![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი XX, ნაწ. 1) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2022 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი), მიმართვები, ინტერვიუები, (1999 წლის იანვარი-ივნისი) თბილისი 2022 UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) გ-124 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ნატო გაბელაია, ნათია ხოტენაშვილი, თინათინ სულუხია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9803-3-6 |
![]() |
1 1999 წელი იქნება საქართველოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახალი გაბრწყინების წელიწადი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო მიმართვა
ძვირფასო თანამემამულენო, მიიწურა 1998 წელი.
ახალი წლის დამლევს, უპირველესად, წარსულს უნდა მივაპყროთ მზერა, რათა თვალი გავუსწოროთ მომავალ, 1999 წელს, რომლითაც გასრულდება XX საუკუნე, II ათასწლეული საკაცობრიო, მათ შორის, ჩვენი სამშობლოს ისტორიისა.
როგორი იყო განვლილი წელი საქართველოსთვის, თითოეული ოჯახისთვის, თითოეული მოქალაქისთვის?
პიროვნული, ოჯახური ბედნიერებით იწყება საქვეყნო წარმატება, მაგრამ ქვეყნის სიძლიერე და სიმტკიცეც ხომ უმთავრესი გარანტიაა პიროვნულ მისწრაფებათა, ადამიანურ ოცნებათა განხორციელებისა.
იმავდროულად, არ შეიძლება რომელიმე წელი ჩვენი ცხოვ ვრებისა განვიხილოთ განყენებულად - გზა მონაკვეთებისაგან შედგება, მტკიცე შენობა ზოგჯერ სიმწრით მოპოვებული, ცრემლითა და ოფლით ნალოლიავები აგურებით შენდება.
ვიყოთ გულწრფელნი ამ ახალი წლის ღამეს: განვლილი, 1998 წელი ძალიან მძიმე გამოდგა ჩვენი ქვეყნისთვის.
უფრო მეტიც, 1998 წელი ქართული სახელმწიფოებრიობის შინაგანი სიმტკიცის გამოცდის წელი იყო.
იგი დაიწყო სისხლიანი ტერაქტებით, რამაც იმთავითვე დაასვა დაღი მოვლენათა განვითარებას.
გალის ტრაგედია, რისი მეშვეობითაც შავბნელმა, საქართველოსადმი მტრულმა ძალებმა ჩვენი ქვეყნების განვითარების საერთო ვექტორის გარდატეხა სცადეს. ათეულ ათასობით ახალი დევნილი, უმწეო ადამიანთა უბედურება, ძმათამკვლელი, ქვეყნის დამანგრეველი, სისხლისმღვრელი ომის განახლების საშიშროება. იგი მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შედეგად ავიცილეთ თავიდან.
უდიდესი ტკივილის მიუხედავად, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვალდებული ვარ მივმართო ჩვენს თანამოძმეებს, აფხაზებსა და ოსებს: ჩვენი ხალხების შერიგება და ერთად ცხოვრება უზენაესის ნებაა. ასე იყო ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში და ასე იქნება კვლავაც. ამ ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვამბობ ამ სიტყვებს საახალწლო მილოცვაში: დამდეგ ახალ წელს ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს.
დაე, მომავალი წელი გახდეს ჩვენი საერთო სამშობლოს გამთლიანების, უშუალო დიალოგის გაღრმავების, ტანჯულ დევნილთა მშობლიურ კერაზე დაბრუნების, ყველა ჩვენგანის ოჯახში სიმშვიდისა და სიხარულის დამკვიდრების წელი.
ყველაფერთან ერთად, 1998 წელს ქვეყანას არნახულმა გვალვამ დარია ხელი. განახევრდა მარცვლეულის და სხვა კულტურების მოსავლიანობა, დაცარიელდა წყალსაცავები - იაფი ენერგეტიკული რესურსის გამომუშავების მთავარი წყარო.
ამ მოვლენებს დაერთო მოხელეთა უპასუხისმგებლობა, კორუფციის ჯერაც ამოუწველი სიმსივნე, რომელიც წამლავს ჩვენს სახელმწიფოებრივ ორგანიზმს.
კორუფციის მანკმა გაართულა საბიუჯეტო პროცესი, ვერ მოხერხდა გადასახადების დროულად და სრულად აკრეფა, რამაც გამოიწვია, სირთულეები ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემაში.
ლტოლვილთა პრობლემებთან ერთად ეს ხელისუფლების ყველაზე მთავარი საზრუნავია.
კვლავ სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ: არავის არც ერთი თეთრი არ დაეკარგება, ხოლო ხელფასების, პენსიების მომავალი მომატებით შევეცდებით მოვახდინოთ დანაკარგის თუნდაც ნაწილობრივი კომპენსაცია.
მე ვთხოვ ჩემს თანამემამულეებს, იყონ სამართლიანნი. სამართლიანობა კი, უპირველესად, ობიექტურობით გამოიხატება.
1998 წელი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი, გლობალური მნიშვ ვნელობის ფინანსური კატაკლიზმების წელი, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ თვალსაზრისით, მას მხოლოდ 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური დეპრესია თუ შეედრება.
ფინანსური კრიზისის დამანგრეველმა ქარბორბალამ, შეიძლება ითქვას, წალეკა ასეულობით მილიონი ადამიანის დანაზოგი მთელს მსოფლიოში, დაანგრია იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც თითქოსდა უკვე იდგნენ მტკიცე საფუძველზე, მით უმეტეს, მრავალი მათგანის უშრეტ ბუნებრივ სიმდიდრეთა გათვალისწინებით. ფინანსურმა კრიზისმა ძირფესვიანად შეარყია თვით ეკონომიკურ ტიტანთა ძლევამოსილება.
ბუნებრივია, ამ ქარიშხალს, ამ მსოფლიო კრიზისს, არ შეიძლებოდა ზეგავლენა არ მოეხდინა ჩვენი პატარა, ახლადფეხადგმული სახელმწიფოს ეკონომიკაზე.
მიუხედავად ამისა, მე სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანამ, ქართულმა სახელმწიფომ, გაუძლო ამ განსაცდელს.
ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა კრიზისული დარტყმების შესამსუბუქებლად. მისხალ-მისხალ გათვლილი ნაბიჯებით, რას საც თან სდევდა უძილო ღამეები და ჯოჯოხეთური შრომა, ყოველდღიური კონსულტაციები, - ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა ქართული საბაზრო ეკონომიკის საფუძველი, - ეროვნული ვალუტა.
ამით გადავარჩინეთ ასეულ ათასობით ადამიანის დანაზოგი (თუნდაც იგი სიმბოლური მოცულობისა ყოფილიყო), რომელიც ბანკებში ინახება. საქართველოში არც ერთი ბანკი არ გაკოტრებულა, - ისინი კვლავაც ფუნქციონირებენ და სახელმწიფოებრიობის მძლავრ დასაყრდენს ქმნიან.
ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ყოველთვის იყო, არის და იქნება ეროვნული ვალუტის - ლარის სიმტკიცე.
ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველიცაა და სიმბოლოც. მიუხედავად პესიმისტური, ზოგჯერ პანიკური პროგნოზებისა, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაცილებით უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთს მიაჩნდა, - მაშასადამე, უკვე ამდენადვე მტკიცე და არცთუ ბოლომდე დასრულებული, მაგრამ, ძირითადად, უკვე სრულქმნილია ქართული სახელმწიფოებრიობა, - ჩვენი მართლაც ღირსეული ერისა და ხალხის ათასწლოვანი ნატვრის განხორციელება.
სწორედ ამიტომ უნდა ითქვას, რომ 1998 წელი, უდიდესი პიროვნული თუ საქვეყნო ტკივილის, სირთულეების მიუხედავად, მაინც ძალზე მნიშვნელოვან მიჯნად იქცა ქართული რეფორმაციის, ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე - იმ დიდ გზაზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინათ, 1994-95 წლებიდან დავადექით - მას შემდეგ, რაც დავძლიეთ სისხლიანი ქაოსი, ანარქია და სამოქალაქო ომი.
24 აგვისტოს კონსტიტუცია გახდა ის ათვლის წერტილი, რომლითაც დაიწყო აღმავლობა საქართველოში.
საქართველოს წარმატებასა და წინსვლას, ქართული სახელმწიფოებრიობის გამარჯვებას ჩვენ მხოლოდ დემოკრატიული პროცესის კონტექსტით ვაღიარებთ და განვიხილავთ.
დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ქვეყნის აღორძინება - განუყოფელია.
1998 წელს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა ქართული დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით.
არჩევნები რეგიონთა უმრავლესობაში დემოკრატიულად ჩატარდა, ასპარეზზე გამოჩნდა რამდენიმე ახალი პარტია. მათ მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამოუცხადა ნდობა.
თვით ის ფაქტი, რომ არჩევნები შედგა - დემოკრატიულ ძალთა, დემოკრატიული ხელისუფლების გამარჯვებაა.
მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოვლენა დემოკრატიულ ინსტიტუტთა მშენებლობისა და განმტკიცების შედეგი გახდა.
თუმცა, ურყევად მჯერა, ქვეყნის პატრიოტული ძალები, რომელთაც მოსახლეობის უმრავლესობამ არაერთხელ დაუდასტურანდობა, კვლავაც იტყვიან ღირსეულ სიტყვას მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში.
ხელისუფლება არ არის თვითმიზანი. იგი საშუალებაა ქვეყნის, ეროვნული სახელმწიფოს მსახურებისა. სახელმწიფოებრიობის მშენებლობას კი უდიდესი რწმენა და მოთმინება ესაჭიროება.
ყველა ხალხს თვალწინ აქვს მაგალითი დიდი ებრაელი ერისა, რომელმაც ათასწლეულთა შემდგომ მოიპოვა და შეინარჩუნა ძლევამოსილი სახელმწიფო. ამ შესანიშნავი მაგალითის ბრწყინვალებით იყო აღბეჭდილი ქართულ-ებრაული ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის იუბილე, რომელიც გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად მიმაჩნია - სწორედ იმ დიადი მაგალითის სიმბოლურობის გამო.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ქედს ვიხრი ჩემი ერის უდიდესი სიბრძნისა და მოთმინების წინაშე.
„ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა, ვით ქვითკირსა“ - ბრძანებს ჩვენი მრავალჭირგამოვლილი, ღირსეული ერის უდიდესი შვილთაგანი. ასეთი სულმნათი, ზნეობრივი გმირების სიბრძნით მოაღწია საქართველომ დღემდე. იმავე სიბრძნითა და სიმტკიცით დავასრულებთ დაწყებულ ისტორიულ საქმეს - ქართული სახელმ მწიფოს მშენებლობას.
სახელმწიფოებრიობა, ანუ დამოუკიდებლობა, ყოველი ერის უდიდესი ნიჭი და სიქველეა, უდიდესი, ღვთიური ჯილდოა რწმენისა და სიმტკიცისათვის.
იმავდროულად, იგი ყველაზე მეტი ბედნიერება და სიხარულია. საქართველომ დაიმსახურა ეს სიხარული, ეს გამარჯვება და უეჭველად შეინარჩუნებს, განავითარებს, გააძლიერებს წინაპართა და თანამედროვეთა სისხლით მოპოვებულს.
სახელმწიფოებრიობა ყოველი ერის ტაძარია, რომელიც მის სულში იგება.
ჩვენ არ დავუშვებთ ტაძრის დანგრევას, არ დავუშვებთ დამოუკიდებლობის დაკარგვას.
ამ საბედისწერო, გარდამტეხ ჟამს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა, არ დავუშვებთ, არ შევურიგდებით, რომ მომავალ საუკუნეთა განმ მავლობაშიც ჰგოდებდნენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები დანგრეული ტაძრის „გოდების კედელთან“.
მომავალი, 1999 წელი იქნება საქართველოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახალი გაბრწყინების წელიწადი.
მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ პიროვნებას, იზრუნოს საკუთარი, პირადი ბედნიერებისათვის, გააძლიეროს და გაამდიდროს თავისი ოჯახი, გზაზე დააყენოს შვილები - ამით იგი ქვეყანას გააძლიერებს, ქართულ სახელმწიფოს განამტკიცებს, ვინაიდან ქვეყნის სიძლიერე, ქვეყნის ბედნიერება მისი თითოეული შვილის ბედნიერებისაგან, პიროვნული წარმატებისა და სიხარულისაგან შედგება.
იმავდროულად კი, ძლიერი, სტაბილური, ქართული სახელმწიფო გახდება პიროვნულ მისწრაფებათა აღსრულების უმთავრესი გარანტი.
და, აქვე მინდა ვთქვა ისევ და ისევ: ესეც განუყოფელია, - განუყოფელია პიროვნული საზოგადოსაგან, უბრალო, ადამიანური ბედნიერება - ქვეყნის წარმატებისა და გამარჯვებისაგან.
საქართველო - ეს ჩვენა ვართ!
საქართველო - თითოეული მოქალაქეა, განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, თითოეული ოჯახია, ცალკეული ადამიანია.
დაე, წარმავალმა 1998 წელმა წარიტაცოს თან ყველა ტკივილი, მასში ჩაიწრიტოს ყველა შავბნელი, უსიამო მოგონება, ხოლო თან ავიტაცოთ მხოლოდ ის ნათელი და ბედნიერი, რაც აგრეთვე იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში გასულ წელს.
დაე, ახალი, 1999 წელი პიროვნულ მისწრაფებათა განხორციელებით სამშობლოს, ქვეყნის შემდგომი გაძლიერებისა და განმ მტკიცების წელიწადი გახდეს.
დაე, აღსრულდეს მომავალ წელს საუკუნოვანი ოცნება და საქართველომ ამაყად შეაბიჯოს ევროპაში, ევროპის საბჭოში.
საბოლოოდ გადაწყდეს იმ გლობალური მნიშვნელობის პროექტთა განხორციელება, რომლებიც მსოფლიო-ისტორიულ ფუნქციას მიანიჭებენ საქართველოს.
დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს დავძლევთ საბიუჯეტო კრიზისის შედეგებს, განვამტკიცებთ სახელმწიფოებრივ წესრიგს, შევქმნით დამატებით პირობებს კერძო ინიციატივის, მეწარმეობის განვითარებისათვის, ახალ მძლავრ ნაბიჯებს გადავდგამთ ქვეყნის გამთლიანებისათვის.
ახალი წელი წარმატებითა და ბედნიერებით დაგბედებოდეთ, ძვირფასო თანამემამულენო!
ჩემს ხმასა და სიტყვას ვუერთებ ყველა სადღეგრძელოს, რომელიც თქვენს ოჯახში შეისმება.
გიდღეგრძელებთ ოჯახებს, მშობლებს, გვარსა და სანათესაოს, მოვიხსენიებ თქვენს მიცვალებულებს, სიხარულსა და გამარჯვებას ვუსურვებ თქვენს პატარებს - საქართველოს მომავალს.
ახალ წელს გილოცავთ, ძვირფასო თანამემამულენო!
თქვენი მრავალჟამიერი იყოს!
1999 წელი იქნება საქართველოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახალი გაბრწყინების წელიწადი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 1 იან ნვარი. - №1 (3042). - 1, 2 გვ.
![]() |
2 „მიმდინარე წელი განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტურ სიტუაციათა მოწესრიგების, ცნობილ პრობლემათა საბოლოო გადაწყვეტის თვალსაზრისით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 იანვრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელი ინტერვიუ 1999 წლის პირველი ინტერვიუა. განვლილი წელი საქართველოსათვის საკმაოდ მძიმე წელიწადი იყო და, თქვენს საახალწლო მილოცვაში ეს საკმაოდ მძაფრად აისახა. და, მაინც, უკვე დღესვე გაისმის პროგნოზები 1999 წლის - პოლიტიკური თუ ეკონომიკური წლის შესახებ. როგორი იქნება ეს წელიწადი, ამაზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ... - ჟურნალისტის, ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალ წელს ჩვენს მოქალაქეებსა და სრულიად საქართველოს.
დაე, 1999 წელი, რომლითაც იწურება მეოცე საუკუნე, და დამდეგი მესამე ათასწლეული ჩვენი ქვეყნისათვის ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს.
რა თქმა უნდა, მიმდინარე წელს უმთავრესი ამოცანა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების საბოლოო დაძლევა იქნება. ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ, უფრო სწორად, უკვე დაწყებულია. აშკარაა პირველი ეკონომიკური შედეგებიც, მათ შორის, ფინანსური ვითარების გაჯანსაღებისა.
ახლა მთავარია მძლავრი სტარტის აღება, უწინარესად, ფისკალურ სფეროში. ყველა სამინისტროს, ყველა უწყებისა და მმართველობითი სტრუქტურის უმთავრესი ამოცანაა ბიუჯეტის შესრულება.
ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაიწყებენ მიმდინარე წელს საგადასახადო და საბაჟო სამსახურები. შარშან და შარშანწინ იანვარი ფინანსური თვალსაზრისითაც უაღრესად დაძაბული და, გარკვეულწილად, წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს ერთგვარ სამწუხარო ტრადიციადაც კი ჩამოყალიბდა. ამიტომ კვლავ მოვითხოვ, რომ ბატონებმა თამაზ მაღლაკელიძემ და მიხეილ ჩიკვილაძემ, რომელთაც ჩვენ დიდი ნდობა გამოვუცხადეთ, სწორედ იანვარში იმუშაონ განსაკუთრებული ინტენსიურობით, რათა ეს წელი წარმატებით დავიწყოთ. თუ ერთი თვე ჩავარდა, მერე ამის გამოსწორება ძნელია, ხანდახან შეუძლებელიც.
უახლოეს დღეებში, ალბათ, იანვრის პირველ დეკადაშივე, 10 იანვრამდე შევხვდები როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო სამსახურების კოლექტივებს, ხელმძღვანელობას, რათა საბოლოოდ გადავწყვიტოთ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სტრუქტურათა რეორგანიზაციის, რესტრუქტურიზაციის, კვალიფიციურ, პატიოსან თანამშრომელთათვის ხელფასების მომატების, უწყებათა ტექნიკური აღჭურვის საკითხები. ძალიან ბევრი რამ დაგროვდა და მარტო მოთხოვნით საქმეს ვერ გადავწყვეტთ.
ხელისუფლება აუცილებლად შეასრულებს თავის პირობას პენსიონერთა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა წინაშე. უახლოესი თვეების განმავლობაში რეგულარულად უნდა გაიცეს არა მარტო მიმდინარე წლის ხელფასები და პენსიები, არამედ გასული წლის დავალიანებაც დაიფაროს.
საფინანსო ბაზარზე ამჟამად მეტ-ნაკლები სტაბილურობაა, თუმცა, როგორც არაერთგზის მითქვამს, გარკვეული დიაპაზონით ლარის კურსის მერყეობა გამორიცხული არ არის, მაგრამ მოსახლეობა უკვე უფრო მეტად ენდობა ლარს, მით უმეტეს, რომ შეწყვეტილია ინტერვენციები ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და ლარის დაგროვება ნამდვილად უფრო რაციონალური ნაბიჯია, ვიდრე მისი დაუყოვნებლივ გადახურდავება დოლარზე.
ოღონდ, განუხრელად უნდა სრულდებოდეს კანონი „ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის გამოცხადების შესახებ“. თქვენ იცით, არაერთხელ მილაპარაკია ამ საკითხზე.
ვავალებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ კახა თარგამაძეს, პირადად გააკონტროლოს ამ მიმართულებით ღონისძიებათა განხორციელება, რასაკვირველია, ეროვნულ ბანკთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად.
ეს არის ჩემი კატეგორიული მოთხოვნა ყველა უწყებისა თუ თანამდებობის პირთა მიმართ, ვინაიდან, თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს ეროვნული ვალუტის დაცვას, ლარი თანდათან ჩაიფერფლება და მისი მოქმედების არეალი, როგორც ტერიტორიული, აგრეთვე, ეკონომიკური სეგმენტის თვალსაზრისით, „შაგრენის ტყავივით“ შეიკუმშება და დაპატარავდება.
მოვითხოვ, შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი შედეგებისთანავე უშუალოდ მომახსენოს ამ დავალების შესრულება. უნდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები, აქტიურად შეუდგა ჩვენს მიერ მიცემულ დავალებათა შესრულებას, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა დონესა და ხარისხზე უნდა იყოს ლაპარაკი.
მეორე საარსებო მნიშვნელობის საკითხი ისევ და ისევ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასახადების დროული და უდანაკარგო აკრეფაა. ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი თანხა შეიძინა უცხოური ვალუტით, დაიწყო ხელფასებისა და პენსიების გაცემა, მაშასადამე, ფულადი მასა ეკონომიკურ სისტემაში დღითი დღე იზრდება. ეს დადებითი მოვლენაა, ძალზე სასარგებლოა მთლიანად ეკონომიკისათვის, მაგრამ ფისკალური წონასწორობის დასაცავად აუცილებელია გადასახადების სრულად აკრეფა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იანვრის დამლევს, ალბათ, 24-25 იანვარს, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ გაიმართება მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც შევაჯამებთ არა მარტო განვლილი წლის შედეგებს, არამედ მიმდინარე ტენდენციებსა და მათს პერსპექტივვასაც განვიხილავთ ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად. თუმცა ამ თათბირზე ვიმსჯელებთ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ პრობლემატიკაზეც, განვიხილავთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კრიმინოგენური თვალსაზრისით და ზოგიერთ სხვა საკითხს.
მიმდინარე წელი გარდამტეხი უნდა იყოს მრეწველობის ინტენსიური განვითარების თვალსაზრისითაც. თუ გახსოვთ, მე საახალწლო მიმართვაში იგივე ვთქვი, ახლაც იმასვე ვიმეორებ. ობიექტური მიზეზები ბევრია, მაგრამ არსებობს შანსი, იმ დარგების გამოცოცხლებაც კი დაიწყოს, სადაც პროგრესულ ტენდენციათა წარმოქმნას ამ ბოლო წლებში მაინც ვერ მივაღწიეთ.
განსაკუთრებული ყურადღებით ვიმუშავებთ ჩვენს მეწარმეებთან, ამოქმედდება ბიზნესმენთა საბჭო პრეზიდენტთან. იგივე გარკვეული აზრით მთავარი მეურვე და მრჩეველი უნდა გახდეს სამამულო მეწარმეობის საკითხებში და პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს შუამავლები უშუალოდ მეწარმეებთან.
წლის დასაწყისშივე დაგეგმილი მაქვს საქმიანი შეხვედრები დარგობრივი სამინისტროების კოლექტივებთან, კერძოდ, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მრეწველობის მუშაკებთან. ასეთივე არაფორმალური შეხვედრები იგეგმება შემოქმედებითს კავშირებთან - როგორც უნდა გვიჭირდეს ეკონომიკურად, სულიერ სფეროს, შემოქმედებითს ინტელიგენციას, ისევე, როგორც მეცნიერებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამ მხრივ შესაძლებლის მაქსიმუმს ვაკეთებდით და კვლავაც გავაკეთებთ.
ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა შეხვედრამ პრესასთან. ყოველნაირად შევეცდები გამოვნახო დრო, რათა ასეთი შეხვედრები რეგულარული იყოს - შეიძლება თვეში ერთხელ მოვიწვიოთ ქართული მასმედია ისეთივე გულწრფელი საუბრისათვის, როგორიც გასული წლის ბოლო დღეებში გაიმართა.
მიმდინარე წელი განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტურ სიტუაციათა მოწესრიგების, ცნობილ პრობლემათა საბოლოო გადაწყვეტის თვალსაზრისით.
მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა პრობლემა უკვე მიმდინარე წელს ამოიწურება, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო, გრძელდება შერიგების პარალელურად.
მისი უმთავრესი პრინციპია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი დიალოგისა და ორმხრივი კომპრომისების გზით - აფხაზი და ოსი ხალხების უფლებათა პატივისცემის, ლტოლვილთა უპირობო დაბრუნების გზით.
წელს ძალზე აქტიური სამუშაო გველის საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათი პოტენციალიც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ.
ალბათ, 1999 წელსვე (ზუსტი თარიღის დასახელებისაგან ახლა თავს შევიკავებ) დასრულდება ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ყოველ შემთხვევაში იგი გადამწყვეტ ფაზაში შევა.
საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რუსეთთთან, უკრაინასთან, თურქეთთან, შავი ზღვის აუზისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიეერთობათა გაღრმავებას, რა თქმა უნდა, ჩვენს უახლოეს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე სერიოზული ვიზიტი, რომელთაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ერთი სიტყვით, აქტიური დიპლომატიის წელი დაგვიდგა და ყველანი დიდი მოცულობის სამუშაოთა შესასრულებლად უნდა ვიყოთ მზად.
1999 წელი განმსაზღვრელი იქნება დიდი საკომუნიკაციო პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც.
დაბოლოს, ერთ კონკრეტულ პროექტზეც მინდა შევაჩერო პატივცემული რადიომსმენელის ყურადღება:
მთავრობის გასულ სხდომაზე განვიხილეთ უაღრესად საინტერესო და პერსპექტიული პროგრამა, რომელიც საქართველოში ჯან საღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
მოგეხსენებათ, ასეთი პროგრამები მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში დაამუშავეს და წარმატებითაც ხორციელდება, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ბენილუქსის სახელმწიფოებში.
პროგრამის მიზანია პიროვნებისა და საზოგადოების ფიზიკური კულტურის ამაღლებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით სულიერი ატმოსფეროს გაჯანსაღება.
ყველა ამ პროგრამის დევიზი გახლავთ: „ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია“.
ეს ძველი ბერძნული სიბრძნე დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.
სავსებით ვუჭერ მხარს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრს ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს. პროგრამა მაღალკვალიფიციურად არის მომზადებული. იგი გაანგარიშებულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდისათვის - მოიცავს 1999-2005 წლებს და გულისხმობს მრავალ კეთილშობილურ ღონისძიებას, მათ შორის, ბავშვების, განსაკუთრებით, სამ წლმდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის ხელშეწყობას (ამ პროგრამის განხორციელება სამი წლის ბავშვებისათვის უკვე წელს დაიწყება), „ჯანსაღი სკოლის“ პროგრამას, სკოლებში ფართომასშტაბიანი სპორტული აქტიურობის დანერგვას, მოსახლეობის ფართო განათლებას, ქალთა ჯანმრთელობის ხელშემწყობი და მავნე ფაქტორების, ნარკომანიის საწინააღმდეგო ფართო საზოგადოებრივ კამპანიას, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდობისათვის რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას, მოზარდთა და ახალგაზრდული ბანაკების მოწყობას (ამის შესანიშნავი ტრადიცია და გამოცდილება არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში), „ჯანსაღი ქალაქის“ კონკურსის პირობების შემუშავებას და განხორციელებას.
გათვალისწინებულია, აგრეთვე, დაბეგვრის ლიბერალური რეჟიმის შემუშავება, ჯანმრთელობის ხელშემწყობი სარეკლამო საქმიანობისათვის, სპორტული და გამაჯანსაღებელი კლუბებისათვის (საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ წელს გაცილებით მეტი რამ უნდა გავაკეთოთ სპორტისა და სპორტსმენებისათვის), სწორი კვების ჩვევების დანერგვა, ცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა მავნე ჩვევათა, მათ შორის თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ერთი სიტყვით, უკვე ჩანასახია ამ შესანიშნავი პროგრამებისა, მაგრამ მათი განხორციელება დამოკიდებული იქნება არა მარტო სახელმწიფოს, იმავე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, არამედ მთელი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის, თითოეული ოჯახის, ყველა მოქალაქის აქტიურობაზე. უწინარესად, თავის თავს, თავის ჯანმრთელობას მოქალაქემ თვითონვე უნდა მიხედოს და მერე სახელმწიფო მხარში ამოუდგება.
- წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ ქონებრივ დეკლარაციას სწორედ ორშაბათის ინტერვიუს მეშვეობით გააცნობდით მსმენელს. საერთოდ, შეიძლება ითქვას, ქონებრივი დეკლარაციის თემა გასული წლის ერთ-ერთ საინტერესო და პიკანტური თემა იყო. სხვათა შორის, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში ზოგიერთმა თანამდებობის პირმა ქონებასთან დაკავშირებულ კითხვას ისეთი პასუხი გასცა, რბილად რომ ვთქვათ, მკითხველს ღიმილი მოჰგვარა, მათი ქონებრივი მდგომარეობის ისეთი მძიმე სურათი იყო დახატული. ყოველ შემთხვევაში, ეს მაინც ახალი ხილია საქართველოსა და ჩვენი საზოგადოებისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ დეკლარაციას ერთ-ერთი პირველი წარადგენდით...
- თავიდანვე მინდა დავაზუსტო: დეკლარაციების შესახებ კანონი არ მოითხოვს სახელმწიფო მოხელის სრულ ანგარიშს, იგი ბოლო წლის შემოსავალ-გასავალსა და ქონებრივ მდგომარეობას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, თავს მოვალედ ვრაცხ, მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს გავაცნო პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა, მინდა ყველამ იცოდეს, რის მფლობელია პრეზიდენტი და როგორ ცხოვრობს იგი. აქ დამალული არაფერი არ უნდა იყოს და არც არაფერია დასამალავი.
დეკლარაცია კარგა ხანია შევსებულია, მაგრამ აუცილებლად მივიჩნიე ამ დოკუმენტისათვის დამერთო ზოგიერთი განმარტება ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო საანგარიშო წელს, ვიმეორებ, არა მარტო საანგარიშო წელს ეხება.
საცხოვრებელი სახლი, სადაც მე და ჩემი მეუღლე ამჟამად ვცხოვრობთ - ეს გახლავთ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში - ოცდაათიან წლებშია აშენებული და არსებითად ამორტიზებული იყო, უწინარესად არ შეესაბამებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის უსაფრთხოების ელემენტარულ მოთხოვნებს, და ეს პრობლემა მთელი სიმწვავით დაისვა ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ. საკითხი ასე იდგა: ან უნდა გადავსულიყავით სხვაგან, ანდა იქვე უნდა მოგვეგვარებინა საქმე ისე, რომ ეს შენობა საიმედო ყოფილიყო. სხვათა შორის, მინდა შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის გამო საკმაოდ ცხარე დებატები გაიმართა. ზოგიერთი გვთავაზობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, გვირჩევდა ბავშვებისათვის მოგვეძებნა სხვა შენობა, ზოგიერთი მოითხოვდა მაღალი შენობის აგებას, რომელსაც, როგორც მინიმუმი, ალბათ, 6-8 მილიონი დოლარი მაინც დასჭირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, მე ეს ვარიანტები უარვყავი და შევჩერდი ყველაზე, ასე ვთქვათ, მარტივ ვარიანტზე. ამჟამად ის სახლი, სადაც ახლა ვიმყოფებით, საფუძვლიანად არის რეკონსტრუირებული, მიშენებული აქვს ზოგიერთი სათავსოც, კერძოდ, სამუშაო კაბინეტი და სხვა. შესრულდა საკმაოდ ძვირადღირებული, ვიმეორებ, საკმაოდ ძვირადღირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოები, უსაფრთხოების სისტემის დასამონტაჟებელი მოწყობილობა უცხოეთშია შეძენილი და იგი უცხოელმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს. ამ თემის დეტალიზება გარკვეული მიზეზების გამო სასურველი არ არის. ახლა ეს რეზიდენცია ისეთ მდგომარეობაშია, რომ პრეზიდენტს შეუძლია იმუშაოს, მიიღოს სტუმრები, მოაწყოს მცირერიცხოვანი თათბირები და ასე შემდეგ.
რამდენადაც სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობანი უკიდურესად შეზღუდულია (თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ), შენობის რეკონსტრუქციისათვის განკუთვნილი თანხის ნაწილი ჩემმა ოჯახმა გადაიხადა. ეს გახლავთ 200 ათასი ლარი. აქ არ შედის უსაფრთხოების სისტემის დასამონტაჟებელი მოწყობილობის ღირებულება, რომლის ორი მესამედი, თუ მეტი არა, ასევე ჩვენ გადავიხადეთ, დანარჩენი კი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა. ბუნებრივია, აქ ჩემმა ოჯახმა გამოიყენა ის ძველი დანაზოგი, რომელიც მოსკოვში ყოფნის დროს დაგროვდა, რაზეც ცოტა ქვემოთ ვილაპარაკებ.
- თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი პირადი სახსრები, ოჯახის სახსრები მოხმარდა სახლის რეკონსტრუქციას და თანხაც დაასახელეთ - 200 ათასი ლარი პლუს უსაფრთხოების სისტემის ღირებულების ორი მესამედი გადაიხადა თქვენმა ოჯახმა. რატომ? ეს ხომ არ არის თქვენი პირადი რეზიდენცია, თქვენი საკუთარი სახლი, ეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა. რატომ მოხდა ასე? რაღაც განსაკუთრებული გაკეთდა პირადად თქვენთვის თუ...
- რეალურად სახელმწიფოს მართლა არ შეეძლო ამ სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული თანხების გაღება. ჩემი მიდგომა რამდენადმე სხვაგვარია: ჩემთვის ძალიან დიდი განსხვავება არ არის, თუ სად იწყება სახელმწიფოებრივი საკუთრება და სად არის ჩემი საკუთრება. მე ვცხოვრობ იქ, მე არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები პრეზიდენტი (ეს კიდევ საკითხავია), მაგრამ ეს სახელმწიფო ქონება იყო და სახელმწიფო ქონებად რჩება. აქ არავის არავითარი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს.
რეკონსტრუქციისა და უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟების დასრულებასთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის შედგენა მთავრდება, ჩატარდება აუდიტი და გარკვეული თანხის გადახდა შეიძლება კიდევ მოგვიწიოს, თუკი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ამის საშუალება არ ექნება.
ყოველივე ამის საშუალებას მაძლევს არა მარტო და არა იმდენად ჩემი გახმაურებული წიგნის ჰონორარი, რომელიც ოცზე მეტ ქვეყანაში გამოიცა (სხვათა შორის, გამოცემა გრძელდება, ამ ბოლო დროს გამოიცა სომხეთში, აზერბაიჯანში, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში), არამედ ლექციების, სტატიების, ინტერვიუების საფასური, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასვლის შემდეგ რომ მივიღე. ეს საკმაოდ დიდი თანხებია. მოგეხსენებათ, მაშინ განსაკუთრებული იყო ინტერესი ჩემი პიროვნებისადმი, განსაკუთრებით გადადგომის შემდეგ (მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პლანეტის პირველ პიროვნებად მაღიარეს) და ეს მარტო სახელი და აღიარება არ იყო, ამას ფული და ანაზღაურებაც მოჰყვებოდა ხოლმე.
- დაახლოებით თუ გახსოვთ თანხა, რომელიც საჯარო ლექციებში ან ინტერვიუში გადაგიხადეს?
- გასამრჯელო სხვადასხვაგვარი იყო. მაგალითად, თვენახევრიანი ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში (აგრეთვე, სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საბჭოთა კავშირშიც) - ეს იყო საუნივერსიტეტო ლექციები, რომლებიც საუნივერსიტეტო გამოშვებას დაემთხვა, იკრიბებოდა ათასობით და ათიათასობით ადამიანი. ასეთი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა 30-50 ათასი დოლარი ღირდა, ზოგჯერ ცოტა მეტი ან ნაკლები, და ასე შემდეგ. იყო ზოგიერთი ამერიკული გაზეთის შემოთავაზება, რომ, თუ ყოველთვიურად პოლიტიკური მიმოხილვის ერთ საგაზეთო სვეტს გავაკეთებდი, მივიღებდი 100 ათას დოლარს. როგორც გითხარით, ანაზღაურება უმაღლესი სტანდარტის დონეზე ხდებოდა. სხვათა შორის, ამ შემოსავლებიდან ასი ათასი დოლარი თბილისში დემოკრატიისა და აღორძინების ფონდის შესაქმენლად შევიტანე. როგორ დაიხარჯა, არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ვიცი, რომ დაიხარჯა. ბუნებრივია, ალბათ, დანიშნულებისამებრ დაიხარჯებოდა.
საკმაო თანხას შეადგენს ძველი დანაზოგები. აქ უნდა განვმარტო ერთი რამ, რადგანაც ყველამ ეს არ იცის. პოლიტბიუროს წევრები და კანდიდატები (და მე კარგა ხანს ვიყავი ჯერ კანდიდატი და შემდეგ 1985 წლიდან პოლიტბიუროს წევრი) სიმბოლურ თანხას ხარჯავდნენ კვებაზე, უფასო ჰქონდათ დასვენება, აგარაკი, ყოველწლიურად იღებდნენ ეგრეთ წოდებულ „სამკურნალო დახმარებას“ (თუ არ ვცდები, ორი თვის ხელფასის ოდენობით), უცხოეთში მივლინებისას, გარდა უშუალო სამივლინებო ხარჯებისა, იღებდნენ „წარმომადგენლობით“ თანხებს და ეს საკმმაოდ სოლიდური თანხები იყო. უფასო იყო წიგნები, საჭირო ლიტერატურა, რამაც საშუალება მომცა შემექმნა საკმაოდ მდიდარი, მე ვიტყოდი, უნიკალური ბიბლიოთეკა (7-8 წლის განმავლობაში იმდენი წიგნი დაგროვდა, რომ ნეტავ იმდენი მაცოცხლა, რომ ბოლომდე წამაკითხა).
ამ და სხვა ხარჯებს, როგორც წესი, განკარგავდა ან ინახავდა ჩემი მეუღლე ნანული შევარდნაძე, ასე იყო ახალგაზრდობის წლებიდან, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, ღატაკნი ვიყავით, მაშინაც იგი იყო პასუხისმგებელი და ჩვენი ოჯახის „ხაზინადარი“ და ასევეა დღესაც. ჩემი ინტერესი ფულისადმი ყოველთვის გულგრილი იყო.
ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით მოსკოვში წასვლამდე (მცხეთის ქუჩა, №2), ჩემმა შვილმა პაატა შევარდნაძემ შეისყიდა 1989 წელს. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, მუშაობს პარიზში, იუნესკოში, საკმაოდ მაღალი საკონტრაქტო ანაზღაურებით, ლაპარაკია რამდენიმე ათას დოლარზე. ცნობილია, რომ მომდევნო წლებში მოხდა ბინების პრივატიზება და საქართველოს მოსახლეობამ, ყველა მოქალაქემ საცხოვრებელი ფართობი უფასოდ მიიღო. ჩვენ კი მაშინ საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადეთ. შესაბამისი დოკუმენტები დაცულია ქალაქის მერიაში.
- გამოდის, რომ თბილისში თქვენ საკუთარი სახლი არა გაქვთ?
- მაგაზე არ ვფიქრობ, არ ვდარდობ, ესეც ჩემი უცნაურობაა, ალბათ.
ახლა ანგარიში მოსკოვის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით.
ეს ბინა მე აღარ მეკუთვნის. სხვათა შორის, საუცხოო ბინა იყო, საუცხოო ადგილას. მოსკოვიდან წამოსვლის შემდეგ ბინაში ჩავწერეთ ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და განუყრელი მეგობრის ოჯახის წევრები და ეს საცხოვრებელი ფართობი მათს საკუთრებაში გაფორმდა. დავძენ, რომ ჩვენ შორის არსებობს ჯენტლმენური გარიგება, შეიძლება, რამდენადმე უცნაურიც: თუ ოდესმე ჩემს შვილებს, ან შვილიშვილებს (მე - არა) რაიმე მიზეზით მოსკოვში ბინა დასჭირდებათ, ისინი იზრუნებენ ამაზე, მათ აქვთ ამის საშუალება.
მოსკოვის ბინაში არსებული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ოჯახის დანაზოგს შეემატა, რომელიც ჩემს „ხაზინადართან“ ინახებოდა და ინახება.
ჩემი ქალიშვილი მანანა შევარდნაძე ცხოვრობს მისი პირველი ქმრის ზვიად მოსაშვილის ბინაში, რომელიც უკურნებელი სენით გარდაიცვალა. ამჟამად მანანა იმავე ბინაში მეორე ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
მამათში მამაპაპისეული ხის სახლი, რომელზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე, ძალიან პატარა ნაკვეთით, სანათესაოს საერთო საკუთრებაა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია, რომ არა მაქვს უფლება, მარტო მე მეკუთვნოდეს. მე მყავდა ძმები, მყავს და, ძმისწულები, დისწულები, საკმაოდ დიდი სანათესაო და, ბუნებრივია, მარტო ჩემს საკუთრებაში ვერ იქნება, თუმცა, არც არავინ მიკრძალავს იქ ჩასვლას და ღამის გათევას, ან, თუ საჭირო იქნება, ცხოვრებას.
დეკლარაციაში მითითებული მონაცემების მიუხედავად, კვლავ მინდა განვმარტო: გერმანიაში შეტანილი ანაბრებიდან (ჰონორარი მაქვს მხედველობაში) სახელმწიფო გადასახადი 146 ათასი მარკა საქართველოს ბიუჯეტში შევიტანე. შეიძლება ვინმეს დაებადოს კითხვა, რატომ ჩაირიცხა ჩემი კუთვნილი ჰონორარი, აგრეთვე, ემანუილ კანტის პრემია გერმანიის ბანკში და არა სხვა ქვეყანაში, კერძოდ, საქართველოში? საქმე ის გახლავთ, რომ წიგნის გამოცემის დროს მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი. გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს წიგნის მთავარი გამომცემელი და გავრცელების მთავარი ორგანიზატორი, და მეც დავყაბულდი მის რჩევას, იქ გამეხსნა ანგარიში, მაშინ ასე სჯობდა, რადგან ყველა ქვეყნიდან, სადაც წიგნი გამოიცემოდა (ზოგიერთ ქვეყანაში ორჯერ და სამჯერაც გამოიცა, მაგალითად, გერმანიაში - ორჯერ, საფრანგეთში - ორჯერ და ასე შემდეგ), ყველაფრის აკუმულირება სწორედ ამ ბანკში ხდებოდა. ამით საქართველოს არაფერი წაუგია (ვთხოვ ყველას, ამას მიაქციოს ყურადღება), რადგან გადასახადი სრულად ჩვენს ბიუჯეტში შევიდა, თუმცა წესით, იგი გერმანიაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გამიწიეს ანგარიში და რაც იქ უნდა შემეტანა, საქართველოს ბიუჯეტში შევიტანე. ამავე გამომცემლობასთან გაფორმებულია კონტრაქტი მეორე წიგნზეც. მაგრამ, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო მუშაობა ჯერჯერობით ვერ დავამთავრე (ეს გამომცემელი, როგორც მიხვდით ჩემი საუბრიდან, სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით ჩემს ყველა ნაწარმოებზე, რომლებიც უნდა გამოიცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მაშინ მე ხელს მაძლევდა ერთ კაცთან და ერთ რომელიმე ბანკთან მქონოდა საქმე).
დეკლარაციაში ასევე ნაჩვენებია, რომ ონასისის სახელობის პრემიიდან (250 ათასი დოლარი) 48 ათასი დოლარი, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტშია შეტანილი, ხოლო თვით პრემია - დარჩენილი თანხა „საქართველოს ბანკში“ ინახება და ჯერჯერობით არც ვაპირებ გამოტანას.
ჩემი დამატებითი განმარტებანი სრული არ იქნება, თუ კიდევ ერთ მომენტს არ შევეხები: 1994 წლის დამლევს, როცა საქართველოში უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა, საქართველოს ელჩმა თურქეთში ნოდარ კომახიძემ მაცნობა, რომ თურქეთის ბევრი მოქალაქე (უმეტესად ქართული წარმომავლობისა) აგროვებს გარკვეული რაოდენობის თანხებს საქართველოს პრეზიდენტისათვის, პრეზიდენტის დასახმარებლად, მისი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად, და რომ ამ საქმის ინიციატორებს არ სურთ მაინცდამაინც მათი აქციის აფიშირება. ეს თანხა (ახლა უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, საკმაოდ დიდი დრო გავიდა) 160 ათასი დოლარი მართლაც ჩაირიცხა „თბილინტერბანკში“.
აღნიშნული თანხიდან: თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს გადავურიცხე 50 ათასი დოლარი, ბაგრატის ტაძრისა და ალავერდის აღორძინების ფონდს - 4500 დოლარი, წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას - ერთხელ 6000 დოლარი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს - 26 ათასი დოლარი, ბორჯომ-ლიკანის, წინანდლის რეზიდენციების ანგარიშებზე - 10-11 ათასი დოლარი, საერთაშორისო პიანისტთა ფესტივალს მოხმარდა 5000 ლარი. ამავე დროს მინდა ისიც შევახსენო რადიომსმენნელს, რომ 20 ათასი დოლარი ამ თანხიდან მიმდინარე წელს ბავშვებისათვის საახალწლო ნაძვისხის მოსაწყობად გადავრიცხეთ (უმთავრესად, ობოლი და ლტოლვილი ბავშვებისათვის), წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე უკვე გადაირიცხა დამატებით 20 ათასი ლარი, ხოლო 11 ათასი ლარი მოხმარდება კრწანისის მეურნეობას, პრეზიდენტის იქაურ რეზიდენციასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად (სტუმრიანობა, კვების ხარჯები და ზოგიერთი სხვა).
კიდევ ერთი „მგრძნობიარე“ თემა: ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის პერიოდში მიღებული მაქვს სხვადასხვა საჩუქრები, სუვენირები, სამახსოვროები, მათ შორის, ხელოვნების ნაწარმოებები, სახელმწიფო ჯილდოები და არა მარტო საბჭოთა კავშირისა (ჯილდოები მართლაც უამ რავია).
ბევრი მათგანი იმდენად უნიკალურია, რომ დღეს ფასის დადგენაც კი პრობლემატურია.
ყველაფერი ეს დაცულია ზემოთ ნახსენებ კრწანისის რეზიდენციაში - ყველაფერი, მნიშვნელოვანიც და არამნიშვნელოვანიც. რა თქმა უნდა, საჭიროა მათი სრული ინვენტარიზაცია, მოსახერხებელ დროს საჭირო იქნება აუდიტის დანიშვნაც, ასე რომ, მთელი ეს მეურნეობა, ისევე, როგორც ჩემი შემოქმედებითი მემკვიდრეობა წესრიგშია მოსაყვანი. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და საკმაოდ რთული სამუშაოა. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა შულცმა მომწერა, თუ შენი მემკვიდრეობის მოწესრიგება და აღდგენა დაგჭირდება, მე გამოგიგზავნი კაცს, რომელიც დაიქირავებს 10-15 პიროვნებას (რა თქმა უნდა, იმ ხალხს ფული მე უნდა გადავუხადო) და ყოველივე ამას მოაწესრიგებსო. ეს ძალიან დიდი და რთული სამუშაოა, არც უჩემოდ შესრულდება ეს საქმე. სამწუხაროდ, ჩემი დრო სასტიკად შეზღუდულია, და, ალბათ, ბევრი რამ სამომავლოდ მექნება გასაკეთებელი.
ერთი რამ კი მინდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს: არაფერი არ დაკარგულა, არც უცხოეთში, არც მოსკოვში, არც საქართველოში შეძენილი თუ ნაჩუქარი, არც დაიკარგება, ყველაფერი ჩემს ხალხს და შთამომავლობას დარჩება.
- მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებდა, თქვენ მაინც ძალიან დაწვრილებითი დეკლარაცია წარადგინეთ და განმარტებებიც დაურთეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვისობრივად ახალი ფორმის და შინაარსის დეკლარაციაა...
- მეც ასე წარმომიდგენია. შემდეგში დეკლარაციის აუცილებლობა სახელმწიფო მოხელეთა უფრო ფართო მასაზე უნდა გავრცელდეს. ამასთან საჭირო იქნება მოქმედი კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა მოწინავე ქვეყნებისა და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით.
ახლა მეორე საკითხი - ჩვენთვის რამდენადმე ახლებური - რატომ გავამახვილე ყურადღება შემოსავლებზე, წყაროებზე და რატომ ვამბობ, რომ მე არა ვარ ყველაზე ღარიბი კაცი.
მიმაჩნია, რომ ეს ღირსებაა, რადგანაც პრეზიდენტი დამოუკიდებელი უნდა იყოს თავისი მდგომარეობით, კერძოდ, ქონებრივი ცენზის თვალსაზრისითაც.
თქვენ იცით, რომ მთელ რიგ ქვეყნებში პრეზიდენტობის კანდიდატად შეიძლება დაასახელოს თავი ადამიანმა, თუ მას აქვს გარკვეული შემოსავალი, გარანტია იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს თავად დააფინანსებს. ბევრ ქვეყანაში ეს მიღებული ნორმაა, ჩვენთვის კი ცოტა არ იყოს, უცხო ხილია.
კანონიერი გზით შექმნილი დოვლათის, შემოსავლის წყალობით პრეზიდენტი ხდება დამოუკიდებელი მატერიალურად, ფინანსურად. სათანადო კანონის შესაბამისად იგი ასევე სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელფასით, ყველა აუცილებელი პირობით. მაგრამ, ალბათ, ეს უფრო სამომავლო საქმეა.
საქინფორმი.
„მიმდინარე წელი განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტურ სიტუაციათა მოწესრიგების, ცნობილ პრობლემათა საბოლოო გადაწყვეტის თვალსაზრისით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 იანვარი. - №2 (3043). - 1, 2 გვ.
![]() |
3 კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკებს! |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო!
მინდა, ახალი წლის დასაწყისში, საქართველოს მეკავშირეთა პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩემი გულითადი მილოცვა გადავცე კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკებს, ყველას, ვისაც კი ამ დარგში თავისი წვლილი შეაქვს.
კავშირგაბმულობა ქვეყნისათვის ერთ-ერთი სასიცოცხლო დარგია. თქვენ, ვინც კი ამ დარგში მოღვაწეობთ, დიდი პასუხისმგებლობა გაწევთ ქვეყნისა და ერის წინაშე. თქვენ გესაჭიროებათ დიდი ძალისხმევა, რათა ჩვენი საკომუნიკაციო საშუალებები გაუთანაბრდეს მსოფლიოს სტანდარტებს. მსურს, ახალი, 1999 წელი, წარმატებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და სიხარულის წელი ყოფილიყოს ყოველი თქვენგანისათვის, თქვენი ოჯახის წევრებისათვის.
გილოცავთ შობა-ახალ წელს! დაე, სიმყუდროვე, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს მას თქვენს ოჯახებში.
გისურვებთ წინსვლას თქვენ და სრულიად საქართველოს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
1999 წლის 6 იანვარი.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკებს! : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 იანვარი. - №4(3045). - 1 გვ. 38
![]() |
4 „საქართველოს მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მიუხედავად, ჩვენ ამჟამად მაინც ახალი ტიპის სახელმწიფოებრიობას, ახალ საქართველოს ვაშენებთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 იანვრის რადიოინტერვიუ
- რასაკვირველია, ინტერვიუს კვლავ ეკონომიკის თემით დავიწყებთ. გასულ კვირაში თქვენ საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდით. თქვენ ბრძანეთ, თუკი იანვრის ბიუჯეტი არ შესრულდება, ეს ხელმძღვანელები თანამდებობას დატოვებენო. გარდა ამისა, განვლილ კვირაში შეიმჩნეოდა ლარის კურსის მერყეობის საკმაოდ მაღალი ამპლიტუდა. უნდა ითქვას, საახალწლოდ ლარის კურსი შედარებით სტაბილური გახდა, ახალი წლის შემდეგ კი ეს მისი კურსის პირველი მნიშვნელოვანი მერყეობა იყო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- თქვენ ახსენეთ სამინისტროთა ხელმძღვანელებთან შეხვედრები, რომლებიც გაგრძელდება.
- გადაწყვეტილი მაქვს შევხვდე თითოეული სამინისტროს და ზოგიერთი დეპარტამენტის კოლექტივებს, თუკი ფიზიკურად იქნება ამის საშუალება, ცალკეულ ხელმძღვანელებს, რათა უშუალო საუბრის შედეგად ერთობლივად შევიმუშაოთ ამ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უწყებების შემდგომი რეორგანიზაციის, მათი „მარგი მოქმედების“ ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა პროგრამა, ესე იგი, ლაპარაკია სახელმწიფო სტრუქტურების შემდგომ სრულყოფაზე და არა პრეზიდენტისა და სამინისტროთა ხელმძღვანელების ჩვეულებრივ შეხვედრასა და ჩვეულებრივ დიალოგზე.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას განვაცხადე და კვლავ ვადასტურებ: სამინისტრო, სახელმწიფო უწყება არც ერთი ნაბიჯით არ უნდა ჩამორჩეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ის, რაც ჩვეულებრივი იყო 20-25 წლის წინათ, თუნდაც 2-3 წლის წინათ, რა თქმა უნდა, დღეს მიუღებელია. მხედველობაში მაქვს მუშაობის სტილი და მეთოდიკა.
ცხოვრება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ არათუ მრავალი წლის წინათ, არამედ სამიოდე წლის წინათაც დამკვიდრებული სტილი ძველდება, მიუღებელი და არაეფექტიანი ხდება.
სწორედ ეს მიმაჩნია სამინისტროთა, სახელმწიფო სტრუქტურათა უპირველეს ამოცანად - ისინი, ჯერ ერთი, თავად უნდა ქმნიდნენ პროცესებს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში და ამავე დროს იოლად ითვისებდნენ ყოველივე პროგრესულს, ახალს, რასაც თანადროულობა ქმნის, მათ შორის, სხვა ქვეყნებშიც.
აუცილებელია სამინისტროს ჩამოშორდეს წარსული ეპოქიდან გადმოყოლილი ყველა მანკიერი თვისება - მხედველობაში მაქვს უხეში, პრიმიტიული ადმინისტრირების ჩვევა, უსაზღვრო კონტროლისადმი მისწრაფება, ყველაფრის საკუთარ ხელში აღება. ახალ პირობებში სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა კოორდინირება, ბიზნესისათვის ხელის შეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციათა მოზიდვა და ახალი, დამატებითი რეზერვების ძიება ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად, ქვეყანასა და ადამიანზე ზრუნვა.
მიმდინარე კვირაში ვიმსჯელებთ მრეწველობის ამოქმედების, მცირე ბიზნესის განვითარების, სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური გამოყენების პრობლემებზე.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი პერსპექტივები აქვს ტრანსპორტს. საკმარისია ითქვას, რომ მიმდინარე წელს დღის წესრიგში დგება შემოსავლის გაორმაგების ამოცანა, და ეს საკმაოდ დიდი თანხაა. გაცილებით მეტი ეფექტი უნდა მოგვცეს საგარეო ვაჭრობამ - ამ უწყების კოლექტივსაც აუცილებლად შევხვდები. მეტი ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობას - მით უმეტეს, შარშანდელი, ასე ვთქვათ, კატასტროფული გვალვის შემდეგ.
იმედი მაქვს, ენერგეტიკოსები სიტყვას შეასრულებენ და უახლოესი დღეების განმავლობაში დაასრულებენ თბილსრესის მე-9 და მე-10 ბლოკების აღდგენით სამუშაოებს, რის შედეგადაც ელექტროენერგიით მოსახლეობის მომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით.
რაც შეეხება წლის შედეგებს, ჯერჯერობით საბოლოო ციფრებზე ლაპარაკი ნაადრევია. დროა საჭირო, რომ სტატისტიკის დეპარტამენტმა საბოლოო შედეგები დააჯამოს.
ამჟამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ დეკემბრის თვეზე. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გასული წლის მიწურულს, კერძოდ, დეკემბერში, გაცილებით უკეთ იმუშავეს როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო სამსახურებმა, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას შეესრულებინა თავისი პირობა: დეკემბერში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა, პენსიონერებმა მიიღეს კუთვნილი თანხები, მხედველობაში მაქვს დეკემბრის ხელფასები და პენსიები, მაგარამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
საბაჟო და საგადასახადო სამსახურებმა არც ერთ თვეში აღარ უნდა დაუშვან ჩამორჩენა, ვინაიდან ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შემდგომ, წლის განმავლობაში თითქმის შეუძლებელი ხდება.
ამოქმედდა გრაფიკი, რომელიც გულისხმობს უახლოესი თვეების განმავლობაში არა მარტო დავალიანების დაფარვას, არამედ ხელფასების, პენსიების, სხვა საბიუჯეტო სარგოების რეგულარულ გაცემასაც, რისი აუცილებელი პირობაც გადასახადების უდანაკარგო აკრეფაა. ეს არის საფუძველთა საფუძველი.
თავის მხრივ სახელმწიფო ყველაფერს იღონებს, რათა ორივე სამსახურს - როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო სამსახურებს - პრივილეგიური მდგომარეობა შეუქმნას. ამას ვერ გავექცევით, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტი ფაქტობრივად სწორედ ამ ორ დეპარტამენტს ეყრდნობა. ამიტომ სავსებით გამართლებულად მიმაჩნია წინადადება, რომ შეიქმნას თანამშრომელთა სტიმულირების განსაკუთრებული სისტემა: ვთქვათ, იმ თანხის 10 ან 15 პროცენტი, შეიძლება მეტიც, რომელსაც ეს საფინანსო ინსტიტუტები აკრეფენ წინასწარ განსაზღვრული და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის გადამეტებით, დარჩეს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების საპრემიო ფონდში და მოხმარდეს ტექნიკური ბაზის განვითარებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ასე შემდეგ.
მებაჟე და საფინანსო ინსპექტორი, რომლებიც დავალებას ასრულებენ და გადასახადს კრეფენ, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ კეთილსინდისიერი, წარმატებული შრომის შედეგად ძალიან მაღალი ანაზღაურება ექნებათ, თანაც კანონიერი ანაზღაურება და, როგორც იტყვიან, ღმერთმა შეარგოთ!
მთავარია, ბიუჯეტმა მიიღოს კუთვნილი სახსრები, რათა აღმოიფხვრას პენსიონერთა, მასწავლებელთა, ჯარისკაცთა, პოლიციელთა მიმართ დავალიანება და სახელმწიფომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება.
ამ თვალსაზრისით დეკემბერში შესანიშნავად იმუშავა აჭარის საგადასახადო სისტემამ, რისთვისაც მათ მადლობა ეთქმით. განსაკუთრებით გამოვყოფ სამეგრელოს მხარეს (თქვენ იცით, ამ მხარეს როგორ უჭირს), - თანაც საქმე გაკეთდა, ვიმეორებ, უმძიმეს პირობებში და ეს წარმატება ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა დააფასოს.
ღირსეულ სიტყვას ამბობს თბილისიც ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით. ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან დედაქალაქი არა მარტო საქართველოს მთავარი ქალაქია, საითაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველა „გზა მიდის საქართველოს ყოველი მხრიდან“, არამედ სრულიად საქართველოს უმთავრესი მკვებავი და უმთავრესად დონორიც გახლავთ.
რამდენიმე სიტყვა ფინანსურ ბაზარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ, თქვენ ეს სავსებით კანონზომიერად იკითხეთ. წლის დამდეგიდან, როგორც მოსალოდნელი იყო (ჩვენთვის აქ მოულოდნელი არაფერია), შესამჩნევად გაფართოვდა ლარის მერყეობის ამპლიტუდა. ლარის კურსმა ჯერ დაიკლო, შემდეგ კვლავ მიაღწია მაღალ ნიშნულს.
ბოლო დღეებში ამპლიტუდა მცირდება, მაგრამ ნიშანდობლივია ამჟამინდელი სიტუაციის მთავარი თვისება: ლარის მერყეობა გრძელდება, მისი კურსი თითქმის ყოველდღიურად იცვლება - ხან აიწევს, ხან პირიქით - დაიწევს.
როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება, სანამ ჭკუას არ ვისწავლით და არ მივხვდებით: დაგროვების მიზნით (თუნდაც დროებითი დაგროვების, თუნდაც ძალზე მცირე რაოდენობით) - ლარის გადაცვლა დოლარზე უკვე წამგებიანია, ყველას ვარწმუნებ - წამგებიანია, ვინაიდან აღარ არსებობს იმის გარანტია, რომ როდესაც ლარი დაგჭირდებათ, დოლარის გაყიდვა აღარ მოგიწევთ იმაზე იაფად, ვიდრე იყიდეთ.
ალბათ დროა, ყველა გონს მოეგოს და აღარ აძარცვინოს თავი ფინანსურ სპეკულანტებს, რომლებმაც გვარიანად მოითბეს ხელი იმ პერიოდში, როცა ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებდა და კურსის განუწყვეტელი შემცირება თითქოს გარანტირებული იყო.
რასაკვირველია, ამავე დროს ეროვნული ვალუტის სიმტკიცისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისევ და ისევ გადასახადების სრულად ჩარიცხვას ბიუჯეტში, აგრეთვე „ლარის ერთადერთობის“ შესახებ კანონის აღსრულებას. სანამ ამას არ შევიგნებთ, მანამდე ლარის მერყეობა, და ძალიან ხშირად მოსახლეობის საზიანოდ, გარდაუვალი იქნება.
- აქ, ალბათ, კიდევ ერთი მომენტია, რომელიც ასევე ფინანსურ სტაბილურობასაც უკავშირდება და ზოგადად ქვეყანაში სტაბილურობასაც. ფაქტობრივად დაიწყო ახალი წელი და უკვე ასეთი ვარაუდი გამოითქმის, რომ უახლოეს ხანში, კერძოდ, გაზაფხულზე მოსალოდნელია რაღაც დესტაბილიზაცია. პრინციპში, ამ ტიპის პროგნოზები ხშირად გაისმის ხოლმე და ნაწილობრივ მართლდება კიდეც. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მოსალოდნელია, რომ გაზაფხულზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და არასტაბილური გახდეს?
- შეიძლება ლაპარაკი ხან პროგნოზზე, ხან ჭორზე.
მომიტევოს რადიომსმენელმა, მაგრამ, ამასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, მკვახე განცხადება უნდა გავაკეთო:
არავის არაფერი შეეშალოს საქართველოს ხელისუფლების უნართან და პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებით!
დესტაბილიზაციას ქვეყანაში არ დავუშვებთ!
ძალა შეგვწევს და უნარიც გვაქვს, რათა ძირშივე აღვკვეთოთ, რა თქმა უნდა, კანონიერი ხერხებით, ყოველგვარი უკანონობა, კონსტიტუციური სივრციდან ყოველგვარი გასვლის მცდელობა, თუნდაც მცირე, ყველანაირი პროვოკაცია, საიდანაც უნდა მოდიოდეს და ვის მიერაც უნდა იყოს ინსპირირებული. არავის არ ვაპატიებთ კონსტიტუციური ნორმებიდან გადახვევას.
საახალწლო გამოსვლაში მე ვთქვი, რომ ქართული სახელმწიფო ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გაწეული აღმშენებლობითი მუშაობის შედეგად, შეიძლება ითქვას, უკვე დაფუძნდა სახელმწიფოდ. იგი არცთუ ბოლომდე მთლიანად სრულყოფილი, მაგრამ ძირითადად, ინსტიტუციური თვალსაზრისით, უკვე სრულქმნილი სახელმწიფოა.
ეს არის უდიდესი, საშვილიშვილო, თვალსაჩინო მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება და უნდა გაუფრთხილდეს არა მარტო ხელისუფლება, არამედ მთელი საზოგადოება და საქართველოს ყველა მოქალაქე.
საქართველოს ვერავინ დააბრუნებს, ასე ვთქვათ, საზარელი ეროვნული ტრაგედიის სისხლიან ეპოქაში, როდესაც მძვინვარებდა „მართვადი ქაოსის“ დოქტრინა, ძმა ძმას უპირისპირდებოდა. ძალაუფლებას კი, ფაქტობრივად, კრიმინალური დაჯგუფებანი ფლობდნენ. ყველას კარგად გვახსოვს ეს - დიდებსაც და პატარებსაც.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კერძოდ, ჩვენი უცხოეელი მეგობრებისა და კეთილმოსურნეების გასაგონად: საქართველო არის და იქნება სტაბილური სახელმწიფო, სტაბილური დემოკრატიის ქვეყანა, და იგი არ გახდება არასტაბილური.
სხვათა შორის, აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დასავლური მსოფლმხედველობისათვის განუყოფელია დემოკრატია და სტაბილურობა, და სახელმწიფო იცავს დემოკრატიას სწორედ სტაბილურობის გზით. არასტაბილური დემოკრატია საერთოდ არ არის დემოკრატია, და დემოკრატია არასტაბილურ ქვეყანაში - ეს ანარქიაა.
შევახსენებ ყველას ჩემი მეგობრის ჰანს დიტრიხ გენშერის სტუმრობას საქართველოში საზარელი ანარქიის დროს, ეს იყო 1992 წლის გაზაფხული. იგი თავის გამოსვლაში, როგორც გულწრფელი მეგობარი, ხშირად იმეორებდა: „სტაბილური დემოკრატია“ (მახსოვს ეს სიტყვები, ახლაც ყურში მაქვს ჩაჭედილი), „სტაბილური დემოკრატია“ - თქვენ უნდა ააშენოთ „სტაბილური დემოკრატია“, გისურვებთ წარმატებებს „სტაბილური დემოკრატიის“ მშენებლობაში და სხვა.
კიდევ ერთი მომენტი უნდა აღინიშნოს ხაზგასმით: ვერავინ შეძლებს მადესტაბილიზებელ ფაქტორად გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური კერები. აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების საბოლოო მოგვარება უახლოესი მომავლის საქმეა, ისე ვითარდება საერთო მდგომარეობა ჩვენს პლანეტაზე, და საერთაშორისო ვითარება.
1999 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლის წელი იქნება. მივესალმები ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის გააქტიურებას ქართულ-ოსური კონფლიქტის შვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მის შეხვედრებს ლუდვიგ ჩიბიროვთან, რეგიონის სხვა ხელმძღვანელებთან და, სხვათა შორის, ვაჟა ლორთქიფანიძესთან ერთად იყვნენ მინისტრები, საზოგადო მოღვაწეები, რექტორები, სხვები და სხვები.
კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომელმაც მასმედიის ზოგიერთი საშუალებით გაიჟღერა, თითქოს ეს შეხვედრები, ცხინვალში მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრებულიყოს. ვერ გეტყვით, რომელი არხი და რომელი გაზეთი იყო, მაგრამ ასეთი შეფასების მცდელობა კი იყო.
მე პირიქით მიმაჩნია, რომ მოლაპარაკება იყო უაღრესად შედეგიანი. ორივე მხარემ დაადასტურა პოლიტიკური ნება: კონფლიქტის შედეგები (ამჟამად უკვე, საბედნიეროდ, პოსტკონფლიქტურ ვითარებაზე ვლაპარაკობთ, და არა საკუთრივ კონფლიქტზე) საბოლოოდ აღმოიფხვრება და პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით ეკონომიკას მიენიჭება.
აბა, დავაკვირდეთ, რა ხდება: სახელმწიფო მინისტრთან ერთად ცხინვალში, როგორც ზემოთ ვთქვი, იმყოფებოდა სამინისტრო-უწყებათა ცხრა ხელმძღვანელი: კოლეგებთან თანამოქმედების შედეგად თანდათანობით, მაგრამ განუხრელად მიმდინარეობს დარღვეულ კავშირურთიერთობათა აღდგენა. ცხინვალი და თბილისი უკვე გაცილებით მეტად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან ეკონომიკურ, სატრანსპორტო და თუ სხვა სფეროებში, ვიდრე გასულ წლებში. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ადამიანურ ურთიერთობათა აღდგენას ოჯახებისა და ნათესაობის დონეზე, აგრეთვე, კულტურის, ინტელიგენციის წარმომადგენელთა გააქტიურებას, მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის დამთხვევას (საუკუნეთა განმავლობაში რომ განაპირობებდა ქართველთა და ოსთა მშვიდობიან, ძმურ თანაცხოვრებას), - უეჭველია, შორს აღარ არის იმ დოკუმენტის ხელმოწერაც, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ კონფლიქტს და, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები უნდა იყოს.
დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებით განვითარდება ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგიც. დღევანდელი დონით არა ვართ კმაყოფილი, მაგრამ ხომ დაიწყო ეს დიალოგი. თუმცა იქ გაცილებით დიდი სირთულე გველის, მაგრამ დამაიმედებელია, რომ პრინციპული პოზიციები იკვეთება გაეროს უშიშროების საბჭოში და, საერთოდ, საქართველოს პრობლემატიკას ვერავინ განნიხილავს გლობალური პრობლემებისაგან მოწყვეტით.
ჩვენს პლანეტაზე კი საბოლოოდ მკვიდრდება აზრი, რომ მსოფლიო ოცდამეერთე საუკუნეში, მესამე ათასწლეულში მოუწესრიგებელი კონფლიქტებით არ უნდა შევიდეს და კაცობრიობას აღარ უნდა დასჭირდეს ისეთი მძლავრი და მტკივნეული ბერკეტის გამოყენება, როგორიც არის „მშვიდობისადმი იძულების“ სამართლებრივი ინსტიტუტი, რასაც გარკვეული ძალისმიერი ზემოქმედებაც ახლავს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფაქტობრივად შეიქმნა ევროპის სასამართლო ტრიბუნალი სწორედ იმისათვის, რომ ასეთ საკითხებში გამოიტანოს სათანადო განაჩენი, გამოუტანოს განაჩენი იმათ, ვისაც მშვიდობა არ უნდა და ვინც საერთო მსოფლიო წესრიგს არ ემორჩილება.
მით უმეტეს, წარმოუდგენელია ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისათვის, რომ თანაცხოვრების, საერთო სახელმწიფო აღმშენებლობის ათასწლეულთა შემდეგ ახალ ეპოქაში კონფლიქტის მოუწესრიგებლად, ძირითადი პრობლემების გადაუჭრელად შევაბიჯოთ, უნდა გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი და, მე მგონი, ეს ბატონ ვლადისლავ არძინბასაც ესმის, მის სხვა კოლეგებსაც და, მით უმეტეს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის.
ახლა, რადგან სტაბილურობასა და არასტაბილურობაზე, ზოგიერთ ჭორსა და ეგრეთ წოდებულ პროგნოზზე ვლაპარაკობთ, სხვათა შორის, არ შემიძლია არ შევეხმიანო ჩემს ზოგიერთ კოლეგას, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, ესე იგი, ასეთ პროგნოზს აკეთებენ: ამ გაზაფხულისთვის რომელიღაც ახალ კავშირში შევალთო (თქვენ ხვდებით რომელ კავშირზეა ლაპარაკი). თანამეგობრობის, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების, ევროპული სტრუქტურების, ბოლოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები უკვე ვართ. მაშ, რა მიერთების, შეერთების, შერწყმის მანია აეკვიატა ზოგიერთ პოლიტიკოსს? ნუთუ არ შეგვიძლია ყველამ ერთად ვაშენოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, ნუთუ აუცილებელია რაღაც ახალი ცენტრის ქვეშევრდომად გახდომა? ან იქნებ ის ახალი ცენტრები, რომლებზეც ისინი მსჯელობენ, თუ გაერთიანებები უფრო დალხენილი არიან, ვიდრე დღევანდელი, მით უმეტეს, ხვალინდელი საქართველო? ეტყობა, მრავალი საუკუნიდან გადმოყოლილი მანკიერი ფსიქოლოგიაა დამნაშავე, რომ ასე ალაპარაკებს ზოგიერთ პოლიტიკოსს. საუკუნეთა განმავლობაში რომ დამოუკიდდებლობა არ ჰქონდა ქვეყანას, ეტყობა, ვერ წარმოუდგენიათ ეს. საქართველო ვიღაცას უნდა მიეტმასნოს, ვიღაცას უნდა მიემხროს, სადღაც უნდა იყოს - ვიღაცის შემადგენლობაში, მხოლოდ არა დამოუკიდებელი და არა თავისუფალი. ვფიქრობ, ეგრეთ წოდებულ პროგნოზებში ეს ძალიან საშიში ჩანასახები გამოჩნდა და ეს საფრთხე ზოგიერთი პროგნოზისა, ახლა ჩვენი ქვეყნის „დიდი პოლიტიკოსები“ რომ გამოთქვამენ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რამდენად საშიში და მავნეა.
- ეს რაც შეეხება იმათ, ვინც ამ პროგნოზებს გამოთქვამს. მაგრამ არის მოსახლეობისა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი, რომელსაც აშინებს ეს პროგნოზები. სხვათა შორის, ამ შიშთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მომენტი იყო (თქვენ მას აუცილებლად მიაქცევდით ყურადღებას) აზერბაიჯანში ციხის ამბოხი, რომელიც რაღაცნაირად ელიავას ცნობილ ლაშქრობას მოგვაგონებს...
- უნდა გითხრათ, რომ ასეთი კონფლიქტური სიტუაციის გამოწვევის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ძალთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეს იყო ტერორისტული აქტის მცდელობა, აზერბაიჯანის პრეზიდენტზე ჰეიდარ ალიევზე თავდასხმის მცდელობა, ეს იყო საქართველოში თქვენთვის კარგად ცნობილი ტერორისტული აქტი და ამბოხი. იყო ასეთი მოვლენები სომხეთშიც და ასე შემდეგ. ალბათ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეს მოუწოდებს იმისათვის, რომ მეტი სიფხიზლე და მეტი წინდახედულობა გამოვიჩინოთ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ქვეყნის არასტაბილურობა. აზერბაიჯანში მოხდა ეს, ვერ გეტყვით, ამბოხი იყო თუ მცდელობა. როგორც პრესის საშუალებებით ვიცი, იგი შეფასებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად. ალბათ, მე და ბატონ ალიევს კარგად გვესმის, რაოდენ სახიფათოა ასეთი გამოსვლები და, ამდენად, ფხიზლად უნდა იყვნენ ხალხიც, ხელისუფლებაც და ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებიც.
- გასულ კვირას ყაზბეგის მახლობლად საზარელი ტრაგედია მოხდა. საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, არც საქართველოსა და არც რუსეთის ბოლოდროინდელ ისტორიაში ამდენი მსხვერპლი არც ერთ კატასტროფას არ მოჰყოლია - 40-მდე კაცის სიცოცხლე შეეწირა ამ ავტოკატასტროფას. მეორე დღეს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაში, ფაქტობრივად, გლოვის დღე იყო...
- ბუნებრივია, საქართველოს ყველა მცხოვრებმა, ყველა მოაქლაქემ გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი. ფაქტობრივად, საქართველოში გლოვაა, ყველა ოჯახი ასე განიცდის ამას. სხვათა შორის, მაშინვე, როგორც კი ეს გავიგე, დავურეკე ბატონ ძასოხოვს, მზად ვიყავი გავმგზავრებულიყავი კიდეც, მივსულიყავი იმ ადგილას, მაგრამ იქ იმდენი ძალები იყო თავმოყრილი, რომ, ფაქტობრივად, ჩემი მისვლის არავითარი საჭიროება აღარ იყო და თანაც, სამწუხაროდ, უკვე ვიცოდი, რომ ყველა დაიღუპა. მე სამძიმრის დეპეშა გავგზავნე, ყველა დაღუპულის ოჯახი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის ამ სამძიმარს. ასევე გაემგზავრა ძალიან ავტორიტეტული, მაღალი რანგის დელეგაცია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ სამგლოვიარო პროცესიაში. კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ ამას მე ისე განვიცდი, როგორც საკუთარ ტრაგედიას, საკუთარ უბედურებას და სწორედ ასეთი სიტყვებით მივმართე ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის პრეზიდენტს ბატონ ძასოხოვს.
- ერთი საინტერესო მომენტი განვლილი კვირიდან. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როცა განსაკუთრებული ნიჭიერებისა და წარმატებისათვის დაარსდა პრეზიდენტის სტიპენდიები და გრანტები. გასულ კვირას თქვენ ამ ადამიანებს შეხვდით. უმთავრესი ის არის, რომ მათი ბავშვობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოში ხან სამოქალაქო ომი იყო, ხან აფხაზეთის ომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც კარგი და სწორი არჩევანი გააკეთეს, განათლებისა და საკუთარი ინტელექტისათვის იზრუნეს.
- მე ორჯერ მქონდა შეხვედრა: პირველად, ამ რამდენიმე თვის წინათ, იყვნენ ასპირანტები, ახალგაზრდა მეცნიერი მუშაკები. იმ შეხვედრამ ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა. რაც შეეხება თემას, უნდა ვთქვა: საქართველოს მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მიუხედავად, ჩვენ ამჟამად მაინც ახალი ტიპის სახელმწიფოებრიობას, შეიძლება ითქვას, ახალ საქართველოს ვაშენებთ.
ახალგაზრდობა ამ ქვეყნის ბურჯი და მისი შინაარსია.
ჩვენ ბრწყინვალე, შესანიშნავი, უნიჭიერესი და ულამაზესი ახალგაზრდობა გვყვავს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვანდოთ ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე.
ნიჭის წახალისებით ქვეყანა საკუთარ უკვდავებას უყრის საფუძველს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, კანცელარიის შესაბამისი ქვეგანაყოფები, სამინისტროები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, - ნამდვილად ღირსეულ ახალგაზრდებს, მოზარდებს არჩევენ წარჩინებისა და წახალისებისათვის.
მათთან შეხვედრამ ჩემზე მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ქვეყანა, სადაც ასეთი ბავშვები იბადებიან, ასეთი ახალგაზრდობა იზრდება, სადაც არსებობენ მათი აღმზრდელი ოჯახები, რომელთაც ძალუძთ ბავშვობიდანვე ჩაუნერგონ თავიანთ პირმშოებს პატრიოტული სულისკვეთება, გამოავლინონ და გაფურჩქნონ მათი ნიჭი, - უკვე ამთავითვე პერსპექტიულია და დიდი მომავალი აქვს, ესე იგი ჩვენს სახელმწიფოს დიდი მომავალი აქვს. რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებული ადგილი პროფესორ-მასწავლებლებს, აღმზრდელ პედაგოგებს ეკუთვნით, და ეს განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო.
სახელმწიფოს მოვალეობაა ხელი შეუწყოს ასეთ ახალგაზრდებს. პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესების არსიც სწორედ ეს გახლავთ. მან აბსოლუტურად გაამართლა თავისი დანიშნულება. პრეზიდენტის სტიპენდიების, გრანტების არეალი კვლავაც უნდა გავაფართოოთ, სხვათა შორის, ეს საკითხიც ეროვნული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი სეგმენტია და, ვფიქრობ, პარლამენტი მხარს დაგვიჭერს იმისათვის, რომ სტიპენდიებისა და გრანტების რაოდენობა შარშანდელზე გაცილებით მეტი იყოს.
- განვლილ კვირაში საქართველოს ჰენრი კისინჯერი ეწვია. სხვათა შორის, ერთი რამ არის აღსანიშნავი - რამდენჯერმე გაჩნდა კომენტარი: რამდენად გამართლებულია, როცა ყოფილ სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტი ხვდება. მინდა ერთი თემაც განვავრცოთ: ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, რომ შევარდნაძის მეგობრები ყოფილი პოლიტიკოსები, ისინი არიან, ვინც თავის დროზე პოლიტიკაში ამინდს ქმნიდა, მაგრამ დღეს აღარ არიან, მაგალითად, იგივე კისინჯერი, იგივე ბეიკერი, იგივე შულცი და სხვა. კისინჯერის შესახებ ძნელიც კი არის ლაპარაკი, რადგან ამ კაცს თავის დროზე უზარმაზარი დამსახურება მიუძღვის არა მარტო როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, არამედ აგრეთვე, როგორც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსს. გვახსოვს მისი ცნობილი თეორიები საბჭოთა კავშირის შესახებ. და, ალბათ, დაახლოოებით ისეთი სახის ექსპერტად და არაჩვეულებრივი პროგნოზების მქონე პოლიტიკოსად მოიაზრება, როგორც ბჟეზინსკია, რადგან მისი ძალიან ბევრი პროგნოზი ახდა და გამართლდა...
- ამასთან დაკავშირებით, ერთ გონებამახვილურ გამოთქმას გავიხსენებდი, რომელიც კარგად არის ცნობილი დიპლომატიურ წრეებში: „დიპლომატის გადადგომა აბსურდია. დიპლომატი ყოველთვის დიპლომატად რჩება“, თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილ დიპლომატზეა ლაპარაკი.
ისევე როგორც ჭეშმარიტი პოლიტიკოსის წასვლა რაიმე თანამდებობიდან, არ ნიშნავს მისი პოლიტიკური რენომესა და გავლენის ამოწურვას. „ბატონო პრეზიდენტო“ - ასე მიმართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ყოფილ პრეზიდენტს და, ამდენად, ეს თავად ინსტიტუტისადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა.
საქართველოში იტყვიან ხოლმე „კაცს გააჩნიაო“ - ჰენრი კისინჯერი მხოლოდ უვიცთა და უმეცართათვის შეიძლება იყოს „პენსიონერი მოღვაწე“. სინამდვილეში იგი ისეთი რანგის, ისეთი მასშტაბის, ისეთი დამსახურების ფიგურაა, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი კვლავინდებურად საინტერესოა. მით უმეტეს, ისეთი საქმიანი შეხვედრა, როგორიც ჩვენ შორის გაიმართა.
აქვე უნდა აღინიშნოს: ჰენრი კისინჯერი ამერიკული ისტებლიშმენტის გავლენიან და სრულუფლებიან წარმომადგენლად რჩება.
გარდა ამისა, მინდა ყველას შევახსენო, რომ შევარდნაძის პოლიტიკური კრედოს (მაპატიეთ, თუ ახლა ჩემს გვარს ვახსენებ) უმთავრესი პრინციპი ყოველთვის ადამიანური ფაქტორი იყო. კონკრეტული მოღვაწე, კონკრეტული ფიგურაა მთავარი და არა მარტო მისი თანამდებობა.
სამწუხაროდ, ახლა არა გვაქვს საშუალება დაწვრილებით მოვუთხროთ მსმენელებს ჩვენი საუბრის შინაარსი, თუმცა კვლავ გავიმეორებ: ეს არ იყო იმ პოლიტიკოსთა საუბარი, რომლებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, „შემაჯამებელი მემუარების“ შესაქმნელად ემზადებიან.
დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ წარსულზეც, აწმყოზეც, მაგრამ უპირველესად მომავლის კონტექსტით - იმ მომავლისა, რომელსაც პოლიტიკური ფიგურები ქმნიან ზნეობრივ პოლიტიკურ დოქტრინებზე დაყრდნობით.
ახლა ის შენიშვნა, რომ თითქოსდა შევარდნაძეს უფრო ყოფილ პოლიტიკოსებთან აქვს ურთიერთობა, ვიდრე ახალ თაობასთან, დღევანდელ მოღვაწეებთან. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ, სხვათა შორის, გავიხსენებდი იმ ძალიან საინტერესო სცენას, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ბატონმა კლინტონმა ჟურნალისტებთან საუბარი იმით დაამთავრა, რომ ხელი იმ ტრიბუნისაკენ გაიშვირა, სადაც მე ვიდექი და თქვა: აი, თქვენ გაითვალისწინეთ და დაიმახსოვრეთ - ამ ადამიანს უნდა უმადლოდეთ იმას, რომ ცივი ომი დამთავრდა და ჩვენ დღეს ასეთ ვითარებაში შეგვიძლია შეხვედრა და მოლაპარაკება.
ჩვენ, ასე ვთქვათ, არც ის ადამიანები უნდა დავივიწყოთ, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ძველად და ჩვენი სიმდიდრეა, რომ ეს ურთიერთობა გრძელდება და ამავე დროს, მე მგონი, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერ უსაყვედურებს იმ უნარის ნაკლებობას, რომ ურთიერთობა ჰქონდეს დღევანდელ მოღვაწეებთან, რომლებიც აქტიურ ფორმაში არიან და სახელმწიფოთა სათავეში იმყოფებიან. პირიქით, ჩემი აზრით, ხაზგასმული პატივისცემა ყოველთვის იყო, არის და იქნება გამოხატული საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
- და ერთ ფაქტსაც შეგახსენებთ. საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თქვენი ერთობლივი პრესკონფერენცია ასეთი სიტყვებით დაიწყო: როდესაც მე პარიზის მერი ვიყავი და თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ამხელა იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე, ქვემოთ, შემოსასვლელთან დამხვდით. წესით, პროტოკოლით, მე ეს არ მერგებოდა და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რაც დღემდე მახსოვსო...
და კიდევ, გასული კვირის ერთი საინტერესო მომენტი - პრეზიდენტი ნაზარბაევი. კვლავ გააკეთა მისმა მშობელმა ხალხმა და მშობლიურმა ქვეყანამ თავისი არჩევანი და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ლიდერი ქვეყანამ კვლავ აირჩია.
- წინასწარი მონაცემები ასეთია, ვიმეორებ, წინასწარი, საბოლოო შედეგი, ალბათ, გამოქვეყნდება. ყაზახეთში დამთავრდა პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მონაწილეობდა. ნაზარბაევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 78 პროცენტზე მეტმა. დანარჩენ ადგილებზე ვინ გავიდა, ეს უკვე საინტერესო აღარ არის. თუ გახსოვთ, წინა ინტერვიუში მე ასეთი რამ ვთქვი: ყაზახეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა თავისი წიაღისეულითა და სხვა სიმდიდრეებით, მართლაც უმდიდრესია თავისი სივრცეებით და ამოუწურავი ეკონომიკური და სხვა პერსპექტივით. მაგრამ მე ისიც ვთქვი, რომ ნაზარბაევი თანამედროვეობის უაღრესად კოლორიტული მოღვაწეა, ჩვენი მეგობარი და მოძმე ყაზახეთის ყველაზე დიდი სიმდიდრე ის არის, რომ მას სათავეში უდგას ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ნურსულთან ნაზარბაევია, რომელიც ძალიან ბევრი ინიციატივის ავტორია და ამ ინიციატივათა შორის ძალიან ბევრი ეხმიანება ჩვენს წამოწყებებს, ჩვენს საქმიანობას, კერძოდ, ევრაზიის დერეფანი, ევრაზიის სივრცე და მრავალი სხვა. მაშინ იქნებ სარისკოც იყო ამის თქმა, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ყაზახეთის მოქალაქენი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებდნენ. მინდა ჩემი ხალხის სახელით მივესალმო ჩემს ძმას, ჩემს მეგობარს, ჩემს თანამოაზრეს, თანამედროვეობის შესანიშნავ მოღვაწეს ნურსულთან ნაზარბაევს და ვუსურვო აყვავება მის ქვეყანას, პირადად მას დიდი პოლიტიკური შემოქმედების შედეგად მიღებული სიხარული.
ვიდრე ინტერვიუს დავამთავრებდეთ, არა მაქვს უფლება არ შევეხო ერთ საკითხს. ზემოთ გაკვრით კი ვთქვი, მაგრამ... სხვათა შორის, ამ დილით დამირეკა ერთმა მოქალაქემ, თუ არ ვცდები, ჩუღურეთის რაიონიდან იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა, ქალბატონი გახლდათ. ქალაქის ტელეფონი ხშირად არის ჩემთან გადმოყვანილი. ამ მოქალაქემ მითხრა, ამ დილით ველოდით, რომ 2 საათის განმავლობაში გვექნებოდა ელექტროენერგია, სამწუხაროდ, არ არის და თუ იცით, რაშია საქმეო? რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, ვის ელაპარაკებოდა. თავიდან არც მე მითქვამს, ვინ ვიყავი. ზოგიერთი რამ მიზეზების შესახებ ვუთხარი.
რადგან დღევანდელობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა. რამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ მიმდინარე წლის ზამთარი, იმ სიმძლავრეების გათვალისწინებით საქართველოს რომ აქვს, ყველაზე უფრო რბილი, ყველაზე უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო სხვა წლებთან შედარებით. მე იმ ქალბატონსაც მოვახსენე და დანარჩენ რადიომსმენელებსაც უნდა შევახსენო.
კატასტროფულმა გვალვამ ხელიდან გამოგვაცალა ელექტროენერგიის მიღების წყაროების ნახევარზე მეტი - ჰიდროელექტროსადგურები. რომელი ქვეყანა გაუძლებს ასეთ დარტყმას არ ვიცი, არის თუ არა ისეთი ქვეყანა, გარდა იმისა, რომელსაც შექმნილი აქვს უზარმაზარი მარაგი, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
ამას დაერთო 300 მეგავატი სიმძლავრის მე-9 ბლოკის მძიმე ავარია. მიზეზებზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ. გამოძიება დაადგენს. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ რაღაც ბოროტი ზრახვებიც იყო.
ყველაფერი კეთდება არსებულ სიმძლავრეთა მოსაწესრიგებლად და მშენებარე მე-10 ბლოკის უახლოეს დღეებში დასამთავრებლად. სხვათა შორის, მეათე ბლოკის (ესეც გერმანელებისა და ევროპის სხვა ქვეყნების დახმარების შედეგია) სიმძლავრე 300 მეგავატია.
მეზობლებიდან მიღებული ელექტროენერგია ჩვენს გაჭირვებას ვერ შველის და ამის კომპენსირება, სამწუხაროდ, ვერ ხდება.
უფრო დეტალურ ინფორმაციას რადიომსმენელს ამ ორ-სამ დღეში მივაწვდი, როცა ყველაფერს ჩემი თვალით ვნახავ. ვფიქრობ, ეს იქნება უკანასკნელი მძიმე ზამთარი. ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს მოსახლეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, მობოდიშება ელექტროენერგიას ვერ შეცვლის. მე და ჩემი კოლეგები და, უწინარესად, ენერგეტიკის მინისტრი ყველაფერს ვიღონებთ, რომ უახლოეს დღეებში, რის გაკეთებაც ადამიანის ხელს შეუძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსახლეობამ თუნდაც გრაფიკით მიიღოს ელექტროენერგია.
- სხვათა შორის, იყო ძალიან დიდი ეჭვები და ლაპარაკი იმაზე, რომ თელასი არ ამუშავდა, რადგან ამით დაინტერესებული იყვნენ სხვადასხვა უწყებები და კლანები, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდა მოსკოვის კარზე ენერგიის სათხოვნელად „საქენერგო“ და ასე შემდეგ. ასე რომ, არც იმ ბლოკის დაწვას უყურებენ ისე, თითქოს იგი შემთხვევით დაემთხვა ენერგეტიკის დღეს... მოსახლეობაში, ეს ეჭვები უკვე ძალიან აშკარად გაისმის.
- როგორც მოგახსენეთ, არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება, მხოლოდ საჭიროა, რომ უსაფუძვლოდ არავისზე მივიტანოთ ეჭვი. თუმცა, უნდა გაირკვეს სიმართლეც და ამდენი დამთხვევაც... არა მარტო მეცხრე ბლოკზეა ლაპარაკი. ამ დღეებში მწყობრიდან გამოვიდა კიდევ მეორე ბლოკი, მესამე ბლოკი და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზულად არის შესასწავლი და უშიშროების სამინისტროს, პირადად ბატონ ქუთათელაძეს მიეცა კატეგორიული დავალება, რომ ყველაფერში ჩაიხედოს, ყველაფერში გაერკვეს ისე, როგორც საჭიროა.
საქინფორმი.
„საქართველოს მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მიუხედავად, ჩვენ ამჟამად მაინც ახალი ტიპის სახელმწიფოებრიობას, ახალ საქართველოს ვაშენებთ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 იანვრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12 იანვარი. - №8 (3049). - 1, 2 გვ.
![]() |
5 ბატონ გურამ საღარაძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო გურამ,
გულითადად გილოცავ დაბადების 70 წლისთავს მსახიობთა დიდი ოჯახის შესანიშნავ წარმომადგენელს და თავადაც დიდ მსახიობს.
ვიცი, რასაც ნიშნავს ეს წლები, იმასაც კარგად ვხედავ, რა მოხდენილად და ახალგაზრდულად ატარებ შენ მათ და მხოლოდ ერთს გისურვებ, - შენმა როლებმა ყოველთვის ზუსტად და დროზე მოგნახონ.
შენ შექმენი ბრწყინვალე სახეები თეატრსა და კინოში, შექმენი დეკლამაციის შენი განუმეორებელი სკოლა და, რაც არანაკლებ მთავარია, - ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად გადასცემ მომავალ თაობებს.
დიდი მადლობა ამისთვის.
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : ბატონ გურამ საღარაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 13 იანვარი. - №9 (3050). - 1 გვ.57
![]() |
6 კომპოზიტორ გია ყანჩელს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
უდიდესი სიამოვნებით შევიტყვე, რომ პრემია „ტრიუმფის“ 1998 წლის ლაურეატებს შორის ერთ-ერთი პირველი შენი სახელი მოიხსენიეს. გილოცავ ამ შესანიშნავ წარმატებას, თუმცა ყველაზე დიდი დაფასება, რომელიც კი შეიძლება ხელოვანს ერგოს, არის ის იშვიათი პოპულარობა და სიყვარული, რითაც შენ სარგებლობ თანამემამულეთა შორის.
ყველანი ვამაყობთ, რომ შენმა მუსიკამ თავისი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ხელოვნების საგანძურში და დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ არაერთხელ ვიქნებით შენი უბადლო ნიჭისა და შემოქმედების საერთაშორისო აღიარების მოწმენი.
საუკეთესო სურვილებით,
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : კომპოზიტორ გია ყანჩელს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 13 იანვარი. - №9 (3050). - 1 გვ.58
![]() |
7 დღეს საკუთარი ბუღალტრის კრიტიკა უფრო ძნელია, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულად აქცია წინასაახალწლოდ ჟურნალისტებთან, მასმედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრები. გამონაკლისი არც 1998 წელი ყოფილა, იმ განსხვავებით, რომ 30 დეკემბრის შეხვედრაზე ჭიქა შამპანურის ნაცვლად უპირველესი იყო სიტყვა.
მასმედიის ხელმძღვანელების პრეზიდენტთან შეხვედრისას საერთო ყურადღება მიიპყრო გაზეთ „ახალი საქართველოს“ რედაქტორის ნოდარ გრიგალაშვილის გამოსვლამ, რომელშიც კონდენსირებულია მთელი რიგი მტკივნეული პრობლემები. მაგრამ ეს გამოსვლა საყურადღებო იყო იმ მხრივაც, თუ როგორ უხდება ცინიკური ფორმა თუნდაც ძალიან მწვავე და კრიტიკულ პათოსს.
გთავაზობთ ნოდარ გრიგალაშვილის გამოსვლის სტენოგრაფიულ ჩანაწერს და საქართველოს პრეზიდენტისათვის ჩვეულ თბილი იუმორით შეზავებულ შემაჯამებელი სიტყვის ფრაგმენტს.
ნოდარ გრიგალაშვილი:
ბატონო პრეზიდენტო, ასეთ შეკრებებზე ვცდილობ ხოლმე არ შევაწუხო დამსწრე საზოგადოება, რადგან მიმაჩნია, რომ პრეზიდენტთან პირისპირ საუბარი დიდად საპასუხისმგებლოა, მით უფრო, როდესაც ეს ხდება მთელი საქართველოს წინაშე.
ახლა გავბედე და გამოვედი: უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემს კოლეგებთან ერთად თქვენ და თქვენს ოჯახს მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება ოჯახთან და სამშობლოსთან ერთად.
ამასთანავე, ჩემი სიტყვის შესავალში, კომპლიმენტის სახით მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, როგორც მასმედიის ერთ-ერთი ორგანოს ხელმძღვანელის აზრით, თქვენი დამოკიდებულება პრესასთან სანიმუშოა, იმ თვალსაზრისით, რომ პრესას არ უჭირს პრეზიდენტის კრიტიკა.
კრიტიკა, თქვენთვის სასიამოვნოა თუ არა, თქვენგან ნორმალურად აღიქმება. ყოველ შემთხვევაში, თქვენგან პასუხი, რომელიც შეიძლება გასცეს პრეზიდენტმა, არ ჩანს ხოლმე, მე ამ შემთთხვევაში ვგულისხმობ არა პასუხს, ვთქვათ, სიმართლის, ანდა უმართებულობის თვალსაზრისით, არამედ კრიტიკისადმი, საერთოდ, თქვენი დამოკიდებულების თვალსაზრისით.
პირდაპირ ვიტყვი, არ გაისმის მუქარა, პრესას არ აქვს შიში თქვენი კრიტიკის დროს.
პრესას ნაკლებად ხელეწიფება ამა თუ იმ დაბალი რანგის ჩინნოვნიკის გაკრიტიკება.
ამა თუ იმ ფირმის პრეზიდენტის კრიტიკა.
საკუთარი ბუღალტრის კრიტიკა უფრო ძნელია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტისა.
ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ ახლო წარსულში გვქონდა იმისი მაგალითი, როდესაც პრესა მაშინდელ მეორე პირს ვერ უბედავდა კრიტიკას და უბედავდა პირველ პირს - ჩვენთვის და თქვენთვის ცნობილი გარემოებების გამო.
პატარა დიპლომატია ჩვენც ვისწავლეთ თქვენს ხელში: ყველაფერი ეს მოგახსენეთ იმის გამო, რომ მინდა გადავიდე მეორე, უფრო მნიშვნელოვან საკითხზე.
შიშზე მოგახსენებდით, ჩვენ არ გვაქვს-მეთქი თქვენი შიში - კარგი გაგებით.
სამაგიეროდ, თქვენი ეშინიათ სახელმწიფო მოხელეებს, სახელმწიფო ჩინოვნიკებს. ეს, ალბათ ასეც უნდა იყოს, მოგეხსენებათ, შიში შეიქმს სიყვარულსა, მაგრამ, ეს მაშინ, როდესაც ამ შიშს საფუძვლად უდევს პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამებრძოლის მიერ აღებული ტვირთი და იმ მისიის შეგრძნება, რომელიც მათ აკისრიათ.
ეს შიში აბსოლუტურად გასაგებია. მოგეხსენებათ, როცა ებრაელთა მეფე საული აკურთხეს, ქვევრში დაიმალა, - იმ ტვირთის შეეშინდა, რასაც მეფობა გულისხმობს.
ეს შიში ჩვენს ჩინოვნიკებს არ გააჩნიათ.
შეიძლება ითქვას, არა თუ შიშით, პირიქით - თამაშ-თამაშით ითხოვენ თანამდებობებს.
მათი თქვენდამი შიში დამყარებულია იმ შეგრძნებაზე, რომ ისინი არიან კორუმპირებულნი. მათ კარგად იციან ეს, მაგრამ არ უწყიან, ვინ როდის წამოჰკრავთ ხელს და ცდილობენ თქვენი გული მოიგონ პირადი ერთგულებისა და სიყვარულის გამოცხადებით, საქმით კი ანგრევენ სახელმწიფოს, ანგრევენ ქვეყანას.
ღმერთმა დამიფაროს, რომ სახელმწიფოში ყველა მოხელე ასეთად წარმოვიდგინო, მაგრამ მეჩვენება, რომ დიდი უმრავლესობა ასეთები გახლავან. ჩვენმა დრომ, ამ ბოლო 6-7-მა წელიწადმა გამოაჩინა, რომ ხშირად სახელმწიფო მოხელედ გვევლინება ხომალდის ვირთხა.
მოგეხსენებათ, როცა ხომალდი იძირება, თუ მგზავრები ჭკვიანნი არიან, წყალს ხაპავენ ხომალდიდან, რათა თავიც გადაირჩინონ და ხომალდიც სამშვიდობოს გაიყვანონ, ხოლო თუ უჭკუონი - თავის გადარჩენის იმედით ხტებიან აღელვებულ ზღვაში და ტალღებს ეწირებიან. თავსაც იღუპავენ და ხომალდსაც. აი, მათ უწოდა იაკობ გოგებაშვილმა ხომალდის ვირთხები. თქვენს გვერდით მყოფი, ბევრი გვინახავს გადამხტარი იმ ხომალდიდან, მაგრამ ბევრიც შემორჩენილია და აი, მათაც მე ამ რაკურსით ვხედავ.
ამაში, რა თქმა უნდა, ვგრძნობ თქვენს დიდ პასუხისმგებლობას.
მინდა გითხრათ, ვცდილობ რბილი სიტყვები შევარჩიო, საახალწლო დღეებია, მაგრამ, მაინცა და მაინც, არ გამომდის.
მე მიკვირს ეს ქვეყანა სად პოულობს ასეთ ჩინოვნიკებს, რომელნიც ამ ათი წლის წინათ, ამ ცხრა წლის წინათ, ჩემი თაობის ხალხს, რომელთაც ერთადერთი დანაშაული გვქონდა - გვენატრებოდა დამოუკიდებელი საქართველო, დაგვდევდნენ, გვცემდნენ, გვტყეპდნენ. მე მახსოვს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ჩვენი თანატოლი ბიჭები როგორ გვეუბნებოდნენ - 25 თებერვალი თუ შენთვის გლოვის დღეა, წადი, ძმაო, და სახლში იგლოვე, ჩემთვის ბედნიერების დღეა ის დღე, როცა სერგო ორჯონიკიძემ შემოაბიჯა საქართველოშიო.
მე თავისთავად ადამიანის პოზიციის ცვლილების მომხრეცა ვარ, სასურველიცაა, როცა ადამიანები მცდარ პოზიციებს იცვლიან. მე ისიც კარგად მესმის, რაც მიეტევება იუპიტერს, არ მიეტევება ხარს; რომ იყვნენ და არიან ადამიანები შეუცვლელნი თავიანთი დიდი გამოცდილებით, და ამ ადამიანებთან ჩემი დამოკიდებულება გარკვეულწილად განსხვავებულია. მაგრამ თუკი ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება აქვს, რატომ მევლინებიან ისინი ჩემგან ნაოცნებარ დამოუკიდებელ საქართველოში ისევ უფროსებად და რატომ გვასწავლიან სახელმწიფოებრივ აზროვნებას? - ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.
მე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ თქვენთვის არჩევანი ადვილი არ არის, იმასაც ვითვალისწინებ, რომ თქვენ მრავალ პატიოსან ადამიანს დაუძახეთ სახელმწიფო პოსსტებზე, ვითვალისწინებ, რომ ადამიანი არ არის ისეთი მარტივი არსება, რომ დაპროგრამებული იყოს - დღეს თუ პატიოსანია, სამუდამოდ იქნება პატიოსანი.
შეიძლება წესიერი კაციც გაფუჭდეს.
ყველაფერ ამას ვითვალისწინებ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ საქართველოს არ სცალია ექსპერიმენტებისათვის, ის ხალხი, რომელნიც უწესობის თვალსაზრისით დიდი ხანია შემჩნეული არიან, კატასტროფულად დაბლა სწევენ სახელმწიფოსა და ხელისუფლების ავტორიტეტს.
ახლა, მე, რა თქმა უნდა, ზოგადად ვსაუბრობ, კონკრეტულად ვერ დაადებ კაცს ხელს და ვერ იტყვი, რომ აი, ესაა მაინც და მაინც ასეთიო. არადა, რასაც ქუჩაში ლაპარაკობენ, ხშირად მართალია ხოლმე. ამ ტიპის მოღვაწეებსა და მოხელეებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ, მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი პრობლემა დგას.
ნუთუ დამოუკიდებელ საქართველოში კაცმა ვერ უნდა იგრძნოს ის, რასაც მე-19 საუკუნეშიც კი გრძნობდა გლეხი, როდესაც ამბობდა - ბატონიც მყავს და პატრონიცო. კი იყო ბატონ-ყმობა, მაგრამ ბატონი გლეხის პატრონიც იყო, დღეს გლეხს ჰყავს ბატონი და არა ჰყავს პატრონი.
არ უნდა მიეპატრონოს თავის რაიონს გამგებელი, თავის მხარეს - გუბერნატორი? მე რომ მოგახსენებდით, ის ჩვენი ტოლები, რომლებიც საზიზღარ დავალებებს ასრულებდნენ ჩვენს წინააღმდეგ, დღეს გუბერნატორები არიან, დამოუკიდებელი საქართველოს გუბერნატორები არიან, არ ვიცი, რა დამსახურების გამო! ამჯერად არ ვასახელებ გვარებს.
ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ნელ-ნელა ჩვენი ცნობიერებიდან დაიკარგება. უბედურება ის კი არ არის, რომ ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, უბედურება ის იქნება, როცა ბრძოლის წაგებას შევეგუებით.
ბატონო პრეზიდენტო, ყველა საკითხი ბოლოს და ბოლოს მოგვარებადია. ჩვენ არ ვცხოვრობთ დალხენილ ქვეყანაში, მაგრამ თუ დაუკვირდებით, პრესა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მაინც და მაინც არ აქტიურობს. ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ სოციალური თვალსაზრისით არ დაიძაბოს ქვეყანა და ვინმემ ხელისუფლებას ანგარიში არ გაუსწოროს სოციალური გასაჭირის გამო, ვინაიდან ამას აქვს ობიექტური მიზეზები. მაგრამ ლაპარაკია იმ სუბიექტურ მიზეზებზე, რომელთა მოგვარებაც შეიძლება. ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ტვინის სახელმწიფო მოხელეების ხელში, და მე მარტო მათ არ ვგულისხმობ - რაც ერი, ის ბერიო, - ვგულისხმობ რიგით მოქალაქეებსაც. მაგალითად, როდესაც ლარი ავარდა, ფასებიც გაიზარდა, მაგრამ, როდესაც ლარი გამაგრდა, ფასები იგივე დარჩა. რუსთაველი რომ ამბობდა - „ვაჭარნი ჯაბანნიო“, - ამის ცოცხალი მაგალითების მომსწრენი გავხდით. დალოცვილო, დაწიე ეს ფასი, ხომ გამაგრდა ეს ლარი. ასე რომ, მე მთავრობას კი არ ვაკრიტიკებ მხოლოდ, ხალხის გაუტანლობაც ვიცი. არც ხალხი ვიქცევით მაინც და მაინც ისე, დამოუკიდებელ სახელმწოფოს რომ შეჰფერის და მოქალაქეს რომ შეშვენის ამ სახელმწიფოსი.
მაგრამ ზემოდან მოდის ყველაფერი...
ჩვენ სამაჩაბლოს და აფხაზეთის პრობლემა გვკიდია დამმოკლეს მახვილივით და თუ 1999 წელს რაღაცა შედეგი ვერ მივიღეთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბატონო პრეზიდენტო, რაღაცა იმედი გამოჩნდა ჰორიზონტზეო (მიდიხარ და ეს ჰორიზონტი სულ უკან და უკან იწევს) - ეს ფრაზა უნდა ამოვარდეს ლექსიკონიდან. ასე აღარ შეიძლება, 1999 წელს ჩვენ აუცილებლლად რეალური შედეგები უნდა ვიგრძნოთ. კი ბატონო, მე პირობითად ვამბობ ამას, შესაძლოა ეს 2000 წელს იყოს, მაგრამ ეს დიდი ათასწლეული საქართველომ არ შეიძლება ასე სამარცხვინოდ დაასრულოს. სამარცხვინო მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელსაც ბრძოლა წაგებული აქვს. ღვთის მადლით ვიმედოვნებ, რომ ომი წაგებული არა აქვს.
მაპატიეთ, რომ ასე ხანგრძლივად გამომივიდა ეს საუბარი, ეს ყველაფერი დავუკავშირე იმ ადამიანებს, რომლებიც სიზმარს არ ნახულობენ ქართულად, რომელთაც საქართველო არ ესიზმრებათ, რომელთაც შეუძლიათ თათბირებზე თქვენ შესანიშნავად მოგაჩვენონ თავი, იმიტომ, რომ იმის გამოცდილება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ, როგორ ჩააბარონ ანგარიში, როგორ მოაჩვენონ უფროსს თავი, რომ უფროსი ყოველთვის მართალია და ა.შ. ისინი თქვენ ვერასოდეს ენას ვერ შემოგიბრუნებენ, სიტყვას ვერ შემოგიბრუნებენ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიტყვის შემობრუნებაა კარგი, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება ყოველთვის მართალი იყოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი კი არა, ერთხელ ღმერთიც ცდებაო, - ნათქვამია. ხომ შეიძლება თქვენ რამეში არ იყოთ მართალი? უბრალოდ, ვერ გეტყვიან, რომ თქვენ არ ხართ მართალი. კი, გყავთ, რამდენიმე კაცი - შაშიაშვილია ეს, თუ რამდენიმე სხვა, მაგრამ უმრავლესობა სიტყვას ვერ შემოგიბრუნებთ სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე კი არა, თავისი პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ვერ შემოგიბრუნებენ სიტყვას.
კადრების საკითხი დაკავშირებულია ქვეყნის თავისუფლების საკითხთან.
თქვენ ბრძანეთ, ბატონო ედუარდ, რომ არაფერი უბედურება არ არის იმაში, რომ ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის მმართველს გაუჩნდეს პრეზიდენტობის პრეტენზია. რა თქმა უნდა, ამაში უბედურება მართლაც არაფერია. ეს მართლაც სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. უბედურება ის კი არ არის, რომ ვიღაცეებს პრეზიდენტობის პრეტენზია უჩნდებათ, უბედურება ისაა, რომ ამ ქვეყანაში რა ხალხს უჩნდება პრეტენზია და კიდევ ის გახლავთ უბედურება და ცოტა უფრო ღრმა უბედურება, რაზედაც მინდა ასევე გითხრათ, გითხრათ ქარაგმით:
ერთხელ გალაკტიონ ტაბიძეს ჰკითხეს, თქვენ კი ხართ პირველი პოეტი, მაგრამ მეორე ვინ არისო. მეშვიდედან დავიწყოთ ათვლა, ძამიკოო, - უპასუხა...
თქვენ, ბატონო ედუარდ, პირველი რომ ხართ, მეორეც გვინდა გვყვავდეს, მესამეც გვინდა, მეოთხეც და ასე შემდეგ...
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
აი, როგორი იყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეაქცია „ახალი საქართველოს“ რედაქტორის გამოსვლაზე:
ბატონო ნოდარ, მე დიდ მადლობას მოგახსენებთ ძალიან გულახდილი, პატიოსანი, მართალი გამოსვლისთვის და იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შეხედულებები ასე კაცურად და სერიოზულად ჩამოაყალიბეთ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
სახელმწიფო მოხელის პრობლემა ჩემი პრობლემაა, პირველ რიგში, და მე ძალიან კარგად ვიცი ფსიქოლოგია სახელმწიფო მოხელისა, ძველი წყობისაც და ახალი წყობისაც.
სამწუხაროდ, ეს რთული ამბავია, ძალიან რთული. ხშირად გარედან უფრო იოლია მსჯელობა, განსჯა, ვინემ თვით შიგნიდან ჩანს ეს საკითხი.
მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში თანამოაზრენი ვართ, ეს პრობლემა ჩვენს წინაშე დგას და კიდევ დიდხანს იდგება.
დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის მხოლოდ ინსტიტუტები, ან პარლამენტი, თუ გნებავთ, ან პრეზიდენტი. დამოუკიდებელი სახელმწიფო გულისხმობს მოქალაქეს და გულისხმობს მოხელეს, იმ მოხელეს, რომელიც ხალხის ნებას ასრულებს.
სამწუხაროდ, აქ ბევრია გადასაწყვეტი, დაწყებული ფინანსებიდან, დამთავრებული, უბრალოდ, პროფესიონალიზმით. ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, 200-250 ახალგაზრდა გვყვავს გაგზავნილი საზღვარგარეთ და მე მათ როგორც თვალის ჩინს, აქედან ვუფრთხილდები და ველოლიავები, თუ როდის გაივლიან ორ-სამწლიან კურსებს.
ზოგი დაბრუნდა უკვე.
მაგალითად, ფინანსთა მინისტრი: რამდენი ცდა გვქონდა საკმაოდ უშედეგო და უიმედო და ბოლოს და ბოლოს, მე მგონი, მივაგენით ადამიანს, რომელმაც გაიარა ის დიდი სკოლა, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის ფინანსები ჰქვია, საბაზრო ეკონომიკის ეკონომისტი ჰქვია და, ასე თუ ისე, ნახა თავისი ადგილი, მაგრამ ამას რამდენი წელი დასჭირდა... ასეა სხვა დარგებშიც.
მე ერთადერთი რამ მაწუხებს. თქვენ გუბერნატორებზე შეაჩერეთ ყურადღება. ჩემთვის სულ ვფიქრობდი - ვინა ჰყავს-მეთქი ბატონ ნოდარს მხედველობაში, სულ მეშინოდა თემურ შაშიაშვილი ხომ არ არის-მეთქი და - არაო. გია არსენიშვილი არ ჰგავს იმ კაცს. მამალაძე გუშინდელი მოსული ახალგაზრდა კაცია. გიგლა ბარამიძე ინტელიგენტური ოჯახიდან არის, თვითონ ინტელიგენტი და განათლებული კაცია. თედო ისაკაძე უნივერსიტეტის პრესკლუბიდან არის. და ასე შემიძლია გავაგრძელო.
მართალი ხართ თქვენ. ძველად გლეხი იტყოდა, საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ალბათ, ბატონიც მყავს და პატრონიცო. მაგრამ მე მინდა ისიც შეგახსენოთ, რომ დღესაც იმას მღერიან (იცინის) - „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია“, და ამ უბედურების გამო „პური ვერ დავდგი გოდრითაო“. ასეც იყო და ისეც იყო. ჩვენს დროშიც ასეა.
მთავარი ის არის, ბატონო ნოდარ, მე მგონია, რომ ჩვენ გზა ავირჩიეთ სწორი და რახან ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს კადრების საკითხი მოგვარდება, რაც დასალექია, დაილექება, რაც გასაწმენდია, გაიწმინდება. მოდის ახალი თაობა, პარლამენტში შეიხედეთ, რამდენი ახალგაზრდაა მაღალი ინტელექტის, რამდენი ახალგაზრდაა სუფთა და მოუსყიდველი, მე არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც საქართველოსთვის ხვალ და ზეგ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
ახლა მე ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ და ვიკამათოთ მე და თქვენ, დიდი სიამოვნებით. მე მიმაჩნიხართ თქვენ ძალიან საინტერესო მოსაუბრედ და მზად ვარ, როცა თქვენ ამას ჩათვლით საჭიროდ, დავჯდეთ და ვისაუბროთ და მერე გამოვაქვეყნოთ ჩანაწერი.
***
„საქართველოს რესპუბლიკა“: ჩავთვალოთ ეს ჩანაწერი მომავალი დიალოგის პრელუდიად.
დღეს საკუთარი ბუღალტრის კრიტიკა უფრო ძნელია, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 15 იანვარი. - №11 (3052). - 1, 3 გვ. 67
![]() |
8 „ვერაფერს დაგვაკლებენ ვერც გარეშე და ვერც შინაური მტრები, თუკი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, საქართველოს მოქალაქენი ერთიანი მიზნისთვის ერთხელ კიდევ გავერთიანდებით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 იანვრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს ლარის თემით დავიწყებთ. როგორ შეაფასებდით ლარის კურსთან დაკავშირებულ პირველ შედეგებს? აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო გასული წლის დამლევს საახალწლოდაც და ახლაც. რა გავლენას მოახდენს ყოველივე ეს სამომხმარებლო ბაზარზე? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- საკმაოდ დიდი დრო გავიდა (რა თქმა უნდა, შედარებით) ლარის კურსის ლიბერალიზაციის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ანალოგიურ ღონისძიებებს მთელ რიგ ქვეყნებში კატასტროფული შედეგი მოჰყვა. ამის ბოლო მაგალითია ბრაზილიაში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც, როგორც იტყვიან, მთელი ეს უზარმაზარი სახელმწიფო შეარყია. ამჯერად სხვა ქვეყნებს არ შევეხები, ეს ცალკე საუბრის თემაა, ვიტყვი მხოლოდ, რომ გლობალური საფინანსო კრიზისის გავლენა კვლავ დიდ საფრთხეს უქმნის მრავალ და მრავალ სახელმწიფოს. სამწუხაროდ, ჯერ ნაადრევია საერთო მსოფლიო კრიზისის შენელებაზე ლაპარაკი.
გულუბრყვილობა იქნებოდა გვეთქვა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბაზარზე ინტერვენციის შეწყვეტამ უმტკივნეულოდ ჩაიარა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც განვითარდა ანალოგიური კრიზისული სიტუაციებისათვის დამახასიათებელი პროცესები, მით უმეტეს, რომ ჩვენში მთელ რიგ რაიონებსა და ქალაქებში გვქონდა ხელფასებისა და პენსიების სერიოზული დავალიანება, რაც თავისთავად კიდევ უფრო ამძაფრებდა ფონს ამ არაპოპულარული აქციის განსახორციელებლად.
კვლავ ვადასტურებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: ლარის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების პროცესში ქართულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, რეზერვების უკიდურესი შეზღუდვის მიუხედავად, დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა, რთული მოვლენების ორგანიზებული მართვის უნარი, გამოავლინა ეს უნარი და დღეს უკვე შეიძლება ლაპარაკი საბიუჯეტო კრიზისის საბოლოოდ დაძლევისათვის ნიადაგის მომზადებაზე.
