![]() |
საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) ტომი V |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს დამფუძნებელი კრება (სხდომის ოქმები) |
თარიღი: 2019 |
აღწერა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები 7 ტომად ტომის სარედაქციო საბჭო: ირაკლი იაკობაშვილი, მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 1920 წლის 14 იანვარი – 16 მარტი თბილისი 2019 UDC(უაკ)328(479.22)+94(479.22) ს-323 სერია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები საქართველოს დამფუძნებელი კრება. იდეის ავტორი და შემდგენელი – ირაკლი იაკობაშვილი, წიგნის რედაქტორი და საძიებლის შემდგენელი – მზია ხოსიტაშვილი. წინათქმა ემზარ ჯგერენაიასი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა. 2019 წელი. 537 გვერდი. © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019 V ტომის პირთა საძიებლისთვის გამოყენებული წყაროები 5377 ISBN 978-9941-9652-8-9 (ყველა ტომის) ISBN 978-9941-9652-6-5 (მეხუთე ტომის) |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
„საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ 7-ტომეულში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პლენარული სხდომის ოქმები. სხდომის ოქმები წიგნის სახით პირველად ქვეყნდება. გამოცემა დაეხმარება საქართველოს უახლესი ისტორიის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მკვლევრებს. „საქართველოს დამფუძნებელი კრება. სხდომის ოქმების“ ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკებში.
![]() |
2 სამოცდამეცხრამეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(79)
1920 წელი. იანვრის 14. ტფილისი. სასახლე
საგანგებო საზეიმო სხდომა
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არიან: სიმონ მდივანი,
ექვთიმე თაყაიშვილი,
ქრ. შარაშიძის ასული და
გრიგოლ ნათაძე.
სხდომა იწყება ნაშუადღევის 1 საათსა და 30 წუთზე.
(დარბაზი სადღესასწაულოდ არის მორთული. მთავრობის ადგილები დაკავებულია მთავრობის მთელი შემადგენლობით. დიპლომატიურ წარმომადგენელთა ადგილები უჭირავთ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელთ ბ-ნ ოლივერ უორდროპის მეთაურობით. დაესწრენ წარმომადგენელნი - ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ლიტვის, ადერბეიჯანის, სომხეთის, მთიულეთის და სხვ. (ქუჩიდან მოისმის ეროვნული სიმღერა და მანიფესტაციის ხმაურობა).
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია. როდესაც დამფუძნებელი კრება ორი კვირით სწყვეტდა თავის მუშაობას, სათანადო დადგენილებაში შეტანილ იქნა ერთი მუხლი, რომლის ძალით თქვენს პრეზიდიუმს ევალებოდა თუ საჭიროდ დაინახავდა, თუ ისეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა, მოეწვია დამფუძნებელი კრების სხდომა. ეს მომენტი, რომელსაც განიცდის ეხლა მთელი ჩვენი ერი, სამშობლო, პრეზიდიუმის აზრით ასეთი მომენტი, იყო და არის, რომ არ შეიძლებოდა დამფუძნებელი კრების პლენუმი არ მოეწვია. თუ რა მოხდა, დაწვრილებით ამის შესახებ მთავრობის განცხადებას მოისმენთ, მხოლოდ ეს მცირეოდენი ახსნა გამარტება პრეზიდიუმმა დამავალა მე მომეხსენებინა თქვენთვის. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ დღეს არის მოწვეული საგანგებო სხდომა დამფუძნებელი კრებისა.
სიტყვა ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარეს.
ნოე ჟორდანია (მთავრობის თავმჯდომარე). მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მოულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხთა გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის.
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალდონეს.
და ეს ისტორიული მოვლენა მოახდინა ამ ერთმა გარემოებამ - საქართველოს ხალხის ერთსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ.
საქართველო ამ ასი წლის წინეთ დასცა ფეოდალურმა განხეთქილებამ, საქართველო დღეს აღადგინა დემოკრატიის თანხმობამ.
საქართველო დაცემის დროს არ არსებობდა, როგორც ერთი მთელი, ჭირში და ლხინში განუყრელი; მეფეებმა ვერ შექმნეს ერთი მთლიანი სამშობლო. საქართველო დღეს - აღდგენის დროს, წარმოადგენს ერთ ორგანიულად შედუღებულ სხეულს, ჭირში და ლხინში განუყრელს; დემოკრატიამ შექმნა ერთი მთლიანი სამშობლო.
საქართველოს დაცემით დაეცა ტახტი, დაეცა ფეოდალთა უფლება.
საქართველოს აღდგენით აღსდგა ხალხი, განმტკიცდა დემოკრატიის უფლება.
ხალხმა დაიბრუნა ის, რაც დაკარგა მეფეებმა - თავისუფლება და შექმნა ხალხის სახელმწიფო, ხალხის წყობილება, ხალხის მმართველობა.
ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო. და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის. (ხანგრძლივი ტაში) და მათ გვკითხეს - რა მოგაქვთ? ჩვენ ვუპასუხეთ: მოგვაქვს ორიათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა, მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის გზის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, საოპეკუნო ხალხი, ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები) და ეს ჩვენ დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით.
და ეს ჩვენი სიტყვა და საქმე პირველ ყოვლისა იწამა ევროპის მუშათა დემოკრატიამ და ლიუცერნში გამოგვაცხადა დამოუკიდებელ საქართველოთ. (ტაში). და ეხლა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ეს იწამა მმართველმა კლასებმაც და ის დაადასტურა პარიზის კონფერენციამ. შემიძლია თამამათ ვსთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ევროპის ხალხთა შორის არ მომხდარა ისეთი შეთანხმება, როგორიც მოხდა საქართველოს შესახებ.
იქ, ლიუცერნში თავი მოიყარა მუშებმა, აქ, პარიზში თავი მოიყარა სახელმწიფოებმა. ჩვენს შესახებ ერთი ენით ალაპარაკდა ყველა კლასი, ყველა პარტია, ერები.
აქ არის დიდი ბრიტანია - სამშობლო კულტურის, დიდი წარმოების და თავისუფალი მმართველობისა.
აქ არის საფრანგეთი - სამშობლო დიდი რევოლიუციისა და პირველი მოციქული ადამიანის უფლებებისა.
აქ არის შეერთებული შტატები - სამშობლო დიადი დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედებისა.
აქ არის მშვენიერი იტალია - ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა, ისეთი ცხელი მზით და მკვირცხლი ხალხით, როგორც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხია. აი ამათ ჩვენი გაწვდილი ხელი მეგობრულად ჩამოგვართვეს და ახლად შობილი სახელმწიფოს მიმრქმელის როლი იტვირთეს.
ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა! მოხდა იშვიათი ამბავი, მთელმა ევროპამ, განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება; და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი.
და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, თუ ჩვენ არ გადავცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის.
ჩვენს ირგვლივ ხდება და მოხდება დიადი ამბები; ჩვენ გვმართებს დიდი სიმაგრე, დიდი დაფიქრება, რომ ერთხელ არჩეული გზიდან არ გადაგვაცდინონ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საომარი კავშირი შემოგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა - ჩვენ გადაჭრით უარი ვუთხარით; ჩვენი პასუხი წაკითხული გექნებათ.
რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ.
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი - აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს. და თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე.
როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ: ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან - იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს. (ხანგრძლივი ტაში).
ბატონებო, ნუ დაგავიწყდება, მეცნიერების ანბანი, ნუ დავანებებთ ვინმეს ფრაზებით გაგვაყრუოს და დავთარი დაგვიბნიოს. ხოლო ანბანია ის, რომ მუშა ხალხი მთელს თავის იმედს ამყარებს კულტურაზე და არა ბარბაროსობაზე; ის მემკვიდრეა კაპიტალისტური წყობილების, და არა აზიური კარჩაკეტილობის, ის სიმდიდრე, რაც მან შექმნა იმპერიალისტების ხელმძღვანელობით, უნდა გადავიდეს მის სრულ განკარგულებაში; ის სავსებით სდგას ევროპის წარმოების და იდეების ნიადაგზე, და აი, ჩვენ, ბატონებო, გვეზიდებიან ბარბაროსობისაკენ. არა, ჩვენ იქით ვერ წავალთ, თუნდაც ეს მეტათ მარცხნით იყოს წასასვლელი. პირიქით, ჩვენ უნდა შევსძახოთ საბჭოთა რუსეთს - დაბრუნდით უკან, ევროპისაკენ, შეითვისეთ დემოკრატია, გახდით ევროპიელი ერი.
ბატონებო, პოლიტიკა განიზომება მისი შედეგებით. საუკეთესოა ის, რომელიც იძლევა საუკეთესო ნაყოფს და ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ მიერ არჩეულ გეზს თავიდანვე მოვყევართ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე.
მან გადაგვარჩინა ფრონტიდან გამოქცეული ჯარების აკლებას.
მან გვიხსნა ოსმალთა დაპყრობისაგან.
მან აგვაცდინა შინაური ხოცვა-ჟლეტა და ანარქია.
მან შეგვანარჩუნა რევოლიუციის ყველა მონაპოვარი.
მან აგვაშორა საგარეო ავანტიურები, მოგვცა მეზობელ ერთა კავშირი.
მან შეგვიყვანა საერთაშორისო ოჯახში.
ამ ნაცად გზას ჩვენ ვერ გადაუხვევთ, არ გადაუხვევთ და მის დასაცავათ მომხთურთ იარაღით შევებრძოლებით.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს. თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბათ არ ვიხსენებით. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას! (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).
თავმჯდომარე. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აღსრულდა!
ტყვედ ქმნილი საქართველო დღეს ბორკილ გაწყვეტილი თამამად შედის ევროპის ხალხთა საერთო ოჯახში, ვით სრულუფლებიანი წევრი.
1801 წლის 11 იანვარს თავისუფალ საქართველოს ბორკილი დაადვეს, 1920 წელს 11 იანვარს ევროპის სახელმწიფო მესვეურებმა თავიანთ დემოკრატიის სურვილისამებრ გადაწყვიტეს - საქართველო და მისი ხალხი ღირსია იმისი, რომ ეს უსამართლობა მოისპოს და ბორკილი აეყაროს მას.
საუკუნოებრივი მისწრაფებანი ქართველი ერისა ევროპაში გზა გაეკაფა, გაედო ხიდი ურყეველი, ეს დღეს შესრულებული არის. ქართველმა დემოკრატიამ. საქართველოს ხალხმა განახორციელა ერთი დიადი პრინციპთაგანი, რომლისთვისაც იბრძოდა და დღესაც იბრძვის საუკეთესო ნაწილი კაცობრიობისა - ერთა თვითგამორკვევის პრინციპი, რომელიც საქართველოს დემოკრატიამ გამოსახა ყველა იმაში, რის მოწმენი ვართ დღეს. მართალია, თვითგამორკვევა საქართველოს ხალხის, ერის შესაძლებელი იყო მომხდარიყო სხვა პირობებში. მაგრამ ჩვენ არავითარი დანაშაული არ მიგვიძღვის იმის წინაშე, რომ ეს ასე მოხდა. საქართველოს დემოკრატიას და მისი დამფუძნებელ კრებას, რასაკვირველია არ შეუძლიათ, რომ დღეს თავიანთი მხურვალე სალამით არ მიეგებონ იმათ, ვინც ამ ზეიმის უპირველესი მიზეზი არიან. თქვენის ნებართვით მე სალამს უძღვნი მოკავშირეთა უზენაეს ორგანოს და დიდ ბრიტანეთს და მის ხალხს, რომლის ინიციატივით აღძრულია ეს საკითხი და რომლის მხურვალე დახმარებით საქართველოს ერს ეღირსა დღევანდელი დღე (მხურვალე ტაში).
დეპუტატები ფეხზე დგებიან და ოვაციებს უმართავენ ინგლისის წარმომადგენელს ბ. უორდროპს. ჩვენი სალამი ამერიკის ხალხს, ამერიკის დემოკრატიას, ამერიკის სახელმწიფოს, რომლის დახმარება, თანაგრძნობა ჩვენს მხარეზე იყო და რომელიც ამ საკითხში ერთად იყო დიდ ბრიტანეთთან (ტაში და ოვაციები).
სალამი, მოქალაქენო, საფრანგეთს და მის ხალხს (ტაში და ოვაციები), სალამი და გამარჯვება თავის მისწრაფებაში იტალიის თავისუფალ ხალხს, (ტაში და ოვაციები). სალამი საბერძნეთის ხალხს და მის დემოკრატიას (ტაში და ოვაციები),
სალამი იაპონიის, ამ ევროპის ცივილიზაციის თავდადებულ გამტარებელს აზიის ქვეყნებში (ტაში და ოვაციები).
სალამი ყველა იმ სახელმწიფოებს, რომელთა გადაჭრილი ხმა ჯერ არ მოგვსვლია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ არ დაყოვნდება მათი დასტური საქართველოს დამოუკიდებლობაზე (მხურვალე ტაში).
მხურვალე სალამი და მილოცვა ადერბეიჯანის დემოკრატიას (ტაში და ოვაციები).
ჩვენი გულითადი სალამი სომხეთის მრავალ ტანჯულ ხალხს (ტაში და ოვაციები) ჩვენ აღსავსენი ვართ იმედებით, რომ სომხეთის რესპუბლიკა დღეს თუ არა ხვალ გადაიქცევა ბუდეთ იმ ზეიმისა და სიხარულისა, რომელსაც განიცდის დღეს საქართველოს ერი. (ტაში).
ჩვენი სალამი და გამარჯვება მთიელთა ხალხს, რომელიც დღეს თავისუფლებისათვის სისხლს ღვრის (მხურვალე ტაში და ოვაციები).
გაუმარჯოს, მოქალაქენო, თავისუფალ საქართველოს!
გაუმარჯოს ევროპის თავისუფალ ხალხთა თავისუფალ ოჯახს!
გაუმარჯოს ჩვენს დღესასწაულს!
გაუმარჯოს 12 იანვარს! (მხურვალე ტაში და ოვაციები).
სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩხენკელს (მხურვალე ტაში)
აკაკი ჩხენკელი. (ს.-დ.) თავისუფალ საქართველოს თავისუფალნო მოქალაქენო! ვდგევარ რა ამ თავისუფალ ტრიბუნაზე და ბედნიერი იმით, რომ შემთხვევა მეძლევა პირველად დამოუკიდებელ საქართველოს, დამოუკიდებელი ქართველ ერის ნების ყოფის გამომხატველის, დამფუძნებელი კრების წინაშე სიტყვა წარმოვსთქვა, - მე, ს.დ. ფრაქციის სახელით, უერთდები იმ სალამს, რომელიც იყო წარმოთქმული თქვენ მიერ, როგორც მოკავშირეთა, ისე მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოთა მიმართ.
მაგრამ სალამი, ჩვენი თაყვანის ცემა, დიდება ეკუთვნის ყველაზე წინ თვით ქართველ ერს, საქართველოს ხალხს, რომელმაც თავის სასიქადულო საქმიანობით, გმირობით, ოქროს ასოებით აღბეჭდა დღევანდელი ფურცელი მისი ისტორიისა. ჩვენ, ბატონებო, ვამაყობთ ჩვენი ერით, მისი დემოკრატიით, მისი მშრომელი მასით, რომელმაც თავის მაჯით, თავის გონებით გამოჭედა ის, რასაც დღეს ვდღესასწაულობთ - საქართველოს სახელმწიფო, მისი უზენაესობა, მისი მომავალი!
თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, მოქალაქენო, რომ ქართველ ერს ამ უკანასკნელ წლებში მოკავშირე არ ყავდა, ის იყო მარტოდ მარტო. ის პირობები, რომელშიაც მას უხდებოდა მუშაობა, იყო კრიტიკული, მან თავი დაახწია იმ უბედურებას, რომელიც მას შეხვდა. 12
როცა ქართველ ერზე, ქართველ მუშათა კლასზე ვლაპარაკობ, როცა ვლაპარაკობ საქართველოს ხალხზე, განურჩევლად ერობებისა, მაშინ მე არ შემიძლიან არ ვახსენო, აგრეთვე, მისი ბელადი. თქვენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ვატყობ, მაგრამ მე ეხლახან დაბრუნებული ვარ ევროპიდან და ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენო დიდო ნოე! შენ იყავი ჩვენი პარტიის ბელადი და მამა, შენ ასაზრდოვე დემოკრატია და დააყენე იმ გზაზე, რომელზედაც სდგას დღეს და შენ ხარ დღესაც ქართველი ერის მთელი საქართველოს ხალხის ბელადი მამა. ვაშა შენ! (მხურვალე ტაში).
თქვენ დამეთანხმებით წევრნო დამფუძნებელ კრებისა, რომ ეს საზეიმო დღე აღნიშნულ უნდა იქნეს რაიმე საქმით ჩვენი მხრით, დამფუძნებელი კრების მხრით. მე ვფიქრობ, უნდა შეუმსუბუქოთ ხვედრი იმათ, ვინც ციხეებში და საპყრობილეში არიან. (ტაში). მე ვფიქრობ, რომ დამეთანხმებით, თუ ჩვენ მივანდობთ მთავრობას, რომ მან მახლობელ ჩვენ სხდომაზე წარმოადგინოს შესაფერისი კანონ-პროექტი ამის შესახებ. სოც.-დემ. ფრაქციის სახელით და, მე ვფიქრობ, მთელი დამფუძნებელი კრების სახელით, ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ დიდი კმაყოფილება და სიამოვნება იმის შესახებ, რაც მოხდა 12 იანვარს პარიზის უმაღლეს საბჭოში, რომელიც გამოხატავს არა მარტო ხუთ დიდ სახელმწიფოს, რომლებზედაც მოგახსენათ მთავრობის თავმჯდომარემ, არამედ თუ არა ვცდები, 22 სახელმწიფოს. სწორედ ამ დიდმა დაწესებულებამ იცნო ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება. ჩვენ იმედი გვაქვს, და ამას დამფუძნებელი კრება თავის სურვილებში გამოხატავს ალბათ, რომ ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე, და, იმავე დროს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი, თანასწორი დეპეშით მიმართავს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის თავმჯდომარეს და იმავე დროს მთელი საფრანგეთის ერის პრემიერ-პრეზიდენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საგარეო მინისტრი მიმართავს შესაფერისის დეპეშით დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრს, ლორდ კერზონს, რომელმაც იკისრა თავის თავზე ინიციატივა, რომ ეს საკითხი დაეყენებია, სადაც ჯერ არს (ტაში). მე ეჭვი არ მაქვს, რომ მას შემდეგ რაც დიდმა შეკავშირებულმა სახელმწიფოებმა იცვნეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იმედია აგრეთვე, რომ მათი პატარა მოკავშირეები, როგორიც არიან: წამებული ბელგეთი, სერბია და სხ. ისინიც იმავე ნაბიჯს გადადგამენ, როგორიც გადადგეს მათმა უფროსმა ერებმა. მე უფრო შორს წავალ და ვიტყვი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ მოგვივა ცნობა ევროპის ყველა სახელმწიფოთაგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი დღიურ წესრიგში დგას. შემიძლია კატეგორიულათ განვაცხადო, რომ ზოგიერთი მათგანი, როგორიც არის შვეიცარია, ნორვეგია, და დანია ჩვენ უკვე ვიცით, ფაქტიურად გვცნობს. მე ვფიქრობ და იმედს გამოვსთქვამ, რომ ისინი მისდევენ მაგალითს სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკის - არგენტინისას, რომელმაც გვიცნო ჩვენ არა მარტო ფაქტიურად, არამედ ფორმალურადაც. (ტაში).
რა თქმა უნდა ჩვენ ვარჩევთ რა არის ფაქტიური და რა არის ფორმალური ცნობა. ამ ორ მცნების შორის არსებობს განსხვავება. მე ვფიქრობ ჩვენი ფაქტიურად ცნობა შესაძლებელი იყო კიდევ უფრო ადრე მომხდარიყო, ეს მოსალოდნელი იყო, ეს დაიმსახურა ქართველმა ერმა, მაშინაც, როცა კიდე ნაწილი იყო მთელი რუსეთისა. ქართველმა ერმა დაიმსახურა ეს თავისი შვილების და ძმების სისხლით, თავისი დედების და დების ცრემლებით, მაშინაც კი, როცა ეს განმარტოვებული თავის გონების გამჭრიახობით დაადგა სწორ გზას და მოიყვანა თავისი თავი ამ დღემდე შეურყევლად და მტკიცედ. მაგრამ, როდესაც ამას ვამბობთ, არ უნდა იფიქროთ თითქოს მე არ ვაფასებდე ფაქტიურ ცნობას, ან ჩვენი პარტია არ აფასებდეს მას. ფაქტის ცნობა არის დიდი რამ, თავი და თავი არის ფაქტი, შემდეგ მისი ცნობა. ჩვენ რომ ვიცით დიდი ბრიტანეთის წარსული, ტრადიციები, მისი უფლების წარმოშობა და განვითარება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს ფაქტიური აღიარება ბრიტანეთის მიერ. ეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე იურიდიული ფორმულა. ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანეთის მოქალაქობრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრება ეყრდნობა არა იმდენათ დაწერილ კანონებს, რამდენათ ემყარება ადათებს, ზნეს და ჩვეულებას - დაუწერელ კანონს. და მაშასადამე, როცა მოგვივიდა ცნობა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ფაქტიურად იცნო ჩვენი დამოუკიდებლობაო, ამაში ჩვენ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, ერთგვარ ფორმალურ ცნობასაც. სხვა გვარად შეუძლებელია.
როგორი ხასიათის არის ჩვენი ფაქტიური ცნობა, რა არის ამ ცნობის წარსული, რა არის ამ ცნობის დამახასიათებელი თვისება, როგორ უნდა შეხედოს ამ ცნობას ადამიანმა? მე უნდა მოგახსენოთ, რომ იურიდიულად ცნობა საქართველოსი, ჩვენ რომ ჩვეულებრივ დროში ვცხოვრებდეთ, ადვილი წარმოსადგენი იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო არის არა მარტო ფაქტიურად, არამედ ფორმალურადაც. აი, რატომ: საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, იგი შეეკრა შემდეგ ყველასაგან ცნობილი საერთაშორისო აქტით, ხელშეკრულებით რუსეთის სახელმწიფოს. რას ვხედავთ დღეს? აქტი იყო ორი მხრით: ერთი მხრით საქართველო, მეორე მხრით რუსეთი. ახლა იბადება კითხვა, - არსებობს თუ არა ეს ორი მხარე, რომლებმაც შეკრეს ხელმეკრულება - მე ვამბობ, რომ არ არსებობს! ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტის არსებობას - რუსეთის სახელმწიფო არ არსებობს, როგორც ასეთი. ბოლშევიკურმა მოძრაობამ დაანგრია იქ სახელმწიფოებრივი აპარატი. შემცდარია ის, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი აპარატი არსებობს: იგი დანგრეულია. მაშინ მე ვეკითხები გამოჩენილ და ცნობილ იურისტებს, როდესაც ერთი ხელის მომწერი არ არსებობს, მაშინ რა მდგომარეობაში დგება მეორე? რა თქმა უნდა, უბრუნდება პირველყოფილ მდგომარეობას. და ამას მე ზეპირად არ მოგახსენებთ. როდესაც მე მქონდა საშვალება გამეცნო ის აქტი, რომელიც დაიწერა 100 წლის წინეთ, ერთი ცნობილ საერთაშორისო იურისტ-მეცნიერისათვის, რომელიც ამავე დროს შვეიცარიის წარმომადგენელია პარიზის კონფერენციაზე, სახეში მყავს ბორატი, აი, როდესაც მან წაიკითხა ეს დოკუმენტი და დააკვირდა, მან სთქვა, თქვენ გეჭივრებათ მხოლოდ ჩვეულებრივი ნოტიფიკაცია, - ესე იგი საქართველოს სახელმწიფო აცნობებს სხვა სახელმწიფოებს, რომ იგი არსებობდა ამა და ამ დრომდე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შეკრა ხელშეკრულება მეორე სახელმწიფოსთან, დღეს აღარ არსებობს ეს მეორე და ის დაუბრუნდა პირველყოფილ მდგომარეობასო.
მოქალაქენო! დღეს დრო არ არის ამ საკითხზე დიდ ხანს შეჩერებისა, მხოლოდ მოგახსენებთ იმას, რომ დღეს ჩვენმა მოკავშირეებმა დიდმა სახელმწიფოებმა, რომლებიც წყვეტენ პატარა სახელმწიფოების ბედსა და იღბალს, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, მისი წარსული. ფორმალური ცნობა საჭიროა, ამას მოითხოვს თანამედროვე მომენტი, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ ჩვენი უფლება, რომელიც გვქონდა და გვაქვს. როდესაც ამბობენ, რომ ევროპაში ყველაფერი ეყრდნობა ერთა თვითგამორკვევის პრინციპსო, ამას უნდა დაემატოს ჩვენი უფლებები. ეს არის დღევანდელი დემოკრატიული პრინციპი. უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ანექსია არ ყოფილა ცნობილი არც ერთ სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო აქტით. და თუ ევროპის სახელმწიფოები გადაათვალიერებენ თავის არქივებს, დაინახავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა. მაშასადამე, მისი ფორმალური ცნობა არის არა მარტო საქმე თვითგამორკვევის პრინციპისა, არამედ ქართველი ერის ტრადიციისა, რომელიც განმტკიცდა საუკუნოების განმავლობაში. მაგრამ ერთი გარემოება იპყრობს ყურადღებას. როდესაც ფორმალურად იცნობენ რომელიმე სახელმწიფოს, იციან მისი საზღვრებიც. და რასაკვირველია, შესაძლებელია ეს იყო ერთი მიზეზთაგანი, რომ შეჩერდა ჩვენი ფორმალური ცნობა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია აქვე ხმამაღლა არ ვთქვათ, რომ საქართველოს დელეგაციამ უკვე წარუდგინა პარიზის კონფერენციას მემუარი საქართველოს საზღვრების შესახებ. ჩვენ ვიტყვით ერთხმად და ხმა მაღლა, რომ საქართველო უნდა იყვეს ცნობილი იმ სამართლიან საზღვრებში, რომელიც არის ამ მუშაობაში მიმჩნეული. მე არ გავაგრძელებ ამაზე სიტყვას, მხოლოდ ვიტყვი, რომ ამ საზღვრებში შედის აგრეთვე ბათუმიც და მისი ოლქი.
გახსოვთ 12 იანვარი, როდესაც გავიგეთ ეს დიდებული ამბავი, რომელიც მოგვივიდა. იმავე დღეს მოგვივიდა დეპეშა ბათუმიდან ჩვენი წარმომადგენელისგან, რომ იქ მომხდარა, რაღაც უსიამოვნება, რუსები რომ იტყვიან „პოგრომი“. ეს ჩვენთვის იყო დიდად სამწუხარო. აქიდან დავინახეთ, რომ არსებობს რაღაც არანორმალური მდგომარეობა და გული ნაღვლით აგვევსო. თქვენ გახსოვთ ამ ომის დროს ბათუმის და ბათუმის მხარის მცხოვრებთა მდგომარეობა. თქვენ გახსოვთ მათი გაჭირვება, მათი გარეკვა თავიანთ სამშობლოდან. გახსოვთ, თუ რა სიმწარეს განიცდიდენ ციხეებში და საპყრობილეებში, თუ რა ერთსულოვნად შეეგება ამ უბედურებას ქართველი ერი. და მე ეხლა გამოვიარე სტამბოლში, იქ გავიგე, რომ ბათუმის მხარის მცხოვრებნი იქ ყრიან უპატრონოდ. მშიერ-მწყურვალნი, არ არის კაცი მათი მიმხედავი და ელიან იმ მომენტს, რომ მათ მიეცემათ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ კერას. ეს ტანჯვა, ეს სიმწარე ამ ხალხს დღესაც აქვს, დღესაც ამ მდგომარეობაში არიან. მაშასადამე, საჭიროა მათი მდგომაროების გაუმჯობესება. მე ნებას არ მივცემ ჩემ თავს ვილაპარაკო ამ საკითხის ამა თუ იმ რიგად გადაჭრაზე. ეს არის ჩვენი მთავრობის საქმე, მას ევალება დამფუძნებელი კრებისაგან, რომ მიაქციოს ყურადღება ამ საკითს, გაუადვილოს ჩვენს ძმებს - მაჰმადიან ქართველებს მათი მწარე ცხოვრება. ეს მთავრობის საქმეა. ჩვენ მხოლოდ, როგოც ხალხის წარმომადგენელნი, გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას, ჩვენს გულის დუღილს იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს იქნებოდა ფარისევლობა, რომ დაგვემალა, არ გამოვთქვა. ამიტომ მივსცემ ჩემს თავს ამაზე შევჩერდე.
მე ვფიქრობ, დამფუძნებელი კრება, ქართველი ერი, საქართველოს ხალხი შეასრულებს თავის მოვალეობას საერთაშორისო ოჯახში, სადაც მან უკვე შესდგა ფეხი. მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მთავრობამ ღირსეულად შეასრულოს საერთაშორისო უფლების მიხედვით ის კანონი, ის ადათი, რომელიც არსებობს საერთაშორისო ცხოვრებაში; ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ დღეს ახალი მომენტი დგება, დღეს შეიძლება ჩვენ შევიქნეთ ბედნიერი და შევიდეთ ჩვეულებრივ საერთაშორისო ოჯახში, არამედ ხალხთა ლიგაში, რომელიც უკვე მიღებულია, რომლის იდეა დიდი ხანია ჰქონდა კაცობრიობას თავის იდეალად გამოსახული, რომელსაც ეტრფოდა საერთაშორისო დემოკრატია, რომელსაც მუდამ სვამდა წესრიგში ინტერნაციონალი, რომლისთვისაც იღვწოდნენ დაუვიწყარი საფრანგეთის სოციალისტები ჟორესი და სხვანი. ამ იდეამ ხორცი და სისხლი შეისხა ატლანტის იქითა მხარეს. ეს იდეა პრაქტიკულად დასვა ამერიკამ. დღეს კი ეს განზრახვა, როგორც კანონი, სისრულეში მოდის. სამაგალითო მომენტი იყო, სამაგალითო შემთხვევა იყო, როცა ჩვენ გავიგეთ ერთსა და იმავე დროს ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა და საერთაშორისო ზავის ძალაში შესვლა. თქვენ ალბად მოგეხსენებათ, რომ ამ ზავის პირველი მუხლი ეკუთვნის ხალხთა ლიგას. ეს ფაქტად იქცა. მაშასადამე, ჩვენ ვხდებით წევრი ხალხთა ლიგისა. ხალხთა ლიგა ვერ განმტკიცდება, ვერ გამაგრდება, თუ იგი არ ეყრდნობა ყველა ერის დემოკრატიას, მშრომელ მასას. ამიტომ არის მეორე პარალელური მიმდინარეობა. ეს გახლავთ ინტერნაციონალი, რომელიც დაეხმარება ყველა ნაციონალურ სექციებს და ხელს შეუწყობს, რომ ეს იდეა, რომელსაც ფორმები შეესხა, იქცეს ნამდვილ ცოცხალ ორგანიზმად, ბოლო მოუღოს საერთაშორისო ომს და მუდმივი ზავი დამყარდეს მსოფლიოში. მე ვამბობ, რომ ზავი ძალაში შევიდა, არის კი ეს ზავი ჩვენთვის? მთელმა ევროპამ სთქვა, რომ ომი გათავდაო, ხელშეკრულება გაკეთდა, ზავი დამყარდა და ძალაში შევიდა. ჩვენ ვტყობილობთ, გუშინ წავიკითხე ორი ნოტა, ერთი ეკუთვნის საბჭოთა მთავრობის კომისარ ჩიჩერინს, მეორე კი ჩვენს გარეშე-საქმეთა მინისტრს. როცა წავიკითხავთ ამ ნოტებს, ეჭვი გვებადება; დადგა თუ არა ჩვენთვის ეს ზავი? ავიცილეთ თუ არა თავიდან ის საშინელება, რომელმაც ბოლო მოუღო მთელი ევროპის კულტურას, რომელმაც გადაგვჩეხა ღრმა ორმოში? დადგა თუ არა ჩვენთვის ეს ზავი? მე არ შევუდგები იმის გარჩევას, თუ რა ითქვა და რა ეპასუხა, მაგრამ როცა ჩვენი საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ არ ვერჩით არავის, მაგრამ არც ნებას მივსცემთ ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლისას, როცა ის ამბობს, რომ ჩვენ მეგობრობა და კეთილგანწყობილება გვინდა ყველასთანო და არავითარი ომიც არ გვქონია საბჭოთა მთავრობასთანო, ჩვენი წარმომადგენელიც კი გვყავდა-თქო, რასაკვირველია, ის ამბობს სრულ ჭეშმარიტებას და ემყარება თქვენს ისტორიულ დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთ მთავარ მუხლს, სადაც არის ლაპარაკი ჩვენს ნეიტრალობაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ უკვე სთქვა გაკვრით და მეც გაკვრით უნდა ვთქვა, რომ მართალია ბოლშევიზმი იმ სახით რა სახითაც დღეს არსებობს, უახლოვდება აზიას და შორდება ევროპის მაღალ კულტურას. რუსეთი, რომ იტყვიან, პეტრე დიდის შემდეგ თითქმის დაეწაფა ევროპის მაღალ კულტურას. დღეს კი რუსეთის ბატონებს სურთ დააწაფონ რუსეთი უფრო დაბალ აზიის კულტურას. ჩვენ ვიგემეთ ბრესტ-ლიტოვი. მე ვშიშობ, არ ვიგემოთ სტამბოლიც. რამდენადაც თვალ-ყურს ვადევნებ იმ ამბავს, რომელიც ხდება, როგორც რუსეთში, ისე დასავლეთ ევროპაში, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება ხდება, რომ ეს კავშირი არსებობს. როცა ბოლშევიკები გვეუბნებიან შევკავშირდეთ ერთად დენიკინის წინააღმდეგო, და ჩვენ დენიკინს ყოველთვის ვებრძოდით ჩვენს საზღვრებში იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი საზღვრები ვინმემ გადმოთელოს, რა საკვირველია, მათ არ ეჭირვებათ ჩვენი კავშირი. მათ ეჭირვება გზა გაიხსნან აზიაში და მით მოგვაშორონ იმ მოკავშირეებს, რომელთაც ჩვენ გვიცნეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ისინი დიდი ხანია მიმართავდენ ევროპის სახელმწიფოებს, რომ ზავი შეეკრათ, მაგრამ ეს არ მოასწავებს მათ სიმტკიცეს, ეს მოასწავებს მათ სისუსტეს; მაგრამ მათ სურთ ამით მიაღწიონ ჩვენი დამოუკიდებლობის და რევოლიუციონური მონაპოვარის ნანგრევებზე. ამის ნებას ვერ მივსცემთ. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვართ მომხრე მეგობრობისა და კეთილ-განწყობილებისა ყველა ერებთან და მათ შორის რუსის ერთანაც. რუსის ერთან, მის საუკეთესო ბელადებთან ჩვენ უკვე გვქონდა კავშირი, ჩვენ შეხვდით ინტერნაციონალში, ახლა კი იმედი მაქვს ჩვენ შევხდებით რუსეთის კანონიერ მთავრობას და სახელმწიფოს კანონიერ წარმომადგენელს საერთაშორისო ოჯახში, სადაც სახელმწიფონი შეიკრიბებიან (ტაში). მე ვფიქრობ ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო განამტკიცებს კეთილ განწყობილებას და მეგობრობას საქართველოს ხალხსა და რუსეთის ხალხს შორის. ეს არის საუკეთესო საშუალება და სხვა საშუალება არ არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება (და ეს ხომ უკვე განმტკიცდა), ცნობა ყველა ძლიერ სახელმწიფოთა მიერ, ეს დამოუკიდებლობა შესაფერ შთაბეჭდილებას მოახდენს აგრეთვე იმ წრეებზე, იმ პირებზე, რომელნიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შერიგებიან ჩვენს დამოუკიდებლობას. მე ვფიქრობ, ისინი გაიხსენებენ თქვენ ისტორიული აქტის იმ მთავარ მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსთვის არ არსებობს ეროვნების, სქესის და სარწმუნოების განსხვავება. მათ ეძლევა სრული უფლება იცხოვრონ ჩვენთან ძმურად, როგორც საქართველოს მოქალაქენი. ხოლო, თუ მათ ეს არ სურთ, ჩვენ ვიქნებით ისეთივე სტუმართ-მოყვარენი, როგორიც ვიყავით წინად. (ტაში).
მაშასადამე, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი გვესმის ასე, ამგვარად, რომ ამ საკითხის შესახებ რყევა, ლაპარაკი, კამათი შეუძლებელია. არის პარტიები არის სოციალური ბრძოლა, ხშირად დიდად სასტიკი, დიდად მწვავე, მაგრამ ყოველ ერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას უკვე აქვს სახელმწიფო, წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზმს, მაშინ არის ერთი რამ, რომლის შესახებ დავა არ შეიძლება: ეს არის სახელმწიფოს არსებობა, ერის არსებობა. აქ არ არის მარცხენა, მარჯვენა, ცენტრი. ის ერთია, გამომხატველი ერის სულისკვეთებისა, მისი აღორძინების გამომჭედი მისი მომავლისა. დღეს კი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა ფაქტიურად აღიარებულია უკვე, შეგვიძლია სრული იმედი გამოვსთქვათ, რომ ეს გადავა მძლავრ, სტიქიურ ძალად ჩვენს ხალხში, მის ფსიქოლოგიაში, მას ვერ დაანგრევს, ვერ წაშლის ვერავითარი ძალა და თუ საფრთხე დადგება მაშინ ისე, როგორც საფრანგეთის დიდი რევოლიუციის დროს გაისმა ძახილი: „სამშობლო განსაცდელშიაო“, ჩვენი ერიც დაიძახებს - „სამშობლო განსაცდელშიაო“. და ვიცით ჩვენი ერის, მისი დემოკრატიის უმაგალითო სახალხო გვარდია და სახელოვანი ჯარი ეროვნული დროშით, რომელიც დღეს შეკავშირებულია წითელ დროშასთან, დაიცავს მის ინტერესებს, არსებობას, მის დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას (ტაში).
ბატონებო, მე ბოდიშს ვიხდი, რომ სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ დღევანდელ პირობებში ისეთ სერიოზულ მომენტს განვიცდით, რომ მე ვფიქრობ ამ საკითხზე შეჩერება აუცილებელი იყო.
ამიერ-კავკასიაში და საქართველოში ისკვნება ერთგვარი კვანძი ევროპისა და აზიას შორის. თქვენ იცით, რომ საქართველო გეოგრაფიულად, ეკონომიურად და ყოველმხრივად არის ყელი ამიერ-კავკასიაში. საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა ისეთ რამეს, რომლის შესახებ იბრძოდენ ხალხნი, ერნი, სახელმწიფონი, ბარბაროსნი და კულტუროსანნი. დღეს თითქოს ეს წუთი, ეს მომენტი დგება ჩვენი ადგილისათვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა რეალურად გვაქვს, ჩვენ ვართ ხალხი რეალურად, ჩვენ გვიძგერის გული, გვაქვს სიმპატიები და ანტიპატიები, მაგრამ ყველამ უნდა შეიგნოს ეს ჩვენი რეალობა.
ევროპა მიხვდა ამიერ-კავკასიის მნიშვნელობას, ევროპას ესმის ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ამიერ-კავკასია უნდა დარჩეს დამოუკიდებლად, თუ მომავალში მშვიდობიანობა უნდა სუფევდეს აზიას და ევროპის გზით. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ეს როლი ამიერ-კავკასიაში საქართველოსი ესმის დიდ ბრიტანეთს და მის ხალხს და რა თქმა უნდა, ამაზე, როგორც ამ სხდომაზე, ისე შემდეგშიაც გვექნება ლაპარაკი. მე ახლა მსურს მხოლოდ ის წერტილები, საიდანაც უნდა გამოვიდეთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს. ჩვენ და დიდ ბრიტანეთის შორის ასეთი დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ საქართველოს და ამიერ-კავკასიის საკითხი დაუკავშირდა საერთაშორისო საკითხს, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს და ამიერ-კავკასიის საერთაშორისო საკითხად იქცა, უფრო დიდად, ვინემ ერთ დროს მაკედონიის, ბალკანეთის საკითხი. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს მითქვამს მე სხვა ტრიბუნიდანაც, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობდი. მაშასადამე, ეს განსაკუთრებული როლი დიდი ბრიტანეთისა აქ ჩვენ გვესმის, ეს ესმის დიდი ბრიტანეთის ხალხსაც და მთავრობასაც. მათ ესმით ისიც, რომ ჩვენ ვართ პატარა ერის შვილნი, მაგრამ არც ისე უგუნურნი ვართ, რომ არ ვიცოდეთ დიდი ერების პოლიტიკა და მთავარი გეზი. დიდი ბრიტანეთი ჩვენ გვიცნობს აგრეთვე ყოველხრივად: კულტურულად, ინტელექტუალურად. თქვენ თუ გგონიათ, რომ ჩვენ დიდ ბრიტანეთში მეგობრები არა გვყოლოდეს! ჩვენ გვყავდა და გვყავს ახლაც, გვყავდა ომის წინეთ, გვყავდა ომის დროს და ეხლაც გვყავს. მე ვამბობ ფართო წრეებზე, მუშათა დემოკრატიაზე. მე ვერ დავივიწყებ იმ დიდ მნიშვნელოვან ღვაწლს, რომელიც მიუძღვის დიდ ბრიტანეთის მუშათა პარტიის ლიდერს, ყოფილ მინისტრს ჰენდერსონს; მან დიდი სამსახური გაუწია ქართველ ხალხს, მან დიდი პოპულიარიზაცია მოახდინა ჩვენი საკითხისა, ის დიდ დახმარებას უწევს აგრეთვე ჩვენს დელეგაციას პარიზში, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად.
მაგონდება ერთი ფრიად საყურადღებო მომენტი: ეს იყო 10 წლის წინათ, 1909 წლის დეკემბერს სამი ქართველი ემიგრანტი, რუსეთიდან გადახვეწილი თავის ცოლებით ერთ სუსხიან ზამთრის დილას მიემგზავრებოდენ ლონდონის მახლობელ სოფელში, მახლობელ დაჩაში. ასე 20-30 ვერსის მანძილზე ლონდონიდან. მე მახსოვს, რომ მათ მიქონდათ საქართველოს სახელით გაკეთებული სამგლოვიარო გვირგვინი, მართალია ამისთვის მანდატი არ ქონდათ, მაგრამ მაინც ქონდათ ეს გვირგვინი ხელში და მიდიოდნენ იმ სოფელში, რომელსაც „სევენოტ“ ეწოდება (ე, ი. შვიდი მუხა). ჩავიდენ იქ დაუხვდათ მიცვალებული, რომლისთვისაც უნდა დაედგათ ეს გვირგვინი ქართველი ხალხის სახელით, აღსანიშნავათ მისი უდიდესი პატივისცემისა. რა თქმა უნდა, იქ იყო მრავალი გვირგვინები და დიდძალი საზოგადოება. ჩვენ, როდესაც მივედით იმ აკლდამაზე, სადაც უნდა დაესაფლავებინათ ძვირფასი მიცვალებული მხოლოდ იქ გავიგეთ, რომ მიცვალებულმა სიკვდილის დროს სთქვაო: „თუ საქართველომ გამოგზავნოს გვირგვინი მხოლოდ ის ჩამატანეთ საფლავში და სხვა არაო.“ ეს იყო მარჯორე უორდროპი (დეპუტატები ფეხზე ადგომით სცემენ პატივს მიცვალებულის ხსოვნას) სამი ქართველი ემიგრანტი კი იყვნენ: ჩერქეზიშვილი, ანდრონიკაშვილი და აკაკი ჩხენკელი.
დღეს, როგორც მოგეხსენებათ, როგორც ეს მოიტანა შემთხვევამ, მისი ძმა მოხვდა დიდ ბრიტანეთის წარმომადგენლათ საქართველოში. ეს ორი და-ძმა რაღაც სიმბოლიურს წარმოადგენს ჩვენთვის: და იყო, მე ვფიქრობ, სიმბოლო ჩვენი ერის დიდ ბრიტანეთის ერთან კულტურულათ, ინტელეკტულურათ დაკავშირებისა, ძმა კი არის ჩვენი სახელმწიფოს დიდ ბრიტანეთთან სუვერენულათ დამაკავშირებელი. აი, ვინ იყო ის ადამიანი, რომლის შესახებ მე მოგახსენეთ: მან გადათარგმნა ის თხუზულება, რომელიც უკვდავია ჩვენთვის, მან გააცნო ჩვენი ქართველი ერის გენიოსის ქმნილება ინგლისის ხალხს და მით გვაჩვენა გზა ინგლისთან დაახლოვებისა.
თავმჯდომარე. თქვენი დრო გადის. ორი წუთი დაგრჩათ.
აკ. ჩხენკელი. ეს იმის მომასწავებელი არის, რომ ჩვენ შორის დამყარებული ურთიერთობა ისეთ სახეს, ფორმებს მიიღებს, რომელიც სასურველია, სასარგებლო ორივე მხრისათვის, ორივე ერისთვის, სახელმწიფოსათვის.
ჩვენ ვზეიმობთ, მაგრამ საქმე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეხლა იწყება ნამდვილი მუშაობა, ნამდვილი სერიოზული სახელმწიფოებრივი შემოქმედება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, როდესაც ჩვენ უკვე ცნობილი ვართ, ჩვენ არ გვექნება არავითარი რყევა და ჩვენი მუშაობის ნაყოფიც უფრო მეტი იქნება.
ჩვენ ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ, ამ საქმეშიაც დახმარებას გაგვიწევენ მოკავშირენი. ჩვენ უნდა შეუდგეთ შემოქმედებით მუშაობას და ჩვენი ლოზუნგი უნდა იყოს: შრომა, შრომა და კიდევ შრომა (ხანგრძლივი ტაში).
ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფ. კრების წევრნო! ახალმა წელმა მოგვიტანა ახალი გამარჯვება. ქართველ ერს და მის საუკეთესო შვილებს: ორი წლის მედგარი ბრძოლა დაგვირგვინდა თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპოებით. საქართველო შედის ამიერად თანასწორ უფლებით მოწინავე ერების საერთო ოჯახში, და მათთან ერთად იწყებს ახალი კულტურის და ცივილიზაციის აყვავებას.
დამოუკიდებელმა და თავისუფალმა საქართველომ ფეხი აიდგა 26 მაისს ეს დღე გადაიქცა საზეიმო დღეთ, დღესაც კვლავ ზეიმობს ქართველი დემოკრატია. მაგრამ არის ამათი დიდი განსხვავება 26 მაისსა და დღევანდელ აღფრთოვანებას შორის. მაშინ, 26 მაისს ჩვენი გამარჯვების დღე იყო, ჩვენ ვიცანით ჩვენი თავი. სხვას არავის უცვნია ჩვენი დამოუკიდებლობა, დღეს კი მდგომარეობა შეიცვალა. ისტორიული ჩარხი დატრიალდა. ისინი, ვინც ალმაცერად უყურებდა ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხს, სასტიკად არიან დამარცხებულნი. ეს არის ბრწყინვალე გამარჯვება ქართველი დემოკრატიისა და სასტიკი დამარცხება იმპერიალიზმისა. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ზევიდან გვიყურებდნენ, ცბიერად გვექცეოდენ ძლიერნი ევროპისა. მათ არა თუ უნდოდათ დამოუკიდებლობის აღიარება, არამედ გაუგებარი იყო მისთვის თვით ფაქტი ჩვენი ერის არსებობისა. ჩვენ მათ მივაჩნდით უკანონო შვილათ რუსეთის უკანონო ანარქიისა, დღეს ასეთი შეხედულება უარყოფილი არის მმართველ წრეების მიერ. ქართველი ერი, საქართველო ამაღლდა და უმაღლესმა საბჭომ დაადასტურა მისი დამოუკიდებლობა, გაიზიარა მისი მისწრაფებანი.
ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო, სოც.-რევ. ფრაქციის სახელით, ნება მიბოძეთ გიძღვნათ მხურვალე სალამი, მოგილოცოთ ჩვენი ერის დიადი გამარჯვება (ტაში).
100 წლის წინეთ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი თავისუფლება, მაშინ ჩვენი ერი იყო დაუძლურებული, დღეს გვაქვს ორი უდიდესი მონაპოვარი: რესპუბლიკა დამოუკიდებელი და თავისუფალი და მთლიანი სამშობლო. ასეთ პირობებში არას დროს არ ვყოფილვართ. ეს მოგვცა დიდმა რევოლიუციამ, რომელმაც წალეკა ტახტი მეფისა. ჩვენი დამოუკიდებლობის აუარებელ მტრებში ყველაზე უფრო ძლიერი და სასტიკი იყო იმპერიალიზმი. მაგრამ საერთაშორისო ცხოვრების წინააღმდეგობამ და ობიექტურმა პირობებმა ხელი შეგვიწყვეს და ეს მტერი დავამარცხეთ. „დიდ ზღვას დიდი გემი სჭირიაო“, ამბობს ანდაზა. საქართველომ ეს დებულება დაარღვია. პაწია ნავი დიდ ოკეანეში - ასეთი იყო ჩვენი გზა და ამაში იყო ტრაგიზმი და სიდიადე ჩვენი პოლიტიკურ მდგომარეობისა 2 წლის განმავლობაში. დღეს სურათი იცვლება. თავისუფალი საქართველო წელში გაიშალა, მისი არსებობა, დამოუკიდებლობა უკვე ცნობილია, მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ აღიარა ჯერჯერობით საქართველოს და ადერბეიჯანის დამოუკიდებლობა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი სომხეთის დამოუკიდებლობა და ეს გარემოება ფრიად სამწუხარო არის ჩვენთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახლო მომავალში ცნობილი იქნება სომხეთის დამოუკიდებლობაც და იგი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სხვა ამიერკავკასიის ერებთან ერთად გასწევს ძმურ და სოლიდარულ თანამშრომლობას.
ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა განმტკიცებული არის და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს შინაურ პოლიტიკისთვის და მდგომარეობისათვის. მას შემდეგ, რაც მოკავშირებმა იცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა და მით უფრო თუ მოხდა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ნეიტრალიზაცია, მაშინ ჩვენ დემოკრატიას ერთი შინაური ფრონტი რჩება და ამ ფრონტზე აამოძრავებს მთელ თავის შემოქმედებით ძალებს და გააჩაღებს ბრძოლას ექსპლოტატორების წინააღმდეგ და მაშინ დამოუკიდებელი საქართველო მართლაც სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდება სპეკულიანტებისაგან.
არ შემიძლიან არ ავღნიშნო ის გარემოება, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არის გამარჯვება ნაციონალიზმისა. თავისუფალ საქართველოს არ სურს ყავდეს ბატონი, მაგრამ ეს არ მოასწავებს იმას, რომ მას არ სურს ყავდეს საიმედო, ერთგული მოკავშირე და მეგობარი. ამით ჩვენ გვინდა გავამტკიცოთ კეთილ-მეზობლური განწყობილება სხვა ერებთან.
ბატონებო! 1918 წლამდე ჩვენში არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს თავისუფლებას მოითხოვდა, დღეს კი არ არსებობს არც ერთი პარტია, თუნდაც ცოტა ოდნავ გავლენიანი, რომელიც არ იყოს მომხრე და არ იცავდეს ჩვენ დამოუკიდებლობას. არის სრული გარანტია იმისა, რომ ერის შეურყეველი ნების-ყოფის წინაშე ქედს მოიხრიან ყველა შტოები. და მაშინ განმტკიცდება ჩვენი დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი თავისუფლება.
მაშ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, სალამი მის ახალ და დიად მომავალს! (ტაში).
თავმჯდომარე. სიტყვა ბატონ გიორგი გვაზავას ეკუთვნის.
გიორგი გვაზავა (ნაც.-დემ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს - ბედნიერნი ვართ საზოგადოდ ყველანი ჩვენ, რომ ამ დიად დღეს მოვესწარით. ეს არის განხორციელება მრავალ მოდგმათა ოცნებისა. მრავალი მოდგმა ჩვენი წინაპრებისა ოცნებობდნენ, ტიროდნენ ამაზედ ჩუმად, მაგრამ ვერ მიაღწიეს, ვერ მოესწრნენ ამ დღეს და ბოლოს სამარეში თან წაიღეს თავის გულის ტკივილები.
დადგა საზეიმო დღე! ეს დღე და მისი მნიშვნელობა რომ უფრო მკაფიოდ გავიგოთ, აუცილებლად საჭიროა გადავავლოთ თვალი საქართველოს ისტორიას, მოკლედ უნდა წარმოვიდგინოთ მისი ისტორიული ცხოვრება და მისი შარა-გზა, მაშინ დავინახავთ იმ დიად გარდატეხის უაღრეს მნიშვნელობას, რომელიც მოხდა და რომელიც ასე ძლიერად მოქმედებს ჩვენზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე, ყოველი გლეხი გრძნობს, განიცდის რაღაც საიდუმლო მხიარულებას, იგი ინსტინქტიურად გრძნობს, რომ მოხდა რაღაც ფრიად დიდმნიშვნელოვანი მოვლენა. ამიტომ საჭიროა, რომ უბრალო გლეხებმაც, რომლებიც სადღაც სოფლის კუნჭულში დაკარგულან, გაიგონ, რა მნიშვნელობა არის იმ დიად მოვლენაში, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ.
ბატონებო! საქართველო, როგორც ერი, დიდი ხანია რაც დაიბადა. ამ 2 ათას საუკუნის განმავლობაში სცხოვრობდა, როგორც ეროვნული ორგანიზმი. ბ. მთავრობის თავმჯდომარემ მშვენივრად წარმოსთქვა: „ჩვენ მოგვაქვს 2 ათას წლის ეროვნული კულტურა“-ო. ეს კულტურა დაიბადა სხვა პირობებში. მაშინ საქართველოს ისტორიული გზა დაკავშირებული იყო იმ ცენტრთან, სადაც ენთო ცივილიზაცია და კულტურა - ეს იყო ათენა, რომი და ბიზანტია. ამ ხნის განმავლობაში იბადებოდა და იჭედებოდა ქართველი ერის სული. მეთოთხმეტე საუკუნეში ეს გზა საუბედუროდ გადაგვიჭრეს - ბიზანტია დაეცა და საქართველო მოემწყვდა ერთ მცირე აზიის კუნჭულში. მხოლოდ აქედან იწყება მისი დამარცხება. იგი მაინც იბრძოდა, მან თავის მკლავით, გონებრივი გამჭრიახობით გამოთალა სახელმწიფოებრივი ორგანიზმი, მაგრამ დადგა ისეთი ჟამი, როდესაც სრულიად მომწყვდეული საქართველო იძულებული იყო გადაეხარა სხვა მხარისაკენ - მას შარა გზა არ ჰქონდა ევროპისაკენ. საქართველო დაიშალა, დაეცა იმიტომ კი არა, რომ მეფეები არ ვარგოდენ, გამჭრიახობა არ შესწევდათ, არამედ იმიტომ, რომ პირობები ისეთი იყო, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. მოიგონეთ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და მთელი პლეადა აღმაშენებელთა. მოიგონეთ თუნდა ფეოდალები, როგორებიც იყვნენ ბორჩალოში ორბელიანი, მესხეთში და ჯავახეთში სარგის ჯაყელი, რომლებიც გუშაგად ედგენ და იცავდენ საქართველოს და მის თავისუფლებას და რომელთაც მიიყვანეს საქართველო მე-19 საუკუნემდე. მაგრამ თუ ვერაფერს გახდენ - ეს მათი ბრალი არ არის. რადგან საქართველო იყო ცოცხალი ორგანიზმი, იგი არაბუნებრივად, ძალადატანებით გადიზნიქა რუსეთისაკენ და ხელი გაუწოდა მას. რუსეთმა ისარგებლა ამით და მიაჯაჭვა იგი. მხოლოდ მსოფლიო ომმა და რევოლიუციამ დაამსხვრია ეს ჯაჭვი, დაამხო რუსეთი და მეორე ოსმალეთი. ეს დამარცხება, დარღვევა ორივე დიდ იმპერიისა აუცილებელი საჭიროება იყო იმისთვის, რომ საქართველო ფეხზე დამდგარიყო. უმთავრესი მნიშვნელობა და დედა-აზრი ამისა არის ის, რომ საქართველო უბრუნდება ძველ ბუნებრივ ისტორიულ შარა-გზას. ეს შარა-გზა გამოგონილი კი არ არის ვისმესგან და ან შედეგი ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკისა. ეს გზა დიდი ხანია, საუკუნოების განმავლობაში არსებობდა. ჩვენ იძულებულნი ვიყავით ამ გზას დავშორებოდით, იგი მივატოვეთ, მაგრამ ეხლა კვლავ უბრუნდება ამ ისტორიულ გზას და ვიმართებით წელში. ეს არის ძველი გზა, რომელიც გაგრძელება არის იმ გზისა, ცხოვრებისა, რომელიც შეფერხებული იყო სხვა და სხვა საერთაშორისო ისტორიულ პირობებით. ეს უნდა გაიგოს ყველამ, მთელმა ხალხმა, რომ ის აქამდის არაბუნებრივად იყო მიჯაჭვული რუსეთთან. ჩვენ რუსეთთან არ გვაახლოებს არავითარი კავშირი, არც კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობა. ის კავშირი, რომელიც აქამდე არსებობდა იყო ბუნების წინააღმდეგი. ამ ჟამად კი იწყება ბუნებრივი ცხოვრება.
ჩვენი გზა, როგორც ეს იყო თქმული მთავრობის თავმჯდომარის მიერ, - არის გზა ევროპისაკენ. ჩვენ უკვე მივიღეთ, რასაკვირველია, დიდი სასიხარულო ცნობა; დიდი მადლობელი ვართ და უნდა ვიყოთ დიდი ბრიტანეთისა, რომელმაც აღძრა საკითხი. შეიძლება ეს ცნობა იურიდიულად აშკარა იყო... და მე მოხარული ვარ, რომ სხვანიც იზიარებენ იმ აზრს, რომელსაც ჩვენ, ეროვნულ-დემოკრატები დიდი ხანია ვამბობდით. მოპოებულ უფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველო სამუდამოდ მოწყდა რუსეთს - არაბუნებრივ კავშირს და ამით იწყება ახალი პირობები თავისუფალ განვითარებისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ იგივე ევროპა, დიდი ბრიტანია განსაკუთრებით, მოგვაქცევს დიდ ყურადღებას. მართალია ჩვენ თავისუფალნი ვართ, ჩვენი დამოუკიდებლობა ორი წლის წინედ გამოვაცხადეთ - გამოვსთქვით ნებისყოფა მთელის ერისა და დღეს მივიღეთ ამის დასტური, მაგრამ, მაინც ჯერ სუსტნი ვართ, ჩვენ გვაკლია ცოდნა, ტეხნიკა, კაპიტალი და ბევრი სხვა რამ, რომ მშვენიერი ქვეყანა მართლა ავაყვავოთ. ამ მხრივ მე იმედს გამოვსთქვამ, რომ იგივე სახელმწიფოები, რომელთაც იცნეს ჩვენი დამოუკიდბელობა, ხელს გამოგვიწვდიან. ჩვენ გვყავს სახელოვანი ჯარი და გვარდია, მაგრამ მაინც საჭირო არის მისი უკეთესად დაყენება, უფრო გამაგრება. მართალია, დღევანდელი საზეიმო დღე ქმნის ერთნაირ სულიერ განწყობილებას იმათში, ყველა მათგანი დღეს უფრო გმირია და თავდადებული, მაგრამ მის მოსაწყობად მაინც ბევრი რამ გვჭირია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ბრიტანია ამაში ჩვენ დაგვეხმარება. ჩვენ მდიდარნი ვართ, გვაქვს მრავალი მარგანეცი, ოქრო, ქვა-ნახშირი და სხვა, მაგრამ ეს სიმდიდრე მიწაში არის დამარხული. საჭიროა ერთნაირი ძალა, კაპიტალი, რომელიც ამოიღებს მიწიდან ამ სიმდიდრეს და მოგვცემს საშუალებას უფრო გავამშვენიეროთ ჩვენი რესპუბლიკა, მაგრამ ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ შინაურ მდგომარეობას. ის აქტი, რომელიც მოხდა, თავდაპირველად არის უფლებრივი ხასიათისა. ეს ცნობა ნიშნავს, რომ საქართველო იმდენად მომწიფდა, რომ მას აქვს შეგნება უფლებისა. ჩვენ იძულებული ვიქნებით არამც თუ საერთაშორისო განწყობილებაში ვიდგეთ უფლებრივ ნიადაგზე, არამედ მის შინაურ განწყობილებაში უნდა ვეცადოთ უფრო მეტის წესიერების და კანონიერების დამყარებას. ამ მხრივ იმედს გამოვთქვამ, რომ მთავრობა მეტს ყურადღებას მიაქცევს იმ ნაკლს, რომელსაც ვხედავთ ჩვენ შინაურ ცხოვრებაში. ეს ცნობა დიდ შთაბეჭდილებას და გარდატეხას მოახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაში და დაგვაახლოებს ევროპის ხალხთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ შემდეგი საფეხური არის ხალხთა ლიგაში შესვლა და რომ ეს ადვილად მოხდეს, საჭიროა ჩვენი სახელმწიფო ცხოვრება განმტკიცდეს და უპირველეს ყოვლისა, უფლებრივი წყობილება. მართალია ამ ცნობაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ცოტა ბუნდოვანად არის წარმოდგენილი აზრი, აქ ლაპარაკია ფაქტიურ ცნობაზე... ამაშია დიდი აზრი და შინაარსი. ისტორია გვასწავლის, რომ მაშინ, როდესაც ერი ცნობილია, როგორც საერთაშორისო პირობა, აუცილებლად საჭიროა გამორკვევა მისი საზღვრებისა და განწყობილებისა უწინდელ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ის იყო დაკავშირებული. ამ გამორკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ფაქტიური ცნობა მე მგონია იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილი არ არის საქართველოს საზღვრები. მართლაც არ ვიცით რა ბედი მოელის ბათუმს, ბათუმის მხარეს, განაპირა კუთხეებს, ლაზისტანს, ისპირს, თორთუმს და სხვა ნაწილებს, რომელნიც ყოველთვის ეკუთვნოდა საქართველოს და მის განუყრელ ნაწილს შეადგენს. დაჩქარებითი გადაწყვეტა ამ საზღვრებისა ადვილი არ არის და ამ გარემოებამ გამოიწვია ის, რომ ცნობილი ვართ მხოლოდ ფაქტიურად. იურიდიულ ცნობას მოგვიტანს ამ საზღვრების გამორკვევა და დარწმუნებული ვართ, რომ მთელი საქართველო, ისტორიული საქართველო, წინანდელ ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი იქნება. თუ წინად, წარსულში, გარშემორტყმული მტრებით საქართველოს შეეძლო თავისი საზღვრების დაცვა, თავის დროშის დაცვა, თუ ეს შეეძლო ერთ პირს, ერთ წოდებას, მე დარწმუნებული ვარ, დღეს, როდესაც ეს დროშა გადავიდა დემოკრატიის ხელში, ეს დროშა იფრიალებს და არ დაეცემა. იშლება საბედნიერო პერსპექტივა. მომავალში ამ ზეიმში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ერებიც ამიერ-კავკასიისა და ჩრდილო-კავკასიისა. მაშინ ეს დროშა, რასაკვირველია, უფრო გამაგრებული იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ერები შეიგნებენ, რომ ეროვნება, რომ თითვეული მათგანი არის უკვდავი ღმერთი, რომ ერთს მეორეს მოკვლა არ შეუძლია. ეს ერები არიან უკვდავი ღმერთები და ამ შეგნებიდან აღმოცენდება ის კავშირი, რომელიც საჭირო არის მთელი კავკასიისათვის. ამიტომ ვამბობთ, გაუმარჯოს დღევანდელ დღეს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, და უკვდავ ღმერთებს კავკასიისას, საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და ჩრდილო კავკასიას! (ტაში ყველა სკამებზე).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გრ. ვეშაპელს.
გრ. ვეშაპელი (ნაციონალისტი) დამფუძნებელ კრების წევრნო! ნაციონალისტთა სახელით მოულოცავ ქართველ ერს მისი დამოუკიდებლობის ცნობას ევროპის სახელმწიფოთა მიერ.
ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ის გზა, რომელსაც საქართველო დაადგა 26 მაისს, იყო გზა რეალური, შესაფერი ერის შინაურ ძალთა განვითარებისა, - აგრეთვე საქართველოს ძალთა მიერ ცნობისაკენ. ეს ასეც მოხდა; ჩვენ გვიცნეს ევროპის გამარჯვებულ დიდ სახელმწიფოთა უმაღლეს საბჭოში.
ეს ცნობა არის ფაქტიური, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენზე უფრო ძლიერი, ახალი სახელმწიფოები, უცვნიათ გაცილებით ზოგჯერ უფრო გვიან, ვიდრე გვიცნეს ჩვენ. ასეთი იყო შვეიცარია, რომელიც ფაქტიურად კონგრესების უცნობლად არსებობდა 14-17 საუკუნემდე. ასე იყო რამდენიმე 10 წ. განმავლობაში ეხლანდელი დიდი ამერიკა, მაგრამ თუ შედარებით ჩვენი ცნობა თუნდაც ფაქტიური, მოხდა ასე დროზე, ეს აიხსნება ერთის მხრივ ჩვენი ერის სახელმწიფოებრივი ტრადიციით და მეორეს მხრივ, დღევანდელი საერთაშორისო მომენტით.
ბ-ბო, ნურასოდეს ნუ დაგვავიწყდება, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ სახელმწიფო საკითხზე, რომ ამ საკითხზე, მართალია სხვა ძველი ფორმით, მაგრამ მსჯელობდენ ჩვენი წინაპრებიც ამ ასი წლის წინად; მათი სახელმწიფოებრივი მუშაობა შეწყდა ამ დედა-ქალაქში ასი წლის წინად; დაახლოვებით და ასი წელი, როგორც დაამტკიცა ისტორიამ, არ არის სიძველე ერისათვის, რომელიც შემდეგ მას არ შეეძლოს, თავისი უფლება, საკუთარი ტერიტორია და სუვერენობა მოჰკითხოს მსოფლიოს. ეს დაამტკიცა პოლონეთმა და ეს დაამტკიცა ეხლა საქართველომ, რომელმაც დაახლოვებით პოლონეთთან ერთად დაჰკარგა თავისუფლება და დაახლოვებით იმდენივე მანძილზე, 100 წლის მანძილზე შესძლო ამ დამოუკიდებლობის აღდგენა.
ბ-ბო! მეორე ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტიური ცნობა საქართველოს თავისუფლებისა პარიზის კონფერენციის მიერ არის საერთაშორისო მომენტი. ეს საერთაშორისო მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ დღეს არის ბრძოლა რუსეთისა ევროპასთან. შეიძლება ჩვენ დავარქვათ ამ ბრძოლას სოციალური სახელი, მაგრამ მას აქვს ნამდვილი ნაციონალური ხასიათი. ეს არის ბრძოლა რუსის ხალხისა იმ ზღვებისათვის, რომლისათვისაც იკლავდა თავს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რუსეთი და რომლისათვისაც დღესაც არ აყენებს ის იმ ახალ სახელმწიფოებს, რომელთაც გამოაცხადეს თავისი დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის განაპირა მხარეებში. და ჩვენი სიკეთე ის არის, რომ რუსეთის დღევანდელი იმპერიალიზმი, იქნება ეს წითელი, შავი თუ ყვითელი, რუსეთის იმპერიალიზმი ეწინააღმდეგება ევროპის მეტოქე ძალების ინტერესებს, რუსეთის ინტერესი დაუპირდაპირა ევროპის ინტერესებს და გადაჭრით წინააღმდეგია ისეთი ძალებისა, როგორიც არის დღეს აზიაში ბრიტანეთის იმპერია. ამან გამოიწვია ის, რომ საგარეო-საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის კერზონი არის ინიციატორი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხის დაყენებისა.
ამ საერთაშორისო მომენტის სიმწვავით აიხსნება ისიც, რომ ასე მალე იცნეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, თუმცა სახელმწიფოებრივი ტრადიციის მიხედვით და, თუ გნებავთ, შინაურ ორგანიზაციის მიხედვითაც, იმას ნაკლები ალაგი უჭირავს კავკასიაში, შედარებით საქართველოსთან.
დღეს ჩვენი გზა, საიმედო საგარეო და საშინაო მდგომარეობისა იმაშია, რომ ჩვენ უფრო დაიმედებული, ნაკლების ეჭვით განვაგრძოთ ჩამოსხმა სრული ეროვნულ სახელმწიფო ორგანიზაციისა და დავასრულებთ იმ საქმეს, რომელსაც ეწოდება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, და ისევე დარაჯათ აღვუდგეთ ქართველი ერის ინტერესებს, საერთაშორისო პირობების მიხედვით, როგორც აქამდის იყო.
ბ-ბო! როგორც მოგახსენეთ, რუსეთის საფრთხეთი, რომელმაც აიძულა ინგლისი ეკისრა თაოსნობა საქართველოს დამოუკიდებულობის ცნობისა, ყველაზე დაინტერესებულია ბრიტანეთის იმპერია და ეს გარემოება ასუსტებს რუსეთის საფრთხეს ჩვენთვის.
ბ-ბო! საკმარისია ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ, რომელიმე რუსულის ძალის დამკვიდრება საქართველოში, სულ ერთია, იქნება ეს მემარჯვენე, მემარცხენე ცენტრალური, დემოკრატიული, ბოლშევიკური თუ დენიკინური - წარმოვიდგინოთ, რას მოასწავებს საქართველოში კიდევ გაბატონება რუსებისა, კიდევ ჩვენი დამონება, საკმირისია მხოლოდ ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ეს, რომ ჩვენ არავითარ ზომების მიღებას არ დავერიდოთ იმისთვის, რომ რუსეთის ახალი იმპერია, რამდენადაც ის მოიწევს ჩვენკენ, იმდენათ მეტ გადაულახავ ძლიერ კედელს გრძნობდეს კავკასიონის ქედში, რომელიც არის ბუნებრივი საზღვარი ჩვენი და ბუნებრივი სახელმწიფო ტერიტორია ჩვენი ისტორიული მეგობრისა, მთიულეთის ხალხისა.
აქამდის ჩვენ თავისუფლებისათვის ბრძოლაში განმარტოვებული ვიყავით ევროპის სახელმწიფოთა მიერ, განსაკუთრებით ამ დიდი საერთაშორისო ომის დასრულების შემდეგ. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რესპუბლიკის ინტერესებისა და საზღვრების დაცვა, ჩრდილოეთით მოწოლილ იმპერიალიზმის წინააღმდეგ, იმავე დროს არის ბრძოლა ევროპის ინტერესებისათვის აზაიაში და მომავალში იმედი უნდა გვქონდეს, ამ ბრძოლაში არ ვიქნებით განმარტოებული. ევროპის ეკონომიური დახმარება საქართველოსადმი, მისცემს ჩვენ ხალხს საშუალებას ნაკლების სიმძიმით ატაროს ის უღელი, რომელიც მან იკისრა, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
ჩვენ გვწამს, რომ ქართველ ერს, არ ეჭირება სამხედრო დახმარება არც ერთი გარეშე ძალისა, არც მეზობელ სახელმწიფოთა, არც ევროპის ძალებისა იმისათვის, რომ თავისი ისტორიული ბუნებრივი საზღვრები დასაბამიდან დაწესებული დაიცვას.
ეს დაამტკიცა ჩვენმა ლაშქარმა, რომელიც დგას საქართველოს საზღვრებზე, და ამასვე დაამტკიცებს მომავალში, სულ ერთია, ეს რეგულიარული ძალა ჯარად თუ გვარდიათ წოდებული.
მაგრამ ჩვენს ხალხს ბევრი გასაჭირი დააწვა ეკონომიური მხრივ. ის გაჭირვება, რომელიც მოსდევს წრევანდელ მოუსავლობას, ხარჯის გაღება ფრონტის გამაგრებისათვის, ჯარის ჩაცმევისა და შენახვისათვის. ეს ტვირთი ძალიან მძიმეა ქართველი ერისათვის, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ დღევანდლიდგან, როდესაც საქართველოს საგარეო და სამხედრო პოლიტიკა, ამავე დროს პოლიტიკა ბრძოლისა ევროპის ინტერესებისათვის აზიის წინა კარებში, რომ ჩვენ ამიერიდგან ეკონომიურათ მაინც აღარ დავრჩებით განმარტოებული.
საქართველო კი დღეის იქით უფრო მეტი სიმტკიცით, ენერგიით და ხალისით დახვდება ჩრდილოეთიდგან მოსულ ურდოებს თავის კარებში, იმ კარებში, რომელშიაც წინადაც არა ერთხელ დახვედრია საოცარ მტერს და მოუტეხია მისთვის კისერი.
მოულოცავ კიდევ ერთხელ ამ დღესასწაულს დამფუძნებელ კრებას, როგორც ქართველი ერის უმაღლეს კანონმდებელ კრებულს და თქვენც მიულოცეთ ეს დღესასწაული ქართველ ერს, თქვენ ამომრჩეველს, და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ქართველ ხალხის ამოძახილი იქნება ისეთივე ბრწყინვალე ყოველ ქალაქში და ყოველ სოფელში, როგორც ბრწყინვალე იყო ეს ამოძახილი დღეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. (ტაში).
თავმჯდომარე. ბ-ნებო, სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ტერ-სტეფანიანს.
ტერ-სტეფანიანი. ბატონებო! დღევანდელი უდიდესი დღე, ეს სხდომა დამახასიათებელია იმ დიად სიხარულისა და კმაყოფილებისა, რომელსაც გრძნობს დღეს მთელი ქართველი დემოკრატია.
ამიერ-კავკასიის დემოკრატია, მიტოვებული თავის ძალღონის ამარა, იბრძოდა იმ მტრების წინააღმდეგ, რომლებიც სცდილობდნენ ხელიდგან წაერთვათ მისი თავისუფლება, მაგრამ დემოკრატიამ დაამტკიცა, რომ მან თავისი ბრძოლით უფრო გაამაგრა რევოლიუციის მონაპოვარი, რომელიც მას ხელთ ჰქონდა. ამ მძიმე ბრძოლაში ამიერ-კავკასიის ერებმა მოიპოვეს თავისუფლება და პოლიტიკური არსებობის უფლება. ის დიდი მსხვერპლი, რომელიც საქართველოს დემოკრატიამ შესწირა თავის თავისუფლებას, ამტკიცებს, რომ დღევანდელი თავისუფლება არის არა მოწყალება, არამედ არის შედეგი მისივე დაუღალავი მოღვაწეობისა (ტაში).
დღევანდელ დღეს, როცა საქართველოს რესპუბლიკა ფეხსა სდგამს ევროპის საერთო ოჯახში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს რესპუბლიკა დღეიდგან უფრო განმტკიცდება, უფრო და უფრო გაძლიერდება.
საქართველოს სომეხთა დემოკრატია, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ, დიდ სიხარულს გამოსთქვამს და არ შეუძლიან მას არ შეუერთდეს საქართველოს დემოკრატიას, რომელიც გრძნობს თავის სიხარულს.
სომეხთა რევოლიუციონური პარტია დაშნაკცაკანი უძღვნის სალამს საქართველოს დემოკრატიას და დარწმუნებულია, რომ ამას იქითაც, როგორც დღემდის, იგი ხელიხელ ჩაკიდებული და მტკიცე კავშირით წავა ერთად ბრძოლაში, ჭირში და ლხინში.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! (ტაში).
თავმჯდომარე. ჩაწერილი აღარავინ არ გახლავთ. პრეზიდიუმს ხელთ აქვს ერთი პროექტი, შემოტანილი ს.-დ. ფრაქციის მიერ. შინაარსი გახლავთ შემდეგი. (კითხულობს).
აგრეთვე აუარებელი მოსალმების დეპეშები გახლავთ და ზოგი მათგანი უნდა წაკითხულ იქმნას.
აგრეთვე დავალებული მაქვს დედა-ქალაქის საბჭოსაგან მხურვალე მოლოცვა გადმოგცეთ. ახლა მოგახსენებენ მოლოცვებს (კითხულობენ დეპეშებს: ესტონელთა, პოლონელთა წარმომადგენელის, ადერბეიჯანის პარლამენტის, სომხეთის პარლამენტის, ამიერ-კავკასიის რუსთა საბჭოსაგან).
თავმჯდომარე. ხომ საწინააღმდეგო არ გექნებათ რა, რომ პრეზიდიუმმა თქვენის დავალებით სამაგიერო პასუხი გასცეს მათ?
ეხლა გახლავთ სოც.-დემოკ. ფრაქციის წინადადება, რათა საზეიმოდ წარმოთქმული სიტყვა ჩვენი თავმჯდომარისა ნ. ჟორდანიისა, დაიბეჭდოს და გავრცელდეს ხალხში.
ამგვარად, მოქალაქენო, დღევანდელი საზეიმო სხდომა გათავებულია.
ნება მიბოძეთ, შევსძახო, გაუმარჯოს მთავრობას, რომელიც ასე ერთგულად, ასე თავგანწირულად ანხორციელებდა დამფუძნებელი კრების დავალებას, ჩვენი ერის და ხალხის დავალებას (ტაში).
გაუმარჯოს ნორჩ ჯარს! სახელოვან გვარდიას! (ტაში)
გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს! (მხურვალე ტაში).
უკრავენ ეროვნულ ჰიმნს.
![]() |
3 მეოთხმოცე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(80)
1920 წელი. იანვრის 23. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი
1. მსჯელობა დღიური წესრიგის შესახებ.
2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ პროექტისა - გასული სახარჯთაღრიცხო წლის დაუფარავი ხარჯის განაღდების შესახებ.
3. დეკრეტი - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლის შესახებ.
4. განცხადება გარეშე-საქმეთა მინისტრისა - ანტანტის მიერ სომხეთის მთავრობის აღიარების შესახებ.
5. გაგრძელება მსჯელობისა - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლის დეკრეტის შესახებ.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხ.
გრიგოლ ნათაძე.
სხდომა იწყება დღის 12 საათზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს ნუსხას და წესრიგს).
ნუსხა უწყებათათვის დაბრუნებულ, გაუქმებულ და სხვა საქმეებში ჩართულ საკანონმდებლო აქტებისა.
1. კანონ-პროექტი ქუთაისში პირველხარისხოვანი საბაჟოს დაარსებისა. დაებრუნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს მინისტრის განცხადების გამო.
2. პროექტი ცენტრალური სასურსათო საბჭოს დებულებისა. დაებრუნა მიწად-მოქმედების სამინისტროს, რადგანაც თვით საბჭო უკვე გაუქმებულია.
3. კანონ-პროექტი სახელმწიფო ხაზინიდან 152.40 მან. გადადებისა სულეიმან-შაქარ-ოღლისათვის ჩამორთმეული ფარის საფასურად. დაებრუნა შინაგ. საქ. სამინისტროს, რადგან შაქარ-ოღლი დაკმაყოფილებულ იქმნა სამხედრო უწყების მიერ.
4. კანონ-პროექტი სამღვდელოებისა, საკათედრო ტაძრებისა და საკათალიკოზო დაწესებულებათა შენახვისათვის 1918 წლ. გაწეული ხარჯების დასაფარავად 1.504.820 მ. გადადების შესახებ. დაებრუნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილების თანახმად.
5. კანონ-პროექტი საქონლის გამცვლელი კომიტეტის ორგანიზაციისა. დაებრუნა ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კომიტეტის გაუქმების გამო.
6. კანონ-პროექტი ჭიათურის შავი-ქვის მრეწველთა სააქციონერო საზოდოებისათვის 5 მილ. მან. სესხად მიცემის შესახებ. დაებრუნა ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს შავ-ქვაზე მონოპოლიის გამოცხადების გამო.
7. პროექტი დეკრეტისა - მიხეილის საავადმყოფოსა და ოლღას საბებიო ინსტიტუტის შესანახად 2.342.200 მან. გადადების შესახებ. დაებრუნა შინაგან-საქ. სამინისტროს, რადგანაც ეს დაწესებულებანი დაკმაყოფილებულია საერობო დაწესებულებათათვის გადადებულ საერთო თანხიდან.
8. კანონ-პროექტი ტფილისის სამთო-საკულტურო სატყეო რაიონში თვითნებობით ტყის სარგებლობისათვის ადმინისტრატიული წესით დასაკისრებელი ჯარიმის ნიხრის დამტკიცებისა. დაებრუნა მთავრობის საქმეთა მმართველობას უწყების თხოვნის თანახმად.
9. პროექტი დეკრეტისა სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულების საშუალებათა გასაძლიერებლად ბილეთების დაბეგვრისა. დაებრუნა განათლების სამინისტროს თანახმად უწყებისავე თხოვნისა.
10. პროექტი დეკრეტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს სავეტერინარო სანიტარული განყოფილების და სავეტერინარო პერსონალის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. დაებრუნა შინაგან-საქმეთა სამინისტროს, რადგან უწყების მიერ განზრახულია ახალი პროექტის წარმოდგენა.
11. პროექტი დეკრეტისა მთავრობის განკარგულებაში 50.000.000 მან. გადადების შესახებ სავალიუტო საქონლის დასამზადებლად. დაებრუნა მთავრობის საქმეთა მმართველობას თანახმად მისივე თხოვნისა.
12. დეკრეტი მთავრობის საქმეთა მმართველობის ზოგიერთ მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 16.200 მან. გადადების შესახებ. დაებრუნა მთავრობის საქმეთა მმართველობას, საერთო ახალი შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის მიღების გამო.
13. პროექტი დეკრეტისა საბავშვო ჟურნალის „ნაკადულისათვის“ ყოველთვიურ დახმარებად 10.000 მან. გადადების შესახებ. დაებრუნა განათლების სამინისტროს, რადგან უწყებას განზრახული აქვს ჟურნალს დახმარება გაუწიოს კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათათვის გადადებულ საერთო თანხიდან.
14. პროექტი დეკრეტისა - სისხლის სამართლის მილიციის ცენტრალურ ბიუროს დაარსების შესახებ. დაებრუნა შინაგან-საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის მოქმედების განგრძობის დეკრეტის მიღების გამო.
15. კანონ-პროექტი სამხედრო უწყების ხარისხოსანთა შესახებ დებულების შეცვლისა და ოფიცერთა და სამოქალაქო მოხელეთა შემდეგ ხარისხზე აყვანისა. გაუქმებულია პრეზიდიუმის დადგენილებით, როგორც მნიშვნელობა დაკარგული, რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა საერთო ორგანიზაციის კანონის მიღების გამო.
16. კანონ-პროექტი სამხედრო მოსამსახურეთა ორდენებით დაჯილდოების შესახებ დებულების შეცვლისა. გაუქმებულია პრეზიდიუმის დადგენილებით, იმავე მიზეზის გამო.
17. კანონ-პროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა ჯამაგირისა. გაუქმებულია პრეზიდიუმის დადგენილებით, იმავე მიზეზის გამო.
18. პროექტი დეკრეტისა მთავრობის განკარგულებაში 50 მილ. მან. გადადების შესახებ სურსათის დასამზადებლად. გაუქმებულია პრეზიდიუმის დადგენილებით, რადგანაც ამავე საგნის გამო წარმოდგენილ და მიღებულ იქნა ახალი პროექტი.
19. პროექტი დეკრეტისა ახალქალაქის მაზრის მილიციის დაარსების შესახებ. გაუქმებულია პრეზიდიუმის დადგენილებით, რადგანაც ამავე საგნის შესახებ მიღებულ იქმნა სხვა პროექტი.
20. პროექტი დეკრეტისა - ყოფილი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დეკრეტის დამატებისა - მემამულეთათვის ნორმად დატოვებული სოფლის მამულის გაყიდვისა და დაგირავების უფლების მიცემის შესახებ. მასალად დაერთო ამავე საგანზე აგრარულ კომისიის ინიციატივით შემუშავებულ პროექტს.
დღიური წესრიგი:
1. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - გასული სახარჯთაღრიცხო წლის დაუფარავი ხარჯის განაღდების შესახებ.
2. დეკრეტი - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წლის თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლისა.
3. სახელმწიფო ბანკის მმართველისა და საბჭოს წევრების არჩევანი.
4. პროექტი დადგენილებისა - პოლიტიკურ, საერთო სისხლის სამართლის და სამხედრო დანაშაულობის ჩამდენთა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ.
თავმჯდომარე. დღიური წესრიგის შესახებ შემდეგი წინადადება გახლავთ შემოტანილი ს.-დ. ფრაქციის მიერ (კითხულობს). „დღიური წესრიგის მეორე საკითხი პროექტი - დადგენილებისა პოლიტიკურ და სხვა დანაშაულობის ჩამდენთა მდგომარეობის შემსუბუქებისათვის გადაეცეს განსახილველად იურიდიულ კომისიას და დაევალოს მას შემდეგ სხდომისათვის წარმოადგინონ თავისი აზრი ამ პროექტის შესახებ; ამავე სხდომაზე მოხდეს პროექტის სამჯერ წაკითხვა“. ასეთი წინადადება გახლავთ. ხომ არავინ ინებებს ამის შესახებ სიტყვას? არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი? არავინ. მაშასადამე, ეს წინადადება მიღებულია. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის სალაყაიას.
იოსებ სალაყაია (ს.-დ.) კითხულობს დღიური წესრიგის პირველ მუხლში აღნიშნულ კანონ-პროექტს.
თავმჯდომარე. (პროექტი მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა). მეორე საკითხს მოგახსენებთ ბ. კირილე ნინიძე.
კ. ნინიძე. (სოც.-დემ.) ბატონებო, ეს დეკრეტი, რომლის პროექტიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე, ეხება ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. 23 თებერვლის დადგენილებას და მოითხოვს ამ დადგენილების შეცვლას. ამ დეკრეტის დედა აზრის გასაგებად საჭიროა მოვიგონოთ ჩვენ აზრი და მნიშვნელობა, თითონ იმ დადგენილების, რომელიც უნდა გაუქმდეს ამ დეკრეტით. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ რუსეთის დროებითმა მთავრობამ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია მომავალში განზრახულ რეფორმას, რომელიც უნდა შეხებოდა მიწის საკითხს, თავიდანვე შეხვდეს ისეთი დაბრკოლება, რომელიც იმის გატარებას ცხოვრებაში შეუძლებლად გახდის. რევოლიუციამ ფართოდ წამოაყენა მიწის საკითხი და ასე თუ ისე უნდა გადაწყვეტილიყო ის, მაშინ რევოლიუციონურ მთავრობას რუსეთისა ისე ჰქონდა გათვალისწინებული ეს საკითხი, რომ მემამულეებს ამა თუ იმ სახით უნდა ჩამორთმეოდათ მიწები. და რომ ჩამორთმევა შემდეგში შეუძლებელი არ გამხდარიყო, ამისათვის დროებითმა მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის ძალითაც შეჩერებული იყო ყოველგვარი ნივთიერი სახის უფლების გადაცემა ამ მიწებზე, ესე იგი გაყიდვა, ან დაგირავება, თუ სხვა სახით გადაცემა ამ მიწისა ერთიდან მეორეზე. თავის თავად ცხადია, რომ უმთავრესად მიწის საკითხი უნდა შეხებოდა მსხვილ მიწადმფლობლებს და მაშასადამე, ეს მსხვილი მიწადმფლობელები, თუ ამათ ექნებოდათ საშუალება თავისუფლად მოქცეოდნენ თავის მიწებს, შეეცდებოდნენ გაენაწილებინათ ეს მიწები ამა თუ იმ სახით და, ამგვარად, შეუძლებლად გაეხადათ ამ საკითხის სათანადოთ გადაწყვეტა. ეს კითხვა დადგა ამიერ-კავკასიის ცხოვრებაში, როგორც მოგეხსენებათ 1917 წლის დეკემბერს. მაშინდელმა კომისარიატმა გამოსცა დეკრეტი, რომლითაც აღიარა, რომ მიწები ჩამორთმეულ უნდა იქნეს მათ მფლობლობისგან იმ ნორმის ზევით, რომელიც ცალკე კანონით იქნებოდა განსაზღვრული, უმთავრესად ჰქონდა დეკლარაციის ხასიათი. რადგან მას არც კი დაუწესებია დატოვების ნორმა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ჩამორთმევა უნდა მომხდარიყო ნორმის ზევით. ეს დეკრეტი საჭიროებდა ისეთ დადგენილების გამოცემას, რომელიც არ შექმნიდა ცხოვრებაში ისეთ პირობებს, რომ მემამულეებს შეეძლოთ ამ მიწების დანაწილება და შექმნიდა ისეთს მდგომარეობას, რომ ჩამორთმევა შესაძლებელი აღარ ყოფილიყო. და აი, 1918 წელს კომისარიატმა გამოსცა დადგენილება, რომელშიც ნათქვამი არის, რომ განსავითარებლად 16-17 წლის დეკრეტის სათანადო მუხლებისა, კომისარიატი ადგენს, რომ აიკრძალოს მიწების ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება და სხვაგვარი ნივთიერი უფლების გადაცემა ამ მიწებზე. მოტივი იყო შემდეგი: რომ არ გაბათილებულიყო ძალა დეკრეტისა, რომელიც გამოცემული იყო, ე. ი. რომ შესაძლებელი ყოფილიყო მიწების ჩამორთმევა, რაზედაც სათანადო კანონი იქნებოდა გამოცემული. და ეს სათანადო კანონი - სეიმის კანონი - როგორც იცით გამოცემული იყო 7 მარტს და აი, ამაზე ადრე 23 თებერვალს გამოდის ეს დადგენილება. მიზანი დადგენილებისა იყო ერთად ერთი, - რომ არ შექმნილიყო დაბრკოლება კანონის ცხოვრებაში გატარების დროს. აგრარული კანონი კი შეიცავს ორ მთავარ მომენტს, ორ მთავარ დებულებას. პირველი, რომ მემამულეებს უნდა ჩამორთმეოდა განსაზღვრულ ნორმის ზევით მიწები და ამგვარად შექმნილიყო ფონდი. ეს არის ერთი საფეხური. და მეორე კიდევ იწყება ამ ფონდის მიწების განაწილებიდან. (შენგელაია: გაყიდვა?) არა, განაწილება. აი, მაშასადამე, ამ დადგენილებას არ შეეძლო არ ჰქონოდა მიღებული მხედველობაში ერთი მომენტი. პირველი, - რომ შესაძლებელი ყოფილიყო მიწების ჩამორთმევა, რადგან, ვიმეორებ, თუ კანონში განსაზღვრულია - და 7 მარტის კანონში კი ეს განსაზღვრულია - მიწები ჩამოერთმევა მხოლოდ მსხვილ მემამულეებს და, თუ ეს მსხვილი მემამულეები თავისუფალი იქნებოდნენ ამ თავის მამულების განკარგულებაში, - თავის თავად ცხადია, რომ ისინი გაანაწილებდნენ ამ მიწებს. კომისარიატის დადგენილების უმთავრესი აზრი და მნიშვნელობა ის იყო, რომ ეს დაბრკოლება არ შექმნილიყო კანონისთვის. ჩვენ ვიცით, რომ რაკი გამოდის რამ დადგენილება და მას აქვს განსაზღვრული მიზანი, თუ ის ამ მიზანს მიახწევს, თავის თავად ცხადია, რომ ამ დადგენილებამ უნდა დაჰკარგოს ძალა. თავის თავად ცხადია, თუ დადგა ისეთი მომენტი, რომ ეს ჩამორთმევა მოხდა და, მაშასადამე, მემამულეებს დასანაწილებელი უკვე აღარაფერი აქვთ; ეს დადგენილება უნდა მექანიკურად გაუქმდეს. სხვა გვარი აზრი შეუძლებელია. (ლეო შენგელაია: „ერთობა“ რას ამბობს?) წაიკითხეთ და გაიგებთ რასაც ამბობს. ეს მე მოგახსენეთ ფორმალურ, იურიდიულ მომენტზე. რაკი კომისარიატის დადგენილებამ ამ ნაწილში უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა, არ შეიძლება არ დაისვას სხვა საკითხი: დარჩეს თუ არა ძალაში ეს დადგენილება. თავის თავად ცხადია, თუ ჩვენ სრულიად არ შევცვლით სააგრარო პოლიტიკას, თუ ჩვენ რაიმე ახალს არ შემოვიღებთ იმასთან შედარებით, რაც უკვე დავაკანონეთ, მაშინ ვერც აღნიშნულ დადგენილებას დავტოვებთ. კომისარიატის დადგენილება ეხება არა შეცვლას საერთოდ სამოქალაქო წესისას, რომლითაც ყიდვა-გაყიდვა საერთოდ შეჩერებულია, არამედ ეხება ერთ მომენტს, რომ მსხვილი მიწად-მფლობლობის მამულები არ ყოფილიყო დანაწილებული. (ლეო შენგელაია: კანონში სწერია ასე?) რომელ კანონში? (შენგელაია: აი, იმ კანონში?) იქ არ სწერია, მაგრამ, როდესაც კითხვის შესახებ არის რაიმე დადგენილება, უნდა მოგახსენოთ, რომ თუ კანონმდებელს მისი შეცვლა უნდა, ის იტყვის ამას, და რასაც არ იტყვის, არ შეიძლება გამოყვანა ისეთი დასკვნისა, რომლის გამოყვანაც თქვენ გსურთ. მაშასადამე, ეს დეკრეტი, რომელიც წარმოდგენილია თქვენ წინაშე, ღებულობს ფორმალობას ამ მომენტისას და ამბობს: იქ, სადაც ჩამორთმევა უკვე დასრულდა და, მაშასადამე, 23 თებერვლის დადგენილებას აღარა აქვს მნიშვნელობა, ამ ნაწილში ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს. ეს არის პირველი, მაგრამ მეორეს მხრით, შეიძლება ზოგან ეს შესრულებული არ იყოს, ზოგან კი შესრულებული იყოს, მაგრამ ნაწილობრივ. მაგალითად, კომისია მუშაობს, ჩამორთმევა ხდება, მაგრამ იგი არ არის დასრულებული ამა თუ იმ ნაწილში, მაშინ, რომ არ შეიქმნეს არევ-დარევა, რომ არ გაუძნელდეს სამინისტროს ამ კანონის ცხოვრებაში გატარება, ამ შემთხვევისათვის ეს დეკრეტი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, აწესებს ერთნაირ შეზღუდვას და ამბობს: იქ, სადაც ეს ჩამორთმევა მამულებისა არ არის დასრულებული, გაყიდვა კერძო შემთხვევაში ხდება მხოლოდ მინისტრის ნებართვით. მაშასადამე, აქ არის ორი მთავარი აზრი, ერთი - იქ, სადაც მიწის ჩამორთმევა დასრულებულია, შესაძლებელია იყოს თავისუფალი გაყიდვა - პირველი; და მეორე, რომ იქ, სადაც ეს ჩამორთმევა დასრულებული არ არის, გაყიდვა ხდებოდეს სამინისტროს ნებართვით. რაც შეეხება დანარჩენს - საჯარო ვაჭრობას და სხვას, აქაც ყველა დაემორჩილება საერთო დებულებას.
კიდევ უნდა მოგახსენოთ ერთი რამ. ფორმალურად ეს დეკრეტი სდგას არსებულ სამოქალაქო კანონის საფუძველზე. ჩვენ, ჯერ არ გადაგვიდგამს საწინააღმდეგო ნაბიჯი. შეიძლება ეს საჭირო იყო, ეს სხვა კითხვაა. მაგრამ კერძო საკუთრებას საერთოდ, როგორც ასეთს, ჩვენ არ შევხებივართ. ჩვენი სამოქალაქო კანონის მე-10 ტომის 1 ნაწილი არის ძალაში დატოვებული. შინაურ ცხოვრებაში და ურთიერთობაში ეს იურიდიული ბაზა წყობილებისა - კერძო საკუთრება, რჩება. შეიძლება საჭირო იყოს ამის შეცვლა, კომისიას არ სურს იდავოს ამის შესახებ. ეს დეკრეტი ასე შორს არ მიდის და არც შეიძლება წავიდეს. ის ეხება ამ ერთ დადგენილებას, რომელსაც მნიშვნელობა დაეკარგა ცხოვრებაში და ის უნდა გაუქმდეს. ეს ერთი და მეორე, თუ თქვენ მოიგონებთ 28 იანვრის კანონს, იქ ვთქვით, რომ ფონდის მიწების გადაცემა შეიძლება კერძო საკუთრებად. მაშასადამე, ამ კანონით აქ უკვე კერძო საკუთრება რჩება ჩვენ საზოგადოებრივ ურთიერთობაში და რჩება აგრედვე მიწაზედაც. ეს არის ფორმალური მომენტი, მაშასადამე, „იმ ურთიერთობის თვალსაზრისით, რომელიც ჩვენშია დღეს, ეს დეკრეტი არ შეიცავს არაფერს სადავოს. აქ, მე მგონია, შეეცდებიან, რომ დავა სულ სხვა სფეროში გადაიტანონ. (შენგელაია: სახელდობრ?) მე მგონია, რომ ამას ბ. შენგელაია გრძნობს და დავა იქნება საერთოდ კერძო საკუთრების შესახებ. შეიძლება თუ არა მიწები გადაცემული იყოს კერძო საკუთრებად, შეიძლება თუ არა სამოქალაქო ურთიერთობაში აღებ-მიცემობის საგნად იყოს მიწა, რომელიც ზოგიერთის ფილოსოფიურ შეხედულებით არ შეადგენს არავის საკუთრებას და შეადგენს ღვთის საკუთრებას, რაც ღვთის არის, არ შეიძლება იმის გადაცემა (შენგელაია: ეს თქვენი ფილოსოფია არის!) ჩემი ფილოსოფია არ არის, ეს თქვენი ფილოსოფიაა. ბ. შენგელაიას ახსოვს ეს ყოველ შემთხვევაში! (შენგელაია: წყარო დაასახელეთ!) თუ ჩვენ ამ სფეროში გადავიტანთ საკითხს, მაშინ არსებით საკითხს ავცდებით. მე მგონია, რომ ყურადღება ამ დეკრეტის აზრს უნდა მივაქციოთ. არავინ არ მოისურვებს რომ წამოაყენოს დეკრეტის სახით ისეთი დებულება, რომელიც სრულიად სცვლის საზოგადოებრივ ურთიერთობას. ასეთი საკითხის გადაწყვეტა ამ დეკრეტით არ შეგვიძლიან. მე მგონია, რომ ამის შესახებ სჯობდა დავა არ ყოფილიყო, შეიძლება არც იქნეს. მე მინდა ვსთქვა ორი სიტყვით ერთი აზრი იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში, ჩვენ ურთიერთობაში და კერძოდ ჩვენი მეურნეობის განვითარებაში; ჩვენთვის, როგორც კომისიისათვის არ არსებობს მარტო განყენებული ფორმალური მხარე კანონებისა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას მოგვიტანს ცხოვრებაში ის ამ ნიადაგზე. მხოლოდ აქ შეიძლება იყოს სერიოზული კამათი.
მე მინდა მოგახსენოთ შემდეგი: ერთი ის, რომ კერძო, საკუთრება საერთოდ მიწაზე არ არის არავის იდეალი და მეორე ის, რომ ჩვენი აგრარული კანონით და იმ პოლიტიკით, რომელსაც საზოგადოდ აწარმოებს ჩვენი რესპუბლიკა სრულიადაც არ არის შეზღუდული საზოგადოებრივი ინიციატივა. იქნება ეს მოქმედება თემის, სამაზრო ერობის, ქალაქების თუ სხვა სრულიად არ არის შეზღუდული. პირიქით, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ ფართო ასპარეზი და მათ შეუძლიანთ ყველა ის აღმშენებლობითი ძალები გამოიყენონ, რომლებიც მათ განკარგულებაში მოიპოება. დაშვება კერძო საკუთრებისა სრულიადაც არ ნიშნავს შესუსტებას საზოგადოებრივ მუშაობისა. პირიქით, ვინც დაკვირვებია და ყურადღებას აქცევს ჩვენს კანონმდებლობას და საერთო მუშაობას, ის ვერ იტყვის, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ ამის საშუალება. მეორე მხრით, შეიძლება სრულიად აიკრძალოს კერძო საკუთრება, მაგრამ რას მოუტანდა ეს ჩვენს მეურნეობას? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენში, როგორც რუსეთის განაპირა ნაწილში არ არსებობდა ერობები, უბრალო, თვითმართველობის ორგანიზაციები. თავის-თავად ცხადია, რომ ამ ორგანიზაციების მუშაობა იქმნება არა კაბინეტებში, არა ფილოსოფიურ მოსაზრებების ფარგლებში და მის საშუალებით, არამედ პრაქტიკულ მუშაობის დროს. ეს ყველას მოეხსენება, ვინც ანბანი იცის საზოგადოებრივ ცხოვრებისა. ამ ორგანიზაციების თვითმოქმედება არ იქმნება თეორიით; არამედ თავის მუშაობის პროცესში. და თუ მხედველობაში მიიღებთ და გაუწევთ ანგარიშს იმას, რომ ეს ახალი ფეხადგმული ორგანიზაციები არიან, მაშინ ვერ იტყვით, რომ ამ ორგანიზაციებს რატომ არ აქვთ შესაფერი მოწყობილი აპარატი, რომელიც შეიძლებს საზოგადოებრივი ხასიათი მისცეს ამ მეურნეობას. და თუ ეს აპარატი არ არის, თავისთავად ცხადია, რომ ვერ შექმნის ისეთ მდგომარეობას, რომ ჯერ შეიქმნას კანონი და შემდეგ ვეძიოთ ძალები, რომლებიც განახორციელებენ მას. ასეთი კანონი ჯერ ისტორიამ არ იცის. და თუ მაშასადამე საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან იმდენად განვითარებულნი, რომ სავსებით შესძლონ მოვლა და მოწყობა საზოგადოებრივი დამუშავებისა, თავის-თავად ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლიან კანონით ავკრძალოთ ეს კერძო საკუთრება. ეს გამოწვეულია არა რაიმე კეთილ, ან ბოროტ განზრახვით, არამედ ჩვენი მეურნეობის განვითარების წესით... ჩვენი მეურნეობა არის წვრილი, საშუალო მეურნეობა. სამეურნეო იარაღები ჩვენში სრულიად განუვითარებელია, როგორც ქართლში, სადაც მამა-პაპეულ გუთნებით ხნავენ, ისე სამეგრელოში, სადაც ეს იარაღები უფრო პრიმიტიულია. მაშასადამე, ეს პრიმიტიულობა იარაღებისა ქმნის იმ ფორმას მეურნეობისა, სადაც მნიშვნელობა აქვს პირად გარჯას, პირად თაოსნობას, პირად ინიციატივას და არა ტეხნიკურ განვითარებას. და ასეთ მდგომარეობაში ჩვენ გვგონია, რომ შეუძლებელია სათანადო ანგარიში არ გაუწიოთ ამ ფორმას მიწის მფლობელობისა. რაკი ეს კერძო საკუთრება არსებობს ცხოვრებაში, ამიტომ ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლიან კანონმდებლობის წესით ვებრძოლოთ იმას, რაც არსებობს ცხოვრებაში. თქვენ შეგეძლოთ მრავალი კანონები გამოგეცათ, რომელიც წინააღმდეგს დაადგენდა, მაგრამ აღმასრულებელ ძალას ამ კანონებისას ვერ მოიპოებდით. აგრარული კომისია რომ ამ თქვენ აზრს დადგომოდა და სხვა საფუძვლიდან გამოსულიყო, მაშინ იგი გადაიქცეოდა საპროპაგანდო კომისიად. აგრარული კომისია, ეს არ არის სააგიტაციო დაწესებულება, იგი არის ორგანო დამფუძნებელ კრებისა, რომელმაც ანგარიში უნდა გაუწიოს ხალხის სურვილებს იმდენად, რამდენად არ ვებრძვით კერძო საკუთრების პრინციპს მიწაზე, ამით გვინდა ვთქვათ, რომ ამ სახით მიწის შერჩევა უფრო გამოიწვევს მეურნეობის აყვავებას და წინააღმდეგი ზომების მიღება და სხვა გვარი კანონების გამოცემა გამოიწვევს არევ-დარევას, მეურნეობის სრულიად მოშლას და ხალხის გაღარიბებას. ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, რადგან ჩვენი დეკრეტი ასე შორს არ მიდის, ის სულ უბრალო მიზანს ისახავს. ჩვენ ვიცით, რომ მიწების გადაცემა, თუ გვინდა მას ჰქონდეს კანონიერი ძალა, უნდა ხდებოდეს ნოტარიუსის წესით. ჩვენში კი არსებობს, გავრცელებულია შინაური წესით ნასყიდობის გადაცემა.
თავისთავად ცხადია, რომ ის კანონმდებელი, რომელიც მოისურვებს ჩასთვალოს მიწის კერძო საკუთრება ბოროტად, ის უნდა შეებრძოლოს ამ ბოროტებას, თუ ეს ბოროტება იყო. მაშასადამე, თუ ჩვენ ამ სახით გვინდა შევებრძოლოთ კერძო საკუთრებას, როგორც ბოროტმოქმედებას, მაშინ უნდა ავკრძალოთ ყოველგვარი საკუთრება და ყიდვა-გაყიდვა, რა სახითაც არ უნდა ხდებოდეს იგი, მაგრამ ცხოვრებაში ეს არსებობს. და თუ 23 თებერვლის დადგენილებას დავტოვებთ ძალაში, ამით გამოდის, რომ გადაცემა მაინც ხდება, მაგრამ ჩვენ ამას უკარგავთ იურიდიულ საფუძველს. და რა მდგომარეობაში დგება ის მყიდველი, რომელსაც ჩვენ ვაცლით ამ კანონიერ იარაღს ხელიდან? მაშინ იწყება სპეკულიაცია მიწაზე - დღეს გაიყიდება განსაზღვრულ ფასში და შემდეგ, რადგან ფულის კურსი შეიცვლება - მოხდება შინაური წესით გაყიდულის უკან დაბრუნება. და როდესაც ამ შინაურ პირობას არ აქვს ძალა, და უპატიოსნო გამყიდავი ამ აკრძალვის საშუალებით ახერხებს მიწის უკან დაბრუნებას, ზარალობს სინდისიერი მოპირდაპირე. 23 თებერვლის დადგენილების ძალით ნოტარიუსს არ აქვს ნება შეამოწმოს სიმტკიცის აქტი. აქედან დასკვნა ასეთია, რომ მოგებული რჩება ის, რომელიც საშუალებას იტოვებს გადააბიჯოს ამ პატიოსან აღებ-მიცემლობას. ჩვენ გვინდა, რომ ის, ვინც ფაქტიურად სარგებლობას მიწით, მას კანონიერი მფარველი ყავდეს და მას კანონმა მისცეს საშუალება, რომ თვისი უფლება დაიცვას. და ის, ვინც ამის წინააღმდეგია, ვინც ფიქრობს, რომ 23 თებერვლის დადგენილება უნდა დარჩეს ძალაში, ის ფაქტიურად ეწინააღმდეგება წვრილ-მფლობელობას, ეწინააღმდეგება გლეხობის ინტერესებს, ართმევს საშუალებას თვის უფლების დაცვისას. თავისთავად ცხადია, რომ ის წყობილება, რომელიც არ უწევს ხალხს მფარველობას, ვერ იქნება ხალხის თვალში ნდობის ღირსი. ამიტომ ის, ვინც წინააღმდეგი იქნება ამ გაუქმებისა, უნდა აქცევდეს ყურადღებას იმას, თუ რას ქმნის ეს მდგომარეობა. ხომ არსებობს მდგომარეობა. ეს გამოიხატება იმაში, რომ გადაცემა მიწებისა ცხოვრებაში ხდება, მისი აკრძალვა არ შეიძლება კანონმდებლობით. იგი შეეფერება ხალხის სულიერ განწყობილებას და ეკონომიურ ვითარებას, და რაკი ეს არსებობს, ხალხი უნდა სარგებლობდეს კანონით, უნდა ხდებოდეს ერთნაირი მფარველობა, რომ სუსტი არ დარჩეს დაჩაგრული მძლავრისაგან. ეს არის აზრი ამ დეკრეტისა. აქ განზრახ გამოვტოვეთ ერთი მომენტი. არ ვთქვით რა ფარგლებში შეიძლება მიწების ყიდვა. შეიძლება თუ არა იმ ნორმების უმეტესის შეძენა, რაც არის კანონით დაწესებული, იმ ნორმის, რომელიც დააწესა 7 მარტის კანონმა. ჩვენ ვფიქრობთ შემდეგს, რომ მფლობელობის ნორმა არ უნდა იყოს დაწესებული. რა მოსაზრება გვაქვს? მართალია მოხდა ჩამორთმევა და დატოვების ნორმა იქნა განსაზღვრული, მაგრამ ეს არ არის მუდმივი წესი, არ არის ჩვენი აგრარული რეფორმის საფუძველი, მუდმივი და ურყეველი. ეს არის უბრალო რევოლიუციონური ზომა. 7 მარტის კანონმა სთქვა: საჭირო არის გლეხი დავაკმაყოფილოთ და ეს დაკმაყოფილება შეიძლება ჩამორთმეული მიწების საშუალებით და ამის ვარაუდით განისაზღვრება, რომლის ზევით შეიძლება მიწის ჩამორთმევა.
აქ ორი მიზანია დასახული, პირველი - სხვილ მემამულეების მიწების ჩამორთმევა, მეორე - რომ ეს ზომა არ შეეხოს მცხოვრებთა დიდ ნაწილს და არ გამოიწვიოს უთანხმოება, მაგრამ რადგანაც სხვილ მემამულეების მიწების ჩამორთმევა არ შეეხება მცხოვრებთა დიდ ნაწილს, ამიტომ უკმაყოფილებას არ გამოიწვევს. ჩვენ რომ მოგვეცა ნორმა 2 დესეტინა და ამის ზევით ჩამოგვერთმია მიწები, მაშინ უკმაყოფილებას გამოვიწვევდით გლეხების დიდ ნაწილში. აი, ამ მდგომარეობით იყო გამოწვეული ეს რევოლიუციონური ზომა, რომ ერთის მხრივ ანგარიშს უწევთ იმ გარემოებას, რომ საჭიროა გლეხის მიწით დაკმაყოფილება და მეორე ის, რომ მემამულეებს გამოსცლოდათ ხელიდან ის ძლიერი იარაღი ბატონობისა, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელსაც შეადგენდა მიწა. ჩვენ არ შეგვეძლო ეს წესი სამუდამოთ შემოგვეღო. ჩვენ არ შეგვიძლიან დავაკანონოთ, რომ ეს ნორმა არის ღვთისაგან დაწესებული და ამის ზევით არ შეიძლება შემოღება არავითარი ნორმისა. ამას არ მოითხოვს არავითარი ინტერესი არც ეკონომიური, არც პოლიტიკური. ჩვენ მართალი ვიქნებოდით ერთ შემთხვევაში, რომ მიგვეღო ის ფილოსოფიური დებულება, რომელიც ამბობს, რომ მიწა პერიოდიულათ უნდა იყოს განაწილებული და უნდა მივიღოთ მოკლეთ იმ სახით, რა სახითაც იგი რუსეთში არსებობს: «Община» და «передђл» თუმცა დღეს იქაც აღარ არის ეს, ამ ბოლო დროს, და აგრე რომ ყოფილიყო, თავის თავად ცხადია, ლოღიკური ვიქნებოდით და ვიტყოდით, რომ მიწა აქვს იმას, ვინც ამუშავებს მიწას. ჩვენი დებულებით ეს ასეა, რომ მიწა იმას უნდა ეკუთვნოდეს ვინც მას ამუშავებს, ჩვენ არ ვეხებით იმ გამონაკლისს, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ თუ მივყევით და კანონში ჩამოვთვალეთ ექიმები, ვექილები, ინჟენერები... ეს ასე არ შეიძლება. შეიძლება გლეხიც დღეს ამუშავებს და ხვალ არ ამუშავებს მიწას, რომ შეიძლებოდეს ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება და იმის გამოძიება და გამორკვევა, ვინ ამუშავებს და ვინ არ ამუშავებს მიწას და როდესაც ჩვენ ამას დავადგებით, მაშინ ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას და არევ-დარევას მცხოვრებლებში. დატოვების ნორმა - 7 დესეტინა მართლაც რომ მივიღოთ ჩვენ, როგორც ნორმა sine quanon, რომლის ზევით არ შეიძლება ასვლა, რას მივიღებთ მაშინ ჩვენ? წარმოიდგინეთ თქვენ ასეთი მდგომარეობა. სამი ძმა ავიღოთ მაგალითად, ისინი ნორმებს სათითაოდ მიიღებენ. სულ მიიღებენ 21 დესეტინას. წარმოიდგინეთ, რომ ერთი ძმა მოკვდა და პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩა, მაშინ მემკვიდრეობის კანონით ეს ნორმა გადადის მეორე ძმაზე და თუ თქვენ ამას გამოუდგებით, უკვე 14 დესეტინა ექნება, მაშ უნდა ჩამოვართვათ. მაგრამ ჩვენ ამას ვეღარ ჩამოვართმევთ. და თუ ვერ ჩამოვართმევთ, დარღვეული იქნება მთელი სისტემა, რადგანაც მას 7 დეს. კი არა, მეტი ექნება. ამას არც ერთი მოსაზრება არ მოთხოვს არც პოლიტიკური, არც ეკონომიური, რომ მოხდეს ფიქსაცია ამ ნორმისა. ჩვენ არ შეგვიძლიან თოკით ვიაროთ ყოველ დღე და ვუზომოთ ყველას ნორმა. ვის რა ერგება. (შენგელაია: პულემიოტებით ხომ შეგიძლიათ?) ასე რომ ფიზიკური შესაძლებლობა ყოფილიყო, ჩვენ აგრარულ კომისიაში არავინ მეგულება ისეთი, რომელიც თანასწორობის წინააღმდეგი იყოს, მაგრამ მუდამ მიწის მზომელთან ხომ არ შეგვიძლიან ვიაროთ. შეიძლება მოხდეს, რომელიმე გლეხი წავიდეს სადმე ქალაქში და მიატოვოს მიწა. ჩვენი მეზობლები ბათუმში დადიოდნენ. მიწას მეორე მეზობელი ამუშავებდა. (შენგელაია: სხვაგან არსად დადიოდნენ?) როგორ არა, თბილისშიაც დადიოდნენ, მუდამ ხომ ვერ სდევთ, იქაც ხომ არ შეგიძლიანთ, რომ უგდოთ ყური? ხომ არ შეიძლება პეტრეს ჩამოვართვა და ივანეს გადავცეთ. თქვენ რომ ეს შეგძლებოდათ ბ. შენგელაია, აგრარული კომისია დაგეთანხმებოდათ და წინააღმდეგი არ იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ ამის კანონში გადატანა მე მგონია მეტი მუშაობა იქნებოდა, და რათა, რა საჭიროა ასეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ჩვენ წინ და წინვე ვიცით, რომ იგი შეუძლებელია. ამიტომ არავითარი ნორმის დაწესება არ შეიძლება. ჩვენ ეს გადავსწყვიტეთ 28 იანვრის კანონით. აი რა ვთქვით ჩვენ იქ: დასარიგებელი მიწები მიეცემა ნორმის ფარგლებში უმიწაწყლო გლეხებს. რადგანაც ჩვენ უმიწო და უმამულო გლეხები გვყავს სახეში, აქ მეტი მიწა არ არის და თუ არის ეს უნდა გადავიდეს ეგრედწოდებულ გადასახლებულთა ფონდში. მაგრამ ჩვენ მეორე ალაგს, რადგანაც ეხება საქმე უკვე მიღებულ მიწების ბედს, ჩვენ ერთი აკრძალვა მივიღეთ, რომ რადგანაც მიწა არის მიღებული თითქმის მუქთად და თუ ვისმეს სურს ამ მუქთად მიღებული მიწის გადაცემა, უნდა მიმართო ერობას; რომელსაც აქვს უფლება ამ მიწის გამოყიდვისა. ასეთია სისტემა გატარებული 28 იანვრის კანონში, რომ არავითარი ნორმა, როგორც სამუდამო მფლობლობისათვის არ არსებობს. შეიძლება ჩვენ შევიმუშავოთ ასეთი ნორმა, ეს დასაშვებია, მაგრამ დღევანდელ პირობებში ჩვენ არ მივდევთ ისეთ გზას. ჩვენი საერთო-სამოქალაქო ურთიერთობა არ არის ისეთი შეთანხმებული არსებულ მდგომარეობასთან (არ ისმის) ამიტომ აგრარული კომისია ფიქრობს, რომ რადგანაც კომისარიატის დადგენილებამ დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა ბევრ ადგილას, რადგან იქ მიწები უკვე ჩამორთმეული არის, და იქ იმ ნაწილში, სადაც ეს ჩამოერთმევა, დასრულებული არ არის, უნდა 37
რამდენიმედ იქმნას შეზღუდული და მიეცეს საშუალება სამინისტროს ყური უგდოს და როცა ეს ჩამორთმევა გათავდება, უნდა სრულიად ახსნილი იქნეს ეს აკრძალვაც. შეიძლება შემდეგში სოციალიზაცია მოხდეს, ან ნაციონალიზაცია, შეიძლება დაწესდეს ერთგვარი მინიმუმი. ეს შესაძლებელია, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა არსებობს, არსებული 23 თებერვლის დადგენილება მხოლოდ ეწინააღმდეგება ცხოვრებას და ამიტომ ეს დადგენილება უსათუოდ უნდა იყოს გაუქმებული.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნუცუბიძეს.
ილია ნუცუბიძე (სოც.-რევ.) მენშევიკური აგრარული კანონმდებლობა პირდაპირ სანიმუშო იქნება, სანიმუშო არა თავისი დადებითი შინაარსით, არამედ იმ კურიოზული ხასიათით, რომელიც მას აქვს და ამის მიზეზი არის ის, რომ მას არა აქვს მეცნიერული სარჩული და არ არის აშენებული იდეალის (სოციალიზმის) მიხედვით. პრაქტიკული საქმიანობა კი აუცილებლივ უნდა იწყებოდეს, იკინძებოდეს იდეალის მიხედვით. ყოველივე ის, რაც იდეალს მოაახლოვებს მისაღები და აზრიანია, რაც დაგვაცილებს - უაზრო და უკუსაგდებია. ასეთი შინაგანი კავშირი იდეალსა და პრაქტიკულ მომენტებს შორის მისცემს მომქმედ პარტიას საღ ორიენტაციის საშუალებას. ცხოვრების რეალობის ლაბირინტი მისთვის განათებული იქნება იდეალის სხივებით და ყოველივე სახიფათო გზა და მიუვალი ადგილები ნათელი დასანახი. ეს დაზღვეულ ყოფს პარტიას საბედისწერო შეცდომებისაგან და მისი საბოლოო გამარჯვება უზრუნველყოფილი იქნება. მაგრამ ასეთი ჰარმონია და მთლიანობა პრაქტიკასა და იდეალს შორის შეუძლია დაიცვას მხოლოდ მეცნიერულ, ინტეგრალურ მსოფლმხედველობას, რომელმაც უკვე შესძლო სიმების გაბმა „თეორეტიულ ცასა“ და „პრაქტიკულ მიწას“ შორის.
მარქსიზმს ეს არ შეუძლია. ის დოგმაა, ცოცხალ სინამდვილედან ჩინური კედლებით მოწყვეტილი. ამიტომ სოც.-დემ. პრაქტიკულ ყოფაქცევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა შემთხვევით მომენტებს (პოლიტიკურ, ეკონომიურ და სხვ.) შემთხვევით მომენტებზე აშენებული პრაქტიკული საქმიანობა კი ვერასოდეს იქნება სერიოზული. და ასეთ საქმიანობაზე არ შეიძლება ხალხის მომავლის დამყარება.
ს.-დ. აგრარული კანონმდებლობის კურიოზული ხასიათი სწორედ ამ მეცნიერული მსოფლმხედველობის უქონლობით აიხსნება.
ჩამოართვეს მემამულეებს მიწები, გამოიტანეს ბაზარზე და გაყიდეს. ამით გათავდა. ძველი აგრარული ურთიერთობა არ შეცვლილა. ერთად-ერთი, რასაც შექონდა ძველ წესებში ცოტაოდენი ცვლილება, იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა. წარმოდგენილი დეკრეტით მიწით ვაჭრობა ნებადართულია. ასე რომ, ამ დეკრეტით ძველის სრული რესტავრაცია ხდება. ამგვარად მიწის საკითხი გადაუჭრელი რჩება, ე. ი. გადაუჭრელი რჩება მშრომელი გლეხობის საკითხი, რომელიც შეადგენს რესპუბლიკის მცხოვრებთა 90 პროცენტს.
აგრარული პრობლემა ერთი უდიდესი და ურთულესი პრობლემათაგანია. მასთან ბევრათაა დაკავშირებული მუშათა საერთო მდგომარეობა და ამიტომ სავსებით ბუნებრივი და გასაგებია, რომ ინტერნაციონალში ეს პრობლემა თავიდანვე თავსამტვრევ პრობლემად გადაიქცა.
აი, როგორი რეზოლიუცია გამოაქვს „ინტერნაციონალის“ ბრიუსელის კონგრესს (1868 წ.):
1. ვიღებთ რა მხედველობაში, რომ წარმოების ინტერესებისათვის და აგრონომიის ჯეროვანად გამოყენებისათვის აუცილებელია სოფლის მეურნეობის ფართოთ წარმოება, ამუშავება მანქანების, მრავალრიცხოვან მუშათა მასის ერთად ამოქმედება, და რომ საერთოდ თანამედროვე ეკონომიურ განვითარებას აქვს ტენდენცია მიწის კულტურისაკენ ფართო მასშტაბით;
2. ვიღებთ რა მხედველობაში, რომ შრომასა და მფლობელობას სოფლის მეურნეობაში ისე უნდა შევხედოთ, როგორც სამთამადნო და რკინის გზის მეურნეობაში;
3. ვიღებთ რა მხედველობაში, რომ მიწის პროდუქტიული თვისებანი იძლევიან ნედლ მასალას ყველა პროდუქტებისათვის და პირველ წყაროს ყველა საწარმოვო საშუალებათა და სიმდიდრისას და რომ ეს პროდუქტიული თვისებები იქმნებიან არა შრომით;
კონგრესი იმ აზრისაა, რომ თანამედროვე საზოგადოების ეკონომიური განვითარება საზოგადოებრივი აუცილებლობით მიგვიყვანს მიწის კოლექტიურ, საზოგადო კუთვნილებამდე. და რომ მიწა ისე, როგორც მადნები და რკინის გზები სახელმწიფოს მიერ უნდა გადაეცეს სასოფლო-სამეურნეო მუშათა ამხანაგობებს ისეთივე გარანტიებით მთელი საზოგადოებისა და კერძოდ მის წევრებისათვის, როგორც მადნები და რკინის გზები.
ამგვარად, კონგრესის აზრით, ტეხნიკა და მეცნიერება მოითხოვს სასოფლო მეურნეობის ფართო მასშტაბით წარმოებას. აქეთკენაა ტენდენცია თანამედროვე ეკონომიურ განვითარებისაც. აქედან გამომდინარეობს მიწის კოლექტივიზაციის აუცილებლობაც.
შემდეგ წელს ბაზელის კონგრესი (1869 წ.) იმასვე ადგენს: „ვიღებთ რა პრინციპს მიწაზე კოლექტიურ მფლობელობისას, კონგრესი ურჩევს ყველა სექციებს გამოიმუშავონ პრაქტიკული ღონისძიებანი მისი ცხოვრებაში გასატარებლად.
ამის გარდა კონგრესი იმეორებს ბრიუსელის რეზოლიუციის მუხლებს.
1. კონგრესი აცხადებს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს გააუქმოს ინდივიდუალური საკუთრება მიწაზე და გამოაცხადოს ის საზოგადო საკუთრებად.
2. კონგრესი აცხადებს, რომ საზოგადოების ინტერესები აუცილებლივ მოითხოვენ, რომ მიწა იქნას გამოცხადებული საზოგადო კუთვნილებად.
საყურადღებოა აგრეთვე ჟენევის სექციის მიწის მუშებისადმი გამოცემული მანიფესტი (1869 წ.). მანიფესტში, სხვათა შორის, ნათქვამია: „მიწა და ყოველივე, რაც მიწის წიაღშია და მის ზედაპირზე, ბუნების გაჩენილია და ამიტომ შეადგენს მთელი ხალხის საერთო ავლა-დიდებას“.
ბატონებო! ინტერნაციონალის აგრარულ პოლიტიკაზე იმიტომ შევაჩერე თქვენი ყურადღება, რომ ინტერნაციონალი მეტად მსხვილი მოვლენაა საერთაშორისო მუშათა მოძრაობის ისტორიაში. მისი სიტყვა, თვით მუშათა კლასის, თვით ცხოვრების სიტყვაა და არა კაბინეტის, ნასწავლის, რომელიც ხშირად წინდაწინვე შეთხზულ თეორეტიულ სქემაში ცდილობს ცოცხალ სინამდვილის ხელოვნურად მოთავსებას.
ინტერნაციონალის კონგრესები კატეგორიულად მოითხოვდნენ მიწის კოლექტივიზაციას, რადგან, კონგრესების აზრით, მიწის კოლექტივიზაციას მოითხოვს ეკონომიური განვითარება, ტეხნიკა, მეცნიერება, ხალხის ინტერესები და თვით სამართლიანობაც.
ინტერნაციონალის აგრარული პოლიტიკა და სოციალისტ-რევოლიუციონერების არსებითად ერთი და იგივეა. ასე რომ სოც.-რევ. აგრარულ პოლიტიკას აქვს სანქცია საერთაშორისო მუშათა კლასისა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება, მეცნიერება, ტეხნიკა, ეკონომიური განვითარება, მუშათა მდგომარეობა, ინტერნაციონალი ძალუმად მოითხოვენ აგრარული პრობლემის გადაჭრას, სოც.-დემ. მას მაინც არ აქცევს ყურადღებას, არ ხდის მას პროგრამულ საკითხად. აგრარული საკითხი, სოც.-დემ. ყოველთვის ტაქტიკური საკითხი ყოფილა და არა პრინციპიალური, პროგრამული. ამ გარემოებით აიხსნება, რომ სოც.-დემ. ხელთათმანებივით იცვლიდენ „აგრარულ პროგრამას“.
ერთხანს „ჩამონაჭრებით“ პირდებოდენ გლეხკაცობას გაკეთებას, შემდეგ „ნაციონალიზაციით“, „მუნიციპალიზაციით“, უკანასკნელად რაღაც კანონი გამოსცეს, რომელიც ყველაფერს შეიცავს: „მუნიციპალიზაციასაც“, „ნაციონალიზაციასაც“ „სოციალიზაციასაც“ და კიდევ ბევრ სხვას, ასე რომ არევ-დარევის მეტი არაფერი შეაქვს არსებულ კანონებს აგრარულ ურთიერთობაში.
და რომ სოც.-დემოკრატიას აგრარული პროგრამა არა აქვს, - ეს შემთხვევითი მოვლენა არაა, ამას თავისი საფუძველი აქვს თვით მარქსიზმის ბუნებაში. მარქსიზმი მსხვილი ბურჟუაზიის იდეოლოგიაა. მთელი თავისი შემოქმედებითი ენერგია მან ბურჟუაზიის განმტკიცების საქმეს მოახმარა. მარქსიზმმა ბურჟუაზია კაცობრიობის პანაცეიათ დასახა. მისი აზრით ბურჟუაზია შემომქმედია: კულტურა, ტეხნიკა, ხელოვნება, თვით მუშათა კლასი ბურჟუაზიის წიაღში უნდა წარმოიშვეს და განვითარდეს. ბურჟუაზიის განვითარებას ვერავითარი ძალა შეაჩერებს სამუდამოდ.
მუშათა კლასმა თვისი მდგომარეობის მხოლოთ გაუმჯობესობაზე უნდა იზრუნოს. მის მიერ მიზნათ დასახვა ბურჟუაზიის ეხლავე განადგურების, დანაშაული იქნებოდა ისტორიის და პროგრესის წინაშე. ასე რომ მარქსიზმი მუშათა კლასისთვის უიმედობის და ინერტობის ფილოსოფიაა, ბურჟუაზიისათვის იმედიანობის და ცოცხალი საქმიანობის.
მარქსისტულ ფილოსოფიით მუშათა კლასმა უნდა უცადოს, სანამ კაპიტალისტური წყობილება თავის თავს თვითონ არ ჩაყლაპავს. ამგვარად თავის თავის სრული ბატონი, როგორც სიცოცხლის მომენტში, ისე სიკვდილის მომენტში არის მხოლოდ თვით ბურჟუაზია.
ამგვარათ მარქსისტული მოძღვრებით შეიქმნა საუკეთესო ფსიქოლოგიური ატმოსფერა ბურჟუაზიის განვითარებისათვის და მუშათა კლასის ნებისყოფის მოდუნებისათვის.
თუ გავითვალისწინებთ მარქსიზმის წარმოშობის ისტორიას, სავსებით გასაგები იქნება, თუ რატომ მიაკუთვნა მარქსმა ბურჟუაზიას ქვეყნის მხსნელის როლი. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან სწრაფად იზრდება ევროპის სამრეწველო კაპიტალი, განსაკუთრებული სისწრაფე ემჩნევა მის ზრდას მე-40 და 50 წ. ეს კაპიტალი ახდენს მთელს რევოლიუციას ეკონომიკაში, იქმნება ახალი ურთიერთობანი, ახალი ძალთა განწყობილება. მარქსის მთელს გონებას ეს გარემოება იპყრობს და მას გადაჭარბებულ მნიშვნელობას აძლევს.
მთელი სახალხო მეურნეობა მარქსს ეხატება, როგორც კაპიტალისტური. მისი აზრით არ დარჩება არც ერთი კუნჭული ამ მეურნეობაში, სადაც კაპიტალი არ შეიჭრას და თავისი მონასტერი არ მოაწყოს. აი, სწორეთ ამიტომ მიწის მუშათა საკითხი დადებითათ მარქსს არ აინტერესებდა. აინტერესებდა იმდენათ, რამდენათ სასოფლო მეურნეობა გახდებოდა კაპიტალის „სამოღვაწეო“ ასპარეზად და მიწის მუშები ამ კაპიტალის უფასო დამატებად.
ამ გარემოების მეოხებით, სოც.-დემ. გარკვეული აგრარული პროგრამა არ ქონია. და დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგებს ამ გაურკვევლობისას.
ის არევ-დარევა და გაურკვევლობა, რომელიც მენშევიკურ აგრარულ კანონმდებლობაშია - პირდაპირ სანიმუშოა.
აგრარული საკითხი ერთი უმთავრესი საკითხთაგანი იყო, დიდი რევოლიუციის მიერ წამოყენებული, და ეს საკითხი გადაუჭრელია. თუ რა შედეგები მოყვება ამ გარემოებას, - ეს ყველასათვის ცხადი უნდა იყოს.
მე აქ მაგონდება 1848 წ. საფრანგეთის რევოლიუცია. ამ რევოლიუციამ ვერ წამოაყენა აგრარული პროგრამა; ვერ მისცა სოფელს ვერაფერი გარდა ახალი გადასახადებისა. ხაზინა ცარიელი იყო. მმართველებს ფული სჭირდებოდათ. ბურჟუაზია ვერ შეაწუხეს. გაძლიერებული გადასახადები სოფელზე გადაიტანეს და სოფელმა არ იცნო 1848 წ. რევოლიუცია და ის დამარცხდა. გლეხობა პრაგმატისტია. მას უნდა აჩვენო საქმე. სიტყვა მისთვის უსაქმოთ - მკვდარ არს.
ჩვენშიც მეორდება დღეს ისტორიული შეცდომა, გლეხებისათვის რევოლიუციას არაფერი მიუცია და ეს კარგ შედეგებს ვერ მოგვცემს. საქმეს დროზე უნდა შველა.
წარმოდგენილი დეკრეტი მიუღებელია ყოველ მხრივ.
1. მიუღებელია უფლებრივათ. ადამიანს გაჩენის უფლება თუ აქვს, მიწით სარგებლობის უფლებაც უნდა ჰქონდეს. ვაჭრობა მიწით ყოვლათ შეუწყნარებელია. მიწაა ყოველივე არსებობის და სიმდიდრის წყარო. და მისი მითვისება რომელიმე პიროვნების, ან ჯგუფის მიერ შეუწყნარებელია ბუნებრივი უფლების თვალსაზრისით. მიწაზე ისეთივე უფლება უნდა ჰქონდეთ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ გაჩენილ ადამიანებს, როგორიც თანამედროვეთ.
2. მიუღებელია პოლიტიკურათ. ეს დეკრეტი პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარა რეაქციონურია; ეს სავსებით ამყარებს ძველ აგრარულ ურთიერთობას. დაბრუნება და განმტკიცება შექმნის ძველს პოლიტიკას და სხვა ანორმალობას და ახალ პერტურბაციებისათვის ნიადაგს მოამზადებს.
რომ ეს არ მოხდეს, ეს დეკრეტი უარყოფილი უნდა იქნეს.
უადგილო არ იქნება, თუ ამ შემთხვევაში გავიხსენებთ, ბ. მენშევიკებო, თქვენი ამხანაგის პ. მასლოვის აზრს.
მასლოვი თქვენი ავტორიტეტია აგრარულ საკითხში და მისი აზრი ბევრათ თუ ცოტად სავალდებულო უნდა იყოს თქვენთვის.
პ. მასლოვი ამბობს: „კონფისკაციას შეიძლება ექნეს დიდი პროგრესიული მნიშვნელობა და დიდი რეაქციონურიც, იმის დამიხედვით, ვის ხელში გადავა მიწები. საფრანგეთში რევოლიუციის მიერ ჩამორთმეულ მიწების წვრილი ბურჟუაზიის ხელში გადასვლამ შექმნა უკანასკნელისაგან რეაქციონური კადრები ბონაპარტიზმისა და ბურჟუაზიულ „წესიერების“ მრავალ რიცხოვან მომხრეებისა. გაყოფა, ან გაყიდვა მიწების ათი ათასი მემამულის მაგივრათ შექმნიდა ასი ათას ახალ გამომცხვარ უფრო წვრილ მემამულეებს, რაც, რასაკვირველია, იქნებოდა მხოლოდ რეაქციისათვის ხელსაყრელი („აგრარული საკითხი“ გვ. 15-16).
ამ დეკრეტის რეაქციონური ბუნება აშკარაა, ამიტომ პოლიტიკური თვალსაზრისით ის ყოვლად მიუღებელია.
3. მიუღებელია ტეხნიკის და მეცნიერების თვალსაზრისით.
ტეხნიკა და მეცნიერება მოითხოვს სასოფლო მეურნეობის გაინტენსივებას. ინტენსიური მეურნეობა კი ორგანიულ კოლექტივიზაციის ნიადაგზე შეიძლება მოეწყოს და არა მექანიურ კაპიტალისტურზე. ეს სამეურნეო ცხოვრების პრაქტიკამ უკვე დაამტკიცა.
წარმოდგენილი დეკრეტი შეუძლებლათ ხდის კოლექტიური მეურნეობის მოწყობას, რადგან მდიდრებს აძლევს საშვალებას თავის ხელში დააქუჩონ მიწები და ფეოდალური წესები გაამეფონ.
4. მიუღებელია სახალხო მეურნეობის თვალსაზრისით. სასოფლო მეურნეობა სახალხო მეურნეობის თვალსაჩინო ნაწილია და მასთან ბურჯია მისი. სასოფლო მეურნეობა ის მაზუთია, ურომლისოდაც სახალხო მეურნეობის მექანიზმი ვერ ამოქმედდება. ინდუსტრიის განვითარება პირდაპირ სასოფლო მეურნეობის განვითარებაზეა დამოკიდებული. ინდუსტრიალური ქვეყნები ყოველთვის ეძებდნენ სოფელს. სოფელი მათ ასაზრდოებს პირდაპირ და არა პირდაპირ.
პირდაპირ - სარჩოს აძლევს, არა პირდაპირ - საქონელს უსაღებს. რამდენათ წინ წაწეულია სოფელი, იმდენათ ფართოა ბაზარი. ასე რომ სახალხო მეურნეობის ორგანიზმის გასაღონიერებლათ და განსავითარებლათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იქნეს სასოფლო მეურნეობა ფართო მასშტაბით წარმოებული. ფართო მასშტაბით მისი წარმოება კი შეუძლებელია ისეთ წესების დროს, როგორსაც ამყარებს წარმოდგენილი დეკრეტი.
5. მიუღებელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრით.
წარმოდგენილი დეკრეტი ქმნის ლატიფუნდიებს, და როგორც ნათქვამია, თუ „ლატიფუნდიებმა დიდი რომი დაღუპეს“, რატომ არ შეეძლება მას ჩვენი პატარა საქართველოს დაღუპვა?!
მართალია, მიწის მუშა ჩაბღაუჭებულია თავის მიწაზე. მისი გაყიდვა არ უნდა და მას ძნელათ გაყიდის, მაგრამ, თუ შეექმნა ჯოჯოხეთური პირობები არსებობის, მაშინ იძულებული იქნება პირში სული ამოიძროს და მიწა გაყიდოს. წარმოდგენილი დეკრეტი ამ ჯოჯოხეთურ პირობებს უქმნის მიწის მუშას და ამზადებს ნიადაგს მდიდრების კიდევ უფრო გასამდიდრებლათ.
6. მიუღებელია უბრალო ტაქტიკური მოსაზრებით.
ეს დეკრეტი, როგორც ვსთქვით, ამყარებს ძველს ფეოდალურ წყობილებას, ე. ი. ფაქტიურათ ეყრება რეაქციას საძირკველი. ეს გარემოება მისცემს საბაბს საერთაშორისო რევოლიუციონურ დემოკრატიას სულიერად, მოგვწყდეს ჩვენ და ჩვენ მორალურ დახმარებაზე ხელი აიღოს და, თუ საჭირო იქნა, რევოლიუციის ინტერესების მიხედვით, კიდეც შემოგვიტიოს აქტიურათ.
მისაღებია მხოლოდ ერთი თვალსაზრისით - ჩარჩული სპეკულიაციის თვალსაზრისით.
და რომ წარმოდგენილი დეკრეტი მიწით სპეკულიაციას ფრთას შეასხამს, ამას არც მომხსენებელი, ბ. კირილე ნინიძე ფარავს. ბ. ნინიძე „ერთობის“ №293 სიტყვა-სიტყვით შემდეგს სწერს: „მართალია, შესაძლებელია დაუშვათ ერთი რამ: მდიდარი, ფულის პატრონი იყიდის მამულს, რომ შემდეგ ის სხვებზე გაყიდოს უფრო ძვირათ, ან იჯარით გასცეს, ე. ი. სპეკულიაციას ექნება ადგილი. ეს მართალია“...
ასე კატეგორიულათ ამტკიცებს ბ. ნინიძე „ერთობის“ ფურცლებზე, რომ წარმოდგენილი დეკრეტი ხელს შეუწყობს სპეკულიაციის გაძლიერებას და მე ვფიქრობ, რომ ბ. ნინიძეს შესწევს მოქალაქობრივი გამბედაობა ეს ამ ტრიბუნიდანაც ასევე კატეგორიულათ განაცხადოს. ჩვენ კი, ბატონებო, ვერ დავდგებით ჩარჩულ თვალსაზრისზე და ამიტომ მოვითხოვთ დეკრეტი უარყოფილი იქნეს.
თქვენ, ბ. მენშევიკებო! აგრარულ რეფორმას მიუდექით ფისკალური თვალსაზრისით. მიწები მუქთად იშოვეთ. გამოიტანეთ ბაზარზე და ყიდით და ამით გსურთ ცარიელი ხაზინა შეავსოთ. ყოვლათ შეუწყნარებელია ფისკალური თვალსაზრისით აგრარული საკითხის გადაჭრა. ასეთნაირათ გადაჭრილი საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩება.
აგრარული საკითხი უნდა გადაიჭრეს ისე, როგორც ამას სახალხო და სასოფლო მეურნეობის ინტერესები მოითხოვენ.
საჭიროდ მიმაჩნია აგრეთვე შევჩერდე ბ. მომხსენებლის ზოგიერთ დებულებებზე.
1. ის სამოქალაქო უფლებას ეყრდნობა და ამბობს: - დეკრეტი შეფარდებულია და ლოღიკურათ გამომდინარე არსებულ სამოქალაქო უფლებიდანო. ეს მოსაზრება ბ. მომხსენებელს დეკრეტის დასასაბუთებლათ მოყავს, მაგრამ განა შესაძლებელია არსებულ სამოქალაქო კანონების მიხედვით ვიკანონმდებლოთ?! ეს კანონები დრომოჭმულია. არ შეეფერებიან ხალხის ფაქტიურ უფლებრივ შემეცნებას, ანაქრონიზმს წარმოადგენენ ჩვენს ცხოვრებაში და ამიტომ არსებითათ შესაცვლელია. ასეთ დრომოჭმულ კანონებზე ვერ ავაგებთ ჩვენ საკანონმდებლო მოღვაწეობას.
2. ბატონი მომხსენებელი ამბობს: კარგია კოლექტივიზაცია, მაგრამ ძნელია მისი ცხოვრებაში გატარება, რადგან არა გვაქვს სათანადო აპარატიო. ასე უკუღმა კითხვის დაყენება ყოვლად შეუძლებელია. ჯერ უნდა გადაიჭრეს კითხვა არსებითად და შემდეგ დეტალებზე და განხორციელების საშვალებებზე ვიზრუნოთ. ბ. მომხსენებელს ძირითადი მომენტი გამოყავს მეორეხარისხოვან მომენტიდან. ის საკითხს უკუღმა აყენებს, თავით დაბლა და ფეხებით ზევით. ჩვენ კი გვინდა საკითხი წაღმა დავაყენოთ: ფეხები დაბლა და თავით ზევით.
3. მიწებს ვყიდით იმიტომ, რომ უნდა დავფაროთ რეფორმაზე გაწეული ხარჯებიო. არც ეს დებულებაა მართალი. მიწის რეფორმაზე სამ მილიონამდე არ დახარჯულა, მიწების გაყიდვიდან კი ნავარაუდევია ორასი მილიონი.
4. ბ. ნინიძე ამბობს, უთანასწორობის მოსპობა ძნელია, სულ თოკი უნდა გეკავოს ხელში და ზომო მიწებით.
ასეთი მოსაზრება მე ხშირად გამიგონია რეაქციონერებისაგან. ხელის თითებიც კი არაა თანასწორი და როგორ შეიძლება კოლექტიური იდეების ცხოვრებაში გატარებაო, განა შესაძლებელია ასეთი მჭლე საბუთებით ამ ტრიბუნაზე გამოსვლა და წარმოდგენილ დეკრეტის დაცვა?! შეუძლებელია.
ჩვენ განვიხილეთ ყოველ მხრივ წარმოდგენილი დეკრეტი და ვერ ვნახეთ ვერც ერთი მოსაზრება, რომლითაც შეიძლებოდეს მისი გამართლება და მიღება. ამიტომ ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგია ამ დეკრეტისა.
თავმჯდომარე. ბატონებო! გთხოვთ მოისმინოთ რიგს გარეშე განცხადება. - სიტყვა ეკუთვნის საგარეო საქმეთა მინისტრს.
გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადება - ანტანტის მიერ სომხეთის მთავრობის აღიარების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ევგ. გეგეჭკორი. მოქალაქენო! დღეს მივიღეთ ბრიტანეთის უმაღლეს კომისრისაგან შემდეგი ცნობა, რომელიც მას გადმოსცა ბრიტანეთის გარეშე-საქმეთა მინისტრმა ლორდ კერზონმა. მე მოვიყვან ამ ცნობას სიტყვა-სიტყვით. (კითხულობს დეპეშას უმაღლესი საბჭოს მიერ სომხეთის მთავრობის აღიარების შესახებ) (ტაში). მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ბატონებო, რომ ეს ცნობა გამოიწვევს მთელ ჩვენ ხალხში დიდ კმაყოფილებას და ის იქნება მიღებული, როგორც მეტად სამხიარულო ცნობა, ვინაიდგან ეს აქტი, რომელიც იყო და არის მიღებული უმაღლესი საბჭოს მიერ, ერთხელ კიდევ ნათლად გვიმტკიცებს ჩვენ, ამიერ-კავკასიის ყველა ერებს, რომ ჩვენი ინტერესები ერთად უნდა მიდიოდნენ, რომ ჩვენი ბედი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ერთის ბედნიერება, ერთის მხიარულება მეორის ბედნიერებას, მეორის მხიარულებას უნდა შეადგენდეს. და სწორედ ეს გარემოება გვავალებს ჩვენ ერთად ბრძოლას და ერთად მოქმედებას (საერთო ტაში).
თავმჯდომარე. ბატონებო! მე მგონია, გამოვსთქვამ მთელ დამფუძნებელი ერების გრძნობას და სურვილს, თუ თქვენთან ერთად შევძახებ: გაუმარჯოს დამოუკიდებელ სომხეთს და მის თავისუფლებისათვის თავდადებულად მებრძოლ ხალხს. (ძლიერი ტაში). გაუმარჯოს მჭიდრო, ძმურ კავშირს ამიერ-კავკასიის თავისუფალ რესპუბლიკებისას! (ტაში) ნება მიბოძეთ თქვენი სახელით სალამის და მილოცვის დეპეშა გაუგზავნო სომხეთის პარლამენტს, (ხმები: გთხოვთ, გთხოვთ... საერთო ტაში).
გაგრძელება მსჯელობისა ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23 დადგენილების შეცვლის შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნიკო ნიკოლაძეს.
ნიკო ნიკოლაძე (ეროვნ.-დემ.) ბოდიშს ვიხდი, რომ შეუშალე ხელი წეღან ბატონ ორატორს, შეუშალე ხელი იმიტომ, რომ მართლაც შეუსაბამოდ გაგრძელდა ლაპარაკი იმისთანა საქმეზე, რომელზედაც არავითარი დავა და დავიდარაბა არ უნდა ატეხილიყო ჩვენს პარლამენტში. ბატონებო! მესმის, რომ შეიძლება სხვა და სხვა აზრი იქონიოთ სხვა და სხვა საგანზე. მესმის, რომ დოქტრინალურად სხვა და სხვანაირად აზროვნებდნენ ყოველგვარ კითხვებზე, ერთმანეთში დავა გვქონდეს და აზრებს ვცვლიდეთ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ, სად და როგორ უნდა ვაწარმოვოთ დავა შესახებ სხვა და სხვა კითხვებისა. როცა ამდენი საჭიროება და გასაჭირი გვაქვს, თითქმის შიმშილი გველის, ნუ თუ ასე უთავბოლოდ უნდა ვიხმაროთ ჩვენთვის ძვირფასი დრო? მეც დიდი სიამოვნებით განვაგრძობდი იმ დისპუტს, რომელიც აქ სწარმოებდა წეღან, მაგრამ ამისთვის უნდა გავიჩინოთ კლუბები, ან აკადემიები, ან, როგორც ამ სამოცი წლის წინად ახალგაზრდა სემინარიელები და გიმნაზიელები, გავდიოდეთ ქალაქ გარედ, ვლაპარაკობდეთ, ვდისპუტობდეთ ამ გვარ ტემებზე. (შენგელაია: ეხლა დაგიჭერდნენ!) დამფუძნებელი კრების წინაშე კი, 1920 წელს, როცა ათასნაირი ხიფათი გვიდგია წინ, ასეთ უმნიშვნელო და უმომავლო საუბარს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თეორიულ საგნებზე ერთმანეთის ლანძღვა და კიცხვა, მგონია, უადგილო და ზედმეტი არის. ამან ამაშფოთა, თორემ მოგეხსენებათ, არა ვარ ჩვეული ხელი შეუშალო კანონმდებლობით მუშაობას. გამობრძანდა ბატონი ნუცუბიძე და იმისთანა რამე სთქვა, რაც ტყუილ-უბრალოდ აღელვებს ხალხს (შენგელაია: მაგალითად?) მაგალითად, სთქვა, რომ მიწის საკუთრების უარყოფა იდეალი არისო. ვისი იდეალია, სად, როდის, ვინ დაისახა იდეალად, ან რომელ სახელმწიფოშია იდეალად მიღებული?
სირცხვილი არ არის, რომ დღეს იმ ხალხის წინაშე, რომელიც ასი წელიწადი სიბნელეში იმყოფებოდა, გამოვიდეს ვინმე და იძახოს ამ ტრიბუნიდან, რომ საკუთრების უარყოფა იდეალს შეადგენსო? არსად არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში, და მით უფრო მეცნიერებაში, ასეთი მცნება და იდეალი არ არსებობს. ამისთანა აზრებს რაგინდ იდეალი დავარქვათ, ამით შეცდომა, ან სისულელე სინამდვილეთ არ იქცევა. ამ ტრიბუნიდან არ უნდა იყოს გამოთქმული არც ერთი ისეთი აზრი, ან არგუმენტი, რომელიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. გამოდიან და მოჰყავთ ჩვენს წინაშე რაღაც კონგრესების დადგენილებები, თითქოს ეს რაღაც შეურყეველი კანონი იყოს, რომელსაც ყოველი განათლებული და პატიოსანი კაცი, რომელთაც არავისგან მანდატი არ მიუღიათ, არავითარი სანქცია არა აქვთ, თავიანთ აზრებს გამოსთქვამენ, იღებენ სხვა და სხვა დადგენილებებს, რომელთაც არავითარი ხალხი არ სცნობს, (შენგელაია: რა საშინელებაა?!) არავითარი სახელმწიფო არ ღებულობს და არ ასრულებს. მოდიან კანონმდებელნი, წარმომადგენლები ჩვენი ერისა და ამ ტრიბუნიდან აცხადებენ, რომ ეს დადგენილებანი ამა თუ იმ კონგრესისა ასრულებულ უნდა იქნას ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე უწინ ჩვენს ქვეყანაში. ვეკითხები ამ ვაჟბატონებს, იმ ქვეყანაში: ბრიუსელში, ბაზელში, საფრანგეთში ინგლისში, ამერიკაში მიიღეს სადმე, ასრულდა იმ კონგრესების დადგენილება? თუ არსად მიღებულა და განხორციელებულა, ვინა ვართ ჩვენ, რომ ვსცადოთ ეს აქ და ქვეყნის სათამაშოდ გავხადოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა? მოვიცადოთ, სანამ ჩვენზე უფრო გამოცდილი, დაწინაურებული, მდიდარი, ბედნიერი ქვეყნები ამ დადგენილებებს გამოცდიან, სისრულეში მოიყვანენ, მოვიცადოთ, ვნახოთ, თუ იქ გამოდგება, მერე ჩვენც მივიღებთ, სხვას არც ჩვენ ჩამოვრჩებით, მანამდის კი დროს ნუ გვაკარგვინებთ, როცა ათასი საჭირო საქმე გაუსინჯავი გვრჩება. გამოდიხართ და პროფესორის სახით ბრძანებთ, რომ მეცნიერებამ ეს მიიღო და ეს არ მიიღოვო. მოუთმენელია, რომ აქ გამოვიდეს ვინმე და სთქვას, ვითომ მეცნიერებას ჭეშმარიტებათ ეცნოს ის, რაც პირიქით მეცნიერებისგან შეცდომათ არის ნაცნობი. აი, მაგალითად ბ. ნუცუბიძემ ბრძანა, მეცნიერება დარწმუნდა, რომ სოფლის მეურნეობაში მსხვილი მამულები აუცილებლათ მოერევა წვრილსო, და ეს წვრილი კერძო საკუთრება დამღუპველია სოფლის მეურნეობისაო. რამდენადაც მე შემიძლიან მოგახსენოთ მეცნიერების სახელით, მოვიყვანო მეცნიერების გამოკვლევები ამ კითხვის შესახებ, და მგონია, მე უფრო მეტი შემიძლია მოვიყვანო ამ საგანზე, ვიდრე ბ. ნუცუბიძემ. მოგახსენებთ, მეცნიერებამ დიდი ხანია უდავოთ დაამტკიცა, რომ წვრილი საკუთრება მიწის მოქმედებაში შეადგენს შეურყეველ საფუძველს და დიდრონ მიწისმფლობელობას უწევს გამარჯვებულ მეტოქეობას, ეს ათასნაირად დაამტკიცა თანამედროვე მეცნიერებამ (შენგელაია: თქვენ ხომ არ გინდათ მეცნიერება?) ჩვენ აქ არ შეგვიძლიან ამ საგანზე დიდ ხანს შევჩერდეთ, მაგრამ არის ერთი პარტია, რომელსაც არ შეუძლიან არა თუ ილაპარაკოს მეცნიერების სახელით, არამედ იხმაროს მისი სახელიც: ეს არის სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტია, რომელიც თავის მოქმედებაში მარტო ძალადობაზე, შეშინებაზე და ტერორზე არის აშენებული. მეცნიერებას და ტერორს კი თავის დღეში ერთი და იგივე ენა არ ექნებათ.
დავუბრუნდები იმ საგანს, რომელიც შეადგენს დღევანდელ ბაასის მიზანს, მიწის საკუთრების საკითხს. დამტკიცებული არის, როგორც წმინდა მეცნიერებისაგან, ისე ათასნაირ პრაქტიკულ გამოკვლევისაგან, რომ ვერც ერთი მსხვილი, ან დიდი მესაკუთრე ვერ შეედრება მიწადმოქმედებაში, ნაყოფიერების მხრივ, წვრილ მესაკუთრეს. ეს არის, ისეთი ჭეშმარიტება, რომ დროს დაკარგვის რომ არ მეშინოდეს, ამის ათასნაირ დამამტკიცებელ საბუთს მოვიყვანდი. ეს ტეხნიკური მხრივ და ეკონომიური მხრივაც დამტკიცებული არის. მაშასადამე ის, რაც აქ იყო ნათქვამი, ვითომ სხვილი მიწის-მფლობელობა უეჭველად ჩანთქავს წვრილსო; და, მაშასადამე, მიწის საკუთრება შექმნის ლატიფუნდიებს, ფეოდალიზმს და გამოიწვევს ახალ რევოლიუციას, - არ არის მართალი. იმედი მაქვს, რომ ყოველივე ეს განზრახ არ იყო ნათქვამი და განზრახ არ იყო გამოცხადებული მეცნიერულად სრულიად უსაფუძვლო და უნაყოფო აზრები. ამას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ამ ტრიბუნიდან უნდა დამყარდეს რიგიანი პარლამენტარული ჩვეულებები. არ შეიძლება ერთმა პარტიამ ამ ტრიბუნიდან მიმართოს მეორე პარტიას ისეთი სიტყვებით, როგორიც წარმოთქმული იყო ბ-ნ ნუცუბიძის მიერ. არ შეიძლება ეროვნულ-დემოკრეტიულ და მით უფრო ბურჟუაზიის გამოხატვა სპეკულიანტებად. ყოველისფერი, რაც ბ-ნ ნუცუბიძეს პროგრესად, სიკეთეთ მიაჩნია, ეს არის შექმნილი ბურჟუაზიისაგან, როგორც ყოველისფერი ის, რასაც კაცობრიობა იდეალად ისახავს. თავად ეს მისწრაფება თავისუფლებისადმი ჩასახული და შექმნილი არის ბურჟუაზიისაგან. პარტიებს შორის ერთმანეთის დარქმევა სპეკულიანტად მიუღებელი საშუალებაა, რომლის ხმარება ამცირებს იმას, ვინც იხმარა და არა იმას, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული. დაუბრუნდეთ საგანს. ბ. ნინიძემ, მომხსენებელმა, მშვენივრად განგიმარტათ... (შენგელაია: ღებულობთ?) რასაკვირველია, ვღებულობთ, რომ, მიწების ყიდვა-გაყიდვის დაუმტკიცებლობა ზარალს აძლევს მშრომელ გლეხობას. დიდი უბედურებაა, რომ ეს დეკრეტი ამდენი ხანია არ გამოცემულა. ის მიღებული უნდა ყოფილიყო 1918 წ. 7 მარტს, იმავე დღეს, როცა ნორმა დაწესდა. ის ბურჟუაზიას არ სჭირია, მისი გამოცემა მას არც სჭირია, არც მოუხდება, ის ბურჟუაზიას არ შეეხება, ის შეეხება მთელს ჩვენ გლეხობას და თუ თქვენ გგონიათ, რომ გლეხობა და ბურჟუაზია ერთი და იგივე არსებაა, ამაზე დავას არ გაგიწევთ. გლეხობისათვის, როგორც ბ. ნინიძემ მოგახსენათ, ეს დეკრეტი შეადგენს აუცილებელ საჭიროებას, იმიტომ, რომ ამ დეკრეტის უქონლობა სპეკულიაციას აღვივებს ჩვენს სოფელში და წესიერ მუშაობას ხელს უშლის. სანამ თქვენ არ დაამყარებთ კერძო საკუთრებას, თუ გინდ იმ ვიწრო ფარგლებში, იმ ნორმებში, რომელიც შემოიღეთ, მანამდე ჩვენი სასოფლო მრეწველობა, მიწის მოქმედება ვერ აყვავდება. ნამეტანი იქნება მოვიყვანო საბუთი იმისა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა არსებობს და სადაც ხის დარგვა თხოულობს 20-40 წელს, სანამ დარგული ნაყოფს მოგვცემს, ბ. მასლოვის და ჩერნოვის აზრების ქადაგება უადგილო და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთხმად მიიღებთ იმ დეკრეტს, რომელსაც მოითხოვს მთელი საქართველოს გლეხობა, მთელი სასოფლო-სამეურნეო წარმოება და ურომლისოდ შეფერხებულია განვითარება ჩვენი მიწად-მოქმედებისა. ეს აუცილებელი საჭიროებაა გლეხობისათვის და იმედი მაქვს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მთელი დამფუძნებელი კრება სავსებით და გამოუკლებლივ, უდავიდარაბოდ მიიღებს ამ დეკრეტს.
თავმჯდომარე. უკვე სამი საათი არის. წინადადებაა შემოსული, რომ კრება გაგრძელდეს ერთი საათით. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის ბ. პავლე საყვარელიძეს.
პ. საყვარელიძე. (ს.-დ.) ბატონებო! შარშან იანვარში, როდესაც ირჩეოდა მიწის კანონი, მაშინაც იმგვარივე დაუსრულებელი ციტატები მოყავდა ბ.ბ. ღლონტს და ნუცუბიძეს, როგორც დღეს, (შენგელაია: ძალიან გეშინიათ ციტატებისა!) ციტატების კი არ გვეშინია, ჩვენ არ გვინდა პარლამენტი გავხადოთ ისეთ დაწესებულებად, სადაც დაუსრულებელ ციტატებს კითხულობენ. ბრიუსელის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1868 წელში იყო, მართალია განიხილა ეს საკითხი. მაგრამ მეორე ინტერნაციონალის კონგრესებიც ეხებოდენ ამ საკითხს. ყველა კონგრესი ვიცით, პირველი, მეორე და მესამე, ინტერნაციონალიც, სადაც თქვენც მიდიხართ, ბატონო ესერებო, თქვენ ძველი ინტერნაციონალის აზრები მოგქავთ და ამაზე გვაკარგვინებთ დროს. ჩვენ ვიცით ამ ინტერნაციონალების კონგრესების დადგენილებანი და ვინც კი იცის რა არის პოლიტიკური მოღვაწეობა, ის არ მისცემს თავის თავს ნებას ასეთ ციტატების კითხვით დრო დაგვაკარგვინოს. შარშან მე მოვახსენე ბ. ღლონტს და დღესაც გაგახსენებთ, თქვენ გექნებათ პარტიული კლუბი, იქ გამართეთ ლექცია, იქ მოვალთ და დაგამარცხებთ. მხოლოდ აქ, სადაც საკანონმდებლო მუშაობა სწარმოებს, ასეთი კამათის გამართვა შეუძლებელია. რაშია საქმე? მომხსენებელი იყო, დეკრეტი წარმოგვიდგინეს, მაგრამ ამ დეკრეტზე ძალიან ცოტა ილაპარაკეს, ლაპარაკი იყო კონგრესებზე, იმან ეს თქვაო, ამან ის თქვაო და სხვა.
ჩვენ, საქართველოში, მივიღეთ განსაზღვრული გზა, განსაზღვრული პოლიტიკური და ეკონომიური წყობილება. ეს გზა არის ის, რომ აგრარულ კანონმდებლობის სფეროში კერძო საკუთრება, აქედან გამომდინარეობს მთელი ჩვენი შემდეგი მოღვაწეობა. ჩვენ რომ ესერების პრინციპს მივსდიოთ, მაშინ მთელი ჩვენი კანონები უნდა გავაუქმოთ. ვინც ჩვენ დეკრეტს განიხილავს, მან უნდა გაითვალისწინოს ის, რაც ნამდვილად არის ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. მაშინ ის დარწმუნდება, რომ საქართველოში შეუძლებელია მიღებულ იქმნას ის პლანი აგრარული რეფორმისა, რომელსაც ესერები იძლევიან. ამის მიღება იქნება ეკონომიურად დაღუპვა, ნამდვილი ბარბაროსობა. მართალი ბრძანეს აქ, რომ ქვეყანაში, სადაც განვითარებულია მეურნეობა, მიღება ამისა იქნება ბარბაროსობა და დაბრუნება მისი რამდენიმე საუკუნით უკან. თქვენ ვერ ნახავთ ისეთ სოციალისტს, რომელიც არ იყოს მომხრე საკუთრების გაუქმების და თანასწორობის დამტკიცებისა. განა მარტო თქვენ ბრძანდებით თანასწორობის მომხრენი! თუ თქვენ გინდათ სრული თანასწორობა, რატომ მარტო მიწის და კაპიტალის გათანასწორებას არ მოითხოვთ ერთად? რატომ ხალხის სოციალიზაციას არ მოითხოვთ, როგორც ბოლშევიკებმა გამოაცხადეს? ამაზე თქვენ არ ლაპარაკობთ! მე ვამბობ, რომ მიწის სოციალიზაცია დღეს ყოვლად მიუღებელია, ეს იქნება ეკონომიური თვალსაზრისით ბარბაროსობა. თქვენ ყურადღებას არ აქცევთ ხალხის ფსიქოლოგიას. არ შეიძლება რამე რეფორმა გატარდეს დემოკრატიაში ისე, თუ ხალხი მისი წინააღმდეგია. ბოლშევიკებმა თქვენი აგრარული პროგრამა განახორციელეს და დაღუპეს ქვეყანა. ერთად ერთი ქვეყანა, სადაც სცადეს ესერების პროგრამის განხორციელება, ის იყო რუსეთის სოვდეპია. ეს იცის ყველამ, თუ როგორი ნაყოფი გამოიღო მათმა დეკრეტმა. და დღეს ნუცუბიძე გამოდის და ბრძნულად გვასწავლის ჭკუას, რომ მათი პროგრამა მივიღოთ. მაშინ სოვდეპიას მაგალითს უნდა წავბაძოთ და ეს კი შეუძლებელია. რათა იცით? - ჩვენი გლეხისთვის ეს წარმოუდგენელია, ჩვენ გვჯერა, რომ ბატონ ნუცუბიძეს ყავს რამდენიმე გლეხი, რომელნიც ამათ ეუბნებიან, რომ დღეს სოციალიზაციის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ გაიხედეთ მთელ საქართველოს გლეხებში და განა შეიძლება მიიღოთ იმათი სურვილის წინააღმდეგი კანონმდებლობა? შეიძლება სთქვათ, რომ ქართველ გლეხს უარაყოფინოთ კერძო საკუთრება, მაგრამ ამის განხორციელებას ვერ გაბედავთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა. (შენგელაია: ჟორდანია რას ამბობს?) კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! ჟორდანია სოციალიზაციის მომხრე არასოდეს არ ყოფილა. რასაკვირველია, თქვენ გოგოლის ერთი გმირივით კითხულობთ, რასაკვირველია, ვერაფერს ვერ გაიგებდით! ჩვენ ვდგავართ განსაკუთრებულ კანონმდებლობის ნიადაგზე - კერძო საკუთრება დაუშვით; ჩამოვართვით მიწები და ეხლა ხდება მეორე ნაწილი რეფორმისა - განაწილება. თქვენ გგონიათ, რომ ამ განაწილების დროს ეს მიწა უფასოდ უნდა დაურიგოთ. რა გეხარჯებათ, თქვენ გინდათ დემაგოგიის საშუალებით დაამტკიცოთ, რომ უკეთესნი ხართ. სახელმწიფო დემაგოგიით არ აშენებულა და არც აშენდება; ბ. ნუცუბიძე ამბობს,რომ მიწები ტყულად უნდა დაურიგოთ, რადგან ხარჯები რეფორმისათვის სულ ცოტა არისო. მან ჰკითხა რომელიღაც მოხელეს, რამდენია ხარჯები გაწეული რეფორმისთვის. მას უთხრეს - სამი მილიონიო. ბ. ნუცუბიძემ დაიჯერა ეს და აქ სთქვა, რომ მომხსენებელი ტყუის მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ მიწები, რომელიც ფონდს აქვს, უნდა გაიყიდოს ხარჯების დასაფარავად. ბ. ნუცუბიძემ არ იცის ის კანონი, რომელიც მივიღეთ. ეს უნდა იცოდეს. კანონის მე-17 მუხლი ლაპარაკობს: (კითხულობს) - ეს მისთვის არ არსებობს. ნუცუბიძემ იცის ერთი ფორმულა: მამაო ჩვენოსავით იტყვის, გაათავებს და გონია, რომ ამით გაკეთდა დიდი საქმე. სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება გადასახადებს, მორწყვას, გადასახლებას და სხ. ეს კი მათ არ აინტერესებთ. სამი მილიონი დაჯდა, მაგრამ სამი მილიონი რა ფულია, დაურიგეთ უფასოდ მიწები და ამით მიიმხრეთ გლეხობა! აი მათი სიბრძნე.
ჩვენ დარწმუნებული ვართ გლეხი დემოკრატია და იგი არ გამოყვება თქვენს დემაგოგიას, არ დაადგება თქვენს გზას. თქვენ ეხებით ისეთს რასმეს, რასაც ამასთან კავშირი არ აქვს. მარქსი ამბობს, თურმე, რომ მუშათა კლასი არ არის, თუ ბურჟუაზია არ არისო. ეს მართლა მისი ცოდვაა, მაგრამ ამას არ ვეხებით. გადავდივარ დეკრეტზე. დადგენილებით კომისარიატისა, შეჩერებულ უნდა ყოფილიყო სიმტკიცის ქაღალდის შესრულება, ეს გამოწვეულ იყო დროებითი მიზეზებით, აგრარული რეფორმა რომ განხორციელებულიყო. დღეს ვამბობთ, სადაც გატარებულია რეფორმა იქ ეს დადგენილება უნდა მოისპოსო. პირველ ყოვლისა გვალაპარაკებს ეკონომიური საჭიროება, რომელიც მოითხოვს, რომ ერთგვარი თავისუფლება იყვეს დამყარებული ამ სფეროში. საქმე იმაშია, თუ საკუთრებას უტოვებთ მცხოვრებთ, უნდა მისცეთ უფლება, როგორც უნდა ისე მოიხმაროს. რადგანაც მას მიეცით 7 დესეტინა, თავის თავად ცხადია, ამ ნორმის ჩუქების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის, გაცვლა-გამოცვლის უფლება უნდა ჰქონდეს. ვისაც გაუცვლია სოფელში, იცის, რომ ეს მოთხოვნილებაა ცხოვრების. მას უნდა შეეძლოს ამ ნორმის გაყიდვა-ყიდვა. ყველა ეს დღეს ხდება ჩუმად, უსინიდისოდ, ქურდულად. ჩვენ ვამბობთ ეს უნდა მოისპოს. სადაც კი შესრულებულია რეფორმა, ეს დადგენილება მოისპოს. სადაც არ არის დასრულებული, ასეთი გაყიდვის ნება უნდა აიღონ მიწათ-მოქმედების სამინისტროსაგან. ამაშია დეკრეტის დედა აზრი და არა იმაში, რომ ახლად გადაწყდეს აგრარული საკითხი. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამ რეფორმის განხორციელება. გზა და გზა გვხდება დაბრკოლებანი. ამ დაბრკოლებათ ჩვენ შევებრძოლეთ. ეს იყო კომისარსატის დადგენილება. რაკი მიწის ჩამორთმევა მოხერხდა, ცხადია აზრი ეკარგება ამ დადგენილებას. დღევანდელი დეკრეტი მოითხოვს ამ დადგენილების გაუქმებას, ეს არის მთავარი მოსაზრება და მე მგონია ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, თუ რა ცუდი აგრარული კანონმდებლობა გვაქვს. ეს კანონმდებლობა შეიძლება თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ ეს ჩვენ გავათავეთ და ახლა კანონმდებლობის მეორე მხარეს ვასრულებთ. ავიღოთ რომელიმე მაზრა: რაჭის, შორაპნის და სხვა. აქ ერობა იტყვის, რომ რეფორმა გატარებულია. სადაც ეს მოხდება, იქ უნდა დაუშვათ ყიდვა-გაყიდვის უფლება. თუ დასტოვებთ არსებულ წესებს, თქვენ შეზღუდავთ სოფელს, აქ განვითარდება სპეკულიაცია მიწაზე. ზოგს წამოსვლა უნდა ქალაქში და თავისი მიწის გაყიდვა სურს. დეკრეტი თავისუფლებას მისცემს ყველას - გაყიდოს ის მიწა, რომელიც არ უნდა სხვა და სხვა მოსაზრებით. ვისაც ბრძოლა უნდა, იბრძოლოს ამ მხრივ და არა საერთოდ ებრძოლოს ჩვენ კანონმდებლობას. ჩვენ უნდა მოვსპოთ არტახები და განვათავისუფლოთ ხალხი, რომ ეკონომიურად იმოქმედოს თავისუფლად. რაც შეეხება მიწის კოლექტივიზაციას - ეს დღეს შეუძლებელია. ტყუილად ფიქრობთ, ჩვენ კონგრესების წინააღმდეგი ვიყოთ. პირიქით ჩვენ ცხოვრების აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია კოლექტიური მფლობელობა, მაგრამ დღეს ეს კონგრესების დადგენილება საქართველოს მიწის მფლობელობას არ შეეხება. ეს დადგენილება არის საერთო მიმართულების მიმცემი. ჩვენ კონგრესებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ამიტომ ჩვენ არ ვიზიარებთ ბ. ნიკოლაძის შემცდარ აზრებს, კონგრესს არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო. ეს შეცდომა გამომდინარეობს ბ. ნიკოლაძის საერთო მსოფლმხედველობისაგან. ჩვენთვის კონგრესის დადგენილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ კონგრესებმა ჩვენც პარიზის საბჭოზე უფრო ადრე გვიცნეს. ამას ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი დადგენილება კონგრესებისა უნდა განხორციელდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს შეცდომა და გაუგებრობაა იმ ფრაქციისა, რომელიც წარმოგზავნის ტრიბუნაზე იმ გვარ ორატორს, როგორიც ბ. ნუცუბიძეა. საკუთრების გაფეტიშება ისეთივე შეცდომა არის, როგორც ის ესერების მიერ წამოსროლილი აზრი სოციალიზაციაზე. ორივე შეცდომაა. ორივე უარსაყოფია. (გვაზავა: სიმართლე მარტო შუაშია?). დღეს კერძო საკუთრება აუცილებელი ფორმაა ჩვენი მიწად მფლობელობისა, რომ დღეს წვრილი მესაკუთრეობა არ იყოს, შეიძლება ჩვენ დავიღუპოთ. მე იდეალი მაქვს კოლექტიური მფლობელობისა, მაგრამ მე მაინც ვერ ვემხრობი მიწის დღევანდელ სოციალიზაციას. ბ. ნუცუბიძის იდეალი სხვანაირია: ჯერ თავში შეიმუშავებს „იდეალს“ შემდეგ მოვა აქ და, ქადაგად დაცემულივით ლაპარაკობს. ცხოვრების ტენდენცია გვაძლევს საშუალებას მოვნახოთ ფესვი, თორემ ქრისტემდის ბევრი იყო მოლაპარაკე იდეალისტი, მაგრამ ვერ მონახეს საფუძველი, რევოლიუცია საქმიანობით კეთდება. შეიძლება ფრაზით „რევოლიუცია“ 1000-ჯერ მოხდეს, მაგრამ საქმით არაფერი გაკეთდეს. ეს ჩვენ დავამტკიცეთ საქმით, ჩვენი აგრარული რეფორმით. თქვენ მეტყვით, ბატონებო, შეცდომები ბევრიაო, მაგრამ დამისახელეთ ისეთი მოღვაწე, რომელიც იტყვის შეცდომა არ მომსვლიაო. საქმე იმაშია, რომ ცხოვრების ალღო და საჭე ჩვენს ხელშია. გატარდა პირველი ნახევარი, ტარდება მეორე ნახევარი. თქვენ მასხრობა ხომ არ გგონიათ თვითონ რესპუბლიკის დამყარება?! მე ვამბობ თვით პოლიტიკური ფაქტი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა, ეკონომიური წყობილებისა, ჩვენი დამოკიდებულება მუშათა საკითხთან, მთელი ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიური მუშაობა. რევოლიუცია ჩვენ მოვახდინეთ, ჩვენი ხელმძღვანელობით ხდებოდა. ჩვენ ვიყავით მეთაურები. თქვენ ფრაზა და მხოლოდ ფრაზა გაქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთმა ფრაზეოლოგიამ დაღუპა რუსეთი. თქვენ წილი მიგიძღვით რუსეთის დაღუპვაში. თქვენისთანა მოჭიკჭიკე ესერები იყვნენ იქ სოვდეპიაში.
სწორედ თქვენებურაღ მოჭიკჭიკე ესერები იყვნენ, რომლებმაც მიაღებინეს იქ სოვდეპიაში ლენინს აგრარული კანონი - სოციალიზაცია. ამან დაღუპა უშველებელი სახელმწიფო და ჩვენ გვირჩევთ ამას ავყვეთ. არასოდეს ამას ჩვენ არ გავყვებით თქვენ რატომ ლაპარაკობთ იცით? ერთგვარი საფანელი გინდათ. ეს ცხადია სწორია, თქვენ დაგეკარგათ რაისონ დ'êრტე და ამიტომ ძალაუნებურად რაღაცას ეძებთ. თქვენ ეძებთ პოლიტიკური კაპიტალის შეძენას. რომ მომხდარიყო ისე, რომ დემოკრატია ყოფილიყო ისე, როგორც თქვენ, ანარქისტულად განწყობილი, საქართველო დაიღუპებოდა. გამოვიდა ის, რომ თითქმის საუკეთესოდ ვართ მოწყობილი ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ერებთან შედარებით.
ჩვენ რევოლიუციას ვაკეთებდით საქმით, თქვენ კი ფრაზებით. მე შეგეკითხებით ერთ რამეს: წარმოვიდგინოთ, რომ უცბად განხორციელდა თქვენი აზრი, რა მოხდებოდა მაშინ? (გვაზავა: თქვენსავით დაჭკვიანდებოდნენ!) უკაცრავად, ბ. გვაზავა! თქვენ ამბობთ, რომ ისინი დაჭკვიანდებიანო (გვაზავა: თქვენსავით!) მოხდება ის, რომ ისინი არ დაჭკვიანდებიან, პირიქით ისე გადაირევიან, როგორც გადაირივნენ რუსეთში ბოლშევიკები და სწორედ ისევე დაღუპავდნენ საქართველოს, როგორც მათ დაღუპეს რუსეთი. აი, როგორ დახასიათდება თქვენი პოლიტიკა.
თქვენ ხელს არ უწყობთ სახელმწიფოს გამაგრებას. მხოლოდ ერთი გამოსვლა მახსოვს ბ. შენგელაიასი, რომელსაც ტაშით დავხვდით, ეს იყო მაშინ, როდესაც აღიარებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაკტო. 14 იანვარს ლ. შენგელაიამ მიულოცა ხალხს და ჭკვიანურად დაასრულა სიტყვა (სიცილი) ჭკვიანურად, მოგახსენებთ იმიტომ, რომ, როცა დამფუძნებელი კრების დეპუტატი ბრძანდებით, უნდა სახელმწიფოს აშენებდეთ, დეპუტატი უნდა ხელს უწყობდეს სახელმწიფოს გაძლიერებას. მით უმეტეს ყველამ იცის, რომ ჩვენი მთავრობა დემოკრატიულია, დამფუძნებელი კრება დემოკრატიულია, კონსტიტუცია დემოკრატული მუშავდება.
ამიტომ მე ყოველთვის მაკვირვებდა და ყოველთვის ვამბობდი, რომ ესერების პოლიტიკა არის სიტყვიერი პოლიტიკა. ეს ყოველ შემთხვევაში არ არის საქმიანი პოლიტიკა, არ არის ისეთი პოლიტიკა, რომელიც ამკვიდრებს ჩვენს სახელმწიფოს.
საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკა არის. ინგლისი რამდენიმე საუკუნე შენდება... ჩვენ კი ორი წელიწადი ვარსებობთ და რაც დრო არის კეთდება. ყველაფერს დრო უნდა. მე ვამბობ, უსწორ-მასწორო ხაზი შესაძლებელია. ვინც არ მოქმედობს, ის არის შეუცდომელი. გამონაკლისი არის, სამწუხაროდ, თქვენ არ მოქმედობთ, მაგრამ შეცდომებს მაინც სჩადიხართ.
ეს დეკრეტი გამომდინარეობს ჩვენი კანონმდებლობიდან. ამ დეკრეტით აღიარებული არის ძველი დადგენილების გაუქმების საჭიროება. სადაც რეფორმა დასრულებულია, ეს დეკრეტი საშუალებას მისცემს გლეხს თავისუფლად აამუშავოს ის, რაც მას ეკუთვნის. ამავე დროს მიწის სპეკულიაციას მოსპობს. ამგვარად ერთგვარ დადებით მიმართულებას მივცემთ ჩვენ კანონმდებლობას. ასეთია ეს დეკრეტი. მე მგონია ერთხმად შეხვდება მას მთელი დამფუძნებელი კრება. რაც შეეხება შესწორებას, შესაძლებელია ეს შესწორებები შევიტანოთ, მაგრამ ძირითადი დებულება უნდა იყოს მიღებული, ვინაიდან ეს აგრარული რეფორმის გატარებას ხელს კი არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს. (ტაში).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.
კირილე ნინიძე (ს.-დ.) მე მინდა რამდენიმე შენიშვნა მოგახსენოთ. ჩემს მოხსენებაში მე განვაცხადე, რომ შესაძლებელია დავა გადავიტანოთ სხვა სფეროში. ეს მართლაც ასე მოხდა. ბ. ნუცუბიძემ აქ ამ დეკრეტის წინააღმდეგ წამოაყენა ის მოსაზრება, რომ ის ეწინააღმდეგება სოციალისტურ კონგრესების დადგენილებას და ის არის რეაქციონური. მე მგონია, ჩემს მოვალეობას არ შეადგენს ამ მხრივ მას ვეკამათო. მხოლოდ რაც შეეხება მის საყვედურს და მხიარულებას, თითქოს მე საზოგადოდ სოციალიზმის წინააღმდეგ ვილაპარაკე, ეს არ შეეფერება სიმართლეს. უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, სადაც შესაძლებელი არის, თავის-თავად ცხადია, თანასწორობის წინააღმდეგი არავინ იქნება. და მე კომისიაში არავინ მეგულება ისეთი, რომ ამის წინააღმდეგი იყოს.
მე მოგახსენეთ, რომ შეუძლებელია კაცი მუდამ თოკით ხელში დადიოდეს სოფლად და მიწისმფლობელობაში მომხდარ უთანასწორობას ებრძოდეს. პროექტის მოწინააღმდეგეთ ჰგონიათ, უსწორმასწორობა არ უნდა არსებობდეს. ეს არის ერთნაირი თანდაყოლილი ცოდვა იმ მსოფლმხედველობისა, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას იმათ შორის რა არის და რა უნდა იყოს. მე ამაზე არ მოგახსენებთ. მე მოგახსენებთ იმაზე, რა შეიძლება იყოს და რა არის მიზანშეწონილი. ბ. ნუცუბიძემ ყალბად გააშუქა სოციალისტების შეხედულება ამ საკითხზე. არსებობს ერთი წიგნი. ეს არის კომენტარიები ერფურტის პროგრამისა, რომელიც მიღებულია გერმანიის სოც.-დემ. პარტიის მიერ და კაუცკი ერთი ავტორთაგანია ამ კომენტარიების. კაუცკის აქვს აგრეთვე დაწერილი წიგნი „მეორე დღეს სოციალურ რევოლიუციის შემდეგ“. ის ამ წიგნში ამბობს, რომ შესაძლებელია წვრილი საკუთრება სოციალისტურ წყობილებაშიც დარჩეს პირველ ხანებშიო.
დიდი ახირებული საქმე იქნებოდა, რომ სოციალისტს ლამანშის გმირივით დაეწყო ბრძოლა ამ დეკრეტის წინააღმდეგ. კონგრესმა თუ გამოსთქვა რაიმე აზრი, ეს იმას კიდევ არ ნიშნავს, რომ მოიტანო ეს აზრი ზუგდიდის მაზრაში და უთხრა გლეხს, ეხლავე ხელი უნდა აიღო კერძო საკუთრებაზეო.
სულ სხვაა იდეალები, რომელთაც ჩვენ ვატარებთ და სულ სხვაა შესაძლებლობა და მე ვერ წარმომიდგენია კანონი, რომელიც შესაძლებლობის საზღვრებიდან გამოდის, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი დამფუძნებელი კრება წავიდეს დემოკრატიის წინააღმდეგ. და თუ გგონიათ, რომ კანონის სახით შეიძლება გლეხს მოვახვიოთ თავზე კაბინეტში გამომუშავებული პროექტი, მაშინ ინებეთ, ბატონებო, და მობრძანდით ლენინის მსოფლმხედველობის სალაროში და იქ გაიგებთ, რომ არის რენეგატი კაუცკი და მართლმორწმუნე ბალშევიზმი. ჩვენს დამფუძნებელ კრებას არ შეუძლიან სოვდეპიის გზას დაადგეს. ბ. ნუცუბიძე ბრძანებს: შეიქმნება ისევ ფეოდალიზმიო. ეტყობა ძალიან ახირებული წარმოდგენა ჰქონია მას ფეოდალიზმზე. ფეოდალიზმი საჭირო და აუცილებელი იყო ისტორიულად. მაგრამ, როდესაც მან დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა, როდესაც ფეოდალი აღარ არის არც წინამძღოლი, არც მფარველი თავის გლეხკაცობისა, და იმავე დროს ის არის აღჭურვილი მიწის მფლობელობით, ჩვენ მას ვებრძვით იმიტომ, რომ დღეს აღარ შეესაბამება ეს წყობილება თავის შინაარსს. თქვენ გგონიათ, რომ მიწას შეიძენს ფეოდალი? არა, მიწას შეიძენს დღეს მხოლოდ ის, ვისაც მიწის დამუშავება შეუძლიან, დამუშავება კი შეიძლება ორი გზით: შეიძლება მიწა შეიძინოს გლეხმა და დაამუშავოს და შეიძლება მიწა შეიძინოს კაპიტალისტმა, რომელიც დაამუშავებს ტეხნიკურად გაუმჯობესებული იარაღებით. თუ თქვენ ეს ფეოდალიზმი გგონიათ, ძალიან შემცდარი ბრძანდებით. და თუ თქვენ წაიკითხავთ ისტორიას, - თუ გაეცნობით ქვეყნის ცხოვრებას, დაინახავთ, რომ სოფლის მუშები გაცილებით ცუდ პირობებში იმოფებიან ვიდრე ქალაქის მუშები და უფრო ცუდ პირობებში მუშაობენ ის მუშები, რომელნიც იძულებულნი არიან მიქირავდნენ წვრილ მესაკუთრეებს.
ლატიფუნდიების გაჩენის ფიქრი სრულიად უსაფუძვლოა. ვინ იქნება დღეს ისეთი ბრიყვი, რომ შეიძინოს ლატიფუნდიები. შეიძლება, როდესაც დაწყნარდება ქვეყანა, მაშინ ვიმსჯელოთ ლატიფუნდიების შექმნაზე. რაც შეეხება მიწის სპეკულაციას, არც ეს არის დღეს საშიში. მაგრამ ეს კიდეც რომ ავკრძალოთ ყიდვა-გაყიდვა, ეს ვერ უშველის საქმეს, რადგან მიწის შეძენა შეიძლება არა ფორმალურად, ხშირად ერთი კაცის სახელით სხვა შეიძენს და ასეთი შეძენა შეიძლება ყოველთვის სხვა და სხვა სახით. ასე რომ, რამდენიც უნდა ავკრძალოთ, ვერც იჯარას და ვერც სპეკულაციას ვერ ამოვფხვრით სავსებით. ამის დამამტკიცებელი, საუბედუროთ, არის ჩვენი პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სპეკულიაციის წინააღმდეგ. და აღნიშნული კანონი იმითია სუსტი, რომ ესერულია და რამდენადაც ესერულია ეს სპეკულიაციის კანონი, იმდენად ვერ გამოდგა და ვერ გატარდა ცხოვრებაში. ამიტომ მე მგონია სპეკულიაცია მოხდება სწორედ მაშინ, როცა ჩვენ არ მივცემთ საშუალებას გაყიდოს კანონიერი წესით არსებულ კანონის მიხედვით; მაშინ გლეხი იძულებული გახდება ამ შინაურ პირობით იყიდოს და გამყიდველს საშუალება მიეცემა აჰყაროს მყიდველი. ამიტომ იყო ბ. შენგელაია, რომ თქვენ არ იყავით წინააღმდეგი დეკემბერში მიღებულ კანონისა, რომლითაც ჩვენ შევაჩერეთ ასეთი შინაური ნასყიდობით ნაყიდ მიწების შესახებ სასამართლოში დაწყებულ დავის გარჩევა.
თავმჯდომარე. გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ.
კ. ნინიძე (კითხულობს 1-ლ მუხლს).
თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა. „პირველი მუხლის შენიშვნა ამოიშალოს და მის მაგივრად ჩაეწეროს ორი შენიშვნა. პირველი გახლავთ ასეთი: „პირველ მუხლში აღნიშნულ რაიონებს განსაზღვრავს მიწათ-მოქმედების მინისტრი სამაზრო ერობის წარმოდგენით და აცნობებს სათანადო ოლქის სასამართლოს ნოტარიუსს“. მეორე: „დროებით სათანადო კანონის გამოცემამდე ყიდვის უფლება აქვს მხოლოდ იმას, ვისაც ნორმაზე ნაკლები მამული მოეპოება და იმდენის, რომ საერთოდ მისი მიწის რაოდენობა არ აღემატოს ამ რაიონში დაწესებული დატოვების ნორმას. იმას, თუ რამდენი მიწა აქვს მყიდველს, ამოწმებს თემის გამგეობა“.
სიტყვა ეკუთვნის ბ. ელიავას.
ნიკო ელიავა. (ს.-დ.) ჩვენი შესწორების აზრი არის შემდეგი: პირველი შენიშვნა ახალი რედაქციით ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჯერჯერობით ეს მუშაობა არ არის დამთავრებული, ამაზე ცნობები დაგროვილია სამინისტროს ხელში. ამიტომ სამინისტროს მონაწილეობა ჩვენ გვგონია აუცილებელია. ამიტომ ნაცვლად ერობისა, ჩვენ წინადადებას ვიძლევით რაიონების განსაზღვრა მიენდოს ამ ორგანიზაციებს, ერობას და მიწათმოქმედების სამინისტროს.
რაც შეეხება მეორე შენიშვნას, ამის შინაარსი უბრალოა. ეს რეფორმა ჯერ მხოლოდ ტარდება ცხოვრებაში და როგორც მოგახსენეთ, არა მთელ რესპუბლიკაში, არამედ მხოლოდ ზოგიერთ რაიონებში არის დამთავრებული ამ მუშაობის პირველი ნაწილი, ესე იგი ჩამორთმევა. ჩვენ არ გვინდა ისეთი კანონი მივიღოთ, რომელსაც შეუძლია გაუგებრობა გამოიწვიოს ხალხში. ამიტომ ჯერჯერობით ვღებულობთ ამ ნორმას... (არ ისმის)... და არ გვინდა რომ ახლაც ამ პროცესის გატარების დროს შეიქნას ისეთი მფლობელობა, რომ მიწები აღემატებოდეს ნორმას, ამით ჩვენ საკითხს ღიად ვტოვებთ და გვინდა ჩვენ გადავწყვიტოთ. ამას გადასწყვეტს მომავალი ორგანო პარლამენტი, და დამფუძნებელი კრება, როდესაც რეფორმის გატარება დამთავრდება. მანამდის კი აუცილებელ საჭიროებათ მიაჩნია ჩვენ ფრაქციას ეს შესწორება შემოიტანოს.
თავმჯდომარე. პირველი მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.
ლ. შენგელაია. ბატონებო! პირველ მუხლში არის ის არსებითი საკითხი, რომლის შესახებ ჩვენ გვქონდა ლაპარაკი და ვინაიდან ჩვენ საშვალება არ მოგვცეს კიდევ ერთხელ გაგვეშუქებია ეს საკითხი და მიგვეცა პასუხი ზოგიერთ ორატორებისათვის, რომელთაც ამ საგანზე ილაპარაკეს, მე შემთხვევით მინდა ვისარგებლო და სწორედ თავიდან შევეხო ამ საკითხს (ვეშაპელი: ესე იგი 1 საათი ვილაპარაკოთ?) აგრარული საკითხი, ბატონებო, სოციალ-დემოკრატებისთვის ყოველთვის შეადგენდა ავადმყოფ მტკივან ადგილს. 20 წელიწადია რაც სოციალ-დემოკრატია რუსეთის თუ საქართველოსი თავისებურად ებრძვის ამ ავადმყოფობას, მაგრამ რაც დრო გადის, აშკარა ხდება, რომ სოციალ-დემოკრატია განუკურნებელია. რა თქმა უნდა, როდესაც რომელიმე ჯგუფს შეაქვს შესწორება, ცვლილება პროგრამაში, და თუ ეს ცვლილება არის პროგრესიული, ამის წინააღმდეგი არავინ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც მმართველ პარტიას შეაქვს შესწორება ქვეყნის კანონებში და არამც თუ ეს შესწორება არ არის პროგრესიული, არამედ არის რეაქციონური და რეგრესიული, ეს უნდა ჩაითვალოს მეტად სიმპტომატიურ მოვლენად. მარქსი ამბობდა: ვინც წინ არ მიდის უკუღმა მიდისო. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალ-დემოკრატიამ მთელ თავის მოღვაწეობით, ეს სავსებით გაამართლა. თქვენი პოლიტიკა ადასტურებს იმას, რომ თქვენ კარგა ხანია დაადექით რეგრესიულ გზას და, რომ ეს ასე არის, ამას მოწმობს სხვათა შორის ეს დეკრეტიც. ეს დეკრეტი, ბატონებო, არის სრული რესტოვრაცია იმ წესების, რომელიც არსებობდა ძველ რუსეთში. ეს არის აღდგენა იმ უფლებისა, იმ წყობილებისა, რომელიც უკვე აღდგენილია, იცით სად? - დენიკინის რუსეთში! ეს არის ნაბიჯი, გადადგმული დენიკინის რეაქციისაკენ. ამიტომაც არის, რომ ის ეჩოთირებათ, არა მარტო იმათ, ვინც თავიდანვე იყვნენ წინააღმდეგნი ხომერიკის მახინჯი რეფორმისა, არამედ იმათაც, ვინც თანაუგრძნობდა და იზიარებდა თქვენს დეკრეტს და მის ცხოვრებაში გატარებას ხელს უწყობდა.
თავმჯდომარე. უკაცრავად, ნება მომეცით, შეგაჩეროთ. მე ნებას არ მოგცემთ, რომ ზოგადი მსჯელობა განაგრძოთ, თუ გნებავთ ისარგებლოთ სიტყვით, დაუბრუნდით საგანს, გაფრთხილებთ, ბატონო ორატორო! თუ არ დამემორჩილებით, მე იძულებული ვიქმნები, სიტყვა ჩამოგართვათ. განაგრძეთ.
ლ. შენგელაია. პირველ მუხლის აზრი ასეთია: გაუქმდეს დადგენილება, რომელიც კომისარიატმა 23 თებერვალს გამოიტანა. რა მიზანი აქვს ამას? თქვენ იცით, ბატონებო, რომ 23 თებერვალს კომისარიატმა დადგენილება მიიღო, რომელიც იყო განმეორება იმ დადგენილებისა, რომელიც 12 ივლისს მიიღო რუსეთის დროებითმა მთავრობამ. ამ დადგენილების თანახმად დროებით აკრძალული იყო მიწების ყიდვა-გაყიდვა. რა იყო ამის მიზანი? თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიწის საკითხი იყო უდიდესი საკითხი, რომელიც წამოაყენა რუსეთის რევოლიუციამ და მაშინ, როდესაც ეს დადგენილება გამოქვეყნდა, ყველანი, არამც თუ სოციალისტები, თვით ლიბერალებიც კი, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთში მიწის საკითხი რადიკალურად გადაწყდებოდა, რაც მოასწავებდა სრულ ლიკვიდაციას ფეოდალურ წყობილებისა და, რომ გარდამავალი ხანით არ ესარგებლათ მფლობელებს, ამისათვის გამოიცა ეს კანონი. ეს იყო დროებითი მუხლი, იმისთვის, რომ დაეცვათ მიწები - ეს ხალხის ავლა-დიდება ფეოდალების მიერ განიავებისაგან, რადგანაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფეოდალები დაკარგავდნენ ამ მიწებს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს დადგენილება ეხება მხოლოდ ამ მიწების კონფისკაციას. რაკი მიწების ჩამორთმევა დამთავრდა - ეს კანონიც უნდა გაუქმდესო, გვარწმუნებენ სოციალ-დემოკრატები. ასეთი არის მთავარი დებულება, რომელიც ბატონმა მომხსენებელმა წამოაყენა. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ სახით, რა სახითაც ტარდება ჩვენში მიწის რეფორმა სრულიად არავის ქონდა წარმოდგენილი, მისი ასე გადაჭრა სრულიად არავის ქონდა სახეში. აქ მომხსენებელმა სთქვა, რომ ეს მუხლი უსათუოდ ეხებოდა მიწის საკითხის გადაჭრასო, შემდეგ კი გადაუხვია და სთქვა, რომ ეს ეხებოდა მხოლოდ კონფისკაციას. ეს შეცდომაა. მაშინ არავინ იცოდა, არავინ იყო დარწმუნებული იმაში, თუ დამფუძნებელ კრებაში ვინ იქნებოდა. ხომ შეიძლებოდა, რომ დამფუძნებელი კრება ფეოდალური ყოფილიყო. ფეოდალები ხომ ვერ მოახდენდენ თავიანთ მიწების კონფისკაციას, ისე რომ, ეს მთავარი მოსაზრება, რომელიც მომხსენებელმა მოიყვანა სულ არ გამომდინარეობს იმ კანონიდან, რომლის შეცვლასაც თხოულობს სოციალ-დემოკრატების ფრაქცია. ამ მთავარ მუხლს ბ-ნი მინისტრი ასაბუთებს ასე: ის ამბობს, საჭიროა ყიდვა-გაყიდვის აღდგენა. ჩვენს მიწის მუშას სჭირდება ფული შვილის სკოლაში გამოსაზრდელად. მეორე მოტივი ისაა, რომ მოქალაქე ავათ ხდება და ამისთვის მან უნდა გაყიდოს მიწები, მესამე - არიან აგრეთვე უცხოელები, რომელნიც მიდიან აქედან, ალბათ რამიშვილის რეპრესიების ეშინიათ, და მათ ხელი უნდა მოუმართოთო. ეს მოსაზრება მისაღები არ არის. მესმის, რომ მესჩანმა, რომელიც თავის ცხვირს იქით არ იხედება, ასე დააყენოს საკითხი, მაგრამ, სოციალისტის, მთავრობის წევრისაგან მტკიცდება, რომ გლეხმა შვილი უნდა აღზარდოს და იმისთვის მიწა უნდა გაჰყიდოსო, შეუწყნარებელია. აქ სოციალ-დემოკრატებმა სთქვეს: ჩვენ ვეწინააღმდეგებით ინტერნაციონალსო. მე გეკითხებით, რომელ ინტერნაციონალურ კონგრესზე შეიძლება ასეთი მოსაზრების წარმოდგენა? რომელ სოციალისტურ კონგრესზე შეიძლება ითქვას, რომ გლეხი სკოლაში შვილს ასწავლის და ამიტომ უნდა მიეცეს უფლება მიწის გაყიდვისო? ჩვენში არის დიქტატურა პროლეტარიატისა, ნოე ჟორდანიას ტერმინოლოგია, რომ ვიხმაროთ. თუ ეს ასეა, როგორ შეიძლება თქვენ ილაპარაკოთ მესჩანის ენით? საქმეს ის კი არ უშლის, რომ თქვენ გლეხს მისცეთ უფლება მიწის გაყიდვისა, არამედ სწავლა-განათლების საქმე კარგად უნდა დააყენოთ. სადაც სწავლა-განათლების საქმე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის გაჰყიდის მიწას მუშა ვაი-ვაგლახით შეძენილს, იქ ლაპარაკი სოციალისტურ მთავრობის დემოკრატიულ პოლიტიკაზე ზედმეტია.
მეორე მოსაზრება - ავადმყოფობაა. ასეთი მოსაზრება სასაცილო არის. თუ ავადმყოფობა სენი არის, ამას უნდა ებრძოლოს მთელი სახელმწიფო. ყოვლად შეუძლებელია ვთქვათ, რომ მხოლოდ გლეხის ჯიბეზე ვიანგარიშოთ ეს გაჭირვება. ამისათვის არა ერთხელ გადაგვიდვია ფული და შემდეგშიაც უსათუოდ სახელმწიფოებრივი მასშტაბით უნდა მოეწყოს ექიმობა. მესამე მოსაზრება მინისტრისა და ს.-დემ. ფრაქციისა ეხება უცხოელებს. „ერთობაში“ უკვე გამოითქვა აზრი, რომ არ შეიძლება ქვეყნის ინტერესების ერთი მუჭა ხალხის ინტერესებისათვის დამორჩილებაო. „ერთობაშივე“ ეწერა, შეიძლება ისინი წავიდენ და სარწმუნების ქაღალდი დაუტოვონ ვისმეო. და კარგს იზამს სოციალ-დემოკრატია თუ ამ მარტივ მოსაზრებას ანგარიშს გაუწევს. თქვენ ამბობთ, რომ ხელმძღვანელობთ საერთო მოსაზრებით, ქვეყნის ბედნიერებით. თუ ეს ასეა, თქვენ უნდა უკუაგდოთ მინისტრის მოსაზრება.
კომისარიატის კანონს სახეში ჰქონდა მთელი რეფორმა და არა მისი ერთი ნაწილი - კონფისკაცია. ცხოვრებაში არა თუ მეორე, არც პირველი ნაწილია გატარებული. თუ ფორმალურად დავაყენეთ საკითხი, თუ მივიღეთ ეს დადგენილება, ერთის მხრით გამოვა ბაზარზე სახელმწიფო და მეორე მხრით - მესაკუთრე; ამ შემთხვევაში უფრო მოსალოდნელია პირველ ხანებში გამოვა ის მემამულე, რომელსაც დაუტოვეთ ნორმა. მაშასადამე ორი მხარე მიაწვდის გლეხს მიწას, ერთი მხრით სახელმწიფო, მეორე მხრით კერძო პირი, ყოფილი მემამულე. მე თქვენ გეკითხებით, დღესაც, როდესაც აკრძალული არის ყიდვა-გაყიდვა, შინაური წესით ხდება ყიდვა-გაყიდვა, მაშინ ხომ უარესი იქნება?! როგორ ფიქრობთ თქვენ, როდესაც ორი მიმწოდებელი გამოვა ბაზარზე, მე თქვენ გეკითხებით, არ შეუშლის ეს ხელს თქვენი რეფორმის მეორე ნახევრის განხორციელებას? დიახ, შეუშლის! დღევანდელ გლეხს ურჩევნია შეიძინოს მიწა მემამულისაგან, იმიტომ კი არა, რომ გლეხი მოყვარული იყოს საკუთრებისა და მას ვერ შეელევა, გლეხი ასე ლაპარაკობს, სახელმწიფოს აქვს მიწა, მან ეს მიწა სხვას ჩამოართვა უფასოდ, დღეს კი ყიდის. ამაში ის ხედავს უკანონობას. თუ კი ყიდვა-გაყიდვა ძალაში რჩება, ბარემ ვიყიდო იმისგან, ვისგანაც ყოველთვის ვყიდულობდიო. აი, ასე მსჯელობს გლეხი. მე მგონია, ის მოტივები, რომელიც მოიყვანა მომხსენებელმა და რომელიც ამბობს, რომ ეს რეფორმა ხელს არ შეუშლისო, თვით ამ რეფორმის თვალსაზრისით მიუღებელია, რადგანაც, ორი მხარე გამოვა ბაზარზე და მიწას გამოიტანს გასაყიდად, აშკარაა, გლეხი უფრო მემამულისაგან შეიძენს. ამნაირად თქვენ იმ მიზანს ვერ მიაღწევთ, რომელიც დასახული გაქვთ - საფონდო მიწების გაყიდვას. მაშასადამე თქვენი თვალსაზრისითაც, ეს დეკრეტი მიუღებელია.
მაგრამ მე მოგახსენებთ, რომ ეს დეკრეტი უნდა შეფასდეს იმ ეკონომიურ და პოლიტიკურ პერსპექტივების თვალსაზრისით, რომელიც უნდა ჰქონდეს რევოლიუციონურ დემოკრატიას. და მე უნდა მოგახსენოთ, რომ სოც.-დემოკრატიას ასეთი პერსპექტივები არ გააჩნია.
დავიჯეროთ, რომ მართლაც ჩვენში განხორციელდა ის დიქტატურა პროლეტარიატისა, რომელზედაც ლაპარაკობდა ბ. ნოე ჟორდანია თავის მოხსენებაში. რაკი დიქტატურა იქნება, როგორ ფიქრობთ, ისევ კაპიტალიზმის გაძლიერებისაკენ უნდა წავიდეთ?! თუ კი სოც.-დემოკრატიას პერსპექტივაში აქვს, რომ ბურჟუაზია განვითარდება და სახელმწიფოს სათავეში მოექცევა, რა აზრი აქვს მთელ ჩვენ მოღვაწეობას, მაშინ ხომ სრულიად უმიზნო არის მთელი თქვენი კანონმდებლობა?!
თავმჯდომარე. პირველი მუხლის შესახებ, ბატ. ორატორო!
შენგელაია. (განაგრძობს) პირველი მუხლი, რომელიც მოითხოვს, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვა იყოს აღდგენილი, ხელს უშლის იმ მთავარ იდეალს, რომელიც ვითომდა თქვენ გაქვთ; პირველი მუხლი არ არის გამართლებული თქვენი მოძღვრების ეკონომიური პერსპექტივების თვალსაზრისით.
თავმჯდომარე. ბ. ორატორო! კეთილ ინებეთ, პირველი მუხლის შესახებ ილაპარაკოთ. მე ვგრძნობ, რომ თქვენ ბოროტად სარგებლობთ მოცემულ სიტყვით, იძულებული ვიქნები სიტყვა ჩამოგართვათ, თუ არ დაემორჩილებით. მეორედ გაფრთხილებთ. გთხოვთ განაგრძოთ.
შენგელაია. მაშასადამე, ყიდვა-გაყიდვის აღდგენა არ არის გამართლებული არც მომენტის და არც სხვა რაიმე მოსაზრებით. არც ის მოსაზრება არის მისაღები, რომ არ დაგვიწესებია მაქსიმუმი, კანონმა დააწესა ნორმა დატოვებისა, ორატორს უნდა დაემტკიცებინა, რომ მაქსიმუმის დაწესება საჭირო არ იყო. პირველი მუხლი, რომელიც მოითხოვს მიწის ყიდვა-გაყიდვის აღდგენას, არის ნაკარნახები არა ჩვენი ცხოვრების ინტერესებით, არამედ პირველი მუხლით დაინტერესებული არის ერთი წრე. ეს წრე გახლავთ ის მემამულეები, რომელთაც თქვენი კანონის ძალით დაუტოვეთ ნორმა მიწა. ის სწუხს, რომ მას არა აქვს უფლება, რომ ეს მიწები გაყიდოს. მათი წუხილი გასაგებია - თქვენ დაგვიტოვეთ მიწა. ჩვენ მიწას არ ვამუშავებთ, მოგვეცით უფლება, ისინი გავყიდოთო. ესენი სამინისტროშიც მოდიან, მოითხოვენ მიწების გაყიდვის უფლებას. სამინისტრო ვერ აძლევს მათ სათანადო პასუხს. ბოლოს სამინისტრო დარწმუნდა. რომ აუცილებელია რაიმე სახით, სხვა სარჩულით, ისეთი კანონის მიღება, რომელიც იმ მემამულეებს, რომელთაც უსაფუძვლოთ დაუტოვეს ნორმა, აი მათ, რომელთაც არ ჰქონიათ არავითარი მეურნეობა და არც კავშირი ამ მეურნეობასთან, მიეცეთ საშუალება გაყიდონ მიწები, აი ერთად ერთი მთავარი მოტივი, რომელიც საფუძვლად დაედვა ამ დეკრეტს. ასე რომ თქვენი საახალწლო ფეშქეში შესთავაზეთ ფეოდალებს, (ხმა: სად არიან ფეოდალები?) ისარგებლონ იმ მიწებით, რომელიც თქვენ მათ უკანონოდ დაუტოვეთ. რაც შეეხება იმას, თითქოს გლეხს მიწის გაყიდვა უნდოდეს (ხმა: ყიდვა!) ეს მართალი არ არის. მიწის ყიდვით გლეხი დაინტერესებული არის იმიტომ, რომ მას მიწა არა აქვს. როცა გლეხს მიწა ექნება, და ეს იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ მიწის სოციალიზაციას, როცა ყოველ მოქალაქეს საშუალება ექნება მიწა დააშუშაოს, მაშინ ის არ იქნება მიწის გაყიდვით დაინტერესებული. რაც შეეხება გაყიდვას, ამ შემთხვევაში თქვენ ილაშქრებთ მშრომელი გლეხის, მიწის მუშის ინტერესების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ის მაშინ ყიდის მიწას, როცა დაღუპვის გზაზე ადგია. გლეხს მიწა არ მიაჩნია ვაჭრობის საგნად, მიწა მას უნდა, რომ დაამუშაოს, მიწას ის ყიდის წინააღმდეგ თავისი სურვილისა.
თავმჯდომარე. მსჯელობა გადაიდება მორიგ სხდომისთვის. გთხოვთ მოისმინოთ მომავალი დღიური წესრიგი.
მდივანი (კითხულობს).
სხდომა დახურული გახლავთ. სხდომა იხურება ნაშუადღევის 4 საათ. და 35 წუთზე.
![]() |
4 მეოთხმოცდაერთე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(81)
1920 წელი, სამშაბათი, იანვრის 27. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი
1. მსჯელობა დღიური წესრიგის შესახებ.
2. საბოლოო ტექსტი კანონპროექტისა გასული სახარჯთაღრიცხვო წლის დაუფარავი ხარჯების განაღდების შესახებ.
3. პროექტი დადგენილებისა - პოლიტიკურ, საერთო სისხლის სამართლისა და სამხედრო დანაშაულობათა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ექვთიმე თაყაიშვილი.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
სხდომა იწყება დღის 1 ს. 52 წუთზე.
თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მანამ წესრიგს მოისმენდეთ უნდა მოგახსენოთ სამწუხარო ამბავი. ჩვენ მივიღეთ ტელეგრამა, რომ ჩვენი ამხანაგი სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდა სიმონ სურგულაძე გარდაიცვალა 23 იანვარს, სოფელ ლიხაურში, ოზურგეთის მაზრისა. ვინც კარგად იცნობს მას, დარწმუნებულია, თუ რა სიცოცხლით აღსავსე თავდადებული იყო ის ჩვენი რესპუბლიკისათვის. მე თვითონ დავესწარი გურიაში, სოფელში გამოსვლის დროს, იგი თოფით ხელში გაეშურა გვარდიის დასახმარებლად, რომ გადაერჩინა ჩვენი რესპუბლიკა. ამ ახალგაზრდის გარდაცვალება სრულიად მოულოდნელი იყო. პრეზიდიუმმა თავის მხრით სამძიმრის ტელეგრამა გაუგზავნა მის ოჯახს და გთხოვთ თქვენ მის ხსოვნას ფეხზე ადგომით პატივი სცეთ. (დეპუტატები ფეხზე დგებიან) თანახმად რეგლამენტისა, ნაცვლად გარდაცვალებულის სურგულაძისა, მის ადგილს დაიჭერს სოციალ-დემოკრატიულ პარტიის სიიდან სოლოღაშვილი ოლღა.
ეხლა მოისმინეთ დღის წესრიგი.
მდივანი (კითხულობს).
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი კანონ-პროექტისა გასული სახარჯთაღრიცხვო წლის დაუფარავი ხარჯების განაღდების შესახებ.
2. გაგრძელება მსჯელობისა - ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 28-ს დადგენილების შეცვლის დეკრეტის გამო.
3. სახელმწიფო ბანკის მმართველის და საბჭოს წევრთა არჩევანი.
4. პროექტი დადგენილებისა - პოლიტიკურ, საერთო სისხლის სამართლისა და სამხედრო დანაშაულობის ჩამდენთა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ.
5. დეკრეტი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში საპროპაგანდო კომისიის საჭიროებისათვის 1.000.000 მან. გადაღებისა.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციისა.
7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის ხელშეკრულობის შესახებ.
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
8. დეკრეტი - საქართველოს რესპუბლიკის ბონის 800 მილ. მან. ემისიისა და ბონის ათას მანეთიან კუპიურის შემოღებისა.
9. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდის შესაძენად 24.000.000 მან. გადადებისა.
10. დეკრეტი ბათომ-ნატანების რკინის გზის ნაწილის 1919-1920 წწ. საექსპლოატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.350 მან. და სახაზინო რკინის გზის საერთო ხარჯთაღრიცხვის დამატებად 968. 193 მან. გადადებისა.
თავმჯდომარე. გარდა ამისა შემოტანილია ორი შეკითხვა დამფ. კრების წევრის ბ-ნ ვეშაპელის მიერ. (მდივანს) გთხოვთ წაიკითხოთ.
მდივანი (კითხულობს).
„თამბაქოს მონოპოლია აფხაზეთში არა ნორმალურად ხორციელდება, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს, როგორც მრეწველთა, ისე მწარმოებელთა შორის. რა ზომებს იღებს მთავრობა ამის გამო?“.
მეორე:
„ქვეშევრდომობის კანონი (1919 წ. 16 ივლისისა) წინააღმდეგ კანონთა გამოქვეყნების წესისა გამოცხადებულია სოხუმში განსაკუთრებული წესით ამა წლის 2 იანვარს, რათა მხოლოდ ამ დღიდან ჩაითვალოს ქვეშევრდომის სურვილი განცხადების ვადა და ამით ხელოვნურად მიენიჭოს საქართველოს ქვეშევრდომობის უფლება აფხაზეთის მრავალ არა მკვიდრ მცხოვრებს.“
რა ზომებს იღებს მთავრობა ამის გამო?!
თავმჯდომარე. თანახმად თქვენ მიერ მიღებულ წესისა, ეს შეკითხვები განიხილება პარასკევს.
წინადადება გახლავთ შემოტანილი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ წესრიგის შესახებ, შეიცვალოს დღევანდელი წესრიგი ამრიგად: მეოთხე საკითხი დაისვას მეორე საკითხად, მეორე - მეოთხედ და მეათე საკითხი - მეხუთედ. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? არავინ, მაშასადამე მიღებულია. ეხლა მოგხსენდებათ საბოლოო ტექსტი.
გრ. ნათაძე (კითხულობს დღიური წესრიგის პირველ მუხლში აღნიშნულ კანონ-პროექტის საბოლოო ტექსტს).
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი აღნიშნულ შესწორებებისა? არავინ. მაშასადამე, მიღებულია. ეხლა მოგხსენდებათ შემდეგი საკითხი:
პროექტი დადგენილებისა - პოლიტიკური, საერთო სისხლის სამართლის და სამხედრო დანაშაულობის ჩამდენთა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.
გრიგოლ გიორგაძე. თანახმად დამფუძნებელ კრების დადგენილებისა იურიდიულ კომისიამ განიხილა პროექტი დადგენილებისა პოლიტიკურ, საერთო სისხლის სამართლის და სამხედრო დანაშაულის ჩამდენთა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ. იურიდიულ კომისიამ წარმოდგენილ პროექტის დადგენილებას შეხედა 2 მხრივ. პირველი, იურიდიული, თუ რამდენად მისაღებია დებულება, რომელიც დადგენილებაში წარმოდგენილია, იურიდიულ თვალსაზრისით. მეორე - რამდენად ის დღევანდელ ჩვენ ცხოვრების საერთაშორისო და შინაურ მდგომარეობას შეესაბამება. საერთოდ, ცნობილია ის დებულება, რომ ის საქმეები, რომელიც კერძო ინიციატივით არის აღძრული, ასეთი საქმეები, ასეთ დადგენილების ძალით არ შეიძლება მოისპოს, რადგანაც აქ კერძო პირები დაინტერესებულნი არიან. მეორის მხრივ, არ შეიძლება ამ დადგენილებით ეპატიოს ვინმეს დანაშაულობა, თუ მას დამნაშავეს ზარალი მიუყენებია კერძო პირისათვის და ეს 2 პრინციპი სავსებით დაცულია წარმოდგენილ დადგენილებაში. რჩება სისხლის სამართლის დანაშაულობა, სისხლის სამართლის ადმინისტრატიულ ხასიათისა პოლიტიკური დანაშაულობანი. ამ მხრივ სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, ის დებულებანი, რომელნიც პროექტში არის წარმოდგენილი, იურიდიულ კომისიის აზრით სავსებით მისაღებია, ესე იგი, ისეთი დანაშაულობა, რომლისთვის დანიშნულია მცირე სასჯელი, რომელიც არ არის ისე თავის შედეგებით საშიში საზოგადოებისთვის, ასეთი დანაშაულობა, რომლისთვის გადაწყვეტილი აქვს ციხე, ან სატუსაღო, აი, ასეთი დამნაშავე სავსებით თავისუფლდება. რაც შეეხება უფრო მძიმე დანაშაულობას, სადაც გამასწორებელ რაზმში ან კატორღა არის გადაწყვეტილი, აქ ამ პროექტით სასჯელი განახევრებულია და აგრეთვე ზოგიერთი შემთხვევაში უფლება, რომელიც ჩამორთმეული აქვთ უბრუნდებათ. მაგრამ არის სისხლის სამართლის დანაშაულობა, რომელიც ამ დადგენილების პროექტით არ ეპატიება, არ შეუმსუბუქდება, ეს არის სპეკულიაცია. აქ ცალკე მუხლია ამის შესახებ, ის ვინც სპეკულიაციას ჩაიდენს, მას არ შეიძლება არამც თუ ეპატიოს, არამედ შეუმსუბუქდეს სასჯელი. დანაშაულობა სპეკულიაციისათვის, რომელიც დღევანდელ პირობებში დიდ საშიშროებას წარმოადგენს და მავნებელია ჩვენი ცხოვრებისთვის, ეს დებულება დროებით მისაღებია და შესაფერისია. რაც შეეხება მათ, ვინც ადმინისტრატიული სასჯელით არის დასჯილი, იმას ვისაც სავალდებულო დადგენილება დაურღვევია, აი ეს ეპატიება. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის ძალით მთავრობას ადმინისტრატიულ წესით შეუძლიან დაატუსაღოს ესა თუ ის პირი და განსაზღვრულ ვადაში ამყოფოს ციხეში. იურიდიულ კომისიის აზრით ეს მდგომარეობა ასეთი, დღეს გამართლდა. იმ ადმინისტრატიულ პირებს, რომელნიც არიან მთავრობის მიერ შეპყრობილნი განსაზღვრული ვადით (რა საკვირველია უვადოთ არავის აპატიმრებენ, მათ დადგენილება მთავრობისა გამოცხადებული აქვთ, რომ ამდენი ხანით დაპატიმრებულნი არიან) ჩვენის აზრით ეს დადგენილება იმათ ხვედრის შემსუბუქებას, ან მათი განთავისუფლებას არ უნდა შეეხოს. დარჩა ისეთი კატეგორია დამნაშავეთა, რომელნიც ჩვენი დამოუკიდებლობის დემოკრატიულ წესწყობილების წინააღმდეგ იბრძოდნენ, იარაღით ხელში მოქმედებდნენ, აი აქ იურიდიული კომისია სავსებით ეთანხმება პროექტის ავტორებს, ესე იგი მთავრობას და იზიარებს მის შეხედულებას. შეხედულება ასეთია: იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძოლა მოქმედებს, გადამწყვეტი და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ ხელმძღვანელობს ვინ წააქეზებს, ვინ მოამზადებს, ვინ გაავრცელებს მათ შორის სხვა და სხვა ცრუ ხმებს, რომ აჯანყებაში ჩაეხვია ბრბო; გარდა ამისა იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ომი გვქონდა სომხებთან, ზოგიერთი ჩვენ მოქალაქეს მიუღია მონაწილეობა ამ აჯანყებაში წამქეზებლების და ხელმძღვანელების მეოხებით. ჩვენ გგვგონია, რომ ეს მეთაურნი, წამქეზებელნი, სავსებით გამორიცხულნი უნდა იყვნენ, ესე იგი არავითარი შეღავათი არ უნდა მიეცეთ მათ, მაგრამ ისინი, ვინც ერთგვარათ გაიყოლია ამ ხალხმა, იარაღად გამოიყენა, ამათ შესახებ პროექტის დებულება ისეთი აზრისაა, რომ ისინი განთავისუფლებულნი უნდა იყვნენ სასჯელისაგან. იურიდიული კომისია ამ შეხედულებას იზიარებს, ჩვენ გვგონია, რომ წამქეზებლებს არ შეიძლება შეუმსუბუქდეთ მათი ხვედრი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახლო მომავალში დადგეს ისეთი საერთაშორისო პირობები, რომ დამფუძნებელ კრებაში დაისვას ეს საკითხი მათი მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ, ან მთლად განთავისუფლების შესახებ. დღევანდელ პირობებში კი, როგორც ავტორებს მთავრობას, ისე იურიდიული კომისიას, არ შეუძლიანთ მიზანშეწონილად დაინახონ მათი განთავისუფლება. სანამ ჩვენი დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა 26 მაისამდე 1918 წლისა, საქართველოს სახე, სახელმწიფოებრივი ერთეული არ გვქონდა, - ეს ერთი. მეორე - ამ დრომდე დიდი არევ-დარევა იყო ცხოვრებაში, მართვა-გამგეობაში ამ ხნის განმავლობაში ბევრი დანაშაულია ჩადენილი, ხშირად ძნელია მათი დანაშაულობის გამორკვევა, და ამიტომ იურიდიულ კომისიის აზრით ის დანაშაულობა, რომელიც ჩადენილია 26 მაისამდე, რომლისთვის კანონის ძალით სასჯელი არის ციხე, სატუსაღო, გამასწორებელი რაზმი, აი ეს სასჯელი სავსებით უნდა მოისპოს და შეპყრობილი სავსებით განთავისუფლებულნი უნდა იყვნენ, გარდა იმ საქმისა, რომლისთვის კანონის ძალით კატორღა არის გადაწყვეტილი, აი, ყველა ეს იურიდიული კომისიის აზრით.
გარდა ამისა იურიდიულ კომისიის აზრით საჭირო არის თვით ამ დადგენილების 1-ელ მუხლს თან უძღოდეს რამდენიმე სტრიქონი დეკლარატიულ ხასიათისა, უნდა აღნიშნულ იყვეს ამ დადგენილებაში თუ რის გამო გამოუტანიათ ესა თუ ის დადგენილება. აი, ყველა ის უმთავრესი დებულებანი, რომელზედაც შეჩერდა იურიდიული კომისია და თავის შესწორება შეიტანა და რომლის რედაქციას მოგახსენებთ მაშინ, როდესაც გადავალთ მუხლობრივ განხილვაზე.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.
ლეო შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო!
როდესაც დამფუძნებელ კრებაში 14 იანვრის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ აღძრა საკითხი ამნისტიის შესახებ, მე მომაგონდა ერთი ფაქტი სოციალ-დემოკრატიის პარტიულ ცხოვრებიდან: 1907, თუ 1908-ში რუსეთში გამოდიოდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ცენტრალური ორგანო გაზეთი „პრივეტი“. ამ გაზეთმა სიტყვა-სიტყვით ასე დაახასიათა სოციალ-დემოკრატია:
„ჩვენი სოციალ-დემოკრატია, სწერდა სოციალ-დემოკრატიული გაზეთი, ისე, როგორც რუსეთის ბიუროკრატია, ყოველთვის აგვიანებდა საჭირო რეფორმებსო.“
მაშინ სოციალ-დემოკრატია ვერ მუშაობდა გაშლილ ასპარეზზე, იგი იყო არალეგალური და მისი ბიუროკრატიზმიც თავს იჩენდა საორგანიზაციო და ტაქტიკურ პროგრამულ საკითხებში. მას შემდეგ სოციალ-დემოკრატიის მდგომარეობა შეიცვალა. ის განსაკუთრებით ჩვენში მმართველ ხელმძღვანელ პარტიად გადაიქცა, გაიზარდა მისი საზოგადოებრივი როლი და მასთან ერთად გაიზარდა ბიუროკრატიზმიც. მხოლოდ ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამნისტიის შესახებ ჩვენ აქ დამფუძნებელ კრებაში ვმსჯელობთ მხოლოდ დამფუძნებელ კრების გახსნის მე-11 თვეზე!
სრული პოლიტიკური ამნისტია და სხვა დამნაშავეთა მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქება ჩვენ უნდა გამოგვეცხადებია არა ახლა, არამედ შარშან მარტში, როცა დამფუძნებელი კრება შეიკრიბა. იგი უნდა ყოფილიყო პირველი სიტყვა დამფუძნებელი კრებისა. იგი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მუხლი დამფუძნებელი კრებისა რევოლიუციონური მანიფესტისა. ასე იქცეოდენ არა მარტო სოციალისტები, არამედ უბრალო ლიბერალური საკანონმდებლო ორგანოებიც კი. ასე მოიქცა რუსეთის სახელმწიფო სათათბირო. მან პირველსავე სხდომაზე მოითხოვა სრული ამნისტია. ჯერ არც კი იყო თავმჯდომარე არჩეული, რომ ტრიბუნაზე ავიდა ერთ-ერთი დეპუტატი - წარმოიდგინეთ არა სოციალისტი. მან წარმოსთქვა სიტყვა, რომელიც სულ ხუთიოდე წინადადებისაგან შესდგებოდა. მას მოითხოვა სრული პოლიტიკური ამნისტია. ამ განცხადებას მთელი სათათბირო ფეხზე ადგომით და ტაშის გრიალით შეხვდა.
ჩვენ სოციალ-დემოკრატიულ დამფუძნებელ კრებას კი ამნისტია ერთი წლის შემდეგ ახსენდება!...
სოციალ-დემოკრატიას საწყენად მიაჩნია, როცა ჩვენ ვადარებთ აზერბაიჯანის მთავრობას ჩვენს მთავრობასთან. როგორ თუ ბეგების და ხანების მთავრობას გვადარებთო, მაგრამ ხშირად ეს ბეგების და ხანების მთავრობა უფრო პროგრესიულ ნაბიჯებსა სდგამს, ვიდრე ჩვენი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა.
მე აქ უკვე მქონდა შემთხვევა აღმენიშნა, რომ აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ უფრო რადიკალური აგრარული პროგრამა მიიღო ვიდრე სოციალ-დემოკრატიამ, რომელიც ჩვენში არამც თუ არ აძლევს მიწის მუშებს მიწებს უფასოდ, არამედ მიწებს აუქციონში ყიდის.
ამასვე ვხედავთ ამნისტიის საკითხშიც. აზერბაიჯანის პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობა მომხრეა სრული ამნისტიისა.
ამნისტიის პროექტის პირდაპირი საბაბი არის ის უდიდესი გამარჯვება, რომელიც წილად ხვდა ჩვენს ერს, ჩვენს დემოკრატიას და რომელიც გამოიხატა ევროპის მიერ ჩვენი რესპუბლიკის ფაქტიურ ცნობაში. და ჩვენ გვგონია, რომ ეს ამნისტია ისევე ფართო და სრული უნდა ყოფილიყო, როგორც დიდი და უსაზღვრო იყო ჩვენი სიხარული 12 იანვრის ამბებით გამოწვეული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას არ მოვითხოვთ, რომ გავაღოთ ხელაღებით ციხეების კარები, გამოუშვათ და გავათავისუფლოთ ყოველი ქურდი, ავაზაკი, კაცის მკვლელი, არა. ჩვენ მოვითხოვთ მხოლოდ სრულს პოლიტიკურ ამნისტიას, ხოლო დანარჩენთ კი უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი. დეე იმათ, ვინც ებრძოდა ჩვენს დამოუკიდებლობას სიტყვით, კალმით და აჯანყებითაც, იგრძნონ, რომ საქართველო არა მარტო დამოუკიდებელია გარედან, არამედ ის თავისუფალია შიგნითაც, დეე დაინახონ მათ, რომ იმ საქართველოს, რომელმაც ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა, შეიძლება წინააღმდეგ ბევრი მათგანის სურვილისა და მოქმედებისა, სურს მათთან გულწრფელად შერიგება, მათი შეთვისება.
სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ ამნისტიის პროექტში. იგი სულ არ ეხება დამნაშავეთა მრავალ კატეგორიებს.
უპირველეს ყოვლისა, ამნისტია არ ეხება მეთაურებს, ხელმძღვანელებს. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ყაჩაღი გავანთავისუფლოთ, ხოლო პოლიტიკური მოღვაწე, იდეიური მებრძოლი ციხეში დავტოვოთ?! ამის მართლება არაფრით არ შეიძლება. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება!
რუსეთის რევოლიუციამ თავის ამნისტიით გაანთავისუფლა სწორედ მეთაურები და რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ბევრი პოლიტიკური მოღვაწე იმ როლს ვერ ითამაშებდა, რომელიც მან რუსეთის რევოლიუციაში ითამაშა. ბევრი თქვენგანიც აქ არც კი იქნებოდენ. თქვენ შეიძლება სთქვათ, რომ ესენი, ეს მეთაურები ჩვენი დამოუკიდებლობის შეურიგებელი მტერი არიანო. მე ასე არ მგონია. პირიქით ჩვენ გვაქვს კერძო ცნობები, რომ თვით ისინიც, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას თავიდან ებრძოდა, ურიგდებიან ჩვენს დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც იგი აღიარებულია ევროპის მიერ.
ამას წინედ სომხების ეროვნულმა საბჭომ გაუგზავნა ჩვენს პრეზიდიუმს და ყველა ფრაქციებს მოხსენება და ამნისტიის პროექტი იმ დამნაშავეთათვის, რომლებსაც სასჯელი ჰქონდათ მისჯილი საქართველო-სომხეთს შორის ომში საწინააღმდეგო მოღვაწეობისათვის. ჩვენი ამნისტია სრულებით არ ეხება ამ კატეგორიას, რაც შეუწყნარებელია. დღეს სომხებთან ომი არა გვაქვს, პირიქით გვაქვს შეთანხმება და თუ გსურთ, რომ ჩვენს შორის მართლაც იყოს კეთილმეზობლური განწყობილება, უნდა გაანთავისუფლოთ ესენიც.
ამნისტია არ ეხება სრულიად იმ აუარებელ პოლიტიკურებს, რომლებიც ადმინისტრატიულად არიან დაპატიმრებულნი და გადასახლებულნი. ჩვენი თვითნება ადმინისტრაცია ორი წელიწადია, რაც უცერემონიოთ იჭერს და ასახლებს ისეთ ხალხს, რომელსაც ჩვენი ერისა და რესპუბლიკის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიუძღვის.
თუ მათ არ შეეხო ამნისტია - ეს იქნება სანქცია ადმინისტრაციის თვითნებობისა, ეს უფრო გაათამაშებს ჩვენს ურა კომისრებს, დააკანონებს მათ თვითნებობას, აღვირახსნილობას.
მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება ერთ გარემოებას, თქვენ შეიძლება მიიღოთ ეს ამნისტია, დაამტკიცოთ ეს პროექტი, მაგრამ ჩვენ იმედი არა გვაქვს, რომ თუნდაც ეს არა სრული ამნისტია ცხოვრებაში გატარდება.
შეიძლება თქვენ ზოგიერთი დამნაშავენი დღეს გაანთავისუფლოთ, მაგრამ თქვენი თვითნება ადმინისტრაცია ხვალ მათ ისევ დააპატიმრებს სრულიად უდანაშაულოდ... ასეთი მაგალითები ჩვენ არა ერთი ვიცით. ჩვენ გვაქვს ფაქტები, როცა სრულიად უდანაშაულოდ ადმინისტრაციამ კაცი დააპატიმრა, შემდეგ თვით მინისტრმა მისცა ამ პირს ქაღალდი, რომ ის დამნაშავე და დასაპატიმრებელი არ არის, მაგრამ სამაზრო კომისარმა მყისვე, როცა ეს პირი პროვინციაში გაჩნდა, მოახდინა განკარგულება: несмотря ни на какიе документы арестовать и доставить.
საერთოდ სოციალ-დემოკრატ მინისტრებსა და უფროსებს ისე გაეღვიძათ ეს მადა დაპატიმრებისა, რომ მე მეშინია მათ ერთი-მეორე არ დააპატიმრონ.
ამიტომ საუკეთესო აღნიშვნა ჩვენი დამოუკიდებლობისა იქნებოდა არა მარტო ამნისტია, ამნისტია სრული - აუცილებელია, მაგრამ საჭიროა სრული ალაგმვა ჩვენი ადმინისტრაციისა, საჭიროა საქმით განმტკიცება რევოლიუციის მონაპოვართა, რათა პიროვნების თავისუფლება და ბინის ხელშეუხებლობა ჩვენში არ იქნეს ლიტონი სიტყვა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს.
იუსტიციის მინისტრი რ. არსენიძე. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე მოხარული ვარ, რომ პირველი სიტყვა, რომლის წარმოთქმა მე მიხდება, როგორც იუსტიციის მინისტრს, არის სიტყვა ამნისტიისა, რომ პირველი ნაბიჯი ჩემი ამ ახალ სახელმწიფოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობისა იწყება შეწყალების აქტით. მართალია დემოკრატიას უნდა ჰქონდეს არსებითად ისეთი წყობილება, ისეთი სამართალი, რომ შეწყალების აქტი საჭირო აღარ იყოს. ერთი უმთავრესი იდეალია ყოველ დემოკრატიულ წყობილებაში, სადაც სასამართლო და მისი განაჩენი იმდენად გამსჭვალულია ხალხის, ერის სარგებლობის მიზნით, რომ მას გადასინჯვა და შეკეთება აღარ ესაჭიროება. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჯერ ერთი, ჩვენ რამდენიმე რუსეთის ტრადიციით ვცხოვრობთ, რომელსაც ამნისტია ძალიან ხშირად ესაჭიროებოდა შინაგან წყობილების გამო, და მეორეს მხრივ, ამ ბოლო წლებში რევოლიუციის ქარცეცხლი, ცხოვრების ცვალებადი პირობები ჰქმნიდენ ათასნაირი დანაშაულობის შესაძლებლობას, რომელიც არ გამომდინარეობს ადამიანის ბოროტი ბუნებიდან, არამედ იმ საერთო უპასუხისმგებლობის გრძნობიდან, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდიდით. ყოველივე ეს აუცილებლად ხდის დღეს ამნისტიის გამოცხადებას, საერთოდ დამნაშავეთა ხვედრის შემსუბუქებას. მაგრამ, როდესაც ამ საკითხს მიუდგებით და მოვისურვებთ სხვა და სხვა კატეგორიის დამნაშავეთათვის ასეთი შეღავათის მინიჭებას, არ შეგვიძლიან დავივიწყოთ ეს მთავარი საზომი, მთავარი ხაზი - უპირველეს ყოვლისა ინტერესები ხალხის და რესპუბლიკისა. ეს არის მთავარი საზომი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ყოველ სახელმწიფოებრივ საკითხში. ამნისტიის საკითხსაც თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, ჩვენ შეგვიძლიან შეღავათი მივანიჭოთ ისეთ პირებს, რომელთა დანაშაული გამოწვეული იყო იმ უპასუხისმგებლობის გრძნობით, რომლის მოწამენი ჩვენ ყველანი ვიყავით. მაშინ, როდესაც არ გვქონდა ჩამოყალიბებული სახელმწიფო, როდესაც არავინ იცოდა, სად იწყებოდა მთავრობა და სად თავდებოდა უბრალო მოქალაქე, როდესაც არ იყო სახელმწიფოებრივი აპარატი ამუშავებული, თვით ამ აპარატში მომუშავეც კი გრძნობდა, რომ ის დროებითი აღმასრულებელი იყო თავის მოვალეობისა, და არ იყო დარწმუნებული, ჰქმნიდა თუ არა რაიმე მკვიდრს, ასეთ პირობებში შესაძლებელი იყო მრავალი მოქმედება კანონის წინააღმდეგ.
ეს არ არის გამოწვეული ადამიანის ბოროტი ბუნებით. ეს არის შედეგი საერთო არეულობის. ასეთი პირები ჩვენ გვგონია დღევანდელ პირობებში, როცა სახელმწიფო უკვე გამაგრებულია, სასარგებლო წევრები გახდენ. ამისათვის ისინი უნდა განთავისუფლდენ ძველი დანაშაულობის შედეგებისაგან. აი, ესაა მთავარი აზრი ამნისტიისა. მართალია, როდესაც ამნისტიის სხვა და სხვა მუხლებს განვიხილავთ, დავინახავთ, რომ განთავისუფლება შეეხება ზოგიერთ ისეთ პირებს, რომელნიც მართლაც სულით და გულით ბოროტ ადამიანად არიან გადაქცეულნი, მაგრამ მათი გამორჩევა გულთა მხილავის მეტს არავის შეუძლიან, ჩვენ ასეთი გულთა მხილაობას ვერ ვიკისრებთ. ამიტომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ ზოგად დებულებით, რომელიც ამბობს, რომ ერთი უდანაშაულოს დასჯას სჯობია ცხრა დამნაშავის განთავისუფლება. როდესაც ჩვენ ვაძლევთ ამნისტიას დამნაშავეს, ვსარგებლობთ იმით, თუ რამდენად მძიმე სასჯელი აქვს მას მისჯილი. ეს არის ერთად ერთი ობიექტიური საზომი მათი დანაშაულობის - ნამდვილი სიდიდისა, ერთნი სრულიად თავისუფლდებიან, მეორეთ სასჯელი ნახევრათ უმსუბუქდებათ. ეს არის საერთო, ზოგადი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობდით ამ ამნისტიის გამოცხადების დროს და რომელიც თავიდან ბოლომდის არის გატარებული ამნისტიის პროექტში. მაგრამ გარდა საერთო სასჯელისა არის ზოგიერთი კატეგორია, რომლებისთვისაც შესაძლებელია აქ საჭიროდ დაინახეს ზოგიერთ მოწმეებმა ფართო ხასიათის შეღავათი. ასეთი არის საკითხი პოლიტიკურ დამნაშავეთა შესახებ. მაგრამ უნდა აღვნიშნო ერთი რამ: პოლიტიკურ დამნაშავეთ ესაჭიროებათ არა ამნისტია, ეს არ შეეფერება ჩემს შემეცნებაში პოლიტიკურ დამნაშავეს. იგი არაა ბოროტების ჩამდენი, არამედ პოლიტიკიური მებრძოლი. ისინი გვებრძვიან ჩვენ და ჩვენ ვდევნით მათ. აქედან ცხადია, რომ მათი საქმის ლიკვიდაცია მოხდება მაშინ, როდესაც საგანი ბრძოლისა გაუქმებული იქნება და ახალი ურთი ერთობა იქნება აღმოცენებული. მეც ამ საზომით უდგები პოლიტიკური ბრძოლის საკითხს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქს საქმე ერთგვარ პოლიტიკურ მებრძოლებთან, რომელნიც იბრძვიან ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის სახელით. ჩვენ ვამბობთ, მათთვის შეღავათის მინიჭება, სრული განთავისუფლება, მათთან შერიგების გამოცხადება უნდა იყოს აქტი არა ცალმხრივი, არა მხოლოდ ჩვენი მხრით, არამედ უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენ არ შეგვიძლიან საბჭოთა რუსეთის აგენტებს უწყალობოთ სრული ამნისტია, როდესაც არ მიგვიღია, ასე ვთქვათ, ამნისტია რუსეთის მხრივ, როდესაც არ გვაქვს ცნობა, რომ საბჭოთა რუსეთმა იცნო დამოუკიდებელი საქართველო და ხელი აიღო მის დანგრევაზე. მე ვაცხადებ, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, რომ ასეთი ცნობა არა გვაქვს. და თუ გვექნება საბუთი, რომ საბჭოთა მთავრობა და მისი აგენტები აიღებენ ხელს საქართველოს დანგრევაზე, მე მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ არც ერთი პოლიტიკური დამნაშავე არ დარჩება ციხეში არც ერთი საათით (ტაში) და იქნებიან განთავისუფლებულნი. უბრალო რევმატიზმი იქნებოდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ჩვენ ისინი გავანთავისუფლოთ და უთხრათ: ჩვენ აღარ გებრძვით, მობრძანდით და გვებრძოლეთ, როგორც გსურსთო. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს არ შეუძლიან ამგვარი რამ მოიმოქმედოს. ეს შეუძლიან კერძო კაცს, ეს შეუძლია წააყენოს რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელსაც სახელმწიფოს არსებითი ინტერესი არ მოხვდება გულს, მაგრამ სახელმწიფოს არ შეუძლიან ასეთი ჯგუფური თვალსაზრისით იხელმძღვანელოს, მას არ შეუძლიან გაადიდოს შეღავათები და შეწყალებანი, გულჩვილობის საკითხი. ის უნდა ხელმძღვანელობდეს მთელ დემოკრატიის და სახელმწიფოს ინტერესებით. ეს ინტერესები კი თხოულობენ შემდეგს: აქ, სადაც ბრძოლა არის, სადაც ბრძოლის ალი არ განელებულა, იქ არ შეიძლება შეწყალებაზე და ლიკვიდაციაზე ლაპარაკი, შეიძლება მაშინ, როდესაც სადაო საგანი მოისპობა. მართალია, ჩვენ გვაქვს სრული ამნისტია პროექტში, მეორე მუხლში, რომელიც ეხება პოლიტიკურ დამნაშავეთ, რომელნიც მეთაურები არ იყვნენ და რომელთაც ჩვენ არა ვთვლით ნამდვილ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად.
ამ მუხლის ძალით თავისუფლება ენიჭება იმ აუარებელ გლეხკაცობას, რომელიც, მე მგონია, ბოროტი აგიტაციით იქნა ჩათრეული ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში. მშვიდობიან ხანაში ეს ჩათრევა ძნელი იქნებოდა, მაგრამ რევოლიუციის ხანაში ძლიერ ადვილია, როდესაც ხალხმა არ იცის, რა ხდება ქვეყანაზე, როცა შეიძლება გურული გლეხის მოტყუება იმით, რომ ტფილისი აღებულიაო, მით უმეტეს შეიძლება ჩამორჩენილ გლეხობის ჩათრევა ბრძოლაში. ამ მუხლის ძალით ჩვენ ვანთავისუფლებთ არა იმათ, ვინც იყო შეგნებული მტერი და მოწინააღმდეგე ჩვენი რესპუბლიკისა, არამედ იმათ, ვინც შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინც ჩათრეული იყო სისხლის ღვრაში. შესაძლებელია ერთი ორი სხვაც მოხვდეს, ეს შემთხვევითი მოვლენა იქნება. ჩვენ კი პოლიტიკურ დამნაშავეებში ვაძლევთ თავისუფლებას იმათ, ვინც ჩათრეულნი იყვნენ დანაშაულობაში, მაგრამ აშკარა მოწინააღმდეგეებს ვეუბნებით: სანამ ბრძოლა სწარმოებს, ჩვენ უფლება გვაქვს ისე მოგექცეთ, როგორც მოწინააღმდეგეს კანონისას. და ჩვენ გვგონია, რომ ამის მიხედვით ჩვენი ამნისტია მათვის საჭიროც არ არის. მე არა მგონია, აი იმ ჯგუფებმა, რომელთაც მათი ამნისტია წამოაყენეს, მიიღონ რაიმე მადლობა ამ პირებისაგან. მახსოვს, როდესაც დამფუძნებელი კრება გავხსენით და როდესაც ზოგიერთმა ჯგუფებმა მოითხოვეს ფართო ამნისტია და ჩვენ კი წინააღმდეგი ვიყავით, ერთი წერილი იყო გაზეთში გამოქვეყნებული ამ გამომქომაგებელთა მიმართ. არა გვსურს თქვენი მოწოდებული ამნისტიაო. ამის შემდეგ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჭკუა ესწავლათ მაინც, უნდა შეეგნოთ, რომ ბრძოლის დროს ამნისტია არ არსებობს. აქ იყო ნათქვამი, თითქოს რევოლიუციის პირველ დღეებში სრული ამინისტია იყო გამოცხადებული პოლიტიკურ დამნაშავეთათვის. მაგრამ ეს ამნისტია კი არ იყო, აქ პოლიტიკურმა მებრძოლებმა გაიმარჯვეს, სახელმწიფო ჩაიგდეს ხელში და გამოვიდნენ ციხეებიდან. აქ პოლიტიკურმა ბრძოლამ გაიმარჯვა და თავისი თანამებრძოლი ტყვეობიდან გაინთავისუფლა...
მაშინ ძველი მინისტრები უკვე ციხეში ისხდნენ და თავისთავად ცხადია, რომ არავითარი ამნისტია გამარჯვებულთათვის საჭირო არ იყო, ციხიდან გამოვიდა ხალხი, რომელმაც მოიგო ბრძოლა, ეს ისთივე საქმე არის, როგორც მაგალითად, როცა ჯარი შევა რომელიმე ქალაქში, და იქ თავის ტყვეებს გაანთავისულებს. ნუ თუ ესეც ამნისტია არის?! ეს იყო შედეგი გამარჯვების, რომელნიც რევოლიუციის გამარჯვების პირველ დღეებში ვიხილეთ. მე ვამბობ, რომ ამის ანალოგია არ არის, როცა ამბობენ, უნდა გავანთავისუფლოთ ყველა, იმიტომ რომ ჩვენ გავიმარჯვეთო, მე ეს ანალოგია მიუღებლად მიმაჩნია. შესაძლებელია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ჰგონია, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა არა ჩვენმა დემოკრატიამ, არამედ ჩვენმა მოპირდაპირემ? თუ ეს ასე ჰგონია, მაშინ თქვენ უკუღმა ხედავთ სინამდვილეს, მაშასადამე ჩვენ არავითარი საბუთი არ გვაქვს ვთქვათ, რომ ისეთი პოლიტიკური ამნისტია მივანიჭოთ იმათ, ვინც არც მოითხოვს, არც მოელის, შესაძლებელია არც მიიღოს ამნისტია, რომელიც იქნება მათთვის უბრალო მოწყალეობის ბოძება და ჩვენი რესპუბლიკისთვის კი ზიანის მომტანი. ამგვარადვე უნდა დაისვას საკითხი სომეხთა ნაციონალურ საბჭოს პროექტის შესახებ. ეს პროექტი წარმოსდგება იმ ომის გამო, რომელიც იყო წარმოებული საქართველოს და სომხეთს შორის. მაშინ ჩვენ ჯარის ზურგში მოხდა აჯანყება და მრავალმა, უმთავრესად სომხურმა ელემენტებმა, ამ აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა და ამით მოღალატეობა ჩაიდინეს სახელმწიფოს წინაშე, რისთვისაც მრავალი მათგანი სამართალში არიან მიცემულნი.
შესაძლებელია დღეს დაუყონებლივი ლიკვიდაცია ამ საქმისა? ეს იგივე საკითხია, როგორც პოლიტიკური ამნისტიისა. აქ იყო ბრძოლა ჩვენსა და სომხეთს შორის. ის ხალხი, რომელიც არსებითად ჩვენი ქვეშევრდომებათ ითვლებიან, მიუდგა იმ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა და რასაკვირველია შეიძლება აქაც ამნისტია; მაგრამ აქაც იგივე საფუძველი უნდა მოვნახოთ. რა წყარომ წარმოშვა ეს ბრძოლა? დაცხრა თუ არა ის დავა, რომელმაც წარმოშვა ომი? არა, დავა დღეს ისევ არსებობს, მართალია არა იარაღით - არამედ დიპლომატიური გზით, მაგრამ სანამ ის არ გადაჭრილა, ის არ დამთავრებულა, სანამ ეს ნიადაგი, რომელზედაც ეს ბოროტმოქმედება აშენებულია, კიდევ არსებობს, სანამ საკითხი ჩვენსა და სომხეთს შორის საზღვრების შესახებ მოუწესრიგებელია, ჩვენ გვგონია, ამნისტიაზე ლაპარაკი არ შეიძლება. როდესაც დამთავრდება ეს დავა, ჩვენ ამის იმედი გვაქვს, მე მთავრობის სახელით შესაძლებლად მიმაჩნია განვაცხადო, მექნება საშუალება შემოვიდე პროექტით სრული ამნისტიის შესახებ, და წინადადება მიეცეს დამფუძნებელ კრებას, რომ გაანთავისუფლონ ის პირნი, ვინც ჩათრეულნი არიან ამ ომის გამო დანაშაულში. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოისპობა, აღარ იქნება ნიადაგი, საფუძველი ბოროტმოქმედების განმეორებისა. ამით უნდა დაკმაყოფილდეს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. თუ ამას ჩვენ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ საერთო ხასიათი ჩვენი პროექტისა და მისი აზრი სავსებით გასაგები იქნება თქვენთვის.
აქ გვისაყვედურეს - არის საბუთი ბოლშევიკების გამოსწორებისაო. დამფუძნებელი კრების წევრმა შენგელაიამ განაცხადა, რომ მას აქვს კონფიდენციალური, თუ არაკონფიდენციალური ლაპარაკი ზოგიერთ ჯგუფთან და მიუღია ისეთი შთაბეჭდილება, რომ იმ დღიდან, როდესაც იცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა, მოსალოდნელია სულიერი გარდატეხა მოხდეს ამ პოლიტიკურ წრეებში და ჯგუფში. მე უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობას, არც მე, კერძოდ, არავითარი ცნობა და საბუთი არა გვაქვს ამის შესახებ. პირიქით, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა ცნობილი შეიქნა, მას შემდეგ უფრო გაძლიერებულია მუშაობა ჩვენი დამოუკიდებლობის და რესპუბლიკის წინააღმდეგ. თუ ასეთი გარდატეხა მოხდებოდა, მათ ჰქონდათ საშუალება ეს გამოეცხადებიათ, გამოემჟღავნებიათ. ისინი უენო ხალხი არ არის, რომელთაც სჭირდებოდეს მობოლშევიკო ვექილები, ესე იგი მეორე ხარისხის ბოლშევიკები.
