![]() |
ბესარიონ გუგუშვილი (საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - 1991 წლის აგვისტო-დეკემბერი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|გუგუშვილი ბესარიონ |
თარიღი: 2020 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები (ტომი XVII) ოფიციალური დოკუმენტები, ინტერვიუები თბილისი 2020 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9653-7-1 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) ს-323 ბ-581 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: მზია ხოსიტაშვილი, ემზარ ჯგერენაია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი |
![]() |
1 ბიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი ეროვნებით ქართველი, დაიბადა 1945 წლის 6 მაისს, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ოჯახში. 1962-1963 წლებში სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 1963-67 წლებში თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, თურქეთის ისტორიის სპეციალობით.
1967-1970 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე სპეციალობით - საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია. 1967-1970 წლებში სწავლობდა თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1921 წელს დაიცვა დისერტაცია მრეწველობის პრობლემებზე მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
1971-73 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად. 1973 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში, ჯერ ეკონომიკის განყოფილების გამგედ, შემდეგ ამ ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
კითხულობს ლექციებს თბილისის უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის დისციპლინებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები ეკონომიკისა და ინფორმატიკის დარგებში. არის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში საქართველოს ავტომატიზებული სისტემის მთავარი კონსტრუქტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერიზაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
1990 წლის დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო კინოკორპორაციის პრეზიდენტად.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
ბ. გუგუშვილის ბიოგრაფია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 22 აგვისტო. - N164 (184). - 1გვ.
![]() |
2 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ბ. პ. გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
დაინიშნოს ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 26 აგვისტო.
ბრძანებულება : ბ. პ. გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - N30/63. - 1გვ.
![]() |
3 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებანი |
▲ზევით დაბრუნება |
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულებით, შეჩერდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მოქმედება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს კომუნისტური პარტია აიკრძალა და შეწყდა მისი, როგორც ორგანიზაციის, არსებობა და საქმიანობა. პარტიული არქივების დამუშავების, პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლისა და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბაკურ გულუა - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
თამაზ ნინუა - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (კომისის თავმჯდომარის მოადგილე);
დილარ ხაბულიანი - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი;
ჯონი ხეცურიანი - საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
ვახტანგ რაზმაძე - საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი;
ზურაბ მახარაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მემატიანეს“ უფროსი;
სიმონ ხელაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
***
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულებით შეჩერდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნისტური პარტია აიკრძალა და შეწყდა მისი, როგორც ორგანიზაციის, არსებობა და საქმიანობა, დაევალოთ:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მთავარ სამეურნეო სამმართველოს (ს. ხელაშვილი) მოახდინოს ყოფილი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის საქალაქო კომიტეტის შენობა-ნაგებობათა და მათზე რიცხული ინვენტარისა და მცირეფასიან ფასეულობათა აღწერა და მიღება.
2. ქალაქ თბილისის მერიას (ი. ანდრიაძე), ქალაქის, რაიონების პრეფექტურებს - განახორციელონ ადგილზე ყოფილი რაიონული კომიტეტების ქონების აღწერა და თავიანთ ბალანსზე აღება.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
***
1. დაევალოთ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მთავარ და წამყვან სახელმწიფო მრჩევლებს, განყოფილებათა გამგეებს, მინისტრთა კაბინეტის მთელ აპარატს თავიანთი საქმიანობა ძირითადად წარმართონ რესპუბლიკის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისა და შემდგომში მისი აღორძინების ღონისძიებათა შესამუშავებლად და მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად, უმოკლეს ვადაში წარუდგინონ პრემიერ-მინისტრის მოადგილეებს დარგების მიხედვით გარდამავალ პერიოდში რესპუბლიკის ეკონომიკის სახელმწიფო კაპიტალიზმის პოლიტიკაზე გადასვლის კონცეფციის წინადადებები, რომლებიც ფართო საზოგადოებრიობის განხილვის საგანი უნდა გახდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდეს სამოქმედო პროგრამით.
2. რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა - ცენტრალურმა, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების გაზეთებმა, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა ფართოდ გაშალონ ეკონომიკური დისკუსია სახელმწიფო კაპიტალიზმის პოლიტიკის პროგრამის შესახებ, რათა შეიქმნას ერთიანი საზოგადოებრივი აზრი და შესაძლებელი გახდეს ყველა სასარგებლო ძალის მობილიზაცია და გაერთიანება.
3. სოციალური მართვის ცენტრმა (ზ. ჯიბლაძე) სისტემატურად მოაწყოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებანი / თბილისი. - 2 სექტემბერი. - N 166 (11478). - 1 გვ.
![]() |
4 საუბარი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან |
▲ზევით დაბრუნება |
2 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა მიიღო ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელსაც მეთაურობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მუდმივი საბიუჯეტო კომისიის ვაჭრობის ქვეკომისიის თავმჯდომარე სემ გიბონსი.
საუბრის დროს, კერძოდ, გამოითქვა იმედი, რომ სუვერენული საქართველო სულ მალე შეძლებს სრულუფლებიან ეკონომიკურ თანამშრომლობას განთავისუფლებულ რესპუბლიკებთან, მსოფლიო გაერთიანების ქვეყნებთან, განახორციელებს უცხოურ ინვესტიციებს. სტუმრებს გააცნეს რესპუბლიკაში შექმნილი ახლანდელი ეკონომიკური ვითარება, პრივატიზაციის შემუშავებული კონცეფციის ძირითადი მომენტები. აღინიშნა, რომ ცენტრალიზებული ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე მომავალი გადასვლა საშუალებას მოგვცემს კანონიერი კალაპოტით წარვმართოთ ბიზნესი, გავხადოთ იგი ლეგალური, ჩვენდა საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ ჯანსაღი კერძო მეწარმეობის ენერგია, შესაძლებლობები, მაგალითად, მარტო მცირე საწარმოთა რეალიზაციით გათვალისწინებულია დამატებით ჩაებას ბრუნვაში დაახლოებით ათი მილიარდი მანეთი. და საჭიროა მეტი პოლიტიკური სიმშვიდე დასახულ ეკონომიკურ რეფორმათა განხორციელებისათვის.
ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ წარმატებებს უსურვებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე არსებულ სიძნელეთა დაძლევაში საქართველოს რესპუბლიკას, რომელიც შეძლებს თვითონ გააკონტროლოს თავისი საზღვრები, განავითაროს ეკონომიკა, იქნება დამოუკიდებლი სუბიექტი ვაჭრობაში, ხელსაყრელად ითანამშრომლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან. სტუმრებს უპასუხეს მათთვის საინტერესო სხვადასხვა კითხვაზე.
საუბარში მონაწილეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრები, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
***
იმავე დღეს გაიმართა ამერიკის დელეგაციის შეხვედრა რესპუბლიკის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
საქინფორმი.
საუბარი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 სექტემბერი. - N171-172 (192). - 1გვ.
![]() |
5 საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის მთავრობები და პრეზიდენტი ბუში ამის შესახებ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
„გადატრიალება, რომელიც მოსკოვში მოხდა, შეიძლება დასავლეთისთვის იყო მოულოდნელი, მაგრამ ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო...
(ინტერვიუ რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან)
28 აგვისტო, 1991 წელი: დღეს ტელეფონით დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე საქართველოს ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბესო გუგუშვილს. ბატონმა ბესომ აღწერა, თუ როგორი იყო სიტუაცია საქართველოში კონსერვატორთა ჩაფუშული გადატრიალების პერიოდში და ვინ დაუჭირა მხარი პუტჩისტებს.
- დღეს, როდესაც ასეთი სერიოზული მოვლენები ვითარდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში, საჭირო და დროული იყო, რომ თქვენ ჩვენი რადიომსმენელების წინაშე გამოსულიყავით „ამერიკის ხმიდან“ და მოახსენოთ მათ იმ სიტუაციის შესახებ, რაც დღეს სუფევს საქართველოში. როგორ ფიქრობთ, ბატონო ბესო, იმპერია რომ ირღვევა, ყველასათვის ნათელია, მაგრამ რა ტემპებით წავა ეს ყოველივე?
ბ. გუგუშვილი: - გადატრიალება, რომელიც მოსკოვში მოხდა, შეიძლება დასავლეთისათვის იყო მოულოდნელი, მაგრამ ჩვენთვის მოულოდნელობა არ იყო. მეტიც, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის მთავრობები და პრეზიდენტი ბუში ამის შესახებ. ეს იყო იმპერიის ბოლო გაბრძოლება, საკმაოდ სასტიკი. როგორც იცით, სისხლიც დაიღვარა და გარკვეული პროგნოზი ამისა იყო, მე ვიტყოდი, ერთი კუთხიდან, რომ ეს გადატრიალება გარკვეული თვალსაზრისით, სამწუხაროდ, დააჩქარა პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლამ საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირის კვლავ რეანიმაციისაკენ მისმა მოწოდებამ. საქმე ისაა, რომ ეს მოწოდება ზოგიერთი წრეების მიერ გაგებული იქნა, როგორც იმპერიის შენარჩუნებისაკენ მოწოდება და ამან ისინი გარკვეული თვალსაზრისით გაათამამა. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ახლა უფრო საღად შეხედავს საბჭოთა იმპერიის დაშლის პრობლემას, რაც არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, იმას, რომ რესპუბლიკები შეწყვეტენ ერთმანეთთან ეკონომიკურ, კულტურულ და მეცნიერულ თანამშრომლობას. მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება, კიდევ უფრო დემოკრატიული გახდება. ეკონომიკური და სხვა კავშირები კი არ დაირღვევა, დემოკრატიულ საწყისებზე უფრო ფართო გაქანებას ჰპოვებს. ჩვენმა პრეზიდენტმა ფრიად თავდაჭერილი პოლიტიკა წარმართა ამ პერიოდში, რაც ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარეობდა. დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო მკაცრად გააფრთხილეს სამხედროებმა. აქ ჩამოსული იყო იაზოვის მოადგილე, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა საქართველო, რომ მოხდება მისი ხელმეორედ ოკუპაცია: მეტიც, თბილისის გარშემო თავმოყრილი იყო უზარმაზარი რაოდენობის ჯარის ნაწილები და ტანკები, რომლებიც მზად იყვნენ თბილისში შემოსასვლელად. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიჩინა სიბრძნე და საქმე ისე წარმართა, რომ არ მისცა მათ თბილისში შემოჭრის საბაბი. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენთან მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც მოსკოვში. საქართველოში ისინი გამოიჩენდნენ გაცილებით მეტ სისასტიკეს.
ე. ფიჩხაძე: - ბატონო ბესო, ვისგან იყო მხარდაჭრა, ე. ი. როდესაც ასეთი სიტუაცია იყო, თუ აღმოჩნდნენ ელემენტები საქართველოში, რომლებმაც აშკარად დაუჭირეს მხარი ამ გადატრიალებას, როგორი იყო სიტუაცია?
ბ. გუგუშვილი: - სამწუხარიდ, ეს სწორედ ის ძალებია, რომლებსაც დასავლეთიც უჭერდა მხარს საქართველოში. თქვენ, ალბათ, იცით, დასავლეთში როგორ უჭერენ მხარს ოს და აფხაზ სეპარატისტებს, რომლებმაც ახლა თავი გამოიდეს და პირველებმა განუცხადეს ერთგულება ამ პუტჩის ხელმძღვანელებს, უფრო მეტიც, დაიწყეს გატარება იმ ღონისძიებებისა, რომლებიც მათ დაავალეს პუტჩისტებმა. ასე რომ, აქ თვალნათლივ გამოჩნდა: ისინი წარმოადგენენ დესტრუქციულ ძალას, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიას. ისინი არიან საქართველოს, და აგრეთვე, დემოკრატიის მოწინააღმდეგე ძალები. ასევე მოიქცა კომუნისტური პარტია და საქართველოს კომუნისტების გაზეთი „ცხოვრება“. აქამდე მას ყოველთვის ეწერა, რომ ეს არის დამოუკიდებელი კომპარტიის გაზეთი და იმ დღეებში გამოსულ გაზეთს ეს უკვე აღარ ეწერა, მხოლოდ საქართველოს კომპარტიის გაზეთად იყო მოხსენიებული, მეტიც, გამოქვეყნდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ბინძური განცხადება, რომლითაც ისინი მთლიანად ემხრობოდნენ პუტჩისტებს. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ე.ი. ჯარები მზად იყო შემოსასვლელად და განლაგებული იყო საბრძოლო მდგომარეობაში. ამავე დროს მოსკოვმა ინსპირაცია გაუკეთა აქაურ შინაგან სეპარატისტებს, რომლებიც მხარში ამოუდგნენ გადატრიალების მომხრეებს.
ე. ფიჩხაძე: - ბატონო ბესო, სწორედ ფონზე მომხდარი მოვლენისა, საქართველოს პარლამენტში თუ ხდება რაიმე ცვლილებები?
ბ. გუგუშვილი: - საქართველოს პარლამენტში მყოფი კომუნისტების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა არჩევნების შემდეგ. მათი გარკვეული ნაწილი დადგა ხალხის და დემოკრატიის მხარეზე. მაგრამ იქ არის ერთი ნაწილი კომუნისტებისა, რომლებიც აშკარად აყვნენ პუტჩისტების მოწოდებას და თავი გამოავლინეს, როგორც ქართველი ერის და, საერთოდ, დემოკრატიის მტრებმა. პარლამენტმა ობიექტურად, საკმაოდ მკაცრად შეაფასა მათი საქმიანობა. ეს ცალკეული პირებია და არა საერთოდ კომუნისტები, ეს კომუნისტების საკმაოდ დიდ მასას არ ეხება, არამედ შეეხება საქართველოში კომუნისტური პარტიის მმართველ აპარატს. პარლამენტმა, ასე ვთქვათ, ამხილა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური აპარატი იმაში, რომ ისინი ამოუდგნენ მხარში პუტჩისტებს და ძალიან აქტიურად ეხმარებოდნენ მათ. ხალხს ეს არ მოეწონა და ხალხში არის კოლოსალურად ნეგატიური დამოკიდებულება აი ამ ძალებისადმი.
ე. ფიჩხაძე: - ამ ბოლო დროს, მოვლენები თვალის დახამხამებაში იცვლება. გუშინდელ ინტერვიუში უკვე შეიძლება კორექტივების შეტანა, კერძოდ მოვიდა ცნობა, რომ რუმინეთმა და მოლდოვამ ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და შესაძლებელია, რუსეთმა, არგენტინამ და ფინეთმა მალე მიბაძონ ამ ქვეყნებს, განვაგრძობთ ჩვენს ინტერვიუს. ბატონ ბესოს ვკითხე, ესწრება თუ არა საქართველოს რომელიმე წარმომადგენელი სახალხო დეპუტატთა საბჭოს საგანგებო სესიას.
ბ. გუგუშვილი: - მოგეხსენებათ, რომ საქართველომ კარგა ხანია გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ის დეპუტატები, რომლებიც ახლა არიან სესიაზე, გაურკვეველი სტატუსისა არიან, თუმცა ისინი, არსებითად იქ არიან, როგორც მეთვალყურეები.
ე. ფიჩხაძე: - თქვენ ხართ სპეციალისტი ეკონომიკის დარგში. ეკონომიკურ რეფორმაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, თქვენ, ალბათ, აქტიურად მონაწილეობთ. თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვა გვითხარით ამ კუთხით.
ბ. გუგუშვილი: - ეკონომიკური პროგრამის საფუძვლებით წარვდექი უზენაესი საბჭოს წინაშე, რომელმაც დამამტკიცა პრემიერ-მინისტრად. ჩვენი გეზი იქნება დაჩქარებული განვითარება კერძო სექტორისა, სახელმწიფო სექტორის გადაყვანა სახელმწიფო კაპიტალიზმის რელსებზე და, საერთოდ, ყოველნაირად შევუწყობთ ხელს და დავაჩქარებთ ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც საკმაოდ დუნედ მიდიოდა საქართველოში და ამ შენელების ერთ-ერთი მიზეზი იყო გაურკვევლობა, რომელიც საერთოდ სუფევდა საბჭოთა კავშირში, ახლა კი ჩვენ ძალიან ქმედით ზომებს ვიღებთ ეკონომიკური რეფორმის დაჩქარებისათვის. სექტემბრის შუა რიცხვებში მინისტრთა კაბინეტი წარსდგება უზენაესი საბჭოს წინაშე თავისი ეკონომიკური პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს დაჩქარებულ მოძრაობას იმისაკენ, რასაც ადრე კაპიტალიზმი ერქვა. პარასკევს, ჩვენთან იწყება ფართო დისკუსია, რომელშიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერული და ახლადშექმნილი საქმიანი წრეები, ჩვენ განვიხილავთ იმ გადაუდებელ ამოცანებს, რომლებიც უნდა გავატაროთ ერთის მხრივ, ძალიამ მწვავე კრიზისიდან გამოსასვლელად და მეორეს მხრივ, ახალი ეკონომიკის საფუძვლების ჩასაყრელად.
ე. ფიჩხაძე: - და როგორი იქნება აქ სოფლის მეურნეობა, კოლმეურნეობები დაშლილია, მე ასე მგონია...
ბ. გუგუშვილი: - სამწუხაროდ, ეს პროცესი უმართავი იყო. ჩვენ გეზი გვაქვს აღებული სოფლის მეურნეობის პრივატიზაციაზე, დენაციონალიზაციაზე, მაგრამ გვინდა გამოვიმუშაოთ საკმაოდ მკვეთრი, გამოკვეთილი პროგრამა იმისათვის, რომ ეს გაკეთდეს ორგანიზებულად. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთან ადგილი აქვს მიწების დატაცებას. ეს უნდა აღვნიშნოთ იმიტომ, რომ ნელა მიდიოდა პრივატიზაციის პროცესი, არ იყო გამოკვეთილი პროგრამა, იდეოლოგია. ახლა უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ უკვე გაზაფხულზე სოფლის მეურნეობამ ახალი ეკონომიკის საფუძვლებზე დაიწყოს მუშაობა.
ე. ფიჩხაძე: - ბატონო ბესო, მიწები სახელმწიფო კუთვნილება იქნება და იჯარით მივცემთ ფერმერებს, თუ...
ბ. გუგუშვილი: - ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველაფერი. გამოვიყენოთ იჯარის და მიყიდვის ფორმაც. ყოველნაირი ფორმა იქნება და რომელიც მომგებიანი გამოდგება, იმას უფრო ფართოდ გამოვიყენებთ.
ე. ფიჩხაძე: - მოკლედ, ღმერთი შეგეწიოთ, ბატონო ბესო. პროგრამა და გეგმები ძალიან საინეტრესოა და დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება.
ბ. გუგუშვილი: - დიახ, მოვლენები გვაჩქარებს, იმიტომ, რომ რუსეთშიც უკვე აქტიური მოძრაობა დაიწყო დემოკრატიზაციისათვის, ჭეშმარიტი საბაზრო ურთიერთობებისათვის და ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, მივიღებთ თუ არა რეალურ სახელმწიფო დამოუკიდებლობას, გვცნობს თუ არა დასავლეთი და მაშინ, ჩვენ შევუდგებით ახალი დემოკრატიის მშენებლობას, რაც ეკონომიკაშიც აისახება.
ე. ფიჩხაძე: - ბატონო ბესო, რუსეთი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას ოფიციალურად თუ ჯერ არ არის მიღებული ასეთი განცხადება ბატონი ელცინისაგან?
ბ. გუგუშვილი: - მოძრაობა იქითკენაა, რომ თითქოს უნდა გვცნოს. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა უკვე შემოგვთავაზეს, რომ ჩვენ ერთმანეთი ვცნოთ დამოუკიდებელ ქვეყნებად. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და ჩვენს დამოუკიდებლობას. თუ იმპერია არ დაიშალა, ის ძალები, რომლებმაც პუტჩი მოაწყვეს, ისევ გააქტიურდებიან და ყველაფერი შეიძლება განმეორდეს.
ე. ფიჩხაძე: - დიდ მადლობას მოგახსენებთ.
ბ. გუგუშვილი: - დიდი მადლობა. იმედია, რომ თქვენ შემდგომში ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დემოკრატიას დაუჭერთ მხარს და აქტიურად მოგვეხმარებით.
ე. ფიჩხაძე: - წარმატებებს გისურვებთ.