ამჟამად ლარის კურსის მერყეობა, როგორც სპეციალისტები ამბობენ ხოლმე, დასაშვებ ფარგლებშია, ხოლო სამომხმარებლო ბაზრის ფასები შეესაბამება ლარის კურსს, ან მთელ რიგ სახეობათა პროდუქციისა დარჩა ძველ დონეზეც.
დეკემბრის ხელფასები, პენსიები, სარგოები გაცემულია. დეკემბერში გაცილებით უკეთ იმუშავეს საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა, ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც, პრინციპში, შეასრულეს საკონტროლო დავალებები. საკმაოდ მოქნილად და საინტერესოდ იმუშავა ქონების მართვის სამინისტრომ.
გააქტიურდა ბრძოლა კორუფციასთან, კერძოდ საგადასახადო სამსახურიდან დათხოვნილია 100-ზე მეტი თანამშრომელი. ანალოგიური ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო სამსახურის ხაზითაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრულია ათობით სისხლის სამართლის საქმე იმათ მიმართ, ვინც თავს არიდებს გადასახადების გადახდას, და უნდა გითხრათ, რომ ეს მილიონობით ლარია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტში უნდა შესულიყო, მაგრამ არ შევიდა. მუშაობა გაააქტიურეს უშიშროების სამინისტრომ და პროკურატურამ. სამწუხაროდ, არავითარი პოზიტიური ძვრები არ შეინიშნება მეტწილ საერთო სასამართლოებში. აქედან გამომდინარე, ამოცანა ის გახლავთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ფარგლებში დაჩქარდეს სასამართლო რეფორმის განხორციელება. და ეს ამოცანა უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესების დონეზე უნდა განვიხილოთ.
- ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი გრძელდება და არსებობს თუ არა ჯერ კიდევ დაუძლეველი კრიზისის გადალახვის რაღაც რეალური გზები?
- ახლა, რაც შეეხება კითხვას, რომელიც თქვენ დასვით.
საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის უმთავრესი პირობაა ძირეული გარდატეხა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის წარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიზღუდა საექსპორტო პროდუქციის ბაზარი, კერძოდ, რუსეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ბაზრები, ხოლო, სადაც შესაძლებელია, ვეძებოთ ახალი, ასე ვთქვათ, გასაღების სფეროები იმ დარგებისათვის, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ, და ეს მისია ძირითადად უნდა იკისროს სახელმწიფომ - სამინისტროებმა, უწყებებმა, გაერთიანებებმა. ბევრი რესურსია თვით ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრებზეც. მხედველობაში მაქვს პროდუქციის გასაღება. დიდი მოთხოვნილება იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენში შეიძლება შეიქმნას ან იქმნება, ვერ კმაყოფილდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მწარმოებელი და მომხმარებელი ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, და ეს რეზერვიც აუცილებლად უნდა ამოქმედდეს.
1999 წელი მთელ ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი მრეწველობაში გარდატეხის წელი უნდა გახდეს. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ვიმსჯელებთ ზოგიერთი დარგის მაგალითით. ხომ ცხადია, რომ აღმავლობის გზაზეა საქართველოს ტრანსპორტი, თითქმის ყველა სახეობის ტრანსპორტი - რკინიგზა, საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო. ჩვენ მოვისმინეთ ამ სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელობის ინფორმაცია და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ეს დარგი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით წელს კიდევ უფრო მძლავრი ტემპით განვითარდება.
მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავალი კავშირგაბმულობის ხაზით. ამ დარგსაც დიდი მომავალი აქვს. სწრაფად მიმდინარეობს საავტომობილო და სარკინიგზო გზების აღდგენა-რეაბილიტაცია. ამ ბოლო წლებში თავისი ღირსეული სიტყვა თქვა ქართულმა სოფელმა, გლეხმა, მეწარმემ, მიწის - ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრის მესაკუთრემ. რომ არა ჯოჯოხეთური გვალვა, ახლაც რომ გრძელდება, დარწმუნებული ვარ, გასული წელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის აღმავლობის აღმნიშვნელი იქნებოდა ისევე, როგორც 1996-97 წლები.
რადიომსმენელი, ტელემაყურებელი, ალბათ, ყურადღებას აქცევს იმას, რომ მე და სახელმწიფო მინისტრი ვხვდებით სამინისტროთა, უწყებათა ხელმძღვანელ ბირთვს, არსებითად განვიხილავთ მთელი მათი საქმიანობის ყველა ასპექტს, განვსაზღვრავთ ამოცანებს ამ ხელმძღვანელებთან ერთად.
პირველი, რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ის გახლავთ, რომ საჭიროა, რეფორმების უფრო რადიკალურად განხორციელება, კერძოდ, პრივატიზაციის პროცესის გონივრული დაჩქარება. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს საკუთრების ფორმების შეცვლაა, რაზეც კურსი ჯერ კიდევ 1994 წელს ავიღეთ. ეს კურსი კი არ უნდა შესუსტდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რათა მოგვეცეს საშუალება გამოვძებნოთ დამატებითი რეზერვები სახელმწიფო შემოსავლის გასადიდებლად, საინვესტიციო ფონდების შესაქმნელად, და ასეთი ფონდი ყოველ მიზეზგარეშე უნდა შეიქმნას მომავალი წლის ბიუჯეტში თუ ბიუჯეტის გარეთ. თელასის პრივატიზაცია, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მაგალითი იქნება ეროვნული ეკონომიკის გასაძლიერებლად უცხოური ინვესტიციების გამოყენების თვალსაზრისით. მე ძალიან კარგად ვიცი თბილისელთა გულისტკივილი იმის გამო, რომ ჯერჯერობით ეს შედეგები ისე არ ჩანს, როგორც ელოდნენ, მაგრამ მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ შედეგს აუცილებლად მივიღებთ და ეს იქნება ენერგეტიკული პრობლემის სამაგალითო გადაწყვეტა. ასეთი მაგალითი ბევრი იქნება. სხვათა შორის, საკმაოდ, კიდევ უფრო გაიზარდა უცხოელ ინვესტორთა ინტერესი საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც თელასის პრივატიზება მოხდა. თქვენ იცით, რომ ბატონი ზურაბ ჟვანია მოგზაურობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას უამრავი შეხვედრა ჰქონდა სხვადასხვა წრის ადამიანებთან. განსაკუთრებით საინტერესო იყო, როგორც თვითონ მითხრა ტელეფონით, ინვესტორებთან შეხვედრა ჰიუსტონში, ზოგიერთ სხვა ქალაქში. ძალიან ბევრი მათგანი მზად არის საკმაოდ დიდი ინვესტიციები დააბანდოს საქართველოში.
- რადგან თელასის პრივატიზაცია არ არის უბრალო ფაქტი, ეს ამერიკის ინტერესსაც ნიშნავს საქართველოში და ამ შემთხვევაში (სხვა შემთხვევაშიც) ენერგეტიკა არა მარტო ენერგეტიკაა, ეს პოლიტიკაც არის...
- თელასის პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ამ დღეებში უნდა განვიხილოთ და, როგორც იტყვიან, სათანადო კონდიციამდე უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი.
თვისებრივად ახალი ამოცანები განვუსაზღვრეთ საგარეოეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის სამინისტროს, რომელიც საჭირო უნდა გახდეს ქვეყნისათვის, ყველა ბიზნესმმენისათვის, მისი პროგრამები ხელს უნდა უწყობდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესგეგმების უმაღლეს დონეზე დამუშავებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას, რაც პრაქტიკულად გამოადგება არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ბიზნესმენებსაც და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას კარგად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ამოცანებს.
- თქვენ სხვა სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელობასაც შეხვდით. რა პერსპექტივა აქვს კონკრეტულად ამ სამინისტროს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა სწორედ ამ სამინისტროში შეინიშნებოდა და უფრო მეტიც: მახსოვს, როცა შოშიტაიშვილი დაინიშნა მინისტრად, ამბობდნენ, იგი არარსებული დარგის მინისტრიაო...
- სამწუხაროდ, ძალიან ზოგადად უნდა შევეხო ამ საკითხებს... დრო არ გვაძლევს საშუალებას. შემდგომ, ალბათ, უფრო დეტალური საუბარი გვექნება. რაც შეეხება მრეწველობას, ეს ჩვენი, როგორც მიღებულია ითქვას, „აქილევსის ქუსლია“. პრობლემა ასე დგას: ან შევძლებთ მრეწველობის აღორძინებას, ან საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ განვითარდება. სწორედ ამ ნიშნით წარიმართა მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რის შემდეგაც, ასე ვთქვათ, მე უიმედობის განწყობილება არ დამეუფლა. პირიქით, საქართველოს მრეწველობას, მის ძველ და ახალ დარგებს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი აქვთ და თითქმის მრეწველობის ყველა დარგის საკმაოდ დიდი პოტენციალი. ეს უწინარესად, მოასწავებს უკვე მიმდინარე წელს სამრეწველო პროდუქციის, არც მეტი, არც ნაკლები, გაორმაგებას. ამაზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრის დროს და სულაც არ არის გადაჭარბებული, ეს სავსებით რეალისტური გაანგარიშებაა.
შევთანხმდით იმაზე, რომ შევიმუშავებთ მრეწველობის განვითარების 5-7-წლიან პროგრამას, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს შიდა და გარე ბაზრებზე არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ჩვენი წარმოების პროდუქციაზე. მჯერა, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის შემართების, ენთუზიაზმისა და იმ განწყობილებებისა, საქართველოს მრეწველთა და მეწარმეთა შორის რომ არსებობს. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს მე სისტემატურად ვხვდები მეწარმეებს, რომლებიც ასევე არიან განწყობილი. ვპირდები მთელ დარგს, მის ხელმძღვანელობას, მათ შორის, კერძო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებს თანადგომასა და ყოველმხრივ მხარდაჭერას, კერძოდ, საკანონმდებლო პრაქტიკის, განსაკუთრებით საგადამხდელო პრაქტიკის სრულყოფის საქმეში.
- გასულ კვირას საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა არძინბას განცხადებას ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, გაეროს მორიგ გადაწყვეტილებას უკავშირებენ სხვა მომენტებსაც. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
- ვლადისლავ არძინბას განცხადებასთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელსაც სავსებით ვიზიარებ.
დამატებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, დააბრუნონ ადამიანი მშობლიურ კუთხეში, თავის საკუთარ სახლში, წყალობა არ გახლავთ. ეს ყველა ხელმძღვანელის მოვალეობაა, რომლის შეუსრულებლობაც ძალიან ძვირად დაუჯდება ყველას, ვინც სამართლიანობის აღდგენას შეუშლის ხელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ლტოლვილთა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება გვინდა მხოლოდ და მხოლოდ ისეთ პირობებში, როცა აბსოლუტურად გარანტირებული იქნება მათი უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ვთხოვ ყველას, მათ შორის ბატონ ვლადისლავ არძინბასაც, მიაქციონ ყურადღება, - საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შენარჩუნებით. შემთხვევითი არ არის, რომ სოხუმში გაიხსნა ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი და შეიძლება ასეთი ოფისი გაიხსნას გალის რაიონშიც. ასე რომ, ყველა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ იქ მცხოვრები, თუ მომავალში ვინც დაბრუნდება, მათი უფლებები ყოველმხრივ უნდა იყოს დაცული, როგორც საქართველოს მოქალაქეებისა.
ჩვენ მზად ვართ კვლავაც გავარძელოთ მოლაპარაკება და მივაღწიოთ ორივე მხარისათვის, განსაკუთრებით კი ლტოლვილთათვის მისაღებ შეთანხმებას.
- გასული კვირის კიდევ ერთი თემა - ეს იყო პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ, სადაც ეროვნულობის, ჩაწერა-არჩაწერის თემამ, პრინციპში, პარლამენტიდან პრესაში გადაინაცვლა. არადა, არსებობდა თქვენ მიერ წარდგენილი ვარიანტი, სადაც ეს ატრიბუტი დაცული და შენარჩუნებული იყო...
- დისკუსია იმის შესახებ, აღინიშნოს თუ არა ეროვნული წარმომავლობა შესაბამის დოკუმენტებში (მაგალითად, დაბადების მოწმობასა და სხვა დოკუმენტებში), უსაფუძვლო არ გახლავთ.
კანონპროექტში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომელიც მე პარლამენტს წარვუდგინე, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი იყო გაცემული. საპარლამენტო დებატების მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ, მსოფლიო პრაქტიკისა და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების მოშველიებით არ გაიზიარა პარლამენტის პოზიცია. მათს არგუმენტებსაც სერიოზული დამაჯერებლობის ხარისხი ჰქონდა და აქვს.
მე ახლაც ვფიქრობ, რომ, ალბათ, საჭირო იყო გამომეყენებინა ვეტოს უფლება, მაგრამ ანგარიში გავუწიე იმას, რომ საერთო საპარლამენტო განწყობილება ასეთი იყო. ჩვენს საზოგადოებაში (სხვათა შორის, ყველა ეროვნების წარმომადგენლებში) ჩამოყალიბებული აზრის გამო მე მზად ვარ კვლავ დავუბრუნდე ძველ პოზიციას და პარლამენტს სათანადო წერილით მივმართო: ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეს უაღრესად მგრძნობიარე, სათუთი თემაა და სხვა ქვეყნების გამოცდილების ბრმად გადმოღება არ ეგების.
- და, ბოლო კითხვა, მართალია, გასული კვირის მოვლენებს არ უკავშირდება, მაგრამ ძალიან საინტერესოა. საარჩევნო ციებ-ცხელება, რაღა დასამალია, უკვე დაიწყო. ასახელებენ სხვადასხვა კანდიდატურებს, არის განსხვავებული პროგნოზები. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი და თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით...
- თანდათან ვუახლოვდებით პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებს, თუმცა წინ დრო თითქოს ბევრია, მაგრამ არც ისე ბევრი, ხანდახან ჩვენ რომ გვგონია. ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობაში დიდი გამოცდილება შევიძინეთ, კერძოდ, სხვადასხვა დონის სტრუქტურათა არჩევნებისა, და სულ ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ საარჩევნო მზადებას ციებ-ცხელება დავარქვათ.
დემოკრატიული ქვეყნისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობათა მიუხედავად, ბევრი რამ ვისწავლეთ, დადებითი და უარყოფითი მაგალითებიც უხვად გვაქვს.
საქართველოს შეუძლია მომავალი არჩევნები ევროპული და მსოფლიო დემოკრატიის სტანდარტების დონეზე ჩაატაროს.
ეს მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ყველა პოლიტიკური ძალა იბრძოლებს უმთავრესი მიზნისათვის, ეს უმთავრესი მიზანი კი გახლავთ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შემდდგომი განმტკიცება-გაძლიერება. მე როცა ხაზს ვუსვამ ეროვნულ სახელმწიფოს, ვგულისხმობ საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის ერთიანობას, ეროვნული სახელმწიფო არ არის ქვეყანა მარტო ქართველებისათვის. დამოუკიდებელი საქართველო ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქის უმთავრესი მონაპოვარია, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე მარცხიც იყო და სისხლისღვრაც, ოთხმოცდაათიანი წლების თაობათა ისტორიული გამარჯვება გახლავთ დამოუკიდებლობის მოპოვება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მთელი მსოფლიოს მიერ და სწორედ ეს დამოუკიდებლობა, ეს გამარჯვება საუკუნეთა განმავლობაში ნალოლიავები, ახლა კი უკვე ახდენილი ოცნება გახლავთ.
მომავალმა არჩევნებმა კი არ უნდა დაქსაქსოს ჩვენი ჯანსაღი ძალები, არამედ ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, საერთო ენის გამოძებნის ნიჭი სამშობლოს გაძლიერებისათვის, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და აღორძინებისათვის. მე შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს სიტყვა - შენარჩუნებას, შენარჩუნებისა და აღორძინებისათვის.
ნუ დავივიწყებთ, ჯერ ერთი, ბევრი მტერი და ავის მოსურნე გვყვავს, მათი მისამართებიც შესანიშნავად ვიცით და მათი გეგმებიც, და ეს საკმაოდ ბოროტი გეგმებია.
ვერაფერს დაგვაკლებენ ვერც გარეშე და ვერც შინაური მტრები, თუკი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, საქართველოს მოქალაქენი ერთიანი მიზნისათვის (იმ მიზნისათვის, რომელზეც მოგახსენებდით) ერთხელ კიდევ გავერთიანდებით, ერთხელ კიდევ სწორ არჩევანს გავაკეთებთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ძლიერი ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, რადგან მხოლოდ ასეთი სახელმწიფოა სამშობლოს გამთლიანებისა და გაერთიანების აბსოლუტური გარანტია. მჯერა, ეს დღეც შორს არ არის.
ძალიან მინდა, რომ არჩევნებმა ერთმანეთი არ შეგვაძულოს და ერთმანეთს არ გადაგვკიდოს, თანამშრომლობის ახალ ეტაპამდე მიგვიყვანოს.
და კიდევ ერთი რამ: ყოველგვარი ქრთამი და მოსყიდვა საზიზღრობაა, შეუთავსებელია დემოკრატიასთან. მაგრამ მოსყიდვის ყველაზე საზარელი ფორმა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ამომრჩეველთა ხმების ყიდვაა. ასეთი მოქმედება ქვეყნის ღალატია, ვინც ამას ნერგავს, ვინც ამ საშინელი, საზიზღარი პრაქტიკის დანერგვას უწყობს ხელს, მომავალ თაობათა გარყვნის დაწყებას ნიშნავს და ეს ქვეყნის გადაგვარების მცდელობაა. მე არც ამას ვამბობ შემთხვევით, რადგან საკმაოდ ბევრი ფაქტი ვიცი, კონკრეტულად ისეთი, როცა ხმებით ვაჭრობენ და, ფაქტობრივად, ეს ადამიანებითა და სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობას ნიშნავს.
და ახლა, რაღაც მოწოდების მსგავსი: ვიყოთ კორექტულნი, ვისარგებლოთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებით (ეს უზარმაზარი უფლებებია), კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯი გადავდგათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და აღორძინების გზაზე.
სწორედ ასეთ არჩევნებს, სამართლიან, კარგად ორგანიზებულ არჩევნებს ელოდებიან ჩვენი მეგობრები და გულშემატკივარნი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
საქინფორმი.
„ვერაფერს დაგვაკლებენ ვერც გარეშე და ვერც შინაური მტრები, თუკი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, საქართველოს მოქალაქენი ერთიანი მიზნისთვის ერთხელ კიდევ გავერთიანდებით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 იანვრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 იანვარი. - №15 (3056). - 1, 2 გვ.
![]() |
9 „ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც პრესა ჭეშმარიტად თავისუფალია და ამით მართლაც ვამაყობ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 იანვრის რადიოინტერვიუ
- დღეს თქვენი დაბადების დღეა, რომელსაც, ასე ვთქვათ, დღევანდელი რადიოინტერვიუ დაემთხვა. მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე და ბედნიერება.
და, ტრადიციულად, საუბარი გვექნება გასული კვირის მოვლენების შესახებ. განვლილ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოგზავნა წერილი, რომელშიც, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ახალ ურთიერთობათა მთელი პროგრამაა მოცემული და საკმაოდ მნიშვნელოვანი შეფასება ეძლევა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, გამოთქმულია ამ რეფორმათა მხარდაჭერა. სხვათა შორის, ამ თემაზე ტელევიზიით გამოსვლისას საკმაოდ დაწვრილებით და დიდხანს ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ. განვლილი ეკონომიკური კვირის მთავარი თემა კვლავ ენერგეტიკა იყო და მთავრობის სხდომა, რომელზეც მიწის ყიდვა-გაყიდვაზე იყო მსჯელობა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მე მგონი, ვერავინ დამაბრალებს, რომ რადიოინტერვიუ დაბადების დღეს დავამთხვიე. მადლობელი ვარ მოლოცვისათვის. ყველას, ვინც გვისმენს და ვისაც კეთილი სურვილი აღეძრება ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე გულწრფელ მადლობას მოვახსენებ. თანაც, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი დღე, მათ შორის, დაბადების დღეც, სისხლხორცეულად, ორგანულად არის დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ხანდახან შენნიშვნებსაც მაძლევენ, ეს დღე უნდა სხვანაირად აღნიშნოთო, არც ასე შეიძლებაო და ასე შემდეგ. მე კი ასე ვუპასუხებ ხოლმე: დაბადების დღეს მაშინ ნამდვილად გადავიხდი, ამ სიტყვას ხმარობენ ხოლმე, პომპეზურად, როცა ქვეყანა და მისი მოქალაქენი დალხინებული იქნებიან.
ახლა, რაც შეეხება ეკონომიკის თემას - ფინანსებს და ასე შემდეგ. გასული წლის დეკემბრიდან, განსაკუთრებით იანვრის პირველი რიცხვების შემდეგ თვალსაჩინო გახდა, რომ ქვეყანა მძიმედ, მაგრამ მაინც თანდათანობით გამოდის 1998 წლის საბიუჯეტო-საფინანსო, დავარქვათ ასე, დეპრესიიდან, თუმცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების საბოლოო დაძლევას, ჩვენს საკუთარ ნაკლოვანებათა აღმოფხვრას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ იცით,რომ მთელ რიგ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ცენტრების მიერ უზარმაზარი ინვესტიციების მიუხედავად, მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის მოძრაობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
ამჟამად უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ლარის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი და მიზანშეწონილი იყო. ამის შედეგად სახელმწიფომ შეინარჩუნა ეკონომიკური პოტენციალი და საბაზრო ეკონომიკისათვის აუცილებელი სისტემები, მათ შორის, მე ეს არაერთხელ აღმინიშნავს, საბანკო სისტემა.
დღეისათვის სამომხმარებლო და ფინანსურ ბაზარზე შედარებით, ვიმეორებ, შედარებით ნორმალური, სავსებით პროგნოზირებადი ვითარებაა. ინფლაციის დონე, აქაც ვიხმარ ამ სიტყვას, შედარებით დაბალია. შედარებით იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს ბედში, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში ინფლაციამ თითქმის კატასტროფული ხასიათი მიიღო. აქ ეს პროცესი მართვადია. მით უმეტეს, როდესაც მხარს გიჭერს ძლიერი და მრავლისშემძლე მეგობარი, ასეთ შემთხვევაში (თქვენ აღნიშნეთ ბატონ კლინტონის სპეციალურ წერილთან დაკავშირებით) მე ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. რაც მე ჩამოვთვალე - შედარებით უფრო უმტკივნეულოდ შეიძლება გამოვიდეთ მდგომარეობიდან, - ეს მხოლოდ დიდი საერთაშორისო თანადგომის, დახმარების და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის შედეგიც არის. ეს მხარდაჭერა დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის წერილში, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანიას ამერიკაში უაღრესად წარმატებული და მრავალმხრივ საინტერესო, შედეგიანი სამუშაო ვიზიტის დროს. ამერიკის ხელისუფლება, საზოგადოებრიობა, ისტებლიშმენტი საქართველოს უკვე პარტნიორად აღიქვამს და მზად არის განავითაროს ჩვენთან თანამშრომლობა. უნდა ითქვას, რომ ზურაბ ჟვანიამ ღირსეულად წარმოადგინა თავისი ქვეყანა.
საქართველოს მიმართ ასეთივე დამოკიდებულებაა ევროკავშირის ქვეყნებში, იაპონიასა და სხვა მრავალ სახელმწიფოში.
აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობათა გაღრმავება (სხვათა და სხვათა საყურადღებოდ ვამბობ ამას) და განვითარება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს დაპირისპირებას რომელიმე სხვა ქვეყანასთან. ასეთი გაგება თვით ჩვენი პოლიტიკის პრინციპს ეწინააღმდეგება. ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ეს გახლავთ - ნორმალური ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან.
პარტნიორული ურთიერთობა ამერიკასთან (თანდათან მკვიდ რდება ეს ტერმინი, რომელიც თავად ამერიკელებმა და ამერიკის პრეზიდენტმა შემოიტანეს), ევროკავშირთან (თქვენ მოგეხსენებათ, ევროკავშირთან დიდი ხელშეკრულება გვაქვს პარტნიორული ურთიერთობის შესახებ), სხვა ძლიერ დემოკრატიებთან არ არის მიმართული მესამე ქვეყნების, მით უმეტეს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის წინააღმდეგ, პირიქით, იგი გულისხმობს კიდეც, ინტერესთა თანხვდენის საფუძველზე, რუსეთთან ახალ ურთიერთობათა განვითარებასა და გაღრმავებას, რის მნიშვნელობასაც, ვფიქრობ, ეჭვქვეშ არასდროს ვაყენებდით და ამ ახალ ურთიერთობათა მშენებლობა დავიწყეთ ჩვენი ქვეყნებისათვის ურთულეს პროცესში, ურთულეს ეტაპზე.
პატარა სახელმწიფოსათვის, რომელიც დემოკრატიის დამკვიდრებას ცდილობს, ბედნიერებაა, როდესაც მისი ინტერესები ემთხვევა დიდი, ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნების ინტერესებს.
გარდა ამისა, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, რომელთაც პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის პერიოდში ვაწყდებით. ჩვენ ვცდილობთ (მე დღეს კიდევ მინდა გავუსვა ხაზი ამ აზრს), ყველა მეზობელთან, მათ შორის, თანამეგობრობის სივრცის ყველა ქვეყანასთან შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ განსაკუთრებული, ვიმეორებ, განსაკუთრებული ურთიერთობანი. ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის შეხვედრებმა ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან მის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, ამ და სხვა ქვეყნების სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელებთან, ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ ჩვენ მზად ვართ საერთო მიზნების განხორციელებისათვის საბრძოლველად.
მე დღეს ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე და ბატონი ზურაბ ჟვანია დავასახელე აქ, რადგან ეს ამ ბოლოდროინდელი ვიზიტები იყო, მაგრამ, აბა, გადაავლეთ თვალი ჩვენი მინისტრების შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჩვენი პარლამენტარების მოღვაწეობას ევროპულ სტრუქტურებში, განსაკუთრებით ევროპის საბჭოში, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით იმ გიგანტურ სამუშაოს, რომელიც მიხეილ უკლებამ და სხვა მისმა კოლეგებმა და სხვებმა შეასრულეს. მე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი გულისყურით ვადევნებ თვალს რა ხდება მაშინ, როცა ჩვენი წარმომადგენლები საზღვარგარეთ არიან. ისინი საქართველოს ინტერესებს, მის ღირსებასა და მის ინტელექტუალურ დონეს გამოხატავენ. უნდა გითხრათ, რომ დღეს ეს უკვე ერთი კაცის საქართველო არ არის, ერთი კაცის სახელმწიფო არ არის. გამოჩნდა იმ ადამიანების, მოღვაწეების მთელი პლეადა, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე. ეს დიდი გამარჯვებაა.
საქართველოში ახლა იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივ პროგრამაზე, რომლის შესრულება რეალურად იქნება შესაძლებელი, გარკვეუული რეზერვებითაც კი. დეკემბერსა და იანვარში ბიუჯეტის შემოსავალმა ნამდვილად იმატა. აშკარად უკეთ იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, უწინარესად, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა. ბევრი რამ გაკეთდა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის დამკვიდრების თაობაზე კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ ამ სფეროში სერიოზულ სირთულეებს მაინც ვაწყდებით, დედაქალაქშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა რეგიონებზე. სხვათა შორის, როცა გადასახადების აკრეფის სფეროში დადებითს ტენდენციებზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები - შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, პროკურატურა და ზოგიერთი სხვა - საფინანსო და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საგადასახადო დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვლაპარაკობ ერთადერთ საგადასახადო საშუალებად ლარის დამკვიდრებასთან დაკავშირებით) და სხვებმა საბანკო სისტემებთან ერთად გამოავლინეს სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევის ექვსასამდე ფაქტი. ამ არასასურველი ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლა უკომპრომისო უნდა გახდეს და ამ საქმეში, როგორც ყოველთვის, უნდა დაგვეხმარონ ტელევიზია და მასმედია.
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ მიწის კადასტრის დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. მოგეხსენებათ, ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ ამ საკითხებზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები წლების განმავლობაში მუშაობენ და ეს საქმიანობა კვლავაც გრძელდება, რამაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ოპტიმალური გადაწყვეტილება.
მიწის ყიდვა-გაყიდვა საქართველოში დაშვებული იქნება, მაგრამ ხანგრძლივი (ეს დისკუსიები ჯერ კიდევ ძველ პარლამენტში დაიწყო) დისკუსიისა და განხილვის შედეგად შევძელით შეგვემუშავებინა (როგორც მე მჯერა) ისეთი მექანიზმები, რომლებიც ამ პროცესში უზრუნველყოფენ უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. ამასთანავე, ამ ადამიანების საყურადღებოდ (მჯერა, უმრავლესობა გულწრფელად განიცდის ამ კანონის მიღებას, ზოგიერთი კიდევ ცდილობს, ალბათ, რაღაც ქულების დაგროვებას), მინდა ვთქვა: ჩვენ მივიღეთ ძირითადი კანონი, რომლის ბაზაზე უნდა ვმართოთ ეს პროცესი. ამასთან ერთად, როცა რეალურად დაიწყება მუშაობა, გარდა იმისა, რომ დაზღვევის მექანიზმები შემუშავებული გვაქვს, შესაძლებელია, პარლამენტში მივიღოთ, სათანადო კორექტივები შევიტანოთ და, ასე ვთქვათ, ცხოვრება გვიჩვენებს, საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს ეს კანონი.
მთავრობის სხდომაზე მხარი დავუჭირეთ იმ ინიციატივას, რომ 22-25 აპრილს თბილისში გაიმართოს კავკასიის საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა, რომელიც, ფაქტობრივად, „აბრეშუმის გზის“ აღორძინების ერთგვარი გამოვლინებაც გახდება. ხელმოწერილია და ამოქმედდება პრეზიდენტის შვიდწლიანი პროგრამა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თაობაზე. აპრილის საერთაშორისო ბაზრობა ამ პროგრამის განხორციელების პირველი მასშტაბური ეტაპი იქნება. საქართველო ისტორიულად საკმაოდ მოკლე დროში ტურისტული ქვეყანა გახდება. იგი აღიდგენს ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა.
საქართველოში საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს განზრახული მსოფლიოში სადაზღვევო სფეროს ლიდერად აღიარებულ უდიდეს საბროკერო, საკონსულტაციო და რისკის მართვის კომპანია „აონს“, რომლის საბრუნავი კაპიტალი მილიარდობით დოლარს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, დახმარება გაუწიონ ჩვენი ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის სისტემას კერძო სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებაში, და ესეც ერთი ძალიან დიდმნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სოციალური პრობლემების მოგვარებაში.
ჩემთვის უაღრესად სასიხარულო იყო რძის საწარმოს მონახულება, უმთავრესად იმის გამო, რომ იგი იმ შრომისმოყვარე და ნიჭიერი ქართველი მეწარმეების თვალსაჩინო წარმატების შესანიშნავი მაგალითია, რომლებმაც უცხოელ პარტნიორებთან ერთად ააღორძინეს პერსპექტიული საწარმო - თავის დროზე საკმაოდ ცნობილი და მზად არიან თითქმის მთლიანად დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზარი საარსებოდ აუცილებელი (უწინარესად ბავშვებისათვის საჭირო) რძის პროდუქციით. საერთო ვითარების გაჯანსაღება და სტაბილურობა კვლავაც ბევრი ასეთი მაგალითის დასახელების საშუალებას მოგვცემს. ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვურჩევდი, რომ მოინახულოს ეს საწარმო, რადგან პრეზენტაციაზე, ბუნებრივია, ყველა ვერ იქნებოდა. შესანიშნავი, მართლაცდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია იქმნება.
საერთო ვითარების გაჯანსაღება და სტაბილურობა კვლავაც ბევრი ასეთი მაგალითის დასახელების საშულებას მოგვცემს.
- მინდა კვლავ გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას დავუბრუნდე - პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტის შეტანას. თქვენ უკვე გამოთქვით ამის თაობაზე თქვენი აზრი, გააკეთეთ კომენტარიც, მაგრამ ერთხელ კიდევ აუცილებელია ეს კომენტარი, რადგან დისკუსია კვლავ მიმდინარეობს და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. რაც მთავარია, ერთი ასეთი საკითხია საინტერესო: რამდენად უკავშირდება ეს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას? ამბობენ, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანების სანაცვლოდ უნდა ჩაიწეროს ეს პუნქტი...
- ჯერ ერთი, ევროსაბჭოსთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მოახლოებულია დღე, როცა ეს უნდა გაფორმდეს, და ყველა წინასწარი სამუშაო ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული, განნსაკუთრებით, ჩვენი საპარლამენტო დელეგაციების მიერ. როცა ეს აქტი შედგება, ალბათ, სპეციალურად ყველა პარლამენტარი და საზოგადო მოღვაწე ღირსია, რომ ცალკე აღინიშნოს, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში. და, მეორე, მინდა, მოგახსენოთ, რომ ევროსაბჭო არ არის ისეთი შემზღუდავი ევროპული გაერთიანება, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც არ ითვალისწინებდეს ქვეყნის თავისებურებებს და ამიტომ ყველა ცოდვას, ასე ვთქვათ, თუ რა მიგვიძღვის, ევროსაბჭოში გაწევრიანებას ნუ დავაბრალებთ.
წინა რადიოინტერვიუში მე გამოვთქვი ჩემი აზრი, რომელსაც კვლავ ვადასტურებ განურჩევლად იმისა, მოეწონება თუ არა იგი ვინმეს, ლაპარაკია სათანადო დოკუმენტებში ეროვნების აღნიშვნაზე.
პრეზიდენტს, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი. მით უმეტეს, თუ მისი პოზიცია ხანგრძლივ განსჯასა და ანალიზს ეყრდნობა.
შემთხვევით არ მიხსენებია ზემოთ კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ. ალბათ, ამის გამეორება საჭირო აღარ არის. რაც შეეხება ამ სადისკუსიო თემას, რომლის შესახებაც თქვენ შემეკითხეთ, არ არის იოლი პრობლემა. იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდაც, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ესე იგი, კანონის სასარგებლოდ არსებობს მოსაზრებანი და არგუმენტები, და ძალიან ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრება, ჩემი შეხედულებით, სოლიდურ საფუძველს ეყრდნობა.
შესანიშნავად მესმის მათი, ვინც ნაციის, როგორც სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული ერთობის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკობს. ამ გაგებით ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელმწიფოებრივად ქართველია, მაგრამ რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი.
საკითხის ამგვარად გადაწყვეტის შემთხვევაში, რას ვეუბნებით აფხაზს, რომელსაც სხვა სამშობლო არ გააჩნია? ან რა პასუხს ვაძლევთ, ვთქვათ, ოსებს, ან სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს? მე ამას წინათ მივაქციე ყურადღება - ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ და მართლაც დიდმა პატრიოტმა ასეთი რამ თქვა: მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ ეროვნებით ვარ სომეხი, და თუ მე ვინმე ამიკრძალავს დოკუმენტში ჩავწერო ის, რომ მე სომეხი ვარ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მე ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ვეკუთვნი, როგორც მოქალაქე და საქართველოს ვემსახურები. აი, ამიტომ, ეს არ არის ასე იოლად გადასაწყვეტი პრობლემა. ნურც იმ არგუმენტს მოვიშველიებთ, რომ ეს პოსტსაბჭოური გადმონაშთია. არ არის ეს ასე. ქართველობისათვის ბრძოლა საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი ყველა ქართველს. აუკრძალო მას თავისი ეროვვნების აღნიშვნა დოკუმენტში, რომელიც მისი პიროვნების დამადასტურებელია, ეს, ვფიქრობ, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან ნაჩქარევი და გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა. ახლა შეიძლება მკითხოთ, რატომ მოაწერეთ ხელი კანონს? უნდა გითხრათ, რომ აქ ერთგვარ შეუთანხმებლობასთან გვაქვს საქმე პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთობაში. პირველ ვარიანტში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე, ეს პრობლემა მოგვარებული იყო ისე, როგორც მოითხოვენ ჩვენი მწერლები და სხვები და სხვები. სხვათა შორის, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, მათ შორის, არიან ქალბატონი ანა კალანდაძე, გურამ შარაძე, რეზო მიშველაძე, ლევან სანიკიძე და სხვები და სხვები. მწერლობა, თუ იგი თავის ხალხს, თავის ერს, თავის ენას დარაჯად არ უდგას, მწერლობა არ არის, ამიტომ, ჩემი აზრით, როდესაც პარლამენტი დაბრუნდება შესვენების შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა შეიტანოს პარლამენტში (დოკუმენტი უკვე მომზადებულია) წერილი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში შეტანილ იქნეს ის შესწორება, რომლის შესახებაც დღეს ასეთი დისკუსიაა და რომელიც პირველ ვარიანტში იყო.
- ეკონომიკის თემაზე საუბრისას ენერგეტიკის თემასაც შევეხეთ მხოლოდ გაკვრით. თელასის პრივატიზების შემდეგ დედაქალაქში მდგომარეობა ფაქტობრივად არ გამოსწორებულა. შესაძლოა, ეს ასე უცებ არც უნდა მომხდარიყო, მაგრამ უშუქო ქალაქის შემყურე მოსახლეობა ძალიან იმედგაცრუებულია და ასეთ კითხვასაც კი სვამს: რამდენად გამართლებული იყო ამ შემთხვევაში თელასის განსახელმწიფოებრიობა?
- მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ენერგეტიკის პრობლემა, ელექტროენერგიით მოსახლეობის უზრუნველყოფის საკითხი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი და საფიქრალია, მაგრამ შევეცადოთ, დასკვნების გამოტანისას ნუ ავჩქარდებით.
ხელისუფლებამ განვლილი ექვსი წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, ვიმეორებ, ჩვენი რესურსების გათვალისწინებით, მდგომარეობის გამოსასწორებლად. უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა. უწინარესად გერმანელებმა, გერმანიის მთავრობამ. კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა მათ ამისათვის, მაგრამ მთელი ეს ძალისხმევა ვერ აღმოჩნდა სათანადოდ ეფექტიანი სხვადასხვა სერიოზულ მიზეზთა გამო და არა მარტო გერმანელების დახმარებაზეა ლაპარაკი, გვეხმარებიან მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრობანკი, ამ ბოლო დროს სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს იაპონია და ასე შემდეგ.
ქვეყნის მთავარი თბოელექტროსადგურის სხვადასხვა ბლოკის ამოქმედება გვიხდებოდა ექსტრემალურ პირობებში - ძველის გარემონტებაც და ახლის მშენებლობაც. გერმანიის მთავრობის დახმარებით, მაგალითად, აღვადგინეთ და, ფაქტობბრივად, ავაშენეთ მე-9 და მე-10 ბლოკები. დიდი საქმე გაკეთდა, ქვეყანამ 600 მეგავატი ენერგეტიკული სიმძლავრე მიიღო, მაგრამ სამუშაოთა სრულყოფილად დამთავრება ენერგეტიკოსებმა, არა მარტო ჩვენებმა, უცხოელებმაც ვერ მოასწრეს და ვერც მოასწრებდნენ ასეთ ურთულეს პირობებში. მეათე ბლოკი ახლა ჩართულია, მაგრამ მაქსიმალური სიმძლავრით რომ ამუშავდეს, დარწმუნებული ვარ, რაღაც ავარია მოხდება. ესე იგი, ბლოკის საექსპლოატაციოდ გადაცემას თავისი კანონზომიერება აქვს და, სამწუხაროდ, ეს კანონზომიერება ხშირად ირღვევა იმის გამო, რომ გვეჩქარება, რაც შეიძლება სწრაფად ჩავაყენოთ სამსახურში ესა თუ ის სიმძლავრე.
გარდა ამისა, გავითვალისწინოთ (ვთხოვ ყველა მოქალაქეს), რომ გასულ წელს ქვეყანამ ენერგეტიკული პოტენციალის ნახევარზე მეტი - 60 პროცენტი დაკარგა არნახული, საზარელი გვალვის გამო, რომლის მსგავსი ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოში და ეს გვალვა, ფაქტობრივად, დღესაც გრძელდება - იანვარი იწურება და ქვეყანაში ნალექების ოდენობა კვლავ მცირეა, ან საერთოდ არ არის. უმძიმესია დანაკლისი, რომელიც სოფლის მეურნეობამ განიცადა, მაგრამ ათჯერ უფრო მძიმეა ის ზარალი, არა მარტო სოფელს, არამედ ენერგეტიკასაც რომ მიადგა წყალსაცავებში წყლის უქონლობის გამო.
აქედან გამომდინარე, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი იყო დისტრიბუციის სფეროში, შემდგომ კი გენერაციაში. ესე იგი - ჯერ განაწილების სფეროში, შემდეგ გენერაციაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა, მაგრამ ინვესტორი ჯერ აუცილებლად დისტრიბუციაში ანუ, ვიმეორებ, განაწილების სისტემაში უნდა მოსულიყო, რათა შემდგომ გენერაციითაც დაგვეინტერესებინა.
თელასის აქციათა 75 პროცენტი 25 მილიონ დოლარად იყიდა ძალიან ძლიერმა ამერიკულმა ფირმამ, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავდაპირველი ვალდებულება და საკმაოდ დიდი თანხა დაუყოვნებლივ ჩარიცხა ბიუჯეტში, და თუ ჩვენ მოვახერხეთ ხელფასების დარიგება, პენსიების გაცემა და ზოგიერთი სხვა აუცილებელი ხარჯების გაწევა სახელმწიფოში, სწორედ იმის წყალობით, რომ ასეთი საკმაოდ სერიოზული თანხა შემოვიდა ბიუჯეტში. გარდა ამისა, იგი დაფარავს თელასის ვალებს 10 მილიონი დოლარის ოდენობით და მინდა შეგახსენოთ: თელასის ვალი გახლავთ 130 მილიონი დოლარი. ამ აქციის, ესე იგი, გაყიდვის გარეშე ფიქრი იმაზე, რომ ოდესმე თელასი ამას გადაიხდიდა, ზედმეტი და არარეალურია. და გარდა იმისა, რომ დაფარავს 10 მილიონი დოლარის დავალიანებას, მან ვალდებულება იკისრა უახლოეს წლებში მთლიანად ამ დარგის რეკონსტრუქცია-რეორგანიზაცია-განვითარებაში დააბანდოს 80 მილიონი დოლარი ინვესტიცია. ჩვენი ძალებით ამას უახლოესი ათი წლის განმავლობაში ვერ გავაკეთებდით. ამიტომ ნურავინ დავობს იმაზე, რომ ეს რა ქნეს, ლამის საქართველო იყიდებაო... მოსახლეობას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი და არც უნდა დაკარგოს. სხვათა შორის, ჩვენ შევეცადეთ თვით თელასში მომუშავე ადამიანების - მრავალათასიანი კოლექტივის ინტერესებიც ყოფილიყო დაცული და მათაც სათანადო წილი ჰქონოდათ ამ გაერთიანებაში.
პრობლემები, რომლებიც ამჟამად წარმოიშვა, გადაუწყვეტელი ნამდვილად არ არის. ამერიკული კომპანია არ ამბობს უარს თავის ვალდებულებათა შესრულებაზე. მეორე მხრივ, საქენერგოსაც სერიოზული ვალდებულებანი და არგუმენტები აქვს.
ჩემი აზრით, ამ ვითარებაში (არ ვიცი, ეს კიდევ უნდა მოვილაპარაკოთ ჩვენს მთავარ სპეციალისტებთან, უპირველესად, ენერგეტიკის სამინისტროსთან) ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, საშუალება მიგვეცა ინვესტორისათვის თავისუფლად გასულიყო უცხოურ ბაზარზე ელექტროენერგიის შემოსატანად. ასეთი ბაზარი არსებობს და თუ ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ სათანადო სიმძლავრეთა ამუშავებას, მაშინ სხვა გამოსავალი არ არის. მით უმეტეს, თუ ამ გზით წავალთ, მაშინ თელასის გაყიდვა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ვინც ეს არ იცის, მათ იმასაც შევახსენებ, რომ ენერგოშემცველებით ისეთი უმდიდრესი ქვეყანა, როგორიც ყაზახეთია, დათანხმდა მთლიან პრივატიზაცციას - და არა მარტო განმანაწილებელი ქსელების, არამედ გენერაციის ობიექტების პრივატიზაციასაც. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, ჩემი აზრით, დღევანდელი შენიშვნა ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გადასინჯოს და იმ ხელმოწერილ დოკუმენტში, სადაც ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ საკუთარი წარმოებბის ელექტროენერგიით უნდა ევაჭრა ამ ორგანიზაციას, შეიძლება რაღაც კორექტივი შევიტანოთ. მხოლოდ 10 პროცენტი იმპორტი იყო გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა კვლავ პრობლემად რჩება და ეს პრობლემაც უნდა გადაწყდეს, რადგან უცხოელი არ გაპატიებთ იმას, რასაც თქვენი სახელმწიფო გაპატიებდათ და რომლის გამოც 130 მილიონი დოლარი ვალი დაგროვდა მარტო თბილისში. აღარ ვლაპარაკობ, საერთოდ საქართველოში რა მდგომარეობაა.
- თქვენ საკმაოდ იშვიათად რეაგირებთ რუსულ პრესაში დაბეჭდილ წერილებზე. რუსული პრესის ტონს საქართველოში უკვე შევეჩვიეთ, მით უმეტეს, ისეთ შოვინისტურ გაზეთში დაბეჭდილ პუბლიკაციებს, როგორიც არის „ზავტრა“, მაგრამ პროხანოვის ბოლოდროინდელმა პუბლიკაციებმა ამ გაზეთში, სადაც გიორგაძის სახელი ისევ და ისევ ფიგურირებს და შეიძლება ითქვას, რაღაც ზღვარსაც გადააჭარბა, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი დროში რაღაცნაირად დაემთხვა საგარეჯოში მომხდარ მოვლენებს. ახლა, შეიძლება, გამოძიების დამთავრებამდე ნაადრევია დასკვნების გამოტანა, მაგრამ რაც საგარეჯოში იპოვეს და სრულიად შემთხვევით იპოვეს, ძალიან დიდ და ბევრ ეჭვს იწვევს და შეიძლება ის ახალგაზრდა პოლიციელი, რომელიც ამ ამბავს შეეწირა, კაცმა არ იცის, მან რისგან გადაარჩინა ამ შემთხვევაში ქვეყანა, რადგან ეს ნივთები, საგარეჯოში რომ იპოვეს, ფაქტობრივად, 9 თებერვლის ტერაქტის შემდეგ ტერორისტების მიერ დაქირავებულ ბინებშიც თუ შემთხვევის ადგილზეც იქნა ნაპოვნი.
- გაზეთ „ზავტრას“ პუბლიკაცია იმდენად აბსურდული და უსაფუძვლოა, რომ ვფიქრობდი, ურეაგირებოდ დამეტოვებინა. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტები არცთუ ისე ხშირად აქცევენ ყურადღებას ასეთ პასკვილებს და საკმარისად მიაჩნიათ პრესსამსახურის, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო განცხადება და მეც ყოველთვის ასე ვიქცეოდი. მაგრამ ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ტელევიზიამ, ზოგიერთმა გაზეთმა, ცალკეულმა პოლიტოლოგებმა, ჟურნალისტებმა გამოხატეს რეაგირება ამ გამოხდომაზე, მე მაინც აუცილებლად ჩავთვალე გამომეხატა ჩემი პოზიცია.
- ჯერ ერთი, ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც პრესა ჭეშმარიტად თავისუფალია და ამით მართლაც ვამაყობ. პირადად ჩემი დამოკიდებულება პრესისა და ჟურნალისტებისადმი, მათ შორის, უცხოელი, რუსი ჟურნალისტებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული იყო იმ დროსაც კი, როცა ეს ითვლებოდა არაორდინალურ და განსაკუთრებულ მოვლენად. იგი ეყრდნობოდა და ეყრდნობა ჟურნალისტური შრომის პატივისცემას, კოლეგიალობას და აბსოლუტური გახსნილობის პრინციპებს. მე არა მაქვს მხედველობაში სახელმწიფო საიდუმლოებანი.
როგორც პრეზიდენტს, არასდროს შემიქმნია პრობლემები ქართველი თუ უცხოელი ჟურნალისტებისათვის. განვიცდი კი ძალიან სერიოზულად, როცა საჭიროა დახმარება და ვერ ვეხმარები ისე, როგორც აუცილებელია.
იმავე რუსული პრესის მიმართაც განსაკუთრებით ყურადღებიანი ვიყავი. სწორედ კეთილი ნების გამოვლინების ნიშნად, ზოგჯერ ისეთ გაზეთებსაც ვთანხმდებოდი ინტერვიუზე, რომელთაც სხვა, შესაძლოა, პასუხის ღირსადაც არ ჩათვლიდა და, სხვათა შორის, ისიც მინდა გითხრათ, რომ მთელი არმიაა რუსეთელი ჟურნალისტებისა, რომელთაც ვიცნობ, რომლებთანაც ვთანამშრომლობ და რომლებიც მართლაც თანამედროვეობის ნამდვილი სტანდარტების დონეზე მომუშავე ადამიანებად მიმაჩნია და რომლებთანაც პირადი მეგობრობა მაკავშირებს. ასე, რომ, რასაც ახლა ვამბობ, ეს არ ეხება მთლიანად რუსულ ჟურნალისტიკას.
მეორე მიზეზი და არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ რატომ გადავწყვიტე რეაგირება, ის გახლავთ, რომ ამ პუბლიკაციაში აშკარად ჩანს იმათი ბოროტი სისინი რუსეთშიც და საქართველოშიც, ვისაც კვლავ სურს ჩაითრიოს ჩვენი ქვეყანა სამოქალაქო ომის ჭაობში, კვლავ სურს აამოქმედოს „მართვადი ქაოსის დოქტრინა“ და ვერ ურიგდება საქართველოს დამოუკიდებლობას, სტაბილურობას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.
ისინი ძალიან საშიშნი არიან, ვინაიდან ბოროტების პოტენციალი კიდევ შერჩათ. საშიშია არ მარტო ჩემთვის, (მათი მუქარა, მართალი გითხრათ, სასაცილოდაც არ მყოფნის), არამედ ქვეყნისთვისაც.
გარდა ამისა, მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ხალხის დიდი უმრავლესობის ნდობით არის არჩეული სამართლიანი, კონკურენციული ბრძოლის პირობებში.
ამდენად, გაჩუმების უფლებას ჩემი ხალხი, ჩემი ამომრჩეველიც, ალბათ, არ მომცემს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ცივი ომის დამთავრების შემდეგ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულ გამოცემას, რომელიც თავს ნებას აძლევდეს სხვა სუვერენული ქვეყნის ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღვირახსნილი ლანძღვა-გინების, უპრეცედენტო შეურაცხყოფის, საზიზღარი ცილისწამების ნამდვილი კამპანია გაეჩაღებინოს. არ ხდება ეს რეალურად, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ ქვეყნებში.
და ეს გრძელდება წლების განმავლობაში - ეს აღვირახსნილობა და მუდმივი ცილისწამების ნიაღვარი.
დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ამ ხალხს გაყალბებულად ესმის, ვინაიდან, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთაშორის, ერთაშორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით, ვიმეორებ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, აქ უკვე საერთაშორისო სამართალიც შედის ძალმოსილებაში.
ჟურნალისტს, გაზეთს სრული უფლება აქვთ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტზე წერონ, რაც სურთ, წეროს „ზავტრამ“ თავის პრეზიდენტზე, როგორც უნდა და როგორც საჭიროდ მიაჩნია, და თუ შეუძლია, მოუაროს თავის პრეზიდენტს, ამას ვერავინ ვერ დაუშლის, ყოველ შემთხვევაში, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა, მაგრამ, როდესაც ოფიციალურად რეგისტრირებული გამოცემა შეურაცხყოფას აყენებს სხვა ქვეყნის პრეზიდენტს და თანაც ეს გრძელდება წლების განმავლობაში, მით უმეტეს, ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტებისა და სხვადასხვა ჯურის ნაძირალათა მეშვეობით, ამან, ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება გარკვეული ზეგავლენა არ მოახდინოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე. და, ბოლოს და ბოლოს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო მასშტაბით, ახლა რომ მკვიდრდება, სახელმწიფოთა შორის დემოკრატიის ცნებას, დემოკრატიულ ურთიერთობათა ცნებას.
ასეთი კამპანია არა მარტო ადამიანის უფლებათა შელახვაა, არამედ იმ ახალ ურთიერთობათა შეურაცხყოფა და უგულებელყოფაც არის, ცივი ომის შემდეგ რომ მკვიდრდება მსოფლიოში.
იმ მოძრაობაში, რომლის ერთ ფრთასაც „ზავტრა“ წარმოადგენს (მინდა ყველამ მიაქციოს ყურადღება), ათასობით ადამიანს ვიცნობ და მათ მიმართ, მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლლობის მიუხედავად, ადამიანური პატივისცემა არ დამიკარგავს. ამიტომაც, გულწრფელად მინდა ვკითხო ამ მოძრაობის წევრებს (იცით, რა მოძრაობაზეა ლაპარაკი) როგორც რუსეთში, ასევე, საქართველოში: ამ გზით აპირებთ, ბატონებო, ხელისუფლებაში მოსვლას? ეს ხომ კაცთმოძულეობის, ტერორისტთა მფარველობის, სახელმწიფოთა შორის შუღლის გაღვივების ბინძური ბალანსირების მეთოდია!
დაბოლოს, რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობას რუსეთის ხალხებთან, ხელმძღვანელობასთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან. ჩვენი მხრივ, ვცდილობდით და კვლავაც შევეცდებით იგი თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლობის კარგი მაგალითი იყოს ყველასათვის. მხოლოდ თვით ამ ხელმძღვანელობამაც თავისი კონსტიტუციის საფუძველზე სათანადო დასკვნა უნდა გამოიტანოს ასეთი ორგანოს მიმართ.
- და, ბოლო კითხვა. გასულ კვირაში გაეროს მისიის ხელმძღვანელი ლივიუ ბოტა შეხვდა აფხაზეთიდან დევნილებს, პარტიათა წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა რაღაცნაირად მაინც ემოციებისაგან დაცლას ჰგავდა ჩვენი - ქართველების მხრიდან. ბოტა კი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დაბნეული ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, ეკრანზე მან ასეთი შთაბეჭდილება დატოვა, და გარდა ზოგადი ფრაზებისა, სამშვიდობო პროცესში გაეროს როლის თაობაზე, მან ფაქტობრივად ვერაფერი თქვა...
- ჯერ ერთი, მე მინდა აღვნიშნო ბატონ ლივიუ ბოტას ძალიან აქტიური დინამიკური საქმიანობა, იგი განუწყვეტლივ მოგზაურობს თბილისსა და სოხუმს შორის, არის ნიუ-იორკში, არის მოსსკოვში, სხვადასხვა დედაქალაქებში, ძალიან საინტერესოდ და აქტიურად მუშაობს.
დღეს მე შევხვდები ლივიუ ბოტას, რის შემდეგაც უფრო მეტის თქმა შემეძლება. როგორც ვიცი, ვლადისლავ არძინბასა და ლივიუ ბოტას შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების ძირითად პრინციპებზე, და, როგორც ვიცი, ტექსტიც შეთანხმებული იყო. ლივიუ ბოტასთან და მეგობარი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას ვლადისლავ არძინბამ უარყო ვარიანტი, რომელიც, როგორც ვთქვი, წინასწარ იყო მასთან შეთანხმებული. მხოლოდ ერთი ფრაზით შევაფასებდი იმას, რაც მოხდა: ვლადისლავ არძინბამ დაუშვა უხეში შეცდომა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, უხეში შეცდომა, რომლის საფასურის გადახდა მას ისევ თავისი ხალხის წინაშე მოუწევს.
დანარჩენი, უფრო დეტალური კომენტირებისათვის მზად ვიქნები ბატონ ბოტასთან შეხვედრის შემდეგ.
- კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.
საქინფორმი.
„ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც პრესა ჭეშმარიტად თავისუფალია და ამით მართლაც ვამაყობ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26 იანვარი. - №21 (3062). - 1, 2 გვ.
![]() |
10 ბატონ ბაგრატ დევნოსაძეს დაბადების ასი წლისთავზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ბაგრატ,
ასი წლის გამხდარხართ და სიამოვნებით გილოცავთ დაბადების დღეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თქვენ მისაბაძი პიროვნება მარტო წელთა და ოჯახის წევრთა სიმრავლით კი არ ბრძანდებით, არამედ თქვენი მამულიშვილური ნაბიჯითაც, უძველეს ქართულ კუთხეში დაბრუნებით, ვაზის უნიკალური ჯიშების მოძიებითა და მოვლა-პატრონობით.
კიდევ დიდხანს გეთამადოთ თქვენს დიდ ოჯახში, კიდევ ბევრი ვაზი გაგეხარებინოთ, კიდევ დიდხანს ყოფილიყავით მაგალითი ნამდვილი ქართველობისა.
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ ბაგრატ დევნოსაძეს დაბადების ასი წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 იანვარი. - №22 (3063). - 3 გვ.95
![]() |
11 ამ ისტორიული დღისაკენ ჩვენი ქვეყანა, მრავალჭირგამოვლილი ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ისწრაფოდა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ძვირფასო თანამემამულენო,
დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას.
ევროპის საბჭომ საქართველო მიიღო, როგორც მთლიანი და განუყოფელი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენი ქვეყნისათვის ამ ისტორიულ სხდომას ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენლობითი საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანიას მეთაურობით.
უახლოეს მომავალში სტრასბურგში გაიმართება ასევე ისტორიული ცერემონიალი - საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა.
ამ ისტორიული დღისაკენ ჩვენი ქვეყანა, მრავალჭირგამოვლილი ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ისწრაფფოდა.
ქართული კულტურა, ქართული ცივილიზაცია ევროპული იყო თავისი შინაარსით. საქართველო ევროპულ სივრცეში ბრუნდება იმ შინაარსის, შინაგანი რწმენისა სულისკვეთების დაუკარგავად. ჩვენს ქვეყანას ევროპული კულტურის საგანძურში შეაქვს სულიერი და მატერიალური კულტურის მრავალი ბრწყინვალე ძეგლი, რომელიც ელვარებას შემატებს დიდ საერთო ევროპულ ცივილიზაციას. საქართველო ევროპაში ბრუნდება წვითა და დაგვით მოპოვებული, ომებში შენარჩუნებული ეროვნული სახელმწიფოებრიობით, რომლის სამი ათას წლისთავს სულ მალე აღვნიშნავთ.
აღსრულდა ოცნება მრავალი თაობის გულმხურვალე მამულიშვილებისა, რომელთა ლტოლვა და ნატვრა ისევ და ისევ სრულიად საქართველოს, ქართველი ერის მისწრაფებებს გამოხატავდა.
ამ ბოლო წლებში მეც მქონდა ბედნიერება მევლო ჩვენს დიდ მამულიშვილთა ნაკვალევზე. 1997 წელს სტრასბურგში, ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას ჩემი ერის სახელით განვაცხადე: „ჩვენ მოვდივართ ევროპაში, რათა შევესისხლხორცოთ მის ცხოველ ვაზს ლერწად და მტევნად. შემოვდივართ, რათა შევმატოთ ჩვენი წვლილი ევროპული კულტურის მხსნელ მისიას და ვიპოვოთ მასში გზა საკუთარი ხსნისა.“
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდება სწორედ ახლა, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყოველმხრივი რეფორმების, სახელმწიფოებრიობის საბოლოო დაფუძნებისა და სრულყოფის პროცესი უმთავრეს მიჯნას მიუახლოვდა, ხოლო საქართველო, როგორც გეოპოლიტიკის სუბიექტი, გლობალური მნიშვნელობის პროექტებში სულ უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს.
ევროპის საბჭოში გაწევრიანება არა მხოლოდ ამ ახალი ფუნქციის აღიარებაა ევროპის მიერ. ევროპული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობა, XXI საუკუნის ევროპული არქიტექტურის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა საქართველოს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განიმტკიცოს ეროვნული სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, საბოლოოდ მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც ტრაგიკული, ძმათამკვლელი კონფლიქტების შედეგად წარმოიშვა. საქართველოსათვის ევროპის საბჭოს წევრობა ნიშნავს იმ ჰუმანისტური, დემოკრატიული და სამართლებრივი ფასეულობების აღიარებას, რომლებსაც ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია.
ევროპული ინტეგრაცია გულისხმობს ინტეგრაციას საერთო დემოკრატიულ და სამართლებრივ სივრცეში, კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უპირობო პატივისცემით, პიროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიული შერწყმით.
პარტნიორობა ევროპის სახელმწიფოებთან, საერთო ევროპული სახლის ფარგლებში, საქართველოს ავალდებულებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ერთა და სახელმწიფოთა ცივილიზებული თანაარსებობისა და მჭიდრო, ურთიერთხელსაყრელი ინტეგრაციის საერთო ფორმულის შემუშავებაში, ისევე, როგორც ევროპულ ოჯახს აკისრებს პასუხისმგებლობას ყოველგვარი ხელყოფისა და აგრესიისაგან დაიცვას საქართველოს, როგორც სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს უფლებები.
ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას კავკასიაში. ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ერთდროულ მიღებას, მაგრამ რაკი ასე გადაწყდა, კვლავაც ვადასტურებთ, რომ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მოძმე აზერბაიჯანისა და სომხეთის უსწრაფეს გაერთიანებას ამ ორგანიზაციაში, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების სულისკვეთება, საერთო ევროპულთან ერთად, საერთო კავკასიურიც იყოს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ერთიან პოზიციაზე იდგა. საპარლამენტო უმრავლესობისა თუ უმცირესობის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც განურჩევლად მრწამსისა, შეხედულებებისა, საზოგადოებრივი თუ სოციალური კონცეფციისა, მაინც ერთიან, დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს შეადგენენ, ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს საქართველოს შესვლას დიდ საერთო ევროპულ ოჯახში.
წინააღმდეგნი იყვნენ და არიან მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნენი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომელთა მიზანი კვლავინდებურად ერთია: ხელყონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აქტიური მუშაობით გვაახლოებდა ამ გამარჯვებასთან. მადლობას მოვახსენებ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას, პირადად ქალბატონ ლენი ფიშერს, თითოეულ ევროპელ დეპუტატს, მივესალმები საპარლამენტო ასამბლეის ახალ ლიდერს, ლორდ რასელ-ჯონსტონს და გამოვთქვამ შემდგომი აქტიური და სასარგებლო თანამშრომლობის გულწრფელ სურვილს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.
ევროპის საბჭოში გაწევრიანება გახდება ბრწყინვალე ნიშანსვეტი ახალი ათასწლეულისა, რომელშიც საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად შეაბიჯებს.
ედუარდ შევარდნაძე.
27 იანვარი, 1999 წელი.
ამ ისტორიული დღისაკენ ჩვენი ქვეყანა, მრავალჭირგამოვლილი ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ისწრაფოდა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 იანვარი. - №23 (3064). - 1, 2 გვ. 99
![]() |
12 „ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ ეს იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირველი თებერვლის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, 27 იანვარს, საქართველომ ევროპის დიდ ოჯახში შეაბიჯა. 1999 წელი საქართველოსათვის, შეიძლება ითქვას, ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენით დაიწყო. სხვათა შორის, სოციალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს მოვლენა ასე შეაფასა: ისინი ამ ფაქტს ხვდებიან აღტაცებით, სწორედ ეს სიტყვაა ნათქვამი. ევროსაბჭოში ესპანეთის წარმომადგენელმა ჩვენი გაწევრიანების შემდეგ ასეთი რამ თქვა: ევროპის საბჭომ საქართველო თავის წევრად მიიღო იმ საზღვრებში, რა საზღვრებიც მას აქვს, ანუ აფხაზეთის ჩათვლით. ევროსაბჭოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მნიშვნელობას აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანებაზე უკვე ბევრი ითქვა, მათ შორის, მეც დავწერე. ჩემი სულისკვეთება მეც გამოვხატე ამასთან დაკავშირებით. ბევრი რამ დაიწერა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ალბათ, კვლავაც ბევრი დაიწერება, ვინაიდან ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა.
ეს არა მარტო შეჯამებაა იმისა, რასაც ახალგაზრდა დემოკრატიულმა სახელმწიფომ მიაღწია თვისებრივად და შინაარსობრივად, ახალი სახელმწფოებრივი სისტემების მშენებლობის თვალსაზრისით, არამედ სტიმულიც არის განვითარების ახალი დონისაკენ სწრაფვისათვის.
იმავდროულად, ევროპულმა თანამეგობრობამ, რა თქმა უნდა, აღიარა და პატივი მიაგო საქართველოს მრავალსაუკუნოვან, სამიათასწლოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და თვითმყოფად, უნიკალურ ქართულ კულტურას და, რა თქმა უნდა, ევროსაბჭო გულისხმობს საქართველოს როგორც ტერიტორიულად ერთიანს, განუყოფელ და მთლიან სახელმწიფოს.
ევროპის საბჭოს წევრობა ერთდროულად საკმაოდ ფართო უფლებამოსილებაც არის და, ამ აზრს მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, უდიდესი პასუხისმგებლობაც, რათა არავითარ შემთხვევაში არ შევწყვიტოთ ყოველმხრივი განახლების, სიღრმისეული რეფორმის პროცესი, არამედ კიდევ უფრო სრულვყოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სრულვქმნათ იგი უმაღლესი ევროპული დონის შესაბამისად არა მარტო პოლიტიკურ, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ სფეროებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მოქალაქის სოციალური დაცულობის თვალსაზრისით.
საქართველოს ამის ნიჭი და უნარი ნამდვილად შესწევს. ხელისუფლების ამოცანა კი ამ პოტენციალის ამოქმედებაა.
ევროპის საბჭოში გაწევრიანება მხოლოდ სულიერი აღმაფრენის, აღტაცების გამოვლენა და საკუთარი სანუკვარი ოცნების აღსრულება როდია. ეს თავისთავად, მაგრამ ამ ორგანიზაციის წევრობა, აგრეთვე, უნდა წარმოვიდგინოთ როგორც გარკვეული ეტაპი ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე. ვგულისხმობ მატერიალურ ყოფას, სოციალურ სფეროს, ყველა იმ სიკეთით მოქალაქეთა უზრუნველყოფას, რაც სავსებით ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი ევროპელისათვის.
დიახ, ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ ეს იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდეს.
თუ უახლოეს ორ-სამ წელიწადში ამ თვალსაზრისით ხელშესახებ, თვალსაჩინო წარმატებას ვერ მივაღწევთ, შეიძლება დაიკარგოს ის უზარმაზარი მონაპოვარი და ის რწმენა, რომელმაც ასე ერთიანად აიტაცა საქართველო ამ დღეებში.
ევროპის საბჭოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება უეჭველად გახდება კავკასიის რეგიონში სტაბილურობის და გეოპოლიტიკური მდგრადობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა მოვახსენო იმ მოღვაწეებს, მათ შორის უცხოელ მეგობრებს, თანამემამულეებს, საგარეო საქმეთა სამინნისტროს, განსაკუთრებით პარლამენტის დელეგაციას, ამ ბოლო დროს ბატონი ზურაბ ჟვანია რომ ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ამ დამამთავრებელ ფაზაში, რომელმაც ძალზე ბევრი რამ გააკეთა ამ გამარჯვების მისაღწევად.
ამავე დროს უნდა განვაცხადო, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებით პროცესი არ მთავრდება. ეს მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნაა მხოლოდ.
საქართველოს საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაერთიანება. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომლის რატიფიცირება წევრ ქვეყნებში ახლა დასასრულს უახლოვდება. რა თქმა უნდა, ამას წლები დასჭირდება, მაგრამ ამ ახალი, ბრწყინვალე მიზნის მისაღწევად რუდუნებით შრომას აქედანვე უნდა შევუდგეთ. თუმცა, ევროსაბჭოს წევრობაც ხომ გარკვეული ეტაპია ამ გზაზე.
დრომ დაამტკიცა, რომ ინტეგრაცია ევროპისა და მსოფლიოს მომავალია, ოღონდ თანასწორუფლებიანი ინტეგრაცია თითოეუული ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების უპირობო პატივისცემით.
- გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ კვლავ განიხილა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი. პრინციპში, განსაკუთრებული პროგრესი, ალბათ, ნაკლებად იყო მოსალოდნელი, და უკმაყოფილება გამოხატეს როგორც დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, ისე სოხუმის ხელისუფლებამაც, რომელმაც ეს რეზოლუცია საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა...
- უპირველესად უნდა აღვნიშნო და მივესალმო იმ ფაქტს, რომ გაეროს შესაბამისი რეზოლუციის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის დელეგაცია. მათ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს და თავადაც საინტერესო და დიდი გამოცდილება შეიძინეს.
რაც შეეხება თვით რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი მეტს მოითხოვს იმ ორგანოსაგან, რომელიც, უპირველესად, პასუხისმგებელია დაიცვას წევრ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, ისევე როგორც უშიშროების, კანონიერებისა და სამართლიანობის პრიმატი ჩვენს პლანეტაზე.
მეორე მხრივ, უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიძლიერით დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კვლავ აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოწესრიგება, პრობლემის გადაწყვეტა უეჭველად უნდა გულისხმობდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ლტოლვილთა უპირობო, ხაზს ვუსვამ, უპირობო, უსაფრთხო, ღირსეულ დაბრუნებას მშობლიურ სახლებსა და მშობლიურ კუთხეში.
ეს გახლავთ სწორედ ის კონცეფცია, რომელსაც იზიარებენ მთლიანად გაეროს უშიშროების საბჭო, მუდმივ წევრთა ხუთეული - ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, მეგობარი ქვეყნები და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო.
უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უეჭველად მოიტანს ახალ ელემენტებს მოლაპარაკებათა პროცესში.
მესმის, რომ ეს ყოველივე არ არის საკმარისი უწინარესად იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სახლ-კარი დაკარგეს, მაგრამ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ - რისი მიღება შეიძლება, რისი გაკეთება შეიძლება დღევანდელ დონეზე, იმის მაქსიმუმის მიღებას უნდა ვცდილობდეთ.
აუცილებელია მაქსიმალურად შესაძლებელი შედეგი, როგორც იტყვიან, „გამოვწუროთ“ შექმნილი ვითარებიდან - მსოფლიო ძალთა არსებული შეფარდების გათვალისწინებით. თქვენ იცით, რამდენი ასეთი ცხელი წერტილია, მათ შორის, ევროპის სივრცეში და, ვფიქრობ, რომ ჩვენი დროც მოვა, როცა მსოფლიოს პროგრესულ ძალთა გაერთიანება უფრო კონცენტრირებულად მიუდგება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას.
არ არის ამოწურული (და ესეც ძალიან საგულისხმო აზრია) რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პოზიტიური პოტენციალი აფხაზეთისა და სხვა კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ ეს ფაქტორი. თანამეგობრობის ქვეყნების მიერ მიღებული რეზოლუციები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სერიოზულადაც გვეხმარება. ასევე ამოწურული არ არის, პირიქით, საწყის ეტაპზეა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი და პირადად მე მომხრე ვარ, რომ ეს დიალოგი რაც შეიძლება უფრო სისტემატური იყოს და ჩვენი საზოგადოების უფრო ფართო მონაწილეობით წარიმართოს.
- გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებით, შეწყალების უფლებით ოჯახს დაუბრუნდა 1200 კაცი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ემოცია, მათი განწყობილება, მათი ახლობლებისა და ოჯახების განწყობილება აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, იყო ასეთი თემაც, რომ, აი, საქართველოს ციხეებში ადგილი არ არის და ეს ხალხი თურმე იმიტომ გაუშვეს შინ. საკმაოდ პოპულარული იყო გასულ კვირაში ეს თემაც...
- ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, იმ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით მივიღე, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი.
ევროპის საბჭოში გაწევრიანება ეპოქალური მოვლენაა. საკაცობრიოდ დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად ასეთ მოვლენებს ცივილიზებული ერები პატიმართა შეწყალებითა და ამნისტიითაც კი აღნიშნავენ ხოლმე.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ვაგრძელებთ პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დავიწყეთ. თქვენ გახსოვთ, რესპუბლიკის მოედანზე გამოცხადებული შერიგების აქტი.
ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ საზოგადოებაში შემწყნარებლობის ატმოსფერო იმათ მიმართაც კი, ვინც სხვადასხვა მიზეზთა გამო დაარღვია დემოკრატიულ სახელმწიფოში თანაცხოვრების წესები, კანონები და ახლა გამოსწორების გზას დაადგა.
მწამს, ამგვარი კეთილშობილური ტრადიციის დამკვიდრებით კანონისა და კანონიერების პატივისცემა არათუ შესუსტდება, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდება.
რამდენიმე ციფრს დავასახელებ: ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევიწყალეთ პატიმართა საერთო კონტინგენტის დაახლოებით 35 პროცენტი. ეს თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა.
ამჟამად საქართველო, მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმართა პროცენტული შეფარდებით (და მე ვუპასუხებ იმ კითხვას, რომელსაც თქვენც ხშირად გაძლევენ) სავსებით შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს - ამ თვალსაზრისით ჩვენ დაახლოებით ნიდერლანდის დონეზე ვიმყოფებით. ყოველ 100 ათას მოსახლეზე კიდევ უფრო ნაკლები პატიმარი გვყავს, ვიდრე ამ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას, რომელიც დაახლოებით თავისი მოსახლეობის რაოდენობითა და თუნდაც ტერიტორიის მოცულობით ჩვენი მასშტაბისაა.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ათასობით შეწყალებული პატიმრიდან მხოლოდ ოცდაათიოდემ ჩაიდინა ხელმეორედ დანაშაული. ეს ციფრი უკვე გარკვეულ გამოცდილებაზე მეტყველებს - შეირჩევა ის კონტინგენტი, რომელიც ჭეშმარიტად ღირსია შეწყალების. ამ შეწყალების უპირატესობა ამნისტიასთან შედარებით სწორედ ის არის, რომ გვეძლევა საშუალება ყოველმხრივ შევისწავლოთ თითოეული პიროვნება და მივიღოთ თითქმის შეუცდომელი გადაწყვეტილება.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, თუ რა უდიდესი მოცულობის სამუშაო შეასრულა ბოლო წლებში უხმაუროდ, უჩინრად და ყოველგვარი რეკლამირების გარეშე ქალბატონმა რუსუდან ბერიძემ, აგრეთვე, პრეზიდენტთან არსებულმა შეწყალების კომისიამ, ამ ბოლო დროს სახალხო დამცველმა დათო სალარიძემ, რომელიც ახლა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, და, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა უწყებებმა, უწინარესად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ეს კეთილშობილური სამუშაო კვლავაც გაგრძელდება, ვინაიდან იმ საზარელი წლების შემდეგ, საქართველომ რომ განვლო, გულმოწყალება და შემწყნარებლობა თვით საზოგადოებასაც სალბუნად დაედება, მაგრამ ამ პოლიტიკის გაგრძელება მაშინ შეიძლება, როცა ქვეყანაში გარანტირებულია მტკიცე საზოგადოებრივი წესრიგი, და არც ერთი დანაშაული და არც ერთი დამნაშავე სათანადო რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდეს. აი, ეს არის ჩვენი გულმოწყალების საფუძველი. თუ ქვეყანაში არ არის წესრიგი, მაშინ ასეთ პოლიტიკას ვერც სახელმწიფო განახორციელებს.
- სხვათა შორის, დიდი ხმაური იყო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არცთუ ისე დიდი ხნის წინათ. გუშინ კიდევ გაიმართა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები - მესამე ტური იყო, და საკმაოდ კარგი შედეგებითაც...
- საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ გარკვეულმა ძალებმა ის აზრი დაამკვიდრეს, რომ სასამართლო რეფორმა ჩაიშალა და ამ რეფორმას მომავალი არა აქვს. უნდა გითხრათ, რომ პარლამენტმა დროულად შეიტანა სათანადო შესწორებანი საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნების გათვალისწინებით, და რეფორმირების პროცესი ახლა ახალი ძალით გრძელდება.
ახლახან, სულ 15-20 წუთის წინ, ბატონმა ლადო ჭანტურიამ დამირეკა და შემატყობინა, რომ გუშინ მესამე საკვალიფიკაციო გამოცდა გაიმართა. მოსამართლეთა გამოცდაზე გავიდა 200 კანდიდატი და უმკაცრესი და ურთულესი გამოცდა უცხოელებისა და სხვათა და სხვათა მონაწილეობით ჩააბარა 143 პიროვნებამ. მეორე ტური გაიმართება 6 თებერვალს. ასე რომ, სასამართლო რეფორმის არავითარ ჩაშლაზე ლაპარაკი არ შეიძლება. სასამართლო რეფორმა ისე წარიმართება, როგორც ეს ჩვენ მიერ იყო ჩაფიქრებული.
- დაბოლოს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა და არა მხოლოდ განვლილი კვირისა: გუშინ საქართველოს მთავრობამ 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილა. ალბათ, როგორც ყოველთვის, საკმაოდ ცხარე დებატები გაიმართება ბიუჯეტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში. როგორ შეფასებას მისცემთ ამ ბიუჯეტს, რა არის 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი თვისება?
- ალბათ, ძალიან მოკლე უნდა იყოს პასუხი, რადგან უფრო ვრცელი საუბარი გაიმართება პარლამენტში, როცა მე შევძლებ გამოსვლას. მანამდე კიდევ იქნება საკომიტეტო მოსმენა, კამათი და ასე შემდეგ. მაგრამ წინასწარ შეიძლება გავაკეთო შემდეგი კომენტარი:
პირდაპირ უნდა ვუთხრათ მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, რომ იმ კრიზისის ფონზე, საქართველომ რომ გადაიტანა 1998 წელს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, მსოფლიო ეკონომიკური დეპრესიისა და ჩვენივე სახელმწიფოებრივი არასრულყოფილების შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი შეუძლებელია არ იყოს მკაცრად დაბალანსებული, გაწონასწორებული, და ამდენად მძიმეც ყველა ჩვენგანისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისულ მოვლენებს საბოლოოდ ვერ დავძლევთ. მე გუშინ მთავრობის სხდომაზე მოვახსენე მონაწილეებს, რომ საქართველომ ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გამოიარა ეს უმძიმესი კრიზისი, უმძიმესი გამოცდა, შევინარჩუნეთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, დასაშვებ ფარგლებშია ლარის კურსი, და შევინარჩუნეთ მთელი საბანკო სისტემა. ახლა უკვე შეგვიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ ერთგვარი აღმავლობის დაწყების მომენტზე. ამავე დროს, არ მომხდარა წარმოების დონის კატასტროფული დაქვეითება და, თუ შიდაეროვნულ პროდუქტზე ვილაპარაკებთ, გარკვეულ ზრდასთანაც კი გვაქვს საქმე. წინა, 1997 წელთან შედარებით, გასული წელი ოთხი პროცენტის მატებით აღინიშნა.
მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ნიდერლანდის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების, გერმანიის მთავრობის მხრივ საგრძნობი მხარდაჭერის მიუხედავად, 1999 წლის ბიუჯეტის ფორმირება ურთულეს და უძნელეს პირობებში მიმდინარეობს.
ამთავითვე უნდა შევთანხმდეთ ორ ძირითად დებულებაზე და ვთხოვ ყველა მოქლაქეს მიაქციოს ამას ყურადღება: ქვეყანამ შეიძლება დახარჯოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც აქვს, - არც მეტი, არც ნაკლები, მაგრამ (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) ემისიის გზით შემოსავლის მოჩვენებითი ზრდა, რაც ჩვენ ძალიან იოლად შეგვიძლია გავაკეთოთ: დავბეჭდოთ ერთი-ორი მილიარდი დოლარი და ყველა პრობლემა მოიხსნება, მაგრამ ეს იქნება ერთი-ორი თვის განმავლობაში და იქნება ზუსტად მოჩვენებითი ზრდა და სწორედ კატასტროფის მომასწავებელი. ემისია კუპონს კოშმარამდე მიიყვანდა და სამომავლო პერპექტივასაც დააკარგვინებდა. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ, ბიუჯეტი მაქსიმალურად არის გაწონასწორებული, მკაცრია, და შეიძლება ითქვას, ბევრის უკმაყოფილებასაც გამოიწვევს. გუშინ ამასთან დაკავშირებით ჩვენი მინისტრები და მთავრობის წევრები დაუფარავად გამოხატავდნენ უკმარისობის გრძნობას იმ მოცულობის ასიგნებათა გამო, ამა თუ იმ სამინისტროსა თუ ამა თუ იმ უწყებაზე რომ არის გაანგარიშებული.
ვითვალისწინებთ, აგრეთვე, დაცული მუხლების (ეს ერთ-ერთი დადებითი დამახასიათებელი მოვლენაა ამ ბიუჯეტისათვის): ხელფასების, პენსიების დავალიანებათა დაფარვის აუცილებლლობას და ეს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. ის, რაც შარშან ვერ გავეცით, ის დავალიანება, საკმაოდ დიდი თანხა - 80 მილიონზე მეტი ლარი, გათვალისწინებულია ბიუჯეტით და მისი დაფარვა მოხდება თუნდაც კაპიტალურ დაბანდებათა შემცირების ხარჯზე. მაგრამ ხელფასების, პენსიების მომატების ამოცანაც, ურთულესი ვითარების მიუხედავად, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ალბათ, ეს პირველ კვარტალში ან შეიძლება მეორე კვარტლის პირველ ნახევარში ვერ მოხერხდეს. მაგრამ გარკვეული მატება აუცილებლად მოხდება და ეს იმის ერთგვარი კომპენსაცია იქნება, რაც მოსახლეობამ დაკარგა.
მართლაც განსაკუთრებული ძალისხმევა მართებთ საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს, მთელ სახელმწიფოს, რომლებმაც მიმდინარე წელს გასული წლის რეალურ დონესთან შედარებით თითქმის 40 პროცენტით მეტი გადასახადი უნდა აკრიფონ. ისინი ამას მარტო ვერ შეძლებენ, - მთელი საზოგადოება თუ არ ამოუდგა მხარში ამ სამსახურებს. ვგულისხმობ შესაბამის საზოგადოებრივ ატმოსფეროს, რომელიც აუცილებელია გადასახადების დამალვის საბოლოოდ აღმოფხვრისათვის და ჩრდილოვანი ეკონომიკის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისათვის. მინდა ვაცნობო საქართველოს მოქალაქეებს, რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა წარმატებით გაართვეს თავი იანვრის დავალებას, რაც წუხელ გვიან ღამით მომახსენეს ბატონებმა ჩიკვილაძემ და მაღლაკელიძემ.
მოგეხსენებათ, იანვარი, განსაკუთრებით მაქსიმალურად დაძაბული დეკემბრის შემდეგ, ყველაზე რთული თვეა, წლის დამდეგია, პირველი თვეა და ყველაზე რთულია, და მით უფრო იმედის მომცემია მათ მიერ მიღწეული შედეგები. მადლობის სიტყვებთან ერთად ორივე სამსახურის საყურადღებოდ კიდევ და კიდევ უნდა განვაცხადო: მათ ექნებათ ხელისუფლების სრული თანადგომა და, რა თქმა უნდა, არ შესუსტდება მომთხოვნელობა. ეს შედეგი არ იქნებოდა მიღწეული, რომ არა სამართალდამცავთა, ადგილობრივ ადმინისტრაციათა აქტიური საქმიანობა, საგანგებო სამთავრობო სამუშაო ჯგუფის თუ კომისიის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელსაც ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.
ნათქვამს ისიც მინდა დავუმატო, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღ საფუძველზე დგას (მე მხედველობაში მაქვს ტენდენციები) და რომ შესაბამისი სახელმწიფოებრივი სისტემის სრულყოფის შემთხვევაში, კვლავაც მოვიზიდავთ და მეტადაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს.
პრივატიზების პროცესი, რომელიც მიმდინარე წელს ახალ იმპულსს შეიძენს, - არა იმდენად, მით უმეტეს არა მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას ისახავს მიზნად, რამდენადაც ახალ ტექნოლოგიათა მოზიდვას, სტრუქტურულ გარდაქმნათა სტიმულირებას პერსპექტიულ დარგებში.
კვლავინდებურად აქტუალურია ნავთობის თემა, საერთოდ, ენერგოშემცველების თემა და ჩვენ ეს ზამთარიც საკმაოდ რთული გვქონდა ყველასათვის უკვე ცნობილი მიზეზების გამო.
საკომუნიკაციო მაგისტრალების მშენებლობასთან ერთად (თქვენ ყველამ კარგად იცით, რაზეა ლაპარაკი - ტრასეკას პროექტი, აბრეშუმის გზა და სხვა) სულ უფრო დიდი ინტერესით განიხილება თვით საქართველოს, ახლა მე უკვე ასე ვიტყოდი, „დიდი ნავთობის“ პროგრამის განხორციელების საკითხი.
გასულ კვირას შევხვდი ბრიტანეთის კომპანიის „რემკო ენერჯის“ მესვეურთ. ისინი მარწმუნებენ, რომ მაღალხარისხოვანი ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგია კახეთის რეგიონში. შეუძლებელია არ დავუჯეროთ, ვინაიდან ისინი უკვე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს აბანდებენ.
ამავე დროს კახეთის, დედოფლისწყაროს რაიონში უკვე მუშაობს ამერიკული „ფრონტერა“, რომლის ხელმძღვანელები დაუფარავად ლაპარაკობენ მილიარდობით ბარელზე, ანუ ასობით მილიონ ტონა ნავთობზე დედოფლისწყაროში. ეს უკვე მეორე ბლოკია.
ამრიგად, ქვეყანას ეკონომიკური პერსპექტივა, რა თქმა უნდა, აქვს, თანაც, ძალიან კარგი და დიდი პერსპექტივაც, მაგრამ წლევანდელი ბიუჯეტი ამჟამინდელი სიტუაციის, დღევანდელი მდგომარეობის სარკეა.
ვიმედოვნებ, პარლამენტარები ჩვეული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ურთულეს საკითხს და ჩვენი საზოგადოებაც, საქართველოს მოქალაქენიც გაგებით შეხვდებიან ამ ეტაპზე გადასალახავ სიძნელეებს.
საქინფორმი.
„ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ ეს იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდეს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირველი თებერვლის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 2 თებერვალი. - №28 (3069). - 1, 2 გვ.
![]() |
13 „საქართველო შეეცდება და ყველაფერს იღონებს, რათა დიდი პროექტების განხორციელება არც ერთი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს, პირიქით, ჩვენ ვქმნით თანამშრომლობისა და სახელმწიფოთაშორისი კოოპერაციის უდიდეს, ახალ სისტემას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 8 თებერვლის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საგანგებო მრჩეველი კასპიის ზღვის ენერგოშემცველთა საკითხებში რიჩჩარდ მორნინგსტარი. აღსანიშნავია, რომ მორნინგსტარის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ყოველთვის აშკარა და გამორჩეული იყო. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო არა მარტო ნავთობსადენებზე, არამედ გაზსადენებზეც, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე აცხადებს, რომ მათი აზრით, დაუშვებელია, ნავთობსადენის საკითხებზე ყურადღების ესოდენ გამახვილება. განვლილი კვირის კიდევ ერთი თემა: თბილისში „მაკდონალდსი“ გაიხსნა, რომელზეც თქვენ სამახსოვრო ბრინჯაოს ბიგმაკის გარდა, ნამდვილ ბიგმაკსაც გაუსინჯეთ გემო. როგორ გგონიათ, გაამართლა თუ არა მოლოდინი ახალმა „მაკდონალდსმა“ თბილისში? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მოლაპარაკებას, რომელიც გაიმართა ბატონ რიჩარდ მორნინგსტართან (როგორც მოგეხსენებათ, იგი აგრძელებს კონსულტაციებს რეგიონის ლიდერებთან) და უდიდესი საფინანსო კომპანიის „მერჰავის“ პრეზიდენტნთან, ბატონ იოსებ მაიმანთან, მე ერთი საერთო ნიშნით გავაერთიანებდი.
ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელმაც საქართველოს საბოლოოდ უნდა შესძინოს ახალი გეოპოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფუნქცია. აქვე ვუპასუხებ ჩემს პატივცემულ ოპონენტებს, იმათ, ვინც გვსაყვედურობს, რომ „არ შეიძლება გაუთავებლად ლაპარაკი ნავთობსადენზე“.
ჩვენ „ნავთობსადენზე“ კი არ ვლაპარაკობთ და არც მარტო „ევრაზიის დერეფანზე“, არამედ ვსაუბრობთ და კიდევაც უნდა გავაგრძელოთ ეს სერიოზული დიალოგი ყველა დონეზე და ყველა ქვეყანასთან საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის შესახებ, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი გახდება უახლოეს მომავალში.
ამდენად, მოწოდება, რომ არ ვილაპარაკოთ ან, როგორც ამბობენ, არ ვიხმაუროთ ნავთობსადენსა და გაზსადენზე, ტრასეკას პროექტსა და დიდი აბრეშუმის გზაზე, ევრაზიის ხიდსა და ევრაზიის დერეფანზე იგივეა, რომ არ ვილაპარაკოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესზე, რასაც პირადად მე ვერ დავეთანხმები, ვინაიდან ეს პროცესი ჯერ საბოლოოდ მაინც არ დასრულებულა. ბოლოს და ბოლოს, ყოველივე ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ჩვენ ხომ უწინარესად ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი სახელმწიფოსათვის, მისი გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის, მისი მომავლის უზრუნველყოფისათვის გვჭირდება.
რიჩარდ მორნინგსტარისა და იოსებ მაიმანის მარშრუტები შემთხვევით როდი გადაიკვეთა თბილისში. „მერჰავის“ პრეზიდენტთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ახალ, მე ასე ვიტყოდი, გრანდიოზულ პროექტზე, რომელიც, როგორც შემდგომ მორნინგსტართან შეხვედრისას ვთქვი, შესაძლოა, კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდეს, ვიდრე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი. საქმე ეხება ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას კასპიის ზღვის ფსკერზე, შემდგომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიათა გავლით თურქეთისა და ევროპისაკენ.
„მერჰავის“ ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში წარმომადგენლობდა თურქმენეთის პრეზიდენტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ თურქმენეთის პრეზიდენტის პოზიცია შეიძლება გახდეს გადამწყვეტი, რადგანაც იქ არის ეს საბადოები. თქვენ იცით, რომ განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი. როგორც ვიცი, ბატონმა საფარმურატ ნიაზოვმა მარშრუტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს 19 თებერვალს და, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ.
რიჩარდ მორნინგსტარი კი ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის უშუალო მითითებით არა მარტო ამ პროექტს კურირებს, არამედ თავისი ქვეყნის ინტერესებსაც წარმოადგენს ყველა იმ საკომუნიკაციო პროექტის განხორციელებისას, რომელთა ერთობლიობას ჩვენ „ახალ აბრეშუმის გზას“ ვუწოდებთ. აქ ბევრი საკითხი იქნება მოსაგვარებელი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ურთიერთობის თვალსაზრისით. მართალია, ძირითადი სიძნელეები, როგორც ვიცი, დაძლეულია, მაგრამ ზოგიერთი რამ კიდევ არის დარჩენილი. მე, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრების შემდეგ ინფორმაცია მივაწოდე ბატონ ჰეიდარ ალიევს და ისიც საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ მარშრუტის მიმართ.
პირველი პროექტი, ფაქტობრივად, უკვე განხორციელებულია, პირველი - მთელი ამ კომპლექსიდან, მხედველობაში მაქვს საერთოდ ნავთობსადენების, გაზსადენებისა და ამ კომუნიკაციათა პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი. სუფსაში დამთავრდა ტერმინალის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობა. ეს, ფაქტობრივად, სრულიად ახალი ნავთობსადენია.
უახლოეს მომავალში პირველი ნავთობმზიდი დაიტვირთება ნედლეულით და გეზს აიღებს ევროპისაკენ.
წინასწარი მოლაპარაკების შედეგად ძირითადი დასკვნების გამოტანაც უკვე შესაძლებელია: ჩვენი ურთიერთობანი ცენტრალური აზიის, ევროპის, სამხრეთ კავკასიის პრეზიდენტებთან, უდიდესი ტრანსეროვნული კორპორაციის ლიდერებთან, თურქეთის ხელმძღვანელობასთან, ევროკავშირთან, უკრაინასთან, ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან კიდევ ერთხელ ადასსტურებს, რომ მათ მიერ ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონული და, თუ გნებავთ, გლობალური საკომუნიკაციო ფუნქციის მინიჭება გარდაუვალია. ამ საერთო კომპლექსში, დარწმუნებული ვარ, უნდა განიხილებოდეს რუსეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, გრანდიოზული, გიგანტური შესაძლებლობანი, კერძოდ, ნოვოროსიისკიდან მილიონობით ტონა ნავთობპროდუქტების გატანა და სხვა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პროექტის განხორციელებამ საიმედო მატერიალური და პოლიტიკური ბაზა უნდა შექმნას სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. პრობლემის ამგვარი ხედვის თვალსაზრისით, სახელმწიფოთა ლიდერები უკლებლივ სოლიდარული ვართ.
საქართველო შეეცდება და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ დიდი პროექტების განხორციელება არც ერთი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს. პირიქით, ჩვენ ვქმნით თანამშრომლობისა და სახელმწიფოთაშორისი კოოპერაციის უდიდეს, ახალ სისტემას.
მეორე მხრივ, თავად ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს გაივლის ნავთობსადენი და ყველა პრობლემა გადაწყდება. ამაში მე ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს.
ნავთობსადენიც, ევრაზიის დერეფანიც და თვით გეოპოლიტიკური ფუნქციაც მხოლოდ საშუალებაა, ასპარეზია - თუნდაც ძალზე ფართო ასპარეზი და დიდი საშუალება.
ამ ასპარეზზე წარმატება კი ჩვენს ერთიანობაზე, სახელმწიფოებრივ შეგნებაზე, ნიჭსა და მუხლჩაუხრელ შრომაზე და ჩვენ მიერ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული.
მომავალი საქართველოს მძლავრი და სტაბილური ეკონომიკა მცირე დეტალებით იქსოვება. თუმცა, იგივე „მაკდონალდსი“, თუ კარგად დავაკვირდებით, წვრილმანი სულაც არ არის. მხოლლოდ ამ კომპანიის რესტორნების ქსელი და მათი ყოველმხრივი უზრუნველყოფა, მომსახურება, მომარაგება - მთლიანობაში ნიშნავს, როგორც მინიმუმი (ცოტა მეტსაც ამბობენ) 10-15 ათას სამუშაო ადგილს, ნიშნავს მუდმივ მოთხოვნილებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ხორცზე, კარტოფილზე, ბოსტნეულზე, რძესა და სხვა მრავალ პროდუქტზე, იგი უდავოდ ახალ სტიმულს მიანიჭებს „კოკა-კოლას“ წარმოებას, ჩვენი ეროვნული და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოებას. იგი დიდი სტიმული იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის საერთოდ და ბოლოს და ბოლოს, როდესაც ისეთი მსოფლიო გიგანტი შემოდის ქვეყანაში, როგორიც „მაკდონალდსია“, რომლის კაპიტალი ასობით მილიარდი დოლარია, თუ არ ვცდები, 150 თუ 200 მილიარდი დოლარი, ეს უკვე თავისთავად დამაიმედებელ სიმპტომად უნდა ჩაითვალოს, ესე იგი, ქვეყანას, სახელმწიფოს ენდობიან და მასთან თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, უკვე რეალობად იქცევა.
ჯერჯერობით, მართალია, როგორც მეუბნებიან, რიგებია „მაკდონალდსში“. მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა. სულ მალე ეს რესტორანი, რესტორნების მთელი ქსელი საქართველოსთვისაც ისეთივე ჩვეულებრივი და გარკვეულწილად აუცილებელიც გახდება, როგორც თვით ამერიკაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ბელგიაში, დანიაში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში.
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსთაველის პროსპექტზე, მე ვიტყოდი, ძალიან ორიგინალური შენობის აგებაში, ახალი შენობის აგებაში, მათ შორის არქიტექტორებს, მშენებლებს, მადლობას მოვახსენებ იმათაც, ვინც გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამდა, - მათი კრიტიკული შენიშვნების შედეგად (ისინი, ალბათ, თავად დარწმუნდნენ ამაში) შენობის ექსტერიერი, გარეგნული ხედი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა, იგი ორგანულად შეერწყა საერთო ანსამბლს - უპრეტენზიოდ, მაგრამ საკმაოდ ლამაზად და გემოვნებით. ასე რომ, იოტისოდენა ჩრდილიც არ მიადგა არქიტექტურული ანსამბლის სხვა შენობებს, და, რა თქმა უნდა, უკვდავი შოთას ძეგლს.
ახლა, თქვენი შეკითხვა: რომ გავსინჯე, რა გრძნობა მქონდა. ძალიან ცოტა მოვკბიჩე, რადგან იმოდენაა „ბიგმაკი“, რომ ვერაფერი მოვუხერხე. მაგრამ, როგორც სხვები ამბობენ, ძალიან მაღალი ღირსების, გემოვნებისა და ამავე დროს ძალიან ყუათიანიც არის.
- განვლილი კვირის კიდევ ერთი თემა. საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში და მით უმეტეს საქართველოში, ჩვენი ეკონომიკის პირობებში, ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერება და ეროვნული ბიზნესის მხარდაჭერა, პრინციპში, ჩვენი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვლილ კვირაში ქართველი მეწარმეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ვგულისხმობ, თუნდაც „გადამხდელთა კავშირის“ მიმართვას პრეზიდენტისადმი, რომელშიც საკმაოდ კონსტრუქციული წინადადებები იყო წამოყენებული. რას უპასუხებს ამ მიმართვას პრეზიდენტი?
- მინდა მოგახსენოთ, რომ მე საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა წარმონაქმნებთან, განსაკუთრებით „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ორგანიზაციის დაფუძნებაში მე უშუალოდ ვმონაწილეობდი, სიტყვითაც გამოვედი და მას შემდეგ ბევრი პრობლემის გადაწყვეტაშიც ასე თუ ისე ვმონაწილეობდი, ვთანამშრომლობ მის ხელმძღვანელობასთან. ამას წინათ მივიღე ბატონ ნიკო ლეკიშვილის რამდენიმე წერილი, სხვა დოკუმენტები, ცალკეულ ბიზნესმენთა, სწორედ იმათი მიმართვები, ვინც „გადამხდელთა კავშირშია“ გაერთიანებული. მართლაც უაღრესად საინტერესო და საყურადღებო წინადადებებით მომმართეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
არც ერთი ეს წინადადება რეაგირების გარეშე არ დარჩენილა და არც დარჩება. მიმაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია, ვინაიდან მასთან თანამშრომლობენ საქართველოს ბიზნესმენები, ფერმერები, მრეწველები.
არ გამოვრიცხავ, რომ კავშირთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მომზადდეს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის დედააზრი საქართველოს ეროვნულ ბიზნესთან, სამამულო კაპიტალთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და ყოველმხრივი ხელშეწყობა იქნება.
- ხვალ 9 თებერვალია. რიგით მეორე ტერორისტული აქტიდან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელდა, უკვე ერთი წელი გავიდა. სწორედ ამ დღეებში, რაღაც დამთხვევასავით მოხდა, რუსეთში ელცინის დავალებით გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრთა თათბირი, რომელზეც განიხილეს ელცინის ბრძანებულების პროექტი პოლიტიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ. ეს ის თემაა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ლაპარაკობდა და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებანიც ჰქონდა...
- რა თქმა უნდა, პოლიტიკური ექსტრემიზმი მარტოოდენ რუსეთის პრობლემა არ არის.
1998 წლის 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმა სწორედ პოლიტიკური ექსტრემიზმის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ტერორისტული გამოვლინება იყო. კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომელმაც გვიხსნა იმ სულმნათი ჭაბუკების - დათო კოკაურისა და კახა შევარდენიძის მეშვეობით, მათი მარჯვენით, სხვათა თავგანწირული ერთგულებით, მე უწინარესად დაცვის მუშაკები მყავს მხედველობაში, ზოგიერთი დაიჭრა და დაშავდა.
კახა შევარდენიძემ და დათო კოკაურმა, დღეს მე ვალდებული ვარ ეს ვთქვა, დაცვის ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს არა მარტო პრეზიდენტი, არამედ მთელ ქვეყანასაც თავიდან ააცილეს ახალი საზარელი, მე ვიტყოდი, სამოქალაქო დაპირისპირება და ქაოსი.
საქართველოს ხელისუფლება მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს პოლიტიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად როგორც რუსეთთან, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.
ექსტრემიზმი უნდა აღიგავოს და, თუ გნებავთ, ამოიშანთოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, ვინაიდან იგი ავთვისებიან სიმსივნესავით, მეტასტაზებით ახრჩობს და წამლავს ახალ გზაზე დამდგარ სახელმწიფოთა სხეულს.
ერთმნიშვნელოვნად მივესალმები რუსეთის ხელისუფლებბის გადაწყვეტილებას, რომ გააძლიეროს ბრძოლა ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არანაირი ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და გაერთიანებების არსებობას, მათ შორის არც ისეთი გაერთიანებებისა, რომელთა მოქმედება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი თვალსაზრისით მიმართული იქნება რუსეთის, მისი ხელისუფლების, ასევე სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყოველგვარი ძალადობა, ომი, შურისძიება მიუღებლად მიმაჩნია, მაგრამ მზად ვარ დაუნდობელი ბრძოლა, დაუნდობელი ომი გამოვუცხადო პოლიტიკურ ექსტრემიზმს, ტერორიზმს, აგრესიულ სეპარატიზმს, რაღა თქმა უნდა, კორუფციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყველა ამ მანკიერების კატალიზატორია.
ოღონდ, ყოველგვარი ბრძოლა უნდა წარიმართოს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ხერხებით, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების ურყევი და უპირობო დაცვით.
მე მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინ განაახლეთ საყოველთაოდ ცნობილი თქვენი „ტაიმ-აუტის“ პროგრამა. სამწუხაროდ, მე თვითონ ვერ ვნახე, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი შინაარსი, როცა დავბრუნდი, რამდენიმე ჩემს კოლეგას დავურეკე, მათ ძალიან მაღალი შეფასება მისცეს და ძალიან მინდა, რომ აღარ მოშალოთ, არ თქვათ უარი, ეს ძალიან საჭიროა, ასეთი ყოველკვირეული, კვალიფიციური, საფუძვლიანი შეჯამება სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მომხდარი მოვლენების თაობაზე. აქვე, რადგან ამ თემას შევეხე - გუშინ თქვენი გადაცემის თემა 9 თებერვალი იყო და ძალიან ბევრ საინტერესო დეტალზე შეაჩერეთ ყურადღება. უნდა აღვნიშნო, რომ დანაშაულის გახსნის (მხედველობაში მაქვს გახსნა) ურთულეს საქმეში მაღალი პროფესიონალიზმი და შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა. მანამდე ბევრი იყო ცოდვა, ბევრი იყო ნაკლი, შეიძლებოდა თავიდან აცილება, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რაც შემდეგ მოხდა, მართლაც უმაღლესი პროფესიონალიზმის გამოვლინება გახლდათ და მე მათ მადლობის სიტყვებით მივმართავ.
- ძალიან დიდი მადლობა.
როდის მიმართავთ პარლამენტსა და ხალხს? კონსტიტუციით გათვალისწინებულია პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტისა და ხალხისადმი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, მით უმეტეს, დღეს საინტერესოა და ძალიან აქტუაალური ასეთი მიმართვა. ალბათ, უკვე მზადდება ეს დოკუმენტი...
- მზადდება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისა და ხალხისადმი, რომელშიც შევეცდები გარკვეულწილად შევაჯამო არა მარტო გასული წლის, არამედ განვლილი რამდენიმე წლის მოვლენები და გავაანალიზო პროცესები სახელმწიფოებრივი პერსპექტივის გათვალისწინებით. ჩვენი ასეთი შეხვედრა გაიმართება მომავალ სამშაბათს, 16 თებერვალს. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობ ჩემს კოლეგებთან ერთად მოხსენების ტექსტზე, რომელშიც შევეცდები ჩამოვაყალიბო ძირითადი სახელმწიფოებრივი პროცესებს შემდგომი განვითარების ჩემეული ხედვა და, რა თქმა უნდა, ძირითადი საზრუნავი, ძირითადი თემა, ძირითადი პრობლემა, რომელზეც ვილაპარაკებ, ეს გახლავთ ქვეყნის შემდეგომი აღმშენებლობის ხედვა და ქვეყნის კრიზისიდან მისი საბოლოოდ გამოყვანის პერსპექტივა.
- გაემგზავრებით თუ არა მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა სამიტზე, რადგან ისეთი ხმებიც გავრცელდა, რომ თებერვლის დამლევს ამ სამიტში შევარდნაძე მონაწილეობას არ მიიღებსო...
- მომავალი სამიტი რუსეთის დედაქალაქში ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, რიგითი არ იქნება, ვინაიდან დაგეგმილია თანამეგობრობის რეორგანიზაციის იმ გეგმის განხილვა, რომელიც აღმასრულებელმა მდივანმა ბორის ბერეზოვსკიმ შეიმუშავა და დაუგზავნა სახელმწიფოთა მეთაურებს. პროექტი მეც მივიღე და, პრინციპში, მოვიწონე. ასე რომ, ძირითადი, რაც უნდა გამეკეთებინა, ეს უკვე გავაკეთე.
ამრიგად, სამიტი ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ჩემი დასწრებაც, რა თქმა უნდა, სასურველი იყო. მით უმეტეს, რომ შეიძლება განიხილონ ის პროექტები, რომელთა ინიციატორი თავად გახლავართ. მაგალითად, საქართველოსათვის ძალზე მტკივნეული, ძალზე საინტერესო და საშურია თანამეგობრობის სივრცეში, და სწორედ ეს სივრცეა ჩვენი პროდუქციის ძირითადი გასაღების ბაზარი, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროგრამის შემუშავება. ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ეს თითქმის ერთსულოვნად მიიღეს. გარკვეულ ეტაპზე რუსეთი იყო წინააღმდეგი, მაგრამ შემდგომ რუსეთიც დათანხმდა და მოიწონეს. არ გამოვრიცხავ, რომ სამიტზე ეს პროექტი იქნება შეტანილი. რა თქმა უნდა, გადასაწყვეტია აფხაზეთთან, სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებული პრობლემებიც. ამრიგად, სამიტზე დასასწრებად აქტიურად ვემზადებოდი, მაგრამ სირთულე წარმოიშვა, როდესაც გაირკვა სამიტის თარიღი. სხვათა შორის, მე წინასწარ ვაცნობე, რომ სწორედ 26 თებერვალი არ მაძლევდა ხელს.
საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ 26-27 თებერვალს, როდესაც თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურები იკრიბებიან მოსკოვში, მე ოფიციალურ ვიზიტად უნდა ვეწვიო თურქეთის რესპუბლიკას. ეს ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო, მოგეხსენებათ, რა დელიკატურ მომენტებთან არის ხოლმე დაკავშირებული ვიზიტის გადადება. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ოფიციალურ ვიზიტზე - მეგობარი, მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთში იყო მთავრობის კრიზისი, დანიშნულია არჩევნები და ცოტა მოგვიანებით ვიზიტი თითქმის განუხორციელებელი იქნება, და, შესაძლოა, წელს აღარც მოხერხდეს. დრო კი არ ითმენს, გადასაწყვეტი საკითხები ძალიან ბევრია.
ამგვარად, ჩემი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში აუცილებლად უნდა გაიმართოს და მისი გადადება არ მოხერხდება.
თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობის, რეგიონული თანამშრომლობის უაღრესად მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამ ვიზიტის მნიშვნელობას ისიც განსაზღვრავს, რომ საბოლოოდ მომწიფდა ისტორიული გადაწყვეტილება საკომუნიკაციო პროექტებთან დაკავშირებით (მე ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრე).
ამგვარად, თანამეგობრობის სამიტზე ჩემი წასვლა შეიძლება ვერ მოხერხდეს. თუმცა, საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება ამ ღონისძიებაზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანამეგობრობის ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს არა აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს სამიტის მუშაობაში და შეიძლება თვით ამ სამიტის მუშაობაშიც ყველა პრეზიდენტმა ვერ მიიღოს მონაწილეობა და ეს არ არის დიდი ტრაგედია. წარმოდგენილი იქნება, როგორც გითხარით, ჩვენი დელეგაცია. თუ მე ვერ წავედი, დელეგაციას უხელმძღვანელებს ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, გაემგზავრებიან სათანადო მინისტრები და, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი უფლებებითა და უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილი, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ შეხვედრაში.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ უღრმეს პატივისცემას კოლეგებისადმი, აგრეთვე ჩემს პრინციპულ პოზიციას თანამეგობრობასთან დაკავშირებით.
ამ ორგანიზაციას აქვს მომავალი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წევრ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ურღვეობის, ანუ ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა, თუ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად აღსრულდება და თანამეგობრობა შეძლებს ყველა ეგრეთწოდებულ ცხელ წერტილში არა უბრალოდ მშვიდდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის დამყარებას საკაცობრიო ღირებულებათა საფუძველზე და მათი უშუალო განხორციელებით.
და რადგან ვიზიტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება, თანაც ისეთი მსოფლიო მნიშვნელობისა და ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებებია გათვალისწინებული, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი ვერ გამოაკლდება. მათ შორის, უახლოესი, ალბათ, მარტის დამდეგს გაიმართება - ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი იაპონიაში. მოგეხსენებათ ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა იაპონიის თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ისევე როგორც სხვა რეგიონებთან. ასევე იაპონიის კომპანიები აქტიურად მუშაობენ კასპიის ზღვაში, შემოვიდნენ საქართველოშიც, ბალკანეთის ქვეყნებშიც, დაინტერესებული არიან ჩვენი ნავსადგურებით და სხვა მრავალით, გვიწევენ დიდ ჰუმანიტარულ დახმარებას, თანაც ძალიან მნიშვნელოვანს, ჩართული არიან ენერგეტიკაში და, ვფიქრობ, ეს ვიზიტი, ასე ვთქვათ, იქნება ახალი ერის დასაწყისი ამ შორეულ, მაგრამ ძალიან დიდი, უზარმაზარი პოტენციალის ქვეყანასთან ურთიერთობაში.
- გუშინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ გარდაიცვალა იორდანიის მეფე ჰუსეინი, პიროვნება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკის მოგვარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის...
- მინდა დიდი სინანული გამოვთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. იორდანიის მონარქთან პირადად მე ხანგრძლივი ნაცნობობა და ურთიერთობა მაკავშირებდა. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსი გახლდათ.
ჩემთვის დაუვიწყარია საუბრები ამ მართლაცდა ბრძენ სახელმწიფო მოღვაწესთან, თავისი ხალხის ღირსეულ შვილთან. წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი შორსმჭვრეტელობა, მოთმინება, რაც შემდგომ არაერთგზის გამოვლინდა ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა განვითარების დროს.
მეფე ჰუსეინი თავგანწირვითა და კეთილშობილურად იბრძოდა მშვიდობისათვის, მართლაც მთელი თავისი რწმენითა და მოწოდებით. იგი თავისი ერისათვის თავდადებული კაცი იყო და დიდი ნიჭის წყალობით შეძლო კიდეც ძალზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, დიდწილად გადამწყვეტი წვლილი შეეტანა ახლო აღმოსავლეთის ურთულეს რეგიონში სისხლისმღვრელი ომების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებაში.
მთელ იორდანიის ხალხს, მის ოჯახს, მის მემკვიდრეს ვუცხადებ გულწრფელ სამძიმარს პირადად ჩემი და ჩემი ხალხის სახელით.
- კვლავ აქტუალურია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების აღნიშვნის თემა...
- ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ცოტა არ იყოს, ნაჩქარევად მოხდა. ჩვენ ბევრი კანონი გვაქვს მისაღები პარლამენტში და სავსებით გასაგებია ის, რომ პარლამენტარები ცდილობენ არ შეანელონ ტემპი ამ კანონების მისაღებად, და მართლაც გრანდიოზული მუშაობაა გაწეული. მე ამაზე ვილაპარაკებ პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს. ჩემ მიერ შეტანილ პროექტში სხვა ვარიანტი იყო გათვალისწინებული და იგი უკვე ცნობილია საზოგადოებისათვის. ჩემს შეცდომად მიმაჩნია, რომ არ გამოვიყენე ვეტოს უფლება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, მე კვლავ მივმართე პარლამენტს თხოვნით, დაბრუნებოდა ამ საკითხის განხილვას. დოკუმენტებში ეროვნების აღნიშვნა, ჩემი აზრით, აუცილებელი მომენტია ტრადიციულად ისეთი მრავალეროვანი სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა, მით უმეტეს ისეთი სახელმწიფოსათვის, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. თუმცა მოწინააღმდეგეებსაც, მთელი სამართლიანობით უნდა ვთქვა, უამრავი არგუმენტი აქვთ ჩემი პოზიციის საპირისპიროდ.
იქნებ, არ ვიჩქაროთ, უბრალოდ, ჩემი აზრია ასეთი, არ ვიჩქაროთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ვნებათაღელვა ცოტათი დაცხრეს და, როგორც იტყვიან, „ცივი გონებით“ განვსაჯოთ, რომელი გადაწყვეტილება იქნება ბრძნული, შეუცდომელი და ყველასათვის მისაღები.
ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფის, ისევე როგორც ჩემს მოსაზრებებს იზიარებს ჩვენი საპატრიარქოც, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, იზიარებენ ქართველებიც და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებიც, და ამას ყველამ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში.
საქინფორმი.
„საქართველო შეეცდება და ყველაფერს იღონებს, რათა დიდი პროექტების განხორციელება არც ერთი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს, პირიქით, ჩვენ ვქმნით თანამშრომლობისა და სახელმწიფოთაშორისი კოოპერაციის უდიდეს, ახალ სისტემას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 8 თებერვლის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 9 თებერვალი. - №35 (3076). - 1, 2 გვ.
![]() |
14 კიდევ უფრო მეტი ენერგიით და შთაგონებით ვაშენოთ ახალი, სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი, ბედნიერი და ერთიანი საქართველო თანამედროვეობისა და ჩვენი მომავალი თაობებისათვის! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1999 წლის 16 თებერვალს
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!
ბატონო პარლამენტარებო!
საქართველოს მოქალაქენო!
თქვენო უწმინდესობავ!
უწინარესად, მინდა შევუერთდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ ჟვანიას გულთბილ სიტყვებს და მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გაერთიანებული სამეფოს პერს, ლორდ რასელ ჯონსტონს, რომელმაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან, ევროპის გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად დიდი როლი შეასრულა ევროსაბჭოში საქართველოს წევრად მიღების საქმეში.
ნება მიბოძეთ, დიდი მადლობა მოვახსენო ლორდ რასელ ჯონსტონს ყოველივე ამისათვის, საქართველოში ჩამობრძანებისათვის და ვუსურვო მას წარმატებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საპატიო და პასუხსაგებ პოსტზე მოღვაწეობაში.
გასულმა, 1998 წელმა ერთგვარად შეაჯამა 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი საქმიანობა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქლაქო საზოგადოებისა და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პროცესები შეუქცევადი გახდა.
ძირითადად გასრულდა ერთი წყობილების მეორე წყობილებით შეცვლა. აშენდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო.
ერის საუკეთესო შვილთა საუკუნო ოცნება აღსრულდა.
ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც უნდა გავაკეთოთ დღეს, XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის პრობლემები, ტკივილები, სიძნელეები, ეს თითქმის ყველა მოქალაქესა და ოჯახს ეხება, მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში არსებული უსამართლობისა და უთანასწორობის დაძლევის მყარი გარანტია უკვე შექმნილია, მიღწეულია ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე აშენებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს არის 90-იანი წლების ყველა თაობის, წინა თაობების ისტორიული გამარჯვება და მეც, როგორც ამ დიდი საქმისათვის ერთი მებრძოლი, თქვენთან ერთად ვამაყობ ამ დიდი მონაპოვრით.
მიმდინარე 1999 წელი პარლამენტის არჩევნების წელია.
მოქმედი პარლამენტი, გადაუჭარბებლად ვიტყვი, თავისი დიდი საქმეებით შევა საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის ისტორიაში.