მათ თვითონ თავის საკუთარ საშუალებით, თავისივე სახელით შეეძლოთ გამოეცხადებიათ თუ მათში მოხდა გარდატეხა. მაშინ გვექნებოდა საშუალება შესაფერისი დასკვნა გამოგვეტანა. ჩვენ კი გვქონდა განცხადება მეორე ხარისხის ბოლშევიკებისა „Рабочიй Голос“-ის, რომელმაც ჩვენ დამოუკიდებლობის ცნობას უძღვნა წერილი და აღიარა, ეს არის ევროპის იმპერიალისტების გამარჯვება და რადგანაც ეს ასეა, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ასეთ დამოუკიდებლობასო. ვისაც ლოღიკა აქვს, აქედან იმ დასკვნას გამოიტანს, რომ რუსეთმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა საქართველოს.
აი, ბატონებო, როგორ არის საქმე. ჩვენ გვაქვს მათი მხრივ ენერგიული ბრძოლა. საფუძველი ამ ბრძოლისა - ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგობაა და არა მისი აღიარება. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ამნისტიაზე ვილაპარაკოთ იმათთვის, ვინც ჩვენ დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.
აქ შემოიტანეს იჭვი და სთქვეს, რომ შეიძლება ეს დადგენილებაც არ გაუტარდეს ცხოვრებაშიო. მე არ ვიცი რა საფუძველი აქვს ამ განცხადების ავტორს, მაგრამ მე ვაცხადებ, რომ რასაც დამფუძნებელი კრება დაადგენს, კანონი იქნება ის თუ რაიმე დადგენილება, ის სავსებით ტარდება ცხოვრებაში. უმჯობესი იყო ესერებს დაეცადათ ერთი ორი დღე და თუ არ იქნებოდა ეს დადგენილება ცხოვრებაში გატარებული, მაშინ შეკითხვა შემოეტანათ დამფუძნებელ კრებაში. ისე კი ავანსად, ადამიანის ბოროტმომქმედად წარმოდგენა და ასე უსაფუძვლოდ იჭვის შეტანა არ შეეფერება არც დამფუძნებელ კრებას საერთოდ და არც მის წევრს კერძოდ, ვინაიდან ეჭვის შეტანა ადამიანის მოქმედებაში, ნახევრად მისი სახელის შებღალვას ნიშნავს. მე მგონია, რომ იმ მინისტრს, რომელიც თქვენს წინაშე სდგას, ჯერ არ მოუცია თქვენთვის ამის საბუთი. აქ გადაწვდნენ შინ. საქ. სამინისტროს და სთქვეს, რომ შინაგ. საქ. მინისტრი აძლევს თავისუფლების ქაღალდს ზოგიერთ პირებს, ადგილობრივად კომისარი კი მას მაინც ატუსაღებსო. მე არ ვიცი ასეთ ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი, მაგრამ მე ვიცი, რომ თუ ვინმე ბოროტმოქმედებას ჩაიდენს, მას არცერთი მინისტრის ქაღალდი არ იხსნის. თუ ბოროტმოქმედება ჩაიდინა ვინმემ, მაშინ არავითარ ასეთ ქაღალდებს არ ექმნება მნიშვნელობა. თუ სასამართლოს ექვმდებარება საქმე, მე ვამბობ, რომ არავის არ შეუძლია ის დაფაროს და მოსამართლეს არ გაარჩევინოს. მე მინდა განვაცხადო დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ არავითარ ქაღალდს გავლენა არ მიეცემა, თუ დანაშაული ექნება ვისმე, ის სასამართლოს ხელში იქნება მიცემული და თქვენი იუსტიციის მინისტრი შეეცდება დაიცვას კანონის მოთხოვნილება. (გვაზავა: თუ დანაშაული არ მიუძღვის?) და თუ უდანაშაულოა ვინმე, ამას სასამართლო გამოარკვევს და გაანთავისუფლებს.
ბოლოს უნდა მოგახსენოთ კიდევ ორიოდე სიტყვა: ამნისტია არ ვრცელდება ორი კატეგორიის დანაშაულობაზე: სპეკულიაციისათვის სამართალში მიცემულებაზე და ადმინისტრაციის იმ წევრებზე, რომლებმაც ანგარების მიზნით ჩაიდინეს ბოროტმოქმედება და მისთვის იქნენ სამართალში მიცემულნი. ერთნიც და მეორენიც უნდა იქნენ დასჯილნი, და მათზე ეს დადგენილება არ გავრცელდება. სპეკულიაცია ისეთი მოვლენაა, რომ სასამართლო მას ვერ გაუწევს სათანადო ანგარიშს, სასამართლო ვერ ახერხებს ყველა ამ დარგში დამნაშავეთა ხელში ჩაგდებას და ჯეროვანი განაჩენის გამოტანას. თუ ეს ასეა, თქვენ შეღავათის მიცემით კიდევ უფრო შეუშლით ხელს სასამართლოს სპეკულიაციასთან ბრძოლაში და გათამამებულს სპეკულიანტთ კიდევ უფრო გაათამამებთ: მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრება არ უნდა ცდილობდეს გაათამამოს სპეკულიანტების მოქმედება და ეს მუხლი, რომელიც ამბობს, რომ სპეკულიაციაში დამნაშავეთ შეღავათი არ მიეცემათო, ნიშნავს ერთგვარ სულიერ განწყობილებას კანონმდებელისა და მთავრობისა, რომ სპეკულიაციის წინააღმდეგ მომავალშიაც სასტიკი ზომები იქნება მიღებული და არავითარ შეწყალებას ადგილი არ ექნება.
ამ გვარათვე უნდა შევხედოთ იმ თანამდებობის პირთ, რომელთაც მიუძღვით დანაშაული სახელმწიფოს წინაშე, მე მგონია, რომ ეს განსაკუთრებით საჭიროა, რათა გაჯანსაღებულ იქნას ადმინისტრაცია, შემოღებულ იქნეს წესიერება, კანონიერება, რომ ყველგან და ყოველთვის თანამდებობის პირნი მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. ამ მხრივ ერთხელ კიდევ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ისინი, ვინც უკანონო მოქმედებაში შენიშნულ იქნებიან, მათ, როგორც ახლა, ისეც მომავალშიც არ მიეცემათ არავითარი შეღავათი, შეწყნარება. ეს ორი მუხლი გამომდინარეობს იმ მთავარი შეხედულებიდან, რომ ჩვენ ამნისტიის დროსაც უნდა დავიცვათ ხალხის, დემოკრატიის ინტერესები და გამოვიდეთ სახელმწიფო აპარატის, მისი გაჯანსაღების ინტერესებიდან. აი, ეს იყო მიზანი ამ ამნისტიის პროექტის და მე მგონია, რომ დამფუძნებელი კრება ამას დაადასტურებს (ტაში).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ბარათაშვილს.
იესე ბარათაშვილი. (ს.-ფ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენს თავისუფლებას ღრმად ჩაეყარა საფუძველი. ამისთანა დღეს საზოგადოდ მიღებულია ამნისტიის გამოცხადება. წარსულში ჩვენ ვპოვებთ ამის მაგალითებს. ზოგჯერ წარსული სამაგალითოა როცა ჩვენ მომავალს უყურებთ, როცა გვწამს, რომ იგი განმტკიცებული იქნება, როცა დარწმუნებული ვართ, რომ არავითარი საშიშროება არ მოგველის, და ვიცით, რომ შინაგან ძალთა განწყობილება ჩვენს დამოუკიდებლობას და მომავალს უზრუნველყოფს, - მაშინ უნდა გადავხედოთ წარსულს და უნდა ვსთქვათ, რომ ბევრი რამ წარსულიდან დავიწყებულ უნდა იქნეს. არ არის მართალი თითქოს ამნისტიას მარტო შეწყნარების, შებრალების ხასიათი ქონდეს. ამნისტიას, ჩემის აზრით, პრინციპიალური ხასიათი აქვს. ჩვენის აზრით ეს ამნისტია, თუ დადგენილება უფრო ფართო ხასიათის უნდა იყოს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ვიწრო ანგარიშებს ადგილი არ უნდა ქონდეს. მე ვერას გზით ვერ დავეთანხმები და არ ვიზიარებ იმ საბუთებს, რომელიც აქ მინისტრმა წამოაყენა, და თუ თქვენ ჩაუკვირდებით საქმის შინაარს, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ ამის არევა არ ეთვისება მოთხოვნილებას.
თქვენ უკვე გაიგებდით: საითკენ მივდივარ. მე უნდა მოგახსენოთ უმთავრესათ პოლიტიკურ დამნაშავეთა შესახებ. ამ პროექტში ორი აზრია. ერთის მხრივ არიან ის დამნაშავენი, რომელნიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, რომელნიც არიან მონაწილენი და ფიზიკურად მოიმოქმედეს ესა თუ ის საქციელი. ამნისტიის ძალით ესენი განთავისუფლებულნი არიან. მეორეს მხრივ არიან ისეთი დამნაშავენი - წამქეზებელნი და სხვანი, რომელნიც აწყობენ საქმეს. ამათ არ შეეხება ამნისტია. გვგონია იმისთვის არ შეეხება, რომ ესენი არიან პოლიტიკური მოღვაწენი და მათ შესახებ ვერაფერს გავცემთ ვერც შეწყალებას და ვერც შეწყნარებასო. ბ. მინისტრს გონია, რომ პოლიტიკური ბრძოლა არ არის დამთავრებული და როცა დამთავრდებაო, მაშინ სხვა გვარად მოვიქცევითო. თქვენ უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს პრინციპიალური შეცდომა არის. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური ბრძოლა არასოდეს არ დამთავრდება, რადგან თუ არის სახელმწიფო, დემოკრატიული წყობილება, ყოველთვის იქნება აზრთა სხვადასხვაობა, შეუთანხმებლობა და მაშასადამე, ბრძოლა. ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება ეს ბრძოლა. მაშასადამე, არ ვიცით როდის დადგება ისეთი დრო, როდესაც მოპირდაპირე ხელს გამოგვიწვდის და შევრიგდებით. ეს ძნელი მოსალოდნელი არის. ჩვენ მაინც და მაინც ამ სფეროში საკითხს ვერ დავაყენებთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ისე, რომ დღევანდელი თავისუფლება არავის ნაჩუქები, ბოძებული არ არის. იგი არის ბრძოლის შედეგი, ჩვენი დემოკრატიის ცდის შედეგი და თუ ასეთი ბრძოლა წარმოებდა ჩვენს ქვეყანაში, მაშასადამე, ამ ბრძოლაში ყველა პარტიებს მიუღია მონაწილეობა. ჩვენი დამოუკიდებლობა არის შედეგი ამ ბრძოლისა და სრულიად უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ ბოლშევიკებს არ მიუღიათ მონაწილეობა ამ ბრძოლაში. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სწორი აზრი არ არის. შეიძლება მოქმედება დადებითი და უარყოფითი. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ამ მოქმედებაში ვპოებთ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთის ბოლშევიკებმა ასე თუ ისე, ცოტა თუ ბევრად მაინც სარგებლობა მოგვიტანეს. ჩვენ ვამბობთ: რომ 26 მაისი არის რევოლიუციის მონაპოვარი... (ხმაურობა) თქვენ არ გსურთ ყური დაუგდოთ იმიტომ, რომ მე ჭეშმარიტებას მოგახსენებთ და ეს უტყუარი საბუთია. 26 მაისი, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა - შედეგია რევოლიუციისა, ეს არის რევოლიუციის მონაპოვარი. ამ რევოლიუციაში ყველამ მიიღო მონაწილეობა და თუ ეს არის, ამ შემთხვევაში ბოლშევიკებმა, თუმცა მათი მოქმედება ჩვენში უარყოფითია, მაგრამ მაინც მიიღეს მონაწილეობა საერთო რევოლიუციაში და ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოება კი დაკავშირებულია სწორედ ამ რევოლიუციასთან (ხმა: - ომი?) ომიც იყო, სხვა მიზეზებიც, მაგრამ ყველას აქ არ ჩამოვთვლით. მე მინდა, რომ პრინციპიალური საკითხი იყოს გაშუქებული. ჩვენთვის სულ ერთი უნდა იყოს ამ შეწყალებას მიიღებენ თუ არა. ჩვენ ასე არ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს რწმენას, ჩვენს მიდრეკილებას. მიიღებენ თუ არა, ამას ჩვენ არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. თუ ჩვენ ამნისტია გამოვაცხადეთ და ეს იმათ არ მიიღეს, ჩვენთვის სულ ერთია. ამნისტიას ჩვენ იმისთვის კი არ ვაცხადებთ, რომ იმათ ვისმეს ვასიამოვნოთ, არამედ იმისთვის, რომ ეს არის პრინციპიალური საკითხი, და ამ პრინციპის მიხედვით უნდა გამოვაცხადოთ ეს ამნისტია.
მოქალაქენო! როდესაც არის თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მებრძოლი და იღწვის თავის პოლიტიკურ იდეალებისთვის და უნდა განახორციელოს ეს იდეალები, ეს არის მოწინააღმდეგე თქვენი, მაგრამ ისეთი მოწინააღდეგე, რომელიც იმ მოსაზრებით იღწვის, რომ განახორციელოს თვისი იდეალები. ეს მოქმედება წარსულში იყო და ამიტომ დავიწყებულ უნდა იქმნეს ამნისტიის გამოცხადების დროს. მით უმეტეს, ჩვენი მდგომარეობა დღეს სხვანაირია. თუ მათ რაიმე მონაწილეობა მიიღეს ჩვენი დამოუკიდებლობის შექმნაში, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობა შედეგია რევოლიუციის მონაპოვრისა, არ გვაქვს არავითარი უფლება, რომ პოლიტიკურ დამნაშავეებს მოვეპყრათ ისე, რომ შევქმნათ გამონაკლისი ამნისტიის გამოცხადების დროს. შესაძლებელია მათმა გამოსვლამ დღეს-დღეობით ვნება მოგვიტანოს, მაგრამ ეს, იქნება მათი ახალი მოღვაწეობა, ახალი მოქმედება, და მთავრობას ამის წინააღმდეგ აქვს თავისი საშუალება. მე მგონია სამინისტროს აქვს საშუალება, რომ თუ კი ის განთავისუფლებული, რომელსაც წარსულში დანაშაული ჩაუდენია, მომავალში კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, აღკვეცილ იყოს თავის მოქმედებაში. მთავრობას, აქვს ეს საშუალება - გადასახლების, დაპატიმრების და სხვა. და მე მგონია, რომ არც მიზანშეწონილია სხვაგვარი მოქმედება. მე მინდა მოგახსენოთ, რომ თუ კი ფიზიკური დამნაშავენი გამოვლენ და წამქეზებელნი დარჩებიან, როგორ გგონიათ, მათი სულისკვეთება მოკლული იქნება და დახშობილი? გარწმუნებთ, რომ უფრო მეტად გაიბმება სიმები მეთაურსა და მათ თანაგრძობთა შორის. თქვენ გგონიათ, რომ უფრო ადვილად გექნებათ საშუალება და შეიძლება, რომ მოსპოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება მათი მოღვაწეობა. მთავრობას აქვს საშუალება და ამ საშუალებას მან უნდა მიმართოს. როდესაც ასეთი საკითხი არის დაყენებული, რომ ამნისტია უნდა იყოს ფართო და უმთავრესად უნდა შეეხებოდეს პოლიტიკურ დამნაშავეებს, მე მგონია, რომ დამფუძნებელ კრებას, ამ ღვიძლ შვილს რევოლიუციისა, არ აქვს უფლება ამ საკითხს გვერდი აუხვიოს.
მაშასადამე, ის მოსაზრება, რომ ისინი არ მიიღებენ ამ ამნისტიას, რომ არ დაამთავრებენ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლას, მიუღებელია იმისთვის, რომ ეს ბრძოლა პრინციპებისთვის ყოველთვის იქნება და არ შეგვიძლიან მოვსპოთ ამნაირი მოქმედება, რომელიც შეიცავს ბრძოლას საკუთარ იდეალებისა და პრინციპებისათვის. ამისთანა ნათელ დღეს, ნათელი მოქმედება უნდა. ამისთანა ნათელ დღეს გვინდა დავივიწყოთ პოლიტიკური ბრძოლა და უპირველეს ყოვლისა ისინი უნდა იქმნენ განთავისუფლებულნი, რომელნიც ღირსნი არიან განთავისუფლებისა და ვინც დაიმსახურა ეს შეწყნარება. დამფუძნებელი კრება სწორედ ამ ნიდაგზე უნდა იდგეს და ამისდა მიხედვით გვგონია, რომ ისინი უნდა იყვნენ განთავისუფლებულნი, მაგრამ სამინისტრომ უნდა მიიღოს საერთო ზომები, რომ მათი მოქმედება იყოს ნაკლები მავნებელი.
შემდეგ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში გვექნება მსჯელობა, რამდენად მათი მოქმედება იქნება მიზანშეწონილი. (გვაზავა: დილით დავიჭიროთ, საღამოთი გაუშვათ!) ეს თქვენი პრინციპიალური მოთხოვნილებაა! როცა ბ. მინისტრი ბრძანებდა აქედან, რომ... (არ ისმის) დაპატიმრებული უნდა იყვენო - თქვენ მას ტაში დაუკარით (კედია: ჩვენ ყველა გონიერს ტაშს უკრავთ!) მე მგონია, რომ თქვენი ტაშის დაკვრა არ გამომდინარეობს დღევანდელ მოთხოვნილებიდან. ამნისტია უნდა იყოს ფართო. ეს ამნისტია კი არ ეხება მოხელეებს, ადმინისტრაციის წევრებს, რომელთაც ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. აქ აღნიშნული იყო, რომ იგი არ ეხება აგრეთვე სპეკულიანტებს. მე არ ვიცი, ვინ არის პასუხისგებაში მიცემული სპეკულიანტობისათვის, მაგრამ მე ვიცი, რომ მარტო წვრილი მოვაჭრენი არიან სამართალში მიცემულნი. აი, მაგალითი: ერთმა მოვაჭრემ გაყიდა ყველი, როდესაც ნიხრი იყო დადებული და ამიტომ დააპატიმრეს. თუ გადაათვალიერებთ ამ სპეკულიაციის შესახებ საქმეებს, დაინახავთ, რომ იმდენად მცირეოდენია და იმდენად ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რომ შეუძლებელია ერთგვარი კატეგორია იყოს. შეუძლებელია ყაჩაღს, მკვლელს, შეუმცირდეს დანაშაულისათვის სასჯელი და სპეკულიანტს კი არა.
ასეთი შეხედულება პრინციპიალური არ არის. თუ დამოუკიდებლობას უთხრიან ძირს, უთხრიან როგორც სპეკულიანტები, ისევე ყაჩაღები. განა მოხელეების დანაშაულობა ზეციდან ჩამოვარდა? განა ეს დანაშაულობა არ არის შედეგი ჩვენი დუხჭირი ცხოვრებისა, ეკონომიურ გაჭირვებისა? ამ შემთხვევაში თუ შეწყნარების საკითხი არის დასმული, ისინიც ღირსნი არიან შეწყნარებისა. ჩვენ აქ არ ვხედავთ ამ შემთხვევაში გამონაკლისის საჭიროებას. ჩვენი აზრით, ყოველი ბოროტმოქმედება შედეგია ჩვენი დუხჭირ ცხოვრებისა. არ ვიცით ისეთი ადამიანი, რომელიც დაბადებული იყოს ბოროტმომქმედად. ამ ბოროტმოქმედებას უკარნახებს ცხოვრების უკუღმართი პირობები. დღეს ჩვენ ეს მათი ბოროტმოქმედება უნდა დავივიწყოთ და გავანთავისუფლოთ ვინც ღირსი არის ამისა. არ ვეთანხმები იმასაც, რომ პირად შეურაცხყოფის გამო მიცემულნი სამართალში, დარჩნენ დაპატიმრებულნი. განა ესეც ჩვენი ცხოვრების გარეშე ხდება? რასაკვირველია არა, და ამიტომ ამ შემთხვევაშიაც ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი ღირსნი არიან შეღავათისა. შეიძლება ისინი სრულიად განთავისუფლებულნი არ იყვნენ, მაგრამ შეღავათი მაინც უნდა მივანიჭოთ. ამისდა მიხედვით ჩვენ ვერ ვეთანხმებით ამ ამნისტიას, რომელიც არც ცხოვრებიდან გამომდინარეობს და არც პრინციპიალური ხასიათი აქვს. ჩვენ მოვითხოვთ სრულ პოლიტიკურ ამნისტიას.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს.
გრ. ვეშაპელი (ნაციონალისტი). ბატონები! დღევანდელი დადგენილების პროექტი არის გამოწვეული ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობით, 12 იანვრის აქტით. იმისთვის, რომ აღინიშნოს ეს გამარჯვება საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და ხალხმა იგრძნოს ამ გამარჯვების შედეგები - ცხადდება ამნისტია. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და, რადგან შემოტანილი არის პროექტი დამნაშავეთა ხვედრის შემსუბუქებისა, მივაქციო დამფუძნებელი კრების ყურადღება იმას, რომ საერთოდ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი დღე აღინიშნება არა მარტო იმით, რომ დამნაშავეთ უმსუბუქდებათ ხვედრი, არამედ იმითაც, რომ არადამნაშავეთა მდგომარეობაც უმჯობესდება.
თავისთავად ცხადია, ძნელია იმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ეს აქტი იყოს გატარებული, (თუმცა, საჭიროა ზომიერება, რომ ეს ამნისტია არ გახდეს უბრალო დეკორაციად და ცხოვრების პირობებმა არ აიძულოს მთავრობის ესა თუ ის უწყება ისევ აღადგინონ ციხეებში წინანდელი ძალთა განწყობილება.
მაგრამ ვიმეორებ, საჭიროა დამფუძნებელმა კრებამ დაადგინოს, რომ არა მარტო დამნაშავე ხალხმა იგრძნოს საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ იგრძნონ არადამნაშავეებმაც, რომელნიც საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით მეტნი არიან საქართველოში.
მე მოგახსენებთ საერთოდ ეკონომიურ მდგომარეობის შემსუბუქებაზე, აუკრეფავ გადასახადების შესახებ.
საერთოდ მიღებული არის ამნისტიის დროს აუკრეფავ გადასახადების („ნედოიმკების“) ნაწილობრივად მაინც შემცირება ამა დადგენილების სახით.
ამ მხრივ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა სწორედ ასე დააყენა საკითხი და ამნისტიასთან ერთად მუშავდება პროექტი აუკრეფავ გადასახადების შემსუბუქების შესახებ.
თქვენ შეგიძლიათ სთქვათ, რომ ეს გადასახადები არ არის მძიმე, შეგიძლიანთ სთქვათ, რომ ხალხში ფული ბევრი არის, და სხვა ასეთი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ გადასახადები მაინც მძიმე არის. სოფელში რამდენიმე სართულიანი გადასახადი არის და მძიმედაც იკრიბება. უკვე აკრეფილი არის უმეტესი ნაწილი, ნაწილი კიდევ არის დარჩენილი. ხალხს არ ეადვილება ამ გადასახადების გაღება. სოფლის მცხოვრებთა მასას ფული არა აქვს. ფული აქვს მხოლოდ ზოგიერთ ჯგუფებს, მდიდარ ოჯახებს, გლეხურ მასას კი ფული არა აქვს და ხშირად ამ გადასახადების აკრება იღებს ისეთს ხასიათს, როგორც ეს ძველი რეჟიმის დროს იყო.
მე მივაქცევ დამფუძნებელი კრების ყურადღებას ამ გარემოებას, მგონია ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ მას გვერდი აუხვიოთ.
12 იანვრის აქტი დამნაშავეთა მიერ არ ყოფილა მომზადებული. არა დამნაშავე ხალხს მეტი მნიშვნელობა მიუძღვის ამ აქტის მომზადებაში და მისი მდგომარეობა უნდა იყოს შემსუბუქებული. და ეს კი ყოველთვის საერთოდ ხდება ამ გზით - გადასახადების შემსუბუქებით.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. კირილე ნინიძეს.
კირილე ნინიძე. (ს.-დ.) მე მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ჩვენი ფრაქცია იმ საკითხის შესახებ. ბატ. შენგელაიამ გვისაყვედურა ორი რამ: ერთი - ამ საკითხში თქვენ ჩამორჩით აზერბაიჯანს და პირველ სათათბიროს და საერთოდ არ აკეთებთ იმას, რაზედაც ლაპარაკობდით და რასაც გვარწმუნებდით მაშინ, როდესაც არ იდექით სახელმწიფო წყობილების სათავეში და მეორე, რომ დღეს არსებობს ბარბაროსობის ნაშთი - სიკვდილით დასჯა. მე მგონია სადაო არ არის ერთი რამ, რომ არ უნდა არსებობდეს სიკვდილით დასჯა და არც საერთოდ ციხე... ციხეც და კატორღაც, მე მგონია, მართლაც შეიძლება იყოს რამდენიმედ ბარბაროსობის ნაშთი. ასე, რომ ამ მხრივ დიდი მზღვარის გავლება არ შეიძლება. საერთოდ, სოციალისტი წინააღმდეგი უნდა იყოს ყოველგვარ შევიწროვებისა და დასჯისა. მაგრამ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ეს არის იდეალი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მაგრამ ჩვენ უყურებთ ამ საკითხს ისე, რომ თუ იდეალის მიღწევა სხვა გზით არ შეიძლება, არ შეგვიძლიან თეორეტიულ მოსაზრებით დავკმაყოფილდეთ. მე უნდა მოგახსენოთ ესერების წარმომადგენელს, რომ სოციალისტები, როგორც ასეთი, არ არიან ბრძოლის წინააღმდეგ და არც საერთოდ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ (შენგელაია: რა პირობებში?) ბატონმა შენგელაიამ იცის, რომ პარიზის კომუნისტებს, მძევლები ყავდათ, და შენგელაია ვერ იტყვის, რომ ისინი არ იყვნენ სოციალისტები, ეს იყო ბრძოლა, და თავის თავად ცხადია, როდესაც ორი ძალა იბრძვის და ცდილობს ერთი მეორის დამარცხებას, აქ დათმობა შეიძლება მაგრამ უნდა სთქვათ, სთმობთ თუ არა იმ წყობილებას, რომელიც დღეს არის განმტკიცებული. და მე მგონია, თქმა იმისა, რომ სოციალისტები ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგნი არიან ასეთი ზომებისა, შენგელაიას არ შეუძლიან, რადგან მათი პარტია ყოველთვის ტერორსაც კი იცავდა. მაშ რაშია საკითხი? საკითხი იმაში არის, რა არის დღეს, რა პირობები არსებობს დღეს. იმის მოყვანა, რომ სათათბირო წინააღმდეგი იყო სიკვდილით დასჯისა, ამ შემთხვევას სრულიად არ ეხება. მაშინ სათათბირო მოწვეულ იყო სათათბირო ხმით, სათათბირო იყო ხალხის წარმომადგენელი, მთავრობა კი ძველი წყობილების და ამ ორ ძალთა შორის, ხალხის და მთავრობის, ბრძოლა იყო. მაგრამ დღეს სულ სხვა მდგომარეობა არის. ხალხი და მთავრობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვიან იმ ხალხს, რომელიც მოდის გარედან და ცდილობს ამ მთავრობის და ხალხის ხელში ჩაგდებას. თავის თავად ცხადია, რომ აქ ლაპარაკი სათათბიროზე სრულიათ მეტია. სხვა მხრივ უდგება ამ საკითხს ბატონი ბარათაშვილი. ბარათაშვილი ბრძანებს, აქ ბრძოლა არის და თუ უყურეთ, ჩვენ არ ვიცით, როდის დათავდება ის. რასაკვირველია, ფილოსოფიურად ის მართალია, ბრძოლა მუდამ არსებობს და იქნება, მაგრამ ეს ბრძოლა ხან ჩუმია, ხან აშკარაა. დღეს ვერ წარმომიდგენია ისეთი წყობილება, რომელიც დამყარდება და მაშინვე თავის თავს გამოუცხადებს ბრძოლას. ასეთი წყობილება შეიძლება წარმოდგენილი ჰქონდეს ფილოსოფიურად ბ. ბარათაშვილს, მაგრამ მე ის ვერ წარმომიდგენია, რომ დამფუძნებელი კრება და მთავრობა თავის თავს შეებრძოლოს. ერთ უკიდურესობაში ვარდება ბ. შენგელაია, როდესაც ის ამბობს, დადგა დღე სიხარულისა. ჩვენი დამოუკიდებლობა იცნეს და არავითარ ჭმუნვას და მწუხარებას ადგილი არ უნდა ჰქონდესო, ხოლო მეორე უკიდურესობაში ვარდება ბ. ბარათაშვილი: რაკი ბრძოლა არსებობსო, კლასთა ბრძოლა, მაშასადამე მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ უნდა ებრძოლოს თავის თავსო. მართალია, ფილოსოფიურად ეს შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ ერთი მებრძოლი არ არის ისეთი, რომ ებრძოლოს თავის თავს. მაგონდება ერთი ამბავი: 1905 წელში ვინმე სოციალისტმა სახელოსნო გახსნა და შემდეგ თავის წინააღმდეგ მოაწყო მუშების გაფიცვა. ამის გამო იძულებული გახდა თავისი სახელოსნო დაეკეტა. (კედია: ეშმაკები ხართ სოციალისტები!) მაშასადამე, გამოვიდეთ გავიფიცოთ ჩვენს წინააღმდეგ, შევებრძოლოთ ჩვენს წყობილებას, და ბ. შენგელაია მიხვდება, რა გამოვა აქედან. მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვიძლიან. მაშასადამე, უმთავრესი საკითხი ის არის, რომელ მომენტში ვიმყოფებით. გათავდა თუ არა პოლიტიკური ბრძოლა. ბ. შენგელაია ბრძანებს, რას ერჩით სიტყვით და კალმით მებრძოლებს. ეს პროექტი ასეთებს არ ებრძვის. ის ებრძვის მხოლოდ იმათ, ვინც აწყობენ აჯანყებას, მეთაურებს, და არა იმათ, ვინც იბრძვის მხოლოდ სიტყვით, კალმით და სხვა.
იდეიურ მოწინააღმდეგეთ ჩვენ არ ვერჩით. სანამ მათი სიტყვა არ გამოიხატება მოქმედებაში... ამიტომ ჩვენ გულის ტკენით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არ შეგვიძლიან ყველა ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გავანთავისუფლოთ. არ გვინდა მათ ვებრძოლოთ, მაგრამ, როდესაც ისინი მოდიან იარაღით ჩვენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიის წინააღმდეგ, თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ იარაღს ვერ დავყრით. რასაკვირველია, თუ პოლიტიკურ თამაშს მოყვებით, რომელსაც გვირჩევს ბატ. ბარათაშვილი, დღეს გაუშვით იმ აზრით, რომ ხვალ ისევ დაიჭიროთო, პოლიტიკაში თუ ასეთ თამაშს გავმართავთ, ეს მოითხოვს, მე მგონია, სხვა არ იყოს რა, ზედმეტ ხარჯს, და ბ. ვეშაპელი ტყუილად მოითხოვს ხარჯების შემსუბუქებას. მისი წინადადება შეუძლებელი გახდება.
ჩვენი იდეალი არის, რომ არავინ იჯდეს ციხეში, მაგრამ სანამ ამ პოზიციაზე ვდგევართ და მას ვიცავთ, ჩვენ არ შეგვიძლიან გავანთავისუფლოთ ისინი, ვინც არ აცხადებს თავის მხრივ ამნისტიას. აქ ბატ. მინისტრმა ბრძანა, რა არის ამნისტია, ამნისტია არ არის შეწყალება, ეს არის დავიწყება ძველისა. როდის შეიძლება ამნისტია? ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარე დაივიწყებს ძველს და ასე თუ ისე შევრიგდებით. როდესაც ბოლშევიკები ხელს აიღებენ ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღარ წამოვლენ არც მუქარით, არც იარაღით, ამნისტიას მოგცემენ, ე. ი. ძველს დაივიწყებენ და იცნობენ ჩვენს დამოუკადებლობას, მაშინ ჩვენც დავივიწყებთ მათ დანაშაულს (ღლონტი: როდის მოხდება?) ეს მოხდება მაშინ, როდესაც თავს დაანებებენ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ფრაქციას წინასწარმეტყველები არა ჰყავს, რომ ეს იცოდეს. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, ჩვენი ფრაქცია მუდამ წინააღმდეგი არის მისი, ეს არის დროებითი ზომა და ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ჩვენი მთავრობა შესძლებს იმის თქმას, რომ ამიერიდან აღარ არის არაჩვეულებრივი ზომების საჭიროება. როდესაც ეს საჭირო აღარ იქნება, მაშინ თავის თავად ცხადია ვეცდებით სიკვდილით დასჯა სულ გავაუქმოთ, და საერთოდ შემოვიღოთ ისეთი სისტემა, რომელსაც ექნება აღმზრდელობითი მნიშვნელობა და არა ადამიანის დაჩგვრა და დასჯა.
აი, ასე უყურებთ ჩვენ ამ საკითხს. ამიტომ ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ რაც შეიძლება უფრო ფართო ყოფილიყო ამნისტია, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია. თუ დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება, მაშინ დამფუძნებელ კრებას უფლება აქვს სრული ამნისტია, სრული დავიწყება გამოაცხადოს წარსულის, დღეს კი ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს ასეთ შეკვეცილ ამნისტიას.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.
გრ. გიორგაძე. ბატონებო! პირველი საყვედური, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აქ გაისმა, იყო შემდეგი: რომ ჩვენში გამეფებულია ბიუროკრატიზმი, რომ უფრო ადრე საჭირო იყო წამოყენება და გატარება ამ პროექტისა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ პროექტს მივიღებდით იმ რედაქციით, როგორითაც წარმოადგინეს ოპოზიციონერებმა, ე. ი. იმ მოკლე ფორმულით: „გაიღოს ციხის კარები და ყველა გამოვიდეს“, ეს ადვილი საქმეა, მაგრამ ასეთ სერიოზულ დადგენილებას დიდი დრო უნდოდა. ოპოზიციის ორატორებმა აქ ცენტრალურ საკითხად გამოიტანეს მეთაურების, წამქეზებლების განთავისუფლების საკითხი. მე უნდა მოვახსენო ოპოზიციას, რომ თუ ვისმეს ეძნელება ლაპარაკი ამ მეთაურებზე, ეს ჩვენ. ჩვენთვის და მთავრობის წევრთათვის ადვილი არ იყო იმის თქმა, რომ მეთაურები ციხეში უნდა დარჩენო. მაგრამ, როდესაც ჩვენ ამას ვლაპარაკობდით, ვხელმძღვანელობდით იმით, რომ მათ არ აქვთ არჩეული ნამდვილი, დემოკრატიული გზა. ისინი გადასცდნენ ამ გზას და შეცდომის გზით მიდიან. მაგრამ, როდესაც დადგება შესაფერი პირობები, დამფუძნებელი კრება და მისი კომისიები ამ საკითხს დასვამენ და ამ, მეთაურების ბედიც ასე თუ ისე გადაწყდება. ჩემს პირველ სიტყვაში მე ის მქონდა სახეში, რაც აქ იუსტიციის მინისტრმა მოგახსენათ. როდესაც ჩვენ შორის ბრძოლა შეწყდება, როდესაც ბრძოლის საგანი აღარ იქნება, ბოლშევიკები იცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას და ის მეთაურები ისე ჩაგვიდგებიან ოპოზიციაში, როგორც სხვა პარტიები, მაშინ შესაძლებელი გახდება მათი განთავისუფლება.
მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა უნდა გამოვიდეს იმ ცენტრიდან, საიდანაც ბოლშევიკები იღებენ ფულს და გეგმებს. მაშინ საკითხი სხვანაირად დაისმება. მაგრამ, როდესაც არსებობს ჯგუფი, ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოსვლას აწარმოებს და რომელსაც კავშირი აქვს ცენტრთან, რომელიც უცხო სახელმწიფოში იმყოფება, ასეთ შემთხვევაში უნდა ვსთქვათ, რომ ისინი ჩვენი მტერნი არიან და როგორც ერთი, ისე მეორე ორატორი, როდესაც მათ სულიერ გადატეხაზე გველაპარაკებიან და განთავისუფლებას მოითხოვენ, ორივენი სცდებიან.
ხომ წაიკითხეთ, ბატონებო, ბაქოს რადიოს ცნობები, რომ ხმები არის რუსეთში, რომ ვითომ მოკავშირენი საქართველოში აგროვებდნენ ქართველებისაგან ჯარს ბოლშევიკების საწინააღმდეგოდ. (ლ. შენგელაია: მით უფრო!) თქვენ ასე მსჯელობთ, მაგრამ ჩვენ ასე არ ვმსჯელობთ. როცა ასე აშკარად ებრძვიან ჩვენი დამოუკიდებლობის აქტს, ჩვენს მთავრობას არ შეეძლო არ შეეპყრო მათი მეთაურები. სულ სხვაა ოპოზიციის მდგომარეობა. მათ ყველაფერი შეუძლიათ მოითხოვონ, რას კარგავენ?
ბარათაშვილს თვითონ არ სჯერა, რაც სთქვა. მან სთქვა: დღეს გამოუშვათ და თუ რამეს ჩაიდენენ, მაშინ მთავრობას ხელახლა შეუძლია დაიჭიროსო. აქედან აშკარაა, რომ თქვენ არ გჯერათ, რომ ისინი ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არ გაილაშქრებენ.
აქ განაცხადეს, რომ აქ არავითარ ანგარიშს ადგილი არ უნდა ჰქონდესო. მე გადაჭრით ვაცხადებ, რომ აქ არავითარ ანგარიშს ადგილი არა აქვს, აქ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოსაზრებით (ლ. შენგელაია: შურისძიებაა!) ამიტომ აშკარად ვაცხადებ და იურიდიული კომისიაც ამ აზრისაა, რომ, როდესაც მოისპობა ეს საბაბი, როდესაც მოისპობა ჩვენი დავა და ბოლშევიკები იცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას და როდესაც ის მეთაურები, რომელნიც ციხეში სხედან დაემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას, მაშინ დაისმება ეს საკითხი. დღევანდელ პირობებში კი ამ საკითხის დადებითად გადაჭრა ყოვლად შეუძლებელია.
ასეთივე არის საკითხი იმ მოქალაქეების შესახებ, რომელნიც ჩვენი და სომხეთის ომის დროს ხალხს აჯანყებდენ, ხალხი ჩაითრიეს ღალატში და იარაღი ააღებინეს ხელში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი მოქალაქე სომხები, არც სომხეთის დემოკრატია არ იქნება კმაყოფილი იმით, რომ ბორჩალოს მაზრაში აჯანყების მეთაურნი განთავისუფლებულ იქნან. ამით არ იქნებიან კმაყოფილნი თვით ბორჩალოს მაზრის გლეხები, ვინაიდან მათ შეიძლება ისევ გააჩაღონ ეროვნული ბრძოლა. ამის შესახებ არა ერთი და ორი საბუთი მოგვეპოვება. არა ერთი და ორი დადგენილება სოფლებისა მოსულა, რომ აი, ეს და ეს პირი აჯანყებისაკენ მოგვიწოდებს და მოგვაშორეთო.
ესერების წარმომადგენელი შეეხო ერთ პრინციპიალურ საკითხს. მან სთქვა: თქვენ არ სპობთ სიკვდილით დასჯას, რუსეთში კი ეს მოსპესო. მე ვამბობ, რომ ბოლშევიკებს არ ჰქონიათ სიკვდილით დასჯა, როგორც ასეთი, იქ გამეფებული იყო ტერორი. ეს ტერორი მათ დათმეს მოკავშირეების მოთხოვნით. ჩვენში ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა. ჩვენში, დღევანდელი პირობების მიხედვით, ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მძიმე დანაშაულობათათვის იყო სიკვდილით დასჯა. და ეს დარჩება მანამ, სანამ არ შეიქმნება ნორმალური მდგომარეობა. ისე კი, პრინციპიალურად, ჩვენ და იურიდიული კომისიის წევრები წინააღმდეგნი ვართ სიკვდილით დასჯისა. მაგრამ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სხვანაირი მოქცევა შეუძლებელი ხდება, როცა განსაცდელი მოელის მთელს ხალხს, ერს, სახელმწიფოს, ამისთანა შემთხვევაში სიკვდილით დასჯა საჭირო არის.
და ბოლოს უნდა მოგახსენოთ გადასახადების შესახებ, რომ დღეს ისეთი პირობებში ვიმყოფებით, როგორც ჩხენკელმა მოგახსენათ 14 იანვრის საზეიმო სხდომაზე. მან დაათავა თავისი სიტყვა ასე: ჩვენ გვჭირია: შრომა, შრომა და კიდევ შრომაო. მე კი დაუმატებდი: ჩვენ გვჭირია: ენერგია, ენერგია და კიდევ ენერგია. ყველა მოქალაქემ თავისი ენერგია მაქსიმუმამდე უნდა აიყვანოს. ჩვენი დამოუკიდებლობის, დემოკრატიულ წყობილების განმტკიცებაში ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი: ერთმა ინტელექტუალურათ, მეორემ ზნეობრივათ, მესამემ ფინანსიურათ, მეოთხემ იარაღით ხელში და სხვა. ყველა გარს უნდა შემოერტყას სახელმწიფოს და დამოუკიდებლობა უნდა შევინარჩუნოთ.
აი, ყველა ამ მოსაზრებით გადასახადებიც უნდა იქნას შეკრებილი. დასასრულ უნდა მოგახსენოთ, რომ იურიდიული კომისიის შეხედულებით ეს ჩვენი კანონი ინდულგენცია არ არის. თუ გავანთავისუფლებთ ვინმეს და მით დანაშაული ჩაიდინა, ის დაუყონებლივ დატუსაღებული იქნება. (ხმები: მართალია!) ასე, რომ ჩვენ ინდულგენციას არავის არ ვაძლევთ. თქვენ ბრძანეთ (მიმართავს შენგელაიას), რომ უვადოთ დაპატიმრებული არიანო. მე არ ვიცი ისეთი ვინმე, რომელიც უვადოთ იყოს დაპატიმრებული, ასეთები ჩვენში არ ხდებოდა. თუ იცით მის შესახებ ფაქტი, სთქვით, დაასახელეთ. (შენგელაია: აი ზუგდიდში, დეპეშა მიძევს ჯიბეში). აი, ყველა ეს მოსაზრებები, რომელიც მივიღეთ იურიდიულ კომისიაში, წარმოდგენილი პროექტი დადგენილებისა.
თავმჯდომარე. აქ შემოსულია ორი წინადადება: ერთი სოც.-რევოლიუციონერების, მეორე ს.-ფედერალისტების. გთხოვთ წაიკითხოთ. (მდივანი კითხულობს).
სოც.-რევ. ფრაქციის წინადადება:
„პროექტი დადგენილებისა დაუბრუნდეს იურიდიულ კომისიას გადასამუშავებლად და შემდეგ კრებაზე წარმოსადგენად სრული პოლიტიკური ამნისტიის პრინციპის დაცვით“.
სოც.-ფედ. ფრაქციის წინადადება:
„პროექტი დაუბრუნდეს იუსტიციის მინისტრს იმ მიზნით, რომ ამნისტია გაფართოებულ იქნეს: გავრცელდეს პოლიტიკურ დამნაშავეებზე, და გამონაკლისით გამოირიცხოს (მოხელეები და სხვები).
(კენჭის ყრით ორივე წინადადება უარყოფილი იქნა).
გრ. გიორგაძე. (კითხულობს დადგენილების ტექსტს მუხლობრივ. დადგენილებაში შეტანილ იქმნა შესწორებანი ს.-დ. ფრაქციის მიერ. პროექტი შესწორებებით მიღებულ იქნა მთლიანად, წინააღმდეგ ს.-რევ. ფრაქციისა და გადაეცა სარედაქციო კომისიას, რომელიც ამავე სხდომაზე ადგენს დადგენილების ტექსტს. საბოლოო ტექსტი დამტკიცებულ იქნა ბ-ნ გრიგოლ ნათაძის მოხსენებით).
თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება ქვორუმის შესახებ. (ქვესტორები ითვლიან) ქვორუმი გახლავთ. გთხოვთ მოისმინოთ, შემდეგი საკითხი გახლავთ:
დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონის 800 მილ. მანეთის ემისიისა და ბონის ათას მანეთიან კუპიურების შემოღებისა.
მომხსენებელია სიმ. მდივანი.
ს. მდივანი. მე წინადადება მინდა შემოვიტანო ვინაიდან, როგორც, ვატყობ, ეს საკითხი შეიძლება დღეს არ გაირჩეს - მინდა მოგმართოთ წინადადებით; დღის წესრიგში არის პატარა საკითხი სახელმწიფო ბანკის მმართველისა საბჭოს წევრების არჩევნების შესახებ. თუ შეიძლება ეს საკითხი გავარჩიოთ ახლა - ამას მოუხდება სულ რამდენიმე წამი - და პირველი საკითხი კი გადაიდოს შემდეგისათვის.
თავმჯდომარე. გნებავთ მიიღოთ ეს წინადადება? წინადადება მიღებულია. მაგრამ არის მეორე წინადადება მთავრობისა, რომ ეს საკითხი გადაეცეს საბიუჯეტო კომისიას.
მდივანი (კითხულობს მთავრობის წინადადებას).
სიმ. მდივანი. ერთგვარი გაუგებრობა მოხდა ამ საკითხის შესახებ. საბიუჯეტო კომისიას წინადადება ქონდა, რომ საბიუჯეტო და სარეკომენდაციო კომისიებს ერთად დაკისრებოდა ამ კანდიდატების არჩევანი, მაგრამ ოქმში ჩაწერილი იყო სხვა რიგათ. ვინაიდან სოც.-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება იყო, რომ ეს არჩევნები დავალებოდა არა მარტო სარეკომენდაციო კომისიას, ჩვენ შევუდექით მუშაობას, რამდენიმე სხდომა მოხდა, მაგრამ გამოირკვა, რომ ოქმში შეტანილია მხოლოდ სარეკომენდაციო კომისია. ამიტომ ეს კომისია შუამდგომლობს, რომ ამგვარი შესწორება იქნას შეტანილი ოქმში, ამგვარი უფლება მიეცეს ორთავე კომისიას, რომ ახლო მომავალში წარმოგიდგინოთ მოხსენება.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა წინადადების შესახებ? არავის. წინადადება მიღებულია. შემდეგი სხდომის დღის წესრიგი ის იქნება, რაც დღევანდელ წესრიგიდან დარჩა. სხდომა დახურული არის.
სხდომა იხურება 3 საათ. და 50 წუთზე.
![]() |
5 ოთხმოცდამეორე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(82)
1920 წელი. პარასკევი, იანვრის 30. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი
1. დეკრეტი რვაასი მილიონი მანეთის ბონების გამოცემისა.
2. მთავრობისადმი შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრიგოლ ვეშაპელისა - აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
3. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
4. დეკრეტი სახალხო გვარდიის შესანახად ყოველთვიურად 15 მილიონ მან. გადადებისა.
5. გაგრძელება მსჯელობისა 800 მილ. ბონის გამოცემის შესახებ.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი
გრიგოლ ნათაძე.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
კონსტანტინე ჯაფარიძე.
სხდომა იწყება ნაშუადღევის 12 საათზე და 55 წუთზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილია. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი. (კითხულობს ნუსხას და დღიურ წესრიგს).
ნუსხა დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილველად გადასაცემ საკანონმდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.
1. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტის რესპუბლიკის ყველა სამოქალაქო დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ გადაეცეს საბ.-საფ. კომისიას.
2. იუსტიციის მინისტრის პროექტი კანონისა - სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ. გადაეცეს იურიდიულ კომისიას.
3. იუსტიციის მინისტრის კანონ-პროექტი - მომრიგებელ მოსამართლეთა ქვემდებარეობის გაფართოებისა. გადაეცეს იურიდიულ კომისიას.
4. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა, ამავე რკინის გზისთვის განსაკუთრებულ თანხის დაარსებისა და დასატრიალებელ კაპიტალის გადადების შესახებ. გადაეცეს გზათა და საბ.-საფ. კომისიას.
5. გზათა მინისტრის კანონპროექტი - სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებულ ტარიფის მოსპობისა, გარდა შავი ქვის ტარიფისა. გადაეცეს გზათა და საბიუჯეტო-საფ. კომისიას.
დღიური წესრიგი
1. დეკრეტი - საქართველოს რესპუბლიკის ბონის 800 მილიონ მან. ემისიისა და ბონის ათას მანეთიანი კუპიურის შემოღებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.
2. ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წლის თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლის დეკრეტის გამო, მომხსენებელია კირ. ნინიძე.
3. დეკრეტი - ბათუმ-ნატანების რკინი გზის ნაწილის 1919-1920 წწ.საექსპლოატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.350 მან. და სახაზინო რკინის გზის საერთო ხარჯთ-აღრიხვის დამატებად 968.193 მან. გადადებისა.
4. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში საპროპაგანდო კომისიის საჭიროებისათვის 1.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.
5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექეტისა - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის ხელშეკრულობის შესახებ, მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.
7. დეკრეტი - სახელმწიფო ქაღალდის დამმზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდის შესაძენად 24.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია იოს. სალაყაია.
8. პროექტი დადგენილებისა - დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის საყოველთაო ხელის მოწერის გამოცხადების შესახებ.
9. შეკითხვა დამფუძნ. კრეგ. წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
10. შეკითხვა დამფ. კრების წევრის გრიგ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
11. დეკრეტი - სახალხო გვარდიის შესანახად ყოველთვიურად 15.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.
თავმჯდომარე. სოც.-დემ. ფრაქციის მიერ შემოტანილია შესწორება, რათა მეშვიდე საკითხი მოიხსნას დღიურ წესრიგიდან და შემდეგ სხდომაზე დაისვას. მეორე: მეთერთმეტე საკითხი დაისვას დღიურ წესრიგის მეორე საკითხად. სიტყვას ხომ არავინ ინებებს შესწორების შესახებ? სიტყვა არავის ნებავს. წესრიგი მიღებულია.
უნდა მოგახსენოთ აგრეთვე, რომ დამფუძნებელ კრებას აქვს დადგენილება: ყოველგვარი შეკითხვა განიხილოს პარასკეობით 2 საათზე, ასე რომ ორ საათზე უნდა შეწყდეს მსჯელობა და დამფუძნებელ კრებამ განიხილოს შეკითხვები. ხომ არავინ ინებებს სიტყვას დადგენილების წინააღმდეგ? სიტყვა არავის ნებავს. დადგენილება ძალაში რჩება. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბატონ ს. მდივანს.
დეკრეტი 800 მილიონი მანეთის ბონების გამოცემისა.
ს. მდივანი. (სოც. ფ.) მოქალაქენო! ის დეკრეტი, რომლითაც შემოდის აქ დამფ. კრებაში მთავრობა და რომლის ძალითაც მოითხოვს იგი 800 მილიონ მანეთის ემისიის უფლებას, მესამე გახლავთ. სულ ორჯელ იყო განხილული და მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ ემისიის უფლება. მეორე ემისია მიიღო დამფ. კრებამ წარსულ წლის ნოემბრის 7; ამ ხნის განმავლობიდან დღევანდლამდე გამოცემულ ბონებით მთავრობამ დააკმაყოფილა რამოდენიმედ ის ხარჯები რომლებიც არის გაწეული სხვა და სხვა უწყების მიერ. თუ მთავრობას გარდა ამისა საშუალება მიეცა დაეფარა სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, ეს იყო იმის მიზეზი, რომ შემოსავალმა ბევრად გადაამეტა იმას, რაც ნავარაუდევი იყო საბიუჯეტო კომისიის მიერ. იმ ცნობებით, რომელიც ჰქონდა თავის განკარგულებაში საბიუჯეტო კომისიას, სჩანს ნოემბრიდან 7-15 იანვრამდის შემოსავალი ყოფილა სულ 90 მილიონ მანეთამდე, თუ ამას მიუმატებთ წინად შეკრებილ გადასახადს, გამოვა რომ ნახევარი წლის განმავლობაში შეკრებილა სულ 169 მილ. მაშინ, როცა, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ ნავარაუდევი იყო მხოლოდ 120 მილ. მან. იმ შემოსავალში არ შედის შემოსავალი რკინის გზისა და მიწათმოქმედების, ვინაიდან მთელი მათი შემოსავალი სჭირდება ამავე უწყებათა შტატებს და სხვა ხარჯების დაფარვას. მაშასადამე ერთი მხრით ემისიამ, მეორეს მხრივ ზემოხსენებულმა შემოსავალმა საშუალება მისცა მთავრობას დაეფარა დიდი ხარჯები, რომელიც იყო გაწერილი ამ წლის განმავლობაში ეს ხარჯები ნაწილდება შემდეგ ნაირად.
სამხედრო სამინისტროს - 67 მილიონი, სახალხო გვარდიაზე 45 მილ. მან., მომარაგების სამინისტროზე 174 მილ., სულ 352 მილ. მანეთი. ამას გარდა თქვენ მიერ დეკრეტის ძალით გაცემული არის განსაზღვრული თანხა სესხის სახით სხვა და სხვა ორგანიზაციებზე. აგრეთვე საკრედიტო დაწესებულებებსაც აძლევს მთავრობა ფულის ნიშნებს, ვინაიდან მათ არ აქვთ თანხა, რომელიც სჭირია ყოველ დღიურ ოპერაციებისათვის, ეს არის წარსულში. მომავალში, რა თქმა უნდა, ხარჯები კიდევ მეტი იქნება, იმიტომ, რომ დამფ. კრებამ მიიღო მთელი რიგი კანონებისა და დეკრეტებისა სხვა და სხვა საქონლის მონოპოლიის შესახებ. ამ სამონოპოლიო საქონლის შესყიდვას დასჭირდება აუარებელი თანხა, მარტო თამბაქოს მონოპოლიის განხორციელებას და მის შესყიდვას დასჭირდება მილიარდზე მეტი მანეთი. გარდა ამისა, მატყლი, პარკი და სხვა. არის აგრეთვე მთელი რიგი დადგენილებათა, რომელსაც დასჭირდება დიდი ხარჯი. ასეთი არის მაგალითად მიწად-მოქმედების სამინისტროს განკარგულება, რათა არ დარჩეს არცერთი ნაჭერი მიწა დაუმუშავებელი. არის მიღებული ყოველგვარი ზომები, რომ მომავალ გაზაფხულზე დათესილი იქნეს ყველა თავისუფალი მიწები. მე ვგულისხმობ უმთავრესად ყარაიაზის ველს, რომელსაც სჭირდება წყალ-სარწყავ არხების გაყვანა. თქვენივე დადგენილების ძალით ამ მოკლე ხანში უნდა გაიხსნას სახელმწიფო ბანკი. ამას უნდა დაუმატოთ ისიც, რომ ამ მოკლე ხანში თანახმად სატარიფო პალატის გადაწყვეტილებისა მოსალოდნელია ჯამაგირების მომატება.
აი, ამ რიგად მთელი ეს მოსაზრებანი გაითვალისწინა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და ამოწმებს, რომ ემისია გაგრძელებულ უნდა იქნეს. მაგრამ, როდესაც ვადასტურებდით ემისიის განგრძობის უფლებას, ჩვენ გარდა იმისა, რომ გათვალისწინებული გვქონდა, რომ შემოსავალი ორჯელ მეტი არის, ვიდრე ნავარაუდევი იყო, სახეში გვქონდა მიღებული აგრედვე ის გარემოება, რომ სამონოპოლიო საქონლის რეალიზაცია მოგვცემს დიდ შემოსავალს. ჩვენ აგრედვე მივიღეთ სარწმუნოდ ის ღრმა რწმენა უწყებებისა და სამინისტროსი, რომ ჩვენი გარეშე მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია - ეს უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ აღიარებული ვართ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ეხლა ეკონომიურ დახმარებას ევროპა უფრო ჩქარა და ადვილად გაგვიწევს, ვიდრე შესაძლებელი იყო წინად. მივიღებთ რა ამას ყველაფერს მხედველობაში, ჩვენ საჭიროდ ვცნობთ მიღებულ იქნეს დამფუძნებელ კრების მიერ წარმოდგენილი დეკრეტი.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ნუცუბიძე ილიას.
ილია ნუცუბიძე (სოც.რევ.) ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! როდესაც მთავრობა ითხოვს საემისიო უფლების განგრძობას, ამ თხოვნას ყოველთვის ერთი და იმავე დებულებით ასაბუთებს: ამ ჟამად მეტი გამოსავალი არ არის. მართლაც, იმ მომენტში, როდესაც ბონები ამოიწურება, სხვა გამოსავალი არ არის, გარდა ახალი ემისიის გამოთხოვისა. მაგრამ სად იყო მთავრობა აქამდე, რატომ ვერ შესძლო მან ფინანსიური კრიზისის ოდნავ მაინც განელება?
სოციალისტ-რევოლიუციონერების ფრაქციას ეს მესამედ უხდება გამოსვლა წინააღმდეგ საემისიო უფლების განგრძობისა. მდგომარეობა მართლაც მეტად მწვავეა, მეტად კრიტიკულია, თითქმის კატასტროფიულიცაა. ამას ჩვენ სავსებით ვგრძნობთ, მაგრამ სწორედ ეს კრიტიკული მდგომარეობა გვიკარნახებს ასეთ პოზიციას. როდესაც ხალხს საფრთხე მოელის, იქნება ეს ფინანსიური, ეკონომიური თუ პოლიტიკური, ჩვენ, როგორც ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგომნი, ვალდებულნი ვართ აღვიმაღლოთ ხმა და ვამცნოთ ქვეყანას, რომ დგება ჟამი განსაცდელისა. არაჩვეულებრივი ზომებია საჭირო, რომ ეს განსაცდელი თავიდან ავიცილოთ. საფინანსო უწყების წარმომადგენელი, ვიცით, მთელ უბედურებას ობიექტიურ პირობებს გადააბრალებს, მაგრამ ის შემცდარი იქნება. მართალია, ობიექტიური პირობები მეტად ცუდია შემოქმედებითი მუშაობისათვის, მაგრამ შეუძლებელია იმის თქმა, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდეს. ყველაფერს ობიექტიურ პირობებს ვერ გადავაბრალებთ. ამ ობიექტიურ პირობების შემადგენელი ელემენტი ჩვენც ვართ და ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ უნდა შევიჭრეთ ობიექტიურ პირობებში და იქ სუბიექტიური ბუხჰალტერია ვაწარმოვოთ და ჩვენ შევძლებთ ფინანსიური კრიზისის ოდნავ მაინც განელებას. თუ არა ინიციატივა, პროგრესიც შეუძლებელი იქნებოდა და ჩვენ სტიქიონის მსხვერპლი შევიქნებოდით. ჩვენ არ მოვითხოვთ გამანადგურებელ პროცესის ერთი დაკვრით მოსპობას, ეს შეუძლებელია. ჩვენ მოვითხოვთ მინიმუმი ენერგიისა მაინც გამოიჩინოთ ამ პროცესის შესაფერხებლად.
ჩვენ ვერ შეურიგდებით იმ გარემოებას, რომ ჩვენი ფინანსების დაშლის პროცესი გეომეტრიული პროგრესით ვითარდებოდეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განადგურების პროცესი თუ შეჩერებული არა, შენელებული მაინც იქნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი არსებობა მეტად პრობლემატიური ხდება. უკანასკნელ საემისიო უფლების გამოთხოვის შემდეგ ჩვენი ბონების კურსი თითქმის ორწილ დაეცა. გირვანქა სტერლინგი ჩვენი ზონებით მაშინ ღირდა 600-700 მ. დღეს კი 1200 მ. ღირს. თუ ბონების კურსის დაცემის პროცესმა ასეთი ტემპით იწარმავა, რასაკვირველია შესაფერის შედეგებს მალე მივიღებთ.
იმისათვის რომ ცოცხლათ წარმოვიდგინოთ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა, მოვიგონოთ რუსეთის ფინანსები ომამდი. რუსეთში ომამდი ტრიალებდა დაახლოვებით 1.600 მილ. მან, ქაღალდის ფული. მაგრამ ამ ქაღალდის ფულთან ერთად ტრიალებდა ხალხში 500 მილ. მან. ოქროს ფული. ჩვენში კი ეხლა ამ 800 მილიონითურთ ორ მილიარდამდე იქნება ბონები. ამავე დროს ოქრო სრულებით არ მოგვეძებნება.
ეს ციფრები მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენ საზღაპროდ დავცილდით ნორმალ მდგომარეობას.
ახლა შევადაროთ ჩვენი ფინანსები საფრანგეთის ფინანსებს 1789 წ.-1795 წ. და დავინახავთ, თუ როგორი სისწრაფით მივდივართ ჩვენ კატასტროფისაკენ. 1789 წ. - 1793 წლის 1 აგვისტომდე (ოთხი წლის განმავლობაში) საფრანგეთში გამოუშვეს 3,776 მილ. ფრ. ასიგნაციები. კურსი მისი ლითონის ფულზე იყო 57 პროც. 1793 წ. 1 აგვისტოდან 1795 წ. 1 აპრილამდე გამოუშვეს 4.550 მილ. ფრ. ასიგნაციები და კურსი მისი დაეცა 25 პროც. 1795 წ. 86
1 აპრილიდან ასიგნაციებას გამოშვებამ ყოველივე გონიერებას გადააჭარბა. რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოუშვეს 37. 251 მილ. ფრ. ამის შემდეგ ასიგნაციების კურსი სავსებით ეცემა. ასე რომ 1795 წ. ბოლოს მისი კურსი უდრის ნომინალის 0,52 პროც.
ამგვარად საფრანგეთმა გაჭირვების დროს მიჰმართა ქაღალდის ფულის გამოცემის საშუალებას და ამ საშუალებამ დიდი დახმარება გაუწია მას. ასიგნაციებს კიდევ ჰქონდათ ერთხანს ფასი, სანამ მისმა გამოშვებამ ყოველივე გონიერებას არ გადააჭარბა. საფრანგეთის ისტორია მეორდება ჩვენშიაც. ბონების გამოცემა გონიერების ფარგლებს სცილდება და მისი ფასიც სწრაფად ეცემა. თუ ასე გაგრძელდა, ვიმეორებთ მას სავსებით დაეკარგება ფასი და შემდეგ მდგომარეობის გამოკეთება ძნელი იქნება.
როდესაც უკანასკნელი ემისიის უფლებებს ითხოვდა მთავრობა, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელმა დასაბუთებულ სიტყვაში აღნიშნა ის უბედურება, რომელსაც ეს დაუსრულებელი ემისიები გვიმზადებს. ფინანსთა უწყების წარმომადგენელი პატივცემული მინისტრი საპასუხო სიტყვაში ამტკიცებდა, რომ ქაღალდის ფულების გამრავლებაზე არ არის დამოკიდებული ფასების აწევა, რომ იცის ისტორიამ მაგალითი, როდესაც ქაღალდის ფულის ლითონის ფულზე დიზაჟიოც ყოფილაო და სხვა.
ავტორიტეტათ მოიყვანა ცნობილი ეკონომისტი, ავტორი მრავალ-ტომიანი წიგნის „ფასების ისტორია“.
მართალია, ტუკს აქვს ცნობილი დებულება: „საქონლის ფასები კი არაა დამოკიდებული ფულის რაოდენობაზე, არამედ ფულის რაოდენობა ტრიალში დამოკიდებულია საქონლის ფასების საერთო დონეზე“. ეს დებულება მართალი არ არის, პარადოქსია, თუმცა ეს პარადოქსი მეტად პოპულიარული შეიქნა და ბევრი გამოჩენილი ეკონომისტი იზიარებდა მას (მარქსი, ადოლფ ვაგნერი). ისტორიამ იცის იმის მაგალითები, რომ ფულის რაოდენობის გამრავლებას მოჰყვა ფასების აწევა. მე-16 საუკუნეში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, როდესაც ევროპას მოაწვა დიდძალი ლითონი, მოხდა ეგრედ წოდებული „ფასების დიდი რევოლიუცია“.
რასაკვირველია, სხვა გარემოებასაც ჰქონდა გავლენა ფასების აწევაზე (კაპიტალისტური წარმოების გაჩაღება, საწარმოვო ხარჯების გაზრდა), მაგრამ ლითონის გამრავლებამაც რომ იქონია გავლენა, ეჭვი არ არის, ასე რომ არ არის სავსებით მართალი ტუკის თეორია - თითქოს ფულის ფასი დამოკიდებული იყოს მხოლოდ საქონლის ფასების საერთო დონეზე.
არ არის მართალი სავსებით არც რიკარდოს ფულის რაოდენობითი თეორია, თუმცა მისი ჩამოყალიბება მათემათიკურ ფორმულებშიც კი სცადა გამოჩენილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ირვინგ ფიშერმა.
უფრო მართალია რიკარდოს თეორია ქაღალდის ფულის შესახებ. თვით მარქსი, რომელიც საერთოდ ფულის თეორიაში იზიარებს ტუკის აზრს, ქაღალდის ფულის შესახებ იზიარებს რიკარდოს რაოდენობითი თეორიას.
როგორც რიკარდოს, ისე ტუკის თეორია ცალმხრივია და მეცნიერულ აზრის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. მათი სინთეზი მოგვცემს ნამდვილ მეცნიერულ თეორიას. როდესაც ფული ბაზარზე გამოდის, ტრიალში ებმება, სამეურნეო ურთიერთობაში ერთნაირი ელემენტი, ერთნაირი რგოლი ხდება, უეჭველია ფულის და საქონლის ურთიერთ გავლენა, ასე რომ, როგორც ფულის, ისე საქონლის ფასები დამოკიდებულია ერთად ფულის და საქონლის ბაზრის მდგომარეობაზე.
იმის დასამტკიცებლად, რომ ქაღალდის ფული დიდი ფინანსიური უბედურება არაა, ბ. მინისტრმა სთქვა, რომ ისტორიამ ქაღალდის ფულის დიზაჟიოც კი იცისო.
მართალია, ავსტრიის ქაღალდის გულდენი მეტი ფასობდა 80-90 წ.წ. ვიდრე ვერცხლის, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ვერცხლის ფასი იმ ხანებში საერთოდ მეტად დაცემული იყო ევროპაში. და რომ ზედმეტ ქაღალდის ფულს გავლენა აქვს ფასებზე, ამას თვით მარქსიც კი იზიარებს, რომელიც სხვა შემთხვევაში ტუკის მომხრეა.
როდესაც ამ ტრიბუნიდან შეეხები საკითხის აკადემიურ მხარეს, მენშევიკების სკამებიდან ისმის რეპლიკები: „რა შუაშიაო“. თქვენ, ბატონებო, თუ დამიმტკიცებთ, რომ საფინანსო, აგრარული, ეკონომიური და სხვა ასეთი საკითხები მხოლოდ პოლიტიკური საკითხებია და მას არ აქვს აკადემიური მხარე, რომ ამ საკითხების მეცნიერული დასაბუთება არაა საჭირო, მაშინ, რასაკვირველია, უნდა დავანებოთ თავი საკითხების მეცნიერულათ გაშუქებას, მაგრამ თქვენ ამის დამტკიცებას ვერ შესძლებთ. ფულის ტრიალის საკითხი ურთულეს საკითხათ ითვლება პოლიტიკურ ეკონომიაში და იმისათვის, რომ ის სისწორით გადაჭრა, უწინარეს ყოვლისა უნდა გაეცნო მეცნიერების აზრს მის შესახებ, რომ თვალახვეული არ მოგვიხდეს სიარული ისეთ რთულ დარგში, როგორიცაა ფულის ტრიალის საკითხი.
იმ ქვეყანაში, სადაც რამოდენიმედ მაინც მოგვარებულია ფინანსების საქმე, ერთნაირი საფინანსო კონსტიტუცია არსებობს. ქაღალდის ფულის პროპორცია ლითონის ფულთან წინდაწინ გამოანგარიშებულია. უკანასკნელ ჟამში ფულის ტრიალის ტემპი და ხასიათი დამოკიდებულია თვით სახალხო მეურნეობის მდგომარეობაზე. ასე რომ ფაქტიურ საფინანსო კონსტიტუციას ბოლოს და ბოლოს სახალხო მეურნეობის რეალური მდგომარეობა უნდა ქმნიდეს. ჩვენში არავითარი საფინანსო კონსტიტუცია არ არსებობს, უშვებენ უსაზღვროთ ბონებს და იმას კი არ კითხულობს საფინანსო უწყება, აიტანს თუ არა ჩვენი მეურნეობა მას. ქაღალდის ფული თავისთავად არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. იცის ისტორიამ მაგალითები ქაღალდის ფულის კურსის ხანგრძლივი სიმტკიცისა. 20 წ. განმავლობაში 1892-1912 წ. ავსტრიაში ქაღალდის ფულის კურსის სიმტკიცე ურყევი იყო. საქმე იმაშია, ბატონებო, რომ საფინანსო პოლიტიკა რაციონალურათ უნდა წარმოებდეს და, როგორც მოგახსენეთ, საფინანსო კონსტიტუცია უნდა იქმნებოდეს სახალხო მეურნეობის მიხედვით.
უწინარეს ყოვლისა, ბატონებო, რასაკვირველია უნდა შევქმნათ საკუთარი ვალიუტა. მაგრამ ვალიუტა ბონების გადაჭარბებულათ გამოშვებით არ შეიქმნება. ოქრო ჩვენ არა გვაქვს. ვერც ვიშოვით. ევროპა ოქროს არ მოგვცემს, რადგან მას თვით არა აქვს საკმაო რაოდენობა ოქროსი. ამერიკას აქვს ოქრო, მაგრამ ის ამ ოქროს იოლათ არ გაუშვებს ხელიდან, რადგან მის საშვალებით ის ფიქრობს მთელი მსოფლიოს დამონებას. ამიტომ ჩვენი მთელი ყურადღება შინაურ შესაძლებლობათ უნდა მივაქციოთ. ერთად ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის სახალხო მეურნეობის აღორძინება. მთელი ჩვენი ყურადღება აქეთკენ უნდა მივაქციოთ, მაგრამ იმ გზით, რომელ გზასაც სოც.-დემ. მთავრობა ადგია, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ სახალხო მეურნეობის აყვავების საქმეში. დღეს არაჩვეულებრივი მდგომარეობაა როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში და არა ჩვეულებრივი ზომებია საჭირო ცხოვრების მოსაგვარებლათ. სეპარტიული, ინდივიდიალური გზით არაფერი გაკეთდება. უნდა დავადგეთ კოლექტიურ შემოქმედების გზას.
მთავრობამ უნდა აწარმოვოს აქტიური სავალიუტო პოლიტიკა. სათამასუქო კურსის რეგულიაცია სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს.
ბ. მომხსენებელის დებულებიდან ზოგიერთმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება. 1. გამოცემული ბონები დაიხარჯა, შემდეგ კიდევ მეტიც დაიხარჯებაო. უბედურებაც იმაშია, ბატონებო, რომ ფულები დაიხარჯა და მომავალში კიდევ მეტის დახარჯვას გვპირდებიან. ეს ხარჯები, რომ მიდიოდეს შემოქმედებით მუშაობაზე, მაშინ, რასაკვირველია, სათქმელი არაფერი გვექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფულები უმიზნოთ და უთავბოლოთ იხარჯება და დაპირება, რომ მომავალში კიდევ მეტი დაიხარჯებაო, მომავლის უბედურების სიგნალათ უნდა მიიღოთ.
2. გადასახადი ორჯერ მეტი შემოვიდაო. გადასახადი ორჯერ მეტი შემოვიდა მაგრამ... მაგრამ ფინანსიური მდგომარეობა ორჯერ გაუარესდა. დღეს ორჯერ მეტი გვჭირდება, ვინემ ერთი თვის უკან. და ეს სავსებით გასაგებია: ბონების კურსი ორჯერ დაეცა. დღეს, როგორც მოგახსენეთ, გირვანქა სტერლინგი ღირს 1200 მ. უკანასკნელი ემისიის დროს კი ღირდა 600 მ.
3. ევროპა სესხს მოგვცემს და ნასესხი ფულით შევქმნით საკუთარ ვალიუტასო. ეს ფინანსიური ცრუმორწმუნეობაა. ევროპა სახეიროთ ჩვენ არაფერს მოგვცემს. თუ რაიმე მოგვცა, ჯოჯოხეთურ პირობებში მოგვცემს. ამის გარდა განა შესაძლებელია საკუთარი ვალიუტის დამყარება უცხო ვალიუტაზე?
დღეს ევროპის ვალიუტა თვით შერყეულია. და ესეც რომ არ იყოს, საკუთარი ვალიუტის უცხო ვალიუტზე დამყარება პირდაპირ უარყოფაა საკუთარი არსებობისა, რამდენათ ეს არსებობა ნივთიერ საშვალებაზეა დამოკიდებული, რუსეთს საკუთარი ვალიუტა ჰქონდა, საკუთარ ნივთიერ ეკვივალენტზე იყო დამყარებული, მაგრამ ვიდრემდის ყოველივე უმნიშვნელო ცვალებადობა ევროპის ცხოვრებაში ვერხვის ფოთოლივით აქანებდა ამ ვალიუტას. ასე რომ რუსეთს არ ქონდა საკუთარი ვალიუტა მაშინ, სიტყვა „საკუთარის“ ნამდვილი მნიშვნელობით. და თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონებო, როგორი „საკუთარი“ ვალიუტა იქნება ის ვალიუტა, რომელიც დამყარებული იქნება უცხო ვალიუტაზე და იგიც მერყევზე! ვიმეორებ, პირდაპირ ფინანსიური ცრუმორწმუნოებაა ვალიუტის შექმნაზე ფიქრი ასეთი გზით.
4. თუ გადავიტანთ სტერლინგებზე 800 მილ. ძლიერ ცოტააო. ეს დებულება ბ. მომხსენებელს მოყავს ახალი ემისიის გასამართლებლათ, როდესაც დებულება ემისიის წინააღმდეგ ლაპარაკობს. ბონების კურსი ისე დაეცა, რომ უცხო ვალიუტაზე 800 მილ. არაფერი გამოდის. თუ ასე გაგრძელდა ბონების კურსის დაცემა, მალე სრული კრახის მოწამენი შევიქნებით და მაშინ ერთიღა საშვალება დაგრჩებათ: აიღეთ და დააგირავეთ მთელი საქართველო. აქეთ მივყევართ სოც.-დემ. მთავრობის მოღვაწეობას.
ბევრს არ მოვითხოვთ თქვენგან. დაგვანახეთ, რომ თქვენ გაქვთ უნარი შემოქმედებითი მოშაობისა, დაგვანახეთ, რომ განადგურების პროცესი ოდნავათ მაინც არის შენელებული და ჩვენ, დიდი სიამოვნებით მოგცემთ ახალი ემისიის უფლებას. სანამ ეს არ არის, სანამ მინიმუმის მინიმუმს არ გვაჩვენებთ იმისას, რაც მოეთხოვება სახელმწიფოს მესვეურს, ჩვენ დასტურს ვერ მიიღებთ.
თქვენ ყოველივეს ობიექტიურ პირობებს აბრალებთ. შეანათეთ, ბატონებო, ამ ობიექტიურ პირობებში თუ ელექტრონით არა, ჭრაქით მაინც და მიიხედ-მოიხედეთ შიგ. მაგრამ ჩვენ არ დაგვინახავს წარსულში თქვენი უნარი შემოქმედებითი მუშაობისა და არც მომავალში გვაქვს იმედი, რომ რაიმეს გაკეთებას შესძლებთ, ამიტომ ჩვენ წარმოდგენილ დეკრეტს წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას.
შეკითხვა დამფუძნებელ კრების წევრის გრიგოლ ვეშაპელისა, აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა შეკითხვისათვის ბ. ვეშაპელს ეკუთვნის.
გრიგოლ ვეშაპელი. (ნაციონ.) ბატონებო! ოქტომბრის 24 დამფ. კრებამ მიიღო დეკრეტი ფოთოლ თამბაქოზე მონოპოლიის გამოცხადების.
მთავარი მუხლი მონოპოლიის დეკრეტისა იყო მტკიცე ფასებში საქონელი ჩამორთმეოდა, ეს მტკიცე ფასები კი შეთანხმებითი წესით უნდა დაწესებულიყო. ასეთი იყო კანონი.
რაც შეეხება იმ გეგმას, რომელიც ჰქონდა მთავრობის ფინანსიურ და მომარაგების უწყებას, ეს გეგმა იყო ძალიან ფართო. გარდა ამისა, რომ ნაგულისხმევი იყო ჩამორთმევა თამბაქოსი, მისი სახელმწიფოებრივი წესით გაეყიდა საზღვარგარეთ და შემოტანა იქიდან სამაგიერო საქონლისა, ამის გარდა მომარაგების სამინისტრო და ფინანსიური უწყება ფართო გეგმას უდებდა სარჩულად ამ მონოპოლიას. ჯერ ერთი განზრახული იყო საგანგებო ორგანიზაციის შექმნა ცენტრში ერობათა და მეთამბაქოეთა წარმომადგენლებისაგან. ამ გვარად უნდა ყოფილიყო შემათანხმებელი ორგანიზაცია, რომლის ხელშიაც გაივლიდა მონოპოლიის საკითხი...
რაც შეეხება ცალკე ზომებს, მომარაგების სამინისტროს და ფინანსიურ უწყებას მოხსენებული ქონდათ მთელი რიგი ზომებისა არა ფისკალური, არა ხაზინის სასარგებლო, თვით თამბაქოს კულტურის გაუმჯობესებისათვის მელიორაციის მხრივ. მთავრობის ორგანიზაციას ნაგულისხმევი ქონდა: გაადვილება თამბაქოს პლანტაციისათვის: აღება გრძელ ვადიან სესხის სახით, სახელმწიფო ფონდიდან მიწების დათმობა, სულიერი და უსულო ინვენტარის მოწოდება, ბეების დარიგება, ჯილდოს დაწესება თამბაქოს ხარისხის გაუმჯობესებისათვის. პირდებოდენ თამბაქოს ფასის პროგრესიულ მომატებას, იმის მიხედვით, თუ რამდენათ გაუმჯობესდებოდა თამბაქოს ხარისხი. მეთამბაქოებს პირდებოდენ თამბაქოს ქარხნების მოწყობას და გაადვილებას საქართველოში დამზადებულ ნაწარმოების გაზიდვისა. ასეთი იყო გეგმა, შეიძლება ითქვას დაპირება. ამგვარად მთავარი ყურადღება უნდა მიქცეულიყო იქითკენ, რომ ეს მონოპოლია არ გადაქცეულიყო ხაზინის მოგების უბრალო მექანიურ საშუალებათ. მაგრამ ნამდვილათ რა მდგომარეობაშია მონოპოლიის საქმე, მე მოგახსენებთ, ერთ კუთხეში მე ვგულისხმობ აფხაზეთს. არ მინდა ვილაპარაკო საერთოთ თუ როგორ სწარმოებს ეს საქმე საქართველოს ყველა კუთხეში, მე შევეხები მხოლოდ აფხაზეთის მხარეს. მე მქონდა საშუალება ადგილობრივ გავსცნობოდი თუ რა ხასიათს იღებს აფხაზეთში ეს საქმე. აფხაზეთი არის თამბაქოს მხრივ უმთავრესი ნაწილი საქართველოსი. იქ არის დაგროვილი ის თამბაქო, რომლის შესახებ იყო გამოცხადებული მონოპოლია. აფხაზეთი თავის ნიადაგით წარმოადგენს საუკეთესო ადგილს პირველი ხარისხის თამბაქოს წარმოებისათვის. უნდა მოგახსენოთ, რომ კანონი და ის მოსაზრება, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, აფხაზეთში არ განხორციელებულა.
მე დამფუძნებელი კრების წევრი ვარ და ამიტომ შემიძლია მეტი ყურადღება მივაქციო კანონის განხორციელებას ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად, მაგრამ არ გამიგონია, რომ ეს ორგანიზაცია მოწყობილიყო, ყოველ შემთხვევაში მისი არსებობა არა სჩანს, რაც კანონში არის ნათქვამი ორგანოს მოწყობაზე; ცხადია, ასეთი ორგანო, თუ ის შედგა, უნდა ყოფილიყო ოფიციალური. მისი შედგენა, მუშაობა, გეგმები უნდა ყოფილიყო გამოცხადებული ოფიციალური საშვალებით ისე, როგორც მისი ნამუშევარი, მაგრამ ფაქტიურად ასეთი მუდმივი ორგანოს დაარსების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. არა ოფიციალური გამოცხადებაც კი არ ყოფილა და ეს არ შეეფერება კანონს, მაგრამ ვთქვათ ყოფილიყო ასეთი ორგანო, მაშინაც აფხაზეთში მყოფი მრეწველები, მწარმოებლები უნდა ყოფილიყვნენ მოწვეულნი ამ ორგანოში. აქ ტფილისში კიდეც, რომ დაარსებულიყო ორგანო, მონოპოლია ნორმალურად ვერ გატარდებოდა, რადგან თამბაქო, მთელი მისი სიმდიდრე არის აფხაზეთში და მონოპოლია უნდა გატარებულიყო არა აქ, სამინისტროში, არამედ ადგილობრივ, იყო საჭირო განყოფილების დაარსება იქვე აფხაზეთში, სოხუმში, იქ კი არავითარი ცდაც კი არ ყოფილა ასეთი ორგანოს შედგენისა და კანონის ასე გატარებისა. კანონი თამბაქოს მტკიცე ფასებით ჩამორთმევა უნდა ყოფილიყო შეთანხმებით გატარებული, ეს აფხაზეთში არ ყოფილა. იქ იყო მხოლოდ ინსტრუქცია, გამოცემული მთავრობის რწმუნებულის კიასიშვილის, რომელიც დანიშნულია სოხუმში ამ საქმისათვის. არა ნორმალურია ასეთი მდგომარეობა, რომ არ არის შემდგარი კოლექტიური ორგანო ასეთი დიდი საქმის წარმოებისათვის, როგორიც არის მონოპოლია; - ერთ კაცს აქვს მინდობილი ასეთი დიდი საქმე. ამით არ მინდა ვსთქვა, რომ კიასიშვილი იყოს შეუფერებელი ზნეობრივად პიროვნება, და ბოროტმოქმედობას ჩადიოდეს, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ერთ პირს მონოპოლიის განხორციელება არ შეუძლია წესიერად.
ასეთი ხელოვნური დაყოფა ეკონომიურ საშუალებების გზებისა სახელმწიფოში, ასეთი სხვადასხვაობა ერთი და იგივე საქმის კეთებაში, არის ანორმალური მოვლენა და არ ვიცი რით აიხსნება იგი.
მაგრამ ბუნებრივია ის უკმაყოფილება, რომელიც მოჰყვება ხოლმე ასეთ მოქმედებას, და მე არა მგონია ჩვენი და რომელიმე მთავრობის მიზანს შეადგენდეს, რომ ისე გაუკეთოს საქმე, რომ დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს.
აი ჩემი შეკითხვა ამაში მდგომარეობს. თუ გნებავთ დასკვნისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ თქვენსას შემდეგ გარკვეულ საკითხებს. პირველი: კანონში იყო ნაგულისხმევი ცენტრალურ ორგანოს შედგენა მტკიცე ფასებისთვის. ასეთი ორგანო არავის გაუგონია. ეს ერთი, მეორე: კანონის ავტორის მიერ ნაგულისხმევი იყო ფართე შემათანხმებელ ორგანიზაციის შედგენა. ასეთი შემათანხმებელ ორგანიზაციის დაარსება არავის გაუგონია არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად. მესამე: ადგილობრივად, იქ, სადაც იყო მთელი სიმდიდრე თამბაქოსი, იქ არავითარი ცდა არ ყოფილა კოლეგიალურ ორგანიზაციის შექმნისათვის, რომელიც შეათანხმებდა მთავრობის და მრეწველთა ინტერესებს. ამ საქმეში არაფერი არ ყოფილა გაკეთებული. საერთოდ თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების საქმეს, გარდა იმისა, რომ არ იყო კანონში ნაგულისხმევი წესი შესრულებული, ემჩნევა მეტის-მეტი ფისკალური, სახაზინო ბიუროკრატიული წესი. ამ მხრივ ამ მონოპოლიის განხორციელება გადაჭრით ეწინააღმდეგება და არ წააგავს სხვა მონოპოლიის განხორციელებას. და ასეთი ხელოვნური გაყოფა გზისა ერთ და იმავე საქმეში წარმოადგენს არა ნორმალურ მდგომარეობას. და რადგანაც ეს მონოპოლია არ არის, ჯერ განხორციელდეს იგი კანონის აზრით და სიტყვით. მე მოვითხოვ შესრულებულ იყოს კანონი და მეორე მხრით, მთავრობა საერთოდ ცდილობდეს ამ მონოპოლიის განხორციელებას იმ გზით, როგორსაც დაადგა იგი შავი ქვის განხორციელების საქმეში. ესე იგი უნდა შეადგინოს საექსპორტო საზოგადოება, თუნდაც უარეს პირობებში, როგორიც იყო მიღებული შავი ქვის მრეწველთა მიერ, და მისი საშუალებით და შეთანხმებით უნდა განახორციელოს თამბაქოს მონოპოლიის საქმე, ვიმეორებ, მონოპოლია. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვეულია დიდი მითქმა-მოთქმა არა მარტო აფხაზეთში, არამედ საზღვარგარედაც, ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა. და რომ განხორციელდეს, უნდა დასრულდეს განხილვა 800 მილიონ მან. ემისიის საკითხისა. იქ პირდაპირ სწერია, რომ მომარაგების სამინისტროს დასჭირდება 1 მილიარდ მან. ბონის დაბეჭდვა, რათა ამ თანხით შეიძინოს სავალიუტო საქონელი. ამ საქონელში კი მთავარი ადგილი უკავია თამბაქოს, უნდა მოინახოს სხვა გზა, რომელიც არ საჭიროებს ერთ მილიარდ მანეთის დაბეჭდვას, რომ ეს მონოპოლია განხორციელდეს, შეთანხმებით, ნატურალურად, რომ თამბაქო გავიტანოთ საზღვარგარედ და მის მაგივრად კი შემოვიტანოთ ჩვენთვის საჭირო საქონელი, ამ მხრივ აგვცდება როგორც მრეწველ-ვაჭართა უკმაყოფილება, ისე თამბაქოს კულტურის ბუნებრივი კრიზისი. მეორე მხრით აგვცილდება ფულის კურსის დაცემა, იმიტომ, რომ მილიარდი, რომელიც დაიბეჭდება და რომლითაც იყიდის მთავრობა სამონოპოლიო საქონელს და გაყიდვის შემდეგ უფრო უარესად იმოქმედებს და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენ ფინანსებს.
ამით არის გამოწვეული ადგილობრივი უკმაყოფილება. ბ. კიასოვმა გამოაქვეყნა თავისი ინსტრუქცია, მტკიცე ფასები, საჯარიმო ფასებიც კი. მან გამოაცხადა, რომ ყოველი მწარმოებელი ვალდებულია მისცეს მას, ბ. კიასოვს. ხელწერილი, რომ მწარმოებელი თავის საწყობში მყოფ თამბაქოს შეინახავს მთავრობისათვის, ისე რომ მას არაფერი დააკლდება. მწარმოებელნი წინააღმდეგნი არიან ასეთი ხელწერილების მიცემისა, მით უფრო, რომ ასეთი ხელწერილები უნდა გაცემულიყო არა მთავრობის, არამედ კიასიშვილის სახელზე. ასეთი განპიროვნება მონოპოლიის საქმისა ჩვენ არა ნორმალურად მიგვაჩნია და ამით უნდა აიხსნას ის უკმაყოფილება, რომელსაც ადგილი აქვს კიასიშვილის წინააღმდეგ. ბ. კიასოვმა დააწესებინა ადმინისტრატიული სასჯელი: ვინც აღნიშნულ ხელწერილს არ იძლეოდა, იმას ციხეში სვამდენ. შვიდი კაცი დამწყვდეული იყო, ზოგი მათგანი გაანთავისუფლეს მაშინ, როდესაც სოხუმში დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისია ჩავიდა და დეპუტატებს საჩივარი მოართვეს ბ. კიასოვის თავგასულობის შესახებ.
შეიძლება, და მე დარწმუნებულიც ვარ, რომ უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენელნი დააყენებენ საკითხს ჩვეულებრივ რელსებზე, - ე. ი. იტყვიან, რომ ამ საკითხის აღძვრა ნიშნავს მარტო სპეკულიანტების დაცვას და მეც მათ მფარველად გამომაცხადებენ. მაგრამ მოისმინეთ ქვევით: ბ. კიასოვმა ასეთი იურიდიულად მიუღებელი ხელწერილების ჩამორთმევის შემდეგ, გამოზიდა თამბაქო სხვისი საწყობებიდან და გადასცა ფულის გადაუხდელად იმ ფირმებს, რომელთა გემები იღებენ მთავრობის თამბაქოს. ასეთი გახლავთ - ინგლისური „კოსმოს“ და ფინლიანდიის „კროხმანი“. ამან დიდი ალიაქოთი გამოიწვია სოხუმში. მე მოგახსენეთ, რომ ბ. კიასოვი აწესებდა თავისით არა მარტო მტკიცე ფასებს, არამედ შემოიღო საჯარიმო ფასებიც იმათთვის, ვინც მის მოთხოვნილებებს არ ასრულებდა. ამ მოქმედებაში ბ. კიასოვი ეყრდნობოდა ინსტრუქციას, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა მისი შედგენილი და მისი ხელმოწერილი ყოფილა. ყველაფერი ზემოთქმული დიდ უკმაყოფილებას იწვევს არა მარტო ვაჭარ-მრეწველთა, არამედ თვით მწარმოებელთა შორის. საერთოდ შეუძლებელია დემაგოგიურად, ხელოვნურად თამბაქოს მრეწველთა და მწარმოებელთა ინტერესების დაპირდაპირება. საქმეს დიდად ავნებს და თამბაქოს კულტურას დასცემს ის გარემოება, თუ თქვენ ჩვეულებრივ „დემოკრატიულ“ ქურქში გახვიეთ თქვენი მოქმედება ამ მონოპოლიის საქმეში და ერთმანეთს შეაჯახეთ მწარმოებელისა და მრეწველის ინტერესი. მათ შორის მჭიდრო ეკონომიური კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მრეწველი არ თესავს, მთელი ათეული წლის ისტორია აქვს ამ კავშირსა და შეთანხმებას და მწარმოებელი თამბაქოს სულაც არ დათესავს თუ სამრეწველო ფირმები მონოპოლიის გამო განადგურდება. (ასე ხდება დღეს ქიზიყშიც). დღევანდელი თამბაქოს მრეწველნი კი აფხაზეთში რამოდენიმე ათეული წელიწადია მუშაობენ თავისი ფულით, ცოდნითა და ტეხნიკით, ამათი წყალობით განვითარდა თამბაქოს კულტურა აფხაზეთში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მრეწველნი ოსმალეთიდან გამოექცნენ მონოპოლიას და შეიძლება ჩვენ მონოპოლიასაც გაექცნენ და თან წაიღონ თავის კაპიტალი და ცოდნა. მრეწველთა შევიწროებამ შეიძლება გამოიწვიოს მწარმოებელთა ემიგრაცია, მით უფრო, რომ მთავრობისაგან მწარმოებელთ არც სულიერ, არც უსულო ინვენტარით არავითარი დახმარება არ უნახავთ, გარდა მტკიცე ფასების დაწესებისა. ასეთი გარემოება დიდ კრიზისს უმზადებს როგორც აფხაზეთის, ისე ქიზიყის თამბაქოს. შეიძლება სთქვან: რატომ არ შეიძლება მწარმოებელისა და მრეწველის ინტერესის გაყოფაო. არ შეიძლება იმიტომ, რომ იქ არის მოწყობილი საწყობები, არის შემუშავებული ერთგვარი წესი თამბაქოს გადარჩევისა, მისი დამზადებისა, ბაზარზე სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა სორტის გატანისა, ტეხნიკური ინვენტარისა. იქ ქარხანა არ არის, მექარხნეები არ არიან, მაგრამ ფართო მრეწველობის ხასიათს იღებს თამბაქოს მოვლის საქმე; მას პურივით, ან სიმინდივით ვერ მოიყვანთ. ბ. კიასოვს რომ ჯერ კიდევ არ შეუსწავლია ეს საქმე და ისე უყურებს, როგორც სიმინდის საქმეს, სჩანს იქიდან, რომ, როცა ფინლიანდიის ფირმას თამბაქოს აძლევდენ, შეარჩიეს და მისცეს საუკეთესო თამბაქო, პატრონებს დაბალ ხარისხს უტოვებენ - ესე იგი მოსჭრეს თავი და უკრეს თავი უცხოეთში. და ეს იმიტომ ქნა ბ. კიასოვმა, რომ თამბაქო მეტ ფასში გაეყიდა.
ეს იმას ამტკიცებს, რომ მთავრობას აპარატი არა აქვს, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყოს მონოპოლიის მიზანშეწონილი გატარება და ასეთი პოლიტიკის ნაყოფს უფრო ნათლად შემდეგ სეზონში დავინახავთ.
გარდა იმისა, რომ ცენტრალური ორგანო თვალ-ყურს არ ადევნებდა აფხაზეთის თამბაქოს მონოპოლიას და ერთ პირს ჩააბარა ეს საქმე, გარდა ამისა, მთავრობას არც კი უცდია რაიმე შეთანხმება თამბაქოს მრეწველთა და მწარმოებლებთან.
საჭირო არ არის შეთანხმებით მტკიცე ფასების დაწესება, აგრეთვე თამბაქოს ჩამორთმევითა და მისი ექსპორტის შეთანხმებითვე მოგვარება. თუ მთავრობამ ასეთი შემათანხმებელი გზა მონახა შავი ქვის მონოპოლიის საქმეში, როდესაც მარგანეცის საქსპორტო საზოგადოება შექმნა, რატომ ასეთივე შეთანხმების გზა არ უნდა ნახოს თამბაქოს მონოპოლიის გატარებაში? შეიძლება სთქვან, რომ აქ არ არის ქარხანა და არ არის მრეწველიო, მაგრამ განა მთავრობას გაურჩევია შავის ქვის საქმეში ვინ არის მრეწველი და ვინ შუამავალი? შეიძლება ისიც სთქვან, რომ თამბაქო უმთავრესად უცხოელების ხელშია, მაგრამ განა ეკონომიურ კითხვებში ებრაელი და ელინი, ყოველ შემთხვევაში თქვენთვის, გათანასწორებული არ უნდა იყვნენ? და ესეც რომ არ იყოს, განა უცხოელები არ არიან შავი ქვის საქმეში? და განა მთავრობა არ ცდილობდა მათთან შეთანხმებას? ჩვენთვის გაუგებარია და ამასთანავე საქმისთვის მეტად მავნებელი, რომ თამბაქოს მონოპოლიის საქმეშიც მთავრობამ უარყო ეს შეთანხმების პოლიტიკა. თვით აფხაზეთის, სოხუმის მეთამბაქოე მრეწველებს არა ერთი წინადადებით მიუმართავთ მთავრობისთვის, მომარაგების სამინისტროსთვის, ასეთი შეთანხმების მოგვარების შესახებ, მაგრამ დღემდის პასუხად მხოლოდ ბ. კიასოვის ინსტრუქციები იყო, და შეთანხმებით საქმის გაკეთებას, ბიუროკრატიული წესებით მოქმედება არჩიეს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ჭავჭანიძეს.
ივ. ჭავჭანიძე, მომარაგების მინისტრის ამხანაგი. მოქალაქენო! შეკითხვაში, რომელიც იყო წარმოდგენილი წინასწარ წერილობით, არ იყო აღნიშნული თუ რაში გამოიხატება კონკრეტიულად, ის არანორმალური პირობები, რომელშიაც ხორციელდება თამბაქოს მონოპოლია. მე ისე უნდა განვაცხადო, რომ საერთოდ მონოპოლიის გატარების შესახებ არავითარი საჩივარი არ არის. ყოფილა ერთი შემთხვევა ვინმე ბერმენის განცხადება: ნებით არ მივეცი თამბაქო და ძალით ჩამომართვაო. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება სიმართლესთან შორს არის. სამინისტროს სახელზე არც ერთი საჩივარი არ არის. მიუხედავათ ამისა, როგორც კი გავეცანით შეკითხვის ტექსტს, ჩვენ იმ წუთშივე შევეკითხეთ ჩვენ რწმუნებულს აფხაზეთში და ადგილობრივ მთავრობას, რომ დაუყონებლივ წარმოადგინონ ყოველგვარი ცნონები და მასალები მონოპოლიის გატარების შესახებ. ისე კი არც ერთი ასეთი საჩივარი არ მიუღია მთავრობას. (ხმა: ტელეგრამით არ მოსულა?) ტელეგრამა დღეს მოსულა ასათიანიდან დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სახელზე, და მხოლოდ ახლა გადმომცეს მე იგი. ამ კვირაში უეჭველად მივიღებთ ყველა ცნობებს და მასალას, და მაშინ მოგვეცემა საშუალება შეკითხვაზე პასუხის გაცემისა. თუ აღმოჩდა, რომ კანონი ირღვევა, რომ რწმუნებული უწესოებას სჩადის, და არ ტარდება მთავრობის დადგენილება, სამინისტრო მიიღებს მკაცრ ზომებს და პასუხსაც მოგახსენებთ.
თავმჯდომარე. მაშასადამე, მთავრობა იტოვებს თავის განკარგულებაში ერთ კვირას პასუხის გასაცემად. ამის უფლება მას აქვს რეგლამენტის ძალით. სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს მეორე შეკითხვისათვის.
შეკითხვა გრიგ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
გ. ვეშაპელი. (ნაციონალისტი) ბატონებო! 27 მაისს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი მოქალაქეობისა. ამ კანონში იყო გაწესებული, რომ ქვეშევრდომობა უდავოთ მინიჭებოდა იმას, ვინც 1914 წლამდე იყო მიწერილი რომელიმე ადმინისტრატიულ ერთეულს, ხოლო მეორე მუხლში იყო გამონაკლისი, რომელიც შეღავათს აძლევდა იმათ, ვინც საერთოთ არ იყო მკვიდრი საქართველოს ტერიტორიისა, მაგრამ რუსეთის ქვეშევრდომი იყო. შეიძლებოდა ისინი სამი თვის განმავლობაში საქართველოს ქვეშევრდომებად გამხადარიყვნენ. თუ რა დროიდან უნდა ყოფილიყო ნაგულისხმები ეს სამი თვე, ამისათვის საქართთველოს რესპუბლიკას აქვს კანონი, აგრეთვე დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული ეგრედწოდებული: „წესი დამფუძნებელ კრების მიღებულ კანონისა, დეკრეტისა და დადგენილების გამოქვეყნებისა“. ეს კანონი დამფ. კრებისა - კანონის გამოქვეყნებისა ადასტურებს პარლამენტის მიერ მიღებულ წესს, რომლითაც კანონი ძალაში შედის შვიდი დღის შემდეგ დღიდან მთავრობის გაზეთში გამოქვეყნებისა; სხვანაირი წესი კანონის გამოქვეყნებისა, ვადის ჩათვლისა, შეღავათის განსაზღვრისა, საქართველოს რესპუბლიკაში არ არსებობს. ამ მხრივ სოხუმის ოლქში, აფხაზეთში, ქვეშევრდომობის კანონს სხვა ბედი ხვდა. როგორც სჩანს, იმ ორგანიზაციას, ესე იგი მომრიგებელ მოსამართლეს, რომელსაც უნდა ეწარმოებინა კანონით ნაგულისხმევი განცხადების მიღება, თავის დროზე არავითარი ზომები არ მიუღია. და არც მასზე მაღალ უწყებას მიუღია ზომები, რომ გაეკეთებიათ თავიანთი საქმე და ახლა კი, როცა დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნები მოახლოვდა, და გამოირკვა, რომ ეს არჩევნები სულ მოკლე დროში მოხდება სოხუმის თვითმმართველობის მიერ, შემდეგ აფხაზეთის სამაზრო ერობების მიერ, აგრეთვე სოხუმის გაზეთში ოფიციალური განცხადება იყო ქვეშევრდომობის კანონის შესახებ. ეს გამოცხადდა 1920 წელს 2 იანვარს.
სოხუმისა და საერთოდ მაზრების მმართველობა, თუნდაც ავტონომიური, როგორც სჩანს, ამა თუ იმ მოსაზრებით საჭიროდ სთვლის, რომ ეს ვადა - 3 თვისა ჩვენ ტერიტორიაზე არა მკვიდრ მცხოვრებთათვის იყოს ნაანგარიშევი ამა წლის 2 იანვრიდან.
თავის თავად ცხადია, ორნაირი აზრი არ შეიძლება იყოს, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენ კანონებს, კერძოდ ეწინააღმდეგება კანონთა გამოქვეყნების წესს, დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულს. ასე, რომ ფორმალურად განცხადების წაღება მომრიგებელ მოსამართლეთა მიერ და ამით შეღავათთან ვადის გადაწყვეტა წარმოადგენს კანონის დარღვევას და კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს. მით უფრო, როდესაც ეს იქნება მომრიგებელი მოსამართლე.
მაგრამ შეიძლება აქ საკითხს მისცენ პოლიტიკური ხასიათი, თუმცა მე ყოვლად შეუძლებლად მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევა დაასაბუთონ პოლიკურ მოტივებით, მაგრამ პოლიტიკურადაც მოგახსენებთ, რომ ეს ფაქტიურად წარმოადგენს არა ნორმალურ მოვლენას, ესე იგი ხელოვნურად, თუნდაც რომ ახალი კანონი ამის მივიღოთ, კანონის დარღვევა, არა მკვიდრთათვის საშუალების მიცემა საქართველოს ქვეშევრდომობის მიღებისა, ეხლა, როდესაც ამ ქვეშევრდომობას უფრო მიმზიდველი ხასიათი აქვს, ვიდრე ჰქონდა მაშინ, როდესაც დამფუძნებელ კრებამ მიიღო მოქალაქეობის კანონი, ეს არც საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს შეადგენს და არც საქართველოს ავტონომიურ ერთეულის, აფხაზეთის ინტერესს, იმიტომ, რომ ეს კანონი შეეხება არა მკვიდრებს, ხოლო არა მკვიდრთ გავლენა, გადამეტებული, არა ნორმალური, არსად არ არის ისე მწვავე, როგორც აფხაზეთში. ამიტომ არის, რომ აფხაზეთი ლაპარაკობს ავტონომიაზე, თავის მთავრობაზე, პარლამენტზე, საბჭოებზე, მაგრამ ისინი არჩეულნი არიან ისეთ დროს, როდესაც საქართველოს ქვეშევრდომობის კანონი არ ყოფილა განხორციელებული და ყველას უფლება ქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა.
ხელოვნურად იქნა გამრავლებული ქვეშევრდომთა რიცხვი, არა მკვიდრთა რიცხვი, ეს არავის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება ისე, როგორც თვით აფხაზეთის მკვიდრთა, მცხოვრებთა ინტერესებს.
ამიტომ მივაქცევთ ჩვენ ამ საკითხს ყურადღებას, პოლიტიკურადაც თუმცა, რასაკვირველია, დამფუძნებელ კრების წევრს უნდა მიექცია ყურადღება თუნდ ფორმალურ მხრით, როდესაც კანონის დარღვევას ხედავს, მაგრამ ვხელმძღვანელობ აგრეთვე პოლიტიკურ მოსაზრებით, რადგანაც ეს მდგომარეობა ეწინააღმდეგება აფხაზეთის მკვიდრთა ინტერესებს.
მე წარმოვადგინე ეს შეკითხვა და იმედი მაქვს, რომ ჯერ ერთი - დაუყონებლივ იქნება კანონის დარღვევა ფორმალურად გაუქმებული, მოსპობილი, მეორეს მხრივ დამფუძნებელ კრებამ არსებითად არ უნდა დაინახოს საჭიროდ ხელოვნურად საქართველოს არა მკვიდრთათვის, ამა თუ იმ პროვინციის არამკვიდრთათვის ქვეშევრდომობის მიღების შეღავათის ვადების გაგრძელება.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს ბ. ჭიჭინაძეს.
პარმენ ჭიჭინაძე, შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მასალა იმ შეკითხვის შესახებ, რომელიც აქ შემოტანილია ბ. ვეშაპელის მიერ, ჯერ სავსებით არ გვაქვს მიღებული მხოლოდ, რამდენათ პირადი მოლაპარაკებით გამოვარკვიეთ, ისე კერძოდ გავიგეთ, - გამოცხადებას იმ სახით, რაზედაც აქ ილაპარაკეს, - ადგილი არ ჰქონია.
თავის სიტყვაშიც ბ. ვეშაპელი ვერ ასაბუთებს იმას, რომ აფხაზეთში 2 იანვარს გამოქვეყნებულს ქვეშევრდომობის კანონს ჰქონდა მიზნათ ხელოვნურად ვადის გაგრძელება. რასაკვირველია, ჩვენც უკანონო აქტათ მივიჩნევდით, თუ მართლაც ასეთი რამ მოხდა. ჩვენ გვაქვს ერთი ცნობა, თითქოს უნდა ყოფილიყოს დაბეჭდილი, კერძო გაზეთში, არა ოფიციალურში, ტექსტი ამ კანონისა რუსულ ენაზე და უნდა ყოფილიყო გაკრული თვითმმართველობის მიერ ქუჩებში. მაგრამ ვადის გაგრძელებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მაქვს აგრეთვე დოკუმენტი, რომელშიაც არის ნათქვამი შემდეგი: (კითხულობს). (ვეშაპელი: როდინდელია?) 15 января. აი. ასეთი ყოფილა განცხადება და ამაშიაც უკანონობას ვერ ვნახულობთ. მაშასადამე, სანამ არ იქნება დოკუმენტალურად დამტკიცებული, რომ უნდა ყოფილიყო ვადის გაგრძელებაზე ლაპარაკი, მანამ ჩვენთვის არ არის ისეთი საბუთი, რომ შეიძლებოდეს ამაზე ლაპარაკი. აქ არის უბრალო განცხადება, რუსულ ენაზე გადათარგმნილი და გამოკრული ქუჩებზე. აქ მე მგონია კანონის დარღვევა არ არის, და თუ ჩვენ ახალი მასალა გვექნება ამის შესახებ, მე შევეცდები მივიღო იქიდან ყოველივე მასალა დაწვრილებით და მაშინ შესაფერს პასუხს გაგცემთ. (გვაზავა: თქვენ, რომ მხარს არ უჭერთ ამას?) არა მხარს არ უჭერთ, ეს ჩვენი მხრით იქნებოდა უკანონობა. (გვაზავა: მაშასადამე, ეს საკმარისია!)
გაგრძელება მსჯელობისა 800 მილ მანეთის ბონის გამოცემის შესახებ.
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი... (ვეშაპელი: მაშ შეკითხვა გადაიდო?) გადადებული არის ერთი კვირით. ახლა დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელზედაც კამათი იყო (ხმაურობა). უკაცრავად, წინადადება არის გაგრძელდეს კრება, სანამ პირველი ორი საკითხი არ გადაწყდება. სიტყვა ბ. ღლონტს ეკუთვნის.
თედო ღლონტი (ს. ფ.) ემისიის რაოდენობა, როგორც ჩვენი ფრაქციისთვის, ისე სახელმწიფოსთვის სრულებით არ არის საშიშარი, თუ კი ემისია იქნება გამოყენებული, როგოგორც ამას მოითხოვს ჩვენი მწარმოებელი ძალის ინტერესები. ამ შემთხვევაში სოცფედერალისტთა ფრაქციას აქვს განსაცხადებელი, რომ უმთავრესად ეს ემისია იქმნეს გამოყენებული სოფლის მეურნეობის აღდგენაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა არ არის ამოძრავებული ისე, როგორც ეს შეიძლება ამოძრავებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ შეიძლება მივბაძოთ თუ გნებავთ ბოლშევიკებს. იმათ შესძლეს მეტის უნარის გამოჩენა და ისეთი მასის ამოძრავება, რომელიც პირდაპირ არ იყო ჩათრეული წარმოებაში. ამ მხრივ თავისი ორიგინალური მუშაობის პროცესში შეიძლება იყონ წასაბაძი. ვიცით, რომ ბოლშევიკებმა ამ ბოლო დროს, როცა დაამარცხეს კოლჩაკის და დენიკინის ბანდები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს სოფლის მეურნეობის საქმეს. ამ მხრივ მათმა ენერგიულმა მუშაობამ დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოების ფართო მასაში და ეს აღტაცება, მე ვფიქრობ, დიდ საქმეს შესძენს მათ. (გურული: ემისიის საქმე როგორ არის?) აი, როგორ; ჩვენ არც კი დაგვესიზმრება ისეთი ემისია, როგორიც რუსეთშია. (საყვარელიძე: სოვდეპიაში?) დიახ, სოვდეპიაში, ბ. საყვარელიძე. უნდა მოგახსენოთ, რომ იქ გაცილებით მეტია იმ ემისიაზე, რომელსაც თქვენ ბეჭდავთ, ან იბეჭდებოდა. ეს არ არის სახიფათო, არ არის სრულებით საშიშარი, თუ რაციონალურ საშუალებად გამოვიყენებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნაკლებ დაიხარჯოს უნაყოფოდ, ნაკლებ დაიხარჯოს ადმინისტრაციაზე, ომებზე, ბანკეტებზე და მეტი სასოფლო მეურნეობაზე. (ნინიძე: ბანკეტებზე არ ყოფილხართ?) მე ბანკეტებზე არ დავდივარ, თქვენ ხართ ბანკეტების მუდმივი სტუმრები. (რეპლიკა: წინააღმდეგი არც ჩვენ ვართ!) თქვენ არ ხართ წინააღმდეგი, მაგრამ თქვენი პროფესიონალური კავშირები არ ემხრობიან ამ ბანკეტებს და ბრძოლას აწარმოებენ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ისეთი მდგომარეობა შევქნათ, რომ მთავრობა და მუშათა კლასი წარმოადგენდეს ერთ ძალას. მაგრამ ასეთი მდგომარეობა არ არის სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით ერთი ქალაქის მდგომარეობა. იქ, რეგისტრაციით მეტი იყო მენშევიკები, მაგრამ ფარული კენჭის ყრის დროს კი ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. ეს ნამდვილი ფაქტია და ამას აღვნუსხავ სამწუხაროდ და არა სიამოვნებით. დემოკრატიულ რესპუბლიკაში მთავრობასა და მუშათა კლასს შორის არ უნდა იყოს განსხვავება და თუ ეს განსხვავება ჩვენში არის, ეს თქვენი ორმაგი პოლიტიკის ბრალია.
თქვენ იცით, რომ მიწადმოქმედების მინისტრმა, როდესაც წაიკითხა თავის დეკლარაცია სამელიორაციო მუშაობის შესახებ შეგვპირდა, რომ ამ მხრივ ახლო მომავალში მოუვლითო. როცა ჩვენ წინად ამაზე ვლაპარაკობდით მენშევიკები გვიპასუხებდნენ, ეს ხომ ისეთი საქმე არ არის, რომ საჩქაროდ ვიმუშაოთო. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რაც მეტი დაიხარჯება ამ საქმისათვის, მით უკეთესია. მართალია რუსეთში დიდი ნიადაგია, რომ პროფესიონალური კავშირები ჩაერიონ სასოფლო მეურნეობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი სოფლის მეურნეობა რომ აღსდგეს ამისათვის არ არის შესაფერი მუშაობა არც მთავრობის და არც მუშების მხრივ. პრაქტიკულად ესეც, როგორც თქვენი მიწის კანონი, მეურნეობის გაუმჯობესობას ეწინააღმდეგება და ხელს უშლის მუშაობის განვითარებას.
ეხლა ჩვენ აღვნუსხავთ ბათომის როლს ჩვენს ეკონომიკაში. დროებით მაინც მიღებული უნდა იქმნეს ზომები ბათუმის მართვა-გამგეობის მიღების შესახებ. ამ ბოლო დროს ბათუმში 20.000 სტუმარი შემოვიდა მხოლოდ და მხოლოდ სპეკულიანტები, შეძლებული პირები, რუსეთიდან და უცხო ქვეყნებიდან. იქ არის განკარგულება გენერალ-გუბერნატორისა, რომ უცხოელები არ შემოუშვათო, მაგრამ ვინ ასრულებს ამ განკარგულებას? ამსრულებლები არიან დენიკინის ოფიცრები, სწორედ ისეთი ხალხი, რომლებიც დენიკინის აგენტებს შემოუშვებენ ჩვენ ქვეყანაში. არავითარი გარანტია არ გვეძლევა არც იქაური ბრძანებით, არც ჩვენი მთავრობის პოლიტიკით, რომ უცხო სპეკულიანტთა თარეშს ბოლო მოეღოს. აუცილებლად საჭიროა, რომ თუ მუდმივი არა, დროებით მართველობა მაინც მივიღოთ, რომ თავი დავიცვათ ამ სპეკულიანტთა შემოსევისაგან.
რაც შეეხება ფულის გამოცემას, ჩვენ ამას ვემხრობით, მაგრამ იმედს გამოვსთქვამთ, რომ ეს უკანასკნელი ემისია იქნება, რომ ამიერიდგან მაინც შევძლებთ ნორმალურ პირობებში გაცვლა-გამოცვლის ოპერაციების წარმოებას და საფუძველი ჩაეყაროს ჩვენ ფულის ფონდს და გადვიდეთ ნამდვილ ქართული ფულის ნიშნებზე.
სურვილი უნდა გამოვთქვათ, რომ საქონლის გატანა არ იქმნეს ლიკვიდაცია ამ არსებულ საქონლისა, რომელიც დაგროვდა საქართველოში, რომ ამ საქონლით უზრუნველყოფილი უნდა იქმნეს ჩვენი შინაური მრეწველობა.
თუ არ გავამრავლეთ საზოგადო დაწესებულებები, ფულის ნიშნებსაც ვერ შევქმნით. ერთი სიტყვით ჩვენი პროგრამული მოთხოვნილებაა ვებრძოლოთ სპეკულიაციას მეურნეობა-ვაჭრობა მრეწველობის სასარგებლოდ. არავითარი გასავალი კერძო სპეკულიაციას არ უნდა ჰქონდეს არც მრეწველობაში, არც ვაჭრობაში. მთელი ვაჭრობის საქმე და შემოტანილი საქონელი უნდა იქმნეს გამოყენებული, როგორც განაწილების ობიექტივი, კოოპერატივების, ერობების, ქალაქების და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებათა საშუალებით.
რაც შეეხება კერძო ვაჭრებს, ისინი ისე მოგვექცევიან და გაგვიკეთებენ საქმეს, როგორც ელიგულაშვილის კომპანიამ გაგვიკეთა, რომელიც ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის. (ხმა: რომელი ელიგულაშვილი?) აი ის, კომერსანტი რომ არის, და სხვებიც ბევრი გვყავს საქართველოში მასზე უარესებიც. ამ მხრივ ყველა საზოგადოებრივი საღი ელემენტები დახმარებას გაუწევს მთავრობას და ჩვენც ამ საზოგადოებრივ ელემენტებთან ერთად, როგორც სამეურნეო ენერგიით გაჩაღებულ ძალებს დავეხმარებით შეძლებისდაგვარად.
თავმჯდომარე. ბატონებო, წინადადებაა ორატორთა სიტყვა განსაზღვრულ იქმნას 15 წ. წინააღმდეგი ხომ არავინ ბრძანდებით? კენჭს უყრი (მიღებულია). სიტყვა ეკუთვნის ბ. ავალიანს.
სიმონ ავალიანი. (შინაგან და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრის ამხანაგი) ჩვენ არა ერთხელ გამოვსულვართ და გვილაპარაკნია იმ საკითხთა შესახებ, რომელიც ამ ჟამადაა დასმული. არც ამ ემისიის მოწინააღმდეგეებს გამოუთქვავთ ახალი აზრი. წყარო ამოწურულია, ახალი სათქმელი აღარა ქონდათ რა, მაგრამ მიუხედავათ ამის, ჩვენ იძულებული ვარ აზრი გამოვსთქვათ აქ ნათქვამის შესახებ და აგრეთვე იმ მცირეოდენ წინააღმდეგობის შესახებ, რომელიც აქ გამოითქვა ამ ემისიის შესახებ. ბატონმა ღლონტმა ბრძანა, რომ არ იცის სად არის მიზეზი და შედეგი სპეკულიაციისა და ეკონომიურ არევ-დარევისა, რომელიც დღეს ხდება ჩვენში. აი, ამაში გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ თუ მიზეზსა და შედეგს ვერ დააშორებთ ერთი მეორეს, თუ მიზეზი და შედეგი გათვალისწინებული არ იქნება, თავის თავად ცხადია, რომ მაშინ ძნელია დიდ პრინციპიალურ საკითხებზე მსჯელობა. სპეკულიაცია, ბრძანებს ღლონტი, რომელიც არის ჩვენშიო, ამ სპეკულიაციას კუდში მოყვა მთავრობაო და ხელს უწყობს მის აყვავებასო, ადიდებს გადასახადებს, ღერბის ქაღალდების ფასს სწევს და ამნაირად მთავრობაც ჩაება სპეკულიაციაშიო. თუ მართლაც მიზეზებზე არის ლაპარაკი, ცხადია რა არის მიზეზი სპეკულიაციისა; მიზეზი ის არის, რომ ფულის ფასი ეცემა და იზრდება საქონლის ფასი. თქვენ იცით, რომ სპეკულიაცია მაშინ იზრდება, მაშინ იდგამს ფეხს და აქვს საფუძველი, როცა საქონლის რაოდენობა შემცირდება. ერთად ერთი მიზეზი ეს არის. მაშასადამე თუ მოესპობა ნიადაგი სპეკულიაციას ე. ი. თუ საქონლის ნაწარმოების რიცხვი გაგრძელდება, თუ საქონლის მოწოდება იქმნება გადიდებით, ვიდრე მოთხოვნილება არის, ფულს, იარაღს, საქონლის ტრიალს მიეცემა ღირებულობა. ფულს ფასი მაშინ აქვს, როდესაც საფუძვლად უდევს რაიმე საქონელი; ფული ეხმარება და არის შუამავალი საქონლის ტრიალის. კარგად ვიცით, რომ ის, რაც კაცობრიობამ განიცადა ამ წარსულ ოთხი წლის განმავლობაში, ომის შემდეგ, როდესაც მან გაანადგურა ყოველგვარი ღირებულება და მოსპო ის თანასწორობა მოთხოვნილებისა და მოწოდების შორის, ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი. ეკონომიური მდგომარეობა მთელი ქვეყნის აირია, ამას კუდში ექცა საქართველოც, ვინაიდან ეკონომიური საქართველო უფრო სუსტი იყო, ამ შემთხვევების ზედგავლენას აქ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. კურსი ეცემა, იძულებული ვართ ემისიის განგრძობა მოვითხოვოთ; ჩვენ მოქცეული ვართ იმ ტრიალში, რომელშიაც მოქცეულა მთელი კაცობრიობა.
უწყებამ კარგად იცის, რომ აუცილებლად საჭიროა მრეწველობის განვითარება, ისიც ვიცით, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთად ერთი დარგი, რომელიც ჯერ-ჯერობით, სანამ მრეწველობა განვითარდება, ის არის უმთავრესი სახსარი ჩვენი ცხოვრებისა, ყველა ეს ვიცით, მაგრამ ვიდრე ეს მეურნეობა განვითარდება, განმტკიცდება და ამოძრავდება - უნდა დრო, მომზადება. ცხადია, რომ თვალის დახამხამებაში ასეთი დიდი საქმე არ გაკეთდება. მაგალითად: თედო ღლონტმა მოითხოვა ერთი წლის განმავლობაში ყველა ჭაობების ამოშრობა. ცხადია ეს მოთხოვნილება არ განხორციელდებოდა. ასეთი აჩქარებით ეკონომიური ნიადაგის განმტკიცება შეუძლებელია. აღმაშენებელ მუშაობის შედეგი კი, რომელიც დღეს წარმოობს და არის, უეჭველად გამოჩნდება, მხოლოდ შემდეგ. დღეს დღეობით კი მთავრობა მუშაობას შეუდგა და ადრეა ჯერ-ჯერობით მოთხოვა, რომ ამ მუშაობას ეხლავე რაიმე ნაყოფი გამოეღო. როცა გვეუბნებიან ბოლშევიკურმა რუსეთმა ქაღალდის ბონები გამოსცა და სოფლის მეურნეობას მოახმარაო, შემცდარია ეს აზრი, ვინაიდან 60%25 ამ თანხისა სულ სხვა საქმეს მოხმარდა და, რომ მართლა სოფლის მეურნეობას მოხმარებოდა, მაშინ ხომ რუსეთის ხალხი სიმშილითაც არ ამოწყდებოდა.
დღეს ისეთი მდგომარეობა არის, რომ მრეწველობა განსაცდელს განიცდის, ვინაიდან დაგროვებული ქონება უკვე განადგურებულია და თუ ჩვენში სისწრაფით იზრდება საქონლის ფასი, ამას აქვს რთული მიზეზები. თქვენ გადაავლეთ თვალი მსოფლიოს და დაინახავთ, რომ საქონლის გასაჭირი ყველგან არის, რომ დიდ სახელმწიფოებში დარღვეულია თანასწორი ზომები მოთხოვნილებასა და მიწოდების შორის. მაგალითად საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში შემოტანილი იყო 20 მილიონი ფრანკის საქონელი, ხოლო გატანილი კი 4 მილიონის.
ნივთიერად ძლიერ ინგლისში წარმოება იყო შემოტანილი 1.666.607.757 სტერლ. გატანილი - 639.597.000 სტერლ. ეკონომიური ნიადაგი დარღვეულია ყველა სახელმწიფოებში, ეკონომიური ურთიერთობა მტკიცე არ არის, უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ მოთხოვნილება ძლიერ დიდია, მიწოდება კი მცირე. წარმოება კი გაძნელებულია და ცუდ პირობებში იმყოფება. ეს იქ, სადაც ეკონომიური პირობები, ცოდნა და გამოცდილება შეუდარებლად უკეთესი იყო, სადაც მრეწველობა და აღებ-მიცემობა უაღრესად განვითარებული იყო.
რაც შეეხება ემისიის გადიდებას, ჩვენ კარგათ გვესმის რა მნიშვნელობა აქვს, როცა დიდძალი ქაღალდის ფული გამოდის, ტრიალებს ბაზარზე, მაგრამ ეს არის შედეგი ეკონომიურ ცხოვრების საერთო დანგრევისა. ჯერ-ჯერობით არა თუ საქართველოში, არამედ არსად, არც ერთ სახელმწიფოში არ არის ისეთი მდგომარეობა შექმნილი, რომ არ გამოდიოდეს ზორბათ ქაღალდის ფული, რომ მას ზურგი გამაგრებული ქონდეს; ეს იქნება მაშინ, როცა წარმოება და მრეწველობა ისევ ფეხზე დადგება და განვითარება. მაშინ შეიქმნება ნამდვილი ღირებულება, და ამოძრავებული სახელმწიფოებრივი ძალები. სანამ კი არ არის, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ ემისიას და გამოვსცეთ ქაღალდის ფული. არც იმდენ საშინელებას წარმოადგენს ქაღალდის ფულის გადიდება თუ იგი ისევ დაუბრუნდება ხაზინას გადასახადის და სხვა სახით. ბატონი ღლონტი ბრძანებს, რომ არ არის საჭირო გადასახადების გადიდებაო, ვინაიდან ეს ნიშნავს რომ მთავრობა სპეკულიაციას მისდევსო, მაგრამ ვინაიდან დღეს დღეობით საკმარისი საქონელი არ არის და მისი ტრიალი უკუღმართად არ მოქცეულიყო, ჩვენ იძულებული ვართ ისეთი ზომები მივიღოთ რომ ის ფულის ნიშნები, რომელიც არის გასული ხალხში, დაუბრუნოთ რამდენიმეთ ხაზინას. თვით ხალხმა, რომელიც სარგებლობს სახელმწიფოებრივ აპარატით, უნდა მისცეს სახელმწიფოს საშუალება, ნაწილი ფულისა, რომელიც ტრიალებს, დაუბრუნოს სახელმწიფოს. მაშასადამე გადასახადის დაწესება არც საჭირო და მიუცილებელი ნაბიჯია, ვინაიდან უბრუნებს ზოგიერთ ნაწილს ქაღალდის ფულისას უკან სახელმწიფოს. წინეთაც მოგახსენეთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ის გზა, რომელიც აქვს მიღებული ჩვენ მთავრობას, არის მართალი. არ არის ხალხისთვის ძნელი. მაგალითად, ხაზინებში შემოსულმა გადააჭარბა იმ თანხას, რომელიც ნავარაუდევი გვქონდა ჩვენ. მაშასადამე ვიმეორებ, ხალხმა, რომლის ხელში გროვდება უნდა დაუთმოს სახელმწიფოს მისი ნაწილი.
და თუ საქონლის ფასი იზრდება, სახელმწიფომაც მას უნდა მისდიოს. ამას აიძულებს მას ობიექტიური გარეშე არსებული პირობები. რაც შეეხება ემისიის გადიდებას, რომელიც გამოწვეული არის საერთო პირობებით, ეს არ არის მარტო ჩვენი სახელმწიფოს სენი, და გამოწვეულია მით, რომ ეკონომიური საფუძველი სრულიად დაინგრა, და ამან აიძულა ყველა სახელმწიფოები მიმართონ ამ გზას, თუ თქვენ შეადარებთ, როგორ გაიზარდა ქაღალდის ფულის რაოდენობა, თქვენ შეამჩნევთ, რომ მდგომარეობა მართლაც საშინელი გახდა. მაგალითად, ამერიკა, რომელსაც ქონდა 1914 წ. 12 მილ. ფრ. - 1919 წ. 12.139 მილ. მან. აქვს ინგლისში. რომელსაც ქონდა ქაღალდის ფული 1914 წ. 133 მილ. ფრ. 1919 წ. 1912 მილ. ფრ. აქვს, და ასე სხვა სახელმწიფოებშიაც.
1000-ჯერ გაიზარდა ქაღალდის ფულის რაოდენობა თვითოეულ სახელმწიფოებს. ეს არის გამოწვეული მით, რომ ეკონომიური მრეწველობა, აღმშენებლობითი მუშაობა დანგრეულია, ეს არის მიზეზი უმთავრესად, რომ იზრდება ქაღალდის ფულის რაოდენობა და თან ეცემა მისი ფასი. რა გზა გვაქვს და რა საშვალება, რომ ვებრძოლოთ ამ მოვლენას, ეს მდგომარეობა შევამსუბუქოთ? რა საშვალება გვაქვს, რომ გავამაგროთ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა? უნდა შევეცადოთ ჯერ ერთი, არ დაგვჭირდეს გამოვითხოვოთ პრალი ემისია, მეორე, საშვალება გვექნება მოვამაგროთ კურსი; ის რაც ითქვა აქ მთავრობის შესახებ, ყურადსაღებია. ჩვენ მართლაც კარგად ვიცით თუ რა მნიშვნელობა აქვს ბათომს და ის აზრი, რომელიც აქ ღლონტმა გამოთქვა, მისაღებია. მაგრამ თავის თავად ცხადია, ეს არ შეადგენს ერთი უწყების საქმეს. ამ საკითხის მოგვარებას დასჭირდება ბევრი დრო, ბევრი შრომა და აქ გადასკვნილი არის სხვა და სხვა მიმართულება და მოსაზრება. ჩვენ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ, რომ ბათომს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ფინანსიური მდგომარეობისთვის. მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავაკეთებთ. რა გზა გვაქვს და რა გეგმა, რომ ფულის სისტემა იქნეს შემოღებული? თავის-თავად ცხადია, რომ, როცა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარებულია ევროპის მიერ, ჩვენ უნდა გადავიდეთ და შევქმნათ საკუთარი ფულის სისტემა. მაგრამ ამასთანავე აშკარაა, ნათელია, რომ საჭიროა რაიმე საფუძველი, რომელზედაც დაეყრდნობა ეს სისტემა. ის აუარებელი ფულის ნიშნები, რომელიც საზღვარ გარეთ არის დაგროვილი, დაყრდნობილია ერთნაირ საფუძველზე - ოქროზე, მაგრამ შესაძლებელია ის ოქრო ვერ ფარავს ქაღალდის ფულის რაოდენობას. მაგრამ ერთგვარი საფუძველი მაინც არის ოქრო, რომელსაც ანგარიშს უწევენ. ამით შეიძლება კურსის გამაგრება. ჯერ-ჯერობით ჩვენ ოქრო არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ფულიც დამკვიდრებული უნდა იქმნეს რაიმე საფუძველზე, ნიადაგი უნდა ჰქონდეს, რაიმე რეალური ღირებულება, ამისათვის კი საჭიროა ავიღოთ სესხი და ეს სესხი, უცხოეთის ვალიუტი იქნება ის საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა, დადგება საქართველოს საკუთარი ფული, მაშინ შეგვეძლება შემოვიღოთ საკუთარი ფულის სისტემა. ამას დიდი ხანია მთავრობა შეუდგა, დიდი მუშაობა სწარმოებს, იმედი გვაქვს ეს მუშაობა დაბოლოვდება და თავისი დიდი შედეგიც ექნება. დღემდის თუ ვერ მოხერხდა სესხის აღება, ეს იმიტომ, რომ საქართველო არ იყო ცნობილი სახელმწიფოდ ევროპის მიერ, მას არ ჰქონდა იურიდიული სახე, ამიტომ მას არავინ ენდობოდა და არ შეიძლებოდა ასეთ პიროვნების მოპოვება, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყო. დღეს კი მდგომარეობა შეიცვალა: საქართველოს უკვე იურიდიული სახე აქვს, და ამიტომ უფრო ადვილად შეუძლია სესხის აღება. და როდესაც ეს ასე მოხდება, აშკარაა, ჩვენი ფულის კურსიც მტკიცე გახდება და შესაძლებელი გახდება ღირებულების გაწევა და სხვა. აშკარაა, სესხს მარტო არ შეუძლია ფულის კურსის გამაგრება. ეს არ არის საკმარისი, იგი მოითხოვს სამაგიერო სარგებელს. მაგრამ თუ სახელმწიფოს ექნება საკუთარი ფულის სისტემა, მას შეუძლია დაადგეს საკუთარ გზას ეკონომიურ და ფინანსიურ პოლიტიკაში, იგი ერევა შინაურ მრეწველობაში, აღებ-მიცემობაში და სახელმწიფოს უზენაესი ზედამხედველობა მისცემს მას მიმართულებას, ასეთი მიმართულება მიცემული აქვს ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას.
ასეთ პირობებში აღორძინდება მრეწველობა, აღებ-მიცემობა, მეურნეობა, მაგრამ ამის შესახებ მე არ გავაგრძელებ დიდხანს ლაპარაკს. ვიტყვი მხოლოდ, რომ თუ რამდენად იზრდება მრეწველობა, ეს სჩანს იქიდანაც, რომ თანდათან იხსნება და არ იხურება, როგორც აქ ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე, ქარხნები. უკვე 7 ქარხანა გაიხსნა ამ მოკლე ხანში. გარდა ამისა არსებობს კერძო დაწესებულებები. სამწუხაროდ ეს დაწესებულებები უფრო ხშირად სპეკულიატურ მიზნებს მისდევენ, მაგრამ ყველა იმ ძალებს, რომლებსაც სურთ ხელი მოჰკიდონ მრეწველობის აღმაშენებლობით მუშაობას, მთავრობა ყოველგვარ დახმარებას აძლევს და ხელს უწყობს. და ამ მიმართულების სწარმოებს მუშაობა. ამ ახალ ემისიას, მეგონა, არ უნდა გამოეწვია წინააღმდეგობა, ვინაიდან ვინც კარგად ჩახედულია დღევანდელ ეკონომიურ ურთიერთობაში და ძალთა განწყობილებაში გაითვალისწინებს ყველა ამას, ეს არის შედეგი იმ საერთო უბედურებისა, რომელიც თავს დაატყდა მთელ მსოფლიოს.
მაშასადამე ეს ემისია უნდა იქმნეს მიღებული.
დარწმუნებული ვართ შეიძლება ახალი ემისიაც დაგვჭირდეს, მაგრამ ეს მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ განმტკიცდება ეკონომიური ნიადაგი. ამისათვის საჭიროა შეიცვალოს საზოგადო ობიექტიური საშინელი პირობები, რომელშიაც ჩვენ ვართ მომწყვდეული და რომელმაც არევ-დარევა შეიტანა ეკონომიკაში. და როდესაც ეს პირობები შეიცვლება, ეს მიზეზიც, რომელიც იწვევს არევ-დარევას, შეიცვლება. მაგრამ ვინაიდან ამას დიდი დრო და საშუალება დასჭირდება, ჩვენ იძულებული ვართ ემისიის საშუალებას მივმართოთ. ჩვენც არ გვავიწყდება, რომ ამ საშუალებით საბოლოო მიზანს არ ვაღწევთ. მაშასადამე ჩვენ ვამბობთ, რომ ფულის კურსის გაძლიერება შეიძლება, როდესაც გაძლიერდება საერთოდ ეკონომიური მდგომარეობა. ამ მიმართულებით არის მუშაობა საჭირო. აქეთ არის მიმართული მთავრობის პოლიტიკა, აქეთ არის მიმართული მთელი მისი ყურადღება. ამას დასჭირდება დიდი დრო, მანამ კი იძულებული ვართ ამ ზომას მივმართოთ.
მართალია პირდაპირ ბ-ნი მთავრობის თავმჯდომარე მოხსენებაში არ შეეხო იმ უწყებას, რომლის წარმომადგენელი მე ვარ, მაგრამ ზოგიერთი ორატორები, რომელნიც აქ გამოვიდენ საბუთით თუ უსაბუთოდ, ეს ორი უწყება ერთი-მეორეს გადააბეს. აქ კი პრინციპიალური საკითხი იყო დაყენებული. ამიტომ უწყება იძულებულია პასუხი გასცეს. ვიდრე ამ პრინციპიალურ საკითხებს მივმართავდე, საჭიროა თქვენი ყურადღება მივაქციო წვრილმანებს, რომელზედაც იყო ნათქვამი, ვინაიდან უმთავრესად წვრილმანებს შეეხენ, თორემ მთავარ საკითხს არავინ არ შეხებია.
ბ-ნმა ასათიანმა ბრძანა, რომ ძველი მომარაგების სამმართველოს მიერ წარდგენილი იყო ქაღალდი, სადაც აღნიშნული იყო ამ სამმართველოს მუშაობის ავი და კარგი - უფრო ავი, ვიდრე კარგი და სხვათა შორის, ამ ქაღალდზე ხელი მიწერია მე. იმ შინაარსის მიხედვით, რომელიც ამ ქაღალდში არის - ციხეში უნდა ჩაგვესვა. მე უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი პირები, არ ვმალავთ იმას, რაც ხდება ჩვენ დაწესებულებებში. და თუ ხდება ის, რაც მიუღებელია, ამას არ ვმალავთ, მას ვამხელთ. და იმ დოკუმენტებშიაც, რომელიც ჰქონდა ასათიანს, მაშასადამე, დასამალი და საიდუმლო არაფერი არ არის.
რაც შეეხება მეორე საკითხს, თითქოს მომარაგების სამმართველო გადააბეს ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს და მერე გააუქმეს, ეს არის ზღაპარი და არავითარი გადაბმა და გაუქმება არ ყოფილა. ეს იყო მხოლოდ მოსაზრება და დადგენილება, მაგრამ ის სისრულეში არ ყოფილა მოყვანილი, ხოლო საიდან გამოიყვანა ეს ბ-ნმა ასათიანმა, არ ვიცი. შემდეგ ასათიანმა მიგვითითა, რომ ისეთი პირი გყავთ, როგორიც არის შრეიდერიო, ამან ეს ქნა, იმან ის ქნაო და სხვ. თუ ბ-ნ ასათიანს ასე შესტკივა გული, რატომ ერთხელ მაინც არ შემოვიდა, არ გვითხრა, რომ ეს კაცი ასეთია, რომ იგი არ ვარგა სამმართველოშიო. ამას გარდა მან ბევრი ილაპარაკა, ვიღაც ჩამოსულ შვეიცარიის წარმომადგენელზე. ვინ არის ეს შვეიცარიელი? როგორი კაცი იყო, რა გააკეთა? დაასახელეთ ბატონებო! გემი შემოიყვანა საქონლით დატვირთულიო. დაასახელეთ, ბ-ნო, ვინ არის და რა შემოიტანა. (ასათიანი: აგენტი არის გერმანისა!) ასე ლაპარაკი ყოვლად შეუძლებელია. სრულიად არ შეეფერება სიმართლეს ის განცხადება, ვითომც მომარაგების სამინისტრო შეუთანხმდა შრეიდერს. არავითარი შეთანხმება, არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა. და თუ იცნობდით მას, როგორც მავნე პირს, თქვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო, ეს განგეცხადებიათ. მაგრამ თქვენ ეს არ ქენით. არ შემიძლია არ მიუთითო, თუ შეიძლება ასე ვსთქვა, იმ იმპრესიონისტულ ეკონომიურ პოლიტიკაზე, რომელიც იყო წარმოდგენილი ღლონტის მიერ. ის ამბობს, რომ საქონელი ბევრია, ფასები კი დიდი. თუ ბევრია საქონელი და მოთხოვნილება მცირე, საქონლის ფასი კი არ გაიზრდება, დაეცემა. თუ სახეში გყავთ ამერიკა, მართალია ამერიკაში ბევრია საქონელი, მაგრამ იგი მას თვითონ არ ყოფნის და იქ საქონელიც ძვირია. იმპრესიონიზმი კარგი საქმეა, მაგრამ არა მეცნიერებაში.
ამნაირათ, ბ-ბო, გეგმა ეკონომიური და ფინანსიური გვაქვს. ეს გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობა-მრეწველობაში. ამას ის შეასრულებს იმდენათ, რამდენათაც ძალ-ღონე შესწევს. სახელმწიფოს პოლიტიკა მართალი და საღი არის, მაგრამ არის ისეთი პირობები, რომლის გადალახვა უწყებას არ შეუძლია. ეს არის ეკონომიური სრული არევ-დარევა. ეს პირობები გამოწვეული არის მსოფლიო ომის მიერ და ცხადია სანამ არ მოისპობა ეს ობიექტიური პირობები, ბევრი რამ არ იქნება მოსპობილი. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკა და ეკონომიური გეგმა გვაქვს; ვისაც სურს შეისწავლოს, მხოლოდ ვინც მარტოოდენ ოპოზიციას აწარმოებს, მით არის გატაცებული ტიპოგრაფიაში კი არა ალმასებით, რომ იყოს ჩამოსხმული ვერ შევაგნებინებთ.
თავმჯდომარე. გადავდივართ დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.
ს. მდივანი. (კითხულობს).
თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი პირველი მუხლისა? არავინ. პირველი მუხლი მიღებულია. მეორე მუხლი, სიტყვა ეკუთვნის გ. ვეშაპელს.
გრ. ვეშაპელი. (ნაც. პარ.) თქვენ იცით, რომ ჩვენ ბონებს აწერია, რომ მათი „მიღება სავალდებულოა თანაბრად რუსეთის სახელმწიფო საკრედიტო ბილეთისა“. მე მგონია, ეს წარწერა უსათუოდ დიდ შეუსაბამობას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, როგორ იცვლება რუსეთის ფულის კურსი, სულ ერთია, იქნება ეს დენიკინის, ნიკოლოზის, თუ კერენსკისა. მე მგონია, ამ მიზეზით კიდეც აღკრძალული იყო ჩვენი ფულის შეტანა ზოგიერთ უცხოეთის ქალაქებში, მაგალითად სტამბოლში, იმიტომ, რომ მათ ეპყრობოდნენ, როგორც რუსეთის ფულს. და ეს აკრძალვა იყო ყოველ შემთხვევაში გაგრძელებული ერთ ხანს. მე მგონია, რომ უნდა ამოიშალოს ასეთი წარწერა. შეიძლება ამაზე სთქვან, რომ ეს წარმოადგენს დარღვევას იმ წესისას, რომლითაც იწერება იგი ბანკებში. მაგრამ ეს იყო თავიდან, რომელიც ეხლა არ ხორციელდება. ბონის მანეთი უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი იმდენი, თუ რამდენი რუსეთის მანეთი ინახებოდა ბანკებში. ეს დაწესებული იყო მაშინ, როცა ასეთი კანონი მიღებული იყო ამიერ-კავკასიის მიერ, მაგრამ ახლა დავიწყებულია დამოუკიდებელ საქართველოში. მეორეს მხრით, ასეთი წარწერა უფრო აფუჭებს ჩვენი ბონების საქმეს, როდესაც ვადარებთ ჩვენს ფულს რუსეთის ფულთან. მე მგონია, ჩემი განცხადება შესაძლებელია ჩაწერილ იქნას დეკრეტში ცალკე მუხლად. თუ ფინანსთა უწყება განაცხადებს, რომ ამის ჩაწერა საჭირო არ არის დეკრეტში ცალკე მუხლად და ტეხნიკურად შესაძლებელია მისი ასე განხორციელება, მე არ მოვითხოვ, რომ ჩემ წინადადებას ეყაროს კენჭი. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა უწყება ამას არ განაცხადებს და იტყვის ტეხნიკურად შეუძლებელია ამის განცხადებაო, მაშინ მე მოვითხოვ, რომ ჩემ წინადადებას ეყაროს კენჭი.
თავმჯდომარე. ამ რიგად აქ შემოტანილია ასეთი დამატება: (კითხულობს) ვის სურს სიტყვა ამ დამატების შესახებ? სიტყვა არავის სურს. მომხსენებლის აზრი.
ს. მდივანი. ამ საკითხის შესახებ მე ვერ მოგახსენებთ დასკვნას საბიუჯეტო კომისიისას, ვინაიდან იქ არ ყოფილა დასმული ასეთი საკითხი. მე შემიძლია მხოლოდ პირადი აზრი მოგახსენოთ. წინად იყო ეს საკითხი დასმული საბიუჯეტო კომისიაში, როდესაც საქართველოს ბონების გამოშვების საკითხი ირჩეოდა. მაგრამ მაშინ მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ისეთი წარწერა, როგორიც არის დღეს. რაც შეეხება იმას, რომ ჩაემატოს დეკრეტში ვეშაპელის განცხადება, დღევანდელ პირობებში მე ეს შეუძლებლად მიმაჩნია, მიუხედავათ იმისა, რომ მე ვიყავი პირველად თანახმა არ ყოფილიყო ჩვენს გონზე ასეთი წარწერა, ახლა ეს ტეხნიკურად შეუძლებელია. რასაკვირველია, უნდა შეიცვალოს ექსპედიცია, ქვა არ ივარგებს და ეს შეჩერებას გამოიწვევს და 800 მილ. მან. ემისიაც დროზე არ გატარდება. ასე, რომ თუმცა თქვენი აზრი თავის თავად მართალია, მაგრამ სამწუხაროდ, განუხორციელებელია. თუ მივიღებთ მხედველობაოში იმას, რომ ამ მოკლე დროში უნდა გადავიდეთ საკუთარ ფულის სისტემაზე, მაშინ თავის თავად მოიხსნება ეს საკითხი. ჯერჯერობით კი თუ ამას საჭიროება მოითხოვს უკეთესი იქნება, რომ ეს საკითხი ცალკე დამოუკიდებელ კანონ-პროექტად შემოვიტანოთ და განვიხილოთ. მანამდე კი უნდა დარჩეს ძალაში ძველი წესი.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი ვეშაპელის დამატებისა? წინააღმდეგია უმეტესობა. დამატება გაუქმებულია. დეკრეტი მიღებულია დამფ. კრების მიერ და გადაეცემა სარედაქციო კომისიას. წინადადება არის შემოსული, რომ კრება არ შეწყდეს და გაირჩეს კიდევ მეორე საკითხი. ვინ არის ამ წინადადების მომხრე? მომხრე არის უმეტესობა, სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ვ. ჯუღელს.
დეკრეტი სახალხო გვარდიის შესანახად ყოველ თვიურად 15 მილ. მანეთის გადადებისა.
ვ. ჯუღელი (მომხსენებელი). მე ბევრ დროს აღარ წავართმევთ, ეს დეკრეტი მეტად აშკარა და მარტივი არის. შარშან, როცა პარლამენტი იშლებოდა, მან მიიღო სამხედრო უწყების ხარჯთ-აღრიცხვა და იქ თვიურად გადადებული იყო სახალხო გვარდიის შესანახად 4 მილ. მანეთი. ამ ერთი წლის განმავლობაში სახალხო გვარდია ერთი ხუთად გაიზარდა, სიძვირემ კიდევ უფრო იმატა და, ცხადია, ეს თანხა სრულიად არ არის საკმარისი. თუ შარშან ამ თანხით ვაკმაყოფილებდით გვარდიის მოთხოვნილებას, დღეს მარტო ჯამაგირებს უნდება არა ნაკლებ 7 მილიონისა. დიდძალი ხარჯი გადის აგრეთვე იმ ცხენებზედაც, რომელიც ჩვენ გვყავს. (ვეშაპელი: ავტომობილებზე?) დიახ, ავტომობილებისთვისაც გვჭირდება ფული. მაგრამ თუ ვეშაპელს შერჩენია ობიექტივობა და სუბიექტიური მოტივები არ ილაპარაკებს, უნდა იცოდეს, რომ ამ ავტომობილებით კერძო შემთხვევისათვის გვარდია სრულიად არ სარგებლობს. დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ეს 4 მილიონი არ გვყოფნის და მოითხოვს გადიდებას, თქვენ იცით, რომ დეკემბერში დამფუძნებელმა კრებამ მოგვცა 20 მილ., ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სანამ ეს თანხა დაგვეხარჯებოდა, ჩვენ შევძლებდით ხარჯთ-აღრიცხვის გატარებას დამფუძნებელ კრებაში. მაგრამ სხვა და სხვა პირობებმა ეს დააბრკოლეს და დღეს ჩვენ უფულოდ ვართ. ჩვენი ხარჯთ-აღრიცხვა შემუშავებულია და გადაცემულია სამინისტროზე. დაახლოვებით ჩვენი ხარჯი უდრის წლიურად 200 მილ. მანეთს. ეს რომ გავყოთ 12 თვეზე - თვიურად გამოვა 17 მილ. მანეთი. მაგრამ შესაძლებელია საბიუჯეტო კომისიამ ეს თანხა შეამციროს, ერთნაირად შეაკვეცოს ფრთა სახალხო გვარდიის ხარჯთ-აღრიცხვას, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ დღეს-დღეობით მოგვეცეს 17 მილ. მან. მაგივრად 15 მილ. ყოველ თვიურად მარტამდე. და ეს უნდა გვეძლეოდეს პირველ ოქტომრიდან. როცა სახალხო გვარდიის შტატები დააკანონა და დაადასტურა დამფუძნებელმა კრებამ. ამ რიგად, ჩვენ უნდა გვეძლეოდეს 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე 15 მილიონი მანეთი. უნდა გამოვრიცხოთ ყოველ თვიურად ის 4 მილიონი, რომელსაც ვიღებდით და მასთან ერთად 20 მილიონი, რომელიც მოგვცა დამფ. კრებამ დეკემბერში. ვიმეორებ, იმდენად ნათელი და მარტივი არის ეს დეკრეტი, რომ მას ბევრი დასაბუთება არ დასჭირდება და მიღებული იქნება დამფუძნებელი კრების მიერ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ს. მდივანს.
ს. მდივანი. საბიუჯეტო და საფინანსო კომისიის სახელით ვაცხადებ, რომ მან გაითვალისწინა ყოველგვარი გარემოება და დაადგინა ეძლეოდეს 15 მილ. მანეთი 1-ლ ოქტომბრიდან პირველ მარტამდე, როდესაც თავდება საბიუჯეტო წელ.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე.
(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფ. კრება იღებს ერთხმად დეკრეტს).
თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ, რათა ორივე დეკრეტის საბოლოო ტექსტი ახლავე იქნეს მიღებული. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია.
ბ-ნო ნათაძე გთხოვთ.
გრ. ნათაძე. (კითხულობს საბოლოო ტექსტებს, რომელიც დამტკიცებულ იქმნენ. მდივანი კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს. დასასრულ მდივანი კითხულობს სოც.-დემ. ფრაქც. განცხადებას: საკონსტიტუციო კომისიაში ნაცვლად რ. არსენიძისა ინიშნება პ. საყვარელიძე ხელოვნების კომისიაში, ნაცვლად რ. არსენიძისა ვლასა მგელაძე.)
![]() |
6 ოთხმოცდამესამე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
სხდომა დასრულდა 4 საათ. 15 წუთზე.107
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(83)
1920 წელი. თებერვლის 3. ტფილისი. სასახლე
შინაარსი:
გაგრძელება მსჯელობისა ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ის დადგენილების შეცვლის გამო.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
სვიმონ მდივანი.
სხდომა იწყება დღის 1 საათსა და 30 წუთზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ კომისიაში გადასაცემ კანონ-პროექტს.
მდივანი. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი შემდეგია. (კითხულობს).
ნუსხა დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილველად გადასაცემ საკანონმდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.
სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სამხედრო უწყების განკარგულებაში 2.118.986 მან. 40 კაპ. გადადების შესახებ - საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 1919 წ. სექტემბრის 1-დან 1920 წ. მარტის 1-დე. გადაეცეს სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
პრეზიდიუმის პროექტი დეკრეტით - პრეზიდიუმის განკარგულებაში ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად 1.500.000. მან. გადადების შესახებ გადაეცეს საბიუჯეტო - საფინანსო კომისიას.
დღიური წესრიგი:
1. გაგრძელება მსჯელობისა ამიერკავკასიის კომისარიატის 1918 წლის თებერვლის 23-ს. დადგენილების შეცლის დეკრეტის გამო. მომხსენებელია კ. ნინიძე.
2. დეკრეტი ბათომ - ნატანების რკინის გზის ნაწილის 1919-1920 წ.წ. საექსპლოატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.350 მან. და სახაზინო რკინის გზის საერთო ხარჯთააღრიცხვის დამატებად 968.193 მან. გადადებისა. მომხსენებელია გრ. ურატაძე.
3. დეკრეტი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის კომისიის საპროპაგანდო კომისიის განკარგულებაში საჭიროებისათვის 1.000.000 მან. გადიდებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია და გრ. ურატაძე.
4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონპროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.
5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შრომის ხელშეკრულობის შესახებ. მომხსენებელია ი. ფირცხალაიშვილი.
6. დეკრეტი სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდის შესაძენად 24.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
7. პროექტი დადგენილებისა დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის საყოველთაო ხელის მოწერის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელია ექ. თაყაიშვილი.
8. დეკრეტი-მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურის გამო მოგზაურობის დროს დღიური სარგოს და საგზაო ფულის ნორმების შეცვლისა. მომხსენებელია გრ. გიორგაძე.
9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილებათა ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
თავმჯდომარე. დღის წესრიგის შესახებ გახლავთ შესწორება შემდეგი შინაარსისა: (კითხულობს) გახლავთ კიდევ მე-2 შესწორება. (კითხულობს). საკმაოა ოფიციალური განცხადება კომისიისა, რომ შესწორება უკამათოთ იქნას მიღებული. ამიტომ ეს შესწორებები მიღებულათ უნდა ჩაითვალოს და ეს ორი საკანონმდებლო აქტი უნდა დაუბრუნდეს სათანადო კომისიას შესასწორებლათ.
ხომ არავის სურს სიტყვა დღის წესრიგის შესახებ? სიტყვა არავის სურს. დღის წესრიგი მიღებულია. მაშასადამე, პირველი საგანი გახლავთ -
გაგრძელება მსჯელობისა ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ის დადგენილების შეცვლის დეკრეტის გამო.
პირველი მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ბარათაშვილს. (ბარათაშვილი არ არის).
სიტყვა ეკუთვნის ბ. ვეშაპელს!
გრიგოლ ვეშპელი. (ნაციონალისტი) პირველი მუხლის შესახებ, შემოტანილი იყო შესწორება, რომლითაც განზრახულია მიწების ყიდვა-გაყიდვის ნებართვა მხოლოდ ნორმის ფარგლებში.
ამ შესწორების შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ საერთოდ მიწის ნორმა და კერძოთ ის ნორმა, რომელიც იყო დაწესებული აგრარული კომისიის მიღების დროს - არის მიუღებელი საქართველოს სასოფლო სამეურნეო ცხოვრებისათვის. ეს ნორმა იყო დაწესებული ხელოვნურათ; იგი არ ყოფილა დადასტურებული ცხოვრების პირობების შესწავლის გამო. არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ჯგუფთა შეთანხმების შედეგს.
და თვით ის, რაც ამ პოლიტიკურ ჯგუფთა შეთანხმებამ დაადგინა - არ გატარდა ცხოვრებაში. ნორმა უნდა ყოფილიყო 3 კატეგორიის: პირველის, მეორის და მესამის; მაგრამ, ფაქტიურათ, ჩვენში თითქმის ყველა მიწები ჩაირიცხა პირველ კატეგორიის მიწებათ, და თუ პირველ კატეგორიის მიწებად იყო ნაგულისხმები უმაღლეს კულტურის მიწები - ბოლოს ყველა სახნავ-სათესი მიწები მოექცა ამ კატეგორიაში. იყო შემთხვევა, როცა სამინისტროც იძლეოდა ინსტრუქციას, სადაც იგი უწესოდ, თავისებურად მარტავდა კანონს:
პირველი კატეგორიის მიწა არის ის, რომელიც არის არჩეული კულტურული მეურნეობისათვის. სამინისტრო კი მარტავდა - ამა და ამ მიწაზე არის შესაძლებელი კულტურული მეურნეობის დაწყებაო. მაშასადამე იგი პირველ კატეგორიისაო. ამ გვარათ, აზრი სამინისტროსი, ამ ინსტრუქციის მიხედვით, გამომდინარეობდა მხოლოდ პირველი კატეგორიის ნორმიდან, ე. ი. იმის მიხედვით, რომ საერთოდ შესაძლებელი არის ამ მიწებზე უმაღლესი კულტურის მეურნეობა მომავალში და ამიტომ შეიძლება მისი პირველ კატეგორიაში მოქცევა.
ამით მე მინდა მოგახსენოთ, რომ საერთოდ ნორმა აღმოჩნდა ჩვენში ხელოვნური და არ განხორციელდა კანონი ნორმის შესახებ.
საერთოდ კი, კანონის ნორმით შეზღუდვა სასოფლო მეურნეობისა ყოვლათ შეუძლებელია. ის ყრილობები, რომლებიც ამ დღეებში მოწვეულ იყო ტფილისში ამას ადასტურებენ. ავიღოთ მათ შორის, თუ გნებავთ ორი: მევენახეთა და მეცხვარეთა ყრილობა. პირველათ ამ ყრილობაზე ეხებოდენ ამ ნორმის საკითხს და როგორც პირველზე, ისე მეორეზე დადგენილ იქნა, რომ ნორმა ზღუდავს, ხელს უშლის სასოფლო მეურნეობის განვითარებას, ასუსტებს მის ძალებს და ამიტომ, საერთოდ, აუცილებელი არის ამ ნორმის კანონის გადახედვა. საჭირო არის გადახედვა არა მარტო პოლიტიკურათ და მეცნიერულათ - არამედ აგრეთვე ჩვენი სოფლის სამეურნეო ცხოვრების ინტერესების შეფასებით.
რაც შეეხება იმ შესწორებას, რომელიც შემოტანილი იყო სოც.-დემოკრ. ფრაქციის მიერ - იგი ლოღიკურია, ლოღიკა მოითხოვდა მას. პოლიტიკური ლოღიკა უსათუოდ მოითხოვს ამას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრარული რეფორმა დასრულებული არ არის და უხერხული მდგომარეობა იქმნებოდა: ერთ სოფელში, სადაც საბოლოოთ არ იქნებოდა გატარებული რეფორმა და ნორმა - იქ შეუძლებელი იქნებოდა ნორმის ზევით მამულების ყიდვა, ხოლო იქ, სადაც ეს რეფორმა გატარებული იქნებოდა, შესაძლებელი იქნებოდა ნორმის ზევით ადგილების ყიდვა. ამიტომ ეს შესწორება ლოღიკურია; ის შეეფერება დღევანდელ სინამდვილეს. აქედან ცხადია, თუ ძნელი არის ნორმის შეცვლა ცალ-ცალკე - აუცილებელია საერთო ამ ნორმის კანონის საერთოდ გადახედვა. შემდეგ, მე მინდა თქვენ მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ამ ყიდვა-გაყიდვის აკრძალვის ახსნას შეუძლია გამოიწვიოს ერთი შედეგი: ამ კანონით შეუძლია ისარგებლოს არა საქართველოს მკვიდრთ, არა საქართველოს მოქალაქეთ - უცხოელებს. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ ყოფილ რუსეთის საზღვრებში ანარქია არის და ყოველ კვირაში აქ რამდენიმე ათეული და ასეული უცხოელი მოდის. და რადგან არსებობს ამკრძალავი ზომები - თუმცა ეს აკრძალვა, მაინც და მაინც, არ ტარდება ცხოვრებაში, მაგრამ მაინც არის გამოცხადებული ერთგვარი პირობები ჩვენში შემოხიზნულთა ცხოვრებისათვის - ისინი, უცხოელები, შეეცდებიან, რომ მოიპოვონ უფლება დარჩენის და საბუთებისა, მოიპოვონ უფლება თავისუფალი ცხოვრებისა, ესე იგი იყიდონ და შეიძინონ მიწები. ჩვენ ვიცით, რომ ტფილისში, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა დეკრეტი გაწმენდისა, ჩვენი ბონების ფასი სისტემატიურად ეცემა. უცხოელნი არ დაკლებია ჩვენს სახელმწიფოს. ისინი ყოველ საშვალებას ხმარობდენ, რომ დარჩენილიყვნენ: ზოგი „პრიკაშჩიკათ“, ეწერებოდა, ზოგი „ოფიციანტათ“, ზოგი სტუდენტათ, და სხვ. ამ რიგათ ეს კანონიც განუხორციელებელი დარჩა და ჩვენი ფინანსიური კრიზისიც კიდევ უფრო გამწვავდა. ფული ამ ჩამოსულებს ბევრი აქვთ.
მართალია ჩვენს ხალხს არ უყვარს მიწის გაყიდვა, მაგრამ ამა თუ იმ მდგომარეობის გამო, როცა უჭირს კაცს ცხოვრება, ის იძულებულია ნაწილი მიწისა გაყიდოს. და აი, ეს ყოველთვის საშუალებას მისცემს უცხოელებს ჩვენი მიწა შეიძინონ, მიწის სპეკულიაცია გააძლიერონ და მაშინ, ამ მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვის მოხსნის გამო სპეკულიატურული კაპიტალი მოეფინება ქალაქიდან სოფლად და ისედაც არეული ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო აირევა და გართულდება. ამიტომ მე იმის მომხრე ვარ, რომ იმ შესწორების გარდა, რომელიც ნორმით შეზღუდვას მოითხოვს და რომელსაც ლოღიკა აქვს, მივიღოთ მეორე შესწორებაც კანონისა, რომელიც უცხოელებს, არა საქართველოს მკვიდრთ, აუკრძალავს მიწის შეძენას. ეს არ იქნება კონსტიტუციონური დადგენილება; თუმცა ზოგიერთ უცხო სახელმწიფოს კონსტიტუციაში - მაგალითად, რუმინიის კონსტიტუციაში - არის ასეთი წესი ჩაწერილი.
შესწორება უნდა იქნეს ასეთი: მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის ქვეშევრდომებზე არ გავრცელდეს. ე. ი. უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომთ არ ჰქონდეს უფლება ამ კანონით სარგებლობისა, თუ ისინი ამას გამოიყენებენ ამა თუ იმ მოსაზრებით.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ღლონტს.
თ. ღლონტი (სოც.-ფედ.) მოქალაქენო! ამ დეკრეტის უმთავრესი აზრი სწორედ პირველ მუხლში გამოიხატება. აგრარულ კომისიაში, როდესაც ეს საკითხი ირჩეოდა უმთავრესი ყურადღება მიქცეული იყო ამ პირველ მუხლისადმი. რას ნიშნავს ეს მუხლი, თუ რა მდგომარეობას შექმნის ჩვენს საზოგადოებაში, შეეფერება თუ არა ჩვენი გლეხ-კაცობის ცხოვრებას და რას იძლევა იგი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველნაირი საკითხი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი გლეხ-კაცობის მდგომარეობასთან და მის მომავალთან, უნდა იყოს ისევე საინტერესო დამფუძნებელ კრებისათვის. ყველა დეკრეტის და კანონის პოლიტიკური აზრი, ეკონომიურ აზრს რომ თავი დავანებოთ, ის არის, რომ ამ დეკრეტის თუ კანონის საშუალებით უნდა განმტკიცდეს ის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც ასე ბეჯითად იცავს ჩვენი დამფუძნებელი კრება. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, როდესაც აგრარულ კომისიაში ორი დეკრეტი ირჩეოდა - ერთი, რომელიც შეეხებოდა ხე-ტყის და მეორე, მიწის ყიდვა-გაყიდვის ნებართვის საკითხს, სრულიად არ გამოცხადდნენ, არ იყვნენ მიწად-მოქმედების სამინისტროს წარმომადგენელნი. არც კომისიაში მსჯელობის დროს და არც ეხლა, პლენუმის სხდომაზე, მიწად-მოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი არ არის. ამას ვხსნით უბრალო შემთხვევით, მაგრამ თუ ჩაუკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ შეიძლება ეს ასე არ იყოს.
ეს კანონი ნამდვილად არ არის კომისიის. მართალია, პრესაში ამბობენ, რომ არის აგრარულ კომისიის, მაგრამ თვით კომისიის მსჯელობის პროცესში ამის წინააღმდეგი იყო კომისიის უმრავლესობა. მაგრამ ჩვეულებრივ ზედმოქმედების გამო, თითების აწევის დროს ეს კანონი გატარებული იყო. ავტორი ამ კანონისა არის კირილე ნინიძე, როგორც იმ ტყის შესახებ კანონისა, რომელზედაც მქონდა ლაპარაკი. რასაკვირველია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, - სულ ერთია, თუ ვინ იქნება ავტორი ამ კანონისა პერსონალურად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რასაც სამინისტრო ვერ ბედავს და ვერ გაატარებს, ჩნდება პიროვნება, რომელიც ლოღიკურად ამთავრებს, მიჰყავს ლოღიკურ დასკვნამდე. ის გამბედაობა, რომელიც არ აღმოაჩნდა მიწად-მოქმედების სამინისტროს, აღმოაჩნდა ბ. ნინიძეს.
ეს რეფორმა, ბატონებო, არის რეფორმა რეაქციონური. ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ამ მუხლმა გამოიწვიოს, წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ. რა მდგომარეობას შექმნის სოფლად ამ მუხლის მიღება, რა მდგომარეობა არსებობდა და რა მდგომარეობასთან გვექნება საქმე? ყოველივე ეს წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ.
ამ მუხლის დედა-აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გლეხ-კაცს, რომელსაც აქვს 7 დეს. ფარგალში კერძო საკუთრება, შეეძლება ამ მუხლის ძალით ეს საკუთრება გაყიდოს და სამაგიერო იყიდოს და აწარმოვოს თავისუფალი აღებ-მიცემობა ამ მიწისა. ჩვენი მიზანი და თითქმის მთელი რევოლიუციის მიზანიც ის იყო, რომ როგორმე დაგვეკმაყოფილებინა მშრომელი გლეხ-კაცობა, მიგვეცა მისთვის ეკონომიური უფლება და ასეთი ეკონომიური უფლება არის მიწის უფლება. ეს იყო რევოლიუციის და რეფორმის დედა-აზრი. ამ მუხლით, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ უნდა მიიღოს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამით ისარგებლებს გლეხების უუმცირესი ნაწილი და თავად-აზნაურობის უმცირესი ნაწილი. მხოლოდ რაც შეეხება გლეხობის უმრავლესობას, ეს მოუტანს დიდ ზარალს, როგორც იყო რევოლიუციამდე. ის ვერ ისარგებლებს მიწის ასეთნაირად დანაწილებით. აი როგორი იყო მიწის დანაწილება: პირველი დიდი რევოლიუციის წინ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობას ჰქონდა: 0-1 დეს. - 5,820/ც, 1-3 დეს. - 53,59%25, 3-5 დეს. - 20,30%25, 5-10 დეს. - 54,61%25, სულ 74,32%25, ხოლო გლეხობას: 0-1 დეს. - 43,29%25, 1-3 დეს. - 37,40%25, 3-5 დეს. - 10,62%25, 5-10 დეს. - 6,31%25, სულ 97,62%25, ტფილ. გუბერნიაში თავად-აზნაურობას ჰქონდა წერილები 38,85%25-ს, ხოლო გლეხობაში წერილები შეადგენდენ - 91,58%25. აქედანვე ცხადია, რომ ყიდვა-გაყიდვის უფლებით მასსა ფაქტიურად ვერ ისარგებლებს, ამით მხოლოდ შეძლებული შეიძენს და ღარიბები კი იმასაც დაჰკარგავენ, რაც აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ თავად-აზნაურობის და გლეხობის უმრავლესობა წააგებს იმისთვის, რომ გაყიდის ამ მიწას ამ თავისუფლების პროცესში. (ს.-დ. სკამებიდან: პროლეტარები ყოფილან, მაშ!) დიახ, თავად-აზნაურობის დიდი უმრავლესობა მართლაც პროლეტარულია ჩვენში.
ამ ციფრიდან ირკვევა ის კითხვა, რომლის შესახებ საბუთი ვერ წარმოადგინა ვერც მომხსენებელმა, ვერც აგრარულმა კომისიამ. ეს ციფრი გვიჩვენებს, რომ მიწის, ტყეს მიღების უფლება მიეცემა უფრო შეძლებულებს იმიტომ, რომ უდიდეს ნაწილს ამ თავად-აზნაურობისას აქვს სახნავი... დარჩენილი %25 კი აქვს ტყეთ. ეს ტყის კანონი სრულებით არ შეეხება თავად-აზნაურობის ფართო მასას, მხოლოდ შეეხება თავად - აზნაურობის ვიწრო ჯგუფს. ეხლა კი ეს კანონი არ ეხება ფართო მასას გლეხკაცობისას, ეს ეხება მხოლოდ შეძლებულებს. გლეხებს არ ჰქონდათ რევოლიუციის წინად და არც ეხლა ექნებათ, რადგან ორთა-შუა რიცხვი რომ ავიღოთ, ეს ნორმა არ მოუვა გლეხკაცობას.
ეს იყო ტფილისის გუბერნია, რაც შეეხება ქუთაისის გუბერნიას, მას კიდევ უფრო არ შეეხება. ეს არ არის სასარგებლო მასისათვის. იქ თუ თავად-აზნაურობის პროცენტი 35 არის, წვრილი მფლობელობისა არის 4 და 5 დეს. გლეხები კი არის 97 პროც., 43 პროცენტი ისეთი, რომელთაც აქვთ საშუალო ზომის სახნავი. როდესაც აძლევთ უფლებას მიწის ყიდვა-გაყიდვისას, პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას კანონმდებლობის წინაშე, ის იქნება, ვის აძლევთ ამის უფლებას, თუ გინდათ მიწა თავისუფალ ვაჭრობის ობიექტით გახდეს, იმისათვის, რომ აღებ-მიცემობა გაჩაღდეს, იბადება კითხვა: ვის აქვს მიწა?
ის, ვისაც მიწა არა აქვს, ის მიწას ვერ შეიძენს, იმიტომ, რომ უბრალო მოსაზრება არის, რომ გლეხკაცისათვინ მიწა ის არის, რაც ქალაქში არის რომელიმე თანხა. მიწა არის ფაქტორი შეძლებისა, ქონებისა, ეს არის ერთგვარი კაპიტალი. ამ მიწიდან სახელმწიფო სარგებლობს. ის აძლევს შემოსავალს სახელმწიფოს და გლეხკაცობას. თუ მიწა იძლევა რენტას, ე. ი. ზედმეტ შემოსავალს, აშკარა არის მიწა ისეთი დაწესებულებაა, რომელიც იძლევა ზედმეტ ღირებულობას და ზედმეტ სარგებლობას, ვისაც მიწა აქვს იმას შეუძლიან მეტი შეიძინოს და ვისაც არა აქვს შეძლება, აშკარაა, ვერ შეიძენს. (თევზაია: ხდებოდა ხოლმე ასე: ჩვენში არ ჰქონდათ და შეიძინეს სოფელში). მართალია 70 წლებში გლეხებმა მიწა შეიძინა, მაგრამ თუ შეიძინა, ბ. თევზაია, შემდეგ პირობების გამო: თქვენ იცით, როგორც შეიძინეს მიწები? დროებით ვალდებულების ინსტიტუტი რომ დამკვიდრდა, ეს იმიტომ, რომ გლეხობამ მიწა ვერ შეიძინა. თუ გაეცნობით ამ საკითხს ისე, როგორც თქვენი წარმომადგენლები სახელმწიფო სათათბიროში - კარლო ჩხეიძე და ევგენი გეგეჭკორი, ეს მოსაზრებები მათ დაბეჭდილი აქვთ და ისინი ამტკიცებდნენ, რომ მძიმე პირობები იყო და მესამოცე წლებში მთავრობამ ერთგვარი მოწყალების თვალით შეხედა გლეხ-კაცობას. თვით ბიუროკრატია იძულებული იყო გლეხებისათვის სესხი მიეცა 15-30 მანეთამდე დესეტინა მიწის სასყიდლად. აძლევდა შეღავათებს გადასახადში და სხ. ასე იყო რუსეთის ბიუროკრატიულ რეჟიმის დროს და ეხლა ეს მდგომარეობაც არ არის. ეხლა, როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკაა, გლეხს არ აძლევთ არც სესხს, არც ბანკს და არც არავითარ შეღავათს. (შენგელაია: ამით უნდათ, რომ გლეხმა გაყიდოს და კი არ იყიდოს!) პოპულიარიზაციას უკეთებს საკანონმდებლო აქტის შემომტან ფრაქციას ამ აქტით. (თევზაია: გლეხები უფრო შეიძენენ მიწას!) ბ. თევზაია რეპლიკით გვეკითხება, რომ გლეხკაცებს, რომელთაც მიწა არა აქვთ, დაინტერესებულები არიან შეძენაში. მაგრამ ამ კანონის ავტორს სრულიადაც არ აინტერესებს, რომ გლეხებმა მიწა შეიძინონ. ამ კანონს წმინდა პოლიტიკური მიზანი აქვს.
ვის უნდა დაეყრდნოს ჩვენი სახელმწიფო ამ საკითხში, ვინ უნდა შექმნას სოფლის ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობები, ვინ არის საფუძველი დემოკრატიული რესპუბლიკისა? ამ პრინციპიალურ, ამ მთავარ საკითხს როგორ გადასწყვეტთ. თუ გამოირკვევა კატეგორიები სოფლად.
ჩვენ ფედერალისტები ვამბობთ, რომ უნდა დავეყრდნოთ გლეხ-კაცების პროლეტარულ ელემენტებს, რომელთაც უშუამავლო კავშირი აქვთ მიწასთან. (ნინიძე: წინად ამბობდით, რომ პროლეტარები ქალაქში არის და, ახლა სოფელშიაც აღმოჩნდა?) ნუ ვიტყვით, თუ გინდა ასე, ვთქვათ ის ელემენტები, რომელნიც გროშით ცხოვრობენ, შრომის პრინციპი (ხმაურობა) უნდა გატარდეს მიწის მფლობელობაში, გლეხი დავაკავშიროთ მიწასთან, რათა არც მიწა დარჩეს ცუდად და არც გლეხი მუქთად.
სოციალიზაციის მთავარი პრინციპი ეს არ არის და ეს გვინდა ჩვენ ამ გვარად, სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაუკავშირდეს შრომის ინტერესს. მაგრამ სოციალ - დემოკრატები სხვანაირად სჯიან და ამას ამჟღავნებენ თავიანთ გაზეთში. (ხმაურობა) გაზეთი „ბორბა“ და გაზეთი „ერთობა“ ბოლშევიკების კრიტიკაში არიან და რასაკვირველია, ასწავლიან, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ ბოლშევიკები გლეხების მიმართ, რანაირი გეგმით? რანაირი პოლიტიკა უნდა აწარმოვონ სოფლად, რომ აქ ძალა უფლება შერჩეთ! (კითხულობს გაზ. „ბორბას“-ს) შემდეგ არის თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას, ქადაგება „სრედნიაკების“. ამ პრინციპის ქადაგებით რუსეთში თავი ისახელა სტოლიპინმა და დღეს სოციალისტების ქურქში გახვეული მენშევიკები სტოლიპინის „სრედნიაკებით“ გვიმასპინძლდებიან.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნავს ლიკვიდაციას იმ აქტებისას, რომლებსაც რევოლიუციის პირველ ხანებში ადგილი ჰქონდათ. რევოლიუციის ხანებში შეუძლებელი იყო ასეთი მუხლით გამოსვლა. რას ეტყოდით მაშინ ხალხს, გლეხკაცობის მასას? რასაკვირველია, ვერც ერთი პროპაგანდისტი ვერ გამოვიდოდა ხალხის წინაშე და ვერ იტყოდა, რომ იმ უმრავლესობას, რომელსაც მიწას ვაძლევთ, უფლება აქვს ამ მიწის გაყიდვისა, რასაკვირველია, ვერავინ გაბედავდა და ვერ ეტყოდა ამას ხალხს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სწორედ კანონმდებელი აღნუსხავდა იმას, რაც იყო სტიქია თვით ხალხისა. (რეპლიკა: არ ისმის). მაგრამ დღეს მიტინგების ხანა აღარ არის და ამიტომ თქვენ შეძლება გაქვთ რომ კაბინეთში შექმნათ ის, რაც არ შეეგუება ჩვენს სინამდვილის და რაც გამომდინარეობს (კ. ნინიძე: მარქსისტიულ გოროსკოპიდგან?) არა ბ. კირილე ნინიძე. მხოლოდ თქვენი გოროსკოპიდან ვინაიდან, ეს არ შეეფერება გლეხკაცობის ცხოვრების ინტერესებს. ბ. კირილე ნინიძეს, ჩვენ მოვსთხოვთ წარმოგვიდგინოს ცნობები, ვის ეხება ეს კანონი, ვინ ისარგებლებს იმით, როგორ არის ეს მამულები განაწილებული. შეიძლება ყიდვა-გაყიდვას ღებულობთ, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს რეგულიაცია.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მიწის ჩამორთმევა ფიასკოთი დამთავრდა. (რეპლიკები, არ ისმის). ჩვენ ვიცით რომ ფეოდალურ ელემენტებს მიწა ვერ ჩამოვართვით და ვერ დაუბრუნეთ ხალხს. საინტერესო ის კი არ არის რამდენი პროცენტია ჩამორთმეული მიწა, არამედ საინტერესო ის არის - როდესაც ჩამოართვეს ფეოდალურ ელემენტებს, ვის მისცემთ თქვენ ამ მიწებს. აზრი რევოლიუციისა ის იყო, რომ მიწა გლეხკაცს მისცემოდა.
რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ უფლებას, თუ დღეს მიწა ექნება თავად-აზნაურობას ან იმ მაგნატების ხელში, თუ შეიძლება მაგნატები უწოდოთ. მაგრამ მასა კიდევ ბოგანო არის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ აბსურდი არის საქართველოში ნორმის პრინციპის მიღება. შეიძლება მივიღოთ ნორმის პრინციპი ამერიკაში, რუსეთში, მაგრამ ჩვენში, სადაც მიწის სიმცირეა, ეს ნორმა აბსურდია. გერმანია, თუმცა იყო ბურჟუაზიული სახელმწიფო, მაგრამ მარკის მიწებს ხელს არავინ ახლებდა. მე მოგიყვანთ თქვენ იმის ცნობებს, რომ საფრანგეთში საკანონმდებლო აქტებით მე-80-90 წ.წ., რომლებითაც ყოველი იმათი საზოგადოებრივი ნაჭრების გაყიდვა აკრძალული იყო და შემდეგ იმ გლეხ-კაცობას, რომელსაც აქვს წვრილი მიწათ-ფლობელობა. მას არ ჰქონდა ნება მიწის გაყიდვის. ეს იყო ბურჟუაზიულ კანონმდებლობის მიერ მიღებული ევროპაში, ჩვენში კი არავითარ ანგარიშს არ უწევენ არც გლეხ-კაცის ფსიქიკას, არც გლეხკაცის ინტერესებს და შეძლებულ ელემენტებს უფლებას ვაძლევთ რაც შეიძლება მეტი მიწა შეიძინონ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს სტატისტიკურ ცნობების მიხედვით მთელი მიწა, რომ გავანაწილოთ კომლის მიხედვით, საშუალოდ არსად არ მოდის სახნავ სათესი მიწა 7 დესიატინა. როდესაც ვაკანონებთ 7 დესიატინას და ყიდვა-გაყიდვის უფლებას ვაძლევთ ხალხს, შეიძლება იმან, ვისაც ეხლა 5 დესიატინა აქვს, 7 დესიატინამდე იყიდოს, ესე იგი ყიდვის პროცესში შეძლებულმა დაამარცხოს და გაანადგუროს შეუძლებელი. არის თუ არა პოლიტიკური თვალსაზრისით მისაღები, რომ გლეხ-კაცობის უმრავლესობა დავაყენოთ გაღატაკების გზაზე, და მისაღებია თუ არა ეს სოციალისტური თვალსაზრისით? ამ მუხლის მიღება არის რევოლიუციის ლიკვიდაცია. (ხმა: ბოლშევიზმი?) „ერთობა“ სწერს, რომ რუსეთში რევოლიუცია დამარცხდა, მაგრამ თქვენ თქვენი სინიდისის წინაშე სთქვით, რომ გლეხ კაცს რუსეთში ეხლა უფრო მეტი მიწა აქვს, თუ წინად ჰქონდა რევოლიუციამდე? (ხმაურობა) თქვენ თუ არ იცით, მეც არ ვიცი, მაგრამ რუსეთის გლეხკაცმა ეს იცის და, თუ დენიკინი დაამარცხეს, ეს იმიტომ, რომ ბოლშევიკების რეჟიმის დროს მას მიწა აქვს და დენიკინის რეჟიმის დროს მას მიწა არა აქვს. (ხმა: რა შუაშია ეს?) ეს იმ შუაში არის, რომ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ რუსეთში მოხდა რევოლიუციის ლიკვიდაციაო, ეს მართალი არ არის. აქ კი მართალია, რომ რევოლიუციის ლიკვიდაცია მოხდა (ხმები: არ ისმის) თქვენი ეკონომიური პერსპექტივები. მიწის ყიდვა-გაყიდვა არის - ის პერსპექტივები, რომლებიც რუსეთში დენიკინმა დაიყენა, ის პერსპექტივები, რომლებიც დაამარცხა ივლისის და ოქტომბრის რევოლიუციამ. (ხმები: არ ისმის) ჩვენი კარდინალური მოთხოვნილება არის, რომ მიწის სფეროში ყიდვა - გაყიდვა აკრძალული ყოფილიყოს. ეს პრინციპი მიიღეს ბოლშევიკებმა და რევოლიუციაც შერჩა მათ. ამას ობიექტიური მნიშვნელობა აქვს (რეპლიკები არ ისმის) აქ ჩვენ ნურც დოგმას გამოვეკიდებით და ნურც ფანატიზმს. რა მნიშვნელობა აქვს, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში რუსეთში ბატონობს ბოლშევიზმი და ვერც ვერავინ შესძლო ბოლშევიკების დანგრევა. დაინგრა კერენსკის მთავრობა, ყველა დანარჩენი მთავრობაც - არაბოლშევიკური დაემხო, მაგრამ ბოლშევიკები სამი წელიწადია ვერავინ დასძლია. უეჭველია, რაღაც მიზეზები არის ამისთვის. ეს ის მიზეზი არის, რომ ბოლშევიკებმა შესძლეს ბურჟუაზიის ქონების ლიკვიდაცია და შესძლეს აგრეთვე მასის თავის მხარეზე გადმოყვანა. (კედია: რატომ თქვენ არ შეგიძლიათ ამ მასის შეძენა?) გასაგებია, რადგან ჩვენ არ გვქონდა ისეთი მოსავალი, ამას თავისი ასახსნელი მიზეზი აქვს. მთელი რუსეთის მენშევიკობა მოაწყდა საქართველოს და შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ამდენი ინტელექტუალური ძალით შესძლო ფართე საზოგადოების თავზე მოეხვია ეს თავისი აზრები. ეს ძალა მოგვეცით ჩვენ ეხლა და ხალხს ისე ავალაპარაკებთ, როგორც მას უნდა. (ხმაურობა: რეპლიკები არ ისმის. ნიკოლაძე: რატომ ვერ გაიმარჯვეს ყაზახებმა?) ბოლშევიკებმა მთელი დონი დაიპყრეს და ყუბანშიაც გაიმარჯვებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოსთვის წარმოადგენს ისეთს უდიდეს იარაღს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სამშობლოს ავაცდინოთ ყოველ გვარი საფრთხე.
მაშასადამე, შეძლებულ ელემენტებს ვაძლევთ ისეთს იარაღს, რომლითაც გლეხკაცი დაჰკარგავს იმ მიწას, რომელიც მას აქვს. მე მესმის, რომ არ შეიძლებოდეს გაყიდვა პატარა ნორმისა - 1 დესეტინისა და 2 დესეტინისა. ასეთი აკრძალვა რომ იყოს გაყიდვისა შრომის ნორმის მიხედვით, ასეთი დეკრეტი რომ შემოსულიყო, გასაგები იქნებოდა. (ხმაურობა. ხმები: რად არ შემოიტანთ თქვენს პროექტს?) ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, გარდა მოხსენებისა. რა აზრი აქვს შემოვიტანოთ პროექტი - ჩვენ მოგახსენებთ, თქვენ არ მიიღებთ, მორჩა და გათავდა. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. (გაურკვეველი ხმები) რა აზრი აქვს რომ ჩვენ შემოვიტანოთ შესწორება, რომ აკრძალული იყოს მიწის ყიდვა-გაყიდვა, არ მიიღებთ იმიტომ, რომ თქვენ ხომ თქვენი დებულების ფანატიკოსები ხართ. აი, რატომ არ მიიღებდით. როდესაც ასეთს საკითხს ვწყვეტთ, ჩვენთვის ფრიად სამწუხარო არის სეპარატიულად გადაწყვეტა საკითხისა, რადგან არავითარი საუბარი არ იმართება გლეხკაცობასთან; ხანდახან კი ჯერ კანონს მიიღებთ და შემდეგ გლეხკაცთან მიბრძანდებით ან და აი ასე, როდესაც ტყის კანონი მიიღეთ, თქვენ წაბრძანდით ხალხთან და უთხარით: აი მივიღეთ კანონი. რომელიც დაიცავს გლეხკაცის ინტერესებსო. შეიძლება ეხლაც ასე მოხდეს (გაურკვეველი ხმები) ჩვენი ხმა არ სწვდება, გაზეთს არა კითხულობენ, მას არ სწვდება და ნამდვილად კი ამას ვაკეთებთ ჩვენ. მე ვამბობ, რომ, როდესაც გლეხკაცობა დღევანდელს პირობებში გაჭირვებულია, მეტად მძიმე არის ასეთ პირობებში მიწის ყიდვა-გაყიდვის უფლების აღდგენა. ამ შეძლებულ ელემენტებისათვინ ეს არის რევოლიუციის ყოველგვარი მნიშვნელობის დაკარგვა. ჩვენ უნდა მივიღოთ ჭეშმარიტ დებულებად, რომ გლეხკაცობა ეკონომიურად დაზარალებული არის, რომ გლეხკაცს აღარა აქვს ის აუარებელი დასაუთოებელი ფული, თქვენ რომ გეგონათ. დღეს, ეს აღარა აქვს მას, პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ გლეხკაცს დღეს გაცილებით ნაკლები ფული აქვს, ნაკლებ სჭამს, ვიდრე წინად. სოფლის გლეხობაში არის საშინელი სენი მოდებული და მას არა აქვს საშუალება ებრძოლოს ამას. სიძვირე აუატანელია და შემძლებლებისათვის ეს არის საშუალება გამდიდრებისა, შეუძლებლებისათვის კი აუცილებელი პირობა გაღატაკებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ხალხში არ არის არც პური, არც მჭადი, არც ჩაი, არც შაქარი, არც ტანისამოსი და ასეთ სოციალურ უბედურების დროს, როდესაც არ არსებობს არავითარი საგლეხო ფონდი, არავითარი სურსათი არ არის, ასეთ პირობებში, რომლებიც პირდაპირ აუტანელი არის, ასეთი პროექტით გამოსვლა... (ხმაურობა) თქვენ გინდათ ასეთ პირობებში შექმნათ, რომ გლეხებმა გაყიდონ ის, რაც აქვთ.
ერთი მოღვაწე ამბობდა, რომ გლეხკაცს არ უნდა მიეცეს მიწის გაყიდვის უფლება ისე, როგორც ჯარისკაცს იარაღის გაყიდვის უფლებაო. თქვენ, ბატონო ვალიკო ჯუღელო, თქვენ ხომ არ მისცემთ გვარდიელებს უფლებას გაყიდონ სახაზინო იარაღი? არ მისცემთ ამის უფლებას იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს ქონება, ეროვნული სიმდიდრე.
ჩვენ ვამბობთ - გლეხს არ უნდა მიეცეს გაყიდვის უფლება, არ უნდა მისცეთ უფლება ისეთ ელემენტებს ჰქონდეს მიწა, ვინც არ ამუშავებს მას. თუ გლეხკაცს იარაღს ცხოვრებისას მისცემთ, მას არ დასჭირდება გაყიდვა მიწის, იმიტომ, რომ თქვენი სოციალ-დემოკრატიული დებულებით ხომ გლეხ-კაცს არ უყვარს მიწის გაყიდვა.
როდესაც თქვენ ქმნით რომელიმე კანონს, ნუ თუ ეს კანონი არ უნდა იყვეს შეფარდებული რომელიმე პრინციპთან, აზრთან? რომელ პრინციპთან არის შეფარდებული ეს კანონი? როდის იყო, რომ თქვენგანი აგრარული კანონის მცოდნე გვიკარნახებდა, მიწის გაყიდვა უებარი მალამოა სასოფლო მეურნეობისათვისო. ეს არავის არ უთქვამს. ეხლა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში სდგეხართ რაღაც იდუმალ მოთხოვნილებით, თქვენ ასამარებთ ამას და ემხრობით ეროვნულ - დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ერთად-ერთი უჭერს მხარს ამ კანონ-პროექტს. (ნიკოლაძე: რომელ სახელმწიფოში არის აკრძალული მიწის გაყიდვა?) სამარკო მამულებში ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია გერმანიაში, რეინის პროვინციაში, ეს უნდა მოეხსენებოდეს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წარმომადგენელს, იქ არის სისტემა „ალმენდა“. რეინის პროვინციაში საზოგადო მფლობელობის ხელში არის 16 პროცენტი და ეს არის აკრძალული... (ნიკოლაძე: იქ არის აკრძალული მარტო სოფლის საკუთრების გაყიდვა და არა იმის, რაც ეკუთვნის კერძო პირს). და გლეხს არ აქვს უფლება არც გაანაწილოს, არც გაყიდოს. (ნ. ნიკოლაძე: გერმანიაში კანონით სრული თავისუფლებაა ყიდვა-გაყიდვის). ინგლისში, ბატონებო, საგრაფოებში თვით ქალაქებმა და სახლმწიფომ შემოიღო კანონი, რომლითაც მიწას ურიგებს გლეხკაცებს და მუშებს იმ პირობით, რომ მათ არ აქვთ უფლება გაყიდონ. ისინი მართალია ავრცელებენ წვრილ მიწადმფლობელობას, ეს სისტემა არის, მაგრამ არ აძლევენ უფლებას გაყიდვისას. ჩვენი სახელმწიფო კი აძლევს უფლებას ყიდვა-გაყიდვისას. მე მოგახსენებთ, რომ ასეთი წესი არ არის არსად. ჩვენ სახელმწიფოში, როდესაც ურიგებთ მიწებს, აძლევთ უფლებას ყიდვა-გაყიდვისას. ინგლისში მთავრობა ჰყიდის მიწას, მაგრამ უკრძალავს გაჰყიდოს მიწა. (ნიკოლაძე: არ არის აკრძალული!) არის ბატონო, მე თქვენ გიმტკიცებთ, რომ არის აკრძალული ყიდვა-გაყიდვა იმ მამულებისა, რომელსაც სახელმწიფო აძლევს მუშებს და გლეხკაცობას. და თქვენ კი, რომ ჰყიდით გლეხკაცზე მამულს ფონდიდან, მას ექნება უფლება, ეს გაყიდოს და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ეკონომიური აბსურდი.
თქვენ ევროპის ბურჟუაზიაზე უფრო შორს მიდიხართ და სოციალისტების სახელით ამას სჩადიხართ. ეს არ შეეფერება მე-20 საუკუნის დროს, ეს არ შეეფერება სოციალისტურ, დემოკრატიულ აზრს. (ურატაძე: სოციალისტური სხვაა, დემოკრატიული სხვაა!).
არ შეეფერება არც დემოერატიულ, არც სოციალისტურ აზრს. ჩვენ ვიცით აზრი, რომელიც კ. ნინიძემ დამფუძნებელ კრებაში შემოიტანა. ის უსაზღვრო ყიდვა-გაყიდვას იცავდა, იცავდა იმ აზრს, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვა უნდა შეეძლოს გლეხკაცს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ფაქტიურად ფეოდალიზმის აღდგენა, იმიტომ, რომ კაპიტალისტი შეიძლება ქალაქიდან შევიდეს სოფელში, იქ შეიძინოს მიწა და ცუდი მდგომარეობა შეუქმნას გლეხკაცობას, ამ რიგად ფინანსები გავლენ სოფლად და შექმნიან ფინანსიურ ფეოდალიზმს.
ერთ-ერთ თქვენ მასწავლებელთაგანის მთელი ტრაქტატი არის ამ ფინანსიურ ფეოდალიზმზე და თქვენ გინდათ შექმნათ ფეოდალიზმი სოფელში.
ამ მდგომარეობას შექმნის კანონი, რომელიც გაგვაცნო კირილე ნინიძემ. ის უფრო შორს წავიდოდა, მაგრამ ფრაქციამ ერთი ნაბიჯი გადადგა და შეზღუდა მისი მადა. იმიტომ, რომ მართლაც შეუძლებელი არის ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მიწა მცირე არის, რომ ასე უსაზღვროდ მიწის გაყიდვის უფლება ჰქონდეს ვისმეს. როგორც გავიგეთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შეუტანია შესწორება, რომ ამ ყიდვა-გაყიდვას 7 დესიატინა დაედვას საზღვრად. 7 დესეტინა შეუძლებელია, რომ იყვევს ნორმად, მაგრამ უსაზღვრო გაყიდვას ეს მაინც სჯობიან. (ხმა: მაშინ ხომ არ შეიქნება ფეოდალიზმი?) ამით იქნება ის, რომ მიწას იყიდიან შეძლებულები (თევზაია: სრედნიაკები არა?) სწორედ იქნება სრედნიაკების სისტემა, რომელზედაც სწერდა „ბორბა“, იმიტომ, რომ არის უმრავლესობა 60 პროც. ხალხისა, რომელიც ერთ დესეტინას ფლობს. (თევზაია: რა იქნება მაინც?) 7 დესიატინა არის ზომა, საზოგადო მეურნეობის ზომა. (ხოჭოლავა: იქნება კაპიტალიზმი, ფეოდალიზმი, თუ სრედნიაკები?) ეს იქნება წვრილი კაპიტალიზმი, მეურნეობა, დამყარებული გლეხ-კაცობის გატყავებაზე; და ეს ამ მხრივ არის ფეოდალიზმი. მაგრამ, თუ თქვენი რევოლიუციის მიზანი ის იყო, რომ ფეოდალიზმი აღადგინოთ, მაშინ თქვენ სახელმწიფოს მოხსენით დემოკრატიული დროშა, იმიტომ რომ დემოკრატიულ საქართველოში არის 60 პროცენტი ხალხისა, არის დემოკრატია, რომელსაც არ აქვს ეს 7 დესიატინა და არ შეიძლება თქვენ ჰქონდეს, და თქვენ ეყრდნობით არა დემოკრატიას საქართველოსას, არამედ 20 პროცენტ ქართველ ხალხისას. ჩვენ ვამბობთ, საჭირო არის აგრარული რეფორმა, რომელიც იქნება დაკავშირებული ხალხის, მასის სურვილებთან.
ჩვენი ფრაქცია თავიდანვე იმ აზრის იყო, რომ მიწის საკითხში გამოვსულიყავით იმ პრინციპიდან, რომელსაც ვიცავდით რევოლიუციამდე. (ნიკოლაძე: უნდა გახდეთ გლეხების ოპეკუნებათ?) ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს გლეხის სამშობლო, მშრომელი გლეხის სამშობლოდ.
სოფლის მეურნეობის ინტერესის მხრივ ამას რა მნიშვნელობა აქვს, რომ წაერთვას უფლება იმ ელემენტებს, რომელნიც მიწას არ ამუშავებენ და მისცენ, ვინც მიწას დაამუშავებს აუცილებელ პირობით, რომ მიწა დამუშავებული იყვეს. ჩვენ ვამბობთ, რომ გაცილებით მეტი რაოდენობა მიწისა შემუშავდება და მაშინ ის პურის სიძვირე, რომელიც გვაქვს, დღეს არ გვექნება და აუარებელი მიწა, რომელიც დღეს დაუმუშავებელი რჩება იმიტომ, რომ მისი პატრონი სოფლად არ არის - დამუშავდება. ეხლა კი გლეხს არ აქვს საშუალება ეს მიწა დაიმუშაოს და ეს ხელოვნური დეკრეტი, რომელსაც ვიღებთ, ვერ განხორციელდება ცხოვრებაში.
უეჭველად, სოფლად დარჩენილი მიწები უნდა დამუშავდეს, დაამუშაონ ერთეულებმა, კოოპერატივებმა, თუ გლეხ-კაცობამ და მისცენ შეღავათიანი პირობები, თუ ამ დეკრეტს აქვს ერთდროული ეკონომიური აზრი, გაცილებით მეტი აზრი ექნება, თუ ამ მიწას სამუდამოთ დაუკავშირებთ შრომას, მაშინ მეტი მიწა იქნება დამუშავებული, მეტი ნაყოფი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ მიღებული. ეს გამოიწვევდა დიდ ეფექტს, გადასახადებიც უფრო ადვილად გადახდება ხალხს: მაგრამ ყველაფერი ეს ავიწყდება პასუხის მგებელ ფრაქციას, იმიტომ, რომ მას არ უნდა ერთი მთავარი დებულება შებღალოს, რომ არ გახდეს საქართველო ისეთ ექსპერიმენტების ქვეყანად, როგორიც არის რუსეთი. მენშევიკების ნამდვილი შეგნება არის ის, რომ რუსეთი დაღუპა ბოლშევიზმმა; რაკი ამაში დარწმუნდნენ, ისინი ამ დებულების საწანააღმდეგოდ გამოდიან ჩვენში და ბოლშევიკურ ექსპერიმენტის ეშინიათ. კარგია თუ ავია, ისინი მაინც საწინააღმდეგოდ გამოდიან, რადგანაც ეს ბოლშევიკებმა გააკეთეს. მაგრამ ყოვლად შეუძლებელია ასეთი ფანატიზმით მსჯელობა. ბოლშევიკები ყველაფერში არ სცდებიან. ბოლშევიკები არ შესცდნენ, როდესაც სოციალიზაციის პრინციპი შემოიღეს; და ჩვენ არ შევცდებით, მოვახდინოთ ეფექტი, ვაგრძნობინოთ გლეხ კაცს დემოკრატიულ რესპუბლიკის დადებითი მუშაობა. (ნიკოლაძე: ჩვენ ქვეყანაში არის „ობშჩინა“?) არის „ობშჩინა“ და ამას გამრავლება უნდა. (ნიკოლაძე: სად არის?) იქ, სადაც არის, იქ უნდა შევინახოთ და სადაც არ არის, უნდა შემოვიღოთ. (ნიკოლაძე: აი, სწორედ ეს არის ექსპერიმენტი) თქვენ, ბატონო ნიკოლაძე, მოშორდით სამოციან წლების აზრების და გადაყოფითი სისტემას, ჩვენ მოგახსენებთ „ობშჩინაზე“. მოგახსენებთ არა იმას, რაც გაუგონიათ და რასაც აქედან ავრცელებენ ზოგიერთი დამფუძნებელ კრების წევრნი. ეს ეხლა ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს და ასეთ ზღაპრებით ვერ ვისმენთ. ჩვენ არ გვინდა მოვსპოთ წვრილი მფლობელობა, ჩვენ ამას ვინახავთ. მაგრამ ზედმეტი მამული, რომელიც შეგროვდება საქართველოში იმ ელემენტებისაგან, რომლებიც მიწას არ ამუშავებენ, ჩვენ გვინდა აქედან მიღებული მამულები სოფლის ხალხის საშუალებით კოლექტიურად დავამუშაოთ. აი, ჩვენი მოთხოვნილება: არც «Черный передђелъ» არც «Община». ჩვენი მოთხოვნილება არის თანამედროვე პირობებთან შეფარდება და როდესაც გლეხი თავის კერძო მეურნეობის გვერდზე დაინახავს, რომ არის საზოგადოებრივი მეურნეობა, დაყენებული თანამედროვე ტეხნიკის საფუძველზე, მაშინ ის დაინახავს, რომ უმჯობესია მიწის დამუშავება კოლექტიურად, ვიდრე ინდივიდიალურად და ბუნებრივად ამ კოლლექტიურ პრინციპზე გადმოვა გლეხ კაცობა. ეს არის დიდი პოლიტიკურ-ეკონომიური ხასიათის აღზრდა. ეს მიგვიყვანს სოციალისტურ სამეფომდი. ამიტომ, არავითარი საფრთხობელა ჩვენს პრინციპში არ არის. ჩვენ ქვეყანაში ამას მოყვება დიდი ეფექტი; აამაღლებს მიწის დამუშავებას, გლეხის მდგომარეობას გააუმჯობესებს, გლეხს სურსათით დააკმაყოფილებს, გამოკვებავს ხალხს, გააჯანსაღებს მას, შეიტანს სოფლად კულტურას და მოახდენს ნამდვილ რეფორმას. ეს ნიშნავს რევოლიუციის განმტკიცებას სოფლად. სოციალ-დემოკრატიული დეკრეტი კი ნიშნავს რევოლიუციის დასამარებას საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ რევოლიუციის დასამარება არ მოხდეს მას შემდეგ, რაც საქართველოში დამოუკიდებლობა არის შემოღებული, თორემ არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ დღეს საქართველოში არ იქნება აჯანყება. (ხმაურობა. ხმა: სპარსეთი?) სპარსეთში არ არის აჯანყება, მაგრამ იქაური ხალხი არ არის იქაური მთავრობის მადლიერი. ასეთი პირობები ბევრს მისცემს აგიტაციის ნიადაგს, დიდ ბრძოლის იარაღს. როცა ჩვენ გვინდა, რომ გლეხკაცობა - დემოკრატია იყოს ჩვენთან, არ უნდა მივცეთ იარაღი ხალხის მტრებს, დემოკრატიის მტრებს. თქვენ აძლევთ ამ მტრებს იარაღს, რომ საქართველოს სახელით იბრძოლონ და ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენონ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ შენგელაიას.
ლეო შენგელაია (სოც.-რევ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! პირველი მუხლი ამ დეკრეტისა ეხება ფრიად მნიშვნელოვან, არსებით საკითხს. ეს გარემოება მაიძულებს კიდევ მეორედ გამოვიდე და რამდენიმე მოსაზრება მოგახსენოთ ამ მუხლის შესახებ. 12 ივლისს რუსეთში და 23 თებერვალს ჩვენში, უეჭველია მთელი ფეოდალური არისტოკრეტია წყევა-კრულვით და ზიზღით მოიხსენიებს, რადგან ეს რიცხვია, როდესაც მშრომელმა ხალხმა პირველად მიიტანა იერიში ბურჟუაზიულ საკუთრებაზე და აკრძალა ერის ავლა-დიდების განიავება. პირველი მუხლი ამ დეკრეტისა მოითხოვს, რომ ეს უფლება ისევ დაუბრუნდეთ ფეოდალებს და ამ მხრივ, თუ გნებავთ, ეს პირველი მუხლი სრული ამნისტია არის ყოფილ ფეოდალებისა და დღევანდელ სპეკულიანტებისა. განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენ ქვეყანას ალყა შემორტყმული აქვს უცხო და შინაურ სპეკულიანტებისაგან; სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს მუხლი მიუღებელი უნდა ყოფილიყო თვით თქვენთვისაც. პირველი მუხლის დამცველად გამოვიდა რამოდენიმე ორატორი. მათ შორის აღსანიშნავია ბ. ნიკოლაძე. მისი აზრით, ეს უნდა მიგვეღო უდავოდ, უკამათოდ. ის უფრო შორს წავიდა - ის გვეუბნებოდა, რომ ეს მუხლი, რომელიც არის გაუქმება 23 თებერვლის დადგენილებისა, უნდა მიგვეღო არა ეხლა, არამედ მაშინვე, როცა კანონი გამოიცა, ე.ი. 7 მარტს. რა თქმა უნდა, რაიმე სერიოზული მოსაზრება მაშინ აქ გ. ნიკოლაძეს არ მოუყვანია და არც სცდილობდა მოეყვანა, რადგან ბ. ნიკოლაძის აზრით, ზედმეტია რაიმე მოსაზრების მოყვანა აქ. მხოლოდ მან განაცხადა: საკუთრება კარგია და ამიტომ პირველი მუხლი უნდა მივიღოთო. მაგრამ ეს არის ტლანქი, პრიმიტიული სუბიექტივიზმი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან. მეორე მოსაზრება ბ. ნიკოლაძისა ამ მუხლის სასარგებლოდ ის გახლავთ, რომ ყიდვა-გაყიდვა არ არის აკრძალული ბრიუსელში და ამიტომ ჩვენშიაც არ უნდა იყოსო, ჩვენ იგი მხოლოდ მაშინ შეგვიძლიან შემოვიღოთ, როდესაც ეს ბრიუსელში მოხდებაო. ამ ლოღიკას რომ გავდიოთ, მაშინ ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ ბევრ რამეზე, მრავალ ისეთ საქმეზე, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ბრიუსელში არ არის. მაგალითად, ბრიუსელში სოციალისტური დამფუძნებელი კრება არ არის და ჩვენ, მაშასადამე, ჩვენ დამფუძნებელ კრებაზე ხელი უნდა ავიღოთ. ბრიუსელში არ არის სახალხო გვარდია და ბევრი რამ სხვა და, მაშასადამე, ჩვენ ყველა ამაზე ხელი უნდა ავიღოთ. (ნ. ნიკოლაძე: იყო ბატონო დამფუძნებელი კრება იქ?) ჩვენ ქვეყანაში ბევრი რამ არის ისეთი, რაც სხვაგან არ არის. ეს იმიტომ, რომ ძალთა განწყობილება ჩვენში სხვა არის. ჩვენში ბევრი გამონაკლისი არის და ამ გამონაკლისებში იყო ის, რომ აკრძალული იყო ყიდვა-გაყიდვა. და ეს უნდა დარჩენილიყო არა დროებით, სამუდამოდ, მიწა უნდა მისცემოდა მშრომელ ხალხს, უნდა მოსპობილიყო ყიდვა-გაყიდვა, რომელიც ასაზრდოებდა სპეკულიაციას და საერთოდ ჩარჩულ ელემენტებს ჩვენი საზოგადოებისა. ეს მუხლი, როგორც მოგეხსენებათ, არის გაუქმება იმ დადგენილებისა, რომელიც კომისარიატმა გამოიტანა 23 თებერვალს და რომ იგი გავიგოთ სავსებით, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ნამდვილი შინაარსი და იურიდიული ბუნება იმ დადგენილებისა, რომელზედაც ვლაპარაკობთ. 23 თებერვალს ამიერ-კავკასიის კომისარიატმა შემდეგი დადგენილება გამოიტანა. რადგან რუსულად არის დაწერილი, ამიტომ რუსულად მომყავს. იგი ასე იწყება (კითხულობს).
როგორც ხედავთ, ამ მუხლს აქვს პირდაპირი კავშირი როგორც დროებით მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებასთან, აგრეთვე იმ დადგენილებასთან, რომელიც ამიერ-კავკასიის კომისარიატმა მიიღო 16 დეკემბერს. მე მივაქცევ ყურადღებას პირველ მუხლს ამ დადგენილებისა. აქ პირდაპირ სწერია «въ развитiе»... (კითხულობს) ეს არის მაშასადამე გაგრძელება, განვითარება 16 დეკემბრის დადგენილებისა. ამიტომ საჭიროა აგრეთვე ვიცოდეთ, რას აგრძელებს ეს კანონი. 16 დეკემბერს კომისარიატმა მიიღო შემდეგი დადგენილება... 16 დეკემბრის დადგენილების პირველი მუხლი გახლავთ შემდეგი: (კითხულობს) ერთი სიტყვით... «въ цђляхъ» (კითხულობს) აი, ბატონებო, რა იყო მიზანი 16 დეკემბრის დადგენილებისა. უზრუნველყოფა მცირე და უმიწაწყლო გლეხებისა მიწით, ეს იყო უმთავრესი მიზანი დადგენილებისა, რომელიც კომისარიატმა მიიღო 16 დეკემბერს. და როდესაც 23 თებერვლის ამიერ-კავკასიის კომისარიატის დადგენილების პირველი სტრიქონი ამბობდა, რომ იგი იცემა, როგორც გაგრძელება 16 დეკამბრისა, თავის-თავად ცხადია, რომ ამ დადგენილების მიზანი, - მშრომელი გლეხობის უზრუნველყოფა მიწით, - უნდა გაგრძელებულიყო და დაცული ყოფილიყო. მე თქვენ გეკითხებით - არის თუ არა ის მიზანი მიღწეული და არის თუ არა ეს დადგენილება სისრულეში მოყვანილი? მე მოგახსენებთ, რომ არ არის. თქვენ ამტკიცებთ, რომ მიზანი მიღწეული არის და ამიტომ ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა გაუქმებული უნდა იყოს. პირიქით აქ, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ უმთავრესი მიზანი ამ კანონისა იყო უზრუნველყოფა მცირე მამულის მქონე გლეხ-კაცობისა და ეს მიზანი კი სრულიად არ არის მიღწეული, მაშასადამე, თუ ფორმალურ მოსაზრებას დავეყრდნობით, მაშინ ყოვლად შეუძლებელია ეს პირველი მუხლი მივიღოთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ მიზანს, რომელსაც ისახავდა 16 დეკემბრის დადგენილება და რომლის განვითარება და გაგრძელება იყო 23 თებერვლის დადგენილება. და რამდენად ფორმალურად მართალი არ არის ის დებულება, რომელიც ამბობს, რომ რადგან მიზანი მიღწეული არის, უნდა გაუქმებული იყოს ეს დადგენილება, სჩანს იქიდან, თვით ტექსტი იმ დადგენილებისა, რომელიც გამოიტანა მთავრობამ, ეწინააღმდეგება იმ დასკვნებს, რომელსაც აკეთებს ბ. მომხსენებელი. ეს დადგენილება ამბობს (კითხულობს), აქ არის აგრეთვე ჩამოთვლილი მიზნები: ამიერ-კავკასიის კომისარიატის დადგენილება არის (კითხულობს). მე თქვენ გეკითხებით: არის თუ არა ეს მიზანი მიღწეული, თუნდაც ფორმალურად? აღარ წარმოებს ჩვენში მიწის სპეკულიაცია ეხლა და გვაქვს თუ არა უფლება აღვადგინოთ მიწის ყიდვა-გაყიდვა და გავაუქმოთ 23 თებერვლის კანონი? ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ იყოს სპეკულიაცია მიწაზე. პირიქით, ერთ-ერთი თქვენი არგუმენტი ის იყო, რომ გლეხები შინაურ წესით ყიდიან მიწას და ყიდულობენ და ეს იმიტომ ხდება, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა არისო. საკითხი უკუღმა დააყენეს. ნამდვილად კი, ის დადგენილება მიღებული იყო იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მიწის სპეკულიაციისთვის. და ამიტომ ყოვლად შეუძლებელია, რომ ვინმემ დაგვიმტკიცოს, რომ მიზანი მიღწეულიაო. ეს მიზანი არ არის მიღწეული. მაშასადამე, ის დებულება, რომელსაც ეყრდნობა მომხსენებელი, და პირველი მუხლის მომხრენი, რომ რადგანაც მიზანი მიღწეული არის, ამ დადგენილებამ აზრი დაჰკარგა და უნდა გაუქმდეს, არ არის ფორმალურად დასაბუთებული და მაშასადამე, ეს პირველი მოსაზრება მიუღებელია.
მეორე მიზანი გახლავთ შემდეგი: ფაქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია ყიდვა-გაყიდვა, მაინც ის არსებობსო. ვთქვათ ჩვენ ეს აკრძალვა მოვსპეთ და თავისუფლება მივანიჭეთ, განა მაშინ მეტი არ იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა, სპეკულიაცია? რასაკვირველია, იქნება! მაშასადამე ეს მეორე მოსაზრება მიუღებელია. არის კიდევ მესამე მოსაზრება, ეს აკრძალვა დროებით მთავრობის მიერ იმისთვის იყო, რომ ხელი შეეშალათ უცხოელებისთვის, რომ მათ მიწა შეეძინათ. და სწორედ სოციალ-დემოკრატებმა უკუღმა შეატრიალეს ეს დებულება და ამით სრული საშუალება ეძლევა უცხო ელემენტებს ყიდვისა და გაყიდვისა. ჩვენ გვეუბნებიან, - არიან უცხოელები, რომელთაც სურთ მიწის გაყიდვა და მათ არ აქვთ იურიდიული საშუალება გაყიდვისაო. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რაც მიზნად იყო დასახული, სწორედ იმიტომ იყო აკრძალული ყიდვა-გაყიდვა, რომ ხელი შეეშალათ ამისთვის და თქვენ კი ამ მიზანს ეწინააღმდეგებით, არც ერთი მიზანი, რომელსაც ისახავდა დროებითი მთავრობა და ამიერ-კავკასიის კომისარიატი, არ არის მიღწეული და შესრულებული ფორმალურად. და ამიტომ თქმა იმის, რომ რადგანაც მიზანი მიღწეული არის, ჩვენ თავისუფალნი ვართ და უნდა აღვადგინოთ ყიდვა-გაყიდვა, დასაბუთებული არ არის, მაგრამ იქნება სხვა საბუთი არსებობს 2 მუხლის სასარგებლოდ? როგორც მოგახსენეთ, პირველი მუხლის დასაცავად გამოვიდა რამდენიმე ორატორი და მათ შორის ბ. საყვარელიძეც, რომელიც თითქოს შეეცადა საკითხი არსებითად დაემტკიცებია, რომ ყიდვა-გაყიდვის აკრძალვის მოსპობა აუცილებელია, ის სარგებლობდა უარყოფითი მეთოდით და ამბობდა, რომ სხვა ნაირად გადაჭრა საკითხისა არ შეიძლება, თუ ასე არ გადავჭრით, ეს არევ-დარევას, ანარქიას და ანჯაყებას გამოიწვევსო. სხვათა შორის, ამ მუხლის საჭიროებას ის იმით ასაბუთებდა, რომ თუ დარჩა ძალაში ეს აკრძალვა 23 თებერვლის დადგენილებისა, იგი საშინელ არევ-დარევას, ანარქიას გამოიწვევს და გააჩაღებს სამოქალაქო ომს. ბატონებო! ნათქვამია, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო. თუ ჩვენ მივმართავთ ისტორიულ ფაქტებს, მაგალითებს, დავინახავთ, რომ ისტორიამ იცის ასეთი მომენტები, რომელსაც ამა თუ იმ დროს ერის ცხოვრებაში იყო აკრძალვა მიწის ყიდვა-გაყიდვისა, მაგრამ არავითარი ანარქია, არავითარი სამოქალაქო ომი არ გამოუწვევია. თუნდაც ავიღოთ იგივე რუსეთი. თქვენ იცით, ბატონებო, რომ რუსეთში, მე-17 საუკუნეში იყო მოსპობილი ყიდვა-გაყიდვა, მაგრამ არავითარი ანარქია, არავითარი სამოქალაქო ომი და ხოცვა-ჟლეტა და სხვა, რომლის შესახებ ასე სწუხდა ბ. საყვარელიძე, მას არ გამოუწვევია. ასე რომ, ეს მოსაზრებაც დაუსაბუთებელი დარჩა. ჩვენ გვეუბნებიან - თუ კი არ მოვხსნით ამ აკრძალვას, ეს აჯანყებას გამოიწვევსო, მაგრამ მე მოგახსენებთ, რომ თუ კი დღემდე არ ყოფილა ეს აჯანყება, როდესაც აკრძალული იყო ეს ყიდვა-გაყიდვა, სად არის იმის საბუთი, რომ იგი გამოიწვევს აჯანყებას შემდეგში? ბ. საყვარელიძემ მოიყვანა აგრეთვე მეორე საბუთი ამ მუხლის სასარგებლოდ: თუ ძალაში დარჩა 23 თებერვლის დადგენილება, ჩვენ გავხდებით ბოლშევიკებიო.
მე მაგონდება ერთი შემთხვევა: ერთი ებრაელი ბავშვი მიიყვანეს სკოლაში, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და თავზე არავის ეხურა. როცა ამ ებრაელის ბავშვს უთხრეს ქუდი მოიხადეო, ბავშვმა უპასუხა: ვერა ბატონო, ქუდი რომ მოვიხადო, გავქრისტიანდებიო. ასევე მსჯელობს ბ. საყვარელიძეც. მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვას არავითარი კავშირი აქვს ბოლშევიკებთან. ასაბუთებენ აგრედვე ამ მუხლის საჭიროებას რუსეთის მაგალითზე მითითებით. აი ხომ ხედავთ, აკრძალეს რუსეთში ყიდვა-გაყიდვა, გატარდა თქვენი აზრი და ეხლა იქ ანარქია და უბედურება არისო. არც ეს არის მართალი. რუსეთში ანარქია რეაქციონერებმა გამოიწვიეს და არა ყიდვა-გაყიდვის აკრძალვამ! რუსეთის დამფუძნებელ კრებაში წერეთელმა და ზურაბოვმა ხმა მისცეს მიწის სოციალიზაციას. თუ მიწის სოციალიზაციამ რუსეთი დაღუპა, როგორც თქვენ ამბობთ, ცხადია, ამაში პასუხისმგებელნი თქვენც ბრძანდებით! ბოლშევიკებიც ებრძოდნენ ოცი წლის განმავლობაში ყიდვა-გაყიდვის გაუქმების იდეას, მაგრამ ისინი იძულებულნი შეიქნენ მიეღოთ ეს ყიდვა-გაყიდვის გაუქმება. იმათ ეს ვერ გაატარეს მთლიანად ცხოვრებაში, მაგრამ განა თქვენი რეფორმები გატარებულია? შემდეგ, ვსთქვათ, ეს ასეა, ამით მათი იდეა გაკოტრდა? თქვენი გადმოცემით ბოლშევიკურ რუსეთში აღარავითარი თავისუფლება არ არის, მაგრამ ამით განა ამ თავისუფლების იდეა დამარცხდა? ამას თქვენ ვერ იტყვით! თუ ლოღიკურად ვიმსჯელეთ, განა შეიძლება ვსთქვათ, რაკი იმათ ვერ გაატარეს, არც ჩვენში შეიძლება ამის განხორციელებაო? (რეპლიკა: ჩვენი ცხოვრება მოიყვანეთ მაგალითად!) ბატონებო, რაც შეეხება ჩვენს ცხოვრებას, რომ ჩვენს ცხოვრებას ეს ყიდვა-გაყიდვა არ ეგუება, ამის ფაქტები გვაქვს და თქვენც გაქვთ. თქვენი პარტიული მოღვაწეები პარტიულ ყრილობებზე აცხადებენ: ჩვენ გურიაში მიწის სოციალიზაციას ვქადაგებთო.
თუ ჩვენი ხალხისთვის მიწის სოციალიზაცია უცხო რამ არის, სად იყავით მაშინ, რად სწერდა ნ. ჟორდანია მუნიციპალიზაცია ერთადერთი ფორმაა მიწის მფლობელობისა კაპიტალისტურ საზოგადოებაშიო? მოგეხსენებათ, რომ ერთად-ერთი წრე, რომელიც ისარგებლებს ამ 1-ლი მუხლით - არის სპეკულიანტებისა და ყოფილ მემამულეთა წრე, რომელსაც კავშირი არა ჰქონია მიწასთან. მათ მიიღეს შვიდი დესეტინა და სურთ ეს მიწები გაყიდონ. აი ეს ერთად-ერთი წრე, რომელიც ისარგებლებს ამ კანონით. რაც შეეხება ჩვენს მშრომელ გლეხობას, მის ინტერესს ეს ვერ დაიცავს. გლეხს, რომელსაც მიწა არ აქვს, არც ფული აქვს. ამიტომ ეს მუხლი გლეხის ინტერესებს აბსოლუტურად ვერ იცავს. ამგვარად, თქვენ გლეხს აძლევთ უფლებას, რომელსაც იგი ერთი მხრით ვერ მოიხმარს და მეორე მხრით - არ მოიხმარს, რომ ეს მუხლი მიუღებელია, ეს სოც.-დემოკრატიამ იგრძნო. მან შეიტანა კორექტივი იმ შესწორების სახით, რომელიც გამოქვეყნებული იყო. ამ შესწორებით კანონი ასეთი იქნება: იქ, სადაც დამთავრებულია რეფორმის პირველი ნაწილი, შესაძლებელი იქნეს მიწის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ნორმის ფარგლებშიო. მაშასადამე, შესწორება თითქმის ზღუდავს ამ კანონს. ეს შესწორებაც მიუღებელია თვით ამ რეფორმის თვალსაზრისითაც. ავიღოთ თუნდაც ფაქტი - შინაური წესებით მიწის შეძენა. სპობს თუ არა ამ გარემოებას ეს კანონი? არა, პირიქით, თუ ნორმა რჩება ძალაში, რა თქმა უნდა, ერთ პირს არ შეუძლია რამდენისამე ნორმის შეძენა. მაგრამ ეს კანონის დარღვევა უფრო ხშირი იქნება იმიტომ, რომ ვისაც ფული აქვს ერთ ნორმას იყიდის, მეორეს - სხვის სახელზე და ბოროტმოქმედება მეტი იქნება და კანონის გვერდის ახვევა უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღეს. რაც შეეხება მეორე მიზანს, ე.ი. ხელის შეწყობას მწარმოებელ ქალებისათვის, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს შესწორება გარანტიას არ იძლევა იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება შეიძლება ორნაირად: კაპიტალისტურად ან არა კაპიტალისტურად.
როგორ შეიძლება კაპიტალისტური მეურნეობის აყვავება ჩვენში, თუ ნორმა 7 დესეტინა დარჩა? რომელი ასეთი წარმოება შეიძლება ამ 7 დესეტინაზე? ეს კანონი, მაშ, ხელს ვერ შეუწყობს კაპიტალის საშუალებით მეურნეობის განვითარებას. დარჩა მეორე ფორმა კოლექტიური, ამხანაგური, კოოპერატიული. ვერც ამას შეუწყობს ხელს, რადგანაც კერძო საკუთრება ძალაში რჩება. თქვენ ხედავთ ეს შესწორებაც არ არის საბუთიანი. ის ვერ შეუწყობს ხელს ეკონომიურ განვითარებას ჩვენში, ვერ მოსპობს ბოროტმოქმედებას, რომელიც ხდება ამ კანონის ნიადაგზე.
ამგვარად ეს მუხლი და შესწორება სრულებით არ არის დასაბუთებული. არის მხოლოდ ერთი საფუძველი: «Не препятствуй моему нраву» მხოლოდ ეს მოსაზრება უძევს საფუძვლად ამ შესწორებას! მე ეს არც მიკვირს, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ს.-დემოკრატიამ მიიღო ზუბრების და ფეოდალების ორიენტაცია ჩვენში, მას უნდა მიეღო აგრეთვე „სამოდურების“ ლოღიკაც!..
თავმჯდომარე. წინადადება არის კრება გაგრძელდეს, ვიდრე ამ საკითხის გამო მსჯელობა დამთავრდებოდეს. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.
გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) ბატონებო, თქვენ გაიგონეთ უკანასკნელი სიტყვა, რომელიც უკანასკნელმა ორატორმა წარმოსთქვა. მან ჩვეულებრივი საბუთებით დაახასიათა ჩვენი პოლიტიკა, ხოლო მე უნდა უპასუხო მას, რომ ეს დახასიათება სავსებით ყალბი არის და მე პროცენტებით დაუბრუნებ იმას, რომ ის იზიარებს ბოლშევიკების მსოფლ-მხედველობას (შენგელაია; რა საშინელებაა!) ეს კამათი მით არის საინტერესო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთი უმთავრესი აზრი წამოაყენეს, უმთავრესი აზრი აღნიშნეს, რომ აგრარული რეფორმა და საერთო სახელმწიფოებრივი წესწყობილება ჩვენში უკან და უკან მიდის, რეაქციონურ გზაზე ვდგევართ მაშინ, როდესაც ბოლშევიკური რუსეთი ნამდვილ სწორ გზას ადგიაო.
აი ის უმთავრესი დებულება, რომელიც ბატონმა ღლონტმა აქ აღნიშნა, და რომელსაც აშკარა არის, ბ. ლეო შენგელაიაც მხარს უჭერს, მაგრამ ის აშკარა სინამდვილე, რომელიც ჩეენ თვალწინ არსებობს, უარ-ყოფს ამ აშკარა ცრუ დებულებას.
- რაშია საქმე? რაში გამოიხატა ბოლშევიკურ რუსეთის აგრარული რეფორმა?
ბატონი ღლონტი ამბობს, რომ რუსეთში გლეხობა იმიტომ ემხრობა, იმიტომ მოჰყვება ბოლშევიკებს, იმიტომ ებრძვის სასტიკად დენიკინს, რომ იქ ეს აგრარული რეფორმა ისე იყო განხორციელებული, როგორც ეს შეეფერება რუსეთის მდგომარეობასო. მე არ გამოუდგები იმ პირობებს, რა პირობებშიაც იბრძვიან ბოლშევიკები და რა არის ამ ბრძოლის იმპულსი, მე მოგახსენებთ, რომ აგრარული რეფორმა იქ გამოიხატა დეკრეტში მხოლოდ, და არავითარი რეალური ზომები მისი ცხოვრებაში გატარებისათვის არ ყოფილა მიღებული. მხოლოდ დეკრეტის გამოცხადება მის ცხოვრებაში გაუტარებლად ძალიან ადვილი საქმეა. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ბოლშევიკურ რუსეთში მიწა შეიქმნა საგნად დატაცებისა. და როდესაც ამ დებულებიდან ჩვენ გადავდივართ ჩვენს მდგომარეობაზე და ვადარებდით ჩვენს აგრარულ რეფორმას ამ დატაცების პოლიტიკას, მე ვამბობ, რომ ჩვენ სასტიკი წინააღმდეგი ვართ ამ დატაცებისა, ამ ანარქიისა. და მხოლოდ აიხსნება ის, რომ ჩვენ ნორმალურ პირობებში ვცხოვრობთ, სახელმწიფო ცხოვრებას ვატარებთ.
რაში გამოიხატა პირველი ნაბიჯი ჩვენი აგრარული რეფორმისა? ბატონი ღლონტი ბრძანებს, რომ ფეოდალებისათვის მიწა არ ჩამოგირთმევიათო. თქვენ იცით, ბატონებო, რომ პირველი ნაბიჯი აგრარულ რეფორმისა იყო ის, რომ ნორმებზე ზევით მიწა ჩამოგვერთმია მათთვის, ვისაც ნორმაზე მეტი ჰქონდა. და თუ კეთილ სინდისიერათ დააყენებთ ამ საკითხს, განა ეს ცხოვრებაში გატარებული არ არის? განა ეს პირველი ნაბიჯი ცხოვრებაში არ გავატარეთ? დამისახელეთ ისეთი მიწათ-მფლობელი, რომელსაც მიწა ნორმაზე მეტი ჰქონდეს და ეს მიწა არ იყოს ჩამორთმეული და სახელმწიფო ფონდში გადასული. ასეთ მაგალითს ბატონი ღლონტი ვერ დაასახელებს. მაშასადამე ის, რაც სთქვა ბატონმა ღლონტმა, სინამდვილეს არ შეეფერება. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ ეს მიწები უნდა დაგვერიგებინა მშრომელ გლეხ-კაცობისთვის. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ამის შესახებ ერთგვარი დებულება, აქტი და როდესაც ლაპარაკობთ, რომ ამ შემთხვევაში არაფერი არ გაკეთებულაო, იცით, ხელთა გაქვთ ის მუშაობა, რომელსაც ამ შემთხვევაში აწარმოებს სამინისტრო?! თქვენ გაქვთ ეს ცნობები?! თქვენ ამ ცნობებს მოისმენთ, თქვენ ამ ცნობებს მოგაწვდიან და ნახავთ, რომ არც ისე უიმედოდ არის საქმე, როგორც თქვენ გგონიათ. ამ ნაბიჯის ცხოვრებაში გატარებას უნდოდა სამზადისი, უნდოდა ცნობები; უნდოდა ერთგვარი მიზან-შეწონილი ორგანიზაცია და, რასაკვირველია, უპასუხოსმგებლო ოპოზიციისთვის ადვილი სათქმელია, რომ ეს ადვილი საქმე იყო და 24 საათში უნდა გაკეთებულიყოვო.
მაშასადამე, თუ კი ამ ნაბიჯის განხორციელებისათვის უნდა მოგახსენოთ, რომ ბევრი გაკეთდა, რომ საორგანიზაციო მუშაობა გატარებულია, ბევრ ადგილას ეს გატარებული არის (შენგელაია: მოგვახსენეთ!) მოგახსენებენ, ვისიც საკითხი სავსებით გატარებული არ არის ცხოვრებაში, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვაწარმოებდით საკანონმდებლო მუშაობას, ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს და არა ვწერდით მარტო დეკრეტებს. ეს ადვილი საქმეა, მაგრამ რა ითქმება ამით? და თქვენ, რომ არ სდგახართ სახელმწიფოებრივ მუშაობის ხაზზე, ამ შემთხვევაში ეს ჩემთვის აშკარა არის. მაგრამ თქვენ განსაკუთრებით შეჩერდით არა იმ მდგომარეობაზე, როდესაც ეს დეკრეტი შემოგვაქვს და გვსურს ცხოვრებაში გავატაროთ, და ამტკიცებთ, რომ გლეხ-კაცს, რომელსაც მიწა აქვს ნორმის ფარგლებში, ნებას ვაძლევთ ეს მიწა გაყიდოს, და ამ მიწას შეიძენს სოფლის შეძლებული მცხოვრები და ამ გვარათ ხელს უწყობთ სპეკულიაციასო. უნდა მოგახსენოთ, რომ უტყუარი დებულება არის, ვინც კი იცნობს საერთოდ გლეხის ფსიხოლოგიას და კერძოდ, ჩვენი გლეხობისას, რომ გლეხი მიწას არ შეელევა. თქვენ გგონიათ, რაკი დეკრეტი გამოიცემა და უფლება მიეცემა, რომელიც დღემდის დროებით შეზღუდული იყო, ის ამ დეკრეტით ისარგებლებს და ხვალვე ბაზარზე გამოიტანს მიწას და გაყიდის. ეს თქვენ, განსაკუთრებით ესერებმა უნდა იცოდეთ, რომელნიც ტრაბახობთ, რომ იცით გლეხის ფსიხოლოგია, რომ ამ შემთხვევაში სრულიად უზრუნველ-ყოფილნი ვართ, რომ გლეხი ასე ადვილად არ შეელევა. ბატონი ღლონტი ბრძანებს, გლეხი ისე გაჭირვებულ პირობებში სცხოვრობს, ისეთ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას განიცდის, რომ ის იძულებული იქნება ნორმაც გაყიდოსო. ასეთი მდგომარეობა სოფლად დღეს არ არის. მართალია, საერთოდ დღეს დალხინებული არავინ სცხოვრობს და შეიძლება ჩვენს სახელმწიფოში უფრო დალხინებული ცხოვრება იყოს, ვიდრე სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არც ისეთი მდგომარეობა არის, რომ გლეხ-კაცობამ მიწა ბაზარზე გამოიტანოს გასაყიდად. ჩვენ გვინდა ერთი რამ, რომ როდესაც მიეცემათ უფლება ყიდვა-გაყიდვის, ამ უფლებით არ ისარგებლონ იმათ, ვისაც ნორმაზე მეტი აქვს მიწა. და ამიტომ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შესწორება შემოაქვს. ჯერ ერთი, მინისტრს ნება ეძლევა, რომ ამა თუ იმ პირს, რომელსაც ნორმა შესრულებული აქვს, ნორმაზე მეტი შეძენის უფლება არ მისცეს. ეს სავსებით უზრუნველჰყოფს იმას, რომ მიწა არ გახდეს სპეკულიაციის საგნად. და ეს დებულება, როგორც დეკრეტში არის აღნიშნული, არის დროებითი. მე გეკითხებით თქვენ, რა სპეკულიაცია შეიძლება აწარმოვონ ეხლა სოფლად, ან ვის შეუძლია სპეკულიაციის წარმოება?
ვის შეუძლიან ეხლა მიწა შეიძინოს, როდესაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს სათანადო მოწმობა, რომ ნორმაზე მეტი მიწა არ აქვს. სად არის აქ, ბატონებო, სპეკულიაციის გაბატონება, ეს არის ერთგვარის თავისუფლების მინიჭება. ამგვარად ის უმთავრესი დებულებები, რომლითაც თქვენ აქ გამობრძანდით და ამბობთ, რომ ეს არის სპეკულიაციის გაბატონება, ეს არის ხელის წაკვრა, რომ გლეხობამ მიწა გაყიდოს, ეს ყოვლად შეუწყნარებელია და ეს ასე არ არის. თუ წინააღმდეგს დაამტკიცებთ, გამობრძანდით, ეს კათედრა თქვენთვის თავისუფალია, მაგრამ იმ დებულებიდან, რომელსაც ჩვენი ფრაქცია იცავს, ეს სრულებით არ გამომდინარეობს.
რამდენიმე სიტყვა უნდა მოგახსენოთ იმ საერთო დებულებებზე, რომელზედაც შეჩერდნენ ბ. ლეო შენგელაია და ღლონტი. იმათ სთქვეს, მიაღწია იმ კანონმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, თავის მიზანს თუ ვერა? ეს მათ აინტერესებთ, და მე გიპასუხეთ, რომ მან თავის მიზანს მიაღწია. ეს იყო ის, რომ მემამულეთათვის მიწა ჩამოგვერთმია, და სახელმწიფო ფონდში გადაგვეცა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონი იყო დროებითი. და როდესაც ჩვენ რომელიმე დროებით დებულებას ვღებულობთ და როდესაც ამ დროებით დებულების მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შემდეგ ნაბიჯს ვდგამთ. თქვენ ის გაინტერესებთ, მიაღწია თუ არა თავის მიზანს? აშკარა არის, რომ ამ კანონმა თავის მიზანს მიაღწია, დღეს სახელმწიფო ფონდი არსებობს. მაშასადამე, წინააღმდეგ ლაპარაკი, წინააღმდეგ მტკიცება ჰაერზე ჰკიდია.
თქვენ გაინტერესებთ, რომ სპეკულიაციას დიდი ნიადაგი აქვს? ყოველ ცნებას ერთგვარი აზრი უნდა ჰქონდეს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ მივიღეთ დეკრეტი შინაური ნასყიდობით ხელშეკრულების შესახებ და ძალა მივეცით იმ შინაურ ხელშეკრულებებს, რომელნიც დადებული იყვნენ, სანამ გამოიცემოდა ეს კანონი ყიდვა-გაყიდვის აკრძალვის შესახებ, ხოლო მას შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებს არავითარი ძალა და მნიშვნელობა არა აქვს. ამით ჩვენ ვებრძვით იმ სპეკულიაციას, რომელზედაც თქვენ ბრძანებთ, თითქოს ჩვენ მას ხელს უწყობდეთ. ამ რიგად ყველა ის უმთავრესი დებულება, რომელიც თქვენ აქ წამოაყენეთ, სავსებით უარყოფილია და არ შეიძლება მიღებულ იყოს, მაგრამ ყოველი გამოსვლის დროს ოპოზიცია მარცხნიდან გვისაყვედურებს, რომ ხაზი, რომელსაც ატარებს სოც.-დემოკრატია, არ არის მართალი (შენგელაია: რეაქციონურია!) არა! ეს არის ხაზი დემოკრატიული, ხაზი სახელმწიფოებრივი და ამავე დროს სოციალისტური, რადგან მხოლოდ ამ ხაზის საშუალებით შეგვიძლიან მივაღწიოთ სოციალიზმს (შენგელაია: რესტავრაციას!) მხოლოდ ხაზი, რომელსაც თქვენ ატარებთ, არის ანარქიული. თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს არც ასეთი მდგომარეობა გვექნებოდა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა გვექნებოდა, რადგანაც ვერავის ვერ დაუმტკიცებდით, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს შენების, დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარი. ამიტომ უმთავრეს დებულებაზე, რომელიც თქვენ აქ წამოაყენეთ, ჩვენ მუდამ გიპასუხებთ, რომ თქვენი გზა არის გზა ბოლშევიზმისა და ანარქიისა. რომ ის გზა, რომელსაც თქვენ ადგიხართ, არის დამღუპველი და ეს უნდა იცოდეს იმ გლეხობამ, რომელზედაც თქვენ ბრძანებთ, რომ ის აჯანყდება, რომ თუ ის წყნარად არის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არისო. ამ გლეხობამ უნდა იცოდეს, რომ ადგიხართ არა დემოკრატიულ, არა სოციალისტურ გზას, არამედ გზას ბოლშევიკურ, ანარქისტულ და რეაქციისას. (ტაში).
თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოტანილი კამათის შეწყვეტის შესახებ. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღადეგი? წინააღმდეგი არავინ არის, მაშასადამე, კამათი შეწყვეტილი გახლავთ. უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის ბ. მომხსენებელს.
კ. ნინიძე. ბატონები! ოპოზიციას სრული ნება აქვს, რომელი კითხვაც არ უნდა იყოს დასმული, გაშალოს ფართოდ თავისი პროგრამა. ამ შემთხვევაშიაც, რასაკვირველია, სრულიად ბუნებრივი იყო ის, რომ ბ. ღლონტმა და შენგელაიამ აქ ნაკლებ ილაპარაკეს ამ დეკრეტზე. სხვათა შორის ღლონტმა მოგახსენათ, რომ ხალხი დამშეულია, ათასგვარი უბედურებაა ჩამოვარდნილი და გლეხებს ჩვენ არავითარ დახმარებას არ ვაძლევთ. ეს არ შეეხება ამ დეკრეტის საგანს. ამაზე სხვა დროს შეიძლება ლაპარაკი, სხვათა შორის, ბ. ღლონტს შეუძლია ცალკე შეიტანოს თავისი წინადადება დამფ. კრებაში და თუ ის დაამტკიცებს, რომ მთავრობის ხაზინაში აუარებელი ქონება ინახება და იქ რაღაც ბოროტი სული ზის და არ უშვებს, თავის-თავად ცხადია, მაშინ დამფუძნებელი კრება გამოსცემს დეკრეტს, რომ ეს ქონება ხალხისთვის იქნეს დარიგებული და ღლონტის სოციალისტური სინიდისი დაკმაყოფილებული იქნება.
მხოლოდ უნდა აღვნიშნო, რომ არც შენგელაიას და არც ღლონტს არ მიუქცევია ყურადღება 23 თებერვლის დადგენილების შინაარსისათვის, პირიქით, მათ ეს შინაარსი დაამახინჯეს. ბ. შენგელაიამ ორი კვირის წინეთ ბრძანა, რომ რუსეთის დროებით მთავრობამ აკრძალა მიწის ყიდვა-გაყიდვა და ჩვენმა სოც.-დემოკრატიამ დაივიწყა რევოლიუციის ანდერძი და დაადგა რესტავრაციის გზასო. ეს გაიმეორა ბ. ღლონტმა თავის სიტყვაში. ბ. ღლონტს არ გაემტყუნება, ის შეცდა, ის ენდო შენგელაიას, დაუჯერა მის ავტორიტეტს. მე მეგონა, რომ შენგელაია ამ შეცდომას გაასწორებდა, მაგრამ მან დღესაც ის გაიმეორა და ხაზი გაუსვა. მან ბრძანა შემდეგი: 12 ივლისი იყო ხალხის გამარჯვება, მაშინ აკრძალულ იქნა მიწის ყიდვა-გაყიდვაო. ამით უნდოდა ბ. შენგელაიას ეთქვა, რომ კომისარიატმა ეს გზა მიიღო და ახლა დამფუძნებელი კრება უხვევს ამ გზას და არიგებს ამ მიწებს, რომელნიც ჩავარდება ფეოდალების ხელში, მაგრამ სამწუხაროდ, სადაც შენგელაიამ ეს წაიკითხა, იქავე სწერია შემდეგი: ამ მიწის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება ყოველ კერძო შემთხვევაში, საგუ-ბერნიო საადგილ-მამულო კომიტეტის ნებართვით. მაშასადამე, რევილიუციონურ მთავრობას ფიქრადაც არ მოსვლია აზრი, რომ აბსოლიუტურად აეკრძალა მიწის ყიდვა-გაყიდვა. მან მხოლოდ შეზღუდა ეს და სთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიწის ყიდვა-გაყიდვა, მხოლოდ ეს უნდა ხდებოდეს საადგილ-მამულო კომიტეტების ნებართვითო. და ღლონტმა კი დაუჯერა ლ. შენგელაიას შეცდომას (ღლონტი: ვინ დაუჯერა, კაცო!) ეხლა ავიღოთ თვით ამიერ-კავკასიის კომისარიატის დადგენილება, რომლის გაუქმებას ეს დეკრეტი თხოულობს. აქ ბ. შენგელაიამ მოიყვანა 1917 წ. დეკრეტის 1-ლი და მე-5 მუხლები და დაასკვნა, რომ რაკი ჯერ მიწები დარიგებული არ არის, შეუძლებელია დადგენილება გაუქმდეს. შენგელაია ძალიან ცდილობს დაამტკიცოს ის, რაც მას უნდა დაამტკიცოს, ამისათვის ის არ ერიდება ამ დადგენილების დამახინჯებას; მაგრამ ეს ამიერ კავკასიის კომისარიატის დადგენილება ცალკე დაიბეჭდა და გამოიცა და მის ყალბათ მოყვანა არ შეეფერება არც დამფუძნებელ კრებას და არც მის კერძო წევრს. აქ მეოთხე მუხლში სწერია, რომ დარიგებას შეუდგებიან მაშინ, როცა მიწები ჩამორთმეული იქნება. ეს იყო ერთნაირი დეკლარაციული განცხადება. ეს იყო განცხადება იმისი, რომ მემამულეებს მიწები ჩამოერთმევა ნორმაზე ზევით, ნორმა კი ცალკე იქნება განსაზღვრული და რა კი ნორმის გადამიჯვნა არ მომხდარა, ეს იყო უბრალო პრინციპის გამოცხადება, რომ მიწები უნდა ყოფილიყო ჩამორთმეული. მე-5-ე მუხლში ლაპარაკი იყო ტყეებზე და მადნეულობაზე, 23 თებერვლის დადგენილებას კი სახეში აქვს ჩამორთმევა და არა დარიგება, თვით დეკრეტში, როგორც მოგახსენეთ, არ იყო აღნიშნული დატოვების ნორმა, ეს მოხდა 7 მარტს. ამ 7 მარტის კანონში განსაზღვრულ იქნა ნორმა, რომლის ზევით შეიძლებოდა ჩამორთმევა. აქედან ცხადია, რომ შენგელაიას განმარტება სრულიად ყალბია და აიხსნება იმით, რომ მას უნდოდა ეთქვა, რომ ეს დაქცევაა რევოლიუციის, ღალატია რევოლიუციის და სხვა. ნამდვილად კი ამის მსგავსი არაფერი არ არის.
ამიერ-კავკასიის კომისარიატის დადგენილებაში იყო აღნიშნული ერთი რამ, რომ მიწები იქნება ჩამორთმეული. ასეთი კანონი 7 მარტს გამოიცა და არც წინასწარ ზომებს ღებულობდა კომისარიატი იმიტომ, რომ ჩამორთმევაში რამეს ხელი არ შეეშალა, მემამულეებს არ დაენაწილებინათ თავისი მიწები. და ამით ჩამორთმევა აეცილებინათ თავიდან, სხვა აზრი არ ქონია და არც შეიძლებოდა, რომ ქონოდა ამიერ-კავკასიის კომისარიატის დადგენილებას, მაშასადამე ფორმალურად, რომ ეს დადგენილება გაუქმებულ იქნას, არამცთუ მისაღებია, არამედ აუცილებელია და ამ შემთხვევაში მართალია ბ. ნიკოლაძე, რომელიც ბრძანებს, რომ ის უფრო ადრე უნდა გაუქმებულიყოვო.
იმ ადგილებში, სადაც ჩამორთმევა არ არის დამთავრებული, ფაქტიურად ძნელი იყო ამის განხორციელება. დღეს, როდესაც ჩამორთმევა მოხდა, ამ აკრძალვას არავითარი აზრი არა აქვს. აი ეს არის ფორმალურად. რაც შეეხება არსებითად, მე მეტად მიმაჩნია დავა ამაზე, რადგანაც ის დავა, როგორიც აქ ასტეხეს ღლონტმა და შენგელაიამ, ეს დავა განმეორება იყო 28 იანვრის დავისა. მაშინ იყო კითხვა დასმული იმის შესახებ, რომ ჩვენს მეურნეობაში, დღევანდელ პირობებში შეიძლება თუ არა კერძო საკუთრება დაუშვათ. ასე, რომ დღევანდელი დავა განმეორება იყო მაშინდელი კამათისა. მაშინ პარლამენტმა ეს საკითხი გადაჭრა და დაადგა იმ გზას, რომ კერძო საკუთრების აკრძალვა და სხვა ფორმის შემოღება დღევანდელ პირობებში შეუძლებელიაო. ბ. ღლონტმა ერთი მართალი აზრი სთქვა, თუ კი ეს ფაქტი მართალია, მან სთქვა: დენიკინი დამარცხდება იმიტომ, რომ გლეხებს მიწას ართმევს. ჩვენ აქედან ასეთი დასკვნა გამოგვყავს: სადაც უმრავლესობას შეადგენენ გლეხობა, არ შეიძლება ადვილათ შევეხოთ კერძო საკუთრების მოსპობას და გლეხობას ხელიდან გამოვაცალოთ ის მიწა, რომლის დასაცავათ ის სისხლს დაღვრის. უნდა მოვახსენო ბ. ღლონტს, რომ ჩვენ არ გვსურს ასეთი ნაბიჯი გადავსდგათ. თავი დავანებოთ გერმანიას და სხვა ქვეყნებს. შეიძლება იქ მართლა იყოს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაძლევს საბუთს იმისათვის, რომ ავიღოთ და უსათუოდ ძალით გადმოვნერგოთ ჩვენში. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ ჩვენი ცხოვრების პირობების მიხედვით, ჩვენ ცხოვრებაში კი აი რას ვხედავთ: გლეხობა დღეს კერძო საკუთრების პრინციპს ვერ დასთმობს, აი ჩვენი დეკრეტიც არ სპობს კერძო საკუთრებას. დასკვანა აქედან ერთია, ჩვენ არ ვართმევთ გლეხებს მიწას, მიზნად არ ვისახავთ სოციალიზაციას, რომლის გაბედნიერებით გვპირდებიან ბ. ღლონტი და შენგელაია. თავის თავად ცხადია, რომ თუ კერძო საკუთრება ჩვენ დაუტოვეთ პატრონს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მოიხმაროს ის, როგორც სურს, ამის უარყოფა არავის არ შეუძლია. რაც შეეხება დადგენილებას 23 თებერვლისა, ის იყო დროებით, განსაზღვრული მიზნით, ეს მიზანი მიღწეულია - მიწები ჩამორთმეულია და ეს დადგენილებაც თავის-თავად მექანიკურად უნდა გაუქმდეს. აქ ბ. ღლონტმა სთქვა, რომ ამ კანონით მდიდრები ისარგებლებენ, ხოლო ღარიბები არაო. ეს არ არის მართალი. რას ნიშნავს მიწის ყიდვა-გაყიდვის დაშვება? თუ გგონიათ, რომ ჩვენ მარტო ვკრძალვათ? ეს რომ ასე იყოს, მაშინ უნდა ვსთქვათ ვის უკრძალავთ, უნდა შემოვიღოთ კატეგორიები და სხვა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მიწას არა მარტო ყიდიან, არამედ ყიდულობენ კიდევაც. ვინც ცხოვრებას იცნობს, ვინც სინამდვილეს ჩაუკვირდება, მას ეცოდინება, რომ ჩვენში გლეხობა ყოველთვის ცდილობს მიწა კი არ გაყიდოს, არამედ იყიდოს. და თუ არავის გააყიდვინებთ, მაშინ საიდან უნდა იყიდოს მცირე მიწის მქონე გლეხმა მიწა? ამ რიგად ღლონტის წინადადება ეწინააღმდეგება იმ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრებაში არსებობს. ამით აიხსნება ის, რომ ჩვენში ყიდვა-გაყიდვა არსებობს შინაური წესით. ამ ნიადაგზე სპეკულიაციაც კი ხდება, იმის მაგივრათ, რომ თქვენ დასძლიოთ ეს, გავირჩევთ მექანიკურათ ავკძალოთ მიწის ყიდვა-გაყიდვა. მე მგონია, რომ თუ ხალხი ასეთი ბრიყვია და დაუმწიფებელი და სჭირია ოპეკუნობა, რომელსაც ღლონტი გვირჩევს, მაშინ ის არც ღირსია, რომ იყოს ხალხი და ჩვენ რესპუბლიკასაც არ შეეფერება იყოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
ეს 28 იანვარს გავიგეთ ბ. ღლონტისაგან - მაგრამ მოხდა ისე, როგორც ეს შეეფერებოდა ჩვენი ხალხის მდგომარეობას და მის ინტერესებს. იმ ტომებისათვის რომ მიგვემართა - სხვას რომ თავი დავანებოთ, მაშინ ჩვენ უნდა ჩამოგვერთმია მიწა გლეხების დიდი უმრავლესობისათვის, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო; თუნდაც დაგვესახა მიზნათ, რომ გაგვესწორებია მიწასთან ის ფეოდალები, როგორიც იყო ყოფილი თავად-აზნაურობა - გლეხობას ვერ შევეხებოდით. მე ვფიქრობ, ამ ძველი არგუმენტის განმეორება ახლა აქ, კიდევ მეტია. რასაკვირველია, ჩვენ ახლა არ ვფიქრობთ და არც შეგვიძლია დავუბრუნდეთ და ჩამოვართვათ ეს მიწები ყველას, ვისაც ნორმაში დავუტოვეთ. დანარჩენს რაც შეეხება, ამ ნორმას ზევით - ეს ყველგან ჩამორთმეულია. რაც შეხება დარიგებას - ეს ძნელი საკითხია პრაქტიკულათ და თუ ბ. შენგელაიას და ბ. ღლონტს პრაქტიკულათ ეს ნაბიჯი აინტერესებს, უნდა მოგვცენ საშვალება განვახორციელოთ იგი. მანამ კი ის აგიტაცია, რომელსაც აქ აწარმოებენ, რომ გლეხობისათვის არაფერი არ მიგვიცია, გლეხობა დავღუპეთ და სხ., ხელს ვერ შეუწყობს ამ ჩვენს პრაქტიკულ მუშაობას და სჯობია აგიტაციის მაგიერ დაგვეხმარონ, გამოვნახოთ გზა, თუ როგორ შეიძლება მოკლე ხანში ამ ერთი წლის განმავლობაში - ამ მიწების დანაწილება.