(რადიოსადგურის სტილი დაცულია)
ინტერვიუ : საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის მთავრობები და პრეზიდენტი ბუში ამის შესახებ...“ / გუგუშვილი ბ. [ჩაიწერა ე. ფიჩხაძემ] // რესპუბლიკა . - 1991. - 4 სექტემბერი. - N 31/64 - 4 გვ.
![]() |
6 საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
ტელევიზიით 22 სექტემბერს
მძიმე, უძინარი, მშფოთვარე ღამე ჰქონდა თბილისს. პრეზიდენტის და ხელისუფლების თხოვნის შესაბამისად მთავრობის სახლთან თავი მოიყარეს ათიათასობით თბილისელმა, რაიონებიდან ჩამოსულმა პატრიოტებმა.
ღამის 3 საათისთვის მომიტინგეები, სულ ყველანი - სამოქალაქო პირები, გაემართნენ რუსთაველის პროსპექტზე ექსტრემისტული ოპოზიციის ბარიკადების ასაღებად.
ბარიკადების დაშლის დროს არც ერთ მხარეს არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი ან მჭრელი იარაღი. შეხლა-შემოხლისას ბარიკადების დამცველებმა გამოიყენეს ქვები და რკინის კეტები.
ამ შეჯახების შედეგად საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ დაშავებულნი, მათ შორის არც ერთი მძიმედ არ დაშავებულა.
ამჟამად რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისგან გაწმენდილია. ახლა ქალაქის მოსახლეობისათვის არსებითს საშიშროებას წარმოადგენს გვარდიის უკანონო რაზმი, რომელიც ბატონ თენგიზ კიტოვანს ემორჩილება.
მე მივმართავ ბატონ თენგიზს, რომელსაც არაერთი წელიწადია ვიცნობ, შემდეგი თხოვნით:
- ბატონო თენგიზ, გთხოვთ იგრძნოთ თქვენი პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაში მთელი ქართველი ხალხის წინაშე. თბილისში ამჟამად თავმოყრილია პრეზიდენტისა და მთავრობის ერთგული ასიათასობით ადამიანი, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი აღკვეთონ სამხედრო პუტჩის ცდები.
მე პირადად, როგორც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მოგმართავთ თხოვნით, დაგვთანხმდეთ თქვენი უკანონო ფორმირების დაშლაზე, ან მისი კანონიერი ხელისუფლების განკარგულებაში გადაცემაზე. ხოლო ჩემი მხრივ გაძლევთ გარანტიას, რომ არც თქვენი, არც რომელიმე თქვენთან მდგომი გვარდიელის მიმართ არ იქნება წაყენებული კანონმდებლობის ფარგლებში პასუხისმგებლობა, არც ერთი არ იქნება მიცემული სამართალში.
ბატონო თენგიზ, ახლა თქვენს სინდისზეა მოვლენათა შემდგომი განვითარება, მე კიდევ ერთხელ გთხოვთ დაფიქრდეთ ამ პირობაზე, რომელიც არ შელახავს თქვენს და თქვენი გვარდიელების მხედრულ თავმოყვარეობას, შვებას მოუტანს მთელ ერსაც, თქვენს ოჯახსაც, ისევე როგორც თქვენს გვარდიელებსა და მათს ოჯახებს.
- ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გთხოვთ, გადადგათ ეს ვაჟკაცური და ჰუმანური ნაბიჯი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის განცხადება ტელევიზიით 22 სექტემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 სექტემბერი. - N185 (205). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის განცხადება ტელევიზიით 22 სექტემბერს // თბილისი. - 1991. - 24 სექტემბერი. - N180 (11492). - 1გვ.
![]() |
7 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულება |
▲ზევით დაბრუნება |
1. რესპუბლიკაში მარცვლეულით მომარაგებისა და მოსახლეობის გამომცხვარი პურით უზრუნველყოფის საქმეში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, ცეკავშირის გამგეობის და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ფქვილის ხარჯვის, პურის ცხობისა და რეალიზაციის თანდართული დროებითი წესები:
2. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ და ცეკავშირის გამგეობამ, სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც პურის ცხობის და რეალიზაციის ფუნქციები აკისრიათ, უზრუნველყონ აღნიშნული წესების პირველად რგოლებამდე დაუყოვნებლივ დაყვანა და მათი განუხრელად შესრულება.
3. აიკრძლოს ყველა ტიპის კოოპერატივებისათვის სახელმწიფო რესურსებიდან მარცვლეულისა და ფქვილის მიყიდვა. პურის და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ კოოპერატივებში დაშვებულ იქნეს მხოლოდ მათ მიერ რესპუბლიკის ფარგლებს გარედან შემოტანილი ან სხვა საკუთარი, არაცენტრალიზებული წყაროებიდან მიღებული რესურსებიდან.
4. დაევალოთ რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების პრეფექტებს უზრუნველყონ აღნიშნული წესების მკაცრი დაცვა. უფლება მიეცეთ მათ ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე შეიმუშაონ და განახორციელონ დამატებითი ღონისძიებანი მოსახლეობის პურით სრულად და შეუფერხებლად მომარაგებისათვის.
5. დაევალოთ რესპუბლიკის მაკონტროლებელ ორგანოებს და სამსახურებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააწესონ მკაცრი კონტროლი ამ განკარგულებისა და ფქვილის ხარჯვის, პურის ცხობისა და რეალიზაციის დროებითი წესების დაცვისადმი.
6. რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ფართოდ გააშუქონ მოსახლეობის პურით მომარაგების საკითხები. განაზოგადონ ამ საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები და დამახინჯებანი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
7 სექტემბერი, 1991 წელი.
განკარგულება : ფქვილის ხარჯვის, პურის ცხობისა და რეალიზაციის თანდართული დროებითი წესების შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 17 სექტემბერი. - N 32/65. - 5 გვ.
![]() |
8 მიმართვა ქართველი ერისადმი, მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მთავრობებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში გრძელდება სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დამხობას. პუტჩს ხელმძღვანელობს ხუნტა, რომელიც შედგება შემდეგი პირებისაგან: თენგიზ სიგუა (საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე), თენგიზ კიტოვანი (გვარდიის ყოფილი სარდალი), გიორგი ხოშტარია (საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი) და სხვები. პუტჩის შტაბბინა შავნაბადაზეა, სადაც დაბანაკებულია ყოფილი გვარდიელებისაგან შემდგარი უკანონო შეიარაღებული ფორმირება. პუტჩის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ პარლამენტსგარეშე პარტიებისა და საზოგადოების ერთ ნაწილს და ალიანსი დაამყარეს მათთან. ეს პარტიებია: ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია), ე.წ. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი), ე.წ. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (თავმჯდომარე ირაკლი შენგელაია), ე.წ. სახალხო ფრონტი (თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე), რუსთაველის საზოგადოება (ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ბაქრაძე) და სხვანი. ამას გარდა პუტჩისტებს მიემხრო ნაწილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა: ელდარ შენგელაია, ნოდარ ნათაძე, რომან გოცირიძე, დავით ბერძენიშვილი, თამაზ დიასამიძე, პაატა კოღუაშვილი, ვაჟა ადამია, გიორგი ხავთასი, აკაკი ბობოხიძე, დავით კუპრეიშვილი, თედო პაატაშვილი და სხვები, რომელნიც ალიანსში არიან კომუნისტ დეპუტატებთან და ყოველნაირად ცდილობენ დარაზმონ პარლამენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, მიაღწიონ პრეზიდენტის პოსტის გაუქმებასა და პრეზიდენტის გადაყენებას. ხუნტას მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებული, თანამდებობადაკარგული პირები, ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც პრივილეგირებული იყო კომუნისტური რეჟიმის დროს, კორუმპირებული კომუნისტური მაფია, ე.წ. ეროვნული კონგრესის აგიტაციით გზააბნეული ნაწილი ახალგაზრდობისა, აგრეთვე მხედრიონის კრიმინალური ჯგუფები.
ხუნტა აწყობს საპროტესტო აქციებს საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ცდილობს შექმნას ანარქია და დესტაბილიზაცია, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ კრიზისს, ბოლო ხანს იგი ცდილობს ტელევიზიის ხელში ჩაგდებას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით. იყო რამდენიმე ცდა მთავრობის სახლზე თავდასხმისა. ხუნტის მოქმედება თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნულია, იგი უნდა დაგმოს ქართველმა ერმა, როგორც ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესებისა.
ხუნტას მძლავრი მხარდაჭერა აქვს მოსკოვის რეაქციული ძალების მხრიდან. რომლებთანაც ხუნტას აკავშირებენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვ. ადვაძე და გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტი ა. მიქაძე. ე. შევარდნაძე ფაქტობრივად წარმართავს ხუნტის საქმიანობას, უგზავნის ინსტრუქციებს და ყოველნაირად ეხმარება. ხუნტას მხარს უჭერენ აგრეთვე რსფსრ პარლამენტის რეაქციულ-შოვინისტური ძალები, საქართველოს წინააღმდეგ მობილიზებულია მთელი საბჭოთა პრესა და ტელევიზია, ხდება დეზინფორმირება უცხოეთის საზოგადოებისა.
მოსკოვის მიზანია ხუნტის მეშვეობით მოახდინოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, შექმნას ისეთი რეჟიმი მმართველობისა და ისეთი მთავრობა, რომელიც საქართველოს კვლავ დაუქვემდებარებს ცენტრს და ხელს მოაწერს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, რითაც საქართველო მათი გეგმის მიხედვით, სამუდამოდ უნდა დარჩეს რუსეთის მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში.
ქართველი ერი უნდა აღსდგეს თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად, 1990 წლის 28 ოქტომბრის დემოკრატიული რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასაცავად, პუტჩი უნდა შეწყდეს და დაიშალოს მათი უკანონო სამხედრო ფორმირება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიცილებენ თავიდან მისი ორგანიზატორები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ჩვენ მივმართავთ მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს, დაიცვან დემოკრატიის გზაზე დამდგარი საქართველო და მისი კანონიერი ხელისუფლება იმპერიული მტრული ძალების აგრესიისაგან და დაუყოვნებლივ ცნონ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
ზ. გამსახურდია, ა. ასათიანი, ბ. გუგუშვილი, ნ. გიორგაძე,
ნ. მოლოდინაშვილი, თ. ნინუა, მ. ომანიძე, ვ. რაზმაძე,
ფ. ტყებუჩავა, ჯ. ფირცხალაიშვილი, კ. ფირცხალავა,
ვ. ქობალია, ბ. ქუთათელაძე, დ. ხაბულიანი, ჯ. ხეცურიანი,
ჯ. გოლეთიანი, ზ. ბოკუჩავა.
მიმართვა : ქართველი ერისადმი, მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მთავრობებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 სექტემბერი. - N186 (206). - 1გვ.
მიმართვა : ქართველი ერისადმი, მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მთავრობებისადმი // რესპუბლიკა. - 1991. - 25 სექტემბერი. - N 33/66. - 1 გვ.
![]() |
9 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება დედაქალაქში შექმნილ ვითარებას აფასებს, როგორც უაღრესად დაძაბულსა და სახიფათოს.
ძმათა შორის სისხლისღვრის მოსალოდნელი ესკალაციის თავიდან აცილებისათვის საჭიროდ მიგვაჩნია, უწინარეს ყოვლისა, სიმშვიდის აღდგენა.
აღნიშნული თვალსაზრისი მკაფიოდ არის გამოხატული რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1991 წლის 25 სექტემბრის ნომერში.
ითვალისწინებს რა ქვეყნის წინაშე მდგომ ამოცანებს, კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობას, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების საფრთხეს და იმას, რომ ხელისუფლება მოვალეა უზრუნველყოს მოსახლეობის, მათ შორის თვით ოპოზიციის უშიშროება, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია მორიგება იმ საკითხებზე, რომელიც დაისვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის რეზიდენციაში მხარეების შეხვედრის დროს.
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობისა და მისი შედეგებისთვის უწინარეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციურ ძალებს. ამასთანავე, რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოს დედაქალაქში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ 1991 წლის 24 სექტემბერს წამოყენებულ წინადადებათა დაკავშირებით საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
1. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია ყოველთვის იყო და არის მიმართული სამოქალაქო თანხმობისა და ერის შეკავშირებისაკენ. ამიტომ არაფერი წინ არ დაუდგება მის ახალ სამშვიდობო მოწოდებას.
რაც შეეხება დედაქალაქში დაპირისპირებულ ძალთა და შორიშორებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენის საკითხებს, ისინი უნდა გადაწყდეს შეთანხმებული რეჟიმის მიხედვით, რის შესახებაც უფლებამოსილი წარმომადგენლები დაუყოვნებლივ უნდა შეუდგნენ მოლაპარაკებას. ამ პერიოდში არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები.
2. პატიმრობაში მყოფი პირების საკითხს გადაწყვეტს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კანონმდებლობის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ტელევიზიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რადიო-ტელედეპარტამენტის მუშაკებთან კონსულტაციების გზით.
4. მხოლოდ ყველა ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების შემდეგ სამოქალაქო მშვიდობის პირობებში, ყოველგვარი დაძაბულობის ზემოქმედების გარეშე შეიძლება გაიმართოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის მორიგი სხდომა, რომლის დღის წესრიგისა და მიმდინარეობის წესის შესახებ წინადადებებს შეიმუშავებს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
აკაკი ასათიანი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი.
1991 წლის 25 სექტემბერი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 სექტემბერი. - N188 (208). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადება // თბილისი. - 1991. - 27 სექტემბერი. - N183 (11495). - 1გვ.
![]() |
10 პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფთან 1991 წლის 7 ოქტომბრის შეხვედრის ოქმი |
▲ზევით დაბრუნება |
1991 წლის 7 ოქტომბერს 12 საათზე შედგა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის, იუსტიციის მინისტრის ბატონი ჯონი ხეცურიანის და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების - ქალბატონი მედეა თუშმალიშვილის, ბატონების იური ბურკაძის, გიორგი მარჯანიშვილის, ლოვარდ ტუხაშვილის, ელდარ შენგელაიას, არჩილ ოდიშარიას, შეხვედრა ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფთან - ქალბატონებთან დოდო შონავასთან, ნანა ჯაფარიძესთან, ბატონებთან ვახტანგ ნანიტაშვილთან, ოთარ შაორშაძესთან, კახა კახაბრიშვილთან, სერგო ბიწაძესთან, ზურაბ ღავთაძესთან, ავთანდილ ჩხაიძესთან, მერაბ კოკოჩაშვილთან.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ: ითვალისწინებენ რა ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ჯგუფის მოთხოვნებს, ადასტურებენ, რომ დღევანდელ საგანგებო ვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ტელე და რადიო მუშაობის თანდათანობით შესაბამისობაში მოყვანა კანონთან პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ. იმისათვის, რომ დაიწყოს ამ კანონის ცხოვრებაში გატარება თუნდაც დღევანდელ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სანამ შეიქმნება სტრუქტურები - კანონის სუბიექტები - ტელეკომპანია, პროგრამები, რედაქციები და ა.შ., დაისახა შემდეგი ღონისძიებები:
1) ტელერადიომაუწყებლობის სისტემა მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც 1 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
2) შეიქმნას და სასწრაფოდ ამოქმედდეს:
ა) დროებითი თავისუფალი რადიოპროგრამა პიკის საათი,
ბ) დროებითი თავისუფალი საინფორმაციო ტელეპროგრამა დროება.
3) ორთავე პროგრამის რედაქცია ჩამოაყალიბებს მოკლე მემორანდუმს, რომელშიც ასახული იქნება მათი მოქალაქეობრივი პოზიცია. პროგრამების ჩამოყალიბების მიზნებია: ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, ეროვნული შერიგებისა და თანხმობის მიღწევა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონის მეოთხე მუხლის განუხრელად დაცვა. საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, გადაცემები განსაკუთრებით ტაქტიანი და კორექტული უნდა იყოს.
4) ვინაიდან ეს პროგრამები ფაქტობრივად ვერ თავსდება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ამიტომ უზენაესი საბჭოს სესიის 8 ოქტომბრის სხდომაზე დადგეს უზენაესი საბჭოს კომისიის შექმნის საკითხი პარიტეტულ საწყისებზე ფრაქციებისა და შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად განახორციელებს აღნიშნული პროგრამების მუშაობის კოორდინაციას და სხვა უფლებებს, რომლებსაც განსაზღვრავს უზენაესი საბჭოს სესია.
5) რაც შეეხება ტელევიზიის მეორე არხის საკითხს, პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ მოხდეს მეორე არხის თანდათანობით კომერციულ საფუძველზე გადაყვანა - პირველ ხანებში სახელმწიფო დოტაციის მიღებით, რომელიც დროთა განმავლობაში შემცირდება კომერციული შემოსავლების გადიდების კვალობაზე. ამით პირველ რიგში უზრუნველყოფილი იქნება სოციალური პრობლემების გადაჭრა, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა.
6) ტელერადიოსისტემის გარდაქმნის პერიოდში თანამშრომელთა ფინანსური ანაზღაურების გარანტიას უზრუნველყოფს მინისტრთა კაბინეტი.
7) დაისვა წინადადება, სიტუაციის განმუხტვისათვის დროებით შეწყდეს ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა აქცია.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები:
მედეა თუშმალიშვილი, იური ბურკაძე, გიორგი მარჯანიშვილი,
ლოვარდ ტუხაშვილი, ელდარ შენგელაია, არჩილ ოდიშარია.
იუსტიციის მინისტრი
ჯონი ხეცურიანი.
ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი:
დოდო შონავა, ნანა ჯაფარიძე, ვახტანგ ნანიტაშვილი, ოთარ
შაორშაძე, კახა კახაბრიშვილი, სერგო ბიწაძე, ზურაბ ღავთაძე,
ავთნდილ ჩხაიძე, მერაბ კოკოჩაშვილი.
პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფთან 1991 წლის 7 ოქტომბრის შეხვედრის ოქმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 ოქტომბერი. - N196 (216). - 2 გვ.
![]() |
11 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში |
▲ზევით დაბრუნება |
მეცხოველეობაში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პირუტყვის ნორმალური გამოზამთრების მიზნით:
1. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებმა, ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურებმა:
- განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი საკვების დამზადების ტემპის გასაძლიერებლად, სადგომების, აგრეთვე მომსახურე პერსონალისათვის დასასვენებელი ოთახების სარემონტო სამუშაოების დასაჩქარებლად, მეცხოველეობის ფირმებში ტექნოლოგიური დანადგარებისა და მექანიზმების დროულად გასამართავად, საკვებ-შემამზადებელი საამქროებისა და ტექნიკის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად;
- შემჭიდროებულ ვადებში დაამთავრონ შუალედური და საშემოდგომო კულტურების თესვა, უხეში და წვნიანი საკვების დაგროვების სამუშაოები.
2. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტრომ:
- უზრუნველყოს მეურნეობებში პირუტყვისა და ფრინველის სადგომი ბინების, საკვებგადამმუშავებელი და შემამზადებელი საამქროებისა და სხვა ობიექტების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დროულად დამთავრება;
- აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება საზოგადოებრივ მეურნეობებს საკვების დამზადებისათვის საჭირო რაოდენობის ავტოტრანსპორტითა და საწვავით მომარაგების საქმეში;
- დააწესოს მკაცრი კონტროლი ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა და ვეტერინარულ-სანიტარული წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა განხორციელებისადმი.
3. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობის დ კვების მრეწველობის სამინისტროს ფონდიდან, პირუტყვის ნორმალური გამოზამთრებისათვის გამოყოს 16 ათასი ტონა ცემენტი, 18,8 ათასი კუბური მეტრი დახერხილი ხე-ტყე, 1200 ათასი ცალი პირობითი ფილა შიფერი, 7 ათასი ტონა შავი ლითონის ნაგლინი, 35 ათასი კვადრატული მეტრი რბილი სახურავი, 165 ათასი კვადრატული მეტრი მინა, 12,5 ათასი კილოგრამი ელექტროდი და 10 ათასი კვადრატული მეტრი მავთულბადე, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს აღნიშნული სამშენებლო მასალების მიზნობრივი დასაქონლება წარდგენილი განაწილების საფუძველზე.
