არ მოიპოვება რაიმე პოლიტიკური და უფლებრივი შეგნება, მას თავისებურად ესმის როგორც კანონი, ისე თავისი პასუხისმგებლობა ამ კანონის წინაშე, თავისებურად ესმის ყოველი მოვლენა ჩვენი ცხოვრებისა და თვით ანარქიასთან ბრძოლაც თავისებურად გაიგო მან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველი მათგანი თავის-თავს მენშევიკს ეძახის, მაგრამ ჩვენი ადმინისტრაციის და მილიციის პოლიტიკური შეუგნებლობა სრული თავდებია იმის, რომ ისინი ისეთივე ენერგიით შეებრძოლებიან მენშევიკებს, როგორც დღეს ებრძვიან ბოლშევიკებს, თუ საამისო დრო დადგა. როგორც მოგახსენეთ, ადმინისტრაციამ თავისებურად გაიგო ანარქიასთან ბრძოლა, მან ხელი მოუსვა და ყველას ციხეში მიათრევს. (არსენიძე: მაგალითად?) ვინც კი არ მოეწონება, ვინც სოც.-დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიოდა და მათ პოლიტიკას არ იზიარებდა. (ხმა: იმედია შეკითხვას შემოიტანთ?!) შესაძლებელია შეკითხვაც შემოვიტანოთ. ჩვენ გვაქვს ამის საბუთები. ჩვენი ადმინისტრაცია უფრო შორს მიდის. ის აპატიმრებს არა თუ იმ ხალხს, რომელთაც მონაწილეობა მიუღიათ ანარქიაში, არამედ ატუსაღებს იმათაც, ვისაც არავითარი დანაშაული არ მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე გარდა იმისა, რომ ისინი მენშევიკები არ არიან. (ხმა: კონკრეტიულად დაასახელეთ!).

ადმინისტრაცია კიდევ შორს მიდის: მან ხელი მიჰყო ყაჩაღობას, ძარცვა-გლეჯას და ეს ხდება უმეტესად ჩხრეკის დროს. ერთს საბუთს მოგახსენებთ ამის შესახებ. ამას წინად ჩვენ მივიღეთ ბორჩალოს მაზრის გლეხებისაგან თხოვნა, სადაც გლეხები გვწერენ, რომ მილიციონერებმა ისინი გაძარცვეს და გვთხოვენ დახმარებას, მფარველობას. (კითხულობს). (არსენიძე: რამდენი კაცი აწერს ხელს? ხმა: შეკითხვა უნდა შემოგეტანათ! გვაზავა: დაათავებინეთ! თავმჯდომარის ზარი).

აი, ბატონებო, ერთი იმ საბუთთაგანი, რომელიც ნათლად გვიმტკიცებს, თუ რა ზომამდეა მისული ჩვენი ადმინისტრაციის თავგასულობა ამ უკანასკნელ ხანებში. (სოც.-დემ. ფრაქციიდან: ამაზე შეკითხვა უნდა შემოიტანოთ!) მე ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სრული უფლება მაქვს ვკითხო მმართველ პარტიას: - შეიძლება თუ არა ამ ყაჩაღებს კრედიტი გაუხსნათ და მილიონები ვაძლიოთ. რასაკვირველია, არ შეგვიძლია.

რაც შეეხება ჩვენი ადმინისტრაციის ზნეობრივ მხარეს, - ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, არ არის დანაშაული, რომელზედაც ხელს არ აწერდეს და მონაწილეობას არ ღებულობდეს ჩვენი ადმინისტრაცია. ცნობილი არის ადმინისტრაციის თავხედობა, უდიერი მოპყრობა, ლანძღვა-გინება და სხვა. ბინის და პიროვნების ხელუხლებლობა არ სწერია თვით მთავრობის კოდექსში. როგორც ეს უკვე აღიარა 15 ნოემბრის ნომერში თვით გაზეთმა, „ერთობამ“ (კითხულობს).

რა თქმა უნდა, ასეთ სისტემაზე აღზრდილი მილიცია ვერ იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, და არ შეგვიძლია მას ყოველთვის დეკრეტებით ზეპირათ კრედიტები ვაძლიოთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენს ადმინისტრაციაში მექრთამეობამ პირდაპირ ზღაპრული ხასიათი მიიღო, კომისრის თანამდებობა ბევრისთვის სანატრელი გახდა. ბევრი ფიქრობს, ნეტავი ერთი თვე მაინც მამყოფა კომისრათო და მეტი არაფერი მინდა, მთელს სიცოცხლეში უზრუნველყოფილი ვიქნებიო. ქრთამებს ღებულობს ყველა: კომისარი, უფროსი მილიციონერი, უმცროსი მილიციონერი, მათი მეგობრები, ნათესავები და სხვა. რომ ეს ასე არის, ამის საბუთები გვაქს, თუნდაც იგივე ოფიციოზიდან.

ჩვენს ადმინისტრაციას დიდი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი: მას სასტიკი წინააღმდეგობა უნდა გაეწია ყაჩაღებისთვის. მას აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო ანარქიასთან ბრძოლაში, გადასახადის აკრეფაში და სხვა. სამწუხაროდ ადმინისტრაციამ არც ერთ ამ დარგში ვერავითარი უნარი ვერ გამოიჩინა. ავიღოთ თუნდ ყაჩაღებთან ბრძოლა. ყაჩაღობამ ამ უკანასკნელ ხანებში მასიური ხასიათი მიიღო. თქვენ იცით თუ რა მდგომარეობა იყო ზოგიერთ მაზრებში. თქვენ იცით, გახსოვთ, რომ სოც.-დემოკრატიამ პირდაპირ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა დეზერტირობას და ყაჩაღობას, მთელი ერთი კვირის განმავლობაში მისი გაზეთი ანშაგებით იყო აღჭურვილი, აუარებელი კორესპონდენციები იწერებოდა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ყაჩაღობამ ზოგიერთი მაზრები. აი, მაგალითად, როგორ ახასიათებს „ერთობა“ გორის მაზრაში მომხდარ აჯანყებას. (კითხულობს).

მე გეკითებით თქვენ: ვინ იყო ამ უპატრონოთ მიტოვებული სოფლის პატრონი. ხომ უნდა ყოფილიყო იქ ადმინისტრაცია. ასეთივე მდგომარეობა იყო არა მარტო გორის მაზრაში, არამედ სხვაგანაც, მაგალითად, თელავშიაც. აი, რას სწერდა ამის შესახებ „ერთობა“ (კითხულობს).

ასეთი მდგომარეობა იყო ზოგიერთ მაზრებში, სადაც იყო მაშინ ადმინისტრაცია. ის არამც თუ არ ებრძოდა ყაჩაღებს, პირიქით, ადმინისტრაცია ბევრ ადგილს მხარს უჭერს და თვითონ იყო მასთან კონტაქტში. რომ ეს ასე იყო, ამის შესახებ საბუთები შემიძლია მოვიყვანოთ თქვენივე გაზეთ „ერთობიდან“. აი, აქ „ერთობის“ 22 ნოემბრის №-ში სწერია (კითხულობს).

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მარტო ბორჩალოს მაზრაში იყო, - მაშინ ხომ ბედნიერნი ვიქნებოდით. - არა, ეს მარტო ბორჩალოს მაზრაში არ ყოფილა, ასე იყო ყველგან. თქვენ ერთი წლის წინეთ გვეუბნებოდით, რომ უკვე შევქენით ისეთი ადმინისტრაცია, რომ მას შეუძლია 24 საათის განმავლობაში მობილიზაცია მოახდინოსო, როგორც ეს განაცხადა შინაგან-საქმეთა მინისტრმა სომხებთან ომის დროს, ჩვენ გვაქვს თუ არა უფლება, დღეს, როდესაც ადმინისტრაცია ვერავითარ უნარს ვერ იჩენს, ამ დეკრეტს მხარი არ დაუჭიროთ.

ავიღოთ ანარქიასთან ბრძოლა: რაში გამოიხატა ადმინისტრაციის მონაწილეობა ამ ბრძოლაში. - მთავრობას დასჭირდა ყველგან სხვა ძალების ამოძრავება, მთავრობა იძულებული იყო გაეგზავნა გვარდიის ნაწილები ანარქიის ჩასაქრობათ. და თვით ხალხმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ადმინისტრაცია კი განზე იდგა, უკეთეს შემთხვევაში თამაშობდა პასიურ როლს, ან და მეამბოხეთა მხარეზე გადადიოდა. ყველა ამის შემდეგ ჩვენ გეკითხებით: გვყავს თუ არა ჩვენ ადმინისტრაცია? - არა ბატონებო, ჩვენ ადმინისტრაცია არა გვყავს!

ავიღოთ მეორე მოვლენა - დეზერტირობა. ამას მთელი რიგი მიზეზების გარდა ხელს უწყობს ისიც, რომ ჩვენს ადმინისტრაციას არა აქვს უნარი ებრძოლოს დეზერტირობას. ამის შესახებ გვაქვს ოფიციალური საბუთი. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენ ამას წინეთ მივიღეთ დეკრეტი დეზერტირობასთან საბრძოლველი ზომების შესახებ. ამ დეკრეტს ჰქონდა დართული სამხედრო მინისტრის განმარტება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დეზერტირობას ხელს უწყობენ ადმინისტრაციის აგენტებიო.

არც გადასახადის აკრების საქმეში სჩანს ადმინისტრაციის უნარი. ბ. ბ. ჩხიკვიშვილმა გამოსცა ამას წინეთ ცირკულიარი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისის ადმინისტრაცია გადასახადების აკრებაში ვერავითარ უნარს ვერ იჩენსო. თუ ასეა თბილისში, რა უნდა იყოს სხვაგან?! სჩანს არც ერთ დარგში ადმინისტრაციამ სრულებით ვერავითარი უნარი ვერ გამოიჩინა. (ასათიანი ადგილიდან: რაში გამოიჩინა უნარი?) ცარცვა-გლეჯაში. ჩვენ გვაქვს უფლება ვიკითხოთ: რა გააკეთა ადმინისტრაციამ ერთი წლის განმავლობაში. ამის პასუხი ერთია: სრულებით არაფერი. მართალია შინაგან-საქმეთა მინისტრი ებრძვის ანარქიას მაშინ, როცა ის არსებობს და ებრძვის მაშინაც, როცა ის არ არსებობს, მაგრამ ანარქია მაინც გრძელდება. ჩვენს ადმინისტრაციის ცხოვრებაში იყო ერთი დადებითი მოვლენა: ეს გახლავთ გუბერნიის კომისრის თანამდებობის გაუქმება და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა მათ (კომისრებმა) აიკლეს ჩვენი ქვეყანა. ერთმა მთელი მაზრა გამოაცხადა კანონის გარეშე, მეორემ ჯიბე გაივსო ფულებით. ამით მე არ მინდა პერსონალურათ რამე უსაყვედურო შინაგან-საქმეთა მინისტრს, მას აბარია სამი უწყება: ის არის ერთ და იმავე დროს სამხედრო, შინაგან-საქმეთა და განათლების მინისტრი. არ შეიძლება ერთი და იგივე კაცი იყოს კარგი სტრატეგი, კარგი პედაგოგი და კარგი „სიშჩიკი“. უკეთესი იქნებოდა, რომ მინისტრი ერთ რამეს მოკიდებდეს ხელს. მე არ შევდივარ იმის განხილვაში, თუ რა სჯობია დღეს რესპუბლიკისათვის, თუმცა კომუნისტების ტერორით მუქარის შემდეგ, მე მგონია, სოც.-დემ. ყველაფერს სჯობია კარგი „სიშჩიკი“. (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი).

მე ვიცი, რომ აქ გამოვლენ და დაიცავენ ადმინისტრაციას, რადგანაც მისგან ძლიერ დავალებულია მმართველი პარტია. ეს ის ადმინისტრაციაა, რომელიც თავგამოდებით გამოდიოდა არჩევნებში და ყოველგვარ ძალადობას მიმართავდა. თუ სოც.-დემოკრატიას ყავს 105 დეპუტატი და არა 5, ეს იმით აიხსნება, რომ მმართველი პარტიის დასაცავათ გამოდიოდა და არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაცია. იმდენათ მხურვალე იყო ეს მონაწილეობა, რომ შესაძლებელია არა ერთი და ორი მილიციის დეპუტატი იყოს აქ. (სოც.-დემ. სკამებზე ხმაურობა).

რომ ჩვენი დახასიათება ადმინისტრაციისა არ არის ცილისწამება, ამას მოწმობს თუნდაც ისეთი ოფიციალური დოკუმენტი, როგორიც არის თათბირი, რომელიც გაიმართა შინაგან-საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით. აქ გამოირკვა ყველა ის, რაზედაც მე მოგახსენებთ. თათბირი ფიქრობს, რომ საკმარისია ზოგიერთი ზომები, რომ ჩვენი ადმინისტრატიული აპარატი განმტკიცდეს და ადმინისტრაცია გაჯანსაღდეს.

ამისათვის ჩამოთვლილია ზომები. პირველი ზომა, რომელიც საჭიროდ მიაჩნია იმ თათბირს, რომელიც მოხდა 11-სა და 12-ს ნოემბერს ბ. რამიშვილის თაოსნობით და თანადასწრებით, ეს პირველი ზომა არის - გაწმენდა ადმინისტრაციისა არაკეთილსაიმედო პირებისაგან. ასეთი არის კომისრების აზრი. მეორე ზომა არის - მილიციონერებისათვის კურსების გახსნა. მესამე - არ იქნეს მიღებული წერა-კითხვის უცოდინარი პირი და აგრეთვე არ უნდა მიიღონ მილიციაში მოსამსახურეთ იმავე თემის მცხოვრები, რა თემშიც უხდებათ სამსახური.

აი ზომები, რომელიც შინაგან-საქმეთა მინისტრს სურს და კომისრებიც საჭიროდ სთვლიან ადმინისტრაციის მოსაჯანსაღებლად.

ერთი შეხედვით ეს ყველაფერი კარგი და კეთილი არის. ავიღოთ ეს პირველი ზომა - კურსები. ეს რასაკვირველია, მისაღებია. კურსები შეიძლება საჭირო იყოს არა მარტო მილიციონერებისათვის, არამედ ბევრი სხვა დიდი თანამდებობის პირებისათვის. მაგრამ ერთი რამ არის გაუგებარი. როდესაც კურსებზედ ლაპარაკობთ, როგორ უნდა მოიქცეს მილიციონერი - ისწავლოს თუ იხმაუროს? (ლეო ნათაძე: ორივე ერთად!) აქ ამბობენ, ორივე ერთადო, თუ ეს ასეა, თუკი ისწავლის, რაღად უნდა ვაძლიოთ ჯამაგირი?..

აქ არის ნათქვამი, - არ უნდა იქნეს მიღებული სამსახურში უსწავლელიო. სჩანს ბევრმა არ იცის წერა-კითხვა და რომ მართლაც ბევრმა არ იცის, ამას ამტკიცებს ის მეთაური, რომელიც უძღვნა ამ მოვლენას გაზეთმა „ბორბამ“. იქ არის ნათქვამი, რომ უსწავლელობა მისულა იქამდის, რომ ადმინისტრატიულმა პირმა არ იცის რა მსვლელობა მისცეს საქმეს. იჭერს დამნაშავეს და არ იცის რისთვის იჭერს, რა ჩაიდინა დამნაშავემ. ოქმში არაფერი სწერია. სწერია მხოლოდ, რომ ეს და ეს იქმნა დაპატიმრებულიო. გამომძიებელმა არ იცის რა ქნას, რა მსვლელობა მისცეს ამის მიხედვით საქმეს და ხანდახან იმისთანა ხალხს უშვებენ, რომელნიც გასაშვები არ არიან. ან აპატიმრებენ სრულიად უდანაშაულო ხალხს. სანამ ასეთი მდგომარეობა არის, სანამ არ მომხდარა ადმინისტრაციის ძირითადი რეორგანიზაცია, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაძლიოთ კრედიტები ყაჩაღებს და ქურდებს. (ვ. მგელაძე: ყაჩაღები და ქურდები თუ არიან, მაშინ სხვა არის!).

თავმჯდომარე. (ზარი) მოითმინეთ ბ. ორატორო, თქვენ აქ იხმარეთ სიტყვები, რომ ყაჩაღებსა და ქურდებს ჩვენ კრედიტს არ ვაძლევთო...

მე წინათვე მინდოდა თქვენთვის სიტყვა შემეწყვიტა და მეთქვა, რომ ის, რაც თქვენ ბრძანეთ: ყაჩაღებსა და ქურდებს კრედიტს არ უხსნითო - სიმართლე არ არის. აქ არაფერი ყაჩაღობისა და ქურდების კრედიტის გახსნა არ არის. მე ეს მინდოდა სიტყვის დამთავრების შემდეგ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ თქვენ ეს მრავალჯერ გაიმეორეთ. თქვენ შეგიძლიანთ ებრძოლოთ მექრთამეობას და სხვა ამგვარ მოვლენებს მილიციაში და აგრეთვე ამისთანა პირებს უწოდოთ ყაჩაღები და ქურდები, მაგრამ მთელ მილიციას ყაჩაღთა ბრბო უწოდოთ, - ეს არ შეიძლება. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ფრთხილად მოიქცეთ და შემდეგში ნუღარ გაიმეორებთ, რომ აღარ ჩავარდეთ ამისთანა მდგომარეობაში. (ტაში).

. შენგელაია. პირველი ზომა, რომელსაც ხაზს უსვამს თათბირი გახლავთ ის, რომ ჩვენი ადმინისტრაცია გაწმენდილი იყოს მავნე ელემენტებისაგან. ასეთი ელემენტებით სავსე არის ადმინისტრაცია და ამასვე ადასტურებს ოფიციალური რეზოლიუციები, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არ გვჯერა, რომ შეიძლებოდეს ამ ზომების გატარება. (ს.-დ. ფრაქციიდან: დიახ, რა თქმა უნდა!).

ვთქვათ, - გავსწმენდავთ ადმინისტრაციას და ადგილი აღარ ექნებათ იქ არაკეთილ საიმედო პირებს. მაშინ უნდა მოგახსენოთ, რომ ადმინისტრაცია მთლად დაიმალება. ასეთი არის მდგომარეობა. გაზეთი „ბორბა“, ამბობს, საჭიროა სასტიკი განწმენდაო. მაშასადამე, ის განწმენდა, რომელიც წინად იყო არ არის საკმარისი და ახლა ახალი განწმენდა უნდა მოხდეს. ასე, რომ მილიციაში აღარავინ დარჩება.... წარმოიდგინეთ, რომ იქ არამც თუ არ არის საიმედო პირები, იქ არ არის არავითარი სუბორდინაცია, არავითარი დისციპლინა. დაჯერება ერთი ალთას მეორე ბალთასო. ჩვენ გეკითხებით შეუძლიან ასეთ ადმინისტრაციას ანარქიას შეებრძოლოს? მიიღეთ, ბატონებო, რადიკალური ზომები, გასწმინდეთ მილიცია, დაგვარწმუნეთ ჩვენცა და ქვეყანაც, რომ ადმინისტრაციაში აღარ არიან არა კეთილ საიმედო პირები და მაშინ ჩვენც წინააღმდეგი არ ვიქნებით და ხმას მივცემთ დეკრეტს. სანამ ეს არ მომხდარა, ჩვენ არ შეგვიძლიან ასეთ დეკრეტს მხარი დაუჭიროთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს რუსიას.

მელიტონ რუსია. (ს.-დ.) როგორც მოგეხსენებათ, მილიცია არის ადგილობრივ თვითმმართველობათა ხელში; სოფლის მილიცია ემორჩილება ერობებს, ქალაქში კი - ადგილობრივი ქალაქის თვითმმართველობებს. და აი აქ, ამ ტრიბუნიდან გამოდის ს.-რ. ფრაქციის სახელით ბ. შენგელაია და უსვამს ხელს მთელს თვითმმართველობებს და ამტკიცებს დამფუძნებელი კრების წინაშე ყველას მოსასმენათ, რომ ამ თვითმმართველობებმა შემოკრიფეს თავის გარშემო ყაჩაღების ბრბოები, რომელნიც ხოცვენ და ძარცვენ ხალხსო. აი, ბ. შენგელაია, თქვენ ბრძანებთ, გაზეთში წაიკითხეთო, მოგახსენებთ, რა განსხვავება არის იმის შორის რაც თქვენ ბრძანეთ და რაც „ბორბა“-ში და „ერთობა“-ში სწერია. მთელი თქვენი სიტყვა იმაში მდგომარეობს, რომ თვითმმართველობებს გარს ახვევია ყაჩაღთა ბრბო და აწიოკებენ ხალხსო. რა არის ეს? არის თუ არა ეს აგიტაცია თვითმმართველობათა წინააღმდეგ? არის თუ არა ეს პროვოკაცია? მე ვამბობ, რომ ეს არის მიმართული არა მარტო მილიციის წინააღმდეგ, არამედ ეს არის მიმართული ადგილობრივ თვითმმართველობების წინააღმდეგ... (ლეო შენგელაია: თქვენ წინააღმდეგ!) მე წინადადებას ვაძლევ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ერობებს და ქალაქებს დააფასონ ეს თქვენი დღევანდელი გამოსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ ერობები და თვითმმართველობები მართლაც დააფასებენ თქვენი ფრაქციის მოღვაწეობას დამფუძნებელ კრებაში (ასათიანი: ეს საკითხს არ შეეხება!) სწორედ, რომ შეეხება და ამაზედ მოგახსენებთ, საქმე იმაშია, რომ კანონის ძალით ხაზინა ეხმარება მილიციის შესანახათ ერობებს - 75 პროც. და ქალაქებს - 50 პროც., და აი, ერობებმა და ქალაქებმა მიმართეს მთავრობას, დამფუძნებელ კრებას, რომ ეს დახმარება გაიღონ, ეს დახმარება აღმოუჩინონ ხაზინიდან.

ბ. შენგელაიამ უკვე პასუხი გასცა ამ თხოვნას ერობებისა და ქალაქებისა, უარის თქმასთან ერთად მოუსვა ხელი ერობების და ქალაქების თვითმმართველობებს და ამბობს, რომ ისინი არიან ყაჩაღთა ბრბოების ბუდეო.

აი, რა პასუხი მისცა ბ. შენგელაიამ ს.-რ. ფრაქციის სახელით ამ შუამდგომლობას. მან ეს მხოლოთ იმით დაასაბუთა, რომ აგროვებენ ბრბოებს და ცარცვავენ ხალხსაო და სწორედ ამ მხარეს მან ხაზი გაუსვა. მე მესმის, როდესაც „ბორბა“, „ერთობა“ კრიტიკას უკეთებენ მილიციას. მე ეს მესმის, რადგან ისინი გამოდიან იმ სურვილიდან, რომ დაეხმარონ თვითმმართველობებს, რომელიც მილიციას მოაწყობს და ყოველი ის უარყოფითი ფაქტი, რომელიც ხდება მილიციაში აღნიშნონ, რომ ხელი შეუწყონ მის განწმენდას და გასწორებას, მიუთითონ ამაზე თვითმმართველობებს და გზა უჩვენონ მათ ამ საქმის გაუმჯობესებაში. მე ეს მესმის და ეს კარგად ესმის ბ. შენგელაიასაც, მე არ მგონია, რომ ბ. შენგელაიას არ ესმოდეს თუ რაზედ ლაპარაკობს „ბორბა“ და „ერთობა“, რომ არ ესმოდეს ეს კრიტიკა, რომელსაც აწარმოებს „ერთობა“, ეს იცის, მაგრამ მისი მიზანი იყო განზრახ გაშავება თვითმმართველობისა, რომ მათ ერთხელ და სამუდამოთ გაუტეხოს სახელი ხალხის თვალში. დიახ, ეს იყო მიზანი თქვენი სიტყვისა, და ამისი საუკეთესო საბუთია, ბ. შენგელაიას სიტყვა. რატომ არ მისცემს ბ. შენგელაია თავის თავს კითხვას, თუ რათ უჩვენებს „ბორბა“ ყოველ ნაკლს. იმიტომ უჩვენებს, რომ დაეხმაროს ერობებს და თვითმმართველობებს, დაეხმაროს მთავრობას, რომ მან მილიცია მოაწყოს, მოაწყოს ადმინისტრაცია. ბატონ შენგელაიას სიტყვაში სულ არ იყო ეს სურვილი დახმარების აღმოჩენისა მთავრობისათვის, რომ გასწმინდონ მილიცია... (შენგელაია: საგანზე ილაპარაკეთ!) დიახ, ეს არის საგანი.

შემდეგ ბ. შენგელაიამ აქ მოუსვა ხელი და აგრეთვე ილაპარაკა არჩევნებზე, რომ არჩევნების დროს ამ და ამ უწესოებას ჩადიოდნენ მილიციონერები. ბ. შენგელაიას, რომ ზეპირად ლაპარაკი არ უყვარდეს, ის გადახედავდა საარჩევნო ოქმებს, რომლებიც ინახება საარჩევნო კომისიაში. გადახედეთ ოქმებს, გვიჩვენეთ ფაქტები. და ფაქტებზე ილაპარაკეთ. როგორც საარჩევნო კომისიის წევრი ვაცხადებ, რომ არავითარი იმის მგზავსი, რაც აქ ბ. შენგელაიამ განაცხადა, არც ერთი კუთხეში ჩვენი რესპუბლიკისა არ მომხდარა და მილიციონერების მხრივ არჩევნებში არავითარ უკანონობას არ ჰქონია ადგილი. ყოველივე ეს ბ. შენგელაიას მიერ განზრახ შეთხზული ჭორია და სხვა არაფერი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ის ოქმები, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია და დარწმუნდებით, რომ თქვენი ლაპარაკი წინასწარ განზრახული იყო საერთოდ მილიციის გასაშავებლათ.

ასე და ამგვარად ბ. შენგელაიამ ვერავითარ ფაქტებზე ვერ მიგვითითა, გარდა იმისა, რაც თურმე სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებს „ბორბას“ და „ერთობას“ თვითონ მოუყვანიათ. ყოველივე ის, რასაც ბ. შენგელაია ლაპარაკობდა შეეძლო ეთქვა ბრმას, ისეთ ადამიანს, რომელიც ვერ ხედავს, ან განზრახ დაბრმავებულს. ბრმა არის ის, ვინც ვერ ხედავს, თუ რა განსხვავება არის მილიციაში შარშან და წელს. უწინ ტფილისის ქალაქის თავმა მოგახსენათ, როდესაც მილიციაზე ლაპარაკობდა, რომ ერთი წლის განმავლობაში დათხოვნილი იყო კარგა ბლომა რიცხვი მილიციონერებისა. მაშასადამე, ადგილობრივი თვითმმართველობანი იღებდენ ზომებს, რომ ადმინისტრაცია გაეწმინდათ. თქვენ რომ ბოროტი სულები არ იყოთ, მიხვდებოდით, რომ რაც დრო გადის მილიცია თანდათან უკეთესდება. არ შეიძლება შედარება იმასთან, რაც იყო შარშან. მაგალითად, ავიღოთ ტფილისის მილიცია. განა შეიძლება ითქვას, რომ ტფილისის მილიცია არ არის გაუმჯობესებული წარსულ წელთან შედარებით? ჩვენ ვხედავთ, რომ იგი უმჯობესდება, რაც დრო გადის. ბ. შენგელაიას ეს არ უნდა დაინახოს, ან ვერ ხედავს. ბ. შენგელაიას აზრით, 24 საათში სულ ადვილად შეიძლება აშენდეს სახელმწიფო, ისე, რომ ჰყავდეს ღირსეული და იდეალური მილიცია. ეს კარგად იცოდენ ესერებმა, რომ 2-3 თვეში არ შეიძლება არც სახელმწიფოს აშენება და არც ადმინისტრაციის და მილიციის მოწყობა. ჩვენ ამ შემთხვევაში შედარებით მეთოდს უნდა მივმართოთ. ადგილობრივი თვითმმართველობანი და ერობები ამ დარგში ძალიან ბევრს მუშაობენ. ისინი ბევრს სცდილობენ, დიდ ენერგიას ხარჯავენ, რომ მილიცია გააუმჯობესონ (შენგელაია: არაფერი კი არ გამოდის!) და თუ ბატონი ესერები ვერ ხედავენ, ეს იმიტომ, რომ ყველაფერი უნდათ გააშაონ, უნდათ სახელი გაუტეხონ ერობებს, თვითმმართველობებს და ჩვენ სახელმწიფოს ხალხის თვალში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრს.

ნოე რამიშვილი (შინაგან-საქმეთა მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე არ მომისმენია თავიდან ბ. შენგელაიას სიტყვა, მაგრამ მე თამამად შემიძლიან ვსთქვა, რომ ეს იქნებოდა გაგრძელება იმ მორიგ ლექციისა, რომელსაც ის ყოველთვის კითხულობს აქ, როცა საქმე ეხება ადმინისტრაციას. მსგავსება მაინც წინანდელ და ეხლანდელ გამოსვლას შორის, ყოველ შემთხვევაში აშკარაა.

ჩვენ მუდამ გვეუბნებიან - თქვენ წაართვით უფლებები ადგილობრივ თვითმმართველობებსო, მაგრამ, როცა გადავეცით ადმინისტრაცია ადგილობრივ თვიმმართველობებს და ეს კარგად იცის ესერების ფრაქციამ, - შემდეგ ისინი აქ გამოდიან და ამბობენ: თქვენ ვერ მოაწყეთ და ვერც მოაწესრიგებთ ადგილობრივ ადმინისტრაციის და მილიციის საქმესო. მე უნდა განვაცხადო აქ, რომ მთავრობას იმ კანონით, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ, დაკისრებული აქვს ერთად-ერთი მოვალეობა - კონტროლი ადმინისტრაციის საქმეებისა და იგი ამ ფარგლებში მოქმედობს. და თუ მილიციას რაიმე ნაკლი აქვს, - და ნაკლი კი ბევრი აქვს საერთოდ ჩვენ სახელმწიფოებრივ მუშაობას, - ამის პასუხი უპირველეს ყოვლისა ნამდვილ მეთაურს უნდა მოთხოვოს - ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგრამ ყოველივე ამას ივიწყებს სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია არა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ მოსაზრებით, არამედ პარტიულ თვალსაზრისით. მე არ მსურს სახელმწიფოებრივ თვალსაზრისს მოვშორდე, მაგრამ ზოგიერთ რამეს მაინც მიუთითებ ამ პარტიის წარმომადგენელს.

აქ იყო წარმოდგენილი შემდეგი ბრალდება: ადმინისტრაცია აძლიერებს ყაჩაღობასო. მე კი მგონია, რომ მათი გამოსვლის ერთი ნაწილი თუ უმთავრესი არა, გამოწვეულია იმ ზომებით, რომლებიც ჩვენ, ან ადმინისტრაციამ მიიღო იმ ყაჩაღების წინააღმდეგ, რომლებიც სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციაში ირიცხებიან. (შენგელაია: ეს დემაგოგია არის!) თუ დემაგოგია არის, მე მაქვს ფაქტები, მოგახსენებთ, შემდეგ გამოდით და დაამტკიცეთ, რომ ასე არ არის. ადგილობრივმა მილიციამ შეიპყრო მამფორია, რომელმაც აიკლო ანაკლია, ხოლო მის განთავისუფლებას ითხოვდნენ დეპუტატები სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციისა. ეს საქმეები გადაეცემა სასამართლოს.

ყველასათვის აშკარაა დანამდვილებით, თუ რა დიდი მუშაობა სწარმოებს ადმინისტრაციის მიერ ყაჩაღების წინააღმდეგ. თუ გადაათვალიერებთ გაზეთებში გამოქვეყნებულ ზომებს, დაინახავთ, რომ მთავარ ადგილებში მაინც, ზოგიერთ გამონაკლისის გარდა, უმთავრესი ბრბოები ყაჩაღებისა შეპყრობილი არის: ზოგან კი მიღებული არის განსაკუთრებული ზომები ადგილობრივ გვარდიის მიერ მათ შესაპყრობად (შენგელაია: ჩვენ ადმინისტრაციას უსაყვედურეთ!).

თქვენ მთავრობას უსაყვედურეთ და ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია და გვარდია ერთად და შეთანხმებით მოქმედებენ. რაც შეეხება ჯარს, ისიც ამავე როლს ასრულებს მთავრობის დადგენილების თანახმად.

აქ ლაპარაკი იყო აგრეთვე იმაზე, რომ უკანასკნელ ხანებში გახშირდა, გავრცელდა დეზერტირობა და ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად აძლიერებს ამას, აქ, ღია კარებში შეუძლებელია მოყვანა ყველა საბუთებისა, მაგრამ თუ თქვენ მართლა საქმე გაინტერესებთ, გაიგებდით ერთ რამეს, რომ უკანასკნელი გამოწვევა, სამხედრო ბეგრის მოსახდელად, უფრო ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე ეს ხდებოდა ძველი წყობილების დროს. (ასათიანი: რევოლიუცია თავდება და იმიტომ!).

მაშასადამე ლაპარაკი და მტკიცება იმის შესახებ, რომ - ყაჩაღობა და დეზერტირობა ძლიერდება და ამას ხელს უწყობს ადმინისტრაცია, არის მტკნარი სიცრუე, შეთხზული ბ. შენგელაიას მიერ. (შენგელაია: თქვენი ნათქვამია!).

რაც შეეხება გადასახადების აკრეფას, აქვს თუ არა უფლება ამის შესახებ გვისაყვედუროს იმ პარტიის წარმომადგენელმა, რომელმაც ზუგდიდის ერობაში შეიტანა წინადადება, რომ ერთდროულ გადასახადების აკრებაში არ მიიღებს მონაწილეობას. (არსენიძე: სასამართლოში არიან მისაცემი!) რასაკვირველია სასამართლოში მივსცემთ, ალბად მათ წინააღმდეგ იქნება მიღებული შესაფერი ზომები. ყოველ შემთხვევაში ამ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებს, არ აქვს უფლება გამოვიდეს და ვისმეს უსაყვედუროს, იმის გამო, რომ გადასახადების ასაკრებად ზომები არ მიუღიათ. არა მარტო დამფუძნებელ კრებაში, ყველგან ეწევიან აგიტაციას, რომ ეხლანდელმა მთავრობამ სავსებით აღადგინა ძველი წესწყობილება, შემოიღო ძველი გადასახადები მიწაზე, რომელიც ღვთის არის, საერთო არის და ამიტომ მოუწოდებენ მთელ ხალხს, რომ არავითარი გადასახადი არ გადაიხადოს. ხოლო რაც შეეხება გადასახადების საწინააღმდეგო აგიტაციას, მიღებულია და კვლავ იქნება მიღებული ზომები და გვგონია, რომ შევსძლებთ წინააღმდეგ თქვენი აგიტაციისა, გადასახადების აკრებას. რა უფლების ძალით გამოდიხართ და ლაპარაკობთ იმ დამფუძნებელ კრებაში, რომლის წინაშე დიდი დანაშაული ჩაიდინეთ? თქვენ არა თუ შეუწყეთ ხელი მის მიერ გამოცემულ კანონების ცხოვრებაში გატარებას, არამედ მთელი თქვენი ძალით სცდილობთ ხელი შეუშალოთ დამფუძნებელ კრებას და იმ მთავრობას, რომელიც დაყენებულია ამ დამფუძნებელ კრების მიერ. და რა უფლების ძალით გამოდიხართ თქვენ და გვისაყვედურებთ, რომ გადასახადები არ არის აკრეფილიო?

ამის წინეთ ჩვენ მოვიწვიეთ ადგილობრივ კომისრების თათბირი. ამ თათბირს დაესწრნენ ყველა დაინტერესებულ უწყების წარმომადგენელნი. ჩვენ იქ ელაპარაკობდით გადასახადის აკრეფაზე, ყაჩაღობაზე, დეზერტირობაზე და სხვა ბევრ რამეზე, რაც საჭიროა მოწესრიგდეს და უფრო სახელმწიფოებრივი ხასიათი მიეცეს. და ზოგიერთ უწყების წარმომადგენელმა, მაგ. ფინანსთა და იუსტიციის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მართლაც ამ თათბირმა გამოარკვია, რომ ბევრ რამეში ზოგიერთი უწყება ვერ აძლევს იმ ინსტრუქციას, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის საქმის უკედ მოსაწყობად და მოსაგვარებლადო. ამ თათბირმა მართლაც გამოიღო ნაყოფი და ამიერიდან დარწმუნებლნი არიან, რომ ადმინისტრაციის საქმე გამოკეთდება: სხვათა შორის იქ დასმული იყო საკითხი თვით მილიციის გაწმენდის შესახებ. თქვენ კარგად იცით, რომ ყოველი სახელმწიფოებრივი საქმე ადვილი გასაკეთებელი არ არის. ჩვენ სავსებით მოვშალეთ ძველი პოლიცია მთელი თავისი აპარატით. არავითარი გამოცდილება იმ ხალხს, რომელიც ამ დიდ საქმისთვის მოვიწვიეთ, არავითარი სახელმწიფოებრივი გამოცდილება არ ჰქონდათ. და რა გასაკვირველი იყო, რომ მილიციონერთა და ან საპასუხისმგებლო პირთა არჩევის დროს ვერც ზოგიერთი უწინდელი კომისრები და ვერც ადგილობრივი თვითმმართველობანი ვერ იჩენდნენ საკმაო წინდახედულობას, რომელიც საჭირო არის ამ საქმეში. ზოგიერთ შემთხვევაში შემადგენლობა ისეთი არ არის, როგორც საჭიროა. ეს ხდებოდა ბიუროკრატიულ კანცელარიებშიაც კი, როდესაც სათავეში დგებოდა ისეთი პირი, რომელიც არ შეეფერებოდა თავის ადგილს, მით უმეტეს ისეთ ძველ საქმეში, როგორიც არის ადმინისტრაცია. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მხოლოდ უმთავრესი დადგენილებანი, მაგრამ იქ მიცემულ იქმნა შესაფერი ინსტრუქციები, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ გაჯანსაღებულ იქმნას შემადგენლობა მილიციისა. დღეს კი გამოდიან და გვეუბნებიან, თქვენ ეს დაადგინეთ, მაშასადამე მთელი ადმინისტრაცია არ ვარგებულაო.

ბ. შენგელაია! ჩვენ იმაზედ არ ვლაპარაკობთ, რომ სრულიად უნდა მოიშალოს ადმინისტრაცია, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არის ნაკლი, არის დეფექტები კერძო შემადგენლობის მხრივ, და ის პირები, რომელნიც არ შეეფერებიან დღევანდელ მდგომარეობას, დათხოვნილ უნდა იქმნენ და მართლაც, მას შემდეგ, რაც ეს საქმე გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ ვხედავთ, რომ ის უფრო კარგად არის დაყენებული, ვინემ იყო წინად. ამას ვხედავთ ტფილისში და სხვა მაზრებში, სადაც ყაჩაღობა თუ სავსებით არ მოისპო, რადგან არსებულ სოციალურ პირობებში ყაჩაღობის სრულიად მოსპობა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში მეტის მეტად შემცირებულია, და აგრეთვე ყველა დანარჩენი ბოროტმოქმედებანიც - ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ გადახალისებაზე, იმ ნაკლის თავის აცილებაზე, რომელსაც ადგილი აქვს. აქ კი გვეუბნებიან, იმ თათბირმა გამოიტანა თავისი განაჩენი (შენგელაია: დიახ!) მართლაც იმ თათბირმა გამოიტანა ერთი განაჩენი, რომ ზოგიერთი პარტიები და ამ პარტიებს ბ. შენგელაია ძალიან კარგად იცნობს, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას და გადასახადების წინააღმდეგ აგიტაციას, და ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ დეზერტირებს. (არსენიძე: ამის წინააღმდეგ ზომები უნდა იქმნას მიღებული.) და ამის შესახებ ზომები იქმნება მიღებული, ბ. შენგელაია.

შემდეგ, ჩვენ დავადგინეთ, რომ მოგვეწყო მილიციონერებისათვის კურსები. ეს სახელმწიფო მოღვაწე გამოდის და ლაპარაკობს, თუ მილიციონერები კურსებზე ივლიან, თუ მათ კურსებზე განაწესებთ, მაშინ რანაირად აასრულებს თავის მოვალეობას. არის მილიციონერების ერთი ნაწილი - რეზერვი, რომელიც იმყოფება სამაზრო ქალაქებში. ეს თქვენ იცით და, თუ არ იცით, უნდა გაიგოთ. მილიციონერები ამ კურსებზე, რომლებსაც ჩვენ მოვაწყობთ, ნაწილ-ნაწილ ივლიან და, არა მოვკრებთ ტფილისში მთელ რესპუბლიკის მილიციონერებს, მივცემთ საჭმელ-სასმელს და ამისთვის მოვითხოვთ განსაკუთრებულ თანხას, საქმე ასე არ არის მაგრამ ასე ფიქრობს სოც.-რევოლიუციონერებთა პარტია. ჩვენ კი გვგონია, რომ ამას მოვაწყობთ ადგილობრივ მაზრებში და ისიც მხოლოდ ნაწილ-ნაწილ, უპირველესად ტფილისში, ქუთაისში და სხვა ასეთ მნიშვნელოვან ადგილებში. როდესაც ასეთი კურსები მოეწყობა, მიიღებენ მონაწილეობას ჯერ ისინი, ვინც რეზერვში იმყოფებიან, შემდეგ მათ გადავრიცხავთ ადგილობრივ უბნებში და უბნებიდან გამოვიწვევთ მილიციონერებს, და ასე თან და თან შეისწავლიან. (ასათიანი: ვინ ისწავლის?) როცა შემოვიტანთ ამის შესახებ დეკრეტს და განსაკუთრებით თანხას გამოვითხოვთ, მაშინ მოგვთხოვეთ და მიიღებთ იმის პასუხს. დარწმუნებული ვარ და ბ. შენგელაია და მისი ფრაქცია დაიხსომებენ, რომ მთავრობა არ ფიქრობს მილიციის მოხსნას, იმიტომ, რომ მაშინ მართლაც გაძლიერდება ყაჩაღობა და უმთავრესად გაძლიერდება ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა მობოლშევიკე და ბოლშევიკურ პარტიებისა. ამას სრულიად არ ფიქრობდა და ამას, რასაკვირველია, მთავრობა არასოდეს არ ჩაიდენს.

შემდეგ: დადგენილება იყო განიარაღების შესახებ. ეს სწარმოებს და ამის შესახებ თქვენ სათქმელი არაფერი არა გაქვთ. ეს განიარაღება სწარმოებს ისეთ რაიონებშიაც, სადაც ყველა ფიქრობდა, რომ ის იყო სათავე ყოველგვარ ამბოხებისა და ანარქიისა.

ეხლა უნდა მოგახსენოთ ანარქიასთან ბრძოლის შესახებ. აქ ლაპარაკობენ რომ ებრძვიან ანარქიას მაშინ, როდესაც ის არ არსებობს. გამოდის, რომ ანარქიას განზრახ ვიღაცა ჰქმნის და შემდეგ ებრძვის მას. მაგრამ ანარქიას ჰქმნის არა მთავრობა, არამედ ყაჩაღები და ზოგიერთი პარტიები (შენგელაია: თქვენი - პოლიტიკა!) ამ პოლიტიკის შესახებ ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ ერთი მიბრძანეთ, იმ ანარქიულ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც გააჩაღეს ზუგდიდის მაზრაში გადასახადების გამო, რომლის დაკანონებაში თქვენ თითონ მონაწილეობა მიიღეთ. არის თუ არა ვალდებული მთავრობა ზომები მიიღოს? (შენგელაია: რომელი გადასახადები?) ის გადასახადები, რომელიც მიიღო უზენაესმა დაწესებულებამ რესპუბლიკამ - დამფუძნებელმა კრებამ. შეიძლება თქვენ ეს არ მოგწონდეთ, თქვენ ბევრი რამ არ მოგწონთ (შენგელაია: კრიტიკა შეიძლება!) იმ დაწესებულებას, რომელიც არის ერთსა და იმავე დროს არა ორგანო მარტო თვითმმართველობის, არამედ მმართველობისაც, აქვს თუ არა უფლება და დაადგინოს ესა თუ ის გადასახადი არ გაიღონო? ჩვენ, მთავრობა წინააღმდეგ ვფიქრობთ. ეს არის აშკარა ბრძოლა, მიმართული არა მთავრობის წინააღმდეგ, არამედ მთელი დემოკრატიის წინააღმდეგ, დამფუძნებელ კრების წინააღმდეგ, და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ორგანო მმართველობისა გამოიყენოთ არა სახელმწიფოებრივის, არამედ პარტიული მიზნებისთვის, - ეს სთქვით და მაშინ შესაფერ პასუხს მიიღებთ.

ანარქიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ბევრი ლაპარაკი არ დაგვჭირდება. თქვენ ჰქმნით გამოსვლებს, მაგრამ ნუ თუ უკანასკნელ გამოსვლების ლიკვიდაციამ და იმ დოკუმენტებმა, რომელნიც გამოქვეყნებული იქნენ, არ დაგიმტკიცათ, რომ მართლაც, განზრახული იყო სერიოზული თავდასხმა სახელმწიფოზე. განზრახული იყო ფართო და სერიოზული გამოსვლები პარტიების და ზოგიერთ ჯგუფის, მაგ. „სოც.-დემოკრატის“ ჯგუფის მიერ ზურაბოვის მეთაურობით. (შენგელაია: თქვენი ამხანაგები არიან!) თქვენსავით ბოლშევიკობენ ისინი. მაშასადამე, ვინაიდან ასეთი სერიოზული განზრახვა ჰქონდათ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს და ახდენდნენ მრავალ ადგილას გამოსვლებს, ადმინისტრაციამ ბევრ ადგილას გამოიჩინა უნარი და შეჰქმნა ისეთი პირობები, რომ ზოგიერთ ადგილას ვერ მოხერხდა, ხოლო ზოგან პირდაპირ არ დაუშვეს მათი გამოსვლები. ლაპარაკი მის შესახებ, რომ ადმინისტრაციას არ მიუღია ზომები ანარქიის წინააღმდეგ, არის ლიტონი ფრაზა, წამოსროლილი იმიტომ, რომ ის დიდი სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც გაკეთდა, მიაფუჩეჩონ.

შემდეგ აქ ილაპარაკეს არჩევნების შესახებ. ამას ხშირად წამოისვრიან ხოლმე ზოგიერთი პარტიები. მაგრამ იბადება საკითხი: თუ მართლა გქონდათ, სად იყო ეს საბუთები? ეს ხომ კანონით აღკრძალულია, თუ მართლა ადმინისტრაცია ახდენდა გავლენას ამომრჩევლებზე, იღებდა მონაწილეობას არჩევნებში - სად ბრძანდებოდით დღემდის? როცა სამანდატო კომისიის მოხსენება მოისმინეთ, რად არ გადაგვიშალეთ სურათი ადმინისტრაციის ძალდატანების შესახებ, რატომ არ მოახსენეთ დამფუძნებელ კრებას? დამფუძნებელი კრება მაშინ მიიღებდა ზომებს და თუ არ მიიღებდა, თქვენ გექნებოდათ მორალური უფლება გაგეცხადებინათ ხალხის წინაშე, რომ დამფუძნებელმა კრებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და არავითარი ზომები არ მიიღოვო. (გობეჩია: ხალხმა იცის!) ხალხმა იცის, ამას რა თქმა უნდა. ხალხმა რომ არ იცოდეს, ხალხი რომ არ იყოს გარკვეული ამ მუშაობაში, რომელიც სწარმოებდა, მაშინ თქვენი წარმომადგენელნი მეტნი იქნებოდნენ დამფუძნებელ კრებაში (გობეჩია: ჩვენი მილიცია რომ გვყავდეს მაშინ თქვენ დამფუძნებელ კრებაში არ იქნებოდით!) აქ აშკარად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ადმინისტრაციის წინააღმდეგ გალაშქრებას, არავითარი არსებითი საბუთი არა ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ მრავალი ნაკლი აქვს. (შენგელაია: დიახ!) ამ ნაკლის შესახებ არა ერთხელ გვითქვამს და მიგვიღია ზომები მის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ თქვენ კიდევ ერთი რამ აშკარად უნდა სთქვათ, რომ იმ მუშაობამ ადმინისტრაციის გახალისებისთვის, რომელიც სწარმოებს ამ წლინახევრის განმავლობაში, შესაფერისი ნაყოფი გამოიღო, რომ შეიქნა ისეთი პირობები, როდესაც ადმინისტრაციის სრული გადახალისება ძალიან გაადვილებულია. (შენგელაია: ხალხის დახვრეტაა გაადვილებული!) „ხალხის დახვრეტა“ - ეს დემაგოგიური ფრაზაა. ხალხს არავინ არა ხვრეტს, მხოლოდ მეამბოხეთ ხვრეტს სასამართლო, რომელსაც მიცემული აქვს შესაფერი უფლება დამფუძნებელი კრების მიერ. (არსენიძე: მართალია!).

და თქვენ რამდენიც არ უნდა დაიცვათ ეს მეამბოხეები, ხალხი დარწშუნებული იქნება, რომ ისინი დაისაჯნენ იმიტომ, რომ ეწეოდნენ აშკარა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოღვაწეობას. მაშასადამე ის ზომები, რომელიც მიღებულ იქმნა, დამფუძნებელ კრებას აძლევს სრულ იმედს, რომ ახლო მომავალში ერთ-ორ წელიწადს, სრული გადახალისება დამთავრებული იქნება და თუკი თქვენ ამას გაიზიარებთ, მაშინ აუცილებელი იქნება, რომ ის თანხა, რომელსაც მოითხოვენ ადგილობრივ თვითმმართველობები, გადაეცეს მათ. ამით თქვენ შეასრულებთ სახელმწიფო მოღვაწეობას, რესპუბლიკის განმტკიცების საქმეში (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ლ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე ვიცოდი, რომ აქ ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდოდენ სოციალ-დემოკრატები, ვიცოდი აგრეთვე, რომ ისინი არსებითად ვერაფერს იტყოდენ. ფრანგებს აქვთ ერთი თქმულება კეთილშობილება გვავალებსო, სოციალ-დემოკრატებმა გადააკეთეს ეს და ამბობენ - მდგომარეობა გვაიძულებსო და ამიტომ იძულებული არიან გაამართლონ ყოველი ბოროტმოქმედება და დაიცვან ყოველი დამნაშავე. ამ იძულებით მდგომარეობით შეიძლება ავხსნათ ის აბდაუბდა, რომელიც რუსიასაგან მოვისმინეთ და ის უშინაარსო სიტყვა, რომელიც შინაგან-საქმეთა მინისტრმა სთქვა. არაფერი არსებითად აქ მათ არ უთქვამთ, ვინაიდან ნათქვამია: ააფრინეს ალალიო, რაც არ არის, არ არიო! განა მინისტრმა დაამტკიცა, რომ ადმინისტრაციაში არ არის მექრთამეობა?! განა მან დაამტკიცა, რომ მილიცია იბრძვის ყაჩაღების წინააღმდეგ? არაფერი ამის მსგავსი ჩვენ არ გვინახავს. ჩვენ ვამბობთ, რომ კომისრები და მილიციონერები უამხანაგდებიან დეზერტირებს. ავიღოთ დეზერტირობა. დეზერტირობას აძლიერებს კომისრები და მილიციონერები. ამ შემთხვევაში მე ვიმოწმებ შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ამას წინათ მივიღეთ დეკრეტი დეზერტირებთან საბრძოლველ ზომების შესახებ, რომელსაც ჰქონდა დართული განმარტება, რომელიც ეკუთვნის ბ. მინისტრს. მინისტრი კი მაშინ გამოდიოდა არა როგორც შინაგან-საქმეთა მინისტრი, არამედ როგორც სამხედრო მინისტრი და ეს იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სამთავიანი მინისტრები გვყავს. (სიცილი). ამ დეკრეტის განმარტებაში სწერია, რომ დეზერტირობა იქამდე არ გაიზრდებოდა, რომ მას ხელს არ უწყობდეს ადმინისტრაციის აგენტებიო. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი (ხმაურობა). აქ ბატონი რუსია გამოესარჩლა თვითმმართველობებს, თითქოს ის უფრო მეტი მეგობარი იყო თვითმმართველობებისა და ერობისა, ვინემ ჩვენ. მან სთქვა, თითქოს ჩვენ ერობების წინააღმდეგი ვიყოთ. ეს არის მშრალი დემაგოგია. მაგრამ თუნდაც, რომ გვეთქვა ჩვენ რამე ერობებზე, ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ერობა შესდგება იმ ელემენტებისაგან, რომლისაგანაც შესდგება დამფუძნებელი კრების უმრავლესობა. ამ ელემენტების შემოქმედებას ყველანი ვხედავთ. მათი მოქმედებით არავინ არ არის კმაყოფილი, გარდა თვით სოციალ-დემოკრატიულ პარტიისა. ეს მტკიცდება იმ გამოსვლებითაც, რომელთაც ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში. მმართველი პარტია ადგია ასეთ პოლიტიკას, მას გონია თუ ჩვენ სიმართლეს ვიტყვით ეს არის დაქცევა რესპუბლიკისა, რომ ის მიმართულია ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ხოლო თუ „ერთობამ“ და „ბორბამ“ რაიმე სთქვა და ასში ერთხელ აღნიშნა რაიმე დეფექტი ეს არის დიდი სიბრძნე, მიმართული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისაკენ. თუ ჩვენ უფრო მკაფიოთ გამოვსთქვით იგივე აზრი, ეს მიმართულია ჩვენი რესპუბლიკის დაქცევისაკენ. ეს არის ბუშმენური ლოღიკა, მას მიზდევს ჩვენი მთავრობა. აქ იყო ლაპარაკი გადასახადებზე. გადასახადები და ყოველი კანონი ჩვენ ასე გვესმის: ყოველი კანონი, აგრეთვე გადასახადებისა, ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ეგუებოდეს ცხოვრებას, რომ მან უკმაყოფილება კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს ხალხის სურვილს, მოთხოვნილებას. თუ ამ მხრივ მიუდგებით ჩვენ დამფუძნებელ კრების მუშაობას, მაშინ დავინახავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აქ ვღებულობთ ისეთ დეკრეტს, რომელიც არ ეგუება ხალხის ინტერესებს. ჩვენს მოვალეობათ მიგვაჩნია ამას ვებრძოლოთ როგორც აქ, ისე სხვაგან (ჯაფარიძე: ეს სუბიექტური აზრია!).

ყველგან მიწაზე ერთდროული გადასახადი იწვევს დიდ წინააღმდეგობას, დიდ უკმაყოფილებას. აი, თვით გურიაში, ხალხი ამბობს, რომ სოც.-დემოკრატია გვპირდებოდა, რომ მიწაზე გადასახადი და ყიდვა-გაყიდვა არ იქნებაო და ეხლა რით აიხსნება ამ გადასახადების გაწერაო. ამიტომ მოითხოვენ ისინი სოც.-დემოკრატების დეპუტატებისგან, რომ გაიგონ რაშია საქმე, რათ მოატყუა სოციალ-დემოკრატიამ ხალხი (ხმაურობა). რომ ამ უკმაყოფილებამ ფართე ხასიათი არ მიიღოს, ამიტომ მმართველი პარტია ვალდებულია ამა თუ იმ დეკრეტის მიღების დროს დაეკითხოს თვით ცხოვრებას. აქ სოციალ-დემოკრატების ხმებით იყო მიღებული დეკრეტი, რომლითაც ერთდროული გადასახადი გაეწერა ხალხს, განსაკუთრებით სოფლის ხალხს რამდენიმე 10 მილიონი მანეთი. ეს დეკრეტი დიდი უკმაყოფილებას იწვევს ხალხში და როდესაც ჩვენმა ფრაქციამ შეამჩნია, რომ ამ დეკრეტს დიდი უარყოფითი მნიშვნელობა აქვს, რომ ის დიდ უკმაყოფილებას იწვევს და დიდ საფრთხეს ამზადებს, ამიტომ ზუგდიდის ერობამ დაადგინა - ეთხოვოს დამფუძნებელ კრებას, რომ ეს დეკრეტი ხელახლა იქნას გადასინჯული და მოხსნას ეს გადასახადი, (კ. ნინიძე: არ მოსულა შუამდგომლობა!) განა ეს არ არის დემოკრატიული და პარლამენტარული გზა.

მე თქვენ გეკითხებით, სად არის აქ რესპუბლიკის ძირის გამოთხრა? როდესაც კანონი არ შეეფერება ცხოვრებას და როდესაც ის მის მაგიერ, რომ განამტკიცოს ცხოვრება მას ჩვენ მივყევართ დაღუპვისაკენ, განა ამ შემთხვევაში მოვალენი არა ვართ ყველამ აღვიმაღლოთ ამის შესახებ ხმა? შესაძლებელი იყო მეორე მეთოდი - რეზოლიუციების ნაცვლად, შესაძლებელი იყო ხალხის იარაღით ხელში გამოსვლა, მაგრამ ჩვენ ამის მომხრე არა ვართ. ზუგდიდის მაზრა მოითხოვს, რომ ეს ერთდროული გადასახადი გაუქმდეს, ის მოქმედებს სრულიად პარლამენტარულ ფორმებში და სად არის აქ ღალატი რესპუბლიკისა? აქ არავითარი კანონის გადახვევა, არავითარი ანარქიული მოქმედება არ ყოფილა. ეს არის პირდაპირი მოვალეობა ერობისა, ეს არის ის გზა, რომელიც აირჩია იმ პარტიამ, რომელსაც მიუღებლად მიაჩნია სოციალისტთა წინააღმდეგ იარაღით ბრძოლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სხვა ერობებიც ამ გზას დაადგება. ეს არ არის პარტიული კაპიტალის გასაფართოებლად მოგონილი. ზუგდიდის ერობამ შეასრულა თავისი მოვალეობა. მას, როგორც ხალხთან ახლო მდგომს, უკეთ ესმის მისი ინტერესები. თქვენ ამბობთ - მილიცია ეკუთვნის ერობას და მილიციის წინააღმდეგ გამოსვლა და ერობის წინააღმდეგ გამოსვლა ერთიაო. ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა. ჩვენ ერობაში მონაწილეობას ვღებულობთ, ჩვენ იქ თანამშრომლობას ვეწევით სხვა პარტიებთან ერთად. ბატონმა რუსიამ სთქვა, რომ ჩვენ ვილაშქრებთ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს მართალი არ არის. ჩვენ ვილაშქრებთ არა დემოკრატიის წინააღმდეგ, არამედ სოციალ-დემოკრატიის და მის პოლიტიკის წინააღმდეგ. ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრმა სთქვა, რომ მთავრობას კონტროლის უფლება აქვსო. ეს ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ ქაღალდზე ერთი სწერია და ფაქტიურად კი ეს არ ხდება. ხდება ის, რომ ადგილობრივი კომისრები აპატიმრებენ ხალხს და გზავნიან მას შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში. რამდენიც არ უნდა აღძრას შუამდგომლობა ადმინისტრაციის წინაშე თუნდაც თვით ერობამ, ამას არავითარი ღირებულება არა აქვს და როდესაც დაპატიმრებული არიან ერობის ზოგიერთი ხმოსნები და ამის შესახებ ადმინისტრაციას მიმართავს თვით ერობა, ის ეუბნება, რომ ის ემორჩილება არა ერობას, არამედ მხოლოდ მთავრობას. ერობას აქ ერთი რამ დარჩა, სახელდობრ ის, რომ ის ღებულობს განსაზღვრულ თანხას და ანაწილებს მას, რაც შეეხება უფლებას, მას არავითარი უფლება არ დარჩენია. ჩვენ გვისაყვედურებენ, რომ ანარქიას ხელს უწყობთო. არამც თუ უწყობთ ხელს ჩვენ ანარქიას, არამედ ვებრძვით მას. ზუგდიდის მაზრაში, სადაც ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს, არავითარ ანარქიულ გამოსვლას ადგილი არა აქვს ჯერ-ჯერობით. ეს დამსახურება არის არა შინაგან-საქმეთა მინისტრისა, არამედ იმ პარტიის, რომელსაც მე ვეკუთვნი (ხმაურობა). ჩვენი ქვეყნის სათავეში დგანან შეიდემანის ტიპის სოციალ-დემოკრატები, მაგრამ მათ წინააღმდეგაც არ მივმართავთ იარაღს. თქვენ კი, თუ კი ვინმემ კრინტი დასძრა თქვენი პროგრამის წინააღმდეგ, თქვენ მათ აპატიმრებთ, გავა რამოდენიმე ხანი, გათავდება არჩევნები და მერე გამოუშვებთ. (ფედერალისტ. სკამებიდან ხმა: მართალია!) არჩევნებში ადმინისტრაცია მთელი თავისი არსებით ეხმარებოდა სოციალ-დემოკრატიას. ჩვენ გვეუბნებიან - დაამტკიცეთო. საქართველოში ყველა სოციალ-დემოკრატობს: კომისრები სოციალ-დემოკრატებია, მილიციონერები - სოციალ-დემოკრატები, შიგნით სოციალ-დემოკრატები, გარედ სოციალ-დემოკრატები და სიყალბე რომ ჩაიდინონ როგორ უნდა დაუმტკიცოთ? (არსენიძე: სიყალბე მაშინ რა საჭიროა? ასათიანი: კენჭიც სოციალ.-დემოკრატიულია!) სამწუხაროდ ჯერჯერობით ფაქტი ის არის, რომ თქვენ უმრავლესობას წარმოადგენთ და შეგიძლიანთ, ყოველი საშუალება გაქვთ დაფაროთ ყოველგვარი დანაშაული. მართალია თქვენი გაზეთი ამბობს, რომ ჩვენ გავკიცხავთ ყველა ამხანაგებს, ვინც ცუდად იქცევაო, მაგრამ ეს ჩვენ არ გვჯერა, ვინაიდან რომ თქვენ გაკიცხოთ ყველა, ვინც ცუდად იქცევა, მაშინ არავინ არ დაგრჩებათ პარტიაში. (ტაში. სოც.-რევოლ.).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე მინდა სულ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენი დამოკიდებულობის შესახებ მილიციისადმი. რომ საერთოდ მილიციას ბევრი ნაკლი აქვს, სამწუხაროთ, პირველათ ყოვლისა ეს ჩვენ მიერ არის აღნიშნული. მაგრამ მინდა ვიკითხო, რომელ დარგს არა აქვს ნაკლი? და განსაკუთრებით დიდი ნაკლი აქვს იმ ფრაქციას, რომელსაც ხშირათ იძლევა ხოლმე ასეთ შეკითხვებს და მე არ ვიცი, ექნება თუ არა მას სურვილი მის გასწორებისა. მაგრამ მე ვიცი ს.-დ. მიზნებს ს.-დ. ფრაქციას, მისი ნდობით აღჭურვილი მთავრობას ამის სურვილი აქვს და იგი ებრძვის ამ ნაკლებს. ყველა ფაქტები, - ბ. შენგელაიას თავისი საკუთარი ფაქტები არა ჰქონია, - ყველა ფაქტები ჩვენი გაზეთებიდან არის ამოღებული. ბ. ლეო შენგელაიამ არც ერთი ფაქტით არ დაგვიმტკიცა, რომ მთავრობა არ ცდილობდეს ნაკლის გასწორებას, არ ებრძოდეს ბოროტმომქმედებს. ბ. ლეო შენგელაია ამბობს: თქვენ აღმოაჩინეთ ბოროტ-მოქმედება, მაშასადამე, თქვენ ცუდი მმართველები ხართო. აი, ასეთია ამ ხალხის ლოღიკა. თუ „ერთობამ“ აღმოაჩინა, რომ ეს და ეს კომისარი არ ვარგაო, მაშინ გამოვა ბ. შენგელაია და, აი, „ერთობა“ ებრძვის ამ და ამ კომისარს, სჩანს ადმინისტრაცია უვარგისიაო. იმისათვის არსებობს პრესა, რომ ებრძოლოს დანაშაულს. „ერთობა“ აღნიშნავს რომ ეს და ეს ნაკლი არის და უნდა გამოსწორდესო. სამინისტრო იწვევს თათბირს და ადგენს, რომ არის ეს და ეს ნაკლი, რომელსაც „ერთობა“ აღნიშნავს და ეს უნდა გამოსწორდესო. ეხლა ბ. შენგელაიას სიტყვიდან გამოდის, რომ ისევ თურმე დანაშაულობაა, როცა მთავრობა ფიქრობს ნაკლების გამოსწორებას. მასე გამოჰყავს შენგელაიას, იმიტომ, რომ მას აინტერესებს კრიტიკა კრიტიკისათვის და არა ნამდვილი საქმე. რომ ის მართლა იყოს საქმით დაინტერესებული, მან უნდა პირიქით სთქვას: ვაშა მინისტრს, მას უნდა დავეხმაროთ, რომ გააკეთოს საქმე, დავეხმაროთ მას ბრძოლაში იმიტომ, რომ მინისტრი იბრძვის.

თათბირი, რომელიც სამინისტრომ მოიწვია, უფრო მაგრად და უფრო მტკიცედ აღნიშნავს ამ ნაკლს. და ეს არის გზა მისი გამოსწორებისაკენ. როდესაც ამას ჩადის სამინისტრო, მაშინ ღელავს ესერების ფრაქცია და გვეუბნება: აი, თქვენ აღმოაჩინეთ ნაკლი, მაშ ნუღარ მივცემთ ფულს მილიციას და აშენდება საქართველოს დემოკრატიაო. აი, ეს არის მათი ჩვეულებრივი ლოღიკა და მათ ჰგონიათ, რომ ამით ააშენებენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჰგონიათ, რომ ეს დიდი სოციალისტობაა. მაგრამ ამ „სოციალისტებს“, მე ბრჭყალებში ჩავსვამ, რადგან ეს „სოციალისტები“ ნამდვილად ხელს უწყობენ სახელმწიფოს დანგრევას, ვინაიდან თავის მოქმედებით ებრძვიან ყოველ დემოკრატიულ აღმშენებლობას, ებრძვიან დემოკრატიას და ჰგონიათ კი, რომ დიდ სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ამისთანა პირებს მე მოვახსენებდი, რომ მათ არ ესმით საკითხი და არ იციან ვის და რათ ებრძვიან. მათ გაუხსენებიათ ის ტაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, დიახ, აი, ეს გაუგონია ბ. შენგელაიას და იძახის: სოციალიზმი ითხოვს, რომ ხალხის 90%25 ნდობით აღჭურვილ სოციალისტურ მთავრობას ვებრძოლოთ, მას კრედიტზე უარი ვუთხათ. აი, ეს არის სოციალიზმიო. მთავრობას, რომელსაც ირჩევს ხალხი, უნდა გამოუცხადო ბრძოლა და ეს არის სოციალისტობაო. ნამდვილად კი ეს არის გაუგებრობა თავის მდგომარეობისა და შეუფარდებლობა არსებულ პირობებისა, მას ჰგონია, რომ უნდა ებრძოლო ამ მთავრობას ისევე, როგორც თვითმპყრობელობის მთავრობას, მაგრამ ვერ დაუნახავს გარჩევა იმ სამინისტროების, რომელიც იყო თვითმპყრობელობის დროს და რომელიც არის ეხლა, ვერ დაუნახავს გარჩევა მილიციისა, რომელიც იყო გენერალ-გუბერნატორების დროს და რომელიც არის ეხლა. მან იცის, რომ ორივეს ერთი და იგივე სახელწოდება აქვს, რომ ესეც, როგორც ის, შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებაა და მათ შინაარსით განსხვავება კი დღემდე ვერ შეუთვისებია. ამიტომ მისი კრიტიკა იქითკენ არის მიმართული, საითკენაც არ უნდა იყოს მიმართული და უკვირს, რომ ასეთ სასტიკ და გაცხარებულ კრიტიკის შემდეგ ხალხი მას არ მიჰყვება. ნუ გაგიკვირდებათ, არც შემდეგში მოგყვებათ ხალხი და დემოკრატია, რადგანაც ის არც ისე ბრმა და უგუნურია, რომ თქვენი ნალაპარაკევი ვერ გაარჩიოს, ის საკმარისად გონიერია, რომ გაიგოს და გაარჩიოს, რომ თქვენ აქ ებრძვით მის არჩეულ მთავრობას, ებრძვით არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ პარტიულ კაპიტალის შესაძენად.

როდესაც ბრძოლა იყო საჭირო, ან მსხვერპლის გაღება პარტიისაგან, ჩვენ ამის წინ არ დაგვიხევია. ჩვენ ვებრძოდით ხალხის მტერ-მთავრობას, მაგრამ არ ვებრძვით იმავე ხალხის დამცველს. ხოლო, რომ პარტიის ინტერესებს ჩვენ ხალხზე მაღლა არ ვაყენებთ, ეს სჩანს თუნდ იქიდან, რომ ჩვენ შემოვიღეთ გადასახადები სახელმწიფოს საჭიროებისათვის. თქვენ გგონიათ, რომ ამით გვინდა ჩვენ პარტიული კაპიტალი შევიძინოთ. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სახელმწიფო თვალსაზრისით, თორემ განა ჩვენ ასეთ გადასახადებს ხელს მოვაწერდით?! ჩვენ ასეთ გადასახადებს ხელს არ მოვაწერდით, მაგრამ ეს საჭიროა რესპუბლიკისათვის, დემოკრატიისათვის, ხალხისათვის. ხალხმა ეს უნდა გაიგოს. მაგრამ, როდესაც ხალხი ამას ვერ იგებს და უკმაყოფილოა, მაშინ ს.-რ. კი არ იბარებს და მათ კი არ მიმართავს თხოვნით, აგვიხსენით რაშია საქმეო, ის იბარებს ს.-დემოკრატებს. ეს იმიტომ, რომ იციან, ესერები კი არ აუხსნიან, პირიქით დაუბნევენ საქმეს და ს..დ., რომელთაც ეს გადასახადები შემოიღეს, აუხსნიან საქმეს და გააგებინებენ ხალხს, რომ ეს არის სამართლიანი გადასახადი მათთვის და მაშინ ხალხი გაიღებს ამ გადასახადს. იმას ეცოდინება, რომ ეს არა პარტიული კაპიტალის შეძენაა, არამედ ნამდვილი მსხვერპლი გაღებული სახელმწიფოს ასაშენებლად. (ასათიანი: თავის განწირვა!) ამას ეწოდება არა კაპიტალის შეძენა, არამედ სახელმწიფოებრივი შემოქმედება.

სხვათა შორის ბ. შენგელაია ამბობს, რომ ზუგდიდის ერობაში ხმოსნების ერთმა ნაწილმა შემოიღეს წესად, ებრძოლონ კანონს, რომელიც არ მოეწონებათ. მე ეს მიმაჩნია დიდ დანაშაულად თვითმმართველობის წევრები მოწოდებული არიან გაატარონ ცხოვრებაში კანონი მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ, თუ არა. სხვაგვარად ვერ მოიქცევიან, თუ აქვთ შეგნებული მთავარი ღერძი სახელმწიფო ცხოვრებისა. ესაა პრინციპი სახელმწიფოებრივი. სანამ ამას უარყოფენ ზუგდიდის თქვენი თანამოაზრე ხმოსნები, ისინი წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს, მავნებელს რესპუბლიკისა და ხალხისათვის. მართლაც თვითმმართველობის სახით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი აღმასრულებელი ორგანო, რომელმაც უნდა მიაღებინოს კანონი ხალხს, რომელთანაც ის ახლოს დგას. სხვა ამსრულებელი ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია. დამფუძ. კრება არის მთავარი ორგანო კანონმდებლობისა. ის მხოლოდ კანონმდებლობს და ასრულებისათვის მას არც დრო აქვს და არც აპარატი გარეშე სამინისტროსი და თვითმმართველობების, რომელთაც ჩვენ გადავეცით მილიცია, ადმინისტრაცია და ამით ჩავაბარეთ სრული გამგებლობა ადგილობრივ. ბ.-ნ შენგელაიას მოწონებული ზუგდიდელი ხმოსნები კი გამომდგარან და გაიძახიან: ამას ავასრულებთ, ამას კი ვერ ავასრულებთო. ესე იგი თვით ხდებიან კანონმდებელი, აცხადებენ თავის-თავს დამფუძნებელ კრებაზე მაღალ ორგანოდ.

მაშინ ვინ არის აღმასრულებელი და ვინ არის კანონმდებელი და ვის უნდა დაემორჩილოს მთელი ხალხი? ზუგდიდის ხმოსნებს, რომელნიც ერთი მცირე მაზრის ნაწილს წარმოადგენენ, თუ დამფ. კრებას, რომელიც ყველა მაზრებს აერთებს? ერთმა მაზრამ უნდა იბატონოს მთელ საქართველოზე, თუ საქართველომ ერთ მაზრაზე?

ისიც კი ვერ გაურჩევია ბ. შენგელაიას, რომ წინანდელი თვითმმართველობა არ ჰგავს დღევანდელ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ დღეს მთელი ადგილობრივი აპარატი მმართველობის ხელთა აქვს უკანასკნელს და მთელი პასუხისმგებლობაც ადგილობრივ ასრულებისა მას ედება და იგი მოვალეა ადგილობრივ ამსრულებელი იყოს. ის მოვალეა და ეს გამოიხატება იმაში, რომ მან აასრულოს და გაატაროს ცხოვრებაში ის კანონი, რომელიც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ და რომელიც შეადგენს ხალხის ნება-სურვილის გამოხატულებას. თუნდაც ერთი მაზრა არ იყოს კმაყოფილი ამ კანონით, ის უნდა დაემორჩილოს ჩვიდმეტ მაზრას. მაგრამ ეს არ ესმით ზუგდიდელ ერობის ხმოსნების ერთ ნაწილს. ეს მგონი არ იცის ზუგდიდელ ერობის საბჭოს უძლურმა ფრაქციამ, ესერებისამ. ისინი ამბობენ: სხვებმა მიიღონ გადასახადების კანონი და გაიღონ გადასახადი, ჩვენ კი ვხარჯოთო. - აი, ზუგდიდელ ერობების ხმოსანთა ერთი ნაწილის მთავარი ფილოსოფია. ამავე ხმოსნებისგან მიღებული ხარჯთ-აღრიცხვა იმავე მაზრაში უდრის თვრამეტ-ცხრამეტ მილიონს. ამით ისინი ამბობენ, მილიონები დავხარჯოთ და სხვა მაზრებიდან ვაჭამოთ ხალხსო. მათი დემოკრატიზმი ის არის, რომ აჭამეთ ხალხს, ხოლო ნურაფერს გადაახდევინებთ. ეს არის მათი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა?!

როცა ამ ხმოსან ესერებს წინადადება მისცეს, აირჩიეთ თქვენი გამოცდილი კაცი გამგეობაში, რომელიც განახორციელებს თქვენს სურვილებსო, მათ ლაჩრულათ უკან დაიხიეს და სთქვეს: ჩვენ ვერ განვაგებთ ამას, არ შეგვიძლიან ასრულება, თქვენ გაქვთ ძალა და თქვენ უნდა გააკეთოთო. აი, ასეთი ხმოსნები ჰყავთ იქ ზუგდიდში, რომელნიც დამფუძნებელ კრებას ასე ემორჩილებიან. აი, ასე სთქვეს იმ ხმოსნებმა, რომელთაც აქებს ბ. შენგელაია. აქვთ თუ არა უფლება ამისთანა ხმოსნებს სთქვან, ხალხის წარმომადგენელი არიან? მე გეკითხებით, ეს ხმოსნები დემაგოგები არიან თუ სახელმწიფო აღმშენებლობის ხელის შემშლელნი? ვინ არის სახელმწიფო მოღვაწე და ვინ არის მისი ხელის შემშლელი სახელმწიფოებრივ მუშაობაში, როდესაც თქვენ ამ საკითხს სვამთ, სთქვით - სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას ეწევიან თუ ანტისახელმწიფოებრივს ეს ხმოსნები? და როდესაც მიუდგებით სახელმწიფოებრივ თვალთსაზრისით, დაინახავთ მთელ სიმართლეს ამ მოქმედებისას, რომელსაც წითელ სიტყვებით ატარებენ აქ ს.-რ. (ასათიანი: ნამდვილი სოციალისტები ყოფილან!) აი, ასეთი გახლავთ ს.-რ. დღევანდელი მოღვაწეობა - მიუღებლობა იმისა, რაც აუცილებლად საჭიროა რესპუბლიკისათვის, რაც საჭიროა რესპუბლიკის აღორძინებისა და განმტკიცებისათვის. მე არც ის გამიკვირდება ამის შემდეგ, რომ მთელი მათი სიტყვები და მოღვაწეობა სისტემატიურად მიმართულია იმისაკენ, რომ მიწა გამოუთხარონ ჩვენს მთავრობას. არ გამიკვირდება, რომ მათ პარტია და მთავრობა არის ერთი მეორეში. მე უნდა განვაცხადო აქედან: მართალია ჩვენ ვართ დიდი უმრავლესობა დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ პარტია მაინც განსხვავდება სახელმწიფოსაგან.. (ლ. შენგელაია: ოჰ, შეიგნეთ ესა?) დიახ, ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით და გვინდა ვასწავლოთ ზუგდიდელ ხმოსნებს.. (ს.-ფ. ფრაქციიდან: მუქარაა?) უნდა გამოვაცხადო ამ ტრიბუნიდან, რომ ზუგდიდელი ესერი ხმოსნები არიან დამნაშავენი ჩვენი დემოკრატიის წინაშე და ღირსი იმის, რომ მიეზღოთ თავის მოღვაწეობის საზღაური. უმრავლესობა დამფუძნებელ კრებისა ს.-დ. არის და ესაა საბედნიეროთ მთლად ქართველი ერისა და საუბედუროდ იმ ჯგუფისა, რომელსაც ეკუთვნის ბ. ასათიანი, და ს.-დემოკრატიამ იცის, რომ სახელმწიფო და პარტია არ არის ერთი და იგივე, სახელმწიფო სხვა არის და პარტია სხვა (ტაში). თავის პრესაში პარტია კრიტიკას უკეთებს მთავრობას და აჩვენებს ნაკლს მას და არ ერიდება უთხრას ის, რასაც ამჩნევს, და ამას ის სჩადის საჯაროთ, მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხომ შეგვეძლო მიგვეღო ცნობები და მიგვეცა ჩუმათ კულუარებში მთავრობისათვის. მაგრამ ჩვენ ეს არ ჩავიდინეთ. თავის აზრს და შენიშვნებს პარტია ამბობს საჯაროთ, მას არ ეშინია კრიტიკის, როგორც ეს ჰგონია ბ. შენგელაიას, რომელიც ამ კრიტიკის მასალებით ჩვენი პრესიდან სარგებლობს. პარტია ერთია და აღმასრულებელი ძალა მეორე. ეს არის მთავარი ძალა ჩვენი პოლიტიკის. ეს არის მთავარი ძალა იმ მიმართულების, რომელიც ზრუნავს არა პარტიულ კაპიტალზე, არა პარტიულ კაპიტალის შეძენაზედ, არამედ მთელი საქართველოს დემოკრატიის კაპიტალზედ, მთელი რესპუბლიკის ინტერესებზე. როდესაც ასეთ მოღვაწეობას ერთგვარი შედეგი მოაქვს რესპუბლიკისთვის, მაშინ ცხადია თვით პარტიამაც ანგარიში უნდა გაუწიოს. აი, ამიტომ ჩვენ ვეხმარებით მთავრობას ჩვენი ძალებით, ჩვენი კრიტიკით ვაძლევთ მათ კრედიტს და ვთხოვთ ანგარიშს. მაგრამ ამ გზას თქვენც ვერ გაექცევით თუ გინდათ მთავრობამ იმუშაოს. რესპუბლიკის ინტერესები მოითხოვს, რომ იმან იმუშაოს რიგიანად. და თუ ეს ასე მოხდა, მით უკეთესია, როგორც რესპუბლიკისთვის ისე პარტიისთვის. მაგრამ პარტიას სახელმწიფოზე მაღლა არ ვაყენებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით იმ ჯგუფს, რომელიც ცდილობს მოაკლოს რესპუბლიკას და შემატოს პარტიულ კაპიტალს. ჩვენ პირიქით ვამაყობთ იმით, რომ პარტია შეგვიძლია დაუმორჩილოთ სახელმწიფოს. თუმცა 9/10 საზოგადოების ნდობით ჩვენ ხელშია, და შეგვეძლო სახელმწიფო პარტიისადმი დაგვემორჩილებია, მაგრამ ესე არ ვიქცევით და ეს არის ღირსება სოციალ.-დემოკრატებისა და ამიტომ ის სრული უფლებით გმობს თქვენ უღირს და უსაფუძლო პოლიტიკას.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი აღარავინაა. ვაცხადებ კამათს დასრულებულად. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ონიაშვილს.

. ონიაშვილი. უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ ამ დეკრეტის წინააღმდეგ არსებითად არაფერი უთქვამთ. ის, რაც აქ ოპოზიციის წარმომადგენელმა სთქვა ეს იყო განმეორება სიტყვა-სიტყვით იმისი, რაც სთქვა მან ორ დეკემბერს, როცა ამგვარი დეკრეტი მივიღეთ და გავატარეთ ცხოვრებაში. უნდა გითხრათ, რომ როდესაც მე მაშინ საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ მომხსენებელი ვიყავი, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენელი საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ იყო ბ. შენგელაია. როდესაც მე აქ მოვდიოდი მოსახსენებლად, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპოზიცია აუცილებლად გამოუშვებდა სალაპარაკოდ ბ. შენგელაიას, ვიცოდი, რომ ის გაიმეორებდა იმას, რაც სთქვა 2 დეკემბერს. მე მეტს ვიტყვი, როცა ლაპარაკი გვექნება მილიციაზე შემდეგში, მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ლეო შენგელაია გამოვა აქ და ამ გაზეპირებულ სიტყვებს, როგორც გრამოფონის ფირფიტაზე, დაუკრავს, რადგანაც ყოველ შემთხვევაში მას ასეთი სიტყვები მომზადებული აქვს. (გვაზავა: თქვენც მაგას დაუკრავთ!) ასეთი იყო გამოსვლა ოპოზიციისა. როდესაც თქვენ ილაპარაკეთ აქ, მილიციის წინააღმდეგ, ორი ბრალდება იყო წამოყენებული. ერთი ბრალდება სიტყვა-სიტყვით ასეთია, რომ ჩვენ ადმინისტრაციას არა აქვს პოლიტიკური და უფლებრივი შეგნება, (შენგელაია: ჭეშმარიტებაა!) შეიძლება ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ განა ეს მარტო მილიციაზე ითქმის? დამფუძნებელ კრების ზოგ წევრებსაც ეს პოლიტიკური და უფლებრივი შეგნება არა აქვს თავის დონეზე შეგნებული. (ხმა ს.-რ. სკამებიდან: მაგისთანები თქვენ წრეებშია!) ეს ბევრზე ითქმის და ეს ითქმის თქვენზედაც და მაშინ ამ მოტივებით თქვენზე უნდა დადგეს საქმე. მეორე ბრალდება იყო ის, რომ დღევანდელი მილიცია არ ებრძვის ყაჩაღობას; ეს იყო ცარიელი ლაპარაკი (ს.-რ. იცინიან) თქვენ იცინით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი საბუთი არ მოგიყვანიათ. როცა თქვენ გამოდიხართ დამფუძნებელ კრებაში და ამბობთ, რომ მილიცია არ ებრძვის ყაჩაღობას, თქვენ უნდა მოიყვანოთ ფაქტები. თქვენი ერთადერთი ფაქტი ის იყო, რომ „ბელი კლიუჩი“-ს, ჩვენებურად აღბულაღის, მილიციამ ვითომდა ჩაიდინა რაღაც უკანონობა. თქვენ იცით, რომ აღბულაღის მილიცია ექვემდებარება ტფილისის სამაზრო ერობას (შენგელაია: რომლის თავმჯდომარე თქვენა ხართ!) იქ არავითარი განცხადება არ შემოსულა. მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს ყოფილიყო, ეს ეცოდინებოდა ტფილისის სამაზრო ერობას და სათანადო ზომებსაც მივიღებდით. მაგალითად თქვენ სთქვით, რომ ადმინისტრაცია არ ებრძვის ყაჩაღობას. მე მოგახსენებთ და გეტყვით, რომ ამის ფაქტი არ მოგიყვანიათ. გუშინ ტფილისის სამაზრო ერობის მორიგი სხდომა იყო. სხვათა შორის მოვიდა ცნობა ადმინისტრაციის განყოფილების გამგისა, რომ საგარეჯოში კომისარს დაუჭერია ცნობილი ყაჩაღი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იკლებდა მთელ გარე-კახეთს. გამგეობამ დაადგინა მიეცეს კომისარს სამსახურის კეთილად ასრულებისთვის ჯილდოდ 5 ათასი მანეთი და გამოეცხადოს პრესის საშუალებით მადლობა.

ეს ფაქტი არის და ამის შემდეგ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ადმინისტრაცია ყაჩაღებისგან შესდგებაო. არც ერთი პატიოსანი ადამიანი ამას არ იტყვის, მაგრამ ბოროტებისთვის კი არ მოსდის ეს ლეო შენგელაიას; მას გაუგონია, რომ ძველ დროს სოციალისტები ებრძოდენ მილიციას. სოციალისტობა იმაში კი არ გამოიხატება, რომ აგინოს მილიციას, შავია ის თუ თეთრი; მაგას ჰგონია, რომ ის მაგარი სოციალისტია (გობეჩია: რიგიანობაა საჭირო, ეს თქვენ ვერ გაგიგიათ!).

თქვენ ფრანგული ანდაზაც მოიყვანეთ. საფრანგეთში წასვლა რა საჭირო არის, როცა ანდაზის მოყვანა გვინდა, ქართული ანდაზაც გვეუბნება: „სინიდისიც კარგი საქონელიაო“. როცა ასე ლანძღავთ მილიციას, ეს არ არის კარგი. კრიტიკის კი არავის ეშინია, მაგრამ კრიტიკაც არის და კრიტიკაც. როდესაც ასე ასეთ საწინააღმდეგო გამოსვლებს აწარმოებთ, ფაქტები უნდა მოიყვანოთ და ამას ჩვენ ანგარიშს გაუწევთ და პასუხსაც გავცემთ. აი, ასეთია დღევანდელი გამოსვლა თქვენი, ვითომც მილიცია არ აწარმოებდეს ბრძოლას ყაჩაღების წინააღმდეგ. ეს დაუსაბუთებელი გამოსვლაა, როგორც ეს ხშირად ხდება. მე კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან. როდესაც ყაჩაღთა ბრბო ატენის რაიონს შემოესია და განადგურებას უქადდა, მაშინ მილიციამ სრულიად დაშალა, დაამარცხა ყაჩაღთა ბრბო. მე ვნახე ჩემი თვალით დაჭრილი მილიციონერი. (ს.-რ. იცინიან).

თქვენ სულ გეცინებათ; მე არ ვიცი რა არის აქ სასაცილო. თქვენ ფაქტებს ივიწყებთ, რომ ასეთი ფაქტები გქონდეთ არ გამოხვალთ ჩვენი მილიციის წინააღმდეგ. ასეთია ჩვენი შეხედულობა ამ საგანზე.

ჩვენმა ორატორებმა აქ განაცხადეს, რომ მილიციას ბევრი ნაკლი აქვს (გობეჩია: ჩვენ რა ვთქვით?) თქვენ თქვით, რომ მილიციაში ბევრი ყაჩაღები არიან. მე ვამტკიცებ, რომ ამ ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია და ამას აღნიშნავს „ერთობა“ და „ბორბა“. (შენგელაია: დაამტკიცეთ, რომ ეს არ ხდება!) მე არ ვიცი და მე მიკვირს, დიდი იურისტი არ უნდა იყოს კაცი, რომ იცოდეს, რომ უარყოფითი ფაქტის დამტკიცება შეუძლებელია. მინისტრმა კი არ უნდა დაამტკიცოს, თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ხდება ყაჩაღობა მილიციაში. თქვენ ეს არ ჩაიდინეთ და ამიტომ თქვენს გამოსვლას დღეს არავითარი საბუთი არ ჰქონდა.

აი, მაშასადამე, ჩვენი მოსაზრება ამ დეკრეტის შესახებ ის არის, რომ ეს დეკრეტი აუცილებლად უნდა მივიღოთ და ამ ხნის განმავლობაში შინაგან-საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს შტატებს. შემდეგ, რასაკვირველია, შტატს ან მივიღებთ, ან არა. (ს.-დ. სკამებიდან: ლეო თავისას გაიმეორებს!) თუ ჩვენ ეს კრედიტი არ მივეცით, მაშინ შეიქმნება ანარქია და ვისაც არ სურს ეს ანარქია, უნდა მისცეს საშუალება, რომ მართლა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს ადმინისტრაციული საქმე.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი მუხლობრივ განხილვას. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავადეთ მუხლობრივ გამხილვაზე? წინააღმდეგია ს.-რ. ფრაქცია. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

ონიაშვილი. (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? არავის. - კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? მუხლი მიღებულია. მე-2-ე მუხლი.

ონიაშვილი. (კითხულობს მე-2-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. კენჭს უყრი, ვინ არის წინააღმდეგი მუხლისა? მუხლი მიღებულია. მე-3-ე მუხლი.

ონიაშვილი. (კითხულობს მე-3-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ამ მუხლის შესახებ არის წინადადება სოც.-დემოკრატიულ ფრაქციისა, შეიცვალოს „იანვრის პირველამდე“ ასე: „თებერვლის პირველამდე“. (ვეშაპელი: რატომ?) ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის. მომხსენებლის დასკვნა.

ონიაშვილი. ამ შესწორების აზრი ასეთია: ვადა უწყების მხრივ დანიშნულია პირველ იანვრამდე. შესაძლებელია პირველ იანვრამდე ეს შტატები არ შესდგეს. რომ არ შეიქმნეს ისეთი მდგომარეობა, რომ ხელმეორედ არ მოგვიხდეს კვლავ კანონ-პროექტის წარმოდგენა, ამიტომ მე, პირდაპირ, მისაღებად მიმაჩნია ერთი თვის ვადით, ყოველ შემთხვევაში, განგრძობილ იყოს პირველ თებერვლამდე.

თავმჯდომარე. (მომხსენებელს) მაშ თქვენ იღებთ შესწორებას? (მომხსენებელი: დიახ!) ვინ არის წინააღმდეგი მესამე მუხლისა, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებით? მუხლი მიღებულია. მე-4-ე მუხლი.

ონიაშვილი. (კითხულობს მე-4-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. მე კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი ამ მუხლისა? მუხლი მიღებულია. მე კენჭს უყრი მთელ დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი ამ დეკრეტისა? წინააღმდეგია ს.-რ. ფრაქცია. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. რეგლამენტის ძალით კრება უნდა დაიხუროს, ვინაიდან უკვე სამი საათია, მაგრამ მაქვს წინადადება ს.-დ. ფრაქციისა გაგრძელდეს სხდომა 1 საათით. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. სხდომა გრძელდება 1 საათით.

დეკრეტი ქალაქების მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღებისა.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი არის (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ დ. ონიაშვილს.

ონიაშვილი. ეს დეკრეტიც, როგორც წინანდელი, მიღებული იყო დამფუძნებელ კრების მიერ 1918 წ. ორ დეკემბერს და ამ მიღებულ დეკრეტს ვადა გაუვიდა პირველ ნოემბერს. საქმის მდგომარეობა მოკლედ შემდეგშია: თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქალაქის მილიციის შესანახ ფულს იხდის ქალაქის თვითმმართველობა, მხოლოდ ჯამაგირის 50 პროც. იღებს ხაზინა და ამით აუნაზღაურებს, მაშასადამე, ქალაქის თვითმმართველობას მილიციაზე გაწეულ ხარჯს. რადგან ამ დეკრეტსაც ვადა გაუვიდა პირველ ნოემბერს, წარმოდგენილია მეორე დეკრეტი ქალაქის მილიციისათვის კრედიტის ვადის განგრძნობისა. ვადა აქაც აღნიშნულია მომავალ წლის პირველ იანვრამდის, თანხაც შედარებით ნაკლებია. აქ არის სულ ერთი მილიონი მანეთი: ჯამაგირი ორი თვის განმავლობაში 600.000 მან. ამას დაემატება 40 პროც., სულ გამოდის ერთი მილიონი მანეთი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის არ სურს. კენჭს უყრი მუხლობრივ განხილვას. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის ს.-რ. ფრაქცია. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

. ონიაშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ არის შესწორება სოც.-დემოკრატიული ფრაქციის ბიუროსი (კითხულობს) ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? სიტყვა არავის არ სურს, თქვენი აზრი, ბ. მომხსენებელო.

. ონიაშვილი. არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია ს.-რევოლიუციონერთა ფრაქცია. შესწორება მიღებულია. კენჭს უყრი პირველ მუხლს შესწორებით. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის სოც.-რევ. ფრაქცია. ეს მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

. ონიაშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია სოც.-რევ. ფრაქცია. მეორე მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

. ონიაშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ ციფრი შეიცვლება იმ შესწორების მიხედვით. რომელიც შეტანილ იქმნა პირველ მუხლში. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა არავის არ სურს, კენჭს უყრი: ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის სოც.-რევ. ფრაქცია. ეს მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეოთხე მუხლი.

. ონიაშვილი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არის სოც.-რევოლიუც. ფრაქცია. მეორე მუხლი მიღებულია. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია სოც-რევ. ფრაქცია. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. გადავდივართ შემდეგ საკითხზე:

მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ნავთ-სადგურებში გადასახადთა ახალი ნიხრის დაწესების შესახებ

მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

. ონიაშვილი (კითხულობს. ხმაურობაა).

თავმჯდომარე. თუ შეიძლებოდეს, ცოტა სიწყნარე. ბ. მომხსენებელო, სანამ არ დაწყნარდებიან ნუ წაიკითხავთ. ბ-ნებო, გთხოვთ დაწყნარდეთ, არც 241

მე მესმის და არც სტენოგრაფისტებს ესმით. მომხსენებელი (კითხულობს: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და 11 მუხლებს. ყველა მუხლები კენჭის ყრით მიღებულ იქმნა უკამათოდ).

თავმჯდომარე. აქ შემოსულია წინადადება სოც.-დემოკრატიული ფრაქციისაგან, რომ მე-12-ე მუხლად დაემატოს: „ყველა გემებზე დაწესდეს“ (კითხულობს წინადადებას). ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის. მომხსენებელო თქვენი აზრი?

მომხსენებელი. მე მგონია მიზანშეწონილი იქნება, რომ ეს წინადადება მე-12 მუხლად დაუმატოთ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? წინააღმდეგი არავინაა. ეს წინადადება მიღებული გახლავთ.

თავმჯდომარე. გთხოვთ, ბ. მომხსენებელო, წაიკითხოთ მე-13-ე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქაც არის დამატება სოც.-დემოკრატიული ფრაქციისა (კითხულობს). ვის სურს სიტყვა? არავის. მომხსენებელო, თქვენი აზრი?

მომხსენებელი. თავისთავად იგულისხმება, მისაღებია.

თავმჯდომარე. ეს დამატებაც მიღებულ იქმნა. გთხოვთ წაიკითხოთ მე-14-ე მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქაც სოც. დემ. ფრაქციისაგან შემოსულია დამატება: საკარანტინო? სანავოსნო და სხვ. (კითხულობს). ვის სურს სიტყვა? არავის.

მომხსენებელი. არაფერი არა მაქვს საწინააღმდეგო.

თავმჯდომარე. მიღებულია. ვინ არის კანონ-პროექტის წინააღმდეგი საერთოდ? არავინ. კანონ-პროექტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი არის:

დეკრეტი სამხედრო სამინისტროს ვალების დასაფარავად 4 მილ. მან. გადადებისა.

მომხსენებელია . გრ. გიორგაძე.

გრ. გიორგაძე. პირველ ენკენისთვეში დაიხურა სამხედრო სამინისტროს ყველა კრედიტები. ამ დღიდან სამხედრო სამინისტროს ყოველთვიურად ეძლევა განსაკუთრებული თანხა, რომლითაც იფარება მიმდინარე ხარჯები, მაგრამ დარჩა წინა თვეების ვალი სხვა და სხვა მოთხოვნილებათა შედეგი და ეს ვალები დაუფარავია. უწყება თხოულობს ვალების გასტუმრებას (ლ. შენგელაია: რამდენია?) ოთხი მილიონი. (შენგელაია: მადლობა ღმერთს!) ამიტომ სამხედრო მინისტრმა აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რომ მას მიეცეს 4 მილიონი მანეთი ვალების გასასტუმრებლად. მთავრობამ მოისმინა ეს შუამდგომლობა და დაადგინა: ეს ფული მიეცეს, მაგრამ ყოველივე საბუთზე, რომელიც წარდგენილი იქნება გასამართლებლად საერთო წესით უნდა იყოს დადებითი დასკვნა, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე სახელმწიფო კონტროლიორისა. მთავრობის დადგენილებით ეს დეკრეტი გადაეცა საბიუჯეტო კომისიას. მან განიხილა ეს და თავის მხრივ წინადადებას იძლევა მიეცეს სამხედრო სამინისტროს ეს თანხა ე.ი. 4 მილიონი მანეთი (ლ. შენგელაია: საკვირველია!) აქ საკვირველი არაფერია, ვალები არის და ვალები გადახდილ უნდა იქმნას. ამიტომ საბიუჯეტო კომისიის სახელით ვშუამდგოლობ ეს დეკრეტი მიღებულ იქმნას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. პირველი მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მე-2-ე მუხლიც მიღებულია. ვინ არის საერთოდ დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 86.867 . და 10. გადადებისა - იუსტიციის სამინისტროს დაწესებულებათა 1918 . ვალების გადასახდელად.

მომხსენებელია ბ. გიორგაძე.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) იუსტიციის მინისტრსაც აქვს ვალები. ეს არის შარშანდელი ვალები სამეურნე და საგზო ხარჯებისა. შარშანდელი, 18 წლის, კრედიტიდან იყო დარჩენილი ნაშთები, მაგრამ ეს კრედიტები ისე დაიხარჯა, რომ სამინისტრომ ვერ მოასწრო ამ ნაშთების მოხმარვას. და ამიტომ ეხლა სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა, რომ ამ ნაშთებით დაიდო ვალები, მაგრამ საჭირო არის გაიხსნას კრედიტი და ეს თანხა არის ოთხი მილიონი მანეთი. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და დათანხმდა რომ მიეცეს ეს კრედიტი უწყებას.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ ბ. მომხსენებელო. (მომხსენებელი კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი ხაზინიდან 6.500.000 მან. გადადებისა ტელეგრაფისა და ტელეფონის ქსელებისათვის საჭირო მასალების შესაძენად.

მომხსენებელია ვიქტორ თევზაია. (არ არის) შემდეგი საკითხის მომხსენებელია გრ. ურატაძე. (არ არის) შემდეგი მომხსენებელია ბ. მესხიშვილი (ხმაურობა).

თავმჯდომარე. (ს.-დ. ფრაქციის ერთ-ერთ წევრს) არავითარი სიტყვიერ განცხადებას ყურადღებას არ მივაქცევ. თუ გაქვთ მიბოძეთ წერილობითი წინადადება. გთხოვთ ბ. მომხსენებელო.

. ბერიშვილი. (მოხსენებით მეორე კითხვაში მიღებული იქნა კანონ-პროექტი მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხლის შეცვლის შესახებ. კანონ-პროექტი გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი:

დეკრეტი დამფუძნებელ კრების კანცელარიის შტატის დამატებისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

განცხადება არის, რომ ქვორუმი არ არის. გთხოვთ დაითვალოთ (ქვესტორი ითვლის) ბ. გობეჩიას საყურადღებოთ ვაცხადებ, რომ ქვორუმი გახლავთ.

გრიგოლ გიორგაძე. პრეზიდიუმმა შემოიტანა წინადადება, რომ დამფუძნებელ კრების კანცელარიაში იქნეს შემოღებული ორი ახალი თანამდებობა - ერთი დამფუძნებელ კრების გამგის ამხანაგისა და მეორე - მეორე ხაზინადარისა. გამგის ამხანაგის საჭიროება იმითია გამოწვეული, რომ დამფუძნებელ კრებას ბევრი საქმეები აქვს და ხშირად ბევრი ამ საქმეებიდან სასწრაფოდ არის შესასრულებელი და ერთი გამგე ამ საქმეებს ვერ აუვა. გარდა ამისა, როდესაც მას არ სცალიან აუცილებლად საჭიროა, რომ კაცი იყოს, რომელიც მისი თანამდებობას შეასრულებს.

მეორე არის ხაზინადარი. რადგან დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში არის დიდძალი თანხა სხვა და სხვა საჭიროებისათვის. ამას ანგარიში უნდა. აგრეთვე დამფუძნებელ კრების წევრებს და აგრეთვე კანცელარიის მოხელეებს და მცირე კომისიებს, რომელნიც მუშაობენ - სხვა და სხვა ხარჯები აქვთ და ამას ყველას უნდა სისწორით წარმოება და ამისთვის სათანადო პასუხისმგებელი პირებია საჭირო.

ასათიანი. (რეპლიკა არ ისმის).

თავმჯდომარე. ბ. ასათიანო, ხელს ნუ მიშლით. 4 საათი უკვე შესრულდა.

. გიორგაძე. მაგისთანა ახირებულ აზრებზედ ვერ გიპასუხებთ.

თავმჯდომარე (მომხსენებელს) გაათავეთ?

. გიორგაძე. დიახ!

თავმჯდომარე. კენჭს ვუყრი დეკრეტს! (დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია. სანამ კრებას დავხურავდე უნდა მოგახსენოთ პრეზიდიუმის განცხადება. მორიგი კრება უნდა მოხდეს პარასკევს. რადგანაც პარასკევს გვარდიის დღე არის, ამისათვის პრეზიდიუმმა საჭიროდ დაინახა, რომ ამ დღეს კრება არ მოხდეს. მაგრამ ვინაიდან ბევრი საქმეებია განსახილველი, ამიტომ პარასკევის მაგიერ კრება მოხდება შაბათს იმავე დროს რა დროსაც ხდება ჩვეულებრივ.

მოისმინეთ შემდეგი დღის წესრიგი. გთხოვთ წაიკითხოთ. (მდივანი კითხულობს დღის წესრიგს).

კრება იხურება 4 ს. და 5 წ.

11 სამოცდამეათე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(70)

1919 წელი, პარასკევი, დეკემბრის 12. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა 10 წუთზე.

თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.

მდივანი. (კითხულობს ნუსხას და შემდეგ დღიურ წესრიგს).

ნუსხა დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილველად გადასაცემ საკანონმდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.

1. შინაგან-საქმეთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროსათვის 37.720 მან. კრედიტის გახსნის შესახებ ვეტერინარ-ექიმთა და ფერშალთათვის ათ მანათიან დღიურ დამატების მისაცემად 1919 წლის ოქტომბრიდან 1920 წლის იანვრამდე. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

2. სამხედრო კომისიის მიერ წარმოდგენილი სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახალხო გვარდიის შესანახად 20 მილიონი მან. გაღების შესახებ. გადავცემთ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - გზათა დეპარტამენტისათვის 88.425 მ. 89 კაპ. კრედიტის გახსნისა მთავარ საავტომობილო სახელოსნოს გასაფართოებლად გაწეულ ხარჯის დასაფარავად. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი - აწ მომქმედ თამასუქის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის კანონისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგრონომიო განყოფილების გახსნისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - რკინის გზის დეპარტამენტისათვის 52.284.200 მან. დამატებითი კრედიტის გახსნის შესახებ 1918 წ. ზენახარჯის დასაფარავად. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მაზრის მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქალაქთა მილიციის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გაღების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. საბოლოო ტექსტი - ნავთსადგურებში გადასახადთა ახალ ნიხრის დაწესების კანონისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

8. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სამხედრო სამინისტროს ვალების დასაფარავად 4 მილ. მან. გაღების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

9. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სამუსულმანო საქართველოს, აფხაზეთის და საქართველოს სხვა განაპირა კუთხეთა ახალგაზრდებისათვის სტიპენდიების დასანიშნავად 200.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

10. საბოლოო ტექსტი დეკრეტით - იუსტიციის მინისტრის განკარგულებაში 86.867 მან. და 10 კაპ. გადადების შესახებ იუსტიციის სამინისტროს დაწესებულებათა 1918 წ. ვალების გადასახდელად. მომხსენებელია ივ. გომართელი.

11. საბოლოო ტექსტი კანონპროექტით - მუშათა დამზღვევ კანონის მე-65 მუხ. შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

12. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების კანცელარიის შტატის დამატების შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.

13. დეკრეტი - ხაზინიდან 6.500.000 მან. გადადებისა ტელეგრაფისა და ტელეფონის ქსელისათვის საჭირო მასალების და აპარატების შესაძენად. მომხსენებელია ბ. თევზაია.

14. მეორე (მუხლობრივი) განხილვა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულებისა და კანონპროექტისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.

15. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - ბეჭდვითი ნაწარმოების მთავრობისადმი წარდგენის შესახებ. მომხსენებელია ექვ. თაყაიშვილი.

16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო გვარდიის შესახებ. მომხსენებელნი არიან ვ. ჯუღელი. ზ. გურული და ი. სალაყაია. 247

17. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის ადმინისტრაციის საგზაო ფულით დასაკმაყოფილებლად 1919 წ. აგვისტოს 1-დან ნოემბრის 1-მდე ყოველთვიურად 14.766 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.

18. დეკრეტი - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა ქონების გაძლიერებისა და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარების შესახებ. მომხსენებელია პავ. საყვარელიძე.

19. სენატორის არჩევა თავისუფალ თანამდებობაზე.

20. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილება ტყავეულობის გასაკეთებლად მასალის დამზადება-შეძენის მონოპოლიის გამოცხადების უარყოფის შესახებ. მომხსენებელია ნიკ. იმნაიშვილი.

21. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო, მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

თავმჯდომარე. თანახმად შემოსულ წინადადებისა მუხლები მე-18 და მე-20 მოხსნილი იქმნან დღიურ წესრიგიდან. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის . გომართელს. (გომართელის მოხსენებით კრება იღებს საბოლოო ტექსტებს).

მეცამეტე საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. (ს.-დ.) ბატონებო! როგორც ომის დროს. ისე რევოლიუციის ხანაში ჩვენი ტელეგრაფ-ტელეფონის მასალები და აპარატები ძლიერ დაზარალდა და ადგილობრივ შეძენა ამ მასალებისა შეუძლებელი შეიქნა. ამიტომ უწყება იძულებული იყო მიემართა უცხოელებისათვის, რომ მათი დახმარებით შეეძინა საჭირო ნივთები. სხვათა შორის უწყებამ მიმართა ინდო-ევროპიულ ტელეგრაფის გამგეს რობერტს და მისი შემწეობით კავშირი დაიჭირა ერთ ინგლისის ფირმასთან, რომელიც თანახმა შეიქნა გამოეგზავნა ჩვენი უწყებისათვის, საჭირო მასალები. ეს მასალები ჯდება დაახლოვებით 10.000 გირვანქა სტერლინგი. რომელიც გადმოტანილ ჩვენ ფულზე ოქტომბერში უდრიდა 6 1/2 მილიონ მანეთს. დღეს უნდა ვიფიქროთ. ამ ფულის რაოდენობა მეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ფულის კურსი მას აქეთ კიდევ დაეცა და მეორეს მხრით შეიძლება გაძვირდა ტელეგრაფ-ტელეფონის მასალები. ამიტომ შესაძლებელია უწყებას მეტი თანხა დასჭირდეს ეს გამოირკვევა მომავალში. დღეს კი უწყება მოითხოვს მიეცეს მას საშუალება გამოიწეროს საჭირო ნივთები და მის განკარგულებაში გადაიღოს 6 1/2 მილიონი მანეთი. კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას. რომ ეს თანხა გადადებულ იქნას უწყების განკარგულებაში.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის თუ ინებებს ვინმე სიტყვას? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგ? წინააღმდეგი არავინ არის. (მომხსენებელი კითხულობს დეკრეტს. დეკრეტი მიღებულია ს.-დ. შესწორებით პირველ მუხლში).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ურატაძეს.

ურატაძე. ბატონებო! ერთ-ერთ სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონ-პროექტი საფ. სამინისტროს საბჭოს დაარსების შესახებ (კითხულობს).

თავმჯდომარე. ჯერ კანონ-პროექტი მოახსენეთ ბ. მომხსენებელო.

ურატაძე. (კითხულობს კანონ-პროექტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. პირველი მუხლი მიღებულია. შემდეგი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს). ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მეორე მუხლის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. (იკითხება მესამე მუხლი). ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. ვინ არის საერთოდ კანონ-პროექტის წინააღმდეგ? არავინ. მიღებულია. გთხოვთ დებულება მოახსენოთ ბ. მომხსენებელო. (მომხსენებელი კითხულობს დებულებას, რომელიც მიღებულია).

შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. თაყაიშვილს.

. თაყაიშვილი. (კითხულობს კანონ-პროექტს ბეჭდვითი ნაწარ. მთავრობისადმი წარდგენის შესახებ. რომელიც მიღებულია სოც.-რევ. წინააღმდეგ).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ. მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა სახალხო გვარდიის შესახებ. კრება გაგრძელდება დახურულ კარებში. სტუმრებს ვსთხოვ დასტოვონ დარბაზი (სტუმრები გადიან). სიტყვა ეკუთვნის ბ. ჯუღელს.

ჯუღელი. (კითხულობს კანონ-პროექტს, რომელიც მცირე შესწორებით (მიღებულია).

თავმჯდომარე. ბატონებო! უკვე მეოთხე საათია. როგორ ინებებთ, დავიცვა დადგენილება, თუ განვაგრძო სხდომა. სხდომა გრძელდება. სიტყვა ეკუთვნის ბატონ სალაყაიას (ხმები: არ არის). შემდეგი სიტყვა ეკუთვნის დამფ. კრების წევრს ბატონ კალაძეს.

კალაძე (სოც.-დემ.) ბატონებო! რკინის გზაზე არსებობს მთელი რიგი უფროსი აგენტებისა, რომლებსაც უხდებათ სამსახურის მოვალეობის ასასრულებლად წავიდნენ ხაზზე. ამის გამო რა თქმა უნდა, მათი ხარჯები ძლიერ მატულობენ და მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან. ასეთ მდგომარეობას გაუწია ანგარიში რკინის გზის უწყებამ და შუამდგომლობს მთავრობის წინაშე შევიდეს ამ აგენტების უმწეო მდგომარეობაში და გააუმჯობესოს მათი ცხოვრება. და მართლაც ისინი იღებენ მხოლოდ ჯამაგირის მეოთხედს და ამაში შედის საგზაო ხარჯი, ეს კი ისეთი მცირე თანხაა, რომ სრულიად ვერ აკმაყოფილებს მათ მინიმალურ მოთხოვნილებას.

რესპუბლიკის კონტროლიორმა და ფინანსთა მინისტრმა წინააღმდეგ რკინის გზის უწყების შუამდგომლობისა ის აზრი მოიყვანეს, რომ ცალკე გამოყოფა ჯამაგირების საკითხისა იწვევს მეტ სირთულეს და საქმის არევ-დარევასო. მაგრამ, როცა ეს საკითხი ირჩეოდა გზათა კომისიაში, მან მიიღო მხედველობაში ყველაფერი და შეიმუშავა ახალი სია. აქ არის ეს სია, რომელსაც მოგახსენებთ დეკრეტის განხილვის დროს. გზათა კომისია შუამდგომლობს დამფ.კრ. წინაშე დამტკიცებულ იქმნას სია.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებთ სიტყვას? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.