შეიძლება კაბინეტებში მჯდომი პირი შეცდეს, მაგრამ ხალხი, როგორც ასეთი, არ შეცდება. სცდება თითო-ოროლა პირები და არა ხალხი. მისთვის კი არ არის საჭირო ყიდვა-გაყიდვის აკრძალვის გაუქმება. იგი, როდესაც ყიდვა-გაყიდვას კანონით აუკრძალავ, ფორმალურ წესს გვერდს აუხვევს და შინაურის წესით იყიდის და გაყიდის. გაჭივრებულიაო - საქმე ის არის, ეს გაჭივრება გამოაცალოთ გლეხობას, მისცეთ მას ხარ-კამეჩი, იარაღი იაფათ, და სხ. ე. ი. გახადოთ იმდენათ შეძლებული, რომ მიწის დამუშავება მოახერხოს. ამას თქვენ ვერ ახერხებთ, ამ გზას თქვენ ვერ მიყვებით და გინდათ მექანიკურათ შექმნათ რაღაც ზღუდეები. ჩვენ ამ გზაზე ვერ დავადგებით.
რაც შეეხება საყვედურს იმის შესახებ, რომ მიწების დარიგება და საზოგადოთ მიწით უზრუნველ ყოფა უმიწაწყლო და მცირე მიწის მქონე გლეხობისა არ მოხდა სრულიათ - ეს განცხადება არ შეესბამება სიმართლეს: ჯერ ერთი ჩამორთმევა მოხდა, თითქმის ყველგან დასრულდა - მართალია, ის არ მოხდა ისე და იმ გზით, როგორც ეს ბატონ ღლონტს უნდოდა, არ მოხდა ისე, რომ არავისთვის არ დაგვეტოვებინა არც ერთი დესიატინა, როგორც, სანამ ეს პრაქტიკული რჩევა არ მოგიციათ - ეს უბრალო აგიტაცია იქნება და მე გავკადნიერდები და მოგახსენებთ, რომ ასეთ აგიტაციას ბოლშევიკები აწარმოებენ, რომელთაც მიწის დარიგებას ხელი ვერ შეუწყვეს და აჯანყება კი გამოიწვიეს. მაშასადამე, საჭიროა, რომ აგიტაცია სხვა სფეროში იქნეს გადატანილი, რადგან ვერც თვით ბ. შენგელაია და ბ. ღლონტი ვერ ბრძანებენ, რომ ეს აგიტაცია, რომელიც სწარმოებს, ხელს უწყობდეს მიწის განაწილებას სოფლათ.
თ. ღლონტის განცხადება ამ სფეროში, ე.ი. მიწის დარიგების სფეროში, სრულიათ არაფერი გაკეთებულაო - სავსებით სიმართლეს არ შეეფერება, ცოტა რამ მაინც გაკეთდა. ავიღოთ, მაგალითად, თფილისის მაზრა: იქ უკვე განაწილებული არის მიწები და დამტკიცებული არის, რომ მის განკარგულებაში იქნება რამდენიმე ათასი დესიატინა. ეს თქვენ იცით. აგრეთვე ქუთაისის მაზრაში დიდი ნაწილი მიწებისა განაწილებული არის. ზოგან ფულიც შემოტანილია გლეხების მიერ და მათ სთქვეს 1.500 მანეთის მიცემა გატყავება არ არის, იმათ სთქვეს ეს არ არის გატყავება, ეს არის ძალიან კარგი პირობები მიწის შეძენისათვის. მე მაქვს ცნობები ქუთაისის მაზრიდან სადაც ყველაზე მეტია მიწის ნაკლებობა: აქ არის ცხრილები საიდანაც სჩანს, რომ უმრავლესობამ მიიღო ხუთ-ხუთი ქცევა და თავის-თავად ცხადია, რომ არც ის დებულება არის ღლონტისა მართალი, რომ სულ უმამულონი არიან ჩვენშიო. მართალია ბ. ღლონტმა ციფრები ბევრი მოიყვანა, მაგრამ სტატისტიკოსისათვის მარტო ციფრები არ კმარა, ციფრებს კიდევ თავის მოყრა უნდა. როგორც ტომარა არაფერს დაიჭერს, თუ თავი მოკრული არა აქვს, და მაგალითად, კაკალი აქეთ-იქით დაიფანტება, ისე სტატისტიკური ცნობები არ გამოდგება, თუ თავი არ მოუყარა სტატისტიკოსმა. ეს იცის ყველა სტატისტიკოსმა. თუ ამ დებულებას მივიღებთ - მაშინ უნდა ვსთქვათ, რომ თფილისის გუბერნიაში ნორმაზე მეტია მიწა, სხვაგან კი - ნორმაზე ნაკლები. რაჭაში, მაგალითად, ძალიან ცოტაა მიწა, მაგრამ არც ერთი მიწათ-მოქმედების სამინისტროს, არც ერთ მეურნეს მისი გაფართოება არ შეუძლია. ამისათვის არსებობს მეორე პოლიტიკა, გადასახლების პოლიტიკა და თუ იქ შენიშნეთ რაიმე ბოროტ-მოქმედება - ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. მაშასადამე, ეს დარიგების პროცესი, ავათ თუ კარგათ, ხდება, ეს დარიგება უკვე ფაქტია და ამიტომ ის საყვედურები, რომელიც აქ მოვისმინეთ, მიუღებელია. (ს. მდივანი: მინისტრის პროექტი როგორია? რა არის მინისტრის აზრი?) მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტზე აქ ბევრი ილაპარაკა წინა სხდომაზე ბ. შენგელაიამ. იგი სხვათა შორის, ამ პროექტის გამო ეკამათებოდა აგრარულ კომისიის პროექტს. მე უნდა მოგახსენოთ, რომ არც მიწად-მოქმედების მინისტრზე, არც სხვანაირ მინისტრზე, ქვეყანაზე, სადაც კი პარლამენტარული წყობილება არსებობს, არ უთქვამთ, რომ ის, რასაც მინისტრი იტყვის, უსათუოდ იმ სახითვე უნდა იყოს განხორციელებული. აგრარულ კომისიას, როგორც სხვა კომისიას, აქვს თავის ინიციატივის უფლება. რომ არის ცოტა განსხვავება მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტისა და კომისიის პროექტს შორის - ეს თავისთავად ცხადია. ეს განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ იქ ცოტა უფრო შეზღუდვილა ეს თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა. მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ ის დაწესებულება, რომელსაც ევალება ამ რეფორმის ცხოვრებაში გატარება, მეტის სიფრთხილით ხვდება ამ საკითხს.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მიწად-მოქმედების მინისტრის პროექტი იყო წარმოდგენილი, საკმაო დრომ განვლო, ჩამორთმევა ბევრ ადგილას უკვე მოხდა; ეს პროექტი წარმოდგენილი იყო 4 თვის წინეთ და მაშასადამე, რაკი დრო სხვა არის, თავისთავად ცხადია, ეს განსხვავება მისაღებია მხედველობაში. და დღეს ბ. მიწადმოქმედების მინისტრიც სრულიად თანახმა არის ამ ჩვენი პროექტისა, რომელიც აგრარულმა კომისიამ წარმოადგინა. რატომ? მოგახსენებთ, იმიტომ, რომ ეს რამდენიმე თვის წინათ იყო და მინისტრიც გამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ სანამ ჩამორთმევა არ დამთავრებულა - ძნელია ეს თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა დავუშვათო. 1-ლი მუხლი ამბობს: იქ, სადაც დასრულებული არის ჩამორთმევა, თავისუფალი გადაცემ-გადმოცემა შეიძლება მოხდეს, ხოლო დანარჩენ ადგილებში კი ამისათვის საჭირო არის ნებართვა მინისტრისა. ასე, რომ დღეს არავითარი განსხვავება ჩვენ პროექტსა და მიწად-მოქმედების სამინისტროს პროექტს შორის - თუ თქვენ მიიღებთ მხედველობაში ამ დროს და გარემოებას - არ არსებობს.
ეხლა მე მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა იმ შესწორების შესახებ, რომელიც შემოტანილი არის სოც.-დემ. ფრაქციის მიერ, რომ პირველი შენიშვნის ადგილას დაიწეროს მე-2 შენიშვნა. ჩვენ ეს მისაღებად მიგვაჩნია, რადგანაც იგი სარედაქციო ხასიათისაა და არ ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ გვინდა და რაც არ შეაფერხებს აგრარული რეფორმის გატარებას. ჩვენ ამ შესწორების წინააღმდეგი არა ვართ. აქ არავითარი ცვლილება არ არის და უკეთესად არის გამოხატული ის, რაც ჩვენ გვინდოდა. მიწათ-მოქმედების სამინისტროს კანონს დაკისრებული აქვს კონტროლი და პასუხისმგებლობა და ეს უფრო მიზანშეწონილია.
რაც შეეხება მე-2 შენიშვნას, ის რომ იყოს შემოტანილი, როგორც სამუდამო ხასიათის შენიშვნა - ჩვენ ამის დიდი წინააღმდეგი ვიქნებოდით, მე პირადად მაინც და შეიძლება კომისიაც, თუმცა კომისიის აზრი არ ვიცი. რომ შენიშვნა ამბობდეს, რომ დაკანონდეს 7-15 დესეტინა და გახდეს ჩვენი მიწათ-მფლობელობის ბაზათ - მაშინ ამის წინააღმდეგი ვიქნებოდი. წინააღმდეგი იქნებოდა, ვფიქრობ, საერთოდ კომისიაც. მაგრამ შენიშვნაში ნათქვამია, რომ ეს იქნება დროებით, სანამ ახალი კანონი გამოიცემოდეს. ამ სახით ეს არ ცვლის დეკრეტის დედა-აზრს სრულიად. აქ არის მხოლოდ განსხვავება ტეხნიკურ მოსაზრებაში. ჩვენ გვეგონა, აგრარულ კომისიას, რომ დღესვე იყოს დაშვებული ნორმის ზევით ყიდვა - ამით არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ სანამ ჩვენ არ შეგვიქმნია მფლობელობის ერთნაირი ნორმა, მანამდი ეს შეიძლება თეორიულად წარმოვიდგინოთ. მანამდი დროებით ჩვენ უშვებდით, რომ იმ ნორმას ზევით, რომელიც დაწესებული იყო, მიწა არავინ შეიძინოს. აქ იყო მაშინ ფსიხოლოგიური მომენტი, რომ არავინ სთქვას, რომ ერთს ვართმევთ და იმავე დროს მეორეს ვაძლევთო. მაგრამ ამ პოლიტიკურ მოსაზრებას, რომელიც უდევს საფუძვლად ამ შესწორებას, არც დეკრეტი ეწინააღმდეგება.
ამიტომ მე თუმც მხარს არ ვუჭერ ამას - კომისიის აზრი არა მაქვს - მაგრამ მე მგონია ეს რაიმე არსებით ცვლილებას არ შეიტანს. რაც შეეხება ბ. ვეშაპელის შენიშვნას, რომ შესაძლებელია ამით უცხოელებმა ბოროტათ ისარგებლონ - ეს სიმართლეა, მაგრამ ჯერ ერთი, გარდა ჩვენი სურვილებისა, ჩვენ უნდა ანგარიში გავუწიოთ საერთაშორისო დებულებებს, სამართლის ნორმებს. 14 იანვარს მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამიერიდან ჩვენ შევდივართ საერთაშორისო ოჯახში. მაშინ გამიკვირდა სწორედ, რომ ბ. შენგელაიამაც ინება ამ საერთაშორისო ოჯახში შესვლა, სადაც სოციალიზმის ნატამალიც არ არის და როდესაც იქ შედის, ლოღიკურია, უნდა დაემორჩილოს იმ წესებს, რომელიც იქ არის. სხვის მონასტერში შენი წესდებით ვერ შეხვალ.
აქედან, ჩვენ არ შეგვიძლია შევზღუდოთ უცხოელების უფლება. და ამიტომ ვერ გაგიზიარებთ ამ შენიშვნას. მეორე, ეს დიდი საკონსტიტუციო კითხვა არის, დეკრეტს არ შეუძლია მას შეეხოს და ასე ზერელეთ, გზა და გზა გადასწყვიტოს იგი. მე ვამბობ, შესაძლებელია ეს მივიღოთ, მაგრამ უხერხულია მისი ამ დეკრეტში შეტანა.
საერთოდ, მე მგონია, ბ. დლონტსა და შენგელაიას წინადადება პირველის მუხლის უარყოფის შესახებ უნდა თქმულიყო მაშინ, როდესაც მუხლობრივ განხილვაზე გადავდიოდით. რადგან უარყოფა ამ მუხლის, ნიშნავს საერთოდ მთელი დეკრეტის უარყოფას, მაგრამ ჩვენ დეკრეტი საერთოდ უკვე მივიღეთ.
თავმჯდომარე. შემოსული გახლავთ ორი შესწორება. ერთი ბ-ნი ვეშაპელისა და მეორე ს.-დ. ფრაქციისა. კენჭს უყრი ორივეს. ჯერ ბატონი ვეშაპელის შესწორებას უყრი კენჭს, რადგან ეს უფრო რადიკალურია. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? ვინ არის მომხრე? უარყოფილია. ეხლა კენჭს უყრი ს.-დ. ფრაქციის შესწორებას. ვინ არის წინააღმდეგი ამ შესწორებისა? ვინ არის მომხრე? შესწორება მიღებულია.
(ხდება მუხლობრივი განხილვა, რომლის შემდეგაც დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თავმჯდომარე. ბატონებო, ვინაიდან ბევრი საკითხები დაგროვდა, პრეზიდიუმის დადგენილებით ხვალ დაინიშნება საგანგებო სხდომა რიგს გარეშე. სხდომა გაიხსნება სწორედ 12 საათზე (კედია: 12 და არა ორზე, ბატონო!) და გთხოვთ უსათუოდ დანიშნულ დროზე გამოცხადდეთ. ეხლა სხდომას ვხურავ გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი. (მდივანი კითხულობს).
სხდომა იხურება 4 საათსა და 50 წუთზე.135
![]() |
7 ოთხმოცდამეოთხე და მეხუთე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(84-85)
1920 წელი. თებერვლის 4-6. ტფილისი. სასახლე.
შ ი ნ ა ა რ ს ი:
1. დამფუძნებელი კრების წევრის ნუცუბიძის განცხადება რეგლამენტის დარღვევის შესახებ და თავმჯდომარის განმარტება.
2. დეკრეტი - რესპუბლიკის ყველა მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
3. დეკრეტი - გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
4. დეკრეტი - ბათომ-ნატანების რკინის გზის ნაწილის 1919-20 წ. საექსპლოატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.350 მან. სახაზინო რკინის გზის საერთო ხარჯთაღრიცხვის დამატებად 968.193 მან. გადადებისა.
5. დეკრეტი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში საპროპაგანდო კომისიის საჭიროებისათვის 1.000.000 მან. გადადებისა.136
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი
გრიგოლ ნათაძე.
პრეზიდიუმში არის
ექვთიმე თაყაიშვილი.
სხდომა იწყება დღის 1 ს. 5 წუთზე.
დღიური წესრიგი:
1. დეკრეტი რესპუბლიკის ყველა სამოქალაქო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
2. დეკრეტი გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
3. დეკრეტი ბათომ-ნატანების რკინის-გზის ნაწილის 1919-1920 წ. საექსპლუატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.350 მან. სახაზინო რკინის გზის საერთო ხარჯთაღრიცხვის დამატებად 968.193 მან. გადადებისა.
4. დეკრეტი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში საპროპაგანდო კომისიის საჭიროებისათვის 1.000.000 მან. გადადებისა.
5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ.
6. დეკრეტი სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდის შესაძენად 24.000.000 მან. გადადებისა.
7. პროექტი დადგენილებისა დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის საყოველთაო ხელის მოწერის გამოცხადების შესახებ.
8. დეკრეტი მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურის გამო მოგზაურობის დროს დღიური სარგოს და საგზაო ფულის ნორმების შეცვლისა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის რეგლამენტის დარღვევის შესახებ კრების წევრს ნუცუბიძე ილიას.
ი. ნუცუბიძე (ს.-რ.) ბ-ბო! მე სიტყვა ავიღე რეგლამენტის დარღვევის შესახებ; ჩვენი რეგლამენტის 79 მუხლში ნათქვამია (კითხულობს). სამწუხაროდ ეს მუხლი სისტემატიურად ირღვევა. კრება დანიშნულია 11 საათზე, იწყება კი 1-ან 2 საათზე. ეს ძლიერ ხშირი მოვლენაა. მე მგონია, ასეთ მოვლენას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ მუშაობას ნორმალური ხასიათი მიეცეს. მით უმეტეს, ასეთი დარღვევა რეგლამენტისა არ არის მისაღები საქმიანობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ, როდესაც ვიკრიბებით 1-ან 2 საათზე, ვერ ვასწრებთ დღიური წეს-რიგის გარჩევას სამ საათამდის და იძულებული ვართ განვაგრძოთ სხდომა. და ხშირად გვიხდება აგრეთვე საგანგებო სხდომების დანიშვნა. ეს კი დამფუძნებელი კრების წევრთ, რასაკვირველია, ძლიერ ბევრ დროს ართმევს მაშინ, როდესაც მას ბევრი სხვა საქმეებიც აქვს. ეს არ არის მისაღები აგრეთვე უბრალო პარლამენტარული წესის თვალსაზრისითაც. შეუძლებელია კრება 11 საათზე დავნიშნოთ და ორზე კი დავიწყოთ. ამას მე ვლაპარაკობ უფრო უმრავლესობის საყურადღებოდ, ვინაიდან ისინი შეადგენენ ქვორუმს და მათზე არის დამოკიდებული სხდომის დაწყება. ჩვენი ფრაქცია მოდის დანიშნულ დროსთვის და იმისთვის, რომ უმრავლესობის ფრაქცია არ იკრიბება, ჩვენც გვიხდება ცდა, მაშინ, როდესაც ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. პატარა რიგიანობა მაინც მოითხოვს, მოგვეცეს საშუალება ვიმუშაოთ და კარიდორებში არ უცადოთ უმრავლესობის ფრაქციას და ზედმეტი დრო არ დავკარგოთ. ეს დაინახა საჭიროდ სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციამ აქ განეცხადებია.
თავმჯდომარე. ბ. ნუცუბიძის განცხადება სრული სიმართლე გახლავთ. მაგრამ მე მგონია თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ პრეზიდიუმი აქ არაფერ შუაშია. ერთი არის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ უბრალო ფორმალური მოვალეობა. არ მოვედით და არ განვაცხადეთ, რომ სხდომა არ შესდგება. ეს მაინცა და მაინც საქმიანობა არ იქნებოდა, მაგრამ პრეზიდიუმის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის გაკეთებაც შეგვიძლია და რაც გვაქვს დავალებული. ის, რაც ნუცუბიძემ სთქვა, იმდენად პრეზიდიუმის ბრალი არ არის; მე მგონია მან მიმართა უმრავლესობას. თქვენ მიიღეთ ზომები და ჩვენც თქვენთან ვიქნებით. ჩვენ ერთ-ორჯერ მოუყარეთ თავი ფრაქციებს და მათ წარმომადგენლებს გაგაცანით ასეთი მდგომარეობა. სხვა ზომების მიღება ჩვენ არ შეგვიძლია. თქვენი დადგენილება არის, სხდომა 11 საათზე იწყებოდეს. რეგლამენტში ნათქვამია: თუ ნახევარი საათის განმავლობაში სხდომა არ დაიწყება, პრეზიდიუმი სხდომას დახურულად გამოაცხადებს. მაგრამ, ალბად, არის მიზეზები, რომელიც ხელს გიშლით, რომ ეს დადგენილება სისრულეში იქნეს მოყვანილი. დღეის აქეთ იმედს გამოვსთქვამ, რომ არ გამეორდება ასეთი მოვლენები. მართლაც შეუძლებელია დეპუტატმა ორი საათი იცადოს, მაშინ, როდესაც მთელი დრო მას განაწილებული აქვს. თუ ინებებთ და ყველა დანიშნულ დროზე მობრძანდებით, მაშინ ყველა თავის განაწილებულ დროს შესაფერისად მოიხმარს. შეიძლება თქვენთვის სასურველი იყოს, რომ სხდომა 1 საათზე დავიწყოთ, მაგრამ ერთი პირობით, რომ თქვენ სრულ 1 საათზე შეიკრიბოთ. ერთხელ კიდევ მოგმართავთ და გაცნობებთ, რომ პრეზიდიუმი მოიწვევს ფრაქციის წარმომადგენლებს. შეიძლება იქ უფრო რადიკალური ზომა იქნეს შემუშავებული. აი, ეს განმარტება მინდოდა გამეკეთებია თქვენთვის ბ-ნ ნუცუბიძის ფრიად სამართლიან განცხადების გამო.
სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ-ნ ბ. თევზაიას.
დეკრეტი რესპუბლიკის ყველა სამოქალაქო დაწესებულების მუშა- მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
ბიქტორ თევზაია. (ს.-დემ.) საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სახელით მე მაქვს პატივი მოვახსენო დამფუძნებელ კრებას ის დეკრეტი, რომელიც ეხება რესპუბლიკის სამოქალაქო დაწესებულებათა მოსამსახურეების ჯამაგირების მომატებას. დამფუძნებელმა კრებამ რასაკვირველია იცის, რომ უკანასკნელ მომატების შემდეგ ჩვეულებრივ მიზეზების გამო ცხოვრება მეტის-მეტად გაძვირდა და ზოგიერთი სანოვაგე გაძვირდა თითქმის 200 პროცენტით. ასეთ მოვლენას უნდა გაეწიოს უსათუოდ ანგარიში. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ და სამუდამოთ უნდა ვსთქვათ, რომ საერთოდ სისტემა მომატებისა არ არის ნამდვილი სისტემა ამ უბედურებასთან ბრძოლისა. ჩვენ ვიცით, რომ უმთავრესი საშვალება, რომელიც ამას ბოლოს მოუღებს, არის ერთი მხრით, ცხოვრების და განსაკუთრებით ეკონომიურ ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება, და მეორე მხრით, ფინანსების რაციონალურათ მოწყობა. ჩვენ იმედი გვაქვს, მთავრობა მიიღებს ყოველგვარ ზომებს, რომ ეს ორი დარგი რაციონალურ პირობებში ჩააყენოს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ რამდენიმე ხნის წინეთ სატარიფო პალატამ, რომელიც ასე თუ ისე აწესრიგებს შრომის ხელფასს, მიიღო დადგენილება ხელფასის 60 პროც. მომატებისა და ამ დადგენილებას აქვს მნიშვნელობა იმდენათ, რამდენათ სატარიფო პალატა არის პარიტეტული დაწესებულება. რა საკვირველია, სახელმწიფოსაც ყავს თავისი მოსამსახურეები და ასე თუ ისე, როგორც პალატამ გაუწია ცხოვრების გაძვირებას ანგარიში ისე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს ანგარიში და მიიღოს ზომები თავის მოსამსახურეების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. საფინანსო კომისია დღევანდელ პირობებში დაადგა ამ გზას და მიიღო მთავრობის დეკრეტი ჯამაგირების გადიდების შესახებ. მხოლოდ საფინანსო კომისია ხელმძღვანელობდა ორი დებულებით: პირველი - საერთოდ ჩვენი რესპუბლიკის მდგომარეობა ცუდია ეკონომიური მხრით და ამიტომ ყოველი მოქალაქე დიდ გაჭივრებას განიცდის, მაგრამ მეორე მხრით, ჩვენ არ შეგვიძლია 60 პროცენტი მიუმატოთ ყველას, ვინც დაქირავებულია სახელმწიფოს მიერ. ეს შექმნის მეტად არახელსაყრელ პირობებს ერთი იმით, რომ დასჭირდება რესპუბლიკას აუარებელ ბონების გამოშვება და მეორე მხრით იმით, რომ თავისთავად ეს ზომა არ არის ნამდვილი ზომა ამ ბოროტებასთან ბრძოლისა (კედია: რკინის გზის მოსამსახურეები?) ეს დღიურ წესრიგში არის მოხსენებული და როცა ამაზე გვექნება ლაპარაკი, მაშინ დამფუძნებელ კრების წევრს საშუალება ექნება სთქვას თავისი აზრი, ახლა კი ამაზე საუბარი არ არის. ჩვენმა კომისიამ მიიღო დიფერენციალური საზომი. იმან სთქვა, რომ დაქირავებულთა უმრავლესობა შეადგენს იმ კატეგორიას, რომელსაც ეძლევა 1500 მანეთი და სწორეთ ამ უმრავლესობას, რომელიც დიდ გაჭივრებას განიცდის, მიემატება 60 პროცენტი, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, იმათ მოემატებათ პროცენტებით. ვინც მცირეს ღებულობდა, იმას მოემატება მეტი პროცენტი. საერთოდ კი, 30 პროცენტზე ნაკლები არავის არ მოემატება. ჩვენ სრულიად არ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ყველა მოსამსახურეს ერთნაირი ჯამაგირი ჰქონდეს. ეს არის წვრილ ბურჟუაზიული შეხედულება, ისინი ეტრფიან მას და ეს მიუღებელია. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით სპეციალისტებს, რომელიც არიან ჩვენი რესპუბლიკის სამსახურში, უნდა ჰქონდეთ შექმნილი ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი თავისი ცოდნა ნაყოფიერათ მოახმარონ რესპუბლიკას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყოველმა ერმა, თუ მას უნდა თავის მიზანს მიაღწიოს, უნდა გამოსცადოს გაჭივრებაც. (ხმები: პროლეტარიატი ვალდებულია, უნდა გამოცადოს!) დიახ, პროლეტარიატი ვალდებულია და, ვეშაპელო, დარწმუნდით იმაში, რაც თქვენ თვითონ ხანდახან გითქვამთ აქედან, რომ ჩვენმა პროლეტარიატმა აუარებელი მსხვერპლი მოიტანა, რომ ერი გაემაგრებია. და თუ ეს ასეა, მიუხედავათ იმისა, რომ ეს ჯამაგირი 1500 მან., რომელსაც ღებულობს უმრავლესობა რესპუბლიკის მოსამსახურეებისა და რომელიც არ შეადგენს იმ მინიმუმსაც, რომელსაც ღებულობდენ ომამდე (ხმები: გაფიცვები?) გრძნობა იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობა გაჭივრებულია, ავალებს ყველას ასეთი მდგომარეობის გადატანის და ჩვენი დემოკრატია ჩვენ მიგვაჩნია შეგნებულათ, მან გადაიტანა ისეთი გაჭივრება, მაგრამ გაფიცვა არ გამოუცხადებია. რა თქმა უნდა, 60 პროცენტი კიდევაც რომ მოემატოს, მაინც არ ფარავს იმას, რაც უკვე დაადვეს სპეკულიანტებმა თავის საქონელს. (კედია: კარგი ეკონომიური პოლიტიკის შედეგია!) რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკა ერთ ნაწილს არ მოსწონს, (კედია: მგონია არც თქვენ მოგწონთ ახლა?!) და ჩვენ, რასაკვირველია, მოგვწონს ჩვენი პოლიტიკა, ხოლო ვაბობთ, დღევანდელ პირობებში მეტის გაკეთება არ შეიძლება. ხოლო თუ ვინმე იტყვის, რომ მე მაქვს საშვალება უკეთესათ მოვაწყო ჩვენი ცხოვრებაო, თავის თავად ის იქნება გამგე და ჩვენი ბედის გადამწყვეტიც.
მე ვიცი, რომ ამას ვერავინ ვერ იკისრებს, ეს მართალია იმისთვის, რომ მდგომარეობა საზოგადოდ გაჭირვებულია. თუ ეს ხდება სხვაგან... ლოიდ ჯორჯი რაც უნდა იყოს, ჯობია ზოგიერთ ჩვენ ლიბერალ დამფუძნებელ კრების წევრს. საღი ბურჟუაზიული პოლიტიკით მან ვერ შესძლო კალაპოტში ჩაეყენებია ეკონომიური ცხოვრება. მაგრამ დაუბრუნდეთ დეკრეტს. ჩვენ ვამბობთ და ვთქვით, ჩვენ არა ვართ გათანასწორების მომხრე, მაგრამ ჩვენ უნდა ვსთქვათ ერთი.
თუ მსხვერპლი სჭირია ჩვენ რესპუბლიკას ფრონტზე, უფრო დიდი მსხვერპლი, რომ შესწიროს თავისი თავი რესპუბლიკას, მით უფრო საჭიროა ზოგიერთი სანოვაგის დაკლებით და ზოგიერთი აუცილებელი ნივთების მოკლებით. და ვინც ამას ვერ დასთმობს, ის თავის სიცოცხლესაც ვერ დასთმობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ამას ეს კატეგორიები ადვილად დასთმობენ ერის აყვავებისა და დემოკრატიის საკეთილდღეოთ. (ვეშაპელი: ასეთი სანტიმენტლისტობა როდის დაიწყეთ?). გრძნობას აქვს თავისი ადგილი სახელმწიფოს აშენების დროს. რომ არ იყოს გრძნობა სრულებით, მაშინ ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აშენდება. მე ვიცი სახელმწიფო, სადაც მიიღო ერთნაირი დაკლება ხალხმა, გაუარესება მიიღო მდგომარეობისა, უსათუოთ იქ იყო გრძნობა პასუხისმგებლობისა, ვინაიდან იცოდა ამით, რომ ის დასთმობს, ის ამაგრებდა მომავალ ბედ-იღბალს. ეს იყო გერმანიის ხალხი. და იქ გათანასწორდა როგორც მუშა ისე დიდი და მსხვილი წარმოების წარმომადგენელი, გარწმუნებთ, რომ გრძნობა გვაქვს ხანდახან, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით. გრძნობა საჭიროა და ეს აუცილებელია და ამას ჩვენ ანგარიშს უწვეთ. აქ არის სხვათა შორის კიდევ 2 დებულება. იქ სადაც არსებობს კოლექტიური ხელშეკრულება, იქ უნდა მიემატოთ 60 პროცენტი (ვეშაპელი: რატომ?), ეს იმიტომ, რომ საერთოდ ჩვენ არა ვართ დღეს ისეთ ხანაში, რომ ფუფუნებაზე ვილაპარაკოთ. გაზ. „კლდეში“ იყო სტატია ფუფუნების საგნების შესახებ. არც ერთი ფუფუნების ნივთი არ შემოვიტანოთ უცხოეთიდან და ამის წინააღმდეგ ზომები იქნას მიღებულიო. რაც უნდა იყოს, სტატია იყო სიმპტომატიური. მე ვამბობ, რომ ყველა მოქალაქე განსაკუთრებით მაღალი კატეგორიის მოსამსახურენი, იძულებული იქნებიან ზოგიერთი საერთო საჭირო საგანზე, რომელიც კულტურულ ადამიანისთვის საჭიროა, უარი სთქვან. ეს აუცილებელია და ვამბობთ, რომ დღევანდელ ეკონომიურ პირობებში ყოველი რეჟიმის დროს ამის წინააღმდეგ ვერ წავლენ. რაც უნდა მოიმოქმედონ, მოხვდებიან ამ კანონის ქვეშ. რაც შეეხება დაბალ მოსამსახურეთ, მე ვამბობ, ფუფუნების ნივთს წავართმევთ, - მაშინ ასე თუ ისე უნდა მივსცეთ აუცილებელი საჭირო სანოვაგე ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ამას უწევს ანგარიშს ეს დეკრეტი. ჩვენ იმდენად წინააღმდეგნი ვართ ნიველიროვკისა და ერთი მდგომარეობის შეჰქმნისა (ხმები: როდის!) ასეთი აზრის ვიყავით ჩვენ ყოველთვის და არასოდეს არ ვყოფილვართ იმ წვრილ ბურჟუაზიულ შეხედულებისა, რომ ყოველი ფოთოლი ფოთოლს უნდა გავდეს და ჩვენ ადამიანზე არ გვქონია ასეთი წარმოდგენა. (კედია: ეს ბურჟუაზიული შეხედულება არის!) მესამე მუხლში ჩვენ ვსთქვით, შეიძლება სხვა პროცენტით ჯამაგირის მომატებამ გამოიწვიოს გათანასწორება უმაღლეს კატეგორიასთან, რადგან ეს მიუღებელია. ამისთვის ჩვენ ვსთქვით, - მომატება უნდა იყოს შემოღებული ისე, რომ მუშა-მოსამსახურე იღებდეს მეტს, დაბალ კატეგორიის მაღალ კატეგორიაზე მეტს. მაგრამ თანასწორობა კი არ უნდა იყოს. აი, ბატონებო, ამ პირველი დეკრეტის შინაარსი და მისი საზოგადო დებულება, ჩვენ კიდევ ვიმეორებთ იმას, საერთოდ ასეთი სისტემა მიღებულია, ბევრჯელ მითქვამს და ეხლაც განვიმეორებ სრულიად დამშვიდებით ვინუგეშებთ თავს იმით, რომ შეხედონ სხვაგან. და თუ ვხედავთ უფრო მოწყობილ პირობებს და მხოლოდ მდიდარ სახელმწიფოებს ვერ შეუქმნიათ რადიკალური ზომა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოლოს, მით უფრო ჩვენი რესპუბლიკა სრულიად ახალი და სრულიად ნორჩი ვერ შესძლებს ეკონომიურ ცხოვრების უცბად ნორმალურ კალაპოტში ჩააყენოს.
რკინის გზებზე მოგახსენებთ, 2 წლის უკან დიდი არევ-დარევა იყო ჯარისა და მოძრაობის გადაყვან-გადმოყვანის გამო. ზოგიერთს ეგონათ ამას ჩვენ ჯერ მოვაწესრიგებდით, მაგრამ დღეს ეს დარგი ცხოვრების ერთნაირ კალაპოტში ჩადგა.
თქვენ ხომ ევოლიუციონერები ხართ და უნდა გჯეროდეთ, რომ თანდათანობით შეიძლება ცხოვრების ნორმალურ და სათანადო კალაპოტში ჩაყენება.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგად მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე დაგასვლა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.
მომხსენებელი. (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი მიღებულია და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
დეკრეტი გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
ბიქტორ თევზაია. იმავე სისტემით, როგორითაც იყო შემუშავებული პირველი დეკრეტი, არის შემუშავებული მეორე დეკრეტიც. დიფერენციალური სისტემა დაცულია. დაბალ მოსამსახურეთ ემატებათ მეტი, ვიდრე მაღალ მოსამსახურეთ. (ვეშაპელი: რატომ არის ცალკე?) იმისთვის, რომ ეს შემოვიდა ცალკე და საბიუჯეტო კომისიამ ვერ სცნო საჭიროდ შეერთებინა ორივე დეკრეტი. ამას არ მოითხოვდა არავითარი უმაღლესი მოსაზრება. როდესაც ცალკე უწყება შემოდის პროექტით, ერთგვარი ჩვეულება აქვს საბიუჯეტო კომისიას და როგორც მოგეხსენებათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. ხოლო აქვე უნდა ვთქვა შემდეგი: რკინის გზა არის საერთოდ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმ აზრით, რომ რკინის გზა არის წარმოება, სახელმწიფოს უდიდესი წარმოება. რკინის გზას შეუძლია მასალების გაძვირებით და სხვა მიზეზებით ზედმეტი ხარჯები ტარიფის გადიდებით აინაზღაუროს. მაინც და მაინც ის არ დააწვება ჩვენ ბონებს. ამისთვის საბიუჯეტო კომისიამ დაადგინა, მთავრობას წინადადება მისცეს, რომ ტარიფი გადიდებულ იქმნას და ეთხოვოს, რომ ეს ჩვენი სურვილი იქმნას დადასტურებული. ამის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში კანონ-პროექტი იქნება შემოტანილი. ჩვენ აშკარად ვამბობთ, რომ მიუღებელია ისეთი მდგომარეობა, როდესაც ყველა მწარმოებელი უცბად ადიდებს საქონლის ფასს, და ის წარმოება კი, რომელიც არის უმთავრესი საძირკველი ამ საქონლის გადატან-გადმოტანისა - არ ადიდებს.
მეორეს მხრივ მიუღებელია ისეთი მდგომარეობა, რომ რკინის გზა იყოს საქველმოქმედო დაწესებულება. მაგ. სენაკიდან ხეთამდე მეორე კლასი ღირს 15 მან. ეს ისეთი მცირე რამ არის, რომლის დატოვება ყოვლად შეუძლებელია. (კედია: რამდენი ვერსია?) ოცი ვერსია. ყველა სახელმწიფოებმა გაადიდეს 100-200 პროცენტით თავისი ისედაც დიდი ტარიფი. ეს არ ქნა ჩვენმა სახელმწიფომ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავადგეთ ამ ზომას, რომ გავადიდოთ ტარიფი. აუცილებლად უნდა იქნას მიღებული დეკრეტი, რომელიც მოუსპობს საშუალებას იმ სპეკულიანტებს, რომელსაც ებრძვის სოც.-რევოლიუციონერი ლ. შენგელაია არ საზრდოობდეს მეურნეობის უმთავრესი დარგით. მუშები მუდმივ ხომ არ დადიან ამ რკინის გზებზე. (კედია: ხალხი დადის?) გლეხებიც დადიან, მაგრამ უმთავრესათ სპეკულიანტები დადიან და თქვენ დამერწმუნებით, მიუღებელია, რომ ასეთი შეღავათი მიიღონ. (კედია: დიფერენციაცია დაცულია?) დიახ, დიფერენციაცია დაცულია. არსებობს სხვა და სხვა კლასები... დიფერენციალური სისტემა ჯამაგირის მომატებისა ამ დეკრეტშიაც დაცულია. ჩვენს კომისიაში ამ დეკრეტს არავითარი დავა არ გამოუწვევია, იქ იყო ყველა პარტიის ფრაქციის წარმომადგენელი, მაგრამ არც ერთი არ წასულა, როგორც ამ დეკრეტის, ისე რკინის გზაზე ტარიფის გადიდების წინააღმდეგ და ამას მოითხოვდა საღი გონიერება, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიასაც არ ეკუთვნოდეს დეპუტატი.
აქვე უნდა ვსთქვა, რომ საერთოდ ჩვენი დეკრეტი ეხება სახელმწიფო დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთ და არ გვაქვს საშუალება, რომ გამოვსცეთ კანონი ერობის და ქალაქის ბიუჯეტის განაწილების შესახებ. ერობები და ქალაქები თავის ბიუჯეტის განაწილებაში ავტონომიური უფლებით სარგებლობენ და ჩვენ ამას ვერ დავარღვევთ, მაგრამ ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს, რომ საერთოდ ამ დეკრეტებით და ჩვენ მიერ მიღებული წესით იხელმძღვანელონ ქალაქებმა და ერობებმა თავიანთ მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების დროს და არ შექმნან ჩვენს და მათ მოსამსახურეთა შორის დიდი განსხვავება, რაც ერთგვარ უსიაიმოვნებას დაჰბადებს და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ხელს შეუშლის.
არც პირველ დეკრეტში და არც მეორეში ნაჩვენები არ არის სამხედრო უწყება. მე მგონია, რომ სამხედრო უწყება ცალკე დეკრეტით შემოვა დამფუძნებელ კრებაში და მაშინ ამ საკითხსაც გავარჩევთ, რადგანაც იქ მდგომარეობა განსხვავებულია, ვიდრე სხვა უწყებებში. დანარჩენი მუხლები ისეთია, როგორც პირველ დეკრეტში. რაც შეეხება იმ მუშებს, რომელთაც კოლექტიური ხელშეკრულება აქვთ, მათ დეკრეტის ძალით უნდა მიემატოს 60 პროც., ხოლო უნდა აღინიშნოს აქ, რომ თვითეულმა უწყებამ უნდა ეცადოს, რომ ჩვენ მიერ მიღებულ კატეგორიებს შორის განსხვავება აუცილებლად დარჩეს. აი, ეს არის დეკრეტის საერთო შინაარსი.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვის მსურველი არავინაა. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? არავინ. მაშ გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.
მომხსენებელი (კითხულობს პირველ 5 მუხლს, რომელსაც დამფუძნებელი კრება უცვლელად ღებულობს).
თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოსული სოც.-დემ. ფრაქციისაგან, რომ მეექვსე მუხლად დაემატოს შემდეგი (კითხულობს). ვის სურს ამის შესახებ სიტყვა? არავის. ბ. მომხსენებელის აზრი.
მომხსენებელი. საბიუჯეტო კომისია თანახმა არის. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ მიღებულ იქმნა დეკრეტი მთლიანად).
თავმჯდომარე. შემდეგი გახლავთ -
დეკრეტი ბათომ-ნატანების რკინის გზის ნაწილის 1919-1920 წ.წ. საექსპლოატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.350 მან. სახაზინო რკინის გზის საერთო ხარჯთ-აღრიცხვის დამატებად 968.193 მან. გადადებისა.
სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. გრიგოლ ურატაძეს.
გრიგოლ ურატაძე (მომხსენებელი). როგორც მოგეხსენებათ, ყველა უწყებას, დამფუძნებელი კრების დადგენილების თანახმად, აქვს უფლება ყოველთვიურად ხარჯოს 1/12 ნაწილი ბიუჯეტის პროექტისა, რომელიც სამწუხაროდ, დამფუძნებელ კრებას ჯერ არ განუხილავს. აი ეს 1/12 ნაწილი ამ ბიუჯეტის პროექტისა მოიხმაროს იმ ხარჯებისათვის, რომელიც ამა თუ იმ უწყებას აქვს. ასეთი უფლებით სარგებლობს რკინის გზის უწყებაც. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ეს პროექტი შედგენილი იყო და დადგენილება დამფუძნებელი კრების მიერ გამოტანილი, ბათუმ-ნატანების რკინის გზის ნაწილი მაშინ ჩვენ ხელში არ იყო და არ შედიოდა ბიუჯეტის პროექტში ამ ნაწილის ხარჯები. როცა ეს ნაწილი რკინის გზისა საქართველოს ხელში გადმოვიდა, ამან გამოიწვია ახალი ხარჯები. ეს ხარჯები ორი ნაწილისაგან შესდგება. ეს არის დაფარვა იმ ხარჯებისა, რომელიც გამოწვეულია ბათუმ-ნატანების ნაწილის ჩვენს ხელში გადმოსვლით ადგილობრივად და მეორე - დაფარვა იმ ხარჯებისა, რომელიც ამ ნაწილის გადმოსვლამ გამოიწვია მართვა-გამგეობის მხრივ ცენტრალურ მმართველობაში. ხარჯები ადგილობრივად შეადგენს მთელ საბიუჯეტო წლის განმავლობაში 7.167.350 მანეთს, ხარჯები ცენტრალურ სამმართველოსი იმ ნაწილის გადმოსვლით გამოწვეული შეადგენს 968.193 მან., სულ სდგება 8.135.543 მან. ხარჯები, რომელსაც ბათუმ-ნატანების ნაწილი იწვევს, შესდგება შემდეგი დარგებისაგან (კითხულობს). ამრიგად წლის დამლევამდე გამოთხოვილია სულ 8.135.543 მან.
საფინანსო კომისიამ განიხილა ყველა წარმოდგენილი საბუთები, შეამოწმა ეს ხარჯები, ადასტურებს მას და სთხოვს დამფუძნებელ კრებას თავის მხრივ ეს დაადასტუროს.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ.
(მომხსენებელი კითხულობს ყველა მუხლებს. მუხლები უცვლელად იქმნა მიღებული. საერთოდ დეკრეტიც უცვლელად იქმნა მიღებული და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თავმჯდომარე: შემდეგი საკითხი გახლავთ -
დეკრეტი საპროპაგანდო კომისიისათვის ერთი მილიონი მანეთის გადადებისა.
სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ურატაძეს.
გრ. ურატაძე. (მომხსენებელი) 11 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმთან დაარსდა საპროპაგანდო კომისია. ამ კომისიის უმთავრესი მიზანი იყო გაეცნო ფართო მასისათვის დამფუძნებელ კრების მუშაობა, საერთოდ პოლიტიკური მდგომარეობა და სხვა. დამფუძნებელმა კრებამ 18 ნოემბერს უკვე აირჩია ამ კომისიის სრული შემადგენლობა. კომისიას 20 ნოემბერს უკვე ჰქონდა თავისი პირველი სხდომა და შეიმუშავა სამუშაო გეგმა, რომლის თანახმად მთელი საქართველო დაყო 16 საპროპაგანდო ოლქათ. კომისიას კავშირი ექნება სამაზრო ერობებთან და მათის საშვალებით ფიქრობს აწარმოვოს მუშაობა. კომისია ცდილობს აწარმოვოს თავისი მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ ერობების და ქალაქების საშვალებით. პროპაგანდას, კომისიის აზრით, უნდა ჰქონდეს საუბრის ხასიათი ჩვენ დამოუკიდებლობის, დამფუძნებელ კრების მუშაობის და ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე კომისია ფიქრობს, რომ საპროპაგანდო კომისიის მოვალეობა იქნება გაიგოს ადგილობრივი პირობები, გაიცნოს და შეკრიბოს სხვა და სხვა ცნობები და გადასცეს იგი პრეზიდიუმს, რომ უკანასკლნელს საშუალება ექნეს მოიქცეს ისე, როგორც ამას მდგომარეობა მოითხოვს. ფორმა პროპაგანდისა კომისიის აზრით უნდა იყოს ერთი მხრით ზეპირი, ეს გამოიხატება დეპუტატების გამგზავრებაში და საუბრის მოწყობაში იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. მაგრამ კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროპაგანდას ფურცლებისა და წიგნაკების გავრცელების საშუალებით. კომისია ფიქრობს, რომ პროპაგანდას არამც და არამც პარტიული და არც პრაქტიკული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ჯერ-ჯერობით კომისიამ ვერ შესძლო თავისი გეგმა განეხორციელებია, თუმცა გაგზავნა წარმომადგენელი აქა იქ. დაბეჭდა თანახმად დამფუძნებელ კრების დადგენილებისა მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა. წარმოთქმული 15 იანვარს და მისი გავრცელება მიანდო თავის წევრებს, მაგრამ წიგნაკების და ბროშიურების გამოცემა ითხოვს დიდ ხარჯებს და ამ ხარჯების დასაფარავად კომისიის ხელში არ იყო თანხა. კომისია ითხოვდა ორ მილიონ მანეთს ამ ხარჯების დასაფარავად. კომისიას აზრად ჰქონდა წარმოედგინა სრული ხარჯთ-აღრიცხვა, თუ რაში დაიხარჯებოდა ეს ორი მილიონი. კომისიას მით უმეტესად ქონდა ეს აზრათ, რომ სხვა დანარჩენ უწყებებს სთხოვს წარმოადგინონ წინასწარ ანგარიში, რომ დამფუძნებელ კრების წევრებს ეცნობოს რაში იხარჯება ყოველი კაპეიკი და თავის და თავად ცხადია, თვით დამფუძნებელ კრების კომისიას ევალება დაასრულოს ეს მოთხოვნილება. მაგრამ სამწუხაროდ გამოირკვა, რომ შეუძლებელია წინასწარ ასეთი ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა. შეუძლებელია იმიტომ, რომ გათვალისწინება ხარჯებისა, რაც არის გამორკვეული, სად, როდის და რომელი დეპუტატი წავა, რა და რა წიგნაკები უნდა დაიბეჭდოს და სხვა ასეთები არ არის გამორკვეული. ერთი სიტყვით, განსაზღვრა ჯამისა შეუძლებელი იყო. ამისათვის იძულებული იყო კომისია გამოეთხოვა ავანსის სახით ორი მილიონი მანეთი. თავისი დადგენილება გადასცა საბიუჯეტო კომისიას. უკანასკნელმა სამწუხაროთ, არ გაიზიარა ეს აზრი და ორი მილიონი მანეთი ერთ მილიონზე ჩამოიყვანა. ეხლა შემოტანილია მოთხოვნილება კომისიის მიერ ორი მილიონის გადადების შესახებ და ის მაინც ფიქრობს, რომ ამ დეკრეტის სისრულეში მოსაყვანად მაინც საჭიროა ორი მილიონი მანეთი, მით უმეტეს, რომ საბიუჯეტო კომისიას არ უთქვამს, თითქოს ორი მილიონი მანეთი მეტი იყო ამ მიზნისთვის. მან სთქვა, თუ საჭირო იქნება მერე მიეცემა დანარჩენი თანხაო. საპროპაგანდო კომისია ფიქრობს, რომ დამფუძნებელი კრება გაიზიარებს მის შეხედულებას და არა საბიუჯეტო კომისიის აზრს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შენგელაიას.
ლ. შენგელია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენ ისე შევეჩვიეთ ათი და ასი მილიონის გაღებას, რომ ასეთ პატარა თანხაზე ლაპარაკი, როგორიც არის ერთი მილიონი მანეთი, შეიძლება ბევრს უადგილოდ და შეუფერებლად მოეჩვენოს. მართალია, თუ მივიღებთ მხედველობაში დღევანდელ სიძვირეს და იმ გარემოებას, რომ ჩვენი მანეთის კურსი ძლიერ დაეცა და აგრეთვე იმ გაჭირვებას, რომელსაც ჩვენ განვიცდით, მაშინ მართალია, ერთი მილიონი არის წვეთი ზღვაში. მაგრამ თუ მიუხედავად ამისა, მე აქ გამოვდივარ, ეს იმიტომ, რომ ეს თანხა ეხება ისეთ საქმეს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც რესპუბლიკისთვის, ისე დამფუძნებელ კრებისთვის. როგორც მომხსენებელმა მოგახსენათ, ეს თანხა უნდა მოხმარდეს საპროპაგანდო კომისიის მუშაობას. ე. ი. გადაეცეს პრეზიდიუმს და ამ ნაირათ ის გაანაწილებს ამ თანხას, როგორც საჭიროთ დაინახავს, იმისთვის, რომ სხვა და სხვა ადგილას დაგზავნოს დეპუტატები. თქვენ იცით, რომ იდეია ამ კომისიის დაარსებისა კარგა ხანია დაიბადა. აგერ უკვე ორი თვეა რაც ავირჩიეთ ეს კომისია. ეს იყო მაშინ, როცა ბ-ნი რამიშვილი ოპერებს თამაშობდა, მაგრამ მენშევიკებს კარგათ ქონდათ გათვალისწინებული მდგომარეობა. მაშინ იყო განსხვავება დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით. ბოლშევიკების გამოსვლამ აიძულა მენშევიკები ამ ზომისათვის მიემართად. თავის თავად ეს მარტივი იდეა არის და ამის წინააღმდეგი არც ვყოფილვართ და მონაწილეობაც მივიღეთ მის არჩევნებში. ჩვენ ასე გვქონდა წარმოდგენილი ამ კომისიის მუშაობა: მას ქონდა მიზანი: გასულიყო ხალხში, მიეწოდებია ობიექტიური ცნობები იმისა, რაც ხდება დამფუძნებელ კრებაში, საერთოდ გაეცნო ჩვენი მდგომარეობა ფართო მასისათვის, გაეშუქებია სხვა და სხვა საკითხები, დეკრეტი, კანონები, დადგენილებები ისე, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე მოითხოვა ის, რაც უდაოთ და ელემენტარულად მიგვაჩნდა. თუ კი დამფუძნებელი კრება აირჩევს კომისიას და მას ისეთ დიდ საქმეს დაავალებს, როგორიც არის პოლიტიკური პროპაგანდა და სახელმძღვანელო კანონების ახსნა-განმარტება, რომელსაც იღებს დამფუძნებელი კრება, მაშინ, ჩვენთვის მაინც იგულისხმებოდა, რომ უმცირეს ფრაქციებს და მათ წარმომადგენლებს უნდა ქონდეს სრული საშვალება, რომ თუ საჭიროება მოითხოვს ფართო მასის წინაშე, სადაც გაიგზავნება დეპუტატი, აუხსნას ამ ფართო მასას რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი რესპუბლიკა. ამ ფრაქციების წარმომადგენლებს უნდა ქონდესთ უფლება გააშუქონ ესა თუ ის საკითხი ისე, როგორც უდგებოდა ამ საკითხს ეს ფრაქცია, დამფუძნებელ კრებაში. ეს მარტივი ჩვენი წინადადება კომისიის უმრავლესობის მიერ უარყოფილ იქნა, ჩვენი წინადადება ასეთი იყო, რომ თუ საჭიროება მოითხოვს სხვა და სხვა ფრაქციის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა უფლება, ესა თუ ის საკითხი გაეშუქებია ისე, როგორც დამფუძნებელ კრებაში აშუქებდა და როგორც უყურებდა ამ საკითხს ესა თუ ის ფრაქცია. დიახ, ეს სრულიად უბრალო, მარტივი, სამართლიანი მოთხოვნილება უარყოფილ იქნა კომისიის უმრავლესობის მიერ. მაშასადამე, რაღა გამოდის ამის შემდეგ, გამოდის, რომ თუ ეს დეკრეტი, ამ კომისიის მუშაობას მისცემს ისეთ ხასიათს, როგორც გამოირკვა საპროპაგანდო კომისიის სხდომაზე, გამოდის ორი რამ ჩვენთვის მიუღებელი, გამოდის, რომ ჩვენ არა სოციალ-დემოკრატებმა უნდა ვიკისროთ მენშევიკების პროპაგანდისტების როლი, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. მე არა მგონია, რომ თუ თქვენ სოციალ-დემოკრატები პატივის ცემით ეპყრობით უმცირესობის ფრაქციებს, თქვენთვისაც მისაღები იყოს, რომ ჩვენ გამოვიდეთ თქვენ პროპაგანდისტების როლში.
ჩვენ ვართ პროპაგანდისტები ჩვენი იდეებისა და ჩვენი შეხედულებისა. ყოვლად შეუძლებელია სოციალ-დემოკრატებმა ისარგებლონ მდგომარეობით და ჩვენ მოგვახვიონ თავზე თავის პოზიციების დაცვა. თუ ასეთი დადგენილება არ იქნა შეცვლილი, ე. ი. თუ ჩვენ არ გვექნება უფლება გავაშუქოთ ესა თუ ის საკითხი, როგორც საჭიროდ დავინახავთ, მაშინ რა გამოდის, გამოდის ის, რომ ერთი მილიონი თუ ორი მილიონი მანეთი იქნება საშუალება, რომლითაც სოციალ-დემოკრატიული პარტია გააძლიერებს თავის კასას. მე გეკითხებით თქვენ: შეიძლება კი ასეთ დეკრეტს მხარი დაუჭიროთ? ჩვენი ქვეყანა პროპაგანდისტების ქვეყანა არის, დაწყებული მილიციონერიდან და გათავებული მინისტრით - ყველა პროპაგანდისტი არის. ჯარი, გვარდია, ყველა პროპაგანდისტობს. დამფუძნებელ კრებაში არჩეული არის 105 მენშევიკი, ჩვენ 40 წევრზე მეტი არ გვინახავს, რადგან ყველა დანარჩენი წასული არის და პროპაგანდას ეწევიან სოფელში. და მიუხედავად ამისა, თუ კიდევ გჭირიათ ახალი პროპაგანდისტების გაგზავნა, მგონია, რომ ნოეს კიდობანში მართლაც ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს. ორჯერ იყო სხდომა ამ საპროპაგანდო კომისიისა, როგორც მახსოვს, მცირე კომისიამ წამოაყენა თავისი გეგმა. იქ არის დაშვებული, რომ ყოველ ფრაქციის წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება ობიექტიურად გააშუქოს ესა თუ ის საკითხი და თუ ეს მიღებული იქნება სავსებით, მაშინ მხარს დაუჭერთ ამ დეკრეტს იმ სახით, რა სახითაც შემოტანილია. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც სჩანს, როგორც ირკვევა იმ სხდომის ოქმიდან, როდესაც სხდომა ამ საკითხამდი მივიდა, სწორედ მაშინ შესწყდა იგი. და ერთი უმთავრესი საკითხი ღიად იქნა დატოვებული. გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვაქოთ და ვადიდოთ თქვენი პოზიცია და ტაში უნდა დაუკრათ თქვენ დადგენილებებს, რომელსაც შეიძლება ბევრი თქვენთაგანიც არ იზიარებს. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. აქ ერთი საკითხი იბადება: რისთვის უნდა სჭირდებოდეს დიდ საკანონმდებელო ორგანოს ეს პროპაგანდა? თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქმე საუკეთესო პროპაგანდაა, თვით საქმით უნდა იყოს პოპულიარული და ცნობილი ხალხში დამფუძნებელი კრება. მაგრამ აშკარაა, თუ პროპაგანდა გვჭირია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოღვაწეობა, რომელსაც ეწევა უმრავლესობა, არ არის ახლოს ხალხის გულთან და ამისათვის გვჭირდება ხელოვნური ზომები და გადაწყვეტილებანი, რომ ხალხთან ახლო დადგეთ. სინამდვილე ასეთია: ჩვენ ხალხში სატარიფო პალატა და მისი მდივანი უფრო ცნობილია, ვიდრე დამფუძნებელი კრება და მისი დეპუტატები. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მთელი თქვენი მუშაობა, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრატიული იმნაირი არის, რომ მართლაც ყოველგვარი გავლენა დაეკარგა დამფუძნებელ კრებას. თქვენ შემოღებული გაქვთ ფაქტიური ცენზურა, ისე, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი ბრძოლა პრესაში, რომ ჩვენი სიტყვა ხალხთან მივიდეს თუ სავსებით არა, ყოველ შემთხვევაში შემოკლებით მაინც, საერთო აზრი მაინც. ხალხმა ისიც კი არ იცის, რა ხდება აქ, დამფუძნებელ კრებაში, ვინ რას აკეთებს, რას ლაპარაკობს. ეს უწყობს ხელს არა პოპულიარობას დამფუძნებელ კრებისას. მეორეს მხრივ, თუ კი ეს დამფუძნებელი კრება არ არის პოპულიარული, ეს იმიტომ, რომ ძალთა განწყობილება დამფუძნებელ კრებისა არ შეეფერება იმ ძალთა განწყობილებას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ ადმინისტრაციის, გვარდიის, ჩინოვნიკების, ყველა აპარატების ამოძრავებით და დახმარებით. ეს თქვენთვის ადვილი არის, ისე როგორც ეს ადვილია ყველა გაბატონებულ პარტიისათვის, მაგალითად მუსავატისათვის ადერბეიჯანში, დაშნაკცუთიუნისთვის - სომხეთში და სხვა. მაგრამ ეს არ იქნება გამოხატულება რეალურ სინამდვილის.
ორში ერთი: თუ მართლა ჩვენი ქვეყანა არის სოციალისტური, თქვენი პოლიტიკაც სოციალისტური უნდა იყოს. თუ ჩვენი ქვეყანა სოციალისტური არ არის, თუ ის ნაციონალ-დემოკრატიული არის, როგორ მოხდა, რომ ნაციონალ-დემოკრატები 4 პროც. არის ჩვენ დამფუძნებელ კრებაში? მაგრამ უმთავრესი მიზეზი, რომ დამფუძნებელი კრება არ არის პოპულიარული და საჭირო არიან საგანგებო პროპაგანდისტები, ეს არის საქმიანობა მმართველ პარტიისა და დამფუძნებელ კრების უმრავლესობისა. საქმით უნდა გვიცნობდენ; დამფუძნებელ კრებას არ უნდა სჭირდებოდეს პროპაგანდისტები და თუ ასეთი პროპაგანდისტები სჭირდება, ეს იმიტომ, რომ ხალხს ის საქმე ვერ დაანახეთ, რომლის გაკეთება მან დაგავალათ. რაკი ამ გზას დაშორდით, და რომ დაშორდით ეს თქვენ კარგად იცით, იმიტომ, რომ არა ერთი კანონი, დეკრეტი მიიღეთ აქ, რომელიც ეწინააღმდეგება მშრომელ ხალხის ინტერესებს. აი, ავიღოთ ჩვენი კანონმდებლობა, აი თუნდაც უკანასკნელი კანონი, რომელიც ამას წინად მივიღეთ. ამით თქვენ აშკარად დაამტკიცეთ, რომ ის კანონი თქვენ მიიღეთ იმისთვის, რომ დაგეკმაყოფილებიათ მოთხოვნილება, სურვილი ყოფილ ფეოდალებისა.
ამის შემდეგ გეკითხებით თქვენ, შეგიძლიანთ სთქვათ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი გამომხატველი ხალხის ფართო მასის ინტერესებისა? რა თქმა უნდა არა. აშკარა არის, ბატონებო, არც ერთ დარგში არავითარი რევოლიუციური არ კეთდება უმრავლესობის ფრაქციის მიერ. დამფუძნებელმა კრებამ კარგა ხანია გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი რევოლიუციასთან, ამაში დამეთანხმებით მის შემდეგ, რაც თვით სასახლეს ჩამოხსენით წითელი დროშა რევოლიუციისა, არ გაქვთ უფლება თქვათ, რომ დგეხართ რევოლიუციის ნიადაგზე. მაშასადამე აი, აქ არის მთავარი მიზეზი იმის, რომ გჭირდებათ პროპაგანდისტები. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ამ იდეურ კულტურულ საქმისა, მაგრამ ორ რამეს მოგკითხავთ.
პირველი: მოგკითხავთ, რომ უმცირესობის ფრაქცია თქვენ არ მოაქციოთ პროპაგანდისტის როლში. (ხმა: ვერც შესძლებენ!) ვერ შეძლებენ, მაგრამ ცდა, სურვილიც მიუღებული და უარსაყოფი არის.
მეორე: იმას ბატონებო, რომ ყოველ ფრაქციას მაშასადამე ჰქონდეს უფლება, რომ თუ ამას საჭიროება მოითხოვს ისე გააშუქოს საკითხი, როგორც აშუქებს ამას ესა თუ ის ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში. თქვენ გამოხვალთ და იტყვით... (კ. ნინიძე: არ ვიტყვით!)... ძალიან კარგი, თუ არ იტყვით, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი გაქვთ. თქვენ გვეტყვით, რომ ჩვენ მოუწოდებთ ხალხს აჯანყებისაკენ. ამიტომ მე მინდა განვაცხადო, თავიდან ავიშორო თქვენი დემაგოგიური გამოსვლები, მინდა განვაცხადო თქვენ საყურადღებოდ, რომ ჩვენ არ შეგვიძლიან ყველა თქვენი დადგენილება და დებულება დავიცვათ და თქვენი ქება-დიდება ვიკითხოთ. ეს ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აჯანყებისკენ მოუწოდებთ ვისმეს. ჩვენ თქვენთან გვაერთებს ორი რამ: დამოუკიდებლობა ჩვენი რესპუბლიკისა და რესპუბლიკანური წეს-ბრძოლა. ეს ყველას გვაერთებს, ჩვენ გვრწამს პარლამენტარიზმი და ასე რომ არ იყოს, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით, ქუჩაში ვიქნებოდით... აი, ეს ორი რამ საერთო სავალდებულო არის ჩვენთვის და ამას ჩვენ ყველგან დავიცავთ, ეს უნდა მოგვთხოვოთ და ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ. მაგრამ თუ თქვენ მოგვთხოვთ ქება-დიდება შევასხათ ყველა იმას, რასაც აკეთებთ... (ხმა: არ გვჭირდება!) თუ არ გჭირდებათ, ბატონებო, რათ უარყავით ელემენტარული მოთხოვნილება, რომ პატარა ფრაქციას მიეცეს უფლება, რომ თავის აზრი, რასაც ლაპარაკობს დამფუძნებელ კრებაში, აგრეთვე სხვაგანაც სთქვას. მე მგონია, ეს თქვენ უნდა მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულნი ვიქნებით, ხმა არ მივცეთ.
(მუხრან ხოჭოლავა: მიღებულ კანონს დავიცავთ თუ არა!) ჩვენ წინააღმდეგი ვართ თქვენი კანონისა, მაგრამ ეს კანონი არის მიღებული და რადგანც სახელმწიფოებრივ ნიადაგზე ვდგევართ, ვართ დემოკრატები, ამიტომ ეს ყველა ვიდრე არ შეცვლილა დემოკრატიული გზით, სავალდებულო არის ჩვენთვის.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კიკვაძეს.
თევდორე კიკვაძე. (ს.-დ.) ბ-ბო! ერთი ანდაზა ამბობს, „მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმებოდაო“. შენგელაიას ასე მოსდის ყოველ კანონ-პროექტის განხილვის დროს. ის იხსენიებს თავის ფრაქციას, მას უნდა როგორმე საზოგადოების ხარჯზე გაამაგროს თავისი ფრაქცია და შექმნას თავისთვის ისეთი მომავალი, რომ შემდეგ, პარლამენტში იყოს მათი წარმომადგენელი. თორემ ეს უბრალო, სამართლიანი და კანონიერი იდეა საპროპაგანდო კომისიის დაარსებისა არ უნდა შეელახა მას. მან ისიც ინება, თითქოს საპროპაგანდო კომისიის იდეა დამფ. კრებაში ისმებოდა მაშინ, როდესაც ბოლშევიკური გამოსვლები იყო მოწყობილი. მას არ უნდა ავიწყდებოდეს ჭეშმარიტი დებულება, რომ როდესაც დეპუტატი შორდება თავის ამრჩეველს, ის ვერ დგას თავის სიმაღლეზე. ყველა პარლამენტი თავის ნამოქმედარს უნდა აცნობებდეს თავის ამომრჩევლებს. დღემდე ამას ვერ ვაკეთებდით, ეს ნაკლი იყო ჩვენი. დღეს კი ეს შევქმენით, დეპუტატს უნდა მივსცეთ საშვალება, რომ ღირსეულად შეასრულოს თავისი მოვალეობა. იაროს სოფლად და ქალაქად და რასაც აკეთებს დამფუძნებელი კრება, განუმარტოს და განუშუქოს ხალხს, რომ ამ კანონს აღსრულება უნდა. არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი პარლამენტი, რომ მისი ხარჯით სწარმოებდეს პარტიული პროპაგანდა. ეს იქნებოდა სასაცილო, რომ მან გაილაშქროს ჩვენივე კანონის წინააღმდეგ, ეს იქნებოდა დასაკლავი დანის გალესვა. მე, რომ უცხო ვინმე ვიყო და გამეგონა აზრი შენგელაიასი, ძალიან გამიკვირდებოდა ისეთი აზრი, რომ საკანონმდებლო დაწესებულებამ, როგორც ასეთმა, მისცეს ფული ამა თუ იმ ფრაქციას, რომ თავისი საკუთარი, პარტიული და ფრაქციული საქმე აკეთოს. დამფუძნებელ კრების ხმა მიყრუებულ კუთხეში განსაკუთრებულ სიშორის გამო ვერ მიდის. იმიტომ, რომ ჩვენი დემოკრატია არ სდგას განათლების იმ დონეზე, რომ გაზეთებით, სამკითხველოებით მოფენილი იყოს ყველა სოფელი და ის ამას ანგარიშს უწევდეს. ჩვენთვის უაღრესად საჭიროა და მიუცილებელია დეპუტატი დრო გამოშვებით დადიოდეს სოფლად და ქალაქად და ბაასით აცნობდეს თავიანთ ამომრჩევლებს, თუ რაც გავაკეთეთ აქ, და როგორ უნდა მოიქცეს ის ამ კანონის დასაცავათ. თუ თითეულ პარტიას ამისთვის მივსცემთ ფულს, სოც.-რევ. იქნება ის თუ ნაც.-დემოკრატი, რომ მით აწარმოვონ აგიტაცია ჩვენ წინააღმდეგ, ეს იქნება არა-ნორმალური მოვლენა. ჩვენ ვართ სახელმწიფოს კანონმდებელი დაწესებულება. ჩვენ ვართ წარმომადგენელი, არა რომელიმე პარტიისა, არამედ მთელი ერისა. ჩვენ სოფელში მივდივართ არა როგორც პარტიის კაცი, არამედ, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი, მიუხედავათ პარტიისა. ვაგნებინებთ მოქალაქეთ იმას, რაც ჩვენ მივიღეთ და ვურჩევთ ეს მიღებული კანონი უკრიტიკოთ მიიღონ. თქვენ კი გინდათ, ჩვენი მიღებული კანონი შეაძულოთ, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ეს არის აგიტაცია კანონების წინააღმდეგ მიმართული. ასეთი შეხედულება არ შეიძლება მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ და უარყოფილი იქნება. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის არ არის საკმაო ერთი მილიონი. თუ ჩვენ გვინდა საპროპაგანდო მუშაობამ კვალი გაავლოს ცხოვრებას, განამტკიცოს ის კანონები, რომელიც აქ არის მიღებული, ჩვენ უნდა მივსცეთ საშვალება, რამდენიც შეიძლება დეპუტატი მიდიოდეს სოფლად და ქალაქად თავის ამომრჩეველთან და ამისთვის კი საჭიროა ზედმეტი ხარჯი. ერთი მილიონი მანეთი მარტო ქაღალდის ფასად არ ეყოფა მაშინ, როდესაც მთავრობის ქაღალდი ფასობს 600 მან. ფუთი, ხოლო ბაზარზე კი 1.200. 2000 მან. იყიდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროპაგანდის იდეა მარტო ქაღალდზე არ დარჩეს, რომ მან განხორციელება ჰპოვოს, ამისთვის კი ერთი მილიონი მანეთი სრულებით არ არის საკმარისი. მე ვამბობ, რომ ამ პროპაგანდის საჭიროებისათვის ჯერ-ჯერობით აუცილებლად უნდა გადაიდოს ორი მილიონი მანეთი.
თავმჯდომარე. ბ-ნი ვეშაპელი.
გრიგოლ ვეშაპელი (ნაციონალისტი). ბატონებო! მე სიტყვა ვითხოვეერთი მილიონი მანეთის შესახებ და ლაპარაკს ამაზე ვაპირებდი, მაგრამ, როგორც წინად მოლაპარაკე ორატორის სიტყვიდან გამოირკვა, სოც.-დემოკრატიულ ფრაქციას შესწორება შემოაქვს, რომ ერთი მილიონის ნაცვლად გადაიდოს საპროპაგანდოთ ორი მილიონი მანეთი. ამიტომ ახლა უნდა ვილაპარაკო მეტი, - ორი მილიონი მანეთის შესახებ.
ბატონებო, მე სრულებით ვეთანხმები სოც.-რევოლიუციონერთა წარმომადგენელს იმაში, რომ საჭიროა პროპაგანდის გაწევა ხალხში არა სიტყვით, არამედ საქმიანობით. მხოლოდ ესერების წარმომადგენელმა გარკვევით ვერ სთქვა, თუ რაში უნდა გამოიხატოს ეს საქმიანობა. ამიტომ მე მინდა ამ საქმიანობის ფრჩხილები გავხსნა და კონკრეტიულად ვილაპარაკო იმაზე, თუ რა საქმიანობა არის საჭირო.
პირველი საქმეა: ხალხის უზრუნველყოფა არსების პურით; მთავარი საპროპაგანდო საქმის გაკეთებაა - ხალხის პურით გაძღობა. ეს ისეთი საქმეა, ურომლისოდ სიტყვიერი პროპაგანდაც შეუძლებელია. საერთოდ ცნობილია, რომ საქმის გასაკეთებლად უკეთესია ადამიანთან მისვლა ნასადილევს, როცა კაცი გამაძღარია; თუ ხალხიც არ არის მაძღარი, ისე პროპაგანდას თავის-თავად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მოგეხსენებათ სამღვთო სჯულიდან, რომ თვით ქრისტე მაშინ იცნო და იწამა ხალხმა, როდესაც მან ხალხი პურით გააძღო.
ამ ჟამად ხალხში ძალიან შიმშილობაა, ასეთ პირობებში მე ძნელად წარმომიდგენია გამოვიდეს ხალხის წინაშე დეპუტატი და ელაპარაკოს, რომ ესა და ეს გამიკეთეო.
შემდეგ, ხალხს სჭირია ტანისამოსი, ცოდნა.
უნდა ავღნიშნო, რომ თუმცა განათლების მინისტრი ბევრს ლაპარაკობს განათლების გავრცელებაზე, მაგრამ ცოდნის საქმეში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თვით სკოლები ყველგან გახსნილი არ არის, სადაც გახსნილია, იქაც სწავლა ნორმალურად არ მიმდინარეობს, რადგანაც ბევრგან შუშები ყველა ჩამტვრეულია და გამკეთებელი არავინ არის. (ს. მაჭავარიანი: საიდან გაიგეთ ეს?) მე თვითონ ვნახე ეს; და მგონია, რომ ყოველი დეპუტატი დაკავშირებულია რომელიმე სოფელს და სამშობლოში ჩასასვლელად კი მილიონები საჭირო არ უნდა იყოს.
გარდა ამისა, საჭიროა სოფლად სამეურნეო, ტეხნიკური ცოდნის გავრცელება, ხალხისათვის რჩევა-დარიგების მიცემა. მიწათმოქმედების სამინისტროს ტეხნიკა არ არის ისე მოწყობილი, რომ სოფლის მეურნეს ინსტრუქტორების საშუალებით სათანადო სამეურნეო ცოდნით დახმარება აღმოუჩინოს. დღევანდელ გაჭივრებულ პირობებში, როდესაც ხალხი თვითონ ინსტიქტიურად თავისით აწყობს ქსოვას, მას საჭირო რჩევა-დარიგება არა აქვს. მან არ იცის, როგორ და საიდან მიიღოს შესაფერი სამუშაო იარაღი, მანქანა. თუმც ქ. ტფილისში არსებობს შინა-მრეწველობის განყოფილება, მაგრამ სოფლად (მაგალითად, ზემო-იმერეთში) მის არსებობას არავინ გრძნობს.
გარდა ამისა, სოფლის ხალხს აქვს ბევრი საქმეები და საკითხები, რომლის შესახებ პასუხის მიმცემი არავინაა. ასეთი პირობების გამო სოფლის ხალხი თვითონ ჩამოდის ქალაქში და თან აქვს შუამდგომლობა დაწერილი რამოდენიმე „კოპიოთი“, ერთი მინისტრს უნდა მისცეს, მეორე პარტიულ კომიტეტს, მესამე დამფუძნებელ კრებას.
თქვენ იცით, თუ რა ბედი მოელის ასეთ შუამდგომლობას; თუ გავლენიანი დეპუტატი არ მიიყვანს მინისტრთან, ის არც კი წაიკითხავს მის შუამდგომლობას. თვით მინისტრის ნახვა ძალიან ძნელი არის. ისეთი ბიუროკრატიზმია გამეფებული, რომ... (ხმები: ეს არაა მართალი!) ორი კვირა დასჭირდება ჩამოსულ პირს ცდა და მერე იქნებ ეღირსოს მინისტრის ნახვას. თუ რომელიმე დეპუტატი წაიყვანა, რასაკვირველია, რიგს გარეშე - «внђочереди» შეუშვებენ:
საერთოდ, ნამესტნიკის ნახვა უფრო ადვილი იყო ვიდრე დღეს მინისტრის. (ხმა: ეს არ არის მართალი!) მობრძანდით, ბატონებო, სამინისტროებში და თქვენ ამაში ღრმათ დარწმუნდებით.
გარდა ამისა, თქვენ ბევრ კანონებს სწერთ, მაგრამ ისინი ისე არ სრულდება, როგორც იქ სწერია. მე არ ვლაპარაკობ ისეთ სადემონსტრაციო რამეებზე, როგორიც იყო ტელეფონის ქსელის გაკეთება და სხვა. (დღეს მთელი საქართველო ტელეფონებით თითქმის მოფენილია, მაგრამ ხალხისთვის ეს ტელეფონები ისე საჭირო აღარ არის, როგორც სხვა საგნები. მშიერ ხალხს სად აქვს ტელეფონით ლაპარაკის თავი?!
მე ვლაპარაკობ სხვა უფრო არსებით კანონების შეუსრულობლობაზე.
აქ ლაპარაკობდენ ხალხთან კავშირის დაჭერაზე, თითეული დეპუტატი, მე მგონია, თუ სხვა მხრივ არა, პოლიტიკურად მაინც დაკავშირებულია რომელიმე მხარესთან და ამიტომ შექმნა დამფუძნებელი კრების წევრებისაგან ერთგვარ პროფესიონალურ პროპაგანდისტების კადრისა, რომელიც დღეს აფხაზეთშია, ხვალ სხვა მხარეს მოედება, ვფიქრობ, რომ არ არის მიზანშეწონილი და სასურველი; ამისათვის სრულიად საკმარისი იყო ისეთი წესების შემოღება, როგორიც არის გერმანიაში. იქ დეპუტატებს უფასოთ შეუძლიან იმოგზაურონ რკინის გზაზე და ამ რიგათ დაუკავშირდენ თავიანთ ამომრჩევლებს. ამიტომ, საჭიროა შემოვიღოთ რკინის გზით დეპუტატის მიერ უფასოთ სარგებლობა. მთავარი ხარჯი, ეს რკინის გზის ხარჯია. (ლ. ნათაძე არ არის მართალი: სოფლიდან სოფელში გადასასვლელათ დიდი ხარჯია საჭირო!) მართლია ჩვენი ქვეყანა ისე არ არის რკინის გზებით მოფენილი, როგორც გერმანია, მაგრამ უმთავრესი ხარჯი მაინც რკინის გზაზე მოსდის.
მაგრამ, როცა მე ვამბობ, რომ ეს დეკრეტი არ იქნას მიღებულიო, ამას ისე ვლაპარაკობ, თორემ თავისთავად ცხადია, რომ თუ უმრავლესობის ფრაქციას სურს, მაშინ, მორჩა, და კანონი მიღებულათ უნდა ჩაითვალოს; მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ორი მილიონი მანეთის გადადება ამ საქმისთვის არ არის საჭირო, მხოლოდ საჭიროა რკინის გზით სარგებლობა შეეძლოს დეპუტატს უფასოდ.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ-ნ ღლონტს ეკუთვნის.
თ. ღლონტი (ს.-ფ.) ჩემთვის ძალიან გასაგები იყო ბ. გრ. ვეშაპელის სიტყვა, - მას არ მიაჩნია საჭიროდ საპროპაგანდო კომისიის მუშაობა. მას არ მიაჩნია საჭიროდ, რომ პარლამენტარიზმი ისე განმტკიცდეს, რომ პარლამენტსა და ხალხს შორის მჭიდრო კავშირი იყოს. (სპ. კედია: საიდან კაცო!) რა საჭირო არის დეპუტატი წავიდეს პროვინციაში, (გრ. ვეშაპელი: როდის ვსთქვი, კაცო!) ხალხმა თვითონ იცის, რა უნდა, რა აინტერესებს მასო და ამისთვის დამფუძნებელი კრების წევრის გაგზავნა იქ საჭირო არ არისო.
ამას აქვს ორმხრივი აზრი: ის, რომ პარლამენტარიზმის განმტკიცება არ შედის მათ პოლიტიკურ აზრში და სისტემაში. ლოღიკურად, რომ განავითაროთ, ეს ნიშნავს პარლამენტარიზმის უარყოფას, იმ მუშაობის უარყოფას, რომელიც უნდა განავითაროს დამფუძნებელმა კრებამ. საერთოდ, არა-პარლამენტარისტებს არ აინტერესებთ მჭიდრო კავშირის გაბმა ხალხთან.
ბ-ნი თ. კიკვაძე ბრძანებს, რომ ჩვენ ვართ დამფუძნებელი კრების წევრი, ერის წარმომადგენლები, რომ დამფუძნებელი კრება არ არის პარტიის პოლიტიკის მატარებელი, არამედ არის ერის, სახელმწიფოს პოლიტიკის მატარებელი, რომ საჭირო არის ხალხს გაეცნოს ის დადგენილებები, დეკრეტი, რომლებიც მიღებული არის დამფუძნებელ კრებაშიო. ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა. ამიტომ პირველი მოთხოვნილება დამფუძნებელი კრებისა არის წავიდეს ხალხში, ყოველი დეპუტატის მოვალეობა არის დაადგეს ამ სახელმწიფო პოლიტიკის გზას და ეს აზრი გაატაროს თავის მუშაობაში და ხალხსაც შეათვისებინოს იგიო. ამაზე უფრო გულუბრყვილო, მე არ ვიცი, როგორ ვსთქვა, ამაზე უფრო მეტი გამარტივება საკითხისა, მართლა ნიშნავს პარლამენტარიზმის ბუნების უარყოფას. რა იქნება ჩვენი პარლამენტარიზმი, როდესაც აქ დიდ საკითხებს ვღებულობთ. აი, მაგალითად, მიწის საკითხის გარშემო ჩვენ გვაქვს დიდი ბრძოლა, ჩვენ უარვყოფთ თქვენ პოლიტიკას და როდესაც თქვენ თითების საშუალებით გადასწყვეტთ ამ საკითხს, მე უნდა წავიდე სოფელში და დავიცვა თქვენი აზრი ისე, როგორც საჭიროა თქვენი პარტიულ ინტერესებისათვის? როდესაც ჩვენ მივდივართ ხალხში და ჩვენ პოზიციას უმარტავთ, - ეს ჩვენ მიგვაჩნია სახელმწიფოს საქმედ. (რეპლიკა ადგილიდან: სახელმწიფო ფულით?) არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გთხოვთ, რომ ის წავიდეს და სახელმწიფო ფულით თავის პარტიული საქმე აკეთოს. თქვენ მიგაჩნიათ თქვენი პოლიტიკა და აზრი სახელმწიფოებრივ პოლიტიკად, ნება მოგვეცით ჩვენი აზრი და დებულებები სახელმწიფოებრივ პოლიტიკათ მივიჩნიოთ. მე ვამბობ, რომ, როდესაც მე წავალ პროპაგანდის გასაწევად, მე ამით სახელმწიფო საქმეს გავაკეთებ. (რეპლიკა: არის საერთო საკითხები!) დიახ, არის, რასაკვირველია, საერთო საკითხები (ხმა: დამოუკიდებლობა!) დიახ, დამოუკიდებლობა, წარმომადგენლობითი სისტემა, პარლამენტარიზმი. ამ საკითხებში ჩვენ ერთად ვიქნებით, მაგრამ გარდა ამისა, როცა თქვენ მიხვალთ სოფელში და დამოუკიდებლობაზე დაიწყებთ ლაპარაკს, რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ მივა პროპაგანდისტი სოფელში და გამართავს სჯა-ბაასს დიდ პოლიტიკურ საკითხებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ადგეს კრებაზე ჩვეულებრივი მოქალაქე და მოგცეთ მთელი რიგი საკითხებისა დამოუკიდებლობის შესახებ. და თქვენც უნდა გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ბრძოლა გაცხოველდება. ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ჩვენ გვიყენებენ პოლიტიკურ საკითხებს, მაშინ ჩვენ იძულებული ვართ გამოვამჟღავნოთ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებანი. (თევზაია: ეს ჩვენც გვესმის!) თქვენ ეს გესმით, ბ-ნო თევზაია, მაგრამ თქვენ ფრაქციას ეს არ ესმის. ამ საპროპაგანდო კომისიაში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ პირობით, თუ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს ექნება საშუალება ილაპარაკონ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებზე ისე, როგორც ისინი ლაპარაკობენ დამფუძნებელ კრებაში, - თუ საერთოდ დაცული იქნება ბონ ტონ. ეს არის დავა დამფუძნებელი კრების ღირსების შესახებ. (ხოჭოლავა: ხომ უნდა გამოცემულ კანონს გატარება ცხოვრებაში?) დიახ, უნდა გატარება, ბ-ნო მუხრან. მაგრამ მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, რომ მიეღო ასეთი დეკრეტი, სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია გავიდოდა თუ არა ხალხში მის მიერ მიღებულ კანონების დასაცველად და განსამარტავად? (რეპლიკა: ის რუსეთი იყო!) რუსეთში კი არა სხვა უფრო დემოკრატიულ ქვეყნებშიაც ასეა: სოციალისტურ პარტიებს ასეთ კომისიებში არ მიუღიათ მონაწილეობა. მაგალითად, ინგლისის თემთა პალატაში სოციალისტები პარლამენტს არ ანგრევენ, მაგრამ არც მისგან მიღებულ კანონებს ანხორციელებენ და ატარებენ ცხოვრებაში. ჩვენ თქვენ ნაბიჯებს არ დავანგრევთ (ხოჭოლავა: ჩვენი დახმარებით ხომ არ გინდათ დაანგრიოთ?) თქვენ თუ გგონიათ, რომ დამფუძნებელი კრება არის სოციალ-დემოკრატიული, ძალიან სცდებით; ეს სახელმწიფოებრი ორგანოა, აქ ყველა სახელმწიფოებრივი ჯგუფებია წარმოდგენილი და აქ ყველა ფრაქციას ისეთივე უფლება აქვს, როგორც თქვენ ფრაქციას. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ სახელმწიფო ხაზინა არ არის სოციალ-დემოკრატიული ხაზინა და ეს უნდა გაიგოთ და იქიდან რისამე დახარჯვა უმიზნოთ ყოვლად შეუძლებელია.
თავმჯდომარე. გთხოვთ რეპლიკებს თავი დაანებოთ და საკითხზე ილაპარაკოთ.
თ. ღლონტი. აქ უფრო ლოიალურათ მიუდგა საკითხს თვით მომხსენებელი. მან განაცხადა, - ჩვენ გვინდა ამ მუშაობას ექნეს წმინდა სახელმწიფოებრივი ხასიათი - განემარტოს ხალხს დამფუძნებელი კრების მნიშვნელობა და მისი მუშაობა, გარდა ამისა საპროპაგანდო კომისიის მიერ გაგზავნილი წარმომადგენელი მიაქცევს ყურადღებას რა ხდება სოფლად, შეკრებს ცნობებსა და მასალებს ადგილობრივად და გადასცემს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს სათანადო ზომების მისაღებად, რომ ის სიდუხჭირე, რომელსაც დღეს დღეობით ადგილი აქვს ჩვენ სოფლად შენელებულ მაინც იქნეს. ამას აქვს აზრი და მიზანი და ამ მუშაობაში და მოღვაწეობაში ჩვენც დაგეხმარებით და მოგეშველებით. მაგრამ ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მიზნისთვის ცალკე საპროპაგანდო კომისიის დაარსება არც ისე საჭირო არის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს სხვა და სხვა კომისიები, აგრეთვე მცირე კომისიები, რომელთა მოვალეობას შეადგენს პროვინციაში სიარული და ცნობების შეკრება, და თუ მცირე კომისიის წევრები ვერ დადიან და ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას, თქვენ უნდა დაავალოთ და მაშინ ბევრათ უფრო გაკეთდება საქმე, ვინემ ამ გვარი საშვალებით. ამ გვარათ, თვითონ დებულება, რომ საპროპაგანდო კომისიის მოვალეობას შეადგენს მასალების ცნობების შეკრება, არ ამართლებს ხსენებულ დეკრეტს და არც არის მისი ლეიტ-მოტივი. არის მცირე კომისიები, მათი მოვალეობა არის სწორეთ ასეთი ცნობებისა და მასალების შეკრება პრეზიდიუმში წარმოსადგენად. გარდა ამისა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენში არსებობს მრავალგვარი საარჩევნო დაწესებულება, არსებობს ერობების არჩევნები. ქალაქების, წვრილი ერთეულების და სხვა მრავალი. ეს არჩევნები ხდება პროვინციაში; როგორ გინდათ თქვენ ასეთ დროს გამოყოთ საპროპაგანდო კომისია და დააყენოთ იგი ამ არჩევნების გარეშე. როგორ გინდათ თქვენ, იმუშაოს საპროპაგანდო კომისიამ და ამავე დროს არ შეეხოს პოლიტიკურ საკითხებს მაშინ, როდესაც დიდი პოლიტიკური ბრძოლა არის გამართული პროვინციაში ამ არჩევნების გარშემო. (რეპლიკა: არ წავა მაშინ) არ წავა? აი, ბატონებო, დიდი დეფექტი იმ დეკრეტისა, რომლის მიღებაც თქვენ გინდათ ეხლა დამფუძნებელი კრების მიერ, როგორ შეიძლება არ წავიდეს კომისია მაშინ, როცა ამ არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი პარტიები, რომლებიც უარყოფენ სახელმწიფოებრივ იდეიას, ჩვენ დამოუკიდებლობას, დამფუძნებელ კრებას და ყველაფერს ჩვენსას? საპროპაგანდო კომისიის მოვალეობა უნდა იყვეს წავიდეს პროვინციაში და ებრძოლოს ასეთ აგიტაციას. ამ საპროპაგანდო კომისიას აკისრებთ თქვენ განსაკუთრებულ მოვალეობას, მაგრამ გარწმუნებთ, ის ვერ შეასრულებს მას თუ არ იქნება შეცვლილი მისი მოქმედების ფარგლები. მაგრამ ამ დეკრეტს აქვს კიდევ მეორე მხარე - წმინდა პოლიტიკური. ეს არის პოლიტიკურათ გამოფხიზლება მასისა და იქ პოლიტიკური შეგნების შეტანა. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვერ დაუახლოვდებით სწორეთ ამ მასას, თუ ეს პოლიტიკური ბრძოლა არ გადავიტანეთ ხალხში. ამიტომ საჭიროა ეს ბრძოლა გადავიტანოთ თვით ხალხში. გავმართოთ იქ სჯა-ბაასი და ხალხის წინაშე მოვაწყოთ თავისუფალი პოლიტიკური ბრძოლა. და ყოველ ფრაქციას უნდა ჰქონდეს საშვალება ილაპარაკოს ის, რასაც მას მისი სინიდისი ავალებს. აი, როდესაც თავისუფალი ბრძოლა იქნება, სწორედ ეს დააკმაყოფილებს ხალხის ბუნებრივ მოთხოვნილებას, ვინაიდან თვითონ ხალხს სწყურია ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. აი, მხოლოდ მაშინ შეიცვლება მდგომარეობა და ხალსის პოლიტიკური გამოფხიზლებაც დაიწყება. მხოლოდ თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, თუ ჩვენ ხალხში არ გავალთ და თავისუფალ ბრძოლას არ გავმართავთ. ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმ მიზეზს, რომლის წყალობითაც სხვა პარტიებს, ჩვენ მტრებს საშვალება ეძლევათ შევიდენ ხალხში და თავისი მიზნებისა და მოქმედების ფართე გზა გაიხსნან. ჩვენმა საპროპაგანდო კომისიის მუშაობამ სწორედ ამ მხრივ უნდა დააკმაყოფილოს ხალხი, მაგრამ თუ ამას შევზღუდავთ და შევბოჭავთ დამფუძნებელ კრების არტახებით, მაშინ მე გეკითხებით ჩვენ რესპუბლიკაში ბოლშევიკების გამოსვლას მეტი ადგილი ექნება თუ არა? მე გარწმუნებთ, რომ მეტი ადგილი ექნება. ამიტომ თუ თქვენ გინდათ ხალხში შეიტანოთ შეგნება და გამოფხიზლება, მაშინ ამ მუშაობას საპროპაგანდო კომისიისას უნდა მივცეთ პოლიტიკური ხასიათი. ეს აუცილებელი პირობა არის საპროპაგანდო კომისიის გონივრული მუშაობისათვის. უნდა ვიზრუნოთ, რომ ხალხსა და დამფუძნებელ კრების შორის იყოს მჭიდრო კავშირი გამბული. ეს კავშირი უნდა იყოს ბუნებრივი თუ გინდ რეფერედუმის საშვალებითაც.
ასეთია პოლიტიკური როლი, ასეთი ორგანო შექმნის ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ორგანიულად დამფუძნებელ კრებას დააკავშირებს ხალხთან. საერთოდ, როცა ასეთი ორგანო შეიქმნება, მაშინ არ დაგვჭირდება საპროპაგანდო კომისია და ორი მილიონი მანეთი. ბოლოს უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არ გვინდა დამფუძნებელ კრების ფულებით, როგორც კიკვაძემ აღიარა, წავიდეთ და ჩვენი პარტიული საქმე გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ფულს, წავალთ და ჩვენ პოლიტიკურ აზრს განვავითარებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ დამფუძნებელ კრების საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ სახელმწიფოს საქმეს იმიტომ, რომ დამფუძნებელ კრებაში ვართ ერთი ორგანიული ერთეული და რადგანაც ეს ასე არის, არავის აქვს უფლება სთქვას, რომ ჩვენ პარტიულ ინტერესებისთვის გამოვიყენებთ. და ლაპარაკი იმაზე, რაც არავის უთქვამს დამფუძნებელ კრებაში, ამის უფლებაც არავის აქვს. ეს უნდა იცოდეს ბ. კიკვაძემ. რაც შეეხება 2 მილიონ მანეთს, რაც ნაკლებს დავხარჯავთ ასეთ კიმისიებზე, ეს მით უკეთესი იქნება ჩვენი ბიუჯეტისათვის და ჩვენი ფულების ღირებულებისათვის. ამაზე ჩვენ სხვა დროს ვილაპარაკებთ, ჩვენ გვრწამს საპროპაგანდო კომისიის მუშაობა, მისი მნიშვნელობა, თუ კი იქნება დაცული პრინციპი თავისუფალი მსჯელობისა თავისი პოლიტიკის დაცვისა, ისე როგორც ეს ესმის დამფუძნებელ კრების ყოველ ფრაქციას.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კედიას.
სპირიდონ კედია (ნ.-დ.) ბატონებო! მე გახლავართ წევრი საპროპაგანდო კომისიისა. ერთ-ერთ სხდომაზე კომისიამ დაადგინა შეემუშავებინა პროგრამა თავისი მუშაობისა და იქ მაშინ მიღებული იყო წესი, რომ საკითხი, პროექტი ფორმალურად გადაწყვეტილი იყვეს შეთანხმების პრინციპის მიხედვით. აი, ამ პრინციპის მიხედვით, კომისიამ თავისი მუშაობისთვის ორი მუხლი შეიმუშავა, რომელიც დავას არც ერთ ფრაქციაში არ გამოიწვევდა, მით უმეტეს, დამფუძნებელ კრებაში. ეს გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა ხალხში და ამავე დროს დემოკრატიულ წესწყობილების განმტკიცება. მესამე მუხლში იქმნა წამოყენებული საკითხი იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს დამფუძნებელი კრების წევრი ხალხში, როდესაც იგი შეეხება კანონს და საზოგადოდ მიმდინარე პოლიტიკას. ამ საკითხის გარჩევის დროს შეუძლებელი შეიქნა რაიმე ერთი გადაწყვეტილების მიღება. და მე მგონია, აქ არის სწორედ მთავარი სიძნელე. ვიდრე ეს საკითხი არ გადაიჭრება, რაიმე თანხის გამოთხოვა და მიღება და ამ საპროპაგანდო კომისიის არსებობა, როგორც აუცილებელი, ნამეტანი აჩქარებითი იქნება და შეიძლება ნაადრევიც იყვეს. ამიტომ მოვითხოვდი იმას, რომ ვიდრე მესამე მუხლს იგივე კომისია არ გადასწყვეტდა შეთანხმების პრინციპზე, მანამდის ჩვენ ნუ გამოვიტანთ ნურავითარ თანხას. მართლაც, პირადად ჩვენთვის შეუძლებელი იქნება, რომ უმრავლესობის ხმით დავავალოთ რომელიმე წევრს დამფუძნებელ კრებისა ხალხში ისე გააშუქოს საკითხი, როგორც, მაგალითად, ეს იყო გადაწყვეტილი, თუ მით უმეტეს ეს მის პარტიის პოლიტიკური შეხედულების წინააღმდეგი იყო. უნდა დავერიდოთ, რომ რაიმე ძალდატანება უმრავლესობისა უმცირესობაზე ასე თუ ისე არ იყოს, რაიმე იძულებითი მის რწმენაში. და აი, თუ საპროპაგანდო კომისია მიაღწევს იმას, რომ ამ მესამე მუხლის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, მაშინ ყოველგვარი სიძნელე აცილებული იქნება, კომისია თავის მუშაობას შეუდგება და მე მგონია კრედიტის გამოთხოვა ჩვენ ყოველთვის შეგვეძლება და ამის წინააღმდეგიც არავინ იქნება. ამიტომ, ბატონებო, საჩქარო არ არის დღეს ამ კრედიტის გამოთხოვნაზე ლაპარაკი. უმთავრესად ამ საკითხის გადაჭრა მე მიმაჩნია საშურად და ჩემი აზრი და წინადადება არის მოვხსნათ ეს დეკრეტი, სანამ საპროპაგანდო კომისია არ შეიმუშავებს ამ მესამე მუხლს და არ მიიღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.
გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) ბ-ო, თქვენ გთხოვთ, როდესაც საპროპაგანდო კომისია დაარსდა, ჩვენი ფრაქცია შემოვიდა წინადადებით და მას თან ახლდა განმარტების ბარათი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საჭირო არის ასეთ კომისიის დაარსება, რომ დავიტოვოთ კავშირი პროვინციასთან, რომ გავაცნოთ ჩვენი მოღვაწეობა ჩვენ ამომრჩევლებს თუ რა გავაკეთეთ და გავფანტოთ ყოველგვარი ცრუ ცნობები, რომელიც სოფელს აღელვებს. აქ გარკვეული იყო პროგრამა და არავინ გამოჩნდა, ვინც წინააღმდეგი იყო საპროპაგანდო კომისიისა. დღეს კი 3-მა ფრაქციამ ილაპარაკა ამ კომისიის დაარსების წინააღმდეგ. და მათ მარცხი მოუვიდათ. თუ ისინი წინააღმდეგი იყვენ კომისიის დაარსებისა, უნდა ელაპარაკნათ წინააღმდეგ მაშინ, როდესაც საკითხი წყდებოდა, ეხლა გვიანაა. ეხლა ირჩევა საკითხი გადაიდოს ამ კომისიის მუშაობისთვის თანხა თუ არა. განმარტებით ბარათში ნათქვამი იყო: დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა, რომელთანაც ეს კომისია დაარსდა, უნდა გამოითხოვოს აქ შესაფერი თანხა. ეს მიღებული იყო, და რაც უდავოა, მას სადავოთ ვერ გავხდით. პრინციპიალური საკითხი - უნდა არსებობდეს ეს კომისია, თუ არა - გადაწყვეტილია. ამაზე ლაპარაკი ზედმეტი და დაგვიანებულია. (ვეშაპელი: лучше поздно, чђмъ никогда). ეს თქვენ მოგივიდათ მარცხად, რადგანაც მაშინ უნდა გელაპარაკნათ ამის შესახებ.
დეპუტატები წავლენ არა პარტიულ აგიტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ გააცნონ ხალხს დამფ. კრების მოვალეობა და მასთან კავშირი იქონიონ. ეს თუ იქნება, მაშინ შევთანხმდებით. მაგრამ აქ სურთ დამფუძნებელი კრების კომისია გამოიყენონ პარტიულ საქმისთვის. ამის წინააღმდეგია ჩვენი ფრაქცია. საჭიროა ხალხს უთხრათ: დამფ. კრებამ მიიღო ეს კანონი. ამ კანონის შესახებ სხვადასხვა აზრი და მიმართულება იყო. ჩვენ არ გვეშინია როგორც ესერების, ისე სოც.-ფედერალისტების დებულების წამოყენებისა და მათ წინააღმდეგ ლაპარაკისა; მაგრამ ეს უნდა იქმნას ისეთ ფარგლებში, რომ არ შეიქნეს ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხდება არჩევნების დროს: კეტის ტრიალი, ხელჩართული ბრძოლა. ეს იქნება უარყოფა იმ მიზნისა, რომელიც დასახული აქვს კომისიას. თუ ჩვენ ხალხს უთხარით, რომ ძალაუნებურათ უნდა მივიღოთ ეს კანონი და ვათრიოთ ეს ახალ არჩევნებამდის, ეს იქნება ნამდვილი აგიტაცია დამფუძნებელი კრების წინააღმდეგ და კრებას არ შეუძლია არც ფორმალური და არსებითათ ასე საკითხის გადაჭრა გაიზიაროს. ეს საკითხი კომისიაში არის დაყენებული და იქ გადაწყდება და ჩვენ გვგონია, ჩვენ იქ შევთანხმდებით. მაგრამ რაც შეეხება ამ ფულის გადადებას - ეს აუცილებელია, ამას წინ არაფერი უდგას, კომისია არსებობს, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, როცა იყო საჭირო გაგვეგზავნა, კიდეც გავგზავნეთ, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როცა ხალხს სურს მოისმინოს თუ რა მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - უნდა მივიდეს დეპუტატები და განუმარტოს მას: რა არის ეს დამოუკიდებლობა და აუხსნას სოფელს უფლება და მოვალეობა ყველა მოქალაქისა და ისიც უნდა აუხსნას, მტერი სად არის. აუხსნას, რომ შუშები, ბ. ვეშაპელო, ნავთლუღში არ კეთდება; თუ ტანისამოსი არ არის, იმიტომ რომ საზღვარ გარეთიდან უნდა მოვიდეს და ამისთვის საჭირო არის ევროპასთან კავშირი და სხვა და სხვა. ეს უნდა უთხრას ყველა ხალხს და რაც შეეხება ბროშურებს და ფურცლებს, ესეც აუცილებელია. აი, ამ საქმისთვის არის საჭირო ეს კომისია და თანხა; მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს პარტიულ სააგიტაციოთ გამოიყენოს ის, მაშინ წინააღმდეგი ვიქნებით. შენგელაია ამბობს, ვითომ ჩვენ გვსურს სააგიტაციოთ გამოვიყენოთ ეს კომისია. ის პოზიცია, რომელიც ამ საკითხში შენგელაიას უკავია, აშკარად გვაჩვენებს, რომ ესერებს სურთ სააგიტაციოთ, პარტიულ მიზნებისათვის გამოიყენონ ეს კომისია, ჩვენ კი ეს არ გვინდა. ღლონტი ამტკიცებს, რომ მას ესმის პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც აუცილებლათ ბრძოლა იქნება გაჩაღებულიო და ამისთვის მოითხოვს ფული გადაიდოს ისეთი ორგანიზაციის შეძენისთვის, რომელიც სოფელში ბრძოლას გამოიწვევს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ისეთი შეუსაბამო აზრია, რომ მასზე კამათი ზედმეტათ მიმაჩნია. წინადადებას ვიძლევით, რომ ეს დეკრეტი მიღებული იქნას.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ურატაძეს.
გრ. ურატაძე. (მომხსენებელი) უნდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა. ის, რაც ითქვა წინა ორატორების მიერ, უნდა ჩაითვალოს ან გაუგებრობის ნაყოფათ, ან ჩადენილ შეცდომათა მონანიებათ. ყოველივე ეს უნდა თქმულიყო მაშინ, როდესაც საპროპაგანდო კომისიას ვირჩევდით. ჩვენ შეგვიძლია განა დავიჯეროთ, რომ ამას მაშინ ხმა მიეცით სრულიათ გაუგებრათ და მერე მოიფიქრეთ, რომ შეცთომა ჩაიდინეთ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა. სრული გაუგებრობა შეუძლებელია, სხვას, რომ თავი დავანებოთ, სასაცილო იქნებოდა - დღეს დეპუტატმა მისცა ხმა ერთს, ხვალ მოვიდა და სთქვა, რომ ეს ხმა უკან უნდა წავიღოო. ეს მოხდა დამფუძნებელ კრებაში 11 ნოემბერს, როდესაც საპროპაგანდო კომისიის მიღებას და მის არჩევნებს ყველა ფრაქციამ ხმა მისცა, და თავისი წარმომადგენელებიც დაასახელა წევრებათ. (ი. გობეჩია: ასე გვესმოდა მაშინ!) დიახ, ასე გესმოდათ და ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ თქვენ ასევე შეგრჩენოდათ ბოლომდი, მაგრამ ახლა კი სხვანაირათ გესმით. ჩვენ ვფიქრობთ, როდესაც ვინმე იზიარებს იდეას რომელიმე კომისიისას, ან ორგანიზაციისას და გზავნის იქ წარმომადგენელს, ამით თვით კისრულობს პასუხის მგებლობას. (ხმა: მართალია!) და თუ ამას იზიარებთ - უეჭველია, ყველა ის, რაც აქ ითქვა ამ საკითხის შესახებ, უნდა ჩაითვალოს სრულ გაუგებრობათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დამფუძნებელი კრება ამას დაადასტურებს ისე, როგორც ეს იყო წარმოდგენილი კომისიის მიერ. არ არის მისაღები აგრეთვე ბ. სპირიდონ კედიას წინადადება. ჩვენ გავიზიარებდით ბ. კედიას წინადადებას და გავიზიარებდით დიდი სიამოვნებით, რომ ის მიაღწევდეს დანიშნულებას; მაგრამ ეს არ მოხდება. შეუძლებელია ახლა, ასე ერთბაშათ, მოხდეს ასეთი საერთო შეთანხმება; ამისათვის კომისიამ ბევრი ილაპარაკა, მაგრამ დღემდი ვერაფერი გააკეთა და თუ ორი კვირის განმავლობაში კომისიამ ვერაფერი გააკეთა ამ მხრივ, და ვერ მოახდინა შეთანხმება - რა საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, ეს საერთო ენა გამოინახოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს წინადადება აგრეთვე მიზან-შეუწონელია და ის მიზანს ვერ მიაღწევს. ბ. ვეშაპელისათვის სრულიათ არ არის საჭირო არავითარი პროგრესი, მისი ფიქრით საჭირო არ არის არც ტელეგრაფი, არც ტელეფონი, არც რკინის გზა, მიმოსვლის გაუმჯობესობა და სხვა. მისი ფიქრით, ჩვენი ხალხისათვის საჭიროა მხოლოდ და მარტო პური. მას სურს ხალხი გააძღოს, რომ მერე წავიდეს და ნახოს ეს გამომძღარი და ჩაცმული ხალხი. მაგრამ მარტო ეს არის საჭირო? თვით ეს საქმეც მართლა ასეთი მარტივი და უბრალო საქმე არის? ჩვენც ვიცით, რომ ჩვენი ხალხისათვის საჭირო არის პური, ტანსაცმელი და სხვ. მაგრამ თქმა იმისა, რომ ამისათვის საჭიროა მხოლოდ რკინის-გზის ბილეთები, მხოლოდ რკინის-გზის ბილეთებია საჭირო, რომ ხალხთან მივიდეთ და მისი ინტერესები დავიცვათ - ეს ჩვენთვის ყოვლათ მიუღებელია, გაუგებარია. შემდეგ, აქ ბ. შენგელაიამ მოგახსენათ, რომ ის, რაც აქ ითქვა, კომისიაშიაც ვთქვითო. უნდა მოგახსენოთ, რომ კომისიაში, როდესაც ამ 2 თვის განმავლობაში სწარმოებდა ეს მუშაობა, ჩვენ, ყველა ფრაქციის წარმომადგენლებმა თითქმის, საერთო ენა მოვნახეთ და არავითარი ამის მსგავსი იქ არ ყოფილა. აი, მოგახსენებთ მე-3 მუხლს: (კითხულობს). თქვენ დამეთანხმებით, არც ერთი კითხვა აქ არ არის არც საერთოდ, სხვა პარტიული და არც სოც.-დემოკრატიული პარტიული კითხვა. ყველა ეს კითხვა - სახელმწიფოებრივი კითხვაა და ჩვენც სწორეთ ვზრუნავდით იმისთვის, რომ გამოგვენახა ისეთი ნიადაგი, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა ფრაქციის შეთანხმება, რომ ყველა ფრაქციას შესძლებოდა ლაპარაკი ამ კითხვების შესახებ, და იქ არავის აღუძრავს ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ესერების, ს.-ფედერალისტების, ერ.-დემოკრატების თუ, სხვათა საკითხათ. დღეს არის სახელმწიფოს შენების ხანა და, თუმცა ვიცით, რომ ამ შენების დროს ჩვენში არსებობენ სხვა და სხვა პარტიები, სხვა და სხვა სოციალისტური თუ არა სოციალისტური ჯგუფები, რომლებიც ერთი მეორეს ებრძვიან, ვიცით, რომ ეს ბრძოლა შეიძლება იყოს დიდი და საერთო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ისიც, რომ ამ საერთო ბრძოლაში არის ისეთი საკითხები, რომლებიც ერთნაირ ღირებულებას წარმოადგენენ ყველა ფრაქციისათვის და ერთნაირად აინტერესებს ყველას.
მაშასადამე, კომისია არ იდგა ფრაქციულ ნიადაგზე, არ იდგა პარტიულ ნიადაგზე. (ხმა მარცხნივ: შემდეგი მუხლი წაიკითხეთ!) შემდეგ, ბ-ბო, მე-5 მუხლი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. (კითხულობს მე-5 მუხლს. გობეჩია: მე-6 მუხლი წაიკითხეთ!) მე-6 მუხლი არ არის, ბატონო. საქმე იმაში არის, რომ ეს მთავარი საკითხი, თუ კი მოინდომებთ, - თქვენ შეგიძლიანთ თქვენი პარტიული თვალსაზრისით გააშუქოთ და წმინდა პარტიული თვალსაზრისით გაიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ სთქვათ, რომ ჩვენ ვიზამთ ასე, ჩვენ ვიტყვით, რომ ყოველივე ის, რაც ჩვენში გაკეთდა, საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვ., - ეს ჩვენი პარტიული პოლიტიკის ნაყოფია, და ეს კი პარტიული სიმდიდრის მოგროვებააო, მაგრამ არც საპროპაგანდო კომისიას, არც ესერებს, არც ს.-ფედერალისტებს, არც ეროვ.-დემოკრატებს და არც სოციალ-დემოკრატებს ამის უფლება არა აქვთ, არ შეუძლიათ ასე მოიქცენ. (ლ. შენგელაია: მე-6 მუხლი წაიკითხეთ!).
თავმჯდომარე. გთხოვთ ხელს ნუ უშლით, დააცალეთ!
ურატაძე. მე-6 მუხლი ეს არის, ბ-ბო, მეტი აქ არაფერი სწერია (კითხულობს) ამრიგად ჩვენ ვამბობთ, რომ არც პარტიული, არც ფრაქციული ხასიათი არ უნდა მიეცეს საპროპაგანდო კომისიის მუშაობას; ჩვენ ვამბობთ, რომ 1-ელ რიგში უნდა იდგეს მაგალითად არა ის, თუ ვინ მოიპოვა დამოუკიდებლობა, არამედ თვით ეს დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევდა ფრაქციათა შეჯახებას და ჩვენ სწორედ ამისი გვეშინოდა. კომისია ფიქრობს, რომ დამფუძნებელ კრებას არა აქვს არც ზნეობრივი და არც იურიდიული უფლება, გაგზავნოს ისეთი დეპუტატი თუ ფრაქცია, რომელიც დაიწყებს ისეთ ბრძოლას, რომელიც არსებითად მიმართული იქნება თვით დამფუძნებელი კრების წინააღმდეგ. ყველა წევრს და ყველა პარტიას აქვს სრული უფლება თავისი იდეა განავითაროს ხალხში და ამისათვის თავისი კაცებიც გზავნოს, აქვს უფლება იმ ფორმაში ჩამოასხას თავისი შეხედულება, როგორც მას უნდა, მაგრამ დამფუძნებელ კრებას, როგორც საერთოდ ყველა პარტიის გამომხატველს არ შეუძლია ჯგუფური ინტერესებით იხელმძღვანელოს, მაგრამ თქვენ კომისიაში ამბობდით: სოც.-დემოკრატებს შეგიძლიათ სთქვათ ასე, რადგან უმრავლესობა ხართო - და რა ვქნათ, ბატონებო, უნდა შეურიგდეთ ერთხელ და სამუდამოთ იმას, რომ სოც.-დემოკრატები უმრავლესობა ვართ დამფუძნებელ კრებაში. (ვეშაპელი: სამუდამოთ?) სამუდამო არაფერია ქვეყანაზე და როდესაც დადგება ისეთი უბედური დღე, რომ ვეშაპელის პარტია იქნება დამფუძნებელ კრებაში უმრავლესობაში - მაშინ, უნდა შევურიგდეთ, იმიტომ, რომ ეს იქნება ფაქტი. ამიტომ, ვფიქრობთ, ის კითხვები, რომელიც კომისიამ განსაზღვრა, არ არის პარტიული, ფრაქციული, არამედ სახელმწიფოებრივი ხასიათის კითხვებია. ამ კითხვების განმარტება ამბობს, რომ პირველ რიგში არ უნდა იქნეს დასმული პარტიული თუ ფრაქციული თავმოყვარეობის საკითხები და არ უნდა დარჩეს ამ პროპაგანდის გარეშე მთავარი საგანი და მთავარი შინაარსი მოხსენებისა, ე. ი. ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და სხვა. შემდეგ აქ არის, ბატონებო, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონების დაცვა და სხვა. აი, ბატონებო, კომისიაში მთელი ორი სხდომა მოვანდომეთ ამას, იმიტომ, რომ ეგრედ წოდებული ოპოზიცია ამბობდა: ჩვენ არ შეგვიძლია დაცვა იმ კანონებისა, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და რომელიც ჩვენს პრინციპებს არ ეთანხმებაო. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ შემთხვევაში პრინციპიალურად ვერ გავიზიარებდით ამას, მაგრამ კომისიის უმრავლესობა დათმობის გზით წავიდა: არ შეგიძლიანთ - არც მოგთხოვთ. მაგრამ ჩვენ მოგთხოვთ, რომ კანონის წინააღმდეგობა მაინც სავალდებულო არ უნდა იყოს თქვენთვის! მაგრამ კომისიაში ლაპარაკის დროს გამოირკვა, რომ ოპოზიციისათვის ესეც მიუღებელია, მას ჰგონია, რომ, როდესაც დამფუძნებელი კრება გზავნის მას სალაპარაკოდ, მას უფლება აქვს ილაპარაკოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონების წინააღმდეგ. (შენგელაია: ეს სიყალბეა!) ბ. შენგელაია აცხადებს, რომ ეს სიყალბეა. ბ. შენგელაია არ ყოფილა კომისიის წევრად, არ დასწრებია კომისიის სხდომებს და ის ამბობს მოჭორილს. ის, ვინაც იქ განაცხადა ეს - იყო ფრაქციის წარმომადგენელი ბ. ი. გობეჩია. ამას დაადასტურებს კომისიის ყველა წევრი. მან სთქვა, რომ ეს სიყალბეა, არ შეესაბამება სიმართლეს, მე კი მგონია, რომ მისი წამოსროლილი სიყალბეზე უყალბესია.
თქვენ მოგეხსენებათ, ბატონებო, რევოლიუციის ხანაში ყოველი კანონის დაცვა და ფორმალური ხასიათის ვალდებულება ასე თუ ისე, შერყეულია მასაში. დიდი დრო, დიდი შრომაა საჭირო, რომ ხალხში განმტკიცდეს იმის შეგნება, რომ რაკი კანონი მიღებული არის - ის მისთვის სავალდებულოა. უნდა აღვნიშნოთ, სამწუხაროდ, ეს შეგნება არ არის ისე მტკიცე ჩვენს ხალხში, რომ შეგვეძლოს ვთქვათ, რომ ყველა კანონს, რომელიც მიღებულია, ხალხი სავალდებულოდ გრძნობს. ამისათვის მუშაობა არის საჭირო. განსაკუთრებით ისინი, რომელნიც მარჯვნივ სხედან და რომელნიც სახელმწიფოებრივ ნიადაგზე დგომას თავის მონოპოლიად აცხადებენ - ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ხალხში განმტკიცდეს შეგნება კანონიერების დაცვისა. ამ მხრივ მუშაობა, ვინც არ უნდა აწარმოოს ის, ესერებმა, ესდეკებმა თუ სხვამ, - უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა სავალდებულო მათთვის. და როდესაც ისინი ამბობენ ამ კანონების დაცვა არ არის სავალდებულო ჩვენთვის იმიტომ, რომ ისინი უმრავლესობამ მიიღოო - მე გეტყვით, შეიძლება თქვენ გახდეთ ოდესმე უმრავლესობა და სხვა უმცირესობა, მაშინ ეს აზრი თქვენთვის მიუღებელი იქნება, ამიტომ, აქაც ლაპარაკია მხოლოდ ფრაქციულ შეგნებაზე, ფრაქციულ თავმოყვარეობაზე და არა სახელმწიფოებრივ შეგნებაზე. (შენგელაია: უკანასკნელი მუხლი წაიკითხეთ!) აი, ეს უკანასკნელი მუხლი გახლავთ. მე-5 წავიკითხე და ახლა მე-6 გახლავთ. ვაკმაყოფილებ თქვენს სურვილს (კითხულობს მე-6 მუხლს) (გობეჩია: უკანასკნელი მუხლი?) ეს არის, ბატონო, უკანასკნელი! საქმე ის არის, რომ შენგელაიას რა ეცოდინება, რა ხდება კომისიაში, როდესაც ამ კომისიის წევრმა, გობეჩიამაც არ იცის ეს. მას ჰგონია, რომ არის კიდევ რაღაც მეტი მუხლი და ეს მეტი მუხლი კი არ გახლავთ. შეიძლება თქვენ გაქვთ რაიმე მეტი მუხლი დამუშავებული, მაგრამ აქ კი არ გახლავთ.
აი, ამიტომ, ბატონებო, არავითარი მოსაზრება, ისეთი, რომელიც უარყოფდეს ამ კომისიის საჭიროებას, არავითარი მოსაზრება, რომელიც უარყოფდეს კომისიის მიერ შემუშავებულ გეგმას, არც ერთ ორატორს აქ წარმოუდგენია გარდა იმ ერთისა, რომ ისინი არ იზიარებენ იმ შეხედულებას, რომელიც ამ კომისიის მუშაობას საფუძვლად უდევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველივე ის, რაც 11 ნოემბერს გაიზიარეს აქ დღევანდელმა ჩვენმა მოწინააღმდეგებმა, რჩება ძალაში და ჩვენი, კომისიის მოთხოვნა არის დამფუძნებელ კრებამაც დაადასტუროს იგი.
თავმჯდომარე. ორი წინადადება გახლავთ შემოტანილი კედიასი და მომხსენებლის. ორივე წინადადებას კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე, მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? თუ ეს წინადადება გავიდა, კედიას წინადადება თავის და თავად მოხსნილათ ჩაითვლება. მიღებულია მუხლობრივ განხილვაზე გადასვლა. (მომხსენებელს) გთხოვთ წაიკითხოთ დეკრეტი.
გრ. ურატაძე. (კითხულობს დეკრეტს).
თავმჯდომარე. შესწორება არის შემოტანილი სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ: ერთი მილიონის მაგივრად ჩაიწეროს ორი მილიონი. (ხმა მარცხ.: - სწერეთ რამდენიც გინდათ!) უმორჩილესად გთხოვთ, თავი დაანებოთ ისეთ რეპლიკებს, რომელიც გამასხარავების ხასიათს აძლევს დამფუძნებელ კრებას. მე ამას არ გაუშვებ, სანამ თავმჯდომარის ადგილზე ვზივარ. ვინ არის შესწორების წინააღმდეგი? შესწორება მიღებულია.
(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თამჯდომარე: გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი დღის წესრიგი.
მდივანი: (კითხულობს წესრიგს).
თავმჯდომარე: პრეზიდიუმის სახელით უნდა განვაცხადო, რომ შემდეგ პარასკევს სხდომა გაიხსნება სრულ 11 ნახევარ საათზე, თუ ქვორუმი არ იქნა სხდომა დაიხურება და გადიდება შემდეგ დღისათვის. სხდომა დახურულია.
სხდომა თავდება 3 ს. და 10 წ.161
![]() |
8 ოთხმოცდამეხუთე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
ოთხმოცდამეხუთე სხდომა
(85)
1920 წ. თებერვლის 6.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არის:
ექვთიმე თაყაიშვილი.
სხდომა იწყება 11 საათზე და 30 წუთზე.
თავმჯდომარე. სრული 12-ის ნახევარი გახლავთ. 39 კაცია, სხდომა არ შესდგა. პრეზიდიუმის სახელით ვაცხადებ, რომ კვლავაც ასე მოვიქცევით, სრულ 12-ის ნახევარზე გავხსნი სხდომას და თუ ქვორუმი არ შესდგა - დავხურავ. გარდა ამისა მოგახსენებთ, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც არ ბრძანდებოდა სხდომაზე, დაჯარიმებული იქნება თანახმად თქვენი დადგენილებისა.
სხდომა იხურება.
![]() |
9 ოთხმოცდამეექვსე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(86)
1920 წელი, თებერვლის 10. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი
1. საბოლოო ტექსტები.
2. კანონ-პროექტი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციისა.
ვ. დეკრეტი სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდების შესაძენად 24 მილიონი მანეთის გადადების შესახებ.
4. პროექტი დადგენილებისა დამოუკიდებლობის ფონდის შექმნის შესახებ.
5. დეკრეტი მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურის გამო მოგზაურობის დროს დღიური სარგოს, საგზაო ფულის ნორმის შეცვლისა.
6. კანონ-პროექტი შინაგან-საქმეთა სამინისტროს საგანგებო მინდობილობის ინჟენერის თანამდებობის დაარსებისა.
7. დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის-გზის პენსიონერთათვის დამატებითი პენსიის დანიშვნისა.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არის
ექვთიმე თაყაიშვილი.
სხდომა იწყება 11 ს. 30 წუთზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს).
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1918 წ. თებერვლის 23-ს დადგენილების შეცვლის დეკრეტისა.
2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა რესპუბლიკის ყველა სამოქალაქო დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.
3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა გზათა უწყების მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების შესახებ.
4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა ბათუმ-ნატანების რკინის-გზის ნაწილის 1919-20 წ.წ. საექსპლოატაციო ხარჯების დასაფარავად 7.167.850 მან. და სახაზინო რკინის-გზის საერთო ხარჯთ-აღრიცხვის დამატება 963.193 მან. გადადებისა.
5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში საპროპაგანდო კომისიის საჭიროებისათვის 2.000.000 მან. გადადებისა.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ.
7. დეკრეტი სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდის შესაძენად 24.000.000 მან. გადადებისა.
8. პროექტი დადგენილებისა დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის საყოველთაო ხელის მოწერის გამოცხადების შესახებ.
9. დეკრეტი მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურის გამო მოგზაურობის დროს დღიური სარგოს და საგზაო ფულის ნორმების შეცვლისა.
10. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილობის ინჟენერის თანამდებობის დაარსებისა.
11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთაღრიცხვისა.
დ ა მ ა ტ ე ბ ა.
12. დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის-გზის პენსიონერთათვის დამატებითი პენსიის დანიშვნისა.
თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს დღიურ წესრიგის შესახებ? ასეთი დღიური წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ გომართელს.
ივანე გომართელი. (კითხულობს დღიურ წესრიგს 1, 2, 3, 4 და 5 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელიც დამფუძნებელ კრების მიერ უცვლელად იქმნა დამტკიცებული).
კანონ-პროექტი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციისა.
თავმჯდომარე. ამ საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს დ. ონიაშვილს.
დავით ონიაშვილი. (ს.-დ.) დამფუძნებელ კრებას მოეხსენება, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს შტატი განხილულია და დამტკიცებული იგი ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წელს 25 ოქტომბერს. ამავე უწყების შტატები, რომელიც ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, არსებითად იგივე არის, რომელიც მიიღო და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, გარდა იმ მცირე ცვლილებებისა, რომელიც თქვენ შემდეგ მოგეხსენებათ. როგორც პარლამენტის დროს, ისე ეხლა საფინანსო უწყება ხელმძღვანელობდა იმ მოსაზრებით, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველოს რესპუბლიკა, ესაჭიროება საერთოდ ისეთი ორგანიზაცია დააწესოს, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება სახელმწიფოს ხაზინას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძველი წესწყობილების დროს კონსტრუქცია ფინანსთა და საერთოდ ყველა უწყებებისა იყო დაახლოვებით ასეთი: ადგილობრივი დაწესებულება ემორჩილებოდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ცენტრალურ კანცელარიას და ამ კანცელარიის საშუალებით თვით საფინანსო სამინისტროს. ამ შტატის ღირსება და დადებითი მხარე იმაში გამოიხატება, რომ ორ საფეხურიანი ორგანიზაცია ისპობა და ადგილობრივი დაწესებულება პირდაპირ და უშუალოდ ემორჩილება ფინანსთა უწყების უმაღლეს წარმომადგენელს ფინანსთა მინისტრს.
ის ცვლილებები, რომლებზედაც მე მოგახსენებთ, შეეხება ორ დარგს: პირველი არის ეგრედწოდებული გადასახადთა და სახელმწიფო ხაზინის სამმართველო. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ ქუთაისის და ტფილისის სახაზინო პალატა, ამ გაუქმებულ დაწესებულებების მაგივრად ჩვენ დავაწესეთ ცენტრალური დაწესებულება ეგრედწოდებული გადასახადების და სახელმწიფო ხაზინის სამმართველო.
ამ გადასახადების და სახელმწიფო ხაზინის სამმართველოს დაეკისრა ორგვარი ფუნქციის შესრულება: ერთი საბიუჯეტო-საფინანსო ხასიათის ფუნქცია და მეორე გადასახადების საქმე. წინად ჩვენ გვეგონა, რომ ეს დაწესებულება გაუძღვებოდა ამ ორ ფუნქციის შესრულებას, მაგრამ ერთი წლის გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, რომ გადასახადების საქმე და აგრეთვე საფინანსო-საბიუჯეტო საქმე ისე გართულდა, რომ დღეს ეს დაწესებულება ვერ ასწრებს ამ საქმეების შესრულებას. გარდა ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ სახაზინო პალატა და ფინანსთა უწყება არსებითად ასრულებს ერთსა და იგივე საქმეს. ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა დავალებული ჰქონდა როგორც სახაზინო პალატას, ისე ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილებას. დღეიდან საბიუჯეტო საქმეები უნდა გამოეყოს სახაზინო პალატას და გადაეცეს სრულიად ფინანსთა სამინისტროს განყოფილებას.
მაშასადამე, ამ სახაზინო პალატის ხელში დარჩება მხოლოდ გადასახადების საქმე და ისიც არა ყველა გადასახადები, არამედ პირდაპირი გადასახადები, არაპირდაპირი გადასახადების საქმე დარჩება აქციზის სამმართველოში. თავისთავად იგულისხმება, რომ ისეთი განყოფილება, როგორიც საკრედიტოა, რჩება ძველებურად. რჩება აგრეთვე მცირე კანცელარია. ამის გარდა არსებობს ორი რევიზორის თანამდებობა - ამ მხრივ ახალი არაფერი შეაქვს სამინისტროს. ეს თანამდებობა არის უკვე ფაქტიურად და ამ რევიზორების მოვალეობას შეადგენს მინისტრის განკარგულებით მოახდინონ რევიზია ადგილობრივ დაწესებულებებში. არის აგრეთვე ბანკის კომისარის თანამდებობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რუსეთის სახელმწიფო ბანკი ჯერ კიდევ არ გაუქმებულა და მაშასადამე საჭიროა ბანკის კომისარის თანამდებობა.
მეორე ცვლილება შეეხება საბაჟო საქმეს. უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდლამდე ტფილისის საბაჟოს უფროსი იმავე დროს მთელი რესპუბლიკის საბაჟოს უფროსი იყო. ეხლა ეს მდგომარეობა შეცვლილია იმ მხრივ, რომ საბაჟო ნაწილს გამოეყო მცირე ნაწილი, ე. ი. მთავარი საბაჟო, რომელსაც დაექვემდებარება მთელი რესპუბლიკის საბაჟოები და მათ შორის ტფილისის საბაჟოც. გარდა ამისა, სამინისტროს ემატება ვაჭრობა-მრეწველობის დარგში განსაკუთრებულ მინდობილობათა სპეციალისტი. ასეთი სპეციალისტი ორი არის: ერთი ვაჭრობის, მეორე მრეწველობის საქმეში. აი, ყველა ის ცვლილებები, რომლებიც შეაქვს ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს.
საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შტატებით ჩვენ არ ვქმნით რეორგანიზაციას, არამედ შეგვაქვს მასში ზოგიერთა მცირე ცვლილებანი.
რაც შეეხება ჯამაგირების საქმეს, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მხრივ შტატები ძალიან სიფრთხილით და ეკონომიით არის შედგენილი. შტატები განხილულია წინასწარ საუწყებათაშორისო კომისიის მიერ და შემდეგ დადასტურებული საბიუჯეტო კომისიის მხრივ.
ამ შტატების დასაკმაყოფილებლად უწყება თხოულობს, რომ სახელმწიფო ხაზინამ გაიღოს 28 მილიონი მანეთი. თანახმად 1919 წლის 30 დეკემბრის დეკრეტისა სახელმწიფო ხაზინიდან უკვე გადებულია ამ მიზნისთვის 17 მილონი, ისე, რომ ფაქტიურად დაგვჭირდება - თუ ეს შტატი მიღებულ იქმნა - ხაზინიდან 10 მილიონი მანეთის გაღება.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. მიღებულია და გადაეცემა სათანადო განკარგულებაში. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.
დეკრეტი სახელმწიფო ქაღალდების დამმზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდების შესაძენად 24.000.000 გადადებისა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.
იოსებ სალაყაია (ს.-დ.) ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო ითხოვს ქაღალდის მასალის შესაძენად, რომელიც საჭირო არის ექსპედიცისათვის, 24 მილიონ მანეთს. როგორც მოხსენებიდან სჩანს, თუ აქედანვე არ იქმნა გადადებული ეს თანხა ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო უკვე მოკლებული იქნება ფულის ნიშნებს. სულ დასჭირდება 3 მილიარდი ფულის მოსაჭრელად 590.000 ფურცელი, რომლის ღირებულება ჩვენი ფულით უდრის 24 მილიონ მანეთს. ეს ფასი გამოანგარიშებულია იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც მიიღო სამინისტრომ იტალიიდგან. ამ თანხით უწყება არ ფიქრობს მარტო ამ მასალის, მარტო ქაღალდის შეძენას. უწყება ფიქრობს, რომ მისთვის საჭიროა მთელი რიგი მასალისა, როგორც არის ზეთი, საღებავი და სხვა. ამ მხრივ, როდესაც უწყება ითხოვს 24 მილიონ მანეთს ექსპედიციისთვის, იგი ითხოვს სხვათა შორის, რომ შეძენილ იყოს ზეთი, საღებავი და სხვა. ეს პროექტი იყო განხილული მთავრობაში და მოწონებული იყო განსაკუთრებით იმ უწყებათა მიერ, რომლებიც ამაში არიან დაინტერესებულნი - კონტროლისა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს მიერ და საფინანსო კომისია ითხოვს, რომ ეს პროექტი მიღებულ იქმნას.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? მსურველი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ.
სალაყაია (კითხულობს მუხლობრივ. დეკრეტი დამტკიცებულ იქმნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
პროექტი დადგენილებისა დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის საყოველთაო ხელისმოწერის გამოცხადების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. თაყაიშვილს.
ექვთიმე თაყაიშვილი. ბატონებო! ჩვენ ნორჩ რესპუბლიკას ორი დიდებული დღე ჰქონდა; ეს ორი დღე აღსანიშნავია ჩვენი რესპუბლიკისათვის. პირველი გახლავთ 26 მაისი 1918 წ., მეორე - 12 იანვარი ამა წლისა. 26 მაისს ჩვენ ვიცანით ჩვენი თავი და ვაღვიარეთ სუვერენობა და დამოუკიდებლობა ჩვენი სახელმწიფოისა. 12 იანვარს ევროპამ გვიცნო თავისუფალ სახელმწიფოდ და შევედით ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში. ეს ისეთი შესანიშნავი მოვლენაა ჩვენი რესპუბლიკისათვის, ჩვენი მისწრაფებისათვის და იმ მუშაობისათვის, რომელსაც აწარმოებდა ჩვენი წინაპარი თაობა. ეს ისეთი შესანიშნავი მოვლენაა, რომ არ შეიძლება ეს დღე, ეს ფაქტი რაიმე განსაკუთრებული საქმით არ აღვნიშნოთ. ამიტომ პრეზიდიუმმა იმსჯელა ამის შესახებ და შემოაქვს დამფუძნებელ კრებაში პროექტი დადგენილებისა, რომ გამოცხადდეს საყოველთაო ხელის მოწერა, რათა შეიქმნას ჯეროვანი თანხა დამოუკიდებლობის ფონდის სახით. ეს პროექტი წარედგინა მთავრობას და მან ის გაიზიარა; მხოლოდ გამოსთქვა სურვილი, რომ ამ თავითვე აღნიშნულ იქნას, თუ რაში უნდა გამოიხატოს ამ დღის აღნიშვნა. მთავრობის აზრით საუკეთესო იქნება ეს დღე ძეგლის სახით აღინიშნოს; მეორე სურვილი მთავრობისა გახლავთ, რომ გამორკვეული იქნას თუ ვის განკარგულებაში იქნება ეს ფონდი. ეს, რასაკვირველია, შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა სახით, რა კონკრეტიული ფორმით უნდა აღინიშნოს ეს დღე, ამის დღესვე გამორკვევა ჩვენი აზრით ნაადრევია. ამის შესახებ პრეზიდიუმი იქონიებს მსჯელობას ხელოვნების კომისიასთან და შემდეგ საერთო აზრი მოხსენდება დამფუძნებელ კრებას, რომელიც გადასწყვეტს ძეგლი თუ სხვა რაიმე კონკრეტიული ფორმა აჯობებს ჩვენი აზრის განხორციელებისათვის. ეხლა კი საჭიროა გამოცხადებულ იყოს საყოველთაო ხელის-მოწერა. ეს იქნება, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, ვინაიდან ეს უფრო შეესაბამება იმ დადებითი აზრის განხორციელებას, რომელიც ჩვენ დასახული გვაქვს.
დამფუძნებელ კრებას შეეძლო თვითონ გაეღო შესაფერი თანხა, მაგრამ ჩვენი აზრით ეს არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ გვგონია ის ძეგლი, რომელიც დედა-აზრით კონკრეტიულად განხორციელდება, ისეთი უნდა იყოს, რომ მის შექმნაში ყველას უნდა ქონდეს შეტანილი თავისი წვლილი, მთელ ერს, განურჩევლად მიმართულებისა, წოდებისა და ჰასაკისა, რათა ყველასთვის საამაყო შეიქმნეს ის. ამ სახით ხელის მოწერა უფრო მიზანშეწონილი იქნება. და როცა საჭირო თანხა დაგროვდება, პროექტიც მზათ იქნება და შემდეგ, როგორც გნებავთ, ისე განახორციელებთ მას.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? სიტყვა არავის სურს. გსურთ თუ არა შეუდგეთ მუხლობრივ განხილვას? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. ბ-ნო მომხსენებელი, გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
მომხსენებელი (კითხულობს).
თავმჯდომარე. აქ მოგახსენესთ მთავრობის აზრი ძეგლის შესახებ, ეს შესწორება არ გახლავთ, ეს არის მხოლოდ აზრი და ნებას მივცემ ჩემ თავს მოგახსენოთ. ვის სურს სიტყვა პირველი მუხლის შესახებ? სიტყვა არავის სურს. ვინ არის პირველი მუხლის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია.
(იკითხება მეორე მუხლი).
თავმჯდომარე. შემოტანილია ს.-დ. ფრაქციის შესწორება შემდეგის ხასიათისა: „დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის შემოწირულებაზე ხელის მოწერის გამოცხადების დადგენილებაში ჩაემატოს სიტყვები: დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში“.
(კენჭის ყრით მეორე მუხლიც მიღებულია).
დეკრეტი მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურეთა სამსახურის გამო მოგზაურობის დროს დღიური სარგოს და საგზაო ფულის ნორმების შეცვლისა.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ-ნ გიორგაძეს ეკუთვნის.
გრიგოლ გიორგაძე. (ს.დ.) ბატონებო! მოგეხსენებათ, რომ ძველი წეს-წყობილების დროს იყო ერთგვარი სისტემა დღიურ და სამგზავრო ხარჯების მიცემისა იმ სახელმწიფო მოსამსახურეთათვის, რომელნიც სხვა და სხვა მოვალეობის ასასრულებლად მიემგზავრებიან სხვა და სხვა ადგილებში. ეს ძნელი საქმე იყო; აქ იყო რამდენიმე დებულება. იმ პირს, რომელსაც დიდი თანამდებობა ეკავა, ეძლეოდა ცხენები, რამდენსაც მოისურვებდა. ხოლო ვინც დაბალი თანამდებობის პატრონი იყო, ის უფრო ნაკლებ ცხენებს მიიღებდა. ამიტომ ეს სისტემა თავდაპირველად შეიცვალა და ერთგვარი ნორმები იყო დაარსებული. ვინც მოდიოდა რაიმე თანამდებობაზე მას ეძლეოდა განსაზღვრული თანხა, რომლითაც ფარავდა თავის ხარჯებს და მოვალეობას ასრულებდა.
დღევანდელი პირობების მიხედვით, ცხოვრების გაძვირების გამო, როცა ახალი მომატებები მივიღეთ, საჭირო შეიქნა ამ ნორმების გადასინჯვა. ფინანსთა სამინისტრო, მთავრობასთან შეთანხმებით შემოდის დეკრეტით ამ მუხლების შეცვლის შესახებ, რომელიც არსებულ კანონთა მე-3 ტომში არის. აქ ამ შემოტანილ დეკრეტის პროექტით, ყველა ვინც იგზავნება თანამდებობის ასასრულებლად, რამდენი დღეც დარჩება, იმდენი დღიური სარგო უნდა მიიღოს. ეს არის უმთავრესი დებულება. ძველი რეჟიმის დროს გაგზავნილ მოსამსახურეს სამი თვის განმავლობაში შეეძლო შეესრულებია თავისი მოვალეობა. ეს შეიძლება სამართლიანიც იყო, რადგან რუსეთის იმპერია მეტად დიდი იყო და სამი თვე შეიძლება დასჭირებოდა კიდეც კაცს დავალებულის ასრულებისათვის. აქ, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა პატარაა, ამხელა დრო საჭირო არ არის და ამ დეკრეტით ეს ნორმა ორი კვირით იცვლება. რა გინდ დიდი საქმე იყოს ორი კვირის განმავლობაში მისი გათავება მაინც მოსახერხებელია. ხოლო თუ ამ ხანში თანამდებობის პირმა ვერ მოასწრო თავისი საქმის გაკეთება, სათანადო უწყებას უფლება ეძლევა ვადა კიდევ ორი კვირით გაუგრძელოს. არის ისეთი მოხელენი, რომელნიც მუდმივ მოგზაურობაში არიან და მუდმივ ასრულებენ მოვალეობას. ასეთი არიან მაგალითად კონტროლიორები, მიწის მზომელები და სხ. ასეთი დავალების შემასრულებელნი რამდენიმე თვე უნდა დარჩენ განსაზღვრულ ადგილს. ამათ შესახებ დეკრეტი ამბობს, რომ ისინი მიიღებენ დღიურის ნახევარს, იმიტომ, რომ თუ მთელი დღიური მივეცით, მაშინ ორმაგ ჯამაგირს მიიღებენ. ხოლო ვინაიდან ეს პირები დიდხანს არიან ერთ ადგილას, მათ შეუძლიათ ოჯახურათ მოეწყონ და ეს ნორმა სავსებით საკმარისია. ეს გახლავთ დღიური სარგოს შესახებ. მეორეს მხრივ სამგზავრო ხარჯებისათვის საჭიროა გადაიდოს განსაკუთრებული თანხა. ამის შესახებ დეკრეტში ასეთი ნორმებია: მინისტრს, მის ამხანაგს, სენატორებსა და დეპარტამენტის დირექტორებს ეძლევათ პირველი კლასის ბილეთი. არის კიდევ მეორე და მესამე რიგის მოსამსახურენი, მათ მიეცემათ მეორე კლასის ბილეთი, ყველა დანარჩენებს მესამე კლასისა. არის ისეთი მდგომარეობა, რომ თანამდებობის ასრულების დროს მოსამსახურეს უხთება მოგზაურობა არა რკინის გზით, მაგ. შოსეთი და ზოგან არც შოსეა; მათ მიეცემათ სრულად ნამდვილად დახარჯული. წინასწარი განსაზღვრა ხარჯისა კი დღევანდელ მიმოსვლის პირობებში ყოვლად შეუძლებელია. ყველა ამას, ბატონებო, დროებითი ხასიათი აქვს და ამიტომ ეს ნორმები შემოდის დამფუძნებელ კრებაში დეკრეტის და არა კანონ-პროექტის სახით; დადგება სხვა პირობები და სხვა ნორმები იქნება შემუშავებული. არიან მოსამსახურენი, რომელნიც საზღვარ გარეთ იგზავნებიან, ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებში. მათ დღიური მიეცემათ ერთი ორად. დეკრეტში არის აგრეთვე საერთოდ განსაზღვრული ეს თანხა, რომელიც უნდა გადაიღოს თითოეულ სამინისტროს განკარგულებაში; თანხა გამოანგარიშებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო რამდენ კაცს, რამდენი ხნით სად გზავნის. დეკრეტში გახლავთ ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ხარჯები გაწეული 18 ენკენისთვიდან დაფარულ იქნას ამ დეკრეტით დაწესებულ ნორმების თანახმად. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და მიიღო ეს დეკრეტი უცვლელად. მთავრობის პროექტში იყო აგრეთვე ასეთი დებულება: დღიური შეადგენს 1/30 - 1, მაგრამ მთავრობა აძლევდა ზოგან ხუთ მანეთს, ზოგან შვიდს. მაგრამ საბიუჯეტო კომისიამ დაადგინა დღიურათ 1/30-დი. ეს გახლავთ უმთავრესი დებულებანი ამ დეკრეტისა.
თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის თუ ვისმეს სურს სიტყვა? არავის; ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგი? არავინ. (იკითხება პირველი მუხლი) პირველი მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. მაჭავარიანს.
ი. მაჭავარიანი. (სოც.-დემ.) - ამ დეკრეტის პირველ მუხლის ძალით სახელმწიფო მოხელეებს ეძლევათ დღიური სარგო 1/30 თვის ჯამაგირისა. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შესწორება, რომ მიეცეს, მოგზაურობის დროს 1/30, იმას კი ვისაც ცოტა ჯამაგირი აქვს, მიეცეს არა ნაკლებ 100 მანეთისა, რადგან ზოგიერთ წვრილ მოხელეს, ვისაც მცირე ჯამაგირი აქვს, ხვდება 60-70 მანეთი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს მეტად მცირე თანხას წარმოადგენს დღევანდელ პირობებში.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა შესწორების შესახებ? არავის. ბ. მომხსენებელი.
გ. გიორგაძე. (მომხ.) საბიუჯეტო კომისიის სახელით უნდა განვაცხადო, რომ წინააღმდეგი ვარ ასეთ შესწორებისა, რადგან 1/30 ჯამაგირისა საკმაო არის ყველა მოხელეებისათვის და ამით ერთგვარი თანასწორობა იქნება ყველა მოხელესათვის.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? შესწორება მიღებულია. ვინ არის პირველი მუხლის წინააღმდეგი? მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.
გიორგაძე. (კითხულობს მეორე მუხლს. მეორე მუხლიც კენჭის ყრით მიღებულ იქმნა).
გიორგაძე (კითხულობს მესამე მუხლს).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მაჭავარიანს.
ი. მაჭავარიანი. მესამე მუხლში აღნიშნულია, რომ რკინის გზით მოგზაურობის დროს ბილეთის ფასები ეძლევათ მინისტრს, მინისტრის ამხანაგს და სახელმწიფო მოხელეებს. ყველა ეს მოხელეები იყოფა სამ კატეგორიად: მინისტრი, მინისტრის ამხანაგი, სენატორი, კანცელარიის დირექტორი - მათ ეძლევათ პირველი კლასის ბილეთის ღირებულება, დანარჩენს მეორე კლასის, ხოლო დანარჩენ წვრილ მოხელეებს მესამე კლასის. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი შესწორება: მინისტრს, მინისტრის ამხანაგს, სენატორს და კანცელარიის დირექტორს მიეცეს პირველი კლასის ბილეთის ღირებულება, ხოლო დანარჩენთ მეორე კლასის ღირებულება.
თავმჯდომარე. შესწორება ასეთი გახლავთ. შესწორების შესახებ ხომ არავინ ინებებს სიტყვას? არავინ. ბ. მომხსენებელი.
გ. გიორგაძე. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, მეორეთი კი არა, პირველი კლასით მოგზაურობა. მაგრამ ჩვენი ფინანსიური მდგომარეობა ისეთია. რომ ეს ყოვლად მიუღებელია. საბიუჯეტო კომისიის სახელით უნდა მოგახსენოთ, რომ წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი შესწორებისა? შესწორება მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი მესამე მუხლისა შესწორებით? მესამე მუხლი შესწორებით მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.
გოირგაძე (კითხულობს 4, 5, 6, 7, 8 მუხლებს, რომლებიც კრების მიერ მიღებულ იქმნა).
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხები მომხსენებელი ბ-ნი იმნაიშვილის ავადმყოფობის გამო გადადებულ იქმნებიან შემდეგი სხდომისათვის. შემდეგი მომხსენებელი ბ-ნი თევზაია.
დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის გზის პენსიონერთათვის დამატებითი პენსიის დანიშვნისა.
ბიქტორ თევზაია. ბატონებო! საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა დეკრეტი პენსიონერებისათვის დამატებით პენსიის დანიშვნის შესახებ. მდგომარეობა მეტად არანორმალური შეიქმნა, რადგან არის ისეთი შემთხვევა, რომ პენსიონერები იღებენ თვეში, დაახლოვებით 6 მანეთს.
1917 წელს, როდესაც დროებით მთავრობის განკარგულებით მოემატათ პენსიონერებს პენსია, ამას შემდეგ ეს მომატება არ შეცვლილა და ცხოვრების პირობები კი მის შემდეგ სიძვირის გამო ძლიერ გამწვავდა. აქ ჩვენ შევიტანეთ. ამ დეკრეტში კახეთის რკინის გზა, რომ მათ მისცენ პენსია თავის საკუთარ თანხიდან, რადგან მათ აქვთ საკუთარი, ავტონომიური ბიუჯეტი. ამასთანავე, რასაკვირველია, როგორც დეკრეტში იყო აღნიშნული, არ გამოერიცხება იმ დამატებიდან ის ვალები, რომლებიც აქვთ პენსიონერებს და სრული დამატება მიეცემათ. აქ არის ცხრილი შეთანხმებული საერთოდ დროებით მთავრობის დამატებასთან. ვინც მეტად დაკარგა მუშაობის უნარი, მას 100 პროცენტი ეძლევა, ვინც ნაკლები, ნაკლები - 25 პროცენტით. ჩვენ წინადადებას ვაძლევთ დამფუძნებელ კრებას, რომ რადგან ეს პროექტი დეკრეტისა აუცილებელია, მალე იქმნას განხორციელებული, და პენსიონერებიც სამართლიანად მოითხოვენ ამას, დღესვე იქმნას მიღებული.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
თევზაია (კითხულობს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 მუხლებს, რომელნიც უკამათოდ იქმნა მიღებული).
თავმჯდომარე. განცხადება გახლავთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა.
მდივანი (კითხულობს განცხადებას):
1. საკონსტიტუციო კომისიაში ნაცვლად კ. ანდრონიკაშვილისა, გ, ფაღავასი და რ. ჩიხლაძისა ამორჩეულ იქნენ: ა. ჩხენკელი, ი. გომართელი და პ. გელეიშვილი.
2. ხელოვნების კომისიაში ნაცვლად დ. შარაშიძისა - პ. გელეიშვილი.
3. თანახმად ს.-დ. ფრაქციის დადგენილებისა სამეურნეო კომისიაში ი. ტატიშვილის ნაცვლად არჩეულ იქნეს რ. ყიფიანი.
(განცხადება მიღებულ იქმნა უკამათოდ).
თავმჯდომარე. დღის წესრიგი ამოწურულია. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.
მდივანი (კითხულობს შემდეგი კრების დღიურ წესრიგს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა შემდეგი კრების დღიურ წესრიგის შესახებ? არავის. დღიური წესრიგი მიღებულია. შემდეგი სხდომა გაიხსნება სრულ 11 1/2 საათზე.
სხდომა იხურება 12 1/2 საათზე.
![]() |
10 ოთხმოცდამეშვიდე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(87)
1920 წელი. თებერვლის 13. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი:
1. საბოლოო ტექსტები.
2. კანონ-პროექტი შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მონდობილობის ინჟინერის თანამდებობის დაარსებისა.
3. კანონ-პროექტი საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.
4. დეკრეტი - მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირის ახალი ნორმებისა.
5. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა იწყება დღის 11 ნახევარ საათზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ, მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს და ნუსხას.
მდივანი (კითხულობს).
ნუსხა დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილვალად გადასაცემ საკანონმდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.
1. მიწათმოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - იჯარით გაცემულ სახაზინო მამულების საიჯარო გადასახადის გადიდების შესახებ. გადაეცეს აგრარულ და იურიდიულ კომისიას.
2. ფინანსთა მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველ თვიურად 65.827.720 მან. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობის შესახებ. გადაეცემა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციისათვის ქაღალდის შესაძენად 24.000.000 მან. გადადების დეკრეტისა.
2. საბოლოო ტექსტი - დამოუკიდებლობის ფონდის შექმნისათვის საყოველთაო ხელის მოწერის გამოცხადების დადგენილებისა.
3. საბოლოო ტექსტი - მთავრობის წევრთა და სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა სამგზავრო დღიურის ხარჯის და გზის ფულის ნორმების შეცვლის დეკრეტისა.
4. საბოლოო ტექსტი - სახაზინო და კახეთის რკინის გზის პენსიონერთათვის დამატებითი პენსიის დანიშვნის დეკრეტისა.
5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილობის ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.
7. დეკრეტი მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირის ახალი ნორმებისა.
8. დეკრეტი უცხოეთიდან შემოსატან საქონელზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა.
9. შეკითხვა დამფუძნებელ კრების წევრის გრიგოლ ვეშაპელისა მთავრობისადმი აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
10. შეკითხვა - დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
11. სახელმწიფო ბანკის გამგისა და საბჭოს წევრთა არჩევანი.
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
12. დეკრეტი ტყიბულის მაღაროების სააქციო საზოგადოების „ნახშირა“-ს ქონების გამოყიდვისა და ტყიბულის მაღაროების ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.
13. დეკრეტი ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობისა და სენაკის სამაზრო ერობის 1.000.000 მან. სესხის მიცემისა - მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად.
14. დეკრეტი შინაგან-საქმეთა სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.
15. დეკრეტი საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 2.113.986 მან. და 40 კაპ.
თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს დღიური წესრიგის შესახებ? დღიური წესრიგი მიღებულია. სიტყვა ბატონ გომართელს ეკუთვნის.
ივ. გომართელი (კითხულობს დღიურ წესრიგის 1, 2, 3 და 4 მუხლებში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელნიც კრების მიერ დამტკიცებულ იქნენ).
კანონ-პროექტი შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილობის ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. იმნაიშვილს.
ნ. იმნაიშვილი (ს.-დ.) შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებობდა სატეხნიკო თათბირი. მთავრობის დადგენილებით ეს თათბირი გაუქმდა და მის ნაცვლად მთავრობის დადგენილებით უნდა იქნეს დაწესებული საგანგებო მინდობილებათა ინჟენერის თანამდებობა. უწყება შემოდის დამფუძნებელ კრებაში შუამდგომლობით, რომ დადგენილება მთავრობის დაკანონდეს და დამტკიცებულ იქნეს ხარჯთ-აღრიცხვა და შტატები ამ საგანგებო ინჟენერის თანამდებობისა.
ამ საგანგებო მინდობილებათა ინჟენერთან იქნება დაარსებული თანამდებობა ტეხნიკისა, რომელიც იქნება იმავე დროს ინჟენერის მდივანიც. საფინანსო კომისიამ განიხილა ეს პროექტი და სავსებით დაეთანხმა უწყებას ამ თანამდებობის დაარსების საჭიროებაში, საჭიროდ დაინახა მიიღოს უცვლელად ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც თან-დართული აქვს ამ პროექტს. ასეთივე დასკვნა აქვს სახელმწიფო კონტროლსაც.
თავმჯდომარე. დაასრულეთ?
იმნაიშვილი. დიახ!
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ვინ ინებებს სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინაა. გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ბ. იმნაიშვილს ეკუთვნის.
კანონ-პროექტი საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.
ნ. იმნაიშვილი (ს.-დ.) ეს კანონ-პროექტი ეხება ჩვენს რესპუბლიკაში არსებულ საპროფესიო და სატეხნიკო სკოლების შტატებსა და ხარჯთ-აღრიცხვას, სახელდობრ: ტფილისის საშუალო პოლიტეხნიკუმის, მიწის მზომელთა, საფერშლო სასწავლებლის, ბორჯომში და ხონში სახელოსნო სასწავლებელთა და ფოთის სახელოსნო სკოლისა. ზედმეტი არის დამფუძნებელი კრების ყურადღების შეჩერება იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენში სპეციალურ სწავლა-განათლებას და სატეხნიკო საპროფესიო ცოდნას. თუ რომელიმე ქვეყანაში ამას მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანაში, რომლის კულტურული და ეკონომიური წარმატება შეუძლებელია, თუ არა ამ ტეხნიკურ და საპროფესიო ცოდნის გავრცელებით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოში, სადაც ჩვენი მდიდარი ბუნება ამ ტეხნიკურ და საპროფესიო დარგში უსაზღვრო ასპარეზს იძლევა სამოღვაწეოდ. მაგრამ აქამდის საუბედუროდ ჩვენ დაყრდნობილი ვიყავით უცხო ძალებზე, რომლებიც, შეიძლება, ჩვენდამი საუკეთესოდ განწყობილი იყვენ, მაგრამ ფაქტიურად მაინც უცხო ელემენტს წარმოადგენენ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ასეთი ძალებით ღარიბნი ვართ. ამიტომ უწყებისა და დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების კომისიის ყურადღება იქითკენ არის მიმართული, რომ ეს დანაკლისი გამოსწორებულ იქნეს. ამიტომ იყო და ამ მოსაზრებით ამას წინად უწყების თაოსნობით ამ სპეციალურ ცოდნა-განათლების მისაღებად საზღვარ-გარედ გაიგზავნოს ახალგაზრდობა.
თვით ეს სასწავლებლები, რომელნიც კანონშია მოხსენებული და რომელთა შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა წარმოდგენილია დასამტკიცებლად, უნდა საფუძვლად დაედვას ჩვენს ქვეყანაში სპეციალურ ცოდნის გავრცელებას. სახალხო განათლების კომისიამ განიხილა ეს შტატები, რომელნიც წარმოდგენილია უწყების მიერ და ცოტაოდენი ცვლილებით მიიღო. აგრეთვე დაამტკიცა ის დებულებანი, რომელნიც წარმოდგენილია ამ სასწავლებელთა შესახებ. საფინანსო კომისიამ არსებითად განიხილა ხარჯთ-აღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილია ამ შტატებთა და დებულებათა მიხედვით და უცვლელად მიიღო ის. საფინანსო კომისიამ გაიზიარა არსებითად შეხედულება, რომელსაც ეყრდნობა სახალხო განათლების კომისია, სახელდობრ, რომ ამ სასწავლებლებში, რომელთაც აქვთ სპეციალური სწავლა-განათლებისა და ცოდნის ხასიათი, შრომა დაფასებულ უნდა იქნეს უფრო მეტად, ვიდრე ზოგად განათლების სასწავლებლებში. ეს იმ მოსაზრებით, რომ მასწავლებელთა პერსონალი, რომელიც მუშაობს ამ სასწავლებლებში, არიან ინჟენრები და ტეხნიკები. რომელნიც, რომ არ იმოღვაწეონ ამ საპედაგოგიო ასპარეზზე, უფრო მეტს სამუშაოს იშოვნიან კერძოდ; ამით იყო გამოწვეული, რომ ისინი ამ სასწავლებლებს სტოვებენ და კერძო დაწესებულებებში გადადიოდენ. რომ ეს აცილებულ იქნეს თავიდან, ერთგვარი განსხვავება უნდა იქნეს დაწესებული და მათ მიეცეთ მეტი გასამრჯელო, ვიდრე ეს ეძლევა ზოგად განათლების სასწავლებლების მასწავლებლებს. ამ აზრს დაეთანხმა საფინანსო კომისია და მიიღო სახელმძღვანელო პრინციპად ეს მოსაზრება. ამ ხარჯთ-აღრიცხვის თანახმად, რომელიც შედგენილია მთელი წლისთვის, ხაზინიდან უნდა იქნეს გაღებული ამ სასწავლებლებისთვის 1.503.050 მან., ხოლო საბიუჯეტო წლის დამლევამდე პირველ ნოემბრიდან პირველ ივლისამდე 7 თვეში 777.087 მანეთი. აგრეთვე არის გამოთხოვილი სპეციალური თანხა ტფილისის საშუალო პოლიტეხნიკური სასწავლებლისთვის 161.227 მან. ამას აქვს სპეციალური დანიშნულება, ვინაიდან ეს სასწავლებელი არის ახალი და ამ ნიადაგზე ის შარშან მოეწყო, როცა გადაკეთებულ იქნა პოლიტეხნიკურ სასწავლებლად. საჭიროა ლაბორატორიების სახელოსნოების გაფართოება. ამიტომ არის გამოთხოვილი ეს თანხა. ამას დაეთანხმა საფინანსო საბ. კომისია. სახელმწიფო კონტროლიც ეთანხმება მის დებულებებს და შტატებს მოგახსენებთ, როდესაც მუხლობრივ განვიხილავთ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ასათიანს.
ალ. ასათიანი. (ერ-დემ.) ყოველ გარემოებაში საპროფესიო და სატეხნიკო განათლება დიდი ყურადღების ღირსია. სამწუხაროდ ჩვენში ჯერ-ჯერობით სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ მას და ის კანონ-პროექტი და ის შტატები, რომელთაც დღეს ჩვენ ვღებულობთ, ოდნავადაც ვერ გააუმჯობესებს საქმეს. საზოგადოდ სკოლების რიცხვი საგრძნობლად გაფართოვდა. ეს არის დიდი ნაკლი ჩვენი განათლების პოლიტიკისა. შედარებით საპროფესიო განათლების სკოლების რიცხვი ნამეტნავად ცოტაა, სულ რამოდენიმე სკოლაა. 1916 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ დარგის სკოლებში 20 პროც. არ არის მომატებული მოსწავლეთა რიცხვი იმ დროს, როცა დაწინაურებულ ქვეყნებში ასეთი დარგის სკოლებში თავს იყრის მოსწავლე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი. უნდა გაუწიოთ ანგარიში ეკონომიურ მდგომარეობას, თუ გვინდა ეკონომიური პირობები გაუმჯობესდეს. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ საპროფესიო და სატეხნიკო სასწავლებლებს და ამისდამიხედვით შევქმნათ გეგმა განათლების. ამიტომ საჭიროა, რომ უწყებამ არა მარტო ის სკოლები მოაწყოს, რომელიც ახლა არსებობს, არამედ მიიღოს ზომები, რომ ამ სკოლების რიცხვი გამრავლდეს. როდესაც ახალგაზრდობა გავგზავნეთ საზღვარ გარედ, იქაც არ იყო დაცული ეს პრინციპი საპროფესიო და სატეხნიკო განათლებისა და ჯეროვანი რიცხვი არ დაეთმო ამ სპეციალური სწავლის შეძენის მსურველთ.
ამის შესახებ სოც.-დემოკრატიულ პრესაში არის აღძრული საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. უწყებამ უნდა იზრუნოს, რომ მომავალში ახალი კადრი მოსწავლე ახალგაზრდობისა გაიგზავნოს საზღვარ გარედ ამ საპროფესიო და სატეხნიკო ცოდნის მისაღებად.
შეიძლება ეს დიდ ხარჯებს მოითხოვდეს, მაგრამ ეს ისეთი ხარჯი არის, რომელიც აუცილებელია და რომელიც დიდ ნაყოფს მოგვიტანს შემდეგში. მე ვფიქრობ, უწყებას უნდა დაევალოს, რაც შეიძლება დაჩქარებით გამოიმუშაოს გეგმა, თუ როგორ გაგზავნოს ევროპის სახელმწიფოებში სპეციალურ ამ დაბალ სამეურნეო, კომერციულ და სატეხნიკო სკოლებისთვის მასწავლებლების მოსამზადებლად, განსაკუთრებული კადრი ახალგაზდებისა და აგრეთვე ხელოსნებისა, სანამ ასეთი მასწავლებლები და ინსტრუქტორები არ გვეყოლება, რასაკვირველია, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მცირე რიცხვის გამრავლებას, ვინაიდან ამ ჟამად ამისთანა მასწავლებლები არ მოგვეპოება. საჭირო არის დაუყონებლივ იქმნას მიღებული ზომები ასეთი ხალხი გაიგზავნოს ევროპაში მოსამზადებლად.
თავმჯდომარე. სიტყვა დასკვნისათვის ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ იმნაიშვილს.
ნ. იმნაიშვილი. როგორც მოგახსენეთ, თითონ ამ სპეციალურ სწავლა-განათლების საქმის მოწყობაში ჩვენ ვიმყოფებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველ საფეხურზე. ეხლა კი იწყება ეს საქმე და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ ასპარეზზე გაფართოვდება მუშაობა. ამას უდიდეს ყურადღებას აქცევს სახალხო განათლების კომისია, მე მგონია ის შიში, რომელიც გამოთქმული არის წინა მოლაპარაკის მიერ, ეს შიში მე მგონია, უსაფუძვლოდ დარჩება. რაც შეეხება იმას, რომ საპროფესიო სკოლებში ძალიან პატარა რიცხვია მოსწავლეებისა, ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ საერთოდ ჩვენში ამ სკოლებში ძალიან ცოტა შედის მოსწავლეები. ჩვენი ხალხი უფრო ეწაფება გიმნაზიებს, ვიდრე სპეციალურ ცოდნას და სპეციალურ სწავლა-განათლების მიღებას. ბ. ასათიანი კარგს იზამდა, რომ ჩვენთან ერთად აგიტაციას გასწევდეს ხალხში, რომ ხალხი დაეწაფოს ამ საპროფესიო სასწავლებლებს. მაშინ უფრო მეტს გავაკეთებდით, ეს იქნებოდა უდიდესი დახმარება ჩვენი ამ საქმისათვის. რაც შეეხება ევროპაში გაგზავნას, ბ. ასათიანის მიერ თქმული არსებითად მისაღები არის, მე მგონია უწყება, თუ მას საშუალება ექნება, - ამას კიდევ განიმეორებს და შეიძლება მართლაც მაშინ გაგზავნოს, მიეცეს უფრო საპროფესიო ცოდნის მიღების დანიშნულება. ეს ყოველ შემთხვევაში მომავლის საქმე არის და ჩვენი სურვილი ისევე იქნება, როგორც ბ. ასათიანისა.
თავმჯდომარე. (კენჭს უყრის მუხლობრივ განხილვას). მუხ. განხ. მიღებულია და მოხსენდება სათანადო ვადის დასრულების შემდეგ. შემდეგ საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. სალაყაიას.
დეკრეტი მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირის ახალი ნორმებისა.
იოსებ სალაყაია. მიწათ-მოქმედების სამინისტროს დავალებული აქვს მრავალი საქმე, როგორიც არის მაგალითად, აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარება, მეურნეობის აღორძინება. სახელმწიფო ტყეების და მამულების მოვლა-პატრონობა და სხვა ამისთვის კი დიდძალი ხარჯები და სპეციალისტები არიან საჭირონი. ის ჯამაგირები, რომლებიც ეძლეოდა ამ სპეციალისტებს, არ იყო საკმარისი, მიწად-მოქმედების სამინისტრო შევიდა მთავრობაში, რომ ზოგიერთ მოსამსახურეთათვის ჯამაგირი მომატებული ყოფილიყო, მთავრობამ გადასცა საუწყებათაშორისო კომისიას, რომელსაც დაევალა საზოგადოდ ყველა სამინისტროებისათვის ერთგვარი ჯამაგირების ნორმების შემუშავება, კომისიამ შეიმუშავა და წარუდგინა მთავრობას ეს ნორმები ყველა უწყებისათვის და მთავრობამ ის დაამტკაცა.
მიწად-მოქმედების სამინისტრომ შეასწორა თავის დაწესებულებათა მოსამსახურეთა ჯამაგირები, ამ საუწყებათაშორისო კომისიის მიერ შემუშავებულ ნორმების მიხედვით და ითხოვს ამის დამტკიცებას. რაც შეეხება შტატებს, შტატები დარჩა ძველი, გარდა ერთისა. აქ მიწათ-მოქმედების სამინისტრო ითხოვს, რომ ბუჰღალტერიის განყოფილებაში იყოს შეტანილი ბუღჰალტერიის ინსტრუქტორი, რომელსაც დაევალება სხვა და სხვა მამულების ბუჰღალტერიის საქმის კარგად დაყენება. სამინისტრო ითხოვს თანხას პირველ ნოემბრიდან, როგორც ეს იყო დაკანონებული სხვა და სხვა უწყებისათვის, მაგალითად სახელმწიფო კონტროლისათვის, მთავრობის საქმეთა მმართველისათვის და სხვა. ფაქტიურად ეს შეადგენს ერთ მილიონ მანეთს. ეს იყო განხილული საბიუჯეტო კომისიაში და უცვლელად მიღებული. გარდა ამისა, ეს იყო განხილული იმ უწყებაში, სადაც უნდა გარჩეულიყო, ესე იგი ფინანსთა სამინისტროში და იქაც იქნა დამტკიცებული. საფინანსო კომისია ითხოვს, რომ ეს ხარჯთ-აღრიცხვა იქნას დამტკიცებული დამფუძნებელ კრების მიერაც. აქვე უნდა დაუმატო, რომ ეს შტატები, რომელიც შემოტანილია აქ, თითქმის ყველა განხილულია დამფუძნებელ კრების მიერ, გარდა ერთისა, რომელიც პირველად წარუდგება დამფუძნებელ კრებას. გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც ფინანსთა სამინისტროში საბჭოს წევრებს ეძლევათ 4500 მანეთი, მიწად-მოქმედების სამინისტრო ითხოვდა, რომ მისცენ 5000 მანეთი. აი, ეს არის ერთად ერთი ცვლილება, რომელიც არის ამ სამინისტროს ხარჯთ-აღრიცხვის ნორმებში შეტანილი. ფინანსთა მინისტრი ამას დაეთანხმა. დაეთანხმა აგრეთვე საფინანსო კომისია. მოსაზრება იყო შემდეგი, რომ აქ არის 3-4 ისეთი პიროვნებანი, რომლების გაჩერება აუცილებლად საჭიროა სამინისტროში. იყო შემთხვევა, როდესაც ამ პირებს საქართველოში, საზღვარ-გარეთ, მაგალითად, აზერბეიჯანში აძლევენ დიდ-ძალ ფულს და ეს განსხვავება - 500 მანეთი არ არის ისეთი დიდი, რომ ეს არ მივცეთ. საფინანსო კომისიამ ეს მიიღო.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.
ლ. შენგელაია. (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ჩვენში არსებობს 2 სამინისტრო, 2 უწყება, რომელთა მოღვაწეობა, რომელთა საჭიროება იწვევს საერთო უკმაყოფილებას და აღშფოთებას. ესენი არიან: მიწადმოქმედების სამინისტრო და შინაგან-საქმეთა სამინისტრო. ამ სამინისტროებს, როგორც ჩვენ მთავრობას, ცხოვრებამ და გარდამავალ ხანამ დააკისრა უდიდესი მოვალეობანი. ერთ მათგანს უნდა გაემაგრებია პოლიტიკური საძირკველი ჩვენი დამოუკიდებლობისა, მეორეს უნდა ჩაეყარა ახალი და მტკიცე საფუძველი მთელი ჩვენი სოციალურ მომავლისათვის. ამ სამინისტროების მოღვაწეობა კი გარდაიქცა ნიმუშად სრული უილაჯობისა და პოლიტიკური გახრწნისა. თუ კი შინაგან-საქმეთა სამინისტრომ თავის პოლიტიკურ მეთოდებით და თავისი ურა პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა დაამსგავსა სატრაპიას, მიწად-მოქმედების სამინისტროს მოღვაწეობის ისტორია, არის ისტორია ჩვენი ქვეყნის ავლადიდების, მისი ქონების განიავების და გაპარტახების. წარმოდგენილ დეკრეტის, ასე ვთქვათ ფორმალური დასაბუთება და გამართლება ჩვენ უნდა ვეძიოთ იმ ანალოგიურ დეკრეტში, რომელიც ჩვენ მივიღეთ. თქვენ იცით, ბატონებო, რომ ჩვენში წინათ სხვა და სხვა დაწესებულებებში იყო ისეთი ანორმალობა, რომ ერთი და იგივე მოსამსახურე სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა ჯამაგირს იღებდა. ეს იყო ანორმალური მოვლენა. რა თქმა უნდა, დამფუძნებელ კრებამ მიაქცია ყურადღება და შეიტანა ერთგვარი წესი, ისე, რომ ეს სავსებით მიზან-შეწონილი იყო და მიღებულიც არის. შემდეგ თქვენ იცით, ცხოვრების სიძვირემ აიძულა სხვა და სხვა უწყება და დამფუძნებელი კრება, მიექცია ყურადღება მოსამსახურეთა მდგომარეობისთვის და მოემატებია ჯამაგირები. ამის შემდეგ სრულებით ბუნებრივი არის თუ კი რომელიმე უწყება ცდილობს ეს საერთო ცვლილება გაავრცელოს თავის უწყებაზედაც. მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ ფორმალური გამართლება ამ დეკრეტისა. არსებითად კი, მიწად-მოქმედების სამინისტრო ცდილობს უფრო სერიოზულად დაასაბუთოს ეს დეკრეტი და თავის განმარტებით ბარათში ჩამოთვალა ის დიდი საქმეები, რომელთა გაკეთება დავალებული ჰქონდა, და რომლისთვისაც ითხოვს ჯამაგირის მომატებას და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებას. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს დავალებული აქვს მრავალი საქმეები, როგორც მაგალითად, აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარება, ჩვენი მეურნეობის აღორძინება, სახელმწიფო დეკრეტის მოვლა პატრონობა, ერთი სიტყვით, აქ არის ჩამოთვლილი მართლაც უმთავრესი დარგები მიწად-მოქმედების მოღვაწეობის სფეროდან. ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში ყველა ეს, მოკლედ შევეხოთ მიწად-მოქმედობის სამინისტროს მოღვაწეობას და გადავავლოთ თვალი, თუ რამდენათ შეასრულა ეს მოვალეობა და რამდენად გაამართლა უწყებამ ის იმედები, რომელსაც მასზე ამყარებდა დამფუძნებელი კრების უმრავლესობა. როგორც განმარტებით ბარათიდან სჩანს, ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობათაგანი, რომელიც დაკისრებული აქვს მიწად მოქმედების სამინისტროს, ეს იყო, აგრარულ რეფორმის გატარება ჩვენში. თქვენ იცით, რომ აგრარული რეფორმა ჩვენში თითქმის რევოლიუციის პირველ დღეებიდან იწყება და მიუხედავად იმისა, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო თავის დღევანდელ ხელშეკრულებით უფრო ადრე დაიბადა, ვიდრე ჩვენი დამოუკიდებლობა, დღეს არამც თუ არ არის დაგვირგვინებული აგრარული რეფორმა, პირიქით, რაც კი გაკეთდა - ჩვენი ხალხის და რესპუბლიკის წინააღმდეგ და საზიანოდ. ჩვენი რეფორმა, ესე იგი ის რეფორმა, რომელიც მიიღო წინად პარლამენტმა, შესდგება ორი ნაწილისაგან. პირველი - მიწების მიღება - კონფისკაცია, მეორე - მიწების გაყიდვა, რომელიც 28 იანვარს პარლამენტმა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წინადადებით დააკანონა. და არც ერთი ნაწილი ამ რეფორმისა დღეს გატარებული არ არის ცხოვრებაში.
პირველი ნახევარი რეფორმისა, როგორც მოგახსენეთ, იყო ბინების ჩამორთმევა. იმისთვის, რომ ეს მართლა ყოფილიყო გატარებული ცხოვრებაში, ყველაფერი მზად იყო, ყველაფერი ხელს უწყობდა ამ რეფორმის გატარებას. მიუხედავად ამისა, ეს დღესაც გატარებული არ არის. 2 წელიწადი ტარდება და დღეს არც რესპუბლიკის აღმოსავლეთის და არც დასავლეთის ნაწილში სავსებით გატარებული არ არის. მაგ. გორის მაზრაში, დუშეთის მაზრაში, ახალ-ციხეში და სხვაგან ასეთივე მდგომარეობა არის.
თქვენ იცით, რომ მიწების მისაღებად არჩეული კომისიების, რომელზედაც იხარჯება აუარებელი ფულები, მუშაობამ, როგორც ირკვევა სრულიად უნაყოფოდ ჩაიარა. ამას მოწმობს მიწის მზომელთა ყრილობა, სადაც გამოირკვა, რომ ის, რაც კომისიებმა გააკეთეს, თითქმის ახლად გასაკეთებელი არის, რადგან ზოგან ნორმამდე არ მიუღიათ, ზოგან დატოვებული ნორმაზე მეტი აქვთ და ზოგან ნორმის ფარგლებში არის ჩამორთმეული და ისეა არეულ-დარეული ეს საქმე, რომ ხელახლად საჭიროა მუშაობა. ეს არის აზრი ისეთი კომპეტენტური ხალხისა, როგორიც არის მიწის მზომელთა ყრილობა. როგორც გადმომცა მიწის რეფორმის განყოფილების უფროსმა, საჭიროა გეგმების განსახორციელებლად 10 წელიწადიო. აქედან თქვენ წარმოიდგენთ, თუ როგორ მდგომარეობაში არის ეს რეფორმა. საქართველოს რომ უშველებელი ტერიტორია ეჭიროს და როგორც რუსეთში მრავალი მინდვრები, ლატიფუნდიები იყოს, მაშინ გასაგები იქნებოდა ასეთი დაგვიანება და მიწის რეფორმის ასეთი უხეირო მდგომარეობა. ჩვენში ჩამოსართმევი მიწები ისე პატარა იყო, რომ რეფორმას ადვილად გავატარებდით, ცოტა უნარი რომ გამოეჩინა ჩვენს უწყებას.
თანახმად იმ კანონისა, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ჩამორთმეული მიწები უნდა გაეყიდა სამინისტროს (ხმაურობა). დიახ, უნდა განაწილებულიყო. მაგრამ ეს თქვენი განაწილება ნიშნავს მიწების გაყიდვას. ეს მეორე ნაწილიც ისეთსავე უნუგეშო მდგომარეობაშია, როგორც პირველი. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს გავიგოთ რა ნაბიჯი არის გადადგმული ამ მეორე ნახევრის განსახორციელებლად. წინადაც ჩვენ, როდესაც აქ იდგა საკითხი 23 თებერვლის დადგენილების გაუქმების შესახებ, სათანადო განყოფილების გამგეს ვთხოვეთ ცნობა ამის შესახებ, მარა მას არავითარი ცნობა არ ჰქონდა და ვერაფერი მოგვცა. შემდეგ, თქვენ იცით, გამობრძანდა ბ-ნი გიორგაძე სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის სახელით და სთქვა, რომ ეს რეფორმა გატარდა ცხოვრებაში და როგორ გატარდა, ამაზე ბ-ნი მინისტრი გიპასუხებთო. მართლაც, მე მეგონა, რომ გამოვიდოდა მინისტრი და გვეტყოდა, რა მდგომარეობაშია მეორე ნახევარი რეფორმისა. მინისტრი არ გამობრძანდა, ალბად იმიტომ, რომ არა ჰქონდა რა სათქმელი ამ რეფორმის მეორე ნახევარზე. მიწად-მოქმედების სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებდა რეფორმის მეორე ნახევარზე. გარდა იმისა, რომ მას 28 იანვრის კანონი მიაჩნია საუკეთესო ფორმათ აგრარულ საკითხის გადაჭრისა, აქ მოიყვანეს მაშინ ზოგიერთი პრაქტიკული მოსაზრება, რომელიც მეტად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო მათი აზრით, ჩვენი ეკონომიურ და ფინანსიურ მდგომარეობისათვის. არც ერთი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაეყიდა სახელმწიფოს ეს მიწები, მაშინ როდესაც არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ ყიდის თავის ქონებას ამ პირობებში, არ წარმოუდგენიათ. ერთ-ერთი საბუთი იყო ის მოსაზრება, რომ მიწებს გავყიდით და ეს აუარებელ ფულს შემოგვიტანს ხაზინაში, ეს მოგვცემს საშუალებას ხელი შეუწყოთ მეურნეობის განვითარებას ჩვენში, დავაშროთ ტბები, გავიყვანოთ არხები. ფიქრობდენ, რომ ამ საშუალებით ხაზინას დაუბრუნდებოდა 300 მილიონი მანეთი, ეს გაანელებს ფინანსიურ კრიზისს, ასწევს ფულის კურსსო და სხვა. მაგრამ ეს დარჩა მხოლოდ დაპირებათ! თუ რამდენად ჰქონდა გაზვიადებული წარმოდგენა ამ რეფორმის დროს ჩვენ მიწად-მოქმედების სამინისტროს მის ფინანსიურ შედეგებზე, ეს სჩანს იმ განმარტებითი ბარათიდან, რომელიც ჰქონდა ამ კანონ-პროექტს თან დართული. აქედან მოვიყვან ორიოდე ალაგს იმის საილიუსტრაციოთ, თუ როგორ გაუცრუვდა იმედები მიწად-მოქმედების სამინისტროს და შეცდომაში შეიყვანა პარლამენტი. (კითხულობს).
თავმჯდომარე. ბ-ო ორატორო, შტატებს ეხება დღევანდელი საკითხი ინებეთ შტატებზე ლაპარაკი.
შენგელაია. შტატების დასაბუთება ასე იწყება (კითხულობს). ასეთი არის ბ-ო, დასაბუთება თვით ამ დეკრეტისა. ამიტომ მე მგონია საგანს ვეხები, როცა ამას მოგახსენებთ. ჩვენ გვაინტერესებს, როცა შტატებზე არის ლაპარაკი, რას აკეთებს ის ხალხი, რომელსაც ჯამაგირს ვაძლევთ. აქ იმაზე არის ლაპარაკი და ამის საილიუსტრაციოთ მოვიყვან სხვათა შორის, რას გვპირდებოდა მიწად-მოქმედების სამინისტრო და რა შედეგები გვაქვს. იქ იყო ნათქვამი (კიხულობს). ამიტომ ეს დაპირებანი, რომელიც მოგვცა მიწად-მოქმედების სამინისტრომ და რომელიც არამც თუ არ არის განხორციელებული, არც განხორციელდება. არავითარი ცნობა იმის შესახებ, რამდენათ გატარდა ცხოვრებაში, რა დაიხარჯა და შემოვიდა თუ არა ხაზინაში ის 300 მილიონი მანეთი, რომელზედაც ასეთ იმედებს ამყარებდენ მიწად-მოქმედების და თვით ფინანსთა მინისტრები, რომელმაც ეს თანხა ბიუჯეტშიაც შეიტანა, როგორც შემოსავალი ჩვენ არა გვაქვს ეს დაპირება სრულებით გამართლებული. ამნაირად, არაფერი გაკეთებული არ არის (ხმები: შტატები?) მეორე საქმე, მოვალეობა, რომელიც ქონდა დაკისრებული მიწად-მოქმედების სამინისტროს და რომლითაც ასაბუთებენ ამ დეკრეტის საჭიროებას, არის სახელმწიფო ტყეების და მამულების მოვლა-პატრონობა. მთავრობა ვალდებულია პატრონობა გაუწიოს ტყეებს, ამისთვის სპეციალისტები არის საჭირო, მათ ფული უნდა მივცეთ და სხვა. რასაკვირველია, ფულები უნდა მივცეთ, თუ მოსამსახურეს დავიქირავებთ, მაგრამ რამდენათ შესაძლებელია ეს, მე მგონია, დამფუძნებელი კრება ვალდებულია იცოდეს, როგორ არის ტყეები მოვლილი და რა მდგომარეობაში არის ჩვენში მამულები და სხვა. აგრარულ კომისიაში მოვისმინეთ მოხსენება ტყის გამგის. მან სთქვა: ჩვენი ტყის მდგომარეობა მეტად ცუდია, ტყეები განადგურებულია. მისი მოხსენება იმდენად საინტერესო და ვრცელი იყო, რომ აგრარულმა კომისიამ დაადგინა შემდეგ სხდომაზე გაეგრძელებინა მოხსენება. ეს არ მოხდა, მაგრამ ნათქვამიდან საკმარისად გამოირკვა, რომ მდგომარეობა ტყეებისა მეტად რთულია. ჩვენ გვაქვს 2 მილიონი დესეტინა ტყე ეს უდიდესი სიმდიდრე არის. ჩვენი ტყეები თავის ხარისხით სხვა ქვეყნების არ ჩამოუვარდება და მოსალოდნელი იყო, რომ ამ ტყეების ექსპლოატაცია თუ რაციონალურ ნიადაგზე იქნებოდა დაყენებული - იქნებოდა უდიდესი შემოსავლის წყარო, მაგრამ არამც თუ არ არის უდიდესი შემოსავლის წყარო, არამედ იმდენიც არ შემოდის, რომ სადაც ეს საჭირო არის, ამ ტყეებისათვის საჭირო რიცხვი დარაჯებისა დააყენონ, გადაარჩინონ ჩვენი ტყეები განადგურებას.
სულ შემოსავალი ტყეებიდან დაახლოვებით ყოფილა 9 მილიონი, ხოლო გასავალი ყოფილა 24 მილიონი. ასე რომ, გასავალი ყოფილა სამჯერ მეტი, ვინემ შემოსავალი. აქედან თქვენ დაინახავთ, თუ რამდენად მოვლილია ჩვენი სახელმწიფო ტყეები და რამდენად საფუძვლიანია ის მოსაზრება, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტროს დავალებული აქვს ტყეების მოვლა და ამიტომ საჭიროა, რომ შტატები გადიდებულ იქმნესო.
ავიღოთ მამულების მოვლა-პატრონობა. ჩვენი ქვეყანა არის სამეურნეო და ამავე დროს ღარიბი ქვეყანა. და თუ მართლაც ამ მამულების ექსპლოატაცია არ იქმნა დაყენებული რაციონალურ ნიადაგზე, ჩვენ ვერ დავაღწევთ თავს საფინანსო და ეკონომიურ კრიზისს. რომ მართლაც არ არის დაყენებული ამ მამულების ექსპლოატაცია შესაფერ ნიადაგზე, ამას მოწმობს ოქმი იმ თათბირისა, რომელიც შესდგა თვით მინისტრის თავმჯდომარეობით და რომელსაც დაესწრენ სახელმწიფო მამულების გამგენი. მე მოვიყვან ზოგიერთ ადგილებს ამ ოქმიდან, რომ თქვენ დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი მამულების მდგომარეობა საშინელია. ამ თათბირზე იყვნენ სახელმწიფო მამულების გამგენი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ, როცა მოხელე აბარებს ანგარიშს მინისტრის წინაშე, ის ცდილობს ისე დახატოს მდგომარეობა, რომ (ივ. გობეჩია: ასიამოვნოს!) დიახ, ასიამოვნოს მას. მაგრამ ამისდა მიუხედავად იმ კონსპექტიურ ოქმიდან, რომელიც ჩვენ ხელთა გვაქვს, სჩანს, რომ ჩვენი მამულების ექსპლოატაცია ვერ არის შესაფერ ნიადაგზე დაყენებული, ვერ არის რიგიანად მოწყობილი. ასეთია მაგ. გიაურახის მამული. შემდეგ ავიღოთ წინანდალის მამული. იქ არის პირდაპირ ნათქვამი (კითხულობს). წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნება მამული, როდესაც ამას ამბობს თვით გამგე. (კითხულობს).
მეტეოროლოგიური სადგური განადგურებულია. მე არ ვიცი... (ვეშაპელი: თვითონ გამგე როგორ არის?) ყოველ შემთხვევაში ცუდათ არ იქნება! შემდეგ მამულს არ ჰქონია განათება. მაგრამ გამგე ამბობს, რომ იმ ფულით რაც ეს განათება დაუჯდა მამულს, შეიძლებოდა ელექტრონის სადგურის აშენებაო.
გამგე ცდილობს მონახოს მიზეზები, თუ რატომ ჩავარდა ეს მამულები ასეთ მდგომარეობაში. ეს საჭიროა მისთვის, რომ თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა სათანადო უწყებიდან. და ის ეძებს ამ მიზეზებს და ნახულობს კიდეც. თურმე ამაში დამნაშავენი ყოფილან მუშები. მუშებმა წამოაყენეს განუსაზღვრელი მოთხოვნილებანიო, ეს ისეთი ხალხია, რომლებსაც ვერ ენდობითო, ჩვენ საქმეებში ერევა პროფესიონალური კავშირებიო და სხვ. (კითხულობს).
ავიღოთ შემდეგი მამული მუკუზანის. აქ უნდა ყოფილიყო მოსავალი 25 ათასი ვედრო ღვინო. ამის მაგივრად მიუღიათ სულ 10 ათასი ვედრო. 25 ათასს მოელოდენ და 10 ათასი კი არისო, ამბობს გამგე. შემდეგ ამ მამულს ჰქონდა თავისი მიწები, მაგრამ ისიც დაუტაცნიათ. ჰქონია სულ 26 დესეტინა, მაგრამ ეხლა კი აღარ იციან თუ რამდენი შერჩა (ასათიანი: სოციალიზაცია უყვიათ!).
ეხლა შევეხოთ თუ რა მდგომარეობაშია ქართლის მამულები. მათი გამგე მეგრელიშვილი ასეთ დახასიათებას იძლევა (კითხულობს). (პ. გელეიშვილი: როდის მოხდა?).
ასეთია, ბატონებო, სახელმწიფო მამულების მდგომარეობა. საინტერესოა აგრეთვე ბაღდათის მამულების მდგომარეობა. ბაღდათის მამულში 1918 წელს მოვიდა 1000 ფუთი ყურძენი, წარსულს წელს კი მხოლოდ 700 ფუთი. (რუსია: ყურძნის მოსავალი, რომ გლახა იყოს ეს რა მინისტრის ბრალია!) სხვაგან არ ეტყობა ეს მოუსავლობა. აი, მაგალითად აფხანაურის მამული, იქ ასე არ არის. აი, ბატონებო, ასეთი არის. თითქმის ყველა გამგეს მოხსენება ამ მამულების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ბორჯომში ადგილი ჰქონდა ბოროტმოქმედებას და ამბობენ, რომ ამის შესახებ გამოძიება სწარმოებს. (გელეიშვილი: რომელ ბოროტ-მოქმედებას, დაასახელეთ?) (კითხულობს) ბოროტ-მოქმედების შესახებ იყო შეკითხვა ეროვნულ საბჭოში (გელეიშვილი: - დაასახელეთ რა ბოროტ-მოქმედება იყო?) და მე მოგახსენებთ, რომ ამის შესახებ გამოძიება სწარმოებს. (ვეშაპელი: გაღიზიანებს). აი, ბოროტ-მოქმედება მოხდა კიდევ სხვა მამულში. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო კიდევ ერთ მამულზე, ეს არის კოჯორის მამული. ეს თქვენ გაგიგონიათ და ამიტომ ნებას მივცემ ჩემ თავს მოგახსენოთ ამ მამულის შესახებ, მით უმეტეს, რომ მის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო საზოგადოებაში, ბევრი დაიწერა პრესაში, და ბევრი ილაპარაკეს თვით თქვენ ფრაქციაში. მართლაც, რომ ყურადსაღებია ეს საქმე. კოჯორის მამული იჯარით არის გაცემული. თუ რა პირობებში მოხდა და როგორი არის ეს პირობები, ამას მოგახსენებთ. ხელშეკრულებაში შედის 13 მუხლი. იჯარით არის აღებული 7-8 აგარაკი, დაახლოვებით ამ აგარაკში არის შემდეგი შენობები (კითხულობს) აი, წარმოიდგინეთ ეს ვებერთელა მამული, რომელშიაც არის სულ 200 ოთახი და არა ნაკლები 9 აგარაკისა, აი ეს უშველებელი და საუკეთესო მამული წლიურათ გაცემულია მხოლოდ 30 ათას მანეთად. იმ დროს, როდესაც თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ქალაქში უბრალო რესტორანსაც, რომელიც არ იხდიდეს ამდენ გადასახადს. და ეს უზარ-მაზარი ქონება კი გაცემულია 30 ათას მან. და ისიც როგორ პირობებში: არ ყოფილა შესრულებული არც ერთი ფორმალური მხარე, არ ყოფილა საჯარო შეჯიბრება. გარდა ამისა ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამ მამულის აღება უნდოდა ადგილობრივ საზოგადოებრივ დაწესებულებას, როგორიც არის კოჯორის ქალაქის გამგეობა. ორჯელ მიმართა მან სამინისტროს თხოვნით, რომ გადაეცა იჯარით ეს მამული, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ როცა შეიკრა ხელშეკრულება, ამ გამგეობამ მოითხოვა ამ ხელშეკრულების გაუქმება, მაგრამ ამ თხოვნასაც წააწერეს: «Оставлено безъ послђдствiй». შეიძლება თქვენ სთქვათ, რომ მართალია მამული დიდია, მაგრამ შემოსავალი არ არისო. არც ეს შეეფერება სიმართლეს. ტფილისის საკონტროლო პალატას გაუგზავნია წარმომადგენელი და უკანასკნელს შეუდგენია აქტი, და ამბობს, რომ ერთი აგარაკიდან შემოსავალი უდრის 21000 მ. აქედან დაინახავთ, თუ რამდენი შემოდიოდა 9 აგარაკიდან. და თუ მიიღებთ მხედველობაში იმასაც, რომ არენდატორს მიეცა უფლება ელექტრონის სადგურის დადგმის, მიწების დამუშავების, რესტორანის და კინემატოგრაფის გახსნის, თქვენ დაინახავთ, რომ შემოსავალი არც ისე ცოტა იყო!.
ეს მამული სულ მუქთად ჩაიგდო ხელში ისეთმა პირმა, რომელსაც არავინ არ იცნობს და არაფერი არ დაუმსახურებია რესპუბლიკის წინაშე (გელეიშვილი: - ვინ იყო? ვეშაპელი: - ალბად სფეროებში ეყოლებოდა ნაცნობები!) დიახ, ალბად რითიმე ცნობილი იქნებოდა იქ უეჭველად. და, რომ თქვენ ნათელი წარმოდგენა იქონიოთ იმაზე, თუ როგორ უვლიან ჩვენში სახელმწიფო მამულებს, მე მოგიყვანთ ერთს დამახასიათებელ ფაქტს. ერთს გამგეს სახელმწიფო მამულისას სულ დაუყიდია ქონება მამულისა და როდესაც შემდეგ ამაზე ძიება შეიქნა, დიდი ძიების შემდეგ ტფილისის ერთ-ერთ რესტორანში უნახავთ ზოგიერთი ნივთები, ჩამოუთვლიათ იგი და 24 საგანი აღმოჩენილა სწორედ იმ მამულიდან, რომლის გამგეთაც სწორედ ის ბრძანდებოდა. ამ მამულებში მუშათა მდგომარეობა პირდაპირ აუტანელია და ეს ნათლათ სჩანს იმ მოთხოვნილებიდან, რომელიც მათ წარმოადგინეს, სადაც ისინი კატეგორიულად მოითხოვდენ გამგის დათხოვნას, რომელიც აუტანელ პირობებში აყენებდა მუშებს. ასე, რომ სახელმწიფო მამულების მოვლაში არავითარი ინტერესი არც სახელმწიფოსი და არც მუშების დაცული არ არის, იქ არავის ინტერესი არ არის უზრუნველყოფილი (შ. ნუცუბიძე: რომელიმესი უსათუოდ იქნება დაცული?) დიახ, ერთის ინტერესი ყოველ შემთხვევაში დაცულია, ეს ალბად იმ მოიჯარადრის, რომელსაც აღებული აქვს ეს მამული. მოიჯარადრე ცხადია, ბევრ ფულს იღებდა, სხვანაირათ შეუძლებელია, რადგან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ის არ მისცეს, თუმცა ამას ისინი დაჟინებით მოითხოვდენ. ამასთან არავითარი ფორმალური მხარე იჯარის გაცემისა დაცული არ იყო და ის 30000 მანეთი, რომელთაც გაცემულია ეს მამული პირდაპირ წარმოუდგენელი რიცხვია. (შ. ნუცუბიძე: - სხვა უწყება ხომ არ არის ამაში დაინტერესებული?).
თავმჯდომარე. სიტყვა თუ ვისმეს სურს ითხოვოს და ილაპარაკოს, ადგილიდან ლაპარაკის ნებას კი არავის მივსცემ. გთხოვთ ნუ ინებებთ ამას.
შენგელაია. ასე, რომ, ბატონებო, ჩვენი მამულების მოვლა და ექსპლოატაცია და მისი პატრონობა, რომელზედაც ლაპარაკია ამ დეკრეტის განმარტებით ბარათში ეს ზღაპარია და მეტი არაფერი. ეს მამულები მოვლილი კი არა, გაპარტახებულია, ჩემთვის ძლიერ სასიამოვნო იქნებოდა, რომ აქ გამოვიდოდეს უწყების წარმომადგენელი და დაამტკიცებდეს წინააღმდეგს, დაამტკიცებდეს, რომ მამულების მოვლა რიგიანად არის დაყენებული და სხვა. ამ უწყების მოღვაწეობა არ განისაზღვრება მარტო აქ ჩამოთვლილი საქმიანობით. თქვენ იცით, რომ მას დიდი საქმეებიც აქვს გასაკეთებელი. ავიღოთ თუნდაც საძოვარი მიწები, წინედაც არ შეადგენდენ კერძო საკუთრებას და არც იყიდებოდენ. აქ მიწად-მოქმედების სამინისტრო ახალის გაკეთებას ცდილობს და უკვე აგრარულ კომისიაშიც სათანადო კანონ-პროექტია წარმოდგენილი. ეს კანონ-პროექტი მოითხოვს საძოვარი მიწების სახელმწიფოს ფონდში გადარიცხვას. თქვენ იცით რას ნიშნავს ფონდში მიწების გადარიცხვა. თქვენ იცით, რომ ამ ფონდში ეს მიწები თან და თან კერძო საკუთრებად დაიყოფა და ამ რიგად მოისპობა ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ცხოვრებისა - მეცხვარეობა. და ამას საქმიანობად უწოდებს მიწად-მოქმედების სამინისტრო. ბატონებო! თქვენ იცით, რომ სამინისტროებს უფლება აქვსთ ინსტრუქციის გამოცემისა. მაგრამ რას ნიშნავს ინსტრუქცია. ინსტრუქცია არ არის არც გაგრძელება, არც დამატება და არც უარყოფა კანონისა, მხოლოდ ამ სამინისტროს ყველაფერი სხვანაირად ესმის და ისეთ ინსტრუქციებს სცემს, რომელიც პირდაპირ უარყოფს კანონს. ამნაირათ, ბატონებო, ჩვენი აზრი ასეთია. ჩვენ ვილაშქრებით იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული ამ უწყებაში და ვამბობთ: მიწების რეფორმა არ არის დამთავრებული, საუკეთესო მამულები სპეკულიანტების ხელში ჩავარდა, ერის ავლა-დიდება გაპარტახებულია და, რომ ჩვენი შეგნება პარლამენტარობისა მეტი იყოს, რომ პასუხისმგებლობა ესმოდეთ სოც.-დემოკრატებს, მიწათ-მოქმედების მინისტრიც ისევე უნდა მოიქცეს, როგორც მოიქცა მისი ამხანაგი - ის უნდა გადადგეს!.
ნოე ხომერიკი, მიწათ-მოქმედების მინისტრი. ბ-ბო, დღეს აქ, თქვენს წინაშე წამოყენებულია ფრიად მარტივი საკითხი. უწყება ითხოვს რომ მის მოსამსახურეებზე და მოხელეებზე გავრცელებულ იყოს ის მომატება ჯამაგირების დამფუძნებელი კრების დასტურით. (ყველგან არ გატარებულა - შ. ნუცუბიძე). შეიძლება თქვენ ამ უწყებას უარყოფით უყურებდეთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ არ შეგიძლიათ ამის გულისთვის დასაჯოთ ის მუშაკნი, რომელიც ამ უწყებაში მუშაობენ, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მათ მიეცეთ ის ჯამაგირი, რაც სხვა უწყებებში გატარდა. მხოლოდ ამ მხრით შეიძლებოდა ლაპარაკი. საკითხი სრულიად გარკვეულია, მაგრამ ის კრიტიკა, რომელიც ინება შენგელაიამ შეიძლებოდა მაშინ, როცა ბიუჯეტის განხილვა იქნება, როცა ჩვეულებრივ მიღებული არის ბიუჯეტის განხილვის დროს გადაათვალიერებენ უწყების მოქმედებას, მაგრამ შენგელაიამ ასე არ ინება და მე იძულებული ვარ ზოგიერთ დებულებებზე პასუხი გავცე. წინდაწინ უნდა მოგახსენოთ, რომ შენგელიას ლაპარაკი იყო საუბარი საქმის უცოდინარი კაცისა. ის გვისაყვედურებს, რატომ აქამდე აგრარული რეფორმა არ გატარდაო, ალბათ მას წარმოდგენა არა აქვს ამ რეფორმის ხასიათზე, როგორ შეიძლება რეფორმის გატარება, რა არის ამისთვის საჭირო, რა ძალები რა ობექტიური პირობები, რომლებშიაც შეიძლება აგრარული რეფორმის გატარება? ასე რომ დაესვა კითხვა, მაშინ მიხვდებოდა, რომ, მართალია, ჩვენ ორი წელიწადია ვატარებთ ამ რეფორმას, მაგრამ ფაქტიურათ მუშაობა შეგვეძლო მხოლოდ 11 თვე. ვინც იცის რა არის მიწის ჩამორთმევა და ერთი ხელიდან მეორეში გადაცემა, მან იცის, რომ თუ როგორი ამინდია საჭირო მიწის დაზომვისთვის, რომ აქ საქმისთვის არსებობს განსაზღვრული დრო, სეზონი, როცა ეს შეიძლება მოხდეს. როცა დარი არის, მაშინ შეიძლება მინდორზე მუშაობა, ავდარში კი ეს შეუძლებელია. ეს რომ ეკითხა ბ. შენგელაიას უბრალო მიწის მზომლისათვის, ის ამას აუხსნიდა. ჩვენ ასეთი დრო გვქონდა მხოლოდ 11 თვე და ამ ხნის განმავლობაში შეიძლება თითქმის ყველგან, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ჩამორთმევა დაგვესრულებია. სტატისტიკური ცნობებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გამოდის ამნაირად (აქ არ არის ნაანგარიშევი სოხუმის ოლქის და ზოგიერთ სხვა კუთხეების ჩამორთმეული მიწები). ჩამორთმევით ჩვენ მივიღეთ სახელწიფო ფონდში 610 ათასი დესეტინა მიწა და ჩამორთმევა ფაქტიურად, თუ სოხუმის ოლქს არ მივიღებთ მხედვლობაში, თითქმის დასრულებულია. შეიძლება ზოგიერთ მაზრაში რამდენიმე ათეული დესეტინა იყო დარჩენილი, მაგრამ უმეტესი ნაწილი, როგორც მოგახსენეთ, ჩამორთმეული არის. ეს ერთი.
გარდა ამისა, ჩვენ დავალებული გვქონდა მეორე ნაწილი ამ მუშაობისა - დარიგება მამულის უმიწა-წყლო და მცირე მამულიან გლეხობისათვის, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო წინასწარი მუშაობა, საჭირო იყო გამორკვევა მიწის რაოდენობისა იმ უმიწაწყლო და მცირე მიწის პატრონთა, რომელთა ხელში საფონდო მიწა უნდა გადასულიყო. კითხვა რომ ასე ყოფილიყო დასმული რომ მიწა გადასცემოდა მას, ვისაც ეს ესაჭიროებოდა და ვინც მას ხელს მოჰკიდებდა, ეს რამოდენიმე თვის განმავლობაში გაკეთდებოდა, მაგრამ კანონის მიერ დასახული გვაქვს ისეთი მიზანი, რომელიც თხოულობს დიდ წინასწარ მუშაობას. სანამდი მიწას გავანაწილებდით, ჩვენ უნდა გამოგვერკვია: ვინ არის უმიწა-წყლო, მცირე მამულიანი და მხოლოდ მათთვის გადაგვეცა ეს მიწა. ეს დიდი სამუშაო არის. გარდა ამისა, დარიგებას უნდა უსწრებდეს წინ ფონდის მიღება. თუ არ იცით რა გაქვთ დასარიგებელი, მაშინ ვერაფერს დაარიგებდით. მე მოგახსენებთ, თუ რა პირობებში ხდება ჩამორთმევის პროცესი ზოგიერთ მაზრებში, მიწის დარიგებაც დაიწყო. მაგ., ტფილისის და ქუთაისის მაზრებში, ტფილისის მაზრაში ფაქტიურად გადაეცა 23 ათას დესეტინაზე მეტი სწორეთ იმ ხალხს, რომელსაც კანონის ძალით ეკუთვნოდა მიცემა. ქუთაისის მაზრაში კი დარიგებულია 16 ათასი ქცევა მიწა. დანარჩენ ადგილებში ნაწილობრივ დაწესებულია მიწის დარიგება. აი, შორაპნის მაზრაშიც მოხდა მიწების გადაცემა და უწყება ღებულობს ზომებს თავის მხრივ, რომ ეს დააჩქაროს. ეხლა შეიძლება მხოლოდ წინასწარი მზადება და როცა შეიძლება მინდორში გასვლა სამუშაოთ, უწყება მომზადებული არის, რომ დაჩქარებული ტემპით აწარმოვოს ეს მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერობების დახმარებით ამ დარიგებას მიმდინარე წლის განმავლობაში დავასრულებთ. ეს არის ფაქტიური მხარე, ხოლო შენგელაიას კი ჰგონია, რომ საკმარისია დეკრეტები გამოვსცეთ მიწის გადაცემაზე და მიწა ხალხს გადაეცემა. ასეთ დეკრეტებს სცემენ ბოლშევიკები გლეხების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა შედეგებსაც მიაღწევს თავის ქვეყანაში. იმათ აგრარული საკითხი სრულიად არ გადაუწყვეტიათ, მხოლოდ შეიტანეს ცხოვრებაში დიდა არევ-დარევა და ნიადაგი მოუმზადეს ანარქიას და შეიძლება რესტავრაციასაც მომავალში. ასეთია აგრარული რეფორმის გატარების საქმე.
ასეთივე ცოდნა საქმის გამოიჩინა ბ. შენგელაიამ, მაშინ, როცა ის შეეხო სატყეო მეურნეობას და გვისაყვედურა, რომ ხარჯები უფრო ბევრი გაქვთ, ვინემ შემოსავალიო. მაგრამ ამის თქმა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც საქმეს გაუცნობელია. ბ შენგელაია ანგარიშს არ უწევს იმას, თუ როგორი იყო სატყეო მეურნეობა წინეთ, სანამდი ჩვენ გადმოგვეცემოდა. მე მოგახსენებთ, რომ მაგ. ქუთაისის გუბერნიის სატყეო მეურნეობა სახელმწიფოს ზარალს აძლევდა ნორმალურ დროსაც კი, მხოლოდ ტფილისის გუბერნიის ზოგიერთ რაიონებში აძლევდა ისეთ მცირე შემოსავალს, რომ ამაზე ლაპარაკიც შეუძლებელია და ამ საქმის გამოსწორება, სატყეო მეურნეობის სათანადო საფუძველზე დაყენება არ არის ერთი თვის საქმე, ამისთვის დიდი მუშაობა არის საჭირო. არის მთელი რიგი ისეთი ღონისძიების გაღებისა, ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დღევანდელ პირობებში ფაქტიურად მთავრობას და სახელმწიფოს არც კი შეუძლიან. ჩვენ ტყეებში, მიუვალ ადგილებში და თუ გინდათ, რომ ამ ტყეებმა სახელმწიფოს შემოსავალი მოუტანონ, უნდა გაიყვანოთ გზები და რომ გაიყვანოთ რკინის გზები, გააუმჯობესოთ ტყის ექსპლოატაცია, გვაქვს ამის საშუალება? აი მოგახსენოთ რა არის და რის გაკეთება შეიძლება. თქვენ ზეპირათ ლაპარაკობთ და მე კი მინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ საქმის ფაქტიურ მდგომარეობას. გამობრძანდით და გვიჩვენეთ ის ღონისძიებანი, რომელიც მოგვცემს საშვალებას დღესვე ამ ტყეებიდან მილიარდები გამოვიღოთ, ამისთვის, ვამბობ საჭიროა მილიარდების დახარჯვა, ეს ტყეები დიდი სიმდიდრე არის, მაგრამ მომავალში და არა დღეს. მხოლოდ უცოდინარმა კაცმა შეიძლება სთქვას, რომ ორი მილ.დესეტინა გვაქვს და რატომ შემოსავალს არ გვაძლევსო. იმიტომ არ გვაძლევს, რომ არ არის გზები და სხვა, რაც საჭიროა ტყის საექსპლოტაციოდ. საერთოდ უწყება ყოველგვარ საშვალებას ღებულობს, რომ შემოსავალი გადიდდეს. და თუ შევადარებთ წარსულ წლეების შემოსავალს, დავინახავთ, რომ შემოსავალი თანდათან მატულობს. (შენგელაია: კურსი?) კურსიც რომ მივიღოთ მხედველობაში, მაინც დავინახავთ, რომ დღეს მეტი შემოსავალი გვაქვს, ვინემ წინათ. მე არ ვიცოდი, რომ აქ ყველაფერს შეეხებოდით, თორემ მოვიტანდი ციფრებს. რაზე არის დამყარებული შენგელაიას განცხადება? არ არის მართალი ეს ცნობა, თითქოს ჩვენ გვქონდა შემოსავლი 9 მილ. მან., გასავალი - 24 მილიონი მანეთი, ეს მართალი არ არის. მართალია, მე აქ ციფრები არ მომიტანია, მაგრამ თუ გადავხედავთ დამფუძნებელი კრების დადგენილებას, რომლითაც ყოველ უწყებას ეძლევა 1/12 ბიუჯეტისა, დაინახავთ რომ ასეთი დიდი თანხა არ არის დახარჯული და არც შეიძლებოდა დახარჯულიყო. ეს მისი ცნობა გაუგებრობაზე არის დამყარებული.
ეხლა მამულის შესახებ. ისეთივე სურათი დახატა მამულის შესახებ ბ. შენგელაიამ. ის დაეყრდნო ახლო წარსულში მომხდარ ყრილობის ოქმებს და სხვათა შორის, სთქვა, რომ ჩვეულებრივათ მოხელე ცდილობს თავის უფროსს ასიამოვნოს და უკეთესს სურათს უდგენს, ვინემ ეს არის სინამდვილეში, ასე მოიქცეოდენ მამულების გამგენიცო.
მე უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ტრადიცია მე არ მაქვს დამყარებული უწყებაში, რომ ისეთი ცნობები მომცენ, რაც არ არის. და ყველა ამბობს საქმის ნამდვილ ვითარებას, თუ რამე ნაკლი და გასასწორებელია, მე დაინტერესებული ვარ თვითონ გავასწორო და არ მიმაჩნია საჭიროდ ვინმემ შეამსუბუქოს ეს ნაკლი. და ის სურათი, რომელიც ყრილობის მონაწილეებმა დახატეს, ნამდვილი იყო. რას ამბობს ეს სურათი?
ბ. შენგელაია რომ გარჯილიყო და ბოლომდე წაეკითხა ის ოქმები, დაინახავდა შემდეგს, რომ იყო ცუდი მდგომარეობა, იყო საქმე ცუდად დაყენებული, მაგრამ უწყება და მამულების მმართველობა ყველა მამულებში ცდილობდა, რომ საქმე გაეუმჯობესებინა და ეს დღეს საგრძნობლად ეტყობა. მაგრამ ბ. შენგელაიამ მხოლოდ ზოგიერთი ადგილები ამოგლიჯა და ისე მოიქცა, როგორც ერთი საანეგდოტო ცენზორი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მომეცით ნება ამოვგლიჯო „მამაო ჩვენოდან“ თავისუფლად ადგილები და დაგიმტკიცებთ, რომ მის ავტორს ჩამოხრჩობა ეკუთვნისო. რომ ეს ასე არ ექნა ბ. შენგელაიას, მაშინ ის დაინახავდა, რომ ეს მამულები დღეს უკეთესად დამუშავებულია, ვინემ არამც თუ რევოლიუციის პირველ დღეებში იყო, არამედ ომის პირველ დღეებში იყო. მე ვამბობ, რომ საქმის ინტერესი არ მოითხოვს იმას, რომ დეპუტატი ასე ეპყრობოდეს თავის სინდისს, როგორც ეს ბ. შენგელაიამ ინება.
მართალია, გევრახის მამულის გამგის მოხსენებაში იყო, რომ შენობები გაპარტახებული არის, იარაღი გაფუჭებულია და სხვა, მაგრამ რატომ არ ჰკითხა თავისთავს ბ. შენგელაიამ, როდის მოხდა ეს? რომ ეს კითხვა დაეყენებინა თავისთვის, მაშინ გაიგებდა, რომ ეს გაფუჭება იარაღისა და სხვა მოხდა მაშინ, როცა ამ მამულის პატრონი არც კი ვიყავით, როცა ის იარაღები თათართა ბანდებმა დაიტაცეს, შენობები გაანადგურეს და სხვ. როცა სამინისტრომ მიიღო ეს მამული, დაინახა რა ყველაფერი ეს, იარაღებს თავი მოუყარა, შენობები შეაკეთა და სხვ. აქაც შენგელაია მოიქცა ისე, როგორც წინეთ. (ნუცუბიძე: კოჯორის მამული?) ბორჯომის მამული თუ წინეთ ზარალს იძლეოდა, დღეს მილიონებს აძლევს ხაზინას. ამით არ მინდა ვსთქვა, რომ ბორჯომის მამულს რაიმე ნაკლი არ ჰქონდეს, მაგრამ (ნუცუბიძე: მე კოჯორის მამულზე გეკითხებით!) მოითმინეთ და ამაზე მიიღებთ პასუხს. აი, კოჯორის მამული ჩვენ გადავეცით 30 ათას მანეთად ერთი წლის ვადითო, ბრძანებს შენგელაია, და ამას ისე ლაპარაკობს, რომ გარეშე კაცი წარმოიდგენს, რომ მართლაც აუარებელი ოთახების შემოსავალი შეადგენს 30000 მანეთს. (შენგელაია: 200 ოთახია!) მაგრამ შენგელაიას უნდა მოეხსენებოდეს, რომ კოჯორი მხოლოდ სააგარაკო ადგილია და იქ მხოლოდ ორი თვით ცხოვრობენ, დანარჩენ დროს კი ცალიერია ოთახები და ამ ორი თვის განმავლობაში სარგებლობისათვის იმ კაცს 30 ათას მან. ჰქონდა გადაცემული. წინეთ ჩვენ ვცდილობდით, როდესაც ეს აგარაკი ჩავაბარეთ, მოგვეწყო საკუთარი მეურნეობა, მაგრამ ზარალი ვნახეთ 45 ათასი მანეთი და ამის შემდეგ გავეცით 30 მანეთად, ეს არის წმინდა სარგებლობა ხაზინისათვის. თუ პირობას გადახედავთ, დაინახავთ, რომ მოიჯარადრეს აწევს მთელი რიგი მოვალეობისა, რომელიც დიდ ხარჯებს მოითხოვს: შეკეთება შენობებისა, მოვლა-პატრონობა და სხვა, და თუ ხარჯთ-აღრიცხვას წაიკითხავთ, რომელიც სამინისტროს ჰქონდა წარმოდგენილი, დაინახავთ, რომ ზარალს კი არა, წმინდა შემოსავალს დიდს ვღებულობთ. ეს იყო გაცემული წინეთ, ეხლა კი რომ გავცეთ, იქნება არა 30 ათასი მანეთი, არამედ რამდენიმეჯერ 30 ათასი მანეთი, რადგანაც ჩვენი ფულის კურსი მას შემდეგ დაეცა. (კედია: აუქციონი მართლა არ ყოფილა?) არ ყოფილა. უწყებას აქვს უფლება გასცეს აუქციონის გარეშე ზოგიერთი ასეთი შემოსავლის წყარო. (შენგელაია: რომელ კანონში სწერია?) ეს იმ კანონში სწერია, რომელიც დამფუძნებელ კრებას ჯერ არ გაუუქმებია, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ აღიარა თავისთვის სავალდებულოდ და როცა გაუქმდება და დადგენილი იქნება, რომ ყველა შემოსავლის წყარო საჯაროდ იქნეს გაცემული, მაშინ ჩვენც ასე მოვიქცევით. როდესაც ეს უფლება გვაქვს და არსებითად ხაზინისთვის ზარალი არ მოგვიტანია და, პირიქით, შეგვიძლიან ამით სარგებლობა მოუტანოთ. ჩვენ მხოლოდ არსებითად ვლაპარაკობთ და არა ფორმალურ მხარეზე. ბ. შენგელაიმ სთქვა: მამულებში მოსავალი ისეთი არ იყო, როგორც მოელოდნენო. მას დაავიწყდა, როგორი დარები იყო წელს, როგორ იმოქმედა ამ მიზეზებმა ამ მოსავალზე. (შენგელაია: „ობიექტიური პირობები“?) დიახ, ობიექტიური პირობები! თქვენ რომ მთავრობა ყოფილიყავით, წვიმას ვერ დაუშლიდით, როცა ის მოდიოდა, და ვერ მოიყვანდით, როცა საჭირო იყო. ობიექტიური, ბუნებრივი პირობები ისეთი იყო, რომ ცოტა მოსავალი იყო, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტს მოველოდით და როგორ შეგიძლიათ ეს დანაშაულად ჩაგვითვალოთ? თუ დაგვიმტკიცებთ იმას, რომ უწყებას ჰქონდა საშუალება მეტი მოეყვანა, მაშინ მართალი იქნებოდით, მაგრამ უსამართლობა იქნება მოსთხოვოთ უწყებას ის, რაც მისგან არ არის დამოკიდებული. ეს უსამართლობა არის.
ის ყოფილი საუფლისწულო მამულები, სადაც უმთავრესად მევენახეობა იყო, ის მოძველებული არის, რომ სწორედ იმ ყრილობამ, რომელიც მე მოვიწვიე საერთო მუშაობის გასათვალისწინებლად და ახალი ღონისძიების მისაღებად, ერთხმად დაადგა იმ აზრს, რომ ვენახები ყველა მოძველებულია და არ შეიძლება ამ ვენახებზე მევენახეობა ვაწარმოვოთ და უნდა შევუდგეთ მათ განახლებასო. ამით აიხსნება ის, რომ შემოსავალი ისეთი არ არის, როგორც ეს უნდა იყოს. ეს ძველი ვენახები არის, და თუ გაეგება რამ შენგელაიას მევენახეობისა, ვენახებს 30 წლის შემდეგ სჭრიან და ამის შემდეგ თქვენ მოითხოვთ, რომ რატომ 80 ვედრა ღვინო მოგცათ და არა 300-400 ვედრაო. ეს დაუშვებელია. ჩვენის მხრით უნდა განვაცხადო, რომ ყველა მამულები დამუშავებული იყო და არც ერთი ვენახი არ დარჩენილა დაუმუშავებელი. ყველა თავის დროზე დასხლილი, დაბარული და სხვა, რაც ამ მხრივ საჭირო არის, გაკეთებული იყო.
ასეთია ჩვენი მუშაობა. რასაკვირველია, არის ნაკლი, არის ხელშემშლელი პირობები, არ ვამბობთ იმას, რომ ყველა, რაც გავაკეთეთ სულ დროზე გავაკეთეთ, მხოლოდ იმას ვერავინ იტყვის, რომ შეიძლებოდა უწყებას, მით უფრო იმ უწყებას, რომლის ხელში არის მრავალი სამეურნეო საქმის წარმოება, გაეკეთებინა დღევანდელ ობიექტიურ პირობებში, რომელიც შენგელაიას სასაცილოდ მიაჩნია, ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო. აი, თუ გინდ ის მეტალურგიული სადგური კი არ დანგრეულა, არამედ ინსტრუმენტები არა გვაქვს. (შენგელაია: გაიტაცეს?) არა. არავის არ გაუტაცნია, ინსტრუმენტი ცვდება, განახლებას საჭიროებს და ამის საშუალება კი არ გვქონდა და ამით აიხსნება ის, რომ მამულის გამგე ლაპარაკობდა, მეტალურგიული სადგური არ მუშაობსო. ვერ გავმართეთ ელექტრონები ზოგიერთ ალაგას, რადგანაც ელექტრონებს ჩვენში არ აკეთებენ, უცხოეთიდან მოდის, ამის შეძენის და მოტანის საშუალება ჩვენ არ გვქონდა.
ბ. შენგელაიამ თავისი სიტყვა დაიწყო იმით, რომ არის ორი უწყება, რომელსაც საქმე აურევ-დაურევია, არაფერი გაუკეთებიაო და სხვ. მე ვიტყვი, რომ დამფუძნებელ კრებაში არის ერთი ფრაქცია, რომელიც ყოველთვის, რაზედაც არ უნდა იყოს ლაპარაკი, მისწვდება სწორედ ამ უწყებებს, რომელიც მის განზრახვებს ფრთას კვეცს და მის იდეალებს, შეხედულებას არ ანხორციელებს. მე მესმის შენგელაიას გულის წყრომა. ის ექსპერიმენტები, რომლითაც მათმა ამხანაგებმა რუსეთში ვერაფერი მიიღეს და მათ აქ ამ ექსპერიმენტების განმეორების საშუალებას არ მივსცემთ, თავისთავად ცხადია, გასაგებია, ასეთი მოქცევა ამ უწყებისადმი, მაგრამ ვისაც უნდა საქმის ნამდვილი ვითარების გამორკვევა და არ უნდა მთელი საქმის დაწვრილმანება, ვინც დაინტერესებული არის სახელმწიფოს ინტერესებით და არა ვიწრო ჯგუფურ ინტერებით, არ იტყვის იმას, რაც აქ ინება ბ. შენგელაიამ.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. გელეიშვილს ეკუთვნის
პეტრე გელეიშვილი. (ს.-დ.) უნდა მოგახსენოთ, რომ ბ. შენგელაიას გამოსვლამ მოიგონა რუსული თქმულება: «Гора родила мышь» მან თავისი სიტყვა დაიწყო ასეთი სიტყვებით: ამ ორი სამინისტროს: მიწად-მოქმედების და შინაგან-საქმეთა მოღვაწეობა იწვევს აღშფოთებას, ეს სამინისტროები რაღაც საშინელებას წარმოადგენენო. განცხადებამ ძლიერ დამაფრთხო. მართალია, მე დღეს არ გახლავართ მიწათმოქმედების სამინისტროში, მაგრამ დღესაც მასთან სრულიად ვარ შეკავშირებული. ბატ. შენგელაიას სიტყვიდან სჩანს, ვითომ მომხდარა რაღაც თავზარ დამცემი ამბავი - დაღუპულია მთელი რესპუბლიკა, ის დაუღუპავს მიწათ-მოქმედების სამინისტროს, რომელსაც აქვს ჩაბარებული მთელი ჩვენი სიმდიდრე - მიწა, წყალი, ტყე, მადანი და სხვა და, რასაკვირველია, თუ ყოველი ეს დაიღუპა, მართლა დაღუპულა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თვით შენგელაიას ბოლო სიტყვებიდანა სჩანს, რომ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ მიწათ-მოქმედების მინისტრის შემდეგ მომიხდა ლაპარაკი და მან ფაქტიური მხარის არაფერი აღარ დამიტოვა. მე გაბედულად ვლაპარაკობ, არა როგორც მინისტრის ამხანაგი, არამედ როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, როგორც წევრი დიდი საკანონმდებლო ორგანოსი, რომ ამ სამინისტროში ბევრი რამ გაკეთდა, რასაკვირველია, კრიტიკა საჭიროა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რაც გაკეთდა, ყოველივე ის კრიტიკის მაღლა იდგეს. მე ის კი არ მაკვირვებს, რომ სამინისტრომ ყოველისფერის გაკეთება ვერ შესძლო, რომ გაკეთდა ის, რაც გაკეთდა. როგორ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა, თქვენ უნდა გახსოვდეთ. რა მდგომარეობაში იყო ახალციხის მაზრა და ბორჯომის მხარე თქვენ კარგათ გახსოვთ. ოქრო და ვერცხლის გამოტანაც კი ვერ მოვახერხეთ აბასთუმნიდან, ყოლისფერი გარეშე მტერმა წაგვართვა. მთელი მხარე ცეცხლში იყო, რესპუბლიკის უმეტესი ნაწილი ანარქიას მოეცო და ამ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა. თქვენ ლაპარაკობთ, რომ რეფორმის პირველი ნაწილი ცხოვრებაში ვერ გაატარეთო. ვერ გავატარეთ მხოლოდ ჯავის ხეობაში. მაგრამ თუ თქვენ შეგწევსთ მოქალაქეობრივი გამბედაობა, ბრძანეთ, რატომ ვერ შევძელით რეფორმის გატარება ჯავის ხეობაში? განა არ იცით? იცით და თქვენი მოქალაქეობრივი სინდისი უნდა გიკარნახებდეთ, რომ იქ არ შეიძლებოდა არა შეიარაღებულ ძალით მუშაობა. მაგრამ თქვენი მეთოდი, ბ. დეპუტატო, ნამდვილი ობივატელური, მეშჩანური მეთოდი გახლავს, ჩვენც კრიტიკის ხალხი გახლავართ, პირადათ მე არასოდეს არ გავურბოდი კრიტიკას, მაგრამ თქვენი ობივატელური მეთოდის კრიტიკის წინააღმდეგი ვარ. კრიტიკა ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული. თქვენ კი ყურ-მოკრულ ჭორებზე ამყარებთ კრიტიკას. შედიხართ კანცელარიებში და ვიღაც ჩინოვნიკებს ეკითხებით და მათ ნალაპარაკებზე აშენებთ თქვენს გამოსვლებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, შეგიძლია გაიგოთ ციფრებიც კი, სადაც ჯერ არს. და რა საჭიროა ამისთვის უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების ნალაპარაკების მოყვანა? თქვენ ეკითხებით ჩინოვნიკებს: რატომ ასე ცუდათ მიდის საქმეო? ისინიც გეუბნებიან ჩვენ ძალიანი ბიჭები ვართ, მაგრამ მინისტრი და მისი ამხანაგი არ გვიჯერებენ და საქმე ამიტომაც კარგათ ვერ მიდისო. - თქვენ, როგორც დეპუტატს შეგიძლიათ მიმართოთ თვით მინისტრს, ან იმის ამხანაგს და ციფრებზე დამყარებული ფაქტები მიიღოთ. მაგრამ თქვენ ამას არ ღებულობთ და ობივატელურ მეთოდს ირჩევთ. ვიღაც ჩინოვნიკების ნალაპარაკებზე აშენებთ თქვენ გამოსვლებს... თქვენ ჩვეულებრივათ მიწათ-მოქმედების სამინისტროში არავინ მოგწონსთ, ეს თქვენი უფლებაა. მე მესმის, რომ ამ სამინისტროს მოქმედება არ მოსწონდეს თავად-აზნაურობას, რომელიც თავ-ზარდაცემულია ჩვენი რეფორმით, მაგრამ თქვენ რამ აღგაშფოთათ?.. თქვენ ილაპარაკეთ, ვითომც რაღაც ბოროტ-მოქმედება მომხდარიყოს, ამიტომ მე შეგეკითხეთ ადგილიდან, მაგრამ ეს არ დაასახელეთ. აი, თავისუფალი ტრიბუნა, გამობრძანდით და დაასაბუთეთ, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტროში ბოროტ-მოქმედება ხდება. თქვენ ამას ვერ იქთ. ამიტომაც მე ვაცხადებ, რომ თქვენი ასეთი განცხადება სიყალბეა.
თქვენ კარგათ უნდა გახსოვდეთ, თუ რა მოხდა ბორჯომში, როცა გლეხობამ რევოლიუციის პირველ დღეებშივე ტყეები დაინაწილეს, როცა მათ ცულს მოჰკიდეს ხელი შესანიშნავი ვარანცოვკას პარკი დაინაწილეს. სამინისტრომ ამისთვის გლეხები ციხეში ჩასვა და ბორჯომის თვალი პარკი გადაარჩინა. ბორჯომის ბოროტ-მოქმედებაზე ბრძანებთ. მე ვიტყვი, რომ იქ დაიკარგა მხოლოდ ორი ძველი აბრეშუმის ფანჯარაზე ჩამოსაკიდი, მე შემიძლიან განვაცხადო, რომ იქ მეტი არაფერი არ დაკარგულა და არავითარი ბოროტ-მოქმედება არ მომხდარა. თუ ვინმემ რამე მოიპარა, ჩვენ ზომები მივიღეთ და დავიჭირეთ ის ხალხი. მე ვამბობ ამას, როგორც დეპუტატი და მინისტრის ყოფილი ამხანაგი. ამნაირად, აქ არავითარ ბოროტ-მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. თქვენ ამბობთ, რომ ფონდში გადადის საძოვარი მიწები და ამით იღუპება საქართველო! მაგრამ იკითხეთ, რისთვის გადადის? ორში ერთი: ან არ წაგიკითხავთ ის ოქმი ბოლომდის, ან და არ გინდათ სთქვათ, რაშია საქმე. ის განყოფილება, რომელსაც შეეხება გადასახადების საქმე და რომელსაც ჩაბარებული აქვს ამის მოწყობა თქვენ აგიხსნიდა ამის მიზეზებს, მაგრამ იმასთან არ ინებეთ ლაპარაკი.
ეს ჩამორთმეული მიწები გადადის ფონდში, რომ უმიწაწყლო გლეხობა დავასახლოთ. ჩვენ ზოგიერთ მაზრებში საძოვარი მიწები ამ ფონდში გადავრიცხეთ და გვინდა იქ გლეხების დასახლება. ასეთია მაგალითად ელდარის ველი, რომელიც თუ მოვრწყავთ, შეიძლება გლეხები დავასახლოთ. ასეთია ბორჩალოს მაზრაშიც, ეს ყველა ადგილები, ეს იმისთვის გვაქვს, რომ უმიწა-წყლო გლეხობა დავასახლოთ, განა ეს სასაყვედურო არის? ამას თქვენ ვერ იტყვით, ჩვენ უმიწა-წყლო გლეხობას მიწა უნდა მივსცეთ, მაშ გეკითხებით რა საჭიროა დემაგოგიის გაწევა? უნდა იცოდეთ, რომ თქვენს დემაგოგიაზე ყოველთვის დასაბუთებულ პასუხს გაგცემთ. თქვენ ბრძანებთ ტყეების მოვლა პატრონობაზე. სად იყო ტყეების მოვლა, როცა ისინი რუსეთს ეკუთვნოდა? მაშინ დაახლოვებით 3-5 კაპეიკამდე იყო შემოსავალი დესიატინაზე, ხოლო იხარჯებოდა 13 კაპეიკი. თუ დიდმა რუსეთმა დიდი აპარატით ხელში ვერ შესძლო ამის მოწესრიგება, თქვენ გინდათ, რომ სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ისე მოვაგვაროთ საქმე, რომ დიდი შემოსავალი მივიღოთ? ბრძანებთ, 9 მილ. იყო შემოსავალი, ხოლო 24 მილ. გასავალია; ეს არ არის მართალი. დაახლოვებით 12 მილ. შემოსავალი, მაგრამ დამისახელეთ, რომელ დარგში შემოსულა გადასახადი სავსებით, რომ სატყეო განყოფილებას შემოსვლოდა. თქვენ იცით, რომ გლეხების დიდი ნაწილი გადასახადის გადახდას გაურბის და რასაკვირველია, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტროს 12 მილ. მეტი არ შემოსვლია. ვერ გავიყვანეთ რკინის გზები, ვერ მოვახდინეთ ტყის რაციონალური ექსპლოატაცია, ამ რევოლიუციის ხანაში, ეს არ შეიძლებოდა. მაშასადამე, თუ სხვა დარგებში არ იყო შემოსავალი, ჩვენც არ გვექნებოდა, რადგან მთელი ქვეყანა მტაცებლობითი პსიქოლოგიით არის განმსჭვალული. (ასათიანი: კარგი დახასიათებაა რევოლიუციონების!) სპეკულიანტები არიან მტაცებლები და შეიძლება რომელიმე ფრაქცია მათ უფრო კარგათ იცნობს, ვიდრე ჩვენ, რადგან ჩვენ მათ ვებრძვით და ვიღებთ მათ წინააღმდეგ ზომებს. მაშასადამე, ეს ტყეების საქმე მხოლოდ იმიტომ იყო აქ გამოტანილი, რომ დემაგოგია გაგეწიათ.
ეხლა მამულების მოვლა-პატრონობაზე, აქ მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველი საუფლისწულო მამულები უფრო უკეთეს პირობებში არის, ვიდრე წინად იყო. მეც ვიმეორებ და რადიკალურათ გამომაქვს ეს განცხადება. მიბრძანდით და დაათვალიერეთ ეს ადგილები, გაეცანით და ნახავთ, რომ დღეს უკეთესი არის ამ მამულების მდგომარეობა, ვიდრე იყო წინად. რა უყოთ, რომ კახეთში ვენახები ფილოქსერამ დააზიანა, რადგან ისინი ამერიკულ ვაზზე არ არის დამყნილი, მაშასადამე მოსავალიც ნაკლები იყო. ბ. დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ სეტყვამ გააფუჭა, და ნაკლები მოსავალი იყო, მაგრამ გამოცდილები ამბობენ, რომ თუმცა ცოტა იყო, მაგრამ ღირსებით უკეთესია და ამაში ერთგვარი კომპენსაცია არის. ამით შეგიძლიათ ინუგეშოთ. ეს ნუგეში არ არის ლიტონი სიტყვა; მობრძანდით და გაიგეთ, მიმართეთ პატიოსან გზას და არა მეშჩანურ ობივატელურს. (შენგელაია: ოქმები?) იქონიეთ მოქალაქეობრივი გამბედაობა. წაიკითხეთ ეს ოქმები ბოლომდე და იქ დაინახავთ. ახლა უბრუნდები იმ მოხსენებას, რომელიც აქ მოისმინეთ. აქ არაფერი იმისთანა არ მომხდარა, რაც სხვა სამინისტროებში არ იყო. მთავრობა ძალიან კრიტიკულად შეეხო ამას, საუწყებათაშორისო კომისიამ 3-4 სხდომა მოანდომა ამის განხილვას, გააკეთა ერთგვარი ნიველიროვკა. აქ არის 3 კაცისთვის 500-500 მანეთის თვეში მომატება. მომხსენებელმა მოგახსენათ, რომ სხვა მინისტრთა საბჭოს წევრები იღებენ 4500 მანეთს თვეში და მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 3 წევრისთვის ითხოვს ხუთას-ხუთას მანეთის მეტს, ეს სულ 1500 მანეთის მეტი გასავალია თვეში. მაგრამ ეს სამი კაცს არჩევს, მე მგონია, მომატებას, იმიტომ, რომ თუ მოინდომებენ ხუთჯერ მეტს მიიღებენ სხვაგან.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნუცუბიძეს.
შ. ნუცუბიძე. (ს.-ფ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციას სრულიად ბუნებრივად მიაჩნია ის ვრცელი კამათი, რომელიც გაიმართა მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დეკრეტის გამო. მას საზოგადოდ წესიერად მიაჩნია ეს მოვლენა და ფიქრობს, რომ ეს არის ერთგვარ საქმიანობის ნიადაგზე დადგომა, მაშინ როდესაც ისმება საკითხი ამა თუ იმ უწყებისათვის ჯამაგირის გადიდების შესახებ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი მასალა არის საჭირო იმ საკითხის გარკვევისათვის, რომელიც არის წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ჩვენ წინადადებას მივცემდით დამფუძნებელ კრებას გადაიღოს არსებითად გარჩევა გეგმისა, მანამდის, სანამ დამფუძნებელი კრება არ ისარგებლებს ერთ-ერთ თავის უფლებით, რომელიც მას აქვს მიკუთვნილი თავის საკუთარი კონტროლიორის ყოლის სახით.
მოგეხსენებათ, დამფუძნებელ კრებას ჰყავს თავისი კონტროლიორი, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს მთავრობის საქმიანობას, მის, ასე ვთქვათ, მეურნეობის თვალ-საზრისით, წესებს. (პ. გელეიშვილი: დასკვნა არის?)
ბატონებო! როდესაც კონტროლიორი ვახსენე, რატომ ალაპარაკდა ყოფილი წარმომადგენელი მიწად-მოქმედების სამინისტროსი? (გელეიშვილი: არის დასკვნა, არის?) არავის შეაშინებს, ჩვენ არ ვფიქრობთ და ამ შემთხვევაში ტყუილად იქცევა თანახმად დედაენის გმირისა, სხვა და სხვა უწყების წარმომადგენელი, როდესაც თავზედ ხელს იტაცებს. (ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი).
ჩვენ არავითარი წინასწარი აზრი არ გვქონია და არც საკამათოდ გამოვსულვარ (ხმაურობა ცენტრში) დამშვიდდით. ერთხელ კიდევ უნდა მოგახსენო, ბატონო რუბენ, (მიმართავს დეპუტატ რუბენ ყიფიანს), რომ თქვენ მინისტრი არ ბრძანდებით და თქვენ გამინისტრებას დიდი ხანი უნდა. ის „ოჩერედი“, რომელიც არის გამართული, თქვენამდე იმდენად გრძელია, რომ ჯერ სხვები უნდა გამინისტრდნენ. (ჯუღელი: ჩემამდის როდის მოაწევს რიგი?) ყოველ შემთხვევაში, ბატონი ჯუღელი მეკითხება ჩემამდის როდის მოაწევსო, მგონია ის კი ნელ-ნელა ეპარება მინისტრობას, იმიტომ, რომ წინათ იქ უკან იჯდა და ეხლა კი სისტემატიურად წინ მოიწევს და ლიდერების ადგილზე ჯდება.
ბატონებო! დროს ნუ მაკარგვინებთ, მოწოდებული ხართ, მთელ სახელმწიფოს საქმეებს უხელმძღვანელოთ. ამიტომ ჩვენ სრულიად სერიოზულად ვადგენთ წინადადებას, რომელიც პირველ შეხედვით არ მოგეწონებათ.
მაგრამ ნუ დავკარგავთ უფლებას, რომელიც თქვენი, როგორც ხალხის წარმომადგენლების, მოვალეობას შეადგენს. ჩვენ უნდა მოვისმინოთ სახელმწიფო კონტროლიორის აზრი ამ მიწად-მოქმედების სამინისტროს მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთვის გამოდგება ის მუხლი რეგლამენტისა, სადაც ნათქვამია, რომ დამფუძნებელ კრებას აქვს კითხვის უფლება, გარდა შეკითხვისა. ამასთან ერთად მოვაგონებ დამფუძნებელ კრებას, რომ მას პრაქტიკაში არ გამოუყენებია ეს უფლება. მას ყავს საკუთარი კონტროლიორი, რომელიც მთავრობის წევრი არ არის და სრულიად შეცდომით ჯდება მთავრობის სკამებზე; ის უნდა იჯდეს სხვაგან; ის გვერდში კი არ უნდა უჯდეს მთავრობას, არამედ უნდა დაუპირდაპირდეს და ოთხი თვალით უნდა უყურებდეს მის მოქმედებას.
ჩვენ წინადადებას ვაძლევთ დამფუძნებელ კრებას, გადადოს გარჩევა აქ წარმოდგენილ გეგმისა, მანამდე, სანამ არ განახორციელებს იმ უფლებას, რომელიც სახელმწიფო კონტროლიორის აქ კათედრაზე გამოთხოვაში მდგომარეობს, და რომელიც თხოულობს მისგან განმარტებას. თქვენ ხედავთ, ბატონებო, რომ აქ მთელი კამათი იმაზედ არის დამყარებული, რომ თქვენ ცნობები არ გაქვთ, ეჩურჩულებით ვიღაცებს და არა ჰკითხავთ იმ კაცს, რომელიც ვალდებულია გვითხრას სისწორე და მოწოდებულია იცოდეს საქმის ვითარება ყველაზე უკეთესად. ამნაირად ჩვენ წინადადებას ვიძლევით, მოეთხოვოს სახელმწიფო კონტროლიორს მიწად-მოქმედების სამინისტროს დღევანდელ მდგომარეობაზე აქ ჩვენ ვრცელი ანგარიში წარმოგვიდგინოს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.
ლ. შენგელაია. ბატონებო, იმ ორატორებს, რომლებიც აქ ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, სრულიად ეუცხოვათ ჩემი გამოლაშქრება იმ დეკრეტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ წინ არის განსახილველად დასმული. მართალია ჩვენ წინაშე არის განსახილველი შტატები, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ რას ნიშნავს შტატები, ეს ნიშნავს იმ პირთა მოღვაწეობაზე ლაპარაკს, მსჯელობას, რომლებსაც ეს შტატები უნდა დაუმტკიცოთ და უნდა გაუდიდოთ ჯამაგირები.
ამიტომ ის გაკვირვება, რომელიც გამოთქვა მინისტრის ყოფილმა ამხანაგმა, რომ საჭირო არ იყო ლაპარაკი, ვინაიდან ჩვენ წინაშე დგას უბრალო საკითხი, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთივე პოლიტიკაო, (ვიტყვი მის მიერ ნახმარი ტერმინით) ეს არის, ბატონებო, სრული უცოდინარობა საქმისა, ვინაიდან ჩვენ წინაშე მართლაც მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო უწყება სდგას. ეს გახლავთ მიწად-მოქმედების სამინისტრო, რომელსაც მართლაც ყველაფერი აბარია. და თუ ის დაიქცა, მაშინ ქვეყანაც, თუ სავსებით არა, ნახევრად მაინც დაიქცევა, ამაში მეთანხმება თვით ბ. გელეიშვილიც. სწორედ ამიტომ გამოვდივართ აქ, რათა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომელიც შეიქმნა ამ უწყებაში, გვინდა გამოვარკვიოთ რა გაკეთდა ამ ორი წლის განმავლობაში. განმარტებითი ბარათში, რომელიც დართული აქვს შტატებს, ნათქვამია, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს ჰქონდა დავალებული მრავალი საქმე. ეს არის: მიწის რეფორმის გატარება, მოვლა-პატრონობა ტყეებისა და სხვ. და მე სწორედ ამ მხრივ მიუდექი ამ საკითხს და უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა ის, რაც მოვისმინე, იყო ცალიერი სიტყვები. მე მესმის, შეიძლება ეს მოულოდნელი იყო ბ. მინისტრისათვის, იმიტომ რომ, კიდევ ვიმეორებ, პასუხისმგებლობის გრძნობა ჩვენში სრულიად არ არის, განსაკუთრებით უმრავლესობის ფრაქციაში, რადგანაც თქვენ იცით, რომ უმრავლესობის ფრაქცია მხოლოდ თავის წინაშე აგებს პასუხს და მათი მინისტრებიც თავის წინაშე აგებენ პასუხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის ასეთი შესაძლებლობა არც კი არსებობს თუ თეორიაში არა, პრაქტიკაში მაინც. ჩვენ არ შეგვიძლია ასე იოლად ავიღოთ ხელი ჩვენ უფლებაზე და არ ვილაპარაკოთ იმ მრავალ საკითხებზე, რომელთა მოგვარება დაკისრებული აქვს მიწად-მოქმედების სამინისტროს.
არც პირველი და არც მეორე ნაწილი აგრარულ რეფორმისა არ არის გატარებული ცხოვრებაში. აქ მოგვთხოვეს, დაასახელეთ სად არ არის გატარებულიო და მეც მოგახსენებთ. ტფილისის გუბერნიაში მიწების მიღება არ არის დამთავრებული, გორის, დუშეთის, ახალქალაქის მაზრებში, არ არის განხორციელებული სოხუმის ოლქში და სხვაგან. ეს ფაქტები გახლავთ. ამის უარყოფა სცადეს მინისტრმა და მისმა ყოფილმა ამხანაგმა, მაგრამ ამაოდ. მათი ჩვეულება გახლავთ ტრაფარეტული: იყო ობიექტიური პირობები, იყო ომი, რევოლიუცია. ეს არის, ბატონებო, ის პირობები, რომლითაც მათ სურთ ყურები გამოგვიჭედონ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მიზეზებით ახსნა და დასაბუთება მათ სუბიექტიურ სიგლახისა და უუნარობისა - შეუძლებელი არის.
ავიღოთ ანარქია. იყო მართალია ანარქია, მაგრამ კიდევ გაგვიგონია ერთი რამ; აქ არა ერთხელ თქმულა სოციალ-დემოკრატ მინისტრების მიერ, რომ საქართველოში ისეთი წესებია, რომელიც არსად ქვეყანაზე არ არის (ხმა: შედარებით!) ისეთი ზომები მივიღეთ ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, რომელიც არ არის მიღებული არსად დედამიწის ზურგზე, (ხმა: მართა196
ლია!) არის სიტყვის თავისუფლებაო, არის ბინების თავისუფლებაო და თუ ეს ყველაფერი არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის ნორმალური პირობები და თუ ამ ნორმალურ პირობებში ვერაფერი გააკეთეთ ცხოვრებაში ამ ორი წლის განმავლობაში, თქვენ ბატონებო, ვერ შესძელით ეს პაწია მიწები ჩაგებარებიათ გლეხობისათვის, განა ობიექტიურ პირობების ბრალი არის? ხომერიკმა ბრძანა და გელეიშვილმა გაიმეორა, რომ ჩვენ მართლა ორი წელიწადი გვქონდა, მაგრამ 11 თვე ვიმუშავეთო. აი, სწორედ ამაში არის თქვენი დანაშაული, რომ ორი წლის განმავლობაში თქვენ გიმუშავიათ 11 თვე; ამის შემდეგ თქვენ გვეუბნებით ჯამაგირი მოგვიმატეთო? ანარქია ჩვენ რესპუბლიკაში ყველგან არ ყოფილა. ეს ერთი და მეორე არ ყოფილა ერთ და იმავე დროს მთელ რესპუბლიკაში; როცა ერთ მაზრაში იყო ანარქია, შეიძლებოდა მუშაობა მეორე მაზრაში.
მაგალითად, ზუგდიდის მაზრაში შარშანწინ იყო ანარქია, შარშან არ ყოფილა არავითარი გამოსვლა. რა უშლიდა ხელს სოც.-დემოკრატიას, მე არ ვიცი. თქვენ ამბობთ, ომები გვქონდა და ამიტომ ვერ მოვახერხეთო, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ომის წარმოება დაკისრებული აქვს არა მიწად-მოქმედების მინისტრს. რაც შეეხება მიწების მიღებას, ომის დროსაც შესაძლებელი იყო ეს; აქ საჭირო იყო უნარის გამოჩენა, ხელების განძრევა. ჩვენ თუ ომს უყურეთ, ომი ვინ იცის როდის გათავდება! თუ შიგნით ომი არის, ეს იმიტომ, რომ თქვენმა პოლიტიკამ არა ერთი ფრონტი შექმნა. თვით თქვენი მოღვაწეობა იწვევდა ანარქიას, თვით უწესოებას.
თავმჯდომარე. უკაცრავად, ბ-ო ორატორო, უკვე ორი საათია, და შეკითხვაზე უნდა გადავიდეთ. სიტყვა ეკუთვნის მომარაგების მინისტრის ამხანაგს ჭავჭანიძეს.