მე, როგორც პრეზიდენტი, კმაყოფილი ვარ პარლამენტთან ურთიერთობით და მადლობა მინდა მოვახსენო პარლამენტის ხელმძღვანელობას, ყველა პარლამენტარს, კომიტეტებს, ფრაქციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
ამავე დროს გასული, 1998 წელი საპრეზიდენტო მმართველობის შემდგომი განმტკიცების წელი იყო.
შეიძლება მოვახსენოთ პარლამენტს და ხალხს, რომ გასულ, 1998 წელს კონსტიტუცია ძირითადად ეფექტიანად მოქმედებდა, სახელმწიფო ფუნქციონირებდა, როგორც კონსტიტუციური წყობის დაცვის რეალური გარანტი.
გასულ წელს ჩატარდა მუნიციპალური, ადგილობრივი თვითმმმართველობის ორგანოების არჩევნები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს მუნიციპალური ხელისუფლების დიდ რეფორმაციას.
აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ კანონის შესასრულებლად თითქოს ბევრი რამ კეთდებოდა, მაგრამ სერიოზული ჩავარდნებიც გვქონდა, განსაკუთრებით, საბიუჯეტო და საფინანსო პოლიტიკის, კორუფციის აღკვეთისა და ეკონომიკაში კრიმინალურ ელემენტებთან ბრძოლის სფეროში.
გასულ წელს ფაქტობრივად შეიცვალა მთავრობა, რადიკალური ცვლილებები განხორციელდა სამინისტროებში, უწყებებში. ეს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების საფუძვლიანი რეფორმა საკადრო ცვლილებებით და შესაბამისი საკანონმდებლო კორექტივებით.
უნდა ვაღიაროთ გულახდილად, რომ განხორციელებულ ცვლილებებს მთავრობის საქმიანობაში ყველგან და ყოველთვის არ მოჰყვა მოსალოდნელი ძვრები.
ჩვენი საქმიანობის მანკიერებათაგან შესრულების დაბალი კულტურა უნდა გამოვყო. სწორედ ამ პრობლემაზე უნდა იყოს კონცენტრირებული ჩვენი ყურადღება.
აუცილებელია კანონების, ბრძანებულებების, სასამართლო განაჩენების ეფექტიანად განხორციელება. ეს ჩვენი საქმიანობის ყველაზე სუსტი მხარეა.
კონსტიტუციის ტექსტი მოითხოვს სრულყოფას. ეს ეხება, პირველ რიგში, ავტონომიური წარმონაქმნების სტატუსის ეტაპობრივ და საბოლოო განსაზღვრას, საკითხის გადასაწყვეტად სხვადასხვა ვარიანტების შემუშავებას, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის საკითხებს, ქვეყნის ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ყოველმხრივ გააზრებას.
განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ახალი ტიპის მინისტრთა კაბინეტის შექმნას და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაწესებას. ეს საკითხი მომწიფდა. ამასთან დაკავშირებით უნდა ვიფიქროთ კონ სტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანაზე. როდის მოხდება ეს, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ - დრო გვიჩვენებს. იქნებ დავიწყოთ ამ საკითხზე სერიოზული კონსულტაციები.
იცვლება დრო, იცვლება სტრატეგია და ტაქტიკა, იცვლება ადამიანთა პოლიტიკური მსოფლმხედველობა.
სამთავრობო სტრუქტურებში ასეთი ცვლილებების განხორციელებასთან ერთად დღის წესრიგში ლოგიკურად დგება პრეზიდენტის ძალაუფლების სრულყოფა და მისი განსაზღვრა კლასიკური საპრეზიდენტო მმართველობის მოდელების შესაბამისად.
ძალაში რჩება კონსტიტუციის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბებული, მე ვიტყოდი, უნიკალური დებულება: ძლიერი პრეზიდენტი - ძლიერი პარლამენტი. მინისტრთა კაბინეტი კი უნდა იყოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი გეგმების, პროგრამების, პროექტების აღმასრულებელი ინსტიტუტი.
ჩვენი უდიდესი მონაპოვარია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული კანონშემოქმედება.
1998 წელს კანონშემოქმედების საქმიანობაში აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით „აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად 1995-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია 469 კანონი, მათ შორის 7 კოდექსი: საჰაერო, სამოქალაქო, საგადასახადო, საზღვაო, საბაჟო, სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები. აქედან 209 კანონი მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით. ამავე წლებში რატიფიცირებულია 171 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია.
სახელმწიფო წყობილების განმტკიცებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ კანონების მიღებას, რომლებიც ადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ცალკეული შტოების ფორრმირებისა და საქმიანობის წესს, მათ ურთიერთმიმართებასა და ურთიერთკონტროლის მექანიზმებს, ხელისუფლების ვერტიკალურ დანაწილებას.
პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო კანონები საკრებულოს არჩევნების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ. ეს კანონპროექტები აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშავა პარლამენტის კომიტეტებთან ერთად.
1998 წლის 15 ნოემბრიდან, მუნიციპალური ორგანოების არჩევნებიდან, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა.
სახელმწიფო ხელისუფლების აპარატში წესრიგის განმტკიცების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას.
ქვეყანაში მთელი სიმწვავით დადგა კორუფციასთან ბრძოლის ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელების ამოცანა. სწორედ ამით იყო ნაკარნახევი საქართველოს პრეზიდენტის ეგიდით კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური სამსახურის შექმნის ინიციატივა. აქ ბევრი რამ არის სადავო და საკამათო, მაგრამ, ეტყობა, ამ ეტაპზე ვერ ავცდებით პრეზიდენტის მეთვალყურეობით, დიდი უფლებებით აღჭურვილი, ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას. თუმცა პრობლემატურია დაფინანსების წყაროები და ზოგიერთი სხვა საკითხი.
კანონპროექტი მალე შემოვა პარლამენტში.
შემუშავდა და მიღებულია კანონები სამხედრო აღმშენებლობის, სახელმწიფო უშიშროების, სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
ისე, როგორც ამას ევროსაბჭო მოითხოვს, მიღებულია კანონების მთელი პაკეტი, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვის სრულყოფასთან, მათ შორის ლტოლვილთა და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, შეიქმნა სამართლებრივი ბაზა მიგრაციული და ემიგრაციული პროცესების მართვისათვის.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივი ბაზის შემდგომი განმტკიცება.
გასულ წელს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილულია და საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს წარედგინა ეკონომიკური პროფილის ოცზე მეტი კანონპროექტი.
მათი უმრავლესობა მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები ქმნის საკმაოდ მყარ საკანონმდებლო ბაზას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსებისათვის. ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდებით, რადგან ეს ერთ-ერთი მწვავე და პრობლემური საკითხია ჩვენი სახელმწიფოსათვის.
საქართველოს ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის არალეგალურად შემოტანის, წარმოებისა და რეალიზაციის აღკვეთის, აღნიშნულ პროდუქციაზე გადასახადების დროულად და სრულად მობილიზების, აგრეთვე, საქართველოს მეწარმეებისათვის კონკურენტუნარიანი პირობების შექმნის მიზნით აუცილებელი გახდა ზემოაღნიშნულ ნაწარმზე აქციზური მარკების შემოღება.
ქვეყნის შიდა ბაზრის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დასაცავად მომზადდა და პარლამენტის მიერ შეტანილ იქნა საკანონმდებლო ნოვაციები საგადასახადო კოდექსსა და კანონში „საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ“.
შემუშავდა და პარლამენტს წარედგინა განსახილველად კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“.
ხანგრძლივი საპარლამენტო დებატების შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“.
ქვეყანაში მიმდინარე მიწის რეფორმის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო აქტების პროექტთა პაკეტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განსახელმწიფოებრიობის თაობაზე. ეს იმდენად რთული და ფაქიზი საკითხია, რომ შეიძლება ჩვენ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდეთ ზოგიერთ კანონპროექტსა თუ კანონს და მათში ცალკეული შენიშვნები შევიტანოთ.
პარლამენტმა მიიღო კანონები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“.
შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი იყო ეკონომიკური რეფორმების მხრივ დამამთავრებელი ეტაპის საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი განვითარებისა და განმტკიცების წელი.
ეკონომიკური რეფორმების ბედი დიდად არის დამოკიდებული პირველი რიგის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებდა შრომითი კანონმდებლობა.
შრომის კანონთა კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანით განისაზღვრა მინიმალური ხელფასი.
შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონეს ამტკიცებს პრეზიდენტი და მისი დაცვა სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემისაგან დამოუკიდებლად არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის შემოღებას. კანონი მიღებულია.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანაში იწყება მოსახლეობის სოციალური დაცვის თვისებრივად ახალი ეტაპი.
კანონდებლობის სოციალური მიმართულების კომპლექსს განეკუთვნება აგრეთვე პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტის განსახილველად წარდგენილი კანონპროექტები: „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების შესახებ“ და სხვ.
სასურველია ამ კანონების მიღების დაჩქარება.
სასამართლო რეფორმის გონივრული განხორციელებისა (და კარგია, რომ ჩვენ ეს გზა, ეს კურსი ავირჩიეთ) და მართლმსაჯულებაში უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში რამდენჯერმე იქნა შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატება. ახლა უკვე ეს მიმართულება სერიოზულად, სრულყოფილად გამოიყურება.
პარლამენტმა მიიღო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, რაც დიდი მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში.
საპროცესო კანონმდებლობის რეფორმირების შედეგად სასამართლო კონტროლი დაწესდა წინასწარ გამოძიებაზე, დაკავებასა და დაპატიმრებაზე, გაფართოვდა დამცველის უფლებები, შემცირდა წინასწარი პატიმრობის ვადები, დაარსდა ჩვენი მართლმსაჯულებისათვის პრინციპულად ახალი რგოლი - სააპელაციო სასამართლო ინსტანცია; გადახალისდა პროკურატურის ორგანოების ფუნქციები, რაც საშუალებას მისცემს პროკურატურის ორგანოებს თავიანთი ყურადღება გაამახვილონ საქმიანობის მთავარ მიმართულებაზე - განახორციელონ ზედამხედველობა მოკვლევასა და სასჯელის აღსრულებაზე, მხარი დაუჭირონ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას, წარმართონ გამოძიება და სხვ. ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს პრინციპული მიდგომები.
საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით, წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილ პირველ კოდიფიცირებულ სამართლებრივ აქტს სისხლის სამართლის დარგში.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადდა კანონპროექტი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“.
გამოვიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლითაც დამტკიცებულია 1999 წელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამზადებელი კანონპროექტების ნუსხა.
გასულ წელს კანონშემოქმედებით საქმიანობაში მიღწეული შედეგები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის დამყარებული პოლიტიკური ბალანსით, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთნდობის არსებობით.
აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი გასულ წელს დიდ ყურადღებას უთმობდნენ თავდაცვისა და უშიშროების განმტკიცებას, ძალოვან სამინისტროთა მუშაობის გაუმჯობესებას.
სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტრომ, მთავარსარდალთან და პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, მოკლე დროში მკვეთრად გაააქტიურა მუშაობა ეროვნული სამხედრო დოქტრინის განხორციელების მიზნით, სამხედრო პოლიტიკის მოთხოვნათა რეალიზაციისათვის. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, უმჯობესდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა, პატრიოტული სულისკვეთება.
გაღრმავდა სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან.
სამწუხაროდ, შეიარაღებული ძალები მთლიანად ვერ იღებენ ბიუჯეტით გათვალისწინებულ დაფინანსებას. მეც, ჩემი კოლეგებიც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას.
წელს ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს პრეზიდენტის, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია, საზღვრები დადგენილია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველომ უნდა აღკვეთოს ტრანსორგანიზებული სასაზღვრო დანაშაულებანი, არალეგალური მიგრაცია ჩვენი ტერიტორიის გავლით, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვა, იარაღის კონტრაბანდა, ორმაგი დანიშნულების ნედლეულის გადაადგილება და სხვ. ამ თვალსაზრისით კონსტრუქციული ურთიერთობა მყარდება სასაზღვრო თანამშრომლობის სფეროში, პირველ რიგში, ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან, უკრაინასთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან, ავსტრიასთან და სხვა ქვეყნებთან. ისინი ჩვენ სერიოზულად გვეხმარებიან.
მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები „სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“.
აშშ-ის მიერ გამოყოფილი იქნა დახმარების სახით 13 მლნ დოლარი საქართველოს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის, რაც პრაქტიკულად საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის ბიუჯეტის ტოლია.
ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რეაქციული წრეები მიზანდასახულად ახორციელებენ წინასწარ შემუშავებულ ეტაპობრივ გეგმას. მათ სურთ ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებულ დესტრუქციულ ძალებზე დაყრდნობით საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობა - ვამბობ პირდაპირ. ამის კონკრეტული დადასტურებაა 1998 წლის 9 და 19 თებერვლის მოვლენები, მაისის თვეში გალის რაიონის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო პროვოკაცია, 19 ოქტომბრის სამხედრო ავანტიურა და ა.შ.
ამ მოვლენების დაძლევის პროცესში საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი სიცოცხლისუნარიანობა, შეინარჩუნა სტაბილურობა, რაშიც უდიდესია ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეთა დამსახურება.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემებისა, დესტრუქციული ძალები, ვერც შინაური და ვერც გარეშე მტრები, - ვერ იპოვიან დასაყრდენს ქვეყნის მრავალეროვნულ მოსახლეობაში.
ბოლო ხანებში საერთაშორისო ხასიათი შეიძინეს ორგანიზებული დანაშაულის განსაკუთრებით საშიშმა ფორმებმა.
უშიშროების სამინისტროში ჩამოყალიბდა კონსტიტუციური წყობის დაცვის, ტერორიზმთან ბრძოლის და სამხედრო კონტრდაზვერვის დანაყოფები.
19 ოქტომბრის ავანტიურის შემდეგ კონტრდაზვერვის სფერო უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარა.
ცალკეული ძალები, პიროვნებები მოითხოვენ 1990-1991 წ.წ. მოვლენების შეფასებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მოძრაობამ არ უნდა მიიღოს დესტრუქციული ხასიათი, ზიანი არ უნდა მიაყენნოს დემოკრატიულ აღმშენებლობას, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს ერის გაბზარული ცნობიერების გამთლიანებას, პოლიტიკურ კონსენსუსს, სტაბილიზაციას და არა დესტაბილიზაციას.
ახლა მიმდინარეობს დისკუსია ამ საკითხზე. ვფიქრობ, ეს კარგი ფორმაა იმისათვის, რომ მოიძებნოს საკითხის გადაწყვეტის გზა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. აჩქარებამ ამ საქმეში შეიძლება უკუეფექტი მოგვცეს.
გასულ წელს კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში, უფრო სწორად, დაწყებაში, თავისი წვლილი შეიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ, ადგილობრივმა მმართველობამ, განსაკუთრებით, პრეზიდენტის რწმუნებულებმა, ცალკეულმა გამგებლებმა.
კორუფციასთან ბრძოლა, პირველ რიგში, გულისხმობს მექრთამეობისა და გამომძალველობის აღკვეთას, კრიმინალური ოლიგარქიის, ამა თუ იმ დარგში დამნაშავეთა მონოპოლიური მდგომარეობის, ჩრდილოვანი ეკონომიკის დაძლევას, კონტრაბანდის მოსპობას და ა.შ.
ანტიკორუფციული პოლიტიკა გულისხმობს როგორც კორუფციის შედეგების, ასევე კორუფციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას და ის მხოლოდ საკადრო ცვლილებებით და დამსჯელი ღონისძიებებით არ უნდა შემოიფარგლოს.
ქვეყანაში დაგროვდა კორუფციასთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება. არსებობს კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკა. ამა თუ იმ სახით კორუფცია თვით ეკონომიკურად განვითარებულ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი არსებობს, მაგრამ არსებობს მათთან ბრძოლის მექანიზმებიც. სწორედ ეს უნდა ავითვისოთ ჩვენ.
დღეს საქართველოში კორუფციის დაძლევას ბევრი ნიჰილისტურად უყურებს, მაგრამ ეს ასე არ არის.
ჩვენ სამოქალაქო ომისა და სისხლიანი კონფლიქტების ნანგრევებზე, ნამსხვრევებზე შევძელით სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. ეს სახელმწიფო, გვჯერა, რომ დაძლევს კორუფციას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აღმავლობას და საქართველოს საერთაშორისო რეიტინგის ამაღლებას. ეს, შეიძლება ითქვას, დღევანდელი სახელმწიფოს ნომერ პირველი პრობლემაა.
იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ქვეყანამ შეძლო კრიმინოგენურ ვითარებაში გარდატეხის შეტანა. არ შემიძლია, ამის შესახებ არ ვთქვა.
1998 წელს ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებას თუ შევადარებთ 1992-94 წლებში არსებულს, ნათლად ჩანს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული კარდინალური პოზიტიური ძვრები. ამ პერიოდში განზრახ მკვლელობათა რიცხვი შემცირდა თითქმის 600 ერთეულით, ანუ 3-ჯერ და მეტად, ყაჩაღურმა თავდასხმებმა იკლო 2700-მდე ერთეულით, ანუ ოთხნახევარჯერ და ა.შ.
1992-94 წლებში ყოველწლიურად ადგილი ჰქონდა სარკინიგზო შემადგენლობიდან ტვირთების 400-მდე დატაცებას; სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალი 300 მილიონ ლარს აღემატებოდა. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ტვირთების დატაცებით სახელმწიფოს პრაქტიკულად ზარალი არ განუცდია.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შედეგად ბოლო პერიოდში დაპატიმრებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია საბაჟო და საგადასახადო სამსახურების თანამშრომელთა ჯგუფები. გამოვლენილი და აღკვეთილია ტვირთების კონტრაბანდული გზით შემოტანის მრავალი ფაქტი და მთელი რიგი სხვა დანაშაულობანი.
მექრთამეობაში, ფულადი სახსრების მითვისებაში მხილებულია სოციალური უზრუნველყოფის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ქ. თბილისის მერიის ცალკეული ხელმძღვანელი მუშაკები. გამოვლენილია სერიოზული დანაშაულობანი საბანკო-საკრედიტო და მთელ რიგ სხვა სფეროებში. ამ დღეებში, ჩვენი მუშაობის შეჯამების დროს, თითოეულ ამ ფაქტზე ძალიან სერიოზული მსჯელობა გვექნება.
გადამჭრელი ზომები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების, პროკურატურის ორგანოების კორუმპირებული თანამშრომლებისაგან გაწმენდის მიზნით. ეს ბრძოლა დაიწყო.
1996-97-98 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ამ სამინისტროს 250-მდე თანამშრომელი, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილია 1000-მდე პირი. ამავე დროს, უსამართლობა იქნება არ გავიხსენოთ, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში შეეწირა 144 თანამშრომელი, ამდენივე დაიჭრა და დასახიჩრდა.
აბსურდულია მავანთა და მავანთა მტკიცება, რომ საქართველო ლამის პოლიციური სახელმწიფოა. ასეთი ბრალდება საკუთარ დემოკრატიულ ქვეყანას მხოლოდ უვიცებმა, უმეცრებმა და ბოროტმა ადამიანებმა შეიძლება წაუყენონ.
სახელმწიფოს ბუნებას, მის დემოკრატიულობას თუ პოლიციურობას სამართალდამცავთა და ძალოვან სტრუქტურათა არა რაოდენობა განსაზღვრავს (თუმცა რაოდენობითაც ჩამოვრჩებით ჩვენი ყალიბისა და მოცულობის ქვეყნებს), არამედ მათ მიერ კონტიტუციის, დემოკრატიული სახელმწიფოს მონაპოვართა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ხარისხი. ასევე მხედველობაშია მისაღები დემოკრატიული აღმშენებლობის, შესაბამისად მათი რეფორმირების და ყოველდღიური საქმიანობის სრულყოფის რთული პროცესის დინამიზმი, არაკეთილსინდისიერი ელემენტებისაგან მათი რიგების წმენდის, პირველ რიგში, თვითგანწმენდის კრიტერიუმები და მაჩვენებლები.
გადაუჭარბებლად ვიტყვი: თავისი დემოკრატიულობით არცერთ განვითარებად სახელმწიფოს არ ჩამორჩება.
ნაყოფიერად მუშაობს იუსტიციის სამინისტროში შექმნილი სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისია.
მუშავდება სააღსრულებო კოდექსის პროექტი (ესეც ევროსაბჭოს კატეგორიული მოთხოვნაა), რომელმაც, ამავე დროს, სამართლებრივი საფუძველი უნდა მოუმზადოს სრულიად ახალი ფორმის პენიტენციალურ სისტემას საქართველოში.
დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებამ წარმოშვა ახალი, აქამდე ჩვენს პრაქტიკაში უცნობი პრობლემებიც. ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს დამოუკიდებლობა პირველ რიგში გულისხმობს მის პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე.
ვფიქრობ, აღარავის უნდა მიაჩნდეს სათუოდ ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ იგი კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად არის მიღებული, სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს. დარწმუნებული ვარ აგრეთვე იმაშიც, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მშვენივრად იციან, რომ მართლმსაჯულების ფუნქცია კანონის აღსრულებაა და არა კანონშემოქმედება. ამიტომ არაფრის მომტანი მგონია მსჯელობა და კამათი იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, ან უნდა მოხდეს თუ არა მოსამართლეთა კორპუსის განახლება. ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ უპირობოდ დავემორჩილოთ მას, დავემორჩილოთ კონსტიტუციას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოთა კონსტრუქციული თანამშრომლობის მძლავრ ინსტრუმენტებად მესახება საქართველოს იუსტიციის საბჭო და უშიშროების საბჭო.
კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს როგორც ხელისუფლების შტოთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, ასევე ეფექტიან და ქმედით მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც სასჯელს ვერ ასცდება ვერც მინისტრი, ვერც დეპუტატი და ვერც მოსამართლე, თუ იგი საკუთარი დამოუკიდებლობის და იმუნიტეტის გამოყენებას ანგარების მიზნით ან სხვა ქვენაგრძნობით შეეცდება. ამ საკითხებზე კიდევ მოგვიხდება ბევრი და სერიოზული მუშაობა.
საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, მისმა სტრუქტურებმა გარდატეხა უნდა შეიტანონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში. როგორც ზემოთ ვთქვი, ამ საქმეში ჩვენ გვექნება მძლავრი საყოველთაო საერთაშორისო მხარდაჭერა.
საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთ-ერთ აუცილლებელ პირობას წარმოადგენდა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ 1950 წლის ევროპულ კონვვენციასთან საქართველოს მიერთება. იუსტიციის სამინისტროში განხორციელდა ღონისძიებები აღნიშნული კონვენციის მოთხოვვნებთან ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოსაყვანად.
უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ფართო კანონშემოქმედებითი საქმიანობა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის, მათი მოღვაწეობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით. მხედველობაში მაქვს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ და სხვა.
დღეისათვის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია 86 პოლიტიკური გაერთიანება, 172 საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ფონდი).
ეს ციფრები მეტყველებენ საზოგადოების აქტიურ როლზე ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროებში და იმავე დროს იმ მუშაობაზე, რომელსაც საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება ეწევიან პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსის მისაღწევად.
ბევრი პოლიტიკური პარტია წარმოდგენილია პარლამენტში, ბევრი მათგანი ქმნის საპარლამენტო და პარლამენტგარეშე ოპოზიციას.
საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლება ნაყოფიერად თანამშრომლობს საპარლამენტო ფრაქციებთან, და მე ამას განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნავ. ფრაქციები პარლამენტში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ უკან სამოქალაქო საზოგადოებაში დგას გავლენიანი პარტიები და პოლიტიკური მოძრაობები. ისინი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანულ ნაწილებს წარმოადგენენ. მათთან დღეს სერიოზულად თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
კამათი, დისკუსია, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ დროა ამაღლდეს პოლიტიკურ ურთიერთობათა კულტურა და შინაარსი. კამათს შეურაცხმყოფელი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და ეს ყველამ უნდა გავიაზროთ.
ხელისუფლებისა და პროფკავშირების ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისათვის.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოუდგენელია ე.წ. მეოთხე ხელისუფლების - თავისუფალი მასმედიის, პრესის, რადიოსა და ტელევიზიის, მასობრივი კომუნიკაციების განვითარების გარეშე.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ოფიციოზური მასმედიის, ასევე ოპოზიციური პრესის, რადიოსა და ტელევიზიის განვითარებას, რადგანაც ამის გარეშე არ არსებობს დემოკრატია, სიტყვისა და პრესის თავისუფლება.
ჩვენი უდიდესი მონაპოვარია პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის პრესისა და სიტყვის თავისუფლება. უახლოესი ამოცანაა პრესის, სიტყვის თავისუფლების საზოგადოებაში უკვე მიღწეული დონის კიდევ უფრო განმტკიცება, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის კიდევ უფრო სრულყოფა. საჭიროა ისეთი კანონების მიღება ან არსებულ კანონმდებლობაში ისეთი კორექტივების შეტანა, რომლებიც გამორიცხავენ ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი პიროვნების შეურაცხყოფას, ადამიანის ღირსების შელახვას, მით უმეტეს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფალთა ავტორიტეტისა და ღირსების უსაფუძვლო ხელყოფას, რადგანაც ასეთი ქმედება ხელს უშლის პოლიტიკოსებს ქვეყნის მართვა-გამგებლობის ეფექტიანად განხორციელებაში.
კარგად უნდა გავაცნობიეროთ: ადამიანის ღირსების დაცვა პიროვნების თავისუფლებებისა და უფლებების დაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილია. ღირსების ხელყოფა და ცილისწამება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფაა. ნებისმიერ ადამიანს კონსტიტუციით, კანონით აქვს დაცული ღირსეული ცხოვრების უფლება.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა იმ დისკუსიაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ეროვნული პირადობის მოწმობაში, სხვა სამოქალაქო აქტებში, დოკუმენტებში ეროვნული რეკვიზიტის შეტანის თაობაზე. თქვენ იცით, რომ მე ჩემი შეხედულებები ჩამოვაყალიბე პროექტის სახით და წარვადგინე პარლამენტში. მე ვგულისხმობდი, რომ ასეთი ჩანაწერი საკმარისი იქნებოდა დაბადების მოწმობასა და სხვა სამოქალაქო აქტებში.
კანონის მიღების შემდეგ მდგომარეობა გამწვავდა და ჩვენი საზოგადოება, ასე ვთქვათ, შეაშფოთა ამ დისკუსიის მასშტაბებმა. დისკუსიამ არა მარტო მწვავე, არამედ ხშირად მიუღებელი ხასიათიც შეიძინა და მე ეს მაწუხებს. დისკუსია ასეთ საკითხზე ჩვეულებრივი მოვლენაა და მიუღებელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ დიდი სკოლა გავიარეთ და საკმაოდ მწარე გამოცდილებაც მივიღეთ.
აქ, მაგალითად, არგუმენტად არ გამოდგება, რომ „ვიღაც დაბერდა და დინების საწინააღმდეგოდ ვეღარ მიაბიჯებს, ვეღარ მიცურავს“, არც ის ჭორი, რომ საპატრიარქო ოდესღაც სპეცსამსახურის ფილიალი ყოფილა. ეს არ არის დისკუსია. ამას მე შეურაცხყოფასაც ვეღარ ვუწოდებ. ეს რაღაც უფრო მეტია. ეს უბედურებაა, როცა ქვეყანაში შესაძლებელია ასეთი რამ ითქვას წმინდა ინსტიტუტის და მისი ხელმძღვანელის შესახებ, როგორიც არის, ვთქვათ, საქართველოს საპატრიაქო...
საგანგაშო ის კი არ არის, დისკუსია რომ მიმდინარეობს, საგანგაშო ის არის, ასეთ გამოვლინებებთან, გამოთქმებთან რომ გვაქვს საქმე. ეს არ მიანიშნებს ჩვენს მაღალ კულტურაზე. რატომ უკვირს ვინმეს განსხვავებული აზრი? მე, მაგალითად, სიამოვნებით წავიკითხე ქალბატონ მანანა გიგინეიშვილის წერილი. ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ადამიანის, ინტელექტუალის მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ სჯობია საკითხის გადაწყვეტა. მეც, როდესაც ხელმეორედ შემოვედი პარლამენტში ამ მოსაზრებით, ვხელმძღვანელობდი იმით, რომ არ მაქვს უფლება, არ გავუწიო ანგარიში ჩვეულებრივ თბილისელ მოქალაქეებს, არა ელიტას, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს; არ მაქვს უფლება, არ გავუწიო ანგარიში, თუ როგორ ფიქრობს, მაგალითად, აჭარის მოსახლეობა, - და ჩემი ინფორმაციით, 70-80%25 აჭარის, განსაკუთრებით მთიანი აჭარის მოსახლეობისა, მოითხოვს, რომ ეროვნება ჩაიწეროს; არ მაქვს უფლება, არ გავუწიო ანგარიში იმას, თუ როგორ ფიქრობენ ახალქალაქში, მარნეულში, ცხინვალში - ქართველებიც და ოსებიც. და
მე ვიცი, როგორ ფიქრობენ... ძალიან სერიოზული დაფიქრება გვმართებს.
მე არ მაქვს უფლება, არ გავითვალისწინო, როგორ იმსჯელებს ამ პრობლემაზე აფხაზი და სხვა ერის წარმომადგენელი აფხაზეთში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდება. ამიტომ მე ვეთანხმები აზრს, რომ ცოტა მოვიცადოთ, ნუ ვიჩქარებთ. იქნებ მოვძებნოთ ფორმა იმისათვის, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს, დადუღდნენ, დამშვიდდნენ. ნორმალურ ვითარებაში, დარწმუნებული ვარ, მოვძებნით ყველაზე უფრო ბრძნულ და გონივრულ გადაწყვეტას. ჩატარდება აღწერა, ზოგიერთი სხვა ღონისძიება და ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება.
მაგრამ მე ახლა იმდენად საკითხის არსებით მხარეს არ ვეხები, რამდენადაც განხილვის ფორმის მიუღებლობას. ჩვენ პატარა პრობლემის გამოც კი ლამის აუცილებლად მივაღწიოთ საზოგადოების ორად გათიშვას. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ ვისწავლოთ კამათი, ვისწავლოთ განსხვავებული აზრის პატივისცემა, დაბოლოს და ბოლოს, ვეძიოთ ეროვნული და საერთო სახელმწიფოებრივი კონსენსუსის მიღწევის გზები და საშუალებები.
მასმედია, პრესა, რადიო, ტელევიზია კულტურის შემადგენელი ნაწილია. იმაზე დიდი უკულტურობა რა არის, ვიდრე ადამიანის შეურაცხყოფა და ღირსების ხელყოფა.
სამოქალაქო საზოგადოებაში ხელი უნდა შევუწყოთ ომისა და შრომის ვეტერანთა, ქალთა მოძრაობას, ახალგაზრდული და სტუდენტთა ორგანიზაციების, არასამთავრობო სტრუქტურების, ბიზნესმენთა და მეწარმეთა გაერთიანებების საქმიანობას.
განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებისა და უფლებების დაცვას, მით უმეტეს, რომ საქართველო მრავალეროვნული სახელმწიფოა. ამ თვალსაზრისით ნაყოფიერ მუშაობას ეწევა სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურა. მხოლოდ სწორი პოლიტიკის ბაზაზე შეიძლება სეპარატისტული გამოვლინებების, ეროვნული შუღლის, დაპირისპირებების, რეციდივის აღმოფხვრა.
მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რა ჩაიწერება პირადობის ან დაბადების მოწმობაში, რამდენადაც ის, რომ მას არ კრძალავ. მიაქციეთ ყურადღება ევროსაბჭოს კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა თაობაზე. გამოკვეთილი აზრი არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის თვალსაზრისი, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება, მოითხოვოს, რომ მისი ეროვნული კუთვნილება დაფიქსირებული იყოს ამა თუ იმ დოკუმენტში.
ამიტომ საქართველოში მცხოვრები ხალხები - აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, სხვები - არ უნდა გრძნობდნენ საფრთხეს, რომ მათს ეროვნულ თვითმყოფადობას, ამ ფენომენს რამე საფრთხე ემუქრება. მაშინ ისინი ნამდვილი პატრიოტები, ნამდვილი მოქალაქეები გახდებიან საქართველოსი და ასეთი საკითხებიც მაშინ სადავო აღარ იქნება.
ვფიქრობ, სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კადრები ჩვენი სკოლებისათვის, დაწესებულებებისათვის, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა რაიონებს ემსახურებიან, ძირითადად საქართველოში მოვამზადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
უნდა გაუმჯობესდეს ეროვნულ უმცირესობათა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ცხოვრების პირობები; უნდა დავიცვათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული ყველა უფლება და თავისუფლება. ეს ეხება საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, ებრაელებს, ბერძნებს, ასირიელებს, ქურთებს და სხვა ეროვნების ადამიანებს. ისინი საქართველოს შვილები არიან. არ შეიძლება საერთო-სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტა მათი აზრისა და ინტერესების გაუთვალისწინებლად.
სრულიადაც არ ვხელმძღვანელობდი კონიუნქტურული მოსაზრებით, როდესაც ჩვენს დიდად პატივცემულ უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დავით აღმაშენებლის პირველი ორდენი გადავეცი. მე ასევე გულწრფელი ვიყავი და არც აქ არსებობდა კონიუნქტურა, როცა საქართველოს ყველა რელიგიური მიმდინარეობის მეთაურები სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებით დავაჯილდოვე. ამით მე ვეუბნები მათ, რომ ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ, პატივს ვცემთ ყველა რწმენას, თუკი ის კონსტიტუციის ფარგლებში თავსდება.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მით უფრო წმინდა, ძლიერი და თავისუფალი იქნება, რაც უფრო ძლიერი იქნება მართლმადიდებელი ეკლესია, საპატრიარქო, საერო და სასულიერო ხელისუფლებათა კავშირი; რაც უფრო სრულად განხორციელდება სინდისის თავისუფლება, ყველა რელიგიის და კონფესიის თავისუფლება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.
წმინდა სამების ტაძარი - საუკუნის მშენებლობაა. მისი აშენება ეროვნული ღირსების საქმეა. ეს ტაძარი საუკუნისა და ათასწლეულის სიმბოლო გახდება.
ჩვენმა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად უნდა განახორციელოს დემოგრაფიული პროგრამა. პროგრამის შედგენა მიმდინარეობს და იგი პრეზიდენტის ბრძანებულების სახით ჩამოყალიბდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ მარტო პროგრამის შედგენა არ კმარა. მთავარია დაფინანსების წყაროები, მატერიალური დონე. თანდათანობით ამ პროგრამებში ამ ელემენტებსაც გავითვალისწინებთ.
მომზადდა და პრეზიდენტმა დაამტკიცა „საქართველოს მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო პროგრამა“. ეს პროგრამა შეისწავლეს და მოიწონეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა. ამ პროგრამიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკმა საქართველოსათვის მოამზადა „დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალური განვითარების პროექტი“ და მისი განხორციელების მიზნით დამატებით გამოიყო 20 მლნ აშშ დოლარის გრძელვადიანი კრედიტი.
შეიძლება პირდაპირ ითქვას: - კონსტიტუციის მიღების შემმდეგ თვითმმართველობაზე გადასვლა არის ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში.
საკრებულოს არჩევა ქმნის რეალურ საფუძველს, რათა ცხოვრებაში განხორციელდეს ის პრინციპები, რომლებსაც ითვალისწინებს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.
თვითმმართველობის შემოღებასთან ერთად ქვეყანაში პრინციპულად იცვლება ადგილობრივი მმართველობის სისტემა.
საკრებულოების კომპეტენციაშია ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორებიცაა ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცება, მათ შესრულებაზე კონტროლი და ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამათა მიღება და სხვ.
ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე რაიონის, ქალაქის ხელმძღვანელს ნიშნავს პრეზიდენტი, - ამაში არაფერია საშიში, მიგვანიშნებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი განვითარების ამოცანათა ჰარმონიულობაზე. სწორედ ასეთი ჰარმონიულობის პრაქტიკულად მიღწევა არის უმთავრესი მიზანი პრეზიდენტის, მისი რწმუნებულების, გამგებლების და მერების საქმიანობაში, ისევე როგორც მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებაში. იმავე მიზანს უნდა ემსახურებოდნენ საკრებულოები.
საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა მმართველობის ერთიანი სისტემა იმ რეალობათა გათვალისწინებით, რომელშიც გვიხდება ცხოვრება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის წარმართვა.
ჩვენი საქმიანობის შემდგომი ეტაპი დაკავშირებული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, რის შემდეგაც საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით, მიიღებს დასრულებულ სახეს.
მანამდე კი აჭარის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ და მათთან ერთად შეიძლებოდა აჩქარების, ვნებათაღელვის გარეშე, მშვიდად და წყნარად დაგვეწყო მუშაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც ერთიანი საქართველოს ფარგლებში არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის პოლიტიკური სტატუსის კონსტიტუციის დონეზე ჩამოსაყალიბებლად და სხვა სამართლებრივი ასპექტების გადასაწყვეტად.
ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, მუნიციპალური ხელისუფლების სრულყოფილად ამოქმედებისათვის აუცილებელია, რომ გამოირიცხოს საკრებულოებისა და მერიების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების კონფლიქტები და ურთიერთდაპირისპირება. ფაქტია, რომ ბევრი საკრებულო საკმაოდ პოლიტიზირებულია. ეს, ერთი მხრივ, მისასალმებელია, რადგან რაიონების, ქალაქების, თემების ცხოვრებაში ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობს. მეორე მხრივ, მრავალპარტიულობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს მოსახლეობის ინტერესებისათვის მიზანმიმართულ და შეთანხმებულ საქმიანობაში. სწორედ ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა საკრებულოებისა და მერიების, გამგეობების ურთიერთობაში.
იქნებ ღირდეს რწმუნებულების, გამგებლების, მერების, საკრებულოთა ხელმძღვანელების 2-3-დღიანი შეხვედრა-დიალოგი დედაქალაქში პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელმძღვანელთა მონაწილეობით?!
ვიფიქროთ ამ საკითხზე. შეიძლება, მართლაც ღირდეს.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე რთული სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ მთავრობის სხდომაზე შეჯამდა 1998 წლის წინასწარი ეკონომიკური შედეგები, დაისახა კრიზისის დაძლევის პროგრამა. ამიტომ ამ მოხსენებაში მე შევეხები მხოლოდ ეკონომიკის ძირითად პრობლემებსა და ტენდენციებს, პერსპექტივებს 2000 წლამდე.
1998 წელს, ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისული სიტუაციის გამო ზრდის ტემპების სერიოზული შენელების მიუხედავად, კვლავაც გრძელდებოდა წინა წლებში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციებიც. ასეთ სიტუაციაში ძნელია დადებით ტენდენციებზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტი უნდა აღინიშნოს.
წინასწარი შეფასებით, 1998 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლებთან შედარებით 2,9%25-ით გაიზარდა.
მაგრამ მდგომარეობა კვლავ კრიზისულია.
გადაუჭრელ პრობლემათა შორის მასშტაბებითა და სიმწვავით ერთ-ერთი პირველთაგანია სამრეწველო წარმოების განვითთარებაში შექმნილი პრობლემები. 3131 მოქმედი სამრეწველო საწარმოდან თითქმის ერთი მესამედი გაჩერებულია. ასეა თბილისში, ასეა რეგიონებში.
დღეს, როგორც არასდროს, მწვავედ დგას ქართული ნაწარმის ფალსიფიკაციასთან, ქვეყანაში ფალსიფიცირებულ, იაფი პროდუქციის იმპორტთან ბრძოლის საკითხი. კონტრაბანდული იმპორტი ანგრევს ეკონომიკას, ძირს უთხრის მეწარმეობას.
ამ საქმეში სახელმწიფო წესრიგის დასამყარებლად კატეგორიული დავალება მიეცათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურას, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროებს, საბაჟო, საგადასახადო სამსახურებს, სასაზღვრო დეპარტამენტს.
აგრარულ სექტორში საწარმოო-ეკონომიკური და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების კვალობაზე ბოლო წლებში თანდათან იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწარმოო პოტენციალი როგორც მეცხოველეობაში, ასევე მიწათმოქმედებაში.
მისასალმებელია საკრედიტო კავშირების საქმიანობა, ამ საქმეში ევროკავშირის უნიკალური როლი.
დასტაბილურდა მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი კულტურების ფართობები. მიწის რეფორმამ იხსნა სოფელი, განსაკუთრებით კი მთელი რიგი დარგები, რომლებიც, ფაქტობრივვად, დაღუპვის საფრთხის წინაშე იდგნენ.
ცხადია, მწვავე საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც 1998 წლის მეორე ნახევარში განვითარდა და გამძაფრდა, უპირველეს ყოვლისა, სამრეწველო და საერთოდ ეკონომიკური პოტენციალის გამოუყენებლობითაა განპირობებული.
ამჯერად მრეწველობის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად სერიოზულ მუშაობას ეწევა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაღალხარისხოვანი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნით საკუთარი ბაზრის ათვისების, სხვა ქვეყნის ბაზარზე შეღწევის მიზნით. ეს საშვილიშვილო მოძრაობა დაიწყო და მისი ხელშეწყობა მთელი სახელმწიფოს, მმართველობის ყველა ეშელონის ბრალია.
მიუხედავად საგანგაშო მდგომარეობისა, კარგი მაგალითები გვაქვს მრეწველობის ცალკეული დარგების, ცალკეული დიდი ობიექტების ამოქმედებაში.
დაიწყო აღმავლობა თბილისში, გამოცოცხლდა საავიაციო ქარხანა, ელმავალმშენებელი, ვაგონშემკეთებელი ქარხნები და მრავალი სხვა ობიექტი. გადარჩა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და მასთან ერთად მნიშვნელოვანწილად ჭიათურა, დადებითი ძვრებია ტყიბულში, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ ქუთაისში, ბათუმში, ამოქმედდა „აზოტი“, რუსთავის ცემენტის ქარხანა.
დღეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ მეტალურგებს. შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია. მინდა განვაცხადო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მეტალურგიის გადასარჩენად და ამ მიზანს მივაღწევთ.
1998 წელი უმძიმესი გამოდგა სოფლის მეურნეობისათვის, კატასტროფულმა გვალვებმა უდიდესი ზიანი მოგვიტანეს. წინასწარი მონაცემებით 1998 წელს 1997 წელთან შედარებით მარცვლეულის წარმოება შემცირდა 300 ათასი ტონით, მზესუმზირისა - 16 ათასი ტონით, ხილისა - 50 ათასი ტონით, ყურძნისა - 50 ათასი ტონით.
აგრარული პოლიტიკის ფორმირებაში უდავოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი, განსაკუთრებით ევროკავშირის ძალისხმევა.
აგრარულ სექტორში ბევრი საინტერესო პროგრამა და პროექტი გვაქვს. უნდა უზრუნველვყოთ ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დროულად დაფინანსება.
რადაც უნდა დაჯდეს, უნდა გამოიძებნოს სახსრები თუნდაც ერთი დარგის, მეჩაიეობის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. საკუთარი და უცხოური რესურსების მობილიზაციით ამის გაკეთება შესაძლებელია. როგორც მინიმუმი, ეს თანხა, მოზიდული ინვესტიციების ჩათვლით, 5 მლნ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მეჩაიეობაში ჩადებული ყოველი ლარი ათმაგად ანაზღაურდება.
უნდა დავეხმაროთ სხვა დარგებსაც.
ცალკე თემაა საქართველოს მთის გადარჩენა-განვითარება. მზადდება კანონი. ბევრს აკეთებს პარლამენტის ხელმძღვანელობა, თვითონ ზურაბ ჟვანია.
მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი და ბაკურ გულუას რომში ვიზიტს შედეგად მოჰყვა მთის ორი რაიონის - დუშეთისა და ყაზბეგის აღორძინების პროგრამის შემუშავება. ეს იქნება საინტერესო ექსპერიმენტი საკმაოდ უხვი დაფინანსებით.
სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგეტიკის წინაშე მდგარი პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა. კვლავინდებურად მწვავედ დგას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხი. და ესაა პრობლემათა პრობლემა.
1998 წლის დეკემბრის თვეში „საქენერგოს“ სისტემაში დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება შეადგენს 60,8%25-ს.
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ქ. ქუთაისში, სადაც მოხმარებულია 10,8 მლნ ლარის ღირებულების ელექტროენერგია, ხოლო საბანკო ანგარიშზე შემოსულია მხოლოდ 817 ათასი ლარი, ზუგდიდისა და სამტრედიის რაიონებში, ბორჯომში, მცხეთაში, მარნეულში, ასევე ქ. რუსთავში.
მთლიანად ქვეყანაში „საქენერგოს“ მიმართ დებიტორულმა დავალიანებამ 294 მლნ ლარს მიაღწია.
დედაქალაქის ენერგორესურსებით მომარაგების ამოცანის გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „თელასის“ პრივატიზაციის წარმატებით განხორციელება, თუმცა დიდი გარრდატეხა ჯერჯერობით არა გვაქვს. თელასის სისტემაში აღმოსაფხვრელია კორუფცია. გვაფიქრებს გაუგებრობანი საქენერგოსა და „თელასს“ შორის, „თბილსრესის“ პერმანენტული ავარიები. ბუნებრივია, ეს მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს.
აუცილებელია მივაღწიოთ ენერგეტიკის სხვა ქვედარგების, ნახშირისა და, განსაკუთრებით, ნავთობმომპოვებელი მრეწველობის აღორძინებას. გთხოვთ, ამ თემას პარლამენტარებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.
ყველა მონაცემებით დასტურდება ნავთობის დიდი მარაგი კახეთში, სადაც მძლავრი უცხოური კომპანიები აწარმოებენ სამუშაოებს. ნავთობისა და გაზის შესახებ კანონი სრულყოფილი უნდა იყოს, იმ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადრე ხელმოწერილ კონტრაქტებში იყო ჩამოყალიბებული.
მთავრობისა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს უდიდესი ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა უკანასკნელი პერიოდის კრიზისის დაძლევა და საქართველოს ენერგოსისტემის გამომუშავებამ თითქმის 8.1 მლრდ კვტ. სთ-ს მიაღწია.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის საქმეშიც: 1998 წლის 22 დეკემბერს ევრობანკთან გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰეს-1“-ის სარეაბილიტაციოდ 38,74 მლნ აშშ დოლარი გამოიყო. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება ენგურჰესზე ევროკომისიის გრანტით.
ხელი მოეწერა იაპონიის საზღვარგარეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდთან საკრედიტო ხელშეკრულებას (5,332 მლრდ. იაპონური იენი), რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ლაჯანურჰესისა და „ხრამჰეს-2“-ის, ქუთაისისა და თბილისის სადისპეტჩერო ცენტრებისა და კომუნიკაციების რეაბილიტაცია.
1998 წელს წინა წელთან შედარებით ნახშირის მოპოვების მოცულობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
ინიციატივიანად მუშაობს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია.
დღის წესრიგში დგას საქართველოში ანომალიური კლიმატური სიტუაცია, რომელმაც, როგორც ზემოთ ითქვა, კატასტროფული გავლენა მოახდინა ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაზე. ეს თემა, ალბათ, ჩვენი მუშაობისა და დისკუსიის მუდმივ თემად უნდა იქცეს.
აუცილებელია ამ საკითხის კომპლექსური შესწავლა სხვადასხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საჭიროა მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზირების მეცნიერულ დონეზე დაყენება.
დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ პლანეტაზე უკვე დაიწყო გლობალური დათბობა და სარტყელი, რომელსაც საქართველო განეკუთვნება, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა (თითქოს სხვა უბედურება არ გვეყოფოდა). დარწმუნებული ვარ, დაიწყება საგანგებო საერთაშორისო პროგრამების შემუშავება სხვადასხვა რეგიონებისათვის. დროულად უნდა აღვიჭურვოთ სათანადო არგუმენტებით.
გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მშენებლობის დარგში. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საინვესტიციო დოკუმენტაციის სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის შესახებ“. 1998 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის კონცეფცია, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა გეგმა, რომელიც უახლოეს წლებში განხორციელდება.
გრძელდება მუშაობა კანონზე „ბინათმფლობელთა ასოციაციების შესახებ.“ დამუშავების სტადიაზეა საქართველოს ურბანიზაციის კონცეფცია.
აღმავლობის გზაზეა ტრანსპორტი, რომელმაც მიაღწია განვითარების ძალიან სწრაფ ტემპებს და ეს მისასალმებელია.
1998 წელს ყველა სახის საერთო სარგებლობის ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22 პროცენტით, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 17 პროცენტით. მიღებულია 528 მლნ ლარის შემოსავალი, რაც 43 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამავე პერიოდში ფოთისა და ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურებში გადამუშავებულია 7.100 ათასი ტონა ტვირთი, ზრდამ გასული წლის პერიოდთან შედარებით 34 პროცენტი შეადგინა.
ტრანსპორტის, ისევე როგორც კავშირგაბმულობის სფეროში მიღწეული პირველი წარმატებები დიდი აბრეშუმის გზის, „ტრასეკას“ პროექტის განხორციელების დაწყებას მოასწავებს. დარგის პერსპექტივები მართლაც განუსაზღვრელია და ქვეყანა დიდ სარგებლობასაც მიიღებს.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ფოთის და ბათუმის ნავსადგურების განვითარების პრობლემები, დავიწყეთ მუშაობა ანაკლიის განვითარების პროექტზე, რომლის განხორციელება, რა თქმა უნდა, მხოლოდ უცხოური ინვესტიციების გონივრული მოზიდვითაა შესაძლებელი.
დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს საავტომობილო გზების, რკინიგზის ტრანსპორტის განვითარებას. სამწუხაროდ, ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას გზების განვითარებისა და კეთილმოწყობისათვის გავიღოთ თუნდაც ის თანხები, რაც კანონითაა გათვალისწინებული. შევეცდებით წლის განმავლობაში გამოვძებნოთ სახსრები დანაკლისის შესავსებად.
აქვე მინდა შევნიშნო, რომ დიდ იმედებს ვამყარებთ ბათუმისა და ფოთის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელებზე, ისევე, როგორც საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარებაზე.
ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში აქტიური ინტეგრაციის პროცესი.
ამჟამად დამყარებულია მჭიდრო თანაშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან, გაეროს სააგენტოებთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვთარების ბანკთან და სხვა.
თუ 1996 წლის შუა პერიოდისათვის ევრობანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული იყო სულ 2 პროექტი (საერთო ღირებულებით 22 მლნ ეკიუ), 1998 წლის პირველი ნახევრისათვის მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა, თითქმის 79 მლნ ეკიუს საერთო ღირებულებით.
მნიშვნელოვანი სახსრებია მიღებული ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „ტასისის“ ფარგლებში.
მთლიანობაში, 1991 წლიდან პროგრამა „ტასისის“ ფარგლებში ტექნიკური დახმარების ეროვნული პროგრამებისათვის საქართველოს სულ გამოეყო 67 მლნ ეკიუ. ეს თანხა თანაბრად განაწილდა ყველა სფეროსა და რეგიონზე.
ინფორმაცია „ტასისის“ პროგრამის 1998-99 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ განიხილა და მოიწონა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭომ.
საქართველოს დიდ დახმარებას უწევენ აშშ, გერმანია, იაპონია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების აქტივიზაცია.
1998 წელს დევნილთათვის დახმარების კომპლექსური პროგრამის მიხედვით დონორებმა გამოყვეს ხუთი მილიონი აშშ დოლარი.
როგორც ცნობილია, 1998 წლის დასაწყისიდან ტრადიციული სახის ჰუმანიტარული დახმარება შემცირდა. ამიტომ ამჟამად ხორციელდება მოსახლეობის სოციალური რეაბილიტაციის პროექტები. აღნიშნულ პროექტებში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობამ 1997-98 წლებში 40.000-ს მიაღწია.
საქართველოს ბისეკთან თანამშრომლობის მთავარი მიზანია შავი ზღვის ქვეყნებთან ყოველმხრივი თანამშრომლობა. როგორც ცნობილია, საქართველომ 1998 წლის 23 ოქტომბრიდან აიღო ბისეკის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციები და ეს ფორმალური მოვლენა არ უნდა იყოს.
აქ მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან.
ვითარდება საქართველო საგარეო ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები. 1998 წლის მაჩვენებლებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1242,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი მაჩვენებლის 105 პროცენტია. აქედან, ექსპორტის მოცულობა 194 მლნ აშშ დოლარია (ანუ წინა წელთან შედარებით 19%25-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1048,6 მლნ აშშ დოლარი (წინა წელთან შედარებით 11 პროცენტით მეტი). მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ საექსპორტო პროდუქციის წარმოებამ და მისთვის ბაზრების მოძიებამ ინტენსიური ხასიათი მიიღოს.
მთავრობამ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ ძირფესვიანად უნდა გარდაქმნან მუშაობა ამ მიმართულებით.
ახლა, მოკლედ - 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ძირითადი შედეგების (შემოსავლები, ხარჯები, დეფიციტი), საფინანსო კრიზისის გამომწვევი მიზეზებისა და მისი დაძლევის გზების შესახებ.
ამ საკითხზე პარლამენტი ცალკე მოხსენებას მოისმენს, მაგრამ მე ძირეული მნიშვნელობის ზოგიერთ პრობლემაზე მაინც შევჩერდები.
1998 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 676,3 ლარი, რაც წლის საგეგმო დავალების 90%25-ს შეადგენს.
დაგეგმილსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის არსებული გარღვევის უდიდესი ნაწილი (93 მლნ ლარამდე) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის ძალზე დაბალი დონითაა განპირობებული.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულია 350 მლნ ლარი, ანუ დაგეგმილი დონის (443 მლნ ლარი) მხოლოდ 79%25.
სახელმწიფო სპეციალური ფონდების შემოსავლების ხაზით გასულ წელს მიღებულია 142 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ დონეზე მთელი 28 მლნ ლარით ნაკლებია. მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის ფონდში მობილიზებულია 110 მლნ ლარი, ანუ დაგეგმილი დონის 82%25, საგზაო ფონდში - შესაბამისად - 30 მლნ ლარი, ანუ 94%25, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დასაქმების ფონდში, გეგმა მხოლოდ 78%25-თაა შესრულებული.
საგადასახადო დეპარტამენტის 1998 წელს მობილიზებულმა მთლიანმა შემოსავლებმა (სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში) 327 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში დაგეგმილი მაჩვენებლის (372 მლნ ლარი) 88 %25-ია.
1998 წელს საბაჟო სისტემაში მთლიანად მობილიზებულია 209,2 მლნ ლარის შემოსავალი, რაც, მართალია თითქმის 20 %25-ით აღემატება წინა წლის დონეს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა საგეგმო დავალების (263 მლნ ლარი) შესასრულებლად და ამ მაჩვენებლის მხოლოდ 79,4%25-ს შეადგენს.
სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციაში შექმნილმა ურთულესმა მდგომარეობამ განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების უაღრესად დაძაბული მიმდინარეობა და მძიმე, მე ვიტყოდი, კრიზისული განწყობილება ჩვენს მოსახლეობაში.
ცენტრალური ბიუჯეტის საკასო ხარჯებმა შეადგინა 653 მლნ ლარი, რაც გეგმით გათვალისწინებული მოცულობის (760,2 მლნ ლარი) მხოლოდ 86%25-ია. ჯანდაცვის სფერო დაფინანსებულია მხოლოდ 63%25-ით, განათლება - 64%25-ით, თავდაცვის სფერო - 91%25-ით, კულტურა, სპორტი, რელიგია - 86%25-ით, სოფლის მეურნეობა - 61%25-ით, სოცდაზღვევა და სოცუზრუნველყოფა - 91%25-ით და ა.შ.
1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხელფასების დავალიანებამ ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ჯამში 20 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო გაუცემელი პენსიების საერთო რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 52 მლნ ლარი შეადგინა.
მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ხელისუფლება იძულებული გახდა 1998 წლის ბიუჯეტში შეეტანა შესწორებები - განეხორციელებინა საბიუჯეტო ხარჯების სეკვესტრი.
საქართველოს ეკონომიკაში 1998 წლის მეორე ნახევარში შექმნილი კრიზისი მნიშვნელოვანწილად განვითარდა გარეშე ობიექტური ფაქტორების მოქმედების შედეგად და, უპირველეს ყოვლისა - მსოფლიო გლობალური, ეკონომიკური კატაკლიზმების გამოძახილს წარმოადგენს.
თანამედროვე მსოფლიო საფინანსო კრიზისს, რომელმაც საქართველომდეც მიაღწია, დასაბამი მისცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 1997 წელს აღმოცენებულმა მწვავე საფინანსო-სავალუტო კრიზისმა, ხოლო რუსეთში, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების გამო არასტაბილურობის ტალღა მთელ მსოფლიოს შეეხო.
მისი ზემოქმედება ირიბი ზეგავლენით ამერიკისა და ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც მისწვდა და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მან მძაფრი სირთულეების წინაშე დააყენა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც.
ამდენად, ბუნებრივია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმირებადი, ფაქიზი ეკონომიკური სისტემა სერიოზული განსაცდელის წინაშე დადგა.
მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამას პარლამენტი ცალკე განიხილავს, მისი ტექსტი პარლამენტარებს დარიგებული გაქვთ, ამიტომ აქ ანტიკრიზისული პროგრამის მხოლოდ ზოგიერთ დებულებაზე შევჩერდები.
ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისის თვეში, გალში მომხდარი, გარედან ინსპირირებული მოვლენების შედეგად დაიწყო, რამაც ქვეყანაში 50 ათასი ახალი ლტოლვილის გაჩენა და, შესაბამისად, დაუგეგმავი ხარჯების გაწევა გამოიწვია. ამ მოვლენასთან დაკავშირებული მარტო 1998 წელს გაწეული ხარჯები 10 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის დიდი ნაწილი პრეზიდენტის ფონდმა მიიღო.
რუსეთის კრიზისის ნეგატიური ზეგავლენის შედეგად, ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მთლიანი ზარალი 100-150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
კატასტროფული გვალვების გამო, ქვეყნის სოფლის მეურნეობისადმი მიყენებულმა საერთო ზარალმა 1998 წელს წინასწარი შეფასებით 140-150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ენერგეტიკულ სექტორში სირთულეების მიზეზით ქვეყანას 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია დააკლდა და სხვა.
დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველომ, მისმა ეკონომიკამ, რომელიც ეს-ესაა გამოვიდა აბსოლუტური კოლაფსის მდგომარეობიდან, 450-500 მილიონი დოლარის დანაკარგი განიცადა. ამის ატანა, რა თქმა უნდა, ძნელია ეკონომიკურად ისეთი სუსტი სახელმწიფოსათვის,როგორიც საქართველოა.
მსოფლიო საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო, ევროპული საფინანსო ცენტრები, დონორი ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის უხვად გვეხმარებოდნენ, იძულებული გახდნენ უზარმაზარი რესურსები აზიაში, რუსეთში, სამხრეთ ამერიკაში, სხვა რეგიონებში აზვირთებული კრიზისული ტალღების ჩასაცხრობად წარემართათ.
ამ მოვლენების ანალიზის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს საბიუჯეტო კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე მსოფლიო ფინანსური კრიზისის ნეგატიური გავლენის შედეგიც იყო. ეს ერთი. მეორე. ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, თავისი საფუძველი ჰქონდა ეროვნულ ეკონომიკაშიც. და მესამე, ხელისუფლებამ, ასე თუ ისე, სწორი გზა აირჩია კრიზისის დასაძლევად და, საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ვცდილობთ შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ნაკლები ტკივილებით გამოვიდეთ კრიზისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც სისტემატურად იხილავს ქვეყნის საფინანსო სფეროში შექმნილ ვითარებას და შესაბამის რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს. სახელმწიფო მინისტრთან, ვაჟა ლორთქიფანიძესთან აქტიურად ფუნქციონირებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის მიმდინარეობას.
უშუალოდ საბიუჯეტო-სავალუტო კრიზისის დაძლევის ღონისძიებები კი ძირითადად ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს: ჯერ ერთი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბიუჯეტში შემოსავლების მაქსიმალური მობილიზაცია და, მეორე, აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯების რაციონალიზაციის მიღწევა.
საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობების დაცვის უზრუნველყოფა, თუ საჭიროა, მათი გაუმჯობესება, და ამ მიზნით შესაბამისი სამსახურების საქმიანობის რეალურად გარდაქმნა; ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების საიმედოდ დაცვა და კონტრაბანდის აღკვეთა; აქციზური მარკების დადგენილ ვადებში შემოღება (1 მარტიდან აქციზური მარკის გარეშე არც ერთი კოლოფი სიგარეტი და არც ერთი ბოთლი სპირტიანი სასმელი არ უნდა გაიყიდოს და არც გაიყიდება); ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა; მაკონტროლებელი ორგანოების მუშაკთა, საგადასახადო და საბაჟო ინსპექტორების სტიმულირების სისტემის შექმნა, მათი ფუნქციების მკაცრად განსაზღვრა და რეგლამენტაცია - ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს; კორუფციასთან აქტიური ბრძოლა; ქვეყანაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების, შესრულებისა და კონტროლის პროცედურების შემდგომი სრულყოფა და სხვ.
ქვეყნის ეკონომიკაში, საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროში განვითარებული კრიზისული მოვლენების შედეგად მნიშვნელოვანად შეფერხდა საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესი.
ნოემბერ-დეკემბერში ლარის კურსის საგრძნობლად დაცემისა და აქედან გამომდინარე ინფლაციური პროცესების განვითარების გამო, აუცილებელი გახდა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება და მისი რეალურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მიმდინარე, 1999 წლისათვის ნავარაუდევია ინფლაციის წლიური ტემპის 10%25-ის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 1 აშშ 160 დოლარი - 2,1-2,5 ლარის, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება - 8,6 მლრდ ლარის დონეზე.
სწორედ ასეთი პროგნოზები დაედო საფუძვლად 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრას. 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა მიაღწევს 905,6 მლნ. ლარს, რაც გასული წლის ფაქტობრვად მიღებულ მაჩვენებელს 34%25-ით აღემატება (ძალიან ძნელია ამის მიღწევა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ქვეყანაში არის ამის რეალური რესურსი). მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული იქნება 572 მლნ ლარი, ანუ 1998 წლის რეალურად მიღებულ დონეზე 62%25-ით მეტი.
ასეთი პროგნოზების გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის მკვეთრი გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, 1 მარტიდან თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციაზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შემოღებული იქნება აქციზური მარკები, რაც გამორიცხავს კონტრაბანდით და აღურუცხავი წარმოებით გამოწვეულ საბიუჯეტო დანაკარგებს.
მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან საბაჟო სისტემაში ამუშავდება ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანია, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიან ფუნქციონირებას და შედეგად წლის ბოლომდე საბაჟო სისტემიდან მისაღები შემოსავლები სულ ცოტა 50%25-ით უნდა გაიზარდოს. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა. როდესაც კადრების მომზადების პროცესი დასრულდება და მთელ ტექნოლოგიას ავითვისებთ, საქართველო დამოუკიდებლად გააგრძელებს ამ ფუნქციის შესრულებას. ამასთან ერთად, დაგეგმილია სხვა რადიკალური ღონისძიებებიც, მათ შორის, საგადასახადო სამსახურის რეორგანიზაცია და მუშაკთა სრული ატესტირების განხორციელება, ურჩ გადამხდელთა მიმართ ღონისძიებების აქტივიზაცია და შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა.
რაც შეეხება 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით ხარჯების მოცულობა მიაღწევს 1305 მლნ ლარს.
საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული ოდენობა შეადგენს 399,4 მლნ ლარს.
აუცილებლად უნდა შემცირდეს ხარჯვითი ნაწილი, შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი, ეს მაჩვენებლები უნდა შევუსაბამოთ სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პოზიციებს. შემცირება უნდა შეეხოს პრეზიდენტის ფონდსაც, რომელსაც ყველაზე მწვავე სიტუაციებში ვიყენებთ.
გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების უმკაცრესი ეკონომიის პრინციპიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა ჩამოყალიბდა უპირატესად ქვეყნის პირველხარისხოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1998 წელს ხელფასების, პენსიების, სხვა სოციალური გასაცემლების მიხედვით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 85 მლნ ლარის ოდენობით.
ამასთან, უაღრესად შეიზღუდა სხვადასხვა სფეროსა და უწყების მიხედვით გასაწევი ხარჯების მოცულობები. თუმცა, თუ 1998 წლის ფაქტობრივი დაფინანსების დონეს გავითვალისწინებთ, წლეულს დაგეგმილი პარამეტრები ახლოა რეალობასთან და გასული წლის ფაქტობრივად გაცემულ ასიგნებებთან შედარებით გარკვეულ ზრდას ასახავენ.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტში გათვალისწინებულია წლის მეორე ნახევრიდან საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების 10-15 პროცენტით გადიდება.
აუცილებელია საგარეო ვალდებულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, რაც ქვეყნის პრესტიჟის შემდგომ ამაღლებას ემსახურება და საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში მის საიმედოობას ადასტურებს.
საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურაში, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნებულია სოციალური სფეროს პრიორიტეტი. სოციალური დაზღვევისა და სოციალური დაცვის მიმართულებით გამოყოფფილი იქნება 265,3 მლნ ლარი, რაც გასულ წელს დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობაზე (109 მლნ. ლარი) 2,4-ჯერ მეტია და წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯებბის მეხუთედზე მეტს შეადგენს.
განათლების სფეროში მიიმართება 50 მლნ ლარამდე თანხა (1998 წელს ფაქტობრივად გამოიყო 30 მლნ ლარი), ჯანდაცვაზე - 33 მლნ ლარზე მეტი, ნაცვლად 1998 წელს ფაქტობრივად გამოყოფილი 27,3 მლნ ლარისა, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებზე - 25 მლნ ლარზე მეტი (1998 წელს ამ თანხამ 33 მლნ ლარი შეადგინა).
მთლიანობაში სოციალური სფეროს დარგებზე წარიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების თითქმის მესამედი.
თავდაცვაზე გათვალისწინებულია 53,6 მლნ ლარი, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების სფეროზე - 92 მლნ ლარზე მეტი, სათბობ-ენერგეტიკის, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და სხვა სფეროებში ჯამში მიიმართება 95 მლნ ლარამდე თანხა.
ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსების წყაროდ გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტი 50 მლნ ლარი.
ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსების საშინაო წყაროების მოცულობა დაახლოებით 114 მლნ ლარი იქნება. აქვე მინდა შევთანხმდეთ, რომ, როგორ სირთულეებსაც უნდა შევხვდეთ, ქვეყანა ემისიაზე არ უნდა წავიდეს. ემისია დაანგრევს მთელ ჩვენს ფისკალურ სისტემას და მისი გამოსწორება წლების განმავლობაში შეუძლებელი იქნება.
საგარეო წყაროების მოცულობა 254 მლნ ლარის მოცულობით არის ნავარაუდევი. ესაა მსოფლიო ბანკის მიერ სტრუქტურული გარდაქმნებისათვის გათვალისწინებული კრედიტის მორიგი ტრანშები, ენერგოსექტორში მიმდინარე სტრუქტურული გარდაქმნების მხარდასაჭერად გამოყოფილი კრედიტი, ასევე მსოფლიო ბანკის კრედიტები ინვესტიციური პროექტებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდე, რომლის დაფინანსების წყაროებიც ზემოთ არის მითითებული, მიაღწევს 399,4 მლნ ლარს.
1998 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურმა მოცულობამ შეადგინა 6,8 მლრდ ლარი, რაც დაახლოებით 14-16%25-ით ნაკლებია ინდიკატური გეგმით გათვალისწინებულ პარამეტრებზე. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ 1998 წელს, ზრდის ტემპების გარკვეული შენელების მიუხედავად, კვლავაც გრძელდებოდა წინა წლებში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები. კერძოდ, თუ მოქმედ ფასებში გაანგარიშებული ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1996 წელს შეადგენდა 665,5 აშშ დოლარს, 1997 წელს ამ მაჩვენებელმა 727,8, ხოლო 1998 წელს - 735,9 აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის წილი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 1995 წელს შეადგენდა 299,2 აშშ დოლარს, 1996 წელს - 340,3 აშშ დოლარს, 1997 წელს - 366,1 აშშ დოლარს, ხოლო 1998 წელს - 389 აშშ დოლარს მიაღწია, რაც აღნიშნულ დარგში გატარებული რეფორმების სისწორეს ადასტურებს.
სამრეწველო პროდუქციის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე გარკვეულწილად შემცირდა: თუ 1996 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 111,7 აშშ დოლარს, 1997 წელს კი 130,9 აშშ დოლარამდე გაიზარდა, 1998 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 121,9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დონეზე 7%25-ით ნაკლებია.
რაც შეეხება მოხმარებას, ერთ სულ მოსახლეზე სასურსათო პროდუქციის მოხმარების დონე თუ 1995 წელს 153,5 აშშ დოლარს შეადგენდა, 1996 წელს ეს მაჩვენებელი 161,3 აშშ დოლარს, 1997 წელს - 154,2 აშშ დოლარს, ხოლო 1998 წელს - 150,1 აშშ დოლარს შეადგენს.
ბიუჯეტში დავალიანებების დაფარვის გათვალისწინებით აუცილებელი იქნება ბიზნესმენების, მეწარმეების, ფერმერების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება არა მარტო სახელმწიფოებრივი თუ უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის, არამედ მორალურ, უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობათა დამყარების თვალსაზრისითაც. მათთან დიალოგი საჭიროა როგორც თანასწორისა თანასწორთან, მათ შორის, გადამხდელთა კავშირში, საჭიროა მეწარმეთა და ბიზნესმენთა პროფესიონალიზმის სრულყოფაზე ზრუნვა, სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურებში მათი აქტიური ჩართვა.
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტთან სისტემატურად იმუშავებს ბიზნესმენთა საბჭო.
საჭიროა პრესაში, მასმედიაში, თანამედროვე მეწარმეების, მესაკუთრეების პრობლემებზე წერა, მათთვის, დამსახურებისამებრ, სათანადო იმიჯის შექმნა, მათი, ასე ვთქვათ, ღირსეული შემოყვანა და დამკვიდრება დიდ საზოგადოებაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატური გეგმა დამუშავდა საქართველოს პრეზიდენტის საპრეზიდენტო პროგრამაში მოცემული დებულებების, რეკომენდაციებისა და ტენდენციების საფუძველზე.
საქართველოს პრეზიდენტის საპრეზიდენტო პროგრამიდან გამომდინარე, 2000 წლამდე პერიოდისათვის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გლობალურ ამოცანად დაისახა თანამედროვე, მაღალეფექტიანი, მსოფლიო სამეურნეო კავშირებში ორგანულად ინტეგრირებული ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
ამ გლობალური ამოცანის შესრულება კი ნავარაუდევი იყო ისეთი კონკრეტული ამოცანების რეალიზაციით, როგორიცაა 1996-2000 წლებში საშუალოდ წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 12 პროცენტით ზრდა, 2000 წლისათვის უმუშევრობის დონის არაუმეტეს 6,6%25-იანი ზღვრის შემოფარგვლა, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა თვიური ხელფასის 157 ლარამდე მაინც გაზრდა და ინფლაციის წლიური ზრდის ტემპის 6 პროცენტამდე შემცირება, 1 მილიონამდე ადამიანის დასაქმება.
უნდა აღინიშნოს, რომ განვლილი 1996-1998 წლების შედეგების მიხედვით ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული ტენდენციები ძირითადად შესაბამისობაშია პრაქტიკულ რეალობასთან.
1998 წელს, 1995 წელთან შედარებით, ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა, მათ შორის თვითდასაქმებულთა რიცხოვნობამ თითქმის 30 პროცენტით იმატა.
1996-1998 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკაში დასაქმებულთა ხელფასებიც. კეროდ, აღნიშნულ პერიოდში ნომინალურ განზომილებაში საშუალო თვიური ხელფასი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 3,5-ჯერ, ხოლო საბიუჯეტო სექტორში - 4,6-ჯერ გაიზარდა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნდა გავითვალისწინოთ ყველა სფეროში დასაქმებულთა ხელფასების, აგრეთვე პენსიების და დახმარებების ზრდა, როგორც მინიმუმი - 10-15%25-ით.
მთავრობას განზრახული აქვს გააუმჯობესოს ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება, გარემოს დაცვა და შეინარჩუნოს მომავალი თაობისათვის ეკოლოგიური მრავალფეროვნების სიმდიდრე და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ბაზა. ძალიან სერიოზულად გვეხმარება მსოფლიო ბანკი, ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა, განსაკუთრებით, გერმანია.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცენტრში დგას განათლების, კულტურის, მეცნიერების განვითარების პრობლემები.
განვლილი წელი რადიკალური რეფორმებისა და ცვლილებების წელი იყო განათლების სისტემისათვის. ეს უფაქიზესი და ურთულესი სფეროა. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეროვნული სკოლის, ეროვნული უნივერსიტეტების, ეროვნული დაწყებითი საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფისათვის.
კანონმა „განათლების შესახებ“ მყარი საკანონმდებლო ბაზა შექმნა. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „კანონი დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“.
განათლების რეფორმის განხორციელების მიზნით სამინისტრომ შეიმუშავა განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამა.
დამტკიცებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ახალი გეგმები.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: თუ 1992-93 სასწავლო წლისათვის გამომცემლობა „განათლებამ“ დასტამბა მხოლოდ 13 სახელძღვანელო, 1998/99 სასწავლო წლისათვის გამოიცა 160 დასახელების სახელმძღვანელო. ესეც გარკვეული წინსვლაა რეფორმირების გზაზე.
პედაგოგთა ატესტაცია პირველად 1997 წელს ჩატარდა, ატესტაციის მეორე ეტაპი - მიმდინარე წელს.
გასულ წელს საკმაოდ ინტენსიურად სრულდებოდა საერთაშორისო დახმარებათა პროგრამები.
მარტო სოროსის ფონდმა 1993 წლიდან საქართველოში 20 მილიონი დოლარის ქველმოქმედება გასწია.
ჩვენ ყოველ წელს უნდა ვზარდოთ სახელმწიფოს წილი განათლების სისტემის დაფინანსებაში, გადავარჩინოთ მაღალმთიან ზონაში მდებარე სკოლები მათი მცირეკომპლექტიანობის მიუხედავად. ეს უნდა მივიღოთ, როგორც კატეგორიული მოთხოვნა და დირექტივა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მოვა დრო და საშუალო განათლების მთელ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამისათვის დაგვჭირდება 2-3 წელი. დღეს კი ამის გაკეთება შეუძლებელია და ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ.
მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო ქართულ, არამედ სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ, რუსულ და სხვა სკოლებს, კავკასიის და მსოფლიოს ხალხთა ენების სწავლებას საქართველოს საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, და ეს სისტემაც გარკვეულ რეგულირებას მოითხოვს.
მეტი ყურადღება სჭირდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს, უნივერსიტეტებს, კოლეჯებს, ლიცეუმებს, სკოლებს, განათლების როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორს. ამ სფეროს რეფორმირება არ დამთავრებულა, რეფორმები გრძელდება.
ჩვენს უნივერსიტეტებსა და სკოლებში უკეთ უნდა ვასწავლიდეთ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძვლებს, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა ეროვნულ უმცირესობათა სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისათვის კადრების საქართველოში მომზადებისათვის.
მეცნიერების განვითარება XXI საუკუნეში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
საქართველომ არა მარტო უნდა შეინარჩუნოს არსებული მეცნიერული, საერთოდ ინტელექტუალური პოტენციალი, არამედ გამოიძებნოს გზები ამ სფეროს გონივრული გარდაქმნისა და განვითარებისათვის.
მე პირადად გადაწყვეტილი მაქვს უფრო ინტენსიურად გამოვიყენო ჩემი გავლენა და ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე ქართული მეცნიერების და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურის მხარდასაჭერად.
ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით ჩვენ მთავრობის სხდომაზე მოვიწონეთ და პარლამენტს განსახილველად გადავეცით კანონის პროექტი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის ღონისძიებათა შესახებ“.
ამას სხვა კანონპროექტებიც უნდა მოყვეს.
ყოველმხრივი მხარდაჭერის ღირსია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საზოგადოების ინიციატივა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით - ახალგაზრდობაში.
დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში მეცნიერების განვითარების კონცეფციაზე.
შეიქმნება სპეციალური კომისია ჩემი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით.
შემუშავდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები 2010 წლამდე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, სხვა სამეცნიერო ცენტრებს გრანტული წესით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დასაფინანსებლად 1998 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 2260 ათასი ლარი. კონკურსის შედეგად გრანტი მოიპოვა 408 პროექტმა. ეს პრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება.
საინოვაციო სამუშაოების საკონტრაქტო წესით შესრულებისათვის მომავალში უნდა არსებობდეს დაფინანსების საშუალება არა მარტო ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფო ფონდებიდან. ამ დარგში უნდა ავითვისოთ მსოფლიო გამოცდილება.
ის მინიმალური თანხები, რასაც ბიუჯეტი ითვალისწინებს, საქმეს ვერ შველის.
შევთანხმდეთ, საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესების კვალობაზე, ამ სფეროსაც არ მოვაკლოთ სახელმწიფოს, მისი პრეზიდენტის, პარლამენტის ზრუნვა.
ქართული მწერლობა, ქართული წიგნი, საგამომცემლო საქმე უმძიმეს მდგომარეობაშია. ვეცდებით გამოვძებნოთ რესურსები მათ მხარდასაჭერად. მწერლობა, ისევე, როგორც ხელოვნება, ყოველთვის იყო ერის სული და გული, ქვეყნის სულიერი ცხოვრების საფუძველთა საფუძველი. ასე იქნება მომავალშიც.
მწვავედ დგას ქართული კულტურის განვითარების პრობლემები.
მიღებულია კანონები „კულტურის შესახებ“, „საბიბლოთეკო საქმის შესახებ“. მომზადებულია და მზადდება კანონპროექტები „თეატრების შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „სახელოვნებო განათლების შესახებ“, „კულტურულ ფასეულობათა გატანა-შემოტანის შესახებ“ და სხვა.
ამჟამად ჩვენში 40-ზე მეტი პროფესიული თეატრი მუშაობს. ქართულმა თეატრებმა მიმდინარე წელს 100-ზე მეტი ახალი დადგმა განახორციელეს. არც ერთი თეატრი საქართველოში, ამ ომების, სისხლისღვრებისა და ქარტეხილების მიუხედავად, არ დახურულა. ბევრი ახალი, პროფესიული თეატრი კი გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ლიტერატურის, ხელოვნების, საერთოდ, სულიერების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.
სახელმწიფომ უკანასკნელ წლებში გამონახა საშუალება, რათა გაგრძელდეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობის რეკონსტრუქცია, თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის შენობის აგება - იქნებ, დავამთავროთ კიდეც.
ქალაქის მერთან ვ. ზოდელავასთან ერთად მე ვიკისრე პასუხისმგებლობა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე.
დიდი გამარჯვებები მოიპოვეს ჩვენმა მუსიკოს-შემსრულებლებმა საერთაშორისო კონკურსებზე.
ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი ეროვნული მუსიკის განვითარებას. და აქ ბევრი კარგი რამ კეთდება.
დღის წესრიგში დგას ეროვნული კინოს კარდინალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხები. ჩვენ ცოტა გავაჭიანურეთ ეს პროცესი. ამ მიმართულებით კულტურის სამინისტრომ და კინემმატოგრაფისთა კავშირმა უფრო ნაყოფიერად უნდა იმუშაონ. ქართულ კინოხელოვნებას მსოფლიო სახელი აქვს. აუცილებელია მსოფლიო არენაზე ქართული კინოს პრესტიჟის შენარჩუნება. აქ დამატებითი რესურსები უნდა მოვიძიოთ, ეს შესაძლებელია. მაგალითად, თემურ ბაბლუანმა ხელი მოჰკიდა აბრეშუმის გზის თემას - ისტორიულსა და ყველაზე თანამედროვეს. მას უკვე მრავალი სახელმწიფო გამოეხმაურა და მზად არიან დააფინანსონ ეს პროექტი. ასეთი პროექტების გამოძებნა სავსებით შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ და შეგვიძლია განვვითარდეთ.
მეტად აქტუალურია სახვითი ხელოვნების პრობლემები. ჩვენი დახმარება და შემწეობა ჯერჯერობით მინიმალურია.
მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ სახელმწიფოს შეკვეთითა და სახსრებით თბილისსა და ქუთაისში დაგვედგა დავით აღმაშენებლის მონუმენტები, თბილისსა და ბათუმში მემედ აბაშიძის ქანდაკებები, ფოთში - ცოტნე დადიანის ძეგლი და მრავალი სხვა. მესხეთში აიგება თამარ მეფის ძეგლი. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ, ბოლო თეთრიც რომ დაგვჭირდეს.
კულტურის კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კულტურულ-საგანმანათლებლო და ხალხური შემოქმედების სფეროს. სადღეისო ამოცანაა მუზეუმებისა და საკლუბო-საბიბლიოთეკო დაწესებულებების, კულტურის სახლების, პარკების არსებული ქსელის შენარჩუნება და განვითარება.
აქ თავისი სიტყვა უნდა თქვან მუნიციპალურმა სტრუქტურებმა, რომლებმაც სულ მეტი დატვირთვა უნდა იკისრონ.
ჩვენი დაბეჯითებითი თხოვნის შემდეგ კულტურის ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში გვეხმარება სოროსის ფონდი და განსაკუთრებით საერთაშორისო განვითარების ბანკი.
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებით ორგანიზაციებს მართებთ უფრო ნაყოფიერი გახადონ იუნესკოსთან საქმიანი თანამშრომლობა.
წელს ამერიკაში გაიმართება ქართული კულტურისა და მეცნიერების წელიწდეული; აღინიშნება თბილისის ოპერის თეატრის დაარსების 150 წლისთავი, საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდება ისრაელში, საბერძნეთსა და რუსეთში.
მეტი ყურადღება და სითბო სჭირდება შემოქმედებით ახალგაზრდობას.
დაწესებულია პრეზიდენტის სტიპენდიები და გრანტები ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის. სხვათა შორის, ეს ბატონ ზურაბ ჟვანიას იდეა გახლდათ. სტიპენდიები და გრანტები დაენიშნათ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ასპირანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებლებს, სპორტსმენებს. მათთან შეხვედრები ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთებია.
ჩვენ, პარლამენტთან ერთად, ძირითადად დავასრულეთ სოციალურ სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და სოციალური პოლიტიკის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა. ეს მიდგომები შესაბამისად აისახა ისეთ საპროგრამო დოკუმენტში, როგორიცაა „მოსახლეობის სოციალური განვითარების სახელმწიფო პროგრამა“.
მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, როგორიცაა: „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“, „დასაქმების შესახებ“ და სხვა.
თუ 1994 წელს ეროვნულ მეურნეობაში საშუალო ხელფასი შეადგენდა 1,2 ლარს, საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთათვის - 0,48 ლარს, კერძო სექტორში - 1,44 ლარს, 1998 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა: ეროვნულ მეურნეობაში - 60,3 ლარი; საბიუჯეტო სფეროში - 45,7 ლარი; სახელმწიფო სექტორში - 58,8 ლარი; კერძო სექტორში - 69,1 ლარი. ესეც მინიმუმი და სიმბოლლურია, მაგრამ პროგრესი ფაქტია.
რეალურად თითქმის დასრულდა საპენსიო სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი, საპენსიო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი. შეიქმნა სათანადო სამართლებრივი ბაზა.
ბოლო წლებში შეინიშნება პენსიების ზრდის ტენდენციაც. თუ 1994 წელს პენსიის ოდენობა შეადგენდა 2,5 ლარს, 1998 წელს საშუალო პენსიამ შეადგინა 13,5 ლარი, ხოლო მაქსიმალურმა - 45 ლარი. ბოლო ორი წლის განმავლობაში პენსიები წელიწადში 20%25-ით იზრდებოდა.
1997 წელს დაინერგა ოჯახური შემწეობების სისტემა.
იზრდება ინვალიდთა დეპარტამენტის დაწესებულებებში სამედიცინო რეაბილიტაცია გავლილთა რიცხვი. თუ 1996 წელს იგი 6500-ს არ სცილდებოდა, 1998 წელს მან 61 000 გადააჭარბა.
ინვალიდთა უფლებების სამართლებრივი დარეგულირების მიზნით უკვე მზადაა კანონპროექტი „სახელმწიფო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“. მუშავდება დაინვალიდების პროფილაქტიკის საქალაქო, რაიონული და რეგიონული პროგრამები და სხვა.
პრაქტიკულად დასრულდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფოებრივი მართვის ინსტიტუციონალური სტრუქტურის ჩამოყალიბება როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში; განხორციელდა ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდის ტრანსფორმირება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიად.
სულ 1998 წელს ჯანდაცვითი ცენტრალური პროგრამებით სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწია 3 მლნ. მეტ მოქალაქეს.
1999 წლის ბიუჯეტში ყველა სახის ჯანდაცვით მომსახურებაზე და პროგრამებზე (ცენტრალური, მუნიციპალური, უწყებრივი) გათვალისწინებულია 92 მლნ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით შეადგენს დაახლოებით 17 ლარს წლის განმავლობაში.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მუნიციპალური პროგრამების დაფინანსებაში. ერთ სულ მოსახლეზე სავალდებულო მინიმუმის (2,5 ლარის) გამოყოფას თავი ვერ გაართვა ქვეყნის რეგიონებისა და რაიონების უმრავლესობამ.
გამონაკლისს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქები თბილისი და ფოთი.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა სპეციალური ბრძანებულება „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.
სასიხარულოა, რომ მიღწეულია მოსახლეობის ბუნებრივი მატების, მართალია უმნიშვნელო, მაგრამ მაინც დაწყება. ეს ძირითადად გამოწვეულია სიკვდიალიანობის შემცირებით სამედიცინო დახმარების რეგულირების ხარჯზე.
დღეისათვის რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მართვის თვისებრივად ახალი მოდელი. ჯანდაცვის რეფორმის ოთხეტაპიანი პროცესი, რომელიც 1995 წლის აგვისტოდან დაიწყო, წლეულს დამამთავრებელ ფაზაში შედის.
გაფართოვდა კონტაქტები ევროპის, ამერიკის, იაპონიის, რუსეთის წამყვან სამედიცინო წრეებთან.
ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ წარმატებით განახორციელა რეფორმები, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
იქმნება სამედიცინო დაზღვევის საიმედო სისტემა - ეს ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა, რომელიც ხელმისაწვდომს და გარანტირებულს გახდის სამედიცინო მომსახურებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ფენებისთვისაც. მზადდება სათანადო კანონპროექტი.
სოციალური დაცვის ხარისხის ამაღლების საქმეში ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ დაზღვევის სისტემის დანერგვაზე.
1997 წელთან შედარებით ჩვენს სადაზღვევო ბაზარზე 1998 წელს შეინიშნებოდა თითქმის 100%25-იანი ზრდის ტემპი.
დამაიმედებელი სურათი ისახება ქართული სადაზღვევო კომპანიების საერთშორისო ბაზარზე გასვლასთან და უცხოურ სადაზღვევო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. უკვე დაფუძნდა რამდენიმე ერთობლივი სადაზღვევო კამპანია.[sic!]
მეტად მტკივნეულია დევნილებისა და ლტოლვილების პრობლემები.
როგორც ითქვა, შარშან, მაისის ბოლოს, გალის რაიონში სპონტანურად დაბრუნებულ დევნილ მოსახლეობას კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს: 50000-მდე გალელი ხელმეორედ გახდა დევნილი.
დევნილთა პრობლემების გადაჭრაში დიდი დახმარება გაგვიწიეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მეგობარმა სახელმწიფოებმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ.
ბოლო დრომდე სახელმწიფო 300.000-მდე დევნილს დროულად უხდიდა ყოველთვიურ ფულად შემწეობას. ეს თანხა ყოველწლიურად 3 400 000 ლარია. სამწუხაროდ ბოლო დროს გაჩნდა საკმაოდ შემაშფოთებელი სიმპტომები. საბიუჯეტო კრიზისის გამო, ხშირად ვერ ხერხდება შემწეობის დროულად გაცემა. ვიმეორებ, კატეგორიული მოთხოვნაა: ლტოლვილებმა ის დახმარებები, რომლებიც ეკუთვნით სახელწიფოსაგან, უნდა მიიღონ დანიშნულ დროს, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე.
პარლამენტმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და მინისტრთა საბჭომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ლტოლვილებსა და დევნილებს. უნდა შეიქმნას შინ დაბრუნებული მოსახლეობის ახალ პირობებში ადაპტირების, მათი საცხოვრისის და მეურნეობის რეაბილიტაციის პროგრამები.
შემუშავებულია საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების სტრატეგიული გეგმა. გამოიცა საქართველოს პრეზზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების ღონისძიებათა შესახებ“.
აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტომ გრანტის სახით 400.000 აშშ დოლარი გამოყო საქართველოში ტურიზმისათვის სასტუმროების ქსელის განვითარების დიდი პროექტის შესამუშავებლად.
ამერიკელი საინვესტიციო კომპანიები გამოყოფენ 30 მლნ დოლარს სასტუმროთა ქსელის შესაქმნელად დიდი აბრეშუმის გზის (ტრასეკას) გასწვრივ.
მიღწეულია შეთანხმება ტასისის ჯგუფთან საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დარგში რეფორმების გატარების მიზნით 1999 წლისათვის - 1 მლნ ეკიუს გამოყოფის შესახებ და სხვ.
პროგნოზების თანახმად, საქართველოს ბიუჯეტმა ტურიზმიდან ახლო მომავალში უნდა მიიღოს 1 მილიარდზე მეტი დოლარის წლიური შემოსავალი.
სპორტის დაფინანსების დარგში კრიტიკული ვითარება შეიქმნა. მიმდინარე წელს ბიუჯეტის დავალიანებამ 1,3 მლნ ლარი შეადგინა, გაუცემელია მწვრთნელთა და სპორტის მუშაკთა მრავალი თვის ხელფასი. თუმცა, სხვადასხვა დონის საერთაშორისო ასპარეზობებზე მაინც მოხერხდა სპორტსმენების წარგზავნა და მოპოვებულ იქნა 133 მედალი. ამ მხრივ, 1998 წელი ყველაზე უხვმოსავლიანია ბოლო 8 წლის განმავლობაში. მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებში საქართველოს სპორტსმენებმა მოიპოვეს 17 მედალი და გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს 131 ქვეყანას შორის საპატიო მე-6 ადგილი დაიკავეს.
1999 წელი წინასაოლიმპიადო შეჯიბრებების წელია. მეტი ყურადღება სჭირდება სპორტს, მოსახლეობის, ახალგაზრდობის სპორტულ აღზრდას.
ასეთია ქვეყნის საშინაო მდგომარეობის ძირითადი პრობლემები.
მოკლედ საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის შესახებ.
1998 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მისი ადგილით.
გასულ წელს დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საგარეო-პოლიტიკურ პრობლემებს. აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების პროცესმა ფართო საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. სულ უფრო აქტიურად განიხილება ე.წ. ჟენევის პროცესში ახალი ძალების ჩართვის საკითხი. მისასალმებელია, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხით სერიოზულად დაინტერესდა ეუთო.
კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში „საქართველოს მეგობარი ქვეყნების“ აქტიური ჩართვისა და ჟენევის მოლაპარაკებების დაწყების შედეგად შესამჩნევი გახდა რუსეთის მხარის მცდელობა აქტიური პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით. სწორედ ამგვარი პოლიტიკის შედეგად დასაბამი მიეცა პირდაპირ დიალოგს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანწილად რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული გაეროს უშიშროების საბჭოს შეფასებათა პრინციპულობა და შესაბამის გადაწყვეტილებათა შესრულების ხარისხი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოში ეუთოს მისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მუშაობა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მხარეთა დაახლოების პროცესს.
პრაქტიკულად, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ცხინვალის რეგიონისათვვის შემუშავდა და დაიწყო პოსტკონფლიქტური ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის, მშენებლობის და ჯანდაცვის სფეროებს. იმედის მომცემია ეკონომიკური აღორძინების საკითხებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებაც.
შემუშავებულია, მაგრამ დახვეწას მოითხოვს კონფლიქტების მოგვარების მრავალვარიანტული სისტემები. ვითარდება ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი. ამ პროცესში რაც შეიძლება გაბედულად უნდა ჩავაბათ ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. უკვე იყო ამის მცდელობა. ათენის შეხვედრაში, რომელიც ჟენევის პროცესის გაგრძელება იყო, მონაწილეობდნენ როგორც ჩვენი საზოგადოებრიობის, ისე აფხაზეთის მხარის ცნობილი წარმომადგენლები. ამ მხრივ ქართველთა და ოსთა კონტაქტები სამაგალითოა. გარღვევა კონფლიქტების მოგვარებაში შესაძლებელია და უნდა შევძლოთ კიდევაც.
დღეს მრავალ ფაქტორზე, შერიგების მრავალ ვარიანტზე შეიძლება ლაპარაკი. მაგრამ მთავარი და არსებითი თვით საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობაა. ქვეყანა რაც უფრო ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული და სტაბილური იქნება, მით უფრო ადრე მივაღწევთ სამართლიანობის აღდგენას, როგორც ქართველთათვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისათვის. ამიტომ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, განვამტკიცოთ პოლიტიკურ ძალთა ერთიანობა მისაღები პლატფორმის ბაზაზე, საქართველოს მოქალაქეთა შემჭიდროება და დარაზმვა უმთავრესი სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის ბრძოლაში.
საგარეო პოლიტიკა დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
პირველ რიგში, აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება 1999 წლის ზაფხულამდე საზღვაო და სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გადმოცემის თაობაზე.
როგორც ცნობილია, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამჟამად ჩვენი ძალებით ვაკონტროლებთ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიის მონაკვეთს, პროცესი გრძელდება ცივილიზებულად, ნორმალურად.
რუსეთის ხელისუფლების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ვაცხადებ: არავითარი სერიოზული პრობლემა რუსეთის სამხრეთის საქართველოს მონაკვეთზე არ შეიქმნება, გვყოფნის ძალები იმისათვის, რომ ორთავე ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს.
უკრაინის, აშშ-ის, თურქეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების დახმარებით ფაქტობრივად მოხერხდა სათანადო საცურავი საშუალებებისაგან შემდგარი ფლოტის შექმნა. აღსანიშნავია, აგრეთვე, აშშ-ის სპეციალური სამთავრობო პროგრამა საქართველოს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარების მიზნით.
ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ დიდი როლი შეასრულა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საბაზრო ურთიერთობების მშენებლობის პროცესების შემდგომ გაღრმავებაში.
დემოკრატიული ინსტიტუტების და საბაზრო ურთიერთობების მშენებლობის საქმეში ფასდაუდებელია ის დახმარება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნები გვიწევენ.
მაგალითისათვის საკმარისია აღინიშნოს საერთშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის, აგრეთვე აშშ-ის, გერმანიის, ნიდერლანდების, სხვა ქვეყნების დახმარება სასამართლო რეფორმის, სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფის, საბანკო სისტემის რეორგანიზაციის, ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების, კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.
წარმატებით ვითარდებოდა ევროპულ სტრუქტურებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს თანამშრომლობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან. როგორც ცნობილია, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე. ევროპის საბჭოში გაწევრიანებით მთავრდება ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღების მთავარი ეტაპი. ეს ჩვენი ხალხის დიდი გამარჯვებაა.
ჩვენმა ხალხმა და, შეიძლება ითქვას, მთელმა ევროპამ და მსოფლიომ მაღალი შეფასება მისცეს ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას. ამ ფაქტს დიდი საერთშორისო რეზონანსი ჰქონდა.
ევროსაბჭოში მიღება საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, საერთშორისო აღიარებაა. ეს ისტორიული ფაქტი ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ევროპისა და მსოფლიოს წინაშე.
სულ უფრო აქტიურდება ჩვენი ურთიერთობა ევროპის კავშირთან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე ადის. თუკი წინა წლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ხასიათდებოდა დონორი-რეციპიენტის მარტივი კავშირებით, დღეს პრაქტიკულად დამთავრების ფაზაშია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. შორს არ არის ევროკავშირში საქართველოს ასოცირებული წევრის სტატუსით მიღებაც.
გასულ წელს ჩვენთან, ნატოსთან ერთად მომზადებული 3 სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. აღნიშვნის ღირსია ნატოს ახალი ინიციატივა „მეცნიერება მშვიდობისათვის“, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს არაერთმა ქართველმა მეცნიერმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სულ უფრო მეტ დინამიზმს იძენს საქმიანობა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოცაა.
ტრადიციულად ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა ეუთო-სთან. როგორც ცნობილია, 1999 წელს გაიმართება მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა. ამ მხრივ გასულ წელს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა.
შორს არ არის საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. შეიძლება ითქვას, ეს პროცესი დამამთავრებელ ფაზაში შევიდა.
ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.
საქართველო ყოველთვის ანიჭებდა მნიშვნელობას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას და ამ ალიანსის საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციად გარდაქმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 1998 წლის ივნისში ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ბისეკმა საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო.
კვლავ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა დსთ-ს ფარგლებში. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ეს თანამშრომლობა მეტად პასიურ ფაზაშია და საჭიროა რადიკალური გარდაქმები როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის სრულყოფის, ისე ჯანსაღი ინტეგრაციული პროცესების განვითარების თვალსაზრისით. დასანანია, რომ დსთ-ში საკმარისად არსებული რესურსები არ იქნა სათანადოდ გამოყენებული, აფხაზეთის, ცხივნვალის რეგიონის და სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ორმაგი სტანდარტის პოლიტიკით განპირობებულ ქმედებებს, რის გამოც არ სრულდებოდა დიდი ძალისხმევის შედეგად მიღებული ერთობლივი საკმაოდ კარგი და პრინციპული გადაწყვეტილებები.
სამწუხაროდ, თანამეგობრობის ფარგლებში იშვიათია თანაშრომლობის სფერო, სადაც მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სასწრაფო ზომების განხორციელება არ იყო საჭირო. ამ ბოლო დროს ზოგიერთი ნაბიჯი გადაიდგა, განსაკუთრებით სტრუქტურულ სრულყოფასთან დაკავშირებით.
გასულ წელს გრძელდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებთან მეგობრული და ძმური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. მისასალმებელია, რომ საქართველოს ამგვარი ურთიერთობები აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოიაზრება, როგორც კავკასიაში მშვიდობისა და ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობა.
ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობის შემდგომი განვითარება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, ყველა მეზობელ ხალხთან.
რუსეთთან ურთიერთობის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენს დიდ მეზობელთან კეთილმეზობლური და ურთიერთპატივისცემაზე აგებული თანამშრომლობის პირობების უზრუნველყოფა პრიორიტეტული ამოცანაა. როგორც აღვნიშნე, საზღვრის შესახებ შეთანხმებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, თუ იქნება კეთილი ნება, ჩვენ შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს.
ამასთან, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა არ ვუთხრა რუსეთის ხელისუფლებას, მთელ რიგ რეგიონებს, განსაკუთრებით, მოსკოვის მთავრობას, პირადად, ბატონ ლუჟკოვს იმისათვის, რომ მაშინ, როცა საქართველოში სისხლისღვრა იყო, მათ შეიფარეს ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე, სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ, რიგიან ხელფასებს იღებენ და თავიანთ ოჯახებს ინახავენ. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მეტრომშენებლობა, როგგორც დარგი თუ გადარჩა, ეს უშუალოდ მოსკოვის მერიის დამსახურებაა.
არ შეიძლება დავივიწყოთ ჩვენი გიმნაზია, მოსკოვის მერიის მიერ აღდგენილი.
რა თქმა უნდა, გვაქვს სადავო საკითხები, მაგრამ რაც გაკეთდა, რაც სასიკეთოა ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების ურთიერთობაში, არ უნდა გავაუფასუროთ და ანგარიში უნდა გავუწიოთ. განსაკუთრებით აღვნიშნავ კულტურის მოღვაწეების, მეცნიერთა მეგობრობას, თანამშრომლობას, რომელიც დღესაც გრძელდება მაღალ დონეზე. თუმცა, ვიმეორებ, გვაქვს სადავო საკითხები. ეს, უპირველესად, არის სამხედრო ქონების პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ კეთილი ნებით სავსებით შესაძლლებელია ამ შეცდომის გამოსწორება.
რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კვლავ მთვარ პრობლემად რჩება მოუგვარებელი კონფლიქტი აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.
სამაგალითო ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოსა და თურქეთს შორის. ბევრი გამოუყენებელი რეზერვია საქართველოსა და ირანის თანამშრომლობაში. ამ ბოლო დროს დიდი ძვრები მოხდა საქართველოსა და საბერძნეთის, ისევე, როგორც ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში.
ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში დგას „ძველი აბრეშუმის გზის“ აღორძინების საკითხი.
პრაქტიკულად დაიწყო ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის იდეის ხორცშესხმა. დღეს უკვე რეალობაა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი. სულ უფრო იზრდება ტვირთების, მათ შორის, ენერგოშემცველების, ბამბის, სხვა ნედლეულის ტრანზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ცენტრალური აზიის მოძმე სახელმწიფოებთან.
მნიშვნელოვანია, რომ ევრაზიის ხიდის მიმართ მზარდი ინტერესია როგორც ევროპულ სტრუქტურებში, ისე აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში, ცენტრალურ აზიაში, იაპონიაში, ჩინეთში, უკრაინასა თუ ბალკანეთის ქვეყნებში, დუნაისპირა სახელმწიფოებში.
როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ან იხილება დაფინანსების საკითხი რკინიგზის რეაბილიტაციის, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების მოდერნიზაციის, სათანადო ტერმინალების მშენებლობის მიზნით. აჭარის ხელმძღვანელობის ძალისხმევით ბათუმში უკვე შევიდა მწყობრში სარკინიგზო ბორნის ტერმინალი, უახლოეს ხანში ანალოგიური ობიექტი მზად იქნება ფოთში, რომელსაც მოძმე უკრაინისა და საქართველოს ხელმძღვანელობის თხოვნით მთლიანად ევროკავშირი აფინანსებს. გარდა ამისა, გადაწყვეტილია განახლებული სატრანსპორტო მაგისტრალების სატელეკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხები.
გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დიდი ძალისხმევით, მისი და ჩემი ინიციატივით ქ. ბაქოში 32 ქვეყნისა და 13 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებულ კონფერენციაზე ხელი მოეწერა მრავალმხრივ შეთანხმებას ტრასეკას ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ, რაც, პრაქტიკულად ისტორიუული „აბრეშუმის გზის“ აღორძინების იურიდიულად გაფორმებას ნიშნავს. აღსანიშნავია, როგორც ღირშესანიშნავი მოვლენა, რომ ბაქოში დოკუმენტებს სომხეთის დელეგაციამაც მოაწერა ხელი.
უახლოეს ხანში კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მომსწრე ვიქნებით - სუფსაში ტანკერებში ჩაიტვირთება „ადრეული ნავთობის“ პირველი პარტია, რაც საქართველოში, როგორც სატრანზიტო ქვეყანაში ახალი ეტაპის დასაწყისის მომასწავებელი იქნება. ამ საკითხის გადაწყვეტაში განსაკუთრებულია პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის როლი.
დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილია საქართველოზე „დიდი ნავთობის“ გატარების საკითხი. ერთი სიტყვით, დადგა დრო, როდესაც საქართველო რეალურად იძენს გლობალური მნიშვნელობის ფუნქციას. განხილვის სტადიაშია თურქმენეთის გაზის ტრანსკავკასიური მილსადენით, საქართველოზე გავლით თურქეთისა და ევროპის ბაზარზე გატანის საკითხი. პრაქტიკულად მიღებულია წინასწარი გადაწყვეტილებები.
ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანად ხორციელდებოდეს. საჭიროა მეტი ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ საქარრთველოს საელჩოებს და დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
უკეთ უნდა ვიმუშაოთ საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის საელჩოებთან და დიპლომატიურ მისიებთან. მე მინდა მივესალმო მათ და მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ჭირშიც და ლხინშიც ჩვენს გვერდით არიან.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს, უნდა ამაღლდეს სახელმწიფო ვიზიტების როლი და ეფექტიანობა, უნდა სრულდებოდეს ყველა საერთაშორსო ხელშეკრულება.
უახლოეს დღეებში შედგება ჩემი ვიზიტები თურქეთსა და იაპონიაში, რასაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვიზიტებისათვის სერიოზულად ვემზადები.
როცა თვალს ვავლებთ 1998 წლის პოლიტიკურ პანორამას, არ შეიძლება ერთხელ კიდევ არ მივმართო ამ ტრიბუნიდან გაეროს, უშიშროების საბჭოს, ბატონ კოფი ანანს, უშიშროების საბჭოს წევვრებს, არ შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს უშიშროების საბჭოს 16 რეზოლუცია აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. არ შეიძლება გაერო ასე შემწყნარებლურად უყურებდეს აგრესიულ სეპარატიზმსა და გენოციდს. საჭიროა გაეროს წესდებით გათვალისწინებული გადამჭრელი მოქმედება, რადგანაც მიღებული რეზოლუციების შეუსრულებლობა ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაეროს და უშიშროების საბჭოს საერთშორისო პრესტიჟსა და ავტორიტეტს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პერსპექტივას.
საჭიროა ახალი მსოფლიო წესრიგისათვის, ევროპის XXI საუკუნის კონსტიტუციის შექმნისათვის, „მშვიდობიანი კავკასიისათვის“ ბრძოლაში გაეროს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ორგგანიზაციების როლის გაძლიერება. საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, ახლა უკვე ევროსაბჭოს წევრიც, - მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში.
ბატონო პარლამენტარებო! საქართველოს მოქალაქენო!
1998 წელი იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ მაინც აღმავალი გზით განვითარების წელი.
1999 წელი იქნება საქართველოს საბიუჯეტო და ფინანსური კრიზისის დაძლევის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის შემდგომი განვითარების წელი.
მიმდინარე 1999 წელი პარლამენტის არჩევნების წელია, მომავალი, 2000 წელი - პრეზიდენტის არჩევნებისა.
ამთავითვე ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიდან ქვეყანა გამოვიდეს კიდევ უფრო სტაბილური, განმტკიცებული და კიდევ უფრო მეტად შემჭიდროებული. ჩვენ უკვე ვიგემეთ სხვადასხვა ძალთა აგრესიული ანტაგონიზმი, მოწმენი ვართ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იარაღის გამოყენებისა, იარაღის ჟღარუნისა, სისხლისღვრისა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისა.
დემოკრატიულ არჩევნებს დღეს კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება: ესაა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ხშირად მათი დაშინება. ყოველივე ეს შეუთავსებელია კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან, ევროსაბჭოს წევრობასთან. ჩვენი ვალია ევროპის თანამეგობრობაში შევიდეთ მაღალი პოლიტიკური კულტურით, სრულყოფილი დემოკრატიით, რომელიც ყოველი ადამიანის თავისუფალ გამოხატვას გულისხმობს.
გასულ წელს აღვნიშნეთ საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების, თანაცხოვრების 2600 წელი.
მომავალ წელს, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს, იესო ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავს, „ვეფხისტყაოსნის“ - 800 წლისთავს. ამთავითვე უნდა ვემზადოთ ამ დიდი ისტორიული მოვლენებისათვის.
მომავალი, XXI საუკუნე და ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეული, უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე XX საუკუნე და განვლილი მეორე ათასწლეული!
მაშ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით და შთაგონებით ვაშენოთ ახალი, სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი, ბედნიერი და ერთიანი საქართველო თანამედროვეობისა და ჩვენი მომავალი თაობებისათვის!
გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს ამ ისტორიული მისიის შესრულებაში!
გმადლობთ.
კიდევ უფრო მეტი ენერგიით და შთაგონებით ვაშენოთ ახალი, სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი, ბედნიერი და ერთიანი საქართველო თანამედროვეობისა და ჩვენი მომავალი თაობებისათვის! : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1999 წლის 16 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 თებერვალი. - №43 (3084). - 1,3,4,5,6 გვ.
![]() |
15 ახალგაზრდა შემოქმედთა წინანდლის სემინარის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მისალმება
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო,
წინანდლის შეხვედრით თქვენ აღადგენთ იმ შესანიშნავ ტრადიციას, რომელთანაც ჩვენი მწერლობის და ხელოვნების ბევრ გამოჩენილ წარმომადგენელს ახალგაზრდობის საუკეთესო წლები აკავშირებს.
ბაკურიანის ცნობილი შეხვედრები მაქვს მხედველობაში.
იმ სემინარებთან მეც მაქვს კავშირი და ყოველთვის მეამაყება, რომ ბაკურიანის ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრების მონაწილენი წლების მანძილზე ჩემი თანამოაზრენი და მეგობრები იყვნენ და არიან.
მე ვფიქრობ, თქვენი დღევანდელი შეხვედრები თავისი მნიშვნელოვნობით ბევრად აღემატება იმ შეხვედრებს, რადგან თქვენ თავისუფალ საქართველოში ხვდებით ერთმანეთს თავისუფალი ხელოვნების განვითარების გზებზე თავისუფლი სჯა-ბაასისათვის.
იმ დროს ოცნებობდნენ თავისუფლებაზე, თქვენ ახდენილ ოცნებას განასახიერებთ.
მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან შეხვედრები ჩემი ცხოვრების უბედნიერეს წუთებად მიმაჩნია. ახლაც ასეა, მით უფრო, რომ ეს შეხვედრა ალექსანდრე ჭავჭავაძის მადლიან მიწაზე ხდება.
დღეს ახალგაზრდა შემოქმედთა სემინარების ტრადიციის, ისევე, როგორც ყოველივე საუკეთესოს აღდგენა, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
მე მინდა, რომ ყოველთვის გქონდეთ ჩვენი და პირადად ჩემი იმედი.
ახალგაზრდა შემოქმედთა წინანდლის სემინარის მონაწილეებს ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ. ვიცი, რომ ისინი ათასობით თავიანთ თანატოლს წარმოადგენენ და ამდენად, მათი სახით მივესალმები საქართველოს ყველა ახალგაზრდა შემოქმედს.
გისურვებთ ღვთისაგან ბოძებული ნიჭი და უნარი სრულად გამოგევლინოთ ქვეყნისა და ყოველი თქვენგანის საკეთილდღეოდ.
მჯერა, რომ თქვენი სახით ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურას ერთგული მსახური და დიდი ტრადიციების გამგრძელებლები ეყოლება.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
17. 02. 1999.
ახალგაზრდა შემოქმედთა წინანდლის სემინარის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს : მისალმება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 თებერვალი. - №45 (3086). - 1 გვ.
![]() |
16 „ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება იმ დონემდე არ უნდა დაეცეს, რომ ნებისმიერი რამ დააბრალო, დასწამო ადამიანს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომლითაც იგი 16 თებერვალს წარსდგა ქვეყნის უმაღლეს კანონმდებელთა წინაშე, საკმაოდ მძაფრი დებატები მოჰყვა. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელთა გამოსვლებში საკმაოდ არაკორექტული ფორმულირებები და შეფასებებიც გაისმა როგორც წარმოდგენილი მოხსენების, ისე ქვეყნის მეთაურის მისამართით.
ედუარდ შევარდნაძემ თავის შემაჯამებელ სიტყვაში ერთგვარად დაარღვია ტრადიცია - არ ჩაერთოს უსაგნო კამათში და, მით უმეტეს, არ აჰყვეს ემოციებს მაშინაც კი, როდესაც საქმე მის პირად ღირსებას შეეხება. სამწუხაროდ, ამჯერად, სახელმწიფოს მეთაურს საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ, მარტივად რომ ვთქვათ, არ გაჩუმებულიყო...
„ეს დოკუმენტი ავია თუ კარგი, ნაუცბათევად არ არის შედგენილი. მეც და ჩემი კოლეგებიც, ალბათ, 1-1,5 თვეა ვმუშაობთ იმისათვის, რომ, რაც შეიძლება ობიექტურად, მიუკერძოებლად ავხსნათ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და, ამავე დროს, ჩამოვაყალიბოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები. მაგრამ, თუ ადამიანი არ მოისმენს, ან წინასწარ განეწყობა ნეგატიურად, მაშინ ვერც ერთი დოკუმენტი, ვერც ერთი მოხსენება ვერ იმუშავებს. მე ყველაზე ნაკლებად მიზიდავს უნაყოფო კამათი, მაგრამ ზოგიერთ შენიშვნას მაინც უნდა ვუპასუხო.
დასაწყისშივე ვთქვი, სხვათა შორის, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი მოხსენების ადრესატი, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, პარლამენტია, მაგრამ, ამავე დროს, მისი ადრესატია მთელი მოსახლეობა, რომელსაც სჭირდება ვითარების ობიექტური ანალიზი და პრეზიდენტის სიტყვა - მივალთ კატასტროფამდე, თუ შეიძლება გამოვიდეთ საბიუჯეტო-საფინანსო კრიზისიდან. ვერ გეტყვით, ვინ როგორ ისმენდა, მაგრამ გამოსვლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მონაწილეთა საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე წინასწარ იყო განწყობილი არ მოესმინა და არ გაეგო ისე, როგორც ეს ობიექტურ სინამდვილეს შეესაბამება, არ გაეგო, რა რესურსები აქვს ქვეყანას, რატომ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, რატომ ვერ ავიცილეთ კრიზისი თავიდან და რა საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებს უნდა მოვუღოთ ბოლო“.
თუმცა, მხოლოდ სხდომაზე აშკარად გამოკვეთილი წინასწარი ნეგატიური განწყობა არ იყო პრეზიდენტის აღელვების და, როგორც თავად განაცხადა, წინასწორობიდან გამოსვლის მიზეზი. „მე ყოველთვის ვცდილობ, არ დავკარგო წონასწორობა, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ. წონასწორობას ვკარგავ, როდესაც ადამიანი ტყუილს ამბობს და გაბრალებს იმას, რაც არ გითქვამს. ალბათ, თითოეული თქვენგანიც ასე იქნება. მე რომ ვახტანგ რჩეულიშვილს პატივს ვცემ, საეჭვო არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, ვთქვა, რომ მან იცრუა, დამაბრალა ტყუილი საკრებულოებსა და გაგეობებს შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. არ გეკადრება ეს (ვახტანგ რჩეულიშვილს მიმართავს), სერიოზული მოღვაწე და ცნობილი პიროვნება ხარ და, ამავე დროს, ჩვენი ურთიერთობაც არ იძლევა ამის საფუძველს“.
ეს იძულებითი რჩევა-შეგონება რომ ოპოზიციის ბრალდებებივით ზოგადი არ გამოსულიყო, პრეზიდენტმა განმეორებით წაიკითხა მოხსენების ის მონაკვეთი, რომელიც სოციალისტთა ლიდერმა არ, თუ ვერ, გაიგო:
„აი, რა არის ნათქვამი: „ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის მუნიციპალური ხელისუფლების სრულყოფილად ამოქმედებისათვის აუცილებელია, რომ გამოირიცხოს საკრებულოებისა და მერიების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონფლიქტები და ურთიერთდაპირისპირება“.
არ უნდა გამოირიცხოს?
„ფაქტია, რომ ბევრი საკრებულო საკმაოდ პოლიტიზირებულია“.
იქნებ, ეს სიტყვა არ მოგეწონა?
„ეს ერთი მხრივ, მისასალმებელია, რადგან რაიონების, ქალაქების, თემების ცხოვრებაში ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობს, მეორე მხრივ, მრავალპარტიულობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს მოსახლეობის ინტერესებისათვის მიზანმიმართულ და შეთანხმებულ საქმიანობაში“.
რა არის აქ სადავო და რა ვთქვი აქ ისეთი, რომ ქვეყანა დაიქცა?
შემდეგ: „იქნებ, ღირდეს რწმუნებულების, გამგებლების, მერების, საკრებულოთა ხელმძღვანელების 2-3 დღიანი შეხვედდრა-დიალოგი დედაქალაქში პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელმძღვანელთა მონაწილეობით. ვიფიქროთ ამ საკითხზე. შეიძლება, მართლაც ღირდეს“.