კალაძე (კითხულობს სათაურს, პირველ მუხლს და ნუსხას).

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. შემდეგი მუხლი.

კალაძე (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლის? არავინ. მიღებულია. ვინ არის საერთოდ წინააღმდეგი მთელი დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინაა, მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი არის სენატორის არჩევა. წინა სხდომაზე დასახელებული ყოფილა მარტო გიორგი ხარაზაშვილი. სხვა კანდიდატი არის თუ არა? სხვა არ არის. ამიტომ ყუთი დაედგმის მხოლოდ გიორგი ხარაზაშვილს. კენჭის ყრა იქნება ბარათებით. (ხდება კენჭის ყრა) ყველამ ისურვეთ ბარათების მიცემა თუ არა? გთხოვთ დაბრძანდეთ. კენჭის ყრის შედეგი ასეთია: ხმა მისცა 42, თავი შეიკავა 4-მა და წინააღმდეგ მისცა 4-მა ხმამ. ამრიგად არჩეულია ხარაზაშვილი. მოისმინეთ შემდეგი სხდომის წესრიგი. (კითხულობს მდივანი). სხდომას დახურულად ვაცხადებ.

12 სამოცდამეთერთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(71)

სამშაბათი, 1919 წელი, დეკემბრის 16. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

გრიგოლ ნათაძე და

ქრისტინე შარაშიძის ასული.

სხდომა იწყება 12 ს. და 20 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - დეკრეტის 6.000.000 მან. გადადებისა ტელეგრაფისა და ტელეფონის ქსელისათვის საჭირო მასალების და აპარატების შესაძენად. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი - ბეჭდვითი ნაწარმოების მთავრობის წარდგენის კანონისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი - სახაზინო რკინის გზის ადმინისტრაციის საგზაო ფულით დასაკმაყოფილებლად 1919 წ. აგვისტოს 1-დან ნოემბრის 1-მდე ყოველთვიურად 14.766 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთი დანაშაულობისათვის. სასჯელის შეცვლის შესახებ. მომხსენებელია ილ. ფირცხალაიშვილი.

5. დეკრეტი თუშების საზოგადოების (წოვისა, ჩაღმისა, პირიქითისა და გამეწარის) თიანეთის მაზრიდან თელავის მაზრაში გადარიცხვის შესახებ. მომხსენებელია გ. ცისკარიშვილი.

6. დეკრეტი დამფუძნებელ კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა. მომხსენებელია გ. გიორგაძე.

7. დეკრეტი 1918-1919 წლების სახალხო განათლების სამინისტროს მიერ გაღებულ ხარჯების დასაფარავად ნახევარ მილიონ მანეთის გადადების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

8. დეკრეტი საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებლად 5.600.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

9. დეკრეტი აბასთუმნის კურორტის განადგურებულ შენობათა აღსადგენად 611.705 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.

10. დეკრეტი - რესპუბლიკის მცხოვრებთა შორის გასანაწილებელ სათესლეს შესაძენად 5.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

11. დეკრეტი - ყარაიაზის არხის მდინ. მტკვრის გასაწმენდად 150.000 მ. გადადებისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

12. დეკრეტი - სასოფლო მეურნეობის მავნებელთა წინააღმდეგ მებრძოლ ბიუროს 1919-1920 წ. დამატებითი ხარჯთაღრიცხვით 260.615 მან. და 16 კ. გადადებისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

13. დეკრეტი - ყარაიაზის სარწყავი არხის შესაკეთებლად 3.560.615 მან. გადადებისა და ამავე სისტემისათვის 400.000 მან. სათადარიგო თანხის დაარსების შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

14. დეკრეტი - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წლის თებერვლის 23 დადგენილების შეცვლისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

15. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

თავმჯდომარე. ცვლილების შეტანას ხომ არავინ ინებებს დღიურ წესრიგში? წესრიგი დამტკიცებულია. გთხოვთ მოისმინოთ ტექსტი ებრაელთა ეროვნულ საბჭოს დეპეშისა.

მდივანი. (კითხულობს).

«Тифлис. Предсѣдателю Учередительного Собранія Грузинской демократической Республики.

Тифлисская Еврейская община, собравшись на освященіи Еврейскаго пріемнаго покоя и богадѣльни, горячо привѣтствуетъ въ вашемъ лицѣ Учередительное Собраніе и народъ Грузинской демократической Республики въ которой евреи во всѣхъ отношеніяхъ себя равными среди равныхъ.

Въ процвѣтаніи мудро руководимой Вами страны еврейское населеніе видитъ прочный помогъ своего собственнаго счастья и блогополучія.

Предсѣдатель Тифлисскаго еврейскаго Національнаго Совѣта-Ромендикъ.

Предсѣдатель О-ва „Бикуръ - Хейлимъ“ - Орловъ» (ტაში).

საბოლოო ტექსტები.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.

ივანე გომართელი. (მოახსენებს კრებას 1, 2, 3 საკითხის საბოლოო ტექსტებს, რომელნიც უცვლელად დამტკიცებული იქმნა დამფუძნებელ კრების მიერ).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ფირცხალაიშვილს.

ილია ფირცხალაიშვილი (კითხულობს მეორე მუხლობრივ განხილვით კანონპროექტს - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთ დანაშაულობისათვის სასჯელის შეცვლის შესახებ. კანონ-პროექტი მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

დეკრეტი თუშების საზოგადოების თიანეთის მაზრიდან თელავის მაზრაში გადარიცხვის შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ცისკარაშვილს.

გაბრიელ ცისკარაშვილი (ს.-დ.) ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიის სახელით, მაქვს პატივი მოგახსენოთ შემდეგი პროექტი დეკრეტისა. ეს კითხვა კომისიამ სასწრაფოდ შემოიტანა. თუმცა იქ მუშავდება ცალკე კანონ-პროექტი საერთო ადმინისტრატიულ გადამიჯვნის შესახებ, მაგრამ ამ დეკრეტის ცალკე შემოტანა საჭირო იყო, რადგანაც ეს საკითხი ეხლავე გადაწყვეტას მოითხოვს.

თიანეთის მაზრაში თუშების ოთხი ცალკე საზოგადოება, ანუ, როგორც თვით ეძახიან - თემი, არსებობს. ეს საზოგადოებანი დიდი ხანია მოითხოვენ თიანეთის მაზრიდან გამოყოფას და თელავის მაზრაში გადარიცხვას. რევოლიუციის პირველ დღეებშივე ეს საზოგადოებანი ფაქტიურად ჩამოშორდნენ თიანეთის მაზრას და შეუერთდნენ თელავის მაზრას. ფაქტიურად ადგილობრივ მცხოვრებთა სურვილი განხორციელებული არის, მაგრამ ფორმალურად, კანონმდებლობის გზით, ეს არ იყო დაკანონებული. ხსენებულ საზოგადოებათა მისწრაფებას თელავის მაზრისკენ თავისი საბუთები აქვს.

თუშეთი წინედ, რუსეთთან შეერთებამდე შეადგენდა თელავის მაზრის ნაწილს და მხოლოდ ორმოციან წლებში გადარიცხულ იქმნა თიანეთის მაზრაში შემდეგი მოსაზრებით: რუსეთი ამ დროს აწარმოებდა ომს შამილთან. სტრატეგიულ და საერთოდ სამხედრო მიზნით საჭირო იყო თუშ-ფშავ-ხევსურეთის გაერთიანება და მათი შეკავშირება. ასე ხელოვნურად შეიქმნა თიანეთის სამხედრო ოლქი (Тіонетскій военный округъ), რომლის დაარსების მიზანი იყო შედგენა რაზმებისა, „დრუჟინებისა“ შამილთან საბრძოლველად. როდესაც შამილთან ომი დამთავრდა, ეს მდგომარეობა, ინერციით თუ ტრადიციით, ასე დარჩა, ეს დროებითი ზომა არ იქნა შესწორებული და ასე გადიქცა შეცდომად. ამ უკანასკნელ ოცი წლის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებნი დაჟინებით მოითხოვდნენ თუშეთის გადარიცხვას თელავის მაზრაში, მაგრამ ამაოდ. რევოლიუციის პირველ დღეებში მათი პირველი ამოძახილი იყო, შეგვაერთეთ თელავის მაზრასთანაო. მიზეზი ამისი ის იყო, რომ თუშეთი კულტურულად, ეკონომიურად და გეოგრაფიულად მართლა დაკავშირებულია თელავის და არა თიანეთის მაზრასთან. თუმცა ეს საჭირო არ არის, მაგრამ მოკლედ მოგახსენებთ, რომ გეოგრაფიულად საზამთრო საცხოვრებელი თუშებისა არის გაგრძელება ალაზნის ველისა, სადაც მდებარეობს თელავის მაზრა და მთავარი საცხოვრებელი თუშებისა ზემო და ქვემო ალვანია და 18 ვერსით არის დაშორებული თელავზე. ამავე დროს თიანეთი, რომელიც წარმოადგენს სამაზრო ცენტრს, დაშორებულია ალვანიდან 35 ვერსით, შუაზედ დიდი ქედია, ძნელად გადასასვლელი, ნამეტნავად ზამთრობით. ეკონომიურად თუშეთი უფრო დაკავშირებულია თელავთან. თუშეთი, როგორც მოგეხსენებათ, აწარმოებს ვაჭრობას ყველით, მატყლით, საქონლით და სხვა ნაწარმოებით. ყველა ამის გატანა შეიძლება მხოლოდ თელავიდან, რადგან აქ არის რკინის გზა. რაც შეეხება კულტურულ მხარეს, თიანეთში არის მხოლოდ ერთად-ერთი პირველ-დაწყებითი უმაღლესი სასწავლებელი თელავში კი არის ორი გიმნაზია და რამდენიმე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი. თუშებიც უმეტესად ზრდიან თავიანთ შვილებს საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ, ყოველივე ზემოთ ნათქვამის გამო ისინი ასე დაჟინებით მოითხოვენ თელავის მაზრასთან შეერთებას.

აჩქარების მიზეზი, რომელმაც აიძულა კომისია შემოეტანა ეს პროექტი, მდგომარეობს იმაში, რომ თუშეთი ფაქტიურად ჩამოშორდა თიანეთის მაზრას და შეუერთდა თელავის მაზრას. ეხლა კრედიტები იწერება თიანეთის მაზრის მმართველობის სახელზე და თელავის მაზრის მართველობას არ შეუძლიან მოიხმაროს ეს კრედიტები, ამიტომ ჯერ თელავის სამაზრო ყრილობამ მარტში, ხოლო შემდეგ თიანეთის ყრილობამ წარსულ ოქტომბერს დაადგინეს, რომ ეს მდგომარეობა იქნას გამოსწორებული და თუშეთის თემები გადარიცხულ იქნენ თელავის მაზრაში.

ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისია შემოდის დამფუძნებელ კრებაში შემდეგი პროექტით: ხმოსანთა რიცხვი თელავის საერობო ყრილობაში გადიდდეს 25-დან 28-მდე. ე.ი. მიემატოს სამი ხმოსანი. ახლად შემოერთებულ ნაწილში დაახლოვებით 10.000 მცხოვრები ითვლება. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოფილ ტფილისის გუბერნიის მაზრებში შემოღებულ საარჩევნო მეტრის - 3,576 მცხოვრებელი - მიხედვით დაახლოვებით სამი ხმოსანი ეკუთვნის ამ რაიონს. აი, ამიტომ ხმოსანთა რიცხვი უნდა გაიზარდოს 25-დან 28-მდე. ამ რაიონის ჩამოშორებით თიანეთის მაზრის ხმოსანთა რიცხვი რასაკვირველია არ შემცირდება, რადგან მინიმუმად მიღებულია 25 ხმოსანი და აქაც 25 ხმოსანი არის. პროექტი დეკრეტისა არის შემდეგი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. კენჭს უყრი მუხლობრივ განხილვას. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის.

გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

გ. ცისკარაშვილი (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

დეკრეტი დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) ბატონებო! 2 დეკემბერს თქვენ მიიღეთ დეკრეტი, რომლის ძალით სახელმწიფო მოსამსახურებს ემატებათ 40 პროც. ძირითადი ჯამაგირისა, მაგრამ ამავე დეკრეტში არის აღნიშნული, რომ ეს 40 პროც. სხვათა შორის არ ვრცელდება დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეებზე. როდესაც თქვენ იღებდით ამ დებულებას, მხედველობაში მიღებული იყო ის გარემოება, რომ დამფუძნებელი კრების მოსამსახურენი სხვა პირობებში იმყოფებიან. მათი ძირითადი ჯამაგირი იმდენად ცოტა არის, რომ კიდევაც რომ მიუმატოთ. 40 პროც. არ გადიდდება იმდენად, როგორც ეს შეეფერება დღევანდელს ცხოვრებას. გარდა ამისა, მათი მუშაობა იმდენად სერიოზული არის და იმდენად დატვირთულნი არიან მოსამსახურენი საქმით, რომ საჭირო იქნება ამ ნორმიდან გამოსვლა. ამ დებულებით იხელმძღვანელა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა და წარმოადგინა შტატები. ამ შტატებს დართული აქვს ჯამაგირები. პრეზიდიუმის ეს მოსაზრება და ჯამაგირები განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, რომელმაც ის უმთავრესი დებულება გაიზიარა, რომ უნდა მიემატოს მეტი დამფუძნებელ კრების მოსამსახურეებს და ეს მომატება ტრიალებს არა, უმეტეს 100 პროც. ფარგლებისა. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ შეიმუშავა ეს ჯამაგირები და ადგენს დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ მან დაამტკიცოს. აი, ძირითადი დებულება, რომელზედაც არის აგებული ეს დეკრეტი და როდესაც მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ, მაშინ მოგახსენებთ, თვით დეკრეტსაც.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი? არავინ.

გრ. გიორგაძე (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოტანილი სოც.-დემ. ფრაქციის მიერ შემდეგი შინაარსისა (კითხულობს). არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი ამ ჯამაგირებისა საერთოდ? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

გრ. გიორგაძე. (კითხულობს მეორე მუხლს) აქ შეიცვლება თანხა პირველ მუხლში მიღებული შესწორების თანახმად.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ მესამე მუხლი.

გრ. გიორგაძე (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინაღმდეგი? არავინ. მიღებულია. კენჭს უყრი მთელ დეკრეტს ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი გახლავთ:

დეკრეტი - 1918-1919 წ.წ. სახალხო განათლების სამინისტროს მიერ გაღებულ ხარჯების დასაფარავათ 1/2 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.

ნ. იმნაიშვილი. (ს.-დ.) დეკრეტით გამოთხოვილი თანხა, ნახევარ მილიონი, უწყების აზრით საჭირო არის იმ ხარჯების დასაფარავათ, რომლებიც 1918-19 წ. განათლების უწყების მიერ გაუნაღდებელი დარჩა. ასეთი დაუფარავი ხარჯი აქვს ყველა უწყებებს, მათ შორის სახალხო განათლების უწყებასაც. ფულის ნიშნების უქონლობის გამო, უწყებამ ვერ მოასწრო კრედიტით სარგებლობა და ამიტომ ეს ხარჯები დღესაც დაუფარავია. ამ უწყების მოსამსახურენი შუამდგომლობენ რაც შეიძლება დაჩქარებით იქნას აღდგენილი ეს კრედიტი. ამიტომ უწყება შემოდის შუამდგომლობით, რომ მას ამ ხარჯების დასაფარავად მიეცეს ეს ნახევარი მილიონი მანეთი. ყოველ ცალკე შემთხვევაში გამოთხოვილ თანხის ხარჯვის დროს იქნება წარმოდგენილი გასამართლებელი საბუთები არც სახელმწიფო კონტროლს, არც ფინანსთა მინისტრს ამ პროექტის საწინააღმდეგო არაფერი არა აქვთ. საფინანსო კომისიაც მხარს უჭერს ამ დეკრეტს და შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე, რათა განათლების უწყების განკარგულებაში გადადებულ იქნას დეკრეტში აღნიშნულ თანხა.

თავმჯდომარე. ვის სურს ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა? - არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? - არავინ. მაშ გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი. მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? - არავის. ვინ არის წინააღმდეგი 1-ლი მუხლის? - არავინ. პირველი მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი. მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლის? - არავინ. მეორე მუხლიც მიღებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინაა, დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი არის:

დეკრეტი საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებლად 5.600.000 მან. გაღების შესახებ.

ნ. იმნაიშვილი. ეს დეკრეტი ეხება ყოფილ კავკასიის, ეხლა საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებლათ 5.600.000 მან. გაღებას. კარგა ხანია ამ შენობის დასამთავრებლათ მუშაობა შეჩერებული არის, ამის გამო შენობა ნადგურდება ატმოსფერის სხვა და სხვა მეოხებით. ამიტომ განათლების უწყება შემოდის პროექტით, რომ ეს შენობა ნაწილობრივათ, ან სრულიათ დამთავრებულ იქნას. სახალხო განათლების უწყების მიერ არის ნაჩვენები სამი ვარიანტი. პირველით - შენობა სრულიად უნდა დამთავრებულ იქმნას, ამას დასჭირდება 15 მილიონი მან. მეორე ვარიანტით, რომელიც გულისხმობს 5.600.000 მან. გადადებას, შესაძლებელი იქნება მუზეუმის შენობის ერთი ნაწილის დამთავრება და მასში ბიბლიოთეკის მოთავსება. მესამე ვარიანტი ეხება 3.000.000 მან. გადადებას, რომლის საშვალებით შესაძლებელი იქნება შენობის გადახურვა. აი, ამ ვარიანტების შესახებ სახელმწიფო კონტროლის და ფინანსთა უწყების აზრიც არის წარმოდგენილი. მათ შესახებ მსჯელობა ქონდა აგრეთვე საფინანსო კომისიასაც. არც სახელმწიფო კონტროლი და არც ფინანსთა უწყება არ უჭერს მხარს პირველ ორ ვარიანტს ვინაიდან ამდენი თანხის (15 მილიონი მან.) ხაზინიდან გაღება ჩვენი ხაზინისათვის სამძიმო იქნებაო. ამ გვარივე აზრი აქვს სახ. კონტროლს და ფინანსთა მინისტრს 5.600.000 მან. გაღების შესახებ. ამიტომ ისინი ეთანხმებიან მე-3-მე ვარიანტს, 3.000.000 მან. გაღებისას, რომლითაც შესაძლებელი იქნება გადახურვა შენობის და დაცვა მისი განადგურებისაგან. ყველა ეს პროექტები განიხილა საფინანსო კომისიამ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლათ საჭირო არის, რომ რაც შეიძლება ადრე დამთავრებულ იქნას ამ მუზეუმის შენობის ნაწილობრივათ მაინც დამთავრება, ამისათვის კომისიამ მიიღო მეორე ვარიანტი, რომელსაც შეიცავს წინანდელი დეკრეტი. საფინანსო კომისიაში იყო მეორე აზრიც, რომელმაც სხდომაზე შეკრიბა კომისიის წევრთა ნახევარი ხმა. მეორე ვარიანტი კი იყო მიღებული მხოლოდ თავმჯდომარის ხმით. კომისიის მეორე ნახევარი მხარს უჭერდა 15 მილიონ მან. გაღებას შენობის სრულიად დასამთავრებლად.

საფრანგეთის წარმომადგენლების შემოსვლა.

(ამ დროს შემოდის საფრანგეთის სამხრეთის ფლოტის ადმირალი დე-ბონი და იკავებს დიპლომატიურ ლოჟას. თავმჯდომარე მას მიმართავს შემდეგი სიტყვით):

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ნება მიბოძეთ თქვენი სახელით მხურვალე სალამი მიუძღვნა დიდებულ საფრანგეთის შვილთ, რომელნიც გვეწვივნენ ჩვენ სტუმრად. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ის საფრანგეთი და ხალხი საფრანგეთისა, რომელთაც ყველაზე ადრე დაამსხვრიეს ბორკილი მონობისა, გამოიჩენენ ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის და მისი თავისუფლებისათვის დაუღალავ მებრძოლ ხალხისადმი ყურადღებას და ერთი ამ ყურადღების დამამტკიცებელი საბუთთაგანი ის არის, რომ მათ კეთილ ინებეს და ეწვივნენ დღეს ჩვენი ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო დაწესებულების საქმიან სხდომას. ჩვენ ღრმა რწმენას გამოვსთქვამთ, რომ საფრანგეთის და მისი თავისუფლების მოყვარული ხალხის სიმპატია ჩვენთან არის იმ გააფთრებულ ბრძოლის დროს, რომელსაც ჩვენი დემოკრატია აწარმოებს ანარქიისა და რეაქციის წინააღმდეგ დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკანურ საქართველოს დასაცავად.

მხურვალე სალამი დიდებულ საფრანგეთს, მხურვალე სალამი ერს, საფრანგეთის ხალხს. გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს მის ხალხს! (დეპუტატები ხანგრძლივ ოვაციებს უმართავენ ადმირალ დე-ბონს და მის ამალას).

დეკრეტი აბასთუმნის კურორტის განადგურებულ შენობათა აღსადგენად 611.705 მან. გადადებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა თქვენ გეკუთვნით ბ. მომხსენებელო, გთხოვთ მოახსენოთ.

ნ. იმნაიშვილი (ს.-დ.) ოსმალების შემოსევით თითქმის სრულიად განადგურებულია აბასთუმანი. საჭიროა მრავალი და ხანგრძლივი მუშაობა, რომ ის აღდგენილ იქმნას. ამ დეკრეტით გამოთხოვილი თანხის გადადება პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიზნით გადადგმული. პირველად ყოვლისა საჭიროა მინერალურ წყლების შენობების შეკეთება, აუცილებელია აგრეთვე რემონტი წყალსადენებისა, საჭიროა აგრეთვე ამ მუშაობის სისრულეში მოსაყვანად იქ საზეინკლოს და სადურგლოს მოწყობა და სხვა.

კონტროლი და ფინანსთა მინისტრი წინააღმდეგი არ არიან ამ დანიშნულებისთვის აღნიშნულ 611.705 მან. გადადებისა. საფინანსო კომისიამაც მიიღო ეს პროექტი და შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ ეს დადასტურებული იქნეს მის მიერ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის გრ. გიორგაძეს.

გიორგაძე გრიგოლ. (ს.-დ.) ბ-ნებო, მოგეხსენებათ, რომ აბასთუმანი ეს ერთად-ერთი სააგარაკო ადგილია ჩვენში, რომლის ბადალი შეიძლება საზღვარგარეთ რამოდენიმე ადგილი იყოს, ეს საუცხოვოთ მოწყობილი და ბუნებრივადაც შემკობილი ადგილი დღეს საშინელ მდგომარეობაშია.

ჯერ ოსმალების შემოსევისაგან, როცა ბათუმის ხელშეკრულება დავდევით, ასკერებმა გაანადგურეს აქ მთავარი სახელმწიფო ქონება - სასახლე წაიღეს არა თუ მარტო ის ავეჯეულება და ნივთები რომელიც იქ იყო, არამედ გაანადგურეს კერძო მოაგარაკეთა სახლები. შემდეგ ასკერებისა მას შემოესიენ სერვენ-ბეგის ბანდები, რომლებმაც, რაც ასკერებს გადაურჩათ სავსებით გაანადგურეს. ამიტომ ჩვენ გვესმის, მთავრობის ზრუნვა, რომ მან აღადგინოს ეს ერთად-ერთი მთავარი ამიერ კავკასიაში ისეთი ადგილი, სადაც ცხოვრება ზოგიერთ ავადმყოფებისათვის საჭიროა. თანხა, რომლის გადადებას მთავრობა შუამდგომლობს, ეს არის ისეთი თანხა, რომელიც აუცილებლად საჭიროა, რომ შეიძინოს ისეთი პირობები, რომ ის შესანიშნავი აუზები არ დაიღუპოს. ამისთვის საჭიროა ის კიდევ უფრო წესიერად მოეწყოს.

ამ შემთხვევაში ჩვენი ფრაქცია მიაქცევს დამფ. კრების და მთავრობის ყურადღებას, რომ ეს აგარაკი გამოყენებულ იყოს ფართოდ საზოგადო მოღვაწეთათვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ, ვინც საჭიროებს ზაფხულობით მაინც ჯანმრთელობა იქ აღადგინოს. ბევრ ჩვენ დაწესებულებაში, მუშების კავშირში, ერობებში და სხვა ორგანიზაციებში, მასწავლებლები და სხვა ისეთი ხალხი, რომელიც ეწევა ნაყოფიერ შრომას, საჭიროა, როგორც დაავადმყოფებულთათვის ამ აგარაკით სარგებლობა. ეს შესაძლებელი იქნება თუ ეს აგარაკი, რომელიც გაძარცულია, აღდგენილი და შესაფერისად იქნება მოვლილი.

ძველი რეჟიმის დროსაც, აბასთუმანს განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული, იქ იგზავნებოდა დაავადმყოფებული მხედრები-ოფიცრები და ჯარისკაცები. მით უმეტეს ეს გვმართებს დღეს, რომ დაავადმყოფებული და დასახიჩრებული ჯარისკაცები, გვარდიელები და ოფიცრები აქ ზაფხულობით უნდა პოებდენ თავშესაფარს და სარგებლობდენ ამ მინერალურ წყლებით.

ამიტომ ჩვენი ფრაქცია აქცევს დიდ ყურადღებას ამ სასარგებლო კურორტის აღდგენას არა იმ დანიშნულებით, როგორც ძველად იყო, არამედ ის გამოიყენოს საზოგადო მოღვაწეთა და დემოკრატიის საჭიროებისათვის ამისთვის საჭირო იქნება სხვა უფრო დიდი თანხის გაღება და ბორჯომსა და აბასთუმანს შორის მგზავრობის მოწყობა.

ეს გარემოება გვაიძულებს თადარიგი იქნას მიღებული და როდესაც შემოვა მთავრობა შესაფერი წინადადებით ჩვენის აზრით დამფუძნებელი კრება არ იქნება წინააღმდეგი და ხელს შეუწყობს მთავრობას, რომ ის აგარაკი იქნეს მოწყობილი და საშუალება მიეცეს, ვინც საჭიროებს, ისარგებლონ იმ აგარაკით.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობა დასრულებულია, სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

იმნაიშვილი. არსებითად საწინააღმდეგო არ თქმულა, რომ პროექტი დეკრეტისა იქნას მიღებული.

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ. ვინ არის წინააღმდეგი? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის კირ. ნინიძეს.

კ. ნინიძე. (ს.-დ.) რადგან ბევრგან მოუსავლობა იყო და მცხოვრებთ არ აქვს საჭირო სათესლე მასალა, ამიტომ სამინისტრომ გადასწყვიტა მოითხოვოს 5 მილ. მანეთი ამ სათესლის შესაძენად. ეს სათესლე იქნება ნაყიდი. სამინისტროს განკარგულებაში არის ფონდის მამულიდან შემოსული გადასახადის სახით სათესლე, მაგრამ კიდევ უნდა იქნეს შეძენილი და ამიტომ სამინისტრო მოითხოვს გადადებულ იქნეს 5 მილ. მანეთი. ეს დეკრეტი მიღებულია აგრარულ და საფინანსო კომისიების მიერ.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისთვის ვინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. გთხოვთ წაიკითხოთ.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? მიღებულია. გთხოვთ მეორე მუხლი წაიკითხოთ.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. რ. არსენიძეს.

რ. არსენიძე. (ს.-დ.) მე არსებითად ამ მუხლის წინააღმდეგი არაფერი მაქვს, არც რაიმე შესწორება მინდა შევიტანო. მაგრამ საჭიროდ ვსთვლი ერთი აზრის გამოთქმას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მცხოვრებლებისა და ერობებისათვის. როდესაც ჩვენ ერობები შევმქენით, მათ მივანდეთ ადგილობრივ საქმეების მოწესრიგება და თვისი ბედის გაძღოლა. მაგრამ არიან ისეთი ერობები, რომელნიც მოისუსტებენ და მათი ხელმძღვანელები და მეთაურები დასაკმაყოფილებლად ვერ უძღვებიან თავიანთ ადგილობრივ საქმეებს. და ხშირად, ყოველ ასეთ შემთხვევაში, როცა რაიმე შემწეობა და რაიმე თანხის გამოთხოვა არის საჭირო, ეს სუსტი ერობები ვერ ახერხებენ თავის დროზე შუამდგომლობის აღძვრას და უმეტეს შემთხვევაში უფრო შეძლებული ერობები იღებენ დახმარებას, ამით ხდება ის, რომ გეოგრაფიულად ახლო მდგომი ცენტრთან, მაგრამ კულტურულად ჩამორჩენილი კუთხეები რჩებიან სრულიად უყურადღებოდ. ეს ხდება, ან იმიტომ, რომ ვერ ახერხებენ, ან და შეიძლება ვერ ახერხებდნენ სათანადო გავლენას, სადაც ჯერ არს, ვერ ადგენენ შესაფერ უზრუნველყოფას სესხისას, შემწეობის საჭიროების დასაბუთებას და სხვა. როდესაც სათესლეზე მიდგება საქმე, განსაკუთრებით სესხათ თესლის მიცემაზე, მოხდება იგივე მოვლენა, - დაწინაურებული ერობები შესძლებენ თავის დროზე შუამდგომლობის აღძვრას და დროზეც მიიღებენ, მაგრამ ჩამორჩენილი ერობები ამას ვერ მოახერხებენ და დარჩებიან დახმარების გარეშე. მე მინდა მთავრობას და სათანადო სამინისტროს ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ მათ უდიდესი ყურადღება მიაპყრონ იმ ჩამორჩენილ კუთხეებს, როგორიც არის განსაკუთრებით ქართლის და კახეთის ზოგიერთი კუთხეები. საზოგადოდ ერობათა პრინციპი ასეთია, რომ ყველაზე ძლიერი ერობები ვალდებულია დახმარება გაუწიონ იმ ერობებს, რომლებიც უღარიბესი და სუსტები არიან. ჩვენში კი - ეს ნამდვილი ერობათა პრინციპი, რომელიც დახმარების აღმოჩენაში გამოიხატება და რომელიც მიისწრაფის ერობათა მდგომარეობის გათანასწორებისაკენ - არ არის გატარებული ცხოვრებაში და მთავრობაც უფრო იმ ერობას ეხმარება, რომელიც ძლიერია. და ამ დახმარების დროს კი სწორედ ეს პრინციპი უნდა იქნას გატარებული და მხედველობაში მიღებული.

თავმჯდომარე. სხვას ხომ არავის ნებავს სიტყვა? არავის. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

კ. ნინიძე. მე არაფერი მაქვს სათქმელი. (კითხულობს დეკრეტს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დეკრეტი ყარაიაზის არხის მდინ. მტკვრის გასაწმენდად 150.000 მან. გადადებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კ. ნინიძეს.

კ. ნინიძე. როგორც ცნობები გვაქვს, გაფუჭებულია ყარაიაზის არხი, საიდანაც იწყება მტკვრის სათავე და აი, მტკვრის სათავის გასაწმენდად თხოულობენ 150 ათას მანეთს. ეს ხარჯთ-აღრიცვა განიხილა აგრარულმა და საფინანსო კომისიამ და მიიღო.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთოდ დეკრეტის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ 1-ლი მუხლი.

კ. ნინიძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. ვინ არის საერთოდ მთელი დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დეკრეტი სასოფლო მეურნეობის მავნებელთა წინააღმდეგ მებრძოლ ბიუროს 1919-20 წ.წ. დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვით 260,615 მან. და 16 კ. გადადებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კ. ნინიძეს.

კ. ნინიძე. (კითხულობს დეკრეტს) ამ ფულს თხოულობს სამინისტრო იმ ბიუროს შესანახად, რომელიც არსებობს სამინისტროსთან და რომელიც უწევს მეცნიერულ ხელმძღვანელობას მეურნეობის მავნე ცხოველთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბიურო უწინ არსებობდა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან, ეხლა კი სამიწადმოქმედო სამინისტროსთან არის მოწყობილი. და ეს ზემო-აღნიშნული თანხა საჭიროა იმ მოხელეთა ჯამაგირებისთვის, რომლებიც ამ ბიუროში მსახურობენ. 1919 წლის 1-ლ მკათათვიდან.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

კ. ნინიძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ).

თავმჯდომარე. ვინ არის საერთოდ დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.

მდივანი. აქ არის განცხადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ სამეურნეო კომისიაში ნაცვლად წულაძის და სულაქველიძისა ასახელებენ... (არ ისმის).

(კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა შემდეგი კრების დღიურ წესრიგის შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. შემდეგი კრების დღიური წესრიგი მიღებულია.

სხდომას დახურულად ვაცხადებ. სხდომა იხურება 2 ს. 25 წ.

13 სამოცდამეთორმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(72)

პარასკევი, 1919 წელი, დეკემბრის 19. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი

გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი

სიმონ მდივანი და

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის 12 ს. და 15 წ.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის საბჭოს დებულების დამტკიცების კანონისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი - სახალხო გვარდიის კანონისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი - აფთიაქის პატრონთა და მოსამსახურეთა ზოგიერთი დანაშაულისათვის სასჯელის შეცვლის კანონისა. მომხსენებელია ივ. გომართული.

4. საბოლოო ტექსტი - თუშების საზოგადოების (წოვისა, ჩაღმისა, პირიქითისა და გომეწარის) თიანეთის მაზრიდან თელავის მაზრაში გადარიცხვის დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი - დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. საბოლოო ტექსტი - სახალხო განათლების სამინისტროს მიერ 1918 წ. - 1919 წლებში გაღებულ ხარჯების დასაფარავად ნახევარ მილიონ მანეთის გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. საბოლოო ტექსტი - საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებლად 5.600.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

8. საბოლოო ტექსტი - აბასთუმნის კურორტის განადგურებულ შენობათა აღსადგენად 611.705 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

9. საბოლოო ტექსტი - რესპუბლიკის მცხოვრებთა შორის გასანაწილებელ სათესლეს შესაძენად 3 მილიონი მანეთის გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

10. საბოლოო ტექსტი - ყარაიაზის არხის სათავესთან, მტკვრის გასაწმენდად 150.000 მ. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

11. საბოლოო ტექსტი - სასოფლო მეურნეობის მაზიანებელთა წინააღმდეგ მებრძოლ ბიუროს 1919-1920 წწ. დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვით 250.616 მან. და 15 კაპ. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

12. დეკრეტი - ყარაიაზის სარწყავი, არხის შესაკეთებლად 3.560.000 მან. გადადებისა და ამავე სისტემისათვის 400.000 მან. სათადარიგო თანხის დაარსების შესახებ მომხსენებელია კირ. ნინიძე.

13. დეკრეტი - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წლის თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

14. დეკრეტი - საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა ქონების გაძლიერებისა და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისა. მომხსენებელია პავ. საყვარელიძე.

15. დეკრეტი - სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების 1919 წლის მაისის 20-ს და აგვისტოს 2-ის დეკრეტების შეცვლისა - განათლების უწყების ყოველი ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა შესახებ. მომხსენებელნი არიან გრ. ნათაძე და მ. იმნაიშვილი.

16. დეკრეტი - ფოსტა-ტელეგრაფის კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა. მომხსენებელია ბიქ. თევზაია.

17. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო მომარაგების სამინისტროს დამთავრებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

.

18. დეკრეტი - სახალხო გვარდიის შესანახად 20.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოსული სოც.-დემოკ. ფრაქციისა: პირველი წინადადება არის, რომ დეკრეტი ¹13 დროებით მოიხსნას, რადგან იგი რთულ საკითხს ეხება და განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს. აგრეთვე დეკრეტები №15 და ¹16 გადადებულ იქმნან შემდეგი სხდომისათვის. ასეთი არის დღიურ წეს-რიგის შეცვლის შესახები წინადადებანი. აგრეთვე წინადადება არის, დეკრეტი №18 დაისვას საბოლოო ტექსტების შემდეგ და დღესვე იქნეს მიღებული. ხომ არავის სურს სიტყვა წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება მოხდეს? წინააღმდეგი არავინაა. წესრიგი მიღებულია. პირველ საკითხზე მოგახსენებთ ბატონი გომართელი.

ივანე გომართელი (კითხულობს წესრიგის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და 11 მუხლში აღნიშნულ კანონთა საბოლოო ტექსტებს, რომელნიც კრების მიერ დამტკიცებულ იქმნა).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი.

დეკრეტი სახალხო გვარდიის შესანახად 20.000.000 მან. გადადებისა.

მომხსენებლად აღნიშნული იყო ბ. სიმონ მდივანი, მაგრამ წინადადება მაქვს, რომ მომხსენებელი იქნება ბ. ზაქ. გურული. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ზაქარია გურული. (ს.-დ.) ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ სახალხო გვარდიას, მისგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო, დღემდის ბიუჯეტი არ ჰქონია შედგენილი. მისი ხარჯთ-აღრიცხვა მხოლოდ ახლა შედის ფინანსიურ კომისიაში. ამის გამო იმას დარჩა კრედიტი მხოლოდ ის, რაც ჰქონდა შარშან ე.ი. 4 მილიონი მანეთი თვეში. ამავე დროს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ყველა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეთ მოემატებოდათ ჯამაგირი, სახალხო გვარდიის ჯამაგირად გადიოდა თვეში (კითხულობს) მაგრამ ჯამაგირი არ შეადგენს უმთავრეს გასავალს სახალხო გვარდიის ხარჯთ-აღრიცხვაში. მას შემდეგ, რაც ეს მომატების დეკრეტი გამოვიდა, სახ. გვარდიას გაუდიდდა დაახლოვებით 7 მილიონ მანეთამდე თვეში, მარტო ჯამაგირი. დეკრეტი კი აქვს გახსნილი მხოლოდ 4 მილიონ მანეთის თვეში. ამიტომ ეს მომატება, რომლის შესახებ დეკრეტი კარგა ხანია მიღებულია და რომლის დეკრეტის ძალითაც სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა მოსამსახურეებმა და რესპუბლიკის ჯარმაც მიიღო ჯამაგირი უკვე, გვარდიას და მის მოსამსახურეთ ჯერ არ მიუღია, რადგან ფული არ ყოფნის. ამის გამო, ვინაიდან ეს ხარჯთ-აღრიცხვა არ შემდგარა იმავე წესით, როგორც სხვა დაწესებულებაში, სამხედრო სამინისტრო, რომლის ხარჯთ-აღრიცხვაში შედის გვარდიის შენახვა, ადგენს დეკრეტს, რომ მიცემულ იქმნეს სახ. გვარდიის შესანახად სამხედრო მინისტრის განკარგულებაში ეს 20 მილიონი მანეთი, რომელიც გამოირიცხება მდგომარე წლის ხარჯთ-აღრიცხვიდან.

როგორც მოგეხსენებათ, დეკრეტი სასწრაფო არის იმის გამო, რომ ეს ჯამაგირები, რომლებიც მომატებულია და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა უკვე მიიღეს, გვარდიას და მის მოსამსახურეთ არ მიუღიათ.

ამის გამო სამხედრო კომისია შუამდგომლობს, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნეს.

თავმჯდომარე. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სახელით ბ. მდივანს ეკუთვნის სიტყვა.

. მდივანი. (ს.-ფ.) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის აზრი ის არის, რომ ეს დეკრეტი და ეს შუამდგომლობა იქნეს მიღებული. ცნობად მოგახსენებთ, რომ კონტროლის და ფინანსთა მინისტრის აზრიც ის არის, რომ უნდა იქნეს გაღებული 20.000.000 მილ. მან. გვარდიის შესანახად, ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის თუ ვინმე ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ დეკრეტი მუხლობრივ იქნეს განხილული? წინააღმდეგი არავინაა. (მომხსენებელს) გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ დეკრეტი.

. გურული. (კითხულობს. დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. დეკრეტი მიღებულია და ვსთხოვ სარედაქციო კომისიას ახლავე დაამზადოს შემდეგი სხდომისთვის.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი საქართველოს სხვა და სხვა კულტურულ განმანათლებელ დაწესებულებათა ქონების გაძლიერებისა და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ საყვარელიძეს.

პავლე საყვარელიძე. (ს.-დ.) ბ-ბო! ეს დეკრეტი ეხება ჩვენში, საქართველოში არსებულ სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებათა ქონებას გაძლიერებას და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებას.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, თუ მართლა, ის ღირსია ატაროს ეს დიდი სახელი, ყოველთვის ყოველგვარ აქტიურ დახმარებას უნდა უწევდეს კულტურულ დაწესებულებათა აღორძინებას და აყვავებას. უამისოდ სახელმწიფო კარგავს აზრს. მოგეხსენებათ დიდი სოციალისტის ლასალის შეხედულება: მისი აზრით სახელმწიფო ემსახურება კულტურულ მიზნებს. ამ აზრში, ამ დებულებაში დიდი ჭეშმარიტება არის. მით უფრო ეს ითქმის ჩვენ სახელმწიფოზე, რადგან ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიულია, ემსახურება ხალხს, დემოკრატიას, მას არ შეუძლია გულგრილად უყუროს სულიერს და კულტურულ საკითხებს. ამიტომ საფინანსო, ხელოვნების და განათლების კომისიებმა წარმოადგინეს დღევანდელი პროექტი. უნდა მოგახსენოთ, რომ სანამ დამოუკიდებელი ვიქნებოდით, ამ უკანასკნელ საუკუნის განმავლობაში დიდი როლი ითამაშეს ე.წ. კულტურულმა საზოგადოებებმა. მათი მეოხებით არსებობდა მთელი კულტურული მუშაობა, ჩვენი ეროვნული შემოქმედება. ეს საზოგადოებანი დღესაც არსებობენ და ემსახურებიან იმავე საქმეს. ეს არის კულტურული აღორძინების საქმე.

ამის გარდა, თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს დამსახურებული მოღვაწენიც. როცა ბნელეთით იყო მოცული ჩვენი ცხოვრება, ისინი იბრძოდენ, იღვწოდენ ჩვენი ერისათვის, ხალხისათვის და კულტურისათვის. ამიტომ ამ მოღვაწეთა დახმარება აუცილებელია სახელმწიფოს მხრივ, თუ ის მართლა დემოკრატიულია და მას მართლა რესპუბლიკანური ხასიათის მართველობა აქვს.

მაშასადამე კულტურულ საზოგადოების დახმარება აუცილებლად საჭიროა. ჩვენ გვაქვს მუსიკალური საზოგადოება. - თქვენ იცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისთვის მუსიკას. ჩვენში არსებობს ხელოვანთა საზოგადოება, - თქვენ იცით, თუ რა არის ხელოვნება, თეატრი და სხვ.

ასეთი საზოგადოებანი, რომელნიც ასრულებდნენ დიდ როლს, თხოულობენ დახმარებას და სახელმწიფო ვალდებულია მათ მიეშველოს.

მეორეს მხრივ ისეთ მოღვაწეებს, რომელნიც შიმშილს იტანდენ, მაგრამ მაინც იბრძოდენ ხალხისათვის, ასეთ მოღვაწეებისადმი ვალდებული ვართ ყურადღება გამოვიჩინოთ.

უნდა იცოდეთ, რომ ხელოვნების ყველა დარგი ემორჩილება განათლების სამინისტროს. მთავრობაში და დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომისიაში მრავალი თხოვნა შემოდის ამ საზოგადოებათაგან და დამსახურებულ მოღვაწეთაგან. თხოულობენ დახმარებას სახელმწიფოსაგან, დამფუძნებელ კრებისაგან. მთავრობა, კერძოდ განათლების სამინისტრო ამ მოთხოვნილებას ხშირად ვერ აკმაყოფილებს და თუ ხანდახან აკმაყოფილებენ, ეს დაკმაყოფილება ხდება ნაწილობრივ, უსისტემოდ.

თქვენ ხშირად წაიკითხავთ გაზეთში, რომ მთავრობამ დახმარება გაუწია ამა და ამ დაწესებულებას, ხელოვნების კომისიამ დაადგინა მიეცეს ამასა და ამას ამდენი და ამდენი და სხვ. ესეც დახმარება არის. მაგრამ ამგვარ დახმარებას არა აქვს წესიერი სახელმწიფოებრივი ხასიათი და ჩვენ გვინდა დღევანდელი პროექტით ეს მოვაწესრიგოთ ისე, რომ დახმარება იყოს ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებული. ალბად თქვენ მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტროს მიერ აღიძრა საკითხი ამ დახმარების შესახებ და სათანადო პროექტი შემოტანილი იყო დამფ. კრებაში. ეს იყო დეკრეტი გასართობ დაწესებულებათა ბილეთების დაბეგვრის შესახებ. ეს დეკრეტი განიხილა კომისიამ, მაგრამ იმავე კომისიების მოთხოვნით მოხსნილ იქმნა დღიური წესრიგიდან და დაუბრუნდა იმავე კომისიებს კიდევ შესამუშავებლად.

საფინანსო-საბიუჯეტო, განათლების და ხელოვნების კომისიებმა ერთად შეიმუშავეს ეს დეკრეტი, რომელსაც ეხლა განიხილავთ. ამ დეკრეტში სამი რამ არის აღსანიშნავი. ერთი ის, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ეს არის აუცილებელი პირობა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს კულტურულ საზოგადოებათ და მოღვაწეთ. მეორეს მხრივ დეკრეტში არის აღნიშნული, რომ განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს მუდმივი ფონდი, მუდმივი წყარო ამ საჭიროებისთვის. დღეს მას არაფერი არ აქვს, რომ დახმარება აღმოუჩინოს ამა თუ იმ საზოგადოებას და მოღვაწეთ.

ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ სხვა და სხვა გასართობებში, უმთავრესად კლუბებში, შესასვლელი ბილეთები დაბეგვრილი იყოს. ამით განათლების სამინისტრო მიიღებს დიდ თანხას და ეს იქნება მუდმივი წყარო ყოველგვარ დახმარების აღმოსაჩენად. მაგრამ დაბეგვრა, თავის-თავად ცხადია, ასე მალე ვერ მოეწყობა, საფინანსო სამინისტრომ კიდეც, რომ ეხლავე შემოიტანოს კანონპროექტი ბილეთების დაბეგვრის შესახებ, ახლო მომავალში მისი განხორციელება მაინც შეუძლებელია. შეიძლება ექვსი თვის, ან ერთი წლის შემდეგ შეგროვდეს თვალსაჩინო თანხა. მაგრამ ხსენებული კულტურული დაწესებულებანი და საზოგადო მოღვაწენი იმდენად უკიდურეს გაჭირვებას განიცდიან, რომ დახმარების აღმოჩენა დღესვე უნდა მოეწყოს. ამიტომ კანონ-პროექტის მეორე ნაწილში ჩვენ ვთხოულობთ, რომ დამფუძნებელმა კრებამ ერთდროულად გადადოს განათლების მინისტრის განკარგულებაში ერთი მილიონი მანეთი, რომლითაც შესაძლებელი იქნება დროებით დახმარების აღმოჩენა. ამავე დროს ხელოვნების კომისია სთხოვს დამფუძნებელ კრებას წინადადება მისცეს განათლებისა და საფინანსო სამინისტროებს, შემოიტანონ დამუშავებული კანონ-პროექტი ბილეთების დაბეგვრის შესახებ.

მაშასადამე, აქ არის ორი მხარე - განათლების მინისტრის განკარგულებაში ერთი მილიონი მანეთის გადაცემა, მეორე - აღნიშვნა იმ გზისა, რომელიც მუდმივ თანხას გაგვიჩენს. უნდა მოგახსენოთ, რომ საფინანსო სამინისტრო სახელმწიფო კონტროლი ეთანხმება ჩვენი კომისიის აზრს. მხოლოდ სახელმწიფო კონტროლს შემოაქვს ერთგვარი შესწორება. ის იმ აზრისა არის, რომ ფული გადაეცეს არა განათლების სამინისტროს, არამედ მთავრობას. ჩვენ კი გვგონია, რომ ფული უნდა გადაეცეს განათლების სამინისტროს, ვინაიდან იგი სდგას ამ საქმის სათავეში, მას ემორჩილება ყველა დარგი ხელოვნების და იგივე განათლების სამინისტროა პასუხისმგებელი ამ სფეროში. რაც შეეხება იმას თუ რა წესით დახარჯავს განათლების სამინისტრო ამ ფულს, ცხადია უნდა იქნეს შემუშავებული მის მიერ შესაფერი ინსტრუქცია, რომლის თანახმად მოხდება დახმარების აღმოჩენა და ფულის განაწილება. რასაკვირველია, ეს ერთი მილიონი ძლიერ ცოტა არის, მაგრამ სულ არაობას მაინც სჯობია და ჩვენ ვთხოულობთ გადაიდოს ეს თანხა და მეორეს მხრით სამინისტრომ მიიღოს ზომები მუდმივი ფონდის შესაქმნელად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის დეკრეტის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგ? - არავინ. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ (მომხსენებელი კითხულობს დეკრეტის სათაურსა და პირველ მუხლს). ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის პირველი მუხლის წინააღმდეგი? - არავინ. მიღებულია. გთხოვთ, შემდეგი მუხლი. (მომხსენებელი კითხულობს მეორე მუხლს). (იმავე წესით მიღებულია მეორე და მესამე მუხლი) ვინ არის საერთოდ კანონპროექტის წინააღმდეგ? - წინააღმდეგი არავინ არის, მიღებული გახლავთ. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. კ. ნინიძეს.

. ნინიძე. მიწად-მოქმედების სამინისტრო თხოულობს ერთი იმას, რომ მის განკარგულებაში გადაიღოს ხაზინიდან 3.560.000 მ. ყარაიაზის არხის შესაკეთებლად და მეორე - შესდგეს ერთგვარი ფონდი 100.000 მანეთისა, რომელიც შემდეგ გადასახადის სახით განაწილდება იმათ შორის, ვინც ამ აზრით სარგებლობს და ეს შევა ხაზინაში. ეს აზრი, როგორც მოგეხსენებათ, რწყავს ქარაიაზის დიდ ველს. აზრი დიდი ხანია არ შეკეთებულა და თუ არ შესწორდა თავის დანიშნულებას ვეღარ შეასრულებს, ეს ველი დარჩება მოურწყველი და ამით საქმე დიდათ დაზარალდება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? - არავის. მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი თუ ვინმე არის? - არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ ბ. მომხსენებელო. (მომხსენებელი კითხულობს. ჩვეულებრივი წესით ოთხივე მუხლი და საერთოდ დეკრეტი მიღებულია კრების მიერ).

სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

გომართელი. (კითხულობს გვარდიის შესანახად 20.000 მ. გადადების დეკრეტის საბოლოო ტექსტს, რომელიც მიღებულია).

თავმჯდომარე. ბატონებო, შემოსული გახლავთ წინადადება სხდომის შეწყვეტის შესახებ. დღეს დანიშნული გახლავთ სამოქალაქო პანაშვიდი ეკატერინფელდის ომში დაღუპულ მეომართა შესახებ და დამფუძნებელ კრების წევრებს საშვალება უნდა მიეცეთ პანაშვიდს დაესწრონ. ვინ არის წინადადების წინააღმდეგი? - არავინ. სხდომა შესწყდება. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი. (დღიურ წესრიგს კითხულობს).

კრება იხურება ნაშუადღევის 2 ს. და 5 წ. 271

14 სამოცდამეცამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(73)

სამშაბათი. 23 დეკემბერი, 1919 . ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხ.

ქრისტინე შარაშიძის ასული.

პრეზიდიუმში არიან

სიმონ მდივანი და

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია, მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - საქართველოს სხვა დ სხვა კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა საშუალების გაძლიერებისა და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ყარაიაზის მამულის სარწყავი არხის შეკეთებისათვის 3.560.000 მან. გადადებისა და იმავე სისტემისათვის სათადარიგო-საამშენებლო 400.000 მან. თანხის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. დეკრეტი - სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების 1919 წ. მაისის 20-სა და აგვისტოს 2-ს დეკრეტების შეცვლისა - განათლების უწყების ყოველი ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა შესახებ. მომხსენებელნი არიან გრ. ნათაძე და ნიკ. იმნაიშვილი.

4. დეკრეტი - ფოსტა-ტელეგრაფის კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა. მომხსენებელია ბიქ. თევზაია.

5. დეკრეტი საზღვარ-გარედ სადიპლომატიო და საკონსულო დაწესებულებათა შესანახად და სხვა ხარჯებისათვის გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 22.600,000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ბიქ. თევზაია.

6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა გასული სახარჯთ-აღრიცხვო წლის დაუფარავი ხარჯების განაღდების შესახებ. მომხსენებელია სიმ. მდივანი

.

7. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის საპენსიო კომიტეტისათვის 4.200,000 მან. გადაცემისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე.

8. დეკრეტი - სამხედრო საჭიროებისათვის 30.000,000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.

თავმჯდომარე. ეხლა მოგხსენდებათ საბოლოო ტექსტი დეკრეტისა საქართველოს კულტურულ დაწესებულებათა საშუალებათა გაძლიერებისა და დამსახურებულ მოღვაწეთა დახმარებისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

მომხსენებელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? საბოლოო ტექსტი დეკრეტისა მიღებული გახლავთ. ქ-ნო მომხსენებელო, გთხოვთ ახლა მოახსენოთ მეორე დეკრეტის საბოლოო ტექსტი.

მომხსენებელი (კითხულობს საბოლოო ტექსტს დღიური წესრიგის მეორე მუხლში აღნიშნულ დეკრეტისა).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ დეკრეტის საბოლოო ტექსტისა? მაშ ეს საბოლოო ტექსტი მიღებული გახლავთ.

დეკრეტი სახაზინო რკინის გზის საპენსიო კომიტეტისათვის 4.200.000 მან. გადაცემის შესახებ.

მომხსენებელნი არიან პ. წულაია და გრ. ურატაძე.

პავლე წულაია (ს.-დ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! წარმოდგენილი დეკრეტი რთულია: ის სამი ნაწილისაგან შესდგება და ჩვენი რკინის გზის მუშა-მოსამსახურეთათვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. ამიტომ ნებას მივცემ ჩემს თავს რამოდენიმეთ მაინც შევაჩერო თქვენი ყურადღება ამ დეკრეტის წარმოშობის ისტორიაზე.

1894 წ. 1 იანვარს მთელი რუსეთის სახაზინო რკინის გზებზე დაარსდა საპენსიო კასა. საპენსიო კასაში ფული მიდიოდა მუშა-მოსამსახურეებისაგან, რომელთაც ყოველ-თვიურად ჯამაგირიდან ერიცხებოდათ 6 პროც. ამავე კასაში ხაზინა სდებდა თავის მხრივ განსაზღვრულ თანხას, 6 1/2%25. ასე რომ ყოველ მოსამსახურეს სამსახურიდან დათხოვნის დროს ეძლეოდა კუთვნილი ფული, რომელიც გროვდებოდა მათ მიერ გაღებული ფული პროცენტის, სახით ნამსახურობის მიხედვით.

1899 წ. ამ ხსენებულ კასას დაევალა მუშა-მოსამსახურეების უბედურ შემთხვევებისაგან დაზღვევის წარმოება, მხოლოდ დაზღვევის საქმე სავალდებლო არ იყო. 1912 წელს კი ხსენებულ კასას დაავალეს მუშა-მოსამსახურეების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა და მათი ოჯახისათვის დახმარების აღმოჩენა. 1916 წ. 9 სექტემბერს უმაღლესად გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად 1917 წ 1 იანვრამდე ხსენებულ კასას უნდა ეწარმოებია დახმრება ყველა მუშა-მოსამსახურეთათვის, განურჩევლად იმისა, დღიური იყო ის, თუ თვიური. იმავე გამოცემულ წესის თანახმად უფლებები რკინის გზის მოსამსახურეებისა შესამჩნევად გაფართოვდა. თუ, მაგალითად, წინეთ საპენსიო კასიდან აძლევდენ ნაწილს, ამ დებულების თანახმად უნდა მიეცათ მთელი თანხა იმისდა მიუხედავად მოსამსახურის მიერ იყო ეს თანხა შემოტანილი, თუ ხაზინის მიერ. გარდა ამისა იქ იქმნა შეტანილი მუხლი, რომ ამავე ფულს ემატებოდა კიდევ სხვა და სხვა წვრილმანი შემოსავალი რკინის გზიდან. ხსენებული კასის საქმის გასაძღოლად, პეტროგრადში არსებობდა ერთი ცენტრალური კომიტეტი, რომელსაც სახელად ეწოდებოდა „საპენსიო კომიტეტი“. გარდა ამისა ყველა რუსეთის რკინის გზებზე ადგილობრივად არსებობდნენ კომიტეტები, რომლებიც განაგებდნენ ადგილობრივად მუშა-მოსამსახურეთა საქმეებს. ასეთი კომიტეტი არსებობდა ამიერ-კავკასიის რკინის გზებზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მოხსენებული თავისუფალი თანხის დიდი ნაწილი გადადიოდა პეტროგრადის კომიტეტში, აქ კი ადგილობრივად იტოვებდნენ მცირე ნაწილს.

ამრიგად ამ დებულების თანახმად 1917 წ. დამლევამდის და 1918 წ. მაისამდე პეტროგრადის საპენსიო კასაში ირიცხებოდა სულ 200 მილიონ მანეთამდე მთელი რუსეთის რკინის გზების ფული. ამ თანხაში ამიერ-კავკასიის ფული. შედიოდა 12 მილიონი მან., საქართველოს რკინის გზების კი - მილიონი. ამ 7 მილიონიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს ნახევარ მილიონზე ცოტა მეტი ითვლებოდა საქართველოს რკინის გზების კასაში. რასაკვირველია, ეს თანხა სრულიად არ იყო დამაკმაყოფილებელი მუშა-მოსამსახურეთა საჭიროების. მუშა-მოსამსახურენი, გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფნი მოდიოდნენ და თხოულობდნენ ფულს, საპენსიო კომიტეტი კი ვერ აკმაყოფილებდა.

ამრიგად 1919 წ. 24 თებერვალს რკინის გზის ადმინისტრაცია იძულებული იყო გაეცა ბრძანება, რომ არავითარი დახმარება არ მისცემოდა მუშა-მოსამსახურეებს. ამ განკარგულებამ, რასაკვირველია, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მუშა-მოსამსახურეებში. ამ შემთხვევაში რკინის გზის უწყებაც მართალი იყო და მუშა-მოსამსახურენიც მართალნი იყვნენ თავის მხრივ. რკინის გზის უწყებას ფული არ ჰქონდა, ხოლო მუშა-მოსამსახურეებს დახმარება სჭირდებოდა და ფულს თხოულობდნენ. დროთა ვითარების გამო, როდესაც რკინის გზის უწყება დარწმუნდა, რომ რუსეთიდან ვერაფერს მიიღებდა, ხოლო მუშა-მოსამსახურენი ცუდ მდგომარეობაში არიან, მიიღო ზომები, რომ შედგენილიყო დეკრეტი, რომლის ძალით დარჩენილ მუშა-მოსამსახურეებს მიეცემოდათ დახმარება. ასეთი დეკრეტი შემუშავებულ იქმნა და წარედგინა მთავრობას. მთავრობამ კი ეს დეკრეტი გადასცა სახელმწიფო კონტროლს, სახელმწ. კონტროლმა ვერ დაინახა შესაძლებლად ამ დეკრეტის დადასტურება იმ მოსაზრებით, რომ ამდენი ფული არა გვაქვსო. ამგვარად ეს დეკრეტი დაუბრუნდა ისევ მთავრობას; მთავრობამ შეადგინა კომისია, რომელშიაც შევიდენ წარმომადგენელნი სახელმწიფო კონტროლის, ფინანსთა უწყებისა, შრომის სამინისტროსი და მთავრობისა.

ამ კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი, მიიღო ეს უცვლელათ და გადასცა ისევ მთავრობას, მხოლოდ იმ შენიშვნით, რომ ეს გატარებულიყო კანონმდებლობის გზით, ამის შემდეგ ეს დეკრეტი წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, რომელმაც ის გადასცა გზათა კომისიას განსახილველათ. გზათა კომისიამ განიხილა ეს და მიიღო უცვლელათ, მხოლოდ საჭიროდ დაინახა სათაური და დაბოლოვება დაემატებია.

როგორც თავშივე მოგახსენეთ, დეკრეტი შესდგება 3 ნაწილისაგან, დაწვრილებით მუხლობრივათ წაკითხვის დროს განვიხილავთ, ახლა კი გთხოვთსაგზაო კომისიის სახელით, რომ ეს დეკრეტი დაადასტუროთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მეორე მომხსენებელს, ბ. ურატაძეს.

გრ. ურატაძე. (ს.-დ.) დეკრეტი 4 მილიონი მანეთის გადადების შესახებ, რომლის შესახებ საგზაო კომისიის წარმომადგენელმა აქ მოგახსენათ, განიხილა და დაადასტურა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ, და შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რომ ის უცვლელათ იქნეს მიღებული.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? ბ. მომხსენებელო გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი

მომხსენებელი. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივათ).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა საერთოდ? - მაშ დეკრეტი მიღებული გახლავთ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

დეკრეტი სამხედრო საჭიროებისთვის სამხედრო მინისტრის განკარგულებაში 30 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ბ. გრ. გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) სამხედრო სამინისტრო ითხოვს 30 მილიონ მანეთს სამხედრო ფონდისათვის. ასაბუთებს თავის მოთხოვნილებას მით, რომ დღევანდელ პირობებში აუცილებლათ საჭიროა არაჩვეულებრივი ზომების მიღება და ჯარის სხვა და სხვა ადგილას გადაჯგუფება, აგრეთვე სათადარიგო ჯარისათვის საჭირო ნივთების დამზადება. სახელმწიფო კონტროლი წინააღმდეგი არ არის იმისა, რომ ეს თანხა, როგორც სამხედრო ფონდი, სამხედრო სამინისტროს მიეცეს, მაგრამ ის დასძენს, რომ დეკრეტი ისეთი რედაქციით იქნეს შედგენილი, რომ ეს ფული დაიხარჯოს მხოლოდ ისეთ სამხედრო მოთხოვნილებისათვის, რომელთაც არაჩვეულებრივი ხასიათი აქვთ და რომლის გათვალისწინება ჩვეულებრივ ხარჯთ-აღრიცხვაში შეუძლებელია. ამ შენიშვნის თანახმათ, საბიუჯეტო კომისიამ, რომელშიაც გადმოვიდა მთავრობის დადგენილება, დაადგინა, რომ ეს თანხა გადაეცეს სამხედრო სამინისტროს. - დეკრეტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ ეს თანხა უნდა გადაეცეს სამხედრო სამინისტროს და მთავრობას, როგორც ეს წინეთ ქონდა დადგენილი დამფუძნებელ კრებას. მეორე მუხლში კი აღნიშნულია ყველა ის საჭიროებები, რისთვისაც უნდა დაიხარჯოს ეს 30 მილიონი: 4 მილიონი მან. უნდა მოხმარდეს სამხედრო ქონების გადაზიდვას, 13 მილიონით უნდა გადახდილ იქნეს, ფეხსაცმელის შესაძენად, რომელიც სამხედრო სამინისტროს შეძენილი აქვს როგორც ამ ჟამათ საჭიროა, ისე სათადარიგო ჯარისთვის აუცილებელი და 12 მილიონი 400.000 მან. მოულოდნელი გარემოების მიხედვით არაჩვეულებრივი ხარჯებისათვის.

ამგვარათ, ეს დეკრეტი ამ რედაქციით აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილებებს სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსთა უწყებისა, რომელნიც პრინციპიალურად წინააღმდეგი არ არიან ამ თანხის გაღებისა. საბიუჯეტო-საფინანსო კომისია შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ ამ სახით ეს 30 მილიონი გადადებულ იქნას სამხედრო მინისტრის განკარგულებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გობეჩიას.

ივ. გობეჩია. (სოც.-რევ.) ჩვენს ფრაქციას სამხედრო სამინისტროსათვის არაჩვეულებრივ ხარჯების დასაფარავათ წარმოდგენილ დეკრეტის წინააღმდეგ მეხუთეჯერ უხდება გამოსვლა.

ჩვენ თავიდანვე მოვითხოვდით ბიუჯეტის დაჩქარებით განხილვას.

ჩვენ გვეგონა ბოლოს და ბოლოს განხილული იქნებოდა ბიუჯეტი და მით ბოლო მოეღებოდა ხალხის ქონების, ხალხის ფულების ასე უსისტემო და უთავბოლო ხარჯვას. სამხედრო სამინისტროს ხარჯები მთელი ბიუჯეტის ნახევარზე მეტს შეადგენს. მიუხედავათ ამისა, სამხედრო სამინისტრომ ამ უკანასკნელ ხანებში ერთი მეორეზე წაიღო სამხედრო საჭიროებისათვის 75 მილიონი მანეთი გარდა ამისა რამოდენიმე მილიონი ვალების დასაფარავათ წაიღო. ამ დეკრეტით სამხედრო სამინისტრო კიდევ 30 მილიონ მან. ითხოვს. სამხედრო სამინისტროს ხუთი თვეა რაც გადაყავს-გადმოყავს ჯარები და ამისათვის აუარებელ ფულს ითხოვს. როგორც ეტყობა ჯარების ასეთ გადაყვან-გადმოყვანას ბოლო არ უჩანს.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ასე უსისტემოთ და უთავბოლოთ იხარჯებოდეს ფულები - მილიონები.

ჩვენი ხალხი მასიურ შიმშილს განიცდის და ამ დროს ჩვენი მთავრობა მილიონებს ხარჯავს უთავბოლოთ, ბეჭდავს ბონებს და მით უფრო აუარესებს ჩვენ ფინანსიურ მდგომარეობას.

ასეთი ფინანსიური პოლიტიკა კარგს არაფერს უქადის ჩვენს რესპუბლიკას და ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია წარმოდგენილ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. სიტყვის მსურველი არავინ არის. სიტყვა ბ. გიორგაძეს ეკუთვნის.

. გიორგაძე. ეს განცხადება ესერებისა, როგორც უმეტეს შემთხვევაში, უცოდინარობასა და გაუგებრობაზედ არის აგებული. (ხმაურობა) მოითმინეთ, ბატონებო, ცნობებს მოგაწვდით და გაიგებთ. მე ლექციას არ წავიკითხავ. არაჩვეულებრივ ხარჯების გაღებას არავითარი კავშირი ბიუჯეტთან არა აქვს. ნორმალურ პირობებში ვერც ფინანსთა მინისტრი და ვერც სხვა ვერ იტყოდა, რომ დენიკინი გემს მოიტაცებდა. ბიუჯეტი ვერ დაიწერება, რომ ეს და ეს მტერი შემოგვესიაო. (ვეშაპელი: ფეხსაცმელებიც არ დაიწერება?) დიახ, ბიუჯეტში ეს არ იწერება. იწერება ის ფეხსაცმელები, რომელიც საჭირო არის, მაგრამ რაც სათადარიგოდ არის... (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის). რაც დაგვჭირდება ის იწერება. რაც მოგვეცით ის დახარჯული არის. ეს მოხსენდება სახელმწიფო კონტროლს და მერე ის უნდა მოსთხოვოთ თქვენ სახელმწიფო კონტროლს.

მე მინდა დავასაბუთო, აგიხსნათ ის, თუ რად შემოდის ხშირად სამხედრო სამინისტრო და თხოულობს კრედიტებს არაჩვეულებრივი ხარჯებისათვის. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არაჩვეულებრივ პირობებში. შეიძლება თქვენ გნებავთ, რომ დავასახელოთ რა არაჩვეულებრივი პირობები არის სხვა და სხვა ადგილს? ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. შეიძლება თქვენ გინდათ ვთქვათ რა გადაჯგუფება არის საჭირო? ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ეხლანდელი ცხოვრების პირობები ისეთი არაჩვეულებრივია, რომ ის თხოულობს არაჩვეულებრივ ხარჯებს.... (შენგელაია: ძველი სიმღერაა ეს!) ნორმალური პირობები რომ იყოს, ნორმალურ მუშაობაში არ იქნებოდა საჭირო არაჩვეულებრივი ხარჯები. ასეთი არაჩვეულებრივი ხარჯები არც ერთ უწყებისათვის არ არის ისე საჭირო, როგორც სამხედრო სამინისტროსათვის, იმიტომ, რომ რაც უნდა კარგი განწყობილება ჰქონდეს სახელმწიფოს სხვა და სხვა სახელმწიფოებთან, მაინც უნდა აღიაროთ, რომ მნიშვნელობა აქვს შეიარაღებულ ძალას უმთავრესად. თუ თქვენ ჯარს იარაღს აყრით, თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, ჩვენ მაშინ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდებით და შესაძლებელია დიდი მარცხი მოგვივიდეს. ოთხი მილიონი საჭირო არის, რომ ჯარი გადაჯგუფდეს. მარტო ჯარისკაცის და გვარდიელის ფეხით წაყვანა - ეს შეუძლებელია... (შენგელაია: ერთი თვე არ არის ფული რომ წაიღეთ ამისათვის?) თქვენ რომ იცოდეთ რა ხდება და რა ამბებია, რა სამზადისი არის საჭირო, მაშინ არ იტყოდით ამას, მაგრამ რადგანაც არა გაქვთ წარმოდგენა, ამბობთ. თუმცა თქვენ იცით, თქვენ გაქვთ იმის წარმოდგენა, თუ რა პირობებია, მაგრამ ამას მაინც ამბობთ... (თევზაია: ჯიუტი ხალხია!) მე ვამბობ, რომ არაჩვეულებრივი ხარჯები გამოწვეულია არაჩვეულებრივი პირობებით. თუ გინდათ გადაიყვანოთ ჯარი, მას უნდა თან გაჰყვეს სურსათი და სხვა ყოველგვარი მოწყობილება, მას უნდა გაჰყვეს, სამხედრო ტერმინოლოგიით რომ უწოდებენ „ობოზი“, ყველა ამას უნდა აუარებელი თანხები. ეს ხარჯები სწორედ ამ საქმეს ხმარდება. ჩაბრძანდით ამ სიძვირის დროს ეტლში და ერთი ადგილიდან მეორეზედ გადადით. რა დაგიჯდებათ? ეს კი ხშირად ხდება, რომ უნდა დაიქირავონ ეტლი. ეს ისეთი რამ არის, რასაც, სამწუხაროდ, ყოველთვის უნდა განმეორება.

საზოგადოდ, სახელმწიფო კონტროლი მაშინ მოუწერს ხელს ხარჯებზე, თუ იქნება ასიგნოვკაში ნაჩვენები, რომ ამა და ამ საჭიროებისათვის ამდენი და ამდენი არის საჭირო და თუ თქვენ გნებავთ, რომ არავითარი თანხიდან არავითარი თავდაცვა არ ვაწარმოვოთ, მაშინ ბრძანეთ. ამას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არა აქვს იმიტომ, რომ ბიუჯეტში მაგალითად არ დაიწერება, როდესაც დენიკინი შემოგვედავება და სხვა ასეთი შემთხვევანი. საჭირო არის თანხა, რომ ის ფეხსაცმელები, რომელიც შეიძინა სამხედრო უწყებამ საზღვარ-გარედ, გამოისყიდოს, ამ ფეხსაცმელების ფული გადაიხადოს. ამისათვის გადადებული არის ფული. ამის საბუთები აქვს მთავრობას, კონტროლის მიერ დამტკიცებუბული და კონტროლი ისე ბრმად არ იტყვის, რომ ეს ვალები საჭიროავო. ესერები განაცხადებენ, რომ ჩვენი გამოსვლები ყოველთვის საქმეს ეხება, რომ ფულები უბრალოდ იხარჯებაო და სხვა. შეიძლება სთქვათ, რომ ჯარის კაცებს ფეხსაცმელი აცვიათ, სხვა რათ არის საჭიროვო? მაგრამ ასეთი მსჯელობა შეუძლებელია. ხვალ ჩვენ რომ დაგვჭირდეს ჯარისკაცები, მოულოდნელად რომ დაგვჭირდეს მობილიზაციის გამოცხადება, რას აცმევთ ამ ხალხს? განა საკითხის დაყენება ასე შესაძლებელია? (ხმაურობა) აი, ამიტომ მოულოდნელი ხარჯები აქვს სამხედრო სამინისტროს. (შენგელაია: ყველა ხარჯები მოულოდნელია?) ისეთი ხარჯები, რომელთა დაგვიანებაზედ ლაპარაკი არ შეიძლება. აი, ამიტომ საბიუჯეტო კომისია, რომელიც იხილავს ყოველ ციფრს, რომელიც წარმოდგენილია და მის საფუძველს, - მხარს უჭერს ამ დეკრეტს და სთხოვს დამფუძნებელ კრებას, რომ ის მიიღოს. მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებლობის, თავდაცვის საკითხს, მაშინ... (ხმაურობა) და აქ რომ ვიძახოთ ფულები იხარჯება და კრედიტებს ნუ ვაძლევთო და გავხსნათ ფრონტი, განა ეს იქნება ხალხის სამსახური? (ხმაურობა მარცხნივ). განა ხალხი დაგიმადლებს ამას? პირიქით, ეს იქნება ხალხის ღალატი; და თუ სათადარიგო ზომებს მიიღებთ, მაშინ თუნდაც დამარცხებაც განვიცადოთ, ჩვენ ვიტყვით, რომ ყოველივე ზომები მივიღეთ, ყოველივე ღონე ვიღონეთ, ყოველი ხარჯები გავწიეთ. ასე გეტყვით ხალხს. და თქვენ კი გინდათ არავითარი სამზადისი არ იყოს, არავითარი ზომები მიღებული არ იქნას, და ამას თქვენ უწოდებთ თავდაცვას. როდესაც ლამაზი მომენტებია, აქ გამოდიან ესერები და იძახიან „ლამაზი საქართველო, კოხტა საქართველო, ჩვენი საქართველო“ და სხვა ამისთანებს. მე მახსოვს ერთხელ გამოვიდა აქ ბ. ლ. შენგელაია და მშვენიერი სიტყვა სთქვა, მაგრამ ეს მაშინ, როცა ლამაზი მომენტებია ხოლმე, ხოლო, როცა საქმე-საქმეზედ მივა, მაშინ ამბობს, რომ ხელები შეუკარით მთავრობასაო.. (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის.) დამისახელეთ სამზადისი, არის იმაში, რომ უნდა მოვემზადოთ, რომ როდესაც დაგვჭირდება მზამზარეულათ დაუხვდეთ მტერს. ასეთი ხარჯების გაღება არაჩვეულებრივ პირობებში ჩვეულებრივია ყველა სახელმწიფოსათვის. (შენგელაია: ვიცით თქვენი სტრატეგია!) დამისახელეთ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც არ სჭირდებოდეს არაჩვეულებრივი მდგომარეობის დროს არაჩვეულებრივი ხარჯები?! ჩვენ ყოველთვის გვჭირდება არაჩვეულებრივი ხარჯები, რომელსაც გადადებს პარლამენტი თუ დამფუძნებელი კრება, არაჩვეულებრივი ხარჯები გვინდა, - შეეხება საგარეო პოლიტიკას, თუ სამხედრო მოქმედებას. ან სხვა დარგს, თქვენ კი ყოველთვის იქნებით წინააღმდეგი ამ არაჩვეულებრივი ხარჯებისა... (გობეჩია: ხომ მოგეცით, სად დახარჯეთ? დაარიგეთ?) დამფუძნებელმა კრებამ მთავრობას მისცა და ეს კრედიტი ამოწურული და დახარჯულია... (შენგელაია: ანგარიშები?) ანგარიშებიც წარმოდგენილია შეგიძლიათ მიხვიდეთ სახელმწიფო კონტროლში და მოითხოვოთ ხელმოწერილი ქაღალდი და ყოველთვის მიიღებთ. (შენგელაია. არ შეგვიშვებენ?) ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ დამფუძნებელ კრების წევრი არ შეუშვან. ამის უფლება გაქვთ, თქვენ ბატონო, ქუჩებში დადიხართ და გაზეთებს კითხულობთ მდგომარეობას კი ანგარიშს არ უწევთ. თქვენ მხოლოდ პროპაგანდას ეწევით. თუ გინდათ საქმე გაიგოთ, რომ ეს 15 მილიონი რაშია დახარჯული მიბრძანდით და გაიგეთ. აი, ჩვენი აზრი ეს გახლავთ.

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა მუხლობრივი განხილვა დეკრეტისა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ 1-ლი მუხლი.

გიორგაძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულია წინააღმდეგ ს. რ. ფრაქციისა და გადაეცა სარედაქციო კომისიას. დეკრეტის საბოლოო ტექსტი წარმოდგენილ იქმნა ამავე სხდომაზე).

დეკრეტი ფოსტა-ტელეგრაფის კორესპონდენციის ნიხრის გადიდებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. (ს.-დ.) ბატონებო! შინაგან-საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ გადიდებულ იქმნას ნიხრი ფოსტა-ტელეგრაფის შინაგან კორესპონდენციაზე უმთავრესი საბუთი ამ გადიდებისა, რომელსაც მხარს უჭერს საბიუჯეტო კომისია ის არის, რომ ფოსტის კორესპონდენციის ნიხრი ამ ჟამად მეტად მცირეა, რადგან იმის შემდეგ, რაც ეროვნულმა საბჭომ მოუმატა. რამდენჯერმე დაეცა ჩვენი ფულის კურსი და ამავე დროს მეტად გადიდდა შენახვა ამ უწყებისა. საერთოდ უნდა იქმნეს დაცული ისეთი დებულება, რომ თვით ფოსტა-ტელეგრაფის შემოსავალი ფარავდეს მის გასავალს. და თუ დღევანდელი ნიხრი დარჩა, მაშინ, თავისთავად ცხადია, ეს შეუძლებელი იქნება და აუარებელ თანხის გაღება მოუხდება დამფუძნებელ კრებას სხვა წყაროდ. სახელმწიფო კონტროლი წინააღმდეგი იყო ნიხრის იმ სახით გადიდებისა, ან როგორც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე იმ მოსაზრებით, რომ ფოსტა-ტელეგრაფი ხელს უწყობს საერთო კულტურულ განვითარებას და მოითხოვდა გადიდება ყოფილიყო მხოლოდ 50 პროცენტით. აქ კი გადიდებულია 100 პროც., ზოგან 150 პროც. და 200 პროცენტით. მცირე ნიხრის დაწესება შეიძლებოდა იმ დროს, როცა სახელმწიფო ძლიერ მდიდარია და მას, აუარებელი წყარო აქვს შემოსავლისა რასაკვირველია, ეს ხელს შეუწყობდა ერთნაირ ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ეს ეხლა მოუხერხებელია, დღევანდელ განსაკუთრებულ პირობებში. ამიტომ საბიუჯეტო კომისიამ არ შეიწყნარა სახელმწიფო კონტროლიორის აზრი და მიიღო ეს ტარიფი, რომელიც იყო წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და თქვენს წინაშე. კომისია შუამდგომლობს, რომ დამფუძნებელმა კრებამ მიიღოს ეს დეკრეტი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საერთო მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ,

თევზაია (კითხულობს 1-დან 18 მუხლამდე 1-18 მუხ. მიღებულ იქმნა უცვლელად).

თავმჯდომარე. მე-18 მუხლის შესახებ გახლავთ შესწორება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ ადგილობრივ ნაცვლად ... მ., იყოს ... მ., სოხუმში ... მ., ნაცვლად ... მ., ხოლო დანარჩენ ადგილებში ... მ., ნაცვლად ... მ. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო!

თევზაია. მე წინააღმდეგი არა ვარ.

თავმჯდომარე. ვინ არის ამ შესწორების წინააღმდეგი? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი მე-18 მუხლისა შესწორებით? არავინ. მაშასადამე მუხლი შესწორებით მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

თევზაია (კითხულობს მე-19 მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მე-19 მუხლისა? არავინ. ამ მუხლის შესახებ არის შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის ასეთი შესწორება: „200-300 ვერსამდე ნაცვლად 90 კაპ., დაწესდეს 1 მანეთი, ხოლო 300-500 ვერსამდე - ნაცვლად 1 მ. 40 კ., დაწესდეს 1მ. 50 კ., 500 ვერსის ზევით კი ნაცვლად 1 მ. 50 კ., დაწესდეს 2 მანეთი“. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. მაშ კენჭს უყრი. ვინ არის ამ შესწორების წინააღმდეგი? არავინ. შესწორება მიღებულია. ვინ არის ამ მუხლის წინააღმდეგი შესწორებით? არავინ. მე-19 მუხლი შესწორებით მიღებულია.

გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

თევზაია (კითხულობს მე-26 მუხლს).

თავმჯდომარე. მე-26 მუხლში გახლავთ შემოტანილი შესწორება სოც.-დემ. ფრაქციისაგან: ქალაქში ნაცვლად 50 კაპ., დაწესდეს 1 მ., ქალაქ გარედ კი 1 მან. ნაცვლად 2 მანეთი.

ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ. ვინ არის ამ მუხლის წინააღმდეგი შესწორებით? არავინ. მუხლი მიღებულია ამ შესწორებით. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

თევზაია (კითხულობს. 27-33 მუხლამდე. მიღებულ იქმნა უცვლელად. შემდეგ კითხულობს მე-33 მუხლს).

თავმჯდომარე. მე-33 მუხლის შესახებ შემოტანილია ასეთი შესწორება სოც.-დემ. ფრაქციისაგან: „ნაცვლად 3 მანეთისა, დაწესდეს 5 მანეთი. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ. შესწორება მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მე-33 მუხლისა ამ შესწორებით? არავინ. მე-33 მუხლი ამ შესწორებით მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

თევზაია (კითხულობს მე-34-35 მუხ. მიღებულია).

(შემდეგ კითხულობს მე-36 მუხლს).

თავმჯდომარე. ამ მუხლში შესწორება გახლავთ შემოტანილი სოც.-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ ნაცვლად 20 კაპ., დაწესდეს 50 კაპ. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია. ვინ არის მე-36 მუხლის წინააღმდეგი ამ შესწორებით? არავინ. ეს მუხლი შესწორებით მიღებულია. არის თუ არა საერთოდ ვინმე ნიხრის წინააღმდეგი? არავინ. ნიხრი მიღებულია. აქ არის შესწორება სოც.-დემ. ფრაქციისა, რომ დეკრეტი ძალაში შევიდეს 1920 წლის 1-ლ იანვრიდან. ვის სურს სიტყვა ამ შესწორების შესახებ? არავის. თქვენი აზრი, ბ. მომხსენებელო.

. თევზაია. მე თანახმა ვარ.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორების? არავინ. შესწორება მიღებულია. ვინ არის საერთოდ მთელი დეკრეტის წინააღმდეგი? არავინ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს):

დეკრეტი საზღვარ-გარედ სადიპლომატო-საკონსულო დაწესებულებათა შესანახად და სხვა ხარჯთ-აღრიცხვისათვის გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 22.600.000 მანეთის გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ბიქ. თევზაიას.

ბიქტორ თევზაია (ს.-დ.) ბატონებო! საგარეო საქმეთა სამინისტრო თხოულობს 13.347.600 მანეთს იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც 7 თვის განმავლობაში იქმნა გაწეული და რომლებიც წარმოადგენს ერთის მხრით საზღვარ-გარედ სადიპლომატიო და საკონსულო დაწესებულებათა შენახვის ხარჯებს და მეორეს მხრით - იმ თანხას, რომელიც საჭიროა სამინისტროსათვის მისიების საერთო მუშაობისათვის. სხვა ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტროს შედარებით სხვა სამინისტროებთან ცოტა თანხა აქვს. მაგრამ განსაკუთრებულ პირობებში კი, და მით უმეტეს ასეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ახლად შენდება და საჭიროა მისი გამაგრება გარეშე ძალების დახმარებით, - ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, გარეშე საქმეთა სამინისტრო მოითხოვს გადიდებულ თანხას. უმთავრესად ეს თანხა მიდის ჩვენი წარმომადგენლების შესანახად უცხოეთში.

საბიუჯეტო კომისიას ჰქონდა მსჯელობა ამ საკითხის შესახებ და სრულიად გააზიარა ის აზრი რომ ჩვენი მისიების არსებობა ადერბეიჯანში, სომხეთში და კონსტანტინოპოლში აუცილებლად საჭიროა და მეორეს მხრით ისინი სრულიად უზრუნველყოფილნი უნდა იქმნენ. უნდა აშკარად ითქვას, რომ დღეს განსაკუთრებით ჩვენი კონსტანტინოპოლის მისია ეკონომიურად მეტად არასასურველ პირობებში იყო ჩაყენებული და მთელი მუშაობა, რომელსაც აწარმოებს ის და მისი ხელმძღვანელი, რაგინდ უანგარო კაციც არ უნდა იყოს იგი - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მოღვაწეობა ვერ იქნება ისე წესიერად მოწყობილი, თუ მას არ ექნება შესაფერი თანხა თავის დროზე. ასეთი მდგომარეობა ხელს უშლის მუშაობას და ეს დღეიდან მაინც აუცილებლად უნდა მოისპოს. კონსტანტინოპოლის მისია განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. იგი ერთგვარი კარია ჩვენთვის ევროპისაკენ და მისი მუშაობა აუცილებელია ჩვენი რესპუბლიკისათვის. (ლ. შენგელაია: უკრაინა?) რაც შეეხება უკრაინის მისიას, ამაზე მოგახსენებთ. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა მთავრობის დადგენილება, რომ გაუქმდეს ყველა მისიები რუსეთში (ხმაურობა). თავის-თავად ცხადია, რომ ის მისიები, რომლებიც იმ ქალაქებშია, სადაც ძალა-უნებურად ვერაფერს ვერ გააკეთებენ, - უნდა გაუქმებულ იქმნას. მაგრამ საბიუჯეტო კომისიის აზრით, რაც შეეხება უკრაინას, იმას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მაშინ კომისიის წევრი ბ. გობეჩია ამას მხარს უჭერდა. (გობეჩია: წინააღმდეგი ვიყავი!) წარმომადგენელი უნდა გვყავდეს უკრაინაში იმისთვის, რომ უკრაინა, ჩვენის აზრით, წარმოადგენს ცალკე სახელმწიფოს, შეერთებულს გალიციასთან და თუ იმპრესიონისტები არა ვართ, თუ არ გაუწევთ იმას ანგარიშს, თუ ვის უჭირავს მათი ტერიტორია ამ ჟამად და ვიმსჯელებთ საერთო საქმის მდგომარეობაზე, - ჩვენ უსათუოდ ასე უნდა მოვიქცეთ. ჩვენი კომისია დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელი სახელმწიფო და რადგან ეს არ სჯერა ბ. ლეო შენგელაიას, შეიძლება მას არ სჯერა ახლობელი დამოუკიდებლობაც, ეს მისი საკუთარი საქმეა. ასე მსჯელობდა ჩვენი კომისია. არ ყოფილა მაგალითი, რომ უკრაინის მთავრობა არ ყოფილიყოს თვის ტერიტორიაზე. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, თუ ვის უჭირავს უკრაინის დედა-ქალაქი. უკრაინის რესპუბლიკა ომშია, როგორც დენიკინთან, ისე საბჭოთა რუსეთთან და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ის არ ყოფილიყოს საკუთარ ტერიტორიაზე და თვისი მთავრობა არ ყოლოდეს. მაგრამ დღევანდელ ანორმალურ პირობების გამო მიმოსვლა შეუძლებელია და ამიტომ იქ ჩვენი მისია არა გვყავს.

საგარეო და საბიუჯეტო კომისიამ დაადგინა ამ მოკლე ხანში შემუშავდეს სხვა მისიების და უკრაინის მისიის შტატიც. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს განსაკუთრებულ თანხებს. ამას ვამბობ ერთი სექტორის საყურადღებოდ. ამ მხრივ, ჩემის აზრით, საგარეო-საქმეთა სამინისტრო ისეთსავე მდგომარეობაშია ამ შემთხვევაში მაინც, როგორც სამხედრო სამინისტრო. ისინი სხვა და სხვა საშუალებით ერთ და იგივე მუშაობას აწარმოებენ და ერთ და იგივე მიზანს ემსახურებიან.

ჩვენთვის საჭიროა ისეთი საერთო მუშაობა, რომელსაც საგარეო საქმისათვის აწარმოებს ეს ორი სამინისტრო სხვა და სხვა საშუალებით. მაგალითად სამინისტრო თხოულობს 3 მილიონ მანეთს ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემ ხარჯებისათვის. ჩვენის აზრით, ეს თანხა სრულიად არ არის დიდი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ არის მიმართული პრესა უცხო ქვეყნისა. და ზოგიერთი ნაწილი გაზეთებისა პირდაპირ ჩვენი მტრების ხელშია და ეს ყალბი ტენდენციურ ცნობებზე აგებული ინფორმაციები მოქმედებენ საზოგადოებრივ აზრზე და ერთგვარ სულიერ განწყობილებას ქმიან ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ. მაგალითად, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ მთელი მოხალისეთა ჯარის რაიონების გაზეთები არის ჩვენი მტრების ხელში და ის იქაურ აგენტების საშვალებით ვრცელდება ევროპაში. ეს არის მედგარი იარაღი და თავის თავად ცხადია, რომ 3 მილიონი სუსტი იარაღია, რომ ამ სიდუხჭირეს შეებრძოლოს. მაგრამ მაინც იარაღია, რომ ეს ყალბ და ცრუ ცნობები უარყოს.

ამასთანავე სამინისტრო თხოულობს, რომ მიეცეს მას 600 ათასი მანეთი საგზაო ხარჯებისათვის. საბიუჯეტო კომისია თანახმაა ამისა. მას შესაძლებლებლად მიაჩნია, რომ მინისტრს ქონდეს საშუალება, ყოველ თვეში ერთხელ მაინც გაიგზავნოს სპეციალური კაცი ევროპაში და იქიდან მოვიდეს კაცი და გაგვაცნოს ევროპის საერთო მდგომარეობას.

ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თხოულობს 4.400.000 მან. საადმინისტრაციო ხარჯებისათვის. მე თქვენ მოგახსენეთ, რომ ჩვენის აზრით საგარეო საქმეთა სამინისტრო იმავე მიზანს ემსახურება, თუმცა სხვა საშუალებით, რომელსაც ემსახურება დღეს ჩვენი სამხედრო სამინისტრო. და თავის თავად ცხადია მას სჭირია განსაკუთრებული თანხა და ეს თანხა აუცილებლად მიეცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. (მომხსენებელს) გთხოვთ წაიკითხოთ შტატებიდან. დავიწყოთ სტამბოლის შტატებიდან.

. თევზაია. (კითხულობს სტამბოლის მისიის შტატებს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. შემდეგ შტატები ქ. ბაქოს მისიისა.

თევზაია. (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არ არის. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია.

თევზაია. (კითხულობს ქ. ერევანის მისიის შტატებს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებული გახლავთ.

თევზაია (კითხულობს ქ. ბათუმის მისიის შტატებს).

თავმჯდომარე. შემოსულია შესწორება. ს.-დემოკრატ. ფრაქციის მიერ (კითხულობს). ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? სიტყვა არავისა სურს. (მომხსენებელს) თქვენი დასკვნა შესწორების შესახებ.

თევზაია. მე, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელი, წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.

თავმჯდომარე. კენჭს უყრი...

თევზაია. უკაცრავად, მოგახსენებთ საბუთს. საბუთი ის არის. რომ ეს შტატები საერთოდ შემუშავებულ იქმნენ შეთანხმებით. მაგალითად ბაქოს შტატები შეთანხმებით არის შემუშავებული ერევნის შტატებთან და აქ დაახლოვებით ერთნაირი ჯამაგირებია. მართალია ბათუმში დიდი სიძვირეა, მაგრამ როგორც ერთმა ჩვენმა იუმორისტულმა ჟურნალმა დასწერა - სიძვირეს ჯამაგირის მომატება ვერ დაეწევა... ბათუმში არის რკინის გზის საწყობი, სადაც იაფ ფასებში მისცემენ სანოვაგეს. ბაქოში ეს შეუძლებელია. რადგან იქ საწყობები არა გვაქვს, იქ კი შესაძლებელია იაფად მისცენ სანოვაგე. სიძვირე საგრძნობელია ერევანშიაც და თუ მოუმატებთ ერთს, უნდა მოუმატოთ ყველას.

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? მიღებულია. კენჭს უყრი შტატებს შესწორებით. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ. (მომხსენებელს) გთხოვთ, ბ. მომხსენებელო, მოგვახსენოთ დეკრეტი. მოგვახსენეთ ჯერ პირველი მუხლი.

თევზაია (კითხულობს).

თავმჯდომარე. ა-ნში ეს თანხა შეიცვლება, რაკი შესწორებულია. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებული გახლავთ.

თევზაია (კითხულობს მეორე მუხლს).

თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. კენჭს უყრი საერთოდ მთელ დეკრეტს. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. დეკრეტი მიღებულია და სარედაქციო კომისიას ვთხოვ განიხილოს და წარმოადგინოს.

პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა გასული სახარჯთ-აღრიცხვო წლის დაუფარავი ხარჯების განაღდების შესახებ.

თავმჯდომარე (კითხულობს). განცხადება არის შემოსული, რომ ბ. მდივანის მაგივრად მომხსენებელი იქნება ბ. სალაყაია. სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.

იოსებ სალაყაია (ს.-დ.) ბატონებო! ყოველი სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს ბიუჯეტის შესრულებას. ამ მხრივ თუ ისტორიას განვიხილავთ, უნდა ვთქვათ, რომ ყოველი სახელმწიფო ცდილა, რომ ერთსა და იმავე დროს ხდებოდეს საბიუჯეტო და საანგარიშო წლები, ე.ი. არ იყოს განსხვავება საბიუჯეტო და საანგარიშო წლებში. ასეთი იყო ცდა ყველა სახელმწიფოსი და ამასვე ვცდილობთ ჩვენც მას შემდეგ, რაც ჩვენი საკუთარი ცხოვრება იწყო. 1918 წელს პირველ იანვარს ეს დაკანონდა და ერთგვარად იქმნა მიღებული, რომ საანგარიშო და საბიუჯეტო წლები ერთსა და იმავე დროს იყოს, მხოლოდ ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე ხშირად წარმოდგენილი გვაქვს. და თვით ისეთ სახელმწიფომაც, როგორიც არის ინგლისი, რომელსაც აქვს ოთხასი წლის ისტორია, დღემდის ვერ შესძლო, რომ ერთსა და იმავე დროს ყოფილიყო საანგარიშო და საბიუჯეტო წლები. მე არას ვიტყვი ისეთ სახელმწიფოებზედ, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია და სხვა, რომელთაც დღესაც აქვთ ეს განსხვავება საბიუჯეტო და საანგარიშო წლებთა შორის. და ჩვენმა სახელმწიფომაც, რომელმაც ეხლა მოიდგა ფეხი, ვერ შესძლო ჯერ ამის მოხერხება. ეხლა საფინანსო უწყება ითხოვს, რომ იქნეს შემოღებული ასეთი წესი.

ხშირად ხდება, რომ კრედიტს უხსნიან ამა თუ იმ უწყებას და ეს კრედიტი უნდა დაიხარჯოს წლის ბოლომდის. მაგრამ ფაქტიურად კი ამას ვერ ახერხებს. ეს ხდება ყველგან.

ამ მხრივ ერთგვარი წესი შეიმუშავა საფინანსო კომისიამ. ეს იყო განხილული საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ და შემდეგ სიტყვებში გამოიხატება: „თუ ესა თუ ის უწყება ვერ შეასრულებს სააღმშენებლო მუშაობას ერთი წლის განმავლობაში, როდესაც საბიუჯეტო წელიწადი თავდება 31 მაისს, - მაშინ კრედიტები საერთოდ იხურება. მაგრამ თუ კი ვერ მოახერხა უწყებამ აღმშენებლობის მოწესრიგება, ამიტომ ეს კრედიტი იხურება უფრო გვიან - 31 დეკემბერს“.

ამ ორი მუხლიდან გამომდინარეობენ სხვა მუხლები. ამის შესახებ გვექნება დაწვრილებით ლაპარაკი, როდესაც გადავალთ კანონ-პროექტის მუხლობრივ განხილვაზე.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. ლეო შენგელაიას.

. შენგელაია. (სოც.-რევ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

წარმოდგენილი კანონი ეხება ფრიად მნიშვნელოვან, ფრიად სერიოზულ საკითხს.

იგი ეხება ჩვენში ბიუჯეტის შესრულებას. ჩვენი ქვეყანა როგორც ღარიბი და ახლად ფეხ ადგმული, უაღრესად დაინტერესებულია, რომ ჩვენი ფინანსიური ცხოვრება ჩადგეს ნორმალურს კალაპოტში რათა მუდამ არ დაგვჭირდეს ცალ ფეხზე ცეკვა და თვალ ახვეული სიარული.

ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ იანვარში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ძალით მოისპო შეღავათიანი ვადები და დადგენილ იქმნა, რომ საბიუჯეტო და საანგარიშო წელი ჩვენში ერთი და იგივე ყოფილიყო.

ეს კანონი მოითხოვს შეღავათიან ვადების ისევ შემოღებას. ის ეწინააღმდეგება 31 იანვარს მიღებულ კანონს.

ბ. ფინანსთა მინისტრი ასაბუთებს ამ კანონს იმ მოსაზრებით, რომ ჩვენში ჯერ-ჯერობით ბიუჯეტი დამტკიცებული არ არის. ესე იგი, ბ. მინისტრს სურს ერთი უკანონობა დაასაბუთოს, გაამართლოს მეორე უკანონობით, რაც ყოვლად მიუღებელია.

ჩვენ უკვე გავატარეთ ერთი წელიწადი უბიუჯეტოთ. არავინ იცის, თუ რა შემოსავალი და გასავალი ჰქონდა ჩვენს რესპუბლიკას 1918 წელს. კაცმა არ იცის ვინ რა დახარჯა და რაში დაიხარჯა. ასეთ არა ნორმალურ ქაოტიურ მდგომარეობას ვერ შეურიგდება არამცთუ სახელმწიფო, რომელსაც თავისი მომავალი სწამს, არამედ ასეთ მდგომარეობას ვერ შეურიგდება კერძო პიროვნება თავის კერძო მეურნეობაში.

ბ. მინისტრმა შეადგინა ბიუჯეტის პროექტი, თუმცა პრობლემატიური, მაგრამ მაინც რაღაც შეადგინა. მან კიდევაც გააფრთხილა თავისი კოლეგები, რომ ისინი ხარჯებს მეტად ფრთხილად მოეპყრონ, მაგრამ მისი ხმა, როგორც ვხედავთ დარჩა ხმად მაღაღაღებლისა უდაბნოსა შინა. მისი პროექტიც პროექტად დარჩა და შეიძლება სამუდამოთ პროექტათ დარჩეს.

ასეთი მდგომარეობა უხსნის ფართო ასპარეზს თვითნებობის და გაზვიადებულ გადაჭარბებულ ხარჯების გაწევას. ამიტომაც არის, რომ უწყებებმა სიძვირე მოიმიზეზეს და აქედან ყოველ დღე მილიონები მიაქვთ, თითქოს დამფუძნებელი კრება იყო ტროცკის მატარებელი, სადაც როგორც იცით, ასე ბლომათ იბეჭდება ფულები.

დღემდის ჩვენში სახელმწიფოებრივისა და საზოგადოებრივ საქმეს ყავდა ორი საშინელი მტერი, ორივე დიდის ენერგიით ღრღნის ჩვენს სახელმწიფოებრივ ორგანიზმს: ეს არის ერთის მხრით უპასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრით უსისტემობა; ჩვენში არავინ, დაწყებული მინისტრით და გათავებული მილიციონერით არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას. ეს ხდება არა იმიტომ თითქოს ჩვენ არ გვქონდეს კანონები, დეკრეტები, არამედ ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს უმთავრესი, ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, ჩვენ გვაქვს პარტიული ორგანიზაცია, მაგრამ თქვენ იცით, იქ, სადაც სახელმწიფოს მაგივრობას ასრულებს პარტიული ორგანიზაცია, იქ, რა თქმა, უნდა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. არავითარი სისტემა ეკონომიურს და კერძოთ ფინანსიურ სფეროში ჩვენს მთავრობას არა აქვს.

ეს კანონი არის დაკანონება სწორედ იმ უსისტემობის. ის უარყოფაა ბიუჯეტის დანიშნულების. კანონი მოითხოვს, რომ კრედიტები დაიხუროს განსაზღვრულ ვადაზე, მაგრამ ფულები მაინც უნდა ვაძლიოთ დაუფარავ ხარჯების გასანაღდებლათ. ბიუჯეტი ერთნაირად განსაზღვრავს მთავრობას, მასში ყოველ უწყებას ექნება მიჩნეული თავისი თანხა. ბიუჯეტის აზრი სწორედ ის არის, რომ უწყებამ ფულები ისე უნდა ხარჯოს, როგორც ბიუჯეტში არის აქ, კი ამ კანონით ბიუჯეტი ჩვენ უნდა შეუფარდოთ იმას, თუ მომავალში რა ხარჯებს გასწევს ესა თუ ის უწყება. აქ უკუღმა არის დაყენებული მდგომარეობა: უწყებამ კი არ უნდა შეუფარდოს თავის მოქმედება ბიუჯეტს, არამედ ბიუჯეტი უნდა შეუფარდდეს უწყებებს. ეს უსისტემობა და უპრაგრამობა ახასიათებს სოციალ-დემოკრატიის მთელს საკანონმდებლო და საადმინისტრაციო მოღვაწებას. თქვენ ალბათ გახსოვთ, ვიდრე დამფუძნებელი კრება შეიკრიბებოდა, ბ. ჟორდანიამ პარტიულ წრეებში წაიკითხა მოხსენება დამფუძნებელ კრების ფუნქციებისა და დანიშნულების შესახებ. ეს იყო მას შემდეგ, რაც ჩვენში არჩევნების შედეგი სავსებით გამოირკვა და სრულიად მშვიდობიანად ჩვენში მთელი ძალაუფლება ფორმალურად მაინც პროლეტარიატის ხელში გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, მარქსისტული იდეოლოგიაში ეს მომენტი პროლეტარიატის ხელში ძალაუფლების გადასვლისა ყოველთვის ითვლებოდა, როგორც დასაწყისი დიადი სოციალური გარდატეხისა. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ბ. ჟორდანია სოციალ-დემოკრატიულ დამფუძნებელ კრებას გადაუშლიდა ახალ პერსპექტივებს, წამოაყენებდა ფართო პროგრამას, ფართო გეგმას ჩვენი ცხოვრების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სოციალ-დემოკრატიამ მდგომარეობას ალღო ვერ აუღო და მისი პროგრამაც საცოდავი გამოვიდა. ეს პროგრამა ბ. ჟორდანიამ შემდეგ მუხლებში გამოხატა: 1) სამინისტროების რეორგანიზაცია მათი კონცეტრაციის საშუალებით, 2) შტატების შემცირება და 3) დეკრეტების გამოცემა, ეს იყო და ეს. მართალია ბ. ჟორდანიას ჰქონდა აგრეთვე მუხლი, ერთი მოთხოვნილება. მას სურდა იუსტიციისა და ადმინისტრაციის გაერთიანება, ალბათ იმისათვის, რომ ამ გზით სავსებით დაცულიყო სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს აზრი ფრაქციაში უარყვეს და ჩვენ ხელში შეგვრჩა შემცირებისა და დეკრეტების პროგრამა. უკვე ათი თვეა, რაც დამფუძნებელი კრება ატარებს ამ პროგრამას, სცემს დეკრეტებს, ქმნის ორგანიზაციებს, ახდენს მათ ლიკვიდაციას, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრივი ურემი დღემდის თავის ადგილიდან არ დაძრულა. დღემდის ჩვენში რაიმე სერიოზული, რაიმე თვალსაჩინო არ გაკეთებულა. არ არის მიღებული კონსტიტუცია, არ არის განხილული ბიუჯეტი. დამფუძნებელი კრება მხოლოდ ბონებს ანაწილებს. მე მიკვირს, ნუ თუ ამ ბონების განაწილებისათვის საჭიროა 130 კაცი? მე მგონია, ამ ბონებს უფრო თავისუფლად გაანაწილებდა მარტო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ბიურო. მმართველ პარტიას მოყავს სხვა და სხვა მიზეზები იმის დასამტკიცებლათ თუ რათ არ არის ამდეხანს ბიუჯეტი განხილული. მე მგონია, ბიუჯეტის დამტკიცებას, მის განხილვას ხელს უშლის ორი მთავარი მიზეზი; ერთი და უმთავრესი, ჩემის აზრით არის ის, რომ მთავრობა სრულებით არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთნაირად შეზღუდავს მთავრობას, ეს კი მისთვის ხელსაყრელი არ არის. დღეს ჩვენი მთავრობა არაფრით შეზღუდული, განსაზღვრული არ არის, მას ყველაფრის უფლება აქვს, მას შეუძლია სხვა და სხვა დეკრეტების საშვალებით გამოითხოვოს თანხა რამდენიც უნდა. მას შეუძლია გააგრძელოს ყოველგვარი ვადები, ის დღეს დაარსებს ერთ სამინისტროს, ხვალ მეორეს და სხვა ის არავითარ ნორმას არ ემორჩილება.

მეორე მიზეზი არის შემდეგი: ჩვენ გვეუბნებიან უწყებებმა ვერ მოასწრეს საჭირო ცნობების და მასალების მოწოდებაო. ეს შეიძლება მართალი იყოს და არც გასაკვირია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენში თითო მინისტრს აბარია სამი ოთხი სამინისტრო. გარდა ამისა ყოველი მინისტრი ვალდებულია იმუშავოს პარტიულ კოლექტივებში, თქვენ იცით თუ რა მნიშვნელობა აქვს სოციალ-დემოკრატიისათვის კოლექტივში მუშაობას. სოციალ-დემოკრატიას აქვს ასეთი პრაქტიკა: მინისტრმა ჯერ უნდა იმუშაოს კოლექტივში და შემდეგ, თუ დრო დარჩა - სამინისტროში. მინისტრი ყველა ამას ვერ გაწვდა და ვერც გაწვდება, გვეუბნებიან: ყველაფრის გათვალისწინება როგორ შეიძლებაო, არც ჩვენ მოვითხოვთ ამას, ან კი როგორ; შეგვიძლია ყველაფრის გათვალისწინება მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომელსაც ელემენტარული რამ ვერ გაუთვალისწინებია?! ჩვენ ვამბობთ შეიძლება ვერ გაითვალისწინოთ 10.000, ან 100.000, მაგრამ ასი მილიონი რომ ვერ გაითვალისწინოთ - ეს ყოვლად შეუძლებელია!

შეიძლება კიდევ გვითხრან, როგორც ეს ერთ სხდომაზე ბ. თევზაიამ განაცხადა, რომ ჩვენ კი არა ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოუხერხებიათო. ჯერ ერთი, როგორც ფრანგები იტყვიან, შედარება საბუთი არ არის. გარდა ამისა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ დიდმა კაცმა, თუ მდიდარმა უანგარიშოთ ხარჯა თავისი ფული - შეიძლება მან ასე თუ ისე ეს აიტანოს, მაგრამ თუ პატარა კაცმა, ღარიბმა ერმა ხარჯა თავისი ქონება უანგარიშოთ - ის უსათუოდ დაიღუპება და თქვენ მთელი უსისტემობით და უპასუხისმგებლობით მიგყავთ ქვეყანა სწორედ დაღუპვისაკენ. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია ამ კანონს და მის მსგავს კანონს ხმა მივცეთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრიგოლ გიორგაძეს.

გრიგოლ გიორგაძე. ბატონებო, როდესაც რომელიმე კანონ-პროექტი შემოდის, იმიტომ შემოდის, რომ ის არის ერთგვარი განსაზღვრა, იურიდიული ნორმა და ამ ნორმებს მთავრობა უნდა დაუმორჩილდეს.

დღეს დამფუძნებელი კრება იხილავს ასეთ კანონ-პროექტს. აქ განსაზღვრულია წესი, რომლის მიხედვით მთავრობამ უნდა ხარჯოს ფულები. ჩვენ გვინდა დავაკანონოთ ერთი წესი კრედიტების გაღებისა. ამ დროს გამოდის ოპოზიციის წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ ეს არის ანარქიულად ფულის ხარჯის დაკანონება. ჩვენ გვინდა დავამყაროთ ნორმალური წესი, თქვენ კი ბრძანებთ, რომ ეს არის ანარქიული ფულის ხარჯვა. რომ ეს დებულება განვიხილოთ აპრიორულათ, თეორეტიულათ - ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის სავსებით ყალბი დებულების უსაბუთოდ მტკიცება. რას შეიცავს კანონ-პროექტი? შეუძლია თუ არა იმ ხალხს მიიღოს ფული ხაზინიდან? როგორ შეიძლება დაუხურდაოთ კრედიტი იმ ხალხს, რომელსაც გაუნაღდებელი ასიგნოვკები აქვს?...

შეიძლება ხაზინამ ვერ გადაიხადოს ეს ფულები რაიმე მიზეზების გამო, ამიტომ რა უფლება გვაქვს ჩვენ არ მივსცეთ ეს ფული, წავართვათ უფლება, რომ მათ თავიანთი ფული მიიღონ!...

მეორე სხვა მუხლებიც აწესრიგებენ ამ კრედიტების წარმოებას ბიუჯეტის ფარგლებში. ამ დეკრეტით ჩვენ გვინდა დავაკანონოთ ერთგვარი წესი, მაგრამ თუ აქ გამოვიდა ესერების წარმომადგენელი ალბათ იმიტომ, რომ ხაზი გაესვა, იმისთვის, რაც არაერთხელ უსაბუთოდ უთქვამს, ე.ი. ჩვენ ძმა-ბიჭობით ვაკეთებთ საქმეს, მთავრობა არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს დამფუძნებელ კრების წინაშე, ბიუჯეტი არა გვაქვს, დეკრეტების საშუალებით გვინდა უბიუჯეტოთ ფული ვხარჯოთ და სხვა. მაგრამ მე ვეკითხები ეხლა მათ: მთავრობამ ცოტა, რომ წაიბორძიკოს და თავის ადმინისტრატიულ მოქმედების დროს რაიმე ისეთი, რომ ჩაიდინოს რაც მათი შეხედულებით მიზან-შეუწონელი არის, მაშინ ხომ უსაყვედურებენ ისინი მთავრობას და იტყვიან, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავსო და ფულებს უსისტემოთ ხარჯავსო. დამფუძნებელ კრების წევრის სრული უფლება აქვს შეკითხვა შემოიტანოს, გაეცნოს ყოველივე საბუთს და განა ეს საკადრისია დამფუძნებელ კრების წევრისთვის? გამოდით და დაამტკიცეთ სად რა უკანონობა ჩაიდინა მთავრობამ, სად რა აპატიეთ მას! მაშასადამე, თქვენი მტკიცება იმისა, რომ მთავრობა მოქმედებს უპასუხისმგებლოთ, ამის თქმა მხოლოდ უპასუხისმგებლო პარტიის წარმომადგენელს შეუძლია (ურატაძე: - მართალია!). და თუ თქვენ იცით რამე, თუ თქვენ იცით, რომ მთავრობა თავის მოვალეობას არ ასრულებს - სრული უფლება გაქვთ განაცხადოთ და პასუხი მოსთხოვოთ მას, ხოლო თუ თქვენ იცით, რომ ის უკანონობას სჩადის და არ ამხელთ, მაშინ თქვენ არ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, მაშინ თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩევლებს. ამიტომ ლაპარაკი მთავრობის უპასუხისმგებლობაზე ყოვლად შეუწყნარებელია.