4. საქართველოს რესპუბლიკის ნავთობპროდუქტების სახელმწიფო კონცერნმა „საქნავთობპროდუქტმა“ უზრუნველყოს პირუტყვის გამოზამთრების პერიოდში რესპუბლიკის საზოგადოებრივი მეურნეობებისათვის მაზუთისა და საღუმელე სათბობის შეუფერხებელი მიწოდება მათთვის გამოყოფილი ფონდების შესაბამისად.
5. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველომ უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს განაცხადების შესაბამისად ვაგონების მიწოდება რაიონებისათვის გამოყოფილი საშენი მასალების გადასაზიდად დაღესტნის რესპუბლიკიდან სადგურ კოჩუბეიმდე.
6. საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რესპუბლიკური და ადგილობრივი გაზეთების რედაქციებმა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთან, ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურებთან ერთად პერიოდულად მოაწყონ რეიდები და ფართოდ გააშუქონ 1991-1992 წლების პერიოდში საზოგადოებრივი პირუტყვის გამოზამთრებისათვის მზადებისა და მისი ჩატარების მიმდინარეობა.
საქართველოს ესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში / გუგუშვილი ბ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 ოქტომბერი. - N200 (220). - 1 გვ.
![]() |
12 პრესკონფერენცია: დიალოგი პრემიერთან |
▲ზევით დაბრუნება |
- ღრმად დაინტერესებული, პრინციპული, საქმიანი, პირუთვნელი, ამ ეტაპზე მეტად საჭირო და დროული - საერთო აღიარებით ასეთი შეფასება დაიმსახურა შეხვედრამ, რომელიც გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბესარიონ გუგუშვილსა და რესპუბლიკის კოოპერატორებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის 27 ოქტომბერს მინისტრთა კაბინეტის შენობაში.
შეხვედრა გახსნა და დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ბ. გუგუშვილმა.
მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კოოპერატორთა რესპუბლიკური კავშირის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი მურთაზ ზანკალიანი.
გაიმართა კამათი.
შეხვედრის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში იდგა სადღეისოდ უაღრესად მტკივნეული, სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემები - კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების ყველა ფორმის - სახელმწიფო, კერძო, კოლექტიური - თანასწორუფლებიანი განვითარება. საწარმოთა პრივატიზაცია, კოოპერატივების, ბირჟების, სააქციო საზოგადოებებისა და ფირმებისათვის ყოველმხრივი ხელის შეწყობა, საგადასახადო სისტემის მოწესრიგება, არასახელმწიფო სექტორის ორგანიზაციათა საზოგადოების შექმნა, და საერთოდ, საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზაზე რესპუბლიკის კრიზისისაგან თავის დაღწევაში არასახელმწიფო სტრუქტურის როლის ამაღლება, და საკანონმდებლო წესით მათი უფლებების განმტკიცება, მოსახლეობის მომარაგება და სხვა.
შეხვედრის გახსნისას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა აღნიშნა, რომ პრივატიზაციის კურსი გულისხმობს დამოუკიდებელი კერძო სექტორის შექმნას, საზოგადოებრივ წარმოებაში მის აქტიურ ჩაბმას. კერძო ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანწილად შეუწყოს ხელი იმ რამდენიმე მილიარდი მანეთის საქმიან ბრუნვას, რომელიც უმოძრაოდ რჩება მოსახლეობის ხელში, საქმე ეხება ნამდვილად თავისუფალ კერძო მეწარმეობას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის საფუძველთა საფუძველია.
სანამ სახელმწიფო სტრუქტურებთან არ შეიქმნება ორგანიზებული სექტორი, დარჩება ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი ბიუროკრატიული აპარატის ბოროტად გამოყენებისათვის, მექრთამეობისათვის. მართალია, ისიც არ არის გამორიცხული, რომ კერძო მეწარმეები ანგარიშებში თავიანთი შემოსავლის შემცირებას შეეცდებიან, რათა ნაკლები გადასახადები გადაიხადონ, მაგრამ საფინანსო ორგანოებმაც უშანტაჟოდ, გამოუძალველად უნდა იღვაწონ სრული გადასახადის გადახდევინებისათვის.
პრივატიზაცია ყბადაღებულ სოციალისტურ პრაქტიკას არ გულისხმობს, არ შეიძლება ობიექტები უბრალოდ დარიგდეს, ან გაიყიდოს, ისინი უნდა გამოისყიდონ, როგორც ეს მიღებულია ნორმალურ ცივილიზებულ საზოგადოებაში და, სხვათა შორის, დღევანდელი საბალანსო და არა უფრო მაღალი საბაზრო ფასებით.
პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა წინადადება, რომ არასახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციათა გაფანტულობის გამო მთავრობას უძნელდება მათთან კონტაქტები, ამიტომ მიზანშეწონილად სცნო შეიქმნას ამ ორგანიზაციათა ალიანსის მსგავსი ორგანო, რომელიც კოორდინაციას მოახდენს ამ სექტორის საქმიანობისა, ამასთან იგი შეიძლება გახდეს მთავრობასა და ბიზნესის სამყაროს წარმომადგენელთა შორის დამაკავშირებელი რგოლი.
პრემიერი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მინისტრთა კაბინეტი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს არასახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებს - მეწარმეებს რესპუბლიკიდან გაჰქონდეთ ჩვენთვის ჭარბი რესურსები, თუ მოხდება სამაგიეროს შემოტანა. ამასთან, თუ ამ საქმეში მთავრობასთან ამ ორგანიზაციათა შუამავლის გარანტის როლს იკისრებს რომელიმე კავშირი, ასოციაცია, საზოგადოება და ა.შ.
შეაჯამა რა შეხვედრის შედეგები, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმიანი ადამიანების ინტერესები მხედველობაში იქნება მიღებული, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ისეთი მდგომარეობაც, როცა კანონი რომელიღაც ნაწილში მოქმედებს, ხოლო რომელიღაც ავტონომიასა და რეგიონში - არა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უფრო მეტად გვიხდება ძველი მანკიერი ეკონომიკური სისტემის ნგრევა, პოლიტიკურ უთანხმოებათა დაძლევა, ვიდრე ახალი ეკონომიკური სტრუქტურების შექმნა.
დიალოგი პრემიერთან // რესპუბლიკა. - 1991. - 5 ნოემბერი. - N 38/71. - 1 გვ.
![]() |
13 ეკონომიკური პროცესების დაჩქარება შეუძლებელია 9 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტის შენობაში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
- ბატონო ბესარიონ, საზოგადოებისათვის ცნობილია ახალი ეკონომიკური პოლიტიკის თქვენეული კონცეფცია. პრაქტიკულად რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ამ კონცეფციას მოერგოს ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია და როგორ ყალიბდება უფრო ფართოდ თქვენთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისათვის, ტერმინი „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ ჩვენს ეკონომიკურ სინამდვილეში.
- გარდამავალ პერიოდში ჩვენ საქმე გვაქვს ორ ეკონომიკასთან: სახელმწიფო და კერძო ეკონომიკასთან. კერძო ეკონომიკა რა არის, ყველას კარგად მოეხსენება. ეს არის კაპიტალისტური ეკონომიკა, როგორც მას ადრე ვუწოდებდით.
აქვე ვიტყვი, რომ დღეს ტერმინოლოგია იცვლება, წინათ თუ მას კაპიტალისტურს ვუწოდებდით, ახლა ვუწოდებთ „საბაზროს“. იგივე ტერმინოლოგიით საკმაოდ უხერხული ტერმინი „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ არის სახელმწიფო სექტორი, რომელიც უშუალოდ მუშაობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო სექტორი კაპიტალიზმის (ანუ საბაზრო ეკონომიკის) დროს ისევე იმუშავებს, როგორც სოციალისტურის დროს მუშაობდა. სახელმწიფო სექტორი კიდევ კარგა ხანს იქნება და მან უნდა იმუშაოს საბაზრო ეკონომიკის ვითარებაში. მე ამას ასე წარმოგიდგენთ: სახელმწიფო საბაზრო ეკონომიკა, ეს სექტორი არის ყველა კაპიტალისტურ სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში და მუშაობს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი წესით.
სახელმწიფოს ხელშია მთელი რიგი საწარმოები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეიძლება მომგებიანი არც იყოს, მაგრამ საჭირო იყოს სახელმწიფოს რეალური ინტერესებისათვის. ამ მოკლე ხანში, მას შემდეგ, რაც უფრო ღრმად ჩავწვდი ჩვენი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას, უნდა ვთქვა, რომ ჩემი კონცეპტუალური ბაზა არსებითად არ შეცვლილა, უფრო მეტიც, მე გამოვთქვი გარკვეული წინასწარმეტყველებები და ისინი ფაქტობრივად ახდა, ეკონომიკური ბლოკადა ძლიერდება, ფულის დეფიციტი მატულობს, აუცილებელი გახდა საკუთარი ფულის მოჭრაც, რაც დაგეგმილი იყო 1994 წლისათვის და ა.შ. ასე, რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი თეორია ვარგისია იმდენად, რამდენადაც მას წინასწარმეტყველება შეუძლია.
- ბატონო ბესარიონ, სოციალისტურ-კომუნისტური სტრუქტურების სრული დაშლის შემდეგ, რისი ერთ-ერთი დასტურია პრივატიზაცია, მოხდება სახელმწიფოებრივი ტერიტორიალურ-ადმინისტრაციული მოწყობის გადახალისება თუ იგივე სახით დარჩება?
- ჩვენთან არის რაიონული დაყოფა. იგი არსებითად პირობითია. რაიონი იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, ეკონომიკურად საკმაოდ მობილური და მოქნილი ერთეულია და შეიძლება შევინარჩუნოთ გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ ვთვლი, რომ უნდა მოხდეს ერთი, არსებითი ცვლილება: ეს რაიონები უნდა გახდნენ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციის მატარებლები. მას შემდეგ, რაც მოხდება წარმოების დეცენტრალიზაცია, საწარმოთა ნაწილი უნდა გადაეცეს მფლობელობაში რაიონებს. რესპუბლიკის მთავრობასა და რაიონის ხელმძღვანელობას შორის უნდა დაიდოს გარკვეული ეკონომიკური გარიგება - ეკონომიკური ხელშეკრულება. ეკონომიკური სტრუქტურები, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმში შეიქმნა და სადაც აბსოლუტურად ნიველირებული იყო რაიონების ეკონომიკური ფუნქცია, არ იყო ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში არსებობს რაიონის ეკონომიკა, როგორც ერთი რაღაც მთლიანობა, მას აქვს საკუთარი ქონება, საკუთარი შემოსავალი და ეკონომიკური იერარქია, ე.ი. რაიონების ეკონომიკები, რომლებიც შეადგენენ მთელი რესპუბლიკის ეკონომიკას. რაც შეეხება ავტონომიებს, მათი საკითხი პოლიტიკური საკითხია. აფხაზეთს მივეცით გარანტია, რომ ის იქნება ავტონომიური ერთეული. ასე, რომ ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ასეთი ერთეული დარჩება. რაც შეეხება ყოფილ სამხრეთ ოსეთს, აქ დადგენილება მიღებულია და იქნება კულტურული ავტონომია, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.
- ეს ხომ არ იქნება ძალიან შეზღუდული საბაზრო ეკონომიკა, როცა სახელმწიფო სექტორი რჩება კერძო სექტორზე ძლიერი?
- რაიონის ეკონომიკაში იგულისხმება როგორც რაიონში მდებარე სახელმწიფო სექტორი, ასევე რაიონში მდებარე კერძო სექტორი. მაგალითად, საწარმო გადასახადს გადაიხდის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე რაიონის ბიუჯეტში. აქედან დაინტერესდება რაიონი, რომ შექმნას ბევრი კერძო საწარმო, ამასთან იქნება სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც პირობითად რეგიონის, რაიონის საკუთრებაა. ამდენად, ეს დაპირისპირება კი არაა, არამედ - ერთი მთლიანის ორი მხარეა. მაგრამ საჭიროა ზომიერება. იმის შეპირება, რომ პრივატიზაცია განხორციელდება ერთ-ორ წელიწადში, არ შეიძლება. ამას ამბობენ საბაზრო ეკონომიკის აპოლოგეტები. ეკონომიკური სტრუქტურები ასე სწრაფად არ იქმნება. ეკონომიკური პროცესები თანდათანობითი პროცესებია. ეკონომიკური პროცესების ხელოვნური დაჩქარება შეუძლებელია.
- ბატონო ბესარიონ, შიდა ქართლის პრობლემა აქტუალურია, როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და რით ვეხმარებით ქართულ სოფლებს?
- შიდა ქართლში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, რაც გავლენას ახდენს ტერიტორიის ეკონომიკაზე. პირველ რიგში საჭიროა საშენი მასალები, რათა მოსახლეობამ გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა. საშენი მასალა, მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, შეტანილია. რაც შეეხება სასურსათო და სხვა მომარაგებას, ჩვენ ვქმნით შიდა ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი რეგიონის ფეხზე დაყენება. ასე რომ, შევეცდებით უზრუნველვყოთ ეს რეგიონი სურსათით და სხვა აუცილებელი რესურსებით. შიდა ქართლის პოლიტიკური და სოციალური ინტერესები მინისტრთა კაბინეტის ყოველდღიური ზრუნვის საგანია.
- ბატონო ბესარიონ, რას გვიქადის ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე ხელმოუწერლობა?
- უზენაესი საბჭოს სესიაზე გაიმართა ცხარე კამათი ამის თაობაზე. სესიაზე ეს საკითხი პირველად განიხილეს. ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეიქმნა ჯერ კიდევ აუმოქმედებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ რუსეთმა უკვე დაარღვია ხელშეკრულება, გამოაცხადა რა ფასების ცალმხრივი აშვება. ხელშეკრულების მიხედვით ფასების მომატება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით. მეტიც, გაირკვა, რომ შუა აზიის რესპუბლიკები ძალიან შეშფოთებულები არიან რუსეთში ფასების მომატებით. ამით იჩაგრებიან ეს რესპუბლიკები, რადგან მთელ რიგ რესურსებს იღებენ რუსეთიდან. ამიტომ ისინი შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუ დავუკვირდებით საკუთრივ საქართველოს პოზიციას, მინისტრთა კაბინეტი სწავლობს სიტუაციას, დოკუმენტს - ხელშეკრულების ტექსტს, იმასაც, თუ რას ნიშნავს, გაერთიანების ასოცირებული წევრობა. ნიშანდობლივი და საგანგაშო იყო იავლინსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ ორმხრივი ხელშეკრულებები თავისი არსით ეწინააღმდეგება საკავშირო ხელშეკრულებებს. ამიტომ საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით რესპუბლიკებს ეკრძალებათ ორმხრივი ხელშეკრულებების დადება სხვა რესპუბლიკებთან. მთელი საბჭოთა ეკონომიკა აგებული იყო იმგვარად, რომ თავისუფალი ფასების პირობებში რუსეთი მოგებული ყოფილიყო. რესპუბლიკები ამზადებდნენ რაღაც ნახევარფაბრიკატებს და საბოლოო სახეს პროდუქცია იღებდა რუსეთში. ამით რუსეთმა დააკაბალა ყველა რესპუბლიკა, არა მარტო იმ დროისათვის, არამედ მომავლისთვისაც. ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, რა ბედი ელის ამ ხელშეკრულებას. ხოლო საჩქაროდ ხელის მოწერით მოიგებს ისევ რუსეთი. თანაც აქ არადემოკრატიული სტრუქტურაც შეიქმნა. ეკონომიკურ გაერთიანებაში შედის ყველა პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ისინი კი არ ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრთა კაბინეტს, არჩეულია საკავშირო პრემიერ-მინისტრი, ე.ი. მეორდება იგივე ვერტიკალური სისტემა. ფაქტობრივად, სილაევი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით ხელს აწერენ არა დამოუკიდებელი, არამედ სუვერენული სახელმწიფოები. აქაც რაღაც სხვა აზრი აქვს გატარებული.
- ჩვენ არ მოვაწერთ ხელს საკავშირო ეკონომიკურ ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში ხომ არ ფიქრობთ, მაგალითად, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის დავამყაროთ ეკონომიკური კავშირი, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება დაისახოს როგორც ერთიანი კავკასიის ეკონომიკური კავშირის სახლი, რაც თავის მხრივ შეარბილებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას.
- ეკონომიკურ მდგომარეობაზე ხელის მოწერას თუ ხელმოუწერლობას ერთობლივად გადავწყვეტთ მინისტრთა კაბინეტი და უზენაესი საბჭო. ჯერჯერობით არც ჰო გვითქვამს და არც არა. შეიძლება ხელი მოვაწეროთ როგორც სრულუფლებიანმა წევრმა ან როგორც ასოცირებულმა. ასე რომ ჩვენს წინ გარკვეული პერსპექტივა არის. რაც შეეხება ერთიანი კავკასიის სახლს, ვფიქრობ, კავკასია უნდა იყოს რაღაც ერთიანი ქვეყნების თანამეგობრობა, როგორც კულტურული, პოლიტიკური და შესაძლოოა სამხედროც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთი გეოგრაფიული რეგიონი და ისტორიულად ძალიან მტკიცე კავშირები გვაქვს. ამდენად, ძალიან ბუნებრივად მეჩვენება კავკასიის გაერთიანება.
- რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სხვა საკუთრება, რაც საქართველოს ტერიტორიაზეა, გამოცხადდა რესპუბლიკის საკუთრებად. შემუშავებულია თუ არა რესპუბლიკის სამხედრო ბიუჯეტის დაფინასება?
- საკავშირო ბიუჯეტი ფინანსდებოდა რესპუბლიკების გადასახადებით. მოვლენები ლოგიკურად ვითარდება. ახლა საბჭოთა კავშირი იშლება და, რასაკვირველია, დღის წესრიგში დადგა ქართული მილიციის, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაფინანსება, რადგან მისი შენახვა საქართველოს დაეკისრება. რესპუბლიკის ბიუჯეტში მომავალი წლისათვის უკვე იქმნება განსაზღვრული შესაბამისი ხარჯები.
- როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აქციონერებთან დაკავშირებით. როგორი იქნება მისი დარგობრივი სტრუქტურა და რა ეტაპებად წარიმართება იგი? როგორ ფიქრობთ, დასაშვებია თუ არა პრივატიზაცია გაუფასურებული საბჭოთა მანეთის პირობებში?
- პრივატიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო, ეფექტიანი ფორმა, უფრო მეტიც, სამართლიანი და ეკონომიკურად მომგებიანი ფორმა არის სააქციო საზოგადოებად გადაქცევა. აქ, საბაზრო მექანიზმი, ჯერ ერთი, სრულად მოქმედებს და მეორეც, მისი მოქმედება პერმანენტულია, თანდათანობითია. ამდენად, ჩვენ გვაქვს მექანიზმი, ესა თუ ის სააწარმო, თუნდაც ძალიან დიდი, ვაქციოთ სააქციო საზოგადოებად და მივცეთ საშუალება კერძო სექტორს, იგი თანდათანობით გამოისყიდოს და არა უცბად.
ქართული მანეთის გამაგრების ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა ხანგრძლივი, საშუალებაა პრივატიზაცია. პრივატიზაციის განვითარების პერიოდში შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჩვენი მანეთი რეალური სიმდიდრით. ქართული ფულის ერთეული რესპუბლიკის შიგნით გახდება არა მარტო საქონელთა, არამედ კაპიტალური საქონლის ექვივალენტი. არსებითად იგი იქნება აქცია საერთო-სახალხო დოვლათში.
- თქვენ როგორი მექანიზმი მიგაჩნიათ დასაშვებად ქართული ვალუტის შემოღების საქმეში?
- როგორც ცნობილია, საკავშირო ორგანოები სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვაკმაყოფილებენ ფულის ნიშნებით. გარდაუვალია პერიოდი, როცა ჩვენთან იქნება საბჭოთა მანეთიც, ქართული ფულიც და დოლარიც. მაგრამ საპრივატიზაციო ობიექტების ან მისი აქციების შესყიდვა მოხდება მხოლოდ ქართული ფულით, ამით მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ და საბჭოთა ფული თანდათანობით დარჩება მეორეხარისხოვნად.
- ეკონომიკური საზოგადოებრიობა ფართოდ ილაშქრებს ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ. როგორ მიგაჩნიათ, რა ზომებს შეიძლება მიმართოს საქართველომ და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უსიამოვნებანი?
- სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა, განსაკუთრებით რაიონებში, ძალიან მოუმზადებელია მკვეთრი ეკონომიკური რყევებისათვის. მხედველობაში მაქვს ისეთი დარგები, როგორიცაა ხორბალი, შაქარი და სხვა რესურსები. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება განვიცადოთ გარკვეული ზეგავლენა რუსეთის მხრივ. იავლინსკი არის საბაზრო იმპერიალისტური სისტემის ავტორი. ამჯერად იმპერიალიზმი ხორციელდება წმინდა ეკონომიკური მეთოდებით. იავლინსკის პროგრამა იმიტომ აიღეს, რომ იგი ყველაზე მეტად იმპერიალისტურია. აქ არის გამოხატული ველიკოდერჟავული იმპერიალიზმი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ახორციელებდა რუსეთის იმპერია რევოლუციის წინ და რა მოჰყვა ამას? თვით რუსეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამძაფრება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ წინ აქვთ რუსებს. ხოლო რაც შეეხება გზების ჩაკეტვას და აქ სხვადასხვა სურსათისა და ნედლეულის გატანა-შემოტანის შეფერხებას, მარტო გზების გადაკეტვით კი არა, გარკვეული სხვა ღონისძიებებითაც ცდილობენ, რომ არ მივიღოთ ჩვენი გადარიცხვები, გააუქმონ ჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულებები. მაგრამ გარკვეული ბრძოლის საშუალებებიც გვაქვს. ჩვენს ხელთაა რესურსი, რომლითაც ისინი არიან დაინტერესებული, და გვაქვს საშუალება უშუალოდ მივაწოდოთ საწარმოებს და იქიდანაც წამოვიღოთ ჩვენთვის საჭირო ნედლეული. მართალია, იავლინსკის და მის მომხრეებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ რიგი მსხვილ საწარმოთა ხელმძღვანელები კეთილად არიან განწყობილი ჩვენდამი. ასე რომ, გვაქვს თამაშის გარკვეული შესაძლებლობა. სულ ახლახანს ჩეჩნებმა და ინგუშებმა ჩრდილოეთ კავკასიაში რკინიგზა გადაკეტეს და ფაქტობრივად რუსეთს მოსწყდა ამიერკავკასია. აზერბაიჯანიც და სომხეთიც იძულებული არიან საქართველოს გავლით გაიტანონ ან შემოიტანონ ნედლეული თუ სხვა მასალები. ასე რომ, ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.
- ასეთ ცვალებად პირობებში, როგორ ფიქრობთ, იქნებ ამ შემთხვევაში, მკაცრად ცენტრალიზაცია მიუღებელი იყოს და არასახელმწიფო სტრუქტურებს მიეცეთ მოქმედების საშუალება?
- მინისტრთა კაბინეტში შექმნილია სპეციალურ კომისია, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს კერძო სექტორს რესურსების შემოტანაში და სხვა ამგვარ ოპერაციებში. კომისია შექმნილია ძალიან მაღალ დონეზე. ეს არის ოპერატიული სამუშაო ორგანო, რომელსაც დავალებული აქვს მიიღოს ყველა წინადადება სტრატეგიული რესურსების შემოტანაზე და ამ საქმიან წინადადებას მიეცემა მწვანე გზა. კომისია ვალდებულია სამი დღის ვადაში შეისწავლოს და უპასუხოს როგორც იდეის წარმომდგენს, ასევე მინისტრთა კაბინეტს და საჭიროების შემთხვევაში მთელი ის ძალა, რაც სახელმწიფოს აქვს, დაძრული იქნება ამ წინადადებების სწრაფი და ეფექტიანი რეალიზაციისაკენ. ეს არის განსაკუთრებული ზომა პრივატული სექტორის წახალისებისათვის. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ სიტუაციაში ეს არის საგანგებო ორგანო, რომელიც ძალზე ეფექტიანად დაეხმარება კერძო სექტორს, რათა დაძლიოს ბიუროკრატიული წინააღმდეგობები. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში მივეხმარებით ცენტრალიზებულად სესხით, ტრანსპორტით და სხვადასხვა სახით, თუ ისინი მოახერხებენ ზემოთ ნახსენები სტრატეგიული რესურსების რესპუბლიკაში შემოტანას.
- ბატონო ბესარიონ, რა ღონისძიებებს იღებს რესპუბლიკის მთავრობა ქაღალდის დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
- ქაღალდის წარმოება, მოგეხსენებათ, დაფუძნებულია ხეტყეზე. რესპუბლიკაში ხე-ტყე დეფიციტური პროდუქციაა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს ქაღალდის იმპორტი.
- იქნებ ადგილობრივი რესურსები გამოგვეყენებინა?
- ადგილობრივი რესურსები რესპუბლიკას უზრუნველყოფს 25-30 პროცენტით, დანარჩენის შემოტანა მოგვიხდება საზღვარგარეთიდან. მეორე მხრივ, უნდა მივეჩვიოთ, ქაღალდის უფრო ეკონომიურად ხარჯვას, ალბათ მოგვიხდება მეორადი დამუშავების ქაღალდის გამოყენებაც. უცხოეთში ამის გამოცდილება უკვე არსებობს. პრობლემა თავისთავად საზრუნავია, ხოლო ვინ უნდა იზრუნოს, ეს ცალკე საკითხავია. სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა? ვფიქრობ, ორივემ.
- როგორია პურით მომარაგების საკითხი? ხომ არ იქნება რამე შეფერხებები ამ საქმეში?
- პურის ფასი მთელ საბჭოთა კავშირში გაიზარდა. ჩვენთან იგი უცვლელი დარჩა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს ქმნის. გაიზარდა პურის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხევევბი: პურს იყენებენ პირუტყვის გამოსაკვებად. შეიძლება დაგვესახა მთელი რიგი ღონისძიებები, პირველ რიგში პურის ეკონომიის თვალსაზრისით. ყველაზე მარტივი იქნებოდა პურის ფასების მომატება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ხალხის გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუმცა უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ ხალხს კარგად ავუხსნით, შეიძლება ამაზე იგი ნამდვილად დაგვეთანხმოს. მეორე გზაა შემოვიღოთ ტალონები, რომ არ მოგვიხდეს ამ სანქციების გატარება, მოსახლეობამ უნდა გაიგოს და იმაზე მეტი პური არ იყიდოს, რომ მერე დაუძველდეს და გადაყაროს. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ პური მარტო თბილისში გასულ შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაცილებით მეტი ცხვება, მაგრამ მაინც იგრძნობა მისი დეფიციტი. არის კიდევ ერთი პრობლემა - ხარისხის გაუმჯობესება. რაც შეეხება პურის მარაგს - საკმარისი გვაქვს, მოწოდებებიც მეტწილად გარანტირებულია. ასე, რომ პურის საკითხში რაიმე არსებითი საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მინდა ჩვენი საზოგადოება დავამშვიდო და ამავე დროს მოვუწოდო - პური გვექნება, მაგრამ საჭიროა მისი მომჭირნეობით მოხმარება.
- ბატონო ბესარიონ, გარდა პურისა, მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს ფული, ელექტროენერგია...
- ვფიქრობ, ფულის საკითხი არ უნდა იწვევდეს მოსახლეობის შეშფოთებას, მე თვითონაც მაქვს შემნახველ სალაროში გარკვეული თანხა და სულაც არ ვაპირებ მის ანგარიშიდან მოხნას. სულ მალე, რამდენიმე თვეში გვექნება ჩვენი ქართული ეროვნული ფული და პირველ რიგში წარვმართავთ საბანკო ანაბრების უზრუნველყოფისათვის. თუ კაცს ფული შემნახველ სალაროში აქვს შენახული, მას პირველ რიგში გავუნაღდებთ, ხოლო ვისაც შენახული აქვს სახლში, მას, ასე ვთქვათ, მეორე რიგში. ჩვენ ჩვენი საბანკო სისტემის განმტკიცების ისეთი საშუალება გვაქვს, როგორც პრივატიზაცია. ქართული ფული ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას შეასრულებს.
ასეთივე მდგომარეობაა ენერგიის ხარჯვაშიც. ზამთრისათვის უკვე დავგეგმეთ გარკვეული სანქციები. კერძოდ, სამუშაო საათებს გადავიტანთ ერთი საათით წინ, რომ დღის პირველი ნახევარიც და მეორე ნახევარიც სინათლეში იყოს. აგრეთვე, დაწესებულებებმა უნდა იმუშაონ შესვენების გარეშე. მაშინ ელექტროენერგიის გამოყენება კიდევ უფრო შემცირდება. და კიდევ ერთიც, ალბათ მოგვიწევს ტელეგადაცემების შეწყვეტა თორმეტი საათისათვის. ვფიქრობთ, მოსახლეობა გაგვიგებს და მხარში ამოგვიდგება.
- ბატონო ბესარიონ, ხომ არ აჯობებდა გაგვეთავისუფლებინა ფასები და სანაცვლოდ, შემოგვეღო კომპენსაცია საარსებო მოთხოვნილების პროდუქტებზე?
- არსებობს მთელი რიგი ძალიან ეფექტურად მომქმედი ეკონომიკური ხერხები და მეთოდები, რომლებიც აპრობირებულია მრავალ ქვეყანაში. ეს მეთოდები ჩვენ ვიცით. მაგალითად, თუ ჩვენ პურის ფასს გავზრდით 2-3-ჯერ, რა თქმა უნდა, პურის მოხმარება სწორედ იმ მინიმუმში ჩაჯდებოდა, რომელიც საჭიროა. იგივე ელექტროენერგიის გადასახადი რომ მოგვემატებინა, მაშინ მისი მომჭირნეობა გაიზრდებოდა. საერთოდ, საბაზრო ეკონომიკა დაფუძნებულია მომჭირნეობაზე. სოციალისტური ეკონომიკის ნგრევის საფუძველი გახდა უყაირათობა. აქ ისმის ორი პრობლემა: თუ პრაქტიკულად მივუდგებით საკითხს, მაშინ ეს გამართლებული იქნება, მაგრამ მზად არის კი ჩვენი საზოგადოება ასეთი გარდაქმნებისათვის? მე მხედველობაში მაქვს მათი მორალურად და ფსიქოლოგიურად მზადყოფნა. ხელისუფლება ერიდება გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ, ხშირად, ჩვენ ასეთი პოლიტიკის გამო წაგებულები ვართ. შეგვეძლო გაგვეზარდა ფასები, მაგრამ გვეშინია ჩვენი მოქმედება არ ჩათვალონ ანტიხალხურ მოქმედებად. ამასთან ოპოზიცია ყოველ ჩვენს მოქმედებას თვლის ანტიხალხურ მოქმედებად და ხელს გვიშლის გავატაროთ ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენ გადავწყვიტეთ გავხსნათ ფუფუნების საგნების სახელმწიფო კომერციული მაღაზიები. ცნობილია, რომ საკმაოდ ბევრი ძვირფასი საქონელი შემოდის რესპუბლიკაში, რომელიც ვაჭრობაში გამეფებული მაფიის საზრდოა. ამიერიდან ეს ფუფუნების საგნები გაიყიდება კომერციულ ფასად სახელმწიფო მაღაზიებში. განსხვავებას მოვახმართ სოციალურ მიზნებს. რამდენიც არ უნდა გვიკიჟინოს ოპოზიციამ თუ პოზიცამ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. გამორიცხული არ არის კომპენსაციაც.
- რედაქციაში ხშირად რეკავენ და კითხულობენ, რამდენად მართალია ის, რომ დეკემბრიდან იქნება ხელფასების მომატება და იანვრიდან ფასების ინდექსაცია?
- დღეს საქართველოშო ჭორებისათვის და ხმებისათვის კარგი პერიოდია დაწყებული იმით, რამდენი კაცი მოკლეს, დამთავრებული იმით, რომ პური ან ფული აღარ იქნება. იმისათვის, რომ მოხდეს ხელფასების მომატება, საჭიროა დიდი ფულადი მასა. მაგალითად, ჩვენ რომ გაგვეზარდა ხელფასი და ფასი ორჯერ, პროდუქცია ჩვენს რესპუბლიკაში შემოვიდოდა ძალიან დიდი რაოდენობით. რა თქმა უნდა, იავლინსკიმ და მისმა ხალხმა იციან ეს და უკვე ერთი წელიწადია მოგვისპეს ამის საშუალება. იგრძნეს რა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურ პოლიტიკის გატარება, მოგვიჭრეს ყველა გზა, ჯერჯერობით ჩვენთან ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.
- როგორი გადასახადებია დაწესებული პრივატიზებულ საწარმოებზე? მიეცემა თუ არა მათ სტიმული განვითარებისათვის?
- საერთოდ, ყველა სახელმწიფოს ბიუჯეტი შედგება გადასახადებისაგან. ჩვენი ბიუჯეტი მომავალში ასევე გადასახადებით შეივსება. მართალია, ახლა ეს ბიუჯეტი მკვეთრად დეფიციტურია, და ეს მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, სახელმწიფო ვალი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნება ეკონომიკაში, მაგრამ ამ დეფიციტის დასაფარი ერთ-ერთი საშუალება სწორედ პრივატიზაციაა.
- ბატონო ბესარიონ, რამდენად აქტიურად, რამდენად ოპტიმალურად იყენებს მთავრობა იმ ეკონომისტებისა და სპეციალისტების შესაძლებლობებს, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციას წარმოდგენენ?
- საპარლამენტო ოპოზიციაში განათლებით ეკონომისტი არის ერთი დეპუტატი, ხოლო ჩვენს ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობდა არანაკლებ 400-500 კაცი. სხვათა შორის, საპარლამენტო ოპოზიციის იმ ერთადერთ ეკონომისტს ტელევიზიითაც და პრესითაც არაერთხელ მივმართე წარმოადგინოს თავისი წინადადებები, მოსაზრებები, რაც აქამდე არ გაკეთებულა და ვეჭვობ, არც გაკეთდება.
პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. „ეკონომიკური პროცესების დაჩქარება შეუძლებელია“ / გუგუშვილი ბ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - N221 (241). - 2 გვ.
პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. „ეკონომიკური პროცესების დაჩქარება შეუძლებელია“ / გუგუშვილი ბ. // რესპუბლიკა. - 1991. - 13 ნოემბერი. - N 39/72. - 2 გვ.
![]() |
14 საქართველო-აშშ: „ამერიკის ხმა“, პირდაპირი ეთერი „სანამ არ გაირკვევა პოლიტიკური საკითხები, ლაპარაკიც ზედმეტია ეკონომიკური ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ქალბატონი ეთერ ფიჩხაძე და ქალბატონი დოდონა კიზირია ესაუბრებიან საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბატონ ბესარიონ გუგუშვილს და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ნემო ბურჭულაძეს.
ეთერ ფიჩხაძე: - გამარჯობათ, ბატონო ბესარიონ. საუბარი იყო ქართულ ფულზე, თუ რა უნდა დაერქვას მას - მარჩილი თუ თეთრი? როგორც ეკონომისტმა, კარგად იცით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ დაასწრებს საკუთარი ფულის გამოშვებას.
ბ. გ.: - საქმე იმაშია, რომ ფულადი ნიშნების მიმოქცევის თვალსაზრისით დაძაბული ვითარება იქმნება მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც. მატულობს ინფლაციის პროცესი. იმპერიული სისტემა საკმარისი დონით ფულადი ნიშნებით (ე.წ. ნაღდი ფულით) არ ამარაგებს რესპუბლიკებს, ამის გამო ფულადი ბაზარი ფულის ნიშნების ძალიან დიდ დეფიციტს განიცდის, რაც არსებითად აფერხებს ეკონომიკის განვითარების პროცესს ჩვენს რესპუბლიკაში. ამიტომ ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ორ უცხოურ კომპანიასთან, რომ უახლოეს პერიოდში გამოვუშვათ ეროვნული ფულის ნიშნები. სახელწოდების შესახებ ჯერჯერობით ზუსტად არ შეიძლება ითქვას, ერქმევა, ალბათ, თეთრი, ან მანეთი, მთავარია, რომ მიმოქცევაში შემოვა ეროვნული ფულის ნიშნები და იგი ეროვნული სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძველი გახდება.
კორ.: - გმადლობთ, მთავარი საკითხი ახლა არის პრივატიზაცია. თქვენ ისაუბრეთ, რომ არის გრანდიოზული გეგმები, ბევრი რამაა გადასაწყვეტი, ბევრიც თავიდანაა დასაწყები დ ამიტომ ეკონომიკის ბევრ დარგში სრული რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს. თუ შეიძლება გვითხარით, რა გაკეთდა და რა არის მოსალოდნელი უახლოეს ხანებში?
ბ. გ.: - არსებითი ის არის, რომ უკვე მიღებულია და ძალაშია შესული კანონი პრივატიზების შესახებ, რაც იძლევა საკანონმდებლო საფუძველს იმისას, რომ დაიწყოს პრივატიზაციის პროცესი. შეიქმნა სახელმწიფო ქონების მართვის სპეციალური კომიტეტი, პრივატიზაციის კომიტეტი, რომელმაც რეალურად უნდა განახორციელოს პრივატიზაცია. უკვე შედგა საკმაოდ დიდი ნუსხა იმ საწარმოებისა, რომლებიც უახლოეს ხანში იქნებიან პრივატიზებული. ერთ ან ორ თვეში ჩვენ უზენაეს საბჭოს წარვუდგენთ პრივატიზების გეგმას უახლოესი ერთი წლისათვის და დაიწყება პრივატიზების პროცესი, რომელიც უკვე მოიცავს საკმაოდ ფართო სფეროებს, მათ შორის ვაჭრობის, მომსახურების, მრეწველობის მცირე საწარმოებს, შემდეგ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე, პირველ რიგში უფრო ფართოდ - თავისუფალი იჯარის სახით ისე, რომ ეს ნაბიჯები რეალურადაა გადადგმული და ველოდებით ეროვნული ფულის შემოღებას იმიტომ, რომ გვინდა პრივატიზების ანუ სახელმწიფო საკუთრების გამოსყიდვის პროცესი ხდებოდეს ეროვნული ფულის ნიშნებით: ეს ეროვნულ ფულს განამტკიცებს და მოგების საშუალებით თავიდან ავიცილებთ ფულადი ნიშნების შემდგომ ინფლაციას.
კორ.: - ბატონო ბესარიონ, თქვენ ბრძანეთ, პრივატიზება სხვადასხვა სფეროში იქნებაო. მაგალითად, გავრილ პოპოვმა თავისებური ხერხები უნდა გამოიყენოს. თქვენ რანაირი ხერხებით აპირებთ ამას? თუ გაქვთ თქვენებური ხერხი, მიდგომა? მაგალითად, საწარმოების პრივატიზაცია რა პრინციპით განხორციელდება?
ბ. გ.: - საწარმოების და სხვა ასეთი ობიექტების პრივატიზაცია ძირითადად მოხდება მათი სააქციონერო საზოგადოებად გარდაქმნის გზით. საწარმოში მომუშავე ხალხს მიეცემა უპირატესობა აქციების ყიდვის დროს სიიაფის თვალსაზრისით, ან აქციების განვადების თვალსაზრისით. აქციების სხვა ნაწილი წავა სააქციო ბაზარზე გასაყიდად. ასე, რომ ძირითადი გზა პრივატიზებისა იქნება ამა თუ იმ საწარმოს საააქციონერო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდეგ აქციების გაყიდვა.
კორ.: - ახლა რაც შეეხება მიწის პრივატიზაციას, ეს უფრო რთული საკითხია, ალბათ.
ბ. გ.: - რა თქმა უნდა, უფრო რთულია. მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობებია. ამიტომ აუხლოეს პერიოდში - უკვე ამ ზამთრიდან დავიწყებთ საშუალედო ფორმების გამოყენებას, როგორიცაა თავისუფალი იჯარა, იმისათვის, რომ გლეხური მეურნეობები, სოფლის მშრომელები მივაჩვიოთ მიწის პიროვნულ გამოყენებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მიწის პრივატიზაცია გაყიდვის სახით. ხოლო რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებს, დგას ამ ნაკვეთების შედარებით ახლო პერიოდში პირად საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
კორ.: - ე. ი. შეუძლიათ შეისყიდონ საკარმიდამო ნაკვეთი?