შეკითხვა დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელის მთავრობისადმი აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
ივ. ჭავჭანიძე, მომარაგების მინისტრის ამხანაგი. მოქალაქენო! ამ 2 კვირის წინად თქვენ მოისმინეთ ბ-ნ ვეშაპელის მიერ შემოტანილი შეკითხვა. თავის შეკითხვაში ვეშაპელი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თამბაქოს მონოპოლიის კანონი არა ნორმალურად ტარდება აფხაზეთში და კანონი დარღვეული არისო. ე. ი. არ კეთდება საქმე ისე, როგორც მოითხოვს ამას კანონი და საქმის ინტერესი, სხვათა შორის მან თავისი ყურადღება ყველაზე უწინარეს შეაჩერა იმ ორგანიზაციაზე, რომელიც მონოპოლიის კანონის ძალით უნდა დაეწესებინა მთავრობას. ამ ორგანიზაციას ევალებოდა მტკიცე ფასების შედგენა და დამტკიცება. ვეშაპელის განცხადებით ასეთი ორგანიზაცია არ შესდგა და თუ შესდგა, რაღაც არაოფიციალური ორგანო უნდა იყოს. არ ვიცი რას უწოდებს ვეშაპელი ოფიციალურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ორგანო, რომელიც შეადგინა მომარაგების სამინისტრომ, სწორედ ოფიციალური და კანონიერი ორგანო იყო. მონოპოლიის კანონში მეორე მუხლის შენიშვნაში ნათქვამი არის (კითხულობს). და აი, სწორეთ 4 დეკემბერს მომარაგების სამინისტრომ მოიწვია ასეთი ორგანო და ამ ორგანოს სხდომას დაესწრენ შემდეგი პირები: ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელი ავალიანი, საქციზო უწყების წარმომადგენელი და სხვ. ასე, რომ როგორც ხედავთ თქვენ, ამ ორგანოში მოწვეული ყოფილან ყველა საზოგადოების წარმომადგენელი. სავაჭრო პალატის წარმომადგენელი დაესწრო ამ სხდომას, და ამათთან ერთად იყო შემუშავებული ის მტკიცე ფასები, რომელსაც გულისხმობდა დეკრეტი და მიღებული კანონი. და ეს ორგანო არის კანონიერი ორგანო. ოქმი ამ სხდომისა და ფასები, რომელიც მიღებული იქნა მონოპოლიის გატარებისათვის აქ მაქვს და თუ საჭირო იქნება, მოგახსენებთ. ასე, რომ ოფიციალური ორგანო, რომელზედაც ვეშაპელი ბრძანებდა, შედგენილი იქნა და მაშასადამე, მთავრობას არ დაურღვევია კანონი, არამედ ეს მოხდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა კანონი. სხვათა შორის, ბ-მა ვეშაპელმა ამ ორგანოს დაკავშირებას ხაზი გაუსვა და სთქვა, ასეთ ორგანოში მონაწილეობა უნდა მიეღო აფხაზეთის წარმომადგენელსო, თორემ რა ორგანოა ის ორგანო, რომელიც თამბაქოზე მცირე ფასებს აწესებს და იმავე დროს აფხაზეთის მეთამბაქოეთა წარმომადგენელი არ არის. ჩემის აზრით და საერთოთ, სამინისტროს აზრით იმათ, თუ, რომ ამ დროს აფხაზეთის წარმომადგენელი არ იყო და არ მიიღო მონაწილეობა მტკიცე ფასების დაწესებაში, დიდი დანაშაული არ ჩაუდენიათ, კანონი არ დაურღვევიათ. რომ ისინიც ყოფილიყვნენ, რასაკვირველია კარგი იყო, მაგრამ თუ არ დაესწრენ, ამითი არც კანონი დარღვეულა და არც საქმე გაფუჭებულა; ეს იქიდან სჩანს, რომ თუ კი აფხაზეთის წარმომადგენელი ამ მცირე ფასებით კმაყოფილი არ არის და მოითხოვს ფასების გადახედვას და აწევას, შეიძლებოდა მათი სურვილის დაკმაყოფილება, თუ ეს არ არღვევდა სახელმწიფოს ინტერესებს. როცა ჩვენი რწმუნებული ჩავიდა სოხუმში, აღმოჩნდა, რომ ამ ფასების დაწესების დროს ყოფილა დავიწყებული ერთი გარემოება - ფასი უნდა ყოფილიყო დამტკიცებული ცოტა მეტი დასტებად შეკონილ თამბაქოზე, ვინემ მიიღო ამ ორგანომ და ჩვენმა რწმუნებულმა დაუყოვნებლივ აცნობა ეს სამინისტროს. სამინისტრომ მიიღო მხედველობაში რწმუნებულის მოხსენება და სურვილი მეთამბაქოეთა და ამით საქმე სრულიად არ გაფუჭდა. (ვეშაპელი: როდის იყო ეს?) როდესაც რწმუნებული ჩავიდა სოხუმში. ამნაირად დასტებად შეკონილ თამბაქოს მიემატა ფასი 5 თუმანი. (ვეშაპელი: როდის მოუმატეს ეს ფასები?) პირველ კვირაში, როდესაც კიასოვი ჩავიდა სოხუმში.
შემდეგ ბ. ვეშაპელმა აღნიშნა სხვათა შორის, რომ კიასოვმა გამოაცხადა მაგარი ფასები და მან ეს დანაშაულად ჩაუთვალა. მაგრამ ეს ფასები გამოაცხადა არა მარტო კიასოვმა, არამედ კომისარიატმაც და მას ევალება ტეხნიკური ხელმძღვანელები, როგორც ფასების გამოცხადებაში ისე მონოპოლიის გატარების საქმეში. ფასები, რომელიც გამოცხადდა, არის უკვე შესწორებული, 5 თუმნით გადიდებული ფასები. აი, ხელთ მაქვს განცხადება, რომელიც იქ იყო გამოკრული. აქ არის აღნიშნული, რომ პირველი ხარისხის თამბაქო (კითხულობს) და ასე ბოლომდის. შემდეგი ბრალდება, რომელიც ვეშაპელმა წამოაყენა და რომელშიაც დიდი უკანონობა ყოფილა, ის არის, რომ კიასოვი ართმევს მეთამბაქოებს ხელწერილებს, როგორც კერძო პირი და ეს არის გაპიროვნება იმ დიდი საქმისა, როგორიც არის მონოპოლია. ის ართმევდა ამ ხელწერილს არა როგორც კიასოვი, არამედ როგორც სამინისტროს წარმომადგენელი. მე მაქვს ხელში ასლი იმ ქაღალდების, რომელსაც კიასოვი ართმევდა მეთამბაქოებს მას შემდეგ, რაც თამბაქოს მიიღებს (ვეშაპელი: ნაძალადევათ!) აი, ეს ხელწერილი: (კითხულობს). (ვეშაპელი: სულ წაიკითხეთ!) სულ წაგიკითხავთ. მე არ ვიცი რა არის აქ კრიმინალური, ან ისეთი, რომელზედაც შეიძლებოდეს თქმა იმისა, თითქოს დანაშაულს ჩადიოდეს კიასოშვილი. (ვეშაპელი: ეს თამბაქო ვისია?) მას შემდეგ, რაც კიასოშვილი მიიღებს, არის მთავრობის წარმომადგენელი, ღებულობს იმ თამბაქოს არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც რწმუნებული მთავრობისა. და განცხადება, გაპიროვნება მოხდა, ნაძალადევათ ართმევდეს ხალხს თავის თამბაქოსო, ეს განცხადება უსაფუძვლოა, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემდეგი ბრალდება ის არის, რომ კიასოშვილმა ადმინისტრაციის წესით შეიპყრო 7-8 კაცი და დაატუსაღა კიდეც. არც ასეთ რამეს ჰქონია ადგილი. მას არავინ არ დაუტუსაღებია და არც შეეძლო დაეჭირა. ადმინისტრაციულ სასჯელს იქ მართლაც ჰქონდა ადგილი, დაატუსაღეს იქ ადმინისტრატიულის წესით. მაგრამ დაატუსაღა არა კიასოშვილმა, არამედ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ, კომისარიატმა, დაატუსაღეს ისე, როგორც დაატუსაღებენ ყველას, ვინც ხელს შეუშლის მთავრობის მოთხოვნილებას, ხელს შეუშლის კანონის აღსრულების დროს. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა სოხუმშიც.
როდესაც მივიდენ მეთამბაქოესთან და მოსთხოვეს გაეხსნა თავისი საწყობები, რომ ეჩვენებინა და ჩაებარებინა თამბაქო, ამ მეთამბაქოემ კატეგორიული უარი განაცხადა ასეთ მოთხოვნილების შესრულებაზე. შემდეგ როგორც იყო გახსნა საწყობი და დაიწყეს თამბაქოს მიღება. მხოლოდ მეორე დღეს მეთამბაქოე გაქრა. რასაკვირველია, კომისარიატმა მიიღო ზომები მის წინააღმდეგ და დაიჭირა კიდეც. აღნიშნული მეთამბაქოე იძახოდა, რომ საქონელი კონსტანტინოპოლში გავგზავნეო, მაგრამ ეს სიცრუე აღმოჩნდა. ცხადია, ასეთ ურჩობისათვის იგი დაისჯება. (ხმები: გატეხეთ ბოქლომი არა?) დიახ, გატეხეს ბოქლომი იმ საწყობისა, რომლის პატრონიც გაიქცა და მიიმალა. და თუ ბოქლომის გატეხაც არ შეიძლება, მაშინ როგორ უნდა განახორციელოს მთავრობის წარმომადგენელმა მასზე დაკისრებული მონოპოლია? იქ ზღვა ახლოს არის და ყველას შეუძლია იქ გადაყაროს თავისი საწყობების კლიტეები. მთავრობამ ძალით უნდა გაატაროს მონოპოლია იქ, სადაც ნებით გატარება არ შეიძლება. ასე, რომ თუ კი ვინმე დაატუსაღეს, დაატუსაღეს ისეთი, რომელიც ურჩობას სწევდა და დაატუსაღა არა კიასოვმა, არამედ ადგილობრივმა კომისარიატმა. თქვენ ვერ მოიყვანთ ერთ მაგალითსაც, რომ ყოფილიყოს ისეთი შემთხვევა, რომ კიასოვს დაეპატიმრებინოს ვინმე. და თუ იყო ერთი შემთხვევა, ეს იყო ბერულავას დაჭერა, რომელიც უდიერად ეპყრობოდა მეთამბაქოებს და მწარმოებლებს. კომისარიატმა დაითხოვა ეს მთავრობის მოხელე ასეთი უდიერი მოპყრობისათვის. კომისარიატი საერთოდ თვალ-ყურს ადევნებს თავის მოხელეების მოქმედებას და თუ რომელიმე ისე არ ექცევა მწარმოებლებს და თამბაქოს პატრონებს როგორც ეს საჭიროა, მას იმ წუთშივე ითხოვს სამსახურიდან. (რეპლიკა: კიდევ რა მიზეზები იყო?) მე მოგახსენებთ იმ მიზეზებს, რომლებმაც გამოიწვია, ბერულავას დათხოვნა, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზებიც იყო, მე ეს არ ვიცი. შემდეგი, რაზედაც ბატონმა ვეშაპელმა მიუთითა დამფ. კრებას, ეს ის იყო, რომ თითქოს უცხო ფირმების და განსაკუთრებით „კოსმოსის“ წარმომადგენელს და ფინლიანდიის ფირმის წარმომადგენელს, მთავრობის წარმომადგენელმა მისცა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის თამბაქო. მე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ასე არ არის. სულ „კოსმოსმა“ ჩაიბარა 20 ათასი ფუთი თამბაქო, ფინლიანდიის ფირმამ კი - 2500 ფუთი. სოხუმის ოლქში სულ მოიპოვება 900 ათასი ფუთი თამბაქო. ასე რომ, მართლაც რომ მარტო პირველი ხარისხის თამბაქო მიგვეცა ამ ფორმებისათვის ეს მაინც არაფრად დაემჩნეოდა. მაგრამ არც ერთ ფირმას, არც „კოსმოსს“ და არც ფინლიანდიისას არ მიუღია მხოლოდ პირველი ხარისხის თამბაქო.
არსებობს ხელშეკრულება, სადაც ნათქვამია, თუ რამდენი უნდა მიეცეს პირველი, მეორე, მესამე და სხ. ხარისხის თამბაქო და ამ პროპორციით ჩაებარება თამბაქო „კოსმოსსაც“, ასევე მოიქცა ჩვენი რწმუნებული. და რომ კიასოვს არ ჩაუბარებია მეტი არავისათვის, არ ჩაუბარებია მხოლოდ პირველი ხარისხის თამბაქო, ეს იქიდანაც სჩანს, რომ „კოსმოსისაგან“ მოგვივიდა აუარებელი საჩივრები იმის შესახებ, რომ თქვენი წარმომადგენელი ნაკლებ და ცუდი ხარისხის თამბაქოს მოცემას ცდილობსო, თქვენ პირობებს არ ასრულებსო. ასე, რომ ვერც «კოსმოსი» და ვერც ვეშაპელი დაამტკიცებს, თითქოს ჩვენმა რწმუნებულმა მიდგომილება გამოიჩინა და მათ საუკეთესო თამბაქო გადასცა. იმის მტკიცება, რომ რაღაც მოხდა, რომ ზარალს აყენებთ სახელმწიფოსო - სრულიად უსაფუძლოა. ბატონმა ვეშაპელმა ხაზი გაუსვა იმ მდგომარეობას, რომ ამ მონოპოლიის უხეირო გატარებამ გამოიწვია საჩივრები, და სხვაო. მე შეკითხვის შემოტანის დღესაც განვაცხადე, რომ სამინისტროს არ მიუღია არც ერთი საჩივარი კანონის დარღვევის შესახებ. ეხლაც ვიმეორებ იმასვე. მხოლოდ ერთი მეთამბაქოედან მოუვიდა მთავრობის თავმჯდომარეს ასეთი საჩივარი, მაგრამ ისიც არ არის ყურადსაღები იმიტომ, რომ ისეთი პირისაგან იყო, რომელიც ურჩობისათვის იყო დასჯილი და ამიტომ მისი საჩივარიც უსაფუძლო იყო. თუ კი იყო საჩივარი, ეს უნდა მოსვლოდა მომარაგების სამინისტროს, ან და მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ესა თუ ის უკანონობა არის ჩადენილიო. მაგრამ ასეთი საჩივარი არ იყო შემოსული მხოლოდ თუ კი ვინმე ჩიოდა, ეს ისეთები, რომელთაც არ ესიამოვნებოდათ მონოპოლია, ეს ის სკუპჩიკები იყო, რომელნიც ფიქრობდნენ ამ თამბაქოდან დიდი მოგების მიღებას. აი, ისინი დარჩნენ უკმაყოფილონი მონოპოლიით, და ყოველივე ზომებს ღებულობდენ ხელი შეეშალათ მის გატარებისთვის და ქუჩებში სწევდენ პროვოკაციას, ცდილობდენ მთავრობის წინააღმდეგ აემხედრებიათ ხალხი. თორემ ის, ვინც ნამდვილი მწარმოებელი არის, ის არ ყოფილა ამ მონოპოლიის წინააღმდეგი. ეს სჩანს იმ რეზოლიუციიდან, რომელიც მიიღო პლანტატორების ყრილობამ 25 იანვარს. 25 იანვარს გაიმართა ყრილობა პლანტატორებისა სოხუმში. ამ ყრილობას ძალიან ბლომად დაესწრენ პლანტატორები. აქ სხვათა შორის, ჩვენმა რწმუნებულმა წაიკითხა მოხსენება მონოპოლიის შესახებ. მე ხაზს უსვამ, რომ ყრილობა მოხდა 25 იანვარს. ერთი თვის შემდეგ, როცა გამოცხადდა მონოპოლია და მისი გატარებაც დაიწყო სოხუმის ოლქში. ასე, რომ ერთი თვის პრაქტიკა ქონდათ ამ პლანტანტორებს და ისინი ხედავდენ, როგორ ტარდებოდა ეს მონოპოლია. ამის შემდეგ ამ ყრილობას გამოაქვს რეზოლიუცია, რომლითაც იწონებს მონოპოლიას და ესალმება მთავრობას. ეს რეზოლიუცია გაიგო და იცის ყველამ. სხვათა შორის ამ ყრილობაზე იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრნი და მათ შორის იყო ასათიანიც, რომელიც მეთაურობდა იმ ჯგუფს, რომელიც წინააღმდეგია ამ მონოპოლიისა. მეორე რეზოლიუცია იყო წამოყენებული ამ ჯგუფის მიერ. იმ რეზოლიუციამ, რომელიც ადასტურებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ესალმება მას, მიიღო 69 ხმა, მხოლოდ მეორე რეზოლიუციამ, რომელიც წამოყენებული იყო ასათიანის ჯგუფის მიერ - მიიღო 5 ხმა, ხუთმა კი თავი შეიკავა. ასე, რომ ეს რეზოლიუცია მიიღო დიდმა უმრავლესობამ. (ვეშაპელი: ისეთი განწყობილება ყოფილა, როგორც დამფ. კრებაშია!) დიახ, ეს ძალიან კარგია. ეს ამტკიცებს იმას, რომ სოც.-დემოკრატებს მარტო დამფუძნებელ კრებაში კი არ აქვთ ასეთი გავლენა, არამედ მის გარეშეც. ასე, რომ ის, ვინც მწარმოებელი და პლანტატორი არის, ის იწონებს, სიამოვნებით იღებს მონოპოლიას, მხოლოდ მას ებრძვის სკუპჩიკები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავისი ჯიბით. სწორედ ამ რეზოლიუციის შემდეგ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარემ მიიღო ასათიანიდან შემდეგი დეპეშა: (კითხულობს). ასე, რომ მას შემდეგ რაც სასტიკად დამარცხდა ასათიანი, მას შემდეგ იგი მიმართავს თავმჯდომარეს და სთხოვს, რომ შეაჩეროს მონოპოლიის გატარება, მანამ სანამ ეროვნულ დემოკრატების ფრაქცია შემოიტანს თავის პროექტსო. მართალი უნდა გითხრათ, რომ დიდი გამბედაობა უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ასეთი სასტიკი დამარცხების შემდეგ ასეთი თხოვნით მიმართოს დამფუძნებელ კრებას. მაგრამ ვის ინტერესებს დაიცავს ის პროექტი, რომელსაც ეროვ.-დემოკრატი შემოიტანს? აშკარაა იმ სპეკულიანტებისას, რომელიც ებრძოდა მონოპოლიას და არა იმ 90%25 პლანტატორებისას, რომლებმაც მიიღო ეს რეზოლიუცა. ჩვენ კი ანგარიშს უწევთ სწორედ ამ 90%25 და არა სპეკულიანტებს. (ვეშაპელი: სპეკულიანტები თქვენ გახვევიათ!) შემდეგ, მართალია აყალ-მაყალი ხშირად ხდება ამ მონოპოლიის გარშემო. ამ მონოპოლიას ებრძვის სკუპჩიკები და ცდილობენ ხელი შეუშალონ ამ მონოპოლიის ცხოვრებაში გატარებას. სხვათა შორის, ადგილი აქვს ასეთ პროვოკაციულ აგიტაციას. სკუპჩიკებს დაუსახავთ მიზნათ აამხედრონ თვით პლანტატორები მთავრობის წინააღმდეგ. იმ ცნობების მიხედვით, რომელიც გვაქვს, სკუპჩიკები ამ პლანტატორებს ეუბნებიან: თქვენ გართმევენ თამბაქოს და მაგიერს კი არაფერს გაძლევენო. მოვიდა საქონლით დატვირთული გემი, დასცალეს და ახლა ცარიელი გემი მოგაყენეს, რომ თქვენი ქონება გაიტანოსო. ასეთ გამოსვლებს მე პროვოკაციას უძახი, იმიტომ, რომ მართალია მოვიდა, მაგრამ საქონელს უნდა მიღება, აღწერა და მხოლოდ შემდეგ გავანაწილებთ. მაშინ გაიგებთ, რომ უმთავრესად ეს საქონელი გაიგზავნება აფხაზეთში. აქ ბ-ნი ვეშაპელი სხვათა შორის შეეხო ამ წარმოების საკითხსაც, თუ როგორ უნდა მოეწყოს მომავალში იგიო. მან განაცხადა: მათი ინტერესები ისე გადამბულნი არიან ერთმანეთში, რომ წარმოების დაცვა ყოვლად შეუძლებელი გახდებაო. შესაძლებელია სპეკულიანტებმა სცადონ ხელში ჩაიგდონ ის, რაც პლანტატორებს ამ ჟამად მოეპოვებათ, ვინც ცდილობს ძლიერ იაფად ჩაიგდოს ის ხელში. მე ვფიქრობ, ეს პლანტატორების ინტერესს ეწინააღმდეგება და ამ მხრით შეთანხმება პლანტატორების და სპეკულიანტების ინტერესებისა შეუძლებელია. განსხვავება აქ, მხოლოდ ერთშია. ეს ის არის, რომ სპეკულიანტები წინ და წინ აძლევენ ბეს პლანტატორებს, რომ მათ საშუალება მიეცესთ კვლავ განაგრძონ მუშაობა და მასალის დამუშავება. მაგრამ ხშირად ესეც საბედისწერო ხდება პლანტატორებისათვის, რადგან შემდეგში სხვა და სხვა შექმნილი, ისევ მათგან, პირობების გამო, იძულებულნი ხდებიან ჩალის ფასად მისცენ თამბაქო მათ, ვისგანაც მიიღეს ბე. მაგრამ მიუხედავათ ამისა, ეს მაინც საჭირო საკითხია და მთავრობაც იღებს საამისო ზომებს, რომ როდესაც ჩამოართმევს მათ ფოთოლ თამბაქოს, იმის საშვალებაც მისცეს, რომ შემდეგისათვის მას შეეძლოს წარმოების გაგრძელება. ამ მხრივ ჩვენ განსაკუთრებული რწმუნებული დავიქირავეთ, რომელიც გავგზავნეთ იმისთვის, რომ შეესწავლა ეს პირობები, შეეკრიბა ადგილობრივ მასალები, რომლის მიხედვითაც მთავრობას საშვალება ეძლეოდა ბეების გაცემისა. ამ ჟამად ჩვენ ეს რწმუნებული, შეკრებილი მასალებით, დავიბარეთ. ის უკვე ჩამოვიდა და ამ დღეებში მუშავდება ის გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ამ საკითხში. (ვეშაპელი: როდის ითესება თამბაქო?) უკაცრავად, როდის ითესება თამბაქო? აი, მე თქვენ მოგახსენებთ. თქვენ, რომელიც ყველას უკიჟინებთ უცოდინარობას, და თქვენი თავი მიგაჩნიაო ყველაფრის მცოდნეთ, მე თქვენ გეკითხებით, შეიძლება ორი თვის განმავლობაში ამხელა დიდი საკითხის, სერიოზული საკითხის ასე სწრაფად ცხოვრებაში გატარება? ან შესაძლებელია ავანსის დარიგება? ზეპირათ ავანსის დარიგება შეუძლებელია და როდესაც ამის შესაძლებლობას სამინისტრო გამოარკვევს, ის კიდევაც დაურიგებს ამას თავის დროზე და დააკმაყოფილებს მათ. ასე, რომ თქვენ მტკიცებას ამ მონოპოლიის სისტემის უვარგისობაზე და სხვა, არავინ დაიჯერებს. ასე, რომ როგორც, ხედავთ ბატონებო, ის დარღვევა კანონისა, რომელზედაც აქ თქვენ ბატონი ვეშაპელი მოგახსენებდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მოვაწყეთ ის ორგანო, სადაც მოწვეულ იყვნენ ვაჭრობა-მრეწველობისს პლანტატორებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა წარმომადგენლები, სადაც შემუშავებული იყო სწორედ ფასები თამბაქოზე და მიღებული იყო ზომები, რათა ერთის მხრით არ შელახულიყო ინტერესები სახელმწიფოსი და პლანტატორებისა. მთავრობა, კერძოდ სამინისტრო, უფრო შორს წავიდა და როცა წარმოდგენილი იყო მოთხოვნილება პლანტატორებისა ფასის აწევაზე, სამინისტრომ ეს სურვილი დააკმაყოფილა და 15 თუმანი მოუმატა იმ თამბაქოზე პლანტატორებს, რომელნიც წვრილი მესაკუთრენი არიან ამისა. და დღეს პლანტატორი, რომელიც თამბაქოს აძლევს მთავრობას, 15 თუმანს ზედმეტს იღებს. (ვეშაპელი: კმაყოფილნი არიან კი?) დიახ კმაყოფილნი არიან და ყველაზე უკეთესად სჩანს იმ რეზოლიუციდან, რომელიც ამ პლანტატორების საერთო კრებამ მიიღო. და რადგან არ იყვენ კმაყოფილნი, მაშინ არ მოიტანდენ თამბაქოს და არ დაეხმარებოდენ მთავრობას ამ საქმეში, ისე, როგორც ამას სჩადიან მრავალი სპეკულიანტები, რომელნიც პროვოკაციის საშვალებით ცდილობენ ისინიც კი აამხედრონ მთავრობის წინააღმდეგ. (სამსონ დადიანი: რა ფასი აქვს თამბაქოს?) გლეხისთვის გახდა 900 მან. თქვენ გვეკითხებით, რა ფასი აქვს ევროპის ბაზარზეო. ევროპის ბაზარზე 6-5 სტერლინგამდის ფასობს. (ხმები: სპეკულიანტებს გააგებინეთ?) სპეკულიანტებს თქვენ ეხმარებით შეიძლება ამ გაზიდვაში, თორემ ის ყოველ შემთხვევაში, ვერ დაეხმარება ვინც მათ ებრძვის. (ვეშაპელი: მომარაგების სამინისტრო ეხმარება მათ!) ეს ცარიელი განცხადებაა და არაფერს არ ამტკიცებს, პირიქით თქვენ ეხმარებით და იცავთ მათ. ამ რიგათ აქ არც კანონი დარღვეულა. ამის საბუთები მოგახსენეთ, ავანსებსაც დაურიგებთ, ადმინისტრაციის თვითნებობას არსად ადგილი არ ჰქონია, კიასოვს არავითარი ძალადობა არ უხმარია, და ამ მხრით შეკითხვას არავითარი მიზანი არ ჰქონია. მას სხვა მიზანი ჰქონდა; ეს თვით შემკითხველმა განაცხადა თავის პირველ სიტყვაში. მან სთქვა - შეიძლება მე ეს ვინმემ ჩამომართვას დემაგოგიის მიზნებითო და მართლაც, ის სწორეთ ამ მიზნით გამოვიდა. თქვენ იცით, რომ ამ მოკლე ხანში მოხდება არჩევნები სოხუმის ოლქში და ბ-ნ ვეშაპელს სურს ამ შეკითხვით თავის პარტიული კაპიტალი შეიძინოს. მაგრამ მე მრწამს, რომ ის დემოკრატია, რომელიც მთავრობას გვერდში უდგას (ვეშაპელი: ესერებს მიყვება?) შეიძლება მათ გაყვეს, მაგრამ თქვენ არ გაგყვებათ ბ-ნო ვეშაპელო. მან იცის კარგისა და ავის გარჩევა და ვინც სპეკულიანტების ინტერესების დაცვას ცდილობს, მას არასოდეს არ გაყვება.
გრ. ვეშაპელი (ნაც. პარ.) ბატონებო! მე მოგახსენებთ მოკლედ პასუხს შესახებ მინისტრის ამხანაგის განცხადებისა. ჯერ რაც შეეხება იმ ორგანოს, რომლის მთავარი დანიშნულება ფასის შემუშავება იყო, მე ვამბობდი, რომ როდესაც კანონი არის გამოქვეყნებული, მისი ასრულება-გატარება სავალდებულო უნდა იყვეს ყველასათვის-მეთქი. და ორგანოს შედგენა კი ისე, როგორც ეს თქვენ ჩაიდინეთ, არ შეიძლება. თქვენ ამბობთ, რომ კრება მოიწვიეთ, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ კრება ჩუმათ მოგეწვიათ თქვენთვის, რომ ეს არავინ იცოდეს. მაგრამ ორგანოს შედგენა უნდა ხდებოდეს ფართოდ, ყველასათვის საცოდნელად, გაზეთებში განცხადებანი უნდა იყვეს, რომ იცოდენ დაინტერესებულმა პირებმა საქმის გარემოება. თქვენ ეს არ ჰქენით. და ყოველი მოქალაქის კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნილებაა მოვთხოვოთ პასუხი, თუ რატომ არ მოხდა ამ ორგანოს ახდილად მოწვევა და არა ისე ჩუმად, როგორც იყო. თქვენ თვითონა სთქვით, - ორგანო შესდგა ფასების შესამუშავებლად, მაგრამ ცოტა შეცდომა შეგვეპარა ფასების დაწესებაშიო. და აი, სწორედ საქმეც მაგაშია. ეს შეცდომები ამ მიზეზების ბრალია, ვინაიდან თქვენ ფასებს აწესებდით ფიქტიურად მაშინ, როდესაც ნამდვილი სახე საქმისა თქვენ არ იცოდით. და ეს მხოლოდ 5 თებერვალს გაასწორეთ, როგორც თქვენ ამბობთ. და ესეც ხუთ თებერვალს მოხდა და მანამდის კი სწორედ სწარმოებდა პლანტატორების ამხედრება და აჯანყება ამ დეკრეტის წინააღმდეგ. და როდესაც აქ ბ-ნ მინისტრის ამხანაგი აცხადებს, რომ 15 თუმნამდის დამატებით პლანტატორები დღესდღეობით სრულებით კმაყოფილნი არიანო; - მე შემიძლია აქედან სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთი პლანტატორი ამ ზომას კმაყოფილებით არ იღებს. რაც შეეხება მოხსენებას, რომელზედაც აქ ბ-ნ მინისტრის ამხანაგი ლაპარაკობდა, რომელიც წაკითხული იყო ჩიკოლინის მიერ მეთამბაქოეთა ყრილობაზე, იქ ბ-ნი ჩიკოლინი ამბობდა (კითხულობს). ასეთი რედაქცია იყო მიუღებელი და ასეც მოხდა. რეზოლიუციაში კი შემდეგია მოყვანილი (კითხულობს), მეც ამას გეუბნებოდით. სანამ არ შედგება ისეთი ორგანო, რომელიც მოარიგებს ამ ფასებში მთავრობასა და მრეწველებს, მანამდის დადებულ ფასებს არავითარი რეალური შედეგი არ მოჰყვება. და თუ არ იღებენ ამას ამდენხანს, მხოლოდ და პირდაპირ მთავრობის მიერ შედგენილ ორგანოს შეფასების გამო, თუნდაც იგი შემდეგ ყრილობას მიეღო, რომელიც თქვენი პარტიის გავლენის ქვეშ იყო მოწყობილი. და როდესაც ამ ყრილობამ მომარაგების მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა, ამ დეპეშას ბ-ნმა ერაძემ შემდეგი დეპეშით უპასუხა (კითხულობს). ამას ფრანგულად ჰქვია - „კარგი ბინა გლახა სასმელის მიღების დროს“. და თითქოს სანამ არ იქნებოდა ეს შუამდგომლობა, მანამ საჭირო და სავალდებულო არ იყო სამართლიანი ზომებისა და ფასების გამონახვა ამ დიდი საქმის დასაბოლოვებლად. ჩვენ გვაინტერესებს ეს საკითხი იმიტომ, რომ მონოპოლიის გატარებამ თამბაქოს გაშენება არ მოსპოს (კითხულობს ქვევით). აი საქმეც ამაშია. ვიმეორებ, ეს იყო ჯერ თებერვალში. ყრილობის შემდეგაც ასეა. ამითი ბ-ნი ერაძე სავსებით უარყოფს მთელ კანონ-პროექტს. და თუ ის ორგანო უბრალო თათბირი არ იყო, რათ გამოარჩია მან კლასები და ზოგიერთებს უპირატესობა მისცა, გლეხებს? უნდა მოგახსენოთ, რომ აფხაზეთში თავად-აზნაურობა ბევრია ძლიერ და დააწესა განსხვავებითი ფასები.
აი, საქმე ამაშია, მოასწრეს თუ არა (კითხულობს). თუ ის ორგანიზაცია ფიქტიური არ იყო, უბრალო კრება არ იყო, როგორ შეუძლია ბ. მინისტრს თავის ნებაზე ფასი ასწიოს და ან დასწიოს, აგრეთვე შეიტანოს წოდებრივი საკითხი - «крестьянамъ»-ო, სწეროს და დააწესოს 15 თუმანი მეტი მაგარ ფასებზე. მე ვამბობ, მინისტრს არ შეუძლია ორგანიზაციის დადგენილების წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგას. მაგრამ ის ორგანიზაცია არ იყო, ის იყო ფიქცია და ამიტომ მინისტრს უფლება ჰქონდა ტაქტიკურის მოსაზრებით ასეთი ნაბიჯები გადაედგა მონოპოლიის საქმეში. მით უფრო, ბ. მინისტრმა განაცხადა, რომ თუ აფხაზეთის წარმომადგენელი არ მოვიწვიეთ, ამით საქმე არ გაფუჭებულაო. მით უფრო ეს განცხადება არ შეეფერება მდგომარეობას, რომ პლანტატორები მოითხოვენ იმდენს, რამდენიც ღირს დღეს ფუთი თამბაქოს მოყვანა. ცხადია, თუ ისინი ახლა თავნზე წააგებენ, შემდეგში თამბაქოს აღარ მოიყვანენ. დღეს კი დაახლოვებით ფუთი თამბაქოს მოყვანა ღირს 1500 მანეთი.
რაც შეეხება დატუსაღებას, ცხადია კიასოვს არ შეეძლო თვითონ დაჭერა. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის, ვინ დაიჭერს. საქმე იმაშია, რომ ეს იყო ამ მონოპოლიის გამო: ჯერ დაიჭირეს, შემდეგ კი გაუშვეს. რაც შეეხება საჩივრებს, ბ. მთავრობის თავმჯდომარეს ცოტა სხვანაირი პასუხი მიუცია, ალბად ეს იყო არა ჩვენი ქვეშევრდომის, რომელიც საერთოდ მომთმენი უნდა იყოს, არამედ უცხო ქვეშევრდომის.
რაიცა შეეხება „კოსმოსსა“ და სხვა ფირმებს, ამათზე შემდეგ მოგახსენებთ. ეს არის, რაც უნდა თქმულიყო ბ. მინისტრის სიტყვის შემდეგ.
ახლა მოგახსენებთ ზოგიერთ დამატებას, რომელიც ახალი არის, რადგან გამოირკვა შეკითხვის შემოტანის შემდეგ, უკანასკნელ დღეებში. მე ვამბობ, რომ ნამდვილი ფასი ფუთი თამბაქოს არის 1500 მანეთი. სანამ ეს არ იქნება განაღდებული, თქვენ გარანტია არა გაქვთ, რომ თამბაქო ვინმემ მოიყვანოს. ამას ამტკიცებს სტატისტიკა (კითხულობს). მით უმეტეს, რომ სეზონი გადის. (ჭავჭანიძე: იანვარში?) იანვარში კი არა, მარტში. აქ იყო რეპლიკები ფასის შესახებ, - რა ღირსო? თქვენ გგონიათ, რომ სახელმწიფო იგებს იმით, რომ თავისი სიმდიდრის - პროდუქტის ფასს სცემს? ამას გარდა გლეხს ერთს ფასს აძლევს და სხვას კიდევ სხვას.
ბ. კიასოვის შესახებ მინდა ცნობა მოგაწოდოთ, თუ რამდენად უწევს ანგარიშს თამბაქოს კულტურას. ბ. ჭავჭანიძე ბრძანებს, რომ ჩვენ ორ თვეში ვერ შევისწავლეთ თამბაქოს წარმოებაო. ყოველ შემთხვევაში სოხუმის ოლქში ამ მონოპოლიის განსახორციელებლად საჭიროა თამბაქოს საქმის მცოდნე პირი.
კიასოვს აქვს ტაბლიცა-სკალა, რომელშიაც თამბაქო არის დაყოფილი 4 სორტად. განსხვავება ამ სორტებს შორის ფასში ხუთ-ხუთი თუმანია, ასეთი ტაბლიცა მდგომარეობას არ შეეფერება. ჯერ ერთი, რომ თამბაქოს 4 სორტად გაყოფა არის ხელოვნური და სინამდვილეს არ შეეფერება. იმ სორტში, რომელიც, მაგალითად, მესამედაა ჩათვლილი, მოიძებნება მეტი ღირებულების, ვინემ პირველში, მაგალითად, განსხვავება კი არის, როგორც ვთქვით, 5 თუმანი. ეს კი თამბაქოს წარმოებისთვის დამღუპველია. თუ ნაკლები თვისების მხოლოდ 5 თუმნითაა ნაკლები კარგი თვისების თამბაქოზე და იგი უფრო ადვილი მოსაყვანია უკანასკნელზე, ცხადია, რომ კარგი თამბაქოს მოყვანის იმპულსი ეცემა. ეს კი არის თამბაქოს დემოკრატიზაცია და ადვილი შესაძლებელია, ამ დემოკრატიზაციამ მახორკამდისაც მიგვიყვანოს.
კიასოვმა გამოსცა ინსტრუქცია, ტელეგრამა გამოგზავნა, თუმცა უალაგობის გამო ეს ტელეგრამა „კლდეში“ ვერ დაიბეჭდა. ის სწერს, რომ ინსტრუქცია მე არ გამომიციაო, ის მთავრობისა იყოვო და მეც იმ ინსტრუქციის ძალით ვმოქმედობო, მაგრამ, როცა კაცი თავს იმართლებს, რომ ჩემი მოქმედება შეესაბამება ინსტრუქციასო, ცხადია ის მოქმედობს თავისი ინსტრუქციის თანახმად. (ჭავჭანიძე: კომისარი აწერს ხელს?) მე ვიცი, რომ აფხაზეთის კომისარი არ არის მომხრე ამ მონოპოლიის განხორციელებისა.
აი, ინსტრუქციაში არის შემდეგი ადგილი: (კითხულობს) სპეციალისტების ფიქრით ეს ადგილი ამტკიცებს, რომ კიასოვმა თამბაქოსი არაფერი არ იცისო, რადგან ასეთი თამბაქო არ შეიძლება მეთამბაქოებს ჰქონდეს, თუ იგი არ იქნა შენახული განსაკუთრებულ საწყობებში, თამბაქო გაფუჭდება, როგორც ღვინო, თუ არ დადუღდა. ხოლო არ შეიძლება, რომ დადუღება მოხდეს პლანტატორის ხელში, თუ კი მოხდა, ის უსათუოდ გაფუჭდება. დადუღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ საწყობებში, რომ არ გაფუჭდეს თამბაქო.
კიასოვი კი ეუბნება მეთამბაქოეთ, გადაადუღეთ თქვენ და მერე მივიღებო. ეს პირდაპირ სისულელეა, იმიტომ რომ პლანტატორებს საწყობი არ აქვთ თამბაქოს დასადუღებლად, მათ აქვსთ მხოლოდ დროებითი საწყობები; ამიტომ მათ არ შეუძლიათ თამბაქოს დადუღების მთელი პროცესი თავის საწყობებში გაატარონ, სანამ გასაყიდად გამოიტანდნენ.
წარსული შეკითხვის დროს მე არ ვახსენე ის გარემოება, - მე არ ვიცი, ბატონი იუსტიციის მინისტრი აქ ბრძანდება და თუ ის გაამართლებს იმ წესს ხელშეკრულებისას და იტყვის თუ არის სამართლიანი, რომ ჩემგან ვისმე მიჰქონდეს რამე, ხოლო მე არაფერს არ მაძლევდეს, მაგრამ შეიძლება სამოქალაქო უფლებაც რევოლიუციას განიცდის?! მთავარი ის არის, რომ ის ფულს არავის არ აძლევს. თბილისში ცხოვრობს ერთი დიდი თამბაქოს მწარმოებელი ოსტან ჯგიგლო, რომელსაც ბოქლომი გაუტეხეს და თამბაქოც წაართვეს, ფული არ მიუციათ. (ჭავჭანიძე: რომ გაიპარა?) ეგ არ ვიცი თუ არა, მაგრამ ის კი აი ცხოვრობს თბილისში. ოსტან ჯგიგლო არ არის უცხოეთის ქვეშევრდომი და ალბად იმიტომ მოექცნენ ასე სასტიკად. ხოლო რაიცა შეეხება უცხოელებს, აქ ტაქტიკურად მოქმედობს მთავრობა. ბოლოს და ბოლოს მთელი თამბაქოს 3/4 აღმოჩდა უცხოელის საწყობებში. ინგლისელებს კიასოვმა გაუტეხა ბოქლომი და მოინდომა საქონლის წაღება, მაგრამ ინგლისელებმა მავთული აამუშავეს და მიიღეს განკარგულება, რომ ეს შეჩერებულიყო, - ეს არ შეეფერება მთავრობის პრესტიჟს.
მე ფაქტს ვამბობ, რომ უცხო ქვეშევრდომნი თავის უფლებას იცავენ, ხოლო თუ ჩვენმა ქვეშევრდომებმა მოიმდომეს დაცვა, მათ სპეკულიანტებს ეძახიან, იჭერენ და აჯარიმებენ, ყოველ შემთხვევაში, არ ექცევიან ისე, როგორც შეჰფერით საქართველოს მოქალაქეებს. (ს. კედია: uaire bonne mine) დიახ, საერთოდ ეხლა აქ თითქმის გაყოფა მოხდა ყველა მწარმოებლისა; ერთის მხრივ უცხო ქვეშევრდომები, მეორეს მხრივ ჩვენი ქვეშევრდომები. უცხო ქვეშევრდომებმა თავი დაანებეს ყოველგვარ პროფესიულ ზრუნვას, თავის ინტერესის დაცვისათვის მათ პირდაპირ მიმართეს დიპლომატიურ საერთაშორისო წესს. თქვენ იცით, იქ თამბაქოს მწარმოებელნი არიან უცხო ქვეშევრდომებიც, საბერძნეთის ქვეშევრდომები. რაც შეეხება ამ ქვეშევრდომებს, ისინი არიან თავის თავზე მინდობილნი და თუ მათზე ვინმემ ხმა ამოიღო, ისინი არიან სპეკულიანტები.
ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად თქვენ საერთოდ იცავთ სახელმწიფოს ინტერესს, ზრუნავათ მხოლოდ სპეკულიაციის მოსპობაზე.
კიასოვმა ბრძანა, მე უნდა სპეკულიაცია მოვსპოო. თქვენ ასე ექცევით, ვიმეორებ მე, მხოლოდ ჩვენ ქვეშევრდომებს წართმევის საქმეში. თქვენ ისეთ საზარალო მდგომარეობაში აყენებთ მათ საერთოდ ყოველ შეთანხმების დროს, რომ თუმც მოელით, რომ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეს მონოპოლია, ფაქტიურად კი აუარებელი მასალა გადადის უცხო ფირმების ხელში და გადავიდა კიდეც აფხაზეთში. არც ერთი პირობა ამ უცხო მრეწველთა მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი, რომ ადგილობრივმა მრეწველებმა არ მიიღონ ისინი, წინააღმდეგი იყვეს ამის სხვა და სხვა აქციონერული საზოგადოება. სოხუმის მრწეველთა საბჭო თანახმა იყო ყოველნაირ პირობებისა, რომელსაც შეიმუშავებდა მთავრობა, მაგრამ ბოლოს მაინც საქმე არ მოხერხდა, ამავე დროს კოლექტიური, ან ცალკე ფირმები იღებდენ ასეთ პირობებს და გაჰქონდათ ჩვენი თამბაქო და რასაკვირველია მთავარი ის არის, რომ ეს თამბაქო არ არის ახალი მოყვანილი, ჩვენ ვასაღებთ იმას, რაც წინად დაგროვილი იყო, ახლის იმედი არა გვაქვს. ჩვენ განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოვექცეთ ძველად დაგროვილ მასალას და საქმემ არ უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ეს მასალა გაიფლანგოს და დავრჩეთ ისე, როგორც პუშკინის გმირს დარჩა გატეხილი გობი. არის მაგალითად „კოსმოსთან“ დადებული ხელშეკრულობა.
თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო ორატორო! უკვე 3 საათი გახლავთ, როგორ ინებებთ, ბატონებო, თანახმად რეგლამენტისა, თუ როგორ? (ხმები: დაიხუროს... დაამთავროს სიტყვა... კენჭის ყრით ვეშაპელს ეძლევა ნება დაამთავროს სიტყვა).
გ. ვეშაპელი. აი, ბატონებო! „კოსმოსთან“ მთავრობას აქვს დადებული ხელშეკრულობა. მე არ წავიკითხავ მთლად მას, მხოლოდ რამდენიმე მუხლს მოვიყვან, რომ დაგიმტკიცოთ ის აზრი, რომ მეტის-მეტ შეღავათიან პირობების გაცემა უცხო ფირმებზე არ ჩერდება არც „სიბუნიონ“-ის შემდეგ. და ამავე დროს ჩვენი რესპუბლიკის წრეებს არავითარი საშუალება არა აქვთ გამონახონ საერთო ენა იმ სამინისტროსთან, რომელიც ასეთ ხელშეკრულობებს უდებს უცხოელებს. აი „კოსმოსი“-ს დაახლოვებით პირობები ასეთი არის: მთავრობა ყიდულობს „კოსმოსისაგან“ 80 ათასი გირვანქა სტერლინგის საქონელს, ამავე დროს მთავრობა ვალდებულია გამოარჩიოს 70 პროცენტი ერთნაირ საქონლისა და დანარჩენის კი, რასაკვირველია, უფლება აქვს „კოსმოსს“ გაყიდოს, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ; ის ამ შემთხვევაში ტრანზიტის უფლებით სარგებლობს. ამ ნაყიდ საქონელში მთავრობა ფულს არ იხდის, ეს ეწერება ვალად მთავრობას, მაგრამ იმდენივე თანხის ოდენ ნედლი მასალის ყიდვის უფლება ეძლევა მთავრობისაგან „კოსმოსს“ თავის ფულით. მერმე კი ეს საქონელი უნდა გაასაღოს ევროპაში. თავის-თავად ცხადია, რომ „კოსმოსი“ ამ მოტანილ საქონლის ოდენა თანხის ნედლ მასალაში იხდის არა სტერლინგებს, არამედ ჩვენ ქართულ ბონებს, რომლებსაც თავის-თავად ცხადია აქედანვე მიიღებს. ეს საქონელი მიდის ევროპაში და იქ საღდება. არის სხვა და სხვა პირობები ამ საქონლის გასაღებისა, არის ნათქვამი, რომ თუ, მაგალითად, ორი თვის განმავლობაში ეს საქონელი არ გასაღდა, მაშინ მთავრობა იხდის 16 პროცენტს ყოველ თვეში მთელ საქონელზე. არის კიდევ სხვა მუხლები, რომელნიც უზრუნველყოფენ, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ „კოსმოსს“ და არავითარი შეთანხმება არ სჩანს მთავრობის ინტერესების უზრუნველსაყოფად. თუ ოცი დღის განმავლობაში არ იქნა გატანილი საქონელი, მაშინ მთავრობას ედება ვალად 500 გირვანქა სტერლინგი, ყოველდღიურად გემის გაცდენისათვის და სხვა ასეთი. როცა გასაღდება, რაც ფული იქნება მიღებული, აქედან „კოსმოსი“ მიიღებს მთავრობისაგან ფულით მთელ თანხას. მერმე ყველა თანხებს, რომელიც „კოსმოსს“ დაეხარჯა ნედლი მასალის ზიდვაში, ყოველნაირი დამატებითი ხარჯები, რომელიც შეეხება დატვირთვას, ფრახტს და სხვას და ამ თანხებს, განსაკუთრებით უკანასკნელ თანხას, ნედლ მასალაში მიცემულ თანხას, „კოსმოსი“ იღებს სტერლინგებით 670 მანეთის კურსით. ცხადია, რომ ეს ალაგი ძალიან ხელსაყრელი არის ამ უცხო ფირმისათვის. მარტო ამისთვის ყოველი ფირმა შეუკრავდა ხელშეკრულობას, იმიტომ რომ მაშინაც სტერლინგი მეტი ღირდა და როდესაც რეალიზაციის ხანა მოვა, მაშინ თავის-თავად ცხადია, ორჯერ-სამჯერ მეტი ეღირება სტერლინგი, ვიდრე აქ არის აღნიშნული. და ამგვარად, ქართულ ბონების მაგიერ, რომელიც „კოსმოსმა“ დახარჯა, ის მიიღებს ორმაგ კურსით უცხო ვალიუტას. ამას რომ თავი დავანებოთ, ამის გარდა „კოსმოსი“ მიიღებს 6 პროცენტ საკომისიოს, მერმე კიდევ 15 პროცენტს წმინდა მოგებიდან, რომელიც დარჩება ნედლ მასალის რეალიზაციის შემდეგ. ამის გარდა მიიღებს 16 პროცენტს საწარმოვო მოგებისა იმ საქონელში, რომელიც მოიტანა 15 პროც. წმინდა მოგებისა, 16 პროც. საწარმოო მოგებისა, 6 პროც. საკომისიო, შემდეგ აქ ქართული ბონებით ნაყიდ საქონელში მიიღებს უცხო ვალიუტით. შემდეგ ის შესძლებს, როგორც უნდა, ისე დააწესოს ფასები საქონელზე ფაქტიურის მხრივ. შემდეგ შესძლებს მოგებას დამატებით ხარჯებში, განსაკუთრებით ფრახტის ხარჯებში, იმიტომ, რომ გემი არის „კოსმოსისა“ და ეს ყველაფერი თავდება იმით, რომ ეს უცხო ფირმა აფრთხილებს ჩვენ მთავრობას (კითხულობს რუსულ ტექსტს „კოსმოსთან“ დადებულ ხელშეკრულების მე-21-ე მუხლს).
ბატონებო! ასეთი მუხლის შეტანა საერთოდ ზედმეტია იმიტომ, რომ ეს იურიდიული ხელშეკრულება არის. თავის-თავად ცხადია, რომ „კოსმოსი“ აინაზღაურებდა ამას, მაგრამ, როდესაც წინდაწინ უწერენ ხელშეკრულებაში, რომ მოგვეცით ნედლი მასალა და გვეუბნებიან, რომ თქვენ მოგებას ვერ მიიღებთ, რადგან ვერ აანაზღაურებთ იმ ხარჯს, რომელიც მოგივათ და იმ ფულს, რომელიც გატანილ საქონელში გაქვთ და იძულებული იქნებით ახალი ნედლი მასალა მოგვცეთ, როდესაც ამას გიწერენ ხელშეკრულებაში, თავის-თავად ცხადია პერსპექტივაში გაქვთ გატეხილი გობი. ამ გატეხილ გობს კი შემდეგ მოჰყვება ახალი სამინისტროს დაარსება.
მე ამით არ მინდა ვსთქვა, რომ უცხო ფირმებთან ხელშეკრულობის დადება დამფუძნებელ კრების რომელიმე ორგანოს დაუკითხავათ მომხდარიყოს. ვთქვათ, უწყების დაუკითხავათ არ უნდა დადებულიყო ხელშეკრულება, იმიტომ, რომ რაც „სიბუნიონი»-ს ამბავი მოუვიდა მომარაგების სამინისტროს, მთავრობამ დაადგინა, ეს საქმე არ განმეორებულიყოს. აი, მიუხედავათ ამისა, როდესაც გრძელდება ხელშეკრულობის დადება ძალიან დიდ თანხაზე, როდესაც ისეთ პირობებს სდებთ, რომ ამ პირობების 1/4 რომ მიგეცათ, ყოველი ფირმა საქართველოში მომქმედი, ყოველი მეპატრონე ამ ნედლი მასალისა დაგეთანხმებოდით ამაზე და როდესაც მკვიდრ მრეწველთ საერთოდ საქართველოში არა აქვთ საშვალება არა თუ ასეთი ხელშეკრულება დასდონ, არამედ ამის მეოთხედიც და საერთოდ არ აქვთ საშვალება რაიმე ხელშეკრულობა დასდოს მთავრობასთან საერთო წესით (მე ვლაპარაკობ გამონაკლისზე). აი, როდესაც ჩვენი მოქალაქე მრეწველი მოკლებულია ამის საშვალებას, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციებს უგზავნიან და ესეც უნაყოფოდ რჩება. ისინი ყველა კარებში შედიან და მაინც პასუხს ვერ იღებენ - შეიძლება თუ არა მონაწილეობის მიღება იმ საქმეში, რომელიც შეეხება ხალხის სპეციალობას, ამის შემდეგ თავის თავად ცხადია ბ. მომარაგების მინისტრის ამხანაგის განცხადება, რომ ჩვენ მონოპოლიით სპეკულიაციას მოვსპობთო, არ არის მართალი. შეიძლება მოსპოთ საერთოდ კომერცია, შეიძლება, ერთი ორი კაცი დაიჭიროთ, დასაჯოთ, მაგრამ ამით არაფერი გამოვა. ამავე დროს უცხო ფირმები, შეიძლება ასე ითქვას, დაახლოვებით სპეკულიაციურ პირობებს უდებენ ჩვენ მთავრობას. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება არის ისეთი, როგორც „სიბუნიონთან“ დადებული, მაგრამ მისი ბიძაშვილი კი არის რამდენიმედ. რასაკვირველია, მე ვიცი რას ნიშნავს „ლიმიტედი“, მაგრამ ნათესაობა არის ამ უცხო ფირმათა შორის. აი, ამ არა ნორმარულმა მდგომარეობამ მაიძულა მე ამეძრა ეს საკითხი.
საერთოდ მონოპოლიის საქმეში უპირატესობა უნდა მისცეთ იმათ, ვინც გააკეთებს, ვინც პატრონი არის, მით უფრო, რომ ისინი თანახმანი არიან 25%25 მოგებით პირობაზე. თამბაქოს მრეწველთ აქვთ გამოგზავნილი მთავრობის თავჯდომარესთან მოხსენება. ისინი თანახმანი არიან ამ პირობებზე და არ მოითხოვენ სტერლინგებით ამ 25%25, არამედ ჩვენი ბონებით. (ჭავჭანიძე: არ არის მართალი?) მე ვიმეორებ კატეგორიულად, რომ ეს ასეა და თუ წინააღმდეგი იქნება ვინმე დაამტკიცოს.
საერთოდ ვიმეორებ, რომ ამ საქმეში ჩვენ უნდა შევუთანხმდეთ არა რომელიმე ფირმას, არამედ ჩვენში მოქმედ სამრეწველო წრეებს. სპეციალობას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც „კოსმოსის“ წარმომადგენელი, რომელსაც სპეციალური დამოკიდებულება არ აქვს და კერძოდ კი, თამბაქოს საქმესთან. და ის კაცი, რომელიც მრეწველობას აწარმოებს და აქვს რაიმე დამოკიდებულება, უკეთეს პირობებში მოახერხებს თამბაქოს გასაღებას, ვიდრე ისეთი ფირმა, რომელიც სპეციალურად არ არის დაკავშირებული ამ თამბაქოსთან.
საერთოდ, მე ვთქვი, როდესაც თქვენ ვერ ახერხებთ საკუთარ ძალებით განახორციელოთ ეს მონოპოლია, მიმართეთ სპეციალისტებს. არიან ისეთი პირები, რომელთაც სურთ ამ საქმის ხელში აღება, მაგრამ პასუხიც ვერ მიუღიათ.
კონკრეტიული ხასიათი რომ მივცე იმას, რასაც მე მოვითხოვ, მე ვამბობ, ჩვენში უნდა დამყარდეს ისეთი წესი, როდესაც მრეწველი მოისურვებს ასეთ ნორმალურ გზაზე დააყენოს და თავის ხელში აიღოს მონოპოლიის განხორციელების საქმე. ასეთი წესი უნდა ყოფილიყო ნახმარი სხვა დარგებში და კერძოთ, თამბაქოს საქმეში. ამის მაგიერ თამბაქოს მონოპოლია გადაიქცა ერთგვარ ფისკალურ ექსპედიციათ, რითაც მეტი თამბაქო უვარდებათ ხელში უცხოელ ფირმებს, მათ გააქვთ საზღვარგარეთ, გვაძლევენ ჩვენსავე ბონებს და თანაც წინდაწინ ანუგეშებენ მთავრობას, შეიძლება ისე გავასაღო, რომ შენ მოგებაც ვერ ნახოვო. და ამგვარად ხდება არა ახალი მასალის, არამედ ძველი მოსავლის მონოპოლია, რომლის წყალობით დამყარდა ჩვენში ფულის კურსი.
ყოველი დღე, როდესაც ეს საქონელი გააქვთ, ერთის მხრივ ახდენს ლიკვიდაციას ძველი ნაწარმოებისას. წლევანდელი მოსავლის იმედი კი არ გვაქვს და მეორეს მხრივ, სამონოპოლიო საქონელს ისეთ პირობებში გზავნის მთავრობა ევროპაში, რომ თავის საკუთარ პერსპექტივებზე კი არ არის დამყარებული... აი, ეს არის მთავარი ნაკლი მონოპოლიის საქმეში.
თავმჯდომარე. სანამ კრებას დავხურავდე, გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი. (მდივანი კითხულობს).
კრება დახურულია 3 ს. და 20 წ.
![]() |
11 ოთხმოცდამერვე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
(88)
1920 წ. თებერვლის 17.
შინაარსი:
1. ოსმალეთის პარლამენტის პრეზიდიუმის მოლოცვა.
2. თავმჯდომარის მისალმება იტალიის დელეგაციისადმი.
3. დეკრეტი დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების დამატებისა.
4. განგრძობა მსჯელობისა მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირის ახალ ნორმების დეკრეტის შესახებ.
5. დეკრეტი ტყიბულის მაღაროების სააქციო საზოგადოება „ნახშირას“ ქონების გამოყიდვისა და ტყიბულის მაღაროების ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცება.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა იწყება დღის 12 საათზე.
თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს).
დღიური წესრიგი:
1. განგრძობა მსჯელობისა მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირის ახალი ნორმების დეკრეტის შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
2. დეკრეტი - უცხოეთიდან შემოსატან საქონელზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.
3. პროექტი დადგენილებისა - სახელმწიფო ბანკის გამგის და გამგეობის წევრთა ჯამაგირის შესახებ. მომხსენებელია ბ. თევზაია.
4. სასელმწიფო ბანკის გამგისა და საბჭოს წევრთა არჩევანი.
5. დეკრეტი - ტყიბულის მაღაროების სააქციო საზოგადოების „ნახშირას“ ქონების გამოყიდვისა და ტყიბულის მაღაროების ხარჯით-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ბ. თევზაია
6. დეკრეტი - ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობისა და სენაკის სამაზრო ერობის 1.000.000 მან. სესხის მიცემისა - მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად მომხსენებელია ი. სალაყაია.
7. დეკრეტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
8. დეკრეტი - საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 2.113.986 მან. და 40. კაპ. მომხსენებელია ს. მდივანი.
9. მეორე: (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.
10. დეკრეტი - დამფუძნებელ კრების არჩევნების დებულების დამატებისა. მომხსესენებელია ი. ფირცხალაიშვილი.
11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავი ქონების გამოყიდვის უფლების გაუქმების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
12. დეკრეტი - საერობო სამკურნალო დაწესებულების მოსამსახურეთა ახალი შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
13. დეკრეტი - გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 3.000.000 მ. გადადებისა სხვა და სხვა საადმინისტრაციო და მოულოდნელი ხარჯებისათვის. მომხსენებელია ს. მდივანი.
14. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა, ამავე რკინის გზისათვის განსაკუთრებულ თანხის დაარსებისა და სატრიალებელ კაპიტალის გადიდებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.
თავმჯდომარე. შემოტანილი გახლავთ ს.-დ. ფრაქციის წინადადება, რომ მეხუთე საკითხი მეორე საკითხად იქმნას დასმული. არის აგრეთვე პრეზიდიუმის წინადადება: საარჩევნო დებულების პროექტის განხილვა პირველ რიგში მოხდეს. (წინადადებანი მიღებულია). ეხლა გთხოვთ მოისმინოთ მოლოცვა ოსმალეთის პარლამენტის პრეზიდიუმისაგან.
მდივანი (კითხულობს).
თავმჯდომარე. მოქალაქენო! ნება მომეცით თქვენი სახელით მხურვალე სალამი მიუძღვნა სტუმრებს, - იტალიელ ეკონომიურ დელეგაციას, რომელიც აქ არის დღეს (ტაში). ვუსურვოთ ნაყოფიერი მუშაობა და მოვესწრათ იმ დღეს, რომ იტალიისა და საქართველოს ხალხთა შორის რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დამყარებულიყოს (ტაში).
ი. ფირცხალაიშვილი (ს.-დ.) ბატონებო! მაშინ, როდესაც ჩვენ დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება შევიმუშავეთ სოხუმის ოლქისათვის, ამ დებულებაში ჩვენ შევიტანეთ სამი მუხლი, რითაც უნდა შეგვექმნა სოხუმის ოლქის საარჩევნო კომისია. იმ დროს სოხუმის ოლქი არ იყო დაყოფილი მაზრებად. მას შემდეგ მოხდა ცვლილება; სოხუმის ოლქი გაიყო 4 მაზრად და დღეს იქ არსებობს 2-4 მაზრამდე. თქვენ იცით, ახლა იქ არჩევნების მოსაწყობად გაიგზავნა მცირე კომისია. ცენტრალ კომისიამ გადასწყვიტა სოხუმის ოლქში შესდგეს 4 სამაზრო საარჩევნო კომისია. ამიტომ ის მუხლები უნდა იქნეს ამოშლილი დებულებიდან, რათა ამით მოუსპოთ საშუალება იმ პირთ, რომელნიც, შეიძლება, არ დარჩნენ კმაყოფილნი არჩევნებით და გაასაჩივრონ. ეს დეკრეტი, რომელიც ეხლა შემოვა, შესდგება 2 მუხლისაგან. პირველი მუხლის ძალით ჩვენ შეგვაქვს შესწორება დებულებაში და მეორე მუხლის ძალით მოვითხოვთ დამფ. კრებისაგან, რომ მან მისცეს ცენტრალ საარჩევნო კომისიას თავის განკარგულებაში კიდევ 6 თვე, რათა ამ ხნის განმავლობაში უკეთ მოაწყოს არჩევნების საქმე. სოხუმის ოლქში არჩევნები მარტში მოხდება, მაგრამ ეს 6 თვე შესაძლოა საჭირო დარჩეს სხვა კუთხეებისათვის, სადაც არ მომხდარა არჩევნები. ეს არის შინაარსი წარმოდგენილ პროექტისა.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისთვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივი განხილვისა? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
(ფირცხალაიშვილი კითხულობს დეკრეტს).
თავმჯდომარე. წინადება გახლავთ ს.-დ. ფრაქციისა (კითხულობს). სიტყვას ხომ არავინ ინებებს? არავინ. თქვენი აზრი?
ფირცხალაიშვილი. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
(დეკრეტი შესწორებებით მიღებულია).
დეკრეტი მიწად-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირის ახალის ნორმების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.
ლ. შენგელაია. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მიწათ-მოქმედების სამინისტრომ წარმოადგინა თავისი შტატები. ის მოითხოვს ამ შტატების დადასტურებას, ის მოითხოვს ჩვენგან განსაზღვრულ თანხის გაღებას. სოციალ-დემოკრატიას ეს საკითხი მეტად მარტივ საკითხად მიაჩნია, მისი აზრით აქ სადაო და საკამათო არც კი არის რამე: ჯამაგირების მომატება უკვე გატარდა სხვა და სხვა უწყებებში, ასევე უნდა მოხდეს მიწათ-მოქმედების სამინისტროშიაც. მიწათ მოქმედების სამინისტრო, მისი მოღვაწეობა აქ არაფერ შუაშია. ასე ფიქრობს სოციალ-დემოკრატია. გამოდის თითქოს მიწად-მოქმედების სამინისტრო თავისთვის არსებობდეს, ხოლო მისი შტატები - თავისთვის, თითქოს შტატები არ იყოს ის აპარატი, რომლის საშუალებით მიწად-მოქმედების სამინისტრო აწარმოებს თავის მუშაობას და ატარებს ცხოვრებაში თავის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენელნი და როგორც მოქალაქენი, უაღრესად ვართ დაინტერესებულნი ვიცოდეთ, რა გააკეთა ამ სამინისტრომ, რას აკეთებს იგი და რის გაკეთება შეუძლია.
მართალია, ცხოვრება გაძვირდა, მაგრამ მარტო ცხოვრების სიძვირით და ეკონომიურ-ფინანსიურ კრიზისის გაძლიერებით ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელოთ. თუ რომელიმე უწყება თავის დანიშნულების სიმაღლეზე ვერ დგას, თუ ის ვერ აკეთებს, ან ცუდად აკეთებს იმ საქმეს, რომელიც მას დაკისრებული აქვს, ჩვენ არა გვაქვს არავითარი უფლება, არც იურიდიული და არც ზნეობრივი ასეთი უწყების შტატები დავამტკიცოთ და მასში მოსამსახურეებს ჯამაგირები მოუმატოთ.
ჩვენი ქვეყანა არ არის ინდუსტრიალური ქვეყანა, ჩვენში არ არის განვითარებული ვაჭრობა და მრეწველობა, ჩვენი არსებობის მთავარი წყარო არის მიწად-მოქმედება. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ის მიწა-წყალი, რომელიც მიწად-მოქმედების სამინისტროს აბარია. თუ მიწად-მოქმედების სამინისტრო გამოიჩენს საჭირო უნარს, თუ ის აიღებს სწორ გეზს - ეს იქნება უდიდესი გარანტია ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად. ასე გვესმის ჩვენ მიწად-მოქმედების სამინისტროს როლი და დანიშნულება. ამიტომაც შევეხეთ წარსულ სხდომაზე მის მოღვაწეობას ასე ვრცლად, ასე დაწვრილებით.
მიწად-მოქმედების სამინისტროს დაკისრებული ჰქონდა მრავალი მოვალეობა, როგორიც არის მიწის რეფორმის ცხოვრებაში გატარება, ტყეების მოვლა-პატრონობა, მამულების მოვლა და რაციონალური ექსპლოატაცია და სხვ. არც ერთი ეს საქმე მოწესრიგებული და ჯეროვანად მოგვარებული არ არის. დავიწყოთ ისევ მიწის რეფორმით. არც პირველი და არც მეორე ნაწილი ამ რეფორმისა ცხოვრებაში გატარებული არ არის. მიწების კონფისკაცია არ არის დამთავრებული მრავალ მაზრებში, როგორიც არის გორის, დუშეთის, სიღნაღის, ზუგდიდის, ახალქალაქის. არ არის ის დამთავრებული სოხუმის ოლქში და სხვ.
ბ. მიწად-მოქმედების მინისტრი ამ ფაქტს ვერ უარყოფს, მაგრამ ის ცდილობს ობიექტიური დაბრკოლებებით გაიმართლოს თავი. მე მინდა სწორედ შევეხო იმ მიზეზებს, რომლებსაც შეუძლია აგრარული რეფორმის ცხოვრებაში გატარებას ხელი შეუშალოს. უპირველეს ყოვლისა მიწების კონფისკაცია რომ ცხოვრებაში გატარდეს, საჭიროა, რომ ქვეყნის სათავეში იყოს გამარჯვებული მშრომელი ხალხი. მთელი ძალა-უფლება უნდა იყოს ამ მშრომელი ხალხის ხელში. თუ ეს ასე არ არის, თუ ქვეყნის სათავეში დგას ფეოდალური არისტოკრატია, თქვენ იქ მიწების კონფისკაციას ვერ მოახდენთ. ყოვლად შეუძლებელია, რომ ქვეყნის სათავეში იყოს მემამულეთა კლასი და ამავე დროს მას ხელი ააღებინოთ მის საკუთრებაზე, მის საუკუნოებრივ პრივილეგიებზე.
იყო თუ არა ჩვენში ასეთი პირობები? - რა თქმა უნდა, არა, არ ყოფილა. რევოლიუციის პირველ დღეებიდან მთელი ძალა-უფლება ჩვენში ფორმალურად მაინც მშრომელი ხალხის ხელშია. მაშასადამე, არ ყოფილა ჩვენში ეს მთავარი პოლიტიკური დაბრკოლება აგრარული რეფორმის გატარებისათვის.
მეორე დაბრკოლება, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს მიწის რეფორმა, არის მემამულეთა კლასის შეკავშირება, სიძლიერე, მისი წინააღმდეგობა. თუ ეს კლასი ძლიერია, თუ ის შეკავშირებულია და სასტიკ წინააღმდეგობას უწევს მიწის რეფორმის გატარებას, თუ ის სახელმწიფოს სხვა და სხვა კუთხეებში აჯანყებებს ახდენს, ეს მეტად ხელს შეუშლის აგრარულ რეფორმას, და მისი გატარებაც შეიძლება შეუძლებელი გახდეს. მე თქვენ გეკითხებით. იყო თუ არა ასეთი პირობები ჩვენში? - არა, არ ყოფილა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ განჯის გუბერნიას, ფეოდალურ კლასს არსად არ გაუწევია საგრძნობი წინააღმდეგობა, არსად მოუხდენია აჯანყება მიწის რეფორმის ჩასაშლელად.
მესამე დაბრკოლება მიწის რეფორმისათვის არის ფინანსიური მხარე, თუ უწყებას საჭირო თანხები არა აქვს, მას არ შეუძლია მოაწყოს საჭირო აპარატი, დაგზავნოს სხვა და სხვა კუთხეებში თავისი აგენტები და მიწები ჩაიბაროს. მაგრამ მიწად-მოქმედების სამინისტროს ეს არ ეთქმის, ვინაიდან მას ყოველთვის მიქონდა არამც თუ რაც საჭირო იყო, ზედმეტი თანხებიც კი. დამფუძნებელ კრებას მიწად-მოქმედების სამინისტროსათვის კრედიტების გახსნაზე უარი ჯერ არ უთქვამს. მაშასადამე, მას ჰქონდა საკმაო სახსარი, საკმაო ფინანსები, რომ გასძღოლოდა, თუ უნარს გამოიჩენდა თუ სურვილი ექნებოდა.
შემდეგი მთავარი დაბრკოლება შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრატიული აპარატის უქონლობა.
მართლაც თუ მიწად-მოქმედების მინისტრს და მის ორგანოებს არ ეხმარება ადმინისტრაცია, მეტად ძნელია და ხშირად შეუძლებელიც, რომ მიწების მიღების საქმე ნორმალურად ჩატარდეს. ეხმარებოდა თუ არა ადმინისტრაცია მიწათ-მოქმედების სამინისტროს ორგანოებს, მიმღებ კომისიებს და სხვ.?
ჩვენ გვგონია, რომ ამ მხრითაც არ ყოფილა დაბრკოლება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთხელ მიწათ-მოქმედების მინისტრის განცხადება, რომ ადმინისტრაცია მას საჭირო დახმარებას არ უწევდა.
მე ვიცი, შინაგან-საქმეთა მინისტრი რომ ვინმე სხვა პარტიის წევრი ყოფილიყო, მაშინ სოც.-დემოკრატები ყველაფერს მას გადააბრალებდენ, მაგრამ ორივე სამინისტრო მათს ხელშია და უეჭველია ისინი ერთი-მეორეს დაეხმარებოდენ.
აი, ბატონებო, რას შეეძლო ჩვენთვის მიწის რეფორმისათვის ხელი შეეშალა, მაგრამ როგორც დაინახეთ, არც ერთ ამ დაბრკოლებას, ამ მიზეზს ჩვენში ალაგი არ ჰქონია.
ბ. მინისტრი ფიქრობს ყველაფერი ობიექტიური პირობების ბრალიაო. ობიექტიურ პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნუ თუ ის ფაქტი, რომ თქვენ ხშირად მაღალ პოსტებზე აყენებთ ისეთ პირებს, რომლებმაც ხელის მოწერა არ იციან, ობიექტური პირობების ბრალია?!
ნუ თუ ობიექტიური პირობების შედეგია, რომ ბევრს თქვენგანს უბრალო ზრდილობა აკლია?!
თქვენ ამბობთ: ომმა შეგვიშალა ხელიო. ჯერ ერთი ომი რევოლიუციამდინაც იყო, მაგრამ ეს მამულები მაშინ განადგურებული არ ყოფილა. მართალია, ჩვენ ომს ვაწარმოებდით, მაგრამ ომთან მიწად-მოქმედების სამინისტროს ყველაზე ნაკლები კავშირი ჰქონდა!..
თქვენ აგრეთვე ასახელებთ ანარქიას. ბ. მინისტრმა ბრძანა: ანარქია გვიშლიდა ხელსო. გამოდის, რომ ანარქია იყო მიზეზი იმისა, რომ რეფორმა გატარებული არ არის. მე კი მოგახსენებთ, რომ ანარქიის მიზეზი ჩვენში არის სწორედ ეს რეფორმა და მთელი ის პოლიტიკა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ.
მშრომელი გლეხობა მიწას უფასოდ მოელოდა. თქვენ ეს შეპირდით ხალხს, მერე კი არ შეასრულეთ დაპირებანი, მოატყუეთ ხალხი. აი ამან შექმნა ნიადაგი ანარქიისათვის.
მაშ რა იყო ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ორი წლის განმავლობაში მიწის რეფორმის პირველი ნახევარიც ვერ გაატარეთ?!
იმის მიზეზი, რომ თქვენ მიწის რეფორმის პირველი ნაწილი ვერ გაატარეთ ცხოვრებაში, უპირველეს ყოვლისა არის ის ბიუროკრატიზმი, რომელმაც ასე ძალუმად თავი იჩინა ყველა დაწესებულებებში. სოციალ-დემოკრატიული პრესა ამას ვერ მალავს. ის იძულებულია აღიაროს გაკვირვებით, რომ ჩვენში ბიუროკრატიზმი საშინელ სახეს ღებულობს.
შემდეგი მიზეზია სოციალ-დემოკრატიის საერთო უილაჯობა, უუნარობა; რომ საქმეს გაუძღვე, რომ დააგვირგვინო რეფორმა, უნდა გწამდეს იგი. სოციალ-დემოკრატიას არა აქვს რწმენა. მიწის და გლეხების საკითხი მისთვის ყოველთვის იყო უცხო საკითხი და როგორ შეუძლია მას ამ საქმეს ჯეროვანად გაუძღვეს, იგი მოაგვაროს?!
ერთი მთავარი მიზეზი არის აგრეთვე ისიც, რომ სოციალ-დემოკრატია და მისი მთავრობა მთელს თავის ენერგიას და დროს ანდომებენ პარტიულ საქმეს, ხოლო სახელმწიფოს საქმეს სხვათა შორის ეკიდებიან, მშრომელი ხალხის საქმისათვის მათ დრო არ რჩებათ. ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდის ამ ორი წლის განმავლობაში მიწების ჩამორთმევაც არ არის დამთავრებული. ბ. მინისტრმა ბრძანა: ვენახი ძველი იყო, შენობებიც ძველი და ამიტომ დაინგრაო. გასაკვირველია, რატომღაც ყველაფერი ახლა ინგრევა: ვენახიც, შენობაც და თუ ეს მართალი არის, თუ მართლა ყველაფერი ახლა ინგრევა და იქცევა, მადლობა ღმერთს, რომ ბ. მინისტრი გადარჩა!
რეფორმის მეორე ნაწილის შესახებ ბ. მინისტრმა ბრძანა: მეორე ნაწილი ვერ გავატარეთ იმიტომ, რომ ჯერ დამთავრებული არ არის პირველი ნაწილიო. ამით ბ. მინისტრი ადასტურებს ჩვენს ორივე დებულებას. ჩვენ ვამბობდით: არ არის ცხოვრებაში გატარებული რეფორმის არც პირველი და არც მეორე ნაწილიო.
ახლა ბ. მინისტრი ბრძანებს: მეორე ნახევარი იმიტომ ვერ გავატარეთ, რომ პირველი დამთავრებული არ არისო. სწორედ ამას მოგახსენებდით ჩვენ, სწორედ ეს იყო დასამტკიცებელი!..
მიწის რეფორმის მეორე ნახევარი თქვენ ვერ გაატარეთ და ვერც გაატარებთ, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება მშრომელი ხალხის ინტერესებს, ის არ არის ჩვენი ცხოვრების სინამდვილით ნაკარნახევი, თქვენ აძალებთ მას ცხოვრებას. განა მშრომელი გლეხობა ამას მოელოდა? თქვენ არ იყავით, რომ მიწის მუშებს მიწებს უფასოდ პირდებოდით? უმიწაწყლო და მცირე მიწის პატრონი გლეხობა მიწებს ვერ ყიდულობს, რადგანაც ფული არა აქვს. თქვენ წინეთ ამბობდით: მიწის მუშას ბევრი ფული აქვს, ის მიწებს დიდი სიამოვნებით იყიდისო, მარა ეს მართალი არ გახლავთ. ღარიბი გლეხობა ვერ ყიდულობს მიწას, რადგანაც ამის საშუალება არ აქვს. სადაც კი მიწის მუშებს და მათ წარმომადგენელთ აქვთ საშუალება თავისი აზრი თავისუფლად გამოსთქვან, იქ ჩვენ ვხედავთ, რომ მიწის მუშები წინააღმდეგნი არიან მიწის რეფორმის მეორე ნაწილისა, რომელიც საფონდო მიწების გაყიდვას მოითხოვს. მე ხელთ მაქვს აფხაზეთის სახალხო საბჭოს რეზოლიუცია. ამ საბჭოში 40 დეპუტატიდან 27 სოციალ-დემოკრატი გახლავთ. თავმჯდომარე, მისი ამხანაგი, მდივანი - ყველა სოციალ-დემოკრატი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭო თავის დეკლარაციაში მოითხოვს მიწის მუშებისათვის მიწების უფასოდ გადაცემას. (ორატორი კითხულობს აფხაზეთის საბჭოს დეკლარაციას მიწის საკითხის შესახებ).
მე თქვენ გეკითხებით: როგორ მოიქცევით თქვენ ახლა? როგორ ფიქრობთ, გაატარებთ თუ არა თქვენი რეფორმის მეორე ნაწილს აფხაზეთში, სადაც ოთხი მაზრა შედის? ორში ერთი: თქვენ ან ხელი უნდა აიღოთ მიწის რეფორმის მეორე ნახევარზე, ან იარაღით უნდა შეებრძოლოთ აფხაზეთის სახალხო საბჭოს.
ტყეები განადგურებულია. გასავალი მეტია, ვიდრე შემოსავალი. კოჯორის მამული გაცემულია საჯარო შეჯიბრების გარეშე. მამულში 200 საცხოვრებელი ოთახია. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ამბობენ, რომ კოჯორი ერთი საუკეთესო აგარაკია, რასაც სხვათა შორის ისიც მოწმობს, რომ ჩვენში არ დარჩენილა არც ერთი მინისტრი, რომელიც სააგარაკოთ იქ არ ყოფილიყო. მე თქვენ გეკითხებით, ნუ თუ ასეთ აგარაკში ერთი ოთახი თვეში 100 მანეთი არ ღირს? მე მგონია, ეს მინიმუმია. სამ თვეში ერთი ოთახი ეღირება და 300 მანეთი ახლა გაამრავლეთ 300X200 და მიიღებთ სულ მცირედ 60.000 მანეთს. ეს სამ თვეში, ხოლო მთელი მამული, სადაც სადგომი ოთახების გარდა მრავალი შენობებია, მთელი წლის განმავლობაში 30.000 მანეთად არის გაცემული. რა არის ეს, თუ არა ბოროტმოქმედება?
თავმჯდომარე. სიტყვა ბ-ნ მინისტრს ეკუთვნის.
ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედების მინისტრი). ბატონებო! მე იძულებული ვარ მეორეჯელ გამოვიდე ამ საკითხის შესახებ არა იმისთვის, რომ დავაჯერო რამეში ოპოზიცია, ვინაიდან მან შეითვისა ისეთი მეთოდი კრიტიკისა, რომ მისი დაჯერება არ შეიძლება. ის გამოდის არა იმიტომ, რომ ღირსეულად შეაფასოს უწყების ნამუშევარი, და მიუდგომლად გაარჩიოს მისი ნაკლი და ღირსება, არამედ იმისთვის, რომ ზეპირად ილაპარაკოს. მე მსურს მხოლოდ ზოგიერთი ფაქტები და ცნობები მოგაწოდოთ. ბ. შენგელაიამ ჯერ კიდევ პირველი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უწყებაში საქმე არეულ-დარეულია, მამულები - განადგურებულია, ტყეებიც ასეთივე ბედშია, ნავარაუდევი ხარჯ-აღრიცხვა არ არის გამართლებული, შემოსავალი არ არის იმდენი, რამდენის მიღებას ფიქრობდა უწყება და გასავალი მეტია. ერთი სიტყვით, დაგვიხატა საშინელი სურათი, რომლიდანც ადამიანს ისეთი დასკვნა უნდა გამოეყვანა, როგორიც მან თვითონ გამოიყვანა, ნამდვილად კი არავითარი ამისი მსგავსი სამინისტროში არ ხდება და ფაქტიური მდგომარეობა მამულებში და წარმოებაში სულ სხვანაირი არის. მე წინედაც მოგახსენეთ, რომ აქ არის ნაკლი, ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, უწყებამ, რასაც ფიქრობდა და აღნიშნული ქონდა ხარჯთ-აღრიცხვაში, არამც თუ გაამართლა, არამედ მოლოდინსაც გადააჭარბა. მოვიყვან ზოგიერთ ცნობებს. მაგალითად, საიჯარო განყოფილებიდან ნავარაუდევი იყო შემოსავალი 24 მილიონი მანეთი, ხოლო შემოსულია პირველ იანვრამდი 14 მილ., მოსალოდნელია კიდევ 21 მილიონი. ეს უმთავრესათ ღალის ფულია, რომლის შესახებ ცნობები გვაქვს ერობებიდან. სატყეო განყოფილებაში, რომლის შესახებ ბევრი ილაპარაკა ბ. შენგელაიამ, და რომელმაც ვერ გაიგო ის, რაც მას გადასცა ტყის ინსპექტორმა, ნავარაუდევი იყო შემოსავალი შვიდი მილიონი მანეთი, ეს წლის ბოლომდე, მარა ეს ფული უკვე პირველ იანვრამდე შემოვიდა. ბ. შენგელაიამ ვერ გაიგო ჩვენი ხარჯთ-აღრიცხვა, სადაც განზრახული იყო საოჯახო წესით დაგვემზადებინა შეშა და სხვა მასალა და რომელიც ჩვენ არ განგვიხორცილებია, ამ საქმეზე უნდა დაგვეხარჯა 17 მილ. მან., შემოსავალი უნდა ყოფილიყო 21 მილ. მან., მაგრამ რაკი ეს არ განგვიხორციელებია - არც ხარჯი გაგვიწევია და არც შემოსავალი ყოფილა. და თუ ბ. შენგელაიას უნდა გაეგო საქმის ნამდვილი ვითარება, მას დაკვირვებით უნდა გასცნობოდა, მაგრამ მან ეს არ ინება. 24 მილ. მანეთს, რომელიც მან ამოიკითხა ფინანსიურ უწყების მიერ დაბეჭდილ წიგნში, გამოაკლო ნამდვილი შემოსავალი და ასე მოგაწოდათ ყალბი ცნობა. აი რატომ ვურჩევდი მე დეპუტატ შენგელაიას ცნობები მიეღო ოფიციალურათ. უწყებაში ყურმოკრული ამბები აქ არ უნდა მოიტანოთ. (შენგელაია: ფაქტები!) ჩემს ხელთ არის ოფიციალური ცნობები (შ. ნუცუბიძე: რომელზედაც ცენზურას აწესებთ!) თუ ეს ცენზურაა, მას იმისთვის ვაწესებთ, რომ საქმის უცოდინარ პირმა გაიგოს სინამდვილე და მერე მოვიდეს აქ მოსახსენებლად. ეს ცენზურა კი არაა, ეს აუცილებელი რამ არის ბ. შენგელაიასათვის, რომ მან ასეთი ტლანქი შეცდომა არ დაუშვას. (შენგელაია: მაგალითად?) შინა-მრეწველობის განყოფილებაში შემოსავალი ნავარაუდევზე მეტია. 1 იანვრამდე წმინდა შემოსავალმა გადააჭარბა ნახევარ მილიონს. სახელმწიფო მამულებს და სარდაფებს უნდა მოეტანათ 16 ნახევარი მილ. მანეთი; დღევანდელ ფასებს თუ ავიღებთ, შემოვიდა ნამდვილად 46 მილიონი. გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს 28754000 მანეთი. (შ. ნუცუბიძე: თქვენს მოლოდინს!) არა მარტო ჩვენს მოლოდინს, თქვენს მოლოდინსაც, ბატონო! პროფესორი ბრძანდებით და ციფრების მომატება და გამოკლება უნდა იცოდეთ. ბორჯომის მამულში ნავარაუდევი იყო მთელი წლის შემოსავალი 16 მილ. მანეთი, მაგრამ 1 იანვრამდე დაგვრჩა 6 მილ. მანეთი წმინდა მოსაგები. (შენგელაია: როცა გაანადგურეთ!) დიახ, როცა გავანადგურეთ, შემდეგ მოხდა ეს საკვირველი ამბავი! ასეთია ფაქტიური მდგომარეობა მამულისა.
მე ვიმეორებ, მეტის გაკეთება შეიძლება და უწყება თითონ არ არის კმაყოფილი. იგი ფიქრობს საქმე გააუმჯობესოს. ამისთვის ვართ მოწოდებულნი, ამისთვის ვმუშაობთ. მე პირველ სიტყვაში განვაცხადე, რომ იყო ისეთი მდგომარეობა და პირობები, როცა არ შეგვეძლო შეგვესრულებინა ჩვენი ჩვეულებრივი მოვალეობა. ბ. შენგელაიამ დღეს ბევრი ილაპარაკა და სთქვა, ობიექტიური პირობები რა შუაშია, მიწად-მოქმედების სამინისტრო ხომ ომს არ აწარმოებდაო. მართალია, ის არ აწარმოებდა ომს, მაგრამ როცა სხვა აწარმოებს ომს, როცა რომელიმე ოლქში, ან მაზრაში ომი ხდება, ბ. შენგელაიამ უნდა იცოდეს, რომ იქ წესიერი მუშაობა არ შეიძლება. ომი და ანარქია ყოველთვის გავლენას ახდენს მეურნეობაზე და ეკონომიურ საქმიანობაზე, ეს ისეთი ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ამის მტკიცება ზედმეტად მიმაჩნია. ვინ იქნება ისეთი პიროვნება, რომ გაილაშქროს ამის წინააღმდეგ? მხოლოდ ის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს საქმის ვითარებაზე, პრაქტიკულ საქმიანობაზე.
კიდევ აგრარული რეფორმის შესახებ. ჩვენ, სხვათა შორის, ვსთქვით, თუ რა პირობები გვიშლიდა ხელს რეფორმის დაჩქარებით გატარების საქმეში. თუ ზოგიერთ ალაგას, მაგალითად გორის მაზრაში, ჯავის ხეობაში და სხვ. დაუსრულებელია ეს მუშაობა, ეს აიხსნება იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქ წესიერება დარღვეული იყო. (ხმა: ვისი ბრალია?) ეგ თქვენ გამოიკვლიეთ! ყოველ შემთხვევაში მიწად-მოქმედების სამინისტროს ბრალი არ არის, იმიტომ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო ომს არ აწარმოებს და არ შეუძლიან სამხედრო ძალა შეიყვანოს., მას ტეხნიკური მუშაობა ეკისრება, მისი ჯარი მიწის მზომლებია. მიწად-მოქმედების სამინისტროს არ შეეძლო იქ შესვლა და მუშაობის წარმოება სანამ ჩვენი მთავრობის სამხედრო ძალა იქ მას არ დაეპატრონებოდა და სანამ ადმინისტრაცია არ შეიქმნებოდა. ამან შეუშალა ხელი გორის მაზრაში მუშაობას. რესპუბლიკის სხვა ადგილებში 600 ათას დესეტინაზე მეტი არის ჩამორთმეული. ეს ისეთი ციფრი არის, რომ ამას ანგარიში უნდა გაეწიოს.
მე მოგახსენებთ აქ ფაქტებს. თუმცა, მართალია ორი წელიწადია, რაც 7 მარტის კანონი ხორციელდება, ორი წელიწადი გავა მალე, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ თერთმეტი თვის განმავლობაში (შენგელაია: მით უარესი!) ჩვენ შეგვეძლო მუშაობა მხოლოდ თერთმეტი თვის განმავლობაში, ვინაიდან გარედ მუშაობა, მიწის აზომვა, ჩამორთმევაც კი ისე არ შეიძლება, თუ ნორმა არ დაუტოვეთ მიწის პატრონს და დანარჩენი მიწა არ გადავრიცხეთ ფონდში, აი ეს მუშაობა შეუძლებელია, გარედ თუ დარი არ არის. ეს არამც თუ მიწის მზომელებმა, არამედ უბრალო ტეხნიკებმაც იციან და, რომ ჰკითხოთ მათ, ისინი აგიხსნიან. ამ რიგად ჩვენ მხოლოდ თერთმეტი თვე ვიმუშავეთ და ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო ფონდში მივიღეთ (არ ისმის) დესიატინა მიწა. თელავის, გორის, ახალციხის, ტფილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის მაზრებში, ლეჩხუმის და რაჭის მაზრებში თითქმის დათავებულია, მცირედის გამონაკლისით, ეს ჩამორთმევა. ბატონი შენგელაია ამტკიცებს აქ, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტრომ ვერ შეასრულა დამფუძნებელ კრების დავალება. არ ვიცი, რაში გამოიხატება ეს. შეიძლება იმაში, რომ ჩვენ დღემდის ვერ განვახორციელეთ სავსებით ეს მიწის რეფორმა. მაგრამ დამფუძნებელ კრებას და არც არავითარ სხვა კრებას არ დაუდგენია, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტრომ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ეს რეფორმა. მას მინდობილი აქვს ამ რეფორმის ცხოვრებაში გატარება, მიწათ-მოქმედების სამინისტოს დავალება აქვს ყოველგვარი ზომა იხმაროს, რომ ეს რეფორმა დროზე გატარდეს ცხოვრებაში, და თუ ობიექტიურ პირობებზე მიგითითეთ, გეტყვით, რომ... ომი, ანარქია, აი, ის პირობები, რომელნიც მუდმივ გვიშლიდნენ ხელს ამ რეფორმის შესრულების დროს. მაგალითად, ქუთაისის გუბერნიაში ამ 18 თვის განმავლობაში შეგვეძლო მუშაობა მხოლოდ შორაპნის მაზრაში, დანარჩენი მაზრები დახურული იყო. არც ხალხის სულიერი განწყობილება და არც სხვა პირობები არ იყო ისეთი, რომ ხელი შეეწყო ამ რეფორმის გატარებისთვის. მხოლოდ 1918 წლის დასასრულს და 1919 წლის დასაწყისში ჩვენ შევძელით სერიოზული და სისტემატიური მუშაობის დაწყება. და თუ ყველა ამას მხედველობაში მიიღებთ, მაშინ არ გაგიკვირდებათ, რატომ ვერ განვახორციელეთ ეს რეფორმა სავსებით. ლაპარაკი შეიძლება ყოველთვის შედარებით და თუ ავიღებთ მაგალითებს რა გაკეთდა სხვა დროს და სხვა ხალხის მიერ, მაშინ დარწმუნდებით, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ დიდი მუშაობა გასწია ამ დარგში.
ეხლა მოგახსენებთ ტყის მდგომარეობის შესახებ. რასაკვირველია, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის მდგომარეობა, რომელიც ეხლა არის და მიწად-მოქმედების სამინისტრო და მისი სატყეო განყოფილება იღებენ ზომებს, რომ ტყის განადგურებას, გაჩეხვას ბოლო მოუღოს, სწორედ იმ არა სასურველ მდგომარეობაზე მოგახსენათ ჩვენმა წარმომადგენელმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რევოლიუციის დროს და მის შემდეგ. თუ ავიღებთ ეხლა ციფრებს ტყიდან შემოსავლის შესახებ, დავინახავთ, რომ ამ დარგში თანდათან წესრიგი მყარდება და თანდათან მატულობს შემოსავალიც. აი ხელთა მაქვს ზოგიერთი ციფრები: 1918 წელს პირველ ნახევარში შემოსავალი იყო (კითხულობს) მანეთი, თვეობით რომ ავიღოთ, გამოვა (კითხულობს) მანეთი. შემდეგ იმავე წლის მეორე ნახევარში შემოსავალი თანდათან მატულობს (კითხულობს ნუსხას).
როგორც ვხედავთ, მდგომარეობა აქაც თანდათან უმჯობესდება. შემოსავალი სისტემატიურად მატულობს, და ეს გვიმტკიცებს იმას, რომ სატყეო დარგში თანდათან მყარდება წესრიგი და იმედი მაქვს, ეს გადაიქცევა სახელმწიფოსთვის შემოსავლის უდიდეს წყაროთ, თუ ადგილი არ ექნებათ უპასუხისმგებლო აგიტაციას, თუ გასავალი არ ექნებათ იმ ჯგუფებს, რომელნიც ანტი-სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას ეწევიან, მაშინ მიწათ-მოქმედების სამინისტრო გაამართლებს მოლოდინს და ეს ტყე გადაიქცევა უძვირფასეს შემოსავლის წყაროდ სახელმწიფოსთვის. მე მიკვირს, რომ ამის შესახებ ლაპარაკობს ბატონი შენგელაია, როდესაც თვითონ ის და მთელი მისი პარტია სისტემატიურ აგიტაციას ეწევა, რომ მიწაზე და ტყეზე არავითარი გადასახადი არ უნდა არსებობდესო, რომ მიწა და ტყე უფასოდ უნდა მივცეთო (შენგელაია: თქვენ სპეკულიანტებს მიეცით!) როდესაც შენგელაიას პარტია წინააღმდეგია გადასახადებისა.
დამფუძნებელმა კრებამ ალბად იცის ის დადგენილება, რომელიც ზუგდიდის ერობამ გამოიტანა ბ. შენგელაიას პარტიის მეთაურობით, და რომელიც კანონით დადასტურებულ, მიღებულ გადასახადს უარყოფს. შეიძლება სხვა ვინმემ გვისაყვედუროს, რატომ სახელმწიფოს მეტ შემოსავალს არ აძლევთო, მაგრამ იმ პარტიას, რომელიც პრინციპიალურად წინააღმდეგია შემოსავლისა, არა აქვს ზნეობრივი უფლება ამაზე ილაპარაკოს, (შენგელაია: თქვენ სპეკულიანტებს აძლევთ!) ჩვენ მცხოვრებლებს დიდძალ მასალას ვაძლევ ტყუილად, თითქმის უფასოდ. ორი მიზნისთვის მზადდება ტყის მასალა: ერთი ბაზარზე გასაყიდად და მეორე თვით მცხოვრებთათვის მოსახმარად. და დღეს, როდესაც ბაზარზე ერთი კუბიკური საჟენი შეშისა ფასობს (კითხულობს) მ. მცხოვრებლებს ეძლევათ (არ ისმის) მან. ამრიგად მთელი იმ მასალის სამი მეოთხედი, რომელიც სახელმწიფო ტყიდან გამოდის, მცხოვრებლებს მიაქვთ და ამ სამ მეოთხედში ცხრაჯერ ნაკლებს ვიღებთ, ვიდრე დაწესებულია. აქ ამბობენ, სპეკულიანტებს აძლევთო. რასაკვირველია, სპეკულიანტებსაც შეუძლიანთ ამ ტყეებში იმუშავონ. არსებობს საჯარო ვაჭრობა და რა კი არსებობს ეს გზა, ცხადია, სპეკულიანტსაც შეუძლიან მოიქმედოს და არა სპეკულიანტსაც. ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მცხოვრებლებს შეშა მივაწოდოთ ხელ-მისაწდომ ფასებში, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება შევამციროთ კერძო პირთა მუშაობა და ცენტრი სიმძიმისა გადავიტანოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ჩვენ მივეცით უკვე კონცესიები, თუ ასე შეიძლება ითქვას, ქალაქთა კავშირს. მოლაპარაკება, გვაქვს ერობათა კავშირთან, და რამდენადაც ეს დაწესებულებანი გამოიჩენენ პრაქტიკულ უნარს, იმდენად მიწად-მოქმედების სამინისტრო მათ დაეხმარება და ხელს შეუწყობს. ასეთია საქმის მდგომარეობა. მაგრამ ყოველივე ამას კავშირი არა აქვს იმ საკითხთან, რომელიც დღეს აქ წამოყენებული არის. თქვენ არ უარჰყოფთ მიწად-მოქმედების სამინისტროს არსებობას, მაშასადამე თქვენ ვერ უარჰყოფთ, რომ მას უნდა ჰყავდეს მოსამსახურენი. ამიტომ მოვდივართ და გეუბნებით, მიეცით მათ ის ჯამაგირები, რომელსაც სხვა უწყების მოსამსახურეთ აძლევთ, გაუთანასწორეთ მისი მოხელეები სხვა უწყების მოხელეებს. კითხვა სწორედ ამას შეეხება.
როცა ლაპარაკი იქნება უწყებებზე, როცა საკითხი დასმული იქნება, რომ უწყებამ უნდა გადაცვალოს თავისი პრაქტიკული გეგმა, მაშინ მოვალთ უფრო მეტი საბუთებით, უფრო მეტი ციფრებით და შეძლება გვექნება დავამტკიცოთ, რომ ასეთი ხელ-აღებითი კრიტიკა გამოწვეულია არა საქმის ინტერესებით, არამედ პარტიული გაბრაზებით. ასეთი კრიტიკა არ შეეფერება საქმის ინტერესს, ეს კრიტიკა არ არის საქმისთვის სასარგებლო. ის არ გვაძლევს იმას, რაც უნდა მოგვცეს საღმა კრიტიკამ. ჩვენ კრიტიკისა არ გვეშინიან. პირველ სიტყვაშივე მე განვაცხადე, რომ მიწად-მოქმედების სამინისტროს არ ეშინიან კრიტიკისა. მაგრამ მიწად-მოქმედების სამინისტრო ვალდებული არ არის ანგარიში გაუწიოს ისეთ კრიტიკას, რომელსაც არა აქვს არავითარი საფუძველი და რომელიც ცრუ ცნობებზე და სიყალბეზე არის თავიდან ბოლომდე დამყარებული.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთნის ბ. გიორგაძეს.
გრ. გიორგაძე (ს.-დ.) ბატონებო! მე სიტყვა იმიტომ ავიღე, რომ ამ კერძო საკითხის შესახებ კამათის დროს აქ ბ. შენგელაიამ წამოაყენა ისეთი დებულება, რომელზედეც არ შეიძლება პასუხი არ გავცეთ: „თქვენ რა გააკეთეთ, მმართველმა პარტიამ რა გააკეთა? მან სრული უილაჯობა გამოიჩინა. თქვენი პოლიტიკა შემცდარი პოლიტიკა იყო და ეხლა ობიექტიურ პირობებს აფარებს თავს და ამ პირობების მეოხებით გინდათ დაფაროთ ის ნაკლი, რომელიც აშკარა არისო“. მე მინდა გიპასუხოთ, რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ამ რევოლიუციის დროს. როდესაც ერთის მხრივ უნდა დაგვეცვა რევოლუციის მონაპოვარი და მეორე მხრივ, უნდა მტკიცე საფუძველი ჩაგვეყარა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს სახელმწიფოებრივობისათვის... (შ. ნუცუბიძე: მძიმე მოვალეობა აგიღიათ თქვენ თავზე!) მოითმინეთ, ბატონებო, მძიმეა, როდესაც სიმართლეს ამახინჯებს, მაგრამ სიმართლის თქმა ადვილია და მე მას მოგახსენებთ. ანარქია, რომელიც ჩვენში არსებობდა, რომელმაც შთანთქა ჩვენი აუარებელი ფიზიკური და ზნეობრივი ენერგია, აი ამ ანარქიის შესახებ თქვენ ბრძანებთ, ეს რა ისეთი ობიექტიური პირობები იყო, რომელსაც შეეძლო ხელის შეშლაო. მე მესმის, როდესაც ამას ბ-ნი შენგელია ბრძანებს, რადგან ის მომაგონებს ისეთ პიროვნებას, რომელიც რევოლიუციის დროს ჭურში ცხოვრობდა და ეხლა ამოვიდა. იყურება, თვალს ავლებს გარშემო, ათვალიერებს წეს-წყობილებას და ამბობს: რატომ ეს არ გაკეთებულა, რატომ ეს აკლია და სხვა. თქვენ რომელნიც ბრძანებთ, რომ ჩვენ პროგრამა არ გვაქვს, კარგად იცით, რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა, მაგრამ თქვენ რომ ამ რევოლიუციის დროს უპროგრამობას და უპრინციპობას იჩენთ და ერთი თვალი აქ საქართველოში გაქვთ, ხოლო მეორე თვალით შორს ჩრდილოეთს მისჩერებიხართ, ეს ჩვენ კარგად ვიცით. თქვენთვის ანარქია და არევ-დარევა არაფერს წარმოადგენს. იმიტომ, რომ მთელმა ისტორიის პროცესმა თქვენს გვერდზედ აიარა. ამ დღევანდელი და წინანდელი გამოსვლებიდანაც სჩანს, რომ მას თქვენ გვერდი აუხვიეთ და არაფერი მონაწილეობა არ მიგიღიათ ამ პროცესში. რას აკეთებდით მაშინ თქვენ, ესერები, როდესაც ჩვენი რევოლიუციის მონაპოვარს და ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხე მოელოდა? თქვენ ან განზედ იდექით, ან ხელს იბანდით, ან ხელს უწყობდით ანარქიას. მე მოგახსენებთ ფაქტებს. (შენგელაია: ბრძანეთ, ბრძანეთ!) მე კარგად მახსოვს, რომ თქვენი თანამოაზრენი ამ დარბაზში შეკითხვით შემოვიდნენ, როდესაც ჩვენმა მთავრობამ ჩეკალინს ბატარეა ჩამოართვა და სახალხო გვარდიას გადასცა. მაშინ ესერებმა მთავრობის ამ მოქმედების შესახებ, როგორც ვთქვი, შეკითხვაც შემოიტანეს და ეს ჩეკალინი დღეს, როგორც ამბობენ, დენიკინთან მსახურობს. ეს ვაჟბატონი თქვენი თანამოაზრე გახლდათ. ეს იყო იმ დროს, როდესაც გამოცხადებული იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა. ეს ის დრო იყო, როდესაც აქ ფაჩი-ფუჩი ისმოდა რაღაც შეთქმულების მზადებისა, და აი ამ დროს იყო, რომ ეს ბატარეა არსენალთან იმყოფებოდა და რაღაცას ფათურობდა. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ბატარეა მისთვის ჩამოგვერთმია და მეორე ბატარეა ბოტანიკურ მთაზე გამოგვეწვია. ეს თქვენი საქმე იყო. და ასეთ პირობებში ხელსაყრელია თქვენთვის თქმა, რომ აქ არაფერი ყოფილა. დიახ, თქვენთვის არაფერი არ ყოფილა, მაგრამ იმათთვის, ვინც მაშინ მოქმედებდა და მდგომარეობას იცავდა, მათთვის დიდი ფაქტორი იყო ასეთი გარემოებანი.
ბატონებო, კიდევ მოგაგონებთ თქვენ პარტიულ მოღვაწეობას. გახსოვთ თუ არა, როდესაც ანარქიის ჩასაქრობად საჭირო იყო შეიარაღებულ ძალების მოკრეფა, მობილიზაცია?! გახსოვთ თუ არა თქვენი პროკლამაციები იმის შესახებ, რომ სამხედრო ბეგარა არ მოეხადნათ. (შენგელაია: ტყუილია მაგი, ტყუილი!) ეს მოხდა ქუთაისის გუბერნიაში და აშკარა სინამდვილეა! (გვაზავა: საქმეზედ ილაპარაკეთ!) მე ვლაპარაკობ იმ საკითხზედ, რომელზედაც აქ ილაპარაკეს. თუ ეგ საკითხი არ გინდოდათ თქვენ, ბატონო გვაზავა, ეგ რეპლიკა მაშინ უნდა გეთქვათ, როდესაც აქ ბ. შენგელაია ლაპარაკობდა, რომ მმართველი პარტია ეფარება ობიექტიურ პირობებსო. (ტაში. ხმები: მართალია!) ეს რეპლიკა მაშინ უნდა გებრძანებინათ და ჩემს გამოსვლას ადგილი არ ექნებოდა, მაგრამ, როდესაც ესერები ასეთ გამოსვლებს აკეთებენ, მაშინ იძულებულნი ვართ, რომ ეს გამოძახილი... (შენგელაია: „სიბუნიონზედ“ ბრძანეთ! ვეშაპელი: მცირე კომისიის ანგარიშები... დანარჩენი არ ისმის). ბ. ვეშაპელო, შემიძლიან ბევრი რამ მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ როგორ უწყობდით ხელს იმ პირობებს, რომელთაც ჩვენ ვებრძოდით. (შ. ნუცუბიძე: მიწად-მოქმედების სამინისტროზედ ილაპარაკეთ!) თქვენ, ბ. შალვა ნუცუბიძე, ყოველ შემთხვევაში, არ გეთქმით. მე ვლაპარაკობ საკითხზედ, რომელზედაც აქ ილაპარაკეს. თქვენ კი არასდროს საგანზედ არ ლაპარაკობთ. მე მგონია, რომ მე საგანს არ ვცდები და ვლაპარაკობ იმაზედ, რაზედაც აქ ილაპარაკეს. თქვენ ამბობთ, რომ მმართველ პარტიას და მთავრობას, ყოველ სფეროში, და ამ შემთხვევაში მიწად-მოქმედების სამინისტროს სფეროში უნდა გაეკეთებინა ბევრი რამ, უფრო გაცილებით მეტი, ვიდრე გაკეთებული არისო, და არ უკვირდებით იმ მდგომაროებას, რომელშიაც მთავრობისა და მმართველი პარტიის მოქმედება მიმდინარეობს და, ამიტომ, როდესაც მე გითითებთ იმ ადგილებზე, რომელიც თქვენ გამარცხებთ, მაშინ თქვენ ყვირით, ჯავრობთ, მაგრამ მე მაინც მოგახსენებთ ზოგიერთ გარემოებას თქვენი პარტიული მოღვაწეობისას. (შენგელაია: სიმართლე სთქვით, სიმართლე!) დიახ, სიმართლეს მოგახსენებთ, მე აქ სიყალბე არაფერი მითქვამს; თუ თქვენ... (ხმაურობა). დაწყნარდით ბატონო, მიწათ-მოქმედების სამინისტროს შესახებ მოგახსენებთ, და ჩემ აზრს ჩვენი საქმიანობის შესახებ... (ნუცუბიძე: ვიცით თქვენი აზრები! ვეშაპელი: მცირე კომისიის ანგარიშები! თავმჯდომარე: (ზარი) დაწყნარდით!) ჩვენ ქუთაისის ცეიხგაუზი ესერებს ჩავაბარეთ დასაცავათ, რომელშიც იყო რამდენიმე ათასი თოფი და აუარებელი ტყვია. როდესაც ჩვენ ცეიხგაუზთან მივედით, იქ არც ერთი თოფი აღარ აღმოჩნდა, ასე იცავდით თქვენ საწყობებს! აი რაში გამოიხატებოდა თქვენი საქმიანობა! (შენგელაია: სიყალბეა! სირცხვილია!) რაც უნდა ილაპარაკოთ ფაქტი ფაქტათ დარჩება, რომ თქვენ ზუგდიდის ერობას, ამა თუ იმ სახით გადასახადებზედ ხელი ააღებინეთ. თქვენ სხვა და სხვა რამით ახსნით ამას, რომ ერობამ დაადგინა, რომ მიემართა დამფუძნებელი კრებისათვის, რომ გადასახადების საკითხი გადაესინჯთ სხვა და სხვა მოტივით ახსნით, მაგრამ ფაქტი ფაქტათ რჩება და ეს არის ნიმუში თქვენი მოღვაწეობისა, (ასათიანი: ნამდვილი სოციალისტები ყოფილან!) თქვენი მოქმედებისა და რა უფლება გაქვთ, რომ გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ თქვენ არაფერი გაგიკეთებიათო! რომ არავითარი ობიექტიური პირობები არა ყოფილაო. ჩვენ რა გავაკეთეთ ეს თქვენც იცით!.. (შენგელაია: ანიავებთ ქონებას!) მაგრამ უეჭველია, მთელი ჩვენი რევოლიუციის ისტორია დაგავიწყდათ და მე მოგაგონებთ. იყო თუ არა ნორმალურად მდგომარეობა მუშაობისათვის მაშინ, როდესაც თბილისზე რამოდენიმე ვერსზე რუსის ეშელონები იდგნენ? თუ თქვენ ეს დაგავიწყდათ შეგიძლიანთ... მიწად-მოქმედების სამინისტროს, ან თუნდა მმართველ პარტიას, ან მთელ მთავრობას შეეძლო ეზრუნა თავის პროგრამის განხორციელებისათვის?.. (შ. ნუცუბიძე: გვახსოვს მაგრამ...) საით იყო მაშინ მიბრუნებული თქვენი ზარბაზნები... (ხმაურობა. ზარი: ორატორის ხმა არ ისმის). (ვლ. მგელაძე, მქუხარე ხმით: ეს როდესაც არსენალში იდგა და იცავდა ჩვენთან ერთად არსენალს! ჩვენთან იყო ის, ის ჭლექიანი კაცი. თავმჯდომარე: ბ. ნუცუბიძე შალვა, გთხოვთ თავი დაანებოთ არევ-დარევის შეტანას. შ. ნუცუბიძე: მენშევიკები არიან დამნაშავენი...) (თავმჯდომარე: მენშევიკები თუ ესერები, თუ სხვა ვინმე, გთხოვთ წესიერება დაიცვათ!) ბ. შ. ნუცუბიძე, ჩვენი ზარბაზნები მუდამ მტრებისკენ იყვნენ მიმართულნი და მათ ერთხელაც არ უღალატნიათ. (ხმები: მართალია!) (შ. ნუცუბიძე: მიწათმოქმედების სამინისტრო ხომ არ იბრძოდა!) ვაი, ჩვენი სტუდენტების ბრალი თქვენისთანა პროფესორების ხელში! ასე ფართოთ მსჯელობთ თქვენ ლექციების დროს? (შ. ნუცუბიძე; თქვენ ფართოთ მსჯელობთ?) აი აქ რამდენიმე ვერსის მანძილზედ საშიშროება გველოდა! (გელეიშვილი: ბორჯომის, ბორჯომის!) ბორჯომის, ბაკურიანის მიდამოებში ლტოლვილები ეყარენ, გამოქცეულნი, უბინონი. თქვენ ეს იცით, მაგრამ მალავთ. ნუ თუ ეს იყო ნორმალური პირობები მუშაობისა? როდესაც ოზურგეთის მაზრაში მტერი შემოიჭრა, როდესაც იქ ეს ამბავი ხდებოდა ჩვენ აქ ტაბახმელაზედ ომი გვქონდა, ანარქია შიგნით, მტერი გარეშე თავს გვესხმოდა! ნუ თუ ეს ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მიწათ-მოქმედების სამინისტროს შეეძლო ნორმალურათ ემოქმედნა და ემუშავა? ბატონო შ. ნუცუბიძე, ნუ თუ თქვენი პარტიის რაზმი არ იყო, თქვენი ამხანაგები არ იყვნენ, რომ ამ ანარქიასთან და მტერთან ბრძოლაში ფრონტზედ დაიღუპნენ? (ნუცუბიძე; გვახსოვს, ბატონო, გვახსოვს, დაიღუპნენ!) დაიღუპნენ და თქვენ ნუ შეურაცყოფთ მათ სახელს; მაშინ სწარმოებდა ბრძოლა და როდესაც აფასებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, ეს უნდა მიიღოთ მხედველობაში. როდესაც თქვენ ამას მხედველობაში არ იღებთ, მაშინ თქვენ სიმართლეს ღალატობთ. როდესაც ოსმალეთი მოდიოდა აქ და ჩვენი ოკუპაცია სწადდათ, არ გახსოვთ?! ნუ თუ არ გახსოვთ, როდესაც მთელი რკინის გზა ხელში უნდოდა ჩაეგდო... (დადიანი: ახლა გერმანელები გაიხსენეთ!) ნუ თუ არ გახსოვთ ის ანარქიული დრო, როდესაც გერმანელების ჯარი იდგა აქ და წინადადებას აძლევდა მთავრობას: აი ჩემი ზარბაზნები, აი ჩემი პულემიოტები, გაიყვანეთ თქვენი ხალხის დასამშვიდებლათო. მაგრამ მთავრობა იძულებული არ იყო მხოლოდ თავისი საკუთარი ძალებით აღედგინა წესიერება?! და როდესაც ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც შინაური და გარეშე მტერიც ერთნაირად ებრძოდა ჩვენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და რევოლიუციის მონაპოვართა, როდესაც ხალხი, ერი ასეთ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ და ამ მდგომარეობამდის მივიყვანეთ ამ პოლიტიკის მეოხებით, თქვენ რა უფლება გაქვთ გამოხვიდეთ აქ და გვითხრათ, რომ თქვენ ქვეყნისათვის არაფერი გაგიკეთებიათო?.. (ვეშაპელი: მცირე კომისიის ანგარიში!) ამის წინააღმდეგ სასტიკ პროტესტს ვაცხადებთ. რაც შეეხება იმას, რომ არის შეცდომები, ამას არავინ არ უარყოფს. როდესაც ოპოზიცია გამოდის და ამ შეცდომებზედ მიგვითითებს, ეს სავსებით მისაღები არის; მაგრამ როდესაც ყოველივე მორალურ პრინციპს მოკლებული გამოსვლებით ამტკიცებენ, რომ არაფერი გაგიკეთებიათო, ასეთი მტკიცებით თქვენ დებულებას ყოველივე ფასს და ღირებულებას აკარგვინებთ. ყველა უწყების შესახებ გექნებათ დაწვრილებითი სჯა-კამათი, როდესაც ჩვენ ბიუჯეტს განვიხილავთ... (გრ. ვეშაპელი: მცირე კომისიის ანგარიში!) არსებობს მცირე კომისია, დიახ, ბ. ვეშაპელო, მცირე კომისიის ანგარიშიც არსებობს და ჩვენ არაფრისა არ გვეშინიან. ისე, რომ ამ მცირე კომისიის შესახებ სიტყვა სადემაგოგიოდ არის წარმოსროლილი! (ვეშაპელი: ველით, ველით მოხსენებას!) ამიტომ, როდესაც თქვენ რომელიმე სამინისტროს ამა თუ იმ ნაკლს აღნიშნავთ, ჩვენ არა თუ გვეშინია ამისი, პირიქით, აუცილებელ საჭიროებათ მიგვაჩნია, მაგრამ როდესაც თქვენ მხოლოდ ნაკლზე შეჩერდებით და დამალავთ ყველაფერს, რასაც დადებითი ხასიათი აქვს, როდესაც გააზვიადებთ უბრალო შეცდომას და პირველ ადგილზე გამოგაქვთ - ეს უკვე სრულიად შეუფერებელი გახლავთ დეპუტატისათვის და აქ გამოსვლა ბ. შენგელაიასი პარტიული ინტერესით რომ არ ყოფილიყო გამოწვეული, უფრო რიგიანი და დასაბუთებული იქნებოდა. მაგრამ მან საკითხი ისეთ პირობებში დააყენა, რომ გვაიძულებს ვთქვათ, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრომ გააკეთა ის, რის გაკეთებაც შეიძლებოდა იმ პირობებში, რომლის შესახებ თითონ მინისტრი მოგახსენებდათ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ხალხი ვიხსენით ფიზიკურ განადგურებისაგან, შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა. ამ დიდ საქმეში მონაწილეობას იღებდა ყველა პარტია გარდა სოციალ-რევოლიუციონერებისა; ამ პარტიას ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დემოკრატიის დაცვაში არავითარი ღვაწლი არ მიუძღვის. აი, ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა გააკეთეთ თქვენ, ან ჩვენ.
ბატონებო, აქ მოვისმინეთ ერთი წინადადება ბ. შ. ნუცუბიძისა, რომ გადაიდოს ეს საკითხი, მოუსმინოთ კონტროლიორს და შემდეგ გადავსწყვიტოთ გავადიდოთ ჯამაგირები თუ არა. ჯერ ერთი, უნდა ვსთქვათ, რომ ამ კერძო საკითხის შესახებ კონტროლიორმა თავისი აზრი წარმოადგინა, რომელიც დადებითი იყო, ეს განიხილა საბიუჯეტო კომისიამ. რაც შეეხება საერთოდ ამა თუ იმ სამინისტროს მოღვაწეობას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ კონტროლიორმა გაუკეთა დამფუძნებელ კრებას ერთი მოხსენება და, მე მგონია, როცა სესია დამთავრდება, მეორე მოხსენებასაც წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, დამფუძნებელ კრებას შეუძლია, თუ არა ჩვეულებრივი მდგომარეობა არის, დააყენოს საკითხი ისე, როგორც დააყენა ბ. ნუცუბიძემ, მაგრამ დღეს არ არის ისეთი არა ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომ შეიძლებოდეს რაიმე მიზეზით ამ დეკრეტის გადადება და სახელმწიფო კონტროლიორის მოწვევა. ამიტომ ჩვენი აზრით ეს წინადადება მიუღებელია. საერთოდ კი დამფუძნებელმა კრებამ უნდა იცოდეს კონტროლიორის საშვალებით რა კეთდება ამა თუ იმ უწყებაში. ეს სავსებით მისაღებია. პრინციპიალურად ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი მოვისმინოთ კონტროლიორის აზრი, როცა საიმისო პირობები და დრო არის; მაგრამ ამ შემთხვევაში ამ დეკრეტის უარყოფა, ან გადადება არც ერთი მოსაზრებით არ გამართლდება და მიუღებელია. ასეთია ჩვენი აზრი; ეს დეკრეტი მიღებულ უნდა იქნეს ისე, როგორც წარმოდგენილია საბიუჯეტო კომისიის მიერ.
თავმჯდომარე. ბატონებო, ს.-დემოკრ. ფრაქციისაგან შემოსულია წინადადება შეწყდეს კამათი; სიტყვას თუ ვინმე ინებებს წინადადების საწინააღმდეგოთ? სიტყვა ეკუთვნის ბ. შენგელაიას.
შენგელაია. ბატონებო, თქვენ იცით, რომ როდესაც მმართველ პარტიას რაიმე არ მოსწონს, ან ჩავარდება ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსვლა ძნელია, მას ყოველთვის შემოაქვს წინადადება - მოვითხოვთ კამათის შეწყვეტასო, ეს ჩვეულებრივი მეთოდი არის, რომლის საშვალებით მმართველი პარტია, უმრავლესობის ფრაქცია ებრძვის უმცირესობას. ჩვენ მოვითხოვთ რომ უმრავლესობის ფრაქცია ამ შემთხვევაში მაინც ნუ დაადგება თავის ჩვეულებრივ გზას, ვინაიდან აღძრულია მთელი რიგი ისეთი საკითხებისა, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ მთელი სახელმწიფოსათვის და არა ფრაქციისათვის. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ კამათის შეწყვეტისა, შეიძლება სავსებით დავათავეთ ერთი საკითხი, მაგრამ რომ ავიღოთ საკითხი ექსპლოატაციის შესახებ, აქ უკვე ჩვენ შეუძლებლათ მიგვაჩნია ასე ხელაღებით კამათის შეწყვეტა. მართალია ბევრი ითქვა, მაგრამ ბევრი კიდევ არ თქმულა და თუ თქვენ სახელმწიფოს ინტერესების თვალსაზრისით მიუდგებით ამ კითხვას, უნდა დავეთანხმოთ, რომ კამათი გაგრძელდეს. ჩვენ მოვითხოვთ გაგრძელდეს კამათი ვიდრე საკითხი სავსებით არ გამოირკვევა.
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ბ. თევზაიას.
თევზაია: ჩვენ კი წინადადებას ვაძლევთ დამფუძნებელ კრებას შესწყდეს კამათი; ორი დღე არის რაც კამათი არსებობს ამ შედარებით უბრალო საკითხზე და რამდენიმე დეპუტატმა უკვე სამჯერ მოასწრო სიტყვის თქმა. ერთი მოსაზრება მოიყვანა შენგელაიამ: თურმე ექსპლოატაცია ქონებისა კარგად არ არის მოწყობილი. შენგელაიას აქვს საშვალება შეიტანოს შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ეს საქმე და მას შეუძლია მიიღოს განსაზღვრული პასუხი. ეს გახლავთ პარლამენტალური წესი და გზა. რომ კამათი გაგრძელდეს, მე ვეჭვობ, რაიმე ახალი ითქვას; ორატორები გაიმეორებენ ერთსა და იგივეს; აქ რთული საკითხი არ არის, რაც შეეხება არსებით კითხვას, თუ სად რა კეთდება, ამისთვის, მოგახსენებთ არსებობს შეკითხვა, რომლითაც ბ. შენგელაიას შეუძლია ისარგებლოს.
თავმჯდომარე. (წინადადებას კენჭს უყრის) კამათი შეწყვეტილი გახლავთ. (სამსონ დადიანი ადგილიდან: ეს ბრძოლის ველიდან გაქცევას ნიშნავს!) სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.
სალაყაია. ამ პროექტის შესახებ სთქვეს, რომ კამათი თითქოს არც კი უნდა ყოფილიყო. მე კი მგონია რომ შენგელაიას ძალა უნებურათ უნდა გაემართა კამათი, მისი იდეოლოგია იმდენათ სუსტია, რომ ადვილათ ავიწყდება ამომრჩეველს ბ. შენგელაია; და სწორედ იმიტომ გამოდის იგი აქ ხშირად, რომ ამომრჩეველს თავი მოაგონოს. ახალი ბ. შენგელაიას არა უთქვამს რა; რაზე არ იმუშავეთო, ამბობს შენგელაია; დიდი მოუსავლობა იყო და აქ ისეთი მიზეზები და დაბრკოლებანი არის, რომ არავის არ მოუვა აზრათ სთქვას, რომ იმ რაიონში, სადაც შენგელაიას ასეთი თუ ისეთი გავლენა აქვს მოუსავლობა მიტომ იყო, რომ იქ შენგელაია მუშაობდა. მაგრამ ერთი კი არის: მოგეხსენებათ ზუგდიდის მაზრა ისეთი მაზრაა, საიდანაც არავითარი გადასახადი არ შემოდის და ისიც მოგეხსენებათ რომ ამ რაიონში ბ. ს.-რევოლიუციონერები ბატონობენ და მოქმედებენ. აქ სთქვეს - რა გააკეთა მამულების განყოფილებამო? ამ განყოფილებამ გვიან დაიწყო მუშაობა, მაგრამ უკვე პირველ თებერვალს შემოსავალი აჭარბებდა გასავალს. მე მგონია, ეს საკმარისია იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც მხოლოდ ეხლა იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. რომ არ ყოფილიყო მრავალი ხელის შემშლელი პირობები და ისეთი პირები, რომელნიც აწარმოებენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკასა და მოქმედებას, უნდა დარწმუნებული ვიყოთ, მეტი შემოსავალი იქნებოდა. აქ, ბატონებო, ყველაფერზე ითქვა, მხოლოდ სიტყვა კანონპროექტის შესახებ კი - არა. ბ. შ. ნუცუბიძეს ალბათ დრო არ ქონდა წაეკითხა კანონპროექტი. მხოლოდ, მე ვფიქრობ, იმ უწყებაში, სადაც მუშავდებოდა ნორმების საკითხი, ის პრინციპი გატარებული იყო. მეორე საყურადღებო ადგილი ნუცუბიძის სიტყვაში გახლდათ ის, თუ სად უნდა იჯდეს კონტროლიორი; საქმე, ბატონებო, იმაში კი არ არის, სად დაჯდება კონტროლიორი - იქ, სადაც მთავრობა ზის, თუ იქ, საიდანაც იგი ოთხი თვალით იცქირება, რომ ამოიკითხოს მთავრობის ცუდი განზრახვები, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ყველა საკითხი წინასწარ არის განხილული საბიუჯეტო კომისიისა და კონტროლის მიერ. უკანასკნელ თვეების განმავლობაში მაინც არ ყოფილა არც ერთი საკითხი, რომ დადასტურებული არ ყოფილიყო კონტროლიორის მიერ და ყველა მომხსენებელი ამაზე ლაპარაკობს ყოველთვის. ის ნორმები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უნდა მოგახსენოთ, მეტად ზომიერია და ნაკლებიც სხვა დაწესებულებებთან შედარებით. თქვენ გაინტერესებთ, გინდათ მიწის რეფორმის გატარება და, უნდა გითხრათ, მიწის მზომელის თანაშემწე წარმოდგენილი ნორმებით იღებს 2,000 მან., როცა ისეთივე დიდი სამუშევარი აქვს დაკისრებული, როგორც მიწის მზომელს. თუ გვინდა ეს რეფორმა კარგათ გატარდეს, შემოსული პროექტი დეკრეტისა უნდა მიღებულ იქნას და დღესვე უნდა გავადიდოთ ჯამაგირები.
თავმჯდომარე: როგორც მოგეხსენებათ, წინადადება არის შემოტანილი სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციისაგან. (კითხულობს): „მიეცეს წინადადება სახელმწიფო კონტროლს დეკრეტის მუხლობრივ განხილვამდე წარმოუდგინოს დამფუძნებელ კრებას მის განკარგულებაში მყოფი მასალა შესახებ მიწათ-მოქმედების სამინისტროს მოღვაწეობისა და საქმიანობისა“. (კ. ნინიძე: საბოტაჟია დეკრეტის წინააღმდეგ თუ რა არი?) წინადადება აშკარაა, გასაგებია. მე მგონია, განმარტება არაა საჭირო. (ს.-დემ. ადგილებიდან: მართალია!) მე კენჭს ვუყრი. ვინაა მომხრე ამ წინადადებისა? (შ. ნუცუბიძე: სიტყვა მოგვეცით წინადადების შესახებ!) ბატონო, მე შევეკითხე ამის შესახებ პლენუმს. განმარტება მეტია. ახლა მე კენჭს ვუყრი. ვინაა წინააღმდეგი შემოტანილი წინადადებისა? ვინაა მომხრე? (შ. ნუცუბიძე: განმარტებისათვის!) ბატონო, მე შევეკითხე პლენუმს და მან უარყო ეს განმარტება. (ილ. ნუცუბიძე: წინადადებისათვის, ბატონო, არ გვაძლევ სიტყვას?!) დაწყნარდით, ბატონებო, ხელს ნუ გვიშლით, ეს პლენუმის საქმეა. (შ. ნუცუბიძე: რას ნიშნავს სოც.-დემოკრატი თავმჯდომარე!) ბატონებო! მე მგონია, თქვენს თავმჯდომარეს არ დაუმსახურებია ის რეპლიკა, რომელიც შალვა ნუცუბიძემ ახლა აქ ინება და წამოიძახა. მე ასე მგონია და ეს საკმარისია ამ რეპლიკის საპასუხოდ. (გვაზავა: მართალია!) ყოველ შემთხვევაში დიდი უმრავლესობა დამფუძნებელი კრებისა, ბ. შალვა ნუცუბიძის გარდა, მე მგონია, რომ ასე ფიქრობს. (ტაში სოც.-დემ. ადგილებიდან. შ. ნუცუბიძე: თქვენ ტაშს ყველას დაუკრავთ!) ბ. ნუცუბიძე! უკანასკნელად გაფრთხილებთ, დაწყნარდეთ; თუ არ დაწყნარდებით, მე მივმართავ იმ ზომას, რომელიც რეგლამენტის ძალით ჩემს განკარგულებაში არის. თუ კიდევ დაარღვევთ წესიერებას, მე იძულებული ვიქნები ეს ზომა ვიხმარო! (რუსია: (ს.-ფედერალისტებს) ხმა ჩაიკმინდეთ! სამსონ დადიანი: მე პროტესტს ვაცხადებ ამ სიტყვის გამო!) დაწყნარდით ბატონებო! გთხოვთ დაწყნარდეთ. ვინაა წინააღმდეგი, რომ დეკრეტი განხილულ იქნეს მუხლობრივ? მიღებული გახლავთ. გთხოვთ წაიკითხოთ. (მომხსენებელი კითხულობს. დეკრეტი მუხლობრივი განხილვით მიღებულ იქნა თავის შტატით).
დეკრეტი ტყიბულის მაღაროების სააქციო საზოგადოების „ნახშირას“ ქონების გამოყიდვისა და ტყიბულის მაღაროების ხარჯთ აღრიცხვის დამტკიცებისა.
თავმჯდომარე: სიტყვა ბ-ნ თევზაიას ეკუთვნის.
გ. თევზაია: ბატონებო! გზათა უწყებამ წარმოადგინა პროექტი დეკრეტისა ტყიბულის მაღაროების სააქციო საზოგადოების - „ნახშირას“ ქონების გამოყიდვისა და ტყიბულის მაღაროების ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს დეკრეტი და წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას მიიღოს იგი. მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ უწყებას გადაწყვეტილი აქვს, შეისყიდოს სააქციო საზოგადოების „ნახშირას“ მთელი ქონება და იმავე დროს გადაწყვეტილი აქვს განაახლოს ზოგიერთი ინვენტარი მაღაროებისა. ამ მიზნით თხოულობს 12 მილიონ მანეთს. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ქონებას, რომელიც იქ არის - სხვა და სხვა სახლები, შენობები, რკინის გზა, ელექტრონის სადგური და სხვა - მაშინ, ჩვენის აზრით, მეტათ ხელსაყრელი არის ჩვენი რესპუბლიკისათვის ამ ქონების შეძენა. ამას აქვს აგრეთვე ის მნიშვნელობაც, რომ ამ „ნახშირას“ პატრონი და გამგენი ვიქნებით ჩვენ, სახელმწიფო. ამასთან ერთად, უწყება ადგენს ნუსხას ხარჯთაღრიცხვისას ამ მაღაროებისას. გამოანგარიშებული არის ის საერთოდ 38 მილ. 573 ათასი მანეთი.
მე უნდა ვსთქვა, სახელმწიფო კონტროლმა ზოგიერთი ხარჯების შემცირება ან გამორიცხვა მოითხოვა. მაგრამ თუ რამდენიმე შენიშვნა მისი მიღებულ იქნა მხედველობაში, - უმთავრესი შენიშვნები უარყოფილ იქნა. და ეს აქვე უნდა აღვნიშნო თქვენს წინაშე. მაგალითად, უწყება მოითხოვს განსაზღვრულ თანხას შენობების შესაკეთებლათ. თქვენ იცით, რომ შენობები, მუშების საცხოვრებელი შენობები, ცუდ მდგომარეობაში არის. ამ შენობების შეკეთება მოითხოვს რამდენიმე მილ. მანეთს. სახელმწიფო კონტროლიორი მოითხოვს ამის შემოკლებას და ისეთ ხარჯის გაღებას, რომელიც მინიმუმამდი იქნება დაყვანილი ამ შემთხვევაში. თუ იქ წარმოებას თავისი მუშები არ ეყოლა, მუდმივი არ შეიქნა და შეიქნა დროებითი მუშები - მაშინ წარმოება უსათუოდ შეფერხდება და არ ექნება უწყებას გათვალისწინებული, რამდენის გატანა შეიძლება უცხოეთში ან აქ. და, უმთავრესათ, ამ ადგილობრივი მუშების დასაინტერესებლათ არის მათთვის დამზადებული შესაფერი შენობა. და ესეც რომ არ იყოს, მაინც ყოველ დარგში უნდა ვეცადოთ შენობები კარგ, ჰიგიენურ პირობებში იყოს და ამ საქმეზე ეკონომიის აზრი, სახელმწიფო კონტროლის მიერ წარმოდგენილი, საბიუჯეტო კომისიამ ვერ გაიზიარა.
არის მე-2 სერიოზული მოსაზრება, რომელიც აგრეთვე სახელმწიფო კონტროლმა უარყო, ეს არის ახალი შენობის აგება. უწყება ფიქრობდა ამის გაფართოებას და გაუმჯობესებას. ეს მოითხოვს მუშების რიცხვის მომატებას და მათთვის ახალი შენობის აგებას. კონტროლი ფიქრობს, რომ თუ ახალი შენობის აგება საჭიროა წარმოების გასაფართოებლათ - უნდა ვიცოდეთ ამ წარმოების ბაზარი და მაშინ შეიძლება მისი გაფართოება. ეს მოსაზრება ეკონომიის თვალსაზრისით მისაღებია; მაგრამ, არსებითად, საბიუჯეტო კომისიამ ეს აზრი ვერ გაიზიარა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ქვა-ნახშირს დიდი გასავალი ექნება ევროპაში; ევროპა დღეს დამშეულია უნახშირობით და, თუ შესაფერი პირობები იქნება, თუ გზები იქნება -პირობები კი წინდაწინ უნდა იქნეს ჩვენ მიერ შექმნილი, რომ არ დავკარგოთ ის ბაზარი, რომელიც მისთვის იყო მომზადებული, მაშინ ეს ნახშირი უსათუოდ გავა და გაუსაღებელი არ დარჩება...
ვამბობ, რომ ზოგიერთი შენიშვნა კონტროლისა მიღებულ იქნა, მხოლოდ უმთავრესი შენიშვნები კი, საბიუჯეტო კომისიის მიერ უარყოფილ იქნა, რომელიც მე აქ პატივი მქონდა მომეხსენებია. საერთოდ, ეს მთელი ექსპლოატაციის ხარჯთაღრიცხვა უდრის 33 მილ. მანეთს დაახლოებით. ასეთია ამ დეკრეტის შინაარსი.
თავმჯდომარე. დაასრულეთ? ბატ. ნუცუბიძე ილია.
ილია ნუცუბიძე. ბატონებო! წარმოდგენილი დეკრეტი შესდგება ორ ნაწილისგან. პირველი ნაწილი დეკრეტისა შეეხება ტყიბულის სააქციო. საზოგადოება „ნახშირა“-ს მთელი ქონების გამოყიდვას, მეორე ნაწილი დეკრეტისა კი შეეხება მაღაროების საექსპლოატაციო ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებას 19 წლის 1 ნოემბრიდან საბიუჯეტო წლის დამლევამდე. სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქცია მომხრე არის დეკრეტის მე-2 ნახევრისა, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგია დეკრეტის 1-ლი ნახევრისა. ჩვენს ფრაქციას შეუწყნარებლად მიაჩნია, რომ სააქციო საზოგადოება „ნახშირას“ მიეცეს რაიმე სასყიდელი მის ქონებაში. თუ ჩვენ მოვიგონებთ მოკლე ისტორიას, თუ როგორ ჩაუვარდა აი, ამ საზოგადოება „ნახშირა“-ს მთელი ეს ქონება - მაშინ უფრო აშკარა იქნება თქვენთვის ჩვენი პოზიცია. ნაქერალას მთის გასწვრივ მდებარეობს ის ადგილი, სადაც ნახშირი არის. დიდი ნაწილი ამ ადგილებისა ეკუთნოდა ადგილობრივ გლეხობას; მცირე ნაწილი ამ ადგილებისა კი ეკუთვნოდა ხაზინას. ის ნაწილი, რომელიც გლეხობას ეკუთნოდა, რამდენიმე ათეული წლის წინათ, ადგილობრივმა მემამულეებმა აგიაშვილებმა წაართვეს გლეხობას და მიყიდეს „ნახშირას“ საზოგადოებას. ომის დაწყებისას ძველმა მთავრობამ ამ საზოგადოებას ჩამოართვა ეს ქონება და შემდეგ, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა - ეს ქონება ავტომატიურათ გადმოვიდა ჩვენი მთავრობის ხელში. დღეს დეკრეტი არის წარმოდგენილი, რომელიც მოითხოვს ამ ქონებაში მიეცეს „ნახშირას“ 2 მილ. მანეთი, ე. ი. ქონებაში, რომელიც დიდი ხანია უკვე ავტომატიურათ გადავიდა ჩვენი მთავრობის ხელში. თუ ფული არის ვისმესთვის მისაცემი ამ ადგილებში უნდა მიეცეს არა იმ საზოგადოებას, რომელსაც კონფისკაციის წესით ჩაუვარდა ეს ქონება ხელში, არამედ აი იმ გლეხობას, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ წაართვეს ხსენებული ადგილები (ვეშაპელი: პრინციპიალურათ მომხრე ხართ გამოსყიდვისა?) ამაზეც მოგახსენებთ. ამას გარდა, ბატონებო ჩვენთვის გამოსყიდვის საკითხი პრინციპიალურ საკითხს შეადგენს, უწინარეს ის პრინციპიალური საკითხია. და როდესაც ისმება საკითხი - გამოსყიდვა თუ არა კაპიტალისტების ქონების, ჩვენ, რასაკვირველია კატეგორიულად და ურყევად ვაცხადებთ, რომ ყოვლად შეუწყნარებელია პრინციპიალურის მოსაზრებით სოციალისტისთვის, რევოლიუციონერისთვის მათი ქონების გამოყიდვა, (შენგელაია: მართალია!) მაგრამ გარდა ამ პრინციპიალურ მოსაზებისა, არის კიდევ ფინანსიური მოსაზრება. დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო კასა ცარიელია, როდესაც ჩვენი მთავრობა გლეხობიდან გროშებს აგროებს, რომ კასა შეავსოს, განა დასაშვებია, რომ ამ სახალხო კასიდან ჩვენ მილიონები გავიღოთ და ორიოდე კაპიტალისტს ჩაუგდოთ ხელში. საზოგადოება „ნახშირა“-ს აქციები სულ 8-9 კაპიტალისტის ხელშია მოგროვილი, და აი მათ უნდა მიეცეს ეს 12 მილიონი მანეთი. ეს ყოვლად შეუწყნარებელია (გ. გვაზავა: მაშ წავართვათ?) ბ-ბო, მე მესმის რეპლიკები მემარჯვენეებიდან: წავართვათო, მაგრამ ლოგიკა ყოველთვის ერთი უნდა იყოს და თუ ამ ნიადაგზე დავადგებით, აშკარაა, რომ ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია მისაღებია. (გვაზავა: ლენინის სიტყვებს ნუ იმეორებთ, თქვენი სიტყვებით ილაპარაკეთ!) აშკარაა,რომ კაპიტალისტები მხოლოდ ექსპროპრიაციით სცხოვრობენ. (ვეშაპელი: სოციალისტები რით ცხოვრობენ? მენშევიკები? გვაზავა: კიდევ ექსპროპრიაციით!) მე მოგახსენებთ, ბატონებო, რომ, საკითხი სერიოზულად არის დაყენებული. ფინანსიური მხრივ ეს ყოვლად მიუღებელია: მე კიდევ ხაზ-გასმით ავღნიშნავ, რომ ჩვენი კასა ცარიელია და ასეთ დროს კასიდან 12 მილიონი მანეთის გაღება მიუღებელია, რომ ეს 12 მილიონი მანეთი მივცეთ კაპიტალისტებს.
მე, ბატონებო, მივაქცევ თქვენს ყურადღებას შემდეგ გარამოებაზე: დღეს ჩვენ თუ უნდა ფული გავიღოთ კასიდან, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ მივაწოდოთ საზრდო დამშეულ ხალხს სენაკის ზუგდიდის, ახალციხის, ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრებში. დღეს ეს მაზრები დამშეულია და ჩვენ მათთვის ვერ მიგვიწოდებია საზრდო, რადგან ფული არ მოგვეპოვება კასაში. ჩვენი სტუდენტობა ნივთიერ უსახსრობის გამო ფიზიკურ გადაგვარების გზას ადგია, რადგან მთავრობას არ მოეძებნება საშვალება, რომ მას დახმარება აღმუჩინოსს და აი, ამ დროს გამოდიან და მოითხოვენ სახელმწიფო კასიდან მილიონების გადადებას და ისიც ვისთვის? რამდენიმე კაპიტალისტისთვის ჯიბეში ჩასაჩხრიალებლად.
ეს უსამართლოა და მიუღებელია. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ეს უბრალო შემთხვევითი მოვლენა არ არის. აქ დამფუძნებელ კრებაში აშკარად არის გამოხატული ორი პოლიტიკა. ერთი მენშევიკ-ნაციონალ დემოკრატიული ბურჟუაზიულ-რეაქციონური, ხოლო მეორე რევოლიუციონური, სოციალისტური. აი ამიტომ ამ ტრიბუნაზე ხშირად ხდება მენშევიკების, და ნაციონალ-დემოკრატების შეხმატკბილება მთავარ საკითხებში, როგორც არის ეს საკითხი, მიწის საკითხი და მრავალი სხვა.
აი, ამ ბურჟუაზიულ-რეაქციონერ პოლიტიკის ერთი აქტთაგანია ფულის გაღება გაღარიბებულ სახელმწიფო სალაროდან კაპიტალისტების სასარგებლოდ. (კ. ნინიძე: წავართვათ!) და ამ ბურჟუაზიულ-რეაქციონურ პოლიტიკის შინაგანი უკუღმართობა იმით ასკეცდება, რომ ამ პოლიტიკას აწარმოებენ ხალხის სახელით და ხარჯით. ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთ პოლიტიკას ვერ შეეგუება მუშათა კლასი. ის ან უნდა განთავისუფლდეს, უნდა გაბატონდეს ეკონომიურად, როგორც გაბატონდა პოლიტიკურად, ან უნდა დაუთმოს ადგილი ბურჟუაზიას. სხვა გამოსავალი გზა არ არსებობს, ან ერთი, ან მეორე. ასეთ ანომალიას, რომელიც დღეს არის, რომ მუშათა ხალხის სახელით აქ წამოსკუპდნენ მენშევიკები და ამავე დროს აკეთებენ რეაქციის საქმეს, მუშათა კლასი ამას ვერ მოითმენს და თუ დღეს გაჩერებული არის კიდევ, ეს იმიტომ, რომ ნდობით უყურებს ამ მენშევიკებს (ხმა: მართალია!) და ჰგონია „დღეს თუ არა, ხვალ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც“. და როდესაც დაინახავს, რომ ეს „ხვალაც“ ამოიწურება, როდესაც მენშევიკების პოლიტიკა მისთვის აშკარა გახდება, მაშინ ზურგს შეაქცევს მათ (ხმა: მაშინ ალბად თქვენ გამოგყვება მუშათა კლასი!). აიღეთ, მაგალითად, მიწის საკითხი, აიღეთ სხვა საკითხები, სად გადადგით ისეთი ნაბიჯი, რომელიც გვაახლოვებდეს საბოლოო მიზანს! თქვენ განამტკიცეთ მიწის კერძო საკუთრების ინსტიტუტი, რომელიც ადუნებს რევოლიუციონურ შემოქმედებას. რევოლიუციონური მოღვაწეობა კი უნდა წვრთნიდეს ხალხს, მოყავდეს ის რევოლიუციონურ აღტკინებაში.
ეს ანბანური ჭეშმარიტებაა ყველა სოციალისტისათვის და რევოლიუციონერისათვის. ამ ნიადაგზე ვდგევართ ჩვენ და ამ დეკრეტის პირველი ნახევრის, რომელიც რეაქციონური პოლიტიკით არის ნაკარნახევი, წინააღმდეგი ვართ. მე კიდევ ვიმეორებ, როდესაც დგება საკითხი, კონფისკაცია თუ გამოყიდვა ბურჟუაზიის ქონებისა, ჩვენ ურყევად მოვითხოვთ კონფისკაციას (გვაზავა: რა არის კონფისკაცია? ქართულად კონფისკაცია არის ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა!) ბატონო გვაზავა, თუ რა არის კონფისკაცია, მობრძანდით ჩემთან სახლში და აგიხსნით. ბ. ასეთი დიდმნიშვნელოვანი დეკრეტი შემოაქვთ დამფუძნებელ კრებაში, რომლის ძალით უნდა გაღებულ იქნას 12 მილიონი მანეთი, და პირველ მუხლს არ ახლავს განმარტებითი ბარათი, არ არის ცნობები იმ ქონების შესახებ, რომელსაც ყიდულობენ, განა დასაშვებია, რომ ასეთი დაუმუშავებელი დეკრეტი წარმოდგენილ იქნას დამფუძნებელ კრებაში, თუ თქვენ ცოტაოდენი პატივისცემა მაინც გაქვთ დამფუძნებელ კრებისა?! არავითარი განმარტებითი ბარათი არ ახლავს ამ დეკრეტს და დეპუტატს საშუალება არა აქვს გაიგოს, ღირს თუ არა თორმეტი მილიონი მანეთი ის ქონება, რომელსაც ყიდულობენ, ეგებ საჭიროა ნაკლები. ასე დაუმუშავებელია ეს დეკრეტი. ამის გარდა; მე მივაქცევ თქვენს ყურადღებას ერთ გარემოებაზე, რომელიც ერთის შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ, როდესაც შეაფასებ, დიდად მნიშვნელოვანია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფაქტიურად მთავრობა ბრძანებლობს და ხელმძღვანელობს დამფუძნებელ კრებას და არა დამფუძნებელი კრება მთავრობას. უნდა იყოს კი, რომ დამფუძნებელი კრება უკარნახებდეს მთავრობას და არა მთავრობა დამფუძნებელ კრებას. მაგრამ, რადგანაც დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატია არის გაბატონებული, უკუღმართად დატრიალდა საქმე, და მთავრობა უკარნახებს დამფუძნებელ კრებას. ამ ფაქტიური მდგომარეობის გამოხატულება სჩანს იმ განმარტებიდან (ხმა ადგილიდან: აკი არ არისო?) ეს განმარტება ეხება არა მთელ დეკრეტს, არამედ მხოლოდ საექსპლოატაციო ხარჯებს, აი აქ სწერია მეტად კურიოზული და საკვირველი რამ. (კითხულობს)...
ეს უბრალო ენაა. აქ სწერია რომ უნდა მისწეროს მთავრობამ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (ხმაურობა) ბატონებო, მე თქვენთვის არ ვლაპარაკობ, მე ხალხისთვის ვლაპარაკობ. (კ. ნინიძე: ჩვენ ხალხი არა ვართ?) ეს არის სახალხო ტრიბუნა და ხალხისათვის ვლაპარაკობ მე აქედან. აი, ბატონებო, ამ ბარათში სწერია: „მიეწეროს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს“. ეს ულამაზოც არის, ფორმალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ. დასასრულ: მე ვიმეორებ, ჩვენთვის სოციალისტ-რევოლიუციონერებისთვის კაპიტალისტების ქონების გამოყიდვა ყოვლად შეუწყნარებელია უწინარეს ყოვლისა პრინციპიალურის მოსაზრებით და ეხლანდელ ჩვენს მდგომარეობაში ფინანსიური მოსაზრებითაც, ამიტომ პირველ მუხლს ჩვენ ხმას არ მივცემთ, პირველ მუხლს ასე ვასწორებთ (კითხულობს).
თავმჯდომარე: შესწორება წარმოადგინეთ მაშინ, როდესაც მუხლობრივ განვიხილავთ დეკრეტს.
თავმჯდომარე: გზათა დეპარტამენტის დირექტორი!
ჭიჭინაძე (გზ. დ. დ.) პირველად ყოვლისა, მაქვს პატივი მოგახსენოთ განმარტებითი ბარათის შესახებ, რომელსაც აქ შეეხნენ. უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც წარმოდგენილი იყო მთავრობაში მოხსენება ტყიბულის მაღაროების შესახებ, იმ დროს არ იყო დამთავრებული საკითხი ამ მაღაროების გამოსყიდვის შესახებ, ამიტომაც დეკრეტი შეიცავდა მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა იმ თანხას, რომელიც უნდა გაღებულიყო ამ მაღაროების საექსპლოატაციოთ. ამიტომ ის განმარტებითი ბარათი, რომელიც წარედგინა მთავრობას, როგორც ორატორი ამაში დარწმუნდებოდა, ამ გამოსყიდვის შესახებ ბარათი არ არის; იქ იყო მოხსენება მხოლოდ ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. ამის შემდეგ საბედნიეროდ მოხდა მორიგება გამოყიდვის შესახებ. სრული განმარტება ამ საკითხის შესახებ წარდგენილი იყო, როგორც მთავრობაში, აგრეთვე სპეციალიურ იურიდიულ კომისიაში. განხილული იყო თვით ამ მაღაროების ღირებულება და მთავრობა დარწმუნდა, რომ შესყიდვა ხელსაყრელ პირობებში ხდება. ამის შემდეგ ასეთივე განმარტება იყო მიცემული საბიუჯეტო კომისიაში, რომელმაც ერთხმად, ერთის წინააღმდეგ მიიღო საკითხი ამ მაღაროების გამოყიდვის შესახებ.
მე მინდოდა მომეხსენებინა იმის გამო, რომ განმემარტებია, რატომ არ იყო განმარტებითი ბარათი. ეს მოხდა იმიტომ, რომ საქმე ძლიერ საჩქარო იყო და ეხლაც საჩქარო არის.
მდგომარეობა მაღაროებისა ასეთია: 1917 წ. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ეს მაღაროები იძულებითი რეკვიზიციით ჩაიბარა და აწარმოებდა ამ მაღაროებს. განსაკუთრებული ჯილდო უნდა მისცემოდა ამ განკარგულების თანახმად იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩამოერთვა მაღაროები დროებით საექსპლოატაციოთ. მას უნდა მისცემოდა განსაზღვრული რაოდენობა კაპეიკებისა თითო ფუთ მოთხრილ ნახშირზედ. შემდეგ, როდესაც გამოქვეყნდა ჩვენში მიწადმფლობელობის კანონი, რასაკვირველია, მაღაროების ტერიტორია გახდა სახელმწიფოს საკუთრებად. ამიტომ დეკრეტით საზოგადოებას არაფერი ეძლევა არც მაღაროების ტერიტორიის, არც თვით ქვანახშირის შეძენაში. სახლები, ელექტრონის სადგური, სხვა და სხვა ტეხნიკური მოწყობილობა მაღაროებისა და სხვა სამთამადნო ინვენტარი არის საკუთრება ამ სააქციო საზოგადოებისა. უნდა მოვახსენო დამფუძნებელ კრებას, რომ აქ ჩვენ წინადადებით შემოვდივართ, ეს ქონება შესყიდული იყოს. არავითარ მაღაროების შესყიდვაზედ აქ ლაპარაკი არ არის. ეს შეცდომა არის. აქ მოგახსენებთ მხოლოდ იმ ინვენტარის შესყიდვის შესახებ, რომელიც მაღაროებზედ არის და ეკუთვნის „ნახშირა“-ს საზოგადოებას. (მაჭავარიანი: ნუ თუ ეს ასეთი ძნელი გასაგებია?) ჩვენი კანონების მიხედვით ეს ასე უნდა მომხდარიყო და მთავრობა დარწმუნებულია, რომ ფასი არის ხელსაყრელი სახელმწიფო ინტერესების მიხედვით და მთავრობა ჰფიქრობს, რომ ეს უპირატესობას მიანიჭებს ხალხს. გარდა ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ შესაძლებელია ორი სახით შესყიდვა. შეიძლება შესყიდვა წარმოების, შეიძლება შესყიდვა ქონების. წარმოდგენილი პროექტით გადაწყვეტილია შესყიდვა ქონებისა. მთელი ქონება, რომელიც ეკუთვნის საზოგადოებას, გადავა მთავრობის განკარგულებაში, რისთვისაც სააქციო საზოგადოებამ უნდა მიიღოს განსაზღვრული საფასური და ამ ფულით უნდა გაასწოროს ყველა ანგარიშები, გაანაღდოს ყველა ვალდებულებანი, რომელიც საზოგადოებას აქვს.
ასეთია პრინციპი გამოსყიდვისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სავსებით ეთანხმება იმ კანონებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენ რესპუბლიკაში და სავსებით აკმაყოფილებს რესპუბლიკის ინტერესებს. მოკლედ რომ გავიმეოროთ, ჩვენ გვინდა შევიძინოთ ის სპეციალური ინვენტარი, რომელიც კანონიერად ეკუთვნის ამ საზოგადოებას. (მაჭავარიანი: მართალია!) რაც შეეხება ხარჯთ-აღრიცხვას, მე უნდა მოგახსენოთ ის, რაც უკვე ბრძანა მომხსენებელმა. აგება ახალ ყაზარმების მუშებისათვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენ სავსებით გამოვიყიდოთ ის ტეხნიკური ინვენტარი, რომელიც მაღაროებზედ არის. მოთხოვნილება დიდი არის ქვანახშირზედ და უბინობის გამო ჩვენ მოკლებულნი ვართ საშუალებას მოვუმატოთ მუშების რიცხვი და გავაძლიეროთ მუშაობა.
ეხლა მაღაროებზედ ქვანახშირი არ არის მომარაგებული, ის რაც მოითხრება, იმავ წუთს იგზავნება. ამიტომ ჩვენ შევიტანეთ ხარჯთ-აღრიცხვაში კრედიტი შენობის შეკეთებისა, რომლებიც იქ არის და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება და აგრეთვე ორ კაზარმის აშენებისათვის.
ასეთია მდგომარეობა ამ საკითხისა და ეს სრულიად ნათლად არის განმარტებული ყველა დოკუმენტში და იმ განმარტებით ბარათში, რომელიც იყო წარდგენილი ყველა ინსტანციებში და განხილული იყო სათანადოდ.
თავმჯდომარე: სიტყვა ბ. მომხსენებელს ეკუთვნის.
ბ. თევზაია: ბატონმა დამფუძნებელი კრების წევრმა პატივცემულმა ილია ნუცუბიძემ გაილაშქრა ამ დეკრეტის პირველი მუხლის წინააღმდეგ. ის საერთოდ მომხრეა, როგორც ეტყობა, საზოგადოება „ნახშირას“ ქონება გადავიდეს ხაზინის ხელში, მხოლოდ ის წინააღმდეგია ამ გადასვლაში გაწეული იქნეს რაიმე ხარჯი. უბრალოდ რომ ვსთქვათ, მომხრეა, რომ ხარჯის გაუღებლად გადავიდეს ხაზინის ხელში. რასაკვირველია, როგორც ყველა მოქალაქეს, უფლება აქვს იქონიოს თავის აზრი ამა თუ იმ რიგით რეფორმაზე. ყოველივე დამფუძნებელი კრების წევრის მოვალეობა არის არგუმენტები არ გადააჭარბოს; არა სთქვას ის, რომ ასეთი პრაქტიკა გამოსყიდვისა მიუღებელია პრინციპიალურად, არ არის სოციალისტური. 1919 წლის აპრილში საფრანგეთის სოციალისტურმა ფრაქციამ შეიტანა კანონპროექტი იქაურ კერძო რკინის გზის გამოყიდვის შესახებ. (შენგელაია - მენშევიკები არიან იქაც!) ის უდავო არის, რომ იქ საფრანგეთის პარტია უფრო მემარცხნეა, ვინემ ჩვენი ნორჩი, პატარა ბურჟუაზიის წარმომადგენელი ესერების პარტია. თავის წარსულის და მომავალ მდგომარეობით უფრო განვითარებულ აზროვნებით, უფრო მემარცხენე არის, ვინემ სამეურნეო, საგლეხო და ჩამორჩენილი საქართველო. იქ დავაა არა იმიტომ, გამოსყიდვა მოხდეს თუ არა, არამედ მუნიციპალიტეტის ხელში იყოს ეს საქმე, თუ კერძო კაცების ხელშიო. მე მაკვირვებს, როგორ მოხდა, რომ ვიქტ. ჩერნოვის მოწაფე (ლეო შენგელია) ასე აბუჩად იგდებს თავის მასწავლებლის ნათქვამს. (კედია. მოწაფემ გაუსწრო მასწავლებელს!) ის 1918 წ. «Дело Народа»-ში სწერდა: „ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს დემოკრატიზმის განმტკიცება რუსეთში და უცხო კაპიტალისტების მოწვევა რუსეთში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამერიკის კაპიტალისტებს“. ეს კიდევ არაფერი. როცა ჩერნოვი დროებით მთავრობაში იყო ამბობდა: „რასაკვირველია მესაკუთრეთ მიწა უნდა ჩამოერთვას, მაგრამ, ამა თუ იმ სახით, პენსია უნდა დაენიშნოთ“. შენგელაია: ტყუილია, ეს არ უთქვამს!) უკაცრავად. ჩვენ ტყუილს არ ვართ ჩვეული, ჩვენ ფაქტებს ვამბობთ, ამისთვის ვამბობთ, შეიძლება დავა ამ საგანზე, მაგრამ იმ საბუთებით და მეთოდით, რომლითაც ილია ნუცუბიძემ მოისურვა, ეს არის ბოროტად მოხმარება ამ სასალხო ტრიბუნისა. მეორე დებულება ბ. ნუცუბიძემ სთქვა: აქ ორი პოლიტიკა არის - ერთი სოციალისტური, მეორე რეაქციონური, ფეოდალური, ბურჟუაზიული.
მე მგონია, ამ მუხლში ორი პოლიტიკა არის: ერთი საქმის ცოდნისა, მეორე საქმის უცოდინარობისა. რასაკვირველია ი. ნუცუბიძემ იცის - შეიძლება აქციები გაიპაროს ევროპაში ისე, რომ ვერც გაიგოს ბ. ნუცუბიძემ. მაშინ შეიძლება ჩვენი მაღაროების პატრონი გახდეს ისეთი ხალხი, რომელთა შესახებაც მან სთქვა: ჩვენ ყოველთვის საერთაშორისო ცხოვრებით გამოწვეულ ვალდეუბულებას ვღებულობთ. ამ ვალდებულების ბრალია, რომ ამის ექსპლოატაცია არ უნდა იყვეს. თქვენი მეთოდი რომ მივიღოთ, ეს მაღაროები გახდება უცხოელების საკუთრება, ეს კარგათ იცის ბ. ნუცუბიძემ, ფინანსიურ კომისიის წევრმა. ის ამბობს კიდევ, ჩვენი ხაზინა ძალიან ღარიბიაო. მე პირველად მესმის საკანონმდებლო დაწესებულებებში ასეთი ფინანსიური მოსაზრება. საქმე იმაშია, რისთვის მიდის ფული? თუ ეკვივალენტი არის, შეიძლება ფულის გაღება.
როდესაც მან სთქვა - ხაზინიდან ფული გააქვთ, ხაზინა ცარიელდებაო, შეიძლება მას გონია, რომ ფული მხოლოდ ბონებია და ქონება მასში იხატება. ჩვენ კი გვგონია რომ უდიდესი ქონება არის უძრავი ქონება და ასეთი არის სადგური, რკინის გზა, რომელიც ეკუთვნის „ნახშირას“ საზოგადოებას. აქედან ცხადია, ფული გადის და მის მაგივრად ჩვენში შემოდის უფრო ხელსაყრელი და დიდძალი საქონელი, მაგ. ამბობენ გვჭირდება ბრინჯი, გვინდა პურიო, მაგრამ რათ უნდა გავიდეს ხაზინიდან ფული, ვქნათ ისე, როგორც შვრება ზოგიერთი სახელმწიფო. თუ ასეა, შევქმნათ ჩვენ ჩვენი „ოტრიადები“, მივსცეთ იარაღი, წავიდენ და მოაგროვონ ქონება, პური - მაშინ ერთი კაპეიკიც არ დაიხარჯება. მისი აზრით კი, საქონელი უნდა შემოვიტანოთ, მაგრამ ფული ხაზინიდან არ უნდა გავიღოთ. როცა გვეწინააღმდეგებიან, ალბათ ფიქრობენ წვრილ ბურჟუაზიას, გლეხობას, უფასოდ ჩამოვართვათ ყველაფერი. ამას ალბათ არ იზიარებს ბ. ნუცუბიძე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გაღება პირიქით ფრიად მიზანშეწონილია. სხვა მოსაზრება აქ არ მოუყვანიათ. რაც შეეხება იმ უსამართლო შენიშვნას, რომ თურმე მთავრობას მიუწერია დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისათვის დააჩქაროს ამ საკითხის გადაჭრა - ეს სრულიად უსაფუძვლო საყვედურია. მთავრობას შემოაქვს პროექტი და მან იცის რომელია უფრო საჩქარო - ეს ცხადია, ბატონებო, და ამაზე ლაპარაკით არ შეგაწუხებთ.
თავმჯდომარე: ვინ არის მუხლობრივ განხილვის წინააღმდეგ? არავინ, ბ. მომხსენებელო, გთხოვთ.
(დეკრეტი მიღებულ იქნა სოც.-დემ. შესწორებით და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თავმჯდომარე. უკვე სამი საათი გახლავთ, მაგრამ სულ ორი წუთით შევაჩერებ თქვენ ყურადღებას. მოგეხსენებათ, დეპუტატები ჯარიმის სახით იხდიდენ ფულს; ეს ფული კასაში ინახება. გახლავთ ასეთი წინადადება, რომ ეს ფული მოხმარდეს განსვენებული დეპუტატების ქვრივ-ობლებს; სიტყვას თუ ვინმე ინებებს ამის შესახებ? არავინ. ვინ არის წინადადების წინააღმდეგი? არავინ, მიღებულია.
გარდა ამისა, გახლავთ ს.-დ. ფრაქციის წინადადება; ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომ სხდომა იწყება დილის 11 საათზე. ს.-დ. ფრაქციას შემოაქვს წინადადება 12 საათზე გაიხსნას სხდომა; პრეზიდიუმი კი ფიქრობს, რომ უფრო კარგი იქნება, თუ თორმეტის ნახევარ საათს მივიღებთ; სხდომა გაიხსნება სრულ თორმეტ საათზე, ეს ნახევარი საათი კი საშეღავათო დროთ იქნება. (კენჭის ყრით მიღებულია პრეზიდიუმის წინადადება). გახლავთ კიდევ ერთი წინადადება ს.-დ. ფრაქციისა - არჩეულ იქნას მომარაგების კომისია. (წინადადება მიღებულია). გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი (მდივანი კითხულობს).
სხდომა იხურება 3 ს. და 5 წ.234 235
![]() |
12 ოთხმოცდამეცხრე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(89)
1920 წელი. თებერვლის 20. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი:
1. საბოლოო ტექსტები.
2. დეკრეტი - საერობო სამკურნალო დაწესებულების მოსამსახურეთა ახალი შტატის დამტკიცებისა.
3. დეკრეტი - უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა.
4. პროექტი დადგენილებისა - სახელმწიფო ბანკის გამგისა და გამგეობის წევრების ჯამაგირის შესახებ.
5. სახელმწიფო ბანკის გამგისა და გამგეობის წევრთა არჩევნები.
6. გაგრძელება მსჯელობისა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელის მთავრობისადმი შეკითხვის გამო აფხაზეთში, თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხ.
ქრისტინე შარაშიძის ასული.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
კონსტანტინე ჯაფარიძე.
სხდომა იწყება დღის 12 საათზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ, გთხოვთ მოისმინოთ დღიური წესრიგი.
მდივანი (კითხულობს).
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტები დეკრეტისა - დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების დამატებისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.
2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებათა თანამდებობის პირთა ჯამაგირების ახალი ნორმის დეკრეტის შესახებ. მომხსენებელია ივ. გომართელი.
3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტყიბულის მაღაროების სააქციო საზოგადოების „ნახშირა“-ს ქონების გამოყიდვისა და ტყიბულის მაღაროების ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.
5. დეკრეტი - უცხოეთიდან შემოსატან საქონელზედ საბაჟი ტარიფის შეცვლისა. მომხსენებელია კ. ნინიძე.
4. პროექტი დადგენილებისა სახელმწიფო ბანკის გამგის და გამგეობის წევრთა ჯამაგირების შესახებ. მომხსენებილია თევზაია.
6. სახელმწიფო ბანკის გამგისა და საბჭოს წევრთა არჩევანი.
7. დეკრეტი - ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობისა და სენაკის სამაზრო ერობის 1.000.000 მან. სესხის მიცემისა მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად. მომხსენებელია სალაყაია.
8. დეკრეტი - შინაგან-საქმეთა სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია სალაყაია.
9. დეკრეტი - საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად. - 2.113.986 მან. და 40 კაპ. მომხსენებელია ს. მდივანი.
10. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონპროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.
11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავი ქონების გამოყიდვის უფლების გაუქმების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.
12. დეკრეტი - საერობო სამკურნალო დაწესებულების მოსამსახურეთა ახალი შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია. ი. სალაყაია.
13. დეკრეტი - გარეშე საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 3.000.000 მან. გადადებისა სხვა და სხვა საადმინისტრაციო და მოულოდნელი ხარჯებისათვის. მომხსენებელია ს. მდივანი.
14. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა ამავე რკინის გზისათვის განსაკუთრებულ თანხის დაარსებისა დასატრიალებელ კაპიტალის გადიდებისა. მომხსენებელია ს. მდივანი. (დღიური წესრიგი დამტკიცებულ იქნა უცვლელად).
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ ი. გომართელს.
ი. გომართელი: (ს.-დ.) (კითხულობს დღიურ წესრიგის 1 მუხლში აღნიშნულ პროექტის საბოლოო ტექსტს, რომელიც დამფუძნებელ კრების მიერ, თანახმად სარედაქციო კომისიის შესწორებისა მიღებულ იქნა).
დეკრეტი საერობო სამკურნალო დაწესებულების მოსამსახურეთა ახალი შტატის დამტკიცებისა.
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ სალაყაიას.
ი. სალაყაია: (ს.-დ.) ეს პროექტი სავსებით შეეხება სამკურნალო დაწესებულებათა შტატებს, როგორც მაგალითად მიხეილის საავადმყოფოს, დავრდომილთა საავადმყოფოს. ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტს და ტფილისისა და ქუთაისის სულით ავადმყოფთა თავშესაფარის შტატებს. ყველა ეს დაწესებულებანი დღეს-დღეობით იმყოფებიან შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებაში. აღძრული იყო საკითხი, რათა ეს დაწესებულებანი გადასულიყვნენ ერობათა და ქალაქთა თვითმმართველობის ხელში, მხოლოდ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ეს ვერ მოხერხდა, რადგან იურიდიული სახე ერობათა ცენტრს იმ ჟამად არ ჰქონდა და მასთან, არც მატერიალურად იყვნენ უზრუნველყოფილნი. ამიტომ ეს დაწესებულებანი დროებით ისევ შინაგან-საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩნენ. და აი, აქ დღეს წარმომადგენელია ხსენებულ დაწესებულებათა შტატები. ვინც დაახლოვებით მაინც გაეცნობა ამ დაწესებულებათა შტატებს, ის იტყვის, რომ არც ერთ დაწესებულებაში, არც სახელმწიფოებრივში და არც კერძოში არ იღებენ ისე მცირე გასამრჯელოს, როგორც ამ დაწესებულებებში და არავის არ ეძლევა ისე მცირე ჯამაგირი. როგორც აქ. შინაგან-საქმეთა სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა, რათა გადიდებული ყოფილიყო ეს ჯამაგირები. მთავრობამ ხსენებული ჯამი ჯამაგირების გადიდებისა მიიღო და გადასცა დამფუძნებელ კრებას. მხოლოდ საბიუჯეტო საფინანსო კომისიამ, რომელიც საერთოდ ძლიერ ფრთხილად ეპყრობა ჯამაგირების გადიდების საკითხს, მიუცილებელ საჭიროდ სცნო ამ განზრახული ჯამაგირის გადიდება. ეს ჯამაგირების მომატება უფრო გავრცელებულ იქნა ისეთ მსახურებზე, რომელნიც მეტ კულტურულ და ფიზიკურ მუშაობას ეწევიან, როგორც მაგალითად, უფროს ორდინატორებზე, უმცროს ორდინატორებზე და ზოგიერთ დანარჩენ მოხელეებზე. დანარჩენ მოსამსახურეთა ჯამაგირები კი დარჩა ისეთი, როგორც ეს განზრახული იყო სამინისტროს პროექტით და საბიუჯეტო-საფინანსო კომისია ითხოვს დამფუძნებელ კრებისგან ხსენებულ დეკრეტის დამტკიცებას.
თავმჯდომარე: ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე გადასვლისა? წინააღმდეგი არავინაა. მომხსენებელს ვთხოვ წაიკითხოს დეკრეტი.
მომხსენებელი. (კითხულობს დეკრეტს მუხლობრივ; დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძნებელ კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თავმჯდომარე: გადავდივართ შემდეგ საკითხზე. (კითხულობს) სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ-ნ კ. ნინიძეს.
დეკრეტი უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე საბაჟო ტარიფის შეცვლისა.
კირილე ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო! ეს დეკრეტი პროექტისა შეეხება უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე ბაჟის გადიდებას. დღეს-დღეობით არსებობს ჩვენში რუსეთში მომქმედი საბაჟო ტარიფი - დამტკიცებული 1906 წლის თებერვლის 16-სა. და აი, საჭირო გახდა ამ ტარიფის გადასინჯვა, რადგან ზოგიერთ საქონელზე, როგორც არის მაგალითად, პირველ მოთხოვნილების საგნები, დატოვებული იყო ძველი ბაჟები და მეორეს მხრით, სხვა საგნებზე, თუ ვიანგარიშებთ საქონლის დღევანდელ გაძვირებას, ძლიერ მცირე ბაჟები არის დატოვებული. ამიტომ ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო შემოვიდა სათანადო წინადადებით დამფუძნებელ კრებაში, რათა ერთი, სრულიად გაეუქმებიათ ბაჟები ისეთ საქონელზე, როგორიც არის სასურსათო და პირველ მოთხოვნილების საგნები და მეორე, ძალიან გადიდებულ იქნას ბაჟები ისეთ საქონელზე, როგორიც არის მაგალითად, ფუფუნების საგნები და მესამე, საშვალოთ იქნას გადიდებული ბაჟები სხვა დანარჩენ საქონელზე. როგორც განმარტებითი ბარათიდან სჩანს, სამინისტროს ამაზე ჰქონია მოლაპარაკება სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და ეს ახალი ტარიფი მიღებულია მათი თანხმობით. ამასთან, უნდა დავძინო, ეს ტერმინოლოგია საბაჟო ტარიფისა ჯერ ისევ რუსულად არის შედგენილი, რადგან მისი თარგმნა, ჯერ ერთი, ძალიან დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვდა და ამასთან, ამ ჟამად სათანადო ტერმინებიც არა გვაქვს შემუშავებული. ამიტომ მისი გადმოთარგმნა სავსებით შეუძლებელი გახდა. მაგრამ ამას თან ახლავს შედარებითი ქაღალდი, სადაც აღნუსხულია სათანადო საქონელზე ბაჟის ტარიფის გადიდების რიცხვი და მოხელე ბაჟის აკრეფის დროს სწორედ იხელმძღვანელებს ამ ქაღალდით და ისე მოახდენს ბაჟის აკრეფვას. თვით ტექსტი ამ დეკრეტისა შემდეგია: (კითხულობს) და უწყება ითხოვს დამფუძნებელ კრებისგან ამ დეკრეტის დამტკიცებას.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ბ. ვეშაპელს ეკუთვნის.
გრიგოლ ვეშაპელი. (ნაციონალისტი) ბატონებო! თუმცა დამფუძნებელ კრებას არა აქვს სათანადო სულიერი განწყობილება, რომ დაწვრილებით ვიქონიოთ მსჯელობა ამ საგანზე, მაგრამ მე მაინც მინდა მცირე რამ მოგახსენოთ ამ საკითხზე. ბ-ნმა მომხსენებელმა ისე, როგორც ეს ფინანსთა სამინისტროს განმარტებითი ბარათშია ნათქვამი, გვითხრა, რომ ეს დეკრეტი შედგენილია სავაჭრო პალატასთან შეთანხმებითო. მე არ ვიცი რამდენად სამართლიანად იყო დადასტურებული სავაჭრო პალატის მიერ ფინანსთა სამინისტროს აზრი, მაგრამ თუნდაც რომ ყოფილიყო ასეთი დადასტურება, მაშინაც ჩვენი აზრით, არ კმაროდა მარტო სავაჭრო პალატის დასტური. საჭირო იყო ფინანსთა უწყება სხვა დაწესებულებათაც დაკითხოდა და სავსებით გამოერკვია ხსენებული საკითხი. ასეთია, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება. შეიძლება ჩვენში ვაჭრობა არც თუ გავრცელებულია, მაგრამ ერთი რამ უდავოა, - ჩვენში მეურნეობა არსებობს, საქართველო მეურნეობის ქვეყანაა და ამისათვის უნდა გაეწია ანგარიში ფინანსთა უწყებას. ამ მხრით შეიძლება გვითხრან, რომ ეს კანონ-პროექტი დროებითია, მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ ამ დროებითი კანონის შემუშავებაც ვერ არის იმ რიგზე დაყენებული, როგორც ამას მოითხოვს საქმის გარემოება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არც კი გვაქვს შემუშავებული სათანადო ნომენკლატურა და მოხელე ვალდებული ხდება იხელმძღვანელოს იმ შედარებითი ქაღალდით, სადაც აღნუსხული იქნება ბაჟის გადიდების ტარიფი. და როდესაც ასეთი საკითხის მოგვარება უძნელდება სამინისტროს, მაშინ, როდესაც უწყებას მრავალი სპეციალისტი ჰყავს, მაშინ ცხადია მას უფრო გაუძნელდება ამ საკითხზე მუდმივათ მომქმედი კანონ-პროექტის შედგენა და ეს დროებითი კანონ-პროექტი დარჩება მუდმივ კანონ-პროექტათ. ამასთან დეკრეტს ახლავს დაბრკოლებანი უფრო სხვაგვარი, ვიდრე ფორმალური.
არის კიდევ სხვა მოსაზრებაც. კანონ-პროექტში არის ნომენკლატურა რუსული, რომელიც სრულებით არ შეეფერება ჩვენ ეკონომიურ მდგომარეობას. ჩვენის თვალსაზრისით უსათუოდ, აუცილებლად ხდება მისი გაყოფა. თუნდა ბონებზე და ზოგიერთ რამეზე შეიძლება ლაპარაკი, რომ უნდა აიკრძალოს, ზოგი რამ იაფად შემოვიდეს, ზოგი გარედ გავიდეს.
ეს სატარიფო კლასიფიკაცია შედგენილია რუსეთის მიერ ევროპისათვის. ცხადია, როდესაც რუსეთი ადგენდა ამ კლასიფიკაციას, თუ ის გულისხმობდა კავკასიის გეოგრაფიულ მდებარეობას, ის ეხებოდა შავი ზღვის საზღვრებს. ხოლო რაიცა შეეხება აზიის საზღვრებს, - ეს არ არის შიგ მოხსენებული. ჩვენთვის კი ამ უკანასკნელს აქვს მნიშვნელობა.
აი, ამ ფორმალური უხერხულობის აღნიშვნის შემდეგ, მოგახსენებთ არსებითად ორ რამეზე: ერთი - სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ზოგიერთი დაბაჟვისა და მეორე - ფუფუნების საგნების აკრძალვის შესახებ.
რაიცა შეეხება სასოფლო-სამეურნეო დარგს, ჩვენი შეხედულება ასეთია: არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მარტო ჭამის თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ჩვენში განვითარდეს ის, რაც არის, და მოეწყოს ის, რაც ჯერ კიდევ არ არის. ცხადია, დღეს ჩვენში სასოფლო მეურნეობის თითქმის ყველა დარგი არის და შეიძლება მოეწყოს ისე, რომ არც ერთი სასოფლო-სამეურნეო დარგის საქონელი არ უნდა იქნეს უბაჟოდ შემოსული ჩვენში, რადგან ეს სამეურნეო დარგის განვითარებას ხელს შეუშლის. გარდა ამისა, როცა ამას ისე განვავითარებთ, რომ ჩვენთვის საკმაო იქნება, მაშინ არამც თუ დაბაჟული, არამედ სრულიად აკრძალული უნდა იქნეს. სრულიად იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს იმ საქონლის შემოტანას, რომელიც ჩვენშიაც ბევრია და კარგიც არის.
თავის-თავად ცხადია, რომ ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო დარგებს ჩვენ ვერ შევეხებით. ასეთია, მაგალითად, სურსათ-ხორბლეულობის საკითხი, თუმცა ნორმალურ პირობებში ჩვენ საკმარისი ეს უკანასკნელიც კი მოგვივა. მაგრამ დღეს ფსიქოლოგიურად ისეთი მდგომარეობაა, რომ ცხადია, ამაზე ლაპარაკიც კი არა ღირს.
ხოლო რაიცა შეეხება სასოფლო-სამეურნეო ისეთ დარგებს, როგორიცაა, მაგალითად, მეღვინეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა, ამათ შესახებ ფინანსთა სამინისტროს დეკრეტის მიღება შეუძლებელია.
მე მინდა შევეხო მეღვინეობას და მეხილეობას ჩვენში. ჩვენში, როგორც მოგეხსენებათ, ღვინო მოდის ბლომად და ხარისხითაც კარგისაა. მაგრამ ამავე დროს ისიც იცით, რომ კახურსა და იმერულ ღვინოს კონკურენციას უწევს ადერბეიჯანის და სომხეთის ღვინო, რომელიც იქ მეტი მოდის და ხარისხით ჩვენს ღვინოზე ცუდია. ჩვენი მთავრობის მოვალეობაა ჩვენი მეღვინეობა განავითაროს და, თუ უკეთესში არა, სომხეთის და ადერბაიჯანის ღვინოსთან თანაბარ მდგომარეობაში მაინც ჩააყენოს.
ჩვენში შემოაქვთ ცუდი ღვინო, მას აკეთებენ და გააქვთ საზღვარ-გარედ. ეს კი სპობს კარგი ღვინის განვითარებას და, მე მგონია, რომ მთავრობა, თუ ის არ არის გატაცებული დღევანდელი სპეკულიატიური ფსიქოზით, არ არჩევს ცუდი ღვინის შემოტანას და შემდეგ არ იწყებს თავის მართლებას, რომ ჩვენში შეურევენ კარგ ღვინოს და ისე გაიტანენ საზღვარ-გარეთო. სასოფლო-სამეურნეო მთავრობას არ შეუძლია ასეთ თვალსაზრისს დაადგეს. მე ვამბობ, დღეს არ არის საჭირო, რომ ჩვენში უცხო ღვინო შემოდიოდეს.
მეორე საკითხი გახლავთ მეხილეობის საკითხი: თქვენ იცით, ქართლში როგორ არის განვითარებული მეხილეობა. ახლაც თითქმის ყოველ დღე ემატება ხილი ბაღებს. ამავე დროს ისიც იცით, რომ ქართლის ხილს კონკურენციას უწევს ზაქათალის ოლქის ხილი, ე. წ. ლეკური ხილი. ეს ოლქი რომ ჩვენს სა ზღვრებს შიგნით იყოს, მაშინ ცხადია იქნებოდა ბუნებრივი შინაგანი კონკურენცია სხვა და სხვა პროვინციის ნაწარმოებთა შორის, მაგრამ დღეს ეს ოლქი ადერბეიჯანის ხელშია. თქვენ ისიც იცით, რომ ადერბეიჯანს სხვაც ბევრი აქვს, რომელიც ჩვენთვის საჭიროა სურსათის სახით, მაგრამ მას არ უშვებს, ხილს - კი. მთავრობა კი აწესებს ხილზე ისეთ ბაჟებს, როგორიც იყო ძველ რუსეთში, რომელიც არ იყო მეხილეობის ქვეყანა. ასეთი ბაჟები ხილზე ხელს შეუწყობს ზაქათალის ხილის შემოსვლას ჩვენში, ხოლო ქართლის ხილი კი ბაღებში დალპება. ვიმეორებ, ამ შემთხვევაში სავაჭრო პალატის თვალსაზრისი არ არის საკმარისი.
თუ ფინანსთა მინისტრმა არ იცოდა მისამართი იმ ორგანიზაციების, რომელთაც შეჰქმნეს სასოფლო მეურნეობა-მევენახეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა და სხ. მას შეეძლო მის კოლეგა მიწით-მოქმედების მინისტრს დაჰკითხოდა. მე მგონია, მიწათ-მოქმედების სამინისტრო მოახერხებდა ამ საკითხზე ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში იქნებოდა ბიუროკრატიული შეხედულება და არა საზოგადოებრივი თვალსაზრისი. ცხადია, ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაში სამინისტრო უნდა ადგენდეს ასეთ პროექტს ბაჟებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს არის საქმე მიწათ-მოქმედეგის სამინისტროსი და მას შეუძლია ეს. და თუ არ შეუძლია, მაშინ მან უნდა მიმართოს იმათ, ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ვისაც შეუძლია პასუხი გასცეს ამაზე, თუმცა სხვა საკითხების გადაწყვეტის დროს, როგორიცაა ფაქტიურად მონოპოლიის გატარება, იციან ამ ორგანიზაციების მისამართი.
მეორე საკითხი არის ფუფუნების საგნების შემოზიდვის საკითხი. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჯერ ვერ ავკრძალავთ ამ საგნების შემოზიდვას და აკრძალვის მაგიერ დავაკანონეთ ამკრძალველი ბაჟების შემოღება ე. ი. გადიდება. ჯერ ერთი, რომ ეს შეხედულება ეწინააღმდეგება განცხადებას მთავრობისას - კერძოდ მომარაგების სამინისტროსას, რომელმაც კრებაზე განაცხადა, რომ მომარაგების სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, მთავრობის ერთ-ერთ ზომად იქნება ფუფუნების საგნების შემოტანის სრული აკრძალვაო. შემდეგ, შეიძლება მომარაგების სამინისტროს არ სცალია და დაავიწყდა თავისი ნათქვამი, მაგრამ სხვა ორგანიზაციებს შეუძლია მოაგონონ მას ეს საკითხი.
თუ ევროპას ვადევნებთ თვალ-ყურს, ამ დღეებშიც იყო ცნობა, თუ როგორ აბრკოლებს გერმანიის კულტურის საქმეს ის გარემოება, რომ კაპიტალი უფრო ეტანება ფუფუნების საგნების შემოზიდვას, ვიდრე საჭირო საგნების შემოტანას, რადგან ფუფუნების საგნების გასაღება უფრო მეტ მოგებას იძლევა. ეს გერმანიის მაგალითი. შემდეგ შედარებით ნაკლებად დემოკრატიული და მით უფრო ნაკლებად სოციალისტური ადერბეიჯანი. ადერბეიჯანის ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ მოხსენება წარუდგინა მინისტრთა საბჭოს, რომ აიკრძალოს ფუფუნების საგნების შემოზიდვა და ამით აიძულონ ვაჭრები, რომ მათ საჭირო საგნები შემოზიდონ. ეს ადერბეიჯანის აზრი. რაიცა შეეხება ქართველებს, აქ იყო უკანასკნელ დროს ერობათა თათბირი, რომელმაც დაადგინა, როგორც ერთად-ერთი ზომა, რომ აკრძალულ იქმნეს ფუფუნების საგნების შემოზიდვა, რომელიც მძიმე ლოდად აწევს ჩვენს სავაჭრო ბალანსს.
აი, ბატონებო, გერმანიის მაგალითი, ადერბეიჯანის, ასეთია აზრი ერობათა კავშირის და მათი დადგენილება. აგრეთვე დაპირება მომარაგების მინისტრის ერაძის. ყველა ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც დეკრეტში არის მოხსენებული. ფინანსთა სამინისტრო თითქოს დიპლომატიური მოსაზრებით იმართლებს თავს, თითქოს საერთაშორისო მდგომარეობაში ჩვენს განმტკიცებას შეუშლის ხელს, რომ საქართველომ არ შემოიტანოს ფუფუნების საგნებიო. მე არ ვიცი, რატომ უფრო სხვა დიდ საკითხებში არ არის მოკრძალება ევროპის წრეების წინაშე. ადერბეიჯანის სამინისტრომ, რომელიც უფრო მონათესავეა ევროპის წრეების, ვიდრე ჩვენი სამინისტრო, - მე მგონია, უფრო იცის, თუ რა შეუშლის ხელს ევროპის სახელმწიფოთა თვალში ჩვენი პრესტიჟის განმტკიცებას. მე მგონია, სავაჭრო დამოკიდებულების დროს არავითარ წრეებს არ შეუძლია უკმაყოფილება გამოსთქვან ფუფუნების საგნების შემოზიდვის აკრძალვის შესახებ. ეს შეუძლია მხოლოდ სპეკულიანტებს, რომელთა მოსპობით თქვეს ამართლებთ თქვენს მოქმედებას და თუ თქვენ გნებავთ სპეკულიაციის მოსპობა, პირველი ზომა არის ფუფუნების საგნების შემოზიდვის აკრძალვა. მაგრამ თქვენ ეს გავიწყდებათ, ხათრით ეკიდებით და საწინააღმდეგო ნაბიჯებს კი სდგამთ.
ვიმეორებ, რომ არც საფრანგეთის, არც იტალიის და არც-ერთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ წრეებს არ შეუძლიათ უკმაყოფილება გამოსთქვან, თუ საქართველოს რესპუბლიკაში ფუფუნების საგნების შემოტანა იქნება აკრძალული. უკმაყოფილონი დარჩებიან მხოლოდ ის ავანტიურისტულ ფირმების წარმომადგენელნი, რომელნიც ხშირად მოადგებიან ხოლმე ჩვენი რესპუბლიკის ნაპირებს, ხოლო ასეთ ავანტიურისტულ ფირმებს არავითარი დამოკიდებულება არა აქვთ ევროპიულ სახელმწიფოებრივ ვაჭრობასთან, მათ მხოლოდ თავისი კაპიტალის მოგება აინტერესებთ, ან კიდევ მათი აგენტები, რომელთაც შემოაქვთ ჩვენში სიგარები, კოსმეტიური საქონელი, ტყავეულობა და სხვა ამისთანეები, რომ ამ საქონელში ჩაყრილ ფულზე დიდი მოგება ნახონ. ამ წრეებმა შეიძლება მართლაც გამოსთქვან უკმაყოფილება, რომ საქართველოში ფუფუნების საგნების შეტანა აიკრძალოს. საყურადღებოა ბ-ნებო ერობათა თათბირის დადგენილება და ის ქალაქთა თათბირი, სადაც დადასტურებული იყო ეს საკითხი, რომ არ არის საკმარისი ფუფუნების საგნების დაბაჟვა, არამედ საჭიროა პირდაპირი აკრძალვა მათი შემოტანისა, იმიტომ, რომ რაც მეტ ბაჟს დაადებთ ამ საგნებს, მით უფრო ხელსაყრელია სპეკულიანტებისათვის, რადგან გაძვირების მიზეზით ისინი ორზომა ფასს დაადებენ და კიდეც მეტ მოგებას ნახავენ. ყველა ამ მოსაზრებით მე მგონია, ფინანსთა სამინისტრო კარგს იზამდა, თუ უკან დაიბრუნებდა ამ კანონ-პროექტს და მიწად-მოქმედების სამინისტროსთან ერთად გადაიმუშავებდა მას. და თუ ეს არ იქნება საერთოდ მისაღები მთავრობისა და დამფუძნებელ კრებისათვის, მაშინ ყოველ შემთხვევაში ის პარაგრაფები, რომლებიც შეეხებიან მეღვინეობას, მეხილეობას და ფუფუნების საგნებს, უნდა იქნეს შესწორებული იმ ნაირად, რომ პირდაპირ აკრძალულ იქნეს მათი შემოტანა.
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის ფინანსთა მინისტრს ბ-ონ კანდელაკს.
კ. კანდელაკი. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. ამ დეკრეტს, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამი საფუძველი აქვს დადებული. უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა უწყებას აზრათ აქვს, რომ ის გადასახადები, რომლებიც ახლა არსებობენ და სრულიად არ შეესაბამებიან დღევანდელ საქონლის ფასებს, შეცვლილი იქმნას და ცოტათი თუ ბევრად შეუფარდდეს დღევანდელ მდგომარეობას. ამას გარდა, უწყებას მხედველობაში ჰქონდა ის გარდამავალი ხანა, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამის მიხედვით სანოვაგე და სასურსათო საგნები, რომელნიც ძველ რუსეთის კანონით იბეგრებოდენ, ახლა აუცილებლად განთავისუფლებულ უნდა ყოფილიყვნენ ბაჟისაგან. ეს შეეხება არა მარტო ხორბლეულობას, არამედ იმ პირველ მოთხოვნილების საგნებს საზოგადოთ, რომლებიც რაც შეიძლება იაფ ფასებში უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, მაგალითად ესეთი საგნები, როგორც არის ფქვილი, მედიკამენტები და სხვ. ამ ფაქტიურ მდგომარეობის მიხედვითვე საჭიროდ მიგვაჩნია ზოგიერთი ტეხნიკური საშუალებანი, რომელთა შემოტანა შეიძლება შეფერხებულიყო იმ ბაჟების მიხედვით, რომელიც რუსეთში არსებობდა, ჩვენ საჭიროდ ვცანით გაგვენთავისუფლებია შემოსატან ბაჟებისაგან.
მეორე რიგი ბაჟებისა, ასე ვსთქვათ, საშუალოთ სახმარ საგნებზე, ავსწიეთ საშუალოთ, იმის მიხედვით, თუ რომელი საგნები რამდენ ბაჟს იტანდენ ნორმალურ პირობებში. აქვე შევიტანეთ ისეთი საქონელი, რომელიც ცოტად თუ ბევრად არ წარმოადგენს საშუალო მოქალაქის აუცილებელ მოთხოვნილებას და იმაზედ ბაჟი 20-30-ჯერ გავადიდეთ. უკანასკნელ რიგში კი დავაყენეთ ფუფუნების საგნები, რომელნიც მეტის-მეტად დავბაჟეთ.
არ ვიცი რა მოსაზრებით, ბატონმა ვეშაპელმა აქ ბევრი ილაპარაკა სავაჭრო პალატასთან შეთანხმებაზე, თითქოს კანონ-პროექტი პალატის ზედგავლენით იყოს შემუშავებული. იგი სცდება, თუ ფიქრობს, რომ ეს ტარიფიკაცია, რომელიც შეიცავს რამდენიმე ათასს სახელწოდებას, შეიძლება გატარდეს ისე, რომ კაბინეტში შემუშავდეს, დიდი მოსაზრებებისა და აწონ-დაწონვის გარეშე; თუ გნებავთ არ შეიქმნეს ისეთი უკუღმართი მდგომარეობა, რომ საქონელი, რომელიც განსხვავდება თავის სპეციფიკული ხასიათით სხვა მის გვარ საქონლისგან და უფრო მეტს მოთხოვნილების საგანს წარმოადგენს და ნაკლებ ბაჟს აიტანს, უფრო ძლიერ არ დაბეგროთ, ვინემ მისი მსგავსი, მაგრამ ნაკლებად სახმარი საქონელი. ნუ თუ თქვენ ამ შემთხვევაში არ მიმართავთ ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც პრაქტიკულად იცნობენ ამ საქმეს? ეს ხომ ყოვლად შეუძლებელი იქნება. და სწორედ ეს პრაქტიკული მხარე ამ საქმისა მივანდეთ იმ დაწესებულებას, რომლის შემადგენლობა მუდმივ ამ საქმეში იყო და არის ჩაბმული.
მაგრამ შემდეგ თვით ეს ნორმები გატარებული იყო მინისტრის საბჭოშიც, სადაც არიან წარმომადგენლები სხვა და სხვა ჯგუფთა და მცოდნე პირებისა და მხოლოდ ამის შემდეგ იგი წარუდგა საკანონმდებლო დაწესებულებას. რასაკვირველია, აქ შეტანილი იყო ბევრი ისეთი ცვლილებები, რომელიც ჯერ უწყებამ და მერე მთავრობამ სცნო შესატანად. მეორე შენიშვნა, რომელიც ვეშაპელმა გააკეთა ის არის, რომ ჩვენ მცირედ დაგვიბეგრავს ხილეულობა და ღვინო. აქ თითქმის აღკრძალვითი ბაჟები იყო საჭიროვო და ამას გეტყოდენ სოფლის მეურნენი, რომ იმათთვის ისე გეკითხათ, როგორც სავაჭრო პალატას დაეკითხეთო. ჯერ უნდა მოგახსენოთ, რომ საბჭოში არიან შეიძლება ბ-ნ ვეშაპელზედ არა ნაკლები მცოდნენი სოფლის მეურნეობისა. მერე ნუ თუ მართლა რაციონალურად მიაჩნია ბ-ნ ვეშაპელს აიღკრძალოს ხილის შემოტანა ჩვენში. მართალია, ჩვენი ქვეყანა მეხილეობის ქვეყანა არის, მაგრამ ხილი ჩვენში მაინც ისე ძვირია, რომ საშუალო ქონების პატრონისთვის იგი ჩვენში, მეურნეობის ქვეყანაში, ფუფუნების საგნად ითვლება. არავის შეუძლია ხილი ყოველ დღე სუფრაზე იქონიოს, მაშინ როცა იგი მეტად მარგებელია და აუცილებელ კუთვნილებას შეადგენს უბრალო მუშის სუფრისას იმ ქვეყნებშიაც კი, სადაც ხილი სრულებით არ მოდის. დეე, შემოვიდეს იაფ-ფასიანი ხილი ყველასთვის ხელმისაწდომათ და ჩვენი ძვირფასი ხილეულობა კი უცხოეთში გავიტანოთ.
ესევე ითქმის ღვინის შესახებაც. ღვინოს კაი მოზრდილი ბაჟი დავადეთ - 40 მან., მაგრამ არ აღგვიკრძალავს, რადგან ვფიქრობთ, რომ შემოსული ღვინო მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას ჩვენებურ ღვინოს. ჩვენში ხალხი ღვინოს მიჩვეულია, იგი ღვინოს ხმარობს. ამიტომ კარგი იქმნება, თუ ჩვენი მომხმარებელი დასჯერდება შემოტანილს იაფ-ფასიან და მდარე ღვინოს, ხოლო ძვირფასს თავის ღვინოს უცხოეთის ბაზარზე გაიტანს. ასეთ პოლიტიკას ადგას, მაგალ. სოფლის მეურნეობის კლასიკური ქვეყანა დანია, რომლის სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობათ საუცხოვო საკუთარი ნაწარმოები ერბო ინგლისის ბაზარზე გააქვთ სავსებით, დანია კი შინ შემოტანილს უფრო იაფ ციმბირის ერბოს და მარგარინსაც კი სჯერდება.
ფუფუნების საგნების შემოტანა სულ უნდა აღეკრძალათო. ამის წინააღმდეგი არა ვართ, და განა ბაჟი 10-15 მან. მაგიერ 10-15 ათასი მანეთი აღკრძალვას არ უდრის? აღკრძალვა ორი გზით შეიძლება: პირდაპირ - რაც დღე-დღეობით არ ვცანით მიზან-შეწონილად, და არაპირდაპირ - აღკრძალვითი ბაჟების საშუალებით. ჩვენ უკანასკნელი გზა ვარჩიეთ, როგორც ფორმა აღკრძალვისა, და ამით თითქოს იმ სახელმწიფოებსაც კი, რომელთაც მხოლოდ ფუფუნების საგნების შემოტანა შეუძლიანთ, იმათ ვეუბნებით: ჩვენ არა ვართ თქვენი ვაჭრობის წინააღმდეგი ჩვენთან, თუ ბაზრის მოთხოვნილება იქნება-თქო. და მე არ ვფიქრობ, ასეთმა ბაჟებმა შეჰქმნან ბაზარზე ასეთ ძვირი საქონლის მოთხოვნილება; ან სად იქმნება ისეთი ვაჭარი, რომელმაც ასეთ საეჭვო საგანზე, რომელსაც ასეთი უზომო ბაჟი აწევს, ფული დააბანდოს. ეს ბაჟები იმავე აღკრძალვის პრინციპს ემსახურება. ხოლო პირდაპირ აღკრძალვას კი შეიძლება კონტრაბანდის გავრცელებისთვის შეეწყო ხელი.
დასასრულ საყვედური იყო იმის შესახებ, რომ დავტოვეთ ძველი კლასიფიკაცია და არც კი წარმოუდგინეთ დამფუძნებელ კრებას ეს კანონპროექტი იმ სახით, როგორითაც მიღებულია პროექტის წარმოდგენა. ეს სრული სიმართლე გახლავთ. საჭირო იყო წარმოდგენა განახლებულ კლასიფიკაციისა და ვრცელი პროექტისა ისე, რომ დაგენახათ, სახელდობრ რა საქონელი, რამდენად იყო დაბაჟული, საჭირო იყო ქართული აღნუსხვა და სხვ. სამწუხაროდ კანონპროექტის ასე დამუშავება მოითხოვდა ძლიერ დიდს მუშაობას და ისედაც დიდხანს გაჩერებული კომისიაში იგი სულ დიდხანს ვერ მოაღწევდა დამფუძნებელ კრებამდის. ჩვენ კი ძლიერ გვჭირია შემოსავლის გადიდება. კლასიფიკაციის შეცვლაც სასურველია, მაგრამ არამც თუ ჩვენ ახალგაზრდა ტეხნიკით, არამედ დიდ, ძლიერ და გამოცდილ ტეხნიკურ აპარატის პატრონ ქვეყნებშიაც უძნელდებათ ამის მალე განხორციელება. მაგალითად, თვით დიდი და ძველი რუსეთიც სამ წელიწადს ამუშავებდა საბაჟო ტარიფებს და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დღიდან მისი დამუშავების დაწყებისა შესძლო მისი ძალაში მოყვანა, იმდენად რთული საკითხია სატარიფო საკითხი. ჩვენ ვერ შევსძელით ორი-სამი თვის განმავლობაში ეს საკითხი, რომელიც შეეხება ძირითად საფუძველს მთელი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკისას, ასე ადვილად შეგვემუშავებია.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, თვით ტეხნიკური მხარე ამ საქმისა: დაბეჭვდა, გადათარგმნა, შესწორება, ტერმინების მოძებნა დიდ დროს მოითხოვს და, რასაკვირველია, ისე მალე არ მოხერხდებოდა, როგორც საჭირო იყო. ახლა ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა დაჩქარებით გატარებულიყო ცხოვრებაში ეს კანონ-პროექტი, რომ მალე მოგვემატოს შემოსავალი; ხოლო ძირითად საკითხების შესახებ, როგორიცაა კლასიფიკაცია, გადმოთარგმნა და სხვ., ჩვენი უწყება მუშაობას განაგრძობს ამ მხრივაც.
(თავმჯდომარის ალაგს იკავებს ბ-ნი ექვ. თაყაიშვილი).
თავმჯდომარე. რიგს გარეშე განცხადება აქვს მთავრობას. სიტყვა ბ-ნ გეგეჭკორს ეკუთვნის.
ევგენი გეგეჭკორი. (გარეშე საქმეთა მინისტრი). მთავრობის დავალებით ნებას ვაძლევ ჩემს თავს გავაცნო დამფუძნებელი კრება იმ უბედურებას, რომელიც ეწვია გორს და გორის რაიონს მიწის ძვრისგან. გორში და მის რაიონში დიდი მიწის ძვრა მოხდა, რომელმაც გასტანა 1/2 საათს, ხოლო მიწა დილის 7 საათამდე ქანობდა. მიწის ძვრისგან ძლიერ დაზიანდა და დასკდა რკინის გზის შენობები, რის გამო რკინის გზის მოსამსახურენი და მათი ოჯახები იძულებული იყვნენ გარედ გამოსულიყვნენ. გორის ახლო ჩამოწვა მიწა რკინის გზის ლიანდაგზე და ამიტომ მატარებლის მიმოსვლა დროებით შესწყდა. მოსამსახურეთათვის დაუყონებლივ იქმნა გაგზავნილი ვაგონები, რათა დროებით შიგ მოთავსებულიყვნენ. 7 საათზე გავიდა მატარებელი მუშებით გზის გასაწმენდად და ახლა მიმოსვლა აღდგენილია.
გორის ქალაქის თავის ცნობით ბევრი სახლები დაინგრა, არის ადამიანის მსხვერპლიც. მცხოვრებლები 8 საათამდე გარედ იყვნენ.
სოფ. ხიდის-თავი ძლიერ დაზარალდა. მარტო ხიდისთავში რამოდენიმე ათეული ადამიანის მსხვერპლია. დაზარალდა აგრეთვე სხვა სოფლებიც. დილით ადრე თბილისიდან გავიდა კატასტროფის დასათვალიერებლად შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი ჭიჭინაძე, რათა გაეცნოს ადგილობრივ ამ უბედურებას. აგრეთვე მთავრობა მიიღებს ყოველ-გვარ ზომებს, რომ დაუყონებლივ დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულთ. აი, ასეთი ცნობები გვაქვს ჯერ-ჯერობით. შემდეგ თუ რაიმე ცნობები გვექნება, რასაკვირველია, პრესის საშუალებით გაიგეთ.
თავმჯდომარე. ცნობების შესახებ ბ. გიორგაძეს ეკუთვნის სიტყვა.
გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) ამ სამწუხარო სტიქიურ მოვლენის შესახებ მთავრობა არ დააყოვნებს, რომ მიიღოს შესაფერი ზომები და აღმოუჩინოს დახმარება მიწის ძვრისაგან დაზარალებულთ. მაგრამ ჩვენი აზრით საჭიროა, რომ დამფუძნებელმა კრებამ პრეზიდიუმის სახელით გაგზავნოს დეპუტატებისაგან შემდგარი კომისია, რომელიც ადგილობრივ გაეცნობა ამ ამბებს, შეჰკრებს ცნობებს და, თუ საჩქარო ზომები იქნება მისაღები, შეატყობინებს მთავრობას, და ამ შეკრებილი ცნობების შესახებ, როცა კომისია დაბრუნდება, მოხსენებას გაუკეთებს დამფუძნებელ კრებას; და თუ საჭირო იქნება ამა თუ იმ პრაქტიკულ ნაბიჯების გადადგმა და დახმარება, დამფუძნებელი კრებაც ამ პრაკტიკულ ზომებს მიიღებს.
ასეთ წინადადებას ვიძლევით ჩვენ.
თავმჯდომარე. სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სოც.-დემ. წინადადება ასეთია, რომ „პრეზიდიუმის მიერ გაგზავნილი იქნენ კატასტროფის ადგილას დამფუძნებელი კრების წევრები მდგომარეობის შესატყობათ.
როგორ ინებებთ, რამდენი კაცი იქნეს არჩეული? თუ პრეზიდიუმს მიანდობთ ამ საქმეს? (ხმები: პრეზიდიუმს მიენდოს). მაშ კარგი, ეს საქმე მინდობილი აქვს პრეზიდიუმს. ახლა ნება მიბოძეთ პირველ საკითხს დაუბრუნდეთ. სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.
კირილე ნინიძე. (ს.-დ.) მე ვფიქრობ, რომ ბ. ვეშაპელის მოხსენება, თუ პრაქტიკულად შევხედავთ საქმეს, არ არის საფუძვლიანი, იმიტომ რომ, მართალია, შეიძლება იყოს ამ ტარიფში დეფექტები, მაგრამ ამის შემუშავებას არამც თუ თვეები, წლებიც უნდა. რუსეთში, სადაც უფრო მოწესრიგებული იყო ეს საკითხი, რადგან სახელმწიფოს ბევრი დრო ჰქონდა, ეს ტარიფი გამომუშავდა 1903 წ., ხოლო ძალაში შევიდა 1906 წ., ცხადია, ჩვენს სურვილებს გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ გარეშე პირობებს და მაგალითებს. ვთქვათ, რომ მივიღეთ ბ. ვეშაპელის რჩევა - ავკრძალეთ ღვინის შემოტანა; ეს გამოიწვევს მეზობელთა სახელმწიფოთა მხრივ საწინააღმდეგო ზომებსა და დაიწყება ე.წ. სატარიფო ბრძოლა. ამიტომ ასეთი ზომების დაწესება და გატარება ახლა ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია, ამიტომ დაეთანხმა საბიუჯეტო კომისია, რომელმაც მიიღო ეს პროექტი იმ სახით, რომლითაც დღეს არის აქ წარმოდგენილი.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინაა, გთხოვთ.
ნინიძე: (კითხულობს).
თავმჯდომარე: ბ. ვეშაპელის ასეთი შესწორებაა: „მუხლი 6 შეიცვალოს ასე: დაწესდეს ნიხრი ორჯერ მეტი არსებულისა“.
თქვენი აზრი? (მომხსენებელი: წინააღმდეგი ვარ) ვინ არის მომხრე? შესწორება უარყოფილია. (დეკრეტი მიღებული იქმნა უცვლელად). შემდეგი საკითხის შესახებ ბ. თევზაიას ეკუთვნის სიტყვა.
სახელმწიფო ბანკის გამგის და გამგეობის წევრთა არჩევნები.
ბ. თევზაია. (ს.-დ) ბატონებო! საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა კითხვა, თუ რამდენი ჯამაგირი დაენიშნოს ბანკის გამგეს, მის ამხანაგს და გამგეობის წევრებს ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენი ჯამაგირი დაენიშნოს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს, რომელნიც დამფუძნებელი კრების მიერ იქნებიან არჩეული. კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას დაუნიშნოს ბანკის გამგეს თვიურად 18.000 მან., მის ამხანაგს - 16.000., ხოლო გამგეობის წევრებს - 15000; რაიც შეეხება ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, დაენიშნოს (არ ისმის), ხოლო საბჭოს წევრებს თითოს 300 მანეთი თვითვეულ სხდომისთვის, რომელსაც იგი დაესწრება. ასეთია ბატონებო, კომისიის წინადადება.
თავმჯდომარე: ვის სურს სიტყვა საზოგადო მსჯელობისთვის? სიტყვის მსურველი არავინ არის. გსურთ თუ არა მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. (მომხსენებელს) გთხოვთ, მუხლობრივ წაიკითხოთ.
თევზაია. (მუხლობრივ კითხულობს დეკრეტს).
თავმჯდომარე. უკვე ორი საათია, როგორ ინებებთ, შეკითხვაზე გადავიდეთ, თუ შემდეგ საკითხს შეუდგეთ? ბ-ნი გიორგაძე.
გრ. გიორგაძე. მე მგონია, ჩვენ უნდა მოვათავოდ საკითხი, რომელიც არის დასმული დღიურ წესრიგში, ე.ი. ბანკის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი. არჩევნებიც მოვახდინოთ და შემდეგ გადავიდეთ შეკითხვებზე. ეს ბევრ დროს არ წაგვართმევდა, ფრიად საჭირო საქმე კი არის.
თავმჯდომარე. არჩევნებზე სიტყვა ინებეთ, ბატონო თევზაია.
ბიქტორ თევზაია. დამფუძნებელმა კრებამ აირჩია სარეკომენდაციო კომისია, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან ერთად შეიმუშავებდა იმ კანდიდატთა სიას, რომელნიც უნდა იქმნენ არჩეულნი ბანკის საბჭოს წევრებად და ამასთანავე დაასახელებდა ბანკის გამგესაც. ამაზე იყო შეერთებული კრება ამ ორ კომისიისა; საქმის ყოველ მხრივ შესწავლის შემდეგ კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას და ასახელებს თავის მხრივ კანდიდატთ ბანკის გამგის თანამდებობაზე იასონ ლორთქიფანიძეს. რასაკვირველია, ღებულობს მხედველობაში მის შრომის უნარს, პრაქტიკულ ცოდნას და საქმიანობას. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, კომისია ამყარებს თავის არჩევნების საფუძველს შემდეგს პრინციპზე: მან სასურველად დაინახა არჩეულ იქმნენ საბჭოს წევრებად სხვა და სხვა დარგის წარმომადგენლები, რომელთაც ასე თუ ისე კავშირი ექმნებათ ბანკთან. პირველია ამ მხრივ ვაჭარ-მრეწველთა წრეები, კომისიამ დაასახელა რამდენიმე პირი, რომელსაც შესწევს უნარი და ცოდნა და თან ერთგვარი მორალური წარმომადგენლები არიან ამ წრეებისა. აგრეთვე უნდა ყოფილიყვენ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენელნი, რომელთაც ეკონომიურად და პოლიტიკურადაც დიდი გავლენა აქვთ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ასეთი არის ქალაქთა კავშირი და საერთოდ ქალაქები, ერობათა კავშირი და საერთოდ, ერობები. კომისიამ დაასახელა წარმომადგენლები ამ ორ საზოგადოებრივ ორგანიზაციების წრეებიდგანაც. აგრეთვე არის ერთი ორგანიზაცია, უკვე საკმაოდ ფეხმოდგმული და ცნობილი ჩვენი ხალხის მიერ, - ეს არის ჩვენი კოოპერაცია და კომისიამ მიიღო შესაფერი ზომები, რათა კოოპერატივთა ორგანიზაციაში გამონახოს შესაფერი პირები. და ბოლოს, კომისიის აზრით, უსათუოდ, დღეს დამფუძნებელ კრებას, მომავალში კი - პარლამენტს, ერთი წარმომადგენელი უნდა ყავდეს ამ საბჭოში. ამ უმაღლეს დაწესებულებათა ერთი წევრი მაინც უნდა იყოს შიგ, რომელიც ასე თუ ისე საერთო აზრს განმარტავს სახალხო წარმომადგენლებისას და საერთო ინტერესს დაიცავს. ამისათვის კომისიას ამორჩეული ყავს ერთი წევრი დამფუძნებელ კრებისა, როგორც საბჭოს წევრი. მართალია, იყო ერთი უხერხულობა, ის, რომ დამფუძნებელ კრების წევრი იმავე დროს არ უნდა იყოს წევრი სხვა რომელიმე სახელმწიფოებრივ დაწესებულებისა, რომელსაც სახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს და სახელმწიფო ბანკს ხომ, ასე თუ ისე, ასეთი ხასიათი აქვს; შეიძლება დამფუძნებელმა კრებამ გამონახოს გამონაკლისი და საჭიროდ დაინახოს, რომ დამფუძნებელ კრების წევრს და პარლამენტის წევრს უფლება ექმნება დარჩეს დამფუძნებელ კრების წევრად და იმავე დროს იყოს ბანკის საბჭოს წევრადაც.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბანკის გამგეთ დასახელებულია ბ-ნი იასონ ლორთქიფანიძე. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, დამფუძნებელი კრება ირჩევს ცხრა კაცს, ორს კი ფინანსთა მინისტრი თავის უფლების ძალით ასახელებს. მაშასადამე, სულ ირჩევა 11 კაცი. უკვე დასახელებულია ცხრა მათგანი: 1. ვასილ ბერელაშვილი (ლასხიშვილი: კომისიამ: ადამ ბერელაშვილი დაასახელა!) მე, როგორც კომისიის მომხსენებელი, მოხსენებას ვაკეთებ იმ საბუთების მიხედვით, რომელნიც ხელთა მაქვს და რომელიც მე გადმომცა კომისიის თავმჯდომარემ. 2. გიორგი ჟურული, 3. ნიკოლოზ ჯაყელი, 4. ადამ ფორაქაშვილი (ხმა: არა, მეორე ფორაქაშვილია დასახელებული), 5. კონსტანტინე მესხი, 6. პარმენ ჭიჭინაძე, 7. ნიკო ელიავა, 8. სიმონ მდივანი, 9. ივანე ცაგარელი. ამასთანავე კომისიის წინადადება არის, საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქმნას ნიკო ელიავა, ხოლო მის ამხანაგად სიმონ მდივანი, რასაკვირველია, თუ დამფუძნებელი კრება ამაზე თავის დასტურს დართავს.
თავმჯდომარე. ჩვენ ხელთ არის ოფიციალური ქაღალდი, სადაც სახელები არ არის ჩამოვთვლილი, არის მხოლოდ პირველი ასოები სახელებისა და აი ისინი: გ. ჟურული, ნ. ელიავა, ნ. ჯაყელი, ა. ფორაქაშვილი, კ. მესხი, პ. ჭიჭინაძე. ამას გარდა, აქ წინასწარი საკითხი დაისვა, რასაც, რასაკვირველია, ყურადღებას მიაქცევდით. მოგეხსენებათ, ჩვენ კანონი გვაქვს შეუთავსებლობის შესახებ, სადაც კატეგორიულად ნათქვამია, რომ დამფუძნებელ კრების წევრს არ შეუძლიან იმსახუროს სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. ამაში გამონაკლისს შეადგენენ: მინისტრები და მათი ამხანაგები, სახელმწიფო კონტროლიორი და მისი ამხანაგი, პროფესორები და დოცენტები. თუ ამ კანონს მოიგონებთ და აგრეთვე მიიღებთ მხედველობაში იმ უდავო გარემოებას, რომ სახელმწიფო ბანკი და მისი საბჭო სახელმწიფო დაწესებულებანი არიან და მოიგონებთ მოხსენების იმ ადგილს, სადაც სხვათა შორის, კანდიდატათ დასახელებულია დამფუძნებელ კრების წევრიც, პრეზიდიუმს ჰგონია, რომ უნდა გამოითქვას აზრი ამის შესახებ, დასაშვებად მიგაჩნიათ თუ არა, დამფუძნებელ კრების წევრი, როგორც გამონაკლისი ამ შამთხვევაში, არჩეულ იქმნეს ამ თანამდებობაზე? მე უნდა მოგახსენოთ, რომ მოხსენებაში არის სათანადო ადგილი და გთხოვთ ამის შესახებ აზრი გამოთქვათ.
გ. გვაზავა. (ნ.-დ.) ბატონებო! აქ იგივე პრინციპია, რომელიც ჩვენ მივიღეთ. მართლაც პარლამენტის წევრობა შეუთავსებელია ისეთ თანამდებობასთან, როგორიც არის ბანკში სამსახური. ეს ზოგადი პრინციპია, ეს ჩვენ მივიღეთ და თუ დაუკვირდებით საკითხს, ნათლად დავინახავთ, რომ ეს მართლაც შეუთავსებელია. დამფუძნებელი კრება, ან პარლამენტი როგორც ასეთი, არის უმაღლესი საკანონმდებლო დაწესებულება, რომლის ერთი უმთავრესი უფლებათაგანი არის კონტროლი აღმასრულებელი ძალისა. ჩვენა ვართ უმთავრესი მეთვალყურე, რომ ყოველივე კანონიერად გატარდეს სახელმწიფოში. თუ ჩვენი წევრი იქნება ბანკის სამსახურში, იმას არ შეეძლება წესიერად აასრულოს თავის მოვალეობა ე.ი. არ შეიძლება თითონვე, თავის თავს გაუწიონ კონტროლი და მეთვალყურეობა. თუ, ვთქვათ, მოხელე ახდენს რაიმე ბოროტმოქმედებას, შეუძლებელია ის იმავ დროს იყოს დამფუძნებელი და მსაჯულიც თავის თავისა. სწორეთ ამ მხრივ, შეუთანხმებელია ეს ორი თანამდებობა. ჩვენ წინათ პროფესორთა და მინისტრთა შესახებ გამონაკლისი დაუშვით. მაგრამ ამ გამონაკლისის გაფართოება კი შეუძლებელია და ყოვლად მიუღებელი. მაშინ ისეთი აზრი ტრიალებდა, რომ არა თუ ორი სახელმწიფო სამსახურის მიღება შეუძლებელია, არამედ, ისიც როცა პარლამენტის წევრი სხვაგან მსახურებს და ჯამაგირს იღებს, მარტო ჯამაგირიც კი ქმნის ერთგვარ ინტერესს, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას. ამ პირობაში, რასაკვირველია, დამფუძნებელ კრების წევრი არ იქნება სრულიად ზნეობრივად თავისუფალი, არ შეეძლება სწორეთ, და სინდისიერათ აწარმოოს მუშაობა, და დაიჭიროს ის გეზი, რომელიც საჭირო არის ჩვენთვის, როგორც ხალხის წარმომადგენლობისთვის. მე იმ აზრისა ვარ, რომ დამფუძნებელ კრების, ან პარლამენტის წევრი, შეუძლებელია იმავე დროს იყოს ბანკის, ან სხვა რაიმე სახელმწიფო დაწესებულების მოსამსახურე, იგი ან დამფუძნებელი კრების წევრი უნდა იყოს, ან აქედან გავიდეს თუ სურს სხვაგან სამსახური. ვისაც აქ მუშაობა უნდა - თავისუფალი იყოს ყოველგვარ ზედგავლენისაგან. ზედგავლენა კი იქნება ერთის მხრივ უფლებრივი, მეორეს მხრივ კი მატერიალური. ამ ორივე ზედგავლენიდან თავისუფალი უნდა იყოს პარლამენტის წევრი; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ შეუთავსებლობის პრინციპის გატარებით.
მე ვიზიარებ იმ პრინციპიალურ დებულებას, რომელიც ჩვენ მიღებული გვქონდა; ჩვენ უფლება არა გვაქვს შევსცვალოთ ადრე მიღებული კანონი, ვინაიდგან კანონის შეცვლა შეიძლება მხოლოდ კანონის ძალით.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ვეშაპელს ეკუთვნის.
გრ. ვეშაპელი. (ნაციონალისტი) მე არ მინდა პრინციპიალურად ამ საკითხს შევეხო, ხოლო რადგანაც თავმჯდომარემ წინასწარი საკითხი დააყენა, რომ დამფუძნებელმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, იყოს თუ არა ეს გამონაკლისიო, - მე მიმაჩნია საჭიროდ განვაცხადო, რომ რეგლამენტის ძალით, და საერთოდ, პარლამენტის ჩვეულების ძალით არ შეიძლება ამნაირად გამონაკლისის დაწესება. ეს ბ. გვაზამაც ახსენა, მაგრამ მან მთავარი ყურადღება პრინციპიალურ საკითხს მიაქცია. მე კი მინდა ფორმალურ მხარეს მივაქციო თქვენი ყურადღება, იმას, რომ დღემდის ეს წინადადება ჩვენ არ გვქონია ხელში. მართალია, ჩვენ პრესის საშუალებით ვიცოდით ვის ირჩევდნენ, ვიცოდით, რომ მათ რიცხვში დამფუძნებელ კრების წევრებიც იყვნენ, მაგრამ რაც შეეხება ამ წინასწარ საკითხს, ამის შესახებ არაფერი არ გვცოდნია. თუ საქმე არის წინად მიღებულ კანონზე და ძირითად კანონში გამონაკლისის გაკეთებაზე - მე მგონია, ამ შემთხვევაში უნდა ხელმძღვანელობდეთ რეგლამენტის ძალით, რომელიც ამბობს, რომ არც ერთი საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს, თუ ამის შესახებ საერთოდ წინადადება არ იყო შემოტანილი ჩვეულებრივი წესით, და ეს საკითხი კი იყო შემოტანილი დღევანდელ დღის წესრიგში, და თუ ამას იღებთ როგორც აუცილებელს, მაშინ, მე მგონია, მთელი ეს საკითხი უნდა გადიდვას და ის, კომისია, რომელმაც დაასახელა დამფუძნებელ კრების წევრი ბანკის საბჭოს წევრად, ამ საკითხში, მე მგონია, დაგეთანხმებათ და უნდა დააწესოთ ჩვეულებრივ კანონის წესით და არა ასე ნაჩქარევად. შეიძლება ჩვენ პირადად, დღეს ამ საკითხში არაფერი წავაგოთ, მაგრამ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რომ შეიძლება უარეს მდგომარეობაში ჩავარდეთ, შეიძლება ვინმემ მოინდომოს ამ პრეცედენტით ისარგებლოს, თითქოს კენჭის ყრის დროს შეიძლებოდეს რაიმე კანონის დაწესება.
თავმჯდომარე. ბ-ნ ვეშაპელის განცხადების შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: მან განაცხადა, რომ კანდიდატებში მოხსენებულია დამფუძნებელი კრების წევრი და მათი არჩევის საკითხი პრეზიდიუმს არ უნდა დაეშვათ. ეს რეგლამენტის დარღვევააო. მე რომ დამეყენებია ის საკითხი, თუ ვის ირჩევთ, მაშინ დანაშაულს ჩავიდენდი, რადგან ჩემ ხელთ არის კანონი გამონაკლისების შესახებ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დამფუძნებელ კრების წევრს შეუძლია იყოს მინისტრი, მისი ამხანაგი, პროფესორი, ელჩი, გვარდიის შტაბის წევრი და აგრეთვე ადგილობრივ თვითმმართველობის წევრი. მაშასადამე, ჩემი მოვალეობა იყო, რომ მე, როგორც თავმჯდომარეს, დამესვა საკითხი წინდაწინ შეუთავსებლობის შესახებ. მომხსენებელმა აქ თავისი აზრი მოგახსენათ. ვეშაპელი სცდება. მე დავსვი საკითხი და რა მიმართულებას მისცემთ მას ეს თქვენი საქმეა. ჩვენ აქ არაფერს ვწყვეტავთ. მე განვმარტე, თუ როგორ იყო დაყენებული საკითხი და აქედან თქვენ ხედავთ, რომ რეგლამენტი სრულებითაც არ ყოფილა დარღვეული და ეს განცხადება ვეშაპელისა არ შეეფერება სინამდვილეს. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ბ. ნუცუბიძე შალვას.
შალვა ნუცუბიძე. (ს.-ფ.) ბ-ბო, სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციას ჰგონია, რომ ის საკითხი, რომელიც ახლა არის დაყენებული დამფუძნებელი კრების წინაშე, არ შეიძლება გადაწყდეს იმ წესით, რა წესსაც აქ იძლევიან სოც.-დემოკრატები, რადგან იგი დარღვევა არის იმ კანონისა, რომელიც მიღებულია თვით დამფუძნებელი კრების მიერ. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია მხოლოდ იმ პირის არჩევა, რომელიც იქნება ბანკის გამგე. ეს ცალკე საკითხია, სრულებით განსაკუთრებული. რაც შეეხება მეორე კითხვას - ბანკის საბჭოს წევრებად დამფუძნებელი კრების წევრების არჩევისას, ჩვენ ახლაც ვიზიარებთ იმ აზრს, რომელიც აქ იყო დაყენებული, სახელდობრ - გადაიდვას ამ საკითხის განხილვა მანამდის, სანამ არ იქნება ძირითადი საკითხი განხილული: შეუძლია თუ არა დამფუძნებელი კრების წევრს იყვეს იმავ დროს ბანკის საბჭოს წევრიც. ამიტომ ამ მეორე საკითხის გადადებას ვითხოვთ ჩვენ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.
გრ. გიორგაძე (სოც.-დემ.) ჩვენ გვგონია, რომ რაკი ეს საკითხი დღეს აქ წამოყენებულია და მასზე კამათიც გაიმართა, დამფუძნებელ კრებას შეუძლია მის შესახებ ერთი დადგენილება გამოიტანოს. და ჩვენის აზრით დადგენილების გამოტანა შესაძლებელია. ეს მომხსენებელმაც მოგახსენათ, რომ მთელი აზრი ამ დადგენილებისა იქნება იმაში, რომ დამფუძნებელი კრების წევრს უფლება ექნება ბანკის საბჭოს წევრობისაც. მართალია, დამფუძნებელ კრების მიერ მიღებულ კანონში ნათქვამია, რომ დამფუძნებელ კრების წევრს შეუძლია იყოს მხოლოდ მინისტრად, მის ამხანაგად, ელჩად, პროფესორად და თვითმმართველობათა გამგეობის წევრად, მაგრამ თუ ჩვენ ამ დადგენილებას მივიღებთ ამ საკითხის შესახებ, მაშინ ჩვენ ჩვენ აზრს ვიტყვით, რომ შეიძლება ესა და ეს ადგილი დაიკავოს დამფუძნებელი კრების წევრმა. მიღებულ კანონში გამოტოვებულია ეს და ჩვენ ამ გამონაკლისით შევავსებთ მას. ეს ფორმალური დადგენილება იქნება და ეს ფორმალური გზაა. არის მეორე გზაც, ეს საკანონმდეობლო გზით, წესით, - კანონის მიღებისა და შეცვლისა. ეს მეორე გზაა - დამატებითი კანონის გამოტანისა. ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვგონია, რადგანაც ეს სასწრაფო საქმეა და მასთან, ამის შესახებ დადგენილებაც იქნება დამფუძნებელი კრებისა, შესაძლებელი იქნება ასეთი დადგენილების მიღება და ჩვენ ეს შეგვიძლია. ეს დადგენილება კი დასკვნა იქნება იმ მსჯელობისა, რომელიც ამის შესახებ გაიმართა აქ. ვიმეორებ, არის მეორე გზაც, კანონმდებლობითი წესი; მაგრამ ფორმალურად ჩვენ დადგენილების სახით ეს შეგვიძლია და ამიტომ ჩვენი ფრაქცია მომხრეა ამისი.
თავმჯდომარე. ბ-ნი მესხიშვილი.
შალვა მესხიშვილი (სოც.-ფედ.) როგორც გადასწყვტს დამფუძნებელი კრება იმ კითხვას, შეიძლება თუ არა დამფუძნებელი კრების წევრი იყოს ბანკის საბჭოს წევრიც, ეს დამფუძნებელი კრების საქმეა, მაგრამ თუ ჩვენვე არ დავიცავით ის კანონი, რომელიც ჩვენ მიერვე არის მიღებული, მაშინ შეუძლებელია მოვთხოვოთ მისი ასრულება და დაცვა სხვას. ყოვლად შეუძლებელია კონსტიტუციონალურ ქვეყანაში ასე უბრალოთ, შემთხვევით სწყდებოდეს ისეთი საკითხები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო გზით იქნეს გატარებული. შეიძლება მე ამ შემთხვევაში არავითარ საშიშროებას არ ვხედავდე იმაში, რომ ეს დადგენილება დღეს მიიღოს დამფუძნებელმა კრებამ მისი წევრის საბჭოს წევრად ყოფნის შესახებ, მაგრამ მე მაშინებს სწორედ ის გარემოება, რომ ამ გვარი წესით, ასეთი სახის დადგენილების მიღებით შევქმნით ისეთ პრეცედენტს, რომლის გამეორებაც სხვა შემთხვევაში პირდაპირ საოცარ მდგომარეობაში ჩააგდებს დამფუძნებელ კრებას. ამიტომ კონტრაბანდათ ასეთი დადგენილების გატარება ყოვლად წარმოუდგენელია.
ბ. გიორგაძემ ბრძანა, რომ იმ კანონში არის რაღაც გამოტოვებულიო. მე არ ვიცი იქ რა არის გამოტოვებული, პირიქით იქ ყველაფერია ნათქვამი და თუ ამ მხრით მიუდგებით ამ საკითხს, უნდა ვსთქვათ, რომ ასეთი დადგენილების გამოტანა ყოვლათ შეუძლებელია ამ გვარი წესით. ამიტომ ჩემი წინადადება კონკრეტიულათ გახლავთ შემდეგში: ასეთი სახის დადგენილება უნდა ხდებოდეს ყოველთვის კანონიერი გზით, კანონმდებლობის წესით. თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ, ან ცვლილება შეიტანოთ კანონში, - ეს უნდა ხდებოდეს კანონიერი გზით, თუ არა და თვით თქვენვე შეიტანთ არევ-დარევას საკანონმდებლო სისტემაში, ხოლო თუ თქვენ ამ გზას არ გადაუხვევთ, ამით თქვენ განამტკიცებთ კანონიერებას და საკანონმდებლო სისტემასაც.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს (ასათიანი ადგილიდან - პრეზიდიუმის აზრი?) პრეზიდიუმის აზრი თუ გნებავთ, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტა ამ გზით პრეზიდიუმს არ მიაჩნია მისაღებად, იგი შესაძლებლად სთვლის დღეს მხოლოდ ბანკის გამგის არჩევას.
თევზაია (ს.-დ.) კარგია იმის თქმა, რომ დეპუტატი არსად არ მსახურებდეს და არსად არ იღებდეს ჯამაგირს დამფუძნებელი კრების გარდა, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ მაშინ ინებეთ და თქვით, რომ შეუძლებელია დეპუტატი იყოს ერთსა და იმავე დროს დამფუძნებელი კრების წევრი და ადვოკატი, არა მარტო ადვოკატი, არამედ რომელიმე დაწესებულების იურისტ-კონსულტი (ვეშაპელი: მთავრობის თავმჯდომარე და მდივანი?) ეს არის სრული ილიუზია, სრული ფანტაზია, თითქოს დამფუძნებელი კრების წევრი დამოუკიდებელი ხდებოდეს ამა თუ იმ ჯგუფის, ან დაწესებულებისგან. ბატონებო, მე ვალდებული ვარ, როგორც მომხსენებელმა, პასუხი გავსცე ყოველ დეპუტატს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შეუძლიათ იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები. ბატონ გვაზავას ეს შეუძლებლად მიაჩნია და მე მინდა გავაბათილო გვაზავას აზრი. (დადიანი: არ არის კანონიერი!) მოითმინეთ, ბატონო, ჯერ ერთს გავცემ პასუხს და შემდეგ მეორეს. მე არ მესმის, რამ აგაღელვათ აგრე, ჩვენში, კამათი ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშ რითი აიხსნება თქვენი აღელვება? (დადიანი: რეგლამენტი დარღვეულია!) არის ორი დებულება: დამფუძნებელი კრების წევრს არ შეუძლია იყოს რომელიმე სახელმწიფო სამსახურში გარდა კანონში ჩამოთვლილ მოვალეობათა. მე კი მგონია, რომ დამფუძნებელ კრებას, რომელსაც შეუძლია უდიდესი დადგენილება გამოიტანოს, სავალდებულო მთელი რესპუბლიკისთვის, რომელიც შეეხება არა მარტო რომელიმე კანონის მუხლს, არამედ მთელი რესპუბლიკის წეს-წყობილებასაც კი, და შეუძლია მას ერთი დადგენილებით გააუქმოს ყველა კანონები, ამ შემთხვევაშიც შეუძლია მას თვით მისგან დაწესებულ კანონს ერთნაირი განმარტება მისცეს. ეს არის უდიდესი ორგანო და მას შეუძლია დააკანონოს: რომ დამფუძნებელი კრების წევრს შეუძლია იყოს სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრადაც.
თავმჯდომარე. როგორ ინებებთ? გსურთ მარტო გამგის არჩევა? ეს თქვენზეა დამოკიდებული. მე კენჭს უყრი. ვის სურს დღევანდელ სხდომაზე გამგის არჩევა, მხოლოდ გამგის? (ხმები: გადავდოთ!) თუ გნებავთ გადავდოთ. ვის სურს გამგის არჩევა? (ს.-ფ. და ერ.-დემ.) ვინ არის წინააღმდეგი? (ქვესტორს) გთხოვთ დაითვალოთ. უმეტესობა წინააღმდეგია, რომ დღეს იქნეს გამგე არჩეული. ამიტომ ეს საკითხი მოხსნილია. ახლა როგორ ინებებთ, დრო არის შეკითხვაზე გადავიდეთ. (ხმები: გადავიდეთ!) სიტყვა ბ. სამსონ დადიანს ეკუთვნის.
სამსონ დადიანი (ს.-ფ.) ბატონებო! ჩვენთვის აშკარაა მიზანი ამ შეკითხვისა. ბ. ვეშაპელი და აგრეთვე ფრაქცია ეროვნულ-დემოკრატებისა პრინციპიალური მოწინააღმდეგენი არიან თვით მონოპოლიისა და თავიდანვე ებრძოდნენ მას. ჩვენთვის, სოციალისტ-ფედერალისტებისათვის ისიც აშკარაა, რომ სამსჭვალი ამ საკითხისა სრულიადაც იქ არ არის, სადაც ეს უნდათ მოგვაჩვენონ შემკითხველმა და ეროვნულ-დემოკრატებმა. ისინი ებრძვიან თვით იდეას მონოპოლიისას და მის უვარგისობას ამტკიცებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მონოპოლია მოსპობს ჩვენს მეურნეობას, მრეწველობას, ჩაჰკლავს კერძო ინიციატივასო და სხ., მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქმე თვით მონოპოლიის უვარგისობაში კი არ არის, არამედ მის შემსრულებელთა უვარგისობაშია.
ეს იდეა, მონოპოლიის გზა, ეს ჩვენი ნაჩვენები გზაა. ჩვენ იმ თავითვე ურჩიეთ მთავრობას ამისთვის მოეკიდნა ხელი, მაგრამ მაშინ ამ აზრებს ებრძოდნენ ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად თვით სოციალ-დემოკრატებიც, გვეკამათებოდნენ, დაგვცინოდნენ, მეოცნებეს გვეძახოდნენ; აქაც ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა და სოციალ-დემოკრატები იძულებულნი შეიქმნენ მონოპოლიის გზას დასდგომოდნენ, დღეს მთავრობა და მმართველი პარტია ანხორციელებს მონოპოლიას, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ძლიერ ცუდად, ძლიერ უხეიროდ. და აი, ბატონებო, მე მინდა რამოდენიმე ნიმუში გიჩვენოთ იმისა, თუ როგორ ცუდად მიდის, როგორ ცუდად აკეთებენ ამ საქმეს.
სოხუმის ოლქში თამბაქოს კულტურა შედარებით მაღალ დონეზე იდგა და ეს დარგი მეურნეობისა, იყო საფუძველი თითქმის მთელი ოლქის კეთილდღეობისა. მონოპოლიის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ეს კულტურა კიდევ უფრო განავითაროს და ასწიოს. მთავრობას ჰქონდა საშუალება, შეეკავშირებინა თამბაქოს მწარმოებელნი, შეეკრა მათი ამხანაგობანი, კოოპერატივები და მთელი ის ექვსას ათას ფუთამდე თამბაქო თავის ხელში აეღო და თითონ დაინტერესებულ სპეციალისტთა შემწეობით მოეხდინა რეალიზაცია ამ ძვირფასი სავალიუტო საქონლისა. ამით მოიგებდა როგორც მწარმოებელი, აგრეთვე რესპუბლიკაც, ვინაიდან ღირსება სოხუმის თამბაქოსი უფრო აიწევდა და დიდს ფასებშიაც გასაღდებოდა საზღვარ-გარედ.
მოგეხსენებათ, რომ თამბაქო ერთობ კაპრიზიანი და სათუთი საქონელია. მის მოვლას და მის გატანასაც უეჭველად მცოდნე ხალხი უნდა. თამბაქო მარტო ერთი თვისებით, ან მისი წარმოშობის ადგილის მიხედვით კი არ ლაგდება, არამედ იგი უნდა დაეწყოს, სორტიროვკა მისი მოხდეს, მისი ხარისხის, ადგილის, ღირსების, არომატის და სხ. თვისებათა მიხედვით. თუ თამბაქო ზედმიწევნით ასე არ დაალაგეთ, არ შეჰკარით, ისე მას სპეციალისტი, მექარხნე ხელს არ მოჰკიდებს. მწარმოებელნი და აგრეთვე შემსყიდველებიც კი, ჩვენი მოქალაქენი, რომელნიც ამით ცხოვრობენ და მცოდნე არიან ამ საქმისა, უაღრესად დაინტერესებულნი არიან პრესტიჟი სოხუმის თამბაქოსი არ დაეცეს. წინად სოხუმის თამბაქო მეტოქეობას უწევდა სხვა ქვეყნების თამბაქოს და მომავალშიაც, თუ ეს ღირსება არ შერჩა, იგი ბაზარზე დამარცხდება.
სპეკულიანტი, თამბაქოს საქმის არა მცოდნე სრულიადაც არ არის დაინტერესებული თამბაქოს ღირსების და სახელის შენარჩუნებაში. იგი ყველაფერს ჰკიდებს ხელს და თუ დღეს თამბაქოსაც ეპოტინება, ეს იმიტომ, რომ იგი სუნით გრძნობს, რომ მას ეს საქმე იოლს და დიდს მოგებას მისცემს. ამიტომ იგი სრულიადაც არა ზრუნავს თამბაქოს წესიერად გატანისთვის, - სულ ერთია, ჩვენი მთავრობის მიერ ისეთს მცირე ფასებშია შეფასებული და საზღვარ-გარედ კი ისეთი მაღალი ფასებია, რომ სპეკულიანტი მაინც მოიგებს, რაც უნდა დომხალივით არეული თამბაქო გაიტანოს. მაქსიმუმი თამბაქო შეფასებულია მთავრობისაგან 900 მან. და საზღვარ-გარედ კი ფუთი ღირს ექვსიდან ოთხ გირვანქა სტერლინგამდე, ე.ი. ექვსიდან ოთხი ათას მანეთამდე. ასეთი შემცირებული შეფასება სრულიადაც არ არის სასარგებლო არა თუ მეურნეობისათვის, არამედ რესპუბლიკისათვისაც.
სპეკულიანტი არ დაგიდევთ, თუ თამბაქოს ბაზარზე სახელი გაუტყდება და სამერმისოდ მის ადგილს სხვა ქვეყნის თამბაქო დაიჭერს, იგი მოგებას ეძებს, დღეს აქ, ხვალ იქ და სხვ.
ჩვენი მოქალაქენი და მეურნენი კი არსებითად დაინტერესებულნი არიან ამ საქმით და სრულიად საფუძვლიანად გული ეწვით, როგორ იღუპება ეს საქმე უვიცობის გამო.
მთავრობასთან მოლაპარაკება ჰქონდა ერთს ჯგუფს „სოხუმის მეთამბაქოეთა ამხანაგობის“ სახით, მათ წარუდგინეს მთავრობას პირობათა პროექტი და თითქმის ყოველს პირობებზე თანხმდებოდნენ, ოღონდ მთავრობას გაეწოდა მათთვის ხელი და ისინიც დაეხმარებინა ამ საქმეში. ამ ამხანაგობაში ჯერ-ჯერობით ოცდაათი კაცია თურმე, აქვთ თამბაქო ასი ათას ფუთამდე და რომ მთავრობას შესძლებოდა მათი გამოყენება, ამ ამხანაგობაში იძულებულნი შეიქნებოდნენ შემოსულიყვნენ ყველა სხვებიც მთელი თამბაქოთი. მთავრობას ეს სპეციალისტები გამოადგებოდნენ საქონლის წესიერად გატანაში და ღირსება თამბაქოსა არ დაეცემოდა.
დღეს კი მთავრობას საქმე აქვს არა სპეციალისტებთან, ფირმებთან, რომელნიც მხოლოდ მოგებაში არიან დაინტერესებულნი და თამბაქოს გატანა მეტის მეტად უწესოდ ხდება.
ყოველს ქვეყანას, ყოველს ბაზარს და ყოველს მექარხნეს უნდა და ეძებს განსაზღვრულს თამბაქოს. სერიოზული მექარხნე ხელს არ მოჰკიდებს არეულს თამბაქოს, რადგან მისი დახსნა და ხელახლა დალაგება, სორტიროვკა ერთობ ძვირად დაუჯდება. რომ ეს ასეა, ამას ისიც ამტკიცებს, რომ სოხუმის ბაზარზე იძენდა თამბაქოს წინად საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ეგვიპტე და სხვა. და თითოეული ეს ქვეყანა, თითოეული ქარხანა აქ იძენდა მხოლოდ განსაზღვრულის ხარისხის, არომატის, ღირსების თამბაქოს, იმის მიხედვით, თუ მისი მომხმარებელი როგორს თამბაქოს იყო მიჩვეული.
სპეკულიანტი ამით დაინტერესებული არ არის, იგი კმაყოფილია, რომ ასე იაფად აქ თამბაქოს შოულობს და იქ კი ისეთს დიდს ფასებში გაასაღებს.
უნდა ავღნიშნო, რომ არც ის პირობები, რომელთაც ამხანაგობა იძლეოდა იყო საუკეთესო, ვინაიდგან მონოპოლიას აზრი მაშინ აქვს, როდესაც მთავრობა თითონ თავისი ძალებით აკეთებს ამას და მოგებასაც თითონ იტოვებს, მაგრამ შედარებით იმ პირობასთან, რომლითაც მთავრობა შეეკრა ერთს ფირმას, გაცილებით უფრო სასარგებლოა. სხვათა შორის, იმ ამხანაგობასთან რომ საქმე დაეჭირა მთავრობას, მას საშუალება ექნებოდა საზღვარ-გარედ საქონელი უმეშვეოდ მექარხნისაგან შეეძინა; მთავრობა შეიძენდა მხოლოდ საჭირო საქონელს და ისიც Lოცო. ეხლა კი მთავრობა სხვა მდგომარეობაშია ჩავარდნილი: მთავრობამ არ მოისურვა ამ ადგილობრივ ძალებთან საქმის მოგვარება, საზოგადოებრივს ნიადაგზე საქმის მოწყობა და ხელშეკრულება დასდო საზოგადოება „კოსმოსთან“. მაინცა და მაინც ხელსაყრელი ხომ არც ის პირობები იყო, რომელსაც „სოხუმის ამხანაგობა“ იძლეოდა, მაგრამ იმასთან შედარებით „კოსმოსის“ ხელშეკრულება სრულიად მიუღებელია. მე მეტს მოგახსენებთ: ეს ხელშეკრულება თითქოს ბოროტ-მოქმედებაა ჩვენი რესპუბლიკის წინაშე. მე მუხლობრივ განვიხილავ ამ პირობას და ვეცდები დამახასიათებელი ადგილები განვმარტო.
ეს პირობა დადებულია ერთის მხრით, მომარაგების მინისტრის ერაძისა და მეორეს მხრით, „კოსმოსის“ წარმომადგენელის ბერიძის შორის.
ამ პირობის ძალით მთავრობა ყიდულობს „კოსმოსისაგან“ მისი გემით მოტანილ საქონლიდან ოთხმოც ათასი გირვანქა სტერლინგის, ე. ი. დაახლოვებით ორმოც მილიონ მანეთის საქონელს. ამაზე მეტი შეუძლია იყიდოს, ხოლო ნაკლები კი...
(ამ დროს ხდება მიწის ძვრა. დარბაზში არეულობა ხდება. საზოგადოება გარეთ გარბის. დეპუტატები ფეხზე დგებიან. ორატორი სწყვეტს სიტყვას და თავმჯდომარის სიტყვების შემდეგ - ბ-ნებო კრება გადაიდოო - დარბაზი ცალიერდება).
![]() |
13 ოთხმოცდამეათე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(90)
1920 წელი. თებერვლის 24. ტფილისი. სასახლე
შინაარსი
1. დეკრეტი საქართველოში მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დახმარებისათვის 20 მილიონი მანეთის გადადებისა და სხვა გვარი შემწეობისა.
2. დეკრეტი - სამხედრო საჭიროებისათვის 40 მილიონი მანეთის გადადებისა.
3. დეკრეტი - სამხედრო უწყებათათვის დამატებით 58.026.622 მან. გადადებისა და მასვე შესანახად ყოველთვიურად 36.609.671 მ. დანიშვნისა.
4. დეკრეტი - გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში სამი მილიონ მანეთის გადადებისა.
5. საბოლოო ტექსტები დღიური წესრიგის 1, 2, 3, 18, 19 და 20 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა.
6. დეკრეტი - სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა.
7. დეკრეტი - ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობისა და სენაკის სამაზრო ერობისათვის ერთი მილიონი მანეთის სესხის მიცემისა, მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად.
8. დეკრეტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატის და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.
9. კანონპროექტი - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს და წესებულებათა ორგანიზაციის შესახებ.
10. დეკრეტი - საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 2.118.982 მ. და 40 კ. გადადებისა.
11. პირველი განხილვა კანონ-პროექტისა - საგვარეულო უძრავ ქონების გამოყიდვის უფლების გაუქმებისა.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ექვთიმე თაყაიშვილი.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არიან:
ქრისტინე შარაშიძის ასული და
სიმონ მდივანი.
სხდომა იწყება დღის 12 საათზე და 5 წ.
თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს).
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი უცხოეთიდან შემოსატან საქონელზე საბაჟო ტარიფის შეცვლის დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.
2. საბოლოო ტექსტი დადგენილებისა - სახელმწიფო ბანკის გამგის და გამგეობის წევრთა ჯამაგირის შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.
ვ. საბოლოო ტექსტი საერობო-სამკურნალო დაწესებულებების მოსამსახურეთა ახალი შტატის დამტკიცების დეკრეტისა. მომხსენებელია ი. გომართელი.
4. სახელმწიფო ბანკის გამგისა და საბჭოს წევრთა არჩევანი.
5. დეკრეტი ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობის და სენაკის სამაზრო ერობისათვის 1.000.000 მან. სესხის მიცემისა-მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად. მომხსენებელნი მ. რუსია. და ი. სალაყაია.
6. დეკრეტი-შინაგან-საქმეთა სამინისტროს შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
7. დეკრეტი-საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 2.113.986 მან. და 40 კაპ. მომხსენებელია ს. მდივანი.
8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ.
9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავ ქონების გამოყიდვის უფლების გაუქმების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.
10. დეკრეტი-გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 3.000.000 მ. გადადადებისა სხვა და სხვა მოულოდნელი ხარჯისათვის.
11. დეკრეტი-სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა, ამავე რკინის გზისათვის განსაკუთრებულ თანხის დაარსებისა და სატრიალებელ კაპიტალის გადიდებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.
12. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილობის ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
13. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ნუცუბიძე.
15. დეკრეტი-მიწათმოქმედების სამინისტროს ერთდროულ სამ-სემესტრიან უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კურსების ოთხ-სემესტრიანად განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურს დამთავრებულთათვის აგრონომის წოდების მინიჭებისა. მომხსენებელია თ. კიკვაძე.
16. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
17. დეკრეტი საქართველოსა და სომხეთის შორის ნეიტრალური ზონის მილიციას შტატის შემოღებისა. მომხსენებელია დ. ონიაშვილი.
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
18. დეკრეტი - საქართველოში მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დახმარებისათვის 20.000.000 მან. გადადებისა და სხვა გვარი შემწეობისა. მომხსენებელია ა. ლომთათიძე.
19. დეკრეტი - სამხედრო საჭიროებისათვის 40.000.000 მან. სამხედრო ფონდად გადადებისა. მომხსენებელია ს. მდივანი.
20. დეკრეტი - სამხედრო უწყებისათვის დამატებით 58.026.622 მან. გადადებისა და მისვე შესანახად ყოველთვიურად 36.609671 მან. დანიშვნისა ამ 1920 წლ. თებერვლის 1-დან ივნისის 1-მდე.
თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება, რომ პირველათ განხილულ იქნას დეკრეტი გორში და მის რაიონში დაზარალებულთათვის 20 მილ. მანეთის გადადების შესახებ. შემდეგ სამხედრო უწყების განკარგულებაში 40 მილ. მანეთის გადადებისა და მე-3-მე საკითხათ - სამხედრო უწყებისათვის დამატებით 58 მილ. მანეთის და ყოველთვიურად 1 თებერვლიდან 1 ივნისამდე 36.609.761 მანეთის მიცემისა. შემდეგ კი საბოლოო ტექსტები. გარდა ამისა დღესვე უნდა იქნას მიღებული საბოლოო ტექსტები იმ სამი დეკრეტისა, რომელიც პირველ რიგში იქნება განხილული.
წინააღმდეგი არავინ არ არის? მაშ ამ სახით დღიური წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ალ. ლომთათიძეს.
ალ. ლომთათიძე. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთავრობის განცხადების შემდეგ დამფუძნებელმა კრებამ აირჩია კომისია, რომელიც უნდა წასულიყო გორში, დაეთვალიერებინა დაზარალებული ადგილები და მოხსენება გაეკეთებინა აქ თქვენს წინაშე შესახებ იმისა, თუ რამდენათ დიდი არის ზარალი, და რა დახმარება და რა სახით უნდა აღმოუჩინოს ამ დაზარალებულით. კომისია, რომელშიაც შედიოდენ ყველა ფრაქციის წარმომადგენელნი, გარდა ერთისა, რომელმაც ვერ მოახერხა წარმომადგენლის გაგზავნა, და პრეზიდიუმის ორი წევრი, გაემგზავრა გორში, და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ მეორე დღეს, შაბათ დილით კომისიამ შესძლო განადგურებულ ადგილების ახლო დათვალიერება და ყველაფრის დანამდვილებით გაგება. მე მგონია, რომ არაა საჭირო ბევრი ლაპარაკი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არის ქალაქი გორი, ეს დიდი ქალაქი ქართლისა, უძველესი ქალაქი, ეკონომიური და კულტურული ცენტრი დიდი პროვინციისა და აგრეთვე ის სოფლები, რომელნიც ქალაქ გორს აკვრიან გარშემო. შეიძლება, ჩემის აზრით, თამამად ითქვას, რომ უდიდესი ფანტაზია ადამიანისა ვერ წარმოადგენს იმ საშინელებას, რომლის სამოსელში გახვეულია გორი და მის ახლო-მახლო მდებარე სოფლები. ჩვენ იქ, გორში, მეტადრე ხიდისთავში, ნამდვილი თვალნახული ჯოჯოხეთი ვნახეთ. არ არის ხიდისთავში არც ერთი ქოხი, რომელშიც შესაძლებელი იყოს თავის შეფარება. გორში არც ერთი შენობა არ არის, რომ შეიძლებოდეს კაცმა სთქვას: ეს შენობა გადაურჩა უბედურებას და შეიძლება რომელიმე სახელმწიფოებრივ ორგანიზაციამ თავი შეაფაროს და იქ თავისი სახელმწიფოებრივი ფუნქციები აასრულოს. არც ფოსტა-ტელეგრაფი, არც სამაზრო ერობა, არც ქალაქის გამგეობა, არც ერთი ამათგანი არ მუშაობს იმიტომ, რომ თავშესაფარი არა აქვთ და თუნდაც, რომ ჰქონდეთ, იმისთანა საშინელი ჯოჯოხეთი ახვევიათ გარს, რომ, რასაკვირველია, ძნელია იფიქრონ და იმუშაონ იმაზე, რაზედაც ფიქრობენ და მუშაობდენ ნორმალურ პირობების დროს.