ეხლა მოგახსენებთ ბიუჯეტის შედგენაზე. მართალია, ჩვენ არ განგვიხილავს ბიუჯეტი, მაგრამ ერთი რამ ვქენით, ვქენით ის, რის გაკეთებაც შეიძლებოდა დღევანდელ პირობებში. თქვენ ალბად დაგავიწყდათ, რომ ჩვენ 26 მაისიდან, დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ბრძოლას ვაწარმოებთ. ჩვენ შიგნიდან და გარედან გვესხმოდენ და ასეთ დროს ბიუჯეტზე ზრუნვა და თათბირი იქნებოდა განვლილი ისტორიის დავიწყება. თუ თქვენ შარშანდელი ამბები არ გახსოვთ და ამ ისტორიულმა მომენტმა შეუმჩნევლად ჩაიარა თქვენთვის, - თქვენ ალბად საერთოდ ყოველ ისტორიულ მოვლენათა გარეშე ყოფილხართ. თქვენ ამბობთ - ორი წელიწადი ვარსებობთ და ბიუჯეტი კი არა გვაქვსო. მე გეკითხებით თქვენ - შარშან ამ დროს. როდესაც შულავერთან ბრძოლა გვქონდა, ფიქრობდით ბიუჯეტზე? არ ფიქრობდით. მაშინ მხოლოდ იმაზე ფიქრობდით, რომ შემოსეული მტერი უკუგვექცია და დაგვემარცხებია. და თქვენ კი ისეთი მოთხოვნით მოდიხართ, თითქოს დამფუძნებელ კრებას ისეთ პირობებში უხდებოდა ცხოვრება, რომ შეეძლო მის წევრებს კაბინეტებში ჯდომა და ბიუჯეტის აღდგენა-გამოკვლევის წარმოება. შულავერთან ბრძოლის დროს ისეთი მდგომარეობა იყო, რომ დამფუძნებელ კრების და მთავრობის წევრები და ყოველი მოქალაქე, თუ კი საჭირო იქნებოდა, შულავერის ფრონტზე უნდა წასულიყო. თქვენ კი ეს მთავარი მიზეზი ჩვენის მდგომარეობისა სრულიად დაგვიწყებიათ და ისე მოვლენათა გარეშე მსჯელობთ და გამოდიხართ.

ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვრა, რომ ყველა სამინისტროს ეძლევა განსაზღვრული თანხა ამ კრედიტის ფარგლებში. ისინი ხარჯავენ განსაზღვრულ თანხებს. თუ რომ არაჩვეულებრივი მდგომარეობა იქნა, არაჩვეულებრივი ხარჯებიც იქნება და მაშინ სამანისტრო ითხოვს დამატებითი კრედიტებს. და კიდევაც რომ ბიუჯეტი მივიღოთ, მაინც იქნება დამატებითი ხარჯები. მე ვიტყვი, რომ ისეთ აუტანელ პირობებში, როდესაც ჩვენ ყოველი მხრიდან გვესეოდნენ, ჩვენ საქმე ამგვარად მაინც მოვაწესრიგეთ და განა ეს საქმის გაკეთება არ არის?

მაგრამ თქვენ მოითხოვთ ჩვენგან მაქსიმუმს, რომ რატომ ბიუჯეტი არა გაქვთო. სამინისტრომ ისიც მოახერხა, რომ საბიუჯეტო კომისიაში შემოიტანა ბიუჯეტი და კომისიამ მიღებისთანავე ხელი მიჰყო ამ ბიუჯეტის შესწავლას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ თქვენ აქ ბევრს ლაპარაკობთ ბიუჯეტის განხილვაზე, საბიუჯეტო კომისიის მუშაობაში თქვენ არავითარი მონაწილეობა არ მიგიღიათ, თქვენ წარმომადგენელს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, თქვენ სხდომებზედ სრულებით არ მოდიხართ და აქ კი გამოდიხართ და სხვებს უსაყვედურებთ.

საფინანსო და საბიუჯეტო კომისია ეხლაც მუშაობს ამ ბიუჯეტზე, სწავლობს ამ ბიუჯეტს და ახლო მომავალში, როგორც კი საშუალება გვექნება, ის წარმოუდგება დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად. მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენ არ შეგვეძლება არაჩვეულებრივი მდგომარეობისათვის გამოვითხოვოთ დამფუძნებელი კრებიდან ეს ზედმეტი, არაჩვეულებრივი ხარჯები. ეს ზედმეტი ხარჯები, ეგრედწოდებული ზე-ბიუჯეტი ყველგან არსებობს. მაშასადამე ფულის ხარჯვაში არის განსაზღვრული ერთგვარი სისტემა. ყოველ სამინისტროს ეძლევა განსაზღვრული თანხა, სამინისტროებს აქვთ განსაზღვრული თანხა. სამინისტროებს აქვთ წარმოდგენილი შტატები და ამის მიხედვით იხარჯება ფული. თქვენ განიხილეთ შტატები სამხედრო, საფინანსო, იუსტიციის სამინისტროებისა, სახელმწიფო კონტროლის და ამ ხარჯებს მისცემთ. რა არის ეს? სად არის აქ უსისტემობა და უპასუხისმგებლობა? იქნება თქვენ გსურთ ისეთი ზომები, ჩვენი სახელმწიფო განამტკიცოთ ისეთ ფორმებში, როგორიც მიღებულია ისეთ დიდ სახელმწიფოებში, როგორიცაა საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია და სხვები, თქვენ ალბად კითხულობთ იმათ ისტორიებს, თანამედროვე საფრანგეთის ისტორიას და ადარებთ მას ჩვენს ცხოვრებას. და გინდათ აქაც ისე იყოს მოწყობილი, როგორც ისინი არიან... (ხმაურობა) მოწყობილნი და დალაგებულნი და აქაც იყოს ისეთი საქმის წარმოება, როგორც იქ, ისეთს სახელმწიფოებში, რომელთაც აქვთ დიდი ისტორია. არა, ბატონებო, აქ გახლავთ ერთნაირი სისტემა შემუშავებული. ჩვენ ვაძლევთ მთავრობას კრედიტებს, დამფუძნებელი კრება მსჯელობს და აძლევს. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის გარშემოც სწარმოებს გაცხოველებული მუშაობა. ყველა საბიუჯეტო კომისიის წევრმა, გარდა მგონი ესერებისა, ყველამ მიიღო ბიუჯეტის ნაწილი შესასწავლად და ახლო მომავალში წარმოდგენილი იქნება რთული მოხსენება და ეს გააშუქებს საერთოდ ჩვენი მომავალი ბიუჯეტის და ხარჯების საკითხს. ნუ თუ საჭიროა ათასჯერ გავიმეოროთ ეს, რომ თქვენ იცოდეთ? (შენგელაია: ერთი წელიწადია ამას იძახით!) ჩვენ ერთი წელიწადი არ ვიძახით. რა პირობებში ვიყავით ხომ მოგეხსენებათ, მაგრამ ფაქტი კი ის არის, რომ თქვენი გზით რომ ვიაროთ, ჩვენ ბიუჯეტი არასოდეს არ გვექნება, რომ არც ერთ კომისიის სხდომას არ დავესწროთ, არსად მონაწილეობა არ მივიღოთ, მაგრამ ჩვენ ასეთ სისტემას ვერ მივიღებთ. (შენგელაია: ეგ ტყუილია!) ჩვენ ვიღებთ სისტემას მუშაობისას და ვმუშაობთ კიდეც და იმედია სულ ახლო მომავალში ჩვენი ბიუჯეტი დაისვას დღის წესრიგში. საერთო აზრი თქვენი გამოსვლებისა ის არის, რომ გამოვა ოპოზიციის წევრი და იტყვის: ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო მთავრობა, ბიუჯეტი არ არის, მთავრობა არაფერს აკეთებსო და ჩვენ ყოველთვის გიპასუხებთ, რომ თქვენ სასტიკად სცდებით. აქ ყოველთვის აწარმოებთ არა დადებითი, არამედ,მხოლოდ სიტყვიერ მუშაობას, რომელიც გროშიც არა ღირს, რადგანაც ცხოვრებას არ შეეხება და თუ თქვენ ნამდვილი ოპოზიცია გნებავთ, მობრძანდით და უჩვენეთ მოქმედების გზა მთავრობას, გვიჩვენეთ ნამდვილი გზა. მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიანთ, ამას თქვენ ვერ იზამთ, თქვენ უკეთეს გზას ვერ გვიჩვენებთ და ამას გვიმტკიცებს ყოველ დღე თქვენი გამოსვლები. როდესაც განსაცდელში ვიმყოფებით ხოლმე, თქვენ გამოდიხართ და ამბობთ, რომ კრედიტებს ნუ გავხსნითო. აი თქვენი გზა. როდესაც ხიფათი მოელის სახელმწიფოს, თქვენ ამბობთ: კრედიტებს ნუ აძლევთო, როდესაც რაიმე განსაცდელი მოელის - განსაზღვრულ თანხას სამხედრო მინისტრს ნუ მისცემთო - აი, ეს არის თქვენი გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოზედ ხელი აიღეთო. ჩვენი გზა კი არის, რომ ვიმუშავოთ თანდათანობით, არა აჩქარებით. თქვენ რომ აგყვეთ და დეკრეტები შემოვიღოთ, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმას, რასაც საბჭოთა მთავრობა აკეთებს, რაც, ბოლშევიკებმა შემოიღეს, და თუ თქვენ გამოხვალთ და დაგვიმტკიცებთ, რომ შესაძლებელი იყო მეტის გაკეთება და რომ გზა, რომელიც არჩეული აქვს რესპუბლიკას, ეს არის შემცდარი გზა, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ თქვენი გზა, თქვენი რეცეპტები ის არის, რომ როდესაც ანარქია არსებობს, როდესაც მტერი გვესხმის, ჩვენ არ მოვიგერიოთ; დაგვიმტკიცეთ, რომ ეს სწორი გზა არის, რომ თქვენი გზა უკეთესია და მაშინ ჩვენ ქედს მოვიხრით თქვენს წინაშე და მთავრობა და დემოკრატიაც გამოგყვებათ თქვენ (ხმაურობა), მაგრამ ეს არის უბრალო, უსაქმო ლაპარაკი და ოპოზიციას ეს ლაპარაკი არ გააძლიერებს და ხალხის თანაგრძნობას არ გამოიწვევს. და შემცდარი იყო ის ხალხი, როდესაც დამფუძნებელ კრებაში ასეთი ოპოზიცია შემოიყვანა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ბ. შენგელაიას ეკუთვნის.

. შენგელაია. (ს.-რ.) ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! რუსებს აქვთ ერთი ანდაზა, რომელიც ზედ გამოჭრილი არის ბ. გიორგაძეზედ: «У нашего Якова свои речи про всякого» ყოველთვის, როდესაც კი ტრიბუნაზე გამოდის ბ. გიორგაძე, როგორც, დიდი სტრატეგი, დაიწყებს ომსა და სტრატეგიაზედ ლაპარაკს, მაშინ, როდესაც ომებზედ ლაპარაკი სრულებით არ არის. მე აქ არ მინდოდა გამოსვლა იმიტომ, რომ არსებითად რაიმე სერიოზული ბ. გიორგაძეს არაფერი უთქვამს, მან მხოლოდ ერთი ბრალდება წამოაყენა ჩვენს წინააღმდეგ. მან ბრძანა - თქვენ ხართ უპასუხისმგებლო ოპოზიციაო. მე მინდა მოგახსენოთ თუ მართლაც ვინ არის უპასუხისმგებლო და ვინ არა, და როგორ გვესმის ეს პასუხისმგებლობა. ჯერ ერთი ყოველი ჩვენი ფრაქციის წევრი სახალხო დეპუტაცია, ჩვენი ფრაქცია არჩეული არის ისეთივე სისტემით, ისეთივე წესით, როგორც თქვენი, ამიტომ ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ უპასუხისმგებლო. ჩვენ პასუხს ვაგებთ ხალხის და მომავლის წინაშე, ჩვენ ვეკუთვნით პარტიას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პარტიის წინაშე. (ხმაურობა). არც შეიძლება, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ვიყოთ, რადგან ჩვენი პარტია ყოველთვის ხალხთან იყო და ყოველთვის იზიარებდა მის ჭირსა და ლხინს, ასე რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლნი ხალხის წინაშე, მაგრამ თუ ს.-დ. გვიკიჟინებენ, რომ უპასუხისმგებლონი ხართო, ეს იმიტომ, რომ ს.-დ. პასუხისმგებლობაც თავისებურათ ესმით, ს.-დ. უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებელნი მათი მოქმედებისა, მაგრამ ჩვენ არ შეგვაძლიან ს.-დ. მოქმედების პასუხისმგებელნი ვიყოთ. ჩვენ ვაგებთ პასუხს მხოლოთ ჩვენს მოქმედებაში. უპასუხისმგებლო ის არის ვინც მხოლოდ თვის თავის წინაშე აგებს პასუხს. ს.-დ. პასუხს აგებს მხოლოდ თავის თვის წინაშე. მაშასადამე უპასუხისმგებლონი ბრძანდებით თქვენ. ჩვენ უკვე ორი წელიწადია რაც თავისუფლად ვმუშაობთ. გვყავს ერობები, თვითმმართველობები, იყო კომისარიატი, გვყავს აღმასრულებელი ძალა, მაგრამ დამისახელეთ ისეთი შემთხვევა მაინც, რომ თქვენ ფრაქციას ამ ორგანიზაციებისა, ამ აღმასრულებელ ძალისათვის პასუხი მოეთხოვის, უნდობლობა გამოეცხადებინოს. ასეთ შემთხვევას თქვენ ვერ დაასახელებთ. ჩვენ სახელმწიფოს არსებითად განაგებს არა მთავრობა, არა დამფ. კრება, არამედ ქვეყანას განაგებს ს.-დ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (კედია: კოლექტივები! კოლექტივები!).

ის განაგებს არსებითად სახელმწიფოს. ჩვენი მთავრობა მის წინაშე აგებს პასუხს. ცენტრალური კომიტეტის წევრები არიან ისევ მინისტრები, ასე რომ ისინი თავის წინაშე აგებენ პასუხს, ე.ი. ისინი არიან უპასუხისმგებლონი. თქვენ აქ ბრძანდებით 105 კაცი, ჩვენ კი 5 კაცი, მაგრამ ჩვენ, რომ ვიყოთ 105 და თქვენ კი 5, აი მაშინ ჩვენ დავინახავდით, რა არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია! განა ჩვენ არ გვახსოვს ის დრო, როდესაც თქვენ სასტიკად განურჩევლად საშვალებისა ებრძოდით არამც თუ რომელიმე მიმართულებას, არამედ კერძო პირებსაც კი (ხმაურობა. ხმები: დაასახელეთ!) ილია ჭავჭავაძე, კიტა აბაშიძე. ჩვენ ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიცია არა გვყავს. ჩვენ თუ გამოვდივართ ამ კრიტიკით, ეს იმიტომ, რომ თქვენ თქვენი პოლიტიკით ძირს უთხრით ჩვენს რესპუბლიკას, მის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ჩვენ დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში იქნება მეტად ვიყოთ დაინტერესებულნი, ვიდრე თქვენ. მოგახსენებთ გულწრფელათ: თქვენ რომ ჩვენს მდგომარეობაში ყოფილიყავით, ესე იგი თქვენ აქ ყოფილიყავით უმცირესობა და რუსეთში უმრავლესობა, თქვენ არ იქნებოდით დამოუკიდებლობის მომხრენი. (არსენიძე: ოჰ! ოჰ! ოჰ!) მე ამაში დარწმუნებული ვარ. ბ. გიორგაძე ამბობს, რომ რაც კი შეიძლებოდა ჩვენ ის გავაკეთეთო, მეტი არ შეიძლებოდაო. (ხმაურობა). როცა არჩევნები მოახლოვდება? იტყვით ყველაფერი, რაც კი გაკეთდა ჩვენ გავაკეთეთო. (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის) დიახ, დიახ, თქვენ ამბობთ, ფიზიკურ განადგურებას ჩვენ გადავარჩინეთ ქვეყანაო, ჩვენ გავაბედნიერეთ საქართველო და სხვა. მაგრამ, ავიღოთ მაგალითად სხვა რესპულიკები, აზერბეიჯანი, პოლონეთი, ლატვია და სხვანი, იქ მენშევიკები არ ირიან, იქ ჟორდანიები არ არიან, მაგრამ იმათ შეინარჩუნეს თავიანთი ფიზიკური არსებობა და თავიანთი დამოუკიდებლობა... ზოგიერთ ქვეყნებმა, სადაც სათავეში არიან არა ს.-დ.-ბი თქვენ კიდევაც გაჯობეს. ავიღოთ თუნდაც აზერბაიჯანი. მის ხელმძღვანელმა მუსავატმა გადასწყვიტა მიწები გლეხებს უსასყიდლოთ გადასცეს და ამნაირათ თქვენ გაჯობათ.

თქვენ, რომ აუარებელი ფულები მიგაქვთ, კაცს ეგონება დიდ საქმეს აკეთებენო, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენდა, ეს ასე არ არის და თუ ჩვენ გამოვდივართ სამხედრო კრედიტების წინააღმდეგ ერთი იმიტომ, რომ არა ვართ პრინციპიალურად მუდმივი ჯარის მომხრე (ხმაურობა), მეორეს მხრივ იმიტომ, რომ არ ხმარდება იმ საქმეს, რომლისთვისაც ის არის გადადებული, ამას მოწმობს იმ მცირე კომისიის მოხსენება, რომელიც აქ თქვენ წინაშე გამოვა. (ხმაურობა) და მაშინ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ იფლანგება ფულები.

თავმჯდომარე. გთხოვთ ნუ უშლით ორატორს.

. შენგელაია. ბატონებო! ბ. გიორგაძემ, არ ვიტყვი მეტს, დაბალ საშუალებას მიმართა, მან ბრძანა: თქვენ კომისიების სხდომებზე არ დადიხართო ეს არ არის მართალი. რამდენად ჩვენ ძალა შეგვწევს, ჩვენ ოთხი კაცი ვართ სულ 15 კომისიებში რასაკვირველია ვერ შევძლებთ მუშაობას ისე რაც ოთხი კაცს შეუძლია ყველგან დავდივართ, ვმუშაობთ. ეს აშკარაა; დამფუძნებელ კრებაში ჩვენ 5 კაცი ვართ, თქვენ კი 105, მაგრამ თქვენი ფრაქციის დიდი უმრავლესობა არამც თუ კომისიებში არ დადის, თვით დამფუძნებელ კრების სხდომებს არ ესწრებიან. სულ დადის რაღაც 30 კაცი, სხვა დეპუტატები არ გვინახავს, შეიძლება ისე დავიშალოთ, რომ ვერც კი გავიგოთ სად არიან ისინი? (ა. ასათიანი: პროპაგანდას ეწევიან!) დიახ, პროპაგანდას ეწევიან პარტიის სასარგებლოდ და არა რესპუბლიკის სასარგებლოდ! არავითარი სისტემა სოციალ-დემოკრატიას არა აქვს. თქვენ იცით ამ ერთ თვის წინეთ ბ. ჟორდანიამ მოისურვა მთავრობის განცხადების შესახებ მსჯელობაში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ დღემდის არ სცალოდა დამფუძნებელ კრებისთვის, რადგან კოლლექტივში მოხსენებას აკეთებდა. იქ ბ. ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება, სადაც სთქვა: „არის 2 მიმდინარეობა ეკონომიკაში: ერთი ბურჟუაზიული და მეორე კომუნისტური, ჩვენ არც ერთს ვიზიარებთ, არც მეორეს, ორივე ცუდიაო“. ეს არის ორი სკამზე ჯდომა, უნდა მოგახსენოთ დღევანდელ პირობებში, თუ გნებავთ გაიცნოთ ჩვენი სისტემა, ყოვლად შეუძლებელია ასეთ გზას დავადგეთ. ჩვენ გარკვეულად უნდა ვთქვათ. ან უნდა დავეყრდნოთ კერძო ინიციატივას, ანდა საზოგადოებრივ ინიციატივას. პირველი გზა ესე იგი დაყრდნობა კერძო ინიციატივზე, გულისხმობს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ბურჟუაზია, მან უნდა განავითაროს მაწარმოებელი ძალები. მაგრამ, ეს არის უტოპია, ვინაიდან იმ სახელმწიფოში, სადაც სათავეში დგანან სოციალისტები, ყოვლად შეუძლებელია, რომ ბურჟუაზიამ დააგვაროს, შექმნას ქვეყნის სიმდიდრე და თქვენ მოგართვას.

ჩვენ გვაქვს ერთად ერთი გზა კოლლექტიური წარმოებისა, ჩვენ უნდა ავამუშაოთ კოლლექტიური ენერგია მშრომელი ხალხისა. ჩვენ უნდა დავადგეთ გარკვეულათ შრომისა და საკუთრების კოლლექტივიზაციის გზას. ეს არ ნიშნავს, რომ დეკრეტების საშუალებით სოციალიზმი განვახორციელოთ. ჩვენ არ გვწამს დეკრეტით სოციალიზმის განხორციელება. მარქსისტული სოციალიზმი კი არის დეკრეტული სოციალიზმი. (ხმაურობა) აი, დაგიმტკიცებთ, მე შორს არ მივდივარ.

მარქსიზმის დედა-აზრი ასეთია: როდესაც მოხდება კონცენტრაცია კაპიტალებისა, ერთ მხარეზე დაგროვდება აუარებელი ქონება ბურჟუაზიის ხელში და მეორეს მხრივ პროლეტარიატი - ღატაკი ხალხი, მოხდება ბრძოლა მათ შორის; მაშინ პროლეტარიატი გაიმარჯვებს და იგი ჩაიგდებს ძალა-უფლებას ხელში და მის მიერ შექმნილი სიმდიდრე დაუბრუნდება მასვე. ეს არის დეკრეტული სოციალიზმი. ჩვენ ეს არ გვწამს. (ხმაურობა) არ გჯერათ? წაიკითხეთ თქვენი მოძღვრის „კაპიტალი“, „კომუნისტური მანიფესტი“ და დაინახავთ.

თავმჯდომარე. უკაცრავად. გთხოვთ დაიცვათ სიჩუმე. (ორატორს) შეიძლება კანონ-პროექტზე სთქვათ რამე!

. შენგელაია. კანონ-პროექტზე მე უკვე მოგახსენეთ. კანონ-პროექტი ადასტურებს იმ უსისტემობას, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ ხართ ვითომ მარქსისტები, სოციალისტები, საქმით კი ნაციონალ-დემოკრატები. (ასათიანი: ცუდი ნაციონალ-დემოკრატები!) ჩვენ ვებრძვით ყველა იმას, რაც თქვენს მოღვაწეობაში ეწინააღმდეგება მშრომელი ხალხის ინტერესებს, ჩვენ ვებრძვით ყველა იმას, რასაც მივყევართ დაღუპვისაკენ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. ჩემის ღრმა რწმენით, ბატონებო, ამ კანონ-პროექტის განხილვის დროს სოც.-რევ. ფრაქციას ჰქონდა ერთი მშვენიერი შემთხვევა, რომ ამ განხილვაში მიეღო მხურვალე მონაწილეობა. მას შეეძლო აქ წარმოედგინა თავის შესწორებანი და სხვა, რადგან ეს კანონ-პროექტი არის ერთნაირი სისტემის შეტანა ჩვენს ხარჯთ-აღრიცხვაში. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს დაკანონებაა უსისტემობისაო. თუ თქვენ ასე გგონიათ, თუ თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ, რომ კანონ-პროექტის შინაარსი იცით და იცით აგრეთვე თუ რას ნიშნავს სისტემა - არ ვიცი რაზე შეიძლება კამათი თქვენსა და ჩვენ შორის. თუ ეს ასეა, როდესაც სისტემა ტეხნიკური არის, ერთნაირია ყველგან: ნაც.-დემოკრატიული, მენშევიკური, სოც.-რევოლიუციონური. ტეხნიკაში არის ერთი სისტემა, აქ ფრაქციას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად: სწავლა-განათლების სამინისტროს ეძლევა განსაკუთრებული თანხა, ამას ხმას აძლევს ს.-რევ. ფრაქცია. მე, როგორც შევნიშნე, ეს ფრაქცია თავს იჭერს, როცა იარაღის ხმარებისთვის აძლევენ ფულებს. (რ. არსენიძე: ეშინიათ იარაღის!) ახლა თუ სადმე ჯარის გადაჯგუფებაა, ან სხვა რამე - ის თავს იჭერს, სხვა დარგებში კი თავს არ იჭერს და ხმას აძლევს სხვა ფინანსიურ დეკრეტებს.

ვთქვათ, რომ სწავლა-განათლების სამინისტრომ ვერ მოახერხა, როდესაც მან მოინდომა მიეღო ხაზინიდან ფულები, რადგან ხაზინას არ ჰქონია ფულის ნიშნები, და კრედიტი დაიხურა. მას კი გახსნილი აქვს კრედიტი. თავის-თავად ცხადია უნდა მოხდეს შემდეგი: ჩვენ უნდა შემოვიდეთ ახალი დეკრეტით, რომ ეს დახურული კრედიტი გაეხსნას უწყებას. მაშინ გამოვა ლ. შენგელაია, 5 საათს ილაპარაკებს მარქსიზმზე, სოციალიზმზე, ბაკუნინზე, ჩერნოვზე და ამით დრო დაიკარგება. უკეთესია ერთხელ და სამუდამოდ ითქვას, რომ ეს კრედიტი დაიხარჯა ამ კანონ-პროექტის მიხედვით, მორჩა და გათავდა, ეს არის სისტემის შეტანა გაღებულ კრედიტის განაღდებაში. მე ვამბობ, რომ მას უსათუოდ ამისათვის მხარი უნდა დაეჭირა. მე არ ვიცი რათ გამოდიან ამის წინააღმდეგ. დეკრეტი ტეხნიკური სიტყვებით არის შედგენილი და ზოგისთვის შეიძლება გასაგებიც არ იყოს. აქ ლეო შენგელაიამ სრულიად სამართლიანად მოიყვანა ჩემი აზრი. ჩემის ფიქრით თავი უნდა ვინუგეშოთ იმით, რომ არის ისეთი შემთხვევა დაწინაურებულ ქვეყნებში, როდესაც ბიუჯეტის სისტემა, გასავლის ანგარიშის შემუშავება, ვერ ხერხდება ომის დროს. მაშინ იძულებულნი იყვნენ მიემართათ იმ საშუალებისათვის, რომელსაც ჩვენ მივმართეთ. საფრანგეთში არის სისტემა „Dousieme provisoir“, ესე იგი იღებენ ომის დროს ბიუჯეტის მე-12-ე ნაწილს, რადგან ბიუჯეტის განხილვას ვერ ასწრობენ. ლეო შენგელაიამ გვისაყვედურა, რომ კომისიაში ფინანსისტები არა გყავთო. არც თქვენ ფრაქციაში არიან ფინანსისტები.

მე თქვენ გითხარით, რომ ისინი ვერ ახერხებენ ომის დროს ბიუჯეტის შედგენას, თქვენ კი ეს ახსენით, ბ. შენგელაია, ჭამის თეორიით. მე გითხარით ტეხნიკაზე, იმაზე, რომ სახელმწიფოში თავის ტრადიციით და მთელ თავის აპარატით მშვიდობიან დროსაც ვერ ახერხებენ ბიუჯეტის შედგენას. ეს მართალი არის და თქვენც იცით, რომ იქ არის მდიდარი ხალხი, ფულები ბევრი აქვთ, მაგრამ მაინც ვერა ხერხდება. ეს, რასაკვირველია, ყველამ იცის ჩვენში. ამისთვის ძეგლს ვერ დაგიდგამთ. აიღეთ, მონახეთ ხალხი, შეიყვანეთ კომისიებში და დიდი მადლობელი ვიქნებით. თქვენი პარტია ამას ვერ შესძლებს. ეს არის სიმართლე. ბ. გობეჩია, ნუ თუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ ბიუჯეტის შედგენა შეიძლება 2 თვის განმავლობაში? (გობეჩია: ორი წელიწადია!) ახლა 2 წელიწადი! 3 წელიწადია, რაც რევოლიუციაა რუსეთში. ეს ანგარიში კი არაა... (ხმაურობა) თქვენი ერთი მაინტერესებს; ეს უნდა გამოირკვეს აშკარად. თქვენ წამოაყენეთ დებულება ჟორდანიას სიტყვა კოლლექტივის კრებაზე. თქვენ მემარცხენე ბრძანდებით და კოლლექტივზე ასეთი კილოთი ლაპარაკი მე თქვენგან ძლიერ გამიკვირდა. ყოველი საზოგადო მოღვაწე ლოღიკური უნდა იყვეს და ვისთან დადის, იმას არ უნდა დასცინოს, თორემ კოლლექტივები აუჯანყდებიან მას და არ მიიღებენ, როცა იქ მივა. მაგრამ თქვენ ისეთი კილოთი დასცინეთ, რომელიც არ შეეფერება არც თქვენ მდგომარეობას, არც კოლლექტივს. შემცდარი არის თუ არა, ეს ნაწილია ჩვენი ხალხისა და ისინი დაცინვის ღირსნი არ არიან.

იქ უთქვამს ჟორდანიას: არის ორი მიმართულება: ერთი ლიბერალური და მეორე კომუნისტური. ჩვენ ვირჩევთ საშუალოს (შენგელაია: ეს ორ სკამზე ჯდომაა!) მე მინდა პირდაპირ განაცხადოთ დამფუძნებელ კრების წინაშე: თქვენ რას ირჩევთ? უსათუოდ თქვენ ირჩევთ კოლექტიურ გზას. ძლიერ კარგი, მაგრამ თუ არა დეკრეტების საშუალებით, როგორ გინდათ კოლექტიური წარმოება დაამყაროთ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 90 პროც. მცხოვრებლებისა კერძო ინიციატივით ეწევა საქონლის დამზადებას? და თუ თქვენ ამ გზას დაადგებით, მაშინ უნდა მისცეთ ასპარეზი „სიბუნიონს“, ან რომელიმე მის მეზობელს. როგორ შეგიძლიანთ მიაღწიოთ კოლლექტიურ წარმოებას თუ არა დეკრეტებით, ან ტერორით, როდესაც 90 პროც. საქონელს ამზადებს კერძო ინიციატივით. ამიტომ გეუბნებიან, რომ თქვენა ხართ უპასუხისმგებლონი, არა იმიტომ მარტო, რომ აქ გამოდიხართ, დამფუძნებელ კრებაში და მთავრობის წინააღმდეგ ლაპარაკობთ, ეს ჩვეულებრივი ვალდებულებაა ოპოზიციისა, არამედ უპასუხისმგებლონი ხართ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური წარმოება დღეს შეუძლებელია. ეს შეიგნეს თქვენმა თანამოაზრეებმა რუსეთში. საუბედუროდ, გზა დაკეტილია და თქვენ იქიდან გაზეთები აღარ მოგდით (ხმაურობა. თქვენ როგორ ჩამობრძანდით?) მე რომ ჩამოვბრძანდი, ძლიერ შევცდი, რომ ჩერნოვის და სხვების გაზეთები არ ჩამოვიტანე. მე ვამბობ, თქვენ იმიტომ ხართ უპასუხისმგებლონი, რომ იცით, - ეს შეუძლებელია და მაინც მოითხოვთ სხვისგან იმის განხორციელებას, რასაც თქვენ თვითონ ვერ განახორციელებთ.

რაც შეეხება მუსავატს, არის ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც მინდა აღვადგინო. სეიმმა ერთხმად მიიღო მიწის კონფისკაცია, იძულებით, უფასოდ ჩამორთმევა მიწებისა დეკრეტის ძალით. მუსავატმა ხმა მისცა ამ დეკრეტს. მაგრამ ჩვენ ისეთები არა ვართ, რომ დაუჯეროთ, რომ გააკეთებენ იმას, რასაც ლაპარაკობენ და რის გაკეთებაც არ შეუძლიანთ. თქვენ ბევრ რამეს გვეუბნებით, მაგრამ საქმე იმაშია, შეიძლება თუ არა ნამდვილად ცხოვრებაში გაატაროთ ის, რასაც ლაპარაკობთ. ჩვენ გვგონია, თქვენ ბევრ რამეს ამბობთ, მაგრამ მისი გაკეთება არც შეგიძლიანთ და ვერც შესძლებთ. ხანდახან უბრალო ტეხნიკურ კანონის შესახებ დგება დიდი კამათი მარქსიზმზე, ნაროდნიკებზე, მაქსიმალიზმზე, მინიმალიზმზე, რომელიც სრულიად არ შეესაბამება... (ასათიანი: ცხოვრებას!) საქმის მდგომარეობას. ეს მეტად სავალალოა. თუ კამათი გნებავთ, - მობრძანდით კოლექტივების კრებაზე და იქ შეიძლება თქვენი აზრების განმარტება და ჩვენი პასუხიც.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.

იოსებ სალაყაია. (მომხსენებელი) მე მგონია, რომ ბ. შენგელაიას, სიტყვა ჰქონდა დამზადებული სხვა რამისათვის (ხოჭოლავა: შეეშალა!)

თავმჯდომარე. ხმა მაღლა, არ ისმის.

სალაყაია. აქ იყო ერთი კანონ-პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსი, და ეს სიტყვა მისთვის იყო მომზადებული. და ჩემთვის სრულიად გაუგებარი შეიქმნა, რისთვის ამ კანონ-პროექტის წინააღმდეგ ასე გამოვიდა. მე მინდა ამ კანონ-პროექტს დაუბრუნდე. აქ არის, ბატონებო, ერთი რამ, მესამე მუხლი ლაპარაკობს შემდეგ რამეს: თუ რომელიმე სამინისტროს უწყება ვერ მოაწყობს იმ ფულის დახარჯვას, რომელიც იყო გადადებული წლის განმავლობაში, ის იძულებული ხდება 4-5 მუხლის ძალით, ეს წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს, რომელსაც შეაქვს საერთო ხარჯთ-აღრიცხვაში. მე თქვენ გეკითხებით არსებობს თუ არა მაგალითად ინგლისში, იქ სადაც 400 წლის საბიუჯეტო და სიფინანსო პრაქტიკა არსებობს, სხვა რომ გარდა ამისა. მე ვამტკიცებ, რომ სწორედ ის წესი არსებობს, რაც 3-4 პუნქტში გვაქვს მიღებული. თუ თქვენ იმას იტყვით, რომ საბიუჯეტო წესები არ ვარგა ინგლისში, მაშ მე არ ვიცი სწორედ ის, რაც აქ ჩვენ 3 და 4 პუნქტში გვიწერია, ესევე სწერია საბიუჯეტო კანონმდებლობაში ინგლისში. დაამტკიცეთ წინააღმდეგი. საფრანგეთი ხომ დემოკრატიული რესპუბლიკა არის და იქ 1885 წელს სწორედ ასეთი კანონ-პროექტი იყო შეტანილი და დამტკიცებული. ამას, თუ არ დაიჯერებთ, წიგნებში ჩაიხედეთ და დარწმუნდებით. მე მეტს გეტყვით, მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტი არა გვაქვს, სწორედ ეს ვადა იყო 3 წელიწადი, აქ კი არის 6 თვე. (შენგელაია: ორი წელიწადი გავატარეთ უბიუჯეტოდ!) ჩვენ აქ კანონ-პროექტზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს თუ არა. ახლა მე არ ვიცი, პირველი მუხლი (კითხულობს) მე მგონია აქ არავითარი უსისტემობა არ არის, აქ არის სისტემის შეტანა. არის ერთი შემთხვევა, თუ კრედიტი გახსნილი აქვს, მაგრამ ხაზინამ ვერ მოასწრო კრედიტის მიცემა, უფლება ეძლევა მიიღოს მაშინაც, როდესაც საბიუჯეტო წელიწადი გათავდება. მე მგონია, ასეთი შეღავათიანი ვადა არსებობდა ყველგან და დღესაც არსებობს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობა დასრულდა. (ხმაურობა) უკაცრავად, გთხოვთ დაწყნარდეთ. კენჭს უყრი. ვინ არის წინააღადეგი? ვინ არის მომხრე? მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. (შემდეგ ამისა ბ. გრიგოლ და ივ. გომართელი კითხულობენ საბოლოო ტექსტებს დღიური წესრიგის მე (?) მუხლში აღნიშნულ აქტთა. ტექსტები კრების მიერ დამტკიცებულ იქნა უცვლელად).

თავმჯდომარე. ეხლა გთხოვთ შემდეგი დღის წესრიგი მოისმინოთ.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე. დღის წესრიგის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაციონალისტი) ბატონებო! 19 დეკემბრამდის ყოველ კრების წესრიგის ბოლოში ჩართული იყო საკითხის შესახებ მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროსთან სხვა სამინისტროს შეერთებისა (შენგელაია: უკვე ლიკვიდაცია დაიწყო!) ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, როცა მთავრობის თავმჯდომარემ დაავალა თავის მოადგილეს ბ. გეგეჭკორს, რომ მას გაეცხადებინა დამფუძნებელ კრებისთვის, რომ მოხდა ასეთი ცვლილება სამინისტროების ორგანიზაციებში, დაარსდა ერთი სამინისტრო სხვა სამინისტროსთან შეერთების წესით. თანახმად რეგლამენტისა, მაშინ დამფუძნებელ კრებას დაეკითხნენ, სურდა თუ არა მას მსჯელობა ყოფილიყო ამ საგანზე, მისი სურვილი გამოთქმული იყო. მთავრობის თავმჯდომარემ მოგვთხოვა, რომ მას სურს პირადად მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხზე მსჯელობაში და სასურველად სცნობს მის გადადებას. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ეს და გადაიტანა საკითხი შემდეგი სხდომისთვის. მას აქეთ ეს საკითხი იდებოდა შემდეგი სხდომისათვის და უსათუოდ ბოლოში, და ეხლა კი სულ დაიკარგა. (ასათიანი: გარდაიცვალა!) მე არ მინდა შევეხო ამ საკითხის არსებით მხარეს. თავისთავად ცხადია ეს საკითხი ვერ დაიკარგება, დამფუძნებელ კრებას უფლება აქვს ეს საკითხი დააყენოს წინადადების, ან საკითხის სახით. მაგრამ მე მაინტერესებს არა არსებითი მხარე, არამედ ფორმალური მხარე ამ საკითხისა, რადგანაც შეიძლება დიდ საკითხზედ განმეორდეს ეს და მე მგონია, დამფუძნებელი კრების ავტორიტეტს არაფერს შემატებს. მე წინადადებას ვიძლევი, რომ ეს დაკარგული საკითხი დაუბრუნდეს დღის წესრიგს, დავსვათ ის სათავეში, მით უმეტეს, მადლობა ღმერთს, ეხლა მთავრობის თავმჯდომარე კარგად არის.

თავმჯდომარე. მე საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო შემდეგი: ჯერ ერთი დეპუტატ ვეშაპელის სიტყვა დღის წესრიგს არ შეეხებოდა. როცა სიტყვას იღებენ, უნდა ილაპარაკონ იმ საკითხის შესახებ, რომელზედაც სიტყვა იყო აღებული და რომელიც შემოტანილია პრეზიდიუმის მიერ. ჩვენ, პრეზიდიუმს, ასე გვესმის ეს საკითხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბ. ვეშაპელმა სიტყვა აიღო წესრიგის შესახებ, ისარგებლა ამით და არსებითად სხვა რამეზე ილაპარაკა. მაგრამ მე საპიროთ მიმაჩნია შემდეგი განვაცხადო: ეს საკითხი დასმული იყო ჯერ მაშინ, როცა მე აქ ვიყავ მას შემდეგ მე ოცი დღე აქ აღარ ვყოფილვარ. როცა ჩამოველ ეს საკითხი ისევ დღის წეს-რიგში იყო და როდესაც ჩემს მოადგილეს შევეკითხე, რატომ ამის შესახებ არ არის მოხსენება, მან გადმომცა შემდეგი: ამ საკითხის შესახებ მოხდა ფრაქციათა წარმომადგენლების სხდომა, იქონიეს მსჯელობა და დაადგინეს: თანახმად მომარაგების მინისტრის განცხადებისა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მისთვის განსაზღვრული ვადა მიეცათ (ხმა: გავიდა ეს ვადა!), რომ გასცნობოდა, როგორ იყო საქმე დაყენებული და, როდესაც ის მზად იქნებოდა, მაშინ მის მოხსენებას მოისმენდა ფრაქციათა წარმომადგენლების შეერთებული სხდომა და თუ ეს ფრაქციათა წარმომადგენლების შეერთებული სხდომა შესაძლებლად დაინახავდა, რომ მის გამოტანას იქ დამფუძნებელ კრების ტრიბუნაზე, მაშინ ის გამოვიდოდა მოხსენებით. მე დღეს, სანამ სხდომა გაიხსნებოდა, შევეკითხე მომარაგების მინისტრს, თუ რაში მდგომარეობს საქმე. მან ჯერ მიამბო საქმე ასე იყოვო და მთხოვა, რომ ფრაქციათა წარმომადგენლების სხდომა, თუ შესაძლებელი იქნება, მოწვეულ იყოს კვირას, ორშაბათს, ან სამშაბათს. მზად ვარ დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინოო. თუ საჭიროდ დაინახავს და მიბრძანებს, მაშინ მზადა ვარ გამოვიდე დამფუძნებელ კრების ტრიბუნაზე მოხსენებითო. აი, ამიტომ იყო, რომ მე ზედმეტად მივიჩნიე ამ საკითხის შეტანა. ეს ასე ყოფილა და თუ ასე არ არის ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. რაც შეეხება იმ წინადადებას, რომელიც ვეშაპელმა შემოიტანა - დამატებით დავსვათ ეს საკითხიო, ამის უფლება, რასაკვირველია, დეპუტატს აქვს, მაგრამ პრეზიდიუმს ამის შესახებ მსჯელობა არა ჰქონია. თუ ინებებთ სიტყვას მივცემ ერთს მომხრეს და ერთს მოწინააღმდეგეს. ამ საკითხის შესახებ სურს თუ არა ვისმე სიტყვა წესრიგის შესახებ? სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. თუ წესრიგის გამო ვთხოულობ სიტყვას ეს იმიტომ, რომ რეგლამენტში სწერია - კრების ბოლოს დამფუძნებელი კრება ამტკიცებს დღიურ წესრიგსო და მე ვერ წარმომიდგენია წეს-რიგის დამტკიცების პროცესის ასე შევიწროვება. მე მგონია ამ საკითხზე მსჯელობას ისეთივე ფარგლები აქვს, როგორც სხვა საკითხზე მსჯელობას. მე ამ წესრიგის დამტკიცების დროს ვხელმძღვანელობდი იმით, რომ არსებობს ერთგვარი მემკვიდრეობა წესრიგის დამტკიცებისა. შარშან პარლამენტში იყო ისეთი შემთხვევა, რომ პრეზიდიუმს საგანგებო თათბირი ჰქონდა იმის შესახებ - შეიძლება თუ არა დამტკიცებულ დღიურ წესრიგიდან ამოღებულ იქმნეს საკითხი და მან შარშან დაადგინა...

თავმჯდომარე. რეგლამენტის რომელი მუხლი დავარღვიეთ?

ვეშაპელი. რომ დამტკიცებულ წეს-რიგიდან არ შეიძლება მოიხსნას საკითხი, თუ ამაზე არ არის წინასწარი მსჯელობა. მსჯელობის დროს უფლება აქვს პარლამენტს უარჯყოს ეს საკითხი, თუ არ მოუნდა მისი განხილვა. მაგრამ არსებობს ვიწრო წესი - უნდა იყოს მომხრე და წინააღმდეგი. რაც შეეხება რეგლამენტს, ჩვენ გვაქვს რეგლამენტი, სადაც სწერია (კითხულობს). აი, სწორედ ამ საკითხთან გვაქვს ჩვენ საქმე. მთავრობის თავმჯდომარემ თავის მოადგილის პირით შემოიტანა განცხადება, რომელიც სრულებით არ შეეხება წესრიგში დასმულ საკითხს.

თავმჯდომარე. დღეს რეგლამენტის რომელი მუხლი დავარღვიეთ?

ვეშაპელი. მე მოგახსენებთ, რომ ეს მუხლი რეგლამენტისა შეეხება ამ საკითხს.

თავმჯდომარე. თქვენ აიღეთ სიტყვა დღის წესრიგის შესახებ და მე მოველოდი, რომ თქვენ იტყოდით რასმეს რეგლამენტის დარღვევის შესახებ. მე ვერ მოგცემთ სიტყვას, რომ ილაპარაკოთ იმაზე, რაც ოდესმე მომხდარა.

ვეშაპელი. თუ ნებას მიბოძებთ მოგახსენებთ თუ რა მიმაჩნია რეგლამენტის დარღვევად. რეგლამენტის დარღვევად მიმაჩნია თქვენი განმარტება.

თავმჯდომარე. ბ-ნი ხოჭოლავა.

მუხრან ხოჭოლავა (ს.-დ.) ბატონებო, საქმე ის არის, რომ ჩვენ ამ საკითხს ფორმალურად არ ვუყურებთ. მომხდარა ფრაქციათა შეთანხმებული სხდომა, სადაც გადაუწყვეტიათ მოესმინათ მომარაგების მინისტრის მოხსენება და ამნაირად მოხდებოდა საკითხის არსებითად განხილვა, მაგრამ, რადგან თქვენ სასურველად მიგაჩნიათ საკითხს ფორმალურად შევეხოთ, ამიტომ ჩვენი ფრაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მას აინტერესებს საკითხის შინაარსი და არა ფორმალური მხარე, წინააღმდეგი არ არის, რომ ხელახლა იქმნეს ეს საკითხი დასმული დღიურ წესრიგში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. არსენიძეს.

. არსენიძე. (ს.-დ.) ამ საკითხის შესახებ, როგორც მოგახსენათ დამფუძნებელ კრების დღევანდელ თავმჯდომარემ, იყო ერთგვარი შეთანხმება ფრაქციათა შორის, მართალია ისიც, რაც აქ ადგილიდან წამოიძახეს: 10 დღე იყო ვადაო. ვადა მართლაც იყო დადებული და ეს ვადა გავიდა, მაგრამ ვინაიდან მინისტრს მოუთხოვია, რომ მე მზათ ვარ მოხსენება გაგიკეთო, მხოლოდ თქვენ დანიშნეთ ფრაქციათა წარმომადგენლების კრება და მე მოვიტან იმ მოხსენებას, რომელიც მე მაქვს შემუშავებულიო, ამიტომ მე მგონია, რომ არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე მოსაზრება არ მოითხოვს, რომ ყოველ დღე იყოს ეს კითხვა წესრიგში. ამიტომ მე მგონია, რომ ეს კითხვა არ უნდა იქნეს შეტანილი დღიურ წესრიგში და თუ რაიმე მიზეზის გამო მოხსენება არ გააკეთეს და არ დააკმაყოფილეს ფრაქციის მოთხოვნილებები, ყველას აქვს უფლება შეეკითხოს, ან სხვა სახით გამოარკვიოს საკითხი.

ალ. ასათიანი. მე მხარს უჭერ ბ. ვეშაპელის წინადადებას. ყოველივე ის, რაც სთქვა არსენიძემ გაუგებრობაზე არის აშენებული. საკითხი ეხება იმას კი არა, რომ მომარაგების მინისტრი მზათ არის თუ არა მოხსენებისათვის, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ საკითხის შესახებ, რომელსაც ეწოდება - მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების შესახებ. ამ საკითხზე ჩვენ უნდა მოგვესმინა მთავრობის თავმჯდომარის აზრი. ეს საკითხი კონსტიტუციური საკითხია: როგორც უნდა ხდებოდეს ძველი სამინისტროს გაუქმება და ახალის დაარსება და სხვა. მართალია ფრაქციათა წარმომადგენელთათვის შესდგა და ჩვენ მოვისმინეთ ბ. ერაძის მოხსენება, მაგრამ ის ისე მცირე იყო, რომ თვითონ თავის ამხანაგებმა ურჩიეს, რომ უფრო ვრცლათ მოხსენება გააკეთეო. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ფრაქციათა შეთანხმება მოხდაო, სრულიად არ არის მოსატანი. ეს იყო ფრაქციათა წარმომადგენლების ინიციატივით მოწვეული კრება, რომ ჩვენ მთავრობის აზრი გაგვეგო. ეს საკითხი დამფუძნებელ კრების დასტურით იყო შეტანილი დღის წესრიგში და მე ძლიერ მეეჭვება, რომ დამფ. კრების პრეზიდიუმს ქონდეს უფლება თავისი ნებით, ჩვენ დაუკითხავად ამოიღოს კითხვა დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული დღიურ წესრიგიდან. ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს სულ სხვა საკითხია, ეს არის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება და არა ბ. ერაძის, რომელმაც მომარაგების საქმე უნდა შეისწავლოს, საქმე ეს რთულია და შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ვსთვლით მოვისმინოთ მთავრობის თავმჯდომარის აზრი, შესახებ ახალი სამინისტროს დაარსებისა.

თავმჯდომარე. რასაკვირველია, რასაც აქ ასათიანი ბრძანებს, ჩვენც იმაზე ვლაპარაკობთ ეს ასე არის, მაგრამ მე მოგახსენეთ, რომ ფრაქციათა წარმომადგენლების სხდომა ყოფილა, სწორედ ამ საკითხის გარშემო ჰქონიათ ლაპარაკი, რა საჭიროა ჩვენ აქ ჩავაცივდეთ ასოს? არ ვიცი რა საჭიროა აქ კეკე-მალულობის თამაში! მე მოგახსენეთ ის, რაც მე გადმომცეს, მე იმ სხდომას არ დავსწრებივარ და არ ვიცი გააკეთა თუ არა მოხსენება მთავრობის თავმჯდომარემ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ რაკი ეს სურსათ და მომარაგების საქმეს შეეხება, მოხსენებას გააკეთებს ის პირი, რომელიც ამ სამინისტროს უდგას სათავეში. ეს ყველამ იცის.

როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი რამდენი ხანია, რაც დასმულია და არც ერთხელ არც ერთმა თქვენგანმა არა სთქვა რა ამაზე, ეს პრეზიდიუმს საბუთს აძლევდა ეფიქრა - ფრაქციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ამ საკითხის გარშემო შეთანხმება არის, ამას ანგარიშს უწევენ და არაფერს არ ბრძანებენო. როდესაც პრეზიდიუმმა უკანასკნელ ორ სხდომაზე ეს საკითხი უკანასკნელათ შემოიტანა, მაშინ უნდა ამდგარიყავით და გეთხოვათ: რა საბუთის ძალით ინებეთ, რომ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაზე მსჯელობის საკითხი უკანასკნელათ შეიტანეთო (ვეშაპელი: მაშინ გიხათრეთ!) აქედან ჩვენ, რაკი ზოგიერთი პრეცედენტი გვქონდა ფრაქციათა შეთანხმებისა, დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ისინი შეთანხმდენ, იმათ კარგათ იციან, რომ, როცა დრო დადგება საკითხი შეტანილი იქნებაო. ამით ვხელმძღვანელობდით ჩვენც. კიდევ ვის სურს სიტყვა შემდეგი სხდომის დღიური წესრიგის შესახებ? არავის. შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი მიღებულია. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა დაიხურა 3 ს. 20 წუთზე.

15 სამოცდამეთოთხმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(74)

1919 წელი, პარასკევი. დეკემბრის 26. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

ექვთიმე თაყაიშვილი და

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათსა და 55 წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი ფოსტა-ტელეგრაფის შინაგან კორენსპონდენციის ნიხრის გადიდების დეკრეტისა.

2. დეკრეტი განათლების სამინისტროს შტატის შეცვლისა და ჯამაგირის გადიდებისა.

3. დეკრეტი ერობათა ხმის ნების რწმუნებულობის ვადის განგრძობისა.

4. დეკრეტი სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა 1919 წ. მაისის 20-სა და აგვისტოს 2-ს დეკრეტის შეცვლისა - განათლების ყოველი ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა შესახებ.

5. დეკრეტი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა.

6. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების - მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

თავმჯდომარე. შესწორების შეტანას ხომ არავინ ინებებს წესრიგში? არავინ. დაშნაკცაკანების ფრაქციიდან პრეზიდიუმის სახელზე შემოსულია განცხადება შესახებ სხვა და სხვა კომისიებში მათი წარმომადგენლების დაშვებისა.

პრეზიდიუმმა ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად დაადგინა - მისცენ დაშნაკცაკანებს ადგილები სახალხო განათლების, სამეურნეო და ადგილობრივ თვითმმართველობათა კომისიებში. დასახელებულნი არიან შემდეგი კანდიდატები (კითხულობს).

არის ბატონ ვეშაპელის განცხადება იმავე ხასიათისა, რომ მას მიეცეს საშუალება და უფლება საგარეო და სამხედრო კომისიებში წევრობისა. წინააღმდეგი ხომ არავინ არის? მიღებულია.

სიტყვა ეკუთვნის ბატონ ივ. გომართელს.

ივ. გომართელი (მოახსენებს კრებას დეკრეტის საბოლოო ტექსტს მცირე შესწორებებით).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბატონ ლ. ნათაძეს.

დეკრეტი განათლების სამინისტროს შტატის შეცვლისა და ჯამაგირის გადიდებისა.

. ნათაძე. (ს.-დ.) დამფუძნებელ კრების გახსნის შემდეგ, განათლების კომისიამ აირჩია მცირე კომისია, რომლის საქმეს და მიზანს სხვათა შორის ისიც შეადგენდა, რომ ცენტრალურ დაწესებულებათა რევიზია მოეხდინა და თუ რაიმე შემცირებას შესძლებდა, შეემცირებია შტატები ცენტრალურ დაწესებულებათა. მცირე კომისიამ ეს საქმე კიდეც გააკეთა და მისი რჩევით ეს ცვლილება კიდეც გაატარა განათლების სამინისტროში განათლების კომისიამ, ესე იგი მოახდინა შტატების შეცვლა. აი, მაგალითად, გადამწერთა რიცხვი 10 მაგივრად მიიღო 8. შეამცირა აგრეთვე წვრილ მოსამსახურეთა რიცხვი. მაგრამ მუშაობის მსვლელობისათვის განათლების სამინისტრომ და განათლების კომისიამ დაინახეს, რომ საჭიროა რამოდენიმე ახალი თანამდებობის დაწესება და შტატის რამოდენიმეთ შეცვლა. წინანდელთან შედარებით ის შტატი, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი შეიცვალა შემდეგ ნაირად. ეს ცვლილება უმთავრესად შეეხება სახალხო სკოლების ინსპექტორთა თანამდებობის დაწესებას. მოგეხსენებათ, რომ ეს თანამდებობა არსებობდა, მაგრამ ცენტრალურ დაწესებულებაში არ შედიოდა. ისინი ცენტრალურ დაწესებულებათა გარეშე იყვნენ. და ახლა, როცა ეს ინსპექტორთა თანამდებობა გადავიდა ერობის ინსტრუქტორთა ხელში, ეხლა ეს თანამდებობა, რომელიც დგას სახალხო სკოლებისა და ცენტრალურ დაწესებულებათა შორის, საჭირო აღარ არის. მაგრამ ერთი მხრით დავინახეთ, რომ ყველა ერობები თვისით ისე ვერ ხელმძღვანელობენ საქმეს, როგორც ეს საჭირო არის და ამიტომ სრულიად მოსპობა ამ ინსპექტორთა თანამდებობათა შეუძლებელი გახდა. მხოლოდ რიცხვი შემცირდა. წინეთ იყო 18, ახლა კი 12. ამ თორმეტის დატოვება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ეს 12 სამინისტროს ინსტრუქტორთა როლს თამაშობს ერობების წინაშე ამ სახალხო სკოლებისათვის. 12 სახალხო სკოლის ინსპექტორს სჭირდება ერთნაირი თანხა, რომელიც პირველ ნოემბრის კანონის თანახმად გადადებულია. მეორე ცვლილება, რომელიც განიცადა ამ შტატმა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი თანამდებობის დაწესება დარჩა აუცილებლად საჭიროდ, ეს გახლავთ მორიგი მოხელის თანამდებობა. წინათ ასე იყო: მორიგი მოხელის როლს ასრულებდა ერთ ერთი მოსამსახურეთაგანი სამინისტროში. მაგრამ საქმის მსვლელობამ დაგვანახა, რომ ეს შეუძლებელია. მორიგი მოხელე არა სამინისტროს რომელიმე შემთხვევითი მოსამსახურე უნდა იყვეს, არამედ სპეციალურად ამ საქმეს უნდა უძღოდეს. მაგალითად, ის მოხელე, რომელიც დღეს თავის საქმეს აკეთებს და ხვალ კი მორიგი მოხელის როლს შეასრულებს, თავის თანამდებობას ვერ გასწვდება, როგორც საჭირო არის და ამიტომ განათლების კომისია დაეთანხმა სამინისტროს, რომ მორიგი მოხელის თანამდებობის დაწესება აუცილებლად საჭირო არის. მესამე პატარა თუ დიდი ცვლილება მდგომარეობს ტანთვარჯიშობის ინსტრუქტორის თანამდებობის დაწესებაში. ამას დღეს-დღეობით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ინგლისში და სხვაგან, რა დიდი ყურადღება აქვს მიქცეული ტანთვარჯიშობას, და ჩვენც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ჯეროვნად უნდა მოვაწესრიგოთ იგი, ამიტომ დავაწესეთ ტანთვარჯიშობის ინსპექტორის თანამდებობა. სხვა ცვლილება უფრო გადასხმა-გადმოსხმას შეეხება და კიდევ ერთი ცვლილება შეეხება სახელწოდებას. წინათ საქმის მწარმოებელი იყო განყოფილების უფროსი, განათლების სამინისტროში არ არსებობს როგორც სხვა სამინისტროებში. აქ არსებობს მხოლოდ საქმის მწარმოებელი. ჩვენ ეს თანამდებობა გვინდოდა აღგვემაღლებია და მას უწოდეთ მდივანი, მის თანაშემწეს კი საქმის მწარმოებელი. ამაში არის ცვლილება და მას არ შეაქვს ცვლილება შტატებში. ამნაირად გადიდება შეეხება საკანცელარიო ხარჯებს. როგორც ყველაფერი, უნდა გადიდებულიყო საკანცელარიო ხარჯებიც ფასების მიხედვით. მერე კიდევ გადიდდა მისვლა-მოსვლის ხარჯები. რაც წინათ იყო, ახლა ერთი სამათ მეტათ გადიდდა. კიდევ არის ერთი ცვლილება. მთელ სამინისტროში იყო ერთი რეგისტრატორი. საქმეები უფრო და უფრო იზრდებოდა, ვინაიდან იზრდებოდა სკოლების რიცხვი, ამიტომ საჭიროდ გახდა ერთი რეგისტრატორის თანაშემწის თანამდებობის დაწესება.

აი, ყველა ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ შტატებში წინანდელთან შედარებით. თვითონ დეკრეტი ასეთია (კითხულობს).

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის თუ ვინმე ინებებს სიტყვას? მსურველი არავინ არის, ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.

. ნათაძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივად და დამფუძნებელი კრება ერთხმათ იღებს მას).

თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება გახლავთ, რომ საბოლოო ტექსტი დღესვე იქნეს განხილული, თუ არავინ არის წინააღმდეგი, მაშინ მე ვთხოვ სარედაქციო კომისიას, დღესვე წარმოადგინოს საბოლოო ტექსტი. წინააღმდეგი არავინაა.

დეკრეტი ერობათა ხმოსნების რწმუნებულობის ვადის განგრძობისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ცისკარიშვილს.

ცისკარიშვილი. (ს.-დ.) თვითმმართველობის კომისია მოგახსენებთ პროექტს დეკრეტისას ერობის ხმოსნების რწმუნებულების ვადის გაგრძელების შესახებ. მთავრობა შემოვიდა დამფუძნებელ კრებაში წინადადებით, რომ ის ვადა ხმოსნების რწმუნებულობისა, რომელიც განსაზღვრული იყო, „დროებით საერობო დებულებით“ გაგრძელებულ იქნას 1922 წლამდის. ადგილობრივ მმართველობის კომისიამ იქონია მსჯელობა და შემოიტანა შემდეგი წინადადება. როგორც მოგეხსენებათ, ამ „დროებითი დებულებაში“ ნაგულისხმევია 1918-1920 წ.წ. 1 იანვარი. ფაქტიურად ჩვენ საქმე გვქონდა სულ სხვა მოვლენასთან. ერობები იძულებული იყვნენ სხვა და სხვა პირობების გამო ემუშავათ ბევრად ნაკლებ დროის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ერობები მუშაობენ 8-10 თვე და ზოგან 1 წელიწადი. ამაზე მეტი არც ერთი ერობას არ უმუშავნია. პირველი ერობა გახლდათ სენაკის ერობა, 1918 წლის ენკენისთვეს მოწყობილი, რომელსაც შეუსრულდა ერთი წელიწადი, დანარჩენი ერობები მის შემდეგ არიან ჩამოყალიბებული. ბევრი მათგანი ეხლა ეწყობა, ზოგან სულაც არ ყოფილა არჩევნები. ასეთი ცნობები მივიღეთ ტყვიბულის რაიონის შესახებ, დუშეთის უბნისა, და სხვაგან. აი, ეს გარემოება იმაზე მიგვითითებს, რომ ერობები ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოიჩენდნენ იმ უნარს, რომელიც უნდა გამოეჩინათ და ვერც იმას გააკეთებდენ რაც მათ დაკისრებული ჰქონდათ. ეს დრო არ იყო საკმარისი. ამიტომ ერობებმაც ვერ მოასწრეს მუშაობის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება, რადგან არა ხელსაყრელი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური პირობები იყო და მათ კი არ ქონდათ არც საჭირო გამოცდილება და არც საკმაო მასალა სწორეთ ამიტომ. ჩვენ იძულებულნი ვართ მივცეთ დრო, რომ დააგროვონ ყოველივე საჭირო ცნობები და მასალა, რომ გაეცნენ ადგილობრივ პირობებს, რომელშიაც უხდებათ მუშაობა და შემდეგ შეუდგნენ მომზადებით და პრაქტიკული ცოდნით შეიარაღებული ნამდვილ საქმიანობას (რეპლიკა). ეს თქვენი აზრია და ჩვენ კი გვგონია, რომ ერობებისათვის გამოცდილება და ის პირობები, რომელშიაც აწარმოებდენ მუშაობას, მძიმე იყო, მათზე არ იყო დამოკიდებული ეს პირობები და არ შეგვიძლია ბრალი დავდოთ.

ყოველ შემთხვევაში, ცხადია ეს დრო საკმარისი არ იყო. ზოგიერთმა ერობებმა სულ უკანასკნელ ხანებში დაიწყეს მუშაობა; მაგ. თიანეთის ერობა, რომელიც მუშაობას შეუდგა მხოლოდ 1 ოქტომბრიდან. და მათთვის შემდეგ რა უფლება გვაქვს მოვთხოვოთ მას სრული ანგარიში, როცა მას ჯერ არავითარი ხარჯთ-აღრიცხა კი არ დაუმტკიცებიათ. ჩვენ გვგონია, რომ „საერობო დებულება“, რომელიც დამტკიცებულ იყო 1918 წ. იანვარში, გულისხმობდა იმავე დროს არჩევნების მოხდენას. მაშასადამე 1920 წლის 1-ლ იანვრამდე გავიდოდა 2 წელიწადი, რაც ჩვენის აზრით, საკმარისად მიაჩნდათ „დებულების“ ავტორებს. ფაქტიურად კი, ჩვენმა ერობებმა, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ერთი წელიწადიც ვერ იმუშავეს. ამგვარად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხმოსნების რწმუნებულობის ვადის გაგრძელება არ ეწინააღმდეგება არც კანონმდებელის აზრს. საგულისხმოა აგრეთვე ის აზრი, რომელიც გამოითქვა ამ მოკლე ხანში მოწვეულ საერობო ყრილობაზე.

იქ ნათქვამი იყო, რომ სასურველია „დროებითი საერობო დებულება“, შემოღებული ყველა ერობაში, გადამუშავდეს მხოლოდ რამოდენიმე დროის შემდეგ, რათა მათ, ერობებს მიეცეს საშუალება შექმნან ნამდვილი საქართველოს პირობებთან შეფარდებული დებულება, რომელიც დამყარებული იქნება სწორედ მათ გამოცდილებაზე, მათ ცოცხალ პრაქტიკულ მუშაობაზე და არა მხოლოდ განყენებულ, თეორიულ შეხედულებაზე და პრინციპზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კომისია შუამდგომლობს დამფ. კრების წინაშე, რომ არჩევნები გადაიდოს 1 წლით არა მომავალ წლის პირველ იანვრამდის, როგორც მთავრობა გულისხმობს, არამედ ერთი წლით, ეს ვადა არის საკმარისი და ამგვარად შედგენილია წარმოდგენილი დეკრეტიც.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ასათიანს.

ალ. ასათიანი (ერ.-დემ.) ბ.-ნებო! თქვენ უთუოდ გეხსომებათ, რომ, როდესაც ჩვენ ვღებულობდით დებულებას შესახებ საერობო არჩევნებისა, ერ.-დემ. ფრაქციის სახელით წინადადება შემოვიტანე, რომ საერობო არჩევნები რამდენიმე ხნით მაინც გადადებულიყო. მაშინ ვხელმძღვანელობდით იმ მთავარი მოსაზრებით, რომ ანარქია და სამოქალაქო ბრძოლა იყო პროვინციების უმრავლეს ნაწილში და რამდენიმე ხნით გადადება მნიშვნელოვანი იქნებოდა არჩევნებისათვის, რომ ხალხს საშუალება ჰქონოდა უფრო მშვიდობიან პირობებში მოეწყო ეს არჩევნები. მთავრობამ და მმართველმა პარტიამ, მაშინ არ გაიზიარეს ეს აზრი და საქართველოში მოახდინეს ნაჩქარევი, ფრიად არასასარგებლო პირობებში, საქმისათვის, არჩევნები. ეხლა საკითხი დადგა შესახებ საერობო არჩევნებისა და ქრ.-დემ. ფრაქციის სახელით მე წინააღმდეგი უნდა ვთქვა.

წინადადება, რომლითაც მთავრობა შემოვიდა მოითხოვს არჩევნების გადადებას, მე კი ეროვნ.-დემ. ფრაქციის სახელით წინააღმდეგი ვარ ამ გადადებისა.

როგორც მაშინ, ისე ეხლა ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთად-ერთი მიზნით, რომ ბოლოს და ბოლოს საერობო არჩევნები მოეწყოს საფუძვლიანად.

საერობო თვითმმართველობათა სათავეში მოექცნენ ისეთი პირები, რომელთაც სათანადო შემოქმედების უნარი არა აქვთ და არა აქვთ სამეურნეო წარმოების ნიჭი და სურვილი. ამ მიზნით ვთხოულობთ, რომ არჩევნები მოხდეს კანონის თანახმად ამ იანვარში.

აქ წარმოდგენილ განმარტებიდან ჩვენ ვერავითარი საფუძველი ვერ მოვნახეთ იმისთვის, რატომ უნდა გადაიღოს ეს არჩევნები. ჩვენ მაშინ მართლაც არაბუნებრივი, არანორმალური მდგომარეობა გვქონდა. ისეთი ანარქია და სამოქალაქო ომი, როგორც იყო მაშინ, არჩევნების დროს, თითქმის მთელ საქართველოში ეხლა, არც ერთ მაზრაში არა გვაქვს. დღევანდელი პირობები გაცილებით უკეთესი არის. მაშასადამე, რაშია საქმე, რათ უნდა გადაიღოს ეს არჩევნები? განმარტების ავტორი შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი ჭიჭინაძე ამას შემდეგის მოსაზრებით ასაბუთებს: ბევრი ერობები მხოლოდ ეხლა ეწყობიანო. მე მგონია ეს საბუთი არ არის. შეიძლება არჩევნები ყოფილიყო სამი წლის წინად და მოქმედებას ვერ შეუდგენ იმიტომ, რომ ამისთვის საჭირო არის შემოქმედების უნარი. შეიძლება სამი წლითაც გადავდვათ ეს არჩევნები და ამ სამი წლის განმავლობაში ზოგიერთმა ერობამ მუშაობა ვერ დაიწყოს. მომხსენებელი გვეუბნება - გამოცდილება უნდა მიიღონო. გამოცდილებისათვის დრო არ არის მარტო საკმარისი. შეიძლება დრო ბევრი მიანიჭოთ, მაგრამ ვერაფერი გამოცდილება მიიღონ. ამიტომ პირველი მიზეზი, რომელიც მოჰყავს ბ-ნ მინისტრის ამხანაგს უსაფუძვლოა.

მეორე საფუძველი: რესპუბლიკაში ძალთა განწყობილება არ შეცვლილა და მოხდენა არჩევნებისა უხერხულიაო. ასეთი წინადადების წარმოთქმა მართლაც და უხერხულია. შეიძლება მინისტრმა ძალთა განწყობილება არ იცოდეს, მაგრამ ამას მხოლოდ არჩევნები დაგვანახვებს. თქვენის აზრით, რადგან ძალთა განწყობილება არ შეცვლილა, დამფ. კრება უნდა იყოს თავის ადგილზე. თქვენ გინდათ შექმნათ ერთგვარი ახალი წარმომადგენლობითი სისტემა როდესაც რესპუბლიკის წარმომადგენელნი ერთხელ აირჩევიან და შემდეგ ეს რჩება უცვლელი და უკვდავი, პარლამენტარულ წყობილებაში ასეთი პრინციპი არ შეიძლება ამ საკითხის გამორკვევა, ძალთა განწყობილება შეიცვალა თუ არა, უნდა მიენდოს თვით მოქალაქეებს და არა მინისტრს, ან რომელიმე ორგანოს. (მ. ხოჭოლავა: აზრის გამოთქმის უფლება...) როდესაც ამ აზრზე დამყარდება კანონი, რომელიც უსპობს მოქალაქეთ უფლებას, რომ ორი წლის შემდეგ აირჩიოს თავისი წარმომადგენელი, ასეთი აზრი არ უნდა გახდეს კანონის საფუძვლად.

მესამე საფუძველი: ახალი არჩევნები შეაფერხებს აღმშენებლობითი მუშაობასო. არჩევნები ყველა ახალია. შეიძლება არჩევნები აფერხებდეს ასეთ აღმშენებლობით მუშაობას. ასეთი მოსაზრებები თუ მივიღეთ, მაშინ უნდა შექმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ ერთხელ აირჩევიან და დარჩებიან სამუდამოდ. თუ ახალი არჩევნები აფერხებენ მუშაობას, მაშინ ეს წესი უნდა მივიღოთ არა მარტო ერობათა შესახებ, ქალაქთა წარმომადგენლების შესახებ და დამფუძნებელი კრების შესახებაც. დამფ. კრება, რომ დაამთავრებს მუშაობას და მიიღებს კონსტიტუციას, შემოვა წინადადება, ვინაიდან ახალი არჩევნები შეაფერხებს დამფ. კრების მუშაობას, დამფ. კრება გამოცხადდეს პარლამენტად. ეს საფუძველი ისეთია, რომ ამაზე ლაპარაკი არა ღირს.

შემდეგ - არჩევნები გამოიწვევს დიდ ხარჯებსო. რასაკვირველია, ეს ხარჯები დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმნით საერობო თვითმმართველობას, არჩევის უფლებაზე დამყარებულს. (ხმა ცენტრიდან: ხალხს არ უნდა არჩევნები!) შეიძლება მაშინაც არ უნდოდა, როცა მოაწყეთ, მაგრამ მაინც მოხდა. (ხმა ცენტრიდან: ეხლა არ უნდა, მაშინ უნდოდა!) როცა თქვენ გირჩევდენ მაშინ უნდოდათ, ეხლა არ უნდათ! მე ვერ ვიმსჯელებ იმაზე, თუ ვის ამოირჩევენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მიიღეთ, რომ ერობას ვაწყობთ არჩევის უფლებაზე და ეს სათანადო დრო გავიდა, მაშინ უნდა მოხდეს არჩევნები. უხერხულია დავამყაროთ ისეთი წესი, რომ არც ერთ ადგილს არ მოხდეს არჩევნები და მოქალაქეთ მოუსპოთ საშუალება, რომ ორი თვის განმავლობაში არც მიანიჭონ უფლებები სხვა პირებს და მიანდონ საქმის წარმოება.

რაც შეეხება ამ ძალთა განწყობილებას, თითქოს იგი არ შეცვლილა, მე შემეძლო მეფიქრა, რომ ეს არის ერთგვარი რწმენა შინაგან-საქმეთა მინისტრისა. მაგრამ ვეჭვობ, რომ ასე იყოს, რადგად აქ ერთ ფრიად მნიშვნელოვან გამონაკლისს აქვს ადგილი. ეს კანონი ეხება ყველა მაზრებს; იმ მაზრებსაც, სადაც საშუალება ჰქონდათ მუშაობა დაეწყოთ. ზოგიერთმა შეიძლება არ დაიწყო, მაგრამ ზოგი მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში შეძლება ჰქონდათ თავისი ნიჭი და უნარი გამოეჩინათ. ამათი მანდატები ძალაშია ორი წლის განმავლობაში. აქ არის გამონაკლისი ზუგდიდის მაზრისათვის; რა მოსაზრებით - ამაზე განმარტებითი ბარათი არაფერს ამბობს (ხმა ცენტრიდან: ერობამ დაადგინა!) თქვენთვის საკმარისია ერობის დადგენილება, რომ რწმუნებულობა ასი წლით დავტოვოთ; ხალხის უფლება არის, რომ მან გამოგზავნოს თავისი წარმომადგენელი და თქვენ მას ეს უფლება უნდა მისცეთ.

ბატონებო, ხმოსნებს, რომელნიც მოითხოვენ დაგვტოვეთ სამუდამოთო, უნდა მიეცეთ სულ სხვანაირი პასუხი. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქ სულ სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ერთად-ერთი აქ ის არის, რომ მმართველ პარტიას უმრავლესობა არ ჰყავს ზუგდიდის ერობაში და სურს მისი დაშლა. (ნინიძე: თითონ დაიშალა!) კანონის ძალითაც უნდა დაშლილიყო. ამიტომ ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ არ მიმაჩნია სასურველად, რომ ასე ზეპირად გაგრძელდეს ერობათა ხმოსნების რწმუნებულობა ორი წლით. ზოგიერთ მაზრებში ერობების მუშაობა გვიან დაიწყოთ, ერობა ეხლა დაარსდა და არ შეიძლება ეხლა არჩევნები მოხდესო - ეს არის თქვენი საბუთები, მაგრამ იმ მაზრაში, რომელშიაც ორი წელიწადია ერობა არ არსებობს და მუშაობა კისრულებით არა გვაქვს, თქვენი საბუთი ვერ გამოდგება და არა გვაქვს საფუძველი არჩევნები გადავდოთ. ეს არის გაბათილება იმ უფლებისა, რომელიც ხალხს მივანიჭეთ, როცა მას ვეუბნებოდით: ამოირჩიეთ და მერე თქვენ უფლება გრჩებათ ახალი არჩევისაო. ცხადია, რომ აქ გაბათილებული და გათელილია ხალხის უფლება მეორე მხრივ ამას ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვს: ხალხს არავითარი რწმენა არ ექნება, რომ ორი, სამი წლის შემდეგ თქვენ მას საშუალებას მისცემთ გამოსთქვას თავისი აზრი და სხვა აირჩიოს. ეს არის გაბათილება წარმომადგენლობითი წესისა და ამიტომ ჩვენი ფრაქცია ამ ნაბიჯში მხარს ვერ დაგიჭერთ. (ნინიძე: როდის გახდით დემოკრატი?) დემოკრატები ყოველთვის ვიყავით. (კედია: სოციალისტები კი არასოდეს!).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (სოც.-რევ.) ბატონებო! ერობათა დროებით დებულებაში არის ორი მუხლი - მეთერთმეტე და მეორმოცდათერთმეტე. ამ მუხლების ერობათა სხდომების რწმუნებულობის ვადა თავდება 1 იანვარს 1920 წ. მაშასადამე ყველგან, სადაც კი ამჟამად ერობებია, უნდა მოხდეს ერობათა ნების ახალი არჩევნები 1920 წლის იანვარში. ეს კანონი დღემდე არ ყოფილა შეცვლილი, დღეს კი ამ დეკრეტით სურთ მისი შეცვლა და ერობათა რწმუნებულობის ვადის ერთი წლით გაგრძელება. რით არის გამოწვეული ეს გაგრძელება ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ვადები არა თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა, არამედ თვით პარლამენტის წევრთა ძლიერ მოკლეა: ერთი ან ორი წელი. (ნინიძე, არსენიძე: დაგვისახელეთ სად არის?) წაიკითხეთ სახელმწიფო უფლების სახელმძღვანელო და გაიგებთ. და თუ თქვენ სხვა ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს ბედ-იღბალს განაგებენ ბურჟუაზიულ პარტიის წევრები, ასეა, მით უმეტეს ეს უნდა იყოს ჩვენში, სადაც სოციალისტური მთავრობაა, წარმომადგენლობითი ორგანოთა რწმუნებულობის ვადა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე, მაგალითად ერთი წელი (ლ. ნათაძე: სად არის ეს? ხმა: შვეიცარიაში?) დიახ, შვეიცარიაში. ხალხს იმის უფლებაც კი ჰქონდეს, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას და ვერ იცავენ ხალხის ინტერესებს, გადააყენოს გამოიწვიოს წარმომადგენლობითი ორგანოებიდან. მაგრამ, ბატონებო, შეიძლება რაიმე არაჩვეულებივი გარემოებანი მოითხოვდნენ ეხლა არჩევნების გადადებას? ჩვენ ქვევით დავინახეთ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი პირობები დღეს არ არსებობს. თქვენ მოისმინეთ მომხსენებლის აზრი ამ დეკრეტის შესახებ. მომხსენებელმა გაიმეორა ის, რაც სწერია იმ წერილობითი მოხსენებაში, რომელიც შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ბ. ჭიჭინაძემ წარუდგინა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რომლის ასლი თანდართული აქვს ამ დეკრეტს. მაშასადამე, მე მომიხდება ლაპარაკი იმ მოსაზრებათა წინააღმდეგ, რომლითაც შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი ბ-ნი ჭიჭინაძე ასაბუთებს ახლა თქვენს წინაშე წარმოდგენილ დეკრეტს. ბ-ნ მომხსენებელმა დეკრეტის დასაცავად მხოლოდ ერთი ახალი მოსაზრება მოიყვანა, - ის, რომ ვითომდაც ერობათა დროებითი დებულების ავტორი ფიქრობდა, რომ პირველი ერობები უფრო ადრე მოეწყობოდა, მას წარმოდგენილი არ ქონდა, რომ ერობები ასე გვიან მოეწყობოდა, თორემ უთუოდ ვადას მათ რწმუნებულობისას გაადიდებდაო. ჩემის აზრით მომხსენებელის ასეთი განმარტება სრულიად მიუღებელია, რადგანაც ის არ გამომდინარეობს ერობათა დებულებიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება დებულების მე-11-ე და მე-51-ე მუხლებს. ვინც კარგად გაეცნობა ერობათა დებულების შინაარს, უთუოდ დარწმუნდება იმაში, რომ დებულების ავტორს კარგად ჰქონდა გათვალისწინებული პირველ ერობათა მუშაობა-არსებობის ვადის ხანმოკლეობა, მაგრამ დებულების ავტორის აზრით, მაინც უნდა მომხდარიყო ერობათა ხელახალი არჩევნები დანიშნულ დროზე, ე. ი. 1920 წლის 1 იანვრამდე. რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, რომლებიც მოჰყავს დეკრეტის დასაცავად ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს თავის წერილობითი მოხსენებაში, უნდა გულახდილათ მოგახსენოთ, რომ ყველა მისი მოსაზრებანი სავსებით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და სიმართლეს და ამიტომ ბ. ჭიჭინაძის არგუმენტებით ამ გამოცემის გამართლება ყოვლად შეუძლებელია. ბ. ჭიჭინაძე თავის მოხსენებას იწყებს იმით, რომ ერობათა ხმოსნების რწმუნებულობის ვადის გადიდებას მოითხოვს თვით ერობათა კავშირის მთავარი კომიტეტიო: ჩვენ ვიცით, ბატონებო, რომ ერობათა კავშირის მთავარ კომიტეტში გაბატონებულნი არიან ისევ სოც.-დემოკრატები. ერობათა კავშირის კომიტეტები არც ერთს ისეთს ნაბიჯს არ გადადგამს, რის შესახებ არ ექნება წინასწარი დასტური სოც.-დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტისა. საქმე იმაშია, რომ ერობათა რწმუნებულობის ვადის გაგრძელება ჯერ სოც.-დემ. ცენტრალურ კომიტეტმა დაადგინა, რადგანაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო და შემდეგ ასეთივე დადგენილება გამოატანია ერობათა კავშირის მთავარ კომიტეტს, რომლისთვისაც სავალდებულოა სოც.-დემ. ცენტრალური კომიტეტის ყოველი დადგენილება თუნდაც უკანასკნელი მიმართული იყოს ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ასე რომ ბ. ჭიჭინაძის მტკიცება, ვითომდა თვით ერობათა კავშირის კომიტეტმა მოითხოვა რწმუმებულობის ვადის გაგრძელება და ამიტომ ის იძულებულია შეიწყნაროს ერობათა კავშირის შუამდგომლობა, არ არის მართალი და გულწრფელი, რადგანაც ერობათა კავშირის კომიტეტის შუამდგომლობა იყო ნაკარნახევი სოც.-დემ ცენტრალურ კომიტეტის მიერ და ამიტომ ეს შუამდგომლობა იყო შედეგი არა თავისუფლად გამოტანილი დადგენილებისა, არამედ ძალდატანებითი დადგენილებისა. ასეთ პირობებში ერობათა კავშირის მიერ გამოტანილი დადგენილებისა და მის მიერ შინაგან-საქმეთა მინისტრისადმი აღძრულ შუამდგომლობას არავითარი ფასი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბ. ჭიჭინაძე თუ მაინც იმოწმებს ამ შემთხვევაში ერობათა კავშირის კომიტეტს, ეს, ალბათ იმიტომ, რომ სხვა უფრო ძლიერი საბუთი მის განკარგულებაში არ მოიპოვება. (ასათიანი: მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო?) ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგის მეორე მოსაზრება შემდეგია: ჯერ არ არის ორი წელიწადი, რაც ერობებმა მუშაობა დაიწყესო. მაგრამ ამ შემთხვევაში ორი წელიწადი კი არა, ერთი წელიწადიც ძალიან დიდი დროა ერობებისათვის. ხალხს პირველ არჩევნების დროს წარმოდგენაც არ ჰქონდა ერობათა დანიშნულებაზე და მათი მოღვაწეობის ხასიათზე, ახლა კი ერობათა ერთი წლის არსებობის შემდეგ ხალხი უფრო შეგნებულათ მიიღებს მონაწილეობას საერობო არჩევნებში. ასე, რომ ბ. ჭიჭინაძის მეორე მოსაზრება სრულიად ვერ ასაბუთებს არჩევნების გადადების მიზანშეწონილებას. ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი მოითხოვს არჩევნების გადადებას აგრეთვე იმიტომ, რომ ერობების არჩევნები მთელ რესპუბლიკაში დღესაც არ არის მოთავებული, მაგალითად ტყვიბულის რაიონს ჯერ არჩევნები არ მოუხდენია, ახალციხის მაზრის ერობა მხოლოდ ეხლა ეწყობა და ახალ-ქალაქის მაზრას ერობა მომავალში უნდა მოეწყოს. ბატონებო! ტყვიბულის რაიონში თუ დაგვიანდა არჩევნები, ეს დიდი საბუთი არ არის, ვინაიდან ტყვიბულის რაიონი არის პაწია ნაწილი ქუთაისის მაზრისი, ხოლო ქუთაისის მაზრაში დიდი ხანია არსებობს სამაზრო ერობა. რაც შეეხება ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრებს, ისინი სრულიად არ არიან მოხსენებული ერობათა დროებითი დებულებასთან დართული იმ ნუსხაში, სადაც ჩამოთვლილია ამიერ-კავკასიის ყველა მაზრები, რომლებშიაც ერობათა დებულების ძალით უნდა მომხდარიყო არჩევნები მიუხედავათ ამისა ბორჩალოს მაზრაში მაინც მოხდა არჩევნები და იქ უკვე მოეწყო ერობა. საერთოდ მთელს რესპუბლიკაში ერთ წელიწადზე მეტია რაც მოეწყო ერობები ცხრამეტ მაზრაში და ნუ თუ იმიტომ, რომ ორიოდე ალაგას ერობის არჩევნები დაგვიანდა, დანარჩენ ცხრამეტ მაზრას უნდა წავართვათ უფლება ხელახალი არჩევნების მოხდენისა. ჩემის აზრით აუცილებლად უნდა მივცეთ მოქალაქეებს, ხალხს უფლება კანონით წინდაწინ გათვალისწინებულ ვადაში მოახდინოს ხელახალი არჩევნები და თავისი ინტერესების დაცვა ერობებში მიანდოს მას, ვისაც ის ნდობას უცხადებს.

ბ. ჭიჭინაძე თავის მოხსენებაში აგრეთვე მოგვითხრობს იმას, რომ ჩვენ ერობებს მეტად მძიმე, არა სასურველ და ხელსაყრელ პირობებში მოუხდათ მუშაობის დაწყება, რომ საერობო მუშაობისათვის არ იყო დაგროვილი არც მასალები, არც გამოცდილება და თვით მუშაობის პროცესში იქნებოდა ის გამოცდილება, რომელიც აუცილებელი იყოვო, რომ მუშაობა ჯერ არ დამთავრებულაო და ამიტომ, დაასკვნის ბატონი შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი, არჩევნების დანიშვნა ეხლა უნაყოფო იქნებაო. ბატონებო, მე თქვენ გეკითხებით ეხლა, რომ ჩვენ არჩევნები გადავდვათ, ერთი წლის შემდეგ იქნება თუ არა სოციალ-დემოკრატიისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები არჩევნების მოსახდენათ. ჩვენ თუ ვცადეთ იმ დროს, როდესაც სოციალ-დემოკრატიული ერობები მიიღებენ საერობო გამოცდილებას და აგროვებენ საერობო მოღვაწეობისათვის საკმაო მასალებს, მე მგონია ჩვენ ახალ არჩევნებს ვერასოდეს ვერ მოვესწრებით. მართლაც, განა შესაძლებელია კაცმა, თუ გინდ ის მინისტრიც არ იყოს, ერობის არჩევნების გადადება იმიტომ მოითხოვოს, რომ ჯერ საერობო გამოცდილების მიღებისათვის და საერობო მასალების დაგროვებისათვის მუშაობა არ დამთავრებულა? ასეთი მუშაობა, შესაძლებელია, ერთი საუკუნეზე მეტიც გაგრძელდეს და ჩვენ განა ასეთ მოვლენას უნდა დაუკავშიროთ ახალი არჩევნების დანიშვნა? მე ვამბობ, რომ იმ შემადგენლობამ, რომელიც იყო ჩვენს პირველ ერობებში, გააკეთა ის, რის, გაკეთებაც მას შეეძლო. შემდეგისათვის ჩვენ თვით ხალხს უნდა დავეკითხოთ, სურს თუ არა მას ერობათა ეხლანდელი ხმოსნების რწმუნებულობის გაგრძელება. თუ მძიმე პირობების მიზეზით გადავდებთ არჩევნებს, მაშინ ახალი არჩევნების მოხდენა მომავალშიც შეუძლებელი იქნება, რადგანაც დაძლევა იმ მძიმე პირობების, რომელშიაც ჩვენს ერობებს მოუხდათ მუშაობის დაწყება, არც ასე ადვილათ მოსახერხებელია და არც მოკლე დროშია მოსალოდნელი.

თავის მოხსენებაში ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი აგრეთვე იმასა ბრძანებს, რომ ერობები ეხლა შეუდგენენ ომის მიერ განადგურებული მეურნეობის მოწესრიგებას და ასეთი მუშაობის დროებითი შეწყვეტა ყოველ მხრივ საზარალო იქნება რესპუბლიკისათვისო. ბატონებო, ომისაგან განადგურებულ მეურნეობას, ეკონომიურ ცხოვრების მოწესრიგებას არა თუ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფო, არამედ დიდი სახელმწიფოებიც რამოდენიმე ათ წელს მოუნდებიან და თუ ამ მოსაზრებით არჩევნებს გადავდებთ, მაშინ ეს ასეთი გადადება რამოდენიმე ათი წლით იქნება. არჩევნების მოწყობით ჩემის აზრით ძალიან დიდი საქმე გაკეთდება. ანარქიასა და რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოსვლებს თუ ადგილი აქვს, ეს იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის, რას აკეთებს დამფუძნებელი კრება, მის მიერ არჩეული დეპუტატები. არჩევნების დროს ყველას საშუალება მიეცემა ხალხს უფრო დაწვრილებით გააცნოს, თუ რას აკეთებდა დამფუძნებელი კრება და ერობები ამ ხნის განმავლობაში.

ბ. ჭიჭინაძის აზრით არც დღევანდელი პირობები უწყობენ ხელს ახალი არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან საქართველოს მტრების ხშირი გამოსვლები შეუძლებელ ხდიან არჩევნების მოხდენასო. მე არ ვიცი, რომელ პირობებს და მტრებს გულისხმობს აქ ბ-ნი შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი. თუ დენიკინს გულისხმობს ბ-ნი ჭიჭინაძე, ეს უბრალო მომიზეზებაა, რადგანაც დენიკინის შემოტევის შიშით ეხლა არ შეიძლება არჩევნების გადადება. დენიკინი გართულია ბოლშევიკებთან ბრძოლაში. გარდა ამისა უმრავლესობის ფრაქციას ახლო მომავალში მაინც არ მოუხდება დენიკინთან ბრძოლა (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე). დიახ სოციალ-დემოკრატიას ახლო მომავალში მაინც არ მოუხდება დენიკინთან ბრძოლა იმიტომ, რომ სოციალ-დემოკრატია დენიკინს დელეგაციებს უგზავნის და მასთან კეთილ-მეზობლურ მოლაპარაკებას მართავს. მართალია, პირობები არ არის ხელსაყრელი თვით სოც.-დემ. პარტიისათვის, რადგანაც უკანასკნელმა ხალხის ნდობა დიდი ხანია დაკარგა. მართალია ისიც, რომ რესპუბლიკას ბევრი მტერი ყავს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ამ ბრძოლას არჩევნები კი არ შეუშლის ხელს, არამედ არჩევნების არმოხდენა. არჩევნების დროს ყოველი ჩვენგანი ხალხში გავა და ქვეყნის მდგომარეობას აუხსნის. ხალხი არჩევნების დროს გაიგებს, თუ რას აკეთებს დამფუძნებელი კრება, თუ ვინ არის საქართველოს მტერი და ვის წინააღმდეგ არის საჭირო ბრძოლა. ერთი სიტყვით, ხალხი უფრო შეგნებულად შეუდგება რესპუბლიკის მტრებთა წინააღმდეგ ბრძოლის წარმოების სამზადისს. მაგრამ თუ ჩვენ არჩევნები გადავდეთ, ხალხს არჩევნების მოწყობით მაინც არ დაუახლოვდით და ბევრი ის, რაც აქ დამფუძნებელ კრებაში ხდება განზრახ დაუმალეთ, მაშინ დამფუძნებელი კრების უმრავლესობის ფრაქცია ნამდვილ მტრულ სამსახურს გაუწევს ჩვენს ხალხს. (ხმები: რა დაუმალეთ ხალხს?) მოგახსენებთ. ჩვენში არსებობს დეპეშათა სააგენტო, რომელიც ვალდებულია გადასცეს ხალხს ობიექტიურად ყველაფერი რაც ხდება დამფუძნებელ კრებაში. სააგენტო კი ამას არ შვრება.

ამ რამოდენიმე დღის წინეთ ჩვენი ფრაქცია გამოვიდა დამფუძნებელ კრებაში წინააღმდეგ იმ დეკრეტისა, რომლითაც სამხედრო მინისტრს, მგონი, მესამეჯერ უნდა მისცემოდა 30 მილიონი მანეთი ჯარის გადასაყვანად და არც ერთხელ სამხედრო მინისტრმა არ წარმოუდგინა დამფუძნებელ კრებას წინეთ წაღებულ მილიონების დახარჯვის ანგარიშები. სააგენტომ ეს ჩვენი გამოსვლა დამფ. კრებაში არც კი აღნიშნა. ამით ხალხს არ აძლევენ საშუალებას გაიგოს ის თუ რა ხდება დამფ. კრებაში. ხალხმა არ იცის, იყო თუ არა რომელიმე ფრაქცია ხსენებული დეკრეტის წინააღმდეგ. და თუ ხალხის მტრებზეა აქ ლაპარაკი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის მთავრობა, ის პარტია - სოციალ-დემოკრატია, რომელიც ასეთ ფაქტიურ ცენზურას აწესებს რესპუბლიკაში, ნამდვილი მტერია ქართველი ხალხის.

ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგის აზრით არჩევნები, სხვათა შორის, იმიტომ უნდა გადაიდოს, რომ არჩევნები დროებით ჩამოაშორებს ბევრ მუშაკს რესპუბლიკის საქმეს და ეს კი ხელს შეუშლის იმ აღმაშენებლობითი მუშაობას, რომელსაც ვითომდა ისინი ეწევიან. ბატონებო! რესპუბლიკის საქმეებს არჩევნების მოხდენა არამც თუ არ ავნებს, პირიქით არჩევნები ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მდგომარეობის გაუმჯობესებას და მის დახლართულ საქმეების მოგვარებას. საერობო არჩევნები თავის მნიშვნელობით ყოველ სახელმწიფოსათვის უდიდესი საქმეა და თუ სოციალ-დემოკრატები ამას საქმედ არ თვლიან, ეს იმიტომ, რომ ისინი ყველა ერობაში გაბატონებული არიან. ამას, თუ გნებავთ, ისიც მოწმობს, რომ ზუგდიდის მაზრის შესახებ, სადაც სოციალ-დემოკრატები უმცირესობაშია, სოციალ-დემოკრატიულ მთავრობამ განსაკუთრებული დადგენილება გამოიტანა და იქ იანვარში სამაზრო ერობის არჩევნები დანიშნა. ეხლა მითხარით, ბატონებო, სოციალ-დემოკრატიის მუშაკებმა, რომელი საქმე მოაგვარეს რესპუბლიკაში და როგორი „აღმაშენებლობითი“ მუშაობას ეწევიან ისინი? სოციალ-დემოკრატებს სამი დიდი საქმე უნდა გაეკეთებიათ რესპუბლიკაში: მიწით უნდა დაეკმაყოფილებიათ მშრომელი გლეხობა, მოეგვარებიათ სახელმწიფოს ფინანსები და მოეწესრიგებიათ სასურსათო საქმე. სოციალ-დემოკრატიაში ვერც ერთში, ვერც მეორეში და ვერც მესამეში ვერ გამოიჩინა ვერავითარი უნარი. მიწის საკითხი მან უფრო გაართულა, ვინემ ეს იყო წინეთ. მშრომელი გლეხის მდგომარეობა სოციალ-დემოკრატიულ აგრარულ რეფორმის შემდეგ გაუარესდა: გლეხი ძველებურად იხდის იჯარას, იხდის სპეციალურად მიწაზე დაწესებულ გადასახადს და უკიდურეს სიღატაკის გამო ვერ ყიდულობს იმ მიწას, რომელსაც მას სახელმწიფოს ფონდიდან მხოლოდ დიდ ფასებში აძლევენ. საერთოდ აგრარულ სფეროში სოციალ-დემოკრატიის მოღვაწეობას დიდი უსისტემობა, უპრინციპობა და უთავობა ემჩნევა. ჩამორთმეული დიდი მამულები, რომლებშიაც თვით სახელმწიფო აწარმოებს მეურნეობას, სრულიად გაოხრებული და განადგურებულია; სახელმწიფოს ზოგიერთი დიდი მამული კი სპეკულიანტებს ჩალისფასად ჩაუგდეს ხელში.

რაც შეეხება სახელმწიფოს ფინანსებს, ამ დარგში არამც თუ აქამდის არაფერი გაკეთებულა, არამედ რაიმეს გაკეთების სურვილიც არ ემჩნევა სოციალ-დემოკრატიას.

სასურსათო საქმის მოგვარებაში ხომ სავსებით დამარაცხდა სოციალ-დემოკრატია ხალხი დიდი ხანია ქრონიკულ შიმშილს განიცდის, იკვებება პურის სუროგატებით, და პურის ფასი დღითი-დღე სულ მატულობს. რას აკეთებს ამ დროს ჩვენი მთავრობა? ის ცენტრალურ სასურსათო დაწესებულებებს სახელებს უცვლის და ამ დაწესებულებათა სათავეში ხან ერთს პირს აყენებს, ხან მეორეს. ჯერ სასურსათო სამინისტრო, შემდეგ სასურსათო საბჭო, შემდეგ, მომარაგების მთავარი სამმართველო და ბოლოს მომარაგების სამინისტრო.

მომარაგების სამინისტრო კი არა თუ ვერ აწესრიგებს სურსათის საქმეს, არამედ, როდესაც თქვენ მიბრძანდებით მომარაგების სამინისტროში, არა როგორც კერძო პირი, არამედ როგორც ერობის, ანდა საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენელი, მინისტრის ნახვას ვერც კი ეღირსებით და თუ ეღირსეთ, ისე მიგიღებს ბ. მინისტრი, რომ ბედს დაიწყევლით (ხმები სკამებიდან: ეს ზრდილობის საკითხია!) დიახ, ზრდილობის, რომელმაც დიდი ხანია განისვენა ბ-ნ ერაძის კაბინეტში. და აი, ასეთი, მუშაკები რომ გავიდოდენ ხალხში არჩევნების დროს, მათთვის უმჯობესი იქნებოდა. იქ მათ ხალხი ზრდილობას მაინც ასწავლის (შენგელაია: მართალია!) შეიძლება ანეგდოტათ მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია. ეს მოხდა სამი-ოთხი დღის წინათ. მომარაგების სამინისტროში მოვიდა ერთი დეპუტატი საზოგადო დაწესებულების დავალებით. მინისტრმა ის ისე მიიღო, უკეთ არ მიეღო, რომ დეპუტატი იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო. იმ დეპუტატს შეხვდა ერთი მოხუცი მოქალაქე, რომელმაც დეპუტატს შეეკითხა: „იცნობთ თუ, არა თქვენ ნოესო“ (ხმა: სოციალ-დემოკრატების სკამებიდან: რომელი ნოეს?) კიდობანი რომ ჰქონდა აი, იმ ნოეს. (საერთო სიცილი ყველა სკამებზე). მე თქვენ მოგახსენებთ იმ მოხუცის შეხედულობას ბ. მინისტრზე. მოხუცმა განაგრძო: „ნოეს ყავდა სამი შვილი: სიმი, ქამი და იაფეტი. ნოე, დამთვრალი სახელმწიფოებრივი ხელისუფლებით, გაშიშვლდა, მამის სიშიშვლის დაფარვა მოინდობა მისმა ორმა შვილმა, ხოლო მესამე შვილმა ქამმა მამის სიშიშვლე არ დაფარა“. ასეთი უდიდესი შვილი ნოესი არის ბ. ერაძე, რომელიც გარეგნული მოქცევითაც მოქალაქეებისადმი ვერ ფარავს მამის სიშიშვლესო“ - უთხრა მოხუცმა იმ დეპუტატს. უკანასკნელმა მოხუცთან შეკამათება მოისურვა - უნდოდა დაემტკიცებია მოხუცისათვის მინისტრზე მისი შეხედულობის უსაფუძვლობა, მაგრამ დეპუტატმა გაითვალისწინა ის, რაც მან თავის თვალებით ნახა სამინისტროში, რაც მან თავის, საკუთარი ყურებით მოისმინა იქავე, აგრეთვე გაიხსენა ის რაც მას სხვა და სხვა პირებმა უამბეს მინისტრზე და სამინისტროზე და კამათს თავი დაანება, რადგანაც სამართლიანად აღიარა ყველა ის, რაც მოხუციდან მოისმინა. ასე რომ სრულიად უსაფუძვლოა ის აზრი, ვითომდაც არჩევნები ხელს შეუშლის რესპუბლიკის ბევრ მუშაკთა აღმაშენობლობითი მუშაობას. ჩვენის აზრით უკეთესი იქნება, რომ ზოგიერთები დროებით მაინც ჩამოშორდენ სამინისტროებს და გავიდენ, ხალხში სამუშაოდ. ხალხში მუშაობა საუკეთესო სკოლა იქნება მათთვის. ხალხი მათ ზრდილობასაც დაასწავლის და სახელმწიფო მოღვაწეობისათვის დიდ მასალასაც მისცემს.

არჩევნებზე დიდი საქმე არ არსებობს, მაგრამ თქვენ არ გსურთ არჩევნები, ვინაიდან ხალხის ნდობა დაკარგეთ. თქვენ თუ გგონიათ, რომ ხალხი ნდობას უცხადებს იმ უმრავლესობას, რომელიც დღეს გაბატონებულია ერობებში, ცდებით. ანარქიული გამოსვლები, რომელთა ჩასაქრობად თქვენ ამ უკანასკნელ დროს მთელს რესპუბლიკაში სამხედრო საველე სასამართლოები აამოქმედეთ, ვერ ჩაითვლებიან იმის მაჩვენებელად, რომ თქვენ აღჭურვილი ხართ ისეთივე ნდობით, როგორც ეს იყო ერთი წლის წინეთ (ხმაურობა: სოც.-დემ. სკამებზე). ამას თქვენ კარგათ უნდა გრძნობდეთ და როდესაც ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი აცხადებს, რომ რესპუბლიკის ძალთა განწყობილება არ შეცვლილა და ამიტომ არჩევნების მოხდენა ზედმეტია, მე ვუპასუხებ: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. სოციალ-დემოკრატიის მოღვაწეობა ყოველ სფეროში მხოლოდ აძლიერებს ხალხის უკმაყოფილებას, იწვევს დრო გამოშვებით ანარქიულ გამოსვლებს. მაგრამ თქვენ ამბობთ: ანარქიას იწვევენ ბოლშევიკები და დენიკინელებიო. მაგრამ ეს მართალი არ არის, რადგანაც ქართველი მხოლოდ დენიკინელებისაგან და ბოლშევიკებისაგან ხომ არ შესდგება და ის, რომ კმაყოფილი იყოს თქვენი მოღვაწეობით თქვენი პოლიტიკით, მასში ბოლშევიკები ვერავითარ თანაგრძნობას და ნიადაგს ვერ ჰპოებდენ; მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ სოციალ-დემოკრატიამ ცხოვრებას ალღო ვერ აუღო. განა მთავრობის პარტიას მეტი საშუალება არ აქვს ხალხს თავი შეაყვაროს და ჩვენში ბოლშევიკურ გამოსვლებს ყოველი ნიადაგი მოუსპოს? მე ვიტყვი: აქვს, მაგრამ ის ამას შეგნებულად არ სჩადის, რადგანაც ხალხის ინტერესები მან დიდი ხანია რაც დახავსებულ მარქსისტულ დოგმას ანაცვალა, სოციალ-დემოკრატიას სურს საქართველოში ბურჟუაზია ხელოვნურად შეჰქმნას, გააჩინოს და ამიტომაც არის, რომ ის იღწვის არა მშრომელი ხალხის, არამედ ბურჟუაზიის პოლიტიკურ ბატონობისათვის და აქიდან გამომდინარეობს ყველა ის ბოროტებანი და უბედურებანი, რომელიც ხალხს თავზე დაატყდა ანარქიის სახით. ყველა ამის შემდეგ მინისტრის ამხანაგი ბრძანებს, რომ რესპუბლიკაში ძალთა განწყობილება არ შეცვლილაო (ხმა სოც.-დემ. სკამებიდან: რას ჩააცივდით ამ კურიოზს?) დიახ, ეს კურიოზია, მაგრამ ეს ეკუთვნის ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს და თქვენს მოღვაწეობაშიც, ბ. სოციალ-დემოკრატებო, სხვაც მრავალი კურიოზებია. თქვენ კარგად იცით, რომ ხალხი ნდობას არ გიცხადებთ და ამიტომ თქვენ არჩევნებს სდებთ. ამით თქვენ ფეხქვეშ თელავთ ხალხის უფლებას (ხმა სოც.-დემ. სკამებიდან: ღელავს არა?!) დიახ ხალხი, რომ ღელავს, ამას მოწმობს თუ გინდ ის რომ თქვენ არჩევნებს გაურბიხართ და საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში თქვენ ხალხსა ხვრეტთ. სოციალ-დემოკრატიამ ვერ შესძლო ხალხის ნდობის დამსახურება, ვინაიდან მმართველი პარტიის სოციალ-ეკონომიური პოლიტიკა ჩამორჩა ცხოვრებას და ვერ ეგუება მოთხოვნილებებს, რომლებიც მას რუსეთის დიდმა რევოლიუციამ წამოუყენა. რუსეთის რევოლიუციის სოციალური შინაარსი უფრო ღრმა და ფართო აღმოჩნდა, ვინემ ეს უნდა ყოფილიყო იმ რეცეპტის მიხედვით, რომელიც მარქსიზმა შეიმუშავა. ეს თქვენთვის აშკარაა და საჭიროა ცოდვილ შეხედულებათა მონანიება, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მოქალაქეობრივი გამბედაობა აშკარათ აღიაროთ ეს. დასასრულ ერთხელ კიდევ გავიმეორებთ, რომ თქვენ თქვენის მოღვაწეობით ვერ შესძელით ხალხის ნდობის დამსახურება და თანახმათ ხალხის ნებისა უნდა გადადგეთ კიდეც არჩევნების საშვალებით. ამიტომ ჩვენი ფრაქცია მოითხოვს არჩევნების თავის დროზე დანიშნავს და არა ერთი წლით მათი გადაღებას, როგორც ეს თქვენა გსურთ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს რამიშვილს.

ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი). მოქალაქენო, დამფ. კრების წევრნო! აქ ერთმა ორატორმა განაცხადა, რომ ვინაიდან ხალხი არჩევნებს მოითხოვს, ამიტომ მის გადადებას არავითარი საბუთი არ აქვსო.

ამ დებულებას ვეყრდნობით ჩვენ და ვითხოვთ გადადებული იყოს ეს არჩევნები თანახმათ ხალხის წარმომადგენლების მოთხოვნისა. (დადიანი: ხმოსნების?) თქვენ გექნებათ საშუალება გამობრძანდეთ და ბრძანოთ, ხოლო თქვენი წარმომადგენელი ერობათა კავშირში ისევე იცავდა ამ დებულებას, როგორც დანარჩენი მისი ამხანაგები. მე მეტს ვიტყვი, თუ შემდეგში რომელიმე პარტია, რომელიც წინააღმდეგია ამ გადადებისა შესძლებს პეტიციის სახით თუნდაც 1000 ამომრჩევლის წინადადება შემოიტანოს აქ, დამფ. კრებაში... (ვეშაპელი: ათასი?) დიახ, თუნდაც თითეულ მაზრაში 1000, ჩვენ მაშინ აქ შემოვალთ, კატეგორიულად ვაცხადებთ, წინადადებით, რომ იმ მაზრაში, სადაც ამას მოითხოვენ, მოხდეს არჩევნები. (ვეშაპელი: ჩაურთეთ ეს დეკრეტს!) ეს საჭირო არ არის, ვინაიდან გაძლევთ მთავრობის წარმომადგენელის სიტყვას, რომ მაშინ იმ მაზრის შესახებ შემოვალთ შესაფერი დეკრეტით. (ასათიანი: ვაითუ ვინც ხელს მოაწერს, დაიჭიროთ!) ჩვენ ვიჭერთ, ბ-ნო ასათიანო, გუჯექიანებს; მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებულმა სამხედრო სასამართლომ, რომელიც შესდგება გვარდიელების წარმომადგენლეთაგან მას მიუსაჯა 6 წლის კატორღა. და მე მგონია, სახალხო გვარდია და მისი წარომადგენელნი იქცევიან თანახმათ სინიდისის და სახელმწიფო შემეცნებისა. მართლაც იყო ერთი გამონაკლისი ზუგდიდის შესახებ. ეს იყო თანახმად თვით საერობო ყრილობის დადგენილებისა და ვინაიდან ეს ყრილობა სავსებით ახასიათებს სწორეთ იმ პარტიის წარმომადგენელთ, რომელნიც გამოდიოდენ აქ, ნება მიბოძეთ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საქმე შემდეგში გახლავთ, სოც.-რევ. მოითხოვდენ ერთდროული გადასახადები არ ყოფილიყო აკრეფილი. (შენგელაია: შუამდგომლობა აღძრეს!) მე ვამბობ, რომ მათ უარი განაცხადეს იმაზე, რაც კანონით დაკისრებული ქონდათ. უარი განაცხადეს, რომ გაეწერათ ეს გადასახადი. შემდეგ ამან გამოიწვია კრიზისი გამგეობისა, გამგეობის თავმჯდომარე გადადგა და მისცა წინადადება გობეჩიას პარტიას .. (გობეჩია: რამდენჯერ გადადგა?) ხოლო ეს იმდენათ მამაცი ხალხი ბრძანდება, რომ მათ ასეთი სიმამაცე ვერ გამოიჩინეს და უარი განაცხადეს გამგეობაში შესვლაზე. ჩვენთვის აშკარა იყო, მაშასადამე, რომ ისეთ ერობას, რომელიც აშკარად მიდის დამფუძნებელი კრების და კანონის წინააღმდეგ, არ შეუძლია საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საქმის წაყვანა. და ამ ყრილობამ თითონ დაადგინა მომხდარიყო ახალი არჩევნები. ამას გაუწიეთ ანგარიში, რაშია აქ პარტიული მოსაზრება.

მართალია „გაბატონებული პარტია“ მართლაც უმცირესობაში არის, მაგრამ შორაპნის ერობაშიც „გაბატონებულ პარტიას“ არა ყავს უმრავლესობა, მაგრამ არ შემოვდივართ ასეთი წინადადებით, ვინაიდან შორაპნის ერობამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ის მართლაც თავის მოვალეობას ასრულებდა და საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმეს აკეთებს. მაშასადამე, წინადადება გადადების შესახებ სრულიად არ არის გამოწვეული პარტიულის მოსაზრებით, არამედ ერთად ერთის მოსაზრებით არის სახელმწიფოებრივი მოსაზრება და რომ ეს ასე არის ამას ამტკიცებს დადგენილება ერობათა კავშირისა, რომელიც მიღებული იყო ერთხმათ და ამ ყრილობაში იყვნენ არა მარტო ჩვენი პარტიის წარმომადგენელნი არამედ არიან სხვა და სხვა პარტიის წარმომადგენელნიც. აქ მოხსენებაში მართლაც ნათქვამია: არ არის 2 წელი რაც არჩევნები შესდგა, მაგრამ ყველამ იცის თვითმმართველობის ორგანოები არამც თუ იქ, სადაც ეს ახლად ეწყობა, არამედ დიდი ხნის მოწყობილ ქვეყნებშიაც ერთს, ან ნახევარ წლის საორგანიზაციო მუშაობას უნდებიან. ეს მუშაობა დაიწყო და ასეთ დროს არც ერთი ჯგუფი ხალხისა, რომელიც ისე გარკვეულია არ მოითხოვს ამ არჩევნების მოხდენას. ხოლო ეს არჩევნები, იმ დადებით მუშაობს, რომელიც სწარმოებს, ხელს შეუშლის და ამიტომ ვამბობთ, რომ მართლაც არავითარი ინტერესი არ იქნება სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, რომ ასეთ პირობებში მოხდეს არჩევნები, ასეთია მდგომარეობა და მე ვიმეორებ, თუ რომელიმე პარტია შესძლებს წარმოადგინოს თუნდაც 1000 კაცისაგან ხელმოწერილ პეტიციას, რომლის თანახმათ მოთხოვნა იქნება არჩევნების დანიშვნისა, - ჩვენ შესაფერი წინადადებით შემოვალთ დამფ. კრებაში. მაგრამ არც ერთი პარტიას არ მოუმოქმედებია და ვერც მოიმოქმედებს ამას, ვინაიდან ეს შეუძლებელია. ყოველ არჩევნებში ხალხი იმას მოითხოვს: დაგვანებეთ თავი, არ გვინდა ამდენი არჩევნები.