ბ. გ.: - ნაწილი შეიძლება შეისყიდონ, ნაწილი კი გადაეცეს უსასყიდლოდ.
კორ.: - ეს მოხდება გარკვეული დროით, თუ სამუდამო საკუთრებაში გადაცემით?
ბ. გ.: - ეს იქნება სამუდამო საკუთრებაში, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, ექნებათ თუ არა უფლება გაყიდონ ეს ნაკვეთები, რა პირობებში და რა მეთოდებით გაყიდონ.
დოდონა კიზირია: - მაინტერესებს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოაწერა ხელი საქართველომ ეკონომიკურ ხელშეკრულებას? ჩაითვლება ეს პოლიტიკურ ალიანსად (რამდენადაც ვიცი, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა არ მოაწერეს ხელი), თუ უბრალოდ პრინციპის გულისათვის არ მოაწერეთ ხელი?
ბ. გ.: - მთავარი ასპექტი აქ ის არის, რომ ეკონომიკური ხელშეკრულების უკან იმალება პოლიტიკური ხელშეკრულება. ეკონომიკურ ხელშეკრულებას რომ ხელი მოვაწეროთ, უნდა გაირკვეს, თუ ვინ არიან ის სუბიექტები, რომლებიც ხელს აწერენ ხელშეკრულებას. ეს ჯერჯერობით გარკვეული არ არის. არიან თუ არა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საერთაშორისო სამართალ-სუბიექტები, თუ რაღაც კოლონიების ან დომინიონების მსგავსი ერთეულები? მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ლაპარაკი ხელშეკრულებაზე. კარგად იცით, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, ახლა პარალელურად მიდის ლაპარაკი ახალი პოლიტიკური კავშირის შექმნაზე და ეს ორი პრობლემა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ, სანამ არ გაირკვევა პოლიტიკური საკითხები, ლაპარაკიც ზედმეტია ეკონომიკური ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარებაზე.
კორ.: - ბატონო ბესარიონ, ცალკეულ რესპუბლიკებთან თუ აქვს საქართველოს ხელშეკრულებები ან კავშირი მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა?
ბ. გ.: - მზადდება ასეთი ხელშეკრულებების მთელი სერია, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ტექსტებიც ბევრგან მზადაა. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ პირდაპირი, ორმხრივი ხელშეკრულებები დავდოთ ყველა რესპუბლიკასთან, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მათ შორის პირველ რიგში ჩვენს უშუალო მეზობლებთან.
კორ.: - ესე იგი, ვაჭრობა და გაცვლა-გამოცვლა ყველა რესპუბლიკასთან გექნებათ. ახლა ისევ პრივატიზაციას დავუბრუნდეთ. არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სასაზღვრო მიწები არ იქნება პრივატიზებული, არამედ დიდი პერიოდით იჯარით იქნება გადაცემული. მე ეს საკითხი მაღელვებს და მაინტერესებს, როგორ იქნება ეს გადაწყვეტილი?
ბ. გ.: - საქმე იმაშია, რომ ეს რთული საკითხია მრავალი ფაქტორის გამო. პირველი ისაა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი სხვადასხვა ზომით არის უზრუნველყოფილი მიწით. არის რეგიონები, სადაც დიდი გაჭირვებაა მიწაზე და, პირიქით, არის რეგიონები, სადაც ჭარბად არიან მიწით უზრუნველყოფილნი. ამჟამად მიწის პრივატიზების ოთხი სხვადასხვა პროექტია განხილვის პროცესში. უპირატესობა ჯერ არც ერთისთვის არ მიგვინიჭებია. ამიტომ, თუ რა პრინციპით განხორციელდება მიწის პრივატიზება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. უახლოესი პერიოდისათვის, მომავალი წლისათვის, შერჩეულია პრივატიზების გარდამავალი ფორმა - ეს არის თავისუფალი იჯარის ფორმა.
კორ.: - ბატონო ბესარიონ, ეს ყველაფერი, ალბათ, გამოიწვევს ახალი ინსტიტუტების დაწესებას. როგორ ხდება მათი ჩამოყალიბება?
ბ. გ.: - რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვა ახალმა სტრუქტურამ - ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებში სულ უფრო ფართოდ ერთვება კერძო სექტორი. მინისტრთა კაბინეტთან შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოწოდებულია წაახალისოს იგი, დაეხმაროს, მონაწილეობა მიიღოს რესპუბლიკათაშორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს დაწესებულებები, სამინისტროთა გარდა, არიან კერძო ასოციაციები, კერძო ფირმები, რომლებიც უკვე ძალზე ენერგიულად მონაწილეობენ ეკონომიკაში.
დ. კიზირია: - აქ, შეერთებულ შტატებში, ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს, მათ შორის რუსეთს, ძალიან საშიში და მძიმე ზამთარი ელით. რა კეთდება საქართველოში იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს გათბობა, სურსათი და ნორმალურად გამოიზამთროს?
ბ. გ.: - აქ მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის სურსათის და ელექტროენერგიის ეკონომიისა. მთავრობასთან შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც იკრიბება კვირაში ორ-სამჯერ, მუშაობს იმ პრობლემებზე, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს საკვებით, გათბობით, ელექტროენერგიით. მძიმე ზამთარი გველის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გველის შიმშილი და დიდი უკმარისობები.
კორ.: - გაძვირების, ფასების მომატების შესახებ თუ იყო თქვენთან საუბარი: რუსეთში გაძვირდა პროდუქტი, პური, რძე, ხორცი, ძალზე ავარდა ფასები. როგორია სიტუაცია საქართველოში?
ბ. გ.: - ჩვენთან ჯერჯერობით ეს პროდუქტები ღირს 50 პროცენტით ან ორჯერ იაფი ვიდრე სხვა დიდ ქალაქებსა და რესპუბლიკებში. საქართველო ამ თვალსაზრისით შედარებით უკეთესად გამოიყურება და ამჟამად არ ვგეგმავთ პირველი მოთხოვნილების საქონელზე, განსაკუთრებით პურზე, ფასების მომატებას.
კორ.: - ეს იმის წყალობა ხომ არაა, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ფასებს, თუ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობის გამო არის პროდუქტის სიუხვე და ფასებიც ამიტომ ნაკლებია?
ბ. გ.: - ერთიც მუშაობს და მეორეც, მაგრამ უფრო მეტად იმიტომაა ფასები ნაკლები, განსაკუთრებით პურზე, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო დანახარჯების გადაფარვა, ე.ი. დოტაციურად აქცია ეს დარგები, იმისათვის, რომ მოსახლეობის ფართო ფენებს სოციალური მდგომარეობა არ გაუუარესდეს. ეს სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის შედეგია.
კორ.: - მომავალში, ალბათ, მთავრობა აიღებს ხელს ამგვარ საქციელზე, არა?
ბ. გ.: - ჩვენი ეკონომიკური დოქტრინით, მთავრობამ მომავალშიც უნდა აიღოს თავის თავზე მოსახლეობის სოციალური დაცვა. ჩვენს ეკონომიკურ დოქტრინას შეიძლება ეწოდოს სოციალური საბაზრო ეკონომიკა.
კორ.: - ეს არ იქნება საბაზრო ეკონომიკის შეზღუდვა?
ბ. გ.: - არა, საბაზრო ეკონომიკის მხრივ იქნება სრული თავისუფლება. ეს მოხდება გადასახადების პატარა პროცენტით მომატების ხარჯზე, რომელიც კერძო სექტორს მაინცა და მაინც მძიმე ტვირთად არ დააწვება.
კორ.: - ეხლა შეკითხვა მაქვს ბატონ ნემო ბურჭულაძესთან. ბატონო ნემო, გვიამბეთ ბატონ აკაკი ასათიანის ვიზიტის შესახებ უნგრეთში. თქვენ თან ახლდით მას?
ნ. ბ.: - არა, მე არ ვხლებივარ. მას თან ახლდა უზენაესი საბჭოს ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე. აკაკი ასათიანი იქ ბრძანდებოდა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით. შედეგები დადებითია. უახლოეს ხანებში ველოდებით ამავე დონის დელეგაციას უნგრეთიდან და, ალბათ, უკვე მოვახერხებთ ხელშეკრულების გაფორმებას საკმაოდ დიდ მასშტაბებში. აგრეთვე მოლაპარაკება იყო პოლიტიკურ საკითხებზეც და, ალბათ, ერთი-ორი თვის შემდეგ მოხდება უნგრეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღიარება.
კორ.: - ბატონო, ნემო, რუმინეთი იყო პირველი, რომელიც ფიქრობდა ამას და ჯერ არ გამოცხადებულა ოფიციალურად.
ნ. ბ.: - რუმინეთმა გვცნო კარგა ხანია და დავიწყებთ მოლაპარაკებებს დიპლომატიურ ურთიერთობებზე. გაიხსნება საელჩოები.
კორ.: - კიდევ რომელ ქვეყნებთან გაქვთ ურთიერთობები?
ნ. ბ.: - პირველ რიგში მეზობელ თურქეთთან ფორმდება დიდი ხელშეკრულებები, აგრეთვე დეკემბრის დასაწყისში მე და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე მივემგზავრებით ფინეთში პარლამენტის მიწვევით, სადაც გარდა პოლიტიკურისა, ეკონომიკურ ხელშეკრულებაზეც ვიმუშავებთ.
დ. კიზირია: - ბატონო ნემო, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ვაჭრობის დროს საქართველოს არა აქვს საშუალება ფულით შეიძინოს საჭირო პროდუქტი. ე. ი. საჭიროა გაცვლა. რა შეუძლია შესთავაზოს საქართველომ ევროპის ქვეყნებს?
ნ. ბ.: - დიდი მოთხოვნილებაა ალკოჰოლიან სასმელებზე, მინერალურ წყლებზე, ჩაიზე...
კორ.: - ბატონო ბესარიონ, უკანასკნელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საქართველოში ბევრი წამოწყებული საქმე შეაჩერა, მაგრამ ამჟამად შედარებით სიმშვიდეა. დაიწყო სწავლა. თუ შეიცვალა რაიმე განათლების სტრუქტურაში, რა კეთდება?
ბ. გ.: - განათლების სისტემაში არსებითი ცვლილებები წელს არ მომხდარა. სიახლეა ის, რომ გაჩნდა კომერციული უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლება ფასიანია. იცვლება მთელი რიგი დისციპლინების შინაარსი. ყველაფერი კეთდება ეროვნულ ჩარჩოებში მათი მოქცევისათვის.
კორ.: - მომრავლდა კომერციული სასწავლებლები. თუ არსებობს რაიმე კონტროლი განათლების სამინისტროს მხრიდან? როგორ კადრებს მოამზადებენ ისინი და როგორი იქნება დონე?
ბ. გ.: - გარკვეული კონტროლი არსებობს. მაგრამ ჩვენ მაინც ვთვლით, რომ დრო და გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად მაღალხარისხოვან სპეციალისტებს მოვამზადებთ. ერთი რამ ნათელია - მასწავლებელთა ხელფასები აქ საკმაოდ მაღალია. ისე, რომ აქვთ საშუალება მოიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც გარანტიაა იმისა, რომ მომზადების დონე არ უნდა იყოს დაბალი.
დ. კიზირია: - არსებობს თუ არა განათლების სისტემაში ისეთი დაწესებულებები, რომლებიც უაღრესად არარენტაბელურია და ოთხჯერ და ხუთჯერ არის გაზრდილი კადრები, - ესაა კვლევითი ინსტიტუტები. ამერიკაში მათი არსებობა წარმოუდგენელია. თქვენ რას ფიქრობთ, იქნება ისევ ეს ინსტიტუტები? თუ ისევ დოტაციები იქნება? შეუძლია სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ეს?
ბ. გ.: - აქ უნდა მოხდეს შესაბამისი კერძო მეწარმული სისტემის განვითარება, რომლებიც დაფუძნებული იქნებიან არა სახელმწიფო დოტაციაზე, არამედ მათს შინაგან რენტაბელობაზე. ეს პროცესი არ იქნება მყისიერი, თანდათანობითი უნდა იყოს, რადგან არ უნდა გამოვიწვიოთ მძიმე სოციალური სტრესები. ჩვენი მოსახლეობა ამისათვის მზად არ არის.
დ. კიზირია.: - ესე იგი, ცდილობთ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური არა?!
ბ. გ.: - მე ვფიქრობ, თუ თანდათანობით ჩავატარებთ ამ პროცესებს, მართალია, დავკარგავთ ეკონომიკური ეფექტიანობის რაღაც პროცენტებს, მაგრამ სამაგიეროდ, შევინაჩუნებთ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას.
დ.კიზირია: - ამერიკაში იტყოდნენ, რომ ეს ძალიან ჰგავს რუსეთის, გორბაჩოვის გეგმებს...
ბ. გ.: - საქმე იმაშია, რომ ის სტრუქტურები, რომელიც შეიქმნა დასავლეთში, ჩვენ რომ კაპიტალიზმს ვეძახით, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და არავის უკვირს, როცა ნიუ-იორკის ქუჩებში უსახლკარო კაცი დადის. ასეთი მომენტი საქართველოში წარმოუდგენელია. ქართველს ვერ წარმოუდგენია ხალხი, რომელიც უსახლკაროდ ყრია ქუჩაში. ეს გარკვეული ეროვნული ფსიქოლოგიაა, რომლის ასე მარტივად გარდაქმნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თქვენ იცით, საქართველომ კოლოსალური ხარჯები გასწია მიწისძვრით დანგრეული სახლების ასაშენებლად. არც ერთი დასავლეთის ქვეყანა ამას არ გააკეთებდა და გასწირავდა იმ ხალხს უსახლკაროდ ცხოვრებისათვის. ჩვენი ერი მორალურ ფაქტორს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეკონომიკურს.
კორ.: - თქვენი მუშაობის შესახებ გვითხარით. ვისთან გაქვთ შეხვედრები, რა გეგემები გაქვთ მომავლისათვის, ბატონო ბესარიონ?
ბ. გ.: - ძირითადად დღეს ჩემი მოვალეობები დაიყვანება იმაზე, რომ შევიმუშავო რესპუბლიკის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. ამასთან დაკავშირებით მე ვხვდები ეკონომისტებს, სპეციალისტებს და გვაქვს სჯა-ბაასი. უკვე გაზეთში გამოქვეყნდა პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, თუმცა გარკვეულ დროს ვუთმობ სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებსაც. უკვე საერთო-სახალხო განხილვისათვის გამოვაქვეყნებთ საქართველოს ტელერადიო კორპორაციის დებულებას, რომელმაც ეს სტრუქტურა ინფორმაციის თანამედროვე დასავლური მოთხოვნილების დონეზე უნდა დააყენოს. ჩემი საქმიანობა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს ეხება.
კორ.: - თქვენი მუშობის შესახებ, ბატონო ნემო?
ნ. ბ.: - პარლამენტის მუშობა იცით, რთულია; ალბათ ვერც ერთი პარლამენტი ვერ შეძლებდა ერთი წლის განმავლობაში ამდენი კანონპროექტის მიღებას. ბევრიც გამოქვეყნებულია განსახილველად, ამჟამად ჩემს კომპეტენციაშია უზენაესი საბჭოს მუშობა.
კორესპონდენტი და დოდონა კიზირია: - დიდი მადლობა, ბატონებო. კეთილად დაგეგვირგვინებინოთ თქვენი დიდი საქმეები. მადლობას ვუხდით რადიომსმენელებსაც, ალბათ, საინტერესო საუბარი იყო მათთვის. იმედია, ეს საუბარი პირველი და უკანასკნელი არ იქნება.
ნემო ბურჭულაძე და ბესარიონ გუგუშვილი: - დიდ მადლობას მოგახსენებთ, რამეთუ საზღვრებს გარეთ სწორი ინფორმაციის გატანა, როგორც მოგეხსენებათ, ჭირს დღესდღეობით. ნახვამდის.
(საეთერო სტენოგრამის მიხედვით, სტილი დაცულია)
პირდაპირი ეთერი რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“: „სანამ არ გაირკვევა პოლიტიკური საკითხები, ლაპარაკიც ზედმეტია ეკონომიკური ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარებაზე / გუგუშვილი ბ., ბურჭულაძე ნ. // რესპუბლიკა. - 1991. - 21 ნოემბერი. - N40/73. - 1,2 გვ.
![]() |
15 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება მ. დ. ბალარჯიშვილის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
განთავისუფლდეს მერაბ დავითის ძე ბალარჯიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი
ა. ლანდია.
დადგენილება: მ. დ. ბალარჯიშვილის შესახებ / გუგუშვილი ბ., ლანდია ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 22 ნოემბერი. - N228 (248). - 1გვ.
![]() |
16 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, გარდამავალი პერიოდის თავისებურებანი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წინაშე სრულიად ახალ, განსხვავებულ პრობლემებსა და ამოცანებს აყენებენ. ეს უპირველესად შეეხება საინფორმაციო სამსახურების ისეთ მაკოორდინირებელ ორგანიზაციას, როგორც არის საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“. მისი საქმიანობის ამჟამინდელი პროგრამა, დებულებით გათვალისწინებული ფუნქციები, დანიშნულება და სტრუქტურა არ შეესაბამება 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მომხდარ დიდმნიშვნელოვან ისტორიულ ცვლილებებს, რის გამოც სააგენტო ქართველი ხალხისათვის ამ განსაკუთრებულ პერიოდში საკმარისი სისრულით ვერ ასახავს, მოსახლეობას ოპერატიულად და ვრცელი სპექტრით ვერ აწვდის საჭირო ობიექტურ ინფორმაციას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე არსებითი ცვლილებების, ახალი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების, კერძოდ, საბაზრო სისტემაზე გადასვლის თაობაზე; სათანადო აქტიურობასა და დაბეჯითებას ვერ იჩენს როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ გაჩაღებული დეზინფორმაციის კონტრპროპაგანდისათვის. ამ მიზნით სრულად ვერ იყენებს მის ხელთ არსებულ ფართო შესაძლებლობებს, სათანადოდ ვერ აშუქებს პარლამენტისა და ხელისუფლების საქმიანობის ამსახველ მასალებს.
ზემოაღნიშნულის გამო პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა სისტემის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და არსებული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველო“.
2. საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი
ა. ლანდია.
დადგენილება: საქართველოს ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „საქართველოს“ შესახებ / გუგუშვილი ბ., ლანდია ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 22 ნოემბერი. - N228 (248). - 1გვ.
![]() |
17 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებებთან დაკავშირებით, რომლებითაც საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სასაზღვრო და შინაგანი ჯარების იარაღი, საბრძოლო მასალები, გადაადგილების საშუალებანი, სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ბაზები და სხვა სამხედრო ქონება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აცხადებს, რომ:
1. მანამ, ვიდრე არ გამართულა მოლაპარაკებანი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებთან და არ გაფორმებულა სათანადო შეთანხმებანი და სხვა დოკუმენტები აღნიშნულ ბრძანებულებებში დასახელებული ქონების რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, არავის არა აქვს უფლება ხელყოს იგი დაუფლების მიზნით. ამ ქონების დატაცების, გაფუჭების, ვინმესათვის გადაცემის, გაყიდვის ყოველი ცდა, ასევე საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მისი გატანა, შეფასებული იქნება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
2. ამიერკავკასიის სამხედრო და სასაზღვრო ოლქების სარდლობებს, შავი ზღვის ფლოტისა და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებსა და ნაწილებს, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ცენტრალური დაქვემდებარების ნაწილებსა და დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება არ დაუშვან ბრძანებულებებში ჩამოთვლილი ქონების რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გატანა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ნებადაურთველად.
ამასთანავე შენაერთების, ნაწილებისა და დაწესებულებების მეთაურებმა და ქონების დაცვისათვის პასუხისმგებელმა სხვა პირებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა მისი უკანონოდ დაუფლების ცდების აღსაკვეთად.
3. მოვუწოდებთ საბჭოთა არმიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სასაზღვრო და შინაგანი ჯარების, სამხედრო კოლექტივების ხელმძღვანელებს, ყველა ოფიცერს, პრაპორშჩიკს, მიჩმანს, სერჟანტს, ზემდეგს, მთელ პირად შემადგენლობას, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს, მუშა-მოსამსახურეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმის ღრმა რწმენა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი უფლებებისა და სოციალური დაცულობის გარანტი იქნება.