ყველაზე უფრო დაზარალებული არის სოფ. ხიდისთავი. კომისია გორიდან წამოვიდა შაბათს, საღამოს 6 ს. და ამ დროსთვის ჩვენ ხელთ გვქონდა შემდეგი დანამდვილებითი ცნობები; ხიდისთავში და იქვე მდებარე პატარა უბან სოფ. ოხერაში 59 დაჭყლეტილი მცხოვრები იყო დათვლილი, შიგ გორში - 9, სკრაში (სოფელში) - 17, სულ - 84 მკვდარი იყო. ეს განსხვავება ხიდისთავის და გორის შუა აიხსნება იმით, რომ ხიდისთავი განადგურებული არის პირველი მიწის ძვრისაგან ღამით. გორში კი იმ ღამეს იმოდენა ზარალი არ ყოფილა, მაგრამ მეორე დღეს 2 ნახ. საათზე, რომ იძრა მიწა, ეს მსხვერპლი მაშინ მოჰყვა ნანგრევებ ქვეშ. განადგურებულია შემდეგი სოფლები: სკრა, გორი ჯვარი, უფლის ციხე, ქარელი, თორტიზა, ბერგი და დოესი. დანარჩენი სოფლების შესახებ დაწვრილებითი ცნობები ჩვენს ხელთ არ იყო მაშინ. ამბობდენ ატენის ხეობის შესახებ, რომ მთელი ხეობა, და უმთავრესად შუაგული ატენის ხეობისა და მისი სოფლები, სრულიად განადგურებულ იქნა მე-2 მიწის ძვრის დროსო. ჩვენს მისვლამდე ამ ჯოჯოხეთში გახვეული ხალხი პირდაპირ უმწეო მდგომარეობაში იყო. არსაიდან არავითარი დახმარება მას არ ჰქონია. კომისიამ პირველად ხიდისთავი დაათვალიერა, იქ ვენახში, თოვლში ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები, ნახევრათ გაგიჟებულნი ეყარნენ ღვთის ანაბარათ. იყო ასეთი სურათიც: ფეხშიშველი, თოვლში ჩამჯდარი დედაკაცი რაღაცაზე ქვითინებს და ბუტბუტებს, ჩვენ ვამხნევებთ, მისგან გვესმის: ერთად ერთი ჩემი იმედი ეს იყო, მის მეტი არავინ მყოლია; ესეც აქა მყავსო! გადმოქექავს თოვლსა და ჩვენ ვხედავთ 9-10 წლის ვაჟიშვილი ნანგრევებ ქვეშ მოყოლია და გაჭყლეტილა. აი, აგერ, ხანშიშესულ ცოლქ-მართ ოთხი შვილი რომ დაუმარხავთ ნანგრევებ ქვეშ. ამისთანა შემთხვევები ხიდისთავში ხშირი იყო და შედეგი იმისა იყო 59 მკვდარი, როგორც წინეთ მოგახსენებთ კომისიამ, დაუყონებლივ შემდეგი დახმარება აღმოუჩინა: ჩვენთან ერთად მოვიდა გორში შაბათ დილას სანიტარული მატარებელი, სამასი ფუთი პური, შაქარი, საექიმო პერსონალი, მედიკამენტები; უპირველეს ყოვლისა ხიდისთავში გაიგზავნა ჩვენი განკარგულებით კარვები და მესანგრეები, რომლებიც ჩვენთან ერთად მოვიდნენ გორში, და რომელნიც მთავრობის განკარგულებით იყვნენ იქ გამოგზავნილნი და პირველ დახმარების აღმოჩენას შეუდგნენ: კარვების გამართვას, საკვები პუნქტების გახსნას, ნანგრევების გათხრას და ქვეშმოყოლილების გამოტანას. გორისკენ რომ წავედით, შემოგვხდენ ერობის და ქალაქის წარმომადგენელნი: „როგორ არის საქმე, არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული?“
„ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს ვაკეთებთ: დავდივართ ხალხში, ვამხნევებთ და ვანუგეშებთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, როდესაც წამდა უწუმ ქანაობს მიწა 2-3 საათის განმავლობაში და იწყებს ხალხი წივილ-კივილს, ხალხი ეხეთქება აქეთ იქით, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ პირობებში!“ - და მართლაც რის გაკეთება შეიძლება!
აღსანიშნავია ის თავგანწირვა და მოქალაქეობრივი ერთგულება, რომელიც ამ საშინელების დროს გამოუჩენია ჩვენს შეიარაღებულ ძალას ნორჩი ჯარის და გვარდიის სახით; მიუხედავათ იმ შიშისა და სიკვდილისა, რომელიც ყოველ ფეხის გადადგმაზე მოსალოდნელი იყო, ეს ძალა თავის ადგილას იყო ამ საშინელების დროსაც და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, რომ დახმარებოდა რითიმე იმ ტანჯვაში და საშინელებაში მყოფ ხალხს. მთელი ღამე და დღე ჯარასავით ტრიალებდენ, მუშაობდენ, ამხნევებდენ და ზომებს იღებდენ, რომ თუ ვინიცობაა, „მაროდიორები“ გაჩნდებოდენ, დაუყონებლივ დაეხვრიტათ, მაგრამ უნდა აღვნიშნო თქვენს წინაშე, რომ ჩვენს წამოსვლამდე არც ერთი შემთხვევა მაროდიორობისა, მტაცებლობისა, არ ყოფილა. თუმცა თქვენ ხშირად შეხვდებოდით ასეთ სურათს: სახლი ჩანგრეულია, ეტყობა სასადილო ოთახი არის; ხედავთ ჭიქებს, ძვირფას სამოვარს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს, მაგრამ ყველა ეს ხელუხლებელია. კომოდი ნახევრად ჩამტვრეული არის, უჯრაში სჩანს ძვირფასი ნივთეულობა, მაგრამ მიუხედავად ასეთი სურათისა, მარადიორობას და მტაცებლობას ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობები რომ გადარჩენილიყო, ამ საშინელების დროს დიდი ბედნიერება იქნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყაზარმები, რომლებსაც ეტყობათ, რომ ყველაზე მკვიდრი შენობა ყოფილა, ნახევრათ დანგრეულია, კედლები დახეთქილია, ჭერი ჩამოწოლილია. ეკლესია ყაზარმებთან რომ იყო, ნახევრათ დანგრეულია; შიგ ქალაქის ეკლესია, სობორო, ნახევრათ დანგრეულია. შიგ გორში არის აგრეთვე სომხების ძველი ეკლესია, რომ დახედოთ თითქოს სდგას ტაძარი, რომ მიხვალთ ხედავთ მოხრილია და ჩანგრეულია, გიკვირთ, რითი სდგას, რომ შეინძრეს ცოტა, გადმოვარდება და საშიშროებას წარმოადგენს. ბევრი შენობა არის ასეთ მდგომარეობაში.
რა კი ასეთი მდგომარეობა იყო დამფუძნებელი კრების კომისია უპირველეს ყოვლისა ამნაირი საკითხის წინაშე დადგა: რაიმე უნდა მოეწყოს სახელდახელოთ, რომელიც გასწევს ხელის უფლებით შემოსილ ძალის მაგივრობას. თათბირის დროს გამოირკვა, რომ შესაძლებელია მოწყობა დროებითი ხასიათის კომიტეტის. ეს კომიტეტი მოვაწყეთ კიდეც. მასში შევიდნენ შემდეგი ორგანიზაციის წარშომადგენელნი: ერობის, გვარდიის, ჯარის და ქალაქის თითო წარმომადგენელი. ჩვენი წრიდან დამფუძნებელ კრების წევრს დ. ონიაშვილს დავავალეთ თავმჯდომარეობა და მთელს კოლეგიას დავავალეთ დროებით, მანამ მთავრობა გაგზავნის თავის ერთ-ერთ წევრს უფლებით მოსილ, ამ კომიტეტს განეგრძოს მუშაობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიხატოს სწრაფ დახმარებაში ავადმყოფებისა და დაჭრილებისათვის საჭირო სურსათის მიწოდებაში და ქალაქის ევაკუაციის მოხდენაში. ამ საკითხს ჩვენ ამნაირათ შევხედეთ: სამი ადგილი იყო, საითკენაც შეიძლებოდა მათი მიმართვა: ტფილისი, ბორჯომი და სურამი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სჯობია ბორჯომსა და სურამში გაგვეგზავნა იმიტომ, რომ ზამთარია და ბევრი სააგარაკო შენობა თავისუფალია, მაგრამ გამოირკვა, რომ სურსათი თითქმის სულ არ მოიპოვება არც ბორჯომში და არც სურამში და მარტო თავ-შესაფარი რომ მისცეთ ასეთ დიდ უბედურებისაგან დასჯილ ხალხს და რიგიანათ პური ვერ მიაწოდოთ, ეს მიზანშეწონილი არ იქნება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ: არ შეგვეშალა ხელი მცხოვრებელთათვის, სადაც უნდა წასულიყვნენ, უმეტესობა ტფილისს მოაწყდა. საღამოს 5 საათზე პირველი მატარებელი მზათ იყო, ამ მატარებელში მოთავსდა დიდი ნაწილი იმათგანიც, ვინც სადგურზე იყო თავმოყრილი. ამ დროს მოგვისწრო მეორე მატარებელმა, რომელიც გრაკალში იყო და რომელსაც ჩვენ უცდიდით. ამგვარათ პირველ სანიტარულ და მეორე სახალხო მატარებელში ჩვენ შევძელით მოგვეთავსებინა როგორც ავათმყოფები, ისე იქედან წამოსვლის მსურველნი.
მოქალაქენო, მართალი არის, რომ საშინელი სურათი გადაიშალა ჩვენს წინაშე. მთელი ეს სივრცე, ქალაქი გორი რომ ავიღოთ ცენტრათ, შვიდ ვერსის მანძილის გარშემო, ამ საშინელების მსხვერპლათ შეიქნა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერი, რომელსაც არა ერთხელ განუცდია ასეთი საშინელი დღეები, შესძლებს რომ ეხლაც მოიკრიფოს ძალ-ღონე, გამჭრიახობა, სიმხნევე, ნივთიერი ძალა და ამ უბედურებისაგან ის გამარჯვებული გამოვიდეს. კომისიის გადაწყვეტილება ასეთია: ჯერ-ხნობით, მას ჰგონია, რომ სწრაფად სახელდახელო დახმარებისათვის რესპუბლიკის ხაზინამ უნდა დასდოს ოცი მილიონი მანეთი, ეს, რასაკვირველია, წვეთია ზღვაში. მხოლოდ იმ ერთი დღის განმავლობაში, როცა ჩვენ იქ ვიყავით, მარტო პური 500 ათასი მანეთისა დაიხარჯა; შაქარი, ხორცი, საექიმო დახმარება და სხვა, რასაკვირველია, მთელი გორის აღდგენა და დანგრეულ სოფლების აშენება რომ შევსძლოთ, მილიარდობით უნდა ვიანგარიშოთ. მაგრამ პირველი დახმარება აუცილებელი არის. ჩვენ გვგონია, რომ ოცი მალიონი ამ პირველ დახმარებისათვის უნდა გადიდვას. გარდა ამისა, ეჭვს გარეშე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გაიძახის და დარწმუნებულია, რომ აქ უთუოდ ვულკანმა უნდა ამოხეთქოსო, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამნაირ სულიერ განწყობილებაში არის, კომისიას ჰგონია, რომ პირიქით, ხალხს უნდა ჩავუნერგოთ უღრმესი რწმენა იმისა, რომ იქვე უნდა დაბრუნდეს, იქვე გააჩაღოს ცხოვრება, კერა დანგრეული ხელახლა ააშენოს და მკვდრეთით აღადგინოს ქალაქი გორი. ის კარვები, რომელიც ხალხს აქვს, მართალია ეხლა იურტებიც მიუვიდათ, მაგრამ მაინც ძნელია ამ ყივნისა, სიცივისა და ქარის დროს, რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა გორში, იცხოვროს ხალხმა. ამისთვის საჭირო არის დროებითი ხასიათის თავშესაფარი მოეწყოს გორში და აგრეთვე სოფლებში.
ამისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა, ჩვენის აზრით, მთავრობამ უფასოდ უნდა მიაწოდოს ხალხს. აუცილებლად საჭირო არის თბილი ტანთ-საცმელი მივაწოდოთ ჩვენი საწყობებიდან უფასოდ. საექიმო დახმარება, მედიკამენტები და სანოვაგეც უფასოდ უნდა მივაწოდოთ ხალხს და ამგვარად ცოტაოდნათ მომაგრებული თვითონვე შესძლებს გააჩაღოს თვისი კერა და ცხოვრებას შეუდგეს. და მთავრობა, დამფუძნებელი კრება, მთელი ერის დახმარებით ადვილათ შესძლებს გააკეთოს ეს საქმე: აღადგინოს გორი და დაზარალებული სოფლები, მაგრამ, მოქალაქენო, რაც გინდა გულუხვნი ვიყვეთ ჩვენ, რაც გინდა მთელმა ერმა მოიკრიბოს მთელი თავისი ძალა, ჩვენ, რასაკვირველია, საკუთარ ძალით ვერ შევძლებთ ამ ძნელ და მძიმე საქმის გაკეთებას და მის სასურველად დაგვირგვინებას. ამის შეძლება სამწუხაროდ, არა გვაქვს. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ დღესაც მთელი ერი ძაძებშია გახვეული და კომისიას ჰგონია, რომ მართლაც ეროვნულ გლოვის დრო დაგვიდგა. მეზობლები, მეზობელი სახელმწიფოები და მათი ხალხები ამას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ და შეძლებისდაგვარად, ძმურ, კეთილმეზობლურ ხელს გამოუწვდიან ჩვენს ხალხს. ჩვენ გვგონია, რომ უნდა მოეწყოს ფართო ინფორმაცია და ეს ეროვნული უბედურება უნდა ფართო მასშტაბით ვამცნოთ არა მარტო აქ, მეზობლებს, არამედ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც, მის ხალხებსაც და ამერიკასაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხალხი არ დარჩება განმარტოებული ამ საშინელების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს და დახმარებას გაუწევს მას. ამის მაგალითები ვიცით ჩვენ. და ამ დღეებშიაც უკვე ვხედავთ, რომ უყურადღებოდ არ სტოვებენ ჩვენ გაჭივრებას და სათანადო დახმარების ნიშნები უკვე გვაქვს ხელთ. ასეთი არის ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო; მოკლედ ყველაფერი ის, რის მოწმედ გახდა თქვენ მიერ გაგზავნილი კომისია გორში და მის მიდამოებში და რაც გამოარკვია მან ამ ცოტა ხნის განმავლობაში და რა ზომების მიღება გონია მას აუცილებელ საჭიროდ. მაშასადამე, ჩვენ ჯერ-ჯერობით უნდა გავიღოთ 20 მილიონი მანეთი სახელდახელო დახმარებისათვის, შემდეგ ჩვენ უნდა დავავალოთ მთავრობას, რომ ჩვენი საწყობებიდან მისცეს დაზარალებულთ საშუალება შედარებით თბილად ჩაცმისა, გამოკვებისა და დროებით ხასიათის თავშესაფარების მოწყობისა. შემდეგ უნდა მოვაწყოთ ფართო ინფორმაცია ამ უბედურების შესახებ. დანარჩენი ორი ზომა იყო გადაწყვეტილი კომისიის მიერ, მაგრამ როდესაც ჩამოვედით, უკვე გავიგეთ, რომ მთავრობას ეს ორივე ზომა გაუტარებია ცხოვრებაში და მიუღია სათანადო ზომები. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ დაუყონებლივ უნდა გაგვეგზავნა გორში და ახლო-მახლო სოფლებში ფოტოგრაფიის და სინემატოგრაფის აპარატები, რომ გადაგვეღო ის საშინელი სურათები, რომ უფრო ადვილი გასაგები ყოფილიყო ყველასთვის მთელი სურათი ამ საშინელებისა. მთავრობამ ეს აპარატები გაგზავნა, ისე, რომ ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მოუყვანიათ სისრულეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომისიაში, რომელიც ადგილობრივ იქნება, უნდა შედიოდეს მთავრობის წევრი, რომელიც ადგილობრივ მივა და იქ უხელმძღვანელებს დახმარების საქმეს. მაგრამ ესეც გაკეთებული ყოფილა ჩვენ ჩამოსვლამდე.
იმედს გამოვსთქვამთ, რომ არც ერთი მიყრუებული კუნჭულიც კი ჩვენი სამშობლოსი არ დარჩება, რომ თავისი წვლილი არ გამოიღოს და თავისი გამოძახილი არ გვამცნოს ამა თუ იმ სახით ამ ეროვნულ უბედურების გამო ფულით თუ ნატურით, ეს სულ ერთია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს უბედურებას სათანადო ანგარიშს გაუწევენ, როგორც ახლო მეზობლები, ისე შორს მყოფნი, მეტადრე ამერიკის და ევროპის ხალხნი. და ასე, ამგვარად, მათი დახმარებით და ჩვენი ენერგიით და თავგამოდებით, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ქართლის დედა ქალაქს მკვდრეთით აღდგენილს და იმ სოფლებს, რომლებიც ამ უბედურების მსხვერპლად შეიქმნენ, ვიხილავთ კვლავ აშენებულს.
თავმჯდომარე. მოვისმინეთ რა მოხსენება კომისიისა იმ უბედურების შესახებ, რომელიც თავს დაატყდა გორს, გთხოვთ პატივი სცეთ იქ დახოცილთ ფეხზე ადგომით (დეპუტატები ფეხზე დგებიან).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს არსენიძეს.
რ. არსენიძე. იუსტიციის მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! მივიღეთ თუ არა ცნობა გორში საშინელი უბედურების დატრიალებისა, ერთ-ერთი მთავრობის წევრი შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი ჭიჭინაძე იმავე საათში გაემგზავრა ადგილობრივ ამ ცნობების შესაკრებად, და უკვე პარასკევს, ოც თებერვალს, საღამოს გვქონდა მიღებული დეპეშა იმ საშინელების შესახებ, რომელიც დატრიალდა გორში და მის ახლო-მახლო სოფლებში. შესდგა საგანგებო სხდომა მთავრობისა, რომელმაც აირჩია კომიტეტი დაზარალებულთა დასახმარებლად. და ამ კომიტეტის თავმჯდომარეობა დავალებული მქონდა და დღესაც მაქვს მე, და რა კი ეს დავალება მივიღე იმავე წუთს შევუდექ ამ კომიტეტის შედგენას იმ სამინისტროების წარმომადგენელთაგან, რომელთა დახმარებაც ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო და იმ უმთავრეს საზოგადო დაწესებულებათა წარმომადგენელთაგან, ურომლისოდაც ამის გაძღოლა შეუძლებელი იყო. ესენი არიან სამინისტრო მომარაგებისა, გზათა სამინისტრო, შინაგან-საქმეთა სამინისტროს სანიტარული განყოფილება, ქალაქთა კავშირი და ერობათა კავშირი. ყველა ამ წარმომადგენელთაგან შესდგება კომიტეტი დაზარალებულთა დასახმარებლად. პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ კომიტეტმა გადასდგა, შეიკრიბა და მოიყარა თუ არა თავი, იყო ის, რომ გადასწყვიტა მთელი რიგი საკითხებისა დახმარების შესახებ და გადაწყვიტა ასე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ხალხს ესაჭიროება საკვები, სურსათი და ევაკუაციის მოწყობა. დანარჩენი საკითხები კი უნდა ადგილობრივ ყოფილიყო გამორკვეული და მოწესრიგებული. ამისთვის საჭიროდ დავინახეთ გაგზავნა როგორც ტეხნიკური, ისე საექიმო ძალებისა და საგანგებო რწმუნებულისა. გორში ასეთ რწმუნებულად დანიშნული იქნა ექიმი ზანდუკელი და მეც მასთან ერთად იმავე დღეს გავემგზავრე გორში. ის პირველი სურათი, რომელიც ვნახეთ, უკვე აგიწერათ წინანდელმა ორატორმა და მე ამის განმეორებას არ შეუდგები და არც მინდა ეს საშინელი და პირდაპირ შემაძრწუნებელი სურათი გადავშალო თქვენს თვალ წინ. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ მთელს გორში, ტეხნიკური კომისიის დათვალიერების შემდეგ, ჩვენ გავბედავდით გვეთქვა მხოლოდ ოთხი ბინის შესახებ, რომ ძალიან თამამ კაცს შეუძლიან იქ ღამე გაათიოსო. მხოლოდ 50 ბინიდან მივეცით ნებართვა ხაბაკისა და ქონების გამოტანისა. ხოლო დანარჩენ ადგილებში ასეთ ნებართვას ვერ ვაძლევდით. და თუ შედიოდნენ ქურდულათ და ნაპარევათ, რომ იქიდან გამოეტანათ თავისი ხაბაკი, ნივთები, ჩვენ იძულებული ვართ მათ შევებრძოლოთ. ზოგიერთ ქუჩებში ისე დაზნექილია სახლები, რომ იქ გავლაც აკრძალულია, ვინაიდან მოსალოდნელია რომ სახლი ჩამოწვება და მიმავალ მგზავრს ქვეშ მოიტანს. გარდა იმ მიცვალებულებისა, რომელნიც უკვე ამოღებულნი არიან დღევანდლამდე, არის კიდევ რამდენიმე ადგილი, სადაც ჩვენ გვიჩვენეს, რომ იქ არიან ქვეშ მოტანებულნი, იქ მუშაობა უკვე დაიწყო. ჯერ მუშაობა არ იყო დამთავრებული და ამიტომ არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რამდენი მსხვერპლი აღმოჩნდება.
მეორე დღესვე დაიწყო დენა სოფლებიდან, უმთავრესად თემის წარმომადგენლებისა, რომელნიც თხოულობდენ დახმარებას, მათი მოსვლა უმთავრესად იმით აიხსნება, რომ გორიდან ხალხი გავიდა და ყოველგან გაიტანა ცნობები, რომ გორში უკვე ჩამოვიდა მთავრობის წარმომადგენელი და დახმარებას იძლევა. კვირას ჩვენ მოგვივიდა 25 სოფლის წარმომადგენელი, გუშინ, 23 თებერვალს, ერთი ამდენი კიდევ დაემატა მათ, უმთავრესად ატენის ხეობიდან, სადაც უმეტესი ნაწილი სოფლებისა დაზარალებულია; საერთო რიცხვი დაზარალებულ სოფლებისა არის 50. ამ სოფლების რაიონი იწყება აქედან გრაკალით და თავდება იქით სკრათი. ამ რაიონში 35-40 ვერსის მანძილზე ყველა სოფელი საშინლად დაზარალებულია, ქვის შენობები სულ დანგრეულია, არც ერთი არ დგას მიწაზე, განსაკუთრებით სოფლის სახლები, რომელნიც არ იყო ისე აშენებული, როგორც ამას მოითხოვს ტეხნიკური ცოდნა. მხოლოდ გომურები, ხის სახლები და წნულები გადარჩა და ხალხს იქა აქვს თავშესაფარი.
საერთო რიცხვი გარდაცვალებულთა აღწევს 200 კაცამდე. ამათში უმეტესი ნაწილი დახოცილია ხიდისთავში და ოხერაში, დანარჩენი სხვა და სხვა სოფლებში. არ ყოფილა ისეთი სოფლები, რომ თვითეულში 4-5 მიცვალებულზე ნაკლები ყოფილიყო. უფლისციხეში კი 24 მკვდარი დაესაფლავებინათ უკვე კვირამდე. ზოგიერთი სასტიკად გაჩეჩქვილი გამოიტანეს ნანგრევებიდან, მაგრამ, რადგანაც სასტიკი ყინვები იყო და არ შეგვეძლო მაშინვე ყველასათვის მიგვეცა თავშესაფარი, გარდაიცვალნენ, ასე რომ მთელ რიგ დაზარალებულთათვის ვერ მოასწრეს დახმარების აღმოჩენა.
ასეთია საერთო სურათი. უკვე 200 მძიმე დაჭრილი და დაავადმყოფებული გამოიგზავნა ტფილისის სხვა და სხვა საავადმყოფოში. რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს - დღეს კიდევ გრძელდება დაჭრილების და დაავადმყოფებულების გამოგზავნა. არის ისეთი პირები, რომელნიც არა ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. პანიკა იმდენად დიდია, რომ ადამიანს დაკარგული აქვს გრძნობა შთაბეჭდილების მიღებისა და თითქმის ლაპარაკისაც. შეგიძლიანთ დაიაროთ ქალაქი და თუ არ გამოელაპარაკებით, იშვიათია რაიმე გთხოვონ, გკითხონ, ან დაგელაპარაკონ. სხედან მიყუჩებულნი და თითქმის გაბრუებულნი არიან. ეს არის საერთო სურათი ყველგან, როგორც სოფლად, ისე ქალაქში. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი სოფელი, მე პირადად არ მქონდა საშუალება ყველა მენახა, მე სხვა მოვალეობაც მაწვა, მაგრამ ზოგიერთმა წევრებმა, რომლებიც თან მახლდენ, ისეთი ცნობები მოიტანეს, რომ სოფლები დანგრეულია, ხალხი გულხელდაკრეფილი ზის და უცდის, რომ ვიღაც მოვა და ეტყვის: აი ეს ქვა გადააბრუნე და პური ამოიღეო. თითონ კი ეს ვერ მოუხერხებია. ასეთ პარალიჩის მდგომარეობაში არის ხალხი. ასეთი არის სურათი მთელ ამ რაიონებში. დიწვრილებით არ შეიძლება ითქვას რამდენი მცხოვრები არის დაზარალებული ამ რაიონში, მაგრამ მე მგონია, 70.000 ნაკლები არ უნდა იყოს. რასაკვირველია ამ ნგრევის დროს ყველაზე უფრო საშინლად დაზარალდა სანოვაგე, საქონელი და ხარ-კამეჩი და რაც გადარჩა, დამფრთხალი გაქცეულა, დღემდის პატრონს ვერ მოუძებნია და არ იციან სად არის. შესაძლებელია ყინვამ დაათაოს ის, რაც მიწის ძვრამ დააკლო. ამ ჟამად ძალიან მცირე რიცხვი არის დარჩენილი საქონლისა და სანოვაგისა. იმ სოფლებში, რომლებსაც ბლომად ჰქონდათ სანოვაგე, იძულებულნი ვიყავით აქედგან მიგვეწოდებინა პური და საზრდო. თვით ქალაქში თავზარი პირველ დღეებში იმდენი ძლიერი იყო, რომ თხოულობდნენ აქედგან მიგვეწოდებინა შეშა, მაშინ, როდესაც კომისიამ სხვა და სხვა დაწესებულების ეზოებში აღმოაჩინა რამდენიმე საჟენი შეშა. მაგრამ ისიც კი ვერ მოეხერხებინათ ეთქვათ და გაეხსენებინათ, სად ჰქონდათ შენახული ესა თუ ის მათთვის საჭირო საგნები. უპირველეს ყოვლისა, პირველი დახმარება, რომელიც ტფილისიდგან იქნა გაგზავნილი, იყო წითელი ჯვრის რაზმი, ქალაქთა კავშირის და აგრეთვე რაზმი იტალიელებისა, რომელნიც, როგორც გამოცდილნი ასეთ საქმეებში, წავიდნენ ყველაზე უფრო მოწყობილნი იმით, რაც ასეთ შემთხვევაში საჭირო არის. 90-დე პალატკა გამართეს, ჰქონდათ თბილი ტანსაცმელი, წყლის ასადუღებელი, რაც დაუყონებლივ დარიგებულ და განაწილებულ იქნა მცხოვრებლებში. ჩვენც ჩავიტანეთ რამდენიმე ასეული პალატკა, მაგრამ ყველა ეს ქალაქის მცხოვრებლებს ქალაქში მაინც ვერ აჩერებს. სურსათის მიწოდების საქმე რამდენიმედ მოწესრიგებულია. გამომცხვარი პური, ჩაი, შაქარი - უკვე რამდენიმე მილიონ მანეთად ღირებული ლაგდება და იგზავნება იქ. ყველას ეძლევა გირვანქა, გირვანქა-ნახევარი პური, ჩაი, შაქარი. პირველ დღეს 2 გირვანქა ეძლეოდათ, რადგან ძალიან დამშეულები იყვნენ. ცხრა პუნქტი არის გახსნილი ქალაქში, ხიდისთავში ორი და დანარჩენ დაზარალებულ სოფლებში დაიგზავნა პატარ-პატარა სანიტარული რაზმები ხალხში პურის, ჩაის და შაქრის გასანაწილებლად. სრული იმედი გვაქვს, რომ ყველა სოფლებიდან მოგვივა ცნობები, ისე, რომ ამ ორი დღის განმავლობაში არც ერთი სოფელი არ დარჩება მოუვლელი, რომ პირველი საჭიროების დახმარება არ აღმოუჩინონ, როგორც საექიმო, ისე სურსათის მხრივ. მეორე საკითხი იყო მთავარი. ეს არის ევაკუაცია. აქ განსხვავება არის ქალაქის და სოფლის შორის. ქალაქი სრულიად ცარიელდება და მიდის, სოფლიდგან კი არც ერთი ადამიანი ფეხს არ იცვლის. მათ კატეგორიულად განაცხადეს, რომ მამა-პაპეულს ადგილს არ მოშორდებიან, ოღონდ რაიმე დახმარება იქვე აღმოუჩინოთ. ამგვარად, ქალაქი თითქმის დაცალიერებულია, ხოლო სოფელს არ უნდა ევაკუაცია. ძალიან დიდი ქალაქში იყოს 4-5 ათასი მცხოვრები, ისიც იმიტომ, რომ ოჯახის უფროსები მამაკაცები ბრუნდებიან, რომ თავის ქონებას უთვალყურონ. ასე, რომ ქალაქში იქნება 2000-მდე, მხოლოდ დანარჩენი გაიხიზნა ერთის მხრით სოფლებში, საიდანაც მიაწყდა დიდძალი ურმები, ზოგი თემის თაოსნობით, ზოგიც დაბარებული მცხოვრებლებისაგან. და ის ხალხი, ვისაც ნათესავები ჰყავდა მაზრაში, გაიხიზნა. გარდა ამისა, ყოველი მატარებელი ივსებოდა მცხოვრებლებით და იგზავნებოდა აქეთ. ბოლოს ჩვენ მოვაწყვეთ სამარშრუტო მატარებელი და გავგზავნეთ სურამში და ბორჯომში, სადაც სახლები არის დაქირავებული მათთვის. სურამში არის შექმნილი ერთგვარი განყოფილება მთავარ კომიტეტისა, ასეთივე განყოფილება არის თითონ გორში, სადაც ეძლევათ მცხოვრებლებს დახმარება. ასეთივე განყოფილება არის ბორჯომშიაც. ამის შემდეგ ჩამოვიდა სანიტარული და საექიმო რაზმები თელავიდან, დუშეთის მაზრიდან და ყველა ერობის ძალები ჩვენ განკარგულებაში გადმოვიდენ და ისინი დაუყოვნებლივ გავგზავნეთ ყველა სოფლებში, რომ ავადმყოფები ჩამოეყვანათ და დახმარება აღმოეჩინათ. მეორე მთავარი ყურადღება საექიმო სანიტარულ დახმარებას ჰქონდა მიქცეული იმისთვის, რომ თუ შენობის დანგრევა, ან აშენება იქნებოდა საჭირო, რაიმე გეგმა ყოფილიყო შემუშავებული. ამ მიზნით გაგზავნილი არის ქალაქთა კავშირის და სხვა დაწესებულებათა მიერ 4 ინჟენერი და 12 ტეხნიკოსი.
ესენი ხელმძღვანელობენ მცხოვრებლებს, დანგრევა თუ დაშლა იქნება საჭირო სახლებისა, უჩვენებდა ხალხს, როგორ შეიძლება იქ მოტანებულ საქონლის და ნივთების ამოღება და ამგვარად უხელმძღვანელებენ ამ საქმის მოგვარებას. უნდა ითქვას, რომ 10 ან 15 პროც. ამ სახლებისა თუ გამოდგება შესაკეთებლად. ასეთი არის შეხედულება გამოცდილ ინჟენრებისა. დანარჩენთ დასჭირდებათ დანგრევა, სრულიად დარღვევა და ახალი სახლების აშენება. ჩვენგან არის განზრახული შემდეგი ღონისძიების მიღება: გაიგზავნოს კომისია ინჟენრებისა და გეოლოგებისა, რომელნიც გამოარკვევენ ნიადაგის ვითარებას, შესაძლოა რამდენიმეთ მაინც გამოარკვევენ რა ხასიათისა და რით არის გამოწვეული ეს მიწის ძვრა, დაასკვნის რა გზით და რის გაშენება შეიძლება იქ. მეორე კომისია იგზავნება, რომელიც შეადგენს დაწვრილებით ნუსხას დაზარალებულ ოჯახებისას, ვის რამდენი ზარალი მოუვიდა და რა სახის დახმარება სჭირია. იქვე არის შედგენილი ტეხნიკური კომისია, რომელიც თანახმად გეოლოგიური კომისიის დასკვნისა, შეიმუშავებს სოფლის გაშენების გეგმას ისე, რომ მომავალში ასეთი უბედურების განმეორებისაგან ამნაირივე ზარალი არ მოგვივიდეს. შენიშნულია ერთი გარემოება, რომ სოფელში სახლები ტყუპ-ტყუპად არის აშენებული. და მაღლებმა დაბლები დაიტანა. შეიძლება ეს დაბალი სახლები არ დაზარალებულიყო და ხალხი ქვეშ არ მოყოლოდა. აი, ეს არის საერთო მდგომარეობა საქმისა, რომელზედაც მოგახსენებთ ამ ორი დღის ნამუშავარზე. რაც შეეხება იმ თანხას, რომელზედაც აღნიშნეს მცირე იქნებაო, მართლაც რომ მცირეა. ის ნივთიერი დახმარება, რომელიც სხვა და სხვა უწყებამ გაუწია დაზარალებულთ, აღემატება ამ პროექტის თანხას თავის ღირებულებით. უნდა აღვნიშნო, რომ ის ნივთიერი დახმარება აღემატება სამჯერ გადასაღებ ფულს; ისე რომ, ამ შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დეკრეტის მეორე მუხლს, ე. ი. სანოვაგეს. ეს თანხა წვეთია ზღვაში, მაშინ, როდესაც ამ ნივთიერ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მიღებული გვაქვს 8 ვაგონი დახერხილი ხის მასალისა, რომელიც დავგზავნეთ სოფლად ბარაკების ასაშენებლად. აგრედვე მთელი რიგი სხვა მასალებისა მივიღეთ: რკინეულობა, ლურსმანი და სხვა.
შუშეული რომელიც უკვე გაიგზავნა, ყოველივე ეს აუარებელ ფულად ღირს. ეს გაცილებით მეტად ღირს, ვიდრე ის თანხა, რომელიც ჩვენ გავიღეთ.
ეს დეკრეტი შეადგენს არა ოც მილიონ მანეთის გაღებას, არამედ იმ დახმარებას, რომელიც აღმოჩენილია, იგი უდრის 60-80 მილიონ მანეთს, ასეთი დახმარება შეგვიძლიან პირველად. ამ უკანასკნელ დღეებში ხალხს ეტყობა გამოფხიზლების ნიშნები, ერთგვარი მუშაობა. ეს იმით აიხსნება, რომ კვირასა და ორშაბათს ხალხმა მუშაობა დაიწყო. ზოგმა თემმა თავისი ინიციატივით დიდი დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულთ. ამ დღეებში ცხინვალმა 140 ურემი გამოგვიგზავნა ევაკუაციისათვის. ყველა ეს იყო საერობო, ბეგარის, სახით. მხოლოდ ვაძლევდით ვერსზე ურემს 5-10 მანეთს სახარჯოდ. თავისთავად ცხადია, ეს დიდ დახმარებად უნდა ჩაითვალოს. აგრეთვე გომის თემმა გამოგზავნა ერთი ვაგონი ხორბალი, დანარჩენი ხალხიც დაგვპირდა მუშა-ხელის მოხმარებას. ამნაირად, ყოველმა მეზობელმა რაიონმა, რომელიც არ დაზარალებულა, დახმარება აღმოგვიჩინა იმ სახით, რა სახითაც ყველაზე უფრო აუცილებელი იყო გორისათვის, დაგვპირდენ ფიზიკურ მუშა ხელსაც. მე იმედი მაქვს, თუ ასეთი თანაგრძნობა გაგრძელდება, თუ ყველა დახმარებას აღმოგვიჩენს, შესაძლო იქნება ამ ქალაქის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, მახლობელი სოფლები დახმარებას აღმოგვიჩენენ ყველა იმ საშუალებით, რომელიც მათ ხელში არის, ამის ნიშნები უკვე სჩანს. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საჭირო არის დახმარება სახელმწიფოსი. ეს დახმარება უნდა გამოიხატოს არა ათეულ, არამედ ასეულ მილიონებით, ვინაიდან ამ ქალაქის აღდგენა ბოლოს და ბოლოს დღევანდელ კურსით მილიარდებათ დაჯდება.
ასეთი დახმარების გაღება ერთს სახელმწიფოს მარტოდ-მარტო არ შეუძლიან. მხოლოდ ფართო დახმარება მოგვცემს საშუალებას, ეს ქალაქი ისე აღვადგინოთ, რომ იქ ადამიანს არამც თუ შრომა შეეძლებოდეს, არამედ წარმატებაც შესძლოს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩხენკელს.
აკაკი ჩხენკელი (ს.-დ.) მოქალაქენო! მას შემდეგ, რაც აქ ითქვა მომხსენებელისა და მინისტრის მიერ, მე აღარაფერი დამრჩენია სათქმელი. და საზოგადოდ, რა უნდა ვსთქვათ: მოხდა უბედურება და ამ უბედურებას სათანადო ანგარიში უნდა გავუწიოთ.
ეს ღა გვაკლდა...
ჩვენ ამ უკანასკნელ წლებში ისეთი უბედურება გამოვიარეთ, ისეთ რთულ პირობებში ვიმყოფებოდით და ჩვენ ხალხს დასჭირდა იმდენი ენერგიის დახარჯვა, რომ მართლაც ის უბედურება, რომელიც გვეწვია, ერთობ დამაღონებელია. მე ვფიქრობ, ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ძალებთან შებრძოლება, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ძალებთან შებრძოლება, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარზზე გვაქვს, და სტიქიასთან ბრძოლა ჩვენ არ უნდა შეგვხვედროდა. სტიქიას სტიქია უნდა დაუპირდაპიროთ. სტიქია უნდა იყოს ჩვენს არსებაში, ჩვენს თანაგრძნობაში ჩვენი ხალხისადმი. ეს ძალა იმდენად მტკიცე და მძლავრი არის, რომ შესძლებს სტიქიისებური სიძლიერით ამ ბუნებრივ სტიქიის მიერ გამოწვეული უბედურების დაძლევას. ამაში ყველანი ერთნი ვართ. აქ არ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სტიქიას ეხება საკითხი, ერთი კლასის, ან წოდების, ან სოციალ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად განურჩევლად წოდებისა, კლასობრივ მდგომარეობისა, განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა, ვინც ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე, გაუწოდოთ ხელი და აღმოუჩინოთ დახმარება იმათ, ვისაც დახმარება სჭირია.
მარტო დახმარება არ არის ჩვენი საქმე. ქართლის გული დაინგრა ჩვენ თვალწინ და გვსურს, რომ აღდგეს. როდესაც ამბობენ, რომ გორი აღარ არისო, მე ვამბობ, გორი იქნება, ეს არის უძლიერესი ნებისყოფა ქართველი ერისა და მე იმედს გამოვსთქვამ, რომ რაკი არის ეს, მისი წარმომადგენლები აქ სათანადო ზომებს მიიღებენ, რომ სძლიონ ეს უბედურება. მე იმედს გამოვსთქვამ, რომ ყოველი საზოგადოებრივი წრე, რა ორგანიზაციაც უნდა იყვეს იგი, მეცნიერული, კულტურული, ხელოვნური თუ სხვა, გამოიღებენ ხელს და თავის წვლილს შეიტანენ ამ საერთო საქმეში. მე ვფიქრობ აგრეთვე, რომ ჩვენი დღევანდელი სულის კვეთება, რომლითაც მთელი საქართველო არის გამსჭვალული, ეს თანაგრძნობის სულისკვეთება არ იქნება ხანმოკლე, პირიქით იქნება ხანგრძლივი და მძლავრი, ვინაიდან საქმე არის ხანგრძლივი. ერთი დღის, და თვის საქმე არ არის ქალაქის და სოფლების აშენება და ჩვენ კი გვინდა ისინი ავაშენოთ.
ჩვენ იმედს გამოვსთქვამთ, რომ მთავრობა თავის მხრივ გამოიჩენს ნამდვილ ორგანიზატორულ ნიჭს და უნარს ამ საქმის გაძღოლაში, ეს დიდი საქმეა. მთავრობამ კიდეც დაარსა ორგანო განსაკუთრებით ამ საქმის გასაძღოლად. იმედი მაქვს, ეს ორგანო გააფართოებს თავის მუშაობას, რომ მთავრობა დააყენებს საღ დონეზე ამ მუშაობას, რომ იქნება გამოყენებული თანამედროვე ტეხნიკური, მეცნიერული, კულტურული ძალები, რომ ის ნივთიერი დახმარება, რომელსაც გამოიღებს უეჭველად საქართველოს ხალხი და არა მარტო საკანონმდებლო დაწესებულება, იმ ქონებრივ დახმარებას ისე მოიხმარს მთავრობა, როგორც ეს შეეფერება მომენტს, დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას, მომავალს.
ჩვენი ფრაქცია უერთდება იმ წინადადებათ, რომელიც შემოსულია დეკრეტის სახით. ამასთანავე წინადადება შემოგვაქვს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა გამოსცეს მოწოდება დამფუძნებელი კრების სახელით, რომელშიაც უნდა იყოს გამოხატული ყველა ის აზრები, რომელიც აქ წარმოითქვა, ან წარმოითქმება. მე ვფიქრობ, ყველა აზრები ერთი და იგივე იქნება არსებითად. გარდა ამისა, ფრაქცია ფიქრობს, რომ თვით დამფუძნებელი კრების წევრებმა ერთდროულად უნდა გაიღონ რაიმე წვლილი. ამაზე რა თქმა უნდა, ვერ შეჩერდებით, მაგრამ დღესდღეობით მაინც უნდა გავიღოთ. მე მგონია, რომ ეს თანხა იქნება 130 ათასი მან., რომელიც დამფუძნებელი კრების წევრებმა დღესვე უნდა გამოიღონ თავის დიეტიდან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არ შეიძლება, მე მგონია დაეხმაროს იმაზე, რომ იმ რაიონებში, სადაც უბედურება მოხდა, რაიმე გადასახადები გადაეხადოს დაზარალებულ ხალხს. ეს უნდა იქნეს უეჭველად შეჩერებული და ჩვენ დიდი მუშაობა მოგველის. ამ მუშაობაში, იმედი მაქვს, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ და ჩვენ პირადად ვიმუშავებთ. დახმარებას გაუწევთ მთავრობას და აგრეთვე იმ ორგანიზაციებს, რომელნიც უეჭველად გვექნება ჩვენს ტერიტორიაზე ამ მიზნისთვის და ამ საერთო ძალით, ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, დავძლევთ ჩვენზე მოვლინებულ სტიქიურ უბედურებას.
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს დასკვნისათვის.
ალ. ლომთათიძე: ორიოდე სიტყვა მხოლოდ, მოქალაქენო! ბ. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თანხა ძალიან ცოტა არისო. ეს ახალი არ არის ჩვენთვის. მეც მოგახსენეთ წეღან, რომ ძალიან ცოტა არის და მთელი ჩვენი ყურადღება მიქცეული გვაქვს მეორე მუხლზე, სადაც არის ნათქვამი: „გაეწიოს დაზარალებულთ ყოველგვარი დახმარება სახელმწიფო საწყობებიდან - საკვებისა, ტანსაცმელისა, წამლისა, სააღმშენებლო მასალისა და სხვა საგნების უფასოდ მიცემით“. რასაკვირველია, ეს არის უმთავრესი, მაგრამ ამასთანავე საჭირო არის ეს 20 მილიონი. თუ გნებავთ, ეს 20 მილიონი ერთგვარი წვრილი ფული იქნება, რომელიც საჭიროა სახელდახელოდ ამ მუშაობის დროს. მე მოგახსენეთ, რომ რაიმე ორგანიზაცია არ იყო მოწყობილი, იმ მასშტაბით, როგორც საჭიროა ასეთ შემთხვევაში. და იმ დღეს, შაბათს, მარტო პური 5000 მანეთისა დაიხარჯა. და როდესაც ყველა დაზარალებულ სოფლებს მოუნდება დახმარება, თავისთავად ცხადია, რომ ეს წვეთი იქნება ზღვაში. მაშასადამე, ჩვენ ამ აზრის ვართ, მაგრამ დღეს გვგონია, რომ ეს ჯერ-ჯერობით საკმაო არის. რაც შეეხება ჩხენკელის მიერ აქ შემოტანილ წინადადებას, მოწოდების შესახებ, შესახებ იმისა, რომ დამფუძნებელ კრების დეპუტატებმა ერთდროულად გაიღონ 130 ათასი მანეთი, და აგრეთვე მესამე წინადადებას, რომ დაზარალებულთაგან გადასახადების აკრეფა შეჩერებულ იქნას, მე, როგორც მომხსენებელს, არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო. ეს უსათუოდ ასე უნდა მოხდეს.
თავმჯდომარე. გსურთ თუ არა გადავიდეთ დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.
ს. მდივანი (კითხულობს მუხლობრივ).
თავმჯდომარე: კენჭს უყრის დეკრეტს. დეკრეტი საერთოდ მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას სასწრაფოთ, საბოლოო ტექსტის წარმოსადგენად.
დეკრეტი სამხედრო უწყებისათვის დამატებით 58.026.622 მან. გადადებისა და მისვე შესანახად ყოველთვიურად 30.609.671 მან. დანიშვნისა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს.
ს. მდივანი. მოგეხსენებათ, რომ სამხედრო უწყებას აქვს რეორგანიზაციის შემდეგ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული შტატები და ამის მიხედვით მას აქვს გახსნილი სათანადო კრედიტი.
მას აქვს მეორე ნაწილი ხარჯთაღრიცხვისა, რომელიც შეეხება გამოკვებას, ტანთსაცმელს და ჯარის მოწყობას. აი, ამგვარად დღიდან ჯარის რეორგანიზაციისა ერთგვარი შეუსაბამობა იყო.
დამფუძნებელი კრება ყოველთვიურად იღებდა ერთგვარ თანხას ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, და ის უდრიდა ძველი ხარჯთ-აღრიცხვით 250 მილ., მაგრამ ეს თანხა ჯარის რეორგანიზაციის და ცხოვრების გაძვირების შემდეგ, მეტად გაიზარდა. პირველ ენკენისთვიდან დამფუძნებელი კრება იღებდა ყოველ თვიურად ამ ფულს, თუმცა გაცილებით მეტი იხარჯებოდა, თანახმად შტატებისა და იმ პირობებისა, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებოდით. ამისთვის საჭირო შეიქნა, რომ ერთგვარად ეს საქმე ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, განსაკუთრებით მომარაგების და საკვების მხრივ და ის უთანასწორობა გასწორდეს, რომელიც არსებობს ძველ ხარჯთ-აღრიცხვის მიხედვით. ამგვარივე უთანასწორობა არსებობს გვარდიაში და იქ 20 მილიონის მაგივრად მივიღეთ თვიურად 16 მილიონი. ამის შესახებ შესაფერისი დეკრეტი იქნება წარმოდგენილი. და ამ დაწესებულებისთვის, როგორც იმ დაწესებულებისთვის, რომელსაც ხარჯი აქვს სხვა მხრივადაც, აუცილებელი საჭიროება შეიქმნა, რომ ეს დამატებითი ხარჯები იქნას გაღებული პირველ ენკენისთვიდან. რასაკვირველია ეს დამფუძნებელ კრებას არ დასჭირდებოდა, თუ კი ხარჯთ-აღრიცხვა მიღებული იქნებოდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ხარჯთ-აღრიცხვა არ არის განხილული და მიღებული დამფუძნებელ კრების მიერ. სანამ ეს მოხდებოდეს ჯარისთვის, განსაკუთრებით დღეს, აუცილებელ საჭიროებას შეადგენს, რომ ასეთი დამატებითი ხარჯები იქნას დაკანონებული და ამით საშუალება მიეცეს სამხედრო უწყებას, ამ მხრივ მაინც ერთგვარათ დამშვიდებით იმუშაოს.
ეს 58 მილიონი იქნება ზედმეტი ხარჯების დაფარვა პირველ თებერვლამდე, ხოლო ამის შემდეგ ჯარს დასჭირდება ყოველ თვიურად 86 მილიონი. ეს განხილული იყო, როგორც სამხედრო კომისიაში, ისე საფინანსო კომისიაში. ორივე კომისია დაეთანხმა ამ წინადადებას და შუამდგომლობს თქვენ წინაშე, რომ ეს დეკრეტი იქნას მიღებული იმავე სისწრაფით, რა სისწრაფითაც იყო მიღებული პირველი.
თავმჯდომარე. გსურთ თუ არა გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ.
(მუხლობრივ წაკითხვის შემდეგ დეკრეტს უცვლელად ამტკიცებს).
დეკრეტი გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში 3 მილიონი მანეთის გადადებისა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ს. მდივანს.
ს. მდივანი. დეკრეტი 3 მილიონი მანეთის გადადებისა გარეშე საქმეთა სამინისტროს საგანგებო ხარჯებისათვის.
არის მთელი რიგი კითხვების, რომელიც მოითხოვს ჩვენგან პასუხს და გადაჭრას იმის და მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა არის ამა თუ იმ საზღვრებზე. თვით სამინისტროს ამ ხარჯებისათვის წინათ ჰქონდა თქვენ მიერ მიცემული 3 მილიონი მანეთი, მაგრამ ეს ფული დღეს როგორც ეს გამოირკვა ბ. მინისტრის მოხსენების შემდეგ, საგარეო და საფინანსო კომისიის სხდომაზე - ამოწურულია. და დღეს დღეობით არის მთელი რიგი საქმეებისა, რომელიც დაუყონებლივ უნდა მოწესრიგდეს. ეს ხარჯი დაკავშირებულია იმ საკითხთან, რომელიც, განსაკუთრებით სამხრეთ საზღვარს შეეხება და სწორედ ამისთვის ორივე კომისიამ დაადგინა ეშუამდგომლა დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ ეს 3 მილიონი მანეთი იქნას გაღებული ხაზინიდან და გადაეცეს გარეშე-საქმეთა მინისტრის განკარგულებაში.
(კრება გადადის დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე და იღებს მას უცვლელად).
საბოლო ტექსტები.
(ქ-ნ ქრისტინე შარაშიძის მოხსენებით დამფუძნებელ კრების მიერ უცვლელად იქნა მიღებული დღიური წესრიგის 1, 2, 3, 18, 20 და 10 მუხლში აღნიშნულ დეკრეტთა საბოლო ტექსტები).
დეკრეტი სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა, ამავე რკინის გზისათვის განსაკუთრებული თანხის დაარსებისა და სატრიალებელ კაპიტალის გადიდებისა.
თავმჯდომარე. მომხსენებელი ბ-ნი გაგლოევი.
გ. გაგლოევი (ს.დ.) „დეკრეტი სახაზინო რკინის გზების საოპერაციო ავანსების დამტკიცებისა, ამავე რკინის გზისათვის განსაკუთრებულ თანხის დაარსებისა და სატრიალებელ კაპიტალის გადიდებისა“.
ეს დეკრეტი შესდგება 4 მუხლისაგან. პირველ მუხლში არის მოხსენებული ეგრედწოდებულ საოპერაციო ავანსების შესახებ. საოპერაციო ავანსები უნდა იყოს რკინის გზის სამმართველოს განკარგულებაში სხვა და სხვა სამეურნეო და სასწრაფო ხარჯებისათვის. მაგ. ავადმყოფებისათვის, სურსათის ნაღდ ფულზე შესაძენად და სხვა ასეთ საგნებისათვის, რომლებიც სასწრაფოდ დასჭირდება რკინის გზას. წინეთ, ამიერ-კავკასიის რკინის გზას ამ საოპერაციო ავანსის სახით ეძლეოდა 1 1/2 პროც. საერთო წლიური ხარჯისა. 1913 წ. და 1920 წ. ეს ავანსი უნდა ყოფილიყო ამიერ-კავკასიაში 4-6 მილიონამდე. სხვათა შორის, ამ საგნისათვის იყო შედგენილი კომისია ვაჭრობა-მრეწველობის და ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით. ამ კომისიამ გადასწყვიტა და შემდეგ მთავრობამ დაამტკიცა, რომ საოპერაციო ავანსში იყოს გადადებული 1/2 პროც. საერთო წლიურ ხარჯაღრიცხვისა. თუ რამდენად საჭიროა ეს საოპერაციო ავანსი რკინის გზისთვის, ამას ნახავდით იმ ხარჯთაღრიცხვიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო რკინის გზის სამმართველოდან. რკინის გზას არავითარი თანხა არ ჰქონდა თვის განკარგულებაში და საჭირო იყო სწრაფად დაეფარა ის ხარჯები, რომლებიც მოსდიოდა მას. პატარა, წვრილმანი ხარჯთაღრიცხვით შემოდიოდა მუდამ დამფუძნებელ კრებაში და ეს კი აფერხებდა რკინისგზის მუშაობას და დიდ დროს ართმევდა დამფუძნებელ კრებას.
აი, ეს მუხლი იხსნის რკინის გზის უწყებას იმ არანორმალურ მდგომარეობიდან, რომელშიაც ის იყო ჩაყენებულო. რკინის გზის სამართველოს განკარგულებაში იქნება ეს თანხა 1/2%25 მთელი წლიური ხარჯთ-აღრიცხვისა და ამით დაფარავს იმ არაჩვეულებრივ და სწრაფ ხარჯებს, რომლებიც მოუვა რკინის გზას.
მეორე მუხლი დეკრეტისა ეხება რკინის გზისთვის განსაკუთრებულ თანხის დაარსებას. ეს თანხა საჭიროა, რომ ნორმალური ანგარიში სწარმოებდეს რკინის გზაზე. საჭიროა ეს იმიტომ, რომ ხშირად რკინის გზა ფუჭდება ხოლმე სხვა და სხვა სტიქიონურ მოვლენებისაგან. აგრეთვე ხშირად სჭირდება რკინის გზას გაფართოება, სათბობი მასალის და სხვა მასალების შეძენა; მუშა ხელის გაძვირების გამო შეიძლება იყოს ისეთი მოულოდნელი ხარჯები, რომელთა წინასწარ გათვალისწინება ხარჯთ-აღრიცხვაში შეუძლებელია. ძველად, რუსეთის მთავრობა ამიერ კავკასიისათვის საოპერაციო ფონდისთვის სდებდა 15 პროც. მთელი წლის კრედიტებისა და 5 პროც. გაუთვალისწინებელ ხარჯებისათვის. მთავრობამ მიიღო ეს 15 პროც. და 5 პროც., მაშასადამე, სულ 20 პროც. საქართველოს სახაზინო რკინის გზების ასეთი ხარჯების დასაფარავად. სამინისტრო ამ ხარჯებს აგროვებს და აძლევს დასამტკიცებლად დამფუძნებელ კრებას. რადგან რკინის გზის სამმართველოს განკარგულებაში ამ ხარჯების დასაფარავად არ იყო გადადებული ფული. გზათა უფროსი ხელმძღვანელობდა ინსტრუქციის 84 მუხლით და ხარჯებს ფარავდა რკინის გზის კასებიდან შემოსულ ფულით; ეს კი ეწინააღმდეგება საკასო დებულებას. ასე რომ, როცა საქართველო გამოეყო რუსეთს, რკინის გზის განკარგულებაში ასეთი განსაკუთრებული თანხა არ არსებობდა და ნორმალური მდგომარეობა რკინის გზისა დარღვეული იყო. ეს ფონდი რკინის გზისთვის აუცილებლად უნდა შექმნილიყო და სწორედ ამიტომ დააარსა მთავრობამ კომისია. კომისიამ, როცა განიხილა, ეს მუხლიც მიიღო ისე, როგორც დეკრეტში არის მოხსენებული.
მესამე მუხლი ეხება სატრიალებელ კაპიტალს. ეს სატრიალებელი კაპიტალი არის ის კაპიტალი, ან ქონება, რომელიც რკინის გზას ყველა საწყობში უწყვია. რკინის გზას ყოველთვის უნდა ჰქონდეს მასალა, რომლითაც შეაკეთებს, ან გააფართოებს რკინის გზას. რასაკვირველია, რკინის გზის მოძრაობა შეფერხებულ იქნება და უწყება ვერ შეაკეთებს რკინის გზას, თუ საჭირო მასალები არ ექნება საწყობებში. ასეთი მასალები რკინის გზას აქვს საწყობებში და როცა საჭირო იქნება, მაშინ გამოაქვთ. და შემდეგ, ეს საწყობები ივსება. ასე, რომ ეს მუდმივი სატრიალებელი თანხა უნდა იყოს ყოველთვის რკინის გზის უწყების განკარგულებაში. ამიერ-კავკასიას სატრიალებელ კაპიტალად ეძლეოდა 1915 წელს 16 მილიონი მანეთი. საქართველოს რკინის გზის საჭიროებისათვის საჭირო იქნება 60 მილიონი მანეთი ამ საწყობებისათვის და მასალისათვის. ამ სატრიალებელ კაპიტალიდან ეს 60 მილიონი მანეთი უნდა გადატრიალებულ იქმნეს ამ ფონდისათვის.
მეოთხე მუხლში არის აღნიშნული კრედიტები ამ მეორე და მესამე მუხლების დასაკმაყოფილებლად და შემდეგ მეხუთე მუხლი ეხება იმას, რომ დეკრეტი შედის ძალაში დღიდან მისი მიღებისა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელს სიმონ მდივანს.
ს. მდივანი. ბატონებო! საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სახელით უნდა განვაცხადო, რომ აუცილებლობა ამ თანხისა უკვე დაკანონებული იყო ცხოვრების მიერ და საბიუჯეტო კომისია ეთანხმება როგორც უწყებას, ისე რკინის გზის კომისიას და ფიქრობს, რომ ეს თანხები უეჭველად უნდა შევსებულ იქმნას სათანადო კრედიტის გახსნით.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა. წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
სალაყაია. (კითხულობს 1, 2, 3, 4, 5, მუხლებს. დამფუძნ. კრება ყველა მუხლებს იღებს უცვლელად).
დეკრეტი ლანჩხუთის ქალაქის თვითმართველობისა და სენაკის სამაზრო ერობისათვის 1.000.000 მანეთის სესხის მიცემისა მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ რუსიას.
მ. რუსია. წყალ-დიდობის დროს რიონი გადადის ნაპირებიდან და ლეკავს ორივე ნაპირებს-მარჯვნივ და მარცხნივ რამდენიმე ვერსის მანძილზე და აფუჭებს იმ ყანებს, რომლებიც რიონის ნაპირებზე არის გაშენებული. მათ გადასარჩენად ოზურგეთის და ლანჩხუთსს მაზრები შეთანხმდნენ და თხოულობენ უპროცენტო სესხად 5 მილიონ მანეთს, რომ ნაპირები გაამაგრონ ნატურალურ ბეგარის მოწყობით. თვითმმართველობის კომისიამ განიხილა ეს პროექტი დკკრეტისა და მიიღო უცვლელად, მაგრამ, როდესაც საფინანსო კომისიაში მოხსენება წარმოადგინეს, აღიძრა საკითხი სენაკის ერობის მიერ, რომ მასაც მოუნდება მარჯვენა და მარცხენა ნაპირების გამაგრება და ამისთვის სულ საჭიროა 5 მილიონი მანეთი. თვით კომისიას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის სალაყაიას.
ი. სალაყაია. (ს.-დ.) როდესაც ეს საკითხი გადავიდა საფინანსო კომისიაში, იქ აღიძრა კითხვა. ერთს მხარეს, რომ ნაპირი გამაგრდეს, მოუტანს თუ არა ეს ვნებას მეორე მხარეს, ამისთვის იყო გამოწვეული სამაზრო ერობის წარმომადგენელი და გამოირკვა, რომ იქ წყალდიდობას დიდი ზიანი მოაქვს, მიუხედავად იმისა, აშენდება თუ არა რომელიმე მხარეს ჯებირი. უკვე ამ ზამთარში დაიწყეს მუშაობა და შუამდგომლობა აღძრეს მეორე მხარესაც აშენდეს და საბიუჯეტო კომისიამ გადასწყვიტა მათაც მიეცეთ, სენაკის ერობასთან ერთად ეს 5 მილიონი მანეთი და ეხლა შუამდგომლობს დამფუძნებელ კრების წინაშე მის დადასტურებას.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
სალაყაია (კითხულობს მუხლობრივ. ყველა მუხლები მიღებულ იქნა უცვლელად).
დეკრეტი შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატის და ხარჯ-აღრიცხვის დამტკიცებისა.
თავმჯდომარე. სიტყვა სალაყაიას ეკუთვნის.
ი. სალაყაია. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატები, რომელიც დროებით იყო მიღებული დღემდე დარჩა და საქართველოს მთავრობას ჯერაც არ დაუმტკიცებია; ეს შტატები 65 კაცს შეიცავდა. საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ ყველა უწყებას შეემცირებინა შტატები და შეეფარდებინა საქართველოს ტერიტორიისთვის. შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყება ითხოვდა, რომ მთელი რიგი ადგილობრივ დაწესებულებათა დაარსდა, როგორც მოგეხსენებათ - ერობები და სხვა...
თავმჯდომარე. უკაცრავად, წინადადება გახლავთ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა, რომ ეს კანონის სახით შემოვიდეს. თუ ეს მიიღეთ, მაშინ აღარ იქნება საჭირო ამ დეკრეტის ეხლა განხილვა, ხომ არავინ ინებებს სიტყვას? სიტყვის მსურველი არავინ არის?
სიტყვა ეკუთვნის ბ. გიორგაძეს.
გრ. გიორგაძე. (ს.-დ.) ამ დეკრეტის დაბრუნება საჭირო არ არის. მხოლოდ ჩვენი ფრაქცია წინადადებას იძლევა, რომ ეს დეკრეტი განხილული იქნას კანონ-პროექტის სახით, ე. ი. ზოგადი მსჯელობა იყოს დღესვე, ხოლო მისი მუხლობრივი განხილვა მოხდეს ერთი კვირის შემდეგ. ამაზე მოგახსენებდით, როდესაც შემოვიტანეთ წინადადება, რომ ეს განხილულ იქნას კანონ-პროექტის სახით.
თავმჯდომარე. თუ კანონ პროექტის სახით უნდა შემოვიდეს, მაშინ უნდა მოიხსნას იგი. მე კენჭს უყრი. ვინ არის მომხრე, რომ ეს დეკრეტი კანონ პროექტის სახით იყოს შემოტანილი? ვინ არის წინააღმდეგი? მაშასადამე, გადაიდება და კანონ-პროექტის სახით იქნება შემოტანილი.
ეხლა მოგხსენდებათ შემდეგი საკითხი. მომხსენებელია ბ. მდივანი. (ხმა ადგილიდან: აქ არ არის) მაშ მოგხსენდებათ:
მეორე მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს დაწესებულებათა ორგანიზაციის შესახებ.
მომხსენებელია ბ. იმნაიშვილი. (ხმა ადგილიდან: აქ არ არის).
სალაყაია. მე მოგახსენებთ!
თავმჯდომარე. იკისრებთ? გთხოვთ მოახსენოთ.
ი. სალაყაია. (კითხულობს კანონ-პროექტს მუხლობრივ. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 მუხლები კანონ-პროექტი კენჭის ყრით მიღებულ იქმნა).
თავმჯდომარე. აქ შემოვიდა წინადადება, რომ ქვორუმი არ არის და კრება დაიხუროსო. ვთხოვ ბ. ქვესტორს დაითვალოს. იქნებ დეპუტატები კულუარებში იყვნენ, გთხოვთ მიიღოთ ზომები, რომ შემობრძანდნენ დარბაზში. ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არ ეკადრება დამფუძნებელ კრებას, რომ კრება შევსწყვიტოთ, როდესაც აუარებელი საქმეები არის მოგროვილი. პრეზიდიუმი იძულებული იქნება დააჯარიმოს არა მარტო ისინი, ვინც არ ესწრებიან კრებას, არამედ ისინიც, ვინც ბოლომდის არ რჩებიან. ქვორუმი არის, ბატონებო. (სალაყაიას) გთხოვთ განაგრძოთ.
სალაყაია (კითხულობს შემდეგ მუხლებს. კანონ-პროექტი მთლიანათ თავის შტატებითურთ მიღებულ იქნა).
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხია -
დეკრეტი საარტილერიო საწყობის ნებით დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 2.113.986 მანეთი და 40 კ. გადადებისა.
სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ბ. მდივანს.
ს. მდივანი. (ს.-ფ.) ბატონებო! საარტილერიო საწყობების მოდარაჯე გუნდის ხარჯების დასაფარავად სამხედრო უწყება ითხოვს 2.113.986 მანეთს. მოგეხსენებათ, რომ ეს საწყობები უნდა იქნას დაცული იმ სადარაჯო ათასეულის მიერ, რომელიც შეყვანილი არის ჩვენს სათადარიგო ჯარში. მაგრამ ეს სადარაჯო ათასეული ჯერ სათანადოდ მომზადებული არ არის, რომ მთელი სადარაჯო ადგილი დაიკავოს. ამიტომ საჭირო იყო, სანამ ეს სადარაჯო ათასეული შესძლებდა თავის მოვალეობის აღსრულებას, შეგვექმნა ჯარისკაცთა ისეთი გუნდი, რომელიც ამ საწყობებს დაიცავს. ეს გუნდი არის ნებით დაქირავებული სადარაჯო გუნდი, რომელზედაც აქამდისაც იხარჯებოდა განსაზღვრული თანხა სამხედრო სამინისტროს მიერ.
ეს ხარჯები უნდა დაიფაროს. ამისათვის სამხედრო უწყებას არავითარი კრედიტი არ ჰქონდა და ამიტომ იძულებული იყო სხვა კრედიტებიდან ესარგებლა. ვინაიდან პირველი მარტიდან სადარაჯო ათასეული უკვე შეუდგება თავის მოვალეობის ასრულებას და ეს გუნდი დათხოვნილი იქნება, რასაკვირველია სალიკვიდაციო თანხა არის საჭირო. დაწვრილებით გამოანგარიშებული არის, რამდენ ხარჯს ითხოვს ეს. ეს თანხა შეადგენს 2,113.986 მანეთს. ეს წინადადება სამხედრო უწყებისა იყო განხილული როგორც სამხედრო კომისიაში, ისე საბიუჯეტო კომისიაში. რასაკვირველია, აქ ერთგვარი უხერხულობა იყო იმით, რომ სამხედრო უწყებას არ ქონდა კრედიტი ამ ხარჯების დასაფარავად და ის იძულებული იყო სულ სხვა დანიშნულების კრედიტებით ესარგებლა. ამას მიექცა სათანადო ყურადღება და წინადადება მიეცა სამხედრო უწყებას, რომ ასეთი ხარჯები თავის დროზე იყოს წარმოდგენილი. თუმცა სამხედრო უწყება არ არის დამნაშავე ამაში, ვინაიდან ათასგვარ ინსტანციაში არის გატარებული ეს დეკრეტი, ყველას თავის დასკვნა დაურთავს და ამის გამო ის დაგვიანებული არის. არსებითად, როგორც სამხედრო კომისია, ისე საბიუჯეტო კომისია შუამდგომლობს, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნას.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის არ სურს. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განვიხილოთ ეს დეკრეტი? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.
მდივანი (კითხულობს სათაურს და პირველ მუხლს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. შემდეგ -
მდივანი (კითხულობს მეორე მუხლს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი საერთოდ დეკრეტისა? წინააღმდეგი არავინ არის. მაშასადამე, მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.
პირველი განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავ ქონების გამოყიდვის უფლების გაუქმებისა.
თავმჯდომარე. მომხსენებელია ბ-ნი რუსია.
მელიტონ რუსია (ს.-დ.) საგვარეულო უძრავი ქონების გამოსყიდვის ინსტიტუტი გახლავთ გამოწვეული ძველი სოციალური პირობებით. დღეს უკვე ეს პირობები აღარ შეესაბამება ახალ ცხოვრებას და ამიტომ იურიდიულ კომისიას შემოაქვს კანონ-პროექტი, რომლითაც ეს ინსტიტუტი უნდა იქნას გაუქმებული. ამის შესახებ იურიდიულ კომისიაში აზრთა განსხვავება არ ყოფილა. მხოლოდ დავა გამოიწვია იმან, თუ როგორ მოვეპყრათ იმ საქმეებს, რომელნიც დაწყებულნი არიან სასამართლოში, მაგრამ დამთავრებულნი კი არ არიან. ორი აზრი გამოითქვა ამის შესახებ. პირველი იყო ის, რომ საზოგადოდ, არ არის მისაღები კანონის უკან გავრცელება. და ამიტომ ამ ინსტიტუტის მოსპობასთან უნდა დამთავრდეს სასამართლოში ყველა ის საქმეები, რომელნიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე იქნებოდნენ დაწყებული. მეორენი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა უსამართლობა. მაგალითად, ვისმეს სურს გამოისყიდოს უძრავი საგვარეულო ქონება, როდესაც მისმა ფაქტიურმა მფლობელმა, რომელმაც ის იყიდა, უკვე ერთი-ორი წელიწადი იცხოვრა იქ. როდესაც გამომყიდველი, ლამობს დღეს რამდენიმე მილიონ მანეთად ღირებული, დღევანდელ ფასებში ქონება გამოისყიდოს რამდენიმე ათას მანეთად, ეს იქნება ყოვლად შეუწყნარებელი და უსამართლო. იყო მოყვანილი ციფრები ტფილისის საოლქო სასამართლოდან, რომელიც ამბობს, რომ ასეთი გამოსყიდვა საგვარეულო ქონებისა წინად იშვიათად ხდებოდა. მაგალითად 1917 წელში მხოლოდ ერთი საქმე ყოფილა დაწყებული, მაშინ, როდესაც რამდენადაც უახლოვდებით სპეკულიაციის ხანას, ეს საქმეები მრავლდებიან. ეს აიხსნება, რასაკვირველია, სპეკულიაციით, რადგან ნათესავებს უნდათ დღეს მრავალ მილიონ მანეთად ღირებული ქონება ხელში ჩაიგდონ რამდენიმე ათას მანეთად სასამართლოს წესით. ამიტომ იურიდიული კომისია დაადგა იმ აზრს, რომ მოისპოს ყველა ის საქმეები, რომელნიც დაწყებულნი არიან ამ უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში. დატა, რომელზედაც გაჩერდა იურიუდიული კომისია, არის ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, - 26 მაისი 1918 წელი. და ყველა ის საქმეები, რომელნიც დაწყებულნი არიან 26 მაისის შემდეგ და არ არიან დამთავრებულნი, უნდა მოისპოს. მაშასადამე ჩვენი კანონ-პროექტი მოითხოვს ამ ინსტიტუტის გაუქმებას და ყველა იმ საქმეების მოსპობას, რომელნიც დაიწყეს 1918 წ. 26 მაისის შემდეგ.
თავის-თავად ცხადია, როდესაც საქმე მოისპობა, ყველა ის ფული, რომელიც შეტანილი იყო სასამართლოში, უკან დაუბრუნდებათ შემტანელთ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. მესხიშვილს.
შ. მესხიშვილი (ს.-ფ.) ის კანონ-პროექტი, რომელიც წარმოდგენილი არის თქვენი ყურადღებისათვის, პრინციპიალურად მართლაც მისაღებია. საგვარეულო ქონების გამოსყიდვის ინსტიტუტი შეიქმნა ძველ დროში მხოლოდ იმიტომ, რომ წოდებრივი და უმთავრესად თავად-აზნაურობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მამულები მათი ხელიდან არ გადასულიყო უცხო წოდების ხელში და თუ გადავიდოდა, შეძლება ჰქონოდათ იმავე გვარეულობას ეს მამული უკან დაებრუნებინათ. რასაკვირველია, დემოკრატიულ სახელმწიფოს ასეთი ინსტიტუტი არა სჭირდება. ეს ინსტიტუტი არის მხოლოდ ანაქრონიზმი. ამიტომ ეს უფლება უნდა მოსპობილ იქნას ჩვენგან. ამგვარად, სადავო პრინციპიალურ საკითხში არ არის. არის მეორე საკითხი, რომელიც დავას გამოიწვევს. ეს გახლავთ შემდეგი: შეიძლება თუ არა იურიდიულ ნორმას, რომელსაც აქვს ხასიათი კერძო დამოკიდებულების სამოქალაქო ინტერესების დაცვისა, შეიძლება თუ არა ამისთანა ნორმას მიეცეს ძალა იმის წინ, სანამ კანონი გამოიცემოდა? შეიძლება თუ არა დღეს ჩვენ გამოვცეთ კანონი და ამ კანონის ძალით გავაუქმოთ ის დამოკიდებულება, რომელიც სამოქალაქო წესით არსებობს რამდენიმე ხანი? საერთო დებულება შემდეგია: ყოველ იურიდიულ ნორმას, სამოქალაქო მატერიალურ უფლებრივ ნორმას, რომელიც ცხოვრებაში შედის, უეჭველად ძალა აქვს დღიდან მისი მიღებისა ან კანონში აღნიშნულ ვადიდან, და ყოვლად შეუძლებელია, მისცეთ კანონს, რუსები რომ იტყვიან «обратную силу» ჩვენ ეხლა შევედით საერთაშორისო ოჯახში და წარმოუდგენელია, რომ ერთის ხელის დაკვრით გავაუქმოთ, გავაბათილოთ ყველა ის, რაც შეუქმნია საერთაშორისო უფლებრივ შემეცნებას, რაც იურიდიულ მეცნიერებას შეუქმნია მრავალ საუკუნეთა განმავლობაში. მე თქვენ გეკითხებით, ვისთვის გჭირდებათ ეს? შეიძლება რევოლიუციისთვის, ფართო დემოკრატიის ინტერესებისთვის?
როდესაც თქვენ ღებულობთ კანონს და ლაპარაკობთ, რომ ყველა ის საქმე, რომელიც დაწყებულია 26 მაისის შემდეგ, უნდა მოსპობილი იყოსო, გეკითხებით: ვისთვის გინდათ ეს? ვის ინტერესებს იცავთ თქვენ? თქვენ იცავთ 17 სპეკულიანტის ინტერესებს, რომელთა საქმეებიც არის საოლქო სასამართლოში. მერე ვინ გახლავან ესენი? რევოლიუციის დროს მამულები შეიძინა არა დემოკრატიამ, არამედ მხოლოდ სპეკულიანტებმა, რომელთაც ისარგებლეს ანარქიით, აუარებელი ფული შეიძინეს და შემდეგ ამ ფულით შეიძინეს მამულები. ამ კანონის მიღებით ვის ინტერესებს იცავთ თქვენ, როდესაც საერთაშორისო უფლებასაც კი არღვევთ? თქვენ იცავთ იმ რამდენიმე გასუქებული სპეკულიანტის ინტერესებს, რომელთა გვარებსაც მე შემდეგ კრებაზე ჩამოგითვლით. და მე ვამბობ, თუ გინდათ მოსპოთ ყველა საქმეები 26 მაისის შემდეგ დაწყებულნი, უნდა მოსპოთ ყველა საქმეები უგამონაკლისოთ, ან უნდა დარჩეს ყველა. რა განსხვავებაა მათ შორის? ავიღოთ თუნდა მირზოევის საქმე, რომელიც სასამართლომ უკვე დაამთავრა. მან ეს ქონება უკან დაიბრუნა, რადგან სასამართლომ საქმე ჩქარა აწარმოვა. რატომ არ ავრცელებთ ამ ნორმას მირზოევის საქმეზედ? და თუ არ ავრცელებთ, მე გეკითხები თქვენ, საიდან გაქვთ უფლება გააბათილოთ ის საქმეები, რომელნიც ვექილებმა ვერ მოასწრეს და ვერ დაამთავრეს? სად არის აქ ლოღიკა?
დღევანდლამდი თქვენ გქონდათ კანონი. ეს კანონი სავალდებულო იყო.
მე, თქვენი მოქალაქე, ვკითხულობ ამ კანონს. შეიძლება საძაგელია, მიუღებელია ეს კანონი, მაგრამ შეიძლება კარგიც იყოს. ეს სულ ერთია. კანონია და სავალდებულო ჩვენთვის. დღეს არსებობს გამოსყიდვის უფლება. მე, თქვენმა მოქალაქემ, დავაგირავე სხვა მამული და შევიტანე საქმე სასამართლოში. მე გეკითხებით თქვენ: რა უფლების ძალით ადამიანს, რომელიც ეყრდნობა თქვენს კანონს, მართმევთ ამ უფლებას? საიდან გაქვთ უფლება არ ამინაზღაუროთ ის ხარჯი, რომელიც გაწეულია? მე ვლაპარაკობ: როდესაც ამისთანა იურიდიულ ნორმებს არღვევთ, მესმის თუ ამით დემოკრატიის ინტერესებს იცავთ; იყოს მაგალითად, გლეხობის, ან სხვა რამ ფართო საკითხი, რომელიც დემოკრატიის ფართო მასას შეეხებოდეს. მაშინ ამისთანა კანონის შელახვას მხარს დაუჭერდი, მაგრამ თავის დღეში მხარს ვერ დავუჭერ იმ კანონს, რომელიც იცავს მხოლოდ ჯგუფურს და სპეკულიანტების ინტერესს. ამას ერთხელ კიდევ ხაზი უნდა გაუსვა. ეს შეუძლებელია. მე თქვენ გეკითხებით რატომ უსპობთ, ან თუ უსპობთ იმათ, ვისაც ხარჯი აქვს გაწეული. თუ ლოღიკა გინდა დაიცოთ, გამოიტანეთ შემდეგი დადგენილება: ყველა საქმეები, რომელიც დაწყებული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ე. ი. 26 მაისის შემდეგ, მიუხედავად იმისა პატრონმა მოიგო თუ არა საქმე, გაბათილებული უნდა იქნას. (ხმა: ძალაში შესული?) რას ნიშნავს ძალაში შესული? განა ძალაში შესული არ არის ის საჩივარი, რომელიც დამყარებულია კანონზე და სასამართლოში არის? სად გინახავთ ისეთი კანონი, რომელიც სასამართლოში დაწყებულ საქმეს აბათილებს? სად გინახავთ ასეთი კანონი? და თუ გინახავთ, ლოღიკურად მირზოევის საქმეც უნდა მოსპოთ. მე პირდაპირ ვასახელებ მირზოევის საქმეს. მე ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება ეს კანონი. არიან წრეები, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ეს კანონი ისე მიაღებინონ დამფუძნებელ კრებას, როგორც შემოტანილია. ბ. სერგო ჯაფარიძე აქ არ ბრძანდება, თორემ იტყოდა, რომ ისინი ამ საქმეს არ მალავენ და რომელნიც არ დაერიდებიან ფულის დახარჯვასაც. (ხმები: ვინ არის, დაასახელეთ!) რომელიმე ბანკი, რომელმაც ბ. სერგო ჯაფარიძეს 50 ათასი მანეთი გაუგზავნა და ეს ჰონორარი თავში მიახალა უკან ბ. ჯაფარიძემ (ხმები: კარგი ჩაუდენია!) დიახ! და მე ურჩევ ყველას, ამ მაგალითს მიჰბაძოს. (თოფურიძე: უნდა სთქვათ ბოლომდე!) მე მგონია, ძალიან ნათლადა ვთქვი, რაც სათქმელი იყო. მე კიდევ გისვამთ საკითხს: ვერ წარმომიდგენია ასეთი უფლების შელახვა ჯგუფისათვის, ვერ წარმომიდგენია ასეთი ულოღიკობა, რომ ისე ლახავთ პრინციპს, რომ ერთისთვის სტოვებთ და მეორესთვის კანონს აძლევთ ისეთ ძალას, რომ ეს გაბათილებული უნდა იყოს. რას უშვრებით იმ მოქალაქეს, რომელიც შეიტანს საჩივარს და დღეს ამას აბათილებთ. რომელ სოციალ მოთხოვნილების განსახორციელებლად გჭირდებათ თქვენ ეს კანონი? აქ ამბობენ, სპეკულიაცია არსებობს და უნდა მოვსპოთო. რაშია საქმე? მომხსენებელმა აქა სთქვა, ამისთანა საქმეები წინად არა ყოფილა ხშირი, ახლა კი გამრავლდაო. დიახ, მაგრამ მათი რიცხვი ტფილისის საოლქო სასამართლოში მხოლოდ 17 არის. ამ სპეკულიანტების დასაცავად თქვენ გინდათ შელახოთ თქვენივე მოქალაქის უფლება და ინტერესი. ვერც ერთი იურისტი, ვერც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ შეიგნებს ამას. ამიტომ გეკითხებით თქვენ, ვისთვის, რისთვის დაგჭირდათ ამ კანონის შემოტანა? ეს შენიშვნა, რომელსაც ამ კანონ-პროექტის ძალით ავრცელებთ 26 მაისიდან საქმეებზე, რომელიც არ არის დამთავრებული, შეეხება მხოლოდ 17 კაცს. რაშია საქმე? იმაში, რომ დაუთმოთ სპეკულიანტებს, რომელთაც ფული მოიხვეჭეს, შეიძინეს ქონება. სამწუხაროდ, გვარები არ წამომიღია, თუმცა შეიძლებოდა ყველა გვარების წამოღება. იმათ შეიძინეს ქონება, ნათესავებმა ისარგებლეს ამით და დღეს უნდათ გამოყიდვა. შეიძლება ეს ქონება ღირდეს მეტად, მაგრამ ეს უფლება ჰქონდა და ცდილობს ეს მამული გამოიყიდოს. როდესაც ამ კანონს აძლევთ მნიშვნელობას, რომ დღეს უნდა დაარღვიოთ ამ ნათესავების უფლება, მე კიდევ გეკითხებით თქვენ: ვის ინტერესებს იცავთ? იმათ ინტერესებს, ვინც არც დემოკრატიის წარმომადგენლები არიან და უკვე გაყვლიფეს ჩვენი საზოგადოება, თუ ვის?
ჩვენი წინადადება ასეთია: ეს კანონ-პროექტი მისაღებია. ეს ინსტიტუტი უსამართლოა, იგი იცავდა თავად აზნაურების ინტერესებს. მაგრამ, როგორც სამოქალაქო კანონი, რომელიც იცავდა დამოკიდებულებას ერთი მოქალაქისას მეორე მოქალაქესთან, ძალაში უნდა შევიდეს დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ. როდესაც მოქალაქემ უკვე გაიღო ხარჯი, საქმე სასამართლოში შეიტანა, შეუძლებელია დამფუძნებელმა კრებამ ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც მოსპობს უკვე არსებულ საქმეებს. ეს პირდაპირი შელახვა იქნება უფლებებისა. ეს მხოლოდ 17 სპეკულიანტის დაცვა იქნება და მეტი არავისი.
ჩემი წინადადება: პრინციპიალად კანონ-პროექტი მისაღებია, ხოლო რაც შეეხება შენიშვნას, იგი მიუღებელია. თუ ამას მიიღებთ, ულოღიკობა უნდა დაიცოთ და 26 მაისის შემდეგ ყველა საქმეები მოსპობილი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, საქმის განაჩენი ძალაში შევიდა თუ არა და მირზოევის საქმეც უნდა მოისპოს, გადავიდა თუ არა მისი სახლი იმის ხელში, ვისაც უნდა ეკუთვნოდეს.
თავმჯდომარე. ბატონი გიორგაძე.
გრიგოლ გიორგაძე. (ს.-დ.) ეს კანონ-პროექტი შემუშავებული და დამუშავებულია მთავრობის მიერ. იურიდიული კომისიის ინიციატივა ამ კანონ-პროექტს არ უძღვის. მთავრობის კანონ-პროექტში იყო ეს შენიშვნა, რომელზედაც კამათი არის. ნამდვილათ კანონ-პროექტი მთავრობისა იყო. მხოლოდ, რომ იყო ნათქვამი, რომ ძალა ეძლევა ამ კანონს ან და მოისპობა ის საქმეები, რომელნიც აღძრულნი არიან 1-ლ იანვრიდან, იურიდიულმა კომისიამ კი პირველი იანვარი შესცვალა 26 მაისათ, მან აიღო ის დატა, რომელიც ყველასათვის გასაგები არის. ამ გვარად უნდა განვაცხადო, რომ ეს ინიციატივა იურიდიულ კომისიისა არ იყო. იურიდიულ კომისიასაც და მთავრობასაც მოსდიოდა განცხადებები სხვა და სხვა ადგილებიდან, მაგალითად ქუთაისიდან, რომ არა ნორმალური მდგომარეობა არსებობს, კურსის დაცემით სარგებლობენ, და უნდათ ქონება დაიბრუნონო. აი აზრი კანონ-პროექტისა და იმ შენიშვნისა, რომელიც აქ საკამათო არის.
ბ. მესხიშვილი არ უარყოფს იმ დებულებას, რომ რადგანაც კურსი დაეცა ფულისა, ამიტომ მეპატრონე სცდილობს მამული უკან დაიბრუნოს, ეს ფული მისცენ ე. ი. ის ჯამი მისცენ მათ, რომელიც წინათ გადახდათ. აშკარა არის, რომ ამას აქვს ერთგვარი სპეკულიატიური ხასიათი და ამ ნიადაგზე იდგა ჩვენი დამფუძნებელი კრება, როდესაც სთქვა, რომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ ამ მოვლენებსო. დამფუძნებელმა კრებამ თავისი აზრი, თავისი პრინციპიალური შეხედულება გამოსთქვა, როდესაც შინაურ პირობებზედ ჰქონდა ლაპარაკი. თქვენი ლოღიკური დასკვნაა, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, რომ ფრთები შეგვეკვეცა სპეკულიაციისათვის. შეიძლება ამ შემთხვევაშიაც რამე უსამართლობა მოხდეს. ერთი, ან ორი დაიჩაგროს, მაგრამ ობიექტიურ პირობებს რომ აიღებთ, რომ ასეთი სპეკულიაცია არსებობს, მაშინ ეს შენიშვნა ნამდვილად არის მისაღები. თუ ეს კანონი მიმართული არის ამ სპეკულიაციურ მოვლენების წინააღმდეგ და თუ თეორიულად და იურიდიულად დავაყენებთ საკითხს, მაშინ კანონს უკუმოქმედებითი ძალა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ პრაქტიკულად განხორციელება ამ იურიდიულ ნორმას არ უნდა ექნეს და სარგებლობა მითი, რომ სპეკულიაციური საშუალებით ისარგებლოს ვისაც სურს, იმიტომ, რომ ფულის კურსი დაწეული არის. მაშასადამე, ამ მოსაზრებით ეს შენიშვნა მისაღები არის, რომ სპეკულიაციის მოვლენებთან გვაქვს საქმე. ეს პირველი, მაგრამ არის მეორე დებულება. ბ. მესხიშვილი ამ დებულებას მხედველობაში იღებს და ამბობს, რომ დამფუძნებელმა კრებამ უნდა მოსპოს ყველა საქმეები, რომელიც 26 მაისამდის არის დადებულიო, მაგრამ, არის ძალაში შესული საქმეები, არის განჩინება, რომლის შესახებ სასამართლომ სთქვა თავისი სიტყვა და ამა თუ იმ პიროვნებას გასცა ბრძანება, რომ შეასრულოს ესა თუ ის დადგენილება. ამ მხრით იურიდიულ კომისიას უხერხულად მიაჩნია, რომ ის საქმეები, დამთავრებული, - იურიდიულ გაუქმდეს. ეს სასამართლოს პრესტიჟს დასცემს. მხოლოდ ის საქმეები, რომლებიც დაუმთავრებელი არის, რომლის შესახებ სასამართლოს თავისი სატყვა არ უთქვამს, ამ შემთხვევაში ეს სასამართლოს პრესტიჟს არ დასცემს. (მდივანი: სენატის ბრძანებით ჰქონდათ დამტკიცებული მიწები, ხომ ჩამოართვი?) რომელი სენატის, პეტროგრადის სენატის: მე ჩვენ სასამართლოზედ ვლაპარაკობ, რომლის პრესტიჟი არ უნდა დავწიოთ და რომლის განჩინებას მოქალაქე ისე უნდა უყურებდეს, როგორც ურყეველს. (მესხიშვილი: რეპლიკა არ ისმის). მე არ მოგახსენებთ ძველ სენატზედ. იურიდიული კომისიის აზრით უნდოდა გამოეყო ის საქმეები, რომელნიც 26 მაისის შემდეგ არის დაწყებული.
მე მგონია, თუ კი გვინდა განვახორციელოთ ის დედა აზრი, რომელიც დადებულია საფუძვლად ამ კანონ-პროექტში, ესე იგი თუ ის მიმართულია სპეკულიაციის წინააღმდეგ, ისე არ უნდა მოვიქცეთ, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ, რომ არაფერს ანგარიში არ გაუწიოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვმსჯელობთ ასე: შეიძლება კერძო ინტერესი 1-2 კაცისა შეილახოს, მაგრამ სასამართლოს პრესტიჟი, ყოველ შემთხვევაში, ამ კანონპროექტით, არ უნდა შევლახოთ. ასეთი არის ჩვენი შეხედულება. მესხიშვილმა გაკვრით სთქვა, ვითომ ვინმე არის ამ საქმეში დაინტერესებული. თუ კი რამეს გაკვრით იტყვიან, მას მნიშვნელობა არა აქვს, უფრო აშკარად უნდა იყვეს ნათქვამი. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი გაკვრით თქმა შეუფერებელია, მაშინ როდესაც თვით კანონ-პროექტი გამოდის მთავრობისაგან, მაშინ როდესაც იურიდიულ კომისიაში ეს მთავრობის დებულება, სადაც 1 იანვარი იყო ნახმარი, 26 მაისი მივიღეთ. იურიდიულ კომისიამ თავისი მოვალეობა შეასრულა და მე მგონია, რომ ის დებულება, რომელიც წამოყენებულია, პრინციპიალურად მისაღებია და მიზანშეწონილი. რაც შეეხება იმას, თეორიულად რომ შევხედოთ ამ კანონის უკუმოქმედებას, რასაკვირველია, თეორეტიულად იურისტისათვის მისაღები არ უნდა იყვეს. მაგრამ დამფუძნებელ კრებისათვის მიზანშეწონილობით მისაღები არის. აი, ეს გახლავთ მთელი ის მოსაზრება, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ საკითხის შესახებ. ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა. ზოგიერთი იყო იმ აზრის, როგორისაც მესხიშვილი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გავიზიარეთ ის აზრი, რა აზრისაც იყო მთავრობა.
თავმჯდომარე. უკვე სამი საათია, როგორ ინებებთ, გავაგრძელოთ თუ შევწყვიტოთ? (ხმები: ეს საკითხი დავამთავროთ!) სიტყვა ეკუთვნის ბ. ნიკოლაძეს.
ნიკო ნიკოლაძე (ნ.-დ.) მინდა მოგახსენოთ, რომ არსებითად საკითხი იმის შესახებ, რომ მამაპაპეულ მამულების გამოსყიდვა უნდა მოისპოს ამიერიდან უდავო არის ყველასათვის: თვითონ კანონში იყო განმარტებული, რომ ეს შეეხებოდა მარტო თავად-აზნაურობის მამულებს მამაპაპურად გადმომავალთ. რადგანაც ამისთანა მიწადმფლობლობა თითქმის მოისპო ჩვენში, საჭირო აღარ არის შეინახოთ ის კანონი, რომლის მოსასპობად არის შემოტანილი ეს კანონ-პროექტი. რაც შეეხება უკუმოქმედებას, 25 მაისიდან დაწყებული, იმ შენიშვნის მიღება, რომელიც ავრცელებს კანონ-პროექტის ძალას ყველა საქმეებზე, რომელიც კი სწარმოებენ ეხლა სასამართლოებში, სრულიად სამართლიანი იქნება. თუ ეს შენიშვნა არ მივიღეთ აი, რა უსამართლობა მოხდება: დაბრუნება დღეს იმავე ფულისა, რომელიც მიღებული იყო ამ 12 წლის წინათ, იქნება გაგლეჯა მყიდველისა. თუ გნებავთ რომ დაცული იყოს ის, რასაც ეხლა ბ. მესხიშვილი ეძებს, როცა ბრძანებს, რომ პრინციპიალურად უსამართლობა იქნება ეს უკუქცევა კანონისაო, მაშინ სიმართლე იმას მოითხოვს, რომ დააფასოს სასამართლომ, რა ღირს დღეს დღევანდელ ფულათ, ის ფული, რომელიც გაღებული იყო შარშან, მამულის ყიდვის დროს. შარშან, იმ მამულის მაგიერ, იმავე ფულით მყიდველი იყიდდა სრულებით სხვა რაოდენობას საქონლისას, ვინემ დღეს იმავე ფულით შეიძენს. შარშან 100 მანეთად ის იყიდდა ორ ფუთ სიმინდს, წრეულს კი ვერ იყიდის ერთ მეხუთედსაც ფუთისას. თუ გინდათ დაიცვათ სიმართლე, აი ამ დონეზე უნდა დააყენოთ საკითხი. როცა სპობთ კანონს ამ მამაპაპეურ მამულების დაბრუნებისას, თქვენ უსათუოდ უნდა განმარტოთ - რა რაოდენობა ფულისა უნდა მიეცეს იმას, ვისაც აიძულებთ გამყიდველის ნათესაობას დაუბრუნონ მისგან ნაყიდი მამული. სპეკულიაცია იმაში კი არ მდგომარეობს, რაზედაც ათითებს ბ. მესხიშვილი, ვითომ მარტო 17 ახლად გამდიდრებულ სპეკულიანტებმა იყიდონ მამულები და მარტო იმათ კი არ ვართმევთ... (მესხიშვილი: 15 სპეკულიანტი და ორი ბანკი). 15 იქნება, თუ ერთი, რამდენადაც ჩვენ გვესმის, სიმართლე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ 17 კაცს შეეხოს თუ ერთს, სიმართლე ყველასათვის ერთი უნდა იყვეს. ერთი კაცისათვისაც კი თუ დაირღვა სიმართლე, ის სიმართლეთ აღარ დარჩება. იმას მოგახსენებდით, რომ ნამდვილი სპეკულიაცია სწარმოებს იმ პირებისაგან, ვინც არღვევს გაყიდულების პირობას, არა იმისთვის, ვითომ მამაპაპეური მამული დაიბრუნოს, არამედ იმ მიზეზით, რომ ჩვენი ფული დღითი დღე კარგავს თავის ღირებულებას და მას შეუძლია ათჯერ უფრო იაფათ დაიბრუნოს გაყიდული მამული. ფულის გაიაფებამ გააჩინა ახალი სპეკულიაციისაკენ მისწრაფება. არღვევენ გაყიდულობას არა მარტო დიდი სახლების, ან მამულების შესახებ, არამედ ძალიან მცირე მიწის ნაჭრებისას, ეხლა სწორედ ამ მიზეზით, ამ ნიადაგზე მტრობა დიდი არსდება, სისხლის ღვრაც ხდება ამ ნიადაგზე, ამის გამო ჩვენ ან უნდა მივიღოთ კანონ-პროექტი, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ, ნამდვილ სიმართლის დასაცავად, იმნაირად, როგორც ეს წარმოდგენილია, ან და თუ მაინც და მაინც გნებავთ, რომ ეს უკუქცევა უკუ ვაგდოთ, მაშინ უნდა დააწესოთ, რომ სასამართლონი, რომელნიც არჩევდნენ ამ გვარ საქმეებს, ღებულობდენ მხედველობაში ფულის ღირებულების დაცემას, და ამ ანგარიშს იღებდნენ სახელმძღვანელოთ, თუ დაბრუნების დროს რა ეღირება ყიდვის დროს გაცემული ფასი. უამისოთ გამოყიდვა იქნება ცარცვა-გლეჯა იმ პირებისა, ვინც მამული გულწრფელათ იყიდა.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. მესხიშვილს ეკუთვნის.
შ. მესხიშვილი. (ს.-ფ.) ბ. ნიკოლაძე რომ ამ აზრს დაადგებოდა, მე ეს ვიცოდი, და როდესაც ნიკოლაძე იცავს ამ შეხედულობას, ამ შეხედულობის და მის საერთოდ მსოფლმხედველობის შორის არის ერთგვარი შეთანხმება. მაგრამ ვერც დემოკრატიული დამფუძნებელი კრება და ვერც ერთი ნამდვილი დემოკრატიის წარმომადგენელი ამას ვერ გაიზიარებს. მე ვეკითხები დამფუძნებელ კრებას, სამართლიანი არის თუ არა, მაგალითად რომ ავან-იუზბაშევის სახლი ქალაქის თვითმმართველობამ 397 ათას მანეთად ჩამოართვას და თუ იგი (იუზბაშევი) არ შეუთანხმდა ქალაქის თვითმმართველობას, მაშინ მას ეს სახლი ძალით ჩამოერთმევა? სამართლიანია ეს ჩამორთმევა თუ არა, როდესაც ეს ქონება ღირს მრავალ მილიონათ, რადგანაც იგი შეფასებულია ამ 10 წლის წინათ მრავალ ათას მანეთად, სამართლიანია თუ არა? რასაკვირველია, ნიკოლაძისათვის სამართლიანი არ არის, მაგრამ ჩვენთვის არამც თუ სამართლიანი, აუცილებელიც არის. და ჩვენ ქალაქის თვითმმართველობას არ გადაუდგამს ისეთი მიზანშეწონილი ნაბიჯი, როგორც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იგი საჭირო არის ქალაქისათვის, სახელმწიფოსათვის. კარლინსკის სახლი რომ ჩამოართვეს, სამართლიანი არის თუ არა? სამართლიანია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კანონი მიდებული, როდესაც ერობას, ქალაქის თვითმმართველობას სჭირდება შენობა საზოგადო ინტერესისათვის, ამ კერძო ქონების ჩამორთმევა დასაშვებია.
კერძო საკუთრების პრინციპის გადალახვა სამართლიანი არის თუ არა? მე ვლაპარაკობ, რომ სამართლიანი არის და აშკარა არის, რომ ეროვნულ დემოკრატების შეხედულობით ეს სამართლიანი არ უნდა იყვეს. მე ვერ გამიგია, როდესაც ამას იზიარებს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის წარმომადგენელი, რა საკვირველია, ნიკოლაძე პირველი იტყვის უარს ამ კანონის ხელის მოწერაზე. (ნიკოლაძე: არ ვიტყვი!) იტყვით. (ნიკოლაძე: არ ვიტყვი, სცდებით!) რომელიმე ბანკს მიმართეთ, რომ წინათ შეტანილი ფული დაგიბრუნონ დღევანდელი კურსით, მაშინვე მოგართმევენ სწორედ, გახურებულ უარს გეტყვიან და დღევანდელი გონებით დაგიბრუნებენ. თუ ეს პრინციპი სამართლიანი არის, როდესაც თქვენ ლაპარაკობთ რომ 17, - თუ ერთი კაცის უფლებას შელახავთ სულერთიაო, - ეს მართალია. როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ამ უფლებრივ ნიადაგზე ვიდექით: არსებობს კანონი, მოქალაქე დაეყრდნო ამ კანონს, ამის გამო გასწია ხარჯები, უკანასკნელი სახლი დააგირავა, შეიტანა სასამართლოში საქმის გასაწევი ხარჯები და რა უფლების ძალით უსპობთ თქვენ იმას სასამართლოში დაწყებულ საქმის დამთავრებისას? მე მოგახსენებთ, დემოკრატიის ინტერესისათვის რომ ყოფილიყო საჭირო ამ პრინციპის დარღვევა, მაშინ გეტყოდით, რომ ეს სამართლიანი არის. მე გეკითხებით თქვენ, ვისთვის არღვევთ ამ კანონს, ლახავთ უფლებას 17 კაცისას, რომელმაც დაიწყო საქმე მეორე 17 კაცისათვის. ვინ არიან ისინი, 15 იმათაგანი არის ამ ომიანობის და ჩვენ ჭირ-ვარამის დროს გასუქებული ვაჟბატონები და ორი ბანკი, რომელმაც, რასაკვირველია, დიდი ფული შეიძინა, იმიტომ რომ დიდ ძალი ფული ქონდა ძველი კურსით აღებული და დღეს კი უბრუნებენ ახალი კურსით, და ესენი არიან ის 17 კაცი, ვისთვისაც გინდათ 17 კაცის ინტერესის დარღვევა, მე ეს ისე არ მაწუხებს, როგორც ის, რომ ყველგან იტყვიან, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კანონს მისცეს უკუმსვლელობითი მნიშვნელობაო.
იურისტისათვის ეს წარმოუდგენელია, ამისთვის სერიოზული საფუძველი უნდა გქონდეთ, ამას უნდა მოითხოვდეს ფართო მასის, დემოკრატიის ინტერესი. მაშინ დაგეთანხმებით, მაგრამ, როდესაც ამისთანა სერიოზულ შემეცნებას არღვევთ, მე გეკითხებით თქვენ, რისთვის და ვისთვის არღვევთ ამას? რა მხრიდანაც არ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს, ეს საკითხი ყოვლად მიუღებელია. ალბად ამაზე მსჯელობა კიდევ იქნება დღევანდელ კრების შემდეგ.
ერთი გარემოება კიდევ არ იყო დღეს მხედველობაში მიღებული. საქართველოს რესპუბლიკის ხაზინას შემოუვა უკანასკნელი 2 მილიონი მანეთი. როდესაც ეს საქმე სასურველად იქნება დამთავრებული, მაშინ ხელახლა უნდა იქმნას ნოტარიუსის წესით ბაჟი. ახლა მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ამ ორ მილიონ მან. გადასახადს ასე ადვილად უკუაგდებთ, ვისთვის, ან რისთვის უკუაგდებთ? 17 კაცისთვის? რა გახდა ეს 17 კაცი! (ხმაურობა) არ ვიცი როგორ ვსთქვა, რომ არ მითხრან - გადაკვრით ლაპარაკობთ, გადაკვრით მე არაფერი მითქვამს, და თუ გნებავთ სახელებს მოგიყვანთ. არსებობს აზოვო-დონის ბანკი, რომლის წარმომადგენელს განუცხადებია, რომ რათაც უნდა დამიჯდეს, მაინც გავატარებ ამ კანონსო. მე არაფერი ვიცი ამის შესახებ: მე არ ვიცი როგორ დაუჯდათ ეს, მხოლოდ ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიცი ერთი ასეთი შემთხვევა, რომ ერთ სერიოზულ იურისტის, დამფუძნებელ კრების წევრის თავის მხარეზე გადაბირება მოისურვეს. (ხმაურობა. ზარი. ხმები: - დაასახელეთ ვინ?) მე გადაკვრით არ ვლაპარაკობ, მესხიშვილი ყოველთვის პირდაპირ ლაპარაკობს. ეს გახლდათ აზოვო-დონის ბანკი და იურისტი კი სერგი ჯაფარიძე. ამიხსენით: რატომ გსურთ თქვენ გაატაროთ ეს შენიშვნა ბ. გიორგაძე? თუ თქვენ ეს სპეკულიაციის წინააღმდეგ ბრძოლად მიგაჩნიათ, უნდა მოგახსენოთ, რომ დიდი შეცდომაა. ერთი ქართული ანდაზაა: „ქურდის ქურდი ცხონებულიაო“. (ხმა: თქვენ ვის ინტერესებს იცავთ?) მე უფრო იმის ინტერესს დავიცავ, ვინც სახლს უკან დაიბრუნებს, ვიდრე სპეკულიანტის ინტერესს. აქ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა და თვალსაზრისთა განსხვავება იყოს, შეიძლება თქვენ ამას - 17 კაცის ინტერესის დაცვას სპეკულიაციასთან ბრძოლას ეძახოდეთ, მე კი ამას 17 სპეკულიანტის ინტერესის დაცვას ვეძახი. (ხმაურობა. რეპლიკები არ ისმის. თავმჯდომარის ზარი). ეხლავე მოგახსენებთ რაშია საქმე.
1918 წლის 26 მაისიდან ბევრი საქმე არის დაწყებული, ზოგი მათგანი გათავდა, მაგალითად, მირზოევის საქმე. წინედ მირზოევმა ამ კანონით უკვე ისარგებლა: მან უკან მიიღო დოკუმენტი და სახლი, რომელიც შედარებით ძალიან იაფ ფასებში იყო გაყიდული. უკან დაიბრუნა იმავ ფასად და საქმე ამით გათავდა. არის ამავ დროს დაწყებული სხვა საქმეები. სამოქალაქო საქმე კი ისეთი რამ არის, რომ თუ დოკუმენტები არ არის დროზე შეყენებული, ეს საქმე არ გათავდება თუ მოწინააღმდეგეს მომზადების საშუალება არ ჰქონდა. რა განსხვავებაა მირზოევის და იმათ მდგომარეობას შორის, რომელთა საქმე ჯერ არ გათავებულა? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვერ გადაუხვევთ სასამართლოს გადაწყვეტილებასო. რასაკვირველია, მე დიდი მოთაყვანე ვარ, მისი პრესტიჟი მაღლა უნდა იყოს აწეული, მაგრამ არა ასეთ ზომებით. რასაკვირველია, სასამართლოს პატივისცემა არის საჭირო. მაგრამ, როდესაც პრინციპიალურად უყურებთ საკითხს, მაშინ სულ სხვაგვარი მდგომარეობა იქმნება: ყოველი დაწყებული საქმე შეიძლება დამთავრდეს მხოლოდ სასამართლოს წესით. ეს არის პრინციპი. როდესაც რომელიმე საქმე არის სასამართლოში შესული, არც ერთს ძალას არ შეუძლიან, არ აქვს უფლება მოსპოს, თუ არა თვით სასამართლოს მიერ არ მოისპობა კანონიერის წესით. რა უფლება გაქვთ თქვენ, როდესაც მე, მოქალაქეს, ყოველგვარი ხარჯები გამიწევია, ოჯახი შემივიწროებია, ერთის ხელის დაკვრით მომისპოთ საშუალება საქმის კანონიერ გზით წაყვანისა? თუ თქვენ გსურთ ლოღიკა დაიცვათ, მაშინ შეუძლებელია ისეთი რამ დააკანონოთ, რომ რადგან ერთმა ადრე გაათავა თვისი საქმე, მას მიეცეს უპირატესობა და მეორეს ინტერესი კი, რომელმაც გვიან გაათავა, ამ გვარივე საქმე, - შეილახოს. თუ თქვენ მართლა ლოღიკა გსურთ დაიცვათ, მაშინ ყველა საქმეები, რომლებიც 26 მაისიდან არის დაწყებული, უნდა მოსპოთ. ამ აზრს რომ დაადგეთ, ეს თქვენთვის იქნებოდა ერთგვარი ლოღიკური გამოსავალი. ჩვენთვის კი, პირველი და მეორეც მიუღებელია. მე ვერ შეურიგდები იმას, რომ სამოქალაქო კანონს უკუმოქმედებით ძალა მისცეთ, რადგანაც ყოველი ნორმა სამოქალაქო უფლებისა, რომელიც ახალ დამოკიდებულებას ქმნის, სავალდებულოა ყველა მოქალაქისათვის იმ დროიდან, რა დროიდანაც კანონი არის შემოსული. მაშინ ეს ყოველ მოქალაქეს ეცოდინება და აღარ დაიწყებს ახალ საქმეს. (კედია: სახლი თუ იაფად წაართვით, ვიღა აგიშენებთ?) ამიშენებს თუ არა, ჩემთვის სულ ერთია, რადგან ამ წართმევით მე ვემსახურები ფართო მასას. (გვაზავა: ეს იურიდიული აზრი არ არის!) მოგახსენეთ, რომ ჩემსა და თქვენს შორის პრინციპიალური განსხვავება არის. იურიდიული ნორმების შეცვლა, დარღვევა შეიძლება მაშინ, როდესაც სერიოზული მომენტი არის, როდესაც ამას რევოლიუციის და სოციალიზმის, ფართო მასის, დემოკრატიის ინტერესები მოითხოვს.
როდესაც ქალაქის გამგეობა არტისტიულ საზოგადოებას შენობას ართმევს, - ეს სახელმწიფოსთვის არის საჭირო. როდესაც ერობები ახდენენ ჩამორთმევას, ეს მისაღებია, იმიტომ, რომ ამას ფართო დემოკრატიის ინტერესი მოითხოვს. ჩემთვის, როგორც იურისტისათვის, მისაღებია ასეთ შემთხვევაში იურიდიულ ნორმებისა და კანონების დარღვევა. მაგრამ მისაღები არ არის მაშინ, როცა არღვევთ სერიოზულ იურიდიულ კანონს და არა გაქვთ მხედველობაში მიღებული დემოკრატიის და რევოლიუციის ინტერესი, არამედ სახეში გაქვთ მხოლოდ სპეკულიანტების ინტერესები.
ეს კანონი შეიძლება უფრო ფართოდ დაგვეყენებია, რაც შეიძლება უფრო ფართოდ ყოფილიყო სახლების ჩამორთმევა იქ, სადაც ამას დემოკრატიის ინტერესი მოითხოვს. მე, როგორც იურისტი და დემოკრატი, ამას დავეთანხმები, მაგრამ როგორც იურისტი, ვერც ერთს იურიდიულ ნორმას ვერ დაგითმობთ, როცა ამ ნორმას სპეკულიანტის ინტერესებისათვის არღვევთ. ჩემი იურიდიული შემეცნება ამას ვერ შეურიგდება. (გიორგაძე: ამით სპეკულიაციას ვებრძვით!) პირველად მესმის სპეკულიაციით სპეკულიაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ან სპეკულიაციით სპეკულიაციის მოსპობა.
ნუ თუ ჩვენმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და დამფუძნებელმა კრებამ სპეკულიაციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს ამ 17 სპეკულიანტის ინტერესის დაცვით? მთელი ჩვენი საზოგადოება და ხალხი სპეკულიაციამ ამოაგდო, დაახრჩო და ნუ თუ სხვა საშუალებას ვერ მიმართეთ მის წინააღმდეგ? ყველა პროვინციაში გაიძახიან: სად არის მთავრობა, სპეკულიაციამ დაგვახრჩო! და თქვენ სპეკულიაციასთან ბრძოლა დაგიწყიათ იქიდან, რომ სპეკულიანტებს იცავთ! ეს ორიგინალური ბრძოლა გახლავთ. თუ თქვენ მართლა გინდათ იბრძოლოთ სპეკულიაციის წინააღმდეგ, იგი ისეთ ფართო მასშტაბით უნდა აწარმოოთ, რომ ფართო მასის, დემოკრატიის ინტერესები დაიცვათ. თქვენ უნდა ასე ებრძოლოთ სპეკულიაციას, იმიტომ, რომ მათ ისე გააძვირეს ცხოვრება, რომ ცხოვრება ფართო მასისათვის შეუძლებელი გახდა. შემოიტანეთ კანონი, რეფორმები და უმეტესი ნაწილი დამფუძნებელი კრებისა, როგორც ერთი კაცი დავიჭერთ მხარს. რაღა სპეკულიაციასთან ბრძოლა დაიხვიეთ ხელზე?
მე მგონია, რომ ვისაც სურდა გაეგო ჩემი ნათქვამი, ეს არგუმენტი საკმარისია. და თუ გაგება არ გინდათ, მე თქვენ ვერ დაგაჯერებთ, ამდენ თითებს ვერ შევებრძოლები. (ხმა: სადაც ბევრი ხელებია, თავებიც ბევრი გახლავთ!) შეიძლება ბევრი ხელები იყოს და თავი კი - ძალიან ცოტა. იმისთანა მანქანა არა გვაქვს, რომ თავების სიმძიმე გამოიანგარიშოთ. ამაზე დავას ვერ დაგიწყებთ. ვისაც სურს სამართალი დაიცვას, ამ კანონს უკუმოქმედებითი ძალას არ მისცემს. მას უნდა მიეცეს ძალა დღიდან მისი მიღებისა: ხვალიდან ყოველ მოქალაქეს ეცოდინება, რომ ასეთი კანონი არსებობს და ამ კანონს შეუფარდებს თვის მოქმედებას. ამ კანონის უკუმოქმედების ძალის მიცემა, ჩემის აზრით, იქნება დიდი უსამართლობა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ გვაზავას.
გიორგი გვაზავა. (ნ.-დ.) ბატონებო! დემოკრატიულ სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს, რომ თავდაპირველად დაცული იქმნას უფლებრივი წყობილება. ამაში არის მთელი ჩვენი ერის სახელმწიფოებრივი ინტერესები.
ამაზე ლაპარაკობდა ბ. მესხიშვილი. აქ ლაპარაკი იმის შესახებ კი არ არის, დავიცვათ სპეკულიანტები თუ არა, არამედ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ უფლებრივი ცხოვრება. თუ ყურადღებას მიაქცევთ ამას, მე მგონია მე-10 ტომში, სადაც ლაპარაკი არის გამოსყიდვის უფლების შესახებ, დაინახავთ, რომ ეს ინსტიტუტი არის ერთგვარი გამონაკლისი საზოგადო პრინციპიდან. წარმოიდგინეთ, რომ კაცი ყიდულობს მამულს, იყიდა კანონიერად და იმას უფლება არ აქვს თურმე შეინარჩუნოს თავისი მამული. თურმე წინანდელ მემამულის გვარეულობას უფლება აქვს გამოისყიდოს ეს მამული. ეს არის დარღვევა კერძო საკუთრების პრინციპისა. ერთმა იყიდა მეორესგან მამული და თურმე ეს აქტი მტკიცე არ ყოფილა. ეს, როგორც გამონაკლისი, მიუღებელია. პრინციპიალურად ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს კანონი გაუქმებული უნდა იყოს. თუ ვინმეს გაუყიდა მამული, ყოვლად შეუძლებელია მას მივცეთ უფლება გამოსყიდვისა. ამიტომ ვეთანხმებით იმ წინადადებას, რომ ეს კანონი გაუქმებულ უნდა იყოს. მაგრამ სდგება მეორე საკითხი: ექნება თუ არა ამ კანონს, უკუქცევითი ძალა? აქ ბ. მესხიშვილმა მოიყვანა ერთი მოსაზრება. მართალი მოგახსენოთ, მე ამას სავსებით ვერ ვეთანხმები. საზოგადოდ, საკითხი კანონისათვის უკუქცევითი ძალის მიცემის შესახებ დღესაც სადავო არის მეცნიერებაში. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს - აქ მესხიშვილი მართალია. სისხლის სამართლის საქმეებში თუ კანონი შეღავათს აძლევს დამნაშავეს, იმას ყოველთვის უნდა ჰქონდეს უკუქცევითი ძალა. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, ამის შესახებ დღესაც დავობენ მეცნიერები. ჩემის მხრით, მე ვიზიარებ გერმანელ მეცნიერის სავინიის აზრს. ის ამბობს, რომ სამოქალაქო კანონს შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, მხოლოდ ერთის პირობით: ვერ შევეხები ისეთ უფლებებს, რომელნიც კეთილ-შეძენილი არიან. ეხლა გთხოვთ წარმოიდგინოთ ის პირები, რომლებმაც იყიდეს მამული და მეორეს მხრივ, ის პირები, რომლებმაც გაყიდეს. მე თქვენ გეკითხებით: ვისა აქვს კეთილ-შეძენილი უფლება? ვის აქვს ეს უფლება? მყიდველს, რასაკვირველია. თუ მე ვიყიდე რაიმე ნივთი - ეს ჩემი უფლება ამ ნივთზე არის კეთილშეძენილი უფლება, ჩემი შრომით შეძენილი. ამ უფლებას თქვენ ვერ დაარღვევთ და ამ მხრივ კანონს უკუქცევითი უფლება არა აქვს. მაგრამ თუ უფლება არ არის კეთილ-შეძენილი, მაშინ თუ იგი გამომდინარეობს მხოლოდ უფლებრივი ინსტიტუტისაგან, საკანონმდებლო ორგანოს აქვს უფლება გააუქმოს ეს ინსტიტუტი და მისგან გამომდინარე უფლებებიც. მაგალითად, აიღეთ მემკვიდრეობა. ვსთქვათ ვინმე მოკვდა ნათესავი და მე მივიღე მემკვიდრეობა. ეს კეთილ-შეძენილი უფლებაა თუ არა? არა. ეს არ არის კეთილ-შეძენილი უფლება. აქ მე არ დამიხარჯავს არავითარი შრომა და ენერგია. ამიტომ კანონმდებელს ყოველთვის აქვს უფლება შესცვალოს. მემკვიდრეობითი უფლება. როდესაც უფლება, როგორც მემკვიდრეობაში, არ არის კეთილ-შეძენილი, შეიძლება სხვადასხვა ნაირი ნორმაც მივიღოთ (ს. დადიანი: რეპლიკა არ ისმის) მხოლოდ, რასაკვირველია კანონმდებლობა უნდა ეთანხმებოდეს უფლებრივ შეგნებას. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის კეთილ-შეძენილი უფლება, იქ შეიძლება შევიტანოთ ესა თუ ის შესწორება, ან სხვა წესი შემოვიღოთ. მაგრამ, სადაც უფლება კეთილ-შეძენილი არის, მაშინ უფლება არა გაქვთ დაარღვიოთ ის. ამიტომ სამოქალაქო კანონს აქვს ზოგიერთ შემთხვევაში უკუქცევითი ძალა. აი ეხლაც, ამ შემთხვევაში, ეს კანონიც არავის კეთილ-შეძენილ უფლებას არ ურღვევს და ამიტომ მისაღებია იგი. ვეთანხმები ბ. მესხიშვილის მეორე აზრს, რომ 1918 წლის მაისიდგან დაწყებული ყველა საქმეები უნდა იქმნეს გაუქმებული. მხოლოდ სახეში უნდა გვქონდეს ის საქმეები, რომლებიც ჯერ არ გათავებულა, ჯერ კიდევ წარმოებაშია, რაც შეეხება უკვე გათავებულ და ძალაში შესულ საქმეებს, რასაკვირველია, სასამართლოს განაჩენი მტკიცე უნდა იყოს, როგორც კანონი და საკანონმდებლო ორგანოს უფლება არ უნდა ჰქონდეს ეს კანონი დაარღვიოს. ეს საკონსტიტუციო დებულება არის. მაგრამ ჩვენ სასამართლოს განაჩენს კი არ ვარღვევთ, არამედ ჩვენ ვამბობთ, რომ იყო ერთი ინსტიტუტი უფლება გაყიდულ ქონების გამოსყიდვისა, და ეს ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. ამით უქმდება მისგან გამომდინარე უფლებაც, მაშასადამე უნდა მოისპოს ყველა საქმეებიც, რომლებიც ჯერ კიდევ სასამართლოში არ დამთავრებულა. ამიტომ ჩემის აზრით, წინადადება მისაღებია. მხოლოდ უნდა ამოიშალოს ის შენიშვნა, რომელზედაც ლაპარაკი იყო, მე მგონი ამ შემთხვევეში კანონს უკუქცევითი ძალა არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა შეეხოს ძალაში შესულ განაჩენებს. ეს არ ეწინააღმდეგება არც თეორიას, არც ჩვენს ეროვნულს ინტერესს. პირიქით, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი უფრო განმტკიცდება, როდესაც დაამყარებთ პრინციპს კერძო საკუთრების ხელშეუხლებლობისას.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ-ნ გიორგაძეს ეკუთვნის.
გ. გიორგაძე (ს.-დ.) ბატონებო! იურიდიულ კომისიაში, როდესაც ეს საკითხი ირჩეოდა, სამწუხაროდ, არ ყოფილა ბ. მესხიშვილი, თორემ შეიძლება მაშინ ამდენი არ ელაპარაკა. ჩვენ - ყველა წევრებმა - ძალიან გულდასმით ვიმსჯელეთ და ბოლოს იმ დამსკვნამდე მივედით, რომ ასეთი ნორმა უნდა შემუშავებული იყოს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ აქ ბ. მესხიშვილმა ძალიან ბევრი ილაპარაკა და მთავარი თავისი დაცვა მოანდომა მხოლოდ ამ 17 სპეკულიანტს. მე ვაცხადებ, რომ იურიდიულ კომისიას არა ჰყოლია მხედველობაში არც 17 და არც 34 სპეკულიანტი. მას ჰქონდა მხედველობაში მხოლოდ ერთი სოციალური მოვლენა - რომ ის, ვინც დღეს სარგებლობს ჩვენი ფულის კურსის დაცემით და იმ ფასს აძლევს, რომელშიაც გაყიდა მამული, აი ეს აშკარაა, არაკეთილსინიდისიერი მოვლენა არის. ეს აშკარა მოვლენა იმიტომ ავიღე მხედველობაში, რომ შეიძლება კაცმა მოისურვოს გამოსყიდვა და სამი მილიონის მაგივრად, როგორც ეხლა ღირს, მისცეს ნახევარი მილიონი და მერე კიდევ გამოიყენოს, რომ სპეკულიაცია გააკეთოს. ასე, რომ ეს მოვლენა ჩვენ თვალწინ გვედგა და, როდესაც ვინმე გამოდის აქ და არ ებრძვის ამ მოვლენას, მე ვამბობ, რომ ის იცავს ამ მოვლენას; მე არ ვამბობ, რომ ის სპეკულიანტებს იცავს, მაგრამ ის მას გვერდს უხვევს, მას არ ებრძვის. ეს ერთი მოსაზრება. როგორც გამოირკვა დღეს, 17 სპეკულიანტი ყოფილა. რა ჩაიდინა მან, რომ 26 მაისამდე იყიდა მამული? მე მინდოდა გაყიდვა მამულისა, თქვენ იყიდეთ - ეს არავითარი სპეკულიაცია არ არის. შეიძლება თქვენ სულ სხვა მხარეში იყვეთ სპეკულიანტი - ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ იმის ბიოგრაფია არ გამოგვირკვევია. მაგრამ ამ შემთხვევაში მამული იყიდა იმიტომ, რომ მე გაყიდვა მინდოდა, ამ შემთხვევაში ძალდატანება არავის არ მოუხდენია, როდესაც ამ მამულს ყიდულობდა.
ამგვარად, ორი მოვლენა უნდა გვქონდეს მხედველობაში მიღებული: ერთი ეს - სპეკულიაცია და მეორე, ყიდვა-გაყიდვა ნებაყოფლობითი. და როდესაც ეს ორი მოვლენა ავიღეთ, იურიდიული კომისია შეეხო ამ პირველ მოვლენას და მიიღო, რომ ის საქმეები, რომლებიც დღეს დამთავრებული არ არის, უნდა მოისპოს. რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც დასრულებული არის, განაჩენი ძალაში არის შესული - აქ დიდი უხერხულობა იბადება. ვსთქვათ კაცმა სახლი ჩაიბარა, შეიძლება სხვას მიჰყიდა, იჯარით გასცა, დააგირავა და შეიქმნა ათასგვარი სხვა და სხვა სამოქალაქო დამოკიდებულება. ასე, რომ ამაში შეჭრა კანონმდებლობისა ყოვლად შეუძლებლად მიგვაჩნია. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ერთი მხრით ეს გარემოება და მეორეს მხრით ის, რომ ეს უხერხულად მიგვაჩნია, რომ პრესტიჟი სასამართლოს დადგენილებისა, განაჩენი ძალაში უნდა იქმნეს დატოვებული და შეურყეველი, ამ გარემოებამ გვაიძულა მიგვეღო, რომ გათავებული საქმეები ძალაში დარჩეს. სადაო მაინც და მაინც აქ ბევრი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან პრინციპიალურად ჩვენ საერთო დებულება მივიღეთ. კამათი ამის შესახებ არ არის. მაშასადამე ყველა ის საქმეები, რომლებიც ამ კანონიდგან გამომდინარეობს, რაკი პრინციპიალურად უარყოფილი არის ეს დებულება, მაშასადამე უარყოფილი უნდა იქმნან. ამიტომ ჩვენა გვგონია, რომ ერთის მხრით და უმთავრესად, მიზანშეწონილება პრაქტიკული მოქმედებისა და მოღვაწეობისა მოითხოვს იმას, რომ კანონი მიღებულ იქმნას და მიღებულ იქმნას ისე, როგორც ეს წამოყენებულ იქმნა მთავრობის მიერ და რომელიც გაიზიარა იურიდიულ კომისიამ. ჩვენ ანგარიშს უწევთ მხოლოდ ცხვრების პრაქტიკულ პირობებს და ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმე პიროვნება სახეში გვყოლოდა და ვისმეს ინტერესს ვიცავთ, ეს არ შეეფერება არც დამფუძნებელ კრების და არც იურიდიულ კომისიის ღირსებას.
თავმჯდომარე. ბ. მომხსენებელი.
მ. რუსია (ს.-დ.) ბატონებო! უნდა მოგახსენოთ, რომ ამ კანონის გარჩევის დროს იურიდიულ კომისიაში გამოითქვა ორი აზრი. პირველი ის, რომელზედაც ბ. მესხიშვილი ლაპარაკობდა, რომ სამოქალაქო კანონის მოქმედება არ უნდა ვრცელდებოდეს უკან. ითქვა, რომ ეს ინსტიტუტი მოვსპოთ, საქმეები კი, რომლებიც დაიწყო კანონის ძალაში შესვლამდე, ეს საქმეები დამთავრდესო. მე მგონია, ბატონი მესხიშვილი რომ ამ საქმეს ჩაკვირვებოდა, ის ამას არ იტყოდა. კერძოდ, არ იტყოდა მირზოევის საქმის შესახებ, რომ მან იცოდეს საქმის ნამდვილი მდგომარეობა. (სამსონ დადიანი: ვინ იცავდა?) იცავდა ნაფიცი ვექილი ჯაფარიძე და არუთინოვი თუ სხვა, არ მახსოვს. მაშასადამე, თქვენ რომ გცოდნოდათ საქმე, იმას არ იტყოდით, რაც აქ სთქვით. თქვენ არ იცით მირზოევის საქმის მდგომარეობა. ამას დაგიმტკიცებთ თქვენი ფრაქციის ორი წევრი - მდივანი და არჩილ ჯაჯანაშვილი, რომელნიც იცნობენ ამ საქმეს, უკანასკნელი, როგორც ქალაქთა კავშირის კომიტეტის წევრი. იურიდიულ კომისიაში გამოითქვა მეორე აზრი, თუ ეს ინსტიტუტი დიდი უსამართლობაა და აღძრული საქმეები ემსახურებიან სპეკულიაციას, ამ შემთხვევაში სამართლიანობა მოითხოვს, რომ ეს სამოქალაქო კანონი უკან გავრცელდეს. (სამსონ დადიანი: მირზოევის საქმე გავიწყდებათ?) აი, მაგალითად, ვსთქვათ ივანემ პეტრესგან იყიდა სახლი, მამული ან სხვა უძრავი ქონება და მისცა ათი ათასი მანეთი. დღეს ეს მამული 110.000 მან. და მეტი ღირს; ძველი კანონი კი გამყიდველის ნათესავებს უფლებას აძლევს გამოიყიდოს ეს მამული ძველ ფასში. ეს არის უსამართლობა, სპეკულიაცია. (მესხიშვილი გადის დარბაზიდან) მე მოვითხოვ, რომ დამფუძნებელი კრების წევრმა ბ. მესხიშვილმა ამას ყური დაუგდოს, ვინაიდან ის შეცდა და ეს შეცდომა უნდა იგრძნოს. (მესხიშვილი ბრუნდება) რომ იურიდიულ კომისიას აღძრული საქმეების რიცხვი არა სცოდნია, ეს გამოირკვა მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრმა მოახსენა ფრაქციულ სხდომაზე. (მდივანი: იუსტიციის მინისტრი რა აზრისა იყო?) იურიდიული კომისია ამგვარად მსჯელობს. (დადიანი: კარლინსკის საქმე, კარლინსკის!) კარლინსკის ტფილისის ქალაქის თვითმმართველობამ ჩამოართვა სახლი. დიდი განსხვავება არის კერძო პირთა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულების შორის. მე ვეკითხები ბ. მესხიშვილს, მიპასუხოს არის თუ არა სამართლიანი, რომ ვინც გაყიდა 1916 წელში 10.000 მანეთად ქონება, რომელიც დღეს მილიონები ღირს გამყიდავის ნათესავმა ეს ქონება იმავე ძველ ფასში დაიბრუნოს? ეს იქნება სამართლიანობა? ბ. მესხიშვილი ამბობს, რომ ფულის კურსი დაეცაო, მაგრამ ჩვენ სამართლიანობაზედ ვლაპარაკობთ, როგორც ეს სთქვა იურიდიულმა კომისიამ. იურიდიულ კომისიაში არ ყოფილა არც ერთი წევრი, რომ არ ეთქვას - ეს შედარებით სამართლიანი გამოსავალიაო და მე მგონია ყველა დაეთანხმება ამას, რომ ასეთი გადაწყვეტა კითხვის შედარებით უფრო სამართლიანი არის. (დადიანი: ის 10.000 მან. სამჯერ აინაზღაურა!) კომისიაში იყო კიდევ შემდეგი მოსაზრება, ამბობდენ, რომ ეს კანონი სამართლიანი იყო უწინ, როდესაც ფულის კურსი არ ეცემოდა. მაშინ სამართლიანობა არ ირღვეოდა, რადგანაც მყიდავი იმავე ფულს იღებდა, რომელიც მისცა მამულში. (ასათიანი: მესხიშვილი, როდესაც მინისტრი იყო, მაშინ იყო მომხრე უკუქცევისა და სიკვდილით დასჯისაც!) იუსტიციის მინისტრმაც მოიტანა ის ცნობა, რომ 1917 წ. გამომყიდველი მხოლოდ ერთი კაცი ყოფილა. ეს იმიტომ, რომ გამომყიდავს მაშინ იგივე ფული უნდა გადაეხადა, რომელიც მყიდავს ქონდა მიცემული. მაგრამ 1918-19 წ. დაიწყო სპეკულიაცია და ფულის კურსის დაცემა. მაშინ ყველას შეუძლია გამოიყიდოს მამული, რომელიც ღირდა მაშინ ათი ათასი მან. და დღეს მილიონობით ღირს. ამიტომ ვამბობთ, რომ სამართლიანობის მხრივ ეს კანონი მისაღებია.
აქ ახსენეს კარლინსკის სახლი და არტისტიული საზოგადოება. მე არ მესმის რა შედარებაა საზოგადოებრივ დაწესებულებათა და კერძო პირთა შორის.
რაც შეეხება მირზოევის საქმეს, ის შემდეგშია. რამდენიმე წლის წინათ მირზოევმა მიჰყიდა სახლი (სოლოლაკში ოტენის აფთიაქის გვერდზე) ვინმე არუმიანოვს. 1917 წელს მირზოევის ნათესავმა თხოვნა შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ამ სახლის უკან გამოსყიდვა. ვექილები მისი იყვნენ ს. ჯაფარიძე და არ ვიცი ტერ-მინასოვი, თუ არუთინოვი. 1917 წ. საქმეში ჩაერია ქალაქთა კავშირიც. (ასათიანი: ის მემკვიდრე იყო?!) მაცალეთ, ბატონო! ქალაქთა კავშირმა შეიტანა ფული, და შეეკრა პირობით გამომყიდველებს, რომლის ძალით კავშირმა სახლი აიღო იჯარით 36 წლით. (სიცილი. ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი). (გვაზავა: აი, სპეკულიაცია ეს არის!) (დადიანი: კომბინაცია გამოდის!) მოითმინეთ, ბატონო, ფაქტიური მხარე ეს არის, და აქ არ არის არც სპეკულიაცია და არც კომბინაცია. მაშასადამე, ქალაქთა კავშირმა შეიტანა ფული და შეეკრა მირზოევებს 36 წლის იჯარით. მირზოევებმა სასამართლოში საქმე მოიგეს და ეს სახლი იჯარით გადავიდა კავშირის ხელში. (ხმაურობა. სიცილი.) (გვაზავა: კაი სპეკულიაცია არის!) მაცალეთ, ბატონო, მაცალეთ! (ს.-ფ. სკამებიდან ხმაურობა, რეპლიკები). თქვენ თვითონ ფედერალისტებო, ამ ორი კვირის წინათ ქალაქთა კავშირის მთავარ კომიტეტის სხდომაზედ (ს. მდივანმა და არჩილ ჯაჯანაშვილმა) კატეგორიულად განაცხადეს, რომ ეს სახლი ქალაქთა კავშირს უნდა დარჩეს საკუთრებათ და ხმაც მისცეს, ამას (სიცილი) ამ გვარად თქვენ აქ სხვას ამბობთ და იქ სხვას. (გვაზავა: სპეკულიაციაა ეგ თუ არა?) ამგვარათ ბ. მესხიშვილს რო ეკითხა მისი ამხანაგებისთვის საქმის ვითარება, ამ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა. (კედია: წაგიხდათ!..) ეს არ მოუვიდოდა მას, რომ ჩაკვირვებოდა ამ კანონის სამართლიანობას. არც იტყოდა იმას, რაც თქვა. (გვაზავა: უფრო მეტს იტყოდა თქვენ წინააღმდეგ, ეგ რომ სცოდნოდა!) ეს სამოქალაქო კანონი, რომელიც თქვენ უსამართლოთ მიგაჩნიათ; რადგანაც იძახით, რომ მისი მოქმედება უკან არ უნდა ვრცელდებოდესო... (არ ისმის) დამფუძნებელი კრება ამ უსამართლობას მოსპობს მით, რომ მიიღებს წარმოდგენილ პროექტს. ეს ინსტიტუტი უსამართლობაა და ხელს უწყობს სპეკულიაციას, მაშასადამე ის უნდა გაუქმდეს. ამაშია მთელი საქმე. ს.-ფ. ფრაქციას ვთხოვთ, დაგვიმტკიცოს სად არის აქ უსამართლობა; დანარჩენი ლაპარაკი და აქ წამოსროლილი სიტყვები არ ეკადრება დეპუტატს და მით უმეტეს, რევოლიუციონურ ფრაქციის წევრებს.
თავმჯდომარე. მოისმინეთ, ბატონებო, სია კომისიის წევრებისა. (მდივანი კითხულობს) ინებეთ, რომ კომისია 9 კაცისაგან იქნეს შემდგარი. გთხოვთ დაამტკიცოთ! გარდა ამისა, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ ქალაქ სოხუმს დაუდგენია 1 მილიონი მ. შესწიროს დაზარალებულთა, რომლის ნახევარიც უკვე გამოუგზავნიათ (ტაში). მოისმინეთ, შემდეგი დღის წესრიგი (მდივანი კითხულობს შემდეგ დღის წესრიგს).
სხდომა დახურულია.
![]() |
14 ოთხმოცდამეთერთმეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(91)
1920 წელი. თებერვალი 27. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი:
1. საბოლოო ტექსტები.
2. დეკრეტი - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.720 მანეთის გადადების დეკრეტის მოქმედების განგძობისა.
3. დეკრეტი - მიხეილის სახელობის საავადმყოფოსა და საექიმო-სასანიტარო განყოფილების 1918-49 წწ. ხარჯის დასაფარავად 1.970.462 მ. გადადებისა.
4. კანონპროექტი დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესახებ.
5. კანონპროექტი შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატის და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებისა.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხ.
ქრისტინე შარაშიძის ასული.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
კონსტანტინე ჯაფარიძე.
სხდომა იხსნება 12 ს. და 30 წ. 292
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს ნუსხას და დღიურ წესრიგს).
ნუსხა დამფუძნებელ კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილველად გადასაცემ საკანონმდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.
1. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - სახალხო მასწავლებელთა ხუთწლეულებით დასაკმაყოფილებლად 4.193.333 მან. გაღების შესახებ. გადაეცეს განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
2. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - პირველ-დაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის ექსთვიან კურსების დაარსებისა და საამისოდ 240.000 მან. გაღების შესახებ. გადაეცეს განათლებისა და საბ.-საფ. კომისიას.
3. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ქალ. ოზურგეთის თვითმმართველობისათვის 300.000 მან. მოკლევადიან სესხის მიცემის შესახებ. გადაეცეს განათლებისა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახაზინო რკინის გზის საოპერაციო ავანსის დამტკიცებისა, ამავე რკინის გზისათვის განსაკუთრებული თანხის დაარსებისა და სატრიალებელი კაპიტალის გადიდების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.
2. საბოლოო ტექსტი ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობისა და სენაკის ერობისათვის 1.000.000 მან. სესხის მიცემის დეკრეტისა - მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.
3. საბოლოო ტექსტი - საარტილერიო საწყობის დაქირავებულ სადარაჯო გუნდის შესანახად 2.113.986 მან. და 40 კაპ. გადადების დეკრეტისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.
4. საბოლოო ტექსტი - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ორგანიზაციის კანონისა. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.
5. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესახებ. მომხსენებელია მელიტონ რუსია.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
7. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილობის ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
9. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ილ. ნუცუბიძე.
10. დეკრეტი - მიწად-მოქმედების სამინისტროს ერთდროულ სამ-სემესტრიან უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კურსების ოთხ-სემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურს-დამთავრებულთათვის აგრონომის წოდების მინიჭებისა. მომხსენებელია თედორე კიკვაძე.
11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
12. დეკრეტი - საქართველოსა და სომხეთის შორის ნეიტრალური ზონის მილიციის შტატის შემოღებისა. მომხსენებელია ვას. ცაბაძე.
13. განგრძობა მსჯელობისა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელის მთავრობისადმი შეკითხვის გამო - აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
14. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გ. ვეშაპელისა მთავრობისადმი აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
15. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა - მთავრობისადმი ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
16. დეკრეტი - სატეხნიკო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.320 მან. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობისა. მომხსენებელია ი. ელიგულაშვილი.
17. დეკრეტი - მიხეილის სახელობის საავადმყოფოს და საექიმო-სასანიტარო განყოფილების 1918-1919 წ. ხარჯის დასაფარავად 1.970.462 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
თავმჯდომარე. შესწორება გახლავთ შემოტანილი დღიური წესრიგის შესახებ, რომ წესრიგის მე-16 საკითხი გადავიდეს მე-5 საკითხად, ხოლო მე-7 კი მე-6-ედ. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. გთხოვთ მოისმინოთ საბოლოო ტექსტები. სიტყვა ეკუთვნის ქ-ნ შარაშიძის ასულს.
ქრისტინე შარაშიძის ასული. (კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2, 3, 4 და 5 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელთაც დამფუძნებელი კრება უცვლელად ამტკიცებს).
დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.720 მან. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობისა.
თავმჯდომარე. ბ-ნი ელიგულაშვილი.
იოსებ ელიგულაშვილი. (ს.-დ.) გ. 1919 წლის 13 ივნისს, დეკრეტის ძალით, მთავრობის განკარგულებაში, სანამ კანონმდებლობითი წესით ბიუჯეტი დამტკიცებული იქნება, იყო მიღებული დეკრეტი, რომ ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის განკარგულებაში გადაცემული იქნას 65.827.720 მანეთი ხარჯების დასაფარავად. ამ დეკრეტის ვადა თავდება 1 სექტემბერს, მაგრამ 1 აგვისტოს ამავე წლისა დეკრეტის ძალა იყო გაგრძელებული 1 დეკემბრამდე და 3 დეკემბრიდან იყო გაგრძელებული 1 მარტამდე. ეხლა, ვინაიდან ბიუჯეტი კანონმდებლობითი წესით არ არის გატარებული, მთავრობა მოითხოვს ეს დეკრეტი იყოს გაგრძელებული 1 ივნისამდე.
თავმჯდომარე. საერთო მსჯელობისათვის სიტყვას ვინ ინებებს? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი. (მომხსენებელი კითხულობს. დეკრეტი მიღებულია უცვლელად და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
დეკრეტი მიხეილის სახელობის საავადმყოფოსა და საექიმო-სასანიტარო განყოფილების 1918-19 წ. ხარჯის დასაფარავად 1.970.462 მანეთის გადადებისა.
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს სალაყაიას.
იოსებ სალაყაია. (ს.-დ.) მიმდინარე წლის დასაწყისში სანიტარულ განყოფილების უფროსმა წარმოადგინა ხარჯთ-აღრიცხვა იმ დაწესებულებათა, რომელიც ინახებიან საერობო თანხით, - ეს არის მიხეილის საავადმყოფო, თფილისისა და ქუთაისის საგიჟე. ამისთვის მოითხოვდა სახელმწიფო დაწესებულება სათანადო თანხას. შინაგან-საქმეთა სამინისტრომ შეიტანა ზოგიერთი ცვლილებები, რის შემდეგ საერთო ჯამი შეადგენს 1.970.962 მანეთს, ამ თანხას მოითხოვს კომისია და შემოდის ამ დეკრეტით.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ვინ ინებებს? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვაზე რომ გადავიდეთ? გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
კანონ-პროექტი დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს რუსიას.
მელიტონ რუსია (ს.-დ.) სახელმწიფო ბანკის წესდების ძალით საბჭოს და პრეზიდიუმის წევრებს ირჩევს დამფუძნებელი კრება. დაისვა კითხვა, შესაძლებელია თუ არა დამფუძნებელმა კრებამ აირჩიოს დამფუძნებელი კრების წევრი სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრად. 4 აპრილის 1919 წ. კანონის ძალით დამფუძნებელი კრების წევრობა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური შეუთავსებელია. ამ კანონს აქვს გამონაკლისი ზოგიერთ თანამდებობის პირთათვის. მიზანი კანონისა იყო უმთავრესად ის, რომ დამფუძნებელი კრების წევრი არ ყოფილიყო ჩაყენებული ისეთ მდგომარეობაში, რომ ის, როგორც მოხელე მთავრობის გავლენის ქვეშ ყოფილიყო, ეს ერთი. მეორე - დამფუძნებელი კრების წევრი არ უნდა ყოფილიყო დატვირთული ისეთ საქმეებით, რომელიც შეუშლიდა ხელს პირნათლად შეესრულებინა დამფუძნებელი კრების წევრის მოვალეობა. მაგრამ სახელმწიფო ბანკი არის არა მთავრობის დაწესებულება, არამედ სახელმწიფო ბანკი პირდაპირ ემორჩილება დამფუძნებელ კრებას, პირდაპირი კავშირი აქვს მასთან და რადგან დამფ. კრება თვითონ ირჩევს საბჭოს წევრს და მეორე საბჭოს წესდების ძალით, მუშაობა საბჭოში არ შეუშლის ხელს დამფ. კრების წევრს და ის შესძლებს კანონმდებლობითი მუშაობის მოვალეობა აასრულოს, ამიტომ იურიდიულ კომისიას ჰგონია, რომ დამფ. კრების წევრს შეუძლია იქ სამსახური და ამიტომ კომისია დამფ. კრებას წინადადებას აძლევს - მიიღოს მეორე დამატება არსებულ 4 აპრილის კანონისა, რომლის ძალით დამუძნებელი კრების წევრობა და სახელმწიფო ბანკის საბჭოს და პრეზიდიუმის წევრობა შესათავსებელია. ასეთია წინადადება იურიდიულ კომისიისა. ამიტომ ჩემის აზრით, 4 აპრილის კანონს უნდა დაემატოს მეორე შენიშვნა, რომელზედაც ეს არ ვრცელდება, სახელდობრ - ბანკის საბჭოს წევრობაზე.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის შენგელაიას.
შენგელაია (ს.-რ.) ბატონებო! ეს საკითხი ერთხელ უკვე იდგა ჩვენს წინაშე. დამფუძნებელმა კრებამ ეს საკითხი განიხილა და შესაფერი დადგენილება მიიღო. მაშინ აღიარებული იქნა, რომ დამფუძნებელმა კრებამ ეს საკითხი განიხილა და შესაფერი დადგენილება მიიღო. მაშინ აღიარებულ იქნა, რომ დამფუძნებელი კრების წევრობა შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან. ჩვენ დავუშვით მცირეოდენი გამონაკლისი შესახებ მინისტრისა, მისი ამხანაგისა, კონტროლიორისა, პროფესორებისა და დოცენტებისა და ჩვენ გვგონია, რომ ეს ძველი დადგენილება ძალაში უნდა დარჩეს. ჩვენ გვგონია, რომ არ მომხდარა ჩვენ ცხოვრებაში რაიმე არსებითი ცვლილება, რომ ეს დადგენილება შევცვალოთ. ამ საკითხს, ჩემის აზრით, აქვს დიდი პრინციპიალური და პრაქტიკული მნიშვნელობა. ის, უპირველეს ყოვლისა, არის დასკვნა პრაქტიკული იმ დებულებისა, იმ მოთხოვნილებისა, რომელიც არ არის უარყოფილი არც იურისპრუდენციაში, არც პრაქტიკით და რომელიც გვეუბნება იმას, რომ თანამედროვე სახელმწიფოში არის დაშვებული დაყოფა ხელისუფლებისა. დღეს ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ მდგომარეობას, რომ კომისარი იყოს იმავე დროს მოსამართლე და კანონმდებელი. არსებობს ერთი ქვეყანა, სადაც ეს დებულება მიიღეს, ეს არის ბოლშევიკური რუსეთი. მაგრამ სინამდვილეში ეს ვერ გატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურ რუსეთში არ უნდოდათ დაყოფა ხელისუფლებისა, დღეს იქაც საკანონმდებლო ორგანო ცალკეა და აღმასრულებელი ძალის ორგანო, მთავრობა ცალკე.
ვფიქრობთ, რომ დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოს როლი განსაკუთრებით ჩვენში მეტად მნიშვნელოვანია და დიდია. უდიდესი როლი და მოვალეობა აწევს მას. უპირველეს ყოვლისა მან ახალ ფორმაში უნდა ჩამოასხას ახალი ცხოვრების უფლებრივი ნორმები. ინტერესების შეხლა-შემოხლა უნდა ჩავაყენოთ ისეთ კალაპოტში, რომ სახელმწიფო არ დაიშალოს და საზოგადოებრივი ცხოვრება არ გაიყინოს. კანონმდებელი არის იმავე დროს განსახიერება უფლებისა, სიმართლისა და სამართლიანობისა, ვფიქრობთ, რომ როდესაც კანონმდებელი დამოუკიდებელი იქნება წვრილ ინტერესებისაგან, მით უფრო ღირსეულად შეასრულებს თავის მოვალეობას. ასე გვესმის ჩვენ არსებითი მხარე ამ დებულებისა. არავითარი ახალი საჭიროება არ მოითხოვს იმას, რომ ის გამონაკლისი, რომელიც დაუშვით, გავაფართოვოთ და ახალ კატეგორიებზე გავავრცელოთ. არც მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შეიძლება ეს გავამართლოთ. ცეზარზე ამბობენ, რომ ერთსა და იმავე დროს ათ საქმეს ასრულებდა, მაგრამ როგორი იყო ის საქმე, ჩვენ არ ვიცით, ხოლო დღევანდელ პრაქტიკაში ეს სრულებით არ არის მისაღები. ჩვენ ცეზარებს ერთი საქმის გაკეთებაც არ შეუძლიანთ და მით უფრო მისაღები არ არის ერთსა და იმავე პირს დავაკისროთ 10 მოვალეობა. ჩვენ რომ ვიმყოფებოდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ დამფუძნებელი კრებით ამოიწურებოდეს ინტელექტუალური ძალები და რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ინტელექტუალური ძალები არ მოიპოვებოდეს, თუ გვეტყვიან, რომ ჩვენი ერის საუკეთესო ძალები აქ იმყოფებიან და დამფუძნებელი კრების გარეშე არ არის შესაფერი ძალები, მაშინ შეიძლება ეს გამონაკლისი, ეს კომპრომისი დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ დამფუძნებელ კრებაში მართლაც არიან ერის საუკეთესო წარმომადგენლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გარეშე აღარ არიან მცოდნე და მომზადებული პირები. აქ არიან უმთავრესად პოლიტიკური მოღვაწენი, პუბლიცისტები და სხვა, რაც შეეხება პრაქტიკულ მოღვაწეთ, როგორიც არიან საბანკო და სამრეწველო მოღვაწენი, ისინი უმთავრესად დამფუძნელი კრების გარეშე არიან, ასე, რომ არ არის ისეთი მოსაზრება, რომ მაინცდამაინც ეს მოვალეობა დავაკისროთ დამფუძნებელი კრების წევრს. განმარტებითი ბარათში არის ნათქვამი, რომ ეს მით უფრო შესაძლებელია, რომ სახელმწიფო ბანკი მთავრობას არ ემორჩილება და მის საბჭოს და პრეზიდიუმის წევრებს დამფუძნებელი კრება თითონ ირჩევსო. მაგრამ ამ დებულების მთავარი აზრი ეს არ არის. თუ მთავრობისადმი დამოუკიდებლობაზე წავა საქმე, მაშინ მიუღებელია ის გამონაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ პროფესორების შესახებ, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ პროფესორობა სამსახურია და ემსახურება მთავრობას (ჩხიკვიშვილი: უნივერსიტეტები ავტონომიურია!) მართალია უნივერსიტეტი ავტონომიურია, მაგრამ არა სრულიად დამოუკიდებელი. ჩვენ არ უნდა დაუშვათ პრეცედენტი, კანონი გამოვეცით, გავაკეთეთ გამონაკლისი, მაშინ იგულისხმებოდა, რომ ეს მაქსიმუმი იყო და თუ ეს მინიმუმია, მაშინ მე თქვენ გეკითხებით, სად არის გარანტია, რომ ახალი გამონაკლისით არ შემოხვალთ ხვალ და ზეგ?!
თუ კანონის შეცვლაზეა ლაპარაკი, ბარემ დიდი კანონების შეცვლით დავიწყოთ აი თუნდაც სიკვდილის დასჯის შესახებ, თუ გნებავთ აგრარული საკითხი და სხვა. საჭიროა სწორედ ესენი შეიცვალოს.
ჩვენში ხშირად ასე ხდება კანონი იცვლება არა საჭიროების დამიხედვით, არამედ იმის დამიხედვით, ამა თუ იმ დაწესებულებაში ვინ მოხვდება. ყოვლად შეუწყნარებელია ასეთი საქციელი. მე მესმის როცა სოც.-დემ. შემოაქვთ ასეთი ცვლილებანი, ვინაიდან ხშირი შემთხვევებია, როცა კანონი ირღვევა უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლების მიერ. მაგალითისთვის მოვიყვან ფაქტს. დამფუძნებელმა კრებამ იცის, რომ მან მიიღო დეკრეტი, რომლითაც დააწესა ფორმა ჯარისთვის. დღეს კი ირკვევა, რომ ეს ფორმა არ ტარდება. მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ შემოეღოთ ახალი ფორმა და უწყების გამოანგარიშებით ეს ახალი ფორმის შემოღება დაუჯდათ სამ მილ. მანეთად. ეს კი უკვე დარღვევაა კანონისა. ჩვენ რეგლამენტს ხომ ყოველთვის არღვევენ სისტემატიურად. მე იმას არ მოგახსენებთ, რომ შეუძლებელი იყოს კანონის შეცვლა. იგი ხომ ჩვენ ხელშია. მარა რაიმე ლოღიკა უნდა იყოს ჩვენს მოქმედებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი კანონმდებლობა არ შეიძლება იყვეს. აქ წასულ კრებაზე ერთმა ორატორმა ახირებული აზრები გამოსთქვა. მაგ. ბ. თევზაიამ სთქვა, როგორ შეიძლება დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ეს ხომ ილიუზია იქნებაო, როცა ყველა ჩვენგანი დამოკიდებულია იმ სოციალურ აზრისაგან, რომელსაც იგი ეკუთვნისო. მან გაიმეორა ცნობილი მარქსისტული შეხედულება საზოგადოებრივი წრის ზეგავლენაზე.
მაგრამ სოც.-დემ. დაივიწყა, რომ აქ არ არის ლაპარაკი აბსოლიუტურ დამოუკიდებლობაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ შედარებითი დამოკიდებულებაზე და მართლაც, აშკარა უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ის დეპუტატი, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება და ინტერესი არ აქვს რომელიმე დაწესებულებასთან, ამ შემთხვევაში ბანკთან, ის დეპუტატი უფრო დამოუკიდებელი იქნება, დამოუკიდებელი იქნება მისი მსჯელობა და მოქმედება, ვინემ იმ მოღვაწისა, რომელიც აქ მოღვაწეობს და ამავე დროს დაკავშირებულია სხვა დაწესებულებასთანაც. ვერ გამიგია რატომ არ იყო გამონაკლისი სენატორების არჩევის დროს დაშვებული? ალბათ იმიტომ, რომ მაშინ არ ყავდათ მენშევიკებს შესაფერისი კანდიდატები. ამნაირად არავითარი მოსაზრება არ მოითხოვს ახალ გამონაკლისის გაკეთებას, ამიტომაც ჩვენი ფრაქცია დეკრეტის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. გვაზავას ეკუთვნის.
გ. გვაზავა (ნაც. დემოკ.) თქვენ წინ დასმული საკითხი არის პრინციპიალური, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ შეიქმნეს პრეცედენტი მომავლისათვის. ამაზე საკონსტიტუციო კომისიაში დიდი მსჯელობა გვქონდა და ბოლოს მივიღეთ კანონ-პროექტი, რომელიც მაინც და მაინც რიგიანად არ არის შედგენილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მივიღეთ მაინც და გახდა კანონი. ახლა თქვენ გინდათ გააფართოვოთ ამ კანონის ჩარჩოები. პრინციპი ის არის, რომ ყოველი წევრი საკონონმდებლო ორგანიზაციისა ისეთ პირობებში უნდა იყვეს ჩაყენებული, რომ უნდა ემსახურებოდეს ერს სინდისის ქვეშ, რომ ის იყვეს სრულიად თავისუფალი ისეთ გავლენიდან, რომელიც ცვლის მის ნების ყოფას, მიმართულს ერის კეთილდღეობისაკენ. ეს მართლაც სასურველი არის. თუ მე ვარ თავისუფალი გავლენისაგან რაღა მნიშვნელობა და ფასი უნდა ჰქონდეს ჩემს მუშაობას კანონ-მდებლობაში. ეს პრინციპი არის გატარებული დამფ. კრების წევრის თანამდებობის შეუთავსებლობაში სხვა თანამდებობასთან, ისეთ თანამდებობასთან, რომელიც უსპობს ამ წევრს ზნეობრივ თავისუფლებას.
როდის არის მოსალოდნელი ეს? პირველი - სხვა თანამდებობის ასრულების დროს, ეს წევრი დამოკიდებულია მთავრობისაგან, როცა აქვს მას მთავრობის შიში, პასუხისმგებელია მთავრობის წინაშე. ასეთ პირს არ შეუძლია იყვეს იმავე დროს პარლამენტის წევრიც, იმიტომ, ვიმეორებ, რომ თუ კი სხვაგანაც უჭირავს ადგილი, ის იმყოფება მინისტრის შიშის ქვეშ, და რასაკვირველია ის ვერ იმოქმედებს ისე პარლამენტში, როგორც ამას მოითხოვს მისი სინდისი. მეორე, ნებისყოფის გამოცვლა და ქანაობა მისი შესაძლებელია არა მარტო შიშის ქვეშ, არამედ ინტერესების მიხედვითაც. თუ აქ მე ვმუშაობ და ამავე დროს მაქვს სხვა თანამდებობა განსაზღვრულ ჯამაგირით, აშკარაა მაქვს განსაკუთრებული ინტერესიც. ასეთ შემთხვევაში შესათავსებლობა შეუძლებელია. საზოგადოთ, ყველა ჩვენგანს შეუძლია ყველგან იმუშაოს, ეს აკრძალული არ არის თუ დრო, ცოდნა და ხალისი არის. მაგრამ ერთი პირობით: არ უნდა ქონდეს იქ რაიმე მატერიალური ინტერესი. თუ ეს აზრი გატარებული იქნება კანონ-პროექტში, მაგალითად, თუ ბანკის საბჭოს წევრებს არ ექნებათ ჯამაგირი, მაშინ წინააღმდეგი არ ვიქნებით ამ კანონ-პროექტისა. თუმცა საზოგადოთ ბანკის საქმეები, ფინანსიური ოპერაციები ისეთი საქმე არის, რომ ყოველთვის უკეთესი იქნება დეპუტატი ამის გარეშე იდგეს. იქ თავისებური ბირჟაა, არსებობს ფინანსიური ინტერესები, არის ერთნაირი თამაში, არის ინტერესები ფულის მოგება-წაგებისა და ამ დავიდარაბაში იქ არ უნდა იყვეს პარლამენტის წევრი, ვინაიდან იგი წევრია კანონმდებელ ორგანოსი, და შესაძლებელია, ამა თუ იმ კანონის მიღების დროს ხმა მისცეს იმისდა მიხედვით, თუ რა ხდება ბირჟაზე. ესეც აფერხებს საკანონმდებლო მუშაობას. ამიტომ ჩვენ პრინციპიალურად წინააღმდეგნი ვართ შემოტანილ დამატებისა.
გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია რისთვის არის საჭირო, რომ უსათუოდ დამფუძნებელი კრების წევრი დავნიშნოთ ბანკის საბჭოს წევრად. ნუ თუ ისე ამოიწურა საქართველო ინტელექტუალური ძალებით, რომ იქ ვერავის ამოვირჩევთ? ეს ყოვლად წარმოუდგენელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივ წრეებში ბევრია ისეთი პირი, თუნდაც ვაჭარ-მრეწველთა წრეებში, რომელთაც შეუძლიანთ იქ უკეთესად და მიზანშეწონილად მუშაობა. მე პრაქტიკულადაც არ ვხედავ საჭიროებას, რომ ავირჩიოთ პარლამენტის წევრი საბჭოს წევრადაც. ამ მოსაზრებით ჩვენი ფრაქცია წინააღმდეგ მისცემს ხმას ამ კანონპროექტს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ნინიძეს.
კირილე ნინიძე (ს.-დ.) ეს საკითხი მარტივია. იურისტებს საზოგადოდ უყვართ განყენებული მსჯელობა. სხვანაირად არც შეიძლება და მართლაც, იურიდიულათ ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ ისეთი წყობილება, რომ ამ საკანონმდებლო სფეროში დეპუტატი არ იყოს არავითარ გავლენის ქვეშ. ეს არის იდეალი, რომელსაც ჩვენ უნდა ვეტრფოდეთ, ეს სადაო არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით თუ შევეხებით, მაშინ ეს შეუფარდებლობის კანონი ბევრის მხრით უნდა შევასწოროთ. ავიღოთ, მაგალითად მინისტრის ამხანაგი, ის ძალიან დამოკიდებულია მთავრობისაგან, ამას გარდა თვით მინისტრიც, თუ გნებავთ, ერთნაირი მოხელე არის. ავიღოთ ქალაქის თავი, ერობის თავმჯდომარე, ესეც ხომ მოხელეა ადგილობრივ თვითმმართველობისა, რადგანაც იმ დებულებით, რომელიც მიღებული გვაქ თვითმმართველობის შესახებ, თვითმმართველობა ერთის მხრივ წარმოადგენს ეკონომიურ ორგანიზაციას. ჩვენ დღეს აღარ გვყავს გუბერნატორები, მაზრის უფროსები და თვითმმართველობას უჭირავს ამათი ადგილი. ამ თვალსაზრისს რომ დავადგეთ, ძალიან ბევრი ადგილი უნდა გამოვტოვოთ ჩვენ მიღებულ კანონში და დიდი საკითხია, ამ შემთხვევაში, მინისტრიც შეიძლება იყოს თუ არა პარლამენტის წევრი. (გვაზავა: მინისტრი პასუხის მგებელია!). პასუხის მგებელი ყოველი მოქალაქეა და რასაკვირველია, მოხელეც. (კედია: ვის წინაშე? მინისტრი ჩვენ წინაშეა პასუხის მგებელი). კარგი, დაგითმობთ ამ საკითხში, მინისტრი აგებს პასუხს თქვენს წინაშე, მაგრამ, რაკი მთავრობას ასე თუ ისე ემორჩილება, მთავრობისაგან დამოკიდებული არის. ასე რომ ჩამოვთვალოთ მინისტრები, მათი ამხანაგები, სხვა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები, ქალაქის თავები, ყველანი დამოკიდებულნი პიროვნებანი არიან. გარდა ამისა, მეტსაც ვიტყვი, ჩვენ მიერ მიღებულ აგრარულ კანონმდებლობაზე მიწის ჩამორთმევის შესახებ ამბობდა, ეს ყაჩაღობა არისო, ჩვენ მოქმედებას ყაჩაღობას ეძახდით. მაშასადამე თქვენ მეტად მჭიდროდ ყოფილხართ დაკავშირებულნი იმ კლასთან, რომელმაც თქვენ აქ გამოგგზავნათ, აქედან გამომდინარეობს, რომ თქვენც ზედგავლენის ქვეშ იმყოფებით და თავის-თავად ცხადია, რომ ამ თქვენ თვალსაზრისს დავემყაროთ, თქვენ არ უნდა ისხდეთ აქ, ვინაიდგან თქვენ არა ხართ ერის წარმომადგენელი, არამედ შებოჭილი ხართ იმ კლასის ინტერესებით, რომელმაც თქვენ აქ გამოგგზავნათ. (კედია: თქვენ?) ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება ეს პრინციპი ასე სავსებით, სასტიკად გატარდეს ცხოვრებაში. ეს შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ ცხოვრებაში არ არის ამის ნიადაგი მომზადებული. ამით აიხსნება ის, რომ შეუთავსებლობის კანონი მივიღეთ. ჩვენ ვამჯობინეთ თქვენს იურიდიულ პრინციპს პრაქტიკული საკითხი, და იდეალის განსახორციელებლად ის გზა ავირჩიეთ, რომ ფაქტიურად მიგვეხწია ჩვენს მიზანს. გვაზავამ ბრძანა; „რა საჭიროა ჩვენი, დამფუძნებელი კრების წევრი იყოს ბანკის საბჭოს წევრიო, როცა ბევრია ვაჭარი, მრეწველი, ფინანსიტებიო“. აქ გვაზავას ავიწყდება ერთი რამ - ის, რომ ეს ფინანსისტი ვაჭარი არის, იმავე დროს თუ აშკარად არა, ფაქტიურად მაინც ერთგვარი ნოქარი იმ დაწესებულებისა, რომელსაც ასე თუ ისე ემსახურება. როდესაც სახელმწიფო ბანკი ამ ვაჭრებს, სპეკულიანტებს, ასე თუ ისე საზღვარს დაუდებს, როგორ გგონიათ ამ შემთხვევაში, არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ ეს ვაჭარი ჩააყენოთ სათავეში და ჩვენი ბანკის ბედ-იღბალი მათ ჩაუგდოთ ხელში? აი, აქ დგება, ბატონო გვაზავა, ისეთი მომენტი, რომ თქვენი განყენებული იურიდიული სამართლიანობა იწვევს უსამართლობას და გამოდის ისე, როგორც რომის იურისტები ამბობდენ: „დეე, ქვეყანა დაიქცეს, ხოლო სამართალმა გაიმარჯვოსო“. მე სავსებით გეთანხმებით, რომ სჯობს, თუ წარმოვიდგენთ იდეალურ წყობილებას, რომ ყოველივე მოქალაქე, დამფუძნებელი კრების წევრი მით უმეტეს, არ იმყოფებოდეს არავითარ გავლენის ქვეშ. მაგრამ ასეთ იდეალებს ვერ მოვძებნით, მით უმეტეს თქვენ წრეებში (გვაზავა: თქვენ წრეებში კი? კედია: თქვენი კაცი ჩააყენეთ, მხოლოდ თავისუფალი იყოს). მე პერსონალურად არ მოგახსენებთ, შეიძლება მეც და ბევრი თქვენგანიც ძალიან ცოდვილნი ვიყვნეთ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვემსახურებით დემოკრატიას და თუ რამ დავაშავეთ, იგივე დემოკრატია მოგვთხოვს პასუხს, ყოველ შემთხვევაში ვაჭრები უფრო დამოკიდებულნი არიან ამ საკითხში, ვიდრე სხვები. და ვინაიდან სავსებით ამ იდეალების განხორციელება არ შეიძლება, მაშინ ჩვენ გვგონია, რომ დღეს მინიმუმით უნდა დავკმაყოფილდეთ. დამფუძნებელი კრების წევრი არ უნდა იყოს ჩაყენებული ისეთ პირობებში, რომ მას თავისუფალი მოქმედება შეეძლოს. თუ გადავშინჯავთ ბანკის წესდებას, ნახავთ, რომ იგი არ ემორჩილება მთავრობას, არის დამოუკიდებელი ორგანო და თვით საბჭო და პრეზიდიუმის წევრები მოწვეულ იქმნებიან, მხოლოდ ზოგიერ პრინციპიალურ საკითხის გადასაწყვეტად. ეს არის მთავარი. ასე, რომ ამ მხრივ არავითარი საშიშრობა არ არის, რომ დამფუძნებელ კრების წევრი, თუ ბანკის საბჭოს წევრიც იქნება, დაჰკარგავს საშუალებას დამოუკიდებელ მოქმედებისას, ვინაიდან არავითარი ადმინისტრატიული ფუნქციები მას არ აქვს. ამიტომ გვგონია, რომ იმ იდეალის განხორციელება, რომელზედაც ბატონი გვაზავა მიგვითითებს, ფაქტიურად მიგვიყვანს იმ შედეგამდის, რომ თქვენ თუ გაავითარეთ ეს აზრი და თუ არ გინდათ, რომ ლოღიკას უღალატოთ, მაშინ, მე ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი წრეების წარმომადგენლები აღარ უნდა იყვენ აქ დამფუძნებელი კრების წევრებად. და როდესაც ამ დადგენილებას მიიღებთ, ამას სულ სხვა შედეგი მოყვება, არასასურველი თქვენთვის. რაც შეეხება კონსტიტუციის საკითხს, აქ მართალია, რომ დეპუტატს არ შეუძლია მიიღოს რაიმე დავალება გარდა პოლიტიკურ დავალებისა, შემდეგში შეგვეძლება ამის გაფართოვება, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც ბანკს ვაწყობთ და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ, შეუძლებელია ასე სასტიკად გავატაროთ იურიდიული პრინციპი, მით უმეტეს, რომ გამონაკლისი პროფესორების, პრივატ-დოცენტების, მინისტრების და მათი ამხანაგების შესახებ, უკვე დაშვებულია ჩვენ მიერ. ეს გამოწვეულია იმ მდგომარეობით, რომელშიაც ჩვენ დღეს-დღეობით ვიმყოფებით და ამიტომ მგონია, რომ მისაღებია.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს, ბ. რუსიას.
მ. რუსია. (სოც.-დემ.) დამფუძნებელ კრების წევრ შენგელაიას და გვაზავას ავიწყდებათ შემდეგი: ის რომ სახელმწიფო ბანკი დამფუძნებელმა კრებამ ჩააყენა განსაკუთრებულ პირობებში, განსაკუთრებულ მდგომარეობაში; დაიახლოვა იგი, თავის მფარველობის ქვეშ მიიღო, თვით ირჩევს მის წევრებს, და როდესაც ასე უყურებს დამფუძნებელი კრება სახელმწიფო ბანკს, თქვენ დასვით საკითხი: არის თუ არა ამ სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრი ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებული, რომ ის უნდა ემორჩილებოდეს მთავრობას? მაშინ, რასაკვირველია, მთავრობის გავლენა აუცილებელი იქნება. ასეთ მდგომარეობაში კი სახელმწიფო ბანკის წევრი არ არის. ეს ერთი. მეორე: საბჭოს წევრობა მოითხოვს თუ არა იმდენ დროს, რომ დამფუძნებელ კრების წევრმა თავის მოვალეობა ვერ შეასრულოს?.. არა, ამდენ დროს საბჭოს წევრობა არ მოითხოვს. თქვენ კი ისე სვამთ კითხვას, რომ ჩვენთვის მიუღებელია (კედია: რა არის მიუღებელი?) ამიტომ, რომ გვგონია თუ დაუშვით გამონაკლისი გვარდიის შტაბისათვის, პროფესორებისა და დოცენტებისათვის, მინისტრთა მათ ამხანაგთათვის, მით უმეტეს შეგვიძლია გამონაკლისი დაუშვათ საბჭოს წევრებისათვის, რომელსაც თვით დამფუძნებელი კრება ირჩევს. რაც შეეხება იმას, რომ კანონი დავარღვიეთ და არ შეიძლება გამონაკლისი დაუშვათო, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არის კანონი და თუ ცხოვრება მოითხოვს მის განმარტებას, ან შეცვლას, ეს ყოველთვის შესაძლებელია.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვას შეუდგეთ? (წინააღმდეგი არიან ნაციონალ დემოკრატები და ესერები). კანონ-პროექტის მუხლობრივი განხილვა მიღებულია.
მეორე მუხლობრივი განხილვა მოხდება განსაზღვრულ ვადის გასვლის შემდეგ. (შემდეგი ორატორი სალაყაია).
კანონ-პროექტი შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის, შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს სალაყაიას.
იოსებ სალაყაია (ს.-დ.) შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატი, რომელიც დროებით იყო მიღებული ამიერ-კავკასიის მთავრობის მიერ, შეიცავდა სულ 66 კაცს. 26 მაისის დადგენილებით, დაახლოვებით, ყველა უწყებებს უნდა შეემცირებია შტატი, და ეს ახალი შტატები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიისათვის უნდა შეეფარდებია. იმ მოხსენებიდან, რომელიც წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აუარებელი საქმე გადასცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, როდესაც მოხდა ერთგვარი დიფერენციაცია ძალათა განაწილებისა ცენტრალურ დაწესებულებათა და ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის, მიუხედავად ამისა, საქმეების რიცხვი არამც თუ შემცირდა, პირიქით პერიოდულად მატულობს. ათი თვის განმავლობაში შემოსულ-გასულ საქმეთა რიცხვი ათასს უდრის, ასე, რომ თვეში, დაახლოვებით, ხუთი ათასი საქმის ქაღალდია.
აქედან ცხადად სჩანს, თუ რამდენ მოხელეს თხოულობს ამ საქმეთა მომაწესრიგებელი დაწესებულება. მიუხედავად ამისა, შინაგან-საქმეთა სამინისტრომ შეამცირა ერთი ვიცე დირექტორის და ერთი პირად მდივნის თანამდებობა. ის მხოლოდ ითხოვს, ვინაიდან აუარებელი საქმეები ატყდება, ერთი იურისკონსულტის თანამდებობა იქნეს დამატებული და რამდენიმე წვრილ მოხელისა, რაც აუცილებელი საჭიროა უწყებისთვის, განსაკუთრებით იმისათვის, რომ გაუქმებულ საგუბერნიო დაწესებულებათ, საქმეები გადმოვიდენ ცენტრალურ დაწესებულებაში და მაშასადამე, მათ არხივებს უნდა მოუაროს ცენტრალურმა დაწესებულებამ. მთელი ეს საქმეები მოთავსებულია მთავრობის 4 განყოფილებაში: არის ადგილობრივ მეურნეობის განყოფილება, სადაც განსაკუთრებით არის თანხების საქმეები, რომელიც ეძლევა ადგილობრივ თვითმმართველობებს, ერობებს, თუ წვრილ ერთეულებს; შემდეგ ადმინისტრატიული პოლიტიკური განყოფილება, რომელიც შეეხება პოლიტიკურ საქმეებს, მოხელეების დანიშვნას, პასპორტების მიცემას და სხვა.
გარდა ამისა, შინაგან-საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომ დაარსებულ იყოს ერთი განყოფილება, მზრუნველობის განყოფილება, რომელმაც უნდა თვალ-ყური ადევნოს მზრუნველობას საზოგადოების მოქმედების თანხებს, რომელიც ამ საზოგადოებებს აქვთ, გარდა ამისა, დახმარება უნდა გაუწიოს იმ მთელ რიგ ოჯახებს, თუ კერძო პირებს, რომელიც ომის დროს დაზარალდენ. განსაკუთრებით ეს ეხება ახალციხის და ახალქალაქის მაზრებს, რომელთაც არაფერი არ გააჩნიათ. რასაკვირველია, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმეა უზრუნველყოფა ამ მოქალაქეთა, მაგრამ როგორც ვიცით, ეს თვითმმართველობანი და განსაკუთრებითი ახალციხის და ახალქალაქის თვითმმართველობანი არ არიან ისეთი გამაგრებულნი და მათი ფინანსიური მდგომარეობა მეტად მცირეა და აქ უნდა იკისროს შინაგან-საქმეთა სამინისტრომ დახმარება. შინ.-საქ. სამინისტროს შტატი განხილულ იქნა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ და იქ ერთგვარი ცვლილება შეიტანეს. კომისიამ შეამცირა, მაგალითად რიცხვი საქმის მწარმოებელთა, ბუხალტერიის მანქანაზე გადამწერთა და შტატი დააყენა 75-ზე. ამ გვარად შეცვლილ შტატს ადგენს კომისია და ითხოვს დამფუძნებელ კრებისაგან შტატისა და ამ დეკრეტის დამტკიცებას.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ილია ნუცუბიძეს.
ილია ნუცუბიძე (ს.-რ.) ბატონებო, შინაგან-საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა და შუამდგომლობს ჩვენს წინაშე, რომ დავადასტუროთ ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა. ხარჯთ-აღრიცხვის დადასტურება ნიშნავს სამინისტროსადმი ნდობის გამოცხადებას, მისი მოღვაწეობის მოწონებას, დადასტურებას. სოც.-რევ. ფრაქცია კი არ იწონებს ამ სამინისტროს მოღვაწეობას. (ჩხიკვიშვილი: რომელ სამინისტროს მოღვაწეობას იწონებს?) დღეს ლაპარაკია ამ სამინისტროზე და სხვა დროს სხვაზე მოგახსენებთ, ჩვენი ფრაქცია არ უცხადებს ნდობას ამ სამინისტროს. ამიტომ ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებაზე უარს ეუბნება. ამ სამინისტროს, როგორც თვით უწყების განმარტებითი ბარათშია ნათქვამი, მეტად მძიმე და რთული და მასთან საპასუხისმგებლო მოვალეობა აქვს დაკისრებული. მაგრამ რამდენად მძიმეა ეს მოვალეობა, რამდენად საპასუხისმგებლოა ის, იმდენად ზერელედ და უპასუხისმგებლოდ ეკიდება ეს უწყება მას. ჩვენი ადმინისტრაცია, როგორც ორგანიზაციის მხრივ, ისე მოქმედებით და ხალხთან დამოკიდებულებაში არაფრით არ განირჩევა ძველი დროის ადმინისტრაციისაგან.
როგორც ძველად, ისე ეხლა ამ ადმინისტრაციის ნაწილებს შეადგენენ განსაკუთრებული რაზმები და საიდუმლო აგენტები, როგორც ძველად, ისე ეხლა ადმინისტრაცია დგას არა უფლებრივ ნიადაგზე, არამედ თვითნებობის ნიადაგზე - ძალმომრეობის ნიადაგზე, როგორც ძველად, ისე ეხლა ადმინისტრაციას არა აქვს არავითარი კავშირი ხალხთან. ხალხსა და ადმინისტრაციის შორის ხიდი ჩატეხილია და როგორც ძველად, ისე ახლა ადმინისტრაცია თავის იარაღით ხალხის ინტერესების სადარაჯოდ კი არა სდგას, არამედ დგას თავის პირად ინტერესების სადარაჯოზე და ის თოფი, რომელიც მას უკავია ხელში, მიმართულია თავის დასაცავად და ხალხის წინააღმდეგ და არა ხალხის ინტერესების დასაცავად. ეს ბუნებრივია, როდესაც ადმინისტრაცია ხალხის ინტერესებს არ იცავს, ხალხი მის წინააღმდეგ ამხედრებულია და იარაღი საჭიროა, რომ თავი დაიცვას ხალხის რისხვისაგან. ადმინისტრაციის მდგომარეობა, ზნე-ჩვეულება მაჩვენებელია სახელმწიფოს ზნე-ჩვეულებისა, მისი ბარბაროსობა - სახელმწიფოს ბარბაროსობისა, მისი კულტურობა - სახელმწიფოს კულტურობისა. ეს კარგად იცოდა ძველი რეჟიმის მთავრობამ და ამიტომ ცენტრებში, როგორიც იყო მოსკოვი, პეტროგრადი და კიევი ცდილობდა უცხოელთა შესახედავად შერჩეული ადმინისტრაცია ჰყოლოდა და ცენტრის ადმინისტრაცია თავის მოპყრობით ბევრად განსხვავდებოდა პროვინციის ადმინისტრაციისაგან. ჩვენში კი ცენტრი არაფრით არ განსხვავდება პროვინციისაგან და წარმოიდგინეთ ამ უხეშ და ბარბაროსულ მოქმედებაში ცენტრი ბევრ შემთხვევაში ტონს აძლევს პროვინციას. ჩვენმა ისტორიამ, ბატონებო, ბევრი იცის მაგალითები ადმინისტრაციის ბარბაროსულ მოქმედებისა. რომელი მაზრაც არ უნდა აიღოთ, ყველგან უხვათაა ამის მაგალითები. მაგ. ლეჩხუმის მაზრა, რომელიც კანონის გარეშე გამოაცხადეს და სისწორით რომ ვთქვათ, ასეთი რამ ძველ აღმოსავლეთის სატრაპებსაც არ მოუვიდოდა თავში. რაც შეეხება კერძო შემთხვევებს - ადმინისტრაციის მიერ უსაფუძვლოდ დაპატიმრებას, წამებას (მე, როდესაც ვხმარობ სიტყვა „წამებას“, ანგარიშს ვაძლევ ჩემ თავს და მაქვს საბუთები იმის დამამტკიცებელი, რომ ეს სიტყვა გადამეტებული არ არის!) პირდაპირ სისტემის ხასიათს იღებს. როდესაც შინაგან-საქმეთა სამინისტროს ევალება განმტკიცება უფლებრიობის და სახელმწიფოებრიობისა, ჩვენ გვაქვს ფაქტები სულ საწინააღმდეგო, რომელიც კლავს ყოველივე იდეას მოქალაქეობრიობისას, სახელმწიფოებრიობისას და უფლებრიობისას. განა ასეთ პირობებში შეიძლება შტატი და ხარჯთაღრიცხვა დავუმტკიცოთ სამინისტროს? რასაკვირველია, არა, თუ ჩვენ ვიქნებით ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე. მთელი ჩვენი სინამდვილე აშკარად მოწმობს იმას, რასაც მოგახსენებთ. ეს ყველამ კარგად იცის. ამაზე ბევრი დაიწერა პრესაში და ბევრი ითქვა ამ ტრიბუნიდან. მე ეხლა წავიკითხავ ისეთ ფაქტებს, რომელიც არა თუ დეპუტატს, არამედ ქვებსაც კი ააღაღადებენ (ხმები: რომელი გაზეთი არის?) „შრომა“ და „სახალხო საქმე“. აი რას სწერს „სახალხო საქმეში“, პატივცემული დეპუტატი, დეპუტატი და არა უბრალო მოქალაქე სამსონ დადიანი (კითხულობს):
„გაშიშვლებულს ძალმომრეობას ბევრ ალაგას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის მაზრაში ერობის არჩევნების დროს. დაპატიმრება, დევნა, დამუქრება, ადმინისტრაციის და გვარდიის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, - აი რა ზომებს მიმართა მთავრობამ მთელს რიგს სოფლებში. თითქმის არალეგალური მუშაობა უხდებოდა სხვა პარტიებს ზუგდიდის მაზრაში.
მაგალითად, ჩხოროწყუში კომისარმა ორ საათამდი არ გაახსნევინა ყუთი, შემდეგ მოახდინა მიტინგი, რომლის თავმჯდომარე თითონ იყო, გასწია აგიტაცია პარტიის სახელით და შემდეგ მიუშვა ყუთთან. ჭოღაში, ხაბუმეში, ჩხოროწყუში, მუხურში გვარდიის ოფიცერმა ხალხს უთხრა: ნებით რომ არ მისცეთ ხმა პირველ ნომერს, იარაღით აგიღებთ, იარაღით მიგაცემინებთო.
ესერების კანდიდატს დაჭერა მოუნდომეს, იგი იძულებული შეიქნა დამალულიყო და მაშინ დაიჭირეს მისი ცოლი, დედა-მამა, შვილი. სოციალ-ფედერალისტები ხომ სულ არ გააჭაჭანეს, როგორც უფრო სუსტნი. აი, ასეთი იყო თურმე დემოკრატიულს რესპუბლიკაში თავისუფალი არჩევნები და შედეგი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე გამარჯვება იქნება სოციალ-დემოკრატიისა. (ნინიძე: ფაქტი გვითხარი, ეს დეპუტატის აზრია!) (კითხულობს) (საყვარელიძე: გვარი?) კითხეთ დეპუტატს, მან დაწერა და ეცოდინება. (კითხულობს) როგორი ბარბაროსობაა ბატონებო? (კითხულობს). აი, ბატონებო, ასეთ სურათს გვიშლის წინ პატივცემული დეპუტატი. ეს ფაქტია. ამაში ეჭვი არავის ეპარება. და თუ თქვენ გნებავთ სინამდვილეში დარწმუნდეთ, მაშინ მოახდინეთ გამოძიება. ამას გარდა ჩვენ მოგვდის აუარებელი წერილები, რომელნიც ამოწმებენ ამ ფაქტს. ამას გარდა, როდესაც, ბატონებო, მე გაზეთი მოვიხსენიე აქ შემომესმა ნერვიული ხმა სოც.-დემოკრატისა - „შრომა“ ხომ არ არისო, იმიტომ, რომ აქ დაბეჭდილია ერთი წერილი, რომელიც მოტანილი იყო „ერთობის“ რედაქციაში, მაგრამ იქ არ დაუბეჭდეს. ეს წერილი არის ძველი რევოლიუციონერის, მუშა არაქელას წერილი. ამ მუშას ყველა იცნობს (ხმები: ბოლშევიკია!) ბოლშევიკია ეს თუ არა, მე არ ვიცი, მე ვიცი, რომ ის ადამიანია და რევოლიუციონერი. «ერთობის» რედაქციამ არ დაუბეჭდა ეს წერილი (ნინიძე: ტყუილია!) ჩვენ მოგვიტანა და დავბეჭდეთ. აი შინაარსი ამ წერილისა. წინდაწინ მოგახსენებთ, რომ შინაარსი პირდაპირ აღმაშფოთებელია. (კითხულობს):
„მოქალაქე რედაქტორო!..
გთხოვთ ადგილი მისცეთ თქვენს გაზეთში შემდეგ ცნობას, რომელიც ნათელს ფენს თბილისის სისხლის სამართლის მილიციაში გამეფებულ ბარბაროსულ წესებს.
9 თებერვალს ღამით ხსენებული მილიციის აგენტებმა გაჩხრიკეს ჩემი ბინა, სადაც მათ ეგულებოდათ ბაგრატ სტეფანოვი, რომელსაც ბრალდება ხითაროვის გატაცებაში მონაწილეობის მიღება. თუმც ვერაფერი საეჭვო ვერ იპოვეს, მე მაინც დამატუსაღეს და წამიყვანეს მილიციაში, სადაც მთელი ღამით ჩამკეტეს ცივ საკანში. მეორე დღეს დილის 9 საათზე მილიციის უფროსმა - ფაჩულიამ მოახდინა ჩემი დაკითხვა. მე უპასუხე, რომ ბაგრატ სტეფანოვს ვიცნობ კატორღიდან და აქაც წარსულ წელს სავაჭრო საქმე გვქონდა ერთად, ეხლა კი 8 თვე იქნება, რაც აღარ მინახავს და არც მეგულება აქ. ფაჩულიამ ეს არ დამიჯერა და შეუდგა ჩემს წამებას. გულახდილათ ვამბობ, რომ ძველ რეჟიმში ბევრი ტანჯვა-ვაება გამომივლია, მეტადრე ციხე-კატორღაში, სადაც ჩემი სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა, მაგრამ იმდენი დამცირება, თავმოყვარეობის შელახვა, ადამიანური ღირსების ფეხქვეშ გათელვა, როგორიც მე განვიცადე ფაჩულიასაგან, მე ვერც წარმომიდგენია. ფაჩულია ჩამეჭიდა წვერებში, მცემდა წვერებში რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მცემდა ისე გამეტებით, რომ კბილიც ჩამაგდებინა; არ მაკმარა ყოველივე ეს, არ მაკმარა უშვერი ლანძღვა-გინება და ყოველივე ამის დასაგვირგვინებლათ პირშიც ჩამაფურთხა. მე განადგურებულათ ვგრძნობდი თავს, მაგრამ სასოწარკვეთილი მაინც ვიძახდი „ნუ შემეხებით, ყველა ჩვენი მინისტრები კარგათ მიცნობენ, რა კაციც ვარ, ყველა ჩემთან ერთად მსხდარან ციხეში, შეეკითხეთ სილიბისტრო ჯიბლაძეს, ნუ ხმარობთ ჩემზე ძალადობას“, მაგრამ ამ სიტყვებს მოძალადე მუშტებით პირშივე მჩრიდა.
ეს ცემა-ტყეპა, ეს დამცირება ოთხჯერ გაიმეორა ჩემზე ფაჩულიამ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ წამებას დაესწრო ქალაქის მილიციის უფროსი სულაქველიძე, რომელმაც თავისი საქციელით ისეთაც განაწამები კიდევ უფრო გამამწარა.
„შენ მადლობელი იყავი, რომ ცემას გაკმარებენო“. მერე მიუბრუნდა ფაჩულიას და უთხრა: „ეს ორი კაცი (ჩემზე და ერთ დატუსაღებულ ბუღდან ეგოროვზე უთითებდა) ღამით წაიყვანონ ციხეში და ხიდთან რომ მიიყვანონ, ქვები მოაბან მაგათ და წყალში გადაყარონ, ხომ გყვანან კაცები, რომლებიც ამას შეასრულებენო; მე იმდენი დამსახურება კი მაქვს, რომ ორი კაცის სიკვდილი მეპატიოსო“.
პირში წამიყენეს თითონ ხითაროვსაც, რომელმაც გადაჭრით უარყო ჩემი მონაწილეობა მის გატაცებაში. მიუხედავათ ამისა, მე მაინც მცემდენ და მაწამებდენ. ამ დღეში ვიყავი ორი დღე. გადავრჩი ამ საშინელებას შემდეგ შემთხვევით: ჩემმა ცოლმა სადილი მოიტანა ჩემთვის. მე მას ჩემი საკნიდან თვალი შევასწარი და დაუძახე: „გაიქეც საჩქაროთ სილიბისტრო ჯიბლაძესთან, უთხარი, რომ ოთხჯერ მცემეს“. ამის შემდეგ გაიარა საათნახევარმა და ჩემი საკნის კარიც გაიღო: მე წამიყვანეს შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგთან, მე ვინახულე სილიბისტრო ჯიბლაძე, ვინახულე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და ყოველივე მოვახსენე.
არაქელ ოქუაშვილი“.
ბატონებო, ვინც მჯდარა ციხეში, ის ბევრ წამებას განიცდიდა, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა, პიროვნების ასეთი დამცირება ძველ რეჟიმის დროსაც არ განგვიცდია (კითხულობს). აი, ბატონებო, მე აქ გავიგონე რეპლიკა, რომ კომენტარიები არ არის საჭიროვო, და მართლაც კომენტარიები არის საჭირო? მგონი ქართულ ენაში არ არის სიტყვა, რომ შესაფერისად გამოხატავს ამ ბარბაროსობას, რომელიც ჩაუდენიათ იქ. აქ ამბობენ ბოლშევიკი არისო, მაგრამ, ბატონებო, ის ხომ ადამიანი არის, და ასეთი დამცირება და შეურაცხყოფა ადამიანისა პირდაპირ საზიზღრობაა. ეს ხდება იმიტომ, რომ მილიციის სათავეში არის ისეთი კაცი, რომელსაც ორგანიულად ეზიზღება ყოველგვარი რევოლიუციონერი და, რასაკვირველია, როდესაც ხელში ჩაიგდებს ასეთ კაცს, მას შესაფერისად გაუსწორდება. ბატონებო, ასეთი აგენტები მილიციისა იოანე მრისხანეს ოპრიჩნიკებს მოგაგონებენ და განა შეიძლება ასეთი აგენტების ყოლა? მათი დახმარებით საქმის გაკეთება ყოვლად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. საქართველოს სხეულს დახვევიან ეს აგენტები და სჯიჯგნიან. საჭიროა დაუყონებლივ განიწმინდოს ადმინისტრაცია ასეთი ელემენტებისაგან, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება თუ გვინდა, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა განმტკიცდეს. თუ ადმინისტრაცია თავის სიმაღლეზე არ იქნა, არსებობა რესპუბლიკისა წარმოუდგენელია. ადმინისტრაცია არის მოწოდებული პიროვნების უფლების დაცვისათვის, მან უნდა განამტკიცოს სახელმწიფოებრივი წესი, და როცა ის არა თუ არ ამტკიცებს, არამედ პირიქით, მისი მოქმედება უარყოფაა სახელმწიფოებრივ-მოქალაქეობრივ უფლებისა, განა შესაძლებელია ასეთ მდგომარეობაში რამეს გაკეთება? შეუძლებელია. ხაზგასმით ვიმეორებ ადმინისტრაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სანამ ადმინისტრაციაში არიან ისეთი ელემენტები, რომელნიც მოგაგონებენ ოპრიჩნიკებს, სანამ ადმინისტრაცია არ დადგება უფლებრივი ნიადაგზე, სანამ ის არ შეიგნებს, რომ ხალხის მსახურია და არა მისი მბრძანებელი, ბატონი, ერთი სიტყვით სანამ ჩვენ არ გვეყოლება ადმინისტრაცია ხალხის წრიდან გამოსული და ხალხისათვის მოღვაწე, მანამ ჩვენ კრედიტს ვერ გაუხსნით შინაგან-საქმეთა სამინისტროს. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავხდებოდით ზნეობრივი და იურიდიული მონაწილე იმ ვაკხანალისა, რომელიც დღეს ჩვენშია გამეფებული არსებული ადმინისტრაციის მეოხებით.
თავმჯდომარე. უკვე ორი საათი სრულდება და თანახმად დადგენილებისა უნდა შეუდგეთ შეკითხვის განხილვას. როგორ ინებებთ? შემოსულია ს.-დ. ფრაქციის წინადადება, რომ შეკითხვა განხილულ იქნეს ამ საკითხის განხილვის შემდეგ. ვინ არის წინააღმდეგი? წინადადება მიღებულია. გაგრძელდება მსჯელობა სამინისტროს შტატის შესახებ. სიტყვა ბ-ნ შენგელაიას ეკუთვნის.
ლეო შენგელაია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! თქვენს წინაშე წარმოდგენილია დაპატიმრებისა და გადასახლების სამინისტროს შტატები.
წარმოდგენილია არა მთელი შტატი, არამედ მისი ერთი მთავარი ნაწილი, სახელდობრ, კანცელარია.
ეს ის შტაბი გახლავთ, სადაც მზადდება უკუღმართი ბრძანებები, სადაც ყოველ დღე წყდება მრავალ მოქალაქეთა ბედი.
ეს შტაბი ხელმძღვანელობს ჩვენში მთელს შინაურ პოლიტიკას. ის არის ჩვენი ქვეყნის სრული ბატონ-პატრონი, აღმასრულებელიც და კანონმდებელიც.
ეს ის შტაბი გახლავთ, სადაც ხდება სისტემატიური დაცინვა და სრული გაქარწყლება, გაბათილება რევოლიუციის ყველა მონაპოვართა.
თუ ჩვენს რესპუბლიკას ვინმე წყევლა-კრულვით იხსენიებს, თუ ჩვენდამი ვინმე გრძნობს სიძულვილს, ამის ერთი უმთავრესი მიზეზი არის შინაგან-საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა, მთელი მისი მოღვაწეობა.
რევოლიუციონური ადმინისტრაცია უნდა ყოფილიყო ის ახალი ძალა, რომელიც განამტკიცებდა ჩვენში უფლებრივ წყობილებას, რომელიც დაიცავდა პიროვნებას თვითნებობისაგან, ხოლო მოქალაქეს ასწავლიდა საკუთარი მაგალითით მოვალეობათა პირნათლად ასრულებას. ჩვენ კი რას ვხედავთ?
შინაგან-საქმეთა სამინისტრო და მისი მთავარი შტაბი - კანცელარიით ხელმძღვანელობს ჩვენში მთელს ადმინისტრაციას, სისხლის სამართლის მილიციას. ის ხელმძღვანელობს საგანგებო რაზმს, გადასახლების საქმეს, ის ხელმძღვანელობდა ანარქიასთან ბრძოლას და ყველგან ყველა ამ საქმეებში სამინისტროს მოღვაწეობის გამო ჩვენს რესპუბლიკას, ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი სირცხვილი და საშინელი სკანდალი. შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოღვაწეობამ სავსებით გამოაშკარავა მისი რეაქციონური პოლიტიკა და ნამდვილი პოლიციური სახე.
ორი წლის განმავლობაში აწყობს, ამტკიცებს, აუმჯობესებს მთავრობა ჩვენს ადმინისტრაციას, მაგრამ ამ საქმეს არა თუ პროგრესი, სრული რეგრესი ემჩნევა.
რევოლიუციის პირველ ხანებში ჩვენი ადმინისტრაცია გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე დღეს. მაშინ იყო ხანა ნგრევისა უაღრესად, მაშინ ცხოვრება უფრო იყო კალაპოტიდან ამოვარდნილი, მაგრამ ადმინისტრაციის მოქმედება ისე ტლანქი და მახინჯი არ ყოფილა, როგორც ეხლა არის.
მას შემდეგ, რაც ჩვენში შემოღებული იქნა ერობები, ვფიქრობდით, რომ საქმე გამოკეთდებოდა, გვეგონა, რომ ადმინისტრაცია გაჯანსაღდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ კი არა, თითქოს ერობას არ შეუძლია ეს საქმე მოაგვაროს, თითქოს ის უძლურია, არამედ იმიტომ, რომ ერობისა და ადმინისტრაციის შუა აიტუზა ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრი თავისი უადგილო ჩარევითა და უკანონო ბრძანებით.
დღეს ადგილობრივ პირდაპირ კურიოზული მდგომარეობა შეიქნა: როცა ადგილობრივ ადმინისტრაციას სურს ჯამაგირი მიიღოს, ის ემორჩილება ერობას, ხოლო როცა საქმე ეხება დაპატიმრებას, ის ემორჩილება შინაგან-საქმეთა სამინისტროს. ყოფილა შემთხვევები, როცა ერობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები მოითხოვენ კომისრისაგან დატუსაღებულის განთავისუფლებას, მაგრამ კომისარი უარზეა, რადგანაც მისი განმარტებით, ეს ეხება შინაგან-საქმეთა სამინისტროს.
რევოლიუციამ თავზარი დასცა ძველ ბიუროკრატებს. ბევრმა ჟანდარმმა, ბოქაულმა და სიშჩიკმა თავი ამოყო სატუსაღოში. რევოლიუციონურმა ტრიბუნალებმა გაასამართლეს ესენი. რევოლიუციის მტრებმა ღირსეული სასჯელი მიიღეს. ზოგს მიუსაჯეს წელიწადი, ზოგს 6 თვე, ზოგს ნაკლები. აი ამ გასამართლებულმა ხალხმა ნელ-ნელა ზოგმა პროტექციით, ზოგმა ნათესავ-მეგობრობით თავი აიშვა. ეს ყოფილი ბოქაულები, სიშჩიკები და ჟანდარმები სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ეწერებიან. ბოლოს ისე მოტრიალდა საქმე, რომ ეს ძველი ბიუროკრატია მოექცა ჩვენს ადმინისტრაციის სათავეში.
ჩვენში არ დარჩენილა არც ერთი მაზრა, რომლის ადმინისტრაციის სათავეში არ ყოფილიყოს ან ახლა არ იყოს ყოფილი ბოქაული. რა თქმა უნდა, მე იმას კი არ მოგახსენებთ, რომ ბოქაულებში არ შეიძლება იყოს პატიოსანი ადამიანი. ერთი-ორი მათშიც შეიძლება პატიოსანი იყოს, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ის ხალხი, რომელიც ასე ერთგულად ემსახურებოდა ძველ რეჟიმს, რომელიც წარჩინებასაც ღებულობდა სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენს ხალხს სამსახურში ნაკლებად ღებულობდნენ, შეუძლებელია ეს ხალხი იყოს ერთგული დამცველი ახალი რეჟიმისა. მას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ძველი პოლიციური ტრადიციები და როგორ გინდათ მან განამტკიცოს ჩვენში ახალი წესწყობილება, ემსახუროს ხალხს?!
თქვენ აღადგინეთ სავსებით ძველი წესები ადმინისტრაციაში. ძველმა ბიუროკრატიამ თან მოიტანა ძველი მეთოდები. ასე ყველგან, როგორც ცენტრში, ისე პროვინციაში.
ადმინისტრაცია, თვით სამინისტრო არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. თქვენ დიდ ადმინისტრატიულ პოსტებზე აყენებთ ნამდვილ რეაქციონერებს და სისხლის სამართლის დამნაშავეთ. თქვენ ფაქტები გინდათ?
ჩვენ აქ დამფუძნებელ კრებაში რამდენიმე ხნის წინედ შემოვიტანეთ შეკითხვა ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ვინმე ადეიშვილის შესახებ, რომელმაც ააწიოკა ოკრიბის მხარე. თქვენ იცით, იყო იქ მრავალი მოკლული, დასახიჩრებული, ხალხი აწამეს ბარბაროსულად. როცა აქ ირჩეოდა ჩვენი შეკითხვა ამ ამბების შესახებ, მთავრობამ განაცხადა, რომ ბ. ადეიშვილი სამსახურიდან გადაყენებულია და პასუხისგებაში არის მიცემულიო, მარა ადეიშვილი დღესაც ჩვენს ადმინისტრაციაში არის (ხმა სოციალ-დემოკრატებისა: სად?) (გ. ვეშაპელი: სულაქველიძემ ციხიდან გამოაქცია და აქ თბილისში ყავს სამსახურში!) თქვენ ალბათ გაგიგონიათ ვინმე ლავრენტი მახარაძე. ვინც სცხოვრობდა და მოღვაწეობდა რევოლიუციამდი ქუთაისის, შორაპნის და ოზურგეთის მაზრებში, ემახსოვრება სატრაპი მახარაძე. არ დარჩენილა იქ თითქმის არც ერთი რევოლიუციონერი და დემოკრატი, რომელსაც არ ახსოვდეს მისი მათრახი! რევოლიუციამ ეს სატრაპი ციხეში ჩასვა, მარა შემდეგ მან თავი აიშვა. სოციალ-დემოკრატიამ მას მალე ერთი მეტად საპასუხისმგებლო მაზრა ჩააბარა ერთი, ხოლო დღეს ის ქ. თბილისში ერთ-ერთი ციხის უფროსი არის, სადაც ტუსაღები ხშირად აცხადებენ ხოლმე თვითონ ამნისტიას! (სიცილი).
ჩვენი ადმინისტრაცია ყაჩაღებით არის სავსე, მას აქვს ხშირად ყაჩაღებთან კავშირი. თქვენ ფაქტები გნებავთ? ინებეთ. ზუგდიდის სამაზრო ერობის უკანასკნელ სხდომაზე ხმოსანმა მ. კაკულიამ დაუსვა კითხვა მაზრის კომისარს: მართალია თუ არა, რომ მაზრის მილიციაში მსახურობენ ყაჩაღების კანდიდატებიო. თურმე ყაჩაღები თავის კანდიდატებს აყენებენ მილიციაში, რომ უფრო ადვილათ ითარეშონ.
კომისრის პასუხია: მართალია. იგივე ხმოსანი შეეკითხა კიდევ: მართალია თუ არა, რომ ყაჩაღებმა 7 რაიონად დაყვეს მაზრა და ჩუმათ კონტრიბუციას ახდევინებენ ხალხს? მიიღო დადებითი პასუხი. კიდევ ერთი ფაქტი. სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ბ. ი. მალანია, მინისტრის ყოფილი ამხანაგი უგზავნის ზუგდიდის ერობის გამგეობას ქაღალდს და სწერს: ჩვენ სამჯერ მივმართეთ ზუგდიდის მაზრის კომისარს თხოვნით, რომ მას დაეპატიმრებია და გამოეგზავნა ჩვენთვის ყაჩაღი, ვინმე ლომია, რომელიც ზუგდიდის მილიციაში მსახურობს. კომისარისაგან პასუხიც ვერ მივიღეთ და გთხოვთ, თქვენ მოახდინოთ განკარგულება, მიიღოთ ზომა, რომ ეს ყაჩაღი მილიციონერი დატუსაღებულ და აქეთ გამოგზავნილი იქმნესო. აი, ბატონებო, როგორი წესებია თქვენს ადმინისტრაციაში, აი, როგორ მოღვაწეობს შინაგან-საქმეთა სამინისტრო. მე თქვენ გეკითხებით, ბატონებო, შეიძლება განა ასეთ სამინისტროს მხარი დაუჭიროთ და შტატები დაუმტკიცოთ!..
ამნაირად, ბატონებო, ჩვენ არა გვყავს სახალხო ადმინისტრაცია. ის, რაც არის, არის ნამდვილი პოლიცია და ამ პოლიციას ჩვენ ყოველთვის შევებრძოლებით!..
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინ.-საქ. მინისტრის ამხანაგს ა. ჭიჭინაძეს.
შინ.-საქ. მინ. ამხ. ა. ჭიჭინაძე. მოქალაქენო, ორი ორატორი, რომელნიც თქვენ მოისმინეთ ეხლა, უნდობლობას უცხადებს ჩვენს სამინისტროს. ჩვენთვის ეს ერთი, რომ ახალი არ არის და მეორე, უნდა ვთქვათ, რომ უნდობლობის გამოცხადება იმ ფრაქციის მიერ, რომელიც თავის მოღვაწეობას ამყარებს პირად ანგარიშებზე, დიდი ფასი არა აქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ეხებიან შინ.-საქ. სამინისტროს მოქმედებას, უნდა ეთქვათ ცენტრალურ დაწესებულების შესახებ, იმის მაგივრად, რომ სთქვან საერთო პოლიტიკაზე, საერთო პრინციპიალურ საკითხებზე, (შენგელაია: თქვენ კიდევ მინისტრი ხართ?) მე მინისტრის ამხანაგი გახლავართ, პრინციპიალურ მხარეს ბანზე აგდებენ, რაღაც წვრილმანებზე გადადიან. უნდა ვთქვათ აქ, რომ ეს რამდენიმე თითქმის ფაქტები, რომელნიც თქვენ მოიყვანეთ, მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები (შენგელაია: თქვენ, რომ არ გეხებოდეს?) რომ ჩვენ მართლაც ვიქცეოდეთ ისე, როგორც თქვენ ბრძანებთ, (შენგელაია: უარესად?) ამას ხელს უწყობდეთ და ვცდილობდეთ რაც კი არის სადმე დანაშაული ჩადენილი, სუყველას დაფარვას. თითქოს ჩვენ ერობას და ქალაქის თვითმმართველობებს ხელს უშლით, რომ ისინი იბრძოდნენ მთელი თავისი ენერგიით ამ დანაშაულობის წინააღმდეგ. როდესაც ასე აყენებთ საკითხს, უნდა დავსვათ საკითხი: სინდისიერი კრიტიკა არის ეს თუ უსინდისო (შენგელაია: შეიძლება ასე ლაპარაკი? როგორ შეგიძლიათ დეპუტატის შეურაცხყოფა, ფაქტები უარყავით! გვაზავა: შეუძლებელია ასეთი სიტყვების ხმარება!)
თავმჯდომარე. ნება მიბოძეთ გავიგო რაშია საქმე. გთხოვთ ბ-ნო ორატორო გაიმეოროთ უკანასკნელი სიტყვები.
ჭიჭინაძე. მე უწოდებ ასეთ კრიტიკას არა სინდისიერს.
თავმჯდომარე. გთხოვთ ყოველ შემთხვევაში ფრთხილად იყოთ ასეთ სიტყვების ხმარების დროს.
ჭიჭინაძე. ჩვენ გველაპარაკებიან: სამინისტრო კანონმდებელი და აღმასრულებელიც არისო. უბედურება თქვენი იმაშია, რომ ყველა იმ ფაქტებიდან, რომელნიც მოიყვანეთ, არ შეიძლება იმის დასკვნის გამოყვანა, რომ ჩვენ რამეში მართლაც გამოვიჩინეთ კანონის დარღვევა და თითქოს კანონიც გამოვეცით! რატომ არ იყო ეს კანონი დასახელებული ამ კათედრიდან, რატომ არ იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ესა თუ ის კანონი გამოვეცით? ის კანონი, რომელიც თითქოს გამოსცა შინ.-საქმეთა სამინისტრომ, მე არ მინახავს (შენგელაია: 140 ბრძანება, რომელიც გააუქმეთ!) ეს არის შინ.-საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული? (შენგელაია: არა, თქვენ მიერ გაუქმებული!) თქვენ ლაპარაკობთ, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრომ გამოსცა კანონი, არა, თქვენ უნდა გეთქვათ განკარგულება გამოსცა მოხელემ და ჩვენ კი ის გავაუქმეთ, მაგრამ თქვენ ამას კი არ ამბობთ, თქვენ ამბობთ თითქოს ამას ხელს ვაფარებთ და ჩვენ თითქოს ვცემთ რაღაც კანონებს. როდესაც რომელიმე მოხელე ჩაიდენს უკანონობას და იმას სამინისტრო ხელს კი არ აფარებს, პირიქით, მაშინ არავის აქვს უფლება სთქვას, რომ ეს ისეთი სამინისტროა, რომელიც აშკარად თავის აგენტების უკანონო მოქმედებას ხელს აფარებს. შევეხები ზოგიერთ შემთხვევას, რაზეც აქ ილაპარაკეს. ჩემთან ბინაზე მოვიდა ლეო შენგელაია, იყო მგონია 4 საათი, და მეუბნება: ზუგდიდის მაზრაში ეხლა არჩევნებია; გვარდია, მილიცია, სულყველა მუშაობენ თქვენი პარტიის სასარგებლოდ, ძალმომრეობაა, იჭერენ და სხვა. მე ამაზე უპასუხე, მე არ შემიძლია ვთქვა, ყველა ჩვენი აგენტები იდეალურად პატიოსანი არიან, ჩვენ მიზანს არ შეადგენს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამ საქმეში ერეოდეს (ასათიანი: კარგი პასუხი მიგიციათ!) ყოველ შემთხვევაში, ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ ამ თქვენ ტელეგრამის შინაარსის გამო და თუ აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტია, მაშინ ყოველგვარ ზომებს მივიღებთ მეთქი. მან განაცხადა, ახლავე იქნას გაგზავნილი დეპეშა, რომ ადმინისტრაცია არ ერეოდეს არჩევნებში, მე გეკითხებით, აქ სხედან იურისტები, სანამ საქმე არ გამორკვეულა, არ ვიცი დანაშაული, აგენტია დანაშაული თუ არა, ამისთანა შინაარსის ტელეგრამა შემიძლია გავგზავნო? მე არ მაქვს ამის უფლება, ეს აშკარად უთხარი. ნახევარი საათი იყო ამ საქმეზე ვაჭრობა, ბოლოს იქნა გაგზავნილი ტელეგრამა. გაცნობებთ, რა შინაარსის იყო, ყოველ შემთხვევაში ვერ იტყვით, თუ სადმე უკანონობაა და ეს ჩვენ ვიცით და ამას ხელს ვაფარებთ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მილიცია იდეალურ სიმაღლეზე დგას, არავითარ უკანონობას არ ჩადის (შენგელაია: არაქელაზე რას ბრძანებთ!?) გადაჭრით იმის თქმა, რომ ამას ჩვენ ხელს ვაფარებთ, ჩვენი ნება-ყოფლობით, - აი, ამის თქმის ნება არავის აქვს. თქვენ გინდათ იცოდეთ ოქუაშვილის ისტორია? სწორეთ ჩემთან მოვიდა ის ოქუაშვილი, შემოიტანა თხოვნა და დასდვა სტოლზე თავის თავად ყოველივე ის ფაქტები, რომელიც თქვენ შეგაწუხებთ, ჩვენც არა ვართ ისეთი გულ-ცივები, რომ ჩვენც არ შეგვაწუხოს (შენგელაია: მართალია?!) თქვენ სახელმწიფო მიგაჩნიათ რაღაც სათამაშოდ, ჩვენ კი არა, ჩვენ გვრწამს, რომ ჩვენ სახელმწიფოში უნდა იყოს მტკიცე წესები. თუ ეს არ არის, სახელმწიფო იქნება ისეთი, როგორიც იყო კერენსკის დროს რუსეთი. როდესაც მოუსმინეთ ოქუაშვილს, მოვითხოვეთ ის პირიც, რომელიც იმას ხელს ადებს, - ერთნაირი დანაშაული მიუძღვის მის გატაცებაში. ვერ გეტყვით დანამდვილებით, დამნაშავე არის თუ არა, ვინაიდან დანამდვილებით დამნაშავეც რომ იყოს, ამისთანა ძალმომრეობას არც გაგვიმართლებია და არც გავამართლებთ. დაუყოვნებლივ იმავე დღეს გამოვითხოვე მოხელე და უთხარ, ეხლა წადი გამოძიება აწარმოვე დღესვე. ერთი წუთიც არ დაუყონებია. 2 დღის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ ცალკე დანიშნა გამოძიება. არ ვიცი როგორ უყურებს სასამართლოს სოც.-რ. ფრაქცია, ჩვენ პატივისცემით ვუცქერით. (ვეშაპელი: ახალციხის რევიზიის შედეგი რა არის?) დარწმუნებული იყავით, რომ იყო გამოძიება დანიშნული იმავე დღესვე. მეორე დღეს ეს გაათავეს და მოხელე გადაეცა სასამართლოს. თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, თუ გადავაყენებთ რომელიმე მოხელეს და სასამართლო გაამართლებს მას, ჩვენ იძულებული ვართ სამსახურში მივიღოთ და ჯამაგირიც მივცეთ. როდესაც ეს გამოძიება გათავდა, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არც ერთი მოწმის ჩვენება არ ადასტურებს იმას, რაც თქვენ ბრძანეთ. დეე ეს გამოამჟღავნოს სასამართლომ... (არ ისმის. ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი) მაშასადამე, თქვენ რა უფლება გაქვთ სთქვათ, თითქოს ეს სამინისტრომ დაადასტურა, იმის ლოცვა-კურთხევით მოხდა ეს?! მოიგონეთ ოკრიბის საქმე და განა უფლება გაქვთ სთქვათ, რომ არავითარი ყურადღება არ მივაქციეთ. თქვენ შემოიტანეთ შეკითხვა ამის შესახებ, აქ გამოვიდა ბ-ნი რამიშვილი და პასუხი გაგცათ კიდეც, განა ეს პასუხი იმნაირი იყო, რომ ყველაფერი რიგზეა? პირიქით მან სთქვა: „მართალია ეს მოხდა, მაგრამ ზომებია მიღებულიო“. მართალია, ახლაც იქნება ამისთანა ამბები და თუ ამაში დავრწმუნდით, ზომები იქნება მიღებული... იმის შესახებ მოგახსენებთ, (ვეშაპელი: ადეიშვილი იყო დაპატიმრებული და გააქციეს მისმა ამხანაგებმა, ტფილისის ადმინისტრაციამ.
თავმჯდომარე. ბ-ნო ვეშაპელო, თქვენ სიტყვა გნებავთ? გამოგზავნეთ ბარათი და მოგცემთ ნებას. ადგილიდან სიტყვის წარმოთქმა არ შეიძლება.
ჭიჭინაძე. ადეიშვილის გამოქცევის საქმე არ ვიცი. სატუსაღოში მოყვანა კი ვიცი. მოგახსენებთ გულწრფელად, რომ ეს ამბავი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სატუსაღოში გვყავდა. გზირი არა ვარ, ვერ გეტყვით რა დროს ვინ საიდან გამოიქცა. თუ მართალია ეს, ის ვინც ჩაიდინა ეს, იქნება დასჯილი. ზოგიერთი ფაქტები, რომელიც მოიყვანეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. მაგრამ არც ერთი ჩვენგანი, არც მე და არც რამიშვილი არ ვამბობთ, რომ ჩვენზე უკეთესი მილიცია არავის ყავსო. მაგრამ მოიგონეთ რა მდგომარეობა იყო ტფილისში ერთი 9 თვის წინად. დღე და ღამე შეიძლებოდა თუ არა თავისუფლად ტარება, შეიძლებოდა თუ არა უცხო მოქალაქეს ეთქვა, რომ ისეთ ქალაქში მივედი, სადაც შემიძლია თავისუფლად ვიარო ღამეო. რამდენი მსხვერპლი იყო, ისეთი მსხვერპლი, რომელიც საგრძნობი არის ჩვენი პატარა რესპუბლიკისთვის. თუ ასეთ საშინელ ატმოსფერას წარმოიდგენთ და შეადარებთ იმას, რაც დღეს არის, მე მგონია, რომ არც ერთმა დეპუტატმა არ უნდა თქვას, რომ ჩვენში ყველგან რაღაც საშინელებაა... (არ ისმის) აიღეთ სხვა ქალაქები. იქაც ასეთი სურათი არის. აიღეთ დანაშაულთა რაოდენობა. დანაშაულთა რიცხვი, როგორც ეს ჩვენი ცნობებით ირკვევა, ბევრად შემცირდა, როგორც ტფილისში ისე სხვაგან, თუმცა აპარატი ძველი რეჟიმის დროს უფრო მაგარი იყო. თქვენ ხომ ძველ რეჟიმს ადარებთ და ისე მსჯელობთ. მე მოგახსენებთ, რომ რევოლიუციის უკანასკნელ ხანებში პირობები შეიქმნა უარესი: არის ბევრი უსაქმო ხალხი, რომელიც თავს იყრის ქუჩაში, შიმშილი, ბევრი უსაქმოდ დარჩენილი და რა თქმა უნდა ასეთ პირობებში, ყაჩაღობაც მეტი უნდა ყოფილიყო. და თუ არ არის, ამაში ღვაწლი მიუძღვის როგორც ჩვენ მილიციას, ისე ერობას, თვითმმართველობას და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. როდესაც იყო ბოლშევიკების გამოსვლა ოქტომბერში, როდესაც მთელმა ხალხმა მათ წინააღმდეგ გაილაშქრა, როგორი იყო მაშინ მოქმედება და მუშაობა მილიციისა? ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ გვარდია, ჯარი და მათთან ერთად მილიცია თავის სიმაღლეზე იდგაო. ამის წინააღმდეგ არც ერთი სიტყვა არც ზეპირი და არც წერილობითი არაფერი არ გამიგონია. შეიძლება ერთი-ორი შემთხვევა იყვეს გამონაკლისი და მიუღებელი, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი და არა როგორც საერთო ხაზი, საერთო მოვლენა. ახლა აიღეთ თქვენ ყაჩაღების თარეში დუშეთის და სხ. მაზრებში, როდესაც სამხედრო წესებიც კი იყო გამოცხადებული დუშეთის, თელავის და სხვ. მაზრებში და აგრეთვე ზუგდიდის მაზრაში, სადაც მთელი მაზრა რაიონებად იყო დანაწილებული და კონტრიბუცია ქონდათ დადებული მცხოვრებლებს ყაჩაღების მიერ. იქ მოქმედებდენ გამოჩენილი ყაჩაღები, მაგრამ შემდეგ მილიციის მეოხებით შეპყრობილ იქნენ სწორედ ის ყაჩაღები, რომლებმაც დაანაწილეს მაზრა ცალკე რაიონებად. და თუ თქვენ იქნებით პირუთვნელნი და გაუწევთ ანგარიშს ჩვენ მდგომარეობას, რომელშიაც ახლა ვიმყოფებით, მაშინ უნდა სთქვათ, რომ ის, რაც გაკეთდა, გაკეთდა შეერთებული ძალით თვითმმართველობათა და სამინისტროს ხელმძღვანელობით. მე მგონია, რომ ჩვენ პირობებში ეს არის მაქსიმუმი. თქვენ ლაპარაკობთ აქ შემადგენლობაზე და ამბობთ ისეთ ხალხს რა უნდა ექნეს კარგიო. შეიძლება ჩვენ შევცდეთ, შეიძლება ბევრი უვარგისი ელემენტი შეგვეპაროს შიგ, მაგრამ ერთში უნდა დარწმუნებული იყოთ, რომ თუ უვარგისი მოიპოვება, ისინი თავის ადგილზე არ რჩებიან, მათ ვაძლევთ პასუხისგებაში და ადგილიდან ვაყენებთ. მაგრამ ხელდადებით რომ თქვათ, რომ მილიციაში არ არის ისეთი, რომელიც მისაღები არ იყოს ჩვენთვის, შეუძლებელია. მე თქვენ მიგითითებთ უკანასკნელ მაგალითზე, ჩვენი ექსპედიციიდან რამოდენიმე მილიონ მან. გატაცებაზე. რამოდენიმე საათის განმავლობაში სწორედ იმ კედიამ, რომელსაც ხშირად ახსენებთ აქ, როგორც ძველ მოხელეს, მოახდინა ამ საქმის გამორკვევა, ბოროტება აღმოაჩინა მცირე ხნის განმავლობაში. მე მოგახსენებთ ამ მაგალითზე, ვინაიდან იგი ყველას ახსოვს, ყველამ იცის და არ დაფასება და არ მიღება სახეში ამისა, არ შეიძლება. თქვენ ვერ იტყვით, რომ ის უსამართლობას და ძალმომრეობას სჩადიოდეს. მართალია, ძველი მოსამსახურეა, მაგრამ ძლიერ ერთგულია. შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ ჩვენ მოხელეებში ბევრი უვარგისი, შეიძლება ბევრი მოხელე უსინიდისობას სჩადიოდეს, მაგრამ თქვენ არ უნდა თქვათ ამ კათედრიდან, რომ ამას ხელს ვაფარებთ, რომ ეს იყოს ჩვენი პოლიტიკა და მიზანი. თქვენ ბრძანეთ, ეს არის შტაბი გადასახლებისა და დატუსაღებისაო და აშკარა ყაჩაღებისაო. თუ კი ეს მართალი არის, თუ კი ამაში დარწმუნებულნი ხართ, მაშინ ჩვენ ღირსი ვართ პასუხისგებაში ვიქნეთ მიცემული. მაგრამ ამის დასაბუთება თქვენ არ შეგიძლიათ და თქვენ არ გაქვთ უფლება ასეთი ბრალდება წამოაყენოთ. ამიტომ აქ გამოსვლა და დავიწყება იმისა, თუ რა ღვაწლი მიუძღვის წესიერების დამკვიდრებაში სამინისტროს, თუ რა ღვაწლი მიუძღვის მას თვითმმართველობათა მოწყობაში, თუ რა ღვაწლი მიუძღვის საზოგადოთ იმაში, რომ გარეშე მდგომარეობა განმტკიცდა, შიგნით წესრიგის დამყარებით, ეს არ არის საკადრისი დეპუტატისთვის. ასეთ ბრალდებას არ უნდა ქონდეს აქ ადგილი.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ჩხიკვიშვილს ეკუთვნის.
ბ. ჩხიკვიშვილი. (სოც.-დემ.) ბატონებო! მე მაქვს დავალებული სოც. დემოკ. ფრაქციისგან მოგახსენოთ შემდეგი ამ საკითხის, შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შესახებ. შემოსულ ხარჯთ-აღრიცხვის წინააღმდეგ თუ ვინმეს უნდა სთქვას რამე, მე მგონია ის უნდა შეეცადოს დაამტკიცოს ამ სამინისტროს საერთო მიმართულების, მის მიერ აღებულ გეზის უნიადაგობა. უნდა დაამტკიცოს მოწინააღმდეგემ, რომ საერთო პოლიტიკა შინაგან-საქმეთა სამინისტროსი არ შეეფერება არც თქვენ მიერ აღებულ ალღოს, არც თქვენ მიერ მიცემულ დირექტივებს და არც ხალხის ინტერესებს. და აგრეთვე შეიძლება მეორე მხრით, რომ საერთო მისი ხაზი, მისი მოღვაწეობა თქვენ სურვილებს და დამფუძნებელი კრების მიერ გამოხატულ ხაზს. მაგრამ ზოგიერთ კერძო შემთხვევებში ისეთი გამოსვლები ჩაიდინა, რომელნიც მიუტევებელია სრულიად. ასეთ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოთ, უნდა დაასახელოთ ეს დანაშაული სამინისტროსი, მაშინ შეიძლება მხოლოდ ლოღიკურად მსჯელობა თუ დეპუტატის მოვალეობა გინდათ შეასრულოთ. მაგრამ მე ნებას მივცემ ჩემ თავს ვსთქვა, რომ საერთო გეზის, შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოღვაწეობის შესახებ აქ არავის არაფელი არ უთქვავს. იგენმა დაასახელეს ვითომდა ერთი ორი ფაქტი. როგორი ფაქტი და როგორი შეფასება უნდა მივცეთ მათ, შემდეგ მოგახსენოთ. მეორემ კი, რომელმაც შეეცადა ფილოსოფიური სიტყვის წარმოთქმა, შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწოდა დატუსაღების და გადასახლების შტაბი და აქედან ასეთი დასკვნა გააკეთა, რომ ჩვენ, მემარცხენე ფრაქციას, როგორ შეგვიძლია მხარი დაუჭიროთ ასეთ სამინისტროსო. ის მართალია, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროს ფუნქციას მართლაც შეადგენს დაჭერა და გადასახლება. მაგრამ ამის წინააღმდეგი არ შეიძლება იყოთ თქვენ. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ეს დატუსაღებაა და დატუსაღება შეეხება მოქალაქეთ და არა დამნაშავეთ, რომ ასახლებენ ერთგულებს და არა მტრებს. ამის დასასაბუთებლად თქვენ არაფელი არ გითქვამთ თუმცაღა, არ ვიცით საიდან ღებულობთ ასეთ ფილოსოფიურ დებულებას, რომ სოციალისტი წინააღმდეგი უნდა იყვეს ყოველ შემთხვევაში დატუსაღებისა და გადასახლებისა. სად არის კიდევ ისეთი სოციალისტები თქვენ თანამოაზრეებს გარდა, რომელიც აქ ამ სამი სკამით განისაზღვრება, რომელიც თქვენსავით მსჯელობდეს. ასეთ გარდამავალ ხანაში ყველას ექნება შეცდომები, მაგრამ ამ ორიოდე შეცდომით არ შეიძლება მთელ მოღვაწეობის ხაზის დაფასება და სთქვას, არაფელი არ გაუკეთებიაო.
თუ ჩვენ არ დაგვიჯერებთ, ხალხს უნდა შეეკითხოთ და მას მაინც უნდა დაუჯეროთ. ფაქტები გნებავთ? - მოგახსენებთ, სრულიად შეუსაბამო ხალხისათვის წესწყობილებიდან ჩვენ გადმოვედით ახალ წესწყობილებებში, გავიარეთ ნგრევის პროცესი და შედეგი არის ახალი სახელმწიფო, შევქმენით სახელმწიფოებრივი ცხოვრების ახალი პირობები. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, შეიძლება არის ვინმე გულუბრყვილო, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენი სახელმწიფო იწყება მაშინ, როცა უცხოელებმა გვიცნეს. ეს შემცდარი აზრია, სხვას მაინც დაუჯერეთ, ბატონებო, საქმე იმაში კი არ არის, რომ გვიცნეს, ცხოვრების მოწესრიგებაზე, მისი მტკიცე პირობების შექმნაზე, შინაური ცხოვრების მოწყობაზე არის დამოკიდებული სხვა ყოველივე მსვლელობა და სახელმწიფოს ბედ-იღბლის გადაწყვეტა. უცხო საერთაშორისო მასშტაბით, შიგნი თუ გარეთ, პატივისცემის, ნდობის მოპოება შეუძლია დაიმსახუროს სახელმწიფომ თუ მთავრობამ მხოლოდ მაშინ, როცა იგი შრომის უნარს გამოიჩენს. ჩვენ ეს ვაჩვენეთ ქვეყანას, დავამტკიცეთ და შინაგან-საქმეთა სამინისტრომ, რომელიც მოწოდებული იყო ამ დიდ საპასუხისმგებლო დარში მუშაობისათვის, ჩვენ თამამად ვაცხადებთ ყველას გასაგონათ, პირნათლად შეასრულა თავის მოვალეობა. თქვენ არ მოგწონთ არც ერთი სამინისტრო და საერთოდ არც სახელმწიფო მოგწონთ და ნაცვლად იმისა, რომ ლოღიკურათ იმსჯელოთ, ლოღიკური გონიერება არ გიკარნახებთ, რადგან მისგან შორსა ხართ და რაღაცას ლაპარაკობთ, ეს არ შეიძლება. მე ვამბობ, დეპუტატი ვალდებულია დაკვირვებით ილაპარაკოს, მე ეს ყოველთვის მახსოვს და ნათქვამს შეძლების დაგვარად ვასაბუთებ. აქედან უნდა დაიწყოს იმან, ვისაც ოპოზიციის წარმოება სურს, ე. ი. მიუთითოს სამინისტროს, მის ნაკლზე, დეფექტებზე, სთქვას, მოსწონს თუ არა, - და თუ არ მოსწონს, ამას ფაქტები უნდა. გავშინჯოთ ეხლა თქვენი ფაქტები, რომლითაც თითქოს თქვენ მოსპეთ სამინისტრო, აქ ბრძანეს: ადმინისტრაციაში სრული თვითნებობაა გამეფებული და სამინისტრო, რომელიც მოწოდებულია ალაგმოს ეს თვითნებობა, აქედან აძლევს ტონსო. ეს ითქვა და ეს სიტყვები მე ჩაწერილი მაქვს, მაგრამ ვიკითხოთ, როდის და ვის მისცეს ისეთი ტონი, რომ ვისმე კბილები ჩაამტვრიონ? ასეთი ტონი არავის მიუცია; (გვაზავა ადგილიდან: ხდება ეს კი სადმე?) თუ ხდება სადმე კბილის ჩამტვრევა, თუ გინდ ეს დიდი დამნაშავე იყოს, თუ გინდ ყაჩაღი, დაუშვებელია და არა თუ მინისტრი და პასუხის-მგებელი პირები, არამედ აღელვებული უნდა იყოს ყოველი მოქალაქე და მიიღოს სასტიკი ზომები. მაგრამ დაამტკიცეთ კი თქვენ რომ სამინისტროს ასეთ შემთხვევებში არავითარი ზომა არ მიუღია? არ დაგიმტკიცებიათ. თქვენ სთქვით: ზუგდიდის მაზრის კომისარი გამოვიდა და აგიტაცია გასწია სოციალ-დემოკრატიის სასარგებლოთ და შემდეგ კიდევ თურმე ზუგდიდის მაზრის ადმინისტრაცია გაყოფილია ორ პარტიად - ერთი მილიცია და მეორე ყაჩაღების მილიცია. მე, მართალია დიდი წარმოდგენა არა მაქვს ზუგდიდის ერობაზე, რომელსაც ესერები ხელმძღვანელობენ, მაგრამ მიუხედავათ ამისა, მე მას უფრო მეტი პატივისცემით ვეპყრობი, ვიდრე ესერები და ვამბობ, რომ ერობა, თუ გინდ ესერებისაგან შემდგარი, არ დაუშვებდა ჯამაგირი ეძლია ყაჩაღების მილიციისათვის; ყოვლად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ისეთი ხმოსანი, თუ გინდ ესერი, თუ გინდ ზუგდიდის მაზრაში, რომ იცოდეს ვინმე ყაჩაღია და მას ჯამაგირი აძლიოს. ამაზე უარესი, ამაზე უფრო ძნელი წარმოსადგენი და დასაშვები აღარაფერია. რვა თვის განმავლობაში ზუგდიდის მაზრის ერობა თქვენ ხელში იყო, დიდი რიხით, დიდი დაპირებით დაიწყეთ მოღვაწეობა, რომელიც თქვენი დამარცხებით დათავდა. თქვენი დაპირებები მხოლოდ დაპირებები იყო და შინ წაბრძანდითო - გითხრეს. ყოველ შემთხვევაში კიდეც რომ დაუშვათ, რომ ამ ერობაში არიან ისეთი ხმოსნები, რომელნიც ყაჩაღებს ხელს უმართავენ, რა შუაშია აქ შინაგან-საქმეთა მინისტრი? თქვენ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ფაქტს დიდსა თუ პატარას, რომელიც მიმართულია ჩვენი ცხოვრების წესიერების დარღვევისაკენ, რომ მის წინააღმდეგ მთავრობას ზომები არ მიეღო. დაასახელეთ, ბატონებო, ასეთი ფაქტი.
მეორე ფაქტი შემდეგია: კბილები ჩაამტვრიეს ძველ რევოლიუციონერს არაქელასო. არაქელას ჩვენ კარგად ვიცნობთ; ეს კბილების ჩამტვრევის ამბავი სთქვა დეპუტატმა და ჯერ-ჯერობით არ ვიცით მართალია ეს თუ არა; მისი სიტყვიდან კი სჩანს, რომ ყოფილა არაქელა რევოლიუციონერი, აქედან დაიძახეს ბოლშევიკიო (თითით უჩვენებს მარჯვნივ), რომელიც ჩაუგდია ხელში მილიციას და კბილები ჩაუმტვრევია, რატომ? არავინ არ იცის; ჯერ ერთი, მე ვაცხადებ არა როგორც ფრაქციის წარმომადგენელი, არამედ როგორც ქალაქის მოურავი... (ხმა: და შეფი მილიციისა!) როგორ მოგწონთ ეს სიტყვა, აგრე იყოს - შეფი მილიციისა (გვაზავა: ეს თავის დაცვაა, რაც დაუშვებელია!) მე ვაცხადებ, რომ ჩემი შეკრებილი ცნობების თანახმად, კბილების ჩამტვრევას ადგილი არ ჰქონია. (ვეშაპელი: კბილები არ ჰქონია არაქელას! სიცილი. ხმაურობა. თავმჯდომარის ზარი). არ ვიცი კბილები ჰქონდა თუ არა, მაგრამ შეუძლებელია კაცს კბილები ჩაამტვრიოთ და სახე არსად გაეკაწროს (სიცილი). (ნინიძე: გაზით ამოუღიათ! სიცილი. ხმაურობა. ზარი). არ ვიცი რით ამოიღეს, მაგრამ თავი და თავი ისაა, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ, ქალაქის მოურავის მიერ, იუსტიციის სამინისტროს მიერ დანიშნულია სასტიკი გამოძიება. საძაგელი დანაშაულობაა კაცების მოტაცებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დანაშაული ბრალდება არაქელას, დასჯილი იქნება ის, ვინც მას უწესოდ და უდიერად მოეპყრა, დასჯილი იქნება ვინც არ უნდა იყოს, მილიციის უფროსი თუ სხვა ვინმე. მაგრამ ალბად არ აქცევთ ყურადღებას გაზეთებს, თორემ თქვენ გაიგებდით, რომ გამოძიება სწარმოებს. (კედია: მიქაბერიძის საქმე როგორ იყო?) ბატონებო, შეუძლებელია ყველაფერზე ვილაპარაკო. (გვაზავა: იმიტომ, რომ ხელსაყრელი არ არის!) სხვა ფაქტები აქ არ დაუსახელებიათ. სამინისტროსთან არავითარი კავშირი არა აქვს, თუ რას შვრებიან ესა თუ ის თვითნება აგენტი. თუ არ მიუღია სათანადო ზომები, თუ მას დაავიწყდა თავისი მოვალეობის ასრულება, მაშინ შეგიძლიანთ გამოიყვანოთ ის დასკვნა, რომლის გამოყვანა გსურთ. ძველი მოხელეები რაკი არიან ადმინისტრაციაში, თავის-თავად ეს ფაქტი ჩვენი სამინისტროს შესახებ არ სცვლის აზრს. განა ჩვენ შეგვიძლია აქედან დავასკვნათ, რომ ეს სამინისტრო რეაქციონერებისაა? - ეს სწორი შეხედულება არ არის. (შენგელაია: სრული ჭეშმარიტებაა!) თქვენის აზრით, დიახ, ძველი ადმინისტრაცია რა იყო იმის შესახებ ბ-ნ შენგელაიას არ სჭირდება ჩვენი არც სწავლება და არც ლექციების კითხვა და შეფასება, რა იყო მათი მოღვაწეობა, მაგრამ თქმა იმისა, რომ ერთეულებს, რომელთაც შეუძლიანთ სამსახური და უნდათ ემსახურონ რესპუბლიკას, რომ დაუშვებელია მათი სამსახური ახალ წესწყობილებაში - ეს ულოღიკობა და უსამართლობაც არის. სახელმწიფოს არ შეუძლია დადგეს ამ თვალსაზრისზე, რომ რაკი კაცი ძველ ადმინისტრაციაში იყო, არ შეიძლება მიღებული იყოს ახალ ადმინისტრაციაში, რაიმე თანამდებობაზე, თუ გინდ ბევრის გაკეთებაც შეეძლოს. ეს უსაფუძვლოა. შეიძლება ძველ ადმინისტრაციაში იყო კაცი წარმატებისათვის ან სხვა რაიმე მოსაზრებით, ყველას ხომ ის არ შეუძლიან, რაც მე და თქვენ შეგვიძლიან, ზოგი ერთს საქმეს ასრულებს, ზოგი მეორეს, მარტო იმისთვის, რომ ის ძველ ადმინისტრაციაში მსახურებდა, ის უვარგისად ჩავთვალოთ, პირიქით უნდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება, ცოდნა და მისი სურვილი, რომ ახალ წყობილებას ემსახუროს. შეიძლება აგენტი არ ვარგა, მაშინ ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით იმისა, ძველი არის თუ ახალი, იქნება ის სოც.-რევოლიუციონერი, ეროვნულ-დემოკრატი - სულ ერთია. არვარგობის შესახებ ერთი აზრი უნდა იყოს - ერთი უარყოფითი აზრი. (გვაზავა: ეს მართალია!) მხოლოდ ამ თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და არა ისე, როგორც ამას შვრება ოპოზიციის წარმომადგენელი - სოც.-რევოლიუციონერი.
როდესაც წამოყენებული იყო ხარჯთ-აღრიცხვა, მომხსენებელმა საკმაოდ დაასაბუთა რა და რა განყოფილებისათვის არის საჭირო. მან მოგახსენათ, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებაში ერთი განყოფილების შესახებ, მზრუნველობის განყოფილების შესახებ, თხოულობს ამ ახალ შტატებს. არსებითად ეს არაფერს სცვლის, რაც შეეხება მზრუნველობის განყოფილებას, ეს ისეთი დიდი საკითხია, რომლის მოსაგვარებლად სხვა სახელმწიფოებში განსაკუთრებული სამინისტროც არსებობს. მზრუნველობის საქმე უნდა იყოს მოწესრიგებული სახელმწიფო მაშტაბით, მას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ხასიათი და თუ ასეთი განცალკევებული სამინისტრო ჩვენ არა გვაქვს და შინ.-საქმეთა სამინისტრო, რომლისთვისაც ეს საკითხი ახალი არის და ძველად კი იყო ასეთი განყოფილება, თხოულობს ამ მცირეოდენ ახალ შტატებს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არა თუ მიზანშეწონილი და დასაშვებია, არამედ აუცილებელიც არის. ეს ხარჯთაღრიცხვა მიღებული უნდა იყოს, იმიტომ რომ შინ.-საქმეთა სამინისტროს მუშაობა და მოღვაწეობა შეესაბამება და შეეფერება ჩვენ მოთხოვნილებას, ის ასრულებს ჩვენ მიერ მიცემულ დირექტივებს, ის პასუხისმგებელია ჩვენს წინაშე და ეს იმედები მას დღემდის არა თუ გაუმტყუნებია, არამედ გაამართლა და მისი მოღვაწეობის შედეგი არის ის, რომ ყველა ვისაც ჩვენთან საქმე აქვს, ვინც ჩვენ ცხოვრებას ეცნობა, პატივისცემით გვეპყრობა და შესაფერ ანგარიშს გვიწევს. აქ ბ-ნმა მინისტრის ამხანაგმა ბრძანა, რა მდგომარეობა იყო წინად და რა მდგომარეობა არის ეხლა რესპუბლიკაში. უნდა გავიგოთ აზრი არა მარტო შინაურებისა, არამედ უცხოეთის წარმომადგენლებისა და მეზობლებისა, რომელთაც ჩვენსავით ნორჩი რესპუბლიკა აქვთ და ვერ მოახერხეს ამ დარგში თავის ცხოვრების შესაფერად მოწყობა (რეპლიკა არ ისმის). დიახ, ძალიან კარგია აზრი უცხოელისა, რომელნიც იმ აზრისანი არიან, რომ ის რევოლიუციონური მშვიდობიანობა, რომელიც შიგნივ სახელმწიფოში არის, იმათ მოსწონთ და ჩვენთვის ყველასათვის დამაკმაყოფილებელი არის. ყველა ამ მოსაზრებათა გამო, ყველა ამ თვალთახედვის ისეთი არაფერი უნდა ყოფილიყო თქმული ამ ხარჯ-აღრიცხვის წინააღმდეგ, მაგრამ ოპოზიციას უეჭველად რაიმე უნდა ეთქვა, ეს მისი მოვალეობა არის. ჩვენის აზრით, ეს უდავოთ უნდა მიღებულ იქნას, თავის-თავად ცხადია, როდესაც ამ გადიდებას ვამტკიცებთ, ამით ნდობასაც უცხადებთ და გვინდა ისევე განაგრძოს მუშაობა, როგორც დღემდე (ტაში სოც.-დემოკრ.).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს სამსონ დადიანს.
სამსონ დადიანი. (ს.-ფ.) ბატონებო! აქ შემოტანილია დასამტკიცებლად შინაგან-საქმეთა სამინისტროს შტატები, ჩვენ, რასაკვირველია ამ შტატების დამტკიცების წინააღმდეგნი არა ვართ, ვინაიდან ეს დასჯა იქნებოდა ისედაც დასჯილ და დაბეჩავებულ მოხელეებისა.
აუცილებლად საჭიროა გამორკვეულ იყოს შტატები და რამდენადაც შესაძლებელია, გაუმჯობესებული მოსამსახურეთა მდგომარეობა.
ამას ჩვენ გვავალებს განსაკუთრებით ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება ჩვენს დემოკრატიულს რესპუბლიკაში თითქმის ყველაზე უფრო დაჩაგრული და უფლება აყრილი ნაწილი პროლეტარიატისა სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა მოსამსახურენი.
აუტანელი მდგომარეობაა შექმნილი მოხელეთათვის არა მარტო ჯამაგირების სიმცირის გამო, არამედ იმ უმწვერვალესი ბიუროკრატიზმის მეოხებით, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს რესპუბლიკაში და რომელსაც აწარმოებს აგრედვე შინაგან-საქმეთა სამინისტრო.
აქ მინისტრის ამხანაგმა ბ. ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო არ არის დამნაშავე თუ ადგილობრივ ადმინისტრაცია რაიმე ცუდ საქმეს აკეთებს, - ეს ჩვენი სისტემა არ არისო. მე, ბატონებო, ვეცდები, რამდენადაც ძალმიძს დავამტკიცო სწორედ ეს უცნაური დებულება, რომ ყოველივე ეს უწესოებანი, უსისტემობა და დანაშაულობანი გამომდინარეობენ სწორედ შინაგან-საქმეთა სამინისტროს გეზიდან, მისი სისტემიდან, თუ უსისტემობიდან.
სანიმუშოთ ავიღოთ თუ გნებავთ ფოსტა-ტელეგრაფი (ხმები ს.-დემოკრატების ადგილებიდან: ოოო! ვიცით, ვიცით!) დიაღ, თქვენ იცნობთ ამ დარგს და იქ გამეფებულ ატმოსფერას, ვინაიდან თქვენ ფრაქციაში არა ერთხელ განხილულა ეს საკითხი და თქვენი სამინისტროს ლოცვა-კურთხევით აქვს იქ ადგილი იმ საზიზღრობას, რომელსაც სჩადიან სამინისტროს აგენტი-ადმინისტრატორები.
ფოსტა-ტელეგრაფში შინაგან-საქმეთა აგენტები ებრძვიან პროფესიონალურს კავშირს, ყოველი ხერხით ცდილობდენ მის ჩაშლას და ისეთი ატმოსფერაა დატრიალებული, ისეთი ჯაშუშობა, ისეთი დამცირება პიროვნებისა, რომ ისეთი რეჟიმი საერთოდ არ ახსოვთ თურმე თვით ცნობილი ბიუროკრატ-ჟანდარმის ლინდენის დროშიაც კი. (ხმები სოც.-დემ.: უნდობლობა რომ გამოუცხადეს კავშირის გამგეობას!) თქვენ ძალიან კარგად იცით, რა ღირსებისაა ეს უნდობლობა, რა უღირსი საშვალებითაა მოკრებილი ხელის მოწერა ამ უნდობლობაზე. ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაჰქონდა ტექსტი ამ უნდობლობისა და თითონ აწერინებდა ხელს უმცროს მოხელეებს. აი, რა სისტემა გაქვთ იქ თქვენ გამეფებული. დღეს უფრო ვრცლად მე ვერ შევჩერდები ამ საკითხებზე, ხოლო აშკარაა, როდესაც ასეთი მოპყრობაა სამინისტროსი მოსამსახურეების წინააღმდეგ, ამნაირად უფლება აყრილია მოხელენი, ჩვენ არ შეგვიძლია შტატების წინააღმდეგ წასვლა, ხოლო ჩვენ გვაინტერესებს რა გააკეთა თვით ბ. მინისტრმა თავის უწყებაში.
რა გააკეთა სამინისტრომ დადებითი? მან ვერ გამოიჩინა თაოსნობა და დღევანდლამდისაც ხელმძღვანელობს ამიერ-კავკასიის კომისარიატის დებულებებით და ინსტრუქციებით. დღევანდლამდი არ არის გარკვეული ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობათა და ცენტრალურ მთავრობის შორის.
როდესაც ჩვენ უსაყვედურებთ სამინისტროს უწესოებას და ვამხელთ შეცდომებს, მაგალითად ადმინისტრაციის სფეროში, იგი თავს იმართლებს იმით, რომ ადმინისტრაცია ერობებს ექვემდებარებაო და არა სამინისტროსო, მაგრამ თუ რასმე კარგს გააკეთებს ადმინისტრაცია, იგი მაშინვე თითონ თავის თავზე იღებს ამას: აი, რა კარგი ვარო.
სამინისტრო გატაცებულია დეკრეტომანიით და განკარგულებებით და საერთოდ საქმის მოწესრიგება კი დღევანდლამდე ვერ მოუხერხებია.
ბ. მინისტრი ამით ვერ იმართლებს თავს, რომ ადმინისტრაცია ერობებს ექვემდებარება, ვინაიდან უმაღლესი ზედამხედველობა და კონტროლი მას ეკუთვნის და მაშასადამე ყოველი უწესოების პასუხისმგებელიც თითონ არის.
ჩვენში ბ. მინისტრს რამიშვილს „მტკიცე ხელის“ მინისტრის სახელი აქვს გავარდნილი, მაგრამ თუ ამ მხრით მას რაიმე დახმარება და ღირსება აქვს, მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ თვალსაზრისით. მართლაც, პარტიის წინაშე დიდი დამსახურება აქვს ბ. რამიშვილს. მან პარტიის ინტერესებს დაუქვემდებარა და პარტიისთვის ამუშავებს არა მარტო ადმინისტრაციას, არამედ თვით გვარდიასაც. (ნ. რამიშვილი ადგილიდან: - მაგალითად, ზუგდიდის არჩევნები არა?) დიაღ, გნებავთ აქედან დავიწყოთ. აქ ესერების ფრაქციის წარმომადგენელმა ჩემი წერილები დაიმოწმა ზუგდიდის არჩევნებში უწესოების დასამტკიცებლად.
დიაღ, მე ჩემი ყურით მოვისმინე სოციალისტ-რევოლიუციონერების ერთ-ერთი პროპაგანდისტის მოთხრობა იმ ძალმომრეობისა, რასაც ადგილი ჰქონდა წალენჯიხის მეორე რაიონში. მას თურმე არა ლეგარულად უხდებოდა მუშაობა და ჭოღაში თუ ხაბუმეში არჩევნებში ჩაერია შეიარაღებული გვარდია. გვარდიის ოფიცერი ეწეოდა პირველი ნომრის სასარგებლო აგიტაციას და ხალხს უთხრა: „ვერ გაიგეთ, რომ იარაღით ხართ აღებული? ნებით, რომ არ მისცეთ ხმა პირველ ნომერს, იარაღით მიგაცემინებთო!“ (ხმები: რით ამტკიცებთ ამ ამბის სიმართლეს?) ამბის სიმართლეს ამტკიცებს ის წერილი, რომელიც გუშინწინ მოთავსებული იყო გაზეთ „სახალხო საქმეში“, ეს წერილი ეკუთვნის აბაშის გვარდიის უფროსს, იგი რასაკვირველია უარყოფს ამ ამბავს და ამბობს: გვარდიელები არჩევნების დღეს მართლა იყვნენ სოფელში, მაგრამ არა არჩევნებისთვის, არამედ ყაჩაღებს დაეძებდნენო.
დიაღ, ბატონებო, ეს ახალი ხერხია: ჩვენს ადმინისტრაციას და გვარდიას სწორედ მაშინ მოუნდება ავაზაკების ძებნა და დევნა, როდესაც არჩევნებია და იარაღით მობრძანდებიან არჩევნებზე. ეს მხოლოდ მომიზეზებაა და თავის გასამართლებელი საბუთი, რომ არავინ დასწამოს არჩევნებზე იარაღით გავლენა.