სოც.-რევოლიუც. როცა საბუთი შემოაკლდებათ მაშინვე გადასწვდებიან სამინისტროებს და ამ შემთხვევაში მომარაგების სამჯნისტროს. მე არ ვიცი მართალია ეს თუ არა, მე მგონია ეს მართალი არ იქნება, მაგრამ ის, რაზედაც მე მოგახსენებთ მართალია, ეს მოხდა სწორედ მომარაგების სამინისტროში. ერთი ებრაელი ვაჭარი ფიქრობს ჯაგრის გატანას, მხოლოდ ერთი დეპუტატი დადიოდა შუამდგომლობით, რომ ამ ებრაელს მიეცეს ეს გატანის უფლება. (ხმა: ვინ არის ეს დეპუტატი?) თუ თვით აქვს გამბედაობა თვით გამობრძანდება აქ და მე მგონია, რომ სოც.-რევ. ფრაქციამ იცის ეს დეპუტატი. ანარქიის შესახებ ორიოდე სიტყვა, მართლაც არსებობს განსაკუთრებული სამხედრო სასასამართლოები, მართლაც მოქმედებდენ და არა ერთ და ორს მეამბოხეს გამოუტანეს შესაფერი მსჯავრი, მაგრამ ჩვენ იმით განვსხვავდებით ზოგიერთი პარტიებისაგან, რომ სწორეთ იმ დროს, როდესაც ვინმე ცდილობს ჩვენი დემოკრატიული წყობილების დამხობას გულხელ დაკრეფილი ვერ ვისხდებით და ვერ უცდით, როდის გამოჩნდება ის, რომელიც იქნება შეიარაღებული ქაღალდის ფულით და შეკრებს დეზერტირებს და ყაჩაღებს, ზოგიერთი პარტიის დახმარებით მოვიდნენ და რესპუბლიკის წყობილება დაამხონ. ამაში მართლაც განვსხვავდებით სხვა პარტიებისაგან. ამას აღიარებს მთელი ხალხი და დამფ. კრება; ხალხი ყველგან განსაკუთრებულ სიამოვნებით ეგებება სასამართლოს მოღვაწეობას, ვინაიდან გარე ამ ელემენტების წინააღმდეგ საჭიროა ასეთი ზომების მიღება.

რაც შეეხება ნდობას და არ ნდობას ამის დამამტკიცებელი მთელი რიგი საბუთებისა გახლავთ; აი, ერთი წელიწადია არჩევნები მოხდა და არც ერთი წევრი ესერების პარტიის გასული არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ასე დასაჩქარებული ეს საქმე. და ყოველ შემთხვევაში, თუ მართლაც ვინმე ფიქრობს დღეს-დღეობით, რომ თვით ხალხი მოითხოვს არჩევნებს, მათ წარმოადგინონ შესაფერი პეტიციები ამა თუ იმ საზოგადოებრივ ჯგუფის სახელით, განაცხადონ ეს და. მაშინ ჩვენ შემოვალთ ახალ წინადადებით, რომ იქ დანიშნულ იქმნას არჩევნები.

დღეს კი ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია არჩევნები გადადებულ იქნას, ეს ხელს შეუწყობს ერობათა მოღვაწეობის და რამოდენიმეთ მაინც, მისცემს მათ საშუალებას თავისი უნარი უკეთ გამოიჩინონ. ხოლო ეს რესპუბლიკისათვის მეტად საჭიროა. ამიტომ შემოვდივართ ამ წინადადებით და იმედი გვაქვს დამფუძნებელი კრება ამას დაადასტურებს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ.ონიაშვილს.

დავით ონიაშვილი (ს.-დ.) ბატონებო! ის დეკრეტი, რომელიც დღეს აქ ფრიად მნიშვნელოვანია თავისი შედეგებით, რომელიც მოყვება მის მიღებას, ან არ მიღებას. რასაკვირველია ჩვენ სიხარულით უნდა მივეგებოთ და მხარი დაუჭიროთ ისეთ ნაბიჯებს და ზომებს, რომელიც ხელს შეუწყობს და განამტკიცებს ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ, რომ თეორეტიულათ, სახელმწიფო უფლების თვალსაზრისით შევხედოთ საკითხს მაშინ, რასაკვირველია, არჩევნების გადადება მისაღები არ არის და ვადა უნდა შემცირდეს. მაგრამ, ბატონებო, დღეს ისეთი არაჩვეულებრივი დრო არის, რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მაშასადამე დღეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესით შეიძლება ხელმძღვანელობა და არა სხვა და სხვა თეორიებით. მიუხედავათ ამისა, რომ ერობა ორ წლით ირჩეოდა, ფაქტიურად მათ ნაკლები ისტორია აქვთ. აიღეთ მაგ. ახალ-ქალაქის და ახალციხის მაზრები; განა შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს ამ მაზრებში არჩევნები მოხდეს? ვისაც ანარქია და არევ-დარევის შეტანა სურს ჩვენს ცხოვრებაში იმას სურს ესა, ხოლო სახელმწიფოს ინტერესი, ჩვენ ვამტკიცებთ, ამას სრულებით არ მოითხოვს ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, ბატონებო, რომ მეტად ძნელი პირობებში მოუხდათ მუშაობა ჩვენ ერობებს. ძველმა წესწყობილებამ დაგვიტოვა ან გაუკეთებელი, ან გაოხრებული გზები, ხიდები, სკოლები, სასამართლო და ცხადია არ შეიძლება ერთ დღეში, ორ წელიწადში ყველა ამის გაკეთება და მოწყობა. დამისახელეთ ისტორიაში ერთი მაგალითი მაინც, რომ ერობებს ერთი, ან ორი წლის განმავლობაში რაიმე გაეკეთებიოს. თვითმმართველობებს ყველა ქვეყნებში აქვთ ისტორია, რომელიც მთელი საუკუნოებით გრძელდება. უნდა ავღნიშნო, რომ წვრილი ერთეულები, თემები ჯერ მხოლოდ ორგანიზაციის პროცესში იმყოფებიან, ხალხს ჯერ-ჯერობით არ დაუნახავთ მათი არც კარგი არც ავი. და ასეთ პირობებში, როცა ხალხს არ უცვნია, ვერ გაუგია და ვერ შეუგნია თვითმმართველობის სარგებლობა, ასეთ პირობებში ახალ არჩევნების მოთხოვა, ჩვენ ვამბობთ, ეწინააღმდეგება საქმესა და სახელმწიფოს ინტერესს. და როდესაც აქ გამოდიან ორატორები და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, ისინი არ ხელმძღვანელობენ საქმის ინტერესით. ჩვენი ფრაქცია ამბობს: რომ არავითარი ინტერესი სახელმწიფოსი არ მოითხოვს ახალ არჩევნების მოხდენას. ბ. ასათიანს, მგონია, წამოცდა, მან არჩევნების მოხდენით ერთ-ერთ საბუთად მოიყვანა ის, რომ ერობებში სასურველი პირობები უნდა გავიყვანოთო. გავხსნათ ფრჩხილები: ცხადია ბატონებო ეს სასურველ პირები გახლავთ ნ.-დემოკრატები ბ. ასათიანისთვის და ს.-რევოლიუციონერები - სოც-რევ.-თვის და უნდა ვიფიქროთ ოპოზიცია სწორედ ამ აზრით ხელმძღვანელობს და არა საერთო - სახელმწიფოს ინტერესით. ჩვენთვის კი სულ-ერთია ვინ იქნება ჩვენ ერობაში გვინდა ისეთი ხალხი, რომელიც საქმისათვის გამოსადეგი და სასარგებლო იქნება. მაგ. თბილისის ერობაში ჩვენ გვყავს არა ს.-დემოკრატები და მათთან ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ. ჩვენ საქმიანობის თვალ-საზრისით უყურებთ საკითხს და ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს დეკრეტს, რადგან ახალი არჩევნები არევ-დარევის მეტს არაფერს მოგვცემს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) ბატონებო! ის არგუმენტაცია, რომელიც აქ ს.-დემოკრატ. წამოაყენა პირდაპირ ახირებული იყო. იმიტომ რომ გადადება არჩევნებისა, გაგრძელება ხმოსნების რწმუნებულობის ვადისა ყოველი სოციალისტისათვის, ან უბრალო დემოკრატისათვის შეუძლებელია, თუ ის პრინციპს არ უღალატებს, თუ ამისათვის არ არსებობს ძლიერ სერიოზული მიზეზები. უმრავლესობის ფრაქციას უნდა ეთქვა, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი მოითხოვს არჩევნები გადაიდოსო. ეს გასაგები იქნებოდა, რადგან ეს ინტერესი მართლაც რომ ამას მოითხოვს. ყველა ერობებში, გარდა ერთისა, უმრავლესობა მათ ყავთ და ცხადია ეს პარტია დაინტერესებულია, რომ არჩევნების ვადა გაგრძელებულ იქნეს. და ჩვენ პირდაპირ მიუღებლად მიგვაჩნია, რომ პარტიამ აღძრას შუამდგომლობა გადადებულ იქნას არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარტია უმრავლესობას შეადგენს. იმ პარტიისთვის, რომელიც თავის თავს პატივსა სცემს და რომელიც ხალხის ინტერესს ანგარიშს არ უწევს, ასეთი რამ დაუშვებელია. მე მესმის, რომ სხვა პარტიას აღეძრა ეს საკითხი. მაგრამ, როდესაც ერობათა ხმოსნები, თუ გინდ კავშირის სახით, ითხოვენ თავის რწმუნებულობის გაგრძელებას ეს, ჩვენ ვამბობთ, მიუღებელია. აქ წამოყენებული იყო ზოგიერთი საბუთები; მთავარი მოსაზრება იყო ის რომ, ერობებმა ვერაფერი გააკეთეს და ამიტომ არჩევნები უნდა გადაიდოსო. ეს მოსაზრება სწორედ წინააღმდეგს ამტკიცებს. ახირებულია დებულება, ვერაფერი გავაკეთე და ამიტომ უფლება მომეცით ისევ მე დავრჩე და კიდევ ერთი წელიწადი ვითარეშო უსისტემოდ, უგეგმოდ და უსაქმოდო. თუ ეს მართლა მისაღებია, მაშინ გავაფართოვოთ ეს დებულება: ჩვენმა მთავრობამ, ან დამფუძნებელმა კრებამ ვერ შეასრულა ერთი მეოთხედიც იმისა, რაც მათ ხალხს დაპირდენ, აღუთქვეს და მაშინ, ამ ლოღიკით, რომ ვიმსჯელოთ, ეს მთავრობა და ეს დამფუძნებელი კრება უნდა დარჩეს ბოლომდის, სანამ დაპირებანი არ შესრულდება. ყოვლად მიუღებელია ასე მსჯელობა. რაც უფრო ნაკლებია გაკეთებული, მით უფრო მეტი უფლება გვეძლევა არჩევნები მოვითხოვოთ. ს.-დ.-ის დემოკრატიზმი ცნობილია. თქვენ იცით, რომ დღეს ხდება გადასახლება, დახვრეტა, გაზეთების დახურვა და სხვ. ამაზე მეტი ძველ დროშიც, ნიკოლოზის დროსაც, არა ხდებოდა რა. ან მეტი რა უნდა მოხდეს?! განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ ნიკოლოზი თავის სახელით საქმიანობდა, თქვენ კი დემოკრატიის სახელით მუშაობთ. თუმცა იგივე ნიკოლოზიც ხშირად ლაპარაკობდა ერის სახელით.

აქ იყო ლაპარაკი ზუგდიდის ერობაზე, გვითხრეს თავმჯდომარეობა არ აიღეთო. ეს მართალი არ არის. ზუგდიდის ერობის გამგეობის თავმჯდომარეთ წლის განმავლობაში სოციალ-დემოკრატი იყო, თუმცა ჩვენ თავმჯდომარის ადგილს თავიდან მოვითხოვდით. თავმჯდომარის ადგილი ჩვენ მაშინ შეგვთავაზეს, როცა წელიწადი გათავდა და ყველას თავის მუშაობის ანგარიში უნდა ჩაებარებია და მე თქვენ გეკითხებით: ვინ ჭკუათმყოფელი იზამს იმას, რომ მიიღოს თავმჯდომარეობა ერთი თვით, როდესაც უნდა ანგარიშები ჩაებარებიათ. უნდა მოგახსენოთ ჩვენი ამხანაგები დადებით მუშაობით პირველ რიგში დგანან. ამას თქვენ ვერ უარყოფთ. სოც.-დემ. არ მოეწონათ ის დადგენილება, რომელიც ჩვენი ფრაქციის წინადადებით ზუგდიდის ერობამ მიიღო, რომ შუმდგომლობა ყოფილიყო აღძრული დამფ. კრების წინაშე. ეს დიდ დანაშაულათ ჩასთვალეთ. ამაზე ილაპარაკა ბ-ნმა მინისტრმა, ერთხელ უკვე მაშინ გავეცით შესაფერი პასუხი. დღეს ისევ გაიმეორეს ეს ბრალდება. თქვენ კარგათ იცით, რომ მრავალი დეკრეტი, რომელსაც აქ ვსცემთ ბითუმათ არ ეგუება ცხოვრებას, რადგან ის ეწინააღმდეგება მშრომელ მასის ინტერესებს და იწვევს უკმაყოფილებას და ქმნის ნიადაგს ანარქიისას. ჩვენ ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია სადაც უნდა ვიყოთ ხმა აღვიმაღლოთ უვარგის კანონების შესახებ. ასე მოიქცა ზუგდიდის ერობა, როდესაც მან შეხედა, რომ ხალხი ვერ ურიგდება ერთდროულ გადასახადს მიწებზე, მოითხოვს გადასახადები იმ მიწებზე, რომელიც ხალხს არ მიუღია, არ გადაახდევინონ. ეს უკმაყოფილების ხმა გაისმის არა მარტო ზუგდიდის მაზრაში, არამედ სხვაგანაც. აიღეთ თუნდაც გურია, რა მოხდა იქ, თემთა ყრილობაზე? იქაც იგივე უკმაყოფილება გაისმა როგორც ზუგდიდის ერობაში, ასეთია მდგომარეობა. როცა ეს ჩვენ დავინახეთ დავრწმუნდით, რომ ის ვერ გატარდება ცხოვრებაში, იმის მაგიერ, რომ სარგებლობა მოუტანოს რესპუბლიკას, პირიქით ავნებს ჩვენ რესპუბლიკას, ძირს უთხრის დამოუკიდებლობას, ნიადაგს ქმნის ანარქიისათვის. ჩვენ შევიტანეთ წინადადება, რომ ზუგდიდის ერობას აღეძრა შუამდგომლობა დამფუძნებელ კრების წინაშე. ნუ თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ ამისი? არც ერთ ერობას არ გადაუხდია ეს გადასახადი, თქვენ არ შეგიძლიათ სთქვათ, რომ ზუგდიდის ერობა შეადგენდეს გამონაკლისს.

ზუგდიდის ერობამ დაადგინა ეთხოვოს დამფ. კრებას თუ შეიძლება ხელმეორეთ დაისვას ეს საკითხი და თუ შესაძლოა სრულიად მოიხსნას. ნუ თუ აქ არის რამე დანაშაული? ამის შემდეგ ვერ გამიგია თუ პასუხისმგებლობას მართლა გრძნობს ბ-ნი რამიშვილი რაღად გამოდის და ბაიყუშივით იმეორებს ზუგდიდის ერობა კანონებს არ ემორჩილებაო. ბ-ო! ზუგდიდის ერობა ისევე ემორჩილება კანონებს, როგორც სხვა ერობები და თავისი მოვალეობაც კარგათ ესმის და ამიტომ სდგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში პარლამენტარულ პრინციპს და დემოკრატიზმს არ ეწინააღმდეგება და თუ ეს პრინციპი სოც.-დემ. არ ესმით, ან ცუდათ ესმით, ეს ჩვენი ბრალი არ არის! აქ მოიყვანეს ასეთი მოსაზრება, გლახა პირობები იყო, ერობებმა ვერ მოასწრეს გაეკეთებინათ რაც საჭირო იყო. მე უნდა გავიმეორო მეგრული ანდაზა: „ირო უჭირს კარი გმოღუჭიდისო“, სწორედ ეს არის! ნუ თუ არ შეიძლება სპეკულიანტებს უარი უთხრან, ნებართვები არ მისცენ, ამას უნდა ობიექტიური პირობები? შეიძლება ამ არჩევნების გადადება ერთი მოსაზრებით. ეს არჩევნები ბევრ ხარჯს საჭიროებს, ჩვენ ღარიბი ხალხი ვართო, მე მესმის ეს მოსაზრება, მაგრამ ეს მიუღებელია, იმიტომ რომ უსისტემოთ, უგეგმოთ ხარჯავთ მილიონებს და რაღა აქ გინდათ ეკონომია? ერობა ჩვენში ახალი ხილია, არ ყოფილა ეს იდეა პოპულიალური ჩვენში. დღეს რომ მოხდეს არჩევნები, ხალხი დღეს უფრო შეგნებულად მოკიდებდა ხელს და მართლაც უფრო ღირსეულ ხალხს აირჩევდა, ის გლეხები, რომლებმაც თქვენ წინედ ხმა მოგცათ დღეს ხშირად ამბობს: თითი მომჭერითო, რადგან იცის, რომ შეცდა... თქვენ კი ამბობთ ხალხს მობეზრდა ამდენი არჩევნებიო. არჩევნები კი არ მობეზრდა მას, არამედ თქვენი პოლიტიკა მობეზრდა. თქვენ ეს გაიგეთ და ამიტომ არ გინდათ არჩევნების მოხდენა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არჩევნები მოხდეს თავის დროზე, არც ერთი საბუთი არ წამოგიყენებიათ არჩევნების გადადების სასარგებლოთ და თქვენ მართლაც ემსახურებით ხალხის ინტერესებს ყველგან უნდა მოხდეს არჩევნები თავის დროზე.

თავმჯდომარე. ბ-ო, შემოვიდა წინადედება კამათის შეწყვეტამდის გაგრძელდეს კრება. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, - მეორე წინადადება არის შეწყდეს სრულიათ კამათი.

კამათის შეწყვეტის შესახებ სიტყვა ეკუთვნის შენგელაიას.

ლეო შენგელაია. ჩვენი ფრაქციის აზრით საჭიროა მოვისმინოთ ყველა ის ორატორები, რომელნიც ჩაწერილი არიან, ჩვენ გვაინტერესებს სხვა ფრაქციის აზრიც ამის შესახებ, ჩვენ გვალაპარაკებს სახელმწიფო მოსაზრება. კამათი უნდა გაგრძელდეს.

თავმჯდომარე. არსებითად საკამათოთ არის ჩაწერილი ერთი ორატორი. (ხმები: ვინ არის?) ვეშაპელი გახლავთ. და პირადი განცხადებისათვის გობეჩია. ვინ არის მომხრე, რომ კამათი გაგრძელდეს, კამათი გრძელდება სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს, გრიგოლ ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. მე, ბატონებო, დიდხანს არ მოგაწყენთ თავს ამ საკითხზე შეჩერებით, რადგან თითქმის ყველაფერი ითქვა. ცხადია, მარტო პარტიულ ინტერეს არა აქვს ადგილი აქ, მაგრამ მეორეს მხრივ - მე მინდა ვისარგებლო ჩემი სიტყვის უფლებით და შესაფერათ გამოვიყენო საინტერესო განცხადება ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრისა. ბ. მინისტრმა სთქვა: თუ ხალხი სადმე მოითხოვს არჩევნებს, შემოიტანეთ სამინისტროში შესაფერი პეტიცია და ჩვენც დავნიშნავთ არჩევნებსო. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამისთანა პეტიციით - ხალხი შემოვიდეს სამინისტროში. ის გამოსავალი გზა, რომელიც აქ ახსენა ბ. რამიშვილმა უნდა იყოს კანონ-პროექტში, მე მინდა წესი მინისტრის მიერ ნაჩვენები, აღინიშნოს დღევანდელ დეკრეტში ისე, რომ თუ თანახმად განცხადებისა, ათას კაცზე მეტი მოითხოვს არჩევნების მოწყობას, ეს არჩევნები დაუყონებლივ მოხდეს. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ ამ უფლებით ზოგიერთი მაზრები ისარგებლებენ.

მე მინდა შემოვიტანო ეს წინადადება იმისთვის, რომ ის წესი, რომელიც, ახსენა ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრმა, შეტანილ იქნას დეკრეტში და განხორციელდეს კიდეც.

თავმჯდომარე. პირადი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. გობეჩიას.

ივ. გობეჩია. (ს.-რ.) ბატონებო! შინაგან-საქმეთა მინისტრმა თავის საპასუხო სიტყვაში, სხვათა შორის, შემდეგი განაცხადა: „ერთი ებრაელი ვაჭარი ცდილობს მომარაგების სამინისტროში ჯაგრის გატანას, მხოლოდ ერთი დეპუტატი დადიოდა შუამდგომლობით, რომ ამ ებრაელს მისცემოდა ნებართვა ჯაგრის გატანისა. სოც.-რევ. ფრაქციამ იცის ის დეპუტატი და თუ უკანასკნელს აქვს გამბედაობა თვით გამოვა აქ და მოგახსენებთ, როგორ იყო საქმეო“.

ბატონებო, მე მარტო მომარაგების სამინისტროში კი არა სხვა სამინისტროებშიც დავდივარ, რადგანაც ხშირად ამას ჩემგან მოითხოვს დეპუტატის მოვალეობა. რაც შეეხება იმ ებრაელ ვაჭარს, რომელზედაც მინისტრმა მოგახსენათ, საქმე შემდეგში მდგომარეობდა: ერთ ქუთათურ წვრილ ვაჭარს ელო ხანანაშვილს ერთ სახელმწიფო დაწესებულებამ, სახელდობრ საქონლის გამცვლელ კომიტეტმა მისცა მოწმობა, რომლის-ძალით მას, ხანანაშვილს, რესპუბლიკის საზღვრებიდან ჯაგრის გატანის უფლება უნდა მისცემოდა, თუ ის რესპუბლიკის საზღვრებში შაქარს შემოიტანდა. ხანანაშვილმა რესპუბლიკაში რაღაც ას ფუთამდე შაქარი შემოიტანა და ამის დამამტკიცებელი საბუთები სამინისტროს წარუდგინა და იქ ითხოვა, რომ მისთვის მიეცათ, თანახმად სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემულ მოწმობისა, ჯაგრის გატანის ნებართვა. მომარაგების სამინისტროში ბ. ხანანაშვილს არამც თუ ჯაგრის გატანის ნებართვას, არამედ მას უბრალო ცნობასაც არ აძლევდენ იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწვია მის კანონიერ თხოვნას. ხანანაშვილს სურდა მიეღო რაიმე გარკვეული პასუხი, ან - ჰო, ან - არა. უკანასკნელ შემთხვევაში მას სურდა მიემართა სასამართლოსათვის და სასამართლოს წესით აღედგინა თვისი უფლება. ხანანაშვილმა ეს ყველაფერი მიამბო და მთხოვა სამინისტროში გამეგო აძლევენ თუ არა მას ჯაგრის გატანის ნებართვას. მე იმ დროს ხშირად დავდიოდი მომარაგების სამინისტროში, რადგანაც მსურდა იქიდან მიმეღო ჩვენ პარტიულ გაზეთისათვის ქაღალდი. ჩემს სამინისტროში ყოფნის ერთ-ერთ დღეს, სხვათა შორის, მე მივმართე მინისტრს თხოვნით, რომ ხანანაშვილისათვის რაიმე გარკვეული პასუხი მიეცათ. ეს იყო და ეს. ეხლა ბატონ რამიშვილის სინიდისმა იცოდეს, თუ რათ დასჭირდა მას ებრაელის და ჯაგრის ისტორია ამ ტრიბუნაზე გამოეტანა და ასეთ დაბალ ხარისხის ცილისწამების და დემაგოგიისათვის მიემართა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

გაბრიელ ცისკარიშვილი. (ს.-დ.) ამ დეკრეტის მოწინააღმდეგეთ გაიმეორეს ერთი და იგივე დებულება ასათიანისა; ეს დებულება ახირებული გახლავთ: ამ დეკრეტის მიღება არის ხალხის უფლების გაბათილება და შელახვა. დამფუძნებელი კრება არის ხალხის უზენაესი უფლების გამომხატველი და მას უფლება აქვს არჩევნები გადადოს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგმა ევროპის სახელმწიფოებმა გააგრძელეს პარლამენტთა არჩევნებიც. რაც შეეხება გობეჩიას, მან სთქვა, თითქოს ჩვენ დროებით დებულებაში ნათქვამი იყოს, რომ არჩევნები წლის თავზე მოხდეს, ამას, რომ ბრძანებთ უნდა გახსოვდეთ შინაარსი „საერობო დებულების“ მე-51 მუხლისა, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები უნდა ხდებოდეს ყოველ სამ წელიწადსო. თქვენ არ გახსოვთ, თუ არ გინდათ გახსოვდეთ ეს და ამაზე აშენებთ მთელ ბრალდებას ერთ-ერთ პარტიის წინააღმდეგ. მე არ შევეხები პარტიულ დისკუსიას, მით უმეტეს, რომ მე პირველად ყოვლისა კომისიის წარმომადგენელი ვარ. ავღნიშნავ მხოლოდ, რომ ერობები მუშაობენ სულ შვიდი, რვა თვე და ამ ხნის განმავლობაში არ შეიძლება პრაქტიკის შესწავლა, და იმ დიდი საქმის მოწესრიგება, რომელსაც სათავეში უდგია ერობები. თქვენ იცით, ჩვენ დღემდი თეორიულ მზადებაში ვიყავით, პრაქტიკას მხოლოდ ეხლა ვეცნობით და ვითვისებთ. როგორც მოხსენებაში ვამბობდი, საერობო ყრილობასაც ეს ქონდა მხედველობაში, როცა დაადგინა არჩევნების ვადის გაგრძელება და მხოლოდ შემდეგ ახალი საერობო დებულების შემუშავება. ასეთი მარტივი აზრი არ გინდათ გაიგოთ თქვენ, დეპუტატო ასათიანო, და განგებ სულ სხვაზედ ლაპარაკობთ. თქვენ ოპოზიციას სხვა ნიადაგი აქვს; თქვენ გინდათ მღვრიე წყალში თევზი დაიპიროთ, მაგრამ ჩვენ ამის ნებას ვერ მოგცემთ, რადგან სახელმწიფოს ინტერესებს ეს ეწინააღმდეგება. თქვენი „ალტერეგო“ - ვეშაპელიც, იმავე მისწრაფებით არის გამსჭვალული, როდესაც მოითხოვს არჩევნების ახლავე მოხდენას. ვიმეორებ, ჩვენ საქმის ინტერესებიდან გამოვდივართ და ვამბობთ, რომ არა თუ ორი წლით, არამედ სამი წლითაც უკეთესი იქნებოდა არჩევნები, რომ გადაიდებოდეს, და თქვენ ვისი და რის ინტერესით, რათ დაგჭირდათ, რომ შვიდი თვის შემდეგ, ახალი არჩევნებს ითხოვთ? თქვენ სხვა რამე გაწუხებთ და ამას ჩვენ ვებრძვით.

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? წინააღმდეგი არავინ არის; ბ. მომხსენებელო გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი (მომხსენებელი კითხულობს) პირველ მუხლში გახლავთ შესწორება ვეშაპელის მიერ შემოტანილი, რომ პირველი მუხლის მეორე შენიშვნათ დაემატოს შემდეგი: „თუ რომელიმე მაზრის ამომრჩეველნი რიცხვით არა ნაკლები ათასისა განაცხადებს სამაზრო ერობაში წერილობით სურვილს ახალი საერობო არჩევნების მოხდენისა, არჩევნები ამ მაზრაში დაინიშნება არა უგვიანეს ერთი თვისა დღიდან ასეთი განცხადების მიღებისა“. (მომხსენებელი წინააღმდეგია ამ შესწორებისა. შესწორება უარყოფილია).

ამ შესწორების შესახებ ბატონ თევზაიას ეკუთვნის სიტყვა.

. თევზაია. ჩვენი ფრაქცია პრინციპიალურად მომხრე არის... (ხმები: მხოლოდ პრინციპიალურად?) ერთნაირ შესწორებას, რომელიც გატარებული არის მთავარ დებულებათ ვეშაპელის აზრში მომხრენი ვართ, რომ იყვეს ერთნაირი ნორმა შემუშავებული, რომელიც საშვალებას მისცემს ერობას თავის თავის განახლებისას. მაგრამ ეს შესწორება არ არის დამუშავებული. რატომ ათასი კაცი უნდა ავიღოთ და არა მეტი, ან ნაკლები? ეს რიცხვი თუმცა მინისტრის მიერ თქმულია, მაგრამ თქმული არის ისე, როგორც მაგალითი. (ასათიანი: დაუმუშავებელი). ეს ხომ არ შეიძლება მაგალითად, იყვეს კანონი? შეუძლებელი არის, რომელიმე მაზრაში, სადაც სცხოვრობს 60 ათასი კაცი და მეორეში 30 ათასი კაცი ცხოვრობს, ერთნაირი საზომი იყვეს მიღებული. შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვისარგებლოთ პროპორციული სისტემით. უფრო მისაღები და მიზანშეწონილიც იქნება, თუ დაცული იქნება ეს პროპორცია. ეს ამავე დროს ადვილი საქმეც არის. ყოველ მაზრას აქვს თავისი მცხოვრებთა სია, და სრულიად ადვილად 1/2 საათ. განმავლობაში შეიძლება ამ საქმის მოგვარება. მეორე მხრით უნდა იყვეს აგრეთვე შემუშავებული თუ ვინ აგროვებს ამ ხელისმოწერას. (ხმა: კომისრები!) შეიძლება კომისრებიც, შეიძლება ერობის გამგეობასაც დაეკისროს ეს საქმე, რომელიც მართლაც უზრუნველყოფს ხელისმოწერის სისწორეს. ყველაფერს ამას დამუშავება უნდა. ესეც განსაზღვრული უნდა იყვეს კანონის პროექტით ამ... (ასათიანი: პეტიციის უფლებას უარყოფთ?) არა, მაგრამ ყოველ პეტიციას აქვს ყოველთვის ერთი აზრი. ყოველ პეტიციას ესაჭიროება დადასტურება ხელისმომწერთა. თქვენ იცით, რომ შვეიცარიაში არსებობს უფლება პეტიციისა, მაგრამ იქ ყოველთვის ხელისმოწერას ადასტურებს მერი. მან იცის, ამა და ამ პირმა მართლაც მოაწერა ხელი პეტიციას, თუ არა. ესეც უნდა იყვეს შეტანილი შესწორებაში, ვინაიდან შესაძლებელია წინააღმდეგ შემთხვევაში კანონ-პროექტმა გამოიწვიოს არევ-დარევა. ამიტომ ასათიანს არ უნდა ექნეს საშვალება გამოვიდეს აქ ამ ტრიბუნაზე და თქვას: თქვენმა კანონ-პროექტმა ანარქია გამოიწვია რესპუბლიკაშიო.

უნდა იყვეს აგრეთვე განსაზღვრული დრო, რომლის შემდეგაც შეუძლია უკმაყოფილო ელემენტებს მიმართოს მთავრობას პეტიციით. მაგალითად, რომელიმე მაზრაში სოც.-რევ. გაიყვანენ მხოლოდ ორ დეპუტატს, მეტის მოლოდინში, ისინი ამით რა თქმა უნდა უკმაყოფილონი იქნებიან, იშოვნიან 1000 ხელისმომწერს, და მოითხოვენ მეორე დღესვე ახალი არჩევნების დანიშვნას. რომ ეს ასე არ მოხდეს, და მართლაც ამით ანარქია არ გამოვიწვიოთ რესპუბლიკაში. უნდა მივცეთ ვადა ხმოსნებს, რომლის შემდეგ ხალხს ექნება საშვალება იმსჯელოს მათ ავკარგიანობაზე და, მაშასადამე, უფლებაც გამოსთქვას თავისი სურვილი. (შენგელაია: რამიშვილს წაუკითხეთ ეს ლექცია!) არა, რამიშვილმა სთქვა, რომ თანახმაა პრინციპიალურად შესწორების, მხოლოდ მას შემუშავება ესაჭიროება. ეს სერიოზული პრინციპია. საჭიროა ერთგვარი ნორმა. ჯერჯერობით ეს ნორმა შემუშავებული არ არის კანონ-პროექტის სახით და ჩვენც მხარს დაუჭერთ მაშინ. (ვეშაპელი: არა, მე მინდოდა მხოლოდ ეგზამენი დამეჭირებინა თქვენთვის!)

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ა. ასათიანს.

ალ. ასათიანი. (ნ.-დ.) მე მგონია, რომ ის წინადადება, რომელიც აქ შემოტანილია ფაქტიურად შემოტანილია არა ვეშაპელის მიერ არამედ თვით რამიშვილის მიერ.

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო დამ. კრ. წევრო ასათიანო, შესწორება შემოტანილია ბატონ ვეშაპელის და არა რამიშვილის მიერ.

ასათიანი. დიახ! ეს ფორმალურად. მე მგონია, რომ შესწორება გასაგებია სავსებით. რასაკვირველია, ხელის მოწერის დროს მრავალი შეცდომა შეიძლება მოხდეს, და ვინმეს მაგივრად სხვამ მოაწეროს ხელი. აქ ამბობენ, რომ ამის შემოწმება უნდა ხდებოდეს, და ეს უნდა დაეკისროს თუნდაც ერობის გამგეობასო. მე არ ვიცი როგორ უნდა მოაწყოს საერთოთ ეს პეტიციის პროცედურა ერობის გამგეობამ. მე მგონია შემოწმება შეიძლება საზოგადო წესით.

თუ ჩვენ გვყავს კომისრები და აი, სწორედ მათ უნდა დაეკისროთ ეს მოვალეობა. თორემ როგორ შეიძლება, რომ მაგალითად რომელიმე სოფელს სურს გამოთქვას თავისი სურვილი და ამიტომ წავიდეს 40 ვერსის სიშორეზე ერობაში. ეს სრული გაბათილება არის იმისა რაც წარმოთქვა ბატონმა რამიშვილმა და აგრეთვე იმ განმარტებისა, რომელიც ვეშაპელმა წარმოადგინა.

აქ დასამალი არაფერია. თუ ათასი კაცის სურვილი არის არჩევნების დანიშვნა, არჩევნები უნდა დაინიშნოს. უნდა დაითვალოს ერობის გამგეობამ 1000 კაცის და მერე არის თუ არა მართლა ხელმოწერილი ეს დამტკიცდება კომისრების მიერ. თორემ ბატონი თევზაია რომ ამბობს, რომ ერობის გამგეობამ უნდა დაამტკიცოს ხელის მოწერაო, და მართლაც ეს პროცედურა გაატარეს, ასე არავითარი პეტიციის უფლების განხორციელება არ შეიძლება, იგი გაბათილება იქნება მხოლოდ იმ უფლებისა, რომელიც უნდა მივანიჭოთ ხალხს. ვიმეორებ დამოწმება შეიძლება უახლოეს ორგანოების მიერ, კომისრების მიერ და არა ერობის გამგეობის მიერ, რომელიც ათეული ვერსობით არის დაშორებული ამომრჩევლებზე. თუმცა ამბობთ, რომ პრინციპიალურად მომხრენი ვართო, მაგრამ როგორც ხშირად ახლაც აბათილებთ თქვენვე ნათქვამს. ჩვენ გვინდა რომ თქვენ ფაქტიურად იყვეთ მომხრენი ამ შესწორებისადა არა პრინციპიალურად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ბ. თევზაიას.

. თევზაია. (სოც.-დემ.) ჩვენ აქ განვაცხადეთ, რომ მომხრენი ვართ პრინციპიალურად იმისი, რომ ხალხს მიეცეს ლეგალური საშვალება შეცვალოს ხმოსანთა შემადგენლობის ვადა-თქო. ბატონ ვეშაპელის შესწორება, რომ ყოფილიყო დამუშავებული საბოლოოდ ჩვენ მას მხარს დაუჭერდით, მაგრამ რადგანაც ის შეუმუშავებელია და, ნუ ეწყინება ეს ბატონ ვეშაპელს, მას უფრო ერთნაირი პუბლიცისტური ხასიათი აქვს, ამიტომ ვართ მისი წინააღმდეგი იმ სახით, რა სახითაც იგი წარმოდგენილია. არავის არ უთქვამს, რომ ხელის მოწერის დამოწმება მოხდეს მაგალითად ტფილისში, მაგრამ ის კი ვთქვი, რომ ასეთი დამოწმება უნდა მოხდეს ისეთ ორგანოს მიერ, რომელიც სახელმწიფოს ძალის მატარებელი არის. რატომ კომისრებმა უნდა დაამოწმონ ხელის მოწერა? შეიძლება ეს ვალდებულება დაეკისროს თემის თავმჯდომარეს. ევროპაში სწორედ თემის თავმჯდომარე ამოწმებს ხალხის რეფერენდუმს. შეიძლება ჩვენში ამ თავმჯდომარემ დაამოწმოს (ვეშაპელი: შეასწორეთ!) ესეც უნდა იყოს კანონში შეტანილი.

მეორე თუ არ განვსაზღვრეთ ვადა, თუ როდის შეიძლება მოხდეს ახალი არჩევნები, იმ აზრით, რომ ძალთა განწყობილება შეიცვალა, შეიქმნება არევ-დარევა. ყოველი პარტია, რომელიც მხოლოდ 1000 ხმას მიიღებს გამოაცხადებს არჩევნებს უკანონოდ, და მოითხოვს არჩეულ ხმოსნების დაუყონებლივ გადადგომას, და ახალი არჩევნების მოხდენას. ამ რიგად არ იქნება უზრუნველ-ყოფილი ხალხი, რომ ერობის გამგეობამ იმუშაოს დადებითად. მაშასადამე უნდა იყვეს განსაზღვრული ვადა. მაგალითად 3-4 თვე. მას შემდეგ, როდესაც გამოჩნდება, რომ ხმოსნებმა ვერ გააკეთეს, რომ ისინი არ ეგუებიან ხალხის მოთხოვნილებას, შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმის მოხდენა. ეს არ არის შესწორებაში განსაზღვრული. ეს არის ტეხნიკური საკითხი. ეს არის რთული საკითხი, რომელიც საჭიროებს დეტალურ დამუშავებას. ჩვენ ვეთანხმებით და ვამბობთ, რომ შესწორება საჭიროა, მაგრამ საჭიროა შემუშავებული შესწორების შეტანა. შეიმუშავეთ ტეხნიკურათ და ჩვენ მხარს დაგიჭერთ. მესამე - შეუძლებელია დარჩეს 1000 კაცი. მე ვამბობ, რომ უნდა იყვეს მეტი ხელის მომწერი. ვსთქვათ რომელიმე მაზრაში ხმის მიცემის უფლება აქვს 49 ათას კაცს. მათ აირჩიეს ხმოსნები. მოსულა 1000 კაცი და მოითხოვს, რომ არჩევნები დაარღვიეთ და ხელახალი დანიშნეთო. მაშასადამე უნდა იყვეს განსაზღვრული პროცენტი. სხვა წესი მიუღებელია და გამოიწვევს უდიდეს ანარქიას და მოქმედებითი მუშაობა დიდათ შეფერხდება. ამას მოგახსენებთ, ბატონო ასათიანო მე. ჩვენ ვამბობთ, რომ შესწორება მისაღებია, მაგრამ ტეხნიკურად დამუშავებული უნდა იყვეს. ჩვენ გვექნება დრო, ავირჩიოთ კომისია, რომელსაც დავავალებთ თუ გინდ ერთი თვის შემდეგ წარმოადგინოს დამუშავებული კანონი. ნუ თუ ვერ მოითმენთ ერთ თვეს, რომ საშუალება გვექნეს რიგიანად შემუშავებული კანონი მივიღოთ?

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ ვეშაპელს.

ვეშაპელი. ბატონებო! დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან-საქმეთა მინისტრს იმდენი გამოცდილება კი აქვს, რომ ის აწონ-დაწონის საქმეს და როდესაც ამბობს „ათასი კაციო“, ეს ციფრი რაღაცას წარმოადგენს. ეს არ არის შემთხვევითი ციფრი. ბატონი ვ. თევზაია ამბობს, რომ ის პრინციპიალურად იღებს ამას, მაგრამ ტეხნიკური მოსაზრებით წინააღმდეგი არის. ბატონებო! თქვენ თუ მომხრენი ხართ პრინციპიალურად, რაშია საქმე! მე ვამბობ, რომ შეეხება მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას, რომ შეძლება მიეცეს ამომრჩევლებს დაიცვას თავისი უფლება. თუ ეს შესწორება მიღებული იქნება, ვიმეორებ ის შეეხება მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას და არა საერთოდ არჩევნების კანონმდებლობას. დაგვრჩა ორი საკითხი: ციფრი და წესი. რაც შეეხება ციფრს, თუ თქვენ არ მოგწონთ მინისტრის სიტყვა - 1000 კაციო, მაშინ შეიტანეთ ციფრის შესწორება. ხოლო რაიცა შეეხება წესს, ეს ტეხნიკური საკითხია. ყველამ იცის, რომ ამისთვის არსებობს ორგანოები: ეს არის ადმინისტრაცია. (არსენიძე: მოსამართლეების საქმეა!) მოსამართლენიც არიან.

ხოლო თუ თქვენ ახლა ამ საკითხს, გვერდს აუვლით, შემდეგ მას არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება. ამ კამათის შემდეგ ასეთ შესწორებას აქვს აზრი, რომ უმცირესობას მიეცეს საშუალება თავისი ნება გამოხატოს, თუ თქვენ ხართ მომხრე შესწორების, ციფრის შესწორება შეიძლება. მაგრამ მე წინდაწინ ვგრძნობ ჩემის შესწორების ბედს. თქვენ 105 თითი გაქვთ და მათი იმედი ხართ; მე მხოლოდ ერთგვარი დემოკრატიული ეგზამენი გაგიკეთეთ. (არსენიძე: ოხუნჯობა არ გვიყვარს?) მგონი ბ. რამიშვილსაც არ უყვარს ოხუნჯობა. თუ ის იძულებული იყო მინისტრის პატიოსანი სიტყვა დაედვა, მაშასადამე ყოფილა ერთგვარი მიზეზი. მაგრამ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რადგან თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ მარტო თქვენი სტატუს ქუო. ეს ერთი მხრით შედეგი პროპაგანდისტთა კრიტიკული მდგომარეობისა და მეორე მხრით არჩევნების შთაბეჭდილებისა.

თავმჯდომარე. თქვენი დასკვნა ბ. მომხსენებელო.

ცისკარიშვილი. (მომხსენებელი): არსებითათ ბევრი რამ ითქვა, დეკრეტის საწინააღმდეგოდ მაგრამ რაიცა შეეხება ბ. ვეშაპელის შესწორებას, იმის შესახებ თვითმმართველობის კომისიის სახელით ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან შესახებ კომისიაში მსჯელობა არ ყოფილა. მინისტრის სიტყვა კი ჩვენთვის სავალდებულო არ არის. ვეშაპელმა განაცხადა: ამ შესწორებით მე ერთგვარი ეგზამენის გაკეთება მინდოდაო; ჩვენ კი ბატონებო, სამასხაროდ არ გვცალია.

თავმჯდომარე. არის შემდეგი შესწორება ს.-დ. ფრაქციის ბიუროსი. (კითხულობს) შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

. თევზაია. ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, რომ იქნეს შესწორება შეტანილი „1920 წლის პირველ იანვრის მაგიერ პირველ ნოემბრამდი“.

თავმჯდომარე. ინებებს ვინმე სიტყვას თუ არა? თქვენი აზრით, ბატონო მომხსენებელო.

მომხსენებელი. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს ტეხნიკური საკითხია.

(შესწორება მიღებულია).

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.

მომხსენებელი. (კითხულობს მეორე მუხლს, რომელიც მიღებულ იქმნა. დეკრეტი საბოლოოდ მიღებული იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. გასახილველია საბოლოო ტექსტი, განათლების სამინისტროს შტატის შეცვლისა და ჯამაგირის გადიდების დეკრეტისა. სიტყვა ბ-ნ ნათაძეს ეკუთვნის.

გრ. ნათაძე. (კითხულობს საბოლოო ტექსტს, რომელიც კრების მიერ დამტკიცებულ იქნა უცვლელად).

თავმჯდომარე. გთხოვთ ეხლა მოისმინოთ მომავალი სხდომის დღიური წესრიგი.

მდივანი (კითხულობს. წესრიგი დამტკიცებულ იქნა).

სხდომა იხურება 3 ს. და 50 წ.

16 სამოცდამეთხუთმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(75)

ორშაბათი 29 დეკემბერი, 1919 . ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არიან:

სიმონ მდივანი,

ქრისტინე შარაშიძის ასული

გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება დღის 12 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია, მდივანი მოგახსენებთ ნუსხას და დღიურ წესრიგს. გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი. (კითხულობს).

1. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურის საქმის გამო მგზავრობის დროს დღიური და საგზაო ფულის მიცემის შესახებ. გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - ერობათა ხმოსნების რწმუნებულობის ვადის განგრძობისა. მომხსენებელია ქრისტინე შარაშიძის ასული.

2. დეკრეტი სამოქალაქო უწყებათა - სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების - 1919 წ. მაისის 20-სა და აგვისტოს 2-ს დეკრეტის შეცვლისა - განათლების უწყების ყოველი ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა შესახებ. მომხსენებელია გრ. ნათაძე და გრ. ურატაძე.

3. დეკრეტი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

4. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

5. დეკრეტი - მთავრობის საქმეთა მმართველობის 1919-1920 წლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.

6. დეკრეტი - ტფილისის პოლიტეხნიკურ ინსტიტუტის ერთდროულ დახმარებად 150.000 მანეთის გადადებისა. მომხსენებელია ბ. თევზაია.

7. დეკრეტი - სასამართლოებში სამოქალაქო საქმეთა წარმოების შეჩერებისა შინაური საბუთებით შეძენილ-მოპოებულ უძრავ ქონების შესახებ. მომხსენებელია რაჟდენ არსენიძე.

8. პროექტი - დადგენილებისა 1919 წლ. დეკემბრის 31-დან 1920 წლ. იანვრის 18-დე დამფუძნებელ კრების სხდომების შეწყვეტისა.

დამატება:

9. დეკრეტი - 1.000.000 მანეთის გადადების შესახებ დამფუძნებელ კრების ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენათ. მომხსენებელია ექვთიმე თაყაიშვილი და ბ. თევზაია.

10. დეკრეტი - დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში 200.000 მანეთის გადადების შესახებ მოულოდნელ, ან წინასწარ გაუთვალისწინებელ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მომხსენებელია ალ. ასათიანი.

თავმჯდომარე. მერვე საკითხის შესახებ პრეზიდიუმი შუამდგომლობს, რომ ეს საკითხი დღიური წესრიგის ბოლოს იყოს გადატანილი. საქმე ასე არის, რომ რაკი მოხდა პრეზიდიუმთან ერთად ფრაქციების წარმომადგენლების სხდომა და ამ სხდომამ გადასწყვიტა, რომ 31 დეკემბრიდან 18 იანვრამდე კანიკულები გაიმართოს - დაიბადა შემდეგი კითხვა, რომ არის სასწრაფო საკითხები, რომელთა გადადება დააბრკოლებს საქმეს. გაიმართა მეორე ასეთივე კრება, რომელმაც გადასწყვიტა, რომ არის საჩქარო აქტები და ისინი საჩქაროდ უნდა გატარდეს. და თქვენ მიერ დანიშნული სხდომების რაოდენობა გადიდებული იქნეს და გადაწყდეს ყველა ის საკითხები, რომლებიც დასმულია.

დღევანდელი სხდომა რიგ გარეშე დანიშნული სხდომა არის. ხვალ იქნება ჩვეულებრივი სხდომა. საღამოს სხდომა და ოთხშაბათს დილითაც განზრახულია სხდომა გაიმართოს. რადგან ეს საკითხი, მერვე საკითხი, შეტანილია დღის წესრიგში, წინადადება არის, რომ იგი უკანასკნელ სხდომაზედ გადაწყდეს და ამიტომ დღის წესრიგის ბოლოში იქმნეს გადატანილი.

გარდა ამისა, ბატონებო, მე პირადად დიდ ბოდიშს ვითხოვ თქვენს წინაშე, ჩემსა და პრეზიდიუმისაგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო, დღევანდელი სხდომის გახსნა დაგვიანდა.

წინადადება არის შემოტანილი, რომ მესამე და მეოთხე საკითხები წესრიგის ბოლოში იქმნას გადატანილი. შესახებ მერვე საკითხისა უფრო რადიკალური წინადადება არის, რომ ის სულ მოიხსნას და გადაიდოს უკანასკნელ სხდომისათვის. პრეზიდიუმს საწინააღმდეგო არაფერი აქვს მოიხსნას, იმ პირობით, რომ თქვენ ნება დართოთ ხელახლად შემოტანილ იქმნას უკანასკნელ სხდომაზედ. წესრიგის შესახებ სიტყვა ბ. ასათიანს ეკუთვნის.

. ასათიანი (ე.-დ.) მე ვფიქრობ, რომ ასეთი სერიოზული საკითხი, როგორც არის მომარაგების საკითხის შესახებ მოხსენება, შეუძლებელია, რომ იქმნას გადადებული უკანასკნელ საკითხად, ან და სულ იქნას მოხსნილი. ან ეხლავე განვიხილოთ, დღესვე, ან, ყოველ შემთხვევაში, ხვალ დილით, თორემ, თუ ასეთი სერიოზული საკითხები გადავდეთ ხოლმე, ჩვენ საშუალება გვეკარგება სერიოზულად დავაყენოთ და განვიხილოთ იგი, რომ მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამის შესახებ. ამიტომ წინადადებას ვიძლევი - წესრიგში დარჩეს ისევე, როგორც იყო, და ეხლავე იქნას განხილული თუ არა და განხილულ იქმნას ხვალინდელ სხდომაზედ.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. თევზაიას ეკუთვნის.

. თევზაია. ჩვენი ფრაქცია იმ აზრისა არის, რომ ეს საკითხი უნდა გადატანილ იქმნას ბოლოში იმიტომ, რომ ეს მეტად სერიოზული საკითხია. ეს ერთი. და მეორე - იმიტომ, რომ ამ საკითხს უნდა მოვანდომოთ, ჩემის აზრით, უკანასკნელი სხდომა მაინც. აქ ბევრი უბრალო საკითხებია, ტეხნიკური საკითხები, რომელთაც ბევრი დრო არ დასჭირდებათ და დამფუძნებელ კრებაში არ გამოიწვევენ დიდ მსჯელობას. რაც შეეხება ამ საკითხს უნდა მიეცეს სრული დრო და სრული შეძლება, როგორც მთავრობის თავმჯდომარეს, ისე ყველა ფრაქციებს, რომ ეს საკითხი ამოიწუროს და სავსებით იქმნას განხილული.

ამიტომ რასაკვირველია, ჩვენი წინადადება ხელს არ უშლის, ჩვენ ვხსნით ამ საკითხს, მაგრამ ეს ხელს კი არ შეუშლის, ხელს შეუწყობს საქმეს რადგან ეს საკითხი უფრო მომზადებით განიხილება და გამოირკვევა ეს მით უმეტეს საჭიროა გამოირკვეს შობის წინა დღეებში. რადგან მოსალოდნელია, რომ დამფ. კრების დეპუტატები წავლენ ამომრჩევლებთან ახალ არჩევნებისათვის ზედგავლენას მოახდენენ და გააცნობენ საქმეს მთელ რესპუბლიკას. ამიტომაც ვიცავთ ჩვენ წინადადებას და მომხრენი ვართ ასეთი შესწორებისა. ბ. ასათიანს წამოსცდა მგონია: „ან სულ მოვხსნათო“, - მერე კი გაასწორა: „ხვალ დილისათვის დავსვათო“. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ აუცილებელ საჭიროებად მიგაჩნიათ, რომ ეს საკითხი დაისვას და გაირჩეს ამ ორ-სამ დღეში. ეს მართლაც აუცილებელია და ეს იქნება. ამისი იმედი იქონიეთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს საკითხი ბოლოში უნდა იყოს დასმული

თავმჯდომარე. მესამე საკითხი არის - დეკრეტი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23 დადგენილების შეცვლისა.

ვინ არის მომხრე იმისა, რომ ეს საკითხი დღიურ წესრიგის ბოლოში იქმნას დასმული? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. აგრეთვე მეოთხე საკითხი დაისვას სხდომის ბოლოში. წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. მერვე საკითხი უკანასკნელ სხდომაზედ იქმნას დასმული. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. ცვლილება სხვა არაფერია. წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხი არის - საბოლოო ტექსტი ერობათა ხმოსნების რწმუნებულობის ვადის განგრძობისა. მომხსენებელი ქრ. შარაშიძის ასული.

ქრ. შარაშიძის ასული (კითხულობს საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა საბოლოო ტექსტის შესახებ? არავის. მიღებული გახლავთ. შემდეგი საკითხი გახლავთ -

დეკრეტი სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების - 1919 . მაისის 20-სა და აგვისტოს 2- დეკრეტის შეცვლისა განათლების უწყების ყოველი ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა შესახებ.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. გრ. ნათაძეს.

გრიგოლ ნათაძე. (ს.-რ.) მოქალაქენო! გეხსომებათ ის ორი კანონ-პროექტი, რომელთა ძალითაც დამფუძნებელმა კრებამ მოუმატა ჯამაგირები ჩვენ სამოქალაქო დაწესებულებათა მოსამსახურეებს, პირველი 20 მაისისა და მეორე 2 აგვისტოსი. 20 მაისის კანონში აღნიშნული იყო, რომ თუმცა საზოგადო წესით ყველას ემატებოდა 50 პროც., მაგრამ გამონაკლისს შეადგენდნენ ისინი, ვინც ღებულობენ 1.000 მან. მეტს; იმათ ამ დეკრეტის ძალით ემატებოდათ 400 მან. იმათ კი ვინც ღებულობდა 1.000 მან. ნაკლებს, ემატებოდა 50 პროც აგვისტოს დეკრეტიც ასეთი იყო იმ განსხვავებით, რომ ვინც ძირითად ჯამაგირს იღებდა 1.000 მანეთამდე, მიემატათ 85 პროც. დანარჩენებს კი ემატებოდათ 50 პროც. ამ კანონის განხილვის დროს, სხვა და სხვა კომისიებმა ასწონ-დასწონეს, რომ არ გამოვიდეს უსამართლობა და უსწორმასწორობა: ვინც მეტს მუშაობს არ მოუხდეს ნაკლები ჯამაგირის აღება და ვინც ნაკლებს მეტისავო. მაგრამ განათლების უწყებაში მოხდა ეს უსწორ-მასწორობა იმიტომ, რომ განათლების სამინისტროში მოსამსახურე-მასწავლებლები ძირითად ჯამაგირსაც გაკვეთილების რიცხვის მიხედვით იღებენ. გაკვეთილთა ნორმა, თუ მასწავლებლებს აქვს კლასის დამრიგებლობა არის 18, თუ არა და 24. მაგრამ ეხლა ისეთი მდგომარეობა არის, რომ ყოველი გიმნაზია იძულებულია მასწავლებლებს ნორმაზე მეტი გაკვეთილი მისცენ, რადგან მასწავლებლების ნაკლებობა არის. ამიტომ ბევრს მასწავლებელთაგანს კლასის დამრიგებლობაცა აქვთ დავალებული და გაკვეთილიც 18 მეტი. ბევრს კლასის დამრიგებლობა არა აქვს და მათი გაკვეთილების რიცხვი 24-ს აღემატება. სწორედ ამიტომ 20 მაისის და 2 აგვისტოს დეკრეტის გამოცემის შემდეგ მოხდა ისეთი გაუგებრობა. საქმე ის არის, რომ ვისაც 18 გაკვეთილზე მეტი აქვს დავალებული, იმას ზედ-მეტი გაკვეთილებისთვის დამატება არ ერგება. ხოლო: იმას ვისაც 18 გაკვეთილი აქვს ის იღებდა ჯამაგირს 1.000 მან. მეტსაც. ამიტომ ამისთანა მასწავლებლებს მიემატათ 50 პროც. ე.ი. ჯამაგირი მათი ავიდა 1.500 მანეთამდე, მასწავლებლები რომელსაც 18 გაკვეთილზე ცოტა მეტი ჰქონდა, იღებდა დეკრეტის გამოსვლამდი 1.000 მანეთზე ცოტა მეტს და ამიტომ მიემატათ მხოლოდ 400 მანეთი. დაახლოვებით იგივე მოხდა 2 აგვისტოს დეკრეტით ისე, რომ 18 გაკვეთილით დატვირთული მასწავლებელი ბოლოს და ბოლოს უფრო მეტს იღებს ვიდრე მაგალითად 20 გაკვეთილით დატვირთული. ავიღოთ მაგალითი: მასწავლებელი, რომელსაც აქვს 18 გაკვეთილი, 3 ხუთწლეული და ყველა სხვა მოვალეობა აქვს დაკისრებული, რომელიც შტატის თანამდებობაში შედის, 20 მაისამდის იღებდა 12.000 მანეთს. აქ შედის 20 მაისის და 2 აგვისტოს დეკრეტი, მას მოემატა სულ 100 პროც. ასე, რომ ჯამაგირი გაუხდა 24.000 მან. ეხლა ავიღოთ ის, ვისაც 20 გაკვეთილი აქვს. ამგვარი მასწავლებელი იღებდა 20 მაისამდე (კითხულობს) მაგრამ როცა 20 მაისის დეკრეტი გამოვიდა მიემატა მხოლოდ 400 მანეთი და შემდეგ 35 პროც. ძირითადი ჯამაგირისა. სულ 2 აგვისტოს იღებდა. 20 მაისის დეკრეტამდის ამისთანა მასწავლებელი იღებდა 12.700 მან. დეკრეტების მომატებითი კი სულ 220.245 მან. ისე, რომ მასწავლებლები, რომელსაც 20 გაკვეთილი აქვს, იღებს 1.055 მანეთით ნაკლებს, ვიდრე ის, ვისაც აქვს 18 გაკვეთილი.

უფრო ცხადი იქნება თუ შევადარებთ ისეთ მასწავლებლებს, რომელთაც არა აქვს კლასის დამრიგებლობა. ამ შემთხვევაში ნორმა 24 გაკვეთილია. ვისაც 24 გაკვეთილი აქვს ის იღებდა 20 მაისამდის 12.000 მანეთს იმავ ანგარიშით, ვინაიდგან 6 გაკვეთილისა და კლასის დამრიგებლობის გასამრჯელო ერთი და იგივეა. დეკრეტების შემდეგ ის იღებდა 24.000 მანეთს. 27 გაკვეთილით დატვირთული მასწავლებელი კი იღებდა 13.050 მ., დეკრეტების შემდეგ კი 22.417 მანეთს. განსხვავება შეადგენს 1.583 მანეთს, ე.ი. 27 გაკვეთილით დატვირთული 1.583 მანეთით ნაკლებს იღებს, ვიდრე 21 გაკვეთილით დატვირთული. გამოდის, რომ ვინც მეტს შრომას ეწევა. ჯამაგირს უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე ის, ვინც ნაკლებს შრომობს.

მასწავლებელისა და დირექტორის ჯამაგირი თუ შევადარეთ ერთმანეთს, უსამართლობა კიდევ უფრო ცხადი იქნება. რადგანაც დეკრეტების მიღების შემდეგ დირექტორი ნაკლებს იღებს. ვიდრე მასწავლებელი. ეხლა ამ ორ დეკრეტის მიღების გამო იმისთანა უსწორ-მასწორობა გამოდის, რომ მასწავლებლები ზედმეტ გაკვეთილს გაურბიან და ცდილობენ, რომ ნორმაზე მეტი გაკვეთილი არ აიღონ.

ამიტომ განათლების კომისიას შემოაქვს წინადადება, რომ ეს უსწორ-მასწორობა გამოსწორებული იქმნას. კომისია ფიქრობს, რომ საქმის გამოსწორება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ დეკრეტებში შესწორებას შევიტანთ. ამას ეხება სწორედ წარმოდგენილი პროექტი დეკრეტის, რომლის ძალითაც უნდა 50 პროც. მომატება დაწესდეს განათლების სამინისტროში მოსამსახურეთათვის განურჩევლად ჯამაგირის რაოდენობისა. როგორც 20 მაისის დეკრეტით, ისე 2 აგვისტოს დეკრეტით. ამიტომ კომისია სთხოვს დამფუძნებელ კრებას, რათა ეს დეკრეტი მიიღოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. არსენიძეს ეკუთვნის.

არსენიძე. (ს.-დ.) - ჩვენ ერთი ცუდი ჩვეულება შემოგვეპარა საბიუჯეტო კანონმდებლობაში. ეს არის პროცენტების მომატების წესი, ეს წესი შეიძლება რომელიმე ქარხნისათვის გამოსადეგი იყოს, მაგრამ დამფუძნებელ კრებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებისათვის - კი ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია. ზოგს მიუმატებენ 50 პროც., ზოგს 35 პროც. და სხვა ბოლოს და ბოლოს არავინ იცის, რომელ მოხელეს რამდენი ჯამაგირი ერგება? აქედან ხდება ის, რომ მცირე თანამდებობის პირს მეტი მოუწევს, მაღალისას კი ნაკლები. ყოველივე ეს, რომ არ მოხდეს, უნდა აუცილებლად შეიცვალოს ეს წესი კრედიტების გამონახვისა და ჯამაგირების მომატების.

შეიძლება მთავრობამ დაადგინოს საერთოთ პროცენტები ჯამაგირის მომატებისა, მაგრამ შემდეგ თვითვეულმა უწყებამ უნდა დაამუშაოს თვისი ნაწილი და წარუდგინოს დამფუძნებელ კრებას.

ყოველ შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს ბუხჰალტერიც ხომ სჭირდებათ ჯამაგირების გამოანგარიშებაში. და ჩვენის აზრით, უმჯობესი იქნება, რომ იგი წინასწარ იქმნას გამოანგარიშებული და შემდეგ ჩვენს წინაშე წარმოადგინონ. ამით ჩვენც უფრო თვალ-ნათლათ გვეცოდინება, თუ რა თანხა გავიღეთ. ამას გარდა ეს დეკრეტი უდროოდ არის შედგენილი და ერთ უკუღმართობას შეიცავს ოდესღაც მოუმატეს პროცენტები იმ წარსულ პროცენტებს. ასე, რომ ბოლოს და ბოლოს სულ აირევა ჯამაგირების ანგარიში. და მე მგონია, რომ ამის გამოანგარიშებას კარგი ბუხჰალტერი დასჭირდება, რადგან მისი გამორკვევა ძალიან ძნელია. ეს პირველი. მეორე ის, რომ დაწესება ახალი მომატებისა მაისიდან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამგვარ წესს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო. უნდა შემოტანილ იქმნას ხოლმე არა პროცენტები, არამედ საბოლოო თანხა ჯამაგირების მომატებისა.

კერძოდ რაც შეეხება დეკრეტს, აქ არის ორი გაუგებრობა. ერთი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდა პროცენტების შეცდომა გამოანგარიშების დროს. მაგალითად ერთი და იგივე პირი 2-3 თანამდებობას ასრულებს და ამის ჯამაგირს იღებს. ერთი და იგივე მასწავლებელი ერთ და იმავე დროს მასწავლებელიც არის და დირექტორიც და იგი ამ ორი თანამდებობისათვის ჯამაგირს ცალ-ცალკე იღებს. და როცა ამ ჯამაგირებიდან შესდგება დიდი თანხა, რამდენი პროცენტები უნდა მოემატოს, - სწორათ ვერ გამოუანგარიშებიათ. მათ მოუმატეს 35%25, როგორც დიდი ჯამაგირის პატრონს. მაშინ, როდესაც თვითეულ თანამდებობისათვის ცალკე მას 50 პროც. ერგებოდა მომატება მაისშიც და აგვისტოშიც. ჯამაგირები უნდა ემატებოდეს არა პირს, არამედ თანამდებობას. თუ ყველა ამ განმარტებებს მივიღებთ მხედველობაში - მათ უნდა მოუმატოთ პროცენტები შესაფერ თანამდებობის ჯამაგირის მიხედვით და არა იმის მიხედვით, რომ შეიძლება ერთი კაცი 2, ან 3 თანამდებობას ასრულებდეს სკოლაში - და ამიტომ მეტს იღებდეს. მე მგონი, რომ ეს განმარტება სრულიად სამართლიანია. და ასე, რომ მოვიქცეთ ყველა ის უთანასწორობა, რომელიც მაისის მომატების დროს მოუვიდა უწყებას, თავიდან აცილებული იქნება. მეორე გაუგებრობა ისაა, რომ არ ვიცი რა შედეგებს მოიტანს ეს შესწორება პროცენტებისა.

ამ მოსაზრებათა გამო, ჩვენი ფრაქცია იძლევა წინადადებას, რომ ეს დეკრეტი უკანვე იქნეს დაბრუნებული შესამუშავებლად კომისიაში.

თავმჯდომარე. კიდევ ვის სურს სიტყვა? არავის. სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.

. ნათაძე (მომხსენებელი) განათლების კომისიამ იმიტომ შემოიტანა ეს დეკრეტი, რომ ის უსამართლობა, რომელიც არსებობდა დღემდე იქ, უნდა მოისპოს. ამის შესახებ კამათი არ არის. მხოლოდ სადავოდ ის გამხდარა, თუ რამდენად კანონიერია ის საშუალება, რომლის საშუალებითაც განათლების კომისია ცდილობს შეცდომის გასწორებას. ბ. არსენიძის აზრი სრულიად სამართლიანია. მართლაც, რომ წესიერი კანონმდებლობა არსებობდეს... შეუძლებელია ასეთი წესით პროცენტების მომატება. მაგრამ კომისიამ სხვა გზა ვერ გამონახა. მე მგონია, რომ ბ. არსენიძემაც ვერ გვიჩვენა ამ შემთხვევაში სხვანაირი გამოსავალი და ვერც მტკიცე საბუთი მოგვიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს შესწორება უნდა უარყოფილ იქნეს. შემდეგისათვის, რასაკვირველია, კანონმდებლობამ უნდა იხელმძღვანელოს ბ. არსენიძის შენიშვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე ვდგევართ და შეცდომის გამოსწორებაა საჭირო, როგორ უნდა მოვიქცეთ? მაგალითად, დირექტორის თანამდებობის შესახებ ბ. არსენიძემ ბრძანა, რომ შეცდომით არის შეტანილი დირექტორის ძირითად ჯამაგირში გაკვეთილებისათვის გასამრჯელო. ნამდვილად კი გიმნაზიის შტატების ძალით, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული, დირექტორისათვის 6 გაკვეთილი სავალდებულოა. ეს პედაგოგიური მოსაზრებითაც საჭიროა და ამიტომ შეუძლებელია ეს თანხა არ იქნეს შეტანილი ძირითად ჯამაგირში. ეს შეადგენს იმის უფლებას და იმის თანამდებობაში შედის, როგორც ნაწილი ძირითად ჯამაგირისა. ასეა ნაანგარიშევი მთელი ჯამი იმ ჯამაგირებისა, რომელსაც იღებს დირექტორი და სხვა თანამდებობის პირნი. ამიტომ შეუძლებელია ზოგიერთი თანხის ძირითადი ჯამაგირიდან გამოყოფა.

ამიტომ მე მგონია, რომ ეს კანონ-პროექტი ამ შემთხვევაში უნდა აუცილებლად გავატაროთ და მომავალში კი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის შენიშვნა, რომელიც ბ-მა არსენიძემ შემოიტანა.

თავმჯდომარე. მე კენჭს უყრი მუხლობრივ განხილვის საკითხს. რეგლამენტის ძალით, თუ მუხლობრივი განხილვა უარყოფილ იქმნა, დეკრეტიც მოიხსნება. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? უკაცრავად, არის სხვა წინადადებაც: დეკრეტი დაუბრუნდეს კომისიას დასამუშავებლად. ვის სურს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის. ბ-ნო მომხსენებელო თქვენი აზრი.

. ნათაძე (მომხსენებელი). ამ საკითხის შესახებ, დაუბრუნდეს თუ არა კომისიას ეს დეკრეტი, მართალი მოგახსენოთ, ამ ჟამად ძნელია რისამეს თქმა. რომ ეს დეკრეტი თავის დროზე ყოფილიყო განხილული და დაბრუნებული, მაშინ დრო იყო და შეიძლებოდა მუშაობა დაგვეჩქარებინა. მე მგონია, რომ არც განათლების კომისია იქნებოდა ამის წინააღმდეგი. თუ მაინცდამაინც დამფუძნებელ კრებას ეს უხერხულად მიაჩნია, ჩვენ დრო უნდა გვქონოდა, რომ ამ დეკრეტის შესახებ კიდევ ერთხელ მოგვეფიქრებინა და შეგვემუშავებინა ახალი დეკრეტი, მაგრამ ეხლა, როცა იწერება ვაკაციები, როდემდე უნდა გადავდოთ ამ დეკრეტის განხილვა? ჩვენ ცნობები მოგვდის, რომ მასწავლებლები მეტად მძიმე მდგომარეობაში არიან და ეს საქმე აქამდისაც უნდა მოწესრიგებულიყო, ამისათვის კი საჭირო იყო, რომ ეს დეკრეტი აქამდე განგვეხილა და არა სამჯერ-ოთხჯერ გადაგვედო. მე მინდა დავეთანხმო კანონ-პროექტის დაბრუნებას, მაგრამ არ შემიძლიან, ვინაიდგან ვიცი, რა დიდ უხერხულობას გამოიწვევს. ამიტომ ჩემის აზრით ეს დეკრეტი აუცილებლად უნდა მივიღოთ დღესვე.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ ეს დეკრეტი კომისიას დაუბრუნდეს დასამუშავებლად? დეკრეტი დაუბრუნდება კომისიას.

შემდეგი საკითხი -

დეკრეტი მთავრობის საქმეთა სამმართველოს 1919-20 . შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.

მომხსენებელია ბ. სალაყაია.

იოსებ სალაყაია (ს.-დ.) მთავრობის საქმეთა მმართველობა შუამდგომლობს, რომ ის მომატება, რომელიც ამას წინად მიღებულ იქმნა - გავრცელდეს აგრეთვე მთავრობის საქმეთა მმართველობის თანამდებობის პირებზედაც. მთავრობამ ეს საკითხი განიხილა და მთავ. საქმეთა მმართველს თვეში დაუნიშნა 7.000 მან., მთავრობის თავმჯდომარის პირად მდივანს - 6.000 მან. ეს საკითხი ასე იყო მიღებული. შემდეგ ეს საკითხი გადავიდა საბიუჯეტო და საფინანსო კომისიაში. საბიუჯეტო და საფინანსო კომისიამ უცვლელად მიიღო ის შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც იყო განხილული მთავრობის მიერ. შეიტანა მხოლოდ ორი ცვლილება: ერთი - მთავრობის საქმეთა მმართველს 7.000 მან. ნაცვლათ 6.000 მან. და მეორე - მთავრობის თავმჯდომარის პირად მდივანს 6.000 მან. მაგივრათ 5.000 მან. გარდა ამ შტატისა აქ არის აგრეთვე დამატება საკანცელარიო წიგნების შესაძენად. სულ ეს ხარჯი შეადგენს 438.500 მანეთს.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინაა წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? წინააღმდეგი არავინაა. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ მუხლობრივ.

. სალაყაია (კითხულობს შტატებს).

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებთ? ვინაა წინააღმდეგი ამ შტატებისა? მიღებული გახლავთ დეკრეტი.

. სალაყაია (კითხულობს 1-ლ მუხლს).

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ.

. სალაყაია (კითხულობს მე-2 მუხლს).

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ.

. სალაყაია (კითხულობს მე-3 მუხლს).

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ. ვინაა წინააღმდეგი მთელი დეკრეტისა? დეკრეტი მიღებული გახლავთ.

შემდეგი გახლავთ -

დეკრეტი ტფილისის პოლიტეხნიკური ინსტიტუტისათვის ერთ-დროულ დახმარებათ 150.000 მან. გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის გრ. ნათაძეს.

. ნათაძე (ს.-რ.) ეს პროექტი დეკრეტისა, 150.000 მან. გადადების შესახებ, განიხილა განათლების კომისიამ და შეეხო უმთავრესად პრინციპიალურად. მე მოგახსენებთ მხოლოდ პრინციპიალურ მოსაზრებას ამ საკითხის შესახებ, რადგანაც ფულის გაღება და დახმარების რაოდენობის განსაზღვრა საფინანსო კომისიის კომპეტენციას ეხება და ალბად ამ კომისიის წარმომადგენელი მოახსენებს დამფუძნებელ კრებას. ეს პოლიტეხნიკუმი, რომლის დახმარების აღმოჩენის საკითხიც სდგას დამფუძნებელი კრების წინაშე, დაარსდა ჯერ კიდევ ძველი რეჟიმის დროს და მაშინ დიდ იმედებს ვამყარებდით მაზე ჩვენ. მაშინდელი აზრით, ეს დაწესებულება გაუწევდა სამსახურს მთელ ამიერ-კავკასიას და ჩვენც მოგვცემდა სპეციალურად მომზადებულ ახალგაზრდობას. ეს აზრი ამ სასწავლებელის არსებობას ეხლაც არ დაჰკარგვია. როგორც ყველა სხვა დარგში, ისე სწავლა-აღზრდის საქმეშიაც ისე არ ჩამოშორებია და არც ჩამოშორდება ერთმანეთს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები, რომ საერთო არა ჰქონდეს რა და ეს სასწავლებელი არის ერთი იმგვარ დაწესებულებათაგანი, რომელიც შეეფერება მთელი ამიერ-კავკასიის საერთო ინტერესებს. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ეს სასწავლებელი კერძოთ ჩვენთვის, ქართველებისათვის, რომ ძნელი სათქმელია როდის მოვახერხებთ ცალკე ჩვენთვის ამგვარ სპეციალურ სასწავლებლის დაარსებას. მას ისეთი პირობების შექმნა სჭირდება, რომ იქნება ვერასოდეს ვერ მოვახერხოთ. ამგვარად პოლიტიკური მოსაზრებითაც საჭიროა ამ სასწავლებლის დახმარება, ვინაიდგან ეს რომ ტფილისში არ არსებობდეს, ჩვენი დედა ქალაქი ბევრს დაჰკარგავს თავის ამიერ-კავკასიაში კულტურული გეგემონიის მხრივ და ჩვენთვის კი ეს ხელსაყრელი, რასაკვირველია, არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ ამიერკავკასიის პოლიტეხნიკუმში ქართული ენა არ არის, რასაკვირველია, უკეთესია, რომ სწავლა ქართულად იყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, როგორც თქვენც მოგეხსენებათ, რუსული ენა ჩვენში ისეთ მდგომარეობაში არის, რომ სრულიად უიმისოდ გადავიაროთ, მოვსპოთ რუსული ენა ამ ჟამად შეუძლებელი არის. ჯერ-ჯერობით იძულებული ვართ ამისთანა სპეციალურ სასწავლებელში რუსული ენით ვისარგებლოთ. ისე, რომ ამ მხრივაც არ შეიძლება, მე მგონია, წინააღმდეგი იყოს დამფუძნებელი კრება ამ დეკრეტისა.

ამ მოსაზრებებით განათლების კომისია შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ ეს თანხა გაღებულ იქმნეს ამ სასწავლებლის დასახმარელად.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელს ბ. თევზაიას.

. თევზაია. (ს.-დ.) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, წინააღმდეგ ბ. მინისტრის დასკვნისა, ემხრობა იმას, რომ ეს 150.000 მ. გადადებულ იქმნას ერთდროულ დახმარების სახით ტფილისის პოლიტეხნიკუმისთვის. ჩვენ მივიღეთ დასკვნა სახელმწიფო კონტროლიორისა, რომელიც მომხრეა ამ დეკრეტისა, და მივიღეთ აგრეთვე დასკვნა ფინანსთა მინისტრისა, რომელიც წინააღმდეგია მისი. მოსაზრება ბ. ფინანსთა მინისტრისა არის შემდეგი, რომ ჩვენი ხაზინა იმდენად სუსტია, რომ ასეთ დიდ ხარჯს ვერ აიტანსო. ჩვენ კი გვგონია, რომ დიდი ხარჯი არ არის 150.000 მ. ერთდროული დახმარება და, რომ ხარჯი ნაკლებია, ვიდრე ის მორალური მნიშვნელობაა, რომელიც მას ექნება, ამიტომ, ვიმეორებ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მომხრეა ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

გრ. ნათაძე. (კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივ მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

დეკრეტი სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა წარმოების შეჩერებისა შინაური საბუთებით შეძენილ-მოპოებულ უძრავ ქონების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. რაჟდენ არსენიძეს.

რაჟდენ არსენიძე. (ს.-დ.) ჩვენ ხალხში, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გავრცელებული იყო შინაური პირობებით უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვა, განსაკუთრებით სოფლად. წვრილ მიწის პატრონებს არ ჰქონდათ საშვალება მიწის დამტკიცებისა, მათი მიწები გამიჯნული არ იყო. საერთოდ არ იყო მოწესრიგებული მიწის ფლობელობა. ეს გარემოება აძნელებდა მიწის ყიდვა-გაყიდვას ნოტარიულის წესით; - ამან შეაჩვია ხალხი შინაურ წესის ნაყიდობის მიწის გადაცემას ერთ ხელიდან მეორეში. მაგრამ რუსული კანონი, რომელიც ეხლაც მოქმედებს, არა თუ არ სცნობდა, არამედ ყოველგვარ ასეთ პირობებს უკანონოდ სთვლიდა და საჩივრის დროს უყურადღებოდ სტოვებდა. ამნაირად გამყიდველს ყოველთვის ჰქონდა უფლება თავისი გაყიდული მამული უკან დაებრუნებინა, ოღონდ გადაეხადა ის ფული, რომელიც მან მიიღო მყიდველისგან, სხვა დანარჩენი პირობები, რომელიც ამ პირობებში სოფლური წესით იწერებოდნენ: „არ გიჩივლო, არ შეგედაო“ და ყოველი, მოსამართლემ ეს პირობა დასტოვოს თავის ძალაშიო, და სხვა. და როგორც განმარტებას აძლევდა სენატი, იკვლევდა სრულიად უკანონოდ; ყველა ეს პირობები ითვლებოდა არა ნამდვილად და ამიტომ უარყოფილი იყო ხოლმე სასამართლოს მიერ. ნორმალურ პირობებში მიწის ფასი და მიწა ერთი მეორეს უდრიდა, მიწის უკან დაბრუნებას არ ჰქონდა ისეთი ბოროტმოქმედების ხასიათი, როგორიც მიეცა ამ უკანასკნელ დროს. საქმე ის არის, რომ უდიდესი ნაწილი ასეთი მიწებისა იყო წასული რევოლიუციის წინა წლეებში, მაშინ მიწები იყიდებოდა ნაღდ ფულზე, რომელსაც შესაფერი ღირებულება ჰქონდა. დღეს ფულის ფასის დაცემამ და ყველა საქონლის ფასების აწევამ შექმნა ერთგვარი ნიადაგი სპეკულიაციისათვის. და ის პირები, რომელთაც 1914-15-16 წ. მიწა ასეთი წესით გაყიდეს, აიღეს მაშინდელი კურსით 200-300 მან. ქცევაში, ეხლა ამ მიწას უკან იბრუნებენ, ხოლო დღევანდელ მიწის პატრონებს ამ 200-300 მან. დღევანდელ ბონებით აძლევენ. აქედან წარმოსდგება დიდი არევ-დარევა და უკმაყოფილება სოფლად, ვინაიდან აუარებელი მიწა არის ერთი ხელიდან მეორეში გადასული. სასამართლო სავსეა საჩივრებით ამგვარი მამულების უკან დაბრუნების შესახებ.

დამფუძნებელი კრების წევრებს სხვა და სხვა რაიონიდან არა ერთხელ განუცხადებიათ ჩვენს იურიდიულ კომისიაში და მთავრობაშიც, რომ ხალხი უკმაყოფილოა, და მოითხოვდენ რაიმე ზომა ყოფილიყო მიღებული ამ მიწებით სპეკულიაციის წინააღმდეგ, რომელიც ცუდ მდგომარეობაში აყენებს უმთავრესად გლეხ-კაცობას. ჩვენი გლეხ-კაცობა თვის უდიდეს მასაში წვრილი მესაკუთრეა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. იქ გლეხ-კაცები პარცელების პატრონები არიან და პარცელების ყიდვა-გაყიდვას შინაურის წესით ჰქონდათ ადგილი. ყველა ამის გამო იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც იურიდიულ კომისიამ რამოდენიმედ გადაამუშავა. განსხვავება იურიდიული კომისიის მიერ შემუშავებულ და იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტ შორის არის შემდეგი: სამინისტრომ წარმოადგინა, რომ შეჩერებულ იქნას სასამართლოებში იმ საქმეების წარმოება, რომელიც დაწყებული არიან ამ მიწების უკან დაბრუნების შესახებ, რომელნიც გადასული არიან სოფლის მცხოვრებლების ხელში შინაურ ნასყიდობით. იურიდიულ კომისიამ ვერ დაინახა შესაძლებლად ასეთი ფართო მასშტაბით ამ დეკრეტის მიღება. ასეთ გადაცემას ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც მიწების ყიდვა-გაყიდვა აკრძალული იყო, ეს იყო რევოლიუციის წლებში, როდესაც რეფორმას ვატარებდით. თუ ჩვენ მივცემდით ასეთი ზოგადი ხასიათით, მაშინ წარმოიშვებოდა ისეთი მდგომარეობა, რომ ვინც აუარა გვერდი გაყიდვის აკრძალვას და მამული გასცა, რომ რეფორმა თავიდან აეცდინა, ის დარჩებოდა მოგებული, ჩვენ მას დავიცავდით ამ უკანონობაში მაშინ, როდესაც მათ ორნაირად ჩაიდინეს დანაშაული.

ჯერ ერთი აკრძალული იყო საერთოდ მიწის ყიდვა-გაყიდვა, და მეორე - გაყიდვა, თუ ის მოხდება, უნდა ხდებოდეს ნოტარიულის წესით და არა შინაურულად.

რადგან აკრძალული იყო მიწის ყიდვა-გაყიდვა, როგორც ნოტარიულის წესით, ისე შინაური ნასყიდობით, ამიტომ ჩვენ განვსაზღვრეთ ვადა იმ შინაური ნასყიდობისა, რომლის შესახებ უნდა შევაჩეროთ საქმის წარმოება სასამართლოში. ეს ვადა განვსაზღვრეთ იმ თარიღით, როდესაც გამოიცა ამიერ-კავკასიის კომისარიატის დეკრეტი მიწების ყიდვა-გაყიდვის შეჩერების შესახებ. ეს დატა გახლავთ 1918 წ. 23 თებერვალი. ამნაირად კომისიამ მიიღო, რომ ვინც იმ დრომდე, სანამ აიკრძალებოდა საერთოდ გაყიდვა, გაყიდა მიწა შინაურის წესით, ახლა კი სურს უკან დაიბრუნოს, ამის უფლება არ ექნება; სასამართლო არ მიიღებს ამ საქმეებს და, თუ მიღებული ჰქონდა ასეთი საქმე წინად, შეაჩერებს მას ამ დეკრეტის ძალით. მეორე მხრით ფართო ხასიათის დეკრეტს სამინისტროსი ქმნის კიდევ ერთი შეუსაბამობა. ხშირად შინაური წესით ყიდვა-გაყიდვა ხდებოდა იმ მიზნით, რომ გარეშე მესამე პირისაგან უზრუნველეყოთ თავისი ქონება. ვთქვათ ვინმეს ვალში უპირებდენ ქონების აწერას, მაშინ იგი ამ წესის თავიდან ასაშორებლად, შინაურის წესით ყიდის მეზობელზე.

ამნაირად გადარჩება აწერას და მოვალესაც მოიცილებს, შემდეგ კი უჩივის მეზობელს და იბრუნებს უკან მიწას. არსებობს შესაძლებლობა, რომ ამავე საშუალებას მიმართონ აგრარული რეფომის გამტარებელი კომისიების წინააღმდეგ სხვა და სხვა მახინაციებისათვის.

და როცა ჩვენ შევაჩერებთ სასამართლოში საქმეების წარმოებას მიწის უკან დაბრუნების შესახებ, ჩვენ გვინდა მკაცრად განვსაზღვროთ ეს გამონაკლისი მარტოდ მარტო ერთი მოვლენით, სახელდობ იმით, როდესაც წინანდელმა პატრონმა მართლა მიჰყიდა მიწა არა მახინაციებისათვის, არამედ იმიტომ, რომ ერთს სურდა მისი გაყიდვა და მეორეს კიდევ - შეძენა, და შესაფერი საფასურიც იქნა გაღებული ამ ოპერაციის დროს. ნამდვილად, სრული ნებით მიჰყიდა მიწა, ხოლო ფორმალობა კი არ შეუსრულებია. ახლა კი სარგებლობს შემთხვევით და უკან იბრუნებს მიწას. ხალხის გონივრული შემეცნებით, მისი იურიდიული შეგნებით, მან ნამდვილად გაყიდა ეს მიწა, მაგრამ იბრუნებს მას, ე.ი. პირსა სტეხს. სწორედ ასეთი პირების წინააღმდეგ არის მიმართული ეს დეკრეტი.

თუ კი ადამიანმა მართლა გაყიდა მიწა, არსებითი და საკმაო დაკმაყოფილება მიიღო იმ ფასების მიხედვით, რომელიც მაშინ არსებობდა, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება ისარგებლოს შექმნილი გარემოებით და გაყიდული მიწა უკან დაიბრუნოს.

ეს არის მთავარი აზრი ამ დეკრეტისა და აქეთ არის მიმართული ის, უფრო ფართო ხასიათი რომ მიგვეცა ამ დეკრეტისთვის, ეს შექმნიდა არევ-დარევას და წარმოშობდა კიდევ უფრო მრავალ ბოროტ-მოქმედებას. ამიტომ ასე ვიწროთ იქმნა განსაზღვრული მისი ფარგლები და ამის მიხედვით ჩვენ შევადგინეთ ტექსტი, რომლითაც უნდა შეჩერებულ იქმნას ყოველი დაწყებული საჩივარი, რომელიც მიმართულია ახლანდელ მფლობელის წინააღმდეგ, რომელმაც მიწა იყიდა შინაურის პირობებით და თუ საქმე სასამართლოში უკვე დასრულებულია და აღმასრულებელი ფურცელი გაცემულია ამ ფურცლის ასრულებაც უნდა შეჩერდეს.

არის მესამე საკითხი, ერთი წელიწადია, რაც ეს საქმეები სწარმოებს სასამართლოში და მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საქმეები საერთოდ ძლიერ ჭიანურდება ხოლმე, ასეთი საქმეები ძალიან სწრაფად სწყდება. ფაქტია, რომ მრავალი ასეთი საქმეები საბოლოოდ გადაწყდა და მრავალმა ძველმა პატრონმა მიწები დაიბრუნა. ასეთი ფაქტი ბევრი გვქონდა კომისიაში, ამიტომ კომისიამ დაუმატა თავის მხრივ მესამე მუხლი, რომლითაც ამ დაზარალებულ მიწის მყიდველებს ეძლევათ უფლება, რომ იმ პირობის გატეხისათვის, რომელიც დაუდვიათ წინანდელ მესაკუთრეებთან, იძიონ მათგან ზარალი. წინანდელი კანონით ამ პირობის გატეხა გატეხად არ ითვლებოდა და იქიდან გამომდინარე ზარალის ანაზღაურებაც არ შეიძლებოდა; შეიძლებოდა მხოლოდ გაყიდვის დროს გაღებული ფულის უკან დაბრუნება ე.ი. სასამართლო უბრუნებდა მხოლოდ ამ ფულს დანარჩენ ზარალს, ან ჯარიმას, ან სხვას კი აბათილებდა.

ასეთი იყო პრაქტიკა ძველი სასამართლოსი.

მართალია ეს საკითხი თავის-თავად მარტივი საკითხია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგიერთი ცვლილებების შეტანა აუცილებელია. პირობებისათვის ძალის მიცემა უფრო ადვილი საქმეა. ეს მისცემს მყიდველს საშუალებას აინაზღაუროს ზარალი; ეს ის ზარალია, რომელიც მას მოუვიდა პირობის დარღვევის გამო. იქ (პირობაში) უწერია: „არ გიჩივლო და არ ჩამოგართვაო“. ცხადია, რომ გამყიდველი პირობას არღვევს და დამრღვევს უნდა გადახდეს რაიმე ასანაზღაურებელი მყიდველის სასარგებლოდ. აი, მთავარი დებულება დეკრეტისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ვშუამდგომლობთ დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ ეს იქნეს მიღებული და ამით აღდგენილ იქნეს ერთგვარი სამართლიანობა, ერთგვარი წონასწორობა იმ ღირებულებათა შორის, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. არის აგრეთვე სხვა განსხვავება სამინისტროს და ჩვენს დეკრეტს შორის. იქ ნათქვამია, რომ დეკრეტი ვრცელდება მხოლოდ სოფლის მცხოვრებლებზე. ჩვენ ეს ამოვშალეთ, რადგანაც ჩვენ ახლა ასეთი კატეგორია - სოფლის მცხოვრებთა - აღარა გვყავს, ჩვენ გვყავს მოქალაქენი, ამიტომ ჩვენ ვიხმარეთ სახელი მფლობელისა და მესაკუთრისა და არა სოფლის მცხოვრებლებისა. ხშირად მოქალაქე ქალაქში სცხოვრობს, ხოლო მიწერილია სოფლის თემზე, ძნელია გამოკვლევა იმისა, თუ ვინ ჩაითვალოს სოფლის მცხოვრებლად, ვინაიდან ასეთი იურიდიული კატეგორია არ არსებობს. ხშირად მოქალაქე დღეს სოფელში სცხოვრობს, ხვალ ქალაქში და ჩვენ არავითარი იურიდიული ნიშანი არ მოგვეპოვება სოფლის მცხოვრებთა განსასაზღვრავად და ამიტომ ეს განსხვავება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად.

თავმჯდომარე. უწყება არ დაგეთანხმათ?

მომხსენებელი. უწყებას არავითარი აზრი არ გამოუთქვამს ამის შესახებ და არც ვიცით რა აზრისაა ამ შესწორების შესახებ.

თავმჯდომარე. აქ არის ორი პროექტი: ერთი კომისიის და მეორე - უწყების. ახლა როგორ ინებებთ, კომისიის პროექტი გავარჩიოთ თუ უწყების? (ისმის ხმები: კომისიის, კომისიის).

მომხსენებელი. რეგლამენტისათვის.

თავმჯდომარე. ინებეთ.

მომხსენებელი რ. არსენიძე. მე მგონია, რომ აქ შეიძლება წარმოსდგეს მხოლოდ ერთად-ერთი პროექტი კომისიის სახელით, ვინაიდან არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კომისიის მიერ შემუშავებულ და შესწორებულ ტექსტს. და თუ დამფუძნებელ კრების წევრთ აინტერესებთ მინისტრის პროექტიც, მათ საშუალება აქვს ამით სათანადო ცნობები მიიღონ დაბეჭდილ მასალიდან. ამიტომ ჩვენთვის კენჭ-საყრელია მხოლოდ კომისიის მიერ შემუშავებული და მოწონებული ტექსტი.

თავმჯდომარე. დიახ, რეგლამენტში არის ნათქვამი, რომ, თუ ორი პროექტი არის ერთი-მეორის უარისმყოფელი, მაშინ უნდა ეყაროს კენჭი. აი, სწორედ ამიტომ მოგახსენეთ. როგორც ვხედავ უწყების პროექტს არ იზიარებს დამფუძნებელი კრება.

ახლა ზოგადი მსჯელობისათვის თუ ვინმე ინებებს სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? სიტყვის მსურველი არავინაა, მაშ გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე, გთხოვთ, ბატონო მომხსენებელო, წაიკითხოთ პირველი მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება გახლავთ შემოტანილი სოც.-დემოკრატიული ფრაქციისაგან, რომელიც მოითხოვს, რომ იქ, სადაც სწერია „გადასული“, ამ სიტყვის ნაცვლად ჩაემატოს „მიყიდული“.

ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. ვინ არის შესწორების წინააღმდეგი? მაშ შესწორება მიღებული გახლავთ.

თავმჯდომარე. გთხოვთ წაიკითხოთ მეორე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მეორე მუხლი მიღებული გახლავთ. გთხოვთ ბ. მომხსენებელო, წაიკითხოთ მესამე მუხლი.

მომხსენებელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. აქ შესწორება გახლავთ შემოტანილი სოც.-დემ. ფრაქციისაგან, რომ ეს მესამე მუხლი სრულიად ამოიშალოს. შესწორების შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.

. ნინიძე. მე მგონია, რომ ეს მუხლი უნდა ამოიშალოს ორი მოსაზრებით: პირველი - ჩვენთვის მაინცდამაინც არ არის სასურველი, რომ დადგენილება, რომელიც უკვე განხორციელებულია და ძალაშია შესული, გაუქმებულ იქმნას. ამ გაუქმებას შეუძლია დიდი გაუგებრობა და არევ-დარევა გამოიწვიოს, შეიძლება საკანონმდებლო სახით ჩვენ ეს მივიღოთ, მაგრამ ასე სახელდახელოთ გაუქმება სასამართლოს დადგენილების სრულიად არ არის მიზანშეწონილი.

მეორე: აქ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ მიწა, რომელიც წინად იაფ ფასად იყო გაყიდული, დღეს მეტად ღირს, ეს მართლაც არის, მაგრამ არსებითად რომ გავსინჯოთ, ეს ფულის კურსის საკითხია. თუ ამ სფეროში გადავალთ, ეს დიდი საკითხია და დიდ არევ-დარევას გამოიწვევს, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მესამე მუხლი სრულებით ამოიშალოს.

თავმჯდომარე. თქვენი აზრი, ბატონო მომხსენებელო.

. არსენიძე. მე მგონია, რომ ის საბუთი, რომელიც აქ იყო წამოყენებული ვერავითარ კრიტიკას ვერ აიტანს. და აი, რა მოსაზრებით: ერთი ის, რომ აქ არის ერთი სიტყვაც კი სასამართლოს განაჩენის გაუქმებაზე. პირიქით სასამართლოს განაჩენი სავსებით რჩება თავის ძალაში: მიწა, რომელიც დაუბრუნდა წინანდელ მფლობელებს რჩება მათ ხელში; მაშასადამე განაჩენი თავის ძალაშია. მაგრამ არის მეორე საკითხი; სასამართლო დღემდე შინაურს პირობის დამრღვევს არ სთვლიდა დამრღვევად და ჩვენ გვინდა, რომ ის ჩავთალოთ დამრღვევად. ლაპარაკი არის არა იმაზე, რომ მიეცეს ძალა პირობას. თუ კი ჩვენ პირველ მუხლში მივეცით მას ძალა, შემდეგ მუხლშიაც უნდა დავიცვათ მისი მნიშვნელობა. ამით ჩვენ, თუ გნებავთ, ვიჩენთ უფრო მეტ პატივისცემას სასამართლო განაჩენისადმი, ვინემ ბ. ნინიძე. მართლაც არა მგონია სასურველი იყოს, რომ ვინემ გააუქმოს სასამართლოს დადგენილება, მაგრამ, როცა ჩვენ აქტს პირობას მნიშვნელობას ვაძლევთ წინააღმდეგ იმ წესისა, რომელიც არსებობდა რევოლიუციამდე, ეს არ არის დარღვევა სასამართლოს დადგენილებისა. მაგრამ ის ვინც შეეკვრის მეორეს პირობით სრული შეგნებული, და დაუწერს მე ამ პირობას არ დაგირღვევო და მაინც დაარღვევს, ის პასუხს უნდა აგებდეს თავის მოქმედებისთვის. თუ კი ჩვენ მივიღებთ, რომ ეს პირობა ნორმალურ პირობებში იყო დადებული, თუ ორივე მხარე დარწმუნებული იყო, რომ სრულიად მის სრული ნების-ყოფით იყო ყიდვა-გაყიდვა, ცხადია, მაშასადამე, აქ არსებითად დადებულია პირობა. ხალხი ამ სახით გამოხატავს თავის იურიდიულ შეგნებას. მაგრამ ფორმალური, ფისკალური მოსაზრებით მას არ ეძლეოდა ძალა დღემდე, ვინაიდან საჭირო იყო ხაზინას აეღო ღერბის ფული. ეს ფორმალური მოსაზრება ანაწილებდა ასეთ აქტის ძალას. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მიეცეს აქტს ეს ძალა, ვინაიდან თუ მათ ეს შეიტანეს რუსულ ხაზინაში გადასახადი, ეს უნდა ჩაეთვალოსთ დიდ დანაშაულად, მე მგონია, რომ III მუხლი ლოღიკურად გამომდინარეობს პირველ ორ მუხლიდან. ეს არ არის სასამართლოს განაჩენის დარღვევა, არამედ უდიდესი პატივისცემა სასამართლოსადმი, ეს არის დატოვება ძალაში მისი დადგენილების, მაგრამ ამასთანავე გამოსწორება იმ უსამართლობის, რომელიც ძველ კანონებით არის დღეს გამოწვეული, ნუ თუ დამფუძნებელ კრებას არ აქვს უფლება, მისცეს ძალა ამ პირობას, რომ ამნაირ გამყიდველმა არ მოატყუილოს მყიდველი? დღემდე ეს შესაძლებელი არ იყო, რადგანაც ჩვენში მოქმედებდა რუსის კანონები. პირობა იყო რეალურად შედგენილი და, რომ მას მივცეთ ძალა, ნუ თუ ეს დანაშაულს შეადგენს. პირიქით ყოველ მოსამართლეს გაუხარდება, რადგან ამით საშვალება მიეცემა სისწორით განსაჯოს ის უსამართლობა, რომელსაც ის ხედავს, რომელიც მას გულს წვავს, მაგრამ თავის ძალით ვერ გაუსწორებია. ამიტომ მე მოვითხოვ, რომ მესამე მუხლი დატოვებულ იყოს.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე იმისა, რომ მესამე მუხლი სრულიად ამოიშალოს? ვინ არის წინააღმდეგი? III მუხლი ამოიშლება.

შემდეგი მუხლი.

არსენიძე. (კითხულობს IV მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამ მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი IV მუხლისა? მუხლი მიღებულია. ვინ არის მომხრე მთლად დეკრეტისა? ვინ არის წინააღმდეგი? დეკრეტი მიღებულია და გადაცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი საკითხი გახლავთ:

დეკრეტი ერთი მილიონ მანეთის გადადებისა დამფუძნებელ კრების ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად.

სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ე. თაყაიშვილს.

ექვთიმე თაყაიშვილი (მომხსენებელი) ბატონებო! ამ წლის ხარჯთ-აღრიცხვით ბიბლიოთეკისათვის იყო გადაღებული 200 ათასი მანეთი, მაგრამ რაკი ზოგიერთი ბიბლიოთეკები შევიძინეთ და სხვა ცალკე წიგნები და აგრეთვე სხვა ხარჯები გვქონდა ბიბლიოთეკისა. ეს თანხა ამოიწურა. მეორის მხრივ მოთხოვნილება წიგნებისა დიდია, წიგნი კი მეტად გაძვირდა. ვინაიდან ახალი წიგნები არ იბეჭდება, საზღვარ-გარეთიდან მოტანა ძნელია, რადგან მისვლა-მოსვლა არ არის, ჩვენი კურსი დაეცა, და იმიტომ წიგნები ძალიან ძვირად ჯდება. ამის გამო ჩვენ იძულებული ვართ, თუ ადგილობრივ ჩვენთვის გამოსადეგი წიგნი იყიდება, ისინი შევიძინოთ. რამოდენიმე კარგი ბიბლიოთეკა შევიძინეთ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი არ არის დამფუძნებელ კრების ბიბლიოთეკისათვის. როგორც დამფუძნებელ კრების წევრები, ისე ხშირად სხვა და სხვა უწყება ჩვენი რესპუბლიკისა საჭიროებს მოუცილებლად ზოგიერთ გამოცემას, რომელიც ძნელად მოიპოვება და თუ მოიპოვება კერძო ბიბლიოთეკაშია, კერძო ბიბლიოთეკები იყიდება, აი სწორედ საბიბლიოთეკო კომისიას და პრეზიდიუმს განზრახული აქვს შეიძინოს ორიოდე დიდი კერძო ბიბლიოთეკა და ამ მიზნით იგი შუამდგომლობს, რომ ერთი მილიონი მანეთი გადაიდოს. რასაკვირველია, როდესაც აქ ჩვენ ბიბლიოთეკას ვაფართოვებთ, ამისთვის შესანახი ბინა გვინდა. სრულებით ბიბლიოთეკას შესაფერი ბინა არა აქვს, არა აქვს იმისთვის, რომ პატარა ოთახში ვერ ვთავსდებით და ამას გარდა ინჟინერები გვაფრთხილებენ, თუ კიდევ სიმძიმე მიუმატეთ, იატაკი ჩაინგრევაო. მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრება მიიღებს ზომებს, რომ შესაფერი ოთახები იქნეს დათმობილი, ან დამფუძნებელ კრების სადგურში, ანდა ცალკე სხვაგან.

ყოველ შემთხვევაში მიუცილებელია ჩვენთვის არჩეული ბიბლიოთეკების შეძენა. მოგეხსენებათ ის წიგნები, რომელნიც წინად იყიდებოდნენ 2-3 მანეთად, ეხლა ას მანეთობით ფასობენ. ზოგიერთ შემთხვევაში ფასს კი არ კითხულობენ, მხოლოდ იშოვნონ გამოცემა, თორემ რასაც მოსთხოვენ მისცემენ. მე მგონია ერთი მილიონი თანხა უნდა ეხლავე იყოს გადადებული, რომ საშვალება გვქონდეს შევავსოთ ჩვენი ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? არავინ. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ.

თაყაიშვილი (კითხულობს 1-ელ მუხლს).

თავმჯდომარე. მე ბოდიშს ვითხოვ. ვის განკარგულებაში უნდა გადაიდოს ეს თანხა თქვენ არ გიწერიათ?

თაყაიშვილი. რასაკვირველია, პრეზიდიუმის განკარგულებაში.

თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ - ჩაემატოს სიტყვები: „პრეზიდიუმის განკარგულებაში“. ვინ არის წინააღმდეგი მუხლისა შესწორებით? არავინ. მუხლი მიღებულია შესწორებით. შემდეგი.

თაყაიშვილი (კითხულობს მე-2-ე მუხლს).

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა? არავინ. დეკრეტი მიღებულია, გადაეცემა სარედაქციო კომისიას.

შემდეგი გახლავთ -

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში 200.000 მან. გადადების შესახებ მოუხდენელ, ან წინასწარ გაუთვალისწინებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.

სიტყვა ბ. ასათიანს ეკუთვნის.

. ასათიანი. პრეზიდიუმის განკარგულებაში გადაიდო 150.000 მან. აგვისტოში სასწრაფო ხარჯებისათვის, მცირე კომისიათა მუშაობით გამოწვეული ხარჯების გამო.

150.000 მანეთიდან ამ ჟამად თითქმის არაფერი დარჩა, სულ მცირე თანხა დარჩა. ამას გარდა მცირე კომისიათა მუშაობა კი ხარჯებს იწვევს. გარდა ამისა პრეზიდიუმსაც აქვს ხარჯები, ამიტომ პრეზიდიუმი ითხოვს, რომ გაღებულ იქნას დამფუძნებელ კრების მიერ, როგორც შარშან იყო, 200.000 მან. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს და გაეცნო იმ ხარჯებს, რომლებიც გაუწევია პრეზიდიუმს და ეს პროექტი დაამტკიცა და დაადგინა, რომ მიღებულ იქმნას დამფუძნებელ კრებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ვეშაპელს ეკუთვნის.

. ვეშაპელი (ერ. პ.) ბ. მომხსენებელმა ბრძანა, რომ თანხა უმთავრესად გადადებული ყოფილა მცირე კომისიის ხარჯებისათვის. მართალია, იმ ანგარიშიდან, რომელიც ახლავს ამ დეკრეტს, სავსებით არ სჩანს, რომ ეს თანხა მოხმარდა კომისიას, მაგრამ რაკი მომავალშიც განცხადებულია, რომ უმეტესი ნაწილი ნავარაუდევი (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი) იქნება მცირე კომისიის საჭიროებისათვის, ამიტომ მე საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, რომ ეს მცირე კომისია საერთოდ არა რეალურ, ფიქტიურ დაწესებულებად და საქმედ გადიქცა. როგორც მახსოვს, როდესაც ეს მცირე კომისია დააკანონა დამფუძნებელმა კრებამ, როგორც არსებითი, ისე ტეხნიკური მსჯელობის დროს ამ კომისიის შესახებ მმართველი პარტიის მიერ დიდი იმედი იყო, გამოთქმული, რომ ეს მცირე კომისია იქნებოდა... (კედია: მამხილებელი...) გადაიქცეოდა ახლობელ სახელმწიფო უწყებების მზვერავ ორგანოდ, რომ ის რევიზიას გაუკეთებდა ამ მთავარ უწყებებს და დაწესებულებებს, რომ ამით გამოასწორებდა არსებულ შეცდომებს და საზოგადოდ დიდ როლს ითამაშებდა და დიდ საქმეს გააკეთებდა რესპუბლიკის ცხოვრებაში. მის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ არამც თუ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმში, არამედ მის განყოფილების კომისიებშიაც კი არ მოხსენებულა ამ მცირე კომისიის მუშაობის შედეგი. მხოლოდ ისე კი ვიცით, რომ ამ მცირე კომისიაში დეპუტატები თითქმის არ მუშაობენ. იქ მუშაობენ საგანგებოდ მოწვეული პირები. ამ მხრივ, რასაკვირველია, ავტორიტეტი მცირე კომისიისა არ იყო ისეთი სასტიკი, როგორიც იქნებოდა თუ მმართველ პარტიის წევრებს გაეკეთებინათ რევიზია უწყებებისათვის. მაგრამ მე მგონია, რომ რაც გაკეთდა იმის გასწორება საჭირო არის, დრო არის რაც გაკეთებულია გამოტანილ იქმნას დამფუძნებელ კრების პლენუმში, რომ გავიგოთ რამდენად მიზანშეწონილი იყო და იქნება ის ხარჯები, რომელთაც აწარმოებს პრეზიდიუმი. გავიგოთ ის ხარჯებიც, რომელთაც აწარმოებდა პრეზიდიუმი მცირე კომისიისათვის. ჯერ-ჯერობით ამისი ცნობები არ არის და ამიტომ მე მგონია, რომ კითხვის ქვეშ უნდა იდგეს მცირე კომისიის ინსტიტუტიც, რომლის საჭიროებისათვის იყო გამოთხოვილი ეს ახალი თანხა.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. მომხსენებელს ეკუთვნის.

ალ. ასათიანი. უწინარეს ყოვლისა მე საჭიროდ მიმაჩნია შევასწორო ის შეცდომა, რომელიც დაუშვა ბ. ვეშაპელმა. მან ბრძანა, რომ ამ მცირე კომისიის ანგარიშებიდან არა სჩანს ამ კომისიის საქმეებისათვის გაწეული ხარჯები. ეს მოხდა იმიტომ, რომ ბ. ვეშაპელს გადასცეს შეუსწორებელი ოქმი, განმარტებითი ბარათი დეკრეტისა და იქ მართლაც არის, რომ მცირე კომისიისათვის დახარჯული იყო (არ ისმის. ვეშაპელი: მით უფრო!)

აქ არის ერთი ციფრა, აკლია 9, რომელიც საქმეს და გარემოებას მეტად ცვლის (ვეშაპელი: საქმე, მუშაობა მცირე კომისიისა!) რაც შეეხება ამ მცირე კომისიის მუშაობას, თვით ფინანსთა კომისიაში იყო აღძრული ეს და ფინანსთა კომისიას არა აქვს გადაწყვეტილი განაგრძობს მომავალშიც მცირე კომისია მუშაობას, როგორც იყო აქამდის თუ არა? ყოველ შემთხვევაში კომისიამ გადასწყვიტა, რომ ამ მხრივ კომისიებმა დაწყებული საქმეები დაასრულონ და მოხსენება წარუდგინონ დამფუძნებელ კრებას. როდესაც ეს მოხსენება მზათ იქნება და დამფუძნებელ კრებაში წაიკითხება და ამ მომენტისთვის მცირე კომისიის ზოგიერთი წევრები არ არიან კმაყოფილნი, შეიძლება, ამ მუშაობის წესით და შედეგებით, მაგრამ სანამ ამ მცირე კომისიას არ წარუდგენია, ნამუშავარი ფინანსთა კომისიისათვის და დამფუძნებელ კრებისათვის ადრეა (?) მტკიცება იმისი, რომ ამ კომისიას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ამაზედ უფრო საფუძვლიანად ვიმსჯელებთ, როდესაც ამ მცირე კომისიის ნამუშავარი გვექნება ხელთ და გვეცოდინება რა გააკეთა ამ მცირე კომისიამ, ეს კი სულ ახლო მომავალში გვეცოდინება, რადგანაც ტეხნიკური მუშაობა შესრულებული არის ისე, რომ ეს მახლობელ დროის საკითხი არის და ამიტომ მე საჭიროდ მიმაჩნია შევნიშნო ბ. ვეშაპელს, რომ მისი სიტყვა არ იყო საფუძვლიანი და ვსთხოვ კომისიის სახელით, რომ ეს დეკრეტი მიღებული იქმნას უცვლელად.

თავმჯდომარე. სიტყვა არავისა სურს მუხლობრივ განხილვის შესახებ? არავის. წაიკითხეთ.

ასათიანი. (კითხულობს. დეკრეტი მიღებულია).

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე იმისა, რომ სხდომა შესწყდეს? მიღებულია ხვალინდელი სხდომა იქნება ხვალ. ნება მომეცით ხვალ დროზედ იყოს, 11 საათზედ არის დანიშნული და უნდა მოხდეს არა უგვიანეს 11 1/2 საათისა. გთხოვთ წაიკითხოთ დღის წესრიგი, ხვალ ბოლოს კიდევ ორი საკითხი იქნება შეტანილი დღის წესრიგში. სხდომა დახურული გახლავთ

17 სამოცდამეთექვსმეტე (დილის) სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(76)

1919 წელი, სამშაბათი. დეკემბრის 30. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი

კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება დღის (?) საათსა და წუთზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი მთავრობის საქმეთა მმართველობის შტატისა და 1919-20 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი ტფილისის პოლიტეხნიკურ ინსტიტუტის ერთდროულ დახმარებად 150.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი სასამართლოებში შინაურ საბუთებით მოპოებულ უძრავ ქონების შესახებ სამოქალაქო საქმეთა წარმოების შეჩერების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად ერთი მილიონი მანეთის გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის განკარგულებში 200.000 მანეთის გადადების დეკრეტისა მოულოდნელ და წინასწარ გაუთვალისწინებელ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მომხსენებელია ივ. გომართელი.