4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს მასზე დამოკიდებულ ყველა ღონისძიებას აღნიშნულ ბრძანებულებათა მოთხოვნების შესასრულებლად. იგი ამზადებს შესაბამის უფლებამოსილ პირებს ცენტრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა დასაწყებად და მხარეთა ურთიერთობის და პასუხისმგებლობის მარეგულირებელ შეთანხმებათა, ხელშეკრულებათა და სხვა დოკუმენტთა გასაფორმებლად.
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური განცხადება / გუგუშვილი ბ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ნოემბერი. - N229 (249). - 3 გვ.
![]() |
18 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ზ. გ. გომართელის საქართველოს რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დაინიშნოს ზაურ გაიოზის ძე გომართელი საქართველოს რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილედ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი
ა. ლანდია.
დადგენილება: ზ. გ. გომართელის საქართველოს რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ / გუგუშვილი ბ., ლანდია ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 ნოემბერი. - N230-231-232 (252). - 1გვ.
![]() |
19 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება 1991 წლის ბოლომდე და 1992 წლის პირველ კვარტალში მუშაობის სპეციალური რეჟიმის დაწესების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგებაში შექმნილი მწვავე დეფიციტის შესამსუბუქებლად საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაუწესდეს 1991 წლის 9 დეკემბრიდან სამუშაო საათების ხანგრძლივობა:
- სავაჭრო კოოპერატივებს, კომერციულ მაღაზიებსა და ინდივიდუალური საქმიანობის ობიექტებს - 10-დან 15 საათამდე:
- ერთცვლიანი გრაფიკით მომუშავე წარმოება-დაწესებულებებსა და მწარმოებელ კოოპერატივებს - 8-დან 15-საათამდე (შესვენების გარეშე);
- სახელმწიფო ვაჭრობის ობიექტებს (სასურსათოს გარდა) - 10-დან 17 საათამდე;
- სასურსათო ვაჭრობის, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა ობიექტებს - ადგილობრივი პრეფექტურებისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
- სახელმწიფო, კომერციულ და საკაბელო ტელევიზიას - 18-დან 23 საათამდე;
2. ორ ცვლად მომუშავე საწარმოებმა სამუშაო დროის შემჭიდროვების მიზნით განახორციელონ საწარმოო დატვირთვებისა და მოწყობილობა-დანადგარების მუშაობის ინტენსიფიცირება ერთცვლიანი სამუშაო დროის ფარგლებში.
3. უწყვეტი ციკლით მომუშავე სამრეწველო საწარმოებმა ცვლებისა და სამუშაო საათების ხანგრძლივობა განსაზღვრონ მათთვის ელექტროენერგიის მოხმარების დაწესებული ლიმიტების შესაბამისად.
4. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველომ (რ. ვაშაკიძე) მოაწესრიგოს მატარებლების მოძრაობის განრიგი მისი ფაქტობრივი დატვირთვის გათვალისწინებით (შესაძლებლობის მიხედვით შეკვეცოს მარშრუტების რაოდენობა).
5. აიკრძალოს ელექტროენერგიის გამოყენება:
- სახელმწიფო და ინდივიდუალურ სათბურებში - დასხივებისა და დათბუნების მიზნით;
- ინდივიდუალური საქმიანობის ობიექტებზე (თონე, სამწვადე და სხვ). - მისი ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენების მიზნით.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ გადაწყვეტილებამდე აიკრძალოს ქვის დამმუშავებელი კოოპერატიული და კერძო საწარმოების მუშაობა.
7. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ (გ. აბსანძე), საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრომ (გ. გოგავა) ერთი კვირის განმავლობაში დაამთავრონ და წარმოუდგინონ განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფები.
8. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრომ (გ. გოგავა).
- ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით ათი დღის განმავლობაში გააანალიზოს ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის დამატებითი გრაფიკი;
- განახორციელოს მკაცრი კონტროლი ელექტროენერგიის მოხმარების სფეროში, განსაკუთრებით არამიზნობრივი და უყაირათო ხარჯვის აღსაკვეთად;
9. სასიცოცხლო მნიშვნელობისა და განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტების (ჯანმრთელობის დაცვის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის და სხვ.) ხელმძღვანელებმა ავტონომიური ელექტროკვების განსახორციელებლად გამონახონ საშუალებანი დიზელ-გენერატორების შესაძენად.
10. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ (გ. აბდუშელიშვილი), საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ (გ. მირიანაშვილი), ქალაქ თბილისის მერიამ (თ. ვაშაძე), ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებსა და მოსახლეობაში ელექტროენერგიის დაზოგვის ფართო პროპაგანდას.
11. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ფართოდ გააშუქონ ამ დადგენილების არსი და მნიშვნელობა.
12. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 2 ნოემბრის N850 დადგენილების მე-6 პუნქტი.
13. დადგენილება მოქმედებს დღიდან გამოქვეყნებისა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ გადაწყვეტილებამდე.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი
ა. ლანდია.
დადგენილება: 1991 წლის ბოლომდე და 1992 წლის პირველ კვარტალში მუშაობის სპეციალური რეჟიმის დაწესების შესახებ / გუგუშვილი ბ., ლანდია ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 5 დეკემბერი. - N238 (258). - 1გვ.
დადგენილება: 1991 წლის ბოლომდე და 1992 წლის პირველ კვარტალში მუშაობის სპეციალური რეჟიმის დაწესების შესახებ / გუგუშვილი ბ., ლანდია ა. // რესპუბლიკა. - 1991. - 5 დეკემბერი. - N 42/75. - 1გვ.
![]() |
20 არ გვინდა მხოლოდ ტაშის დამკვრელები ვიყოთ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა წარმომადგენლებთან |
▲ზევით დაბრუნება |
საოცარი ბედის ხალხია ებრაელები, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორიით ქართველ ხალხთან შეზრდილ-დაკავშირებულთ, უძველეს წინაპართა ძახილმა მოსვენება დაუკარგა და ისტორიული სამშობლოსკენ მიაბრუნა... დღეს საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ორი მესამედი უკვე ისრაელში ავიდა. თემი მოიშალა სუჯუნაში, ლაილაშში, საჩხერეში, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობა დამთავრდა...
ამ დღეებში, საქართველოს პრემიერი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი შეხვდა საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა წარმომადგენლებს. როგორც აღინიშნა, მსგავსი შეხვედრა ებრაელთა ეროვნების წარმომადგენლებთან არსად არ მომხდარა, თვით დემოკრატიულ რუსეთშიც კი. შეკრებილთ სიტყვით მიმართა ბატონმა ბესარიონმა. კერძოდ, მან თქვა:
- საქართველოში არასტაბილური ვითარებაა. რაც პრემიერ-მინისტრი გავხდი, სისტემატურად ვხვდები საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. ვსაუბრობთ, ვეცნობით მათ პრობლემებს, ვითვალისწინებთ მათ ჩვენს მუშაობაში.
- ქართულ-ებრაული ურთიერთობები რეკლამას არ საჭიროებს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ამ მიზნით არ მომხდარა. განვლილი ერთი წელი, ალბათ, ერთ-ერთი მძიმე პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ბრძოლა გვიხდება ახალი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი ერთად იცხოვრებს, იქნება ერთა შორის პატივისცემა და ურთიერთგაგება.
- ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იყო ებრაელი ხალხისა. ჩვენმა მეგობრობამ ოცდაექვს საუკუნეს გაუძლო და დღესაც ძველებურად მოქმედებს. ებრაელმა ხალხმა მრავალჯერ დაუდასტურა თავისი ერთგულება და თანადგომა თავის მეორე სამშობლოს, - როგორც ისინი ეძახიან, - საქართველოს.
თვით ის ფაქტიც კი, რომ საქართელოს პრეზიდენტს ებრაელი მრჩეველიც ჰყავს, ამ მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია... თქვენ იცით, როგორ აღაშფოთა ბატონი ზვიად გამსახურდია იმ შემზარავმა ფაქტებმა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინათ გახდა ჩვენთვის ცნობილი და რომლებმაც თქვენი სავსებით სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ებრაული საფლავების წაბილწვა, სეფე-თორების გატაცება სინაგოგიდან, მათი ხელყოფა, - ეს ის ფორმებია ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი საერთო მტრისათვის. ამით ჩვენი დაპირისპირება, წაკიდება სურთ. მტერი ეშმაკია, ბოროტია, მაგრამ ჭკვიანურად მოქმედებს. ის არანაირ მეთოდს არ ერიდება ეთნოკონფლიქტების შესაქმნელად. ზემოაღნიშნული ფაქტებიც, სწორედ, ახალი ეთნოკონფლიქტებისათვის იყო ჩაფიქრებული, - ჩვენ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს მათი ხელწერაა, და არა ქართველი ერისა.
ებრაელ ხალხს ყოველთვის ჰქონდა და კვლავაც ექნება საშუალება საქართველოში გულდამშვიდებით ცხოვრებისა, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და რელიგიური განვითარებისა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რაც არ უნდა მოხდეს. ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, თუმცა პრობლემებზეც უნდა ვისაუბროთ. ყველა, ვინც ჩვენს შორის წყალს აამღვრევს, უნდა დაისაჯოს. მერწმუნეთ, პროვოკაცია ერთეულებიდან მოდის და არა ქართველი ერიდან. ამიტომაც ყოველი ასეთი არასასიამოვნო ეპიზოდი წარმავალია, მთავარია ჩვენი მეგობრობა გადავარჩინოთ.
ის პრობლემები, რაც თქვენ გაღელვებთ, ქართველი ერის საწუხარიცაა. ჩვენ ერთი ტკივილი გვტკივა. იმ კაცმა, ვინც სეფეთორები გაიტანა ონის ებრაული სინაგოგიდან, ვინც თქვენი წინაპრების საფლავები ხელყო, კარგად იცოდა, რომ ამით ყველაზე წმინდა, ყველაზე ფაქიზ ურთიერთობებს ეხებოდა: იცოდა, რომ ამით ყველაზე მეტად გვატკენდა გულს და სწორედ ამიტომაც მოიქცა ასე. ვინ იცის, კიდევ რა ჰქონდა და რა აქვს ჩაფიქრებული და გათვლილი. ახლა მთავარია გონებით აღვიქვათ ყველაფერი და ფაქტები არ განვაზოგადოთ, ქართველი ხალხიდან წამოსულად არ ჩავთვალოთ.
ჩვენმა მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და დღეს ცოტა უხერხულიც კი არის, ერთმანეთს სიყვარული ვუმტკიცოთ.
საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის წარმომადგენლები დღეს აქ იმიტომ მოვიწვიეთ, რომ მათთან ერთად ჩვენს დღევანდელობაზე ვისაუბროთ. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მაინც ნაჩქარევია: კარგი იქნება, თუ, საერთოდ, წელიწადში ერთხელ მაინც შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ვისაუბრებთ ჩვენს პრობლემებზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ებრაული თემი - ბათუმიდან, სენაკიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან, გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან, ონიდან... ყველა თავისი პრობლემით მოვიდა ამ შეხვედრაზე. ასე, მაგალითად, სოხუმის ებრაულმა თემმა სასაფლაოს ფართობის გამოყოფა ითხოვა, ონის ებრაულმა თემმა - სინაგოგის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაჩქარება, მანვე მადლობა მოახსენა რესპუბლიკის მთავრობას სინაგოგიდან გატაცებული სეფეთორების აღმოჩენისათვის.
სენაკის ებრაულმა თემმა სინაგოგის საკუთარი სახსრებით აგების საკითხი დააყენა და თანხმობაც მიიღო, ქარელის ებრაულმა თემმა ეკლარის ქვა და გუდრონი ითხოვა დამწვარი სინაგოგის აღდგენისათვის, გორის ებრაული თემის წარმომადგენელმა ექიმმა აკაკი ჯანაშვილმა ებრაელთათვის გარკვეული პოლიტიკური უფლება-მოსილებების მინიჭების პრობლემაზე ილაპარაკა ქართველი ერის პატივისცემითა და მოწიწებით. ასეთი უფლებებით საქართველოს უკეთ გამოვადგებითო.
საინტერესოდ ისაუბრა სრულიად საქართველოს ბორის გაპონოვის სახელობის ებრაელთა რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარემ ილია გაგულაშვილმა. მის გამოსვლაში ის აზრი გამოსჭვიოდა, რომ უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული ებრაელი მოსახლეობის შესაძლებლობები, თუ შეიძლება ასე ითქვას - ებრაული რეზერვი. უნდა ვიგრძნოთ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ჩვენი თავი, რომ ჩვენც ისევე შეგვიძლია საქართველოს კეთილდღეობისათვის ზრუნვა, როგორც ქართველ ხალხს. არ გვინდა მხოლოდ ტაშის დამკვრელები ვიყოთო.
შეხვედრაზე დასმული საკითხების ირგვლივ სიტყვით გამოვიდა პრემიერის მოადგილე, ბატონი ენვერ ნიჟარაძე. მან მთავრობის სახელით ყოველმხრივ დახმარება აღუთქვა შეკრებილთ.
გავესაუბრეთ შეკრების რამდენიმე მონაწილეს.
შალვა წიწუაშვილი. ქართველ ებრაელთა ურთიერთობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
- დღეს მეც ჩემი პრობლემით მოვედი ამ შეკრებაზე. ადრე ყოფილი პირველი მაისის, დღევანდელი გია აბესაძის სახელობის ქუჩაზე ფუნქციონირებდა ებრაული სინაგოგა, სადაც ებრაული კულტურის ცენტრი და მუზეუმი იყო მოწყობილი. დღეს აღარც ერთი აღარ ფუნქციონირებს. არადა, აუცილებელია ორივე ერის მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი მეგობრობის ისტორია.
- ძალიან გვინდა, 1992 წლის შემოდგომაზე როგორმე მოვახერხოთ მეორე საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. პირველი კონგრესი 1990 წელს ჩატარდა იერუსალიმში...
- გიგლა ხუხაშვილი. მწერალი, კრიტიკოსი:
- საქართველოში მცხოვრებ ებრაელობას დღეს იგივე პრობლემები აწუხებს, რაც ქართველ ხალხს. ასე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... მე ქართველი ებრაელი მწერალი ვარ, რომელსაც მუდამ სწამდა და სწამს დღესაც, რომ ისტორიულად არსებულ ურთიერთობებს ვერასოდეს ვერავინ შელახავს. ის, ვინც ჩვენი წმინდა ფესვების ამოძირკვას მოინდომებს, ორივე ერის მოღალატედ უნდა ჩაითვალოს. მე ცალკეულ პიროვნებათა მიერ ჩადენილ ანომალურ ფაქტებს არასდროს ვაიგივებ მთელ ქართველ ერთან, რომლის სიყვარულის ნაწილი ისრაელშიც უხვად წაიღეს ჩვენმა და-ძმებმა. მე მჯერა ჩვენი სიყვარულის გამძლეობის. ეს არის ჩემი სათქმელი.
***
შეხვედრა დამთავრდა. ბატონმა შალვა წიწუაშვილმა ბატონ ბესარიონს ამ შეხვედრის მოსაგონებლად ისრაელში გამოცემული თამარ კეზერაშვილის მიერ თარგმნილი „ახალი აღთქმა“ უსახსოვრა ებრაული თემის სახელით.
მომავალ შეხვედრამდე - ითქვა დასასრულს. დიახ, მომავალ შეხვედრამდე თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში.
ფერიდე ბიწაძე
გელა შაიშმელაშვილი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა წარმომადგენლებთან. არ გვინდა მხოლოდ ტაშის დამკვრელები ვიყოთ. // რესპუბლიკა. - 1991. - 5 დეკემბერი. - N 42/75. - 1გვ.
![]() |
21 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება საქართველოს რეპუბლიკის ტერიტორიიდან სასურსათო და არასასურსათო საქონლის არაორგანიზებული გატანის შეზღუდვის დროებით ღონისძიებათა შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საცალო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისათვის მიღებული ზომების მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ცენტრის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა რესპუბლიკა მოაქცია ეკონომიკურ ბლოკადაში და სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა რესპუბლიკის მოსახლეობის სასურსათო და არასასურსათო საქონლით მომარაგებაზე. სავაჭრო ქსელში მკვეთრად შემცირდა საქონლის მარაგი, რესპუბლიკის ფარგლებს გარედან შემოსულ პირებს მასობრივად გააქვთ სახალხო მოხმარების საქონელი. აღნიშნულ სიტუაციას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი ფასები დაბალია სხვა რესპუბლიკებში არსებულ ფასებთან შედარებით.
შექმნილი მდგომარეობის შემსუბუქებისა და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. 1991 წლის 11 დეკემბრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საცალო, კოოპერატიულ და კომერციულ სავაჭრო ქსელში სასურსათო და არასასურსათო საქონლის რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსახლეობაზე, პასპორტის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის წარდგენით.
საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოსული სტუმრების, ტურისტებისა და სხვა კატეგორიის პირებისათვის, რომლებიც დროებით ან გავლით იმყოფებიან რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაწესდეს პურის გაცემის ნორმად 0,5 კილოგრამი, ძეხვეულისა - 200 გრამი, კონსერვებისა და სხვა საცალო პროდუქტებისა - 1,3 ერთეული.
2. ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქების და რაიონების პრეფექტურებმა: - უზრუნველყონ რესპუბლიკაში მცხოვრებ სამხედრო პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ან სხვა კატეგორიის მოქალაქეებზე, რომლებსაც გარკვეულ გარემოებათა გამო არ გააჩნიათ რესპუბლიკაში მცხოვრების დამადასტურებელი დოკუნებტი, სათანადო დროებითი ცნობის გაცემა (აღნიშნული ცნობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად);
- შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამსახურების მეშვეობით კატეგორიულად აკრძალონ რესპუბლიკის ავტოტრასებზე, ცენტრალურ მაგისტრალებზე, მოსახლეობის მასობრივი თავშეყრის ადგილებში და ბაზრობებზე სასურსათო საქონლით ვაჭრობა, გარდა დედაქალაქსა და რესპუბლიკის სხვა მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრებში რაიონებიდან ორგანიზებული სასოფლო ნობათებით ვაჭრობისა.
3. საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესონ მკაცრი კონტროლი და მიიღონ ქმედითი ზომები რესპუბლიკის ტერიტორიიდან მის ფარგლებს გარეთ საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტითა და სხვა საშუალებებით სახალხო მოხმარების საქონლის უკანონოდ გატანის აღსაკვეთად.
4. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ, ცეკავშირის გამგეობამ, სავაჭრო ქსელის მქონე სამინისტროებმა, უწყებებმა, ორგანიზაციებმა და საწარმოებმა, აგრეთვე ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა დააწესონ მკაცრი კონტროლი ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი
ა. ლანდია.
დადგენილება: საქართველოს რეპუბლიკის ტერიტორიიდან სასურსათო და არასასურსათო საქონლის არაორგანიზებული გატანის შეზღუდვის დროებით ღონისძიებათა შესახებ / გუგუშვილი ბ., ლანდია ა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 7 დეკემბერი. - N240 (260). - 1გვ.
![]() |
22 პრესკონფერენცია მინისტრთა კაბინეტში |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ საქართველოს და სომხეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობათა ხელშეკრულებას. შემდეგ სომხეთის ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა გაგიკ არუთინიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბესარიონ გუგუშვილმა უპასუხეს ჟურნალისტთა კითხვებს.
- როგორც ცნობილია, მსოფლიოში მძლავრი სომხური დიასპორაა, რომელიც დიდ კულტურულ საქმიანობას ეწევა. სამწუხაროდ, არის ფაქტები, მაგალითად, საბერძნეთში, როდესაც ქართულ ხელნაწერებთან, რომლებიც სომხურ საცავებში ინახება, არ უშვებენ ჩვენს მეცნიერებს. ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება კულტურულ ურთიერთობას ამ მიმართულებით, და მეორე - სომხეთის პრეზიდენტმა მილოცვა და მიმართვა გაუგზავნა სამი სლავური სახელმწიფოს კავშირს. აპირებს თუ არა სომხეთი ამ კავშირში შესვლას?