ასეთივე მოხერხებული აგიტაცია იყო, ზუგდიდის კომისარმა ბაძაღუამ რომ გასწია ჯოღეჯიანში. კომისარს მოეწვია ყრილობა ჯოღეჯიანში. იმ დროს ზუგდიდში ვიყავი, ამხანაგებმა შემატყობინეს დიდი მიტინგია და მოდიო. კომისარმა გახსნა კრება, ბევრი ილაპარაკა და არ უთქვამს პირველს ნომერს მიეცით ხმაო, მაგრამ მთელი მისი სიტყვა ქება-დიდება იყო მთავრობისა, მისი ძლიერებისა. (ხმები: მაშ უნდა ელანძღა მთავრობა?!).
არა, არ უნდა ელანძღა, მაგრამ ეს იყო ძლიერ მოხერხებული აგიტაცია (ხმები: ძალიან ჭკვიანი ყოფილა!) დიაღ, შეიძლება თქვენზე ჭკვიანიც.
შემდეგ კიდევ უდაო ფაქტი არჩევნებში ჩარევისა. ამის მოწმე იყო ჩემი ამხანაგი. სოფ. ჩხოროწყუში კომისიამ ყუთი არ დადგა შუადღის ორ საათამდე. როდესაც ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა პროტესტი განაცხადა, კომისიამ უთხრა: კომისარი არ გვაძლევს ნებას, დამფუძნებელი კრების წევრი უნდა მოვიდეს, მიტინგი იქნება და მერე გავხსნითო. მართლადაც მოვიდა ვიღაც, ჩვენმა წარმომადგენელმა არ იცის, იყო დამფუძნებელი კრების წევრი თუ არა. გაიხსნა მიტინგი, მიტინგის თავმჯდომარედ იყო თითონ კომისარი და მან სიტყვა წარმოსთქვა პირველი ნომრის სასარგებლოდ.
სოციალ-დემოკრატიულს პარტიას იქით, მივარდნილს ადგილებში პროპაგანდისტები არ გაუგზავნიათ და მათს მაგივრობას სწევდა, როგორც ხედავთ, მილიცია და გვარდია, აქ ზუგდიდის ახლოს ასეთი ამბები არ იყო, რადგან იქ ვიყავით და შეიძლებოდა ასეთი ძალმომრეობა დაგვევალა.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები თავის ძალა-უფლებას პირადი ინტერესებისათვის და შურისძიებისთვის იყენებენ.
აი, მაგალითებიც:
მინისტრის ამხანაგმა ბ. ჭიჭინაძემ ბრძანა: რა ვქნათ, თუ ზოგიერთი უწესოებანი ჩვენდამი არ აღწევსო. არა, ბატონო მინისტრო, თქვენც იცით ხოლმე ბევრი რამ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევთ.
ერთს მოქალაქეს, თელავის მცხოვრებს დასწამეს ყოველი ბოროტება: ავაზაკებთან ურთიერთობა, მათი შენახვა და სხ. ჩასვეს ციხეში, აწვალეს, მერე გაანთავისუფლეს, მაგრამ მისი იარაღი, თოფი და მაუზერი, რომლის ნებართვა სამინისტროდან ჰქონდა, ერობას თელავის კომისრისთვის უჩუქებია. ის თოფი საგანგებოდ გააკეთებინა იმ კაცმა ქართულ სტილზე, სადაფებით და ვერცხლით მოაჭედინა და ღირს უკანასკნელი ოცდათი ათასი მანეთი.
თუ ის კაცი ავაზაკი იყო, ეს იარაღი მის საქმესთან უნდა ყოფილიყო, როგორც «вещественное доказательство» და თუ არ იყო ავაზაკი, მისი ნივთები რატომ უნდა ჰქონდეს კომისარს?!
უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ დამახასიათებელია ჩვენი მდგომარეობისა.
შემდეგ, სიღნაღის ერთ-ერთს რაიონში სიღნაღის კომისარმა თავისი კაცებით სცემა და კინაღამ მოჰკლა იმ რაიონის კომისარი, რომელიც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და თავის რაიონში მოსპო ყაჩაღობა და ქურდობა. შემდეგ დაუწყეს დევნა, იგი აქ გამოიქცა, მგონი იგი თქვენს კარზე იყო ბ. მინისტრო, რამოდენიმე კვირა და თქვენს აუდიენციას ვერ ეღირსა. ბოლოს იგი სოფ. კაჭრეთში თითონ ხალხმა მოიწვია კომისრად და დიდი მადლობელია მისი. (ხმები სოც.-დემოკრატებისა: აკი კარგი კომისარი არ არისო?!.) თქვენდა საუბედუროდ ეს ერთად ერთი კომისარი ყოფილა კარგი და ისიც სოციალისტ-ფედერალისტია და არა სოციალ-დემოკრატი.
ძველად, ალიხანოვის ექსპედიციის დროს პლასტუნებს ასეთი წესი ქონდათ: როდესაც ვინმე დამნაშავე უნდა გადაეყვანათ ადგილიდან ადგილზე, კითხულობდნენ: «оставить или доставить»-ო, მოვიყვანოთ თუ დავტოვოთო და თუ უბრძანებდნენ «оставить», - გზაში ჰკლავდნენ, - გაქცევა დააპირაო. ეს წესები დღესაც არსებობს.
მაგალითად, ამ ორი თვის წინად გვარდიელებს წამოუყვანიათ ღამის თერთმეტ საათზე ოთხი ვითომ დამნაშავე და ციციშვილის დაღმართზე უკრავთ თოფი, სამი დაუხოციათ და ერთი დაჭრილა და გადარჩენილა, - გაქცევა უნდოდათო.
ყოვლად შეუძლებელია იმ ადგილას გაქცევა მოენდომებინოთ, რადგან იქ გაქცევა შეუძლებელია. (ხმები: რა შუაშია აქ მილიცია?!.) მილიცია არაფელ შუაშია აქ, მაგრამ ნუ თუ მილიცია არ არის მოვალე ხმა აღიმაღლოს, როცა მის საქმეში ერევიან? ნუ თუ იუსტიციის მინისტრი არ არის მოვალე ყურადღება მოექცია ამისთვის, და ნუ თუ მთელი მთავრობაც არ არის ვალდებული აქ, ერთ ვერსზე ამ უმაღლეს დაწესებულებასთან ასეთი ამბები არ ხდებოდეს.
ხომ არსებობს წესი, რომ საღამოს შვიდი საათის შემდეგ ტუსაღები არ გადაიყვანონ ერთი ადგილიდან მეორეზე და რატომ არ მიუღიათ ზომები, ასეთი დარღვევა არა ხდებოდეს?
ადმინისტრაციის საქმიანობა ასეთს სასაცილო და ტრაღიკულს სახესაც იღებს ხშირად როგორც მაგალითად, სენაკში ერთ კაცს ტყვიის-მფრქვეველები და ზარბაზნები ესროლეს.
ერთს კაცს რომ ზარბაზანი ესროლოთ, ეს არის ადმინისტრაციის სიმტკიცე?!. შინაგან-საქმეთა სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც თითონ არღვევენ კანონებს.
მაგალითად, არსებობს კანონი, რომლის ძალითაც სენატს, მის საკოდიფიკაციო განყოფილებას უნდა ეგზავნებოდეს ყოველი კანონი და აგრედვე ყოველი დადგენილება მთავრობისა და მინისტრებისა დასაბეჭდად. მაგრამ დღევანდლამდე არც ერთი დადგენილება სენატისთვის არ გაუგზავნიათ. თუ აგზავნიან, ისეთებს, რომელთაც აწერია „ფრიად საიდუმლოდ“, ხშირად რუსულად: «весъма секретно», მაშასადამე მათი გამოქვეყნებაც არ შეიძლება.
ან და განა შინაგან-საქმეთა მინისტრს არ ევალებოდა რესპუბლიკის გაწმენდის კანონის შესრულება და ხომ იცით, რა უძლური გამოდგა იგი ამაში. ჩვენ გვაქვს კანონი სპეკულიაციის წინააღმდეგ, მაგრამ არა თუ არც ერთი სპეკულიანტი აქედან არ გადაუსახლებიათ, დღეს თქვენ ამ პროსპექტზე ხედავთ აუარებელს ახალს სპეკულიანტებს. თუ ვინმე გადაასახლეს, ისევ ისეთი უმწეო ხალხი, რომელნიც მე ვნახე ერთ-ერთს კომისარიატში, ისინი, ვინც სარდაფებში ცხოვრობდნენ, დაგლეჯ-დაფლეთილები. სპეკულიანტები კი თავის ადგილას სხედან არხეინად.
რაც შეეხება განაპირა პროვინციებს, ამის შესახებ სხვა დროს მოვილაპარაკებთ, ახლა კი დრო ცოტა მრჩება და სხვაზე გადავალ.
აქ ოკრიბის ამბები მოიგონეს, სთქვეს ქუთაისიდან ვიღაცა გამოაქციესო. ეგ არ ვიცი; ეს ეგებ თქვენც არ იცოდეთ, ბ. მინისტრო, მაგრამ ოკრიბის შემდეგ კიდევ ისეთი რამ მოხდა, რომელთან შედარებით ოკრიბის ამბები არაფერია.
აქა მაქვს ათიოდე ხელმოწერილი და შემოწმებული თხოვნები წყალტუბოში ნაწამები ხალხისა. (ხმები: ვის სახელზეა თხოვნები?) მე ვერ დავასახელებ იმ პირს, ვინც გამოიძია ეს ამბები, რადგან შეიძლება თქვენ ზომებიც მიიღოთ იმ პირის წინააღმდეგ. ისე კი ეს ცნობები მოუვიდა სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციას.
წყალტუბოს რაიონში დადიოდა ერთი ყაჩაღი ცანავა წყალტუბელი. ამის დასაჭერად ჩამოსულა ქუთაისიდან მაზრის კომისარი ახვლედიანი და როგორც ამ განცხადებაში სწერია, „ველური სისასტიკით ცნობილი უფროსი მილიციონერი ილიკო ბურჯანაძე“. ადგილობრივი მილიციის თანხლებით შესევიან წყალტუბოს და აუწიოკებიათ რამოდენიმე ოჯახი, ვითომ ცანავას შენახვისათვის.
თუ რამდენად აღმაშფოთებელია მათი, კომისრის და მისი მილიციონერების მოქმედება, სჩანს შემდეგი ფაქტებიდანო, გვწერენ:
1) დაატყვევეს შუაღამისას გერმანიის ტყვეობიდან ახლად ჩამოსული ავადმყოფი ალექსანდრე და მისი ძმა ლევარსამ ცხაკაიები, წაიყვანეს სამმართველოში, გაატიტვლეს, შეუკრეს ფეხები, დაჰკიდეს თოკზე და გაროზგეს... წამოიღეს ოჯახიდან მამა-სისხლად ნაყიდი საკაბე და საკოფთე ჩითები და მამა დღესაც უიმედოთ დაეძებს სხვა და სხვა დაწესებულებებში. (ხმები: ჭორებია!) არ ვიცი, ჭორებია თუ არა, მაგრამ მე მოვითხოვ დაინიშნოს გამომძიებელი კომისია. მე წაგყვებით ადგილობრივ და იქ ვნახოთ, მართალია თუ არა. ამას ითხოვს ეს ნაწამები ხალხი. დასახელებულია ამის დამსწრე მოწმეები.
2) უფროსი მილიციონერის ილიკო ბურჯანაძის მიერ ძალზედ ნაცემია სამოცდა შვიდი წლის მოხუცი ლუკა დავითის ძე გიგინეიშვილი. ცემის შემდეგ მიჰყავთ ქუთაისის ციხეში, ოცი დღე იქა ჰყავთ და დაავადმყოფებულს უშვებენ. აქაც მოწმეებია დასახელებული.
3) სასტიკად სცემეს ამავე ბურჯანაძემ და მისმა მოხელეებმა თეოფილე იოსების ძე სამთელაძეს და მის შვილს კირილეს. აქაც მოწმეები.
4) გალახულია 60 წლის მოხუცი სოლომონ იოსების ძე თუთბერიძე. მისთვის წაურთმევიათ ნაჭრები, რომლებიც მასთან მოუტანიათ, როგორც მკერვალთან. აქაც მოწმენი.
5) დატყვევებულია 60 წლის მოხუცი ალექსანდრე ბიჭიას ძე იოსელიანი, რომელიც ამ თავის უბედურებას ხსნის იქაური ერობის თავმჯდომარის ირაკლი იოსელიანის შურისძიებით, რომელსაც თურმე ამხელდა ცუდ კაცობას. აქ ჩამოთვლილია მთელი რიგი დანაშაულობათა, რომელიც ჩაუდენია ირაკლი იოსელიანს. (ხმები: ჭორებია!)
ბატონებო, მე ჭორებს არ ვლაპარაკობ, თქვენ წინადაც იძახოდით, ჭორებიაო, მაგრამ მე დაგიმტკიცეთ სიმართლე ჩემი სიტყვებისა. (ბ. ჩხიკვიშვილი: თქვენ გამტყუნდით მაშინ!) როგორ გავმტყუნდი, როდესაც სწორედ ის თქვენი კომისარი, რომლის შესახებ მე მაშინ ვლაპარაკობდი, სასამართლოს დაუსჯია სამ წელიწად ნახევრის ტუსაღთა გამასწორებელი რაზმით! ბ. ჩხიკვიშვილო, ჩემი საპასუხო წერილები ხომ წაიკითხეთ და ნუ თუ არ დარწმუნდით, რომ დამარცხდით მაშინ! (ხმები: როდის მოხდა ეს ამბები?) ზოგი სექტემბერში და ზოგიც ნოემბერში. კითხულობს:
6) „ნოემბრის შუა რიცხვებში ქუთაისიდან მოდის უფროსი მილიციონერი დომენტი ქუთათელაძე ორი მილიციონერის თანხლებით და სასტიკად სცემეს წყალტუბოს მცხოვრებთ მოსიავეებს. სოფელ ჩუნეშში პარმენ ქუთათელაძეს და ილარიონ ჯალაღონიას, უკანასკნელმა წყალტუბოს თემის ხმოსანთა ყრილობაზე გულმტკივნეულად განაცხადა ეს ამბავი. სოლომონ თუთბერიძეს აღმოაჩნდა თოფი და დინამიტი. ეს თუ იყო მისი ავაზაკობის დამამტკიცებელი! მაგრამ აგერა მაქვს მოწმობა წყალტუბოს თემის გამგეობისაგან მიცემული: „მოწმობა ესე ეძლევის მცხოვრებს სოფ. წყალტუბოში სოლომონ ივანეს ძე თუთბერიძეს მას შინა, რომელ მას ამა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვემდე საპასუხისგებლო არა ჩაუდენია, მხოლოდ ამ ოქტომბრის თვეში ჩხრეკის დროს ოჯახში, მას აღმოაჩნდა მთავრობის მიერ ნება-დაურთველი ცეცხლ-მსროლელი იარაღი და დინამიტი. ხსენებული თუთბერიძე მიწის მუშაობის გარდა არის ქვის მტეხელი, დურგალი და ზეინკალი, მისა შინა ვამოწმებ“... ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე და მდივანი. ასე რომ თოფი შეიძლება მას ჰქონოდეს გასაკეთებლად და დინამიტი ქვის სამტვრევად, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცი დასჯილია. (კ. ნინიძე ადგილიდან: სად იყავით აქამდე?) ბატონო კირილე, თქვენ ხშირად გიყვართ წამოძახილი: რომელი კანონია დარღვეულიო და გიხარიათ, რომ კანონიც არა გაქვთ, რომ დარღვეული იყოს. არის თუ არა აქ დარღვეული და ფეხქვეშ გათვლილი კანონი პიროვნების ხელშეუხებლობისა?
ბ. ნოე ჟორდანიამ ერთხელ აქედან განაცხადა: „ბოლშევიკები აზიისკენ მიდიან, ჩვენ კი ევროპისკენ და, თან მიგვაქვს ორი ათასი წლის კულტურაო». დიაღ, მე ვიცი და მწამს, რომ ქართველ ხალხს აქვს ორი ათასი წლის კულტურა, მაგრამ თქვენ, სოციალ-დემოკრატები რომ ასეთი კულტურით მიდიხართ, ეს, სახელს ვერ მოუხვეჭს ჩვენს რესპუბლიკას. ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს დემოკრატიული რესპუბლიკა. სინამდვილეში კი ყველაზე უარესი ბურჟუაზიული რესპუბლიკა ჩვენზე წინა სდგას.
აქ ამბობენ და აი, ბატონი ჩხენკელიც, დაბრუნდა რა საზღვარ გარეთიდან, მოიარა სამეგრელო და სოჭამდისაც კი უწია და იმას ამტკიცებდა, რომ რაც რამ გაკეთდა, სულ სოციალ-დემოკრატებმა გააკეთეთო. გერმანელები ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ გავაგდეთ, ინგლისელები მოვიყვანეთ, ევროპა ვაიძულეთ და ჩვენი დამოუკიდებლობა ვაცნობინეთ, ერთი სიტყვით, საქართველოში მზე ჩვენ ამოგვყავს და ჩვენ ჩაგვყავსო. (თევზაძე ადგილიდან: მიწის ძვრა ხომ თქვენმა სიტყვამ მოიყვანა!) სოციალ-დემოკრატები იქამდისაც მივლენ, რომ ამასაც იტყვიან: „მიწის ძვრა ჩვენ მოვიყვანეო და ჩვენვე შევაჩერეთო“. მაგრამ ეს რომ ტყუილი ტრაბახობაა, იქიდანაც კი ცხადია, რომ ადერბეიჯანიც იცნეს, თუმცა იქ ერთი სოციალ-დემოკრატიც არ არის. სომხეთის რესპუბლიკის სათავეშია დაშნაკციუტუნი, რომელსაც თქვენ მუდამ რეაქციონერებს და ბურჟუაზიულს პარტიად აცხადებთ, და სომხეთის რესპუბლიკაც იცნეს და მგონი ჩვენზე მტკიცედ.
შინაგან-საქმეთა სამინისტრო ვერც ანარქიის ჩაქრობით დაიკვეხის, ვინაიდან როგორც წინად ბ. მინისტრმა, და დღეს მისმა ამხანაგმა განაცხადეს, რომ თითონ ხალხმა ჩააქრო ანარქიაო და აი, ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ ისეთი მასალით, ე.ი. ისეთი ხალხით, ისეთი შეგნებული ხალხით, როგორიცაა ჩვენი ხალხი, სასწაულის მოხდენა შეიძლებოდა და თქვენ კი ვერაფერი გააკეთეთ. (ხმები: თქვენი გეგმა როგორია?) ბატონებო, ჩვენ, ოპოზიცია, არა ვართ ვალდებული თქვენ გეგმები გაძლიოთ. გეგმები თქვენ უნდა მოგვიტანოთ, თქვენ უნდა განახორციელოთ და თუ ვერ გააკეთებთ საქმეს კარგად, ჩვენ უნდა კრიტიკის მათრახით გცემოთ. მაგრამ ჩვენ გეგმებიც ბევრი მოგეცით, გზა გიჩვენეთ ეს თქვენ მიიღეთ, მაგრამ არ ტყდებით, რომ ჩვენი გეგმებით სარგებლობთ.
სპეციალობით ბრალდებული არა ვარ, მე დამცველი ვარ და აქაც არ შემიძლია მევე არ დავიცვა ის საწყალი პატარა მოხელენი: კომისრები, მილიციონერები, რომელნიც ასეთ საქმეებს სჩადიან, დამნაშავეა ბ. მინისტრო, თქვენი სისტემა, რომელიც თქვენა გაქვთ. მაგრამ მარტო შინაგან-საქმეთა მინისტრიც არ არის დამნაშავე. პასუხისმგებელია ამ უწესოებათათვის მთელი მთავრობა მთლიანად.
აქ ილაპარაკეს ფაჩულიაზე. ბედნიერია ვისაც კბილი ჩაამტვრიეს, ვინაიდან ფაჩულიას დასჯიან, რადგან ის კაცი ნ. ჟორდანიასი და სილიბისტრო ჯიბლაძეს ამხანაგი ყოფილა. მაგრამ რა ნუგეში უნდა ვცეთ იმ წამებულთ, რომელნიც თავდაღმა დაუკიდნიათ! რა ეშველებათ იმათ, ვინც არ არის ბ. ჯიბლაძის ამხანაგი?
ერთხელ აქ ბ. ს. ჯიბლაძემ სთქვა. თქვენ რა ოპოზიცია ხართ? ზეპირად ლაპარაკობთ; აი ოპოზიცია ინგლისში მთავრობას გზას უჩვენებდაო.
დიაღ, ბატონებო, ჩვენც „გზას უჩვენებთ“ და ვეუბნებით: თქვენ არ ვარგიხართ, გადადექითო. (ხმაურობა). მაგრამ მათ არ ეშინიათ, რადგან აქ თითები ყავთ გარშემო შემორტყმული ხიშტებივით.
ჩვენ ის გვაწუხებს, რომ ყოველივე ის, რაც ჩვენ გვინდოდა, რისთვისაც ვოცნებობდით და ვიბრძოდით, თქვენ ისე წაახდინეთ, რომ ხალხს გული გაუტყდა. ჩვენი ეროვნული თავისუფლებაც ისე ვერ მოაწყეთ, რომ ხალხს იგი შეყვარებოდა და აი, ეს გვიკლავს ჩვენ გულს, და ეს ასე იქნება მანამდე, სანამ თითონ ხალხიც, აი, ჩვენსავით არ გეტყვით: „თქვენ იმედები გაგვიმტყუნეთ, გადადექითო“.
მინისტრის ამხ. ბ. ჭიჭინაძემ ბრძანა: „ჩვენ მივეჩვიეთ თქვენს სიტყვებსო“, დიაღ, დიდი უბედურებაა ეს მიჩვევა. როდესაც კაცი მიეჩვევა მხილებას, მერე იგი ვერაფერს შეისმენს.
მან აქ დანაშაულობათა სტატისტიკაც მოიყვანა: ახლა ნაკლებია ბოროტმოქმედება წინანდელზეო. აპრიორი შეიძლება ამ დებულების უარყოფა, რევოლიუციის პირველ ხანებში საერთოდ სრულიად ისპობა ავაზაკობა, ვინაიდან თითონ ხალხია გამოსული და მშვიდობიანობის დროს კი დანაშაულობა მატულობს. მაგრამ თქვენი სტატისტიკა მეორე მხრითაც არ არის მართალი, ვინაიდან, თქვენს რეგისტრაციაში, როგორც დავინახეთ, მთელი რიგი ბოროტმოქმედებათა არ შედის. ბ. ჩხიკვიშვილმა ბრძანა: „შეცდომები, რასაკვირველია, ექნებოდა მთავრობასო“. დიაღ, ექნებოდა, მაგრამ როდისმე გამოტყდა და სთქვა მთავრობამ: აი, აქ შევცდი და ვეცდები შემდეგში არ განმეორდესო?! არა, ამას იგი არ ამბობს, ეს შეცდომებად არ მიაჩნია და ჩვენი უბედურებაც ის არის, რომ თუ არ არის შეცდომების შეგნება, არც გასწორდება ეს შეცდომები.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრს.
ნ. რამიშვილი. შინაგან-საქმეთა მინისტრი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ზუგდიდის არჩევნების შემდეგ მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი მორიგი გამოსვლა წინააღმდეგ ჩვენი სამინისტროსი აუცილებელი იქნებოდა. ის პარტიები, რომლებიც დამარცხდენ და რომელნიც ჩვეულნი არიან თავისი პოლიტიკური გავლენის დაკარგვა მიაწერონ რაიმე ძალას, ისინი აქ შეეცდებოდენ მოენახათ მიზეზი თავისი დამარცხებისა და ეს დამარცხება გადაებრალებიათ გარეშე ძალისათვის. მაგრამ მე არ მეგონა თუ აშკარად ამ გზას, გარდა ესერების პარტიისა, დაადგებოდა ფედერალისტების პარტიაც. სოც.-რევ. პარტია... (შენგელაია: ტყიბულში რა ამბავია? სიცილი), რომელმაც წინანდელ არჩევნებზე გაიმარჯვა, იმიტომ, რომ იქ არსებობდა ანარქია, მას შემდეგ რაც იქ ეს ანარქია ჩაქრობილი იქნა და ვეღარ დაეყრდნო ბოლშევიკურ ელემენტებს, ის, რასაკვირველია, დამარცხდა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ, თქვენ, ბატონო შენგელაია, ასეთი სისასტიკით ილაშქრებთ მთავრობის წინააღმდეგ. თქვენ აღარ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მოყაჩაღო ელემენტებს, რომელსაც მთავრობა სდევნის და განაგრძობს შემდეგშიაც ამ დევნას. მე კარგად მესმის, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ, იმიტომ, რომ ჩვენ სამინისტროს ხვდა წილად სხვა და სხვა კომბინაციების გამოაშკარავება აი, თუნდაც ჯამაგირისა (შენგელაია: პროვოკაცია არის!) მაგრამ როცა აქ ფედერალისტების ფრაქციის წარმომადგენელი გამოდის, ეს სრულიად გაუგებარია. (შენგელაია: მილიონები რომ წაიღეთ ანარქიასთან საბრძოლველად, სად არის დოკუმენტები?) დოკუმენტები, არსებობს და ნუ გგონიათ, რომ დამფუძნებელი კრება მოისმენს ისეთ დოკუმენტებს, როგორიც ზოგიერთმა თქვენმა ამხანაგებმა წარუდგინა მას, თუნდაც ეს ნავთს შეეხებოდეს. (შენგელაია: ეს პროვოკაციაა! ასათიანი: ის მთავრობის წევრი იყო! შენგელაია: რა დახურდავებაა! გვაზავა: ეს თქვენი საქმე არ არის!) მე სრულიად არ გამკვირვებია, რომ სოც.-რევოლიუც. პარტია, რომელიც ყოველთვის ეყრდნობოდა არა სახელმწიფოებრივ ელემენტებს, ეყრდნობოდა და ახლაც ეყრდნობა, და იცით სად? განაპირა კუთხეებში, სადაც სახელმწიფოებრივი პოლიტიკა განსაკუთრებით საჭირო არის, სახეში მაქვს აფხაზეთი, სადაც თქვენი ამხანაგები შეუერთდენ საქართველოს მოწინააღმდეგე ჯგუფებს და სურდათ გადატრიალება მოეხდინათ. თქვენი მხრით ასეთი გამოსვლა აქ სრულიად არ გამიკვირდება. (შენგელაია: პროვოკაცია არის! სიცრუეა!!) თუ ეს მართალი არ არის, აქ გამოვა თქვენი წარმომადგენელი და წინააღმდეგს დაამტკიცებს. მე კი მაქვს იმის საბუთები, რომ ვსთქვა: თქვენი წარმომადგენლები შეუთანხმდენ იმ დამაურიდებელთ, რომელთაც სურდათ წესწყობილების გადატრიალება, თუმცა როცა დამარცხდნენ, იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. (შენგელაია: ჭორია!) უკაცრავად, ჭორებით თქვენ უმასპინძლდებით დამფუძნებელ კრებას. მე რასაც ვლაპარაკობ, ეს იცის დამფუძნებელ კრებამ და მთელმა აფხაზეთმა. მე ვამბობ, მე ეს არ გამიკვირდება, მაგრამ როცა სოც.-ფედერალისტი დაახლოვებით იმასვე იმეორებს, რასაც გორის მკითხავები, რომლებიც ამბობენ, «ერთობის» პარტიამ გამოიწვია მიწის ძვრაო, ეს შეიძლება იმას ამტკიცებს, რომ თქვენც მართლაც დაკარგეთ გავლენა, თუნდაც ზუგდიდის მაზრაში. მაგრამ ერთი რაღაცის დაკარგვას მოწმობს თქვენი გამოსვლა. აქ კითხვა დაისვა - რა გაკეთდა! გაკეთდა ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აუცილებელი შეიქნა, რომ შინაურმა წესრიგმა დამოუკიდებლობის ცნობას მოუმზადა ნიადაგი. (ს. დადიანი: თქვენი სურვილის წინააღმდეგ გაიმარჯვა ისტორიამ!) მე კი ვფიქრობ, რომ ამ ორი წლის ისტორიამ გამოაშკარავა, რომ სრულიად უნიადაგოა ის მოძღვრება, რომელსაც თქვენ იზიარებთ. (ს. კედია: და თქვენიც!).
მე მოკლედ გეტყვით თუ რა გაკეთდა, უუდიდეს დარგებზე მოგახსენებთ. მოეწყო საერობო და სათემო თვითმმართველობანი, გარდა საქალაქო თვითმმართველობათა, რომელიც შემოღებულ იქნა ზოგიერთ პატარა ქალაქებში. ამ ხნის განმავლობაში ჩაეყარა მკვიდრი საფუძველი საერობო თვითმმართველობათ, მართალია იმ პარტიის მეოხებით, რომლის არსებობა თქვენ ვერ მოგინელებიათ, თუმცა ჩვენ ვაწარმოებთ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. (გვაზავა: როგორც მუსავატი და დაშნაკცუტუნი!) ალბად გვაზავას, რომელიც მცოდნე იურისტად ითვლება და იცნობს საზოგადოებრივ ცხოვრებას, დღესაც არ სცოდნია, რომ არც ერთ მეზობელ სახელმწიფოში ჯერ არ არის შემოღებული სათემო და საქალაქო თვითმმართველობანი. ამ ხნის განმავლობაში მე არ ვიტყვი, რომ ერობა იმდენად განმტკიცდა, რომ შეგვიძლია გულხელ დაკრეფილი უყუროთ მას, მაგრამ ჩვენ ცხოვრებაში ახალი ძალა რომ შემოიჭრა, იმდენად ძლიერი, რომლის წინაშეც ქედს იხრის ზოგიერთი პარტია, ეს ეჭვს გარეშე არის. ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა, ერთხელაც კი, რომ რაიმე უთანხმოება ჩამოვარდნილიყოს ჩვენსა და საერობო და სათემო თვითმართველობათა შორის, გარდა ერთისა, როდესაც უპასუხისმგებლო ელემენტები, ნახევრად ანარქისტულად განწყობილნი ესერები, ზუგდიდის მაზრაში შეეცადნენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯების გადადგმას და შედეგიც შესაფერი მოიმკეს. (შენგელაია: სენაკის თვითმმართველობა?!) ჯერ ამაზე მთავრობას უკანასკნელი სიტყვა არ უთქვამს. მართალია, ჩვენ ვერ შევიმუშავეთ ჯერ დებულებანი, მაგრამ აშკარად უნდა განვაცხადო, რომ არც ვცდილობდით შეგვემუშავებია ჯერ-ჯერობით საერობო დებულება. და იცით რატომ? ჩვენ შემოვიღეთ სრულიად ახალი ინსტიტუტი, რომელიც უცნობია. ეს არის თემი. ეს არ არსებობდა რუსეთში. და სწორედ იმიტომ, რომ არ არსებოდა, თქვენ კარგად იცით, რომ მას არ აქვს შემუშავებული დებულებანი. დებულებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ის აძლევს ერთნაირ დასტურს ცხოვრებაში არსებულ ფაქტს. ამიტომ თანახმად თათბირის დადგენილებისა, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: არ შევიმუშავოთ საერობო და სათემო დებულებანი, სანამ არ იქნება შექმნილი შესაფერი გამოცდილება. და მართლაც, როცა დღეს ეს შესაფერი გამოცდილება უკვე არსებობს, ჩვენ იმედი გვაქვს, დადგენილების თანახმად ეს დებულებანი საჩქაროდ შემუშავდება და ახლო მომავალში გვექნება საშუალება წარმოვადგინოთ იგი დამფუძნებელ კრებაში დასამტკიცებლად. მართლაც, ჩვენ არ გვაქვს არც დებულება მილიციისა. ამ შემთხვევაში მართლაც იყო შემთხვევები, როცა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ აშკარად, რომ ჩვენ მივაქციეთ ამას ყურადღება და ახლო მომავალში ჩვენ წარმოვუდგენთ დამფუძნებელ კრებას დებულებას დასამტკიცებლად, და ამ შემთხვევაში უკანასკნელი მისცემს რესპუბლიკას მტკიცე კანონს. ჩვენ აქ გვისაყვედურეს, რომ ჩვენი სამინისტრო გადაიქცა ისეთ დაწესებულებათ, რომელიც სდევნის მოხელეებსო. მე არ ვიცი იზიარებს თუ არა მთელი სოც.-ფედ. ფრაქცია იმ განცხადებას, რომელიც დადიანმა გააკეთა, მაგრამ თუ იზიარებს, მე უფლება მაქვს ვთქვა, რომ ალბად ის უპასუხისმგებლო მუშაობა, რომელსაც აწარმოებენ ვიღაცეები ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეთა შორის, არის ნაკარნახევი ფრაქციის მიერ. რაშია, ბატონებო, საქმე? როდის იყო, რომ კანონიერი მოთხოვნილებანი მოხელეებისა, რომელიმე დარგისა ჩვენ დავარღვიეთ? ვერც ერთ მაგალითზე ვერ მიგვითითებთ.
მართალია, არის იქ ჯგუფი და იცით, რას წარმოადგენს იგი? იცით, რა სურს? მას სურს ადმინისტრაცია დაიმორჩილოს, ხოლო თქვენ, მოგეხსენებათ პროფესიონალური კავშირის დადგენილება, რომ პროფესიონალური კავშირის საქმეში ადმინისტრაცია არ შედის და ადმინისტრაციის საქმეში პროფესიონალური კავშირი არ ერევა; თქვენ იცით ეს დადგენილება, მაგრამ ზოგიერთი პირები ამას არ ემორჩილება, მათ სურთ მთელი ადმინისტრაცია, მართვა-გამგეობა ხელთ იგდონ და მთავრობა სწორედ ამათ წინააღმდეგ მიდის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რუსეთის კომუნიზმის გადმოტანას ჩვენებურ პირობებში (ასათიანი: მართალია!) აქ ბრძანეს: არის მუშაობა სისტემატიური, არსებობს სხვადასხვა დაწესებულება და ამ დაწესებულების საქმეები ამ დარგის მუშებს უკუთვნისო; გამოდის, რომ ფოსტა ყოფილა ფოსტის მოხელეების, რკინის გზა რკინის გზის მუშების და სხვ., მაგრამ (ფოსტა არის სახელმწიფო და რკინის გზა სახელმწიფოს საკუთრებაა, ხოლო თუ იქ მოხელეები ერევიან არა თავის საქმეში, რასაკვირველია, მთავრობა ამის წინააღმდეგი არის და იქნება. მაგრამ რამდენათაც მოხელეები იცავენ თავის პროფესიონალურ ინტერესებს, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს ბ. დადიანი, რომ მთავრობის რომელიმე ნაბიჯი მიმართული ყოფილიყოს პროფესიონალური ინტერესების დაცვის წინააღმდეგ. და ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჩვენი მოღვაწეობა პროფესიონალურ კავშირთა მოძრაობას ეყრდნობა, როგორც საერთოდ, მუშათა მოძრაობას. მე ვფიქრობ, ამ საკითხის გარშემო დიდხანს არ დაგვჭირდება ლაპარაკი, რადგან დამფუძნებელ კრებას ექნება საშუალება უფრო ფართოდ შეეხოს ამ საკითხს მაშინ, როცა გაირჩევა ხარჯთ-აღრიცხვა ჩვენი სამინისტროსი. ეს ახლო მომავალში მოხდება. რაც შეეხება ადმინისტრაციის მოქმედებას, ეს საკითხიც მაშინ დაისმის ფართოდ, როცა შტატები იქნება განხილული. ესეც მალე იქნება. მაგრამ მოცდა არ მოისურვეს და წამოაყენეს ისეთი დებულება, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება. აი, ესერები მეტად უკმაყოფილონი არიან ზუგდიდის მაზრაში შექმნილ მდგომარეობით, როდესაც მათ აღარ შეუძლიათ ყაჩაღურ ანარქისტულ ელემენტებზე დაყრდნობა. ბატონებო, ზუგდიდის მაზრაში ყოფნის დროს ციხეში ვინახულე 26 ყაჩაღი, ბევრი მათგანი ძველი მთავრობის დროს მოქმედებდა. თქვენ იცით, როცა ძველი რეჟიმის დროს 26-ს კი არა, ერთს, ან ორ ყაჩაღს შეიპყრობდა, იგი საუკეთესო ადმინისტრატორად ითვლებოდა. შემდეგ ბატონებო, გორის მაზრაში როცა მიწის ძვრა მოხთა, იქ თექვსმეტი ყაჩაღი იყო და არც ერთი არ გაქცეულა, და მე გეკითხებით - რომელ ყაჩაღებზეა ლაპარაკი? თუ ბ. შენგელაია, რომელიმე მოხელეს ყაჩაღებთან კავშირი ქონდა, სად ბრძანდებოდით თქვენ? (შენგელაია: მრავალჯერ გვითქვავს!) თუ იყო ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ მიგვითითეს რომელიმე პირზე, რომელიც დამნაშავეა, ან ყაჩაღი და მის წინააღმდეგ შესაფერი ზომები არ მიგვიღია, თუ ასეთ ფაქტს დაგვისახელებთ, მაშინ თქვენი გამოლაშქრება დასაბუთებული იქნება, ხოლო თუ თქვენ სდუმდით სახელმწიფოს წინაშე, თქვენ უდიდესი დანაშაული ჩაგიდენიათ. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ ხდება. ჩვენ არ ვიტყვით რომ ადმინისტრაციაში არ იყოს ისეთი პირები, რომელთაც შეუძლიათ ჩაიდინონ დანაშაული, მოხელეთა შორის ასეთი მოიძებნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ეს ვიცით, როცა ამას გავიგებთ, ყოველთვის თქვენი სურვილის წინააღმდეგ, მიგვიღია და მივიღებთ ზომებს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანობა.
აქ თფილისიდან გადასახლებას შეეხენ. თქვენ იცით რა პირობებში გამოცხადდა იგი; ეს გახლავს თვითმმართველობის წინადადება და ხთებოდა ხელსაყრელ პირობებში. მას შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა - რუსეთში თითქმის საბოლოოდ გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და დიდი ძალა მოაწყდა ჩვენს საზღვრებს და ამიტომ საზღვრების დაკეტვა ძნელი შეიქნა და ასეთ პირობებში ამ დადგენილებამ ვერ გამოიღო ის ნაყოფი, რომელიც უნდა გამოეღო; ამის გამო იგი გაუქმებულ იქნა. ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი წყალტუბოს აწიოკების შესახებ ბრძანებდება. ეს ამბავი მომხთარა დეკემბერში და დამფუძნებელმა კრებამ მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გაიგო. ეჭვს გარეშეა ფედერალისტთა ფრაქციას ჩაუდენია უდიდესი დანაშაული. უნდა ვსთქვათ ისიც, რომ წყალტუბო ქუთაისის მაზრაში შედის; ამ მაზრის ერობაში თქვენი, ბატონო დადიანო, თქვენი წარმომადგენლებიც არიან და თუ ამ აღმაშფოთებელ ამბავს ადგილი ქონდა და ერობამ არავითარი ზომები არ მიიღო, როგორღა სხედან თქვენი ამხანაგები ამ ერობის გამგეობაში? მე უკეთესი აზრისა ვარ ფედერალისტებზე. თუ მართლა ეს აღმაშფოთებელი ამბავი მოხდა და ერობამ გაიგო, მე დარწმუნებული ვარ, იგი მიიღებდა ზომებს, ხოლო თუ არ მიიღო, ს.-ფედერალისტები დასტოვებდენ იმ ერობას და იტყოდენ: ისეთ ერობაში, რომელიც ასეთ აღმაშფოთებელ მოქმედებას ხელს აფარებს, ჩვენ ადგილი არ უნდა გვქონდესო.
მე არ შეუდგები იმის განხილვას, რომ ჩვენ თითქოს როცა დაგვჭირდება, ვეფარებით ერობას - ეს არ ყოფილა. ჩვენ ვაცხადებთ, ბატონებო, რომ როცა რაიმე ბოროტმოქმედება ხდება, ჩვენ ვაპატიმრებთ, ვასახლებთ და ასე მოვიქცევით ყოველთვის, თუ გინდ ესერები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. და რასაკვირველია, წინააღმდეგნი იქნებიან, ვინაიდან ეყრდნობიან იმ ელემენტებს, რომელნიც ახლო არიან ბოლშევიკებთან და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებთან. ცხადია, მხარს არ დაუჭერენ იმ ზომებს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანობის განმტკიცებისაკენ, რადგან მაშინ მათ არსებობას ნიადაგი გამოეცლება.
დასასრულ უნდა მოგახსენოთ - რანაირიც არ უნდა იყოს ჩვენი სამინისტროს მოღვაწეობა, ერთი აშკარაა: რამდენათაც შეგვიძლია ხელს უწყობთ მშვიდობიანობის დამყარებას და ანარქიის ჩაქრობას ჩვენში. როდის ჩააქრეთო, გვეკითხებიან. ფოთში მზადდებოდა გამოსვლა; ვინ ჩააქრო? ვინ აღმოაჩინა იგი? ადმინისტრაციამ. აქ, დედა ქალაქში სამჯერ ზედიზედ შეპყრობილ იქნა სამხედრო-რევოლიუციონური კომიტეტი. რა მოხდებოდა, რომ მათ განეხორციელებიათ განზრახული გამოსვლა? ბოლოს და ბოლოს, რასაკვირველია, დემოკრატია გაიმარჯვებდა, მაგრამ ანარქია ისეთი ძლიერი იქნებოდა, რომ მსხვერპლს მოითხოვდა და ჩვენი მდგომარეობა გართულებული იქნებოდა, (ხმა: მახარაძე? ვეშაპელი: მახარაძეზე რას იტყვით?) მახარაძის შესახებ, თქვენც იცით, არის დანიშნული გამოძიება. თუ თქვენ გინდათ იმის თქმა, რომ ჩვენ ქვემდებარე დაწესებულებაში არ უნდა იყვნენ პიროვნებანი, რომელნიც არც ბოლშევიკებს თანაუგრძნობენ და ან სხვა ანარქისტულ ელემენტებს, ეს გასაგებია. მაგრამ ირკვევა, რომ რამდენიმე მოხელე იღებდა მონაწილეობას ამაში და ეს პირები დასჯილი იქნებიან თანახმად კანონისა. თუ ჩვენ ვარღვევთ კანონს, პასუხსაც ვაგებთ, ხოლო თქვენ დამზადებული გაქვთ ლექციები და ერთი ლექციაც კიდევ დაამზადეთ. (შენგელაია: დიახ, სამხედრო ფორმის შესახებ!) იმაზე მაშინ ილაპარაკეთ, როცა საჭირო იქნება. ხოლო მე კატეგორიულად ვაცხადებ, არც ერთი ზედმეტი ხარჯი სამხედრო უწყებაში არ ყოფილა. თქვენ ვერ დაამტკიცებთ ამას. მე ვამბობ, მოგცემთ საშუალებას მოხვიდეთ და შეამოწმოთ. დეპუტატის მოვალეობა არის სარგებლობდეს კრიტიკით. ეს მათი მოვალეობაა. ეს მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია სახელმწიფოს აღმშენებლობის დროს. მე მეტს ვიტყვი: ისეთი სახალხო წარმომადგენლობა, სადაც კრიტიკას ადგილი არა აქვს, ასეთი სახალხო წარმომადგენლობა თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყოველი პარტიის მოვალეობა არის მთავრობის მოღვაწეობას შეეხოს არა იმისთვის, რომ ანგარიში გაუსწოროს რომელიმე პარტიას, არამედ იმისთვის, რომ მართლაც უჩვენოს მოქმედების გზა იმ პარტიას, რომელიც სათავეში უდგას სახელმწიფოს. ხოლო ის იარაღი კრიტიკისა, რომელიც მე დღეს ვიხილე, მეტად დაჩლუნგებული იარაღია და არ ვუსურვებდი არც ერთ პარტიას ასეთ დაჩლუნგებულ იარაღით გამოილაშქროს წინააღმდეგ მთავრობისა და მმართველი პარტიისა.
თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ შემოსული კამათი შეწყდეს და კრება დაიხუროს, ხოლო საგანგებო კრება დაინიშნოს ორშაბათ დილით. ვის ნებავს სიტყვა ამ წინადადების შესახებ? სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ასათიანს.
ასათიანი. ჩვენი ფრაქცია მოითხოვს, კრება იქნას დანიშნული შაბათს, ე. ი. ხვალ, რადგან...
თავმჯდომარე. მე ჯერ ვუყრი კენჭს იმას, გადაიდოს თუ არა, შემდეგ - როდისთვის გადაიდოს. ვინ არის წინააღმდეგი ამ სხდომის გადადებისა? მიღებულია. ვინ არის მომხრე, რომ სხდომა დაინიშნოს ორშაბათს? ვინ არის მომხრე, რომ სხდომა დაინიშნოს შაბათს? ორშაბათის მომხრეა უმეტესობა. გთხოვთ მოისმინოთ სამშაბათის სხდომის დღის წესრიგი. (მდივანი კითხულობს). წინადადება გახლავთ შემოსული: ეროვნული ფრაქცია ასახელებს მომარაგების კომისიაში ვეშაპელს. კრება დახურულია.
კრება იხურება 4 ს. და 30 წუთზე.
![]() |
15 ოთხმოცდამეთორმეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(92)
1920 წელი. მარტის 1. ტფილისი. სასახლე.
შ ი ნ ა ა რ ს ი:
1. საბოლოო ტექსტები.
2. გაგრძელება მსჯელობისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტის შესახებ.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა იწყება დღის 12 საათზე და 10 წ.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს).
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად ყოველთვიურად 65.827.720 მან. გადადების დეკრეტის მოქმედების განგრძობის შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.
2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ტფილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოს და საექიმო-სასანიტარო განყოფილების 1918-1919 წ. ხარჯის დასაფარავად 1.970.462 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ქრ. შარაშიძის ასული.
3. განგრძობა ზოგადი მსჯელობისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის კანონ-პროექტის შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
4. განგრძობა მსჯელობისა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელის მთავრობისადმი შეკითხვის გამო აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
5. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
6. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.
თავმჯდომარე. დღიურ წესრიგის შესახებ სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. მაშასადამე დღიური წესრიგი მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის საბოლოო ტექსტის მომხსენებელს ქრ. შარაშიძეს.
ქრ. შარაშიძე. (კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2 მუხლში მოხსენებულ დეკრეტთა საბოლოო ტექსტებს. კრება საბოლოო ტექსტებს უცვლელად იღებს).
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:
გაგრძელება მსჯელობისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის და ხარჯთ-აღრიცხვის კანონ-პროექტის შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ილია ნუცუბიძეს.
ი. ნუცუბიძე. (სოც.-რევ.) ბატონებო! შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოღვაწეობამ ცხარე კამათი გამოიწვია დამფუძნებელ კრებაში. ეს სავსებით ბუნებრივი და გასაგებია, რადგანაც სახელმწიფოს განმტკიცება, მისი მომავალი თითქმის სავსებით დამოკიდებულია მის შინაურ წყობილებაზე. თუ შიგნით წყობილება არ არის განმტკიცებული, რასაკვირველია, სახელმწიფოს მომავალი პრობლემატიური იქნება. შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოღვაწეობა კი, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ არის ანტი-დემოკრატიული, ანტი-სახელმწიფოებრივი. ყოველი ჭეშმარიტი დემოკრატი და რევოლიუციონერი ვალდებული არის მთელი თვისი არსებით შეებრძოლოს იმ ძალას, რომელიც მიმართული არის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ წყობილების წინააღმდეგ. როგორც წინა სხდომაზე მოგახსენეთ და ეხლაც აღვნიშნე, მოღვაწეობა შინაგან-საქმეთა სამინისტროსი არის მიმართული ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩვენი თავისუფლების და რევოლიუციონურ მონაპოვართა წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ შეებრძოლა მკაცრად ამ სამინისტროს სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია, ჩვენი ფრაქცია ყოველთვის იდგა და დგას ლოღიკის საფუძველზე და ფაქტების ნიადაგზე. ჩვენ დავასახელეთ ფაქტები - მუშა არაქელას წამება, ლეჩხუმის მაზრა, სადაც ადმინისტრაცია ხალხს დაესია, ააწიოკა და რომელიც კანონს გარეშეც გამოაცხადეს და მოვითხოვეთ, რომ სამინისტროს გაეცა ამაზე პასუხი. მაგრამ ჩვენ ასეთი პასუხი ვერ მივიღეთ. რა გვიპასუხეს? შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი ჭიჭინაძე გამოვიდა თავის სიტყვა დაიწყო იმით, რომ სოციალისტ-რევოლიუციონერებს ალაპარაკებს პირადი ანგარიშიო. განა ფაქტი არ არის სხვა და სხვა მაზრებში ადმინისტრაციის თვითნებობა? განა ფაქტი არ არის, რომ ლეჩხუმის მაზრა კანონს გარეშე იყო გამოცხადებული? განა შეუძლიათ ამ ფაქტების უარყოფა? როცა ჩვენ ამ ფაქტებზე ვლაპარაკობთ, თქვენ გვეუბნებით, რომ პირად ანგარიშს ვასწორებთ. ეს აშკარა სიყალბე არის. ამას ვინ დაგიჯერებთ... (ჩხიკვიშვილი: - შინაგან-საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ლეჩხუმის მაზრა კანონს გარეშე?) კანონს გარეშე გამოაცხადა ქუთაისის გუბერნიის ყოფილმა კომისარმა კაჩუხოვმა, რომელიც „შინაგან-საქმეთა სამინისტროს ემორჩილებოდა. (ჩხიკვიშვილი: - შესცვალეს. შენგელაია: - წარმატება მისცეს და აქ გადმოიყვანეს!) ბ. ჭიჭინაძემ ბრძანა, რომ ჩვენ ხელს არ უწყობთ, ჩვენ ხომ არ ვასულდგმულებთ ამ უწესოებას? ამ ფაქტებს მაშინ ექნებოდა მნიშვნელობა, ჩვენ რომ ხელს უწყობდეთო, მე ვიტყოდი, რომ მართლაც შინაგან-საქმეთა სამინისტროს სათავეში მდგომთ წილი არ მიუძღოდეთ ამ უწესოებებში, მაშინ ფაქტების მოყვანას იმდენი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უბედურებაც იმაშია, რომ სათავე ამღვრეულია. როდესაც შინაგან-საქმეთა სამინისტრო ფაჩულიას და მახარაძეს აყენებს საპასუხისმგებლო პოსტზე, ისეთ პირებს, რომლებმაც მთელი სიცოცხლე შესწირეს რევოლიუციასთან და თავისუფლებასთან ბრძოლას, მე მგონია, სამინისტრო ამით ასულდგმულებს თვითნებობას და სხვა უწესოებას. განა ეს გამასხარავება არ არის რევოლიუციისა და დემოკრატიის? და განა იმ სამინისტროს, რომელიც ასეთ ხალხს აბარებს საპასუხისმგებლო პოსტებს, შეუძლია სთქვას, რომ ხელს არ უწყობს ანარქიას? რასაკვირველია, უწყობს. რა გვიპასუხეს? ჩხიკვიშვილი გამობრძანდა აქ და მეთოდებზე დაიწყო ლაპარაკი, როგორ უნდა იმსჯელოს ოპოზიციამ - საერთოდან - კერძოზე, თუ კერძოდან საერთოზე? მე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სულ ერთია - საერთოდან კერძოზე გადავალთ, თუ კერძოდან - საერთოზე. ბატონებო, ჩვენ დავასახელეთ აუარებელი ფაქტები. (ჩხიკვიშვილი: - როდის?) წინა სხდომაზე და ეს ფაქტები, რომ სინამდვილე იყო, ეს თვითონ თქვენმა ცენტრალურმა ორგანიზაციამ აღნიშნა უკანასკნელ ნომერში. ასე, რომ ამ შემთხვევაში სჯობია გაჩუმდეთ. (ჩხიკვიშვილი: - არ გვესმის რას ამბობთ, სად ეწერა?) „ერთობაში“, წაიკითხეთ, იქ სწერია: „ოპოზიცია გამოვიდა შეიარაღებული ფაქტებით და გადაშალა დამფუძნებელ კრების წინაშე აღმაშფოთებელი სურათი“. (ჩხიკვიშვილი: - ვერ გაგიგიათ!) თუ ჩვენი აზრი არ არის კომპენტენტური თქვენთვის, თქვენი ორგანოს აზრი მაინც უნდა იყოს. ბ. ჩხიკვიშვილმა ბრძანა: მიმოავლეთ თვალი ჩვენს მოღვაწეობას და ბევრ სიკეთეს ნახავთ. მართლაც მიმოვავლეთ თვალი და დავინახეთ ის, რომ ლეჩხუმის მაზრა კანონს გარეშე იყო გამოცხადებული, სენაკის, ბორჩალოს და დუშეთის მაზრებში ხალხს ტყვიის მფრქვეველებს და ზარბაზნებს უშენდენ, იმიტომ, რომ ანარქია მოხდა, ანარქია კი გამოიწვია თქვენმა მოღვაწეობამ, თქვენმა პოლიტიკამ. აქ მოიყვანეს აგრეთვე უცხოელების აზრი საკუთარი პოლიტიკის გასამართლებლათ, მაგრამ უცხოელები ხედავენ მხოლოდ ქუჩებს, საკნებში და „ზასტენკებში,“ და არამც თუ მათ, თქვენც კი ვერ გაგიგიათ, მხოლოდ ეხლა გაიგეთ. ასეთია ფაქტები, ჩვენ ეს ფაქტები წამოვაყენეთ და თქვენ პასუხის გაცემა ვერ შესძელით.
რა ბრძანა ბ. რამიშვილმა? მისი თვისება ასეთია: მას არ შეუძლიან ფაქტებზე ფაქტებით უპასუხოს, რადგან მას ეს ფაქტები არ აქვს. ის დემაგოგიის და პროვოკაციის ნიადაგზე დგება. ამის გარეშე მსჯელობა არ შეუძლია. ბ. მინისტრმა აქ მაგალითად მოიყვანა ზუგდიდის არჩევნები და სთქვა, თქვენ იქ დამარცხდითო. ზუგდიდის არჩევნები აქ არაფერ შუაშია, მაგრამ თუ შუაშია, ეს იმას ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციამ იქ არჩევნებში ძალადობა გამოიჩინა. ეს ფაქტი, მაშასადამე, ლაპარაკობს შინაგან-საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და არა მის სასარგებლოდ. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ არ დავმარცხებულვართ სავსებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია შევინარჩუნეთ. 2 ხმოსანი ჩამოგვშორდა და ისიც იმიტომ, რომ აამუშავეთ მთელი გვარდია და მილიცია და ამ საშუალებით ჩამოგვაცილეთ (ხმაურობა). ბ. რამიშვილი, როგორც მოგეხსენებათ, ფაქტებზე ფაქტებით არ უპასუხებს, იმიტომ, რომ ეს მას არ მოეძებნება, ეს ის მინისტრია, რომელიც არამც თუ თავის მოღვაწეობაში, არამედ სახელმწიფო ხაზინიდან წაღებულ ფულების ანგარიშსაც არ იძლევა. ეს ის მინისტრია, რომელიც არამც თუ ანგარიშს არ იძლევა და არავითარ პასუხისმგებლობას არა გრძნობს არავის წინაშე, არამედ კანონსაც არ ემორჩილება. ვიცით შემთხვევა, როდესაც მან კანონი დაარღვია. მაქვს ამონაწერი სამხედრო-საბიუჯეტო და ხელოვნების კომისიის შეერთებულ სხდომის ოქმიდან, ამონაწერი, სადაც სწერია აშკარად და გარკვევით, რომ სამხედრო მინისტრს, რამიშვილს, გაუცია ბრძანება სამხედრო ფორმის შეცვლის შესახებ. ძველი ფორმა მიღებულია კანონმდებლობის წესით. როცა კომისია შეეკითხა სამხედრო უწყების წარმომადგენლებს - რატომ დაარღვიეს კანონი, პასუხი იყო - მინისტრმა ბრძანაო. (შენგელაია: რამდენი დაჯდა ეს ფორმა?) ეს ფორმა დაჯდა 3 მილიონი მანეთი. ის მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს, განა შესძლებს შეიგნოს რა არის პასუხისმგებლობა? ეს შეუძლებელია. მე კიდევ ვამბობ, რომ არავითარი საბუთი იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენმა ფრაქციამ აქ შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოღვაწეობის შესახებ სთქვა, ვერც უწყების და ვერც სოც.-დემ. ფრაქციის წარმომადგენელმა ვერ მოიყვანა. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობს „ზასტენკები“ და ამ „ზასტენკებში“ აწამებენ ხალხს. და სანამ ამ უწყების სათავეში იქნება ბ. ნოე რამიშვილი, ამას ბოლო არ მოეღება. ეს არის ერთნაირი სისტემა. ხალხი სულგრძელია, ის ერთხანს ითმენს, სანამ შესაძლებელი არის, მაგრამ როდესაც აივსება მოთმინების ფიალა, მისი რისხვა დაგატყდებათ თავს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ლეო შენგელაიას.
ლ. შენგელაია (ს.-რ.) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ის ცხარე კამათი, რომელიც გაიმართა შინაგან-საქმეთა სამინისტროს შტატებისა და ამ სამინისტროს პოლიტიკის გარშემო, სავსებით ბუნებრივი და გასაგები არის. ეგრედ წოდებული ოაზისი პოლიტიკური თავისუფლებისა, ჩვენი ქვეყანა, კარგა ხანია წარმოადგენს უცნაურ სინტეზს აღმოსავლეთის დესპოტიზმისა და დემოკრატიული ფრაზეოლოგიისა.
ბ. ბ. რამიშვილების წყალობით ჩვენი ქვეყანა უკვე დაემსგავსა ოსმალეთის პროვინციას, სადაც დიდი რევოლიუციისაგან დარჩა მხოლოდ, როგორც რუსები იტყვიან, «рожки да ножки». მშრომელმა ხალხმა ბრძოლით მოიპოვა თავისუფლება წერის, კითხვის, კრების, ლაპარაკის. ბ. ბ. რამიშვილებმა გააუქმეს ეს თავისუფლებანი და იცნეს, აღიარეს მხოლოდ თავისუფლება კრებისა... სატუსაღოებში!..
თავისუფლება წერისა და ლაპარაკისა... უცხო სახელმწიფოებში!..
თქვენ ამბობთ - ჩვენ ვებრძვით რეაქციასო, ეს სრული სიყალბეა, ვინაიდან ყველა რეაქციონერები ჩვენში თქვენთან არიან, თქვენ გიკრავენ ტაშს, თქვენთან თანამშრომლობენ!..
ვინ არის ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციის სათავეში? - მეფის ბოქაული!..
ვინ არის ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციის სათავეში? - მეფის ბოქაული!..
ვინ არის ახალციხისა და ახალქალაქის ადმინისტრაციის მეთაური და ხელმძღვანელი? - მეფის ბოქაული!..
ვინ არის სისხლის სამართლის მილიციის მეთაური ქ. ტფილისში? - მეფის ბოქაული!..
ვინ არის საგანგებო რაზმის ხელმძღვანელი? - მეფის ბოქაული!..
აი, ბატონებო, როგორ ებრძვით თქვენ რეაქციონერებს!
თქვენ ამბობთ - ჩვენ ვებრძვით ანარქიასო. არც ეს არის მართალი, ვინაიდან თუ ჩვენში სადმე არის ანარქია, ის უპირველეს ყოვლისა გამეფებულია შინაგან-საქმეთა სამინისტროში, იგი გამეფებულია მთელს თქვენ პოლიტიკაში, რადგანაც ცხოვრების ყოველ დარგში თქვენ მოქმედებთ უსისტემოდ, უგეგმოდ და ეს მოქმედება უსისტემოდ და უთაოდ არის წყარო ნამდვილი ანარქიისა!..
ადმინისტრაცია თვითონ ქმნის ანარქიას, თვითონ უწყობს ხელს უწესოებას. გაზეთების ქრონიკებში ხშირია ასეთი ცნობები: ამა და ამ მილიციონერმა გაჩხრიკა სახლი უორდეროთ, უფროსის ნებადაურთველადო. რა არის ეს თუ არა სრული ანარქია? ავიღოთ თუნდაც ბრძანება №140, რომელიც ბ. შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგმა გააუქმა. რა ეწერა იქ? საგანგებო რაზმის უფროსმა გასცა ბრძანება, რომ ჩვენი საზღვრები დაეკეტათ უცხოელებისათვის.
სალოღლიდან არ უშვებენ უცხოელებს, განსაკუთრებით რუსებსა და ებრაელებს. ეს ისეთი ნაბიჯი არის, რომელსაც შეუძლია დიდი გართულება გამოიწვიოს. იმ სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეთ თქვენ ჩვენს საზღვრებში არ უშვებთ, ხომ შეუძლიათ პასუხი მოსთხოვონ ჩვენს მთავრობას. თუ ეს პასუხი არ იქნა დამაკმაყოფილებელი, მათ შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ხასიათის რეპრესიებს. მაშასადამე, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია ჩვენი რესპუბლიკა დადგეს კონფლიქტის წინაშე. აი, რა შედეგი შეიძლება მოყვეს №140 მზგავს ბრძანებებს. ეს მეტად საპასუხისმგებლოა, მეტად სერიოზული ნაბიჯი არის. ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლება არა აქვს არამც თუ რაღაც საეჭვო საგანგებო რაზმის უფროსსა და მის თანამშრომლებს, არამედ თვით მთავრობას.
საგანგებო რაზმის უფროსს ბ. მინისტრმა ასეთი თავხედობისათვის მისცა მხოლოდ... შენიშვნა!..
ასე ესმისთ ჩვენს მინისტრებს კანონის დაცვა და პასუხისმგებლობა!..
ჩვენ აქ სხდომა გვქონდა პარასკევს. აქედან რომ დავბრუნდი რედაქციაში დამხვდა შემდეგი წერილი. წერილი გამოგზავნილია ლეჩხუმიდან. ხელს აწერს ხუთი კაცი. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი ესერი არ არის. ყველა მენშევიკები არიან.
29 იანვარს დ. ლაილაშში ლეჩხუმის მაზრის მილიციელმა ვინმე ნემსაძემ შუა ბაზარში სრულიად უსაფუძვლოდ გაამათრახა სოფლის მუშა ვინმე ყუბუსიძე. მუშას გამოესარჩლა რამდენიმე პირი, მათ შორის ზოგიერთი გვარდიელებიც და მუშა ყუბუსიძე სიკვდილს გადარჩა. როცა ეს ამბავი გაუგია მაზრის მილიციის უფროსს იმის ნაცვლად, რომ დაესაჯა თავხედი მილიციელი, გაუცია ბრძანება, რომ დაეპატიმრებიათ ის პირები, რომლებმაც იმდენი გამბედაობა იქონიეს, რომ მილიციელს მუშა სასიკვდილოდ არ დაანებეს.
შეიძლება ბ. მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს და არც შეიძლება მას მოვსთხოვოთ იცოდეს ყოველი ბოროტ-მოქმედება, რომელსაც ადგილი ექნება ჩვენი რესპუბლიკის ამა თუ იმ კუთხეში, ის ხომ გულთმისანი არ არის, მაგრამ როდესაც ასეთი მოვლენები ხდება რესპუბლიკის ყოველ კუთხეში, ყოველ მაზრაში, მაშინ ჩვენ ვამბობთ, ეს არის სისტემა და ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა არის მოვალეობა არამც თუ დეპუტატისა, არამედ ყოველი მოქალაქისა. ყოველი ჩვენგანი მოვალე არის მიუთითოს მთავრობას შეცდომებზე. იმ უკანონობაზე, რომელიც ხდება.
ჩვენ სწორედ ასე გვესმის ჩვენი მოვალეობა. ამიტომ როცა პროვინციიდან ჩვენ ცნობა მოგვივა, რომ ესა და ეს ამხანაგი დააპატიმრესო, ჩვენ უმალვე არ შემოგვაქვს აქ შეკითხვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა ჩვენ მივმართავთ მინისტრს და მოვითხოვთ საქმის გამორკვევას და სათანადო ზომების მიღებას, რათა უდანაშაულოდ არავინ იქნეს დასჯილი. ასევე მოვიქეცით ჩვენ, როდესაც ზუგდიდის მაზრაში ხდებოდა არჩევნები, სადაც ადმინისტრაციის ვაკხანალიას საზღვარი არ ჰქონდა.
არჩევნების წინა დღეებში მე მომივიდა ზუგდიდიდან შემდეგი დეპეშა;
„გვარდიისა და ადმინისტრაციის თვითნებობა არჩევნებში ჩარევით უსაზღვროა. ხალხი თავზარდაცემულია. აპატიმრებენ ამხანაგებს. საჩქაროდ ჩამოდით. ჩამოიტანეთ მთავრობას განკარგულება ჩაურევლობის შესახებ“.
თქვენ გაზეთებიდან იცით, რომ შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი ბ-ნი ჭიჭინაძე არჩეულია ერობათა ცენტრის თავმჯდომარედ, ალბად იმისთვის, რომ იმ პოსტზე, რომელზედაც ახლა არის, დიდი უნარი გამოიჩინა.
მართალი მოგახსენოთ, მე არ მინდოდა, ასე ვსთქვათ, «на прощанiе» მასთან შეტაკება მქონოდა და ამ ფაქტსაც არ შევეხებოდი, რომ ბ. მინისტრს არ ეთქვა აქ ამის შესახებ. აი, ეს დეპეში წავიღე და მივედი ბ. ჭიჭინაძესთან. მაშინ ის იყო მინისტრის მოვალეობის აღმასრულებელი. თქვენ იცით, ამას წინად სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ „დაახურდავა“ ბ. ნ. რამიშვილი და მას ზოგიერთი უწყება ჩამოაცილა და რომ სევდა გაექარვებინა, ის ტურნეს აკეთებდა პროვინციაში (შ. ნუცუბიძე ადგილიდან: საარჩევნო კომპანიას ხელმძღვანელობდა!). შეიძლება, ყოველ შემთხვევაში აქ არ იყო, და მეც მივმართე ბ. ჭიჭინაძეს. მე წარმოდგენილი მქონდა, რომ ბ. მინისტრი გაკვირვებასა და მწუხარებას გამოსთქვამდა იმ ძალმომრეობის შესახებ, რომელზედაც დეპეშაში იყო ნათქვამი. ბ. მინისტრი ამ ამბავს ისე შეხვდა, თითქოს არაფერი. ბ. მინისტრმა განმიცხადა: მე გამოვითხოვ მასალებს იმათ შესახებ, რომლებიც დაპატიმრებულნი არიანო. მე მოვახსენე, რომ ეს საქმეს ვერ უშველის, აქ მთელი ინტერესი ორ-სამ დღეშია. არჩევნები რომ გათავდება ყველას გამოუშვებენ, ასეა ადმინისტრაციის პრაქტიკაში მიღებული მეთქი.
მე განუცხადე ბ. ჭიჭინაძეს: მე გთხოვთ, დაუყოვნებლივ გასცეთ ბრძანება, რომ ადმინისტრაციას არა აქვს უფლება არჩევნებში რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ჩაერიოს.
მე მივაქცევ დეპუტატების ყურადღებას იმას, თუ რას მოვსთხოვდი ბ-ნ მინისტრს. მე მოვითხოვე, რომ მას გაეცა ბრძანება ზუგდიდის სამაზრო ადმინისტრაციისადმი, რომ ადმინისტრაციას არა აქვს უფლება არჩევნებში ვინმეს სასარგებლოდ ჩაერიოს და ამ ჩემს კანონიერ და სამართლიან მოთხოვნაზე ბ. მინისტრმა უარი მითხრა!..
მე თქვენ გეკითხებით, ბ. ბ. დეპუტატებო, რა არის ეს, მოვალეობის შეგნება, თუ ნამდვილი კრეტინიზმი! (ხმაურობა სოც.-დემ. სკამებზე).
აქ სთქვეს: ჩვენი ადმინისტრაცია ყაჩაღებს ებრძვისო. მე უკვე მოგახსენეთ, თუ როგორ ებრძვის ის ყაჩაღებს. ყაჩაღი ორნაირია. ლეგალური და არა-ლეგალური. საშიშია არა-ლეგალური ყაჩაღი, მარა უფრო საშიშია ლეგალური ყაჩაღები. ამ ლეგალურმა ყაჩაღებმა გაანიავეს ჩვენი ქვეყანა!..
ვინ არიან და სად არიან ესენი - ყველამ იცის.
რაც შეეხება არა ლეგალურ ყაჩაღებს, უნდა ითქვას, რომ ესენი ხშირად კონტაქტში არიან ადმინისტრაციასთან. არა ლეგალურმა ყაჩაღმა გასწყვიტა კავშირი საზოგადოებასთან, ის მას ებრძვის იარაღით და როდესაც ბ. რამიშვილი ბრძანებდა, რომ ყაჩაღები თქვენთან არიანო, ეს იყო უბრალო დემაგოგია, მეტი არაფერი! რა კავშირი უნდა ჰქონდეს ჩვენთან იმ ყაჩაღს, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს თვით საზოგადოებასთან და მას ებრძვის?!. ასეთი ყაჩაღის ობიექტიური მდგომარეობა მოითხოვს სწორედ მმართველ პარტიას დაუახლოვდეს, სწორედ მისი გული მოიგოს და მის აგენტებთან კეთილი განწყობილება ჰქონდეს, ასე, რომ ობიექტიური მდგომარეობა ყაჩაღს უკარნახებს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ეძიოს მფარველობა! ბ. ნ. რამიშვილმა აქ განაცხადა: აი, თქვენ იცავთ ყაჩაღ მამფორიასო. ეს უკვე მეხუთეჯერ არის მგონი, რაც ბ. რამიშვილი ამ გვარს ასახელებს. ბ. მინისტრმა ამაზე მიიღო ერთხელ შესაფერისი პასუხი, მაგრამ ის მაინც იმეორებს ჭორსა და ცილის წამებას. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ამხ. მიხ. მამფორია არასოდეს ყაჩაღი არ ყოფილა! ის იყო სახალხო მასწავლებელი. შემდეგ ის ტყეში გავარდა, იცით რატომ? ის ტყეში გააქცია თქვენმა ყაჩაღმა სიმონ თოლორდავამ. რევოლიუციამდის, თოლორდავა იყო სისხლის სამართლის დამნაშავე. მან მოკლა დეპუტატის სამსონ დადიანის მამა და ამისათვის კატორღაში იყო გაგზავნილი. რევოლიუციის შემდეგ ამ თოლორდავას სოციალ-დემოკრატიამ მთელი მაზრა ჩააბარა. ის იყო დიქტატორი მთელი ზუგდიდის მაზრისა, მან აიკლო მთელი მხარე, გაამეფა იქ ნამდვილი ანარქია. ჩვენ მას ვებრძოდით და ვამხელდით მის ავანტიურას. ასევე იქცეოდა ამხანაგი მამფორიაც. ამისათვის ყაჩაღმა თოლორდავამ ის ამოიჩემა და დევნა დაუწყო. მამფორიაც იძულებული შეიქნა დამალულიყო, ეს იყო და ეს!..
ჩვენ აქ შეგვეკითხენ: რომელ კანონს არღვევს ადმინისტრაციაო.
რომელ კანონს არღვევს? მე ამაზე გიპასუხებთ კითხვითვე: რომელ კანონს ასრულებს ჩვენი ადმინისტრაცია?!
თქვენ არ იცით, რომელ კანონს არღვევს ჩვენი ადმინისტრაცია?
მოგახსენებთ. ის არღვევს დემოკრატიის კანონს, როცა ხელს კი არ უწყობს დემოკრატიზმის განმტკიცებას, არამედ ქმნის ანარქიას, აკანონებს ძალმომრეობას. ის არღვევს რევოლიუციის კანონს, როცა უსაფუძვლოთ აპატიმრებს მოქალაქეს, როცა სპობს სიტყვის, კრების, დაბეჭვდის თავისუფლებას! ჩვენ აქ გვითხრეს: ჩვენ პატივსა ვსცემთ სასამართლოსო. მთელი პრაქტიკა ჩვენი ადმინისტრაციის ამას აბათილებს. თქვენ იცით, ერთ დროს იუსტიციის მინისტრის ამხანაგი იყო ბ. გრ. გველესიანი. დღეს ის სენატორია, მან გაზეთებში გამოაქვეყნა მოხსენება სამინისტროში მოღვაწეობის შესახებ და იცით რას ამბობდა ის თავის მოხსენებაში? თუ ჩვენ ვერ მოვაწესრიგეთ სასამართლოს საქმე - ამის ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაცია მუდამ ერეოდა ჩვენს საქმეებშიო. ახლა მიბრძანეთ: ვის დაუჯეროთ უფრო: სენატორს და იუსტიციის ყოფილ ამხანაგს თუ თქვენს კომისარს?!.
ბ. ბ. მინისტრებმა ბრძანეს: თქვენს პოლიტიკას იზიარებდა კერენსკი და ამიტომაც დამარცხდაო. ჯერ ერთი, ბატონებო, კერენსკის მთავრობა იყო კოალიციონური მთავრობა. მასში შედიოდენ თქვენი ამხანაგებიც, ასე, რომ მის დამარცხებაში ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. მაშინ მთელი ძალა-უფლება ფაქტიურად საბჭოების ხელში იყო. ხოლო ამ საბჭოების მეთაურები იყვნენ თქვენი ამხანაგები - ჩხეიძე და წერეთელი!..
შემდეგ, დამარცხებაც არის და დამარცხებაც. ჩვენ დავმარცხდით რუსეთში მხოლოდ ტეხნიკურად, იდეიურად ჩვენ დღესაც გამარჯვებული ვართ, ვინაიდან თვით ისინი, ვინც ჩვენ შემდეგ მოვიდენ, იძულებული არიან მრავალი ჩვენი ლოზუნგები შეითვისონ და მიითვისონ! თქვენ მართალია ხართ ტეხნიკურათ გამარჯვებული საქართველოში, მაგრად თქვენ იდეურად კარგა ხანია დამარცხდით. თქვენ დღევანდელი პოზიცია ხომ ნაციონალ-დემოკრატის პოზიციაა და განა ამაზე მეტი დამარცხება შეიძლება?! სრულიად უსაფუძვლოა თქვენი განცხადება თითქოს ჩვენ უპასუხისმგებლობა გვალაპარაკებდეს, ჩვენ სავსებით ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ზნეობრივად და ფაქტიურად ჩვენ პასუხს ვაგებთ ერისა და ისტორიის წინაშე, ვინაიდან თუ დაიღუპა ჩვენი ერი, თუ დაიქცა ჩვენი რესპუბლიკა, მასთან ერთად დაიღუპება ყველა ჩვენი იმედები!
სოციალ-დემოკრატიას ვერ გაუგია, რომ ჩვენ ფორმალურად პასუხს არ ვაგებთ, რადგანაც ფორმალურად ის არის პასუხისმგებელი, რომელსაც ერმა თავისი ბედი ჩააბარა!..
ჩვენ რომ უპასუხისმგებლო ვიყოთ, თქვენთან ვიქნებოდით და ტაშს დაუკრავდით ყოველ თქვენს ნაბიჯს. მაგრამ ეს არ შეგვიძლია, რადგანაც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ჩვენი ოპოზიცია არის ხალხის პოზიცია თქვენს წანააღმდეგ. თქვენი პოზიცია კი არის ოპოზიცია ხალხის წინააღმდეგ. ამაშია ჩვენი განსხვავება.
მხოლოდ ერთ რამეში გამოიჩინა დიდი უნარი ადმინისტრაციამ. ეს არის მისი პარტიული მოღვაწეობა სოციალ-დემოკრატიის სასარგებლოთ. თუ რომელიმე სოფელში ვინმე არა სოციალ-დემოკრატი აქტივობას იჩენს და გავლენა აქვს, თქვენი ადმინისტრაცია მას ნიშანში ამოიღებს, რამეს მოუგონებს და უსათუოდ დაატუსაღებს, გადაასახლებს. აი, საქმიანობა თქვენი ადმინისტრაციისა, თქვენი სამინისტროსი.
ასეთია მდგომარეობა. ჩვენ გვწამს ჩვენი ერის მომავალი, გვწამს რომ ბოლოს და ბოლოს მოხდება ჩვენი ადმინისტრაციის გაჯანსაღებაც, მაგრამ ისიც გვწამს, რომ ამ განახლებული ადმინისტრაციის სათავეში არ იქნება არც ბ. რამიშვილი და არც მისი ამხანაგი!..
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ დადიანს.
სამსონ დადიანი. (ს.-ფ.) ბატონებო! დღეს დიდხანს აღარ მოგაწყენთ თავს, იმიტომ, რომ საკმაოდ იყო დახასიათებული ის სიტყვა და გეზი, რომელიც ჩვენ მთავრობას აქვს აღებული. დღეს მინდა მხოლოდ საკითხს ისევ ის სწორი გზა მივსცე, რომელიც თავიდანვე მივეცით და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. როცა ბ. მინისტრმა ვერც გვიპასუხა, ერთი საბუთი ვერ მოიყვანა ჩვენ მიერ დასახელებულ ფაქტების გასაქარწყლებლად და გასაბათილებლად, პირიქით, სცნო ის, რომ არ არის გამომუშავებული წესი, დებულება ცენტრალურ მართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობის გამორკვევისათვის, რომ აქამდის არა აქვს ადმინისტრაციისთვის ინსტრუქცია. იძულებული იყო ეს მას ეღიარებია, მაგრამ თავის გასამართლებლად სერიოზული მოსაზრებანი ვერ მოიყვანა. არც ერთი ფაქტი არ არის გამართლებული, რომელიც ჩვენ აქ დავასახელეთ. და ვერც ვერაფერს იტყოდა, იმიტომ, რომ ეს ფაქტები და დოკუმენტები არის და აი, აქა მაქვს.
აქ რამოდენიმე დეპუტატი, თვით მინისტრი გაუკვირვებია იმას, რომ დოკუმენტი გქონიათ და ამდენ ხანს არ გვაცნობეთო. ბ. მინისტრო! საქმე იმაშია, რომ თითონ ამ თხოვნებში, რომელთაც გამათრახებული ხალხი სწერს აღნიშნული არის: ამდენი ხანია სამართალს ვეძებთ, ბევრ ალაგას მივმართეთ, მაგრამ გზა ვერ გავიკვლიეთ და სამართალი ვერ ვიპოვეთ და ახლა თქვენ მოგმართავთ. ამას სწერს თვით ადმინისტრაციის მიერ ნაწამები ხალხი და აქედან ცხადია, რომ მათ უძებნიათ სამართალი დიდხანს, მაგრამ ვერსად მიუგნიათ. ჩვენს ამხანაგს ეს აღუძრავს თემის გამგეობის ყრილობაში, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია.
ყოველ შემთხვევაში, რომ კიდეც გვცოდნოდა ნოემბერში და აქამდე ჯიბით გვეტარებია, ეს განა ჩვენს სამინისტროს ამართლებს? როგორი ფხიზელი სამინისტროა ის სამინისტრო, რომელსაც არაფერი მოეხსენება ასეთი საშინელი ამბებისა?! ბ. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ამბავი არ ვიცოდითო. და ჩვენც სწორედ ეს გვაინტერესებს, რომ მინისტრმა არ იცოდა რა ხდებოდა ამ მოკლე მანძილზე. განა ქუთაისის გუბერნიაში არ არის ისეთი დაწესებულება ან პირი, რომელმაც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და აცნობოს სამინისტროს და სადაც ჯერ არს?! ისეა დაყენებული შინაგან-საქმეთა სამინისტროს საქმე, რომ მან არ იცის რა ხდება ჩვენს რესპუბლიკაში. ჩვენი რესპუბლიკა არ არის ისეთი უზარმაზარი, ისეთი დიდი ტერიტორიით, რომ შეუძლებელი იყოს გაგება იმისა, თუ რა ხდება სხვა და სხვა ადგილას. ჩვენ სწორედ იმას გიკიჟინებთ, რომ ითელება ასე პიროვნების უფლება, ირღვევა კანონი და თქვენმა უწყებამ არ იცის ყოველივე ეს. (ლ. ნათაძე: თქვენ რომ ყოფილიყავით უარესი იქნებოდა!) ბ. ნათაძე! თქვენ რომ დღეს მაგაზე ლაპარაკობთ მკითხავის როლში გამოდიხართ! ჩვენ რას და როგორ გავაკეთებდით, ამას საქმე დაგანახვებდათ. ახლა კი თავი დავანებოთ ასეთს მკითხაობას! ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ეს არის შეცდომა მთავრობისა, ჩვენ ვგრძნობთ ამას და თქვენ ვერც კი გრძნობთ ამ შეცდომას. (ლ. ნათაძე: შევიგნებთ, შევიგნებთ!) ჩვენც დიდად მოხარული ვიქნებით, თუ შეიგნებთ, მაგრამ ვეჭვობთ კი.
მე მგონია, რომ მინისტრი იძულებული იქნება ერთი რამ კიდევ აღიაროს, როგორც აღიარა წესდებების და დებულებების უქონლობა ადმინისტრაციის სფეროში. (ხმები: თქვენ უპასუხისმგებლო ოპოზიციას აწარმოებთ!) არა, ბატონებო, ჩვენ სწორედ პასუხისმგებელ ოპოზიციად მიგვაჩნია ჩვენი თავი და ამიტომაც არა გვსურს პასუხისმგებელი ვიყოთ თქვენი შეცდომებისა.
ახლა მე მინდა შევჩერდე ფოსტა-ტელეგრაფში არსებულს წესებზე.
დიდი ხანია, რაც მოსამსახურეთა თხოვნით შინაგან-საქმეთა და შრომის სამინისტროს შეთანხმებით გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა შემუშავებული ყოფილიყო დებულებანი ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეთა უფლება-მოვალეობის შესახებ. ეს აუცილებელი შეიქმნა მოსამსახურეთათვის იმ რეჟიმის მეოხებით, რომელიც შემოღებულია ფოსტა-ტელეგრაფში და რომელსაც თქვენ, ბ. მინისტრო, ტაშს უკრავთ. იმ ადმინისტრაციას, რომელიც, როგორც მოხელეთა, ისე მოქალაქეთა უფლებას არღვევს, თქვენ დღესაც არავითარ ყურადღებას არ აქცევთ. არ არის გამორკვეული არც უფლება და არც მოვალეობა მოხელეებისა და როგორც თვით იქაური მოსამსახურენი ამბობენ, ისეთი წესებია, რომ თვით ძველი რეჟიმის დროსაც კი არ ყოფილა. (თევზაძე: იქ არის ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის მთავრობას სახელმწიფოებრივ მუშაობაში!) რაღაც გაუგონია ბ. თევზაძეს, მაგრამ არ იცის საქმე რაშია. (შ. ნუცუბიძე: მაინც საიდან იცის თევზაძემ ეს?) ალბად გაიგონებდა თავის ფრაქციაში, როდესაც საკითხი წყდებოდა, როგორ მოახრევინონ ქედი ამ მოხელეთ გამეფებულ ბიუროკრატიზმის წინაშე. (შ. ნუცუბიძე: მინისტრი ხომ არ დაბრძანდება კრებებზე ფოსტაში?) მინისტრს სწორედ ასეთს მოღვაწეობაში მიუძღვის ამაგი და ალბად თავის საღვთო მოვალეობად სთვლის ამ სხდომებზე დასწრებას.
რასაკვირველია, ჩვენ მოგვიხდება პრინციპიალური სჯა-ბაასი იმის შესახებ, თუ რა უფლებები უნდა ჰქონდეს საზოგადოდ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებათა ეგრედ წოდებულ „მოხელეებს“. ეს პრინციპიალური საკითხია, რომელიც ჩვენ გადასაწყვეტად დაგვიდგება. მაგრამ დღესაც ჩვენ უკვე ვიცით მმართველი წრეების აზრი. გაზეთ „ერთობაში“ მოწინავე სტატიაც კი უძღვნეს ამას, და გადაჭრით ვაცხადებ, რომ სრულიად მიუღებელია დემოკრატიულ თვალთსაზრისით ის აზრი, რომელიც არის იქ გატარებული ამ საკითხის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მინისტრი და მთავრობა სდგას მიუღებელ თვალსაზრისზედ მოხელეების უფლება-მოვალეობათა შესახებ. თქვენ, ბ. სოციალ-დემოკრატებო, სდგეხართ იმ თვალსაზრისზედ, რომელიც აქვთ ბურჟუაზიულ მთავრობებს, ბურჟუაზიულ წრეებს ბურჟუაზიულს რესპუბლიკებში. საფრანგეთი ხომ ცნობილია, როგორც ბიუროკრატიული წეს-წყობილების ქვეყანა, იქ ადგენენ სწორედ იმ თვალსაზრისს, რომელსაც თქვენ დღეს ჩვენში იცავთ, მაგრამ იქაც კი 1903 წლიდან უკვე უარყოფილია მოხელეებისადმი და მათი პროფესიონალური ორგანიზაციებისადმი ასეთი მიმართულება. ის უფლებები, რომლებსაც თქვენ ედავებით მოხელეებს, იქ უკვე მიცემულია, უკეთ რომა ვსთქვათ, ეს მოპოებული აქვთ მოხელეებს, იქ ბრძოლით და აქ კი დემოკრატიულ რესპუბლიკაში გინდათ გააუქმოთ.
ბ. მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს ფოსტა-ტელეგრაფში არის ჯგუფი, რომელიც არა სდგას ვითომ სახელმწიფოებრივ ნიადაგზე და ხელს უშლის აღმშენებლობითს მუშაობას. მე, ბატონებო, დავასახელებ რამოდენიმე მაგალითს, რას თხოულობენ ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურენი, რის წინააღმდეგ იბრძვიან და დაინახავთ, რომ სრულიად არ არის მართალი, თითქოს ისინი სახელმწიფოს ებრძოდნენ. დავანებოთ თავი ჯერ-ჯერობით სადაო პრინციპიალურ მოსაზრებას. შესაძლებელია თუ არა ასეთი მდგომარეობა, შესაძლებელია ის, რასაც თხოულობს მოსამსახურეებისაგან ოლქის უფროსი ბ. მგელაძე? უნდა ავღნიშნო, სხვათა შორის, რომ ბ. მგელაძეს არავითარი წარმოდგენა არა აქვს ამ დარგისა, სადაც არის დანიშნული. (ნინიძე: საიდან იცით?!) ბ. მგელაძე მასწავლებელია და ეს დარგი კი რთული ტეხნიკური ხასიათისაა. ყოველ შემთხვევაში, ბ. ნინიძე, ჩვენი რესპუბლიკის პრაქტიკამ სინამდვილეში განახორციელა ინგლისის საპარლამენტო ანდაზა: მინისტრი მით უკეთესი მინისტრია, თუ მას არაფერი გაეგება თავისი უწყებისაო. შეიძლება ეს მინისტრებზე მართალი იყოს, მაგრამ როდესაც ადამიანს აბარია ასეთი ტეხნიკის ცოდნის მომთხოვი საქმე, როგორც ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაა და ამაში მას არაფერი გაეგება, იქ, რასაკვირველია, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიული მოხელე და არა საქმის მცოდნე თანაშემწე მინისტრისა. ეს ბიუროკრატი თხოულობს, რომ... (მ. ტოროშელიძისა: იმუშაოს და ქუჩაში არ იაროს!) ქ. ტოროშელიძეს სასაცილოდ მიაჩნია ის, რომ შეუწყნარებელია, როდესაც ეს ბიუროკრატი მოითხოვს მისგან უსამართლოდ დასჯილმა მოხელემ თხოვნით იმასვე უნდა მიმართოს. ეს ბიუროკრატი მოითხოვს, რომ მოხელემ არ მიმართოს თავისი უფლებების დაცვისათვის თავის პროფესიონალურს ორგანიზაციას. ეს არის ნამდვილი ბიუროკრატიზმი, რაც დაუშვებელია დემოკრატიულს რესპუბლიკაში და ეს არ იცის ქალბატონმა ტოროშელიძემ. (მ. ტოროშელიძე: ძალიან კარგად ვიცი!) თუ იცით, რაღა გალაპარაკებთ! დღეს ფაქტებით არ მოგაწყენთ, ჩვენ გვექნება საშუალება გამოვაქვეყნოთ ეს ფაქტები. (ნ. რამიშვილი: უცდით ჩვენ!) ბ. მინისტრო, ეს, სხვათა შორის, თქვენზედ არის დამოკიდებული. მალე შემოიტანეთ შტატები განსახილველად და მაშინ დაინახავთ... (ნ. რამიშვილი: ჩვენ უცდით, ბატონო!) ბიუროკრატია თხოულობს, რომ როდესაც მე დაგსჯი, შენ არ უნდა მიმართო საპროფესიო ორგანიზაციას და კოლექტიური თხოვნები არ უნდა შემოიტანოთ, არამედ მე უნდა მომმართო თხოვნითაო. ეს არის ბიუროკრატიული პრინციპი. ერთ-ერთ ასეთს თხოვნაზე კავშირის გამგეობისა, ერთ-ერთ შუამდგომლობაზედ პროფესიონალურ კავშირისა, ბ. მგელაძემ ასეთი რეზოლიუცია დააწერა: თითონ მოხელემ მომართვას თხოვნაო. აი, პირწავარდნილი ძველი რეჟიმი... (ხმა: ნამდვილი მგელაძე ყოფილა!) ნიკოლოზის დროსაც შეუძლებლად მიაჩნდათ კოლექტივური მიმართვა და ეს აჯანყებად, „ბუნტად“ ითვლებოდა. აი, თქვენი დემოკრატიული რესპუბლიკის დემოკრატიული წესი. და როდესაც მოსამსახურენი თქვენთან მოდიან სამართლისთვის, თავს იმართლებენ, თქვენ, ბ. მინისტრებო, ეუბნებით: რესპუბლიკის საზღვრებს გადაგაცილებთო. როდესაც სათხოვნელად მოვიდნენ თქვენმა ამხანაგმა და თქვენ ეს უთხარით მათ, რომ რესპუბლიკის საზღვრებიდან გადაგასახლებთო. ეს დაუშვებელია დემოკრატიულს რესპუბლიკაში.
შემდეგ, მოხელენი თხოულობენ რეკომენდაციის უფლებას. ფოსტის მოხელეები თხოულობენ, მიეცეთ მათ საშუალება, რომ მათ სთქვან თავისი აზრი, ვარგა ესა თუ ის ადამიანი თუ არა ამ სამსახურზე. ამის უფლებასაც არ აძლევს ბატონი მგელაძე, მაშინ, როდესაც ბ. ხომერიკის უწყებაში რკინის გზის მოსამსახურეებს არა თუ რეკომენდაციის უფლება აქვთ, ისინი პირდაპირ ნიშნავენ იმას, ვინც უნდათ და არც კავშირის დაუკითხავად შეგიძლიათ ვისიმე სამსახურიდან დათხოვნა.
აი, მაგალითად დეკემბრის 21-ს №31453 და 31454 რკინის გზისაგან ასეთი შეკითხვა მოსდის ფოსტა-ტელეგრაფის კავშირის გამგეობას: „მოგვეცით ცნობები ყოფილ ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურე კოპალეიშვილი და მეხიძის ყოფა-ქცევის შესახებ, რომელნიც თხოულობენ რკინის გზაში სამსახურსო“! და ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეებს კი ეს უფლება არ ეძლევათ, და როდესაც ისინი იმასვე მოითხოვენ, თქვენ ეუბნებით: „ბოლშევიკები ხართო!“ თქვენ სახელმწიფო ნიადაგზედ არა დგეხართო და საქმე იქამდის მიდის, რომ მტკიცებას დამიწყებენ, რომ სახელმწიფოებრივობას ებრძვითო; ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ვიცავთ და თქვენ კი ამას ხელს უშლითო. აი, როგორ ესმის „სახელმწიფო ნიადაგი“ ბატონ მგელაძეს. თითონ მგელაძემ შინაგან-საქმეთა მინისტრს განუცხადა: ვინც ასე არ აზროვნებს, როგორც თითონ სამინისტრო, მას სამსახურში ადგილი არ უნდა ჰქონდესო: «иного мыслящихъ на службђ терпђтъ нельзя». ამაზე ბ. მინისტრმა რამიშვილმა შენიშვნა მისცა, ეს მიუღებელია, ჩემს სამინისტროში ყველა მიმართულებისანი არიან, განურჩევლად იმისა, თუ ვინ რა პარტიას ეკუთვნისო. ბატონი მინისტრი ხომ არ ეთანხმება ამ პოზიციას მისი მოხელისას, მაგრამ ბ. მგელაძე დღესაც ამ ნიადაგზე სდგას, სდევნის ამ «иного мыслящихъ» და იგი მაინც თავის ადგილზეა.
ამერიკაში უკანასკნელს დროებამდე ასე იყო, რომ, როდესაც რომელიმე პარტია გაიმარჯვებს სახელმწიფო და საზოგადო სამსახურის ადგილებს „ნადავლს“ უწოდებენ და ამ ადგილებს „თავისიანებში“ ანაწილებდნენ. ბ. მგელაძეც ამ ნიადაგზედ სდგას. რადგან სოციალ-დემოკრატიაა დღეს გამარჯვებული, ბ. მგელაძეს მთელი სახელმწიფო ნადავლი ჰგონია და მხოლოდ მას და მის თანამოაზრე პირებს შეუძლიათ სამსახური. განა შესაძლებელია, რომ ასეთი ადამიანი, ასეთი პიროვნება, ასეთი ჩამორჩენილი და შეუგნებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებისა, ასეთი ბიუროკრატი უდგეს სათავეში დემოკრატიულ რესპუბლიკაში მთელ უწყებას?! აი, ასეთი პირობებია და როდესაც ასეთ პიროვნებებს თქვენ ნდობას უცხადებთ, ბ. მინისტრო, ისინი თქვენ გარცხვენენ. მე მთელი რიგი მაქვს ჩამოწერილი საბრალმდებლო პუნქტებისა მგელაძის წინააღმდეგ და მე მექნება შემთხვევა ეს ყოველივე მოგახსენოთ და დოკუმენტებსაც აქედან მოგართმევთ სხვა დროს.
ეხლა კი ერთი განმარტება ბ. მინისტრის სიტყვის შესახებ. ეს პირადათ ჩვენ არ შეგვეხება, მაგრამ დამახასიათებელია. ბ. მინისტრი აქ უსაყვედურებდა სოციალ-რევოლიუციონერებს რაღაც ნავთის კომბინაციას. ბატონებო, თუ იმ ადამიანს, რომელსაც თქვენ აყვედრით, შეიძლება რაღაც კომბინაციებში ბრალი დასდოთ, მე გეკითხებით: რატომ არის ის პირი დღეს აფხაზეთში მინისტრად? აფხაზეთის ეროვნულს საბჭოშიაც ხომ თქვენს ფრაქციას აქვს უმრავლესობა და განა თქვენ არ მიიწვიეთ იგი? რაღაც კომბინაციებზე ბრძანებთ და მიუხედავად ამ კომბინაციისა, ის თქვენი კანდიდატი იყო იმ პოსტზე, სადაც იგი დღეს არის. თქვენ არ მიეცით მას ხელში ეს კუთხე? მეორეც მისი ამხანაგი, საბაშვილი, ისიც მგონია იქ გახლავთ და რა უფლება გაქვთ თქვენ უსაყვედუროთ იმ პირთ? (ხმაურობა) გამაგონეთ ხოლმე თქვენი რეპლიკა, თუ პასუხი გსურთ მიიღოთ!! ისინი თქვენ საპასუხისმგებლო ადგილებზედ დააყენეთ აფხაზეთში, სადაც ისინი, თქვენივე სიტყვით, რესპუბლიკის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევიან და თქვენვე მას „კომბინაციებს“ აყვედრით. რაკი მათ ნდობა გამოუცხადეთ, დღეს უკვე უფლება არა გაქვთ მათ რაიმე სამარცხვინო საქმე დააყვედროთ. (მაჭავარიანი: მართალია!) ჯერ-ჯერობით დამტკიცებულია, რომ შ. ს. სამინისტროს და სხვა სამინისტროებსაც არა აქვთ სისტემა და გეგმა მოქმედებისა და თუ არის, ყოვლად მიუღებელი დემოკრატიული თვალსაზრისით, დაუშვებელი დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საერთოდ, სხვა სამინისტროების შესახებ ჩვენ კიდევ გვექნება ლაპარაკი. იქაც ასეთივე სისტემა არის, განსაკუთრებით მიუღებელი დემოკრატიულ რესპუბლიკისათვის, როგორც ეს აშკარად გამოირკვა ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეების შესახებ. მაშასადამე, ჩემი დებულებები ასეთია: სანამ ეს არ მოისპობა, სანამ არ მოისპობა თავდაღმა დაკიდება და გაროზგვა გლეხებისა, როგორც წყალტუბოში, სანამ ასეთი სისტემა იქნება, სანამ მოვალეობას არ შეიგნებენ და პასუხისმგებლობა არ იქნება შეგნებული არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი, მანამდის ანარქიაც არ მოისპობა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ შინაგან-საქმეთა მინისტრს.
შინაგან-საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ჩვენ სამინისტროს გარშემო გაიმართა პარტიული ბრძოლა. მე ვამბობ პარტიულ ბრძოლას, იმიტომ, რომ ის საბუთები, რომელიც აქ მოიყვანეს ჩვენს სამინისტროს მოქმედების დასახასიათებლათ, ყველა ეს საბუთები ამოკრეფილი არის იმ სალაროდან, რომელსაც ვიწრო პარტიული ელფერი აზის და რომ ეს ასე არის, მე ამის დამტკიცებას შეუდგები. (შალვა ნუცუბიძე: რაღაცას ლაპარაკობს!) თქვენ ნუ აღელდებით, ბ. დეპუტატო, თუ ჩაწერილი ხართ, შეგიძლიანთ ილაპარაკოთ. აი, პირველი. აქ ნათქვამი იყო, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო არის გადასახლების და დაპატიმრების სამინისტროო (შენგელაია: დიახ, წამებისა კიდევ! შ. ნუცუბიძე: თავდაღმა დაკიდებისა და გაროზგვისა!) მომითმინეთ და მოგახსენებთ. პირველი კითხვა, რომელიც ჩვენს წინაშე დაისმის, ბ. ნუცუბიძე, არის შემდეგი: ვმოქმედობთ თუ არა ჩვენ თანახმად არსებული კანონისა, და მე გადაჭრით უნდა განვაცხადო, რომ ჩვენს მოქმედებაში არსებულ კანონებისათვის ჩვენ ერთხელაც არ გადაგვიხვევია (შ. ნუცუბიძე: კერენსკის კანონის თანახმად?) ჯერ ვმოქმედობდით კერენსკის კანონის თანახმად და მერმე თქვენ ალბათ იცით, რომ ნოემბერში იყო შემუშავებული კანონი. აი, ერთი მუხლი ანარქიის საწინააღმდეგოთ მიმართულ დროებით დეკრეტისა: „დროებით ანარქიასთან საბრძოლველათ მიეცეს შინაგან-საქმეთა მინისტრს უფლება - გააძევოს საქართველოს საზღვრებიდან, ან აუკრძალოს განსაზღვრულ ადგილებში ცხოვრება, ან დააპატიმროს ყოველი პირი, რომელიც თავისი მოქმედებით ზიანს მიაყენებს საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს, ან ცდილობს მის მთლიანობის დარღვევას, ან სიტყვით თუ წერილობით ეწევა აგიტაციას რესპუბლიკის წინააღმდეგ“.
მე ვამბობ, რომ ჩვენ ვმოქმედობდით არსებულ კანონების თანახმად, მაგრამ შეიძლება ჩვენ კანონები დავგმეთ, როგორც აქ ლაპარაკობდნენ, გადუხვიეთ იმ კანონებს, რომლითაც ხელმღვანელობს ყოველი რევოლიუცია. მე ერთხელ მქონდა საშუალება მომეყვანა თქვენს წინაშე ის დეკრეტები, რომელიც კონვენტმა მიიღო, დღეს ამას გავიმეორებ, რადგანაც ესერების ფრაქცია გულმავიწყი არის. (ვის წინააღმდეგ იყო ეს დეკრეტი მიღებული? - ლ. შენგელაია) სწორედ იმათ წინააღმდეგ, ვინც თქვენსავით ანარქიას უწყობდა ხელს.
1793 წ. კონვენტმა გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმად რევოლიუციონურ ტრიბუნალს მიენიჭა უფლება ძველი რეჟიმის ყველა მომხრეთა გადასახლების, მათი ქონების კონფისკაციის, ყველა საეჭვო პირთა დაპატიმრებისა (გვაზავა: ძალიან ძველია!)
იმავე 1793 წ. კონვენტმა გამოსცა დეკრეტი მოქალაქეთა საერთო გაჩხრეკის შესახებ; კონვენტმა იმავე წელს დადგინა, რომ ზემოხსენებული დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ ყველა საეჭვო პირები, რომელნიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან და თავისულებით სარგებლობენ, დაპატიმრებულ იქმნენ. ამ დეკრეტის მეათე მუხლი მთავრობას ნებას აძლევდა საპატიმროში გაეჩერებინათ ყველა საეჭვო პირნი, რომელთა წინააღმდეგ შეუძლებელი იყო გარკვეული ბრალდების დაყენება.
აქ განაცხადეს, რომ ეს დიდი რევოლიუციის ხანას ეკუთვნისო. მე მოგახსენებთ პარიზის კომუნის მოღვაწეობას. (ასათიანი: ისტორიიდან ამაზე მეტი ვერაფერი ვერ ამოკრიფეთ?). ამოვკრიფეთ ყველაფერი ის, რაც ამ ჟამად საჭირო არის რევოლიუციონური წესის დამყარებისათვის. (ვეშაპელი: რით გათავდა საფრანგეთში?) ეს გათავდა რესპუბლიკის განმტკიცებით. და აი, მე მოგახსენებთ, რომ გადასახლებას და დაპატიმრებას მუდამ მიმართავდა პარიზის კომუნა 1771 წ. ვერსალის მთავრობის მომხრეთა მიმართ. ასეთი იყო რევოლიუციონური მთავრობის მოღვაწეობა. თქვენ, ბ. შენგელაია და ნუცუბიძე, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ იმისას, რომ დაპატიმრებული ყოფილიყოს ისეთი პირი, რომლის დაპატიმრებას არ მოითხოვდა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. შეიძლება თითო ოროლა შემთხვევა იყო უსამართლოდ დაპატიმრებისა, მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ ეს არ იყო სისტემა, როგორც აქ ლაპარაკობენ. შესაძლებელია დაპატიმრება მოხდა ისეთი მძარცველებისა, რომელნიც ამა თუ იმ პარტიაში ირიცხებიან და მე ვამბობ, არა მარტო ასეთი იყო პრაქტიკა რევოლიუციისა, არამედ ასეთი იყო, სხვათა შორის, დასაბუთება მე 19-ე საუკუნეში საუკეთესო რევოლიუციონერებისა; პრუდონისტებთან კამათის დროს კ. მარქსი შემდეგს სწერდა: (ნუცუბიძე: საგანზე, ბატონო!) მე მგონია, რომ ბ. ნუცუბიძე უნდა იყოს მშიშარა, რომ ნამეტანს ჩქარობს და მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ეს საგანს ეხება. თქვენ შემოიტანეთ წინადადება ბოლშევიკების განთავისუფლების შესახებ ეს მაშინ, როცა ბოლშევიკები ამზადებდენ ახალ ამბოხებას ჩვენს წინააღმდეგ, თუნდაც იმ პროვინციაში, რომელიც ჩვენი უნდა იყოს. (ლ. შენგელაია: თქვენ ყაჩაღები გაანთავისუფლეთ!) ჩვენ გავანთავისუფლეთ ისინი, ვისი განთავისუფლება დაადგინა დამფუძნებელმა კრებამ. აი, კ. მარქსი სწერდა შემდეგს: „რევოლიუცია არის აქტი, რომლითაც მცხოვრებთა ნაწილი თავის ნებას ახვევს თავზე მეორე ნაწილს, თოფების, ხიშტების და ზარბაზნების შემწეობით... (ხმაურობაა. შალვა ნუცუბიძე: ღელავს).
თავმჯდომარე. მე ძალიან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არავითარი დონე და ძალა არა მაქვს ნუცუბიძეზე რაიმე გავლენა მოვახდინო, თუ კიდევ განაგრძეთ ბ. ნუცუბიძევ ასეთი ყოფა-ქცევა, მე იძულებული ვიქნები გაგაძევოთ სხდომიდან (ილ. ნუცუბიძეც ღელავს და რეპლიკებს იძლევა, ხმაურობაა, რეპლიკა არ ისმის). გთხოვთ, დაწყნარდეთ ბ. ნუცუბიძე ილია, ნუ ჩამაყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ რეპრესიულ ზომებს მივმართო; კეთილ ინებეთ და მოუსმინეთ ბ. მინისტრის სიტყვას.
ნ. რამიშვილი. (განაგრძობს) გამარჯვებული პარტია იძულებული ხდება - სწერს მარქსი - განამტკიცოს თავისი ბატონობა იმ შიშის შემწეობით, რომელსაც იწვევს იარაღი რეაქციონერთა ბანაკში. პარიზის კომუნა, რომ შეიარაღებული ხალხის ავტორიტეტზე არ ყოფილიყო დამყარებული ბურჟუაზიის წინააღმდეგ, განა ის ერთ დღეზე მეტს იცოცხლებდა? განა პირიქით, ის უნდა უსაყვედუროთ ჩვენ კომუნას, რომ მან ძალიან ნაკლებად გამოიყენა ეს ავტორიტეტი? მაშასადამე, ანტიავტორისტებმა (ე. ი. პრუდონისტებმა) ან თითონ არ იციან რას ამბობენ - ამ შემთხვევაში აზრთა არევ-დარევას უწყობენ ხელს - ან იციან ეს და ამ შემთხვევაში ისინი ღალატობენ პროლეტარიატის საქმეს. ორივე შემთხვევაში ისინი რეაქციის საკეთილდღეოთ საქმობენ“. სწორედ ისე, როგორც სოც.-რევოლიუციონერთა და აგრეთვე სხვა პარტიები და ეს მაშინ, როცა რამოდენიმე მოწოდება უკვე გამოვიდა და გამოსვლები მზადდება ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი პოლიტიკის წინააღმდეგ იმ პროვინციაში, რომელიც ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს. (შენგელაია: თქვენი პოლიტიკის წყალობით!) იმ ყაჩაღების წყალობით, რომელთაც მუდამ თქვენ იცავთ, აგრეთვე იმ ბოლშევიკების წყალობით, რომელთა განთავისუფლებას აქ თქვენ ითხოვდით, მზადდება იმ ფულით, რომელსაც გზავნის საბჭოთა მთავრობა. და აი, ასეთ დროს თქვენ მოითხოვთ იმ სისტემის შეცვლას, რომელიც დაკანონებულია ჩვენს რესპუბლიკაში რევოლიუციის მთელი ისტორიით. როდესაც თქვენ ამას მოითხოვთ, თქვენ აკეთებთ რეაქციის საქმეს, უწყობთ ხელს იმ შავბნელ ელემენტებს, რომელნიც არიან განაპირა კუთხეებში, მაგ. აფხაზეთში. მართალია, ბ. შენგელაია, თქვენ შეეცადეთ გაგებათილებინათ ჩემი განცხადება, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ამხანაგები შეუთანხმდენ იმ დამოუკიდებელთ, რომელნიც იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ (შენგელაია: უბირია, ვინ არის?) ის კომისარია, სხვათა შორის, სოც.-დემოკრატიის პარტიის წევრია, ხოლო თქვენი ამხანაგები შეუკავშირდენ კონტრ-რევოლიუციონერებს, ჩვენი რესპუბლიკის მოწინააღმდეგეთ, იმ მიზნით, რომ მოახდინოთ აქ გადატრიალება. (შენგელაია: ტუმარკინი?) ის ჩვენ გავაძევეთ და მე არც ის გამიკვირდება, რომ კიდევ დაგვჭირდეს ზოგიერთის გაძევება, მაგრამ თქვენ რომ ვერც ავანტიურისტს თავიდან ვერ მოიშორებთ, როდესაც გამოაშკარავდება მათი ავანტიურა, ეს ცხადია.
ამას მოითხოვდა და მოითხოვს ჩვენი ინტერესები დღეს. თქვენ გამოდიხართ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დაკანონებულია რევოლიუციით და რასაც გვიკარნახებს ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები. მე არ ვლაპარაკობ თითო-ოროლა პირზე. ადვილად შესაძლებელია დაპატიმრებული იყოს ისეთი პირი, რომელიც არ არის დამნაშავე, მე წინდაწინ უნდა განვაცხადო, რომ შეუძლებელია ასეთი შეცდომებისაგან უზრუნველყოფილი ვიყოთ, არც სასამართლო არის ასეთ შემთხვევისათვის უზრუნველყოფილი, ხომ იცით, რომ ხდება ისეთი შემთხვევები, რომ ხანდისხან უდანაშაულო პირიც კი დაისჯება. ჩვენი სისტემა იყო შემდეგი: არა უბრალო მოქალაქე, რომელმაც რაიმე უბრალო სიტყვა წამოიძახა რესპუბლიკის, ან მთავრობის წინააღმდეგ, არამედ, რომელთაც მართლაც ჰქონდათ საშუალება ჩვენი რესპუბლიკისათვის დიდი ზიანი მოეტანათ, აი ამათ წინააღმდეგ არის ეს სისტემა მიმართული და სწორედ ამ გარდამავალ ხანაში, როდესაც სწყდება ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი, სამუსლიმანო საქართველოს ბედი, ამ შემთხვევაში გამოსვლა იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც შექმნილი არის არა შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ, არის გამოსვლა არა სამინისტროს წინააღმდეგ, არამედ მთელი დემოკრატიული რესპუბლიკის და რევოლიუციონური დემოკრატიის წინააღმდეგ. აქ ლაპარაკობენ ადმინისტრაციის შესახებ. მე უნდა მოგახსენოთ, რომ თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო ადმინისტრაციის საქმე მკვიდრ ნიადაგზე დაგვეყენებინა. ეს შეიძლებოდა არა მაშინ, როცა სავსებით ცენტრი განაგებდა ამ საქმეს, არამედ მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია იქნებოდა ადგილობრივ თვითმმართველობათა ხელში. ეს ჩვენ შევასრულეთ და სწორედ მის შემდეგ, რაც ადმინისტრაცია გადაეცა ადგილობრივ თვითმართველობებს, მე კატეგორიულად უნდა განვაცხადო აქ, რომ ჩვენი ადმინისტრაციის საქმე გაცილებით უკეთეს პირობებში არის ჩაყენებული. მის გაჯანსაღებას დიდი ნაბიჯი ატყვია. მე არ მინდა განვაცხადო, ამის თქმა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ხდება რაიმე ბოროტმოქმედება, მაგრამ უმაღლესი მთავრობა, სამაზრო ერობები და აგრეთვე ქალაქის თვითმართველობანი ყოველგვარ ამ ბოროტმოქმედებას სდევნიან, ეს ეჭვს გარეშეა.
არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თუ მოხელემ თავის უფლებას გადაამეტა, ამისთვის ანგარიში არ გაგვეწია და იმავ დღესვე ზომები არ მიგვეღო. მაგრამ აქ მეტი სთქვეს: აქ განაცხადეს, რომ ადმინისტრაცია ყაჩაღებთან არის დამეგობრებულიო, აქ მოიყვანეს ზუგდიდის სამაზრო ერობის ყრილობა, სადაც თითქოს ვიღაცას განუცხადებია, რომ ადმინისტრაცია ყაჩაღებთან მოღვაწეობს კონტაქტშიო. (შენგელაია: ეს ხმოსანმა განმიცხადა!) თუ ეს ასე იყო, თუ თქვენ ასეთი პასუხი მიიღეთ, თუ თქვენმა პარტიის წევრმა ასეთი პასუხი მიიღო, თქვენ დაუყონებლივ მოვალენი იყავით ან შეკითხვა შემოგეტანათ, ან დაუყონებლივ სამინისტროსათვის გეცნობებინათ, ეს რადგანაც თქვენ არ მოიმოქმედეთ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენი განცხადება მართალი არ არის, სწორედ ისე, როგორც მრავალი სხვა თქვენი განცხადებანი. (შენგელაია: თქვენ თითონ იცით!) თქვენ ლაპარაკობთ უსაბუთოდ, მე კი მაქვს საბუთები. აი რანაირად სდევნის ჩვენი ადმინისტრაცია ყაჩაღებს: წარმოიდგინეთ, აი დუშეთის მაზრაში, რომელიც წინადაც ცნობილი იყო ყაჩაღებით, 1920 წლის განმავლობაში შეუპყრიათ 65 კაცი, მათ შორის ცნობილი ყაჩაღი მელაძე და სოლუაშვილი, რომლებიც მატარებელს დახვდნენ. გასული წლის დეკემბერში და ამა წლის იანვარში დევნის დროს მოკლულ იქნა 10 ყაჩაღი. 28 თებერვალს შეპყრობილ იქმნენ მატარებლებზე თავდამსხმელნი მელაძის ამხანაგები არსენ ასლანაშვილი და ნონე გაბარაშვილი.
უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მაზრა ძველი მთავრობის დროსაც განთქმული იყო ყაჩაღობით და სხვა და სხვა განსაკუთრებულ ზომებს იღებდენ ამ ყაჩაღების წინააღმდეგ (შენგელაია: ესეც ესერების ბრალია?) ეს ესერების ბრალი არ არის, არის იმ ანარქიის ბრალი, სხვათა შორის, რომელსაც ჩვენში აწყობს სხვა და სხვა ბნელი და უპასუხისმგებლო ელემენტები და რომელსაც ესერები მუდამ მხარს უჭერენ.
აი, მეორე მაზრა, გორის მაზრა. 1919 წ. შეიპყრეს 54 ყაჩაღი. აი, მიწის ძვრის დროს გორში 15 კაცი იყო და არც ერთი არ გაქცეულა.
აი, ის ზუგდიდის მაზრა, სადაც დღემდე ესერები ბატონობენ, იქ შეუპყრიათ 60 კაცამდე გასულსა და მიმდინარე წელში. ამათში 13 ცნობილი ყაჩაღი, ზოგიერთი იმათგანი არის ისეთი, რომელიც იმალებოდა 4, 5 და 10 წელიწადს. (ასათიანი: - როგორია პარტიული შემადგენლობა ამ ყაჩაღებისა?) პარტიული შემადგენლობა თქვენ მოიკითხეთ, მე თქვენ გეკითხებით: მართლაც შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ენერგიული მოღვაწეობა ადმინისტრაციისა, თუ ის რამოდენიმეთ მაინც დაკავშირებული იქნებოდა ყაჩაღებთან. აქ განაცხადეს, რომ ერთ სოფელში, ლიაში, მილიცია ქეიფობდა ყაჩაღებთანო. ჩვენ ეს არ გაგვიგია, მაგრამ შეუძლებელად არ მიგვაჩნია და ამას ყურადღებას მივაქცევთ. შეიძლება მართლაც მოხდა ეს, მაგრამ ეს სისტემა არ არის, სრულიად უმნიშვნელო გამონაკლისია. ძველი წყობილების დროს უფრო იყო აკლებული ყაჩაღებით ზუგდიდის მაზრა, ვიდრე დღეს. სენაკის მაზრაში 60 ყაჩაღი დაუჭერიათ, აქ მათი სახელი და გვარი სწერია. 37 კაცი ქუთაისის მაზრაში და სხვა და სხვა. ეს იმას მოწმობს, რომ სინამდვილეში მთავრობის მიერ მათ წინააღმდეგ სწარმოებს სასტიკი ბრძოლა, და არა იმის, რომ მათ ვინმე ეხმარება. აქედან შეგვიძლია გამოვიყვანოთ დასკვნა: იმ რეპრესიებმა, რომლის შესახებაც აქ ლაპარაკობენ, და რომელიც რევოლიუციონურმა რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო, მოუტანა არა ზიანი ჩვენ დემოკრატიას, ჩვენ რესპუბლიკას, არამედ შექმნა ისეთი პირობები, რომ მოწინავე სახელმწიფოების წარმომადგენელნი აქ იძულებული არიან განაცხადონ, რომ გასულ წელთან შედარებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ჩვენმა რესპუბლიკამ მშვიდობიანობის დამყარების მხრივ. ბატონო შენგელაია, რევოლიუციონური მოღვაწეობა იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც შეიქმნა დემოკრატიული წყობილება, იგი რეაქციის მესვეურთ საჯიჯგნელათ არ მიუგდოთ. ეს მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ამხანაგები ბატონობენ. სწორედ იმ პოლიტიკამ, რომელსაც კერენსკი და თქვენი ამხანაგები აწარმოებდენ და რომელსაც ადგილობრივი მთავრობა უარყოფს, გამოიწვია ანარქია რუსეთში, ანარქია კი საუკეთესო ნიადაგია რეაქციის და ეს მოხდება რუსეთში დღეს თუ არა, ხვალ. (შენგელაია: ორი წელიწადია ამას იძახით? არ მოხდა!) ბ. ნუცუბიძემ აქ შემდეგი ბრალდება წამოაყენა: მიაქვს სამინისტროს ანარქიასთან საბრძოლველად დიდ ძალი თანხა და კაცმა არ იცის მისი ანგარიში. მე აქ კატეგორიულად ვაცხადებ, და ამაში საბიუჯეტო კომისია და დამფუძნებელი კრებაც დარწმუნდება, რომ ანგარიშები ისეთი სისტემით და სისწორით სწარმოებს, რომ მე მოსურნე ვიქნები სხვა უწყებაშიაც ასევე სწარმოებდეს. (შენგელაია: კონტროლს ვკითხოთ!) დიახ, კონტროლიორს ვკითხოთ და ის დაადასტურებს ამას. თქვენ საერთოთ მიჩვეული ხართ, რომ ზეპირად წამოისროლოთ ბრალდება, მაშინ კი იძულებული იქნებოდით ბრალდება უკან წაგეღოთ.
ეხლა იმის შესახებ, რაც აქ სოც.-ფედერალისტების წარმომადგენლებმა განაცხადა. ის ლაპარაკობს: თქვენ შექმენით ისეთი მდგომარეობა, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეებს წაართვით სხვა და სხვა უფლებები და ჩააყენეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ არ შეუძლიანთ თავის მოვალეობის შესრულება. არასოდეს ეს მოსამსახურენი არ თხოულობენ მოხელეთა გადაყენების და მიღება-დათხოვნის უფლებასაო. ეხლა წავიკითხოთ „ფოსტა-ტელეგრაფის ხმა“. აი, იქ რა სწერია (კითხულობს). „ამ მხრივ მეორე ყრილობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მან კიდევაც უნდა გაამართლოს იმედები, უპირველესი მისი მოვალეობაა: მოსპოს კავშირში პარტიული კინკლაობა, დაუდვას კავშირს საფუძვლათ წესდება ისეთი, რომლის საშუალებით აღდგენილი იქნება მისი უფლებები, ე. ი. მუშა-მოსამსახურეთა მიღება, დათხოვნა-გადაყვანა, გადმოყვანა, აღმატება თუ დამცირება უმთავრესად უნდა ეკითხებოდეს კავშირს. რასაკვირველია ამაში მიიღებს მონაწილეობას სამმართველოს ადმინისტრაცია იმდენათ, რამდენათაც ეს სამსახურის წესიერათ დაყენებისათვის საჭიროა. ამ მიზნით უნდა დაიდოს ადმინისტრაციასთან კოლექტიური ხელშეკრულება, სადაც მტკიცეთ უნდა იყოს განსაზღვრული ადმინისტრაციის და ორგანიზაციის უფლებები, ყრილობამ კავშირს უნდა მიანიჭოს უფლება ადმინისტრაციის კონტროლისა, ამასვე უნდა ჰქონდეს უფლება მოსთხოვოს ადმინისტრაციას უვარგის ადმინისტრატორთა გადაყენება“. (ნინიძე: თავისი რესპუბლიკა ჰქონიათ! ს. დადიანი - სწორედ ასე უნდა იყოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში! გვაზავა: შეცდომაა!) როგორც უნდა იყოს ეს, ამაზე მაშინ ვილაპარაკებთ, როცა დადიანი გამოვა და შეეხება ამ საკითხს (ხმა - რკინის გზა?) პირიქით, როგორც რკინის გზის, - ისე საერთოდ პროფესიონალურმა კავშირმა დაადგინა, არ ერეოდენ ადმინისტრაციის საქმეში (ს. დადიანი - არც ადმინისტრაცია უნდა ერეოდეს პროფესიონალურ საქმეებში!) დიახ, ამას უშლით ადმინისტრაციას, ის, რასაკვირველია, არ უნდა ერეოდეს პროფესიონალური კავშირების საქმეებში. (ვეშაპელი: კონდუქტორის მიღება შეუძლიან რკინის გზის მინისტრს?) საქმე შემდეგშია: (შენგელაია: მაღლაკელიძე?) მაღლაკელიძე პასუხის გებაში არის მიცემული. ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. (შენგელაია: ქუთაისის გუბერნიის კომისარი?) ქუთაისის გუბერნიის კომისარმა წარმოადგინა ყველა ანგარიშები, გარდა ერთი უმნიშვნელო ნაწილისა. აქ სთქვეს, რომ რამიშვილმა შესცვალა სამხედრო ფორმა და ხარჯი გასწიაო, თუმც ეს ამ სამინისტროს არ ეხება, მაგრამ თქვენ სთქვით და მე უნდა შევეხო. ამ სამხედრო ფორმის მიღება, ეს კომისიამ იცის, მიღებული იყო. აუცილებელი გახდა ცოტაოდენი ცვლილების შეტანა და ეს ცოტაოდენი ცვლილება მიღებულ იქნა სამხედრო კომისიის მიერ, და ვინაიდან მეტის მეტად დაგვიანდა და აქ დათარეშობდა უცხო სახელმწიფოთა სამხედრო პირები უცხო ფორმებში, მაშინ აუცილებლად საჭიროდ დავინახეთ, რომ შემოღებული ყოფილიყო დამატებითი ცვლილება (შენგელაია: ბრძანება გაეცით?) ბრძანება გავეცი და ამაში ვაგებ პასუხს (შენგელაია: ამით დაარღვიეთ კანონი!) და ამ ბრძანების შედეგი იყო, რომ მართლაც მიეცათ ამ ოფიცრებს რამოდენიმე მილიონი მანეთი, მაგრამ ავანსის სახით, რომელიც შემდეგ გამოქვითული იქნება მათგან, თუ დამფუძნებელი კრება ამას არ მიიღებს. ეს მოხდა მაშინ, როცა ახალი მინისტრი ჩადგა, მაგრამ პასუხს მე ვაგებ.
დაუბრუნდეთ ფოსტა-ტელეგრაფის უწყებას, რომლის წინააღმდეგ აქ სასტიკად გაილაშქრეს. თანახმად პროფესიონალურ კავშირების დადგენილებისა, პროფესიონალური კავშირი არ უნდა ერეოდეს ადმინისტრაციის საქმეში, ხოლო ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა კავშირი, სწორედ წინააღმდეგს იზიარებს. ჩვენ მათ უთხარით: თუ თქვენ გსურთ პროფესიონალ კავშირების ინტერესის დაცვა, აი დიდი სასახლე (მუშათა სასახლე), მიბრძანდით და შეუერთდით მათ. პროფესიონალურ კავშირის დადგენილება ისეთია, რომ ისინი არ ერევიან ადმინისტრაციის საქმეში და ამ კავშირის დადგენილება წინააღმდეგი არის და ის ერევა ადმინისტრაციის საქმეში (ს. დადიანი: აშკარა უსამართლობას აწესებთ!) ისინი ეთიშებიან შეკავშირებულ პროფესიონალურ ოჯახს. ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ. მთავრობას, სამინისტროს არ სურს დაადგეს ბოლშევიკურ გზას, როდესაც საბჭოთა მთავრობამ ეგრეთწოდებული მუშათა კონტროლი შემოიღო, შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ცალ-ცალკე წარმოების დარგები იმავე დარგის მუშებს გადაეცა. ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე დარგი გადავსცეთ მუშებს, ეს იქნება მთელი დემოკრატიული წყობილების თავდაყირა დაყენება და მთავრობა და დამფუძნებელი კრება არავის არ მისცემს ნებას, რომ ეს დარგი ისე გადააქციოს, რომ იქ დემოკრატიას არ ჰქონდეს გავლენა (გვაზავა და კედია: მართალია!)
აქ ლაპარაკობენ, რომ ამ უწყებაში გამეფებულია ბიუროკრატიზმი და სწორედ ამიტომ არაფერი კეთდებაო. მე ეს ვერ დავინახე. აქ სთქვეს, რომ ადმინისტრაციის უფროსი არავის არ აძლევს ნებას კოლექტიური პეტიციით წარდგომისას. თუ ეს მართალი არის, მე დაუყოვნებლივ გავსცემ ბრძანებას, რომ ეს მოსპობილ იქნეს. ეს უკანონობათ მიგვაჩნია და ეს, რასაკვირველია, მოსპობილ იქნება. მაგრამ გადმომცეს, რომ არ ეძლევათ უფლება გამოვიდენ განცხადებით ისეთ რამეზე, რაც სწორედ ამ დარგის მუშა მოსამსახურეებს არ ეხებათ, ესე იგი, რომ წარმოვიდგინოთ, საქმე ეხება ქუთაისის მოხელეებს და მოვიდნენ ტფილისის, ან სხვა რომელიმე დარგის მუშები და ჩაერიონ იმ დარგის საქმეებში, რომელთანაც საქმე არა აქვთ; ეს არის ახალი სახის პროტექცია, ეს მე სრულიად მიუღებლად მიმაჩნია.
აი, რამდენად არეულ-დარეულია აქ საქმე, აი სტატისტიკური ცნობები. გასული წლის იანვარში გადაუგზავნიათ უბრალო წერილები, ბანდეროლები და ჟურნალ-გაზეთები 527.382, ხოლო დეკემბერში 1.678.672; ფულიანი ბარათები იანვარში 8.774, დეკემბერში კი 20.778; შემოსავალი უდრიდა იანვარში 468.813 მან., ხოლო დეკემბერში 2,036,270 მანეთს (დადიანი: ბარაქალა იმ მოსამსახურეთ, რომლებმაც ასეთი რეჟიმის დროს ამდენის გაკეთება შესძლეს!) ჯერ თქვენ არ დაგიმტკიცებიათ რა რეჟიმი არის ეს რეჟიმი. (დადიანი: ჩვენ ეს გითხარით!) თქვენგან ჩვენ ის გავიგეთ, რომ ეს კავშირი არ სდგას მუშათა კავშირების ნიადაგზე. აი, რამდენი ფოსტა-ტელეგრაფია: სულ არსებობდა ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 83 განყოფილება, ჩვენ გავხსენით 51, ახლო მომავალში გაიხსნება კიდევ თხუთმეტი. სიგრძე ტელეგრაფის ხაზისა არსებობდა 1996, ახლა გახსნილია 481, თქვენ იცით, რომ ჩვენში ტელეფონი სრულიად არ არსებობდა გარდა ქ. ქ. ქუთაისისა და ტფილისისა. ეხლა კი საერთო ხაზი უდრის - 1163 ვერსს, თქვენი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, აი ასე არეულ-დარეულია საქმე ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში. (დადიანი: უფლებები, ბ. მინისტრო!) გარდა უფლებებისა, ბ-ნო დადიანო, არსებობს მოვალეობანი (ნ. ნიკოლაძე: გახსოვდეთ ეს!) ისინი ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც მათ დაკისრებული ჰქონდათ, თქვენ კი ლაპარაკობთ, რომ უწყებამ ჩაჰკლა მათი თვითმოქმედებაო. და თუ ეს მართალია, ბრძანეთ, როგორ გაკეთდება ამდენი საქმე? გაკეთებულია თითქმის იმდენი, რაც გაკეთდა ძველი მთავრობის დროს 120 წლის განმავლობაში.
ეხლა უფლებებზე. მე ერთხელ კიდევ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ ვერ მოვითმენთ, რომ მოსამსახურენი ადმინისტრაციის საქმეებში ჩაერიონ დანარჩენზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მათი მოთხოვნილება, რომელსაც ჰქონდა სერიოზული საბუთი, არ დაგვეკმაყოფილებინოს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და რომ ისინი ერევიან ადმინისტრატიულ საქმეებში, აი მე მაქვს რამდენიმე მაგალითი ამის დასამტკიცებელი (კითხულობს დეპეშებს). აი მაგ., ზუგდიდში როგორ დეპეშას გზავნის კავშირის გამგეობა: ზუგდიდი. ფოსტის ათისთავს. შეეკითხეთ მოხელე წულაიას - სურს თუ არა იქნეს დანიშნული განყოფილების უფროსად ლიხაურში. შედეგი მაცნობეთ. (ს. კედია: რევოლიუციონურ ნიადაგზე სდგას?) ეს რევოლიუციონური ნიადაგი არ გახლავთ. რევოლიუციონურმა ორგანიზაციებმა ეს კაი ხანია უარყვეს. აი მეორე, ეგზავნება დ. ხობში განყოფილების უფროსს: მაცნობეთ, სურს თუ არა მოხელე დიფანავას იქნეს დანიშნული განყოფილების უფროსად ლიხაურში, და სხვა ასეთები. ეს ჩვენ სრულიად შეუძლებლად მიგვაჩნია. თქვენ, ბ-ნო დადიანო, ბრძანებდით, რომ ამ კავშირს არ სურს ადმინისტრაციის დანიშვნის საქმეში ჩარევაო, იქ კი სწორედ ადმინისტრაციის დანიშვნას ითხოვენ, ეს კი არსებითად რეაქციონური მოვლენაა და ჩვენ ეს მიუღებლად მიგვაჩნია. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სავსებით გარკვეულია ჩვენი მოხელეთა უფლება-მოვალეობა; ჩვენ მართლაც გადავწყვიტეთ შეგვედგინა ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეთათვის განსაკუთრებული ინსტრუქცია შრომის სამინისტროსთან შეთანხმებით, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხერხდა. შრომის სამინისტრო იმუშავებს კოლექტიურ ხელშეკრულებას და ის წარუდგენს დამფუძნებელ კრებას. მაშინ ეს სავალდებულო იქნება მთავრობისათვისაც. სოც.-ფედერალისტების წარმომადგენელს უკვირს, რომ დღემდე არ არის შემუშავებული დებულებები მილიციისა, ერობისა და სხ. ჩვენ ჯერ არც ბიუჯეტი და არც კონსტიტუცია არ განგვიხილავს, არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ ჰქონდა დამფუძნებელ კრებას, არამედ, როგორც მოგეხსენებათ ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს მოწყობა, როდესაც სხვა სახელმწიფოებში შესაფერი მაგალითიც კი არ გვქონია, დიდ და ძნელ საქმეს წარმოადგენს, ამიტომ ვერც ერთ მთავრობას ნაკლად ვერ ჩაეთვლება ეს გარემოება. ჩვენ ვიმუშავებთ მილიციის და საერობო დებულებებს და ვფიქრობთ, რომ ეს წარედგინება დამფუძნებელ კრებას შემოდგომის სესიაში. (შენგელაია: როდემდის იქნება დამფუძნებელი კრება?) იქნება მანამ, სანამ დამფუძნებელი კრება მოისურვებს. (შენგელაია: ცენტრალური კომიტეტის სურვილი?) ცენტრალური კომიტეტის სურვილი არაფერ შუაშია. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომელიც აქ განაცხადეს, რომ ბოროტ-მოქმედებები ხდება და თქვენ ყურადღებას არ აქცევთო, მე კატეგორიულად უნდა განვაცხადო, რომ სწორედ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ ბოროტ-მოქმედებებს, ეს იმით მტკიცდება, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა შევეცადეთ ადგილობრივ თვითმმართველობის ხელში გადაგვეცა ადმინისტრაცია. ის შესაფერ ზომებს იღებს და გადაჭრით უნდა განვაცხადო, რომ თუ მართლა გსურთ ფაქტების წამოყენება, ერთი რამ აუცილებლად უნდა შენიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბოროტ-მოქმედებას ყურადღება არ მიქცეოდა. იყო ზოგიერთი შემთხვევები, რომელშიაც ჯერ არ არის დამტკიცებული და მათ შესახებ გამოძიება სწარმოებს: აი თუნდაც არაქელა ოქრუაშვილის შესახებ გამოძიება სწარმოებს; ჩვენ არ ვიცით მართლა ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული, თუ არ ჩაუდენია, ამას სასამართლო გამოარკვევს, არ ვიცით ისიც, იმ მოხელემ მართლაც სცემა, თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მას პასუხი მოეთხოვება თანახმად კანონისა.
აქ ნათქვამი იყო, რომ რამოდენიმე მაზრაში გყავთ ძველი მოხელეებიო. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სადაც ისინი არიან, ყველგან ერობის მიერ არიან არჩეულნი. ალბად საერობო თვითმმართველობა დარწმუნებულია, რომ ეს ხალხი გამოსადეგია დემოკრატიული წყობილებისათვის და თუ მართლაც ამას ფიქრობს, რა უფლება აქვს სამინისტროს ეს არჩეული პირები სრულიად უმიზეზოდ გადააყენოს? (შენგელაია: ფაჩულია ვისგან არის დანიშნული?) ტფილისის ქალაქის თვითმმართველობის მიერ. (შენგელაია: კედია?) აი, სწორედ რამოდენიმე დღის წინად, გზათა დეპარტამენტის დირექტორი მეუბნებოდა, რომ როცა კედია მსახურებდა, ის ინახავდა რევოლიუციონერებსო. (ვეშაპელი: თავშენახული კაცი ყოფილა!) არ ვიცი თავშენახული იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ის არ გამოსულა ჩვენს წინააღმდეგ და რომ თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ეს მან ბევრჯერ დაგვიმტკიცა. (შენგელაია: მახარაძე?) ისიც თავის მოვალეობას ასრულებს. თქვენ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ საკმაო ხალხი არა გვყავს, არ არის ისეთი სახელმწიფო, რომელმაც არ გამოიყენოს ძველი მოხელეები, მაგრამ თქვენ პარტიაში დღესაც ირიცხება ანაკლიის ამკლები მამფორია, რომელმაც იმდენი დანაშაული ჩაიდინა, ააწიოკა მთელი დაბა, გამოიწვია ძარცვა-გლეჯა, ასეთი პირი თქვენ პასუხისმგებელ ადგილზედაც გყავთ. თქვენ ბევრჯერ მოსულხართ სამინისტროში და გითხოვიათ: არჩევნების დროს მაინც გაუშვითო. სწორედ თქვენი გამოსვლები უპირველეს ყოვლისა საარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. სამინისტრო არც ერთ დანიშვნის დროს არ ხელმძღვანელობს პარტიული თვალსაზრისით, ჩვენს სამინისტროში მე არ ვიცი არც ერთი სოციალ-დემოკრატი, გარდა პირველი მდივნისა.
არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჩვენ გაგვეცა ისეთი ბრძანება, რომელიც მოასწავებდა რაიმე ჩარევას ზუგდიდის არჩევნებში. ჩემი ამხანაგი ეუბნებოდა, რომ როცა მან გასცა ასეთი ბრძანება ზუგდიდის კომისრის მიმართ, რომ მივიღეთ ცნობა, თითქოს ადმინისტრაცია არჩევნებში ერევა და მე გიბრძანებ, ადმინისტრაციამ სასტიკად დაიცვას კანონი და კანონიერ ფარგლებს არ გადასცილდესო.
ჩვენ ერთხელაც არ ვცდილვართ, რომ ბოროტათ მოგვეხმარა ჩვენი უფლებები, მაგრამ თუ თქვენ მაინც ამბობთ, რომ ადმინისტრაცია ერეოდაო, ეს იმიტომ, რომ თქვენ იქ არჩევნებში სასტიკად დამარცხდით. თქვენ ხშირად ლაპარაკობთ, რომ 105 დეპუტატი იმიტომ არის, რომ ადმინისტრაცია იღებდა არჩევნებში მონაწილეობასო, მაგრამ ამის დასამტკიცებლად თქვენ ვერც ერთი მაგალითი ვერ მოიყვანეთ და ვერც მოიყვანთ, ხოლო თუ იქნება რაიმე გადამეტება უფლებისა, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ადმინისტრაციის წინააღმდეგ ვღებულობთ და კიდევაც მივიღებთ საჭირო ზომებს. თქვენ ილაშქრებთ ადმინისტრაციის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მას გინდათ გადააბრალოთ თქვენი დამარცხება. ეს თქვენ ვერ შესძელით ვერც წინეთ და ვერც დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგშიაც ვერ შესძლებთ მოაჩვენოთ დამფუძნებელი კრებას ადმინისტრაცია ისეთ ორგანიზაციათ, რომელიც ცდილობს კანონიერების მოსპობას და მის მაგიერად თვითნებობის გამეფებას (ტაში).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნუცუბიძეს.
შალვა ნუცუბიძე (სოც.-ფედ.) ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენი შეგნებით და საერთო შეხედულებით ის ცხოველი კამათი, რომელიც გაიმართა აქ შინაგან-საქმეთა სამინისტროს შტატების გარშემო, სრულიად ბუნებრივია და ამავე დროს, მიზანშეწონილი. და მართლაც, ჩვენ გვგონია, რომ შტატების დამტკიცებას თუ უარყოფას უნდა უძღოდეს წინ საქმიანი კრიტიკა ამ უწყების მოქმედებისა, უნდა გვქონდეს გათვალისწინებული მთელი ხაზი მისი მოღვაწეობისა. არ იქნა და არა, ჩვენ ვერ ვეღირსეთ საერთო ბიუჯეტის განხილვას, რომ ამ შემთხვევაში გამოგვეყენებია საპარლამენტო უფლებანი და მის (ბიუჯეტის) განხილვის დროს უფრო ფართოდ და ძირითადად გაგვეშუქებინა ამა თუ იმ უწყების საქმიანობა. და როდესაც დღეს ჩვენ გამოვდივართ და ცალკე უწყებათა შტატებს ვიხილავთ და მას უკავშირებთ ჩვენ საბიუჯეტო უფლებას. ამით ჩვენ, ოპოზიცია, ვქმნით საერთო საქმეს, ვაყენებთ პარლამენტის მუშაობას მის ნორმალურ, ბუნებრივ კალაპოტში, ვქმნით პარლამენტარიზმის მტკიცე და შეურყეველ ტრადიციებს. ჩვენ ოპოზიციაში გამოიხატება დიდი დადებითი მუშაობა, ამასთანავე, ბატონებო, მე იძულებული ვიქნები შემდეგში შევეხო სოციალ-დემოკრატიას, როგორც პარტიას, ვინაიდან, ჯერ ერთი, მისი წრიდან და ფრაქციიდან გამოდიან თვით მთავრობის წევრები, ის არის ზღაპრული ქარხანა, რომელიც საოცარი სისწრაფით ამზადებს სამინისტრო კანდიდატებს. ამიტომ მე იძულებული ვიქნები ჩემი კრიტიკის ცენტრი ამ პარტიის რკალში გადავიტანო და შესაძლებელია ჩემ მიერ მოქნეული ანატომიური მახვილი მოხვდეს ამ პარტიას, ვინაიდან მან იკისრა თავის-თავზე ღვთის-მშობლის ძლევა-მოსილი კალთის გადაფარება მინისტრებზე, იმ ღვთის-მშობლის, რომლის წილხვდომილ ქვეყანას საქართველო შეადგენს. (სიცილი). და მართლაც სოც.-დემოკრატიას და მის ფრაქციას თავის სამღვთო მოვალეობად მიუჩნევია ყოველი მინისტრის დაცვა.
როდესაც ირჩეოდა მიწად-მოქმედების სამინისტროს შტატები, მაშინ ამ ფრაქციამ მოგვისპო საშუალება ჩვენ, სოც.-ფედერალისტებს, ფართედ გადაგვეშალა საზოგადოების და დამფუძნებელი კრების წინაშე მთელი სურათი ამ სამინისტროს მოქმედებისა; მაშინ ჩვენ ხელთ იყო მასალა, რომელიც სავსებით ახასიათებდა ამ სამინისტროს უარყოფით მუშაობას. მაგრამ თქვენ თქვენი თითების საშუალებით მოგვიჭერით გზა და არ გამოგვატანინეთ დღის სინათლეზე საქმენი საგმირონი ამ სამინისტროსი. დღეს კი სურათი იცვლება. დღეს თქვენ აძლევთ საშუალებას ოპოზიციას გაილაშქროს შინაგან-საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. რაშია საქმე ბატონებო? ხომ არა გაქვთ თქვენ დაყოფილი სამინისტროები გრადაციებად? ხომ არ გეშინოდათ მაშინ ხომერიკის, შეიძლება არ გქონდათ იმედი, რომ იგი ღირსებით დაიცავდა თავს ძლიერი თავდასხმისაგან და ამით აიხსნება თქვენი მაშინდელი მოქმედება? (რამიშვილი ადგილიდან: ჩვენ არ გვეშინია სრულიად!) რა თქმა უნდა თქვენ არ გეშინიათ არც დემოკრატიის, არც რევოლიუციონურ სამსჯავროსი, ვინაიდან სრულიად დაკარგეთ შეგნება პასუხისმგებლობისა. ეს ჩვენც ვიცით და საზოგადოდ, ეს უშიშრობაა თქვენი, უარყოფითი მხარე, რომელიც ღუპავს სახელმწიფოებრივ მუშაობას. მე აქ უნდა განვაცხადო საყოველთაოდ, რომ ჩვენი ფრაქცია სავსებით იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც გაუკეთა სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიამ მიწათ-მოქმედების სამინისტროს მაშინ. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გამოვსულიყავით გაცილებით მეტი ფაქტებით თქვენს წინაშე, იმ ფაქტებით, რომლებიც რაიმე შემთხვევის გამო ვერ მოხვდა სოც.-რევოლიუციონერების ფრაქციას ხელში და თქვენ მოგვისპეთ საშუალება აქ კრიტიკის ცეცხლში გაგვეტარებინა ხომერიკის სამინისტრო და იბადება კითხვა: ხომ არა გყავთ თქვენ მინისტრებში საყვარელი და არასაყვარელი მინისტრი? და თუ დღეს გვეძლევა საშუალება შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოქმედების კრიტიკისა, ალბად ეს აიხსნება იმით, რომ თქვენ სრული იმედი გაქვთ, რომ რამიშვილი, როგორც უფრო მოხერხებული და გამოცდილი, შესძლებს თავის დაღწევას ამ კრიტიკისაგან და გეგონათ, რომ ხომერიკი სავსებით დაიხლართებოდა ამ ოპოზიციის კრიტიკაში.
მე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგიყენოთ და მინდა გარკვეული პასუხიც მივიღო: გრძნობთ თუ არა თქვენ თავზე მთელ პასუხისმგებლობას და გსურთ თუ არა შეასრულოთ თქვენ ის მაღალი მოვალეობა, რომელსაც გაკისრებთ დამფუძნებელი კრება მთელი ერის წინაშე? და თუ თქვენ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, თუ თქვენ გსურთ აასრულოთ მაღალი მოვალეობა ხალხის წინაშე, მაშინ თქვენ არ შეგიძლიათ მთელი სიმძიმე მუშაობისა აქ ამ დარბაზში არ გადმოიტანოთ აშკარად და დაუფარავად. მაგრამ თქვენ არ გაქვთ გათვალისწინებული თქვენი მაღალი მოვალეობა, პრინციპი პარლამენტარიზმისა და აქ, ამ დარბაზის კუთხეში, იქ, მეორე ოთახში გადაიტანეთ თქვენ მთელი სიმძიმე, პოლიტიკური მუშაობა. იქ, მეორე ოთახში არსებობს დღეს ფაქტიური პარლამენტი, იქ არსებობს დღეს ფაქტიური მენშევიკური ფრაქცია, იქ სწყდება საკითხები, ეს კი, აი, ეს დარბაზი მხოლოდ მოჩვენებაა, მხოლოდ ლამაზი შირმაა. და, მე თქვენ გეკითხებით, თუ თქვენ იცით ფასი და მნიშვნელობა პარლამენტარიზმისა და პარლამენტარულ ბრძოლისა, თუ თქვენ არ გეშინიათ სინათლისა, კეთილ ინებეთ და აქ გადმოიტანეთ ფაქტიური პარლამენტი. და თუ თქვენ მაინც ნამალევად აკეთებთ იქ სახელმწიფოებრივ საქმეს, თუ თქვენ ვერ ბედავთ ამ დარბაზში პარლამენტის გადმოტანას, ეს იმიტომ, რომ ვერ შეგიგნიათ სახელმწიფოებრივი მუშაობის ხასიათი, ვერ შეგიგნიათ სავსებით ფასი პარლამენტარიზმისა, და ვინაიდან თქვენ ვერ მოახერხეთ აქ გამომზეურება ყველა საქმეებისა და სამინისტროების მოქმედებისა, თქვენ იქ, შინაურულად, ცალკე ოთახში, თითქოს თქვენ შეადგენდეთ მთელ ერს, ამზეურებთ მათ და შესაფერ კრიტიკასაც უკეთებთ. იქ იქსელება სხვა და სხვა ქსელები ამა თუ იმ მინისტრის გარშემო. საკმარისია გავიხსენოთ ის უნდობლობა, რომელიც თქვენმა ფრაქციის უმრავლესობამ გამოუცხადა შარშან, თქვენ ოთახში, ბატონ ხომერიკს, (ხმაურობა მენშევიკების სკამებზე: სიცრუეა!).
თქვენ ვერ ბედავთ აქ ამ უნდობლობის გამოცხადებას. თუ ეს სიცრუეა, მაშინ მე დავასახელებ იმ პირებს თქვენი ფრაქციისას, რომლებმაც ეს კარგათ იციან, რომლებიც საქმის კურსში არიან, (ხმაურობა გრძელდება: სიცრუეა მოუტყუებიხართ!).
ეს არის სრული სიმართლე და თუ გნებავთ დავასახელებ ამ პირებს. როდესაც ირჩეოდა საკითხი ამ სამინისტროს შესახებ, თითების აწევის დროს უმრავლესობამ მას უნდობლობა გამოუცხადა. (რამიშვილი: სიყალბეა!) აქ, ბატონებო, შინაგან-საქმეთა მინისტრი ხშირად იმეორებს სიტყვას „სიყალბეაო“. რა თქმა უნდა, მას ყველაფერი სიყალბედ მიაჩნია, ვინაიდან მთელ თავის მინისტრობის დროს იგი ყოველთვის ყალბად მოქმედებდა.
ბატონებო! მე მოგმართავთ თქვენ და გეუბნებით: იქ, იმ ოთახში ნუ ქმნით თქვენ ქვედა პალატას. ეს დამღუპველია სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით. აქ აშკარად და გაბედულათ სთქვით, რაცა გაქვთ სათქმელი, მთელ თქვენ წარსულში ებრძოდით ორპალატიან სისტემას და ახლა კი თქვენვე შექმენით იგი აქ. ერთხელ და სამუდამოთ უნდა აღიაროთ, რომ თქვენ ყალბი გზა გაქვთ არჩეული, რომ თქვენ შექმენით უპასუხისმგებლო პარლამენტი და მთავრობა, და თუ თქვენ გწამთ რევოლიუციის სიდიადე, მისი მოპოებანი, თუ თქვენ გწამთ და გაინტერესებთ სიმართლე, თუ თქვენ მოქმედებთ არა პარტიულ არამედ წმინდა სახელმწიფოებრივ ინტერესების მიხედვით, მაშინ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ ის მინისტრი, რომელიც მიწათ-მოქმედების სამინისტროს, ანუ როგორც ხალხი უწოდებს, ბოროტ-მოქმედების სამინისტროს სათავეში დგას, უნდა იყოს არა მინისტრის კაბინეტში, არამედ სხვა ადგილას. გაიხსენეთ თქვენი ფრაქციის კრება, რომელზედაც ირჩეოდა კოჯორის მამულის საკითხი და წარმოიდგენთ, თუ რა ბოროტ-მოქმედებაზეა ლაპარაკი. მან არა თუ ადამიანი, უენო ცხოველიც კი არ დაინდო, არ დაინდო ცხენები და არტაშანით ჰკრავდა მათ. (სიცილი, ხმაურობა. რაღაც რეპლიკას იძლევა არსენიძე). მოითმინეთ, ბატონო იუსტიციის მინისტრო, ნუ გეშინიათ. თქვენამდისაც მოვა დრო და მაშინ მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას თქვენ შესახებ. ახლა კი უნდა განვაცხადო - განა თქვენ არ ბრძანდებოდით, რომ მისწერეთ ქუთაისში არ დაეჭირათ მორჩაძე? რას ნიშნავდა ეს? (ხმაურობა - არსენიძე: სიცრუეა!) თქვენ თუ ეს სიცრუედ მიგაჩნიათ, მაშინ მე შემიძლია დაგისახელოთ ის პირი, რომელსაც აქვს ეს წერილი ფრაქციის სახელით და რომელსაც, თქვენ აწერდით ხელს. მაგრამ სჯობს ახლა ამის შესახებ გაჩუმდეთ, მაგრამ ეს იყო ყველაფერი წარსულში, მე აღარ გავაგრძელებ მასზე ლაპარაკს, დე ისტორიამ გაპატიოთ ის შეცდომები და ბოროტებანი, რომელსაც შეიძლება უცოდინარობით ჩადიოდით. წარსულს აღარ გამოუდგები. ყველაფერი, რაც მოგახსენეთ ეს, პატარა შესავალი იყო.
ახლა მინდა გადავიდე თვით შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოქმედებაზე. რაღამც ერთი მინისტრი მაინც გასწირეთ და მოგვეცით ხელში, მე შევეცდები ვისარგებლო შემთხვევით და გამოვამზეურებ აქ ფაქტებს, რომლებსაც უაღრესი მნიშვნელობა აქვთ, მე გთხოვთ მოისმინოთ ეს ფაქტები. მე იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, რომ ზოგიერთი სოციალ-დემოკრატი მაინც, აქა თუ არა, იქ, თავიანთ ოთახში, გამოიყენებს ამ ფაქტებს და შესაფერ დასკვნებს გამოიტანს. ეს, ვიმეორებ, არა ნორმალური მდგომარეობა თქვენ მიერ შექმნილი, მაგრამ ამაზე უკვე მოგახსენეთ, აშკარაა ყველასათვის, რომ თქვენ არა გაქვთ შეგნებული პარლამენტარიზმი, მისი ტრადიციები, თქვენ ცდებით, ბატონებო, თუ გგონიათ რომ პარლამენტი თქვენ მიერ არის შექმნილი. არა, უნდა შეურიგდეთ აზრს, რომ პარლამენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ყველა ფრაქციებმა და ჩვენც, და წარმოიდგინეთ, ბატონებო, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავედით აქედან, რა მდგომარეობა შეიქმნება მაშინ? იკისრებთ მარტო თქვენ პასუხისმგებლობას? მაშინ ეს დარბაზიც, აი, იმ თქვენი ოთახის ხასიათს მიიღებს და გაქრება, რა თქმა უნდა, უკანასკნელი ნასახიც პარლამენტარიზმისა.
მე გადავდივარ თვით ფაქტებზე. მართალია აქ არ ბრძანდება ახლა ბატონი რამიშვილი, მაგრამ აქ არის მისი ამხანაგი და იმედია, ის მოისმენს ყურდასმით. მე შევეხები ადმინისტრაციის მოქმედებას ჯერ ცენტრში, შემდეგ პროვინციებში და მათ უკანონობის დასამტკიცებლად დასაბუთებულ საბუთებს მოგახსენებთ. (ნინიძე: აბა დაუსაბუთებელი საბუთი აქ ვის გაუგონია?) ეს ის საბუთებია მაგალითად, რომლითაც აი თქვენ, ხშირად გამოდიხართ აქ. მე მინდა ერთ მოვლენას გაუსვა ხაზი, როდესაც ოპოზიცია გამოდის აქ, და მოჰყავს ფაქტები ადმინისტრაციის სრული უპასუხისმგებლობის, მისი თვითნებობის, ამ თავდასხმის თავიდან მოსაგერიებლად და შთაბეჭდილების განსაფანტავად, სამინისტროს წარმომადგენელი ხერხს მიმართავს, გამოდის და აცხადებს: ესა და ეს პირი თუ მოხელე ადმინისტრაციისა ჩვენ მივეცით პასუხისგებაშიო, გადავაყენეთ სამსახურიდან და სხ. და ასეთი განცხადებით სურს მას მოიშორს პასუხისმგებლობა იმ არევ-დარევის და უწესოების გამო, რომელიც გამეფებულია ადმინისტრაციაში. მაგრამ საკითხი მარტო, რომ ერთ და ორ ბოროტმოქმედებას ეხებოდეს, მაშინ შეიძლებოდა ასეთი იოლი ხერხით ფონს გასვლა, მაგრამ როცა ამ ბოროტ-მოქმედებას, უწესოებას სისტემის ხასიათი ეძლევა, ასეთი ლიტონი სიტყვების განცხადებით ფონს გასვლა შეუძლებელია. ჩვენი დებულება ასეთი არის: თვითნებობა, ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობა შედეგია თქვენ მიერ შექმნილი სისტემისა, ამიტომ უნდა შევეხოთ სწორედ ამ სისტემას.
დავიწყოთ თუ გინდ მაღლაკელიძის საქმით. არ იქნა და არ მივიდა ეს საქმე სამსჯავრომდე. (ხმები: საქმე სასამართლოს გადაეცა!) დიაღ, გადაეცა, მაგრამ არ ეღირსა გარჩევა. რაშია საქმე, რამ გამოიწვია ასეთი დაბრკოლება? (ხმაურობა, არ ისმის არაფერი. ნინიძე რაღაც რეპლიკას იძლევა).
ბატონო ნინიძე, უნდა იცოდეთ, რომ ყოველ ეზოს წინა, საიდანაც კი ქვას მესვრიან, ვერ დავიღუპები. ტყუილად დროს ნუ მაკარგვინებთ ასეთ რეპლიკებით. ვიღაც ხოშტარია ყოფილა მოწმედ და გადაიმალაო. ხომ არ მოქმედებს აქ ვისმეს სუბიექტიური სურვილი? (ხმები: სად გადაიმალა?) მე უნდა გითხრათ, სად გადაიმალა? თქვენ მართლაც ისე გგონიათ, რომ დეპუტატის მოვალეობას შეადგენს სიშჩიკობა, მაშინ როდესაც ყველგან ოხრანების აჩრდილები გააცოცხლეთ, როდესაც გააძლიერეთ „სიშჩიკური“ სისტემა, სად გადაიმალა, - ეს უნდა იცოდეს ამ უწყებამ და მისმა ადმინისტრაციამ, რომელიც ამ სიშჩიკური სულით გაიჟღენთა. ყოველ შემთხვევაში დეპუტატის მოვალეობას არ შეადგენს ეს (შენგელაია: მართალია, სრული ჭეშმარიტებაა! ხმაურობა. რეპლიკას აძლევს ჩხიკვიშვილი).
მილიციის შეფი ამეტყველდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მესმის და პასუხსაც ვერ გავცემ. (სიცილი). ორში ერთი ბატონებო: ან არ აქვს ადმინისტრაციას საშუალება აღმოაჩინოს ეს მოწმე - ვინმე ხოშტარია, ან არ უნდათ აღმოაჩინონ. არც ერთი შესაძლებლობა არ მეტყველობს ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მეორე ფაქტი: მეორე უბნის კომისარი ვიღაც კორშია ყოველ დღე აპატიმრებდა მოქალაქეთ რიცხვით ხუთ ექვს კაცს. რისთვის, რათა, არ იცოდნენ (ხმები: რა იცით თქვენ ეს?) იკითხეთ მეორე კომისარიატში და იქ გაიგებთ. ეს ადვილი საქმეა ძლიერ. (ჩხიკვიშვილი: კარგი უქნია ძლიერ!) დიახ თქვენთვის ყველაფერი კარგია, განსაკუთრებით კი მილიციის მეფობა და მეუფე კათალიკოზის სადღერძელოს სმა (საერთო სიცილი).
მე მოგახსენებთ, რომ მოქალაქენი არ იყვნენ დაცულნი კორშიას თვითნებობისაგან. (შენგელაია: მუდამ ასე იყო, ეს არის მაგათი პოლიტიკა!) დიახ, სამწუხაროდ მუდამ ასე იყო.
გადავიდეთ პროვინციაზე. წარმოიდგინეთ, ბატონებო, როგორ შეუძლია ადმინისტრაციას დაიცვას წესიერება, როცა უკანასკნელს არღვევს თვით მინისტრი. დასტოვებს თუ არა ტფილისს, ავიწყდება, რომ ის არის მინისტრი და პარტიულ საქმეს აკეთებს იქ პროვინციაში. ასე მოუვიდა ახლანდელ ტურნეს დროსაც. გაემგზავრა პროვინციაში: აქ დარჩა პორტფელი და იქ კი პროკლამაციები წაიღო. ასე ასრულებს იგი თავის მოვალეობას. (რამიშვილი: თქვენ ზღაპარს ლაპარაკობთ!) შეიძლება, თქვენი აზრით, მაგრამ თქვენ ალბად ძილის ხასიათზე მოხვედით ამ „ზღაპრების“ მოსმენით და, რომ გამოგეღვიძოთ, მე მოგიყვან შემდეგ ფაქტებს. თქვენ იცით ალბათ სენატის მიერ მოხდენილი რევიზია ერთ-ერთ მაზრაში. იცით ალბათ მისი დასკვნებიც. (ხმაურობა: რომელ მაზრაში, რას ამბობთ? ვეშაპელი: - ახალციხის მაზრაში?).
დიახ, ახალ-ციხის მაზრაში, იქ გაგზანვილი ყოფილა რევიზიის მოსახდენად ტატიშვილი. თავის მოხსენებაში, რომელიც მას რუსულად შეუდგენია, მე კი ქართულად გადმოვიწერე - იგი ახასიათებს ადმინისტრაციის მოქმედებას და აღნიშნავს, რომ ათასობით აქვს ადგილი თვითნებობას. იჭირენ მოქალაქეებს და ბრალდებას კი არ უდგენდნენ. თუ წარუდგენდნენ, ისიც საერთო ხასიათის: „კონტრ-რევოლიუციონერობისთვის“, „მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის“-ო და სხ. და რაში გამოიხატებოდა ეს მოქმედება, საბრალდებულო ოქმებში არაფერი არის მოხსენებული.
აი, ბატონებო, დემოკრატიულ რესპუბლიკის ბრალდებული, რომელიც მართალია ძველი რეჟიმის წიაღიდანაა გამოსული და ძველი აზროვნების მქონეა, მაგრამ იგიც კი აღნიშნავს, რომ საჭიროა მოქალაქის უფლება დაცული იქნეს მაშინ, როდესაც ეს ვერ შეუგნია დემოკრატიულ რესპუბლიკის დემოკრატიულ მთავრობას. და აქ გამოდის ხშირად მინისტრი და გვიმტკიცებს, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული მოქალაქის უფლებანი. მე კი ურჩევდი მას, ვინაიდან ეს უკეთესი იქნებოდა, მოესმინა უბრალო მოხელესათვის, რომელიც ძველ რეჟიმში აღიზარდა, მაგრამ შერჩენია ლიბერალური აზროვნება. იგივე ტატიშვილი აღნიშნავს თავის მოხსენებაში, თუ როგორ არის გავრცელებული ამ მაზრაში მექრთამეობა და როგორ სარგებლობენ ეს წვრილფეხა მოხელეები თქვენ მიერ მიღებულ კანონით ადმინისტრატიულ წესით დაჭერისა. როდესაც აქ ამაზე მიგითითეს, თქვენ უპასუხეთ: ჩვენ ავასრულეთ მხოლოდ კანონი, მიღებული ნოემბერშიო. მაგრამ ეს არის საკითხის ფორმალურად დაყენება. დიახ, მართალია ჩვენ მივიღეთ ასეთი კანონი ნოემბერში. როდესაც ვიღებდით მას ჩვენ ნდობით გეპყრობოდით, გვეგონა შესაფერისად გამოიყენებდით მას.
მაგრამ როგორ გამოიყენეთ თქვენ ეს კანონი? აი, აქ არის საკითხის სიმძიმე. თქვენ ბოროტად გამოიყენეთ იგი.
ტატიშვილი თავის მოხსენებას უკეთებს დასკვნას. საინტერესოა ძლიერ ამ უბრალო ლიბერალ მოხელის დასკვნა. იგი ბევრ რამეს ასწავლის ჩვენ ვითომც და დემოკრატიულ მთავრობას.
იგი აღნიშნავს, რომ მთელი უბედურება ისაა, რომ ბოროტად იქნა გამოყენებული კანონი ადმინისტრატიული წესით დაჭერისაო და საჭიროდ მიაჩნია მისი შეცვლა. მოხელემ ამ შემთხვევაში მეტი დემოკრატიული ალღო გამოიჩინა, ვიდრე დემოკრატიულმა მთავრობამ. იგი მოითხოვს შევსებულ იქნეს ეს კანონი, მაგრამ არა ისე, როგორც ეს თქვენ შეავსეთ, როცა „ამნისტია“ გამოცხადდა და მინისტრის ამხანაგი მივიდა სატუსაღოში და გამოუშვა ყაჩაღები და ბოროტ-მომქმედნი და პოლიტიკური დამნაშავენი კი დასტოვა, და არა თუ დასტოვა. როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მთელი ერი ზეიმს ეძლეოდა, როდესაც საჭირო იყო ყველას ეხილა მზე ნათელი და მოელხინა მისი ბრწყინვალებით, როდესაც ყველას რეალურად უნდა განეცადა სიდიადე ამ ისტორიულ დღისა, თქვენ უფრო გაუდიდეთ მათ სასჯელი, უფრო გაუღრმავეთ მათ ჭრილობები. მე კიდევ გირჩევდით: მოუსმინეთ თქვენ მოხელეებს, ვინაიდან იმისგან უფრო შეითვისებთ დემოკრატიულ აზრებს. (ხმაურობა მენშევიკების სკამებზე: ლ. ნათაძე ღელავს და ლაპარაკობს.) თქვენ მაინც რაღა გალაპარაკებთ, ბატონო ლ. ნათაძე, აქ ხომ თქვენზე არ დაგვიწყვია ჯერ ბაასი?
აი, ეხლა ნება მიბოძეთ გადავიდე სხვა ფაქტებზე. ძლიერ უხერხულია ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ იმდენად აღმაშფოთებელია ეს ფაქტები, რომ გაჩუმება არ შეიძლება. ეს ფაქტები შეეხება ქალების მოტაცების საკითხს. საქმე ისაა, რომ ეს ახალი შემოსავალის წყარო გასჩენია ჩვენს ადმინიტრაციას. მაგალითი დაგარწმუნებთ ამაზე. რაჭაში არსებობს სოფელი ნიკორწმინდა. იქ ვიღაცას გაუტაცნია ერთი ქალიშვილი, ამაზე შემდგარა საქმე. გაჩენილან უბნის კომისრები, როგორც ყვავები და მათ შორის მთავარი ყვავი ამბროლაურის კომისარი ვინმე ტყეშელაშვილი, რომელიც ცნობილი ყოფილა ამ წრეებში (უჩვენებს მენშევიკებზე) მგონი წარსული ტერორისტული აქტით.
მათთვის საკითხს ორგვარი შესაძლებლობის სახე მიუღია (ასათიანი: ეს კომისარი ალბად მაყარი იქნებოდა!) სწორედ მაყარი გამხდარა. პირველი: სასიძოს სასარგებლოდ გადაწყვეტა საკითხისა, კარგი ქეიფი და ფულიც. მეორე: ქალის ჭირისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში საქმის ჩაშლა, მაშასადამე ქეიფის ჩაშლაც. კომისარს აურჩევია პირველი გზა და ერთი ათი ათასი მანეთიც მიუღია. სხვათა შორის, აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: ეს პირი, ესე იგი, რომელმაც მისცა 10 ათასი მანეთი, ამბობს, რომ თუ პასუხის გებაში არ ვიქნები მიცემული და დასჯილიო, მე გეტყვით ბევრ სხვა მაგალითებს ამ კომისრის საგმირო საქმეთაგანო. ესეც დამახასიათებელია: მოქალაქეს ეშინია განაცხადოს სიმართლე, ვინაიდან ეშინია სასჯელის. როგორც მოგახსენებდით მთელ ამ ყორნების გროვას მართლაც ჩინებულად უქეიფნიათ და მთელი ღამე თოფებს ისროდნენ, ისე, რომ შიშით სოფელს ვერ დაუძინია. ეს მომხდარა ენკენისთვეში (ნინიძე: დიდმარხვაში ყოფილა?) დიდმარხვას რა უნდა ენკენისთვეში, სემინარისტი ხართ და ეს უნდა იცოდეთ. (საერთო სიცილი) აი, ეს პირები არა თუ არ ასრულებენ კანონს, არა თუ ექვემდებარებიან მას, არამედ პირიქით კანონის მაღლა გრძნობენ თავს (შენგელაია: ეს არის შედეგი მაგათი პოლიტიკისა!) და აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე პირი ინიშნება ხოლმე კომისარის ადგილზე, როცა იგი ამავე დროს თვითმმართველობის წევრი არის. (რამიშვილი: მხოლოდ ერთი შემთხვევაა, სხვა ზღაპარია!) ზღაპარია ეს? როგორც ვატყობ ძლიერ გივარჯიშნიათ ზღაპრების მოსმენაში, თუ ყველაფერი ზღაპარი გგონიათ. (საერთო სიცილი).
მე, ბატონებო, მინდა ეხლა თავი დავანებო ამ სახუმარო მაგალითებს. (სიცილი: ხუმრობის ხასიათზე ხართ ალბად!) დიაღ, ბატონებო, სასაცილონი ხართ სწორედ თქვენ და ეს სახუმარო მაგალითები, სამწუხაროდ, გამომხატველნი არიან ჩვენი ტრაგედიისა, არევ-დარევისა, დამახასიათებელია თქვენი პოლიტიკისა. დიახ, ბატონებო, მე გითხარით ერთხელ და კიდევ გავიმეორებ: ისტორია თქვენ ბევრ რამეს გაპატივებთ, გაპატივებს თქვენ უმოქმედობას, ბოროტ-მოქმედებას, ვინაიდან მას სჩადიხართ უცოდინარობის გამო. მაგრამ ისტორია არ გაპატიებთ იმას, რომ თქვენ ასეთი სასაცილონი ხართ. (შენგელაია: სრული ჭეშმარიტებაა! ხმაურობა მენშევიკების სკამებზე ნინიძე: დიდი ჭკუა უნდა გქონდეთ, ასეთ სიბრძნეს რომ ამბობთ!) ცხადია, ბ-ნო ნინიძე, ჩემი ჭკუა იმდენი მაინც არის, რომ თქვენი ჭკუის აპარატში არ დაეტიოს (სიცილი ყველა სკამებზე).
ახლა უფრო სერიოზული ფაქტები. მგონია ამით თქვენ დაგეკარგებათ ეს სასაცილო განწყობილება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს სოფელი ფარცხანაყანევი. აი, ამ სოფლის სოც.-დემოკრატთა ორგანიზაციამ მომაწოდა მე ეს ფაქტი, რომელიც აღმაშფოთებელია. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა ამ ხალხის სასოწარკვეთილება, როცა ისინი ივიწყებენ თავის პარტიულ ვინაობას და ასეთი განცხადებით მოდიან ჩვენთან. და მართლაც, ეს წერილი გამოგზავნილი იყო „ერთობაში“, მაგრამ არ დაუბეჭდეს. მიმართეს დამფუძნებელ კრებას, უპასუხეს, მთავრობას მიმართეთო. რა ვქნათ, რა მოვიღონოთ, ამბობდნენ ისინი: მთავრობა გვაუბედურებს და მასთანვე გვაგზავნიანო. აი ეს ფაქტიც: (კითხულობს მთელ განცხადებას აღნიშნულ ორგანიზაციისას, სადაც აღწერილია ქუთაისის მაზრის კომისარის თვითნებობა, ცემა-ტყეპა და სხვა. (შენგელაია ადგილიდან: საზიზღრობაა, საზიზღრობაა!).
თავმჯდომარე. ბატონებო, ორატორის დრო უკვე გავიდა. როგორ გნებავთ, მივცეთ კიდევ დრო თუ არა? (ხმები: არ უნდა. საყვარელიძე და ნინიძე: არ უნდა მივცეთ, ვინაიდან არაფერს არ ლაპარაკობს. ლ. შენგელაია: მივცეთ დრო). კენჭის ყრით ორატორს ეძლევა ათი წუთი კიდევ.
შ. ნუცუბიძე (რამიშვილი: როდის მოხდა ეს ამბავი?) ეს მოხდა შარშან მაისში. (ხმაურობა მენშევიკებში: ჰაა! სად იყავით მერე ამდენ ხანს?) მე მეკითხებით, ბატონებო, სად ვიყავი? მე კი თქვენ გეკითხებით, ვეკითხები ბატონ მინისტრს, სად იყო იგი მაშინ, როცა მის ხელქვეით ადმინისტრაციაში ასეთ ველურობას სჩადიოდენ. სად ბრძანდებოდით თქვენ? ჩვენ თქვენ გიცდიდით, რას იზავდით, რა ზომებს მიიღებდით. თქვენ, ბატონებო, თუ შეგწევთ ძალა, თუ გაინტერესებთ სამართლიანობა, გამობრძანდით აქ და დაამტკიცეთ, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.
მე მოგახსენებთ მეორე ფაქტს, რომელსაც არ დასჭირდება დიდი კომენტარიები, რომელიც ისედაც მრავალმეტყველია, რომელსაც არ ჩაიდენდნენ ძველი რეჟიმის სატრაპები. ეს მოხდა სიღნაღის მაზრაში. გასტეხეს ეკლესია. კომისარმა დაიჭირა ერთი უდანაშაულო პირი. გათხარა ორმო და ცოცხალი ჩააგდო შიგ. შემდეგ მიაყარა მიწა. ესეც არ აკმარა და ცემა დაუწყო. შემდეგ ამოიყვანა, შეუკრა ფეხები და თავდაღმა დაკიდებული წაიყვანა კანცელარიაში. იქ ურტყა კიდევ. საწყალმა ვერ აიტანა და გარდაიცვალა. აი, ბატონებო, ფაქტი კიდევ (ხმაურობა ყველა სკამებზე. შენგელაია: საზიზღრობაა, სირცხვილი თქვენ! რამიშვილი: როდის მოხდა ეს?). ეს მოხდა შარშან მარტში (ხმაურობა მენშევიკების სკამებზე, ხმები: სად იყავით მერე ამდენ ხანს? თქვენც დამნაშავე ხართ, რომ არ გაამხილეთ ამდენხანს!).
ბატონებო, მე მინდა აქ ერთ გარემოებას კიდევ გაუსვა ხაზი. ეს დამახასიათებელია ძლიერ ამ ფრაქციისათვის (უჩვენებს მენშევიკებზე) თქვენ მოისმინეთ აქ მოყვანილი ფაქტი. ფაქტი იმდენად ამაღელვებელი და აღმაშფოთებელია, რომ მის წინააღმდეგ რაიმეს თქმა ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ რომ გააქრონ მის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილება, რომ გააქარწყლონ იგი, როგორც ბატონი მინისტრი, ისე მისი ფრაქცია, მიმართავს ერთ ხერხს, სურს მისი საშუალებით გავიდეს ფონს. გვეკითხებიან: სად იყავით ამდენ ხანსო, ეს ხომ შარშან მოხდაო, მაგრამ, ბატონებო, საქმე ხომ ეს არაა. საქმე განა ისაა, თუ როდის მოხდა ეს ფაქტი? განა საკმარისი არ უნდა იყვეს, რომ იგი მოხდა? განა ჭეშმარიტება ჰკარგავს თავის ძალას დროთა განმავლობაში? განა ჭეშმარიტება და სიმართლე ყოველთვის ერთი და იგივე არ არის? განა თქვენ გიხსნით ეს პასუხისმგებლობისაგან, რომ ეს ფაქტი შარშან მოხდაო? განა ის ადამიანი, რომელიც ვერ განიცდის იმას, რომ კანონი გათვლილია, რომ პიროვნება გაჯიჯგნილია, თუნდაც ეს შარშან, თუ გინდ უფრო გვიან ან ადრე, ეს სულ ერთია საქმისათვის, ამიტომ მე ვამბობ: განა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი საშინელ ფაქტების შთაბეჭდილების გაქრობას ასეთი საშუალებით, განა ეს ადამიანი ზნეობრივი მონაწილე არ არის ამ თვითნებობისა, კანონების გათელვისა, პიროვნების დამცირებისა? მე, ბატონებო, იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ ფაქტებს გაუწევთ ანგარიშს, ვიცი აქ არა, მაგრამ იმ თქვენ ოთახში, და შესაფერ დასკვნებს გამოიტანთ იქიდან, და მე ვამბობ: ჩვენში რომ იყვეს მართლაც პასუხისმგებლობა, იყოს უფლებრივი ნორმები შეგნებული, მაშინ ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს აქ ასეთი შეუფერებელი საშუალებით გააქროს მოყვანილ ფაქტების საშინელი მჭერმეტყველება, ასეთი ადამიანი, ვიმეორებ, აქ კი არ იქნება (უჩვენებს მინისტრების ლოჟას), არამედ პასუხისგებაში იქნება მიცემული. (ტაში სოც.-რევოლიუციონერების და სოც.-ფედერალისტების სკამებზე).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჩხიკვიშვილს.
ბ. ჩხიკვიშვილი. (ს.-დ.) ბატონებო, კამათმა ამ საკითხის შესახებ, ამ ორი ოპოზიციონურ ფრაქციის წარმომადგენლების სახით და ნალაპარაკევით, მიიღო მეტის მეტად არა სერიოზული ხასიათი. იმ მთავარ საკითხს, რისთვისაც უნდა მიექციათ ყურადღება, არ მიაქციეს და თუ მიაქციეს ზედმეტი ცალმხრივობა გამოიჩინეს. თუმცა ფაქტები დაასახელეს ასეთი მედიდური პათოსით და მაღალი ლაპარაკით, როგორც ილაპარაკა ბ. ნუცუბიძემ, ოფლით და აღელვებით ნათქვამი სიტყვებით, მაგრამ ვინც ადევნებდა თვალ-ყურს იმათ მოყვანილ მოსაზრებებს და გაუწევდა სწორედ ანგარიშს მათ მიუდგომელ და ობიექტიურ თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ აქ ეს გამოსვლა გამოწვეულია იმით, რომ აქ, დამფუძნებელ კრების ტრიბუნიდან, პარტიული კინკლაობა აწარმოვონ. თუმცა ისინი თავიანთ თავზე დიდ წარმოდგენის არიან, მაგრამ პირდაპირ არა სერიოზულად ეპყრობიან საქმეს. ჩვენს ზოგიერთ ოპოზიციის წარმომადგენელს დაუსაბუთებელი ფაქტებიც ფაქტი ჰგონია, ფაქტებს უწოდებს სინამდვილეში. ეს ფაქტები არ არის. დაუმტკიცეთ ეს და ის თავისას იძახის.
ბ. დადიანმა უკანასკნელ სხდომაზედ დამფუძნებელი კრებისა განაცხადა, რომ, მე რომ ფაქტები დავასახელე, მერე ხომ მართალი აღმოჩნდა ის ფაქტებიო. მე მესმის, როდესაც მოლაპარაკე ცოტა ცალმხრივია, რადგანაც ადამიანია, გინდაც დამფუძნებელი კრების წევრიც იყოს, ცალმხრივია, რადგანაც მას შეეხება საკითხი, მაგრამ რომ ასე უტიფრათ უწოდო, უსირცხვილოთ, იმას, რაც უკვე გამოსალმებულია და გაბათილებული, უწოდო ფაქტი, ეს ჩვენის რწმენით, დაუშვებელია დამფუძნებელ კრების წევრისათვის.
ერთ ერთ სხდომაზედ განაცხადეს, რომ სოციალ-დემოკრატი კომისრები კი არა, პროპაგანდისტებიც ხოცავენ ხალხსო, რომ კომისრები ხოცავენ ხალხს, დამნაშავეებს სისხლის სამართალში და პასუხის გებაში არავინ აძლევსო, პასუხს არავინ სთხოვსო.
მე არ ვყოფილვარ იმ სხდომაზე, მაგრამ ვიცი, რომ დამფუძნებელ კრების წევრმა ლ. ნათაძემ მოსთხოვა დაესახელებინა ის კაცები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, კანონი დაარღვიეს, არ მისცეს სასამართლოში და ისე დადიან წულუკიძე და კარტოზია. (შენგელაია: - ოხრანკის წევრები არიან!) დამფუძნებელ წევრის ღირსებას არ შეეფერება ეს, ამას ადგილი კი არ უნდა ქონდეს აქ, თუ რამის დამტკიცება გინდათ - პრესაში უნდა სთქვათ, რომ იმ პირებს, რომლებსაც ცილს სწამებთ, პასუხისგებაში შეეძლოთ თქვენი მიცემა. თქვენ სარგებლობთ ამ ტრიბუნით, რომ ვინმეს წინააღმდეგ შური იძიოთ და პასუხი არ აგოთ. ეს არ შეეფერება დამფუძნებელ წევრის ღირსებას. (ს. დადიანი - პრესაშიაც იყო წერილი!).
მე არ მინდა მეტი საბუთის მოყვანა. ბ. დადიანო, კარტოზიას რომ 3 წლის ციხე, ღირსების აყრა და გამასწორებელი რაზმი მისცეს, რას ამბობს? ეს მხოლოდ იმას ამბობს, რომ კარტოზიას დანაშაული ჩაუდენია და პასუხის გებაშიც მიუცია. მე ფაქტები მინდა მოგახსენოთ, სირცხვილია ფაქტების დამახინჯება (ხმაურობა. ს. დადიანი - პასუხისგებაში ჩემი განცხადების შემდეგ მიეცით!).
თავმჯდომარე. გთხოვთ დაწყნარდეთ, ნუ უშლით ორატორს.
ბ. ჩხიკვიშვილი. მე ვაცხადებ დამფუძნებელ კრების წინაშე, რომ იგი წინათვე იყო მიცემული სასამართლოში. როცა დადიანი ამბობდა ამას, მაშინ იგი საავადმყოფოში იყო, პასუხისგებაშიც მაშინ მიცემული იყო და საბრალდებულო ოქმიც იქ ქონდა ჩაბარებული.
ბატონებო, მეორე დანაშაულობა ასეთი იყო: დაუშვათ, რომ მიხეილ წულუკიძემ დანაშაულობა ჩაიდინა, ამის გამო მას საბრალდებულო ოქმი ჩაბარებული ქონდა, მაგრამ მისი საქმე სასამართლოში არ ვიცი, როგორ გათავდა.
მაგრამ როცა დამფუძნებელ კრების წევრი გამოდის აქ, რომ სოც.-დემოკრატები ამას შვრებიან და პასუხს არ აგებენო, ეს სირცხვილია და ასეთი სიყალბით არ უნდა გამოხვიდეთ ამ ტრიბუნაზე და არ უნდა ეცადოთ იმის დამტკიცებას, რის დამტკიცებაც არ შეგიძლიანთ. მაგრამ ბატონი დადიანის, ნუცუბიძის და საერთოდ სოც.-ფედერალისტების ფრაქციის შესახებ ამ გამოსვლის გამო ერთი რამ უნდა ვსთქვა იმ კვალიფიკაციის, იმ შეფასების შემდეგ, რომელიც მათ გაუკეთეს შინაგან-საქმეთა სამინისტროს უწყებას, ამ მკაცრი კრიტიკის შემდეგ დაიჯერეთ, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ეს უწყება ამდენ დანაშაულობათა ბუდეა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი შინაგან-საქმეთა სამინისტრო გონიერ მოქმედებით დემოკრატიულ წყობილებას აშენებდეს, მან შელახა ყოველგვარი წმინდათა-წმინდა დემოკრატიისა. ჩვენ გვწამდა თავისუფლება მრავალგვარი - ბეჭვდის, სიტყვის, წერის, პიროვნების და სხვა, და ეს ყოველთვის შინაგან-საქმეთა სამინისტროს მეოხებით არის შელახული. შემდეგ ბ. ნუცუბიძე ამბობდა, რომ ჩვენი პიროვნების თავისუფლება გათვლილია, და ამას სჩადის ჩვენი დემოკრატიული სამინისტროო. რაც სთქვა შემდეგ იმ აზრებს აღარ გავიმეორებ, მაგრამ უნდა ვსთქვა, რომ ამის შემდეგ რაც მან ილაპარაკა, ლოღიკურად უნდა მოქცეულიყო კრედიტის მიცემის შესახებაც. როდესაც ბ. ილია ნუცუბიძე ამბობს, შინაგან-საქმეთა სამინისტრო არის წამების, დატუსაღების და ტანჯვის სამინისტრო, იგი არ მომწონს და არც კრედიტს მივცემ, მართალია ეს, თუ არა, ეს სხვა საკითხია, ყოველ შემთხვევაში, ეს ლოღიკური აზრია, მაგრამ როდესაც პროფესორი ნუცუბიძე იმასვე ამბობს და დასკვნა კი სხვა გამოყავს, ეს ულოღიკობაა. ყოველ შემთხვევაში, სოც.-ფედერალისტების ფრაქცია უფრო ლოღიკური უნდა ყოფილიყო! (გვაზავა: რათა?) ან სთქვით ლოღიკურათ ის, რაც სთქვეს ესერებმა და თუ არა, რას ნიშნავს ასეთი გამოსვლა და შემდეგ სრულიად შეუსაბამო დასკვნის გამოყვანა? მე მგონია რომ ეს ულოღიკობა შეიძლება ახალი ორიენტაციით იყოს გამოწვეული. (ს. მდივანი: თქვენი მოქმედება როგორია?) ბ. მდივანო, მე ვხედავდი, როგორ წითლდებოდით, როდესაც სოც.-ფედერალისტების წარმომადგენელი ლაპარაკობდა. (ს. მდივანი: მე თქვენ ლაპარაკზე და უხეირო მოქმედებაზე ვწითლდებოდი!) ბ. დადიანი, მართალია ცხარი ტემპერამენტის კაცია, ანგარიშს არ უწევს თავს, როცა ლაპარაკობს და ანგარიშს არ უწევს იმას, რომ ის ფრაქციის წარმომადგენელია და არ უნდა თქვას ის, რაც ფრაქციის პასუხისმგებელ წევრებს სიწითლეს მოგვრის (ხმაურობაა. ხმა: ტყუილია!).
როცა შალვა ნუცუბიძე გამოვიდა, მე მეგონა, საქმეს გამოასწორებდა, მიუთითებდა შინაგან-საქმეთა სამინისტროს დადებით მარცვლებზე, მაგრამ მანაც ვერ დაინახა შინაგან-საქმეთა სამინისტროს მოღვაწეობაში ეს დადებითი მარცვლები, ვერც ერთი დადებითი მხარე (ვეშაპელი: ეს თქვენი ამპლუაა!) შ. ნუცუბიძემ განაცხადა, რომ ვეთანხმები ჩემს მოგვარეს ილია ნუცუბიძენ (შ. ნუცუბიძე: - მაგრე არ მითქვამს!) მართალია, ასე არ გითქვამთ, მაგრამ აზრი ეს იყო, რომ ეთანხმებით მის ოპოზიციას. ვინ შეუნარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმა? ვინ იხსნა ეს არევ-დარევისაგან? (შენგელაია: - სომხეთს და ადერბეიჯანს ვინ შეუნარჩუნა?) ხელს ნუ მიშლით! (ვეშაპელი: - კავკასიონის ქედი ვინ ააშენა? სიცილი). იმ მოღვაწეობის შესახებ მოგახსენებთ ბატონებო, რომელზედაც მიგითითათ აქ წარსულ კრებაზე შინაგან-საქმეთა მინისტრმა და მისმა ამხანაგმა ცოტა უფრო ვრცლად ილაპარაკეს, აქ ერთ-ერთმა ოპოზიციის წევრმა სოც.-რევოლიუციონერმა, იმდენად გაკადნიერდა, რომ განაცხადა, რომ ის არევ-დარევა ანარქია და აჯანყება კი არ იყო, ეს სიმულიაცია იყო სამინისტროს მიერ მოწყობილი, იმისთვის, რომ ერთი, - დაენახვებინათ ქვეყნისთვის - რამეს ვაკეთებთ და მეორე, - კრედიტები მიეღოთ, არ უთქვამს გასაფლანგავათ, მაგრამ მისი სიტყვიდან ეს გამოდიოდა. (ლ. შენგელაია: სოხუმში რომ ბრძანდებოდით, რამდენი დახარჯეთ?) არ მახსოვს, მაგრამ, რაც დავხარჯე, როგორც წარმომადგენელმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა. როცა ჩემზე ლაპარაკობთ, კბილები მოუჭირეთ ენას. ეგ შეგიძლიათ თქვათ კომისრის შესახებ, მაგრამ რესპუბლიკის პასუხის-მგებელის პირის შესახებ კი - არ შეგიძლიანთ. (ს. დადიანი: უფრო უკეთ ვიტყვით, თუ დანაშაულს ჩაიდენთ!) ის, რაც სთქვა ესერების პარტიის წარმომადგენელმა, მას დაეთანხმა პროფესორი შ. ნუცუბიძე სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის სახელით. მე თქვენ გეკითხებით: ეს მართლა გულწრფელი აზრი იყო, თუ თაღლითობა? მათ გონიათ ალბათ, რომ ვინმე გაიგონებს მათ ასეთ კრიტიკას და დაიჯერებს. ასე მგონია, თორემ იმას, ვისაც ახსოვს ჩვენი წინანდელი მდგომარეობა და ის, რაც ხდებოდა ამ ორი წლის წინათ - ანარქია, ხოცვა-ჟლეტა, აჯანყებები, საქართველოს მტრების და ნაძირალების მიერ რომ ყველაფერი ეს ამ ხალხს დაენახოს, არ იტყოდენ იმას, რაც აქ სთქვეს. უკაცრავათ ვარ, მაგრამ საბუთი მაქვს ვთქვა, რომ მათ დაატყდათ თავს ერთი უბედურება იუპიტერისა, რომელიც ვისაც გაუწყრებოდა, ჭკუას წაართმევდა.
მაგრამ მე მგონია, რომ ეს არ არის გულწრფელი კრიტიკა, ეს არის თაღლითობა. (შ. ნუცუბიძე: სადღეგრძელოა!) კიდევ მითხარი ბ. ნუცუბიძე, სად ვარ, სად დავდივარ, ვისთან მივდივარ სტუმრათ, ეს ჩემი საქმეა. მე დამფუძნებელი კრების წევრი ვარ და ამ საკითხებზე ვერ მელაპარაკებით. მე თქვენ დამისახელებდით ერთ-ერთ თქვენი ამხანაგის შუამდგომლობას აი, ამ ზალაში ვიღაც სპეკულიანტის შესახებ, მაგრამ ასეთების ლაპარაკი არ შეეფერება დამფუძნებელი კრების წევრის ღირსებას. (ხმაურობაა). (შ. ნუცუბიძე: თუ ვაჟკაცი ხართ და სიცრუე არ არის, დაასახელეთ კიდევ! ხმაურობაა).
თავმჯდომარე. გთხოვთ, ბატონო ნუცუბიძე, ხელს ნუ უშლით ორატორს.
ჩხიკვიშვილი. ბ. ნუცუბიძემ დიდი დრო მოანდომა იმის მტკიცებას, რომ თურმე სოციალ-დემოკრატიას, პასუხის მგებელ პარტიას მართვა-გამგეობის საქმეში, სასახლეში ქონია საკუთარი ოთახი, ბიურო. პარლამენტარულ ფრაქციას, თუ გნებავთ ის 5 წევრისაგან შესდგებოდეს, როგორც ეს არის თქვენი მეგვარე (მიმართავს შ. ნუცუბიძეს) ი. ნუცუბიძის ფრაქცია ლ. შენგელაიას მეთაურობით, არ შეიძლება, რომ საკუთარი ბინა და ქაღალდი არ ჰქონდეს. (შ. ნუცუბიძე: ვერ გაგიგიათ!) თქვენი აზრები ღრმა და ძნელი გასაგებია ბ. პროფესორო! ბ. ნუცუბიძეს უკვირს ის გარემოება, რომ პასუხის მგებელ ფრაქციაში მინისტრები შედიან და ანგარიშს აძლევენ მას თავიანთ მოქმედების შესახებ, ის ამბობს: ნუ გექნებათ ამაზე იქ მსჯელობა, მოიყვანეთ აქ დამფუძნებელ კრებაზე და აქ ამსჯელეთო. ამას თან დაუმატა ბ. ნუცუბიძემ ასეთი შეუფერებელი არამც თუ დეპუტატისათვის, არამედ უბრალო მოქალაქეთათვისაც, სიცრუე. მან სთქვა, რომ ხომერიკისათვის სოც.-დემოკრატიულ პარტიას უნდობლობა გამოუცხადებია, აქ კი ნდობა გამოუცხადესო. სად არის, ბ. ნუცუბიძე თქვენი ლოღიკა? - თუ ფრაქციაში უნდობლობა გამოუცხადეს, როგორ მოხდა ის, რომ დამფუძნებელ კრებაში სრული ნდობა გამოუცხადეს! - მე ვაცხადებ, რომ ბ. ნუცუბიძის განცხადება სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს - ბ. ხომერიკისათვის უნდობლობა არავის გამოუცხადებია. (ხმაურობაა).
თავმჯდომარე. ძნელია ასეთ ატმოსფერაში კრების გაძღოლა. ყველა ლაპარაკობთ და ამიტომ ძნელია წესრიგის დაცვა. უკვე ოთხი საათია. გნებავთ თუ არა კიდევ განვაგრძოთ სხდომა, წინადადება გახლავთ შემოტანილი სოც.-დემოკრატიული ფრაქციისაგან, რომ მოლაპარაკემ დაასრულოს სიტყვა და კამათი გადაიდოსო. ვინ არის ამის წინააღმდეგ? - არავინ, მაშ ეს მიღებულია.
ჩხიკვიშვილი. ასე, რომ ის, რასაც დამფუძნებელი კრების წევრი შ. ნუცუბიძე უწოდებს ქვედა პალატას, საიდუმლო ორგანიზაციას, სიმართლეს არ შეეფერება. მისი კარები ყველა პარტიის წევრებისათვის ღიაა და იქ საიდუმლო არაფერი ხდება. ყველა პარლამენტისთვის სავალდებულოა, რომ ჯერ ფრაქციებში იქნას საკითხი განხილული და შემდეგ აქ გადმოტანილი, ხოლო ის, რაც ითქმება ფრაქციაში ერის საკეთილდღეოთ, ის არ იმალება, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, ჩვენი მოღვაწეობა დღემდე ამის თავდებია.
შემდეგ, მართალია პროფესორმა ნუცუბიძემ რამდენიმე ფაქტი მოიყვანა, მაგრამ ფაქტის დამტკიცებაზე რომ მივიდა საქმე, ის ძალიან ღარიბად გამოვიდა (შ. ნუცუბიძე: თუ ის, რაც რომ მოვიყვანეთ, არ გაკმაყოფილებთ, მაშინ რაღა დაგაკმაყოფილებთ თქვენ?) მაგის თქმა სისაძაგლეა. (ხმაურობა, ყვირილი, ისმის გაურკვეველი ხმები).
თავმჯდომარე. უკაცრავად ბ-ნო ორატორო, მე მგონია, რომ დროა მაგისთანა სიტყვების ხმარებას თავი დაანებოთ!
ჩხიკვიშვილი. მე მხოლოდ სახელი უწოდე საქციელს. დავაკმაყოფილებ, თუ მას სურს, პასუხს გავცემ. აქ ლაპარაკი იყო, რომ ხოშტარია ვერ დაიჭირა ადმინისტრაციამ და სად არის, მე ვიციო. მეორე: ნუცუბიძემ სთქვა, რომ კომისარი კორშია ხალხს იჭერს, 5 კაცი დაიჭირაო და სხვ. ამის თქმა მარტო არ კმარა. მას უნდა ეკითხა: რისთვის იჭერს? - მიუძღვის თუ არა რაიმე დანაშაული იმ დაჭერილთ? - აი ასე უნდა დაესვა ბ. ნუცუბიძეს საკითხი და მაშინ ექნებოდა მის განცხადებას ფასი და მნიშვნელობა. შემდეგ ნუცუბიძე ამბობს, რომ სადღაც ქორწილი ყოფილა, ვიღაცას ქალი შეურთავს, უქეიფნიათ და სხვ. ამაზე პასუხს ვერავინ ვერ მისცემს ბ. ნუცუბიძეს. რაც შეეხება ახალციხის რევიზიას, უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, რომ ის რევიზია დანიშნული იყო მთავრობის მიერ (ნუცუბიძე მიდის) ბ. ნუცუბიძე თქვენ ცოტა მოითმინეთ, თქვენს საყურადღებოთ აქ ბევრი იქნება ნათქვამი. (ნუცუბიძე ბრუნდება, ჯდება თავის ალაგას) მთავრობამ იმიტომ დანიშნა რევიზია, რომ იქ რაღაც ბოროტ-მოქმედება იყო, ამას ყოველ მხრივ უნდოდა გამორკვევა, რომ მთავრობას გაეგო, თუ რაში იყო საქმე, ხოლო სასამართლოს გამოეტანა თავისი მსჯავრი. ეს არის არა უარყოფითი მხარე მთავრობის მოღვაწეობისა, არამედ დადებითი. არამც თუ ბ. ნუცუბიძის - დეპუტატის, არამედ ყველა უბრალო მოქალაქის მოვალეობაა ამ შემთხვევაში დაუცადოს სასამართლოს და არ ესროლოს მთავრობას ტალახი. შემდეგ მოიყვანა ორი მაგალითი. ერთი ფარცხანაყანევში მომხდარა, მეორე სიღნაღში. მართლაც აღმაშფოთებელია და დაუშვებელია ეს ფაქტი, თუ მართლა მას ადგილი ჰქონდა. კაცის ორმოში ჩაგდება, ან თავდაღმა ჩამოკიდვა, ეს წარმოუდგენელი რამ არის, ამ ფაქტის შეფასებაში ორი აზრი არ იქნება. ტყუილად აღელვებულა ბ. ნუცუბიძე, თითქოს ეს მის, ან მისი მონოპოლიას ან ეთიურ სიმდიდრეს შეადგენდეს. როგორც ვსთქვი, აქ ორი აზრი არ არის. ეს უსაშინელესი დანაშაულია ბ-ბო, ეს ფაქტები თუ იცოდით, სად იყავით დღემდე? - რას უცდიდით? განა თქვენ დაგვიმტკიცეთ, რომ ეს ფაქტები მინისტრმა, ან მთავრობის რომელიმე წევრმა იცოდა? (გრ, ვეშაპელი: მინისტრმა უნდა იცოდეს, თვალ-ყური უნდა ადევნოს, თუ რა ხდება!) მინისტრმა უნდა ადევნოს თვალ-ყური ადმინისტრაციის მოქმედებას, კონტროლი და ხელმძღვანელობა უნდა გაუწიოს მას მძიმე მოვალეობაში, რომელსაც ის აწარმოებს, მისცეს დირექტივები, დახმარება ნორჩ ერობებს და ქალაქის თვითმმართველობებს. შეიძლება მინისტრს გამორჩეს 5-6 დანაშაული და აქ ყველა მოქალაქე, მით უმეტეს, დამფუძნებელი კრების წევრი, ვალდებულია მას დახმარება აღმოუჩინოს და დამნაშავეზე მიუთითოს. ბ. ნუცუბიძემ სთქვა, რომ მე ვიცი, სად არის დასაჭერი პირი - ხოშტარია, მაგრამ არ ვიტყვით. მან იცის თუ არა, რომ ამის შესახებ არსებობს კანონი, რომლის ძალით ის კათედრაზე კი არა, ციხეში უნდა იყოს? (შ. ნუცუბიძე: ქათალიკოსთან უნდა იყოს!) რას ჩააცივდით, ბატონო ნუცუბიძე, მაგ ქათალიკოს, ძალიან გაწუხებთ თქვენ ეს ქათალიკოსი? მართალია ის 30 წელს ყავდათ ფედერალისტებს თავის კანდიდატათ და თუ ვერ გაიყვანეს, რა ჩემი ბრალია? - მაგრამ ამ საშინელ აღმაშფოთებელ დანაშაულის მეორე მხარესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თქვენ ამბობთ ბატონებო, რომ ყველაფერი ეს მეფის კომისარის ბრალიაო. (კ. ნინიძე: მეფე რომ არ არის?) ეს კომისრები ყველა არჩეულია ერობების მიერ. თუ რამე დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ, როგორ შეუძლია შინაგან-საქმეთა მინისტრმა უთხრას ერობებს, რომ ეს და ეს კომისარი არ ვარგა, რადგანაც ძველათ მოხელე ყოფილაო და გამოსცვალეთო! რა უფლების ძალით უნდა ქნას ეს? ეს შეუძლია მაშინ, როცა ის კომისარი დანაშაულს ჩაიდენს.
ტყუილად გინდათ თქვენ გამოიყენოთ მაღლაკელიძის საქმე თქვენს სასარგებლოდ. იგი უკვე გადაეცა სასამართლოს და მის მსჯავრს უნდა უცდიდეთ თქვენ. ტყუილად იხსენიებენ აქ კაჩუხოვს შენგელაია და ვეშაპელი (ვეშაპელი: ავლაპარაკდე? კარგი, გეტყვით, შეიძლება იუსტიციის მინისტრი იმისთვის იყოს, რომ იქეიფოს კაჩუხოვთან ერთად? რ. არსენიძე: სრული სიცრუეა, სიყალბეა!) ყოველ შემთხვევაში, ეგ არ ითქმის ბ-ნ არსენიძეზე. (ვეშაპელი: ბ-ნმა იუსტიციის მინისტრმა იქეიფა კაჩუხოვთან ერთად ვოდკით, სესიაშვილის ფირმის!) აქამდე ჯელტმენი მაინც იყავით და ეხლა ესეც დაგიკარგავთ.
აქ ერთი ფაქტის შესახებ უკვე მაშინვე მოგახსენეთ, რაც მე ვიცოდი. მეორემ საერთო გაკვირვება გამოიწვია და აღშფოთებასაც გამოიწვევს, თუ კი ეს ასე იყო, როგორც სთქვა ბ-ნმა დადიანმა. ბ-ნ დადიანს სჩვევია ფაქტები უწოდოს ისეთ რამეს, რაზედაც იცის, რომ პასუხს არ აგებს, მე პირადად, ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა. გვარდიელებმა წაიყვანეს ვიღაც კაცები ღამის 11 საათზე, დახოცეს და წავიდნენ. დაინიშნა გამოძიება ამ საქმისა და როდესაც გამომძიებელი საქმეს იძიებდა, ის გადააყენეს და დამნაშავენი გაანთავისუფლეს გამოძიებისაგან. თუ თფილისის მაზრაში ეს მდგომარეობა არის, რა უნდა მოხდეს სხვა მაზრებში, ლეჩხუმის, ბორჩალოს და ახალციხისაო. მე ვეტყვი ბ-ნ დადიანს, როდესაც ასეთი ბრალდებით გამოდის, ჩვენ ვურჩევთ ფრთხილი იყოს, მით უმეტეს, საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელმაც შესწირა მთელი სიცოცხლე ჩვენს რესპუბლიკას და მზად არის შესწიროს და დღესაც მისი ერთგული მუშაკი არის და ამ შემთხვევაში, ვერც ერთმა ვერ გამოიჩინა ობიექტიური სამართლიანობა. შევეცდები ამის დამტკიცებას. ბ-ნმა ნუცუბიძემ განაცხადა ბ-ნ ტატიშვილის შესახებ, რომ ტატიშვილი მიუდგომელი პირიაო. მართალია, თუმცა ის ძველი რეჟიმის მოხელეა და ამ რეჟიმის წიაღიდანაა გამოსული, მაგრამ მაინც მისი აზროვნება ჭეშმარიტად დემოკრატიულიაო. მე მაშინვე, ამ სიტყვის შემდეგ მივმართე ბ-ნ ტატიშვილს, სამოსამართლო პალატის პროკურორს და მან მითხრა, როგორც იყო ეს საქმე. აი, ასე და ასეო და მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისგან მაქვს მოცემული უფლება განვაცხადო, რომ სამსონ დადიანის მიერ თქმული საზიზღარი ჭორებია. (ს. დადიანი: არ მოუკლავთ?) ბ-ნმა ტატიშვილმა საქმის შინაარსი ასე გადმომცა: გვარდიის შტაბის ახლოს ოთხი კაცი დადის 9 საათზე, უვლიან შტაბს, რაღაცას მარჯვნივ და მარცხნივ უთვალთვალებენ. გვარდიელებმა მიაქციეს ყურადღება მათ. მივიდნენ და ნახეს, რომ იარაღი აქვთ, - სამს რევოლვერი აღმოაჩნდა, ერთს კი ხანჯალი, - და უთხრეს, რომ თქვენ დატუსაღებულნი ხართო. წამობრძანდით, უნდა ჩაგიყვანოთ განსაკუთრებულ რაზმშიო და წაიყვანეს... (სოც.-ფედ. ფრაქციიდან ხმა: მოსაკლავად წაიყვანეს?!) ბატონო, მოსაკლავად კი არ წაიყვანეს, მათ დაატუსაღეს, როგორც უკანონოთ იარაღის მქონე ხალხი და მათი მოკვლა რომ სდომოდათ, აქეთ კი არ წამოიყვანდენ, არამედ იქით წაიყვანდენ და მოჰკლავდენ. ბოროტ-მოქმედება ყველგან ბოროტმოქმედებაა. დაატუსაღეს და ერთი მათგანი რეციდივისტი აღმოჩნდა. გზაზე, ციციანოვის თავდაღმართზე, ერთმა მათგანმა მოინდომა გაქცევა და მოჰკლეს. (დადიანი: დიახ, დიახ! ჩვენც მაგას ვამბობთ. ეგ ხომ ფაქტია?! ალიხანოვის პლასტუნებიც მაგას ამბობდენ ხოლმე, მოინდომეს გაქცევაო!).
მე, როგორც დამფუძნებელი კრების წევრს, მეტს პატივს რომ არ გცემდეთ, შესაფერ პასუხს გეტყოდით, მაგრამ ვერ გეტყვით. დანარჩენებიც გაიქცენ. ერთი მათგანი მოჰკლეს, ერთი დასჭრეს, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა, ერთი გადარჩა. წინასწარ გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ისინი სხვა და სხვა ადგილას იყვნენ დახოცილნი...
მერე რა მოხდა აქ? რა უნდა ექნა მილიციას? მილიცია იმ წუთსვე გაჩნდა იქ და შეუდგა საქმეს. იქვე დარაჯები დააყენეს და არამც თუ მილიცია, თვით მილიციის უფროსიც ერთ საათში იქ გაჩნდა. მიმართეს ბრალმდებელს ოლქის სასამართლოსი. გამომძიებელს დილამდე უცადეს. იმ ღამესვე ერთი საათის განმავლობაში იმათ ცნობა უკვე მიცემული ჰქონდათ. მეორე დღეს წაიღეს და გადასცეს გამომძიებელს. გამომძიებელი ბრალმდებლის ხელმძღვანელობით ამ საქმეს აწარმოებს. არავითარ ბოროტმოქმედებას აქ არ ჰქონდა ადგილი და არც ექნებოდა, რადგანაც გუშაგი მართლ-მსაჯულებისა - იუსტიციის სამინისტრო ამას არ დაუშვებდა. (ხმაურობა... ზარი).
იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო არ არის დემოკრატიული სამინისტროვო. თქვენ ცუდი წარმოდგენა გაქვთ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. რა უნდა ექნა მეტი ან მილიციას, ან მთავრობას, ან თუგინდ სოც.-დემოკრატიულ პარტიას. დაინიშნა გამოძიება და ეს გამოძიება სწარმოებს. (დადიანი: გამოირკვა, რომ გაქცევა უნდოდათ და მოჰკლეს?) გამოირკვა, რომ მაგალითად, თქვენი მოკვლა უნდოდა კაცს და როდესაც ამ კაცს თქვენ მოჰკლავთ, ეს დანაშაული არ არის. დანაშაულს არ შეადგენს, ბ-ნო იურისტო, თავის-თავად მკვლელობა, თუ იგი თავდაცვითი მიზნით არის გამოწვეული. (თ. ღლონტი: გვასწავლეთ! გვასწავლეთ!) უნდა გასწავლოთ, რადგანაც თქვენ ისიც კი არ იცით, რაც გისწავლიათ. აქ გამოდით და ბრძანებთ, რომ სახალხო გვარდიის წევრები ამას ჩადიან რესპუბლიკის ცენტრში, დედა-ქალაქში ასე უპასუხისმგებლოთაო და სხვაგან რა იქნებაო. ამისთანა ბრალდებების გადმოსროლას, ამისთანა გამოსვლებს აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი, თუ თავისი-თავის პატივისცემა არა გაქვთ, თქვენი ფრაქციას პატივისცემა მაინც უნდა გქონდეთ და არ უნდა დაუთმოთ ადგილი ასეთ უტაქტო და უპასუხისმგებლო გამოსვლებს და ბრალდებებს, მაგრამ ლაპარაკი აქ უფრო ფართეთ იყო. აი, თურმე რა ხდება: მილიცია სდევნის, აპატიმრებს და სჯის უდანაშაულო მოქალაქეთ. მეტი არაფერი კეთდება. ტფილისში სცხოვრობთ, რატომ არ ღებულობთ სინამდვილეს ამ ფაქტებისას მხედველობაში, რომ დღეს დამნაშავეთა რიცხვი შესამჩნევად შემცირდა, თითქმის 80 პროც. განა ის მდგომარეობა არის დღეს ჩვენში, რომელიც არსებობდა ამ ორი წლის წინად? სრულიად შეცვლილია, დიამეტრიალურად წინააღმდეგია. თანდათან ჩვენი ცხოვრება შედის შესაფერ კალაპოტში, სასურველ სახელმწიფო ხასიათს ღებულობს და შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ გვეყოლება გაწვრთნილი, გაჯანსაღებული და შესაფერისად მოწყობილი ადმინისტრაცია. თუ გინდათ ამ დარგს თქვენი კრიტიკით სარგებლობა მოუტანოთ, მიგვითითეთ იმაზე, რა ზომების მიღება არის საჭირო. თქვენ უნდა გეთქვათ, რომ მათთვის არის საჭირო, რომ მათ ხელმძღვანელობდნენ კანონის მცოდნენი. მათ უნდა იცოდნენ კონსტიტუცია, მათთვის სკოლებია საჭირო, რომ მათი მდგომარეობა მატერიალურად, ჯამაგირის მხრივ უნდა იყოს გაუმჯობესებული, რომ მათ ქრთამებს არ მიმართონ, რომ საჭიროა ეს ზომები და სხვ., ეს მესმის. მაშინ ეს იქნებოდა ადმინისტრაციის გაჯანსაღებისაკენ მიმართული, ეს იქნებოდა კეთილი გრძნობით გამოწვეული სურვილი. მაგრამ თქვენ რადგანაც ამას არ შვრებით, თქვენ არ გესმით თქვენი მოვალეობა და ღირსება ხალხის წარმომადგენლებისა, ან არ გინდათ გაიგოთ. მე საბუთებზე უნდა გადავიდე, თუმცა მეშინიან; ოპოზიციას ისე უკუღმართად ესმის, რომ მეც მეშინიან ამ საბუთებით გამოსვლა-მეთქი, მაგრამ ვიტყვი მაინც. (აიღებს ხელში ქაღალდებს) აი, ერთი არის 11 თებერვლის წლიური ანგარიში.
ბ-ნ შენგელაიამ სთქვა, რომ „ბორბაში“ ეწერა, რომ მილიციას ნება-დაურთველად უჩხრეკიათ და ამისათვის დაუთხოვნიათ. ამას აუღელვებია ბ-ნი შენგელაია. გეკითხებით, ბატონებო, ჭკვათა-მყოფელი ხართ თუ არა? მითხარით, ბატონებო, კაცმა დანაშაული ჩაიდინა, გადავაყენებთ სამსახურიდან, რათ აყენებთო? განა ეს ჩვენი მოღვაწეობის დადებითი მხარე არ არის? განა ესეც სასაყვედუროა?
დანაშაული, თუ თქვენ სოციალისტები ხართ, უნდა იცოდეთ, არის შედეგი ყოველ-დღიურ გარემოებისა, ამ პირობებში, ამ წესწყობილებაში, როდესაც არსებობს მთელი ინსტიტუტი კერძო საკუთრებისა, კერძო სიმდიდრისა, დანაშაულის მოსპობა შეუძლებელია, დანაშაულობა იქნება, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოებდეს და უწყება მას ასრულებს პირნათლად და თუ ეს მოვალეობა მან შეასრულა, - თქვენ უნდა გაკმაყოფილებდეთ, მაგრამ როდესაც ასრულებს, ეს თქვენ გაღელვებთ, და მე შემიძლიან ბევრი საბუთები მოვიყვანო ამის შესახებ. (ხმები: გთხოვთ, გთხოვთ).
მაგალითად, სისხლის სამართალში არიან მიცემულნი ბევრი, ზოგი მექრთამეობისათვის, ზოგი ყაჩაღობისათვის, თქვენ ეს მოგეხსენებათ ბ. შენგელაია, ეს თქვენთვის გასახარებელია, ჩემთვის კი ეს სამწუხაროა, მაგრამ მიხარია, რომ დამნაშავე აღმოუჩენიათ! (შენგელაია: რამდენი ამბავია მაგისთანა?!)
ცხრა! აქ ცხრა არის, ბატონო, ამისთანა ამბები. ყოველ შემთხვევებში, მე ისეთი საბუთები მაქვს, რომ მე არ მეშინიან ისინი დავასახელო, როგორც ფედერალისტების ფრაქციას ეშინია. ბ. დადიანმა წარმოადგინა საბუთი და ვერ გეტყვით, ვის სახელზეა დაწერილიო და მერე სთქვა, ფედერალისტების ფრაქციის სახელზე არისო. თურმე, ფედერალისტების ფრაქციას ეშინიან იმის თქმა, რომ ჩვენ მოგვივიდა ასეთი და ასეთი საჩივარიო, შედით და ელაპარაკეთ მათ სერიოზულ საკითხებზედ, როგორც სახელმწიფოს შენება არის. როდესაც ესეთი არა სერიოზული საბუთებით გამოდიან, განა ღირს მათთან ლაპარაკი?.
მე მაქვს, ბატონებო, აქ ყოველ დანაშაულის აღნუსხვა, რომელიც ჩადენილი იყო ამა თუ იმ პირის, მოხელის მიერ, რა დროს, რა ალაგას და როგორ მოხდა ეს დანაშაული და რაში გამოიხატა მილიციის მუშაობა ამ დარგში და რით გათავდა. უნდა მოგახსენოთ, რომ არც ერთი საქმე არ არის ისეთი, რომელიც ან სასამართლოში, ან გამომძიებელთან არ იყოს წასული, და არც ერთი დამნაშავე პირი არ არის, რომელიც ან დაჭერილი ან თავდების ქვეშ არ იყოს. შეიძლება არის ერთი, ორი, მაგრამ საერთოდ ასეა. ყოველ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ, თქვენ გაეცანით მასალებს და დარწმუნდებით, თუ რამდენათ ნაყოფიერია სისხლის სამართლის მილიციის მუშაობა სისხლის სამართლის დანაშაულობათა სფეროში.
მე გადავდივარ მეორე მხარეზე. რომ ეს ასე არის, ამას მოასწავებს ისიც, რომ ტფილისში არ მომხდარა არც ერთი დიდი დანაშაული სისხლის სამართლის ხასიათისა, რომელიც გამორკვეული არ ყოფილიყოს. იყო გაძარცვა სახელმწიფოს სხვა და სხვა დაწესებულებათა მიწად-მოქმედების სამინისტროსი, ბონების ექსპედიციის და სხვა. მაგრამ ყველაფერი აღმოჩენილ იქნა. არც ერთი დიდი დანაშაული არ მომხდარა, რომელიც არ ყოფილიყოს აღმოჩენილი და მართლმსაჯულებას არ ჩაბარებოდეს. ეს არ იცის ბ. ნუცუბიძემ. მე მაქვს ოფიციალური წერილები ამერიკის - ერთი 12 სექტემბრის, და მეორე - 27 თებერვლის ამ წლისა, მესამე - 22 ოქტომბრის გასულ წლისა და მეოთხე - სამხედრო მინისტრის ამხანაგის სხვისი მინდობილობით, რომელშიაც 4 დიდი დანაშაულობაა, რომელიც შეეხება სახალხო გვარდიის წარმომადგენელს და მეორე - ერთ ინგლისელს, მიღებულ ზომებით ეს დამნაშავენი აღმოჩენილ იქმნენ.
იმ ევროპიულ სახელმწიფოების წარმომადგენლებმა იციან, თუ რას ნიშნავს სასამართლოში მიცემა...
ბ. შ. ნუცუბიძემ სთქვა, რომ უწესოებამ ცოტა იკლო, ალბად ახალ იუსტიციის მინისტრის მეოხებითო. დიდად სასიამოვნო არის ეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ ახალ ძალას და მინისტრს უსათუოდ ექნება გავლენა. მაგრამ მე მინდა 2 დოკუმენტი გიჩვენოთ. ისეთ წარმომადგენელს საბრალმდებლო უწყებისა, როგორიც არის სამოსამართლო პალატის პროკურორი, ეჭვს გარეშეა, რომ თქვენ ნდობით ეპყრობით. აგრეთვე არ მოაკლებთ ნდობას სენატის პროკურორს. ეს დოკუმენტი შემთხვევით ჩამივარდა ხელში 7 ოქტომბერს, სადაც სწერია, შეგიძლიათ ამის ასლიც მიიღოთ. (კითხულობს) შემდეგ გახლავთ მადლობა, ქება და სხვა, რაც თქვენ არ გაინტერესებთ. მე მინდა მხოლოდ გითხრათ, რომ ის უწყება, რომელსაც ცოტა ნდობით ეპყრობით, თუმც არ გვჯერა არც თქვენი ნდობა და არც უნდობლობა, რადგან კვირაში ოცი პარასკევი გაქვთ და ვერ გავიგეთ როდის რა ორიენტაციის ხართ, - სწორედ ამ უწყების აზრის მოყვანა საჭირო იყო. ვისაც სერიოზულად ესმის ეს საქმე - თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციის მოწყობა, ისე ასეთ აზრებს არ გამოსთქვამს. მილიციაში 500 კაციდან დათხოვნილი იყო 120 კაცი, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ ან უვარგისობის, ან ბოროტ-მოქმედების გამო. ამათში 7 კომისარი, 2 კომისრის თანაშემწე, 1 სისხლის სამართლის მილიციის თანაშემწე, 11 უფროსი მილიციონერი და 57 მილიციონერი. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მილიცია ჯანსაღდება და დანაშაულობას ადგილი აღარ ექნება და გაჯანსაღებისათვის საჭიროა საღი და არა ისეთი უკბილო კრიტიკა, რომელსაც აქ ჰქონდა ალაგი. მათ არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ შინაგან-საქმეთა სამინისტოს სხვა და სხვა ვალდებულებები აქვს, - ერთი, მაგ. დავალებული აქვს ხარჯთ-აკრების საქმისათვის ხელის შეწყობა, მის შესაფერ დონეზე დაყენება. ამას იგი ანხორციელებს მილიციის მოქმედებით და ადგილობრივ ადმინისტრაციის საშვალებით. ამ მხრივ მილიციის მოღვაწეობა პირდაპირ თვალსაჩინოა და დიდად დამაკმაყოფილებელი არის. გასული წლის განმავლობაში, 1 ნოემბრამდე აკრებილი არის 28 მილ. გადასახადი ამ მილიციის საშუალებით. რას ნიშნავს ეს? თქვენ ეს არ გაინტერესებთ. თქვენ ის გაინტერესებთ, რომ ვიღაც დაიჭირეს და ის პარტიის წევრია. ეს, ბატონებო, მთავარი არ არის. მილიციის მუშაობა მრავალმხრივია და ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. როდესაც ეს საკითხი დაისვა და თავიდან დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, ჩვენ გვეგონა, რომ ოპოზიციის ფრაქციის ორატორები საღ მოსაზრებას მოიყვანდენ ამ საკითხის გასაშუქებლად. მაგრამ მოვტყუვდით, და რომ გვგონებოდა, რომ ასეთ ხასიათს მიიღებდა კამათი და საკითხი საოხუნჯოდ გადაიქცეოდა, მაშინ იმ გზას დავადგებოდით, რომ აღარ ვალაპარაკებდით სამ-სამ და ოთხ-ოთხ ორატორს ზედიზედ, როდესაც ჩვენ გვაქვს სხვა საკითხები, რომელსაც ამაზე მეტი მნიშვნელობა აქვს. (ხმა: დასკვნა?) დასკვნა კი მთელი ნალაპარაკევისა და კერძოთ ჩემი ნალაპარაკევისა ის არის, რომ თქვენ არ გესმით ადმინისტრაციის დანიშნულება და არ გინდათ გაიგოთ ის დადებითი საქმიანობა, რომელიც მას აქვს. ჩვენ კი გვესმის, რას ნიშნავს ის დიდი საქმე, რომელიც ადმინისტრაციას ეკისრება შინაურ ცხოვრების მოწყობის საქმეში და რის შესახებ ბ. ი. ნუცუბიძეც ამბობდა. სწორედ ამ შინაურ მდგომარეობის განმტკიცებისთვის ვაძლევთ კრედიტს სამინისტროს და თქვენ რამდენიც უნდა ილაპარაკოთ, თქვენი დამჯერი ცოტა იქნება, (ტაში).
თავმჯდომარე. შემოსულია, ბატონებო, ს.-დ. ფრაქციის წინადადება, რომ მსჯელობა გადადებულ იქნეს შემდეგი სხდომისათვის. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი სხდომის დღიური წესრიგი.
მდივანი (კითხულობს).
სხდომა იხურება 4 ს. და 4 წუთზე.
![]() |
16 ოთხმოცდამეცამეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(93)
1920 წელი. მარტის 2. ტფილისი, სასახლე.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი
ქრისტინე შარაშიძის ასული.
პოეზიდიუმში არის:
ექვთიმე თაყაიშვილი.
სხდომა იწყება დღის 12 საათზე და 25 წ.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ, გთხოვთ მოისმინოთ დღის წესრიგი და ნუსხა.
მდივანი (კითხულობს).
ნუსხა დამფუძნებელ კრების კომისიებისათვის წინასწარ განსახილველად გადასაცემ საკანონმდებლო აქტების და სხვა ქაღალდებისა.
1. სამხედრო სამინისტროს პროექტი დეკრეტისა - სახალხო გვარდიის მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატების შესახებ. გადაეცეს სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
დღიური წესრიგი:
1. განგრძობა ზოგადი მსჯელობისა შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის კანონ-პროექტის შესახებ. მომხსენებებელი ი. სალაყაია.
2. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილების ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
3. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელია ი. ნუცუბიძე.
5. დეკრეტი მიწად-მოქმედების სამინისტროს ერთდროულ სამ სემესტრიან უმაღლესი სასოფლო სამეურნეო კურსების ოთხ სემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურს-დამთავრებულთათვის აგრონომის წოდების მინიჭებისა. მომხსენებელია თ. კიკვაძე.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მე-2-ე ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
7. დეკრეტი საქართველოსა და სომხეთის შორის ნეიტრალური ზონის მილიციის შტატის შემოღებისა. მომხსენებელია ვ. ცაბაძე.
8. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლების გაუქმების შესახებ. მომხსენებელია მ. რუსია.
9. პირველი (ზოგადი) განხილვა დროებითი კანონ-პროექტისა სასჯელთა წესდების და სასჯელთა ჯარიმის გადიდების შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.
10. პირველი (ზოგადი) განხილვა დროებითი კანონ-პროექტის მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოვების შესახებ. მომხსენებელია კ. ნინიძე.
დ ა მ ა ტ ე ბ ა:
11. დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის გზების ტარიფის გადიდებისა. მომხსენებელია იოსებ ელიგულაშვილი.
12. დეკრეტი ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარებად 1.500.000 მან. მიცემისა. მომხსენებელია ნ. ელიავა.
13. დეკრეტი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის წინასწარი ზომების მისაღებად 2.000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
თავმჯდომარე. წესრიგის შესახებ შემოტანილია სოც.-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება, რომ მეორე საკითხი გადატანილ იქნას მეთოთხმეტე საკითხად და მეშვიდე მეთუთხმეტეთ. (წინადადება მიღებულია). რიგს გარეშე სიტყვა ეკუთვნის გარეშე-საქმეთა მინისტრს.
ე. გეგეჭკორი, გარეშე-საქმეთა მინისტრი. ბათომის ქალაქის არჩევნები საქართველოს რესპუბლიკის ბრწყინვალე გამარჯვებით გათავდა. (ხანგრძლივი ტაში) მიუხედავად ათასნაირი დაბრკოლებისა, მიუხედავათ დამახინჯებული საარჩევნო სისტემისა, რომელიც აუტანელ პირობებში აყენებდა საქართველოს რესპუბლიკის მომხრეთ, 60 პროცენტმა ბათომის მკვიდრთაგან ხმა მისცა პირველ სიას, რომლის ლოზუნგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში შემოერთება ქ. ბათომის და ბათომის ოლქისა და ამნაირათ, ეს არჩევნები, რომელიც მხოლოდ ფორმალურად გახლდათ მუნიციპალური, არსებითად ნამდვილი პოლიტიკური პლებისციტი იყო. ამ პლებისციტმა, ბათომის მკვიდრთა ნების-ყოფამ აშკარად, საქვეყნოდ გახადა ის, რომ ბათომი და მისი ოლქი წარმოადგენს განუყრელ ნაწილს საქართველოს რესპუბლიკისა, და თუ დღემდე უცხოელებს არ ქონდათ საკმაო წარმოდგენა ბათომის ისტორიაზე და არ იყვნენ სავსებით გაცნობილნი ბათომის ცხოვრების პირობებს, დღევანდელ პოლიტიკურ პლებისციტის შემდეგ, არავითარ ეჭვებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, და ის ბოროტება, საშინელი ისტორიული ბოროტება, რომელიც ჩვენ ხალხს დაატყდა თავს ამ ორი წლის წინათ და რომელიც დღემდე ჩვენდა სამწუხაროდ არ არის მოსპობილი, უნდა ვსთქვათ, რომ ბოლო მოედება ამ ბოროტ-მოქმედებას და ბათომი და მისი ოლქი, მის სამშობლოს დაუბრუნდება.
ეს მეორე პლებისციტი. უკვე რამოდენიმე თვის წინათ მეჯლისმა აშკარად აღიარა თავისი სურვილი, რომ ბათომი და მისი ოლქი საქართველოს დაუბრუნდეს და ბათომის ახლანდელი პლებისციტი ამ ფაქტს ხელმეორედ აყენებს ევროპის და ჩვენს ხალხის წინაშე და მოითხოვს მის დაუყონებლივ განხორციელებას.
ნება მიბოძეთ მთავრობის სახელით განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა ყოველგვარ ღონისძიებას მიიღებს, რომ ეს ნებისყოფა მთლიან საქართველოისა სისრულეში იქნეს მოყვანილი (ტაში), ვერავითარი დაბრკოლება, ვერავითარი ძალა ამ ნებისყოფას, ამ სურვილებს მთელი საქართველოისა, როგორც ბათომის ოლქში, ისე დანარჩენ ჩვენს ფარგლებში, ვერავითარი დაბრკოლება ჩვენ მიერ ჩათვლილი არ იქნება. მე განმეორებით შემიძლია ვსთქვა, რომ დღეს გვქონდა კიდევ დრო და საშუალება გვეცადა, სანამ ეს უსამართლობა გამოსწორებული იქნებოდა, მაგრამ დღეს დადგა ისეთი ჟამი, რომ ჩვენს მთავრობას არა აქვს ნება, არც პოლიტიკური. არც მორალური, თუ კი ხალხის ინტერესებს არ უღალატებს, რომ ეს ნების ყოფა არ შეასრულოს და მე ვაცხადებ, რომ ის თავის ვალს პირნათლად შეასრულებს (ტაში).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს ჩხენკელს.
აკ. ჩხენკელი. (ს.-დ.) მოქალაქენო! ბათომმა თავისი სიტყვა სთქვა!.. სიტყვა სრულიად მოსალოდნელი, ბუნებრივი, თავის-თავად მისახვედრი ჩვენთვის, ხოლო დიდათ საყურადღებო, საგულისხმიერო, და შეიძლება, თავზარდამცემიც სხვებისათვის. (ჩხიკვიშვილი: მტრებისათვის!) აი რატომ: მათ დაავიწყდათ სრულიად, რომ ბათომი ქართული ქალაქია, რომ ის სათავეში უდგას სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, ამ უძველეს აკვანს ქართულ კულტურისა, ქართულ სახელმწიფოებრივი შემოქმედებისა; მათ დაავიწყდათ ისიც, რომ ბათომი - ქალაქი შავ რეაქციის დროს, რუსეთის ძველი რეჟიმის დროსაც - ბათომი ქართველობდა!
თქვენ გახსოვთ, როდის შემოიღეს ბათომში მუნიციპალური მმართველობა - მე 80 წლის წარსულ საუკუნის, და კარგათ იცით, რომ არ ყოფილა ისეთი დრო, როდესაც ბათომის მუნიციპალურ თვითმმართველობაში ქართველები არ ყოფილიყვნენ სათავეში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქალაქის თავს არა ქართველს, იმ დროსაც კი, როდესაც ქართველი ელემენტი დევნილი იყო ბათომში, როცა ამ ელემენტს სდევნიდნენ თვით ფაბრიკა-ქახნებიდან, ნავთსადგურიდანაც, და ხელოვნურად ამრავლებდნენ სხვა ელემენტებს და მიუხედავად ამისა, ბათომი მაინც ქართველობდა.
ეს სრულიად დაივიწყეს სხვებმა, დაივიწყეს ისიც, რომ ბათომი არის ერთგვარი სათავე ქართველ ერის ახალ მოქალაქეობრივი ხანაში შესვლისა. დაივიწყეს მათ, რომ საქართველოს დემოკრატია იწყობს თავის მუშაობას ბათომში; დაივიწყეს ის, რა მნიშვნელობა ჰქონდა ბათომს ქართველ დემოკრატიის თვითცნობიერებისათვის მის პოლიტიკურ ასპარეზე; დაავიწყდათ რამდენად შესისხლხორცებული არის ბათომი საქართველოსთან ეკონომიურად, კულტურულად, ერთი სიტყვით ყოველ მხრივ!
უნდა ითქვას, რომ ბათომის არჩევნები მოხდა არა ჩვეულებრივ პირობებში. ეს აღიარა მთავრობის წარმომადგენელმა. მე მხოლოდ ცოტა ხანს მინდა შევაჩერო ამაზე თქვენი ყურადღება.
ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ: ბათომის არჩევნები მოხდა მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება იქ არ იყო; ეს მოხდა მაშინ, როდესაც ბათომი წარმოადგენდა საოკუპაციო ქალაქს. ამ მოვლენას აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა.
თქვენ იცით, მოქალაქენო, ზავის დროს, ომის შემდეგ მოხდა ზოგიერთ ქალაქში არჩევნები. მე დავასახელებ მარტო ორ ქალაქს.
მოხდა არჩევნები ფიუმეში, და გადაწყდა ეს არჩევნები იტალიის სასარგებლოთ, მაგრამ მაშინ იქ, ფიუმეში იტალიის ჯარი იყო!
მოხდა არჩევნები ვილნოში, და ვილნოს არჩევნებმა სთქვა თავის სიტყვა პოლონეთის სასარგებლოთ!
მაგრამ, ამ არჩევნების დროს, ვილნოში იყო პოლონეთის ჯარი!
ბათომში არჩევნები მოხდა, და იქ არ იყო არც მთავრობა, არც მისი ხელისუფლება, არც მისი ჯარი! და ბათომმა გადასჭრა საკითხი საქართველოს სასარგებლოთ. ეს მოასწავებს იმას, რომ საქართველოში, ამ აზიისა და ევროპის ჯვარედინ გზაზე ჩვენი ერი, არა თუ ცენტრში, არამედ პერიფერიებშიც გამსჭვალულია თავის სახელმწიფოებრიობით, თავის ნებისყოფით, რომელიც არის გამომჭედი მთელი ერის მომავლისა.
მაგრამ განა მარტო ეს დაბრკოლება, ასე ვთქვათ, გარეშე ეღობებოდა წინ ბათომს? არა, აქ იყო შექმნილი არა ნორმალური, ავადმყოფური ატმოსფერა. იქ თარეშობენ არა მარტო ანტი ქართველური ელემენტები, არამედ ანტი სახელმწიფოებრივი, ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, რომელნიც მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ, მით უფრო შესანიშნავია არჩევნების შედეგი.
თქვენ იცით, რომ საქართველოს ხალხმა არ იცოდა, რა არის დარბევა, ე.წ. პოგრომები. ისიც იცით, რომ ამ საშინელ, საზიზღარ მოვლენებს ჰქონდა ალაგი ბათომში.
უნდა მოგახსენოთ, რომ დასავლეთ ევროპაში იყო ლაპარაკი, გაზეთებშიაც დაიწერა, რომ სხვა და სხვა პატარა სახელმწიფოებში, რომელნიც გამოეყვენ რუსეთს, ხდებოდა საშინელი დარბევა ებრაელებისა. და იქ, ამ გაზეთებში იყო ნათქვამი, რომ არსებობს სახელმწიფო, სადაც ამ მოვლენებს ადგილი არ ქონდა, და არც ექნება არასოდეს. ეს არის საქართველო. ჩვენთვის შემაძრწუნებელი და სამწუხარო იყო, რომ ამ მოვლენას ჰქონდა ადგილი ბათომში, ჩვენ ქალაქში, რადგანაც ვთვლიდით მას საქართველოს ქალაქად, და მიუხედავათ იმისა, რომ ეს დარბევა ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზებით იყო გამოწვეული, მაგრამ მაინც დიდ მწუხარებას გვგვრის იგი.
არის კიდევ სხვა დაბრკოლებაც: ბათომში ისე საშინლათ გაძვირებულია ცხოვრება, რომ ბათომის მცხოვრებლები იქ ვერ ბრუნდებიან, განსაკუთრებით - ღარიბი ხალხი, დემოკრატია ნაწილად ჩვენ ტერიტორიაზე არის, და საშუალება არ აქვს დაუბრუნდეს თავის კერას, და იცხოვროს იქ. მაშასადამე, ჩვენ არ ვხედავთ ყველა იმ ქართველთ, ყველა იმ დემოკრატიულ ელემენტებს, რომლის იქ ყოლა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ბრწყინვალე გამარჯვებას გვარგუნებდა, იყო კიდევ ერთი გარემოება - უწესოება, ჩადენილი სიების შედგენის დროს. ასე რომ, ბევრი საქართველოს ერთგული ამომრჩეველი სიაში არ იყო შეტანილი, და მიუხედავათ დიდი მეცადინეობისა, ისინი ვერას გახდნენ.
ამას გარდა რას ვხედავთ? იქ იყო კურიალური არჩევნები. სამარცხვინოა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი არჩევნები ხდებოდეს. ჩვენ ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ ყველა ერთა მშრომელ მასას, დემოკრატიულ ნაწილების საძირკვლებზე, მის ნების ყოფაზე. იქ კი ისეთი მდგომარეობა შეიქმნა ფაქტიურად - ვამბობ ამას ხაზ-გასმით, რომ სხვა და სხვა ერების წარმომადგენლობა იძულებულნი შეიქმნენ კურიარულად მოეწყოთ თავისი წარმომადგენლობა. მაშასადამე დაბრკოლებანი ბევრი იყო ბათომში, და მიუხედავად ყველა ამისა, ბათომში გაიმარჯვა საქართველოს მთლიანობის პრინციპმა, იმ მთლიანობის პრინციპმა, რომელიც აღიარეს თვით ბათომის და მისი ოლქის მცხოვრებლებმა, ჩვენმა ძმებმა ამ რამდენიმე თვის წინად და რომელიც ეხლა განიმეორა. - ეს ჩვენ გუშინ აქაურ გაზეთში წავიკითხეთ - განიმეორა ბათომის მეჯლისის სახელით მისმა თავმჯდომარემ, - და რომელიც გამოხატავს ნებისყოფას ბათომის ოლქისა, რომ ის შეუერთდეს დედა საქართველოს.
სრულიად სამართლიანად განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ბათომის და მის ოლქის საკითხი წესრიგში სდგას. ის უნდა გადაიჭრეს, მას ცდა არ ეჭირვება, იმდენად, რამდენად ეს საკითხი გამორკვეული არის ჩვენთვის. ჩვენთვის ეს საკითხი მუდამ გამორკვეული იყო. მაგრამ, აქ იყო მითქმა-მოთქმა პრესაში. მე იმდენად ვსცემ პატივს ამ მაღალ ტრიბუნას, რომ არ შევეხები ზოგიერთ შეუფერებელ მხარეებს ამ მითქმა-მოთქმისას. მხოლოდ უნდა ვსთქვა, ის, ვინც ლაპარაკობს, რომ ბათომის საკითხი საერთაშორისო საკითხიაო, თვით საქართველოს საკითხს სახავს, საერთაშორისო საკითხად. ე.ი. მე ვამბობ, რომ ბათომის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ დაყენება, არის უარყოფა საქართველოს დამოუკიდებლობისა. (გვაზავა: მართალია!).
ჩვენი დამოუკიდებლობა შეუძლებელია, თუ ბათომი საერთაშორისო კონტროლს, ან „ნადზორს“ დაექვემდებარა. და მაკვირვებენ ისინი, რომელნიც ამბობენ, რომ ბათომის საკითხის გადასაჭრელად საჭიროა საერთაშორისო გარანტია, რომ ამ მწერლებს ავიწყდებათ, რომ ბათომში მისასვლელად საჭირო არის საქართველოს ტერიტორიაზე გასვლა. მათ ავიწყდებათ, რომ ბათომის ხელში ჩაგდება მოასწავებს საქართველოს ხელში ჩაგდებას! (ხმები: - მართალია!) ამათ ვერ შეუგნიათ, რომ საქართველოს, ქართველ ერის სურვილების, მისი ნების-ყოფის გამომხატველი დამფუძნებელი კრება, ვერ დასთმობს თავის ერის სასიცოცხლო ინტერესებს.
მე ვფიქრობ, რომ მთავრობა თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.
მეორეს მხრით, განა ჩვენ არ ვიცით, რომ ბათომი არის ჩვენი კარი, ჭიშკარი, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ დასავლეთ ევროპასთან? განა არ ვიცით ისიც, რომ ობიექტიურად, ჩვენ ინტერესს წარმოადგენს, ჩვენ საკუთარ ინტერესს შეადგენს, რომ იმ ქვეყნებმა, გარდა საქართველოისა, რომელნიც დაინტერესებული არიან ბათომით, საშუალება მიიღონ, ისარგებლონ ბათომით, და ამით დაიჭირონ კავშირი დასავლეთ ევროპასთან? მაგრამ, ეს ჩვენი შინაური საკითხი არის, და უნდა გადაწყდეს ისე, როგორც სასარგებლოა საქართველოსთვის. და მის მეზობლებისთვის ერთი წუთითაც დაუშვებელია აზრი, რომ აზერბეიჯანის, ან სომხეთის რომელიმე პასუხისმგებელმა მოღვაწემ სხვანაირად დასვას ეს საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე წარმოუდგენელად მიმაჩნია ჩვენი ესერების მეგობრული განწყობილება.
ჩვენი მიზანი არის ამ მეგობრობის განმტკიცება იმდენად, რომ შეგვეძლოს ვთქვათ, რომ გვაქვს ერთი სახე, ფიზიონომია გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენ ამ მიზანს ვემსახურებით, მაშასადამე, ყველა კანონიერი მოთხოვნილებანი, კანონიერი ეკონომიური საჭიროებანი ამ მეზობელ სახელმწიფოებისა, უეჭველათ სახეში უნდა იქნეს მიღებული.
ამავე დროს ნუ დაივიწყებთ, რომ ბათომი, სამუსლიმანო საქართველო, ეს სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს შეადგენს, საქართველოს მესამე პროვინციას. და ვინც ფიქრობს, აქ რაიმე საერთაშორისო ელემენტი გაურიოს ამ საკითხში, ძალიან სცდება, რომ ამას გულგრილად შევხვდებით. მე ვიმეორებ, ეს იქნება უარყოფა ჩვენი დამოუკიდებლობისა.
მე ვფიქრობ, და ვიმეორებ, მოქალაქენო, რომ ბათომის გამარჯვება, როგორც სამართლიანად ბრძანა ბ. საგარეო-საქმეთა მინისტრმა, არის არა მარტო მუნიციპალური, არის აგრეთვე პოლიტიკური გამარჯვებაც, გამარჯვება საქართველოს ეროვნებისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, და ეს გამარჯვება ასე უნდა იქნეს დასახული საქართველოს მიერ.
ვიმეორებ, ყველა ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი იყო ეს, და იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა, თანახმად მის ერთ-ერთ წევრის განცხადებისა, აქ მიიღებს ყოველნაირ ზომებს, რომ ბათომის, და მისი ოლქის საკითხი სულ ახლო მომავალში მოწესრიგებული იქნეს, ისე, როგორც ამას მოითხოვს უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესი საქართველოისა, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი მომავალი!
თავმჯდომარე. სხვა არავინ გახლავთ ჩაწერილი. შემოსულია მორიგ საკითხზე გადასვლის ფორმულა. გთხოვთ მოახსენოთ. (მდივანი კითხულობს)
ფ ო რ მ უ ლ ა:
„მოისმინა რა გარეშე-საქმეთა მინისტრის განცხადება ბათომის მუნიციპალურ არჩევნების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომხრეთა ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ, დამფუძნებელი კრება აღიარებს,რომ ბათომის მოქალაქეთა ეს საჭირო ვოტუმი ერთხელ კიდევ საქვეყნოდ ამტკიცებს ბათომისა და მისი ოლქის საქართველოს სხეულიდან განუყრელობას, გამოსთქვამს სრულს იმედს, რომ საქართველოს მთავრობა დროზე მიიღებს ყოველნაირ ზომებს ამ ჩვენი ქვეყნის განუყრელი ნაწილის - დედა-სამშობლოს დასაბრუნებლად და გადადის მორიგ საკითხზე“. (ტაში).
სიტყვას ხომ არავინ ისურვებს ფორმულის შესახებ? სიტყვის მსურველი არავინაა. მე კენჭს უყრი: ვინ არის წინააღმდეგი ფორმულის? არავინ. ვინ შეიკავა თავი? ფორმულა დამფუძნებელ კრების მიერ ერთხმად არის მიღებული. (ტაში).
შინაგან-საქმეთა სიმინისტროს კანცელარიის შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის კანონ-პროექტი.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. საყვარელიძეს.
პ. საყვარელიძე. (ს.-დ.) მოქალაქენო! გუშინ აქ გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენელნი და გააკრიტიკეს შინაგან-საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა. რა თქმა უნდა, მე კერძოდ, როგორც დეპუტატი და როგორც კერძო პირი, უაღრესად მომხრე ვარ კრიტიკისა. ამას ჩემი ფრაქციის მოღვაწეობაც ამტკიცებს. ჩვენ კრიტიკას არ შეუშინებივართ და არც ვმალავთ, რაც არის დასაგმობი. მაგრამ ის კრიტიკა, რომლითაც გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენელნი, უარსაყოფელი და დასაგმობია. კრიტიკა, ბატონებო, ორგვარია: გულღვარძლიანი, რომელიც არაფერს კარგს არ ხედავს მოწინააღმდეგის მოღვაწეობაში და უარყოფს ყოველივე უბრალო აზრს და ივიწყებს სერიოზულ ფაქტებს. (შენგელაია: რომელია უბრალო?) მეორე არის ნაყოფიერი - კეთილსინდისიერი. აი, ასეთი კრიტიკის მომხრე ვარ და ყოველთვის სიხარულით შევეგებებით, ვინც კეთილსინდისიერი კრიტიკით გამოდის, ხოლო, ვინც ამას ივიწყებს, მის შესახებ არ შეიძლება არ გამოვნახოთ შესაფერი დახასიათება, რომელიც შეეფერება ამ არა-კეთილსინდისიერ გამოსვლას. ასეთი იყო გამოსვლები, სამწუხაროდ, ვაღიარებ, ფედერალისტთა ფრაქციის ორატორების, შალვა ნუცუბიძის და სამსონ დადიანის, შემდეგ მეორე ნუცუბიძისა და შენგელაიასი, ამიტომ მათი კრიტიკა არის არა-კეთილსინდისიერი და გულ-ღვარძლიანი. (ხმაურობა: „ერთობაში“ სწერია!)
ბატონებო, „ერთობა“ თუ ამას ამბობს, მით უმეტესი თქვენთვის. თუ შეცდომები ჩავიდინე და მევე აღვნიშნე, ეს პარტიულ შეცდომებს ამტკიცებს. შესანიშნავი მაგალითია ის, რასაც „ერთობა“ ამბობს. თუ ის კიცხავს თავისი ამხანაგების მოღვაწეობას, ეს ამტკიცებს, რომ თვით „ერთობა“ პარტიის არასასიამოვნო მოვლენას თვითონ აღნიშნავს, სამარცხვინო ბოძზე გააკრავს. თქვენ ისიც ვერ შესძელით, რომ ფაქტები თქვენი საკუთარი გაზეთებიდან მოგეტანათ, ეს ამტკიცებს თქვენს უძლურებას. ის პარტია, რომელიც მთავრობაში იყო და პასუხისმგებელიც იყო, მაშინ გრძნობდა, რა ძნელი იყო, მუშაობა დღევანდელ პირობებში.
შეიძლება დღეს ჩვენ ბევრი შეცდომები მოგვდის, მაგრამ არამც თუ ჩვენს ქვყანაში - ახალ რესპუბლიკაში, არამედ ძველ დემოკრატიულ რესპუბლიკებშიც კი როგორიცაა ამერიკა, შვეიცარია, იქაც არის ასეთი უბედურება, უსინდისობა, არა-კეთილსინდისიერი მოპყრობა მოქალაქეთადმი. ეს იცოდნენ ფედერალისტების მინისტრებმა, გმობდნენ და ებრძოდნენ ამას სხვა მინისტრებთან ერთად. დღეს კი, როდესაც ისინი არ არიან სამინისტროში, არაფერ საშუალებას არ ერიდებიან, გამოდიან და ცდილობენ დაამცირონ მთავრობა. ეს არ არის კეთილსინდისიერი ოპოზიცია.
წარმოიდგინეთ, მე არ მაქვს ჩვეულება გამოვეკიდო წვრილმან ფაქტებს, თქვენ უნდა გააკრიტიკოთ საერთო პოლიტიკა და არა წვრილმანი ფაქტები. ამბობენ - ჩარევა არისო, სხვებს არ აძლევენ ადგილსო და ბ. დადიანი ისე შორს წავიდა, რომ სახელმწიფო საქმეები პროფესიონალურ კავშირებს უნდა გადავსცეთო, მისი აზრით. (დადიანი: ვერ გაიგეთ!) უკაცრავად, კარგად გავიგეთ. მისი აზრით გამოდის, რომ ნამდვილი დემოკრატიზმი იქ არის, სადაც რომელიმე უწყებას, ვთქვათ, რკინის გზას გადასცემთ პროფესიონალურ კავშირს; თურმე ეს არის დემოკრატიზმი. არა, ბატონებო, ეს დემოკრატიზმი არ არის, ეს თქვენი არა სახელმწიფოებრივი შეგნების შედეგია და თქვენი ანარქო-სინდიკალისტურ აზროვნების ნაყოფი. შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფომ დაუშვას ჩარევა თავის მოსამსახურეთა, ან კავშირთა სახელმწიფო საქმეებში; თუ ოპოზიციის წარმომადგენელნი მართლა იმას ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო საქმეებში კავშირების ჩარევა არის ნამდვილი დემოკრატიზმი, მაშინ სახელმწიფოს ინტერესების თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ მათ თავში სრული ქაოსი ყოფილა გამეფებული. შენგელაია ბრძანებს: ჩვენში იდეურ ხალხს ატუსაღებთ, რა არის ეს? მე მესმის, იდეური ხალხი არის ის, ვინც იბრძვის რაიმე იდეალის განსახორციელებლად; სახელმწიფო, ბატონებო, ორგანიზმს გავს, როდესაც ამ ორგანიზმის წინააღმდეგ იბრძვით და მისი მოსპობა გსურთ, იგი ყოველგვარ საშვალებას იხმარს თავისი თავი დაიცვას. თქვენ გინდათ, თავისუფლად ითარეშონ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთმა პირებმა, რომელნიც ჩვენი მტრები არიან და რესპუბლიკას ებრძვიან; ეს არის აბსურდი; ეს დაუშვებელია. ჩვენ ვიცით მაგალითები, რომ ბევრი ცრუ-სოციალისტი, ანარქისტი იყო დემოკრატიულ შვეიცარიაში და იქიდან გადაასახლეს, რატომ? იმიტომ, რომ ყუმბარებით ებრძოდენ სახელმწიფოს. არავითარი სახელმწიფო ნებას არ მოგცემთ ებრძოლოთ მას, არც ჩვენ მივცემთ ამის ნებას არავის და ს. დადიანისაგან სახელმწიფო პრაქტიკას ვერ ვისწავლოთ (დადიანი ხმაურობს).
თავმჯდომარე. ბ. დადიანო, მოგიწოდებთ წესიერებისაკენ, კეთილ ინებეთ და დაწყნარდით.
საყვარელიძე. ნუ ღელავთ, ბ. დადიანო და შენგელაია, ორივეს გიპასუხებთ.
თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ ბ. ორატორო, დეპუტატებს ნუ მიმართავთ და გვარებს ნუ დაასახელებთ.