6. დეკრეტი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წლის თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.

7. მსჯელობა - მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო მომარაგების სამინისტროს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

8. დეკრეტი - რკინის გზის სამხედრო წესების განგრძობისა. მომხსენებელია ერ. კალაძე და გრ. ურატაძე.

9. დეკრეტი ხეთა-ზუგდიდის რკინის-გზის დასამთავრებლად 7.315.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია თ. ღლონტი და დ. თოფურიძე.

10. დეკრეტი - გზატკეცილების შესანახად 16.138.430 მან. გადადებისა. მომხსენებელია თ. ღლონტი და გრ. ურატაძე.

11. დეკრეტი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს 1919-20 წ. დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში 17.784.065 მ. გაღებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.

12. დეკრეტი - ისტორიულ კულტურულ მნიშვნელობის ძვირფასი ნივთების შესაძენად სამუზეუმო თანხის დაარსებისა. მომხსენებელია ლ. ნათაძე და გ. ქიქოძე.

13. დეკრეტი - 1914 წლის დეკემბრის 16-ს დროებითი კანონის (ზოგიერთი ეხლანდელი გადასახადის გადიდებისა) მოქმედების 1920 წლის დეკემბრის 31-მდე განგრძობის შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.

14. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან დაარსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძობისა სპეკულაციისა, კონტრ-რევოლიუციისა და მძარცველების წინააღმდეგ საბრძოლველად. მომხსენებელია ონიაშვილი.

თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემოსულია ორი წინადადება: მთავრობის თავმჯდომარე გთხოვთ მსჯელობა მომარაგების სამინისტროს შესახებ გადასდოთ საღამოსთვის და ს.-დ. ფრაქციისა რათა მე-6 მუხლი გადაიდოს წესრიგის ბოლოში. ვინ ინებებს სიტყვას წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის შემოსულ შესწორებების წინააღმდეგი? მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

ივ. გომართელი. (კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2, 3, 4, და 5 მუხლში, აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელნიც კრების მიერ დამტკიცებულ იქნა).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის დამ. კრ. წევრს ბ-ნ კალაძეს.

ერ. კალაძე. (ს.-დ.) ეს დეკრეტი შესდგება ორი ნაწილისგან. პირველი შეეხება რკინის გზებზე საგენერალ-საგურბენატოროს ერთი თვით განგრძობას, მეორე - როგორც მოგეხსენებათ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო 40 პროც. ჯამაგირების გადიდება სიძვირის გამო, და სწორედ ამ ხარჯების ასანაზღაურებლად და დასაფარავად საგზაო უწყება თხოვს მთავრობას შესაფერ თანხას. ეს საკითხი დაისვა მთავრობაში.

საგენერალ-გუბერნატოროს დაწესება რკინის გზებზე გამოიწვია გავრცელებულმა ბოროტ-მოქმედებამ და განიარაღების საჭიროებამ. უკანასკნელი ჯერ არ არის დასრულებული. ზოგიერთ მაზრაში, ამიტომ მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა კიდევ გაგრძელდეს მისი მოქმედება ერთი თვით. ეს არის დეკრეტის შინაარსი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ურატაძეს.

გრ. ურატაძე. (სოც.-დემ.) საბიუჯეტო კომისიამ ეს დეკრეტი განიხილა შტატების და ჯამაგირების მიხედვით. და რაკი რჩება იგივე შტატები და ჯამაგირები მას არაფერი არ აქვს საწინააღმდეგო მიღებულ იქმნეს ხსენებული დეკრეტი.

მან ისიც იცნო კანონიერად, რომ 40 პროც. ჯამაგირების გადიდება გავრცელდეს საგენერალ-გუბერნატორო შტატებზედაც.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავის ნებავს სიტყვა? სიტყვა არავის ნებავს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ დეკრეტი.

ერ. კალაძე. (კითხულობს დეკრეტის სათაურს და პირველ მუხლს).

თავმჯდომარე. სიტყვა ხომ არავის ნებავს? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.

კალაძე. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ. დეკრეტი კენჭის ყრით მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის ბ. ღლონტს.

თედო ღლონტი (სოც.-ფედ.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ ხეთამდე იქნა გაყვანილი რკინის გზა. ეს რკინის გზა არის საერთო შავი ზღვის რკინის გზის გაგრძელება. ყველასათვის აშკარაა ამ რკინის გზის დიდი ეკონომიური და პოლიტიკური მნიშვნელობა. რკინის გზის გაყვანის საკითხს დიდი აღფრთოვანებით და აღტაცებით შეხვდა თვით ხალხი, ადგილობრივი მცხოვრებნი. უკანასკნელი შეპირდა მთავრობას ყოველგვარ დახმარების აღმოჩენას, თუ რკინის გზის გაყვანა იქნება სავსებით დამთავრებული. ეს მიიღო მთავრობამ მხედველობაში და დაადგინა გამოიყენოს ეს ზამთარი ამ რკინის გზის დასამთავრებლად. საჭიროა სულ კიდევ ლიანდაგის დაგება 15-16 1/5 ვერსის მანძილზე. თვით ხალხი პირდება უწყებას დახმარებას ნატურალური ენერგიით, თავისი შრომით და ხე-ტყით. ერთი სიტყვით, მუშაობა იწარმოებს ძლიერ შეღავათიან პირობებში. ამისათვის გამოანგარიშებულია სულ, რომ დასჭირდება 7 მილიონი. ეს დეკრეტი მთავრობისაგან 11 დეკემბერს იყო მიღებული. ძლიერ სასწრაფოა ეს დეკრეტი, იმიტომ, რომ უნდა გამოვიყენოთ ზამთარი. სამწუხაროდ იგი დაფუძნებულ კრების კომისიის მიერ დაჩქარებით ვერ იქნა გატარებული, ვინაიდან სახელმწიფო კონტროლმა საქმე მცირეოდნად შეაჩერა, - მან დეკრეტში აღნიშნული თანხა შეამცირა და ამიტომ დეკრეტი დაგვიანდა. არ დაეთანხმა კონტროლიორი გზათა კომისიის მიერ შემუშავებულ თანხის რაოდენობას იმ აზრით, რომ იქ იყო მასალა შავი ზღვის რკინის გზის ლიანდაგისათვის, რომლის უტილიზაციას იგი საჭიროდ სთვლიდა და რომლის გამოყენებასაც ავალებდა უწყებას. ამ თანხის ასეთი შემცირება საგზაო კომისიამ თავის მხრით ვერ დაინახა მისაღებად იმიტომ, რომ იგი მიაჩნდა უფრო კაბინეტურ მუშაობის შედეგად. ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ მასალა ლპება, ფუჭდება, დღითი-დღე ძვირდება და ყველა ამიტომ ეს თანხა არც ისე დიდია, რის გამოც საგზაო კომისიამ იგი არ შეამცირა. არ შეამცირა ეს თანხა არც მთავრობამ და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამაც, რომელმაც განიხილა იგი, მიიღო უცვლელად, ამიტომ საგზაო კომისია შუამდგომლობს დამტკიცებულ იქნეს ეს დეკრეტი დამფუძნებელ კრების მიერ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ თოფურიძეს.

დიომიდე თოფურიძე. (ს.-დ.) მნიშვნელობა რკინის გზის გაყვანისა სენაკიდან ზუგდიდამდი, ყველასათვის ადვილი წარმოსადგენია. ამის შესახებ დიდი ხანია, რაც აღიძრა საკითხი და მისი ეკონომიური ღირებულება მე მგონია ყველასათვის უდავოა. რკინის გზის ლიანდაგის საჭირო მასალა - ხე-ტყე უკვე დაგროვილია და მისი გამოყენება თუ დროზე არ მოხდა ამით გზა ბევრ რამეს დაკარგავს. მოგეხსენებათ, რომ ეს გზა გაყვანილია ხეთამდის და აქ კი იქნა შეჩერებული. აქ გზის შეჩერება კი ყოვლად უაზრო და უსაფუძვლოა. მისი დამთავრება კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ გაარჩია ეს დეკრეტი და მხარი დაუჭირა მას, რომ იგი იქნეს გაყვანილი და რაც მალე იქნება დამთავრებული მით უკეთესია. ამიტომ იგი თხოულობს დამტკიცებულ იქნეს დამფუძნებელ კრების მიერ ხსენებული დეკრეტი.

თავმჯდომარე. ზოგად მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფუძნებელ კრების მიერ ხსენებული დეკრეტი მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კოლეგიას).

დეკრეტი გზატკეცილების შესანახად 16.138.430 მან. გადადებისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ღლონტს ეკუთვნის.

თედო ღლონტი. (ს.-ფ.) ეს დეკრეტი გზათა სამინისტროს საამშენებლო მუშაობის დამახასიათებელი დეკრეტია. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეკრეტიც მეტად სასწრაფოა, რადგან გზათა სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს გზების მოწესრიგების მნიშვნელობას. ამავე დროს საყურადღებოა როგორც მუშაობა ისე მომენტი, ვინაიდან ეს მუშაობა ზამთრის ხანაში იწვევს გაცილებით მეტ ხარჯს და დამფუძნებელი კრების მოვალეობას შეადგენს ისეთივე სისწრაფით მიიღოს ეს დეკრეტიც, როგორც წინა დეკრეტი იქმნა მიღებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გზები მეტად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მეტადრე ომის და რევოლიუციის ხანაში, იმიტომ, რომ 1907 წლიდან სრულიად მოკლებული იყვნენ სათანადო მოვლას. ეს გზები არის მეტად მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიური, ისე სტრატეგიული მხრივ. უმთავრესი გზები გახლავან: ბათუმის გზა, სამხედრო, ოსეთის, ოზურგეთის, ქართული სამხედრო გზა, ტფილის-მანგლისის მიმართულება, თელავის, ახალციხის, სოხუმის და სხვები.

ამ გზების მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამათ 1907 წლ. შემდეგ არავითარი მოვლა-პატრონობა არ ჰქონიათ და ყოვლად შეუძლებელია ამათი ასე დატოვება და საჭიროა სისტემატიურად მოვლილ-შეკეთებული იქნეს ისინი. არც გადაზიდვისათვის, არც ჯარის გადაყვან-გადმოყვანისათვის, არც ერთ შემთხვევისათვის ეს გზები აღარ გამოდგებიან და შეუძლებელია ამ გზების ასეთ მდგომარეობაში დატოვება და 16 მილიონ მანეთის გადადება ამ საქმისთვის დიდ თანხას არ წარმოადგენს. გზათა სამინისტროს დიდი პროექტი აქვს ამ გზების სათანადო მდგომარეობაში ჩაყენებისათვის. მას სურს, გარდა ამ გზებისა აიღოს კიდევ ის გზები, რომლებიც დღეს ერობათა განკარგულებაში არიან; ეს სადავო გზები უნდა მიიღოს თავის განკარგულებაში და სათანადო მდგომარეობაში შეიყვანოს. გზათა სამინისტროს აქვს დიდი სამშენებლო მუშაობა, ეს მისწრაფება მეტად საგულისხმო და სასარგებლოა, სასურველია სხვა უწყებებიც მის მაგალითს მიყვეს. ჩვენი თხოვნაა ეს დეკრეტი მიღებული იქმნას სავსებით.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ურატაძეს.

გრიგოლ ურატაძე. (ს.-დ.) ბატონო, აქ ლაპარაკი თანხის გადიდებაზე არ არის იმდენათ, რამდენათ იმაზე, რომ შეცვლილ იქმნეს წესი იმ კრედიტებით სარგებლობისა, რომლის სარგებლობის უფლება დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა. თანხა უკვე აქვს გზათა უწყებას, ისე როგორც დანარჩენ უწყებებს. საქმე შემდეგშია: ვინაიდგან ბიუჯეტი განხილული არ არის და კრედიტი არ არის ამოწურული, დამფუძნებელმა კრებამ გაიზიარა ის აზრი, რომ ყოველ უწყებას ექნეს უფლება 1/12 ნაწილი გაიტანოს და თავის მიხედვისამებრ დახარჯოს იმ საქმისათვის რომელიც ამა თუ იმ უწყებას საჭიროდ მიაჩნია. ამ მხრივ გზათა სამინისტროს შეძლება ქონდა, რომ 1/12 ნაწილი თავისი თანხისა გამოეტანა. ბიუჯეტის პროექტში არის შეტანილი სწორეთ ის რაოდენობა, რომელიც ამ დეკრეტშია მოხსენებული ე. ი. 16 მილიონი. ეს იყო განსაზღვრული და შეტანილი არის იმ პროექტში; მხოლოდ 1/12 ნაწილით სარგებლობა შეუძლიან გზათა უწყებას.

მაგრამ მუშაობის პროცესში გამოირკვა, რომ ეს სისტემა კრედიტის 1/12 ნაწილით სარგებლობისა, ისეთ უხერხულობას წარმოადგენს ამ დარგში, რომ მოითხოვს აუცილებლად ამ წესის შეცვლას, იმისათვის რომ ეს მუშაობა არ წარმოებს ნაწილობრივ. 1/12 ნაწილი უკვე გაწესრიგებულია დასახარჯათ დარგის საჭიროებისათვის. შეუძლებელია ამ 1/12 ნაწილით გაკეთება იმ გზებისა; კრედიტი კი, დადასტურებული დამფუძ. კრების მიერ ნებას არ აძლევს გააკეთოს ამ ნაწილს ზევით. შეიძლება საჭირო იყოს ხიდის, ან გზის გაკეთება, მას კი მხოლოდ 1/12 საჭირო თანხის გატანის უფლება აქვს და გზის 1/12 ნაწილს ხომ ვერ გააკეთებს? ეს მოაზრება აიძულებს უწყებას შეცვლილ იქნეს ეს წესი და იგი ამ შუამდგომალობით შემოვიდა მთავრობაში. მთავრობამ გაიზიარა ეს შეხედულება და მხოლოდ დაუმატა მას, რომ უწყებას მიეცეს წინადადება რათა თანხათა გადაჯგუფება მოხდეს იმ პირობით, რომ თანხა არ აღემატებოდეს 16 მილიონს ე. ი. იმ თანხის რაოდენობას, რომელიც ბიუჯეტის პროექტში არის შეტანილი. უწყებაც სწორედ ასე მოიქცა. მან გადააჯგუფა თანხები ამ პროექტის მიხედვით.

მეორე აუცილებლობა, რომელსაც მოითხოვს საერთო ხასიათი ამ მუშაობისა, არის ის რომ, ამ აღნიშნულ თანხიდან ე.ი. 16 მილიონიდან უწყების განკარგულებაში გადაცემულ იქმნას 2 მილიონი მანეთი საოპერაციო ავანსი. ამ აუცილებლობას იწვევს არსებული წინასწარი კონტროლი. მაგალითად, როდესაც საჭიროა მასალის შეძენა, ან მუშათა დაქირავება, ან სხვა რამ ასეთიო, თუ აქ უწყებამ უცადა წინასწარ კონტროლის ნებართვას ეგებ მან დიდხანს დაიგვიანოს, ამასობაში კი ძვირდება საქონელი, და ხელფასი და ამ გვარად ადვილად შესაძლებელია მუშაობის გეგმა სრულიად ჩაიშალოს.

ამისათვის აუცილებელი საჭიროა რომ წინასწარი კონტროლი არ არსებობდეს ამ შემთხვევაში, როგორც არის მაშინ, როცა არის ნუსხა, რომლის დახარჯვაშიდაც პასუხს აგებს უწყება, და ყოველ დახარჯულ კაპეიკში სათანადო საბუთს უდგენს სახელმწიფო კონტროლს და თუ კონტროლი იცნობს, რომ მან ფული დახარჯა არა ბიუჯეტის მიხედვით, მაშინ უწყება პასუხს აგებს. როცა საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს ორი მოსაზრება, მან აუცილებლად სცნო, ამ უწყებისათვის ეს წესი შეიცვალოს ამ სახით, რომ მას ქონდეს უფლება სარგებლობისა არა 1/12 ნაწილისა, არამედ მთელი თანხისა. ამ თანხიდგან ორი მილიონი საოპერაციო ავანსი გადაეცეს და გარდა ამისა მას ნება მიეცეს მთელი ბიუჯეტის მიერ გადადებულ თანხის დახარჯვისა თუ კი ამას უწყების საჭიროება მოითხოვს.

საბიუჯეტო კომისიამ გაითვალისწინა მოსაზრებანი, რომელიც მოტივად უდევს ამ დეკრეტს დაადასტურა იგი და შემოდის წინადადებით, რათა დამფუძნებელმა კრებამაც მიიღოს ეს წარმოდგენილი დეკრეტი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჭიჭინაძეს.

ბესარიონ ჭიჭინაძე (გზათა დეპარტამენტის დირექტორი). მის შემდეგ, რაც უკვე აქ მოგახსენეს, მე ცოტა-ღა დამრჩა სათქმელი. ეს 16 მილიონი იყო შეტანილი სამინისტროს მიერ. როდესაც გზათა სამინისტროს ახალი შემადგენლობა შეუდგა მუშაობას, მან მიზნად დაისახა, რომ ყველა არსებითად წარმოებული ხარჯები გათვალისწინებულიყო იმ ხარჯთ-აღრიცხვით, რომელიც შეტანილ იქნება ბიუჯეტში. მაგრამ, როცა გადაათვალიერეს ეს, დაინახეს, რომ იქ გამოტოვებულია ისეთი ხარჯები, რომელნიც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტში; მაგალითად, შენახვა მთავრობის საავტომობილო სახელოსნოებისა, გარაჟისა და მათი მოსამსახურეებისა და სხვა. სამაგიეროდ ამ დეკრეტში იყო გათვალისწინებული წყლის სავალ გზების ხარჯები. ასეთ ხარჯების გაწევა დღევანდელ პირობებში, როცა ნაოსნობა მდინარეებზე არ შეიძლება და საშვალებაც არ გვაქვს ის მოვაწყოთ, მიზანშეწონილი იყო ჩვენის აზრით; ამიტომ უწყებამ გადაწყვიტა შეიტანოს კრედიტები ამ საავტომობილო სახელოსნოების და მთავრობის გარაჟის შესანახად. მოხერხდა ისე, რომ ბიუჯეტში შეტანილი ჯამი უცვლელი დარჩა. როდესაც დაივიწყეთ მუშაობა ამ განაწილების ნიადაგზე, მთავრობამ მიიღო ეს განაწილება, თუმცა მრავალი დაბრკოლება შეხვდა.

მოგეხსენებათ, რომ ყოველ ხარჯთ-აღრიცხვაში, მეტადრე ტეხნიკურ ხარჯთაღრიცხვაში, არის სამუშაო და შტატების შესანახი კრედიტები, მისი ხარჯთაღრიცხვა ხდება თანასწორად. თუ ჯამაგირების მომატება არ ხდება, კრედიტი ყოველ თვიურად ერთი და იგივეა - ჯამი. აქ გათვალისწინებულია კონკრეტიული მუშაობა, მაგალითად, ხიდის აგება, ან რომელიმე ასეთი კონკრეტიული მუშაობა. თუ ჩვენ ვიმუშავებთ იმ გზას, რომელზედაც ჩვენ გვიხდებოდა მუშაობა ამ გაზაფხულზე, ბევრს ვერ გავაკეთებთ. კრედიტის 1/12 გახსნა იმას ამოწმებს, რომ უნდა სწარმოებდეს მუშაობა 12 თვეს. ასეთი მუშაობა ტეხნიკურად წარმოუდგენელია, რადგანაც შესაძლებელია რომელიმე ხიდის შეკეთება უნდა სწარმოებდეს 1-2 თვე თუ იმ 6 მილ. 1/12 გავხსნით, მაშინ 12 თვე უნდა ვიმუშაოთ და ეს 6 მილიონი საკმარისი არ იქნება. ასეთი წესი არ ყოფილა წინად. როდესაც გახსნიდენ კრედიტს ე.წ. სამუშაო კრედიტებს ყოველთვის უწყების რომელიმე დაწესებულებებს ქონდათ უფლება, ეხარჯა ეს, როგორც მოითხოვდა ტეხნიკური პირობები მუშაობისა. ხოლო არ უნდა გამოსულიყო იმ წლიურ ფარგლებიდან, რომელიც იყო ხარჯთ-აღრიცხვაში. ჩვენი მიზანია მუშაობის ნორმალური კალაპოტში ჩაყენება. ამ მიზნის მისაღწევად, რომ არ განმეორებულიყო ის სურათი, რომ მუშაობა გვიხდება მაგალითად, ისეთ უღელტეხილზე, როდესაც იქ თოვლი ძევს, ამიტომ შევიტანეთ წინადადება მოგვეცეს ეს თანხა ეხლავე ცალკე დეკრეტის სახით და არ დაუცადოთ საერთო ბიუჯეტის განხილვას და დაამტკიცებს და მოგვეცეს საშუალება სამუშაო კრედიტები ვხარჯოთ ისე, როგორც მოითხოვს ამას ტეხნიკური პირობები და მუშაობა. აგრეთვე მოვითხოვდით საკრედიტო ავანსს. როდესაც საოპერაციო მასალას ვყიდულობთ, შეუძლებელია განხორციელებული იქმნას მთელი ეს პროცედურა, რომელიც არსებობს სახაზინო დაწესებულებებში. უნდა მოგახსენოთ, რომ ტეხნიკური მუშაობა ძლიერ განსხვავდება იმ მუშაობისაგან, რომელიც სწარმოებს სახაზინო დაწესებულებებში მაგ. სახაზინო პალატაში, ან თვით ხაზინაში. აქ საჭიროა ის დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ტეხნიკურ მუშაობას, იყოს იმავე ხასიათის, როგორც სხვა კომერციული დაწესებულება. მას უნდა ქონდეს საშუალება სწრაფად გაიხსნას ხარჯი. ამისთვის არის საჭირო ეს საოპერაციო ავანსი, უნდა მოგახსენოთ, რომ უკვე ენკენისთვის დამლევს იყო დანაწილებული გზატკეცილების ყოველნაირი კრედიტები, რომელიც ჩვენ გვქონდა დანიშნული. რადგანაც 1/12 ფარგლებში ვხარჯავდით განაწილება მოხდა და არ გვქონდა საშუალება მრავალი მუშაობა გვეწარმოებინა. და ეს დეკრეტი, რომელიც არის შემოტანილი, თუ იმ სახით დამტკიცდა, როგორც აქ არის წარმოდგენილი, მოგვცემს საშუალებას იქ გავაძლიეროთ მუშაობა სადაც ამას გარემოება მოითხოვს, და დავიცვათ მხოლოდ ის პირობები, რომ წლის ხარჯთ-აღრიცხვების ფარგლებიდან არ გამოვიდეთ. რაც შეეხება შტატების შენახვას, ეს მოხდება ისე, როგორც გათვალისწინებულია ხარჯთ-აღრიცხვაში, თანასწორად ყოველთვიურად და იმ ნორმებში, რომელიც არის დამტკიცებული დამფუძნებელი კრების მიერ.

თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის სიტყვა არავის სურს? გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

ღლონტი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულ იქმნა, და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისთვის სიტყვა ეკუთვნის ს. მდივანს.

. მდივანი. პროექტი დეკრეტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს შტატ. 17 მილიონის გადადებისა. ამ ბოლო ხანებში ყველა უწყების შტატები მუშავდება ე. წ. საუწყებათაშორისო კომისიაში. იგივე კომისია იმუშავებს ნორმებს ჯამაგირებისას ამ შტატებისათვის. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ ჯერ კიდევ წარსულ წლის ოქტომბერში წარმოადგინა კანონ-პროექტი შტატებისა, რომელიც გატარებული იყო სხვათა შორის ამ საუწყებათაშორისო კომისიაში. დამფ. კრებამ ეს კანონ-პროექტი გადასცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რომელმაც გადასინჯვის შემდეგ დაადასტურა ეს შტატები და ნორმები, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მზად დამფუძნებელ კრებისათვის წარსადგენად. ამას მოუსწრო დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულმა 40 პროც.-მა მომატებამ, მაშასადამე ხელმეორედ უნდა გადამუშავდეს ეს შტატები. მუშაობა დამფ. კრებაში წყდება ხვალ. ამის გამო კანონ-პროექტი არ იქნება გატარებული ამ ერთი თვის განმავლობაში. მდგომარეობა მუშა-მოსამსახურეთა, განსაკუთრებით პროვინციაში დიდ გაჭირვებას განიცდის. საკითხია: როგორ შეიძლება გამოსავლის ნახვა ამ მდგომარეობიდან? საფინანსო უწყება ითხოვს ამ ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშით 16 მილ. მან. გადადებას და ამ თანხით დაკმაყოფილებული იქნება მოხელეები ფინანსთა სამინისტროს ყველა დაწესებულებათა იმ შტატების მიხედვით, რომელიც უკვე განხილულია და მიღებული საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ. ეს თანხა ეყოფა 5 თვის განმავლობაში, 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე. ასეთ მოთხოვნილებას უწყებისას დაეთანხმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და ჩემის სახელით შუამდგომალობს დამფუძნებელ კრების წინაშე ეს თანხა მიღებულ იქნას და გადაეცეს საფინანსო სამინისტროს სანამ კანონ-პროექტი გატარდება.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ვის სურს? მსურველი არავინ არის. გსურთ თუ არა მუხლობრივი განხილვა? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ 1 მუხლი. (დეკრეტი მუხლობრივ მიღებულ იქმნა).

შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ლევან ნათაძეს.

ლევან ნათაძე. (ს.-დ.) იმ კრიზისმა და გაჭირვებამ, რომელსაც განვიცდით ჩვენ, ბაზარზე გამოიტანა იმისთანა ნივთები, რომელსაც წინად ბაზარზე არ ვხედავდით. ამ ნივთთა შორის, ზოგიერთ, უმეტეს ნაწილს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და ეს ნივთები ხელიდან არ უნდა გაუშვას სახელმწიფომ. ასეთი ნივთებია, მაგალითად, არქეოლოგიურ მნიშვნელობის საგნები და თუ ჩვენ ეს ნივთები თითონ არ შევიძინეთ მათ სამუდამოდ უნდა გამოვესალმოთ და დაგვემართება ის, რაც ერთ დროს დაემართა იტალიას. მაგ. ჩვენ ვიცით იტალიის სიძველენი და ყოველნაირი ხელოვნური მნიშვნელობის ნივთები საფრანგეთის და მიუნხენის მუზეუმებს ამშვენებენ და იტალიის მუზეუმებში არ მოიპოვებიან. რომ ასეთი მდგომარეობა არ დაგვემართოს, ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი თანხა ამ ნივთების შესაძენად. ამ მიზნით არის შემოტანილი ეს პროექტი დეკრეტისა. ამ პროექტით სამინისტრო თხოულობს გადადებულ იქმნას 1 მილიონი მანეთი ამ ნივთების შესაძენად. ფინანსთა სამინისტრო ამ კანონ-პროექტს ეთანხმება, კონტროლიორსაც საჭიროდ მიაჩნია ცოტა ნაკლები თანხა გადაიდოს ე. ი. ნახევარი მილიონი. კომისიამ კი საჭიროდ სცნო 1 მილიონი გადაიდოს, რადგან ესეც ცოტა არის და ნივთების შეძენა კი აუცილებლად საჭირო არის. ტექსტი ამ დეკრეტისა ასეთი გახლავთ (კითხულობს).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრ. წევრს გ. ქიქოძეს.

. ქიქოძე. საბიუჯეტო საფინანსო კომისიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ აღნიშნული თანხა გადადებული იყოს.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფუძნებელი კრება ღებულობს ხსენებულ დეკრეტს, რომელიც გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კ. ნინიძეს.

. ნინიძე. (სოც.-დემ.) 1914 წელს დეკემბრის 16 გამოიცა დროებითი კანონი, რომლის ძალითაც 100 პროც. იქნა გადიდებული სასამართლოს ზოგიერთი ხარჯები. აი, ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა გააგრძელა ერთი წლით - 1919 წლის პირველ იანვრამდი. მას შემდეგ ეს კანონი გაუქმებული იყო. კომისია საჭიროდ სთვლის კიდევ გაგრძელებულ იქმნას მისი მოქმედება 1920 წლის 31 დეკემბრამდი. მანამდე კი სათანადო კანონიც იქნება გამოცემული.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისთვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის ნებავს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

. ნინიძე. (სოც.-დემ.) ეს დეკრეტიც ეხება სასამართლოს ზოგიერთ ხარჯებს. არის ორგვარი ხარჯი: ერთი პროპორციული გადასახადი სამოქალაქო საჩივრებზე - საჩივრის მიხედვით, მეორე საკანცელარიო ხარჯები. პირველი ნაწილი გადასახადისა რჩება უცვლელად, რადგანაც ჩვეულებრივი ფულის კურსის შეცვლა, საერთოდ ეხება ყველა თანხას; მეორეს მხრივ ჩვენი დეკრეტი ეხება საკანცელარიო ხარჯების ფასების მიმატებას, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ დღევანდელ პირობებში ქაღალდისა და სხვა საკანცელარიო ხარჯების ფასი ძლიერ გადიდდა. ეს არის ამ დეკრეტის მთელი შინაარსი.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივი განხილვის შემდეგ დეკრეტს დამფუძნებელი კრება ღებულობს).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთნის კრების წევრს, ბ-ნ ონიაშვილს.

. ონიაშვილი. (ს.-დ.) ბ-ბო! დეკრეტი, რომელიც ახლა თქვენ უნდა მოისმინოთ შეეხება შინაგან-საქმეთა მინისტრთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძობას. ამ რაზმის მოქმედება განგრძობილ უნდა იქნეს 1920 წ. 1 იანვრიდან 1 თიბათვემდე. არსებითად ამ დეკრეტს არსებულ მდგომარეობაში არავითარი ცვლილება არ შეაქვს, საერთოდ ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ არსებული შტატები ძველ შტატებს. არის მხოლოდ განსხვავება რიცხვში. ამდენ ხანს რაზმის თანამშრომელი იყო 20, ახალი დეკრეტით კი გადიდებულია 40. ასე, რომ შტატები რაზმისა ახლა უფრო გაფართოვებულია ვიდრე აქამდის იყო. მიზეზი და საფუძველი შტატის ასეთი გაფართოებისა ის არის, რომ აქამდის რაზმის მოქმედება ფაქტიურად ვრცელდებოდა ქალაქ ტფილისზე ახლა კი იგი გავრცელდება მთელ რესპუბლიკაზე. საბიუჯეტო კომისიამ იმსჯელა და მიიჩნია საჭიროდ მიღებული იყოს იგი. ამასთან საბიუჯეტო კომისიაში წარმოდგენილი იყო ახალი პროექტი შინაგან-საქმეთა სამინისტროსი, რომელიც გულისხმობდა სრულიად ახალი ორგანიზაციას ახალი სახელწოდებით და შინაარსით. მაგრამ შეერთებულმა სხდომამ საბიუჯეტო, საფინანსო და იურიდიულ კომისიებისამ იმსჯელეს ამაზე და შეუძლებლად და მიზან-შეუწონელათ სცნეს მისი მიღება. და, რომ რაზმის მოქმედება არ შეფერხებულიყო და მას საშუალება მისცემოდა მოქმედების განგრძობისა, შეერთებულმა სხდომამ საჭიროდ დაინახა ჯერ-ჯერობით ხსენებული დეკრეტი წარმოედგინა დამფუძნებელ კრებისათვის.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ბ. შენგელაიას ეკუთვნის.

. შენგელაია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო!

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციას უკვე მესამეჯერ უხდება საგანგებო რაზმის წინააღმდეგ გამოსვლა. როგორც ეროვნულ საბჭოში ისე დამფუძნებელ კრებაში ჩვენ გავილაშქრეთ საგანგებო რაზმის შემადგენლობისა და მოღვაწეობის წინააღმდეგ.

ჩვენ ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველგვარი საგანგებო და საეჭვო რაზმების არსებობა ეწინააღმდეგება უფლებრივ სახელმწიფოს ელემენტარულ ცნებას.

საგანგებო რაზმი თავისი განსაკუთრებული უფლებებით და ახირებული ორგანიზაციით კი არ უწყობს ხელს ჩვენი რესპუბლიკის განმტკიცებას, პირიქით ის თავისი უკანონო მოღვაწეობით და თვითნებობით სცემს დემოკრატიის პრესტიჟს.

არსად ევროპის არც ერთ თავისუფალ სახელმწიფოში ასეთი საგანგებო რაზმები არ არსებობენ და არც შეიძლება არსებობდენ, ვინაიდან იქ, სადაც დემოკრატია მართლაც თავისუფალია, უფლებისა და წესიერების საუკეთესო დამცველი და დარაჯი არის თვით დემოკრატია.

ერთად-ერთი ქვეყანა, სადაც არის საგანგებო რაზმი, არის რუსეთი. იქ არიან მართლაც საგანგებო რაზმები, რომლებსაც ეწოდება „ჩრეზვიჩაიკები“. სხვაგან არსად, ვიმეორებ, არ არის საგანგებო რაზმები.

როდესაც პირველად საგანგებო რაზმის საკითხი დაისვა ეროვნულ საბჭოში, მის დამცველად გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი მაშინდელი ხელმძღვანელი და დღევანდელი ჩვენი თავმჯდომარე ბ. ლომთათიძე. მან სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა: თუ საჭირო გახდება სოციალ-დემოკრატია ჟანდარმსაც კი ჩაეხუტებაო. თუმცა დემოკრატიის სწორად გაგებული ინტერესები არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვენ, რომ სოციალისტები ჟანდარმებს ჩაეხუტონ, ვინაიდან ჟანდარმერიის არსებობა არის უარყოფა ნამდვილი დემოკრატიისა. მიუხედავად ამისა უკვე ორი წელიწადია, რაც ჩვენში მოღვაწეობს საგანგებო რაზმი.

შინაგან-საქმეთა მინისტრი ბ. რამიშვილი ისე მაგრად და ტკბილად ჩაეხუტა ჩვენს ჟანდარმერიას რომ მათი განშორება, გაყრა ძნელი შეიქნა არა მარტო ჩვენთვის, არამედ, გვგონია თვით სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისათვისაც (ხმაურობა, სიცილი) მე მინდა უმთავრესად შევეხო საგანგებო რაზმის უფლებრივ მდგომარეობას და აგრეთვე გამოვარკვიო, თუ რამდენად ემსახურება ის იმ დანიშნულებას, იმ მიზანს, რომელიც ოფიციალურად დასახული აქვს საგანგებო რაზმს. ეს საგანგებო რაზმი - თვითნება რაზმია, მისი მოქმედება, მისი უფლებების ფარგლები არავითარი ნირმით განსაზღვრული არ არის. ის ემორჩილება ბ. მინისტრს და თავის-თავს, სხვას არავის და არაფერს.

ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრი იძულებული შეიქნა ერთგვარ უფლებრივ კალაპოტში ჩაეყენებია რაზმის მოღვაწეობა. ჯერ კიდევ შარშან მან გამოსცა საგანგებო ინსტრუქცია რაზმისათვის. ამ ინსტრუქციას, თქვენ, ალბად, იცნობთ, მაგრამ მისი ზოგიერთი მუხლები იმდენად საინტერესოა, რომ ზოგიერთ მათგანზე უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ინსტრუქციის მესამე მუხლში სწერია:

Начальнику отряда и его содрудникамь предаставляется право вь необходимытъ случаяхъ подвергатъ аресту отдѣлныхъ лицъ, а равно производитъ обыски и выемки.

ინსტრუქცია დაპატიმრების და გაჩხრეკის უფლებას უპირველეს ყოვლისა ანიჭებს რაზმის უფროსს. თავისუფალ უფლებრივ ქვეყანაში ასეთი უფლება არ უნდა ჰქონდეს არამც თუ რაღაც საგანგებო რაზმის უფროსს, არამედ თვით მთავრობასა და მინისტრს, ვინაიდან ყოვლად შეუწყნარებელია დაპატიმრებისა და გაჩხრეკის უფლება მიენიჭოს მინისტრს, მთავრობას. ეს სასამართლოს საქმეა და თუ ეს ასე არ იქნა, მაშინ ჩვენ ვიქნებით არა დემოკრატიულ საქართველოში, არამედ სადმე ოსმალეთში. ინსტრუქცია ანიჭებს დაპატიმრების და გაჩხრეკის უფლებას არა მარტო რაზმის უფროსს, ის უფრო შორს მიდის და ასეთ უფლებას ანიჭებს რაზმის თანამშრომლებსაც, რაც ყოვლად შეუწყნარებელია. ყოველ ნაძირალს, ყოველ სიშჩიკს შეუძლია მოქალაქის დაპატიმრება, გაჩხრეკა, შეურაცხყოფა. ასეთი უფლება, წარმოიდგინეთ, ძველი რუსეთის ჟანდარმებსაც არ ჰქონდათ! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).

ინსტრუქციის მეორე მუხლში ნათქვამია, რომ რაზმის მოქმედება ვრცელდება რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე. ასევე არის ნათქვამი იმ კანონში, რომელიც ეროვნულმა საბჭომ მიიღო. ბ. მომხსენებელის სიტყვიდან გამოირკვა, რომ საგანგებო რაზმი მოქმედებდა მხოლოდ ტფილისში, ხოლო რაც შეეხება სხვა ადგილებს იქ რაზმი ახლა აპირობს თავის მოღვაწეობის დაწყებასო.

ჩვენის აზრით არამც თუ არ არის საჭირო რაზმის მოქმედების ფარგლების გაფართოება, არამედ დემოკრატიისა და რესპუბლიკის ინტერესები მოითხოვენ მის პირდაპირ გაუქმებას. ამასთან, როგორც ჩანს, რაზმი არ ასრულებდა თვით იმ კანონებსაც, რომელიც საბჭომ მიიღო, ასე რომ მისი მოღვაწეობა ეწინააღმდეგება არა მარტო დემოკრატიის ინტერესებს, არამედ ის ეწინააღმდეგება თვით არსებულ კანონსაც კი. რაზმის მოქმედების ასპარეზი არის მთელი ტერიტორია რესპუბლიკის. ამ მხრით ის სავსებით წააგავს იმ ჟანდარმთა კორპუსს, რომელიც ძველ რუსეთში არსებობდა; ისიც ხომ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა! (მ. რუსია: თქვენ ზეპირად ლაპარაკობთ!) დიახ, მე ამ ტრიბუნიდან ყოველთვის ზეპირად ვლაპარაკობ, ხოლო თქვენი მეთაურები კი ხშირად დაწერილის წაკითხვასაც კი ვერ ახერხებენ! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).

რუსეთის ძველი ოხრანკა რომ ავიღოთ, და საგანგებო რაზმს შევადაროთ, დავინახავთ, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. თუ არის მხოლოდ ის, რომ ოხრანკას ამდენი უფლებები არ ჰქონდა! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).

ინსტრუქციის მეოთხე მუხლში ნათქვამია:

При исполненიи служебныхъ обязанностей, началникъ отряда имѣетъ право обращатьсья за необходимымъ содѣйствიем какъ къ общей, такъ и къ желѣзнодорожной милицიи, а равно къ народной гвардიи и воинской властию.

რაზმის უფროსს, მაშასადამე, შეუძლია გამოიწვიოს არა მარტო მილიცია, არამედ გვარდიაც, ჯარის ნაწილებიც, ესე იგი მას ინსტრუქციის ძალით შეუძლია მოახდინოს სრული გადატრიალება (ხმაურობა სოც.-დემ.).

ჯარისა და გვარდიის ნაწილების გამოწვევა იმდენად დიდი უფლებაა, რომ დამფუძნებელმა კრებამ, მაგ. გვარდიის გამოწვევის უფლება მიანიჭა მთავრობის თავმჯდომარეს, ან პარლამენტის თავმჯდომარეს. ბ. რამიშვილი კი ასეთ უფლებას ანიჭებს რაზმის უფროსებს - ყოფილ ბოქაულებსა და სიშჩიკებს! აი, როგორ ესმის ბ. რამიშვილს სახელმწიფოს ინტერესები! რაზმის მიზანი არის ბრძოლა სპეკულიაციასთან, ბრძოლა კონტრ-რევოლიუციასთან. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვინ იცნობს რაზმის მოღვაწეობას, ვინც კარგად ჩაუკვირდება წემოაღნიშნულ მიზნებს, დარწმუნდება, რომ საგანგებო რაზმს, რომელიც 60 თუ 100 კაცისაგან შესდგება, არ ძალუძს სპეკულიაციასთან და კონტრ-რევოლიუციასთან ბრძოლა. სპეკულიაცია არის პირმშო შვილი კაპიტალისტური წეს-წყობილებისა. მისი გრანდიოზული ზრდა აიხსნება მრავალი მიზეზებით - მთელი ჩვენი და მსოფლიოს ეკონომიური ცხოვრების მოშლით. რა უნდა გააკეთოს აქ ერთი მუჭა რაზმმა?!

სხვას რომ თავი დავანებოთ, რაზმი უნდა შესდგებოდეს ანგელოზებისაგან, რომ არამც თუ შეებრძოლოს, ხელი შეუწყოს სპეკულიაციას!

საგანგებო რაზმი არამც თუ არ შესდგება ანგელოზებისაგან, მასში ბ. მინისტრი ვერ დაასახელებს ვერც ერთ ცნობილ სოციალისტს, ცნობილ დემოკრატს!..

რაზმმა უნდა ებრძოლოს კონტრ-რევოლიუციას. ეს პირდაპირ სასაცილოა. ის თვითონ შესდგება კონტრ-რევოლიუციონერებისაგან და როგორ უნდა ებრძოლოს მან კონტრ-რევოლიუციას?! (ხმაურობა სოც.-დემოკრატებში).

ბატონებო! ჩვენში, სადაც ერის ცხრა მეათედი რევოლიუციისა და თავისუფლების დროშის ქვეშ სდგას, კონტრ-რევოლიუციას არაფერი შეუძლია. კონტრ-რევოლიუცია ჩვენში, მაშინ მოიკიდებს ფეხს, როდესაც ფართო მასა დაინახავს, რომ ძველსა და ახალს შორის არავითარი განსხვავება არ არის, როდესაც მშრომელი ხალხი დაინახავს, რომ მას ისევ აპატიმრებენ და ამათრახებენ ძველი ბოქაულები, ძველი სიშჩიკები - აი მაშინ სწორედ მომზადდება ჩვენში ნიადაგი კონტრ-რევოლიუციისათვის. ამნაირად კონტრ-რევოლიუციასთან ბრძოლის ინტერესი მოითხოვს სწორედ ამ რაზმის გაუქმებას. ამიტომაც ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია წარმოდგენილი დეკრეტისა და მოითხოვს საგანგებო რაზმის დაუყოვნებლივ გაუქმებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს!

ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი). მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აქ ნათქვამი იყო, რომ არავითარი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს რომელიც მოითხოვდეს განსაკუთრებული რაზმის არსებობას. (შენგელაია: თქვენის განცხადების თანახმად? არსენიძე: თუ თანახმა ხართ, რაღას ეჩხუბებით?). თქვენ, რომ არ სცდებოდეთ, ბ-ნო შენგელაია, რასაკვირველია არ გაჯავრდებით. უნდა დაისვას შემდეგი საკითხი: მართლაც ვიმყოფებით ჩვენ თუ არა იმ არა ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რომელიც ამ რაზმის მოქმედებას მოითხოვს? უკანასკნელი ამბები, რომლის მოწამენი ვიყავით, ნათლად მოწმობს იმას, რომ ჯერ ლაპარაკი ისეთ მდგომარეობის დამყარებაზე, როდესაც არ იქნება შიში, არ იქნება კონტრ-რევოლიუციონური. (შენგელაია: გამოსვლები. რომელი კონტრ-რევოლიუციონური გამოსვლები?) ეს კონტრ-რევოლიუციონური გამოსვლები, რომელთაც ადგილი ქონდათ აქ; ე. ი. დენიკინელების და ბოლშევიკების გამოსვლები.

ასეთი სრული რწმენა არ შეგვიძლია გვქონდეს, ხოლო ყოველთვის არაჩვეულებრივ მდგომარეობაში რევოლიუციური დემოკრატია მუდამ არაჩვეულებრივ ზომებს მიმართავს და ამას მიმართავს არა მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთი, როგორც თქვენ აქ განაცხადეთ, არამედ მიმართავენ მუდამ რევოლიუციონური დემოკრატია. (ასათიანი: მარტო რევოლიუციონური დემოკრატია?) თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ საფრანგეთის დიდი რევოლიუციის დროს მოქმედებდა ისეთი რაზმები, რომელთა მიზანი იყო შეკრება და გაგება იმ ცნობებისა, თუ ვინ იბრძვის რევოლიუციის წინააღმდეგ. (გვაზავა: ეს იყო საფრანგეთი. აქ ხომ რევოლიუცია გათავდა?). რევოლიუცია გავათავეთ თუ არა მეორე შეკითხვის დროს ილაპარაკეთ, როცა აგრარულ საკითხს გაარჩევთ. მე ვამბობ, რომ ჩვენ სწორედ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომელშიაც საფრანგეთის რევოლიუციური დემოკრატია მუშაობდა, როგორც მუშაობენ ათვალისწინებული ბოლშევიკები რუსეთში და ის «чрезвычайк“-ები, რომელიც იქ არსებობს.

მეორე, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ რუსეთის შესახებ, ერთი აშკარაა, - თუ რუსეთის მთავრობას არ ეწვია ისეთი ბედი, როგორიც რუსეთის სოც.-რევოლიუციონერების მთავრობას კერენსკისას, ეს აიხსნება მით, რომ ის არ იჯდა გულ-ხელ დაკრეფილი და თავის მტრებს ყოველი საშვალებით ებრძოდა და სხვათა შორის, ამ საშუალებებში ერთი დიდი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს იმ ჩრეზვიჩაიკებს, რომლის მოქმედებას და მუშაობას არც ჩვენ ვამართლებთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ არც ერთ მთავრობას გარდამავალ ხანაში არ შეუძლია ხელი აიღოს რეპრესიებზე და არ მიიღოს მკაცრი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც თავისი მოქმედებით საფრთხეს უმზადებენ რესპუბლიკის არსებითი ინტერესებს... (შენგელაია: საქართველო ოაზისია, არა?) დიახ საქართველო ოაზისია ყოფილ რუსეთში იმ მხრით, რომ შევქმენით დემოკრატიული რესპუბლიკა, ხალხური წყობილება, მაგრამ ოაზისი არ არის იმ მხრით, თითქოს არ იყოს არც დენიკინისა და არც ბოლშევიკების მხრით რაიმე საფრთხე. ისინი, თქვენ კარგად იცით, მოქმედებენ ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ. თქვენ იცით ისიც, რომ ბოლო ხანებში ჩვენში ადგილი ქონდა ბოლშევიკების გამოსვლას, რომ ამ გამოსვლების მიზანია დამოუკიდებლობის მოსპობა და შეერთება საბჭოთა რუსეთთან და ამით მოსპობა დემოკრატიული რესპუბლიკისა. ისინი არა ერთხელ ცდილან ასეთი გამოსვლების მოწყობას და ჩვენ შევძელით ამ უკანასკნელი გამოსვლის ჩაქრობა, ეს იმიტომ, რომ ვიცოდეთ მათ მიერ განზრახული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაედგა საოლქო კომიტეტს, რომელიც თავის მხრით ასრულებს საბჭოთა მთავრობის დირექტივებს. თქვენ ამბობთ, რომ კონტრ-რევოლიუციონერები არიან საგანგებო რაზმში, მაგრამ გეუბნებით, დაასახელეთ ის პირები (ხმა მარცხნით: თქვენ დაასახელეთ!) მე რომ წამოვეგო პროვოკაციულ ანკეს, ეს არ შეეფერება ჩემს მდგომარეობას; მე ვამბობ, რომ არსებობს ბოლშევიკების საფრთხე; დღევანდელი მდგომარეობა არ არის უზრუნველყოფილი. დენიკინის მდგომარეობა შეირყა, ანარქიის ტალღა ჩვენ გვიახლოვდება და სწორედ ეხლა გვჭირდება მედგარი მუშაობა.

ახლა ჩვენ კიდევ ორი საფრთხე გველის. ყოველ შემთხვევაში უდავოა, რომ დღესაც არსებობს დენიკინის საფრთხე; მე ვამბობ, რომ საგანგებო რაზმმა მოგვცა საშვალება გაგვეგო უმთავრესი ნაბიჯები ბოლშევიკების მოქმედებისა. აქ სწორედ ამიტომ ვძლიეთ მათ და ამით შევძელით ამ საშიშროების მოსპობა. მიუხედავათ იმისა, რომ დენიკინის მდგომარეობა შერყეულია, ეს მაინც სრულიად არ ამტკიცებს იმას, რომ მოისპო დენიკინის საფრთხე. ყოველი დენიკინელი ჩვენში ბოლშევიკების სახით გვევლინება; და ამას ვხედავთ არა მარტო ჩვენში, არამედ ამას ვხედავთ ჩვენ ადერბეიჯანშიც. არა მარტო უბრალო ობივატული, არამედ მუშაც იხრებოდა იმ ძალისაკენ, რომელიც მოემართებოდა კავკასიის საზღვრებისაკენ, ვინაიდან ორივე ძალა ნაციონალისტურია. ორივეში რუსის ადგილობრივი მასსა ხედავს რუსეთის შოვინისტებს. მიუხედავად იმისა, რომელი მათგანი შეასრულებს დიდი რუსეთის გაერთიანების საქმეს.

არსებობს კიდევ სხვა საფრთხე: მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ყავს ოფიციალური წარმომადგენელი, სამაგიეროდ მას აქ მრავლად ყავს თავისი არაოფიციალური აგენტები. არ ვლაპარაკობ ოფიციალურ წარმომადგენელზე, რომლის აქ მუშაობაზე არაფერი ვიცით. და რაც უფრო შეირყევა ფრონტი დენიკინისა და მისი მდგომარეობა, მით უფრო შეიქმნება მდგომარეობა ჩვენი საზღვრების გადმოლახვისა და ადგილობრივ მის აგენტების მოქმედებისა. ისეთი მდგომარეობა შეიქმნება მისთვის, რომ შეიძლება ახალი ნავთსაყუდელის ძებნა დასჭირდეს. და ძალა უნებურათ შეეცდება აქ შემოვიდეს - აუცილებლათ შეეცდება ჩვენ წინააღმდეგ ხმლით გამოვიდეს. მოახდინოს არეულობა და მოუმზადოს ნიადაგი აქ თავის შემოსვლას. და იბადება კითხვა, - არის თუ არა მთავრობა მოვალე ამას გაუწიოს ანგარიში და თუ მოვალეა, უნდა ქონდეს თუ არა იარაღი ხელთ, რომ ებრძოლოს ამ საშიშროებას? (ვეშაპელი: თბილისის გაწმენდა მოახდინეთ?) თბილისის გაწმენდაზე უნდა მოგახსენოთ, რომ მართალია აქ არიან ისეთი პარტიები, რომელთათვის ხელსაყრელი იქნება ბოლშევიკები ითარეშებენ აქ თუ დენიკენელები, ვინაიდან მათ მიზანს შეადგენს შექმნა პარტიული ბაგაჟისა და პარტიულ კაპიტალის გაზრდა, მაგრამ მთავრობას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს მათ სურვილებსა და მისწრაფებს. რაც შეეხება თბილისის გაწმენდას მოგახსენებთ, რომ 1-ლ სექტემბრიდან გადასახლებული იქმნა 1000 ოფიცერი (ხმები ერ.-დემ. მხრივ: ცოტაა!) შეიძლება ცოტაა, მაგრამ ამ უკანასკნელ დროს მართლა არა ჩვეულებრივი ზომებია მიღებული, რომ არა მარტო ოფიცერი, არამედ იმისდამიხედვით თუ ვინ თანაუგრძნობს დენიკინს და აგრეთვე ზოგიერთი ჯგუფები, სპეკულიანტები იქმნენ გადასახლებულნი საქართველოს რესპუბლიკიდან. (ვეშაპელი: «სიბუნიონის“ აგენტები გადაასახლეთ?) და რომ მიღებულია განსაკუთრებული ზომები დენიკინელების წინააღმდეგ ჩვენი რესპუბლიკის არა მარტო თბილისის გუბერნიაში, არამედ მის განაპირა კუთხეშიც. ჩვენ ვამბობთ არსებობს განსაკუთრებული პირობები და მთავრობა არ ზის გულზე ხელდაკრეფილი მზგავსათ კერენსკის მთავრობისა, რომელმაც ხელი წაუპოტინა მარცხნითაც და მარჯვნითაც და ამავე დროს კი თავის თავი გაანადგურებია. ჩვენ ვმოქმედებთ სწორეთ ისე, როგორც ეს შეშვენის რევოლიუციონურ დემოკრატიას.

უნდა მოგახსენოთ, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია იარსებოს, თუ არ არის აპარატი, რომელიც შეატყობინებს მას ბოროტებას, - სულ ერთია იუსტიციის თუ შინაგან-საქმეთა სამინისტროში. როცა განსაკუთრებული მდგომარეობა გაივლის, მაშინ ალბათ ასეთი საქმეები გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, მანამ კი, როდესაც ასეთი მდგომარეობა არსებობს ვებრძვით არა მარტო დენიკინსა და ბოლშევიკებს, არამეს ყოველგვარ ბოროტ-მოქმედებას და კონტრ-რევოლიუციას. ყოვლად შეუძლებელია ეს ბრძოლა მივანდოთ მაზრების სამაზრო მილიციას და ერობებს, რადგან ისინი მოქმედებენ არა მარტო ერთ მაზრაში, არამედ გადადიან ერთი მაზრიდან მეორეში და მით ყველგან იწვევენ არევ-დარევას. ამიტომ უეჭველათ საჭიროა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომლითაც განვამტკიცებთ რესპუბლიკის დემოკრატიული წყობილების დაცვით, და შევინაჩუნებთ ნივთიერ სიმდიდრეს იმ გარეწართაგან, რომელიც ცდილობენ არევ-დარევა შეიტანონ ხალხში.

აქ ლაპარაკი იყო ინსტრუქციის შესახებ. ეს იყო ძველი ინსტრუქცია, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. (გვაზავა: კარგი ქენით?) და შემოვიღეთ ისეთი მდგომარეობა, რომ არავის აქვს უფლება, თუ არა მინისტრისა, ან მისი ამხანაგის, ხელმოუწერლად მოხდეს გამოწვევა ჯარის ნაწილებისა. აქ ერთი მუხლის შესახებ ბევრი ლაპარაკი იყო, რომ საგანგებო რაზმის უფროსს შეუძლია არა მარტო მილიციით, არამედ სახალხო გვარდიის დახმარებით იმუშაოს. ბ-ნ მთავრობის თავმჯდომარეს აქვს ნება, გვარდიის მობილიზაციისა, აქ კი ლაპარაკი არა მობილიზაციაზედ, არამედ იმაზე, რომ როცა საჭირო იქნება, რაზმმა გარდა დაიხმაროსო. გვარდია არის ძალა, რომელიც გვიცავს არა მარტო გარეშე მტრებისგან, არამედ არამედ იცავს რევოლიუციის მონაპოვარს, შინაურ მტრებისაგანაც, შინაურ ფრონტზე, რომლებსაც ბევრი თქვენგანი ხელს უწყობს. მაგალითია ზუგდიდის მაზრა. (შენგელაია: არ გაძინებთ ეს ზუგდიდის მაზრა?) სადაც გამოიჩინეთ სახელმწიფოებრივი შემოქმედების უნარი. ამ მაზრას მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობა; მხოლოდ თქვენი სახელმწიფოებრივი შემოქმედების უნარი გამოიხატება მასში, რომ დამფუძნებელ კრების მიერ მიღებული კანონი გააუქმეთ. (შენგელაია: როდემდის იმეორებთ მაგას? ხმაურობა) ამას იქამდის ვიმეორებთ სანამ სოც.-რევოლიუც. ფრაქცია ხელს არ აიღებს დემაგოგიაზე და არ გაიმსჭვალება იმ აზრით, რომ სახელმწიფოს შემოქმედების დროს, თუ არა შეგნებული დახმარება მთავრობისა და დამფუძნებელ კრებას ყოველ შემთხვევაში არ აქვს უფლება შექმნას ისეთი პირობები, რომ კანონი დამფუძნებელ კრების მიერ მიღებული იქნეს გაბათილებული. (ასათიანი: თქვენივე მოხელეები აბათილებენ!). მართალია, არის ისეთი შემთხვევა ხანდის-ხან, მაგრამ მთავრობა იღებს ზომებს, რომ აიძულოს ისინი კანონის ასრულებაში. შემდეგ ლაპარაკი იყო თითქოს კანონი გაგვებათილებიოს რაზმის მოქმედების შესახებ, ვინაიდან განვაცხადეთ, რომ ის მოქმედებს ტფილისში, როცა საჭიროა იგი მოქმედებს მთელ რესპუბლიკის ტერიტორიაზედ. მე მგონია დამფუძნებელი კრება ადვილად მიხვდება, რომ ლაპარაკი იყო პარტიულ წინააღმდეგობაზე და არა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგანაც შექმნილია ისეთი მდგომარეობა, როცა მოწინააღმდეგენი მეტის თანხით და ხალხით არიან შეიარაღებულნი, ასეთ პირობებში დიდი დანაშაული იქნება რესპუბლიკის წინაშე რომ არ მივაქციოთ დამფუძნებელ კრების ყურადღება ამ მდგომარეობაზე. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ხალხი თავისი მოქმედებისა და უნარის წყალობით, ადვილად გადალახავს ყოველივე დაბრკოლებებს. ვიმეორებ, ჩვენ დანაშაულს ჩავიდენდით, თუ არ შევქმნიდით საშუალებას, რომლითაც შეძლება მოგვეცემა დაკისრებულ მოვალეობა შევასრულოთ და მე იმედი მაქვს, რომ დამფუძნებელი კრება ანგარიშს გაუწევს არა მარტო ფრაზეოლოგიას, რომელმაც უკანასკნელ დროს დაკარგა ყოველივე რევოლიუციური ნიადაგი. და თუ თქვენ სდგეხართ რევოლიუციონურ ნიადაგზე, - უნდა დათანხმდეთ, რომ რევოლიუციის ხანაში შეუძლებელია გულხელ დაკრეფილი ვიდგეთ და ველოდეთ, როცა წაგვლეკავს მომავალი მტერი; ჩვენ უნდა ვეცადოთ შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, ისეთი ფაქტიური ძალა, რომ გამოსვლა ჩვენ წინააღმდეგ შეუძლებელი შეიქმნეს.

დამფუძნებელ კრებას შეუძლია შექმნას ის ძალა, რომელიც აუცილებელია ამ მიმდინარე ხანაში და რომელიც განამტკიცებს თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას (ტაში) და ამით შექმნის ისეთ პირობებს, რომ ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა ფაქტიურად შეუძლებელი გახდება (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.

ლეო შენგელაია (სოც.-რევ.) ბატონებო! კამათი ყოველთვის სასურველი არის, თუ მართლაც საფუძვლიანია, თუ მოკამათე მიმართავს ისეთ საშუალებას, რომელიც მართლა სიმართლეს გამოარკვევს, მაგრამ, როდესაც მოკამათე სულ მარტო ერთსა და იმავეს იმეორებს, ძნელია ნაყოფიერი კამათი და სიმართლის გამორკვევა. ყველა ორატორი სოც.-დემოკრ. პარტიისა, რაზედაც არ უნდა იყოს ლაპარაკი, ფულის გადაცემაზე, სკოლის საქმეა ეს თუ სხვა რამე, ყველა მუდამ ერთ რასმეს გაჰკივიან: «განსაკუთრებული პირობები, განსაკუთრებული პირობებიო“, ასე რომ კაცს ეგონება ჩვენში ჯოჯოხეთიაო. სხვა პარტიის წევრმა რომ სთქვას საქართველოში მოწესრიგებული არაფერი არისო, არაფერი კეთდებაო, თქვენ აურზაურს ასტეხთ, იტყვით ყველაფერი წესრიგზეა, ყველაფერი მოწყობილიაო. (ხმა: თქვენ რას იტყვით?) მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენში ყველაფერი რიგზე იყოს მოწყობილი, ვინაიდან ვიდრე თქვენ ხართ სათავეში შეუძლებელია რევოლიუციას საფრთხე არ მოელოდეს (ტაში რევოლიუციონერებიდან), რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ რაკი თქვენა დგეხართ სათავეში ამ რევოლიუციის მონაპოვარს საფრთხე მოელის. როდესაც დამფუძნებელი კრება შეიკრიბა ბ. მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა მოხსენება, სადაც სიტყვა-სიტყვით სთქვა, ისეთ პირობებში, როგორც ჩვენში, არსად არ შეკრებილა დამფუძნებელი კრებაო. შიგნით მშვიდობა, გარედ მშვიდობა, რევოლიუციის ყველა მონაპოვარი - აი რეზიუმე ბ. ჟორდანიას მოხსენებისა. შიგ მყუდროება, გარედ მყუდროება, მაშასადამე ხელს არავინ გიშლიდათ. ახლა კი გამოდიხართ და იძახით, განსაკუთრებული პირობები, განსაკუთრებული პირობებიო. თუ მართლა სერიოზული მომენტია, კონტრ-რევოლუციამ თავი წამოყო, თუ მოგველის საფრთხე, მაშინ ბოლომდი უნდა გავყვეთ ამ ლოღიკას და გააგრძელეთ რაზმის მოქმედება არა 5 თვით, არამედ რამდენიმე წლით. განა უფრო ლოღიკური არ იქნება ეს რაზმი სამუდამოდ დავტოვოთ? ანარქია თქვენ შექმენით და აი როგორ. აი პირველი გამოსვლა როგორ მოხდა: თუ სოფელში იყო ვინმე კომისარი, ქრთამს იღებდა და ხალხი მოითხოვდა მის გადაყენებას, თქვენ არ სცვლიდით მას, არამედ გზავნიდით კომისრის დამცველ რაზმს და თქვენ ხალხს ანადგურებდით. მაგალითად ასე იყო სამეგრელოში. როცა რამიშვილი ბრძანებს ზუგდიდმა დააქცია ქვეყანაო, მე ვეჭვობ, ვაი ეს ახალი პროვოკაცია არ იყოს, რადგანაც არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც ეწინააღმდეგებოდეს დამფუძნებელი კრების დადგენილებას, რომ სცემდეს პრესტიჟს საკანონმდებლო ორგანოსას. მე ამის შესახებ აქ უკვე პროტესტი განვაცხადე და ვწუხვარ რომ ბ. რამიშვილმა კვლავ გაიმეორა ეს პროვოკაცია. ერთხელ კიდევ გავახსენეთ ბ. რამიშვილს, რომ ზუგდიდის ერობას არ გამოუტანია დადგენილება, რომლითაც დამფუძნებელ კრების დადგენილება უარეყოს. ჯერ გაიცანით საკითხი და შემდეგ ილაპარაკეთ. ზუგდიდის ერობის რეზოლიუციაში არის ნათქვამი, რომ ეთხოვოს დამფუძნებელ კრებას, საკითხი ერთდროულ გადასახადის შესახებ შეეცვალა (ხმაურობა). ეს გახლავთ თეთრზე შავად დაწერილი (ხმაურობა. ხმა: ეგრე ეწერა?) ითხოვდენ, რომ ხელახლა დასმულიყო დამფუძნებელ კრებაში ეს საკითხი და თუ შეიძლება შეიცვალოსო. ეს იყო და ეს. დრო კია ეს გაიგოთ და პროვოკაციას თავი დაანებოთ.

კონტრ-რევოლიუციისათვის ჩვენში სოციალური საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა თუ არის კონტრ-რევოლიუციის ნიადაგი, ამ ნიადაგს ამზადებს თქვენი მოღვაწეობა. (ნინიძე: თქვენ რას იზამდით?) აი, ჩვენ რას ვიზამდით. ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია თქვენი პოლიტიკა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ სოციალისტებმა ვაკეთოთ ბურჟუაზიის საქმეო. თუ დარწმუნდით, რომ სოციალისტური საქმის გაკეთება არ შეგიძლიათ, ბურჟუაზიის საქმის გაკეთება იმათ დაუთმეთ, რომელნიც უკეთ გააკეთებენ ამ საქმეს. თუ ჩვენ ვიქნებოდით სათავეში ასე მოვიქცეოდით. თქვენი მოქმედება არ არის სოციალისტური, სჯობია საქმეს თავისი სახელი უწოდოთ. ეს თქვენ კარგათ იცით, ბ-ო ნინიძე, რომ არავითარი განსხვავება სოც.-დემოკ. და ეროვ.-დემ. შორის არ არის. (არსენიძე: რაღაც ჭორი გაუგონია და არ იცის რაშია საქმე!) რადგან თქვენ არ მოგწონთ, ჭორია. თქვენ ბრძანებთ პარტიულ კაპიტალზე. განა ისეთი დანაშაულია ჩვენ პარტიულ კაპიტალზე ვიზრუნოთ, როცა სოციალ-დემოკრატიამ შეიძინა, უკვე საკმაოდ პარტიული და ყოველგვარი კაპიტალი. შეიძლება რამიშვილი ძლიერ დავალებული იყოს რაზმის წინაშე, ამბობენ როდესაც სოც.-დემ. მიუღიათ კომუნისტებისაგან მუქარის წერილი, ამბობენ რამიშვილი 1 კვირას არ გამოსულა კაბინეტიდანო. (სიცილი).

როცა გადასახლების შესახებ გვქონდა აქ ლაპარაკი, გვეუბნებოდენ ტფილისი სავსეა დენიკინელებით და ეს დენიკინელები უნდა გავრეკოთ აქედანო. ისეთი ატმოსფერა შეიქნა, რომ თუ ეს კანონ-პროექტი არ მივიღეთ დავიღუპებითო. ახლა ირკვევა, რომ მხოლოდ 1000 კაცი გასულა აქედან. მე მაქვს ცნობები, თუ როგორ მუშაობდა ეს საგანგებო რაზმი ამ დარგში. წარუდგენენ სიას საგანგებო რაზმს, მათ სიას ვინც უნდა გადაასახლონ, საგანგებო რაზმის თანამშრომელი გამოუცხადებს, რომ უნდა გადასახლდეს, მერე დაბრუნდება და განაცხადებს ვერ ვნახეო. და ამასობაში ვაჭრობას გამართავს იმ კაცთან. მე მაქვს საბუთი, რომ თითონ თანამშრომელმა ამოფხიკა ზოგიერთი სიაში შეტანილი პირები. (რამიშვილი: ერთი საბუთი მოიყვანეთ!) კედიას მიმართეთ ის გეტყვით წარდგენილ სიას, ყოველ დღე ერთი ორი აკლია, რაშია საქმე? 3 თვეა წასულიაო, ამბობს თანამშრომელი, ნამდვილად კი აქ არის. (ხმები: თუ ასეთი საბუთები გაქვთ, რატომ დროზე არ წარმოადგინეთ?) ბ-ნებო, თქვენ იცით, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ამ კანონ-პროექტისა, რომ მომხრე ვყოფილიყავით, მაშინ მართლაც მივიდოდით და ვეტყოდით მინისტრს, აი ასე და ასე ხდებაო. მე არ ვიცი, ნუ თუ ეს 60 კაცი ყველაფერს გააკეთებს. როგორ შეგიძლიათ ამ განსაკუთრებულ პირობების არსებობით დაასაბუთოთ მიზან-შეწონილება ამ განსაკუთრებულ რაზმისა, ჩვენთვის ეს გაუგებარია და მინისტრმა ვერ დაგვიმტკიცა ეს სრულებით. აქ ბ.-ნი მინისტრი კერენსკის გადასწვდა (ხმები: კერენსკიმ დაღუპა რუსეთი!) თუ კერენსკიმ რუსეთი დაღუპა ამაში თქვენც ხართ პასუხისმგებელი, ვინაიდან ჩვენ მაშინ ერთად ვმუშაობდით და თუ თქვენ მაინც კერენსკიზე ამბობთ, ეს ამტკიცებს თქვენს უპასუხისმგებლობას? როცა დროებითი მთავრობა იყო რუსეთში, კერენსკი იყო სათავეში, თქვენი ამხანაგები არ იყვნენ კერენსკის პოლიტიკის წინააღმდეგ და ეხლა კი გამოდიხართ და იწუნებთ მის ნაბიჯებს, ამბობთ კერენსკი დაღუპული კაცია, არ ვარგა არაფრადაო. ეს არ უნდა იკადროს პოლიტიკურმა მოღვაწემ და პარტიამ, იმიტომ, რომ მაშინ თქვენ არ ყოფილხართ ოპოზიციაში, ახლა თქვენ გინდათ თავი მოიწონოთ კერენსკიმ ყველა დაღუპა და ჩვენ გადავარჩინეთ ქვეყანაო, ეს დიდი საკითხია, ვინ გადაარჩინა ქვეყანა.

დღესაც თქვენი ამხანაგები არ ებრძვიან რუსეთში ბოლშევიკებს, ნუ თუ თქვენ ისე გიყვართ საქართველო, რომ მის გულისათვის ებრძვით ბოლშევიკებს?!

მოგეხსენებათ, რომ არსებობს ერთი ქვეყანა, ეს ქვეყანა არის რუსეთი, სადაც არსებობს ასეთი საგანგებო რაზმები ე. წ. „ჩრეზვიჩაიკები“. ბევრი რამ საერთო არის ამ რაზმებისა და „ჩრეზვიჩ.“ შორის, მაგრამ განსხვავებაც არის. ის განსხვავება რომ ბოლშევიკები უფრო ლოღიკაში რჩებიან. თქვენ პარლამენტარიზმი გწამთ და იმავე დროს ასეთ საშუალებას მიმართავთ რომ (არ ისმის) ორში ერთი ან ჩვენი ცხოვრება უკვე ჩადგა ერთგვარ უფლებრივ ნორმებში და აზრი აქვს ჩვენ მუშაობას, ან თუ ეს კალაპოტი არ არის, მაშინ არავითარი აზრი არ არის იმაში, რომ ჩვენ აქ ვსხედვართ. იმიტომ რომ პარლამენტი არის გამომხატველი იმ ძალთა განწყობილებისა, რომელიც მოგვცა რევოლიუციამ.

მაგრამ თქვენი საქმიდან ეს არ სჩანს. თქვენ არა ერთხელ შეგეკითხენ ერ.-დემ. გათავდა თუ არა რევოლიუციაო. თქვენი პასუხი იყო: ვიდრე გვარდია იქნება, მანამდის რევოლიუციაც იქნებაო. თქვენ კი თუ იჭერთ ვინმეს, იჭერთ რევოლიუციონერებს, ხოლო რეაქციონერები არხეინად გრძნობენ თავს ჩვენში.

რაც შეეხება მოქმედების ფარგლებს, ბოლშევიკები უფრო ლოღიკაში რჩებიან. ბოლშევიკები ყველგან აარსებენ თავის ჩრეზვიჩაიკებს. მთელ რუსეთში და ყველგან უნდათ შეებრძოლონ კონტრ-რევოლიუციას. თქვენ კი მარტო ტფილისში გინდათ მოახდინოთ ეს 60 კაცის საშუალებით. აქ ბ. მინისტრმა ბრძანა; თქვენ ხელს უწყობთ არევ-დარევას და თანაუგრძნობთ ბოლშევიკებსო. რევოლიუციის პირველ წელში თქვენ და ბოლშევიკები ერთად მუშაობდით. მე ისიც ვიცი, რომ როცა ჩვენ ქუთაისში ჯარში ვმუშაობდით იქ თქვენ ბიუროში მიგყავდათ ბოლშევიკები, რომლებიც თქვენს პარტიულ ბიუროში ეწეოდენ ბოლშევიკურ აგიტაციას ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენი გავლენა მოგესპოთ და აგემხედრებინათ ისინი ჩვენს წინააღმდეგ.

ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ აშკარად ვამბობთ ყოველთვის, ვის რაში ვეთანხმებით. ერთ გარემოებას კიდევ უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება. როცა აქ გამოდის ბ-ნი მინისტრი რამიშვილი, მის კილოს ხშირად მუქარის ხასიათიც აქვს, რაც ყოვლად შეუწყნარებელია, რაიც იმის მაჩვენებელია, რომ ბ. მინისტრს აკლია სრულებით პასუხისმგებლობის გრძნობა. თქვენი პოლიტიკაა დაჭერა და დატუქსვაა, თქვენ იჭერთ ყველას და ჩვენი ამხანაგების წინააღმდეგაც იღებთ სასტიკ რეპრესიულ ზომებს, მაგრამ ჩვენ ამ პროვოკაციულ ანკესს არ წამოვეგებით და სასტიკად შევებრძოლებით თქვენს მახინჯ პოლიტიკას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. კირილე ნინიძეს.

. ნინიძე (სოც.-დემ.) ბატონებო! აქ თუ ჩვენ დავუკვირდებით ბატონ შენგელაიას გრძელ სიტყვას, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი აზრი ამოვიკითხოთ შიგ. ის ბრძანებს ჩვენ ვართ სოციალისტები და არ შეგვფერის გვქონდეს ისეთი ორგანიზაცია, რომელშიაც შედიან - არასოციალისტები, როგორიც არის, მაგალითად, განსაკუთრებული რაზმით. ეს იყო მთავარი მოტივი. იქ არ არის სოციალისტები და ხშირად ისეთ მოქმედებას ამჟღავნებს ეს რაზმი, რომელიც არ შეეფერება სოციალისტურ მთავრობასთან არსებულ ორგანიზაციასო. ეს არის მთავარი დებულება, რომელსაც უტრიალებდა გარს ბ-ნი შენგელაია თავის სიტყვაში. მე მგონია, რომ ბ-ნი შენგელაია მსჯელობს თეორეტიულად. მის სიტყვას უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს. აქ მას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ფრაქციაში არ აღმოუჩნდება არავინ მოკამათე. ჩვენთვის, როგორც სოციალისტებისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ არავითარი რაზმი არ არსებობდეს, მაგრამ ეს არის სურვილი მხოლოდ, რომელიც თავის-თავად არაფერს არ მოასწავებს. აქ უმთავრესი დებულება, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ არის: ჩვენ ვართ სოციალისტები, თუ უკაცრავად არ ვიქნებით, უკეთესიც, ვიდრე სოც.-რევოლიუციონერები. მაგრამ საჭიროა ერთნაირი გზა, გზა, რომელიც განამტკიცებს ჩვენს მდგომარეობას. ეს გზა არის დემოკრატიის და არა ისეთი გზა, როგორიც აქვთ სოც.-რევ. და ბოლშევიკებს. ჩვენი გზა არის მოქმედება დემოკრატიის სურვილის თანახმად. ჩვენ მართლაც ვმოქმედებთ ამ სურვილის თანახმად. თავის-თავად ცხადია ამ დებულებას, ამ ფაქტს ვერავინ ვერ უარყოფს. ყველა ეს შეურყეველი ფაქტია, რომელიც არ საჭიროებს შენგელაიას დარღვევას, ვინაიდან მას, გარდა ლიტონი განცხადებისა არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია (ხმები: თოლორდავა?) მოგახსენებთ. მოიგონეთ ისტორია სულ ახლო წარსულის. მოიგონეთ ბათუმის ტრაგედია. მაშინ, როდესაც ჩვენი დემოკრატია იცავდა ბათუმს, თქვენი პარტია ამ დროს სამეგრელოში ეწეოდა საშინელ აგიტაციას მთავრობის წინააღმდეგ და მოუწოდებდით არ წასულიყვნენ ბათუმის დასაცავად. ერთ-ერთმა მაზრამ, ზუგდიდის მაზრამ, რომლითაც თქვენ ასე თავი მოგაქვთ, და რომელიც შეუგნებლად მხარს უჭერს ბოლშევიკებს, თქვენი აგიტაციის წყალობით უარი განაცხადა გადასახადების მოცემაზე. ეს იყო თქვენი მოქმედება. ამიტომ ჩვენ არ გვაკვირვებს სრულიად ის განცხადება, რომელიც თქვენ გააკეთეთ ზუგდიდის ერობაში გადასახადების შესახებ. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ არ წავსულვართ გადასახადების წინააღმდეგ, მხოლოდ გავითვალისწინეთ წლევანდელი მოუსავლობა, ხალხის შიმშილი და სიღატაკე, და ვთხოვეთ დამფ. კრებას შეეცვალა თავის დადგენილება და შეღავათი მიეცა ზუგდიდის მაზრის გლეხებისთვისო. და თქვენ ამას პეტიციის უფლებას უწოდებთ. მე არ ვიცი რა არის ეს: პეტიციის უფლება თუ დამფუძნებელ კრების მიერ გამოცემულ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება? პეტიცია, მე გამიგონია, იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს აქვს უფლება აღძრას მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ამა თუ იმ კანონის შეცვლის, ან შემსუბუქების შესახებ. ამას კი იქ ადგილი არ ჰქონია. მე მეტს პატივს გცემდით უფრო, რომ წინააღმდეგი დადგენილება გამოგეტანათ. თქვენ ეს არ ქენით, ჩაიდინეთ ლაჩრობა, ლოიალობა ამჯობინეთ. თუ ასეთი მოქმედება არის სოციალისტური მოქმედება, მაშინ უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთ სოციალისტებთან ჩვენ არაფერი საერთო გვაქვს, და შეგვიძლია იგი თქვენ დაგილოცოთ.

თქვენ რომ ბრძანებთ: საგანგებო რაზმს უარყოფდით თქვენ რომ სოციალისტები იყვეთო, ამაზე უნდა მოგახსენოთ ბატონო შენგელაია: ავანსათ გეთანხმებით, რომ არც ერთ სოციალისტს არ უნდა, რომ იგი არსებობდეს (ხმები: მერე?) მერე ის, რომ, როცა ჩვენ მილიციის ჯამაგირებს და შტატებს ვიხილავდით, თქვენ ბრძანეთ, რადგანაც მილიციაში მექრთამეები არიან ის უნდა გავაუქმოთო. ასე რომ თქვენი ლოღიკით თუ ვივლით, ჯარიც უნდა გავაუქმოთ, უნდა გავაუქმოთ თქვენი ფრაქციაც, რადგანაც იქ ჯაგრის ადვოკატები სხედან. (ხმები სოც.-რევ.: ტყუილია!) მართალია. თქვენ ვერ უარყოფთ იმას, რომ იგი მფარველობს ჯაგრის გამტანს. (ხმები სოც. -რევ.: ეს ზნეობრივი დაცემაა!) ფაქტი - ფაქტია. ლამაზი სიტყვა კარგია, მაგრამ ჯაგარი არ არის ლამაზი ნივთი. კიდევ ვიმეორებ, რომ უნდა გაუქმდეს საგანგებო რაზმი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ბატონო შენგელაია, რომ ეს არის განყენებული მსჯელობა, რომელსაც სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ბატონებო! ტრაფარეტური მსჯელობით არ შეიძლება, გაკეთდეს სახელმწიფოს საქმე. ქუჩაში დგომა ჩვენ გავათავეთ. გავათავეთ იმიტომ, რომ ვის უნდა ვებრძოლოთ იქ?

მართალია ლოღიკური და კარგია - „იყავით ქუჩაში, ან პარლამენტშიო“, მაგრამ ჩვენ გავათავეთ ქუჩაში ყოფნის ხანა. ცხრა მეათედი ხალხისა, თქვენივე - განცხადებით, ჩვენთან არის და ვიღას უნდა ვებრძოლოთ ქუჩაში. პარლამენტარიზმის მომხრენი ვართ, მაგრამ კრეტინები პარლამენტარიზმისა არა ვართ. ამბობთ, ან ქუჩაში, ან პარლამენტშიო. ჩვენ ქუჩას დავანებეთ თავი, გადმოვედით პარლამენტში, მაგრამ ხალხთან არ გავწყვიტეთ კავშირი, ხალხთანა ვართ.

როგორც მახსოვს, შეიძლება შენგელაიასაც მოეხსენებოდეს, როცა ინგლისს ირლანდია აუჯანყდა, მაშინ მან შემოიღო საგანგებო წესები, რომელიც გამოთქმული არის შესაფერი წესით (შენგელაია: საქმე იმაშია, რომ იქ კოროლი არის!) იქ კოროლი არის, მაგრამ აქ დემოკრატიაა ტოროლა და როდესაც დემოკრატია იბრძვის, უნდა მიიღოს ზომები, რომელიც შეეფერება დემოკრატიას. ამაშია განსხვავება. ჩვენ საქმის ხალხი ვართ, ქუჩაშიაც ვიხედებით, თქვენ კი არსად არ იხედებით.

ლეო შენგელაიას აზრი მარტივია. მან სთქვა, რომ სოციალიზმი არის სოციალიზმიო, არ გვინდა სოციალიზმის დროს ჟანდარმერიას ადგილი ჰქონდესო. დაამყარეთ სოციალიზმი და მაშინ თქვენ პარტიის წევრს მივიღებთ საგანგებო რაზმში, მაგრამ ჯერ ასეთი მდგომარეობა არ არის და თუ სერიოზულად იმეორებთ ნ. ჟორდანიას სიტყვას - „გარეთ მყუდროება, შიგნით მყუდროებაო“, ეს გაუგებარია. თქვენ იმეორებთ იმ სიტყვებს და არ გინდათ გაიგოთ რა დროს და როგორ იყო ნათქვამი, ერთი ცენზორის არ იყოს, „მამაო ჩვენოში“ ისეთ სიტყვას ამოვგლეჯ, რომ ანგელოზსაც ციხეში ჩავსვამო. მართალია ნ. ჟორდანიამ სთქვა, გარეთაც, შიგნითაც მყუდროება გვაქვსო, მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ მშვიდობიანობა გვექნება? ეხლა დენიკინის მხრითაც და ბოლშევიკების მხრითაც საფრთხე მოგველის, მაგრამ თქვენ ეს საფრთხეთ არ მიგაჩნიათ, რადგანაც ამხანაგები ხართ იმ ბოლშევიკებისა, ჩვენ კი ნამდვილ საფრთხედ მიგვაჩნია და მთავრობის თავმჯდომარეს არც უთქვამს და არც შეეძლო ეთქვა, რომ სრული უზრუნველყოფილი ვართო.

უბრალო ბროშიურებშიაც კი სწერია, რომ სახელმწიფო არის იძულებითი ორგანიზაცია. რომ ქვეყანა ანგელოზებით იყოს დასახლებული მაშინ ხომ კათალიკოზთა საბჭოს მეტი აღარავითარი რაზმი საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ, ბ-ნო შენგელაია, ქვეყანა არ არის დამშვიდებული (შენგელაია: ვერ დაამშვიდეთ?) შეიძლება ვერ დავამშვიდეთ, მაგრამ იმედი გვაქვს დავამშვიდებთ, რადგანაც ვიცით, რომ დღემდის ჩვენი რწმენა არ გამტყუნებულა.

იქ ზუგდიდის მაზრაში თქვენ პილატესავით ხელი დაიბანეთ და გადადექით. თქვენ არავითარი პასუხისგება არ შეგიძლიათ გარდა ლაპარაკისა (ხმა: ჭორებია!) არ არის ჭორები. თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ გარდა იმისა, რომ შუამდგომლობა აღძარით ხალხს გადასახადი არ გადაეხადა, აქ კი წერტილი დასვით და სახლში მობრძანდით.

რაც შეეხება ამ რაზმს, ვიმეორებ და ვიცი, რომ ჩვენი ფრაქცია საგანგებო რაზმის მომხრე არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ამ რაზმის მუშაობა და არსებობა მხოლოდ განსაკუთრებული პირობებით არის გამოწვეული, რომელშიაც ჩვენ გვიხდება ცხოვრებაო - ეს ერთი დებულება.

მეორე დებულება, რომელიც აყენებს განყენებულ შესაძლებლობას, იქნება რომ თქვენ ასეთი კრიტიკით არ გამოდიოდეთ, დაამტკიცებდით რომ ის ორგანიზაცია, რომელიც აქვს ამ რაზმს, არ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ისეთი, რომ რამე გააკეთოსო. თქვენ ამას არ ამბობთ. თქვენ ამბობთ რა საჭიროა, რათ გინდათ 60 კაცი, როცა 9/10 ხალხისა თქვენი მომხრეაო, აი თქვენი ლოღიკური მსჯელობა. მაგრამ, რაც იმუშავა ამ რაზმმა ცხადია და დამტკიცებულია მისი მუშაობა, მაგალითად დაიჭირა რამდენიმე ბოლშევიკი და სხვა. (შენგელაია: პრავაკატორები ყოფილან და მიტომ!) შემდეგ ეს რაზმი რესპუბლიკის მტრებს კი არ იჭერს ხალხის მოკეთეებსო. თქვენ უნდა გეთქვათ, რომ ეს ორგანიზაცია, მთავრობის კი არა ყაჩაღების ორგანიზაციააო. და თუ თქვენ ამბობთ იქ ბოროტი პირები არიანო, ასეთები ყველგან არიან, ან გვაჩვენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ადმინისტრაციაში არ შეიპარებოდეს ბოროტი პირები. (ტაში). თქვენ გინდათ ისეთი სახელმწიფო, როგორც ქვეყნიერებაზე ჯერ არ არსებობს, როცა სხვაა სათავეში, მაშინ მოსთხოვთ არა ჩვეულებრივის შექმნას მაგრამ თქვენ რა შექმენით გარდა უწესოობისა? თქვენ უნდა მოგეყვანათ ბოროტ-მოქმედების ფაქტი, დამამტკიცებელი მის, რომ ეს ორგანიზაცია არ შეეფერება თავის დანიშნულებას, მაშინ სხვაა, მაგრამ არა, თქვენ არც გაქვთ და არც ეძებთ ასეთ ფაქტებს. თქვენ ეძებთ იმას, რაც არ არის. კანონის დარღვევათ მიგაჩნიათ ის რომ, თქვენ თქვით თბილისში იყო სხვაგან არა და ეს კანონის დარღვევა არისო. არა, ბატონო, ორგანიზაცია არსებობს და მთავრობა ვალდებულია იქ გამოიყენოს სადაც საჭიროა იგი. თქვენ ამბობთ ეს არ არსებობდა ზუგდიდში და ამან არევ-დარევა გამოიწვიაო, თუ წინააღმდეგი ხართ, მაშ რაღა საჭიროა გაფართოება. ყველა ეს ამტკიცებს იმას რომ, ეს არ გაინტერესებთ თქვენ. თორემ რომ გაინტერესებდეთ მისი მნიშვნელობა და მიზანი, ამას არ ინებებდით და არ ბრძანებდით, რომ გვარდიას მიმართავს ინსტრუქციის ძალით და ეს არის კანონის დარღვევაო. ჯერ ერთი ის ორგანიზაცია, რომელსაც მინდობილი აქვს წესიერების დაცვა, ევალება ყველა კერძო მოქალაქეს მიმართოს დახმარებისათვის, შეიძლება თქვენ არ აღმოუჩინოთ ეს დახმარება, მაგრამ თუ ვისმეს ესმის თავის დანიშნულება, მაშინ ხელს მოუწყობს. რაზმს ნება ეძლევა გვარდიას მიმართოს დახმარებისათვის. რა არის აქ კანონის წინააღმდეგი? მაგრამ იმას ეძლევა ინსტრუქცია და ინსტრუქცია და კანონი ერთი არ არის. რომ ეწეროს უბრძანე გვარდიის შტაბს და გამოიყვანეო, სხვაა. ხომ არ დავწერდით ესერების ფრაქციას მიმართეთო, და რომ დაეწერათ კიდეც თქვენ არ დაეხმარებოდით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ასე არ იყოს, მაგრამ რადგან არიან ისეთი ელემენტები, რომლებიც ებრძვიან ჩვენ დამოუკიდებლობას, ებრძვიან ჩვენ დემოკრატიის ნება-სურვილებს, ჩვენ იძულებული ვართ ასეთ ზომებს მივმართოთ, არა მიტომ, რომ თქვენზე ნაკლები სოციალისტები ვართ, ან ნაკლებათ გვიყვარდეს წესიერება, ან პარლამენტარიზმი, ან ეს ხალხი, არამედ იმისთვის, რომ არიან ბნელი ელემენტები, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს რესპუბლიკას. აი, თქვენი შრომა ამტკიცებს ამას, რომ კანონიერების გრძნობა და დემოკრატიის ნებაყოფლობის ასრულება ისეთი რამ არის, რომ თქვენც გაკლიათ არამც თუ კონტრ-რევოლიუციონერებს. და ამიტომ გვიხდება საგანგებო ზომების მიღება. როცა აღარ იქნება ეს ბოროტი ელემენტები, როცა საქართველოს დემოკრატიას აღარავინ შეებრძოლება, მაშინ ჩვენ თავის თავად ცხადია 24 საათში გავაუქმებთ ამ რაზმის მოქმედებას, მანამ კი იძულებული ვართ მისი მოქმედებით ვისარგებლოთ.

თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება კამათის შეწყვეტაზე. ვის სურს ამაზე მსჯელობა? წინააღმდეგი არავინაა. კენჭს უყრი. კამათი შეწყვეტილია.

თავმჯდომარე. პირადი განცხადებისთვის სიტყვა ეკუთვნის გობეჩიას.

ივ. გობეჩია (ს.-რ.) რამოდენიმე კვირის წინეთ სოციალ-დემოკრატების ერთმა ბელადთაგანმა, პირველი სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, ამიერკავკასიის ვექილთა საბჭოს თავმჯდომარემ და დამფუძნებელ კრების წევრმა ბ. სერგო ჯაფარიძემ სასახლის სპარსულ დარბაზში ჩემთან მოიყვანა ერთი ქუთათური ებრაელი, გვარად ხანანაშვილი, გამაცნო ის და მთხოვა მისთვის დახმარება აღმომეჩინა. ბ-ნ ჯაფარიძის გადმოცემით იმ ებრაელს გამცვლელ კომიტეტმა მისცა მოწმობა, რომლის ძალით ებრაელს ეძლეოდა რესპუბლიკის საზღვრებიდან ჯაგრის გატანის უფლება, თუ ის რესპუბლიკის საზღვრებში შაქარს შემოიტანდა. ებრაელმა საქართველოში ას ფუთამდე შაქარი შემოიტანა, ამის საბუთები მომარაგების უწყებას წარუდგინა და მოითხოვა, რომ მომარაგების უწყებას მისთვის მიეცა ჯაგრის გატანის ნებართვა. ხანანაშვილი ჯაგრის გატანის ნებართვას მოითხოვდა იმ წერილობითი საბუთის ძალით, რომელიც მას სახელმწიფო დაწესებულებამ მისცა. მაგრამ თითქმის სამი თვის განმავლობაში მომარაგების უწყება არავითარ პასუხს არ აძლევდა ბ. ხანანაშვილს მის თხოვნაზე. ხანანაშვილს სურდა მომარაგების უწყებიდან რაიმე გარკვეული პასუხი მიეღო და თუ მას ჯაგრის გატანის ნებართვის მიცემაზე უარს ეტყოდენ, სურდა სასამართლოს წესით აღედგინა თავისი უფლება. მაგრამ ხანანაშვილი ვერავითარ პასუხს ვერ ეღირსა მომარაგების უწყებაში. აი, სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ხანანაშვილის საქმე, როდესაც ბ. სერგო ჯაფარიძემ სპარსულ დარბაზში გამაცნო ხანანაშვილი და მთხოვა მისთვის დახმარება აღმომეჩინა. მე სერგო ჯაფარიძის თხოვნა შევასრულე და ბ. ხანანაშვილს დახმარება აღმოვუჩინე. ჩემი დახმარება კი იმაში გამოიხატა, რომ მე მომარაგების მინისტრს ვსთხოვე ბ. ხანანაშვილისათვის რაიმე გარკვეული პასუხი მიეცა იმ თხოვნაზე, რომელიც მან, ხანანაშვილმა, სამინისტროში შეიტანა. ეს იყო და ეს, ბ-ნო კირილე ნინიძე, და ამის შესახებ მე ერთხელ უკვე მოგახსენეთ ამ ტრიბუნიდან. მე ძლიერ მიკვირს, რისთვის დასჭირდა ბ-ნ ნინიძეს ხელმეორეთ გამოეტანა ამ ტრიბუნაზე ის ზღაპარი, რომლის გამოყენება სადემაგოგიო მასალათ წინა კრებაზე მოისურვა ერთმა მისმა ამხანაგმა ბ-ნ რამიშვილმა. ანდა რას ნიშნავს ბ. ნინიძის სიტყვები: ესერების ფრაქციაში ჯაგრის ადვოკატები სხედან, რომლებიც ჯაგრის გამტანს მფარველობენო? ეს ხომ სრული სიყალბეა და საქმის ვითარების გადამახინჯება, ბ-ნო ნინიძე! მთელი სახელმწიფო სოციალ-დემოკრატების ხელშია. სახელმწიფო დაწესებულებამ მოქალაქე ხანანაშვილი მოატყუილა - შაქარი შემოატანია და შემდეგ თავის ვალდებულება არ შეასრულა, და თუ მე სოციალ-დემოკრატ მინისტრს ვსთხოვე პასუხის ღირსი მაინც გახადეთ მოქალაქე ხანანაშვილიო, თურმე მე, ადვოკატ ნინიძის აზრით, რაღაც სამარცხვინო საქმეს ჩავდივარ. სწორედ ამაზე იტყვიან: ქურდს ყველა ქურდი ჰგონიაო. სოციალ-დემოკრატიულ მოხელეებმა მთელი სახელმწიფო ქონება გაფლანგეს, მიითვისეს. ბევრი იმათგანი პასუხისგებაშიც არის მიცემული, მაგრამ ბ-ნ ნინიძეებს ამ მოვლენამ ჭკუა მაინც ვერ ასწავლა. ბატონებო, თქვენ ქურდი გგონიათ ყველა იმიტომ, რომ ქურდობთ თითონ (ხმაურობა სოც.-დემ სკამებზე).

თავმჯდომარე. დაწყნარდით, ბ-ნებო! ბ-ნო ორატორო, გთხოვთ გაიმეოროთ თქვენი უკანასკნელი სიტყვები.

ივ. გობეჩია. ჩემი უკანასკნელი სიტყვების აზრი ასეთი იყო: ის, ვინც მუდამ იპარავს და ითვისებს, სხვაც ქურდი ჰგონია (ხმაურობა, ხმები: უკან წაიღო, ეგრე არ უთქვამს წეღან).

თავმჯდომარე. გთხოვთ მომცეთ საშუალება წესრიგი დავიცვა. მე შემიძლია ანგარიში გაუწიო იმას, რაც მე გავიგონე იმ სიტყვებში, რომელიც ორატორმა მოგახსენათ არავითარ შეურაცყოფას არ ვხედავ. განაგრძეთ, ბ-ნო ორატორო!

ივ. გობეჩია. მე გულახდილად მოგახსენებთ, რომ მე ბ-ნი ნინიძე ვერასოდეს შეურაცყოფას ვერ მომაყენებს, მაგრამ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის უმწეო მდგომარეობას ის ვერ გააუმჯობესებს, თუ თავის სიტყვაში გარდა ცილისწამებისა ვერავითარ სერიოზულ მოსაზრებას ვერ მოიყვანს ჩვენი ფრაქციის ორატორის საწინააღმდეგოდ. იცოდეთ, ბ-ნო ნინიძე, რომ ასეთი დემაგოგიით და ცილისწამებით ვერც თქვენ და ვერც თქვენი ფრაქცია ფონს ვერ გახვალთ (ხმაურობა).

თავმჯდომარე. გთხოვთ დაწყნარდეთ. პირადი განცხადებისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ შინაგან-საქმეთა მინისტრს.

რამიშვილი. მე არ ვაქცევ არავითარ ყურადღებას, როდესაც ჭორს ქუჩაში იმეორებენ, მაგრამ როცა ჭორი გამოაქვთ ამ დიდ კრებაში, მაშინ იძულებული ვარ პასუხი გავცე. აქ იყო ნათქვამი, თითქოს მის შემდეგ, რაც გამოიცა ბოლშევიკების ფურცელი, რომლითაც ემუქრებოდენ ტერორისტულ აქტებით მთავრობის წევრებს, მაშინ მინისტრი კაბინეტიდან რამდენიმე დღით არ გამოსულაო. ყველამ იცის და თვით შენგელაიამაც იცის, რომ შინ. საქ. შინისტრი ასრულებდა თავის საზოგადოების მიერ დაკისრებულ მოვალეობას, მთელი ამ ხნის განმავლობაში და მიუხედავათ ამისა ეს ჭორი მაინც აქ გამოიტანა.

თავმჯდომარე. პირადი განცხად. სიტყვა ეკუთვნის სერგი ჯაფარიძეს.

. ჯაფარიძე. უნდა მოგახსენოთ, სიმართლე ჯაგრის საკითხი ეს მესამეჯერ ატყდა სულ უსაფუძვლოდ. ფაქტი გახლდათ ასეთი: ქუთათურ ებრაელმა ხანანაშვილმა ელომ მომმართა თხოვნით: მომეხმარეო (ვეშაპელი: რომელ პარტიაში მოღვაწეობდა?) მომარაგების მართველობამ დამიდვა პირობა: თუ შემოვიტანდი რაიმე საქონელს, ამავე ღირებულების საქონელს გამატანიებთ სამაგიეროთ, სხვათა შორის, ჯაგარსო. მე შემოვიტანე შაქარი, მაგრამ მაგიერის გატანის ნებას არ მაძლევენ, ვექილი წავიყვანე და ვერაფერი გავაწყეო. იქნება თქვენ გავლენა მოახდინოთო. რადგან ადმინისტრატიულ საქმეებს არ ვიღებ, მე ვუპასუხე არავითარ შემთხვევაში ამ საქმეში ჩარევა არ შემიძლია (სოც.-დემ. მხრივ: ასწავლე ვინც ერეოდა?) მომაბეზრა თავი, 5 ჯერ იყო ჩემთან სახლში, შემაძლია ფულიც. ქუთათური დეპუტატი ბრძანდებითო; - მე უთხარი, ქუთაისიდან დეპუტატები სხვებიც არიან-მეთქი, აი მაგალითად გობეჩია, გიორგაძე სინჯე, გობეჩიას მიმართე მეთქი და მართლაც 2-3 დღის შემდეგ, აქ, სპარსულ ზალაში, ის ებრაელი მოელაპარაკა ბ. გობეჩიას. მეც ჩემი მხრით ვუთხარი გობეჩიას, თუ მართლა ამ ებრაელს პირობა აქვს, დაეხმარე თუ შეგიძლია-თქო. მანაც გამოთქვა სურვილი, მე დავეხმარებიო. შემდეგ ებრაელი წავიდა; რამოდენიმე ხნის შემდეგ ბ. გობეჩიამ მთხოვა მოვლაპარაკებოდი ებრაელის შესახებ ერაძეს, მაგრამ მე უხერხულად მივიჩნიე ეს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.

მომხსენებელი. საკითხი ჩემის აზრით საკმაოთ არის გამორკვეული და ამიტომ მომხსენებელის უკანასკნელ სიტყვაზე უარს ვაცხადებ. (შენგელაია: გთხოვთ!)

თავმჯდომარე. მსჯელობა დასრულებულია, გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ.

ვინ არის წინააღმდეგი? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(ხდება მუხლობრივი განხილვა).

ბ. მინისტრის ამხანაგის განცხადება გახლავთ შემოტანილი. მოგახსენებთ, რომ ხანანაშვილთან მომარაგ. სამინისტროს არავითარი პირობა არ დაურღვევია. კრება დახურულია. შემდეგი სხდომა დანიშნულია დღეს 7 საათზე.

გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღის წესრიგი.

მდივანი (კითხულობს).

თავმჯდომარე. შემოვიდა წინადადება: დღის წესრიგის შესახებ. (კითხულობს). ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. სხდომა დახურულია.

სხდომა იხურება 4 ს. და 10 წუთზე.

18 სამოცდამეთექვსმეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(76)

1919 წელი, სამშაბათი. დეკემბრის 30. ტფილისი. სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი კონსტანტინე ჯაფარიძე.

პრეზიდიუმში არის: გრიგოლ ნათაძე.

სხდომა იწყება შუადღის 1 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. დღიურ წესრიგს მოგახსენებენ.

მდივანი (კითხულობს დღიურ წესრიგს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - რკინის გზაზე სამხედრო წესების განგრძობის დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

2. საბოლოო ტექსტი - ხეთა-ზუგდიდის რკინის გზის დასამთავრებლად 7.315.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

3. საბოლოო ტექსტი - გზატკეცილების შესანახად 16.138.430 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

4. საბოლოო ტექსტი - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს 1919-1920 წ.წ. დამატებითი ხარჯთაღრიცხვის ანგარიშში 17.784.065 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

5. საბოლოო ტექსტი - ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან ნივთების შესაძენად სამუზეუმო თანხის დაარსების დეკრეტისა. მომხსენებელია - ივ. გომართელი.

6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - 1914 წ. დეკემბრის 16-ს დროებითი კანონის (ზოგიერთი ეხლანდელი გადასახადის გადიდებისა) მოქმედების განგრძობის ახალ კანონის გამოცემამდე. მომხსენებელია ივ. გომართელი.

7. საბოლოო ტექსტი - სასამართლოს ხარჯის გადიდების დეკრეტისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.

8. მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების გამო - მომარაგების სამინისტოს დაარსებისა და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

9. დეკრეტი - ვარციხის მამულისათვის ყურძნის შესაძენად გაწეულ ხარჯის დასაფარავად 3 მილ. მან. გადადებისა. მომხსენებელია ბ. თევზაია.

10. დეკრეტი - სამხედრო საბეითალო-საფერშლო სკოლისა, სამოსწავლო სამჭედურისა და გარნიზონის საბეითალო სამკურნალოს დაარსებისა და დაწესებულებათა შესანახად 232.145 მან. გადადებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.

11. დეკრეტი - რკინის გზის შტატ-გარეშე დატოვებულ მოსამსახურეთა დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად 5.925.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გ. გაგლოევი.

12. დეკრეტი - საქართველოს სამხედრო გზის ჯვრის უღელტეხილის გადასავალის მიმდინარე ზამთარში გასაწმენდად 17.786.200 მან. გადადებისა. მომხსენებელია ერ. კალაძე და გრ. ურატაძე.

13. დეკრეტი - მთავარ საბაჟო შენობის შესაკეთებლად 109.877 მან. 25კ. გადადების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.

14. დეკრეტი - სახელმწიფო კონტროლის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

15. დეკრეტი - ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია გრ. ნათაძე და გრ. ურატაძე.

16. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 1.500.000 მ. გადადებისა, ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მილიციის შესანახად გაწეულ ხარჯების დასაფარავად. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.

17. დეკრეტი - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. დღის წესრიგი დამტკიცებულია. მოგახსენებთ პირველ საკითხს. სიტყვა ეკუთვნის ბ. გომართელს.

ივ. გომართელი. (კითხულობს დღიურ წესრიგს პირველ მუხლში აღნიშნულ საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი ამ დეკრეტის საბოლოო ტექსტისა? არავინ. გთხოვთ მე-2-ე დეკრეტი წაიკითხოთ.

. გომართელი. (კითხულობს მე-2-ე დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი? არავინ. მიღებული გახლავთ. შემდეგი.

. გომართელი. (კითხულობს მესამე დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინაა. წაიკითხეთ შემდეგი.

. გომართელი. (კითხულობს მეოთხე დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. ვინაა წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ. შემდეგი.

. გომართელი. (კითხულობს მეხუთე დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. თუ ვინმეა წინააღმდეგი? ესეც მიღებული გახლავთ.

. გომართელი. (კითხულობს მეშვიდე დეკრეტის საბოლოო ტექსტს).

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებთ? ვინაა წინააღმდეგი? მიღებული გახლავთ. საბოლოო ტექსტები დასრულებულია.

თავმჯდომარე. ნება მომეცით შემდეგ საკითხზე გადავიდე. არავინაა წინააღმდეგი.

დეკრეტი ვარციხის მამულისათვის ყურძნის შესაძენათ გაწეული ხარჯის დასაფარავად სამი მილიონი მანეთის გადადებისა.

სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. (ს.-დ.) მიწათ-მოქმედების სამინისტრო ვარციხის მამულში ამზადებს ღვინოს, კონიაკს და შამპანიურს. ყურძენი ამისათვის მას არ მოეპოვება. ამისათვის იგი იძულებული იყო მიემართა იმ რაიონში მცხოვრებ მევენახეთათვის და იმათგან შეეძინა საჭირო ყურძენი. სამინისტროს ამ წარმოებისათვის შეუძენია სამი მილიონი მანეთის ყურძენი და ამისთვის დაუხარჯავს სამიწათმოქმედო სამინისტროს თანხიდან სათანადო ჯამი. სამინისტრო მოითხოვს, რომ ეს კრედიტი იქნეს აღდგენილი. (ეროვ.-დემოკრ. სკამებიდან: - კონტრაბანდაა!) არავითარი კონტრაბანდა აქ არ არის. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიიღო ეს თხოვნა მიწათ-მოქმედების სამინისტროსი და წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას მანაც დაადასტუროს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

. ასათიანი. (ერ.-დემ.) ეს საკითხი, ბატონებო, დიდი ხანია რაც აღძრული იყო საფინანსო კომისიაში, ერთხელ თუ ორჯერ უარყოფილიც იყო. მიზეზი ამისა იყო ის, რომ სამიწად-მოქმედო სამინისტროს არ წარმოუდგენია გეგმა, თუ რა საჭიროებისათვის უნდოდა მას ეს თანხა, თვით კრედიტიც გამოთხოვილი იყო მაშინ, როდესაც ყურძნის შეძენის დრო უკვე გასული იყო. სამიწად-მოქმედო სამინისტროს მოეპოვება კასები და ამ კასებიდან გაუწევია მას ეს ხარჯი. ეს კი არ შეესაბამება იმ წესს, რომელიც უნდა არსებობდეს უფლებრივ სახელმწიფოში. ეს ერთი. მეორე მხარე შეეხება მიწად-მოქმედების სამინისტროს მეურნეობას. მიწათ-მოქმედების სამინისტროს მეურნეობა უკვე შეისწავლა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ რამდენიმეთ, სხვილი დარგი მაინც. საბოლოო მოხსენება დამზადებული არ არის, მაგრამ საერთო სახე ამ მეურნეობის მდგომარეობისა მაინც გამორკვეულია და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მეურნეობა არ წარმოებს იმ სახით და იმ წესით, როგორც ეს საჭირო არის. ის მამული, რომელიც მიწად-მოქმედების სამინისტროს ხელში იმყოფება - საშინელ მდგომარეობაში არის. მიწათ-მოქმედების სამინისტრომ ვერ შესძლო არამც თუ გაუმჯობესება, არამედ შენარჩუნებაც კი იმისა, რაც იყო. ეს საყოველთაო მოვლენა არის კულტურული მეურნეობის მამულებში: კახეთში, ბორჯომში, ბორჩალოში და სხვ. ასე, რომ ამის შემდეგ ახალი სამეურნეო ხარჯის დაწყებისათვის მიწად-მოქმედების სამინისტროს, ჩვენის ფიქრით, არავითარი საბუთი არ ქონდა.

ანანოვის მამულში სწარმოებდა რამდენიმე დარგი მეურნეობისა, კონიაკის დამზადება და სხვა. მიწად-მოქმედების სამინისტრომ ყოველივე ეს ჩაიბარა. და აგრეთვე იმ რევიზიამ, რომელიც ამას წინათ მოხდა აჯამეთის მამულებში, გამოარკვია, რომ სამინისტრომ აქაც ვერ შეინარჩუნა ის დონე, რომელიც საჭირო იყო ამ მამულში და რომელზედაც წინათ მეურნეობა სწარმოებდა. ამის შემდეგ, რა გასაკვირველია, რომ არავის, არც უწყებას და არც ფინანსიური კომისიის რომელიმე წევრს არ ქონდა საკმაო საბუთი იმისი, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო მოახსენებდა ამ საქმის მოწყობას. ამიტომაც საფინანსო კომისიის მიერ ამ თანხის გაღება უარყოფილი იქნა. შემდეგ, სამინისტრომ ეს საკითხი კიდევ მესამეთ შემოიტანა და ეხლა კი დამფუძნებელ კრებას გადმოსცა. მე ვფიქრობ, რომ ეს განმარტება, რომელიც უძღვის ამ დეკრეტს მიწად-მოქმედების სამინისტროსაგან, სრულიათ არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ არავითარი საბუთი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო ამ 3 მილიონი მანეთით მოახერხებს ამ მეურნეობის აღდგენას.

აი, ამ საფუძვლით ჩვენი ფრაქცია იზიარებს იმ აზრს, რომელსაც წინათ საფინანსო და საბიუჯეტო კომისია ადგა და მოითხოვს, რომ ის ფაქტი, რომ იქნა გაღებული განსაზღვრული თანხა ამ საქმისთვის - არ იქნეს დადასტურებული დამფუძნებელ კრების მიერ. ეს ხარჯი უნდა აღიარებული იქნას უკანონო ხარჯათ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.

კირილე ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ბ. ასათიანმა აქ ფაქტიური მხარე ვერ გააშუქა ისე, როგორც ეს არის სინამდვილეში. საფინანსო კომისიას არ უარუყვია ეს დეკრეტი. მან მხოლოდ უკან დაუბრუნა იგი მიწად-მოქმედების სამინისტროს ცნობების წარმოსადგენათ. მას არ ქონდა ცნობა, რომელ წყაროდან არის გაღებული ეს თანხა. აი, ასეთია კითხვის ფორმალური მხარე. აქ მართლაც იყო უწესოება და საფინანსო კომისიამ ამას მიაქცია ყურადღება. ეს უწესოება მდგომარეობს იმაში, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტროს ფული დაუხარჯავს... (კედია ადგილიდან: კონტრაბანდაა!) არავითარი კონტრაბანდა აქ არ ყოფილა. ეს იყო ბატონებო, გაღებული იმიტომ, რომ სამინისტრო იძულებული იყო, ვინაიდან საჭიროება მოითხოვდა, თავის დროზე შეეძინა ეს ყურძენი. სამინ. იძულებული იყო ეს თანხა გაეღო და აქ არავითარ კონტრაბანდზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. ფორმალური მხარეც არ ყოფილა დარღვეული. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ერთი, მთლიანი კასა თავიდანვე არ ყოფილა. ამიტომ დაუბრუნა საფინანსო კომისიამ ეს დეკრეტი მიწით-მოქმედების სამინისტროს და წინადადება მისცა, სრული ანგარიში და ცნობები წარმოედგინა მას ამ ხარჯის შესახებ. ამ მხრივ, საფინანსო კომისიას ამ ჟამათ სრულიათ დამაკმაყოფილებელი ცნობები აქვს.

იქ, მე-5 პარაგრაფის მე-2 მუხლში არის აღნიშნული საოპერაციო თანხა. ასე რომ, იმ განმარტების ძალით, რომელიც წინ უძღვის ამ დეკრეტს - ფორმალური მხარეც არ არის დარღვეული. რაც შეეხება არსებით მხარეს ბ. ასათიანმა აქ წამოაყენა მეორე მხარე: მან სთქვა, რომ მეურნეობა, რომელსაც ეწევა მიწათ-მოქმედების სამინისტრო, ვერ არის დამაკმაყოფილებელი და რადგან ეს ასეა, ამიტომ, - მისი ლოღიკური დასკვნა არის - ამ ხარჯებისათვის არ უნდა იქნეს გაღებული ეს თანხა. მაგრამ აქედან არის მეორე დასკვნაც. ამაზე ჩვენ მოგახსენებთ. აქ იყო წარმოება ღვინისა, შამპანიურისა, კონიაკისა და სხ. და მართლაც სამინისტროს სურს ეს წარმოება იქნეს დაცული, გააუმჯობესოს.