ბატონი გ. არუთინიანი: - ეს ხელშეკრულება ძირითადად ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცაღა ჩვენ გვაქვს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებაც, რომელშიც გათვალისწინებულია კულტურული თანამშრომლობა. ასე რომ, პრობლემები აღარ იქნება, რაც შეეხება მეორე შეკითხვას, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვსწავლობთ მიმდინარე პროცესებს, და თუ ეს მართლაც ის კავშირია, რომლისთვისაც ჩვენ ვიღვწოდით და ველოდით, ჩვენ მას შევუერთდებით, თუ ამ კავშირში საერთო კონსტიტუციას, ახალ საერთო პრეზიდენტს და ცენტრალიზებულ დაგეგმვას გულისხმობენ, რასაკვირველია, ჩვენ ამაზე არ წავალთ.
- ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის დარგებს, და მეორე, რამდენად ძლიერია დღეს სომხეთში ოპოზიცია და შეუძლია თუ არა მას ზემოქმედება მოახდინოს მთავრობაზე.
- ბ-ნი გ. ა. - გათვალისწინებულია ორივე მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ნაწარმისა და სოფლის მეურნეობის მანქანა-იარაღების ურთიერთმიწოდება. სომხეთში მიწის 66 პროცენტი კერძო საკუთრებაშია და ჩვენს რესპუბლიკებს შორის ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით მომარაგების საქმეს.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ოპოზიციის შესახებ, ვერცერთი დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს კონსტრუქციული ოპოზიციის გარეშე. ჩვენს პარლამენტში შექმნილია რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია, ძირითადი განსხვავება მთავრობასა და ოპოზიციას შორის ცენტრთან ურთიერთობისა და კავშირის საკითხშია. რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, ბრძოლას მისი თავისუფალი მომავლისათვის, აქ ოპოზიციასთან პრობლემები არ წარმოიშვება.
- თქვენი აზრით, ვისი ბრალია, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთში და ყარაბაღში სისხლი იღვრება და მეორე, როგორ გესახებათ კავკასიის ერთიანობის იდეა.
ბ-ნი გ.ა. - ყარაბაღის პრობლემა, ჩვენი აზრით, ხალხის თვითგამორკვევის საკითხია, მისი გადაჭრა, ალბათ მშვიდად შეიძლებოდა ამ სამი წლის წინ, მაგრამ ცენტრის პოლიტიკამ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკება და 1989 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებებით დაძაბა სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, რაც გამოიხატა ამის შემდგომი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებით ორივე მხრიდან, და თუ ცენტრი შეწყვეტს ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევას, ეს პრობლემა იმედია, მალე გადაწყდება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. ეს პროცესი ამ ბოლო ხანს აქტიურად მიმდინარეობს, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იგი თავის შედეგს მოგვცემს.
ბატონი ბ. გუგუშვილი - ყველა კონფლიქტი, და არა მარტო კავკასიაში, ცენტრის ინსპირირებულია და მათ მიზნობრივად აღვივებენ. ეს ეხება არა მარტო შიდა ქართლს და ყარაბაღს, არამედ ყველა იმ რესპუბლიკას, სადაც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. გაიხსენეთ, მოლდოვაში დნესტრისპირეთის და გაგაუზის ავტონომიის შექმნა, ყირიმის პრობლემა, რომელსაც განსაკუთრებით ინტენსიურად აღვივებდნენ, და სხვა. ასე რომ, რამდენადაც შემცირდება ცენტრის გავლენა, იმდენად დიდია ამ კონფლიქტების გადაჭრის შანსი.
ბ-ნი გ.ა. - რა შეეხება კავკასიის ერთიანობას, ეს ძველი პრობლემაა და ჩვენ ყველფერი უნდ ვიღონოთ მისი დადებითად გადაჭრისათვის.
- რა სტადიაზეა სომხეთის რესპუბლიკის ცნობის საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ, სომეხ და ქართველ ხალხთა ტრადიციულ მეგობრობაში დისონანსი შეაქვს სომხური ორგნიზაციის „კრუნკის“ ალიანსს იმპერიულ ძალებთან აფხაზეთში. როგორ უყურებს ამას სომხეთის მთავრობა? კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს სამწუხარო ფაქტი ერთგვარ დაძაბულობას იწვევს როგორც აფხაზეთის ავტონომიაში, ისე საქართველოს რესპუბლიკაში.
- ბ-ნი გ.ა. - სომხეთის ცნობის საკითხი ჯერ საწყის ეტაპზეა. იგი ცნო რუმინეთმა, აპირებენ არგენტინა და რამდენიმე ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა. იმედი გვაქვს, ეს პროცესი თანდათანობით ძალას მოიკრებს. რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ სომხური მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, მხარში უნდა ედგეს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებას და მასთან ერთად იბრძოდეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე ხაზს ვუსვამ, რომ თუ ერთიანობა არ იქნება ჩვენ შორის, ძალიან გაჭირდება სომხეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ახლა, როცა სომხეთის მრეწველობის 80 პროცენტი გაჩერებულია, შეწყვეტილია სწავლა და სამეცნიერო მუშაობა, ყველანაირი მოქმედება, რომელიც დაძაბავს ჩვენს შორის ურთიერთობას, კიდევ უფრო გაართულებს სომხეთის მდგომარეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, „კრუნკი“ აფხაზეთში არ გამოხატავს მთელი სომხური მოსახლეობის აზრს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სასწრაფოდ დავძლიოთ ყველა უთანხმოება.
მოამზადა ლალი ქინქლაძემ.
პრესკონფერენცია მინისტრთა კაბინეტში / გუგუშვილი ბ., არუთინიანი გ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 დეკემბერი. - N245 (265). - 1 გვ.
![]() |
23 პრეს-კონფერენცია მინისტრთა კაბინეტში |
▲ზევით დაბრუნება |
13 დეკემბერს საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობათა ხელშეკრულებას. შემდეგ სომხეთის ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა გაგიკ არუთინიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბესარიონ გუგუშვილმა უპასუხეს ჟურნალისტთა კითხვებს.
ბ. გუგუშვილი: ქალბატონებო და ბატონებო! დღეს მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ფართო წრის, ძირითადად ეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, იმპერია დაინგრა საბოლოოდ და თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკები ეძებენ ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა მოგვარების გზებს, ამჯერად თანასწორუფლებიან, ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე. სამწუხაროდ, არის დიდი სიძნელენი. იმპერიის ნაშთებმა მემკვიდრეობად დაგვიტოვეს მეტად დიდი სირთულეები, ახლა ორმხრივი ძალისხმევით ვცდილობთ დავძლიოთ ერთგვარად ეს სირთულეები. ყველა რესპუბლიკაში თავისი სპეციფიკური სირთულეებია, მაგრამ მათს უმრავლესობაში ისინი საერთოა. ასეთ პრობლემათა შორისაა ენერგეტიკის პრობლემა, საკვები რესურსები. ფულადი ნიშნების პრობლემები. აი, ყველა ეს საკითხი განვიხილეთ, ზოგიერთ საკითხზე საერთო აზრი გამოვიტანეთ. ისიც ვთქვით, თუ რას წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალი კავშირი, შევეცადეთ გაგვეანალიზებინა ამ კავშირის არსი, ჩვენი დამოკიდებულება ამ კავშირისადმი - რა თქმა უნდა, იმის კვალობაზე, რისი თქმაც უკვე შეიძლება. ახლა, მე ვიტყოდი - ადრეულ ეტაპებზე, სანამ ჯერ კიდევ არსებობს სსრ კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა და ე.წ. სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობის მოწვევასაც კი ცდილობენ. შევეხეთ აგრეთვე ამიერკავკასიის, კავკასიის პრობლემებს, და, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე გვაქვს მეტად დაახლოებული, ძმური აზრი. მინდა ვთქვა, რომ ქართველ და სომეხ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია, რომელიც, ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოს შეშურდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში უკანასკნელი ასი წლის მანძილზე ორი ომი იყო; არადა, თუ საქართველოსა და სომხეთის მთელ ორიათასწლოვან ისტორიას გადავხედავთ, ალბათ, ვერც კი მოვძებნით რაიმე სერიოზულ ომს ჩვენს ხალხებს შორის. ასე, რომ ტრადიციები შესანიშნავი გვაქვს. ხოლო ახლა დადგა დრო, რომ ეს ტრადიციები ავაგოთ ახალ საფუძვლებზე - საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე, თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა საფუძვლებზე.
გ. არუთინიანი: - მინდა განვაგრძო ბატონ პრემიერ-მინისტრის გუგუშვილის აზრი, და ვთქვა, რომ ტოტალიტარული რეჟიმის დაძლევის, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ ის ეკონომიკური კრახიც, რომელიც დღეს არის სახეზე. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ამისათვის საჭიროა გავაერთიანოთ ჩვენი მეცადინეობა, ჩვენი ძმური ურთიერთობა ავიყვანოთ თვისებრივად ახალ დონეზე, რათა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, შევქმნათ დემოკრატიული საზოგადოების, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების მტკიცე საფუძვლები, ჩვენი ურთიერთობა მოვაგვაროთ როგორც ცივილიზებულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა. ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ აუცილებლად უნდა შევახამოთ ჩვენი მეცადინეობა, გავაწონასწოროთ ჩვენი მოქმედებები, - აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავძლევთ სიძნელეებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავჭრით ჩვენს წინაშე მდგარ რთულ პრობლემებს.
ბევრ რამეზე შევთანხმდით დღეს. უკვე მოვაწერეთ ხელი 1992-1995 წლების სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებას. ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ საფუძველზე განვაგრძობთ ჩვენს ერთობლივ მოქმედებას მომავალში.
ი. მუხრანელი, საპარლამენტო გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორი: ნება მიბოძეთ, მეც შევუერთდე ამ კეთილ სურვილებს. ორი კონკრეტული შეკითხვა მაქვს, როგორც ადამიანს, რომელიც მრავალი წელია მუშაობს კულტურის საკითხებზე, ეს სფერო განსაკუთრებით მაინტერესებს. ჩვენს ხალხებს ნამდვილად ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო. სომხური კულტურის ის ცენტრები, რომლებიც საზღვარგარეთ მდებარეობენ, ძალიან მძლავრია, ძალიან ეფექტიანად მუშაობს სომხური დიასპორა. მაგრამ, სამწუხაროდ, გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როცა, ვთქვათ, ქართულ ხელნაწერებს, ქართული კულტურის ძეგლებს, ზოგჯერ (მაგალითად, საბერძნეთში იყო ასეთი შემთხვევები) არ აძლევდნენ ქართველ მეცნიერებს შესასწავლად. იყო თუ არა ლაპარაკი ამ მომენტებზე ახლანდელ შეთანხმებაში? მეორე კითხვა კი ეხება სომხეთის შესვლას დამოუკიდბელ სახელმწიფოთა გაერთიანებაში. ბატონმა ტერ-პეტროსიანმა მაშინვე გამოხატა თავისი და, როგორც ჩანს, სომხეთის ხალხის, პარლამენტის მისწრაფება და სურვილი შევიდეს ამ გაერთიანებაში. რას გვეტყოდით უფრო კონკრეტულად?
გ. არუთინიანი: - პირველ საკითხზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით, სომხეთსა და საქართველოს შორის ამ თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ წამოჭრილა და არც უნდა წამოიჭრას. დღეს დადებული ხელშეკრულება ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებაა. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს სხვა შეთანხმებაც, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა პრეზიდენტებმა და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ამ თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ გვექნება. ჩვენ ყველა შესაძლებლობას მოგცემთ ქართველი ხალხის კულტურის ძეგლთა შესწავლისათვის, ამ თვალსაზრისით ვერავითარ პრობლემასა და სიძნელეს ვერ ვხედავ. რაც შეეხება მეორე კითხვას, იყო ასეთი განცხადება და მასში ნათქვამია, რომ ჩვენ ვსწავლობთ და მივესალმებით ამ ნაბიჯს, ვსწავლობთ პროცესებსაც. ვნახავთ, თუკი სინამდვილეში ეს ის პროცესია, რასაც ამდენ ხანს ველოდით, ჩვენც შევუერთდებით მას. ეს უკვე თვისებრივად ახალი შეთანხმებაა, ან ახალი გაერთიანებაა. ჩვენ ყველანი ისეთი ფედერაციული სახელმწიფოს წინააღმდეგნი ვიყავით, სადაც ცალკე იქნებოდა კონსტიტუცია, პრეზიდენტი, ცენტრის სტრუქტურები და იგი თავის ნება-სურვილს გვიკარნახებდა. თუ ეს მთლიანად არის გამორიცხული, თუ ამ გაერთიანებაში სახელმწიფოები შედიან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები და დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ისინი იქ გადაწყვეტენ ერთობლივად ცალკეულ ეკონომიკურ, სოციალურ თუ საერთო პრობლემებს, მაშინ რატომ არ უნდა შევიდეთ ასეთ გაერთიანებაში? ხაზს ვუსვამთ - თუკი სინამდვილეში ყოველ სახელმწიფოს ამ გაერთიანებაში ექნება თავისი დამოუკიდებელი ადგილი, ექნება თავისი კონსტიტუცია, თავისი კანონები, იხელმძღვანელებს თავისი კანონებით და გადაწყვეტს ერთობლივ პრობლემებს საერთო მეცადინეობით. სწორედ ამ პროცესს ვსწავლობთ და ვნახავთ, - თუ მართლაც ეს პროცესი ამ მიმართულებით წავა, თუ იქ კვლავ არ დადგება რომელიღაც ახალი პარლამენტის, ახალი საკანონმდებლო ორგანოს შექმნის საკითხები, არ წამოიჭრება ისეთი სურვილი, რომ იხელმძღვანელონ საერთო კონსტიტუციით, არ იქნება ამ გაერთიანების ახალი პრეზიდენტი - აი, ჩვენ ხომ სინამდვილეში ამისათვის ვიბრძოდით და, ალბათ, შევალთ კიდეც ასეთ გაერთიანებაში.
ლ. დოლიძე, მოსკოვის საბჭოს გაზეთ „კურანტის“ კორესპონდენტი საქართველოში: ორი კითხვა მაქვს პატივცემულ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. ორ რესპუბლიკას - სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკებს შორის ეკონომიკის სფეროში ინტეგრაციის ძირითად ასპექტს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, რაც დღეს რთულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და მეორე კითხვა: რამდენად ძლიერია ადგილობრივი ოპოზიციის დესტრუქციული მოქმედება სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი მთავრობისადმი, შეუძლია თუ არა მას გავლენა მოახდინოს თქვენი მთავრობის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებზე?
გ. არუთინიანი: - ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული გვაქვს ასეთი ინტეგრაცია მრეწველობაშიც და სოფლის მეურნეობაშიც. ამ შეთანხმებით, - მაგალითად, თუ დღევანდელ ფასებს გავითვალისწინებთ, - წელიწადში მივიღებთ დაახლოებით 81 მილიონი მანეთის პროდუქციას საქართველოდან და გადავცემთ მას სადღაც 270 მილიონი მანეთისას. ეს ძირითადად იქნება მეტალურგიის, მანქანათმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები. ჩვენგან საქართველო მიიღებს მანქანათმშენებლობის, მსუბუქი მრეწველობის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციას და სოფლის მეურნეობის ზოგიერთ პროდუქტს. ახლა ჩვენს სოფლის მეურნეობაში პრაქტიკულად დამთავრდა პრივატიზაციის პროცესი, მიწების 66 პროცენტი ახლა კერძო საკუთრებაა, შეიქმნა 130 ათასზე მეტი კერძო ფერმერული მეურნეობა. ადამიანებმა მიწა მიიღეს გაყიდვის უფლებით და ვფიქრობთ, რომ ინტეგრაციის პროცესი წარიმართება არა მარტო სახელმწიფო დონეზე, არამედ ასეთ დონეზეც.
ოპოზიციის საკითხი ჩვენშიც მწვავედ დგას, მგრამ ვფიქრობ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებ მრავალპარტიულობის, კონსტრუქციული ოპოზიციის გარეშე. ახლა ჩვენს პარლამეტში უკვე შეიქმნა როგორც საპარლამენტო, ისე პარტიული ჯგუფები. ოპოზიცია ძირითადად მოითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისათვის რადიკალური ღონისძიებების განხორციელებას. მიგვაჩნია, რომ არის ინერციული პროცესები, რომლებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ და გავითვალისწინოთ ეს კონკრეტული რეალობანი. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არის გარკვეულწილად კონსოლიდაცია და წინააღმდეგობა არც ისე მწვავეა, რომ ხელი შეუშალოს მუშაობას.
ჯ. ნინუა, გაზეთი „რესპუბლიკა“, შეკითხვა გვაქვს როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ისე საქართველოს პრემიერთანაც. იგი ეხება მთიანი ყარაბაღის პრობლემას, სამაჩაბლოს პრობლემას - ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ საკითხს, აგრეთვე სხვა ეთნოკონფლიქტებს ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება დავადანაშაულოთ, რომ ჩვენს მიწაზე ასეთი მასშტაბით ჩაღდება ეთნოკონფლიქტები? როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები ორივე რესპუბლიკაში, - ახლა უკვე სუვერენულ სახელმწიფოებში. ეს ჩემი პირველი კითხვაა. მეორე კითხვა - თქვენი კონცეფცია კავკასიის თავისუფალ ხალხთა მომავლის შესახებ. როგორ წარმოგიდგენიათ კავკასია ურუსეთო, კავკასია მსოფლიო გაერთიანების თანავარსკვლავედში?
გ. არუთინიანი: მოგეხსენებათ, მთიანი ყარაბაღის საკითხი ხალხის თვითგამორკვევის საკითხია. ეს საკითხი მაშინათვე პრობლემად იქცა, საჭირო იყო მისი ეფექტიანი და დროული გადაჭრა, და გადაიჭრებოდა კიდეც, რომ არა ცენტრის ჩარევა. მიგვაჩნია, რომ ცენტრი მეტად უარყოფით როლს ასრულებდა და ასრულებს ამაში. აი, ავიღოთ თუნდაც საკავშირო კონსტიტუციური კომისიის უკანასკნელი გადაწყვეტილებებიც. თუნდაც საკავშირო პარლამენტის 1989 წლის 12 იანვრის და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებები - ყველაფერი ეს ანტიკონსტიტუციურია. სწორედ ასეთმა არაკონსტიტუციურმა მიდგომამ გვაიძულა მიგვეღო სხვადასხვა დოკუმენტები როგორც ჩვენში, ისე აზერბაიჯანში. მე რისი თქმა მინდა, - პრაქტიკულად, ცენტრის ყოველი ჩარევა ამწვავებდა სიტუაციას, სწორედ მან მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მოლაპარაკების პროცესი. შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელ დღეებში ეს პროცესი მხოლოდ იწყება. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვფიქრობთ და თუ ჩვენი ძალისხმევა როგორღაც შეთავსებადია, შევძლებთ კიდეც გამოვძებნოთ რაიმე გადაწყვეტა. ნებისმიერ ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. გარედან ჩარევა მუდამ ხელს უშლის პრობლემის გადაჭრას. თუ არ დავუშვებთ ასეთ ჩარევას და ჩვენს საკუთარ პრობლემებს ჩვენვე გადავწყვეტთ, აუცილებლად მივაღწევთ რაიმე გადაწყვეტილებას. აი, ასე გიპასუხებდით ამ კითხაზე.
ბ. გუგუშვილი: მეც ასე მიმაჩნია, რომ არა მარტო კავკასიაში, არამედ სხვა ტერიტორიებზე წარმოშობილი კონფლიქტებიც და ის კონფლიქტებიც, რომლებიც ახლაც წარმოიშობა, არსებითად ცენტრის მიერ არის პროვოცირებული. როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად ყველა რესპუბლიკაში, რომლებიც იწყებდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ხელოვნურად იქმნებოდა ასეთი კონფლიქტური ზონები, რეგიონები, რომლებიც შემდეგ სისტემატურად ცხელი წრტილების მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე იყო და არის შიდა ქართლში - ყოფილ სამხრეთ ოსეთში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში, მოლდოვაში; ასე შეიქმნა ყირიმის პრობლემაც, რომლის გამწვავება-გამუქებასაც ძალიან ცდილობდნენ... ჩემი აზრით, ნებისმიერი ამ პრობლემის გადაჭრა ადვილად შეიძლებოდა ადგილზე მოლაპარაკების გზით, ურთიერთკომპრომისების გზით, მაგრამ სწორედ ცენტრს არ აძლევდა ხელს თანხმობა და მშვიდობა; ამიტომ იგი ყველა ამ კონფლიქტს პროვოკაციულად იწვევდა, იწვევს და კვლავაც გამოიწვევს. როგორც კი ცენტრის გავლენა შემცირდება და შემდეგ ნულს გაუტოლდება, ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.