საყვარელიძე. მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ორი ფრაქციის წარმომადგენელი და უნდა ვაღიარო, რომ ბოლშევიკები თუ სხედან ციხეში არა იმიტომ, რომ როგორც კი გამოუშვებთ, ჩაძვრებიან და შეუდგებიან ყუმბარების დამზადებას, რომ რესპუბლიკა ააფეთქონ. განა არ არიან ბოლშევიკები, რომელნიც არამც თუ მტრები არ არიან, არამედ მუშაობენ კიდეც, მსახურობენ ჩვენთან? უსათუოდ არიან, ბევრი ასეთი ჩემი ამხანაგიც არის - ამას აშკარათ ვამბობ. მაგრამ მათ ერთი სინდისიერი დებულება აქვთ პრინციპათ აღებული, რომ ისინი სახელმწიფოში ცხოვრობენ და სახელმწიფოს არ ებრძვიან. შეიძლება არ მოსწონთ ჟორდანია ან სხვა ვინმე, მაგრამ ჩვენ ესერებს დიდი სიამოვნებით ნებას ვაძლევთ ჟორდანიას მაგიერ ივ. გობეჩია მოსწონდეთ, ხოლო ნებას არ მივცემთ არავის - სახელმწიფოს ებრძოლონ. იყავით რევოლიუციონური შიგნი; მე მოვითხოვდი, რევოლიუციონერი, რომელიც სახელმწიფოს არ ებრძვის, განთავისუფლებულ იქნას. მაგრამ როცა რუსი ბოლშევიკი მოდის აქ, თუ გინდ ის ქართველობდეს, განა მას არ უნდა შევებრძოლოთ? დიახ, უნდა შევებრძოლოთ. მთავრობა მას უნდა შეებრძოლოს ვინაიდან იგი მტრად მოსულია; ხოლო თუ არ შეებრძოლა, მთავრობა თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და იგი უნდა გადადგეს; ვიმეორებ ერთ დეპუტატის საგულისხმოდ, რომ მისგან სახელმწიფოს შენების საქმეში ჩვენ ვერას ვისწავლით; აქ მაღლაკელიძე ახსენეს. უკაცრავათ, ბატონებო, რომ ჩემი პასუხი აბნეულია, მაგრამ თითონ კრიტიკა აბნეული გახლავთ. მაღლაკელიძის საქმე, რა საქმეა, ბატონებო, ეს? კაცი სამართალშია მიცემული, დღეს თუ ხვალ გაასამართლებენ (შენგელაია: გაანთავისუფლებენ!) რა მოხდა, მაშასადამე, აქ ისეთი. შეიძლება დაგვიანდა საქმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საქმე სასამართლომდე მისულია და ლაპარაკი ამაზე, რომ ის დაუსჯელია, შეუძლებელი და დაუშვებელია - ეს გახლავთ არა კეთილსინდისიერი კრიტიკა. ახალციხის ამბები. (შენგელაია: კარგად არის საქმე?) გლახათ არის, ვინ ამბობს, რომ კარგად არის? კარგად რომ იყოს, მთავრობის თავმჯდომარე საგანგებო რევიზიას არ გააგზავნიდა. (შენგელაია: იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვსთქვით!) თქვენ გუშინ თქვით და მთავრობის თავმჯდომარემ კი დიდი ხანია რაც ეს გააკეთა. თქვენ იქაც ეძებთ ბოროტებას, სადაც არ არის. თქვენ გუშინ სთქვით და ეს საქმე ორი თვეა, რაც გაკეთდა. ასეთი არადაკვირვებული დეპუტატი ბრძანდებით თქვენ; ეგ კრიტიკა კი არ ეკმარება სახელმწიფოს მდგომარეობის განმტკიცების საქმეს, არამედ ხელს უშლის მას და თუ ასეთი საქციელი დასაშვებია ესერების მხრივ, დაუშვებელია სოც.-ფედერალისტების მიერ. შემდეგ, - ყოფილა არაქელა, ძველი რევოლიუციონერი, რაღაც ჩაუდენია და ვიღაცას კბილები ჩაუმტვრევია. ეს ამბავი მართალია თუ არა, არავინ იცის; ამბობენ იმასაც, რომ ამ არაქელას ბევრი ძველი, ბნელი, შავი გამოსარკვევი საქმეები აქვს. შეიძლება განა ძველ რევოლიუციონერს ასეთი შავი საქმეები ჩაედინოს? შეიძლება, ჩვენ ბევრი ვიცით ძველი რევოლიუციონერი, რომელიც დღეს ძველი რეაქციონერია; მოიგონეთ აზეფი, რომელიც ერთ დროს რევოლიუციონერი იყო. არაქელას შესახებ გამოძიება სწარმოებს და გამოძიება ნათელს მოფენს ამ საქმეს. (დადიანი ადგილზე ხმაურობს. თავმჯდომარე: ბ. დადიანო, როცა დეპუტატი ისე იქცევა, როგორც მას არ შეეფერება, თავმჯდომარეს უფლება აქვს იგი სხდომიდან გააძეოს! დადიანი: შეგიძლიანთ! თავმჯდომარე: ეს თქვენი საქმე არ არის, ეს ჩემი უფლება გახლავთ ბ. დადიანო. დადიანი: ყვირილით არ შეიძლება! დარბაზში საერთო ხმაურობაა, თავმჯდომარე ზარს რეკს).
საყვარელიძე. დიახ, ეს ძველი რევოლიუციონერი, რაღაც გლახა საქმეში გაება და გამოძიება ყველაფერს დაამტკიცებს. რა არის აქ ისეთი, ბატონებო? განა ასეთი კრიტიკა ნაყოფიერი კრიტიკაა? განა იგი განამტკიცებს წესიერებას? განა პირიქით იგი ხელს არ შეუშლის წესიერების და მშვიდობიანობის დამყარებას? კედიას რაზმსაც წაკიდეს ხელი, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსვენებას არ აძლევს ეს რაზმი. რომ მთავრობის სათავეში დადიანი, ან შენგელაია იყოს, რას ფიქრობენ ისინი? შეუძლიათ მათ დაამყარონ წესიერება და უზრუნველყონ ჩვენი ცხოვრების მშვიდობიანობა, რომ ასეთი რაზმი ან სხვა მისი სამაგიერო ორგანიზაცია არ არსებობდეს? თქვენ გინდათ საქართველოში, სადაც დიდი გამოცდილი კანონმდებლები არ ვართ, მოსპოთ ქურდობა, ყაჩაღობა, და სხვ. ამისათვის კი საჭიროა სათანადო ორგანიზაციის შექმნა. ეს რაზმი ისტორიამ დააკანონა; იგი რესპუბლიკის ორგანოა, რომელმაც წესიერება უნდა დაამყაროს. მოქალაქე რომ 9 საათზე ქუჩაში გამოვა, მას იმედი უნდა ქონდეს, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდება. აქ, ბატონებო, ბევრი უცხოელი მოდის და ძალიან მოსწონთ ჩვენი წესიერება. (თ. ღლონტი: მართალია, აქ იცხოვრებს რიაბუშინსკი, მოსკოვში კი ვერა!) რიაბუშინსკზე არ მოგახსენებთ. გარდა ამისა დადიანმა და შენგელაიამ, თუ მათ ძალა შესწევთ, კითხვა პრინციპის სიმაღლეზე უნდა აიტანონ მათ. აქ სთქვეს, კომისრები ყაჩაღობენ და ცუდი ელემენტები ეწერებიან პარტიაშიო. მართალია, სულ ადვილი შესაძლებელია, ეს ხშირად ხდება. ჩვენი პარტია დიდი და მმართველი პარტიაა და ბნელი ელემენტები ცდილობენ შიგ შეძვრენ და ამით ისარგებლონ. ეს, ვიმეორებ შესაძლებელია, ამას ჩვენ არ ვიცავთ, მაგრამ თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ პარტია, როცა გაიგებს, არ ებრძვის ამ ელემენტებს, ჩვენ მართლა დასაგმობი ვიქნებით. მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებთ. ამერიკაში რამდენი ბნელი, უსინდისო ძალა შემძვრალა რომელიმე დიდ პარტიაში, მაგრამ შეუძლებელია ითქვას, რომ მთელი პარტია ყაჩაღების პარტიაა. სოც.-ფედერალისტთა პარტიაში მე ვიცი, იყვნენ ისეთი ელემენტები, რომელნიც მოსილნი არიან ყაჩაღური ელფერით, მაგრამ ენა არ მომიბრუნდება ვსთქვა, რომ მთელი პარტია ასეთია. კომისარი სძარცვავს? თუ გაიგეს მას სჯიან - ეს არის სინამდვილე, არ ვფიცავ, შინაგან-საქმეთა სამინისტროში შეიძლება ბევრი ნაკლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკა იარსებებს, სანამ ჩვენ ვიქნებით, და დაიღუპება, როცა მის სათავეში ბ. შენგელაია დაბრძანდება.
ბატონებო! მე ერთ ფაქტს მოგახსენოთ. აქ ერთმა დეპუტატმა განაცხადა: კომისრები განსაკუთრებით ყველგან სოც.-დემოკრატებიაო. მაგრამ მომხდარა უბედურება, უსინდისობა, რომელიც კომისარს ჩაუდენია, მთავრობას დაუჭერია, გამომდგარა, რომ კომისარი სოც.-დემოკრატი არ ყოფილა. სოც.-დემოკრატმა მოღვაწემ ეს შეატყობია სოც.-დემოკრატიულ კოლექტივს, მაგრამ რატომ მოხდა, რომ მან სოც.-დემოკრატიულ ორგანიზაციას ვერ მიაგნო, თბილისი დაიარა, ფრაქცია ვერ ნახა, „ერთობამ“ უარი უთხრა (ხმები: ს.-დ. არ დაბეჭდეს!) ბატონო დადიანო! თქვენ თუ გნახათ ასეთი პაწია ფრაქცია, ჩვენ უფრო დაგვინახავდა. კომისარი სოც.-დემოკრატიას ებრძვის, ეს დაამტკიცა შალვა ნუცუბიძემ. ჩვენ მოვალე ვართ ეს კომისარი დავსაჯოთ სისხლის სამართლის კანონის თანახმად. ჩვენ არამც თუ არ ვმალავთ, პირ-იქით ვამჟღავნებთ ბოროტ-მოქმედებას და მთავრობა მას სდევნის და აღმოფხვრის ძირიანად. თუ ის პარტიულ დროშის ქვეშ იმალება, მით უარესია ჩვენ გვესმის ჩვენი მოვალეობა და ვიცით, თუ რა ბოროტ-მოქმედებანი ხდება. ერთი ფაქტია: დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა, რომ მთავრობის თავმჯდომარეს მისცემოდა განსაკუთრებული უფლებანი მისი გამგეობაში ჩარევის. რას ნიშნის ეს ფაქტი? ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიგრძენით, რომ მართვა-გამგეობაში ანარქიული წესები არის. საჭიროა ცენტრალური მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირ ჩაერიოს გამგეობაში და მოსპოს ეს ბოროტ-მოქმედება. თქვენ კი ბ. დადიანო, ანარქისტულად აზროვნებთ, თქვენ სახელმწიფოებრივი აზრი არა გაქვსთ. მე ვამბობ, რომ ის ფაქტი, რომ ს.-დ. ფრაქციამ შემოიტანა დამფუძნებელ კრებაში წინადადება, რომ მთავრობის თავმჯდომარეს მისცემოდა უფლება გამგეობაში ჩარევის, იმას ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ყოველივე არ არის მოწესრიგებული. ჩვენ ეს გვესმის. თქვენ კი მიკიბულ-მოკიბული ჭორებით გინდათ გააბათილოთ მთელი სისტემა. მე რეზიუმეს გავუკეთებ ჩემს ნათქვამს: ჩვენ დამფუძნებელ კრებაში ორი მიმართულება იბრძვის. მე ვწუხვარ, რომ ფედერალისტებიც წამოეგენ ამ ანტი სახელმწიფოებრივ ანკესზე, - მეორე ესერული მიმდინარეობა ხომ ანტი სახელმწიფოებრივია. თქვენ იცით, რომ სახელმწიფოს მომხრეობა ის კი არ არის, პარლამენტში რომ იჯდეს, ეს აბსურდია. ის ზის და ებრძვის, იმავე დროს ყაჩაღსა და ქურდს არ უნდა დაჭერაო. არაქელა ძველი რევოლიუციონერი იყოო. რა ვუყოთ, ბოროტ-მოქმედება რომ უდიდესმა კაცებმა ჩაიდინონ, ისინიც უნდა დავიჭიროთ. რაზმი არსებობს, ბოროტმოქმედება მოხდა, აპარატი ამუშავდა. თქვენ კი ებრძვით იმ ორგანოს, ურომლისოდაც ჩვენი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ამგვარად, თქვენ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედობთ. თქვენ დემოკრატიზმი გესმით ანარქისტებივით. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა დიდი ხნის არ არის, ის მტკიცდება და უნდა განმტკიცდეს. რამდენად ერთად ვიქნებით, უკეთესია, რამდენად გადავალთ ბოლშევიკურ მეთოდზე, დავიღუპებით. რესპუბლიკის განმტკიცების ნიადაგზე მთავრობასთან უნდა ვიყოთ. მაგრამ კრიტიკის უარყოფას არ გირჩევთ, ჩვენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ვატარებთ ყოველ ნაბიჯს და მოქმედებას მთავრობისას, მაგრამ კრიტიკას მოვსთხოვთ ერთ რამეს: კრიტიკა იყოს მაღალი, კეთილშობილი და კეთილსინდისიერი. (ტაში).
თავმჯდომარე. ბატონებო! ნება მიბოძეთ თქვენი სახელით მივესალმო ყუბანის, დონის და თერგის დელეგაციას, რომელიც დღეს აქ არის (ტაში). ღრმა რწმენას გამოვსთქვამ, რომ ის დემოკრატიული მიმართულება, რომელმაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან წამოჰყო თავი ამ სამ ქვეყანაში, გაღრმავდება ჩვენსა და ყუბანის, დონის და თერგის დემოკრატიის შორის და მჭიდრო, ძმური და კეთილმეზობლური კავშირი დამყარდება (ტაში).
შემოსულია წინადადება, შესწყდეს კამათი. ვის სურს სიტყვა წინადადების შესახებ? ბ-ნი დადიანი სამსონ.
ს. დადიანი (ს.-ფ.) ჩვენ წინააღმდეგი ვართ კამათის შეწყვეტისა, ვინაიდან მართალია, გამორკვეულია ის, რისიც თქმა გვინდოდა, მაგრამ მაინც საჭიროდ მიგვაჩნია გაგრძელდეს კამათი და ყველას მიეცეს საშვალება, ბოლომდის გამოსთქვას თავისი აზრი და წარმოადგინოს დამატებითი ცნობები ამ აზრის საილიუსტრაციოთ. ჩაწერილი გახლავთ ჩვენი ფრაქციის წევრი და გარდა იმისა, რომ შესძლებს დაუმატოს ისეთი, რაც საგულისხმო და დამახასიათებელია სამინისტროს მოღვაწეობაში, იგი შეეცდება ნათელი მოფინოს და გააშუქოს ის ულოღიკობა, რომელიც თქვენმა ოფიციალურმა დამცველებმა დეპუტატმა საყვარელიძემ და ჩხიკვიშვილმა აქ გამოიტანეს; ჩვენ შევეცდებით გამოვარკვიოთ, გასაგები გავხადოთ, რაში არიან მტყუანი ისინი, ვინც ამ სამინისტროს იცავს. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ბ. ჩხიკვიშვილმა, ბევრი რამ დაამახინჯა, შეიძლება შეუგნებლად (საყვარელიძე: შეგნებას ვერ გვასწავლით!). მაშასადამე, შეგნებულათ, ბ. საყვარელიძე, ბევრს დამახინჯებულს აზრებს ისროდა აქედან ბ. ჩხიკვიშვილი. საჭიროა ამაზე პასუხი გავსცეთ და ყველა ზემოთქმულის გამო ჩვენ მოვითხოვთ კამათი გაგრძელებულ იქნას; უფრო მეტს ფაქტებსა და საბუთებს ჩვენ ეხლა წარმოვადგენთ.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. ჭიაბრიშვილს ეკუთვნის.
ჭიაბრიშვილი. (ს.-დ.) მე ვფიქრობ, კამათი უნდა მოისპოს, თუ მოუსმენთ და დაუჯერებთ ბ. დადიანს. თურმე ამდენი რომ ილაპარაკეს და აუარებელი დრო წაგვართვეს ორი დღის განმავლობაში, ამით მარტო კითხვა დააყენეს დაუსაბუთებლად. თურმე ეხლა უნდათ საფუძვლიანი დასმა საკითხისა. მე მგონია, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციას თავის დროზე გამოეჩინა თავის ცოდნა ფაქტებისა. აქ ძალდატანებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ვინაიდან ჩვენმა წარმომადგენელმა მხოლოდ ორმა ილაპარაკა, ოპოზიციას კი საზღვარი არ ჰქონია და როცა ძალდატანება არ არის, აღარც საბუთია იმისა, რომ კამათი არ მოვსპოთ და გაგრძელდეს. გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, მე ვეჭვობ, რომ დადიანმა შესძლოს ახალი საბუთების წარმოდგენა, თუ გინდ იგი წინასწარ მომზადებული იყოს. ამიტომ ჩვენ მხარს უჭერთ, რომ შეწყდეს კამათი.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი კამათის შეწყვეტისა? (კამათი შეწყვეტილია სოც.-ფედერალისტებისა და სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციათა წინააღმდეგ). სიტყვა მომხსენებელს ეკუთვნის.
ი. სალაყაია. (მომხსენებელი) ეს პროექტი შეეხება შტატებს, სამი დღის განმავლობაში არც ერთი ორატორი ოპოზიციისა ამ საკითხს არ შეხებია; მე საკმარისად მიმაჩნია, რაც ითქვა და ყურადღებას მივაქცევ მხოლოდ იმას, რაც არ თქმულა. შენგელაია, რომ გამოვიდა ერთგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა გეგონებოდათ. შეიძლება მან დასვას ისეთი საკითხები, მოიყვანოს ისეთი ფაქტები, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განმტკიცების საქმესა და ჩვენს დემოკრატიულ მუშაობას. მაგრამ როცა გამოვიდა დადიანი და ბ. ნუცუბიძე, ერთში დავრწმუნდი: რომ მათი მიზანი იყო არა ნაკლის აღნიშვნა, არა საშვალებათა გამოძებნა, რომელიც ამ ნაკლს თავიდან აგვაშორებს, არამედ მათ ქონდათ სხვა მიზანი და ჩვენ აქ შევჩერდებით. ბ. დადიანმა ენკენისთვის ამბები მოიყვანა (დადიანი: ნოემბრის!) ნოემბრის იყოს, მაშასადამე, რამდენი თვე ეს საბუთები ჯიბეში აქვთ, ბ. ნუცუბიძემ კი მარტის ამბები ე. ი. თერთმეტი თვისა, და კიდევ სახელმწიფოს ინტერესების თვალსაზრისით მსჯელობას ჩემობს ბ. ნუცუბიძე. რომ ეს იყოს, რომ ჩვენ სახელმწიფოს განმტკიცება გინდოდეთ, სად იყო ეს საბუთები თერთმეტი თვის განმავლობაში, მაგრამ თუ თავისი აზრი ბ. შენგელაიამ ლოღიკურად ვერ დაამთავრა, ეს აზრი დაამთავრა ბ. დადიანმა და ნუცუბიძემ. აქ იდგა საკითხი მთელი სისტემის უვარგისობის შესახებ, იდგა იმნაირათ, რომ დადიანმა ბრძანა: არ არის დამნაშავე მარტო შინაგან-საქმეთა მინისტრი, და არც მიწად-მოქმედების მინისტრი, არამედ მთელი სისტემა და პოლიტიკაო. უდიდესი საკითხების გადაწყვეტა ამ რევოლიუციის დროს, ამ ორ სამინისტროს დაევალა: მიწად-მოქმედების სამინისტროს აგრარული რეფორმის გატარება და შინაგან-საქმეთა სამინისტროს ამ რეფორმის ბოლომდი მიყვანა. მეორე, უდიდესი რეფორმა - ეს იყო თვითმმართველობა, რომელიც დაკისრებული ქონდა შინაგან-საქმეთა სამინისტროს. თუმცა პირდაპირ აქ არაფერი თქმულა ამ თვითმმართველობათა წინააღმდეგ, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ლოღიკურათ განვავითაროთ ოპოზიციის აზრი, ისინი წინააღმდეგნი არიან თვითმმართველობისა. საიდან სჩანს ეს? იქიდან, რომ როცა თქვენ უარყოფთ სახელმწიფოს მთელი სისტემას, მაშინ უარყოფთ ყველა ორგანოებს და ფუნქციებს, რომელიც მასთან დაკავშირებულია. აქ თქვენ რამიშვილის, ან ხომერიკის წინააღმდეგ კი არ გამოსულხართ, არამედ მთელი სისტემის წინააღმდეგ. ამ დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ იბრძვით. მე არ ვფიქრობ, მთელი ფრაქცია იზიარებდეს იმ აზრს, რომელიც გამოსთქვა ბ. ნუცუბიძემ და დადიანმა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: მთელი ეს აზროვნება შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ახლოს არიან ბოლშევიკები; ეს არა მარტო ჩვენში ახასიათებს ზოგიერთ პარტიას, არამედ რუსეთშიაც. როცა იქ ბოლშევიკები მოახლოვდებოდენ, სხვა პარტიები იცვლიდენ აზრს. ალბათ ასე მოსდის ჩვენ ოპოზიციასაც.
ბატონებო, როცა არსებულ სისტემას უარყოფთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალ სისტემის შექნა გსურთ. არსებობს კავშირი მიზანსა და საშვალებას შორის და გეკითხებით, როცა ამ სისტემას უარყოფთ, ალბათ სხვა სისტემა გინდათ და თქვენ ბ. ლეო, რომელიც წინააღმდეგი ხართ ობიექტიურ პირობებისა და დიდ ანგარიშს უწევთ სუბიექტიურ ელემენტს, გეკითხებით, როცა ამ სისტემას არღვევთ, - სად არის ის ცოცხალი ძალა, რომლის წყალობითაც ახალი სისტემის შექმნა გსურთ? თქვენი გაბატონება და თქვენი გამარჯვება ჩვენში შეიძლება მხოლოდ გარეშე ძალის წყალობით, რომელიც არსებითად მტერია საქართველოსი, ასეთი მაგალითები ყოფილა. რომელ ძალაზე გსურთ თქვენ დაეყრდნოთ, თუ არ გარეშე და უცხო ძალაზე. ამიტომ ახალი სისტემა თქვენი, ნიშნავს ჩვენში ანარქიის გამეფებას, ეს ნიშნავს უმცირესობის უმრავლესობაზე გამეფებას და მე მოგაგონებთ იმ ფრაზას, რომელიც ამ 30 წლის წინათ საფრანგეთის პარლამენტში წარმოითქვა: «სახელმწიფოს დემოკრატიული სისტემა არ არის იმისათვას, რომ გაამეფოს ანარქია, არამედ იმისათვის, რომ გაამეფოს დემოკრატია და განამტკიცოს სახელმწიფო.» (ვეშაპელი: ორიგინალური აფორიზმია!).
თავმჯდომარე. კამათი დასრულებულია. ვინ არის წინააღმდეგი გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე? მუხლობრივი განხილვა მიღებულია. კანონ-პროექტი განხილულ იქნება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.
შემდეგი საკითხისთვის სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ იმნაიშვილს.
ნ. იმნაიშვილი. (კითხულობს მუხლობრივ კანონ-პროექტებს შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილობის ინჟინერის თანამდებობის დაარსებისა და საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ, რომელნიც მიღებულ იქნა თავისი შტატით დამფუძნებელი კრების მიერ, მცირედი შესწორებით).
(თავმჯდომარის ადგილის იჭერს ექვთიმე თაყაიშვილი).
თავმჯდომარე. ბატონებო, 3 საათია, თუ მოისურვებთ სხდომის გაგრძელებას, გადავალ მორიგ საკითხზე, თუ არა, რეგლამენტის ძალით გადავალ შეკითხვაზე. (კენჭის ყრის შემდეგ დამფუძნებელი კრება გადადის შეკითხვაზე).
სიტყვა ბატონ მდივანს ეკუთვნის.
ს. მდივანი. (ს.-ფ) ბატონებო! სანამ თქვენ დღეს საგარეო-საქმეთა მინისტრის განცხადებას მოისმენდით, მანამდე ჩვენმა ფრაქციამ შეიტანა შეკითხვა მთავრობისადმი, - თუ რა ზომებს იღებს მთავრობა, რომ ერთხელ და საბოლოოთ გადასწყვიტოს საკითხი ბათომის, და მისი ოლქის საქართველოსთან შემოერთების შესახებ. ჩვენ ეს საკითხი ფრიად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, და გვინდა ამას მივაქციოთ ყურადღება დამფუძნებელი კრებისა, და ვშუადგომლობთ თქვენ წინაშე, ამ საკითხის გამო დაინიშნოს საგანგებო კრება, და ამ საკითხის გარშემო გაიმართოს მთლიანი კამათი, რომ ამ კამათს მოჰყვეს აუცილებელი შედეგები, რომელიც უნდა გამოიხატოს ამა თუ იმ მოქმედებაში, ვინაიდგან ჩვენი ფრაქცია დარწმუნებულია, და მე მგონია, დანარჩენი ნაწილი დამფუძნებელ კრებისა იზიარებს იმ აზრს, რომ სიტყვის ხანა დამთავრდა, და მოქმედების ხანა იწყება.
ჩვენ საჭიროთ მიგვაჩნია აღვიაროთ, რომ თუ ეს მოქმედება დაგვიანებული იქნება, - ისედაც დაგვიანებულნი ვართ, - დიდ ხიფათს უმზადებს ეს ჩვენი რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესებს.
ამისთვის ჩვენი უმორჩილესი თხოვნა არის, რომ ეს შეკითხვა სასწრაფოთ მიიჩნიოთ და დანიშნოთ კრება, თუ შესაძლებელია, დღეს საღამოს. და თუ მთავრობის თავმჯდომარე ამ სხდომაზე მოსვლას ვერ შესძლებს, დაინიშნოს ხვალ, ვინაიდან ის, რაც თქვენ დღეს მოისმინეთ, მოწმობს იმას, რომ დაყოვნება შეუძლებელია. ბათომის ოლქის მცხოვრებლებმა, მოქალაქეებმა, თავის მხრით გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო. საჭირო არის დამფუძნებელმა კრებამაც მოიხადოს თავისი ვალი ამ ოლქის წინაშე.
ამიტომ გთხოვთ, ეს საგანგებო კრება დაინიშნოს დღეს, ან ხვალ საღამოს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის წინადადების საწინაღმდეგოთ ბ. კ. ნინიძეს.
კ. ნინიძე. (ს.-დ.) ბატონებო, ეს შეკითხვა სერიოზულ ხასიათის არის, და მასზე ლაპარაკი შეიძლება მაშინ, როდესაც არსებითი განხილვაზე გადავალთ. ეხლა ფორმალური კითხვა არის დასმული, არის თუ არა ეს შეკითხვა სასწრაფო? ჩვენ წინააღმდეგნი ვართ შემდეგ მოსაზრებით: ერთი ის, რომ დღეს იყო მთავრობის მოხსენება ამის გამო. იყო კამათიც, და სოც.-ფედერალისტების ფრაქციას და აგრეთვე სხვა ფრაქციებსაც, თუ ჰქონდათ რამ სათქმელი, ამ კამათის დროსაც შეიძლებოდა ამის თქმა; ეს ერთი. მეორე - ს. მდივანმა განაცხადა: (შენგელაია ადგილიდან: დაასწარით არა?!) შეიძლება, მაგრამ, დასწრება არ არის სირცხვილი, დაგვიანება კი სირცხვილია! ბ. მდივანმა ბრძანა: „დადგა მოქმედების ხანა“, - ჩვენ ამ მოსაზრებიდან გამოვდივართ - თუ დადგა მოქმედების ხანა - განვლო ლაპარაკის ხანამ.
ჩვენ დავავალეთ ჩვენ დადგენილებით მთავრობას, რომ მან დროზე მიიღოს შესაფერი ზომები, გარდა ამისა, არის ზოგიერთი ტეხნიკური მოსაზრებანი, რომლის გამო მეტი სისწრაფე შეუძლებელი ხდება. ჩვენ უკვე დავავალეთ მთავრობას და თუ - მან გამოარკვია, რომ შესაძლებელი იქნება შევეხოთ ტეხნიკურის მხრით, მაშინ დავნიშნოთ კრებაც. ამიტომ ჩვენ გვგონია, არავითარი საჭიროება არ მოითხოვს სწრაფათ იყოს განხილული ეს შეკითხვა. (ს. დადიანი: ე. ი. ერთი თვის შემდეგ იქნება განხილული!).
თავმჯდომარე. კენჭს უყრი წინადადებას. ვინ არის სისწრაფის მომხრე? შეკითხვა გადადებულია. გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი სხდომის წესრიგი. (მდივანი კითხულობს). კრება დახურულია.
(სხდომა იხურება 3 საათზე).
![]() |
17 ოთხმოცდამეთოთხმეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(94)
1920 წელი. მარტის 5. პარასკევი. ტფილისი, სასახლე.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა იხსნება შუადღის 12 ს. და 20 წ.
შინაარსი
1. საბოლოო ტექსტები.
2. დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის-გზის ტარიფის გადიდებისა.
3. საბოლოო ტექსტი ამავე დეკრეტისა.
4. სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის განცხადება საგანგებო სხდომის შესახებ - ბათომის საკითხის განხილვის გამო.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. დღის წესრიგს მოგახსენებთ.
მდივანი. (კ. ჯაფარიძე) მოგახსენებთ კომისიებში გადასაცემ პროექტების ნუსხას (კითხულობს) ეხლა მოგახსენებთ დღის წესრიგს (კითხულობს).
ნუსხა დამფუძნებელი კრების კომისიებისათვის წინასწარი განხილვისათვის გადასაცემ საკანონმდებლო აქტებისა.
1. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი სამეცნიერო არქივის დეპარტამენტის დაარსებისა. გადაეცეს განათლების და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
2. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი ხარჯთ-აღრიცხვის დამატების შესახებ. გადაეცეს განათლებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
3. განათლების მინისტრის პროექტი დეკრეტისა - ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიისათვის დამატებით 495.635 მანეთის გადადების შესახებ. გადაეცეს განათლებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
4. განათლების მინისტრის კანონ-პროექტი ტფილისის უსინათლოთა სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. გადაეცეს განათლებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
5. მთავრობის თავმჯდომარის პროექტი დეკრეტისა - მთავრობის სახლის დამწვარი ნაწილის შესაკეთებლად, ცეცხლის საწინააღმდეგო მოწყობილობის შესაძენად და სხვა სააღმშენებლო მოწყობილებისათვის 1.686.000 მან. გადადების შესახებ. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
6. განათლების მინისტრის კანონპროექტი ფოთის საზღვაო სასწავლებლის შტატისა და ხარჯთ - აღრიცხვის დამტკიცებისა. გადაეცეს განათლების, სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
7. სამხედრო კომისიის ინიციატივით შედგენილი კანონ-პროექტი სამხედრო უწყების შტატისა დამატებისა და ცვლილებისა. გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
8. გზათა მინისტრის პროექტი დეკრეტისა სახაზინო რკინის გზის ქუთაისის სადგურის ფარგლის გასაფართოვებლად მამულის შესაძენად 1.570.000 მან. გადადების შესახებ. გადაეცეს გზათა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
9. მიწათ-მოქმედების მინისტრის პროექტი დეკრეტით - მაზრებში გადაყვანით მიწათ-მზომელთათვის ერთდროულ დახმარების მიცემის შესახებ, გადაეცეს აგრარულ და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
10. სამხედრო მინისტრის პროექტი დეკრეტისა სახალხო გვარდიის შესანახად ყოველ-თვიურად 15.000.000 მან. გადაცემის შესახებ. გადაეცეს სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას.
დღიური წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი კანონისა შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან საგანგებო მინდობილების ინჟენერის თანამდებობის დაარსების შესახებ.
2. საბოლოო ტექსტი კანონისა საპროფესიო და სატეხნიკო სკოლათა შტატის და ხარჯთ-აღრიცხვის შესახებ.
3. დეკრეტი მიწად-მოქმედების სამინისტროს ერთდროულ სამ-სემესტრიან უმაღლესი სასოფლო სამეურნეო კურსების ოთხ-სემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურს დამთავრებულთათვის აგრონომის წოდების მინიჭებისა.
4. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.
5. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავი ქონების გამოსყიდვის გაუქმების შესახებ.
6. პირველი (ზოგადი) განხილვა დროებითი კანონის პროექტისა სასჯელთა წესდების და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.
7. პირველი (ზოგადი) განხილვა დროებითი კანონ-პროექტის მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების შესახებ.
8. დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის-გზის ტარიფის გადიდებისა.
9. დეკრეტი ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარებად 1.500.000 მან. მიცემისა.
10. დეკრეტი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის წინასწარ ზომების მისაღებად 2,000.000 მან. გადადებისა.
11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ - პროექტისა შრომის-სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.
12. დეკრეტი საქართველოსა და სომხეთის შორის ნეიტრალური ზონის მილიციის შტატის შემოღებისა.
13. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა დამფუძნებელ კრების წევრებისა და მოხელეების შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესხებ.
14. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა, მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ.
15. დეკრეტი შავი-ქვის მრეწველთა საბჭოსათვის 360.000 მან. სესხის მიცემისა საავადმყოფოს აღსადგენად.
16. პირველი (ზოგადი) განხილვა სახაზინო რკინის-გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ, გარდა შავი ქვისათვის.
17 გაგრძელება მსჯელობისა დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი შეკითხვის გამო აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
18. შეკითხვა დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
19. შეკითხვა დამფუძნებელ კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.
20. შეკითხვა სოც.-ფედ. ფრაქციისა მთავრობისადმი ქალაქ ბათომისა და მისი ოლქის საქართველოსათვის შემოერთების საკითხის მდგომარეობის შესახებ.
თავმჯდომარე. წინადადება არის შემოტანილი სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ: მერვე საკითხი გადატანილ იქნას მესამე საკითხად, ე.ი. პირველ საკითხად - საბოლოო ტექსტების შემდეგ, მეცამეტე საკითხი - მეოთხე საკითხად, მესამე წინადადებაა: მეხუთე საკითხი გადადებულ იქნას
უკანასკნელ საკითხად. მეოთხე წინადადება გახლავთ პრეზიდიუმისა: მეცხრე საკითხი გადატანილ იქნას მეხუთე საკითხად. ამ წინადადებების შესახებ სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვა არავის სურს. არის ვინმე წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის, დღის წესრიგი დამტკიცებულია. პირველი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ქრ. შარაშიძის ასულს.
ქრ. შარაშიძე. (კითხულობს დღიური წესრიგის მუხლში აღნიშნულ საბოლოო ტექსტებს, რომელნიც კრების მიერ დამტკიცებულ იქნა უცვლელად).
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ:
დეკრეტი სახაზინო და კახეთის რკინის გზების ტარიფის გადიდებისა.
სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ბ. ელიგულაშვილს.
ი. ელიგულაშვილი. ბატონებო! ჩვენი რკინის გზის ბიუჯეტს საზოგადო სახელმწიფო ბიუჯეტში დიდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. და ეს ასეც უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენი სახალხო მეურნეობის ამ გაჭივრებულ მდგომარეობაში რკინის გზას აქვს დიდი მნიშვნელობა. და ამ რკინის გზის მეურნეობა არა ნორმალურ პირობებში არის. ეს აიხსნება იმით, რომ ამ რკინის გზას აქვს დიდი დეფიციტი და დეფიციტი კი აიხსნება იმით, რომ შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხარჯები და გასავალი. რკინის გზა, როგორც ერთ-გვარი ეკონომიური მეურნეობა, უნდა ექვემდებარებოდეს ძირითად ეკონომიურ კანონს, ე.ი. იმას, რომ ყოველი ხარჯი უნდა იყოს ანაზღაურებული იმ ნაყოფით, რომელიც მან უნდა შემოიტანოს. და თუ რომელიმე სამეურნეო დაწესებულება ვერ ასრულებს ამ ეკონომიურ კანონს, მაშინ მას მოაქვს დიდი მავნებლობა სახალხო მეურნეობისათვის. მით უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენ რკინის გზას აქვს სხვაგვარი ხასიათი, ის ემსახურება არა მარტო ადგილობრივ ინტერესებს, არამედ მას აქვს სხვა დანიშნულებაც. ეს არის სატრანზიტო რკინის გზა, რომლის დანიშნულება არის ტვირთის და მოგზაურობის გადატანა სხვა მეზობელ სახელმწიფოებში. ვინაიდან ამ რკინის გზას აქვს დიდი სატრანზიტო მნიშვნელობა, მაშასადამე, უნდა ვეცადოთ ამ რკინის გზამ არ მოქვცეს დეფიციტი. ამისთვის არის რომ უწყება შემოდის დეკრეტით, რომ ის ტარიფი, რომელიც ეხლა არსებობს რკინის გზებზე, გადიდებულ იქნას, რა საკვირველია, ყოველ ტარიფის მომატებას აქვს დიდი მნიშვნელობა და გავლენა სახელმწიფოს მდგომარეობაზე და საქონლის ფასის მომატებაზე, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ტარიფს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ იმდენად, თუ რა ნაწილს შეადგენს ის საქონლის ფასისას, თუ ამას გავითვალისწინებთ და შევადარებთ განზრახულ ტარიფებს საქონლის ფასთან, დავინახავთ, რომ ამ ტარიფს არ ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას ჰქონდა ნორმალურ პირობებში საერთოდ. ეხლა ტარიფი შეადგენს 3-5 პროცენტს, მაქსიმუმი - 18-19 პროც., საქონლის ღირებულებისას. რასაკვირველია ამ ტარიფის მომატებას ექნება ერთგვარი გავლენა საქონლის ფასების მომატებაზე, ამით შესაძლებელია სიძვირე გაძლიერდეს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ სხვა თვალსაზრისით უნდა მიუდგეთ ამ საკითხს, რა სჯობია: სჯობია ის, რომ რკინის გზას ჰქონდეს დეფიციტი და ეს დეფიციტი იხურებოდეს იმ წყაროდან, საიდანაც ყოველი დეფიციტი იხურება, ე. ი. ახალი ფულის ნიშნების გამოშვებით, თუ სჯობია, რომ ტარიფი იქნას მომატებული? თუ გავითვალისწინებთ ამას, დავინახავთ, რომ უკეთესი იქნება ტარიფის მომატება, ვიდრე ახალი ნიშნების გამოცემა, მით უმეტეს, რომ ამ რკინის გზას აქვს უმთავრესი დანიშნულება - ტრანზიტი. თუ რკინის გზას საქონლის გადაზიდვაში ჩვენთვის მოაქვს დეფიციტი. ეს დეფიციტი უნდა დაგვაწვეს ჩვენ და ამ დეფიციტში მონაწილეობას არ იღებს ის საქონელი, რომელიც სხვა სახელმწიფოში და საქართველოს არ ეკუთვნის. საზოგადოდ, ამ ბოლო დროს რკინის გზა იდგა არა ნორმალურ პირობებში და ერთგვარი დეფიციტი მოჰქონდა, ამას ყველგან ყურადღება მიაქციეს და ერთგვარი ტენდენცია იყო, რომ რკინის გზის წარმოება დაყენებული ყოფილიყო კომერციულ ნიადაგზე. ეს ტენდენცია არის უმთავრესად დასავლეთ ევროპაში. პირველ ნოემბერს წარსული წლისა იტალიაში რკინის გზის ტარიფი გაადიდეს 50 პროცენტით და დღეს წავიკითხე უცხო გაზეთებში, რომ იტალიის მთავრობას აქვს განზრახვა ეს ტარიფი კიდევ გაადიდოს. მერე საფრანგეთში 1919 წლის პირველ დეკემბერს რკინის გზის ტარიფი მომატებული იყო 115 პროცენტით. ხოლო ამა წლის პირველ თებერვალს შეერთებულ შტატებში, ამერიკაში გავიდა კანონი, რომლის ძალითაც რკინის გზის ტარიფი არის მომატებული. აი ასეთი ტენდენცია არსებობს საზოგადოდ რკინის გზის მეურნეობაში უცხოეთში. ჩვენი რკინის გზის ტარიფი არა ერთხელ იყო მომატებული. საფუძველი რკინის გზის ტარიფებისა იგივე რჩებოდა, ე. ი. თვით სისტემა ამ ტარიფისა არ იცვლებოდა, მაგრამ ხდებოდა ერთგვარი გენერალური აღმატება. ძირითადი ტარიფი, რომელიც არსებობს, ეს არის 1917 წლის 10 ივნისის ტარიფი. საზოგადოდ 1917 წლამდის რუსეთის რკინის გზებზე არავითარი ტარიფის მომატება არ ყოფილა, გარდა ეგრედწოდებულ სამხედრო გადასახადისა, რომელიც იყო სამგზავრო 25 პროც., ხოლო საბარგო 10 პროც., მას შემდეგ, ამიერ-კავკასიის კომისარიატმა 25 მაისის დეკრეტით ეს ტარიფი გაამრავლა რამდენიმეჯერ (კითხულობს). ეხლა უწყება შემოდის დეკრეტით, რომ ტარიფი იყოს მომატებული 100-ჯერ საქონლის სხვა და სხვა სისწრაფეზე, გარდა ზოგიერთ გამონაკლისისა, ეს იქნება ის საქონელი, რომელსაც არ შეუძლიან დიდი ტარიფის გადატანა, ე. ი. ამ გამონაკლისს შეადგენს ნავთი, მიწა, ბზე, მინერალური წყლები, შეშა, თივა, მარილი და ის მასალები, რომლებიც საჭიროა თვით რკინის გზისათვის, საერთოდ კი, თუ ეს ტარიფის მომატება გავიდა, რკინის გზას იმედი აქვს, უდეფიციტოდ დაფაროს ხარჯები. ვინაიდგან გასავალი რკინის გზისა უდრის ერთს მილიარდს, ხოლო შემოსავალი კი დღეს შეადგენს 1/2 მილიარდს, თუ დეკრეტი არ გატარდა - მაშინ დეფიციტი 500 მილიონი იქნება. თუ ეს მომატება გავიდა, დეფიციტი შეიძლება კიდევ იქნეს, მაგრამ არა იმოდენი. ამისათვის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დავალებით ვშუამდგომლობ, ეს დეკრეტი მიღებულ იქნას დამფუძნებელ კრების მიერ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გზათა დეპარტამენტის დირექტორს ბ. ჭიჭინაძეს.
ბ. ჭიჭინაძე. გზათა დეპარტამენტის დირექტორი. რკინის გზებისათვის რაციონალურ ტარიფების შემოღებას აქვს დიდი მნიშვნელობა საზოგადოდ და მეტადრე მაშინ, როდესაც რკინის გზების მეურნეობა ნაწილობრივ დანგრეულია და აუცილებლად თხოულობს განახლებას და გაძლიერებას. დიდი ხანია, რაც სხვა და სხვა დარგში რკინის გზისა არ მომხდარა განახლება მოწყობილობისა, არ ყოფილა შეძენა სხვა და სხვა მასალისა. და ის მდგომარეობა, რომელიც არის ეხლა რკინის გზებზე, წარმოადგენს თან და თან შეჭმას იმ ქონებისას, რომელიც რკინის გზაზე არის დახარჯული. და თუ რკინის გზას არ მიეცა საშუალება, რომ შეიძინოს მასალა, განაახლოს სხვა და სხვა მოწყობილობა, რასაკვირველია, იმ მინიმალურ საზომით, რომელიც ეხლა აუცილებელია, ამ შემთხვევაში რკინის გზის მუშაობა თანდათან დაქვეითდება და ბოლოს მივაღწევთ იმ მდგომარეობას, რომ მოგვიხდება მატარებლების მიმოსვლის შემცირება. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, შემოსავალი რკინის გზისა დაეცემა იმიტომ, რომ მთელი მოწყობილობა, რომელიც ეხლა აქვს რკინის გზას, ვერ იქნება განახლებული. რასაკვირველია, ეხლა პირდაპირ უნაყოფო იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ რკინის გზას ჰქონდა წმინდა შემოსავალი. აქ მარტო რკინის გზის მუშაობა არ არის მხედველობაში მისაღები, რომელიც არსებობენ და რომელნიც აიძულებენ რკინის გზას, რომ თუ დეფიციტი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში წმინდა შემოსავალი ვერ იქონიოს. რასაკვირველია, გზათა უწყება ვერ დაისახავს მიზნად შემოიტანოს ისეთი ტარიფი, რომელიც წმინდა შემოსავალს მისცემს, რადგანაც ასეთი შემოსავალი თავის მოტყუილება იქნება და არსებითად კი, წმინდა შემოსავალს რკინის გზას არ მისცემს. მაგრამ აუცილებელია, რომ რკინის გზას ჰქონდეს საშვალება შეიძინოს საჭირო მასალა და განაახლოს ის მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია რკინის გზის მუშაობისათვის. როგორც მოგეხსენებათ, უკვე რკინის გზის ბიუჯეტი შეადგენს 45 %25-ს მთელი რესპუბლიკის ბიუჯეტისას. სხვა ქვეყნებში, სადაც რკინის გზის ბიუჯეტი შეადგენს 8 პროც.-დან 10 პროც.-მდის, რასაკვირველია არის საშვალება, რომ დეფიციტი, რომელსაც განიცდის რკინის გზა, დაფარულ იქმნას სხვა შემოსავლისაგან, რომელიც აქვს სახელმწიფოს.
აქ რასაკვირველია არ არის საშუალება, რომ დეფიციტი, რომელსაც განიცდის რკინის გზა ან საზოგადოდ ის ხარჯები, რომელიც საჭიროა, რომ განვაახლოთ რკინის გზის მოწყობილობა, შეიძლებოდეს გადებულ იქნას სხვა შემოსავლიდან, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს ჩვენს რესპუბლიკაში, სადაც რკინის გზის ბიუჯეტი, რომელიც თითქმის ნახევარს აღწევს მთელი ბიუჯეტისას, ეს საშვალება არ არის, თუ რკინის გზას არ ექნება სათანადო შემოსავალი. ამიტომ ან უნდა დავანებოთ თავი რკინის გზას და სულ დავანებოთ თავი ამ რკინის გზის მართვა-გამგეობას. უნდა ითქვას, რომ ტარიფები, რომელიც ახლა არსებობს რკინის გზაზე, მუქთად ზიდვას წარმოადგენს. საკმაოა ითქვას, რომ 8 ვერსის მანძილზე ჩვენ მე-3-მე კლასის მგზავრს ვახდევინებთ 8 მანეთს. ასეთივეა ტვირთის გადაზიდვა. ტარიფის მომატებას იწვევს არა მარტო ხელფასის მომატება, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარჯს, მაგრამ ვერ შეედრება იმ ფასს და იმ ღირებულებას, რომელიც რკინის გზისთვის საჭირო მასალას აქვს. უმთავრეს გავლენას ახდენს ფასი იმ მასალებისა (ლოთიურ მასალის), რომელიც სჭირდება ორთქმავლისა და ვაგონების შეკეთებას. ეს ორი გარემოება მასალის ფასის გადიდება და ჯამაგირის მომატება რკინის გზაზე იწვევს დეფიციტებს. თუ ამ უკანასკნელ დროს გატარდა ორი მომატება - 40 და 60 პროცენტიანი ე.ი. 100 პროცენტი, მაშინ, როდესაც უკანასკნელი გადიდება ტარიფებისა, რომელიც ნოემბერში გატარდა, არ წარმოადგენს არსებითად ტარიფების გადიდებას, ის იყო შეცვლა ტარიფების იმ მხრივ, რომ მოსპობილიყო სამხედრო გადასახადი და ამავ დროს, ძირითადი ტარიფის გადიდებით ანაზღაურებულიყო შემცირება შემოსავლისა, ისე, რომ ნოემბრის გადიდება სრულიად არ არის მისაღები ანგარიშში. როდესაც ტარიფების შემუშავება იწყება, გზათა უწყებას უნდა გაეთვალისწინებია ის ხარჯები, რომელიც მომავალში ექნებოდა რკინის გზას. ამისათვის შედგენილია ხარჯთაღრიცხვა 1920 წლის ივნისის 1-დან 1921 წ. ივნისის 1-მდე. ეს ხარჯთაღრიცხვა გვაძლევს 926 მილ. მანეთს. რასაკვირველია, აქ არ არის მიღებული მხედველობაში უბედურება, რომელიც მოხდა ქართლში და კერძოდ, რკინის გზის ხაზზე და რომელმაც გამოიწვია 5 სადგურის სულმთლად განადგურება და რკინის გზის ლიანდაგის დაზიანება 22 ვერსის მანძილზე, და ამიტომ ეს დამატებითი ხარჯი უეჭველად 100 მილიონს გადააჭარბებს. ამავე დროს, თუმცა რკინის გზის მოძრაობამ თითქმის, ორჯერ იმატა ამ ერთი წლის განმავლობაში და საგზაო მატარებლების რიცხვი გვაქვს მეტი, ვინემ ოდესმე ყოფილა ამიერ-კავკასიის რკინის გზაზე; თუმცა ტვირთის გადაზიდვის ფასმა შესამჩნევად იმატა, მაგრამ შემოსავალი მცირეა. იმ მიმოსვლის ტარიფებით, რომელიც დღეს არსებობს, შემოვა წლის განმავლობაში მხოლოდ 534 მილიონი, ე. ი. დეფიციტი უდრის 400 მილიონს მან, გორის უბედურებაც რომ არ მივიღოთ მხედველობაში.
რადგანაც ხარჯთ-აღრიცხვა ახლა შედგენილია და ის ძალაში შევა 1-ლ ივნისიდან, როდესაც შეიძლება მასალის ფასებმა კიდევ აიწიოს, ამისთვის თავისთავად ცხადია, არა ნაკლებ 1/2 მილიარდი ქაღალდის ფულის გამოცემა იქნება საჭირო რკინის გზისთვის ამ დეფიციტის დასაფარავად. ეს არის მიზეზი, რომელიც იწვევს ჩვენს წინადადებებს, რომ მომატებული იქნეს ტარიფი. ტარიფების მომატებას ვანგარიშობდით ისე, რომ ეს დეფიციტი დაფარულიყო და მასთანვე იმას ვიღებდით მხედველობაში, რომელი ტარიფის გადიდება არის უფრო სამძიმო და შესამჩნევი რესპუბლიკის მოქალაქისათვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის ტარიფი, რომელიც არის წარმოდგენილი დასამტკიცებლად, მაინც იმდენად მცირეა, რომ შედარებით იმ ფასებთან, რომელიც რესპუბლიკაში არსებობს სხვა და სხვა საგანზედ, რკინის გზაზე სიარული არის ყველაზე უფრო იაფი საქონელი. I ნაწილი დეკრეტისა შეეხება ტარიფების გადიდებას. იქ აღნიშნულია, რომ საფუძვლად გადიდებისა, როგორც წინადაც იყო, მიღებულია ნორმალური რკინის გზის ტარიფი, ესე იგი ტარიფი, რომელიც არსებობდა 1917 წლის ივნისის 10-დე, ამას უწოდებთ ნორმალურ ტირიფს, იმიტომ, რომ ის გადიდება ტარიფისა, რომელიც იმ დროს არსებობდა, იყო გადიდება დამატებითი სამხედრო გადასახადის საშუალებით, რომელიც ეხლა უკვე მოსპობილია. ამ რიგად ჩვენ ვუბრუნდებით რუსეთის რკინის გზების ნორმალურ ტარიფებს. ამ ტარიფის შედარებით სამგზავრო მიმოსვლის ტარიფი ამ პროექტში 60-ჯერ გადიდდება. რომ დეფიციტი ყოფილიყო დაფარული, უნდა ყოფილიყო გადიდებული ერთნაირად სამგზავრო და საბარგო ტარიფიც დაახლოვებით 100-ჯერ, მაგრამ რომ საჭირო არ ყოფილიყო შეღავათიან ტარიფების შემოღება, რაც უხერხულია, თუ დიდი მასშტაბით გატარდა, უეჭველათ გამოიწვევს წესის დარღვევას სხვა და სხვა აგენტების მიერ. იმიტომ, რომ ძნელი იქნება კონტროლი. გზათა უწყებამ ტარიფის გადიდების დროს აქაც მიიღო 100-ის მაგივრად 60-ჯერ გადიდება, თუმცა იმ დროს, როცა არ არის ისეთი მისალა, რომელიც 200-ჯერ ნაკლებ არ იყოს გადიდებული.
და არის ისეთიც, რომელიც გაძვირებულია 2000-ჯერ. იმ დროს, როცა 1-ლ კატეგორიის მუშა, შესაძლოა ნაკლებს იღებს, ვინემ ევროპაში, მაგრამ 120 ჯერ მეტს, ვინემ ნორმალურ პირობებში. მხოლოდ 60-ჯერ გადიდებული ნორმალური ტარიფებისა არსებობა უნდა საზარალოდ ჩაითვალოს. მაგრამ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ სამგზავრო ტარიფი წინადაც არ აძლევდა რკინის გზას შემოსავალს. და ამ მოსაზრებით შემოგვაქვს წინადადება 60 ჯერ გადიდდეს სამგზავრო ტარიფი. რაც შეეხება ბარგის ანუ ბაგაჟის ტარიფის გადიდებას, ვთხულობ მის გადიდებას 100-ჯერ ნორმალურ ტარიფთან შედარებით. ნელი სიჩქარით საზიდი საქონლის გადატანის ტარიფის გადიდებას მოვითხოვთ 100-ჯერ, თუმცა, არსებითად ეს ასე არ იქნება, ვინაიდან მეორე მუხლში ამ დეკრეტისა არის ნათქვამი, რომ მოსპობილი უნდა იქნეს 5 სხვადასხვა დამატებითი გადასახადი, რომელიც არსებობს რკინის გზაზე. ამ დამატებითი გადასახადის შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: ეს დამატებითი გადასახადი არის სპეციალურად რუსეთის პრაქტიკით შექმნილი, და მდგომარეობს იმაში, რომ გარდა გადაზიდვის ფასისა, სატვირთო ბარათში, რომელიც თან ახლავს ტვირთს, იწერება მთელი რიგი სხვადასხვა გადასახადებისა.
ეს იწვევს საქმის სირთულეს რკინის გზის საშემოსავლო ნაწილის მუშაობაში, ვინაიდან დოკუმენტების გამო სწარმოებს ზედმეტი მიწერ-მოწერა სადგურებთან, ასეთი ცალკე ანგარიში სრულებით არ არის საჭირო, როგორც ეს სჩანს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის პრაქტიკიდგან, სადაც ეს გადასახადები არ არსებობს და მთელი ფასი ტვირთის გადაზიდვისა ერთად იწერება. ჩვენ ასეთი რეფორმის გატარება არ შეგვიძლია ერთბაშად, ამის შესახებ არის მუშაობა გზათა უწყებაში. ეს დიდს დროს მოითხოვს. ჩვენ შესაძლოდ ვსცანით შეგვეტანა დეკრეტში შემდეგი ცვლილება წინანდელ წესისა. არის დამატებითი გადასახადი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ტვირთის გაგზავნასთან. შეუძლებელია გაიგზავნოს ტვირთი, თუ არ იქნა აწონილი სადგურზე გადატანილი და დატვირთული, აი ამ გადასახადის მოსპობა შეიძლება. თუ დაუბრუნდებით ჩვენ წინა წლების სტატისტიკას, დავინახავთ, რომ ეს 5 დამატებითი გადასახადი შეადგენდა 20 პროცენტს სატვირთო მიმოსვლის შემოსავლისა, ე.ი. ამ 5 დამატებით გადასახადს თუ მოვსპობთ, ამ შემთხვევაში ნამდვილათ მხოლოდ 80 პროცენტით გადიდდება ტარიფი. რჩება ისეთი გადასახადი, რომელიც არ არის უეჭველად დაკავშირებული გადატვირთვასთან, არამედ გამომდინარეობს რაიმე დაბრკოლებიდან. აი, მაგალითად: ვინმემ მოითხოვა ვაგონი და ეს ვაგონი არ დატვირთა, ან გზაზე 1 ვაგონიდან მეორეში მოხდა გადატვირთვა. ამაზე არის შემოღებული ისეთი გადასახადი, რომელიც არ არის დაკავშირებული გადაზიდვასთან. შეიძლება ეს დამატებითი მუშაობა მოხდეს, ან შეიძლება არ იქნება საჭირო, მაგალითად, გადატვირთ-გადმოტვირთვა. ასეთი გადასახადები რჩება და უნდა დარჩეს, სანამ მთელს სისტემას ტარიფებისას არ შევცვლით. მაშასადამე, გადიდება ნელის სიჩქარის საქონლის ტარიფისა არის 80 ჯერ. საჭირო იყო გათვალისწინება იმისა, რომ არ ქონოდა მნიშვნელოვანი გავლენა ტარიფის გადიდებას იმ საქონლის ფასებზე, რომლის ფასს მნიშვნელოვანად ახწევს ტარიფის გადიდება, ეს შეეხება იაფ საქონელს, რომელიც დიდს ადგილს იჭერს, მაგალითად შეშა. შეშისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მომატება 80 ჯერ, ჩვენ მივიღებდით მნიშვნელოვან გადიდებას შეშის ფასისას, ამიტომ მთავრობაში განხილვის შემდეგ ეს ტარიფი შეშაზე გადიდებულია მხოლოდ 30 ჯერ, შედარებით ნორმალურ ტარიფთან. თუ თქვენ დაუკვირდებით იმ პუნკტს დეკრეტისა, სადაც არის ნათქვამი, (კითხულობს) თქვენ დაინახავთ, რომ შეშის გადაზიდვა ხდება პირდაპირ საზარალო ფასებში, მაგრამ ეს აუცილებელია იმიტომ, რომ შეშის ფასი ძლიერ აიწევდა და ეს ხაზინას დაუჯდებოდა მეტი, ანდა იმდენივე, რასაც მისცემდა ეს მომატება ტარიფისა. ამ მოსაზრებით შეშისთვის შემოღებულია შეღავათიანი ტარიფი, რომელიც 30-ჯერ ადიდებს ფასს, შედარებით ნორმალურ პირობებთან. გარდა ამისა, არის სხვა და სხვა იაფ ფასიანი საქონელი ან ისეთი საქონელი, რომელსაც ტარიფის გადიდება დაეტყობა მეტად, ვინემ სხვა საქონელს. ასეთი საქონელი ცალკე არის ჩამოთვლილი დეკრეტში და ამისათვის ტარიფი მომატებულია 50-ჯერ. ასეთია, სხვათა შორის, ქვანახშირი, მიწა, მინერალური წყლები (ბორჯომის), თივა, ბზე, რომელთა ტარიფის გადიდება 100-ჯერ გამოიწვევდა თვით საქონლის თითქმის 50 პროცენტით ფასის გადიდებას. ამიტომ შემოღებულია შეღავათიანი ტარიფი არა 100-ჯერ მომატებული, არამედ 50-ჯერ, ნორმალურ პირობებთან შედარებით. გარდა ამისა, აქ არის შემოღებული შეღავათიანი ტარიფი გამოუხდელ ნავთზე, მაზუთზე. გადიდება უნდა მომხდარიყო 100-ჯერ, მაგრამ წინათ მიღებულ დეკრეტის თანახმად, გზათა მინისტრის, სახელმწიფო კონტროლიორის და ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებით, რის უფლება ჰქონდათ მინიჭებული იმ დეკრეტით ამ უწყებებს, მოხდა გათანასწორება ნავთის და „კეროსინის“ ძირითად ტარიფებისა. ისე, რომ გადაზიდვა ნავთისა და მაზუთისა ხდება იმავე ტარიფით, როგორც „კეროსინ“-ისა. თუ ამას მივიღებთ მხედველობაში და შემდეგ გავადიდებთ ტარიფს 100-ჯერ, ამ შემთხვევაში არსებითი გადიდება შედარებით ნორმალურ პირობებთან ნავთისათვის და მაზუთისათვის გამოვა 300-ჯერ და მეტიც, თითქმის 320-ჯერ. ამიტომ საერთაშორისო სარკინის გზო ბიუროში, სადაც ყველა ტარიფი თანახმად ხელშეკრულებისა, აზერბეიჟანის, სომხეთის და საქართველოს რკინის გზებს შორის, უნდა იქნას გადიდებული შეთანხმებულად. ერთგვარი კომპრომისული გადიდება იყო დაშვებული - 75-ჯერ, იმ პირობით, რომ ნავთის, მაზუთის და „კეროსინი“-ს ტარიფი იქნება გათანასწორებული, თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, გადიდება ხდება არა 100-ჯერ, არამედ 200-ჯერ, იმიტომ, რომ ეხლა არის გადიდებული 80-ჯერ და თუ ამას გავადიდებთ, ჩვენ კიდევ იმ პირობით, რომ ნავთის და მაზუთის ტარიფი გათანასწორებული დარჩეს „კეროსინ“-თან, მაშინ ნამდვილი გადიდება იქნება 200-ჯერ. ეს იწვევს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დაწერილი გადიდება 75-ჯერ. თუ ზემოხსენებულ ტარიფებს მივიღებთ იმ შესწორებით, რომელიც შეტანილი იყო საერთაშორისო სარკინისგზო ბიუროში და შემდეგ განხილული და დამტკიცებული მთავრობაში, შემოსავალი იქნება 980 მილიონი, ესე იგი, თუ მივიღებთ მხედველობაში ხარჯს, რომელსაც გამოიწვევს გორის რაიონში რკინის გზის ლიანდაგის დაზიანება, დავინახავთ, რომ რკინის გზას მაინც დარჩება დეფიციტი 20 მილიონამდის. ყოველ შემთხვევაში, ეს დეფიციტი არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ეს იქნება მაშინ, რომ დარჩენილიყო ძველი ტარიფი. დასკვნისათვის უნდა მოგახსენოთ, რომ რკინის გზის მეურნეობა ეხლა არ არის კარგ მდგომარეობაში, თუმცა გარედან როდესაც უცქერით ამ რკინის გზის მოძრაობას, რომელიც გადიდებულია, წესიერად მიდის, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ საქმე მაგრად დგას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვხარჯავთ იმ მასალას, რომელიც გვაქვს, მაგრამ თუ არ იქნა ზომები მიღებული, რომ შეძენილ იქნას ახალი მასალა, და კაპიტალურად არ შეკეთდა ის, რაც 5 წლის განმავლობაში არ იყო შესწორებული, აუცილებელია ჩვენი რკინის გზების მუშაობის თან და თან შემცირება. ამ მოსაზრებით გზათა უწყება აუცილებლად სთვლის იმ ტარიფების მიღებას, რომელიც წარმოდგენილია აქ დასამტკიცებლად დამფუძნებელ კრებაში.
თ. ღლონტი. (ს.-ფ.) მოქალაქენო! 2 წლის განმავლობაში ჩვენ სისტემატიურად მხარს უჭერდით მთავრობას და უწყებას, როდესაც ის უმატებდა როგორც ფასებს, ისე ტარიფებს სხვა და სხვა საქონელზე და სხვა და სხვა ნაწარმოებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად ვერ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომელიც რკინას გზის ტარიფის გადიდებას უდევს საფუძვლად.
ჯერ ერთი საერთო მოსაზრების მიხედვით ჩვენ გვგონია, რომ უნდა დაედვას საზღვარი რესპუბლიკაში სისტემატიურად საქონლის ფასის აწევას, იქნება ეს ბაზრის თუ სახელმწიფოებრივ დარგის რომელიმე ნაწარმოები, ან იმ დარგისა, როგორიც არის რკინის გზა. ამ სისტემატიურმა მომატებამ ჩვენ ვიცით, თუ რა მდგომარეობაში ჩაგვაყენა.
ჩვენ თუ წინად ვბეჭდავდით 400 მილიონ მანეთს, ეს დიდ თანხად მიგვაჩნდა, ბოლო დროს ვბეჭდავთ 800 მილიონს და თუ ეს მდგომარეობა ასე გაგრძელდება ესეც გამოგველევა და შემდეგ დადგება ჩვენ წინაშე საკითხი ხელფასის მაღლა აწევისა, მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირების მომატებისა და ამ გზით, საზოგადოდ, ჩვენ დავდგებით ცხოვრების გაძვირების ფაქტის წინაშე. ჩვენ ვამბობთ, რომ თვით სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში ინიციატივა, თვითონ უნდა ჩაუდგეს სათავეში ყოველგვარ აღებ-მიცემობას, რომ გაძვირებას და დეფიციტებს ბოლო მოეღოს. თვით ძირითადი მოსაზრება, რომელიც საფუძვლად უდევს ტარიფის გადიდებას, მიუღებელია ჩვენთვის, შემდეგი მოსაზრებით: როდესაც ჩვენ რკინის გზებზე ტარიფს ვადიდებთ, ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რომ ეს გადიდება იწვევს საქონლის და საზოგადოდ ცხოვრების გაძვირებას. ბატონმა მომხსენებელმა და დეპარტამენტის დირექტორმა ბ. ჭიჭინაძემ განაცხადეს, რომ რკინის გზა არის ერთგვარი საკომერციო დაწესებულება, შეუძლებელია რკინის გზამ ყველაფერი ძვირად იყიდოს და იაფად გაყიდოს, ის ყიდულობს ძვირად, ბევრს აძლევს ხელფასის სახით მუშათა კლასს და თუ იგი ამავე დროს იმდენს ვერ იღებს, რაც უჯდება, უეჭველია, რომ რკინის გზას ექნება დეფიციტი, რომელიც სახელმწიფოს დააწვებაო.
უეჭველია საკომერციო მოსაზრებასთან ერთად, რკინის გზის უწყებას უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ეკონომიური მოსაზრებაც. ეხლა გზათა დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს რა იმას, თუ რა პროცენტული დამოკიდებულება უნდა იყოს საქონლის ფასის და რკინის გზის ტარიფის შორის, იმ დასკვნამდის მიდის, რომ ამ მომატებას ტარიფისას არ ექნება ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომ გამოიწვიოს საშიშროება ცხოვრების გაძვირებისა და სხვაო.
ეს არ არის მართალი, რასაკვირველია ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ ის თვალსაზრისი, რომლის მიხედვით შეგვიძლია ამ დეკრეტის განხილვა, ჩვენ თუ შევხედავთ ამ საკითხს იმ თვალსაზრისით, რომ საქონლის ფასს მიემატება მაგალითად, 100 მანეთზე სულ 5 მანეთი, რასაკვირველია, ამას მნიშვნელობა არ ექნება სპეკულიანტისთვის. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, მაგალითად, რომ 100 მანეთის მაგივრად, თუ გინდა 105 მანეთი გადაიხადოს, როცა ის მოგზაურობს თბილისიდან ბათომამდე, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. სპეკულიანტები ამაზე ლაპარაკს არ დაიწყებენ.
ამ თვალსაზრისით ჩვენ უეჭველად უნდა მივიღოთ ის პროექტი, რომლის დაცვა იკისრა ბესარიონ ჭიჭინაძემ. მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ სხვა თვალსაზრისს არა სპეკულიანტების თვალსაზრისით, არამედ დემოკრატიის ნაწილის თვალსაზრისს, მაშინ დავინახავთ სულს სხვა მდგომარეობას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ მონოპოლიის სისტემა, გადავდევით მილიონი მანეთი მუშა-მოსამსახურეთათვის საქონლის შესაძენად, რაც ჩვენ დავავალეთ სხვადასხვა დაწესებულებებს, რომ თვითეულ მუშა-მოსამსახურეზე შეეტანათ 1000 მანეთი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ერთგვარი სისტემა იყო და დღეს მუშა-მოსამსახურენი, როგორც სახაზინო, ისე საზოგადო დაწესებულებათა - ღებულობენ შაქარს 10 მანეთად.
როდესაც ჩვენ გვაქვს საკითხი გადასაჭრელი, გავადიდოთ ტარიფი თუ არა, ვის უწევთ ჩვენ ანგარიშს, ვისი თვალსაზრისით უნდა გამოვიდეთ? იმისი ვისაც უჭირავს სადავეები ჩვენი ცხოვრებისა; ეს არის მუშათა კლასი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სატარიფო პალატის დადგენილება არის ჩვენთვის აუცილებელი და რაკი ესენი ქმნიან ჯამაგირების ნორმებს იმიტომ, რომ ეს ვრცელდება ყოველგვარ დაწესებულებეზე, გვარდიაზე, ჯარზე, საზოგადო და კერძო დაწესებულებებზე, და ერთგვარ ნომენკლატურას ქმნის, ამიტომ მე ვამბობ, რომ ამას აქვს თუ არა ჩვენთვის მნიშვნელობა. ეს იქნება თუ არა ლეიტმოტივი ყველა ჩვენი დაწესებულებათათვის?
ბატონი ჭიჭინაძე ბრძანებს, რომ ბაზარზე შაქარი ღირს 100 მანეთი და მანეთი რომ წაუმატოთ, რა მნიშვნელობა ექნება ამასო. რომ დავადგეთ ამ აზრს, აი, რას მივიღებთ ჩვენ: მე ავიღებ მაგალითისათვის შაქარს. მე მგონია ეს არის პირველ მოთხოვნილების საგანი დემოკრატიის უმრავლესობისათვის, რომელიც სამსახურს ეწევა და მუშაობს სხვა და სხვა დაწესებულებებში. რკინის გზა ამის მოტანისთვის ფუთზე აიღებს 45 მანეთს. 45 აიღებს ქალაქის თვითმმართველობა გადასახადის სახით. ეს ნიშნავს იმას, რომ 90 მანეთი მიაქვს გადასახადს. მაშინ, როდესაც თვითონ შაქარი ღირს ფუთი 400 მანეთი, გადასახადი იქნება 90 მანეთი, ესე იგი, თითქმის 1/4 ღირებულებისა - 25 პროც., რასაკვირველია, ეს არავითარ შემთხვევაში მისაღები არ არის, რომ ეს საგანი ძვირი იყვეს, რომ ასეთი გავლენა მოახდინოს ტარიფმა პირველ საჭიროების საგანზე. მაშასადამე, რკინის გზის ტარიფის გადიდების შედეგი გახლავთ საქონლის გაძვირება, თუ დღეს ჩვენ ფხვნილ შაქარში ვაძლევთ 10 მანეთს, ჩვენ უეჭველად მათ უნდა მივცეთ 12 მანეთი, ტარიფის გადიდების შემდეგ.
რასაკვირველია, ეს არ არის მისაღები. მაშასადამე, რკნის გზის ტარიფის მომატება მოახდენს გავლენას სხვა საგნების გაძვირებაზე. თუ ჩვენ მუშებს დღეს შაქარს ვაძლევთ 10 მანეთად, შემდეგ 12 მანეთად უნდა მივცეთ. (კ. ნინიძე: ვინ მოგახსენათ?). ბ. კ. ნინიძეს არაფერი არ მოეხსენება, მაგრამ მე და ხალხს მოგვეხსენება, რომ როდესაც თქვენ ადიდებთ 1/2 ჯერ, მაშინ სპეკულიანტს ეძლევა საშუალება თავის ანგარიშებით კიდევ 1/2 ჯერ გაადიდოს და ამით მშრომემელი ხალხის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. თქვენ დღეს სპეკულიანტების ბრჭყალებში იმყოფებით და როდესაც 25 პროცენტით ადიდებთ ტარიფს, ეს ნიშნავს 50 პროც., დღევანდელ სიძვირის კვლავ გადიდებას და ბრძოლას დემოკრატიის წინააღმდეგ. ეხლა ავიღოთ ღვინო. თუ ჩვენებურ ღვინოს ავიღებთ, მაღალ ღირსების ღვინოს, ფუთში 18 ბოთლია (კითხულობს ციფრებს). უნდა გადაიხადოს, ამასვე მიემატება იმდენივე საერობო და საქალაქო გადასახადები და ეს ნიშნავს, რომ ბოთლს (მოყავს ციფრი) მანეთით აძვირებთ. მე მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის ღვინო თუ აუცილებელ, პირველ მოთხოვნილების საგანს არა, ერთგვარ მოთხოვნილების საგანს მაინც შეადგენს და როდესაც თქვენ ამ მუშათა კლასისათვის ერთგვარ მოთხოვნილების საგანს ამდენი მანეთით ადიდებთ, ბოლოს მე თქვენ გეკითხებით: რას იზამს მაშინ სპეკულიანტი თუ კერძო პირი? რასაკვირველია. ისიც ამავე ნორმით მიუდგება საკითხს და ისიც თავის მხრივ კიდევ გააძვირებს. მე ვამბობ, რომ როდესაც თქვენ ღვინოზე ადიდებთ ფასებს, ამას სპეკულიანტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მას ვეღარ ყიდულობს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით. ეს არის ის მუშა-მოსამსახურენი, რომლებიც საზოგადოებრივ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში მსახურებენ და რომლებიც ქმნიან ჩვენს პოლიტიკას.
ამათთვის ჩვენ ვაძვირებთ ცხოვრებას 30 პროცენტით, ეს კი მათთვის პირდაპირ გამანადგურებელია, ეს ქმნის ისეთ პრეცედენტებს, რომელიც ხელს უწყობს საზღაპრო ფასების ზრდას. ეს კი სამარის გათხრას უმზადებს ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებას. თუ ეს სამარე არ არის და ქმნის მეურნეობას, მე მოგახსენებთ ერთ საინტერესო შემთხვევას: როცა საგზაო კომისია მოგზაურობდა უწყების წარმომადგენელთან ერთად და ეცნობოდა რკინის გზის მდგომარეობას, ფოთის რკინის გზის სადგურზე, ერთს საინტერესო ფაქტს წავაწყდით: ვიღაც მოქალაქეს ფოთის სადგურზე ჩამოეტანა საქონელი და იყო ატეხილი ერთი აურ-ზაური და ალიაქოთი, დავინტერესდით, გვინდოდა გაგვეგო რაში იყო საქმე? გამოირკვა, რომ მიზეზი ამ ალიაქოთისა იყო ის გარემოება, რომ ქალაქი ახდევინებდა 108 მან. და რკინის გზა კი - 105 მან. და როცა მოქალაქე ხედავდა, რომ ქალაქი უფრო მეტს ახდევინებდა, ვიდრე რკინის გზა, სწორედ ამაზე აეტეხა აურ-ზაური. კანონი არ ვიცოდი, კანონის უცოდინარობა არ არის იმდენი დანაშაული და როცა ასეთი მდგომარეობაა, რომ რკინის გზა ნაკლებს იღებს, ვიდრე ქალაქი თავის გადასახადის სახით, მე ვამბობ, რომ აქ არავითარი მეურნეობა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა არა სჩანს.
ჩვენ ვფიქრობდით: ეს შეცდომაა თუ გაუგებრობა? მაგრამ გამოვითხოვეთ ასლი დეპეშისა და ვნახეთ, რომ ეს მართალი გამოდგა. რაკი ეს ფოთში აღმოჩნდა? სხვა სადგურებსაც მივმართეთ. ასეთივე მდგომარეობა იყო სადგურ ხაშურზე. ამავე საქონელზე ხაშურსა და ბორჯომ შუა ქალაქი 10 მ. 12 კაპ. მეტს ახდევინებდა, ვიდრე რკინის გზა. თვითონ ელიავაც გაკვირვებული იყო ასეთი შემთხვევით. ტყის მასალის გადაზიდვაში სუმბათოვიდან ხაშურამდე რკინის გზას აუღია 31 მან. ქალაქს კი - 42 მან. და გეკითხებით მე თქვენ: არის თუ არა ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა? არის თუ არა რკინის გზის მეურნეობა? ეს არ არის მეურნეობა! ეს არის ძალდატანება: მე მინდა და მომეცითო. ამას არ ქვიან ფინანსების განმტკიცება, ეს არის ვაკხანალია. (ნიკოლაძე: ეს არის სოციალიზაცია! გვაზავა: მაშ რა უნდა ვქნათ?). 31 ივლისს მივიღეთ დეკრეტი. თქვენ ეს ქალაქის თვითმმართველობაშიაც მიიღეთ და ხვალ გაგზავნით ყველა სადგურებზე ცხოვრებაში გასატარებლად და ნახავთ, რომ ყველა ქალაქებიც ამასვე იზამენ და მოხდება ის, რასაც თქვენ ნორმალურად დაინახავთ. ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ეკონომიურ მდგომარეობას.
აქ აღნუსხული იყო, რომ რკინის გზის ტარიფი არ არის ჩვენში მძიმე. მოყვანილი იყო საბუთად იტალიის მაგალითი, რომ მეორე კლასის ბილეთი 161 მან. ღირს და ჩვენ ვახდევინებთ ამდენ და ამდენ მანეთს, მაგრამ საქმე იმაშია, თუ ჩვენ როგორ ვახდევინებთ და როგორ ახდევინებენ ისინი. რას უწევთ ანგარიშს? ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ ძირითად დებულებას და არა იმას, თუ როგორ არის სხვაგან. აქ ამბობენ, რომ სხვაგან მეტი პროცენტით მოუმატეს რკინის გზის ტარიფსო. მაგრამ ყველაფერს შედარება უნდა. ისეთი მომატება, როდესაც ასეთი არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს - მიუღებელია. თუ კი ჩვენ შედარებას მივმართავთ, აქ ერთგვარი ზომა უნდა გვქონდეს. ჩვენ ვლაპარაკობთ ჯერობით, უმატებთ ჯერობით, იქ კი - პროცენტებით უმატებენ. ჩვენ ვუმატებთ 30-ჯერ ისინი კი 30 პროცენტით: შეიძლება გულუბრიყვლო ადამიანმა იფიქროს. რა განსხვავებაა 30-ჯერ და 30 პროც. შორის? მაგრამ ცხადია, რომ განსხვავება დიდია - ჩვენში ემატება ასეულობით, იქ კი ერთეულობით და ათეულობით. ამ შედარებას ჩვენ ფხიზლად უნდა მოვექცეთ. როდესაც ევროპაში მომატება ხდება 60 პროც.-ით, ჩვენში 1000 პროც.-ით. ჩვენ უმატებთ ჯერობით და ეს სისტემა დააწვება იმ საგნებს, რომელიც პირველ მოთხოვნილების საგნებია და გამოიწვევს მშრომელი მასის მდგომარეობის კიდე უფრო გაუარესებას.
ბ. ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ 6-8 მანეთის მომატება არაფერია. ასევე მსჯელობდა ქალაქის თვითმმართველობა და ასევე მსჯელობდა ყოველი სადგურის მეთაური. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ სხვებიც ასევე მოიქცეოდენ. ეს კი ხელს უწყობს სპეკულიანტების მიერ ფასების აწევას და სიძვირეს და ამიტომ იგი ყოვლად მიუღებელია.
ბ. ჭიჭინაძე გვიდგენს ბალანსს, რომელიც უნდა მოგვივიდეს ამ მომატების მიხედვით - 109 მილიონ მანეთს. არ გვინახავს ბალანსი, რომ მოგება არ ყოფილიყოს, მაგრამ ფაქტიურად ბოლოს და ბოლოს ჩვენ ამ მოგების მაგიერ დეფიციტს ვღებულობთ. საქმე იმაშია, რომ ეს ბალანსი არ არის მაჩვენებელი ფაქტიურ მდგომარეობისა. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი - იწვევს თუ არა ცხოვრების გაძვირებას და გართულებას ამ ტარიფის გატარება? გ. ჭიჭინაძე აქ გამოვიდა და იცავდა ამ მომატებას სპეკულიაციის თვალსაზრისით. მე ვეკითხები მას: გამოიწვევს თუ არა ეს ბრინჯის, შაქრის, ღვინის და სხვა გაძვირებას, და მოითხოვენ თუ არა მუშები ხელფასის მომატებას? ჩვენ გვგონია, რომ ასეთი სისტემა, რომელიც დეფიციტის და გაუგებრობის წინაშე გვაყენებს, უარყოფილ უნდა იყოს. მე მგონია, რომ სულ სხვა გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რადგან ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, თუ ეს აწევის სისტემა არ უარვყავით, არავითარი მოგება არ გვექნება და სახელმწიფო ბიუჯეტი ნორმალურ კალაპოტში ვერ ჩადგება. ასეთივე მოსაზრება იყო სასურსათო სამინისტროში, რომელმაც ერობისგან იყიდა მარილი 8 მანეთად. 8 მანეთი რა არისო? იმდენი სწიეს ეს ფასი, რომ ეხლა 80 მანეთად ყიდიან. რა მნიშვნელობა აქვს მარტო ორ-ორ მანეთობით მომატებას, მაგრამ სწორედ ასეთი მომატება ქმნის ისეთ ვაკხანალიას, რომელიც განადგურებას უქადის ჩვენ ეკონომიურ ცხოვრებას. აქ ამბობენ, ჩვენ ძვირად ვყიდულობთ ყველაფერს და იაფად როგორ უნდა ვაძლიოთო? ამით სახელმწიფოს დეფიციტი ექნებაო, აქ სთქვეს, რომ თუ ძველი ტარიფი დარჩა, 3 მილ. მან. გვექნება ზარალით, ახალი ტარიფის მიხედვით კი - 109 მილიონი მან. მოგება. მაგრამ ფაქტიურად ეს უფრო მეტ ზარალს მოუტანს სახელმწიფოს, ვიდრე ის დეფიციტი; ისე, როგორც ქალაქის სანიტარულმა გადასახადმა მოგვიტანა ყველა დაბებიდან. სანიტარულ გადასახადის მომატებამ გამოიწვია აწევა ფასებისა საქონელზე და მართლაც დეფიციტი მივიღეთ დღევანდელ ნორმალურ პირობებში. დეფიციტი აუცილებელი არის. ჩვენ ვამბობთ, რომ დრო არის მონოპოლიის სისტემის შემოღებისა. ეს მონოპოლია გვჭირია როგორც საგარეო, ისე საშინაო ვაჭრობაში.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. ნიკოლაძეს.
ნ. ნიკოლაძე. (ნ.-დ.) ბატონებო! ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს ამ კანონ-პროექტს, რომელიც წარმოდგენილი არის, მხარს უჭერს იმიტომ, რომ როგორც მშვენივრად დაამტკიცა ბ. ღლონტმა, სხვა გზა არ ყოფილა, უსათუოდ უნდა გავასამკეცოთ, გავაოთხკეცოთ ის ტარიფი, რომელიც ასე უმნიშვნელო იყო. თუ მართლა ქალაქი ახდევინებს ბევრად უფრო მეტს გადასახადს მოტანილ საქონელზე, ვიდრე რკინის გზა, რომელსაც ეს საქონელი გადააქვს რამდენიმე ასეულ თუ ათეულ ვერსზე, რასაკვირველია, აუცილებლად საჭირო იქნება, რომ გავადიდოთ 10-ჯერ, 100-ჯერ (ს. დადიანი: კარგი დასკვნაა! ნინიძე: კარგი დასკვნაა, რადგან სხვა დასკვნას ვერ გამოიყვანს, ვისაც თავში ლოღიკა აქვს! ს. დადიანი: თავიც გააჩნია!) ბატონებო, თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება უწყებისაგან წარმოდგენილ გაფრთხილებას, რომ ჩვენი რკინის გზა არის უმწეო მდგომარეობაში და საჭიროა მატარებლების და ვაგონების განახლება. მე უმატებ ამას კიდევ სხვა გაფრთხელებას: ბევრი ხიდები გექნებათ შესაკეთებელი, ახლად გასაშენებელი, და თუ დროზე არ შევაკეთებთ, ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიქცევიან და ჩვენი რკინის გზაც ვეღარ იმუშავებს. ამიტომ ჩვენი ფრაქცია სავსებით მხარს უჭერს ამ კანონ - პროექტის დამტკიცებას. (ხმა: ბარემ აქეთ გადმობრძანდით!) ბატონებო ჩვენ ფრაქციას სულ სხვანაირად ესმის თანამშრომლობა დამფუძნებელ კრებაში, ვიდრე თქვენ ფრაქციას. ჩვენ გვგონია, რომ როდესაც ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ არა იმიტომ, რომ უთხრათ, ჩამოდექით და ჩვენ დავსხდებით თქვენს სკამებზეო. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მამულის და თავისუფლების განმტკიცება. ჩვენ მტრულად კი არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ ძმურად, და თუ ჩვენ არ გიშლით თქვენს მტრულს ლაპარაკს, თქვენს მტრულს გამოსვლას ნება მოგვეცით... (ს. დადიანი: კარგი დამცველი გაუჩნდა მენშევიკებს! ხმაურობა თავმჯდომარე ზარს რეკს)... ბ-ო. მე მოგახსენეთ, რომ ჩვენი ფრაქცია მხარს უჭერს ამ კანონ-პროექტს, მაგრამ ვსარგებლობ შემთხვევით, რომ სხვა გაფრთხილებაც მოგახსენოთ, აი ბატონებო! ხედავთ რამდენად დიდდება, რამდენად ძვირდება ჩვენი რკინის გზაზე ფასი. სანამდის უნდა უყუროთ ამ სისტემატიურად გაძვირებას, ზომების მიუღებლობის, რომ როგორმე გადავატრიალოთ ჩვენი რკინის გზის, ჩვენი ფინანსების და მეურნეობის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდეს ჩვენი რკინის გზა და არა სხვას. როგორც მოგახსენეს, ნახევარ მილიარდ ზარალს იძლევა ერთი დღის განმავლობაში. კიდევაც რომ გავადიდოთ, 20 მილიონი დეფიციტი კიდევ დარჩება, გარდა იმ დეფიციტისა, რომელიც გამოწვეულია მიწის ძვრისაგან. სხვა მეზობელ ქვეყნებს, მაგ. აზერბაიჯანს, ჩვენი რკინის გზა აკეთებს, მის ნავთს ხარჯავს და არ შეუძლიან ჩვენ რკინის გზას არ დახარჯოს ბაქოს ნავთი. ერთი ფუთ ნავთში ვაძლევთ 20 მანეთს, რამდენსაც უნდა იხდიდეს ჩვენი რკინის გზა ნაკლებს თუ მეტს, ყოველ შემთხვევაში, თან და თან, ყოველ თვიურად დიდი იქნება გადასახადი. ამნაირად ჩვენი რკინის გზა ჩვენ ქვეყანას ზარალს აძლევს, ხოლო სხვის ქვეყანას კი - სიკეთეს. სანამ ამ მდგომარეობას არ გადავლახავთ და არ ვიზამთ იმას, რომ ჩვენის რკინის გზით მდიდრდებოდეს ჩვენი ქვეყანა და სხვის საქონლის გადატანა ჩვენს რკინის გზას სარგებლობას აძლევდეს, მანამდი ჩვენ ნამდვილი, მტკიცე დამოუკიდებელი მეურნეობა არ გვექნება, რაკი ჩვენი რკინის გზა მოქმედებს ნავთით, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავვარდებით, რომ ბაქო ბოლშევიკებმა ჩაიგდონ ხელში. ჩვენი ქვეყანაც მთლად ხელში ჩაუვარდებათ მათ, მათ ხელში იქნება ჩვენი მატარებლების მიმოსვლა, ჩვენი მრეწველობის და მეურნეობის განვითარება დამოკიდებული იქნება ბოლშევიკებზე, ან ბაქოს მფლობელთა სურვილებზე.
ამ მდგომარეობას რომ თავი დავახწიოთ, როგორც დაარსდა ჩვენი ქვეყანა, როგორც გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეექმნათ ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენი რკინის გზისა, მიმოსვლისა, ჩვენი მრეწველობისა და მეურნეობის განვითარებისა. ჩვენ გვაქვს ეს საშუალება, რომ არ ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას ასეთი საშუალება, რომ დავაღწიოთ თავი ამ დამოკიდებულებას, მაშინ, კიდევ ჰო. მაგრამ ჩვენ გვაქვს აუარებელი ძალა, სულ ცოტა რომ სთქვას კაცმა, 3-4 მილიონი ცხენის ძალა მოგვეპოვება ჩვენს მდინარეებში. ჩვენ რომ მარტო ერთი მესამედი დავხარჯოთ ამ ძალისა, ეს საკმარისი იქნება, რომ ჩვენმა რკინის გზამ იაროს. ბატონებო! ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ ეს კანონ-პროექტი მთავრობას, მაგრამ ამასთანავე უნდა დავავალოთ, რომ მთავრობამ ზომები მიიღოს, არც ერთი დღე არ დაკარგოს, შეადგინოს გეგმა, გამოითხოვოს, რამდენიც დასჭირდება ფული, რომ ჩვენი რკინის გზა დაიარებოდეს ელექტრონით. როცა ეს გვექნება ხელში. მაშინ ჩვენ გვექნება ნამდვილი ეკონომიური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენი მეზობლების მეურნეობა, მათი აღებ-მიმცემობა, საქონლის გადაზიდვა, ჩვენ ზარალს კი აღარ მოგვცემს, არამედ მოგებას მოგვიტანს იმიტომ, რომ, როდესაც გადავზიდავთ იმ ნავთს, რომელსაც გზავნის და უნდა გაგზავნოს აზერბეაჯანმა ევროპაში, ეს მოგვცემს ჩვენ ნაღდ მოგებას და არა წაგებას, ჩვენი სხვისი მოსამსახურენი კი არ ვიქნებით, არამედ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ხელის შემწყობნი და არა მისი გამაღარიბებელნი, როგორც დღეს ვართ. ეს არის ერთი ზომა, არის აგრეთვე მეორე ზოგადი ზომა, ჯერ შესასწავლი და არა დღესვე მისაღები. - ჩვენ უნდა გავაკეთოთ მილი გროზნამდის, იმისთვის, რომ ბაქოს სათამაშონი არ გავხდეთ, როგორც დღესა ვართ (სამ. დადიანი: ამერიკაში გავიყვანოთ სჯობია!) თუ ეს არ გესმით რასაც მე ვლაპარაკობ, სირცხვილია, რომ ბედავთ ხმის ამოღებას. ეს სრულიად მიუღებელია ჩვენი დამფუძნებელი კრებისთვის, უნდა მოგახსენოთ, ბატონებო, აქ არიან ისეთი პირები, რომელთაც თქვენ შეგიძლიანთ დაუჯეროთ, რომელთაც გაეგებათ, შეუსწავლიათ ეს საქმე და იციან, რომ ეს ძალიან ადვილი შესაძლებელი არის, დიდ მოგებასაც მოგვცემს და ეკონომიურ დამოკიდებულებისაგანაც გაანთავისუფლებს ჩვენს ქვეყანას. და როცა ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ორი ქვეყნიდან მივიღოთ ნავთი, დაარსდება კონკურენცია ბაქოსა და გროზნოს შუა, და არ ვიქნებით ბაქოს სათამაშო ნივთი, არ გადვიხდით, რასაც გვიბრძანებენ ბაქოდან. დღეს კი - ვიხდით. აი ერთი საშუალებათ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი მდინარეების ძალა. ჩვენთვის საჭიროა 25, 30, 40 ათასი ცხენის ძალა, რომ ავამოქმედოთ მთელი რკინის გზები. მარტო რიონი, მტკვარი, ან ალაზანი მოგვცემს ამ ძალას. ეს რომ ძნელი იყოს, არ მოგახსენებდით, მაგრამ ჩემი თვალით მინახავს შვეციაში, გერმანიაში სრულიად დამზადებული მაშინები, რომელიც შეიძლება მოვიდეს და თავის დანიშნულებას შეუდგეს, ეს უნდა ვქნათ, რომ მასიური საქონელი იაფად გადავიტანოთ. ეხლაც მოგახსენათ დირექტორმა, რომ არის ზოგი მასიური საქონელი: ნავთი შეშა და სხვა, რომელიც ვერ აიტანს ძვირ გადასაზიდ ფასს. თუ ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას, რომ იაფად ჯდებოდეს ჩვენთვის ამ საქონლის გადაზიდვა, ეს საქონელი ჩვენი ქვეყნიდან ვერ გავა. მაშასადამე, ვერ მივახწევთ იმ სარგებლობას, რომელსაც ვამბობთ. აგრეთვე მარგანეციც. მალე დადგება დრო, როცა მარგანეცს ვეღარ მივიღებთ, თუ არ მივიღეთ ზომები, რომ გადატანა გავაიაფოთ. გარდა იმისა, რომ უმატოთ ფასებს, ჩვენ უნდა ვეძებოთ ყოველგვარი საშუალება, რომელიც გააიაფებს გადატანას, ამ საშუალებას მოგვცემს თეთრი ნახშირი. ეს უნდა დავავალოთ რკინის გზის უწყებას, რომ მან დაუყონებლივ შემოიტანოს სმეტები და პროექტები ამ ცვლილების მოსახდენად.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელ კრების წევრს ბატონ გაგლოევს.
გაგლოევი. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! აქ ბ. ღლონტმა ახსენა გზათა მცირე კომისია და შეეხო იმ რევიზიას, რომელშიც თვით იღებდა მონაწილეობას, თქვენი ყურადღება მიაქცია საკითხის იმ მხარეს, რომელიც სასარგებლოა მისთვის. რაც შეეხება დანარჩენ მხარეებს ამ რევიზიისას, რომელიც შეეხება რკინის გზის ინტერესებს, მან ყურადღება არ მიაქცია, დანიშნულება მცირე კომისიის რევიზიისა გახლდათ გასცნობოდა რკინის გზის მდგომარეობას და ამ კომისიამ ნაკლად დაინახა, რომ დატოვება რკინის გზისა იმ მდგომარეობაში, რომელშიაც არის ეხლა, ყოვლად შეუძლებელია. თითონ ბ. ღლონტი იძახდა, არ შეიძლება დარჩეს 50 პროც. დაავადმყოფებული ორთქლმავალიო. როცა ვათვალიერებდით სახელოსნოს და დეპოს, ყველგან ერთს სურათს ვხედავდით: აუარებელი ორთქლმავალი, ვაგონები იყო გაფუჭებული. ჩვენ ვამბობდით, ეს უეჭველად უნდა შეკეთდესო. შემდეგ ლიანდაგის შეკეთება, თუნდ შპალების გამოცვლა, აუცილებელია რკინის გზისთვის. ჭიათურის შტოზე შავი ქვის გორები რომ დაინახა ღლონტმა, სთქვა, საჭიროა მოძრაობა გაძლიერდეს, რათა შავი ქვა გავიტანოთო. რაც შეეხება ხიდებს, ამაზე შესანიშნავად უპასუხა ბ, ნიკოლაძემ. ყველა ეს რომ მივიღოთ მხედველობაში, იბადება ორი კითხვა: საიდან უნდა გაკეთდეს ეს და ვინ უნდა აანაზღაუროს ყველა ის ხარჯები, რომელიც რკინის გზამ უნდა გაიღოს. ის ამბობს, უნდა შეიცვალოს მთელი ეკონომიური პოლიტიკა. უნდა შემოღებულ იქნას მონოპოლია ჩვენს საქონელზეო და რომ საქონელი არ გაძვირდეს, რკინის გზის ტარიფი უნდა გავადიდოთო. ის იძლევა პასუხს ეკონომიურ პოლიტიკაზე, რასაც პირდაპირი კავშირი არა აქვს რკინის გზასთან, მე მგონია, თუ არის წარმოება, ამ წარმოებას შემოსავალიც უნდა ჰქონდეს. საიდან? ეს დაასახელა ბ. ღლონტმა. ზოგ დეპოებში იყო წისქვილები მუშებისთვის. ღლონტს რომ ეთქვა, მოაწყვეთ წისქვილები დეპოს სახელოსნოებში და ამით აანაზღაურეთ ხარჯებიო - სხვა იქნებოდა. დარჩა მხოლოდ გზის ექსპლოატაცია და როდესაც ამას შეეხებით, უნდა მიიღოთ მხედველობაში აუარებელი ხარჯები, რომლის დაფარვა შეიძლება მხოლოდ ამ რკინის გზის ექსპლოატაციით. სწორედ უნდა მოგახსენოთ, გაუგებარია ეს დასკვნა, ლოღიკა, რომლითაც ხელმძღვანელობდა ღლონტი. არის წარმოება, რკინის გზას აქვს აუარებელი ხარჯი და მას დაფარვა უნდა. არ უნდა ჰქონდეს რაიმე შემოსავალი? ბ. ელიგულაშვილმა თქვენ არ განგიმარტათ, რომ დასავლეთ ევროპაში ტარიფი - 10 %25, ამერიკაში - 15 %25 მეტია, ვიდრე აქ. ეს იქ, სადაც რკინის გზის გასავალი შეადგენს - 50 %25-ს მთელი რესპუბლიკის ბიუჯეტისას. რატომ ჰგონია ღლონტს, რომ ასეთ ხარჯებს ვერ გაუძლებს ისეთი ძლიერი ქვეყნები და საქართველო კი შესძლებს? აქაც ლოღიკა არ არის და იმ სინამდვილეს, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს, ანგარიშს არ უწევს. აშკარაა ის ანბანური ჭეშმარიტება, რომ ხარჯს დაფარვა უნდა, ამას ვერ შეიგნებს მემარცხნე ოპოზიცია, რომელსაც ყველაფერი ისე სურს გამოიყენოს, როგორც ეს მათ ჩვევიათ თავის პარტიულ მიზნებისათვის. მათ უწერიათ პროგრამაში, რომ სოციალიზაცია, მონოპოლია უნდა მოხდეს, და მიუხედავათ იმისა, რომ აქ ეს მოსატანი არ არის, აქაც იმეორებენ ამას. მე მგონია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ხარჯებს, რომელზედაც აქ ბევრი ითქვა, უსათუოდ უნდა მივიღოთ ეს მომატება. ღლონტი არ უარყოფს, რომ ცხოვრება გაძვირებულია 1000-ჯერ, 1500-ჯერ და ეს 60 პროცენტი ნაკლებია. აქ, სხვათა შორის, ირონიულად სთქვეს 60-ჯერ და 150-ჯერ მეტია, ვიდრე 60 პროც. უნდა დავამტკიცო, რომ რკინის გზის ტარიფი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე საქონლის ღირებულება. ეს ღლონტს უნდა გამოეყვანა, მაგრამ აქ უბრალო არითმეტიკა არის. ერთი მხრით 60 და მეორე მხრით - 1500. მასალა, რომელიც 1000-ით უძვირესია, რკინის გზამ უნდა იყიდოს. ისე კი არა, 10 მანეთად არის შაქარი, რომ სთქვეს აქ. მე მგონია მაინც, 10 მანეთად ღლონტი შაქარს ვერსად იშოვნის, მე მგონია, ის ფასები, რომელიც აქ მოიყვანა, მხოლოდ მას და მის პარტიას უნდა და აქ მოსატანი არ არის. ეს ყველაფერი კარგად იცის თედომ და ჩვენ, დღეს თუ არა, ხვალ უნდა ვიყიდოთ ეს მასალა და ამიტომ ამ მასალის შესაძენად გვინდა ტარიფის გადიდება. რკინის გზამ რომ დაფაროს თავისი ხარჯი, ეს დიდი რამ იქნება. ამიტომ გვგონია, რომ ეს ტარიფი მინიმუმია და იგი ერთხმად მიღებულია გზათა კომისიაში, გარდა ბ. ღლონტისა.
თავმჯდომარე. ახლა 2 საათზე მეტი გახლავთ. თანახმად რეგლამენტისა 2 საათის შემდეგ ჩვენ გადავდივართ შეკითხვების განხილვაზე, მაგრამ შემოსულია სოც.-დემოკრატიული ფრაქციისაგან წინადადება, ამ საკითხის გათავებამდე ნუ გადავალთ შეკითხვებზეო. წინააღმდეგი არავინაა? მაშ ეს წინადადება მიღებულია. სიტყვა ეკუთვნის ბ. ჭიჭინაძეს.
ბეს. ჭიჭინაძე. ბატონებო! ეხლა ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ იმ შენიშვნების შესახებ, რომელიც აქ იყო გაკეთებული. ძირითადი დებულება დეკრეტისა, ბ. ღლონტმა, რომელმაც ინება ამ დეკრეტის წინააღმდეგ გამოლაშქრება, სრულებით ვერ დაარღვია, პირიქით, როგორც ეს აღნიშნა ნ. ნიკოლაძემ, მან სავსებით დაამტკიცა, რომ აუცილებელია რკინის გზის ტარიფის მომატება ისე, როგორც ეს წარმოდგენილია. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ არ იყო ნაჩვენები სხვა რაიმე საშუალებები, რომლითაც შეიძლებოდა რკინის გზის საჭირო მასალების შეძენა და მოწყობილების განახლება. გარდა ამისა, უმთავრესი დებულება ამ დეკრეტისა არ არის სწორად გაგებული ღლონტის მიერ თავის მოხსენებაში. ჩვენი რკინის გზა არ შეიძლება შევადაროთ გერმანიის, ინგლისის, ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს რკინის გზას, ვინაიდან ჩვენი რკინის გზის ხასიათი სულ სხვა ნაირია. ჩვენი რკინის გზა განსაკუთრებით სატრანზიტო ხასიათისა არის და იმდენათ შინაურ მეურნეობას არ ემსახურება, რამდენადაც ტრანზიტს. თუ ამას გავითვალისწინებთ, რაზედაც ვრცლად მოგახსენათ ნ. ნიკოლაძემ, რომ ეს ტრანზიტი ჩვენს ტერიტორიაზე გადის და იაფად გადაზიდვით დეფიციტს გვაძლევს, მაშინ აუცილებლათ უნდა სთქვათ: რომ უსამართლობა და უაზრობა იქნება ეს დეფიციტი ადერბეიჯანმა და სომხეთმა კი არ გადიხადონ, არამედ მათი საქონლის გადაზიდვით მოცემული დეფიციტი ჩვენმა ხალხმა გადაიხადოსო. როგორც მოგახსენეთ, ტვირთი ჩვენს გზაზე სატრანზიტო გაცილებით მეტია, ვინემ შინაური და რაც უფრო ნორმალურ პირობებში ჩადგება მიმოსვლა რკინის გზაზე და ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, მით უფრო გაიზრდება ტრანზიტის რაოდენობა. აი, ეს არის მთავარი დებულება, რომელიც არ უნდა დაივიწყოთ და თუ შესაძლებელია რომელიმე სახელმწიფოში, რომ შინაურ ტვირთს უძევს იაფი ტარიფი, ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგანაც ჩვენ ვემსახურებით სხვა ქვეყნებს.
ტარიფის გადიდება თავის თავად არავითარ გავლენას არ მოახდენს საქონლის გაძვირებაზე, ვინაიდან ეს გადიდება შეადგენს საქონლის ფასს 3-4, 5 პროცენტს და თუ ეს მოხდა, ეს უმიზეზოთ იქნება ჩადენილი სხვა მიზნით, ამის წინააღმდეგ ზომები უნდა იქნას მიღებული. ეს იქნება ნამდვილი სპეკულიაცია და ამას ვერ მოვსპობთ იმით, თუ ტარიფს არ გავადიდებთ.
აქ ამბობდნენ გადასახადების შესახებ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს გაუგებრობით იყო გამოწვეული, ვინაიდან ქალაქის გადასახადებს აქ წარმოდგენილ დეკრეტთან არავითარი კავშირი არა აქვს. და თუ მათ ლოღიკას გავყევით, უნდა ვსთქვათ, რომ რადგანაც ქალაქები დიდ გადასახადებს ღებულობენ, ამიტომ რკინის გზამ ტარიფი არ უნდა გაადიდოს, ამაში რა აზრი იყო, არ ვიცი. შესაძლებელია ქალაქმა ბევრი აიღოს, მაგრამ ეს იმას კი არ ამტკიცებს, რომ რკინის გზამ არ აიღოს ის, რაც მას ეკუთვნის. აშკარაა თ. ღლონტის მსჯელობის აზრი არის არა ტეხნიკური, არამედ პოლიტიკური, ხოლო ჩვენ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, ვინაიდან ჩვენი უწყება წმინდა ტეხნიკური მხარის მომაწესრიგებელია. ამ საკითხებში მე ღლონტს ვერ გამოვეკამათები. რაც შეეხება ნავთს, ამ მხრივ სათანადო ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ის საშიშროება, რომელიც აქ ნიკოლაძემ დახატა, არ იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს ექვსი თვის სამყოფი ნავთი და თუ დაუშვებთ, რომ ბაქო ბალშევიკებმა დაიკავეს, ჩვენ მიღებული გვაქვს ზომები, რომ უფრო მეტი ხნით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყანა ნავთით. რაც შეეხება რკინის გზის ელექტროფიკაციას, მე როცა პირველად გამოვედი ამ ტრიბუნაზე, მაშინაც განვაცხადე, რომ ჩვენი რკინის გზის მეურნეობა, მხოლოდ მაშინ დადგება მკვიდრ ნიადაგზე, თუ ელექტროფიკაცია მოვაწყვეთქო. ელექტროფიკაციის შესახებ უწყებას უკვე გადადგმული აქვს ნაბიჯები და ჩვენ გვგონია, რომ ეს საკითხი იმ გზით წავა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს რკინის გზის ელექტროფიკაციამდე. აქ მრავალი დაბრკოლებები გვეღობება წინ. ასეთია ელექტრონული სადგურის აშენება, მისთვის საჭირო მოწყობილობის შოვნა, სხვა და სხვა საჭირო მასალების შეძენა, ყველა ამას დიდი თანხა უნდა და ეს არის კონცესიის საკითხი და ორ-სამ დღეში ამის მოგვარება ყოვლად შეუძლებელია. მთავრობას ეს საკითხი უკვე მოხსენდა და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ორიოდე სიტყვა მარგანეცის გადაზიდვის შესახებ. მე უნდა განვაცხადო, რომ რკინის გზის ტარიფები ამ გადაზიდვაზე გავლენას ვერ მოახდენენ. იმდენათ უმნიშვნელოა რკინის გზის ტარიფი მარგანეცზე, რომ თუნდაც რომ მოვსპოთ ეს ტარიფი, ამით მაინც ვერ მოვახდენთ გავლენას მარგანეცის წარმოებაზე. ნორმალურ პირობებში, როცა მარგანეცის ფასი ფუთზე იყო 18 კაპ., რკინის გზის გადასახადი იყო 9 კაპ. ფუთზე, ესე იგი 50 პროც. ფასისა, ეხლა კი მარგანეცი არის ფუთი 40 მანეთი (გადასახადი) 7 მან. ე. ი. 13 პროც. საერთო ღირებულებისა. როგორც ხედავთ, გადასახადები იმდენათ უმნიშვნელოა, რომ გავლენას ვერ იქონიებს მარგანეცის წარმოებაზე. ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ ტარიფის სახით უნდა აიღოს ის, რაც რკინის გზას ეკუთვნის. ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ ტარიფს გავადიდებთ იმ პროექტის მიხედვით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ამის საშვალებას იძლევა ევროპიული ბაზარშიაც.
(თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ადგილს სტოვებს და იჭერს მას თავმჯდომარის ამხანაგი ექვთ. თაყაიშვილი).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ სამსონ დადიანს.
ს. დადიანი. (ს.-ფ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! მე მგონია ყოველ თქვენთაგანისთვის საინტერესო არის ნათელი და გარკვეული იქნას ის საკითხი, რომლის გარშემო დღეს არსებობს აქ დავა. თუ თვით საკითხი სწორედ არ არის დასმული, თუ ის გარკვეული არ არის ყველასათვის, მაშინ ცხადია, სწორედ ისეთ გაუგებრობას ექნება ადგილი, როგორც არსებობს უკვე. აქ საკითხი გასაგებად დააყენა ღლონტმა. შეუძლია თუ არა ის დეფიციტი, რომელიც აქვს რკინის გზას, მოსპოს ტარიფის გადიდებამ? და მანვე გარკვევით უპასუხა ამ ძირითად საკითხს: ტარიფის გადიდება გამოიწვევს მეტ გართულებას და მეტ ზარალს... თქვენ თუ შეგიძლიათ უარყავით დებულება (ხმები: თქვენ რა გეგმები გაქვთ?) აქ კვლავ მეკითხებიან: თქვენ რა გეგმები გაქვთო. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გეგმები გვაქვს, და ისიც სწორი. თქვენ არ წაგიგიათ და არც რესპუბლიკას წაუგია, როცა ამ გეგმით დაუწყია სიარული. (ხმაურობა, ვიღაც დეპუტატი ეკითხება: თქვენ ეს გვითხარით, თქვენი სისტემა დაფარავდა ამ დეფიციტსა ან გაქვთ კი სისტემა?) აი, კიდევ მეკითხება დეპუტატი. სამწუხაროდ, მას ხშირად ვერ ვხედავ აქ, თორემ გაიგონებდა ჩემს პასუხს. მე იძულებული ვარ ერთხელ კიდევ მივსცე პასუხი ამ შეკითხვაზე. ბატონებო, გეგმები და სისტემების გამონახვა ეს თქვენი საქმეა, თქვენს პირდაპირ დანიშნულებას შეადგენს ეს. ჩვენი საქმეა როგორც ოპოზიციის, თქვენი კრიტიკის მათრახით ცემა, ბოროტ-მოქმედებათა გამომზეურება, თქვენი შეცდომების გასწორება. მაგრამ დაუბრუნდეთ თვით საკითხს, რომ ეს ასე იქნება, ესე იგი, რომ ტარიფის გადიდება სრულიად ვერ დაფარავს დეფიციტს, პირიქით, მეტ ზარალს მიაყენებს რესპუბლიკას, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა, შეგვიძლია აპრიორი ვსთქვათ, რომ თქვენი კანონ-პროექტი მეტ არევ-დარევას და ვაკხანალიას შეიტანს ჩვენს ეკონომიურ ცხოვრებაში, ჩვენ წინ გადაშლილია მთელი თქვენი წარსული, მთელი თქვენი მოღვაწეობა და ზომები ამ სფეროში. ეს წარსული შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ გაკვეთილად და რას გვეუბნება ეს წარსული?
როდესაც აქ გამობრძანდით ამას წინად და მოითხოვდით ტარიფის გადიდებას, ამას თქვენ ასაბუთებდით იმ მოსაზრებით, რომ საჭიროა დეფიციტის დაფარვაო და მოგებასაც კი ანგარიშობდით, მაგრამ რა მივიღეთ ტარიფის გადიდების შედეგად? ტარიფის გადიდებამ გამოიწვია ცხოვრების საშინელი გაძვირება. საჭირო შეიქნა ბონების კვლავ გამოცემა. ამას მოჰყვა კურსის დაცემა და სხ. თქვენ ნავარაუდევი გქონდათ, რომ თუ ტარიფი გადიდდებოდა, რკინის გზას მოგება დარჩებოდა. მაგრამ მომავალმა აშკარად დაგვანახვა, რომ მოგების მაგიერ დეფიციტი ნახა რკინის გზამ. და როდესაც ასეთი გაკვეთილი გვაქვს წარსულში, ჩვენ მას ანგარიშს უწევთ და გეუბნებით გულახდილად: ასევე იქნება დღესაც - ტარიფს გაადიდებთ, დეფიციტს ვერ დაჰფარავთ და რკინის გზა უფრო მეტად იზარალებს. ამას ჩვენ ვგრძნობთ და ჩვენი მოვალეობაა ეს გითხრათ, გაგაფრთხილოთ. რამდენიც არ უნდა უმატოთ ტარიფს, დეფიციტს თქვენ ამ გზითა და საშუალებით ვერ დაჰფარავთ, ეს იქნება მხოლოდ ხელის შეწყობა სპეკულიაციისა. აი უკანასკნელი, მართლაც ისარგებლებს ტარიფის გადიდებით და საშინელ სიმწვავით დააწვება დემოკრატიას, თქვენ ამ სპეკულიაციამ ჩაგითრიათ. ჩვენ გეკითხებით: როდესაც ასეთ კანონ-პროექტებით გამოდიხართ, ამით უწყობთ თუ არა ხელს სპეკულიაციას და ჩვენვე გიპასუხებთ, რომ დიაღ, თქვენ თითონ უწყობთ ხელს სპეკულიაციის ზრდას. ტარიფის მომატება საზღაპროდ გააძვირებს ცხოვრებას (ხმები: თქვენ რა საშუალება გაქვთ?) საშვალებები დიდი ხანია დაგისახელეთ თქვენ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეთ მათ. მაგრამ მე მინდა აქ ერთ საკითხზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. ამას წინად უკანასკნელი მომატება რომ იყო ტარიფისა, მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი გაძვირებისა და ვამტკიცებდი, რომ ეს გააძვირებს ფქვილს, კარტოფილს, სხვას და სხ. პირველ საჭიროების საგნებს მეთქი და მაშინ ბ. ჭიჭინაძემ ასეთი პასუხი გამცა: რა არის ფუთზე, რომ 5 მან. მოემატოს, ეს ხომ არავითარ გავლენას არ იქონიებს საქონლის გაძვირებაზეო. მე ასეთ პასუხის შემდეგ მახსენდება ერთი კომედია „აშენდა საქართველოდან“, ერთი იმერელი აზნაური მოხვდა პეტერბურგში. მას ყველაფერი აკვირვებს ამ უზარ-მაზარ ქალაქში. სხვათა შორის, მას ასე გაუგია ნ. ნიკოლაძის და გ. ზდანოვიჩის ბრძოლა მარგანეცზე საფუთო გადასახადის ამბავი: „იმე ბოშო! ამბობენ ნიკოლაძე და ზდანოვიჩი ჭკვიანი ხალხია და რავა არ ცხვენიათ პეტერბურგში ჩამოსულან ნახევარი კაპიკისათვისო?!“ (საერთო სიცილი) აი, ეს მაგონდება როდესაც თქვენს პასუხს ვაკვირდები სწორედ ასეთივე მარტივი წარმოდგენა გაქვთ თქვენ, როდესაც ამბობთ 5. მან. უმატებთ და ეს რას დააჩნდებაო! მე კი გარწმუნებთ, რომ დააჩნდება, და დააჩნდება საგრძნობლად. სპეკულიანტები უცდიან თქვენ ნაბიჯს და როგორც კი თქვენ 5 მ. მოუმატებთ, ამით თქვენ საშუალებას მისცემთ მათ ერთი-ასად გააძვირონ საქონელი.
კანონ-პროექტის დამცველად გამოვიდა აქ ბატონი ნ. ნიკოლაძე, ის იცავს მთელ ამ სისტემას. იგი ჩვენ მოგვითხრობს უწყების წარმომადგენელთან ერთად, რომ რკინის გზას სჭირია შეკეთებაო, მერე ვინ გედავებათ ამაში? რასაკვირველია სჭირია, - ამაში თქვენ ყველა დაგეთანხმებათ, არავინ არ იტყვის იმას, რომ ნუ გავიღებთ ამისთვის საჭირო ხარჯსაო. არა, ეს ხარჯები აუცილებლად უნდა გავიღოთ, მაგრამ იმ შემოსავალით, რომელიც რკინის გზას ექნება, ჩვენ ვერ დავფარავთ ამ ხარჯებს. აი ამას ნუ დაენდობით თქვენ, ამის იმედი ნუ გექნებათ, ვინაიდან ის მოგება, რომლის იმედი თქვენა გაქვთ, მოუნდება გაძვირებული ცხოვრების დაფარვას, მას მუშა-მოსამსახურეთა მომატებული ჯამაგირი შესჭამს, ამ ორ-სამ თვეში ისე გაიზრდება ფასები, რომ ჯამაგირების მომატება დაგვჭირდება. ბატონებო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო იმ ვაკხანალიას, რომელიც გამეფებულია სურსათის და საერთოდ, საქონლის გადატან-გადმოტანაში. ამ ნიადაგზე რომ ვაკხანალია და სრული არევ-დარევაა, ამის შესახებ თქვენ უკვე მოგახსენათ ჩემმა ამხანაგმა ღლონტმა მან საკმაო მაგალითები მოიყვანა ამის დასამტკიცებლად. და მართლაც, განა ვაკხანალია არ არის ასეთი მდგომარეობა? ერთ და იმავე საქონლის გატანაში პატრონს ახდევინებს გადასახადს ცალკე ქალაქი და ცალკე რკინის გზა და წარმოიდგინეთ ქალაქი მეტს - ვიდრე რკინის გზა. ჩვენ გვეგონა, რომ ასეთ მოვლენას გამონაკლისის ხასიათი ექნებოდა, მაგრამ როგორც სჩანს, მას სისტემის ხასიათი ჰქონია მიღებული. დრო არის ბოლო მოეღოს ასეთ უკუღმართ სისტემას, რადგან შეუძლებელია ერთი და იმავე საქონელში შვიდჯერ გააძრო ტყავი ადამიანს.
კიდევ კარგი, რომ ტყავი სპეკულიანტს ძვრებოდეს, ამ შემთხვევაში ჩვენც თქვენთან ვიქნებით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ სპეკულიანტი თვითონ აძრობს შემდეგ ტყავს დემოკრატიას შვიდჯერ და მეტჯერაც. ბ. ნიკოლაძის ლოღიკამ სხვანაირად იმუშავა და ღლონტის სიტყვებიდან მან დაასკვნა: „მაშ ტარიფი უნდა მოუმატოთო!“ ასე, რომ ლოღიკაში თუ იყო ზიანი, ყოველ შემთხვევაში, ეს ნიკოლაძის ლოღიკაში იყო. შემდეგ ნიკოლაძემ ასეთი გეგმაც კი დაგვისახა: უნდა შევაერთოთ საქართველო გროზნოსთან ნავთის მილითო, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით ადერბეიჯანის ხელში, აღარ ვიქნებით ბაქოს ნავთის გავლენის ქვეშო. მართალი მოგახსენოთ, სასაცილოა ეს აზრი და ამიტომ დაგიძახეთ ადგილიდან: სჯობს ამერიკაში გავიყვანოთ ასეთი მილი მეთქი და უნდა ითქვას, უკანასკნელი უფრო შესაძლებელია, ვიდრე პირველი. რა თქმა უნდა, უკეთესია 4-5 ადგილას ვიქნეთ შეერთებული ასეთი ნავთის მილებით. მაშინ მართლაც აღარ ისარგებლებს თავის მდგომარეობით ადერბეიჯანი ეს კარგია, მაგრამ ეს თქვენი გეგმა სასაცილოა მით, რომ მხოლოდ ფანტაზიაა. თქვენ რეალურ პოლიტიკის მქონე პარტიის კაცს უწოდებთ თავს, და ასეთი გეგმებით კი გამოდიხართ! მართალია, ადერბეიჯანს ვეტყვით, აღარ გვინდა თქვენი ნავთი, აგერ გროზნოდან მოსჩქეფს იგი, მაგრამ შესაძლებელია კი ამის მოწყობა? ამას უწოდებთ ჩვენ მანილოვშჩინას. და განა მართლაც მანილოვშჩინა არ არის თქვენი ოცნება? მანილოვიც ხომ ასე გამოვიდოდა ნასადილევს თავის სახლის დერეფანში და ასეთ განუხორციელებელ ოცნებას მიეცემოდა: რა კარგი იქნებოდა ასეთი და ასეთი მდგომარეობა რომ ყოფილიყო. მაგრამ მაინც და მაინც ნიკოლაძის ასეთ ოცნებას არ გაუკვირვებივარ, გამაკვირვა იმ ტაშმა, რომელიც აი ამ სკამებიდან (უჩვენებს მენშევიკებს) გაისმა, როგორ ბატონო მენშევიკებო, თქვენც მოგხიბლათ ასეთმა ოცნებამ? თუ სულიერ ნათესაობას გრძნობთ ნაციონალ-დემოკრატებთან? მე ვერ გამიგია სხვა რა მიზეზი უდევს თქვენ ტაშის დაკვრას. თუ აზრი მოგეწონათ? მე აქ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ქალაქის საბჭოში დაისვა ნავთის საკითხი. ეს იმ დროში, როდესაც ქალაქში გირვანქა ნავთი ხუთ მანეთად იყიდებოდა და ცისტერნებში კი ქალაქის ნავთი ფუთი 35 მანეთი ღირდა. ჩვენ უთხარით მენშევიკებს: ქალაქს ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე შემოსავლის წყარო? ამის მოწყობა ადვილია. გამოვიტანოთ ბოჭკობით ის ნავთი, რომელიც ცისტერნებში გვაქვს და გავყიდოთ ქუჩაში, ან და დუქნებში. ხალხსაც დავეხმარებით და ქალაქსაც ექნება შემოსავალი წყარო. ამაზე მარტივი ჩვენ ვერაფერი წარმოგვედგინა, მაგრამ მაშინ შენშევიკებმა გვითხრეს: მაგის მოწყობა ტეხნიკურად შეუძლებელიაო და დღეს, როცა ნიკოლაძე გამოდის და დამფუძნებელი კრების კათედრაზე ოცნებობს და ამბობს გროზნოდან გამოვიყვანოთ მილი და იქიდან მოვიყვანოთ ნავთიო, მენშევიკები ამაზე ტაშს უკრავენ. აქ მაშინ იმას გვეუბნებოდნენ, ნავთის ბოჭკებით გამოტანას ვერ მოვაწყობთო, თუმცა დღეს როგორც იყო მოეწყო ეს, და ეხლა შესაძლებლად მიაჩნიათ გროზნოდან მოტანა ნავთისა, განა ამაზე მეტი სასაცილო იქნება რამე? ასეთი ოცნებისათვის ჩვენ არ გვცალია, ჩვენ მენშევიკებს ასეთ განუხორციელებელ მათ თხოვნას არ უდგენთ, ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ვრჩებით. (მაჭავარიანი: მანილოვშჩინაა სოციალიზმი და ფედერალიზმი! თქვენ, რომ მაგეთი აზრისა ხართ, მე ეს არ მიკვირს, მიკვირს მხოლოდ ის, რომ თქვენ ტაშს გიკრავს ის ფრაქცია, რომელსაც სოციალისტურ ფრაქციად მოაქვს თავი. (ხმაურობთ ნინიძე რაღაცას ამბობს) თქვენ ბ. ნინიძე, ასე გაწიწმატებული არ იქნებოდით, რომ ჩვენში არ ხედავდეთ სიმართლეს, რომ არ გრძნობდეთ ჩვენ ძალას. საერთოდ უნდა ავღნიშნო, რომ ამ ბოლო დროს ძლიერ შეგიყვარდათ ერთმანეთი. მენშევიკებს ძლიერ მოსწონთ ნიკოლაძე. წინად კი მე წაკითხული მაქვს ბ. გელეიშვილის წიგნი ნ. ნიკოლაძის შესახებ. «Оглянемся назадъ». და იქ სულ სხვანაირადაა იგი დახასიათებული; უკანასკნელი კი ყოველთვის მხოლოდ იმიტომ გამოდის, რომ ხოტბა შეასხას ამ ფრაქციას. ნათქვამია, სული სულს იცნობსო. ალბათ ნიკოლაძის ბურჟუაზიული სულის კვეთება ძლიერ ეგუება მენშევიკურ-ბურჟუაზიულ საქმიანობას. მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ეს არ მაინტერესებს. ნიკოლაძე გადმომწვდა მეც, და როგორც უფროსმა, დამტუქსა: „როგორ არ გრცხვენია ჩემი გენიალური გეგმა ვერ შეიგნეო“. საერთოდ, ბ. ნიკოლაძე დიდი ჰონორის კაცია. მას თავის თავი ერთად ერთ დიდ მცოდნედ და ეკონომისტად მიაჩნია და ამაყად უჭირავს თავი; ეს სიამაყე და თავის მაღლა აწევა ეს მისი თვისებაა. გაიხსენეთ, თუ გინდა, როცა იგი ზდანოვიჩს ეკამათებოდა. მაშინაც დიდი წარმოდგენის იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენის არის ეხლაც და ამიტომ მას გაუკვირდა გამოკამათება. რამდენად ამართლებს იგი ასეთ შეხედულებას, ამას მისი გროზნოსთან მილის გაყვანის საქმე ააშკარავებს. მოგეხსენებათ, რომ იგი ახალგაზრდობაში, როდესაც ენერგიით სავსე იყო, სოციალისტობდა, შემდეგ განაციონალ-დემოკრატდა და შეიძლება ახლა იწყება მისი მეორე ახალ-გაზრდობა, რომ ასე ეარშიყება სოციალ-დემოკრატებს.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს თ. ღლონტს.
თ. ღლონტი. (სოც.-ფედ.) მოქალაქენო! დიდი ცოდნა და გამოცდილება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანს ქონდესო... (გ. ურატაძე: რათ გვინდა ცოდნა?) ბ. ურატაძე, თქვენთვის შეიძლება ეს არ არის საჭირო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რკინის გზის საქმეს აქვს კავშირი ტეხნიკასთან და თუ სოც.-დემოკრატებს აქვს ამის გაგება, გარწმუნებთ, რომ ამის წარმოდგენა ჩვენც გვაქვს. მე მაკვირვებს, რისთვის ჰგონია ბ. ჭიჭინაძეს, რომ ამ საქმეში მხოლოდ ის დაინახავს ჭეშმარიტებას, ვინც მხოლოდ ტეხნიკის მხრივ შეხედავს და სხვა მხრივ კი ამ საკითხის მოგვარება არ შეიძლება. ჩვენ იმის მიზანი არ გვქონია, რომ ეს პოლიტიკურ ბრძოლისთვის გამოგვეყენებია.
მე ისიც გამიკვირდა, რომ ამხანაგი, რომელიც გამოვიდა ჩემს წინააღმდეგ, როდესაც ვმუშაობდით მცირე კომისიაში და მისაყვედურა, რად მიაქციე ყურადღება მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასარგებლო იყოვო. არის მთელი რიგი ანორმალურ მდგომარეობისა რკინის გზებზე და რასაკვირველია, ჩვენ ყველაზედ უფრო დიდი ყურადღება მივაქციეთ, სადაც ეს საჭირო იყო. ეს შეიძლება საინტერესო იყოს როგორც უწყებისთვის, ისე დამფუძნებელ კრებისთვის და უნდა მოგახსენოთ, რომ ამას რკინის გზების ტეხნიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, მაგალითად, რკინის გზის სახელოსნოებში და დეპოებში არ სწარმოებს მუშაობა ისეთის ინტენსიობით, როგორც ეს საჭირო არის ნორმალურ დროს (ნინიძე: ასე ხომ არსად არის!) აი, მაგალითად მოგიყვანთ ბათომის რკინის გზის დეპეშას. იქ არ არის მუშაობა სათანადო ნიადაგზე დაყენენებული. არის კიდევ მეორე საკითხი, ბატონებო.
ხმაურობა. (ხმები: რა კავშირი აქვს მაგას?) რა კავშირი აქვსო? ბატონებო, თუ კი რაიმე კავშირი აქვს გროზნის ნავთსადენის აუზებს და ელექტროფიკაციას ტარიფებთან, ნუ თუ არა აქვს კავშირი ტარიფებთან იმას, თუ როგორ მუშაობენ მუშები რკინის გზის სახელოსნოებში? უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მხრივ დიდი ანორმალური მდგომარეობა არის. 39 პროცენტი მუშებისა სისტემატიურად აკლდება დღიურ მუშაობას ათასგვარ მიზეზების გამო. და მე ვამბობ, რომ როდესაც სამეურნეო აპარატი ისე დაუძლურებული არის, რომ 39 პროცენტი მუშებისა ყოველ დღე აკლდება დაწესებულებას, ასეთი დაწესებულება ვერასოდეს ვერ იხეირებს. აი, ამაზე მივაქცევ მე სათანადო ყურადღებას. მე ამას მივაქცევ გზათა კომისიაში ყურადღებას, მაგრამ აქ ყოველივე ეს არ გამომიტანია, იმიტომ, რომ არის მომენტი, როდესაც არ უნდა შევეხოთ ასეთ საკითხს აქ დამფუძნებელ კრებაში და ადგილობრივ მოვაგვაროთ იგი ისე უმტკივნეულოთ. არის კიდევ ისეთი გარემოება, როგორც მაგალითად სურსათის განაწილება მუშა-მოსამსახურეთა შორის სურსათის განაწილება რკინის გზებზე ისეთ უმგვანოთ არის მოწყობილი და ისეთ დიდ დროს ართმევს მუშებს, რომ ყოვლად შეუძლებელია მომავალში ასე დარჩეს. მაგალითად, კოოპერატივი გახსნილია შორაპანში და მუდამ რომ მიიღოს ერთი გირვანქა შაქარი და 2-3 გირვანქა პური, უნდა წავიდეს სპეციალურად ამისათვის. აი, ასეთი ანორმალური მდგომარეობა ხელს შეუშლის რკინის გზის მეურნეობის სათანადო განვითარებას. ეს ფაქტიურად ნიშნავს რკინის გზის დაზარალებას, მაგრამ მე მივაქციე ამას ყურადღება და მოგახსენებთ თქვენ არა იმიტომ, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდა ბ. ჭიჭინაძე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს რკინის გზის ბედ-იღბალი, მისი ნორმალურ ნიადაგზე დაყენება, რათა სათანადო შედეგი მისცეს მისმა მუშაობამ სახელმწიფოს. თქვენ ვერაფრით ვერ გაამართლებთ იმას, რაზედაც მე ვამბობ, რომ ტარიფის გადიდება მუშათა კლასისთვის, მოსამსახურეთათვის და საზოგადოებისათვის ნიშნავს 50 პროცენტით სანოვაგის გადიდებას. ჭიჭინაძე ამბობს: თქვენ ხომ ყიდულობთ შაქარს 80 მანეთად, მაგრამ ამას მუშა ვერ იყიდის. იმან 10 მანეთად უნდა მიიღოს შაქარი და თქვენ კი ამ ფასს უმატებთ 2 მანეთს. ჩვენ ეს ცხოვრების გაძვირება, ეს მუდმივი მაღლა აწევა იქამდის მიგიყვანს, რომ ბოლოს ჰაერში დაკიდებულნი ძირს ჩამოვვარდებით (ხმა: მაშ, რა ვქნათ?) ამასაც მოგახსენებთ, მაგრამ თქვენ არ გინდათ ამისი შესმენა, ჩვენ ბევრჯერ გაგვიმარტავს თქვენთვის ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, მაგრამ ყურადღებაც არ მიგიქცევიათ მისთვის.
ბატონებო, ვისთვის არის ეს პოლიტიკური საკითხი? რკინის გზის მეურნეობა არის მთელი სახელმწიფოს ძალა და თუ არა როგორც პოლიტიკური საქმე, ამ საკითხს ვერ გავაშუქებთ მარტო ტეხნიკური თვალსაზრისით. მე ეხლა მესმის, რისთვის არის დალტონიზმით შეპყრობილი ბ. ჭიჭინაძე. რკინის გზის საკითხი ამავე დროს არის ერთგვარი პოლიტიკური საკითხიც. თუ ეს აპარატი, ეს კომპლექსი არ იქნა ერთგვარ პირობებში ჩაყენებული, ჩვენ ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ. გარწმუნებთ, რომ პრაქტიკულად ცხოვრების განმტიცებაში მას დიდი ადგილი უჭირავს. იგი ნერვია ჩვენი ცხოვრებისა. როგორც კი რკინის გზაზე გავადიდებთ ტარიფს, თითქმის ყოველთვის, დაახლოებით 10 პროცენტით გვიძვირებს იგი ცხოვრებას, ამას ემატება ქალაქის და ერობის მიერ დაწესებული გადასახადი. ყველაფერი ეს აძვირებს ცხოვრებას და ცემს ჩვენი ფულის კურს. თქვენ მსჯელობთ როგორც ტეხნიკოსი, მე კი ვმსჯელობ, როგორც სახელმწიფო მოღვაწე. (ხმაურობა) აქ ამბობენ, რომ ტეხნიკური მხარე სხვა არის და მომატება სხვაო. სხვა არის თუ არა, ხალხმა უნდა გადაიხადოს. ჩვენ მთელი რიგი ტარიფებისა და გადასახადების მომხრე ვიყავით, მაგრამ შემდეგ შევამჩნიეთ, რომ ამან შექმნა მთელი ვაკხანალია. (ხმაურობა) ბ. კირილე ნინიძევ, განა ჩვენ მომხრე არ ვიყავით მთელი რიგი კანონ-პროექტებისა? განა არ მივიღეთ მთელი რიგი კანონ-პროექტებისა, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არა გქონდათ? განა ნინიძეს ჰქონდა რაიმე წარმოდგენა იმ ტყის კანონზე, რომელიც მიიღო დამფუძნებელმა კრებამ? ამის შესახებ რომ ვილაპარაკოთ, თუ ვის როგორი წარმოდგენა აქვს, ამას ისეთი შედეგები მოჰყვება, რომ ბ. კირილე ნინიძე ბევრს კანონ-პროექტს ვერ მიიღებდა. აშკარაა, რომ საკითხი უფრო სხვა გვარია და არა მარტო ტეხნიკით... (გაურკვეველი ხმები) ამხანაგო გიორგი გაგლოევო, წისქვილით... ფქვილით... რასაკვირველია, საქმეს ჩვენ ვერ მოვაგვარებთ... მაგრამ იმას კი აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ შრომის ფასი ავწიოთ. (ხმაურობა) ბატონებო, ტფილისის მუშებში თქვენ თან და თან ჰკარგავთ ხმებს (ხმაურობა). ჩვენი უბედურება ის კი არ არის, რომ ჩვენ ვერ ვიძენთ ამ ხმებს, უბედურება ის არის, რომ ამ ხმებს ისეთი ელემენტები შეიძენენ, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენ დამოუკიდებლობას, თქვენ კარგავთ და ჩვენ არ ვიძენთ. და უბედურება თქვენი იმაშია, რომ ჩვენ არ ვიძენთ. მუშებმა მოიმატეს ნოემბერში 40 პროც., იანვარში კი 60 პროც., ისე, რომ ორივე მოემატა 100 პროც. აიღეთ და რკინის გზას მოუმატეთ 150 პროც. ქალაქის მუშებმა მოითხოვეს მომატება და ტრამვაისაც მოუმატეთო, ქალაქმა მოუმატა (ხმაურობა). ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პოლიტიკა არ არის მიზანშეწონილი (ხმა: რომელი პოლიტიკა არის კარგი?) ბატონი გაგლოევი ამბობს, რომ უცხოეთში რკინის გზა გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენშიო, მაგრამ თუ ეს მიზანი არის, რომ რაც შეიძლება უფრო გავაძვიროთ მისვლა-მოსვლა, მაშინ ავწიოთ ჩვენც იქამდე, ან დაუახლოვვოთ იმას. მაშასადამე, ბ. ჭიჭინაძის განცხადება, რომ რკინის გზის ინტერესის მიხედვით უმატებთ ტარიფსო, რომ რკინის გზისთვის სასურველია 200 პროცენტით გადიდდეს ტარიფიო, მაგრამ ეს გადიდება თითონ ჭიჭინაძეს გადამეტებულად მიაჩნია. შემდეგ ბატონ ჭიჭინაძის მოხსენებაში არის შემდეგი ადგილი (კითხულობს). მე კი ბოლოს და ბოლოს ვამბობ, რომ ჩვენ ხელში ნაკლები საქონელი გვრჩება და ბევრი ზონები. ეს იმას ნიშნავს, რომ დეფიციტი შედარებით ნაკლებ საქონლის ზიდვას დააწვება და უფრო საზარალოა, ვიდრე მეტი საქონლის ზიდვა. და ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც აურებელი ტარიფები იქნება... ჩვენი პოლიტიკა ამისთვის არის - არა ძვირად გაყიდვა, არამედ - გაყიდვა იაფად. მაგალითად, უცხოელს რომ თამბაქო მივყიდო იაფად, ეს უფრო საჭიროა ჩვენი სახელმწიფოსათვის, ვიდრე, უცხოელისათვის. (ხმაურობა) ბატონო ნიკოლაძე, თქვენ რომ თამბაქოს ძვირად მისცემთ ევროპას, ნუ გგონიათ, რომ თქვენ იმას აბრიყვებთ! თუ ფიქრობთ, რომ დროებამ მოგცათ რამოდენიმე გამოცდილება, ევროპის ვაჭარმაც გამოცდილება და სწავლა-აღზრდა მიიღო, მან კარგათ იცის, როგორ უნდა მოგყიდოთ საქონელი; ის აფასებს რელურ ღირსებას - როგორ ვიყიდო და როგორ გავყიდოვო. (ხმაურობა) ამიტომ თქვენ მას იაფად უნდა მისცეთ საქონელი, თუ გინდათ მისგან იაფად მიიღოთ. (ხმა: რაშია საქმე?) რაშია საქმე? ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო როგორ პირობებშიც გაყიდის, ისეთსავე პირობებში მიიღებს საქონელს. (ხმა: სად არის გარანტია?) სად არის გარატია? გარანტია თვით შენს საქონელში არის. თუ წარმოუდგენია ბატონ ნიკოლაძეს, რომ 1000 ოქროში მიიღებს 500 ოქროს. რაც შეეხება ელექტროფიკაციას, მე იგი წარმომიდგენია მხოლოდ ნორმალურ პირობებში და ვამბობ, რომ საქონელს მივიღებთ იმის დაგვარად, თუ როგორ გაიყიდება იგი ჩვენ მიერ, თქვენ ამბობთ, ვინ მოგცემთო? თქვენ ვინ მოგცათ? სიბუნიონი გაძლევთ თქვენ საქონელს?
რაც შეეხება რკინის გზის ელექტრიფიკაციას, ჩვენი პარტია იყო იმ აზრის, რომ ინტენსიური კულტურა იყოს ყოველ სფეროში, გროზნომ გამოიწვია გაუგებრობა იმიტომ, რომ შექმნილი გარემოებით, ამერიკიდან ან რუმინიიდან უფრო ადრე მივიღებთ ნავთს, ვინემ გროზნოდან. და როცა ამას სახელმწიფოებრივი მოღვაწე ანგარიშს არ გაუწევს, ის ღირსი არის იმ რეპლიკისა, რომელიც ჩვენ ფრაქციის წარმომადგენელმა მისცა. ჩვენთვის საინტერესოა მილი, მაგრამ ამას დრო უნდა და მე არ მგონია, რომ დღევანდელ პირობებში შესაძლებელი იყოს მისი გამოყვანა გროზნოდან. ჩვენ მდიდრები ვართ თეთრი ნახშირითა, მაგრამ პრაქტიკული სახელმწიფო მოღვაწე რომ ლაპარაკობს, ეს 10 წლის განმავლობაში არ მოხერხდება. ჩვენი ქვეყანა უმთავრესად სანტრანზიტოაო, ე. ი. გადააქვს უცხო ქვეყნის ნაწარმოები. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ, რომ რაც არსებობს ჩვენი რკინის გზა, ეს ასეა. თუ ჩვენ საქალაქო გადასახადი შემოვიღეთ და ამით ქალაქები არსებობენ, გაგვევრცელებინა ეს გადასახადი სატრანზიტო საქონელზეც. მაგრამ ამას არ დაგანებებენ თვით ის ელემენტები, რომელთაც უწევთ თქვენ ანგარიშს. (ნინიძე: თქვენ რას იზამთ, სად არის ხსნა?) ჩვენ ავიღებთ და არ დავანებებთ სპეკულიაციას ბანკებს, რკინის გზებს და სხვა კერძო პირებს. აი რას ვიზამთ. ვფიქრობთ, რომ ეს გზა არის ერთად-ერთი დემოკრატიული წყობილების დროს. ერთ-ერთ მუნიციპალურ ყრილობაზე სოციალისტებმა განაცხადეს, ჩვენ იმიტომ ვიღებთ მუნიციპალურ პოლიტიკას, რომ კერძო ინიციატივით თანამედროვე პირობებში არაფერი შეიძლება არც ქალაქებში, არც სოფლებში გამოდგეს საფუძვლად სახელმწიფოებრივ ცხოვრებისა. ამიტომ ეს არის ჩვენი პოლიტიკა: ის რაც არის კერძო კაცის ხელში, უნდა შემოვიდეს სახელმწიფოს ფარგლებში. ეს იწვევს შრომის ინტენსიობას და შემოსავლის გადიდებას. ამიტომ ჩვენი სისტემაც ეს არის. ეს არის ხსნა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ერთად-ერთ საშუალებად.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ბატონ ნ. ელიავას.
ნ. ელიავა. აქ ზოგიერთმა ორატორმა გაილაშქრა ქალაქების და ერობების მოღვაწეობის წინააღმდეგ. მე მინდა განმარტება მოგახსენოთ ამის შესახებ. საერთოდ, ოპოზიციის ორატორებმა ჩვეულებად შემოიღეს აქ ტრიბუნაზე გამოსვლა და ყალბი ცნობების გამოქვეყნება. ეს ადგილი ძლიერ მაღალია და აქედან შორს ისმის ხმა, მე არ მინდა ყალბი წარმოდგენა იქონიოს ვინმემ ჩვენ მოღვაწეობაზე. ცნობა ასეთია: თედო ღლონტმა მოგახსენათ, რომ რკინის გზა ახდევინებს 50 პროცენტს და ამდენსავე ქალაქიცო. დამფუძნებელ კრების მიერ მიღებული დეკრეტი, რომელზედაც გვეთანხმებოდნენ ჩვენი მეზობლებიც, არის ნაჩვენები 1 პროც., „пудоверст“. შეიძლება ქალაქებმა გააოცკეცონ ეს ნორმა, ე. ი. შეიძლება ქალაქის გადასახადი 20-ჯერ იყოს გადიდებული. როგორ შეიძლება იყოს იგივე გადასახადი ქალაქისა, რაც რკინის გზისა არის. შესაძლებელია, ისეთი ანომალია მოხდეს, მაგრამ ეს იქნება გამონაკლისი, კერძო და არა საზოგადო მოვლენა, და რამდენიც უნდა იძახოს ღლონტმა, ეს მაინც კერძო შემთხვევათ დარჩება, აი ასეთი გახლავთ მდგომარეობა. რაც შეეხება ამ კითხვის გაზვიადებას, ეს აქ მოსატანი არ არის. შესაძლოა, კორექტივის შეტანა იყოს საჭირო, ეს ქალაქის და თვითმმართველობას უნდა შეეტანა, რომელნიც თავისუფალნი არიან თავის მოქმედებაში, ამიტომ ამის ლაპარაკი ყოვლად შეუძლებელია. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, უნდა მოგახსენოთ, რომ ერთი და იგივე ლაპარაკი ისმის ღლონტისაგან და ერთსა და იმავე რეპლიკებს ისმენს ღლონტი, აქ არის დრამა სამსონ დადიანისა, როცა გამოდის ტრიბუნაზე და ეკითხებიან: გვიჩვენეთ თქვენი სისტემაო, ის უპასუხებს: არა, ჩვენ არ გიჩვენებთ, სისტემის გამონახვა თქვენი საქმეაო. ისინი ამბობენ, არავითარი სისტემა გაქვთო. ასე არ შეიძლება საკითხის დაყენება და კამათის წარმოება. დღეს ჩვენს წინაშე სდგას საკითხი რკინის გზის ტარიფის შესახებ. არის ერთი დებულება, როგორ მიგვაჩნია შესაძლოდ ვაწარმოოთ რკინის გზის მუშაობა ისე, რომ მან დეფიციტი არ მოგვცეს და გვაქვს წყარო, ეს დეფიციტი დავფაროთ თუ არა. რკინის გზა მიგვაჩნია ჩვენ ესეთ დაწესებულებათ, რომელმაც თავისი ხარჯით უნდა შეინახოს თავი. ეს ერთი დებულება. მეორე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორმა მიაქცია ყურადღება თქვენი და რომლის შესახებ ღლონტი ბრძანებს, რომ მანაც, იცის, ეს არის ის, რომ ჩვენს რკინის გზას აქვს სატრანზიტო მნიშვნელობა, ამას ამტკიცებს რკინის გზების ცნობები და რკინის გზის წარმომადგენელი, რომ გასავალი მეტია, ვინემ შემოსავალი, თუ ამ ციფრებით ვიანგარიშებთ, მივიღებთ, რომ მხოლოდ 40 პროცენტი შეადგენს ჩვენ საკუთრებას იმ საქონელში, რომელიც ჩვენ რკინის გზაზე ტრიალებს. 40 პროცენტი, თუ ჩვენი ბარგი ტრიალებს, 60 პროენტი სხვისია. თუ დეფიციტს მივიღებთ, ჩვენ უცხო სახელმწიფოს მივცემთ სარგებელს. რომელი პოლიტიკური პარტია იზამს ამას? რა მოსაზრებით შეიძლება ისეთი დებულების წამოყენება, თუ არ გჯერათ, რომ ჩვენი რკინის გზა სატრანზიტოა ეს დაამტკიცე ციფრებით ხელში და თუ ვერ დაამტკიცებთ, მაშინ უნდა დაგვეთანხმოთ. ამას გარდა, სამსონ დადიანი მოგახსენებთ ქალაქების მიერ მიღებულ დებულების შესახებ. ამ ქალაქების დებულების დამტკიცების დროს თქვენც ისე მიეცით ხმა, როგორც ნიკო ნიკოლაძემ. პოლიტიკურ მოღვაწეს მეხსიერება უნდა ჰქონდეს, მას უნდა ახსოვდეს, რას მისცა ხმა და რას არა. ჩვენ ვფიქრობდით, ეს გადასახადი შემოსაღებია, ნუ დავივიწყებთ უბრალო ანგარიშს. იქ სადაც საფუთო გადასახადი, მაგალითად, შაქარზე გამოვიდა დაახლოვებით 3 მანეთი, საიდან გამოიგონა ღლონტმა 50 მანეთი, ეს ახალი ციფრია. ჩვენ შეიძლება ტარიფი მივიღოთ, მაგრამ როდესაც ამტკიცებთ, რომ ტარიფი და ქალაქის გადასახადი ერთსა და იმავე ძირითად კანონს წარმოადგენს, ეს შეცდომა არის. რა მოსაზრებით შეიძლება უკვე დამტკიცებული კანონის უარყოფა. ჩვენი შესწორება არის, რომ საფუთო გადასახადი იყოს განსაკუთრებით შემოღებული. ეს იყო ძველი რეჟიმის დროსაც, როდესაც ეს კანონმდებლობა არ ყოფილა, მაგრამ ცდილობდნენ დახმარება გაეწიათ ქალაქისათვის. ნუ თუ შეიცვალა მდგომარეობა, რომ ქალაქს უპირველეს ყოვლისა გზების, ხიდის და სხვა ასეთების შეკეთება სჭირია? ეს პირდაპირ კანონის ტექსტშია მოყვანილი. ქალაქს პირველ ყოვლისა ატყდება თავს სხვადასხვა ხარჯი, მისი ხარჯები გაიზარდა უფრო. თქვენ ხმოსანი ბრძანდებით ქალაქის საბჭოში და შეგიძლიათ შეიტანოთ წინადადება და კი არ გააოცკეცოთ, არამედ გაახუთკეცოთ გადასახადების ნორმა. ღლონტი, რომელიც მუნიციპალისტად სთვლის თავს, ასეთი გამოსვლით სწორედ მუნიციპალიზმს ვნებს. რაც შეეხება ნიკო ნიკოლაძეს, რომ ნიკოლაძე ჩვენ გვეთანხმება, ესეც სათაკილოდ არ მიგვაჩნია. არავითარი შეურაცყოფა, არც მისთვის, არც ჩვენთვის აქ არ არის. ყველამ იცის მისი ცხოვრება. როცა აქ გამოდის რომელიმე ახალგაზდა და ეუბნება, თქვენ სოციალისტი იყავითო - ეს ტყულია. იგი სოციალისტი არასოდეს ყოფილა. მაგას თავიდანვე ჰქონდა ერთი შეხედულება სოციალისტებზე. სხვათა შორის, იგი ეხება სოც.-ფედერალისტებსაც და ამბობს ამ 20 წლის წინად: თუ რაიმე მომავალი აქვს სოციალიზმს და სოციალისტების პარტიებს საქართველოში, აქ უკვე არის სოც.-დემოკრატია და სოც.-ფედერალისტებთან არავინ მივაო.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. ელიგულაშვილს.
იასე ელიგულაშვილი. (ს.-დ.) ბატონებო, უმთავრესი მოსაზრება, რომელიც იყო მოყვანილი ამ დეკრეტის წინააღმდეგ, გამომდინარეობს იმ შეხედულებიდან, რომ ტარიფს ექნება დიდი გავლენა ფასების აღმატებაზე, და ეს ფასების აღმატება, როგორც მიზეზი ცხოვრების გაძვირებისა, შეიქნება მიზეზად დეფიციტის გადიდებისა. უნდა მოგახსენოთ, რომ ფასების მომატებაზე ამ ტარიფს, იმდენი დიდი გავლენა არ ექნება.
აქ როცა ანგარიშზე მივიდა საქმე, თუ რამდენ პროცენტს შეადგენს მომატება, იყო მიღებული ის ფასები, რომლითაც სახელმწიფო ურიგებს მუშა-მოსამსახურეთ სხვა და სხვა სანოვაგეს, მაგალითად, შაქარს - 10 მანეთად, პურს - 3 მანეთად და სხვა და სხვა, ამნაირი წესი გამოანგარიშებისა შეუძლებელი და ყალბი არის იმისთვის, რომ მთავრობა როცა ყიდულობს საქონელს, ის ემორჩილება ბაზრის ფასებს. როცა მთავრობა ურიგებს მუშა-მოსამსახურეებს სხვა და სხვა საქონელს, უფრო იაფათ, ვინემ თითონ იძენს, - ის ხელმძღვანელობს არა კომერციული პრინციპით, არამედ პოლიტიკური, სახელმწიფო მოსაზრებით. (ღლონტი: სულ არ უნდა გაყიდოს, უცხოეთში უნდა წაიღოს?) (დადიანი: თქვენ საით წაიღეთ?) საქართველოში მოვიტანე.
ამნაირი ტენდენცია არსებობს ევროპაში. მაგალითად, საფრანგეთში არსებობს ეგრედ წოდებული დადებული ფასები პურზე, შაქარზე, რომლითაც ურიგებენ მუშა-მოსამსახურეთ იაფ ფასებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა თვითონ ძვირად ყიდულობს, იმათ მაინც აძლევს ამ საქონელს. რაზედაც მთავრობა ზარალობს. 1919 წლის ბიუჯეტში ეს ზარალი იყო ნაანგარიშევი 5 მილიონამდის. ასევე შვრება იტალიაც, ეს პოლიტიკური მოსაზრება არის და ამით არ შეიძლება ხელმღვანელობა, როდესაც ვიღებთ მხედველობაში ტარიფის მომატების გავლენას საქონლის ფასებზე. საზოგადოდ კი, არსებობს ბაზრის ფასები. ეს არის საურთიერთო ფასები და მის დაგვარად უნდა მივიღოთ მხედველობაში, თუ რა გავლენა ექნება ტარიფს.
ჩვენ თუ მივიღებთ გირვანქა შაქარს 10 მანეთად, ე.ი. ფუთს 400 მანეთად, რასაკვირველია, ეს ტარიფი შეადგენს 10 პროცენტს საქონლის ღირებულებისა და თუ კი მივიღებთ ფასებს, რომელიც რეალურად არსებობენ ბაზარზე, ესე იგი 3-4000 მანეთს და იმ ფასს, რომელშიაც თვითონ კოოპერატივის წარმომადგენელს, ბ. ღლონტს უყიდია, მაშინ ტარიფი შეადგენს მხოლოდ 1 პროცენტს.
ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ საკითხს და არა ისეთ ფანტაზიებით, როგორც ღლონტმა შეხედა, აქ იყო ნათქვამი, რომ უცხოეთში არის მომატება 60 პროც., ჩვენში კი სამოცჯერ, ასჯერ. უნდა მოგახსენოთ, რომ უცხოეთში მომატება რკინის გზების ტარიფებისა იყო სამჯერ: 1918 წელში, 1918 წლის დასაწყისში და 1919 წლის ბოლოს. მაშასადამე, ჩვენ თუ ავიღებთ ძირითად ტარიფს, რომელიც არსებობდა ომამდის და იმის დაგვარად გამოვიანგარიშებთ, მაშინ მივიღებთ, რომ მომატებულია არა 60 პროცენტი, არამედ უფრო მეტჯერ. ამ დეკრეტით კი, არსებული ტარიფები იმატებს 2 1/2 -3 ჯერ.
მაშასადამე, მართალი არ არის, რომ ჩვენ გავადიდეთ ტარიფი 6000 პროცენტით, როგორც აქ იყო ნათქვამი. აქ იყო გატარებული ცრუ, ყალბი აზრი. ეს რასაკვირველია, შედეგია იმისა, რომ ამ ბატონებს (უჩვენებს სოც.-ფედერალისტებზე) არავითარი წარმოდგენა ამ საგანზე არ აქვთ, არ აქვთ წარმოდგენა ეკონომიურ ცხოვრებაზე და სახალხო მეურნეობაზე. (დადიანი: თქვენ მილიონები შეიძინეთ და რასაკვირველია, თქვენ უკეთესი წარმოდგენა გექნებათ, ვინემ ჩვენ!) აქ გამოთქმული იყო ის აზრი, რომ გადასახადის გადიდებას მოყვება ცხოვრების გაძვირება, და უნდა იყოს ეს ტენდენცია უარყოფილი,მაგრამ გადასახადის პროცენტს აქვს აგრეთვე თავისი დადებითი ხასიათი. ეს გამოიხატება იმაში, რომ თუ გადასახადი მეტი არის, მაშინ მეურნეობა ეძებს სხვა გამოსავალს ტეხნიკურ გაუმჯობესებაში, არ შეიძლება, რომ ეს უარყოთ. აქ იყო ერთი რეცეპტი მოცემული, ეს არის შემდეგი: ჩვენ ამ ტარიფს ნუ მოუმატებთ, დავტოვოთ ეს დეფიციტი რკინის გზებზე და სხვაგან ავინაზღაუროთ ეს ზარალი. მაგალითად, ჩავერიოთ საგნების მონოპოლიით ვაჭრობის აღებ-მიცემობის საქმეში და მაშინ ჩვენ შეგვეძლება დახურვა დეფიციტისო. ამას იტყვის კაცი, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არ აქვს, თუ რას ნიშნავს ეკონომიკა.
განა შეიძლება, რომ აღებ-მიცემობამ დახუროს მეურნეობის დეფიციტი, როდესაც მთელი ეკონომიური ცხოვრება არის დამყარებული წარმოებაზე? მოგების წყარო არის მხოლოთ წარმოება და არა აღებ-მიცემობა. თუ ამ წყარომ დეფიციტი მოგვცა, ჩვენ მაშინ აღებ-მიცემობა არ მოგვცემს არავითარ სარგებლობას, თუ ის არ გადავარდა სპეკულიაციაში (ღლონტი: თქვენ რას აწარმოებთ?) მე თქვენ რეცეპტზე ვლაპარაკობ. მაშასადამე, უმთავრესი წყარო სახალხო მეურნეობისა, ჩვენ უნდა ვიქონიოთ დეფიციტი - ამბობენ ბ. ფედერალისტები. ეს არის ნამდვილი სპეკულიაციის პრინციპის აპოთეოზი. ეს არის პრინციპი სპეკულიაციისა, და იმაში გამოხატება, რომ თვითონ წარმოება კი არ იყოს წყარო გამდიდრებისა, არამედ აღებ-მიცემა, ესე იგი გადატან-გადმოტანა, რაზედაც ლაპარაკობს თედო ღლონტი. ვიმეორებ - ეს არის აპოთეოზი სპეკულიაციისა. მე ეხლა უნდა გადავიდე იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ექნება ტარიფის მომატებას ცხოვრების გაძვირებაზე? აქ იყო გამოთქმული აზრი, რომ უკეთესი იქნება, რომ დეფიციტი ისე დავტოვოთ და მის დასაფარავად გამოუშვათ ახალი ფული, იმისთვის, რომ ტარიფები უფრო მეტად აძვირებენ ცხოვრებას. მე კი მოგახსენებთ, რომ ვინც იცნობს ფულების ტრიალის საქმეს, არა ისე, რასაკვირველია, როგორც თედო ღლონტი, მისთვის აშკარაა, რომ ყოველი ახალი გამოშვებული თითო მანეთი, რომელსაც წინააღმდეგ არ უდევს ახალი ნივთი, ის მთელ ფულის სისტემას ანგრევს. აი, ამიტომ უნდა ვარჩიოთ ფულების გამოშვებას ტარიფის მომატება. შემდეგ რა მოსაზრებით და ინტერესებით უნდა დავხუროთ რკინის გზის დეფიციტი ახალი ფულის ნიშნების გამოშვებით, როდესაც ეს რკინის გზა უმთავრესად ემსახურება მეზობელ სახელმწიფოებს - ეს ხომ ფილანტროპია გამოდის. 1913 წლის სტატისტიკა რომ გასინჯოთ ამიერ-კავკასიის რკინის გზების მოძრაობისა, როდესაც მოძრაობა წესიერად იყო, თქვენ დაინახავთ, რომ 50 პროცენტი საერთო საქონლისა გადაზიდულია საქართველოს გარეშე. მაშასადამე, თუ ეს დეფიციტები დავტოვეთ, ტარიფი არ გავადიდეთ, გამოვა, რომ ჩვენმა ღარიბმა ხაზინამ უნდა მუქთად ზიდოს სხვა სახელმწიფოთა საქონელი, ჩვენ სხვის საქონლის გადაზიდვაში ზარალი უნდა ვიქონიოთო, თუ ეს არის ეკონომიური პოლიტიკა, მე არ ვიცი! მე კი მგონია, რომ ეს ეკონომიური პოლიტიკა არ არის, ეს არის მხოლოთ გაკოტრების პოლიტიკა, ეხლა ეს გზა მოწყობილი არის, და რასაკვირველია, ისინი (უცხო სახელმწიფონი) იძულებულნი იქნებიან მოიხმარონ ეს გზა, ეხლა გაზაფხული იწყება, საზოგადოდ საერთაშორისო მისვლა-მოსვლა, ნავიგაცია იწყება, სპარსეთიდან საქონლის დანძრევა დაიწყება და ამისათვის ტარიფი უნდა მოუმატოთ, რომ ზარალი არ მოგვცენ. ეს იქნება ნამდვილი სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს საზოგადო ინტერესებისაგან, აი ეს არის ჩემი დასკვნა. (ღლონტი: ოქროს ფული გირჩევნია თუ ქაღალდის?) რასაკვირველია ოქროსი.
(შემდეგ კრება გადადის დეკრეტის მუხლობრივ განხილვაზე.
დამფუძნებელი კრება უკამათოდ იღებს მცირე შესწორებებს. პირველ მუხლში კამათს იწვევს შემდეგი შესწორება, რომელსაც აქვეყნებს თავმჯდომარე).
თავმჯდომარე. გზათა კომისიის მიერ შემოტანილია შემდეგი შესწორება: მუხ. პირველი ლიტ. „ე“ სამგზავრო ბილეთების, საბარგო კვიტანციებისა და სატვირთო ბარათების საბოლოო ჯამი დაწყებული ერთ კაპეიკიდან ვიდრე 2 მანეთამდე და 49 კაპ. დამრგვალებული იქნეს ნოლით. ხოლო 2 მან. და 50 კ., 7 მან. და 49 კ. -ირიცხებოდეს ხუთ მანეთად. ხოლო 7 მან. და 50 კაპ ვიდრე 10 მან. - ირიცხებოდეს 10 მანეთად. სიტყვა ეკუთვნის შესწორების შესახებ ბ-ნ დეპარტამენტის დირექტორს.
ბ. ჭიჭინაძე, გზათა დეპარტამენტის დირექტორი. შავი ქვის ნახშირზე არის შეღავათიანი ტარიფი. ეს ტარიფი 50 პროცენტით არის გადიდებული და არა 100 პროცენტით. რაც შეეხება შავი ქვას, უწყება ეთანხმება იმ წინადადებას, რომ შავი ქვის შესახებ მიეცეს ისეთივე უფლება, როგორც ნავთზე, ვინაიდან შავი-ქვის ტარიფი უნდა იქნეს შეფარდებული ბაზრის პირობებთან. სასურველია, უწყებას ჰქონდეს ისეთივე უფლება ისეთ მასალაზე, როგორიც არის ნავთი. ე. ი. ამის ტარიფის შეცვლა შეეძლოს რკინის-გზის უწყებას ფინანსთა და გზათა უწყების შეთანხმებით. რაც შეეხება შავი-ქვის ტარიფს, იგი გამონაკლისად არის, როგორც შეღავათი, და სათანადო მუხლშიაც არის შეტანილი - 50 პროც.-ით და არა 100 პროც.-ით, როგორც ეს დანარჩენზე არის აღნიშნული.
თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ, რომ იქ, სადაც სწერია: „ქვა-ნახშირისა და შავი-ქვის“ ჩაემატოს სიტყვა (კითხულობს), თქვენი აზრი ბატონო მომხსენებელო?
მომხსესებელი. თანახმა ვარ.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეორე მუხლისა? წინააღმდეგი არავინაა, მუხლი მიღებულია, გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.
მომხსენებელი. (კითხულობს მესამე მუხლს). თავმჯდომარე. მესამე მუხლის შესახებ გახლავთ შემოტანილი შემდეგი შესწორება: (კითხულობს) ვის სურს სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის გ. გვაზავას.
გ. გვაზავა. მე მინდა მივაქციო ყურადღება ფორმალურ მხარეს. კომისიას შემოაქვს შესწორება. საჭიროა ვიცოდეთ, რომელ კომისიას. საგზაო კომისიას ყავს თვისი მომხსენებელი, რომელიც ჩვენთვის, პარლამენტისათვის აშუქებს საკითხს. მე მოვისმინე მისი აზრი და შემიძლიან ან დავეთანხმო, ან არა. მაგრამ როდესაც მომხსენებელი არაფერს ამბობს და სხვა კომისიას შემოაქვს შესწორება. (თ. ღლონტი: - მას არ აქვს თავისი აზრი!) აქ არის საბიუჯეტო კომისიის მომხსენებელი და იმას უგდებთ ყურს. ეს შეუძლებელია, თუ რომ საბიუჯეტო კომისიას სხვა აზრი ქონდა, მოგახსენებდათ მომხსენებელი. მაგრამ გამოდის რკინის გზის კომისია და შემოაქვს შესწორება. მე ვერ გამიგია, დაუჭირო თუ არა მხარი ამ შესწორებას? ვინმეს შემოაქვს შესწორება, დამფუძნებელ კრების წევრი იცავს შესწორებას და ეს შესწორება მისაღები იქნება ჩვენთვის. მე მივაქცევ ყურადღებას ამ უხერხულობას და სასურველია, რომ ეს ადათი მოისპოს და არ განვითარდეს, იმიტომ, რომ იგი ყოვლად მიუღებელია. ჩვენ გვყავს ერთი მომხსენებელი. მას უნდა ჰქონდეს ყოველი მოსაზრება და დამუშავებული აზრი და თუ საჭიროა რაიმე შესწორება, კერძო პირი უნდა წარმოდგეს და დაიცვას ისე, როგორც რეგლამენტი მოითხოვს. მე მგონია, რომ ეს არის დარღვევა რეგლამენტისა.
თავმჯდომარე. გზათა კომისიაში შემოტანილი იყო ეს შესწორება. იგი არ დაეთანხმა მთავრობის პროექტს და შემოიტანა თვისი შესწორება, გზათა კომისიას ნება აქვს არ დაეთანხმოს მთავრობის აზრს. აქ არის შეხლა მთავრობისა და საგზაო კომისიის აზრებისა. მისი აზრი უნდა მოვისმინოთ. მგონია, რომ კომისიას უფლება აქვს ამ შესწორებისა. სიტყვა ბ. გაგლოევს ეკუთვნის.
გაგლოევი. ბატონებო! გზათა კომისიას ეგონა, რომ ამ შესწორებას პრინციპიალური ხასიათი არ აქვს. ეს საკითხი პრაქტიკული ხასიათისაა - რანაირად უნდა ახდევინებდენ ბილეთების ფულს მგზავრებს. უნდა მოგახსენოთ, რომ რევიზიის დროს ბევრ მოლარეს აღმოაჩნდა ზედმეტი ფული სალაროში და გზათა კომისიამ დიდი ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას. დასახურდავებელი ფული თითქმის ყველგან ნაკლებადაა; და ამ არანორმალურ მდგომარეობის გამოსარკვევად შევიტანეთ ასეთი წმინდა პრაქტიკული ხასიათის შესწორება. რადგან წინანდელ ტექსტში არის აღნიშნული, რომ კაპეიკები იტრიალებენ და რადგან მანეთები ნაკლებად არის რკინის გზაზე, ამიტომ გვინდა რიცხვი გავამრგვალოთ ამნაირად - საბოლოო ჯამი იყო (კითხულობს). ტექსტი ამისა ასეთი გახლავთ (კითხულობს).
თავმჯდომარე. ფორმალური მხრით მართალი გახლავთ, რადგან პრეზიდიუმს ყველა მოთხოვნილება შესრულებული აქვს, (გვაზავა: ახსნა იყო საჭირო!) სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.
ელიგულაშვილი. (მომხს.) ჩემის აზრით, ეს შესწორება შეუძლებელია და აი, ამ მოსაზრებით: არ შეიძლება ასეთი წესი მივიღოთ, რომ დამრგვალების გზას დავადგეთ, ეს შორს წაგვიყვანს. ამას, რასაკვირველია, ფორმალური და პრინციპიალური მნიშვნელობა აქვს. მანეთი არის ერთეული და ამ ერთეულზე არის დამოკიდებული ფულის სისტემა. ასეთი მანიპულიაციების გაკეთება არის დამახინჯებული დევალვაცია. რას ნიშნავს ეს? რატომ არა კაპეიკი? კაპეიკი არის ნაწილი ერთეულისა. და ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ ამ შესწორებისა.
თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე შესწორებისა? შესწორება უარყოფილია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი. დანარჩენი მუხლი მიღებულ იქმნა უცვლელად. ეხლა მოგხსენდებათ საბოლოო ტექსტი ამ დეკრეტისა.
ქრ. შარაშიძე. (კითხულობს საბოლოო ტექსტს) კრება საბოლოო ტექსტს იღებს უცვლელად.
თავმჯდომარე. წინადადება გახლავთ, რომ სამშაბათს დაინიშნოს საგანგებო სხდომა შეკითხვისათვის, ვის სურს ამის შესახებ სიტყვა? სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს.
ს. მდივანი. (ს.-ფ.) ბატონებო! ჩვენი წინადადება შეიცავს იმას, რომ ბათომის საკითხი იქნას განხილული. მე მგონია, დამეთანხმებით იმაში, რომ შეკითხვა იქნას განხილული დილით 12 საათზე და საღამოთი - სხვა საკითხები, რადგან აუარებელმა საკითხებმა მოიყარა თავი დღის წესრიგში.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კ. ნინიძეს.
კ. ნინიძე. ჩვენი ფრაქცია თანახმა არის, რომ შეკითხვა დილით იყოს განხილული, ხოლო დღიურ წესრიგი საღამოთი.
თავმჯდომარე. მაშასადამე, თუ თანახმანი ბრძანდებით, დილით შეკითხვა იქნება განხილული, საღამოთი დღიურ წესრიგის საკითხები. წინააღმდეგი არავინ არის? მაშასადამე მიღებულია. საღამოს როდის ინებებთ? (ხმები: 7 საათზე!) ვინ არის მომხრე 7 საათისა? მაშასადამე სხდომა 7 საათზე დაიწყება, გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი კრების დღიური წესრიგი.
მდივანი. (კითხულობს შემდეგ კრების დღიურ წესრიგს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი? წესრიგი მიღებულია. კრება დახურულია.
კრება იხურება 4. ს. 20 წ.417
![]() |
18 ოთხმოცდამეხუთმეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(95)
1920 წელი. მარტის 9. ტფილისი. სასახლე.
შ ი ნ ა ა რ ს ი:
1) გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვა მთავრობისადმი აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ (მსჯელობის გაგრძელება).
2) შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრიგოლ ვეშაპელისა მთავრობისადმი აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის უმფროსი ამხ.
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი
გრიგოლ ნათაძე.
პრეზიდიუმში არიან:
სიმონ მდივანი,
კონსტანტინე ჯაფარიძე და
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა იწყება 12 ს. 30 წუთზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი წესრიგს მოგახსენებთ.
მდივანი. (კითხულობს).
დღის წესრიგი:
1. შეკითხვა სოც.-ფედ. ფრაქციისა მთავრობისადმი - ქალაქ ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსათვის შემოერთების საკითხის მდგომარეობის შესახებ.
2. გაგრძელება მსჯელობისა დამფუძნებელ კრების წევრის გრიგოლ ვეშაპელისა მთავრობისადმი - შეკითხვის გამო აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
3. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ.
4. შეკითხვა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი - ტყის კანონის შეუსრულებლობის შესახებ.
თავმჯდომარე. შემოსულია ს. დ. ფრაქციის წინადადება, რომ დღიური წესრიგის პირველი კითხვა - შეკითხვა ბათუმის შესახებ გადადებულ იქნას მომავალი სამშაბათის (მარტის 16) სხდომისათვის. ვინ არის ამ წინადადების წინააღმდეგი? მიღებულია. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. სიტყვა ბ. დადიანს ეკუთვნის.
გაგრძელება მსჯელობისა დამფუძნებელი კრების წევრის გრ. ვეშაპელისა მთავრობისადმი შეკითხვის გამო აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
ს. დადიანი (ს. ფ.) ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ბ. ვეშაპელის შეკითხვის მიზანია კრიტიკა გაუკეთოს, სახელი გაუტეხოს მონოპოლიის იდეას საერთოდ. ბ. ვეშაპელი და ეროვნულ-დემოკრატები პრინციპიალური მოწინააღმდეგენი არიან მონოპოლიისა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ საერთო შეხედულებას. მათი აზრით, კერძო ინიციატივას უნდა მიეცეს ყოველი უპირატესობა ვაჭრობა-მრეწველობაში, მეურნეობაში და ყველგან. მათი აზრით, მონოპოლია სპობს ამ კერძო ინიციატივას და მაშასადამე, მავნებელიაო. ჩვენ სულ სხვანაირად უცქერით ამ საქმეს და მონოპოლიის იდეა წამოვსწიეთ წინ ჩვენს რესპუბლიკაში. მაშინ თითონ სოციალ-დემოკრატებიც კი გვეწინააღმდეგებოდნენ, შეუძლებლად მიაჩნდათ იგი, მაგრამ აქაც ცხოვრებამ ჩვენ გაგვამართლა და სოც.-დემოკრატები დღეს უკვე მონოპოლიის ნიადაგზე დგანან. მაშასადამე, აქ უბედურება მონოპოლიის უვარგისობაში კი არ არის, არამედ ამ მონოპოლიის ამსრულებელთა უვარგისობაშია. და აი, ნიმუშებიც იმისა, თუ რამდენად არა სასურველად ტარდება მონოპოლია.
მონოპოლიის მიზანი უნდა იყოს, ერთი მხრით, სპეკულიაციასთან ბრძოლა და დემოკრატიის საარსებო ეკონომიური ინტერესების დაცვა და, მეორე მხრით, ხელის შეწყობა მეურნეობის განვითარებისათვის.
სამწუხაროდ, ჩვენში ისე ანხორციელებენ მონოპოლიას, რომ რესპუბლიკა უფრო მაგრად უვარდება ხელში სპეკულიაციას და მეურნეობის ინტერესებიც იჩაგრება.
მოგეხსენებათ, რომ სოხუმის ოლქში თამბაქოს მეურნეობა და კულტურა მაღლა იდგა. სოხუმის თამბაქო კონკურენციას უწევდა სხვა ქვეყნების თამბაქოს. თამბაქოს მწარმოებელნი და აგრედვე ჩვენი მოქალაქე თამბაქოს მრეწველნი ე. ი., რომელნიც თითონ არ ამუშავებენ თამბაქოს, მაგრამ სპეციალისტები არიან თამბაქოსი, უვლიან და საზღვარგარედ გააქვთ იგი. ყველა ესენი უაღრესად დაინტერესებულნი არიან, რომ მომავალშიაც მაღლა იდგეს პრესტიჟი, ღირსება სოხუმის თამბაქოსი. ისინი შემთხვევით კი არ ჰკიდებენ ხელს ამ საქმეს იოლი მოგებისთვის, სპეკულიაციისთვის, არამედ ისინი ამით ცხოვრობენ, ეს მათი ხელობაა.
თამბაქოს საქმე რთული საქმეა, საჭიროა სპეციალისტები, რომ წესიერად გაირჩეს თამბაქო ხარისხებად, ღირსების მიხედვით უნდა მოხდეს მისი სპეციფიკაცია, სარტიროვკა, უნდა შეიკრას საპალნეებად და სხვ. და სხვ.
არც ერთი სპეციალისტი და სერიოზული მექარხნე ხელს არ მოჰკიდებს თქვენს თამბაქოს, თუ იგი უწესრიგოდ გატარებულია, ვინაიდან ყოველს ქვეყანას, ყოველს ფაბრიკანტს - უნდა განსაზღვრული ხარისხის თამბაქო. მექარხნემ იცის გემოვნება მომხმარებელისა და ამის მიხედვით იძენს იგი ამა თუ იმ ხარისხის თამბაქოს.
სოხუმში წინად ჩამოდიოდნენ გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ეგვიპტედან, რუსეთიდან და ყველა ეძებდა და მიჰქონდა სხვა და სხვა თამბაქო.
თუ ამისდა მიხედვით არ დალაგდა თამბაქო, თუ ასე დალაგებული არ გავიტანეთ საზღვარგარედ, ჩვენი თამბაქოს პრესტიჟი დაეცემა და კიდეც რომ აუარებელი გავიტანოთ, მომავალში მას არავინ მიეკარება.
ამ საქმეში ჩვენს მთავრობას გარშემო უნდა შემოეკრიბა ის დაინტერესებული ძალები, რომლებიც წინადაც ალაგებდნენ, ხარისხებად აწყობდნენ და ინახავდნენ და ისე გზავნიდნენ საზღვარგარედ ამ თამბაქოს.
დღეს თამბაქოს ხარისხებად დალაგება არც ხდება და ვერც მოხდება. ეს მოგვიტანს იმას, რომ როცა სპეციალისტი საზღვარგარედ დაინახავს ასე უცოდინარ ხელით დაგროვებულ თამბაქოს, იგი არა თუ დიდ ფასს არ მოგვცემს, აღარ მოჰკიდებს ხელსაც, ან ისეთ ფასებს მოგვცემს, რომელიც საზარალო იქნება სახელმწიფოსათვის, რომლის ინტერესს, რასაკვირველია, შეადგენს, რაც შეიძლება დიდ ფასებში გაჰყიდოს საზღვარგარედ გაგზავნილი საქონელი. სპეკულიანტი, რომელიც იოლს მოგებას ეძებს, რასაკვირველია, ისარგებლებს იმ სისტემით, რა სისტემაც დღეს წარმოებს. აი, მაგალითად, ჩვენი მაქსიმალური შეფასება, მგონი 900 მანეთია მწარმოებლისათვის, ისე კი - 670 მან. 250 მანეთამდე არის შეფასებული ფუთი თამბაქო. ჩემის რწმენით, ეს მეტად იაფია. დაობებულ პურსაც ვერ იყიდით ამ ფასად და თამბაქო კი, რაც უნდა დაბალ ხარისხის იყოს, მაინც მეტი ღირს. ამას თავი დავანებოთ. ჩვენში მაქსიმალური ფასი თუნდაც 900 მანეთი რომ ავიღოთ, საზღვარგარედ კი 5-დან 6 ათასი მან. მაშასადამე სპეკულიანტს რაც უნდა ხარჯები მოუვიდეს, რაც უნდა არა ხელსაყრელ პირობებში შეიძინოს თამბაქო, მაინც დიდ მოგებას ნახავს. იგი დაინტერესებულია ამ მოგებით და არა იმით, რომ ხარისხის, ან პრესტიჟის აწევის მიხედვით მოჰკიდოს ხელი ამ საქმეს, მთავრობას აგრედვე შეეძლო დახმარება აღმოეჩინა მწარმოებლისათვის, გაეწვდინა ხელი მისთვის, შეექმნა ამხანაგობა, კავშირი და ამათი საშუალებით გაგვეტანა საზღვარგარედ ეს საქონელი და მის მაგიერ ჩვენთვის საჭირო საქონელი შემოგვეტანა ჩვენს რესპუბლიკაში. გარდა იმისა, რომ ჩვენი საქონელი გაიყიდებოდა რიგიან ფასებში და ეს მოგება განაწილდება მწარმოებელსა და რესპუბლიკის შორის, აგრედვე იქ ადგილობრივ ქარხნის ფასებში (დოკო) შევიძენდით საჭირო საქონელს. ამით შეგვეძლო თავი დაგვეხწია და საზღვარგარეთელ ფირმებისაგან არ აგვეღო ის საქონელი, რომლებიც მათ მოაქვთ და ჩვენ იძულებული ვართ ის მივიღოთ, რასაც იგინი მოგვაჩეჩებენ. ჩვენ ვიცით, რომ ამ ნიადაგზე მთავრობასთან ჰქონდა მოლაპარაკება ერთს ჯგუფს მეთამბაქოებისას, არ ვიცი დანამდვილებით ისინი მწარმოებლები იყვნენ თუ შემყიდველები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ისინი მოქალაქენი იყვნენ ჩვენი რესპუბლიკისა და, მაშასადამე, დაინტერესებულნი ჩვენი თამბაქოს ღირსების განმტკიცებაში და ამაღლებაში, ვიცი, რომ არც ეს წინადადება იყო მაინცა და მაინც ხელსაყრელი ჩვენთვის, ვინაიდგან უკეთესი იქნებოდა მთავრობას თითონ თავისი ძალებით განეხორციელებინა მონოპოლია, მაგრამ უეჭველია, რომ ის წინადადება, რომელსაც „სოხუმის ამხანაგობა“ იძლეოდა, უფრო ხელსაყრელი იყო ჩვენთვის, ვიდრე ის ხელშეკრულება, რომლის შესახებ დაბლა მოგახსენებთ.
ეს ამხანაგობა შესდგებოდა 20-30 კაცისაგან, რომელთაც ხელთა აქვთ ასი ათას ფუთამდე თამბაქო და თუ მთავრობა მათ გამოიყენებდა ამ საქმეში, თავის კონტროლ-ქვეშ იყოლიებდა ამ საზოგადოებას, მაშინ ის, ვისაც მოეპოებოდა მთელი თამბაქო სოხუმში და არ შემოდიოდნენ ამ ამხანაგობაში, იძულებული იქნებოდა ამ ამხანაგობას შეერთებოდა და ამგვარად, ერთი დიდი ამხანაგობა შესდგებოდა და მთავრობას გამოადგებოდა მათი გამოცდილება, სპეციალისტობა ამ საქმეში. აგრედვე მათი ღირსება, ვიმეორებ, იმაში არის, რომ მათ აქვთ სპეციალური ცოდნა, რომელიც ჩვენთვის ფრიად სასარგებლოა, შედარებითაც მათი პირობები არ არის მძიმე ჩვენთვის, ვიდრე სხვა დანარჩენ ფირმების პირობები. ყოველ შემთხვევაში, იმ ჟამსა და დროს, როცა მათ მოლაპარაკება ჰქონდათ მთავრობასთან, ამბობდნენ, რომ ჩვენ ყოველნაირ პირობებზე თანახმა ვართ, მინიმუმი მოგება მოგვეცით, რომ ეს წარმოება არ დაიღუპოს, ვინაიდან ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ წარმოების ამაღლება-გაფართოებაშიო, მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენის დახმარებით გაკეთდეს ეს საქმეო. ამ თამბაქოს ყიდვაში წინასწარ ფულის გაღებაც არ დაგვჭირდებოდა, შეიძლებოდა ნისიად მოეცათ თამბაქო და მთავრობა გაასწორებდა მაშინ, როდესაც საზღვარგარედ ამ საქონლის რეალიზაციას მოვახდენდით, მაგრამ მთავრობამ ეს არ ინება და პირობით სხვა ფირმებს შეეკრა. ჩვენ თუ შევადარებთ ამათ პირობებს მაგალითად, „კოსმოსთან“ დადებულ ხელშეკრულებას, აქ პირდაპირ გაცილებით უარესი მდგომარეობა არის და არა თუ უარესი, ჩემის შეხედულობით, პირდაპირ დანაშაულია ჩადენილი ჩვენი რესპუბლიკის წინაშე. მე ვეცდები მუხლობრივ განვიხილო ეს „კოსმოსთან“ დადებული ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება საინტერესოა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც ჩვენ „კოსმოსს“ ვაძლევთ ისეთ სავალიუტო საქონელს, როგორიც არის ქვანახშირი, თამბაქო, ხე-ტყე და სხვა, აქ აღვნიშნავ უმთავრესად საინტერესო მუხლებს, სადაც შემცდარი ვართ და შეიძლება, ჩვენივე ბრალით, ძალიან მოტყუებულიც. ეს ხელშეკრულება დადებულია ერთის მხრივ მომარაგების მინისტრის, ერაძისა და მეორე მხრივ, „კოსმოსის“ წარმომადგენელ, ბერიძის შორის.
ამ ხელშეკრულების ძალით „კოსმოს“ შემოაქვს თავისი გემით ჩვენში საქონელი, რომლიდან სამინისტრო ყიდულობს არა ნაკლებ ოთხმოცი ათასი გირვანქა სტერლინგისა (ე. ი. ოთხმოცი მილიონის, ჩვენი გონებით) საქონელს. ამაზე ნაკლების აღება არ შეიძლება, მეტისა - კი. მთელი დანარჩენი საქონელი კი „კოსმოსს“ შეუძლია გაასაღოს რესპუბლიკაში ბაზრის ფასებში და აგრედვე სამინისტრო აძლევს მას უფლებას ტრანზიტისას, სხვაგან გატანისას.
მაშასადამე აქ განსაზღვრულია მინიმუმი ასაღები საქონელისა, მაგრამ მეორე მუხლის ძალით განსაზღვრულია აგრედვე მაქსიმუმიც, ე. ი. სამინისტრო მთელი ჩამოტანილი საქონლის მხოლოდ სამოცდაათ პროცენტს იღებს. ოცდაათი პროცენტი კი რჩება „კოსმოსს“ ისეთი საქონლისა, რომელიც არ გვჭირდება და რომელსაც იგი თავისუფალს ფასებში ჰყიდის. ეს ოცდაათი პროცენტია ფუფუნების საგნები: სუნნელოვანი წყლები და პარფიუმერია.
აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ „კოსმოსი“ ამ „დაბრაკული“ საქონლით იძენს ჩვენს ბონებს და ამ ფულით იგი ყიდულობს ჩვენს სავალიუტო საქონელს, ე.ი. თამბაქოს.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ თამბაქოზე მონოპოლიაა გამოცხადებული და მტკიცე ფასები დადებული. ერთი ფუთი თამბაქო ღირს 670 მანეთად ბონებით (და ნაწილი კიდევ უფრო მეტად). რა მოხდა აქ, რომ „კოსმოსმა“ თავისი საქონელი, რომელიც ჩვენთვის საჭირო არ აღმოჩნდა, გაასაღა სტერლინგების საბაზრო ფასებში. როდესაც ეს ხელშეკრულება დაიწერა, გირვანქა სტერლინგი ღირდა 1200 მანეთი ბონებით.
ამ ფულით მან იყიდა თამბაქო და ეს თანხა ვალად დაედო სამინისტროს, ვინაიდან ერთი გირვანქა სტერლინგი, ამ ხელშეკრულებით, უდრის ერთ ფუთს თამბაქოს და ექვსას სამოცდაათ მანეთს ბონებით. ცხადია „კოსმოსმა“ თავისი საქონელი, სტერლინგებად ნაყიდი, გაჰყიდა ბაზრის ფასებში და იყიდა კი თამბაქო ორჯერ ნაკლებ ფასებში.
რომ უფრო გასაგები გახდეს ეს კომბინაცია, წარმოვიდგინოთ, რომ „კოსმოსის“ ფულით ჩვენ ვიყიდეთ ერთი ფუთი თამბაქო 670 მანეთად. გავიტანეთ ის საზღვარგარეთ და გავყიდეთ ორ გირვანქა სტერლინგად. (სინამდვილეში საზღვარგარედ თამბაქო ღირს 6-7 გირვანქა სტერლინგად). „კოსმოს“ ჩვენ იქ უნდა გადაუხადოთ ის ერთი გირვანქა სტერლინგი, რომელიც მან ბონებით (670 მან.) იყიდა, მაგრამ „კოსმოსმა“ 670 მანეთი მისცა თამბაქოში, ჩვენ კი ვაძლევთ სტერლინგს, რომელიც ღირს ორჯელ მეტი დაახლოვებით, ე.ი. 1200 მანეთს. გამოდის, რომ ჩვენ „კოსმოსისგან“ ვიყიდეთ გირვანქა სტერლინგი 1200 მანეთად და მასვე მივყიდეთ იგი 670 მანეთად. აი, ის სასაცილო კომერცია, რომელიც გამოდის თქვენი ხელშეკრულებიდან. ჩვენ, მაშასადამე, მივეცით ფირმას საშუალება გაესაღებინა ჩვენთვის უვარგისი საქონელი და ამ ფულით მას ვაყიდვინეთ ჩვენი სავალიუტო საქონელი.
აგრედვე გთხოვთ, ბატონებო, დაიხსომოთ, რომ „კოსმოსი“ იღებს 16 პროცენტს მისგან მოტანილი საქონლის ფასიდან „საწარმოო მოგების“ სახით.
მეცხრე მუხლის ძალით, თუ ნედლი საქონლის ფასების შესახებ „კოსმოსი“ და სამინისტრო არ შეთანხმდნენ, უნდა დაინიშნოს კომისია ექსპერტებისა ორივე მხარის შეთანხმებით. ეს არის ერთნაირი გარანტია „კოსმოსისათვის“, მაგრამ საკვირველია, რომ ასეთივე გარანტიები არ მოუთხოვნია სამინისტროს თავისთვის. აი, მეათე მუხლში სწერია, რომ თუ სამინისტრო და „კოსმოსი“ არ შეთანხმდნენ ფასების შეცვლაში „გადიდების მხრით“, „სამინისტრო ვალდებულია ჩააბაროს „კოსმოსს“ საჭირო რაოდენობა საკუთრად გამზადებული საქონლისა“. ასე, რომ ამ მუხლის ძალით „კოსმოსს“ შეუძლია შეიძინოს საქონელი იმ ფასებში, რომელიც მას მოსწონს და არა სამინისტროს ფასებში.
შემდეგ, ბატონებო, მეთოთხმეტე და მეჩვიდმეტე მუხლის მიხედვით „კოსმოს“ არ შეუძლია გაჰყიდოს საზღვარგარეთ თამბაქო ჩვენი სამინისტროს ნება-დაურთველად. ეს თითქოს ჩვენი სასარგებლო მუხლებია, ერთნაირი გარანტიაა, მაგრამ აქაც სამინისტრო დარჩა მოტყუებული, ვინაიდან მეოცე მუხლში სწერია: „თუ ორი თვის განმავლობაში დღიდან გემის მოსვლისა ნედლეულობით დანიშნულს პორტში, ნედლეულობა არ იქნა გასაღებული, მაშინ სამინისტროს მთელს ვალს ემატება ნახევარი პროცენტი ჯარიმა თვეში“. აი ეს მუხლი სრულიად აქარწყლებს იმ ორ ჩვენს სასარგებლო მუხლს.
მე, რასაკვირველია, არ ვამბობ იმას, რომ „კოსმოსი“ ამას უეჭველად ჩაიდენს და მოგვატყუებს მეთქი, მაგრამ ცხადია, თქვენ რაკი ხელშეკრულება დაგიწერიათ, ერთნაირი გარანტია მოგითხოვიათ ერთმანეთისათვის და არ დგეხართ ძველი ადათის ნიადაგზე, როდესაც ერთმანეთს ულვაშს აძლევდენ თამასუქების ნაცვლად. და რადგან იურიდიულ ურთიერთობას ამყარებთ ურთიერთ შორის, ამ იურიდიულს დოკუმენტს უნდა ჰქონდეს რაიმე იურიდიული ძალა.
მე ვამბობ, „კოსმოსმა“ რომ მოინდომოს და იკადროს, მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში. ორი თვის შემდეგ „კოსმოსის“ წარმომადგენელი ჩვენს წარმომადგენელს: ეს თამბაქო არ იყიდა ამა და ამ ფასზე მეტად. ეს ფასი ჩვენი წარმომადგენლისათვის მიუღებელია და იგი არ ეთანხმება. გავიდა ერთი თვე და „კოსმოსმა“ დაგვაწერა 1/2 პროცენტი ჯარიმა, რომელიც დაახლოვებით რვა ას ათას მანეთს უდრის. გავიდა მეორე თვე და დაგვაწერა მეორე რვა ას ათასი და ამ რიგად ჩვენი წარმომადგენელი იძულებული შეიქნა დასთანხმდეს „კოსმოსის“ ფასს. აქ „კოსმოსს“ შეუძლია, შემოიჩინოს თავისი აგენტმა ეს საქონელი და „კოსმოსი“ მერე თავის მხრით ნამდვილ ფასებში გაჰყიდის. მე ვამტკიცებ, რომ ეს კომბინაცია შეუძლია „კოსმოსს“, თუ მან იკადრა და თქვენი ხელშეკრულებით მას ვერაფერს უზამთ.
აი, გამობრძანდით აქ და დაამტკიცეთ წინააღმდეგი, მაგრამ ეს ასეა და მაშასადამე, ეს ხელშეკრულება ნიმუშია სრული უვიცობისა.
ამ ხელშეკრულებაში იყო მეთხუთმეტე მუხლის მცირე ნაწილი, რომელიც აგრედვე საზარალო იყო ჩვენთვის, ვინაიდან ყოველ დღე 500 გირვანქა სტერლინგი (დაახლოვებით ნახევარი მილიონი მანეთი) შეიძლებოდა დაგვდებოდა ჩვენ, თუ „კოსმოსის“ გემი ოც დღეში არ დაიცლებოდა. მაგრამ ეს თითონ სამინისტროს შეუმჩნევია, უსარგებლია იმით, რომ თითონ „კოსმოსმა“ დანიშნულს დროში ვერ შეასრულა დაპირება და დამატებითი ხელშეკრულებით ეს მუხლი მოუსპიათ. აქაც მაშ შემთხვევით გადავრჩით, ბატონებო, ყოველთვის ხომ ვერ გვიხსნის შემთხვევა. ერთხელ გადავარდით, შემთხვევამ გვიხსნა, მეორედ გადავარდით, - კიდევ ბედნიერი შემთხვევა! ასე შემთხვევებზე როგორ იქნება მთელი ფინანსების და ეკონომიური პოლიტიკის დამყარება?!
შემდეგ: მეთექვსმეტე მუხლის ძალით „საქონელი იტვირთება (ნედლი საქონელი) „კოსმოსის“ ადრესით, ხოლო „კოსმოსი“ აძლევს სამინისტროს, კანონისამებრ დამტკიცებულს მოწმობას, რომ ეს საქონელი ეკუთვნის სამინისტროს, მაგრამ არის დაგირავებული „კოსმოსთან“ სამინისტროს ვალის თანხაში; კონოსამენტი გამოიწერება „კოსმოსის“ სახელზე და ინახება ამ ფირმაში“.
ეს მუხლი მე მაგონებს ერთს ანეგდოტს: ერთმა კაცმა ბილეთი იყიდა რკინის გზაზე, უცებ მატარებელი დაიძრა და წავიდა. მგზავრი კი არხეიანად სდგას - სად გამექცევა, ბილეთი აგერა მაქვსო. (საერთო სიცილი). სამინისტროს ჰგონია, რაკი მოწმობა პიროვნებისა ხელში აქვს, იგი უზრუნველ ყოფილია. აქაც, თუ „კოსმოსი“ იკადრებს, მას შეუძლია ეს ჩვენი ნედლი მასალა საზღვარ გარეთ თითონ გაყიდოს, ვინაიდან „კონოსამენტი“ მის სახელზეა და საქონელიც მის ფირმაში და ის ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ამ თამბაქოს (ოცი ათასი ფუთი) გააყოლეთ, ხელცარიელი ჩამოგივიდეთ. მერე სდიეთ „კოსმოსს“. აგრედვე, თუ საქონელი დაგირავებულია „კოსმოსთან“, სჩანს საქონელი სამინისტროსია და, მაშასადამე დაზღვევის ხარჯებიც პატრონისაა. ყოველ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულებაში ამის გამო არაფერია ნათქვამი, „კოსმოსს“ შეუძლია „სტრახოვკა“ ჩვენ გადაგვახდევინოს. აგრეთვე „რისკიც“ სამინისტროსია, რადგან ესეც არ არის აღნიშნული და საქონელი, რომ გზაში დაიღუპოს, პასუხს ვინ აგებს? რასაკვირველია ჩვენ.
მე თქვენ გთხოვეთ დაგეხსომებიათ, რომ „კოსმოსს“ ჩამოტანილი საქონლის ფასიდან მიაქვს თექვსმეტი პროცენტი „საწარმოო მოგება“. მეთექვსმეტე მუხლში კი არის კიდევ მის სასარგებლოდ 6 პროცენტი საკომისიო და 15 პროცენტი წმინდა მოგებიდან ჩვენი ნედლი საქონლის ფასებიდან. ერთი, რომ ექვსი პროცენტი დიდი პროცენტია საკომისიოთ, მაგრამ ამას თქვენი ჭირი წაუღია. მთელი ეს ოპერაციები, ბატონებო, ჩვენთვის ერთი პროცესია, ერთი ოპერაციაა, ე. ი. ჩვენ ვასაღებთ ნედლეულს. მაშასადამე პროცენტიც ერთხელ უნდა იყოს ნაანგარიშევი, აქ კი ერთნაირათ თვალის ასახვევათ დაუნაწილებიათ თექვსმეტი, ხუთმეტი, ექვსი პროცენტი, მაგრამ სინამდვილეში კი, ოცდა ჩვიდმეტი პროცენტი ერთობ დიდია.
ნეტარხსენებულ „სიბუნიონთან“ ხელშეკრულების განხილვის დროს, ჩვენ დაგიმტკიცეთ, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმის დადასტურებას, რომ ესა თუ ის ფირმა ინგლისურია, ვინაიდან ეს არ ავალებს ინგლისს, პასუხის მგებელი იყოს ფირმის მოქმედებისა!.
მიუხედავად ამისა, ამ ხელშეკრულებაშიაც დიდის ამბით მიუწერიათ ბოლოში: „ამ ხელშეკრულების შინაარს და ფირმა „კოსმოსის“ წარმომადგენლის ბ. ბერიძის ხელის მოწერას ამოწმებს ინგლისის კონსული ბათომში ან ფოთში“-ო. რაო, რა გარანტიასა ჰხედავს ამაში სამინისტრო?.
ამნაირად, ბატონებო, ერთი სიტყვით, რომ დავახასიათოთ ეს ხელშეკრულება, ეს არის ნიმუში უვიცობისა და თან ფრიად საზარალო ჩვენთვის.
საერთოდ, უნდა მოგახსენოთ, რომ მთავრობას ბედი არა აქვს ხელშეკრულებებში. თქვენ ხომ გახსოვთ ჯერ კიდევ პარლამენტში რომ განაცხადა ბატონმა ნოე ჟორდანიამ: თერთმეტ ხელშეკრულებიდან ერთიც არ არის ჩვენთვის სასარგებლო და უნდა მოისპოსო. ვსთქვათ მაშინ, ეს ხელშეკრულებანი და მათი უვარგისობა თქვენ არ გეხებოდათ, ვინაიდან საბაშვილი, ავტორი მათი, სოციალისტ-რევოლიუციონერი იყო.
მაგრამ შემდეგში ბ. ი. ქარცივაძე ხომ თქვენი უაღრესი ნდობით იყო აღჭურვილი? აი, ეს ქარცივაძე იყო იმ სამინისტროს სათავეში, სადაც დღეს ბ. ერაძე და ჭავჭანიძეა. ამ ქარცივაძის დროს იყო აქ ერთი იტალიური ფირმა „მარსან“, რომელთანაც ქარცივაძის დროს დაიდო პირობა, რომლის ძალით საზოგადოებას უნდა მოეტანა საქონელი. მან გაიტანა აქედან ოცდახუთი ათასი ფუთი თამბაქო; ამის საწინდარი დაატოვებინეს ხუთი მილიონი მანეთი, თამბაქო წაიღეს დაახლოვებით ას ორმოცდა ათი მილიონისა და ჩვენ კი შეგვრჩა მხოლოდ ხუთი მილიონი. და აი, ასეთი კაცი, რომელმაც ასეთი საშინელი ზარალი მოუტანა რესპუბლიკას, არა თუ პასუხისგებაში არ არის მიცემული, იგი ახლა გვარდიის სასურსათო საქმეებს განაგებს. (კირ. ნინიძე: ისიც ხომ ესერი არ იყო?) დიაღ, ბატონო ნინიძე! ის ესერი იყო, მაგრამ ისეთი ესერი, რომელმაც არ იკადრა საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერების პარტიაში ყოფნა და იგი უთუოდ დღესაც ირიცხება რუსეთის სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში, რომელიც თქვენც არა ერთხელ აღგინიშნავთ, რომ მოსისხლე მტერია ჩვენი რესპუბლიკისა.
და მაშ რით, სად, რაში და ვისი ნდობა დაიმსახურა ბ. ქარცივაძემ ასე, რომ ასეთ პასუხსაგებ თანამდებობაზე გყავდათ და დღესაც გყავთ?!.
ამბობენ ბ. ერაძე ძალიან ფრთხილობსო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამ სიფრთხილით ჩვენ შეიძლება კიდევ რამოდენიმე ათეული მილიონი ზარალი ვნახოთ. თქვენ დაინახეთ, რომ ბ. ერაძის ხელშეკრულობის მიხედვით, ბ. მინისტრს დაუწყია სტერლინგებით ვაჭრობა, - ვყიდულობთ გირვანქა სტერლინგს 1200 მანეთად და ვყიდით 670 მანეთად.
აძლევს გარანტიას „კოსმოსს“ (9 მუხლი) და ხელ-ფეხს იბორკავს თითონ (10 მ.) ასაღებინებს ფუფუნების საგნებს და ამაში აძლევს სავალიუტო საქონელს.
ამცირებს თამბაქოს ფასს, აზარალებს მეთამბაქოებს და ასარგებლებს „კოსმოსს“ (15 პროც. მოგებიდან, 6 პროც. კომისია) აძლევს შესაძლებლობას „კომბინაციებისას“ (14, 17 და 20 მუხ.) და სხ. და სხ. შეცდომები, რასაკვირველია, ექნებათო. შეცდომებიცაა და შეცდომებიც. ამას წინად შინაგან-საქმეთა სამინისტროს შეცდომებს რომ მოგახსენებდით, ის კიდევ უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. იქ, ასე თუ ისე, მოქალაქის ზურგი აიტანს მათრახებს და აქ კი მილიონების ზარალს ვერ აიტანს ხალხი და ისედაც ცალიერი კასა.
ეს ზარალი თითქმის მეტია მთელს ნავარაუდევს ბიუჯეტზე, ყოველ შემთხვევაში, მეტია ბ. ხომერიკისაგან ნავარაუდევ შემოსავალზე მიწების გაყიდვიდან.
ჩვენ ხომ სავსებით გავამართლეთ ინგლისური საპარლამენტო ანდაზა: მინისტრი მით უკეთესია, რაც ნაკლები გაეგება სამინისტროსიო, მაგრამ ინგლისში ასეთ მინისტრებს ტეხნიკური საქმისათვის მცოდნე პირები ჰყავთ. ხელშეკრულობა - ეს სპეციალური საქმეა, ერთობ რთული რამ არის და სად არიან მთავრობისა და სამინისტროს იურისტკონსულტები?
განა შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დაწერა?
ყოველ შემთხვევაში, აი, თქვენს ამხანაგს ელიგულაშვილს მაინც ჰკითხავდით, ამ საქმეში ფრიად დახელოვნებული კაცია. (სიცილი).
თქვენ, ბ. სოციალ-დემოკრატებო, ვითომ სწუხართ, რომ ოპოზიცია სუსტი გვყავსო. ჩვენ რამდენად სუსტნი ვართ, თქვენ უკვე გრძნობთ, მაგრამ ასეც რომ იყოს, ჩვენს სისუსტეს ზარალი არაფერი მოუტანია და თქვენი უვიცობა კი მილიონები გვიჯდება.
ბატონებო, ჩვენ აქამდე ჩვენი ბავშვებისათვის ვერ შემოგვიღია უფასო სწავლება და ჩვენი მინისტრების სწავლებაც ასეული მილიონები გვიჯდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი გარემოებაც. აი ეს მასალები ჩვენ სრულიად შემთხვევით გვივარდება ხელში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მაგალითები იქნება სამინისტროს საქმეებში, მაგრამ მათი გადათვალიერების საშუალება აღარა გვაქვს. ამას წინად ერთმა ჩემმა ამხანაგმა სთხოვა ბ. ერაძეს: მე მჭირდება ესა და ეს ცნობები და სამინისტროში უნდა მოვიდეო. ბ. ერაძემ უარი უთხრა, დოკუმენტებს ვერ გიჩვენებ და ისე კი, მოგცემ ცნობებსო. ეს მე შეუწყნარებლად მიმაჩნია. დამფუძნებელი კრების წევრისთვის ასეთი საიდუმლოება არ უნდა არსებობდეს. მესმის, რომ იყოს ასეთი საიდუმლოება სამხედრო საქმეებში, სხვაგან კი მიუღებელია.
ბატონებო! მომარაგების სამინისტროში, როგორც ხედავთ, რაღაც საიდუმლო კერპთმსახურება სწარმოებს. ჩვენ, ხალხის წარმომადგენლები, ვდგევართ მათი მაღალი გალავნის კარებთან და მოვითხოვთ: გამოდით მზის სინათლეზე და მოგვეცით ანგარიში!
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კ. ნინიძეს.
კ. ნინიძე (ს. დ.) ბატონებო, მე მეგონა, რომ ის ორატორები, რომელნიც შეკითხვას შეეხენ, განსაკუთრებით ბ. დადიანი, მიაქცევდა ყურადღებას ერთ სერიოზულ საკითხს, რომელიც შეკითხვაში არის წამოყენებული. შეკითხვა, სხვათა შორის, აღნიშნავს, რომ სამინისტროს მოქმედება ხელს უშლის ადგილობრივ მრეწველობის განვითარებასო! მე ვფიქრობ, რომ როცა ამ მონოპოლიის საკითხის გარშემო იქნებოდა ლაპარაკი, ჩვენ მართლა იმისათვის უნდა მიგვექცია ყურადღება თუ ამ კანონის ცხოვრებაში გატარება, მისი განხორციელება რა შედეგს გამოიღებს მრეწველობის ადგილობრივ წარმოებაში, ეს არის შეკითხვის უმთავრესი დედა-აზრი, ამით არის ეს შეკითხვა სერიოზული და ანგარიშ გასაწევი. შეკითხვაში, როგორც ვეშაპელმა თავის სიტყვაში მოგახსენათ, არის სხვა ნაკლიც მან, სხვათა შორის, მოიხსენია რაღაც გასაღებების ამბავი, ვიღაცის დაჭერა და სხვა ამისთანები. მე მგონია, ტრიბუნაზე ასეთი ამბების გამოტანა ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ სერიოზულ მოპყრობას საკითხისადმი ხშირად არ აქვს ადგილი. მართლაც, სად გაგონილა ისეთი ქვეყანა, ადმინისტრაცია, აღმასრულებელი კანონისა, რომ ამათგანს რაიმე დანაშაული არ ჩაედინოს, თავის მოქმედების დროს რომ არ გადაეხვიოს საზღვარს და ასე თუ ისე არ შეელახოს ამა თუ იმ მოქალაქის უფლება? ჩვენ გვგონია, რომ ყოველთვის არის შესაძლებელი ესა თუ ის გადახვევა და როდესაც აქ ბრძანებენ და სხვა შეკითხვის დროსაც უსაყვედურებენ მთავრობას, მოყავთ სხვა და სხვა ფაქტები. მე მგონია, რომ თუ მარტო თავის სინიდისის წინაშე მოინდომებენ პასუხისმგებლობას, არ შეუძლიათ არ თქვან, რომ ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ აჭარბებენ და ეძებენ მხოლოდ საბაბს, რომ შესძლონ ესა თუ ის მოქმედება მიიღონ მხოლოდ მხედველობაში, მთავარი ხაზი კი დასტოვონ ჩრდილში. ამით აიხსნება ისიც, რომ მთავარი აზრი ამ შეკითხვისა უყურადღებოდ დასტოვა ბ. დადიანმა და შეუდგა თქვენს წინაშე ხელშეკრულობის გარჩევას. მე მგონია, რომ დადიანმა ეს უნდა იცოდეს, თუ აქვს რაიმე მოსაზრება, თუ მას, როგორც პროფესორს ამ ბოლო დროს არ დასჩემებია ტრაბახობა. როდესაც მათ ეუბნებიან, გვიჩვენეთ გზა მოქმედებისაო, ისინი გვიპასუხებენ: თქვენ წადით, ჩვენ დავჯდებით თქვენს ადგილზეო. ვითომც ეს ზომა იყოს. დადიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მან აქ მოგვაწოდა, შეიძლება სხვა ადამიანმა, არა იურისტმა, იქონიოს სულ სხვა მოსაზრება, მან კი - ბატონმა დადიანმა - ჩვენ ვერ დაგვიმტკიცა, რომ საუკეთესო ამხსნელი ამ ხელშეკრულებისა მხოლოდ ის არის. ამასთანავე მოგახსენებთ, ბ-ნო დადიანო, რომ ამის შესახებ არც დამფუძნებელ კრებას შეუძლია იქონიოს მსჯელობა, რადგანაც ყოველი ხელშეკრულება უნდა იქნეს განსჯილი, როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ისე საერთო მდგომარეობის მიხედვით. ხელშეკრულობის ზეპირად განხილვა და აწონ-დაწონა არ შეიძლება. თუ ჩვენ ამ სახით ვაწარმოვეთ კრიტიკა, შეიძლება უბრალო ჭორიკანად გადავიქცეთ. დადიანს შეეძლო ეთქვა, თუ რა სჯობდა. დადიანი კი მხოლოდ იწუნებს; ხვალ ღლონტს სულ სხვა ხელშეკრულება მოეწონება და სად არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ შევსძლებთ ამ ხელშეკრულების სათანადო შეფასებას? ჩვენ გვგონია, რომ დამფუძნებელი კრება ვერ იკისრებს სასამართლოს როლს, ვერ იტყვის, რომ შეისწავლა ხელშეკრულობის პირობები და დადიანს რომ დაედვა ხელშეკრულობა, ის აჯობებდაო. შეუძლებელია ამ ნიადაგზე დადგომა. თქვენ თუ გსურდათ ნაყოფიერი მსჯელობა, უნდა მიგექციათ ყურადღება იმისათვის: საერთოდ მთელი ხელშეკრულება იყო თუ არა რესპუბლიკის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული? ან მეორე: - იყო თუ არა რაიმე ბოროტება ამ მხრივ ჩადენილი? თქვენ რომ ბძანებთ ქარცივაძეზე და სხვებზე, უნდა მოგახსენოთ, რომ არც ეს არის მაინცა და მაინც ზრდილობა, იმიტომ, რომ ქარცივაძე აღარ არის უწყების სათავეში, აღარ შეუძლია მოგცეთ პასუხი, და მოგეხსენებათ, რომ გარდაცვალებულზე ლაპარაკის შესახებ ამბობენ: „მიცვალებულებზე ან სულ არაფერი უნდა სთქვათ, ან თუ იტყვით, მხოლოდ კარგიო“. და როცა თქვენ სარგებლობთ სიტყვის თავისუფლებით და ამბობთ ისეთ რამეს, რომელშიაც ბრალდებულს არ შეუძლია პასუხი გავცეთ, ეს არ არის საკადრისი (დადიანი: პასუხს მთავრობას ვთხოვთ!) მთავრობამ მოგცათ პასუხი, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ დამაკმაყოფილებლად სცნო.
მაშასადამე, მთავარი და მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ თამბაქოს მონოპოლიის გატარებამ ცხოვრებაში ერთის მხრივ, როგორი, რა ხაზი, რა მიმართულება მიიღო და მეორე მხრით, ან როგორ უყურებენ ამას ადგილობრივი მეთამბაქოები - ხომ არ დაფრთხენ, შეშინდენ? შეიძლება ამით თამბაქოს წარმოება შესუსტდა და მის მოვლა-გავრცელებას თავი მიანება ყველამ? ეს არის უმთავრესი საკითხი. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მწარმოებლებს ამის შესახებ დასაბუთებული საწინააღმდეგო მიზეზები აქვთ, თუ ეს კანონი ცხოვრებაში ისე გატარდა, რომ ხელს უწყობს ერთის მხრით წარმოებას და მეორეს მხრით კი - შეძლებას და საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ სავალიუტო საქონელი, მაშინ ეს შეკითხვა უნდა მოიხსნას, ვინაიდგან ჰკარგავს თავის მნიშვნელობას. არ არის მართალი, რაც ბრძანა ბ-ნმა ვეშაპელმა, თითქოს არავითარი მუდმივი ორგანო არ არსებობდეს, რომელიც ადგილობრივ განახორციელებდეს ამ თამბაქოს მონოპოლიას. ასეთი ორგანო არსებობს ადგილობრივ, ეს არის რწმუნებული მომარაგების სამინისტროსი და სავაჭრო პალატის წარმომადგენელი და აგრეთვე მეთამბაქოეთა წარმომადგენელი, რომლებიც აწესებენ მინიმუმ ფასს და იმის ფარგლებში შესაძლებელია ამ მეთამბაქოების მორიგება. აი, ასეთი ორგანო არსებობს. ახლა როგორ ანხორციელებს ეს ორგანო ამ საქმეს? ჩვენ ვიცით, რომ სოფლის ნაწარმოები ძველად ასე იყო და ახლაც ასე არის, ჩალის ფასად უვარდებოდა ხელში ჩარჩებს, „მოდნური“ სიტყვა რომ ვიხმაროთ, სპეკულიანტებს. ასეთი მდგომარეობა იყო, ახლა კი ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ სპეკულიანტს აღარ აქვს საშუალება პირდაპირი მწარმოებელი გაძარცვოს. ეს არის უმთავრესი, რაც მწარმოებელს აფიქრებს. ამის შესახებ არსებობს ერთი დადგენილებაც, ფრიად საინტერესო. ის გვეუბნება, თუ ამ დადგენილებას, ამ კანონს, როგორ შეხვდა ის ხალხი, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ამ საქმეში - თვით მეთამბაქოები. აი, მე ხელთა მაქვს დადგენილება, მიღებული მეთამბაქოეთა კრების მიერ 28 იანვარს 1920 წელს ქ. სოხუმში. ამ დადგენილებაში სწერია შემდეგი: (კითხულობს). (ვეშაპელი: რას ნიშნავს ეს მოთხოვნილება?) ეს ნიშნავს აი, რას: აქ სწერია: (ვეშაპელი: ფასები არ ვარგაო, ახალი ფასები დააწესეთო!) ეს ნიშნავს, რომ მეთამბაქოები კმაყოფილებას გამოსთქვამენ იმის გამო, რომ მთავრობამ გამოსცა კანონი თამბაქოს მონოპოლიის შესახებ, რომ ამ გზით, მეთამბაქოებს იმედი აქვთ, აილაგმებიან ჩარჩები, თან სთხოვენ მთავრობას, რომ მან აღმოუჩინოს დახმარება სესხისა და სხვა სახით. შემდეგ გამოთქვამენ სურვილს, რომ კოოპერატივების საშუალებით ასცდენ ჩარჩებს და როგორც თქვენ გიყვართ: „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო“, თუ რამ დარჩეს, ისევ მწარმოებელს ხვდეს და არა ჩარჩებსო. (ვეშაპელი: ფასებზედ რას ამბობენ?) არაფერს არ ამბობენ, ამბობენ მხოლოდ, რომ ფასები უნდა შესწორდესო. მე მაქვს რუსულ ენაზედ დაწერილი ეგზემპლიარი ამ დადგენილებისა და მოგახსენებთ. (კითხულობს).
აქედგან თავის-თავად ცხადია, ინსტრუქცია მოგახსენებთ, რომ აქ ხდება ის, რასაც მეთამბაქოები მოითხოვენ და მათ სურვილს შეადგენს. მაშასადამე, ეს დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ისინი, ვისი ინტერესებიც შეიძლებოდა წინააღმდეგი ყოფილიყო, ე. ი. ის ვისი ინტერესიც შეიძლება შელახულიყო - თვით მეთამბაქოები - სთხოვენ მთავრობას ამ კანონის ცხოვრებაში გატარებას, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, არ არის სახელმწიფოსათვის სავალდებულო ამა თუ იმ ჯგუფის თანაგრძნობა, მაგრამ მას აქვს ხაზი, და მას შეუძლიან, და ეს ბუნებრივიც იქნება, თუ ეს ხაზი შეეთანხმება იმ ჯგუფის ინტერესს, რომელსაც პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ამ საქმესთან. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სავსებით სამართლიანად იქცევა, რომ მხარს უჭერს მწარმოებელს და არა სპეკულიანტებს და იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მიერ ხდება ჩამორთმევა ძველი წლების მოსავლისა და არა უკანასკნელი წლისა, აქ ძველი მოსავალი უკვე აღარ არის მწარმოებელის ხელში, იგი უკვე ჩარჩებს აქვთ ხელში და ამ შემთხვევაში მას აძლევენ სამართლიან ფასს. და თავის-თავად ცხადია, რომ თამბაქო იმდენად ძვირფასი საქონელია, რომ თუ სპეკულიანტს საზღვარი არ დაუდევით, ის ასი პროცენტის ნაცვლად, ასი ათასს მოიგებს.
და აი, ამ შემთხვევაში ეს მონოპოლია და მისი ცხოვრებაში გატარება ერთავად მიმართულია ჩარჩებისა და სპეკულიანტების წინააღმდეგ და არა მწარმოებელთა წინააღმდეგ. ეს უნდა შეიგნოს ბატონმა ვეშაპელმა და არ აწყენდა ბატონ დადიანსაც შეეგნო ეს ჭეშმარიტება, რომელსაც ჰგონია, რომ მისი თავია საბუდარი, რომელშიც ყოველგვარი წოდება არის მოთავსებული. ის არ კმარა მხოლოდ, რომ თქვენ აქ ბატონ ელიგულაშვილზე ახსენებთ აქ რაღაცეებს. მე არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ ასი და ათასი ასეთები მოიკითხეთ თქვენ წრეში. (დადიანი: დაასახელეთ, ვინ არის, დაასახელეთ?) მე ვამბობ, მოიკითხეთ ასეთები თქვენს წრეში. (დადიანი: დაასახელეთ, თორემ სიცრუეს ამბობთ. მიიღეთ უკან?) მე ვამბობ, რომ ასეთები მოიკითხეთ თქვენს წრეში. მე არც დავასახელებ მათ. ამ შემთხვევაში მე მივსდევ პროფესორ ნუცუბიძის ლოღიკას, რომელმაც ერთ-ერთ სხდომაზე აქ განაცხადა, რომ სიშჩიკი არა ვარ და არ მივსდევ სიშჩიკობას. ამიტომ არც დავასახელებ.
თავმჯდომარე. გთხოვთ საგანს დაუბრუნდეთ.
ნინიძე. დიახ, მე მოგახსენებთ საგანზე. მაშასადამე, ის რაც ამ შეკითხვაში უმთავრესი იყო, ის არ იყო დამტკიცებული. მეორე უმთავრესი ბრალდება შეიცავს იმას, რომ მისი, ე. ი. მომარაგების სამინისტროს პოლიტიკა ეწინააღმდეგება ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესებსო, მაგრამ არც ეს ბრალდება არის დამტკიცებული, პირიქით, არც ერთი ორატორი არ შეხებია ამ საკითხს, ბატონ დადიანს და ვეშაპელებს ეს არ აინტერესებთ. ისინი სცდილობენ გამონახონ რაიმე წვრილმანი ნაკლი და ეს გაასაღონ მთელ სამინისტროს პოლიტიკით. მაგ., თუ ვინმემ ქალი მოიტაცა სადღაც, სადმე, ან რომელიმე კომისარმა გალახა კაცი, ამას სამინისტროს პოლიტიკით ასაღებენ. ასეთ ხალხთან, რასაკვირველია, სერიოზული კამათის წარმოება შეუძლებელია. ვიმეორებ, მთავარი დებულება არავის არ დაუმტკიცებია. რა თქმა უნდა, ის, ვისაც წინასწარ შესყიდული ჰქონდა თამბაქო და დიდ მოგებას გამოელოდა მისგან, რასაკვირველია, ისინი არ იქნებიან კმაყოფილნი თამბაქოზე გამოცხადებული მონოპოლიისა და მართლაც, მონოპოლიის წინააღმდეგნი არიან. ეს სკუპჩიკები, რაც შეეხება მწარმოებლებს, ისინი ძალიან კმაყოფილნი არიან იმითი (ვეშაპელი: თამბაქოს სთესენ თუ არა?) მე მგონია, მთავრობა და კერძოდ, მომარაგების სამინისტრო ვალდებული არიან ხელი შეუწყონ თამბაქოს წარმოების განვითარებას და დაეხმარონ მწარმოებელთ, იქნება ეს სესხით თუ სხვა საშუალებით. უნდა აღმოუჩინონ დახმარება, რომ წარმოება და მეთამბაქეობა განვითარდეს. ამ შემთხვევაში რამდენათაც ჩემ ხელთ არის ცნობები და ამას მოგახსენებთ აგრეთვე მომარაგების უწყების წარმომადგენელი, საამისოთ უკვე მიღებულია ზომები; მწარმოებელთ მიეცემათ სესხი, იქნება ეს ფულის სახით, თესლით თუ იარაღის სახით. ერთი სიტყვით, ზომები მიღებულია, მაგრამ თუ სამინისტრომ ამდენ ხანს ვერ განახორციელა იგი სავსებით, სამინისტროს ეს ვერ ჩაეთვლება დანაშაულათ, ვინაიდან ეს მონოპოლია სულ რაღაც რამოდენიმე თვეა რაც გამოვაცხადეთ და რასაკვირველია, ამ მცირე ხნის განმავლობაში მთავრობას არ შეეძლო ამ საკითხის სავსებით მოწესრიგება. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სრულიად არ ვადგივართ იმ გზას, რომ დავიცვათ მთავრობა ყოველ დანაშაულობისაგან თუ ყოველ წვრილმან ნაკლს არ მივაქცევთ ყურადღებას. გვიჩვენეთ, ბატონებო, ისეთი ადმინისტრაცია, რომელშიაც შესაძლებელი არ იყოს შეცდომის ჩადენა. ასეთი იდეალური ადმინისტრაცია არ არსებობს (დიდიანი: წვრილმანი როგორ არის 200 მილიონის გადაყრა?). ვინ გადაყარა ეს ორასი მილიონი, თქვენ, ბატონო დადიანო, არ დაგისახელებიათ. ცარიელ განცხადებას კი დაგიჯერებთ, ვინაიდან ასეთი ნდობა ჯერ ჩვენი არავის დაუმსახურებია და განსაკუთრებით, თქვენ, ბ-ნო დადიანო. მე ვამბობ, მთავარი ხაზი სწორია. იგი სისწორით ტარდება. მწარმოებელთა ინტერესები სავსებით დაცულია და სპეკულიანტების კი - რა მოგახსენოთ, არ ვიცი, შეიძლება შელახულია. და ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს, არავითარი გადახვევა არ მომხდარა კანონიდან და არავის არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. კანონი ტარდება ისე როგორათაც უნდა ტარდებოდეს იგი. წვრილმანებზე კი მე არ მოგახსენებთ? (ტაში ს.-დემოკრატთა სკამებზე).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომარაგების მინისტრის ამხანაგს ბ. ივ. ჭავჭანიძეს.
მომარაგების მინისტრის ამხანაგი ივ. ჭავჭანიძე. მოქალაქენო, დამფუძნებელ კრების წევრნო! ბ-ნ ვეშაპელმა თავის მეორე სიტყვაში განიმეორა ის ბრალდებები, რომელიც მან პირველ სიტყვაში წამოაყენა. მას ახალი საბუთი არ მოუყვანია. და მე სწორედ გამიკვირდა, რადგანაც ამ საკითხის შესახებ მე პირადად ვეშაპელს ველაკარაკე და მეგონა, რომ ის დაკმაყოფილდა ჩემი პასუხით. ეს შეეხება იმ საკითხს, თითქოს მომარაგების სამინისტრო და მთავრობა უცხო მწარმოებლებს თამბაქოსას უფრო კარგ პირობებში აყენებს, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებს, მხედველობაში ჰქონდა სოხუმში არსებული მეთამბაქოეთა ჯგუფი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას მომარაგების სამინისტროსთან. აი, სწორეთ ყველა ის, რაც სთქვა ბატონ ვეშაპელმა, აქ სიმართლეს არ შეეფერება. პირიქით, ამ ჯგუფს ჩვენ გაცილებით უკეთესი პირობები წამოუყენეთ, ვიდრე სხვა უცხოელ მწარმოებლებს, მაგრამ ეს პირობები მიუღებელი შეიქნა ამ მეთამბაქოეთათვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თუ კი სურს პატრონს მიიღოს მონაწილეობა მოგებაში, მას მთავრობა აძლევს განსაზღვრულ ფასს, რომელიც დაწესებულია მტკიცე ფასების მიხედვით. აძლევს არა ახლა, არამედ თამბაქოს გასაღების შემდეგ. გარდა ამისა, აძლევს 25 პროც. წმინდა მოგებისაგან და ისიც ბონებით - ხოლო უცხოელი ვალიუტი, რომელსაც მიიღებს თამბაქოს რეალიზაციის შემდეგ, გადადის მთავრობის ხელში. (ვეშაპელი: „კოსმოსს“ როგორ აძლევთ?) მოისმინეთ, მივალთ „კოსმოსამდი“ და მოგახსენებთ. სოხუმის ჯგუფისათვის გავაკეთეთ გამონაკლისი და გაცილებით უკეთესი პირობები შევაძლიეთ. ეს პირობები შეიცავდა იმას, რომ მათ მივცემდით თამბაქოს რეალიზაციის შემდეგ განსაზღვრულ შემოსავლის არა 700 მანეთის მიხედვით, არამედ იმ ღირებულების მიხედვით, როგორიც არის დღეს. ვსთქვათ, დღეს სტერლინგი ღირს 700 მანეთი, გასაღების დროს შესაძლოა, ღირდეს არა 700 მანეთი, არამედ 1200 მანეთი და მაშინ მეთამბაქოები მიიღებენ იმდენს, რამდენიც ეღირებოდა სტერლინგი, ხოლო უცხოელი მიიღებდა 700 მანეთს და არა მეტს. ეს ერთი უკეთესი პირობა არის, ვიდრე უცხოელებს ვაძლევდით.
მეორე, როგორც მოგეხსენებათ, უცხოელებს ვაძლევთ 25 პროცენტს წმინდა მოგებიდან, ისიც ბონებით. ჩვენებისთვის კი გვინდოდა მიგვეცა ბონებით 30 პროცენტი წმინდა მოგებიდან, რომ მათ საშუალება ჰქონოდათ უცხოეთში ევაჭრათ. ეს პირობა არ მიიღეს და სთქვეს, მოგვეცით 30 პროცენტი ვალიუტითო. ჩვენ ამაზედაც დავეთანხმეთ. ერთი მოთხოვნილება წამოგვიყენეს, რომ მიცემის დროს მიგვეღო მხედველობაში ფულის კურსის აწევა და დაწევა. ჩვენ დავეთანხმეთ და დაუთმეთ ამ საკითხშიაც. და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამით საქმე გათავდა. მაგრამ ახალი მოთხოვნილება წამოგვიყენეს და ეს მდგომარეობდა შემდეგში: „აი თქვენმა მიმღებმა კომისიამ ზოგიერთ ჩვენ ამხანაგს ჩამოართვა თამბაქო და თავის საწყობში დააწყო, გთხოვთ ეს თამბაქო უკანვე დაუბრუნოთ ჩვენს ამხანაგებსო“. რას ნიშნავს ეს მოთხოვნილება? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მონოპოლია უნდა გაგვეუქმებინა და უკან თუ დაუბრუნებდით ამ თამბაქოს, რას იტყოდენ მაშინ სხვები, უცხოელები? ისინიც, რა თქმა უნდა, მოითხოვდნენ ჩამორთმეულ თამბაქოს უკანვე დაბრუნებას. ეს იქნებოდა მონოპოლიის გაბათილება. ამას ჩვენ ვერ მივიღებდით. (ვეშაპელი: „კოსმოსს“ აქვს ასეთი პრივილეგია?) მოითმინეთ, მივალთ «კოსმოსთან» და მაშინ მოგახსენებთ. ასე, რომ ჩვენ მონოპოლიის მოშლა არ შეგვეძლო და მიზანი ამ ვაჭრებისა სწორედ ამ მონოპოლიის ჩაშლა იყო. როდესაც აქ ბ-ნი დადიანი არა ისეთ კატეგორიულ ფორმაში, არამედ უფრო რბილად, ვიდრე ვეშაპელი, ლაპარაკობდა, რომ თამბაქოსათვის საჭიროა სპეციალისტები, ეს, რასაკვირველია, მართალია, მაგრამ მე ვეკითხები ბ-ნ დადიანს, განა შესაძლებელია მონოპოლიის გატარება მანამდის, სანამ ეს მეთამბაქოები წინააღმდეგნი არიან ამისი? (მესხიშვილი: აკი ნინიძე ამტკიცებდა წანააღმდეგი არ არიანო?) ნინიძეს ეს არ უთქვამს, თქვენ გვირჩევთ, რომ იმათ, ვინც უფრო დაინტერესებული არის ამ მონოპოლიით, იმათ მივცეთ ამ მონოპოლიის განხორციელების უფლება ე. ი. სკუპშჩიკებს, მოკლედ რომა ვსთქვათ. (ღლონტი: ვინ სთქვა ეს?) ასე ბრძანა დადიანმა. რატომ ფიქრობს დადიანი ან სხვა, რომ ვინც სკუპშჩიკი არის თამბაქოს, ის სპეციალისტი არის ამავე დროს ამ საქმეში. მე კი მგონია, რომ ხელმძღვანელი შეიძლება იყოს არა სპეციალისტი, მაგრამ იყოლიოს სპეციალისტი. იმ ჯგუფში ურევია ისეთი პირები, რომელთაც თამბაქოსი იმდენი ესმით, რამდენიც მე. აი, მაგალითად, ბოკერია, სამი-ოთხი წელია სოხუმში ცხოვრობს, ვექილობას აწარმოებდა და შემდეგ თამბაქოს მოკიდა ხელი. იმასაც ხომ შეუძლია თამბაქოს სპეციალისტად გამოაცხადოს თავი, მაგრამ ისეთივე სპეციალისტი არის, როგორც მე. ასე, რომ თამბაქოს საქმეში შეიძლება სპეციალისტი არ იყოთ, მაგრამ გყავდეთ სპეციალისტი და მათი საშუალებით აწარმოებდეთ საქმეს. მთავრობას ასეთი ადმინისტრატიული პირი ჰყავს. შეიძლება ის არ არის სპეციალისტი, მაგრამ მის განკარგულებაში არის სპეციალისტი, რომელიც ანხორციელებს ამ მონოპოლიას.
შემდეგ, ვეშაპელი ეკითხებოდა ნინიძეს, სთესენ თუ არა დღეს თამბაქოსო? თუ ობიექტიურად გინდათ რომ შეხედოთ საკითხს, ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რაც ხდება. განა გუშინ დაიწყო თამბაქოს თესვის დაკლებამ? (ვეშაპელი: აჰა!) განა 1914 წლის შემდეგ არ შემცირდა ყველგან თამბაქოს მოყვანა? და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სურსათი ძალიან გაძვირდა, იმდენად, რომ ხშირად მეთამბაქოენი არჩევენ სიმინდი დასთესონ, ვიდრე თამბაქო.
აი, უმთავრესი მიზეზი თამბაქოს დათესვის შემცირებისა. სწორედ ასე ხდებოდა საფრანგეთში, ბულგარეთში და სხვაგან, სადაც სთესვენ და მოჰყავთ თამბაქო.
შემდეგ, ბატონებო, „კოსმოსთან“ დადებულ ხელშეკრულებას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს, როგორც ვეშაპელმა, ისე დადიანმა. დადიანს ერთი ზნე სჭირს: მისი აზრით, ყველა უვიცია. მაინც ვიცოდე, ის, ვინც ამას ამტკიცებს, თვითონ რა ცოდნის პატრონი არის? ყოვლად შეუძლებელია ასეთ კრებაზე ხელშეკრულების მუხლობრივი განხილვა და იმისი მტკიცება, თუ რამდენად საზარალო, ან სასარგებლოა ის სახელმწიფოსათვის. (ვეშაპელი: მაშ რესტორანებში სჯობია?) როცა თქვენ ამა თუ იმ ხელშეკრულებას იხილავთ, უნდა უდგეთ არა ერთის, არამედ ორივე მხარის თვალსაზრისზე. შეიძლება ერთი მხარესთვის ეს იყოს მისაღები, მაგრამ თუ იგი მეორე მხარესთვის მიუღებელია, მაშინ ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
როცა „კოსმოსის“ წარმომადგენელი ჩამოვიდა და გავმართეთ მასთან მოლაპარაკება და ის ისე უცბად არ დამთავრდა, მაშინ დაიწყო საშინელი განგაში პრესაში. მახსოვს გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ მიმართვა საზოგადოებისადმი: „აი, ჩამოვიდა „კოსმოსი“, იმას უნდა საქართველო გააბედნიეროს, მაგრამ მომარაგების სამინისტრო ხელს უშლის და ნებას არ აძლევს, რომ საქართველო გააბედნიეროსო.“ (ვეშაპელი: „ბორბაშიც“ იბეჭდებოდა ხან და ხან!) ამნაირად, მერე ეს ხელშეკრულება დავსდევით. გამოჩნდა, თურმე ეს ხელშეკრულება ასსა და ორას მილიონ ზარალს აყენებს ჩვენს რესპუბლიკას. რაში გამოიხატება ეს ზარალი? კურსის საქმე ასეთია: ხან აიწევს, ხან დაიწევს. მე თქვენ გეკითხებით: რომ სტერლინგის ფასი დაცემულიყო, მაშინ იმავე 700 მ. ვუანგარიშებდით თუ არა? დიახ! ეს დავუწერეთ „კოსმოსს“ მაშინ, როცა ლაპარაკი იყო, რომ კურსი კი არ აიწევდა, პირიქით დაიწევსო. როცა ბირჟაზე კურსი იყო 800 მან. ყოველივე ეს მივიღეთ მხედველობაში და, რამდენის დაკლებაც შეიძლებოდა, ჩვენ დავუკელით.
დადიანმა აღნიშნა ერთი რამ: წარმოიდგინეთ, რა საკვირველება ხდება, აუარებელი საქონელი შემოაქვთ და ეს იწერება „კოსმოსის“ სახელზეო. და ამან მას ანეგდოტი მოაგონა. მე გეკითხებით, რომელი კომერსანტი დაგეთანხმებათ ნისიათ რამოდენიმე ათეულ მილიონის საქონელი მოგცესთ, ხელწერილი არ ჩამოგართვათ და კონოსამეტიც თქვენ მოგცესთ? იქნება კი ასეთი გიჟი კომერსანტი? (ვეშაპელი: ასე გლახა შეხედულებისა ხართ თქვენს თავზე?).
თავმჯდომარე. ბატონო ვეშაპელო, თუ გნებავთ სიტყვა, გთხოვთ ჩაეწეროთ.
ჭავჭანიძე. აქ ისიც კი იყო ნათქვამი, რომ „კოსმოსს“ ნება ეძლევა საქონელი ზოგი აქ გაჰყიდოს და ზოგიც გარედ გაიტანოსო - უცხოეთში. ბატონი ვეშაპელი გვირჩევს, არ შემოუშვათო და ის, აშკარაა, მაშინ აღარ შემოიტანს. ხოლო, თუ დავდგებით დადიანის თვალსაზრისზე, ჩვენ ჩვენი ყველა პორტები უნდა დავხუროთ და არ შემოვუშვათ საქონელი იმაზე მეტი, რაც ჩვენ გვჭირდება, ჩვენის აზრით კი, რაც უფრო მეტი საქონელი შემოვა, მით უფრო სასარგებლოა სახელმწიფოსათვის. თუ საქონელი შემოვა და შემდეგ აქედან გავა, ესეც ერთგვარ სარგებლობას მოუტანს სახელმწიფოს.
აშკარაა, დადიანი რომ იურისკონსულტი ყოფილიყო, ის ყველა ჩვენს პორტებს დაგვაკეტინებდა და ჩვენში საქონელი ვეღარ შემოვიდოდა.
ბ. დადიანმა იცის, რომ მინისტრები არ სწერენ ხელშეკრულებას, მათ ჰყავთ იურისკონსულტები, ვინც ამას სწერს. ისინი უფრო კარგი იურისტები არიან, ვიდრე დადიანი. (დადიანი: ეტყობა ამ ხელშეკრულებას!) ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა აქ დაამტკიცეს, რომ მათ კომერციულ ხელშეკრულებაზე ნაკლები წარმოდგენა აქვთ.
შემდეგ, ბ. დადიანმა აქ ერთი ბრალდება წამოაყენა: მან განაცხადა, რომ ჩვენ საშუალება არა გვაქვს, გავიგოთ, რაც ხდება მომარაგების სამინისტროშიო. დიახ, ჩვენ ზოგიერთ შემთხვევებში იძულებული ვხდებით ასე მოვიქცეთ, რადგან ჩვენ გვაიძულებენ ზოგიერთი პირები ამას. იყო ასეთი შემთხვევა: მოდის ერთი უცხოელი ჩვენთან, მას თამბაქოს საქმე აქვს, მას მოჰყვება ერთი პატივცემული ვექილი, დამფუძნებელი კრების წევრი დამცველად. როცა ამ ვექილს უცხოელის წასვლის შემდეგ ვუთხარი, რომ იმ კაცს ცოტა სიფრთხილით უნდა მოვექცეთ-თქო, იმავე საღამოს ის უცხოელი ჟორდანიასთან მიდის და ეუბნება, ვითომ მისთვის სამინისტროს შეურაცყოფა მიეყენებინოს. (დადიანი: დაასახელეთ!) იმავე საღამოს ამ ვექილმა... (დადიანი: დაასახელეთ, დაასახელეთ!) ბ. დადიანო, მოიკითხეთ თქვენს ამხანაგებში და შეიტყობთ.
ამის შემდეგ გეკითხებით, განა შეგვიძლია ეს კომერციული საქმეები ვინმეს გადვუშალოთ? კომერციული საქმე ერთგვარ საიდუმლოებას შეიცავს, ის უნდა გამომჟღავნდეს მის შემდეგ, როცა რეალიზაციას მიიღებს, ჩვენ გვაიძულებენ ასე მოვიქცეთ ის ვექილები, რომელნიც სპეკულიაციის დამცველნი არიან. (ხმაურობა).
თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ, ასეთ სიტყვებს ნუ იხმართ.
ჭავჭანიძე. მე ბოდიშს ვიხდი.
თავმჯდომარე. თუ ბოდიში მოსახდელია, მით უმეტეს. საზოგადოდ, უნდა განუცხადო კრებას, რომ ამ უკანასკნელ სხდომებზე შეუფერებელი სიტყვების ხმარება დაიწყეს ორატორებმა. მე მგონია, პრეზიდიუმის მოგონება არ უნდა ყოფილიყო საჭირო დეპუტატებისათვის შესახებ იმისა, თუ როგორ ფორმაში უნდა ჩამოასხას დეპუტატმა თავისი სიტყვა. ბევრჯელ ისეთ სიტყვებს აქვს ადგილი, რომელიც დაუშვებელია. უმორჩილესად გთხოვთ, ასეთი სიტყვები აღარ იხმაროთ და თავი შეიკავოთ, ეს ამცირებს დამფუძნებელ კრებას და დაუშვებელია დამფუძნებელ კრების წევრისთვის. (ტაში).
ჭავჭანიძე. მე ვთქვი, რომ არიან დამფუძნებელ კრების წევრნი, რომელნიც გამოდიან სპეკულიანტების დამცველად (ხმაურობა) შეურაცყოფა მე არავისთვის არ მიმიყენებია. აი, ბატონებო, ამ მონოპოლიის საქმე როგორ არის. აქ გამოდიან და ლაპარაკობენ, ამ საქმეში უვიცნი ხართო. მე ვამბობ, რომ მართლაც, ჩვენ შორის არ არის ისეთი, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რომ ვირჩევთ, ის სჯობია, ვიდრე ამ (მარჯვნივ) სექტორის ნარჩევი. კოოპერატივის გამოცდილება და იქ გამოცდილება მიღებული უფრო უკეთესია, ვიდრე რომელიმე კერძო დუქანში. ის არის საზოგადო საქმე და ეს საზოგადო საქმე მეტს გამოცდილებას აძლევს კაცს, ვიდრე კერძო.
როცა თქვენ გამოდიხართ, ეცემით თავს მომარაგების სამინისტროს, მის უვიცობაზე ლაპარაკობთ, უნდა გახსოვდესთ, რომ მომარაგების სამინისტროს დიდი უღელი აწევს თავზე. ეს არის არა მარტო მონოპოლიის გატარება, არამედ ხალხის გამოკვება. ორი თვის განმავლობაში მომარაგების სამინისტროს საშინელ პირობებში უხდებოდა მუშაობა. დღეს მისცემდა პურს ჯარსა და გვარდიას და არ იცოდა, ხვალ იქნებოდა პური თუ არა. ამიტომ, როცა თქვენ აფასებთ სამინისტროს მოღვაწეობას და მოქმედებას, უნდა მიიღოთ მხედველობაში არა მარტო მონოპოლიის გატარება, არამედ მთელი მისი მოღვაწეობა. ვინც ობიექტიურად უყურებს საქმეს, ის იტყვის, რომ მომარაგების სამინისტრომ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა დღევანდელ პირობებში. ხოლო იმას, რაც შეუძლებელია, თუნდ დადიანები რომ დააყენონ, მაინც ვერ გააკეთებენ. (ტაში).
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის დამფუძნებელი კრების წევრს ი. ბარათაშვილს.
ბარათაშვილი. (ს.-ფ.) მე, ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო, მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც წამოაყენეს, თითქოს ჩვენს შორის არიან ვექილები, დამფუძნებელ კრების წევრნი, რომელნიც იცავენ სპეკულიანტებს და ბატონი მინისტრის ამხანაგი...
თავმჯდომარე. თქვენ რის შესახებ გნებავთ ლაპარაკი? უმორჩილესად გთხოვთ, ვექილებზე ნუ ლაპარაკობთ, ილაპარაკეთ მხოლოდ შეკითხვაზედ, თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ.
ბარათაშვილი. პირად საკითხის შესახებ გთხოვთ სიტყვას.
თავმჯდომარე. თქვენ წინ სხვა გახლავთ ჩაწერილი და შემდეგ ინებეთ. ბატონებო, კამათი საკითხის შესახებ გათავებულია. აქ შემოტანილია სოც.-დემოკრატების ფრაქციის მიერ ასეთი ფორმულა „დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა შეკითხვა თამბაქოს მონოპოლიის განხორციელების შესახებ, კამათი ამ შეკითხვის გამო და დამაკმაყოფილებელი განმარტება მთავრობისა, დამფუძნებელი კრება მორიგ საკითხზე გადადის“.
აგრეთვე გახლავთ ბ-ნ ვეშაპელის წინადადება. უნდა მოგახსენოთ, რომ მე ამ წინადადებას ვერ უყრი კენჭს, უნდა იყოს რაიმე ფორმულა დამაკმაყოფილებელი ან არა დამაკმაყოფილებელი. აქ გახლავთ წინადადება, რომელსაც ერთგვარი საკანონმდებლო ხასიათი აქვს. წინადადება აი ასეთია:
„თამბაქოს მონოპოლია განხორციელდეს თამბაქოს მწარმოებლებთან და მრეწველებთან შეთანხმებით იმ გვარ საექსპორტო საზოგადოების დაარსებით, როგორიც დაარსდა შავი ქვის მონოპოლიის განსახორციელებლად“.
მესამე ფორმულა სოც.-ფედერალისტების ფრაქციისა ასეთია: „დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა რა შეკითხვა თამბაქოს მონოპოლიის შესახებ, აღნიშნავს, რომ მონოპოლიის გატარება ცხოვრებაში არა სდგას სასურველ ნიადაგზე, რომ ხშირად მომარაგების სამინისტრო სდებს სხვა და სხვა კერძო ფირმებთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც დიდათ საზარალოა რესპუბლიკისათვის. საჭიროდ სთვლის, რომ მთავრობამ სამონოპოლიო საქონელის გასაღება მოახდინოს მხოლოდ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საშვალებით, გადადის მორიგ საკითხზე“ აი, ამ ორი ფორმულას უყრი კენჭს. ვინ არის მომხრე პირველი ფორმულისა? ვინც სოციალ-დემოკრატების ფორმულის მომხრეა, ხელი ასწიეთ. პირველი ფორმულა მიღებულია, პირად საკითხზე სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ ელიგულაშვილს.
ელიგულაშვილი (სოც.-დემ.) ბატონებო, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად იხსენიებენ ჩემ სახელს და მე მინდა ამაზე პასუხი და განმარტება მივსცე დამფ. კრებას. (ხმაურობა). მე ქართული ლაპარაკი მეძნელება და გთხოვთ ხელს ნუ მიშლით. წარსულ წელს მაისში ფინანსთა სამინისტროს დავალებით ვიყავი გაგზავნილი იტალიაში, საბერძნეთში და კონსტანტინოპოლში იქაურ ბაზრის შესასწავლად, იქაურ მდგომარეობის გასაცნობად. ერთხანს ვიყავი კონსტანტინოპოლში და შემდეგ წავედი იტალიაში. იტალიაში რომ მივდიოდი, მაშინ იმავე გემზედ მოდიოდენ რამდენიმე ქუთაისელი ებრაელი ვაჭრები. (ღლონტი: მათ შორის ნათესავებიც იყვნენ?) მათ შორის იყო ჩემი ძმაც. ამ ვაჭრებმა არ იცოდნენ უცხო ენები და ამიტომ უძნელდებოდათ იტალიის პირობების გაცნობა. ჩემი ძმა წინადაც ყოფილა საზღვარ-გარედ, იცის ენები და მას ჩემი დახმარება არ ესაჭიროებოდა. იმ ვაჭრებს კი, რომლებმაც ენა არ იცოდნენ, ერთგვარი დახმარება მივეცი. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ, როდესაც საჭიროებდნენ კაცს, რომელსაც შეეძლო მათთვის რაიმე გადაეთარგმნა, ამ მთარგმნელის როლს მე ვუსრულებდი და უთითებდი იმ დაწესებულებებზედ, სადაც მათ შეეძლოთ თავის საქმეები მოეწყოთ. (შ. ნუცუბიძე: ყველას, თუ ზოგიერთებს?) ვინც სტამბოლიდან იტალიაში მაშინ წამოვიდნენ, ყველას. თვით სტამბოლში მაშინ არავინ ყოფილა მსურველი იტალიაში წამოსვლისა, ამათ გარდა. ამათ იყიდეს საქონელი და წამოიღეს ჩვენში. ზოგი ბათომში გაყიდეს, ზოგი აქ მოიტანეს, რაც შეეხება საქონელს, რომელიც ნაყიდი იყო ჩემი ძმის მიერ, ყველა შემოზიდული იყო საქართველოში. (ნუცუბიძე: ყველა?) ყველა ის საქონელი, რომელიც კერძოთ ჩემი ძმის მიერ იყო შეძენილი, შემოზიდული იყო საქართველოში. ამის დამამტკიცებელი საბუთია საბაჟო დეკლარაცია, რომელიც განცხადებასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს განკარგულებაში არის, და მის ხელში იმყოფება. აქ იყო ლაპარაკი აგრეთვე ნისიის შესახებაც. ნისიათ არაფერი არ წამოუღიათ. არსებობს სისტემა „რომბუსი“, რუსულად რომ ვთქვათ «наложеннымъ платежомъ». ე.ი. მათ მისცეს საქონელი და როცა გემი ბათომში მოვიდა, მათ გამოხსნა დასჭირდათ. ამ პროცესს არავითარი დიდი ამბავი არ უნდა, ყველას შეუძლია ეს. თუ გნებავთ, თქვენც შეგიძლიათ ამნაირი ოპერაცია აწარმოვოთ, ბ. ნუცუბიძე. ასე იყო საქმე, ამის გამო ოქტომბერში მე პასუხი გავეცი „ერთობაში“, ვინაიდგან ამას წინად, „კლდეში“ იყო დაბეჭდილი, ვინმე ქებაძის წერილი და მისი განმარტება გავაკეთე და მგონი ლაპარაკი იმაზე, რომ რეაბილიტაცია არ მიქნია, ზედმეტია. (ხმა: საქონელი ყველა აქ შემოვიდა?) ამაზე მოგახსენეთ. ის საქონელი, რომელიც ჩემი ძმის მიერ იყო ნაყიდი, აქ იყო შემოტანილი. ამის დასამტკიცებელი საბუთიც საბაჟო დეკლარაციაა. (ვეშაპელი: ქებაძე რომ ამბობს, ასე არ არისო?) ბატონო ვეშაპელო, მე თქვენ გთხოვეთ სამედიატორო სამართალში გამომყოლოდით და იქ დაგიმტკიცებდით, თქვენ კი ამაზედ უარი განაცხადეთ. (ვეშაპელი: სახელმწიფო სასამართლოში მობრძანდით!) მაშასადამე, ბატონებო, ეს არის ჩემი განმარტება; საზოგადოდ, ამ ბოლო ხანში მე ძალიან ბევრს მომათითებენ და ეჭვის თვალით მიყურებენ, ვინაიდან მამა ჩემი ვაჭარია, მაგრამ ამისთვის ხომ არ ჩამომახრჩობთ?
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის პირად საკითხზე ბატონ ბარათაშვილს. მაგრამ მე მგონია, თქვენ აქ არავის დაუსახელებიხართ, ბატონო ბარათაშვილო.