ამაზე მიწათ-მოქმედების სამინისტრო თვით მოგახსენებთ. აქედან ლოღიკურათ მე-2 დასკვნა ისაა, რომ ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ ამ მამულებზე და დაუბრუნოთ უკანვე მათ, ვისაც ჩამოვართვით. (ხმაურობა, რეპლიკები). სხვა დასკვნა არ შეიძლება, იმიტომ, რომ თუ თქვენ ამბობთ, რომ მეურნეობა გაფუჭდა, წარმოება დაეცა - ფულზედაც უარი უნდა უთხრათ და მამულიც უკანვე უნდა დაუბრუნოთ მათ ძველ პატრონებს. ჩვენ სწორეთ ამ დასკვნის წინააღმდეგი ვართ. რადგან ჩვენი აგრარული რეფორმა იმ გზით მიდის, რომ ჩვენ გვინდა სამეურნეო დარგში წარმოების გაუმჯობესება მოვახდინოთ და არა გაუარესება. (შენგელაია ადგილიდან: თქვენ ყიდით!)... რა გავყიდეთ. მე კომერსანტი არ გახლავარ, მაგრამ ეს ვიცი, რომ ასეა, ნაწილს წარმოებას ყიდიან და ნაწილს ინახავენ. ეს ყველგან ასე ხდება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.

. თევზაია. სრულიად მართალია, რომ საბიუჯეტო კომისიამ დაუბრუნა ეს წინადადება სამინისტროს იმის გამო, რომ მაშინ არ ჰქონდა საბუთი ეფიქრა, რა კანონის ძალით იქმნა ეს ხარჯი გაღებული. შემდეგ, საფინანსო კომისიამ განიხილა სამინისტროს მიერ აღნიშნული მე-5 პარაგრაფის მე-2-ე მუხლი, რომელიც ეხება იმ თანხას, მის განკარგულებაში რომ არის გადადებული და ამის შემდეგ დაეთანხმა დასტური მიეცა ამ ხარჯის გაღებისათვის. (ხმაურობა) ასეთი მოხმარება ფულის, რომელიც ხდება სამინისტროს მიერ მისაღებია შემდეგი მოსაზრებით: სამინისტროს თავის დროზე უნდა შეეძინა ყურძენი, რომ წარმოება არ შეჩერებულიყო. ჩვენ მინისტრს რომ დროზე არ მიეღო ზომები, მთელი წარმოება შეჩერდებოდა და მაშინ ბ. ასათიანს მეტი საბუთი ექნებოდა ეთქვა, რომ „მეურნეობა მთლად განადგურებულია...“ (კედია ადგილიდან: მაშინ ადრე უნდა მოეთხოვა ეს. რატომ თავის დროზე არ მოითხოვეთ?!) წინდაწინ ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება შეუძლებელია... (გვაზავა ადგილიდან: რომ ყურძენი მხოლოდ შემოდგომაზე იყიდება?!) იმან მიიღო ამისთვის სასწრაფო ზომები, მაგრამ დამფუძნებელი კრების წევრი პატივცემული ასათიანი უფრო შორს მიდის, ვიდრე ეს საკითხს შეესაბამება. ის ამბობს შემდეგს: დიდი წარმოება, რომელიც იყო კერძო პირების ხელში, როდესაც ეს დიდი კერძო წარმოება - გადავიდა სახელმწიფოს ხელში, წარმოება დაეცა, წარმოება განადგურდაო. მაგრამ იმან იცის ძალიან კარგად, რომ აქ წარმოება არ განადგურებულა. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში განადგურდა არა მარტო სახელმწიფო, არამედ განადგურდა კერძო წარმოებაც (ხმა: ეს მსოფლიო ომის ბრალი იყო!), მაშინ თავის-თავად ცხადია დამეთანხმებით, რომ მსოფლიო ომმა წარმოება გაანადგურა (სიცილი). ამის უარის თქმა არ შეუძლიან არავის. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, წარმოება იმდენად არ განადგურებულა და რამდენადაც აქ ეს წარმოება ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს, სათანადო წარმოება სხვა და სხვა ადგილას უკეთეს პირობებში არ იმყოფება. აი, სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ და ბ. ასათიანი წინააღმდეგს დაამტკიცებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რომელიმე დარგის წარმოებას ჩვენში შეადარებს იმავე დარგის წარმოებას სხვაგან, მის ხარჯთ-აღრიცხვას, მაშინ ჩვენ მოგისმენთ მხოლოდ, სანამ ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ, ეს არის ზეპირი განცხადება თქვენი და უბრალო ლაყბობა.

შემდეგ, ჩვენ ეს ხარჯი ან უნდა დავამტკიცოთ, ან არა და საკითხი უნდა დავსვათ ისე, რომ ვინც მთავრობას უცხადებს უნდობლობას, ის მოითხოვს ხარჯების არ დამტკიცებას. აი, ეს არის ლოღიკა! ის კი, ვინც ფიქრობს მთავრობა გაამართლოს და ცდილობს გაამაგროს იგი, ის არ მიჰმართავს ამისთანა საშუალებებს (ხმაურობა) აქ ანგარიში არის წარმოდგენილი სრულებით (ხმა: მას არ ჰქონდა უფლება დაეფარა ეს ხარჯები!)... რატომ თავის დროზე არ მოითხოვა მთავრობამ ეს თანხაო, - აი ეს არის თქვენი დებულება. ახალი სამინისტრო, რომელიც ახლად აწყობს საქმეებს... (ხმა: ეს არის შინაურობა). ეს არ არის შინაურობა, არც ერთ ადამიანს არ შეუძლიან, როდესაც მას ახალი საქმის სათავეში ჩააყენებენ, ყოველი დეტალები გაითვალისწინოს წინდაწინვე.

ჩვენ მოგახსენებთ, რომ ეს ფული დაიხარჯა თავის საქმეზე თუ არა... (ხმა მარჯვნიდან: ყურძენი როდის მოდის?) მე რომ მქონდეს კავშირი რომელიმე კერძო მწარმოებელთან, მაშინ გეტყოდით, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, არა მგონია, რომ ყველა ქართველმა კაცმა არ იცოდეს, როდის მოდის ყურძენი? (არ ისმის).

თავმჯდომარე. გსურთ თუ არა მუხლობრივი განხილვა? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.

თევზაია (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. ეხლა ნება მომეცით დაუბრუნდეთ მერვე საკითხს. სიტყვა ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარეს.

ნოე ჟორდანია. (მთავრობის თავმჯდომარე) მოქალაქენო! ამას წინად თქვენ ამ ტრიბუნიდან გამოგეცხადათ, რომ მთავრობამ დააარსა, ახალი სამინისტრო, ეს არის სამინისტრო მომარაგებისა. მე მინდა დღეს ვსთქვა, რომ ახალ მინისტრს კიდევ მოემატა ორი მინისტრი. მაგრამ სანამ ამ კითხვაზე გადავიდოდე, და მოგახსენებდეთ ვრცლად, მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგაცნოთ ის მოტივები, თუ რისთვის დავაარსეთ მომარაგების სამინისტრო. ამ სამინისტროს დაარსება თავისთავად ნიშნავს და გულისხმობს იმას, რომ მთავრობა თვითონ ჩაება აღებ-მიცემობის საქმეში, ე.ი. ჩვენ შევიქენით იძულებულნი, გამოვსულიყავით ბაზარზე და ვიყიდოთ და გავყიდოთ ისე, როგორც ამას სჩადის რომელიმე ვაჭარი ეს რასაკვირველია, არ არის ჩვენ მიერ, ასე ვსთქვათ მოგონილი, ან და ვისიმე ჟინი, ან ფანტაზია. ეს მდგომარეობა არის გამოწვეული სრულიად ობიექტიურ მიზეზებისაგან, და ეს მიზეზები დღეს მოქმედებენ არა მარტო ჩვენში, არამედ ყველგან, მთელ მსოფლიოში. საქმე იმაში არის, რომ დღეს არა მარტო ჩვენს ახალს რესპუბლიკაში, არამედ მოწინავე ქვეყნებში, მდიდარ ქვეყნებში არის ჩამოვარდნილი დიდი ეკონომიური კრიზისი და ამ კრიზისის, ასე ვსთქვათ ძირი, ანუ მთავარი მიზეზი გახლავთ სულ უბრალო რამ: ეს ის, რომ დღეს კაცობრიობა ხარჯავს მეტს, ვინემ მას აქვს შემოსავალი, მაშასადამე ამ შემოსავალს და გასავლის შუა არის დარღვეული წონასწორობა. თავის თავად ცხადია, რომ აქედან გამომდინარეობს ის ეკონომიური კრიზისი ანუ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხალხს არ ძალუძს თავის ნაშრომით, თავის შემოსავალით თავისი მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს. მიზეზები ასეთი მდგომარეობისა გამომდინარეობენ, რასაკვირველია, თქვენ იცით და ყველამ იცის ეს, უკანასკნელ მსოფლიო ომიდან. ომმა ისე გაანადგურა ძველი საწარმოვო ძალები, რომ ახალი მოთხოვნილებანი ახლად დაბრუნებულ საზოგადოებას - ომის სფეროდან მშვიდობიანობის სფეროში ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებია და ვერ მოუსწრია, რომ აღადგინოს ძველი ნორმალური ეკონომიური კალაპოტი. და ვინაიდან ასეთი არის მდგომარეობა, ვინაიდან ბაზარზე საქონელი მოდის ნაკლები, ვინემ ეს არის საჭირო საზოგადოებისათვის, თავის-თავად ცხადია, რომ ასეთ პირობებში ყოველნაირი კერძო კაპიტალი, რომელიც გამოდის ამ ბაზარზე, ვაჭრობის კაპიტალიდან იქცევა სპეკულიაციის კაპიტლად. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს სპეკულიაცია არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაჭარი, მრეწველი, როგორი პატიოსანი კაციც გინდა იყოს ის, როდესაც ის მიდის ბაზარზე და საქონელს იძენს, იმდენი მთხოვნელები ესევა, რომ ის სწევს ფასს, სწევს ორჯერ, სამჯერ, ასჯერ, და ათასჯერაც რომ ასწიოს, მაინც არის მყიდველი და იმიტომ, რასაკვირველია, ის ხდება სპეკულიანტად. ის რომ არ გახდეს სპეკულიანტი, ვთქვათ ვინმე გამოვიდა პირი ძველი პატიოსნებისა, ე.ი. ძველი ვაჭარი, რომელიც ამბობს - არ ავწევ ფასებს და გავყიდო ცოტაოდენი მოგებით, მაგრამ თქვენ დამერწმუნებით, რომ ის კონკურენციის ძალით იქნება სრულიად განადგურებული ორ-სამ თვეში და სპეკულიაციის კაპიტალი, რომელიც ბატონობს დღეს ბაზარზე, იქნება მაინც გაბატონებული. ასეთ ობიექტიურ მდგომარეობაში არის ბაზარი, თუ სპეკულიანტებს დავანებეთ სრულიად ბურთი და მოედანი, თავის თავად ცხადია, რომ მთელი ხალხი, შეიქნება საწველ ფურად ამ კაპიტალის მსხვერპლად. ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფო უნდა გამოვიდეს, უნდა გაერიოს ამ საქმეში და თვითონ დაიწყოს აღებ-მიცემობა და ვაჭრობა და ერთგვარი კალაპოტი შეუქმნას თვით სპეკულიატიურ კაპიტალსაც და ამავე დროს სახელმწიფო ივაჭრებს და საქმეს აწარმოებს ხალხის ინტერესების თანახმად. ამნაირად სახელმწიფოს მიერ დღეს ვაჭრობის დაწყება ნიშნავს სპეკულიატიურ კაპიტალის ერთგვარ ალაგმვას და მის სათანადო კალაპოტში ჩაყენებას. და უნდა ვსთქვათ, რომ ასეთს ვაჭრობას დღეს მისდევს არა მარტო ჩვენი სახელმწიფო, არამედ ისეთი სახელმწიფოებიც, რომელნიც მუდამ ქადაგებდენ ვაჭრობის თავისუფლებას და არასოდეს არ ქონდათ აზრათ, რომ ვაჭრობაში ჩაერეოდენ. აი, ბატონებო, ეს არის, მოკლეთ რომ ვსთქვათ, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დავაარსეთ ჩვენ მომარაგების სამინისტრო. ეს სამინისტრო ჩვენ შევუერთეთ შრომის სამინისტროს. ეს იწვევს ერთნაირ პროტესტს, ამბობენ სად მომარაგების სამინისტრო და სად შრომის სამინისტრო. უნდა მოგახსენოთ, რომ შრომის სამინისტრო და მომარაგების სამინისტროს შორის არის მეტად მჭიდრო კავშირი. თქვენ იცით, რომ დღეს, ამ სპეკულიაციის ხანაში, თუ ვინმე არის გაჭირვებული, უპირველეს ყოვლისა არის მუშათა კლასი და სახელმწიფო თუ სხვა დაწესებულებათა მოსამსახურენი. რაც შეეხება სხვა კლასებს, ისინი, რასაკვირველია, იმდენათ არ არიან გაჭირვებულნი და შეუძლიანთ თავისი მოთხოვნილება იოლათ დაიკმაყოფილონ. მაშასადამე შრომის წარმომადგენელი, მშრომელი ხალხი, აი ეს კლასი, რომელიც ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიქონიოთ სახეში და მისი მოთხოვნილება სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულ უნდა იქმნეს და ვინაიდან შრომის სამინისტრო არის ამ კლასის სამინისტრო, მის ინტერესებს იცავს, ეს კლასი არის მის გარშემო თავ-მოყრილი, აქედან თავის თავად ცხადია, რომ ის საქონელი, სურსათი, მანუფაქტურა და სხვა, რასაც იყიდის სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადავიდეს ამ კლასის ხელში და ამ კლასს უნდა გაუნაწილდეს. ეს უნდა მოხდეს შრომის სამინისტროს საშულებით, ვინაიდან ამ სამინისტროში არიან ამ კლასიდან გამოყოფილი ხალხი და ისინი თავის მოძმეთ უფრო კარგათ გაუნაწილებენ, ვიდრე სხვები.

აი, ასეთი არის ჩვენი მოტივები ამ სამინისტროს დაარსებისა. ამასთან უნდა განვაცხადო, რომ მთავრობამ შემოიყვანა თავის წრეში ორი ახალი მინისტრი, იმ დროს, როდესაც ეს დღევანდელი კაბინეტი სდგებოდა, მაშინ, როგორც იცით, ორი დიდი სამინისტრო ერთ პირს ჩავაბარეთ, ეს ორი დიდი სამინისტროები გახლდათ შინაგანი და სამხედრო სამინისტროები. მაგრამ ჩვენ ჩავაბარეთ ერთი პირობით: ვთხოვეთ საშინაო მინისტრს, რომ მას ეტვირთა სამხედრო სამინისტროც და ცხოვრებაში გაეტარებინა სამხედრო რეორგანიზაცია. შემდეგ ამისა შინაგან საქმეთა მინისტრს შეეძლო სავსებით მისცემოდა, თავის სამინისტროს. უნდა ვსთქვათ, რომ შინაგან-საქმეთა მინისტრმა ეს დავალება ჩინებულად შეასრულა, მოახდინა ის რეორგანიზაცია, რომელიც თქვენ ყველამ იცით. ჩვენ ეხლა გვაქვს მჭიდრო, მტკიცე საფუძველი მხედრობისა და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე აღდგება და აშენდება მტკიცე და მამაცი ჯარი. აგრეთვე ამავე დროს მოხდა ჩვენი გვარდიის და ჯარის უფრო მჭიდრო დაკავშირება და ხელი-ხელს გაყრილი მათი ერთად სიარული, აი ეს არის მთავარი საქმე. ჩვენ დავაკისრეთ შინაგან-საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს, მან ეს შეასრულა და ეხლა უბრუნდება სავსებით თავის სამინისტროს. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და სამხედრო მინისტრათ მოვიწვიეთ გრიგოლ ლორთქიფინიძე. (ი. მაჭავარიანი: გენერალია თუ რა არის?) უნდა მოგახსენოთ, რომ სამხედრო მინისტრისათვის აუცილებლად არ არის საჭირო, რომ ის იყოს მხედარი. ველზე უნდა მხედარი, ბრძოლის ველზე. მაგრამ, როცა მინისტრი აწარმოებს ერთნაირ პოლიტიკას, ნუ სწუხართ გენერლებზე, იწუხეთ იმაზე, რომ ის გენერლები იყვნენ კარგები იქ, სადაც ეს საჭირო არის. (ასათიანი: იქაც კარგი გენერლები გავგზავნეთ!) მე მგონია, რომ ასათიანმა უნდა იცოდეს ის ამბავი, რომ საფრანგეთში დიდი ხანია სამხედრო მინისტრად არ არიან სამხედრო პირები. უეჭველია ასათიანმა ეს იცის, მაგრამ ამას ივიწყებს აქ, დამფუძნებელ კრებაში. (ვეშაპელი: პარლამენტის სამხედრო კომისიაში მუშაობის სტაჟი აქვს?)

რაც შეეხება მეორე მინისტრს, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ იუსტიციის სამინისტრო გადავაქციეთ ცალკე სამინისტროთ, ჩვენ ეს სამინისტრო წინეთ დაუქვემდებარეთ გარეშე-საქმეთა მინისტრს. მართალია, რომ ამ სამინისტროს სენატის დაარსებით შრომა რამოდენიმეთ მოაკლდა, ე. ი. მოსამართლეთ ნიშნავს სენატი, მაგრამ მეორეს მხრით ამ სამინისტროს შრომა მეტათ გართულდა. საქმე იმაში არის, რომ ჩვენს ახალ წყობილებაში, დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი სამოქალაქო კანონმდებლობა, ეს 10-15 ტომი, რომელიც იყო ძველ არხაიულ რუსეთში, ჩვენში არსებობს, ეს კი სრულებით არ შეეფერება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას და იმიტომ პირველი აუცილებლობა და მთავრობის ვალდებულება არის, რომ ეს ძველი კანონები სრულიათ იქნეს განხილული და ჩვენი დღევანდელი წყობილების თანახმათ იქნეს შემუშავებული და თქვენს წინაშე წარმოდგენილი. არის დიდი სამუშაო, ამას დიდი ენერგია სჭირია და სწორეთ ასეთი პირი ჩვენ მოვიწვიეთ, ეს არის ენერგიის პატრონი და მცოდნე რაჟდენ არსენიძე (ტაში). ამნაირათ დღეს ჩვენ გვყავს 8 მინისტრი, თითქმის თვითვეულ უწყებას ჰყავს თავისი საკუთარი პატრონი და მომვლელი. (გვაზავა: რასაკვირველია, ეს საჭირო იყო!) უნდა მოგახსენოთ, რომ, როცა ასეთი დადგენილება გამოგვქონდა, სახეში გვქონდა არამარტო ის, რაზედაც მე მოგახსენეთ, არამედ გვქონდა სახეში, ასე ვსთქვათ, ჩვენი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივებიც. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ხანაში, რომ თვითეული მინისტრი, თვითვეული მოხელე, თვითვეული მოქალაქე უნდა იყოს თავის პოსტზე. უნდა იყოს დარაჯათ, რესპუბლიკის ინტერესებისა, რომ ამით მოსალოდნელი პოლიტიკური თუ სამხედრო, ასე ვთქვათ, გამწვავებანი თავიდან ავიცდინოთ. თქვენ იცით, რომ ერთი თქვენი ასეთი გამწვავება შეიძლება სულ ახლო მომავალში მოგვევლინოს ჩრდილოეთიდან, თავის-თავად ცხადია, რომ, როცა ბოლშევიკები დაამარცხებენ დენიკინს, ისინი ჩვენს საზღვრებზედ არ გაჩერდებიან, (კედია: მართალია!) თუ ეს მართალია, შეიძლება არც იყოს მართალი, მაგრამ ჩვენც მაინც უნდა ვიქონიოთ ეს სახეში და ჩვენი საშინაო და საგარეო მდგომარეობა ამის მიხედვით მოვაწყოთ. აქ უეჭველია როლს ითამაშებს ის, რომ გვეყოლება სამხედრო ძალა ერთის მხრივ და მთელი საქართველო მეორეს მხრივ იქნება ერთსულოვნად გამოსული ე.ი. შინაგანი სიმტკიცე და მაგარი ფრონტი - აი ეს იქნება საშვალება, რომ მოსალოდნელ საფრთხეს თავი დავახწიოთ, ამიტომ მთავრობას აქვს სახეში მოქმედება კიდევ უფრო გააძლიეროს: მართვა-გამგეობა, მხედრობა, გვარდია და შინაური წესრიგი მტკიცედ დაიცვას და ვფიქრობ, დარწმუნებულიც ვარ ამაში, როცა ყველას ეს იქნება შესრულებული, ყველა იქნება თავის პოსტზე, ჩვენ ყველანაირ საფრთხისაგან გამოვალთ გამარჯვებულნი. (ტაში).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

ალ. ასათიანი. ბ-ბო, დამფუძნებელი კრების წევრნო! თვე ნახევარი გადის, რაც ჩვენ მოუთმენლად ველით ბ-ნ მთავრობის თავჯდომარისაგან განმარტებას ახალი სამინისტროს დაარსების შესახებ.

ვფიქრობდით, რომ მიზეზი, რომელმაც გამოიწვია ახალი სამინისტროს დაარსება, იყო მეტად რთული, მეტად მნიშვნელოვანი და თვით საკითხიც კი, რასაკვირველია, იმდენად საყურადღებო დამფუძნებელ კრებისთვის არსებითად და აგრეთვე უფლებრივად, რომ ეს საკითხი არ უნდა გადაწყვეტილიყო დამფუძნებელი კრების დაუკითხავად.

ამ ჟამად, ჩვენ შემთხვევა გვეძლევა გამოვთქვათ ჩვენი აზრი ახალი სამინისტროს დაარსებისა და მისი წინამორბედის მუშაობის შესახებ.

უწინარეს ყოვლისა, უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ თვით წესი სამინისტროების ამგვარად შედგენისა, სრულიად არ შეეფერება პარლამენტარულ წყობილებას. თუმცა პარლამენტარიზმის საკითხი დიდი ხანია დაყენებულია სოციალურ-დემოკრატიულ წრეებში და ამ პარტიას ამის შესახებ თავისი აზრიც აქვს გამოთქმული, მაგრამ, მეტად ბუნდოვანი. თქვენ ხშირად პარლამენტარულ წყობილებას უპირდაპირებთ დემოკრატიულ წყობილებას. თეორიულადაც ეს მეტად ახირებული აზრია, მაგრამ ახლა ჩვენ მას არ შევეხებით, ხოლო საკითხს რომ პრაქტიკულად შევეხოთ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი პარლამენტარული, თუ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც არსებობდეს ისეთი წესი, რომ ისეთი უწყების დაარსება, რომელნიც მოითხოვს ხაზინიდან ხარჯს, კრედიტებს, რომელსაც ექნება ერთგვარი სახელმწიფოებრივი უფლებები, ხდებოდეს საკანონმდებლო ორგანოს დაუკითხავად. მომარაგების სამმართველოს და შემდეგ მომარაგების სამინისტრის დაარსება მოხდა სწორედ არაპარლამენტარული წესით.

მომარაგების სამმართველო დაარსდა მთავრობის დადგენილებით, თუ არ ვცდები, 12 ივლისს. ეს კანიკულების დრო იყო, და ვფიქრობ, რომ მთავრობამ ეს უფლება ავანსად მიიღო. ამ უწყებას გადასცეს ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ერთი განყოფილება - საქონლის გაცვლის კომიტეტი, რომელსაც ლეგალური არსებობა ჰქონდა. შემდეგ 4 ოქტომბერს მომარაგების სამმართველო გააუქმეს, როგორც ცალკე უწყება და გადასცეს ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს. შემდეგ ეს უწყება იქიდან დააბრუნეს, სრულიად გააუქმეს და მის მაგიერ დაარსდა მომარაგების სამინისტრო. არც ერთი ნაბიჯი დამფუძნებელ კრებას არ მოხსენებია. მხოლოდ ეხლა, ერთი თვის წინად, ჩვენ გვამცნეს, რომ დაარსდა ახალი სამინისტრო და მინისტრად მოწვეულია ესა თუ ის პირიო.

ვფიქრობ, რომ ასეთი post factum ცნობა დამფუძნებელ კრებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისა, როგორიც არის სამინისტროების დაარსება, თუ გაუქმება, ყოვლად შეუწყნარებელია და არ შეესაბამება იმ წყობილებას, რომელსაც ჩვენ ვამყარებთ.

ეს ფორმალური მხარე არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის, რასაკვირველია, არსებითი მხარე ამ საკითხისა.

დაარსდა ახალი სამინისტრო. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა საფუძველზე აწარმოებს ეს სამინისტრო თავის მუშაობას.

როგორ პოლიტიკას აწარმოებს ის? იქნება პოლიტიკა ახალი თუ გაგრძელება იმისა, რასაც გაუქმებული მომარაგების სამმართველო აწარმოებდა წინად? ჩვენ ამის შესახებ მოვისმინეთ მთავრობის თავმჯდომარის აზრი და უნდა მოგახსენოთ, რომ გარკვეულად ვერ გავიგეთ, როგორი იქნება მიმართულება ამ უწყებისა. მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა რომ მთავრობა ჩაერევა ვაჭრობის საქმეში, რომ დიდი ქვეყნები, ძლიერი ქვეყნებიც იძულებული არიან ამ გზას დაადგნენ. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ამ ჩარევას, მრავალი სახე აქვს, ვაჭრობაში ერთგვარად ერევა ინგლისიც, ჩარევას აწარმოებს რუსეთის ბოლშევიკებიც. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა გზით ერევა აღებ-მიცემობაში ჩვენი მთავრობა. ამის შესახებ არც მთავრობის თავმჯდომარე და არც ახალი უწყების მეთაურები არაფერს გვეუბნებიან.

მთავარი კი სწორედ ეს არის, თორემ ისე განყენებულად, მე მგონია, დამფუძნებელ კრებაში არავინ იქნება წინააღმდეგი იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობა ჩაერიოს ვაჭრობის საქმეში, ვინაიდან, ისეთია დღევანდელი საერთაშორისო ეკონომიური მდგომარეობა, რომ ძნელია დაცვა ქვეყნის სიმდიდრის, ქონების, უკეთუ ერთგვარ სისტემაზე არ აშენდა საგარეო ვაჭრობა.

ეს ახალი სამინისტრო არის მემკვიდრე მომარაგების სამმართველოსი. ეს სამმართველო აღმოცენდა იმ სისტემიდან, რომელსაც ჩვენში აწარმოებდა წინად ეკონომიურ დარგში ჯერ სასურსათო სამინისტრო და შემდეგ სასურსათო საბჭო. ამათთან არის აგრეთვე მომარაგების კომიტეტი, სადაც თავი მოიყარა ყველა ქონებამ, რომელიც ფონტიდან დარჩა.

უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა ეს უწყებები, რომელნიც აწარმოებდნენ ჩვენი ქვეყნის უდიდეს მნიშვნელობის საქმეს, ყველა ეს უწყებები დაარსებული არიან და არსებობენ იმავე არა ლეგალურ საფუძველზე, როგორც მომარაგების სამმართველო. ამ უწყების განკარგულებაში იყო და ნაწილი ეხლაც არის, რამოდენიმე მილიარდის ქონება. ამ უწყებას მინიჭებული ჰქონდა მთავრობის მიერ უდიდესი უფლებები - ფორმალურად და ფაქტიურად, ეკონომიურ ცხოვრების უდიდეს საქმეებში ჩარევისა და ასეთ უწყებების არსებობა კანონმდებლობითი გზით არ ყოფილა დადასტურებული და ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე შედგენილია ამ უწყებათა შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი, თითქოს ეს უდიდესი ეკონომიური ხასიათის უწყებები არც კი არსებობდენ რესპუბლიკისათვის, თითქოს ეს სიმდიდრე, ეს უწყებები კერძო პირი იყოს და არა სახელმწიფოსი.

მე, რასაკვირველია, არ შეუდგები დაწვრილებით ამ უწყებების მუშაობის განხილვას, მაგრამ საყურადღებო არის აღინიშნოს მთავარი ხაზი მათი მუშაობისა, და ეს მისთვის, რომ იქონიონ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი მემკვიდრეობა აქვს ამ ახალს მომარაგების სამინისტროს.

როდესაც ამ უწყებაზე არის რაიმე სჯა, ყველა იმის მოლოდინშია, რომ ლაპარაკი იქნება ამა თუ იმ ბოროტმოქმედებაზე და სხვა. მე პირადად, აზრადაც არ მაქვს ამ ბოროტმოქმედებათა კონკრეტიულად აღნიშვნა და ვფიქრობ, რომ არც აქვს ამას ისეთი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს ბოროტმოქმედება, რაც უნდა მრავალი და მნიშვნელოვანი იყოს, ყოველ შემთხვევაში წვეთი არის იმასთან შედარებით, რაც ზარალი მოაქვთ ამ უწყებებს იმის გამო, რომ ყოვლად მიუღებელს და ყოვლად ცუდს და შემცდარს საფუძველზე არიან აშენებულნი. ძველი მომარაგების კომიტეტის შესახებ, ერთი მხრით, და სასურსათო საბჭოსა და სამინისტროს შესახებ მეორეს მხრივ, მოიპოვება ოფიციალური ცნობები, რომელნიც საკმაოდ ახასიათებს მათს ვითარებას. ასე რომ მთავრობა ამ უწყებათა მდგომარეობას უნდა იცნობდეს. იმ მოხსენებაში, რომელიც წარმოადგინა სახელმწიფო კოტროლიორმა დამფუძნებელ კრებაში საკმაოდ დახასიათებულია ეს უწყებები. ამ მოხსენებიდან მე ამოვიღებ მთავარ დასკვნებს.

სახელმწიფო კონტროლის დაკვნა ამ უწყების შესახებ შემდეგია: «მომარაგების კომიტეტის მიერ იყო მიღებული მრავალი სხვა და სხვა სახის მასალა და ქონება საერთოდ ასეულ მილიონებად ღირებული. (ეს ღირებულება ორი-სამი წლის წინა ფასებით უნდა ვიანგარიშოთ). თავის თავად ცხადია, რომ ასეთი დიდი ქონება საჭიროებდა სათანადო მეთვალყურეობას და ანგარიშს, რაც მისცემდა მთავრობას საშუალებას, რომ შეფარდებულიყო მომარაგებისა და საზრდოობის მოთხოვნილებანი, მაგრამ არავითარი რეგისტრაცია არ უწარმოებია კომიტეტს იმ სხვა და სხვა ქონებათა შესახებ, რომელიც მას დარჩა ლიკვიდაცია-მოხდენილ სამხედრო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებისაგან და ამ მხრივ რაიმე რეალურ ნაბიჯის გადადგმა არ აღმოჩნდა რევიზიის დროს“.

როგორც საერთო მოვლენა, კონტროლმა შენიშნა საქონლის არევ-დარეულობა, ძვირფასი მანქანების და სხვ. გარედ დაყრა და გაფუჭება, მანქანის ზოგი ნაწილის გადატან-გადმოტანა და ზოგის კი დატოვება, გარედ დაყრა ქონების, როცა იქვეა ცარიელი საწყობები. ერთი სიტყვით კონტროლის დახასიათებით, საერთო «აოხრება, უწესოება, უთადარიგობა“, არამც თუ ქონებას იტაცებენ დარაჯებ მიყენებული საწყობებიდან, არამედ თვით საწყობთა შენობებსაც ანგრევენ და მიაქვთ. ამ საერთო მოხსენების გარდა იყო რამოდენიმე მოხსენება კონტროლისა, რომ მტაცებლობა გახშირებულია და სადარაჯო სამსახური ჯეროვნად არ სრულდება. კონტროლი მარტო საქონლის დაცვაში არ ხედავს უდიდეს უწესრიგობას.

უნდა აღინიშნოს, რომ მომარაგების კომიტეტი სრულიად უსისტემოდ არიგებდა საქონელს: არ იყო დაწესებული თუ ვის და რა ნორმით უნდა მისცემოდათ საქონელი: იღებდენ სახელმწიფო დაწესებულებებიც, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, კოოპერატივებიც, კერძო დაწესებულებებიც და ძლიერ ბევრი კერძო პირებიც, ისიც იმ რაოდენობით, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროებას აღემატება. გულუხვად საქონელს აძლევენ ნისიადაც.

შტატები შეიმუშავა, მთავრობის დამტკიცებაც არ მოუთხოვია, შემოსავლიდან თავისი კასა შექმნა და საერთო წესდების წინააღმდეგ გაყიდული საქონლის ფასს თავისთან იტოვებდა.

კონტროლის მიმართვამ მიწად-მოქმედების მინისტრისადმი (№230), რომ მას მიეღო გადაჭრილი ზომები საჭირო წესების დასამყარებლად, არამც თუ არავითარი ნაყოფი არ მოიტანა, პასუხიც ვერ გამოიწვია. საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ კონტროლის შეკითხვების გამო მიყრუება მიწად-მოქმედების მინისტრმა სისტემად გადაიქცია. რევიზიამ პატარა ხაზინები აღმოაჩინა სხვა და სხვა დაწესებულებებშიც. და ასე ამ სახით გრძელდება ამ უწყების მუშაობის ყოველი დარგის დახასიათება.

ასევე მოკლედ შევეხოთ მეორე დიდი სახელმწიფო მეურნეობის უწყებას - სასურსათო სამინისტროს და საბჭოს. მოვიყვან სახელმწიფო კონტროლის რევიზიიდან რამოდენიმე ცნობას:

„მე არ შევეხები სასურ. სამინისტროს მოხელეების ბოროტ-განზრახვებზე და მოქმედებებზე მითქმა-მოთქმას, მაგრამ არ შემიძლიან არა ვსთქვა, რომ პურისა და მარილის ოპერაციის განხილვა ჰქმნის ისეთს შთაბეჭდილებას, რომ სამინისტრო ზერელედ ეპყრობოდა, როგორც ხაზინისა და მცხოვრებლების ინტერესებს, ისე რესპუბლიკის მთავრობის პრესტიჟს.

მან დაიწყო საქონლის შესყიდვა ფასების გამოურკვევლად, არ დანიშნა შეჯიბრებები, დაუშვა ნიღაბ-აფარებული გაყიდვა შაქრისა და მარილისა, განაღდება ჩეკთა და მოწმობათა და სხ. და სხ.

სასურსათო სამინისტროს ანგარიშ-წარმოებისა და ზოგიერთ ოპერაციათა ფაქტიურმა განხილვამ ალაგობრივ ვერ შეარყია კონტროლის აზრი, რომ სამინისტროს მოქმედება საზარალოა მცხოვრებლებისათვის და ხაზინისათვის.

ნამეტნად უთავბოლოდ იყო დაყენებული ანგარიშ-წარმოება სიმინდის დამზადების საქმეში ჩრდილო-კავკასიაში“ და სხ. და სხ.

სასურსათო საბჭოსა და სამინისტროს მდგომარეობის გამოსარკვლევად განსაკუთრებული რევიზიაც დანიშნა მთავრობამ. ამ რევიზიამ აღნიშნა საშინელი უანგარიშობა, უწესრიგობა, ყოველგვარი სამეურნეო წესების უქონლობა ამ უწყებაში. სამწუხაროდ ყველა ეს რევიზიები უქმი გამოდგა. ეს უწყებები ძველებურად განაგრძობენ ცხოვრებას.

საერთოთ, ამ უწყებათა შესახებ, ყველა რევიზიების მიერ აღნიშნული არის, რომ მათ არ სწამთ წარმოების ელემენტარული წესები, რომელიც გულისხმობს ანგარიშის წარმოებას ბუხგალტერიის შემწეობით. მათ არ სწამთ კონტროლი, ისინი ვერ ახერხებენ მიბარებული ქონების დაცვას. ამის გამო რაც მათ უვარდებათ ხელში, არავინ იცის სად და როგორ დაიხარჯება, თუ გაიფლანგება. და ეს აღნიშნული არის კონტროლის და სხვა რევიზიის ოქმებში, და ზოგიერთ შემთხვევაში კი თვით უწყების მიერ წარმოდგენილ მოხსენებაშიც. სახელმწიფო ქონება და მეურნეობას სხვა უწყებებიც ეწევიან. მიწადმოქმედების სამინისტროს უდიდესი მამულები და წარმოებანი აბარია. მე ეხლა არ შეუდგები ამ წარმოებათა დაქვეითების და დღევანდელი უმწეო მდგომარეობის განხილვას. ამის შემთხვევა გვექნება მაშინ, როდესაც მოვისმენთ მოხსენებას დამფუძნებელი კრების კომისიისას, რომელმაც დაწვრილებითი რევიზია მოახდინა უწყებისა.

მეურნეობაში დაცვა იმ ქონების, რომელიც არის ამ მეურნეობის საწარმოებლად გადადებული, - ეს ერთი საქმეა. ეს აუცილებელია იმდენად, რამდენადაც მეურნეობა მოითხოვს ერთგვარ თანხას, კაპიტალს; თუ წარმოებაში არ არის არავითარი წესი დამყარებული, თუ არ არის ანგარიშები, კონტროლი, - თავის-თავად ცხადია, რომ ეს ქონება არ იქნება ისე მოვლილი, როგორც საჭირო არის. და აი, ამ საერთო მოვლენებს ვხედავთ ყველა იმ უწყებაში, რომელიც მე ჩამოვთვალე. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში ხშირად კითხვები აღძრულა სახელმწიფო მეურნეობის ასეთი ვითარების შესახებ. იცით, როგორ იმართლებდენ თავს ამ სახელმწიფოს მეთაურები? საწყობებში ქონება ვერ დაგვიცავს. აშკარად იქურდება-იტაცება ის. ეს ყოველივე ჩვენ ვიცით, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც საიმედო დარაჯები, ყარაულები ვერ გვიშოვია. ვინც დავაყენეთ, ყველა ქურდობას იწყებსო. ბ.ბ. რა მიზეზია, რომ ჩვენი სახელმწიფო საწყობებისთვის ჩვენ ვერც ურდულები გვიშოვია დასაკეტად და ვერც დარაჯები მცველად. თუ კერძო საწყობების პატრონები, ბანკები, სავაჭრო საზოგადოებანი და კერძო პირები ახერხებენ თავის საწყობების დაცვას და ამისთვის ურდულებსაც შოულობენ და დარაჯებსაც, სახელმწიფოს რად არ შეუძლია ეს? არა, ბ-ბო, როდესაც ამ უწყებებში გამეფებულია ისეთი წესები, როდესაც არავინ იცის, რომელ პირს რამდენი საქონელი აბარია, ვის რამდენი მიაქვს, ვინ რამდენი წაიღო, როდესაც არ წარმოებს უბრალო დავთრული ანგარიშებიც, ვერავითარი ურდულები და დარაჯები ვერ დაიცავენ სახელმწიფოს ქონებას. და ასეთს პირობებში არ არის გასაკვირველი, რომ რევიზიამ ვერ გაიგო რამოდენიმე ათეული ვაგონი შაქარის ასავალ-დასავალი, შაქარი, რომელიც ბათუმიდან წამოვიდა ევაკუაციის გამო. ასევე კიდევ რამოდენიმე ვაგონ შაქარზე, რომელიც სადღაც გაიტანეს. (ელიავა: ვინ იცის რამდენი!) საქონლის ცნობასაც არ მოუწევია რევიზიასთან? და განა შესაძლებელია, რომ ასე წარმოებულმა მეურნეობამ კეთილი შედეგები გამოიღოს ქვეყნისთვის?

მაგრამ ამ მხრივ ყველა სხვა სახელმწიფო ხასიათის სამეურნეო უწყებებს უთუოდ მომარაგების სამმართველომ გადააჭარბა. მის მუშაობას შემდეგი ავტორიტეტული ცნობები გვიხასიათებს. (კითხულობს).

ორასი მილიონის გადაბრუნებულ თანხაზე, ჰყავს მხოლოდ ერთი ბუჰხალტერი.

ანგარიში სწარმოებს სრულიად პრიმიტიული, სრულიად არ წარმოებს საქონლის ანგარიშები, საქონლისათვის წიგნები არ არსებობს და მრავალ მილიონის შემოსული საქონელი ინიშნება საწყობებში ცალკე ფურცლებზე. ასევე პრიმიტიულად სწარმოებს გასანაწილებელი საქონლის ანგარიშები. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ საქონლის დიდი ნაწილი ეძლევა ნისიად ერობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომელნიც გლავსნაბისთვის ხორბლის დამზადებას აწარმოებენ, სწორი საქონლის ანგარიშის უქონლობას აუცილებლივ უნდა მოჰყვეს ამ უწყებებთან ანგარიშების გასწორების შეუძლებლობა. პირის ანგარიშები არ არის და მათი შედგენა ჯერ არც კი დაწყებულა ბუჰხალტერის უყოლობის გამო. (ელიავა: ეს ისტორიული ცნობაა!). დიახ, ისტორიული ცნობაა, მაგრამ მეტად საყურადღებო ცნობაა.

მთავარი სამმართველო არსებობს, მაგრამ მას არ მოეპოვება რაიმე მტკიცე უფლებრივი კონსტიტუცია. დებულებაში აღნიშნული საბჭო არ არსებობს ფაქტიურად, ვინაიდან არცერთი მისი წევრი არ ესწრება სხდომებს. საბჭოს მაგიერ მოქმედებს კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ფინანსთა და მრეწველობის მინისტრის ამხანაგი ს. ლ. ავალიანი, მთავარ-მმართველი თუ მთავარი გამგე ი. გ. ქარცივაძე, განყოფილებათა გამგენი მ. ი. შრედერი და ნ. ი. ფადიდეევი. ეს იურიდიული გამოურკვევლობა გლავსნაბის გაზეთებში გამოცხადებულ ცნობასთან ერთად მისი გაუქმების შესახებ უკარგავს ნდობას ამ დაწესებულებას და ბაზარზე ქმნის შიშიანობას.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გლავსნაბში მუშაობას ეძლევა შემთხვევითი ხასიათი, საქმეები ჩერდება, საქმეები კიდეც იკარგება და სხვა. აღნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება კონტრაგენტებისთვის პირობების შესრულება, რაც ემუქრება ხაზინას მრავალ მილიონის სავსებით დასაბუთებული პრეტენზიებით. დოკუმენტები კიდეც გვპირდება, რომ საქმეები კიდევ უფრო აირევა და სხვა. თქვენ იფიქრებთ ეს ანონიმია; არა ეს აღსარებაა. თქვენ იფიქრებთ ბ-ბო, რომ ერთ ერთი ანონიმია, რომელიც «ერთობის“ რომელიმე მკითხველმა გაუგზავნა რედაქციას მას შემდგომ რაც რედაქციამ თავის მკითხველებს სთხოვა - ამხილეთ ჩვენი ამხანაგების მუშაობა, ნუ დაზოგავთ მათო.

არა ბ.ბ. ეს არის აღსარება, რომელიც გლავნსნაბის მთავარ-გამგემ თვით წარუდგინა 4 ნოემბერს მთავრობის თავმჯდომარეს მოხსენების სახით.

არ გვაქვს მთლიანი ეკონომიური გეგმა.

უნდა გავიმეორო ჩვენგან მრავალჯერ თქმული, რომ ჩვენ მთავრობას, არც წინეთ და არც ახლა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არც ჰქონია, და არც აქვს გარკვეული ეკონომიური პოლიტიკა და სამეურნეო საქმის წარმოების გეგმა. მთავრობა მიეჩვია ჩვენ ასეთ განცხადებას და არავითარ ყურადღებას არ აქცევს მას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს უნდა გვამცნოთ, გაქვთ თუ არა რაიმე პერსპექტივები, თუ ასე ივლით თვალ ახვეული? (სოც.-დემ. ხმა: თქვენი გეგმა წარმოადგინეთ!) ჩვენ ბევრჯერ წარმოვადგინეთ გეგმა, მაგრამ თქვენ ყურადღებას არ აქცევდით, ანგარიშს არ უწევდით. ჩვენ გვინდა გავიგოთ საზოგადოდ, იხედებით წინ იმ გზაზე, რომელზედაც მიდიხართ, თუ ინსტინქტურად მიყვებით ცხოვრების ტალღებს და ანგარიშს არ უწევთ იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვება ამ გზით სვლას. ჩვენ გვინდა გავიგოთ, გაქვთ თუ არა გეგმა, თუნდაც სადაო, გაქვთ თუ არა ელემენტარული აპარატი, - ამას ვერ ვხედავთ. ან რა გზით მიდიხართ... (გრ. ვეშაპელი: არც მარჯვნივ და არც მარცხნივ!) ეს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, შეიძლება კარგი სადემაგოგიო მასალა იყოს, მაგრამ ამ ჯვარედინ გზაზე ცხოვრება არ დაგვტოვებს საბოლოოდ, იგი ან მარჯვნივ გადაგვაგდებს, ან მარცხნივ. ამიტომ საჭიროა მთავრობამ ანგარიში გაუწიოს იმას, რომ ცხოვრება ერთ წერტილზე არ გაგვაჩერებს, იგი მოძრაობს. (ხმა სოც.-დემ. სკამებიდან: თქვენთვის რომელი გზაა კარგი, მარჯვნივ თუ მარცხნივ?) ის რომელიც ხალხისთვის არის სასარგებლო. (ხმა: რომელი ხალხისთვის?) რესპუბლიკის მცხოვრებთათვის! თქვენგან თუ ვიანგარიშებთ ეს გზა მარჯვნივ იქნება, მაგრამ ჩვენგან ის პირდაპირ მიდის.

საზოგადოდ ყველა ამ უწყებათა მუშაობა და მთელი ეკონომიური პოლიტიკა თავიდანვე გაურკვევლად და შეუმუშავებლად სწარმოებდა. თუ რამ იყო ასე თუ ისე გარკვეული, ეს ისევ თქვენი ის სისტემა, რომელიც არსებობდა რუსეთში რევოლიუციამდე და რევოლიუციის შემდეგ ეს პოლიტიკა ჩვენ, რასაკვირველია, საქართველოშიც გამოვცადეთ. მისი მთავარი საფუძვლებია: მტკიცე ფასები, რეკვიზიცია, შეზღუდვა. ეს სისტემა აშკარად უარყოფილი იყო რუსეთის ცხოვრებაში და დარღვეული ცხოვრების მიერ. და ჩვენ საკმაო გაკვეთილი გვქონდა მიღებული, რომ იგი არ გამოგვეტანა ასე შეუგნებლად.

ჯერ რუსეთის და შემდეგ ჩვენმა მთავრობამ გარეგნულად შეითვისა ის ეკონომიური სისტემა, რომელიც არსებობდა გერმანიაში ომის დროს. ეს სისტემა ბევრმა სახელმწიფოებმაც გადაიღეს - ზოგმა ცუდად და ზოგმა კარგად, - რუსეთმა კი ყველაზე ცუდად. არავინ არ გაუწია ანგარიში იმას, რომ რაც ნემეცებისთვის კარგია, შეიძლება რუსისთვის, ან ჩვენთვის ძლიერ ცუდიც იყოს. ის პოლიტიკა, რომელიც გერმანიამ შემოიღო ომის დროს ემყარებოდა და ეგუებოდა გერმანიის ეკონომიურ ცხოვრებას, ვინაიდან იგი მტკიცედ იყო დაფუძნებული და მისი წარმეობის სახე მკვიდრად იყო ჩამოყალიბებული. ეს სისტემა რუსეთში სრულიად უნიადაგო გამოდგა, იმიტომ, რომ მრეწველობა აქ არ იყო მთლიანი, იგი მეტად გაშლილი და დაქსაქსული იყო. გერმანიაში შესაძლებელი გახდა უმტკივნეულოდ მოხერხება მტკიცე ფასებისა და საქონლის კონტროლის შემოღება. და ეს იმიტომ, რომ იქ ერთი და იგივე წარმოებაა. გერმანიის სხვა და სხვა კუთხე იმდენად ერთფეროვანია, რომ საქონლის დამუშავება ამ წარმოებაში თითქმის სულ ერთი და იმავე ფასი ჯდება. ასეთ პირობებში შესაძლებელია ისეთი მტკიცე ფასის გამონახვა, რომელიც მისაღებია ყველა წარმოებისათვის და ასეთი ფასების დამყარება არც გამოიწვევს წარმოების შემცირებას. როგორც დროებითი ზომა ეს გერმანიაში სავსებით მისაღები იყო. რუსეთში ეს შეუძლებელი გახდა და ჩვენთვისაც, აგრეთვე, შეუძლებელია იმიტომ, რომ ერთ კუთხეში საქონლის წარმოება ერთი ჯდება. იქავე მეორე წარმოებაში კიდევ სხვა ფასი ჯდება. თქვენ თუ შემოიღებთ ისეთ ფასებს, რომლებიც ყველა ამ წარმოებებს დააკმაყოფილებს, ეს ფასი მეტად მაქსიმალური უნდა იყოს და ამიტომ ჰაერში ჩამოკიდებული დარჩება ვინაიდან ზოგი წარმოებისათვის უფრო დაბალ ფასებში შესაძლებელი იქნება საქონლის გასაღება. მაგრამ თუ თქვენ შემოიღებთ მტკიცე ფასებს, უფრო იაფ წარმოების მიხედვით, მაშინ საქონლის წარმოება რესპუბლიკაში შემცირდება ვინაიდან ასეთი დაბალი ფასები მრავალი წარმოებისთვის მიუღებელი იქნება. მაშასადამე, ასეთი პოლიტიკა ხშირად მიზნის საწინააღმდეგო შედეგებს იძლევა. საქონლით ხალხის ფართე მასების უზრუნველყოფის ნაცვლად თან და თან ამცირებს საქონლის რაოდენობას. ასე ზეპირათ, წინდაუხედველათ შემოღებამ გერმანული წესებისა, როგორც რუსეთში ისე საქართველოშიც, ის შედეგი გამოიღო, რომ სრულიად არივ-დარია ეკონომიური ცხოვრება. ვიფიქრებთ, რომ დრო არის, რომ უარვყოთ ეს პოლიტიკა ყოველ სფეროში.

როგორი იყო ასეთი პირატული პოლიტიკის შედეგი? ყოველი საღი წარმოება გაფართოებასა და გაშლას ესწრაფის. ჩვენში ყოველი წარმოება იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეიკუმშოს, შემცირდეს. ერობები, ქალაქები და სხვა საზოგადო დაწესებულებანი, აღჭურვილია ისეთი უფლებით, რომ როცა სურთ მაშინ ჩამოართმევენ კერძო პირთ ფაბრიკას, ქარხანას, საცხოვრებელ შენობებს თუ სხვა ქონებას. თქვენ იცით, რომ ამ უფლებებით ისინი ფართეთ სარგებლობენ. მეათედ და მეასედ ფასებში ართმევენ ყოველივეს რაც მათ მოეწონებათ. მრავალი წარმოება ჩამოერთვეს მათ ამ წესით. სახელმწიფო მათ მილიონებით აძლევს ფულს, ამ ფულით ისინი წარმოებებს ძენენ. მერე, როგორ პატრონობენ მათ? გაფართოების ნაცვლად, მათ ხელში ეს წარმოებანი სულ ნადგურდება, ისპობა. ეს გასაგებია, პროპაგანდისტები, რომელთაც თავის ცხოვრებაში პროკლამაციების კითხვის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ვერ გაუძღვებიან რთულ წარმოებებს, ისიც საზოგადო საკუთრებას, ეს თვალსაჩინო მოვლენა უნდა იყოს, მაგრამ მაინც გრძელდება. კერძო პირებს ართმევთ იმისათვის, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო წარმოებანი დახუროთ და გაანადგუროთ.

ასევეა საშინაო და საგარეო ვაჭრობაში. თქვენს საბჭოებს და კომიტეტებს მრავალი ასეული მილიონის კაპიტალები ჰქონდათ. მაშასადამე მათ შეეძლოთ დიდ მასშტაბში მოეწყოთ უცხოეთიდან საქონლის შემოზიდვა და აქედან გაზიდვა. თუ ისინი უნარს გამოიჩენდენ, რომელ კერძო პირს შეეძლო კონკურენციის გაწევა, როდესაც მათ ასე დიდი თანხები ჰქონდათ და დიდი უფლებები? ჩვენ რას ვხედავთ? არაფერი არ მოაქვთ, რაც აქვთ იმასაც ვერ პატრონობენ. სხედან პირატებივით ზღვის პირას და უდარაჯებენ ვინ რას შემოიტანს უცხოეთიდან. მას ართმევენ და მტკიცე ფასებში ყიდიან. ცხოვრებას ვაიაფებთო. თქვენ გახსოვთ მაგალითები ნავთის მონოპოლიისა, სოდის, შაბიამანის, მოცვის, შაქარის და სხვ. ფუთი ნავთი რომ ექვსასი მანეთი ფასობდა ჩვენში შემოტანას ვზღუდავდით. ვინც შემოიტანდა ნაწილს ართმევდა საბჭო. რატომაო თუ კითხავდით - აი ამ ნაწილით კონკურენცია უნდა გაუწიოთ შემომტანს და ფასები დავცეთო. როგორც კი გამოცხადდა შემოზიდვის თავისუფლება, ნავთი 25-30 მან. გახდა, შაბიამანი სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა, ვინემ ზაკსოიუზმა. ზაკსოიუზს მოსთხოვეს - ხუთი თუმანი მეტი დაადევი ფასი და ეს მე მომეციო. სოდას ზეპირად შეუმუშავეს სარეკვიზიციო ფასი. სიამოვნებით მოჰქონდათ აუარებელი პარტიები, ოღონდ რეკვიზიცია გვიქენითო. საზოგადოდ ამ უწყებათა მუშაობაში არა არის ერთი მთელი, ცოცხალი ადგილი, ყოველივე არის მიმართული, რომ კერძო ინიციატივა შეზღუდოს, შებოჭოს და ეს მაშინ, როდესაც თვითონ ვერაფერს ვერ აკეთებენ.

თქვენ იკითხავთ - მაშ როგორ სცოცხლობენ, უკე თუ ყოველივე არეულ-დარეული აქვთო? ძლიერ კარგად იცხოვრებენ, სანამ ქონება არ შემოელევათ. ეს უწყებები მრავალჯერ გაკოტრდენ, მაგრამ თუ კიდევ ცოცხლობენ, ეს ჩვენი შერყეული ვალუტის საქმეა. უწყებას, რომელსაც ჰქონდა ორი წლის წინეთ ორასი მილიონის საქონელი თავის ქონების ცხრა მეათედი რომ დაბნეოდა, გაფლანგვოდა, დღეს მაინც კარგი ბალანსი ექნება. ქონებიდან დარჩენილი მეათედი უფრო კარგად ფასობს, ვიდრე მთელი ქონება ფასობდა. ამას გარდა, მათ ისეთი უფლებები აქვთ, რომ როდესაც ქონება შემოაკლდებათ, სხვისას მიითვისებენ რეკვიზიციით და სხ. უკანასკნელ ხანაში მაინც შეუსუსტდათ საქმე. სახაზინო ქონება ილევა, მაგრამ ეხლა სწვდებიან სახალხო ქონებას. აცხადებენ მონოპოლიას მრავალ საგანზე. მონოპოლიის წესი ასე აქვთ შემუშავებული. საქონლის წარმომშობს, მეპატრონეს გროშები უნდა მისცენ, საქონლის ნამდვილი ღირებულების მცირე ნაწილი. შემდეგ ეს ქონება ამ უწყებებმა საზღვარ გარეთ უნდა გაიტანოს, იქ გაყიდოს, სამაგიერო საქონელი იყიდოს და შემოიტანოს. გვიმტკიცებენ ამ გზით ხაზინა მოიგებსო, ცხოვრება გაიაფდებაო. ავიწყდებათ წარსული მაგალითები. როგორი შედეგი გამოიღო ასეთმა მოღვაწეობამ ამ უწყებათა. რესპუბლიკის მცხოვრებთ საქონელს მუქთად ვართმევთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ხაზინას რამე ერგება და ყოველივე არ დაეკარგება ამ უწყების მოხელეთა გამოუცდელობის და საქმის უცოდინრობის გამო? მაგალითები განა ცოტა გვაქვს, როდესაც ჩვენ ვთხოულობთ, რომ ასეთი მონოპოლიები მთავრობამ განახორციელოს მწარმოებელთან ერთად საქონლის წარმოშობასა და მეპატრონესთან შეთანხმებით, რომ გამოყენებულ იქმნას არა მარტო მათი ქონება, არამედ მათი ცოდნაც, გამოცდილებაც და სხვა ამას ანგარიშს არ უწევთ. თქვენმა საბჭოებმა მრავალ ასეულ მილიონების ქონება დაღუპეს გარდა იმისა, რომ ათჯერ მეტი ზიანი მიაყენეს ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას უგუნური შეზღუდვებითა და შებოჭვით და ეხლა მათ კიდევ მილიარდების საქონელი უნდა გადავცეთ სახალხო ბიუჯეტიდან.

ბ. ნოე ჟორდანია თავის მოხსენებაში უმტკიცებდა თბილისის ორგანიზაციებს: საზოგადო და კერძო მეურნეობა კერძო თაოსნობა პარალელურად უნდა განვითარდესო. სახელმწიფო მეურნეობა ვერ შესძლებს კერძო თაოსნობის მაგიერობის გაწევასო. როგორ უნდა განვითარდენ ორივე, როდესაც ერთი შებოჭილი გყავთ, შეკრული და გამზადებული მეორესთვის კერძად? ზედმეტია საზოგადოების გაძარცვა. ასეთს საფუძველზე სახელმწიფო ნაწარმოებანი არსად არ შექმნილა. (ხმაურობა).

ბ-ნ ნოე ჟორდანიას თავის მოხსენებაში არ დაუფარავს თავის ამხანაგებისათვის, და ეხლა უკვე გულახდილათ უმჟღავნებს მათ, რომ მთავრობის ეკონომიური პოლიტიკის მთავარი ღერძი რეკვიზიციის სისტემა ცხოვრების მიერ უარყოფილია და საჭიროა ამ რეკვიზიციის საზოგადოდ მოსპობაო. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება საკმარისი არ არის ვინაიდან ასეთივე განცხადება მოვისმინეთ ერთი წლის წინედაც - იანვარში. მაშინ დადგენილი იყო მთავრობის მიერ, რომ რესპუბლიკის საზღვრებში ყოველგვარი რეკვიზიცია მოსპობილი ყოფილიყო. ეს დადგენილება ცხოვრებაში არ ტარდებოდა და ყოველი საზოგადო დაწესებულება და ორგანიზაცია თავისუფლად ახდენენ რეკვიზიციას ისე, როგორც ეს მათ მოესურვებოდათ. ასეთი წესების შედეგები წარმოებასაც ამცირებს და ვაჭრობასაც. საქონლის შემოზიდვა უცხოეთიდან ასეთი სისტემით მეტად მცირდება და ამით, რასაკვირველია, კიდევ უფრო ძვირდება.

ჩვენ შეიძლება გვისაყვედურონ, რომ თქვენ მოითხოვთ ვაჭრობის სრულ თავისუფლებას. თვით ბ. მთავრობის თავმჯდომარე, პარტიულ ამხანაგებისთვის წაკითხულს მოხსენებაში, ასე ანაწილებს მთელს საზოგადოებას: ზოგნი არიან მომხრე ბოლშევიკური პოლიტიკისა, რომელნიც ეხლავე მოითხოვენ კერძო საკუთრების სრულიად გაუქმებას და ყოველგვარი წარმოების განსაზოგადოებრივებას, ზოგნი კი მოითხოვენ, რომ კერძო კაპიტალს, კერძო ინიციატივას მიენიჭოს სრული შეუზღუდავი თავისუფლებაო.

უნდა გაგახსენოთ, რომ ასეთ აბსოლიუტურ თავისუფლების დამცველი ჩვენ საზოგადოებაში არავინ არის. ჩვენ ანგარიშს უწევთ იმას, რომ სახელმწიფოში არ შეიძლება აბსოლუტური თავისუფლება იყოს არც პოლიტიკაში და არც ეკონომიურ სფეროში. ხალხის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში მომწყვდევა თავისუფლად მოასწავებს ერგვარ შეზღუდვას სრული აბსოლუტური თავისუფლებისა. მოქალაქის ასეთი აბსოლიუტური თავისუფლების შეზღუდვა საშუალებას აძლევს სხვა ინდივიდებს, რომ განახორციელონ თავისი თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ ფარგლებში, თუ მოქალაქეთ შეუზღუდავი თავისუფლება მიენიჭათ იქ არ შეიძლება იყოს ხალხისთვის ნამდვილი თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრება. ამიტომ ასეთ აბსოლიუტურ თავისუფლებას არავინ იცავს საქართველოში, არც ვაჭრობის და არც სხვა დარგში. მაგრამ ჩვენ ვიცავთ, რომ შექმნილი იყოს ერთგვარი უფლებრივი ნორმები ყოველგვარ წარმოებისთვის. სასოფლო მეურნეობისათვის და ვაჭრობა მრეწველობისათვის ასეთი უფლებრივი ნორმები, სამწუხაროდ არ შეგვიქმნია და ზეპირი დეკლარაციები ამ შემთხვევაში ვერავითარ ნაყოფს ვერ გამოიღებს. თუ თქვენ პარტიულ ამხანაგებს შეეძლება ყოველთვის როცა მათ მოეხასიათებათ ჩამოართვან მეპატრონეს კულტურული მეურნეობა, ქარხანა წარმოება თუ სახლკარობა, ანუ საქონელი, როცა ეს მათ მოეხასიათებათ, გეკითხებით თქვენ, ვინ რომელი სულელი ჩაყრის შრომას და კაპიტალს მეურნეობის შესაქმნელად, ქარხნების გასაშენებლად და სხ.? დღეს ასეც არის. ყოველგვარი კულტურული წარმოება და მუშაობა შეჩერებულა და ხელფეხ შებოჭილია, როგორც სოფლად ისე ქალაქად. ასეთ შედეგებს იძლევა თქვენი მტაცებლობის პოლიტიკა. ეს კი ჩვენს ქვეყანას სრულს დაღარიბებას და გაღატაკებას უქადის. ამიტომ არ არის საკმარისი ამ ჟამად სიტყვიერი დეკლარაციები, თუნდაც ბ. ჟორდანიას პირიდან გამომდინარე. უნდა გამოიცვალოს მთელი პოლიტიკა, მთელი ეკონომიური სისტემა. უნდა ცნობილ იქმნა კერძო საკუთრება სახელმწიფოს ეკონომიურ პოლიტიკის საფუძვლად ისევ, როგორც ეს არის ყველა დაწინაურებულს ქვეყნებში.

ამ საგარეო სავაჭრო პოლიტიკას აქვს წმინდა ეკონომიკური მხარეც. ჩვენ შეგვიძლიან ასეთ უწესო ვაჭრობის შემწეობით სრულიად გავანიავოთ მთელი ჩვენი ქონება. ეს იქნება ეკონომიური ზარალი, მაგრამ, თუ არ დავამყარებთ ერთგვარ წესს, შეიძლება - გარდა ეკონომიური ზარალისა, მას მოჰყვეს დიდი პოლიტიკური ზარალიც. ამ გლავსნაბს და იმ სამინისტროს, რომელსაც ეხლა ვქმნით, პირდაპირი დამოკიდებულება ექნება უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან და შეთვისება ამ საკითხის ფრიად საგულისხმოა. თუმცა ჩვენს უწყებებში არამც თუ უბრალო განცხადებებს და ზეპირ საჩივრებს, არამედ ხშირად დიდს ხელშეკრულობებსაც არ ინახავენ, როგორც ამას მომარაგების სამმართველოს მეთაურები ამჟღავნებენ, მაგრამ ოფიციალურ წყაროებში მაინც მოიპოება ზოგიერთი ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენი გართულება და უსიამოვნება აღიძრა რამდენიმე თვის განმავლობაში მომარაგების სამმართველოში. ჩვენ მოქალაქეებზე ვინ იზრუნებს, მაგრამ უცხოელებთანაც მე ვფიქრობ, რომ ყველა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს მთავრობამ, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ხშირად მეტად ტკბილი გრძნობით გამსჭვალულ ნოტებსა სწერს უცხოეთის სახელმწიფოებს. მაგრამ მოგეხსენებათ, ევროპა ცივია და ანგარიშიანი. მას უფრო აინტერესებს ის რეალური ინტერესები საქართველოსთან, რეალური ეკონომიკური ურთიერთობა, მისგან მისთვის საჭირო ნედლი მასალის მიღება და თავის საქონლის მასთან გასაღება.

მე თქვენ წაგიკითხავთ რამოდენიმე მაგალითს იმისას, თუ როგორ ემსახურება ჩვენი მომარაგების უწყება, რომლის ხელშია ჩვენი საგარეო ვაჭრობა, უცხო სახელმწიფოებთან მტკიცე ეკონომიური ურთიერთობის, რაც საფუძველია ყოველი სხვა დამოკიდებულების დამყარებისა და განმტკიცების საქმეს. (კითხულობს):

1) საფრანგეთის მისიის მეთაური უცხადებს ერთი უწყების მეთაურს: ჩვენს კომერსანტებს სურდათ თქვენთან სერიოზული საქმეების დაწყება. შემოჰქონდათ რაც ჩვენ მოგვეპოება. მათ კი მოსთხოვეს ფქვილი 160 მან. ფუთი, შაქარი 400 მან.

ის თხოულობს სავაჭრო კანონს. მას ჰგონია რომ ის პირები, რომელნიც მეთაურობენ ჩვენ უწყებებს, კანონს რაიმე ანგარიშს უწევენ.

დღეს ჩვენთან ყოველივე გამოურკვეველია და ფრანგი კომერსანტები თქვენთან საქმის დაჭერას ვერ გაბედავენო, დაასკვნის საფრანგეთის მისიის მეთაური.

2) საფრანგეთს ოფიციალური წარმომადგენელი (კონსული) შეუთანხმდა უწყებას მცირეოდენ მარგანეცის გატანის შესახებ. სამი კვირის შემდგომ პირობას უცვლიან პური შემოიტანე 160 მანეთადო.

ასევე დონის წარმომადგენელმა მთელი გემი მოიტანა სავაჭრო საქონლით. ეს პირველი ცდა იყო, შემდგომ პური მოეტანა. მტკიცე ფასებში იძლეოდა. სამაგიერო საქონლის გატანის უფლებას თხოულობდა. სამმართველოს აგენტია ფოთში. საუცხოო პირობებს აწვდიდა. ძვირ ფასებში ღებულობდა მისგან საქონელს და ყოველგვარი ნებართვის მიცემას ჰპირდებოდა. მან არ ისურვა აგენტთან საქმის დაჭერა, ოფიციალური დამოკიდებულება ჰქონდა რესპუბლიკასთან. აქ მას სულ სხვა და სხვა გაცილებით უფრო მძიმე პირობები დაუყენეს. საქონლის დიდი ნაწილი უკანვე დააბრუნა, - თქვენთან საქმის დაჭერა შეუძლებელი ყოფილაო.

რასაკვირველია, მე არ ვამტკიცებ, რომ აქ ბოროტი კომბინაცია მზადდებოდა აგენტისა და სამმართველოს მიერ. მე მაინტერესებს მხოლოდ ფაქტი.

შვეიცარიის წარმომადგენელი მეტად შეურაცყოფილია „უხეში მოქცევით“ სამმართველოში. (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი. ხმა სოც.-დემ. სკამებიდან: ვისი, ვისი მოქცევით?) შეიძლება შვეიცარის, ან შეიძლება გადამწერისა. მას უარი უთხრეს იმაზე, რის უფლებაც სხვებს მიანიჭეს. უარი უთხრეს იმაზედაც, რომ წერილობით ემცნოთ მისთვის ამის მიზეზი. (გარეშე საქმ. მინისტრი გეგეჭკორი: სად მოკრიფე ეს ცნობები? ხმები: ერევნის მოედანზე?) არა ბატონებო, არა ერევნის მოედანზე, არამედ ეს სწერია ოფიციალურს მოხსენებაში, რომელიც იმყოფება ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში. თქვენ შეგიძლიანთ მიბრძანდეთ და გაიგოთ. (ხმა: შვეიცარის შეურაცყოფა?) ეს ჩემი დასკვნაა. უნდა ვიფიქროთ, რომ შეურაცყოფა მიაყენა და უხეშად მოეპყრა უცხოელს შვეიცარი ან სხვა ვინმე. მე ვერ წარმომიდგებია, რომ მინისტრი, ან მისი ამხანაგი უხეშად მოეპყრას არამც თუ უცხო სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს, არამედ უბრალო თავის მოქალაქესაც. ის ხაზს უსვამს, რომ ამ სამმართველოს არას დროს არ მიმართავს. შვეიცარიის საქონლით დატვირთულ გემს, რომელსაც მოჰყვება 25 სპეციალისტი ცნობილ პროფესორ გიუშის მეთაურობით იძულებული ვარ სხვა მიმართულება მივცეო.

გაიხსენეთ აგრეთვე ის დიდი წერილი ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენმა ოფიციოზმა „ბორბამ“ გადმობეჭდა ძველი გაზეთებიდან. ამ წერილის ავტორია იტალიელი კომერსანტი კორსი, რომელმაც შემოიარა ამიერ-კავკასია, გაეცნო მას და გაზეთის ფურცლებზე აცნობს იტალიელ მოსახლეობას თავის შთაბეჭდილებებს. იტალიაში მან ჩვენს შესახებ მრავალი საინტერესო საერთო ხასიათის ცნობა წაიღო, მაგრამ აქ მან დაგვიტოვა თავისი შეხედულება ჩვენს სავაჭრო პოლიტიკაზე, რომელიც მან მოკლედ გამოხატა: თქვენთან სერიოზული სავაჭრო ურთიერთობის დაჭერა შეუძლებელიაო. (ხმაურობა. ზარი თავჯდომარისა). ამ გარემოებას, ამ უცხოელებთან დამოკიდებულებას რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ შეგვიძლიან ზოგიერთ შემთხვევაში უარი უთხრათ მათ ამა თუ იმ წინადადებაზე. ეს მთავრობის უფლება არის, მაგრამ ეს უარი, თუ თანხმობა ისეთ წესზე უნდა იყოს აშენებული და ისე გამოთქმული, რომ ერთი მხრივ არ შეურაცხვყოთ არავინ და მეორეს მხრით, არ დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენთან საქმის დაჭერა შეუძლებელია.

როგორც გარეშე ისე შინაური ვაჭრები და მრეწველები ერთხმად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ იმ უწყებებს არა აქვთ შემუშავებული ერთგვარი წესი რომელიც საყოველთაოდ სავალდებულო იქნება, რომ ყოველ ნაბიჯს აქვს შემთხვევითი ხასიათი. ერთსა და იმავე პირობებში, ერთს დააკმაყოფილებენ, მეორეს უარს ეტყვიან. დღეს ყველასთვის სავალდებულო გეგმას შეიმუშავებენ ხვალ დიამეტრიულად საწინააღმდეგოს გამოიტანენ. შემდეგ, როდესაც ახლად დამყარებული წესით ერთი კატეგორია პირებისა ისარგებლებს, ხვალ ეს უცბად მოისპობა და სხვა წესები დამყარდება, თვით უწყების მეთაურები არ მალავენ, როგორც ეს ჩვენ ზევით დავინახეთ, რომ მათ მუშაობას შემთხვევითი ხასიათი აქვს. ასეთი წესების შედეგი ნათელია. ნამდვილი ვაჭარ-მრეწველნი, პროფესიით ამ საქმის მაწარმოებელნი გარიყული რჩებიან, ვინაიდან მათ არ იციან როდის რა წესებია უწყებაში. ყოველივე უვარდება ხელში ისეთ პირებს, რომელთაც არავითარი დამოკიდებულება არ აქვთ ვაჭრობა-მრეწველობასთან. ეს პირები სარგებლობენ იმით, რომ ამა თუ იმ სახით დაახლოვებულნი არიან უწყებაში გამეფებულს წესებთან. ასეთს პირობებში, რომ ფეხს იდგამს და ძლიერდება არა საღი ვაჭრობა, არამედ აღვიწახსნილი სპეკულაცია, ეს არავის არ უნდა აკვირვებდეს.

დიდი ნაწილი ამ შეცდომებისა მიეწერება იმ გარემოებას, რომ უწყების მეთაურებს არ ჰქონიათ გათვალისწინებული ეს საქმე, არ ჰქონიათ მისი ცოდნა. მეორეს მხრივ მათ შეუდგენიათ ისეთი ორგანიზაცია და ისეთი თანამშრომლები აუყვანიათ, რომლებიც სრულებით არ იყვნენ დაინტერესებული ამ საქმით და რომელთათვის ჩვენი რესპუბლიკა და მისი ინტერესები ლითონი სიტყვაა. ყველა იმ დაწესებულებაში სასურსათო საბჭოსა და სამინისტროში და მომარაგების კომიტეტსა და სამმართველოებში და ეხლა კიდევ სამინისტროში თავიდანვე გამგეობად იყვნენ უცხო ქვეყნის ქვეშევრდომები. მე ხაზს უსვავ იმ გარემოებას, რომ იყვნენ უცხო ქვეშევრდომები და არა უცხო ეროვნების წარმომადგენლები. მე სრულიადაც არ მოვითხოვ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში მეტი უფლება ჰქონდეს ერთს ერს მეორეზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში ყველა იმ აზრისა ვართ, რომ რესპუბლიკის მოქალაქენი, რომელი ეროვნების არ უნდა იყვნენ ისინი, ერთნაირი უფლებებით უნდა იყვნენ აღჭურვილი. მაგრამ არ შეიძლება, რომ ყველა ის უფლებები, რომლებიც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეს, ჰქონდეს მინიჭებული არა მოქალაქეს უცხო ქვეშევრდომს. აი, ამ დაწესებულებაში უდიდეს თანამდებობაზე მიწვეულნი იყვნენ უცხო ქვეშევრდომები, რომლებიც არაფრით არ იყვნენ დაკავშირებული ჩვენს რესპუბლიკასთან, ეს უდიდესი მნიშვნელობის უწყებანი, ფაქტიურად მუდამ დიადკინების, ფადილეევების და შრედერების ხელში იყო. მე მესმის, როდესაც თავის ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქე მცირე ჯამაგირში ემსახურება თავის სამშობლოს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როდესაც დიდი ვექილები ჩვენთან მოდიან სულ მცირე ჯამაგირებზე. მე არ მესმის რად გვწირავენ ისინი ასეთ მსხვერპლს. საყურადღებოა, რომ ისინი ყოველთვის სასურსათო საქმეების მეთაურებად გვევლინებიან. ვაჭრობაში გამოუცდელები ვართ, მესმის, რომ უცხოელებიც, მოვიწვიოთ დამხმარებლად. მაგრამ ასეთს ინსტუქტორებად წვრილფეხა კომისიონერები და მოხელეები არ გამოგვადგება.

მრავალი ასეთი პირის ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო არის ერთი ფიგურა. ეს გახლავთ მ. შრედერი. ეს შრედერი ჩამოვიდა ოდესიდგან. არ ვიცი ბრძანდება აქ თუ არა სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც ზოგი რამ უნდა იცოდეს მის შესახებ. ოდესიდან მან ჩაი ჩამოიტანა და ეს პარტია ჩაი უნდა მიეყიდნა სასურსათო საბჭოსათვის, მაგრამ ფასები დიდი დაუდვია და ვერ შეთანხმებულან. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ტიპი მიწვეული იყო დიდ თანამდებობაზე და ბოლოს სასურსათო საბჭომაც ვგონებ შეიძინა ის ჩაი, მისგან თუ სხვა მის მაგიერ პირისგან. ეს პირი გახდა თითქმის მთავრობის წევრი. მე თქვენ წაგიკითხეთ მომარაგების მთავარ სამმართველოს მოხსენება, სადაც დაინახეთ, რომ ამ შრედერმა და გლავსნაბის მეორე ბოძს ფადილეევს ფაქტიურად გაუუქმებიათ მომარაგების საბჭო, სადაც მთავრობისაგან ოთხი მინისტრი იყო დანიშნული და ამის შემდეგ თვითონ აუღიათ თავის თავზე მათი უფლებები.

რასაკვირველია, ჩვენ რომ ვხელმძღვანელობდეთ არსებულ კანონებით, მას შემდეგ, რაც თვით გლავსნაბმა წარუდგინა მთავრობას ასეთი მოხსენება, შემდეგი ერთი რამ იქნებოდა. ეს პირები სისხლის სამართალში უნდა ყოფილიყვნენ მიცემული მთელი რიგი სამსახურის დროს ჩადენილ დანაშაულობისათვის, რომელიც სისხლის სამართლის დებულების მეხუთე განყოფილებაში არის მოხსენებული.

თავმჯდომარე. (ორატორს) თქვენი დრო გადის.

ალ. ასათიანი. გთხოვთ 10 წუთით გამიგრძელოთ დრო.

თავმჯდომარე. ვის სურს, რომ ორატორს გაუგრძელდეს ვადა ლაპარაკისა 10 წუთით? მაშასადამე (ორატორს) თქვენ ათი წუთით გიგრძელდებათ ვადა, ინებეთ.

ალ. ასათიანი. მაგრამ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სხვა უწყების საერთო ვითარება გვავალებს, რომ მივიღოთ ზომები სახელმწიფოს მოხელეთა პასუხისმგებლობის აღსადგენად კანონს წინაშე. ყოველმა მოხელემ უნდა იცოდეს, რომ, როდესაც ის კანონის მიერ მინიჭებულ უფლებებს აჭარბებს და მით სახელმწიფოს ზარალს აყენებს, ის სჩადის ბოროტ-მოქმედებას და პასუხს აგებს კანონის წინაშე. ჩვენ კი ვნიშნავთ კონტროლს, რევიზიებს და როდესაც უწყებებში საშინელი ბოროტ-მოქმედებანი, და დაუდევრობა აშკარავდება, საქმე ჩერდება, დანაშაული არ აღწევს სამსჯავროს კარებს.

დაუბრუნდეთ შრედერს.

მაშინ შრედერი ჩამოვიდა აქ, ვფიქრობ, არა დიპლომატიური დავალებებით, არამედ სავაჭრო ოპერაციებისათვის. მას აქ არ იცნობდნენ, მაგრამ მის შესახებ ზოგიერთი ცნობები მაინც მოჰქონდათ რუსეთიდან ჩამოსულ პირებს. ამბობენ, რომ იგი ყოფილა მოსკოვში ვექილად, და ვექილთა კორპორაციისაგან გადმოურიცხავთ. ეს შრედერი შემდეგ კიევის ოლქში გადაიწერაო და იქიდანაც გამორიცხესო. მას თავი მგონი სოციალისტად მოაქვს და იქნებ ეს დევნა თქვენ პოლიტიკურ რეპრესიებად მიიღოთ.

შემდეგ რევოლიუციის დროს ოდესაში აურჩევიათ სასურსათო საბჭოში (ხმა: აქაც გამორიცხეს?) აქ კი არ გამოურიცხავთ, მაგრამ იძულებული კი ყოფილა სამსახური მიეტოვებინა.

ამის შემდეგ იგი გამომგზავრებულა საქართველოში და როგორც ლეგენდარული იაზონი მოადგა ჩვენ ნაპირებს, ოქროს ვერძის საძიებლად. მას ქონდა რეკომენდაცია ბ. ვოიტინსკისა და შეიძლება მან ამ მიზეზით დაიკავა ასეთი საპატიო ადგილი ჩვენს უწყებებში. ჩემის ცნობებით, როდესაც გლავნსნაბი გაუქმდა, (ბ. ავალიანი აქ ბრძანდება, და მან გვითხრას ასე იყო თუ არა) ძველი მართველობები და ახალი მინისტრი შეთახმდნენ, რომ მინისტრი დათხოვნილი უნდა ყოფილიყო სამსახურიდან. მაგრამ ეს აღარ შესრულდა. ის ახალ უწყებაში გადავიდა და იქ დაიკავა უფრო დიდი ადგილი. ის განიშნეს საგარეო განყოფილების უფროსად. მოგეხსენებათ, რომ საგარეო ვაჭრობა არის მთავარი ღერძი ჩვენი ეკონომიური და ფინანსიური ცხოვრებისა.

ამ განყოფილების უფროსად არის ბ. შრედერი. თუმცა ამ დღეებში წაიკითხეთ, რომ ის გადაუყენებიათ, მაგრამ ის ამ ჟამადაც სამინისტროში არის და დღესაც ოფიციალურად ხელს აწერს, როგორც განყოფილების უფროსი. მე მინდა ბოლოს და ბოლოს გავიგო დარჩება ეს პირი ამ თანამდებობაზე თუ არა.

იყო შემთხვევა, რომ სამინისტროსთან მოლაპარაკებას აწარმოებდენ ევროპიდან ჩამოსული მსხვილი ქართველი მწარმოებლები, რომელიც ზეპირად კი არ ევაჭრებიან, ჩვენს მთავრობას, არამედ ოკეანის გემი მოიყვანეს ჩვენს ნავთსადგურში რამოდენიმე ასეულ მილიონ საქონლით დატვირთული. მათ სამი ოთხი თვის ნამუშევარი ჰქონიათ ჩვენს დელეგაციასთან ევროპაში, მასთან წინასწარი პირობაც კი ჰქონიათ დადებული. მე არ ვეხები ამ პირობებს, სასარგებლო იყო ის თუ არა, ეს მთავრობის საქმეა. და ამ პირებმა კვირაობით ვერავითარი განაჩენი ვერ გამოიტანეს სამინისტროდან გემის მოსვლამდე და ამდენივე დრო მოსვლის შემდეგ. როდესაც ისინი სამინისტროში მივიდოდენ, მათ ყოველთვის შრედერს შეუგზავნიდენ და მის კაბინეტში მიატოვდენ. შრედერი კი თავის ძალას, რასაკვირველია, იჩენდა - ან არაფერს გარკვეულს არ ეტყოდა, ან რიგიანად დაუწყებდა მტკიცებას: ეს მიუღებელია ჩვენი მთავრობისთვისაო. თუ ასე ექცეოდა ის მსხვილს ევროპის მწარმოებლებს, როგორ მოექცეოდა ჩვენს წვრილ ვაჭარ-მრეწველთ. ისინი ერთხმად სჩივიან, რომ მის უწყებაში ჩვენ მოქალაქეთ არ შეესვლებათ, რომ მარტო ოდესის კომისიონერები თუ გამოიტანენ რაიმე განაჩენს და სხ.

მე პირადათ ვფიქრობ, რომ მინისტრს და მის თანაშემწეთ დიდი შეცდომები მოსდის იმის გამო, რომ ისინი საზოგადოდ ანგარიშს არ უწევენ, თუ როგორ მიიღებენ უცხოელები ისეთ გარემოებას, რომ მინისტრი მთხოვნელებს შრედერს უგზავნის მის ცალკე ოთახში, მაშინ როდესაც საქმე ასეულ მილიონებს შეეხება და მაშასადამე არამც თუ ერთი მინისტრი, არამედ მთელი მთავრობაც უნდა სწყვეტდეს ამ საქმეს. (მაჭავარიანი: რუმინეთის ქაღალდი?) ეს რუმინეთის ქაღალდი საინტერესოა იმ მხრივ, რომ იგი შეეხებოდა პურს. რუმინეთიდან ქაღალდი მოსულა, რომელიც იქიდან პურის შემოტანის შესაძლებლობას ჰბადებდა. ეს ქაღალდი შრედერის ხელში იყო და ეს ქაღალდი უცბად დაკარგულა. ეხლა შემთხვევით უნახავთ ის ქაღალდი, რომელიც ამ საშინელ სიმშილობის მოლოდინში იქნება პირდაპირ ცის მანანა ყოფილიყო ჩვენთვის.

(მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია: შრედერი დათხოვნილია!) ეს ჩვენ ასე უნდა გავიგოთ, რომ ის არ იქნება დათხოვნილი, ვინაიდან დღესაც ქაღალდებს უშვებდა სამინისტროდან, როგორც საგარეო განყოფილების გამგე.

რადგან შრედერი დათხოვნილი იქნება, ჩვენ მას თავი დავანებოთ, მაგრამ ეხლა წარმოიშვა შრედერი მეორე. იტალიიდან მოვიდა ცნობა, ვგონებ ვოიტინსკიდან, რომ იქ დელეგაციამ შეიძინა საქონელი. საჭიროა თქვენც დაამზადოთ სამაგიერო საქონელი, ხოლო დაწვრილებით ცნობებისთვის საქართველოში შრედერი წამოვაო. სანამდის ეს ცნობა მოვიდოდა, ამ შრედერმა დიდი წერილები მოათავსა „ბორბაში“. ის დაწვრილებით აცნობებს ჩვენს საზოგადოებას სოციალისტური პარტიების საარჩევნო კომპანიას იტალიაში. ეს, რასაკვირველია, დიდი სამსახური იყო ჩვენი რესპუბლიკისთვის, მაგრამ მე ვშიშობ ვაი თუ ეს მისი მოღვაწეობა საქართველოსთვის მარტო ამით არ განისაზღვროს. მოსალოდნელია, რომ იმან დაიკავოს პირველი იმ შრედერის ადგილი. (გვაზავა: ეს შრედერი ვინ არის?) პირველი შრედერი პეტერბურგელი შრედერი რომ იყო სოციალისტი, ქალაქის თავი, იმის ძმა ყოფილა. მის კარიერაზე ჩვენში ამ ნათესაობას დიდი გავლენა ჰქონია. მეორე შრედერი უკვე შვილი ყოფილა პეტერბურგელი შრედერის. მაშასადამე მას კიდევ მეტი უფლება აქვს ჩვენში საპატიო ადგილი დაიკავოს.

გვეკითხებიან: თქვენ რა გეგმა გაქვთ სახელმწიფო მეურნეობის წარმოებისთვისო. ფრიად მარტივი და ყოველგან მიღებული, რომ სახელმწიფოს ქონება მოვლილი უნდა იყოს თუ უკეთ არა, ისე მაინც, როგორც დაკანონებული იყო ძველი რეჟიმის დროს. სახელმწიფოს ქონება უნდა იხარჯებოდეს წესიერად, უნდა იყოს ცნობილი: კონტროლი, ბუხჰალტერია, რომელიც მის შემდგომ, რაც გამოიგონეს საშუალო საუკუნოებში, აუცილებელი საფუძველია ყოველგვარი წესიერი მეურნეობისა. არსებულ წესების დარღვევა ისჯებოდეს კანონით. ყოველმა მოხელემ უნდა იცოდეს რომ იგი დაისჯება ამ კანონის დარღვევისათვის. ამის გარდა უნდა იყოს მიღებული ერთი რამ: ყოველი მწარმოებელი საქმისა უნდა იყოს დარწმუნებილი იმაში, რომ მას ისევე მოექცევიან, როგორც სხვას, რომელიც მოდის უწყებაში, რომ საქართველოს მოქალაქეს, ვაჭარს არ ჰქონდეს წინდაწინ რწმენა, რომ თუ მას უპირატესობას არ მისცემენ უცხოელთან შედარებით, რაც ყველგან მიღებულია, უარესად მაინც არ მოიქცევიან. უნდა მივატოვოთ ოცნება, რომ კერძო წარმოებათა იოლად ჩამორთმევით და მათი საზოგადო დაწესებულებათა ხელში გადაცემით, სოციალიზმს უახლოვდებოდეთ. გონიერ ქვეყნებში, როდესაც ქალაქი, ან ერობა ვერ უძღვება რთულ წარმოებას, კერძო საზოგადოებებს უამხანაგდება. ეს იქ, სადაც აქვთ ცოდნა, გამოცდილება. ჩვენ კი ყველაფერს ვებღაუჭებით და ყველაფერს ვაოხრებთ. სახელმწიფომ, ერობამ, თუ ქალაქმა წარმოებას მხოლოდ მაშინ უნდა მოჰკიდოს ხელი, როდესაც მისი სარგებლიანობა ნათელი იქნება. არ შეიძლება ასეთი თვალებ-ახვეული მუშაობა ასეთს საქმეში. საქმეს თუ დაიწყებთ, უნდა იყვეს შემუშავებული ერთი წესი და ამ წესის მიხედვით უნდა სწარმოებდეს მუშაობა. არამც თუ ათეულს და ასეულს მილიონებზე ხელშეკრულობებს, არამედ წვრილმან საქმეებსაც უნდა ჰქონდეს შემთხვევითი ხასიათი. საქვეყნოდ უნდა ცხადდებოდეს რისი გატანა შეიძლება, დაახლოებით როგორ პირობებში. ყოველივე ეს არ უნდა შეადგენდეს თითო-ოროლა უწყებასთან დაახლოებულ პირის საიდუმლოებას. ასეთს საფუძველზე უნდა სწარმოებდეს მეტოქეობა, კონკურენცია.

რაც შეეხება ეკონომიურ პოლიტიკას საზოგადოდ, საგარეო ვაჭრობის საფუძვლებს, მონოპოლიების საკითხებს და სხ. ამის შესახებ ჩვენ უკვე მეორე თვეა დამფუძნებელ კრებაში შემოტანილი გვაქვს საკანონმდებლო წინადადება. დამფუძნებელ კრებას ეს წინადადება თავის სჯა-ბაასის საგნად დღემდის არ გაუხდია. მე დღეს მხოლოდ ზოგადათ დავახასიათე ის საფუძველი, რომელზედაც ემყარება სასურსათო და მომარაგების პოლიტიკა, ის ხაზი, რომელსაც ისინი მისდევენ და ის ძალები, რომელნიც მას ამოძრავებენ. მთავრობის თავმჯდომარისაგან ჩვენ პასუხს მოველოდით - გაგრძელდება კიდევ ასე, თუ შეიგნო მთავრობამ, რომ დროა შევაჩეროთ ამ სახიფათო გზით მსვლელობა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.

გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) მე მსურს დამფუძნებელ კრების ყურადღება შევაჩერო იმ საკითხზე, რომელიც აქ წამოყენებული არის. სამწუხაროდ დეპუტატმა ასათიანმა ისე დააყენა საკითხი, რომ ის უმთავრესი დებულება, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ წამოაყენა, თუ ასე გავყევით, შეიძლება მთლად დაჩრდილულ იქმნას. მე კი შევეცდები შევაჩერო თქვენი ყურადღება მთავარ საკითხზე, რომელიც აქ არის და კვალ და კვალ უპასუხო ბ. ასათიანს. ბატონებო, თუ ჩვენი სახელმწიფოს შენების ისტორიას გადავავლებთ თვალს, იქ დავინახავთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტები, როდესაც ერთი რომელიმე მხარე სახელმწიფოსი: ან საგარეო ან საშინაო, ან სხვა რაიმე მხარე იპყრობდა განსაზღვრულ დროს უმთავრესად ჩვენს ყურადღებას, დღევანდელ პირობებში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ერთგვარი შინაური გამაგრება, განმტკიცება სახელმწიფოს კეთილ-დღეობა იპყრობს მთელი ჩვენი ხალხის ყურადღებას და მისგან დიდ ენერგიას და ძალას მოითხოვს. ასეთ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს შრომის განაწილებაა, რომელიც დღეს მთავრობის თავმჯდომარემ გადმოგცათ, ეს არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც სავსებით შეეფერება დღევანდელ მდგომარეობას. (გვაზავა: დიდი ხანია რაც ეს უნდა დაგვეწყო!) ის ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრებას გაუსწრებს, ან ჩამორჩება, არ არის ცხოველი და რადგან ჩვენ სხვა დ სხვა პირობებში გვიხდება ცხოვრება, როდესაც ან ერთი მხარე, ან მეორე თავს წამოყოფს, ისეთ პირობებში, ჩვენ, რასაკვირველია, გვიხდება შესწორება იმ ორგანიზაციისა, რომელსაც ქვია მთავრობა. (გვაზავა: ეს თქვენ მოიგონეთ!) ჩვენ არაფერი მოგვიგონია. ეს ცხოვრებამ მოგვცა, გვიკარნახა და ცხოვრების მიხედვით ვმოქმედობთ ჩვენ.

ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც დღეს წამოყენებული არის სასურსათო საკითხი, სასურსათო პოლიტიკა, რომელზედაც აქ მთავრობის თავმჯდომარემ მოგახსენათ და რომელსაც ჩვენი ფრაქცია სავსებით იზიარებს, აი ამ პოლიტიკის გატარებამ მოითხოვა ის, რომ გამოყოფილიყო ცალკე სამინისტრო.

სასურსათო, ეკონომიური და ვაჭრობის პოლიტიკა, რომელიც აქ აღნუსხული იყო, არის თუ არა სწორი? აი ამაზე უნდა ელაპარაკა დეპუტატ ასათიანს და არა ისეთ უმნიშვნელო წვრილმანებზე, რომელზედაც მან ილაპარაკა. და მე ვსვავ საკითხს, არის თუ არა საჭირო, რომ სახელმწიფო ერევა ეკონომიურ ცხოვრებაში, აღებ-მიცემობაში, იმიტომ, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს სპეკულიატურ მიდრეკილებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კერძო ინიციატივა, კერძო წარმოება სრულიად შევზღუდოთ. ეს ორი პრინციპი უნდა იყოს შეთანხმებული და სწორედ გაშუქებული, თორემ მიდგომა საკითხისა ამ მხრივ, რომ ჩვენ გვაქვს ახალი სასურსათო ორგანიზაცია და ამ ახალ ორგანიზაციაში არის სხვა და სხვა ტეხნიკური ნაკლულევანება, და იმის თქმა, რომ ამ უწყებაში მუშაობს შრედერი, ან სხვა ვინმე კერძო პირი, ეს არის საკითხის დაწვრილმანება. რასაკვირველია, არის ბევრი ისეთი კომერსანტი ვაჭარი, რომელსაც სურს ყველაფერი წაართვას სახელმწიფოს და მის სამაგიეროდ არაფერი მოგვცეს. ვიცით, რომ ასეთები არიან და რასაკვირველია, ისინი სამინისტროში უარს მიიღებენ და ასეთი პირები ნაწყენი წავლენ დ გვჯერა, რომ ისინი ასეთ წერილებსა და ციტატებს დასწერენ და გამოგზავნიან, რომელიც აქ ასათიანმა მოგახსენათ; მაგრამ ეს გამომდინარეობს უმთავრესად პრინციპიდან. ჩვენ ვერ მივცემთ ნებას კერძო კომერსანტს, რომ მან ამ ჩვენს პრინციპს გადააბიჯოს. მაგრამ უნდა ვცდილობდეთ, რომ ეს პრინციპი ცხოვრებაში გატარდეს. ამიტომ ის ციტატები, რომელიც თქვენ მოიყვანეთ და გსურთ დამფუძნებლ კრების ყურადღება იმაზე შეაჩეროთ, ამ ციტატებს არავითარი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ბავრი მოიძებნება ისეთი, რომელსაც ეს ეწყინება, მაგრამ ბევრს იქნება ისიც სწყინს, რომ ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა გვაქვს და სოციალურ რეფორმებს ვატარებთ, მაგრამ რა ვქნათ ეს წყენის საქმეა! (ვეშაპელი: „სიბუნიონს“ რატომ არ აწყენინებთ?) ხოლო სახელმწიფოს ინტერესი სულ სხვას მოითხოვს. აქ აღნიშნეს, რომ შეთვისება საგარეო მოვლენებისა საქართველოს ცხოვრებასთან უნდა მოხდეს იმ გვრად, როგორც მოითხოვს დღევანდელი პირობები და ბ. ასათიანმა აღნიშნა, რომ ჩვენ მივსდევთ შაბლონს გერმანულს, ინგლისურს და სხვას და ამით ვხელმძღვანელობთ. ბატონებო, ეკნომიური ცხოვრება, ეკონომიური კანონები, ეს ისეთი კანონები არის, რომელიც თითქმის საერთოდ ერთგვარად მოქმედებენ დედამიწის ზურგზე. შეფარდება ჩვენს მდგომარეობასთან ამა თუ იმ ეკონომიური დებულებისა თქვენ შაბლონად მიგაჩნიათ, ჩვენ კი გვგონია, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში და ვაჭრობაში ხელმძღვანელობა, ნაცადი გზა აუცილებელია. თვით ბ. ასათიანი გეგმას იძლევა? არაფერს. ასათიანი შეჩერდა ერთ მხარეზე, ეს არის ფორმალური მხარე - საერთოდ სამინისტროების დაარსებისა და კერძოდ სასურსათო სამინისტროს დაარსება. დამფუძნებელ კრების წევრთ ახსოვთ, ალბათ, რომ, როდესაც სასურსათო საბჭო გაუქმდა, მაშინ პარლამენტმა დაადგინა, რომ თუმცა ეს ორგანო უქმდება, მაგრამ მთავრობას მიეცეს უფლება, რომ სასურსათო საქმის მოწყობაში შეეცადოს გამონახოს ისეთი ფორმა, რომელიც ამა თუ იმ პირობებს შეეფერება. ეს იყო პარლამენტის დროს და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დადგენილება გაუქმებული არ არის. შეიქმნა ერთგვარი მემკვიდრეობა. ფორმალურად მთავრობამ ისარგებლა ამ მემკვიდრეობით, დაადგა ამ გზას, შეჰქმნა ერთი ორგანიზაცია. მან იარსება რამდენსამე ხანს. შემდეგ შეიქმნა მეორე ორგანიზაცია, და ეხლა მთავრობამ დაარსა სამინისტრო იმ მოსაზრებით, რომელიც მე მოგახსენეთ და წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, რომ დამფუძნებელმა კრებამ დაადასტუროს ამ სამინისტროს დაარსება. ფორმალურად აქ არავისი უფლება დარღვეული და შელახული არ არის. მე ვამბობ, რომ შრომის განაწილება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ სამინისტროების შექმნა, ჩვენთვის მისაღებია. ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სამხედრო ძალის შექმნას.

განვლო ხანამ რეორგანიზაციისა, დადგა დრო, როდესაც ათჯერ და ოცჯერ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს სამხედრო ძალას. ამიტომ ამ უწყების სათავეში განსაკუთრებული პირი არის მოწვეული. უნდა მოგახსენოთ იმ რეპლიკაზე, რომელიც აქ გაისმის. ბევრს უკვირს, რომ დღეს სამხედრო სამინისტროს სათავეში ჩადგა პოლიტიკური ხელმძღვანელი (ბარათაშვილი: წინადაც ასე იყო). უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჯარის შექმნისთვის სწორედ პოლიტიკური ხელმძღვანელია საჭირო, რომელსაც გვერდს დაუმშვენებენ ტეხნიკურ ცოდნით აღჭურვილი პირნი, გამსჭვალულნი იმ აზრით, იმ იდეით, რომ მათ უნდა დაიცვან ჩვენი დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ სავსებით მხარს ვუჭერთ ამ ნაბიჯს.

ასეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს იურიდიული ნორმების შექმნას. ეს ჩაბარდა განსაკუთრებულ პირს, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს იურიდიულ ნორმების შექმნას. ჩვენ ამგვარ ნაბიჯს მივესალმებით. ბატონებო, მთელი მოღვაწეობა მთავრობისა და დამფუძნებელი კრებისა იყო შეჩერებული ერთ რაზედმე და უმთავრესი ხაზი, რომელიც აღებული ჰქონდა ჩვენს მთავრობას, ეს იყო შინაური ცხოვრების განმტკიცება, შექმნა ძლიერი ორგანიზაციისა. ეს ერთი და მეორე - შექმნა ისეთი საერთაშორისო პირობებისა, რომელნიც უზრუნველჰყოფენ ჩვენს დამოუკიდებლობას და აგრეთვე ისეთი მეზობლური განწყობილების დამკვიდრებას ჩვენთან ახლო მდებარე სახელმწიფოებთან, რომელიც უზრუნველჰყოფს დემოკრატიულ იდეებს და შესაძლოდ გახდის პატარა სახელმწიფოების ერთი-მეორესთან არსებობას. აი, ეს ხაზი, რომელსაც მთავრობა ცხოვრებაში ატარებდა. დღეს აქ მთავრობის თავმჯდომარემ გაიმეორა, რომ ეს ხაზი რჩება ისევ მთავრობის გზად და ჩვენ სოც.-დემოკრ. ფრაქცია სრულს ნდობას ვუცხადებთ ამ ხაზის მატარებელ მთავრობას და ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ ეს ხაზი გატარებულ იქმნას ცხოვრებაში, ისე, როგორც შეეფერება დემოკრატიულ წესწყობილებას. მაგრამ უნდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთს გარემოებას: მთავრობას მოეთხოვება, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, მაგრამ ყოველ დაწესებულებას, ყველა მოქალაქეს, ყველა მოხელეს უნდა მოეთხოვოს მისი მოვალეობის ასრულება. უნდა არსებობდეს ისეთი აღმასრულებელი ძალა, რომელიც ამ მოვალეობის აღსრულებას ყველა დაწესებულების მიერ, ყველა მოქალაქისა და მოხელის მიერ სასტიკ თვალ-ყურს ადევნებდეს. ასეთი აღმასრულებელი ძალა არის მთავრობა. მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც განვიცდით დიდ სიმძიმეს, როგორც შინაურს, ისე საგარეო ცხოვრებაში, დღევანდელ პირობებში ჩვენის აზრით, აუცილებლად საჭიროა, რომ მთავრობის თავმჯდომარე აღჭურვილი იყვეს განსაკუთრებული უფლებებით კანონების ასრულების და დაცვის საქმეში, რომ მას ჰქონდეს უფლება მიიღოს ესა თუ ის განსაკუთრებული ზომები, საჭიროების დროს. ეს ჩვენი ფიქრით აუცილებლად საჭიროა და ჩვენ წინადადებას ვიძლევით, ასეთი დადგენილება მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ. ამას მოითხოვს დღევანდელი პირობები, სახელმწიფოსა და ჩვენი დამოუკიდებლობის ინტერესი. (მაჭავარიანი: სიმონიკა გოცაძე არ დაგეთანხმებათ!) ამაზე სხვა დროს გვექნება ლაპარაკი, სიმონიკა გოცაძის შესახებ წაკითხული გექნებათ გაზეთში დაბეჭდილი ცნობა, საიდგანაც ჩანს, რომ არც ისე არის საქმე, როგორც თქვენ გგონიათ. ამგვარად ჩვენ გვგონია, რომ ის პოლიტიკა მთავრობისა, რომელსაც ის აწარმოებს დღეს, ის ნაბიჯები, რომელზედაც თქვენ მოგხსენდათ ახალ სამინისტროებსა და სამინისტროებში ახალ პირების შეყვანის შესახებ, ამ პოლიტიკას, ამ ნაბიჯებს, ჩვენ სავსებით მხარს ვუჭერთ. და ჩვენი ღრმა რწმენა და იმედი არის, რომ ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს იმ დროშას, რომელიც მას უჭირავს და რომელიც მას დამფუძნ. კრებამ ჩააბარა სატარებლად და დასაცავად. ეს არის დროშა საქართველოს დამოუკიდებლობისა. (ჯუღელი: წითელი დროშა!) და ამ დროშას ღირსეულად ატარებს, რომ იქნეს ცნობილი ჩვენი დამოუკიდებლობა და განმტკიცდეს ჩვენში დემოკრატიული წესწყობილება (კედია: ღმერთმა ქნას!).

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. შენგელიას ეკუთვნის.

ლეო შენგელაია. (სოც.-რევ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! თქვენ მოისმინეთ ბ. მთავრობის თავმჯდომარის განცხადება შესახებ ახალ სამინისტროების დაარსებისა და ახალ მინისტრების მოწვევისა. ეს განცხადება მრავალ მხრივ არის საინტერესო. უპირველეს ყოვლისა, ის საინტერესოა იმით, რომ თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი გეგმა, თუნდაც ნაწილობრივ არის თავმჯდომარის არის - გაბათილება, უარყოფა იმ გეგმისა, რომელიც იმავე მთავრობის თავმჯდომარემ წარმოუდგინა დამფუძნებელ კრებას მარტში, როდესაც ეს მთავრობა ავირჩიეთ. მაშინ რამდენადაც გვახსოვს დაარსებულ იყო 4 სამინისტრო და დანიშნული იყო 4 მინისტრი. დამფუძნებელმა კრებამ ეს დაადასტურა. დღეიდან კი - ნაცვლად ამისა უნდა გვეყოლოს 8 მინისტრი, ე. ი. სამინისტროების რიცხვი გადიდდა 100 პროც. წინანდელთან შედარებით, თანახმად იმ ნორმისა, რომელიც ჩვენ აქ მიღებული გვაქვს ჯამაგირების მომატების დროს. ალბად ამიტომ, მოხდა ეს, რომ სოც.-დემოკრატები დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი სახელმწიფო იმდენად მოღონიერდა, რომ ამისთანა ხარჯების ატანა დღეს უფრო შეუძლიან. ეს გეგმა საინტერესო არის, აგრეთვე იმ მხრივ, რომ იგი ააშკარავებს მმართველი პარტიის იდეურ ნათესაობას ძველ ბიუროკრატიასთან. რუსეთში, როცა ბიუროკრატიის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრი სასტიკ იერიშებს მიიტანდა, გამოცვლიდნენ რომელიმე მინისტრს და ამით ეგონათ, რომ საქმეს უშველიდნენ. სოციალ-დემოკრატიაც სწორედ ასე იქცევა.

მას გონია, რომ საქმე გამოკეთდა იმით, თუ კი მინისტრებს ერთი სავარძლიდან მეორეში გადასვამენ. ასეთი სისტემით, უკეთ რომ ვსთქვათ, უსისტემობით მხოლოდ ფერხდება ჩვენი ქვეყნის საქმე და ამით ძლიერდება ის ქრონიკული კრიზისი, რომელიც არის შედეგი სოციალ-დემოკრატიულ პარტიულ დიქტატურისა და მის მესჩანურ პოლიტიკისა. უპირველეს ყოვლისა, ბატონებო, აქ არის ორი საკითხი, რომლის შესახებ მოხსენება გააკეთა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ და რომელიც თვე ნახევრის განმავლობაში იდგა დღიურ წესრიგში. და შემდეგ, ახალი განცხადება მთავრობის თავმჯდომარის შესახებ ახალი სამინისტროების დაარსებისა.

ერთი შეხედვით ჩვენს წინაშე ფრიად მარტივი საკითხი არის. თანახმად მთავრობის დადგენილებისა დაარსდა ახალი სამინისტრო შრომისა და მომარაგების, ვის რა უნდა ქონდეს ამის საწინააღმდეგო? ეს მით უფრო მარტივი არის, რომ მაინცა და მაინც აქ ახალი არაფერი მომხდარა. მოხდა ერთგვარი რესტავრაცია იმ განსხვავებით, რომ თუ წინედ სასურსათო სამინისტრო გზათა სამინისტროს უერთდებოდა, დღეს ის შეუერთდა შრომის სამინისტროს. მაგრამ თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ სასურსათო კრიზისს, რომელიც ჩვენში არსებობს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ეპოპეას, რომელიც აქ ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხის გარშემო ტრიალებდა, მაშინ უნდა ვსთქვათ, რომ მთავრობის განცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ეძლევა. უპირველეს ყოვლისა ჩვენს წინაშე სდგას ფორმალური საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეხოს დამფუძენებელი კრება. თქვენ იცით, რომ მთავრობამ შეადგინა ახალი სამინისტრო და ამნაირად მთავრობამ დამფუძნებელი კრება ფაქტის წინაშე დააყენა. ჩვენ გვგონია, რომ მთავრობას ამის უფლება არ ქონდა. როდესაც ძველი მთავრობა გადადგა, ახალი მთავრობის შედგენა მიენდო ბ. ნოე ჟორდანიას და მან ეს დავალება შეასრულა - მის მიერ წარმოდგენილი იყო გამარტივება სამინისტროებისა. მისი სისტემა სავსებით მიიღო დამფუძნებელმა კრებამ, უმრავლესობამ ეს იყო და ეს. ჩვენ გვქონდა 4 სამინისტრო და ახლა 3 მიემატა. მთავრობას ერთის მომატების უფლებაც კი არ ქონდა და მან კი სამი მოუმატა. დამფუძნებელ კრებას არ მიუცია უფლება არავისათვის და არც მთვარობისათვის, არც მის თავმჯდომარისათვის რომ დაეარსებინა ახალი სამინისტროები. სხვას რომ თავი დავანებოთ, ახალი სამინისტროს დაარსება ეს ხომ ახალი პოლიტიკური პოსტია. სამინისტროს დაარსებით ერთი პოლიტიკური ხმა მიემატა მთავრობას და ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ვსთქვათ, რომ არაფერი მომხდარაო? ყოვლად შეუძლებელია, რომ მთავრობამ თავის ნებით სამინისტროების რიცხვი გაამრავლოს დამფუძნებელ კრების დაუკითხავად და... (ასათიანი: შეიძლება ოცამდე მიიყვანონ!) დიახ, სწორედ ასე მოხდება, თუ კი გავყვებით მაგ ლოღიკას. მაშინ - მარტში, როცა მთავრობა შევადგინეთ მოხდა უფლების დელეგაცია იმ მომენტისათვის, ასე ვთქვათ ად ჰოც. რომ მთავრობას არ ქონდა უფლება დაეარსებინა ახალი სამინისტროები, სჩანს იმ ფორმულიდან, რომლითაც ბ. ნოე ჟორდანიას მიენდო მთავრობის შედგენა, ამ ფორმულაში ნათქვამი იყო, რომ ბ. ნოე ჟორდანიას ევალება ახალ სამინისტროების დაარსება, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა ერთია და სამინისტრო მეორე. სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას, რომ ჰყოლოდა თავიანთი ხალხი ასე უნდა მოქცეულიყო - ჯერ თანამდებობა უნდა გაეჩინათ და შემდეგ პირები მოეწვიათ.

დამფუძნებულ კრების მიერ მიღებული ფორმულიდან აშკარად სჩანს, რომ ამის უფლება მაშინაც არ ჰქონდა მთავრობას. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მთავრობის თავმჯდომარეს ბ. ნოე ჟორდანიას ევალება მთავრობის შედგენა. იქ სამინისტროების რეორგანიზაციის შესახებ არაფერი არის ნათქვამი. ის ჯერ წინადადებით უნდა შემოსულიყო დამფუძნებელ კრებაში და შემდეგ პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაედგა. მე მესმის კიდევ, რომ ყოფილიყო რაიმე განსაკუთრებული გარემოება, მარა ეს ამ შემთხვევაში არ ყოფილა.