რატომ მიიჩნევს პრეზიდენტი საჭიროდ ასეთ დეტალიზებას? ალბათ, უწინარესად, იმიტომ, რომ სხვაც არ შევიდეს შეცდომაში. მეორე მხრივ, კი, და ეს მთავარია, მას არ სურს, „ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაეცეს, დავიდეს იმ დონემდე, რომ ნებისმიერი რამ მიაწერო, დააბრალო, დასწამო ადამიანს, ან ისეთი პერიფრაზი გაუკეთო მის ნათქვამს, რომ არსი შეცვალო... ასე კი არ ვარგა, ასე ჩვენ სწორი გზით ვერ წავალთ“...
ვახტანგ რჩეულიშვილს, რომელიც აღაშფოთა პრეზიდენტის ინფორმაციამ საქართველოში ზოგიერთი საწარმოს გამოცოცხლების თაობაზე, ედუარდ შევარდნაძემ მოთმინებით განუმარტა, როგორია რეალური ვითარება ქვეყნის მრეწველობაში. „მე ძალიან მორიდებულად და ფრთხილად, რადგან საკითხები ბოლომდე არ არის მიყვანილი არც ტყიბულში და არც ჭიათურაში, ვთქვი, რომ ჩვენ მოვახერხეთ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გადარჩენა, სხვათა შორის, უცხოური კომპანიის დახმარებით, მართვაში გადაცემით. შემდეგ ის კომპანია, ფაქტობრივად, წავიდა და ახლა ამ უზარმაზარ საწარმოს თქვენთვის კარგად ნაცნობი დავით შალიკაშვილი მართავს, შეიძლება ითქვას, რომ საწარმო გადარჩენილია. წაგიკითხავთ, რა მომწერა თემურ შაშიაშვილმა: „გუშინ გახლდით ჭიათურაში. მოხდა ის, რისთვისაც ამდენ ხანს ვიბრძოდით. გაფორმდა ხელშეკრულება ზესტაფონის „ფეროსა“ და „ჭიათურმანგანუმს“ შორის. ყოველთვიურად 6-8 ათასი, ანუ წლის განმავლობაში 12-14 მილიონი ლარის პროდუქციას გამოიყენებს ზესტაფონი და გავიტანთ ქვეყნის გარეთაც. უარი ითქვა უცხოეთიდან 12 მილიონი დოლარის ნედლეულის შემოტანაზე. დარიგდა ხელფასები - საშუალოდ ერთ კაცზე 120 ლარი. 37 ათასი ლარი ჩარიცხა „ჭიათურმანგანუმმა“ ადგილობრივ ბიუჯეტში. 2-3 დღეში მასწავლებლები მიიღებენ თავიანთ ხელფასებს“.
მე მახსოვს, ჭიათურაში ვიღებდით 5 მილიონ ტონა კონცენტრატს და ძალიან ცოტას ვამუშავებდით ზესტაფონში. აღარ დადგება ეს დრო. თუ სისხლს არ ჩავაქცევთ თითოეული ობიექტის გადარჩენისათვის ბრძოლაში, ეს ობიექტები მოკვდებიან. აღარ არის ეს „შავი ოქრო“, ასეთი „შავი ოქრო“ ახლა ბევრია ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. შალიკაშვილის ვაჟკაცობა, მოხერხებულობა და ნამდვილი ბიზნესმენობა ის არის, რომ მან შეაღწია ევროპის ბაზარზე. დღეს ზესტაფონის ქარხანა მთელ მსოფლიოში ფეროშენადნობებზე მოთხოვნის 4 პროცენტს აკმაყოფილებს. ამას ხომ მიღწევა, შრომა, ოფლისღვრა უნდა, ჭკუა და ცოდნა სჭირდება, ამან განაპირობა ის, რომ ჭიათურის გადარჩენის იმედი გაჩნდა“.
პრეზიდენტი დარწმუნებულია რომ, თუ გულწრფელად დაინტერესდებოდა ვახტანგ რჩეულიშვილი, რომლისთვისაც, როგორც პარტიის ლიდერის, მით უმეტეს, ფრაქციის ხელმძღვანელებისათვის ყველა კარი ღიაა, ნამდვილად შეძლებდა იმის დადგენას, რეალურად რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ტყიბული გადარჩეს, რადგან ასეთი დაინტერესების ნაცვლად ხელაღებით კრიტიკას შეეჩეხა, მან სრულიად შეულამაზებლად წარმოადგინა რეალური სურათი: „პირდაპირ გეტყვით: საქართველოს ნახშირი არავის სჭირდება, ექსკავატორებით იღებენ რუსეთში დაბალი თვითღირებულებისა და უმაღლესი ხარისხის ნახშირს და არ იციან, სად წაიღონ. ტყიბულის ნახშირი ძველ დროშიც ყველაზე მაღალი თვითღირებულების იყო და, თუ ინარჩუნებდნენ, ინარჩუნებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დიდ ქვეყანას შეეძლო მისი შენახვა. მიუხედავად ამისა, საგანგებო ღონისძიებების შედეგად, მაინც მოინახნენ ინვესტორები, ბანკირები, რომლებიც მზად არიან, შემოვიდნენ და დაიწყონ „თბოელექტროსადგურის“ მშენებლობა ტყიბულის რეგიონში. დაახლოებით 200-230 მეგავატზეა საუბარი. ჯერჯერობით სიტუაცია ნორმალურად ვითარდება და, თუ ეს საკითხი გადაწყდება, მაშინ ტყიბულის ნახშირიც, მეშახტეებიც და მთელი წარმოებაც გადარჩება. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალდაბანდებები არ გაგვაჩნია და ტყიბულში ინვესტიციების მოზიდვაც ძალიან ძნელია, ტყიბულში ნახშირის ამოღება ერთ წელიწადში მაინც 4-ჯერ გაიზარდა. ანუ გაჩნდა იმედი და მეც ვთქვი, რომ დაიწყო გამოცოცხლება“.
ასეთია რეალობა და სახელმწფოს მეთაურს ვერ გაუგია, რატომ კადრულობს ზოგიერთი საპირისპიროს მტკიცებას. თუმცა, ამავე დროს, მეტად სამწუხარო დასკვნამდეც მიდის: „ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ითქვა დღევანდელ გამოსვლებში, მარწმუნებს, რომ, ალბათ, უნდა ველაპარაკო იმ საზოგადოებას, რომელსაც აინტერესებს, რომელიც მზად არის შენთან დიალოგისათვის, მზად არის შენთან ერთად ეძიოს გამოსავალი ურთულესი და უძნელესი მდგომარეობიდან“. მიუხედავად ამისა, მას მაინც აქვს ურთიერთგაგების იმედი: „ალბათ, მეათასედ, ძალიან გთხოვთ ყველას, ნუ დაივიწყებთ, საიდან დაიწყო საქართველომ მშენებლობა, როგორ დაიწყო რეფორმები. ეს იყო ცარიელი ფურცელი. ეს იყო დანგრეული, გაჩანაგებული, გაქურდული სახალხო მეურნეობა, დიდი და პატარა ქარხნები. არავითარი სხვა გზა, გარდა რეფორმებისა, გნებავთ, შოკური თერაპია დაარქვით, არ არსებობდა - არც საბჭოთა, არც კომუნისტური და არც სოციალისტური, არც არჩევანის საშუალება გვქონდა. ვერ ვიკითხავდით, ვალავი ჩამოვა თუ სხვა ვინმე. რადგან სხვა ჩამომსვლელნიც არავინ იყო. ისიც ჩამოვიდა ჩემი დიდი თხოვნისა და მუდარის, რამდენჯერმე ჩემი ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ. მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რომ არა ის სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, აბსოლუტურად გაჩანაგებული იქნებოდა დღევანდელი საქართველო. დღეს პატარა იმედები მაინც გვაქვს და ნუ დაგვავიწყდება ეს“.
საიდან ჩანს, რომ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ? - ჰკითხეს (რბილად ნათქვამია) ქვეყნის მეთაურს: „მეც ამას ვეკითხები ჩემს თავს. მე დამაბრალეს, რომ 1998 წელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოვაცხადე. როგორ შეიძლება ერთი წელი იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წელი? მე ვთქვი, რომ ეს არის ამ ბრძოლის დაწყების წელი. მანამდე ვერ დავიწყებდით, მეგობრებო, ვერ დავიწყებდით იმიტომ, რომ თოფიან კაცს, ყაჩაღებსა და ბანდიტებს ვებრძოდით... ორჯერ სამოქალაქო ომის ქარცეცხლი უნდა დაგვემთავრებინა. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს უნდა ვეცნეთ. უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. 1995 წლიდან დაიწყო მოსულიერების პროცესი. შემთხვევითი არ იყო, რომ დღეს 1994-1995 წლების ზოგიერთი მონაცემი დავუპირისპირე 1998 წლის მონაცემებს. თუ არ გინდა გაიგო და შეისმინო, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტია, ხელფასებს რომ არ ვაძლევთ, ამას ჩემზე მეტად არავინ განიცდის, მაგრამ გავცემთ, შევძლებთ ამას და კორუფციასაც მოვუვლით. შევარდნაძე იყრის თუ არა კენჭს, ეს არც მამუკა გიორგაძის გადასაწყვეტია და არც ვახტანგ რჩეულიშვილის. ეს მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, მაგრამ მე ვიყრი კენჭს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ კორუფციას ბოლოს მოვუღებთ. სხვა შემთხვევაში, - არა. თუ კორუფციას ბოლლოს მოვუღებთ, ჩვენ იმ არხებს გავხსნით, რომელთა მეშვეობითაც საქარველოს ბიუჯეტში თანხები დაუბრკოლებლად უნდა შემოდიოდეს. და, ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ დამნაშავეების დასჯა“.
იმათ კი, ვისაც აინტერესებს, ისჯებიან თუ არა დამნაშავეები, პრეზიდენტი ურჩევს მივიდნენ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებში, გენერალურ პროკურორთან, უმაღლეს სასამართლოში. თუმცა, მოხსენებაშიც იყო ჩამოთვლილი სამინისტროები, ადგილობრივი სტრუქტურები, საიდანაც ათობით, ასობით ადამიანია დათხოვნილი. მათგან ზოგიერთი გასამართლებულია, ზოგიერთის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა პარლამენტარებს თავისი მოსაზრება ამ ბრძოლისათვის უფრო ქმედითი ხასიათის მინიჭებისათვის აუცილებელ ღონისძიებაზე: „შემოგთავაზეთ, ვიფიქროთ ისეთი სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც მოგვეხმარება ამ საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევაში. ეს იქნება არა გამოძიება ან აგენტურული და ოპერატიული მუშაობა, არამედ საერთო კოორდინაცია და სასტიკი კონტროლი პრეზიდენტის სახელითა და მეთვალყურეობით. გარკვეული მოძრაობა ამ ერთი წლის განმავლობაში დაიწყო, გარკვეული გამოცდილებაც შევიძინეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტი ერთს დაარტყამს ხელს მაგიდაზე (ხშირად მეუბნებიან ასე) და კორუფცია გაქრება, ცდება. ახლა ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე წასულია ვაშინგტონში, სადაც ადმინისტრაცია, კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტი გორი ატარებს სახელმწიფოთა მეთაურების - დაახლოებით 70 სახელმწიფოა მიწვეული, მათ შორის, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნები - სამდღიან თათბირ-სემინარს თემაზე: როგორ შევებრძოლოთ საერთაშორისო ძალებით ამ საშინელ სენს.
ალბათ, ამ თემის ასეთი დეტალიზება საჭირო არ იყო, მაგრამ, როდესაც გეუბნებიან, რომ შავი თეთრია, ვერ დაეთანხმები, რადგან გრძნობ პასუხისმგებლობას ხალხისა და ქვეყნის წინაშე“.
კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზიდენტი მათაც, ვინც ამტკიცებს, რომ საზღვრის დაცვა სიმბოლურია. კვლავ და კვლავ განმარტავს, რომ რუსეთთან სამი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს შეუძლია დაიცვას საზღვარი. ამერიკამ 14 მილიონი დოლარი გაიღო სათანადო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მეგობარმა სახელმწიფოებმა მოგვცეს გემები, კატარღები, რას სჭირდება საზღვაო აკვატორიის დაცვას. ახალციხესთან უკვე ხმელეთზე დგანან, აფხაზეთსა და აჭარაში ეს საკითხები გვარდება... „რატომ არის ეს სიმბოლური დაცვა, გამაგებინეთ! სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს არის ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი. საზღვარი და საზღვრის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის შემადგენელი ნაწილია. რატომ უნდა გაუფასურდეს ყველაფერი, რისთვის გვჭირდება ასეთი ფრაზები“?.
ედუარდ შევარდნაძეს უკვირს, რატომ ამტკიცებს ზოგიერთი, რომ საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მაშინ, როდესაც ეს ერთსულოვნად აღიარა ევროსაბჭომ. და, თუ მაინცდამაინც ასეთ დონეზე ვართ, მიაჩნია, რომ უნდა გაიმართოს შეხვედრა, სემინარი და გაირკვეს, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, რა არის დემოკრატიული წყობა, რა განსხვავებაა სამოქალაქოსა და დემოკრატიულს შორის. „როცა ევროსაბჭოში ჩვენი მიღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, ერთ-ერთმა დეპუტატმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული ქვეყანა და იმყოფება საწყის ეტაპზე. ლამის აჯანყდა მთელი ასამბლეა. ყველამ თქვა: ჩვენ ვიყავით საქართველოში და დავრწმუნდით, რომ ეს დემოკრატიული, სამართლებრივი ქვეყანაა. ამას ამბობს ევროსაბჭო. ჩვენ რა დაგვიშავა ჩვენმა ქვეყანამ, რა უბედურებაა ამისთანა, რა გვჭირს, რატომ უნდა გვიხაროდეს, რომ არ ვართ დემოკრატიული და სამართლებრივი?!“
უსამართლოა, პრეზიდენტის აზრით მწარე რეპლიკები დროშის, გერბის, ჰიმნის, საერთოდ, სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ამ საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტა დაუშვებლად მიაჩნია. მეორე მხრივ, ვერაფერს ხედავს მიუღებელს იმაში, რომ სწორედ დღეს მოქმედი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა აღიმართოს იმავე ევროსაბჭოში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ეს დროშაა აღმართული და არავის უთქვამს, ეს რა სამარცხვინო ქვეყანა ყოფილაო. არ თქმულა ეს არსად და, მოდით, ნუ ვაბრალებთ ერთმანეთს იმას, რაც მთავარი არ არის დღეს და რასაც საფუძველი არ გააჩნია“.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ აქტიურ ოპონენტს, ლეიბორისტთა ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მიულოცა პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო დროს მიღწეული შთამბეჭდავი წარმატებები და არც გულითადი რჩევა დაიშურა: „მიხარია თქვენი წარმატებები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ წარმატებებს წარუმატებლობა მოჰყვება. პოლიტიკა სასტიკია“. უფრო კონკრეტულად კი აუხსნა, რომ მათი ცნობილი ლოზუნგი - უფასო სწავლება ყველა მოსწავლისათვის, - არ არის რეალური, რომ თანდათან მოსახლეობა გაიგებს, რომ ბატონი შალვა მთლად მართალი არ არის ამ საქმეში. პრეზიდენტი კი მართალია, როცა ამბობს, რომ თუ ამ ვალდებულებას ვიკისრებთ, მაშინ ემისიაზე უნდა წავიდეთ. შედეგად მივიღებთ უფასო სწავლებას მხოლოდ 3-4 თვით, ქვეყანა კი გაკოტრდება.
ედუარდ შევარდნაძე არც კონსტიტუციურ კრიზისთან დაკავშირებით იზიარებს ნათელაშვილის წუხილს. არ იზიარებს, რადდგან დაბეჯითებით იცის, რომ ასეთი კრიზისი არ არსებობს. არც ის ახსოვს (თუმცა, მეხსიერებას არ ემდურის), ხმალამოღებულს რომ ებრძოლა კონსტიტუციაზე ერთად მუშაობის დროს ნათელაშვილს რომელიმე დებულების წინააღმდეგ. და მაინც, რა არის კონსტიტუციური კრიზისი, მხოლოდ ის რომ ძირითად კანონში მინისტრთა კაბინეტის შექმნა არ არის გათვალისწინებული? „გვაქვს კონსტიტუცია, არის მმართველობა, არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, არის ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი, თუ იქნება მინისტრთა კაბინეტი, ალბათ, ხელს არ შეგვიშლის, უფრო დაგვეხმარება, თუ არ იქნება, ქვეყანა არ დაიქცევა. როგორ ცხოვრობს შეერთებული შტატები, სადაც არიან მინისტრები, არის კონგრესი, პრეზიდენტი? ჩვენ ეს მოდელი ავირჩიეთ“.
ბევრ გამოსვლაში გაისმა საქართველოში ერთპიროვნული პოლიტიკა, ერთპიროვნული მმართველობა ხორციელდება. პრეზიდენტი ეკითხება „ბრალმდებლებს“: „რატომ არის საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა, გამაგებინეთ. თქვენ გარეშე ვერც ერთ კანონს ხელს ვერ მოვაწერ. თქვენ უნდა მიიღოთ კანონი და მერე მე მას კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით, ხელს ვაწერ. ასევე კონსტიტუციამ მომანიჭა ვეტოს უფლება. არ მივმართავ ხშირად, სულ 5-6-ჯერ გამოვიყენე, ისიც შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებზე.
რომელი მინისტრი დავნიშნე თქვენ გარეშე?
რაშია საქმე? მთავრობის სხდომებს ვატარებ? - ვატარებ. ბრძანებულებებს კონსტიტუციის ფარგლებში გამოვცემ. ერთი გადახვევა საკმარისია, ავთო დემეტრაშვილი ჩასაფრებულია და იმ წუთში, მე თუ არა, ჩემი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა მივიდნენ. კარგია, რომ ეს ასეა. მაგრამ ეს არის ერთპიროვნული მართვა?“ იმას კი აღიარებს პრეზიდენტი, რომ მართლაც ერთპიროვნული მართვა რომ შეეძლოს, ბევრ რამეს ცოტა სხვანაირად გააკეთებდა. თუმცა, დღესაც იმის მომხრეა, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტი იყოს და პარლამენტსაც თავისი ადგილი ეკავოს, ანუ „პრეზიდენტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს და იხედებოდეს პარლამენტისკენ და პარლამენტიც უნდა უწევდეს ანგარიშს პრეზიდენტს“.
მორიგი თემა (ავტორი კვლავ ვახტანგ რჩეულიშვილი): ერთი მხრივ, მოვახდინოთ გაჩერებული ობიექტების პრივატიზაცია და, მეორე მხრივ, რატომ მოვახდინეთ „თელასის“ პრივატიზაცია. პრეზიდენტის რეაქცია - სრულიად ადექვატური: „ძმაო, გაჩერებული ობიექტი ვის რად უნდა. მისი პრივატიზაცია რომ შეიძლებოდეს, ხვალვე დამთავრდებოდა ყველაფერი. მე უკვე ვთქვი, რომ 3 ათასი საწარმოდან, როგორც წესი, ერთი მესამედი არ მუშაობს. გავყიდდით იმ ერთ მესამედს, მაგრამ არავის უნდა - არც ჩვენიანს, არც უცხოს. მათს პროდუქციაზე მოთხოვნილება არ არის, ხოლო ის თანხა, რაც მათს რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას სჭირდება, ძალიან სერიოზულია, ამიტომ არის ეს კაპიტალი გაყინული, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ალბათ, ისევ ქვეყნის შიგნით გამოვნახავთ გამოსავალს.
რაც შეეხება „თელასის“ პრივატიზაციას: ვისაც უნდა შევედავები, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ვინ გადაიხდიდა 70 მილიონ ვალს? ამ ვალის დაუფარავად კი კრედიტს ვინ მისცემდა „თელასს“? ეს ხომ გაკოტრებული ორგანიზაცია იყო, რომელსაც გაჭირვებით ვინახავდით იმისათვის, რომ თბილისში ხანდახან ერთი საათით მაინც ყოფილიყო შუქი. მოვიდა ძლიერი ფირმა, რომელიც გვეუბნება: მე თქვენგან ვიყიდი ელექტროენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებთ „თბილსრესზე“, მზად ვარ გავიდე რუსეთის, სომხეთის ბაზრებზე, იქიდან შემოვიტანო ელექტროენერგია და გავყიდო თბილისში, ჩავატარო სრული რეკონსტრუქცია.
ჩვენი ხაზები და გადამცემი სადგურები მოშლილია. ერთ წელიწადში სრული კატასტროფაა მოსალოდნელი. ამ ხალხს ყაზახეთში, რუსეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ახლა აქ შემოვიყვანეთ. გარწმუნებთ, 1-2 წელიწადში თბილისი სრულიად სხვა ქალაქი იქნება, ის ელექტროენერგია, რომელსაც თბილისში ვხარჯავთ, ახალი ტექნოლოგიების პირობებში სრულიად საკმარისი იქნებოდა ყველასათვის - მრწველობისთვისაც და მოსახლეობისთვისაც“. ანუ, ეს საკითხი ასე ხელაღებით განსაქიქებელი არ არის. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თბილისის საკრებულოც გაიგებს, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და, ასე თუ ისე, ეს საკითხი ამოიწურება.
უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ საქართველოს პრეზიდენტმა მთიან რეგიონებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია „იფადის“ ხაზით შემუშავებული პროგრამები დაიმოწმა. „ჩვენი ტყეები, კავკასიონზე განლაგებული, არა მარტო საქართველოს ფილტვებია, არამედ ჩვენი უახლოესი მეზობლებისაც. ამ ტყეების გადაშენება და გაჩანაგება ნიშნავს უბედურებას არა მხოლოდ საქართველოსთვის, ამიტომაც ვმუშაობთ სერიოზულ საერთაშორისო პროგრამაზე - როგორ გადავარჩინოთ ტყეები. ეს არის ჩვენი თაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.
ამავე დროს, მთა ვერ გადარჩება, თუ იქ მეურნეობა არ განვითარდება, ორი წლის წინათ, იტალიაში შეხვედრის დროს ვთხოვეთ „იფადის“ პრეზიდენტს ჩამოსულიყო. ჩამოვიდა, მოიარა მთაც და ბარიც და დაგვპირდა დახმარებას. ახლა უკვე დამუშავებულია დუშეთისა და ყაზბეგის პროგრამები. ხვალ და ზეგ მესტიის, მთიანი აჭარის საკითხები დადგება დღის წესრიგში...
ამიტომ, მოდით, ნუ წამოვკრავთ ხელს უცხოელ ინვესტორებთან მუშაობის პრობლემას, მით უმეტეს, რომ ამის გარეშე, გარწმუნებთ, საქართველო ვერ გამოვა კრიზისიდან“.
არც ის არგუმენტი მიაჩნია პრეზიდენტს ხელისუფლების კრიტიკისათვის საკმარისად, რომ მას გამოკვეთილი კურსი არ გააჩნია და ეს არის ყველა უბედურების გამომწვევი. პრეზიდენტს სრულიად ლოგიკურად აინტერესებს ოპოზიციის აზრი უძლიერეს და უმდიდრეს ქვეყნებში მიმდინარე ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესახებ: „სამხრეთ კორეას რა, კურსი არა აქვს? ინდონეზიას, რომელიც 20-25 წელიწადში აყვავდა, კურსი არ ჰქონდა? მალაიზიას, ერთ-ერთ აყვავებულ ქვეყანას, კურსი არ ჰქონდა? იაპონიას გაუჭირდა, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა - ბრაზილია ლამის გაჩანაგების გზაზე დადგა. და, ბოლოს - ჩვენი მეზობელი რუსეთი, რომლის ეკონომიკური კრიზისი ჩვენ 150 მილიონი დაგვიჯდა. რუსეთმა ვერ გაუძლო ამ კრიზისის შემოტევას, - არც ნავთი აკლია, არც ხე-ტყე, არც ნახშირი, არც გაზი... ჩვენ ჯერ კიდევ სუსტი ხერხემალი გვაქვს. ჯერ კიდევ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც უარი უნდა თქვას იმ ფუფუნებაზე, რომელსაც უცხოური ინვესტიციები ჰქვია. ნუ ვამბობთ ამას, ძალიან გთხოვთ, ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ, რომ ამით ვიფრთხობთ იმ ადამიანებს, რომელსაც გულწრფელად სურთ იმუშაონ საქართველოში და დაგვეხმარონ.
წინასწარი მონაცემებით, 600 მილიონი ტონა ნავთობის მარაგია დედოფლისწყაროში, დაახლოებით ამდნივე მარაგია მოსაზღვრე, მეთერთმეტე ბლოკზე. ეს უდიდესი ამერიკული კომპანიების მიერ შემოწმებული მონაცემებია. როგორ, ამ ხალხთან არ ვიმუშაოთ? ვუთხრათ, რომ დაგვიტოვონ ყველაფერი, რაც გააკეთეს შთამომავლობისათვის და თვითონ სახლებში წავიდნენ? უნდა ვითანამშრომლოთ. კასპიის ზღვით მთელი მსოფლიო დაინტერესდა, მაგრამ ამით აზერბაიჯანი არ დანგრეულა. 4-5 წელიწადში ის აყვავებული ქვეყანა იქნება. საქართველოც მივა ამ დონემდე“.
და ბოლოს, კვლავ პრობლემა, რომლითაც თავისი შემაჯამებელი გამოსვლა დაიწყო პრეზიდენტმა, და, რომელიც, როგორც ჩანს, ძალზე მწვავე და დასაფიქრებელია (ეს განსაკუთრებით პარლამენტის ამ სხდომაზე გამოჩნდა) - იმ ფორმის მიხედვით, რომელიც მიიღო პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებულმა დებატებმა, შეგვიძლია თუ არა ვამტკიცოთ, რომ კულტურული, ცივილიზებული, დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ხალხი ვართ. სამწუხაროდ, ალბათ, არა ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტზე, როგორც ჩანს, ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება ურთიერთობის, გნებავთ, მიმართვის იმ ფორმებმა მოახდინა, რომელიც ნებისმიერ ნეიტრალურ მსმენელს მოჭრიდა ყურს. ედუარდ შევარდნაძე მომხრეა ნებისმიერი კამათის, თუკი ის დასაშვებ ფარგლებს არ გასცდება, მომხრეა ერთმანეთის პატივისცემის. ამგვარი ურთიერთობის იმედი, როგორც პრეზიდენტმა დელიკატურად აღნიშნა, მას ბოლომდე არ გაუმართლდა, რამაც ათქმევინა კიდეც: „მე დღეს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასაარჩევნო მიტინგზე ვარ. არ ვარგა ასე. პარლამენტი პარლამენტი უნდა იყოს ბოლომდე, ისევე, როგორც პრეზიდენტი, სანამ მას არ გადაირჩევენ. ბოლო წუთამდე თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს. არ უნდა თქვა: ცოცხალი, გადარჩენილი პრეზიდენტი გვყვავს თუ მკვდარი. რა არის ეს? კი, ბატონო, მე შემიძლია ავიტტანო, მაგრამ ვინ უფრო დიდხანს იცოცხლებს, ჯერ კიდევ ვნახოთ, ჯერ კიდევ პრობლემაა“.
მაია ალუდაური,
საქინფორმის კორ.
„ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება იმ დონემდე არ უნდა დაეცეს, რომ ნებისმიერი რამ დააბრალო, დასწამო ადამიანს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 თებერვალი. - №45 (3086). - 1,2 გვ. 200
![]() |
17 „სახელმწიფომ იკისრა მტკიცე და ურყევი ვალდებულება - 1999 წელს დაფაროს გასული წლის საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის შედეგად წარმოშობილი ყველა დავალიანება, ის, რაც მოსახლეობას ეკუთვნის“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 თებერვლის რადიოინტერვიუ
- განვლილ კვირაში თქვენ სამი მოხსენება გააკეთეთ, აქედან, ალბათ, უმნიშვნელოვანესი იყო მოხსენება პარლამენტის წინაშე - წლიური ანგარიში, შემდეგ ამას მოჰყვა თქვენი გამოსვლები მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად განვლილი კვირა 1998 წლის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შეჯამებაც იყო. პარლამენტში კვლავ მწვავე იყო ოპოზიციის გამოსვლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური თუ სახელმწიფოებრივი კრიზისი, კორუფცია, სასამართლო რეფორმა. თქვენ რა ძირითადი მახასიათებლებით შეაჯამებდით განვლილ წელს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- გასულ კვირას ჩვენ მოსახლეობას წარვუდგინეთ განვლილი 1998 წლის, მე ასე მგონია, შეულამაზებელი, რეალური სურათი და სათანადო ახსნა-განმარტება იმ კრიზისის მიზეზთა შესახებ, რომელიც გადავიტანეთ და რომლის დაძლევასაც კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება. აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ოპონენტებს იმაში, თითქოს ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფაზაში იმყოფებოდეს. ის, რაც ჩვენში ხდება და ხდებოდა ბოლო დრომდე, იყო არა ეკონომიკური კრიზისი, არამედ საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი, რაც სრულებითაც არ არის ერთი და იგივე. ეკონომიკური კრიზისი სხვა მოვლენაა, ჩვენს შემთხვევაში ქვეყნის ძირითადი მახასიათებლები ასეთი კრიზისის თვისებებს არ შეესაბამება, ვინაიდან შეუძლებელია სახელმწიფო იმყოფებოდეს ეკონომიკური კრიზისის ფაზაში და იმავდროულად გრძელდებოდეს ეკონომიკის ზრდა. გასულ წელს, საფინანსო-საბიუჯეტო სირთულეთა მიუხედავად, საქართველოში კვლავ გრძელდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. მართალია, ბოლო მონაცემებით, ზრდა შედარებით მცირეა - 3 პროცენტის დონეზე, მაგრამ ეს ფაქტი მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკას კვლავ აქვს აღმავლობის ვექტორი. ამავე დროს, მე ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ დაივიწყებენ ლოგიკის ერთ-ერთ ძირითად კანონს: როდესაც შეფასებას ვაძლევთ საგანს ან მოვლენას, უმთავრესი, მე ვიტყოდი, აუცილებელი მეთოდი შედარება უნდა იყოს. ამას მოითხოვს არა მარტო ელემენტარული ობიექტურობა, არამედ სწორი დასკვნის გამოტანაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დასკვნა შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას.
აი, მაგალითად, ხშირად გაიგონებდით საპარლამენტო დისკუსიის დროს, რომ საქართველოს თავს დაატყდა საშინელი ეკონომიკური კატასტროფა და ასე შემდეგ. მერედა, საქართველო განა გამონაკლისია? სამწუხაროდ, თითქმის არც ერთ ოპონენტს არ გახსენებია, ის, რაც 1998 წელს მოხდა მთელ მსოფლიოში. ავიღოთ, თუნდაც ბოლო გამოკვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა ყველაზე პრესტიჟულ, კომპეტენტურ, შეიძლება ითქვას, ელიტარულ ეკონომიკურ გამოცემებში, ჟურნალ „ეკონომისტში“, გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსში“. აღმოჩნდა, რომ შარშან უკლებლივ ყველა განვითარებულ ქვეყანაში თვალნათელი იყო აბსოლუტური ეკონომიკური სტაგნაცია. მსოფლიო საფინანსო კრიზისმა თვით ისეთ ტიტანთა ეკონომიკაც კი შეარყია, როგორიც არის იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები. სერიოზულად დაზარალდნენ ბრაზილია, ინდონეზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა და მრავალი სხვა ქვეყანა. არადა, ჯერ კიდევ 1997 წელს ამ სახელმწიფოთა ეკონომიკურ სისტემებს თითქმის არაფერი ემუქრებოდა. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ერთბაშად დაინგრეოდა წლობით ნაგები შენობა. გავიხსენოთ, რა მოხდა რუსეთში და რა ზეგავლენა მოახდინა ამან ისეთი გიგანტების ეკონომიკაზე, როგორიც არის უკრაინა, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე. ერთადერთი გამონაკლისი, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაუძლო ამ კატაკლიზმებს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ზესახელმწიფოა, არის ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ, ამერიკა მეოცე საუკუნის დამლევს ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ამ მხრივაც, უნიკალურია და ეს არავის არ უკვირს. ასევე არ უნდა გვიკვირდეს, თუ ჩვენი პატარა, ახლად ფეხადგმული ქვეყანაც აღმოჩნდა ამ ფინანსურ ქარბორბალაში. მაგრამ, საბედნიეროდ, დროულად მიღებული ზომებისა და სწორი სტრატეგიის წყალობით, სხვებისაგან განსხვავებით, ჩვენ გადავარჩინეთ ძირითადი ეკონომიკური სისტემები, მათ შორის, ბანკები, რაც უეჭველად იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანა საბოლოოდ დაძლევს ფინანსური კრიზისის შედეგებს. შევინარჩუნეთ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნორმალური საინვესტიციო გარემო. მაგრამ საამისოდ აუცილებელია იმ სუბიექტური ფაქტორების აღმოფხვრა, რომელთა მოქმედება ობიექტურ მიზეზებთან ერთად ამძიმებდა და ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას.
ამდენად, არ იყო შემთხვევითი, თუ ჩემს გამოსვლებში, როდესაც ვცადე ჩამომეყალიბებინა კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა, განსაკუთრებით გავუსვი ხაზი ისეთ მანკიერებათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, როგორიც არის კორუფცია, პროდუქციის ფალსიფიცირება, კონტრაბანდა, გადასახადების დამალვა, აღრიცხვის მოუწესრიგებლობა და მრავალი სხვა. სხვათა შორის, როცა ჩვენი მანკიერებანი ჩამოვთვალე, ჩემი შეფასებანი აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი წამყვანი ბიზნესმენების მოსაზრებებსა და მათს მოთხოვნებს, რაშიც, ალბათ, დაგარწმუნათ მათმა გამოსვლებმა ამ ბოლო შეხვედრაზე, ბოლო შეჯამებაზე.
დაუფარავად ვიტყვი: ამ მანკიერებებს თუ ვერ დავძლევთ, საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი მართლაც გადაიზრდება ჯერ ეკონომიკურ, შემდგომ კი ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ კრიზისად.
ამ თვალსაზრისით ბევრი რამ უკვე გაკეთდა. ნიშანდობლივი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, უშიშროების მინისტრის გამოსვლები მთავრობის სხდომაზე. მართლაც შემაძრწუნებელ ფაქტებს აეხადა ფარდა, თუ როგორ იტაცებდნენ ათობით მილიონ ლარს ბიუჯეტიდან, როგორ იჯიბავდნენ თანხებს, რომლებიც პენსიონერებს, მასწავლებლებსა და ჯარისკაცებს უნდა მოხმარებოდა. ამას ბოლო უნდა მოეღოს და მოეღება კიდეც.
- თქვენ იქ გააწყვეტინეთ სიტყვა უშიშროების მინისტრს და ასეთ რამ უთხარით: ეს ფაქტები გასაგებია, მაგრამ როდის გადახვალთ რეალურ მოქმედებაზე. ეს პრინციპში, მარტო უშიშროების მინისტრს არ ეხებოდა. ეს, ალბათ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართაც იყო ნათქვამი. მოსახლეობასაც ხშირად უჩნდება ასეთი კითხვა. ჩემთვის, მაგალითად, პირველი იყო, როცა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ასეთი ფაქტები მოვისმინე, გნებავთ, ბატონ თარგამაძისა და, გნებავთ, ბატონ ქუთათელაძის გამოსვლებში, მაგრამ შედეგი ამას მოჰყვა?
- ვფიქრობთ, ეს შედეგიც არ დააყოვნებს და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვის რა ელის, ვინ რა სასჯელი დაიმსახურა იმისათვის, რა ზიანიც მიაყენა ქვეყანას.
ამასთანავე ისიც უნდა ითქვას, რომ კორუმპირებულები, ფალსიფიკატორები, კონტრაბანდის შემომტანნი, გადასახადების არგადამხდელნი - ყველანი საქართველოს მოქალაქეები არიან. ვერც ერთი ამ ადამიანის ბედისადმი, თუნდაც იგი დამნაშავე და კრიმინალი იყოს, გულგრილი ვერ ვიქნები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, დამნაშავეთა გამოვლენა ნიშნავს მათს დაპატიმრებას, გასამართლებას, მკაცრ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას. ეს არა მარტო ერთი ადამიანის, არამედ მისი ოჯახის, მშობლების, მეუღლის, შვილების, ახლობლების უბედურებაა. ერთი ადამიანის დასჯა ობიექტურად იწვევს სხვა რამდენიმე ადამიანის, სრულიად უდანაშაულოთა გაუბედურებას, ცხოვრების გზის გამრუდებას. მაგრამ, რაოდენ გულისმომკვლელიც უნდა იყოს ამის აღიარება, როგორც ჩანს, მხოლოდ დაყვავებით, მხოლოდ ხვეწნა-მუდარით, თავზე ხელის გადასმით, არაფერი გამოდის.
ამიტომ, იძულებული ვარ, უკანასკნელად, მკაცრად გავაფრთხილო ყველა: გონს მოეგეთ, ბატონებო, ნუ გაიუბედურებთ თავს, ნუ გაუმრუდებთ გზას თქვენს შვილებს, თავი დაანებეთ ფალსიფიკატორობას, კონტრაბანდას, გადასახადების დამალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი გარდაუვალი იქნება, ვინაიდან პრეზიდენტი და ხელისუფლება ვალდებული არიან დაიცვან უზენაესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები, მათ შორის, ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც მხოლოდ ჯანსაღ ეკონომიკურ სისტემას შეიძლება ეფუძნებოდეს. კიდევ ვიმეორებ, სანამ გვიან არ არის, გონს მოეგეთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანას. ამაზე მე ბევრი ვილაპარაკე ამ დღეებში. იუსტიციის საბჭო ყურადღებით ადევნებს თვალს ამ სფეროში მოვლენათა განვითარებას. ნურავის ექნება ილუზია, რომ სხვადასხვა მაქინაციით, ზოგიერთი ნამუსგარეცხილი მოსამართლის მოსყიდვით დაუძვრება პასუხისმგებლობას.
ჩვენ შეგვწევს უნარი, ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთოთ კორუმპირებულთა თარეში. თარეშს შემთხვევით როდი ვამბობ. მათი თარეში არანაკლებ მსახვრალი და დამანგრეველია, ვიდრე იმ უკანონო ფორმირებებისა, რომლებსაც ამ რამდენიმე წლის წინათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა - ქალამნად. აბა, რას წარმოიდგენდნენ, თუ ოდესმე პასუხი მოეთხოვებოდათ. მაგრამ, ბედი მდევარი, კანონის ძალით, მათაც დაეწია. ასევე აგებინებს კანონი პასუხს იმ გათავხედებულ მექრთამე ავაზაკებს, რომლებიც შეესივნენ და უმოწყალოდ ხრავენ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის საყრდენებს.
მხოლოდ ასეთ პოზიციას მოითხოვენ ჩვენგან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ჭეშმარიტი ბიზნესმენები, მეწარმეები, რომელთაც სურთ პატიოსანი, თანასწორი კონკურენციის პირობებში შექმნან საუკეთესო პროდუქცია, მიაწოდონ იგი მომხმარებლებს, კუთვნილი მოგებაც მიიღონ და მშვიდად შეირგონ.
სხვათა შორის, მე კიდევ გავიმეორებ იმას, რომ გადაწყვეტილი მაქვს პრეზიდენტთან შევქმნა ბიზნესმენთა საკმაოდ სოლიდური ჯგუფი, პრეზიდენტი უნდა გრძნობდეს, რა ხდება ამ სფეროში და, როგორც იტყვიან, მაჯაზე ხელი უნდა ეჭიროს.
ამასვე მოითხოვენ პრეზიდენტისაგან ფერმერები, ისინი, ვინც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ქმნის. მე კვლავ ვადასტურებ, თუ გნებავთ, პირობას ვდებ მათ წინაშე, რომ კორუმპირებულთა თარეშს საქართველოში ბოლოს მოვუღებთ.
- პარლამენტში მალე დაიწყება 1999 წლის ბიუჯეტზე მსჯელობა. პრინციპში, თქვენი გამოსვლის დროს, 16 თებერვალსაც იყო ლაპარაკი და საკმაოდ მწვავედაც ამ ბიუჯეტზე. ამასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის მძიმე, მაგრამ რეალისტური ბიუჯეტი. როგორ? როცა იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვს მის შემცირებას 100 მილიონით?
- უნდა შევამციროთ. სხვათა შორის, იმას, რასაც ჩვენ აღვნიშნავთ ხოლმე ტერმინებით - „მძიმე ბიუჯეტი“ ან „მკაცრი ბიუჯეტი“, საერთშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ამას უწოდებენ ძლიერ ბიუჯეტს, ესე იგი რეალისტურს. მათი გაგებით, ბიუჯეტი, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყნის მდგომარეობას, არ ეფუძნება არაფრის მომცემ ემისიას და ითვალისწინებს საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს, ძლიერი ბიუჯეტია.
ტერმინებზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ბიუჯეტი არსებული ვითარების სარკეა. თუ რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება, ამაზე ცოტა ხნის წინათ ვილაპარაკე და საკმაოდ დეტალურადაც. ახლა მთავარია, კონსტრუქციულად ვიმსჯელოთ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე. რა თქმა უნდა, იგი არ არის და არც შეიძლება იყოს იდეალური, ანუ არ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით და ვინატრებდით ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის. მაგრამ, რაც მთავარია, სახელმწიფომ იკისრა მტკიცე და ურყევი ვალდებულება - 1999 წელს დაფაროს გასული წლის საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის შედეგად წარმოშობილი ყველა დავალიანება, ის, რაც მოსახლეობას ეკუთვნის. სრულად გაიცემა ხელფასები, პენსიები, დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიუჯეტი სწორედ ამიტომ ვერ გაითვალისწინებს დიდ საინვესტიციო ხარჯებს, კაპიტალდაბანდებებს. ერთადერთი, რის გაკეთებასაც მაინც მოვახერხებთ, უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, იქნება ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული დარგის - მეჩაიეობის შემდგომი მხარდაჭერა, რასაც საარსებო მნიშვნელობა აქვს ასიათასობით ჩვენი თანამემამულისათვის სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, იმერეთის იმ რაიონებში, სადაც ჩაი ხარობს. თუმცა, ეს არ არის ქველმოქმედება. მეჩაიეობისათვის გაღებული თითოეული ლარი სულ მალე ორმაგად და სამმაგად დაგვიბრუნდება.
და, კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი: ქართულ ჩაის კვლავ გაუჩნდა ბაზარი, ქართულ ჩაიზე კვლავ გაჩნდა მოთხოვნილება უკრაინაში, განსაკუთრებით რუსეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში განვითარებულმა კრიზისმა ისინი აიძულა იფიქრონ უფრო იაფი პროდუქციის შეტანაზე. ცეილონის, ინდოეთის ჩაი და ასე შემდეგ უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში მოწეული ჩაი. თუ ჩვენ ხარისხით მივუახლოვდებით მაინც მაღალ სტანდარტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ჩაის მუდმივი ბაზარი ექნება და ცოტათი მაინც უკეთ მივხედავთ თავდაცვისა და მესაზღვრეების საჭიროებებს, შევეცდებით, უკეთ განვახორციელოთ უცხოურ წყაროზე აგებული საინვესტიციო პოლიტიკა და ეს წყაროები არცთუ ისე ცოტაა და საკმაოდ მოზრდილ თანხებთან გვექნება საქმე.
- გასულ კვირას თქვენ „შევრონ-ოვერსის“ პრეზიდენტს რიჩარდ მაცკეს შეხვდით. ალბათ, პრინციპში, ის თანამშრომლობა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა თუ შეფერხდა ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, ისევ აღდგება...
- ბატონმა რიჩარდ მაცკემ, რომელიც ჩვენთან უკვე დიდი ხანია მეგობრობს და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, ჩემთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კომპანია მზად არის განაახლოს ტვირთზიდვა საქართველოს რკინიგზისა და ბათუმის ნავთობგადდასამუშავებელი ქარხნის ტერმინალთა მეშვეობით. გარკვეული მიზეზების გამო ტარიფებთან დაკავშირებით ეს ტვირთზიდვა ორი თვით შეჩერებული იყო. ყველა ორგანიზაციული საკითხი შევათანხმეთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რკინიგზისა და ბათუმის ქარხნის ინტერესები. ვფიქრობთ, მივაღწიეთ ოპტიმალურ შედეგს და უახლოეს მომავალში „შევრონის“ ნავთობი, ესე იგი, ყაზახეთიდან ნავთობი კვლავ დაიძრება საქართველოსაკენ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე განვლილ წლებში.
- განვლილ კვირაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იყო გაზსადენის თემა. საფარმურატ ნიაზოვის ხელმოწერილ ახალ საუკუნის პროექტში, როგორც მას ექსპერტები უწოდებენ და იმასაც ამბობენ, რომ ეს პროექტი თვით ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე უფრო მასშტაბურიც არის, თურქმენეთიდან ტრანსკასპიური ნავთობსადენით აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით გაზის ევროპისაკენ ტრანსპორტირებას გულისხმობენ...
- მოხარული ვარ, რომ ანკარის დეკლარაცია და ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რომლებიც იმ ღირშესანიშნავ ისტორიულ სამიტზეა ხელმოწერილი, თანდათან ხორცს ისხამს. ამასთანავე, ძლიერდება საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია. პრეზიდენტ ნიაზოვის განცხადებით, გაზსადენის მშენებლობაში მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. შეიქმნება კონსორციუმი და მშენებლობა 28 თვეში დამთავრდება. ვადასტურებ ყველა დაინტერესებული მხარის საყურადღებოდ, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც ისევე ერთგული იქნება თავისი ვალდებულებებისა და ისევე პირნათლად შეასრულებს შესაბამისი დოკუმენტის ყველა მოთხოვნას, როგორც ბაქო-სუფსის პროექტის განხორციელებისას. ამასთან, მინდა ისიც გაცნობოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სერიოზული კონსულტაციები ჩემთან, კერძოდ, ეს საშუამავლო დიდი ფირმაა, ერთ-ერთი გრანდიოზული ფირმა „მერხავი“, რომლის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები იყვნენ ჩემთან. ამას მოჰყვა ჩემი კონსულტაციები ჰეიდარ ალიევთან და ჩვენ ერთნაირი პოზიცია დავიკავეთ, ბუნებრივია, იყო კონსულტაციები თურქეთთან, თვით თურქმენეთის ხელისუფლებასთან. ასე რომ, ეს გადაწყვეტლება ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია. დიდი გაზსადენის პროექტი უდიდესი სიკეთის მომტანი იქნება საქართველოსათვის ისევე, როგორც ნავთობსადენისა. ათასობით ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და ანაზღაურებაც ძალიან მაღალი იქნება. შეიძლება ითქვას, საბოლოოდ გადაწყდება ენერგეტიკული პრობლემა, განვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოხდება კაპიტალის კონცენტრაცია, რაც მთლიანობაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთი მძლავრი საყრდენი გახდება. ყველა ეს პროექტი, უწინარესად, სწორედ იმიტომ გვაინტერესებს, რომ განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი მატერიალური და ტექნიკური ბაზა. ამასთანავე, ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ რუსეთიდან საქართველოს გავლით გაზის გატანას სამხრეთის ბაზრებზე. ასეთი პროექტებიც არსებობს და მათი შეთავსება სავსებით შესაძლებელია და ჩვენ მზად ვართ ყველა სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის რუსეთის მიმართაც გამოვიჩინოთ კეთილი ნება და საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული გაზსადენები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რუსეთის გაზი მივაწოდოთ სამხრეთის ბაზრებს.
- საერთოდ, პოსტსაბჭოური აზია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტაჯიკეთის მოვლენებს თუ არ ჩავთვლით, სტაბილურობით გამოირჩევა. გასულ კვირაში უზბეკეთის დედაქალაქში მართლაც რაღაც სენსაციური ფაქტი მოხდა - რამდენიმე აფეთქება. პრეზიდენტ კარიმოვის აზრით, ეს, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი ევრაზიის დერეფნის ასეთ მნიშვნელოვან მონაკვეთში, ცენტრალურ აზიაში იყო დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობა...
- სიმართლე გითხრათ, შემაძრწუნა პირველ ყოვლისა, იმ სისასტიკემ, ცინიზმმა და თავხედობამ, რომლითაც ეს დივერსია განხორციელდა მეგობარი ქვეყნის - მოძმე უზბეკეთის დედაქალაქში. თუმცა ამგვარი სისასტიკე და ცინიზმი ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია.
ტერორისტული აქტიდან მცირე ხნის შემდეგ ტელეფონით ვესაუბრე ჩემს პატივცემულ კოლეგას - საქართველოს ჭეშმარიტ მეგობარს ბატონ ისლამ კარიმოვს და ქართველი ხალხის სახელით გამოვთქვი დიდი სინანული, თანაგრძნობა და მხარდაჭერა.
არ გამოვრიცხავ, რომ იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას გზად რამდენიმე საათით შევჩერდე უზბეკეთში. არის აუცილებლობა, მოთხოვნილება ორივე პრეზიდენტისა, რომ შევხვდეთ და განვიხილოთ შექმნილი მდგომარეობა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ველი საინტერესო და საქმიან საუბარს უზბეკეთის პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ, ეს საზიზღარი პროვოკაცია იოტისოდენადაც ვერ შეაფერხებს ამ დიდი ქვეყნის სტაბილურ, დამოუკიდებელ განვითარებას.
- 17 თებერვალს პრესკონფერენციაზე თქვენ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთეთ პრესისათვის იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით, - ვგულისხმობ, რომ როცა პანტელეიმონ გიორგაძესთან უშიშროების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მაშინ გაისმა სატელეფონო ზარი და იგორ გიორგაძემ გააფრთხილა ისინი, დაანებეთ თავი ამ ადამიანთან საუბარს და საერთოდ შევარდნაძის მხარდაჭერასო... აზრი ასეთი იყო... (აქ პრეზიდენტმა რეპლიკა ჩაურთო გიორგაძის სატელეფონო საუბრიდან: „შევარდნაძე აღარ იქნება პრეზიდენტი, იქნება პრეზიდენტი სხვა და მერე ყოფას გიტირებთო“...). გასაგებია... ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამაზე და იგივე უშიშროების მინისტრის გამოსვლაშიც გაისმა ეს ფრაზა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეთერთმეტე არმიის შეკოწიწებას ცდილობენ. მოსკოვში საკოორდინაციო საბჭოს ვგულისხმობ, რომელიც ძალიან აქტიურად მოქმედებს და, როგორც მათ უყვართ ხოლმე ტერმინი, ისევ იმ ტერმინს ვიხმარ, ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს და არის მოწოდებები მისი დამხობისათვის. როგორ ფიქრობთ, ვისი და რისი იმედით ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ გიორგაძე მოსკოვშია და ეს ხალხიც მოსკოვში იმყოფება...
- კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ ტერორისტების მფარველობა, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების დამხობის მსურველთა წაქეზება, საკუთარ ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების, სახელმწიფო დამნაშავეთა შეფარება შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, მე და ბატონმა ელცინმა რომ ჩამოვაყალიბეთ თბილისში ხელმოწერილ დიდ ხელშეკრულებაში. სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულება დღემდე არ არის რატიფიცირებული რუსეთის მიერ, რაც, აგრეთვე, ერთობ ნიშანდობლივია. ტერორისტების, კაცისმკვლელების, დივერსანტების, სახელმწიფო დამნაშავეთა შეფარება ასევე შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომელთაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ეფუძნება. დაუსრულებლად ამის მოთმენა შეუძლებელია. ყველა მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას. რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ რუსულ გაზეთში დისკუსიაც კი გაიმართა იმის თაობაზე, მიიღებს თუ არა შევარდნაძე მონაწილეობას თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების მომავალ სამიტში, რომელიც, როგორც ამბობენ, მარტში უნდა გაიმართოს.
ჩემი მხრივ ვაცხადებ: თუ მაინც მივიღებ მონაწილეობას მარრტის სამიტში, ძირითადად იმიტომ და მხოლოდ იმისათვის, რომ ვთქვა სრული სიმართლე იმაზე, რაც ხდება, რაც ჩრდილს აყენებს რუსეთ-საქართველოს ნორმალურ ურთიერთობას, თანამეგობრობაში, ასე ვთქვათ, გულწრფელი და ნორმალური ურთიერთობის დამყარებას სახელმწიფოთა შორის და, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობის ატმოსფეროს დამკვიდრებას თანამეგობრობის ქვეყნებს შორის. საინტერესოა,
როგორი იქნებოდა რუსეთის ხელისუფლების რეაქცია, საქართველოს რომ შეეფარებინა და მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცა, აღარაფერს ვამბობ აქტიურ მოღვაწეობასა და აგრესიაზე, ტერორისტების, ბანდიტებისა და პროვოკატორებისათვის, რომლებიც რუსეთის კანონიერი ხელისუფლების დამხობისათვის იზრუნებდნენ და ამას ღიად განაცხადებდნენ კიდეც. ვფიქრობ, მტკივნეული იქნებოდა, ძალიან მტკივნეული, რბილად რომ ვთქვა, რუსეთის ხელმძღვანელობის რეაქცია.
ამიტომ თავს ნუ დაიმშვიდებს ზოგიერთი, თითქოს ასეთი ძალები არსად არიან და არც შეიძლება გაჩნდნენ. ტერორიზმის მხარდაჭერა ისეთი ქმედებაა, რომელიც უეჭველად ბუმერანგად დაუბრუნდება იმას, ვინც ამას სჩადის, და ისტორიამ ათობით და ასობით ასეთი ფაქტი იცის.
ასე რომ, ყველამ, ყველამ დააყენოს თავისი თავი ჩვენს ადგილას.
- და, ბოლო კითხვა. საქართველოს ტელევიზიას (ეს ჩვენთან ყველამ იცის, ასეთი ფაქტები არ იმალება) აქვს ინტერვიუ ვლადისლავ არძინბასთან. ხშირად ვლაპარაკობთ ამაზე ჩვენ, პროფესიონალები და მინდა თქვენც გკითხოთ: ხომ არ გამოიწვევს ამ ტიპის ინტერვიუები უარყოფით აზრს საზოგადოებაში, ანუ არის თუ არა იმის შანსი, რომ არა მოსკოვის ტელევიზიით - ორტ-ით, ენ-ტი-ვით კი არა, პირდაპირ ვნახოთ ის, რასაც ეს კაცი ფიქრობს და რასაც იგი თვლის საჭიროდ, რომ თქვას და არა, ვიმეორებ, შეკვეცილი და მოსკოვით მოწოდებული ინფორმაცია. და ამ დროს არის იმის საშიშროებაც, რომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით იგულისხმებიან, რა თქმა უნდა, დევნილები, ეს უარყოფით აზრს გამოიწვევს...
- რამდენადაც მე ვიცი და საქმის კურსში ვარ, ამ შემთხვევაში ინიციატივა მოდიოდა თავად ვლადისლავ არძინბასაგან, რომელიც დღენიადაგ ჩივის, რომ საქართველოს მოსახლეობას, კერძოდ, ლტოლვილებს არა აქვთ ინფორმაცია აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფალთა პოზიციის შესახებ. ამიტომ ითხოვდა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას მიევლინა სოხუმში გამოცდილი ჟურნალისტი მასთან სასაუბროდ. როგორც მითხრეს, ინტერვიუ შედგა და მე ამას, სიმართლე გითხრათ, მივესალმები.
საქართველოში პრესა და ტელევიზია თავისუფალია. რაც მეტი იქნება ასეთი ინტერვიუ, მით უკეთესი. მტყუან-მართალს ხალხი ადვილად გაარჩევს. ამგვარი დიალოგი ქართულ-აფხაზზური სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან ფაქტორადაც შეიძლება იქცეს. რამდენადაც მახსოვს, ეს არ არის პირველი შემთთხვევა, როდესაც ბატონი არძინბა ქართველი ჟურანალისტების მეშვეობით უშუალოდ ესაუბრება ჩვენს საზოგადოებას. 1997 წელსაც გადაიცა საქართველოს ტელევიზიით მისი ვრცელი ინტერვიუ. რეაქცია ხშირ შემთხვევაში მტკივნეული იყო, მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია ამ გადაცემის აკრძალვა. ალბათ, დადგა დრო, ასეთივე გახსნილობა, ტრანსპარენტულობა გამოამჟღავნოს აფხაზურმა მხარემაც და დაუთმოს ტრიბუნა, აფხაზეთის ტელეეთერი ლტოლვილთა წარმომადგენლებს, მათს ხელმძღვანელებს, რათა ამ ხალხს მიეცეს საშუალება თავისი პოზიცია გააცნოს აფხაზეთის მოსახლეობას. რაღა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ ჩემს სატელევიზიო გამოსვლასაც აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები მოქალაქეებისათვის, პოლიტიკოსებისათვის და ასე შემდეგ.
საქინფორმი.
„სახელმწიფომ იკისრა მტკიცე და ურყევი ვალდებულება - 1999 წელს დაფაროს გასული წლის საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის შედეგად წარმოშობილი ყველა დავალიანება, ის, რაც მოსახლეობას ეკუთვნის“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 თებერვლის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 თებერვალი. - №49 (3090). - 1,2 გვ. 213
![]() |
18 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის მიერ გამართულ სადილზე |
▲ზევით დაბრუნება |
ანკარა, 1999 წლის 26 თებერვალი
ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მიბოძეთ, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრის სახელით გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ მოწვევისა და საუცხოო მასპინძლობისათვის. მინდა, ასევე, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენი, მუსტაფა ქემალ ათათურქის საქმის ღირსეული გამგრძელებლის ხელმძღვანელობით, დემოკრატიულმა თურქეთმა საბოლოოდ და შეუქცევადად დაიმკვიდრა რეგიონში და შორს მის ფარგლებს გარეთ სტაბილიზაციისა და მშვიდობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტის ადგილი. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ დიდი ათათურქის მავზოლეუმს და პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. არაერთხელ ვყოფილვარ ამ ადგილას და ყოველთვის თან მდევს ფიქრი: როგორი იქნებოდა აწმყო, რომ არა ჩვენი საუკუნის ამ გამოჩენილი რეფორმატორის მოღვაწეობა. იქცეოდა კი თურქეთი სულ რაღაც 75 წლის მანძილზე იმად, რაც არის ახლა - ძლიერ და დემოკრატიულ, მშვიდობისმოყვარე და აყვავებულ სახელმწიფოდ?!
დემოკრატიისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე დამდგარ საქართველოს თურქეთთან საერთო გრძელვადიანი მიზნები აახლოვებს. დღევანდელ ჩვენს საუბარში პრეზიდენტ დემირელთან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მათი განხორციელებისათვის უკვე გადაიდგა ძალზე სერიოზული ნაბიჯები. მხედველობაში მაქვს ის პროექტები, რომლებმაც უკვე პოვეს საყოველთაო აღიარება და მხარდაჭერა. ეს პროექტები ახლაც ღიაა ყველასათვის, ისე, როგორც ღია იყო მათზე მუშაობის პირველი დღიდან. საზოგადოდ, კავკასია ღიაა მათთვის, ვინც ამ რეგიონს თანასწორი ეკონომიკური კონკურენციისა და უახლესი მშვიდობიანი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების ასპარეზად განიხილავს. შავი და კასპიის ზღვისპირეთში უკანასკნელ ხანს მიმდინარე მოვლენები კავკასიისა და ცენტრალური აზიის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის სახელმწიფოთა თანამშშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ამ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის ტრასეკას, ინოგეიტის, ხოლო ახლა უკვე „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტების ხორცშესხმა. მათში თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მაგალითად თუნდაც ბათუმის აეროპორტის ძირეული რეკონსტრუქციისა და ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობაც გამოდგება. თუმცა, როდესაც ჩვენ ვამბობთ პროექტი, არ ვგულისხმობთ რაღაც ერთჯერად, თუნდაც გრძელვადიან აქციას. „განახლებულ დიდ აბრეშუმის გზას“ ჩვენ განვიხილავთ, როგორც სტაბილურობისა და კეთილდღეობის გლობალური მნიშვნელობის სარტყელს, რომლის არსებობა მსოფლიოს ყველა დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე ძალის ინტერესებს შეესაბამება. ამ მოსაზრებამ კიდევ ერთი დასტური პოვა გასული წლის ბაქოს ისტორიულ სამიტზე, სადაც 14 სახელმწიფოს პრეზიდენტებმა და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იურიდიულად გააფორმეს თავიანთი ურყევი ნება - აქციონ „განახლებული დიდი აბრეშუმის გზა“ ურთიერთგაგებისა და საერთო ინტერესების არედ. ამ შეხვედრის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გახლდათ ის, რომ მასში სრულფასოვნად ჩაერთო თქვენი დიდი ქვეყანა და ამით საუკუნის პროექტს განუზომლად მეტი წონა და გავლენა შესძინა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. თურქეთის რესპუბლიკას და, პირადად თქვენ, ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ხომ უზარმაზარი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ „განახლებული დიდი აბრეშუმის გზა“, ასე მოკლე დროის მანძილზე, რეალობად იქცა.
არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ სულ ცოტა ხნის წინათ ანკარაში გამართული სამიტის შედეგებს. ამ შეხვედრასაც „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის შემადგენელ ნაწილად განვიხილავთ. ანკარის დეკლარაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანის დიდი ნავთობის მსოფლიოს ბაზრებზე მიწოდების შესახებ კასპიის ენერგოშემცველების მრავალვარიანტული ტრანსპორტირების პროექტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. საქართველო იყო და რჩება ამ პროექტის განხორციელებისათვის ერთი ყველაზე თავგამოდებული მებრძოლი. მისი კიდევ ერთი სეგმენტი ბაქო-სუფსის მილსადენი უკვე მწყობრშია და ივსება ნავთობით. მწყობრშია სუფსის ტერმინალიც, რომლის გახსნისა და პირველი ტანკერის ავსების ცერემმონიალი ორიოდ კვირაშია დაგეგმილი.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ანკარაში განხილებოდა კასპიის როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი სანაპიროს რესურსების ტრანზიტი. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღეს კვლავ ვადასტურებთ: საქართველო ყველაფერს იღონებს იმისათვის, რათა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე იმ ტვირთებისა და ნედლეულის უსაფრთხო და შეუფერხებელი გატარება, რომლებიც თურქი ხალხის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. მით უფრო, რომ კასპიის ნავთობისა და გაზისათვის, საზოგადოდ, ყველა სახის ტვირთისა და ნედლეულისათვის ალტერნატიული მარშრუტების არსებობა მომხმარებლამდე მათი უსაფრთხო და სტაბილური მიწოდების, მთლიანად რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორული სულისკვეთების დამკვიდრების საუკეთესო გარანტიაა.
ამას იმიტომაც ვუსვამ ხაზს, რომ თურქმენეთის გაზის ტრანსკასპიური მილსადენით ტრანსპორტირების შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მეზობლებისა და მეგობრების წინაშე კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ახალი პროექტი პრეზიდენტ დემირელსა და პრეზიდენტ ნიაზოვს შორის ანკარაში ხელმოწერილი ხელშეკრულების ნაყოფია. მეც და პრეზიდენტი ალიევიც გულწრფელად მივესალმებით აშხაბადში მიღებულ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, საბოლოო ანგარიშით, ის განხორციელდება და კიდევ უფრო გაზრდის „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობას. ამასთან ერთად, უდავოდ პერსპექტიულია საქართველოს გაზსადენის მეშვეობით თურქეთისათვის რუსეთის გაზის მიწოდების პროგრამა, რაც ორ დიდ ქვეყანას შორის კეთილი თანამშრომლობის გაღრმავების საწინდარია.
ჩვენი საუბრებისას, ასევე, შევეხეთ ბისეკის შემდგომი განვითარების თემას, რომელშიც საქართველოს, ამაჟამად, თავმჯდომარის ადგილი უკავია. ბისეკში შემავალ ქვეყნებს უდიდესი პასუხხისმგებლობა ეკისრებათ შავი ზღვის, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის ბედ-იღბალზე. ამდენად, საქართველო მიესალმება ყოველგვარ დადებით ძვრებს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.
გასული წლის დამლევი და ამ წლის დამდეგი საკმაოდ რთული გამოდგა საქართველოსათვის, თუმცა, საკმაოდ იმედიანიც. საქართველოს ეკონომიკამ, მსოფლიო ეკნომიკური კრიზისის უმძიმესი შედეგების მიუხედავად, გარკვეული დანაკარგების ფასად გაუძლო დარტყმას და შეინარჩუნა მდგრადი განვითარების ტენდენცია, მაგრამ, ყველაზე მეტად გვაიმედებს ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა სტაბილური სახელმწიფოსა და საიმედო პარტნიორის სახელი. კრიზისულ მოვლენებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია იმ უაღრესად გავლენიანი ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების გეგმებზე, რომელთა წყალობით საქართველო შავი და კასპიის ზღვისპირეთში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ცენტრში აღმოჩნდა. ოპტმიზმს გვმატებს ისიც, რომ წელს მოხდა ის, რაზედაც ჩვენს წინაპართა მრავალი თაობა ოცნებობდა - საქართველო გახდა ევროპული ოჯახის წევრი - ამ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ქვეყნის ეს გამარჯვება თურქეთმა თავის გამარჯვებად აღიქვა და ამის დასტურად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, პირველმა მომილოცეთ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება.
ძვირფასო მეგობრებო,
რამდენიმე თვის წინათ მე მქონდა პატივი საქართველოს ხალხის სახელით მიმელოცა თურქეთისათვის რესპუბლიკის გამოცხადების 75 წლისთავი. თქვენს ქვეყანასა და თურქ ხალხს სამართლიანად შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ ცხოვრობენ ძლიერ და აყვავებულ ქვეყანაში. ჰყავთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგული მთავრობა და პრეზიდენტი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში თავისი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით, მოთმინებითა და შესაშური პოლტიკური ალღოთი გამოირჩევა. ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ ჩვენი გულუხვი მასპინძლის, პრეზიდენტ სულეიმან დემირელის, დიდი თურქი ხალხის, საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის სადღეგრძელო.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის მიერ გამართულ სადილზე : ანკარა, 1999 წლის 26 თებერვალი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 თებერვალი - 1 მარტი. - №54-55 (3096). - 3 გვ.
![]() |
19 საქართველო - თურქეთი: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი დონე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სტამბოლის უნივერსიტეტში
1999 წლის 27 თებერვალი
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო რექტორო,
პატივცემულო საბჭოს წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მიბოძეთ, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ პატივისათვის, რომელიც დამდეთ, მომანიჭეთ რა სტამბოლის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. ესოდენ მაღალი შეფასება ჩემი მოკრძალებული წვლილისა ასეთი პრესტიჟული უნივერსიტეტის მიერ დიდი პატივია არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული მეცნიერებისათვის და მთელი ჩემი ქვეყნისათვის. გამოგიტყდებით, მიუხედავად ჩემი საკმაოდ სოლიდური გამოცდილებისა დიპლომატიის და საჯარო პოლიტიკის დარგში, რა თქმა უნდა, მე ვღელავ.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შეუძლებელია გულგრილი იყო, როცა მეგობრებისგან ამდენ კეთილ სიტყვას მოისმენ - ძალაუნებურად მატულობს მაჯისცემა. მეორე: არ შეიძლება არ დაგეუფლოს განსაკუთრებული პიეთეტის შეგრძნება, როცა ტაძრის კედლებით ხარ გარემოცული; იმ ტაძრისა, რომელშიც კონცენტრირებულია თაობათა ინტელექტუალური ძალისხმევა, სადაც ცალკეული ადამიანი, რაოდენ განსწავლულიც უნდა იყოს იგი, ცხადად გაიაზრებს, რომ მან, თუ არ მიწყენთ, დიდი ფილოსოფოსის პერიფრაზირებას, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, უსასრულოდ ცოტა რამ იცის.
არის მესამე გარემოებაც, რომელსაც სახელად სტამბოლი ჰქვია. ცოტაა მსოფლიოში ისეთი ქალაქი, რომელიც აღუძრავს ადამიანს ისტორიულ ასოციაციათა ამგვარ სიმრავლეს. გზაჯვარედინი, რომელზეც ერთმანეთს ოდითგანვე ხვდებოდნენ ცივილიზაციები, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამმხრეთი, სადაც იკვეთებოდნენ „ქარვისა“ და „აბრეშუმის“ გზები.
ჩემს ამაღლებულ განწყობას ისიც განაპირობებს, რომ დროის დღევანდელი მონაკვეთი ათასწლეულთა შესაყარზე მდებარეობს და უნებლიედ განგაწყობს გაიაზრო წარსული და შეეცადო განჭვრიტო მომავალი სამყაროს კონტურები.
მეოცე საუკუნე ბევრმა უკვე თავისუფლების საუკუნედ მონათლა და ამას ძნელია არ დაეთანხმო, რადგან ყველაზე ძლიერი მოტივი, რომელიც ამოძრავებდა ცალკეულ მოღვაწეებს, ერებსა და ზოგჯერ მთელს კონტინენტებსაც კი, ამ ბოლო ასი წლის მანძილზე თავისუფლებისაკენ სწრაფვა იყო. ამიტომაც, სწორედ ამ საუკუნეში დაიმსხვრა კოლონიური იმპერიები და ასწლეულების მანძილზე ჩაგრულ ხალხებს მიეცათ დამოუკიდებელი, ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა.
თავისუფლების იდეის ძლევამოსილებამ, ბუნებრივია, უკურეაქციაც წარმოშვა. მას გამალებით ებრძოდნენ. ამიტომაც, ამ თავისუფლების საუკუნემ სრულიად საწინააღმდეგო მაგალითებიც უხვად წარმოგვიდგინა - მაგალითები არნახული სახელმწიფოებრივი წნეხისა და პიროვნული თავისუფლების სრული აღკვეთისა. მეტიც, საუკუნეში, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უმაღლეს ღირებულებად აღიარებს, საკონცენტრაციო ბანაკებსა და გულაგის საპყრობილეებში უდანაშაულო მილიონები დაიღუპა.
ამგვარი ზნეობრივი შუქჩრდილი ლიდერების პიროვნებებშიც გამოვლინდა. იყვნენ ავტოკრატები, რომელთა მთავარ საზრუნავს მოქალაქეთა თავისუფლების ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია წარმოადგენდა. იყვნენ ისინიც, ვინც მათთვის ნაბოძები ძალაუფლების ნაწილი საზოგადოებას გაუზიარეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყეს ქვეყნის წინსვლისათვის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
მეოცე საუკუნის ლიდერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მუსტაფა ქემალს, რომელსაც თქვენმა ხალხმა სრულიად დამსახურებულად ათათურქი, ანუ თურქთა მამა უწოდა. მე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ამ შორსმჭვრეტელი ადამიანის პიროვნება, რომელმაც შეძლო თავისი ერისათვის შეუმცდარი გზა დაესახა, გზა, რომლითაც ჩვენი დიდი მეგობარი თურქეთი ამაყად შეაბიჯებს მესამე ათასწლეულში.
და მაინც თავისუფლებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ შორს იქნებოდა წარმატებული დასასრულისაგან, თუ არა ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა ჩვენი საუკუნის ოთხმოციან წლებში. მე მხედველობაში მაქვს ის დაუჯერებელი ტრანსფორმაცია, რომელმაც ძირეულად შეცვალა ერთი შეხედვით ურყევი, კონფრონტაციული მსოფლიო წესრიგი.
გამოგიტყდებით, მეამაყება, რომ ამ საშიში დაპირისპირების დაძლევაში მეც შევიტანე ჩემი მოკრძალებული წვლილი. ცივი ომის დამთავრებამ და ტოტალიტარიზმის ნგრევამ თავისუფლება მოუტანა მრავალ ერს, მათ შორის ჩემს სამშობლოს, - საქართველოსაც.
გზა, რომელიც საქართველომ მას შემდეგ გამოიარა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ახალი სახელმწიფოს მშენებლობა მაშინაც კი, როცა ერის სახელმწიფოებრივი ტრადიცია ათასწლეულებს მოითვლის. ამ წლებში ქართველ ხალხს არაერთი უბედურება დაატყდა თავს; გამოუცდელმა, არაკომპეტენტურმა ხელმძღვანელობამ დამოუკიდებლობის, პირველ წლებში ფაქტობრივ საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანა ქვეყანა; ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და გარედან ინსპირირებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, შეიარაღებული ბანდების თარეში, უმწვავესი ენერგეტიკული კრიზისი და სრული ეკონომიკური კოლაფსი; რაც შეეხება სახელმწფოებრიობას, ამ დროისათვის იგი უკვე საერთოდ აღარ არსებობდა.
ჩვენ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა, იყო სრული რწმენა და სრულიად გააზრებული განზრახვა შეგვექმნა დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. ჩვენ ისიც ნათლად წარმოგვედგინა, თუ რა სიძნელეების გადალახვა მოგვიწევდა. ქაოსის მოწესრიგებას მტკიცე ხელი ესაჭიროება და ზოგჯერ ისეთი საგანგებო ზომების მიღებაც, რომლებიც თავიანთი არსით სცილდებიან თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დადგენილ ნორმებს. სხვათა შორის, კრიმინნალური ბაკქანალიით გაწამებული ხალხი არა მარტო მზად იყო, არამედ ზოგჯერ კიდევაც თხოულობდა ხელმძღვანელობისაგან განსაკუთრებულად მკაცრი ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ ჩვენ ეს დაუშვებლად მიგვაჩნდა - არ შეიძლებოდა საზოგადოებისათვის, რომელმაც მრავალი ათწლეულის მანძილზე ტოტალიტარული დიქტატურის პირობებში იცხოვრა, წამლის სახით კვლავ მიგვეცა თუნდაც ოდნავ შესუსტებული ავტორიტარიზმის აბი. ამგვარად, მას გაუმტკიცდებოდა რწმენა, რომ ამ ქვეყნად დიქტატურის რაიმე მისაღები ალტერნატივა საერთოდ არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენი ჩანაფიქრი პრინციპულად სხვა იყო. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სამუშაო დევიზით, რომელიც ასე ჟღერდა - ქაოსიდან დემოკრატიული წესრიგისაკენ და ეს მოხდა. გაჭირვებისა და ურთულესი პრობლემების მიუხედავად, დღევანდელი საქართველო თავისუფალ მოქალაქეთა სახელმწიფოა, კონსტიტუციურ წესწყობილებასა და კანონის უზენაესობაზე აგებული. იგი მთლიანად ერთგულია დემოკრატიული ღირებულებებისა და ეს კიდევ ერთხელ დაადატურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სულ ახლახან საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში მწვანე შუქი აუნთო. ქვეყანაში განხორციელდა რადიკალური ეკონომიკური რეფორმები. შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა ლარი, რომლის კურსი ცენტრალური სავალუტო ინტერვენციების გარეშეც ნორმის ფარგლებში მერყეობს. იზრდება შიდა ეროვნული პროდუქციის წარმოება. მართალია, მსოფლიო და განსაკუთრებით, რუსეთის კრიზისის ზეგავლენით, იგი შარშანწინდელი 11 პროცენტიდან წლეულს 3 პროცენტამდე დავარდა. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ზრდის ტემპი. ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთთან შარშან დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მის საზღვაო აკვატორიას უკვე ქართველი მესაზღვრეები იცავენ.
ჩვენს მოკრძალებულ წარმატებაში ვეებერთელა როლი შეასრულეს ჩვენმა მეგობრებმა და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ცივი ომის დამთავრებამ და ბიპოლარული დაპირისპირების საბოლოო განმუხტვამ მსოფლიოში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო კოლექტიური პასუხისმგებლობის არეალი, რადგან უნივერსალური და რეგიონული მრავალმხრივი ორგანიზაციები, განთავისუფლდნენ დაპირისპირებული ბლოკების ქიშპობისაგან და მათ მიეცათ ქმედითი თანამშრომლობის საშუალება. გაერომ, ეუთომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ევროპის კავშირმა და სხვა ორგანიზაციებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს საქართველოს. ჩვენმა მეგობრების შეძენაზე ორიენტირებულმა საგარეო პოლიტიკამაც დიდებული ნაყოფი გამოიღო - ჩვენ დავამყარეთ შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. სწორედ მათმა თანადგომამ გადაგვატანინა ის გაუსაძლისი ტკივილი, თან რომ სდევდა ჩვენს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.
მინდა ცალკე შევჩერდე ჩვენს დიდ მეზობელთან - თურქეთთან ურთიერთობაზე, რომელმაც ჩემი აზრით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეზობლობის მატიანეში, ბუნებრივია, საკამათო ფურცლებსაც წააწყდებით. მათი არსებობა სრულიად კანონზომიერია გამომდინარე იმ ზოგად პოლიტიკური პარადიგმიდან, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ შუასაუკუნოვანი სახელმწიფოები. ამ კონტექსტით, ვფიქრობ, უადგილო არ იქნება გავიხსენო, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ ოსმალეთის იმპერია შუა საუკუნეების გარკვეულ პერიოდში საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვისათვვის ბარიერს წარმოადგენდა. მე ეს მხოლოდ იმისათვის გავიხსსენე, რათა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმ გრანდიოზულ ცვლილებებზე, რომლებიც მოხდა მსოფლიოში, მათ შორის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაშიც. როცა საქართველოს ყველაზე უფრო უჭირდა, როცა იგი ბლოკადის საზარელ მარწუხებში მოექცა, სწორედ დღევანდელმა დემოკრატიულმა თურქეთმა გაუხსნა მას გზა ევროპისაკენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - საავტომობილო გზა, საჰაერო გზა. თურქეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ახალი საქართველო აღიარა, დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა და გახსნა იქ თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა. იგი მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ეხმარებოდა კრედიტებითა და ჰუმანიტარული ტვირთებით. ჩემი დიდი მეგობარი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი პირველად საქართველოს ჯერ კიდევ 1992 წლის ივლისში ეწვია. მაშინ იგი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო და მის მიერ საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი, უძნელეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, უანგარო თანადგომის ძალზე მეტყველი ნიშანი იყო. დრო მიდიოდა და ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის სულ უფრო ინტენსიური, მეგობრული და, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, ძმური ურთიერთობა ყალიბდებოდა. ამას ხელს უწყობდა ჩვენი მსოფლმხედველობრივი სიახლოვე და ინტერესების თანხვედრა. თურქეთის ინიციატივით 1992 წლის ივნისში სტამბოლში შეიქმნა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. მის რიგებში გაერთიანდნენ სახელმწიფოები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინათ დაპირისპირებულ ბანაკებს მიეკუთვნებოდნენ. შარშან იალტის სამიტზე ბისეკი - როგორც ამ ალიანსს უწოდებენ - საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია. და თუმცა, სისხლსავსე გაერთიანების განვითარებას ათწლეულები ესაჭიროება, მე მტკიცედ მწამს, რომ ინტეგრაციული პროცესები ბისეკში თანდათან დაჩქარდება და მასში მონაწილე ქვეყნების ხალხები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიგრძნობენ ამ ინტეგრაციის კეთილ შედეგებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შავი ზღვის ქვეყნების ალიანსის ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება. ამას ადასტურებს ის მზარდი ინტერესი, რომელსაც მის მიმართ იჩენენ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები. სულ ახლახან ორგანიზაციაში მეთვალყურის სტატუსით შევიდნენ გერმანია და საფრანგეთი. დღეს ბისეკში საქართველო თავმჯდომარეობს და ჩვენ არ დავიშურებთ ძალებს, რათა მისი განვითარების ისტორიას ჩვენი კვალიც დავამჩნიოთ.
ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში ქვეყანას, რომელიც დაადგება დემოკრატიული საზოგადოების შენების გზას და გაატარებს აქტიურ მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკას, შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობის უანგარო იმედი იქონიოს. მაგრამ იმისათვის, რომ ახლად გათავისუფლებული ქვეყნების დამოუკიდებლობა შეუქცევადი და საბოლოო გახდეს, მათ უნდა მოძებნონ თავიანთი ნიშა, ანუ ფუნქცია დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ამ წლების განმავლობაში.
ამ თვალსაზრისით დღევანდელი მდგომარეობა შემდეგნაირად შეიძლება დავახასიათოთ. სულ რამდენიმე წლის წინათ საქართველო მხოლოდ მეგობარი ქვეყნების დახმარების რეციპიენტი იყო, დღეს მისდამი, ისე როგორც კავკასიის რეგიონისადმი, ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. კავკასიის თემა გამუდმებით ფიგურირებს მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებში. მას ახასიათებენ როგორც ყველაზე მოკლე და უსაფრთხო გზას შუა აზია-კასპიისპირეთის რესურსებით მდიდარ რეგიონსა და ევროპის ბაზრებს შორის. საქართველო კი ამ ხიდის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია.
უძველესი „აბრეშუმის გზის“ აღდგენა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ მხოლოდ განყენებული იდეის სახით არსებობდა, დღეს რეალობად იქცევა. ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ტრასეკას და ინოგეიტის პროექტები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება და გულისხმობს აბრეშუმის გზის გაყოლებაზე თანამედროვე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დანერგვას, თავიანთი მასშტაბით სცილდება რეგიონულს და მსოფლიო მნიშვნელობას იძენს. დღეს ახალი აბრეშუმის გზის მიმართ ინტერესს იჩენენ ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ჩინეთი, უკრაინა, დუნაისპირა ქვეყნები და სხვა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში განიხილება კანონპროექტი, რომელსაც პირობითად „აბრეშუმის გზის სტრატეგიას“ უწოდებენ.
იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროექტებს რეგიონში და მის მიღმა, საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონ ჰეიდარ ალიევისა და ჩემი ინიციატივით ბაქოში 1998 წლის სექტემბერში გაიმართა ტრასეკას ქვეყნების სამიტი, რომელშიც თოთხმეტი სახელმწიფოს პრეზიდენტი და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ფორუმზე დასასწრებად ბაქოში ჩამოვიდა სომხეთის დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მასშტაბი ყველაზე უფრო ზუსტად ბატონმა სულეიმან დემირელმა დაახასიათა, როცა ბაქოს სამიტზე გამოსვლისას მან აბრეშუმის გზის აღდგენას მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რომელიც მისი თქმით, „განსაზღვრავს მომავალი საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებს“.
ბაქოს სამიტს მოჰყვა რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრა ოქტომბერში ანკარაში, სადაც თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ანკარის დეკლარაციას, რომელშიც პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს დიდი ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირებას. დოკუმენტს ხელი მოაწერა, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ზემოხსენებული პროექტების მნიშვნელობა არსებითად პლანეტარულია, მათი როლი განსაკუთრებით დიდი იქნება კავკასია-შუა აზიის რეგიონის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების განვითარებაში. პირველ რიგში, ეს ეხება ამ ქვეყნების ეკონომიკას და მათ უზრუნველყოფას ენერგიის წყაროებით, რაც თავისთავად ნიშნავს მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მილსადენთა მარშრუტების მრავალვარიანტულობა ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც თუ შორეულ მომავალში კავკასია-შუა აზიის რეგიონის ქვეყნების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯჯობესდება, როგორც კეთილდღეობის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
საქართველოსთვის ამ პროექტებში მონაწილეობის სარგებლობა უკვე ცხადზე ცხადია. საკმარისია ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი სწორედ ტრანსსპორტია. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მილსადენით უკვე მოედინება ადრეული აზერბაიჯანული ნავთობი, რომელიც მალე სუფსის ტერმინალს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება, აგრეთვე, მილსადენით, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადის ბაქო-ნოვოროსიისკის მარშრუტით. რუსეთის ტერიტორიაზე გაივლის ის საკმაოდ დიდი დიამეტრის ნავთობსადენიც, რომელიც ყაზახეთის თენგიზის საბადოებში მოპოვებულ ნავთობს ნოვორისიისკის ნავსადგურში მიიტანს. სულ რამდენიმე დღის წინათ თურქმენეთის პრეზიდენტმა ბატონმა ნიაზოვმა განაცხადა, რომ შეიქმნა კონსორციუმი თურქმენეთიდან ტრანსკასპიური გაზსადენის გაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც კავკასიის გავლით ბუნებრივ გაზს მიაწვდის თურქეთს. და, ბოლოს, ვფიქრობ, ამ წლის მანძილზე დადებითად გადაწყდება დიდი ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების საკითხიც. ეს არტერია ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს ჩვენს სამ ქვეყანას - აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და მიმაჩნია, რომ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ მისი მნიშვნელობა ბევრად აღემატება მისი საშუალებით ტრანსპორტირებული ნავთობის ღირებულებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნედლი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება დღეს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით.
ვიმყოფებით რა წარმტაცი ბოსფორის ნაპირზე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ სრული გაგებით ვეკიდებით თურქი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის შეშფოთებას სრუტეების ნავთობმზიდი სუპერტანკერებით გადატვირთვის გამო. მიმაჩნია, რომ ნავთობსადენთა მარშრუტების მრავალვარიანტულობა, ისე როგორც უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მზარდი მოთხოვნილება ნავთობზე, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ამ პრობლემას.
კავკასია-შუა აზიის რეგიონში წინა საუკუნეებშიც იკვეთებოდა დიდი საერთშორისო ძალების ინტერესები. მე-19 საუკუნის მტაცებლურ ქიშპობას რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიებს შორის „ინდოეთისაკენ მიმავალ გზაზე“ დომინირებისათვის „დიდი თამაში“ შეარქვეს. ჩვენ დღესაც მზად ვართ დიდი თამაშისათვის მონაწილეთა ნებისმიერი რიცხვით, მხოლოდ ერთი პირობით - თამაშის წესები უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელი ცივილიზებული ქცევის ნორმებს და ამ „პაექრობის“ შედეგად ყველა გამარჯვებული უნდა დარჩეს, პირველ რიგში კი, თავად რეგიონის ქვეყნები.
მესმის, რომ მომავლის სურათში, რომელიც დაგიხატეთ, ოპტიმისტური ფერები ჭარბობს, მაგრამ დღეს არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ გვაქვს საკმარისი საფუძველი, სწორედ ასე წარმოვიდგინოთ ჩვენი რეგიონის წინსვლა. მეორე მხრივ, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობს ნეგატიური ფაქტორები, რომელთაც ძალუძთ შეაფერხონ მოვლენათა ჩვენთვის სასურველი განვითარება. მათ შორის უმთავრესია კავკასიაში არსებული დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტები, რომლებიც ხშირად გარედანაა ინსპირირებული. ამ კონფლიქტების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები, რომელთა რიცხვი კავკასიაში მილიონს აღემატება, უმძიმეს ტვირთად აწვება ახალგაზრდა სახელმწიფოების ისედაც მწირ ბიუჯეტებს. ყოველივე ეს, თავის მხრივ, იწვევს სოციალურ დაძაბულობას. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი ხშირად იჩენენ ინტერესს სხვადასხვა ჯურის დემაგოგები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური დესტაბილიზაციის საშუალებით უკან დაატრიალონ ისტორიის ჩარხი.
გრანდიოზულ ისტორიულ ძვრებს განვითარების თავიანთი ლოგიკა ახასიათებთ. იმპერიის მსხვრევა ყოველთვის წარმოქმნის რეაქციას რევანშისტული ძალების სახით. მიამიტობა იქნება გვეფიქრა, რომ ტოტალიტარული საბჭოთა იმპერიის დაშლა მთლიანად ხავერდოვანი სცენარით წარიმართებოდა და ამგვარ ძალებს არ წარმოქმნიდა. მათი მიზანი ერთია - ხელი შეუშალონ ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის განმტკიცებას. საშუალებები კი მრავალი - სეპარატიზმის ვირუსის გავრცელებით დაწყებული, მეხუთე კოლონების შექმნითა და ტერორისტული აქტებით დამთავრებული.
როცა თვალს ვხუჭავ, ყურში კვლავაც მესმის ის საზარელი აფეთქების ხმა, ამ ბოლო სამი წლის მანძილზე უკვე ორჯერ რომ გავიგონე ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტების დროს. განსაკუთრებით, დასანანი და ეპოქის სულისკვეთებასთან სრულიად შეუსაბამოა ის, რომ ხსენებული ტერორისტები თავშესაფარს პოულობენ ქვეყნებში, რომლებიც თავად ქადაგებენ საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების აუცილებლობას.
მაგრამ კაცობრიობის განვითარებასაც აქვს თავისი ლოგიკა და კარდინალური მიმართულება. შესაძლო ზიგზაგების და დაბრკოლებების მიუხედავად, იგი მაინც სამართლიანი მსოფლიო წესრიგისაკენ მიემართება. ამიტომაც მათ, ვინც დღეს ცდილობს შეაფერხოს ისტორიის ძლევამოსილი სვლა, მომავალი, უბრალოდ, არ გააჩნიათ.
საუკუნის ზღურბლზე თავისთავად ჩნდება შეკითხვა: მაშ, ვისია მომავალი?
მე დიდი ათათურქის სიტყვებით გიპასუხებთ: „ჩემი იმედი ახლგაზრდობაა“.
ამგვარი იმედის საფუძველს ის მაძლევს, რომ თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი დღევანდელი ახალგაზრდობისათვის თავისუფლება არსებობის ერთადერთი ფორმაა და იგი არასდროს დათმობს მას. მეტიც, მე მტკიცედ მწამს, რომ ჩვენგან, მათთვის ნაბოძები ამ „ყველაზე ქმედითი იარაღის“ მეშვეობით, მომავალი თაობები ოცდამეერთე საუკუნეს კაცთა მოდგმის სანუკვარი ოცნებებისა და ამაღლებული იდეალების განხორციელების საუკუნედ აქცევენ.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
საქართველო - თურქეთი: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი დონე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 2 მარტი. - №56 (3097). - 1,3 გვ.
![]() |
20 „აუცილებელია ვთქვათ სრული სიმართლე უახლოეს წარსულზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მუდამ თან ატარებს საკუთარი მეხსიერებითა თუ მამა-პაპათა გენით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1 მარტის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს, რა თქმა უნდა, თურქეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტის თემით ვიწყებთ. უმთავრესი შედეგი, როგორც თქვენ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მოგვიანებით აღნიშნეთ, ის გარემოებაა, რომ კვლავ დადასტურდა ორმხრივი ვალდებულებანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით, რომელთაც რეგიონული მნიშვნელობაც აქვთ. ასეთი იყო თქვენი ფორმულირება. და მაინც, რა საერთო ნიშნით ხასიათდება დღეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ზოგადად, ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიძლება დახასიათდეს როგორც რეგიონული თანამოქმედების კონსტრუქციული სისტემის მუდმივმოქმედი ფაქტორი.
რა თქმა უნდა, ამ სისტემაში ორმხრივ კავშირურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მისი ფასეულობა კიდევ უფრო იზრდება იმით, რომ უშუალოდ უკავშირდება ფართო რეგიონულ კოოპერაციას.
ეს გარემოება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებისათვის, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურმა ვიზიტმა.
ამთავითვე, უნდა აღინიშნოს: ამ ვიზიტის შედეგად თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა თვისებრივად ახალ დონეზე ავიდა.
ძირითადი პრინციპი, რომელსაც მტკიცედ ვიცავთ მეც და ჩემი დიდი მეგობარი და კოლეგა ბატონი სულეიმან დემირელიც, ის გახლავთ, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული ინტერესებით, თანამშრომლობას კი ის ბედნიერი გარემოება განაპირობებს, რომ ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
სწორედ ასეთი დამთხვევის წყალობით, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა უახლოვდება იმ მიჯნას, როცა უკვე შეგვეძლება ლაპარაკი სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თუმცა ეს თანამშრომლობა არ არის და არც იქნება მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ.
ისტორიული ფაქტია, რომ თურქეთმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია იმ წლებში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
დღეს უკვე შეიძლება ამის თქმა:
იმ საზარელ ეპოქაში გარდაუვალი იქნებოდა მასობრივი შიმშილი, ხალხის განადგურება, რომ არა თურქული, კერძოდ, იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც, ამდენად, ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისათვის ჩვენს ბაზარზე.
თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ მხრივაც, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ახალი საერთაშორისო ფუნქცია შეიძინა. ამის დასტურია გრანდიოზული საკომუნიკაციო პროექტები, დიდი აბრეშუმის გზის პროგრამა, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონ დემირელის დამსახურება თურქეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. იგი მართლაცდა გამოჩენილი პოლიტიკოსი და დიდი სახელმწიფო მოღვაწეა. არასდროს დამავიწყდება მისი პირველი ვიზიტი 1992 წლის ივლისში, სამოქალლაქო ომის დროს. სულეიმან დემირელი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც მიხვდა, თუ რა მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს ევრაზიის დერეფნის პროექტს. მან სწორად განჭვრიტა, რა როლი შეეძლო შეესრულებინა ჩვენს პატარა ქვეყანას ამ გლობალური პროექტების განხორციელებისას.
ჩვენ დავიწყეთ კეთილმეზობლობით, ჰუმანიტარული დახმარებით, [...] კი, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის თურქეთის საიმედო ჭიშკარი აღმოსავლეთისაკენ.
ბატონ დემირელთან საუბრის შედეგად საბოლოოდ დადასტურდა:
საქართველოზე გაივლის არა მარტო კასპიის ადრეული ნავთობი, არამედ გადაწყვეტლია დიდი ნავთობსადენის საკითხიც. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილება მიღებულია და თურქეთი ძალიან აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანთან და ამერიკის ადმინისტრაციასთან ერთად.
საქართველოზე გაივლის დიდი გაზსადენი თურქმენეთიდან თურქეთამდე, ახალი წრიული ავტოსტრადა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს შავიზღვისპირა ქვეყნებს.
მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის, ბათუმის აეროპორტის მოდერნიზაციისა და ერთობლივი ექსპლუატაციის საკითხებზე.
ბოლოს, აუცილებლად უნდა გავიხსენო გულწრფელობისა და გულითადობის ის ატმოსფერო, რომელშიც ვიზიტი მიმდინარეობდა.
მან უეჭველად კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოსა და თურქეთის ხელმძღვანელებს შორის ამჟამად არსებული სრული ურთიერთგაგება.
- ამ კვირაში პარლამენტი ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავს, როგორ გგონიათ, მიიღებს და დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი ამ, როგორც ამბობენ, მძიმე და რეალურ ბიუჯეტს, და კიდევ ერთი მომენტი: რა ახალი ელემენტები გაჩნდა საბიუჯეტო პროცესში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში?
- ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში შეუდგება, მე უკვე დავახასიათე, როგორც ძალიან მძიმე და მკაცრი ბიუჯეტი, რომელშიც, შეიძლება ითქვას, დეტალურად აისახა, აირეკლა 1998 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისისა და ეკონომიკური დეპრესიის შედეგი, აგრეთვე, ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი მანკიერებანი. ყოველივე ეს გულახდილად და გულწრფელად ითქვა.
ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის:
რომ არა 1998 წლის მეორე ნახევრის ექსტრემალური მოვლენები, ამჟამად სულ სხვა ბიუჯეტზე გვექნებოდა საუბარი. ეკონომიკური აღმავლობა, ზრდის ტემპი ისეთივე შთამბეჭდავი იქნებოდა, როგორც წინა - 1996-1997 წლებში. თუმცა მდგომარეობა უიმედო სულაც არ არის.
იანვარში, განსაკუთრებით კი, თებერვალში (თებერვალი, მოგეხსენებათ, ხანმოკლე თვეა) კარგად, გამორჩეულად იმუშავეს საბაჟო და საგადასახადო სამსახურებმა. ორივე სამსახურის ხელმძღვანელს საჯაროდ ვუხდი მადლობას ინტენსიური, რაც მთავარია, ნაყოფიერი და შედეგიანი შრომისათვის, რამაც საშუალება მისცა ქვეყანას შეესრულებინა წლის პირველი ორი თვის, განსაკუთრებით, თებერვლის - ყველაზე რთული თვის საბიუჯეტო გეგმა. და ეს ძალიან იმედისმომცემი სიმპტომია. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო აქ, ჩვენთან კანცელარიაში, ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის, ვანო ჩხარტიშვილისა და სხვების აქტიური მუშაობა ამ სამობილიზაციო საქმიანობაში.
ეს უკვე მთელი წლის მძლავრი დასაწყისია.
სხვათა შორის, საბიუჯეტო გეგმის შესრულება საფინანსო ბაზარსაც დაეტყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარის კურსი კვლავ აიწია, რაც უეჭველად შემოსავლის ზრდის შედეგია. არც ინფლაციის დონეს მიუღია კატასტროფულად საშიში ხასიათი.
განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა იმან, რომ პურის ბიზნესში დასაქმებულმა ადამიანებმა, „ქართველმა მეპურეებმა“ მართლაც კეთილშობილება, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამოიჩინეს და ყველაფერი იღონეს, რათა პურის ფასი სტაბილური ყოფილიყო.
რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, ფასდაუდებელია ამერიკის შეერთებული შტატების ყოველწლიური დახმარება ხორბლის სახით. ეს დახმარება კვლავაც გაგრძელდება. მე იმედი მაქვს, რომ ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბაკურ გულუასთან არის შექმნილი, კვლავაც ყველაფერს იღონებს, რათა პურის ფასმა სერიოზული მერყეობა არ განიცადოს.
ამრიგად, დადებითი სიმპტომები გამოიკვეთა, მაგრამ, როგორც არაერთგზის მითქვამს, ვითარების გარდატეხას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ აღმოვფხვრით კორუფციას, აგრეთვე, კონტრაბანდის, ფალსიფიკაციის, გადასახადების დამალვის წყაროებს, და ასეთი მუშაობა, ძალიან სერიოზული და მასშტაბური, ახლა მიმდინარეობს.
ამ თვალსაზრისით ბრძოლა დაწყებულია და, თუ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ფინანსური გარემო ძალიან სწრაფად გაჯანსაღდება.
აუცილებლად უნდა გამოვყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის უაღრესად საინტერესო და საქმიანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრეზიდენტის ელ გორის ინიციატივით გამართულ ანტიკორუფციულ ფორუმში, რომელიც ამ, „მსოფლიოს სახელმწიფოებრივ სენს“ მიეძღვნა.
ბატონი ვაჟა შეხვდა, აგრეთვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისევე, როგორც მსოფლიო ბანკის, მესვეურებს და სავალუტო ფონდში მას განუცხადეს, რომ ამ ბოლო ხანს საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებათა წყალობით კვლავ განახლდება საერთაშორისო დახმარების ფართო პროგრამა ყველა საერთაშორისო საფინანსო ცენტრის მონაწილეობით, და საერთაშორისო სავალუტო ფონდი არა მარტო თვითონ გახსნის საკრედიტო ხაზებს, არამედ სხვა საფინანსო ცენტრებსაც ურჩევს დაეხმარონ საქართველოს.
ახლა ორიოდე სიტყვა ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით. ბიუჯეტის განხილვისას ძალზე მნიშვნელოვანია, ნაკლები ენერგია შევალიოთ „განტევების ვაცის“ ძებნას, მით უმეტეს, რომ, როგორც ადრე ვთქვი, მთავრობის ნახევარზე მეტი შეიცვალა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, ფინანსთა მინისტრიც, და ერთდროულად ვიზრუნოთ იმ პირველი პოზიტიური ძვრების განნმტკიცებისათვის, წლის დამდეგისთანავე რომ გამოიკვეთა. ყველანი უნდა შევეგუოთ ერთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას: ხელფასების, პენსიების, დახმარების გარდა ყოველგვარი ხარჯები შეიკვეცება, რა თქმა უნდა, შეიკვეცება კაპიტალური დაბანდებანი, ინვესტიციები საკუთარი რესურსებიდან (ეს ძალიან ცუდია), მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გამოვძებნოთ საშუალება, რომ წელს მივვხედოთ ძირითადად ერთ დარგს - ეს გახლავთ მეჩაიეობა, ჩაის კულტურის რეაბილიტაცია, რაც ათობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს საქართველოს. ეს რეაბილიტაცია შარშანდელ ღონისძიებათა წყალობით (და, თუ ჩვენც შევძლებთ ამ თანხის გამოძებნას), შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ ფაზაში შედის.
- რამდენიმე დღეში ახლოვდება 9 მარტი - საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომლის შესახებაც, ბევრი რამ ითქვა, ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ მთლიანი წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოხდა, საზოგადოებისათვის მაინც ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ რასთან გვქონდა საქმე და რა შედეგები მოჰყვა ამ ტრაგედიას? ეს კითხვა, ალბათ, ერთი კვირის შემდეგ უნდა დამესვა თქვენთვის, მაგრამ გეკითხებით ახლა, რადგან რამდენიმე დღეში თქვენ იაპონიაში მიემგზავრებით ოფიციალურ ვიზიტად...
- მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ეს კითხვა დასვით. როგორც იტყვიან, შინაგანი მოთხოვნილება მაქვს: რაღაცას კი ვიტყვი ახლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა ითქვას ამ მოვლენაზე.
მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ 1956 წლის 9 მარტს თბილისში მომხდარი ტრაგედია საქართველოს ახალი ისტორიის უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც მეტწილად განსაზღვრა საქართველოში საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ცნობიერებითი პროცესების განვითარება.
უფრო მეტსაც ვიტყვი: თუ არ ჩავწვდით ამ მოვლენის არსს, ჩვენ სრულყოფილად ვერ აღვიქვამთ და ვერ გავიგებთ ვერც იმ პროცესების შინაგან მოტივაციასა და აზრს, რომლებიც 80-იანი წლების დამლევს განვითარდა ჩვენს სამშობლოში.
9 მარტსა და 9 აპრილს შორის ძალიან ღრმა შინაგანი, ეთნოფსიქოლოგიური, მოტივაციური კავშირი არსებობს, თუმცა ფორმით, რა თქმა უნდა, ორი მოვლენა დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ვგულისხმობ არა მარტო გარეგან ფორმას, არამედ მოთხოვნებსაც და ლოზუნგებსაც, რომლებიც დომინირებდა 1956 თუ 1989 წლებში.
მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, შინაგანად ეს ორი მოვლენა ერთი მოტივის გამოხატულება იყო.
ეს მოტივი გახლდათ ეროვნულობა, ეროვნული მეობის, ეროვნული ღირსების დაცვა.
სტალინის ფენომენზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ ერთხელ გავიხსენე და კვლავ მინდა ვთქვა: ჩემი უფროსი მეგობარი და თანამოაზრე, უბრწყინვალესი პოეტი, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ბატონი ირაკლი აბაშიძე მიამბობდა:
როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი პარტიის ყრილობაზე წარმოთქვამდა ცნობილ ანტისტალინურ სიტყვას, რომლითაც ამხელდა თავის ყოფილ პატრონსა და მეუფეს, ვისთან ერთადაც მოღვაწეობდა ათწლეულების განმავლობაში, - ხშირად წყვეტდა ხოლმე გამოსვლას, მუშტს აბრახუნებდა ტრიბუნაზე და გაჰყვიროდა: «Вот вам великий сын грузинского народа, вот вам сын Грузии».
სტალინის ეროვნულობის ხაზგასმა შემთხვევითი არ ყოფილა.
დარწმუნებული ვარ, ამით საქართველოსაკენ, ქართველი ხალხისაკენ სურდათ მიემართათ ტოტალიტარული რეჟიმის, იმავე სტალინური რეჟიმის პერიოდში ნაწამები, დატანჯული ადამიანებისა და მთელი ხალხების სიძულვილი.
თუმცა ქართველ ხალხს ხომ იმ წლებში არავისზე ნაკლები, თუ მეტი არა, დანაკლისი არ განუცდია.
მიუხედავად ამისა, ქართველობა ყოველი ერისათვის დამახასიათებელი გუმანით ჩასწვდა ამ მზაკვრულ, ბოროტ განზრახვას და აღდგა შელახული ეროვნული ღირსების დასაცავად.
9 მარტის ტრაგედია დაუვიწყარია ჩვენი თაობის ადამიანებისათვის. ყველას კარგად გვახსოვს: მიტინგებსა და მანიფესტაციებზე მაშინ არ ყოფილა, სხვათა შორის, არც ერთი ანტისაბჭოთა ლოზუნგი, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ანტირუსული ლოზუნგი.
იმ გარეწრებმა, მაშინ მოსკოვიდან რომ გასცეს ბრძანება, და ვინ იქნებოდა ეს, გარდა ხრუშჩოვისა, დაეხვრიტათ უიარაღო, უდანაშაულო ქართველი ახალგაზრდობა, - არა მარტო უმწეო ადამიანებს ესროლეს ტყვია, არამედ ამ იდეასაც.
ერის სულიერი მოძრაობა, სულიერი პროტესტი სისხლში ჩაახრჩვეს, მაგრამ გავიდა რამდენიმე ათწლეული, მოვიდა შვილებისა და შვილიშვილების თაობა, რომელმაც უკვე სულ სხვა ლოზუნგები, სხვა მოწოდებანი გამოიტანა მიტინგებზე - და ეს არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან აშკარა უსამართლობას, უმადურობას, ფარისევლობას, სიფლიდესა და მზაკვრობას ერი არასდროს არავის აპატიებს.
9 მარტის თაობა გმირული თაობა იყო. მათ გამოსვლა, ხმის ამოღება გაბედეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მძლავრობდა იმავე სტალინის მიერ შექმნილი ტოტალიტარული იმპერია.
სამწუხაროდ, საქართველოს დედაქალაქში არც იმ დროს აღმოჩნდა პოლიტიკური ძალა, თუნდაც თვით კომპარტიის სახით, ხელმძღვანელობის სახით, რომელიც მოახერხებდა დიდი მსხვერპლის თავიდან აცილებას, სათავეში ჩაუდგებოდა და წარმართავდა ეროვნული განცდების ბუნებრივ ამოფრქვევას, თავადვე განაცხადებდა პროტესტს უსინდისობისა და ცრუპენტელობის წინააღმდეგ. შეიძლება მსხვერპლი გამხდარიყო, მაგრამ დიდ მოძრაობას, დიდ საქმეს ხანდახან მსხვერპლი სჭირდება და ხელმმძღვანელი ვალდებულია თავი გასწიროს ამ დროს, რათა გადაარჩინოს ხალხი და გადაარჩინოს ახალგაზრდობა.
იარაღის, ტანკების გამოყენება უდანაშაულო ახალგაზრდების წინააღმდეგ იმდროინდელი შოვინიზმის მკაფიო გამოვლინება გახდა.
მე მაშინ ქუთაისში გახლდით. კომკავშირის ქალაქკომის პირველი მდივანი გახლდით ახალგაზრდა კაცი.
ვამაყობ, რომ შემიძლია ვთქვა: ჩემს კოლეგებთან ერთად წუთითაც არ მოვშორებივარ ახალგაზრდებს, მათთან ვიყავი ყველგან, ყველა მიტინგზე, ყველა დემონსტრაციაზე. ასეთივე პოზიცია ეკავა მაშინდელ ქალაქის ხელმძღვანელებს, და, საბედნიეროდ, სწორედ ამგვარი მოქმედების შედეგად ქუთაისში, როგორც იტყვიან, ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა და არავის თითიც კი არ გაუკაწრავს.
- და, მცდელობა იყო? თბილისში, როგორც გვიამბობენ, აშკარა პროვოკაცია იყო, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცაზე წამოეგოთ და შემდეგ დაეხოცათ. ქუთაისშიც იყო ასეთი მცდელობა?
- ქუთაისში და თბილისშიც მასობრივი სტიქიური გამოსვლა იყო.
დარწმუნებული ვარ, ასევე შეიძლებოდა ახალგაზრდების გადარჩენა თბილისშიც.
ის ახალგაზრდები, ჭაბუკები და გოგონები, სამშობლოს სიყვარულმა, ფარისეველთა უსინდისობის, უსირცხვილობის წინააღმდეგ პროტესტმა გამოიყვანა ქუჩაში და არა სტალინური რეპრესიების გამართლების სურვილმა, როგორც ზოგიერთი ნამუსგარეცხილი შოვინისტი ამტკიცებდა და ახლაც ამტკიცებს.
რეპრესიების შესახებ, უმრავლეს შემთხვევაში, მათ საერთოდ არაფერი იცოდნენ.
იმავდროულად, 9 მარტი ეროვნული გამოღვიძების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზარიც იყო. ისტორიკოსები სათანადოდ შეაფასებენ ახალგაზრდათა თავგანწირვას, რომლებმაც გაბედეს ხმის ამოღება უსასტიკესი რეჟიმის დროს. ეს პირველი შემთხვევა იყო მთელ უკიდეგანო იმპერიაში. ვალდებული ვართ, სათანადო პატივი მივაგოთ დაღუპულ ახალგაზრდათა ხსოვნას. მართალია, მე ახლა ახალგაზრდებზე ვლაპარაკობ, მაგრამ შედარებით უფროსი თაობის, უფრო სწორად, საშუალო თაობის მრავალი და მრავალი წარმომადგენელი ახალგაზრდებთან იყო. როგორც იტყვიან, ახლაც მესმის იოსებ ნონეშვილის გამოსვლა. მართალია, იგი სტალინისადმი იყო მიძღვნილი, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ცნობილი პოეტი ახალგაზრდებთან იდგა ტრიბუნაზე, ისე როგორც ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწე, გარკვეული როლი შეასრულა.
რაც შეეხება თვით მოვლენას, მისი მნიშვნელობის შეფასებას, - იქნებ ვიფიქროთ ახლო წარსულის ახლებურ გააზრებაზე, ცნობილ მეცნიერთა ჯგუფის შექმნაზე. შესაძლოა, ეს იყოს ნაწილი იმ ინსტიტუტისა, რომელმაც მთლიანად უნდა შეაფასოს საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი 1956 წლის 9 მარტიდან (ჩემს აზრს არ ვახვევ თავს არავის, მათ შორის, არც ისტორიკოსებს, მაგრამ მე სწორედ ეს მოვლენა მიმაჩნია „ქრონოლოგიურ ტეხილად“) - დღემდე.
ეს აუცილებელია, რათა ვთქვათ სრული სიმართლე უახლოეს წარსულზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მუდამ თან ატარებს - საკუთარი მეხსიერებითა თუ მამა-პაპათა გენით.
- ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც 1956 წლის 9 მარტს მოხდა და ეს განწყობილება, პრინციპში, დღესაც არსებობს, ის იყო, რომ ხალხის ეროვნულ გრძნობებზე ითამაშეს, და ძალიან უხეშადაც. საქართველოში დღესაც არიან სტალინის თაყვანისმცემელნი და მისი მოწინააღმდეგენი, მაგრამ თვით რეპრესირებული ოჯახების წარმომადგენლებისთვისაც კი, და ამ შემთხვევაში მე ასეთ ოჯახს მივეკუთვნები, გამაღიზიანებელია, როცა ამ კაცზე, მის პიროვნებაზეა ლაპარაკი და ხაზგასმულია ის, რომ სტალინი იყო ქართველი, ანუ როცა სტალინი რუსეთს სჭირდებოდა, მაშინ იყო დიდი რუსი ერის წარმომადგენელი და საბჭოთა ერების წარმომადგენელი და, როცა სტალინი უკვე აღარ სჭირდებოდათ და სტალინმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, სტალინი გახდა ქართველი. ამასთან დაკავშირებით, საერთოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მეტად საინტერესო თემაა. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას. ყველა ინტერვიუსა და გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ აუცილებელია რუსეთთან კეთილმეზობლობა, საერთო ენის გამონახვა, მოუწოდებთ რუსეთს დიალოგისაკენ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა რუსეთსა და საქართველოს შორის არა საქართველოს მიზეზით. მაგალითად, თქვენ ბრძანეთ ეს წინა ორშაბათს და მინდა გაგახსენოთ: მოეწონება თუ არა რუსეთს, რომ ჩვენთან არსებობდნენ ტერორისტები, რომლებიც რუსეთის კანონიერი ხელისუფლების დამხობისათვის, დივერსიების მოწყობისა და ამბოხებისაკენ მოუწოდებდნენ. მოსკოვში კი კვლავ არსებობს საკოორდინაციო საბჭოები, ინტერპოლისაგან ძებნილ ადამიანებს რომ იფარებენ, - გიორგაძე ლამის ტელევარსკვლავი გახდა. თუმცა ამ ბოლო ხანს იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომელიც ამ სიტუაციიდან განსხვავებული გახლდათ, მაგრამ თვითონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მაინც ვერ გეტყვით, რომ რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა, რადგან ყოფილა რუსეთის მხრივ განცხადებები, არა ერთი დეკლარაცია, მაგრამ ისეთი სიტუაციები, რომლებზეც ვილაპარაკეთ, კვლავ გრძელდება...
- რა თქმა უნდა, მე ყურადღებით გავეცანი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ სტეპაშინის განცხადებას და მიმაჩნია, რომ ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საღი აზრის გამოვლინება, საღი აზრი კი თავისთავად საკუთარი ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესების გაცნობიერების უებარი საშუალებაა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს პირადად კონტაქტებს. ეს კაცი რამდენჯერმე იყო საქართველოში. შევხვდით, ვისაუბრეთ, აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს. შევეცადეთ, გაგვეგო ერთმანეთისათვის და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა ქვეყანამ, დიდმა თუ პატარამ, მეზობლებისადმი ისე უნდა იმოქმედოს, როგორც თავად ისურვებდა საკუთარი თავის მიმართ მეზობელთა მოქმედებას. ამ სულისკვეთებით წარიმართა თარგამაძე-სტეპაშინის შეხვედრა მოსკოვში და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.
ვაცხადებ, რომ ყოველთვის მზად ვარ დიალოგისათვის, ყოველთვის მზად ვარ შეხვედრისა და გონივრული კომპრომისისათვის.
ვიმედოვნებ, საღ აზრს, საერთო ინტერესების გაცნობიერებას წინ ვერაფერი დაუდგება, და ვერც უნდა დაუდგეს. მით უმეტეს, რომ არ არის ჩვენი ხალხი, როგორც იტყვიან, გულღვარძლიანი, - ბევრი რამის დავიწყებას სწრაფად ვახერხებთ და, პრინციპულად, ეს ჩვენს სულგრძელობაზე მიუთითებს.
ძალიან მინდა, ვიმედოვნებდე, რომ ეს ჩემი მოწოდებაც დიალოგის შესახებ, არ დარჩეს მარტო მოწოდებად, არ დარჩეს „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
- გასულ კვირას ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით წინანდალში შემოქმედი ახალგაზრდობის შეხვედრა-სემინარი გაიმართა. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა თუნდაც იმიტომ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ, მაგრამ საკმაოდ ცნობილმა მოღვაწემ მიიღო მონაწილეობა...
- მე გულწრფელად მივესალმები ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის ამ შესანიშნავ ინიციატივას, აგრეთვე, კანცელარიაში მომუშავე ჩვენი თანამშრომლების წამოწყებას.
მადლობელი ვარ იმისათვის, რომ დაიწყეს აღორძინება კეთილშობილი ტრადიციისა, რომელსაც ჯერ კიდევ ოცი-ოცდაათი წლის წინათ ჩავუყარეთ საფუძველი.
გახსოვთ, ალბათ, მაშინ ბაკურიანში იმართებოდა ასეთი შეხვედრები. ისინი ჩემთვის პირადად დაუვიწყარია.
სულ ახალგაზრდა უწვერულვაშო ჭაბუკები და ახლად შეღერებული გოგონები იყრიდნენ ხოლმე თავს ამ ღონისძიებაზე.
დღეს ისინი - ის ჭაბუკები და გოგონები, საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწეები, მეცნიერები, მსახიობები, რეჟისორები არიან. დარწმუნებული ვარ, ასეთივე სასიკეთო შედეგი მოჰყვება წინანდლის შეხვედრებსაც.
ვწუხვარ, რომ ამჯერად ვერ მივიღე მიწვევა, რათა პირადად დავსწრებოდი ამ შესანიშნავ ღონისძიებას, მაგრამ ვიმედოვნებ, შეხვედრა-სემინარი ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და მომავალში უეჭველად მექნება საშუალება, მივიღო მონაწილეობა, რათა მივესიყვარულო ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობას, რომელთაც ვუსურვებ არასდროს განეცადოთ ის უბედურება და ის სიმწარე, ჩვენი და ჩვენ მამა-პაპათა თაობის ხვედრი რომ გახდა.
- და, ბოლო შეკითხვა. თქვენ, როცა ეკონომიკურ კრიზისს, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ახსენებთ, ხშირად საუბრობთ იაპონიაზე და ხშირად წარმოთქვამთ ასეთ ფრაზას: „იაპონია ამომავალი მზის ქვეყანაა“. ამ კვირაში, თქვენ ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებით იაპონიაში, სადაც ადრეც ყოფილხართ როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ საქართველოს ოფიციალური ხელისუფალის რანგში ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ ქვეყანაში. რისთვის მიდის საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად „ამომავალი მზის ქვეყანაში“?