ი. ბარათაშვილი (სოც.-ფედ.) მე თვით ვასახელებ ჩემს თავს. (სიცილი). დამფუძნებელ კრების წევრნო, ამ განცხადებას თქვენ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ; შეუძლებელია ამ ტრიბუნიდგან ცილი ვისმეს დასწამოთ და ეს კი იკადრა ბატონმა მინისტრის ამხანაგმა. (ელიგულაშვილი: თქვენი ამხანაგებიც კადრულობენ!) საქმე იმაშია, რომ ერთს ვიღაცა ვაჭარს მიეცა თხოვნა, რომ მას აქვს თამბაქო და სურს გაყიდოს, სამინისტროს მიუწერია, რომ თანახმა არის და რომ 25 პროცენტს აძლევს ნამდვილ მოგებიდან. შეთანხმება სამინისტროს და მის შორის არ ყოფილა. ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ჩემი დიდი მეგობარი ვექილი გრუზენბერგი, რომელმაც განმიცხადა, რომ სამინისტროს პირობები ისეთია, რომ თითქმის ზნეობრივ თვალსაზრისით შეუძლებელია იმ პირობების ასრულებაო და თუ შენ შეგიძლია რამეს გაკეთება - აბა გააკეთეო. მეც, არა ისე, როგორც ვექილი, ან დამფუძნებელი კრების წევრი, არამედ როგორც კერძო პირი მივედი, რადგანაც ჩემთვის საინტერესო იყო გამეგო პირობები. მე არავითარი რწმუნებულობის ქაღალდი არ მქონია არც გრუზენბერგისაგან, არც იმ ვაჭრიდან არ მქონია, ვინაიდგან არავითარი პირობები არ დამიდე, არც არავითარი ანგარება არ მქონია. ჩემთვის მხოლოდ საინტერესო იყო, თუ როგორ სწარმოებს საქმე. მივედი ჭავჭანიძესთან: - აი, მეთქი, გრუზენბერგმა გადმომცა, როგორც ამხანაგმა და მე ვასრულებ მის სურვილს, ვინაიდგან დიდი ნდობით ვეპყრობი-მეთქი, ის ადამიანი Ш ... სპეკულიანტი არ არის, მისი პირობა ისეთია, რომ იგი დაინტერესებულია იმით, რომ ცოტა მოგება იქონიოს (სიცილი). სასაცილო აქ არაფერია. იმისთანა პირობებს აწვდის ჩვენს მთავრობას, რომელიც მთავრობისათვის სასარგებლოა. აი, მე მივედი და უთხარი ჭავჭანიძეს, რომ დაუფიქრდი კარგად, მოწოდებული პირობა კარგია თუ არა ჩვენთვის და თუ სასარგებლოა, ეს ხელშეკრულება შეკარით, ან ისეთი ცვლილება შეიტანეთ, რაც ჩვენთვის სასარგებლოა-თქო. ჭავჭანიძემაც დამიდასტურა, რომ ეს ხელშეკრულობა ჩვენი სახელმწიფოსთვის სასარგებლო ყოფილა. შემდეგ მე ლაპარაკში უთხარი, მე მგონია, ეს კაცი მეთამბაქოე არ არის, ის ტყის ვაჭარია და მხოლოდ შემთხვევით შეუძენია თამბაქო-თქო. მან თამბაქოს შესახებ ბევრი არა იცის რა და ტყეების შესახებ კი შეუძლია აზრი გამოსთქვას, მან ამის შესახებ სამინისტროში მოხსენებაც წაიკითხა-თქო. თან დავსძინე, რომ ინტელიგენტი კაცია და ჩემზედ კაი შთაბეჭდილებას ახდენს-თქო. მაშინ ჭავჭანიძემ მითხრა: „რას ამბობ, იგი სპეკულიანტია, მან ჩვენი ტყეები ჯერ დაბრაკა და შემდეგ თვით შემოიტანა განცხადება - ეს ტყეები მე მომეცითო. ეს კაცი საეჭვო სპეკულიანტიაო“. მაშინ მე გამოვედი, დავიბარე ეს Ш და უთხარი: - „თქვენ ყოფილხართ არა-სინიდისიერი, არა-სანდო, სპეკულიანტი და შენთან არავითარი საქმე არა მაქვს-თქო“. და თვით ჭავჭანიძეც დამიდასტურებს, რომ მას შემდეგ ამის შესახებ მე ფეხიც აღარ შემიდგამს სამინისტროში და თუ რამე პირობები შეკრეს, ან რამე გააკეთეს, ეს მათი საქმეა და არა ჩემი. როგორ შეიძლება, რომ დამფუძნებელ კრების წევრს არ ქონდეს საშუალება მივიდეს სამინისტროში და გაიგოს საქმის ვითარება? მე ხომ ისე არ მივსულვარ, როგორც ვექილი, მე პირობა ხომ არ შემიკრავს, მე მივედი როგორც ნაცნობი და მინდოდა გამეგო, ასეთი პირობა ხელსაყრელი იყო თუ არა? აი, როდესაც თქვენ 50 პროცენტს მოგებას გაძლევენ, ხელსაყრელია თუ არა-თქო. თურმე ხელსაყრელი ყოფილა. და ეხლა გავიგე, რომ ეს ხელშეკრულება მათ შორის უკვე შემდგარა. განა შესაძლებელი და დასაშვებია, რომ ჭავჭანიძე გამოვიდეს და თქვას: „დამფუძნებელი კრების წევრნი მხარს უჭერენ სპეკულიანტებსო?“ ასეთი სიტყვით მისი გამოსვლა, პირდაპირ ვაცხადებ თქვენს წინაშე, რომ უსინიდისობაა. (დიდი ხმაურობაა, დარბაზი ღელავს. ყვირილია. ხმები: სიტყვა შეაწყვეტინეთ. ნინიძე: ჩვენ ნებას არ მივსცემთ სიტყვა განაგრძოს!).
თავმჯდომარე. გთხოვთ დაწყნარდეთ, გთხოვთ დაწყნარდეთ დადიანო. (ხმები: სირცხვილია, სირცხვილი!) გთხოვთ ნება მოგვცეთ სიტყვის წარმოთქმისა. (ფედერალისტები ღელავენ). ბატონო ორატორო! თქვენი სიტყვა და საქციელი, მით უფრო, რომ საპირადო საკითხზე აიღეთ სიტყვა, ყოვლად დაუშვებელია და ამის გამო სიტყვა უნდა წაგართვათ (ხმაურობა, ყვირილი). გთხოვთ დაწყნარდეთ. საშუალება მოგვეცით კრება განვაგრძოთ. (დადიანი: ცილის წამებას აბა რა დაუძახოთ, სხვა სიტყვა არ შეეფერება!) გთხოვთ ბ. დადიანო, დაწყნარდეთ. შემდეგი საკითხი გახლავთ ბ. ვეშაპელის შეკითხვა. ამის შესახებ სიტყვა ეკუთვნის შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგს ბ. პ. ჭიჭინაძეს.
შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგი პ. ჭიჭინაძე. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! როდესაც ეს შეკითხვა იყო შემოტანილი და თავის განმარტება გააკეთა ბ-ნმა ვეშაპელმა, მაშინ მე მოგახსენეთ, რომ ის მასალები, რომელიც მაშინ ჩვენ ხელში იყო, არ გვაძლევდა საბუთებს, გვეთქვა, რომ რაიმე კანონი დარღვეული იყო ადგილობრივი კომისიის მიერ. შემდეგ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ყველა საბუთები მიგვეღო და გაგვეხილა სავსებით. ამ საბუთების განხილვამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი განცხადება იყო სავსებით სამართლიანი და განმარტება, რომელიც ბ-ნმა ვეშაპელმა გააკეთა, ყოფილა უსაბუთო. ამ შემთხვევაში ბ-ნი ვეშაპელი აქცევს ყურადღებას ორ საქმეს. პირველი - 2 იანვარს 1920 წელს იყო არაჩვეულებრივი წესით გამოცხადებული საქართველოს ქვეშევრდომობის კანონი აფხაზეთის კომისარიატის მიერ. და მეორე მოსმენით ხელოვნურად მიენიჭათ უფლება ქვეშევრდომობისა აფხაზეთის მრავალ მკვიდრთ.
განვიხილოთ პირველი. მიღებული წესით პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გამოქვეყნება მდგომარეობს შემდეგში: ყოველი კანონი და განკარგულება, როგორც პარლამენტის, ისე დამფუძნებელი კრების გამოქვეყნებულ იყოს „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულში“, ხოლო სანამ ის არ არის, მანამდის კი ოფიციალურ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. და კანონი ძალაში შედის შვიდი დღის შემდეგ დღიდან ამ გამოცემებში მათი გამოქვეყნებისა. ეს წესი არ ვრცელდება მაშინ, თუ წინააღმდეგ დადგენილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო და თვითონ დანიშნავს დროს. აი, ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ არის თუ არა დარღვეული ეს კანონი. მართლა არაჩვეულებრივი წესით იყო გამოცხადებული აფხაზეთის კომისარიატის, ერობის ან ქალაქის თვითმართველობის მიერ და იყო თუ არა მართლაც ჩადენილი რაიმე ბოროტ-მოქმედება ამ კანონის გატარების დროს. ყველა ის საბუთები, რომელიც ჩვენ ხელთა გვაქვს, ამის წინააღმდეგ ლაპარაკობს. მართლაც, რა მოხდა? არის გადათარგმნილი ქვეშევრდომობის კანონი რუსულად და ეს ტექსტი დაბეჭდილია რუსულ გაზეთში «Наше Слово»-ში. 2 იანვრის თარიღით 1920 წ. ეს გაზეთი გახლავთ არა-ოფიციალური გაზეთი, არის კერძო გაზეთი - ბოლოში არის მიწერილი (კითხულობს), აი ეს არის და ეს. მეორე საბუთი, რომელიც ჩემ ხელთ არის, ეს ის ფურცელია, რომელიც გაკრული ყოფილა ქალაქის ქუჩებზე. ეს ფურცელი არის კიდევ თარგმანი ქართული ტექსტისა რუსულ ენაზე. იქ არის მიწერილი (კითხულობს). მესამე საბუთი, რომელიც ჩემ ხელთ არის, ეს გახლავთ განცხადება, რომელიც შეუტანიათ ადგილობრივ მოქალაქეთ სასამართლოში და თხოულობდენ ისინიც ყოფილიყვნენ გამოცხადებული საქართველოს ქვეშევრდომად. ერთი ასეთი განცხადება ჩვენ ხელთ არის და ნებას მივცემ ჩემ თავს მოვიყვანო აქ (კითხულობს). აი, ამ განცხადებაზე არის შემდეგი მიწერილი (კითხულობს). ასეთივე განცხადება ყოფილა კიდევ 9 კაცის. და ასეთივე შენიშვნა აქვს გაკეთებული. არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც მე ამას წინად აქ წავიკითხე, მაგრამ ნებას მივცემ ჩემ თავს კიდევ წავიკითხო (კითხულობს). აი, ბატონებო, ის საბუთები ალბად, რომელიც ჰქოდა ხელთ ბ-ნ ვეშაპელს და რომელთა მეოხებით ეს შეკითხვა დააყენა დამფუძნებელი კრების წინაშე. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ კუთხეში, სადაც ბევრმა არ იცის ქართული ენა, არა-ოფიციალურ კერძო გაზეთში კანონის გამოქვეყნება არა თუ არის დანაშაული, არამედ პირდაპირ სასარგებლო და საჭიროა კანონის სავსებით ასრულებისათვის. რამდენჯერმე შინაგან-საქმეთა სამინისტროს, ერობათა კავშირს, როგორც მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდიუმს მოსვლია ქაღალდი, რომ არ შეიძლება მოგვაწოდოთ ტექსტი რუსულ ენაზეო? ეს არის კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნა და ამას ყურადღება მივაქციეთ. მე მგონია ეს სრულიად წესიერი და მიზანშეწონილი და მისაღებია. დაგვიანდა, მაგრამ, როდესაც საჭირო შეიქნა, აიღეს ეს რუსული ტექსტი, გადაუთარგმნეს და გამოუქვეყნეს შეუცვლელად. ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი, ეს ტექსტი აქ მაქვს, თუ გნებავთ წაგიკითხავთ, მაგრამ მე მგონია, საჭირო არ არის და თუ ჩვენ მივიღებთ მხედველობაში იმ მდგომარეობას, რომელშიაც აფხაზეთი არის, რომ იქ ძალიან ბევრმა, დიდმა უმეტესობამ არ იცის ქართული ენა, არ იცის, ის არის თუ არა ქვეშევრდომი - ამ პირობებში რომ ასე არ მოქცეულიყო ქალაქის გამგეობა, ერობა და კომისარიატი - ეს დანაშაულობა იქნებოდა, რადგანაც ამით უხსნიან იმას, თუ ვის აქვს ეს პოლიტიკური უფლებები და ვის არ აქვს. ეს იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ იმ ჟამად უნდა მომხდარიყო არჩევნები დამფუძნებელი კრებისა, რომ უკანონოდ არ ყოფილიყო ვინმე შეტანილი სიებში, ამისი მოხსენება იყო საჭირო და ნუ თუ ასეთი საქციელი კანონიერების მხრივ არის რაიმე დანაშაული, როდესაც ყოველი კანონი კომენტარიებს მოითხოვს სამოქალაქო იურისტებისაგან, მოითხოვს განმარტებას და მისი ხასიათი, ასე თუ ისე, მოითხოვს შეცვლას, რატომ ასეთი უბრალო და მარტივი საქციელი, რომელსაც ჩადის სპეციალური დაწესებულება და მას მიზნად არ აქვს ვადის გაგრძელება, არამედ ახსნა-განმარტება მოქალაქისათვის იმისა, თუ მისი უფლება რაში მდგომარეობს. განა აქ არის დანაშაული და კანონის დარღვევა? მე ვფიქრობ, რომ აქ არავითარი ფორმალური მხარე დარღვეული არ არის, არავითარი კანონი არაჩვეულებრივი წესით გამოქვეყნებული არ არის. პირიქით რჩება ძალაში ის, რაც გამოქვეყნებულია. ასეთი არის მოქალაქეობის კანონი და ასეთებმა შეუძლიანთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, აქ არაფერი სიყალბე არ არის ჩადენილი. ამას მოწმობს ის ქაღალდი, რომელიც მე თქვენ წაგიკითხეთ და რომელიც გაგზავნილია ქალაქის გამგეობაში, ერობის გამგეობაში. 4 არის ქალაქისა და 4 არის ერობის თვითმართველობა. იქ პირდაპირ სწერია, გიგზავნით თქვენ ამ კანონს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა სხვა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებების არა მოქალაქეთ. გიგზავნით იმიტომ, რომ თუ ასეთი ხმოსანი ან გამგეობის წევრი არის სადმე, გამორიცხულ იქნას და დათხოვნილი, თუ არ არის ქვეშევრდომი. აი პირდაპირი, აშკარა ახსნა იმ მოქმედებისა, რომელიც მათ ჩაიდინეს. აქ უნდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არა თუ კანონის დარღვევა, არამედ მოვალეობის შესრულებაა და ამ მოვალეობის შესრულებისათვის თხოულობს ბ-ნი ვეშაპელი დავსაჯოთ. ამის უფლება არ გვაქვს და ვერ შევასრულებთ ამ არაკანონიერ მოთხოვნილებას. (გვაზავა: ვეშაპელი ამას არ მოითხოვდა!) დიახ, იმის სიტყვაში არის ნათქვამი, უნდა დაისაჯოსო.
არის აქ ლაპარაკი მოსამართლეებზე, შეიძლება მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, შეიძლება მან დაარღვია კანონი. მე მგონია ყველას აქვს უფლება დასწეროს განცხადება, მოუტანოს მოსამართლეს და მოსამართლეს აქვს უფლება მიიღოს ეს, დააწეროს ამ და ამ დღიდან შემოვიდა ეს განცხადებაო. ეს კანონის დარღვევა არ არის, დარღვევა იქნება მაშინ, იმ მომენტში, როდესაც ეს მოსამართლე იცნობს იმის მოქალაქეობას და ამას შეატყობინებს პროკურორს. ასეთი საქციელი რომ ჩაედინა მოსამართლეს, რომ მას ეცნო კანონიერად ასეთი განცხადება და მიენიჭებია უფლება, ეს იქნებოდა კანონის დარღვევა და მისი გადალახვა. მაგრამ ჩვენი ცნობით, უტყუარი ცნობით, არც ერთი მოქალაქეს ამ განცხადების შემდეგ არ მიეცა არავითარი უფლება მოქალაქეობისა, პირიქით, ეს განცხადება დარჩა იქ და სანამ არ განხილულა, რეზოლიუცია არ იქნა გამოტანილი, დადგენილება არ არის და ამას უკანონოდ ვერ ჩავთლით მოსამართლეთა მხრივ. აქაც უნდა ვთქვათ, როგორც ეს, ისე სხვა საბუთები აშკარად ამტკიცებენ იმას, რომ არ ჰქონია ადგილი არა-კანონიერ გამოქვეყნებას. არავის არ დაურღვევია კანონი და ამიტომ ეს შეკითხვა ამ მხრივ მიუღებელია. არც ის ითქმის, რომ თითქოს ვისმე ჰქონოდა სურვილი ხელოვნურად გაეგრძელებინა ეს ვადა. შეიძლება იყოს სადმე საბუთი, შეიძლება საბუთი ვერ მივიღეთ. 3 თვეში არავითარი ლაპარაკი არ არის იმაზე. ვინც შეიტანდა განცხადებას სასამართლოში, იმას ექნებოდა უფლება დამფუძნებელ კრების არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და სხვ. ეს მე-2-ეც, როგორც აქედან დასკვნა, ისეთივე შეუფერებელია, მე მგონია და ისევე მართალი, როგორც პირველი. არ ჰქონია ადგილი არც პირველს და არც მეორეს. მაშასადამე, ეს შეკითხვა ფორმალურის მხრივ უნდა იქნას უარყოფილი.
თავის სიტყვაში ვეშაპელი შეეხო აგრეთვე პოლიტიკურ საკითხს. შეიძლება ამ საკითხს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს და ამიტომ მოიმოქმედეს ესო. უნდა მოგახსენოთ შემდეგი: იყო, მე განვაცხადე აქედან, კომისარიატიდან ბარათი გამოგზავნილი მთავრობის სახელზე, რომ მისცემოდათ აფხაზეთის მცხოვრებთ ამ მხრივ უფლება. როდესაც გამოცხადდა კანონი, მისცემოდათ ამისი ნება 3 თვის შემდეგ ჩაწერილიყო მოქალაქეთ თანახმად კანონისა. ამ განცხადებაზე მაშინვე კატეგორიული უარი უთხრა მთავრობამ. არ ვიცი, მაშინ იყო თუ შემდეგ, მთავრობის წარმომადგენელმა რამიშვილმა გამოგზავნა შეკითხვა, არჩევნები მოახლოებულია, აი ასეთი უსამართლობა მოხდა, კანონი იყო ქართულ ენაზე დაბეჭდილი, ბევრმა არ იცოდა ენა და მსურველი ვერ ჩაეწერა და შეიძლება თუ არა ესო. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა ეს შეკითხვა იურიდიულ კომისიას გადასცა. იურიდიული კომისია შეეხო ამას პოლიტიკური მხრივ და მოინდომა მთავრობის აზრის შეტყობინება და გადასცა მთავრობას. მთავრობას დღესაც არ გამოუთქვამს საბოლოო აზრი ამის შესახებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენთვის უდავო იყოს და ერთი კალმის მოსმით ვთქვათ, რომ არ უნდა მიენიჭოს უფლება, თუ განაცხადა მოქალაქემ სურვილი. საქმე შემდეგშია: აფხაზეთი განაპირა კუთხეა, იქ ბევრი არა ქართველი სცხოვრობს - 27 პროცენტის გარეშე ქართველებისა და აფხაზებისა არიან. არიან ისეთი ელემენტებიც, რომლებიც ეწევიან ფრიად კულტურულ საქმეს, აი, მაგ. მეთამბაქოებას, რომლის შესახებ აქ შეკითხვა იყო შემოტანილი და ცხარე კამათი იყო და სწორედ, ბოლოს და ბოლოს იცავდნენ ინტერესებს უცხოელებისას, ვიდრე მკვიდრთა ინტერესებს. ეს ელემენტი, ეს უცხოელები მისდევენ მეთამბაქოებას აფხაზეთში, შემდეგ სომხები და ბერძნები. (ხმა: სოც.-დემოკრატები უფრო არიან, ვიდრე მეთამბაქოები!). შეიძლება მეთამბაქოეც იყოს და სოც.-დემოკრატიც, ხომ ყველა ეროვნულ-დემოკრატები არ იქნებიან. აი, მოგახსენებთ: ესენი, ბერძნები და სომხები ამუშავებენ იქ მიწას, ამ დარგში მეორე ადგილი უჭირავთ. უნდა ვეცადოთ თუ არა, დაინტერესებული უნდა ვიყოთ თუ არა, რომ ასეთი ელემენტები იქ დარჩენ? წარმოადგენს ეს თუ არა აფხაზეთის და საქართველოს ინტერესებს? მე ვფიქრობ, როდესაც ასეთი ძვირფასი კულტურის მწარმოებელნი გვყვანან, არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს მარტივად და ისე სადათ, როგორც ვეშაპელი ამბობს, საჭიროა ამას ანგარიში გაეწიოს... მართლაც, ამას დამფუძნებელი კრება დაინახავს. მთავრობაში იქნება მსჯელობა და წარმოადგენს შესაფერ კანონ-პროექტს, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ მხედველობაში ყველაფერი ის... გროვდება ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენია ეს უცხო მოქალაქე, რა დარგს მისდევს, რანაირად წარმოადგენს ეს ჩვენ ინტერესს და თუ მთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანი რიცხვი შეადგენს სახელმწიფოებრივ ინტერესს, მაშინ მე მგონია, შემოვა კანონ-პროექტი და იმედია დამფუძნებელი კრება ამას გაუწევს ანგარიშს და მიიღებს იმიტომ, რომ დღეს-დღეობით რა გამოდის, ერთნაირ მოვალეობას ვაკისრებთ ამ უცხო ელემენტს. გვინდა ეს სარგებლიანობა წამოვიღოთ, გვინდა სახელმწიფოს გამოადგენ და შესაფერ უფლებებს კი არ ვაძლევლთ. ეს შეუწყნარებელია პოლიტიკურის მხრივ. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით რომ შევხედოთ, მე მგონია, შესაძლებელია როგორც მთავრობისათვის, შესაძლებელია ვფიქრობ, დამფუძნებელი კრებისათვის, რომ იმან შესცვალოს ასეთი კანონი, მაგრამ ეს მაშინ, თუ ყველა საბუთს წარმოადგენს ამის დასამტკიცებლად მთავრობა. მანამდის კი, რასაკვირველია, არც მთავრობას, არც აფხაზეთის არც რომელიმე ერობას, არც ქალაქის თვითმართველობას არავითარი არც ფორმალურად და არც არსებითად კანონი არ დაურღვევია. ამიტომაც ვფიქრობ, ასეთი შეკითხვის შემოტანას აქ არ უნდა ჰქონოდა ადგილი. შეკითხვა დიდი იარაღია ოპოზიციისათვის. ოპოზიციას ამის სარგებლობის უფლება აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი დაირღვევა, მაშინ ვფიქრობ, შესაძლებელია ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ, როდესაც ეს არ ყოფილა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, რადგან ბევრ დროს ართმევს როგორც დამფუძნებელ კრებას, ისე მთავრობას სხვა და სხვა მასალების შეგროვებაში.
ვეშაპელი (ნაციონ.) ყოველ შემთხვევაში მე ის ვიცი, რომ თუ ამ ხალხს უნდოდა ქვეშევრდომობა და თუ ისინი ასე ახლოს სდგანან საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან, მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებიათ თავის დროზე, მაგრამ მაშინ ისინი ალბად არ აფასებდენ საქართველოს ქვეშევრდომობას. ეხლა სულ სხვა მდგომარეობაა, სხვა პირობები შეიქნა და მას ფასი მიეცა. ერთ შემთხვევაში არჩევნების გამო, რომ გამოიყენონ არჩევნები თავისთვის, ან და სხვისთვის ხმები. მეორე შემთხვევაში - ძალიან აინტერესებთ მიწის ფონდი. ცხადია, ქვეშევრდომობას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მიწის ფონდიდან ამა თუ იმ ნაწილის მისაღებად. მე ვამბობ, რომ საერთოდ საქართველოს რესპუბლიკის ინტერესები არაფრით არ იქნებოდა შეზღუდული, თუ იმათ, ვინც დაკარგა ვადა ქვეშევრდომობისა, თავის ბრალით არ მისცემენ ამ უფლებას ეხლა, ვინაიდან ეს იქნება ახალი გამონაკლისი, რომელიც არ მიგვიღია არც ერთი კანონით. ხოლო რაც შეეხება აფხაზეთის თვალსაზრისით, ეს იქნება სრულებით ნორმალური, რომ არ გაგრძელდეს ქვეშევრდომობის კანონი ხელოვნურად, არც კონტრაბანდით და არც ახალი კანონის შემოტანით, ვინაიდან ისე არსად არ არის გამწვავებული დამოკიდებულება მკვიდრთა და არა მკვიდრთა შორის; არსად არ არის გავრცელებული ტყუილად მოსიარულე ხალხი, როგორც აფხაზეთში. ამიტომ არის, რომ ის ავტონომია, რომელიც აქვს აფხაზეთს, თითონ აფხაზებს არ აკმაყოფილებს სრულიად, ვინაიდგან იგი არ წარმოადგენს აფხაზეთის მკვიდრ მცხოვრებთათვის ნამდვილ ავტონომიას. ეს იმიტომ, რომ სწორედ 27 პროც., რომელთაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს სოხუმის ოლქთან და ისევე წავლენ პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის შემდეგ, როგორც მოვიდენ. ართულებენ მდგომარეობას სურსათისა და ეკონომიური კრიზისის შექმნით და იწვევენ უკმაყოფილებას აფხაზებში, რომელთაც აქვთ ავტონომია, და როდესაც მთავრობის წევრები პირდებიან ავტონომიის გაფართოვებას, ისინი მაინც უკმაყოფილონი არიან ამითი, ვინაიდან ეს არ არის ნამდვილი ავტონომია, ეს არის ავტონომია სახელით და ისიც არა მკვიდრთა, იქ მცხოვრებთა, არამედ მოსიარულე, დღეს სოხუმში მყოფ და ხვალ სხვა კუთხეში მყოფ მცხოვრებთა. დასკვნა ასეთია: მე წინააღმდეგი არ ვარ თუ დამფუძნებელი კრება დაადგენს, რომ ამ შეკითხვაზე მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ არავითარი კანონი არ დარღვეულა, ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ, რომ თქვენი ამხანაგები აქსიომად სთვლიან, რომ ორი იანვარი უნდა ყოფილიყო ნაანგარიშევი ქვეშევრდომობის დაწყების ვადად. მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება არა თავის დროზე და ამით შეიქნა გაუგებრობა. ამით უნდა მომზადებულიყო ფაქტიურად ნიადაგი ახალი კანონის მისაღებად, რადგან შემდეგ გვეტყოდენ: ამდენი განცხადებანია შემოსული, ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგევართ და ასეთი მდგომარეობა უნდა დავაკანონოთო. ჩემმა შეკითხვამ იმას მაინც მიაღწია, რომ 27 პროც. საქართველოს არა ქვეშევრდომებმა დაჰკარგეს ხმა ამ არჩევნებში.
თავმჯდომარე. უკაცრავად ბატონებო, შეკითხვის ტექსტი ასეთი გახლავთ (კითხულობს). აი, ასეთია შეკითხვა. სიტყვა ეკუთვნის სოლოღაშვილის ასულს.
სოლოღაშვილის ასული (ს.-დემ.) მოგეხსენებათ, რომ შეკითხვას აქვს დიდი მნიშვნელობა მაშინ, როდესაც იგი გამომდინარეობს საქმის ნამდვილ ვითარებიდან და აგებულია ნამდვილ საბუთებზე, მაგრამ თუ შეკითხვა აგებულია ყალბ საბუთებზე და ცნობებზე, თუ ის არ გამომდინარეობს საქმის ნამდვილ ვითარებიდან, მაშინ ის კარგავს თავის მნიშვნელობას და იქცევა უბრალო მსჯელობად. უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი შეკითხვა სწორედ ასეთი ხასიათისა გახლავთ. თქვენ მოისმინეთ ბ-ნ შინაგან-საქმეთა მინისტრის ამხანაგის ჭიჭინაძის განმარტება ამის შესახებ. აქედან თქვენ აშკარად გაიგებდით, რომ არავითარი კანონი არ ყოფილა დარღვეული და ბოროტ-მოქმედება ჩადენილი. რა მოხდა იქ? მოხდა ის, რომ ორ იანვარს ყოფილა გამოცხადებული ქვეშევრდომობის კანონი. მას არ ჰქონია არც განმარტების და არც დადგენილების ხასიათი. იყო მხოლოდ აღნუსხული ტექსტი კანონისა. რისთვის იყო საჭირო ამის გამოცხადება? საჭირო იყო იმისთვის, რომ ყველას სცოდნოდა კანონი ქვეშევრდომობისა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იქ ბევრმა მოქალაქემ არ იცის ქართული და რუსულ ენაზე ლაპარაკობენ. და ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ ყველას გაეგო ეს, შეეგნო თავის უფლება. უფლება და მოვალეობა კი ერთმანეთთან დაკავშირებულია, მე მინდა გავახსენო ბ-ნ ვეშაპელს შემდეგი: მან ახსენა მცირე კომისიის დადგენილება. იქ ბრძანდებოდა ბ-ნი ვეშაპელი. კრება იყო შეერთებული, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. ამ კრებაზე გამოირკვა ერთი რამ, ეს ის, რომ ამ კანონით აფხაზეთში ფართე მასას ვერ უსარგებლია, ვერ უსარგებლია ობიექტიურ პირობების გამო, ვინაიდან იქ მაშინ ბოლშევიკების გამოსვლა იყო, ანარქია იყო და მეორე ის, რომ არ იყო რუსულ ენაზე გამოცხადებული იქ ეს კანონი. ამიტომ ამ კრებამ დაადგინა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ამ კანონის ვადა გაგრძელებული ყოფილიყო აფხაზეთისათვის. და მე ვეკითხები ბ-ნ ვეშაპელს, თუ ასეთი შეუსაბამობა მოხდა, თუ ერთის მხრით კომისარიატმა გამოაცხადა გაგრძელება კანონის ვადის და ამით ბოროტ-მოქმედება ჩაიდინა, მეორეს მხრით, როცა ასეთი შუამდგომლობის აღძრა, საჭიროდ დაინახა მცირე კომისიამ, რატომ იქ ბ-ნ ვეშაპელმა ამის შესახებ არაფერი სთქვა? მას წინააღმდეგაც კი არ მიუცია ხმა. სხვათა შორის ბ-ნმა ვეშაპელმა თავი შეიკავა. (ვეშაპელი: თავის შეკავება ბევრ რამეს ნიშნავს!) რაც შეეხება იმას, რომ განცხადება იყო შეტანილი მომრიგებელ მოსამართლეებთან და ეს დარღვევაა კანონისო. რათ მიიღო მან განცხადებაო, უნდა მოგახსენოთ, რომ მე იურისტი არა ვარ, მაგრამ აშკარაა, რომ კანონი დარღვეული არ უნდა იყოს. მომრიგებელ მოსამართლეს ასე უნდა ექნა, რომ მას ისინი მიეღო ქვეშევრდომებად, კანონი მაშინ იქნებოდა დარღვეული. განცხადება შეჰქონდათ მომრიგებელ მოსამართლესთან იმიტომ, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, შესაძლებელი იქნებოდა გაგრძელება ვადისა. ეს ბუნებრივია, რომ განცხადება შეჰქონდათ, ვინაიდან იცოდენ, რომ შუამდგომლობა აღძრული იყო კანონის ვადის გაგრძელებისა და თუ დამფუძნებელი კრება დაადასტურებდა, მიიღებდენ ქვეშევრდომობის უფლებას. ამით აიხსნება პროფესიონალურ კავშირში ბ-ნ რამიშვილის განცხადებაც. ჩაეწერეთ, რათა ქვეშევრდომობა მიიღოთო. ერთი სიტყვით, აქ არავითარი კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს. ამ შეკითხვას მხოლოდ ერთი საბუთი ჰქონდა: ბ-ნ ვეშაპელს სურდა აფხაზეთში თავისი მოგზაურობა რითიმე აღენიშნა.
თავმჯდომარე. სხვა არავინ არის ჩაწერილი. კამათი დასრულებულია. შემოტანილია სოც.-დემოკრატების ფრაქციის ფორმულა მორიგ საკითხებზე გადასვლისა: „დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა შეკითხვა აფხაზეთში ქვეშევრდომობის კანონის გატარების შესახებ, კამათი მის გამო და მთავრობის განმარტება, დამფუძნებელი კრება აღნიშნავს ამ შეკითხვის სრულ უსაფუძვლობას და გადადის მორიგ საკითხზე“. ფორმულის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ-ნ გ. გვაზავას.
გ. გვაზავა (ეროვ. დემ.) ბ-ნებო, შეკითხვას, რაც უნდა იყოს, დიდი მნიშვნელობა აქვს (ურატაძე: არა ასეთ შეკითხვას!). უმთავრესი აზრი შეკითხვისა ის იყო, რომ გაერკვია რიგიანად ტარდებოდა თუ არა აფხაზეთში საქართველოს ქვეშევრდომობის კანონი. ჩვენ, დამფუძნებელი კრება უეჭველად დიდად დაინტერესებული ვართ იმაში, რიგიანად ტარდება თუ არა ესა თუ ის კანონი. აქ, ამ შეკითხვის დროს ბევრი შეცდომითი ფაქტები მოგვითხრეს, როგორც ბ-ნმა ვეშაპელმა, ისე მინისტრის ამხანაგმა ბ-ნმა ჭიჭინაძემ, შეცდომითი ვამბობ იმიტომ, რომ ვერც ერთი ვერ ასაბუთებდა თავის წამოყენებულ დებულებათ. ვეშაპელს, მაგალითად, მოჰყავს ასეთი საბუთი, რომ მომრიგებელ მოსამართლეთ არ უნდა მიეღოთ განცხადებანი ქვეშევრდომობის შესახებო. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. (ხმები: ეს არსებითი მსჯელობაა!)
თავმჯდომარე. ბ-ნო ორატორო! გთხოვთ საკითხს არსებითად ნუ ეხებით. ილაპარაკეთ ფორმულის შესახებ.
გ. გვაზავა. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ შეკითხვა უსაფუძვლოა და გადავდივართ მორიგ საკითხზეო, ეს შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ხმა გავიდეს, ვთქვათ, როგორ უყურებთ ამ საკითხს, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კანონი არ არის დარღვეული, ან იმედი უნდა გამოსთქვათ არ დარღვევისა, რომ აღძრული ვეშაპელის შეკითხვა ასეთია და რიგიანად იქნება გატარებული საქმე. მაშინ ამას ბევრნაირი სახელმძღვანელო მნიშვნელობა ექნება სამინისტროსათვის და ადგილობრივ თვითმართველობისათვის და თუ ჩვენ ვართ კანონმდებელი ორგანო და თუ გვინდა მივცეთ დირექტივები, გამოვთქვათ აზრი, სადაც ჩამოსხმულია უფლებრივი დირექტივები. თუ ასე არ ვიზამთ, ყოველ შეკითხვას ეკარგება ყოველგვარი აზრი. თქვენ უნდა დამეთანხმოთ, რომ შეკითხვის უმთავრესი აზრი, დებულებაში ის არის, რომ დამფუძნებელმა კრებამ ან პარლამენტმა მისცეს ერთგვარი დირექტივები აღმასრულებელ ძალას და ამ ფომულაში კი არავითარი დირექტივი არ არის. (კ. ნინიძე: თუ დამნაშავე არ არის, რად უნდა ვასწავლოთ ჭკუა?) ვეშაპელის შეკითხვა სამართლიანია და კანონიერი, თქვენ ასცდით შეკითხვის დედა-აზრს და სხვა რამეზე ილაპარაკეთ, ეს არ გეპატიებათ თქვენ. დირექტივები უნდა მისცეთ მთავრობას. ჩემი აზრია, რომ ფორმალურად უნდა შევნიშნოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ კანონი უნდა იქნას სავსებით გატარებული.
თავმჯდომარე. გსურთ თუ არა ვისმე სიტყვა? სიტყვის მსურველი არავინ არის. კენჭს ვუყრი ამ ფორმულას. ვინ არის მომხრე ამ ფორმულისა? ვინ არის წინააღმდეგი? ფორმულა მიღებულია.
წინადადება არის შემოსული სხდომა დაიხუროს. ვინ არის წინააღმდეგი?
სხდომას სანამ დავხურავდე, მოისმინეთ შემდეგი კრების წესრიგი. (მდივანი კითხულობს).
წინადადება არის სოც.-დემ. ფრაქციისა, რომ საღამოს სხდომის დღიური წესრიგის 23, 24 და 25 კითხვები განხილულ იქნეს 1-ლ, მე-2 და მესამე საკითხად და მათი საბოლოო ტექსტები იმავე სხდომაზე იქნეს მიღებული.
ვინ არის ამ წინადადების მომხრე? წინააღმდეგი? წინადადება მიღებულია. სხდომა დახურულია.
სხდომა იხურება ნაშუადღევის 3 საათ. და 10 წუთ.445
![]() |
19 ოთხმოცდამეთექვსმეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(96)
1920 წელი. მარტის 9. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი:
1. მსჯელობა დღიური წესრიგის შესახებ.
2. დეკრეტი რესპუბლიკის ლაშქრის მოსამსახურეთათვის ჯამაგირების მომატებისა.
3. დეკრეტი სახალხო გვარდიის მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატებისა.
4. დეკრეტი სახალხო გვარდიის შესანახად ყოველ თვიურად 15.000.000 მ. გადადების შესახებ.
5. კანონ-პროექტი დამფუძნებელ კრების და მოხელეობის შეუთავსებლობის შესახებ.
6. დეკრეტი საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარებად 1.500 ათასი მან. მიცემისა.
7. კანონ-პროექტი ქუთაისში მეორე ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.
8. კანონ-პროექტი სასჯელთა წესდებისა და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.
9. კანონ-პროექტი მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების შესახებ.
10. დეკრეტი ეპიდემიასთან საბრძოლველად 2 მილ. მან. გადადებისა.
11. შრომის სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.
12. დეკრეტი საქართველოსა და სომხეთს შორის ნეიტრალურ ზონის მილიციის შტატის შემოღებისა.
13. კანონ-პროექტი მადნეულობის სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადების შესახებ.
14. დეკრეტი შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის 360.000 მან. სესხის მიცემისა საავადმყოფოს აღსადგენად.
15. კანონ-პროექტი სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებულ ტარიფის მოსპობის შესახებ გარდა შავი ქვისა.
16. საბოლოო ტექსტი 1 და 2 მუხლში აღნიშნულ დეკრეტისა.
17. კანონ-პროექტი საგვარეულო უძრავ ქონების გამოყიდვის უფლების გაუქმების შესახებ.
18. დაშნაკთა ფრაქციის განცხადება.
19. თავმჯდომარის განცხადება.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივნის ამხანაგი
ქრისტინე შარაშიძის ასული.
პრეზიდიუმში არიან:
ექვთიმე თაყაიშვილი და
კონსტანტინე ჯაფარიძე.
სხდომა იხსნება საღამოს 8 საათზე.
თავმჯდომარე. კრება გახსნილი გახლავთ. მდივანი მოგახსენებთ დღიურ წესრიგს.
მდივანი (კითხულობს)
დღიური წესრიგი:
1. დეკრეტი - რესპუბლიკის ლაშქრის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
2. დეკრეტი სახალხო გვარდიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატებისა.
3. პროექტი დეკრეტისა სახალხო გვარდიის შესანახად ყოველ თვიურად 15.000.000 მან. გადადების შესახებ.
4. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობის და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესახებ
5. დეკრეტი - ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარებათ 1.500.000 მან, მიცემისა.
6. დეკრეტი - მიწათ-მოქმედების სამინისტროს ერთდროულ სამ-სემესტრიან უმაღლესი სასოფლო სამეურნეო კურსების ოთხ-სემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურს დამთავრებულთათვის აგრონომის წოდების მინიჭებისა.
7. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ.
8. პირველი (ზოგადი) განხილვა დროებითი კანონის პროექტისა სასჯელთა წესდებისა სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.
9. პირველი (ზოგადი) განხილვა დროებითი კანონის პროექტისა მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოვების შესახებ.
10. დეკრეტი - ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის წინასწარი ზომების მისაღებათ 2.000.000 მან. გადადებისა.
11. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - შრომის სამინისტროს შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.
12. დეკრეტი - საქართველოს და სომხეთის შორის ნეიტრალური ზონის მილიციის შტატის შემოღებისა.
13. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ.
14. დეკრეტი - შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის 360.000 მან. სესხის მიცემის საავადმყოფოს აღსადგენათ.
15. პირველი (ზოგადი) განხილვა სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებული ტარიფის მოსპობის შესახებ გარდა შავი ქვისათვის.
16. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - საგვარეულო ქონების გამოსყიდვის გაუქმების შესახებ.
17. დეკრეტი - საქალაქთაშორისო ტელეფონების ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კაპ. ღირებული მასალის მიცემისა.
18 დეკრეტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯის დასაფარავად 4.035.304 მან. და 92 კაპ. გადადებისა.
19. დეკრეტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლისა.
20. დეკრეტი - გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებული ფასის გადიდებისა.
21. დეკრეტი - მიწათმოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან. გადადებისა.
22. დეკრეტი - ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმების და რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსებისა.
23. დეკრეტი - საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეის დაარსებისა.
24. დეკრეტი - ბათომის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებათ 260.000 მან. გადადებისა.
25. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა.
თავმჯდომარე. განცხადება გახლავთ სოც.-დემოკრატიული ფრაქციისა, რომ დეკრეტი ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს ბიუჯეტისა მოიხსნას დღის წესრიგიდან და დაუბრუნდეს კომისიას განსახილველად; (კითხულობს) რეგლამენტის ძალით ამის უფლება აქვს კომისიას, ვინ არის წინააღმდეგი, რომ ეხლა მოიხსნას წესრიგიდან და დაუბრუნდეს კომისიას? არავინ. მიღებულია. შემდეგი საკითხზე სიტყვა ბ. გიორგაძეს ეკუთვნის.
დეკრეტი რესპუბლიკის ლაშქრის მოსამსახურეთა ჯამაგირის მომატებისა.
გრ. გიორგაძე. (მომხსენებელი) დეკრეტი, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ ეხლა უნდა განიხილოს, შეეხება ჯამაგირების მომატებას სამხედრო უწყებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავატარეთ ყველა უწყებაში ჯამაგირების მომატება. თუნდაც ის დეკრეტი, სადაც გატარებული იყო 60 პროც. მომატება, მაგრამ ამ დეკრეტში სახალხო გვარდიისა და სამხედრო უწყების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, რადგან ამ უწყებისათვის ცალკე უნდა შემუშავებულიყო და წარმოდგენილიყო ჯამაგირების ნორმები. აი, ეს დეკრეტი, რომელიც უნდა ეხლა განიხილოთ, შეეხება ჯარში და სახალხო გვარდიაში მოსამსახურე იმ პირების ჯამაგირს, რომელნიც ასრულებენ ისეთ თანამდებობას, როგორც არის ბრიგადის უმფროსი და მისი თანაშემწე, ცალკე ათასეულის უფროსი. აღნიშნული თანამდებობის პირები იმდენს იღებენ, რომ ყოვლად შეუძლებელია ითქვას, რომ ის იყოს დღევანდელ პირობებთან შეფარდებული. მაგრამ ეს საკითხი გადავიდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა ახალი ნორმა ჯამაგირებისა. მაგალითად, ბრიგადის უფროსი იღებს 5.200 მან., მისი თანაშემწე 4.500 მან., სხვა თანამდებობის პირებსაც ამ გვარად ექნებათ მომატებული ჯამაგირები. რასაკვირველია, დღევანდელ პირობებში, რომელშიაც იმყოფება ჩვენი სამხედრო ძალა, ყოვლად შეუძლებელია მისი სრულიად დაკმაყოფილება, მაგრამ განზრახული ზომა ოდნავათ მაინც შეანელებს მათ კრიზისს. ამ რიგად ყველა იმ პირებს, ვისაც აქვს დაკისრებული ჩვენი სამხედრო ძალების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა, რომელთაც აქვთ დაკისრებული სხვა და სხვა პასუხსაგები მოვალეობათა, გარდა მომატებისა იმათთვის, რადგან ცხოვრების პირობები გართულდა, განზრახულია ულუფის გადიდება. საბიუჯეტო-საფინანსო კომისია წინადადებით შემოდის დამფუძნებელ კრებაში და ითხოვს მას, რომ ეს დეკრეტი მიღებულ იქნას.
თავმჯდომარე. დაასრულეთ? ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? არავის. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? არავინ. მუხლობრივი განხილვა მიღებულია. წაიკითხეთ. (მუხლობრივი განხილვის შემდეგ სამივე მუხლი მიღებულია. დეკრეტი მიღებულ იქნა).
შემდეგ საკითხისთვის სიტყვა ეძლევა ბატონ გრ. გიორგაძეს.
2. დეკრეტი სახალხო გვარდიის მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატება.
გრ. გიორგაძე. (მომხსენებელი) არის კიდევ სხვა გვარი მომატებაც. სახალხო გვარდიას ჰყავს სხვა სათადარიგო ნაწილი, რომელშიაც მსახურობენ სპეციალურ ცოდნით აღჭურვილი პირები. მათ დაკისრებული აქვთ ისეთი საქმეები, რომ სხვა ჩვეულებრივი მომზადების პირები ვერ ასრულებენ. ძვირათ მოიპოვებიან ისეთი ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები, რომ ეს ადგილი დაიჭირონ, ამას მიაქცია ყურადღება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ და მათთვის შეიმუშავა განსაზღვრული ნორმა ჯამაგირებისა. ნორმები შემუშავებული არის იმის და მიხედვით, თუ ვინ იღებს სრულ ულუფას, ტანისამოსს და სხვას, და ვინ არ იღებს. საბიუჯეტო-საფინსო კომისიამ ეს ნორმები განიხილა და პრინციპად აიღო, რომ მომატება აუცილებლად გავრცელდეს მათზე. და წარმოდგენილი არის მთელი ნუსხა ამ მომატებისა და კატეგორიებად დაჰყო. საბიუჯეტო-საფინანსო კომისია შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე, რომ დამტკიცებული და მიღებული იქნეს ისე, როგორც ეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაშია მიღებული.
თავმჯდომარე. ვინ ინებებს სიტყვას? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გთხოვთ, წააკითხოთ.
(დეკრეტი მიღებულ იქნა მუხლობრივ განხილვის შემდეგ და გადაეცა სარედაქციო კომისიას ამავე სხდომაზე საბოლოო ტექსტის წარმოსადგენად.)
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი არის პროექტი დეკრეტისა სახალხო გვარდიისათვის შესანახად ყოველ თვიურად 15.000.000 მან. გადადების შესახებ. სიტყვა ეკუთვნის ბ. მდივანს.
ს. მდივანი. (ს.-ფ.) ბატონებო, დეკრეტი სახალხო გვარდიის შესანახად ყოველთვიურად 15.000.000 მ. გადადების შესახებ, წარმოდგენილი არის სამხედრო მინისტრისაგან ხარჯთ-აღრიცხვა სახალხო გვარდიის, როგორც მოგეხსენებათ, უკვე შედგენილია. ეს ხარჯთ-აღრიცხვა უკვე განხილულია სამხედრო და საბიუჯეტო კომისიის მიერ, მაგრამ ჯერ-ჯერობით საფინანსო კომისიას არ განუხილავს. სახალხო გვარდიას ძველი შტატების მიხედვით ცხოვრება არ შეუძლია, ვინაიდან ახალი რეორგანიზაცია მოხდა შტატებისა დამფუძნებელი კრების მიერ, და ამის და მიხედვით ცხოვრობს სამხედრო გვარდია. წინად იანვარში დამფუძნებელმა კრებამ გადასდო სახალხო გვარდიის შესანახად 15.000.000 მანეთი, თუმცა ახალი ხარჯთ-აღრიცხვით საჭიროებდა მეტს, მაგრამ ვინაიდან ხარჯთ-აღრიცხვა არ არის განხილული, ერთნაირი თანხა არის საჭირო შესანახად, რომ ეს შენახული თანხა, თუ ვინიცობაა რაიმე შემთხვევა, ან უბედურება მოხდა, აი ამ თანხიდან გამოსწორდეს ეს ნაკლი, რომელიც მოსალოდნელია ცხოვრების დღევანდელ პირობების გამო. 30 იანვარს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო სახალხო გვარდიის შესანახად 1 ივნისიდან 1 მარტამდე თვიურად 15 მილიონი. 1 მარტს ვადა გაუვიდა ამ დეკრეტს. ბიუჯეტი არ არის განხილული, მაშასადამე, სამხედრო სამინისტრო იძულებული არის გამოითხოვოს 15 მილიონი მანეთი ყოველ თვიურად, ვინაიდან საბიუჯეტო წლის დამლევამდე არის სამი თვე, სამხედრო კომისიის და საბიუჯეტო კომისიის აზრით, სახელმწიფო კონტროლიც და მთავრობაც გვეთანხმება, მინისტრი თხოულობდა, რომ სამხედრო მინისტრს გადაეცეს ხოლმე 15-15 მილიონი ორი თვის განმავლობაში, ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშში. ასეთ ნაირათ იყო განხილული საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ ეს დეკრეტი, განხილული იყო აგრეთვე სამხედრო კომისიის მიერაც და ორივე კომისიამ შეერთებულ სხდომაზე მიიღო ეს დეკრეტი და დამავალა ვიშუამდგომლო თქვენს წინაშე, რომ მიღებული იყოს 1 მარტიდან - 1 მაისამდის, ე.ი. მარტი და აპრილიდან 15-15 მილიონი მანეთი.
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? წინააღმდეგი არავინ არის. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. მუხლობრივი განხილვის შემდეგ დამფუძნებელი კრება იღებს საერთოდ დეკრეტს, რომელიც გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტის ამავე სხდომაზე წარმოსადგენად.
თავმჯდომარე. მეოთხე საკითხის შესახებ სიტყვა ბ. რუსიას ეკუთვნის.
4. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა დამფუძნებელი კრების წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობის და წევრთა გასამრჯელოს კანონში დამატების შესახებ.
მ. რუსია. (კითხულობს ცალკე მუხლობრივ კანონ-პროექტისას დამფუძნებელი კრების წევრობას და მოხელეობის შეუთავსებლობას და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესახებ, რომელსაც დამფუძნებელი კრება იღებს უკამათოდ და გადასცემს სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტის შესამუშავებლათ).
თავმჯდომარე. მეხუთე საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის ბ. ელიავას
5. დეკრეტი ქართველ საქველმოქმედო საზოგადოების დასახმარებლად 1.500.000 მან. მიცემისა.
ნ. ელიავა. (სოც.-დემ) ეს დეკრეტი, ბატონებო, გახლავთ შემდეგი შინაარსისა. აქ არის წინადადება ასეთი, რომ დამფუძნებელ კრებას გამოეთხოვოს ნება, მისცეს ამ საზოგადოებას 1 1/2 მილიონი მანეთი დახმარება. ამ საზოგადოების მოღვაწეობა და მოქმედება მოეხსენებათ დამფუძნებელი კრების წევრებს და უნდა მოგახსენოთ, რომ განსაკუთრებული მოღვაწეობა და მუშაობა უხდებოდა მაშინ, როდესაც ჩვენ ამიერ-კავკისიის საერთო ორგანიზაციები იბადებოდა, არსდებოდა ჩვენი სახელმწიფო და მაშინ საძირკველი ეყრებოდა ჩვენ რესპუბლიკას. მრავალი ლტოლვილები მოაწყდა ჩვენს ქვეყანას, განაპირა ქვეყნებიდან, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდენ, როგორც საზოგადოებისაგან, ისე მთავრობისაგან და ამ დროს ეს საქველ-მოქმედო საზოგადოება განსაკუთრებულ დახმარებას უწევდა ამ ლტოლვილ ელემენტებს და სხვათა შორის, თვით იქ, სადაც სახალხო ძალა უნდა გამოსულიყო დასახმარებლათ, გამოდიოდა ეს საზოგადოება, თანახმად ჩვენი სახალხო ინტერესებისა, შემდეგ ამისა, ამ საზოგადოების მოქმედება არ შეწყვეტილა და დღესაც მას აქვს რამოდენიმე დაწესებულება, და ისეთი, რომელიც არსებითად სასარგებლო არის ჩვენი რესპუბლიკისათვის. მას აქვს მოწყობილი თავშესაფარი, განსაკუთრებული სკოლები და სხ. დაწესებულებანი. მთავრობამ დაინახა საჭიროდ, რომ ის ხარჯები, რომელიც მას გაუწევია, აუნაზღაუროს მას და ამიტომ წინადადება იყო შემოსული დამფუძნებელ კრებაში, რომ გამოეღო სესხის სახით და მიეცათ მათთვის დახმარებად. საბიუჯეტო კომისიამ განიხილა ეს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს საზოგადოება ემსახურებოდა სწორედ იმ მიზნებს, რომელიც ზემოდ იყო აღნიშნული და ამიტომ ის შემოდის თქვენ წინაშე წინადადებით, რომ მიეცეს მათ დახმარება 1 1/2 მილიონი მანეთის სახით.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი, რომ მუხლობრივ განხილვაზედ გადავიდეთ? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე, (მუხლობრივ განხილვის შემდეგ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ იქნა საერთოდ დეკრეტი და გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო ტექსტისათვის).
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბ. კიკვაძეს.
6. დეკრეტი მიწათმოქმედების სამინისტროს ერთდროული დახმარებისა უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კურსების ოთხსემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურსდამთავრებულთათვის აგრონომის წოდების მინიჭებისა
თ. კიკვაძე. (სოც.-დევ.) ეს დეკრეტი შეეხება მიწათ-მოქმედების სამინისტროს მიერ სამ-სემესტრიანი უმაღლესი სასოფლო სამეურნეო კურსების ოთხ-სემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა და კურს-დამთავრებულთათვის აგრონომიის წოდების მინიჭების საქმეს.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა ძველი რეჟიმის დროს ჩამორჩენილი იყო მეურნეობის მხრივ, მაშინ ჩვენ არ მოგვეპოებოდა მომზადებული პირები, რომელთაც შესძლებოდათ მეურნეობისათვის ხელის შეწყობა. ეხლა, როდესაც დავაარსეთ საკუთარი სახელმწიფო, შემოვიღეთ ერობები, თავის თავად ცხადია, უაღრესი ყურადღება უნდა მიექცეს ამ დიდმნიშვნელოვანი საქმის მოგვარებას. ამ საკითხს მიაქცია ყურადღება მიწათ-მოქმედების სამინისტრომ, რომლის განკარგულებაში არის სამეურნეო სკოლები, და გასული წლის თებერვალში მეურნეობის დაჩქარებით მოსამზადებლათ დაარსა სასოფლო-სამეურნეო სამ-სემესტრიანი კურსები. მაგრამ როგორც გამოირკვა, სამ-სემესტრიანი კურსები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სათანადო მომზადება მისცეს მსმენელთ. ამიტომ დადგა საკითხი, სამ-სემესტრიანი კურსების, ოთხ-სემესტრიანათ გადაკეთებისა, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ კურსებზე არიან საშუალო სკოლებში კურს დამთავრებულნი და აგრეთვე ის სტუდენტები, რომელთაც არ შეუძლიათ რუსეთში წასვლა და იქ სწავლის დამთავრება, ცხადი იქნება თქვენთვის, რომ ასეთ შემადგენლობის მსმენელებს შეუძლიანთ შეითვისონ პროგრამა ისე ფართოთ, როგორც ეს საზოგადოთ მიღებულია უმაღლეს სამეურნეო სკოლებში.
ამ კურსებზე ასწავლიან მემინდვრეობას, მებაღეობის, საქონლის მოშენებას და საზოგადოდ უმაღლეს კულტურის შესწავლას. კურსებზე მოწვეულნი არიან ლექტორები, საუკეთესო სპეციალისტები და როგორც დაამტკიცა გასულმა წელმა, დიდ წარმატებით სწარმოებდა აქ სწავლა და მსმენელების რიცხვი საკმაო არის. ამიტომ მიწათ-მოქმედების სამინისტრო ითხოვს, რომ ეს 3 სემესტრიანი კურსები გადაკეთებული იქნეს 4 სემესტრიანად და პროგრამაც სათანადოდ გაფართოვებულიყო, რომ ის თავის შინაარსით და სიფართით ყოფილიყო იმ სიმაღლზე, როგორც ეს მიღებულია ასეთ სპეციალურ სასწავლებლებში. ეს დეკრეტი განხილულ იქნა განათლების კომისიაში და იქ დასტური მიეცა, ვინაიდან ეს კომისიის აზრითაც სწორედ საჭირო და მიზანშეწონილი არის. ეხლა საჭირო არის, რომ დამფუძნებელმა კრებამ მისცეს ამას თავისი დასტური. თვით ხარჯები ამ კურსებისა შარშან იყო გამოთხოვილი 10 მილიონი ფონდიდან 50 ათასი მანეთი, ხარჯები ეხლაც არის დაწვრილებით წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ამ ხარჯების სამინისტრო გამოითხოვს მომავალ წლის ხარჯთ-აღრიცხვით, როცა ამ უწყების ბიუჯეტი შესდგება, აი ამაში შევა ის, ამიტომ კომისია წინადადებას აძლევს დამფუძნებელ კრებას, რომ მიიღოს ეს დეკრეტი და ამით შეძლება მისცეს, რომ კურსებმა იარსებონ. ეს კურსები იქნება, თუ საჭიროება მოითხოვს, განმეორებითი, ესე იგი, თუ ჯერჯერობით ჩვენში არ გაიხსნა საშუალო ტიპის სამეურნეო სკოლა და აგრეთვე, თუ სახელმწითო უნივვერსიტეტთან არსებულ სააგრონომიო განყოფილებამ თავის დროზე ვერ მოაშველა საჭირო პერსონალი, ეს კურსები მაშინ კიდევ განმეორებითი იქნება, ესე იგი, როცა ერთი წყება განმეორებითი იქნება, ესე იგი როცა ერთი წყება გაათავებს, მეორე და მესამე წყება შევა შიგ, სანამ ამის საჭიროება იქნება ჩვენ ქვეყანაში.
უმთავრესად ეს კურსები მოამზადებენ იმ პირთ, რომელთაც შეეძლებათ დაჩქარებით შეითვისონ ის, რაც საჭირო არის და ჩაუდგებიან სათავეში მეურნეობას, ამათ უნდა მიეცეთ უფლება, რომ მიიღონ ადგილები ქარხნებში, ფაბრიკებში, სახელმწიფო მამულების გამგეებათ დადგნენ, და აგრეთვე საშუალო სასწავლებლებში შტატის მასწავლებლად სპეციალურ საგანში. ამასთანავე საჭირო არის, რომ იმ პირთ, ვინც გაივლიან ექვს თვიან პრაქტიკულ მუშაობას და გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ სამეურნეო დარგში და წარადგენენ მოწმობას, რომ ამათ აქვთ გამოცდილება, უნდა მიენიჭოთ მათ აგრონომის წოდება. ესენი იქნებიან აგრონომ-მემინდვრენი, აგრონომ-ზოოტეხნიკები, აგრონომ-მებაღენი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აგრონომები განიყოფებიან 2 კატეგორიებად. ვინც უმაღლეს სასწავლებელს გაათავებენ, იმათ ეწოდებათ მეცნიერებ-აგრონომები, მხოლოდ ესენი იქნებიან უფრო პრაქტიკულ სახის აგრონომები, ამიტომ მიწად-მოქმედების სამინისტრო და კომისია თხოულობს, რომ მინისტრს უფლება მიეცეს, როდესაც ისინი სათანადო კურს გაივლიან, როდესაც ისინი 6 თვის განმავლობაში პრაქტიკას შეასრულებენ, 1 წლის განმავლობაში იმსახურებენ ამ დარგში და ამის მოწმობას წარუდგენენ, აგრონომის წოდება მიანიჭოს.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ეკუთვნის გრ. ვეშაპელს.
გრ. ვეშაპელი. (ნაციონ. პარტ.) ბატონებო, რასაკვირველია, მომხსენებლის დასკვნა, რომელიც ეთანხმება უწყების განმარტებას, თავისთავად არის საკამათო, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ჩვენში საერთოდ კულტურული დაწესებულებანი, და კერძოდ, აგრონომიული დაწესებულებანი. მაგრამ არის ზოგიერთი გარემოება, რომელსაც მინდა მივაქციო თქვენი და მომხსენებლის ყურადღება. მე მგონია არც ისე სადაოა ეს საკითხი, როგორც ბატონ მომხსენებელს ჰგონია. საქმე იმაშია, რომ, როდესაც უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებლის დაარსებაზე გვეუბნებიან, თავის თავად ცხადია, გვეუბნება საკითხი, საშუალო და დაბალი სასწავლებლის შესახებ.
თავის თავად ცხადია, ერთგვარი პროპორცია უნდა არსებობდეს ამ უმაღლეს სასწავლებლის და დაბალ სასწავლებლის შორის, ესე იგი იმ ქვეყნებში, სადაც სრულებით არ არის მოწყობილი ხალხისთვის უფრო საჭირო დაბალი ან საშუალო აგრონომიული სასწავლებლები, აქ მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ ცალკე სეპარტიულად უმაღლესი სასწავლებლის მოწყობა არის ერთგვარი ფუფუნება. იგი არ არის გამოწვეული აუცილებლობით. არა თუ ჩვენისთანა პატარა, ახლად მოწყობილ ქვეყანაში, არამედ დიდი ხნით არსებულ სახელმწიფოებში, მაგალითად ბალკანეთის სახელმწიფოებში, უფრო დიდ სახელმწიფოში - საფრანგეთში, გერმანიაში, უკანასკნელ დრომდის იყო ყველგან მხოლოდ ერთი ეროვნული სახელმწიფოებრივი უმაღლესი აგრონომიული ცენტრი და სასწავლებელი.
საფრანგეთში ეროვნული აგრონომიული ინსტიტუტი იყო. თავისთავად ცხადია, ასე უნდა იყოს პატარა სახელმწიფოებიც. ჩვენში არის დაარსებული აგრონომიული ფარგლები სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ეს მართალია განყოფილება არის, მაგრამ მაინც უმაღლესი სასწავლებელია. ასეთივე განყოფილება, თუ არ ვცდები, არის დაარსებული პოლიტეხნიკუმთან. ცალკე კი ეხლა მოწყობა მიწად-მოქმედების სამინისტროს მიერ მეორე კურსებისა, მართალია სახელი შედარებით უფრო ჩუმი არის „კურსები“, არ არის უნივერსიტეტის და ინსტიტუტის სახელი, მაგრამ დაარსება ცალკე სეპარატიულად ერთ მინისტრის უწყებაში, ისიც ისე, რომ ჯერ იყოს დროებითი და მერე გახდეს მუდმივი, მე მგონია, ეს არ შეეფერება პედაგოგიურ სისტემას; მით უფრო აგრონომიულ მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ჩვენი მდგომარეობისათვის. საერთოდ, ეს კანონ-პროექტი ცოტა ფრთხილად არის შედგენილი და მე მიკვირს, რომ განათლების კომისიამ ეს ფრთხილი ხაზი და ტეზისები გარკვეულად არ წარმოადგინა. აქ, მაგალითად, კაცი ვერ გაიგებს, როგორ ხარისხს აძლევენ კურსებ გათავებულ პირებს. მართალია კიკვაძემ ბრძანა, რომ მათ მიენიჭებათო სხვა და სხვა ხარისხი, მაგრამ თვით კანონ-პროექტში ეს სრულებით არ არის მოხსენებული, ისე გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც გაათავებს 4 სემესტრიან სპეციალურ კურსებს მიწად-მოქმედების სამინისტროისას, სრულ-უფლებიანი იქნება ისე, როგორც არის აგრონომი, რომელიც გაათავებს ჩვეულებრივ წესით უნივერსტიტეტის კურსს. ეს დაუშვებელია, მე მგონია, და მიუღებელია ძველ აგრონომებისათვის; არის მიუღებელ იმათთვის, ვინც ეხლა სწავლობს და არ არის გამოწვეული აუცილებლობით. მერმე კიდევ კანონ-პროექტში სწერია, რომ ვინც გაათავებს 4 სემესტრიან სასწავლებელს, უფლება ეძლევა, რომ სასწავლებლის მასწავლებელის ადგილი დაიკავოსო. აქაც გაურკვევლობაა. არ არის ნათქვამი რომელ სასწავლებელში ექნება ამ 4 სემესტრიან კურს დამთავრებულს. (ნინიძე: პარტიულ სკოლაში!) თუ პარტიულ სკოლაში იქნებიან, მაშინ კიდევ არა უშავს რა, მაგრამ თუ საშუალო სასწავლებელში, ეს მიუღებელია ძველ აგრონომებისათვის და მომავლებისათვის. აი, ეს ორი გაურკვევლობა პირდაპირათ გამოსჭვივის კანონ-პროექტიდან: ერთი - რომელიც ლაპარაკობს აგრონომების ხარისხზე და არ ამბობს, როგორი ხარისხი იქნება ეს. შემდეგ კიდევ არის არა ასეთი გაურკვევლობა, არამედ გარკვეული გაუგებრობა, სადაც არის ნათქვამი, რომ მათ უფლება ექნებათ დანიშნულ იქნან სადგურების გამგეთ. შეიძლება ყოველნაირი უფლება მიანიჭოთ, მაგრამ სადგურების (опытныя станцiи) გამგეთ მათი დანიშვნა არ იქნება აგრონომიული კულტურის ხელის შეწყობა. ეხლა ავიღოთ განმარტება ამ კანონ-პროექტისა, რომელიც ამბობს, რომ თვით მსმენელთა შემადგენლობა არის ისეთი, რომელიც შესაძლებლად ჰქმნის ამ კურსების გადაქმნას უმაღლეს სასწავლებლადო. სტატისტიკა არ არის მოყვანილი განმარტებაში. ჩემი ცნობებით კი, ამ კურსებზე არის... (რიცხვი არ ისმის) მსმენელი. ამათში 21 არის დაბალი განათლებით. აქ ვერ გაიგებს კაცი, როგორ გათანასწორდება მსმენელი სასწავლებლის უფლების მქონე ერთ მესამედთან, რომელიც დაბალ განათლების პატრონი არის? როგორ მოახდენენ დაბალ განათლების პატრონების გათანასწორებას საშუალო ცენზის პატრონებთან? ეს საკითხი, რასაკვირველია, პედაგოგიურის მხრივ სერიოზული საკითხი არის. საერთოდ, შეიძლება მხოლოდ ერთი გასამართლებელი საბუთი ჰქონდეს ამ კანონ-პროექტს. თუ იტყვით, რომ ჩვენში ისეთი მოთხოვნილება აქვს მიწად-მოქმედების სამინისტროს, აგრონომიულ ძალებისა და ამავე დროს შიმშილი არის სინამდვილეში, რომ აუცილებელი ხდება ასეთ ექსტრავაკანტურ გზით აგრონომების გამოცხადება. ესე იგი, რომ ვთქვათ „პრაპორშჩიკების შკოლის“ შექმნა აგრონომიულ დარგში, (სიცილი) როგორც ომის დროს იყო საჭირო სამხედრო უწყებისათვის, თუ არის ასეთი აუცილებლობა, „ფორს მაჯორ“-ი, შეუთავსებლობა მოთხოვნილების და მოწოდების შუა, მაშინ შეიძლება ამ „პრაპორშჩიკების შკოლის“ შექმნაზე დათანხმდეს ადამიანი.
ეს უკვე რამდენჯერმე იყო მოხსენებული, რომ მიწად-მოქმედების სამინისტრო არ არის ის სამინისტრო, რომელიც სპეციალისტებს გარშემო იკრებს. ქართული აგრონომიული ძალები იმას თავს ანებებენ, მიდიან... (პ. გელეიშვილი: დაასახელეთ ვინ მიდის?) მე შემიძლია გვარები დავასახელო. (პ. გელეიშვილი: დაასახელეთ გვარები!) თქვენ რისთვის გაინტერესებთ, თქვენ ხომ უწყების წარმომადგენელი აღარა ხართ? წავიდა ინჟენერი მამრაძე, კარბელაშვილი. (პ. გელეიშვილი: ჩინებული ვინმე წასულა!) მაშ თქვენც ჩინებული ხართ, რომ იქიდან წახვედით! (სიცილი). ამათ მაგიერ ისეთი აგრონომები დგებიან მიწად-მოქმედების სამინისტროს სხვა და სხვა სპეციალურ განყოფილებებში უფროსებათ, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ არც ჩვენ ცხოვრებასთან, და არც კულტურასთან; ისინი დროებით არიან დარჩენილი აქ და არც არიან დაინტერესებული, რომ ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქენი გახდნენ, ასეთების ხელში იქნება სხვა და სხვა დარგი მიწად-მოქმედების სამინისტროს სპეციალურ განყოფილებათა. და ყოველ შემთხვევაში, ასეთ სამინისტროს არ შეუძლიან სთქვას, აბა ჩქარა დავაარსოთ ახალი უმაღლესი სასწავლებელი, თორემ სპეციალისტები არა გვყავსო. სპეციალისტები ბევრია, მაგრამ მიწად-მოქმედების სამინისტრო კი არ კრებს თავის გარშემო მათ, არამედ ფანტავს და სრულიად არ ემსახურება ეროვნრლ კულტურის განმტკიცების საქმეს.
თავმჯდომარე. სიტყვა ბ. მომხსენებელს თ. კიკვაძეს ეკუთვნის.
თ. კიკვაძე. (მომხს.) როგორც სჩანს, ბ. ვეშაპელს არ მოსწონს მიწად-მოქმედების სამინისტრო და ამიტომ არ მოსწონს ის კურსები, რომელიც მან დაარსა. სხვა მიზეზით ვერ ამიხსნია ამ კურსების წინააღმდეგ გამოლაშქრება. შეიძლება არ მოსწონდეს კაცს სამინისტრო, მაგრამ შეუძლებელია მიუღებლად მიაჩნდეს ის კურსები, რომელიც მთელი ქვეყნისთვის არის საჭირო. მართალია უნივერსტიტეტში გვაქვს სამეურნეო სააგრონომიო განყოფილება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის ვერ მოგვცემს იმდენ აგრონომს, რამდენიც საჭიროა ჩვენი ცხოვრებისთვის. ამასთანავე ვეშაპელს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, როგორიც არის პოლიტეხნიკუმში და განყოფილება სახელმწიფო უნივერსტიტეტში, ამზადებენ მეცნიერ აგრონომებს. ამ კურსებს კი დასახული აქვს მიზნად პრაქტიკულად მოამზადოს მსმენელი, რომელნიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ ჩვენთვის. რაც შეეხება იმას, რომ აგრონომების ხარისხი განიყოფება ორ კატეგორიებათ. ის აგრონომიები, რომლებიც გამოდიან უმაღლეს სასწავლებლიდან, როგორც მაგალითად, ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ღებულობენ აგრონომ მეცნიერის ხარისხს, - „учёный огрономъ“, ხოლო ისინი, რომლებიც დაამთავრებენ ოთხ სემესტრიან დროებით კურსებს, ეძლევა სახელწოდება თავის სპეციალობის მიხედვით - აგრონომ მეღვინე, აგრონომ მებაღე, და სხ. მე მგონია, რომ ამაში განსხვავება არის. ამასთანავე ბ. ვეშაპელი ბრძანებს, რომ ასეთ მებაღეებს არ უნდა ქონდეთ უფლება, რომ იყვნენ გამგენი საცდელ მინდვრებისა, საშუალო სასწავლებლისა და სხვა. მაგრამ მე მგონია, ვეშაპელი სცდება თავის მტკიცებაში ვინაიდან ორი წლის განმავლობაში მსმენელს შეუძლია იმდენი ცოდნა კი შეიძინოს, რომ აღნიშნული ვალდებულებანი შეასრულონ. ამასთანავე, აუცილებელ პირობად არის დადებული, რომ კურსის დამთავრების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა მსახურებდეს ამა თუ იმ მეურნეობის დარგში და როცა სათანადო დაწესებულების წარმომადგენელი სათანადო მოწმობას მისცემს, მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ აგრონომის ხარისხს. ეჭვის შეტანა იმაში, რომ ეს კურსები ურიგოდ იქნება მოწყობილი, ვერ გაივლიან პროგრამას, მე მგონია, რომ ნაადრევია იმიტომ, რომ კომისიამ იცის, რომ იქ საუკეთესო ლექტორები არის მოწვეული და კურსს კარგად ისმენენ და შემადგენლობა ამ კურსებისა არ არის ისეთი, როგორც ბ. ვეშაპელს ჰგონია. ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ საშუალო სასწავლებლის კურსს-დამთავრებული და ის სტუდენტები, რომელნიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდენ და არ აქვს საშვალება კვლავ რუსეთში გამგზავრებისა და სწავლის განგრძობის, ირიცხებიან ამ კურსების მსმენელებად. შეიძლება არის ერთი ან ორი ისეთი, რომელსაც საშუალო სასწავლებელი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ განა ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არიან ისეთები, რომელთაც საშუალო სასწავლებელი დამთავრებული არა აქვთ და ირიცხებიან თავისუფალ მსმენელებათ და თუ ჩააბარებენ გამოცდას, შემდეგ მიიღებენ სათანადო ცენზს. ვეშაპელმა სთქვა: რა საჭიროა ეხლა დავაარსოთ ეს კურსები, ეს ფუფუნება იქნება, ზედმეტიაო. ვინც კარგად იცნობს ჩვენი მეურნეობის აწმყოს და წარსულს და გათვალისწინებული აქვს მომავალი, ვერ იტყვის ამას. საქართველოში ცოტა არის სპეციალისტების კადრი და ამიტომ, თუ ჩვენ ერობები დავაარსეთ და გვინდა გავამაგროთ მეურნეობა, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა წვრილი მეურნეობის ქვეყანაა ჯერ-ჯერობით, ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ბ. ვეშაპელმა ორი უკეთესი საშუალება დაასახელა, რომლითაც შეგვეძლება მივიღოთ მცოდნე პირები და რომელთაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტს დაჩქარების ტემპით არ შეუძლიან მოგვცეს სპეციალისტები და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს კურსები გამოწვეულია მით, რომ დაჩქარებულის ტემპით მომზადებულ პირებს მოგვცემს და შემდეგ, როდესაც უკეთესად მომზადებული პირები გვეყოლება, ეს კურსები დაიხურება. ამიტომ ქვიან დროებითი და განმეორებითი კურსები, და განმეორდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება.
თუ კი მოგვცემენ სპეციალისტებს, წარმოადგინონ მოსაზრებანი და მაშინ რა თქმა უნდა, უკან წავიღებთ. მას შეუძლიან სთქვას: აი პოლიტეხნიკუმი, აი უნივერსიტეტიო, მაგრამ ჩვენ საშურად გვინდა სპეციალისტები და ამას ჯერ ვერ მოგვცემენ, ისინი მოგვცემენ აგრონომ-მეცნიერებს. ერთად ერთი გზა და საშუალება არის ეს ოთხ-სემესტრიანი კურსები, ამიტომ კომისიამ ასწონ-დასწონა, გაითვალისწინა ყოველივე ეს და დასტური დასცა; იმიტომ, რომ სხვა გზა დღეს-დღეობით არ არის და სწორედ მიზან-შეწონილია ამ კურსების არსებობა. გარდა ამისა, ამ კურსებს ეხლა კი არ ვაარსებთ, შარშან თებერვალში დავაარსეთ და ეხლა კი მხოლოდ მეოთხე სემესტრს უმატებთ და თუ ბ. ვეშაპელის აზრით, ოთხი სემესტრი ვერ მოგვცემს აგრონომებს, სამი სემესტრი სულ ვერ მოგვცემს, აქედან ლოღიკური დასკვნაა, რომ ეს კურსები სამი სემესტრით ვერ იარსებებს და უნდა იარსებოს როგორც ოთხ-სემესტრიანმა. მაშასადამე, კურსების დახურვაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ მის გაფართოებაზე.
თავმჯდომარე. კამათი დასრულებული გახლავთ. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.
თ. კიკვაძე. (კითხულობს მუხლობრივად. ყველა მუხლები შეუსწორებლად მიღებულ იქმნა დამფუძნებელი კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის სალაყაიას. არ არის. მაშასადამე ეს საკითხი გადაიდება.
შემდეგი საკითხი გახლავთ (კითხულობს). სიტყვა ეკუთვნის ბ. ნინიძეს.
7. კანონ-პროექტი სასჯელთა წესდებისა და სასჯელთა დებულების ჯარიმის გადიდების შესახებ.
კ. ნინიძე. (მომხ.) ეს პროექტი წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროდან და მიღებულია იურიდიულ კომისიაში. გამოწვეული არის იმ გარემოებით, რომ ცხოვრება გაძვირდა და ამიტომ ის ნორმები ჯარიმისა, რომელიც მიღებული არის სასჯელთა წესდების დებულებით, ძალიან მცირეა დღევანდელ კურსის მიხედვით. აი, ამიტომ ეს პროექტი შეიცავს მომატებას ამ ჯარიმისა. სასამართლოსთან არსებული კანონით მას აქვს ნება ამა თუ იმ სასჯელს დაადოს ჯარიმა და აგრეთვე სასჯელი შესცვალოს ჯარიმად. ამისთვის მიღებულია გადიდებული ნორმები. ტექსტი შემდეგი გახლავთ: (კითხულობს).
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვას ხომ არავინ ინებებს? სიტყვის მსურველი არავინ არის. მაშასადამე მუხლობრივი განხილვა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ. შემდეგი საკითხი გახლავთ,
8. ზოგადი განხილვა დროებით კანონ-პროექტისა მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების შესახებ.
სიტყვა ეკუთვნის ბ. კ. ნინიძეს.
კ. ნინიძე (მომხ) როგორც ვიცით, მომრიგებელ მოსამართლეს ექვემდებარება საქმეები ღირებული 4 ათას. მან. შემდეგ, თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ან მოპარვა ნივთის, რომლის რაოდენობა არ აღემატება 2 ათას მანეთს, ასეთი საქმე ექვემდებარება მომრიგებელ მოსამართლეს. ამ მხრივ, როგორც წინა პროექტის განხილვის დროს მოგახსენეთ, იმავე მოსაზრებით ცხოვრების გაძვირებით არის გამოწვეული ამ პროექტის შემოტანა. მოგეხსენებათ, რომ მომრიგებელი მოსამართლე უფრო ახლო სდგას ხალხთან, როგორც არჩეული ხალხის მიერ, შემდეგ თვითონ ადგილობრივი მოსასართლენი. ამ ცხოვრების გაძვირებამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ სოფლის მცხოვრებნი პატარა საქმისთვის იძულებული არიან მიმართონ ოლქის სასამართლოს. მაგალითად, ტფილისის გუბერნიაში არსებობს ერთი ოლქის სასამართლო და სოფლის მცხოვრებნი პატარა საქმისთვის უნდა ჩამოვიდენ აქ. ამისთვის მიიღო იურიდიულმა კომისიამ პროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, რომლითაც განსაზღვულია, რომ 4 ათას მანეთის მაგიერ დაწესდეს 25 ათასი სამოქალაქო საქმეებში და 2 ათასი მანეთის მაგივრად დაწესდეს 12 ათასი მან. სისხლის სამართლის საქმეებში. ასეთია შინაარსი. ტექსტი კი ასეთია (კითხულობს).
თავმჯდომარე. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა მოხდება სათანადო ვადის გასვლის შემდეგ.
9. დეკრეტი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის წინასწარ ზომების მისაღებად 2.000.000 მან. გადადების შესახებ.
შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ვ. ცაბაძეს.
ვ. ცაბაძე. (მომხ.) დეკრეტი გახლავთ წარმოდგენილი შინაგან-საქმეთა სამინისტროს მიერ და შეეხება ორი მილიონი მანეთის გადადებას პარტახტიან ტიფთან საბრძოლველად წინასწარ ზომების მისაღებად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ შარშან პარტახტიანმა ტიფმა ჩვენს რესპუბლიკაში ეპიდემიურ ხასიათი მიიღო. შარშან შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საექიმო-სასანიტარო განყოფილების განკარგულებაში გადადებულ იქნა ერთი მილიონი მან. მაგრამ ეს ერთი მილიონი მან. ძალიან მცირე აღმოჩდა და მისმა დახმარებამ ისეთი სარგებლობა ვერ მოიტანა, როგორც საჭირო იყო. წელს, როგორც მოსალოდნელი იყო ამ გადამდებმა სენმა ხელახლა იჩინა თავი და ბევრ მაზრებში და ქალაქებში ეპიდემიის ხასიათი მიიღო. სამაზრო ერობები და ქალაქები აწარმოებენ ბრძოლას ამ სენთან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამ ბრძოლას დიდი ფული სჭირდება. ამ მხრივ კი ერობები და ქალაქები კრიზისს განიცდიან, მათ ფინანსიური სახსარი ცოტა აქვთ, მეტადრე განაპირა მაზრების ერობები, ამიტომ შინაგან-საქმეთა სამინისტრო თხოულობს, რომ ეს ორი მილიონი მანეთი გადადებულ იქნას შინაგან-საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საექიმო-სასანიტარო განყოფილების განკარგულებაში და აქედან გაუწევს ხელმძღვანელობას პარტახტიან ტიფთან ბრძოლაში.
თავმჯდომარე. ჯანმრთელობის კომისიის აზრს ამ საკითხზე მოგახსენებთ ქალბატონი ტოროშელიძე.
მ. ტოროშელიძე. ბატონებო! ორი მილიონი მანეთის გადადება პარტახტიან ტიფის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია და ცოტა კიდევაც დაგვიანებული. თქვენ იცით, რომ შარშან ეს სენი სრულიად უჩვეულო ჩვენი ქვეყნისათვის მოედო არა მარტო ქალაქებს, არამედ აქედან იგი გადავიდა სოფლებში და მუსრს ავლებდა სოფლის მცხოვრებთ მთელი ზამთრის განმავლობაში. შარშან პარლამენტმა გადასდო ერთი მილიონი მანეთი. ეს ფული აღმოჩნდა თითქმის როგორც წვეთი ზღვაში. ამასთან ერთად, ეს ბრძოლა ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა და ვერ მიაღწია მიზანს - სენის შესუსტებას. სენი შესუსტდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სუსტდება, ე.ი. როდესაც დათბა. მან შეიწირა რამდენიმე ასეული ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, წელს ამ სენმა ხელახლად იჩინა თავი, თუმცა ისე მაგრად არა, როგორც შარშან, მაგრამ ნიშნები სჩანს და თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, ჩვენ დავდგებით საშიშროების წინაშე, უკვე თიანეთიდან იტყობინებიან, რომ სხვა და სხვა ადგილას ამ სენმა იჩინა თავი, ლეჩხუმის მაზრაში ნიშნები არის, ქუთაისის მაზრაში, მეტადრე ციხეებში და სკოლებში ეს სენი მძვინვარებს. თქვენ ალბათ წაკითხული გექნებათ, რომ იქ მოწაფეები დაითხოვეს, კინემატოგრაფები და თეატრები დახურეს, რადგან ტიფი მძვინვარებს, თუ დროზე არ მივიღეთ ზომები, ისევ მოედება ეს სენი სოფლებს და მუსრს გაავლებს მცხოვრებლებთ, როგორც შარშან. ამიტომ ჯანმრთელობის კომისია ფიქრობს, რომ ეს ორი მილიონი მანეთი ცოტა არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაინც უნდა გავიღოთ, რომ შემდეგ უფრო მეტი ხარჯი არ დაგვჭირდეს, და ეს ტიფი არ მოედოს და არ გავრცელდეს მცხოვრებლებმი. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, ეს კრედიტი მიცემული იყოს და პროექტი დადასტურებული.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არავინ ინებებს სიტყვას? მსურველი არავინ არის. მუხლობრივი განხილვის წინააღმდეგი ხომ არავინ არის? არა. გთხოვთ წაიკითხოთ პირველი მუხლი.
ცაბაძე. (კითხულობს). თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. მიღებულია. მეორე მუხლი.
ცაბაძე. (კითხულობს მეორე მუხლს). თავმჯდომარე ვინ არის წინააღმდეგი? არავინ, მიღებულია. ვინ არის წინააღმდეგი დეკრეტისა საერთოდ? წინააღმდეგი არავინ არის, მიღებულია და გადაეცემა სარედაქციო კომისიას.
10. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა შრომის სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცების შესახებ.
შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ბ. ცაბაძეს.
ვ. ცაბაძე (მომხს.) აქ გახლავთ წარმოდგენილი შრომის სამინისტროს შტატების ხარჯთ-აღრიცხვის პროექტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ სამინისტროს დავალებული აქვს მოწესრიგება დამქირავებელთა და დაქირავებულთა დამოკიდებულებისა. ეს საქმე ფრიად დიდი საქმეა, მაგრამ მიუხედავათ ამისა, ეს ხარჯები, როგორც ამ ხარჯთ-აღრიცხვიდან სჩანს, ფრიად ნაკლებია; სამინისტრო თხოულობს, რომ ეს შტატები და ხარჯთ-აღრიცხვა დამტკიცებულ იქნას დამფუძნებელ კრების მიერ, შტატები მდგომარეობს შემდეგში: სამინისტროში არის სამი განყოფილება და თვითეულ განყოფილებას განაგებს განყოფილების გამგე. ამ სამ განყოფილების სათავეში სდგას საქმის მმართველი, რომელსაც აქვს ჯამაგირი თვიურად (კითხულობს) სამინისტროს ჰყავს ინსტრუქტორი, ჰყავს მდივანი.
თავმჯდომარე. როდესაც მუხლობრივ განხილვაზე გადავალთ, ეს მაშინ მოგვახსენეთ, ზოგადი მსჯელობა თუ გაათავეთ?
ვ ცაბაძე. გავათავე.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის ხომ არ ინებებთ სიტყვას? მსურველი არავინ არის. რაკი ეს კანონ-პროექტი გახლავთ, თუ წინააღმდეგი არავინ არის, როდესაც სათანადო ვადა გაივლის, მაშინ განვიხილავთ მუხლობრივ.
11. დეკრეტი საქართველოსა და სომხეთს შორის ნეიტრალურ ზონაში მილიციის შტატის შემოღებისა.
შემდგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელ ცაბაძეს.
ვ. ცაბაძე (მომხს.) თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბორჩალოს მაზრაში არის ე.წ. ნეიტრალური ზონა, ამ ნეიტრალურ ზონაში იყო შერეული მილიცია, ეს მილიცია შესდგებოდა ნახევრად ჩვენი მოხელეებისგან და ნახევრად სომხეთის მოხელეებისგან. ამ დეკრეტით პირველ სექტემბრიდან პირველ ივნისამდე გამოთხოვილია მილიციის შტატების გასადიდებლად და მათი ჯამაგირის დასაკმაყოფილებლად (კითხულობს ციფრს). ამ მილიციას ჰქონდა მინდობილი მხოლოდ წესრიგის დამყარება და ზოგიერთი საგამომძიებლო ფუნქციები. ამ დეკრეტით ეს ფუნქციები გაფართოებულია და თვით მილიცია შესდგება კომისარიატებისაგან. არის ერთი უმთავრესი კომისარიატი და სამი უბნის კომისარიატი. მილიციას მინდობილი აქვს სხვათა შორის, სამიწად-მოქმედო ფუნქციები. იქ გახლავთ სახელმწიფო მამული, რომელსაც მოვლა უნდა. ეს მათ განკარგულებაში გადავა, სატყეო, ფოსტა-ტელეგრაფის, განათლების საქმე და სხვა. ასე, რომ ახალი შტატებით მილიციას მინდობილი აქვს ახალი ფუნქციები, როგორც არის მაგალითად: ფოსტა-ტელეგრაფის, განათლების, საადგილ-მამულო საქმე და სხვა. ამისთვის გამოითხოვეს კრედიტი პირველ სექტებრიდან პირველ ივნისამდე.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ზოგადი მსჯელობისათვის? მსურველი არავინ არის. ხომ არავინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განვიხილოთ? წინააღმდეგი არავინ არის. გთხოვთ წაიკითხოთ სათაური და პირველი მუხლი.
ცაბაძე. (კითხულობს პირველ მუხლს და შტატებს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა ამის შესახებ? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. შემდეგი.
ცაბაძე. (კითხულობს მეორე მუხლს). თავმჯდომარე, ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. შემდეგი.
ცაბაძე. (კითხულობს მესამე მუხლს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია.
წინადადება გახლავთ შემოტანილი, გვიან არის და ამტომ სხდომა დაიხუროსო. სურს თუ არა ვინმეს ამის შესახებ სიტყვა? მსურველი არავინ არის. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგია უმეტესობა, მაშასადამე, სხდომა გრძელდება. გთხოვთ ნუ წახვალთ და ქვორუმს ნუ ჩაშლით.
12. ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების შესახებ.
შემდეგი საკითხის შესახებ სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბ. თევზაძეს.
თევზაძე. (მომხსენებელი) თქვენს წინაშე გახლავთ წამოყენებული კანონ-პროექტი მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებათ გამოცხადების შესახებ. ეს კანონ-პროექტი არის შემუშავებული ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის და მიწად-მოქმედების სამინისტროს შეთანხმებით. აგრეთვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს კანონ-პროექტი წარსულ წლის 13 ნოემბერს არის მიღებული მთავრობის მიერ. კანონ-პროექტი აგრედვე განხილულ იქნა იურიდიულ კომისიის მიერ და ალბათ, მეორე მომხსენებლისაგან მოისმენთ იურიდიულ კომისიის აზრს. კანონ-პროექტის პირველი მუხლი აღნიშნავს, რომ ყველა მადნეულობა, როგორც მიწის სიღრმეში, ისე მიწის ზედაპირზე ყოველგან, იქნება ეს მიწა სახაზინო, საფონდო თუ კერძო მესაკუთრისა, იგულისხმება კანონ-პროექტით ნორმის ფარგლებშიაც, გამოცხადდება სახელმწიფო საკუთრებათ. კანონ-პროექტში არის გამონაკლისი. ეს გამონაკლისი შეეხება ისეთ საგნებს, როგორც არის თიხა, ქვიშა, საშენი ქვა და სხვა. ეს კანონ-პროექტი არის იმ ზოგად დებულების განვითარება, რომელიც იყო და არის ნათქვამი ამიერ-კავკასიის კომისარიატის 1917 წელს 16 დეკემბრის დეკრეტში.
აქ არის საზოგადო დებულებაში პირველ და მეხუთე მუხლში, სადაც ნათქვაშია, რომ მადნეულობა არ განაწილდება მცხოვრებთა შორის. ამნაირად კანონის პირველი მუხლი ეხება ამ ძირითადი დებულების განვითარებას. ამასთანავე მადნეულობის აღმოჩენა, კვლევა-ძიებისა, დამუშავების წესი უნდა განსაზღვრული იყოს განსაკუთრებული კანონით, რომელიც ახლო მომავალში იქნება წარმოდგენილი და რომელიც გასწევს ძველი წესების მაგივრობას. მეორე მუხლი ეხება იმ ე.წ. „ზაიავრების“ გაუქმებას, რომელნიც დადებულ იქნენ კვლევა-ძიების და დამუშავებისათვის. მეორე მუხლი სრულიად სპობს ასეთ ხელშეკრულებას, რომელნიც იქნენ გაცემულნი კერძო პირის თუ სახელმწიფოს მიერ. აგრედვე კანონ-პროექტში არის გამონაკლისი, გამონაკლისი შეეხება ჭიათურის სამრეწველო რაიონს, სადაც მთავრობას არ მიაჩნია სასურველად სრული ნაციონალიზაციის მოხდენა. ამისათვის აქ არის დაშვებული გამონაკლისი ჭიათურის სამრეწველო რაიონის შესახებ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მელიტონ რუსიას.
მელ. რუსია. (ს.-დ.) იურიდიულ კომისიის სახელით უნდა განვაცხადო, რომ კომისია სავსებით იზიარებს მომხსენებლის აზრს და თვის მხრივ საჭიროდ სცნობს სთხოვოს დამფუძნებელ კრებას, დაადასტუროს წარმოდგენილი კანონ-პროექტი.
თავმჯდომარე. შემოსულია სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შემდეგი წინადადება: წარმოდგენილი კანონ-პროექტი გადაეცეს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას დასკვნისათვის. ვინ არის წინააღმდეგი? მიღებულია. კანონ-პროექტი გადაეცემა საბიუჯეტო კომისიას. შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბატონ ელიგულაშვილს.
დეკრეტი შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის 360.000 მან. სესხის მიცემისა საავადმყოფოს აღსადგენათ.
ი. ელიგულაშვილი. (მომხს.) (საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სახელით ბ-ნი ელიგულაშვილი წარუდგენს დამფუძნებელ კრებას მოხსენებას წარმოდგენილ დეკრეტის შესახებ და სთხოვს დადასტურებულ იქნას საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დადგენილება დეკრეტში აღნიშნულ თანხის გადადების შესახებ.
თავმჯდომარე. ზოგადი მსჯელობისათვის სიტყვა ხომ არავის სურს? არავის. ვინ არის წინააღმდეგი მუხლობრივ განხილვისა? არავინ. გადავდივართ მუხლობრივ განხილვაზე. გთხოვთ წაიკითხოთ.
ი. ელიგულაშვილი. (კითხულობს დეკრეტს, რომელიც მუხლობრივ განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა მთლიანად და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
შემდეგი საკითხისათვის სიტყვა ეკუთვნის ბატონ ი. ელიგულაშვილს.
ზოგადი განხილვა კანონ-პროექტისა სახაზინო რკინის გზის ჭიათურის შტოზე განსაკუთრებულ ტარიფის მოსპობის შესახებ გარდა შავი ქვისა.
ი. ელიგულაშვილი. (მომხს.) როგორც მოგეხსენებათ, ჭიათურის რკინის-გზის შტოზე იყო განსაკუთრებული ტარიფის საფუძველი. საზოგადოდ, რკინის გზის ტარიფის საფუძველი არის ერთგვარი დიფერენციული. ამ საზოგადო წესიდან გამონაკლისია ჭიათურის შტო და ვინაიდან ჭიათურის შტოს შეუძლია დააკმაყოფილოს არა მარტო ის მოთხოვნილება, რომლისთვისაც ის იყო გაშენებული - მარგანეცის გადაზიდვა, არამედ სხვა დარგების გადაზიდვასაც ემსახურება, ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას არაფერი არა აქვს საწინააღმდეგო, რომ ამ შტოზე სხვა დარგებისათვის იყოს გავრცელებული იგივე კანონი, რაც სხვა გზებზეა, ე.ი. დიფერენციალური ტარიფის სისტემა.
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? - არავის, ვინ არის წინააღმდეგ მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ? - არავინ. გთხოვთ წაიკითხოთ 1 მუხლი, ბ. მომხსენებელო!
(მუხლობრივ განხილვის შემდეგ დეკრეტი მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ და გადაეცა სარედაქციო კომისიას).
თავმჯდომარე. შემოსულია წინადადება სხდომის დახურვის შესახებ. ვინ არის მომხრე? უმცირესობა. მაშ სხდომა გრძელდება. ვინ არის წინიაღმდეგი, თანახმად თქვენი დადგენილებისა, განხილულ იქნას საბოლოო ტექსტები სამხედრო დეკრეტებისა ახლავე? - არავინ. სიტყვა ეკუთვნის ქრისტინე შარაშიძის ასულს.
ქრისტინე შარაშიძე. (კითხულობს საბოლოო ტექსტს დეკრეტებისა: 1) საქართველოს ლაშქარში მოსამსახურეთათვის ჯამაგირის გადიდებისა, 2) სახალხო გვარდიისათვის ჯამაგირების მომატებისა და 3) სახალხო გვარდიის საჭიროებისათვის ყოველ თვიურად 15 მილიონი მანეთის გადადებისა).
საბოლოო ტექსტები ამ დეკრეტებისა მიღებულ იქნა დამფუძნებელ კრების მიერ.
თავმჯდომარე. ახლა უნდა მოხდეს მეორე განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო ქონების გამოსყიდვის უფლების გაუქმების შესახებ.
15. მუხლობრივი განხილვა კანონ-პროექტისა საგვარეულო უძრავი ქონების გამოყიდვისა. მუხლობრივი განხილვა სათაურისა და მუხ. 1-ლ და 2 შენიშვნისთვის.
სიტყვა ეკუთვნის მომსენებელს ბ. რუსიას.
მელიტონ რუსია. (კითხულობს 1-ლ მუხლს).
თავმჯდომარე. ამ მუხლის შესახებ შემდეგი შესწორება გახლავთ შემოტანილი სოც.-ფედერალისტები: „გამოშვებული იქნეს მეორე მუხლი შენიშვნით“.
ამ მუხლის შესახებ სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს ბ. არსენიძეს.
რ. არსენიძე (იუსტიციის მინისტრი). ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! საერთოდ, რომ აუცილებელია გაუქმება იმ პროცესებისა, რომლებმაც ამ ბოლო დროს იმრავლეს სოკოსავით ნაწვიმარში, ეს ჩვენთვის ცხადი უნდა იყოს, მართლაც, იმ ცნობების მიხედვით, რომელიც სამინისტრომ შეკრიბა, აღმოჩნდა, რომ თუ წინეთ 2-3 აღიძრებოდა ხოლმე, წელს, ამ უკანასკნელ თვეებში, 18-20 საქმე არის მარტო ტფილისის სასამართლოში, შედარებით მცირე არის ქუთაისში და სრულიად არ არის სოხუმის ოლქში.
მიუხედავათ ამისა, ჩვენ გვგონია, რომ ასეთი სურვილი ყველა ნათესავებისა თავიანთი ნათესავების ქონების უკან დაბრუნებისა, არ უნდა იყოს გამოწვეული ნორმალური პირობებით. და როდესაც კანონი არ აღწევს ჩვეულებრივ მიზანს, არამედ შეუგნებლათ ემსახურება მიზან შეუწონელ სურვილებს, ის, თავისთავად ცხადია, უნდა მოისპოს. სწორედ ამიტომ, მთავრობამ შემოიტანა კანონ-პროექტი, რომლის მიხედვით ყველა ეს პროცესები უნდა გაუქმდეს, მაგრამ არის ერთი გარემოება, ეს არის სასამართლოს განაჩენი. როგორც არ უნდა იყოს სასამართლოს განაჩენი, კანონმდებლობამ ეს უბრალოდ არ უნდა გააუქმოს, თუ კი ის მიღებულია და ძალაში შესული. შენიშვნა კი სწორედ ასეთ საქმეებს ეხება. როდესაც საერთოდ ვამბობ ყველა პროცესის გაუქმებაზე, მე მხედველობაში მაქვს ისეთი პროცესი, რომლის ბედი საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა, ე. ი. სანამ განაჩენი ძალაში არ შესულა, მაგრამ თუ ძალაში შევიდა და ერთმა მხარემ მიიღო უფლება მისი განხორციელებისა, მაშინ ის ძალაში უნდა დარჩეს, როგორც განაჩენი. თქვენს წინაშე იყო ერთი ანალოგიური შემთხვევა, როდესაც ჩვენ მივიღეთ დეკრეტი შინაურ ნასყიდობითი გაცემულ მამულების უკან დაბრუნების წინააღმდეგ. მაშინაც ჩვენ მივიღეთ, ასე, რომ თუ პროცესი გათავებულია, განაჩენი ძალაში შესულია, ის რჩება ძალაში. ჩვენ ამ შენიშვნის მიღებით ჩავვარდებით წინააღმდეგობაში ჩვენს წინანდელ კანონმდებლობასთან და საერთოდ, იურიდიულ აზროვნებასთან. როგორც მოგეხსენებათ, მეორე ინსტანციაში გადაწყვეტილი საქმე არის საბოლოო განაჩენი. ამის შემდეგ მომჩივანს ეძლევა უფლება გამოიტანოს ნასყიდობის სიგელი, თუ კი ამ საქმეებს გავაუქმებთ, თუ კი ამის შემდეგ სიგელს გავაუქმებთ, ის იქნებოდა სასამართლოს ისეთ უფლებებში შეჭრა, რომელშიაც ჩვეულებრივ არ უნდა იჭრებოდეს არც ერთი ხელის უფლება სახელმწიფოსი. არ ვიცი, როგორ იქნება შემდეგ დამტკიცებული, მაგრამ საკონსტიტუციო კანონი არის, რომ სასამართლოს განაჩენი არ შეიძლება იყოს რომელიმე ძალის მიერ გაუქმებული. ეს შედის ჩვენს მომავალ კონსტიტუციაში და ამის ავტორებს ეს უდაოთ და ურყევათ მიაჩნდათ; შეიძლება ყოველი საკანონმდებლო აქტი, მაგრამ სასამართლოს განაჩენი კი არავის შეუძლია გააუქმოს, თუ თვით სასამართლო არ გააუქმებს.
აი, ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ასეთი გაუქმება ძალაში შესული განაჩენისა არ შეეფერება არც ჩვენს კანონმდებლობას და არც იურიდიულ აზროვნებას, ამიტომ გთხოვთ ამოშალოთ ეს შენიშვნა.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბატონ გვაზავას.
გ. გვაზავა. (ნ.-დ.) მე სრულებით ვეთანხმები იმ დასკვნას, რომელიც აქ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა ამ შენიშვნის შესახებ, მაგრამ მე კიდევ უფრო შორს მივდივარ. მე მგონია, რომ მთელი მეორე მუხლი ამოშლილ უნდა იქნას და აი რა მოსაზრებით: იურიდიულათ არის სხვადასხვაობა საქმის წარმოებაში. არის ორნაირი წესი «исковой порядокъ» და «охранительный порядокъ»; ე.ი. ძიების და დაცვის წესი, ყველა, ის საქმეები სწარმოებს დაცვის წესით. ვსთქვათ, რომ ვინმემ ორი თვის წინეთ შეიტანა თხოვნა სასამართლოში, გავიდა ორი თვე, სასამართლომ განიხილა თხოვნა და თუ ამ დღეს მომჩივანს უფლება არა აქვს (არ ისმის) მოსამართლე უარს ეტყვის. ე.ი. სასამართლო მიიღებს მხედველობაში, არა იმ დღეს, როცა მიღებულია თხოვნა. გთხოვთ, აი, ამ მომენტს მიაქციოთ ყურადღება. მაშასადამე მეორე მუხლი, სადაც არის ნათქვამი, რომ ყოველი პროცესი მოსპობილი უნდა იქნეს, მე მოგახსენებთ, რომ ეს თავისთავად იგულისხმება 1-ლ მუხლში და საჭირო არ არის. წარმოიდგინეთ ასეთი მომენტი: ვთქვათ მთხოვნელმა შეიტანა თხოვნა და მაშინ უფლება ჰქონდა მამულის გამოყიდვისა და ვსთქვათ, რომ ამ საქმის გარჩევამდე ეს მამული დაუბრუნდა გვარეულობას სხვა გზით, ამის შემდეგ, როდესაც სასამართლოში გარჩევა იქნება, როგორ უნდა მოიქცეს სასამართლო? - რასაკვირველია, მყიდველს უარს ეტყვის იმიტომ, რომ თუმცა სხვა გზით, მაგრამ მამული მაინც უკან დაუბრუნდა მემამულეს; იმიტომ, რომ იმ დღეს, როდესაც განაჩენი, დადგენილება გამოიტანა სასამართლომ, იმ დღეს მყიდველს უფლება არ ჰქონდა. მე ამას მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რადგანაც «охранительный порядокъ»-ით, მაშინ უფლება უნდა ჰქონდეს მყიდველს იმ დღეს, როდესაც სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს, თუ არა აქვს იმ დღეს ეს უფლება, ამით საჩივარი მოსპობილია. მაშასადამე, განკერძოებით ლაპარაკი მთელი პროცესის მოისპოსო, არ არის საჭირო. ამიტომ მე უერთდები იმ აზრს, რომელიც შემოტანილი იყო მესხიშვილის მიერ.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს ბატონ რუსიას.
მ. რუსია. როგორც საერთო მსჯელობის დროს მოვახსენე დამფუძნებელ კრებას, ამ კანონ-პროექტის აზრი იმაში გამოიხატება, რომ ეს გამოსყიდვის ინსტიტუტი არამც თუ დრო-მოჭმული არის, არამედ დიდი უსამართლობაც არის. ეს უსამართლობა გამოწვეული არის იმით, რომ ფულის კურსი დაეცა. თუ რამდენიმე წლის წინად ჰქონდა ვინმეს საგვარეულო მამული, ვსთქვათ, 100 ათას მანეთად ღირებული, დღეს ნათესავს ამ კანონის ძალით, რომელიც ყველას უსამართლოდ მიგვაჩნია, შეუძლიან ამ მამულის, რომელიც რამდენიმე მილიონი ღირს, 100 ათას მანეთად ხელში ჩაგდება, ამიტომ, რადგან ყველა ფრაქცია ამ ინსტიტუტს აღიარებს დრო-მოჭმულად და უსამართლოდ, არამც თუ ეს კანონი უნდა მოვსპოთ, უნდა მოვსპოთ ის უსამართლობაც, რომელიც ხდება ეს სასამართლოში. ამიტომ მეორე მუხლის მოსპობა, როგორც წინადადებას იძლევიან, აქ ჩვენ მოგვცემდა ამ უსამართლობის გაგრძელებას (გვაზავა: რათ?) იმიტომ, რომ თუმცა კანონი მოსპობილი იქნება, მაგრამ სასამართლოში გაგრძელდება ეს უსამართლობა (გვაზავა: არა!) რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის შესწორებას, უნდა ვსთქვათ, რომ ის იურიდიულად სავსებით მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ მეორე ინსტანციის გარდაწყვეტილება ძალაში შედის იმ გარდაწყვეტილების შემდეგ, როცა საქმე მოიგო გამომსყიდველმა. ამას შეუძლიან ეს მამული გადასცეს იჯარით მესამე პირს და იჯარა შეიძლება 10, 20 და 30 წლით. წარმოვიდგინოთ, რომ მეორე ინსტანციამ დაუბრუნა მამული და როდესაც ამ ინსტანციის დადგენილება ძალაში შედის, მესამე პირს იჯარით გადასცა, ვთქვათ 36 წლით. თუ ასეთ საქმეებს მოვსპობთ, ე. ი. გარდაწყვეტილებას მეორე ინსტანციისა, მაშინ მესამე პირს უნდა წაართვათ ეს მამული. ამიტომ ის შესწორება, რომელიც იუსტიციის მინისტრს შემოაქვს, იურიდიულად მისაღებია, მაგრამ ჩვენ უნდა მიუთითოთ აქ მეორე მოსაზრებაზე, როდესაც მომჩივანმა საქმე წააგო პალატაში, მაშინ ვვარდებით უხერხულ მდგომარეობაში, თუ გამომსყიდველმა წააგო პალატაში, მაშინ როგორ მდგომარეობაში იქნება? ამ შესწორების ძალით, ე.ი. თუ შენიშვნა ამოვიღეთ, მაშინ მომჩივანს აქვს უფლება, თუ ვადა არ გასულა, გადაიტანოს საქმე პალატაში. შესაძლო სენატში საქმე მოიგოს, ე. ი. სენატმა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება შეაჩეროს და საქმე დაუბრუნოს გასარჩევად. თუ სავაკაციო ვადა გასული არ არის, მომჩივანმა, რომელმაც საქმე წააგო მესამე ინსტანციაში, შეიძლება ეს საქმე დაუბრუნოს სასამართლოს და დაიწყება ახალი პროცესი. წარმოება საქმისა, თუ შენიშვნა ამოვიღეთ, გაგრძელდება და ამიტომ მოხდება იგივ უსამართლობა, ეს მეორე მხარე ამ შესწორებისა, რომელიც შემოიტანა იუსტიციის მინისტრმა. მაგრამ რადგან იურიდიული თვალსაზრისით მისაღებია ეს დებულება, მეორე ინსტანციის დადგენილება ძალაში შედის. მაშასადამე, შესაძლებელია, რომ მომჩივანმა მამული მესამე პირს გადასცეს და თუ საქმეს მოსპობთ, მაშინ მესამე პირს უნდა წაართვათ ეს მამული. ამიტომ შეუძლებლად მიმაჩნია ამ შენიშვნის ამოღება.
თავმჯდომარე. აქ არის წინადადება, ცალ-ცალკე უყრი კენჭს. ვინ არის მომხრე, რომ მუხლი ამოღებულ იქმნას? წინადადება უარყოფილია, ვინ არის მომხრე, რომ შენიშვნა იქმნას ამოღებული? შენიშვნა ამოღებულია და მესამე მუხლი დარჩება უშენიშვნოდ. სიტყვა ეკუთვნის მომხსენებელს.
მ. რუსია. (მომხ.) თუ კი თქვენ საქმეს სპობთ და გამოსყიდვის უფლებას ართმევთ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ის ფული მომჩივანს უკან დაუბრუნდეს და ამიტომ ამ შესწორების მიღება უსამართლო იქნება.
თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე მესამე მუხლისა? მესამე მუხლი მიღებულია. გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი მუხლი.
რუსია. (კითხულობს მე-4-ე მუხლს).
თავმჯდომარე. ვინ არის წინააღმდეგი მეოთხე მუხლისა? მე-4-ე მუხლი მიღებულია. ვინ არის საერთოდ მთელი კანონ-პროექტის წინააღმდეგი? - კანონ-პროექტი მიღებულია. წინადადება გახლავთ სხდომის შეწყვეტის შესახებ? ვის სურს სიტყვა? არავის. მაშასადამე, სხდომა დაიხურება. გთხოვთ, მოისმინოთ განცხადება დაშნაკთა პარტიისა.
(მდივანი კითხულობს დაშნაკციუტუნის ფრაქციის განცხადებას გზათა კომისიაში ამ ფრაქციისათვის ერთი წევრის ადგილის დათმობის შესახებ და წევრად იგი ასახელებს ტერ-სტეფანიანს).
დამფუძნებელი კრება იღებს ცნობად წაკითხულ განცხადებას. დასასრულ თავმჯდომარე აკეთებს შემდეგ განცხადებას.
თავმჯდომარის განცხადება.
გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი ჩემი განცხადება: დღეს აქ მომარაგების მინისტრის სიტყვამ ატმოსფერის ერთგვარი გაღვივება გამოიწვია. საპირადო სიტყვა აიღო დეპუტატმა ი. ბარათაშვილმა და რადგან მის სიტყვაში იყო ისეთი ადგილი, რომელიც ჩემი და პრეზიდიუმის აზრით დაუშვებელი იყო, ამიტომ მე იძულებული გავხდი სიტყვა ჩამომერთმია მისთვის. ამ დროს, თურმე მომარაგების მინისტრის ამხანაგმა გამომიგზავნა ბარათი საპირადო სიტყვის სათხოვნელად. ეს შემდეგ დავინახე, რადგან გორის საკითხზე ვიყავი გადასული, ამიტომ სიტყვა ვერ მივეცი. ეს სიტყვა მან იმიტომ მოითხოვა, როგორც ბარათში იწერებოდა, რომ მე ცილის მწამებელი მიწოდეს ტრიბუნიდანო. მე მგონია, რომ შემდეგ, რაც მე ბარათაშვილს სიტყვა ჩამოვართვი, ინციდენტი ამოწურული იყო. მაგრამ სამწუხაროდ, დეპუტატმა დადიანმა ინება და ადგილიდან წამოისროლა, რომ „ჭავჭანიძემ ხომ ჩაყლაპაო“, ეს იყო ნათქვამი მის შემდეგ, როდესაც ჭავჭანიძეს საშუალება წაერთვა, რომ საპირადო საკითხის გამო გამოსულიყო ტრიბუნაზე და გაეცა პასუხი. მე ამას ვაცხადებ თქვენ წინაშე და ვსთხოვ პრესის წარმომადგენელთ, რომ ეს ჩემი განცხადება სავსებით აღნიშნონ.
სხდომა იხურება საღ. 10 1/2 საათზე.467
![]() |
20 ოთხმოცდამეჩვიდმეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(97)
1920 წელი. მარტის 12. ტფილისი. სასახლე
შინაარსი:
დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე.
მდივნობს დამფუძნებელი კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე
პრეზიდიუმში არიან:
სიმონ მდივანი,
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა შუადღის 11 საათსა და 10 წუთზე იწყება.
დარბაზი საზეიმოდ არის მოწყობილი. სხდომას აუარებელი გარეშე საზოგადოება ესწრება, სიტყვას ამბობს კრების თავმჯდომარე
ალ. ლომთათიძის სიტყვა.
მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! დღევანდელი სხდომა დამფ. კრებისა არის საზეიმო სხდომა. 1917 წლის მარტის 12 დაეცა რუსეთის დესპოტიზმი. 1919 წლის მარტის 12 მკვდრეთით აღდგენილ საქართველოს თავს დაედგა ხალხის უზენაესობის გვირგვინი, 2 ისტორიული თარიღი: საზეიმო არის ეს დღე ჩვენი დემოკრატიისა და ერისათვის.
რატომ? აზიურ დესპოტიზმზე აგებული რუსეთი უნდა სასიკვდილოდ დაჭრილიყო მსოფლიო ომის ასპარეზზე. ის, დამარცხებული იქ, უნდა დაენგრია ხალხის რისხვას, მონობის უღელში რომ ჰყავდა გაბმული მთელი საუკუნოების განმავლობაში. და რევოლიუციონურმა ხალხმა აღგავა თვითმპყრობელობის რეჟიმი დედამიწიდან და ისტორიულ წარსულს ჩააბარა ის. მის ნანგრევებზე რევოლიუციის დიადი დროშა აფრიალდა. ხალხის სრული უზენაესობა და ამ ნიადაგზე სოციალურ წყლულთა განკურნება - დაწერილი იყო ამ დროშაზე, აი ამ დიდებულ ლოზუნგით გამოვიდა რუსეთის დიდი რევოლიუცია. მაგრამ ეს დროშა მხოლოდ რამდენიმე თვე ბატონობდა რუსეთის რევოლიუციონურ სინამდვილეში. იქ მის ადგილზე სხვა დროშა და სხვა ლოზუნგები გაბატონდა.
ისტორიულმა აუცილებლობამ პატარა საქართველოს ბედი დაუკავშირა დიდი რუსეთის ბედს. ჩვენი დემოკრატია, დიდი რუსეთის დემოკრატიასთან ერთად, იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ საუკეთესო მომავლისთვის და ამ მომავალში საკუთარი სახით შესვლის უფლებაც ჰქონდა. რუსეთის რევოლიუცია იქ, რუსეთში ასცდა ისტორიულ აუცილებლობის გზას. მან სხვა გზა მონახა და ამ გზას გაჰყვა რუსეთის დემოკრატიის დიდი ნაწილი. აქ გაჩნდა უდიდესი საშიშროება ჩვენთვის. ეს გზა არ გაიზიარა საქართველოს დემოკრატიამ. ჩრდილოეთმა ზურგი შეაქცია სამხრეთს, სამხრეთმა უკუაგდო ასეთ გზაზე შემდგარი ჩრდილოეთი. მან თავის საკუთარ ფეხზე დადგომა ირჩია, საკუთარ ძალების ანაბარად მიტოვებულმა. დიდი რევოლიუცია ერთა თვითგამორკვევის მღაღადებელიც იყო.
საქართველოს დემოკრატია, დაეყრდნო რა ამას, თავის პატარა ქვეყანაში გააჩაღა საკუთარი დემოკრატიული შემოქმედების ქურა. თქვენ მოგეხსენებათ, მოქალაქენო, თუ რა პირობებში სწარმოებდა ეს მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ აუარებელი მტრები მოსვენებას არ აძლევდენ საქართველოს, არა მარტო გარედან იყო მოზღვავებული ეს მტერი, არამედ შიგნით, მის საკუთარ ტერიტორიაზე - უამრავი იყო ის.
მაგრამ საქართველოს დემოკრატია არ შეუშინდა მათ.
მან იცოდა, რომ მისი მისწრაფებანი წმინდაა, მისი საქმე ნამდვილი ხალხური საქმეა, და თუ აგებს პასუხს, მხოლოდ პირუთვნელი ისტორიის წინაშე, ის შეუდრეკელად მიისწრაფის თავის დანიშნული მიზნის მისაღწევად.
ანარქიისა, რეაქციისა და იმპერიალიზმით გარშემორტყმული, ლომივით იბრძოდა იგი დემოკრატიზმის დასამყარებლად და მის მტკიცე საფუძველზე საუკეთესო მერმისის განსახორციელებლად. ის ბრძნულად გაუსხლტა ამ საშინელებათა ბრჭყალებს, ჩრდილოეთიდან რომ ანარქიისა და რეაქციის საშინელი ტალღა მოგორავდა, თითქმის ყოველი მხრიდან რომ აღვირ-წახსნილი მტაცებელი იმპერიალიზმი შეჭმას უქადოდა, ამისთანა დროს ჩვენმა ხალხმა შესძლო თავის ისტორიულ გზას არ გადასცდენოდა და მივიდა კიდეც ამ გზით ევროპის დემოკრატიასთან საძმოთ.
ამ გზაზე შემდგარი საქართველო, დღესაც განაგრძობს ბრძოლას, და მას შეუძლიან იმედი იქონიოს, რომ მოპოვებულ გამარჯვებას ახლებს მიუმატებს და ამგვარად შეასრულებს თავის ისტორიულ მისიას!
მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! განვლილი სამი წელი მსოფლიო ომის დასასრულის და ზავის მოლოდინის წლები იყო. და ამ საკითხში საქართველოს დემოკრატიის პოლიტიკა და აზრი მთელმა ქვეყანამ იცის.
ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ მუდმივი ნეიტრალიტეტის პოზიციაზე მდგომნი, არ დავუშვებთ, რომ ჩვენ სუვერენობას, ჩვენ დამოუკიდებლობას ხელით შეეხოს ვინმე და მან საკადრისი პასუხი არ მიიღოს.
ჩვენ ვამბობთ, რომ მუდმივი მშვიდობიანობა ერთა შორის, რომელიც აუცილებელი პირობაა ხალხის ყოველ მხრივ განვითარებისათვის, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ საერთაშორისო სადავო საკითხების გადამჭრელი უზუნაესი ორგანო იქნება ლიგა - საერთაშორისო დემოკრატიის მაღალი ტრიბუნა, სადაც ჭეშმარიტი დემოკრატიის საუკეთესო წარმომადგენელნი მოიყრიან თავს.
ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ არც ისე შორს არის ეს მომენტი, როდესაც საერთაშორისო და მასთან ერთად, ჩვენი პატარა დემოკრატიაც ამ იდეალს მიაღწევენ.
მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! რუსეთის დიდი რევოლიუციის ერთი უმთავრესი მოთხოვნილება, დამფუძნებელი კრება, შეიკრიბა იქ, მაგრამ რამდენიმე დღის არსებობის შემდეგ ის მეტ ბარგად მიიჩნიეს და გადააგდეს. ჩვენმა დემოკრატიამ ამ რევოლიუციის დროშა და მისი დიადი ლოზუნგები გადმოიტანა მშობლიურ ნიადაგზე და აქ განახორციელა ეს დიდი რევოლიუციის მონაპოვარნი (ტაში).
რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკილ იქნა, საქართველოს დამფუძნებელი კრება ჩვენმა ხალხმა ანარქიის ქარცეცხლში დიდის ბრძოლით გამოატარა და თავის დედა ქალაქში შეკრიბა იგი. დემოკრატიის მოთხოვნილებანი, ხალხის უზენაესობის განმტკიცება, რომელიც უარყოფილ იქნა იქ, შესრულებულ იქნა აქ: რუსეთის დიდი რევოლიუცია, ეს წყარო იყო დიდებულ იდეალებისა, მაგრამ ამ იდეალების განსახორციელებლად სხვა გზა, სხვა პოლიტიკა იყო საჭირო, ეს გზა და პოლიტიკა ჩვენმა ხალხმა აირჩია და მედგრად ადგია დღესაც მას. მოქალაქე დამფუძნებელ კრების წევრნო! მე არ ვიტყვი, რომ საქართველოს ერის უზენაესი ორგანო, მისი დამფუძნებელი კრება, უნაკლულოა. მისი სისწორით დაფასება პირუთვნელი ისტორიის საქმეა. მაგრამ მე ვიტყვი იმას, რაც უნდა აღიაროს ყოველმა მიუდგომელმა:
ის სდგას ჭეშმარიტ დემოკრატიულ ნიადაგზე, მისი მოღვაწეობის მთავარი ხაზი, ეს არის სრული უზენაესობა ხალხისა, ხალხის საშუალებით მის წყლულთა განკურნება. ეს არის მისი მთავარი იდეალი; მტკიცეთა სდგას ის ამ გზაზე, ის მას არ გადაუხვევს. ამით ის პირნათელი შვილია დიდი რევოლიუციისა, უდავო გამამართლებელია ქართველი ხალხის იმედებისა.
რა გაკეთდა ამ 3 წლის განმავლობაში?
რუსეთის დიდმა რევოლიუციამ თავისუფალი ასპარეზი გაშალა დემოკრატიზმის დასამტკიცებლად. ამ ასპარეზზე ძალუმად შედგა და გამაგრდა ჩვენი დემოკრატია. ანარქიასა, რეაქციასა და იმპერიალიზმს ის ბრძნულად გაუსხლტა, დემოკრატიზმისთვის კი ერთხელაც არ გადაუხვევია. ამ სისხლის წვიმების დროს მან მკვდრეთით აღადგინა საქართველო და მისი მრავალ საუკუნოებრივ კულტურის მქონე ერი და დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკის დროშით მიიყვანა ევროპის ხალხთა ოჯახში. დიდი რევოლიუციის მიერ ნაკარნახევი რეფორმები თითქმის ყველა განხორციელდა და ამ მხრივაც ბევრ ხალხთათვის მისაბაძი გახდა.
შექმნა მუდმივი დაუძინარი დარაჯი ხალხისა და რესპუბლიკისა, გვარდიისა და ჯარის სახით, დაამყარა კეთილი და ძმური განწყობილება მეზობლებთან - ბევრი გაკეთდა, მოქალაქენო, ბევრი კიდევაა გასაკეთებელი და კიდევაც გაკეთდება. შეგვიძლია ჩვენ ეს ვსთქვათ მოქალაქენო! ჩვენ დანაშაულს ჩავიდენდით ჩვენი ხალხის წინაშე, რომ დღეს არა ვსთქვათ ისიც, რაც ყველას ერთნაირად გვაწუხებს დღეს. რევოლიუციის ნაკარნახევია დამოუკიდებელი საქართველო, ისაა ნიადაგი ჩვენი ერის აღორძინებისა და რაკი ეს ასეა, უდიდესი დანაშაული იქნებოდა კაცობრიობის წინაშე, რომ მას ამ მიზნის მიღწევაში ვინმე ან რამემ ხელი შეუშალოს. დემოკრატიული რესპუბლიკა ფიქცია იქნება, თუ მისი ბუნებრივი და ისტორიული საზღვრები არ დამრგვალდება. ამ საკითხზე არა ერთხელ თქმულა ჩვენ მიერ. დღესაც ამ მაღალი ადგილიდან საქვეყნოდ ვაცხადებ: სხვისი რამ ღმერთს ნურამც მოუცია ჩვენთვის, მაგრამ ის, რაც ჩვენია, ამაში ნურავინ შეგვეცილება. ჩვენი ქვეყანა უნდა აღორძინდეს, ამისთვის მას უნდა დაუბრუნდეს ის, რაც მას ავაზაკურათ მოსტაცეს ბრესტ-ლიტოვსკის გმირებმა. მე თქვენის სახელით სრულს რწმენას გამოვსთქვამ, რომ მთელი ჩვენი ერის ერთსულოვან მოთხოვნილებას სათანადო ანგარიშს გაუწევენ სადაც და ვინაც ჯერ არს, არ მოისურვებენ შელახონ მთელი ერის თავმოყვარეობა და დაუბრუნებენ მას იმას, ურომლისოდაც ახალი გაფურჩქვნილი საქართველო უდროვო დროთ ჩაკვდება ეკონომიურად და კულტურულად. ბათომი და მისი ოლქი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს და ამით გასწორდეს დანაშაული თუ შეცდომა, დღემდე გაუსწორებელი.
ბათომის ოლქი მის ისტორიულ პატრონს, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს რაც შეიძლება ჩქარა (მხურვალე ტაში). შორს არაა ის დღე, როცა ამ გამარჯვებასაც მიაღწევს ჩვენი ხალხი და ასე, ამგვარად, საკუთარ ფეხით მოსიარულე საერთაშორისო კულტურის კერას ეზიარება და იქ სხვებთან ერთად თვითონაც გააჩაღებს თავის დემოკრატიის შემოქმედებითი მოღვაწეობას. (ტაში) მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ერთი-ორი წლის წინად ამ დარბაზში პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი იყო, რომ ჩვენ არავისი არ გვეშინიან და არავისი არ გვრცხვენიანო.
დღეს ჩვენ პირიქით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ჩვენ არამც თუ სირცხვილი ან შიში გვმართებს, ვინმეს წინაშე, არამედ წელში გამართული მთელ კაცობრიობას მივმართავთ და ვეტყვით: მოვედით თქვენთან ერთად სამუშაოდ. მოვიტანეთ ის ისტორიული ავლა-დიდება კულტურულ სფეროში, რომელიც დღემდე მოუტანია და გადაურჩენია ჩვენს ხალხს, მოვიტანეთ დიდი რევოლიუციის წმინდა იდეალთა დიდი ნაწილი საქმედ ქმნილი და თქვენთან ერთად გვსურს ვიბრძოლოთ საუკეთესო მომავლისთვის.
ესაა, მოქალაქენო, ჩვენი სიტყვა და საქმე და ამისთვის თუ შიში ან სირცხვილი მოგველის, დეე აღსრულდეს. აი ყველაფერი ის, რაც ჩემის აზრით, უნდა აღნიშნულიყო დღეს აქ. ესაა დიდმა რევოლიუციამ რომ გვიანდერძა ასასრულებლათ, ესაა ნამოღვაწარი ჩვენი ხალხისა და მისი დამფუძნებელი კრებისა და მთავრობისა. ყველაფერი ეს გვავალებს, ხმა მაღლა შევძახოთ: დიდება რუსეთის დიდ რევოლიუციას, გაუმარჯოს დამფუძნებელ კრებას, გაუმარჯოს ერთა შორის სოლიდარობას (მხურვალე ტაში).
სიტყვის დასასრულ თავმჯდომარე კითხულობს ინგლისის თემთა პალატის სპიკერის მისალმების დეპეშას, შემდეგი შინაარსის: „ტფილისი. 1920 წლის მარტის 8-ს. ბ-ნი უორდროპი სალამს უძღვნის ბ-ნ გეგეჭკორს და სთხოვს მას აცნობოს ბ-ნ ლომთათიძეს შემდეგი, - დაგვიანებით მიღებული, დეპეშა, ლონდონიდან თებერვლის 21-ს გამოგზავნილი, თემთა პალატის სპიკერის მიერ:
თემთა პალატის სახელით მსურს მადლობა გიძღვნათ თქვენი ფრიად გულითად მომართვისა და გრძნობისათვის, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ.
მოხარული ვარ, - შემთხვევა მომეცა, - დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტი და ხალხი მხურვალედ თანაუგრძნობენ ქართველ ხალხს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით მის სამართლიან დაკმაყოფილების გამო“.
ამ დეპეშას დამფუძნებელი კრება და დამსწრე საზოგადოება ტაშით და ოვაციით ეგებება.
თავმჯდომარე სხდომას დილის 11 საათ. და 45 წ. ხურავს.473
![]() |
21 ოთხმოცდამეთვრამეტე სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამფუძნებელი კრება
სესია პირველი
(98)
1920 წელი. მარტის 16. ტფილისი. სასახლე.
შინაარსი:
1) საბოლოო ტექსტები.
2) დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის არჩევნები.
3) დამფუძნებელი კრების კომისიების წევრთა არჩევნები.
4) სახელმწიფო ბანკის გამგის და საბჭოს არჩევნები.
თავმჯდომარეობს დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხ.
ს. მდივანი.
მდივნობს დამფუძნებელ კრების მდივანი
კონსტანტინე ჯაფარიძე.
პრეზიდიუმში არის
ქრისტინე შარაშიძის ასული.
სხდომა იწყება 1 საათზე.
თავმჯდომარე. სხდომა გახსნილი გახლავთ. დღის წესრიგს მოგახსენებთ.
მდივანი (კითხულობს).
დღის წესრიგი:
1. საბოლოო ტექსტი კანონისა - დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატების შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.
2. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარებად 1.500.000 მ. მიცემისა. მომხსენებელია ი. გომართელი.
3. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - მიწად-მოქმედების სამინისტროს ერთდროული სამ-სემესტრიანი უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კურსების ოთხ-სემესტრიან განმეორებითი კურსებად გადაკეთებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.
4. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის წინასწარი ზომების მისაღებად 2. 000.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.
5. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - საქართველოს და სომხეთის შორის ნეიტრალური ზონის მილიციის შტატის შემოღებისა. მომხ. ი. გომართელი.
6. საბოლოო ტექსტი დეკრეტისა - შავი ქვის მრეწველთა საბჭოსათვის 360.000 მან. სესხის მიცემის შესახებ საავადმყოფოს აღსადგენად. მომხსენებელია ი. გომართელი.
7. საბოლოო ტექსტი კანონისა - საგვარეულო უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლების გაუქმების შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი,
8. დამფუძნებელი კრების 1919-1920 წლის საკანონმდებლო მოქმედების ანგარიში.
9. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის არჩევანი.
10. დამფუძნებელი კრების კომისიების წევრთა არჩევნები.
11. შეკითხვა სოც.-ფედერალისტთა ფრაქციისა მთავრობისადმი - ქალაქ ბათომისა და მისი ოლქის საქართველოსათვის შემოერთების საკითხის მდგომარეობის შესახებ.
12. პირველი (ზოგადი) განხილვა კანონ-პროექტისა - ქუთაისში მე-2 ხარისხის საბაჟოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია ი. სალაყაია.
13. დეკრეტი - საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობად 9.786.000 მან. გადადებისა და ამავე საჭიროებისათვის 291.251 მან. და 40 კ. ღირებული მასალის მიცემის შესახებ. მომხსენებელია ი. გომართელი.
14. დეკრეტი - ფოსტის გადაზიდვის ხარჯის დასაფარავად 4.034.304 მ. და 92 კაპ. გადადებისა. მომხსენებელია ი. გომართელი.
15. დეკრეტი - გზათა უწყების მოსამსახურეთათვის დღიური სარგოს ნორმების შეცვლისა. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.
16. დეკრეტი - გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ - სავალდებულო განცხადებისათვის დაწესებულ ფასის გადიდებისა. მომხსენებელია ვას. ცაბაძე.
17. დეკრეტი - მიწად-მოქმედების მინისტრის განკარგულებაში სამეურნეო იარაღისა და მასალის შესაძენად 1.140.000 მან, გადადებისა. მომხსენებელია ვას. ცაბაძე. 475
18. დეკრეტი - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
19. დეკრეტი - ბათომის ქართულ გიმნაზიისათვის ერთდროულ დახმარებად 260.000 მან. გადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
20. მეორე (მუხლობრივი) განხილვა კანონ-პროექტისა - შინაგან-საქმეთა სამინისტროს კანცელარიის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის დამტკიცებისა. მომხსენებელია ი. სალაყაია.
21. სახელმწიფო ბანკის გამგისა და საბჭოს წევრთა არჩევანი.
22. დეკრეტი - ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის სამმართველოს გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს დაარსების შესახებ. მომხსენებელია გრ. ვეშაპელი.
23. დეკრეტი - მიგდებულ ბავშვთა თავშესაფარის დაარსებისა და შტატის დამტკიცებისა. მომხსენებელია ივ. გომართელი.
24. დეკრეტი - საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დამმზადებელ სადგურისათვის სოფ. ტაბახმელაში მელიქიშვილის მამულის შესაძენად 1.060.000 მან. გადადების შესახებ. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
25. დეკრეტი - სახალხო სკოლის მასწავლებელთა ხუთწლეულებით დასაკმაყოფილებლად 4.193.333 მან. გადადადებისა. მომხსენებელია ნ. იმნაიშვილი.
თავმჯდომარე - არის წინადადება სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ბიუროსი, რომ მე-21 საკითხი ბანკის საბჭოს წევრთა არჩევნებისა გადატანილ იქნას მე-11 საკითხად. ვის სურს სიტყვა? არავის. ვინ არის წინააღმდეგი წინადადებისა? არავინ. მაშასადამე დღიური წესრიგი ამრიგად მიღებულად ჩაითვლება, ვინაიდან წინააღმდეგი არავინ არის. საბოლოო დეკრეტს მოგახსენებთ ბ. გომართელი.
ი. გომართელი. (კითხულობს დღიური წესრიგის 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 მუხლში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტთა საბოლოო ტექსტებს, რომელნიც დამფუძნებელ კრების მიერ უცვლელად იქნა მიღებული).
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის არჩევნები.
თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი არის დამფუძნებელ კრების 1919-1920 წლის საკანონმდებლო მოქმედების ანგარიში. ეს საკითხი ამოიწურება იმ ცნობებით, რომელიც უკვე დარიგებულია დამფუძნებელ კრების წევრებისათვის. ეხლა გადავალთ მეათე საკითხზე: რეგლამენტის ძალით პრეზიდიუმი ირჩევა ერთი სესიის ვადით. ამ ერთი წლის განმავლობაში მართალია იყო შეწყვეტილი დამფუძნებელ კრების მუშაობა, მაგრამ ჩვენ ამისათვის სესია არ გვიწოდებია, და დღეს არ არის საბუთი ვთქვათ, რომ სესია თავდება, ოღონდ პრეზიდიუმის წევრები აირჩეს, ამისათვის ფრაქციების წარმომადგენელნი დაადგენენ იმ აზრს, რომ საჭიროა პრეზიდიუმი განახლდეს, ამისათვის არის ეს საკითხი შეტანილი დღიურ წესრიგში და წინადადებას გაძლევთ, რომ არჩევნები მოახდინოთ დღესვე.
ამ საკითხის შესახებ არის წინადადება სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისა 1. არჩეულ იქმნას პრეზიდიუმი 7 კაცისაგან: თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე, მის უფროს ამხანაგად - ალექსანდრე ლომთათიძე, მდივნად - კონსტანტინე ჯაფარიძე და მდივნის თანაშემწედ - ქრისტინე შარაშიძის ასული. მეორე წინადადება გახლავთ სოც.-ფედერალისტთა ფრაქციისა - დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგად - სიმონ მდივანი იქნას არჩეული. დანარჩენი ფრაქციები თავის დროზე განაცხადებენ. წინადადებას ვაძლევ დამფუძნებელ კრებას დაასახელონ ბარათებით კანდიდატი დამფუძნებელ კრების თავმჯდომარეთ. ამ არჩევნების შესახებ სიტყვას თხოულობს ი. ნუცუბიძე.
ი. ნუცუბიძე. ბატონებო! სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქცია პრეზიდიუმის არჩევნების დროს თავს შეიკავებს.
თავმჯდომარე. ბ. ქვესტორო! დაარიგეთ ბარათები. საჭიროდ მიმაჩნია, სანამ ეს არჩევნები მოხდებოდეს, წავიკითხოთ ის მუხლები რეგლამენტისა, რომელიც შეეხება არჩევნებს.
მდივანი კ. ჯაფარიძე. (კითხულობს სათანადო მუხლებს).
თავმჯდომარე. ამ რიგად არის წინადადება, რომ პრეზიდიუმი შედგენილ იქნას 7 კაცისაგან. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. კენჭს უყრი, ვინ არის წინააღმდეგი, რომ პრეზიდიუმში შევიდნენ 7 კაცი? წინააღმდეგი არავინ არის. მიღებულია. სოც.-რევოლიუციონერების ფრაქციამ უარი განაცხადა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე; თქვენ მოგეხსენებათ, რომ სოც.-რევოლიუციონერების ფრაქციას ჰქონდა მიკუთვნილი პრეზიდიუმში ერთი ადგილი. მაშასადამე, 7 კაციდან დარჩება ფაქტიურად 6 კაცი და ერთი ადგილი თავისუფალი რჩება. თავმჯდომარის ამხანაგად სოციალ-ფედერალისტების ფრაქცია ასახელებს ს. მდივანს და ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქცია ასახელებს ბ. ექვთიმე თაყაიშვილს. ამ რიგად კანდიდატები ყველა არის დასახელებული კენჭს უყრი თავმჯდომარეობაზე ნიკოლოზ ჩხეიძეს.
ბატონებო! მე სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ვთხოვ ერთმა მათ წევრთაგანმა განაცხადოს თანხმობა ნიკოლოზ ჩხეიძისა.
აკაკი ჩხენკელი. არის მისი თანხმობა.
თავმჯდომარე. კენჭს უყრი, თავმჯდომარეს კანდადატათ დასახელებულია ნიკოლოზ ჩხეიძე. ვთხოვ ბ.ბ.-ს სალაყაიას, ელიგულაშვილს და თ. ღლონტს გამობრძანდენ და დაითვალონ ხმები (ასისტენტები ითვლიან ხმებს).
შედეგი ხმის მიცემისა ასეთი გახლავთ: მომხრეა - 44; თავი შეიკავა - 5, 2 ხმა გაბათილებულია, რადგანაც რიგიანად არ იყო დაწერილი. ამ რიგად ნიკოლოზ ჩხეიძე არჩეულ არის დამფუძნებელ კრების თავმჯდომარეთ. (ტაში).
შემდეგ უფროსი ამხანაგად დასახელებულია ბ. ალექსანდრე ლომთათიძე. ვის აქვს თანხმობა?
გრ. გიორგაძე. ალ. ლომთათიძეს ოჯახურ პირობების გამო არ შეეძლო დასწრებოდა დღევანდელ სხდომას. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება მასთან და მან თანხმობა განაცხადა.
თავმჯდომარე. კენჭს უყრი ამ კანდიდატურას. (ხდება ხმის მიცემა. ასისტენტები ითვლიან ხმებს).
შედეგი კენჭის ყრისა ასეთია: მომხრეა - 45. წინააღმდეგ მისცა ხმა ერთმა, თავი შეიკავა - 6 და 2 ხმა გაბათილებულია იმ მიზეზით, რითაც გაბათილდა პირველი კენჭის ყრის დროს. რუსულად დაწერილი ბარათები გაბათილებული იქნება.
ამ რიგად თავმჯდომარის უფროს ამხანაგად არჩეულია ალ. ლომთათიძე (ტაში).
შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად არის დასახელებული ბ. ექვთიმე თაყაიშვილი. (თაყაიშვილს) თანახმა ბრძანდებით?
თაყაიშვილი. თანახმა ვარ.
(ხდება ხმის მიცემა, კომისია ითვლის ხმებს).
თავმჯდომარე. შედეგი ასეთი გახლავთ: მომხრეა 42, თავი შეიკავა 6, ამ რიგად თავმჯდომარის ამხანაგად არჩეულია ბ. ექვთიმე თაყაიშვილი.
შემდეგ მდივნად დასახელებულია ბ. კ. ჯაფარიძე, (ჯაფარიძეს) თანახმა ბრძანდებით?
ჯაფარიძე. თანახმა ვარ.
(ხდება ხმის მიცემა. კომისია ითვლის ხმებს).
თავმჯდომარე. შედეგი ასეთი გახლავთ, მომხრეა 42, თავი შეიკავა 6, გაბათილებულია 3 ხმა; შემდეგ მდივნის ამხანაგად დასახელებულია ქრ. შარაშიძის ასული. (შარაშიძეს) თანახმა ბრძანდებით?
ქრ. შარაშიძე. თანახმა ვარ.
(ხდება ხმის მიცემა, კომისია ითვლის ხმებს.)
თავმჯდომარე. შედეგი ასეთი გახლავთ: მომხრეა 42, თავი შეიკავა 6, ამ რიგად მდივნის ამხანაგად არჩეულია ქ-ნი ქრისტინე შარაშიძის ასული.
(თავმჯდომარის ალაგს იჭერს ე. თაყაიშვილი).
თავმჯდომარე. ასარჩევია თავმჯდომარის ამხანაგი. კანდიდატათ დასახელებულია ბ. ს. მდივანი. (მდივანს) თანახმა ბრძანდებით?
ს. მდივანი. თანახმა ვარ. (ხდება ხმის მიცემა, კომისია ითვლის ხმებს).
თავმჯდომარე. შედეგი არჩევნებისა ასეთი გახლავთ, მომხრეა 44, თავი შეიკავა 4, ამ რიგად თავმჯდომარის ამხანაგად არჩეულია ს. მდივანი, პრეზიდიუმის არჩევნები დამთავრებულია.
დამფუძნებელი კრების კომისიების არჩევნები.
თავმჯდომარე. ეხლა არის არჩევნები კომისიებისა. წინადადება არის ასეთი სოც-დემოკრატიული ფრაქციისა.
მდივანი. (კითხულობს წინადადებას სოც-დემ. ფრაქციისას). თვითეულ კომისიის წევრთა რაოდენობას და ფრაქციულ შემადგენლობის შესახებ. 1. სამანდატო კომისიაში - 7 წევრი 4 (ს.-დ.) 2. სარეგლამენტო კომისიაში - 7 წევრი 4 (ს.-დ.) 3. საკონსტიტუციო - 16 წევრი, 10 (ს.-დ.) 4. საბიუჯეტო - 17 წევრი, 11 (ს.-დ.) 5. სარედაქციო - 7 წევრი, 4 (ს.-დ.) 6. სამხედრო - 16 წევრი 12 (ს.-დ.) 7. ხელოვნების - 11 წევრი 7 (ს.-დ.) 8. გზათა - 9 წევრი, 6 (ს.-დ.) 9. იურიდიული - 9 წევრი, 6 (ს.-დ.) 10. სახალხო განათლების - 12 წევრი, 8 (ს.-დ.) 11. სახალხო ჯანმრთელობის - 9 წევრი, 7 (ს.-დ.) 12. შრომის - 13 წევრი, 10 (ს.-დ.) 13. აგრარულ - 13 წევრი, 10 (ს.-დ.) 14. საბიბლიოთეკო კომისიაში - 7 წევრი, 4 (ს.-დ.) 15. სამეურნეო კომისიაში - 11 წევრი, 6 (ს.-დ.) 16. გარეშე საქმეთა - 9 წევრი, 5 (ს.-დ.) 17. საპროპაგანდო - 7 წევრი, 4 (ს.-დ.) 18. მომარაგების - 8 წევრი, 5 (ს.-დ.) 19. თვითმართველობის - 12 წევრი, 8 (ს.-დ.)
თავმჯდომარე. გთხოვთ, მოისმინოთ. ჯერ უყრი კენჭს, რამდენი რიცხვი იყოს თვითეულ კომისიაში და შემდეგ შემადგენლობას. (თავმჯდომარე კენჭს უყრის სოც.-დემოკრატიული ფრაქციის წინადადებას ცალკ-ცალკე კომისიების წევრთა რიცხვს. კრება იღებს ამ წინადადებას ერთხმად.
თავმჯდომარე. რიცხვი გამორკვეული გახლავთ თვითეულ კომისიისა. ეხლა როგორ ინებებთ? წარმოდგენილი არის სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ კანდიდატები, როგორ ინებებთ, კენჭის ყრა ფარული იყოს, თუ არა? თუ არავინ არის მომხრე, რომ ფარული იყოს კენჭის ყრა, მაშინ ახდილი იქნება. სიტყვა ეკუთვნის ლ. შენგელაიას.
ლ. შენგელაია (სოც.-რევ.) ბატონებო! აქ არის 2 საკითხი. ერთი არის რამდენი წევრისაგან შესდგება კომისია, ჩვენ ეს მივიღეთ, ამაში არ ყოფილა უთანხმოება, მაგრამ როდესაც სხვა ფრაქციების წარმომადგენელნი არაფერს ამბობენ, ისინი გულისხმობენ, რომ ყოველ ფრაქციას მიეცემა საშუალება ქონდეს ადგილი ამა თუ იმ კომისიაში, მაგრამ აქ იყო სოც.-დემოკრატიული ფრაქციის მეორე წინადადება, რომელშიაც არის განსაზღვრა რიცხვისა და არიან დასახელებულნი კანდიდატები. ეს ისე გამოდის, რომ ზოგიერთ ფრაქციას არ ეყოლება წარმომადგენელი ხსენებულ კომისიებში. ეს მიუღებელია, ჩემის აზრით. ამ შემთხვევაში, სოც.-დემოკრატების ფრაქცია გვაგონებს იმ ლომის არაკს, რომელმაც 4-ად დაყო თავისი ნადავლი და თვითონ მიითვისა ყველა ნაწილები. ეს მეორე წინადადება სოციალ-დემოკრატების ფრაქციისა უნდა მოიხსნას. უნდა გადაწყდეს, მიეცემა თუ არა ფრაქციებს უფლება, ყავდეს ამა თუ იმ კომისიაში წარმომადგენელი.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის ბ. გვაზავას.
გ. გვაზავა (ერ.-დემ.) ბატონებო, ჩვენ სახეში უნდა ვიქონიოთ ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კომისიას პარლამენტარულ მუშაობაში. კომისია ამზადებს კანონ-პროექტებს და კომისიაში ხდება ის უმთავრესი მუშაობა, რომელსაც ჰქვიან შეთანხმება. პარლამენტი არის საფუძველი, ნიადაგი ყოველივე კანონმდებლობისა. ამიტომ მისაღებია ის აზრი, რომ ყოველ ფრაქციას უფლება ქონდეს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი კომისიებში. როგორ მოახერხებს ესა თუ ის ფრაქცია გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ეს სხვა საკითხი არის, ეს მისი საქმეა. რასაკვირველია, იმ ფრაქციამ, რომელიც ერთი პირისაგან შესდგება, ყველგან უნდა იაროს. პრინციპიალურად უნდა მივიღოთ ის დებულება, რომ ყველა პარტიის ფრაქციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კომისიების მუშაობაში. იმის ხმას აქვს გარდამწყვეტი მნიშვნელობა. პროპორციულ სისტემას მნიშვნელობა აქვს არჩევნების დროს, ესეც უნდა მივიღოთ იმ აუცილებელ შესწორებით, რომ ამ სისტემამ არ გადალახოს ეს პრინციპი.
საქმე ის არის, რომ ყოველ ფრაქციის ესა თუ ის წარმომადგენელი არის ერთნაირი მიმდინარეობის, აზრის და შეხედულების, პოლიტიკურის თუ სხვანაირის წარმომადგენელი. სწორედ კომისიაში ხვდება ერთმანეთს სხვა და სხვა აზროვნებანი და იქ ზოგჯერ ერთი კაცის ხმას, მის შეხედულებას აქვს დიდი მნიშვნელობა საქმისათვის იმიტომ, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მიმართულების კერძო აზრი აღძრავს აზრის მიმდინარეობას და კარგია თავის შედეგებით. ამიტომ ყველგან, რამდენადაც მე ვიცი საკონსტიტუციო უფლება, მიღებულია ის წესი, რომ ყველას უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და არა იმისთვის, რომ მივიდეს ცნობისმოყვარეობისათვის და ხმა კი არ ჰქონდეს, არამედ იმას აქვს უფლება გადამწყვეტი. და ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა დავადგინოთ ეს, თუ გვინდა, რომ სასარგებლო იყოს ჩვენი მუშაობა თავის შედეგებით. აქ საკითხი იმაზე კი არ არის, ვინ იქნება კომისიაში უმრავლესობა. საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს აქ, პარლამენტში, უმრავლესობა გაატარებს თავის აზრს, მაგრამ კომისიაში უნდა ისმოდეს ყოველი ხმა ყოველი ფრაქციისა. აი, ამიტომ მე ამ მხრივ ამ წინადადებას მხარს უჭერ; ყოველ ფრაქციას უნდა მიეცეს უფლება იყოლიოს თავისი წარმომადგენელი კომისიებში გარდამწყვეტი ხმით. პროპორციული სისტემა საჭირო არის, მაგრამ იმ ზომამდე, სანამ ეს სისტემა არ ლახავს ამ ძირითად დებულებას, ამ ძირითად მოთხოვნილებას საკონსტიტუციო უფლებისას.
თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის გიორგაძეს.
გრ. გიორგაძე (ს. დ.) ჩვენი ფრაქცია, რასაკვირველია, არა თუ წინააღმდეგი იქნება, სიხარულით შეეგებება იმას, თუ ყველა ფრაქცია იმუშავებს კომისიებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სხვა ფრაქციები ძალიან ნაკლებად მოდიან და მუშაობენ კომისიებში. თუ ჩვენ ისეთი პირობები შევქენით, რომ სხვა ფრაქციებს არ მივცემთ საშუალებას მოვიდნენ კომისიებში, მაშინ კომისიის მუშაობა შენელდება, აი ამ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისე, რომ ჩვენ პრინციპიალურად წინააღმდეგი არა ვართ, პირიქით სასურველია, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ ბევრი ფრაქციები მონაწილეობას არ იღებენ ამ მუშაობაში. ამიტომ ის რიცხვი, რომელიც ჩვენ ეხლა მივიღეთ, დარჩეს და თუ სხვა ფრაქცია გამოაცხადებს თავის სურვილს მუშაობაზე, მაშინ ისინი შევლენ წევრებად გარდამწყვეტი ხმით. თქვენ შეიტანთ წინადადებას, რომ გსურთ იყოლიოთ თავისი წარმომადგენელი ამა და ამ კომისიაში, მოხდება ეს დღევანდელ სხდომაზე თუ შემდეგ, ეს სულ ერთია, და მაშინ რიცხვი მსურველთა დაემატება მიღებულ რიცხვს. ამის წინააღმდეგი არა ვართ. პირიქით, ჩვენ ამას ვეგებებით სიხარულით. მაშასადამე, თუ არის ისეთი კომისია, სადაც ყველა ფრაქციას არა ჰყავს წარმომადგენელი, მაშინ ამ ფრაქციას დამფუძნებელი კრება მისცემს საშუალებას, რომ გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი ამა თუ იმ კომისიაში. (გვაზავა: დავა არ არის!).
თავმჯდომარე. მაშასადამე ჩვენ ვირჩევთ კომისიებს იმ პირობით, რომ თუ რომელიმე ფრაქცია მოისურვებს, მას ნება ექნება იყოლიოს თავისი წარმომადგენელი ამა თუ იმ კომისიაში. დასახელებული არიან შემდეგი პირები;
(მდივანი კითხულობს).
სახელმწიფო ბანკის გამგის და საბჭოს არჩევნები.
(მდივანი კონსტანტინე ჯაფარიძე კითხულობს ბანკის დებულების 91 და 96 მუხლს, რომელიც შეეხება ბანკის საბჭოს წევრთა არჩევნების წესს. იგი კითხულობს ამასთანავე სარედაქციო კომისიის მიერ დასახელებულ კანდიდატთა სიას. ბანკის გამგედ იასონ ლორთქიფანიძე. საბჭოს წევრებად: 1) ვასილ ბერელაშვილი, 2) გიორგი ჟურული, 3) ნიკოლოზ ჯაყელი, 4) ადამ ფორაქიშვილი, 5) კონსტანტინე მესხი. 6) პარმენ ჭიჭინაძე, 7) ნიკოლოზ ელიავა (თავმჯდომარე.) 8) ს. მდივანი (ამხანაგი). 9) ივანე ცაგარელი.
თავმჯდომარე. სოც-დემოკრატების ფრაქცია ჯაყელის მაგივრად ასახელებს კანდიდატათ დ. თოფურიძეს, ვინაიდან ჯაყელი საზღვარ გარეთ იმყოფება.
სამანდატო კომისია.
1. გრიგოლ ურატაძე (ს.-დ.) 2. თედორე კიკვაძე (ს.-დ.) 3. გაბრიელ ცისკარიშვილი (ს.-დ.) 4. იოსებ სალაყაია (ს.-დ.) 5. იოსებ ბარათაშვილი (ს.-ფ.) 6. ალ. ასათიანი (ე.-დ.) 7. ივანე გობეჩია (ს.-რ.).
სარეგლამენტო კომისია.
1. ლევან ნათაძე (ს.-დ.) 2. პეტრე გელეიშვილი (ს.-დ.) 3. პავლე საყვარელიძე (ს.-დ.) 4. გიორგი გვაზავა (ე.-დ.) 5. სიმონ მდივანი (ს.-ფ.)
საკონსტიტუციო კომისია.
1. პავლე საყვარელიძე (ს.-დ.) 2. მუხრანი ხოჭოლავა (ს.-დ.) 3. ლევან ნათაძე (ს.-დ.) 4. კონსტანტინე ჯაფარიძე (ს.-დ.) 5. კონსტანტინე ანდრონიკაშვილი (ს.-დ.) 6. მელიტონ რუსია (ს.-დ.) 7. გიორგი ფაღავა (ს.-დ.) 8. პავლე წულაია (ს.-დ.) 9. პეტრე გელეიშვილი (ს.-დ.) 10. იოსებ ბარათაშვილი (ს.-რ.) 11. სამსონ დადიანი (ს.-ფ.) 12. ტიგრან ავეტისიანი (დაშნაკ.) 13. ივანე გობეჩია (ს.-რ.) 14. გიორგი გვაზავა (ე.-დ.) 15. სპირიდონ კედია (ე.-დ.)
საბიუჯეტო-საფინანსო კომისია.
1. გრ. გიორგაძე (ს.-დ.) 2. დავით ონიაშვილი (ს.-დ.) 3. იოსებ სალაყაია (ს.-დ.) 4. კირილე ნინიძე (ს.-დ.) 5. ივანე გომართელი (ს.-დ.) 6. ელეონორა მახვილაძე (ს.-დ.) 7. ვას. ცაბაძე (ს.-დ.) 9. გრ. ურატაძე (ს.-დ.) 10. იოსებ ელიგულაშვილი (ს.-დ.) 11. სიმონ მდივანი (ს.-ფ.) 12. ილია ნუცუბიძე (ს.-რ.) 15. გრ. ვეშაპელი (ე.-პ.) 16. ლასხიშვილი გიორგი (ს.-ფ.) 17. ელიავა ნიკოლოზ (ს.-დ.) 18. ნიკიფორე იმნაიშვილი (ს.-დ.) 481
სარედაქციო კომისია.
1. ივანე გომართელი (ს.-დ.) 4 (თ) 2. ქრისტინე შარაშიძე (ს.-დ.) 3. ანნა სოლოღაშვილი (ს.-დ.) 4. თედორე კიკვაძე (ს.-დ.)
სახალხო განათლების კომისია.
1. ლეო ნათაძე (ს.-დ.) 2. მუხრანი ხოჭოლავა (ს.-დ.) 3. ქრისტინე შარაშიძე (ს.-დ.) 4. მოსე დავარაშვილი (ს.-დ.) 5. თედორე კიკვაძე (ს.-დ.) 6. ნიკიფორე იმნაიშვილი (ს.-დ.) 7. ს. მდივანი (ს.-ფ.) 8. პავლე ბიული (ს.-დ.) 9. გრიგოლ ნათაძე (ს.-რ.) თავმჯდომარის ამხანაგი 10. ექვთიმე თაყაიშვილი (ე.-დ.) 11. გარეგინ ტერ-სტეფანიანი (დაშნაკ.) 12. შალვა ნუცუბიძე (ს.-ფ.)
სამხედრო კომისია.
1. სილბისტრო ჯიბლაძე (ს.-დ.) 2. გრიგოლ გიორგაძე (ს.-დ.) 3. ვალიკო ჯუღელი (ს.-დ.) 4. ალექსანდრე დგებუაძე (ს.-დ.) 5. ანანია სალუქვაძე (ს.-დ.) 6. ვლადიმერ ჯიბლაძე (ს.-დ.) 7. ზაქარია გურული (ს.-დ.) 8. რუბენ აუშტროვი (ს.-დ.) 9. აკაკი ჩხენკელი (ს.-დ.) (თ) 10. ანდრია ჭიაბრიშვილი (ს.-დ.) 11. მუხრან ხოჭოლავა (ს.-დ.) 12. ვიქტორ ჟღენტი (ს.-დ.) 13. გრიგოლ ვეშაპელი (ე.-პ.) 14. სპ. კედია (ე.-დ.) 15. ილია ნუცუბიძე (ს.-რ.) 16. სიმონ მდივანი (ს.-ფ.)
ხელოვნების კომისია.
1. პავლე საყვარელიძე (ს.-დ.) 2. ივანე გომართელი ს.-დ. (თ) 3. დავით ჩხეიძე (ს.-დ.) 4. ვლასა მგელაძე (ს.-დ.) 5. ლეო ნათაძე (ს.-დ.) 6. კირილე ნინიძე (ს.-დ.) 7. სამსონ ფირცხალავა (ს.-ფ.) 8. ექვთიმე თაყაიშვილი (ე.-დ.) 9. ივანე გობეჩია (ს.-რ.)
გზათა კომისია.
1. გიორგი გაგლოევი (ს.-დ.) (თ) 2. მიხეილ კოვალიევი (ს.-დ.) 3. პავლე წულაია (ს.-დ.) 4. ფილიპე ლორია (ს.-დ.) 5. გრიგოლ ურატაძე (ს.-დ.) 6. ერმალოზ კალაძე (ს.-დ.) 7. თედორე ღლონტი (ს.-ფ.) 8. გარეგინ ტერ-სტეპანიანი (დაშნ.) 9. ივანე გობეჩია (ს.-რ.) 10. ნიკოლოზ ნიკოლაძე (ე.-დ.) 11. გრიგოლ ვეშაპელი (ე.-პ.)
იურიდიული კომისია.
1. ნიკოლოზ ელიავა (ს.-დ.) 2. სერგო ჯაფარიძე (ს.-დ.) 3. კირილე ნინიძე (ს.-დ.) 4. მელიტონ რუსია (ს.-დ.) 5. გრიგოლ გიორგაძე (ს.-დ.) 6. ილია ფირცხალაიშვილი (ს.-ფ.) 7. შალვა მესხიშვილი (ს.-ფ.) 8. ივანე გობეჩია (ს.-რ.) 9. იოსებ მაჭავარიანი (ე.-დ.)
სახალხო ჯანმრთელობის კომისია.
1. ივანე გომართელი (ს.-დ.) 2. ელ. მახვილაძისა (ს.-დ.) 3. ს. ახმეტელაშვილი (ს.-დ.) (თ) 4. ვარლამ შერვაშიძე (ს.-დ.) 5. მინადორა ტოროშელიძისა (ს.-დ.) 6. ვასილი ნოდია (ს.-დ.) 7. ვიქტორ თევზაია (ს.-დ.) 8. ილია კოპალეიშვილი (ს.-დ.) 9. ბადრიძე (ს.-დ.) 10. ილია ფირცხალაიშვილი (ს.-დ.) 11. ელისაბედ ბოლქვაძისა (ს.-დ.) 12. გერასიმე შევჩუკი (ს.-დ.) 13. ფილიპე ლორია (ს.-დ.) 14. ალექსანდრე ასათიანი (ე.-დ.) 15. ლეო შენგელაია (ს.-რ.) 18. სამსონ დადიანი (ს.-ფ.)
აგრარული კომისია.
1. კირილე ნინიძე (ს.-დ.) (თ) 2. სიმონ ახმეტალაშვილი (ს.-დ.) 3. დავით ჩხეიძე (ს.-დ.) 4. ილია კოპალეიშვილი (ს.-დ.) 5. სარდიონ თევზაძე (ს.-დ.) 6. პავლე ბიული (ს.-დ.) 7. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (ს.-დ.) 8. ივანე ტატიშვილი (ს.-დ.) 9. აპალონ სალუქვაძე (ს.-დ.) 10. თედო ღლონტი (ს.ფ.) 11. ალექსანდრე ასათიანი (ე.-დ.) 12. ლეო შენგელაია (ს.-რ.)
საბიბლიოთეკო კომისია.
1. ნიკიფორე იმნაიშვილი (ს.-დ.) 2. პავლე ბიული (ს.-დ.) 3. გაბრიელ ცისკარიშვილი (ს.-დ.) 4. პეტრე გელეიშვილი (ს.-დ.) 5. შალვა ნუცუბიძე (ს.-ფ.) 6. ექვთიმე თაყაიშვილი (ე.-დ.) (თ) 7. გრიგოლ ნათაძე (ს.-რ.)
სამეურნეო კომისია.
1. ილია კოპალეიშვილი (ს.-დ.) (თ) 2. სარდიონ თევზაძე (ს.-დ.) 3. რუბენ ყიფიანი (ს.-დ.) 4. თეიმურაზ ჭელიძე (ს.-დ.) 5. გერასიმე შევჩუკი (ს.-დ.) 6. ერმალოზ კალაძე (ს.-დ.) 7. თედო ღლონტი (ს.-ფ.) 8. ივანე გობეჩია (ს.-რ.) 9. გარ. ტერ-სტეფანიანი (დაშნაკ.)
გარეშე საქმეთა კომისია.
1. აკაკი ჩხენკელი (ს.-დ.) 2. დიომიდე თოფურიძე (ს.-დ.) 3. ნიკოლოზ ელიავა (ს.-დ.) 4. კონსტანტინე ჯაფარიძე (ს.-დ.) 5. იოსებ სალაყაია (ს.-დ.) 6. სიმონ მდივანი (ს.-ფ.) (თ) 7. გიორგი გვაზავა (ე.-დ.) 8. ივანე გობეჩია (ს.-რ.) 9. გრიგოლ ვეშაპელი (ე.-პ.)
ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისია.
1. დავით ონიაშვილი (ს.-დ.) 2. მელიტონ რუსია (ს.-დ.) (თ) 3. კონსტანტინე პანიევი (ს.-დ.) 4. ილია კოპალეიშვილი (ს.-დ.) 5. გაბრიელ ცისკარიშვილი (ს.-დ.) 6. ნიკოლოზ ელიავა (ს.-დ.) 7. იოსებ სალაყაია (ს.-დ.) 8. ბენია 483
ჩხიკვიშვილი (ს.-დ.) 9. სამსონ ფირცხალავა (ს.-ფ.) 10. იოსებ მაჭავარიანი (ე.-დ.) 11. ზარიანი ზორი (დაშნაკ.)
საპროპაგანდო კომისია.
1. სამსონ ფირცხალავა (ს.-ფ.) 2. ალექსანდრე ასათიანი (ე.-დ.) 3. გრიგოლ გიორგაძე (ს.-დ.) 4. ილია ბადრიძე (ს.-დ.) 5. ივანე გომართელი (ს.-დ.) 6. გრიგოლ ურატაძე (ს.-დ. )
მომარაგების კომისია.
1. აკაკი ჩხენკელი (ს.-დ.) 2. ვასილი ცაბაძე (ს.-დ.) 3. ელისაბედ ბოლქვაძე (ს.-დ.) 4. ნიკოლოზ ელიავა (ს.-დ.) (თ) 5. თედო ღლონტი (ს.-ფ.) 6. ალ. ასათიანი (ე.-დ.) 7. ილია ნუცუბიძე (ს.-რ.) 8. ერიკ ბერშტეინი (ს.-დ.)
(ეს პირები სათანადო კომისიებში არჩეულ იქნენ ერთხმად).
თავმჯდომარე. სახელმწიფო ბანკის შესახებ სიტყვა ეკუთვნის სარეკომენდაციო კომისიის წევრს გიორგაძეს.
გ. გიორგაძე. აქედან უნდა ამოვირჩიოთ, იმ პირთაგან, რომლებიც დასახელებული არიან, თავმჯდომარე და თავმჯდომარის ამხანაგი. საფინანსო და სარეკომენდაციო კომისიამ, რომელთაც შეერთებული სხდომა ქონდათ, ეს საკითხი ასე გადასწყვიტა: თავმჯდომარედ ნიკო ელიავა, ამხანაგად სიმონ მდივანი.
თავმჯდომარე. აქ ჯაყელის მაგიერ დასახელებულია დ. თოფურიძე. ეხლა კენჭი უნდა უყარო, ვინ არის მომხრე, რომ ჯაყელის მაგიერ იყოს დ. თოფურიძე? მაშასადამე, სია ასეთი იქნება (კითხულობს სიას) (ხმა: ყველას ერთად უყარეთ კენჭი!) ერთად არ შეიძლება, გთხოვთ ჩამოატაროთ ყუთები. (კენჭის ყრა) ყველას არ მიუღია მონაწილეობა. არ არის საკმაო რიცხვი ხმებისა, შედეგი ასეთია: ლორთქიფანიძემ მიიღო 41 ხმა, 3 თავი შეიკავა და ერთი ხმა გაუქმდა. ეხლა ასარჩევია: თავმჯდომარე და მისი ამხანაგი, თავმჯდომარედ დასახელებულია ნიკო ელიავა, მის ამხანაგად - სიმონ მდივანი და დანარჩენი საბჭოს წევრები (კითხულობს). სიაში სადაც ჯაყელი სწერია, ჩასწერეთ დ. თოფურიძე. (ხდება კენჭის ყრა).
თავმჯდომარე. შედეგი ასეთია: 7 ფურცელი გაფუჭებულია, 3 თავი შეიკავა, ელიავამ მიიღო (კითხულობს), მდივანმა (კითხულობს). ამგვარად, არჩეულნი არიან საბჭოს თავმჯდომარედ ნიკ. ელიავა, მის ამხანაგად სიმ. მდივანი. წევრად: 1) ვასო ბერელაშვილი, 2) გ. ჟურული, 3) დიომ. თოფურიძე, 4) ადამ ფორაქიშვილი, 5) კონსტ. მესხი, 6) პარმენ ჭიჭინაძე, 7) ივანე ცაგარელი. წინადადება გახლავთ სხდომის შეწყვეტის შესახებ. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. ვინ არის წინააღმდეგი ამ წინადადებისა? არავინ. მდივანი მოგახსენებთ შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს.
მდივანი. (კითხულობს შემდეგი სხდომის დღიურ წესრიგს).
თავმჯდომარე. ვის სურს სიტყვა? სიტყვა არავის სურს. სხდომა დახურულია.
კრება იხურება 4 საათ. და 10 წუთზე.
![]() |
22 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
22.1 ა |
▲ზევით დაბრუნება |
აგიაშვილები - ადგილობრივი მემამულეები 227
ადეიშვილი - ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი 308, 311
ავალიანი სვიმონ ლუკას ძე - ისტორიკოსი, ეკონომისტი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1916-1918 წწ-ში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1919 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. (1909-1916) თანამშრომლობდა პრესაში რედაქტორობდა გაზეთს «Южный кооператив». მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ) (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბონის) დამკვიდრებასა და სტაბილური კურსის შენარჩუნებაში. (1921-1922) იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი 98, 197
ავეტისიანი ტიგრან გიორგის ძე - იურისტი, სომხური სარევოლუციო პარტიის „დაშნაკცუთიუნის“ წევრი, 1918 წელს ეროვნულ საბჭოში შევიდა ეროვნული უმცირესობებისათვის გამოყოფილი კვოტით. დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნების შემდეგ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. არჩეული იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრად, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავების პროცესში 480
აზეფ ევნო ფიშელის ძე - XX საუკუნის დასაწყისის რუსეთში ესერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1869-1918 წწ). პროვოკატორი და ორმაგი აგენტი. დაამთავრა დონის როსტოვში გიმნაზია, შემდგომ კარლსრუეში პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. პოლიციის დეპარტამენტის „ოხრანკის“ საიდუმლო აგენტი იყო 1892 წლიდან. ოპერატიული ფსევდონიმი „რასკინი“) 378
ალიხანოვი (მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი) - წარმოშობით დაღესტნელი, რუსეთის იმპერიის გენერალი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და კონსტანტინოვსკის სამხედრო სასწავლებელი. 1901 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. კავკასიის მთავარმართებლის ვორონცოვ-დაშკოვის მიერ 1905 წელს მინიჭებული საგანგებო უფლებით გურიაში მოაწყო სადამსჯელო ოპერაცია, გადაწვა ოზურგეთი და გურიის სოფლები. 1905 წლის დეკემბერში დაინიშნა ტფილისის დროებით გუბერნატორად, 1906 წელს კი - ქუთაისის გუბერნიის დროებით გენერალ-გუბერნატორად 319, 364
ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის (ემანუელის) ძე - სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა იმავე ფაკულტეტის კიევის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე)), 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წლის თებერვლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით) 18, 171, 480
არაქელ ოქუაშვილი - მუშა, რევოლუციონერი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1900 წლიდან 304, 305, 310, 314, 315, 331, 349, 377, 378, 379
არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი.მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი 65, 106, 262, 353, 363, 462,
არუთინოვი - ვექილი 287, 288
არუმიანოვი - მოქალაქე 288
ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - იურისტი, ჟურნალისტი, სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით, დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი. 1918 წლიდან ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატია, სხვა წევრებთნ ერთად წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში 94, 102, 103, 177, 178, 183, 193, 200, 221, 251, 288, 310, 324, 326, 328, 342, 345, 356, 480, 482, 483,
ასლანაშვილი არსენ - ყაჩაღი 345
ახვლედიანი - ქუთაისის მაზრის კომისარი 320
ახმეტელაშვილი სიმონ (სიკო) გიორგის ძე (ახმეტელი) - ოფიცერი, სამხედრო ექიმი. დაამთავრა დერპტის (დორპტი) უნივერსიტეტის სავეტერინარო ფაკულტეტი. I მსოფლიო ომის დროს იყო ოფიცერი, სამხედრო ექიმი. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემორატიული მუშათა პარტიიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 482
![]() |
22.2 ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბადრიძე ილია გიორგის ძე - (ს.დ), 1902 წ. რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე. 1905 წელს მონაწილეოდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით 482, 483
ბარათაშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ ემხრობოდა საქართველოს ფედერაციულ მოწყობას, მხარი დაუჭირა საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას; ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას, 1919-1921 წწ.-ში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც. ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი; იყო “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მეთექვსმეტე თავის „სახელმწიფო და ეკლესია“ შემუშავების პროცესში 70, 71, 75, 76, 78, 109, 433, 435, 465, 466, 480
ბაძაღუა (ტექსტში ბაძალუა) - ზუგდიდის კომისარი 318
ბერელაშვილი ვასილ გერასიმეს (გარსევანის) ძე - სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 247, 480, 483
ბერელაშვილი ადამ ზურაბის ძე - დასახელებული იყო სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრად (ტექსტის მიხედვით. იყო ქიზიყ-კახეთის აქციონერული საზოგადოება „ალზიორას“ გამგეობის თავმჯდომარე 1920 წელს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900); ქშწკგ თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1920); 247488
ბერიძე - სავაჭრო ფირმა „კოსმოსი“-ს წარმომადგენელი 254, 315, 321, 322, 421, 423
ბერმენი - თამბაქოს მეწარმე-მონოპოლისტი 94
ბერულავა - მთავრობის მოხელე 198
ბერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე (ტექსტში ბერშტეინი) - მასწავლებელი, 1917 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი; 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან 483
ბიული პავლე იაკობის ძე - სოციალ-დემოკრატი (მენშევიკური ფრაქცია), პედაგოგი. განათლება მიიღო სპეციალიზებულ გერმანულ სასწავლებელში ბესარაბიის გუბერნიაში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოში არსებულ გერმანულ კოლონიებში, მათ შორის დაბა ელისავეტალში (სოფ. ასურეთი). დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად მოღვაწეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობაში. 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. იყო კრების აგრარული და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 481, 482
ბოკერია - სოხუმში მოღვაწე ვექილი, შემდგომ დაკავებული იყო თამბაქოს შესყიდვით 430
ბოლქვაძე (ნაკაშიძე) ელისაბედ იოსების ასული - პარტიული მეტსახელები: „თამარა“ „მისკო“, ხვარამზე“. პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. განათლება ტფილისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1904 წ-დან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. იყო გურიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე (1905) და სდპ გურიის კომიტეტის წევრი (1907). 1907-1917 წწ-ში რევოლუციონერობისთვის გასახლებული იყო კავკასიიდან. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ. (1919-1921) იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, შედიოდა კრების შრომისა და მომარაგების კომისიებში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დარჩა სამშობლოში და შეუერთდა ანტისაბჭოთა მოძრაობას. 482, 483
ბორატი - საერთაშორისო იურისტ-მეცნიერი, შვეიცარიის წარმომადგენელი პარიზის კონფერენციაზე 13, 177
ბურჯანაძე ილიკო - სისასტიკით ცნობილი ქუთაისის უფროსი მილიციონერი 320, 321
![]() |
22.3 გ |
▲ზევით დაბრუნება |
გაბარაშვილი ნონე - ყაჩაღი 345
გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გორის სასულიერი სემინარიაში და გერმანიაში საინჟინრო სასწავლებელში. 1903 წლიდან და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მოგვიანებით გაერთიანდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციაში. პუბლიკაციებს აქვეყნებდა როგოც რუსულ, ასევე ქართულ პრესაშიც. ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ არმავირში, დააარსა „შრომის ბირჟა“. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გ. გაგლოევი ხდება არმავირის მუშათა და კარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თვმჯდომარე. ამავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით და არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრებაში 270, 400, 401, 409, 415, 481
გეგეჭკორი ევგენი პეტრეს-ძე - იურისტი, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. იყო ქართველ სტუდენტთ სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე. 1903 გაწევრიანდა რსდმპ-ში. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წწ-ში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა. იყო პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიციის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 43, 113, 244, 371, 471
გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე - სოციალ-დემოკრატი, მთავრობის წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. თანამშრომლობდა პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ორგანოებში: „ნოვოე სლოვო“, „ნაჩალო“, „ჟიზნ“, სადაც ამიერკავკასიის განყოფილებას განაგებდა. 1903-05 წწ.-ში იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი. 1918 წელს გახდა ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლიდან საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებისა და თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 171, 183, 184, 190, 193, 194, 195, 196, 222, 407, 454, 480, 482
გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე - იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან შექმნილ ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად; 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“ 20, 49, 50, 70, 73, 96, 221, 226, 228, 229, 248, 251, 283, 284, 288, 289, 297, 299, 300, 309, 314, 315, 324, 325, 342, 347, 348, 360, 374, 397, 415, 416, 438, 442, 463, 464, 478, 479, 480, 482
გველესიანი გრიგოლ ივანეს ძე - იურისტი, სოციალ-ფედერალისტი. განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. სტუდენტობიდან ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა წერილებს „ივერიაში“. იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს წევრი. 1905 აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
გიგინეიშვილი ლუკა დავითის ძე - წყალტუბოს მცხოვრები 321
გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს (კიმოთეს) ძე - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წწ-ში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909-1910 წწ.-ში - გაზ. „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი). 1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა სამხედრო მინისტრად, დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი 61, 77, 79, 108, 124, 155, 168, 170, 181, 219, 245, 246, 250, 251, 273, 278, 282, 284, 286, 447, 448, 476, 479, 480, 481, 483
გობეჩია ივანე პავლეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი, ნაფიცი ვექილი. განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი.მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. ეროვნული საბჭოს წევრი 1917-1921 წწ., საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 157, 158, 159, 160, 183, 377, 480, 481, 482
გოგოლი ნიკოლოზ ვასილის ძე - უკრაინული წარმოშობის რუსი მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, მასწავლებელი. მის შედევრთა შორისაა რომანი „მკვდარი სულები“ (1842), პიესა „რევიზორი“(1836, 1842) და მოთხრობა „შინელი“ (1842) 47
გომართელი ივანე გედევანის ძე - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ 1894 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური მოღვაწეობა. იგი თანამშრომლობდა ქართულ პრესაში - „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. 1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა 1917 წ-დან დაიწყო. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, (სოციალ-დემოკრატიული პარტია), „მესამე დასის“ წევრი, „ალიონელი“. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი 164, 171, 175, 236, 256, 474, 475, 480, 481, 482, 483
გრუზენბერგი - ვექილი, 1917 წელს ამიერკავკასიის კომიტეტთან დაარსებული საგანგებო კომისიის წევრი 435
გურული ზაქარია დავითის ძე - სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, წერდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში: „ჩვენი სიტყვა“, „ცხოვრების სარკე“, „წყარო“ და სხვ. მისი წერილების დიდი ნაწილი მუშათა პრობლემებს ეხებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დროს მენშევიკებს მიემხრო და ამ პოზიციაზე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან; 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 97, 481
![]() |
22.4 დ |
▲ზევით დაბრუნება |
დადიანი სამსონ პლატონის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, იურისტი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე. წ. მეორე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში. 1917 წელს დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. 1917 წ. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოც-ფედ. პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს-ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა სოც-ფედ. პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოს დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. ს. დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებშემუშავება, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 201, 222, 224, 226, 251, 252, 285, 287, 288, 303, 309, 316, 324, 325, 326, 327, 325, 326, 327, 336, 337, 347, 348, 349, 359, 360, 361, 364, 365, 366, 375, 376, 377, 378, 379, 380, 381, 383, 398, 399, 400, 404, 411, 412, 413, 418, 425, 426, 428, 429, 430, 431, 432, 433, 436, 466, 480, 482
დავარაშვილი მოსე რახამის ძე - დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), რაბინი. პროფესიით მასწავლებელი იყო. მოღვაწეობდა ქუთაისში. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ კრებაში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას; იყო 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრადსხვა ებრაელ დეპუტატებთან ერთად, მხარს უჭერდა იმ კანონების მიღებას, რომელიც იცავდა ებრაელთა ეროვნულ ინტერესებს. დაწყებით სასწავლებლებში „თორას“ სწავლებასთან ერთად, ეწეოდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაელთა შორის 481
დავით IV აღმაშენებელი - (1073 - 1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. უბადლო მებრძოლი, მთავარსარდალი და მწიგნობარი, მართლმადიდებელი ქრისტიანი და ერის მოჭირნახულე. იყო მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა. დავით IV აღმაშენებელს გიორგი II-ის ძეს, დიდ სახელმწიფო მოღვაწესა და ძლევამოსილ მხედართმთავარს, განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე დავით აღმაშენებელმა შექმნა ორიგინალური პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურულ-იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ანდერძი დავით აღმაშენებლისა. შიო მღვიმისათვის დაწერილი“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა 21
დენიკინი ანტონ ივანეს ძე - რუსი გენერალი, მხედართმთავარი, თეთრი მოძრაობის ლიდერი.1917 აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ - დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სარდალი. ი. 1918 შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე. დენიკინი იცავდა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებს და არ ცნობდა ცარიზმის დამხობის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მათ შორის საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა მთელ სამხ. ქონებაზე, რომელიც ომის დროს ამიერკავკასიაში დაგროვდა. მოითხოვდა დაუყოვნებლივ გადაეცათ რუსეთისთვის თვით აფხაზეთი. მისი სამხრეთის დასაყრდენი ამიერკავკასიაში ე. წ. „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა 16, 24, 54, 97, 98, 104, 115, 124, 129, 220
დიფანავა (სავარაუდოდ ლიფანავა) - ხობის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელე 349
![]() |
22.5 ე |
▲ზევით დაბრუნება |
ეგოროვი ბუღდან - პატიმარი 305
ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე - იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან, 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი. ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი, დამფუძნებელი 494
კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), თბილისის ქალაქის მოურავი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. თბილისის განყოფილების წევრი 53, 247, 370, 397, 410, 450, 480, 481, 482, 483
ელიგულაშვილი (ელიგულიშვილი) იოსებ აარონის ძე - დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმომადგენლად პარიზსა და როტერდამში, რის გამოც გათავისუფლდა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. გასაბჭოების შემდეგ ქვეყნის ეროვნული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ პარიზთან ახლოს, დაბა ლევილში მდებარე მამული და სასახლე (1922). იყო ემიგრანტ ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944 წწ.) გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში 98, 293, 294, 370, 388, 401, 412, 416, 425, 428, 434, 435, 461, 476, 480
ერაძე გიორგი პავლეს ძე - რსდმპ-ს წევრი ბათუმისა და თბილისის კომიტეტების წევრი, იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. განათლება მიიღო თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდგომ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1919 წელს - დამფუძნებელი კრების წევრად (სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით), 1918-1919 წწ. იყო შრომის მინისტრის მოადგილე, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად და დაევალა სასურსათო კრიზისის დაძლევისთვის მუშაობა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 203, 241, 254, 421, 424, 425
![]() |
22.6 ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვაგნერი ადოლფ - გერმანელი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე 86
ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციია შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1917-1918 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1917 წელს არჩეულ იქნა პარტიის მთავარ კომიტეტში. იმავე წელს ამ პარტიის სიით აირჩიეს თბილისის ქალაქის ხმოსნად. იყო ინტერპარტიული საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე (1917 წლის ნოემბერი) აირჩიეს ეროვნული საბჭოსა თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 თებერვალში მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მუშაობაში. 1919 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისაგან პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. იყო გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „მიწის“ რედაქტორი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, 1920 წელს სხვებთან ერთად შექმნა საქართველო მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ მონაწილეობდა ბათუმში საქართველოს დამფუძნებელი კრების სალიკვიდაციო სხდომის მუშაობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 23, 53, 60, 74, 76, 81, 83, 89, 94, 96, 104, 105, 109, 132, 133, 138, 139, 141, 149, 151, 155, 156, 157, 158, 173, 174, 183, 184, 196, 197, 198, 199, 200, 201, 202, 206, 221, 222, 223, 228, 235, 238, 242, 243, 245, 246, 249, 251, 252, 293, 308, 310, 311, 315, 327, 328, 330, 343, 347, 350, 355, 360, 363, 382, 387, 417, 418, 425, 427, 428, 429, 430, 431, 432, 433, 434, 435, 435, 436, 437, 438, 439, 440, 441, 442, 443, 452, 454, 455, 456, 474, 475, 480, 481, 482
![]() |
22.7 ზ |
▲ზევით დაბრუნება |
ზარიანი ზორი - დამფუძნებელი კრების წევრი „დაშნაკციუთუნის“ პარტიიდან. 1917 წელს ახალციხის მუსლიმან ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი 483
ზანდუკელი მიხეილ ოთარის ძე (ქაიხოსრო) - ცნობილი კურორტოლოგი და ფიზიო-თერაპევტი. 1909 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. იყო საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. იყო მოსკოვში ქართველთა საზოგადოების დაარსების ინიციატორი და ამ საზოგადოების გამგეობის წევრი, მოსკოვის საექიმო შრომის სამედიცინო ბიუროს თავმჯდომარე (1907წ.) მ. ზანდუკელი უსასყიდლოდ ემსახურებოდა ქართული საზოგადოების მიერ მოსკოვში მოწყობილ ლაზარეთს. 1918 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოს წითელი ჯვრის საორგანიზაციო სამუშაოებს 262
ზდანოვიჩი (გიორგი მაიაშვილი ფელიქსის ძე) - პოლონური წარმოშობის პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შმდგე კი პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში. 1874 წელს გიორგი ზდანოვიჩი მოსკოვში მიემგზავრება. იგი იყო „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1886 წლიდან ცხოვრობდა ტომსკში და ხელმძღვანელობდა „სიბირსკაია გაზეტას“. 1889 წელს გიორგი ზდანოვიჩი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. მისი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული საქვეყნოდ განთქმული ჭიათურის მარგანეცის მრეწველობასთან. დაინტერესებული იყო ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების გაუმჯობესებით, რაც ქართველი ხალხის სოციალურ და ეროვნული განვითარების ქვაკუთხედად მიაჩნდა. ზდანოვიჩი იყო მარგანეცის მრეწველთა წარმომადგენლობითი ორგანოს ყრილობის დაარსების ინიციატორი და ამ საქმის ორგანიზატორი. 1896-1917 წწ. ყრილობის უცვლელი ხელმძღვანელი. ზდანოვიჩის ინიციატივით ჭიათურაში შეიქმნა მუდმივი საკონტროლო კომისია, რომელიც მრეწველებსა და უცხოეთის ფირმის წარმომადგენლებს საგრძნობლად უზღუდავდა მუშაობის წონაში მოტყუების შესაძლებლობას.1902 წლიდან გიორგი ზდანოვიჩი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1912 წლიდან ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი და გამგეობის თავმჯდომარე. ქშწკგ საზოგადოებას მან ერთიანად გადაუხადა საწევრო 100 მანეთი 405, 407
![]() |
22.8 თ |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ მეფე - გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, საქართველოს მონარქი 1184 წლიდან. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარი წმინდანად შერაცხა: წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეა 1(14) მაისი 21
თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც. აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში, 1917 წელს იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, გახდა საბჭოს წევრი, უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას, 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მუშაობდა დამფუძნებელი კრების სახალხო განათლების, ხელოვნების კომისიებში. (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი 7, 59, 81, 107, 108, 136, 161, 163, 167, 173, 209, 235, 244, 256, 291, 329, 369, 382, 385, 404, 446, 476, 477, 481, 482
თევზაია ბიქტორ ვასილის ძე - იურისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, (ფსევდონიმი „ბ. თეკლათელი“). დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტში, როგორც პრივატ-დოცენტი, პოლიტიკურ ეკონომიაში ლექციებს კითხულობდა. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოთსა და სამეგრელოში. 1917 აირჩიეს სოც. დემ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დამფუძნებელ კრებაში მუშაობდა შრომის კომისიაში. 1918-1920 წწ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში 113, 118, 137, 141, 152, 171, 210, 224, 226, 232, 236, 246, 251, 297, 482
თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე - განათლება ოჯახში მიიღო. 1904 წლიდან შედის რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, 1917 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრია. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1924 წლის აჯანყების მონაწილე. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია 322, 338, 460, 482
თოლორდავა სიმონ - ყაჩაღი 336
თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, იურისტი. უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. ერთხანს იყო გაზ. „კვალის“ რედაქტორი. შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. იყო ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აირჩიეს ქუთისის ქალაქის თავად. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანებლად. იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არა ერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 277, 480, 482, 483
თუთბერიძე სოლომონ იოსების ძე - წყალტუბოს მცხოვრები 321, 322498
![]() |
22.9 ი |
▲ზევით დაბრუნება |
იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1904 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გორის მაზრის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარეა, 1918 წლიდან ეროვნული საბჭოსა და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა განათლების, საბიბლიოთეკო, სარეგლამენტო და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ეროვნული სამხატვრო გალერეის და ფოთის რადიოსადგურის შექმნის ინიციატორი, 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიული, შიდა ოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. 1921 წ-ის თებერვალში ჯგუფი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თანამოაზრეებთან ერთად გარკვეული პერიოდი გამოსცემდა გაზ. „ახალი სხივს“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი 108, 171, 175, 176, 178, 256, 257, 273, 293, 370, 382, 475, 480, 481, 482
იოანე მრისხანე - ივანე IV ვასილის ძე ცნობილი სახელით „ივანე მრისხანე“ მოსკოვის დიდი მთავარი 1533-იდან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში 305
იოსელიანი ალექსანდრე ბიჭიას ძე - წყალტუბოს მცხოვრები 321
იოსელიანი ირაკლი - წყალტუბოს ერობის თავმჯდომარე 321
იუზბაშევი - მოქალაქე 281
![]() |
22.10 კ |
▲ზევით დაბრუნება |
კაკულია მ. - ზუგდიდის მაზრის ერობის ხმოსანი 308
კალაძე ერმალოზ - 481, 482
კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. იყო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1918-1919) და შემდეგ (1919-1921) მინისტრი, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზანით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი საქმიანობის შედეგად იმ პერიოდის ქართული მანეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 242
კარბელაშვილი - ინჟინერი მიწათმოქმედების სამინისტროში 454
კარლინსკი - თბილისის მოქალაქე 281, 288
კარტოზია - ოხრანკის წევრი 359
კაუცკი კარლ იოჰან (გერმ. Karl Kautsky) - მარქსიზმის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის თეორიტიკოსი და ლიდერი. უმაღლესი განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ისტორიას, ფილოსოფიასა და ეკონომიკას სწავლობდა. კაუცკი 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის მრავალრიცხვოვან დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. საქართველოში ვიზიტის დროს წაიკითხა მოხსენება „სოციალიზმის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“, ასევე შეადგინა და დაწერა წიგნი „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“. მან ამ წიგნის საშუალებით ევროპას გააცნო სოციალ-დემოკრატიის მოდელი და ძალიან საინტერესოდ აღწერა საქართველოში, ქართულ-სოციალ დემოკრატიაში მიმდინრე პროცესები. ნაშრომში ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრული პერსპექტივები - როგორ განვითარდებოდა ქართული სახელმწიფო რომ არა ბოლშევიკური ინტერვენცია. 51
კაჩუხოვი - ესერი 331, 363
კედია სპირიდონ მალხაზის ძე - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე; სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და მუშაობდა ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1917 წელს ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი; 1917 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, შედიოდა დამფუძნებელი კრების საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიაში; 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად; იყო საკონსტიტუციო, თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი; პარლამენტში ჩამოაყალიბა მემარჯვენე ოპოზიცია და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა შეცდომებზე, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 73, 76, 115, 133, 138, 139, 140, 141, 151, 154, 157, 160, 189, 205, 232, 283, 289, 299, 300, 301, 312, 315, 324, 348, 350, 378, 480, 481
კერენსკი ალექსანდრე თედორეს ძე - რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური, უსტიციის მინისტრი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე 104, 115, 310, 336, 342, 346
კერზონი ჯორჯ ნათანიელ - მარკიზი, ბარონი, კედლსტონის გრაფი. კონსერვატორი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 1899-1905 წლებში ინდოეთის მეფისნაცვალი და გუბერნატორი. 1919-24 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 12, 24, 43
კიასიშვილი/კიასოვი ი. დ. - მთავრობის რწმუნებული აფხაზეთში, მომარაგების სამინისტროს სავალუტო საქონლის დამზადების განყოფილების მოხელე, მომარაგების სამინისტროს რწმუნებული სოხუმში თამბაქოს მონოპოლიის პოლიტიკის გატარებაში 90, 91, 92, 93, 197, 198, 199, 202, 203, 204, 205
კიკვაძე თევდორე (თედორე) გაბრიელის ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატი, დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. აქტიურად წერდა ჟურნალ „კვალში“, იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი (1912 წლიდან); იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი; საქართველოს გასაბჭობის შემდეგ, 1921 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, სამხედრო კოოპერატივში, ლექციებს კითხულობდა ქართულ ენაში სამხატვრო აკადემიაში, რუსულ ენას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში 148, 151, 154, 257, 293, 370, 451, 453, 454, 456, 480, 481
კოლჩაკი ალექსანდრე ვასილის ძე - საერთაშორისო ანტიბოლშევიკური არმიის გენერალი, რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და პოლარული მკვლევარი, ოკეანოგრაფი, რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. რუსეთის უმაღლესი მმართველი და რუსული არმიის მთავარსარდალი (1918 წლის ნოემბერი 1920 წლის იანვარი). რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე წმ. გიორგის კავალერი, ადმირალი (1918) 97
კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე - დაამთავრა პირველადი სასწავლებელი. 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი, რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი, პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი (1903 წ.). 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. კრებაში საქმიანობდა შრომის, აგრარული და თვითმმართველობის მიმართულებით. სოც. დემოკ. პარტიის შიდაოპოზოციური გაზეთის „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი. ჯგუფის წევრებთან ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 340
კოპალეიშვილი - ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურე 482
კორშია - უბნის კომისარი 354, 355, 362501
![]() |
22.11 ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტთა ხალხოსნური ორგანიზაციის წევრობისთვის გარიცხეს. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ მიმდინარეობას, 1900-დან იყო პარტიული გაზეთის „ცნობის ფურცლის“ და სხვა ორგანოების ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი რედაქტორი. პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, იყო პრეზიდიუმის წევრი, შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს ე. წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, ეკავა განათლების მინისტრის პოსტი. მისი რეფორმებით მოხდა ქართული სკოლის ნაციონალიზაცია - „გაეროვნება“, მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა ქართულ ენაზე სწავლებისათვის და სხვ. 1919 წელს აირჩიეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან; შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 247, 480
ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიას ძე - პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 50, 51, 228
ლინდენი - ცნობილი ბიუროკრატი, ჟანდარმი 317
ლოიდ-ჯორჯი დევიდ - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). ადვოკატი, 1908 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 1919 წ-ის პარიზის საზავო კონფერენცია გახსნა მოკავშირეთა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. იყო უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი 139
ლომია - მილიციელი ზუგდიდში, წარსულში ყაჩაღი 308
ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - პოლიტიკური მოღვაწე. უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. იყო თბილისის ხმოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მონაწილეობდა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში, იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ, ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 27, 107, 136, 161, 163, 173, 209, 235, 257, 268, 291, 329, 369, 385, 417, 446, 467, 471, 476, 477
ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე - იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ი. ლორთქიფანიძე მუშაობდა იურისკონსულტად ჯერ განჯაში, შემდგომ კავკავში (ვლადიკავკაზი). განჯაში ყოფნის დროს თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ნ. ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და 1893 პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში. კავკავში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართული კოლონიის საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკავის ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე, არჩეული იყო ამავე ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. 1906 თერგის ოლქიდან დასახელებული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად. 1917 წლიდან ი. ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წლის ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული საბჭო გაფართოვდა, ი. ლორთქიფანიძე ედპ-ის სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. 1920 თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, ი. ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ედპ-ისა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წლის იანვარში, ი. ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს 246, 247, 480, 483
ლორია ფილიპე გლახუნის (გლახუნას) ძე - 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მენშევიკი. განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაშიმონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციებში თბილისსა და ოზურგეთის მაზრაში. 1917 წლიდან იყო მუშათ და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1918 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებეი კრების წევრად. იყო გზათა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 481, 482
![]() |
22.12 მ |
▲ზევით დაბრუნება |
მალანია ისიდორე - სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე მიწათმოქმედების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 308
მამრაძე - მიწათმოქმედების სამინისტროს ინჟინერი - 454
მამფორია მიხეილი - სახალხო მასწავლებელი, შემდეგ გაყაჩაღდა 335, 336, 350
მანილოვი - ნ. ვ. გოგოლის „მკვდარი სულები“-ს ერთ-ერთი პერსონაჟი 406, 407
მარქსი კარლ ჰაინრიხ - გერმ. Karl Marx; გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა 39, 40, 48, 53, 86, 87, 343
მასლოვი პ. - კადეტი, ინგლისელების მიერ შექმნილი სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურის, ბათუმის ოლქის მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, რუსული ეროვნული საბჭოს ლიდერი ბათუმში, გამოირჩეოდა მკვეთრი ანტიქართული ხასიათით 40, 41, 46
მაღლაკელიძე - 347, 354, 363, 377
მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (კვიმატი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1917 წელს ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილედ. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში; 1919 წელს ედპ-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული, ადგილობრივ მმართველობის და თვითმმართველობის კომისიების წევრი 150, 170, 231, 341, 407, 481, 483
მახარაძე ლავრენტი - ქ. თბილისის ერთ-ერთი ციხის უფროსი 308, 327, 331, 350
მახვილაძე ელეონორა მიხეილის ასული (ტერ-ფარსეგოვა) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, სწავლობდა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსებზე. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჯგუფმა 1905 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელში ჩაიგდო სოხუმის მმართველობა, ჩამოაყალიბა სახალხო მილიცია და აიძულა ხმოსნები გადამდგარიყვნენ და დაიწყო საყოველთაო არჩევნებით ახალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 480, 482
მგელაძე ვლასა დარისპანის ძე (პარტიული მეტსახელი „ტრია“) - პოლიტიკური მოღვაწე, კარლო ჩხეიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის სოც. დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. ჩაბმული იყო „მესამე დასის“ საქმიანობაში. 1907 წ-ის სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე, მან მუშების სახელით წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა. 1908 წელს ევროპაში ყოფნის დროს, ურთიერთობდა რუსეთის სოც.დემ. მოძრაობის ლიდერებთან: პლეხანოვთან, აქსელროდთან და სხვ. მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში 106, 222, 339, 340, 341, 481
მდივანი სიმონ გურგენის ძე - (ცნობილი ბოლშევიკის - ბუდუ მდივნის ძმა), პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1905 წელა დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას. იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით, თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების გარეშე საქმეთა კომისიას. იყო საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 1921 წელს მთავრობამ წარგზავნა ელჩად თურქეთში - ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან თურქეთის ცნობის ფირმანი. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც თურქეთს თავისუფლება მიულოცა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 7, 27, 57, 59, 60, 79, 80, 81, 82, 83, 104, 106, 107, 131, 133, 146, 160, 161, 163, 171, 172, 173, 175, 208, 209, 210, 211, 215, 233, 235, 236, 247, 251, 256, 257, 268, 269, 272, 273, 274, 275, 279, 287, 288, 289, 292, 322, 328, 329, 360, 368, 369, 375, 382, 383, 385, 416, 417, 443, 446, 449, 459, 465, 467, 473, 476, 477, 479, 480, 481, 482, 483
მეგრელიშვილი 183
მელაძე - ყაჩაღი 345
მესხი კონსტ. 247, 480
მესხიშვილი შალვა (ალექსი-მესხიშვილი) ვლადიმერის ძე - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1902-1904 წწ-ში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 წელს თბილისში ადვოკატობა დაიწყო. 1917-1918 წწ.-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, იმავე წლებში ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის იუსტიციის მინისტრი. 1919-1921 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრია, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 250, 276, 279, 280, 281, 282, 285, 286, 287, 288, 289, 430, 464, 480, 481
მეხიძე - ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურე 340
მირზოევი - თბილისის მცხოვრები 276, 277, 278, 288, 289
მიქაბერიძე 315
მოსიავა - წყალტუბოს მცხოვრები 321
მორჩაძე - ყაჩაღი 353
![]() |
22.13 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნათაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი, (სოც. რევოლუციონერული პარტია, ფრაქციის მდივანი). იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე 7, 27, 61, 79, 81, 106, 136, 417, 481, 482
ნათაძე ლეო (ლევან) იასონის ძე - პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. დაამთავრა 4 კლასი სათავადაზნაურო სკოლაში, მე-5-8 კლასები თბილისის მესამე გიმნაზიაში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. იყო გაზ. «Борьба»-ს და სოციალ-დემოკრატიული გაზეთის “ერთობის“ რედაქტორი. კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), აქტიურ საკანონმდებლო მუშაობას ეწეოდა განათლების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის კუთხით. მონაწილეობდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში. საქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 151, 338, 359, 480, 481
ნემსაძე - ლეჩხუმის მაზრის მილიციელი 334
ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე - დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, „თერგდალეულთა“ ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, იურისტი, სამართლის დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. 1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე, ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. 1887-1891 წწ.-ში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ «Новое обозрение»-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“. 1894-1912 წწ-ში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წ-ის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში. ნ. ნიკოლაძეს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებაში. ნ. ნიკოლაძემ შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა. 1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში. სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 წ-ის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წ-ის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი 44, 49, 115, 117, 118, 119, 120, 128, 280, 281, 348, 397, 398, 401, 402, 403, 405, 406, 407, 410, 411, 412, 481
ნიკოლოზი - ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი (1894-1917 წლებში). პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა 104
ნინიძე კირილე იესეს ძე - რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციის წევრი; სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. 1908 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში. ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წლიდან, 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1920 წ-დან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ ჯგუფს. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წ-ის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წ-ის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას 30, 42, 43, 46, 51, 52, 75, 82, 97, 108, 111, 113, 114, 117, 127, 147, 210, 225, 229, 230, 236, 237, 238, 245, 246, 298, 299, 304, 315, 322, 339, 347, 354, 356, 357, 363, 370, 382, 396, 398, 407, 408, 409, 410, 416, 424, 425, 428, 430, 436, 443, 453, 456, 457, 480, 481, 482
ნოდია ვასილ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი, დაასრულა ფოთის საქალაქო სასწავლებელი, ეწეოდა რევოლუციურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დამოუკიდებლობის წლებში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, 1919 აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. სხვადასხვა დროს კრებაში იყო მცირე იურიდიული, შრომის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მდივანი 482
ნუცუბიძე ილია დავითის ძე - დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, 1919 წელს კი - დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში 37, 44, 45, 46, 47, 48, 49, 51, 84, 135, 136, 137, 227, 232, 233, 257, 293, 302, 330, 335, 343, 360, 361, 362, 368, 370, 476, 480, 481, 483
ნუცუბიძე (შალვა) ვარლამ ისაკის ძე - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წწ-ში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წწ-ში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. პარტია გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წწ-ში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას. შ. ნუცუბიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 185, 186, 189, 193, 216, 220, 221, 222, 223, 225, 226, 227, 249, 335, 338, 342, 343, 350, 357, 358, 360, 361, 362, 363, 364, 366, 367, 375, 379, 380, 381, 428, 434, 481, 482
![]() |
22.14 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მენშევიკი. საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1918 წ-ის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით. 1918 წ-ის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა. 1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისის, გორისა და ფოთის განყოფილების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში 82, 108, 165, 210, 236, 257, 260, 480, 482
ორბელიანი - ბორჩალოში მცხოვრები ფეოდალი 21
ოტენი - სოლოლაკში მდებარე აფთიაქის მფლობელი 288
ოქუაშვილი არაქელ/ოქრუაშვილი არაქელა - მუშა, ბოლშევიკი 305, 310
![]() |
22.15 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პანიევი (ფანიანცი) კონსტანტინე აბგერის ძე - სოციალ-დემოკრატი. რსდმ პარტიის წევრი 1905 წ-დან. თავდაპირველად ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო. 1918 აირჩიეს სოხუმის ქალაქის საბჭოში. 1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. შედიოდა კრების თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი. ქალაქის თვითმართველობის სასურსათო განყოფოფილების გამგე. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 482
პეტრე დიდი - პეტრე I დიდი - რუსეთის უკანასკნელი მეფე (1682 წლიდან) და სრულიად რუსეთის პირველი იმპერატორი (1721 წლიდან) 205
![]() |
22.16 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე - ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერი, პუბლიცისტი, თეორეტიკოსი. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. მონაწილეობდა პირველი ქართული მარქსისტული ორგანიზაციის „მესამე დასის“ დაფუძნებაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, იმავე წელს სათათბირო ხმით მონაწილეობდა რსდმპ II ყრილობაში და მიემხრო მენშევიკებს. იმ პერიოდში მკვეთრად დაუპირისპირდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნას საქართველოს ავტონომიის ფორმით. 1905-1907 წწ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით წარმოებდა იდეურ-ორგანიზაციული ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ ორგანოებს. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით საქართველოს დამოუკიდებლბა გამოაცხადა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. 21 მარტიდან დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 8, 12, 26, 47, 55, 56, 123, 146, 305, 322, 323, 377, 424, 432
ჟორესი ჟან - ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1902 წელს სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1905 წლიდან გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 15
ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი; დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და იმავე წელს გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზის სამთო ინსტიტუტში აგრონომიის შესასწავლად. შემდეგ დაასრულა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1893 წელს. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. იყო გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი (შედიოდა „ახალგაზრდა ივერიელებად“ წოდებულ ჯგუფში). 1897-1903 წწ-ში იყო ცენზორი კავკასიის საცენზურო კომიტეტში, არჩეული იყო ქართული სასკოლო კომიტეტისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად, ასევე დრამატული საზოგადოების გამგეობაში. 1905-1906 წწში ი. ჭავჭავაძესა და ნ. ნიკოლაძესთან ერთად შედიოდა პეტერბურგში წარგზავნილ დელეგაციაში, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსაგან ამიერკავკასიისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა. 1910-1913 წლწბში იყო ბათუმის ქალაქის თავი; თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, გამგეობის წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი; პირველი რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე 247, 480, 483
![]() |
22.17 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ს წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1901 ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დერპტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და 1902 საქართველოში დაბრუნდა. 1908-1909 წწ-ში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია). თებერვლის რევოლუციის შემდეგ (1917) გახდა კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ-ის წევრი და ამ პარტიის ორგანოს, გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. იგი ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წ-ის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ნ. რამიშვილის მეთაურობით შეიქმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, თუმცა ერთ თვეში, 24 ივნისს, გადადგა და ხელისუფლება ნ. ჟორდანიას გადასცა. რამიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა და, პარალელურად, 1919 წ-ის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. იმავე წელს ასევე აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, განათლების რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. შსს მინისტრობის დროს კი უხელმძღვანელა საქართველოს მივარდნილ სოფლებში გზების გაყვანას, ფოსტა-ტელეგრაფისა და სკოლების აშენებას. მან მთელი ძალისხმევა მიმართა ანტისახელმწიფოებრივი აქციებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. შს სამინისტროში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც ქვეყანაში წესრიგი უნდა დაეცვა. რაზმმა დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს უშიშროებისათვის გამორჩეული პრინციპულობისა და უკანონობასთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, დამოუკიდებლობის წლებში ზედმეტსახელად „რკინის მინისტრი“ შეარქვეს. იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქართული ემიგრაციის წევრებიდან ყველაზე აქტიურად უჭრდა მხარს 1924 წლის აჯანყებას, ჩართული იყო პოლონელი ხალხის ანტისაბჭოთა მოძრაობაში 34, 38, 43, 44, 94, 103, 138, 164, 186, 193, 211, 215, 308, 356, 378, 403, 404, 427, 487, 145, 311, 318, 323, 332, 333, 335, 337, 340, 341, 343, 347, 351, 352, 354, 355, 357, 358, 381, 439, 442
რიაბუშინსკი 378
რიკარდო დავიდ - ბრიტანელი პოლიტეკონომისტი, კლასიკური ეკონომიკის ცნობილი წარმომადგენელი. შეიმუშავა სრულყოფილი თეორია მიწის რენტის ფორმების შესახებ, ასევე განაწილების თეორია და ფარდობითი უპირატესობის თეორია 86
რუსია მელიტონ ივანეს ძე - იურისტი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, მაგრამ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წელს ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი გახდა. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 183, 210, 226, 236, 256, 272, 275, 287, 292, 295, 300, 370, 450, 450, 461, 462, 464, 465, 480, 481, 482
![]() |
22.18 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბაშვილი პარმენ ივანეს ძე - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იურისტი. 1918 წ-ის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 იყო გზათა მინისტრის ამხანაგი. შემდომში მუშაობდა სურსათის მომარაგების კომისიაში (სამინისტროში). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში 341, 424
სავინიი ფრიდრიხ კარლ ფონ - (გერმ. Friedrich Carl von Savigny) - გერმანელი სამართალმცოდნე და ისტორიკოსი, იურისტი, სამართლის ისტორიული სკოლის წარმომადგენელი 285
სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი; სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 30, 82, 108, 166, 167, 178, 210, 224, 236, 237, 256, 257, 272, 273, 274, 292, 293, 294, 301, 330, 370, 380, 456, 474, 475, 476, 480, 482
სალუქვაძე ანანია - მუშაობდა სოციალ-დემოკრატიის თბილისის ორგანიზაციაში, იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი. წერდა მოთხრობებს. იყენებდა ფსევდონიმებს „ჰერკულესი“, „თავისუფალი მუშა“, „ანანია“, „ა. ჟუჟისპირელი“, „ჟუჟისპირელი“, „ჟიუნ-მავრი“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო სამეურნეო-საგამგეო და სამხედრო კომისიების წევრი. მუშაობდა სახალხო გვარდიის საგანმანათლებლო ნაწილში. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. აწყობდა არალეგალურ ტიპოგრაფიებს და სამხედრო ორგანიზაციებს 481, 482
სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე (ტექსტში სალუქვაძე) - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო აგრარული კომისიის წევრი1921 წელს დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში (ფრაქციის ლიდერი - გრიგოლ გიორგაძე), ფრაქციის სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან გამოყოფის მთავარ მიზეზად „სხიველები ასახელებდნენ პარტიის ლიდერების ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვას,შიდაპარტიული დემოკრატიის შესუსტებას, წარუმატებელ პოლიტიკურ კურსს 482
სამთელაძე თეოფილე იოსების ძე - წყალტუბოს მცხოვრები 321
სამთელაძე კირილე თეოფილეს ძე - წყალტუბოს მცხოვრები 321
საყვარელიძე პავლე დავითის ძე (ნ. საქარელი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, (პარტიული ფსევდონიმი - „დიდი პავლე“). უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი, პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი, სოციალ-დემოკრატი („ალიონელი“); ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი; იყო დამფუძნებელი კრების სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური კომისიების წევრი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ილაშქრებდა ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მან უარყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კანტონის პროექტი, რომელიც მოითხოვდა ავტონომიურ წარმონაქმნს არა მარტო შიდა ქართლის, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც (დუშეთი, რაჭა, შორაპანი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი 46, 97, 106, 122, 304, 357, 375, 377, 378, 380, 480, 481
სესიაშვილი 363
სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წ-დან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან - გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარი, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო. 1917 წ-ის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წ-ს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 59, 441, 481
სოლუაშვილი - ყაჩაღი 345
სტეფანოვი ბაგრატ - მოქალაქის გატაცებაში ბრალდებული 304
სტოლიპინი პეტრე არკადის ძე - რუსეთის იმპერიის მთავრობის თავმჯდომარე XX საუკუნის დასაწყისში. რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, ორატორი. სხვადასხვა დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის მეთაური. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის ჩახშობაში 114
სულაქველიძე - ქ. თბილისის მილიციის უფროსი 305, 308
სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე - სოციალ-დემოკრატი, განათლება ოჯახში მიიღო. ადრეულ პერიოდში ჩაება ბათუმში არსებულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში და გახდა რსდრპ-ს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით 59
![]() |
22.19 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტატიშვილი ივანე (გიორგი) ალექსის ძე (მეტსახელი: გიორგი) - განათლება ოჯახში მიიღო, ბავშვობიდანვე მუშაობდა მოჯამაგირედ. 1905 წლიდან გახდა რსდმპ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში; მონაწილეობდა რსდმპ თბილისის კომიტეტის პარტიულ ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას. 1919 აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში 171, 355, 356, 364, 482
ტერ-მინასოვი - ვექილი 288
ტერ-სტეფანიანი (ტერ-სტეპანიანი) გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი სლეპცოვი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაშნაკციუტუნის პარტიის წევრი, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო „დაშნაკცუტიუნის“ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის „აშხატავორის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი 1919 წლიდან. იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ 25, 481
ტოროშელიძე (ორჯონიკიძე) მინადორა ეფრემის ასული - პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, მედიცინის დოქტორი, სოციალ-დემოკრატი. ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (1901), სადაც დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს, აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში, იქვე იქორწინა მალაქია ტოროშელიძეზე. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციაში, მიემხრო მენშევიკთა ფრაქციას, მისი მეუღლე კი - ბოლშევიკებს. 1905 წელს ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური „მენშევიკი”. 1906 კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად. საიდანაც 1914 წელს ევაკუაციის წესით დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. მუშაობდა თბილისის ქალთა კავშირში. იყო თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1917 წ-ის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდგომ კი, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. წითელი არმიის შემოჭრისას იყო ფრონტის ხაზზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (Aმერიცან ღელიეფ Aდმინისტრატიონ) მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 339, 340, 458, 482
ტუმარკინი 344
ტუკი ტომას - (ინგ. თჰომას თოოკე) - ინგლისელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი. იყო რუსეთთან ვაჭრობით დაკავებული ლონდონის მსხვილი სავაჭრო სახლის წევრი. ტუკმა 1920 წელს ინგლისის პარლამენტში ლონდონელი ვაჭრების სახელით წარმოადგინა პეტიცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ტუკი ხელმძღვანელობდა მსხვილ სამრეწველო საწარმოებს და აქტიურად მონაწილეობას იღებდა სამთავრობო კომისიებში ფაბრიკის მუშების მდგომარეობის სტატისტიკურ კვლევებთან დაკავშირებით, მონაწილეობდა ფაბრიკის კანონმდებლობის შემუშავებაში. მისი ძირითადი ნაშრომია „A history of prices and of the states of the paper circulation from 1793-1856“ - „ფასების ისტორია და ქაღალდის ბრუნვის მდგომარეობა 1793-1856“ 86, 87
ტყეშელაშვილი - ამბროლაურის კომისარი 356
![]() |
22.20 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უბირია - კომისარი აფხაზეთში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 344
უორდროპი ჯონ ოლივერი - ბრიტანელი დიპლომატი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართული კულტურის დიდი მოამაგე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი. 1887 პირველად იყო საქართველოში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი „საქართველოს სამეფო“. შეისწავლა ქართული ენა და ინგლისურად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის ნიმუშებს, მათ შორის: ს. ს. ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1894); „ვისრამიანი“ (1914). 1912 ლონდონში გამოსცა თავისი დის, მარჯორი უორდროპის, მიერ ინგლისურ ენაზე პროზაულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“. 1918 წელს იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული მოსკოვში, საბჭოთა რუსეთში. შემდეგ მცირე ხნით მუშობდა ბრიტანეთის პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტში. 1919 წ. აგვისტოდან უორდროპი დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლად - უმაღლეს კომისრად. ო. უორდროპს დიდი წვლილი მიუძღოდა ბათუმის ოლქის მმართველობაში ოსმალეთისა და დენიკინის აგენტთა გავლენის შესუსტებასა და პროქართული ძალების როლის გაზრდაში. მისი დამსახურებით ბრიტანეთი დარწმუნდა, რომ საჭირო იყო კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა. დამოუკიდეელი საქართველოსადმი ბრიტანეთის დამოკიდებულება შეიცვლა პოზიტიური ნიშნით. მას საპატიო წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებაში, რომელიც 1920 წლის 27 იანვარს მოხდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი. 1922 წელს ო. უორდროპი მეფემ ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა 7, 10, 18, 471
ურატაძე გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე - სახალხო მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი, ბათუმში კი სამასწავლებლო კურსები გაიარა. მუშაობდა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებლად. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია. პეტერბურგში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1911 წელს ამიერკავკასიის ორგანიზაციამ სასწავლებლად პარიზის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სკოლაში გაგზავნა. სადაც შეხვდა და ახლოს გაიცნო ვ. ლენინი, ლ. კამენევი, ი. არმამდი, ნ. კრუპსკაია, ზინოვიევი, ლუნაჩარსკი და სხვ. კარგად იცნობდა აგრეთვე რუსული მენშევიზმის ლიდერებსაც. 1915 წლიდან ნ. ჟორდანიას მომხრეთა რიგებში ჩადგა, ხელმძღვანელონდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამანდატო კომისიის წევრი, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ. კარახანთან ერთად 82, 108, 117, 142, 143, 156, 158, 160, 407, 442, 480, 481, 483
![]() |
22.21 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფაღავა გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე - რსდმპ პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი 1913 წლიდან; სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების საზეიმოდ გახსნის სხდომაზე. გ. ფაღავა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ასრულებდა მდივნის მოვალეობას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხშირად მოგზაურობდა რეგიონებში პროპაგანდისტული საქმიანობის გასაწევად. მონაწილეობდა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ადმინისტრციის კრიზისის შემსწავლელ დელეგაციაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუდმივი წევრი 171, 480
ფაჩულია - თბილისის მილიციის უფროსი 304, 305, 323, 331, 350
ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - იურისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. 1902-1910 წწ-ში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. რედაქტორობდა სოც-ფედერალისტთ პარტიის ორგანოებს: „გლეხი“ (1906), „მიწა“ (1906-1908). მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წწ-ის პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. 1919-21 წწ.-ში დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-1921წწ.-ში იყო სოც.ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზ. „სახალხო საქმის“ რედაქტორ. 1921 წელს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას 481, 483
ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე - ექიმი, იურისტი, სოციალ-დემოკრატი, განათლება ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაება. 1903-1913 წწ-ში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ნაფიც მსაჯულად. 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის კომისარი გახდა. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი -დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალ-დემოკრატების ფრაქცია „ახალი სხივის“ ჯგუფში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში 82, 108, 210, 211, 481, 482
ფიშერი ირვინგ - ამერიკელი ეკონომისტი 86
ფორაქიშვილი ადამი - სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრი 480, 483
![]() |
22.22 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქარცივაძე ილია გიტოს ძე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომარაგების მთავარი სამმართველოს მთავარი რწმუნებული 424, 426
ქებაძე 434, 435
ქუთათელაძე დომენტი - უფროსი მილიციონერი ქუთაისში 321
ქუთათელაძე პარმენ - სოფელ ჩუნეშის მცხოვრები 321
ქუმსიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე - სოციალ-დემოკრატი. დაწყებითი განათლება თიანეთის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გააგრძელა. მოგვიანებით საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი ხდება, 1919 წ-დან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია. კრებაში იყო აგრარული კომისიის წევრი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია, ახალი ცხოვრებისეული არჩევანი გააკეთა და სასწავლებლად თბილისის კონსერვატორიაში შევიდა. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი, დრამატული ტენორი. 1924 წელს მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 482
![]() |
22.23 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მეცხრე კანდიდატი). 1921 წლის იანვარში პარტიის მე-5 კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდა თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, სადაც აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1926-1928 წწ.-ში საჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივ. ჯავახიშვილის მაგიერ თ. ღლონტი დანიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 46, 47, 76, 96, 98, 99, 100, 101, 103, 111, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 151, 153, 156, 365, 378, 394, 398, 401, 402, 403, 404, 405, 411, 412, 413, 414, 415, 426, 430, 434, 476, 481, 482, 483
![]() |
22.24 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე - სოციალ-დემოკრატი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ლაილაშის სასწავლებელში. მის პოეტურ ნაწარმოებებს და მოთხრობებს ბეჭდავდა: „მოგზაური“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „მათრახი და სალამური“ და სხვა ჟურნალი-გაზეთები. აქტიურად იყო ჩაბმული 1905 წ-ის რევოლუციაში, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის გამოსვლებს. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, იყო დამფუძნებელი კრების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 171, 194, 482
ყუბუსიძე - მუშა, დაბა ლაილაშის მცხოვრები 334
![]() |
22.25 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შარაშიძე დავით გიორგის ძე - გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი. (ქრისტინე შარაშიძის ძმა). სწავლობდა ბახვის სოფლის სკოლაში, შემდეგ ქუთაისში და ბოლოს ოდესის რეალურ სასწავლებელში. 1905 წ-ის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატიმრეს, გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. ამიტომ გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც უმაღლესი განათლება ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს და შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ „Борьба“-ს რედაქტორი; „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 171
შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1899-1904 წწ-ში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წ-ის რევოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო დ სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921), პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო 7, 173, 209, 235, 256, 270, 291, 292, 293, 329, 330, 369, 385, 388, 416, 417, 446, 462, 467, 473, 476, 477, 481
შაქარ-ოღლი სულეიმან - თბილისის მოქალაქე 28
შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი, დაწყებითი განათლება თბილისის სამოქალაქო სკოლაში მიიღო. იყო რსდმპ-ს მენშევიკური ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, იყო ტრამვაის ლუკალური პროფკავშირული გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა შრომის კომისიაში 482
შენგელაია ლეო ანდრიას ძე - იურისტი, სოციალისტ-რევოლუციონერი, 1908 წლიდან რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი, 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1918 წლის მაისში ქართველ ესერთა რუსეთის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ცკ-ს პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი, 1919 წლიდან დამფუძებელი კრების წევრი, ესერთა ფრაქციის ლიდერი. ლ. შენგელაია ესერებთან ერთად გამოირჩეოდა მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან 18, 31, 32, 36, 44, 45, 46, 47, 50, 52, 53, 54, 56, 63, 69, 75, 76, 78, 79, 113, 119, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 141, 144, 148, 156, 157, 158, 159, 179, 185, 186, 187, 188, 189, 190, 191, 193, 211, 216, 217, 218, 219, 221, 224, 306, 309, 310, 315, 323, 325, 326, 331, 332, 333, 342, 343, 344, 345 346, 347, 350, 354, 355, 357, 359, 360, 361, 365, 366, 375, 376, 377, 378, 380, 381, 383, 478, 482
შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე (მეტსახელი: ძიკი) - ექიმი, მარქსისტული ორგანიზაციის წევრი, სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გაცდა. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. 1921 წ-ის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბათუმში დარჩა ექიმად სამუშაოდ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 482
შრეიდერი (ტექსტში ერთგან შრედერი) - ოდესიდან საქართველოში სავაჭრო ოპერაციებისთვის ჩამოსული ვაჭარი, შვეიცარიის წარმომადგენელი, რომელიც შემდგომ ვოიტინსკის რეკომენდაციით გახდა საგარეო ვაჭრობის განყოფილების უფროსი 103
![]() |
22.26 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩეკალინი - ესერი 220
ჩერნოვი ვიქტორ მიხეილის ძე - ესერთა პარტიის ლიდერი, რუსეთის დროებითი მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი, ხშირად „გლეხურ მინისტრსაც“ უწოდებდნენ. იყო მიწის სოციალიზაციის პროგრამის ავტორი (სახელმწიფოსა და მემამულეთა მიწების საზოგადოებრიც საკუთრებად გადაქცევა მათი შემდგომი თანაბარი განაწილება), პოლიტიკურ სფეროში ითხოვდა „მთელი სახელმწიფოსა და იურიდიული წყობის დემოკრატიზაციას თავისუფლებისა და თანასწორობის საწყისებზე“ 46, 232
ჩიკოლინი 202
ჩიხლაძე რაფიელ ალექსანდრეს ძე - პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური მოღვაწე, მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად. დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობის საკითხებით, განსაკუთრებით კი მეფუტკრეობით, რომლის შესახებაც წერდა სტატიებს ქართულ პრესაში. ამ თემაზე დაწერა წიგნი: „სასარგებლო დარიგება მეფუტკრეობაზე“. 1918 წელს შედიოდა საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, მუშაობდა საკონტროლო კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას საქართველოს რეგიონებში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და ერევნის განყოფილების წევრი 1914 წლიდან და ამავე ორგანიზაციის თბილისის განყოფილების წევრი 171
ჩიჩერინი გიორგი ვასილი ძე - რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, მუსიკათმცოდნე, ლიტერატორი და კრიტიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1907 წელს აირჩიეს პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრად. მონაწილეობდა პარტიის ლონდონის ყრილობის მუშაობაში. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს ცხოვრობდა ლონდონში. იქვე გახდა ბრიტანეთის სოციალისტური პარტიის წევრი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში და მიემხრო ბოლშევიკებს. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში ჩინოვნიკად. 1918 წლის იანვარში დაინიშნა სახალხო კომისრის, ლევ ტროცკის მოადგილედ. ტროცკის სამხედრო კომისრად გადასვლის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობაზე 15
ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე - ფილოლოგი, ისტორიკოსი, პადაგოგი, პოლიტიკოსი. სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში. სწავლის პერიოდშივე ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში. 1906 რსდმპ-ს წევრი გახდა. 1911 შევიდა კიევის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად კიევში, სხვა ქართველებთან ერთად გამოსცემდა ჟურნალ „Заря“-ს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო ხელოვნების და აგრარული კომისიის წევრი. მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 481, 482
ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე - სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 თანამოაზრეებთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაცია „მესამე დასს“. 1907-1912 და 1912-1917 წწ.-ში იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც 1912 წლამდე თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. 1918 წლის აპრილში იგი გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა. თავმჯდომარეობდა 1918 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნ დელეგაციას. ხელმძღვანელობდა ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე ქართული დელეგაციას; 1919 წლის 12 მარტს დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 113, 336, 476
ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე - სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. დაამთავრა ხონის სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს (1893). 1896-1901 წწ-ში რუსეთშია, კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში, სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა. 1902-1904 წწ-ში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1907 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1912 წელს სოც. დემკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს და ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილით დასჯას. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრია. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრდ, 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისთვის და ერთ ლიგაში მიშ გაწევრიანებისთვის. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 11, 18, 78, 171, 266, 268, 322, 371, 476, 481, 482, 483
ჩხიკვიშვილი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე - პოლიტიკოსი, სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, (არ დაუსრულებია) დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მემარცხენე სოციალისტი, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. ეკავა თბილისის ქალაქის თავის თანამდებობა 1919-1920, აქტიურად ებრძოდა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. როგორც ქალაქის თავი, მთელი მონდომებით იბრძოდა სპეკულაციის წინააღმდეგ, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, მათ შორის ქოლერის გავრცელების წინააღმდეგ. 1919 წელს გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 წ. - ქუთაისის, შემდეგ ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 296, 302, 312, 321, 323, 331, 354, 355, 358, 359, 361, 362, 371, 380, 483
ჩერქეზიშვილი ვარლამ ნიკოლოზის ძე - საქართველოს, რუსეთისა და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1855 სწავლობდა მოსკოვის კადეტთა კორპუსში, მისი მიტოვების შემდეგ შევიდა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში. აქტიურად თანამშრომლობდა რუსულ და ევროპულ რევოლუციურ გამოცემებში: „ვპერიოდ“, „ობშჩინა“, „ლე რევოლტე“ და სხვ. მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში: ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“, გაზ. „ცნობის ფურცელში“, აგრეთვე ქართულ ანარქისტულ პრესაში („ნობათი“ და სხვ). ფსევდონიმებით „ვაზიანი“, „მანაველი“, მარველი“, ლონდონელი“, „ტემზისპირელი“. 1904 მონაწილეობდა ქართული პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერენციაში და იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. ასაბუთებდა აზრს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე საქართველოს ჰქონდა სრული ისტორიული უფლება, მოეთხოვა ავტონომიის ფორმით სახელმწიფოებრიობის აღდგენა. 1907 მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით შემუშავდა „საქართველოს ხალხის პეტიცია“ და გაეგზავნა ჰააგის მეორე საერთაშორისო კონგრესს. პირველი მსოფლიო ომის წლებში აქტიურად წამოიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის პროპაგანდა. 1917 მონაწილეობდა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომებში, როგორც მიწვეული პირი და ასრულებდა მის დავალებებს. მისი ენერგიული თხოვნის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საქართველოში თავის უმაღლეს კომისრად მოავლინა ქართველი ხალხის დიდი მეგობარი ოლივერ უორდროპი. ვ. ჩერქეზიშვილის მხარდაჭერით 1919 შეიქმნა ქართველ ანარქისტთა პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს რევოლუციონერ-სინდიკალისტ მაშვრალთა კავშირი“ და იყო მისი მთავარი კომიტეტის საპატიო წევრი 18
![]() |
22.27 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცაგარელი ივანე - სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრი 247, 480, 483
ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე - სოციალ-დემოკრატი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1901 წელს იყო რეცოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად. იყო მუშათა წრეების ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი, თბილისის რსდმპ-ს თბილისის კომიტეტის წევრი; შედიოდა ბოლშევიკურ ფრაქციაში, შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. 1918-1921 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ეხმარებოდა თანაპარტიელებს ციხიდან გათავისუფლებაში 293, 370, 457, 458, 459, 460, 474, 480, 483
ცანავა წყალტუბელი - ყაჩაღი 320
ცეზარი - გაიუს იულიუს კეისარი (Dictator Gaius Iulius Caesar) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად 296
ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე - სოციალ-დემოკრატი. საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1914 წლიდან რსდმპ-ს მენშვიკური ფრაქციას შეუერთდა, 1917 წ-დან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ მაზრაში ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა კრების თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 480, 482
ცხაკაია ალექსანდრე - წყალტუბოს მცხოვრები 321
ცხაკაია ლევარსამ - წყალტუბოს მცხოვრები 321
![]() |
22.28 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე - იურისტი, პოლიტიკოსი - სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, უდიდესი ქართველი ტრიბუნი, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციის ლიდერი. ი. წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედლით დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1901 მიიღო მონაწილეობა სტუდენტთა მღელვარებაში და თავმჯდომარეობდა სტუდენტური ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს. დაწერა „ჩვენი მიზნები“, რომელიც სტუდენტთა მისწრაფებებს გამოხატავდა. ი. წერეთელი მოსკოველ სტუდენტთა მოძრაობის აღიარებული ლიდერი გახდა. 1907 მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და, საერთოდ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახდა. 1917 წელს გახდა რუსეთის დროებითი კოალიციური მთავრობის წევრი და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი. იყო 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური. საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვერსალის საზავო კონფერენციაზე. დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქცის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. საქართველოს დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 123, 336
წულაია პავლე ლუკას ძე (ფსევდონიმი: დეპო) - რსდმპ-ს მენშევიკურ ფრაქციის წევრი, სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. მოგვიანებით ჩაერთო რსდმპ-ის მუშაობაში, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, რის შემდეგაც 1907 აირჩიეს რსდმპ ლონდონის მეხუთე ყრილობის დელეგატად. 1919 წლიდან არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი 480, 481
წულაია - ფოსტის მოხელე ზუგდიდის განყოფილებაში 348
წულუკიძე მიხეილ - ოხრანკის წევრი 359
![]() |
22.29 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭავჭანიძე ივანე იოსების ძე - მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად, 1919 წლის წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი, პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 93, 196, 204, 205, 208, 424, 429, 431, 432, 435, 436, 466
ჭელიძე თეიმურაზ 482
ჭიაბრიშვილი ანდრია (ანდრო) იაკობის ძე (ჭრელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი; დაამთავრა პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1917 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად, 1919 წლიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიების წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 380, 481
ჭიჭინაძე ბესარიონ - გზათა დეპარტამენტის დირექტორი 309, 311, 414
ჭიჭინაძე პარმენ (ნიკოლოზ) - ექიმი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა სამხედრო მინისტრად. იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. (მისი დაკრძალვის დღე გადაიქცა პირველ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად) 96, 230, 245, 247, 262, 317, 319, 323, 331, 334, 335, 335, 389, 390, 394, 395, 397, 398, 402, 405, 407, 408, 409, 436, 441, 442, 480, 483
![]() |
22.30 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხითაროვი 304, 305
ხომერიკი ნოე გიორგის ძე - პოლიტიკოსი, დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1903-1906 წწ. აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომისა და გზათა მინისტრი; დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 54, 186, 196, 215, 340, 351, 352, 362, 381, 424
ხოშტარია 354, 362, 363
ხოჭოლავა მუხრან-იონა მაქსიმეს ძე (მუხრან ოდიშელი) - პოლიტიკოსი, რსდმპ-ს წევრი, სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“ 118, 148, 152, 480, 481
![]() |
22.31 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯალაღონია ილარიონ - სოფელ ჩუნეშის მცხოვრები 321
ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე - სოციალ-დემოკრატი, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905 შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. კ. ჯაფარიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი 1917 წლიდან. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სოხუმის განყოფილებათა წევრი. საბჭოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთ გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში 7, 59, 81, 107, 161, 163, 173, 209, 235, 256, 291, 329, 385, 417, 446, 467, 473, 476, 477, 480, 482,
ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - იურისტი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გაბედულად აკრიტიკებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში 277, 282, 288, 481
ჯაფარიძე - ვექილი 287
ჯაყელი ნიკოლოზ - ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, იტალიის ქალაქ მილანში ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის წევრად მიღებული არ იყო, ნ. ჯაყელი კონგრესის მუშაობაში კენჭისყრის დროს გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ კონგრესის თავმჯდომარის - რუფინის წინადადებით, საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად ერთხმად მიიღეს, წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა - ესერმა აქვსენტიევმა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნ. ჯაყელი ემიგრაციაში წავიდა და ევროპაში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი იყო. მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მინდობილობით, ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად ლევილის მამული შეიძინა 247, 480, 483
ჯაყელი სარგის (I) - საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე ყუარყუარე ჯაყელის შვილიშვილი. სამცხის სპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი 1270-1282 წწ-ში, სამცხის პირველი ათაბაგი 1282-1284 წწ-ში. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა XIII ს-ის 60-80-იანი წწ-ის საქართველოში 21
ჯაჯანაშვილი არჩილ - ქართველი პუბლიცისტი, მწერალი (ფსევდონიმები „გ. ბარელი“, „გ. ბარველი“). სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1918). დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდგომ აქვეყნებდა წერილებს პოლიტიკურ, სალიტერატურო თემებზე („ივერია“, „ცნობის ფურცელი“...)., იყო ბელეტრისტი, მთარგმნელი და რედაქტორი. შეადგინა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოს „სახალხო გაზეთის“ რედაქტორ-გამომცემელი. რედაქტორობდა აგრეთვე გაზ. „დროშას“. ა. ჯაჯანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით შეიყვანეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში. იყო პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ კანონის ავტორი. იყო ქალაქთა კავშირის კომიტეტის წევრი 287, 289
ჯგიგლო ოსტან - თამბაქოს მწარმოებელი 205
ჯიბლაძე სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე - პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. რექტორ ჩუდეცკის ცემისთვის 1884 იგი სემინარიიდან გარიცხეს და ორი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. იყო „მესამე დასის“ დამფუძნებელი წევრი (ყვირილა, 1892). იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცკ-ს წევრი, ამიერკავკასიის სეიმის წევრი 1918 წლის თებერვლიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელ კრების წევრად. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, ს. ჯიბლაძემ გახსნა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 305, 323, 481
ჯუღელი ვალერიან ანთიმოზის ძე - ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკური ფრაქცია), თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებებლი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი.) 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტიის სიით), სამხედრო კომისიის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ემიგრაციაში სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა აჯანყების გეგმა. საფრანგეთში სპეციალური წვრთნის გავლის შემდეგ არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს 105, 116, 194, 481
![]() |
22.32 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰენდერსონი არტურ - (Henderson) - ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იყო ჰერბერტ ჰენრი ასკვიტისა და დეივიდ ლოიდ ჟორჯის მთავრობის წევრი, იყო „საბოლოო გამარჯვებამდე ომის“ მომხრე 17
![]() |
23 ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბასთუმანი 191
აბაშა 318
ავან-იუზბაშევის სახლი 281
ავსტრია 87
ათენა 20
ამბროლაური 356
ამერიკა 7, 11, 12, 15, 23, 45, 86, 87, 101, 103, 114, 193, 232, 261, 262, 341, 366, 376, 378, 389, 392, 400, 401, 406, 410
ამიერ-კავკასია/ამიერკავკასია 17, 19, 20, 23, 25, 26, 27, 29, 30, 43, 44, 60, 82, 104, 107, 108, 109, 120, 121, 122, 128, 164, 169, 220, 270, 271, 301, 317, 389, 391, 414, 450, 460
ადერბაიჯანი/ადერბეიჯანი 7, 11, 19, 26, 146, 240, 241, 322, 360, 402, 406
აზერბაიჯანი 23, 24, 64, 74, 75, 399
აზია 8, 9, 11, 15, 16, 17, 21, 24, 25, 239, 322, 372
აზოვო-დონი 282
ალაზანი 400
ანაკლია 350
არგენტინა 12
ატენი, ატენის ხეობა 258, 263
ატლანტა 15
აფხაზეთი 60, 81, 83, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 151, 173, 174, 196, 197, 200, 203, 204, 205, 215, 235, 293, 324, 330, 341, 344, 387, 417, 418, 436, 437, 439, 440, 441, 442
აფხანაურის მამული 183
აღმოსავლეთი 9, 303, 333
ახალციხე/ახალ-ციხე 180, 191, 217, 228, 302, 310, 333, 355, 362, 364, 377
ახალქალაქი 29, 195, 212, 228, 302, 333
ბ
ბაზელი 38, 45
ბათუმი/ბათომი 14, 22, 36, 60, 97, 101, 108, 135, 136, 142, 371, 372, 373, 374, 375, 382, 385, 387, 395, 408, 416, 418, 423, 434, 447, 470, 474, 475
ბათომ-ნატანები 60, 82, 135, 136, 142, 143, 164
ბაკურიანი 222
ბალკანეთი 17, 453
ბაქო 77, 399, 400, 403, 406,
ბაღდათი 183
ბელგეთი 12
ბერგი 258
ბიზანტია 20, 21
ბორჩალო 21, 78, 192, 228, 332, 333, 364, 459
ბოტანიკური მთა 220
ბორჯომი 176, 184, 189, 191, 192, 216, 222, 260, 265, 393, 397
ბრესტ-ლიტოვი/ბრესტ-ლიტოვსკი 16, 470
ბრიტანეთი 7, 13, 24, 43, 471
ბრიუსელი 38, 45, 46, 120
ბულგარეთი 431
გ
განჯის გუბერნია 213
გევრახის მამული 188
გერმანია 51, 103, 114, 117, 129, 139, 151, 222, 241, 253, 285, 321, 322, 400, 402, 419, 453
გიაურახის მამული 183
გომი 266
გორი 180, 195, 244, 245, 257, 258, 259, 260, 261, 262, 263, 265, 266, 267, 324, 326, 345
გორი ჯვარი 258
გრაკალი 260, 263
გროზნო 400, 406, 407, 408, 410
გურია 59, 123
დ
დანია 12, 243,
დასავლეთ ევროპა 16, 261, 373, 374, 389, 392, 401
დასავლეთი 8, 9
დიდი ბრიტანეთი 10, 11, 12, 13, 17, 18, 21
დიდი ბრიტანია 9, 21, 22
დონი 115, 379, 380
დოესი 258
დუშეთი 180, 195, 212, 265, 311, 312, 332, 345
ე
ეგვიპტე 253, 419
ევროპა 8, 9, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 19, 21, 22, 23, 24, 25, 39, 64, 69, 84, 86, 87, 88, 101, 114, 117, 156, 167, 177, 178, 202, 206, 208, 227, 232, 239, 241, 261, 262, 322, 367, 371, 372, 373, 374, 389, 392, 397, 400, 401, 403, 410, 412, 468, 469
ელდარის ველი 192
ვ
ვარანცოვკას პარკი 192
ვერსალი 343
ვილნო - პოლონეთი 372
ზ
ზაქათალის ოლქი 240
ზემო იმერეთი 150
ზუგდიდი 51, 79, 196, 212, 218, 221, 225, 228, 303, 308, 310, 312, 314, 318, 319, 323, 324, 325, 326, 332, 334, 335, 336, 345, 348, 350
თ
თელავი 217, 265, 312, 319
თერგი 379, 380
თიანეთი 458
თორთუმი 22
თორტიზა 258
ი
იაპონია 11
ინგლისი 10, 18, 24, 45, 50, 92, 100, 101, 117, 152, 205, 243, 322, 323, 339, 367, 402, 419, 423, 424, 471
ისპირი 22
იტალია 7, 9, 11, 167, 209, 211, 241, 372, 389, 397, 413, 424, 434
კ
კავკასია 24, 128, 239
კავკასიონის ქედი 24, 361
კაჭრეთი 319
კახეთი 163, 164, 171, 174, 193, 370, 385, 387, 388
კიევი 303
კონსტანტინოპოლი 198, 434
კოჯორი 184, 189, 215, 353
ლ
ლაზისტანი 22
ლაილაში 334
ლამანში 51
ლანჩხუთი 175, 210, 236, 255, 256, 272, 292
ლეჩხუმი 334, 364
ლეჩხუმის მაზრა 217, 303, 331, 332, 334, 458
ლია
ლიტვა 7
ლიუცერნი 8, 9
ლიხაური 59, 348, 349
ლონდონი 18, 471
მ
მაკედონია 17
მესხეთი 21
მიხეილის საავადმყოფო 28, 237, 291, 293, 294, 330
მთიულეთი 7, 24
მოსკოვი 303, 378
მტკვარი 400
მუკუზანი 183
მუხური 304
ნ
ნატანები 108
ნაქერალას მთა 227
ნიკორწმინდა 356
ნორვეგია 12
ო
ოზურგეთი 59, 217, 222, 272, 292, 308
ოკრიბა 308, 311, 320
ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტი 237
ოსმალეთი 21, 92, 209, 210, 222, 333
ოტენის აფთიაქი 288
ოხერა 258, 263
პ
პარიზი 8, 9, 12, 13, 14, 18, 23, 49, 75, 342, 343
პეტერბურგი 405
პეტროგრადი 279, 303
პოლონეთი 7, 23, 253, 372
ჟ
ჟენევა 38
რ
რაჭა 49, 131, 217, 356
რეინის პროვინცია 117
რიონი 175, 210, 236, 255, 256, 272, 292, 400
რომი 20, 41, 300
რუმინია 111, 410
რუსეთი 9, 10, 12, 13, 15, 16, 18, 19, 21, 23, 24, 30, 33, 35, 47, 50, 53, 54, 63, 64, 65, 67, 69, 71, 77, 78, 85, 88, 94, 97, 99, 104, 110, 113, 114, 115, 118, 119, 122, 123, 124, 127, 152, 166, 169, 181, 190, 192, 230, 232, 238, 239, 240, 242, 244, 245, 271, 296, 310, 325, 326, 327, 336, 346, 372, 373, 381, 389, 391, 392, 419, 424, 451, 455, 467, 468, 469, 471
ს
საბერძნეთი 7, 11, 205, 434
სალოღლი 333
სამუსლიმანო საქართველო 344, 374
სამხრეთი 270, 468
სამხრეთ-დასავლეთი საქართველო 371, 374
საფრანგეთი 7, 9, 11, 12, 15, 17, 40, 41, 45, 85, 86, 100, 114, 232, 241, 253, 339, 343, 381, 389, 412, 419, 431, 453,
საქართველო 1, 2, 3, 4, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 41, 46, 47, 49, 50, 53, 60, 62, 64, 67, 68, 69, 74, 77, 80, 82, 89, 90, 94, 95, 98, 99, 100, 101, 104, 109, 110, 111, 114, 115, 117, 118, 119, 143, 150, 154, 158, 165, 179, 181, 191, 192, 195, 196, 205, 206, 207, 211, 220, 232, 238, 241, 255, 257, 267, 271, 273, 282, 293, 298, 301, 305, 322, 324, 336, 342, 344, 351, 356, 360, 361, 370, 371, 372, 373, 374, 375, 376, 378, 381, 382, 387, 389, 393, 401, 405, 406, 408, 412, 414, 418, 424, 431, 434, 436, 437, 439, 440, 441, 442, 445, 447, 455, 459, 462, 467, 468, 469, 470, 471, 474, 475
სევენოტი - სოფელი ლონდონთან 18
სენაკი 141, 175, 210, 217, 228, 236, 255, 256, 272, 292, 308, 320, 325, 332, 346
სერბია 12
სიღნაღი 212, 319, 358, 363
სკრა 258, 263
სოლოლაკი 288
სომხეთი 7, 11, 19, 23, 26, 27, 43, 64, 68, 78, 146, 240, 257, 293, 322, 360, 370, 374, 387, 393, 402, 445, 447, 459, 474
სოჭი 322
სოხუმი 60, 90, 92, 93, 94, 95, 186, 195, 197, 198, 199, 202, 204, 205, 211, 212, 252, 253, 254, 289, 361, 419, 420, 427, 429, 430, 440, 462
სპარსეთი 119, 414
სტამბოლი 14, 16, 104, 434
სუმბათოვი 397
სურამი 260, 265
ტ
ტაბახმელა 222, 475
ტფილისი 7, 27, 28, 59, 67, 81, 90, 107, 110, 112, 130, 131, 135, 150, 163, 165, 166, 173, 176, 177, 184, 187, 195, 217, 235, 237, 255, 260, 263, 264, 275, 277, 288, 291, 294, 311, 327, 329, 330, 333, 348, 350, 364, 365, 366, 369, 385, 386, 409, 417, 445, 447, 457, 462, 467, 471, 473, 475
ტყიბული 175, 209, 210, 226, 227, 230, 236, 323
უ
უფლისციხე/უფლის ციხე 258, 263
ფ
ფარცხანაყანევი 357, 363
ფინლიანდია 92, 93, 199
ფიუმე 372, 421
ფოთი 176, 327, 386, 396, 397, 423
ქ
ქარელი 327, 397, 423
ქართლი 33, 183, 240, 258, 262, 267, 391
ქიზიყი 92, 93
ქუთაისი 28,112, 130, 131, 165, 187, 217, 218, 221, 237, 257, 278, 293, 294, 308, 320, 321, 327, 331, 333, 338, 346, 347, 348, 353, 357, 370, 386, 387, 434, 445, 446, 458, 462, 474
ქუთაისის მაზრა 130, 131, 187, 327, 333, 346, 357, 458
ქუთაისის ცეიხგაუზი 221
ყ
ყარაიაზის ველი 84
ყუბანი 115, 379, 380
შ
შავი ზღვა 239
შეერთებული შტატები 9, 389
შვეიცარია 12, 13, 23, 103, 376
შვეცია 400
შორაპანი 49, 187, 218, 308, 408
ც
ციმბირი 243
ციციანოვის თავდაღმართი 364
ციციშვილის დაღმართი 319
ცხინვალი 266
ჩ
ჩრდილოეთი 24, 25, 220, 468
ჩრდილო კავკასია 23
ჩუნეში 321
ჩხოროწყუ 304, 318
წ
წალენჯიხა 318
წინანდალი 183
წყალტუბო 320, 321, 327, 341
ჭ
ჭიათურა 28, 82, 387, 401, 446, 447, 461,
ჭოღა 304, 318
ხ
ხაბუმე 304, 318
ხაშური 397
ხიდის-თავი/ხიდისთავი 245, 258, 259, 263, 264, 412
ხობი 349
ხონი 176,
ჯ
ჯავახეთი 21
ჯავის ხეობა 191, 217
ჯვარი 258
ჯოღეჯიანი 318
![]() |
24 V ტომის პირთა საძიებლისთვის გამოყენებული წყაროები |
▲ზევით დაბრუნება |
1. აზეფი // Советская историческая энциклопедия. В 16 томах. - М.: Советская энциклопедия. 1973-1982. Том 1. ААЛТОНЕН - АЯНЫ. 1961.
Всемирная история в иртернете./http://hrono.ru/biograf/bio_a/azref/ef.php
2. ალიხანოვ-ავარსკი // https://runivers.ru/lib/authors/author394226/ Военная энциклопедия. 1911 - 1915, т.
3. ენციკლოპედია საქართველო http://georgianencyclopedia.ge
4. კარლ კაუცკი // სოციალიზმის პრობლემები და პერსპექტივები სდრ-ში. თბილისის ფაბიანური საზოგადოება
https://fabiansocialists.wordpress.com/2016/02/05/685/
5. კიასოვი ი. დ. // http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/9853
6. სავინიი ფრიდრიხ კარლ ფონ //
https://ru.wikisource.org/wiki/%25D0%25AD%25D0%25A1%25D0%2591%25D0%2595/%25D0%25A1%25D0%25B0%25D0%25B2%25D0%25B8%25D0%25BD%25D1%258C%25D0%25B8,_%25D0%25A4%25D1%2580%25D0%25B8%25D0%25B4%25D1%2580%25D0%25B8%25D1%2585-%25D0%259A%25D0%25B0%25D1%2580%25D0%25BB
7. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka
8. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. მთავარი რედაქტორი - პროფ. დიმიტრი შველიძე, გამოცემის მთავარი რედაქტორი - ზურაბ გაიპარაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018.
9. საქართველოს პროსოპოგრაფია http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/4965
10. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. I-ლი გამოც.. - [თბ.]: ფანტაზია, 2006.
11. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი (1879-1927 წწ.) http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/
12. ჰენდერსონი //
https://dic.academic.ru/dic.nsf/bse/78306/%25D0%2593%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B4%25D0%25B5%25D1%2580%25D1%2581%25D0%25BE%25D0%25BD
13. Исторический словарь. https://dic.academic.ru/dic.nsf/hist_dic/10714