ასე რომ, მე მგონი, ერთი აზრისა ვართ, - ყველა ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ყოფილი კავშირის ტერიტორიაზე მძვინვარებს, ეთნიკური ხასიათისაა. ისინი გააჩაღა, პროვოკაციულად გამოიწვია და გაღვივებამდე მიიყვანა სწორედ ცენტრმა.
რაც შეეხება საერთო-კავკასიურ პრობლემებს, ამიერკავკასიის პრობლემებს, ჩვენ ამ თემაზეც ვილაპარაკეთ. მიგვაჩნია, რომ ამიერკავკასია არის რეგიონი, რომელსაც აქვს დიდი მომავალი. ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ეკონომიკის სფეროში, პოლიტიკის სფეროში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის, თანამოქმედების უდიდესი შესაძლებლობანი აქვთ. ჩვენი სახელმწიფოები დაამყარებენ ახალ ურთიერთობებს. ამიერკავკასიის ეკონომიკური ზონა უკვე არსებობს, მაგრამ იგი გაძლიერდება, რადგან ტერიტორიული სიახლოვე ქმნის გარკვეულ წინამძღვრებს ამიერკავკასიის ეკონომიკური რეგიონის, თუ ამიერკავკასიის ეკონომიკური ზონის ყოველმხრივი განვითარებისათვის.
ვ. ბაიბურთი, გაზეთი „ვრასტანი“: მე მინდა მივმართო საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა ხელმძღვანელებს კითხვებით. პირველი კითხვა: საქართველოში განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვების შემდეგ თბილისიდან რამდენჯერმე გაისმა მოწოდება საერთო-კავკასიური სახლის შექმნის შესახებ. ესე იგი, ეს არის მოდელი, რომელსაც დღეს ცოტათი წინ გაუსწრეს და მსგავსი რამ შექმნეს ბელორუსიაში რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსიას შორის. როგორ ფიქრობთ, დღეს მუშაობენ ამ მიმართულებით, რომ გადაიდგას პირველი ნაბიჯები და შეიქმნას პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? პროცესები, რომლებიც ვითარდება ყოფილ საბჭოთა კავშირში, მოწმობს, რომ ასეთი თანამეგობრობის გარეშე იოლად ვერ გავალთ. ერთი კითხვა ბატონ არუთინიანს: გვითხარით, არსებობს თუ არა დღეისათვის რაიმე კონტაქტები, ვთქვათ, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე აზერბაიჯანის მხარესთან?
გ. არუთინიანი: პირველ კითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ დღეს ჩვენი მოლაპარაკება ძირითადად ეხებოდა ამ თემას. უკვე ვაპირებთ დავაჩქაროთ მუშაობა ამ თვალსაზრისით. ეს ობიექტური აუცილებლობაა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავადგეთ ამ გზას. მეორე კითხვაზე გიპასუხებთ: კონტაქტები არის ჩვენი რესპუბლიკების პრეზიდენტებს შორის. ჩვენ გვინდა განვაახლოთ მოლაპარაკება, დღეს-ხვალ უკვე შეხვდებიან ერთმანეთს ჩვენი კომისიები და იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების პროცესი აუცილებლად მოგვცემს რაღაც შედეგებს. ჩვენი აზრით, მხოლოდ ორ რესპუბლიკას შორის კონტაქტებისა და მოლაპარაკების მეშვეობით შევძლებთ საკითხის გადაჭრას. იარაღის ძალით ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანელები ვერ გამოვნახავთ საკითხის გადაჭრის გზას. მოლაპარაკების პროცესები უკვე დაიწყო.
ბ. გუგუშვილი: კავკასიის ერთიანობა, საერთო-კავკასიური სახლი, ახალი იდეა როდია. იგი დიდი ხნის წინ, ჩვენი საუკუნის დამდეგს იშვა. მას ახალი ბიძგი მიეცა მას შემდეგ, რაც დაშლა იწყო იმპერიამ. დღეს ჩვენ ეს პრობლემაც განვიხილეთ. მე პირადად მიზანშეწონილად მიმაჩნია, თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები და განიხილონ, უწინარესად, ეკონომიკური და კულტურული საკითხები. ეს შეიძლება მომავალი წლის დამდეგამდეც გაკეთდეს. ეს სოლიდურ საფუძველს შეუქმნიდა როგორც ამიერკავკასიის, ისე მთელი კავკასიის ეკონომიკურ განვითარებას. შეიძლება შევიმუშაოთ გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმები. იქმნება მრავალი ერთობლივი საწარმო უცხოეთის ფირმებთან, მაგრამ რატომ არ იქმნება ისეთი ერთობლივი საწარმოები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კერძო თუ სახელმწიფო კაპიტალი? ყველა წინადადება, რომელიც ამ საკითხს ეხება, გადავეცი სომხეთის მხარეს, უახლოეს ხანს შევეცდები წარვუდგინო ისინი აზერბაიჯანის მხარეს. ჩვენ ცოტა არ იყოს, დავიგვიანეთ კიდეც. მოგეხსენებათ, რომ უკვე შეიქმნა სლავური ქვეყნების თანამეგობრობა. ბალტიისპირეთის ქვეყნებამ არსებითად, აგრეთვე, შექმნეს გარკვეული ერთიანობა. იქმნება ერთიანობა შუა აზიაში, ყაზახეთში. წარმოიშვა ამ პრობლემების განხილვის აუცილებლობა ამიერკავკასიაშიც.
რაც შეეხება სხვადასხვა კონფლიქტს კავკასიაში, თვით კავკასიელი ხალხები, თვით რესპუბლიკები უფრო სწრაფად და ეფექტიანად მორიგდებიან ერთმანეთთან გარეშე ძალების ჩაურევლად. გარეშე ძალები მხოლოდ ხელს გვიშლიან, იმედი გვაქვს, რომ ურთიერთდათმობების გზით გამოვნახავთ საერთო ენას, შევძლებთ მივაღწიოთ წარმატებას ყველა საქმეში.
გ. მახარაძე, კორესპონდენტი: - მე წარმოვადგენ ორ გაზეთს: „საქართველოს რესპუბლიკასა“ და „ახალგაზრდა ივერიელს“. შეკითხვა მაქვს ბატონ პრემიერ-მინისტრთან და ბატონ საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველი კითხვა: რა სტადიაზეა ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ცნობის საკითხი. და მეორე კითხვა: საქართველოში ერთგვარ გაოცებასა და დიდ სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საერთო-სომხური მოძრაობა „კრუნკი“, რომელიც პოზიტიურ როლს თამაშობს აფხაზეთის ფორმირებაში, უკავშირდება იმპერიულ ძალებს და ამით დისონანსი შეაქვს ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრობაში, ძაბავს ვითარებას ავტონომიურ რესპუბლიკაში. რას ფიქრობენ ამის გამო სომხეთის მთავრობაში, რა გავლენის მოხდენა შეიძლება ამ ნეგატიური პროცესის, რომელიც დიდ სინანულს იწვევს ჩვენს რესპუბლიკაში, უკეთესი მხრით წარმართვისათვის.
გ. არუთინიანი. - სომხეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი ჯერ საწყის ეტაპზეა. სომხეთის დამოუკიდებლობა ფაქტობრივად ცნო რუმინეთმა, ახლო მომავალში ამას აპირებენ არგენტინა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან -ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ახლა უფრო გაძლიერდება. ამჟამად ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რათა უცხოეთის სახელმწიფოებმა უკვე ახალი რეალობიდან გამომდინარე ცნონ ჩვენი დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება მეორე კითხვას, მხოლოდ შემდეგის თქმა შეგვიძლია: ჩვენ მუდამ ვაცხადებდით და ვაცხადებთ ახლაც, რომ სომხები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, არიან საქართველოს მოქალაქენი და მხარს უნდა უჭერდნენ კანონიერ ხელისუფლებას, ამასთან ერთად უნდა იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, უნდა წყვეტდნენ სადღეისო პრობლემებს. მართლია, ჩემს შესავალ სიტყვაში არ აღმინიშნავს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩვენთანაც ასეთი მდგომარეობაა და თუ დღეს ხალხი ერთიანად არ მოიკრებს მთელ ძალისხმევას და არ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს, მაშინ ვერავითარი მთავრობა, ვერავითრი პრეზიდენტი ვერ მოუვლის მას. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? ენერგეტიკული კრიზისის გამო საწარმოთა 80 პროცენტი საერთოდ არ მუშაობს. შეწყვეტილია მეცადინეობა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, არ მუშაობენ სამეცნიერი კვლევითი ინსტიტუტები, საპროექტო ინსტიტუტები, მოსახლეობა ელექტროენერგიას შეფერხებებით ღებულობს, საღამოობით ელექტრობა საერთოდ გამორთული გვაქვს. მარაგი მთლიანად ამოწურულია. დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა რუსეთიდან ენერგორესურსების მოწოდების შეზღუდვამ. როგორც გვითხრეს, თქვენთანაც გაჩნდა ეს პრობლემები.
უკვე ვგრძნობთ ისეთი პროცესების პირველ შედეგებს, როგორიცაა ფასების ლიბერალიზაცია და თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე გადასვლა. ასეთ პირობებში წარმოიქმნება ახალი სოციალური პროცესები, და თუ არ გავაერთიანებთ მთელს ჩვენ შესაძლებლობებს, მაშინ წინ ვერ აღვუდგებით წამოჭრილ სიძნელეებს. ამგვარ პირობებში სხვადასხვა ჯურის პოლიტიკურმა თამაშებმა შეიძლება უფრო გააღრმაოს ისედაც მძიმე მდგომარება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების კანონიერ ორგანოებს მთელი ხალხი უნდა უჭერდეს მხარს, - დიახ, მთელი ხალხი, პოლიტიკური ორგანიზაციები, რომ როგორმე გადავლახოთ სიძნელეები, რომლებიც ძირითადად გარედან მოდის. მართალია, იმპერია უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ამ იმპერიის ნანგრევებს ქვეშ ვართ. მე ხაზს ვუსვამ: ჩვენ თუ არ გავაერთიანებთ მთელ ჩვენს ძალებს, ვერ დავძლევთ ამ პროცესებს. ამიტომაც ჩვენ მუდამ გამოვხატავთ იმ აზრს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და მიმდინარეობა ასეთ პირობებში უნდა გაერთიანდეს, მხარში უნდა ამოუდგეს კანონიერ ხელისუფლებას, კანონიერ მთავრობას. ისინი არ უნდა აჰყვნენ სხვა ძალების ფეხის ხმას. თუ ეს ასე არ მოხდება, ძალიან გაგვიჭირდება თვით სომხეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაც. ყველანაირი მოქმედება, რომელიც დაძაბავს ჩვენს შორის ურთიერთობას, კიდევ უფრო გაართულებს სომხეთის მდგომარეობას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „კრუნკის“აზრები და „კრუნკის“ საქმიანობა აფხაზეთში არ გამოხატავს მთელი სომხური მოსახლეობის აზრს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სომეხი მოსახლეობა საღად აფასებს საერთო სიტუაციას და ასევე იქცევა.
ვ. ანასტასიადი, გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი“: - ცენტრის გაუქმებით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თანამეგობრობის შექმნით, მანეთი, როგორც ფულადი ერთეული უცხოეთის სახელწიფოს ვალუტად გადაიქცევა. ფაქტობრივად, საზღვარგარეთ მიმდინარეობს ფულადი ნიშნების ბეჭდვაც, შეიქმნა იმის საშიშროება, რომ მალე თვით მანეთიც მწვავე დეფიციტად გადაიქცევა. ორი რესპუბლიკის მთავრობები როგორ ფიქრობენ ამ პრობლემების გადაწყვეტას?
გ. არუთინიანი: ფასების ლიბერალიზაციის პირობებში ეს ყველაზე მწვავე პრობლემაა. ჩვენ მას აქტიურად განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ. თუმცა განხილვაშია გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი.
ძალზე აქტუალურია ფულადი მასის საკითხიც. ის, რომ ფასებს თავის ნებაზე მიუშვებენ არა 16 დეკემბრიდან, როგორც თვითონ ფიქრობდნენ, არამედ, მადლობა ღმერთს, 2 იანვრიდან, რამდენადმე ამსუბუქებს მდგომარეობას. იქამდე გადაწყვეტილება უნდა ვიპოვოთ.
ბ. გუგუშვილი: - პროცესი, რომელიც ფასების ლიბერალიზაციად იწოდება, ჩემი თვალსაზრისით, ძალზე სწრაფი ტემპით, ყოველგვარი მომზადების გარეშე მიმდინარეობს და მას საკმაოდ მძიმე შედეგი მოჰყვება. მე მიმაჩნია, რომ მაშინვე კატასტროფულად აიწევს ფასები ნედლეულზე, პირველ რიგში კი, როგორც ჩნს, ენერგეტიკულ ნედლეულზე, რითაც გარკვეულ მოგებას მიიღებენ ის რეგიონები, ის რესპუბლიკები, რომელთაც ეს ნედლეული გააჩნიათ. ამის შემდეგ ავტომატურად მოხდება როგორც სამრეწველო წარმოების, ისე, სურსათის გადამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის გაძვირება. ამას შეუძლია ბევრი ნაწარმი კონკურენტუუნარო გახადოს, არა მარტო საგარეო, არამედ შინაურ ბაზარზეც. რასაკვირველია, საქართველოს სჭირდება საკუთარი ვალუტა, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის სწრაფად გაკეთება, საკუთარი ვალუტის შესაქმნელად მოსამზადებელი მუშაობა არანაკლებ წელიწადნახევარ-ორ წელს მაინც მოითხოვს. რესპუბლიკა საკუთარი ვალუტის შემოღებას 1994 წლისათვის ვარაუდობდა, მაგრამ მოვლენების სწრაფი განვითარება, ჩანს, დღის წესრიგში დააყენებს საკუთარი ფულადი ნიშნების უფრო სწრაფად შექმნის აუცილებლობას. თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ მანეთსაც გამოვიყენებთ, ანუ დარჩება სამანეთო, ეკონომიკური სივრცე, რომელიც თანდათან გარდაისახება, იმ პროცესებისდა კვალობაზე, რასაც ყოფილი სსრ კავშირის წევრებისაგან ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში ექნება ადგილი.
ყველაფრის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი ვალუტის შემოღების მიმართულებით მუშაობა აუცილებელია და ჩვენთან ასეთი სამუშაო ახლა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.
გ. არუთინიანი: მხოლოდ ერთი მინდა დავძინო, პრობლემები ბევრია, მაგრამ მომავალს იმედიანად ვუყურებთ.
ჩვენ გვწამს, რომ ჩვენც და ჩვენი ქართველი მეგობრებიც სწორ გზაზე ვდგავართ, მომავალი ჩვენს ხალხებს ეკუთვნის.
პრეს-კონფერენცია მინისტრთა კაბინეტში / გუგუშვილი ბ., არუთინიანი გ. // რესპუბლიკა. - 1991. - 20 დეკემბერი. - N44/77. - 2 გვ.
![]() |
24 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბდუშელიშვილი გ.
აბესაძე გია
აბსანძე გ.
ადამია ვაჟა
ადვაძე ვალერიან
ანასტასიადი ვ.
ანდრიაძე ი.
არუთინიანი გაგიკ
ასათიანი აკაკი
ბ
ბაიბურთი ვ.
ბალარჯიშვილი მერაბ
ბაქრაძე აკაკი
ბერძენიშვილი დავით
ბიწაძე სერგო
ბიწაძე ფერიდე
ბობოხიძე აკაკი
ბოკუჩავა ზ.
ბურკაძე იური
ბურჭულაძე ნემო 55
ბუში ჯორჯ
გ
გაგულაშვილი ილია
გამსახურდია ზვიად
გაპონოვი ბორის
გიბონსი სემ
გიორგაძე ნოდარ
გოგავა გ.
გოლეთიანი ჯ.
გომართელი ზაურ
გორბაჩოვი მიხეილ
გოცირიძე რომან
გუგუშვილი ბესარიონ
გუგუშვილი პაატა
გულუა ბაკურ
დ
დიასამიძე თამაზ
დოლიძე ლ.
ე
ელცინი ბორის
ვ
ვაშაკიძე რ.
ვაშაძე თ.
ზ
ზანკალიანი მურთაზ
თუშმალიშვილი მედეა
ი
იავლინსკი [გრიგორი]
იაზოვი [დიმიტრი]
კ
კახაბრიშვილი კახა
კეზერაშვილი თამარ
კიზირია დოდონა
კიტოვანი თენგიზი
კოკოჩაშვილი მერაბ
კოღუაშვილი პაატა
კუპრეიშვილი დავით
ლ
ლანდია ა.
მ
მარჯანიშვილი გიორგი
მახარაძე გ.
მახარაძე ზურაბ
მირიანაშვილი გ.
მიქაძე ა.
მოლოდინაშვილი ნუგზარ
მუხრანელი ი.
ნ
ნათაძე ნოდარ
ნანიტაშვილი ვახტანგ
ნინუა თამაზ
ნინუა ჯ.
ნიჟარაძე ენვერ
ო
ოდიშარია არჩილ
ომანიძე მურმან
პ
პაატაშვილი თედო
პოპოვი გავრილ
რ
რაზმაძე ვახტანგ
ს
სიგუა თენგიზ
სილაევი
ტ
ტერ-პეტროსიანი
ტუხაშვილი ლოვარდ
ტყებუჩავა ფ.
ფ
ფირცხალავა კ.
ფირცხალაიშვილი ჯ.
ფიჩხაძე ეთერ
ქ
ქინქლაძე ლალი
ქობალია ვახტანგ
ქუთათელაძე ბ.
ღ
ღავთაძე ზურაბ
შ
შაიშმელაშვილი გელა
შაორშაძე ოთარ
შევარდნაძე ედუარდ
შენგელაია ელდარ
შენგელაია ირაკლი
შონავა დოდო
ჩ
ჩხაიძე ავთანდილ
წ
წერეთელი ირაკლი
წიწუაშვილი შალვა
ჭ
ჭანტურია გიორგი
ხ
ხაბულიანი დილარ
ხავთასი გიორგი
ხელაშვილი სიმონ
ხეცურიანი ჯონი
ხოშტარია გიორგი
ხუხაშვილი გიგლა
ჯ
ჯანაშვილი აკაკი
ჯაფარიძე ნანა
ჯიბლაძე ზ.
![]() |
25 ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აზერბაიჯანი
ამერიკის შეერთებული შტატები
ამიერკავკასია
არგენტინა
აფხაზეთი
აფხაზეთის ასსრ
აღმოსავლეთის ქვეყნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ბ
ბათუმი
ბალტიისპირეთის რესპუბლიკები
ბელორუსია
გ
გაგაუზის ავტონომიური რესპუბლიკა
გორი
დ
დასავლეთი
დაღესტნის რესპუბლიკა
დნესტრისპირეთი
თ
თბილისი
თურქეთი
ი
იერუსალიმი
ისრაელი
კ
კავკასია
კოჩუბეი
ლ
ლაილაში
მ
მთიანი ყარაბაღი
მოლდოვა
მოსკოვი
ნ
ნიუ-იორკი
ო
ონი
რ
რუმინეთი
რსფსრ
რუსეთი
რუსთაველის პროსპექტი
ს
საბერძნეთი
საბჭოთა იმპერია
საბჭოთა კავშირი
საბჭოთა რესპუბლიკები
სამხრეთ ოსეთი
საქართველო - თითქმის ყველა გვერდზე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის რეზიდენცია
საჩხერე
სენაკი
სლავური ქვეყნები
სომხეთი
სოხუმი
სსრკ
სუჯუნა
უ
უკრაინა
უნგრეთი
ფ
ფინეთი
ქ
ქარელი
ქუთაისი
ყ
ყაზახეთი
ყარაბაღი
ყირიმი
შ
შავი ზღვა
შავნაბადა
შეერთებულ შტატები
შიდა ქართლი
შუა აზია
შუა აზიის რესპუბლიკები
ჩ
ჩრდილოეთ კავკასია
ხ
ხაშური