- იაპონია საქართველოსათვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურისათვის უაღრესად საინტერესო და, შეიძლება ითქვას, სამაგალითო ქვეყანაა, სამაგალითო ფენომენია, ვინაიდან ამ ერმა (უდიდესი, უმდიდრესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ერმა) შეძლო შეეთავსებინა ტრადიციონალიზმი და მოდერნიზმი.
ეროვნული კულტურა იაპონიაში ჰარმონიულად ერწყმის პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას.
იაპონია ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც გლობალური ინტერესები აქვს, ამ ინტერესების არეალი კი მთელი ჩვენი პლანეტაა, მათ შორის, რა თქმა უნდა, კავკასია და საქართველო. ამ ბოლო დროს ეს ნათლად გამოიკვეთა.
ბუნებრივია, როდესაც გლობალურ ინტერესებზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ იაპონური კაპიტალის, იაპონური ბიზნესისა და იაპონური საინჟინრო გენიის გლობალური აქტიურობა.
იაპონელებმა უმალვე შენიშნეს, რომ კავკასია და, უწინარესად, საქართველო ახალ უნიკალურ ფუნქციას იძენს შავი ზღვა-კასპიის ზღვის აუზში, ანუ ევრაზიის საკვანძო რეგიონში.
იაპონური კაპიტალი მზად არის ხელი შეუწყოს დიდი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას.
ამ ქვეყნისაგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ, უწინარესად ის, თუ როგორ არ დავკარგოთ, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო ავაყვავოთ ჩვენი ეროვნული კულტურა ვესტერნიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესში.
მოუთმენლად ველი სტუმრობას იაპონიაში, სადაც, როგორც თქვენ იცით, უამრავი მეგობარი მყავს.
საქინფორმი.
„აუცილებელია ვთქვათ სრული სიმართლე უახლოეს წარსულზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მუდამ თან ატარებს საკუთარი მეხსიერებითა თუ მამა-პაპათა გენით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 2 მარტი. - №56 (3097). - 1, 2 გვ. 244
![]() |
21 დავით ხახუტაიშვილის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ბატონი დავითის გარდაცვალების გამო.
ედუარდ შევარდნაძე.
დავით ხახუტაიშვილის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 მარტი. - №58 (3099). - 1 გვ. 245
![]() |
22 საქართველოს საარქივო დარგის მუშაკებს |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს, რომელიც წლეულს პირველად აღინიშნება.
საარქივო დარგის მუშაკთა პროფესიული დღესასწაულის დაწესებით დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ღირსეული პატივი მიაგო ჩვენი ერის ისტორიული მეხსიერების ერთგული მცველებისა და მკვლევარების თავდადებულ შრომას.
ამ პატივს თქვენ დიდი ხანია იმსახურებთ, იგი დიდი ხანია დაიმსახურეს თქვენმა წინამორბედებმა და იმის იმედიც მაქვს, რომ მათი და თქვენი ტრადიციები ღირსეულად გაგრძელდება.
ჩვენი ეროვნული საარქივო ფონდი ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურის განუყოფელი ნაწილია, მასში თავვმოყრილია სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე ერის უმდიდრესი მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფლებისათვის თავდადებული ბრძოლის ისტორის ბრწყინვალე ფურცლები, მისი მიღწევები ხელოვნებაში, მეცნიერებაში, განათლებაში, მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში.
ამ საუნჯის მოვლას და გამომზეურებას სწორედ ისეთი მაღალი პროფესიონალიზმი და ერთგულება სჭირდება, როგორსაც თითოეული თქვენგანი ავლენს იმ უბანზე, რომელიც მინდობილი აქვს.
მადლობა მინდა გითხრათ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისა და თავდადებისათვის.
მივესალმები თქვენი დარგის შემდგომი განვითარებისათვის გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, თქვენი საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების ყოველ კონკრეტულ ფაქტს და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს საარქივო დარგის მუშაკებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 მარტი. - №58 (3099). - 1 გვ. 246
![]() |
23 ვახტანგ მოსიძის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი შესანიშნავი მეცნიერისა და გამოჩენილი პიროვნების ბატონი ვახტანგის გარდაცვალების გამო.
მან ღირსეულად გააგრძელა როგორც თავისი სახელოვანი მამის, მიხეილ მოსიძის, ისე თავისი სამეცნიერო მოძღვრის ივანე ბერიტაშვილის დიდი ტრადიციები.
ედუარდ შევარდნაძე.
ვახტანგ მოსიძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 მარტი. - №58 (3099). - 1 გვ.247
![]() |
24 ამ ასაკშიც შეყვარებული ვარ |
▲ზევით დაბრუნება |
ეს მარადიულია...
არის ქალი და არის კაცი...
არიან მეუღლეები.
არიან შვილები... შვილიშვილებიც...
მათზე საუბარი ყველას უყვარს.
მეუღლეზე საუბარი კი ეძნელებათ, განსაკუთრებით მამაკაცებს, იმიტომ ხომ არა, რომ თავად მეუღლეობაა მძიმე (თუმცა სასიამოვნო) ტვირთი?!
მაგრამ დგება მომენტი, როცა ყოველი მამაკაცი, ყველაზე სიტყვაძუნწიც კი, მეუღლეზე საუბრობს.
ასეთი რამ პრეზიდენტებსაც შეიძლება „შეემთხვათ“.
ძნელია მეუღლეობა... ქვეყნის პირველი ქალბატონის მეუღლეობა კი, ალბათ, კიდევ უფრო ძნელი...
ასეა, ბატონო პრეზიდენტო?
- საერთოდ მე არ მიჭირს ჟურნალისტებთან საუბარი, მაგრამ ეს ისეთი თემაა...
სხვათა შორის, კარგი კითხვაა, - ძნელია ქვეყნის პირველი ქალბატონის მეუღლეობა?!
მე ვფიქრობ, რომ პირველი კაცის მეუღლეობა უფრო რთულია, ვიდრე პირველი ქალბატონის მეუღლეობა.
ჩვენი ცხოვრება ისე აეწყო, ისეთ გრძნობებსა და ისეთ პრინციპებზეა აშენებული, რომ პირველკაცობა და პირველქალბატონობა არ არის გადამწყვეტი. ჩემი ბედი სულ სხვანაირად რომ წარმართულიყო (და ეს სავსებით შესაძლებელი იყო: ცნობილი ამბავია, ნანულის მშობლები რეპრესირებული იყვნენ და მე კიდევ - ახალგაზრდა ფუნქციონერი, ახალგაზრდულ მოძრაობასა და პარტიულ საქმიანობაში), შეიძლებოდა, საერთოდ კარი მოეხურათ და ეთქვათ - თქვენ ამ საქმეში პერსპექტივა არ გაქვთო. დიახ, ასეც რომ მომხდარიყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ასეთივე და, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო თბილი, უფრო მეგობრული, მეტ ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე აგებული იქნებოდა.
მე, ასე თუ ისე, ამ ქვეყანაში პირველი კაცი ვარ... საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მანამდე ცენტრალური კომიტეტის მდივანი... ეს ჩვენს ადამიანურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კვალს ამჩნევს ერთგვარი დაძაბულობის, ნერვიულობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენს სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე გავლენა არ მოუხდენია. ეს ადამიანი ისეთ გზას აირჩევს როგორიც მე ავირჩიე, ის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. აი, რაღაც პერიოდში რომ დავმარცხებულიყავი, მე დარწმუნებული ვარ, მაშინაც კი ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლებოდა. პირიქით, შეიძლება კიდევ უფრო მეტი სითბო და მეტი სიახლოვე ყოფილიყო, ვიდრე ამ პირობებში.
...რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობის მომენტებიც - ხანდახან ასე ვთქვათ, ტრაგიზმამდე მისულიც კი. ჩვენი განსაკუთრებული ურთერთობა სწორედ მაშინ იჩენდა თავს. მე არასოდეს მიგრძვნია, რომ მარტო დავრჩი. ასეთ დროს ყოველთვის ძალიან იოლად ჩამოგცილდებიან ადამიანები, „მეგობრების“ წრე, გარდა მცირე გამონაკლისისა. როდესაც, მაგალითად, მოსკოვში ყოფნისას მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე მივიღე გადაწყვეტილება, მას თვალიც კი არ დაუხამხამებია. მითხრა, ისე უნდა მოიქცე როგორც სინდისი გკარნახობს, მე რომ ვიყო შენს ადგილას, მეც ასე მოვიქცეოდიო.
მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა რაღაც გამონაკლისია და ასეთი სხვა არ არის. ალბათ, ასევეა ადამიანების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც გრძნობა ამოძრავებთ. მაგრამ მეც და, ალბათ ნანულისაც, გვგონია, რომ ჩვენ ვართ გამორჩეულნი და კარგია, რომ ეს ასეა. ერთგულებით გამოცდისათვის, თავდადებით გამოცდისათვის, თავგანწირვით გამოცდისათვის, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გვქონდა. ეს უნიკალური წლებია, რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და, მე ასე ვიტყოდი, ერთად ვსაქმიანობთ.
- და მაინც, როგორ ფიქრობთ, თქვენი ურთიერთობა იდეალურია?
- მე მაქვს ერთი დიდი ნაკლი: ძალიან ძუნწად, არასრულად გამოვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ. ეს ახალგაზრდობის წლებიდან მომყვება და მას შემდეგ ვებრძვი ჩემს თავს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ, რომ ადამიანს, პირველ რიგში მეუღლეს, ვუთხრა ის, რასაც ვგრძნობ და რასაც განვიცდი. საკუთარ თავს სულ შენიშვნას ვაძლევ, რომ ასე არ ვარგა, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, მოისმინოს სიტყვებით გამოხატული გრძნობა. ეს ჩემი დიდი ნაკლია, აწი გამოსწორება უკვე ძნელია...
- მაგრამ მთავარი მხოლოდ სიტყვები ხომ არ არის!
- საქმითაც ყოველთვის ვერ ვახერხებ ამის გამოხატვას, აი, ვთქვათ, მოსიყვარულე ქმარი... შეიძლება მოსიყვარულეც არ არის, მაგრამ მაინც... ზოგს არ ავიწყდება დაბადების დღის აღნიშვნა, რაღაც მოვლენა მეუღლის ცხოვრებაში, თაიგულები, საჩუქრები... მე კი ასეთ საქმეში აბსოლუტურად უნიჭო ვარ, მოუქნელი და მოუხერხებელი. ალბათ, თვითონ კიდეც ნერვიულობდა, სხვა რამეს ელოდა, სხვა დამოკიდებულებას, მაგრამ მერე და მერე შეეჩვია, რომ ასეთი ვარ...
- ახლა საჩუქარი არ უნდა უძღვნათ მეუღლეს?
- არ ვიცი. როგორ არის, იცით, როცა მე აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, როცა - ამ ასაკში სიტყვა „შეყვარებული“ რაღა დროსია - მაგრამ მაინც შეყვარებული ვარ, ბოლომდე შეყვარებული, დანარჩენი ყველაფერი მიმაჩნია რაღაც ისეთ თანამდევ ჩვეულებად, რომელიც ძალიან უფერულია იმასთან შედარებით, რასაც მე ვგრძნობ, რასაც განვიცდი... ამიტომაც ყველანაირი „საჩუქრები“ მიმაჩნია მეათეხარისხოვნად. ჩემთვის მთავარია გული არ შეიცვალოს, გრძნობა არ შეიცვალოს, ერთგულება კი არ შესუსტდეს, პირიქით, რაც ასაკში შევდივართ, კიდევ უფრო მეტად იგრძნობოდეს. მთავარია მეუღლეც ხედავდეს ამას. ეს გარეგნული ამბები რაც არის - სადღაც გავარდე, ყვავილები იყიდო... კი, საჭიროა ეს, ალბათ, მაგრამ, როცა ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და თაიგული შეიძლება მართლა გახარებოდა, მაშინ მაგის თავიც არ გვქონდა, ისე ვიყავით, ისეთ მდგომარეობაში... ძალიან ღატაკები ვიყავით...
აი, ერთი ნაკლი ხომ ვაღიარე, მეტი რა გინდათ?
- ამბობენ, ბატონმა ედუარდმა და ქალბატონმა ნანულიმ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო იციანო. თქვენს ასეთ ურთიერთობებშიც ხომ არ იმალება ეს საიდუმლო?
- იცით, ჩვენ მართლა არ ვბერდებით, არც მე და არც ის. თუ ვილაპარაკებთ მეხსიერების ხარისხის მიხედვით, ჩვენ იგივენი ვართ, რაც ოცი, ოცდაათი წლის წინათ ვიყავით. ჩემი მეხსიერება არა მარტო აქ, სადაც ძირითადი სამუშაოა, არამედ სახლშიც მუდმივად ვარჯიშობს, მუდმივად იწვრთნება და არც ვიცი ჩემი ცხოვრების გაგრძელება იქ არის თუ პირიქით, აქ.
იცით, მე უბედური კაცი ვიქნებოდი, ისეთი მეუღლე რომ მყოლოდა, რომელიც ცარიელია, რომელსაც არა აქვს თავისი პრინციპები, რომელიც მიჯაჭვული არ არის ლიტერატურაზე, ხელოვნებით არ ცხოვრობს, რომელიც ადამიანებში ვერ ერკვევა, თავისი ფსიქოლოგიური დაკვირვებები, თავისი აზრი არ გააჩნია, რომელსაც კამათი არ შეუძლია... ჩვენ ხშირად ვკამათობთ რაღაც-რაღაცებზე. მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სახლში როცა მივდივარ, ცარიელ კედლებში კი არა ვარ, მხვდება ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც მსიამოვნებს, ხანდახან შეიძლება ცხარე კამათიც იყოს ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ ეს არის კამათი, რომელიც ადამიანს ამდიდრებს.
- შეიძლება ეს კამათი თქვენს სამსახურებრივ საქმეებს შეეხოს?
- ნანულიმ შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს, როდესაც მეუღლე ქმრის საქმეებში ერევა. ჩვენი ურთიერთობა ამ მხრივ მართლაც უნიკალურია. თუ ვდავობთ, ვკამათობთ უფრო მეტად ისეთ თემებზე, რაც არ არის დაკავშირებული, ვთქვათ, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან, კადრების დანიშვნასთან...
ხანდახან კი წამოსცდება - აი, ასე და ასე ლაპარაკობენო - მაგრამ ეს არის მხოლოდ ეპიზოდი. ჩვენი კამათი, დისკუსიები თუ ჩვეულებრივი საუბრები უფრო სხვა თემებს ეხება. შეიძლება ითქვას, უფრო განყენებულიც არის, საერთო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი. ვსაუბრობთ ხელოვნების, ისტორიის, ლიტერატურის საკითხებზე, ცალკეულ ცხოვრებისეულ პრინციპებზე...
მე არ მინდა იდეალურად დავხატო ყველაფერი, მაგრამ ამ ურთიერთობის გარეშე... ეს რაღაც მკვებავ არტერიასვით არის, როცა მოვდივარ სახლიდან, მოვდივარ არამარტო მშვიდი, არამედ, გარკვეულად დამუხტულიც, რადგან მე მაქვს საშუალება პატარა საზრდოც მივიღო, სულიერი საზრდო, ალბათ, ისიც ასევე იღებს ჩემგან...
როცა სახლში ვბრუნდები, როგორი აღელვებულიც არ უნდა ვიყო, ხანდახან წინასწორობა დაკარგულიც კი, ასეთი შემთხვევა ათასჯერ მქონია, მასთან შეხვედრა, ეს არის ის მალამო, რომელიც მე იმ წუთში მჭირდება და რომელსაც ვერც ერთი ექიმი ვერ შეცვლის. ეს, ალბათ, ათეული წლების განმავლობაში გამომუშავდა.
- მაინც რა გამშვიდებთ, როცა ძლიერ აღელვებული ბრძანდებით? რამ შეიძლება გამოგიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან?
- მაგალითად, მე მახსოვს ოცდაცხრა აგვისტო... ცხრა თებერვალი... აფხაზეთიდან დამარცხებული კაცის ჩამოსვლა, როცა სოხუმი დავკარგეთ და რაღაც სასწაულებრივად გამოვაღწიე იქიდან. ძალიან ძნელია ქალმა, მოსიყვარულე მეუღლემ ასეთ მოვლენას ცრემლით არ უპასუხოს, ხანდახან ტირილით, ისტერიკითაც კი... მე კი ყოველთვის მხვდებოდა აბსოლუტურად მშვიდი ადამიანი. და სწორედ ეს სიმშვიდე მჭირდებოდა.
ჩემთვის საშინლად ძნელი იყო ის დღე, როცა სოხუმიდან ჩამოვფრინდი. არავინ იცოდა, გარდა ჩემი დაცვისა, რომელიც მახლდა... არავინ დამხვედრია, პირდაპირ სახლში წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ პარლამენტში არ უნდა წავსულიყავი (მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეც ვიყავი), რადგან ამაზე მეტი უბედურება რა უნდა შემთხვეოდა სახელმწიფოს მეთაურს... მაგრამ აი, მისმა სიმშვიდემ, „ცივმა“ გონებამ (მას აქვს საოცარი ნიჭი მობილიზებისა), დარწმუნების უნარმა დიდად იმოქმედა ჩემზე. და მე მივიღე გადაწყვეტილება... ის სწორი აღმოჩნდა. მაშინდელი პარლამენტი ჩემს გამოჩენას, მიუხედავად დამარცხებისა და ამდენი უბედურებისა, ოვაციებითაც კი შეხვდა. ხომ ხედავთ, ნანული უფრო საღად, უფრო რეალისტურად აზროვნებდა, ვიდრე მე, იმ შემთხვევაში.
ასე რომ, მე კი ვთქვი, იგი არ ერევა პოლიტიკაში მეთქი, მაგრამ ესეც პოლიტიკაა, ხომ?! პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.
ინსტინქტივით გამოუმუშავდა. მან იცის, როგორი განწყობილებით მივდივარ სახლში. თითქოს ჩემს შუბლზე ამოიკითხავს, რა გადავიტანე. ჩემთვის ხომ არც ერთი დღე ნორმალური არ არის. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ხალხი კარგად ცხოვრობს და ყველაფერი რიგზეა, იქაც კი, სახელმწიფოს მეთაურებს არა აქვთ იდეალური ცხოვრება. მით უმეტეს, ჩემი ცხოვრება ყოველდღე უმძიმეს განცდებთან, ტკივილებთანაა დაკავშირებული: და როცა მივდივარ სახლში, თითქოს ჩემი გამომეტყველების მიხედვით კითხულობს, რა იყო დღეს, რა მოხდა და უკვე მზად აქვს ის „სამკურნალო დოზა“, რომელიც აუცილებელია კაცის დასამშვიდებლად, იმისათვის, რომ დაივიწყო, რაც დრამატული იყო და იფიქრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა.
მე ძალიან მიხარია, რომ ის აქტიურობს საზოგადოებრივ საქმიანობაში, გაზეთით ცხოვრობს. ყოველთვის ვცდილობ ამით ვასიამოვნო. თვითონ არ მეუბნება, მაგრამ გაზეთი რომ დევს, აუცილებლად გადავფურცლავ, გადავფურცლავ და ვეტყვი - ეს კარგია, ეს კარგია, ეს კარგია! მე ვიცი, რომ ეს მისთვის აუცილებელია. და მართლაც, კარგი გაზეთია „მშვიდობა ყოველთა“, სოლიდური, სერიოზული. მე შეიძლება ძველი მოდის კაცი ვარ და ასეთი პრესა მიყვარს, თუმცა სიახლესაც პატივს ვცემ.
მე ვიცი, რომ თუ ნანული მოახერხებს და საერთაშორისო დახმარებების შედეგად ვიღაცას ხელს გაუწვდის, რომელიმე უდედმამო ბავშვთა სახლს ანდა უმწეო მოხუცებს დაეხმარება, შემდეგ მთელი კვირა ამით ცოცხლობს, ამაზე საუბრობს, ჰყვება... მეც ასე ვარ დაახლოებით, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია დროის თვალსაზრისით. მან იმდენი სიმწარე ნახა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ მცირეწლოვნობიდან მოყოლებული, რომ მისი სულიერი მოთხოვნილებაა გაჭირვებული ადამიანისსათვის ხელის გამართვა.
ძალიან მახარებს, რომ არ განებივრდა, არ „შეეგუა“ იმას, რასაც უზრუნველყოფილ ოჯახში ცხოვრება ჰქვია. პირიქით, მას არასდროს ავიწყდებოდა, რომ არიან ამ ქვეყანაზე მშიერნიც, არიან გაჭირვებულნიც და ავადმყოფებიც.
როცა ჩვენ ამის შეგრძნებას დავკარგავთ, მაშინ უკვე აღარ ვიქნებით ის, რასაც წარმოვადგენთ...
ესაუბრა თამარ საგინაშვილი.
გაზეთი „მშვიდობა ყოველთა“,
20 თებერვალი20 თებერვალი - 12 მარტი, 1999 წ.
ამ ასაკშიც შეყვარებული ვარ : ინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7-8 მარტი. - №60-61 (3102). - 8 გვ.
![]() |
25 საკურა ამ გაზაფხულზეც აყვავდება |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნიკური სასწაულის ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კომპიუტერიზებულია, ტუალეტებიც კი, ჟურნალისტები კალმით წერას აძლევენ უპირატესობას. იეროგლიფების ყალმით წერის (ხატვის?) ტექნიკა, ერთ-ერთი უძველესი ხელოვნება, უნდა იყოს ამ ტრადიციის საფუძველი. ალბათ, - სხვა რამეც, თუნდაც ის, რომ შემოქმედებით პროცესში, როდესაც კალმის მოსმა შენი სულიერი მდგომარეობის გამოხატვის ესთეტიკაა, შუამავალი, უახლესი ტექნიკური საშუალებაც კი, უცხო სხეულია, მაშასადამე, მიუღებელიც.
ასე იყო ტოკიოს ეროვნულ პრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე, იმ არეალში მაინც, რომელსაც თვალი გაწვდა.
მით უფრო, ასე იყო კამერულ სიტუაციაში, როდესაც იაპონელი ჟურნალისტები ედუარდ შევარდნაძის პირისპირ ისხდნენ და ესაუბრებოდნენ.
ისხდნენ, ესაუბრებოდნენ და... უსარგებლოდ ეწყოთ კალმები მაგიდაზე.
გაფაციცებით უსმენდნენ და აღიბეჭდავდნენ მეხსიერებაში - ყველაზე უფრო საიმედო კომპიუტერში.
ისიც იყო, რომ ალბათ, ასეთი რანგის პიროვნებასთან საუბრის დროს მთლიანად რესპონდენტზე იყვნენ კონცენტრირებულნი და თავს უფლებას ვერ მისცემდნენ სხვა, თუნდაც პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე გაენაწილებინათ ყურადღება.
შეიძლება, ვიღაც იწერდა კიდეც და ვერ შევამჩნიე, მაგრამ - არა მგონია.
ეს ყურადღება ცალმხრივი არ ყოფილა.
ინტერვიუსთვის მისული NHK ტელეკომპანიის კომენტატორი ქალი ედუარდ შევარდნაძემ იცნო და ეკითხება:
- თქვენ ახლახან ანკარაში არ იყავით?
კომენტატორი ცოტა დაბნეული, ჰოსაც ამბობს და ვერც ამბობს.
პრეზიდენტი აზუსტებს:
- თქვენ იყავით იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც ჩემი და დემირელის პრესკონფერენციას დაესწრო. თქვენ კიდეც ცდილობდით, შეკითხვა დაგესვათ, მაგრამ არ მოგცეს ამის საშუალება.
- კიო, მე ვიყავიო.
- აი, ახლა თქვენს ხელთა ვარ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
იყო ეს ექსპრომტად მოგებული დებიუტი (იხ. წინა პუბლიკაცია) და იყო ამ კაფანდარა ჟურნალისტის გამხნევებაც იმ დაძაბულობის მოსახსნელად, რომლის დაძლევა იაპონელ მატყლის ფთილას კი არა, ჟურნალისტიკის ლომა ხარებსაც უჭირთ.
მაშ ასე: 6 მარტი, შაბათი, სასტუმრო „იმპერიალის“ აპარტამენტები: NHK, საინფორმაციო სააგენტოები - „კიოდო“, „ჯიჯი“, გაზეთები - „ნიკეი“, „იომური“, „სანკეი“.
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან.
პრესცენტრში გუშინ დაწყებული საუბრის გაგრძელება გვსურსო, განაცხადეს ჟურნალისტებმა. პირველი შეკითხვა დსთ პრობლემის შესახებ:
- თანამეგობრობის ქვეყნების ბევრი ლიდერი ამ გაერთიანებას უარყოფითად აფასებს...
- ეს ძალიან რთული საკითხია და ძნელია ამ სპექტრის სრული მოცულობით და დეტალურად გადმოცემა. ფაქტია, რომ ჩვენ, თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტები დსთ შეფასებაში ერთსულოვანნი ვართ.
დსთ არის გაბერილი, ბიუროკრატიული ორგანიზაცია, რომლის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკები ჰქმნიან უსარგებლო ქაღალდებს. ამ ბიუროკრატიულ წარმონაქმნს ბოლო უნდა მოეღოს. დსთ სიცოცხლისუნარიანი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ქვეყნების განვითარებას. ამიტომ საჭიროა შეიქმნას ახალი, ქმედითი ორგანიზაციული სისტემა. არის კონკრეტული პროექტი ამგვარი გარდაქმნის, რომელიც ჩემს მიერ ვიზირებულია.
ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ უნდა არსებობდეს. დსთ რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციაა და მეტი არაფერი.
ეს არ გამორიცხავს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები, ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირებით ერთმანეთთან იყვნენ ინტეგრირებულნი. ამის მაგალითები ჩვენს სინამდვილეში არსებობს.
- რუსეთის დაშლა ჰიპოთეტური საფრთხე არ არის, რეალობაა. ამას აცხადებს ბატონი პრიმაკოვი.
- ვფიქრობ, რომ ევგენი მაქსიმეს ძემ ყველაფერი უნდა იღონოს, რუსეთის მთლიანობის შესანარჩუნებლად. ფედერაციის დაშლა დიდი ტრაგედია იქნება არა მარტო ამ ქვეყნისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
- ხომ დაიშალა საბჭოთა კავშირი?
- ეს სხვა საკითხია. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ფორმალურად, მაგრამ მაინც, კონსტიტუციაში დაფიქსირებულად შედიოდა სუვერენული ქვეყნები გამოყოფის უფლებით. რუსეთი ფედერალური სახელმწიფოა და მასში შემავალი სახელმწიფო წარმონაქმნები დამოუკიდებელი ქვეყნები არ არის.
- ჩეჩნეთი?
- ეს განსაკუთრებული კატეგორიაა. ჩეჩნეთის საკითხზე მოლაპარაკება რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს და არა შემთხვევიდან შემთხვევამდე. ეს ჩეჩნეთისთვისაც სასარგებლო იქნება და რუსეთისთვისაც.
- ვინ და როდის დაიწყო პერესტროიკა, ბატონო პრეზიდენტო? ჩვენ წაკითხული გვაქვს, რომ თქვენ და გორბაჩოვი სეირნობდით ზღვის პირას, როდესაც ეს იდეა დაგებადათ.
- ეს იყო ბიჭვინთაში, სადაც იგი დასასვენებლად ჩამოდიოდა. მაშინ ვთქვით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ გარკვეული ელემენტები გარდაქმნისა ეკონომიკაში ექსპერიმენტების სახით მაშინ საქართველოში უკვე ხორციელდებოდა. გორბაჩოვი როგორც ცკ მდივანი, პოლიტბიუროს წევრი ჩამოდიოდა საქართველოში და ადგილზე ეცნობოდა მათ.
- მაგრამ იდეა თქვენია?
- არა. გორბაჩოვი იყო მთავარი ორგანიზატორი. ჩვენ თანამოაზრები ვიყავით, და ნუ წავართმევთ მას დაფნის გვირგვინს.
- ამჟამად თუ ხვდებით გორბაჩოვს?
- ძალიან იშვიათად.
- პერესტროიკაზე საუბრობთ?
- საუბრისთვის დროა საჭირო, სუფრა უნდა გაშალო, ბოთლით ღვინო დადგა, მე კი დრო არა მაქვს.
- იყო კი საჭირო პერესტროიკა?
- აუცილებლად საჭირო იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო არ შეიცვლებოდა, დარჩებოდა სისტემების სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, ბირთვული კატასტროფის საშიშროება. მართალია, არის პრობლემები დღევანდელ მსოფლიოშიც, მაგრამ ყველა ისინი მოგვარებადია.
- თუ იყო გორბაჩოვი მზად იაპონიისათვის კურილის კუნძულების დასაბრუნებლად?
- არა. საკითხი ასე არ იდგა - მიეცათ, არ მიეცათ კუნძულები. ითვლებოდა, რომ ეს არის დახურული თემა. როგორც კი დააყენებდნენ საერთშორისო შეხვედრების დროს ამ საკითხს, გრომიკო დახურავდა თავის საქაღალდეს და განაცხადებდა: - Все!
ჩვენ სხვა პრინციპებს ვერთგულებდით. მაგალითად, პირველად ჩვენ განვაცხადეთ, რომ კლასობრივი ბრძოლა არ არის ჩვენი მთავარი მიზანი.
მიმაჩნია, რომ სრულიად არანორმალური ვითარებაა შექმნილი იმის გამო, რომ თავის დროზე სსრ კავშირსა და იაპონიას შორის ხელმოწერილი არ იყო სამშვიდობო ხელშეკრულება. ფორმალურად კვლავ ძალაში რჩება საომარი მდგომარეობა. როდესაც ბატონი აბე ჩვენი შეხვედრების დროს დააყენებდა საკითხს სადავო ტერიტორიების შესახებ, მე არ ვდგებოდი და არ ვტოვებდი მოლაპარაკების მაგიდას. ვთათბირობდით, და ჩვენ ორივეს გვიყალიბდებოდა აზრი, რომ პრობლემის გადაწყვეტამდე თანდათან უნდა მივიდეთ.
პრაქტიკულად ეს პროცესი ასეც განვითარდა. დაიწყო იგი იაპონელებისათვის ნებართვის მიცემით, მოენახულებინათ წინაპართა საფლავები. ჩემთვის, როგორც ქართველისათვის, ეს საკითთხი მტკივნეული და გასაგებია.
ამჟამად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - იაპონელებს იქ თავისუფლად ჩასვლის ნება აქვთ.
კვლავ, უკვე მერამდენედ, დსთ ფარგლებში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების შესახებ ჰკითხეს საქართველოს პრეზიდენტს და კვლავ მისი აზრი უცვლელად უარყოფითი იყო. თუნდაც ასეთი კუთხით: არის ეს ხელშეკრულება და მაინც არის კონფლიქტები მთიან ყარაბაღში, აფხაზეთში. მოქმედებს ეს აბსტრაქტული ხელშეკრულება ამ კონფლიქტების მოგვარებაზე? არა. როდესაც შიდა კონფლიქტების მოგვარებას ვერ ახერხებს, განა შეიძლება სერიოზულად დაიჯერო, რომ გარეშე საფრთხისგან დაიცავს ქვეყანას?
მაშ, რისთვისაა საჭირო?
- თუ რუსეთი დაგვესხა თავს, ეს ხელშეკრულება, ცხადია, არ დაგვიცავს. ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან ძმურად ვცხოვრობთ და ომის დაწყებას არ ვაპირებთ. თურქეთი თავს არასოდეს დაგვესხმება.
მაშ, ვის წინააღმდეგ, რომელი საშიშროებისგან თავის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ ამ ხელშეკრულებით?
ასეთმა რუდიმენტებმა ამოჭამეს საკუთარი თავი.
იქნებ შეიძლება ასეთი ხელშეკრულების ახალ საფუძველზე დადება, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია. და თუ მაინც იქნება, მაშინ მასში მონაწილე ქვეყნები, უწინარესად, ერთმანეთს სამხედრო მშენებლობაში უნდა დაეხმარონ.
ხოლო კონფლიქტები, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდება. ქართველებიც, აფხაზებიც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ დიალოგის გარდა პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს.
თანდათან ჩაცხრა ქართულ-ოსური კონფლიქტი. მიმდინარეობს შერიგების პროცესი და ამ საქმეში მოსახლეობა პოლიტიკოსებს უსწრებს.
ალბათ, ასევე მოხდება ყარაბაღშიც.
საერთოდ კი, კავკასიური ფაქტორი სრულად არ არის ამოქმედებული.
დაინტერესდნენ იაპონელი ჟურნალისტები ასეთი „უხერხული“ თემითაც:
- რიგი ქვეყნების ხელმძღვანელები მაინც ყოფილი პარტიული ლიდერები არიან.
- სხვების შესახებ სხვებს ჰკითხეთ. მაგრამ ხომ დაინგრა საბჭოთა კავშირი? ხომ დამთავრდა ცივი ომის ეპოქა? თუ მე ვმონაწილეობდი ამ ბედისმიერ გარდაქმნებში, არ მგონია, გამოვდგე დიქტატორის იმ მაგალითად და ხატად, თქვენს შეკითხვებში რომ იგულისხმება.
საქართველო დემოკრატიული იდეალების ერთგულია, ჩვენთან ჩამოყალიბებულია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენი პრესა, მე მგონი, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალია...
და კვლავ - ნატოსთან დამოკიდებულება.
- მე მომხრე ვარ იმისა, რომ ჩვენსა და ნატოს შორის განვითარდეს ის ურთიერთობა, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული.
რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.
საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი მომავლით.
- როგორც იაპონია?
- არა. იაპონია დიდი ქვეყანაა. საქართველოს გაუჩნდა გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში საკვანძო ქვეყნის ფუნქცია და იგი, ფაქტობრივად, ყველასათვის საჭირო გახდა.
ახლა იაპონიაც დაინტერესდა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენით, ცენტრალური აზიის ქვეყნებით, სამხრეთ კავკასიით, საქართველოთი, და ჩვენც აქა ვართ დღეიდან და ამას იქით თანამმშრომლობისათვის.
***
იყო ზღვა და ზღვისპირა ქალაქი.
ქართველების გუნდი იდგა ამ ქალაქის მთავარ ქუჩაზე - ახალი დიდი საქმის სათავის დადების მონაწილენი, და წარმოსახვის ფართე ეკრანზე სხვა ზღვის ნაპირზე მიმავალი ფეხშიშველა ფეხბურთელები მღეროდნენ „აბა, ულას“.
ხმა სულ მაღალ და მაღალ რეგისტრში რეკდა, როგორც უკან დაბრუნების შეუძლებლობა.
„აბა, ულა!“
არმაზ სანებლიძე, „სრ“. სპეც. კორ.
ტოკიო-კიოტო-თბილისი.
სურათებზე: (ქვემოთ) იაპონიის ყველაზე დიდი ეგზოტიკა.
ავტორის ფოტო.
საკურა ამ გაზაფხულზეც აყვავდება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 14-15 მარტი. - №67-68 (3109). - 1, 3 გვ. 261
![]() |
26 „საქართველომ მოიპოვა ორასი წლის წინათ დაკარგული სახელმწიფოებრიობა და ამ მონაპოვარზე - წინაპართა მოწამეობრივი სისხლით სხივმოსილ უძვირფასეს განძზე ჩვენი ქვეყანა უარს არასოდეს იტყვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 15 მარტის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენა, რა თქმა უნდა, იყო იაპონიაში, თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის მთავარი ხაზი „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტზე გადიოდა. და კიდევ: იაპონიაში ვიზიტის შემდეგ თქვენ უზბეკეთში შეჩერდით. როგორც ორმა პრეზიდენტმა ბრძანეთ, ეს შეჩერება წესით უნდა ყოფილიყო, მაგრამ თქვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, ამას უკვე სამუშაო შეხვედრის სახე მიეცა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- სხვა სახელმწიფოში ნებისმიერი ვიზიტი ჩვენთვის არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საშუალება, არამედ, ხშირ შემთხვევაში, უნიკალური გამოცდილების გაზიარებაც არის.
ჩვენთან ხშირად ამბობენ და სამართლიანადაც: გვიჭირს, ძალიან გვიჭირს, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშიაო. ალბათ სხვაზე უკეთ მე ვიცი, რაც გვჭირს და როდის შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, განა ვის მოუპოვებია სახელმწიფოებრიობა უდიდესი ძალისხმევის, ხშირად გაჭირვების, მსხვერპლისა და სირთულეთა დაძლევის გარეშე?
ავიღოთ თუნდაც იაპონიის შესანიშნავი მაგალითი: მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას ეს იყო, კარგად მოგეხსენებათ, აბსოლუტურად განადგურებული ქვეყანა და, რაც მთავარია, განადგურებული არა მარტო ფიზიკურად, ნგრევისა და გაცამტვერების, არამედ გარკვეულწილად უდიდესი მორალური და სულიერი დარტყმის შედეგადაც. ნუ დავივიწყებთ, რომ იაპონია გახდა ერთადერთი ქვეყანა, ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც თავს დაატყდა ბირთვული იარაღის მრისხანე ძალა და ეს ჭრილობები დღესაც კი მოუშუშებელია ზოგიერთ თაობაში და ათასობით ადამიანი დაავადდა. ყოველივე ამის მიუხედავად, იაპონელები შეკავშირდნენ, გაერთიანდნენ და თავიანთ უძველეს, უმდიდრეს ეროვნულ კულტურაზე დაყრდნობით ისტორიულად მოკლე დროში მუხლჩაუხრელი, შეიძლება ითქვას, ფანატიკური შრომით არათუ აღადგინეს ქვეყანა, არამედ თანამედროვე სამყაროს, პოსტინდუსტრიული მსოფლიოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ცივილიზაცია შექმნეს. ეს ცივილიზაცია ამჟამად არა მარტო მის შემოქმედ ერს ემსახურება, არამედ კეთილისმყოფელია სხვა ერებისა და მთელი კაცობრიობისათვის. იაპონიამ თვალსაჩინოდ გვიჩვენა ყველას, რა შეუძლია ერთ მუშტად შეკრულ ერს, თუ მტკიცედ აქვს მიზნად დასახული ქვეყნის აღდგენა და ძლევამოსილ სახელმწფოდ გადაქცევა.
რა თქმა უნდა, იაპონელები დიდი, მრავალრიცხოვანი ერია ჩვენთან შედარებით. ქართველები, ვიმეორებ, შედარებით მცირერიცხოვანნი ვართ, მაგრამ, როდესაც ერის სულიერ სიმტკიცეზე ვლაპარაკობთ, აქ რიცხოვნობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ერი იცნობიერებდეს საკუთარ ინტერესებს, შეეძლოს ბრძოლა და ფუტკარივით შრომა მომავალი კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ თვისებებს ეფუძნება იაპონური ფენომენი. ასეთია იაპონიასთან ჩემი ურთიერთობის მრავალი წლის გამოცდილება.
მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაკვირველია, გახლდათ შეთანხმებანი, რომელთაც ტოკიოსა და კიოტოში მივაღწიეთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. იაპონელთა დაინტერესება, საქართველოში იაპონური კაპიტალის მოზიდვა უდავოდ უდიდეს გავლენას მოახდენს ქვეყნის აღორძინებაზე, დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკის ადაპტირებასა და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ჩართვას. საკმარისია, გავიხსენოთ ფოთის, ბათუმისა და მომავალში ანაკლიის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, შესაბამისი ქარხნების მოდერნიზაციასთან დაკავშირებული პროექტები.
მესამე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ობუჩიმ პირველად სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას დაუჭირა მხარი აბრეშუმის გზის იდეას, რომელზეც მე ჯერ კიდევ 1990 წელს ვლადივოსტოკში გამოსვლისას ვილაპარაკე იაპონიაში ვიზიტად გამგზავრებამდე. იაპონია აქტიურად დაუჭერს მხარს აბრეშუმის გზის, ანუ ევრაზიის საკომუნიკაციო სისტემის აღდგენასა და განვითარებას როგორც პოლიტიკურად და დიპლომატიურად, ასევე ფინანსურადაც. ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გახლავთ. ბუნებრივია, იაპონიის მთავრობა ამ შემთხვევაში, უწინარესად, თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და არა რაიმე ალტრუისტული მოსაზრებებით. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ამ დიდი ქვეყნის ინტერესები ემთხვევა რეგგიონის ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოს ინტერესებსაც.
და, ბოლოს, ბედნიერი ვარ იმის შეგრძნებით, რომ იაპონიის საზოგადოებრიობამ, მთავრობამ, მისი უდიდებულესობის იმპერატორის ოჯახმა მიმიღეს და მიმასპინძლეს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის - საქართველოს პრეზიდენტს და როგორც ცალკე აღებულ პიროვნებას, რომელსაც გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ამ ქვეყნის მიმართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ესეც საქართველოს სიმდიდრეა.
80-იანი წლების დამლევს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის დათბობას იაპონიისათვის, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირისათვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იაპონიაში დავრწმუნდი, რომ ადამიანთა მეხსიერება არც ისე მოკლეა, როგორც ზოგიერთ ცინიკოსს წარმოუდგენია. სიკეთეს იგი არც ისე ადვილად ივიწყებს.
- გვახსოვს თქვენთან შეხვედრები, განსაკუთრებით, კიოტოში. როცა თქვენ მატარებლიდან ჩამობრძანდით, ამ ხალხის სითბო თქვენს მიმართ სწორედ ამ ნიშნით გამოიხატა, საუბრისას აღნიშნავდნენ (ძალიან ბევრი ლაპარაკობს რუსულს და, მით უმეტეს, ინგლისურს), რომ, როცა თქვენი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მაშინ ბევრი რამ გააკეთა, რათა ჩვენი პრობლემები შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულიყო და მოგვარებულიყოო. ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იყო ამ პოსტზე მისი ყოფნაო...
- მე, სხვათა შორის, გამაოცა იმან, რომ ასე ძალიან კარგად ახსოვთ იაპონელებს, და არა მარტო ზემო ეშელონებში, ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს იმ ვიზიტებთან დაკავშრებული ყველა დეტალი. ეს იყო ახალი სიტყვა უმძიმესი ომის შემდეგ, ახალი ნაბიჯები და ერთგვარი დათბობა ორ ქვეყანას შორის.
იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი არის არა დასასრული, არამედ, პირიქით, დასაწყისი დიდი, მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებისა. უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა იაპონიის მთავრობის მისია (მე ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე ჩვენთან გამართულ პრესკონფერენციაზე), რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს პრიორიტეტულ სფეროებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოთის ნავსადგურის განვითარება, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია, სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით, მეჩაიეობის აღორძინება (აი, ამის გარანტიები მივიღეთ), ენერგეტიკის, კერძოდ, არატრადიციულ სახეობათა ენერგეტიკის განვითარება და სხვა მრავალი.
- კიდევ ერთი მომენტი: თქვენ იქ კარატეისტებს შეხვდით და ითქვა, რომ იაპონელი კარატეისტების საპატიო თავმჯდომარე ბრძანდებით. ეს როგორ მოხდა?
- ჩემთვის მოულოდნელი იყო კარატეისტების სტუმრობა. უნდა გითხრათ, რომ რამდენადმე მოზრდილი აპარტამენტი გვქონდა და უცებ, ჩემდა დაუკითხავად, ატეხეს კარატეისტებმა ჯახაჯუხი, დარტყმებისაგან ხან ერთი წაიქცევა, ხან მეორე. მერე მე მიმიწვიეს და, რა თქმა უნდა, არ ჩავერიე ამ ბრძოლაში...
სასიამოვნო იყო, რადგან კარატე იაპონიაში მარტო სპორტი არ არის. ეს რაღაც ეროვნული დღესასწაულია, ეროვნული ფენომენია, ეროვნული მოვლენაა, და ჩამაბარეს იაპონიის კარატეისტთა საპატიო პრეზიდენტის მოწმობა. ჩამოვიტანე დიდის ამბით და სახლში გამოვკიდე. თუმცა, არა მგონია, ოდესმე კარატეს დავეუფლო.
ახლა რამდენიმე სიტყვა ტაშკენტის შეხვედრების შესახებ (ამაზეც ვილაპარაკე). უზბეკეთის პრეზიდენტთან საუბარმა, ერთობლივმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს - ქვეყნებსაც და პიროვნებებსაც. მაგრამ, თუ ვმეგობრობთ, ვმეგობრობთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმანეთის სასარგებლოდ და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, უზბეკეთი სულ მალე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი გახდება როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროში.
- ძალიან მძიმედ მიმდინარეობს საქართველოში ბიუჯეტის განხილვა, რაც ბუნებრივია, ვინაიდან აუცილებელი გახდა ბიუჯეტიდან გასავლის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირება. ძალიან ხშირად გაისმის ასეთი კითხვა: შეიძლებოდა თუ არა, თავიდან აგვეცილებინა ეს კრიზისი? ამას კითხულობს საზოგადოებაც და ეს კითხვა რამდენჯერმე გაისმა პარლამენტშიც...
- ბიუჯეტი ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქარველოშიც ეკონომიკურ რეალიებს ასახავს. კონკრეტულად, საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტის პროექტი იმ ფინანსური კრიზისის ზუსტი და თვალნათელი ანარეკლია, რომელმაც შარშან, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ კრიზისის დარტყმას ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაუძლო, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი სხვა რამდენიმე ქვეყნისა. ერთხელ კიდევ ვიმეორებ: ნურავინ სპეკულირებს ამ სირთულეებით. ძალიან სერიოზული ზიანი მოგვაყენა გვალვამ, აგრეთვე, კორუმპირებულ მოხელეთა აღვირახსნილობამ. ოღონდ, საერთოდაც რომ არ ყოფილიყო გვალვა, ან საერთოდ რომ არ გვყვავდეს ნამუსგარეცხილ მექრთამე მოხელეთა კატეგორია, ფინანსური კრიზისი საქართველოში გარკვეულწილად შერბილდებოდა, მაგრამ მისი საერთოდ თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ეს ყველამ უნდა გაიგოს და შეიგნოს, განსაკუთრებით რუსეთის კრიზისის ფონზე. იმდენად მძიმე იყო ეს დარტყმა, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ახლადფეხადგმულმა ეკონომიკამ და ფინანსებმა ამას ვერ გაუძლო და ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ეკონომიკის რეაგირება რუსეთის კრიზისზე. თუმცა, ვისაც არ უნდა გაგება, მაინც ვერ გაიგებს, რა არგუმენტებიც უნდა მოვიყვანოთ.
მიმდინარე წლის თებერვალში უკვე გაჩნდა კრიზისიდან გამოსვლის პირველი იმედისმომცემი სიმპტომები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მძლავრ პოზიტიურ პროცესად გადაიქცევა, თუ დავძლევთ სუბიექტურ მიზეზებს, თუ განუხრელად შესრულდება კანონი, უკლებლივ აიკრიფება გადასახადი, აღმოიფხვრება კორუფცია როგორც სახელმწიფო აპარატში, ასევე ბიზნესის სფეროში გადასახადების დამალვის სახით - მე სწორედ ამას ვგულისხმობ.
გუშინ სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრე და სხვადასხვა სათანადო მეთოდოლოგიით დადგენილი ბოლო გაანგარიშებანი მოწმობს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში ახლა 30 პროცენტის ფარგლებშია (ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ 45-50 პროცენტი იყო. როგორც ჩანს, ის ღონისძიებანი, რომლებსაც ვახორციელებთ, მაინც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, თუმცა გადამწყვეტს - ვერა). რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი დანაკარგია, მაგრამ ამავე დროს ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საყოველთაო ბრძოლის პირობებში წესრიგის დამყარება შესაძლებელია და ბიუჯეტის გაჯანსაღებაც შეიძლება. ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში საკმაო შემოსავალი გვექნება, საწარმოთა უმრავლესობა ამუშავდება. ვინაიდან ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ბევრი რამ გაკეთდა, გაზაფხულიც ამ მხრივ ხელს შეგვიწყობს და, ჩემი აზრით, წლის მეორე ნახევარი შედარებით უკეთესი იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის პირველი ნახევარი. ბიუჯეტის დამტკიცება გაჭიანურდა, თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს ძირითადად ჩვენი ბრალია. ჩვენ ვერ წარვადგინეთ ის ვარიანტი, რომელიც მისაღები იქნებოდა ჩვენთვისაც და სავალუტო ფონდისთვისაც. სავალუტო ფონდმაც საკმაოდ დიდი დრო წაგვართვა - მათი მისიების ჩამოსვლა, მათთან შეთანხმებანი. რომ არ შევათანხმოთ, არ გავითვალისწინოთ - ეს შეუძლებელია. ამ კვირაში დაიწყება განხილვა და, დარწმუნებული ვარ, პარლამენტარები გაგებით შეხვდებიან ქვეყანაში წარმოქმნილ სიძნელეებს.
- როგორც მოსალოდნელი იყო, ალბათ, არ შესრულდა ვლადისლავ არძინბას დანაპირები და პირველი მარტიდან აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი ისე წარიმართა, რომ, როგორც აფხაზეთის ადმინისტრაცია აღიარებს, მხოლოდ რამდენიმე ათეული დევნილი დაბრუნდა მშობლიურ სახლებში (ვინც რეგისტრაციაშია გატარებული). როგორ გგონიათ, რატომ მოხდა ეს და რა არის ამის ძირითადი მიზეზი?
- საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფრო დიდი საზრუნავი და სატკივარი, ვიდრე ლტოლვილთა პრობლემები და მათი დაბრუნების საკითხია. ლტოლვილთა საკითხზე ყოველლდღიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ ლტოლვილთა დაბრუნების დეკლარირება მორიგი პროპაგანდისტული ხერხია და სხვა არაფერი. ამაზე ბატონმა ვაჟა ლორთქიფანიძემ საკმაოდ დამაჯერებლად ილაპარაკა სამეგრელოში, კერძოდ, ენგურის ხიდთან ლტოლვილებთან შეხვედრისას და ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის დროსაც.
ლტოლვილები ვერ დაბრუნდებიან აფხაზეთში, სანამ არ ექნებათ უსაფრთხოების სრული გარანტია. სხვა პირობებში დაბრუნებაზე ლაპარაკი, მე ვიტყოდი, თვალთმაქცობა იქნება. ვერც ჩვენ დავეთანხმებით ამ პროცესს ძირითადი პრობლემის გადაწყვეტამდე, ვინაიდან ეს, ფაქტობრივად, ადამიანების გაწირვას ნიშნავს. ამ აზრს იზიარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც. თუ სოხუმის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის დიალოგისათვის, მან, უწინარესად, უნდა განაცხადოს, რომ თანახმაა შექმნას ლტოლვილთა დაბრუნებისათვის აუცილებელი პირობები. ამ შემთვევაში მეც თანახმა ვიქნები, რომ ჩემი წარმომადგენლები შეხვდნენ არძინბას და მის კოლეგებს მომავალი მოლაპარაკების ფორმატისა და შინაარსის განსაზღვრისათვის. და ეს უნდა მოხდეს თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების მორიგ სამიტამდე, ვინაიდან მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოა უფლებამოსილი გადაწყვიტოს სამშვიდობო ძალების მანდატის პრობლემა. ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია.
მე მივმართავ ყველას, ყველა დაინტერესებულ პირს და, მათ შორის, ლტოლვილებსაც, გვირჩიონ, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ ამ სამიტზე სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით.
- მანამდე კი გამოდევნილი მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აფარებს თავს, და არიან სამეგრელოშიც, იმ სამეგრელოში, რომლის აღორძინება გასულ კვირაში ალექსანდრე ჭაჭიამ გადაწყვიტა. ალბათ, უკვე მერამდენედ, კითხვა ასე უნდა დაისვას: როგორ გგონიათ, რომელ კაბინეტებში იგეგმებოდა ყველაფერი ეს, ჭაჭიას მთელი პროცესი. კარგად რომ ფინანსდებოდა, ეს უკვე აშკარაა...
- კაბინეტები არავისთვის საიდუმლო არ არის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იქნება თუ არა სასიკეთო ამ კაბინეტების ჩამოთვლა. კაბინეტებიც ცნობილია და სახსრებიც.
ახლა მეორე საკითხი. ლაპარაკი იმ პიროვნებებზე, რომელთაც ეს აქცია წამოიწყეს, სიმართლე გითხრათ, არ მსურს და ამიტომ გვარს არც ვასახელებ.
გულწრფელ მადლობას მოვახსენებ, უპირველეს ყოვლისა, ზუგდიდელებს, ჩხოროწყუელებს, სამეგრელოს ყველა რაიონის, იმავე ფოთის შესანიშნავი ინტელიგენციის, და არა მარტო ინტელიგენციის, წარმომადგენლებს, რომლებმაც საკადრისი პასუხი გასცეს ამ ეგრეთ წოდებული ინიციატივის ავტორებს თუ ავტორს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კუთხური ნიშნით პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნისა. ეს კატასტროფას ნიშნავს. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება როდია. საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია: ხალხის არც ერთ ნაწილს არა აქვს უფლება მიითვისოს ერის ხელმწიფება. ვიმეორებ: ხალხის არც ერთ ნაწილს არა აქვს უფლება მიითვისოს ერის ხელმწიფება. ეს შესანიშნავი, ზუსტი და ძალზე ღრმა ფორმულაა. დარწმუნებული ვარ, გარეშე ძალები, რომლებმაც ეს შხამიანი მარცვალი შემოაგდეს, ვერაფერს დააკლებენ ქართველთა ღვთაებრივ ერთობას, რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო. ვერც ჩვენში არსებული მეხუთე კოლონა გააღვივებს ამ მარცვალს, როგორც უნდა ეცადოს და რა საშუალებანი და ფინანსებიც უნდა ჰქონდეს მას. ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან მოდის ეს ყოველივე. ამ გზით, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკანასკნელი კოზირით და ყველაზე მტკივნეული ბერკეტით ცდილობენ შეგვაცვლევინონ პოლიტიკური კურსი, უარი გვათქმევინონ სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობაზე. ამაოდ დაშვრებიან, ამაოდ დახარჯავენ მილიონებს.
საქართველომ მოიპოვა ორასი წლის წინათ დაკარგული სახელმწფოებრიობა და ამ მონაპოვარზე - წინაპართა მოწამეობრივი სისხლით სხივმოსილ უძვირფასეს განძზე ჩვენი ქვეყანა უარს არასოდეს იტყვის.
ზემოთ შემთხვევით როდი ვახსენე იაპონიის მაგალითი. ფერფლიდან ფენიქსივით აღდგა მძიმედ დაჭრილი ერი. მოიშუშა ჭრილობები და თვალისმომჭრელად ბრწყინვალე სახელმწიფოებრივი ტაძარი ააგო. ასეთი ბრწყინვალე მომავალი აქვს საქართველოს, თუ არ დავკარგავთ ჩვენი ძლიერების უმთავრეს წყაროს - ჩვენი ხალხის ერთობას.
რაც შეეხება იმას, ვინც ასეთ პროვოკაციებს მხარს უჭერს, აფინანსებს და აგულიანებს, იგი სრულიად საქართველოსა და, მათ შორის, სამეგრელოს აღორძინების მოსურნე კი არ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი და უბოროტესი მტერია. მას მხოლოდ პირადი ინტერესები და პირადი ამბიციები ამოძრავებს.
- განვლილ კვირას ვაშინგტონში საბოლოოდ გაფორმდა ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის გაწევრიანება ნატოში. თუ შეიძლება ასე ითქვას, ამით წინა შეკითხვას ვაგრძელებთ, რადგან არანაკლებ მძიმე პროცესები მიმდინარეობდა არცთუ ისე დიდი ხნის წინათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთი ფრაზა თქვა: ჩემი ქვეყნის შესვლა ნატოში იმის გარანტიაა, რომ ჩეხეთი აღარასოდეს გახდება გარეშე აგრესიის მსხვერპლი. გასაგებია, რა აგრესიაც იგულისხმებოდა ჩეხეთის მიმართ. რუსულ მასმედიაში ძალიან დიდი ხმაურია ატეხილი ამასთან დაკავშირებით, კერძოდ, ყველაზე საინტერესოა იმ ჟურნალისტების გამოსვლები, რომლებიც თავის დროზე რუსეთში რაღაც ცვლილებებისა და „პერესტროიკის“ მომხრე ჟურნალისტებად ითვლებოდნენ, ახლა კი ამ მოვლენებში - აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით „პერესტროიკის“ ინიციატორებს სდებენ ბრალს, სხვა ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ისმის გორბაჩოვის, იაკოვლევის გვარები და, რასაკვირველია, შევარდნაძის გვარი, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსეთის ინტერესებს ვნებს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება...
- მე ვიცი, რომ ასახელებენ მიხეილ გორბაჩოვსაც, ალექსანდრე იაკოვლევსაც და, არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, ყველაზე ხშირად შევარდნაძესაც ახსენებენ ხოლმე. ჩემი მეგობარი რუსი დემოკრატები (მინდა ახლა დემოკრატებზე ვთქვა ორიოდე სიტყვა), ცოტა არ იყოს უცნაური ხალხი გამოდგა. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრი მათგანი დღენიადაგ სტალინის ლანძღვა-გინებაში იყო და ჩვენ, ქართველებსაც კი, ხანდახან მიგვანიშნებდნენ, რომ აი, თქვენ ხართ სტალინის ერი, რომ სტალინიზმი ქართული მოვლენაა და სხვა მრავალი ასეთი. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს. თქვენ, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება ამას წინათ ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით „ნოვიე იზვესწიაში“ გამოქვეყნებულ გამოჩენილი მწერლების, მსახიობებისა და კულტურის დიდი მოღვაწეების წერილს, რომლებიც დღეს რუსეთის სინდისსა და ნამუსს წარმოადგენენ.
კი, ბატონო, მე ვაგრძელებ მათთან კამათს, ეს ასეა. მაშინ ის, რაც ახლა აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, არის თუ არა ბოლშევიკური იმპერიალიზმის მემკვიდრეობისაგან საბოლოოდ განთავისუფლება. რატომ ართმევთ უფლებას უნგრელებს, ჩეხებს, სლოვაკებს და სხვებს, ახსოვდეთ 60-იანი წლების სისხლიანი აგრესიები და შესაბამისი რეჟიმების დამყარება? ჩეხებმა, უნგრელებმა, პოლონელებმა ეს უფლება დაიბრუნეს ბოლშევიკური რეჟიმის საბოლოოდ გაცამტვერების შედეგად და გააკეთეს კიდეც თავისუფალი არჩევანი, რაც მათი წმიდათაწმინდა უფლებაა.
სხვათა შორის, ერთი მოსკოველი პოლიტოლოგი ამას წინათ ტელევიზიით, ასე ვთქვათ, აფრქვევდა ბრძნულ აზრებს, თურმე გორბაჩოვის, იაკოვლევისა და შევარდნაძის დანაშაული ის არის, რომ არ მოითხოვეს გერმანიის გაერთიანების სანაცვლოდ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე მორატორიუმის გამოცხადება და არ დააფიქსირეს ეს დოკუმენტურად.
ვუპასუხებ: ამ ხალხს ვერაფრით შეაგნებინებ ელემენტარულ ჭეშმარიტებას. არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის არც ერთი ლიდერი არ მოაწერდა ხელს ისეთ დოკუმენტს, რომლითაც შეიზღუდებოდა ნებისმიერი ერის თავისუფალი არჩევანის უფლება იმიტომ კი არა, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსს საამისო სურვილი არ ექნებოდა, სურვილი შეიძლება კიდეც ჰქონდა გარიგებისა, მაგრამ საკითხის ამგვარი დასმა ეწინააღმდეგება სწორედ ხალხთა, სახელმწიფოთა თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომელიც ახალი აზროვნების პრაქტიკული შედეგი გახდა. ამიტომ, ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ამას ვერ გაბედავდა და ნუ ეძებენ კატას იმ ოთახში, სადაც არ არის. ეს მართლაც ელემენტარული საკითხია, მაგრამ ზემოხსენებულ პოლიტოლოგებს ამას ვერც შეაგნებინებ, ვინაიდან ისინი სხვა ცივილიზაციის პირმშონი იყვნენ და იმადვე დარჩნენ ჩვენდა დიდად სამწუხაროდ.
ვიმეორებ: ნატოში ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიღებით მთავრდება ტოტალიტარიზმის მიერ ორად გაყოფილი ევროპის საბოლოო გაერთიანების პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. კიდევ იქნება, ალბათ, სხვა სახელმწიფოები. პირდაპირ ვიტყვი, ამ პროცესს ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
მე ამ განცხადებით არავის გაღიზიანება არ მინდა. სხვათა შორის, რამდენიმე კაცს გუშინ ვეთათბირე და კიდეც მირჩიეს, არ გინდა ამ თემაზე საუბარიო, და ვიცი, მაინც მკითხავდით და შემდეგ პრესკონფერენციაზეც მკითხავდნენ. ნატო ჩვენგან ახლოსაც არის და შორსაც. არავინ არ აპირებს საქართველოს დღესვე ფართოდ გაუღონ ამ ორგანიზაციის კარები. მე იმის თქმა მინდა, რომ მოთმინებით გამოვიყენოთ დრო, რომელიც ისტორიის მიერ გვაქვს განკუთვნილი. ავაშენოთ რუსეთ-საქართველოს სანიმუშო ურთიერთობა, შევქმნათ თანამეგობრობაში აბსოლუტური ნდობის, ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ატმოსფერო, უარი ვთქვათ ყოველგვარი ტერორისტების მფარველობასა და სხვა ჯგუფების მფარველობაზე, რომლებიც გადატრიალებასა და საქართველოს ხელისუფლების დამხობას აპირებენ, და ამის მერე ვილაპარაკოთ შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე.
საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებას ერთი წლის წინათ მოვაწერეთ ხელი (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ამ დროს, ვადებს), მისი რატიფიცირება თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე დამთავრდა, თუ არ ვცდები, დარჩა ერთი სახელმწიფო და იქაც ამ დღეებში მთავრდება. ხოლო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ორი სახელმწიფოს ურთიერთობის პრინციპების შესახებ დღემდე არ არის რატიფიცირებული. გავიდა კი ოთხი წელი. მოდით, მარტო ამ ერთ ფაქტს ჩავუფიქრდეთ და შემდეგ ვიდავოთ, ვინ როდის შევა ნატოში, ან ევროკავშირში, ან რომელიმე ევროპულ სტრუქტურაში.
- და, ბოლო კითხვა. ცნობილ ქართველ მწერალს, მართლაც გამორჩეულ პოეტს ბატონ შოთა ნიშნიანიძეს დაბადების 70 წელი შეუსრულდა. ეს იმდენად ნიჭიერი კაცია, რომ მძიმე პერიოდში საკმაოდ მძიმე თემებზე (ალბათ, მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ) მართლაც გამორჩეულ, შესანიშნავ და ბრწყინვალე ლექსებს წერდა. თუნდაც მისი ცნობილი ლექსი „რომ კომუნისტის მერქვას სახელი“ - იმ დროსა და იმ ეპოქაში წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც ასე უნიჭიერესად ახერხებდა ამ თემაზე წერასაც კი, სხვა მის შესანიშნავ პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ...
- როგორც ვიცი, ბატონ შოთას 18 მარტს უსრულდება 70 წელი. გუშინ მე პირადი წერილი დავწერე და გავუგზავნე, ალბათ, დღეს-ხვალ მიიღებს. მაგრამ აქ, ასე საქვეყნოდ, საჯაროდ, ჩვენი რადიომსმენელების თანდასწრებით მთელი სულითა და გულით, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ ჩემს შოთა ნიშნიანიძეს, დიდი ქართული პოეზიის ერთ-ერთ უბრწყინვალეს წარმომადგენელს. ამ წერილში მას ერთ-ერთი დედაბოძი ვუწოდე.
70 წელი არც ისე ბევრია, მით უმეტეს, ისეთი ადამიანისათვის, როგორიც ბატონი შოთაა. 70 წელი არაფერია, ჩემო შოთა, როდესაც კვლავ ახალგაზრდულად აღსავსე ხარ სამშობლოს უშრეტი სიყვარულით და ღვთიური ნიჭით, როცა ჯერ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი და გასაკეთებელი შენი სათაყვანებელი სამშობლოსა და ქართული კულტურისათვის. გისურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებითს გამარჯვებებს.
ახლა ორიოდე სიტყვა იმ თემასთან დაკავშირებით: პოეტს არ შეიძლება თემაზე ედავო. მაგალითად, გიორგი ლეონიძის უბრწყინვალესი პოემა სტალინზე, ვისზეც უნდა იყოს, რომელ პიროვნებაზეც უნდა იყოს, ეს არის მხატვრული შემოქმედების ნიმუში, გნებავთ, მწვერვალი, და მე თუ მთლიანად არა, ნახევარზე მეტი ზეპირად ვიცი, იმდენად მიმზიდველი, იმდენად ლამაზი პოემა არის. იგივე, რაც შოთა ნიშნიანიძემ კომუნისტებზე დაწერა, მას, სიმართლე გითხრათ, ეს მისმა ნიჭმა უკარნახა. მას ასე წარმოედგინა: თუ უნდა იყვნენ კომუნისტები, უნდა იყვნენ ასეთნი და არა ისეთნი, როგორნიც მის ირგვლივ ტრიალებდნენ და რომელნიც დღეს, სამწუხაროდ, ახალი ერთიანი კომუნისტური პარტია და სხვა კომუნისტური პარტიაა. ეს ერთგვარი პროტესტი იყო, უფრო სწორად, სურვილი იყო, დაენახა ისეთი, როგორც მას წარმოედგინა - დიდი ისტორიული გმირების თანატოლნი, ჰუმანისტები და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ პოეტთან, მწერალთან თემაზე არ უნდა იდავო.
საქინფორმი.
„საქართველომ მოიპოვა ორასი წლის წინათ დაკარგული სახელმწიფოებრიობა და ამ მონაპოვარზე - წინაპართა მოწამეობრივი სისხლით სხივმოსილ უძვირფასეს განძზე ჩვენი ქვეყანა უარს არასოდეს იტყვის“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 15 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 მარტი. - №69 (3110). - 1, 2 გვ.
![]() |
27 ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამა უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის ნიშანსვეტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი
ჩემო თანამემამულენო!
ღვთისა და ქვეყნის წინაშე ადამიანი დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების უზენაესი ღირებულებაა. ამდენად, სახელმწიფოცა და საზოგადოებაც უნდა ემსახურებოდნენ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, მის სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს. თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ის სარკე, რომელშიც დაუფარავად და რეალურად აისახება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ყოფის ხარისხი.
მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე წლის წინათ სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებად განისაზღვრა სოციალური ორიენტაცია, ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვა, ამ მიმართულებით ჩვენში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
დროა ძნელი და გარდამავალი თავისი ყველა სირთულით. ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში განვითარებულმა კატაკლიზმებმა ხელი შეუწყო ჯანმრთელობისათვის არახელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. გამწვავებულია დემოგრაფიული ვითარება, დღესდღეობით კატასტროფულ ზღვრამდეა მისული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა, ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების ზრდა. ახალგაზრდებში, როგორც ექიმები ვარაუდობენ, ყოველივე ეს უახლოეს მომავალში გამოიწვევს
გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა მკვეთრ მატებას, რაც საზოგადოებისათვის უდიდეს საფრთხეს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკისათვის უმძიმეს ტვირთს წარმოადგენს.
დღეს, როცა საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრია და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე უდიდესი საერთაშორრისო პროექტებისა, იგი სახელმწიფო მსოფლიო გაერთიანებაში ახალ სტრატეგიულ ფუნქციას ძენს. ჩვენ ვალდებული ვართ ჯანსსაღი, განვითარებული და დაცული გენოფონდის მქონე საზოგადოებით შევაბიჯოთ ახალ საუკუნეში.
დღეს ჯანის სიმრთელე აღარ ნიშნავს მხოლოდ ავადობის უქონლობას. იგი მოქალაქის ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ერთიანობაა, რაც თავისთავვად დიდი სიკეთეა. სიკეთის მაგვარი გააზრება ქართველ ხალხს ტრადიციულად მოსდგამს. სწორედ ეს - ღვთით ნაბოძები გარემო და საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ცხოვრების სწორი ჩვევები, წინაპირობა იყო და არის საქვეყნოდ განთქმული ქართველთა დღეგრძელობისა.
დღეს ჩვენთვის გადაუდებელი აუცილებლობაა მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და ფენაზე ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორების ზემოქმედების შემცირება, უსაფრთხო გარემოს შექმნა.
უვნებელ გარემოში ცხოვრება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უზენაესი უფლებაა, რაც გაცხადებულია საქართველოს კონსტიტუციაში, და სახელმწოფოს ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონის დაცვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო დანერგვა, საუკუნოვანი ტრადიციების აღორძინება მიეკუთვნება საზოგადოებისათვის აუცილებელი და სასიკეთო საქმიანობის იმ იშვიათ კატეგორიას, რომელიც შედარებით მცირე დანახარჯებით მაქსიმალურ სარგებლობას მოუტანს ხალხის ჯანმრთელობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამა უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის ნიშანსვეტი.
ამ პროგრამის უმთავრესი მიმართულებებია სოციალურად მავნე ჩვევებისა და დაავადებების: თამბაქოს წევის, ნარკომანიის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, საუკუნის სენის - შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური დაავადებებისა და საზოგადოებისათვის საშიში სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მათი თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობის განსწავლა; თითოეული მოქალაქის უზრუნველყოფა უსაფრთხო კვების პროდუქტებით და გარემო პირობებით; უწინარესად, ჩვენი ბავშვებისა და მოზარდთა და, რა თქმა უნდა, მოზრდილთა, ნორმალური სწავლის, სამუშაო და დასვენების პირობებით უზრუნველყოფა. დასმულ ამოცანათა ეფექტიანად გადაწყვეტის აუცილებელი და უპირველესი პირობაა საზოგადოების, მისი ყოველი წევრის აქტიური მონაწილეობა პროგრამის განხორციელებაში ყველა საფეხურზე.
ამ თვალსაზრისით ჩვენ არც დრო გვაქვს ლოდინისა და არც უფლება.
მოვუწოდებ ყველას, დიდსა თუ პატარას, მოხელესა თუ მეწწარმეს, სტუდენტსა თუ გლეხს, ჩვენი დედა ეკლესიისა და საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის წარმომადგენლებს ერთად, ერთიანი შემართებით, დაუყოვნებლად ჩავებათ საკუთარი პიროვნების, ოჯახის, მოყვასისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნვის ეროვნულ საქმეში.
მხოლოდ ასე ვიქნებით პირნათელნი მომავალი თაობების წინაშე.
ედუარდ შევარდნაძე.
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამა უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის ნიშანსვეტი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 მარტი. - №71 (3112). - 1, 2 გვ.
![]() |
28 ჩემო ბატონო შოთა |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
სახელოვან იუბილეს გილოცავთ, დიდ ქართველ პოეტს, განსაკუთრებული ხელწერის შემოქმედს, საზოგადო მოღვაწეს და კაცობაში, ვაჟკაცობაში, მეგობრობაში გამორჩეულსა და უერთგულესს.
დიდ ასპარეზზე თქვენი გამოსვლის შემდეგ (გადაუჭარბებლად გეტყვით), თქვენი ერთი სტრიქონიც კი არ გამომრჩენია, ყურადღება რომ არ მიმექციოს.
მიმაჩნდა და დღესაც ასე ვთვლი, რომ თქვენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთი უმთავრესი ბოძი ხართ, საოცრად ეროვნული, ღრმა ფილოსოფიური, ზოგადკაცობრიულამდე ამაღლებული ბრწყინვალე შემოქმედებით.
ახლაც, როცა ძალიან მიჭირს, თქვენს შედევრებს გადავფურცლავ, ვგრძნობ შვებასაც, აღმაფრენასაც, ხშირად კი საკუთარ თავს მთელი სისასტიკით ვკიცხავ ხოლმე.
ბედნიერი ვარ, რომ ვარ შოთა ნიშნიანიძის თანამედროვე, მეგობარი და სამშობლოსათვის ტანჯვა-ზრუნვაში მისი თანამოსაგრე.
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1999 წლის 18 მარტი.
მილოცვა : ჩემო ბატონო შოთა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 მარტი. - №71 (3112). - 1 გვ.
![]() |
29 გაზეთ „ქომაგის“ დაარსებასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მისალმება
ამ ცოტა ხნის წინათ სიამოვნებით გავეცანი ქართული პენ ცენტრის მიერ გამოცემული ახალი ქართული გაზეთის „ქომაგის“ პირველ ნომრებს. გულწრფელად გამიხარდა და სურვილი გამიჩნდა ჩემი დამოკიდებულება და შთაბეჭდილებები სხვისთვისაც გამეზიარებინა.
ჩვენს ყოველდღიურობით გაბეზრებულ და სხვადასხვაგვარი სერიოზული თუ ბულვარული პრესით გადაჭრელებულ ყოფაში, სადაც ქართული ენა სამწუხაროდ, ძალზედ შეჭირვებულ მდგომარეობაშია, ეს გაზეთი გამოირჩევა მაღალი ენობრივი კულტურით, რაც უდაოდ შინაგანი კულტურის გამოვლინებაა. სასიამოვნო განცდა განაპირობა, აგრეთვე თანამედროვეობის მძაფრმა შეგრძნებამაც და კიდევ იმ გარემოებამ, რომ ჩვენს ახალგაზრდა და უკვე სახელიან მწერლებს ხაზგასმული პატივისცემა ამოძრავებთ წინამავალთა მიმართ.
მისასალმებელია, რომ „ქომაგმა“ ზუსტად მოძებნა თავისი ადგილი და შეავსო ის ვაკუუმი, რომელიც დღეს ასე თვალში საცემია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი თხუთმეტსაუკუნოვანი ეროვნული ლიტერატურის ტრადიციებს ღირსეული თაობა აგრძელებს. გაზეთის ამ რამდენიმე ნომერშიც ნათლად იკვეთება კონტურები იმ შემოქმედებითი ბირთვისა, რომლის ნიჭი, ერუდიცია, და მოქალაქეობრივი პოზიცია მაფიქრებინებს, რომ მათ სწორედ ესმით ხელოვანისა და საერთოდ ხელოვნების მთავარი დანიშნულება. ისინი მხოლოდ ლიტერატურული ინტერესით არ იფარგლებიან და ცდილობენ ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, კულტურა, მსოფლიო კულტურული სივრცის კონტექსტში დაგვანახონ და მის შემადგენელ ნაწილად მოიაზრონ. ეს ერთ-ერთი ნიშანია საზოგადოების გაჯანსაღებისათვის, მისი კეთილდღეობისათვის ზრუნვისა.
საგაზეთო სტატიების სათაურების ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ თემატიკის მრავალფეროვნებასა და აქტუალობაში.
სიტყვის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება, ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია მარადიული ფასეულობებია. ლიტერატურა, ხელოვნება, კულტურა დემოკრატიის მშენებელი ხელისსუფლების ყველაზე კვალიფიციური ოპონენტია და ამით „ქომაგიც“. პირველი ნომრის მოწინავე წერილში „კულტურას კულტურა გადაარჩენს“ გაზეთის რედაქტორი, პოეტი დათო მაღრაძე აცხადებს „ქომაგის“ ძირითად ამოცანებს და იქვე აღნიშნავს, რომ ეს გაცხადებული განზრახვა იმისთვისაა, რომ თავიდანვე დაიკავოს პარტერში ადგილი მტერმაც და მოყვარემაც. მე, როგორც ერთი ქართველი, რომელსაც საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ბედისწერამ ხელისუფლების სათავეში დგომა მარგუნა, სიამოვნებით ვიკავებ მოყვრისთვის განკუთვნილ ადგილს პარტერში ხვალინდელი დღის იმედით. „ქომაგს“ და მის შემოქმედებით ჯგუფს კი წინსვლასა და გამარჯვებით სიარულს ვუსურვებ.
ედუარდ შევარდნაძე.
გაზეთ „ქომაგის“ დაარსებასთან დაკავშირებით : მისალმება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 მარტი. - №72 (3113). - 2 გვ.
![]() |
30 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
შეძრწუნებული ვარ ვლადიკავკაზში მომხდარი საშინელი ტრაგედიით, რამაც ამდენი ხალხის სიცოცხლე შეიწირა. ტერორიზმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი მახინჯი სახე. აღშფოთებით სავსეა ქართველ მოქალაქეთა გულები, რომლებმაც საკუთარი ტკივილივით აღიქვეს მოძმე ოსი ხალხის თავს დატეხილი უბედურება.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა მიიღეს სათანადო განკარგულება და მზად არიან ნებისმიერი შესაძლო დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს.
ძალადობის ესკალაცია საჭიროს ხდის გავაერთიანოთ ყველა იმათგანის ძალისხმევა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ერის სვე-ბედისათვის, - ყველა ჯურის ტერორისტებისა და მათი მფარველების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჩემი თანამემამულეებისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ჩრდილოეთ ოსეთის თითოეულ მოქალაქეს ამ დიდი უბედურების ჟამს.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 მარტი. - №73 (3114). - 1 გვ.
![]() |
31 საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას, ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, ყველა ჟურნალისტს! |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - საქართველოს ჟურნალისტიკის დღეს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ობიექტური სიტყვით, უზენაეს ზნეობრივ და პროფესიულ პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობით კვლავაც ხელს შეუწყობთ დამოუკიდებელი დემოკრატტიული საქართველოს აღმშენებლობას.
გისურვებთ დიდ შემოქმედებით წარმატებებს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას, ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, ყველა ჟურნალისტს! // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21-22 მარტი. - №74-75 (3116). - 1 გვ.
![]() |
32 „ჩვენი თაობის ამოცანაა აყვავებისა და კეთილდღეობის გზაზე დავაყენოთ ქვეყანა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთესად იცხოვრონ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 მარტის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ბიუჯეტი დაამტკიცა. უნდა ითქვას, ბიუჯეტისადმი პოზიტიური დამოკიდებულება არც ოპოზიციას გამოუხატავს და არც საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც ფინანსისტები ამბობენ, ეს მძიმე, მაგრამ რეალური ბიუჯეტია. როგორ გგონიათ, ხომ არ გახდება ბიუჯეტი კვლავ შესამცირებელი? ვგულისხმობ, რამდენად კარგი ტემპით მიმდინარეობს დღეს გადასახადების აკრეფა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ბიუჯეტის მიღება თვით ყველაზე განვითარებულ და სტაბილურად უზრუნველყოფილ ქვეყნებშიც კი განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება. ამ მოვლენას იმთავითვე აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც.
ასეთი განსაზღვრება მით უმეტეს სამართლიანია საქართველოსათვის.
მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც ენიჭება. ამდენად, მადლობას მოვახსენებ პარლამენტარებს, რომლებმაც გამოავლინეს უდავოდ გააზრებული და რეალისტური დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შეფასებისას, და პასსუხისმგებლობაც - უწინარესად საკუთარ ამომრჩეველთა წინაშე.
ბიუჯეტის მიღება უდავოდ ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის საბოლოოდ დაძლევას.
ბიუჯეტის განხილვისას ვნებათაღელვა, აზრთა ჭიდილი ბუნებრივიც არის და, გარკვეული აზრით, აუცილებელიც. რაც მთავარია, საღმა აზრმა საბოლოოდ გაიმარჯვა და პარლამენტი დაეთანხმა მთავრობის მიერ წარდგენილ უაღრესად მკაცრ, ყოველმხრივ გაწონასწორებულ, ანუ საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, რეალურ ბიუჯეტს.
როგორც მოგახსენეთ, ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას ვნებათაღელვა და აზრთა ჭიდილი სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია, მაგრამ გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ მასმედიის ზოგიერთ გაზეთში, ცალკეულ პროგრამებში და თვით პარლამენტშიც ეს დისკუსია, ცოტა არ იყოს, ცალმხრივად წარიმართა და ცალმხრივადაც გაშუქდა.
ისე არავინ გამიგოს, თითქოს ვინმეს ვტუქსავდე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი.
ისევე როგორც არა მხოლოდ დეპუტატთა პრიორიტეტია განუწყვეტლივ აკრიტიკებდნენ პრეზიდენტს, მეც მაქვს უფლება ვუპასუხო უსამართლო კრიტიკას, რომელიც ხშირად სცილდება კრიტიკის ზღვარს, და არანაკლებ მწვავედ გამოვეხმაურო, თუ სწორი იქნება ასე ვთქვა, დემაგოგიით შეზავებულ პოპულისტურ გამოსვლებს.
მაგალითად, ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია იმის მტკიცება, თითქოს შარშანდელი კრიზისი მხოლოდ ხელისუფლების ბრალი იყოს. ეს არ არის სამართლიანი და სწორი შეფასება.
აი, ისინი რომ ყოფილიყვნენ, ვიღაც-ვიღაცები, ხელისუფლებაში, მაშინ აღარც კორუმპირებული ბიუროკრატია გვეყოლებოდა, არც გვალვა იქნებოდა საქართველოში და, რაღა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსურ სისტემაშიც არ შეიქმნებოდა პრობლემები. და რუსეთშიც არ იქნებოდა კრიზისი, რომელმაც ასეთი დამანგრეველი გავლენა მოახდინა საქართველოზე.
ასეთი ადამიანები რის გამკეთებლებიც არიან, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ასეთი პოპულისტური, აშკარად არაობიექტური, კონფრონტაციული გამოსვლებით ქულებს კი ვერ ჩაიწერენ, არამედ, პირიქით, საერთოდ დაკარგავენ, თუ რამ გააჩნიათ, ვინაიდან ქართველმა ამომრჩეველმა ისწავლა მტყუან-მართლის გარჩევა.
ნუ სპეკულირებენ გაჭირვებით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიდუხჭირით, ვინაიდან ამით თვით დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაციას უწყობენ ხელს.
ბოლოს და ბოლოს, უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საქართველო (ასე ვთქვათ) არც ისე მდიდარი ქვეყანაა და, თუ გვინდა დამოუკიდებლად არსებობა, ეს მწარე რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, რაც სრულიადაც არ ნიშნავს მასთან შერიგებას. უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისათვის.
მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ აქტიურად არ ვიშრომოთ ქვეყნის გასაძლიერებლად, კერძოდ, ეკონომიკური თვალსაზრისით.
მაგრამ დღესდღეობით გვაქვს ის, რაც გვაქვს. ესეც ობიექტური რეალობაა: მსოფლიოში არის მდიდარი ქვეყნები (უწინარესად, რესურსებს ვგულისხმობ) და არის ღარიბი ქვეყნები. ჩვენი თაობის ამოცანაა აყვავებისა და კეთილდღეობის გზაზე დავაყენოთ ქვეყანა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილშვილებლმა უკეთესად იცხოვრონ.
ეს თუ გვეზარებოდა, მაშინ ვიყავით და ვყოფილიყავით იმ გრანდიოზული სახელმწიფოს პროვინცია, სადაც ელექტროენერგიაც გვქონდა, ქვანახშირიც, ნავთობიც და ბუნებრივი აირიც, სადაც თავისუფლების, ადამიანურ და მოქალაქეობრივ ღირებულებათა გარდა ყველაფერი იყო.
რაც შეეხება ელექტროენერგიას. ამას წინათ ერთი ოპოზიციონერი წერდა, რომ პრეზიდენტმა უარი უნდა თქვას ელექტროენერგიაზე ხალხთა სოლიდარობის ნიშნად.
კი, ბატონო, თუ ამით საქმეს ეშველება, - კვირაობით გამიძლია სოხუმში ყუმბარების ქვეშ უსინათლოდ და ყიამეთ ღამეებში, და თბილისშიც გავძლებ უშუქოდ, მაგრამ ისევ და ისევ უსინდისობის აპოთეოზია იმის მტკიცება, თითქოს პრეზიდენტმა არ იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში ამ თვალსაზრისით.
ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და შეძრწუნებული და შეწუხებული ვარ ამ მდგომარეობით არანაკლებ, ვიდრე ის ოჯახები, რომლებიც ახლა ასე განიცდიან ელექტროენერგიის ნაკლებობას. მაგრამ იძულებული ვარ განვაცხადო: ამ კრიზისის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო იმ პირობებში, როცა თითქმის არ შემოდის შემოსავალი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების საცავები დაცლილია, კიდევ ვიმეორებ, დაცლილია საშინელი გვალვის შედეგად. ჰიდროელექტროსადგურები კი საქართველოს ენერგეტიკულ სიმძლავრეთა სამოც პროცენტს შეადგენს. მითხარით, რომელი ქვეყანა გაუძლებს იმას, რომ სიმძლავრეთა 60 პროცენტი გამოეთიშოს უცებ მთელ ამ სისტემას.
ენგურჰესი, მაგალითად, ძირითადად მკვებავი არტერია, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ესეც გლობალური პრობლემაა. დათბობის შესახებ მთელი პლანეტის მასშტაბით მხოლოდ ჩვენ არ ვლაპარაკობთ. და თუ სხვაგან ესოდენ მწვავედ არ იგრძნობა კრიზისი, ამის მიზეზი უწინარესად რესურსების სიუხვე, აგრეთვე საზოგადოების მაღალი საგადამხდელო კულტურაა და არა ხელისუფალთა რაღაც განსაკუთრებული თვისებები. უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ არასდროს არაფერი გვეშველება, თუ არ მოწესრიგდება აღრიცხვიანობა და არ ვისწავლით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას.
ვფიქრობ, ორიოდე კვირაში მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება. აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები. ევროკავშირის ოთხმილიონიანი დახმარება (მხედველობაში მაქვს 4 მილიონი ევრო, რომელიც ამ დღეებში გამოიყო), ზოგიერთს შეიძლება მცირე თანხად მოეჩვენოს, მაგრამ, ჯერ ერთი, დღეს საქართველოსათვის თითოეულ მილიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ევროკავშირმა ამ თანხის გამოყოფით დაადასტურა (სწორედ ასეა ნათქვამი მის დასაბუთებაში), რომ საქართველოში შექმნილი საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია მსოფლიოს ფისკალურ სისტემაში შექმნილი სირთულეებით და რუსეთის ფინანსური სისტემის კრახით, რუსეთის კრიზისით, რამაც უდიდესი გავლენა იქონია არა მარტო საქართველოზე, არამედ ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაზე და უფრო დიდი მასშტაბითაც. სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს გაეწია ეს დახმარება, არამედ რამდენიმე ქვეყანასაც, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის კრიზისის გამო.
აქვე უნდა ითქვას სრული პასუხისმგებლობით: რომ არა რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, ეკონომიკის სტრუქტურული და თვისებრივი გარდაქმნა, რომ არა თვითრეგულირებადი მექანიზმების არსებობა, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, კერძო ინიციატივის ხელშემწყობის სტიმულირების ინიცირება, - კრიზისის დარტყმა კიდევ უფრო გამანადგურებელი და შეიძლება დამღუპველიც კი იქნებოდა საქართველოსათვის. მე არაერთხელ შემიხსენებია რადიომსმენელისათვის, რომ იმ მწირი ბიუჯეტის 80 პროცენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე კერძო სექტორისა და კერძო მფლობელებისაგან შემოდის.
არავინ უარყოფს სუბიექტურ მიზეზებს: კორუფციას, დაბალ საგადასახადო კულტურას, ბიუროკრატთა უგერგილობას, მაგრამ, მომიტევეთ, ეს მხოლოდ ხელისუფლების ან მარტო პრეზიდენტის პრობლემა კი არ არის, არამედ, რაოდენ უსიამოვნო და მწარე მოსასმენიც უნდა იყოს, მთელი ჩვენი საზოგადოების მანკია, დაბალი სახელმწიფოებრივი კულტურის გამოვლინებაა და ამაზეც არაერთხელ მისაუბრია.
- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ კორუფცია ყველა სახელმწიფოსათვის, თვით უდიდესი და უგანვითარებულესი სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი თვისებაა. და ეს ასეც არის. მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა ასე გაჭირვებულია, მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე პრობლემებია, მაშინ, როცა არსებობს კრიზისი ქვეყნის გარეთ (თქვენ ესეც არაერთხელ გითქვამთ), ის გვალვა თუ სხვა, ამ უმწვავეს ფონზე კიდევ უფრო მძიმედ ჩანს საუბარი კორუფციაზეც, იმ ფალსიფიცირებულ საქონელზეც, იმ გადაუხდელ გადასახადებზეც და პრობლემაც კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იჩენს თავს. და კიდევ ისიც, რომ საზოგადოებაში ვერ შეიქმნა მეტ-ნაკლებად საშუალო ფენა და განსხვავება ორ ფენას შორის რადიკალურია. აი, ამიტომ მძიმდება და ამიტომ არის ასე გაუთავებელი ლაპარაკი ამ თემაზე...
- კორუფციისაგან, როგორც არაერთხელ მითქვამს, დაზღვეული არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია არ არის. ვინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგგორიც ევროკავშირია, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით და რომლის წევრობაზეც ვოცნებობთ და ასე შემდეგ, კორუმპირებული აღმოჩნდებოდა და მისი ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად გადადგებოდა და შესაცვლელი გახდებოდა. მე შემიძლია კიდე ბევრი სხვა მაგალითი მოვიყვანო განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების ცხოვრებიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებზე. მაგრამ, თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ თუ სხვაზე მეტად გვიჭირს, მაშინ ბრძოლაც უფრო აქტიური და უფრო მწვავე უნდა იყოს.
და კიდევ ერთი აზრი: როცა ხელისუფლებაზე ბევრს ვლაპარაკობთ, ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ნაწილი, იგი ყველა მისი ღირსებისა და მანკის მატარებელია. ასე იყო ყველა დროში და ასეა ახლაც.
ავიღოთ თუნდაც სააქციზო საქონლის მარკირების პრობლემა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია ეკონომიკური, ფინანსური თვალსაზრისით და თუნდაც პოლიტიკურადაც. სააქციზო მარკების შესყიდვის, მათი გამოყენების ვადა იწურება, ამოიწურა. მართალია, ამას უკვე მოჰყვა შედეგი, შემოსავალიც გაიზარდა (მინდა ერთგვარად გულიც გავუმაგრო ჩვენს რადიომსმენელებს), მაგრამ ზოგიერთი მეწარმე არ ჩქარობს მარკების შეძენას და კანონის აღსრულებას. დახლები კვლავ სავსეა არამარკირებული სააქციზო საქონლით.
არ ჩქარობენ იმიტომ, რომ ეეჭვებათ, ეყოფა თუ არა ხელისსუფლებას სახელმწიფოებრივი ნება, მკაცრად მოსთხოვოს მათ პასუხი. აქედან გამომდინარე, ზარალის არ ეშინიათ და გულარხეინად არიან.
მე კატეგორიულად ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ამ სფეროში წესრიგის დამყარება და კანონის აღსრულება ევალება. შესაბამის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის ეს თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელი საკითხი იქნება, ეს იქნება საგადასახადო თუ საბაჟო, თუ სხვა, თუნდაც ფინანსთა სამინისტრო. უნდა განხორციელდეს უსასტიკესი ღონისძიებანი კანონის ფარგლებში სავაჭრო ქსელიდან უკანონო პროდუქციის ამოსაღებად.
და კიდევ ერთხელ კონტრაბანდულ საქონელზე. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბოლო მოუღონ კონტრაბანდას, რომელიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას.
თუ საჭიროა, კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს კანონები, მაგრამ არამარკირებული საქონელი არ უნდა იყიდებოდეს და კონტრაბანდა ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს. ამ პროცესს პირადად ძალიან მკაცრად გავაკონტროლებ. ამის პირობას ვაძლევ რადიომსმენელებს.
ასე მოვუწოდებ საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს, არ შეანელონ ტემპი, აქტიურად გამოიყენონ თვის დარჩენილი დღეები (სხვათა შორის, არც ისე ცოტაა დარჩენილი), რათა უეჭველად შესრულდეს პირველი კვარტალის საბიუჯეტო შემოსავლის გეგმა, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ უაღრესად სერიოზული და მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისაგან. თუ ეს გეგმა არ შესრულდა, ჩვენ აპრილსა და მაისში შეიძლება დავკარგოთ 80 მილიონამდე დოლარი. ამ დახმარების მიღებით დავაჩქარებთ ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემას და მოვიხდით ჩვენს ვალს მოსახლეობის წინაშე.
- გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო ჩრდილოეთ კავკასია - ვლადიკავკაზი, სადაც უპრეცედენტო ტერორისტულ აქტს, როგორც ბოლო მონაცემებით გახდა ცნობილი, 64 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე გულის სიღრმემდე შეძრა ამ საზარელმა ტრაგედიამ. ჩვენი დელეგაციები იქ უკვე იყვნენ, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორნბენაძე სპეციალისტებთან ერთად, სხვა სამსახურების წარმომადგენლები. ალბათ, დაკრძალვის დღეს, როგორც კი იქნება გამოცხადებული, ჩვენი დელეგაცია ჩავა და მიიღებს მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ მინდა შევუთვალო გულწრფელი სამძიმარი ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის მოქალაქეებს მოძმე ქართველი ხალხის სახელით.
ამასთანავე, საჭიროდ და აუცილებლად მივიჩნიე, გამეცა სპეციალური განკარგულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების თავიდან ასაცილებლად ავანტიურისტულ გამოხდომათა წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, საგანგებო რეჟიმის შესაქმნელად და ქვეყნის სტაბილურობის განსამტკიცებლად.
უკვე ბევრი ითქვა ტერორისტთა მფარველობის შესახებ, მაგრამ სხვა რა უნდა ვუსაყვედუროთ, როცა თვით ჩვენს ქვეყანაშიც კი არიან ადამიანები, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მოღვაწეებიც კი, რომლებიც მხარს უჭერენ და აქეზებენ ტერორისტებს. და ყველაფერი ეს აბსოლუტურად ღიად ხდება.
საქართველო ამას არ შეურიგდება, არა აქვს უფლება შეურიგდეს. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად გაჭირვებისა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საყოველთაო-სახალხო მოძრაობის ხასიათს შეიძენს.
ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩეჩნეთში მოხდა ასეთი მძიმე შემთხვევა - იყო თავდასხმა ასლან მასხადოვზე. მინდა გითხრათ, რომ მას პირადად ვიცნობ, თქვენ გახსოვთ, რომ იგი ჩემი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში, პატივს ვცემ და მიმაჩნია პატიოსან და მებრძოლ ადამიანად, თავისი ერის ღირსეულ შვილად. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მასაც და ჩეჩნეთის მთელ მოსახლეობას, ყველას, ვინც ამ ფაქტის გამო შეწუხებულია. ასევე თანაგრძნობას ვუცხადებ დაზარალებულ ოჯახებს. მოვუწოდებ ყველა ჭეშმარიტ კავკასიელს, არა აქვს მნიშვნელობა, სამხრეთ კავკასია იქნება თუ ჩრდილოეთ კავკასია, გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ის სენია, რომლის წინააღმდეგგაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.
- გასულ კვირას, 21 მარტს საქართველოში პირველად აღინიშნა მესაზღვრის დღე. როგორ შეაფასებდით სასაზღვრო ძალების დღევანდელ საქმიანობას, მით უმეტეს, რომ ამ ბოლო ხანს მათ აბსოლუტურად განსხვავებული ამოცანა იკისრეს - საკუთარი ძალებით გააკონტროლონ ქვეყნის საზღვრები...
- საქართველოს სასაზღვრო ძალები სულ რამდენიმე წელია რაც არსებობს. მიუხედავად ამისა, მცირე ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, რაშიც უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის სარდლობას, პირველ ყოვლისა, ბატონ ვალერი ჩხეიძეს.
ჩვენი მხრივ, ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რაც კი ქვეყანას შეეძლო, - ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და განმტკიცებისათვის.
შეიქმნა სასაზღვრო ძალების ინფრასტრუქტურა. პირველადი სასაზღვრო რგოლებით, საგუშაგოებით, მენაპირეებით დაწყებული და მმართველობის ცენტრალური ორგანოებით დამთავრებული.
ამჟამად ქართველი მესაზღვრეები უკვე იცავენ ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ხაზის მნიშვნელოვან ნაწილს.
რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან, რუს მესაზღვრეებთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე, საქართველოს სასაზღვრო ჯარებმა დაიწყეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის დაწესება. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კვლავაც ყველაფერი კეთდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად. ფასდაუდებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარება - ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, უკრაინა, საბერძნეთი, გერმანია და ბევრი სხვა ქვეყანა, რომლებმაც ფაქტობრვად შეგვიქმნეს მატერიალური ბაზა ჩვენი სასაზღვრო ჯარებისათვის.
გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ქართველ მესაზღვრეებს, რომლებიც, ობიექტური ფინანსური სირთულეების მიუხედავად, თავს არ ზოგავენ ამ უდიდესი, საამაყო და საპატიო მისიის ღირსეულად შესრულებისათვის.
რაც შეეხება ჩემს, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის შეფასებას, შემიძლია ვთქვა: საქართველოს სასაზღვრო ძალები დღითი დღე იძენენ სრულყოფილებასა და გამოცდილებას.
სავსებით კმაყოფილნი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როცა გამთლიანებული ქვეყნის საზღვრებს საქართველოს მესაზღვრეები დაიცავენ.
- დღევანდელი რადიოინტერვიუს შემდეგ თქვენ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდებით. რას უკავშირდება მისი ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში?
- ისრაელის პრემიერ-მინისტრის სტუმრობა საქართველოში უდავოდ მნიშვნელოვანი და დიდი მოვლენაა. ბატონი ნეთანიაჰუს ვიზიტი უეჭველად მეტყველებს, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობამ და თანამშრომლობამ თვისებრივად ახალ სიმაღლეს მიაღწია და ახალ ხარისხს იძენს. ეს სიმაღლე ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრებისა და მეგობრობის შესანიშნავ ტრადიციას ეფუძნება.
ქართველებს ყოველთვის გულწრფელად გვახარებდა მოძმე ებრაელი ხალხის ყოველი წარმატება, ვინაიდან ეროვნული სახელმწიფოს შენებლობისას ებრაელობის გამარჯვება თვალნათლივ ადასტურებდა და კვლავაც ადასტურებს, რომ კონსოლიდირებულ, ბრწყინვალე მიზნის მისაღწევად შეკრულ ერს ათასწლოვანი ოცნების აღსრულებაც ძალუძს.
ქართველთა და ებრაელთა ბედი საოცრად ჰგავს ერთმანეთს და ასევე ცნობილია ჩვენი სულიერი ნათესაობა. ალბათ, სწორედ ეს არის გულწრფელი თანალმობისა და ურთიერთსიმპათიის მიზეზთა მიზეზი. რაც შეეხება თვით ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იგი თავისი ხალხის ღირსეული შვილია. იგი, შეიძლება ითქვას, ლეგენდარული პიროვნებაა.
სამშობლოსათვის თავგანწირვის შესანიშნავი მაგალითია ამ ოჯახის სამი წევრის, სამი ძმის, მათ შორის ბენიამინ - ბიბის, როგორც მას უწოდებენ, გმირობა ურთულესი საბრძოლო ამოცანების შესრულებისათვის. ეს ფაქტები მსოფლიოშია ცნობილი.
ქართველი ხალხი, ქართველი საზოგადოება უდიდესი პატივისცემით, მოუთმენლად ელის ძვირფას სტუმარს ქართულ მიწაზე, სადაც 26 საუკუნის წინათ აიგო პირველი სინაგოგა, რომელიც არა მარტო ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიას განასახიერებდა და მას ემსახურებოდა, არამედ შემწყნარებლობისა და ძმური ურთიერთსიყვარულის სიმბოლოდაც იქცა.
- 31 მარტის რეფერენდუმის თარიღი ახლოვდება. ეს დღე პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღეც არის, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამ რეფერენდუმის უმთავრესი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო მაშინ...
- 31 მარტის რეფერენდუმი, როგორც წინა წლებშიც მითქვამს, იყო საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულება, ხალხმა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მისცა ხმა, თუმცა მაშინ ყველამ როდი იცოდა, რა კატაკლიზმებთან, დაპირისპირებასთან და ტანჯვა-ვაებასთან იქნებოდა დაკავშირებული ეს ერთადერთი სწორი არჩევანი.
რეფერენდუმის დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავთ, არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი.
არც რეფერენდუმის ორგანიზატორები უნდა დავივიწყოთ და ყველას პატივი მივაგოთ.
არ შეიძლება, მაგალითად, საქართველოს უახლესი ისტორიიდან ზვიად გამსახურდიას გვარის ამოშლა, იგი ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახლდათ და დამოკიდებულებაც მის მიმართ შესაბამისი უნდა იყოს. მე ვიცი, უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება - სამეცნიერო სესია, რომელიც ამ პიროვნებას მიეძღვნა და მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტელლები სწორად მოიქცნენ.
შერიგების, ეროვნული თანხმობის პოლიტიკა სულაც არ არის რაღაც კონიუნქტურული მოსაზრებით ნაკარნახევი ნაბიჯი, ვინც ამ პლატფორმაზე დადგება, ყველას ხელს გავუწოდებთ.
რაც შეეხება შეცდომებს, ცოდვებს და ასე შემდეგ, ვფიქრობ, ისტორია ყველა ჩვენგანის მიმართ პირუთვნელი იქნება, ყველას შეაფასებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს.
- და, ბოლო კითხვა, გასულ კვირას თბილისში გალაკტიონის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, თუ კი რომელიმე პიროვნების ცხოვრებისა და ბედზე მოახდინა გავლენა ტოტალიტარულმა რეჟიმმა, უპირველესი მათ შორის, ალბათ, გალაკტიონი იყო, პოეტი, რომლის სიდიდესა და რომლის გენიალურობას, ალბათ, მაშინაც მისი თანამედროვეებიცა და ჩვენც მაინც გუმანით ვგრძნობთ, იმდენად დიდია გალაკტიონი...
- გუშინ ძალიან ბევრი ამაღელვებელი სიტყვა ითქვა ამ მოვლენასთან დაკავშირებით. უწინარესად, მე კვლავ და კვლავ მადლიერების სიტყვებით მივმართავ მწერალთა კავშირს, მის თავვმჯდომარეს ბატონ თამაზ წივწივაძეს, ქალაქის მერიას, ბატონ ვანო ზოდელავას, მის თანაშემწეებს, სამსახურების ხელმძღვანელლებს, ბიზნესმენებს, სხვებსა და სხვებს, რომელთაც ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ გალაკტიონი ამდენი წლის შემდეგ თავის ბინაში დაბრუნებულიყო. სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა მრავალი ათეული წლის მანძილზე, გუშინ კი იგი თავის სახლში დაბრუნდა. ჩემი აზრით, ძალიან ბევრს დაკარგავენ თბილისელებიცა და სხვებიც, საქართველოს მოქალაქენი, თუ ამ მუზეუმს არ მოინახულებენ. იქ არის დოკუმენტები, რომელთა შესახებაც ყველაფერი არ არის ცნობილი, იქ არის გალაკტიონის ნამდვილი სახე, როგორც იტყვიან, მისი განცდები, ბევრი რამ უკვე წერილებსა და ჩანაწერებში გადატანილი. ასე რომ, ეს ერთი საპატიო ადგილია.
ქალაქის მერიამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხიდს, რომელსაც ვერის ხიდს უწოდებდნენ, გალაკტიონის სახელი ეწოდა და ამ ხიდზე სეირნობაც თბილისელებისათვის ერთი სიამოვნება იქნება, რადგან იგი ამიერიდან გალაკტიონის სახელს უკავშირდება.
საქინფორმი.
„ჩვენი თაობის ამოცანაა აყვავებისა და კეთილდღეობის გზაზე დავაყენოთ ქვეყანა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთესად იცხოვრონ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 მარტი. - №76 (3117). - 1, 2 გვ.
![]() |
33 მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი კუთვნილება |
▲ზევით დაბრუნება |
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საარქივო სამსახურების ხელმძღვანელთა საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეებს
საქართველოს თავმჯდომარეობით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საარქივო სამსახურების ხელმძღვანელთა მორიგი საკონსტიტუციო შეხვედრის გამართვა შესაძლებლობას მაძლევს გამოვხატო ღრმა პატივისცემა და მადლიერება არქივისტებისადმი იმის გამო, რომ ისინი თავდადებით შრომობენ წარსულის დოკუმენტური ხსოვნის დაცვისათვის, საზოგადოების ისტორიული თვითშეგნების განვითარების, აგრეთვე, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით საარქივო დოკუმენტების გამოყენების ორგანიზაციისათვის.
თანამეგობრობის ქვეყნების არქივები, რომლებმაც აღბეჭდეს ჩვენი სუვერენული სახელმწიფოების მრავალსაუკუნოვანი და უახლესი ისტორია და თავიანთი ხალხების უმდიდრესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტური დადასტურებაა და მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ კუთვნილებას შეადგენს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს ახლა თავიანთი განვითარების, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების დამკვიდრების, ახალი ეკონომიკის პრინციპების ჩამოყალიბების მძიმე ეტაპი დაუდგათ. ეს სიძნელენი უდავოდ გავლენას ახდენს არქივების მუშაობაზე. თქვენ მოგეთხოვებათ პროფესიული საქმიანობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდდების, უახლესი ტექნიკის, თანამედროვე საქმიანი ურთიერთობის აღრიცხვა და გამოყენება არქივთმცოდნეობის მეცნიერული ურთიერთობის აღრიცხვა და გამოყენება არქივთმცოდნეობის მეცნიერული ტრადიციების დაცვა-გამრავლებისა და საარქივო პრაქტიკის სრულყოფისათვის.
მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საარქივო უწყებების ხელმძღვანელთა ტრადიციული შეხვედრა ხელს შეუწყობს პრიორიტეტული მიზნების განსაზღვრასა და საარქივო დაწესებულებათა საქმიანობის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრისადმი ახალი მიდგომების შემუშავებას. მას დიდი მნიშვნელობა ექნება ჰუმანიტარულ სფეროში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოებში ისტორიის მეცნიერების შემდგომ განვითარებას.
მივესალმები შეხვედრის მონაწილეებს და ვუსურვებ ნაყოფიერ მუშაობას.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი კუთვნილება : დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საარქივო სამსახურების ხელმძღვანელთა საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 მარტი. - №78 (3119). - 1 გვ.
![]() |
34 საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდად ვაფასებ იმ დაუღალავ შრომას, რომელიც გასწია თითოეულმა თქვენგანმა, საქართველოში ცნობილმა პარტიებმა, პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რათა მიღწეულ იქნეს ეროვნული თანხმობა, რომლის მიზანია საქართველოს გამთლიანება, ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.
თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვახერხებ მივიღო აქტიური მონაწილეობა ამ უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მე თქვენს გვერდით ვარ და ვეცდები ხელი შევუწყო ეროვნული თანხმობის დარბაზის იდეების ხორცშესხმას.
იმედია, მოკლე დროში შევძლებ თქვენთან შეხვედრას.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 მარტი. - №78 (3119). - 1 გვ.
![]() |
35 რაფაელ ჩიმიშკიანს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო რაფაელ,
გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ სახელოვან იუბილარს, პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, დაბბადებიდან 70 წლისთავს.
გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის შესანიშნავი მაგალითია. სწორედ ამ პასუხისმგებლობის და უდიდესი თავდადების დასტურია ის წარმატებები, რომლებიც თქვენ მოიპოვეთ სპორტულ სარბიელზე.
თქვენმა ბრწყინვალე გამარჯვებებმა ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მძლავრი ბიძგი მისცა ჩვენში ძალოსნობის განვითარებასა და პოპულარობას, რის გამოც საქართველო იქცა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა და პრიზიორთა ქვეყნად.
მოხარული ვარ, რომ დღესაც აქტიურად ემსახურებით ქართული სპორტის წინსვლას, მოზარდი თაობის დაოსტატებას, რითაც უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლის საქმეში.
ბატონო რაფაელ, კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, კვლავაც დიდხანს გეღვაწოთ ქართული სპორტის საკეთილდღეოდ. მადდლობას მოგახსენებთ შრომისათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
რაფაელ ჩიმიშკიანს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 მარტი. - №78 (3119). - 1 გვ.
![]() |
36 ბატონ ლევ კულიჯანოვს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ძვირფასო ლევ ალექსანდრეს ძევ,
თქვენი სახელოვანი 75 წლისთავის დღეს ძალიან მინდა, რომ საიუბილეო გუნდში, თუნდაც ხმადაბლა, აჟღერდეს თბილისური მოტივიც, თქვენი საწყისის თემა, თემა ქალაქისა, სადაც ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები გაგიტარებიათ, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის ეს ძნელბედობის მძიმე ჟამი იყო, როცა აუნაზღაურებელი დანაკლისი და სასტიკი უსამართლობა თავს ატყდებოდათ ადამიანებს, განსაკუთრებით ძლიერ სულიერ ტკივილს აყენებდა მოზარდს, თითქოს გზას უკეტავდა მომავლისაკენ.
მაგრამ სწორედ იმ წლებში თბილისში ყალიბდებოდა ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანთა, ცხოვრების შემოქმედთა გასაოცარი ერთობა, რომელთა მეგობრობა, თანადგომა, შემოქმედებბითი მისწრაფებანი იძლეოდა საშინელი გაჭირვების დაძლევის საშუალებას და ამზადებდა სულებს დიდი აღმაფრენისათვის. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდა შემოქმედი იმ შესანიშნავი ძმობისა, მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტის, მისი მიმდებარე უბნებისა და ქუჩების არეალში რომ ჩამოყალიბდა, საიდანაც შემდეგ დიდი ცხოვრებისათვის დაფრთიანდნენ ახალგაზრდები და რწმენით შეაბიჯეს ხელოვნების, კინოს, მედიცინისა თუ პოლიტიკის სამყაროში.
მრავალ ჯილდოს შორის, რომლებიც სამართლიანად დაიმსახურეთ, არის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც. ალბათ, გახსოვთ ის ლეგენდარული ამბავი, თუ რა შეხვედრა ელოდა სახელგანთქმულ რუბენ მამულიანს ძველ თბილისში, მამისეული სახლის ეზოში? ჩამობრძანდით! თქვენც ისე დაგხვდებიან, თითქქოს წუთითაც არ წასულხართ იმ დროიდან, „როცა ხეები დიდები იყვნენ“.
ძმურად გეხვევით.
თქვენი ედუარდ შევარდნაძე,
1999 წლის 25 მარტი.
ბატონ ლევ კულიჯანოვს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26 მარტი. - №79 (3120). - 1 გვ.
![]() |
37 აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის აღორძინება ქვეყნის ხსნის საწინდარია |
▲ზევით დაბრუნება |
„საქართველოს აგრარული პოლიტიკა და მისდამი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა (ანალიზი, პერსპექტივა)“ - ასე ჩამოყალიბდა აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს სხდომის თემა, რომელიც 27 მარტს გაიმართა სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“.
ეროვნული საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე.
სხდომის დაწყებისას შეკრებილთ რომ მიმართა, ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ, განაცხადა:
დღევანდელი შეხვედრის თემა ნამდვილად იმსახურებს ასეთ წარმომადგენლობითს აუდიტორიას, რადგან საუბარი აგრარული სექტორის საერთაშორისო მხარდაჭერაზე ნიშნავს საუბარს ქვეყნის გადარჩენასა და კრიზისიდან მის საბოლოო გამოყვანაზე. აგრარული რეფორმის მხარდაჭერაში დღევანდელი ხელისუფლებისა და დემოკრატიულ მონაპოვართა მხარდაჭერა იგულისხმება. ყველა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის პერსპექტივა, დღეს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ოპტიმალურ გამოყენებასთან, ევროპულ და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობასთან და მის საბაზრო ორიენტაციასთან რომ არის დაკავშირებული, შესაძლოა მიუღწეველი დარჩეს, თუ ქვეყნის მოსახლეობა დღესვე ვერ იგრძნობს იმ ხელშესახებ შედეგს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურმა ორიენტაციამ მოიტანა ყველა ოჯახისა და მოქალაქისათვის.
ალბათ, შეუძლებელია არ ითქვას იმის შესახებაც, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულ ვითარებაში მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს გამძაფრებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი, განსაკუთრებით, ეკონომიკური კრიზისი რუსეთში, რომელმაც, როგორც იტყვიან, ქარიშხალივით გადაუარა საქართველოს. და, მაინც, თუ ქვეყანაში უკვე გაჩნდა საკრედიტო და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკური გამოცოცხლების პირველი სიმპტომები, ეს იმის წყალობით, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით დაადგა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების, გარდაქმნის გზას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მთლიანი რეფორმების, მიწის რეფორმის განხორციელების და ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მესაკუთრე ფენად ჩამოყალიბების გზას.
არ შემიძლია უდიდესი მადლიერებით არ აღვნიშნო იმ დახმარების მნიშვნელობა, რომელიც ცალკეულმა ქვეყნებმა და საერთშორისო ორგანიზაციებმა გაგვიწიეს ძნელბედობის ჟამს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ დახმარების გარეშე საქართველოს გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ეს ერთი-ორად ზრდის ქართველი ხალხის პასუხისმგებლობას და დღეს, როცა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ოცნება განხორციელდა და ის უკვე ევროპის წევრი ქვეყანაა, უკან დასახევი გზა ნამდვილად აღარ არსებობს. უნდა ვიაროთ წინ, რეფორმების გაღრმავების, განვითარებისა და ქვეყანაში დოვლათის შექმნის გზით.
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ის მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენს ბიუჯეტშია, მდგომარეობის გამოსწორების იდეალურ შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფს იმ დაფინანსების მინიმუმს, დღეს აგროსამრეწველო სექტორის აღორძინებას რომ სჭირდება.
ამიტომაც, დღევანდელი დღის უმთავრესი ამოცანაა, უპირველეს ყოვლისა, მინიმუმამდე დავიყვანოთ აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფციურ მიდგომებს შორის არსებობს. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ სასურველია მისი დაჩქარება. რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ საბაჟო, საგადასახადო პოლიტიკას, მიწის ბაზრის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისათვის, თითოეული ოჯახისათვის, აგრეთვე, შიდა ბაზრის დაცვის პრობლემებს და მრავალ სხვას. რადგან დღევანდელი საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა მხოლოდ საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებით შეიძლება, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი აქ გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
ბევრი რამ არის საქვეყნოდ ცნობილი იმ შესანიშნავი ინიციატივების შესახებ, რომლებიც მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, გაეროს, ფაოსა და იფადის, აშშ-ის (და უნდა ვთქვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა და დახმარება 1993 წლიდან მართლაც უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში), განვითარების სააგენტოს, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის სამეფოს, ჩინეთის, სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. მათი მასშტაბის ზრდასთან ერთად, სასურველია დაიხვეწოს ფართო საზოგადოების ინფორმირების სისტემაც. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი და გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მეგობრების მიერ გაწეული დახმარების თუნდაც მცირედი ნაწილი არადანიშნულებისამებრ არის გამოყენებული. ამიტომაც საჯაროობას, მათ შორის, ჩვენს დღევანდელ შეხვედრას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ.
აუცილებელია ჩემი მეგობრების, დონორების დახმარებით მოძებნოს სახსრები ისეთი პრობლემის გადასაწყვეტად, როგორიცაა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, საექსპორტო პროდუქციისათვის მარკეტინგული კვლევა და, რაც მთავარია, ხელისუფლებისა და ჩვენი მეგობრების, ყველა თანამდგომი ორგანიზაციისა და სახელმწიფოს ზრუნვა იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები, ფერმერები, მეწარმეები გავიდნენ ბაზარზე. ფაქტობრივად, ამაზეა დამოკიდებული საქართველოს სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკის განვითარების ბედი.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნა გლეხთა, ფერმერთა კოოპერირების გზა. გლეხთა საკრედიტო კავშირებისა და მიკროფინანსირების პროექტებს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება. მისასალმებელია ევროკაშირის ინიციატივა აგრობიზნესბანკის ფორმირებასთან დაკავშირებით. შესაძლოა მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ფიქრი მსხვილი ფერმერული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინებაზე. დღევანდელი ჩვენი გლეხკაცის თანამედროვე აზროვნების ფორმირებაზე.
ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის ინიციატივა ქართული აგრარული მეცნიერების, კვლევისა და დანერგვის სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ დღეს ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამების განხორციელებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე ქართული ფერმერული მეურნეობა და, განსაკუთრებით, საექსპორტო წარმოება ვერ განვითარდება და აღორძინდება.
კარგია, რომ იგრძნობა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის გარკვეული კოორდინაცია და პრობლემებისადმი კომპლექსური მიდგომა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს, ცალკეული სამინისტროების, უწყებების, რეგიონების ხელმძღვანელთა საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა. თუმცა, აქ რეზერვები ამოუწურავია და საქმეც ბევრია გასაკეთებელი.