როდესაც ასეთი გეგმა წამოაყენა მთავრობის თავმჯდომარემ, მოყავდათ მოტივი თუ რატომ უნდა მომხდარიყო რეორგანიზაცია სამინისტროებისა. გვარწმუნებდნენ, რომ ამ გზით შეიქმნებოდა მოძრავი, მარტივი აპარატი სამინისტროებისა. ფიზიკის კანონია, რაც უფრო დატვირთულია ადამიანი, მით უფრო ძნელია მისთვის მოძრაობა. სოციალ-დემოკრატიამ კი თავისებურად გაიგო ეს კანონი: რაც უფრო დატვირთულია ადამიანი, მით უფრო იოლია მისთვის მოძრაობაო და ერთ პირს სამ-სამი სამინისტრო ჩააბარა. მოყავდათ ფინანსური მოსაზრებებიც: ჩვენ ვართ პატარა, ღარიბი ხალხი და ვერ ავიტანთ ამდენ ხარჯებსო. მაგრამ ეს არ ყოფილა ნამდვილი მოტივი, ვინაიდან ასი ათასის მან. ეკონომიაზე ლაპარაკი იქ, სადაც 20-200 მილიონები იხარჯება უგზო-უკვლოდ, ზედმეტია. მე მგონია, რომ ეს ახირებული, უცნაური რეორგანიზაცია, რომელიც მოხდა წინად და რომელიც წარმოადგინა მთავრობის თავმჯდომარემ დამფუძნებელ კრების წინაშე, არ იყო სახელმწიფოებრივი მოსაზრებით და ინტერესებით გამოწვეული, არამედ იგი იყო გამოწვეული პარტიული მოსაზრებით. მაშინ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არ აღმოაჩნდა საკმაო პარტიული მოღვაწენი, რომლებისთვისაც შეეძლოთ ჩაებარებინათ სამინისტროები და სწორედ ამიტომ შეამცირეს სამინისტროების რიცხვი. დღეს თითქოს ახალი მთავრობა სდგება. აქ ლაპარაკი არის არა მარტო სამ მინისტრზე, არამედ მთელ მთავრობაზე. ეს ძლიერ კარგია ეფექტისათვის - ახალი წელი, ახალი მთავრობა. მაგრამ ჩვენი დემოკრატია ძლიერ შესცდება, თუ იფიქრებს, რომ ახალ მთავრობას მოაქვს ახალი პოლიტიკა. მთავრობის პოლიტიკა იგივე რჩება და სწორედ ამაშია მთელი უბედურება ჩვენი დემოკრატიისა. იმ დეკლარაციაში, რომელიც მთავრობამ მარტში წარმოადგინა, დიდ დაპირებებს იძლეოდნენ. მთავრობა დაიცავს და გააფართოვებს ყველა რევოლუციურ მონაპოვარსო, ე. ი. სრულ თავისუფლებას სიტყვისა, წერისა, კრებისა და სხვა, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენდა, ეს დარჩა მხოლოდ ქაღალდზე და ნამდვილად კი ეს თავისუფლება გაუქმებულია. ადერბაიჯანში მეტი პოლიტიკური თავისუფლებაა, ვიდრე ჩვენში. (ასათიანი: აქედან რა დასკვნაა?) ადერბაიჯანში გამოდის გაზეთი რუსეთის ესერების, მენშევიკების და ხანდისხან ბოლშევიკების, ჩვენში კი ეს პარტიები - ბოლშევიკები, რუსი ესერები და მენშევიკები, გამოცხადებულნი არიან არა ლეგალურ პარტიებად და მათი პრესაც გაუქმებულია. ჩვენი ქვეყანა აიკლეს სოციალ-დემოკრატიულმა კოლექტივებმა და ბ. რამიშვილის ჟანდარმებმა!

მაგრამ შეიძლება სხვა რომელიმე სამინისტროში არის უკეთ დაყენებული საქმე? მთავრობის დეკლარაციაში არის ნათქვამი, რომ მთავრობა შეამცირებს ხარჯებსო. აქ პირდაპირ სწერია, რომ მთავრობა მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებას. შეასრულა მან ეს დაპირება? არა. მთავრობამ ამ 12 თვის განმავლობაში 10-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე მას ერგებოდა. ეს არის ხარჯების შემცირება? (ნინიძე ადგილიდან: ჩვენი ბრალი არ არის!) ვისი ბრალია მაშ? საქმეც იმაშია, რომ არავითარი კურსი არ გაქვთ და მანეთის კურსიც საშინლად ეცემა. დეკლარაციაში ეწერა: მთავრობა ხელს შეუწყობს საზოგადო საკუთრების გაფართოვებასო. მაგრამ მთავრობა საზოგადო საკუთრებას ყიდიდა! ამ საქმეში თავი გამოიჩინა მიწად-მოქმედების სამინისტრომ. ეს სამინისტრო დიდი მაქსიმალიზმს იჩენდა პირველში. მას უნდოდა დაპატრონებოდა ყველაფერს, რაც მიწაში იყო და რაც მიწაზე იდგა. ის ეპოტინებოდა სკოლას, საავადმყოფოს და სხვას, მაგრამ ვერც ერთ დარგში ვერავითარი უნარი ვერ გამოიჩინა ამ სამინისტრომ. მთელი ჩვენი საუკეთესო მამულები ჩაიგდეს ხელში სპეკულიანტებმა, ბაღები, ტყეები განადგურებული არის. ბოლოს ამ სამინისტრომ აშკარა ფეოდალების ორიენტაცია მიიღო. ეს აშკარაა იმ დეკრეტის შემდეგ, რომელიც აქ მიიღეს ტყის სარგებლობის შესახებ, რომელმაც მისცა საშუალება იმ ფეოდალებს, რომელთაც მიწა ჩამოართვეს, მიიღონ ტყე, რომელიც მათ არ ერგებოდათ. შემდეგ არის მეორე დეკრეტი, რომელიც წარმოადგენს სრულ რესტავრაციას იმ წესებისას, რომლებიც არსებობდა წინად და რომელიც დღესაც არსებობს დენიკინის რუსეთში. ასეთია მოღვაწეობა მიწათ-მოქმედების სამინისტროსი.

მთავრობა გვპირდებოდა აგრეთვე საგარეო პოლიტიკაში საღი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ არც ეს იმედი გამართლდა. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მესვეურების წინაშე ორი უმთავრესი საკითხი იყო: ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება და კეთილ-მეზობლური განწყობილების დამყარება. არც ერთი მიზანი მიღწეული არ არის, თუმცა საგარეო დარგი ისეთი დარგია, სადაც თითქმის ყველა ფრაქციები მხარს უჭერენ მთავრობას და ოპოზიციაც, ამ დარგში არ ყოფილა საგრძნობელი. მაშასადამე, მთავრობას არ შეუძლიან სთქვას, რომ ამაში მას ვინმემ ხელი შეუშალა. მაგრამ ეს მიზანიც არ არის მიღწეული. იმდენად გამოურკვეველი იყო ეს საგარეო პოლიტიკა, რომ მთელი წელიწადი იყვნენ აქ ინგლისელები და ჩვენი საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა ისიც ვერ გაიგეს, თუ რად იყვნენ ისინი აქ, რა უნდოდათ მათ? ხან შეკითხვები შემოგვქონდა, ხან მათ წინააღმდეგ ვილაშქრებდით, ხან ვეხვეწებოდით დარჩითო. ისიც ვერ გავიგეთ რა მიზანი ჰქონდათ მათ. უკანასკნელ ხანებში ევროპის სახელმწიფოების იმპერიალისტები განუწყვეტლივ მოდიოდენ ჩვენ სახელმწიფოში და კაცმა არ იცის რა მიზნით მოდიოდნენ, ან რა მიზნით მიდიოდნენ (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის). რაუტებს აუარებელი ხარჯი მოვანოდმეთ, მაგრამ არავითარი რეალური ნაყოფი არ არის (ხმაურობა). შეიძლება ნაყოფად ჩაითვალოს ისიც, რომ ზოგიერთ იმპერიალისტს ისე შეუყვარდა ზოგი ჩვენი სოციალისტი მინისტრი, რომ რადიოს საშუალებითაც კი უთვლის მოკითხვას. მაგრამ ეს ვერავითარი ნუგეშია ჩვენი რესპუბლიკისათვის!.. დიდი ყოყმანის და ვაივაგლახის შემდეგ მთავრობამ შეკრა კავშირი ადერბაიჯანთან და სომხეთთან. რომ ჩვენს საგარეო სამინისტროს უფრო საღი პოლიტიკა ჰქონებოდა, ამ შედეგებს უფრო ადრე და მცირე მსხვერპლის საშუალებით მივაღწევდით. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია განაციონალისტდა და რომ ეს ასე არის, ამას მოწმობს თუნდაც ერთ-ერთ ცნობილ სოციალ-დემოკრატის დღიური, სადაც არის ნათქვამი: «მე ვიჩქარი ტფილისში, მინდა დავესწრო პარტიულ ყრილობას, რომ იქ ვებრძოლო ჩვენს პარტიულ ნაციონალიზმსო“. (ხმები: მართალია ეს? ვინ არის?) ეს გახლავთ ჩვენი ამხანაგი ჯუღელი. (ხმები: არა!) მთავრობა თავის დეკლარაციაში ჩვენ შეგვპირდა, რომ მოაგვარებს ჩვენი რესპუბლიკის განაპირა ნაწილების ცხოვრებას. იქ საჭირო იყო განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებული ყურადღება, რომ საქმით განმტკიცებულიყო ჩვენი ორიენტაცია. და ამის მაგივრად რას ვხედავთ? განაპირა ოლქებში ცხოვრება სრულიად არეულ-დარეული არის. თვით სოციალ-დემოკრატებმაც არ იციან რა პოლიტიკური ფორმა გვაქვს ამ განაპირა ოლქებში, რა დამოკიდებულება არსებობს ჩვენსა და მათ შორის, ფედერაციაა, კონფედერაცია თუ რა?

განაპირა ოლქების მდგომარეობა, რომ აწეწილია, მოწმობს სოხუმის ოლქი (ხმა: ეს არ ეხება დღევანდელ განცხადებას!) დღევანდელ განცხადებას ეხება სწორედ, იმიტომ, რომ რჩება იგივე მთავრობა მხოლოდ მას ემატება ორი მინისტრი და პოლიტიკაც რჩება ისევე ძველი. ჩვენში სამწუხაროდ მეორდება დეითკის ისტორია. თქვენ გაგიგონიათ ვინ იყო დეითკი? (ხმაურობა) ეს იყო ერთი გლეხი, რომელსაც ქვეყნის მმართველობა ჩააბარეს, მაგრამ არ იცოდა მან არაფერი და იყო სულ შინ, გარეთ არ გამოდიოდა, არა ჩნდებოდა, ეშინოდა: ავტორიტეტი დამეკარგებაო! ათი თვეა, რაც იყო წაკითხული მთავრობის დეკლარაცია და ჩვენ მთავრობის თავმჯდომარე არ გვინახავს. მხოლოდ დღეს გვაქვს შემთხვევა და ამიტომ მოგახსენებთ. დეკლარაციის არცერთი დაპირება არ არის შესრულებული. თანახმად მთავრობის დადგენილებისა, დაარსდა მომარაგების სამინისტრო, რომელიც შეუერთდა შრომის სამინისტროს. ჩვენი ქვეყნის სათავეში სდგას ეგრედწოდებული «მუშათა პარტია“. ამისთანა სახელმწიფოში ყველა საკითხები, რომელიც ეხება მუშათა ცხოვრებას, კარგად უნდა იყოს მოწყობილი. ნამდვილად კი ვერც ერთი სერიოზულ კანონს ვერ მიჩვენებთ ამ დარგში, შრომის სამინისტრო ერთი წელიწადია სთარგმნის რუსულიდან შრომის კოლექტიურ ხელშეკრულებას და აქამდის ვერ დუმთავრებია იგი. (ხმაურობა) ასეთ უნარს იჩენს შრომის სამინისტრო. და ამის შემდეგ მე გეკითხებით თქვენ: როგორ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ შრომის სამინისტრო სასურსათო საქმეს მოაგვარებს?!... ბ. მთავრობის თავმჯდომარის სიტყვაში ბრალი არაფერი არის. ყველასათვის ცნობილია, რომ იყო ომი ხუთი წლის განმავლობაში. ამის გარდა, კიდევ ერთი რამ სთქვა მთავრობის თავმჯდომარემ, - რომ ჩვენ უფრო მეტს ვჭამთ, ვიდრე ვაკეთებთო და თუ ეს ასე არის, თუ ჩვენ მეტს ვჭამთ, ვიდრე ვაკეთებთ, მაშინ ცხადია, რომ ის სამინისტრო, რომელიც მეტს სჭამს და ნაკლებს აკეთებს, უნდა გადადგეს... თავის მოხსენებაში, რომელიც ბ. მთავრობის თავმჯდომარემ პარტიულ კოლექტივებში წაიკითხა, წამოაყენა ასეთი დებულება: დღეს ეკონომიკაში არის ორი მიმართულება ლიბელარული და ეკონომიური. ჩვენი - მენშევიკების არც ის არის და არც ესო. არც მარჯვნით, არც მარცხნითო, ბრძანებს ბ. ნ. ჟორდანია. ეს ნიშნავს: ცოტა რეაქციისაკენ, ცოტა რევოლიუციისაკენ!

ამ კრიზისიდან ერთად ერთი გამოსავალი არის შრომის კოლლექტივიზაციის გზა. სხვა გზა არ არის და სხვა საშუალება არ გვაქვს. თუ ანგარიშს გავუწევთ რეალურ ძალთა განწყობილებას მთელ სახელმწიფოსი, ჩვენ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ პოლიტიკურად გაბატონებული ხალხი, უნდა გაბატონდეს ეკონომიურადაც. ჩვენ ორში უნდა ერთი ავირჩიოთ: ან გარკვეული კერძო ინიციატივა, ან საზოგადო ინიციატივა. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. არავითარ იმედებს კერძო ინიციატივაზე ვერ დავამყარებთ. იქ, სადაც სათავეში სოციალისტები სდგანან, ყოვლად შეუძლებელია ბურჟუაზიამ მწარმოებელი ძალები განავითაროს, დააგროვოს ეროვნული სიმდიდრე და ჩვენ მოგვართვას. ჟორდანიამ თავის მოხსენებაში სახალხო გვარდიის ყრილობაზე სთქვა, რომ ჩვენში პროლეტარიატის დიქტატურა არისო. თუ ეს ასეა, ეს უნდა ეტყობოდეს ჩვენს პოლიტიკას. ნამდვილი პროლეტარიატის დიქტატურა განხორციელებულ იქნა პარიზის კომუნაში, მან მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მუშათა კლასი, როცა მისი დიქტატურა გამოცხადებულია. მარქსი ამბობდა: პროლეტარიატის დიქტატურა სრულიად უნაყოფო იქნება, თუ არ იქნა იერიში მიტანილი ბურჟუაზიულ საზოგადოების საძირკველზე - კერძო საკუთრებაზეო. (გვაზავა: ასე ლენინი ამბობდა!) რომ ეს არ არის გზა ბოლშევიკური, ამას მოწმობს ის, რომ გერმანიის დამოუკიდებელი სოციალისტები, რომლებიც არ არიან ბოლშევიკები, მაგ. კაუცკი, გააზე, გილფერლინგი, ამბობენ, ვინაიდან ომმა გაანადგურა წარმოება, ერთად ერთი გზა წარმოებისა, წარმოების სოციალისტურ საფუძველზე მოწყობაო.

სასურსათო საქმეში არავითარი გეგმა და ორგანიზაცია არ ყოფილა (ხმაურობა) მე შევეხე შინაურ და საგარეო პოლიტიკას და მინდა სასურსათო პოლიტიკასაც შევეხო მოკლედ. არავითარი გეგმა, არავითარი პრინციპი არ გვქონია; ყოველ უწყებას აქვს თავისი გეგმა, აგენტები, დაიწყება მუშაობა, ეს მუშაობა გრძელდება რამდენიმე კვირა, მერე ლიკვიდაცია ხდება, შემდეგ ისევ დაიწყებენ მუშაობას, ამას კვლავ მოყვება ლიკვიდაცია და აი, ვართ ქანაობის პროცესში. აქედან არა გამოდის იმიტომ, რომ ჩვენმა მთავრობამ არ იცის რას ემსახურება ის, კაპიტალიზმს თუ სოციალიზმს. სანამ ის ვერ გამოარკვევს ამას, ის საქმეს ვერ უშველის. ბატონებო! რომ ეს სასურსათო საქმე სერიოზულია, ამას თვით სოციალ-დემოკრატიაც გრძნობს. «ერთობა“ წერს: ეს საკითხთა საკითხიაო, და ეს საკითხთა საკითხი მიანდეს ისეთ ხალხს, რომელსაც არავითარი წარმოდგენა სასურსათო საქმეზე არა აქვს!..

ბ. ჟორდანიამ სთქვა, რომ სურსათი უპირველეს ყოვლისა მუშებს მივცეთ, ამიტომ შეუერთეთ ეს სამინისტრო შრომის სამინისტროსო. ბატონებო! მე მგონია ეს დემაგოგიაა. სახელმწიფოს წარმომადგენელმა არ უნდა ილაპარაკოს ასე. ჯერ სურსათი დაამზადეთ და მერე ვილაპარაკოთ ვის მივცეთ. სურსათი უნდა მივცეთ როგორც მუშებს, ისე გლეხებსაც. მე მგონია გლეხსაც ისეთივე უფლება უნდა ჰქონდეს, როგორც მუშებს და მოსამასახურე ინტელიგენციას.

ამნაირად ის გეგმა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ის რეორგანიზაცია, რომელიც მოხდა, არაფერს კარგს არ გვიქადის. ეს არის ძველი გზა, ძველი სიმღერა, რომელიც არ დაატკბობს ჩვენს სმენას და მშიერს ვერ გააძღობს.

თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ სხდომის შეწყვეტის და გადადების შესახებ. ერთი გახლავთ სოც.-დემ. ფრაქციისა და მეორე ბ. სპირიდონ კეიდიასი. სურს თუ არა ვისმეს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? არავის. ვინ არის მომხრე, რომ სხდომა გადაიდოს? წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე, სხდომა გადაიდება.

უკაცრავად, მოითმინეთ, სხდომა ჯერ არ დახურულა. დღიური წესრიგი იგივე იქნება, რა საკითხებიც დაგვრჩა გასარჩევი. უმორჩილესი თხოვნაა პრეზიდიუმისა, დანიშნულ დროზე უეჭველად მობრძანდეთ. თუ ვინიცობაა სხდომა უფრო გვიან გაიხსნება, როგორც დღეს, ამ საკითხებს ვერ გავათ402

ავებთ ხვალ. პრეზიდიუმი ფიქრობს ხვალ სხდომა გაიხსნას სრულ 11 1/2 საათზე. თუ თანახმა ბრძანდებით, უმორჩილესად გთხოვთ ნუ დაიგვიანებთ. სხდომა დახურული გახლავთ.

სხდომა იხურება ღამის 12 1/2 საათზე.

19 სამოცდამეთვრამეტე სხდომა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრება

(78)

1919 წელი, დეკემბრის 31. ტფილისი, სასახლე.

თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე
და ამხანაგი სიმონ მდივანი.

მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი გრიგოლ ნათაძე.

პრეზიდიუმში არის კონსტანტინე ჯაფარიძე.

სხდომა იწყება ნაშუადღევის 1 საათზე.

თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი დღიურ წესრიგს მოგახსენებთ.

მდივანი. (კითხულობს).

დღიური წესრიგი:

1. საბოლოო ტექსტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებულ განსაკუთრებულ რაზმის მოქმედების განგრძობის დეკრეტისა, სპეკულიაციისა, კონტრ-რევოლიუციისა და მძარცველობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

2. საბოლოო ტექსტი - ვარციხის მამულისათვის ყურძნის შესაძენად გაწეული ხარჯის დასაფარავად 3.000.000 მან. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.

3. გაგრძელება მსჯელობისა - მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო -მომარაგების სამინისტროს დაარსების და ამ სამინისტროს შრომის სამინისტროსთან შეერთების შესახებ.

4. დეკრეტი - სამხედრო-საბეითლო საფერშლო სკოლისა, სამოსწავლო სამჭედურისა და გარნიზონის საბეითლო სამკურნალოს დაარსებისა და დაწესებულებათა შესანახად 232.145 მან. გადადებისა. მომხსენებელია ზ. გურული და ს. მდივანი.

5. დეკრეტი - რკინის გზის შტატ გარეშე დატოვებულ მოსამსახურეთა დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის დასაფარავად 5.925.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გ. გაგლოევი.

6. დეკრეტი - საქართველოს სამხედრო გზის ჯვრის უღელტეხილის გადასავალის მიმდინარე ზამთარში გასაწმენდათ 786.200 მან. გადადებისა. მომხსენებელია ერ. კალაძე და ი. სალაყაია.

7. დეკრეტი - მთავარ საბაჟო შენობის შესაკეთებლად 109.877 მან. და 25 კაპ. გადადების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.

8. დეკრეტი - სახელმწიფო კონტროლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.

9. დეკრეტი - ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ლ. ნათაძე.

10. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 1.500.000 მან. გადადებისა - ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მილიციის შესანახად გაწეულ ხარჯების დასაფარავად. მომხსენებელია დავ. ონიაშვილი.

11. დეკრეტი - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა. მომხსენებელია კირ. ნინიძე.

12. დეკრეტი - მთავრობის განკარგულებაში სურსათის დასამზადებლად 250 მილ. მან. გადადებისა. მომხსენებელია ვიქტ. თევზაია.

თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება, რომ პირველად განიხილოს საბოლოო ტექსტი. სახელმწიფო ბანკის დაარსების კანონისა. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. მიღებულია. არის აგრეთვე ს.-დ. ფრაქციის წინადადება: 1) მსჯელობა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების შესახებ დაისვას წესრიგის უკანასკნელ საკითხად, ხოლო მე-11 საკითხი გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის და 2) ყველა დეკრეტის საბოლოო ტექსტი დღესვე იქნეს მიღებული. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? მიღებულია. სიტყვა ბ-ნ ნათაძეს ეკუთვნის.

გრ. ნათაძე (კითხულობს სახელმწიფო ბანკის დაარსების კანონის საბოლოო ტექსტს, რომელიც დამფუძნებელ კრების მიერ დამტკიცებულ იქმნა).

თავმჯდომარე. შემდეგი საბოლოო ტექსტის მომხსენებელია ქ-ნი შარაშიძის ასული.

ქრისტინე შარაშიძის ასული (კითხულობს დღიური წესრიგის პირველ და მეორე მუხლში აღნიშნულ დეკრეტების საბოლოო ტექსტს, რომელიც აგრეთვე უცვლელად იქმნა დამტკიცებული დამფუძნებელ კრების მიერ).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ გურულს.

ზ. გურული (ს.-დ.) რესპუბლიკის ჯარში არის დიდი ნაკლულევანება ბეითლებისა. აგრეთვე თითქმის არ იშოვება ფერშლები. და ჯარის ნაწილები მთელი რესპუბლიკის ყველა კუთხეში ამის გამო მოკლებულნი არიან საბეითლო და საფერშლო დახმარებას. ამის გამო ზარალი მოსდის ხაზინას. პირუტყვების ჯანმრთელობის საკითხში საქმე იქამდის მივიდა, რომ ჯარის საბეითლო სექციის უფროსი ექიმი-ბეითალი შემოვიდა თხოვნით, რომ იმ ძალებით, რომელნიც მის გამგებლობაში იმყოფებოდნენ დაეარსებინა დროებითი კურსები. ასეთი კურსები მან დააარსა მოინტელიგენტო ჯარისკაცებისათვის ფერშლობის შესასწავლად. ამ კურსებს აარსებენ არა მარტო სანაპირო ჯარის რაზმისა, არამედ ყველა ჯარის ნაწილებისაგან, რადგან ამ გაჭირვებას ყველა ნაწილები განიცდის. მას ყველა ნაწილის ფერშლები გაუგზავნია დროებით კურსებზედ.

ამ საქმის გასაუმჯობესებლად დაიბადა კითხვა, რომ დაარსებულიყო დროებით კურსების მაგივრად საბეითლო-საფერშლო სკოლა. ამნაირი მდგომარეობა არის სწორედ მჭედლების უყოლობის გამოც. ჭედვა ცხენებისა არ ხდება ისე, როგორც ჩვენ სოფელში არის მიღებული წესად. ქართველ ჯარისკაცებში არ აღმოჩნდა ამისთანა საქმის მცოდნე და ამის გამო ჩვენ ჯარს მოსდის დიდი ზარალი. ამიტომ ეცადნენ იქვე საბეითლო კურსებთან სამჭედლოც დაეარსებინათ. და რომ არ გავაგრძელოთ, დაადგინეს ერთად გახსნილიყო საფერშლო-საბეითალო სკოლა და სამჭედური და ამ სკოლასთან საბეითლო და საგარნიზონო ლაზარეთი. ეს გამოიწვევს დიდ ხარჯებს.

სამხედრო საბჭომ მიიღო ეს შუამდგომლობა და გადმოვიდა დამფუძნებელ კრების სამხედრო კომისიაში შუამდგომლობით. სამხედრო კომისიამ ეს პრინციპიალურად მიიღო, პრინციპიალურად დაეთანხმა, მაგრამ საფერშლო-საბეითლო სკოლასთან სამჭედურის დაარსებას ვერ დაეთანხმნენ იმ აზრით, რომ თუ რამოდენიმე ხანში ქართულ უნივერსიტეტთან გაიხსნება საბეითლო კურსები იქ შეიძლება საფერშლო მოსამზადებელი კურსებიც მოეწყოს. ჯარში არსებობა ცალკე კურსებისა არ მოხერხდება ისე, როგორც ეს სასურველია. მაგრამ მაინც მიღებულ იქნა აზრი, რომ დროებით დაარსდეს ასეთი სკოლა ბეითლების ორი სასწავლო წლის ვადით. ანგარიშით ამას უნდა წელიწადი და 4 თვე, რომ მოემზადოს ფერშლები და მსწავლული მჭედლები. ვინაიდან ჩვენ ასეთი სასწავლებელი ჯერ არ გვეყოფა, კომისიამ დაადგინა დაარსდეს საფერშლო სკოლა - 2 სასწავლო წლის ვადით. რაც შეეხება ჯარის ნაწილებს, იქ ჯარის კაცები სწავლობენ და მათი სწავლა და ჩაცმა-დახურვა და შენახვა განსაზღვრულია უკვე დეკრეტის ძალით. დეკრეტი სავალდებულოთ სთვლის ბეგარას - სავალდებულოა იმსახუროს წელიწადნახევარი. ჯარის კაცი უნდა დარჩეს ჯარში, ჯარის კაცის ჯამაგირით წელიწადნახევარი. ასეთია მთავარი აზრი დეკრეტისა. აქვე წარმოდგენილია ხარჯთ-აღრიცხვაც, რომელიც შეადგენს 232.145 მანეთს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს.

ს. მდივანი. საბიუჯეტო-საფინანსო კომისია იზიარებს სამხედრო კომისიის აზრს და შუამდგომლობს დამფ. კრების წინაშე, რათა მის მიერ დამტკიცებული იქმნას შტატი, ხარჯთ-აღრიცხვა და ნუსხა ამ დეკრეტისა, ვინაიდან ეს დაწესებულება ფრიად დიდ საჭიროებას წარმოადგენს.

თავმჯდომარე. საზოგადო მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. სიტყვა ბ. მომხსენებელს ეკუთვნის. გთხოვთ.

ზ. გურული. (კითხულობს პროექტს მუხლობრივ. დეკრეტი მუხლობრივ მიღებული იქმნა).

თავმჯდომარე. სიტყვა შემდეგ საკითხისთვის ბ. გაგლოევს ეკუთვნის.

გ. გაგლოევი. (ს.-დ.) წარმოდგენილი დეკრეტი არის შემოტანილი გზათა მინისტრის მიერ. ეს დეკრეტი წინასწარ განხილული იქმნა, როგორც სახელმწიფო კონტროლის, ისე ფინანსთა მინისტრისა და აგრეთვე გზათა კომისიის მიერ. შემდეგ ის განიხილა საბიუჯეტო კომისიამ და უცვლელად მიიღო. დეკრეტი შეეხება შტატს გარეშე დარჩენილ რკინის გზის მოსამსახურეთ, რომელნიც შარშან იყვნენ დათხოვნილნი სამსახურიდან.

თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რკინის გზა არ საჭიროებდა იმდენ მოსამსახურეს და აუცილებელი იყო შტატების შემცირება; ეს შტატი ემსახურებოდა არა მარტო საქართველოს სახელმწიფო რკინის გზას, არამედ დანარჩენ რესპუბლიკის რკინის გზებს, ადერბეიჯანისას, სომხეთისას, ანუ წინეთ ამიერ-კავკასიის რკინის გზას. რა თქმა უნდა საჭირო იყო ამ შტატების შემცირება; აი, სწორეთ მინისტრმა შეამცირა ის შტატები, რომელიც წინათ იყო, და ამით ხარჯებიც რკინის გზისა. საერთოდ ამ რეორგანიზაციამ, არა თუ შეამცირა, დადებითი მუშაობა რკინის გზაზე, მისი შემოსავალი, არამედ, როგორც თქვენ გახსოვთ დეფიციტიც დაფარა. ერთი სიტყვით გამოირკვა, რომ თუ ახალი შტატები დარჩა, შემოსავალი აღემატება დანაკლისს. აი, ამ შტატ-გარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლათ გამოწვეულ ხარჯების დასაფარავად სამინისტრომ მოითხოვა ეს თანხა. მე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მოსამსახურეთა ზოგიერთი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებული გახლავთ. ეს ხარჯები უკვე დაფარული არის.

მაგრამ სამინისტრო ამ კრედიტებს ხაზინიდან იღებდა, რომ ეს ხარჯები დაფარულიყო იმ ფულიდან, რომელიც გზათა მინისტრის განკარგულებაში იყო. მოსამსახურენი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულნი არიან შემდეგნაირათ. ეს ფული მათ იმ დროს მიეცა, როცა ლიკვიდაცია მოხდა და ისინი შტატ გარეშე დარჩნენ. შემდეგ ამისა ის დარჩენილი ფული, რომელიც მათვე ერგებოდათ 1000 მანეთზე მეტი, ეს ზედმეტი ფული, თანახმად მინისტრის განკარგულებისა 18 სექტემბერს 1918 წელს ჩაეწერათ გზებზე არსებულ შემნახველ კასის წიგნაკებში და ამ წიგნაკებში გადაიწერა დანარჩენი გასაცემი თანხა. გარდა ამისა მიეცათ საკრედიტო მოწმობები იმ პირთ, რომელნიც დატოვებდენ საქართველოს საზღვრებს და უცხო სახელმწიფოში წავიდოდენ. ეს მოხდა ინსტრუქციის თანახმად 9 ივლისის 1919 წ. კანონის §8-სა. იყვენ ისეთი მოსამსახურენი, რომლებიც დათანახმდენ, რომ შეუძლიანთ მიიღონ ფული უცხო სახელმწიფოში. მთავრობა დაპირდა ამ ხვედრი ფულის გაგზავნას; მერე კიდევ ის მოსამსახურენი, რომლებმაც დასტოვეს საქართველოს საზღვრები, ამათ საქართველოს რკინის გზის შემნახველ წიგნებში ჩაეწერათ ხვედრი ფული. ბოლოს იმ სალიკვიდაციო ბიუროზე, რომელიც მოქმედებდა აგვისტოში, ივლისში დაიხარჯა (კითხულობს) ამნაირათ ხაზინიდან უნდა იყოს გაღებული 5.925.006 მანეთი. ამას თხოულობს სამინისტრო.

თავმჯდომარე. ზოგად მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქმნა დამფუძნებელ კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს კალაძეს.

ერ. კალაძე (სოც.-დემ.) გზათა მინისტრი თხოულობს, რომ საქართველოს სამხედრო გზისათვის, რომელიც დაზარალდა ამ ზამთარში, იქნეს გადადებული 1.786.200 მანეთი. ეს დეკრეტი მთავრობამ განიხილა და უცვლელად მიიღო; მხოლოდ სახ. კონტროლიორმა და ფინანსთა მინისტრმა განიხილეს ის და პატარა შესწორება შეიტანეს. ყველა ხარჯები აღიარა საჭიროდ, მხოლოდ მოულოდნელი ხარჯები ამოიშალა. გზათა კომისია დაეთანხმა ამ შესწორებას და ამ რიგად კომისიის დადგენილებით გზათა მინისტრს ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად ეძლევა 1.786.200 მანეთი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულია დამფუძნებელი კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომიასიას).

თავმჯდომარე. შემდეგი სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სალაყაიას.

იოსებ სალაყაია (სოც.-დემ.) ფინანსთა მინისტრი შემოვიდა შუამდგომლობით მთავრობის წინაშე, რომ საბაჟოთა შენობების შესაკეთებლად გადადებულ იქმნეს 109.877 მანეთი. ეს პროექტი განხილულ იქმნა მთავრობის მიერ, რომელმაც გადასდო ამისათვის თანხის ნაწილი; რომ შეკეთება ეხლავე დაიწყოს. შემდეგ პროექტი განიხილა საბიუჯეტო კომისიამ და მიიღო იგი. აქ არის აგრეთვე დასკვნა სახელმწიფო კონტროლიორისა.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სატყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინაა. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქმნა დამფუძნებელ კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი (ნაც.) ამა წლის 4 ნოემბერს დამფ. კრებამ დაამტკიცა სახელმწიფო კონტროლის დროებითი შტატები, ამის შემდეგ მთავრობამ შეადგინა საუწყებათაშორისო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა საერთო ნორმას ყველა უწყების მოსამსახურეთათვის, როგორც სპეციალურის, ისე არასპეციალურის დარგის, იმ ნორმის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა საუწყებათაშოროსო კომისიამ და გატარდა ყველა დაწესებულებებში, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო კონტროლისათვის შტატის უფრო მცირე ჯამაგირები არის. ამიტომ სახელმწიფო კონტროლი შუამდგომლობს, რომ განსხვავება არსებულ შტატებსა და საუწყებათაშორისო კომისიის მიერ შემუშავებულ ნორმების შორის მიეცეს მას. ეს ერთი.

მეორე საკითხი ეხება არა ჯამაგირებს, არამედ სამეურნეო ხარჯებს. ესენი არის საკანცელარიო, საგზაო და აგრეთვე ბინის ხარჯები. სახელმწიფო კონტროლიორი შუამდგომლობს სამივე ამ ხარჯების გადიდებას. მაგრამ საფინანსო კომისიამ დასტოვა უცვლელად საკანცელარიო ხარჯები და აგრეთვე ბინისა, მხოლოდ მოუმატა განათება-გათბობისა და საგზაო ხარჯების თანხას.

მესამე საკითხი ეხება ერთდროული თანხის გადადებას. ამას კონტროლი ასაბუთებს იმით, რომ იგი ხსნის განყოფილებებს თელავში და სხვაგან, ხოლო უკვე გახსნილია ქუთაისში. ამ თანხის დანაწილება არ არის შესაძლებელი, რადგან საჭიროა თანხა ერთად იქნეს მიწოდებული განყოფილებათათვის. ეს შუამდგომლობა საფინანსო კომისიამ განიხილა და დაადასტურა. ამ რიგად არის შედგენილი დეკრეტიც. განსხვავება მხოლოდ შეეხება საკანცელარიო ხარჯებს. მაგრამ სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელიც ბოლოს დაეთანხმა კომისიას და ამ გვარად წარმოდგენილია ერთი პროექტი.

თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინაა, გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.

ვეშაპელი (კითხულობს).

თავმჯდომარე. შესწორება არის შემოტანილი: საკანცელარიო ხარჯების თანხა ნაცვლად 150.000 მანეთისა, იყოს 250.000 მანეთი. მომხსენებელის აზრი.

ვეშაპელი. კომისიაში ამ საკითხის შესახებ სხვა და სხვა აზრი იყო; პირადად მე ეს შესწორება მისაღებად მიმაჩნია.

(კენჭის ყრის შემდეგ შესწორება დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულ იქმნა. დეკრეტი მთლიანად მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ლევან ნათაძეს.

ლევან ნათაძე. (სოც.-დემ.) პედაგოგიური მუზეუმი, რომელზედაც დეკრეტშია ლაპარაკი, დაარსებულია 1903 წელს უმთავრესად ტფილისის სახალხო სკოლების მასწავლებელთა ინიციატივით. შემდეგ ეს მუზეუმი მიიღო ტფილისის დირექციამ და როცა საქმე გაფართოვდა მუზეუმი გადაეცა სამასწავლებლო ოლქს. მას აქეთ მუზეუმი თანდათან ძლიერდებოდა, ორი განყოფილება იქცა ხუთად, და თავის მხრით დღითი დღე ფართოვდებოდა ამ განყოფილებათა შინაარსი, როცა რევოლიუცია დაიწყო, როგორც ყველაფერში და ყველგან, აქაც მუშაობა შეფერხდა, საქმე ცუდათ წავიდა, რადგან მუზეუმს პატრონი არ გაუჩნდა. რევოლიუციამდი ეს მუზეუმი ინახებოდა სპეციალური თანხით. რადგან ეს თანხა ამოიწურა. სამასწავლებლო ოლქს საშუალება აღარ ჰქონდა იგი შეენახა და როცა კომისარიატი დაარსდა თანხის უქონლობის გამო მუზეუმი გადავიდა მასწავლებელთა კავშირის ხელში, რომელიც მას დროებით უვლიდა. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მიზანშეწონილად გამოყენება მუზეუმის ქონებისა. ქონება კი დიდი და აუარებელია, მნიშვნელოვანი და სასარგებლო, მაგრამ ეს ქონება სკივრებში იყო და კავშირმა ვერ მოასწრო მისი გადაშლა, რომ ყველასათვის სასარგებლო გამხდარიყო. ეხლა, როცა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, მუზეუმი ჩვენ ხელში გადმოვიდა; მაგრამ შტატები დღემდის არ არის დამტკიცებული. განათლების კომისიამ საჭიროდ დაინახა შტატი შეედგინა. მუზეუმს რამდენიმე განყოფილება აქვს, ჩვენ საკმარისად მივიჩნიეთ იქნეს ორი განყოფილება და ორი გამგე.

უნდა მოგახსენოთ, რომ მუზეუმის ბიბლიოთეკა მდიდარი და მშვენიერია. ეს ბიბლიოთეკა დაიღუპება, თუ რაც საჭიროა თავის დროზე არ გაკეთდა, მაგ. შკაფები, ყდა და სხვ., თუ თავის დროზე არ გაუჩნდა შესაფერი ადგილი და საერთოდ თუ არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.

იოსებ სალაყაია. საფ.-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა განათლების კომისიის მიერ აქ წარმოდგენილი შტატები და საჭიროდ დაინახა მისი უცვლელად მიღება.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. ბ. მომხსენებელო, გთხოვთ წაიკითხოთ. (ნათაძე კითხულობს; ყველა სამი მუხლი მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).

თავმჯდომარე. სიტყვა დ. ონიაშვილს ეკუთვნის.

დ. ონიაშვილი. (ს.-დ.) ეს დეკრეტი, რომელიც ეხლა მოგხსენდებათ შეეხება ახალციხე-ახალქალაქის სახალხო მილიციისათვის კრედიტის გახსნას. ამ ორ მაზრაში მუდმივმა ანარქიამ, არეულობამ და ომმა განსაკუთრებული პირობები შექმნა. მთავრობა მოითხოვს კრედიტს, ორი მილიონი მანეთისას. საფ.-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა მთავრობის მოთხოვნილება და შეუძლებლათ სცნო მისი მიღება იმ წესით, როგორც იგი წარმოდგენილი იყო, შინაგან-საქმეთა მინისტრის მიერ და წარმოდგენილი თანხა შეამცირა. ამნაირათ შეიცვალა ეს დეკრეტი და წარმოგედგინათ თქვენ. ამ სახით შეცვლილ დეკრეტს მხარს უჭერს კონტროლი და საფ.-საბიუჯეტო კომისია.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ, დეკრეტი მიღებულ იქმნა).

გადავდივართ შემდეგ საკითხზე: დეკრეტი მთავრობის განკარგულებაში 250 მილიონ მანეთის გადადებისა სურსათის დასამზათებლად. სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

ბიქტორ თევზაია. (ს.-დ.) საფ.-საბიუჯეტო კომისიამ აუცილებლათ მიიჩნია, რომ საქმე არ დაბრკოლდეს, გადაიდოს ეს თანხა მთავრობის განკარგულებაში.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ივანე გობეჩიას.

ივანე გობეჩია. (ს.-რ.) მე მსურს გავაკეთო პატარა განცხადება; კამათი სწარმოებს სასურსათო საკითხის შესახებ. მთავრობის თავმჯდომარეს არ მოუხსენებია, როგორ აქვთ გადაწყვეტილი სასურსათო პოლიტიკა, რა გზები და რა პლანი აქვთ ამ სფეროში. რადგან ეს არ არის, ჩვენ გვგონია ასე ზეპირად ამხელა თანხას ჩვენ ვერ გავსცემთ; ყოველ შემთხვევაში არ უნდა გავსცეთ, სანამ აქ არ გამოსულა ბ. მინისტრი და არ უთქვამს - რათ სჭირდებათ ეს დიდი თანხა, რას უნდა მოხმარდეს, რაში უნდა დაიხარჯოს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. და სანამ ეს ჩვენთვის არ უთქვამთ, -ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება ამ დეკრეტისა.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.

გრ. ვეშაპელი. (ნაციონ.) ბატონებო! წინანდელი წესრიგით ეს საკითხი უნდა მოქცეულიყო იმ საკითხის შემდეგ, რომელიც შეეხება საზოგადოდ ჩვენ სასურსათო მდგომარეობას და კერძოდ მომარაგების სამინისტროს. ბევრათ უკეთესი იქნებოდა ეს წესი დაცული ყოფილიყო; მაშინ ყველა ფრაქციას გარკვეული წარმოდგენა ექნებოდა ამ საკითხზე. ეხლა შეცვლა მოხდა ამ წესისა და ვინც მომხრე არ არის საერთოდ მთავრობის ეკონომიურ პოლიტიკისა, იძულებულია ამ საკითხზეც ცალკე შეჩერდეს და თავისი აზრი გამოსთქვას.

როგორც მოგვახსენეს, ჩვენი მთავრობა ადგია სახელმწიფო ვაჭრობის გზას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საუკეთესო სამონოპოლიო საქონელი გადადის მთავრობის განკარგულებაში, მას იგი გააქვს უცხოეთში, და შემოაქვს ის, რაც ჩვენი ხალხისთვის საჭირო და აუცილებელია. მთავრობა ანხორციელებს ამ საქმეს საქონლის შესყიდვის წესით; მართალია მტკიცე ფასებით და იძულებით, მაგრამ მაინც შესყიდვით. მაშასადამე, ამას სჭირდება ფული. რომ ჩვენ თანხა გვქონდეს ამ საქონლის შესაძენად სულ სხვა მდგომარეობა იქნებოდა; მაგრამ ფული ხაზინას არა აქვს, მოსამსახურეთა ჯამაგირისთვისაც კი ბონის გამოშვება გვიხდება. მაშასადამე, საქონლის შესყიდვა ხდება ქაღალდის ფულით. ამის შედეგი გახლავთ ის, რომ რამდენათ მეტი ბონი გამოდის და გრძელდება ემისია, იმდენათ ეცემა ფულის ღირებულება; და იმ სამონოპოლიო და სხვა საქონელის ფასიც, რომლის სყიდვა სურს მთავრობას. დღითი-დღე საბაზრო ფასის მიხედვით ნავარაუდევი ხარჯი სამონოპოლიო საქონლის შეძენისა უცბად იზრდება 100 პროცენტით და ამგვარად ხარჯთ-აღრიცხვა იფუშება.

უბედურება იმაშია, რომ თვით ამ ოპერაციის დროს ხდება გაძვირება; როდესაც გეგმა სამონოპოლიო საქონელის შეძენისა ხორციელდება, სწორედ მაშინ გაიზრდება ფასები და მაშინ ხდება მომატება ჯამაგირებისა. დასკვნა არის ის, რომ ქაღალდის ბონების გამრავლებით საქართველოს ეკონომიური ცხოვრება ვერ გაუმჯობესდება. ძალიან კარგი საქმეა, როდესაც სახელმწიფო აცხადებს, მე ვიანგარიშებ რა საქონელი გვჭირია, რაც საჭიროა მე თითონ გავიტან და რაც საჭიროა მე თითონ შემოვიტანო. მაგრამ პრაქტიკაში გამოდის, რომ მიუხედავად ქაღალდის ფულის სიმრავლისა მთავრობა ვერ ახერხებს სამონოპოლიო საქონლის შეძენასაც კი იმ ბრძოლის გამო, რომელიც ხდება ამ სამონოპოლიო საქონლის ხელში ჩასაგდებად კერძო ბაზრისა და მთავრობას შორის. ამიტომ იზრდება საერთოდ ფასები და იჭყლიტება „ნეიტრალური“ მომხმარებელი წრეები, რომელნიც არც იმ სამონოპოლიო საქონლის პატრონები არიან და არც სახელმწიფოს მეთაურები, მაგრამ „მომარაგების“ სიმწვავე მათ აწვებათ კისერზე...

შეიძლება ვინმემ იკითხოს, მაშ რა გზა ავირჩიოთ?

ჯერ ერთი, როცა სახელმწიფო ვაჭრობას ჰკიდებს ხელს, საჭიროა ამ საქმეში გამოცდილი, მცოდნე ხალხი იყოს. ეს პირველი პირობაა. არაფერი არ გაკეთდება რაც უნდა მხნე და თავის ნებიანი კაცი იყოს, თუ მას არ ესმის და არ იცის საქმე და მხოლოდ ეხლა სწავლობს ამ საქმეს. როცა ამისთანა კაცს დააყენებენ სახელმწიფო ვაჭრობის მეთაურად მხოლოდ იმიტომ, რომ შინჯონ, გამოდგება თუ არაო, რა თქმა უნდა, ამ შინჯვის შედეგები მძიმე ლოდათ აწვება მთავრობასაც, ხაზინასაც და ხალხსაც, რომელიც პირდაპირ დრტვინავს ამ პოლიტიკის გამო.

ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებში ამ მხრივ გაცილებით უკეთეს პირობებში არიან, სახელმწიფო ვაჭრობის საქმე სომხეთში და ადერბეიჯანში უკეთესად არის, ვინემ ჩვენში.

პირველი მიზეზი ამისა არის ის, რომ სახელმწიფო ვაჭრობის მეთაურად იქ ისეთი ხალხია შერჩეული, რომელნიც ეხლა არ სწავლობენ ამ საქმეს.

არის სხვა მიზეზიც. აზერბაიჯანის პარლამენტში ამ რამდენიმე დღის წინად მიიღეს კანონი სამონოპოლიო საქონლის შესახებ. სამონოპოლიო საქონლის გატანა ხდება შემდეგი წესით. სამონოპოლიო საქონლის პატრონი 35 პრ. აძლევს ნატურით ხაზინას, დანარჩენი 75 პროც. რჩება პატრონის სრულ განკარგულებაში. საქონლის პატრონს მიაქვს ეს საქონელი შეუზღუდველად საზღვარ-გარედ და იქიდან შემოაქვს სამაგიერო საჭირო საქონელი. ეს წესი მიიღო აზერბაიჯანის პარლამენტმა და აქედან სჩანს, რომ ეს არ არის უბრალო საექსპერიმენტო სასინჯავი ზომა სამინისტროსი.

იქ ასაბუთებენ ამას შემდეგი შეხედულებით: გვჭირდება საქონელი, სამაგიერო საქონელიც მოგვეპოვება, ჩვენ რომ დავაწესოთ მონოპოლიის გზა და ქაღალდის ფული ვბეჭდოთ, ამით დაეცემა ქაღალდის ფულის ფასი და საქმეს კი ეს ვერ უშველის.

რადგან თავისუფალი ფულის თანხა არ არის, ყოველ ოპერაციის დროს ქაღალდის ფულის შემატების მორიდება უსათუოდ ჯანსაღი აზრი არის.

არ იქნება ზედმეტი ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკის მეთაურნი ამას ჩაუკვირდენ.

ამას გარდა ჩვენ ვიცით, რომ დიდი თანხები გადიოდა მომარაგების საქმისათვის, მაგრამ გარანტია არა გვაქვს იმისა, რომ ეს თანხები იმ საქმეს მოხმარდება, რომლისთვისაც ის გადაიდო; არც იმის გარანტია გვაქვს, რომ ცუდ გავლენას არ მოახდენს ეს ქაღალდის ფულის კურსზე.

და ბოლოს ერთი ფორმალური მოსაზრება: საერთოდ უნდა მოგახსენოთ ამ თანხას არ თხოულობენ პირდაპირ მომარაგების სამინისტროსათვის, მაგრამ ჩვენ ვიცით როდესაც შედარებით ნაკლები თანხა გადაგვიდვია მომარაგების საქმისათვის, მაშინაც მთავრობის კოლეგიალური სახელით მოქმედებდა საზოგადოების აზრზე, ხოლო როგორც კი ეს კანონ-პროექტი გატარდა, მთავრობამ პირველსავე თავის მორიგ სხდომაზე დაადგინა - მთელი ეს თანხა გადარიცხულიყო მომარაგების სამინისტროს მიმდინარე ანგარიშზე; ასე ძნელია გაყოფა მომარაგების სამინისტროსა და მთავრობისა.

ეს მინიმუმია იმისა, რის თქმაც საჭიროა; ზოგი რამ შემდეგისათვის იყოს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.

ალ. ასათიანი. ეს მეოთხე შემთხვევაა, თუ მესამე, რომ ჩვენ მთავრობის განკარგულებაში გადავდეთ ათეული მილიონები მომარაგების საქმეების მოსაწესრიგებლად. ერთნაირი წინადადებები შემოდის. უნდა გადებული იქმნას ამდენი და ამდენი მილიონი მთავრობის განკარგულებაში მომარაგების საქმის მოსაწყობადო. ფულს ვიღებთ და ამას შემდგომ აღარაფერი გვესმის, როგორ ეწყობა ეს მომარაგების საქმე, რა წესით სწარმოებს საქონლის დამზადება და საზოგადოთ მზადდება რამე თუ არა. ამ მხრივ ჩვენ მთავრობას ეხლა მაინც უნდა მოვითხოვოთ, რომ მომავალში დაწვრილებითი ცნობები მოგვაწოდოს იმის შესასებ, თუ რა გეგმით აწარმოებს იგი სასურსათო საქმეს, რა პირობებში აპირებს მთავრობა ამ ფულების დახარჯვას და სხ.

დღეს-დღეობით საკითხი სდგას სამინისტროს დაარსებისა. როდესაც სამინისტრო არსდება თავის თავად ცხადია, რომ ამის შესახებ უნდა იყოს გამომუშავებული დებულება, თუ წესდება, გეგმა და სხ. და ყოველივე ეს წარედგინოს დამფუძნებელ კრებას, ჩვენ კი გვაცნობენ; დაარსდა მომარაგების სამინისტროვო და მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ დამ. კრ. ვერ იკისრებს თავის თავზე ასეთს პასუხისმგებლობას და ზეპირად ამოდენა თანხას ვერ მისცემს უწყებას, რომლის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის. ამიტომ ჩვენი ეროვნული დემოკრატიული ფრაქცია ითხოვს, რომ მომარაგების სამინისტრომ წარმოადგინოს მოკლე ახსნა იმის შესახებ მაინც, თუ რა წესით უნდა აწარმოვოს ეს საქმე ახლა სამინისტროს.

ყველამ ვიცით, რომ მთავრობა ვაჭრობის დაწყებას აპირებს, მაგრამ ვაჭრობის წარმოება სხვა და სხვა ნაირად შეიძლება. ისიც ვიცით, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა მომარაგების უწყება, არავის არ აკმაყოფილებს; არ გვაკმაყოფილებს არა მარტო ჩვენ, არამედ თვით მმართველ პარტიასაც მართალია ეს ამით აიხსნება, რომ ერთი წლის განმავლობაში გამოიცვალა ოთხი უწყება, თქვენ გახსოვთ სასურსათო სამინისტროს დაარსების შემდგომ ძლიერ მალე თვით მთავრობის თავმჯდომარემ ამცნო საზოგადოებას მისი უვარგისობა და გვითხრეს: ვაარსებთ სასურსათო საბჭოსო. ესეც საცდელი იქნება, თუ არ გამოდგა, შემდეგ სხვა ფორმას შევიმუშავებთო, ისიც არ გამოდგა შემდგომ დააარსეს მომარაგების სამმართველო, მაგრამ როგორც შემდეგში გამოირკვა, ისიც აღარ გამოადგათ ცალკე და ამის გამო შეუერთეს იგი ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როცა იგიც მიზან-შეუწონელი აღმოჩნდა და მასთან სავსებით უშედეგოც, ახლა მთავრობა მომარაგების სამინისტროს აარსებს. ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დავანებოთ ასეთ დაუსრულებელ რეორგანიზაციებს. ფორმას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროა ნათელი და გარკვეული გზის გამონახვა და ჩვენ გვგონია ამდენი დავიდარაბის შემდეგ უნდა ვიცოდეთ რა გზას ვადგივართ და რა მიზნები გვაქვს მომავლისათვის.

ბ-ნმა მთავრობის თავმჯდომარემ აქ განაცხადა, რომ სიძვირის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ შემცირდა საქონლის წარმოება და შემოტანა მაშინ, როცა მასზე მოთხოვნილება გაიზარდა. მაშასადამე, მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს არა იმას თუ როგორ გაანაღდებთ შიგნით საქონელს, არამედ როგორ შეიძენთ და შემოიტანთ. მთავრობას საამისოდ უნდა მიეღო ზომები და მან შეიძლება კიდევაც მიიღო ზომები, მაგრამ მას არავითარი შედეგი არ მოყოლია. ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ღონისძიება მიქცეულ უნდა ექნეს საქონლის წარმოებას და მის ჩვენ საზღვრებში შემოტანას. მაგრამ როგორ ანხორციელებთ თქვენ ამას? აიღეთ ამ ორი წლის თქვენი მუშაობა, თქვენი რეკვიზიციების და მონოპოლიების სისტემა. ვიკითხოთ, რა შედეგები მოყვა ამ მონოპოლიებს. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს მონოპოლია ქაღალდზე დარჩებოდა და ცხოვრებაში არ გატარდებოდა. და ის სიკეთე, რომელსაც მთავრობა, გვპირდებოდა, რომ საქონელს გავიტანთ და სამაგიეროს აქ ჩვენში შემოვიტანთო, წესიერად არ განხორციელდა. და მართლაც ამ მონოპოლიების სისტემამ ჩვენ არაფერი დადებითი შედეგი არ მოგვიტანა. მთავრობას ჩვენში ამ სისტემით ჯერ-ჯერობით არაფერი არ შემოუტანია. პირიქით, ამან სულ სხვა უარყოფითი შედეგები მოგვიტანა. ავიღოთ მაგალითად თამბაქოს მონოპოლია. როგორც კი გამოცხადდა იგი, მაშინვე დაიწყეს თამბაქოს გატანა მალულად. კონტრაბანდად გაქონდათ სოხუმიდან იგი ზღვით და ზოგი კი შარა-გზებით დღე და ღამ მიეზიდებოდენ. ამ რიგად მონოპოლიის საკითხი თავისდათავად ვერ აღწევდა მიზანს და ამავე დროს კი მომარაგების სამინისტრო გვეუბნება თამბაქო უკვე მზადა გვაქვს, მაგრამ სანამდის სავალიუტო საქონელი სავსებით არ დამზადდება მანამდის გატანის საკითხი ღიად დარჩებაო. დამზადების საქმე არც ისე ადვილია, როგორც ბევრს ჰგონია. მას მილიარდები უნდა. ამ თანხის გამოშვება კი სრულიად დაუკარგავს ფასს ჩვენ ბონებს. მთავრობა მეტად იოლად ჰფიქრობს ასეთი საქმის მოგვარებას და თუ ასე გაგრძელდა შეიძლება წინდაწინ ვსთქვათ, რომ ეს მონოპოლიები სარგებლობის ნაცვლად ზიანს მოგვიტანენ. თამბაქო ხელიდგან გვეცლება და ფარულად იზიდება, ასეთივე ბოლო მოელის მატყლსაც. განაპირა მთების და მეზობელ რესპუბლიკაში განდევნილი ცხვარი იქვე დასტოვებს თავის მატყლს და მთავრობა კი დარჩება ხელცარიელი. ამრიგად ეს სავალიუტო საქონელიც გამოგვეცლება ხელიდან.

ზეპირად მაგარი ფასების შემუშავებას, ძალით ჩამორთმევას და სხ. ასეთი ცუდი შედეგები მოჰყვა. ჩვენ გვქონდა შემუშავებული გეგმა იმის შესახებ თუ როგორ უმტკივნეულოდ გაგვეხორციელებია მონოპოლია - საქონლის მეპატრონეებთან შეთანხმებით, მაგრამ თქვენ იგი მაშინ მიუღებლად მიიჩნიეთ, თუმცა ახლა ნაწილობრივ მაინც ანხორციელებთ მას. აქა-იქ თქვენ უთანხმდებით ამა თუ იმ საქონლის მეპატრონეს და მასთან საამხანაგოთ გაგაქვთ მისი საქონელი. ამ შემთხვევაში საჭირო არ ხდება დიდძალი ბონის გამოშვება საქონლის შესაძენად. ასე უნდა მოვიქცეთ საერთოდ და არა ზოგიერთებთან მარტო. ეს საქმე უნდა მოეწყოს რესპუბლიკის მასშტაბით, ყველა საქონლის მეპატრონეებთან შეთანხმებით და ეს რომ ასე დაგვეწყო არ დაზარალდებოდა ის საქონლის მწარმოებელნი, რომელნიც ამზადებენ ამ საქონელს. ამ ჟამად კი მთავრობა ამ საქმეში უთანხმდება ზოგიერთ მსხვილ მწარმოებელს, მათთან ერთად გააქვს იგი საზღვარ-გარედ, ყიდის იქ და ერთმანეთ შორის ინაწილებენ მოგებას, ამავე დროს კი დანარჩენი მონაწილენი, რომელნიც თვით აწარმოებენ ამ საქონელს, ასეთ პირობებში რჩებიან ამ მოგების გარეშე. აი, ამიტომ საჭიროა მომარაგების სამინისტრომ საბოლოოდ გადასწყვიტოს ეს საკითხი და წარმოადგინოს თავის საბოლოო გეგმა, რომელიც შესაძლებელს გახდის აწარმოოს სავალუტო საქონლის მონოპოლია ისე, რომ არ დაზარალდნენ წვრილი მწარმოებელნი.

ამას გარდა საყურადღებოა მივაქციოთ ყურადღება წინანდელ უწყების ისეთ მდგომარეობას, როდესაც არ იყო გარკვეული წესები, ყველაფერი შემთხვევით სწყდებოდა და ყოველ საკითხს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. (ხმები: თქვენ იმეორებთ!) მე მინდა ვიმეორო მანამ სანამ ამას არ შეიგნებთ. ამიტომ საჭიროა, რომ ბოლოს და ბოლოს შემუშავებულ იქმნეს ერთი სავალდებულო სახელმძღვანელო წესი და არ ხდებოდეს, რომ ერთი მწარმოებელი იყოს ხელსაყრელ პირობებში ერთ და იმავე დროს და მეორე კი არა, როგორც ამას ადგილი ქონდა წინანდელ უწყებაში, რომ ერთ დღეს ერთს არ ვადგენდეთ და მეორეს კიდევ საწინააღმდეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მწარმოებელი ვერავითარ საქმეს ვერ დაიწყებს. ამიტომ ჩვენ საჭიროთ ვსთვლით ეს წესები საბოლოოდ შემუშავდეს და დაიწეროს რათა ყველა გაეცნოს მას და მაშინ არავითარ გაუგებრობას არ ექნება ადგილი. ამას გარდა საჭიროა, რომ ეს უწყება მიჩნეული იყოს, როგორც სახელმწიფოს ორგანული ნაწილი, რომ ის ვალდებულია შეასრულოს სახელმწიფოს ვალდებულობა, ეს კი ასე არ ხდება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძველმა სამმართველომ იმით დაიწყო მოქმედება, რომ წინანდელ უწყების ყველა ვალდებულებათა გაუქმება განიზრახა. ეს საკითხი მთავრობაშიც იყო დასმული და მთავრობამ ასეთი ახირებული წინადადებისათვის კომისიაც კი დაარსა, რასაკვირველია კომისიამ დაადგინა რომ ეს ყოვლად მიღებულიაო.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაწყნარდეთ და მისცეთ საშუალება ორატორს დაასრულოს თავის სიტყვა.

ასათიანი. შემდეგ თამბაქოს მონოპოლიის საკითხი, რომ ირჩეოდა აქ მომარაგების სამმართველოს პროექტი იყო. ის მოითხოვდა, რომ გაუქმებულიყო ყველა წინათ გაცემული ვალდებულებანი. (არსენიძე: ეს ნებართვას შეეხებოდა!) იურიდიულ კომისიის თავმჯდომარემ უნდა იცოდეს, რომ მთავრობის მიერ გაცემული ნებართვა ვალდებულებაა მთავრობისათვის. არა მარტო სამართველო, არამედ სასურსათო საბჭოც და სამინისტროც ასე იქცეოდენ. ერთი უწყება სპობს წინანდელის ნამუშევარს. წინანდელ ნებართვის ვალდებულებას, რომ მიუტანდენ იმას აუქმებდენ, ეს ასეა და ძლიერ სამწუხაროა. როცა კომერციულ საქმეს იწყებ ასეთი გარემოება ძლიერ დიდ უხერხულობას იწვევს და საქმეს სათავეშივე აბრკოლებს და თუ ასე იქნება მომავალშიც ვერავითარი წესიერი კომერცია ჩვენში ვერ იხეირებს. მომარაგების სამინისტრო აი, ამ თავის მუშაობის დაწყებისას ძლიერ კარგს იზამს, რომ ძველი უწყების, ქაღალდების მოკრეფას და გადასინჯვას მარტო არ მოანდომებდეს დროს, და გადასინჯავდეს იმ სისტემას, რომელიც იქ იყო გამეფებული. მან უნდა გამოიმუშაოს ყველასთვის სავალდებული წესები საგარეო, საშინაო ვაჭრობისა. არ უნდა ჰქონდეს შემთხვევითი ხასიათი სამინისტროს მუშაობას. ჩვენ ვაჭარ-მრეწველთათვის ყველაზე უფრო სამძიმო სწორედ ეს გამოურკვევლობაა. ამ რამდენიმე დღის წინად მე და დამფუძნებელი კრების წევრმა ნიკოლაძემ მივიღეთ ოფიციალური დეპეში ქუთაისიდან ვაჭარ-მრეწველთა ხელოსნების კრებისაგან. (ხმები: ხელოსნები რა შუაშია!) უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ხელოსნები ძლიერ დაინტერესებულნი არიან ჩვენი საშინაო და საგარეო ეკონომიური პოლიტიკით. ეს გასაგები უნდა იყოს.

აი, ისინი აღნიშნავენ იმ დეფექტებს, რომელიც ღუპავს ჩვენ საგარეო და საშინაო ვაჭრობის საქმეს, ისინი აღნიშნავენ აგრეთვე იმ გარემოებას, რომ უცხოელები ჩვენში უკეთეს პირობებში არიან, რომ მათ ეძლევათ ყველგან უპირატესობა და ჩვენი ვაჭრები იძულებულნი არიან ოდესელი კომისიონერების შემწეობით იმუშაონ. იქნებ თქვენთვის მიუღებელია, რომ რესპუბლიკაში, რესპუბლიკის ქვეშევრდომებს ქონდეთ უპირატესობა, თუ ეს თქვენთვის დაუშვებელია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ქვეშევრდომნი გათანაბარებული მაინც უნდა იყვნენ უცხოელთან. ამასაც უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება და ჩვენ იმედს გამოვსთქვამთ, რომ მთავრობა თავის პოლიტიკაში შესაფერ ცვლილებებს შეიტანს.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჭავჭანიძეს.

ივანე ჭავჭანიძე (მომარაგების მინისტრის ამხანაგი). მოქალაქენო! თქვენ მიიღეთ კანონი, რომლითაც მონოპოლია არის გამოცხადებული თამბაქოზე, მატყლზე, აბრეშუმის პარკზე და ძაფზე; ამ სავალიუტო საქონლის დამზადება რა თქმა უნდა, დიდ ხარჯს გამოიწვევს; ამ საქმისათვის გადადებული ასოცდაათი (130) მილიონი, თუ მხედველობაში მიიღებთ დასამზადებელი საქონლის რაოდენობას, დარწმუნდებით, რომ ხსენებული თანხით ამ მონოპოლიის ცხოვრებაში გატარება შეუძლებელია. ასათიანმა აღნიშნა, რომ იმ ცნობით, რომელიც მთავრობას მოეპოება ერთი მილიონი ფუთი თამბაქო მარტო აფხაზეთში არის და ერთი მილიონიც სხვა ადგილებში მოიძებნება. შეიძლება ეს ცნობა გადაჭარბებულია, შეიძლება თამბაქო ჩვენში არ მოგროვდეს, მაგრამ ამის ნახევარიც რომ იქნეს დასამზადებლად დასჭირდება არა ნაკლებ ექვსასი (600) მილიონისა. არის აგრეთვე ცნობები, რომ შესაძლებელია დამზადდეს მატყლი, შემდეგ პარკი და სხვა; ყველა ამას ბატონებო, დიდი თანხა უნდა და თქვენ დაგვეთანხმებით, რომ (130) მილიონი ამ საქონლის დამზადებას არ ეყოფა.

აქ უმთავრესად ხაზს უსვამდენ იმ გარემოებას, რომ მთავრობას არა აქვს გეგმა, - ეს როგორ შეიძლება, უნდა ვიცოდეთ რამდენი და რაში იხარჯებაო. მე მგონია, ბატონებო, ამ შემთხვევაში გეგმა არის ის მიზანი, რომელიც მთავრობას აქვს დასახული; მთავარი მიზანი არის, რომ სამინისტროს საშვალებით დამზადებულ იქნას და უცხოეთში გატანილი - სავალიუტო საქონელი - ეს ერთი. ხოლო მეორეს მხრით, ევროპაში შევიძინოთ და მივაწოდოთ ჩვენ ხალხს პირველი საჭიროების საგნები, გამოვკვებოთ ჯარი, გვარდია, მცხოვრებნი. რა გზით მოხერხდება ეს, სად და რას შეიძენს მთავრობა ამაზე ლაპარაკი არც საჭიროა, არც შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ერთგვარი კომერცია გახლავთ, და რომელი ვაჭარი იქნება ისეთი, რომ გამოვიდეს და თავისი გეგმა საქვეყნოდ გამოაცხადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვენდოთ მთავრობას და მან გაატაროს ცხოვრებაში ეს მონოპოლია ისე, როგორც მას საუკეთესოდ მიაჩნია; ოღონდ აშკარაა, რომ მიზანი მხოლოდ მაშინ იქნება სავსებით მიღწეული, როცა მთავრობის განკარგულებაში საჭირო თანხა გადაიდება. ბ. ასათიანმა სწორეთ ამ მონოპილიის საკითხზე შეაჩერა უმთავრესი ყურადღება. თავიდანვე ზოგიერთებს არ მოსწონდათ ეს გზა და მონოპოლიის წინააღმდეგნი არიან. თუ ჩვენ მივიღეთ ასათიანის აზრი და ლოღიკურად განვავითარეთ, მივალთ იმ დასკვნამდი, რომ მონოპოლია სრულიად უნდა გავაუქმოთ. რაც შეეხება შეთანხმებას, უნდა მოგახსენოთ, რომ იყო შემთხვევა, როცა მოწვეულნი იყვნენ მატყლის პატრონები და მათ მიეცათ წინადადება გადასცენ მთავრობას მატყლი და თითონ მიიღონ მონაწილეობა იმ მოგებაში, რომელიც დარჩებოდა ამ მატყლის უცხოეთში გატანით. მაგარი ფასების საკითხში მთავრობა ძლიერ შორს წავიდა და არა თუ დააწესა იგი მწარმოებელის სამართლიანი ინტერესის მიხედვით, არამედ დააწესა ასეთი ფასები, როგორიც ბაზარზე არის.

ამგვარად, ბ-ნ ასათიანის მტკიცება, რომ თქვენი მონოპოლია წაგლეჯა არის და ეს მოსპობს წარმოებასო - არ არის მართალი და სინამდვილით არ არის გამოწვეული ეს შიში, რადგან არავინ არავის ართმევს და არც წაურთმევია; სავსებით სამართლიანია დღევანდელი ფასები და მომავალშიც სამართლიანად იქნება დაწესებული. ასათიანი აღნიშნავდა - წვრილი მწარმოებელი დაისჯებაო; თითქოს ბ. ასათიანი უფრო ზრუნავს წვრილი მწარმოებელისათვის, ვიდრე მთავრობა. მაგრამ ეს სიმართლეს მოკლებულია. წვრილი მწარმოებელი, მოგეხსენებათ ბატონებო, თავის საქონელს უცხოეთში ვერ გაიტანს, ის იძულებულია ნაწარმოები ადგილობრივ მიყიდოს ან მსხვილ მწარმოებელს, ან ჩარჩსპეკულიანტს, რომელიც ცდილობს, და მიზანსაც აღწევს, საქონელი მეტად ხელსაყრელ ფასებში ჩაიგდოს ხელში. და მთავრობა კი ამ შემთხვევაში იმდენს მისცემს, რამდენსაც სამართლიანობა მოითხოვს. ასე რომ წვრილი მწარმოებლის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული ეს მონოპოლია, უფრო მსხვილის წინააღმდეგ არის. რაც შეეხება წარმოებას, მთავრობა არა ნაკლებ ზრუნავს ხელი შეუწყოს მის განვითარებას; მთელი რიგი ზომები მთავრობისა მიმართულია წარმოების დასახმარებლად. მსხვილ მწარმოებელს შეიძლება არ მოეწონოს ეს გზა და მისი წინააღმდეგი იქნეს, მაგრამ ცხადია დემოკრატიული მთავრობა დემოკრატიის ინტერესებს იცავს და დემოკრატიის ინტერესები ბუნებრივად სხვისაზე უფრო მაღლა სდგას ჩვენთვის. მთავრობის მოღვაწეობა ისეთი იქნება, რომ მისი ყოველი ნაბიჯი შეთანხმებული იყოს დემოკრატიისა და ხალხის ინტერესებთან და არა ერთი და ორი მსხვილი მწარმოებლის გაუმაძღარ სურვილებთან.

ამგვარად, დასკვნა ასეთია: ფული ჩვენ გვინდა იმისათვის, რომ ცხოვრებაში გავატაროთ მონოპოლია, მოვახდინოთ რეალიზაცია ჩვენი საქონელისა, შევიძინოთ საჭირო საგნები, დავამზადოთ სურსათი და გამოვკვებოთ დამშეული ხალხი. მე მგონი, ბატონებო, ამის თქმა სრულიად საკმარისია, ხოლო დაწვრილებით აღნიშვნა იმისა, თუ სად რას გავასაღებთ, რას შევიძენთ და როგორ, არც საჭიროა ჩვენი ფიქრით და არც დასაშვებია. ისე კი უნდა განვაცხადოთ, მონოპოლიას არ მიუღია მტაცებლობის ხასიათი და არც მომავალში მიიღებს. მთავრობა ეცდება, და მოახერხებს კიდეც, ისეთ ფასებში შეიძინოს სამონოპოლიო საქონელი, რომ არ დაიჩაგროს არც შემყიდველი, არც გამყიდველი.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.

ბ. თევზაია (ს.-დ.) აქ წამოყენებული საბუთები და საერთოდ მთელი ოპოზიცია მეტის-მეტად დაშორებულია საკითხს. მართალია დიდი სიტყვა წარმოსთქვა ბ. ასათიანმა, მაგრამ იგი ეხებოდა უფრო საქმის ტეხნიკურ ორგანიზაციას, ვიდრე ეკონომიურ პოლიტიკას. რასაკვირველია, შეეხო ჩვენ კანცელარიას, როდის, ვის, სად როგორ იღებენ და სხვ. ეს სულ სხვა კითხვა არის და არსებითად არ შეეხება იმ კითხვას, - ეკონომიურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ამ ჟამად გვაინტერესებს. თუ ასათიანი არსებითად არ შეხებია საკითხს, სამაგიეროდ ბ. ვეშაპელს ერთი დიდი ჭეშმარიტება წამოსცდა - ყოველ საქმეს უნდა გამოცდილი და მცოდნე კაციო. ბ. ვეშაპელს ამაში ყველა დაეთანხმება. მხოლოდ ჩვენ მცოდნედ და გამოცდილად მიგვაჩნია კოოპერატივში ნამუშევარი ხალხი. ის უფრო გაიგებს და შეასრულებს საქმეს დღევანდელ პირობებში. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საქმეში ჩაბმულია ისეთი ხალხი, რომელსაც ხშირად მიღებული აქვს ერთგვარი გამოცდა, კოოპერატივებში მუშაობით. (ვეშაპელი: ქარცივაძე კოოპერატორია?) თუ ეს ხალხი მუყაითად იმუშავებს, უნდა ვიფიქროთ, საქმე არ წახდება. რაც შეეხება მეორე დებულებას - ფული ეცემა, რადგან ბეჭდავთ და ეხლა კიდევ უფრო დაეცემა, ვინაიდან საქონლის შესაძენად კიდევ დაბეჭდავთო, - ეს დებულება ამ სახით მიუღებლად მიმაჩნია. როდესაც ბონები და საერთოდ ქაღალდის ფულები იბეჭდება მეტი, ვიდრე ეს სჭირია საქონლის ნორმალურ ტრიალს, მაშინ მისი ფასი ეცემა. თუ ერთნაირი პროპორცია საქონლის და ქაღალდის ფულებს შორის დარღვეულია - ეს, სხვათა შორის, იწვევს კურსის დაცემას. (გვაზავა: ჩვენ პირობებში ეს რაც უნდა იყოს მომატებაა!) მაგრამ, როდესაც საერთოდ ბონები იბეჭდება სახელმწიფოს მიერ, ეს არ არის საბუთი იმის, რომ მისი კურსი დაეცეს. ეს დამოკიდებულია იმაზედ, თუ რაზედ იხარჯება დაბეჭდილი ბონები. თუ ის იხარჯება ჩვეულებრივ ხარჯების დასაფარავად, რომელიც უნდა იყოს დაფარული ჩვეულებრივი შემოსავლით, საერთოდ გადასახადის სახით, ეს არა ნორმალური მოვლენაა ფულის ნორმალურ ტრიალის კანონების მიხედვით, მაგრამ თუ ბონები იხარჯება არა სახელმწიფოს ნორმალურ შემოსავლის მაგიერ, არამედ საქონლის ტრიალის გასაადვილებლად და ხელის შესაწყობად, მაშინ ამ უკანასკნელ მიზნით განსაზღვრულ ბონების დაბეჭდვა არ გამოიწვევს აუცილებლივ მისი ფასის დაცემას.

მეორე დებულება ბ. ვეშაპელისა არის შემდეგი: მტკიცე ფასების დაწესება სამონოპოლიო საქონელზედ, ერთ მეურნეობის დარგში, იწვევს სხვა დარგებშიაც, სადაც თავისუფალი ვაჭრობაა საქონელზედ, ფასების გადიდებას.

ბატონებო, უნდა ითქვას, რომ ფასი საქონელზედ მატულობს დღეს იმ დარგშიაც, სადაც მონოპოლია არ არის შემოღებული. ეს ჩვეულებრივი და საყოველთაო მოვლენაა. ამის წინააღმდეგ მაგ. გერმანიაში ბევრი ზომები გატარდა. ერთი ამ ზომათაგანი იყო მტკიცე ფასები ზოგიერთ საქონელზედ, მაგრამ ამ ზომებს არ გამოუწვევია სხვა დარგის საქონელზედ ფასების აწევა. (კედია: რუსეთში, ბატონო, რუსეთში?!) რომელ რუსეთში, რომელ ნაწილში, რომელ რეჟიმის დროს? საერთოდ რუსეთის მაგალითით სარგებლობა ამ შემთხვევაში ყოვლად მიუღებელია. (კედია: ჩვენ საქართველოზე ვლაპარაკობთ, საქართველოზედ! აქაა კონკრეტიული მაგალითი!) მე ვუპასუხებ ბ. ასათიანს, თუ მტკიცე ფასების დაწესების შემდეგ მთავრობამ შეძენილი საქონლით მოახერხა საზღვარ გარედან ხალხისთვის საჭირო საგნების და, განსაკუთრებით სანოვაგის, შემოტანა ხელსაყრელ პირობებში და ფასებში, ეს იქნება ერთი ნამდვილი საშუალება საქონელზედ ფასების საერთო დაწევისა.

თქვენ ზოგიერთჯერ ბრძანებთ, რომ მონოპოლიის წინააღმდეგი არა ხართ საერთოდ, დღეს თქვენ სთქვით, რომ მონოპოლია დაღუპავს ქვეყანას. (კედია: თქვენი მონოპოლია!) დიახ, დიახ, მონოპოლია საერთოდ ერთი საშუალებათაგანია დღევანდელ პირობებში ეკონომიურ ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩასაყენებლად და თუ თქვენ მომხრე ხართ მონოპოლიის, მაშასადამე ცხადია, რომ ამ დეკრეტს მხარი უნდა დაუჭიროთ. (კედია: თუ არ ვენდობით ამ ორგანიზაციას? თუ არ ვარგა?) ეგ სხვაა! ეს პირდაპირ უნდა სთქვათ. ნუ იქნებით, ბატონებო, ხან მონოპოლიის მომხრე საერთოდ, ხან მისი წინააღმდეგი პრინციპიალურად.

თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა მუხლობრივი განხილვის შესახებ? არავის. სიტყვა ბ. მომხსენებელს ეკუთვნის.

თევზაია (კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულია ღა გადაეცემა სარედაქციო კომისიას).

გაგრძელება მსჯელობისა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების შესახებ.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ღლონტს.

თედო ღლონტი. (ს.-ფ.) ყველას მიერ აღნუსხული იყო, რომ სურსათის საკითხი არის ერთი უმთავრესი და უდიდესი საკითხი ჩვენი საშინაო ცხოვრებისა, მაგრამ სამწუხაროდ სურსათის მდგომარეობის შესახებ ამ ჟამად და ის გამოსვლები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ და დღეს უნდა ჩაითვალოს ისეთ გამოსვლებათ, რომელიც სრულებით ვერ ახასიათებს მდგომარეობას, და ვერც ჰხსნის იმ მდგომარეობას, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. სურსათის მდგომარეობა მარტო იმაზედ არ არის დამოკიდებული, რომ ჩვენ ვერ შემოგვაქვს საქონელი, საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ ხდება ამ საქონლის მობილიზაცია. საქმე იმაშია თუ რა სასურსათო პოლიტიკა არის საჭირო საქართველოსათვის, რომ საქმე მოგვარდეს. ეს არის ძირითადი საკითხი. ჩვენი სასურსათო უბედურება ის არის, რომ ჩვენში არ არსებობს ერთი სასურსათო პოლიტიკა, ჩვენ სახელმწიფოში, დამოუკიდებელ რესპუბლიკაში სურსათის მხრივ იმდენი დამოუკიდებელი სასურსათო პოლიტიკა არსებობს, რამდენიც არის ქალაქი, რამდენიც არის ერობა. ყოვლად შეუძლებელია ამ ანარქიულ, ქაოტიურ მდგომარეობაში სასურსათო პოლიტიკაზე ლაპარაკი და იმ სასურსათო ძალების მობილიზაციაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს მოსაგვარებელი. ამის შესახებ თუ ვინ ქმნის, თუ ვინ აწარმოებს ამ სასურსათო ანარქიას ჩვენ საქართველოში, ან ბრძოლას როგორ ვეწევით, ან რა არის ეს ორგანიზაციები, ან ვინ უწყობს ხელს სპეკულიაციას, ამაზე კრინტიც არავის დაუძრავს. ილაპარაკეს ბევრ წვრილმანზე, მაგრამ ძირითადი საკითხი გაურკვეველი დარჩა. ხშირად, თუ არ გავყვებით და არ გავითვალისწინეთ ის მდგომარეობა, რომელშიაც ვიმყოფებით და რომელშიაც გვიხდება ცხოვრება, ყოვლად შეუძლებელია მისდამი დამოკიდებულება იყოს საზრიანი და რაციონალური. ბ. ჟორდანიამ განაცხადა, რომ ჩვენი სიძვირის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მეტს ვჭამთო, ჩვენი ძირითადი სასურსათო კრიზისი იმაში არსებობს, რომ ჩვენ გასავალი უფრო მეტი გვაქვს ვიდრე შემოსავალი. ეს რასაკვირველია, ეკონომიურ პოლიტიკის ანბანია, რომ ასეთ პირობებში ვალიუტის ღირებულება დაეცემა, აშკარა არის, რომ ამ პირობებს ანგარიში უნდა გაუწიოთ. როდესაც ჩვენ ამას კრიტიკულათ ვეხებით ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ სიძვირე მარტო იქ კი არ არის, სადაც გასავალი მეტია, ვიდრე შემოსავალი. სიძვირე იქაც იზრდება, სადაც დიდი ხარჯები არ არის, სადაც სახელმწიფოს დიდი შემოსავალი აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ იმ დამშეულ ქვეყნებს, რომელთაც შემოსავალი ცოტა აქვთ, შემოსავლიან და კარგად მომუშავე სახელმწიფოდან გამოაქვთ დიდ ძალი საქონელი, აცარიელებენ ექსპორტს და მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს დიდი შემოსავალიცა აქვს, იქ დიდი ვაჭრობაცა აქვთ, იქაც ძვირდება საქონელი, იმიტომ, რომ იქ არის დიდი საზღაპრო ბაზარი და დიდი ბაზარი ყოველთვის სწევს მაღლა ფასებს. თქვენ კარგათ გეხსომებათ, რომ ბ. ავალიანმა, ფინანსთა მინისტრის ამხანაგმა, განაცხადა, რომ ლოიდ-ჯორჯმა განაცხადა პალატაში: ჩვენი მდგომარეობა კატასტროფიული არისო. ბატონებო, როდესაც ლოიდ-ჯორჯი ამას ამბობს რა უნდა იყოს ჩვენი ახალი მოუწესრიგებელი რესპუბლიკაო. მაშ რა გვარი უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა; ეს ეფექტი არის მაგრამ, არ შეიძლება ამის მთქმელს არ მოვთხოვოთ, რომ ლოიდ-ჯორჯის კატასტროფიული მდგომარეობა სხვა არის და ჩვენი კიდევ სხვა. (ვ. ჯუღელი: სოლომონიც მაგას ამბობდა!) სოლომონი, რომ ამას ამბობს ეს უნდა ასწავლოთ ბ. მინისტრს, რომ სოლომონ ზურგიელიძის აფორიზმები მიიღოს მხედველობაში, მიიღოს აქსიომათ, ბ. ვალიკო მე ვამბობ, რომ ჩვენი მდგომარეობა მართლა კატასტროფიულია. ჩვენ არც ისეთი დიდი უბედურება დაგვტეხია თავს, როგორც სხვა ევროპიულ სახელმწიფოებს. ომი აქ ისეთი არ იყო, როგორც სხვა სახელმწიფოებში, შედარებით მოგახსენებთ, ჩვენთან შედარებით, პატარა რესპუბლიკასთან, მათ გაცილებით მეტი ზარალი ნახეს და ცუდი მდგომარეობა არის იქ, მაგრამ თუ კი არის მშვიდობიანობა, როგორც აქ, ეს იმიტომ რომ ერთგვარი ტრადიციები, სისტემა, კონსერვატიზმი არის დაცული პოლიტიკაში. (ვ. ჯუღელი: მაგალითად? ს. კედია: კონსერვატიზმი როგორ შეიძლება? ასათიანი: სად სოციალიზმი, სად კონსერვატიზმი?) ეს ბ. ვალიკოს როგორც...

თვით საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ისეთი არის, რომ მას ესაჭიროება შესაფერი შეფასება და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი სურსათის მობილიზაციისათვის. ყველა რესპუბლიკები, არა თუ ამიერ-კავკასიის, არამედ შეიძლება ითქვას მთიელებიც დაკავშირებული არიან ჩვენი რესპუბლიკის მდგომარეობასთან. ისინი ერთ ფუთ პურს ვერ მიიღებენ თუ საქართველოს რკინის გზაზე არ გაიარა. დიდი მნიშვნელობა აქვს ორ მთავარ პროდუქტს - პურს და ნავთს. ნავთს რომ იოლად და შეღავათიან პირობებში ვშოულობთ ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ ერთი ნავთი უფრო იაფი პროდუქტი არის, ვინემ სხვა ჩვენი ნაწარმოები და მეორე იმიტომ, რომ საქართველო გეოგრაფიულად ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ წარმოადგენს აზიის ისეთ ნაწილს, რომლითაც სხვები დაინტერესებულნი არიან. უჩვენოდ ვერ იარსებებს ვერც ადერბეიჯანის და ვერც სხვა რესპუბლიკები. ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და მოვაგვაროთ სურსათის მდგომარეობა. აიღეთ პურის საკითხი. პური გააქვთ სომხებისათვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სასარგებლოა და ჩვენში მიუხედავად იმისა, რომ მოუსავლობა იყო, მაინც არ იყო ისეთი კატასტროფიული მდგომარეობა, როგორც სხვა მეზობელ სახელმწიფოებში. იმიტომ, რომ, მართალია მათ ეხმარებათ სხვა ევროპის სახელმწიფოები პურით, მაგრამ ჩვენი რკინის გზის საშუალებით ერთი ნაწილი ამ პურისა რჩებოდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი ენერგიული მუშაობა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ რკინის გზა იქნეს გამოყენებული. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი მეურნეობის მოწესრიგებაში. ამრიგად ჩვენ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს სურსათის განაწილებაში. და როდესაც ლაპარაკობთ, რომ ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ და სხვა, უნდა მოიგონოთ, რომ არც ისეთი კატასტროფიული არის ეს მდგომარეობა, როგორც სხვა სახელმწიფოებში. მაგრამ ჩვენ გვმართებს, რომ არსებული ხელსაყრელი პირობები გამოვიყენოთ. და ჯერ ესეც არ არის გამორკვეული - პურის მხრით არსებობა შეგვიძლია თუ არა. მრეწველობის მხრით დიდი ხანია ვამბობთ, რომ დამოკიდებული ვართ უცხო სახელმწიფოებზე. მაგრამ პურის მხრივ საკითხი გამოურკვეველია და იგი მხოლოდ პოტენციაში არსებობს. მე მაინტერესებს ძლიერ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, როგორი იყო ეს შემოსავალი. რამდენი მოდის აქ, რამდენს ვყიდით, ან რამდენს ვყიდულობთ. მე მივმართე წყაროებს, რკინის გზის სტატისტიკას ნორმალურ წლებისას და დაახლოვებით ცნობები ასეთი არის. აი მასალები: 1892 წელში შავი ზღვიდან გაუტანიათ 6,7 მილიონი ფუთი სიმინდი, 1894 წ. 7,3 მილ. ფუთი. მაგრამ ეს უფრო ძველ დროში. მაგრამ მე მაინტერესებს როგორი მდგორეობა არის უფრო ნორმალურ წლებში, რომ ამას უფრო მეტი მეცნიერული დაფასება ქონდეს. ავიღოთ ნორმალური პირობები - უკანასკნელი 1913 წლის რკინის გზის სტატისტიკა, ეს სტატისტიკა მეტისმეტად ვრცელია და ამ მხრით იქ მეტად საინტერესო სურათი გვეშლება იმ მხრივ, რომ ჯერ ერთი ეკონომიურად იკვლევს ჩვენი სოფლის მდგომარეობას და მეორე მხრივ იმით, რომ სრული სურათია იმისა, თუ როგორ ხდება პურის შემოტანა და გატანა. შემოგვიტანია პური 1913 წელში უმთავრესად ბათუმის ნავთსადგურიდან და აგრეთვე ბალაჯარიდან. მაგრამ უმთავრესი იმპორტის მნიშვნელობა ჰქონდა ფოთს. სამხედრო გზა კი არაფერ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება სოხუმისა და ოჩემჩირის ოლქს იქიდანიც გაჰქონდათ, მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმისა და ფოთის ნავთსადგურებს, როგორც ბაზას. ბათუმის რკინისგზით ჩვენ მივიღეთ 275 ათასი ფუთი, ნავთსადგურიდან 310 ათასი ფუთი; სულ ბათუმიდან საქართველოს რკინის გზით მივიღეთ 585 ათასი ფუთი. ფოთის პორტმა მოგვცა 1340 ათასი ფუთი; სულ ბათუმიდან და ფოთიდან მივიღეთ 1900 ათასზე მეტი ფუთი. შემდეგ აქ ტფილისის სადგურს რკინის გზით როსტოვი-ბაქო მიუღია 85 ათასი ფუთი. სულ მიგვიღია 1913 წელში ფქვილი უმთავრესად 27 მილიონი ფუთი. მე აქა მაქვს ხელში ძლიერ დაწვრილებითი ცნობა თუ როგორ იქნა დანაწილებული ეს ფქვილი, მაგრამ, რასაკვირველია, მის მოხსენებას აქ არა აქვს მნიშვნელობა. გატანილია სულ 2121 ათასი ფუთი; ასე რომ გაგვიტანია მეტი ვინემ შემოგვიტანია. ყოველ შემთხვევაში ამ ცნობებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ, რადგანაც ეს ცნობა შეეხება ისეთ წელს, როდესაც არც ისეთი კარგი მოსავალი იყო პურის მხრით, მაგრამ პურის მხრით შეგვიძლია დამოუკიდებელი ცხოვრება. და თუ მივიღებთ მხედველობაში უფრო ძველ ცნობებს, ჩვენ შევამჩნევთ, რომ ჩვენი ხალხი, მართალია ცხოვრობდა ჭადით და ღომით, მაგრამ გაცილებით მეტი გაჰქონდათ, ვინემ შემოჰქონდათ. უკანასკნელ დროშიც, როდესაც, მთავრობის მოქმედება შეზღუდული იყო და ვერ მუშაობდა, მაშინაც კი პურის მხრით დამოუკიდებელ ეკონომიურ პოლიტიკას ვაწარმოებდით. მე იმიტომ მოგახსენებთ ამას, რომ არც ისე პესიმისტური არის მდგომარეობა ჩვენი სასურსათო პოლიტიკის მომავლისა, როგორც ეს სჩვევიათ ბევრს ლაპარაკში. და რომ საქართველომ შესძლოს პურის პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოება, მაშინ მიწადმოქმედების მინისტრს უნდა დავავალოთ, რომ მან განსაკუთრებული ყურადღებით და ენერგიით იმუშაოს ამ დარგში და თვისი აგრარული რეფორმა ისე გაატაროს, რომ არ დარჩეს არც ერთი ნაჭერი მიწისა დაუმუშავებელი. (რეპლიკა ბენია ჩხიკვიშვილის...) თუ ამ დებულებას სამართლიანად სთვლის ამხანაგი ბენია, მაშინ არც ის კანონი უნდა იქნეს გამოცემული, რომელიც მათ გამოსცეს, იმიტომ, რომ სწორედ ეს კანონი და პოლიტიკა დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ხალხის ინტერესებს.

შემდეგ ჩვენი ეკონომიური პოტენციის და ეკონომიური შესაძლებლობის შესახებ. მე უნდა მოგახსენოთ უმთავრესად პატივცემულ ნოე ჟორდანიას შესახებ. ვინც კარგად იცნობს ჟორდანიას, როგორც საზოგადო მოღვაწეს, ის არ შეიძლება არ დაგვეთანხმოს, რომ იგი არის ჩვენი ცხოვრების ნამდვილი კალეიდოსკოპი. ვერც ერთს შესაძლებლობას ვერ წარმოიდგენს, რომელიც არ იყოს ჟორდანიას პიროვნებაში და აზროვნებაში. ელემენტარული 421

არის ის, რომ ჩვენი მიმდინარე ცხოვრება ცვალებადია. ამ ცვალებადობას შეფასებაში მას უეჭველად პირველი ადგილი უჭირავს და მისი ლიტურატურული მუშაობა არის მუდმივი საზიდო, რომლის გამო ის ხდება ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრად, მაგრამ უეჭველად დიდი მოაზრეს დიდი შეცდომები თან სდევს. ეს აუცილებელია. თვითონ კარგათ მოეხსენება, რომ ბევრი ის, რაც ცნობილი იყო მათ მიერ სიმართლეთ ბოლოს შემცდარი აღმოჩნდა. ჩვენ შეგვიძლია ეკონომიურად ცხოვრება, მაგრამ ამ საფუძველზე უნდა იყოს მოწყობილი სათანადო აპარატი ჩვენი სიმდიდრის მობილიზაციისათვის. ეს აპარატია კოოპერატივები, ერობები და ქალაქის დაწესებულებები, თუ ესენი არ იქნებიან დაკავშირებულნი... (ვ. ჯუღელი: ვინ თქვა, რომ არ იქნება დაკავშირებაო?) ამხანაგი ვალიკო მეკითხება: ვინ თქვა, რომ არ იქნება დაკავშირებავო? აქ ლაპარაკი იმაზედ არ იყო. მე მოგაწვდით ცნობას რა მდგომარეობაში არის ეს ორგანიზაციები... მე მოხარული ვიქნები, რომ ეს იქნეს მიღებული და თუ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს სპეკულიაციასთან ბრძოლა, ეს ბრძოლა გაუადვილო. ყოველ შემთხვევაში დიდ სარგებლობას და დიდ შეღავათს მოუტანს ჩვენ რესპუბლიკას. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ. მე დავიწყე იმ ორგანიზაციაზე ლაპარაკი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ამ სპეკულიაციასთან ბრძოლაში. ეს არის კოოპერაცია! (ს.-დ. ფრაქციიდან: კოოპერაციაზე ლექციას წაგვიკითხავს! თევზაია: თანახმანი ვართ!) მე თქვენი თანხმობა არ მინდა, მე მინდა პრაქტიკული ზომები, ელემენტარული დებულება იყოს, რომ კოოპერაცია ებრძოდეს სიძვირეს, კოოპერაციას მე დიდ იმედს ვამყარებ. და უნდა გამოვთქვა, რომ ის დიდი იმედები, რომელსაც ჩვენ კოოპერაციას ვამყარებდით, მან ეს ვერ გაამართლა. ამ კოოპერაციისადმი ინდიფერენტიზმს არ შევებრძოლებით მასაში. ხშირად გვეუბნებიან, რომ კოოპერატივები სპეკულიაციას ეწევიანო და სხვა ამისთანებს. მე უნდა გითხრათ, რომ ბევრი სიმართლე არის და ბევრიც შეცდომა არის. როგორც ბ. ნინიძემ განაცხადა და მოიყვანა მაგალითად, რომ ჩვენ ადმინისტრაციაში არის ბოროტი ხალხი. როდესაც ჩვენი ეკონომიური ცხოვრება დაცემულია, უეჭველია, შესაძლებელია, რომ იმ ორგანიზაციაში, სადაც თავმოყრილია 800.000 წევრი 1.800 კოოპერატივში, შეუძლებელია, რომ იქ არ აღმოჩნდეს ზოგიერთი ცუდი ღირსება კოოპერატივისა. რა მდგომარეობაში უნდა იყოს კოოპერატივები, როდესაც ის თანხები, რომლითაც ის მუშაობს საშუალოდ 30 ათას მანეთს არ აღემატება. ციფრები კოოპერატივის თანხების შესახებ, რომელიც მე თქვენ მოგაწოდეთ ამოღებულია ამიერ-კავკასიის კოოპერატივების კავშირის ანგარიშებიდან. ამ ბოლო დროს მათ დაადგინეს: ამ თანხებით ისინი ვერ შესძლებენ მიზნის განხორციელებას და აპირებენ ბანკის დაარსებას, მაგრამ ეს ბანკიც ვერაფერს გააწყობს, თუ მთავრობამ ინდიფერენტიზმი არ მისცა.

კოოპერატივმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და დღეს მიუხედავად იმისა, რომ ამ კოოპერატივის ხალხს ამშვენებს ისეთი დიდი ცენტრალური კავშირი (ს.-დ. ფრაქციიდან: ამშვენებს მხოლოდ ღლონტი!) არამც თუ არ შეუძლიან, მას არ შეუძლიან თავისი მდგომარეობა მოაგვაროს, ფული გაამრავლოს! (ასათიანი: რატომ? ფული ბევრია სოფელში?! ალბათ ქურდობენ!) ქურდობა, ბატონო, ბურჟუაზიის მოგონილია! (სიცილი). (კედია: თქვენ არ ვაჭრობთ თქვენს მეურნეობაში?) დიახ! დიახ! და ძალიან კარგადაც. ჩვენ, რომ ვლაპარაკობთ განაწილებული და განაღდებული იქმნეს ეს საქმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხალხის გამოყენება არ შეიძლება. შეიძლება მე ვთქვი, რომ სანამ მთავრობას მოუწვევია ხალხი, როგორც განზრახულია... გამრავლებული იქნას კოოპერატივები როგორც ერობები. (ბ. ჩხიკვიშვილი: რაღას გვიწყრებით, მაშ რაღა გინდათ?) ეს არ კმარა! (ჩხიკვიშვილი: მაშ გადავიტანოთ მთავრობა კოოპერატივებში!) მე ვამბობ, რომ კოოპერატივი ისეთ პირობებში უნდა ჩავაყენოთ კრედიტის მხრივაც, რომ უეჭველად მეტი გასაქანი ჰქონდეს. ჩვენ ვსარგებლობთ პატარა კაპიტალით, ეს კრედიტი არ გვაკმაყოფილებს. ესეც ცუდი არის. ბევრი რომ გვქონდეს ბევრსაც გავაკეთებდით. (ასათიანის რეპლიკა არ ისმის) ... შეისყიდონ, ფასები აიწევა ხვალ, ზეგ. ეხლა როგორაა საქმე სიძვირის წინააღმდეგ მომქმედ სხვა ორგანიზაციაში? მე მოგახსენებთ, რომ ამ ჟამად იმდენი სასურსათო პოლიტიკა გვაქვს რამდენიც არის სამაზრო ერობა, რომელიც არის ფაქტიურად პოლიტიკური ერთეული. ამ ერთეულებმა მოგვიწყვეს ყველგან, რკინის გზებზე, სოფლებში და მაზრებში საბაჟოები, რომელნიც ჩვენ უბედურ ცხოვრებას და სიძვირეს ამძიმებენ - თვითმართვის ეს პოლიტიკა საშინელია ჩვენი ცხოვრებისა და სხვა. მოვითხოვთ ამ პოლიტიკის განადგურებას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრის ამხანაგს ს. ავალიანს.

სვიმონ ავალიანი (ფინანსთა მინისტრის ამხანაგი). მართალი მოგახსენოთ, როდესაც გამოვდივართ აქ, არ გამოვდივართ მაინცა და მაინც დიდი სიამოვნებით, რადგან იძულებული ვართ ასჯერ გავიმეოროთ ერთი და იგივე. არის უწყება, გეგმა კი არა აქვსო, ასათიანს ეკავა ხელში ეს წიგნი, რომელშიაც დაბეჭდილია ჩვენი ბიუჯეტის პროექტი, და თუ წაკითხული აქვს ეს პროექტი, იქ გამოთქმულია ჩვენი გეგმა და პროგრამა, უმთავრესი მუხლები გახლავთ: (კითხულობს 13.15) ეს არის გეგმა, მაგრამ უნდა ვსთქვა ისიც, რომ ჩვენ ვცდილობთ დაწერილი ცხოვრებაში გავატაროთ და გეგმა განვახორციელოთ. მაგრამ, ბატონებო, კარგად მოგეხსენებათ, ცხოვრება უფრო ძლიერია და ხშირად გეგმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირად გვიხდება აუხვიოთ ზოგიერთი მუხლებს, როდესაც ამას ცხოვრება მოითხოვს. მაგრამ დღეს-დღეობით უმთავრესად მაინც ამ გეგმას მივსდევთ, მთავარი გეგმა, რომელიც გამოქვეყნებული და მიღებული გახლავთ არის ის, რომ სახელმწიფო და მით უმეტეს დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის სათავეში სდგას სოციალისტური მთავრობა, ის მთავრობა, რომელიც ეყრდნობა მუშათა ხალხს, ეს მთავრობა, ეს სახელმწიფო უნდა უეჭველად ჩადგეს ეკონომიური ცხოვრების სათავეში. მას უნდა ჰქონდეს მონაწილეობა ეკონომიურ ცხოვრებაში და ამის მიხედვით გადავდგით ერთი ნაბიჯი და მივიღეთ მონოპოლია, რომლის საშვალებით მთავრობის ხელში უნდა გადავიდეს ყოველი სავალიუტო მნიშვნელობის საქონელი. ჩვენი ფული ეცემა, მის გასამაგრებლად არის შემოღებული ეს მონოპოლია. მაგრამ დღევანდელ პირობებში, სახელმწიფოს არ შეუძლია მთელი ეკონომიური ცხოვრება ხელში აიღოს; ამისთვის საჭიროა გამოცდილი, მოწყობილი აპარატი და სულ ერთბაშად აღება, როგორც ღლონტი მოითხოვს, დღეს-დღეობით შეუძლებელია; ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, დადგება დრო, დემოკრატიული სახელმწიფო განახორციელებს ამას და ვაჭრობა-მრეწველობას სათავეში ჩაუდგება. მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ამ მონოპოლიის გზაზე მთავრობას გადაეღობა ბევრი რამ, და სხვათა შორის ისინი, ვისაც ბ. ასათიანი იცავს და ვისი წარმომადგენელიც ის არის. თქვენ მუდამ გაიძახით დაიღუპა მრეწველობა, დაიღუპა წარმოებაო, რაზეა ლაპარაკი, რომელ მრეწველობაზე? მაგ. გამოცხადდა პარკის მონოპოლია - ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ იმ გლეხს, რომელსაც პარკი აქვს, ეს პარკი ხელში შერჩება და არ გაფუჭდება; ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ მატყლი პატრონს რჩება, - სრულებითაც არა, ორი, სამი კვირის შემდეგ ეს მატყლი ჩარჩის ხელში გადადის. ეს მონოპოლია, მაშასადამე, არის ბრძოლა ჩარჩის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა ხალხის მტრების წინააღმდეგ. რომელ მრეწველობაზე ლაპარაკობთ? თქვენ ხშირად ლაპარაკობთ - სახელმწიფო აწარმოებს მონოპოლიას, მონოპოლიამ დაღუპა სახელმწიფოო და ჩვენ გვეუბნებით, რომ მთავრობამ მწარმოებელთან შეთანხმებით გაზიდოს საქონელი, მიენდოს გაზიდვა სავაჭრო-სამრეწველო პალატასო და მეორე მუხლში სწერია (კითხულობს). რომელი მწარმოებელი, რომელი გლეხი, რომელი მეპარკე, რომელსაც ერთი ფუთი პარკი მაინც აქვს, შევა ამ საზოგადოებაში, რომელ მეცხვარეს, რომელსაც ორი-სამი ფუთი მატყლი მაინც აქვს, შეიყვანთ ამ საზოგადოებაში? ამ მრეწველზე არის ლაპარაკი? (კედია: - კავშირები არსებობენ!) კავშირები მოეწყოს ბ. კედია, და მერე ვილაპარაკოთ. მერე რას პირდება ეს საზოგადოება სახელმწიფოს? მოგების 75%25 ჩვენი იყოსო, 25%25 კი სახელმწიფოსო. მონოპოლიის წინააღმდეგი ისინი არიან ვისიც კერძო, გაუმაძღარი ჯიბე ამ მონოპოლიით იჩაგრება. და ასეთ პირებთან გინდათ სახელმწიფომ კავშირი შეკრას, მონოპოლიის საშვალებით მათ დახმარება გაუწიოთ, რომ საქონელი უცხოეთში გაიტანონ და მით ძირი გამოეთხაროს ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას. ჩვენ ხმა-მაღლა ვაცხადებთ რომ კერძო ინიციატივას არ ვსპობთ, პირიქით ჩვენ მას ვიწვევთ, კერძო აპარატს ვეყრდნობით და შეთანხმებით გვინდა ვიმუშაოთ; მაგრამ ერთი გვაქვს, სახეში ამ შეთანხმების დროს: დაცული იყოს სახელმწიფოს ინტერესი, დემოკრატიის ინტერესი. ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვღუპავთ წარმოებას და იმ ორგანიზაციაში, სადაც ბ. ასათიანი მუშაობს, გაისმის ხშირათ: დაიღუპა თამბაქოს საქმე, თამბაქოს კულტურაო. მართალია, ეს კულტურა დიდ განსაცდელშია; თუ თქვენ ჩაიხედავთ უცხოეთის ჟურნალ-გაზეთებში, გაიგებთ, რომ ყველგან ასეთი კრიზისია. ეს იმიტომ, რომ თამბაქოს კულტურა მეტად მძიმე კულტურა არის - წელს მოწეული თამბაქო არ გამოდგება, შეიძლება, რამოდენიმე წლის შემდეგ გამოდგეს.

არის სხვა მოსაზრებაც - როდესაც მაგ. სიმინდის ფასი სუხუმის ოლქში 500 ჯერ გაიზარდა, თამბაქოსი ამავე დროს - 80-ჯერ, მაშასადამე ეკონომიური ცვლილება მთელ დარგში გამოწვეულია მთელი რიგი პირობებით. მაშასადამე, მონოპოლია კი არ ღუპავს თამბაქოს კულტურას, არამედ ჭადს მეტი მოთხოვნილება აქვს, დღეს ჭადია საჭირო და ეს ცვლილება ხელს უწყობს თამბაქოს კულტურის დაცემას. რომ კერძო ინიციატივას არ ვებრძვით და ეკონომიური პოლიტიკა გვაქვს და გვინდა აყვავდეს სახელმწიფოს ვაჭრობა-მრეწველობა, ამის საბუთი ის არის რომ, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ნება დავრთეთ გახსნილიყო ოცი სააქციო საზოგადოება. 1919 წლის განმავლობაში ოცი ახალი საზოგადოება გაიხსნა, მათი ძირითადი თანხა უდრის 71 მილიონ მან. გამოდის რომ მრეწველობა თითქოს იწყება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არც ერთს სააქციო საზოგადოებას მათგანს მრეწველობა არ დაუწყია, მრეწველობას ხელს არ კიდებს; რატომ? - სულ უბრალო მოსაზრებით. მრეწველობას მოგებისათვის უნდა უცადო, აქ დრო არის საჭირო, სპეკულიაცია კი დღესვე იძლევა მოგებას და ყველა საზოგადოებამ თავისი საზიზღარი სახე გამოაჩინა, ყველამ სპეკულიაციას მიყო ხელი. ვინც ცოტა უნარს გამოიჩენს ჩვენ ვეხმარებით, იქნება ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ კერძო პირი. დაგისახელებთ თუ გნებავთ: არიან მრეწველები, რომელთაც ჩვენ მივეცით რამდენიმე ათეული მილიონი მან. სესხათ. (კედია: ეს კარგია!) ეს კარგია და სწორედ ამ გზას ვადგევართ. (ასათიანი: რამდენი ქარხანა გაიხსნა?) მიმდინარე წელს გაიხსნა 7 თამბაქოს და 2 წუმწუმის ქარხანა. ქარხნებს ჩვენ თამბაქოს მტკიცე ფასებში ვაძლევთ. ჩვენი მონოპოლია გაზიდვას ეხება და შიგნით კი ქარხნებს საწყობებიდან ეძლევათ. ასეთი გახლავთ მდგომარეობა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქონლის გაზიდვას და შემოტანას. გახლავთ შემუშავებული კანონ-პროექტი ახალ სატარიფო გადასახადის შესახებ. სატარიფო გადასახადისგან სურსათი და ისეთი საქონელი, რომელშიაც მოთხოვნილება აქვს ფართო საზოგადოებას, სრულიად განთავისულებულია. ბოლო - ფუფუნების საქონელი, რომელიც განსაკუთრებულ ჯგუფს ესაჭიროება, დაბაჟული გახლავთ, აქედან ხაზინა ისარგებლებს. შემოტანისა და გაზიდვის ხელმძღვანელობის წინააღმდეგი ის არის, ვინც ასე ფართოდ იცავს კერძო ინიციატივას, იმისათვის რომ თავისუფლად და იოლად მოგება ნახოს. რომ თავისუფლად ათარეშოთ ჩარხები და სპეკულიანტები, ყველაფერი რაც გაგვაჩნია გაიზიდება და დაგვრჩება ჩვენი ქაღალდის ფული. და სწორედ ამიტომ სახელმწიფო სათავეში ჩაუდგა ამ საქმეს. ეს მდგომარეობა შექმნა ცხოვრებამ და ჩვენ უნდა გავყვეთ მის ბრძანებას ამ შემთხვევაში, რადგან სახელმწიფოსთვის უფრო სახეირო გამოსავალი არის. ევროპაში, იტალიაში მაგ. სანოვაგისა და სურსათის შემოტანა-გატანა, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია.

თქვენ ხშირად იძახით პური მოიტანეთ. რუმინიიდან ქაღალდი მოგვივიდა, მაგრამ სამწუხაროდ დაკარგულაო, მაგრამ რომ არ დაკარგულიყო საქართველო სავსე იქნებოდა პურითო. ამერიკაში, სადაც უკიდურესი თავისუფლება იყო ვაჭრობისა, ამერიკიდან ერთი გირვანქა პურის გამოტანა არ შეიძლება იქ საგანგებო უწყება არის დანიშნული, რომელიც ყიდულობს ამ პურს და მხოლოდ სახელმწიფო საწყობში არის ეს პური დამზადებული და მისი გატანაც სახელმწიფოს ხელშია. მას აქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით გააქვს ეს პური სხვა და სხვა ევროპის ქვეყნებში. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთში პურს ბარათებით იძლევიან და ამის გარეშე პურის შეძენა შეუძლებელია. ჩვენ გვეუბნებიან სახელმწიფოს ნებართვით შეიძლება გატანა აბა რა დაგემართებათო. ამის შესახებ უტყუარი ციფრები რას გვეუბნებიან. მის შემდეგ ჩვენ ხელი მოუჭირეთ მეტი საქონელი შემოვიდა. აი თუ გნებავთ: (კითხულობს) თან და თან იზრდება საქონლის გატანა და თუ გატანას თვალყურს ვადევნებთ შემოტანილ საქონლის რაოდენობა კი არ შემცირებულა არამედ გაორკეცდა (ხმები: კურსი, ბ-ნო, კურსი!) ჩვენ ვიღებთ მხედველობაში იმასაც, რომ კურსი ეცემა, მიუხედავათ ამისა შემოდის იმდენი, რამდენიც წინად შემოდიოდა. თქვენდა სასიხარულოთ მოგახსენებთ, დასამალავი არაფერი გვაქვს შემოტანილი საქონლის ღირებულება იანვრიდან სექტემბრამდე 530 მილ. მ. უდრის (კითხულობს) გატანილის - 213 მილ. მან. ისე რომ შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება გატანილ საქონლის რაოდენობას: 317 მილ. მან. (კითხულობს). რასაკვირველია, ბალანსი პასივი არის. ეს მძიმე არის სახელმწიფოში რომ მეტი შემოდის ვიდრე გადის, ჩვენ კარგათ ვიცით, რომ ჩვენი ბიუჯეტისათვის მასიური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იბადება საკითხი, შესაძლებელია თუ არა დღევანდელ პირობებში, როდესაც სახალხო მეურნეობა არ არის თავის დონეზე დაყენებული ისეთ სახელმწიფოში, სადაც სახალხო, სოფლის მეურნეობის მეტი არაფერი არ არის, რომ მისი სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებული იყოს. შეუძლებელია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, როდესაც ეკონომიურ პოლიტიკაზე ვმსჯელობთ თქვენ გამოთიშავთ ჩვენ პოლიტიკურ ეკონომიას და არ მიიღებთ მხედველობაში, რაც მოხდა მსოფლიო ცხოვრებაში. ბევრი რამ მოხდა - ჩვენ ვიცით, თუ ანგარიშს გაუწევთ, სრულიად დაინგრა მთელი ეკონომიური წყობილება. ომიანობა, გამოწვეული იყო იმით, რომ ეკონომიური დაკრება განვითარდა, ვერ დაეტია სათანადო კალაპოტში, გადალახა ეს კალაპოტი და ამის შემდეგი იყო ის რომ ნიადაგი დაინგრა. თუ ეს ნიადაგი დაინგრა, სადაც ეს ნიადაგი მტკიცე იყო, რა მოვთხოვოთ იმ სახელმწიფოს, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ალყა ჰქონდა შემორტყმული, რომლის გზები რამდენიმე თვეა, რაც გაიხსნა, იმ სახელმწიფოს, სადაც მრეწველობა არ არის. აი, ასეთივე პასიური ბალანსია დღეს ყველგან ევროპაში. ერთად ერთი ქვეყანაა ამერიკა, სადაც აქტიურია ეს ბალანსი. (ხმები: ჩამორჩენილ ქვეყნებში?). თქვენ თუ იაპონია ჩამორჩენილ ქვეყნად მიგაჩნიათ ეს არ ვიცი. რომ აღმოსავლეთის ქვეყნებზე შეიძლება ლაპარაკი (ხმაურობა) სპარსეთის ბიუჯეტის აქტიურობა საეჭვოა, სპარსეთი ბიუჯეტს არც კი აცხადებს.