აგრარული სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის აღორძინებით ქვეყნის გადარჩენის გზა ამ თანამშრომლობაზე გადის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისათვის. მხოლოდ ასე შეიძლება გახდეს რეალური ქვეყნის პრეზიდენტის აგრარული პოლიტიკა, რომელიც, უპირველესად, ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას გულისხმობს.
ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა ბაკურ გულუამ დაწვრილებით გააანალიზა მდგომარეობა აგრარულ სფეროში და მისი განვითარების პერსპექტივა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სოფლის მეურნეობის რეფორმა გულისხმობს გარდაქმნებს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მენტალიტეტის შეცვლას. იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად განხორციელდება იგი, დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი. დღეს სოფლის მეურნეობა და გადამმუშავებელი მრეწველობა უზრუნველყოფს ქვეყნის სავალუტო შემოსავლის 70 პროცენტზე მეტს. მთლიანი ეროვნული პროდუქტის 40 პროცენტზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სფეროზე მოდის. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 27 პროცენტს შეადგენდა, მაშასადამე, სიტუაცია ნელა, მაგრამ უმჯობესდება.
დღეს, ხაზი გაუსვა ბაკურ გულუამ, დასახულია ამოცანა მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას, როცა ქვეყანა შეძლებს საკუთარი რესურსების ხარჯზე უზრუნველყოს თავისი სასურსათო უსაფრთხოება. ეს შესაძლოა მხოლოდ კერძო საკუთრებაში მიწების გადაცემით, აგრარულ სექტორში ინტეგრაციული პროცესებით. უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მოდერნიზაცია მოწინავე ტექნოლოგიებისა და დარგის მართვის მეთოდების საფუძველზე. ბაკურ გულუამ ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, არც ერთი სერიოზული გადაწყვეტილება არ მიღებულა ქართველ მეცნიერ აგრარიკოსთა აზრის გაუთვალისწინებლად, რომელთა დიდ ინტელექტუალურ და შემოქმედებით პოტენციალს შემდგომშიც გამოვიყენებთ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ისეთ პირობებში, როცა ბიუჯეტს არ შეუძლია დარგის დაფინანსების უზრუნველყოფა, უნდა ჩამოყალიბდეს ეფექტიანი საკრედიტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნა საკრედიტო კავშირების შექმნის მნიშვნელობა, რომელთა რაოდენობამ ქვეყანაში 160-ს მიაღწია. უნდა მოგვარდეს აგრობიზნესბანკის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწობს აგრარული სექტორის, სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ბაკურ გულუამ აღნიშნა, თუ რა დიდ დახმარებას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორი სახელმწიფოები ქვეყნის აგრარული სექტორის განმტკიცებას.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე ილაპარაკეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროში უკვე განხორციელებული და დასახული პროგრამების შესახებ. ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის დახმარების გაწევისას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ წაწყდომიან კორუფციის შემთხვევებს.
საკრედიტო კავშირების ხელმძღვანელებმა სხდომაზე გამოსვლისას გააანალიზეს საგრძნობი ეფექტი, რომელიც მოჰყვა ინტეგრაციის ამ მოწინავე ფორმას. შესაძლებელი გახდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დონის ამაღლება, სოფლის მოსახლეობის შრომითი მოწყობის პრობლემის გადაჭრა, რომელიც კვლავაც მწვავედ დგას ქვეყანაში.
განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, მთის რეაგიონების რეაბილიტაციას, აგრარულ სფეროში საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფას, გადამმუშავებელი მრეწველობის მოდერნიზაციას, სხვა აქტუალურ პრობლემებს.
საფუძვლად მიღებულია აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს სხდომის რეზოლუცია და საბჭოს მუშაობის გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს მონაწილეებმა წამოაყენეს.
სხდომის შედეგების შეჯამებისას პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოთქვა რწმენა, რომ გამართულ დისკუსიას რეალური შედეგები მოჰყვება.
- ამას იმ სკეპტიკოსებისათვის ვამბობ, - აღნიშნა პრეზიდენტმა, - რომლებიც აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნის წინააღმდეგი იყვნენ. დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად ცხადყო, რომ ეს სტრუქტურა, რომლის მიზანი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: „უზრუნველყოს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება“, იმედს ამართლებს. აგრარული პოლიტიკის საბჭო იქმნებოდა, როცა ქვეყანა „შიმშილის დაძლევის სტადიაში“ იმყოფებოდა. მაშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა წინ სოფლის მეურნეობის ახალი სისტემის შექმნის, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების გზით, განვლილია საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობის დიდი სკოლა.
როგორც ედუარდ შევარდნაძემ თქვა, იმის მიუხედავად, რომ დღეს თავს იჩენს ახალი კრიზისის შედეგები, რომლებმაც მარტო საქართველო როდი მოიცვა და რომელიც არ იყო განპირობებული ქვეყნის ხელმძღვანელობის მუშაობის არაეფექტიანობით, ამოცანა იგივე რჩება. საქართველო იმ სახელმწიფოდან, რომელიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, უნდა გადაიქცეს ქვეყნად, რომელიც შეძლებს თავისი პროდუქციის ექსპორტს. ერთადერთი დარგი, რომელსაც ძალუძს მოახდინოს სასწაული - მოკლე დროში გაიტანოს საქართველოს პროდუქცია ევროპისა და მსოფლიოს ბაზარზე - ეს არის სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ამოცანა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, რომელთა საქართველოში საქმიანობის შესახებაც კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ქვეყნის ფართო მოსახლეობა. მეორე მხრივ, აღნიშნა მან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც მატულობს საქართველოსადმი ნდობა. სხდომაზე საეერთაშორისო ორგანიზაციების, საზღვარგარეთის სახელმწიფოების წარმომადგენელთა გამოსვლები მოწმობს, რომ დღეს ისინი საქართველოს სერიოზულ პარტნიორად მიიჩნევენ.
- არ შემიძლია განსაკუთრებული კმაყოფილებით არ აღვნიშნო ქვეყანაში საკრედიტო კავშირების წარმატებული საქმიანობა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ძალიან მინდა ცალკე შევხხვდე და ვესაუბრო ამ მოძრაობის წარმომადგენლებს. ზოგიერთი ოპონენტი ამტკიცებს, რომ ეს კოლექტივიზაციისაკენ დაბრუნებაა. მათ ვერ დავეთანხმები. საკრედიტო კავშირები ინტეგრაციის ახალი ფორმაა, რომელიც იძენს საერთაშორისო მხარდაჭერას და უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის ადამიანებს. აქ გაერთიანებული ადამიანები მუშაობენ სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ხალხის მომავლისათვის.
დღეს, მიაჩნია პრეზიდენტს, დგება საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საკითხი. თანამეგობრობის ქვეყნებში ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი უკვე ამჯობინებს იყიდოს ქართული ჩაი და არ შემოიტანოს იგი ცეილონიდან, ქართული ღვინო ურჩევნიათ იტალიურს. და ეს პროცესები შეიძლება განვითარდეს. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ქვეყანაში შეუძლებელი იყო თოხიანი კაცის ნახვა, დღეს ყალიბდება გლეხების, ფერმერების ფენა, რომლებიც ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალს შეადგენენ. იაპონიაში მეტად დიდი მოთხოვნაა ქართულ ღვინოზე, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს: დაეხმარეთ საქართველოს მეჩაიეობის რეაბილიტაციაში. 4-5 მილიონი დოლარია საკმარისი, რომ ქართულმა ჩაიმ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე. როგორც ეს მოხდა ქართული მეღვინეობის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაღუპვის ზღვარზე იყო.
ედუარდ შევარდნაძემ ფინანსთა მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა გამონახოს შესაძლებლობანი სოფლის მეურნეობაში სუბსიდიების გამოყოფისათვის. მან ხაზი გაუსვა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებში სერიოზული ცვლილებების აუცილებლობას. უნდა შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ხელს მოკიდებს დაბეგვრის სისტემის სრულყოფას. არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ბაზრის დაცვა კონტრაბანდისა და ფალსიფიცირებული პროდუქციის ნაკადისაგან. სანამ ქვეყანაში ფალსიფიცირებული პროდუქცია იარსებებს, დარწმუნებულია პრეზიდენტი, ნორმალური წარმოებისათვის პირობების შექმნა შეუძლებელია. ამავე დროს, როგორც მან თქვა, საქართველო ესწრაფვის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას, და თუ დღეს შეიძლება ლაპარაკი ცალკეული დარგებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ქართველ მეწარმეებს თავისუფალი კონკურენციის მკაცრ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. საამისოდ მზად უნდა ვიყოთ.
ედუარდ შევარდნაძემ ყურადღება მიაპყრო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს - მთის რეგიონებისადმი მხარდაჭერას. როგორც მან თქვა, დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ ასეთი 6-7 რაიონის დახმარების პროგრამებს. დროთა განმავლობაში ეს პროგრამები 27 რაიონს მოიცავს. პრეზიდენტმა საჭიროდ მიიჩნია ექსპერიმენტის სახით საკრედიტო კავშირები შეიქმნას გალის რაიონში და ცხინვალის რეგიონში. საქართველო, აღნიშნა მან მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პოზიციებზე, და ამ თვალსაზრისით კონფლიქტის ზონებში ეკონომიკურ შეღწევას შეიძლება ძალზე კარგი შედეგები მოჰყვეს.
- ქვეყანაში რეფორმები, - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა, - ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ გზის დასაწყისში ვიმყოფებით. გადასაწყვეტია ბევრი პრობლემა, რომლებიც უკავშირდება, კერძოდ, მიწის საკუთრებას, იჯარას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოში მიმდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს ისეთი საშინელი სენია, რომლის განკურნებაც ზოგჯერ დიდხანს ვერ ხერხდება. გულისტკივილით შევიტყვე, რომ კორუფციას ფესვები გაუდგამს ისეთ ავტორიტეტიან ორგანიზაციაშიც კი, როგორიცაა ევროკომისია. ასე რომ, შეურიგებელი ბრძოლა გველის.
როგორც ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა კრიზისში იმყოფება, მისი დაძლევის სიმპტომები უკვე თავს იჩენს. ეს სამერმისოდ დიდ იმედებს გვისახავს.
პრეზიდენტმა სხდომის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა რეფორმების, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
საქინფორმი.
აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის აღორძინება ქვეყნის ხსნის საწინდარია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28-29 მარტი. - №81-82 (3123). - 1, 2 გვ.
![]() |
38 „ქართველი საზოგადოების ნებისმიერ წევრს, პრეზიდენტით დაწყებული, არ გააჩნია იმაზე დიდი ფუნქცია და მოვალეობა, ვიდრე საქართველოში ეროვნული თანხმობის აღდგენა და სამოქალაქო მშვიდობაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 მარტის რადიოინტერვიუ
- განვლილ კვირაში თბილისს გადადებული ვიზიტის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუ ეწვია. ვიზიტი საკმაოდ ხანმოკლე იყო და, ვფიქრობთ, არა მხოლოდ სიმბოლური... ამას ერთობლივი კომუნიკეც ადასტურებს და, ალბათ, თქვენი პირისპირ საუბრები და შეხვედრები თუ დელეგაციათა შეხვედრები. საუბარი ეხებოდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირურთიერთობას და გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო სფერო, თუმცა საერთოდ ეკონომიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. ისევ და ისევ იგულისხმება საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მუშაობა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- როგორც მოგეხსენებათ, არაერთგზის მითქვამს: რაოდენ გულწრფელიც უნდა იყოს (არის კიდეც), ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უაღრესად რაციონალურ, პრაგმატულ საფუძველზე ანუ თანხვედრილ ინტერესებზე შეიძლება აიგოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში უდავოდ წარმატებული და ჩვენთვის სასიხარულოა არა მარტო სიმბოლურობის, არამედ უშუალო, ხელშესახები შედეგის გამო, რასაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უეჭველად იგრძნობს უახლოეს მომავალში.
ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის მოცულობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისრაელი ერთ-ერთი უმთავრესი ინვესტორია, გამოიკვეთა ბაქო-ჯეიჰანისა და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტებში ისრაელის ჩართვის პერსპექტივა. მოგეხსენებათ, ამ პროექტის რეალიზაციაში (უწინარესად მხედველობაში მაქვს ტრანსკასპიური გაზსადენი), აქტიურად მონაწილეობს ფირმა „მერჰავი“. ისრაელი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციითა და განვითარებით.
იმავდროულად, ისრაელის ფირმა „ბეიტმანიც“ მონაწილეობს ზესტაფონ-ჭიათურის სამრეწველო კომპლექსის რეაბილიტაციაში. ყველას კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისათვის.
თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფერო ტურიზმია. მით უმეტეს, რომ ეს დარგი საქართველოში უდავოდ აღმავლობის გზას ადგას, ვინაიდან მას ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და, როგორც იტყვიან, საქმის მკეთებელი კაცი ჩაუდგა სათავეში.
აქვე უნდა შევნიშნო, რომ ბატონი ვაჟა შუბლაძე - დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აირჩიეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტურიზმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, - ეს ძალზე ნიშანდობლივი ფაქტია, რადგან ამ სფეროშიც საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთ პერპექტიულ სახელმწიფოდ მიაჩნიათ.
ტურიზმის დეპარტამენტის ძალისხმევით თბილისში გაიხსნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული კომპანიის „თომას კუკის“ წარმომადგენლობა. საქართველოსადმი ამ ტრანსნაციონალური გიგანტის ყურადღება მრავალმილიონიან ინვესტიციებს მოასწავებს.
ახლა, რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავალს.
ეს თემა ჩვენი საუბრების დღის წესრიგში მუდმივად დგას, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, იმ პირობებში, როცა საქართველოს არ ახასიათებს ეკონომიკური კრიზისისათვის ჩვეული სიმპტომები (პირიქით, მაგალითად, იანვარ-მარტში სამრეწველო პროდუქციის წარმოებამ საკმაოდ სწრაფი ტემპით იწყო მატება), - საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში კვლავ სერიოზული სირთულეებია, ვინაიდან მაინც გრძელდება ის საზარელი პროცესი, რომელსაც მე „საბიუჯეტო ტერორი“ ვუწოდე.
ჩამოყალიბდა კორუმპირებულ საქმოსანთა, სწორედ საქმოსანთა, ვაი-ბიზნესმენთა კასტა, რომელნიც, ალბათ, უკვე უნდა ვაიძულოთ გადაიხადონ გადასახადი, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ლუკმაპურს ართმევენ მასწავლებელს, პენსიონერს, ჯარისკაცს, თავად კი ფუფუნებაში ცხოვრობენ.
ღმერთმა დაგვიფაროს, კვლავ გათანაბრებისათვის მოვუწოდებდეთ ვინმეს. „სოციალური სამართლიანობა“ იმ გაგებით, როგორც ეს წინა ეპოქაში ესმოდათ, ამჟამად დაუშვებელიც არის და შეუძლებელიც.
მაგრამ მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, თითქოს დემოკრატიულ ქვეყანაში, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფოში, სამოქალაქო საზოგადოებაში არ არსებობდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპი.
ოღონდ ამ შემთხვევაში ეს პრინციპი სწორედ იმით გამოიხატება, რომ ბიზნესმენმა, მეწარმემ, ვისაც დიდი შემოსავალი აქვს (და, ღმერთმა შეარგოს კანონიერი ხერხებით, ნიჭითა და შრომით მოპოვებული თუნდაც დიდძალი ქონება), იმავდროულად, აუცილებლად უნდა გადაუხადონ გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს, რათა, თავის მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს საშუალება დაიცვას, დააპუროს დავრდომილი, უმწეო ადამიანები, გასცეს პენსია, დახმარება, აღზარდოს მომავალი თაობა, შექმნას დამოუკიდებლობის მატერიალური ბაზა.
აქედან გამომდინარე, კორუმპირებულთა კასტა, ყოველგგვარი გადაჭარბების გარეშე, უკურნებელი სიმსივნეა საზოგადოების სხეულზე და ეს სიმსივნე უნდა მოიკვეთოს, და მოიკვეთება კიდეც! მე ეს ადრეც მითქვამს, მაგრამ ახლა უკვე დადგა პრაქტიკული მოქმედების დრო. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეს არ არის მორიგი, ჩვეულებრივი განცხადება.
მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებმა და გენერალურმა პროკურორმა კანონის ფარგლებში უმკაცრესი, უსასტიკესი ზომები მიიღონ ამ ხორცმეტთა მოსაკვეთად, და თითოეული ფაქტი ცნობილი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოებისათვის ტელევიზიისა და პრესის მეშვეობით, ინფორმაციის მიღების სხვადასხვა არხებით.
გადასახადების ურჩ გადამხდელთა, კონტრაბანდისტთა, ფალსიფიკატორთა და კორუმპირებულ მოხელეთა სახით ისეთ უზნეო სუბიექტებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ყოველთვის ესმოდათ მხოლოდ ძალისა და მხოლოდ ძალას სცემდნენ პატივს.
თუ ასეა, მათს უზნეობას ხელისუფლება კანონის ძალას დაუპირისპირებს.
ამით შემოვფარგლავდი ჩემს ეკონომიკურ მიმოხილვას.
- გასული კვირის კიდევ ერთი ფაქტი: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ გეგმაზეც იყო საუბარი კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. შემუშავებულია ხუთი მიმართულება. ამ სამუშაო კომისიას უხელმძღვანელებენ ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე - სახელმწიფო მინისტრი და კენეტ იალოვიცი - ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. თავისთავად, ამერიკის მხრივ საქართველოს მიმართ ასეთი ყურადღება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს...
- ეს რით არის განპირობებული: თქვენ იცით, რომ ამ ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო დახმარებას უწევს საქართველოს - პირდაპირი, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული დახმარება, ათიათასობით და ასიათასობით ტონა მარცვლეულის საჩუქრად გამოყოფა, შემდეგ, ის კრედიტები და პირდაპირი დახმარება, კონგრესი რომ გამოჰყოფს საქართველოსათვის. წელს, მაგალითად, სხვადასხვა მიზნებისათვის გამოყოფილი ეს დახმარება 90 მილიონ დოლარს აღემატება. ბუნებრივია, ამას მოჰყვა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სურვილი, რომ ყველაფერი დანიშნულებისამებრ დაიხარჯოს და მოხდეს გეგმით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს ინიციატივა ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელმაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებით და, ალბათ, მისი რჩევით ჩამოაყალიბა ქვეყნის ეკონომიკური გამოცოცხლებისა და აღმავლობის ეს ხუთი მიმართულება, კერძოდ, ამერიკის კაპიტალის მონაწილეობით. ჩვენთან მუშაობს სპეციალური ჯგუფი, კომისია ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამუშაო, ეგრეთ წოდებული ხუთი მიმართულების დაკონკრეტება დამთავრდა და, ალბათ, ერთ-ორ კვირაში შევუდგებით პრაქტიკულ განხორციელებას.
ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ფორმაა იმისათვის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მიზანმიმართულად უცხოური მხარდაჭერა და უცხოური დახმარება.
- გასულ კვირას თურქეთში, სამსუნში დამთავრდა სასამართლო პროცესი და ქართველი ბავშვები სასამართლო პროცესების გაჭიანურებისა და საბოლოოდ დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ორი მომენტი: ჩვენს ბავშვებს, მიუხედავად მცირე ასაკისა, თავი ვაჟკაცურად ეჭირათ და, მეორე: ისინი ამბობენ, რომ თურქეთის მხარე, რამდენადაც კი შეიძლება ადამიანს საპატიმროში ნორმალური პირობები ჰქონდეს, მათ მაქსიმალურად კარგ პირობებს უქმნიდა...
- უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ ქართველი ბავშვების მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, თვით ამ ყმაწვილებს, რომელთაც წინ ცხოვრების დიდი გზა აქვთ გასასვლელი. თქვენ მოგეხსენებათ, ისინი ლტოლვილი ოჯახების შვილები არიან.
რა თქმა უნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენი პატარა მოქალაქენი სამსუნის ციხეში იყვნენ, ყველანი, მთელი საზოგადოება და, ბუნებრივია, პრეზიდენტი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენათა განვითარებას.
ამ თემაზე ორჯერ ვესაუბრე ბატონ სულეიმან დემირელს.
თავს ვალდებულად ვთვლი, მთელი ჩვენი საზოგადოების სახელით დიდი მადლობა მოვახსენო თურქეთის რესუბლიკის პრეზიდენტს იმ ყურადღებისათვის, რომელიც მან ჩვენი ბავშვების მიმართ გამოიჩინა.
რა თქმა უნდა, სასამართლო თურქეთში დამოუკიდებელია ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მაგრამ, ვფიქრობ, აქ სასამართლო კოლეგიისა და პრეზიდენტის შეხედულებანი, მათი აზრი ერთმანეთს დაემთხვა.
ასეთი დამთხვევის გარეშე კი ძალიან ძნელი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება.
ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება.
მე ძალიან ვთხოვ მთელ ჩვენს საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხზე მსჯელობს, ნუ დაივიწყებენ, რომ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაიღუპა თურქი ბავშვი, ჩაქრა პატარა სიცოცხლე, ანუ მოხდა გამოუსწორებელი ტრაგედია.
ისევ და ისევ მთელი ჩვენი ქვეყნის, მთელი საზოგადოების სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული თურქი ბიჭუნას მშობლებს. ძნელია დაამშვიდო და სანუგეშო სიტყვები იპოვო, როდესაც მშობელი შვილს კარგავს, ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი უბედურება. ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა შეძლებისდაგვარად შევუსმუბუქოთ ეს უდიდესი ტკივილი.
- გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი კირიენკო. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მან სკოლა სოხუმში დაამთავრა, იქ უნდა ჩასულიყო და, როგორც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მოენახულებინა მშობლიური ადგილები. რას ნიშნავს ყოფილი პრემიერის ჩამოსვლა საქართველოსათვის საერთოდ? იგი უმაღლეს დონეზე მიიღეს, შეგხვდათ თქვენც, პარლამენტის თავმჯდომარესაც, სახელმწიფო მინისტრსაც და ასე შემდეგ...
- მინდა ასე გიპასუხოთ, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი საგარეო და, თუნდაც, საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი, და როგორც ამბობენ, პრიორიტეტი და, რაც გნებავთ, ის დავარქვათ. გვინდა თუ არ გვინდა, ეს ასეა.
როცა ჩვენ რუსეთზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ მის პრეზიდენტსაც, მის პრემიერსაც, მინისტრებსაც და ვგულისხმობთ საზოგადო, პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც უკვე ან იყვნენ მთავრობაში, ან აწი უნდა მოვიდნენ და, ასე ვთქვათ, ვმუშაობთ მასშტაბურად. ეს მასშტაბური მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან დღეს ერთია პრემიერი, ხვალ შეიძლება მეორე იყოს. იგივე კირიენკო - იგი ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცია, უკვე უდიდესი გამოცდილების მქონე, ძალიან საღად, საინტერესოდ და ორიგინალურად მოზროვნე. მე, მაგალითად, მასთან საუბარმა დიდი სიამოვნება მომანიჭა იმიტომ, რომ იგი არა სტანდარტულად, არამედ ორიგინალურად აზროვნებს და ასევე საინტერესოდ უყურებს რუსესაქართველოს ურთიერთობას სწორედ იმ პრინციპების შესაბამისად, რა პრინციპებიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რუსეთთან ურთიერთობის სფეროში საგარეო პოლიტიკის დარგში. ესე იგი, კირიენკოსთან შეხვედრა რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ერთი გამოხატულება გახდა. მაგრამ კირიენკო არ არის გამონაკლისი. ბევრი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა საქართველოში, ბევრი აწიც აპირებს ჩამოსვლას, თითქმის ყველას აქვს ასეთი სურვილი. ბატონმა ჟირინოვსკიმაც კი მოისურვა ერთხელ ჩამოსვლა. მაგრამ მერე გადადო. ასევე, ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად არიან მოსკოვში, პეტერბურგში, სხვა ოლქებში, გუბერნიებსა და ქალაქებში. ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება.
- ერთი ფრაზა იყო საინტერესო ჩვენთან კირიენკოს ექსკლუზიურ ინტერვიუში. მან თქვა, რომ კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იყო შეკითხვა: როცა ასეთი სიტუაცია იქმნება, აქ არ შეილება დამნაშავე იყოს მარტო ერთი მხარე და, იმის გამო არ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რომ საქართველოს უბრალოდ ასე სურდა. რა თქმა უნდა, მოხდა იმიტომ, რომ იყო ამისათვის რაღაც ობიექტური პირობები... საინტერესო პასუხია...
- იმიტომაც ვთქვი, რომ იგი ორიგინალურად მოაზროვნე კაცია, გაბედული და ეს თქვენი გამონათქვამიც, ვფიქრობ, ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანთან გვაქვს საქმე.
- და გასული კვირის, ალბათ, უმთავრესი მოვლენა ის იყო, რომ არა მარტო რეგიონის ქვეყნების, არამედ საერთოდ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო კოსოვომ, სადაც ნატო სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს. სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესოა რუსეთის რეაქცია ალბანელთა ტრაგედიის მიმართ, თანაც აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე თავის დროზე ჰქონდა ცხინვალის, აფხაზეთის თუ სხვა, ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტებისადმი, რადგან თუკი მაშინ პრესაში იბეჭდებოდა საქართველოს საწინააღმდეგო შეფასებანი, აქ უკვე პირიქით არის: რუსეთის დამოკიდებულება ძალიან ერთმნიშვნელოვანი, ცალმხრივი და პროსერბულია. ესე იგი თქვენ ხშირად გიყვართ ხოლმე ამ ტერმინის გამოყენება - ორმაგი სტანდარტი პოლიტიკასა და დიპლომატიაში. ერთი მხრივ, საქართველო თავისი ცხინვალითა და აფხზეთით და, მეორე მხრივ, - სერბეთი სარაევოსა და კოსოვოსთან მიმართებაში.
- მე, ალბათ იძულებული ვიქნები გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი, ოღონდ ოდნავ უფრო ვრცლად. თუმცა, რაც ვთქვი, ერთ-ერთი ტელეარხის შეფასებით ძალიან ბუნდოვანი იყო. ახლა, თუ არ ჩაუფიქრდები და წესიერად არ წაიკითხავ, ყველაზე ნათელი შეიძლება ბუნდოვნად მოგეჩვენოს.
ბალკანეთში მიმდინარე მოვლენები დღეს, ალბათ, ყველა მოაზროვნე ადამიანის საფიქრალია ჩვენს პლანეტაზე.
უწინარესად, უნდა დაისვას კითხვა: რატომ გახდა ეს ყოველივე აუცილებელი, ანდა რატომ გახდა ეს შესაძლებელი?
ჩემი აზრით, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ეს სიმართლე, მთავარი მიზეზი იმისა, რაც ხდება (ყველაფერი ეს უფრო ფართო პლანით უნდა განვიხილოთ), იმაში უნდა ვეძებოთ, რომ საერთაშორისო უშიშროების სისტემა სრულყოფილი არ არის.
კვლავ ვიმეორებ: დიდად სამწუხაროდ, უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო მშვიდობის იძულებით დამყარების იმ მექნიზმების ამუშავება, კერძოდ, კოსოვოში, რომლებიც გაეროს წესდების შესაბამისად ამ პროცესებს უნდა არეგულირებდეს. თავის დროზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემქმნელებმა, წესდების შემქმნელებმა ეს მექნიზმები გაითვალისწინეს წესდებაში, მაგრამ რეალურად მათი ამოქმედება, სამწუხაროდ, უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო. სხვათა შორის, წესდებაში საკმაოდ ნათლად არის გათვალისწინებული ინსტრუმენტებიც, ამ ინსტრუმენტებზე წარმოდგენა და ეს მექანიზმი. მთავარია მისი ამოქმედება. მაგრამ ამისათვის არც ნებისყოფა აღმოაჩნდათ სხვადასხვა დროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გენერალურ მდივანს. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ინერცია გრძელდება ახლაც, ინერცია, რომელსაც ხშირად დამღუპველი შედეგები მოაქვს.
კვლავ ვიმეორებ, რომ, დიდად სამწუხაროდ, უშიშროების საბჭომ ეს მექნიზმი ვერ აამუშავა და თუ იგი არ ამუშავდა, ასეთი მოვლენები კვლავაც განვითარდება მომავალშიც, იმიტომ რომ, ძნელია წარმოიდგინოს, შეეგუოს, ვთქვათ, ევროპა, ნატო, მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებზე ხომ არ არის ლაპარაკი, მთელი ვეროპა თითქმის ერთსულოვანია, იმას, რომ ევროპის ცენტრში ასეთი ხანძარია, რომელიც შეიძლება ხვალ სხვასაც გადაედოს. ამიტომ, ეს უწინარესად, უშიშროების საბჭოს საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს. იქმნება უშიშროების საბჭოს უმწეობის შეგრძნება.
ამ უმწეობის შედეგი ჩვენც გამოვცადეთ, ჩვენც შესანიშნავად ვიცით, რას ნიშნავს და რას მოასწავებს იმ ორგანოს უმწეობა, რომელიც უპირველესად პასუხისმგებელია პლანეტაზე სამართლიანი მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნებისათვის.
14-15 რეზოლუციაა მიღებული აფხაზეთის შესახებ და, მითხარით, რომელი მუშაობს? მე უმადურობას კი არ ვიჩენ, თავისთავად ეს შეფასებანიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული მოქმედებაა.
ეს პირველი დებულება.
მეორე: როგორც უნდა განვითარდებს მოვლენები ბალკანეთში, ამან არ უნდა იმოქმედოს გლობალურად საერთაშორისო ვითარებაზე, არ უნდა განაპირობოს დაძაბულობის ზრდა სახელმმწიფოთა, განსაკუთრებით, დიდ სახელმწიფოთა შორის და არ უნდა დაარღვიოს ცივი ომის დამთავრების შემდეგ უკვე დამკვიდრებული წინააღმდეგობათა დაძლევის პროცესში ურთიერთნდობის, ურთიერთგაგების, ატმოსფერო, რომელიც, ვიმეორებ, ასე თუ ისე, დამკვიდრდა.
და მესამე: საქართველოში (და ეს სავსებით ბუნებრივია) დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ბალკანეთში მოვლენების განვითარებას.
ჩვენ, აგრეთვე, ყურადღებით შევისწავლეთ დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შესთავაზეს პარიზის, რამბუიეს კონფერენციაზე.
ვფიქრობ, კომპრომისი, რომელიც საფუძვლად დაედო დოკუმენტს, სავსებით რეალურია (ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეფასება ასეთია), კეთილშობილურია თავისი არსით და უდავოდ პოზიტიურია შესაძლო შედეგით. ამიტომ კომპრომისის აღიარება და მასთან შერიგება უნდა სცადოს ყველამ, ვისაც მართლაც სურს მშვიდობის დამყარება იმ მრავალტანჯულ მიწაზე.
და, ბოლოს: ისეთი მოვლენების შეფასებისას, როგორიც არის „მშვიდობისადმი იძულების“ ამგვარ მეთოდებზე მსჯელობა და სხვა, ყველა სახელმწიფო იმ ელემენტარული ჭეშმარიტებით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში დაუშვებლია ორმაგი სტანდარტი, როგორც თქვენს შეკითხვაში ბრძანეთ.
საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად აქვს უფლება თავისი ხალხის სახელით ეს აზრი გამოთქვას.
ჩვენს ქვეყანას არასდროს დაავიწყდება 1956 წლის 9 მარტის (მე იქით აღარ მივდივარ), 1989 წლის 9 აპრილის, შემდეგ აფხაზეთის ტრაგედიები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მკაცრად გავილაშქრებთ ნებისმიერი ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ალბათ, ხვდებით, ვისი მისამართითაც არის ეს ნათქვამი, მინდა შეგახსენოთ, 9 აპრილს, ვინც პირველი ჩამოვიდა რუსეთიდან, ეს ბორის ელცინი იყო საპროტესტოდ იმ პოლიტიკისა, რომელიც მაშინ რეალურად განხორციელდა დემონსტრანტთა მიმართ, და ასეთი მოღვაწეები რუსეთში ძალიან ბევრია. ამიტომ ისტორიული მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის უნდა ცდილობდეს სახელმწიფო იმას, რომ ისტორიაში შავი წერტილები არ დარჩეს, დღეს არ უნდა განახორციელო ის, რასაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი, ორმაგი მიდგომა ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.
- თუმცა, მოგვიანებით აფხაზეთის მოვლენებში ასევე ორმაგი სტანდარტი გამოიჩინა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა.
- სამწუხაროდ.
- მიმდინარე კვირაში საქართველოს ყოფილი პრეზიდნტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - 31 მარტს მას 60 წელი შეუსრულდებოდა და ეს დღე საქართველოს რეფერენდუმის დღეს ემთხვევა. პრინციპში, როგორც ჩანს, ამ მოვლენის აღნიშვნის მიმართ ხელისუფლების მხრივ წინააღმდეგობა არ იგრძნობა, პირიქით. აქედან გამომდინარე, აქტუალური ხდება ის თემა, რომელსაც საერთო-ეროვნული თანხმობის, შერიგების თემა ჰქვია. „სახალხო დემოკრატიულმა კავშირმა“ ამას წინათ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც საერთო-ეროვნული სინანულის აქტი ეწოდება. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
- გაკვრით ამ თემასთან დაკავშირებით წინა ინტერვიუშიც გიპასუხეთ ზოგიერთ საკითხზე. ახლა ზოგიერთ რამეს გავიმეორებ და რამდენადმე უფრო ვრცლად ვილაპარაკებ.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
იმ დღეს სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოხატა თავისი ნება, რათა საქართველო ახლადდაფუძნებულიყო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
რეფერენდუმის შედეგი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უმძლავრესი იურიდიული საყრდენია, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ მოშლის, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს ხალხმა, ქართველ ხალხთან ერთად - საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლებმა, ისტორიის წინაშე, მთელი მსოფლიოს თვალწინ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში ქართველი საზოგადოება, მთლიანად ჩვენი საზოგადოება უეჭველად ერთიანი იყო.
აქედან გამომდინარე, როდესაც ეროვნულ თანხმობაზე, შერიგებაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე ვლაპარაკობთ, იმთავითვე თვალწინ გვაქვს ბრწყინვალე მაგალითი, რომელიც იმავდროულად ნებისმიერი საერთო-ეროვნული კეთილისმყოფელი პროცესის უმტკიცესი, შეურყეველი საფუძველია.
უწინარესად ეროვნული თანხმობის მიღწევა მაქვს მხედველობაში.
ამგვარი საფუძველია 1991 წლის 31 მარტს გამოხატული საერთო-ეროვნული ნება და 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული ჩვენი კონსტიტუცია და მის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო.
აი, ამ საფუძველზე, ამ ნიადაგზე, ამ სიღრმისეულ, ფუნდამენტურ ღირებულებათა გათვალისწინებით, მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ყველა პარტიასთან, ყველა საზოგადო მოღვაწესთან, და, როგორც იტყვიან, ყველას ხელი გავუწოდო.
ქართველი საზოგადოების ნებისმიერ წევრს, პრეზიდენტით დაწყებული, არ გააჩნია იმაზე დიდი ფუნქცია და მოვალეობა, ვიდრე საქართველოში ეროვნული თანხმობის აღდგენა და სამოქალაქო მშვიდობაა.
უნდა დამთავრდეს ჩვენი მრავალტანჯული, მრავალჭირგამოვლილი ქვეყნის მოქალაქეთა დაყოფა ცალკეულ, თუნდაც გამოჩენილ პიროვნებათა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. საზოგადოების ასე დაყოფა წარმოუდგენელია.
დიდი ქართული საზოგადოებრივი შეთანხმებისათვის საუკეთესო საფუძველია ქვეყნის დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული კონსტიტუცია.
ეს უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც არ შეიძლება იყოს ერთი რომელიმე პიროვნების, თუ ერთი რომელიმე საზოგადოებრივი დაჯგუფების პრიორიტეტული კუთვნილება.
წარმოუდგენელია, შეუძლებელია, დაუშვებელია, რომ დამოუკიდებლობის კეთილშობილური იდეა განაპირობებდეს დაპირისპირებას, ურთიერთსიძულვილს, მტრობას, რაც საბოლოო ანგარიშით, ისევ და ისევ დამოუკიდებლობას ჩასცემს ლახვარს.
ასეთი მოქმედება იმათი შეურაცხყოფა იქნება, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ათასწლეულსა, საუკუნესა თუ ათასწლეულში სიცოცხლე გასწირა სამშობლოსა და თავისუფლებისათვის.
ყველა პიროვნება, რომელსაც წვლილი შეუტანია დამოუკიდებელი საქართველოს დაფუძნებაში, ღირსეულად უნდა დაფასდეს. დამსახურება და ღირსება მათ არ უნდა დავუკარგოთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ახალი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც უდავოდ დიდი წვლილი შეიტანა 31 მარტის რეფერენდუმის მოწყობაში. მე წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს და, ალბათ, რამდენადმე უფრო საერთო და საბოლოო შეფასებებს მომავალი თაობები მისცემს.
ასეთი შეფასება სრულიადაც არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა აზრი ამ პიროვნების, მისი მოღვაწეობის მიმართ, და სხვადასხვა აზრის არსებობა სავსებით ნორმალური და კანონზომიერია.
სწორედ ამიტომ დღევანდელ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოში არც ერთი პიროვნება არ არის ტაბუდადებული და არავის ეკრძალება გამოთქვას თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც ეს აზრი სხვებისათვის ან თვით პრეზიდენტისთვისაც მიუღებელი იყოს.
აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ერის გაბზარული აზროვნების გამთლიანება, ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობა, ჩემთვის არადროს ყოფილა კონიუნქტურული მოსაზრებებით ნაკარნახევი, ან საჭადრაკო სვლათა ასპარეზი, - თუ ასეთ მეტაფორას მივმართავთ.
ეს ისეთი საკითხია, როცა პოლიტიკაც კი კარგავს თავის ძლევამოსილებას, ვინაიდან ეროვნული თანხმობის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს, არ გააჩნია.
არა მარტო დღევანდელობა, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაც არ გვიტოვებს ალტერნატივას, არ ცნობს სხვა მოსაზრებას, სხვა პლატფორმას.
ჩვენი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ერის სულიერი მოძღვარნი თუ პოლიტიკური წინამძღოლნი, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს განსხვავებული ხერხებითა და მეთოდებით ცდილობდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.
კვლავ გავიხსენებ დიდი ილიას გენიალურ მოსაზრებას: „იმიტომ გადავრჩით, რომ დროის თარგზე მორგებულნი ვიყავით“. ეროვნული მთლიანობის პრობლემა ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. დაქუცმაცება გახლდათ სწორედ ქართული უბედურების მიზეზთა მიზეზი. მე დღეს შემთხვევით არ ვამახვილებ ყურადღებას ცალკეულ მოვლენათა ფონზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
თვალი გავადევნოთ ჩვენს ისტორიას: ყველაფერი იყო - სასიკვდილოდ წაკიდებული ძმების ჭეშმარიტი შერიგებაც და სამშობლოს გადასარჩენად, მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად ან ძალაუფლების მოსაპოვებლად თავების წაცლის პრაქტიკაც.
თუმცა, ისტორიული ანალოგიები და ამ ანალოგიათა ანალიზი შორს წაგვიყვანს.
დღევანდელი დღე - ახალი საქართველოს არსებობა ახალ მსოფლიოში, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ახალ პერსპექტივათა გათვალისწინებით, განვითარების საკაცობრიო პროცესი რომ გვისახავს, - გვაძლევს უნიკალურ შანსს ერთხელ და სამუდამოდ, შვილებისა და შვილიშვილებისათვის, მომავალი საქართველოს თავისუფლების, ბედნიერებისა და აყვავებისათვის ახლავე მივაღწიოთ ერის გამთლიანებას, ნამდვილ სამოქალაქო თანხმობას. ეს არის საქართველოში ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ალფა და ომეგა, რომელსაც უკავშირდება უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი პრობლემა, მათ შორის უმთავრესი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ამიტომაც ხელს ვუწვდი შერიგების, შეთანხმებისა და გაერთიანებისათვის ყველას, ვინც ამ საფუძველზე დგას, ამ ფუნდამენტზე დგას, ვინც ამ იდეას იზიარებს.
ის, ვინც საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძვის, რომელ ბანაკშიც უნდა იყოს, ჩემს თანამოაზრედ და თანამებრძოლად მიმაჩნია.
იგი არ არის ჩვენი მტერი, გნებავთ ზვიადისტი იყოს, გნებავთ სხვა რომელიმე მიმართულების მიმდევარი.
ქვეყნის ორგული და ავის მოსურნე ის არის, ვინც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას უთხრის ძირს და ამით კიდევ ერთი სამოქალაქო ომისაკენ უბიძგებს ქვეყანას, რომელმაც ძლივს მოიშუშა ეს იარები და ყველაფერი ბოლომდე მოშუშებული კიდევ არ არის.
ქვეყნის ორგული ის არის, ვისაც სურს დაგვაბრუნოს უკეთურ წარსულში, ტოტალიტარულ წარსულში, რომელიც უკვე გაიარა საქართველომ, ქართველა ერმა მთელ კაცობრიობასთან ერთად.
ისინი ეროვნული ნიჰილისტების, იმპერიის ჩაფარ-მქადაგებელნი არიან. მათ ვერასდროს შევურიგდებით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევურიგდებით. ისინი ერის ნებას არ გამოხატავენ, ვინაიდან მოსწყდნენ ერის გამაერთიანებელ საფუძველს.
სხვა მხრივ, პოლიტიკურ შეხედულებათა რადიკალური განსხვავებაც კი არ უნდა იყოს ერის გათიშვის საფუძველი.
დემოკრატიული პროცესი, დემოკრატული ქვეყნის ცხოველმყოფელობა წარმოუდგენელია დისკუსიის, აზრთა და შეხედულებათა პაექრობის გარეშე.
ახლოვდება პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩვენები. გუშინ მე, როგორც იტყვიან, ახალი შთაბეჭდილება შემექმნა, ვესწრებოდი მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელობის გაფართოებულ სხდომას, გვიან ღამემდე შემოვრჩით, სწორედ ამ პრობლემებზე ვმსჯელობდით და ამიტომაც ცოტა გამიგრძელდა ახლა ამ თემაზე.
როგორც ვთქვი, ახლოვდება პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები. დაე, საქართველოს მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს ეს ყველაზე ღირსეული და ცივილიზებული საშუალება, რათა გამოთქვას, გამოხატოს საკუთარი აზრი. ვისაც ეს აზრი აქვს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ვიბრძოლოთ ამ აზრის გამოსახატავად საარჩევნო ყუთებთან და მხოლოდ და მხოლოდ ამ მეთოდით და ამ გზით, და ნურავინ ნუ ააჟღარუნებს იარაღს, თავი დაანებოს ყველამ ტერაქტებზე, დივერსიებსა და სხვა შესაძლო მოვლენებზე ლაპარაკს.
კვლავ და კვლავ მივესალმები ყველა ინიციატივას, თუ იგი მიზნად ისახავს თანხმობასა და შერიგებას 31 მარტის რეფერენდუმისა და 24 აგვისტოს კონსტიტუციის საფუძველზე.
გარდა ამისა, ნება მიბოძეთ, შევახსენო ყველას, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის ზაფხულში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ხოლო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო თითქმის უმწეო და უსუსური იყო, სწორედ მე გახლდით, თანამოაზრეებთან ერთად, ინიციატორი შერიგებისაკენ მიმართული ცნობილი მანიფესტის გამოქვეყნებისა და ეს მეამაყება, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეც ჰყავდა, ზოგიერთმა მერე გვიღალატა კიდეც, მაინც მეამაყება, რომ ეს ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა.
იმ ნაბიჯმა არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი ძალა შეგვძინა, ვინიდან დიდი მიზნის მისაღწევად, ქვეყნის გასამთლიანებლად შერიგება, თუნდაც კომპრომისი, ძლიერთა ხვედრია. მე თავს არ ვიქებ, ეს ჩემი თანამოაზრეების ნაფიქრიც და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც იყო.
ეს სრულებითაც არ ნიშნავს უკანონობას, კანონიერების დაკნინებას. არავითარ შემთხვევაში! საქართველოს კონსტიტუცია, „დიდი ეროვნული რეფერენდუმი“ აფუძნებენ ახალ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც თითოეული მოქალაქის, ისევე როგორც მთელი ჩვენი საზოგადოების, სულიერი სიმშვიდის, თანხმობისა და თავისუფლების უმთავრესი გარანტია გახლავთ.
და, სხვათა შორის, თქვენ ახსენეთ ქალბატონ ნესტან კირთაძის ინიციატივა - „ეროვნული სინანული“. მე შერიგებას ვხმარობ, იქ სინანულია. ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, მაგრამ ყველას, ვინც უნდა იყოს, როგორც ზემოთ ვთქვი, ხელს ვუწვდი და ყველასთვის თანამშრომლობისათვის მზად ვარ.
- გასულ კვირას ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელმა ბატონმა არჩილ გოგელიამ მოგმართათ თხოვნით თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. რამდენადაც ვიცით, ეს თხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია...
- ბატონი არჩილის თხოვნა გადადგომის შესახებ საკმაოდ არგუმენტირებული იყო და ამიტომ მე იგი დავაკმაყოფილე, მაგრამ განცხადებას თან ერთვის ჩემი რეზოლუცია, რომლითაც მადლობას ვუცხადებ ბატონ არჩილ გოგელიას, აჩიკო გოგელიას.
კვლავ უნდა გავიმეორო ის, რაც ჩემს განკარგულებაში ჩავწერე. მან უდავოდ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიული მასმედიის დაფუძნებაში და ეს დაიწყო მაშინ, როცა ამაზე ლაპარაკიც და ფიქრიც კი ძნელი იყო.
ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როდესაც დემოკრატიულ პრესაზე ლაპარაკი მართლაც შეუძლებელი იყო, აჩიკო გოგელიას გაზეთები და ჟურნალები, რომელთაც იგი ხელმძღვანელობდა, გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტილის სინატიფით, პატიოსნებით, პროფესიონალიზმით, პირდაპირობითა და გამბედაობით.
ურთულესი შვიდი წელი გაატარა მან საქართველოს ტელევიზიაში, თუ არ ვცდები, შვიდი წელი. ბევრ განსაცდელსაც გაუძლო ჩვენთან ერთად, მთელ საზოგადოებასთან და ქვეყანასთან ერთად. ყველაფრისათვის მას კაცურ მადლობას მოვახსენებ.
რაც შეეხება ზაზა შენგელიას, რომელიც მე დავნიშნე კორპორაციის ხელმძღვანელად, იგი შედარებით ახალი თაობის, მე ასე ვიტყოდი, შესანიშნავი მოღვაწე, მოაზროვნე და ნოვატორია, საოცრად კომუნიკაბელური და მიზანმიმართული, იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს ამ საწადელს. მინდა წარმატება ვუსურვო მას და მასთან ერთად ტელევიზიისა და რადიოს მთელ კოლექტივს, ყველა პროგრამასა და ყველა არხს ამ საშვილიშვილო საქმეში.
საქინფორმი
„ქართველი საზოგადოების ნებისმიერ წევრს, პრეზიდენტით დაწყებული, არ გააჩნია იმაზე დიდი ფუნქცია და მოვალეობა, ვიდრე საქართველოში ეროვნული თანხმობის აღდგენა და სამოქალაქო მშვიდობაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30 მარტი. - №83 (3124). - 1, 2 გვ.
![]() |
39 ედუარდ შევარდნაძე: რაც უფრო მეტი იქნება იმის შეგრძნება, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ურთიერთთანამშრომლობას ვანვითარებთ, მით უფრო მტკიცე იქნება ეს თანამეგობრობა. სხვა საფუძველი განმტკიცებისა არ არსებობს |
▲ზევით დაბრუნება |
დსთ ქვეყნების პრეზიდენტები მოსკოვის სამიტზე
დსთ ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომა, მოსკოვში კოსოვოს კრიზისზე მასმედიის ყურადღების მობილიზაციის მიუხედავად, მაინც პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყველა წევრი ქვეყნის მეთაურები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მოსკოვს 1 აპრილს გაემგზავრა. სამიტში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ჩავიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და სხვა ოფიციალური პირნი.
მოსკოვში ყოფნის დროს ედუარდ შევარდნაძე შეხვდა და პირისპირ ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს.
სამიტის ირგვლივ, რა თქმა უნდა, იყო პროგნოზები, ვარაუდები, - როგორი იქნებოდა, ამჯერად ეს შეხვედრა - ნაბიჯი არსაით, თუ სიურპრიზების აქცია?
და აი, რამდენჯერმე გადადებული მეთაურთა საბჭოს სხდომა დამთავრდა. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ტრადიციულად „ილ-62“-ის ჟურნალისტთა სალონშია და იწყება სახელდახელო პრესკონფერენცია:
- ბატონო პრეზიდენტო, იყო ეს სამიტი სიურპრიზების სამიტი?
- არა. ვერ გეტყვით, რომ სიურპრიზები არის, რადგან ამ სამიტის მოსამზადებელი მუშაობა კარგა ხანია მიმდინარეობს - თითქმის წელიწადია, ცოტა მეტიც. და ის, რაც დღეს მივიღეთ ამ დაძაბული მუშაობის შედეგია. ვინც არ არის საქმის კურსში, მისთვის, მე ვფიქრობ, დოკუმენტები, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, შეიძლება გარკვეული სიურპრიზი იყოს. კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის ზონის პრინციპები, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებათა რეალიზაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა სახელმწიფო დაინტერესებულია ამ პრინციპების დანერგვით. რეალურად დოკუმენტი ძალაში შევა, ალბათ, 2000 წლის პირველი იანვრისათვის, როცა სახელმწიფოები (განსაკუთრებით კი რუსეთი) დაამთავრებენ ამ კანონპროექტების განხილვას.
საკმაოდ საინტერესო არის დეკლარაცია, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ. ეს არის უფრო ახლებური გაგება თანამეგობრობის არსის და პრინციპების. განსაკუთრებით გამოკვეთილია, რომ იგი არის თანამეგობრობა, პარტნიორობა დამოუკიდებელი თანასწორუფლებიანი სახელმწიფოების, და არავითარი კვალი არ რჩება მცდელობისა, შექმნილიყო ზესახელმწიფოებრივი რაღაც ფორმა ერთიანობის.
ამ მხრივ, მგონი, ეს წინგადადგმული ნაბიჯია - რაც უფრო მეტი იქნება თავისუფლება, რაც უფრო მეტი იქნება იმის შეგრძნება, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ურთიერთთანამშრომლობას ვანვითარებთ, მით უფრო მტკიცე იქნება ეს თანამეგობრობა. სხვა საფუძველი განმტკიცებისა არ არსებობს.
მიღებულია სხვა საინტერესო დოკუმენტები. მათ შორის, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებული სიახლეები არ არის, მაგრამ არის უფრო კატეგორიულად გამოკვეთილი ვადები. მაგალითად, მხარეებმა ერთი თვის ვადაში უნდა დაამთავრონ მოლაპარაკება გალის რაიონის ძველ საზღვრებში ლტოლვილების დაბრუნების თაობაზე, უნდა შეიქმნას სათანადო ადმინისტრაციები, პირველ ეტაპზე მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, რუსეთის, მხარეების წარმომადგენლები.
ასეთია ამ დოკუმენტის მოთხოვნა.
დადასტურებულია, რომ დსთ სამშვიდობო კოლექტიური ძალები 2 აპრილამდე კანონიერად იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში. მაგრამ, თუ აღნიშნულ ერთ თვეში კონკრეტულ შედეგებს ვერ მივაღწევთ, მაშინ უნდა განვიხილოთ საკითხი მათი ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. თუ გაგრძელდება ვადა ექვსი თვით, ერთ-ერთ მხარეს ექნება უფლება მოითხოვოს ამ მისიის შეწყვეტა და მშვიდობისმყოფელების მისიაც შეწყდება.
აი, ასეთნაირად არის დაკავშირებული ეს საკითხი საბოლოო შედეგთან, იმასთან, თუ როგორ წარიმართება შერიგების პროცესი და, პირველ რიგში, დევნილთა დაბრუნების პროცესი.
- ორივე მხარის თანხმობა ამ შემთხვევაში არ არის საჭირო?
- ხაზგასმულია ორივე მხარესთან შეთანხმებით სამშვიდობო ღონისძიებების განხორციელება, მაგრამ, ამავე დროს, ულტიმატუმის ფორმით გამოთქმულია მოთხოვნა აფხაზეთის მხარის მიმართ, რომ მან უნდა შეცვალოს დამოკიდებულება (სიტყვა-სიტყვით ასე არ წერია, მაგრამ აზრი ასეთია) ლტოლვილების დაბრუნების პრობლემისადმი.
- სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას, ხომ არ ნიშნავს ეს?
- ეს კიდევ არ ნიშნავს ინტერნაციონალიზაციას, აქ არის მოწოდება ბორის ელცინის, თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარის მიწვევა სხვა ქვეყნებისა, რომელთაც შეუძლიათ გამოაგზავნონ სამშვიდობო ძალები აფხაზეთში. ჯერჯერობით ამ საკითხზე რეაგირება ძალიან ფრთხილია. ამას დასჭირდება სერიოზული ორმხრივი მუშაობა, თანამშრომლობა.
კიდევ ერთი მომენტია ხაზგასმული: აღიარებულია, რა თქმა უნდა, გაეროს, უშიშროების საბჭოს როლი და, განსაკუთრებით, მეგობარი ქვეყნების ინსტიტუტისა, მისი მონაწილეობა პრინციპულად დადებითად არის შეფასებული როგორც ჟენევის, ასევე ათენის შეხვედრებში. ესე იგი, ყველამ ერთად აღიარა ამ ინსტიტუტის არსებობა. ეს, ბუნებრივია, მეტ შანსს ჰქმნის, რათა ამ ქვეყნებმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო პროცესის განხორციელებაში.
არის მინიშნება იმაზეც, რომ თუ აფხაზური მხარე კვლავ ნეგატიურ პოზიციას აირჩევს ლტოლვილთა დაბრუნების საკითხში, მაშინ უნდა მივიღოთ სათანადო ზომები იმისათვის, რომ განხორციელდეს გაეროს წესდებით გათვალისწინებული ადექვატური ზომები. ეს პირდაპირ არ არის მშვიდობისათვის იძულება, მაგრამ მითითებაა, რომ თუ არ სრულდება ეს გადაწყვეტილებები, მაშინ დღის წესრიგში უნდა დადგეს მშვიდობისათვის იძულების სანქციები და ღონისძიებები.
- კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების შესახებ რა გადაწყვეტილება მიიღეს?
- ექვსმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულების გაგრძელებას, დანარჩენებმა - არა: უკრაინა თავისთავად არ არის წევრი, ასევე თურქმენეთი, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ არ მოაწერეს ხელი.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმით, რომ ეს ხელშეკრულება არ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პრინციპებს, ჩვენი შენიშვნები იმდენად საფუძვლიანია, რომ უფლებას არ გვაძლევს ხელი მოვაწეროთ მას.
სიმართლე რომ გითხრათ, არც არაფერს იძლევა ეს კოლექტიური ხელშეკრულება. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე გაცილებით მეტს შეგვიძლია მივაღწიოთ და ვაღწევთ კიდეც.
- რამდენად სამართლიანია, რომ აღმასრულებელ მდივნად კვლავ რუსეთის წარმომადგენელი დაინიშნა?
- ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ვაღიარეთ როტაციის პრინციპი, რომელიც ერთნაირად ეხება თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე მთავრობათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარეს და სხვებს.
აღმასრულებელი მდივანის როლი ახლა სულ სხვა არის, განსხვავებულია იმისაგან, რაც იყო. იგი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ხდება, რომელმაც უნდა განახორციელოს კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და სათანადოდ მოახსენოს მეთაურთა საბჭოს ან ცალკეულ მეთაურებს.
ჩვენ ყველანი ერთი აზრისანი ვიყავით იმ საკითხებში, რომ ამ ეტაპზე, ალბათ, უმჯობესია რუსეთის წარმომადგენელი იყოს ამ თანამდებობაზე - უფრო იოლია კოორდინირება და თანაც, რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია იმ გადაწყვეტილებების შესრულება, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. ხოლო ბატონი იაროვი, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია ელცინმა და რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცნობთ, ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები კანდიდატურაა. მომავალში ამ ინსტიტუტზეც როტაციის პრინციპი განხორციელდება.
- თქვენ გქონდათ შეხვედრები აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან...
- შეხვედრები მე ყველასთან მქონდა შესვენებების დროს - ყაზახეთის პრეზიდენტთან ნაზარბაევთან, ძალიან სერიოზული შეხვედრა - უზბეკეთის პრეზიდენტთან კარიმოვთან, მოლდავეთის პრეზიდენტთან - ლუჩინსკისთან, უკრაინის პრეზიდენტთან - კუჩმასთან, სხვა ქვეყნების მეთაურებთან.
შეხვედრები ალიევთან და ქოჩარიანთან განსაკუთრებული იყო იმიტომ, რომ სომხეთთან შეხვედრა მათი თხოვნით გაიმართა და რიგითაც სომხეთის საელჩოში უნდა გამართულიყო (წინა ჩამოსვლაზე სომხეთის პრეზიდენტი ქოჩარიანი ეწვია ჩვენს საელჩოს, - ა.შ.). რას შეეხება პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრას, ეს ორივეს სურვილი იყო. სადილის შემდეგ ერთად წამოვედით და თქვენს გარეშე გავმართეთ მოლაპარაკება (იცინის).
- ამბობენ, რომ ელცინს მობეზრდა თავმჯდომარედ ყოფნა და იმედი არა აქვს, რომ თანამეგობრობა ხელსაყრელი იქნება რუსეთისათვის.
- არ ვიცი, რა ინფორმაციაა ეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიდგომა ძალიან პრიმიტიულია.
- კოსოვოს კრიზისის და ნატოს მოქმედების შესახებ რა აზრი გამოითქვა? აგრეთვე პრეზიდენტ ალიევის პოზიციის შესახებ ნატოს ჯარისკაცებისათვის ბაზების დათმობის თაობაზე?
- ამ ფორუმზე ეს საკითხი არ განხილულა. ეს იყო ერთი ქვეყნის მოსაზრება, ინიციატივაც კი არა: ალიევმა გამოთქვა თავისი პოზიცია, რომ შეიძლება დავპატიჟოთო ნატო.
ნატოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იყო მცდელობა კოსოვოს კრიზისის თაობაზე სერიოზული რეზოლუციის მიღების, რომელიც ბელორუსიას ჰქონდა მომზადებული, ან უფრო რბილი რუსეთის ვარიანტის. მაგრამ არ გავიდა ეს წინადადება.
ჩემი მოსაზრება ასეთი იყო: ყველა ჩვენგანმა ამ მოვლენის მიმართ თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა. ეს პოზიცია არ შეიძლება კონფლიქტური იყოს იმ პოზიციასთან, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ. ამიტომ ეს დისკუსია სასიკეთოს არაფერს მოგვცემს, და სჯობს შემოვიფარგლოთ იმით, რომ თითოეულმა სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, ივალდებულოს ხელი შეუწყოს კონფლიქტის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას.
- ბელორუსიის პრეზიდენტს თქვენ უთხარით, რომ იგი სარგებლობს ორმაგი სტანდარტებით...
- ცოტა ცხარე კამათი იყო აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. თუ კოსოვოს მიმართ უნდა ვიყოთ სამართლიანი, ასევე სამართლიანი უნდა ვიყოთ აფხაზეთის მიმართ. გავახსენე - ნუ გავიწყდებათ, რომ აფხაზეთში ქართველების გენოციდი განხორციელდა. ამის მერე ბელორუსიამ თქვა, რომ ხელს არ მოაწერდა დოკუმენტს აფხაზეთის შესახებ, თუმცა, ბოლოს მაინც მოაწერა.
არც სიურპრიზების სამიტი, არც ნაბიჯი არსაით.
პრეზიდენტების სამუშაო შეხვედრა კიდევ ერთი ეტაპი იყო (თუმცა ეს სიტყვა - ეტაპი ძალიან გაცვეთილიაო, თქვა ედუარდ შევარდნაძემ) პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამშრომლობის რთულ გზაზე.
არმაზ სანებლიძე „სრ“ სპეც კორ.
მოსკოვი - თბილისი.
ედუარდ შევარდნაძე: რაც უფრო მეტი იქნება იმის შეგრძნება, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ურთიერთთანამშრომლობას ვანვითარებთ, მით უფრო მტკიცე იქნება ეს თანამეგობრობა. სხვა საფუძველი განმტკიცებისა არ არსებობს : დსთ ქვეყნების პრეზიდენტები მოსკოვის სამიტზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 3 აპრილი. - №87 (3128). - 1, 2 გვ.337
![]() |
40 „9 აპრილს დაღვრილმა უმანკო სისხლმა ზნეობრივი სიმართლის ძალა შესძინა ქართველ ერს, დაამსხვრია ის ყალბი, შოვინისტური სტერეოტიპები, რომელთაც იმპერია გულმოდგინედ ძერწავდა ქართული ფენომენის შესახებ ათწლეულების მანძილზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 5 აპრილის რადიოინტერვიუ
- აღდგომის წინა დღეს, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 10 წელი სრულდება. ამ წლების მანძილზე საქართველოში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა. დროის ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- 9 აპრილი ყოველი ქართველისათვის, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის, ვინც თავისი სამშობლოს სიხარულითა და მწუხარებით ცხოვრობს, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ტკივილია.
ტკივილი, რომელიც არასდროს განელდება.
ეს ჭრილობა, ალბათ, აღარასოდეს შეხორცდება და ბოლომდე არასდროს მოშუშდება.
ჩვენს ერს, მისი ხანგრძლივი, ბრწყინვალე გამარჯვებებითა და მწარე დამარცხებებით აღსავსე ისტორიის განმავლობაში, მრავლად დაეჭდო ასეთი ნაიარევი.
9 აპრილის ტკივილში ჩაწნულია უდანაშაულო ადამიანთა, ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისადმი უსაზღვრო სიბრალული, ასევე უსაზღვრო სინანული, მრისხანება და უილაჯობის, უპასუხო, დაუსჯელი დანაშაულის, შეურაცხყოფის განცდა.
9 აპრილმა სულის სიღრმემდე შეძრა საქართველო.
ყველაზე მწარე და მტანჯველი კი ის კითხვაა, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხურვალე შანთივით გვიდაღავს სულს ყოველ წელს, ყოველ 9 აპრილს:
იყო თუ არა აუცილებელი ეს მსხვერპლი იმ ნათელი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც უმანკო ადამიანებმა, თავისი ქვეყნის პატრიოტებმა უდრტვინველად გაწირეს თავი? შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება?
არა მგონია, თუნდაც დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხი არსებობდეს.
პასუხი მტანჯველ კითხვებზე თითოეულმა ჩვენგანმა ტკივილით უნდა გამოვწუროთ საკუთარ გულში, ჯერ საკუთარ თავს უნდა გამოვუტყდეთ, ვუთხრათ სიმართლე, ხოლო მომავალი თაობა პირუთვნელი მსაჯული იქნება ყველასა და ყველაფრისა.
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ვინც ამ საზარელ ღამეს დაიღუპნენ რუსთაველის პროსპექტზე, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ეროვნული გმირები არიან.
მათი სულისკვეთება წმინდა და შეურყვნელი იყო. მათ არაფერი ამოძრავებდათ სამშობლოს სიყვარულის გარდა. ანგარება არ შეხებია მათ სულისკვეთებას, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ზოგიერთ იმათგანზე, ვინც ვალდებული იყო ყოველივე ზუსტად გაეთვალა და პასუხისმგებლობაც ეკისრა უმწეო ადამიანთა მიმართ.
მძიმეა რესპუბლიკის იმ ხელმძღვანელთა ხვედრი, რომლებიც ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს თავის ხალხთან, აბობოქრებულ ადამიანთა წრეში, მათ შორის უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ეს თავის დროზე უკვე ითქვა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს სინდისის ქენჯნა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება.
რაც შეეხება დანაშაულის უშუალო ჩამდენთ, - ის პირსისხლიანი გენერლები ადრე თუ გვიან დაისჯებიან, - ყოველ შემთხვევაში, ღვთის რისხვას ვერსად გაექცევიან.
9 აპრილი არ არის მხოლოდ საქართველოს მასშტაბის მოვლენა. მას, გადაუჭარბებლად, მსოფლიო გამოხმაურება ჰქონდა. 9 აპრილმა დაანახა მთელ კაცობრიობას, როგორ დალპა საბოლოოდ სისხლსა და ძალადობაზე აგებული რეჟიმი და როგორ დაუპირისპირდა იგი საკუთარ ხალხს.
9 აპრილმა დაადასტურა, რომ ამ რეჟიმის დაშლა გარდაუვალი იყო.
უფრო მეტიც - სრულებითაც არ მიმაჩნია გადაჭარბებულად იმის თქმა, რომ 9 აპრილმა მნიშვნელოვნად გაუადვილა გზა თავისუფლებისაკენ საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ სხვა ხალხებს. ამ თვალსაზრისით 9 აპრილი უნგრეთის 1956 წლის აჯანყების და ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის რევოლუციური გამოსვლების დაღი მოვლენა გახლდათ.
მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, უნდა ვაღიაროთ: 9 აპრილს დაღვრილმა უმანკო სისხლმა ზნეობრივი სამართლის ძალა შესძინა ქართველ ერს, დაამსხვრია ის ყალბი, შოვინისტური სტერეოტიპები, რომელთაც იმპერია გულმოდგინედ ძერწავდა ქართული ფენომენის შესახებ ათწლეულების მანძილზე.
და მაინც, 9 აპრილის ტკივილი - ტკივილად დარჩება.
ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ნათელი მიზნისა და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი პიროვნული მსხვერპლის თემა მარადიულია ნებისმიერი ზნეობრივი, მოაზროვნე საზოგადოებისათვის. საგანგაშო ის იქნებოდა, ეს მრისხანე კითხვები რომ არ გვტანჯავდეს.
კიდევ ერთხელ, სრულიად საქართველოს სახელით, ქედს ვიხრი 9 აპრილის გმირთა წინაშე. ისინი უმწიკვლონი და პირნათელნი არიან, ვინაიდან სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსებისათვის დაიღუპნენ.
სხვათა შორის, არა მარტო დაღუპულებზეა ლაპარაკი, ასობით ადამიანი მოიწამლა, თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ, დასახიჩრდა, ზოგიერთი ხეიბრადაც იქცა. ყოველ მათგანზე ზრუნვა, ხელისუფლებისა და საზოგადოების ზრუნვა და ყურადღება საჭირო და აუცილებელია.
- გასულ კვირას თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, კოსოვოსთან დაკავშირებით, ერთობლივი მიმართვის მიღება ვერ მოხერხდა, ასევე, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო არ შეუერთდა კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებას, მის გაგრძელებას რამდენიმე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად. და კიდევ, სამიტი საინტერესო იყო აფხაზეთთან დაკავშირებითაც...
- საქართველოს დელეგაციისათვის მოსკოვის სამიტზე, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი აფხაზეთის პრობლემატიკა იყო.
დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ მიიღო, მრავალმხრივ უპრეცენდენტოა.
უფრო მეტიც, ორი-სამი წლის წინათ ასეთ დოკუმენტს, ალბათ, ვერ მივიღებდით, მაგრამ მრავალწლიან მიზანმიმართულ ძალისხმევას ის შედეგი მაინც მოჰყვა, რომ დასასრულს უახლოვდება აფხაზეთის დაბრუნებისათვის აუცილებელი იურიდიული, სამართლებრივი ბაზის შექმნა. ნურავის ჰგონია, სხვათა შორის, თითქოს დოკუმენტს ანუ ქაღალდს, როგორც ზოგიერთები ამბობენ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ასე რომ იყოს, არც სხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით მიაქცევდნენ მას ყურადღებას.
არადა, ხშირად სწორედ დოკუმენტი ხდება ძალიან სერიოზული ნაბიჯების იურიდიული და პოლიტიკური საფუძველი, რა ფორმითაც და რა მასშტაბითაც უნდა იყოს ეს.
მოსკოვის სამიტზე, კიდევ ერთხელ ურყევად დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა.
ჩამოყალიბებულია ლტოლვილთა დაბრუნების, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკმაოდ რეალური და კონკრეტული პროგრამა.
სტრატეგიულ მიზნად აღიარებული ლტოლვილთა დაბრუნება, არა მარტო გალის რაიონში, არამედ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, უწინარესად გალის რაიონში - ძველ საზღვრებში.
კვლავ აღინიშნა, რომ აუცილებელია გალის ტერიტორიაზე შეიქმნას ერთობლივი ადმინისტრაცია შუამავალთა მონაწილეობით. თანაც „შუამავალში“ იგულისხმება როგორც რუსეთი, ასევე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მეგობარი ქვეყნები, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი.
ეს დებულებანი „არახალია“, მაგრამ მოსკოვის დოკუმენტი აკავშირებს მათს აღსრულებას სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებასთან...
ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა აგრეთვე, რომ, თუ ერთი თვის განმავლობაში აფხაზური მხარე კონსტრუქციულად არ განიხილავს იმ წინადადებებს, რომლებსაც არა მარტო საქარრთველო, არამედ ყველა დაინტერესებული ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებენ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ქმედითს საშუალებად, - მაშინ დაისმება სამშვიდდობო ოპერაციის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი, ხოლო საქართველო თანამეგობრობის მხარდაჭერით იტოვებს უფლებას მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რათა ამოქმედდეს გაეროს წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი მექანიზმი. იგულისხმება, რა თქმა უნდა, წესდების შესაბამისი თავი და მშვიდობისადმი იძულების ღონისძიებები.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ აფხაზურ მხარესთან უფრო აქტიური, უფრო პირდაპირი დიალოგი გაგრძელდება.
ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას კონფლიქტის ზონაში, ან რაიმე ცალმხრივ აქციებს, რომლებიც მხოლოდ გაართულებს ვითარებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ყველას თვალწინ გვაქვს იმის ტრაგიკული მაგალითი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნათა პერმანენტულ უგულებელყოფას. კაცობრიობა, ევროპული თანამეგობრობა მუდმივად არ მოითმენს სისხლისღვრასა და ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებას.
თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია. თუმცა, მე შესანიშნავად მესმის პესიმისტებისა, რომელთაც უკვე აღარ სჯერათ, რომ ამ ორგანიზაციის თუნდაც შესანიშნავი გადაწყვეტილება, რეალურად განხორციელდება.
სწორედ ამ იმედგაცრუების შედეგი იყო საქართველოს გამოსვლა კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებიდან. უფრო ზუსტად, ამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად მისი გაგრძელება, უმთავრესად სწორედ იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულებაში მონაწილეობას არავითარი პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით. თუმცა არის სხვა მოტივებიც და სხვა არგუმენტებიც.
აქვე უნდა ითქვას: არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება დიალოგზე უარის თქმა. მზად ვართ გავნაგრძოთ დიალოგი სოხუმის ხელისუფლებასთან. შესაძლოა, უახლოეს დღეებში ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე კვლავ ჩაერთოს ამ პროცესში. ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ჩიხიდან გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს უმართავი პროცესები, რისი სიმპტომებიც უკვე გაჩნდა.
მაგალითად, კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერი ტერორისტული აქტი, დივერსიები, ვის მიერაც უნდა იყოს ეს ორგანიზებული, ვის წინააღმდეგაც უნდა განხორციელდეს და სადაც უნდა მოხდეს იგი. საქართველოს ხელისუფლება ამგვარ მეთოდებს მხარს არასდროს დაუჭერს.
ახლა, რაც შეეხება იუგოსლავიის კრიზისს.
სამიტზე მართლაც არ ყოფილა მიღებული რაიმე საერთო განცხადება. ამის აუცილებლობა და შესაძლებლობა არც იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ მოსკოვში შეკრებამდე თითქმის ყველა სახელმწიფოს მეთაურებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეიცვლებოდა ერთი შეხვედრით.
უდავო ფაქტია: ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტთა აზრები საპირისპირო იყო ამ მოვლენათა შეფასებისას, მაგრამ მრავალ პრინციპულ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
- ყოველ შემთხვევაში, ბელორუსიის პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია და აზრი ექნებოდა...
- ამიტომაც ვამბობ, რომ იქ ეს შეუძლებელი იქნებოდა. იყო ცდა, ბელორუსიის, კიდევ ერთი ქვეყნის მიერ მომზადებული იყო რაღაც დოკუმენტები. მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, შევთანხმდით, რომ ასეთ დოკუმენტებზე მუშაობა ფუჭი იქნებოდა და რაიმე გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდოდით.
საერთოდ, მე ვიტყოდი, მოსკოვში გაიმართა ძალზე საქმიანი საუბარი, რომელმაც, შესაძლოა (მაინც გარკვეულ სიფრთხილეს გამოვიჩენ და ასე ვიტყვი), „მეორე სუნთქვა“ შესძინოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას.
ეს ორგანიზაცია არ არის, ასე ვთქვათ, „მკვდრადშობილი“, - ამ სამიტმა ეს ერთხელ კიდევ დაადასტურა, გარკვეული პერსპექტივა, როგორც არაერთგზის მითქვამს, მას ნამდვილად აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება მისი პოზიტიური პოტენციალი. მაგალითად, თუ რეალურად განხორციელდება შესანიშნავი გადაწყვეტილება ლიბერალური თავისუფალი სავაჭრო ზონის პრინციპების დამკვიდრების შესახებ.
ამგვარი რეჟიმი საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ვივაჭროთ ერთმანეთთან, გავიტანოთ საქონელი ბაზარზე. ურთიერთხელსაყრელად, უფრო ფართოდ ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ სფეროში.
მოვიყვან ერთ მაგალითს: მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ვმუშაობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაში 16-ჯერ გაიზარდა! არანაკლებ შთამბეჭდავია ზრდა სხვა პროდუქციის მხრივაც.
გულწრფელად მოგახსენებთ, მოსკოვის სამიტმა განმიმტკიცა რწმენა, რომ თანამეგობრობას ნამდვილად აქვს პოზიტიური პოტენციალი. იგი თანასწორუფლებიან პარტნიორობასა და ყოველმხრივ ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაში უნდა გამოვლინდეს. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას მომავალი არ გააჩნია.
- და ბოლო კითხვა - ეკონომიკის თემა. მით უმეტეს, რომ სამი თვის შედეგები შედარებით ოპტიმისტური იყო...
- უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ პირველი კრიზისის დაწყებიდან, ანუ 1998 წლის ცნობილი მოვლენებიდან, არათუ მთლიანად, არამედ გადაჭარბებითაც შესრულდა სამი თვის საბიუჯეტო შემოსავლის გეგმა.
განსაკუთრებით კარგად იმუშავა საგადასახადო სამსახურმა, რომლის ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ჩიკვილაძეს მინდა მადლობა გამოვუცხადო. სერიოზული ძვრებია საბაჟო სამსახურის საქმიანობაში, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მის ხელმძღვანელს თამაზ მაღლაკელიძეს მიუძღვის.
იმედი მაქვს, რომ ორივე ხელმძღვანელი მომავალშიც მხოლოდ მადლიერების სიტყვებს დაიმსახურებს პრეზიდენტისაგან, გასაკეთებელი მათ ძალიან ბევრი აქვთ, მთელი რევოლუცია უნდა მოხდეს ამ სამსახურებში.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უდავოდ მნიშვნელოვანი წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ საგადასახადო დეპარტამენტის კოლექტივისა და ხელმძღვანელის დიდი ძალისხმევით, არამედ აგრეთვე, გამოცოცხლებისა და გაძლიერების იმ ტენდენციებით, რაც უკვე თვალსაჩინოა ქვეყნის ეკონომიკაში.
მაგალითად, წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში მრეწველობის სამინისტროში შემავალ საწარმოთა პროდუქციის ზრდის ტემპმა 16 პროცენტი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. როცა საბიუჯეტო შემოსავალზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის ყოველდღიური დაძაბული საქმიანობა სამინისტროების, უწყებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან ერთად, პრეზიდენტის რწმუნებულებთან, ქალაქებისა და რაიონების მერებთან და გამგებლებთან ერთად. ბევრს აკეთებს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის რეგიონული სამსახურიც, და, როგორც იტყვიან, მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე იმისათვის, რომ შესრულებულიყო საბიუჯეტო შემოსავლის გეგმა.
საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების მნიშვნელოვანი წყაროა აქციზური მარკების შემოღება. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. პირველი თებერვლიდან ბიუჯეტში შემოვიდა 10 მილიონამმდე ლარი, აქედან იმპორტირებული სიგარეტის აქციზური მარკის შეძენის შედეგად 8 მილიონ 600 ათასი ლარი, რაც მთელი 1998 წლის განმავლობაში სიგარეტის დაბეგვრის შედეგად მიღებული თანხის ნახევარს აღემატება.
მე მაქვს ინფორმაცია ამ სფეროში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შექმნილ სირთულეთა შესახებ.
- სირთულეებს ისიც იწვევს, რომ ერთადერთი აქციზიანი ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც შემოდის, „პრეზიდენტია“ და მისი ფასი უზომოდ გაიზარდა. სხვა რაც შემოდის, თუ იყიდება, მალულად, თანაც ასტრონომიულ ფასად...
- დაახლოებით ჩემთვისაც ცნობილია ის, რაც თქვენ ბრძანეთ. თამბაქოს წევას, რა თქმა უნდა, არავის ვუწონებთ, მაგრამ პრეზიდენტი ვალდებულია რეაგირებდეს იმ პრობლემებზე, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რომ აღელვებს. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ერთგვარი დეფიციტი დროებითია, ნამდვილად დროებითი, მჯერა ეს და იგი უეჭველად აღმოიფხვრება საბაზრო მექანიზმებით. მე ამ დილით მივიღე ზოგიერთი ცნობა და, როგორც მომახსენეს, სიგარეტები წამოსულია კონტეინერებით, ზოგიერთმა ბიზნესმენმა შეიძლება თვითმფრინავებითაც ჩამოიტანოს და მოკლე დროში მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. თუ ბიზნესმენთა ეს ჯგუფი არ შემოიტანს, მაშინ სხვა ჯგუფი შემოიტანს. ასე რომ, თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი კონკურენცია, კონკურენციის კანონი ამოქმედდება. საბოლოო ანგარიშით, სახელმწიფოც მოიგებს, ბიზნესმენებიც და, რა თქმა უნდა, ისიც, ვინც კიდევ არ გადაეჩვია სიგარეტის მოწევას.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აქციზური მარკების შემოღებამ აამოქმედა ადგილობრივი სიგარეტის ფაბრიკები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკვე შეიძინეს მილიონ ექვსასი ათასი აქციზური მარკა.
ფართო გასაქანი მიეცემა და უპირატესი ხელშეწყობის გარემო შეიქმნება სწორედ პატიოსანი ბიზნესმენებისათვის, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადს.
აქციზური მარკა ასეთი ბიზნესმენების მოკავშირეა.
აქტიურად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფი.
მათ წუთითაც არ უნდა მოადუნონ ყურადღება, რათა მიღწეული წარმატება გაღრმავდეს და სულ მალე მოგვეცეს საშუალება, ვთქვათ, რომ საქართველომ საბოლოოდ დაძლია საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი.
დღეს კი ყურადღების ცენტრში აპრილის დავალებათა უთუო შესრულება უნდა დავაყენოთ. სწორედ აპრილისა და მაისის მონაცემები მოგვცემს საბოლოო პასუხს - რამდენად სტაბილურია კრიზისის დაძლევის პირველ კვარტალში გამოკვეთილი ტენდენცია. მინდა დავძინო, რომ მიღწეული საშუალებას გვაძლევს გარდატეხა შევიტანოთ ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემაში და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეიძლება სწორედ ამ დღეებში იგრძნოს ამ დაძაბული შრომის სიკეთე, რაზეც მე ზემოთ მოგახსენეთ.
საქინფორმი.
„9 აპრილს დაღვრილმა უმანკო სისხლმა ზნეობრივი სიმართლის ძალა შესძინა ქართველ ერს, დაამსხვრია ის ყალბი, შოვინისტური სტერეოტიპები, რომელთაც იმპერია გულმოდგინედ ძერწავდა ქართული ფენომენის შესახებ ათწლეულების მანძილზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 6 აპრილი. - №90 (3131). - 1,2 გვ.
![]() |
41 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ოთარ ბაქანიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ოთარ,
დაბადების დღე მინდა მოგილოცოთ შესანიშნავ მეცნიერსა და პედაგოგს იმ ღვაწლის გამო, რომელიც ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობას დასდეთ, იმ ამაგის გამო, რომელიც გაუწიეთ თქვენს სტუდენტებს, თქვენს მიერ აღზრდილ მეცნიერებათა დოქტორებსა და კანდიდატებს, იმ საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ასე ნაყოფიერად ეწევით.
უკრაინელ ხალხთან ჩვენი ურთიერთობა დღეს თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა, ეს უკვე ორი თავისუფალი ხალხის და ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ურთიერთობაა, მაგრამ ყოველივე ამას ნიადაგი მოუმზადა იმ ქართულ-უკრაინულმა ლიტერატურულმა ურთიერთობებმაც, რომელიც რამდენიმე საუკუნეს ითვლის და რომლის კვლევასა და გაგრძელებასაც თქვენ ასე წარმატებით ემსახურებით.
დიდი მადლობა ამისათვის.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ოჯახს.
ედუარდ შევარდნაძე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ოთარ ბაქანიძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 აპრილი. - №91 (3132). - 1 გვ.
![]() |
42 მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
თქვენო უწმიდესობავ,
ქრისტე აღსდგა!
სიხარულით გილოცავთ კაცობრიობის ბრწყინვალე დღესასწაულს - ჩვენთვის წამებული მაცხოვრის აღდგომას.
ჭეშმარიტად ბრძანებთ ჩემდამი გამოგზავნილ მოსალოც ბარათში, ჩვენი ცხოვრება, ცხოვრება ქრისტიანისა, მართლაც ჯვარის მტვირთველობაა და მოყვასის სიყვარული.
დიდი მადლობა ამ ბარათისთვის. დიდი მადლობა თქვენი ღვთიური მისიისათვის - გზას აცდენილი სამწყსო ღვთის წიაღს დაუბრუნოთ და სულიერი სიმშვიდე აღადგინოთ ყოველ ჩვენგანში.
დიდი პატივისცემით,
საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ-გიორგი შევარდნაძე.
მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 11-12 აპრილი. - №94-95 (3136). - 1 გვ.
![]() |
43 „საქართველოს აღდგომას თვით უზენაესი ინებებს, თუ ჩვენ თავად ვიშრომებთ, ვიღვაწებთ და გავირჯებით მაღალი რწმენისა და ეროვნული თვითშეგნების შესაბამისად“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას სიმბოლიურად დაემთხვა ერთმანეთს 9 აპრილის მეათე წლისთავი და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული... ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- გასული პარასკევი - ყოველი ქრისტიანისათვის უმძიმესი, უდიდესი ტკივილით აღსავსე დღეა - საქართველოში დაემთხვა 9 აპრილის ეროვნული ტრაგედიის მეათე წლისთავს.
ამ დამთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურღვევობა ერთობისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვანარჩუნებინა ეროვნული მეობა და სახელმწიფოებრივი ენერგია.
9 აპრილს, ქრისტეს ჯვარცმის დღეს, მოჰყვა ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი. ამით თითქოს უფალიც მიგვანიშნებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდის დასრულების მოახლოებას.
მართლაც, განვლილი ათი წელი უდიდესი ტანჯვის, სისხლისღვრისა და ცრემლის ეპოქა იყო, რასაც თან სდევდა სამართლიანი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი.
ეს 10 წელი აღსავსეა გმირობითაც და იმავდროულად, ღალატით, ერთგულებითა და მზაკვრობითაც, საზოგადოების ერთი ნაწილის ზნეობრივად დაცემის და, იმავდროულად, ერის საუკეთესო შვილთა ზნეობრივი ამაღლების, ჭეშმარიტი გმირობის მაგალითებით.
იყო საშინელი სიდუხჭირე, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელთა შედეგი დღემდე არ არის დაძლეული, მაგრამ ეს ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ურთულესი ქართული ათწლეული მთავრდება არანაკლებად მძიმე და წინააღმდეგობრივ მეოცე საუკუნესთან ერთად.
გასულ კვირას ქრისტე კვლავ აღდგა მეოცე საუკუნეში რწმენად, ძალად და იმედად განახლებისა, ახალი სიცოცხლისა. 21-ე საუკუნეში, მესამე ათასწლეულში, უფლის მარადიული სიცოცხლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ახალი საქართველო შეეგებება.
იწყება ახალი ეპოქა, რომელშიც საბოლოოდ დავძლევთ ეროვნულ ნიჰილიზმს, ურწმუნოებისა და ეჭვის მომაკვდინებელ მანკს. უფალი ჩვენთანაა, მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ ხელთ არის.
უპირველესად, უნდა დავსვათ კითხვა, ვართ თუ არა დღეს 9 აპრილიდან ათი წლის შემდეგ ზნეობრივად უფრო განწმენდილი?
საბოლოოდ უფალი განსჯის, მაგრამ, ვფიქრობ, განვლილ ათწლეულში განცდილმა ტანჯვა-წამებამ, ტკივილმა, უდიდესმა დანაკარგმა ნამდვილად განწმინდა საქართველო, ქართული საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი მრავალი უკეთურობისაგან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია სიმბოლიურად ეს დამთხვევა, რათა საბოლოოდ გავიხედოთ ღვთის, უფლის მომავლის, სულიერებისა და ზნეობისაკენ და ამ გზით მივაღწიოთ ეროვნულ და სამოქალაქო თანხმობას.
ყველა სირთულეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერ დავძლევთ, მაგრამ მთავარია გვქონდეს სწორი ზნეობრივი ორიენტირი. ამ შემთხვევაში საქართველოს აღდგომას თვით უზენაესი ინებებს, თუ ჩვენ თავად ვიშრომებთ, ვიღვაწებთ და გავირჯებით მაღალი რწმენისა და ეროვნული თვითშეგნების შესაბამისად.
დღეს ხსოვნის დღეა. ჩვენი მიცვალებულების, ჩვენი წინაპრების, სამშობლოსათვის დაღუპული გმირების საფლავებთან მისვლა პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახდება ახალი ათწლეულის, საუკუნისა და ათასწლეულის გზაზე. ეს ნაბიჯი ურთიერთმიტევებით, ურთიერთსიყვარულით, შემწყნარებლობით, მოთმინებით, თავმდაბლობით, ღვთისმოშიშობით, ჩვენი სამშობლოს უკვდავების ურყევი რწმენით უნდა გადავდგათ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ ბოროტების დაძლევისა და სიკეთის დამკვიდრებისათვის.
- გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო ჩვენი ქვეყნისათვის საგარეო დახმარების თემა. საქართველოსადმი დახმარება, თუნდაც უცხოური ინვესტიციების სახით, რაც საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამოვლინდა, თანდათანობით ფართოვდება. ეს დადასტურდა იმავე ამერიკის საელჩოსა და იუსაიდის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობით მთავრობის ერთობლივ სხდომაზეც. და, მაინც, საკვანძო პრობლემად კვლავ საბიუჯეტო შემოსავალი რჩება. პირველი წარმატების ფონზე რა ვითარებაა აპრილის პირველი დეკადის მიწურულს?
- სემინარები, კონფერენციები, ერთობლივი სხდომები საქართველოს მეგობარი დონორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, უპირველესად, იმ კონკრეტული დახმარების გამო, რომელსაც კვლავინდებურად ვიღებთ დასავლეთისაგან. თუმცა, ამ დახმარებით მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობა, უწინარესად, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, საქართველოსადმი და, გნებავთ, საქართველოს ხელისუფლებისადმი თავიანთ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც ადასტურებენ.
გასულ კვირას კრწანისში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამშრომლობის შედეგები და პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, უფრო სწორად, გარკვეული აზრით, მათი ეგიდითაც მოეწყო. კონფერენციას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: შეეჯამებინა ერთობლივად გაწეული მუშაობის შედეგები და განგვესაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.
დახმარებამ, რომელიც საქართველომ მიიღო 1992 წლიდან დღემდე - ჰუმანიტარული ტვირთების, ტექნიკური თანადგომის, შეღავათიანი კრედიტებისა და გრანტების სახით, მილიარდ-ნახევარი დოლარი შეადგინა, რამაც საშუალება მოგვცა, ასე თუ ისე ფეხზე დაგვეყენებინა ბოლო ათწლეულში ნგრევისა და ომის შედეგად განადგურებული ეკონომიკა და შეგვექმნა ახალი ეკონომიკური სისტემის საფუძველი.
დახმარება კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ ამჯერად მისი მიზანი სისტემური და ინსტიტუციური სრულყოფა იქნება.
ამ თვალსაზრისით პრიორიტეტული დარგებია ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და, რა თქმა უნდა, სოციალური სფერო - ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და სხვა. იმავდროულად ჩვენი უცხოური პარტნიორები მიესალმებიან კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო და დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღებას, რომელიც დაიწყო და რომლის ტემპიც თანდათანობით გაძლიერდება.
ეს პრიორიტეტები დადასტურდა საქართველოს მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობით ხუთშაბათს გამართულ ერთობლივ სხდომაზე.
საკონსულტაციო საბჭოს შეკრებაზე კი განვიხილეთ მსოფლიო ბანკის ახალი პროექტები. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სატყეო მეურნეობის განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 37 მილიონი დოლარის ინვესტირებას სატყეო მეურნეობისა და საქართველოს ტყეების განვითარებაში; სოფლის მეურნეობის - ირიგაციისა და დრენაჟის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით საბჭოთა პერიოდში კოლხეთის დაბლობზე, და არა მარტო კოლხეთის დაბლობზე, განხორციელებულ გრანდიოზულ სამუშაოთა ტოლფასია; განათლების სისტემის გარდაქმნის პროექტი - ეს გარკვეული სიახლეა, და მთლიანობაში 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, რაოდენ უხვიც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების დახმარება, უმთავრესი ყურადღება საკუთარი რესურსებისა და რეზერვების გამოყენებას უნდა მივაქციოთ. ვგულისხმობ აღრიცხვის მოწესრიგებას, ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრას, აქციზური მარკების შემოღებისა და გამოყენების წესების განუხრელ დაცვას, კონტრაბანდის აღკვეთას (მერამდენედ ვლაპარაკობ ამის შესახებ), რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ბიუჯეტის შემოსავალი და მთლიანად გადავწყვიტოთ ხელფასების, პენსიების, დახმარების დროულად გაცემის პრობლემა, გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ. აქვე უნდა ითქვას, რომ გარდატეხის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ კიდევ უფრო არ გაძლიერდა ბრძოლა როგორც კორუმპირებული მოხელეების, ასევე კორუმპირებული ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს, კონტრაბანდული და აღურიცხავი პროდუქციით ისქელებენ ჯიბეს.
მართლაც გამოჩნდა საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის პირველი სიმპტომები. შესრულდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო შემოსავლის პირველი კვარტლის ძირითადი პარამეტრები. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ აღებული ტემპი, რათა კეთილისმყოფელი ტენდენცია მეორე კვარტალშიც შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ.
მე მივესალმები იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე თავის სხვა კოლეგებთან ერთად ახორციელებს, და საგანგებო სამუშაო ჯგუფის სხდომაზე თითქმის ყოველდღიურად ხდება შეჯამება იმისა, რაც უკვე შესრულებულია, რაც გაკეთდა და რაც გასაკეთებელია.
და, ბოლოს, შეუძლებელია ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ხელისუფლებამ გასულ წელს, მთელ რიგ რეგიონებში, კერძოდ, იმერეთის მხარეში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეძლო გამოენახა მილიონ 800 ათასი ლარი. ამ თანხის დიდი ნაწილი ტყიბულ-ჭიათურა-ზესტაფონის კომპლექსში არსებული პრობლემების დაძლევას მოხმარდა, რის შედეგადაც როგორც ზესტაფონში, ასევე ჭიათურაში უკვე იგრძნობა გარკვეული წინსვლა და ეს ტენდენცია გაძლიერდება საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის პარალელურად.
სხვა რეგიონებშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, რუსთავში უკვე სტაბილურად ამუშავდა ქიმიური კომბინატი - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გიგანტი. ძალიან სერიოზულად ემზადებიან საწარმოო სამუშაოებისათვის რუსთაველი მეტალურგები, ბევრი რამ გაკეთდა მადნეულში და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
- გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შექმნილი უკვე თითქმის კატასტროფიული ხასიათის ვითარება იყო. ამერიკის კონგრესი პრეზიდენტ კლინტონს მიმართავს განიხილოს იუგოსლავიაში სახმელეთო ჯარების გამოყენების შესაძლებლობა. ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ამერიკელი ხალხი მზად უნდა იყოს დიდი მსხვერპლის გასაღებად ბალკანეთში სამართლიანი მშვიდობის დამყარებისათვის. ამ ფონზე იუგოსლავია სამხედრო-სტრატეგიულ კავშირს სთავაზობს რუსეთ-ბელორუსიის კავშირს. მოსკოვში კი დასავლეთის ქვეყნებისათვის ბირთვული ქონების ხელახალი დამიზნების თაობაზეც ლაპარაკობენ და რუსეთში, ესეც, ალბათ, თვალშისაცემია, იზრდება ხელისუფლებაში მემარცხენე რადიკალთა მოსვლის საფრთხე...
- საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იუგოსლავიის მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილია. მე ეს პოზიცია უკვე ჩამოვაყალიბე, არაერთხელ გამოვთქვი და, რამდენადაც ვიცი, იგი საკმაოდ ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
მრავალ ქვეყანაში ეს პოზიცია შეაფასეს როგორც გაწონასწორებული, ობიექტური, რეალისტური და სამართლიანი, და არა მგონია, მისი განმეორება საჭირო იყოს.
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სამთა კავშირს, მხედველობაში მაქვს რუსეთი, ბელორუსია და იუგოსლავია, ფაქტობრივად პრეზიდენტმა ელცინმა ამ წინადადებას უკვე უპასუხა.
ჩემი აზრით, ეს უფრო ჰიპოთეზური, თეორიული შესაძლებლობაა და არა პრაქტიკულად განხორციელებადი კონცეფცია. სხვათა შორის, უკრაინის ხელმძღვანელობამაც დაახლოებით ასეთივე შეფასება მისცა ამ ვარიანტს.
დიდი ხმაური იყო ბირთვული იარაღის თაობაზეც. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელისუფლება და, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, პრეზიდენტი ელცინი არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მთელ პლანეტას დააბრუნებს წარსულ ეპოქაში, - როცა კაცობრიობამ ბეწვის ხიდზე გაიარა.
ეს ხიდი ყველამ ერთად განვვლეთ და უკან მიხედვაც კი უნდა გვზარავდეს.
რაც შეეხება მემარცხენეებისა და სხვების, უფრო სწორად ექსტრემისტული რადიკალიზმის გააქტიურებას, ვფიქრობ, რუს ხალხს, რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხს ეყოფათ სიბრძნე, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც მათი ქვეყნისა და კაცობრიობის სასარგებლო იქნება.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის პროცესის მოწესრიგებაზე რა გავლენას მოახდენს კოსოვოს მოვლენები?
- კოსოვოს ტრაგედია (კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ამ ამბავს) ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფაქტის ხანგრძლივი უგულებელყოფის შედეგია, რაც სერიოზული გაკვეთილი უნდა გახდეს აფხაზეთში კონფლიქტის სწრაფად და სამართლიანად მოგვარების თვალსაზრისით.
კოსოვოში განვითარებული მოვლენები უეჭველად იმაზეც მიუთითებს, რამდენად საშიშია ეგრეთ წოდებული „გაყინული კონფლიქტი“ ან „დაკონსერვებული კონფლიქტი“.
ასეთი კონფლიქტი მთვლემარე ვულკანს ჰგავს, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება სისხლად და ცრემლად ამოიფრქვას.
ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, ვინც ჩართულია აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში, მათ შორის შუამავლებს, მეგობარ ქვეყნებს და, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
ბატონებო, უნდა დაგვაფიქროს ბალკანეთის ტრაგედიამ! ახალი ძალით, მეტი მიზანსწრაფულობით განვაახლოთ მოლაპარრაკების პროცესი აფხაზეთში კონფლიქტთან დაკავშირებით.
რუსეთს კი ნამდვილად აქვს უნიკალური შანსი, ახლა, აი, ამ ფონზე, ხელი შეუწყოს მის მეზობლად, უშუალოდ რუსეთის საზღვართან არსებული კონფლიქტური კერის აღმოფხვრას. ვფიქრობ, ეს დიდი კაპიტალი იქნებოდა რუსეთისათვის, მისი საგარეო პოლიტიკისათვის და თანამეგობრობისათვისაც.
სხვათა შორის, მე ყურადღება მივაქციე ჩემი პატივცემული კოლეგის ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებას მოსკოვის სამიტის შემდეგ. მისი თქმით, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიკავა მან თავი სამიტზე იუგოსლავიის შესახებ ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისაგან, სწორედ ეს მომენტი გახლდათ: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგგობრობამ (უპირველესად რუსეთმა, რომლის განსაკუთრებული როლი თანამეგობრობაში ჩვენ ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია) - ჯერ ის კონფლიქტები უნდა გადაწყვიტოს, რომლებიც უშუალოდ თანამეგობრობის სივრცეში ანუ რუსეთის საზღვრებთან წარმოიშვა. ასეთივე აზრი განავითარა უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა. ასეთივე აზრი განავითარეს უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი, ასე ვთქვათ, პრეტენზიები, ცოტა არ იყოს არალოგიკურ და არადამაჯერებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
- და, ბოლო კითხვა. 17 აპრილი ჩვენი ქვეყნისათვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. სუფსიდან ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავა ამ დღეს - გაიხსნება ფოთი-ვარნა-ბათუმი-ილიჩოვსკის საბორნე გადასასვლელი...
- სუფსის ტერმინალზე, ასე ვთქვათ, „გენერალური რეპეტიცია“ უკვე გაიმართა. კასპიის ნავთობის დასავლეთის მიმართულება იდეალურ მდგომარეობაშია. ამ დღეებში საზეიმოდ აღინიშნება ეს დიდი მოვლენა, დიდი აბრეშუმის გზის გრანდიოზული პროექტი აქტიური რეალიზაციის ფაზაში შედის. სამწუხაროდ, ფოთსა და სუფსაში ვერ ვიწვევთ ამ აქციაზე დასწრების ყველა მსურველს, მათ შორის, ყველა სახელმწიფოთა მეთაურებს, ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ზეიმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ჩვენი შესაძლებლობანი, მათ შორის ფინანსურიც, ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია. ვფიქრობ, მეგობრები გაგვიგებენ.
საქართველო არაერთხელ გახდება უფრო დიდი და შთამბეჭდავი პროექტების განხორციელების მომსწრე. შემდეგ, ქვეყნის შესაძლებლობანიც გაცილებით მეტი იქნება და ღონისძიებებიც მასშტაბურ და მე ვიტყოდი, გრანდიოზულ ხასიათს მიიღებს.
ჩვენ ხალხს კი ვულოცავ ამ დიდ მოვლენას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ დასავლეთის მარშრუტის „დაკანონებაში“ ის განსაკუთრებული როლი, რომელიც ჰეიდარ ალიევმა შეასრულა. ასევე უნდა აღინიშნოს აზერბაიჯანის კონსორციუმისა და იქ გაერთიანებული კომპანიების აქტიური მხარდაჭერა. ეს რომ არა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი არ შედგებოდა.
თქვენ უკვე ახსენეთ, მე კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს: ამოქმედდება ფოთი-ილიჩოვსკის საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელი. არა მარტო ფოთი-ილიჩოვსკი, იგი ფაქტობრივად იმუშავებს მთელი შავი ზღვის არეალში, მას ექნება მიმოსვლა ვარნასთან, ბურგასთან, რუმინეთის ნავსადგურებთან, უწინარესად, კონსტანცასთან, თურქეთის ნავსადგურებთან, და, რა თქმა უნდა, ნოვოროსიისკთანაც. ეს პროექტი გახლავთ საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი პროექტი. ამიტომაც, ალბათ, ჩვენ, ამჯერად უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენი მეგობრების ჰეიდარ ალიევისა და ლეონიდ კუჩმას სტუმრობას, რადგან ეს ერთობლივი პროექტებია, მათთან ერთად შესრულებული პროექტები. სამწუხაროდ, სხვა პრეზიდენტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, არ ექნებათ მოსვლის საშუალება.
ფოთში ასევე მზად არის საქართველო-უზბეკეთის ერთობლივი საწარმოო - ბამბის ტერმინალი. შესანიშნავი, ძალიან დიდი მოცულობის საწარმოა.
ყველაფერი ეს შემოსავალია, ხალხის კეთილდღეობისათვის გადადგმული ნაბიჯებია. ეს ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის აღმშენებლობის მაუწყებელია.
საქინფორმი.
„საქართველოს აღდგომას თვით უზენაესი ინებებს, თუ ჩვენ თავად ვიშრომებთ, ვიღვაწებთ და გავირჯებით მაღალი რწმენისა და ეროვნული თვითშეგნების შესაბამისად“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 14 აპრილი. - №96 (3137). - 1,2 გვ.359
![]() |
44 ბატონ ალეკო ხომერიკს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ალეკო,
დაბადების ორმოცდაათ წლისთავს გილოცავთ გამორჩეულ ქართველ მომღერალსა და შესანიშნავ მოღვაწეს.
თქვენ, როგორც მომღერალმა, ღირსეულად გააგრძელეთ ქართული ვოკალური ხელოვნების დიდი ტრადიციები, ხოლო როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა დიდი წვლილი შეიტანეთ ბათუმის თეატრის დაარსებასა და წარმატებებში, რითაც შესამჩნევი ამაგი დასდეთ ქართულ კულტურას.
დიდი მადლობა ამისათვის.
დარწმუნებული ვარ, წინ დიდი წარმატებები გელით და ბევრი ტაში.
ბოლოს და ბოლოს მეორე ორმოცდაათი წელიც ხომ თქვენი გასავლელია.
გილოცავთ და ტაშს გიკრავთ.
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ ალეკო ხომერიკს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 15 აპრილი. - №97 (3138). - 1 გვ.
![]() |
45 „ქართული ენის დღისა“ და „სტუდენტური დღეების“ ზეიმის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად მივესალმები „ქართული ენის დღისა“ და „სტუდენტური დღეები-99“-ის მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებ ქართველ სტუდენტობას.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ახალგაზრდობასთან შეხვედრის წუთები ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. სამწუხაროდ, წელს არ მომეცა საშუალება დავსწრებოდი ქართული ენის დღისა და სტუდენტური ზეიმის გახსნას, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სულითა და გულით თქვენთან ვარ, გულწრფელად მიხარია თქვენი წარმატებები და წინსვლა.
თქვენი წარმატებები და წინსვლა ხომ თქვენი ერის გაძლიერება და წინსვლაა, თქვენი მშობლიური ენის გაძლიერება და ამაღლებაა, რომელიც წინაპართაგან დიდ მემკვიდრეობად გვერგო და რომლის დაცვა ყოველთვის იყო ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი სტუდენტობის წმინდათაწმინდა საქმე.
დღეს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ქართული ენის, საქართველოს სახელმწიფო ენის დღეს.
ყოველივე ამით ჩვენ მარტო პატივს კი არ მივაგებთ ჩვენს ენას, არამედ ამ სიყვარულსა და პატივისცემაში ვერთიანდებით კიდეც სხვადასხვა სქესისა და ასაკის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და სხვადასხვა სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები.
ჩვენ თურმე გაერთიანება შეგვძლებია.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვაერთიანებს ქართული ენა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ენა ღვთით ნაბოძები სიმდიდრეა და თავადაა დიდი შეთანხმების საოცარი ნაყოფი.
ენა ნებისმიერ თავის გამოვლენაში, იქნება ეს სახელმწიფო თუ ტომის ენა, დიალექტი თუ კილოკავი ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი და უნარია გარე და შიდა სამყაროს აღქმისა და მას თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეს ყოველი ჩვენგანი, რადგან ამ ყოველივეთი მხოლოდ ჩვენი ხასიათი კი არ გადმოიცემა, ეს ყოველივე მხოლოდ ხასიათს კი არ აყალიბებს, არამედ წინაპართა წარმოდგენებსაც გვინახავს - ღმერთზე, ადამიანზე, სიყვარულზე, სამშობლოზე, გმირობაზე, შრომაზე - ამ უმთავრეს ფასეულობებზე, რითაც ესა თუ ის ერი გამოირჩევა ერთმანეთისაგან.
ქართველური ენები და დიალექტები - მეგრული, სვანური, გურული, იმერული, ქართლ-კახური, აჭარული, რაჭული, ფერეიდნული, ლაზური, ჭანური და ასე შემდეგ - მარტო კვლევისათვის კი არ არის უმდიდრესი მასალა, არამედ ჩვენი სულისა და ჩვენი დიდი ისტორიის მატიანეც გახლავთ.
ამიტომ, მოფრთხილება უნდა ყოველ სიტყვას, მოფრთხილება უნდა ყოველ ბგერას.
სახელმწიფო ენის კომისიის სხდომაზე ჩვენ გუშინ განვიხილეთ და დავამტკიცეთ ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის ლექსიკოლოგიური განაკვეთი, რაც სწორედ ჩვენი ენის სიტყვიერი მარაგის მოვლა-პატრონობას ეხება. ეს დიდი პროგრამაა, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს შთამომავლობას ის ენობრივი სიმდიდრე, რომელიც ღმერთს ჩვენთვის უბოძებია.
მე აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ საქართველომ და ქართველმა კაცმა თუ დღემდე გაუძლო ისტორიის ქარცეცხლს, ქართული ენის მეშვეობით გაუძლო, რომელიც მისი სულიერების ჯავშანი იყო.
სწორედ ამიტომ ებრძოდა მას იმპერია.
მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულმა ენამ თუ გაუძლო ისტორიის ქარცეცხლს, გაუძლო იმის გამო, რომ მას ქართველი კაცი იცავდა.
თოთხმეტი აპრილი ხომ ქართული ენის დაცვის ძნელ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია.
მაგრამ ისტორია ერისა და ენის მუდმივ არსებობას ნიშნავს, ამდენად მუდმივ ბრძოლასაც.
ქართულ ენას დღესაც სჭირდება დაცვა, რადგან ქვეყნის თავისუფლება იმასაც ნიშნავს, რომ ქართველმა კაცმა, ქართულმა ენამ, ქართულმა კულტურამ უნდა გაუძლოს დიდ კონკურენციას და მსოფლიოს ცივილიზაციასთან ღია დიალოგში არა მარტო შეინარჩუნოს თვისთვადობა, არამედ უფრო გამდიდრდეს, უფრო გამრავალფეროვნდეს, უფრო გაძლიერდეს.
აქ ყოველი ჩვენგანის როლი უდავოდ დიდია, უდავოდ დიდია თქვენი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტების როლიც, მაგრამ ბევრად განუზომელია როლი ქართული მწერლობისა, ქართული პრესისა, ქართული მეცნიერებისა, რადგან ყოველივე ეს, არათუ ასახავს და სწავლობს ენას, არამედ ქმნის კიდევაც ენის ახალ ფერებს. ენის დაცვა უპირველესად ხომ მის მუდმივ განვითარებას ნიშნავს.
ნუ გაგვიკვირდება, რომ დღეს ქართული ენის დაცვაზე ვლაპარაკობთ, ბოლოს და ბოლოს ამ მწვავე პრობლემის წინაშე დღეს ბევრი ენა დგას, თუნდაც იგივე ფრანგული ენა, დიდი ლიტერატურისა და ძლიერი და დიდი ევროპული ქვეყნის ენა.
მე ვფიქრობ, მსოფლიოსთან უშუალო შეხვედრის პირველი შთამბეჭდავი ეფექტი მალე გაივლის, ჩვენი ენა თავის ჯადოსნურ საფქვავში ბევრ ახალ სიტყვასა და გამოთქმას წარმატებით გააქართულებს და იგი ჩვენი შთამომავლობისათვის მუდმივად იქნება თვითგამოხატვისა და თვითდადგინების უპირველესი საშუალება, ენა, რომელზეც ქართველები ყოველთვის იტყვიან თავვის პირველ სიტყვას და ენა, რომელზეც პირველად იტყვიან, რომ უყვართ, ენა, რომლითაც დაელაპარაკებიან პირველად ღმერთს, ენა, რომელზეც გააკეთებენ უდიდეს აღმოჩენებს და ენა, რომელიც თავისი ანბანით თუ ბგერით მუდმივად გააკვირვებს და აღაფრთოვანებს უცხოელს, დაბოლოს, სახელმწიფო ენა რომელიც გააერთიანებს და გაამთლიანებს საქართველოს ყოველ კუთხესა და ყოველ მოქალაქეს, ქართველსაც და არაქართველსაც.
ეს ენა ქართული ენაა, დიდი ქართული ენა და მე ყველას, საქართველოშიც და მის იქითაც, ყველას ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დღეს და ამ დღესთან ბედნიერად დაწყვილებულ სტუდენტურ დღეებსაც.
იმედი მაქვს, წელსაც ძალზე ლამაზი სტუდენტური დღეები გექნებათ, ნაყოფიერი, შემოქმედებითი ძიებით აღსავსე, საინტერესო. მე კი კვლავაც დაველოდები თქვენთან შეხვედრას და გავიზიარებ მიღწეული გამარჯვებებით განცდილ სიხარულს.
ედუარდ შევარდნაძე.
1999 წლის 14 აპრილი.
„ქართული ენის დღისა“ და „სტუდენტური დღეების“ ზეიმის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 15 აპრილი. - №97 (3138). - 1,2 გვ.
![]() |
46 ბატონ ირაკლი ციციშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ირაკლი,
დიდად ვწუხვარ, რომ თქვენი სახელოვანი იუბილის აღნიშვნას ვერ ვესწრები (მიზეზი, ვფიქრობთ, ყველასათვის გასაგებია).
მოგმართავთ უღრმესი პატივისცემის სიტყვებით, როგორც ჭეშმარიტ გმირს, დიდ პატრიოტს, ბრწყინვალე მოქალაქეს, ყველა დროში მისაბაძ მამულიშვილს.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა თქვენთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, როცა საფუძველი ჩავუყარეთ უნიკალური ქართული კულტურის მატერიალური ძაგლების გადარჩენისათვის მოძრაობას, რაც მაშინდელ სახელმწიფოში, მაშინდელი რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი იყო.
თქვენ, არცთუ ახალგაზრდა კაცი, დიდი ენთუზიაზმით და შემართებით ემსახურებით ამ დიდ საქმეს, იბრძვით დამოუკიდებელ საქართველოში მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისათვის.
ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ედუარდ შევარდნაძე.
1999 წლის 14 აპრილი.
ბატონ ირაკლი ციციშვილს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 აპრილი. - №98 (3139). - 1 გვ.
![]() |
47 დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენით მოწმდება საქართველოს უნარი უზრუნველყოს დიდი პროექტების განხორციელება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უპასუხებს „საქართველოს რესპუბლიკის“ შეკითხვებს
- „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც აქტიურ ფაზაში შედის, არის ერთგვარი მატერიალური ბაზა იმ ქვეყნების განვითარებისათვის, რომლებზეც იგი გაივლის - სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ახალი დემოკრატიის ქვეყნებისა და, რა თქმა უნდა, განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც.
ეს არის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმძლავრესი ეკონომიკური საფუძველი, რომელსაც მოჰყვება მთელი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, საკომუნიკაციო არტერიების განვითარება, სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი მატება, რაც, საბოლოო ჯამში, ხალხის კეთილდღეობის ჯერ გაუმჯობესებას, შემდეგ მნიშვნელოვან ამაღლებას გამოიწვევს.
მატერიალურად ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას. მართალია, ბაქო-სუფსის მილსადენი, სუფსის ტერმინალი ამ ეტაპზე არ მოგვცემს შემოსავლის სრულ მოცულობას, რადგან ჯერჯერობით მთლიანად არ იქნება დატვირთული და 5 მილიონ ტონაზე იმუშავებს. ამასთან, შედარებით იაფი ტარიფები დავაწესეთ, რათა გაგვადვილებოდა ამ საკონკურენციო სივრცეში შესვლა, მაგრამ ეს პირველი ეტაპის, ასე ვთქვათ, დროებითი ხარვეზებია, რომელთაც დრო და ბაზარი მოაწესრიგებს.
ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ მილსადენი და ტერმინალი არის ის სასინჯი ქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელზეც მოწმმდება საქართველოს უნარი უზრუნველყოს დიდი მარშრუტების გატარება. ლაპარაკია დიდ ნავთობზე, დიდ გაზზე თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ.
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბაქო-სუფსის ეს მარშრუტი, ფაქტობრივად არის სავიზიტო ბარათი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ იქცეს „დიდი აბრეშუმის გზის“ ტრასეკას პროექტის, ევრაზიის დერეფნის საკვანძო სახელმწიფოდ.
ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ იყოს განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, სხვა სახელმწიფოებმა, აზერბაიჯანის კონსორციუმმა. მაგრამ უმთავრესი, ცენტრალური ბაზა ამ საკითხის გადაწყვეტისა არის ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის განსაკუთრებული, მეგობრული, ძმური ურთიერთობა. ადრეული ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა თავის თავზე აიღო, შეათანხმა კონსორციუმთან, ამერიკულ კომპანიებთან და მიაღებინა ეს გადაწყვეტილება.
თუ უფრო ზოგადად შევხედავთ ამ ფაქტს, იგი შეიძლება შევაფასოთ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. ამასთან, ვფიქრობ, რომ მისი მნიშვნელობა ამით არ ამოიწურება - იგი არის კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების რეალური ბაზა და საფუძველი.
ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და რაც შეიძლება მალე ჩაერთოს სომხეთი ამ მარშრუტებში. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ბაქოს სამიტში იყო უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი და იმის ნიშანიც, რომ სომხეთი ამ პროექტებში, ამ გლობალურ სატრანსპორტო სივრცეში ჩაერთვება.
რა თქმა უნდა, სომხეთი მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზების მშენებლობაში ერევნიდან თბილისამდე, თბილისიდან ბათუმამდე, ფოთამდე. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ მონაწილეობა მიიღოს ფოთის ნავსადგურის გაფართოების სამუშაოებში და ასე შემდეგ.
ჩვენ არავის გამოთიშვა არ გვინდა, ისევე, როგორც არ გვსურს, რომ რუსეთი განზე დარჩეს. მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რუსეთის ხელმძღვანელობამ იცის, რომ საჭიროა დროულად გადავწყვიტოთ აფხაზეთის პრობლემა, რაც საშუალებას მოგვცემს ყოველწლიურად 10 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს საქართველოს რკინიგზამ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და ამდენივე - სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. მე აღარაფერს ვამბობ საავტომობილო მარშრუტების ამოქმედებაზე, მცირე დანახარჯებით აქ გამავალი გზების მოწესრიგებაზე, რითაც ეს უმნიშვნელოვანესი ტრასა ხელმეორე სიცოცხლეს დაიბრუნებს.
ყველაფერთან ერთად, ამას მოჰყვება რუსეთიდან, უკრაინიდან, სხვა ქვეყნებიდან დიდი ნაკადები ტურისტებისა, რომელთაც გული მოუწევთ საქართველოსკენ და აქვთ კიდეც წარმოდგენა ჩვენს კურორტებზე, მთასა და ბარზე, ზღვის სანაპიროზე. ესეც დიდი შემოსავლის წყაროა.
განსაკუთრებით გამოვყოფდი სატრანსპორტო გადაზიდვების ისეთ სრულიად ახალი საშუალების განვითარებას, რომელიც უკვე დაინერგა საქართველოში. ეს არის საბორნე გადასასვლელები. ბათუმში ასეთი გადასასვლელის გახსნას ამას წინათ კიდეც დავესწარი. მთავრდება უფრო გრანდიოზული პროექტი ფოთში. ძირითადი მარშრუტი ამ საბორნე გადასასვლელისა ფოთი-ილიჩევსკია, მაგრამ, ამასთანავე, იმუშავებს ფოთი-კონსტანცა, ფოთი-ბურგასი, ფოთი-ნოვოროსიისკი და თურქეთის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი მარშრუტები.
ასე დაიწყო რეალიზაცია იმ დიდი პროექტებისა, რომელთაც რამდენიმე წელიწადია ვუტრიალებთ.
- ბატონო ედუარდ, ამ პროექტების რეალიზაცია ხომ არ არის შემადგენელი ელემენტი ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცისა ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე.
- ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე ერთიანი ეკონომიკური სივრცის გარეშე წარმოუდგენელია. როდესაც ამ რამდენიმე წლის წინათ ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე ვლაპარაკობდი ერთიან ევრაზიულ სივრცეზე, ვლაპარაკობდი ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე, ერთიან სამართლებრივ სივრცეზე, ერთიან ჰუმანიტარულ სივრცეზე, ასევე მეცნიერებისა და სხვა მიმართულებების ერთიან სივრცეზე. ეს არის ბაზა მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის, აჩქარებს ამ პროცესს, და ამის თაობაზე ლისაბონის სამიტზეც ვილაპარაკე.
- საუბრის დასაწყისში თქვენ განსაკუთრებით გამოჰყავით საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული და ძმური ურთიერთობა, პირადად პრეზიდენტ ალიევის დამსახურება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საქმეში.
- აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია. გარდუვალობა იმისა, რომ ორი ქვეყანა ერთი მიზნისათვის იბრძვის - დამოუკიდებლობისათვის, ეს ერთი, მეორე - უნიკალური შემთხვევა, როცა ორ პრეზიდენტს შორის არსებობს ოცდაათწლიანი და უფრო ხანგრძლივი მეგობრობა, სრული ურთიერთგაგება. ასეთი მეგობრობა შეიძლება სხვებთანაც იყოს, და არის კიდეც, მაგრამ ეს სტრატეგიული და ტაქტიკური ინტერესების ამგვარი აბსოლუტური დამთხვევა ქმნის განუმეორებელ შანსს იმისა, რომ სრულიად უნიკალური ურთიერთობა დავამყაროთ ორ ქვეყანას შორის.
პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს აქვს საოცარი უნარი განახორციელოს მიზანმიმართული, მიზანსწრაფული პოლიტიკა, მათ შორის, მეზობელი საქართველოს მიმართ. მე მას განვიხილავ როგორც ჩვენს მოკავშირეს. იგი არის მოაზროვნე პიროვნება, რომლის პოლიტიკა ეყრდნობა თანამედროვე პროგრესულ პრინციპებს და ყველაზე მეტად საქართველო გრძნობს ამას.
რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტი ალიევი, არ იქნებოდა ადრეული ნავთობის მარშრუტი საქართველოზე, რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტი ალიევი, არ იარსებებდა ის პროექტი, რომელიც დიდ ნავთობთან არის დაკავშირებული, სხვა პროექტები.
ჩვენ მართლაც უნიკალური ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად, ტრასეკას სამიტის გამართვა თბილისშიც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სწორედ ალიევისთვის მეთხოვა აეღო ინიციატივა და ბაქოში გამართულიყო ეს შეხვედრა. იმიტომ, რომ იქ იწყება ადრეული და დიდი ნავთობიც, გაზსადენიც. სხვა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ალბათ, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი.
ინტერვიუს დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა ჩვენს ხალხს ეს დიდი მოვლენა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავაც არაერთხელ გახდება უფრო დიდი და შთამბეჭდავი საერთაშორისო პროექტების განხორციელების მოწმე.
არმაზ სანებლიძე.
დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენით მოწმდება საქართველოს უნარი უზრუნველყოს დიდი პროექტების განხორციელება : საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უპასუხებს „საქართველოს რესპუბლიკის“ შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 აპრილი. - №99 (3140). - 1,3 გვ.
![]() |
48 გენო კალანდიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო გენო,
გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს შესანიშნავ პოეტს, შეუპოვარ დეპუტატს, საკუთარ კერაზე დაბრუნებისთვის თავდაუზოგავად მებრძოლ ადამიანს.
60 წელი კაცისთვის და ამით უმეტეს პოეტისთვის არც იმდენად ბევრია, რომ გაგტეხოს და არც ისე ცოტა, რომ განვლილ ცხოვრებაზე არ იფიქროს. საფიქრალი და სადარდელი კი, საკმაოდ, ბევრი გვაქვს. სწორედ ამიტომ დღეს, მე თქვენ ომახიან სიტყვას და კვლავინდებურად ღია და მგზნებარე გამოსვლებს ვისმენ, მიხარია და იმედიანად ვუყურებ მომავალს.
მჯერა, რომ მალე თქვენს იუბილეს აფხაზეთში აღვნიშნავთ.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.
გენო კალანდიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 აპრილი. - №99 (3140). - 1 გვ.
![]() |
49 „ნავთობსადენს კასპიიდან შავ ზღვამდე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრატეგიული დანიშნულება აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და ამ რეგიონში მოქმედი სხვა სახელმწიფოებისთვისაც“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 19 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირაში ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და ფოთის საბორნო გადასასვლელის გახსნას სამი ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. 17 აპრილი, შეიძლება ითქვას, საქართველოსათვის მართლაც ისტორიული დღე იყო, დღე, ალბათ, როცა უნდა შეჯამდეს იმ დიდი მუშაობის შედეგი, რომელიც 1996 წლიდან მიმდინარეობდა ამ მიმართულებით... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- 17 აპრილს სუფსაში, აგრეთვე ფოთში გამართულ ღონისძიებაზე უკვე ბევრი რამ ითქვა. კვლავ აქტუალურია ევრაზიის დერეფნის თემატიკა, ამდენად, საჭიროდ მიმაჩნია ზოგიერთი დებულების განმეორება და ერთობ საინტერესო ციფრების გამოქვეყნებაც.
ერთხელ უკვე ვთქვი ზოგიერთი ოპონენტის გასაგონად, რომ ამ თემაზე საუბარს არ მოვეშვები, ისევე, როგორც არასდროს არ მოვეშვები საუბარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე.
ის, რაც შაბათს სუფსასა და ფოთში მოხდა, სწორედ ამ აღმშენებლობითი პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
იმასაც გავიხსენებ, რომ, როდესაც 1993 წელს პირველად ჩამოვაყალიბე სრულად „ევრაზიის დერეფნის“ კონცეფცია (ეს იყო მაშინ ჩემი შეხვედრები ევროგაერთიანებაში), ბევრს არ სჯეროდა, რომ იგი კეთილისმყოფელი იქნებოდა საქართველოსათვის.
თავისთავად, დიდი აბრეშუმის გზის იდეა მანამდეც მაღელვებდა - პირველად ერთიანი ევრაზიული სივრცის იდეამ ვლადივოსტოკში, დიდ სამეცნიერო კონფერენციაზე გაიჟღერა ჩემს გამოსვლაში იაპონიაში ვიზიტის წინ, და ეს იყო 1990 წელს.
მაშინ, ალბათ, მეც გამიჭირდებოდა პროგნოზირება იმისა, ეს იდეა თუ ამდენად გლობალურ სახეს შეიძენდა და მას მსოფლიო მნიშვნელობა, მსოფლიო მასშტაბი მიენიჭებოდა.
კონკრეტულად, ნავთობსადენს კასპიიდან შავ ზღვამდე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრატეგიული დანიშნულება აქვს არა მარტო საქართველოსათვის არამედ რეგიონის ქვეყნებისა და ამ რეგიონში მოქმედი სხვა სახელმწიფოებისთვისაც.
ეს ნავთობსადენი „დიდი აბრეშუმის გზის“ პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი პირველი მერცხალია და უეჭველად განაპირობებს უფრო დიდი პროექტების ასევე წარმატებით განხორციელებას.
უკვე იგეგმება დიდი ნავთობსადენის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიის გავლით - ეს გახლავთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელსაც შეუერთდება ტრანსკასპიური ნავთობსადენი.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია დიდი გაზსადენის მშენებლობა, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან, თურქეთისა და ევროპისაკენ. ცხადია ისიც, რომ ეგრეთ წოდებული დასავლეთის მიმართულებით, მხედველობაში მაქვს ფოთი და ბათუმი, ყოველწლიურად გაიზრდება მოცულობა, მორიგი რკინიგზით, ზოგი იმ მილებითაც, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და, ალბათ, ორჯერ და სამჯერ მეტი ნავთობი გაივლის სუფსაზე, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების მეშვეობით, ვიდრე ჩვენ ამას აქამდე ვფიქრობდით.
იმავდროულად, ეს კეთილშობილური პროექტი შედგება აგრეთვე ისეთი კომპონენტებისაგან, როგორიც არის, მაგალითოდ, ბათუმის, ფოთის საბორნე გადასასვლელები და შესაბამისად სარკინიგზო და სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება.
ფოთის სარკინიგზო საბორნე გადასასვლელის გახსნას თან სდევდა ბათუმის სარკინიგზო ბორნის სულ უფრო ინტენსიური ამოქმედება.
ბათუმის ბორანი უკვე რამდენიმე კვირაა მწყობრშია სრულიად საქართველოსა და ჩვენი აჭარის საკეთილდღეოდ.
უნდა აღვნიშნო, რომ ქართველმა საზოგადოებამ სავსებით სწორად აღიქვა ამ პროექტების განხორციელება. ალბათ, უიმედო სკეპტიკოსებსაც კი აღარ ეპარებათ ეჭვი, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტის ერთობლიობა საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შესძენს. საქართველო ხდება სასურველი და საჭირო პარტნიორი. ესე იგი, არა მარტო ჩვენ ვცდილობთ, დავამყაროთ კონტაქტები სხვებთან, არამედ სხვა ქვეყნებიც ყოველნაირად ისწრაფვიან, რომ კეთილი ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან. ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და სტაბილურობას, ვინაიდან ეს მათ საარსებო ინტერესებს შეესაბამება.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, უდიდესი დემაგოგიაა იმის მტკიცება, თითქოს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობისას საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ გეოპოლიტიკურ მიზნებს ისახავდა და, თითქოს ეს პროექტი მცირე მოგებას თუ მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას, სოციალურ სფეროს.
- გეოპოლიტიკური მიზნები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია...
- რა თქმა უნდა ეს თავისთავად, მაგრამ პარალელურად არც მეორე მხარე უნდა დავივიწყოთ, და ამას ახლა შევეხები.
რამდენიმე ციფრს დავასახელებ - ისევ და ისევ ზემოხსენებულ „ურწმუნო თომათა“ გასაგონად.
დასავლეთის მიმართულებით მილსადენის მშენებლობისას კონსორციუმის კაპიტალურმა დანახარჯებმა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი შეადგინა. მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა დარგის 30 ორგანიზაციამ. დასაქმდა საქართველოს 20 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთაც ნავთობკომპანიებისაგან ხელფასის სახით 25 მილიონამდე ლარი მიიღეს.
საქართველოს ბიუჯეტში გადაირიცხა 5 მილიონი ლარი საშემოსავლო გადასახადი; სოციალური დაზღვევის, ჯანმრთელობისა და დასაქმების ფონდებში - 7 მილიონ 200 ათასი ლარი.
მუშა-მოსამსახურეთა საშუალო ხელფასმა თვეში 380 ლარი შეადგინა.
მოსახლეობისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის გადახდილმა საკომპენსაციო თანხამ კი (იგულისხმება მიწის კომპენსაცია) 3 მილიონ 886 ათასი ლარი შეადგინა. ზარალის საკომპენსაციოდ ნავთობკომპანიებმა გადაიხადეს 2 მილიონ 491 ათასი ლარი და ეს, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი პირობების გამო მიწა, რომელსაც კონსორციუმი იყენებდა, დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევა, და, ზოგან უბრალოდ ჭაობი იყო.
ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში საქართველოს მოქალაქეთა წილი დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენდა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მილსადენის ექსპლოატაციის დროს 350 თანამშრომლიდან 300 საქართველოს მოქალაქე იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ანაზღაურებით.
ზემოთ აღნიშნულ ციფრებს ის გარემოებაც დავუმატოთ, რომ, ჯერ ერთი, თვით საქართველოს ბიუჯეტიდან ამ პროექტის განსახორციელებლად არც ერთი ცენტი არ დაუხარჯავს. ჩვენი წილი, ასე ვთქვათ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა გახლდათ.
გარდა ამისა, ელემენტარულად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელთა აქტიურობა, უცხოური პერსონალი, მშენებლები, ინჟინრები, დელეგაციები და ასე შემდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ საქართველოში, ობიექტურად ხელს შეუწყობენ ვალუტის მოზიდვას საფინანსო სისტემაში, - ეს ფაქტორიც უნდა დავუმატოთ ხელფასის სახით გაცემულ დიდ თანხებს, კომპენსაციებს, მოწყობილობათა და აპარატურის ტრანზიტისათვის შესაბამის გადასახდელებს. მაგალითად, კასპიის საბადოებისათვის მილები და ძირითადი მოწყობილობანი საქართველოს რკინიგზამ გადაიტანა. რა თქმა უნდა, ეს დიდი შემოსავალი იყო თვით რკინიგზისათვის და ქვეყნის ბიუჯეტისათვისაც.
მიუხედავად ამისა, პოლიტიკური კომპონენტი არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინაიდან სწორედ იგი აფართოებს ეკონომიკურ ასპარეზს. ამ თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზეიმო ცერემონიაზე უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთა დასწრებას (სამწუხაროდ, ყველა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელთაც სურდათ ღონისძიებაზე დასწრება, ვერ მოვიწვიეთ გასაგები მიზეზების გამო. უბრალოდ მომსახურების საშუალება არ გვექნებოდა).
ღონისძიებას ისტორიული უწოდეს და გულწრფელად მომილოცეს (ჩემი სახით მოულოცეს საქართველოს) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თურქეთის, ბულგარეთის, უზბეკეთის, საბერძნეთის, ყაზახეთის პრეზიდენტებმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და მრავალმა სხვამ, დეპეშათა ნაკადი არც ახლა წყდება.
რა თქმა უნდა, კვლავ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ჩემი დიდი მეგობრის ბატონ ჰეიდარ ალიევის როლი. სუფსაში გამოსვლისას მან ილაპარაკა იმაზე, თუ რა სირთულეებთან და რისკთან იყო დაკავშირებული ეს ისტორიული გადაწყვეტილება. დღეს კი თითქოს ჩვეულებრივად გვეჩვენება ის გარემოება, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებასთან ერთად, სულ რამდენიმე დღის წინათ საბოლოოდ გადაწყდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობის საკითხიც. მე უკვე ვთქვი სუფსასა და ფოთში გამოსვლისას, რომ ასევე განსაკუთრებული როლი შეასრულა დასავლეთის მიმართულების განხორციელებაში ამერიკის ადმინისტრაციამ.
რამდენიმე სიტყვით იმასაც მოგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში ჩემი მომავალი ვიზიტის დროს მექნება შეხვედრები უდიდესი ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიების ლიდერებთან, მათ შორის, იმ კომპანიათა ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ სამუშაოებს. არის ყველა ნიშანი იმისა, რომ საქართველოსაც ექნება საკუთარი დიდი ნავთობი. ჰიუსტონში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება ან შეიძლება კონტრაქტიც კი გაფორმდეს.
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელებით საქართველომ თვალნათლივ დაამტკიცა, რომ მასთან თანამშრომლობა სასარგებლოა და ხელსაყრელი, რომ საქართველო არ არის ქაოსსა და კრიმინალურ ანარქიაში ჩაძირული, ბნელი და უპერსპექტივო ქვეყანა, როგორც ზოგიერთებს სურდათ წარმოედგინათ.
აი, ეს არის ჩვენი მთავარი, სანუკვარი მიზანი - ამისათვის ვიბრძვით, ამისათვის ვშრომობთ, ამისათვის ვასწორებთ დღე და ღამეს.
დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლით, ხალხის ნიჭითა და შეუდრეკელი ბრძოლით, საქართველო უეჭველად დაიბრუნებს ძველ დიდებას. ჩვენ უკვე დავითისა და თამარის საქართველოზე ვფიქრობთ და არა მარტო ვოცნებობთ, და თუ არ გადავუხვევთ წინასწარმეტყველურ გზას, უეჭველად ავისრულებთ ოცნებას.
აქვე არ შემიძლია მადლიერების სიტყვებით არ მივმართო საქართველოს ტელევიზიას, რომელმაც დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით გააშუქა ეს მართლაც ისტორიული მოვლენა. იგივე ითქმის საქართველოსა და მსოფლიოს მასმედიაზე. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ასე მრავლად და კარგად იყვნენ წარმოდგენილი როგორც სუფსაში, ასევე ფოთში.
- თქვენ ახლა დეპეშათა ნაკადი ახსენეთ და, ალბათ, იქნებოდა დეპეშა რუსეთიდანაც. ხომ არ რჩება ამ პროცესების მიღმა რუსეთი, გარეგნულად ასეთი შთაბეჭდილება იქმნება...
- ძალიან კარგია, რომ თქვენ ეს კითხვა დამისვით, აქ, ალბათ, ზოგი რამ უნდა განვმარტო.
ჯერ ერთი, რუსეთი თავისთავად ევრაზიის გიგანტი ხიდია და იგი ასეთად დარჩება. მეორეც, არაერთგზის მითქვამს და ამჟამადაც ვადასტურებ: რუსეთი არ შეიძლება დარჩეს საუკუნის პროექტის - „აბრეშუმის გზის“ პროექტის მიღმა. იგი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მის განხორციელებაში.
ამ თვალსაზრისით, უაღრესად ნიშანდობლივი იყო გასულ კვირაში შეხვედრა რუსეთის რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრთან, რომელმაც უპირველესად აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების საკითხი წამოჭრა. მანამდე, ასეთივე სიმწვავით დაისვა ეს პრობლემა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან (იქ სხვადასხვა სამინისტროებია) საუბრისას. ეს საკითხები სხვადასხვა დროს არაერთხელ განხილულა რუსეთის პრეზიდენტთან ბორის ელცინთან, პრემიერ-მინისტრებთან.
ჩემი აზრით, ამ თემის სულ უფრო აქტიურად განხილვა იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში შესანიშნავად ესმით, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს რუსეთს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტამ, რკინიგზის ამოქმედებამ: გაიხსნება გზა რუსეთიდან სამხრეთ კავკასიისაკენ, თურქეთისაკენ, სამხრეთის სხვა ქვეყნებისაკენ, დაიძვრება ტვირთის უზარმაზარი ნაკადი, ამოქმედდება საავტომობილო მარშრუტები, ჩამოვლენ ტურისტები და ასე შემდეგ.
არ გამოვრიცხავ ახალი ნავთობსადენის მშენებლობაც რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის გავლით, რუსეთიდან თურქეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოს შავი ზღვისპირეთის შესაძლებლობათა გამოყენებით და სხვა. ასე რომ, პროექტები და იდეები ძალიან ბევრია.
ესე იგი, ყოველმხრივ მოიგებს რუსეთი, მოიგებს საქართველო, მათ შორის, აფხაზეთის მოსახლეობა და ყველა ქვეყანა, რომლებიც დაინტერესებულია თანამშრომლობის გაფართოებით. იგივე სიტყვები შეიძლება ითქვეს ცხინვალის რეგიონის მიმართაც.
უფრო ინტენსიურად შეიძლება საქართველოს სამხედრო გზისა და როკის გვირაბის პოტენციალის გამოყენება.
მაგრამ, ყოველივე ეს რომ ახდეს, უნდა დამთავრდეს კონფლიქტი აფხაზეთში, ლტოლვილები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლ-კარს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში ჩამოყალიბებული დადებითი ტენდენციები.
- საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გასულ კვირას საბაჟოს სისტემაში გამართულმა ტენდერმა, რომლითაც უცხოელებს მიეცათ საშუალება, იმუშაონ ამ სისტემაში შემოსავლის გაზრდის პირობით...
- მე მგონი, არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება.
სახელმწიფო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღოს მაქსიმალური ეფექტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით.
ასეთი პრაქტიკა აპრობირებულია მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, დღეს ძნელი წარმოსადგენიც არის, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ ასეთი სახელმწიფოები, როგორიც სამხრეთ კორეა, სინგაპური და ფილიპინებია, დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ საბაჟო სისტემის მოწესრიგებას, კორუფციის აღმოფხვრას, და ამიტომ მოიწვიეს სპეციალისტები იმ სახელმწიფოეებიდან, რომელთაც უფრო მყარი ტრადიცია ჰქონდათ. დღესაც ბალტიისპირეთის ზოგიერთ სახელმწიფოში ძალიან წარმატებით გამოიყენეს ეს გამოცდილება და ეს პრაქტიკა.
დღეს ეს ქვეყნები აყვავებული სახელმწიფოებია და არავის დახმარება აღარ სჭირდებათ.
ასევე იქნება საქართველოშიც, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე, როცა, დიდად სამწუხაროდ, კორუფცია ღრღნის ამ სისტემას, ბევრ სახელმწიფო სტრუქტურას, პრობლემის ასეთი გადაწყვეტა, პირადად მე, მიზანშეწონილად მიმაჩნია.
გარდა ამისა, ეს არის საბაჟო სისტემაში წესრიგის დამყარების საშუალება - რეპრესიების, დაპატიმრების, გასამართლების მეტ-ნაკლებად თავიდან აცილებით.
ადამიანის დაპატიმრება, დასჯა, მისი ოჯახის გაუბედურება არავის გვახარებს. უმჯობესია, ალბათ, თანდათან შევქმნათ ისეთი სისტემები, რომლებიც გამორიცხავს კორუფციას, და ჩვენ ამ გზით მივდივართ.
საბოლოოდ კი, რა საკვირველია, სწორედ ქართველი მებაჟეები უნდა იყვნენ და იქნებიან კიდეც საქართველოს საბაჟოში მდგომარეობის ბატონ-პატრონნი.
აქვე ვიტყვი, რომ ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ ძალიან დიდი ვალდებულებანი იკისრა საბიუჯეტო შემმოსავლის გაზრდის თვალსაზრისით. შემოსავალი დაახლოებით 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს. იგი დაგვეხმარება, აგრეთვე, უფრო ქმედითი კონტაქტი დავამყაროთ მეზობელი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. ამას კი, ზოგიერთი თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
- კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელიც განიხილებოდა განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში, უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევნებია. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თითქოს არარეფორმატორული გადაწყვეტილება მიიღო, როცა დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს წევრთა გამოცდების მოწყობას და არ გაითვალისწინა გამოცდების საჭიროება შესაბამის კანონპროექტში...
- ამ დისკუსიის მონაწილეთა არგუმენტებს მე ძალიან კარგად ვიცნობ და ყველას ვთხოვ, ნურავინ შეეცდება, დაყოს რეფორმატორები რაღაც ჯგუფებად და ერთმანეთს დაუპირისპიროს რეფორმის ინიციატორები.
ეს არ გამოვა და ტყუილად გაირჯებიან.
სასამართლო რეფორმა დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობა და ბოლომდე იქნება მიყვანილი.
იძულებული ვარ, განვმარტო პირადად ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევნებთან დაკავშირებით, თუ გნებავთ, გამოცდებთან დაკავშირებით, როგორც ამას ზოგიერთი მოითხოვს.
ნურავინ დაივიწყებს, რომ უზენაესი სასამართლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ფენომენია. მის განსაკუთრებულობას თვით კონსტიტუცია განსაზღვრავს, ქვეყნის ძირითადი კანონის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრი, თავმჯდომარის ჩათვლით, პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს თავად საქართველოს პრეზიდენტმა, სახელმწიფოს მეთაურმა, რომელსაც აქვს ყველა საშუალება, თუ გნებავთ, იმის პრეროგატივაც, რომ მოიწვიოს საუკეთესო, ყველაზე განსწავლული ექსპერტები - ჩვენი საკუთარი და, გნებავთ, უცხოელი ექსპერტებიც, და შექმნას მოქმედ მოსამართლეთა შერჩევის და კვალიფიკაციის დადასტურების იმგვარი სისტემა, რომელიც ნებისმიერ გამოცდაზე უფრო მკაცრი და გაცილებით უფრო სრულყოფილი იქნება.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო პროცედურა და შესაბამისი კანონი ითვალისწინებს მოსმენას საპარლამენტო კომიტეტებში და ღია მსჯელობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შესაძლოა, კომპეტენტურ ექსპერტთა თუ ყველა დაინტერესებულ პირის მოწვევით.
ასეთ პირობებში კიდევ დამატებითი გამოცდების გამართვა, მე მგონია, ელემენტარულად აზრს კარგავს.
აქედან გამომდინარე, კვლავ ვადასტურებ ჩემს პოზიციას, რომელიც აისახება შესაბამის კანონპროექტში, - უზენაესი სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას მყარი კონსტიტუციური გარანტიები სჭირდება და ასეთი გარანტიები უეჭველად შეიქმნება.
ხოლო, თუ ლაპარაკია კონკრეტულად დღეს მოქმედი უზენაესი სასამართლოს შემადგენლობასა და მის თავმჯდომარეზე, მე არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს რეპუტაცია, ავტორიტეტი, გადატანილი ურთულესი და უმძიმესი მოვლენების მიუხედავად, ზოგადად რომ შეიქმნა საერთო სასამართლოს სისტემაში, ეს ავტორიტეტი უდავოდ მაღალია და მოსახლეობაში სწორედ ასეთი სახელით სარგებლობს. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ამ შემადგენლობამ, რომლის ნაწილი უკვე წავიდა (უზენაეს სასამართლოში თითქმის 15 ვაკანსიაა), გაუძლო ყველა რეჟიმს, ყველა მთავრობას, ყველა წყობას, ჩვენ რომ გავიარეთ ამ ათი წლის განმავლობაში, და, ასე თუ ისე, შეინარჩუნა თავისი რეპუტაცია.
აქედან გამომდინარე, ქვეყნის სახელმწიფოებრივი სისტემის მდგრადობის შენარჩუნების საჭიროება გვიკარნახებს, გაწონასწორებული პოზიცია დავიკავოთ ამ საკითხში.
პრეზიდენტს რაიმე სხვა მოტივაცია არ შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ძალიან ბევრი არათუ ჩემი დანიშნული არ არის, არამედ ჩემი ოპონენტების და, ხშირ შემთხვევაში, შეურიგებელი მოწინააღმეგეების მოთხოვნით გახდნენ სასამართლოს წევრები, მაგრამ, რა ვუყოთ, ფაქტია...
მაგრამ ეს ვერ განსაზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მთავარია, ვიმეორებ, პროფესიონალიზმი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა.
გარდა ამისა, გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება: კანონპროექტით აღიარებულია, რომ აუცილებელია შეიქმნას საატესტაციო კომისია, რომელსაც თვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს და ამ საატესტაციო კომისიას გაივლის ყველა მოსამართლე. ეს შეიძლება შემდეგ პერიოდულად განახლდეს კიდეც. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ პრობლემას წყვეტს.
- გასულ კვირას, 14 აპრილი - ენის დღე აღინიშნა საქართველოში, გაიმართა ქართული ენის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ძირითადად მიეძღვნა კანონპროექტს „სახელმწიფო ენის შესახებ“, მომავალში, ალბათ, ამ კანონპროექტს პარლამენტშიც განიხილავენ.
- „სახელმწიფო ენის შესახებ“, კანონპროექტზე მუშაობა სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ პროცესში მონაწილეობენ უდიდესი ქართველი ენათმეცნიერები, მწერლები, ზოგადად ჰუმანიტარები. დარწმუნებული ვარ, ასეთი შემადგენლობის კომისია უეჭველად შეძლებს კარგი კანონპროექტის შემუშავებას. ძალიან აქტიურად მუშაობს ენის პალატა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ეპოქა, როდესაც გვქონდა დედაენის განვითარებისა და დაცვის ისეთი პირობები, როგორიც გვაქვს დღეს დამოუკიდებელ საქართველოში.
დედაენაზე ზრუნვა, უწინარესად, ახალგაზრდების ვალია, მინდა ამას ხაზი გავუსვა, საბედნიეროდ, იგი შესაბამისი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ დიდ ეროვნულ საქმეს. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ 14 აპრილი - ყოველი ჩვენგანისათვის დაუვიწყარი სიხარულის დღე - ახალგაზრდობამ გაზაფხულის შესანიშნავი ახალგაზრდული ღონისძიების - სტუდენტური დღეების დასაწყისად გამოაცხადა.
სწორედ ახალგაზრდობაშია ძალა და უკვდავება ქართული ენისა, იმავდროულად, დედაენის დღე ნიშნავს და გულისხმობს ზრუნვას საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის ენაზე, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, ისწავლოს მშობლიურ ენაზე. ეს პირობაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.
- სხვათა შორის, ეს ის სიტყვებია, თქვენ 21 წლის წინათ რომ წარმოთქვით სწორედ ქართული ენის დაცვისას, როცა მართლაც რეალური დაცვა სჭირდებოდა ქართულ ენას, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ერის ენის უფლება იქნება დაცული...
- მაშინ ძნელი დრო იყო და მართლაც დაცვა და გადარჩენა სჭირდებოდა მშობლიურ ენას. დღეს არავინ გვზღუდავს, ერთადერთი, ერთგვარი მატერიალური პრობლემებია - ფინანსური, რაც დროებითია და, როგორც ვთქვი, ჩვენ გვაქვს ყველა პირობა, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვიზრუნოთ ჩვენს მშობლიურ ენაზე, ასევე სხვა ხალხების ენებზეც.
დღევანდელ ინტერვიუში შეგნებულად ავუარე გვერდი საბიუჯეტო პრობლემებს, ეკონომიკურ სფეროს. შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო მინისტრი, მისი მოადგილე, მთელი სამუშაო ჯგუფი გვპირდებიან, რომ საბიუჯეტო შემოსავლის გეგმა უეჭველად შესრულდება, გადაჭარბებითაც, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემას, დავალიანების ყოველთვიურ შემცირებას.
შემდეგ ორშაბათს უკვე გვექნება საშუალება, ვილაპარაკოთ კონკრეტულ ციფრებზე, აგრეთვე, იმ ღონისძიებებზე, ხელისუფლება რომ ახორციელებს კორუფციის წინააღმდეგ.
- და კიდევ ერთი მომენტი იყო გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი - გაიმართა ფერმერთა და გლეხთა საკრედიტო კავშირის პირველი ყრილობა. თავისთავად ეს ამ ტიპის კავშირების აპრობირებული მეთოდია - ისინი არსებობენ სხვადასხვა ქვეყანაში და წარმატებასაც აღწევენ...
- ფერმერთა საკრედიტო კავშირების პირველი ყრილობა სოფლად თვისობრივად ახალი მოძრაობის წარმატებული დაწყების დადასტურებაა. ძალიან ბევრი არა, მაგრამ უკვე 14 ათასი მოქალაქეა გაერთიანებული ამ კავშირებში, რომელთაც სულ რაღაც ორი წლის ისტორია აქვთ. ყრილობამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ისევე, როგორც, ალბათ, ყველა დამსწრეზე. ახალი მოძრაობა ახალი თანამედროვე სოფლის მაუწყებელია. ტელემაყურებელს, რადიომსმენელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა ამ მოძრაობის ინიციატორებისა და ორგანიზატორებისათვის. ეს ახალი ხალხია, მე მათ დიდი ყურადღებით ვუსმენდი, როგორც მოხსენებას, ასევე გამოსვლებს. ისინი ახლებურად მოაზროვნე, ახალი დროების მაუწყებელნი არიან, თუ გნებავთ, ჩვენს სახელმწიფოში.
გზა დავულოცოთ მათ, როგორც დოვლათისა და სიმდიდრის მომტანთ საქართველოში და, როგორც მომავლის ადამიანებს.
- დაბოლოს, ამ კვირაში თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით, სადაც ნატოს 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. იქ თქვენ სხვა შეხვედრებიც გაქვთ. როგორც ვიცით, ვიზიტის ბოლო დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობის წინ საქართველოს დროშა უნდა აღიმართოს და საზეიმო ცერემონია უნდა გაიმართოს...
- ეს მისია განსაკუთრებულია. ნატოს 50 წლისთავის გარდა, დაგეგმილია მრავალი შეხვედრა, კერძოდ, პოლიტიკურ და საქმიან წრეებთან, სავალუტო ფონდთან, ამერიკის შეერთებულ შტატების მაღალი რანგის მოღვაწეებთან. ჯერჯერობით ყველას არ ჩამოვთვლი, რადგან ეს ყველაფერი ზუსტდება, ზუსტდება დრო, თარიღი, საათები, ადგილი და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა მღელვარებით ველოდები სტრასბურგის შეხვედრებს, საქართველოს დროშის აღმართვას ევროსაბჭოს შენობის წინ. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი იმ მრავალწლიანი ერთობლივი საქმიანობის დაგვირგვინება, რომელმაც ევროსაბჭოს წევრობამდე მიგვიყვანა.
საქინფორმი.
„ნავთობსადენს კასპიიდან შავ ზღვამდე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრატეგიული დანიშნულება აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და ამ რეგიონში მოქმედი სხვა სახელმწიფოებისთვისაც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 აპრილი. - №102 (3143). - 1,2 გვ.
![]() |
50 პირველი ნაბიჯი გრანდიოზული პროექტის განხორციელების გზაზე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საზეიმო გახსნაზე 1999 წლის 17 აპრილს
თქვენო აღმატებულებავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტო, პატივცემულო ჰეიდარ ალის ძევ,
თქვენო აღმატებულებავ უკრაინის პრეზიდენტო, პატივცემულო ლეონიდ დანილის ძევ,
ძვირფასო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ბედნიერი ვარ, რომ დღეს, ჩემი სამშობლოსათვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართულ მიწაზე ვმასპინძლობ ჩემს პატივცემულ კოლეგებს - მეგობარი ქვეყნებისა და მოძმე ხალხების ლიდერებს.
დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩემი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყების მაუწყებელი გახდება.
რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყება პირველი ტანკერის შევსება ნავთობით, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის შრომითი გენიით არის მოპოვებული.
ტანკერი აიღებს კურსს დასავლეთისაკენ - უკრაინის, თურქეთისა და მთელი ევროპისაკენ, რომელსაც ასწლეულების მანძილზე იმედით შეჰყურებდნენ ჩვენი წინაპრები.
ეს არის პირველი ნაბიჯი გრანდიოზული პროექტის განხორციელების გზაზე, რომლის კონტურები გამოიკვეთა უმალვე, როგორც კი ჩვენმა ქვეყნებმა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ბაქოს სამიტზე ეს კეთილშობილური იდეა, შეიძლება ითქვას, გეოპოლიტიკური დოქტრინის სახით გაფორმდა. იგი ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოუტანს ხალხებს, რომლებიც მის განხორციელებაში მონაწილეობდნენ.
დიახ ეს იდეა კეთილშობილურია, ვინაიდან კეთილშობილურია ყველაფერი, რაც პროგრესს, მშვიდობის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ, ევრაზიის დერეფნის კონცეფცია, თავისი არსით, განსაზღვრით არ შეიძლება მიმართული იყოს რომელიმე ქვეყნის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ.
ვსარგებლობ შემთხვევით და ჩვენ კვლავ მოუწოდებთ ყველას, შეძლებისდაგვარი წვლილი შეიტანონ კონტინენტების, სახელმწიფოებისა და დამოუკიდებელი ერების შემაერთებელი ხიდის მშენებლობაში, დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებაში.
ამ ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დღეს სწორედ აქ, შავი ზღვის სანაპიროზე პატარა ქართულ სოფელთან აშენდა.
საქართველო ბაქო-სუფსის პროექტს განიხილავს არა მარტო და არა იმდენად ეკონომიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით (თუმცა, იგი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილსა და მრავალმილიონიან ინვესტიციებს), რამდენადაც იგი არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც ფართო რეგიონული კორპორაციისა და თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითი, რაც პროექტის განხორციელების დროს გამოვლინდა.
საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომლის მოპოვება რეალური ხდება, მოითხოვდა, როგორც დიპლომატიურ ნიჭსა და ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ნებას, ასევე საზოგადოების მიერ თავის მრავალწლოვან და მრავალსაუკუნოვან მისწრაფებათა ნათლად გაცნობიერებას.
მინდა გულწრფელი და გულითადი მადლობა მოვახსენო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალის ძე ალიევს, რომლის სიბრძნემ, გაბედულებამ და სიმტკიცემ დიდწილად განსაზღვრა პროექტის წარმატებული განხორციელება. ასევე დიდია ჩვენი მადლიერებისა და მადლობის გრძნობები უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ დანილის ძე კუჩმასადმი.
თქვენი დიდი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში შეუძლებელი გახდებოდა ნებისმიერი, რამდენადმე მნიშვნელოვანი პროექტის ხორცშესხმა.
განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ თურქეთის პრეზიდენტს ბატონ სულეიმან დემირელს. დარწმუნებული ვარ მალე აღვნიშნავთ ევრაზიის ხიდის კიდევ ერთი უდიდესი პროექტის წარმატებით განხორციელებას - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის რესპუბლიკის ინტეგრაციას შამი ზღვის - კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთიან სისტემაში.
მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს და ყოველმხრივ მივესალმები დემოკრატიულ ერთა ამ მძლავრი გაერთიანების გაფართოებას აღმოსავლეთისაკენ, რომელიც საბოლოოდ გაათავისუფლებს ხალხებს ტოტალიტალური წარსულის მემკვიდრეობისაგან.
და, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ნავთობკომპანიებს, აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის დამაარსებლებს, აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტს, რომლებიც უშუალოდ ირჯებოდნენ, რათა განხორციელებულიყო არა მხოლოდ ქაღალდზე ან პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა გონებასა და გულში არსებული პროექტი.
ამ თვალსაზრისით სავსებით გაამართლა ჩვენი იმედები საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კომპანიის შექმნამ, რომლის ხელმძღვანელობა ასევე იმსახურებს ქვეყნის პრეზიდდენტისა და ხალხის ყოველგვარ ქებას გულმოდგინებისა და მიღწეული შედეგებისათვის.
ჩემს მოვალეობად მიმაჩნია განსაკუთრებით გამოვყო როლი აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პირველი პრეზიდენტის ბატონ ტერი ადამსისა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა არა მარტო თავად ნავთობსადენის მშენებლობაში, ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის მარშრუტის განსაზღვრაშიც.
მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებას ბატონი ტერი ადამსისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ იმ კეთილშობილური ძალისხმევისათვის, რომელიც მან მოახმარა დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო პროექტის განხორციელებას.
დაე, ეს თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითები იყოს კიდევ ერთი შუქურა თავისუფალი ხალხებისათვის.
მადლობას მოვახსენებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს, რომელმაც გულთბილი დეპეშა გამოგვიგზავნა. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანიც, საქართველოც და უკრაინაც, ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტები და ხალხები.
უნდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, აქ დამსწრე სტუმრებმა, მათ შორის, ბატონმა მორნინგსტარმაც და ბევრმა სხვა ჩვენმა კოლეგამაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო, რათა მარშრუტი განსაზღვრულიყო.
მადლობის სიტყვებით მივმართავ ყველა პრეზიდენტს, რომლებმაც გულთბილი დეპეშები გამოგზავნეს, ყოველივე საუკეთესო უსურვეს ჩვენს ხალხს. ესენი არიან თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას პრეზიდენტები. ბევრი სხვა ქვეყნის ხელმძღვანელები. გულთბილი მადლობა მათ.
ჩვენი კავშირის, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანების წარმატებანი მთელი მსოფლიოს წინაშე ადასტურებს, რომ ახალ პირობებში, ახალ მსოფლიოში, რომელიც ცივი ომის დამთავრებისა და ტოტალიტარიზმის მსხვრევის შემდეგ წარმოიშვა, მომავალ, ახალ, ოცდამეერთე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში მშვიდობიან თანაარსებობას და ხალხთა ძმობას, აღმშენებლობითი ძალების გაერთიანებას ალტერნატივა არ ექნება.
დიდი მადლობა თქვენ.
ასევე მინდა მადლობა მოვახსენო მთელი რეგიონის - სამეგრელოს, გურიის, აჭარის მცხოვრებლებს. აქ გვესწრებიან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები. მადლობას მოვახსენებ მშენებლებს, მემონტაჟეებს მათი გმირული შრომისათვის. სამშობლო თქვენი დიდად მადლიერია და თქვენი შრომა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით აღინიშნება.
გისურვებთ წარმატებებს, აყვავებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თქვენს ქვეყნებს, ძვირფასო ჩემო მეგობრებო!
პირველი ნაბიჯი გრანდიოზული პროექტის განხორციელების გზაზე : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საზეიმო გახსნაზე 1999 წლის 17 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 აპრილი. - №102 (3143). - 3 გვ.
![]() |
51 წერილი მეგობრებს |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „ნოვიე იზვესტიას“ მთავარ რედაქტორს ბატონ იგორ გოლემბიოვსკის
პატივცემულო იგორ ნესტორის ძევ!
უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ და, რა თქმა უნდა, დიდად პატივცემულ ავტორებს მიმდინარე წლის 3 მარტს „ნოვიე იზვესტიაში“ გამოქვეყნებული წერილისათვის.
ვწუხვარ, რომ მთელ რიგ გარემოებათა გამო ვერ მოვასწარი მაშინვე გამოვხმაურებოდი ამ მეგობრულ და ჩვენთვის მნიშვნელოვან აქტს.
თუ მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევთ ჩემი გამოხმაურების გამოქვეყნებას, დიდად მადლიერი დაგრჩებით.
ჩემი გამოხმაურება რუსული კულტურის ოსტატთა წერილზე „ვინ ძერწავს შევარდნაძისაგან „მტრის ხატს“ ეკუთვნის არა მარტო მათ, არამედ საქართველოს ყველა მეგობარს, რომელთა რიცხვი, ვიმედოვნებ, არ მოგვკლებია განვლილი ძნელბედობის ჟამს. ვფიქრობ, რუსეთში ახსოვთ პოეტის სიტყვები, რომელიც საქართველოს რუსული მუზის მეორე აკვანს უწოდებს.
მაგრამ, როგორც ამბობენ, მუზები დუმან, როცა ზარბაზნები გრიალებენ, ჩვენ შემთხვევაში კი „დეზინფორმაციის ზარბაზნები“, რომლებმაც მარჯვედ აირჩიეს სამიზნედ „შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმი“.
როგორც ცნობილია, სიტყვის თავისუფლებით ხშირად ინიღბება უკეთური ძალა. მაგრამ მე არც მიძებნია და არც მითხოვია პრესის დემარშებისაგან დაცვა. ნებისმიერი ხელმძღვანელი მზად უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მკაცრი რენტგენისათვის. საქართველოში გამომავალი 200 გაზეთიდან ყველა როდი მწყალობს, მაგრამ არა უშავს - ვუძლებ, ვუმკლავდები, რადგან ასეთია დემოკრატიის კანონი, რომელსაც თავადვე ვამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, არსებობს ერთი დიდი საშიშროება, რომელიც თანაბრად უქმნის საფრთხეს იმავე დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოშიც და რუსეთშიც, როცა „მტრის ხატს“ ძერწავს ამა თუ იმ ეროვნული ლიდერისაგან (აქ მე მარტო არა ვარ), ხალხებისაგანაც კი. ასეთმა ვაი-მოქანდაკეებმა მხოლოდ იმას შეიძლება მიაღწიონ, რომ თავგზა აუბნიონ საკუთარ ხალხს, მთლიანად დაუკარგონ სწორი წარმოდგენა მტერ-მოყვარეზე, გზისა და ჭეშმარიტი ეროვნული სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების არჩევაზე. გარდა ამისა, მეზობელ სახელმწიფოებში საქმის ვითარების ნამდვილი სურათის შეგნებული დამახინჯება და იქ მიმდინარე პოზიტიური პროცესების განზრახ მიფუჩეჩება წარმოშობს მცდარ განწყობას და მიზნებს, რომლებიც ზემოქმედებს რეალურ პოლიტიკაზე.
მაგრამ თურმე მუზები მაინც არ დუმან, როცა გრიალებენ დეზინფორმაციის ზარბაზნები. გამოგიტყდებით, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ბოლო წლებისათვის ჩვეულ ინფორმაციულ გნიასში გაისმა რუსული კულტურის მოღვაწეთა ფხიზელი ხმა. ამ კეთილ აქციას უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში, და, ალბათ, გარკვეული თერაპიული ეფექტი გამოიწვია იმათ წრეებში, ვისაც ხელი დარია სიცრუისა და ღვარძლის ვირუსმა, იქნებიან ისინი „მოუხელთებელი“ ტერორისტი, „ხვალინდელი“ პრესის ფავორიტი, შეკვეთილი „ქართველმცოდნეობის“ სპეცები, თუ გადახვეწილი ფსევდო პოლიტოლოგები.
ვფიქრობ, როგორც თქვენი, ისე ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა თავიანთი საქმიანობა წარმართონ მეტი პასუხისმგებლობით, სიდარბაისლით, მეტი ობიექტურობითა და ტაქტით, ანუ იმოქმედონ, ერთი სიტყვით რომ განვსაზღვროთ - კულტურულად. ეს ორიენტირი თუ არ ექნა, საზოგადოებას გზა დაებნევა, რადგან წინასწარ აირჩევს მცდარ „ტოპოგრაფიას“.
თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ მიმართვის ავტორთა მოწოდებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყველა ხელმძღვანელი შეისმენს და გაგვაცნობენ, ვთქვათ, ოთარ იოსელიანის, ან რეზო გაბრიაძის აზრებს ჩვენი ამა თუ იმ საზრუნავის შესახებ. სხვათა შორის, ეჭვი არ მეპარება, რომ რწმენით, გულწრფელობისა და საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტთა წყალობით თქვენი ლაკონური, მაგრამ დიდმნიშვნელოვანი წერილი მაინც გადაწონის ათობით პუბლიკაციას, რომელიც დაიწერა გულფიცხობის, ან ვიღაცის ბოროტი ნების კარნახით.
გმადლობთ!
ედუარდ შევარდნაძე.
წერილი მეგობრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 აპრილი. - №103 (3144). - 1,2 გვ.
![]() |
52 საქართველო და ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე |
▲ზევით დაბრუნება |
საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან
იაპონიაში ვიზიტის პირველსავე დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ამ ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა იოსანომ ედუარდ შევარდნაძეს უთხრა: - თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენი მოხსენების მოსასმენად ათიოდე წლის წინათ ვლადივოსტოკში, როგორც პარლამენტის დეპუტატი, საგანგებოდ ჩამოვედი.
პრეზიდენტმა დაუდასტურა ეს ფაქტი - ვლადივოსტოკში მოხსენება მართლაც ჰქონდა წაკითხული. რა მოხსენებაზეა ლაპარაკი? რა მოხდა მაშინ ვლადივოსტოკში?
ეს „მცირე ინტრიგა“ გაშიფვრას მოითხოვდა, და ერთ მშვენიერ დილას, ანუ 1999 წლის 6 მარტს, როდესაც მოულოდნელად რამდენიმე თავისუფალი წუთი აღმოაჩნდა პრეზიდენტს, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების პროფესიულმა მოთხოვნილებამ გადალახა მორიდების ბარიერები.
- რას გულისხმობდა თქვენი სტუმარი, ბატონო პრეზიდენტო?
- დაგეგმილი იყო ჩემი ვიზიტი იაპონიაში (მაშინ ედუარდ შევარდნაძე ყოფილი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. - ა.ს.) ამ ვიზიტს მივუსადაგეთ სამეცნიერო ფორუმის მოწყობა ვლადივოსტოკში.
აქ მართლაც წავიკითხე მოხსენება ერთიანი ევრაზიული სივრცის პერსპექტივაზე, და სწორედ ამ მოხსენებას გულისხმობდა მინისტრი.
ასე თქვა ედუარდ შევარდნაძემ...
და აქვე შეიძლებოდა წერტილის დასმა: იყო შეკითხვა და იყო პასუხი - ამომწურავი და სავსებით დამაკმაყოფილებელი.
მაგრამ ნუ ვიჩქარებთ ამ მარტივი საქმის ქმნას.
ჟურნალისტიკაში კარგად არის ცნობილი, რომ ინტერვიუ ზვავის პრინციპით „კეთდება“, ზოგჯერ მთის წვერიდან დაგორებული ერთი გუნდაც - ერთი, დროზე თქმული წინადადებაც საკმარისია „მთვლემარე თემების“ გასაღვიძებლად, ასატაცებლად მოსაუბრეთა და არამც და არამც მეწყერივით ცოცხლად დასამარხად (ტიციან ტაბიძე).
ყველაფერი ბუნებრივად ხდება, დაუძალებლად, მთავარია - ის პირველი წამი არ გამოგრჩეს.
იმაზეც ბევრია დამოკიდებული, საერთოდ რა ურთიერთობა აქვს რესპოდენტს ჟურნალისტთა ამქართან.
ამ წინაპირობათა ერთობლიობის საფუძველზე ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან მოულოდნელის ახდენის ლოგიკით განვითარდა:
- ბატონო პრეზიდენტო, ერთხელ, შემოდგომაზე სოლიკო ხაბეიშვილმა თქვენი გამოგზავნილი წერილი ამოუტანა შატილიონებს შატილობა დღეს. წაუკითხა შეკრებილთ და მერე, ვიწრო წრეში თქვა (მაშინ პირველად გავიგე), რომ თქვენ პოლიტიკოსის გზას რომ არ დადგომოდით, ჟურნალისტიკას მიუძღვნიდით ცხოვრებას, თქვენს გატაცებას, ეგრეა?
- ეგრეა. ახლაც იმავეს გავიმეორებ: ძალიან მშურს ჟურნალისტებისა.
მაგრამ ამას დღეს არაფერი ეშველება: პოლიტიკას რომ თავი დაანებო ჟურნალისტიკაში უკვე აღარ მიგიღებენ (იცინის).
როცა ვკითხულობ, ძირითადად, რა თქმა უნდა, ქართულ პრესაზე მაქვს ლაპარაკი, ხშირად ვფიქრობ ხოლმე - მე როგორ დავწერდი ამას?.. და ხშირად აღმომიჩენია, რომ, იქნებ, ცოტა უკეთ შევძლებდი დაწერას. (გულიანად იცინის, და პაუზის შემდეგ: - ეს თქვენს გაზეთს არ ეხება, - ამბობს ანუ, კარგა გვარიან კრიტიკულ მუხტს რომ იგრძნობ).
- თქვენ ერთხელ თქვით, რომ გეამაყებათ იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, სადაც „პერესტროიკა“ თავისუფალი ჟურნალისტიკა რეალობაა. მაგრამ ისტორიული რეალობაა ისიც (და ამას ჩემი თაობის ჟურნალისტები დამიდასტურებენ), რომ პრესაში აზრის თავისუფლებას (თეატრშიც, კინოშიც, ლიტერატურაშიც...) თქვენ ჯერ კიდევ მაშინ აძლევდით ასპარეზს, როდესაც ამას შეიძლებოდა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თქვენთვის, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელისათვის, არასასურველი შედეგები ჰქონოდა. კრიტიკული პათოსი, უმწვავესი, პრობლემური პუბლიკაციები პრესაში, ტელევიზიით პირადად თქვენგან იყო სტიმულირებული, და მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში უნიკალურ მოვლენად ითვლებოდა.
ესე იგი კრიტიკა თქვენი მოღვაწეობის ორგანული შემადგენელი ნაწილია, მაგრამ... დღევანდელი „უსაზღვრო“კრიტიკა გულს არ გტკენთ, ბატონო ედუარდ?
- მე მართლაც ვთქვი, რომ მეამაყება იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, სადაც თავისუფალი პრესა არის, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ მეამაყება იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, სადაც ყველაფრის წერა შეიძლება.
მაგრამ ის, რაც მოპოვებული გვაქვს, მაინც დიდი მიღწევაა - ყველაფერი დადუღდება და საბოლოოდ ჩვენი პრესა, ტელევიზია ჩამოყალიბდება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. მე ასე მჯერა.
სხვათა, შორის, ხშირად ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ ჟურნალისტები სენსაციებს დასდევენ, არამედ იმისიც, რომ ცხოვრება აიძულებთ. გაზეთების, ტელევიზიის მატერიალურ-ფინანსური ბაზა ძალიან მწირია. იძულებული არიან ხანდახან „ინადირონ“ ისეთ თემებზე, რომლებიც იმდენად სერიოზული მკითხველისთვის კი არ არის გათვალისწინებული, რამდენადაც ობივატელის ყურადღების მისაპყრობად - ცოტა იაფფასიანი, სენსაციური, ხშირად ჭორებზე აგებული მასალები გამოაქვეყნონ.
მაგრამ ეს დროის ამბავია. დრომ მოიტანა. ალბათ, ორი-სამი წლიწადი კიდევ არის საჭირო, რომ ქართული პრესა ტრადიციებისა და თანამედროვე სტანდარტების საფუძველზე დაიხვეწოს.
- ჩვენ, ჟურნალისტები კრიტიკას მტკივნეულად განვიცდით... თქვენ როგორ ერევით საკუთარ თავს, როდესაც წაიკითხავთ აბსოლუტურად უმართებულო (ძალიან რბილად რომ ვთქვა) კრიტიკას, გამოხდომებს, და, არც თუ იშვიათად, ცილისწამებას თქვენს მიმართ?
- ინტუიციით ვგრძნობ ასეთ წერილებს, გაზეთს რომ გადავფურცლავ. ყველაზე მეტად ის მშველის, რომ თავს ვიკავებ, არ წავიკითხავ. მერე უფრო დამშვიდებულ, დაწყნარებულ ხასიათზე გავეცნობი ხოლმე.
ბევრი მასალა, რომელიც ქვეყნდება, არც იმსახურებს იმას, რომ სერიოზული რეაგირება მოჰყვეს. ბევრი ისეთია, რომელზეც ძველად კომუნისტები ამბობდნენ (თუ არ ვცდები, სტალინის გამოთქმა იყო) - ხუთი პროცენტიც თუ არის გამოთქმულ კრიტიკაში სიმართლე, მაინც მისაღებიაო, თუმცა თვითონ მას გაუბედავდი და... იცით რაც მოჰყვებოდა.
- ერთი პერიოდი იყო, ბატონო ედუარდ, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდით, რომ თქვენს მაღალ ავტორიტეტს იმ სახელს უკავშირებდნენ, რომელიც „პერესტროიკით“, მსოფლიოს შეცვლით მოიპოვეთ; უფრო წარსულზე აქცენტირებით ლაპარაკობდნენ.
მაგრამ „პერესტროიკა“ გორბაჩოვის საქმეც იყო და გორბაჩოვი დაავიწყდათ, შევარდნაძე - არა. პირიქით, სულ ახალი და ახალი იმპულსები მოდის.
უხერხულია, თქვენ რომ ამას გეკითხებით, მაგრამ აბა სხვა ვინ ახსნის ამ ფენომენს?
- ჯერ ერთი, ალბათ, იმ წლებშიც იყო გარკვეული ნიუანსები, რომლებითაც მე და გორბაჩოვი განვსხვავდებოდით ერთმანეთისაგან. მაგრამ ჩვენ მაინც თანამოაზრენი ვიყავით და ეს იყო მთავარი მახასიათებელი.
ჩვენ განგვასხვავებდა ისეთი ნიუანსები, რომლებიც დამახასიათებელია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისათვის - მე უფრო მგრძნობიარე ვიყავი სხვა ხალხების, სხვა ერებისა და იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც მათ აწუხებდათ.
ეს ერთი.
მაგრამ, შეიძლება, ეს არ იყო განმსაზღვრელი. პოლიტიკოსებს საკმაოდ სწრაფად ივიწყდებენ, როდესაც ისინი ასპარეზიდან მიდიან, თუ ისინი რჩებიან ასპარეზზე, მაშინ მათი წარსულიც უფრო აქტიურად ტრიალებს ადამიანების ცნობიერებაში, საზოგადოების მხედველობის არეში.
თქვენ მოწმე ხართ, აქ, იაპონიაში რამდენი საერთო მეგობარი შემხვდა, იხსენებდნენ ჩვენს შეხვედრებს, საუბრებს, მსჯელობას, თუნდაც კუნძულებთან დაკავშირებულ დიალოგებს და სხვა და სხვა.
მე რომ არ ვიყო პრეზიდენტი და პენსიაზე გასული პოლიტიკოსი ვიყო, მაშინ ერთეულები თუ შემხვდებოდნენ, გაიხსენებდნენ, ან არ გაიხსენებდნენ წარსულს. რახან პრეზიდენტი ხარ, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში იმყოფები და შენს ბიოგრაფიასაც არ ივიწყებენ.
მე მგონი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებრივმა აზრმა დაივიწყოს ადამიანი, რომელსაც რაიმე სასიკეთო საქმე გაუკეთებია.
სხვათა შორის, არც გორბაჩოვს ივიწყებენ, თუ არ იხსენებენ, ისევ - რუსეთში, დასავლეთში კი ძალიან პოპულარულია. დასავლეთში კარგად ესმით, რომ თუ არა „პერესტროიკა“, ამდენი ცვლილება მსოფლიოში არ მოხდებოდა.
- ალათ, ისიც, ბატონო ედუარდ, მე ვაგრძელებ თქვენს აზრს, რომ ის იდეები, რომლებიც „პერესტროიკაში“ იყო ჩადებული, თქვენ რეალობად აქციეთ მსოფლიო ასპარეზზეც და საქართველოშიც. გორბაჩოვი კი მაინც ამ იდეების სათავეებთან დარჩა. მსოფლიო კი შედეგს აფასებს, შედეგს და პერსპექტივას... ასე არ არის?
- აქ ერთი თავისებურება არის, რომელიც გასათვალისწინებელია.
გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ „პერესტროიკა“, მისი ძირითადი ელემენტები საქართველოში დაიწყო: აზრის გამოთქმის, შემოქმედების თავისუფლება, ის, რასაც მერე „პერესტროიკის“ დროს საჯაროობის შესახებ ვქადაგებდით, საბაზრო ეკონომიკის ელემენტები, რომლებიც ფოთში, აბაშაში, შემდეგ მთელს საქართველოში გავრცელდა, და ბევრი სხვაც. მაგალითად, ერთ-ერთ პარტიულ ყრილობაზე მე პირველად ვიხმარე ცნება - ეროვნული ენერგია. მაგრამ ეს ასე „შიშვლად“ რომ გეთქვა, იცით, რაც მოჰყვებოდა. ამიტომ ისეთ ფორმულლაში მოვაქციე, რომლის გამო ძნელი იქნებოდა შემოდავება. მე ვთქვი: კომუნისტებმა ეროვნული ენერგია, რომელიც შეიძლება აღმაშენებელიც იყოს და დამანგრეველიც, სოციალიზმის სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ, ის, რომ შევნიშნე ეს უზარმაზარი ეროვნული ენერგია, თვისთავად აღმოჩენა იყო, რომელიც ვერც სტავროპოლის მხრიდან წამოვიდოდა და ვერც სხვა მხრიდან...
თუნდაც კულტურისადმი დამოკიდებულება. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ სწორედ მაშინ საქართველოს ოაზისს უწოდებდნენ ცნობილი მოღვაწეები, კინემატოგრაფისტები რეჟისორები, მსახიობები, სხვები.
ამაში იყო ჩვენი განსხვავებული მიდგომა მთავარი პრინციპებისადმი: გორბაჩოვს ცოტა სხვანაირად ესმოდა ეს პრინციპები, თუნდაც ეროვნული პრობლემები.
ჩვენს შორის ის განსხვავებაც იყო, რომ გორბაჩოვი შინაგნად ვერ ეგუებოდა და ვერც შეეგუა იმას, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. მართალია, მაშინ მე ამას ვერავის ვეტყოდი, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, ჩემთვის უფრო იოლი წარმოსადგენი იყო, რომ ეს სახელმწიფო დიდხანს ვერ იარსებებდა.
ასეთი განსხვავება იყო ჩვენს შორის და არის კიდეც.
აქ საუბარში ერთვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
- ჩემი აზრით, - თქვა ირაკლი მენაღარიშვილმა, - ერთი მომენტიც არის მნიშვნელოვანი. „პერესტროიკას“ ჰქონდა ორი ასპექტი: სახელმწიფოს შიგნით მიმართული და ცვლილებები მსოფლიო ასპარეზზე. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელმა, ცივი ომის დამთვრებამ თვალნათლივი და სრულიად პოზიტიური დინამიკა დაანახა მსოფლიოს. ეს, უდავოდ, დაკავშირებული იყო მაშინდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ კურსს განახორციელებდნენ. შიდა ცვლილებები, მათი პროგრესულობის მიუხედავად, ბევრ ტკივილს იწვევდა და ბევრი პოლიტიკური ძალის ინტერესებს დაუპირისპირდა. ამიტომ ისინი, ვინც ქვეყნის შიდა გარდაქმნის საკითხებზე აგებდნენ პასუხს, უფრო კრიტიკულნი არიან გორბაჩოვისადმი, ვისი სახელიც ამ მიმართულებას უკავშირდება. მეორე ცვლილება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მოხდა მსოფლიო განზომილებით, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პოზიტიური შედეგით დამთავრდა, და, არც დარჩენილა მსოფლიოს ყურადღების მიღმა.
ის, რომ ცვლილებათაგან ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა რუსეთში, ეს წარმოშობს გაღიზიანებას, დაპირისპირებას იგივე გორბაჩოვის მიმართ იმავე რუსეთში.
ხოლო ის, რაც შევარდნაძემ გააკეთა მსოფლიოსათვის, მსოფლიო თანამეგობრობას ხელის გულზე უდევს.
- ბატონო ედუარდ, სულ ახლახან თქვენ განაცხადეთ: მე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევას მოჰყვაო. რას ნიშნავს ეს „პასუხისმგებლობა?“ თქვენ რამეთი ხართ უკმაყოფილო? მე მგონი, გაკეთდა უზარმაზარი საქმე და თუ რუსეთში ვერ აეწყო, ეს რუსეთის პრობლემაა.
- როდესაც პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს შედეგი: მაშინდელ ხელმძღვანელობას, ჩემი ჩათვლით, შეეძლო ისე წარემართა გარდაქმნის პროცესი, რომ უფრო თანამიმდევრული ყოფილიყო გადასვლა ახალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა შექმნაზე, თანამიმდევრული და არა ისეთი უმართავი, მტკივნეული, როგორიც პუტჩის შემდგომ პერიოდში.
1988-89 წლებში უკვე დაწყებული იყო მოძრაობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოშიც, სხვაგანაც. მაშინ ხელმძღვანელობა თავის სიმაღლეზე რომ აღმოჩენილიყო, შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაედგა. მე მახსოვს, მაგალითად, ბალტიისპირელები კონფედერაციის ელემენტების შემოტანას ითხოვდნენ. ეს შემოთავაზება რომ მიეღოთ, მაშინ ვილნიუსის ტრაგედია არ მოხდებოდა, დამოუკიდებლობას კი ყველა სახელმწიფო მიიღებდა.
აი, ამ მხრივ ვამბობ, რომ ეს პროცესი შეიძლებოდა უფრო მართვადი ყოფილიყო, ნაკლებად მტკივნეული, ვიდრე სტიქიური გადასვლა დამოუკიდებლობაზე.
ისე, შედარებით თუ ვილაპარაკებთ, ეს მაინც უსისხლო რევოლუცია იყო...
* * *
საუბარში დრო ისე გასულიყო, რომ იაპონური პრესის ელიტასთნ პრეზიდენტ შევარდნაძის საუბრის დაწყების გრაფიკი სერიოზულად დარღვეულიყო. შიდაქართული ინტრევიუ, გინდა არ გინდა, აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ...
- მინდა გავაგრძელოთ, - თქვა პრეზიდენტმა.
ეს მერე იყო ხვალ, 7 მარტს, კიოტოდან ტოკიოში ექსპრესმატარებლით „ნოზომი“ №20 დაბრუნების დროს.
* * *
მაშ ასე, 7 მარტი, კვირა, ექსპრესმატარებლით „ნოზომი“ №20“.
წვიმიანი კიოტო. ოქროს ტაძარი და დრაკონის სიმშვიდის ტაძარი, ჩაის ტრადიციული წესით მომზადების სკოლა „ურასენკე“, ხელნაკეთობათა ცენტრი, ოფიციალური სადილი „სინ-მიაკო სოტერუში“, საუბრები კიოტოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან... ყველა ეს ღონისძიება, პრეზიდენტის კორტეჟის გადაადგილების ჩათვლით, - დილის 10-დან ნაშუადღევის სამ საათამდე დაპრესილი. მარტო ეს რამდენიმე საათიც კი, როდესაც ყურადღების ცენტრში იმყოფები და შენს ნებისმიერ სიტყვას, ჟესტსა და გამოხედვას კონტროლი უნდა გაუწიო, რადგან საერთოდაც, და აქ - ურთიერთობათა დეტალიზაციის ამ ქვეყანაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ადამიანის ფიზიკური და გონებრივი რესურსების სრულ მობილიზებას, მოითხოვს ტრენინგს წლების განმავლობაში.
შევარდნაძესაც კი, რომელიც ყოველთვის „ფორმაშია“, სჭირდება დასვენება.
მაგრამ „ერთხელ მდინარეც შეისვენებსო“, მხოლოდ თეორიული პოსტულატია.
პრაქტიკულად - ისეთი რეჟიმით მუშაობს, რომელშიც „თავისუფალი დრო“ ვერ ეწერება. თქვენ, რა თქმა უნდა, მიხვდით, რომ მატარებელში, სადაც შეიძლება, ასე თუ ისე, დაისვენო, ედუარდ შევარდნაძე მუშაობს.
და ისეთი დეტალიც კი ახსოვს, გუშინდელი საუბრის დასასრულს რომ თქვა: - შემდეგ გავნაგრძოთო.
მეძახიან, საუბარი გრძელდება.
ბატონო ედუარდ, „პერესტროიკის“ ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რომ შეიქმნა ღერძი - ვაშინგტონი-დასავლეთ ევროპის დედაქალაქები-მოსკოვი-ტოკიო, რომელმაც ახალი განზომილებისაკენ შემოატრიალა მსოფლიო.
რა თქმა უნდა, ეს ღერძი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე გადიოდა, მაგრამ - არა მარტო. ყველაფრიდან ჩანს, რომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პიროვნებათა როლს (ბუში, შულცი, ბეიკერი, დიუმა, გენშერი, შევარდნაძე, ნაკაიამა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს ღერძი თბილისზე გადის და საქართველოს ახალი ფუნქციის დამადასტურებელი ფაქტორი ხდება. ამ თემას შემოგთავაზებდით ბატონო პრეზიდენტო.
- მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ, ერთის მხრივ, ეპოქა ქმნის, ვთქვათ ასეთნაირად, - წინამძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც წარმართავენ პოლიტიკას, რომლებიც აყალიბებენ ახალ კურსს - მაშინ ამას ჩვენ ვუწოდებდით ახალ აზროვნებას.
მეორე მხრივ, ამ ტიპის ადამიანები, რომლებიც გრძნობენ ეპოქის მოახლოებას, თვითონ ქმნიან ეპოქას. თქვენს მიერ ჩამოთვლილთა სია სრული არ არის: რეიგანი, კოლი, ტეტჩერი, მიტერანი და სხვები ის ადამიანები არიან, რომლებმაც შექმნეს ეპოქა, მაგრამ, რომლებიც, ამავე დროს, თვით ეპოქამ წარმოშვა. ისინი დარწმუნდნენ, რომ უწინდებურად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, მოსაძებნია გზა და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. მთავარი პრობლემა იყო არა მარტო წინააღმდეგობის, არამედ დაპირისპირების, მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაძლევა, გამალებული შეიარაღების შეწყვეტა და ახალი ურთიერთნდობის დამკვიდრება.
მე თავიდანვე იმ პოზიციაზე ვიდექი, რომ თუ რაიმე მეთოდი, პრინციპი უნდა არსებობდეს ამ შემთხვევისათვის, იგი ადამიანებს შორის ურთიერთობაში უნდა გამოიხატოს. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ პოლიტიკოსებს შორის არ არის ნდობა პოლიტიკა არ შეიცვლება.
ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა დამახსომდა ბუშისა და გორბაჩოვის მალტაზე ისტორიული შეხვედრის დროს თქმული.
ქარიშხლიანი დღე იყო და ძლივს გამოაღწიეს ჩვენს დიდ გემზე ამერიკელებმა, რომლებიც კრეისერით ჩამოვიდნენ მალტაში. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. სხვათა შორის, ეს შეხვედრა შემობრუნების ერთ-ერთი მიჯნა იყო.
გორბაჩოვმა და ბუშმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ ამიერიდან ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არ არიან და ამიერიდან იწყება მათი ნორმალური თანამშრომლობა.
მერე, ერთ-ერთი მომენტის დაზუსტების დროს შელაპარაკდნენ და ბუშმა თავისი პოზიციის განსამარტავად განაცხადა, რომ ბეიკერმა მას სწორედ ასეთნაირად გადასცა შევარდნაძის ნათქვამი, შევარდნაძეს კი ჩვენ ვენდობითო.
მეც ასეთნაირად ვიყავი განწყობილი მათ მიმართ, მეც ვენდობოდი. ბევრ რამეზე ვკამათობდით, ვდაობდით, მაგრამ ერთმანეთს არ ვატყუებდით.
ასე იყვნენ რეიგანიც და გორბაჩოვიც. რამდენჯერ უშედეგოდ დამთავრდა შეხვედრები, იგივე, რეიკიავიკის შეხვედრა, როცა თითქოს უშედეგოდ დასცილდნენ ერთმანეთს, მაგრამ დროის ფაქტორი ნელ-ნელა, ელემენტებით გროვდებოდა და ბოლოს ახალ თვისობრიობაში გადაიზარდა, როცა დაპირისპირება, ფაქტობრივად, მოისპო. ამიტომაც ვამბობ, რომ გარდატეხის ეპოქის მოახლოება მოითხოვს ახლებურ აზროვნებას, ახლებურ მიდგომებს, და, მეორე მხრივ, ეს გარდაქმნა, ეპოქის შექმნა დამოკიდებულია ისევ ადამიანებზე. თუ ამგვარი დამთხვევა მოხდა, ეს ბედნიერ შემთხვევად შეიძლება ჩავთვალოთ.
- ჩვენ ისეთი ქალაქიდან ვბრუნდებით - კიოტოდან, სადაც განსჯის, დაფიქრების გარემო ისტორიულად არსებობს. გვსურს თუ არა, ამ უხილავი ველის გავლენის ქვეშ მოექცევი ადამიანი, საგანგებოდ განწყობის შექმნა არ არის საჭირო - ხილვასავით არის. ასეთ სიტუაციაში თავისთავად ჩამოყალიბდა ის დასკვნა, რომელსაც პირდაპირ გეტყვით: მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი და, რაღა დარჩა, - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი - თქვენია. საქართველოს ბედი ხართ თქვენ, აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს არ უწერია გადაშენება, თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაც უაზრობაა - ტერაქტები, თუ პოლიტიკური რადიკალიზმის პოზიციებიდან მუდმივი თავდასხმები ფუჭია.
ეს იმდენად ცხადია, რომ ამ დასკვნის გასაკეთებლად სულლაც არ არის საჭირო კიოტოში ჩასვლა.
და მაინც გებრძვიან, რით ავხსნათ ასეთი ალოგიზმი?
- ამ თემაზე ძალიან ბევრი მიფიქრია.
საქართველო გამონაკლისი არ არის.
ჩემი მუშაობა საქართველოში რაღაცას ნიშნავდა და ნიშნავს.
თქვენ დარწმუნდით, რამდენი ხანია, რაც მე იაპონიასთან უშუალო ურთიერთობა არ მქონია და აქ მაინც ვახსოვართ: პატივისცემაა, მორიდებაა, არ დავიწყებიათ სიკეთე.
- იაპონელები თქვენთან მოდიოდნენ დასამშვიდებლად საკუთარი თავის და საზოგადოებრივი აზრის. დღესაც სურდათ სწორედ თქვენგან მოესმინათ იმედიანი სიტყვა ისევე, როგორც უწინ, როდესაც თქვენი მოღვაწეობის შედეგად უპრეცედენტოდ გაუმჯობესდა ურთიერთობა იაპონიასა და ყოფილ საბჭოთა კავშირს შორის.
- შეიძლება ასეც იყოს, და უფრო ხშირად, ალბათ, იმიტომაც, რომ შეემოწმებინათ თავიანთი შეხედულებები, დაედასტურებინათ, ან უარეყოთ ისინი. ამ მხრივ, ალბათ, სხვა პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც საინტერესოა. მაგრამ ჩემი გზა ასეთია, რომ მათთვისაც გარკვეულ ინტერესს წარმოადგენს .
რატომ უნდა ხდებოდეს, რომ საქართველოში ვიღაცეები ებრძვიან შევარდნაძეს?
მე ორი გარემოებით ვხსნი ამას.
პირველი - ობიექტური პირობები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში ცხოვრების დონესთან. ადრე, ასე თუ ისე, ნორმალურად ცხოვრობდა ხალხი. ახლა უჭირს და როცა უჭირს კაცს, იგი, ბუნებრივია, ყოველთვის გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ამა თუ იმ ფორმით, ზოგი - ნაკლებ აქტიურად, ზოგი - მეტად.
მეორე. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ნათლად არის გამოკვეთილი ხელისუფლებაში მოსვლის საოცარი ჟინი. არიან თუ არა ამისთვის მზად, არიან თუ არა საამისოდ მომწიფებული, ამაზე ძალიან ცოტას ფიქრობენ. და, საერთოდ, ძნელია ადამიანი დაარწმუნო, რომ იგი ხელისუფლებისათვის მომწიფებული არ არის, რომ ამას მომზადება სჭირდება, ცოდნა, გამოცდილება, ადამიანური ურთიერთობების დამყარების უნარი, სხვა თვისებები...
- და განგების ნება.
- თუნდაც განგების ნება. ამიტომ ჩემთვის ხშირად აუხსნელია ეს. რომ ვთქვა, ასეთი რამ ქართული ფენომენია, სწორი არ ვიქნები, რადგან ტერორისტული აქტები და ხელისუფლებბისათვის ბრძოლა თითქმის ყველა ქვეყანაში იყო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ფორმით. განსაკუთრებით, - მსგავს გარდამავალ ეტაპებზე ჩვენში, მას შემდეგ, რაც ვნახეთ და განვიცადეთ ნგრევა, ქაოსი, უბედურება, სისხლი, სამოქალაქო ომის ტრაგედია, კონფლიქტები, და მას შემდეგ, რაც შედარებით ნორმალურ ფაზაში შევედით, ამას ყველაფერს თითქოს საფუძველი უნდა გამოსცლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საბრძოლო და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია... ეს პროცესი არ დამთავრდება, ალბათ, იოლად.
არ ვიცი, როგორ შეაფასებენ იაპონიაში ამ ჩემს ვიზიტს. დღევანდელმა თაობებმა მთელი მნიშვნელობით, შეიძლება, ვერც გაითავისონ.
მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი არის საქართველოს პოლიტიკის, საერთოდ, და მათ შორის, დიპლომატიის ახალი მიმართულების დაგვირგვინება.
ჩვენმა ახალმა დიპლომატიამ და ახალმა პოლიტიკამ შესძლო ის, რისი გაკეთებაც ვერ მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა, რადგან საამისო პირობები არ ჰქონდათ, მიაღწია იმას, რომ საქართველო დღეს ევრაზიულ სივრცეში თავს ისე ლაღად გრძნობს, როგორც თევზი წყალში. იაპონიის გარეშე ამ უზარმაზარ ასპარეზზე ჩვენი გასვლის პროცესი, ისეთი ვითარება შექმნა, როდესაც შენ - პატარა ქვეყანა - სჭირდები დიდ ქვეყნებს, როდესაც მათ საკვანძო ქვეყნად, ორი უზარმაზარი კონტინენტის - ევროპისა და აზიისა - და უფრო გავრცობილადაც, დამაკავშირებელ რგოლად გაღიარეს, ვერ დაგვირგვინდებოდა. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი მოვლენაა, რომელსაც 5-6 წლის წინათ, ვერც კი წარმოიდგენდა კაცი.
ამ იდეის ერთი ავტორი კი საქართველოცაა.
იაპონიის წინა პრემიერ-მინისტრის ჰაშიმოტოს მიერ იყო შემუშავებული „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროგრამა. ჩემი ვიზიტის მზადების პერიოდში შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იაპონნელებს მაინცა და მაინც არ სურდათ ჩაეწერათ „აბრეშუმის გზის“ აღდგენისათვის მხარდაჭერა. უფრო ფრთხილ ფორმულირებებს ხმარობდნენ - ევრაზიული დერეფანი და ასეთ ტერმინებს.
მერე და მერე, ჩვენ რომ მეტი აქტიურობა გამოვიჩინეთ, მეტი არგუმენტები წარვუდგინეთ, ბაქოს შეხვედრაზე, ევროკავშირის დიდ გეგმებზე - ევროკავშირი იაპონიის გარკვეული კონკურენტია, იაპონია დაკავშირებულია ევროკავშირთან და ევროპასთან, მაგრამ გარკვეული კონკურენციაც არსებობს მათ შორის - ვფიქრობ, ამის შემდეგ გაუჩნდათ სურვილი და მათივე ინიციატივით მიღებულ დოკუმენტში რამდენჯერმე ჩაიწერა „დიდი აბრეშუმის გზა“ და ამ გზის აღორძინების აუცილებლობა.
თქვენ, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება იაპონიის პრემიერ-მინისტრის ობუჯის ნათქვამს: ამიერიდან მე პოლიტიკურად, დიპლომატიურად და ეკონომიკურად ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს ხელი შევუწყო „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებას.
ალბათ, მას გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ჩაეხედა, რასთან ჰქონდა საქმე, რატომ შეიმუშავა მისმა წინამორბედმა ის პროგრამა, რომელიც ვახსენე.
ჩვენთან დაწყებული საქმიანობა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გრძელდება, სადაც მიმდინარეობს დებატები „დიდი აბრეშუმის გზის“ პროგრამის მხარდასაჭერად. კანონპროექტის ავტორები ცნობილი კონგრესმენები არიან.
არის თუ არა ეს დიდი გამარჯვება საქართველოსათვის, რომლის სახელოვანი წინაპრები, როგორც, მაგალითად, საბა-სულხან ორბელიანი და სხვები ამაოდ დაშვრნენ დახშულ კარებზე კაკუნით? პრობლემა იყო თუნდაც ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებულიყო საქართველოსა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებს შორის.
საქართველო არის ერთ-ერთი გენერატორი იმ უზარმაზარი იდეის, რომელმაც ლამის მთელი მსოფლიო მოიცვა. ყოველ შემთხვევაში იაპონიიდან ევროპისა და შეერთებული შტატების ჩათვლით. ეს პატარა ქვეყანა არის ერთ-ერთი ცენტრი არა მარტო იდეის შექმნის თვალსაზრისით, არამედ მისი ამოქმედების. საქართველოს ინიციატივა რომ არა, 1993 წლიდან დაწყებული, არავინ იცის, რა დონეზე იქნებოდა რეალიზებული ეს იდეა დღეისათვის.
ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს საამისო პოტენციალი.
მიჩნეულია, რომ ჩემთან არის დაკავშირებული ეს ინიციატივები. ალბათ, ჩემთანაც არის დაკავშირებული... ევრაზიის ერთიანი სივრცის, ერთიანი ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი სივრცის შესახებ პირველად 1990 წელს ვილაპარაკე ვლადივოსტოკში, იაპონიაში ვიზიტის წინ. და შემდეგ ეს იდეა იაპონიაში განვავითარე.
ამიტომ ეს პიროვნებასთან არის დაკავშირებული - მე არ ვიქნებოდი, სხვა იქნებოდა; მაგრამ ეპოქამ მოიტანა, დღის წესრიგში დააყენა მსოფლიო მასშტაბის იდეა, მსოფლიო მასშტაბის პროექტი.
დღეს ამას ნაკლებად ითავისებს ჩვენი მოქალაქე. ზოგი ირონიულად ჩაიღიმებს ხოლმე - „აბრეშუმის გზაო“, ტრასეკას პროექტი, ნავთობსადენებიო. მაგრამ დღეს არის ასე. გაივლის რამდენიმე წელიწადი და საქართველო, ჩვენი თაობაც და მით უფრო ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოიმკიან ამ განხორციელებული იდეის შედეგებს.
მე მიმაჩნია, რომ თუ რამ სიმდიდრე აქვს საქართველოს, ინტელექტუალური სიმდიდრეა, სწორედ მაღალმა ინტელექტუალურმა დონემ საშუალება მისცა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილიყო თანამედროვეობის დიდი პროექტებისა.
ყველაფერ ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ესეც ეპოქაა: იყო ქარავნების „აბრეშუმის გზა“ და დღეს, მეოცე საუკუნის დასასასრულის და ოცდამეერთეს დასაწყისში, ახალი ტექნოლოგიების, ახალი სატრანსპორტო საშუალებების, გიგანტური სამეცნიერო პოტენციალის პირობებში დაიხატა ამ გზის აღორძინების იდეა, გაჩნდა ახალი პროექტები და ჩვენმა პატარა ქვეყანამ თავისი ადგილი არა თუ იპოვა, არამედ დამკვიდრდა მსოფლიო ურთიერრთობათა სისტემაში, სხვა ქვეყნებიც ჩართო ამ პროცესში.
- ესე იგი დასჭირდათ საქართველო (ეს თქვენი სიტყვებია). ხომ შეიძლება დასჭირდეთ, მაგრამ გვერდი აუარონ? მაგრამ არ აუარეს, რადგან პიროვნულმა ფაქტორმა აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა. პროექტის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს როლიც ამ მასშტაბის იდენტურია. და აქ კვლავ, ძალაუნებურად, დგება საკითხი ზოგთა პოზიციის აბსურდულობისა: ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია, რომ ზოგიერთი, ვინც თქვენ ფეხზე დააყენეთ, ახალგაზრდობიდან მოყოლებული ცხოვრებაში გზა გაუკვალეთ, სამწუხაროდ, შეტრიალდნენ და შევარდნაძეობა მოინდომეს. მე შემიძლია გვარებიც დავასახელო, ძალიან გულდაწყვეტითაც ვთქვა ამის შესახებ, რადგან მახსოვს, რა დიდი პატივისცემა ჰქონდათ მათ თქვენდამი, ჩემი მეგობრებიც იყვნენ და უცებ - ფერიცვალება, მეტიც - სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, ბრძოლა. წააგეს კატასტროფიულად და მაინც არ ცხრებიან... მე ვერ ვხსნი გაუგებრობას...
- შეიძლება საქართველოში ეს უფრო რელიეფურად ჩანს ჩვენი ხასიათის, ბუნების გამო, მაგრამ ადამიანების ხასიათის, მათი პოზიციის, პოლიტიკური შეხედულებების შეცვლა არ არის იშვიათი მოვლენა...
- მაგრამ ადამიანურ ჭრილში? თუნდაც მადლიერების გრძნობა?
- მადლიერებას თავი დავანებოთ ამჯერად.
მე მახსოვს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადავდექი, მაშინ მე და რამდენიმე კაცმა საფუძველი ჩავუყარეთ მოძრაობას - დემოკრატიული რეფორმებისათვის რუსეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში.
ეს იმ დროს, როდესაც პუტჩი ჯერ არ იყო მომხდარი.
ადამიანები, ვინც ვგრძნობდით, ვხედავდით, რომ უბედურება კარს მოგვადგა, იქნება პუტჩი, აჯანყება, სამხედროების აჯანყება, დიქტატურა, გავერთიანდით, გავერთიანდით თანამმოაზრეები, ეს იყო იაკოვლევი, პოპოვი, შატალინი, იავლინსკი და სხვა მრავალი, მოსკოვის მერი, სობჩაკი, ლენინგრადის მერი და ოლქის ხელმძღვანელი წარმოიდგინეთ, რუცკოი, რომელიც მერე, იცით, როგორ პოზიციაზეც დადგა; ლუჟკოვი, მაშინ მოსკოვის მერის მოადგილე იყო, არკადი ვოლსკი, მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე და ბევრი სხვა.
ძალიან ძლიერი თაობა იყო, საინტერესო ჯგუფი მოაზროვნეების.
ეს მოძრაობა სულ რამდენიმე თვეში მოედო მთელ საბჭოთა კავშირს, განსაკუთრებით რუსეთს, საქართველოშიც გაჩნდა მცირე ჯგუფი რეფორმატორებისა. მახსოვს, ისინი პირველ ყრილობაზე ჩამოვიდნენ.
ახლა, ჩემი წასვლის შემდეგ, სხვებსაც სხვა საქმეები რომ გაუჩნდათ, ეს მოძრაობა ვეღარ განვითარდა, ფაქტობრივად, დაიშალა.
- მინისტრობიდან გადადგომის დროს თქვენ თქვით კიდეც - ნუ ხართო დემოკრატები ჩირგვებში დამალული.
- ამიტომაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია. სხვათა შორის, მისმა ხელმძღვანელმა ბირთვმა აგვისტოს პუტჩის წინ 17 თუ 18 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომ დიქტატურა შორს აღარ არის და დღეს თუ ხვალ მოსალოდნელია გამოსვლების დაწყება, თარიღიც კი დავასახელეთ.
ახლა რომ ვუყურებ, ეს ხალხი დაიფანტა. რუცკოი სრულიად სხვა ბანაკში აღმოჩნდა, ლუჟკოვი დღეს სხვა იდეებს მისდევს. ასევე - დანარჩენებიც - პოპოვი, სობჩაკი ჩამოსცილდნენ. ზოგი ერთმანეთის მოწინააღმდეგე გახდა. მაშინ რუცკოი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამ მოძრაობას ელცინის თხოვნითაც დაუკავშირდა. მერე ელცინის პირველ მოწინააღმდეგედ იქცა.
მე რომ ვუკვირდები, იმ ფონზე, რომელიც ახლა რუსეთშია, სხვადასხვა მოძრაობებსა და პარტიებში, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ვერ გეტყვით, რომ მთლად ნორმალურია, მაგრამ, ალბათ, ახსნა მაინც შეიძლება: ადამიანი მაინც რჩება სუსტ არსებად, განსაკუთრებით თავისი ფსიქიკით, ფსიქოლოგიით, განცდებით. ანგარების ელემენტს ხშირად ვერ ერევიან. ანგარებაში არ ვგულისხმობ მაინცა და მაინც გამოძალვას, ფულის აღებას, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას მრუდე გზით...
- თუმცა ესეც არის.
- ესეც არის, მაგრამ ეს ცალკე საკითხია...
დღეს მას აქვს გარკვეული მდგომარეობა და იმის იმედიც, რომ თუ დღეს, ვთქვათ, პოლიტიკოსია თანამდებობის გარეშე, ხვალ აქვს შანსი უფრო მეტი გახდეს. მერე, მისდა სამწუხაროდ, იწყება ამ იმედის მსხვრევა, რადგან უფრო მაღალ მდგომარეობაზე ფიქრს ეჩვევა, ჩოხას ირგებს...
- თან არ სწავლობს არაფერს.
წიგნებში ჩამჯდარი რომ იყო, მუშაობდე და თავს იკლავდე, მაშინ შენ თვითონ მოგძებნიან. ამიტომაც არ მიკვირს, რომ საქართველოში ასეთი ხშირი ცვალებადობაა შეხედულებების მოვლენებისადმი, ადამიანებისადმი, სახელმწიფოს მიმართ, მისი დამოუკიდებლობის მიმართ. სწორედ ეს არის ამგვარი ადამიანების ტრაგედია და მათი ალოგიკური მოქმედების მიზეზი.
ჩვენ თუ გვსურს დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ნამდვილად დამოუკიდებელი და არა პირობითად, ვიღაცის ქოლგის ქვეშ.
აქ არის სწორედ დიდი განსხვავება და დიდი აზრთა ჭიდილი.
მე მაინც ვთვლი, რომ საქართველომ, რომელიც ახლა შეუდგა დემოკრატიულ მშენებლობას, დემოკრატიულ გარდაქმნებს, დაიწყო სუფთა ფურცლიდან, ნგრევისა და გაპარტახების პირობებში, მაინც სერიოზულ ძვრებს მიაღწია.
ამასთან ერთად, ადამიანის გონება ეჩვევა იმას, რაც მიღწეულია - ასე უნდა იყოს და არა სხვანაირად.
- ბოლო შეკითხვა. სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ სახელმწიფო იდეოლოგიაზე: არადა, ისეთ ქვეყანას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიზმის ნიმუშია, ასეთი იდეოლოგია არა აქვს - ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკელებს მარტივი ფორმულა აქვთ: ამერიკა ეს არის შემაღლებულზე მდგარი ბრწყინვალე სახლი, რომელსაც შეჰხარის მსოფლიო.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, თქვენი არაერთი გამოსვლის მიხედვით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხომ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო იდეოლოგიაც სწორედ ეს არის?
- როცა ძალიან გვიტევდნენ - არ გვაქვს იდეოლოგია, არ ვიცით საით მივდივართ, რას ვაკეთებთ, რას ვაშენებთ, მაშინ ვთქვი - შევქმნათ მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების სპეციალური კომისია, დასხდნენ, იმუშაონ.
თქვენ გახსოვთ, რომ საბჭოთა იდეოლოგია იყო დოგმათა ის კრებული, რომელიც განსაზღვრავდა ცხოვრების წესს იმ საზოგადოებასა და სახელმწიფოში. იყო ერთიანი ყალიბი ყველასთვის, ერთიანი შტამპი. რა შედეგი მოჰყვა ასეთ გლობალურ იდეოლოგიზაციას, ისტორიულად ცნობილია, თანაც, არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში. დღეს თვით მოქალაქე, ადამიანი, განსაკუთრებით ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე მოღვაწეობენ, მოწოდებულნი არიან საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ფორმირებისათვის. ჩვენს პირობებში, ჩემი აზრით, უფრო მეტად მსოფლმხედველობრივი პრინციპების ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს ლაპარაკი.
თუ მიაქციეთ ყურადღება, ერთხელ მე ვიხმარე ასეთი გამმოთქმა: ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე.
ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს საფუძველი ვილაპარაკოთ ერთიან მსოფლმხედველობრივ სივრცეზე, იდეოლოგიის საკითხი, რბილად რომ ვთქვათ, სადისკუსიოა.
რომ არ გვქონდეს ჩვენი კონსტიტუცია, რომელშიც ზოგადკაცობრიული იდეები და იდეალები საკუთარი სპეციფიკურობის, ტრადიციულობისა და მემკვიდრეობითობის გათვალისწინებით არის ჩაწერილი, ისევე, როგორც კანონები, რომელთაც ჩვენ ვქმნით, მათ შორის, ფუძემდებლური კანონები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრების წესს, ქცევის ნორმებს, დარგების განვითარებას და სხვა და სხვა, რის საფუძველზეც ვაშენებთ სახელმწიფოს, მაშინ, იქნებ, საჭირო ყოფილიყო იდეოლოგიურ სისტემაზე ფიქრი.
ვიმეორებ, იდეოლოგია დღეს არის მსოფლმხედველობითი პრობლემა.
არ ვიცი, შეიძლება ვცდები, შეიძლება რაღაცის შექმნა მაინც საჭიროა, მაგრამ მაშინ სხვა გზით უნდა ვიაროთ. უკიდურესად ძნელია შექმნა ისეთი იდეოლოგია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ და მოქალაქეებმა, რომელიც არ იქნება დაშტამპული და ყოველდღიურად გამდიდრდება ცხოვრების განვითარების პარალელურად.
როდესაც მსოფლმხედველობრივ პრინციპებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ, რასაკვირველია, რელიგიასაც, ქრისტიანულ მორალს, ყოველივე საუკეთესოს, რასაც ეროვნული და ზოგადკაცობრიული ჰქვია.
ამიტომ არ მიმაჩნია აუცილებლად, რომ საგანგებოდ შეიქმნას რაღაც იდეოლოგიური ტრაქტატი საგანგებოდ საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.
ამასობაში ექსპრესმატარებელი „ნოზომი“ №20 ტოკიოში ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში გრძელდებოდა.
არმაზ სანებლიძე,
„სრ“ სპეც. კორ. ტოკიო„ტოკიო - თბილისი.
საქართველო და ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 აპრილი. - №103 (3144). - 1,3 გვ.
![]() |
53 ხიდი, რომელიც მეგობრებთან გვაკავშირებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
როგორც ვიუწყებოდით, 17 აპრილს ფოთში საზეიმოდ გაიხსნა საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელი. დღეს გთავაზობთ ამ ზეიმზე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვას.
თქვენო აღმატებულებავ, უკრაინის პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტო,
პატივცემულო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ყოველი ახალი ხიდი ახალი სიცოცხლის დაბადების მაცნეაო.
„მეგობრობა - გზად და ხიდად“ ამ, თითქოსდა, მარტივ ფორმულაში ხალხთა საუკუნოვანი სიბრძნეა.
ხიდი ადამიანს, ასევე მთელ ერსაც თვისუფლების ძალას, თანამშრომლობის ჰორიზონტების უკიდეგანო შეგრძნებას ანიჭებს. მით უმეტეს თუ იგი მეგობართან გაკავშირებს.
დღეს საქართველოსა და უკრაინას, კავკასიასა და უკრაინას შორის კიდევ ერთი ხიდის საფუძვლის ჩაყრის მოწმენი ვართ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მოძმე აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, დუნაისპირა სახელმწიფოების, ბალკანეთის ქვეყნების - რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვასთვისაც.
ფოთი-ილიჩოვსკის სარკინიგზო ბორანი ბევრად გაამარტივებს და შეამსუბუქებს ეკონომიკურ ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის, გაზრდის საქონელბრუნვას, შექმნის ახალ პერსპექტივებს ბიზნესისა და კერძო ინიციატივის, ტურიზმის განვითარებისათვის.
უწინარეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ თქვენ - ლეონიდ დანილის ძევ, პატივცემულო უკრაინის პრეზიდენტო. სწორედ თქვენმა დაინტერესებულმა და აქტიურმა მონაწილეობამ განსაზღვრა ბევრად ამ დიდებული პროექტის განხორციელება.
დარწმუნებული ვარ, იგი უდიდეს სარგებლობას მოუტანს როგორც უკრაინას, ისე საქართველოს, ტრანსშავიზღვისა და ტრანსკავკასიური კომუნიკაციების განვითარებით დაინტერესებულ სხვა სახელმწიფოებსაც.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის აქტიური ხელშეწყობის შედეგად. ახალმა სარკინიგზო ბორანმა ანუ, გავიმეორებ მეტაფორას, ახალმა ხიდმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპასთან, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ესწრაფოდნენ ჩვენი მამა-პაპანი, ჩვენი წინაპრები.
ევროპის საბჭოში შესვლის შემდეგ საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აამოქმედოს ახალი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზები, გამოიყენოს რკინიგზის მთელი პოტენციალი, რადგან ევროპულ სისტემაში საქართველოსა და კავკასიის სხვა სახელმწიფოთა ინტეგრაციის პროცესი უკვე შეუქცევადია.
მადლობა მშენებლებსა და ინჟინრებს, რომლებიც არ იშურებდნენ ძალებს, რათა საბორნე გადასასვლელის მთელი ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს უმაღლეს თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს აღვნიშნავთ ყველას - უკრაინელი, ქართველი, ბერძენი, თურქი, ბულგარელი რუმინელი და ყველა დანარჩენი სპეციალისტის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გამარჯვებას.
სიხარულით კვლავ ვადასტურებ, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედების დღეს საფუძველი ეყრება კიდევ ერთ დიდ ევრაზიულ ხიდს.
ჩვენ ვაღებთ კიდევ ერთ კარს, რომელიც მუდამ ფართოდ იქნება გახსნილი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.
მივმართავ ფოთელებს, ფოთის ნავსადგურის მუშაკებს, ახლომდებარე რეგიონების ყველა მცხოვრებს, ეს დიდი სიკეთეა, ქალაქ ფოთს, ფოთის ნავსადგურს, ისევე როგორც ბათუმისას უდიდესი პერსპექტივა აქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს წლებში აქ დაბანდდება ევროკავშირის, ევროპის სახელმწიფოების, ამერიკის, იაპონიის უდიდესი ინვესტიციები და ფოთიც და ბათუმიც მსხვილი ნავსადგურები გახდება შავი ზღვის აუზში. ყოველივე ეს უდიდეს სარგებლობას მოგვიტანს და, ეს არის, უწინარეს ყოვლისა, ამ რეგიონში, თქვენს ქალაქსა და მთელ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესების გარანტია.
და კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც დღეს ვერ ავღნიშნავთ. ჩვენ უზბეკეთთან ერთად, პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის ინიციატივით ავაშენეთ დიდი ტერმინალი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. მინდა ვთქვა, რომ მე და უზბეკეთის პრეზიდენტი პრინციპულად შევთანხმდით, ეს მოვლენა მისი მონაწილეობით აღვნიშნოთ. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი მეგობრები - ბატონი კუჩმა და ბატონი ალიევი მონაწილეობას მიიღებენ ამ დიდ მოვლენაშიც.
წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი გარჯისათვის, თქვენი წვლილისათვის ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებაში.
ხიდი, რომელიც მეგობრებთან გვაკავშირებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 აპრილი. - №103 (3144). - 4 გვ.
![]() |
54 მოსკოვის №1680 ქართულ-რუსული სასწავლო კომპლექსის დირექტორს ქალბატონ ანა კერესელიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონო ანა,
როგორც შევიტყვე, 10 წელი სრულდება მოსკოვის №1680 ქართულ-რუსული სასწავლო კომპლექსის, ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების მნიშვნელოვანი კერის დაარსებიდან.
გარდა იმისა, რომ ეს სკოლა ქართველ ბავშვებს რუსეთში ქართველობას არ უკარგავს, იგი იმ დიდ საქმესაც აკეთებს, რასაც რუსი და ქართველი ერების მეგობრობა ჰქვია. მე ვფიქრობ, სახელმწიფოებმა თავისი ურთიერთობის მოდელი, სწორედ მსგავსი დაწესებულებებიდან უნდა აიღონ, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს უშურველად, ღიად და გულწრფელად უყვართ ერთმანეთი და იმის მიხედვით სცემენ ერთმანეთს პატივს, თუ ვინ რას წარმოადგენს.
დიდი მადლობა, რომ თქვენს კომპლექსში, რომელსაც დღიდან დაარსებისა ასე წარმატებით ხელმძღვანელობთ, საბავშვო ბაღში, საშუალო სკოლასა და გიმნაზიაში, სწორედ ასეთი სიყვარულისა და უშუალო ურთიერთობების ატმოსფერო სუფევს.
მადლობა მათ, ვინც ხელს გიწყობთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, პედაგოგის მძიმე და კეთილშობილურ საქმეში. დიდი მადლობა მოსკოვის მერს, ბატონ იური ლუჟკოვს, ქალაქის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ ლარისა კეზინას, მათი მზრუნველობა თბილისის №1 გიმნაზიასაც გადმოსწვდა და ამისათვისაც კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა ვუთხრა.
გისურვებთ ყოველივე კარგს. ყოველივე კარგს ვუსურვებ თქვენს პედაგოგიურ კოლექტივს, თქვენს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
მოსკოვის №1680 ქართულ-რუსული სასწავლო კომპლექსის დირექტორს ქალბატონ ანა კერესელიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 აპრილი. - №105 (3146). - 1 გვ.
![]() |
55 ამერიკის თანადგომა გადამწყვეტ როლს ასრულებს დღევანდელ მსოფლიოში საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის ადგილის განსაზღვრაში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა რაისის უნივერსიტეტში
ქალბატონებო და ბატონებო,
როდესაც ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომისათვის დავიწყე მზადება, არც კი მეგონა, თუ ვაშინგტონში ჰიუსტონის გავლით აღმოვჩნდებოდი. თუმცა, ნამდვილად არ ვნანობ, გზა რომ გავიგრძელე. აქ ხომ ამდენი მეგობარი მელოდა, რომლებთანაც ჩემი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია დაკავშირებული. გუშინ აქ უნდა შემდგარიყო საუბარი პრეზიდენტ კლინტონთან, რომელთანაც მრავალი წლის ურთიერთობა, ჩემი ქვეყნისათვის ამ ურთულეს გარდამავალ ეტაპზე, საარსებო მნიშვნელობის აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ის არ შედგა კოლორადოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა სამძიმარი გამოვთქვა ამერიკელი ხალხისადმი. საქართველო აშშ ადმინისტრაციის მუდმივი ყურადღების ცენტრშია. საზოგადოდ ამერიკის პოლიტიკური, ეკონომიკურ-ფინანსური და მორალური თანადგომა გადამწყვეტ როლს ასრულებს დღევანდელ მსოფლიოში საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის ადგილის განსაზღვრაში ამერიკის პოზიციაზე, მსოფლიოს მისეულ ხედვაზე, მომავლის მისეულ ჭვრეტაზე განსაკუთრებით არის დამოკიდებული პოსტსოციალისტური სამყაროს განვითარების გზები.
დიდად ვაფასებ გუშინდელ შეხვედრას პრეზიდენტ ბუშთან და მის მეუღლესთნ ქალბატონ ბარბარასთან. ბევრი რამ გავიხსენეთ, დღევანდელ ამბებზეც ვისაუბრეთ.
მინდა, თქვენთან ერთად, მივესალმო და პატივი მივაგო ამ დარბაზში მყოფ ადამიანს, რომლის სახელი უკვე შესულია მეოცე საუკუნის ისტორიაში. მადლობელი ვარ განგებისა, რომ „ცივი ომის“ დასრულების ურთულეს ისტორიულ მონაკვეთზე ასეთ თანამოაზრეებთან მიხდებოდა ურთიერთობა. მხედველობაში მყავს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. მინდა, მივმართო ყველა აქ დამსწრეს. ვიცი, რომ თქვენ სამართლიანად ამაყობთ მისით, როგორც ამერიკის გამოჩენილი პოლიტიკოსით, მაგრამ, მერწმუნეთ როგორც ქართველს, რომ თქვენ დამსახურებულად შეგიძლიათ იამაყოთ, აგრეთვე, როგორც ამერიკელით, რომელმაც პრეზიდენტ ბუშთან ერთად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველმა გამოუწოდა დახმარების ხელი სუსტ და უმწეო, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების გზაზე დამდგარ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს - ჩემს სამშობლოს საქართველოს.
ძვირფასო ჯონ, მე ზედმიწევნით მახსოვს ჩვენი ყოველი შეხვედრა ვაიომინგისა და ჰიუსტონის ჩათვლით. მახსოვს შენი ვიზიტი თბილისში 92-ის გაზაფხულზე, რომელსაც არც ერთი ქართველი არასდროს არ დაივიწყებს. მაგრამ, ყველაზე ხშირად ვიხსენებ ხოლმე კრასნოიარსკის აეროპორტში შემდგარ საუბარს მას შემდეგ, რაც ერაყელი დიქტატორის აგრესიამ ყველაზე მძიმე გამოცდა მოუწყო „ცივი ომის“ შემდგომ წვითა და დაგვით დამყარებულ მსოფლიოს წესრიგს. მაშინ ჩვენ ის გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ. ეს შეხვედრა მაგონდებოდა მაშინაც, როდესაც დეიტონის შეთანხმებებში ბოლო მოუღეს ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული ხორვატეთის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ტრაგედიებს. და მაგონდება ახლაც, როდესაც იმავე ბალკანეთში, კოსოვოში დატრიალებულმა ჰუმანიტარულმა ტრაგედიამ და საერთაშორისო მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობამ საჭირო გახადა ძალის გამოყენება. სხვათა შორის, მაშინაც მაგონდებოდა, როდესაც რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ ალყაშემორტყმულ სოხუმს და ახლაც, როდესაც კავკასიაში ნებისმიერი გზით გავლენის შენარჩუნების მოსურნეთა ფავორიტი ეთნიკური წმენდის ჩამდენი - აფხაზეთის დღევანდელი რეჟიმი - თავხედურად და ჯერაც დაუსჯელად უგულებელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთ რეზოლუციას, ეუთოს სამიტების დოკუმენტებს, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ნებას და ახანგრძლივებს ასეულობით ათასი ადამიანის ჰუმანიტარულ ტრაგედიას.
და მაშინ მებადება კითხვა, ვინც ახალ მსოფლიო წესრიგზე ვოცნებობდით, ვინც ამდენი რამ გავიღეთ მის შესაქმნელად და, საბოლოო ანგარიშით, მსოფლიოს დღევანდელ მოწყობას დავუდეთ საფუძველი, რამდენად მივაღწიეთ სასურველ მიზანს? მოდით, უფრო მარტივად ვთქვათ: რამდენად მიესადაგება დღევანდელ რეალობას გამოთქმა „ახალი მსოფლიო წესრიგი“. ის, რომ დღევანდელი მსოფლიო ახალია, არავის ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რამდენად მოწესრიგებულია იგი? და თუკი ის მოუწესრიგებელია, ჩნდება, სულ მცირე ორი ლოგიკური შეკითხვა: ვისი ან რისი ბრალია ეს და როგორ გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. პირველზე პასუხის გაცემას ისტორიკოსებსა და პოლიტოლოგებს მივანდობ, ვინაიდან, წარსულის შეცდომებში ქექვა და მასში დამნაშავეთა ძიება არასდროს მიცდია. მოქმედი პოლიტიკოსისთვის წარსულის შეცდომები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მომავალში მათ გამეორებას აიცილებს თავიდან.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ის მჭიდროდ არის გადაჯაჭვული საერთაშორისო ურთიერთობის ფუნდამენტურ პრობლემასთან - წესრიგის არარსებობასთან თანამედროვე მსოფლიოში. ცხადია, რომ ბირთვული კოშმარის შიშზე დაფუძნებული „ცივი ომის“ დროინდელი წონასწორობა ძალზე შორს იყო „სტაბილურობისაგან“. დიახ, ეს იყო წესრიგი, მაგრამ, უსამართლო; ეს იყო სტაბილურობა, მაგრამ მოჩვენებითი, ვინაიდან გლობალური დაპირისპირებების ხარჯზე მიიღწეოდა; ეს იყო მშვიდობა, მაგრამ ისეთი, რომ ერთ-ერთ მაშინდელ პოლიტიკოსს ათქმევინა - „არის ზოგი რამ, რაც მშვიდობაზე მნიშვნელოვანიაო“ და, როდესაც ჩვენ განვიზრახეთ ასეთ პრინციპებზე დაფუძნებული მსოფლიოს შეცვლა, იმდენად გულუბრყვილო იდეალისტები როდი ვიყავით, რომ მოკლე ხანში მთელი კაცობრიობის ცალკეული სახელმწიფოსათვის მიმსგავსება გვდომებოდა, სადაც საზოგადოებრივი თანხმობა ფუძემდებელი პრინციპების ირგვლივ კონსტიტუციასა და არაერთ კანონშია ასახული და სადაც საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება აღიკვეთება მართლწესრიგის ორგანოების მიერ მოცემული საზოგადოებისათვის მისაღები პროცედურის შესაბამისად. კარგად ვიცოდით, რომ კულტურათა ნაირგვარობისა და მსოფლიოს ხალხთა განსხვავებული ისტორიული ბედ-იღბლის გამო, მოკლე ხანში ამის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ მიზნად ვისახავდით თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული, არსებულზე უფრო სამართლიანი წესრიგის დამკვიდრებას, მსოფლიოს ბედისათვის კოლექტიური პასუხისმგებლობის განხორციელებას და უმნიშვნელოვანესი საკითხების შეზღუდული წრის ირგვლივ სრული თანხმობის მიღწევას.
ახლა სწორედ ამის თობაზე მინდა რამდენიმე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, თუ რა გზა განვვლეთ ამ მიმართულებით და რა გვიშლის ხელს, რათა დღევანდელი მსოფლიოს ტრანსფორმაცია შეუქცევადი გავხადოთ.
ევრაზიის სივრცეში მიმდინარე მოვლენები დღეს ყველა მოაზროვნე ადამიანის საფიქრალია. მით უფრო დამაფიქრებელია ისინი მსოფლიოა უძლიერესი სახელმწიფოებისათვის - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და პატარა საქართველოსთვის - დინამიკურად განვითარებადი კავკასიის საკვანძო ქვეყნისთვის, რომლის საარსებო ინტერესები უშუალოდ არის დაკავშირებული ევროპისა და აზიის მომავალთან. სამწუხაროდ, „ცივი ომის“ დასრულების მიუხედავად, ეს მომავალი მთლად უღრუბლო არაა, და რაოდენ დასანანიც უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც ვიტყვი, რომ ამის მიზეზი მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების მიმართ მსოფლმხედველობრივი ხასიათის დაპირისპირებაა. დასანანია, იმიტომ რომ ეს გზა ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ - მაშინ, როცა უარი განვაცხადეთ სწორედ ამ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე სპარსეთის ყურის ომის დროს და, პრაქტიკულად, საქმით დავამტკიცეთ, რომ „ცივი ომი“ ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ, მე მაქვს ამის თქმის უფლება, ვინაიდან, ისევე, როგორც 90 წლის დეკემბერში, ვხედავ რევანშის საფრთხეს. ვხედავ იმაში, რომ „ცივ ომში“ საერთო გამარჯვების უმნიშვნელოვანესი შედეგი - ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე და უპოლუსო მსოფლიო მოსვენებას უკარგავს ორპოლუსიანის ნაცვლად დღეს უკვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის მოსურნეთ.
სულ ათიოდე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიპოლარობის დაძლევამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საერთაშორისო გარემო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო დღესაც ანარქიის მდგომარრეობაში იმყოფება და მისი მოწესრიგების ცდები მრავალმხრივი, კოლექტიური პასუხისმგებლობის საფუძველზე ჯერჯერობით არასაკმარისად ეფექტიანია. ამგვარი წესრიგის აუცილებლობა კი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რადგან სამხედრო ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად მკვეთრად იზრდება საფრთხე თავად კაცობრიობის არსებობის მიმართ. თუ ტერორისტმა ბრუტუსმა შეძლო მხოლოდ კეისრის მოკვლა, დღეს საეჭვო პოლიტიკური მიზნებით შთაგონებულ გონებას ძალუძს, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მთელ კაცობრიობას.
დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დამახასიათებელი ნიშნები - გლობალიზაცია და ურთიერთდამოკიდებულება, თავის მხრივ, აგრეთვე, გულისხმობენ კაცობრიობის ბედისათვის კოლლექტიური პასუხისმგებლობის ამაღლებას. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ ეროვნული სახელმწიფოების საზღვრები ვეღარ იტევენ თანამედროვე საფრთხეთა უმეტესობას - ისინი პლანეტური მასშტაბის და ხასიათისა არიან. ცალკე მათ ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება. განსაკუთრებით საშიშია გლობალურ საფრთხეთა ის სახეობები, რომელიც ძალადობის ნიშნის მატარებელია. შესაძლოა, დღეს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ვლინდება მათი შერწყმის ტენდენცია, რაც საბოლოო ანგარიშით ბირთვული ტერორიზმის უაღრესად სახიფათო პრობლემის წინაშე დააყენებს კაცობრიობას.
და მაინც, ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს გლობალური საერთაშორისო მართლწესრიგის უზრუნველყოფის საქმეში ყველაზე უფლებამოსილი ორგანიზაციებისა და ფორუმების უუნარობა - თავიანთი წესდებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიცვან ეს წესრიგი.
რა არის ამის მიზეზი, ანუ მიზეზი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „წესრიგის დამრღვევი“ რეჟიმის მიმართ დიდი ძალისხმევისა და კომპრომისების შედეგად გამოცხადებბული სანქციები სულ არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები რეალურად არიან მზად უფრო შორს წავიდნენ და ძალისმიერი იძულების ზომები განახორციელონ. ალბათ, ისევ და ისევ ის, რომ ერთია მსგავსი პრინციპებისადმი ერთგულების დეკლარირება, და მეორე - მათი ერთგულება. ასეთი ერთგულება ვლინდება მხოლოდ გადაწყვეტილების შესრულების პროცესში, რაც განხორციელდა კიდეც 1990 წელს სპარსეთის ყურეში ცნობილი კრიზისის დროს.
ერაყისა, და განსაკუთრებით იუგოსლავიის უკანასკნელი მოვლენებისას ნათლად გამოჩნდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაპირისპირებამ ძირითადი პრინციპების ირგვლივ უფრო ფარული ხასიათი მიიღო. ცხადია, ის ვერ შეედრება „ცივი ომის“ დროინდელ ღია კონფრონტაციას, მაგრამ არანაკლებ შემაშფოთებელია, ვინაიდან სწორედ ბალკანეთში წყდება დღეს, შეურიგდება თუ არა მსოფლიო უმძიმეს დანაშაულს ადამიანების წინააღმდეგ, შეურიგდება თუ არა ის ეთნიკურ წმენდას, მკვლელობებს ეთნიკურ ნიადაგზე. მსოფლიო თანამეგობრობის ნების ჯიუტად დაუმორჩილებლობას და მის სრულიად უგულებელყოფას, დესტაბილიზაციის კერების არსებობას მსოფლიოს საკვანძო წერტილებში.
ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ნატოს მიერ კოსოვოში განხორციელებული ოპერაცია აგრესიულ სეპარატიზმს წაახალისებს. ეს პრობლემა სხვებზე მეტად საქართველოსთვისაა აქტუალური, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარსულშიც და დღესაც ჩემი ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი იყო. მაგრამ, მოდით, საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. დამოკიდებულია თუ არა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები და ეთნიკური წმენდა იმაზე, თუ ვინ სჩადის ამას - სახელმწიფოს დაშლის მოსურნე სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობის სახელსაა ამოფარებული, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც რეგიონის დაჩაგრული უმცირესობის სახელით სპეკულირებს და რომლის ზურგს უკან რეგიონში გავლენის აღდგენის სურვილით შეპყრობილი უცხო ძალები დგანან, თუ ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც მზადაა მთელი ხალხის ფუნდამენტური უფლებები ანაცვალოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.
და თუ ძალით ზურგგამაგრებული დიპლომატია მარცხს განიცდის, თუკი დარწმუნებისა და იძულების ერთობლივი გამოყენება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ეს ძალზე სახიფათო სიგნალი იქნება პოსტსოციალისტური სივრცის სხვა მსგავსი რეჟიმებისთვისაც.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც „წესრიგის დამრღვევი“ რეჟიმის დამგმობი გადაწყვეტილებები და სანქციები გამოცხადებულია, მაგრამ მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ნების გამომხატველი ორგანო - გაერო, რომელმაც „წესრიგის დამცველის“ როლი უნდა შეასრულოს, ხელფეხშეკრულია საკუთარი წესდებითა და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებს შორის არასაკმარისი პოლიტიკური ერთსულოვნებით.
მაშ, რა არის გამოსავალი? იცნობიერებენ რა ანარქიისა და დაუსჯელობის საშიშროებას. ცალკეული ქვეყნები და მათი გაერთიანებები ცალკეულ შემთხვევებში, თავად კისრულობენ ძალდატანების ფუნქციას, ანუ, „შავ სამუშაოს“, რათა უზრუნველყონ გაეროს უშიშროების საბჭოს - მსოფლიოში მიღებული თამაშის წესების განუხრელი, მკაცრი და ყველაზე უნივერსალური დამცველის რეზოლუციების აუცილებელი შესრულება, და დასაჯონ „წესრიგის დამრღვევი“. არავის აქვს ზნეობრივი უფლება ამ „შავ სამუშაოს“ შემსრულებელი გაკიცხოს, განსაკუთრებით კი მას, ვინც თავისი ქმედებით „წესრიგის დამრღვევი“ ახალ დარღვევებზე შეაგულიანა.
თუმცა ზემოთქმულის კონტექსტით, ერაყისა და იუგოსლავიის მიმართ ნატოს პოზიციაში არ შეიძლება რაიმე ეჭვის შეტანა. მეორე მხრივ, ამგვარი ცალმხრივი აქციები, სამწუხაროდ, ხელს არ უწყობს მსოფლიო გაერთიანებას ულმობელ საშიშროებათა წინაშე. და თუმცა, მათი მოწყობა შეიძლება გამართლებული იყოს ზნეობრივი თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ისინი საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს ერთიან მართლწესრიგს. მეტიც, მომავალში ამ საკითხის გარშემო მუდმივმა უთანხმოებამ შეიძლება ბიძგი მისცეს ახალი ბიპოლარიზმის ჩამოყალიბებას. ძალდატანებით აქტზე პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, ე.ი. მთელი მსოფლიო თანამეგობრობა თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები მაინც თავად უნდა კისრულობდნენ პასუხისმგებლობის თანაბარ წილს და ამასთან ნათლად იცნობიერებდნენ, რომ კაცობრიობის უსაფრთხოება ყველლაფერზე მაღლა დგას და ამიტომაც ამ საკითხში აბსოლუტურად დაუშვებელია უმნიშვნელო კომპრომისიც კი საკუთარი სიმპათიების, ანტიპათიების ან თუნდაც სერიოზული ეკონომიკური ინტერესების გულისათვის.