მაგ. ინგლისში შემოტანილი იყო 1 მილიარდი სტერლინგის საქონელი, გატანილი იყო ნახევარი მილიარდის. ე.ი. შემოტანილ საქონლის რაოდენობა აღემატება გატანილს 500 მილიონ სტერლინგს. ეს ევროპაში. თუ ცალკე სახელმწიფოებს აიღებთ, მაგ. იტალიას - მისი პასიური ბალანსი - უდრის 1/2 ლირას. ასეთი მდგომარეობა არის ყველგან. მთელი ევროპა ცხოვრობს ამერიკის ხარჯით. ასეთ პირობებში ყოვლად შეუძლებელია სავაჭრო ბალანსი პასიური არ იყოს, ასე რომ არ ყოფილიყო ეს სასწაული იქნებოდა და სასწაულზე ლაპარაკი ჩვენ დროში შეუძლებელია. საჭიროა მრეწველობის განვითარება, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებისათვის. ასეთივე მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტს. თუ გადასაზიდი საშუალება არა გვაქვს, შეუძლებელია ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჯერ-ჯერობით ტრანსპორტის გაუმჯობესება შეუძლებელია. მართალია ხალხი არის გაგზავნილი, რომ ერთი-ორი გემი იყოს შეძენილი, მაგრამ ეს ძნელი საქმეა. საქმე იმაშია, რომ ომიანობამდე ევროპაში იყო 35.135 ათასი ტონა და ომის დროს დაიღუპა 120.14 ათასი ანუ 35 პროც. ასე რომ ევროპაც გასაჭირს განიცდის. ევროპის ფრახტები ხშირად უფრო მეტია, ვიდრე თვით საქონელი. ასეთ პირობებში ყოვლად შეუძლებელია, რაც უნდა კარგი გეგმა იყოს ასეთ სახელმწიფოში თავის მდგომარეობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა ამ პირობებში, საღია ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და ამის მაჩვენებელი მაგალითები ბევრი არის. (ასათიანი: მაგალითად?) ახლავე მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ ეკონომიური ცხოვრების გაუმჯობესება ფულის ბეჭდვით ყოვლად შეუძლებელია. სხვათა შორის, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტსა და სახელმწიფო შემოსავალში. ადგილი უნდა ჰქონდეს გადასახადებსაც. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ გადასახადებით შეიძლებოდეს სახელმწიფოს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. აქ გვითხრეს, რომ როგორ შეიძლება, სახელმწიფოს ასეთი დიდი ხარჯები აქვსო. ეს ხარჯები გამოწვეულია ობიექტიური პირობებით, რომელიც ჩვენ გარეშე არის. ჩვენ ბიუჯეტში გვქონდა ნავარაუდევი 163 მილ. მან. გადასახადი შემოვიდოთ. აქედან გვიკიჟინეს, დაიღუპა საქართველოო. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გვიკიჟინა, ისეთი გადასახადები დაადეს, რომ მის გადახდას ვერ შესძლებენ. წარმოიდგინეთ, ნავარაუდევი თანხიდან (163 მილ.) შემოვიდა 223 მილ. შემოსავალი ნავარაუდევისა ასცილდა 64 მილ. (კედია: კარგი ბუღალტერია გქონიათ!) მობრძანდით და კაპეიკიდან კაპეიკამდე გაჩვენებთ. არა, ბატონო, ხაზინებში თუ ეს შემოვიდა, ხალხს შეუძლია ამის გადახდა. თავის-თავად ცხადია, ის უწყება, რომელმაც, ეს გადასახადი შემოიღო და რომლის წინააღმდეგ ამხედრდით, მართალი იყო. მაგრამ ჩვენ ვიცით, საჭიროა ბევრი ზომების შემოღება, სხვათა შორის, საჭიროა ფულის კურსის განმტკიცება, ვალიუტა უნდა შევიძინოთ. ამისათვის შემოვიღეთ სამონოპოლიო საქონლის გაზიდვა. მეორე საქმე, ვესწრაფოთ, რომ შევიძინოთ ეს ვალიუტა სესხის სახით. ლაპარაკიც გვაქვს და შეიძლება ეს მოლაპარაკება დაგვირგვინდეს. მაგრამ უნდა მიიღოთ მხედველობაში, რომ სახელმწიფო, რომელიც ჯერ პოლიტიკურად ცნობილი არ არის და ეს კი ჩვენ უწყებაზე არ არის დამოკიდებული (ს. კედია: მაშინ დავიღუპებოდით!) და ვიდრე პოლიტიკურად ცნობილი არ არის, კარგად მოგეხსენებათ არც ერთი კაპიტალისტი არ შემოიტანს და არ დააბანდებს თავის ფულს იქ, სადაც პოლიტიკური მდგომარეობა გამორკვეული არ არის. ჩვენ ყოველ ძალღონეს ვხმარობთ და იმედი გვაქვს ახლო მომავალში სესხი შევიძინოთ.

დასასრულ ითქვა აქ, ბანკები სპეკულიაციას ეწევაო. ვინ არ ეწევა სპეკულიაციას? და ჩვენ გვაქვს საბუთები, რომელიც ამტკიცებს იმას, რომელი ბანკი და რა სახით ეწევა სპეკულიაციას. ერთი ბანკირი პასუხისგებაში მივეცით. მეორეს მივცემთ, მაგრამ ყველა რომ მივცეთ მათ ადგილებზე გაჩნდებიან ახალი პირები და ადვილი არ არის ციხეში ჩასმით საქმის გამოსწორება. სპეკულიაციას აქვს თავისი თვისება (რეპლიკა: გაქვთ ინსპექცია!) ესეც მიღებული გვაქვს და შტატებში შეტანილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ, როცა ფულის ტრიალის საქმე ვერ გაუმჯობესდა უწყების ბრალი არ არის, რომ სახელმწიფო ბანკის წესდება დამტკიცდა მხოლოდ 31 დეკემბერს. ჩვენ გვეუბნებიან, დახურეთ ბანკების განყოფილებაო. სათქმელი ადვილია, მაგრამ ვინ აგებს პასუხს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მათი პასივებისა (ასათიანი: ჩვენ აქტივები გვინდა!) ჩვენ არ გვინდა არც აქტივი და არც პასივი, როდესაც ეს სახელმწიფო ბანკი ჩვენ ხელში იქნება, მაშინ ნიადაგი გამოეცლებათ ამ ბანკებს და თავის-თავად გაქრებიან და თავის აქტივებისა და პასივების პასუხისმგებელნი თითონვე იქნებიან. (კედია: სად ყოფილა, რომ სახელმწიფო ბანკს სხვა ბანკები გაექროს?) ალბად ცუდად გესმით რაშია საქმე. ბანკებს აქტივები არ აქვთ, აქვთ პასივები და როდესაც სახელმწიფო ბანკი დაარსდება ცენტრალური საკონტროლო დაწესებულება იქნება და თავის-თავად ცხადია, მაშინ ფულის ტრიალიც გაუმჯობესებული იქნება და ის მოვლენა, რომელზედაც ბრძანებს ღლონტი მოისპობა.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ვეშაპელს ეკუთვნის.

გრიგოლ ვეშაპელი. (ნაციონ.) ბ-ბო! ძლიერ დაღალული ბრძანდებით, მაგრამ იმედია დავასრულებთ ამ სხდომას, თუ გინდ ახალ წლამდისაც მოგვიხდეს ჯდომა.

ბ-მა მთავრობის თავმჯდომარემ მოგახსენათ სამი სამინისტროს დაარსების შესახებ. ამათში განცხადება სამხედრო მინისტრის განცალკევებულ დაარსების შესახებ ახალია. რაც შეეხება მომარაგების სამინისტროს მთავრობის გეგმა აქ თითქოს ახალია, მაგრამ განმარტება კი ძველია.

სამხედრო სამინისტროს დაარსება ცალკე უწყებათ მთავრობის თავმჯდომარემ დაასაბუთა შემდეგნაირათ: როდესაც დამფუძნებელი კრება გაიხსნა ჩვენ გვქონდა შემუშავებული გეგმა სამხედრო ჯარის სრულ რეორგანიზაციისა, ამიტომ საჭირო იყო უსათუოთ შინაური და სამხედრო საქმეები ბ-ნ რამიშვილის მაგარ ხელში ყოფილიყო, ვინაიდან შინაური და სამხედრო საქმეები ერთმანეთთან გადამბული არისო. ბ-ნმა რამიშვილმა ჩინებულად შეასრულა თავისი მოვალეობა და შეუძლია სავსებით თავის სპეციალურ სამინისტროს დაუბრუნდეს და მას მოახმაროს თავისი ენერგია.

მაინცა და მაინც ასეთი დახასიათება სამხედრო უწყებისა დიდ კომპლიმენტათ არ უნდა იყოს მიჩნეული ახალი მინისტრისათვის.

თუ ყველაფერი გაკეთდა მაგარი ხელის მიერ, როგორიც არის ბ-ნი რამიშვილი და ახლა გასაკეთებელი თითქმის არაფერი არის, მე არა მგონია, რომ ასეთი დალოცვა ახალი მინისტრისა, მისი მოწვევის დროს პსიქოლოგიურათ კარგი შთაბეჭდილება დასტოვოს.

მაგრამ პირადათ მე არა მგონია, რომ ბ-ნი მთავრობის თავმჯდომარის აზრი სრულიათ მართალი იყოს. მართალია მოხდა რეორგანიზაცია ჯარის ნაწილებისა ისე, როგორც ეს განზრახული იყო, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს რეორგანიზაცია ჩინებულად ჩატარდაო, ყოვლად შეუძლებელია. უნდა მომხდარიყო გაიაფება და გამარტივება სამხედრო შტატისა. ასეთი დირექტივები ჰქონდა მიცემული სამხედრო კომისიას, რომელიც მუშაობდა სამხედრო რეორგანიზაციის დროს და რომელშიც აგრეთვე იღებდა მონაწილეობას გვარდია; მართალია სამხედრო კომისიამ ბევრი რამ შესძლო, მაგრამ გულუბრყვილობა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ის, რაც მან გააკეთა საკმარისი იყოს ჯარის რეორგანიზაციისათვის. ის, რაც მან გააკეთა იყო ნაუცბათევი, წინად აღებული მიზნით; უნდოდათ ყველაფერი შეემცირებინათ: ჯარისკაცები, ცხენების რაზმი, ოფიცრობა, მაგრამ ახალ მინისტრს მოუხდება წინანდელ რეფორმაში ახალი შესწორება შეიტანონ. ერთი შესწორება უკვე ხდება - მუშავდება დამატებითი შტატები, მუშავდება ახალი კანონ-პროექტი, რომელშიც ნათლად სჩანს, რომ აუცილებელია მიმატება იმ შტატებზე, რაც იყო წინათ; რომ საჭიროა მიმატება ყოველ ჯარის ნაწილში და როდესაც ხსენებული კანონ-პროექტი აქ წარმოდგება თქვენ დაინახავთ თუ რამდენათ იყო მისაღები ის რეორგანიზაცია, რომელსაც აგრე რიხით უმადლიან ბ-ნ რამიშვილს. ეს არ იყო ნამდვილი რეორგანიზაცია, ეს არ მომხდარა ჩინებულათ, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ ბრძანა. ახლა სწარმოებს ხელმეორე რეორგანიზაცია. ყოველ შემთხვევაში სამხედრო უწყების ცალკედ დაარსებას იმით ვერ ავხსნით, თითქოს ნ. რამიშვილის მაგარი ხელი აღარ იყოს საჭირო. შესაძლებელია სამხედრო სამინისტროს ახლა მეტი რეორგანიზაცია მოყვეს და მაშინ სამხედრო მინისტრს არა თუ არაფერი ექნება გასაკეთებელი, არამედ უფრო დიდი საქმე აქვს (რეპლიკა - მოკლეთ, მოკლეთ!) თქვენ თუ ასეთ დროს არ დაგიჭირეთ სხვა დროს ყურს არ დაუგდებთ.

მეორეს მხრით ჩვენში ორი სამხედრო ძალა არსებობს. ორივეს ცალკე მეურნეობა აქვს და სავსებით სეპარატიულად მოქმედებენ. ერთია ჯარი და მეორე გვარდია. ამავე დროს ორივეს ერთი და იგივე საქმე აქვს გასაკეთებელი. როდესაც ეს საკითხი კომისიაში ირჩეოდა, მაშინ ბრძანებდით ეს დროებითი მოვლენაა და შემდეგში გასწორდებაო, მაგრამ ეს დღესაც ასეა. და ახლა, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე აქ ამბობს, რომ რეორგანიზაცია ჩინებულად ჩატარდაო, ასეთი ჩინებული არ მომხდარა, რეორგანიზაცია არც ჯარში და არც გვარდიაში. სარეორგანიზაციო კიდევ ბევრი არის და ამ მხრით გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს დაარსებას ეს იმით დაასაბუთა მთავრობის თავმჯდომარემ, რომ ჩვენ გვჭირია კოდიფიკაცია კანონებისაო. (რეპლიკა: კოდიფიკაცია არ გცოდნიათ!) კოდიფიკაცია ჰქვია ყველა იმ კანონების, შეკრება-შეჯგუფებასა და მათ დამუშავებას, რომელიც არსებობენ - აი, ამას ჰქვია კოდიფიკაცია. (რეპლიკა: - გერმანიისაც!) გერმანიის და ბელგია-შვეიცარიაზე ლაპარაკისათვის თქვენ დრო ახლა არა გაქვთ და ტყუილა იწუხებთ ამისათვის თავს.

ამ მხრით შეიძლება ბ-ნი არსენიძეს ქონდეს მართლაც ბევრი სამუშაო, მაგრამ ბ-ნ არსენიძეს უფრო დიდი სამუშაო ქონდა გასაკეთებელი, ეს კონსტიტუციის დამუშავების საკითხი იყო და ჯერ ის, რომ დაუმთავრებია უკეთესი იქნებოდა, შემდეგ შესდგომოდა ახალ საქმეს.

რაც შეეხება სენატის ხსენებას, უნდა ითქვას, რომ სენატს მხოლოდ ქაღალდზედ აქვს თავისი დებულება, ფაქტიურად იგი მინისტრის აღმასრულებელი ძალა იქნება. თითონ შემადგენლობა სენატისა ვერ სდგას სათანადო სიმაღლეზე, იგი ვერ გასწევს თაოსნობას, საზოგადოდ ჩვენი სენატი მეტად უწყინარი დაწესებულებაა; მე არ ვგულისხმობ მოჩხუბარ სენატის აუცილებლობას, მე ვგულისხმობ სენატის უფლების მაგალითად რევიზიების კანონიერ გამოყენებას; და ასეთ გამოყენებას არა აქვს დღეს ადგილი. ჩვენი სენატი გადაიქცა ისეთ დაწესებულებათ, სადაც მხოლოდ ბინების რეკვიზიციის საქმეები ირჩევა, სხვა საქმე სენატს არა აქვს, გადახედეთ მისი მუშაობის დღიურს და თქვენ ამაში დარწმუნდებით.

მომარაგების სამინისტროზე ბევრი მოისმინეთ და მე აღარ გავაგრძელებ, პრინციპიალური კამათი აქ საჭირო არ არის. ამ ნიადაგზე კამათი უთავბოლო და უაზრო იქნება. დავიჯეროთ რომ თქვენ პრინციპიალურად დაგვამარცხეთ, დავიჯეროთ, რომ თქვენი პრინციპი სწორია, მაგრამ ნება გვიბოძეთ შევჩერდეთ თქვენი პრინციპის ნაყოფზე, შედეგებზე, შევჩერდეთ თქვენ პრაქტიკაზე.

მომარაგების სამინისტრო შეუძლებელია თავის წინაპარ ორგანიზაციების მზგავსად დაარსდეს. ამ სამინისტროს შტატები და მისი ორგანიზაცია უნდა გატარდეს დამფუძნებელ კრებაში. დღემდის, მოგეხსენებათ, ეს ასე არ გახლავთ. ბ. მთავრობის თავმჯდომარე ბრძანებდა: რომ დამფუძნებელმა კრებამ გაატაროს სამინისტროს შტატები, საჭიროების დროს მისი გაუქმება უფრო ძნელი იქნებაო. ჩვენ დავაარსებთ, ჩვენ შევადგენთ შტატსა და ჩვენვე, თუ მდგომარეობა მოითხოვს, სწრაფად გავაუქმებთო. მაგრამ მთავრობამ იმდენჯერ სინჯა და იმდენჯერ უნაყოფო გამოდგა მისი ცდა ამ სფეროში, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეს საქმე ისევ და ისევ დამფუძნებელმა კრებამ უნდა დააკანონოს. ჩვენ ფულს ვაძლევთ მთავრობას, რომ სურსათი შეიძინოს, ჩვენ ჩინოვნიკებისთვის და მოხელეთათვის ხომ არ ვიღებთ ფულს; მართალია ესენი გვჭირდება, მაგრამ აქ ზომის საკითხი გახლავთ, რომელსაც მეტად სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. თორემ პირდაპირ უცნაურია: აწყობენ ორგანიზაციას, რომელიც ხან ისე პატარაა, რომ ორ ოთახშია მომწყვდეული და სტუმარი კიბეზე სდგას, ხან კი ისეთი უზარმაზარია, რომ კადეტთა კორპუსში არ ეტევა. ასეთი არა ნორმალური მდგომარეობის გამო, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მომარაგების სამინისტროს შტატები აქ იყოს დაკანონებული, აქ გამოირკვევა უფრო ნათლად რა არის მიზანშეწონილი და რა არ არის.

მეორე საკითხი, ბატონებო, გახლავთ ის, რომ ყოველთვის ჩვენ დაწესებულებებში, კერძოდ ჩვენ სასურსათო საქმეში, მოსამსახურეთა ძალიან დიდ პროცენტს შეადგენდა და შეადგენს უცხო ქვეშევრდომები. ეს ალბად მემკვიდრეობით მივიღეთ ამიერ-კავკასიის კომისარიატის არსებობის დროიდან, როცა მგონი ბიჩი მეთაურობდა სურსათის საქმეს. შეიძლება ეს უცხოელები ფრიად კარგი მცოდნენი არიან საქმისა, მაგრამ ერთი ფაქტი თვით ბ. ავალიანმა ვერ უარჰყო; ის ფაქტი, რომ ერთმა უცხოელთაგანმა გადამალა ქაღალდი, რომლითაც რუმინიიდან წინადადებას იძლეოდენ პურის მოწოდებისას. მარტოკეს ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ ნდობას უცხოელებისადმი მეტი სიფრთხილით მოვეპყრათ. მეორე მხრით აუარებელი ჩვენი თანამემამულე-ქართველები არიან უსამსახუროთ და ულუკმაპუროდ, მაშინ, როდესაც ბევრი მათგანი სხვაზე ნაკლებად გამოსადეგი არ იქნებოდნენ.

შემდეგ, აქ ბ. ავალიანმა ილაპარაკა საბაჟო ტარიფებზე ფუფუნების საგნებზე. ჩვენ გვეგონა, რომ ამ საგნებზე დიდი ბაჟის დადებით არ დაკმაყოფილდება მთავრობა, ჩვენ გვეგონა, რომ ეს საგნები შემოსატანად სრულებით აიკრძალებოდა; რაც ხალხისათვის საჭირო არ არის, ის ჩვენ არ გვინდა. თუ მთავრობა მკაცრ ინიციატივას იჩენს გაზიდვის საქმეში, ასეთივე ინიციატივა უნდა გამოიჩინოს მან იმპორტის საქმეში. მიაქციეთ ყურადღება განცხადებებს ყირიმის შამპანიურზე, პარიზის „დუხებზე“ და სხვა ასეთზე.

თუ მოსახერხებელია ექსპორტის მონოპოლია, რატომ არ მოხერხდება იმპორტის მონოპოლია?

ერთ გარემოებას მინდა კიდევ მივაქციო თქვენი ყურადღება. თქვენ გინდათ სამონოპოლიო საქონელი გაიტანოთ, ყიდულობთ მას ფულით, ამ საქმისთვის ფულს ბეჭდავთ და ფული ეცემა. აზერბეიჯანი არ ყიდულობს სამონოპოლიო საქონელს, იქ ერთ მეოთხედს სახელმწიფო ნატურით ართმევს, დანარჩენს კერძო საკუთრებად ტოვებს. მიაქციეთ ამას ყურადღება, შეიძლება ეს მაგალითი გამოადგეს ჩვენს რესპუბლიკასაც. ამ შემთხვევაში ქაღალდის ფულის რიცხვი აღარ მოიმატებს და კურსი აღარ დაეცემა.

დასასრულ მომარაგების სამინისტროს შესახებ მაქვს წინადადება, თავმჯდომარე მომხრე იყო დამფუძნებელ კრებაში ყოველ უწყებას, ყოველ დეპარტამენტს ყოლოდა ცალკე კომისია. მიუხედავად ამისა მომარაგების სამინისტროს ამისთანა ხელმძღვანელი არ ჰყავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას რაც შეეხება, მას მომარაგების სამინისტროსთან არავითარი საქმე არ ექნება. აუცილებელია დაარსება მომარაგების კომისიისა, რათა ერთგვარი კონტაქტი იყოს მუდმივად უწყებასა და დამფუძნებელ კრებას შორის, ეხლა კი ასეთი კონტაქტი არ არის. მით უმეტეს საჭიროა ეს კონტაქტი, რადგან მინისტრს არც დრო და არც მოცალება არ ჰქონია (ერაძეს თურმე 2 საათი სძინავს მხოლოდ; ნუ თუ შეიძლება მომარაგების საქმე მივანდოთ ისეთ პირს, რომელსაც მხოლოდ 2 საათი სძინავს). როდესაც ასეთი კონტაქტი იქნება, თუ ვინმე შეცდება, ან შეაცდენენ და დასწერს უცნაურ ხელშეკრულობას, მაშინ ჩვენ მეტი სიფრთხილით მოვეპყრობით მას სხვა არ იყოს რა კოლეგიალური გრძნობა გვავალებს ვიზრუნოთ მინისტრის ბედის შესახებ.

მაშ რითი აიხსნება მთავრობის რეორგანიზაცია? სხვა ქვეყნებში კოალიცია არსებობს ინტერპარტიული (ფედერალისტები: რამდენი გინდათ თქვენ ადგილი?) ოღონდ თქვენ შეიყვანეთ მთავრობაში ყველა თქვენები, მე მადლობელი ვიქნები, მაშინ უფრო მეტი საოპოზიციო მასალა გვექნება.

ჩვენში სოც.-დემოკრატებმა დამფუძნებელ კრებაში დაუწერელი კონსტიტუცია შექმნეს თქვენ როგორც ლასალის მოწაფეებს ხომ უნდა გწამდეთ დაუწერელი კონსტიტუცია.

თქვენი ფრაქცია გადაიქცა სახელმწიფოთ სახელმწიფოში რაც სხვა ქვეყნებში პარლამენტის ფარგლებში ხდება, ის ხდება თქვენ ფრაქციაში და როდესაც მოხდა გაძლიერება ფრაქციის ერთი ფლანგისა, მაშინ თქვენ ახდენთ მთავრობის რეორგანიზაციას. მე ვიმეორებ მინისტრის მოწვევა არ არის ტეხნიკური ნაბიჯი, ეს ძალთა განწყობილების საკითხია. და ამიტომაც მოხდა ახალი სამინისტროების დაარსება.

ბ-ნ გიორგაძის განცხადებით სოც.-დემოკრატებს წინადადება შემოაქვთ რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი ბ. ნ. ჟორდანია განსაკუთრებულ უფლებით აღვჭურვოთ. მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას განსაკუთრებულ უფლებით კურთხევა შარშან არ უნდა მომხდარიყო, მაშინ მე დეპუტატათ არ ვყოფილვარ, მაგრამ დღეს ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგი ვიქნები განსაკუთრებული უფლებისა. ეს საკითხი კონსტიტუციის საკითხია - მე პრეზიდენტის მომხრე ვარ, მაგრამ, როცა სოც.-დემ. ანიჭებენ განსაკუთრებულ უფლებებს თავიანთ კომიტეტის თავმჯდომარეს ოპოზიციას დიდი სიფრთხილე მართებს. ოპოზიციას არავითარი საბუთი არ აქვს მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ უფლებებს მთავრობის თავმჯდომარისას, როცა იგი იმავე სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არის!

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარეს.

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მოქალაქენო, იმ შენიშვნებთა შორის, რომლითაც ჩემს წინააღმდეგ გამოილაშქრეს ზოგიერთმა ორატორებმა, მე ავირჩიე რამოდენიმე მუხლი, ისეთი მუხლები, რომელთაც აქვთ საერთოდ პოლიტიკური მნიშვნელობა და მინდა ამ მუხლების შესახებ ვილაპარაკო. ეკონომიურ კითხვებზე აქ უკვე ილაპარაკა ბ. ავალიანმა და კიდევ წინეთ მეორე საკითხზე ილაპარაკა მომარაგების მინისტრის ამხანაგმა.

აქ უპირველეს ყოვლისა მიაქციეს ყურადღება თვით ამ კაბინეთის გადაჯგუფებას და სთქვეს: აქ რაღაცა ამბავია, რაღაცა საიდუმლოებაა, თორემ რატომ ეხლა მოაგონდათ, რომ სამი კაცი ეხლა დანიშნეს მინისტრებათო.

მე მგონია, რომ საიდუმლო აქ არა არის რა იმათთვის, ვინც საერთოდ ადევნებს თვალ-ყურს პოლიტიკურ ურთიერთობას და ანგარიშს უწევს ცხოვრებას. ჩვენ არასოდეს არ გვქონია პრინციპათ, რომ 5, 10, ან 20 მინისტრი გვყოლოდა. ასეთი პრინციპით ჩვენ არასოდეს არ ვხელმძღვანელობდით. ეს არის კითხვა მიზანშეწონილობის, პრაქტიკული მოთხოვნილებისა და არა პრინციპისა. თქვენ იცით, რომ ლოიდ-ჯორჯმა 12 მინისტრის მაგივრად აიყვანა 20 მინისტრი. ეს იქ მოულოდნელი არ ყოფილა და არ წაურთმევიათ ლოიდ-ჯორჯისათვის უფლებები, რომ მას 12 მინისტრის მაგივრად 20 აეყვანა, ამის გამო მის წინააღმდეგ არც ერთ ჯგუფს, პარტიას, არაფერი უთქვამს. ეს იქნებოდა სადაო მაშინ, რომ ამით იცვლებოდეს პოლიტიკა.

მართლა შეიცვალა თუ არა ჩვენი პოლიტიკა? აქ ზოგიერთმა ორატორებმა დიდი პოლიტიკური დებატები გამართეს, თითქოს ახალი კაბინეტი გამოცხადდა და უნდა გააკეთოს რაღაც ახალი რამ, ჩვენი პოლიტიკა სრულებით არ შეცვლილა, მაშასადამე პრინციპი რჩება ისევ ძველი. მხოლოდ კაბინეტის ცვლილება-გადაჯგუფება არის პრაქტიკული კითხვა და პრაქტიკული საჭიროებისაგან გამომდინარეობს. აქ ბ. ვეშაპელი შეეხო ამ კითხვას და მოიხსენია მინისტრის პირადობა. უნდა ვსთქვათ, სუყველას საგულისხმიეროთ, რომ ამ ტრიბუნიდან არ უნდა იყოს სხვისი სიტყვა დამახინჯებული. ეს შეიძლება საგაზეთო პოლემიკაში, მაგრამ აქ კი დაუშვებელია. აქ იწერება ყოველი სიტყვა და ამიტომ ყველას, ვისაც სურს ჩემი სიტყვის შესახებ ლაპარაკი, შეუძლია მოითხოვოს სტენოგრამა და წაიკითხოს. აქ მე არ მითქვამს, რომ სამხედრო მინისტრმა ყველაფერი გააკეთა მეთქი. მე ვთქვი, რომ საფუძველი ჩაყრილია და ამ საფუძველზე უნდა აშენდეს მაგარი, მტკიცე და მამაცი ჯარი, ასე რომ ახალ მინისტრს საპატიო საქმე და დიდი ალაგი აბარია და, მაშასადამე, მის მხნეობაზეა დამოკიდებული ჩვენი იმედები. ჩვენ ვიწვევთ მინისტრს და ვიცით, რომ ის ამ მოვალეობას აასრულებს.

არც ის მითქვამს, რომ ახალი მინისტრი იმისთვის არის მოწვეული, რომ მან კოდიფიკაცია მოახდინოს. მე არა ვარ იურისტი, მაგრამ ვიცი მაინც, რომ კოდიფიკაცია ნიშნავს არსებული კანონების აწყობას. აქ კი ლაპარაკი არის ახალ სამოქალაქო კანონების გამოცემაზე, რომელიც შეეფერება ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ვინც იცის ცხოვრების ამბავი, ვინც შორიდან მაინც უყურებს ძირითად კითხვებს, სწორედ სამოქალაქო დებულება არის ძირითადი და ამ დიდი საჭიროების საქმისთვის მოწვეული მინისტრი არსენიძე არის თავის ალაგას.

აქ ერთმა ორატორმა ბ-ნმა შენგელაიამ დააყენა კითხვა ფორმალურად: აქვს თუ არა მთავრობის თავმჯდომარეს უფლება, რომ თავისი უფლებით მოახდინოს მინისტრების გადაჯგუფება. უნდა ვსთქვათ, რომ ამ მხრით, ფორმალურად, სწორედ რომ ვერაფერ სანუგეშო მდგომარეობაში არის შენგელაია. არავითარი ფორმა, არავითარი კანონი სამინისტროს და მინისტრების შესახებ არ არსებობს (ლ. შენგელაია: მით უარესი!) ეს სხვა საქმე არის, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც არის. (შენგელაია: ფორმულა?) ფორმულაში, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო სწერია, რომ თავმჯდომარემ მთავრობა შეადგინოსო და არა ის თუ 5, ან 10 მინისტრი მოიწვიოსო და ვინაიდან მე ვთქვი, რომ არავითარი ფორმა გარდა იმისა, რაც შემოვიღეთ არ არსებობს და ამას მოგახსენებთ, მიიღებთ ამას თუ არა ეს დამფუძნებელი კრების საქმეა. მაშასადამე არ არის რაიმე ფორმალური მხარის დარღვევა. უნდა გითხრათ, რომ მთავრობისათვის, მინისტრებისათვის არა გვაქვს არავითარი დებულება, ის ძველი დებულება, რომელიც არსებობს რუსეთში და რომლითაც სარგებლობა შეიძლებოდა, ჩვენში დიდი ხანია გაუქმებულია. პირველი ტომი კანონებისა გაუქმებულია და არავითარი ტომი არა გვაქვს და თავის-თავად ცხადია, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ. ეს არის ჩვენი კანონი, ჩვენი ტომი. უეჭველია, როდესაც შემდეგ იქნება კონსტიტუცია მიღებული, რასაკვირველია, ისიც იქნება მოხსენებული, თუ რამდენი პირისაგან უნდა შესდგებოდეს მთავრობა და რამდენი სამინისტროები უნდა იყოს, მაგრამ დღეს ეს არ არის. ამიტომ ბ. შენგელაიას შეკითხვა სრულიად უსაფუძვლოა. აი სწორედ ის რეზოლიუცია, რომელიც იქნება დამფუძნებელი კრების მიერ, აი ეს არის ჩვენი ფორმალური მხარე, ეს არის ჩვენი კანონი, და მაშასადამე სხვა კანონი არც გვქონია და არც გვაქვს. (ლ. შენგელაია: ფორმულაში ნათქვამი იყო მთავრობის შედგენა მიენდოსო!) ბ. შენგელაია, მე ეს მოგახსენეთ და სწორედ მაკვირვებს, რომ არ დაგიგდიათ ყური. დიახ, მთავრობის თავმჯდომარემ უნდა მთავრობა შეადგინოსო, იყო ნათქვამი ფორმულაში და მე კიდევაც შევადგინე მთავრობა. რასაკვირველია, სამინისტროებიც მქონდა და მინისტრებიც მყავდა.

აქ სამინისტროს დაარსების დასაბუთება ზოგიერთებმა დამიწუნეს. აქ ბ. ღლონტმა სთქვა, რომ არა ახალი ამბავი არის, სპეკულიანტური კანონის არსებობაო ეს დიდი ხანია არსებობს, ძველი ამბავია და აქამდე სად იყავით, აქამდე უნდა დაგეარსებინათო. უნდა ვსთქვა, რომ მართალია, არის ამნაირი პოლიტიკა, რომ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი წინათ ყოფილაო. აი „ურიელ აკოსტა“-ში ერთი მოხუცი იტყვის ხოლმე ეს ყოფილა დიდი ხანიაო, ჩვენ ვამბობთ, რომ რაც დღეს არის, ეს არის ცხოვრების მოთხოვნილებისა. ამას ცხოვრება აყენებს დღიურ წესრიგში და ამას უნდა გაუწიოთ ანგარიში. მე ვამბობ დღიურ წესრიგში ეხლა სდგას ეს კითხვა მთელი თავისი სიმწვავით, როგორც არ იდგა არც რევოლიუციის პირველ დღეებში, არც ომიანობის დროს. თქვენ იცით, რომ ომიანობის დროს არ ყოფილა ის ეკონომიური სიმწვავე, როგორიც არის დღეს. მაშინ პური შაური ღირდა, ეხლა კი 10 მანეთი და მეტიც. საქმე იმაშია, რომ ომიანობის დროს, იყო ნამუშევარი ბევრი თაობისა, ეს იყო დაგროვილი და ამას 10-20 მილიონი სჭამდა და სვამდა და შემდეგ, როცა ეს გამოილია და არაფერი არ გაკეთებულა გარდა ომისა და ამ ჯარის კაცებს არ მოუმკიათ და არც უთესიათ, ეხლა ყველა დაგროვილი გამოილია. ეს ეკონომიური სიმწვავე ეხლა იჩენს თავს იმიტომ, რომ ეხლა არის დალეული წინანდელი თაობის მიერ დაგროვილი სიმდიდრე და ამიტომ თავის თავად ცხადია, რომ იმ დროს არ ყოფილა ეს სიმწვავე, რომ ჩვენ სამინისტრო დაგვეარსებინა. (ღლონტი: წინეთ არ არსებობდა?) მართალია მომარაგების სამინისტრო იყო დაარსებული კერენსკის დროს, მაგრამ ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ჯარისთვის მიგვეწოდებინა ის პური, რომელიც ყველგან იყიდებოდა, რომ ჯარს უკეთ მიწოდებოდა ეს პური იყო დაარსებული ეს სამინისტრო. ამ ჟამად კი სპეკულიატიურ კაპიტალს მიეცა ფართო ასპარეზი და ამ ასპარეზზე ჩვენც უნდა გამოვიდეთ და ამ კაპიტალს უნდა შევებრძოლოთ. აქ ამბობდენ, რომ რა შუაშია აქ შრომის სამინისტროო, ის თავისთვის უნდა იყოსო. ეს რასაკვირველია, არ არის პრინციპიალური კითხვა, ეს არის ასე ვსთქვათ ერთგვარი პრაქტიკული მოსაზრება: სად სჯობდა, რომელ სამინისტროში უფრო მოხერხდებოდა მომარაგების სამინისტოს მოქცევა. და ვინაიდან მე ვთქვი, რომ შრომის პოლიტიკა არ შეიძლება ისე გავატაროთ, როგორც წინათ, როდესაც უფრო იაფი იყო სასმელ-საჭმელი, შრომის პოლიტიკას უნდა ვამყარებდეთ არა ცალიერ სიტყვებზე, არამედ ხალხს უნდა მოუტანოს ის, რაც მას სჭირია. თორემ რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ლამაზი სიტყვებით და უთხრათ: არ ვარგა გაფიცვები და სხვა, ამით სარგებლობას ვერ მოუტანთ, ცალიერი სიტყვები ვერავის დააკმაყოფილებს. ჯერ კიდევ მომარაგების სამინისტროს დაარსებამდე 50 მილიონი მანეთი გამოვიღეთ და მივეცით შრომის სამინისტროს და აი, ამ ფულებით მუშებისათვის მას უნდა ეყიდა საჭირო სურსათ-სანოვაგე ისე, რომ სანამ ჩვენ სამინისტროს დავაარსებდით უკვე აუღეს ეს ალღო, შრომის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოქმედება. ჩვენ ეს ფაქტი დავადასტურეთ და მას მივეცით ერთნაირი იურიდიული აზრი, სანქცია. (ისმის ხმა: ცუდი აზრია?) ჩვენ ვსჯით იმის და მიხედვით, თუ რანაირი პირობებში გვაყენებს ცხოვრება და რანაირ მოთხოვნილებებს გვიყენებს; თქვენ გვითხარით, შეეფერება თუ არა ეს მოთხოვნილება იმ პასუხს, რომელიც თქვენ მოგახსენეთ - გარდა ამისა უნდა გითხრათ, რომ თუმცა მინისტრი ვარ, მაგრამ ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს სურსათის განაწილების შესახებ.

შრომის სამინისტროში არიან არა უბრალო მოხელენი, არამედ საუკეთესო წარმომადგენლები ისეთ კოოპერატივებისა, რომელნიც მუშა კოოპერატივებში მუშაობენ, ისინი აწარმოებენ ამ საქმეს. მაშასადამე, აქ არის პრაქტიკული გამოცდილება. (ღლონტი: „აღორძინება“-ში რა ხდება?) თუ „აღორძინებაში“ ცუდი ამბავი მოხდა, ეს სამინისტროს არ გამოეპარება.

აქ ჩვენ გვითხრეს, რომ რა პოლიტიკაა ის, როცა ერობას, თემს, ქალაქს სუყველას თავის პოლიტიკა აქვს. მართალი ვსთქვათ ეს კრიტიკა, შენიშვნა რამოდენიმეთ მართალია იმას ჩვენც ვებრძვით, რომ თითოულ ერობას არ ქონოდეს სადარაჯოები გაკეთებული და ძველებურ ფეოდალურ ხანებსავით არ ქონდეს საბაჟოები. მაგრამ თქვენ მიგვითითეთ იმ საშუალებებზე, რომლითაც უნდა შევებრძოლოთ. მაგ. როცა თქვენ აირჩიეთ მთავრობის თავმჯდომარე მიეცით მას რაიმე უფლება? არავითარი ძალა-უფლება მისთვის არ მიგინიჭებიათ. მთავრობის თავმჯდომარისათვის და მინისტრებისათვის არ მიგიციათ ეს უფლებები, რომ ამ პირებმა ასეთი მოვლენის წინააღმდეგ მიიღონ რაიმე ზომები (შენგელაია: სასამართლო?) თქვენ იცით, რომ სანამ სასამართლოში საქმე გათავდება, მანამ ბევრი რამე დაინგრევა. სამი ინსტანცია არის და სანამ, ამ ინსტანციებს გაივლიდეთ, სანამ. ეს კითხვა მოწონებული იქნება, მანამ საქმე ან დაინგრევა, ან აშენდება. (ა. ასათიანი: განა თქვენ არ ბრძანეთ, რომ საქართველო ერთად ერთი ქვეყანაა, სადაც მთავრობას მოხელეები არ ჰყავსო?) გთხოვთ ნუ შეაკეთებთ იმას, რაც მე ვსთქვი; მე ვთქვი, რომ ცენტრალურ მთავრობას პერიფერიებში თავისი მოხელეები არ ყავს თქო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს იქ არ ყავდეს მოხელეები. იქ არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები. ხოლო დამოკიდებულება ერობათა და ცენტრალურ მთავრობის შორის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს დიდი კითხვა არის, მაგრამ, სანამ ეს ჩამოყალიბდებოდეს, მანამ ჩვენ არა გვაქვს ძალა, რომ მოხელეთა უკანონობას შევებრძოლოთ, ან და ერობის უვარგის პოლიტიკას. მე პარტიულ ყრილობაზედაც ვსთქვი, რომ ჩვენში მეტად ძნელი გახდა დაცვა კანონიერებისა, იმიტომ, რომ არავის სურს მოთავსდეს კანონის ფარგლებში არამც თუ მოხელეს, არამედ უბრალო მოქალაქესაც. ამას უნდა აღზრდა, უნდა დისციპლინა ამისთვის საჭირო არის მაგარი ხელი და ეს ხელი თუ გვექნება, მაშინ ჩვენ მოვახერხებთ კანონების დაცვას.

ყოველ შემთხვევაში, როცა აფასებთ მთავრობის პოლიტიკას, უნდა შეაფასოთ ის არა განყენებულათ, არამედ იმის ნაყოფის და გვარად. მე შემიძლია ვსთქვა ერთი რამ: ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც არის ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენებულ სახელმწიფოებში, გაცილებით უარესია, ვინემ ჩვენი სახელმწიფოსი; იქ სადაც პური ყოველთვის აუარებელი იყო, განიცადეს საშინელი სიძვირე, მაგ. როსტოვი განიცდის შიმშილს, აგრეთვე კიევი, მოსკოვი, ყველგან უფრო ძვირია პური ვინემ ჩვენში. აიღეთ თუ გნებავთ ბათუმი და ბაქო, იქაც უფრო ძვირია ვინემ აქ. შედარებით სხვა სახელმწიფოებთან ჩვენც რაღაცას ვახერხებთ და ეს უნდა უკვირდეს ადამიანს. იმისდა მიუხედავად, რომ იქ ფული არის აქ კი ბონი, იქ ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე აქ. (ღლონტი: ვინ გააკეთა ეს? სპ. კედია: რაშია სეკრეტი?) ეს სასწაული არ არის, ეს არის საღი პოლიტიკის ნაყოფი. საღ პოლიტიკას პურის მოტანაც შეუძლია. და იმ პოლიტიკას, რომ გავყვეთ, რომელზედაც შენგელაია ლაპარაკობდა, მაშინ აქ პური კი არა, ქვა ქვაზე არ დარჩება. აი, ბატონებო, თქვენ გახსოვთ რა ილაპარაკა შენგელაიამ: „ჩვენში არც თავისუფლებაა, არც არაფერი, კაპიტალისტური პოლიტიკის მომხრენი ვართ და სხვ.“ არ ვიცი, თუ ჩვენში არ არის თავისუფლება, მაშ სად არის. უეჭველია, არ არის თავისუფლება იმათთვის, ვინც ანგრევს რკინის გზებს, ეცემა ჩვენს გვარდიას, კომისარიატებს და სხვ., ვინც აწყობს ასეთ შეიარაღებულ გამოსვლებს. თუ ბ. შენგელაიას სურს ამათ მიეცეთ თავისუფლება უნდა მივსცეთ იმათაც, ქურდებს და კაცის მკვლელებს. ეს ნიშნავს თავისუფლებას? ასეთი თავისუფლება ჩვენ არ გვწამს და ამას რამდენიმეთ აქვს გავლენა იმაზე, რომ ჩვენში, შედარებით პური იაფია.

აქ სთქვეს, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ - ეს ნიშნავს: ცოტა რევოლიუციისაკენ, ცოტა ბურჟუაზიისაკენო. მე ვიცი ერთი პარტია, რომელიც ფიქრობს - ცოტა რევოლიუციისაკენ, ცოტა რეაქციისაკენო, და მან დააქცია რუსეთი. ეს არის რუსეთის სოციალ-რევოლიუციონერთა პარტია; (გობეჩია: ჩხეიძე და წერეთელი ხომ იქ იყვნენ?) იყვნენ მაგრამ იმათ გვერდით ედგნენ ესერები, რომლებიც ეუბნებოდენ, რომ ყველა ქალაქებში ესერები ვართო, მხოლოდ ესერები ნიშნავს ამას: რომ ცოტა რევოლიუციისაკენ, ცოტა რეაქციისაკენ და ამან დაანგრია რუსეთი. ჩვენ ვიდექით და ვდგევართ რევოლიუციის ნიადაგზე და თქვენ დამისახელეთ მე რომელიმე რევოლიუციონური მთავრობა, და ან პარტია, რომელმაც მოახერხა გატარება თავის ქვეყანაში ისეთი რეფორმების, რომელიც აქ მოვახდინეთ. დამისახელეთ ამისთანა მთავრობა, და მაშინ თქვენ მართალნი იქნებით. მაგრამ თქვენ ამისთანა მაგალითს ვერ მოიყვანთ. (სპ. კედია: რევოლიუცია ხომ ფოსტით მავიღეთ?) ფოსტით მიღებულსაც ბ. სპირიდონ, მოვლა უნდა.

აი, მე ვამბობ, რომ შენგელაიას პოლიტიკას ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, და ვინაიდან ამ პოლიტიკას ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ამიტომ, რასაკვირველია, არის ის რომ, სხვათა შორის, აქ ცხოვრება უფრო იაფი არის, ვინემ იქ მოსკოვში, საითკენაც შენგელაია იყურება.

ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა გახლავთ შემდეგი: ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ, ევროპიდან ვერაფერს დიდს ვერ მივიღებთ, შეიძლება სრულებითაც არაფერი მივიღოთ. (შენგელაია: აზიიდან?) აზიაში ასათიანი იყურება და იმას ჰკითხეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისე უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ მიწა-წყალმა მეტი ნაყოფი მოგვიტანოს. ეს არის ჩვენი უაღრესი მიზანი, რომ ჩვენში ყველა მიწა ყოველნაირი საშუალებით იქნეს გამოყენებული, რომ ასე თუ ისე ჩვენ დავაგროვოთ და დავამზადოთ ის სურსათი, რომელიც ჩვენს ხალხს ესაჭიროება. სწორედ ეს არის ერთნაირი პრაქტიკული დღევანდელი მიზანი და ჩვენ თუ ამას მივაქციოთ ყურადღება, და თუ ამისთვის ერთგვარი თანხაც გავიღეთ, მე მგონია, რომ ამ მიზანს მივახწევთ. აქ ორი მაზრა ისეთია, რომ იქ პური რომ დავთესოთ მარტო ის პური ეყოფა მთელს საქართველოს. (ვეშაპელი: ამ ზამთრისათვის?) ამ ზამთრისათვის არის ის, რომ დღეს გამოვითხოვეთ 250 მილიონი მან. და ამაზე არის აშენებული გეგმა, რომელიც შემუშავებული აქვს შრომის სამინისტროს. თავის თავად ცხადია, რომ თუ ისეთი იდეალი დავისახეთ, როგორც ასათიანს ჰქონია სპარსეთი, მაშინ უნდა მოვაწყოთ ის როგორც არის: პარლამენტი დავითხოვოთ, რკინის გზები მოვშალოთ, ლიტერატურა არ იყოს, ტელეფონი მოვშალოთ, ე. ი. ჩავარდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიაც ვიყავით 100 წლის წინათ და შეიძლება ერთი ნატეხი პურის, ან მჭადის, ან ნესვით, საზამთროთ ვირჩინოთ თავი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთნაირი კულტურა და მოთხოვნილებები, და ვინაიდან ჩვენ ვართ კულტურულ ხალხთა შორის, არ გვინდა უკან დაბრუნება. (კედია: არც სპარსეთის ბრინჯი გვინდა?) ჩვენ სპარსულ ბრინჯისათვის ხელს ვერ ავიღებთ ვერც რკინის გზებზე და ვერც ჩვენს კულტურაზე.

აი, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის ის, რომ იმ კულტურულ და ცივილიზაციის დონეზე შევაჩეროთ, რომელზედაც დღეს ვართ: თუ წინ არ წავალთ, უკან მაინც არ უნდა წავიდეთ. აი, ამისთვის არის საჭირო მთელი მომარაგება და ამაზე არის, ბატონო აგებული მთელი ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური წყობილება, რომ ამ კულტურულ და ცივილიზაციის გზიდან არ გადავიდეთ. შეიძლება ვინმეს ეჩქარებოდეს, მაგრამ ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ აჩქარებული კვიცი ღვარში გადავარდებაო. (ვეშაპელი: დედას რომ გაუსწრებს, არა?) დიახ, ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს დღევანდელი მთავრობა, შეიძლება არ იყოს აჩქარებული, მაგრამ არც დაყოვნებით, არც აჩქარებით, უნდა წავიდეთ წინ, და თუ წინ არა უკან მაინც არ უნდა წავიდეთ. ასეთი სიარულით მივალთ იმ საფეხურამდე, რომელსაც ქვიან ჩვენი საბოლოო მიზანი (ასათიანი: სოციალიზმი!) დიახ, ასეთი სიარულით, მაგრამ ისე აჩქარებით, როგორც სურს ზოგიერთებს, ვერ მივალთ იმ მიზნამდე. და ის რევოლიუცია რომელზედაც შენგელაია ამბობდა პერმანენტური რევოლიუციიდან, გადაიქცევა პერმანენტურ შიმშილათ, სოციალიზმი კი შიმშილს არ ნიშნავს. თქვენ თუ გგონიათ, რომ ბოლშევიზმი სოციალიზმია, მაშინ სცდებით. ეს სრულებით არ არის სოციალიზმი. სოციალიზმი ის არის, რომ არ იქნება გაჭირვება (ვინ შექმნის იმ სიმდიდრეს, ბურჟუაზია?) ხალხმა უნდა შექმნას. უნდა ვსთქვათ, რომ ბურჟუაზია ვერ შექმნის, მაგრამ თუ მარქსიზმი იცით, უნდა იცოდეთ, რომ მუშა ხალხი არის მემკვიდრე ბურჟუაზიისა. ამ გზაზე ვდგევართ ჩვენ და არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სხვა რომელიმე კლასი, გარდა მუშათა კლასისა და დემოკრატიულათ განწყობილ გლეხობისა სხვა, ვინმე შექმნის ეკონომიურ სიმდიდრესა. მე ვამბობ, რომ ეს გზა არის გზა, რომელიც არჩეული აქვს დემოკრატიას - რეფორმის გზა და ასეთი სიარულით წინ, მედგრათ, ეს გზა არის არსებითად მისაღები ნაყოფიერი გზა. ამას მისდევს მთელი ჩვენი დემოკრატიაც და ამას უნდა მისდევდეს დამფუძნებელი კრებაც (ხანგრძლივი და მხურვალე ტაში).

თავმჯდომარე. შემოსულია ერთი ფორმულა ს. დ. ბიუროსი. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ.

მდივანი (კითხულობს): „მოისმინა რა მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება კაბინეთის რეორგანიზაციის შესახებ, დამფუძნებელი კრება იწონებს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, უცხადებს მას სრულ ნდობას და ადგენს: სანამ კონსტიტუციით იქნებოდეს განსაზღვრული მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენცია, მიენიჭოს მას განსაკუთრებული უფლებანი მართვა-გამგეობისა და კანონიერების დაცვის საქმეში“.

თავმჯდომარე. ფორმულის შესახებ სიტყვა ეკუთვნის კირილე ნინიძეს.

კირილე ნინიძე (ს.-დ.) ბატონებო! კამათმა გამოარკვია შემდეგი: მთავრობამ წარმოგვიდგინა ჩვენ გეგმა თავისი მუშაობისა და ამ გეგმის მთავარი ხაზი, როგორც აქამდის იყო, არის შემდეგი, რომ ის ერთის მხრივ ეცდება გააძლიეროს შემოქმედება საზოგადოებრივ ორგანიზაციებისა. მათ შორის მთავრობა აიღებს ხელში ამ იარაღს და მეორეს მხრით ეს გზას გაუხსნის კერძო ინიციატივას.

ასეთია საერთოდ მთავრობის ეკონომიური პოლიტიკა. ამას ჩვენი ფრაქცია სავსებით იწონებს. რაც შეეხება რეორგანიზაციას მთავრობისას, ჩვენი ფრაქცია ფიქრობს რომ საჭიროა მმართველობის აპარატის გამარტივება. და ეს აპარატი მთავრობისა ისე უნდა იყოს გამართული, რომ ის მოქმედებდეს სწრაფად და არ იწვევდეს დიდ ხარჯებს. ეს არის იდეალი. მაგრამ ამისათვის საჭირო არის ერთნაირი დებულებების შექმნა, მაგრამ ეს დებულებები უნდა შეიქმნას არა მარტო იურიდიულად, უნდა გადამუშავდეს ასე თუ ისე ცხოვრებაში და მომავალ კონსტიტუციაში ყოველ შემთხვევაში ჩვენი მმართველობის განსაკუთრებულ ფორმებში ჩამოისხმის. დღეს კი საჭიროდ და მიზანშეწონილად ვთვლით, როგორც გარდამავალი საფეხური, თვითეულ უწყებას ჰყავდეს თავისი განსაკუთრებული ხელმძღვანელი, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური. რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარის უფლებებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივანდეთ დამფუძნებელ კრებას თავისი დადგენილებით აღჭურვოს იგი უზენაესი უფლებებით, მაგრამ ეს უფლებები მივანიჭეთ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს. ჩვენ მთავრობის თავმჯდომარეს მივანდეთ მთავრობის შედგენა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შემუშავებული ცალკე სამინისტროებისათვის წესდება და ამიტომ განუსაზღვრელი არ არის იურიდიული კომპეტენცია თვით სამინისტროების და კერძოთ მთავრობის თავმჯდომარეს დიდი აქვს მხოლოდ ამ საქმეში პასუხისმგებლობა. (კედია: ეს თავის-თავად ცხადია!) იმავე დროს დღევანდელ პირობებში მრავალი საკითხის წინაშე ვდგევართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროებით, სანამ მივიღებთ კონსტიტუციას და ამ კონსტიტუციაში აღვნუსხავთ, გამოვხატავთ მთავრობის მოვალეობას და უფლებებს, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დროებით მთავრობის თავმჯდომარე აღიჭურვოს განსაკუთრებული უფლებებით. (ასათიანი: განსაზღვრეთ! კედია: განსაზღვრეთ, რანაირია ეს განსაკუთრებული უფლებები!) ეს შეეხება კონტროლს სამინისტროების მოღვაწეობაში, რომ კანონიერება დაცული იყოს. განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვა მთავრობის თავმჯდომარისა არც საშიშია, რადგან ჩვენი მთავრობა ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებელია დამფუძნებელ კრების წინაშე.

თავმჯდომარე. სიტყვა ბ. შენგელაიას ეკუთვნის.

ლეო შენგელაია. (ს.-რ.) ჩვენი ცხოვრება აღსავსეა გაუგებრობით. ამ გაუგებრობის შედეგი უნდა იყოს მთელი სიტყვა მთავრობის თავმჯდომარისა და ის რეზოლიუცია, რომელიც წარმოადგინა სოც.-დემ. ფრაქციამ. ბ. მთავრობის თავმჯდომარემ სხვათა შორის სთქვა: თუ კი მთავრობამ ვერაფერი გააკეთა, ამის მიზეზი იყო ის, რომ მას მაგარი ხელი არ ჰქონდაო. ამის პასუხს იძლევა სოც.-დემ. წინადადება, რომელიც მოითხოვს, რომ მთავრობის თავმჯდომარეს შევასხათ მაგარი ხელები. მე მგონია ეს არის უდიდესი გაუგებრობა, ვინაიდან მაგარ ხელებზე ლაპარაკი იქ, სადაც ასე მაგრად მოქმედებს ადმინისტრაციის ხელი, სადაც საველე სასამართლო და სამხედრო წესებია, სადაც გადასახლება დაპატიმრება ხდება ასე უპარდონოთ, იქ ლაპარაკი იმაზე, რომ მთავრობას მაგარი ხელი ჰქონდაო, უდიდესი გაუგებრობა არის. მე არ ვიცი ვინ წაართვა მთავრობას ეს მაგარი ხელები? იმ გამოსვლების ჩაქრობა, რომელზედაც შინაგან-საქმეთა მინისტრმა მოგვახსენა, ამტკიცებს, რომ ეს ხელი იმდენად მაგარი არის, რომ ქვეყანას ატრიალებს, ქვეყანა აიკლო და ამაზე მეტი რა უნდათ მე ვერ გამიგია! რომ ჩვენ ვცურავთ გაუგებრობის მორევში, სჩანს იქიდან, რომ ჩვენში ჯერ კიდევ გამორკვეული არ არის გვყავს თუ არა ჩვენ პრეზიდენტი. თითქოს ის კიდევაც გვყავს და კიდევაც არა. ის არის რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი, მაგრამ რა არის ეს უმაღლესი წარმომადგენელი, გამორკვეულია თუ არა მისი უფლებები, ეს არავინ იცის. განა შეიძლება ასეთ პირობებში მუდამ ვიყოთ და კიდევ შემოვიღოთ, რომ აი ამ უმაღლეს წარმომადგენელს, რომლის უფლებები გამოურკვეველია და არავითარ ნორმებს არ ემორჩილება, იმიტომ, რომ არ არსებობს ეს ნორმები, ახალი რაღაც განსაკუთრებული უფლებები მივცეთ? რაში უნდა გამოიხატოს ეს განსაკუთრებული უფლებები, რას ეხება ის?! ვთქვათ მთავრობის თავმჯდომარემ მოისურვა დამფ. კრების გარეკა - შედის თუ არა ეს მის უფლებებში? (სიცილი) ამას მე სხვათა შორის ვამბობ, თორემ როგორ იქნება, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა თავისი პარტია გარეკოს. მაგრამ რომ მოისურვონ ასეთი რამ, ამ განსაკუთრებულ უფლების ცნებაში შედის თუ არა ასეთი დიდი უფლება? ვიდრე ამ ფორმულას წამოაყენებდით, თქვენ უნდა დაგემტკიცებიათ, რომ მთავრობის თავმჯდომარის ამ უფლებებით აღჭურვას მოითხოვს ქვეყნის მდგომარეობა, მშრომელი ხალხის ინტერესი. ამას თქვენ ვერ დაამტკიცებთ. ფაქტი რჩება ფაქტად. თუ თქვენი მოღვაწეობიდან არაფერი გამოდიოდა, ეს არის იმიტომ კი არა, რომ მთავრობას მაგარი ხელი არ ჰქონდა, არამედ ეს არის შედეგი იმისა, რომ მთავრობას გარკვეული ხაზი არ ჰქონია. დიახ, ვინაიდან ის მუდამ ქანაობაში, ყოყმანში და რჩევაში იყო. აი, ამის შედეგია ისა, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქნა და ამის საწინააღმდეგო რეცეპტები ის კი არ იქნება, რომ განსაკუთრებული პირობები შევქმნათ მთავრობისათვის, განსაკუთრებული უფლებები მივანიჭოთ მას, არამედ ნორმალურ კალაპოტში ჩამოვასხათ მისი უფლება და შევცვალოთ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს მთავრობა. ყოვლად შეუძლებელია დამფუძნებელი კრება ასე ბითუმად და ავანსად აძლევდეს ასეთ უფლებებს ვინმეს! დრო არის ბოლოს და ბოლოს გამოირკვეს მთავრობის და მთავრობის თავმჯდომარის უფლებები. თქვენ ეს არ გინდათ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყნის მმართველი და პატრონი არის ცენტრალური კომიტეტი. ჩვენთვის სულ ერთია რა უფლებები ექნება ჟორდანიას, რადგან ეს უფლებები თქვენი უფლებებიც არის, მაგრამ მშრომელი ხალხისათვის ეს ერთი და იგივე არ არის. თქვენთვის მეტად ხელსაყრელია ჩვენში მუდამ განსაკუთრებული პირობები იყოს, რადგან ამით გინდათ დაფაროთ თქვენი პოლიტიკური სიდუხჭირე.

ყველა ამ მოსაზრებების გამო ჩვენი ფრაქცია სოც.-დემ. რეზოლიუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.

ა. ასათიანი. (ნაც.-დემ.) ჩვენ შეუძლებლად და შეუწყნარებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი დადგენილება, როგორიც არის განსაკუთრებული უფლებით მთავრობის თავმჯდომარის აღჭურვა, სრულიად გაურკვევლად იყოს შემოტანილი, რომ არ იყოს აღნიშნული თუ რას შეეხება ეს განსაკუთრებული უფლება. (კ. ნინიძე: მართვა-გამგეობას!) ასეთი უფლება უკვე მინიჭებული აქვს მას, ასე რომ ასე გაურკვევლად შეტანა დეკრეტში ამ მუხლისა შეუძლებელია. ფორმალურად უნდა მოგახსენოთ, რომ რეგლამენტის ძალით არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ ისეთი საკითხის შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი დღიურ წესრიგში რაიმე დადგენილება გამოვიტანოთ. წესრიგში იყო შეტანილი მთავრობის განცხადება მომარაგების სამინისტროს შესახებ. იქ, რომ ყოფილიყო დამატება მთავრობის თავმჯდომარის განსაკუთრებული უფლებით აღჭურვის შესახებ, მაშინ ჩვენ შეგვეძლო ამის შესახებ აზრი გამოგვეთქვა. რეგლამენტის ძალით ჩვენ არ შეგვიძლია განსაკუთრებული უფლება მივანიჭოთ მთავრობის თავმჯდომარეს სანამ არ იქნება ის შეტანილი წეს-რიგში და იმის შესახებ მსჯელობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ წინადადებას ვიძლევით, რომ მეორე ნაწილი თქვენი რეზოლიუციისა ამოშლილი იყოს. (კითხულობს რეგლამენტს. ხმაურობა). (კედია: ეს ძალმომრეობაა!).

თავმჯდომარე. ბ-ნ ასათიანს განმარტებას მივცემ შემდეგ. ახლა კი სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბარათაშვილს.

ი. ბარათაშვილი. (სოც.-ფედ.) მივანდოთ თუ არა განსაკუთრებული უფლებები მთავრობის თავმჯდომარეს, რასაკვირველია, ეს პრინციპიალური საკითხია და ასეც უყურებს მას ჩვენი ფრაქცია. წინეთ, როცა ეს საკითხი ირჩეოდა, ჩვენი პარტია წინააღმდეგი არ იყო მთავრობის თავმჯდომარის ასეთი უფლებით აღჭურვისა, იმიტომ, რომ რეზოლიუციაში ნახსენები იყო ჩვეულებრივათ, თუ რას შეეხებოდა ეს უფლება. რაც შეეხება ამ განსაკუთრებულ უფლებას დღეს კონკრეტიულად რეზოლიუციაში არ არის ნაჩვენები (ხმები: არის, კანონის დაცვას, მართვა-გამგეობას) ამისდა მიხედვით, ამ ნაწილს ვერ მივიღებთ და ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება მისი.

თავმჯდომარე. რაც შეეხება ბ. ასათიანის წინადადებას, მე ასეთ წინადადებას ვერ უყრი კენჭს, სანამ ის არ იქნება დაწერილი და ისე წერილობით წარმოდგენილი. მხოლოდ საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო შემდეგი: ეს ფორმულა არის წარმოდგენილი კერძო შემთხვევისათვის. (კითხულობს) ეს პრეზიდიუმს მიაჩნია როგორც ფორმულა და არა როგორც განსაკუთრებული კანონმდებლობითი აქტი. ასეთივე ფორმულა იყო წინეთ, რომელშიც გატარებული იყო იგივე აზრი და არავითარი დეკრეტი და კერძო კანონმდებლობითი აქტი არ ყოფილა. მე კენჭს უყრი ამ რეზოლიუციას. რაც შეეხება თქვენ წინადადებას, ბ-ნო ასათიანო, შემოიტანეთ იგი წერილობით და მხოლოდ მაშინ უყრი კენჭს. ვინაიდან მე არავითარი სხვა წინადადება არა მაქვს კენჭს უყრი მხოლოდ შემოტანილ რეზოლიუციას. (ხმაურობა ნაც.-დემ. სკამებზე - ხმები: ეს დარღვევაა რეგლამენტის!) უნდა მოგახსენოთ, რომ რეგლამენტის გატარების უფლება მხოლოდ თავმჯდომარეს აქვს და გთხოვთ დაწყნარდეთ. (კენჭის ყრის შემდეგ რეზოლიუცია მიღებულ იქნა წინააღმდეგ ნაც.-დემ. ესერებისა და სოც.-ფედერ. თავი შეიკავეს). ეხლა გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტები.

ივ. გომართელი. (სოც.- დემ.) (კითხულობს დღიური წესრიგის 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და 11 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელსაც დამფუძ. კრება უცვლელად ამტკიცებს).

თავმჯდომარე. ამ რიგათ საბოლოო ტექსტები მიღებული გახლავთ. ბ-ბო, დღევანდელი დღის წესრიგი ამოწურულია. არის მხოლოდ წინადადება საბიუჯეტო კომისიისა, წარდგენილ იქნეს დამფუძნებელ კრების წინაშე საკითხი აფხაზეთის სახალხო საბჭოსთვის სესხის მიცემის შესახებ. რადგანაც ეს საკითხი ფრიად საშურია ამ წინადადების დასაცავად სიტყვას თხოულობს ბ. ელიავა.

ნიკო ელიავა. საბიუჯეტო კომისიის სახელით ბოდიშს ვიხდი დამფუძნებელი კრების წინაშე ასე აჩქარებით რომ ვთხოულობთ გავატაროთ ეს დეკრეტი. მაგრამ უნდა მივიღოთ მხედველობაში მთავრობისა და აფხაზეთის დელეგაციის თხოვნა საბიუჯეტო კომისიაში შემოტანილი. უკანასკნელი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი მართლაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდება თუ არ იქნა ეს სესხი საჩქაროდ გატარებული.

თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს ამ წინადადების შესახებ? სიტყვა არავის სურს. წინადადება მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ ელიავას.

ნიკო ელიავა. (ს.-დ.) უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ, რომ აფხაზეთში არის საბჭო და ადგილობრივი კომისარიატი, რომელიც განაგებს ადგილობრივ საქმეებს. ამ დაწესებულებას იმ დროს, როდესაც ჩვენი რესპუბლიკა არ იყო გამოყოფილი ამიერ-კავკასიის საზღვრებს, ჰქონდა განსაზღვრული შემოსავლის წყაროები. ყველა ეს წყაროები დღეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ წესრიგდება ადგილობრივ მმართველობის საქმე, გადადის ცენტრალურ მთავრობის ხელში და უნდა გადასულიყო კიდეც მის ხელში. ადგილობრივი წყაროების შემოსავალი ამრიგად ისპობა და ეს მართვა-გამგეობის ორგანო რჩება უსახსროდ ჯერ-ჯერობით მაინც. იმიტომ საჭირო არის განსაკუთრებული თანხა იქნეს გადადებული საბჭოს განკარგულებაში. და ეს არის აზრი თვით სახალხო საბჭოს დელეგაციისა, რომელიც თხოულობს არა მარტო მთავრობის შესანახად, არამედ ადგილობრივ საქმეების მოსაწესრიგებლად 10 მილიონ მანეთს. მთავრობამ განიხილა ეს შუამდგომლობა. მას ჰქონდა ხელთ დასკვნა კონტროლიორისა და ფინანსთა მინისტრისა და შემოიტანა ის დამფუძნებელ კრებაში. მთავრობა შუამდგომლობს გაცემულ იქნეს სესხად 6 მილიონი მანეთი. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა იგი, მიიღო მხედველობაში კონტროლის დასკვნა, რომელიც მთავრობის ყურადღებას აქცევდა იმას, რომ განსაზღვრული მიზანი არა აქვს დანიშნული ამ თანხას, რომელსაც გამოითხოვს აფხაზეთის საბჭო და შესაძლოდ სცნო გადაიდოს სამი მილიონი მანეთი. და ის შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე დაკმაყოფილებულ იქნეს ამ სახით აფხაზეთის საბჭოს შუამდგომლობა. თანხა გადაეცემა სესხის სახით აფხაზეთის საბჭოს.

თავმჯდომარე. ვინაიდან სხდომა წყდება, გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტიც.

ივ. გომართელი (კითხულობს დეკრეტის საბოლოო ტექსტს, რომელიც მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ).

თავმჯდომარე. თანახმად თქვენი დადგენილებისა დამფუძნებელი კრების სხდომები შეწყვეტილია 18 იანვრამდის, მხოლოდ პრეზიდიუმს უფლება ეძლევა განსაკუთრებულ პირობებში ამ ვადის გასვლამდისაც მოიწვიოს დამფუძნებელი კრების სხდომა. შემოვიდა წინადადება სხდომები შეწყვეტილ იქნეს 23 იანვრამდის. ვინ არის წინააღმდეგი? სიტყვა არავის სურს. წინააღმდეგი არავინ არის. წინადადება მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ 23 იანვრის სხდომის წესრიგი. (მდივანი კითხულობს, რის შემდეგაც სხდომა იხურება 7 ს. და 5 წ.)

20 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


20.1

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე - ლიტერატურული კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთერთი ლიდერი. ერალისტთა პარტიის ერთერთი ლიდერი. 1889 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში, სადაც 10 თვის განმავლობაში სორბონის უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლებლებში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. 1890-1895 წწ-ში სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1895 წლიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო თბილისის „საკონტროლო პალატაში“, შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრაში, შემდეგ - ჭიათურაში. 1901 წ-დან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარეა. სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის (გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილის) მოადგილე. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, 1909 წელს ის ქუთაისის თავადაზნაურთა შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნით გამოვიდა. იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ კ. აბაშიძე შეიყვანა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის „ოზაკომი“-ს შემადგენლობაში 290

აბაშიძე ჰაიდარ (ჰაიდარბეგ) ალიბეგის ძე - სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 სწავლობდა ოსმალეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ, ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს.მისი ინიციატივით გაიხსნა აჭარაში ქართული სკოლები. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალციხის კონფლიქტის მოგვარებასა და ბათუმის ოლქის საკითხის დარეგულირებაში. 1918-1920 წწ. „სამუსლიმანო საქართველოს“ განმათავისუფლებელი კომიტეტის აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას 212

ავალიანი სვიმონ ლუკას ძე - ისტორიკოსი, ეკონომისტი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1916-1918 წწ-ში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1919 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. (1909-1916) თანამშრომლობდა პრესაში რედაქტორობდა გაზეთს «Южный кооператив». მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ) (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბონის) დამკვიდრებასა და სტაბილური კურსის შენარჩუნებაში. (1921-1922) იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი 66, 80, 81, 85, 87, 89, 92, 105, 107, 110, 111, 119, 120, 125, 128, 182, 183, 184, 422, 429, 431

ანანოვი მიხრან (ივანე) - XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე. 1907 წლიდან, ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად, ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“; სწორედ იქაური ღვინომასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე, კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა, კონიაკი „ვარციხე“ შექმნა. ანანოვებმა საკმაო ზარალი მიაყენეს ქუთაისს პირადი გამდიდრების მიზნით. 1865 წელს, საქართველოში დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. 1866 წელს, ანანოვები გაემგზავრენ პეტერბურგში, რკინიგიზის ადმინისტრაციაში და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ამით მათ დიდძალი ფული იშოვეს, თუმცა ყოველივე ამის გამო 1871 წელს პირველმა მატარებელმა ქუთაისს გვერდი აუარა და ისე გაიარა რკინიგზის ფოთი-ზესტაფონის, მაშინდელი სადგური ყვირილას მონაკვეთი. მაგისტრალურ რკინიგზაზე ქუთაისის მიერთება მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 1887 წელს მოხერხდა 371

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი.მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი და ინიციატორი 43, 49, 50, 56, 57, 58, 79, 85, 86, 94, 96, 107, 108, 109, 112, 113, 114, 149, 155, 156, 158, 159, 160, 167, 196, 197, 198, 199, 219, 226, 228, 230, 232, 233, 259, 260, 290, 292, 297, 305, 322, 323, 326, 329, 331, 334, 337, 338, 339, 354, 359, 377, 414, 428, 431

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - იურისტი, ჟურნალისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 24, 33, 53, 59, 91, 92, 93, 94, 95, 107, 122, 123, 125, 128, 129, 130, 131, 139, 140, 143, 144, 163, 168, 169, 171, 172, 175, 179, 182, 204, 205, 209, 221, 223, 226, 228, 232, 234, 236, 243, 291, 292, 294, 295, 297, 298, 303, 307, 312, 315, 319, 320, 321, 322, 326, 327, 340, 342, 355, 357, 371, 372, 373, 376, 377, 390, 393, 394, 397, 398, 411, 413, 414, 415, 416, 417, 419, 421, 422, 423, 424, 426, 434, 435, 436, 437, 438, 439

აფრიკიანი - ფართლეულობით მოვაჭრე 113

ახვლედიანი ვარლამ სოლომონის ძე - აფთიაქის მფლობელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და ვანის განყოფილებათა წევრი. 1917-1918 სასწავლო წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო 241

20.2

▲ზევით დაბრუნება


ბადრიძე ილია გიორგის ძე - 1902 წ. რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე. 1905 წელს მონაწილეობდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით 56

ბაკუნინი მიხეილ ალექსანდრეს ძე - რუსი რევოლუციონერი, ანარქიზმისა და („ნაროდნიკობის“) ხალხოსნობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თეორეტიკოსი 292

ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართველოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია“ შემუშავების პროცესში 395, 439

ბაღდასაროვი არამ - ვაჭარი 113

ბერიშვილი პავლე აბრამის ძე - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, განათლება მიიღო ონის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში. სწავლის პერიოდიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში და გაწევრიანდა მასში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში პროფკავშირების საბჭოში, შემდეგ კი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მუშაობდა შრომის სამინისტროშიც. საბჭოთა ოკუპაციის დროს მონაწილეობას იღებდა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში, მოგვიანებით წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 34, 58, 73, 99, 135, 187, 212, 243

ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე - მასწავლებელი, 1917 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი; 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან - 157

20.3

▲ზევით დაბრუნება


გააზე ჰუგო - გერმ. Hugo Haase; გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, იურისტი და პაციფისტი 401

გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გორის სასულიერი სემინარიაში და გერმანიაში საინჟინრო სასწავლებელში. 1903 წლიდან და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მოგვიანებით გაერთიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციაში. პუბლიკაციებს აქვეყნებდა როგოც რუსულ, ასევე ქართულ პრესაშიც. ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ არმავირში, დააარსა „შრომის ბირჟა“. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გ. გაგლოევი ხდება არმავირის მუშათა და კარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თვმჯდომარე. ამავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით და არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრებაში 370, 403, 405

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს-ძე - იურისტი, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 9, 16, 295, 388

გერმანი .. - ცნობილი იყო, როგორც ქუჩური პრესის მოღვაწე, „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ [Черноморский вестник] და „კუტაისკიე ვესტის“ [Кутаисские вести] გამომცემი. (ქუთაისური გამოცემის დევიზი იყო „ყველაფერი ომისათვის! ყველაფერი გამარჯვებისათვის!“). საქართველოს მუდმივი მოძულე, ჩრდილოეთის საფრთხის აგენტი და პროპაგანდისტი. მოლაპარაკებას აწარმოებდა ,,სიბუნიონის“ სახელით, (ინგლისური კომპანია, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობის სურსათი შემოჰქონდა, აქ ნახსენებია, როგორც რუსული სავაჭრო საზოგადოება). - 64, 71, 113, 120, 131, 184

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 16, 20, 22, 23, 24, 25, 83, 95, 96, 97, 104, 110, 121, 122, 126, 129, 130, 132, 197, 202, 205, 207, 219, 237, 355, 357, 373, 377, 392, 393, 401, 416

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს (კიმოთეს) ძე - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909- 1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა სამხედრო მინისტრად, დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 56, 74, 77, 192, 199, 208, 212, 241, 242, 243, 252, 255, 258, 274, 275, 278, 286, 289, 290, 291, 366, 393, 430

გიუში - შვეიცარიელი პროფესორი 388

გობეჩია ივანე პავლეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი.მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 56, 95, 163, 174, 177, 178, 196, 197, 229, 238, 243, 275, 277, 280, 293, 305, 313, 318, 319, 364, 365, 366, 409, 435

გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 56, 97, 133, 135, 137, 191, 193, 211, 213, 246, 247, 251, 253, 263, 264, 265, 269, 295, 300, 343, 344, 369, 370, 439, 440

გოცაძე სიმონიკა - ქალაქური სიმღერის პერსონაჟი 395

გურული ზაქარია დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. - 192, 246, 265, 266, 403, 404, 405

20.4

▲ზევით დაბრუნება


დადიანი სამსონ პლატონის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, იურისტი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე.წ. მეორე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში. 1917 წელს დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. 1917 წ. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოც-ფედ. პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა სოც-ფედ. პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოს დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. ს. დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებშემუშავება, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 67, 90, 96, 125, 161, 180, 312

დე-ბონი ფერდინანდ ჟან-ჟაკ - ფრ. Ferdinand Jean Jacques de Bon - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ადმირალი შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში. 1919 წელს ადმირალი დე ბონი თავისი ამალით ბათუმში გაემგზავრა 257

დიადკინი - საქართველოში რუსეთიდან მოვლენილი ერთ-ერთი ჩინოვნიკი 389

20.5

▲ზევით დაბრუნება


ებრალიძე - ოზურგეთის მცხოვრები 157

ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე - იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი. ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. თბილისის განყოფილების წევრი 34, 54, 112, 121, 127, 130, 180, 182, 184, 382, 439, 440

ერაძე გიორგი პავლეს ძე - რსდმპ-ს წევრი ბათუმისა და თბილისის კომიტეტების წევრი, იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. განათლება მიიღო თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდგომ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წელს - დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), 1918-1919 წწ. იყო შრომის მინისტრის მოადგილე, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად და დაევალა სასურსათო კრიზისის დაძლევისთვის მუშაობა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 9, 297, 298, 310, 311, 366, 430

20.6

▲ზევით დაბრუნება


ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციია შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1917-1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს არჩეულ იქნა პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე (1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „მიწის“ რედაქტორი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 16, 24, 25, 26, 30, 51, 68, 79, 85, 90, 91, 94, 95, 97, 113, 145, 146, 147, 152, 153, 154, 155, 157, 160, 166, 167, 168, 171, 178, 184, 239, 275, 295, 296, 297, 298, 300, 312, 317, 318, 319, 320, 321, 322, 323, 341, 342, 356, 366, 370, 376, 383, 394, 404, 407, 408, 409, 416, 417, 427, 431, 435, 436

ვოიტინსკი ვლადიმერ საველის ძე - რუსი ეკონომისტი, რევოლუციონერი. რსდრპ წევრი, პეტერბურგის კომიტეტის წევრი, პეტერბურგის უმუშევართა კავშირის ორგანიზატორი და თავმჯდომარე 1906-1907 წწ. 120, 390, 391

20.7

▲ზევით დაბრუნება


ზურაბოვი არშაკ - ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი. სოციალ-დემოკრატი, ქალაქ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენელი რუსეთის II სახელმწიფო დუმაში, 1917 წ-ის 11 ივნისის რსდმპ (მენშევიკების) ამიერკავკასიის VI ყრილობაზე არჩეულ იქნა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საოლქო კომიტეტის წევრად 229

ზურგიელიძე სოლომონ ზურაბის ძე (ფსევდონიმი კვირტი) - იბეჭდებოდა ყოველკვირეულ იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ 418

20.8

▲ზევით დაბრუნება


თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 7, 33, 57, 73, 74, 99, 100, 135, 136, 165, 191, 192, 193, 194, 201, 211, 245, 246, 248, 263, 299, 326, 339, 340

თევზაია ბიქტორ ვასილის ძე - იურისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, (ფსევდონიმი „ბ. თეკლათელი“). დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტში, როგორც პრივატ-დოცენტი, პოლიტიკურ ეკონომიაში ლექციებს კითხულობდა. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოთსა და სამეგრელოში. 1917 აირჩიეს სოც. დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დამფუძნებელ კრებაში მუშაობდა შრომის კომისიაში. 1918-1920 წწ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში 22, 49, 136, 137, 140, 144, 146, 173, 176, 177, 192, 243, 246, 247, 264, 271, 272, 276, 278, 279, 280, 282, 286, 292, 320, 321, 322, 323, 326, 327, 333, 370, 371, 373, 374, 404, 409, 416, 417, 421

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 110, 344, 346

20.9

▲ზევით დაბრუნება


იაზონი - იასონი (ძვ. ბერძნ. Iaσων etrusk. Easum), ბერძნული მითოლოგიის გმირი, იოლკუსის მეფის, ესონის ვაჟი. ესონმა შვილი აღსაზრდელად ბერძენ კენტავრ ქირონს მიაბარა. ამ უკანასკნელს ბავშვისთვის იასონი („განმკურნებელი“) დაურქმევია. ჭაბუკობაში შესულმა იაზონმა პელიას კანონიერი სამეფო ტახტის დაბრუნება მოსთხოვა, რის სანაცვლოდ ურთულესი დავალების აღსრულება - კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოპოვება დაეკისრა. ამისათვის მან ქალღმერთ ათენას დახმარებით ხომალდი „არგო“ ააგო, ილაშქრა კოლხეთში და იქიდან ოქროს საწმისით დაბრუნდა 390

იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1904 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარეა, 1918 წლიდან ეროვნული საბჭოსა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნის ინიციატორი, 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიული, შიდა ოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. 1921 წ-ის თებერვალში ჯგუფი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი 33, 34, 54, 58, 73, 74, 78, 99, 100, 102, 135, 136, 179, 191, 192, 209, 210, 212, 216, 217, 247, 252, 256, 258, 259, 264, 271

20.10

▲ზევით დაბრუნება


კალაძე ერმალოზ თედორეს ძე - კალაძე ერმალოზ თედორეს ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სოფლის სასწავლებელში მიიღო. 1905 წლიდან იყო რსდმპ-ს მენშევიკების ფრაქციის წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1917-1921 წლებში იყო სახალხო გვარდიის შორაპნის შტაბის წევრი 248, 249, 344, 345, 370, 404, 406

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 128, 142, 181

კაუცკი კარლ იოჰან - (გერმ. Karl Kautsky); სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო თეორიტიკოსი და ლიდერი. იგი 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის მრავალრიცხვოვან დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. საქართველოში ვიზიტის დროს შეადგინა და დაწერა წიგნი „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“. მან ამ წიგნის საშუალებით ევროპას გააცნო სოციალ-დემოკრატიის მოდელი და ძალიან საინტერესოდ აღწერა საქართველოში, ქართულ-სოციალ დემოკრატიაში მიმდინრე პროცესები. ნაშრომში ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრული პერსპექტივები - როგორ განვითარდებოდა ქართული სახელმწიფო რომ არა ბოლშევიკური ინტერვენცია 157, 401

კაჩუხოვი - ესერი 87

კედია სპირიდონ მალხაზის ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 12, 13, 14, 15, 16, 23, 24, 25, 29, 31, 45, 56, 67, 83, 84, 93, 290, 305, 341, 360, 372, 373, 377, 396, 417, 419, 421, 423, 424, 426, 427, 434, 435, 437, 439

კერენსკი ალექსანდრე თედორეს ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური, იუსტიციის მინისტრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე 355, 356, 360, 433

კიტჩენერი ჰორაციო ჰერბერტ - (ინგ. Horatio Herbert Kitchener, 1st Earl Kitchener); ბრიტანეთის სამხედრო მოღვაწე, ინგლისის სამხედრო მინისტრი, ფელდმარშლი, ბარონი, ვიკონტი, კიტჩენერის 1-ლი გრაფი. პირველი მსოფლიო ომის წლებში 1914 წლის 6 აგვისტოდან იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრი 16

კორსი - იტალიელი კომერსანტი, რომელმაც ამიერკავკასიის გაცნობის შემდეგ, იტალიის მოსახლეობას პრესის საშუალებით გაუზიარა თავისი შეხედულებები. საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შესახებ მან თქვა, რომ ჩვენთან სერიოზული სავაჭრო ურთიერთობის დაჭერა შეუძლებელია 388

20.11

▲ზევით დაბრუნება


ლოიდ ჯორჯი დეივიდ (დუივორის 1-ლი გრაფი, გვინედის ვიკონტი) - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). ადვოკატი, 1908 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 1919 წლის პარიზის საზავო კონფერენცია მოკავშირეთა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გახსნა. იყო უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი 418, 431

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 33, 211, 245, 251, 263, 271, 299, 325, 343, 352, 369, 403

ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე - იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ი. ლორთქიფანიძე მუშაობდა იურისკონსულტად ჯერ განჯაში, შემდგომ კავკავში (ვლადიკავკაზი). განჯაში ყოფნის დროს თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ნ. ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და 1893 პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში. კავკავში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართული კოლონიის საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკავის ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე, არჩეული იყო ამავე ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. 1906 თერგის ოლქიდან დასახელებული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად. 1917 წლიდან ი. ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წლის ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული საბჭო გაფართოვდა, ი. ლორთქიფანიძე ედპ-ის სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. 1920 თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, ი. ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ედპ-ისა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წლის იანვარში, ი. ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს 89

20.12

▲ზევით დაბრუნება


მამიკონიანი სტეფანე გრიგოლის ძე - სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი 11, 28

მარქსი კარლ ჰაინრიხ - გერმ. Karl Marx; გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა 141, 401

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი 71, 72, 125, 126, 376, 391, 395455

მახარაძე გერასიმე თომას ძე - მახარაძე გერასიმე თომას ძე - პოლიტიკოსი, დიპლომატი, მიიღო საშუალო განათლება, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან), ამასთან ერთად იყო თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მის მიერ პარლამენტში რამდენიმე კანონ-პროექტი იქნა შეტანილი. 1919 წლის ივლისში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლად, 1920 წელს კი - საქართველოს ელჩად საბჭოთა რუსეთში 13

მგელაძე ვლასა დარისპანის ძე (პარტიული მეტსახელი „ტრია“) - პოლიტიკური მოღვაწე, კარლო ჩხეიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის სოც. დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. ჩაბმული იყო „მესამე დასის“ საქმიანობაში. 1907 წ-ის სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე, მან მუშების სახელით წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა. 1908 წელს ევროპაში ყოფნის დროს, ურთიერთობდა რუსეთის სოც.დემ. მოძრაობის ლიდერებთან: პლეხანოვთან, აქსელროდთან და სხვ. მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში. 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო კომისარი 222

მდივანი სიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1905 წელა დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს 11, 28, 33, 34, 57, 65, 73, 99, 135, 165, 191, 263, 264, 265, 266, 271, 272, 283, 325, 344, 349, 370, 403, 405

მესხიშვილი შალვა (ალექსი-მესხიშვილი) ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 51, 72, 79, 91, 92, 94, 95, 104, 118, 121, 122, 123, 124, 128, 208, 209, 243

მილერი - ვაჭარი 113

მილოვი არკადი - ვაჭარი 113

20.13

▲ზევით დაბრუნება


ნათაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი, (სოც. რევოლუციონერული პარტია, ფრაქციის მდივანი). იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე 7, 9, 57, 58, 73, 99, 100, 135, 136, 189, 192, 194, 196, 204, 211, 212, 215, 216, 251, 263, 264, 271, 272, 299, 323, 325, 328, 330, 331, 332, 334, 369, 370, 403

ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. „Борьба“-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის «ერთობის“ რედაქტორი; კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 15, 43, 204, 222, 300, 301, 306, 344, 350, 404, 408

ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ «Новое обозрение»-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“ 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში ბათუმში ქართველი დელეგატების გერმანიის დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, რაშიც თვალსაჩინო წვლილი ნ. ნიკოლაძეს მიუძღვის. აქვე შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა.1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში.სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 83, 91, 93, 113, 114, 180, 414

ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით ოპოზიციურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 34, 49, 74, 100, 136, 146, 156, 165, 171, 172, 173, 231, 252, 259, 260, 261, 264, 268, 305, 325, 338, 343, 344, 351, 359, 361, 365, 366, 370, 372, 398, 404, 421, 436, 438

ნუცუბიძე (შალვა) ვარლამ ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 47, 91, 92, 94, 96

ნუცუბიძე ილია დავითის ძე - დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში.1918 წელს შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში 138, 140, 141, 144, 145, 150, 166, 167, 198459

20.14

▲ზევით დაბრუნება


ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 58, 73, 74, 99, 100, 102, 136, 151, 154, 155, 159, 191, 192, 199, 211, 212, 213, 214, 218, 237, 239, 240, 314, 344, 351, 370, 404, 408

20.15

▲ზევით დაბრუნება


ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია 42, 285, 290, 291, 293, 358, 363, 374, 385, 386, 391, 397, 400, 401, 418, 420, 430, 431, 438

20.16

▲ზევით დაბრუნება


რამიშვილი ნოე ბესარიონის-ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 11, 28, 43, 119, 222, 225, 312, 317, 318, 319, 320, 321, 323, 352, 354, 359, 361, 365, 366, 376, 398, 427, 428

რუსანოვი ნ. - რუსეთის ესერების ცენტრალური კომიტეტის წევრი 41

რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 33, 51, 52, 74, 100, 136, 204, 223, 230, 232, 353

20.17

▲ზევით დაბრუნება


სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი; სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 192, 246, 247, 248, 283, 294, 326, 332, 370, 404, 407, 408

საყვარელიძე - ნაფიცი ვექილი 208, 209

საყვარელიძე პავლე დავითის ძე (ნ. საქარელი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. სოციალ-დემოკრატიული მუშაღთა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი; პარტიული ფსევდონიმი - „დიდი პავლე“; სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“); ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი; იყო დამფუძნებელი კრების სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური კომისიების წევრი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მან უარყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი 156, 158, 247, 264, 266

სეილანოვი არტემ - სომეხი, საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომი 113

სერვერ-ბეგ ათაბეგოვი (ტექსტში სერვენ-ბეგი) - სეიმის წევრი, წარმოშობით ქართველი, იყვნენ გვარად ჯაყელი. სერვერბეგ ათაბეგის მამა იყო ახალციხის ფაშა. რუსეთმა გადმოიბირა ეს ფაშა, და მისცა ტიტული - პრინც ქობლიანსკი ადიგენსკი და დაარქვეს გვარი ათაბეგოვ. თურქულად ათა - მამაა, ე. ი. მამა ბეგებისა 258

სიდამონ-ერისთავი გიორგი დიმიტრის ძე - იურისტი, სენატორი. უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. 1890 წ-დან მუშაობდა პეტერბურგის სასამართლოში. 1917 დროებითმა სამმართველომ პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად დანიშნა, შემდეგ ქალაქის მილიციის უფროსად. ამავე წელს მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დანიშნა სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სენატის წევრად, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერს დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით სენატორის უფლებამოსილება შეუწყდა 208

სმიტი ნოელ - „სიბუნიონ ლიმიტედის“ რწმუნებული ლონდონში 59, 64, 65, 71, 120

სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წელს დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში (ფრაქციის ლიდერი - გრიგოლ გიორგაძე), ფრაქციის სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან გამოყოფის მთავარ მიზეზად „სხიველები“ ასახელებდნენ პარტიის ლიდერების ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვას,შიდაპარტიული დემოკრატიის შესუსტებას, წარუმატებელ პოლიტიკურ კურსს 261

20.18

▲ზევით დაბრუნება


ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი სლეპცოვი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრი, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო „დაშნაკცუთიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის „აშხატავორის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან „დაშნაკცუთიუნის“ სიით. იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი თანაპარტიელებთან ერთად მე-11 წითელი არმიის საგანგებო განყოფილებამ 17 მარტს დააპატიმრა. აპრილში კი ტერ-სტეფანიანმა „აშხატავორის“ წევრებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალობა გამოაცხადა; ამის შემდეგ ის მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ 24

20.19

▲ზევით დაბრუნება


ურატაძე გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე - სახალხო მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ბათუმში კი სამასწავლებლო კურსები გაიარა. მუშაობდა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია. პეტერბურგში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სკოლაში გაგზავნა. სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1915 წლიდან ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა, ხელმძღვანელონდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამანდატო კომისიი წევრი, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად 13, 34, 55, 56, 58, 73, 74, 75, 77, 84, 99, 111, 112, 126, 135, 175, 182, 186, 188, 189, 212, 243, 246, 247, 248, 272, 274, 287, 325, 344, 345, 347, 370

ურუშაძე - ოზურგეთის მცხოვრები 157

უსუფბეკოვი - აზერბეიჯანის მთავრობის თავმჯდომარე 65

20.20

▲ზევით დაბრუნება


ფადილეევი ნ. ი. - მომარაგების მთავარი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი 389, 390

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - იურისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. 1902-1910 წწ-ში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. რედაქტორობდა სოც-ფედერალისტთ პარტიის ორგანოებს: „გლეხი“ (1906), „მიწა“ (1906-1908). მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წწ-ის პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. 1919-21 წწ. -ში დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-1921წწ.-ში იყო სოც.ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზ. „სახალხო საქმის“ რედაქტორ. 1921 წელს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას 15, 21, 22, 56

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალ-დემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი -დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 33, 52, 53, 74, 99, 191, 211, 214, 215, 251, 253

ფოში ფერდინან - (ფრანგ. Ferdinand Foch.); ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი პირველ მსოფლიო ომში. ერთადერთი ადამიანი საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი) მარშალი იყო 16

20.21

▲ზევით დაბრუნება


ქალანთაროვი - მსხვილი ვაჭარი 113

ქარცივაძე - ოზურგეთის მცხოვრები157

ქარცივაძე ილია გიტოს-ძე - საქართველოს მომარაგების მთავარი სამმართველოს მთავარი რწმუნებული 59, 181, 382, 416

20.22

▲ზევით დაბრუნება


ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 95, 107, 114, 123, 125, 126, 127, 129, 136, 154, 155, 156, 159, 160, 161, 162, 166, 167, 169, 170, 180, 181, 192, 212, 217, 344, 345, 346, 349, 417, 421, 422, 427, 432, 433, 434

20.23

▲ზევით დაბრუნება


შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო 165, 191, 245, 251, 271, 272, 325, 327, 328, 403, 404

შენგელაია ლეო ანდრიას ძე - იურისტი, სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 13, 19, 38, 43, 44, 45, 47, 48, 50, 51, 115, 123, 125, 127, 152, 153, 161, 167, 168, 169, 176, 178, 196, 197, 202, 203, 204, 218, 223, 224, 225, 226, 227, 228, 229, 230, 233, 234, 235, 236, 237, 238, 241, 242, 276, 277, 280, 283, 288, 289, 291, 292, 293, 294, 295, 310, 313, 315, 317, 320, 352, 354, 355, 357, 358, 361, 362, 363, 366, 373, 396, 432, 434, 435, 436, 437

შრედერი მ. ი. - ოდესიდან საქართველოში სავაჭრო ოპერაციებისთვის ჩამოსული ვაჭარი, რომელიც შემდგომ ვოიტინსკის რეკომენდაციით გახდა საგარეო ვაჭრობის განყოფილების უფროსი 382, 389, 390, 391, 392, 394

20.24

▲ზევით დაბრუნება


ჩერნოვი ვიქტორ მიხეილის ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, მოაზროვნე და რევოლუციონერი, პუბლიცისტი, სოციალ-რევოლუციური პარტიის, ესერთა პარტიის ლიდერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი მთავარი თეორეტიკოსი. რუსეთის წარმომადგენლობითი ორგანოს - დამფუძნებელი კრების პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარე, რუსეთის დროებითი მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი, ხშირად „გლეხურ მინისტრსაც» უწოდებდნენ. იყო მიწის სოციალიზაციის პროგრამის ავტორი (სახელმწიფოსა და მემამულეთა მიწების საზოგადოებრიც საკუთრებად გადაქცევა მათი შემდგომი თანაბარი განაწილება), პოლიტიკურ სფეროში ითხოვდა „მთელი სახელმწიფოსა და იურიდიული წყობის დემოკრატიზაციას თავისუფლებისა და თანასწორობის საწყისებზე“ 292, 294

ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში (არ დაუსრულებია), დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 40, 221, 420, 422

20.25

▲ზევით დაბრუნება


ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე - პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკოსი, პოლიტიკური დ საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. დაამთავრა სასულიერო სემინარია და უმაღლესი განათლება მიიღო ფიზიკა-მათემატიკოსის სპეციალობით. სემინარიაში სწავლის პერიოდში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1918 წლი სექტემბრიდან იყო თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, 1919 წლის 5 აპრილიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. 1918 წლიდან პარლამენტის წევრია, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი. ნ. ცინცაძემ შეძლო რუსული სკოლების ქართულით შეცვლა, მოამარაგა სახელმძღვანელობით და ევროპაში უამრავი ახალგაზრდა გაგზავნა სასწავლებლად. ემიგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რადიო „თავისუფლების“ საქმიანობაში. მისი ინიციატივით მოხდა პარიზიდან ჰარვარდის ბიბლიოთეკაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნული მთავრობის არქივის გადატანა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 175, 176, 177

ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი. საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1914 წლიდან რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციას შეუერთდა, 1917 წ-დან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ მაზრაში ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 251, 302, 319, 323

20.26

▲ზევით დაბრუნება


ძეგველოვი ალექსანდრე - ვაჭარი, სპეკულიანტი 113

20.27

▲ზევით დაბრუნება


წვერავა ნიკოლოზ ესტატეს ძე - მეწარმე, იყო ბაქოში თევზის სარეწაო ქარხნის მმართველი. ეხმარებოდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკს. ტფილისის თვითმმართველობის ხმოსანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1918) 113

წულაია პავლე ლუკას ძე (ფსევდონიმი: დეპო) - რსდმპ-ს მენშევიკურ ფრაქციის წევრი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. მოგვიანებით ჩაერთო რსდმპ-ის მუშაობაში, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, რის შემდეგაც 1907 აირჩიეს რსდმპ ლონდონის მეხუთე ყრილობის დელეგატად. 1919 წლიდან არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი 272

წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე - სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა სოფლის სკოლაში და ბათუმის გიმნაზიაში. მონაწილეობდა გურიის 1905 წლის მოვლენებში. 1906 წლიდან რსდმპ-ს წევრი, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მუშაობდა, თბილისის განყოფილევაში. იყო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 261468

20.28

▲ზევით დაბრუნება


ჭავჭავაძე ილია - დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სულისჩამდგმელი და თავმჯდომარე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნებისადნი იჩენდა. სტუდენტობის წლებში დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაშია. ქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას. 70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი 290

ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 33, 34, 35, 36, 37, 58, 74, 414

ჭიაბრიშვილი ანდრია (ანდრო) იაკობის ძე (ჭრელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი; დაამთავრა პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1917 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად, 1919 წლიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 112

ჭიჭინაძე ბესარიონ - გზათა დეპარტამენტის დირექტორი 348

ჭიჭინაძე პარმენ (ნიკოლოზ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 303, 306, 307, 308

ჭყონია - ოზურგეთის მცხოვრები 157

20.29

▲ზევით დაბრუნება


ხანანაშვილი ელო - ქუთაისელი, შაქრით მოვაჭრე 318, 319, 364, 365, 366, 367

ხაჩატურიანი სუმბათ არტემის-ძე - სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი 11, 28

ხარაზაშვილი (ხარაზოვი) გიორგი - ნაფიცი მსაჯული, მსახურებდა ჯერ რუსეთში ნაფიც სამსაჯულოში, შემდეგ ქ. ქუთაისში საოლქო სასამართლოს ბრალმდებლად 208, 209, 249

ხატისოვი ალექსანდრე ივანეს ძე (ხატისიანი) - სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი - ტფილისის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი 1905 წელს, 1908-1910 წწ. - თბილისის თავის მოადგილე. დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდგომ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინი ფაკულტეტზე, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში შეისწავლა ჰიგიენა, საზოგადოებრივი, სამართალდამცავი და მუნიციპალური საქმე. 1910 წლიდან არჩეულ იქნა ქალაქის თავად. პირველი მსოფლიო ომის დროს ხატისოვი თავმჯდომარეობდა ქალაქების ალიანსის კავკასიის კომიტეტს. ხატისოვი იყო სომხეთის მოხალისეთა რაზმების და სომეხი ლტოლვილების დახმარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1916 წელს აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ სომხეთიდან დევნილების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში. 1915-1917 წლებში არჩეულ იქნა სომხეთის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ (ტფილისი). 1917 წელს გადადგა ქალაქის თავის თანამდებობიდან და შეუერთდა დაშნაკცუთიუნის პარტიას (ოფიციალურად სოხეთის რევოლუციური ფედერაცია, შემოკლებით დაშნაკი). მეთურობდა სომხეთის ეროვნულ ბიუროს, თავმჯდომარეობდა სომხეთის პოლიტიკური პარტიების კრებას. მონაწილეობდა სომხეთის ეროვნული საბჭოს შექმნაში. 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დაინიშნა ფინანსთა და სურსათის მინისტრად, აგრეთვე ამიერკავკასიის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების მინისტრად. იყო სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი საქალაქო კომისიის თავმჯდომარე 65

ხოშტარია აკაკი მეთოდეს ძე - მრეწველი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. მის მფლობელობაში იყო ორი დიდი კომერციული ორგანიზაცია: სანავთობე ამხანაგობა «რუპენტო» და თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“ ასევე მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა; 1918 წელს მან თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა; ამ სახლში შემდგომში განთავსდა მწერალთა სახლი; მისი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა მთელი შავიზღვისპირეთის ბულვარებისა და ბაღების გაშენება-რეკონსტრუქცია, რომელთა შორისაა - ბათუმის ბულვარი, გაგრის პარკი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი; იგი აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა; 1907 წელს თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა; 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცა საჩუქრად; აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ 95, 113

ხოჭოლავა მუხრან-იონა მაქსიმეს ძე (მუხრან ოდიშელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს წევრი, სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“ 155, 175, 177, 294, 297, 304

20.30

▲ზევით დაბრუნება


ჯაფარიძე - ოზურგეთის მცხოვრები 157

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. კ. ჯაფარიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთ გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 7, 9, 24, 26, 27, 31, 33, 73, 99, 165, 191, 211, 245, 251, 263, 299, 325, 343, 369, 403

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - იურისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გაბედულად აკრიტიკებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 37, 51, 52, 87, 90, 93, 95, 97, 104, 118, 119, 121, 136, 192, 204, 208, 212, 231, 364, 365, 366

ჯაყელი ნიკოლოზ - ქართველი პოლიტიკოსი,საზოგადო მოღვაწე, იტალიის ქალაქ მილანში ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის წევრად მიღებული არ იყო, ნ. ჯაყელი კონგრესის მუშაობაში კენჭისყრის დროს გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ კონგრესის თავმჯდომარის - რუფინის წინადადებით, საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად ერთხმად მიიღეს,წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა - ესერმა აქვსენტიევმა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნ. ჯაყელი ემიგრაციაში წავიდა და ევროპაში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი იყო. მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მინდობილობით,ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად ლევილის მამული შეიძინა 113

ჯუღელი ვალერიანი (ვარლამ) ანთიმოსის ძე (ვალერიან ანთიმოზის ძე) - ქართველი პოლიტიკოსი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია) და სამხედრო პირი. დაამთავრა სოხუმის გიმნაზია, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი.) 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 14, 21, 22, 140, 141, 149, 180, 192, 207, 246, 248, 396, 399, 418, 419, 421

20.31

▲ზევით დაბრუნება


ჰილფერდინგი (ტექსტში: გილფერლინგი) რუდოლფ - (გერმ. Rudolf Hilferding), გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, ავსტრიელი და გერმანელი მარქსისტ-ეკონომისტი, ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი, სოციალ-დემოკრატიის ლიდერი 401

ჰინდენბურგი - პაულ ლუდვიგ ჰანს ანტონ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენბურგი (გერმ. Paul Ludwig Hans Anton von Beneckendorff und von Hindenburg); - გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტი 1925-1934 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს 16

21 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბასთუმანი 252, 258, 259, 264

ადერბეიჯანი/აზერბაიჯანი 10, 15, 16, 17, 18, 19, 21, 23, 25, 26, 27, 65, 66, 280, 290, 291, 356, 398, 399, 406, 410, 419, 430

ავსტრია 45

ალავერდი 8, 33, 53, 57

ალაზნის ველი 254

ალვანი (ზემო და ქვემო) 254

ამერიკა 14, 17, 30, 44, 88, 95, 205, 424, 425

ანაკლია 226

ამიერ-კავკასია 9, 10, 15, 16, 17, 19, 20, 27, 42, 46, 65, 66, 113, 131, 152, 215, 252, 258, 264, 273, 299, 307, 325, 327, 333, 335, 343, 364, 370, 388, 404, 406, 419, 421, 429, 440

ამსტერდამი 41

ატენი 238

აფხაზეთი 192, 212, 246, 414, 439, 440

აღბულაღი 237

ახალქალაქი 8, 218, 307, 370, 404, 408

ახალციხე 8, 218, 307, 314, 346, 370, 404, 408

აჯამეთი 372

ბათომი/ბათუმი 61, 65, 71, 132, 201, 258, 282, 346, 361, 381, 420, 434

ბალაჯარი 420

ბალკანეთი 19, 27

ბაქო 282, 420, 434

ბელგია 205, 428

ბორჩალო 8, 149, 218, 219, 220, 307, 371

ბორჯომი 259, 371

ბრიუსელი 20

ბრიტანია/ბრიტანეთი 30, 61, 71, 91, 124, 126, 128, 132, 133,

გამეწარი/გომეწარი 251, 263

გერმანია 37, 103, 132, 184, 288, 383, 384, 401, 417, 428

გურია 43, 158, 161, 162, 231, 316

დანია 21

ევროპა 14, 20, 21, 24, 44, 62, 65, 71, 88, 113, 118, 137, 157, 174, 281, 322, 387, 391, 415, 424, 425

ეკატერინფელდი 269

ვარციხე 370, 371, 403

ვაშინგტონი 24

ზუგდიდის მაზრა/ზუგდიდი 226, 228, 231, 232, 234, 235, 305, 309, 312, 316, 317, 344, 346, 357, 359, 361, 362, 363, 364, 369

თბილისი/ტფილისი/თფილისი 3, 4, 7, 11, 17, 23, 25, 28, 33, 37, 38, 40, 46, 47, 51, 57, 59, 73, 99, 100, 113, 135, 136, 165, 191, 192, 193, 207, 211, 215, 212, 221, 224, 225, 227, 228, 237, 245, 246, 251, 254, 263, 271, 299, 315, 321, 325, 326, 332, 333, 343, 346, 351, 353, 356, 357, 359, 360, 364, 369, 385, 399, 403, 408, 420

თელავი 407, 220, 251, 253, 254, 263, 346

თიანეთი 8, 218, 251, 253, 254, 263, 302

თუშეთი 253, 254

თუშ-ფშავ-ხევსურეთი 253

იმერეთი 147, 161, 162

ინგლისი 14, 17, 37, 46, 61, 65, 81, 82, 83, 90, 91, 115, 120, 128, 133, 181, 184, 205, 206, 247, 283, 288, 294, 301, 362, 378, 425

ირლანდია 362

იტალია 86, 89, 113, 138, 204, 283, 350, 388, 391, 392, 424, 425

კავკასია 16, 17, 18, 19, 44, 256, 356

კახეთი 152, 162, 237, 260, 371

კონსტანტინოპოლი 280

ლატვია 290

ლიონი 83

ლიუცერინი 41

ლონდონი 59, 65, 71, 124, 131, 132

მანგლისი 346

მანჩესტერი 131

მიუნხენი 350

ნიდერლანდია 21

ოდესა 389, 390, 391

ოზურგეთი 8, 34, 54, 57, 156, 346

ოსეთი 346

ოსმალეთი 205, 353

პარიზი 10, 17, 20, 24, 27, 46, 400, 429

პეტროგრადი/პეტერბურგი 193, 273

პირიქითი() (თუშეთი) 251, 263

პოლონეთი 178, 290

როსტოვი 178, 420, 434

რუმინეთი/რუმინია 391, 424, 429

რუსეთი 16, 19, 38, 39, 41, 42, 65, 71, 86, 91, 92, 97, 103, 132, 133, 152, 153, 155, 162, 163, 173, 176, 178, 187, 196, 206, 208, 215, 253, 272, 273, 280, 281, 290, 293, 294, 312, 352, 353, 355, 356, 360, 377, 378, 383, 384, 390, 396, 398, 399, 417, 432, 434, 435

საგარეჯო 237

სამეგრელო 161, 162, 359, 361

საფრანგეთი 17, 37, 46, 86, 90, 92, 145, 152, 174, 176, 178, 204, 238, 257, 258, 283, 286, 288, 293, 294, 350, 355, 376, 387, 424

საქართველო - თითქმის ყველა გვერდზეა

სენაკი 302, 346

სომხეთი 8, 10, 11, 12, 13, 15, 17, 18, 19, 20, 22, 23, 24, 26, 27, 28, 29, 30, 31, 65, 66, 88, 135, 280, 399, 406, 410

სოხუმი, სუხუმი 53, 207, 278, 346, 400, 412, 420, 423

სპარსეთი 425, 435

ტფილის-მანგლისი 346

ტყიბული/ტყვიბული 8, 302, 307

ქუთაისის გუბერნია 19, 172, 194, 207, 208, 228, 307, 361, 366, 407, 414

ქართლი 152, 162, 260

ყაზბეგი

ყარაიაზის არხი 260, 264, 268, 271, 252

ყირიმი 429

შვეიცარია 37, 38, 152, 154, 205, 306, 320, 388, 428

შვეცია 45

შორაპანი 313

შულავერი 287

ჩაღმა 251, 263

ციმბირი 71, 81, 82, 128, 131,

წოვი 251, 263

ხეთა 344, 345, 346, 369

ჰააგა 20

22 IV ტომის საძიებლებისთვის გამოყენებული წყაროები:

▲ზევით დაბრუნება


1. ვერულავა თ. ტფილისის თავი ალექსანდრე ხატისოვი

https://burusi.wordpress.com/2011/01/12/aleksander-khatisov-2/

2. ენციკლოპედია საქართველო http://georgianencyclopedia.ge

3. კარლ კაუცკი - სოციალიზმის პრობლემები და პერსპექტივები სდრ-ში. თბილისის ფაბიანური საზოგადოება

4. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.

6. საქართველოს მეღვინეები http://www.nplg.gov.ge/winemakers/ka/

7. საქართველოს პროსოპოგრაფია
http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965

8. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=37024

9. ფსევდონიმების ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=2

10. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი (1879-1927 წწ.) http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/

11. Большая российская энциклопедия. https://bigenc.ru/

12. Исторический словарь. https://dic.academic.ru/dic.nsf/hist_dic/10714