სრულიად აშკარაა, რომ დადგა დრო, როცა ათობით წლის წინათ მიღებული წესები ვეღარ უპასუხებენ რეალობას. ვეტოს ინსტიტუტი, რომელიც თავისთავად დადებითი მოვლენაა, იმ ეპოქის პროდუქტია, როდესაც მსოფლიო ორ დაპირისპირებულ ბანაკად, ორ სისტემად იყო გათიშული და უმთავრესი - წონასწორობის დაცვის პრობლემა გახლდათ. არც უშიშროების საბჭოს შემადგენლობაა დღევანდელი სინამდვილის ადეკვატური. მისი მუდმივი წევრების რაოდენობის ზრდა გარდაუვალია იმ ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც რეალურად, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, მსოფლიოს გიგანტებს წარმოადგენენ. ამასთან ერთად, თუკი მომავალში ვერ მოხერხდება საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების, მათ შორის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დროული და უპირობო შესრულების უზრუნველსაყოფი მექანიზმების შემუშავება, დაუსჯელობისა და ანარქიის ატმოსფეროში მსოფლიო მიადგება მიჯნას, საიდანაც დაიწყება ისეთი განუჭვრეტელი პროცესები, რომლებსაც შეუძლიათ კაცობრიობა კატასტროფამდე მიიყვანონ.
ამ შემთხვევაში შესამუშავებელია ახალი მექანიზმი. ამჟამინდელი მექანიზმები ჩამოყალიბდა კონფრონტაციული მსოფლიოსათვის. დღეს საჭიროა ახალი მიდგომა, რომელიც გამოსადეგია „ცივი ომიდან“ ახალ მსოფლიო წესრიგზე გარდამავალი ტემპისათვის, რომელმაც, შესაძლოა, კიდევ ათობით წელიწადს გასტანოს.
მაგრამ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის გადაჭარბებული და გაუმართლებელი ფუფუნება იქნებოდა ამ გარდამავალი ეტაპის დროს უმოქმედობა და იმის ლოდინი, თუ როდის დაისადგურებს გლობალური ჰარმონია.
მთლიანობაში პოსტკომუნისტური სივრცე დღესდღეობით უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი უსუსტესი რგოლია. თუ ამ სივრცეში აღმოცენებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს სტაბილური სახელმწიფოებრიობის დამკვიდრება, საფრთხე შეექმნება არა მარტო პოსტკომუნისტური სივრცის მოსახლე ერებსა და ხალხებს, არამედ მთელ საერთაშორისო სისტემას.
ამასთან ერთად, ის, რისი მიღწევაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება გლობალურ დონეზე, გაცილებით უფრო ადვილი მისაღწევია რეგიონულზე. სწორედ რეგიონული თანამშრომლობა და, შესაძლოა, ინტეგრაცია უნდა გახდეს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოქმედების გეგმა დღევანდელ, არც თუ მოწესრიგებულ მსიფლიოში. და, ადამიანთა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვაზე „როგორ მოვიქცეთ?“, ამ ქვეყნებისათვის დღევანდელ პირობებში პასუხი ცხადია: გავერთიანდეთ ამ საერთო ინტერესების გარშემო, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ეს მოგვცემს საშუალებას რეგიონულ დონეზე მაინც ვაქციოთ ჩვენი საარსებო გარემო უფრო სტაბილური, განსაჭვრეტი და სამართლიანი.
თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი დინამიკური პროცესები, რომლებიც სულ უფრო ხშირად მსოფლიოს ყურადღებას მიაპყრობენ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონს, სწორედ ამგვარი აზროვნების ნაყოფია. როგორც ნებისმიერ დიდ წამოწყებაში, პირველად იყო სიტყვა, 1993 წლის ზაფხულში - აქვე გეტყვით, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს უმძიმესი წელი გახლდათ, - ბრიუსელს ვესტუმრეთ. ევროკავშირში ყოფნისას ევროკომისიის მაშინდელ ხელმძღვანელობას გავაცანი ზოგიერთი მოსაზრება შუა საუკუნეებისდროინდელი „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების თაობაზე. სხვათა შორის, ამ საკითხმა ჩემი ყურადღება დიდი ხნით ადრე მიიპყრო.
ჯერ კიდევ 1990 წელს, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიაში ვიზიტის წინ, ვლადივოსტოკში გამოსვლისას შევეხე ამ თემას. ბრიუსელში შემდგომაც არაერთხელ გვისაუბრია „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენაზე. გადაულახავი სიძნელეების გადალახვაში გამობრძმედილ ევროპელებს ეს პროექტი როგორ შეაშინებდათ. მაგრამ თუკი იმ წლებში თვალუწვდენელი ევრაზიის სივრცის რომელიმე რეგიონი გამოუსადეგარი იყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტის განსახორციელებლად, ეს ომებითა და შინააშლილობით მოცული კავკასია გახლდათ. და, მაინც, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ინტერესთა ერთობა წარმოშობს საერთო პასუხისმგებლობას. ასე გაჩნდა ევროკავშირის პროექტი ტრასეკა - სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზია. ასე დაიწყო ამ დერეფნით ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის გავლით ტრანსპორტირება. აქვე ვიტყვი, რომ რამდენიმე დღის წინათ გაიხსნა სუფსის ტერმინალი და დასავლეთის მარშრუტით გადაზიდული აზერბაიჯანის ნავთობით დაიტვირთა პირველი ტანკერი, ასე ამოქმედდა ორი საბორნე გადასასვლელი შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის და მრავალჯერ გაიზარდა ტვირთბრუნვა. ასე იშვა ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქმენეთის გაზს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მიაწვდის თურქეთს. ინტერესთა ერთიანი სივრცის შექმნის პირველი ეტაპის დასასრული გახდა შარშან „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელზეც 14 სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა ბაქოს დეკლარაციას. ამ თემას გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ამჟამად ამერიკის კონგრესში განიხილება სენატორ სემ ბრაუნბეკისა და მისი კოლეგების მიერ შედგენილი აბრეშუმის გზის სტრატეგიის კანონპროექტი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს ჩვენს ქვეყნებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ეკონომიკური აღმავლობის ტემპის დაჩქარებაში.
ევროპის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეკონომიკურ ინტერესთა ასეთი თანხვედრა პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრასაც გამოიწვევს. ამ უკანასკნელის პირმშოა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდავეთისა და უზბეკეთის გაერთიანება - სუამი, რომელიც სულ უფრო ხშირად გამოდის ერთიანი პოზიციით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფორუმებზე. დაიწყო სამხედრო თანამშრომლობაც. სულ ახლახანს საქართველოში სატრანზიტო კომუნიკაციების დაცვის მიზნით, ერთობლივი წვრთნა გამართეს საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა.
ამასთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მკაფიოდ იცნობიერებენ, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემები ხასიათითა და მასშტაბურობით საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან, აღნიშნული პრობლემებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოები არიან. ისინი განსაკუთრებულ ისტორიულ პერიოდში წარმოიქმნენ. ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად მათ გადასაწყვეტი აქვთ უდიდესი და ურთულესი ამოცანა - შექმნან სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოს ტრადიციული ფორმის დაწყებული ეროზიის პირობებში. როგორც უნდა შევაფასოთ ტრადიციული ერი - სახელმწიფოს ისტორიული ბედი და მისი ტრანსფორმირების თანამედროვე პროცესები, მაინც ნათელია, რომ სადღეისოდ სახელმწიფოში დამკვიდრებული პოლიტიკური ორგანიზაციის ეს ფორმა ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც ძალუძს, იყოს ქვეყანაში საკუთრების ფორმებისა და შიდა უსაფრთხოების გარანტი და ამავე დროს ხელი შეუწყოს გლობალურ და რეგიონულ ინტეგრაციის პროცესებს, განამტკიცოს საერთაშორისო უსაფრთხოება. ამდენად, პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ მათ მიერ სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თვალსაზრისით.
ამიტომ აუცილებლად გვესახება, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პოსტკომუნისტური სივრცის ქვეყნების მცდელობას - ააშენონ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა. სწორედ პოსტკომუნისტურ სივრცეში ყველაზე ეფექტიანად უნდა გატარდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, დაცულ იქნეს ქცევის მიღებული ნორმები და წესები, რათა თავიდან ავიცილოთ არა მარტო ხსენებულ სივრცეში წარმოდგენილი ახალი სუვერენული ქვეყნების კოლაფსი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში უზარმაზარ „უმწეო“, არასტაბილური და კონფლიქტური სარტყლის ჩამოყალიბება.
ამგვარი ნაბიჯები უკვე იდგმება და ეს გვაძლევს ოპტიმიზმს. ხვალინდელი დღის იმედით აღგვავსებს ისიც, რომ მსოფლიოს მოწყობის ჩვენეული ხედვა პრაქტიკულად არ განსხვავდება იმისაგან, როგორც ეს თქვენ და ჩვენ გასული ათწლეულის მიწწურულს წარმოგვედგინა. უბრალოდ, სავალი გზა უფრო ეკლიანი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ ვფიქრობდით. მაგრამ, ჩვენ მას გავივლით ისევე, როგორც გავიარეთ „ცივი ომის“ ბოლო ეტაპი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სწრაფვაში თქვენ გაცილებით მეტი მოკავშირე გყავთ მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანი ჩემი სამშობლო - საქართველოა.
ამერიკის თანადგომა გადამწყვეტ როლს ასრულებს დღევანდელ მსოფლიოში საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის ადგილის განსაზღვრაში // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25-26 აპრილი. - №107-108 (3149). - 1,3,4 გვ.
![]() |
56 „ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ ისტორიულ დოკუმენტებში და XXI საუკუნის ნატოსეულ ხედვაში ღირსეული ადგილი განეკუთვნება პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე
1999 წლის 25 აპრილი
ბატონო თავმჯდომარევ,
ბატონებო,
ჩემი თაობის პოლიტიკოსებს 50 წელი რომ შეგვისრულდა, გვეგონა, უკან მოვიხედავდით და განვლილ გზებს დაბრძენებული თვალით გადავხედავდით. რას ვიფიქრებდით მაშინ, რომ მომავალი პრაქტიკულად მეორე ცხოვრებას გვიმზადებდა, რომელიც პირველისაგან ისე იქნებოდა განსხვავებული, როგორც სულ რამდენიმე წლის წინანდელი მსოფლიო - დღევანდელისაგან.
ვერ გეტყვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც იგივეს თუ განიცდის, მაგრამ, ამთავითვე ცხადია, რომ მომავალი 50 წელი მას მოუწევს სრულიად განსხვავებულ მსოფლიოში არსებობა და სრულიად განსხვავებული მიზნებისადმი სამსახური.
გულწრფელად ვულოცავ ნატოს, მის ძველ და ახალ წევრებს, ამ საიუბილეო თარიღს.
ამ წლისთავთან ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა გზით მოვიდა. ალბათ, არც ერთი არ იყო იოლი. ამ გზის ბოლო მონაკვეთიც უაღრესად რთულ გამოცდად იქცა ალიანსისა და ჩვენთვის - მისი პარტნიორი ქვეყნებისათვის.
წუთით გადავინაცვლოთ 10 წლით უკან და თვალი გადავავლოთ განვლილ ეპოქას: ერთი მხრივ, ბერლინის კედელი უკვე აღარ არსებობს, საბჭოთა იმპერია ისტორიის კუთვნილება გახდა, მის ნანგრევებზე შენდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების ერთიანი ოჯახი. მართლაც რომ შესანიშნავი და ბედნიერი დასასრულია ფილმისა სახელწოდებით - XX საუკუნე.
მაგრამ რა ვუყოთ შემზარავ შავ-თეთრ კადრებს - ეთნიკურ წმენდას, მილიონობით ლტოლვილს, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ახალ და ძველ ნაირსახეობებს? როგორ დავიხსნათ თავი დაუცველობის შეგრძნებისა და მომავლის შიშისაგან?
კოსოვოს მოვლენებმა კიდევ ერთხელ და განსაკუთრებული დრამატიზმით დაადასტურა ის, რაზეც კარგა ხანია მიგვითითებს სხვა მოუგვარებელი თუ „გაყინული“ კონფლიქტები, მათ შორის, კონფლიქტი აფხაზეთშიც: საჭიროა დღეს არსებული უსაფრთხოების მექანიზმების სერიოზული სრულყოფა, რომლებიც სულ სხვა ეპოქაში და სულ სხვა მიზნებისათვის ჩამოყალიბდა. შეცვლილი მსოფლიო საკუთარ წესდებას, წარმოდგენებსა და ტრადიციებს კი არ უნდა მივუსადაგოთ, არამედ თავად უნდა მივესადაგოთ დღევანდელ რეალიებს, გამოვიმუშაოთ ახალ საფრთხეთა წინააღმდეგ ადეკვატური მოქმედების უნარი. უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, ძალით განმტკიცებული დიპლომატიის, მათ შორის, იძულებითი მშვიდობის დამყარების პრინციპის რეალური ამოქმედების გარეშე ვერ გავიკურნებით კონფლიქტების ეპიდემიისაგან. ახალი გაბედული მიდგომა უნდა დაუპირისპირდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს.
იმედისმომცემია ის, რომ აქ, ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ ისტორიულ დოკუმენტებში და XXI საუკუნის ნატოსეულ ხედვაში ღირსეული ადგილი განეკუთვნება პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ეს თანამშრომლობა ნატოსათვის უსაფრთხო მეგობრული გარემოცვის გარანტიაა. ევროატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნების დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარება კი - საუკეთესო საშუალებაა ამ სფეროში ყოველგვარი ექსტრემიზმის, რევანშიზმის ან აგრესიული ნაციონალიზმის წინააღმდეგ.
დიდ მოთმინებასა და წინდახედულობას მოითხოვს შეთანხმებული პარტნიორული კავშირების შენარჩუნება და გაღრმავება ნატოსა და რუსეთს შორის, რადგან რუსეთის, ისევე, როგორც უკრაინის აქტიური მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია ერთიანი ევროატლანტიკური სახლის შექმნა. თავის მხრივ, თავად რუსეთმაც უნდა გაიაროს თავისი გზა.
ევროატლანტიკური თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ფართო და მრავალმხრივ ურთიერთობას, რომელიც გამიზნულია რეალური შედეგების მისაღწევად, პოლიტიკურ კონსულტაციებს, საერთო ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას კრიზისული თუ არასტანდარტული სიტუაციებისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიათა და მეცნიერულ მიღწევათა გაზიარების სისტემას. ასეთი პარტნიორობის ამოსავალ წერტილად გვესახება არა გეოპოლიტიკა და ძალთა ბალანსი, არამედ ზნეობრივი მიდგომა და ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე, იმის რწმენა, რომ ყველა პარტნიორი ქვეყნის, დიდისა თუ პატარის, სატკივარი მთელი ევროატლანტიკური ოჯახის საერთო საზრუნავი გახდება. სწორედ ეს უნდა იყოს ალიანსის ახალი მისია.
ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გავიხსენო აფხაზეთის პრობლემა, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს XXI საუკუნის გარიჟრაჟზე. ჩემი ღრმა რწმენით, დადგა დრო, როდესაც ევროატლანტიკურმა თანამეგობრობამ, უკვე არსებულ მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთიან ძალისხმევას უნდა მიმართოს ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად.
დასასრულ, ნება მიბოძეთ, მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ კლინტონს ყურადღებისა და გულთბილი მიღებისათვის, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განგვიმტკიცებს რწმენას, რომ მსოფლიო საბოლოოდ და სამუდამოდ შეიცვალა, და რომ ყველა ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოს თავისი ადგილი და თავისი ხმა აქვს.
გმადლობთ.
„ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ ისტორიულ დოკუმენტებში და XXI საუკუნის ნატოსეულ ხედვაში ღირსეული ადგილი განეკუთვნება პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე : 1999 წლის 25 აპრილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 აპრილი. - №109 (3150). - 1, 2 გვ.
![]() |
57 „ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ განვამტკიცოთ იგი და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული რეფორმების კურსი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ნიქსონის პრემიის მიღებისას
პატივცემულო თავმჯდომარევ,
ბატონებო,
ნება მიბოძეთ, მადლობა მოვახსენო ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელობასა და წევრებს ჩემი მოკრძალებული წვლილის დაფასებისთვის. განსაკუთრებით მეამაყება ის, რომ პრემია სწორედ სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის მომანიჭეთ. მართალია, დიდ საერთაშორისო სარბიელზე მოღვაწეობისას, როცა პლანეტის მომავალი მოწყობის ბედი წყდებოდა, თანამოაზრეებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობების გადალახვა მიხდებოდა, დღეს თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი, თუნდაც პატარა სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, არანაკლებ რთული საქმე ყოფილა. ზოგჯერ კი ისე მეჩვენება, რომ უფრო რთულიც. ამიტომ, თუ თქვენ მიიჩნიეთ, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე დამდგარმა ჩემმა სამშობლომ - საქართველომ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მე ამას სიამაყით აღვიქვამ. ამგვარი შეფასება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს რწმენას.
და მაინც, ამ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ქვეყნის მშენებლობის პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით, რომელიც გარკვეულწილად, ალბათ, წააგავს დიდი ქვეყნის არსებობის პირველ ათწლეულს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ახლადშექმნილი სახელმწიფოსათვის არც დამოუკიდებლობის და არც რესპუბლიკური წყობის დამკვიდრების ბედი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. როცა უკვე არსებობს დამფუძნებელ მამამთავართა მიერ შექმნილი სწორუპოვარი დოკუმენტი - ამერიკის კონსტიტუცია. მაგრამ, თუ რამდენად ქმედითი იქნებოდა იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად გაუძლებდა დროის გამოცდას, დარწმუნებით არავინ იცოდა. თქვენ პირველები იყავით და გზას უკვალავდით კაცობრიობას.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მარტონი არა ვართ. ამ კეთილშობილური მისიის განხორციელებაში, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ჰქვია, მხარს გვიჭერს მთელი მოწინავე მსოფლიო და, უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატები, რის გამოც, მინდა, ქართველი ხალხის სახელით გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ.
სახელმწიფოს მშენებლობა არც ერთ დროში ყოფილა იოლი საქმე. გავიხსენოთ, როგორი ფიასკო განიცადა თავად დიდმა პლატონმა, როდესაც თავისი იდეების განხორციელებას შეეცადა სირაკუზის სინამდვილეში. ერთი ადამიანის სურვილი და თუნდაც ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა ააშენო იდეალური სახელმწიფო, საკმარისი როდია. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ფილოსოფოსი არ გახლავართ და როგორც პოლიტიკოსს, ალბათ, მეტი შესაძლებლობა მექნებოდა უკეთესად გამომენახა საერთო ენა, როგორც ჩემი ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან და მოქალაქეებთან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ ეროვნული სახელმწიფოს როლზე საერთაშორისო ცხოვრებაში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მისი ეროზია უკვე დაიწყო და მომავალში ადგილი ზესახელმწიფოებრივ გაერთიანებებს უნდა დაუთმოს, მეორენი კი ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგი არიან და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ძლიერ, სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია მოუტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა თავის მოქალაქეებს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჭეშმარიტება ამ დაპირისპირებულ მოსაზრებათა შორის იმყოფება. სახელმწიფოები, როგორებიც უნდა იყვნენ ისინი, ჯერჯერობით კვლავაც რჩებიან მთავარ მოთამაშეებად საერთაშორისო ასპარეზზე.
მეორე მხრივ, დღევანდელი მსოფლიო წარმოუდგენელია ინტეგრაციული პროცესების გარეშე, რადგან ეროვნული ინტერესების გაწონასწორება და, მაშასადამე, ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა სწორედ ინტეგრაციის შედეგად არის შესაძლებელი. ამის შესანიშნავი მაგალითია ევროკავშირი, რომელიც ამერიკის მსგავსად გზას უკვალავს დანარჩენ მსოფლიოს იმის დემონსტრირებით, თუ რა შეუძლია თავისუფალ ერთა ნებაყოფლობით გაერთიანებას.
სუვერენული სახელმწიფოს ცნება არ შეიძლება განიხილებოდეს არსებული მსოფლიო წესრიგისაგან იზოლირებულად. ამიტომაც იგი გარდაუვლად იცვლიდა სახეს, როცა კი ყალიბდებოდა ახალი წესრიგი დიდი ისტორიული კატაკლიზმების, ომებისა და რევოლუციების შედეგად.
საბჭოთა იმპერიის და მასთან ერთად ბიპოლარული სისტემის დაშლა, რომელშიც ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის ჩაქსოვილი, თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს. იგი სწორედ რომ ამ საუკუნის უდიდეს ევოლუციად უნდა მივიჩნიოთ. ამიტომაც ცივი ომის შემდგომ ეპოქას თავისი ახალი საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპები ესაჭიროება. ის, რაც სჭრიდა, ან მისაღები იყო გუშინ, ვერ სჭრის და სრულიად მიუღებელია ჩვენს დროში, მაშინ, როცა თავისუფალ სამყაროს შეუძლია, დაიცვას და მზად არის, დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტს სწორედ ამ ახალი საერთაშორისო კონტექსტით მოვიაზრებთ და ისიც გვწამს, რომ ეროვნული დამოუკიდებლობა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ ერის თავისუფლებასთან ერთდ იგი პიროვნულ თავისუფლებასაც მოუტანს ყოველ ადამიანს.
ამ მხრივ, საინტერესოა რიჩარდ ნიქსონის მოსაზრება ერთა თვითგამორკვევის შესახებ. „ერებს უნდა მივცეთ ნება, - თქვა მან, - განახორციელონ თავიანთი არჩევანი მხოლოდ დემოკრატიული საშუალებებით. მეორე მხრივ, ერებმა, რომლებიც განახორციელებენ ამ უფლებას, უნდა გაითავისონ დემოკრატიული ღირებულებები“.
რაც შეეხება საქართველოს და ჩვენი ეროვნული თვითგამორკვევის პროცესს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დასაწყისში დაშვებული გარკვეული შეცდომების გარდა, ჩვენს ქვეყანას არც ერთი ნაბიჯით არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან.
ეს გზა გრძელი და წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა. მე კარგად ვაცნობიერებდი, თუ როგორ ქვეყანაში ვბრუნდებოდი 1992 წლის მარტში. საქართველო სამოქალაქო ომითა და კონფლიქტებით იყო მოცული. ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. როცა ინსტიტუტები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, თომას ჰობსისა არ იყოს, თითქოს ყველა ყველას ეომებოდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა დავბრუნებულიყავი და მიმეღო ისტორიული გამოწვევა - ყველას ერთად აგვეშენებინა ახალი სახელმწიფო, რომელიც ყველაზე უფრო შეეფერებოდა ქართველი ხალხის იდეალებს, მათი ცხოვრების წესს, კულტურასა და ტრადიციებს.
უძნელესი სასტარტო პირობების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ის დადებითი მუხტი და მებრძოლი სული, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ქართული საზოგადოება. ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ შედარებით კარგი მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად ქართველები არასდროს შეეგუებიან საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა სხვადასხვა ფორმით ქვეყანაში ყოველთვის მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველი თავის ეროვნულ დამოუკიდებლობას პიროვნულ თავისუფლებასთან აიგივებს.
ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ქართველი ხალხი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და წინ აღუდგა ახალი ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობას.
ყოველივე ეს ნათლად მიანიშნებდა, რომ საქართველო, მიუხედავად უმძიმესი მემკვიდრეობისა, მზად არის დაიწყოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე სახელმწიფოს შენება.
მე არ დაგღლით იმ გზის დეტალური აღწერით, რომელიც ქვეყანამ გამოიარა. მაგრამ ზოგიერთ საკითხს მაინც მივიჩნევ აღნიშვნის ღირსად. ქაოსით მოცულ ქვეყანაში ლიბერალურ-დემოკრატიული რეფორმების გზით სიარული ზოგიერთებს იდეალისტი პოლიტიკოსების ახირებად და უტოპიად მიაჩნიათ. იყო წუთები, როცა ერთსულოვნება არც ქვეყნის ხელმძღვანელობაში სუფევდა. ზოგი ფიქრობდა, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია რკინის ხელით მოქმედება და მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღდგება ჩვეული წესრიგი, შეიძლება რეფორმების ზემოდან ინიცირება. ამგვარ თვალსაზრისს მოსახლეობის ნაწილიც უჭერდა მხარს. მეტსაც გეტყვით, ჩემგან მოითხოვდნენ განსაკუთრებული, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დემოკრატიული ზომების მიღებას. ზოგი გაკვირვებასაც გამოთქვამდა - რა დაემართა შევარდნაძეს? ნუთუ ბოლოს არ დაჰკრავს მაგიდას მუშტს?
მე ეს არ გავაკეთე, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არადემოკრატიულ წესრიგს დემოკრატიული უწესრიგობა სჯობს. უფრო სწორად, ეს უკანასკნელი უფრო პერსპექტიულია, რადგან საერთო ძალისხმევით შეიძლება გადაიზარდოს ყველაზე სამართლიან საზოგადოებრივ ფორმაციაში - დემოკრატიულ წესრიგში. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ საერთო ძალისხმევით. ზემოდან ხალხს დემოკრატიას ვერ ასწავლი. ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. დემოკრატიულად ცხოვრება ხალხმა თვითონ უნდა ისწავლოს. დღეს ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები და ქვეყნის მოსახლეობა ერთად გავდივართ ამ საუნივერსიტეტო კურსს და ყოველი 4-5 წლის შემდეგ კვლავ ერთად ვაბარებთ გამოცდებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სახით. დამეთანხმებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, რომ საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებშიც, იყო თავისუფალი და სამართლიანი. დღეს საქართველოში ამომრჩეველმა იცის თავისი ხმის ფასი. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრით, სწორედ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი მონაპოვარი.
თუმცა, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავისუფალი პრესის არსებობა, რომლის ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი და ხშირად უმნიშვნელო საკითხიც კი. მართალია, ჩვენს საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებს აკლიათ გამოცდილება, მაგრამ მათი მუშაობის ხარისხი დღითი დღე მატულობს. როგორც ყველა თავისუფალ საზოგადოებაში, ჩვენთანაც აქა-იქ თავს იჩენს ჟურნალისტური ეთიკის და პასუხისმგებლობის პრობლემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთია ამ ჟანრის თავისებურება. ამიტომაც ყველა პოლიტიკური მოღვაწე, მათ შორის და, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტიც, მზად უნდა იყოს კრიტიკისათვის, რაოდენ მწარე ფორმითაც არ უნდა იყოს იგი წარმოდგენილი. გამოგიტყდებით, როგორც ჩანს, ძველი ინტერესის გამო, ადრე უფრო მტკენდა გულს ტაქტსმოკლებული პუბლიკაციები. ამ ბოლო ხანს კი მწარე კრიტიკასა და სატირას სულ უფრო მივიჩნევ ჩვენს კიდევ ერთ საერთო გამარჯვებად.
ვფიქრობ, საკამათო არ არის, თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და შემდგომი არსებობისათვის. მარქსისტულ იდეოლოგიაში ყოველთვის ფიგურირებდა პირველადობისა და მეორადობის ცნება - ვთქვათ, მატერია პირველადია, სული კი - მეორადი და, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობანი ბაზისია, ანუ პირველადი, პოლიტიკა ზედნაშენი, ანუ მეორადი. ვფიქრობ, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი ქათმისა და კვერცხის პრობლემას უფრო ჰგავს. თუმცა ამ ბოლო რამდენიმე წელმა ერთ რამეში მართლა დაგვარწმუნა - ეკონომიკის არათუ განვითარებაზე, არამედ მის არსებობაზეც კი ლაპარაკი ზედმეტია, სანამ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდება პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებსაც ძალუძთ მართლწესრიგის აღდგენა. ეს ჩვენ მეტ-ნაკლებად 1994 წლის დამლევისათვის შევძელით, ამიტომ სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ჩვენი რადიკალური საბაზრო რეფორმა.
უკვე 1995 წელს გაჩნდა პირველი დამაიმედებელი ტენდენციები - მივაღწიეთ ფინანსურ სტაბილიზაციას და, თქვენ წარმოიდგინეთ, შიდა ეროვნული პროდუქტის 2,5 პროცენტით ზრდასაც კი. შემდგომი ორი წლის მანძილზე ეს ტენდენციები მნიშვნელოვნად განმტკიცდა, მეტსაც ვიტყვი - თავისი 11-პროცენტიანი ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების რიცხვშიც მოხვდა. ეროვნული ვალუტა მყარი იყო და ინფლაცია წლიურ 7 პროცენტამდე დავარდა. მართალია, ეს მაკროეკონომიკური მიღწევები უმნიშვნელოდ აისახებოდა ხალხის ცხოვრების დონეზე, თავად ამ მიღწევების არსებობა უკეთესი მომავლის იმედს უსახავდა მოსახლეობას. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იმ ორი წლის მანძილზე პენსიონერები და საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანები თავიანთ მცირე ანაზღაურებას დროულად მაინც ღებულობდნენ. სიტყვამ მოიტანა და იმასაც გეტყვით, რომ დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის 80 პროცენტს კერძო სექტორი შეადგენს.
1998 წლის მეორე ნახევარში, რეფორმების გზაზე, პირველ სერიოზულ სიძნელეებს წავაწყდით. ყველაფერი ფისკალური პრობლემით, ანუ საბიუჯეტო შემოსავლის მკვეთრი ვარდნით დაიწყო, რაც გამოწვეული იყო შესაბამის ორგანოებში მზარდი კორუფციითა და გადასახადთა გადაუხდელობის ფაქტობრივი ეპიდემიით. მე ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თუკი დღევანდელ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს რაიმე სერიოზული ემუქრება - ერთ-ერთია სწორედ ფისკალური ხასიათის პრობლემები, „ანუ საგადასახადო ტერორიზმი“, როგორც მე მას ვუწოდე. ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო შარშანდელი წლის ბოლოსათვის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ ჰქონდა მიღებული რამდენიმე თვის კუთვნილი ხელფასი და პენსია. ეს კი, მოგეხსენებათ, ის შემთხვევაა, როცა ფისკალური ფინანსური პრობლემა შეიძლება ადვილად გადაიქცეს პოლიტიკურად, განსაკუთრებით, თუ გაჭირვებული და გაღიზიანებული ხალხის მანიპულირებას შეეცდებიან სხვადასხვა ჯურის სოციალური დემაგოგები, რომელთა ნაკლებობას ჩვენ, სამწუხაროდ არ განვიცდით.
ყოველივე ამას დაემთხვა საერთაშორისო საფინანსო კრიზისი, რომელიც გლობალიზებული მსოფლიოს ოკეანეში მოტივტივე პატარა საქართველოსთვის სერიოზულ უარყოფით ფაქტორად იქცა. განსაკუთრებით იმოქმედა ჩვენს საგადასახადო ბალანსზე და, ამის შედეგად, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეზე რუსეთის კრიზისმა, ეს გასაგებიცაა, რადგან რუსეთი დღესაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. რუბლის 400-პროცენტიანმა დევალვაციამ, ბუნებრივია შეაფერხა ჩვენი ექსპორტი და ხელი შეუწყო იაფი რუსული საქონლის შემოსვლას ჩვენს ბაზარზე. ორიოდ თვის მანძილზე ჩვენ შევეცადეთ ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციებით შეგვენარჩუნებინა ჩვენი ეროვნული ფულადი ერთეულის - ლარის კურსი. მაგრამ ყველასათვის ნათელი იყო, რომ ჩვენი რეზერვები მალე დაილეოდა და ეს გზა განწირული იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი შექმნილ სიტუაციაში სრულიად მართებულად მოითხოვდა სავალუტო ინტერვენციების შეწყვეტას და ლარის, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავის ნებაზე მიშვებას.
გულწრფელად გეტყვით, ეს საკმაოდ დრამატული მომენტი გახლდათ ჩვენი ამ ბოლო წლების ისედაც მშფოთვარე ცხოვრებისა. პესიმისტები საშინელ სურათს ხატავდნენ - ლარის კატასტროფიულ გაუფასურებას, ჰიპერინფლაციას, საბანკო სისტემის მოშლას და ისედაც დაბალი ცხოვრების დონის უსასრულოდ დაქვეითებას. წარმოიდგინეთ, რა ელოდა თავად დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკის იდეას, მოვლენები მართლა ასე რომ განვითარებულიყო, მის რეაბილიტაციას მოქალაქეთა თვალში ათწლეულები დასჭირდებოდა.
საბედნიეროდ, საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო, მისი ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უფრო მყარი აღმოჩნდა, ვიდრე პესიმისტებს ეგონათ. ხელმძღვანელობამაც ყველაფერი იღონა კატასტროფა რომ აგვეცილებინა. საბიუჯეტო კრიზისი არ გადაიზარდა ეკონომიკურ დეპრესიაში. ეკონომიკური ზრდა შემცირდა, მაგრამ არ შეჩერებულა. დღეს უკვე საბიუჯეტო კრიზისიდანაც გამოვდივართ.
მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს როგორც რჩევებით, ისე პირდაპირი ფინანსური ინექციებითაც. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალიზაციის პირობებში, როცა საფინანსო კრიზისი უკვე გადამდებ, ინფექციურ ავადმყოფობად იქცა, რომელიც საფრთხედ იქცა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ბოლო წლებში განვითარებულ დემოკრატიულ მსოფლმხედველობრივ სივრცეს, ალბათ, უნდა დაიხვეწოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიდგომები. ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოსაც სხვა არაერთი საშიშროება ემუქრება. ვფიქრობ, არ უნდა იყოს უცნაური ის, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომელთა მიზანია საათის ისრები უკუღმა დაატრიალონ და ყველანი წარსულში გადაგვისროლონ. თუმცა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, რომ ამ მიზნის განხორციელება შეუძლებელია, ეს ადამიანები თავისას არ იშლიან. მე სულაც არ ვარ შეთქმულებათა თეორიის მქადაგებელი, მაგრამ თვალნათლივ ვხედავ, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც დაადგნენ სრულიად დამოუკიდებელი განვითარებისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზას, არსებობს რაღაც „მცოცავი“ შეთქმულება. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის არაერთი დესტაბილიზაციის მცდელობა, მათ შორის ტერორისტული აქტები ჩემს წინააღმდეგ, რომლებიც განხორციელდა საქართველოში ამ რამდენიმე წლის მანძილზე. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული შეცვალოს პოლიტიკური წყობა იმ სახელმწიფოში, რომელიც საერთო აღიარებით წარმატებით აშენებს დემოკრატიას. როდესაც ჩვენი ძალისხმევის აღიარებაზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი გაწევრიანება ევროპის საბჭოში, რომელსაც, მოგეხსენებათ, საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ჩვენსავით პატარა ქვეყნებს. გამოდის, რომ ეს ძალები ებრძვიან არა საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას და დემოკრატიას.
ბუნებრივია, ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ განვამტკიცოთ იგი და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული რეფორმების კურსი. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა მაშინ, როცა ჩვენ შევუდექით საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენას. მხედველობაში მაქვს დიდი აბრეშუმის გზა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო რგოლი სწორედ საქართველო იყო. სხვათა შორის, ახლახან წიგნი დავწერე ამ თემაზე, რომელიც ამჟამად ინგლისურად ითარგმნება. არ გეგონოთ, რომ ვსარგებლობ ასეთი გამორჩეული საზოგადოების ყურადღებით და ვიწყებ საკუთარი ნაწარმოების რეკლამირებას. წიგნი მხოლოდ იმისთვის ვახსენე, რომ აღმენიშნა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტს, ჩვენს დროში თავად აბრეშუმს ნავთობი, გაზი, ბამბა და მრავალი სხვა საქონელი შეცვლის. ეს გრანდიოზული პროექტი უკვე განხორციელების სტადიაშია. მისდამი ინტერესს იჩენენ შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია და სხვა სახელმწიფოები. ევროკავშირის ტრასეკას და ინოგეიტის პროექტები გამიზნულია რეგიონის ქვეყნების დასახმარებლად შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მილსადენების მშენებლობაში. ამერიკის ადმინისტრაციამ შექმნა საწვავის დიპლომატიისა და მილსადენების საკითხებში პრეზიდენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის სპეციალური თანამდებობა. ამერიკის კონგრესი განიხილავს სენატორ ბრაუნბეკისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილ „აბრეშუმის გზის სტრატეგიის“ კანონპროექტს, რომელიც კონგრესმა უნდა მიიღოს, და მაშინ იგი რეგიონის ქვეყნებისათვის, ფაქტობრივად, მარშალის გეგმად იქცევა. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ერთი გარემოება. მილსადენებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მრავალვარიანტულობის მეშვეობით ახალი აბრეშუმის გზა მჭიდროდ დააკავშირებს რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან და უბიძგებს მათ ინტენსიური რეგიონული ინტეგრაციისაკენ. მიმაჩნია, რომ სწორედ ინტერესთა ამგვარი დაახლოება და გაწონასწორება შექმნის მომავალი მტკიცე დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებს.
რომ არ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ზემოთ ნათქვამი მხოლოდ მომავლის ხედვაა ან საერთოდ ოცნებათა სფეროს განეკუთვნება, გატყობინებთ, რომ ტვირთები უკვე მუდმივად მოძრაობენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით. აბრეშუმის გზის ქვეყნების პრეზიდენტები შარშან სექტემბერში უკვე შეიკრიბნენ ბაქოში, სადაც ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან ერთობლივ დეკლარაციას. სულ რამდენიმე დღის წინათ კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა აზერბაიჯანული ნავთობით, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროს ახლადაშენებული, თანამედროვე ბაქო-სუფსის ნავთობსადენით მიაღწია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა აბრეშუმის გზის აღდგენისა და, კერძოდ, ამ ნავთობსადენის მარშრუტის არჩევის საქმეში, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და მე, ერთად ვიზეიმეთ ეს დიდი მოვლენა. ვფიქრობ, მისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ყველასათვის ნათელი უნდა იყოს.
მაგრამ მე არანაკლებ ვაფასებ ამ მოვლენის სიმბოლიურ მნიშვნელობასაც. 17 აპრილს ის, რაც ორიოდე წლის წინათ ოცნების საგანი იყო, რეალობად იქცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სხვა ოცნებებსაც ასრულება უწერია. ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება, დაუღალავი შრომა და მეგობრების თანადგომა. როგორც ბოლო წლების გამოცდილებამ ცხადყო, უნარიც გვაქვს და არც მეგობრების ნაკლებობას განვიცდით. თქვენს მიერ ჩემი წვლილისა და საქართველოს წინსვლის აღიარება ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ განვამტკიცოთ იგი და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული რეფორმების კურსი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ნიქსონის პრემიის მიღებისას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 აპრილი. - №109 (3150). - 1,3 გვ.
![]() |
58 ევროპა ის სივრცეა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და უსაფრთხო განვითარება უნდა უზრუნველყოს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნება მიბოძეთ, მადლობის სიტყვებით მოგმართოთ საპარლამენტო ასამბლეის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს და ეროვნული დელეგაციების წევრებს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების დიდ საქმეში ერთსულოვანი მხარდაჭერისათვის. დიდი მადლობა თქვენ.
ამ მაღალი ტრიბუნიდან მსურს მადლიერებით აღვნიშნო ევროპის საბჭოს ერთგულება დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, პლურალიზმის და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებისადმი, რითაც ორგანიზაციამ, მთელი თავისი 50-წლიანი არსებობით, უდიდესი წვლილი შეიტანა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განმტკიცებაში.
უპირველეს ყოვლისა ეს გამოვლინდა „ევროპული საჯარო წესრიგის“, როგორც ერთიანი პოლიტიკური, სამართლებრივი და, მე დავუმატებდი, კულტურული სივრცის ფორმირებაში.
ევროპის საბჭო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის პირმშოა. იგი ჩამოყალიბდა, როგორც ევროპის სულიერი აღორძინების ინსტიტუტი, თუმცა მისი მოქმედების არეალი ცივი ომის გამო მხოლოდ დასავლური დემოკრატიებით შემოიფარგლა. იმ პირობებში საერთო-ევროპული ოჯახის იდეას განხორციელება არ ეწერა, რადგან „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილი აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, მათ შორის საბჭოთა იმპერიაში შემავალი ხალხები, რამდენიმე წლით ჩამოსცილდნენ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ დასავლურ ცივილიზაციას.
ასეთი თვალთახედვით „ცივი ომის“ დასრულება ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ევროპის ცხოვრებაში მართლაც მეორე უდიდეს მოვლენად აღიქმება. მან კვლავ მოგვცა ევროპის სულიერი სივრცის აღდგენა-განვითარების ისტორიული საშუალება და იგი განახლებული ევროპის საბჭოს ახალ, უმნიშვნელოვანეს ფუნქციად ჩამოყალიბდა.
ევროპის ახალი სუნთქვა შეიძინეს და საერთო ოჯახში თავიანთი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში შემავალმა მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა.
დამოუკიდებელი საქართველოც ამ მოვლენების წიაღში იშვა. ჩვენ საკუთარ თავს ევროპის ერთიანი სივრცის ნაწილად განვიხილავდით და განვიხილავთ. ეს ის სივრცეა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და უსაფრთხო განვითარება უნდა უზრუნველყოს.
საქართველოსათვის „ევროპის საჯარო წესრიგის“ ფარგლებში ყოფნა ნიშნავს არა მარტო საერთო ფასეულობების გაზიარებას, არამედ საკუთარი კონკრეტული წვლილის შეტანას. ამ წესრიგის განვითარებაში და განმტკიცებაში. ევროპის საბჭოში მიღება, რომელიც თავისთავად საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აღიარებაა, ამ მიმართებით საქმიანობის მშვენიერ წინაპირობას გვიქმნის.
საქართველო ევროპაში დაბრუნდა არა მარტო და არა იმდენნად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მრავალწლიანი ისტორიით, არამედ მომავალზე ორიენტირებული აწმყოთი - უმძიმეს პირობებში, დროის მცირე მონაკვეთში ჩამოყალიბებული სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მყარი საფუძვლებით.
საქართველოში დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებამ, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა, აგრეთვე სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყებამ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებამ განსაზღვრა ზემოაღნიშნული პროცესის განვითარების ძირითადი ორიენტირები.
ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვისა და განმტკიცების სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფის ნიშნით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მიღებულია სამოქალაქო და სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსები, პენიტენციალური სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. გაუქმდა სიკვდილით დასჯა, შეიქმნა სახალხო დამცველის ინსტიტუტი.
ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო: გადაადგილების თავისუფლების და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოში ჩაწერის სისტემის გაუქმება. აღსანიშნავია, აგრეთვე ქვეყანაში დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობა საქართველოს სამართლებრივი სისტემის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ასპექტში, როგორც პლურალისტური დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და სხვა მრავალი მიმართულებით.
საქართველო უკვე შეუერთდა ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებულ რამდენიმე კონვენციას. ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელლოვანი ეტაპი დაიწყო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის 1999 წლის პროგრამის განხილვითა და დამტკიცებით.
ჩვენი წარმომადგენლები მეთვალყურის სტატუსით მონაწილეობენ ევროპის საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის საქმიანობაში, სადაც მუშავდება სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციაზე. საქართველომ კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა. ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებულ „კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციას“, არამედ ვაპირებთ კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური სამსახურის შექმნას საქართველოს პრეზიდენტის ეგიდით.
საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით დასრულდა სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა ხელისუფლების დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი შტოს ჩამოყალიბებას. რეფორმების განხორციელების ფორმების შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა ამ პროცესებისადმი ერთმნიშვნელოვანია. რეფორმის შეუქცევადობის თვალსაზრისით სერიოზული განაცხადი გაკეთდა კანონის „საერთო სასამართლოს შესახებ“, ამ კანონის მიღებითა და ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებით.
ვფიქრობ, ცალკე უნდა გამოიყოს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ვალდებულებების შესრულება. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ისინი უკავშირდება ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარ იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამ მიმართებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აბსოლუტურად თანხვდება საქართველოს მომავლის ჩვენეულ აღქმას და ხედვას.
ევროპის საბჭოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ხანგრძლივ და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვესმის. აღნიშნული პროცესი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის საბჭოში თანამშრომლობას განიხილავს, როგორც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გარანტიას.
ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფუნქციას ჩვენ არა მარტო „ევროპული საჯარო წესრიგის“ გაღრმავება-განვითარებაში, არამედ ამ წესრიგის სამხრეთ კავკასიაზე გავრცელების ხელშეწყობაში ვხედავთ. ამ მხრივ აღსანიშნავია 15 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით და საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ლორდ რასელ ჯონსტონის ინიციატივით შემდგარი აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეთა შეხვედრა.
ამ რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონში შევხვდით სამი პრეზზიდენტი - აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს პრეზიდენტები. შეხვედრა იყო საინტერესო და მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგი ასეთი საუბარი, ასეთი დიალოგი გაიმართება თბილისში.
ევროპული წესრიგის განვრცობა ჩვენს მეზობელ კავკასიის სახელმწიფოებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კავკასიური სახელმწიფოების ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაციის და განვითარების თვალსაზრისით: იგი პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს რეგიონში კონფლიქტების მოწესრიგებისა და ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესზე.
ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ევროპის საბჭოს სრულუფლებიან წევრადაც ვიხილავთ.
„ევროპული საჯარო წესრიგის“ ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც პიროვნების უსაფრთხოების გარანტია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთგვარი კვინტესენციაა. ჩვენი შეხედულებით „ევროპული საჯარო წესრიგის“ ფორმირების ამოცანა უფრო ფართოდ უნდა იყოს გააზრებული. კერძოდ, მან უნდა მოიცვას უსაფრთხოება სოციალური იერარქიის ყველა დონეზე, იქნება ეს ინდივიდი, ინდივიდთა ჯგუფი, საზოგადოება თუ სახელმწიფო. ეს კრიტერიუმი უნდა გახდეს განმსაზღვრელი, როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული „ურთიერთშემავსებელი და ურთიერთდამაკავშირებელი ინსტიტუტების“ საქმიანობის ეფექტიანობაზე.
ასეთი წესრიგის ფარგლებში დაუშვებელია ევროპულ სივრცეში არსებული კონფლიქტების გრადაცია და ზოგიერთი მათგანის, ასე ვთქვათ, „გაყინული კონფლიქტების“ ან „დაკონსერრვებული კონფლიქტების“ კატეგორიაში გადაყვანა. ევროპული წესრიგისათვის კოსოვოში განხორციელებული „ეთნიკური წმენდა“ ისევე კატასტროფიულია, როგორც აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებული ანალოგიური ქმედება, რის შედეგადაც 300 ათასი ადამიანი, უმეტესად ქართველი განიდევნა მამა-პაპათა მიწა-წყლიდან და ათასობით ადამიანი დაიხვრიტა“.
ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ მსოფლიოში გახშირებული „მცირე ინტენსივობის“ კონფლიქტები დამანგრეველი, დესტრუქციული მუხტის მატარებელია. პოსტტოტალიტარულ სივრცეში არსებულ, ერთი შეხედვით მცირემასშტაბიან ეთნიკურ დაპირისპირებებს, რასაც ზოგჯერ ლოკალურ კონფლიქტებს უწოდებენ, შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დაგვაყენოს. ყოველ შემთხვევაში, კოსოვოს მაგალითი ამ მხრივ ძალზე დამაფიქრებელია. მე არაფერს არ ვაჭარბებ, ეს არის რეალური საფრთხე.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკვე კარგა ხანია განიხილება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა აგრესიული სეპარატიზმი, ეთნიკური თუ კონფესიური კონფლიქტები, საქმე რიტორიკასა და დეკლარაციებს არ გასცდენია. ეს უნდა ვაღიაროთ.
შიდა კონფლიქტების გამო საერთაშორისო წესრიგის ამგვარი „მოუწესრიგებლობის შედეგები“ მძიმე და, მე ვიტყოდი ტრაგიკულ ტვირთად აწევს საქართველოსაც.
ამდენად, ცოტაოდენ კატეგორიულობასაც თუ მომიტევებთ, ვიტყვი, რომ ევროპული წესრიგი ვერ იარსებებს და აზრსაც კი კარგავს იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ევროპულ სივრცეში მიმდინარე ყველა კონფლიქტს თანაბარი ყურადღება და ძალისხმევა სჭირდება.
ამ საკითხზე ფიქრი მართებს ევროპის საბჭოსაც, რადგან ის, რაც კოსოვოში ხდება, გაცილებით უფრო რთული და მასშტაბური მოვლენაა, ვიდრე ცალკეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტი. ფაქტობრივად, ერთმანეთს უპირისპირდება ორი დიამეტრულად საწინააღმდეგო წარმოდგენა საერთაშორისო წესრიგზე, რომელთაგან ერთის საფუძველი ტოტალიტარული რეჟიმია, ხოლო მეორე - დემოკრატიულ ფასეულობებზეა დაფუძნებული. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტიც სწორედ ასეთი დაპირისპირების გამოხატულება და ასეთი დაპირისპირების შედეგია.
ჩვენთვის აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების ძირითად გზად გაეროს ეგიდით სამშვიდობო პროცესის წარმართვა ისახება: ჩვენ დიდი ხანია განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკა ამ თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობის მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი უცვლელია - აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ფედერაციის სუბიექტის მაღალი სტატუსი, რომლის ფარგლებში, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებები, აგრეთვე აფხაზების, როგორც ეთნიკური ჯგუფის უსაფრთხოება და ყოველმხრივი განვითარება.
ჩვენი მიღწევები ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში, დღესდღეობით მიმდინარე ორმხრივი პოზიტიური დიალოგი საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის გენერალური ხაზის ანარეკლია, რომელიც სრულიად უპასუხებს საქართველოში მცხოვრები ხალხების ინტერესებს.
პატივცემულო ოპონენტებო!
სტრასბურგში ვაშინგტონიდან ჩამოვედი, სადაც ნატოსა და ევროატლანტიკური საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა. მასზე მიღებული დოკუმენტები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, რომ თუ როგორი იქნება ევროპა და არა მხოლოდ ევროპა მომავალში. ეს მომავალი კი ამ საუკუნეში გადატანილი ორი მსოფლიო ომისა და ლამის ნახევარსაუკუნოვანი ცივი ომის მიუხედავად, კვლავაც არაა უღრუბლო და ამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლავთ, რომ რაღაც სერიოზული, ძნელადასახსნელი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიდუნდა საფრთხის ადეკვატურად შეგრძნების უნარი და ყველაფრის პატიება, განურჩეველი შემწყნარებლობა ლამის მაღალი ცივილიზებულობის ნიშნად ვაქციეთ. ადამიანობის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დღეს ჩადენილ დანაშაულზე ზანტი რეაქცია ფაშისტების მიერ დატრიალებულ ტრაგედიაზე თვალის დახუჭვის ტოლფასია. ცხადია, ჯერჯერობით მასშტაბები განსხვავდება, მაგრამ მათი ბუნება მსგავსია და გვაქვს კი იმის გარანტია, რომ ჩვენი უმოქმედობის და ზღვარგადასული მიტევების წყალობით ეს დანაშაულობანი იგივე შედეგს არ მოგვიტანს.
სხვათა შორის, თავის დროზე, არც ბოლშევიზმის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეღირსა სამართლიანი შეფასება, ეთნიკური წმენდა, რომელსაც დღეს ახორციელებენ დანაშაულებრივი რეჟიმები, იმ ავადსახსენებელი ბოლშევიზმის პირმშოა. როცა საბჭოეთის თვალუწვდენელ სივრცეზე, მათ შორის კავკასიაშიც, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, ერთი ღამის მანძილზე „წმენდნენ“, თუ ასე შეიძლება ითქვას, ქალაქებსა და სოფლებს, და ხანდახან მთელ ხალხებს ატოვებინებდნენ სამშობლოს, მშობლიურ კუთხეებს.
ეთნოწმენდისა და გენოციდის დღევანდელი თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები საკმაოდ ოსტატურად იყენებენ მოლაპარაკების ინსტიტუტებს და ამ პროცესის უსასრულოდ გაჭიმვით ჩადენილი დანაშაულის შედეგების დაკანონებას, უსამართლო სტატუს-კვოს სამარადისოდ დამკვიდრებას ცდილობენ. არ შეიძლება დაუსრულებელი მოლაპარაკებები იყოს თვითმიზანი. იგი უნდა იყოს სამართლიანობის უსამართლობაზე ზეიმის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით მოლაპარაკებები საზოგადოდ სამშვიდობო პროცესი აბსოლუტურად დისკრედიტებული იქნება.
ამას რომ ვამბობ რომელიმე კონკრეტულ კონფლიქტს არ ვგულისხმობ მარტო, არამედ ზოგად პრინციპებს და ზოგად დამოკიდებულებას. უნარის გამომუშავება, უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, ძალით ზურგგამაგრებული დიპლომატიის, მათ შორის მშვიდობის ძალდატანებითი დამყარების პრინციპის რეალური ამოქმედების გარეშე მსოფლიო ვერ განიკურნება კონფლიქტების ეპიდემიისაგან, რომელსაც ბოლოს და ბოლოს საყოველთაო განუკითხაობისა და ქაოსისაკენ მივყავართ.
ამ ახალ საფრთხეებს უნდა დავუპირისპიროთ ისეთი პარტნიორობა რომლის ამოსავალი წერტილი იქნება არა მარტო გეოპოლიტიკა და ძალთა ბალანსი, არამედ ზნეობრივი მიდგომები და ერთიანი მსოფლმხედველობის სივრცე, იმის რწმენა, რომ ყველა პარტნიორი ქვეყნის, დიდის თუ პატარის სატკივარი ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ერთობლივი საზრუნავია.
ევროპული სივრცის ფორმირების თვალსაზრისით აქტუალურად გვესახება რეგიონული ინტეგრაციის საკითხების „ევროპა ცვალებადი გეომეტრიით“ ჭრილში ხედვა. ვგულისხმობ ისეთ რეგიონულ გაერთიანებებს, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული, პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით ევროპული სივრცის ნაწილად მოიაზრება.
ამ მიმართებით, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ 1992 წელს თურქეთის ინიციატივით სტამბოლში შექმნილ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოც გახლავთ. შარშან იალტის სამიტზე ბისეკი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია. მის დღითიდღე მზარდ ავტორიტეტზე მეტყველებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესი. ორგანიზაციაში მეთვალყურის სტატუსით შემოსვლის სურვილი გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა და ზოგიერთმა სხვა სახელმწიფოებმა. სულ რამდენიმე დღეში საქართველო, როგორც ბისეკის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა, უმასპინძლებს ორგანიზაციაში მონაწილე 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მეთვალყურის სტატუსის მქონე სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც ვიმედოვნებ, ბისეკის განვითარებას ახალ იმპულსს შესძენს.
შავი ზღვის და კასპიისპირეთის სახელმწიფოთა სუბრეგიონული თანამშრომლობის პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრამ შესაძლებელი გახადა ტრასეკას, ინოგეიტის, „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტების რეალური ამოქმედება, რომელთაც ჩვენ განვიხილავთ როგორც ევრაზიის სივრცეზე სტაბილურობისა და კეთილდღეობის გლობალურ სარტყელს. გასული წლის ბაქოს სამიტზე 14 სახელმწიფოს პრეზიდენტმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იურიდიულად გაიფორმეს თავიანთი ნება - გადააქციონ „განახლებული დიდი აბრეშუმის გზა“ ურთიერთგაგებისა და საერთო ინტერესების არედ.
დიდი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში უკვე გამოიკვეთა საქართველოს საკვანძო როლი. ამ დღეებში დამთავრდა კასპიის ადრეული ნავთობის დასავლეთის მიმართულების მილსადენის და ტერმინალის მშენებლობა, კასპიის ნავთობის დატვირთულმა პირველმა ტანკერებმა ევროპისაკენ აიღეს კურსი.
გადაწყვეტილია კასპიისა და ყაზახეთის დიდი ნავთობსადენის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დაპროექტების საკითხი, უმოკლეს დროში უნდა დაიწყოს და დამთავრდეს გაზის თურქეთისა და დასავლეთის ბაზრებისათვის მიწოდების პროექტის რეალიზაცია აზერბაიჯანზე და საქართველოზე გავლით.
საქართველოს ნავსადგურებში აიგო და მოქმედებს სარკინიგზო საბორნე გადასასვლელები, რომლებიც ჩვენს რეგიონს უკრაინასთან, ბალკანეთის და დუნაისპირა ქვეყნებთან დააკავშირებს. გვაქვს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების დიდი პროექტები, რასაც ტვირთნაკადების გარდა მილიონობით ტურისტთა მასები შეუერთდება.
საქართველომ, როგორც ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარე სახელმწიფომ უკვე დაიმკვიდრა ამ პროექტის განხორციელებაში საიმედო პარტნიორის სახელი. ყველაფერს ამას ხელი შეუწყო თვით ქვეყანაში გატარებულმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა რეფორმებმა. მწვავე ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად სახეზეა წინა წლებში გაჩერებული მრეწველობის ცალკეული დარგებისა და აგრარული სექტორის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება.
სწორედ ამგვარი ფუნქციური დატვირთვით, როგორც სუბრეგიონული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესების მნიშვნელოვანი სუბიექტი, შემოვიდა საქართველო ევროპაში.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ინტელექტუალური პოტენციალის სრული რეალიზებისათვის კეთილგანწყობილი საერთაშორისო გარემოს ფორმირება წარმოადგენს. მითუმეტეს მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს ჩვენი ქვეყნის შეერთება ევროპის კულტურულ კონვენციასთან, რომელიც საქართველოს თვითმყოფადი კულტურის მისთვის მშობლიურ, ევროპულ გარემოში დაბრუნებისა და დამკვიდრების, მისი განვითარების ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯია.
ჩვენ გვესმის ამ საკითხის მთელი სერიოზულობა და მაქსიმალურად ვცდილობთ შევასრულოთ კონვენციის ყველა მოთხოვნა. ჩვენი ქვეყანა მონაწილეობს ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტების მიერ ორგანიზებულ სხდომებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს კულტურის, განათლებისა და სპორტის დირექტორატი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობას.
2000 წლის თებერვალში თბილისში გაიმართება კონფერენცია „დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და კულტურული მემკვიდდრეობის დაცვა“. საგულისხმოა, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბატონმა დანიელ ტარშისმა უყურადღებოდ არ დატოვა ჩვენი ინიციატივა ზემოაღნიშნული კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება. შევქმენით საორგანიზაციო კომიტეტი და ვიმედოვნებთ, რომ ის დიდი ვალდებულება, რომელიც ქართულმა მხარემ აიღო ევროპის საბჭოს წინაშე წარმატებით იქნება შესრულებული. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყნის სამინისტროები და უწყებები, რომლებიც ემსახურებიან განათლებისა და კულტურის სფეროს, აქტიურად თანამშრომლობენ ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტების შედგენასა და განხორციელებაში.
ჩვენ ვადასტურებთ XXI საუკუნის ევროპაში ეკონომიკური განვითარების, ჰუმანიზაციის, სოციალური სამართლიანობის, შემოქმედებითი თვითრეალიზაციისა და ინდივიდუალიზაციისაკენ სწრაფვაში ადამიანისათვის ხელისშემწყობი პირობების შექმნის აუცილებლობას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის საბჭოს წიაღში შობილ და „ბრძენთა კომიტეტის“ რეკომენდაციებით მიმდინარე თვითგანახლების პროცესებს.
პატივცემულო დეპუტატებო,
ევროპის საბჭო ევროპის ყველა სახელმწიფოსათვის მყუდრო და საიმედო ბინა იქნება.
მაგრამ იგი განსაკუთრებული ღირებულებისაა მცირე სახელმწიფოებისათვის, მათი თვითგამოხატვის, თვითდამკვიდრების, ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების გარანტიაა, რაც ამავე დროს თითოეული ჩვენგანის მიერ ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილ წვლილსაც მოასწავებს.
დღეისათვის განახლებული ევროპის სახეს ჩემთვისა და ჩემი თანამემამულეებისათვის განსაზღვრავს ის რწმენა, რომ სტრასბურგი ისევე ახლოა თბილისთან, როგორც ევროპული სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა დედაქალაქთან.
სწორედ ასეთი რწმენით აპირებს საქართველო თანამშრომლობას ევროპის საბჭოსა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან XXI საუკუნის ევროპული წესრიგის ფორმირების საქმეში.
ამ საკითხში, როგორც პოლიტიკის ნებისმიერ სხვა სფეროში, ნება მიბოძეთ, გამოუსწორებელ ოპტიმისტად დავრჩე.
გმადლობთ, ყურადღებისათვის.
ევროპა ის სივრცეა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და უსაფრთხო განვითარება უნდა უზრუნველყოს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 აპრილი. - №110 (3151). - 1, 2 გვ.
![]() |
59 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სტრასბურგში, ევროპის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონებო და ბატონებო!
გამოგიტყდებით, მსოფლიოს ტრიბუნებსა და აუდიტორიებს შეჩვეული არცთუ ახალგაზრდა კაცი, მღელვარებას ვერ ვფარავ. აუწერელია იმ სიხარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც ახლა განვიცდი. ვლაპარაკობ რა არა მარტო ჩემს თანამედროვეთა და თანამოქალაქეთა სახელით. ასე მგონია, აქ - ევროპის ცენტრში თავს დაგვტრიალებენ ჩვენი დიდი წინაპრების სულები და მე მათი სახელითაც გამოვდივარ თქვენს წინაშე. დღეს აღსრულდა ყველა დროის, ყველა თაობის ქართველთა ოცნება - საქართველო დიდი ევროპის ბინადარი გახდა. მადლობა შენ, უფალო, საუკუნეთა და ათასწლეულთა ოცნება რომ აუხდინე ჩემს ხალხს. მე წარმოვადგენ ერს, რომლის მრავალი თაობა ათასწლეულთა და საუკუნეთა განმავლობაში ოცნებობდა ევროპულ ცივილიზაციასთან ერთობაზე. ქართული კულტურა, ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ღირებულებათა სისტემა, შუა საუკუნეების ის სოციალური წყობაც კი ევროპული იყო თავისი არსით, თუმცა, არც აზიური აზროვნების მწვერვალები იყო მიუწვდომელი ჩემი ერისათვის. ჩემი დიდი წინაპარი, ქართველთა განმანათლებელი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი აქ, საფრანგეთში, ამ შესანიშნავი ქვეყნის დედაქალაქში, მეფე-მზე ლუი მეთოთხმეტის ბრწყინვალე კარზე დიდი ყურადღებით, პატივითა და ზარ-ზეიმით მიიღეს. მაშინ საფრანგეთმა და მისი სახით ევროპამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო. მაგრამ, ვაი რომ, საქართველო მაშინ ცოტა შორს იყო ევროპისაგან, ისევე როგორც ევროპა - საქართველოსაგან.
თქვენ მოგმართავთ ჩემო მრავალტანჯულო სამშობლოს შვილებო! ბედნიერი ვართ, რომ საქართველოს ხანგრძლივი და გმირული ისტორიის მესამე ათასწლეულის მიწურულს სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად ეტვირთა აწ უკვე აღსრულებული აზრის სიმძიმე. ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანება იმავდროულად ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაც არის.
ჩვენი მრავალჭირგამოვლილი სამშობლოსათვის ევროპის ოჯახის წევრობა გულისხმობს როგორც ადამიანის უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას, ასევე საკუთარ სახელმწიფოში სუვერენული ძალმოსილებისა და რელიგიური დამოუკიდებლობის ყოველდღიურ დადასტურებას, ვინაიდან ევროპული თანამეგობრობა თავისუფალ ერთა კავშირია.
რამდენიმე წუთში საქართველოს დროშა აღიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობასთან. ჩვენი სახელმწიფო დროშა ქართველი ერის გმირული ისტორიის ანარეკლია.
მინდა ყველამ, ვინც ამ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობს, ნათლად გააცნობიეროს, რომ ეს არის ტრიუმფი, დაგვირგვინება, გამარჯვებით დასრულება იმ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა, რომელსაც მცირერიცხოვანი, მაგრამ მაღალი კულტურის მქონე ერი აწარმოებდა ენის, მამულის და რწმენის გადასარჩენად.
საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ევროპული ცივილიზაციის განაპირა გოდოლი, მისი პირველი და უკანასკნელი ციხესიმაგრე გახდა. ეს დროშა, სიმბოლიურად რომ ვთქვათ, არასდროს დაშვებულა. იგი კვლავაც ფრიალებს, ვითარცა ნიშანი ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ ერის მარადიული სწრაფვისა.
ჩემი ქვეყნის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც შენიშნა და აღიარა საქართველოს კეთილშობილური, გულწრფელი სწრაფვა და ყველაფერი იღონა ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.
გმადლობთ.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სტრასბურგში, ევროპის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 აპრილი. - №110 (3151). - 1, 2 გვ.
![]() |
60 „მთელმა ევროპამ აღიარა საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი დიდი წარსულით, დღევანდელი აწმყოთი და ხვალინდელი დიდი მომავლით“ |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ თბილისში სტრასბურგიდან ჩამოვიდა საქართველოს დელეგაცია
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თბილისის აეროპორტში 1999 წლის 28 აპრილს
[...]
ასეთი ხალხმრავლობა ჩვენს აეროპორტში იყო მაშინ, როცა 1992 წელს საქართველოში ჩამოვედი. სხვა წელი იყო, სხვა დრო, სხვა გასაჭირი. არც დღეს ვართ დალხინებული, მაგრამ დღეს სხვა ქვეყანა ვართ. დღეს სახელმწიფო ვართ მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ევროპის მიერ აღიარებული.
გილოცავთ ამ აღიარებას!
გუშინ სტრასბურგში დროშის აღმართვამდე მართლაც სრულიად გულახდილად ვთქვი, რომ არცთუ ახალგაზრდა კაცი, მრავალი და მრავალი ფორუმის მომსწრე, რომლისთვისაც უცხო არ არის არც ერთი ტრიბუნა, ნამდვილად ვღელავ, ვღელავ სულის სიღრმემდე, ახლაც ვღელავ იმიტომ, რომ ჩვენ თქვენთან ერთად გვერგო უდიდესი ბედნიერება, რომელიც არ ღირსებია ჩვენს წინაპართა არც ერთ თაობას. საქართველოს ყველა თაობა ოცნებობდა ევროპასთან დაახლოებაზე, ევროპის სივრცეში მოხვედრაზე. მაგრამ მაშინ, იმ წლებში, იმ საუკუნეებში, იმ ათასწლეულებში განგებამ ისე ინება, რომ საქართველო შორს აღმოჩნდა ევროპისაგან და ევროპა - საქართველოსაგან. ამიტომ იყო უამრავი ქარტეხილი, რომელიც ჩვენმა ხალხმა იმ ათასწლეულებში გადაიტანა.
დღეს ჩვენ ევროპის საბჭოს, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. არ შემიძლია არ მოგილოცოთ იმიტომ, რომ ეს არის მოვლენა, რომელსაც მომავვალი თაობები დააფასებენ. ეს ნიშნავს ჩვენს თვითდამკვიდრებას, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ არჩეულ გზას - დემოკრატიის განვითარების გზას, ადამიანის უფლებების დაცვის გზას, ცივილიზებული ქვეყნის მშენებლობის გზას არ ვუღალატებთ, ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ერის კულტურა დაცული და გარანტირებულია, ჩვენ საიმედო ფარი შევიძინეთ, გავხდით რა დიდი ევროპის მცხოვრები, მისი ღირსეული და სრულფასოვანი წევრი.
ახლა მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამიერიდან „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენი ქვეყანა შეკავშირდება, თუ წვრილმანი ინტრიგები, პატარ-პატარა ამბიციები, ერთმანეთის მტრობა არ მოგვიტანს განსაკუთრებულ ზიანს, ისეთ გარემოში, ისეთ გარემოცვაში მოვხვდით, რომ, ალბათ, ვერც ერთი ჩვენი წინაპარი ამას ვერ წარმოიდგენდა და ვერ იოცნებებდა.
შემთხვევით როდი ვახსენე დიდი სულხან-საბა ორბელიანი. ალბათ, იმ საუკუნეში ყველაზე მეტად მას ესმოდა, რას ნიშნავს ევროპა. და მე გავიხსენე, როგორ ამაოდ დადიოდა იგი კარიდანნკარზე, როგორ ეახლა ლუი მეთოთხმეტის ბრწყინვალე სასახლეს, დარბაზებს, როგორი ზარ-ზეიმით მიიღეს და რა ხელცარიელი დაბრუნდა, რადგან ევროპა მართლა შორს იყო მაშინდელი საქართველოსაგან და მეტის გაკეთება არ შეეძლო. დღეს ჩვენ იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა ჩვენი დემოკრატიული ღირებულებანი, ქართული დემოკრატიის ღირებულებანი, წარსულში რომ აქვთ ფესვები გადგმული, აღიარებულია, შეფასებულია, დაფასებული და გაფორმებულია ისე, როგორც უნდა იყოს, და ამას ჰქვია ევროპის საბჭოს წევრობა და ევროპის დიდი ოჯახის წევრობა. აი, ამ ღირებულებებს უნდა გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ იმას, რაც უკვე მოვიპოვეთ - დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობის გზას, დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ქვეყნის ერთიანობას, მის მთლიანობას და სტაბილურობას. ასეთია ჩვენი მიზანი. დანარჩენი - დიდ არეალში, დიდ სივრცეებში გასვლა საქართველოს უკვე გარანტირებული აქვს.
აქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში ჩვენს შეხვედრას და დამიდასტურებენ, ან სხვა დროს იტყვიან, რომ საქართველოს უსმენენ, უსმენენ როგორც სერიოზულ ქვეყანას, როგორც მაღალი ინტელექტის მქონე ხალხს და მის წარმომადგენლებს - როგორც დემოკრატიისა და ახალი სამყაროს დამცველ ადამიანებს.
მინდა დღეს აქედან, თბილისიდან მადლობა შევუთვალო ყველას, ვინც ხმა მისცა საქართველოს - საქართველოს არჩევა თითქმის ერთსულოვნად მოხდა. არა მგონია, იქ ვინმე წინააღმდეგი ყოფილიყო, არც ერთი არ ყოფილა წინააღმდეგი. ესე იგი, მთელმა ევროპამ აღიარა საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი დიდი წარსულით, დღევანდელი აწმყოთი და ხვალინდელი დიდი მომავლით. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს გვექნება საშუალება არაერთხელ გამოვთქვათ ჩვენი სხვადასხვა მოსაზრებანი არა მარტო საკუთარი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, არამედ ევროპის წესრიგის სხვადასხვა პრობლემების შესახებ. საქართველომ დაიკავა თავისი ღირსეული ადგილი ევროსაბჭოსა და მსოფლიოს თანამეგობრობაში.
ახლა ორიოდე სიტყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. ეს იყო დაძაბული, დატვირთული სამუშაო დღეები. დაიწყო იგი ჰიუსტონიდან - ამერიკის შეერთებული შტატების ამ უდიდესი სამრეწველო ცენტრიდან. მე მხოლოდ ძირითად შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ. ჩვენ საჭირო გავხდით, განსაკუთრებით სუფსის ნავთობსადენის ამუშავების შემდეგ. კონკურსი იყო ჩვენთან შეხვედრაზე, ლაპარაკია მსოფლიო გიგანტებზე. თქვენ იცით, ჰიუსტონი ეს არის მენავთობეების, გაზის მფლობელთა გიგანტების ცენტრი. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საქართველოსათვის. ბევრ მათგანს სჯერა, რომ საქართველო არა მარტო ენერგოშემცველების ტრანსპორტირების თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, არამედ სულ მალე გადაიქცევა დიდი ნავთობის საბადოდ, აქედან გამომდინარე მთელი სიკეთითა და სიმდიდრით. თუ გნებავთ, კეთილდღეობითაც.
სხვათა შორის (ეს ცოტა ლირიკული გადახვევაა), შევხვდი ჩემს ძველ მეგობრებს. ასე ვიტყოდი, ჩემს თანამოაზრეებს. ეს გახლავთ პრეზიდენტი ბუში და მისი მეუღლე. საოცრად საინტერესო საუბრები გაიმართა. ეს გახლავთ ჩემი დიდი მეგობარი და ძმა ჯეიმს ბეიკერი, რომელთან ერთადაც მოვაწყვეთ „პარტი შოუ“ 1500 კაცის წინაშე. ალბათ, საქართველოს ტელევიზია აჩვენებს მას ჩვენს ხალხს - როგორ დავამთავრეთ ცივი ომი, როგორ დავიწყეთ ახალი ცხოვრება, როგორ გავხსენით ყველა სარქველი იმისათვის, რომ დღევანდელმა მსოფლიომ იცხოვროს სწორედ აყვავების, ბედნიერების და სრული დემოკრატიის განვითარების პირობებში.
ვაშინგტონში მე გამოვყოფდი განსაკუთრებულ შეხვედრებს. ეს არის ნატოს ახალი კონცეფციის შემუშავება. ეს არ არის აგრესიული ორგანიზაცია - ეს არის რეალური ძალა, რომელმაც მსოფლიოში მშვიდობა უნდა დაამკვიდროს იქ, სადაც საჭიროა, იქ, სადაც აუცილებელია. ეს სრულიად ახალი მისიაა და ყველაზე რეალური ძალა გახლავთ დღევანდელ მსოფლიოში. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - ძალზე გვაინტერესებს ჩვენს დიდ მეზობელთან - რუსეთთან ურთიერთობა და უგუნური უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ ამ პრობლემას გაექცეს. თუმცა, ამავე დროს, შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი, თუნდაც სამხედრო გაერთიანება, სამხედრო პოტენციალის გაერთიანება, რომელმაც თავი მოიყარა ნატოში, არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, პირიქით, შეესაბამება მათ. საქმე მხოლოდ იმას ეხება, რომ ყველა ქვეყანამ თავისი ადგილი უნდა დაიკავოს, ისტორიის მიერ მისთვის განკუთვნილი ადგილი - საქართველომაც, უკრაინამაც, უზბეკეთმაც, აზერბაიჯანმაც, სომხეთმაც და, რა თქმა უნდა, რუსეთმაც. თუ ცოტა მეტს მოითხოვ და მოითხოვ იმას, რაც არ გერგება, რაც არ გეკუთვნის, მაშინ, ალბათ, საქმე კარგად ვერ წაგივა.
რუსეთმა დღეს, ამ ურთულეს სიტუაციაში, რომლის პირისპირაც ევროპა აღმოჩნდა კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით, თავისი ადგილი უნდა მოძებნოს. მართლაც ჩამწყდა გულს ერთი ძარღვი, როცა გავიგე, რომ რუსეთი გამოთიშულია ამ პროცესიდან. მთელი მსოფლიო ამ პრობლემით ცხოვრობს და რუსეთი კი ცალკე დგას. არ მინდა, რომ რუსეთი ცალკე იდგეს. რუსეთი უნდა ჩაერთოს პროცესში და რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს ამ პრობლემის, ისე როგორც სხვა პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტას.
ვაშინგტონში იყო რამდენიმე საინტერესო მოვლენა. ეს არის სუამის ახალი სუნთქვა. ოთხი სახელმწიფო ვიყავით ერთად. ჩვეულებრივი შეიარაღების საკითხის თაობაზე გამოიკვეთა ოთხი სახელმწიფოს ინტერესების დამთხვევა. ეს გახლავთ აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. როცა იქ ჩვენი ინტერესები დავიცავით, მერე გადავწყვიტეთ ვითანამშრომლოთ სხვა სფეროებშიც. ჩვენმა შესანიშნავმა მეგობარმა და ძლიერმა პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმაც მიიღო გადაწყვეტილება, შემოუერთდეს ამ დაჯგუფებას. ჩვენ შევხვდით უზბეკეთის საელჩოში და გავაფორმეთ ახალი დეკლარაცია იმ პრინციპების შესახებ, რომლებზეც უნდა აიგოს ჩვენი თანამშრომლობა. ეს სულაც არ ნიშნავს ვიღაცის გარიყვას, ხვალ შეიძლება შემოგვიერთდეს სომხეთი, ზეგ - სხვა ქვეყნები, შავი ზღვისპირა ან ცენტრალური აზიის ქვეყნები. ასეთი განცხადება კულუარებში უკვე ისმოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციას, ისევე როგორც შავი ზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას, დიდი მომავალი აქვს.
მოხდა კიდევ ძალიან საინტერესო რამ: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შევიკრიბეთ 11 ქვეყნის პრეზიდენტები. ეს იყვნენ იმ ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებიც საკვანძო ქვეყნები არიან დიდი აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით. როგორ დავიწყეთ ჩვენი საუბარი დიდი აბრეშუმის გზის შესახებ? ფანტასტიკურ და განყენებულ ფრაზებად მიაჩნდათ მაშინ ყველაფერი ეს. დღეს დიდი აბრეშუმის გზა, ეს იდეა, ეს პროექტი უკვე მსოფლიოს კუთვნილებაა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი სპეციალურ კანონპროექტს იღებს. უკვე მოგახსენეთ, რომ იაპონიაცაა ჩართული, რომელმაც სპეციალური სამთავრობო პროგრამა შეიმუშავა ამ იდეის განხორციელებისათვის. დიდი ჩინეთია ჩართული და დაინტერესებული, ჩართული არიან ცენტრალური აზიის ქვეყნები, კავკასიის, ბალკანეთის, ევროპის სახელმწიფოები და ასე შემდეგ.
ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ერთ-ერთი ავტორი ამ იდეისა - აბრეშუმის გზის აღორძინებისა (ვიღაცამ შემახსენა, თავის დროზე ფარნავაზი იყოო, მაგრამ ფარნავაზის შემდეგ დიდი დრო გავიდა) ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, დღევანდელი საქართველოა და ეს უნდა გვეამაყებოდეს. ამ პროექტს უზარმაზარი მომავალი აქვს და დიდ სიკეთეს მოუტანს არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია მისი რეალიზაციით და განვითარებით.
ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა მსოფლიოს საფინანსო ცენტრებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მის გენერალურ დირექტორთან, ბატონ კამდესიუსთან, ჩვენს მეგობართან, რომელიც ყოველთვის კეთილად გვხვდება, ღიმილით, მაგრამ ყოველთვის ამ ღიმილის შესაბამის გადაწყვეტილებას როდი იღებს. ამჯერად, დარწმუნებული ვარ, რომ იგი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესებს, ესე იგი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტერესებს შეესაბამება. ვფიქრობ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აანთებს იმ მწვანე შუქს, რომელიც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ მატერიალური და ფინანსური დახმარება იმ სახელმწიფოებისაგან, იმ ცენტრებისაგან, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ.
უნიკალური შეხვედრა მქონდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ ვოლფენსონთან. იგი ჩვენი დიდი მეგობარია. სხვათა შორის, ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრების 26-საუკუნოვანი იუბილეს დღეებში უნდა ჩამოსულიყო და ვერ ჩამოვიდა, შემპირდა, რომ ახლა გამოასწორებს ამ „შეცდომას“ და მაისის დამლევს ან ივნისის დამდეგს საქართველოს ესტუმრება. ეს არის ასეულობით მილიონი დოლარი ინვესტიციები თითქმის ყველა სფეროში - განათლებით დაწყებული და ენერგეტიკით დამთავრებული.
იყო სხვა შეხვედრები. იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბილ კლინტონთან. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო მართლაც გამორჩეულის ხვედრი იმიტომ, რომ 50 ქვეყანა იყო ჩასული, ყველას ჰქონდა პრეტენზია, და მხოლოდ ერთი თუ ორი პრეზიდენტი შეხვდა პრეზიდენტ კლინტონს. მან კვლავ დაადასტურა თავისი ერთგულება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის, ურთიერთობისა და პარტნიორობის პრინციპებისადმი. მან ერთხელ კიდევ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა კვლავაც დაეხმაროს საქართველოს კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო გამოკვეთილად იმ დარგების, იმ სფეროების განვითარებაში, რომლებიც ჩვენთვის აუცილებელია. აუცილებელი კი ბევრი რამ არის. ისინი უკვე მონაწილეობენ საზღვრის დაცვის ორგანიზაციის საქმეში, ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხთა მოგვარებაში, გადაწყვეტაში, მხარდაჭერაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და კიდევ ერთი რამ: ეს არის კოსოვოს ამბებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია (არ ვიცი, გქონდათ თუ არა საშუალება მოგესმინათ ჩემი გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებში და განსაკუთრებით ევროპის საბჭოში). მე ასე მგონია, რომ საქართველომ ყველაზე გამოკვეთილად, ყველაზე ნათლად თქვა ის, რაც უნდა ითქვას დღევანდელ მსოფლიოში.
ორი სიტყვით მოგახსენებთ. მე განვაცხადე: ცივი ომის დამთვრების შემდეგ, როდესაც გადავლახეთ უზარმაზარი წინააღმდეგობანი და დაპირისპირება - იდეოლოგიური თუ კლასობრივი და ასე შემდეგ - და მსოფლიო ასე თუ ისე ერთიან მსოფლმხედველობით სივრცეში მოექცა, როგორ შეიძლება დღეს კაცობრიობა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას შეურიგდეს, სადაც გინდა ხდებოდეს, ეს იქნება კოსოვო, ალბანეთი, აფხაზეთი თუ სხვა რომელიმე სახელმწიფო და ქვეყანა. მე ვთქვი, რომ თუ ამას შევურიგდებით, მაშინ რატომღა დავსაჯეთ ფაშიზმი და მისი ორგანიზატორები და ბელადები? მაშინ რატომღა ვგმობთ იმას, რასაც აკეთებდა ბოლშევიზმის რეჟიმი, როცა მილიონობით ადამიანი გადაასახლეს ერთ ღამეში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რომელიღაც ეროვნებას არ ეკუთვნოდნენ, სხვა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ და ეს გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს. მე ვთქვი ისიც, რომ დიპლომატია, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, რომლის ზურგს უკან არა დგას რეალური ძალა, ეს დიპლომატია შეიძლება მხოლოდ ფრაზებად და მოწოდებებად იქცეს. ჩემი მეგობრები დამიდასტურებენ, რომ საქართველოს ამ პოზიციას ევროსაბჭოშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სხვადასხვა ქვეყნის მრავალი წარმომადგენელი მიესალმა, მხარი დაუჭირა და აღიარა, როგორც ყველაზე ნათლად გამოკვეთილი პოზიცია.
მინდა ვისურვო, რომ ყველაფერი, რაც კეთდება ამ წლების განმავლობაში საქართველოს ჩართვისათვის მსოფლიოს სივრცეში, ევროპის დიდ სივრცეში, ევროპულ ცივილიზაციაში, ყველაფერი ეს დაგვირგვინდეს იმით, რომ ჩვენ შევძლებთ ავაშენოთ მართლაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ყოველივე ამან სიკეთე მოუტანოს საქართველოს თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოქალაქეს - ქართველი იქნება ის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ, ეს არის განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობებისადმი და მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენი ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია.
მინდა ვუსურვო ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგად, მარჯვედ ისარგებლოს ამ დიდი შესაძლებლობით, ამ დიდი სივრცით, დიდი ასპარეზით და დამკვიდრდეს ევროპულ ოჯახში უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა.
მე ვთქვი, რომ ჩვენ ხელცარიელი არ მოვსულვართ, ჩვენ მოვედით უზარმაზარი ნიჭიერებით, უზარმაზარი გამოცდილებით, უზარმაზარი ინტელექტით და დიდი კულტურით.
გაუმარჯოს ჩვენს შესვლას ამ ოჯახში! ბედნიერება ვუსურვოთ საქართველოს!
„მთელმა ევროპამ აღიარა საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი დიდი წარსულით, დღევანდელი აწმყოთი და ხვალინდელი დიდი მომავლით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თბილისის აეროპორტში 1999 წლის 28 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 29 აპრილი. - №111 (3152). - 1, 2 გვ.
![]() |
61 „დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან უკვე ზუსტად ვიცით, რა გვინდა და საით მივდივართ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 3 მაისის რადიოინტერვიუ
- პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, შეეხება ამერიკაში თქვენს ვიზიტს და ევროსაბჭოში ჩვენს მიღებასთან დაკავშირებულ ცერემონიას, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საქართველოში და იგი ქართველმა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა. ამერიკის ვიზიტის შესახებ ვრცელი მასალები გადაიცა ტელევიზიით, ფართოდ გაშუქდა პრესაში. თქვენი აზრით, მაინც რა იყო ვიზიტის ესოდენ მაღალი შეფასების ძირითადი განმმსაზღვრელი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- უმთავრესი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ უპრეცედენტო ვიზიტმა, ისევე როგორც სტრასბურგში მომხდარმა მოვლენამ საბოლოოდ დაადასტურა: საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, დაიმკვიდრა ადგილი მთელს მსოფლიოსა და ევროპულ სივრცეში.
დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორც დიდი პოეტი და მამულიშვილი ამბობდა, „დგას ერთად - სხვა ერთა შორის“.
დელეგაციის წევრები, ვიზიტის მონაწილენი დამერწმუნებიან, რომ საქართველო მსოფლიო და ევროპულ ასპარეზზე განსაკუთრებული ავტორიტეტით, მე ვიტყოდი, განსაკუთრებული სიმპათიებითაც სარგებლობს, რაც ნათლად წარმოჩნდა ჰიუსტონში, ვაშინგტონსა და სტრასბურგში.
რა თქმა უნდა, არანაკლებ, არამედ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი.
სოციოლოგიური კვლევა (გუშინ გავეცანი ძალიან საინტერრესო მონაცემებს) ადასტურებს, რომ ჩვენს თანამემამულეთ კარგად ესმით, რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა, საქართველოს - როგორც რეფორმატორული და საიმედო პარტნიორის საყოველთაო აღიარება.
გამოკითხული მოქალაქენი შესანიშნავად აფასებენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მნიშვნელობას, მომავალი დიდი პროექტების დანიშნულებას, დიდი აბრეშუმის გზის პერსპექტივას - სიკეთეს, რომელსაც მისი აღორძინება მოუტანს საქართველოს.
და უნდა ვთქვა ახლა: რა საცოდავად, პრიმიტიულად გამოიყურებიან ცალკეული პოლიტიკოსები თუ კომენტატორები ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ცალკეულებზე ვლაპარაკობ.
მაგალითად, ერთი საკმაოდ ცნობილი პიროვნება მთელი სერიოზულობით ამტკიცებს, რომ, თურმე, ნუ იტყვით, შევარდნაძეს არ გამოუგონია არც აბრეშუმი და არც აბრეშუმის გზა (ვითომ ვინმმეს ასეთი პრეტენზია ჰქონდეს). მეორენი საგარეო პოლიტიკას ასე თუ ისე „დიდსულოვნად“ აღიარებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელისუფლებას, პრეზიდენტს კურსი საერთოდ არ გააჩნიათ. არადა, ხომ ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ არ არსებობს, ასე ვთქვათ, „ჩინური კედელი“ საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის, საგარეო პოლიტიკური კურსი საშინაო პოლიტიკური კურსის გაგრძელებაა და პირიქით.
ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ გაჭირვებასა და კრიზისებს საქართველო ვერ ასცდებოდა. ეს ობიექტური რეალობაა, მაგრამ მთავარია, თუ როგორი მეთოდებით, რა გზით, რა საშუალებით და რამდენად წარმატებულად ეძლევათ ამ წინააღმდეგობებს - რადიკალური, დემოკრატიული რეფორმის განხორციელებით თუ ავტორიტარობისა და დიქტატორობისაკენ შემობრუნებით.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მსოფლიო და ევროპული აღიარება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული გარდაქმნების, ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის პრაქტიკისა და თეორიის სათანადოდ დაფასებას ნიშნავს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ უკვე მივაღწიეთ იდეალს და საქმე კარგად გვქონია? რა თქმა უნდა, არა.
მთავარია, რომ სწორი გზა ავირჩიეთ, ამჟამად სწორ გზას ვადგავართ, საბოლოო შედეგს კი გარკვეული დრო სჭირდება.
დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან უკვე ზუსტად ვიცით, რა გვინდა და საით მივდივართ.
ისიც გვამხნევებს, რომ, როგორც იტყვიან, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთანაა. აქედან გამომდინარე, არც საბოლოო შედეგი დააყოვნებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების ჩათვლით.
- ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ სტრასბურგში ძალიან აქტუალური იყო აფხაზეთის თემა. ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, რომ ხშირად ავლებენ პარალელს კოსოვოსა და აფხაზეთს შორის, ორივეგან განხორციელდა ეთნიკური წმენდა. გასულ კვირას გრძელდებოდა ძალიან მძიმე მოლაპარაკების პროცესი სოხუმში სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძესა და არძინბას ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
- საქართველოს პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით ნათლად ჩამოვაყალიბე ვაშინგტონსა და სტრასბურგში ჩემი გამოსვლების დროს, ვინც თვალს ადევნებდა ამ გამოსვლებს, ვფიქრობ, ისინი ამაში დამერწმუნებიან. ეს პოზიცია დავადასტურე სხვადასხვა შეხვედრებზეც. იგი სათანადოდ აღიარა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ.
კოსოვოში განვითარებული მოვლენებიდან აფხაზეთის ხელმძღვანელობამ სერიოზული დასკვნა უნდა გამოიტანოს. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე.
სხვათა შორის, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოიყენა ძალა მშვიდობისადმი იძულების ოპერაციის სახით კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილა საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოთხოვნებს.
ჩვენ მაინც ვცდილობთ ვაწარმოოთ მოლაპარაკება კონფლიქტის მშვიდობიანი ხერხებით გადასაწყვეტად.
ჩვენი ხალხები საუკუნეთა განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ამდენად მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია და ნათესაობა გვაქვს. კონფლიქტი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ, ამ მხრივ, ტრაგიკული გამონაკლისია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აფხაზეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, შეასრულონ გაეროს უშიშროების საბჭოს თხუთმეტი რეზოლუცია, აღასრულონ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ორი უმკაცრესი დადგენილება, სადაც მათი მოქმედება შეფასდა, როგორც ეთნიკური წმენდა.
ასეთივე თითქმის ერთსულოვანია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაც.
ამდენად, უმჯობესია, სანამ უკიდურესი ზომების მიღება გახდება აუცილებელი და სანამ აივსება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინების ფიალა ისევე, როგორც კოსოვოს შემთხვევაში, - დროულად მოვილაპარაკოთ ლტოლვილთა დაბრუნების, რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის თაობაზე. ჩვენ ყველაფრისათვის მზად ვართ. ყოველი დაკარგული დღე აღრმავებს ჭრილობებს.
ვიმედოვნებ, იმ მოლაპარაკებათა შედეგად, ამჟამად რომ მიმდინარეობს სოხუმსა და თბილისში, აფხაზური მხარე დარწმუნდება, რომ შერიგებასა და შეთანხმებას ალტერნატივა არა აქვს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
- 30 აპრილს აღინიშნა საქართველოს არმიის დღე. გარდა იმისა, რომ თქვენ პრეზიდენტი ბრძანდებით, ამავე დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც ხართ. როგორ შეაფასებდით დღეს არმიის მდგომარეობას და მის შესაძლებლობებს. ამაზე ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ...
- 30 აპრილი მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია. მე ერთხელ კიდევ ვულოცავ ამ დღეს ყველა სამხედრო მოსამსახურეს.
რაც შეეხება საქართველოს არმიის სადღეისო მდგომარეობას და მის აღმშენებლობის პერსპექტივებს, როგორც პრეზიდენტი და მთავარსარდალი პირდაპირ ვიტყვი, რომ დღევანდელი ჩვენი არმია უნდა ჩამოყალიბდეს იმ ძლიერ, ცივილიზებულ სამხედრო ძალად, რომელსაც ხელეწიფება გადაწყვიტოს ქვეყნის უშიშროებასთან და სუვერენიტეტის ურღვევობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, და ეს პროცესი მიმდინარეობს.
თუმცა, არმიის გასაძლიერებლად კვლავაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგრამ გავიხსენოთ, რით დავიწყეთ. რაოდენ მძიმე და რთული გზა გაიარა სამხედრო აღმშენებლობამ საქართველოში და რას მიაღწია.
მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ქართული არმიის მომზადების დონე და შეიარაღება შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოშია მიღებული. ამ მიზნით შეიქმნა ქვეყნის უშიშროების საკითხებში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის მოხსენებასაც თავდაცვის სისტემის რეფორმირების შესახებ ახლო მომავალში განიხილავს ეროვნული უშიშროების საბჭო.
უნდა ვთქვა ისიც, რომ სწორედ რეფორმატორულად, ნოვატორულად აზროვნებს ახალი თავდაცვის მინისტრი. არმიაში თუ არის ერთგვარი სიძნელენი, რომელთაც ხშირად სპეკულანტურადაც იყენებენ, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ქვეყანას ჯერჯერობით კიდევ უჭირს და ჩვენ ვერ ვაკეთებთ ჯარისათვის იმას, რაც აუცილებელია.
- საგარეო პოლიტიკაში ამ მნიშვნელოვან გარღვევებს დაემთხვა ძალიან საინტერესო მომენტები ქვეყნის შიგნით, ეკონომიკის სფეროში. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ძალიან თვალშისაცემი იყო: შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ლარის კურსი დოლარის მიმართ...
- ნამდვილად მისასალმებელია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ ოჯახში, აშკარად გამოიკვეთა საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის ტენდენციაც.
30 აპრილისათვის საგადასახადო შემოსავლის გეგმა (ხაზს ვუსვამ, საგადასახადო შემოსავლის) გადაჭარბებით შეასრულეს როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო სამსახურებმა. ამ წარმატებაში ღირსეული წვლილი მიუძღვით აჭარის, კახეთის, ქართლის რეგიონებს. სოლიდური შემოსავალი შემოვიდა დედაქალაქიდან. აქვე უნდა აღინიშნოს ის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა, რომელიც საპენსიო ფონდის შევსებას ეხება. ეს ახლა ჩვენთვის ყველაზე სუსტი ადგილია.
სწრაფი ტემპით იზრდება შემოსავალი აქციზური მარკების რეალიზაციის შედეგად. მაგალითად, სიგარეტის ბიზნესისაგგან, აქციზური მარკების შემოღების შემდეგ თითქმის 7 მილიონი ლარი შემოვიდა. ეს ერთ თვეში, და თვით ამ აქციზური მარკების შემოღების დღიდან კი გაცილებით მეტია. მე ერთი რამ მინდა შევნიშნო: ის ხალხი, ვისაც დიდი და გადამწყვეტი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში, უნდა გავაცნოთ საზოგადოებას - იქნებიან ეს ბიზნესმენები, რომლებიც სიგარეტის ბიზნესს ეწევიან, თუ მუშაობენ რკინიგზასა და სხვა სფეროებში. რკინიგზამ, მაგალითად, აპრილში 5 მილიონი ლარი შეიტანა ბიუჯეტში და ასევე ბევრმა სხვამ. საჭიროა რაღაც სპეციალური გადაცემების შემოღება, საგანგებო სტატიების გამოქვეყნება გაზეთებში, პრესაში. ყველამ უნდა იცოდეს ვინ არჩენს ქვეყანას, რა გზით და რა საშუალებებით და საერთოდ, ალბათ, ბევრი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ბიზნესმენებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, საზოგადოებრივი აზრი უკეთესობისაკენ შეიცვალოს.
ყოველივე ამან სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა საფინანსო ბაზარზე - ეროვნული ბანკი ყიდულობს დოლარს და ზრდის სავალუტო რეზერვს. იმავდროულად, იზრდება ფულადი მასა მიმოქცევაში, რაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის მასის ზრდა არ იწვევს ინფლაციას, უაღრესად დადებითს მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
რაც მთავარია, ეს არ არის შემთხვევითი და ეპიზოდური მოვლენა. თუ თვალს გავადევნებთ ეკონომიკურ და ფინანსურ ტენდენციებს დეკემბრიდან მოყოლებული, ნათელია, რომ საბიუჯეტო შემოსავალი ყოველთვიურად 10-15 პროცენტით იზრდება. დაახლოებით 15 პროცენტის დონეზეა სამრეწველო წარმოების ზრდაც, ხოლო (მიაქციეთ ყურადღება) განვლილ ოთხ თვეში საგადასახადო დეპარტამენტის საგანგებო ღონისძიებათა შედეგად ვადაგადაცილებული დავალიანებიდან, მათ შორის უმთავრესად საწარმოებიდან ამოღებულია 34 მილიონი ლარი. უკვე შესამჩნევია ნარჩენი თანხების შემცირების ტენდენცია, თუმცა აქ სამუშაო კვლავ ძალიან ბევრია.
მაგრამ კვლავ და კვლავ ყველაზე ზუსტი ინდიკატორია ლარზე მოთხოვნის ზრდა, რაც სხვასთან ერთად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების სიმპტომიც არის.
ამგვარად, ჩვენი მოსახლეობის, საზოგადოების, და, ალბათ, ხელისუფლების სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ საქართველლოში დაიწყო უმძიმესი საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლა - სულ რამდენიმე თვის განმავლობაში.
ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანებისა, რომელთაც ჯერ კიდევ მაინც არ მიუღიათ ხელფასი, პენსია, დახმარება, მაგრამ ზემოაღნიშნული ტენდენცია გვაძლევს უფლებას სრული დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ უკვე ზაფხულის დამლევისა და შემოდგომის დამდეგისათვის საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის ყველა შედეგი აღმოიფხვრება.
შეხვედრები ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მესვეურებთან - ბატონ მიშელ კამდესსიუსთან, ჯეიმს ვულფენსონთან დამარწმუნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ საქართველოს, ოღონდ იმ პირობით, თუ დარწმუნდებიან, რომ პოზიტიური ტენდენცია მყარი და შეუქცევადია. ამიტომ ის, რასაც აპრილის დამლევისათვის მივაღწიეთ, საკმარისი ჯერ კიდევ არ არის.
საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელებს, ყველა კატეგორიის გადამხდელებსა და ბიზნესმენებს, შესაბამის უწყებათა კოლექტივებს, ნათლად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ აკეთებენ დიდ ეროვნულ საქმეს, რომლის შედეგი ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ტოლფასი იქნება. ამ პრობლემისადმი ყველას დამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს.
საბოლოო გარდატეხა, როგორც გითხარით, ზაფხულში მოხდება.
მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს საბიუჯეტო გეგმა აუცილებლად უნდა შესრულდეს ყველა მაჩვენებლის მიხედვით. დღეს ეს გახლავთ უმაღლესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესი.
- ასეთი აზრიც არის ხოლმე, რომ ყოველივე ზემოთქმული, როცა ბიუჯეტზე და საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკობდით, თქვენი ვიზიტები და განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
- ვიცი, რომ ამას იტყოდნენ. საარჩევნო კამპანია მე მესმის, როგორც მოსახლეობის ნების გამოხატვა. მოსახლეობა არჩევანს აკეთებს კონკრეტული პოლიტიკოსის საქმიანობის კონკრეტული შედეგების მიხედვით.
ნათქვამია, ხალხი ბრძენიაო, მას მართლაც იოლად ვერავინ მოატყუებს და ნუ ცდილობენ ახლა ზოგიერთები, ასე ვთქვათ, არაჯანსაღი ნოსტალგიის გაღვივებას, რომ, აი, რა კარგად ვცხოვრობდით, ვთქვათ, 1978-79 ან შემდგომ წლებში, და რა ცუდად ვცხოვრობთ ოცი წლის შემდეგ.
1979 წელს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა იყო, იმპერიის განაპირა გახლდათ და არა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ, ობიექტურმა ადამიანმა, ყველამ, ვინც საკუთარი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილია, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა შეადაროს არა საბჭოთა ეპოქაში არსებულს, არამედ 1992 წელს, როდესაც დავიწყეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ნორმალური, არატოტალიტალური ეკონომიკის მშენებლობა ნანგრევებზე - თითქმის ნულიდან, ანუ თითქმის არაფრიდან.
აი, ასეთი შეფასება მიმაჩნია სამართლიანად.
რა თქმა უნდა, არის და კვლავაც იქნება სირთულეები, მაგრამ განა ვის აუშენებია დამოუკიდებელი სახელმწიფო უდიდესი ძალისხმევისა და გაჭირვების გარეშე.
რაც მთავარია, ქვეყანას აქვს პერსპექტივა და დღეს უკვე ვეღარ გაიგონებთ საქართველოში შემაძრწუნებელ მოსაზრებას, ხშირად რომ გაისმოდა წინა წლებში: აი, თურმე ქართველი ერი „მოხუცდა“, „დაბერდა“ და მისი განათლების პოტენციალიც ამოიწურა. ასეთი კოშმარების წლები წარსულს ჩაბარდა სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის მომავალი ნათელია, ჩანს ეს მომავალი და ჩანს მისი კონტურები.
ეკონომიკა საერთოდ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მხოლოდ ერთი მხარეა. ამ სფეროში კრიზისის დაძლევა საბოლოო გამარჯვების წინაპირობა გახდება.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, გარკვეული აზრით, საარჩევნო კამპანიაა ყველაფერი, რასაც ოთხმოცდაათიანი წლებიდან ვაკეთებდით საქართველოს აღმშენებლობისათვის. მე საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობა მესმის, როგორც კონკრეტულ საქმეთა კეთება ქვეყნის ასაღორძინებლად და არა ფუჭი დემაგოგია და პოპულიზმი. ამომრჩეველი თვითონვე მიხვდება, სად არის ნამდვილი საქმე ქვეყნისათვის ურთულეს დღეებში და ვინ ირჯება მხოლოდ იმისათვის, რომ, როგორც იტყვიან, ხმებზე ინადიროს. მაგალითები შედარებისათვის ბოლო ათწლეულში საკმარისზე მეტია.
- რაც შეეხება კომუნისტური ეპოქის ნოსტალგიას, - ეს ყველაზე მარტივია: ერთი და იგივე ქვეყნების მაგალითზე შეიძლება შედარება, დავუშვათ, იგივე გერმანიის მაგალითზე: რა მოუტანა ერთ ნაწილს სოციალისტურმა წყობამ და სოციალისტურმა ეკონომიკამ და რა მოუტანა მეორე ნაწილს - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც დღეს უნდება, ასე ვთქვათ, ამ მეორე ნაწილის ამოქაჩვას, რომელიც მაშინ, იმ წლებში ჩვენზე გაცილებით უკეთ ცხოვრობდა. არის კორეის მაგალითიც, დღეს უკვე დავაც ძალიან ზედაპირული და სასაცილო იქნება და, ალბათ, მოსახლეობაც ხედავს ამას. მთავარია, ეკონომიკაში რაღაც გამოსწორდეს, შეიცვალოს და მოსახლეობამაც იგრძნოს ეს სიკეთე...
- რამდენამდე ფართო თვალსაწიერია საჭირო: თქვენ სწორად დაასახელეთ აღმოსავლეთ გერმანიის მაგალითი. მე ამას დავუმატებდი ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ესტონეთი და ზოგიერთი სხვა, რომლებიც უკვე დაადგნენ ნამდვილი, ჭეშმარიტი აღორძინების გზას და, ნატოს წევრობის გარდა, კეთილდღეობის თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ ქვეყნებში... ასევე ძალიან დიდი ძვრებია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რადგან მათ, ჩვენგან განსხვავებით, არ დაანგრიეს ის, რაც ჰქონდათ და ამავე დროს, ძალიან ახლოს არიან დასავლეთისა და თუნდაც ჩრდილოეთის - შვედეთის, ფინეთის სახელმწიფოებთან და ძალიან იოლად გაიარეს მათთან ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა დამყარების გზა. ასე რომ, მაგალითები ძალიან ბევრია იმისა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, დრო კი აუცილებელი და საჭიროა. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს, ჩვენ რომ გვინდა, იმ ვადებში არ ხერხდება.
- მიმდინარე კვირის დამლევს საქართველოს ვიზიტად ეწვევა საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს სტეფანოპულოსი. ჩვენ გვახსოვს თქვენი ვიზიტი საბერძნეთში და, ალბათ, საპასუხო ვიზიტი საინტერესო იქნება...
- როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტია. ერთხელ ვთქვი, რომ ვიზიტით ვერავინ გამაკვირვებს, მაგრამ საბერძნეთში ჩვენი სტუმრობა პირადად ჩემთვის, მართლაც, გამორჩეული და განსაკუთრებული იყო იმ გულთბილობით და სიყვარულით, ჩვენმა ბერძენმა მეგობრებმა რომ გამოიჩინეს საქართველოსა და მისი პრეზიდენტის მიმართ.
ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ძვირფასი სტუმარი კონსტანტინოს სტეფანოპულოსი საქართველოში სტუმრობის დროს თავად დარწმუნდება ქართველი ხალხის, მთელი ჩვენი მოსახლეობის ასეთივე გულთბილ და მეგობრულ დამოკიდებულებაში საბერძნეთის მიმართ.
საქართველოს უმთავრესი პრინციპია, ვიმეგობროთ ყველა ქვეყანასთან. უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ამ ქვეყანასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც - საერთოდ ორი სახელმწიფოსა და მათი ხალხების საკეთილდღეოდ.
- და ბოლო კითხვა, თქვენ გუშინ ტრადიციისამებრ ხე დარგეთ. როცა პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს, ალბათ, შემთხვევითი არ არის და ერთგვარი მოწოდებაა იმისათვის, რომ ვიზრუნოთ მწვანე საფარზე. ჩვენ ძალიან გვიყვარს ხოლმე იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს როგორი ლამაზი ბუნება აქვს, როგორი მწვანე საფარი გვაქვს, როგორი ტყეები და ასე შემდეგ. მაგრამ დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნების, თუნდაც დედაქალაქებსა და ინდუსტრიულ ცენტრებში ყოფნისას ვრწმუნდებით, რომ საკმაოდ ღარიბად გამოიყურება ჩვენი დედაქალაქი ამ მხრივ...
- ცოტა უზუსტობა დაუშვით: ხე კი არა, ხეები დავრგე.
ტყე მართლაც საქართველოს უდიდესი სიმდიდრეა. საქართველოს ტყეები არა მარტო ჩვენი ქვეყნის (ეს უკვე დადასტურებულია მეცნიერულად), არამედ მთელი კავკასიის და უფრო დიდი რეგიონისაც, ასე ვთქვათ, ფილტვებია. მათზე ზრუნვა ხანგრძლივი ტრადიციაა და ამ სფეროში განსაკუთრებით თვალსაჩინოა თუ რა შეუძლია საერთო-სახალხო ძალისხმევას.
მაგალითად, თბილისის გარშემო და თვით დედაქალაქში დღეს უკვე ჩვენთვის ჩვეულებრივი და შეჩვეული პარკები, ტყის მასივები ხელოვნურად არის გაშენებული - უფროსი თაობის წარრმომადგენლებს ახსოვთ, მაგალითად, როგორ შენდებოდა ვაკის პარკი, თუ არ ვცდები, 1948 წელს დაიწყო მისი გაშენება, სხვა პარკები თბილისში და ასე შემდეგ, ასევე მთელი შემოგარენი. ამრიგად, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში თუნდაც იმით, რომ ერთი ხე მაინც დარგოს ყოველწლიურად. ამ მოწოდებით განსაკუთრებით მივმართავ ჩვენს ბავშვებს, სკოლებს, რათა გავუღვივოთ მათ ეს ჩვევა, ეს სიყვარული.
იმედი მაქვს, საზოგადოება ამ ინიციატივასაც გამოეხმაურება და განამტკიცებს შესანიშნავ ტრადიციას.
ტყე საქართველოში არა მარტო სამეურნეო, არამედ დიდი სახელმწიფოებრივი და, მე ვიტყოდი, თვით კულტურული ფენომენიც არის, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
სხვათა შორის, ისიც მინდა ვთქვა, რომ სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა იმით, რომ უმოკლეს დროში შექმნა სანერგე მასალის საკმაოდ მდიდარი რესურსი. თავის დროზე იგი არსებობდა, შემდეგ ისიც გააჩანაგეს, მაგრამ ამ 3-4 წელიწადში მოხერხდა ბევრი რამის აღდგენა. ამავე პრობლემაზე უნდა იზრუნოს ყველა რაიონმა, ყველა სოფელმა და ყველა დაბამ.
- თქვენი ნებართვით, ინტერვიუს დასასრულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები თქვენს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის საბჭოში მიღების ცერემონიას. ძალიან ხშირად (ჩვენთვისაც და ყველასათვის ცნობილია ეს ფაქტი) მთელი ინფორმაცია არ არის ღია ჟურნალისტებისათვის, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. ამიტომ ხშირად, ვიზიტის წინ და ვიზიტის შემდეგაც, გვეკითხებიან: როგორი დაბრუნდა შევარდნაძე, როგორ გრძნობდა თავს შევარდნაძე, რადგან თქვენს პირად განწყობილებაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული და დასკვნა აქედან გამოაქვს. მინდა გკითხოთ: როგორი დაბრუნდა საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან: კმაყოფილი, გახარებული თუ თავის თავში დარწმუნებული?
- კმაყოფილი და გახარებული რომ დავბრუნდი, ეს ფაქტია და კიდევაც ვთქვი. თქვენი შეკითხვა საფუძვლიანია. ხანდახან არის ხოლმე ვიზიტი - მეტს ელოდები და ნაკლებს იღებ. მე კმაყოფილი დავბრუნდი თვით შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან, ჩემს ძველ მეგობრებთან, საქმიან წრეებთან კონტაქტებით. ბევრ კონკრეტულ საკითხზე ხელშეკრულებებიც გავაფორმეთ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს შეხვედრებს სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. ეს უკვე პრაგმატული თვალსაზრისით, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ.
რაც შეეხება იმას, დავბრუნდი თუ არა უფრო მეტად თვითდაჯერებული თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული, უნდა გითხრათ, რომ მართლაც ასეა, რადგან დღეს უკვე გაცილებით მეტი მეგობარი შევიძინეთ, გაცილებით მეტი მეგობარი გვყავს, ვიდრე ოდესმე, და, როგორც გითხარით, საქართველო რეფორმების გამო არა მარტო გარკვეული აღიარებით სარგებლობს, არამედ გარკვეული სიმპათიებით, გარკვეული სიყვარულითა და საერთო მხარდაჭერით. ამიტომ ჩემი რწმენაც უფრო მტკიცეა, რწმენა იმისა, რომ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.
საქინფორმი.
„დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან უკვე ზუსტად ვიცით, რა გვინდა და საით მივდივართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 4 მაისი. - №116 (3157). - 1,2 გვ.
![]() |
62 ძვირფასო ვეტერანებო! |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
9 მაისი იმ ისტორიულ თარიღთა რიგს განეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობას დრო ვერაფერს აკლებს. იგი ნათელისა და ბნელის დიალექტიკურ ჭიდილში სიკეთის გამარჯვების ერთ-ერთი თარიღია.
მაგრამ, სამწუხაროდ, ფაშიზმის სარეველა დღევანდელ მსოფლიოში კვლავაც წამოყოფს ხოლმე თავს. შოვინიზმისა და რეაქციული ნაციონალიზმის საფრთხეს ეროვნება არ გააჩნია. და სანამ ეს საფრთხე არსებობს, არ შეიძლება ვილაპარაკოთ საყოველთაო მშვიდობისა და მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე. აქ უპირველესი სიტყვა თქვენ გეკუთვნით, ომგადახდილო ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ ხართ ცოცხალი გაფრთხილება დღევანდელი მსოფლიოსათვის.
დღევანდელ საქართველოში გვყავს ვეტერანული მოძრაობის ახალგაზრდა თაობები, მამულის ჯარისკაცები, ვინც თქვენ შვილებად, შვილიშვილებად გეკუთვნით. საკმარისია ვახსენო საბედისწერო ავღანეთის ომი, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჯერ ისევ მოუშუშებელი იარები. სამწუხაროდ, ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის გრძელდება, მაგრამ რწმენა ნათელის გამარჯვებისა ურყევია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. აღორძინების ურთულეს გზაზე შემმდგარ სუვერენულ საქართველოში თქვენი მხნეობა სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობებისათვის. თქვენი მწყობრში ყოფნა ისევ აუცილებელია, - თქვენ ისევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანას.
ედუარდ შევარდნაძეედუარდ შევარდნაძე
ძვირფასო ვეტერანებო! : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 8 მაისი. - №120 (3161). - 1 გვ.
![]() |
63 საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იუგოსლავიაში ჩინელი დიპლომატების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს ძიან ძე მინს და დაღუპულთა და ოჯახებსა და ახლობლებს.
„ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად საჭიროა, რომ ერთობლივად და დროულად გადავწყვიტოთ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტები, და გვავალდებულებს, დავფიქრდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დადგენილებათა უპირობო შესრულებისათვის ახალი მიდგომების მოძიების აუცილებლობაზე“, - ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარისადმი საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის ბარათში.
საქართველოს პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 11 მაისი. - №123 (3164). - 1 გვ.
![]() |
64 „ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეებით გამყარებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ძალა ისაა, რომ მათ აქვთ არა მარტო დიადი წარსული, შთამბეჭდავი აწმყო, არამედ იმედისმომცემი მომავალი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
თქვენო აღმატებულებავ, ღრმად პატივცემულო ბატონო სტეფანოპულოს!
პატივცემულო საბერძნეთის დელეგაციის წევრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!
საქართველოსთვის უდიდესი ბედნიერება და სიხარულია უმასპინძლოს საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - თავისი ქვეყნისა და ევროპის ცნობილ და აღიარებულ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, რომლის მიმართაც პირადად მე და მთელი ჩემი ხალხი ღრმა პატივისცემისა და სიმპათიის გრძნობით ვართ განმსჭვალულნი. საბერძნეთთან ჩვენი სამშობლო თავისი ისტორიის უძველესი პერიოდიდან მოყოლებული ურთიერთობის მჭიდრო ძაფებით არის დაკავშირებული. ბერძნული მითები პრომეთეზე და ლეგენდარულ კოლხეთზე, ქართული კულტურის მძლავრი კერების არსებობა ბიზანტიური ცივილიზაციის მთელ არეალში მნიშვნელოვანი არგუმენტია ევროპულ კულტურასთან საქართველოს უძველესი და ორგანული კავშირის ნათელსაყოფად. ერთი ასეთი ლეგენდაც არსებობს - პრომეთე მიჯაჭვულია მთაზე, რომელიც დღემდე ბურუსშია გახვეული. წინასწარმეტყველებით, ცა გაიხსნება და პრომეთე გათავისუფლდება მაშინ, როცა საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და აღორძინდება. ერთმანეთთან ურთიერთობისაკენ სწრაფვა ისტორიის განვითარების კანონზომიერებამ ჩვენი ხალხებისათვის, ფაქტობრივად, გენეტიკურ მოთხოვნილებად აქცია. და, აი, იმ დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ისტორიული პროცესის სპეციფიკამ შეუქმნა ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას, ელადასა და საქართველოს კვლავ მიეცა თავიანნთი მრავალათასწლოვანი ტრადიციული კავშირების განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობა.
საქართველო, რომელმაც ამ საუკუნის დამლევს აღიდგინა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ყოველდღიურად გრძნობს საბერძნეთის თანადგომას ევროპულ სახლში, მსოფლიო თანამეგობრობის დამკვიდრების რთულ გზაზე. ეს ნათლად გამოჩნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში საქართველოს გაწევრიანების პროცესში. სტრასბურგში დროშის აღმართვის მღელვარე წუთებში, როდესაც ვიხსენებდით მათ, ვინც საქართველოს ევროპულ სახლში დაბრუნებას შეუწყო ხელი, პირველთა შორის საბერძნეთი იყო. საბერძნეთმა უკვე მოახდინა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, საქართველოსთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რატიფიკაცია და მისი ინაუგურაცია სულ მალე, მიმდინარე წლის ივნისში მოხდება. საბერძნეთი ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს ბისეკში. ცნობილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ალიანსი ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რა როლს ასრულებს იგი შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ერთგვარად სიმბოლურია, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენს ვიზიტამდე სულ ცოტა ხნით ადრე საქართველომ ბისეკში თავმჯდომარეობა, ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, საბერძნეთს გადაულოცა. დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყანა ყველაფერს იღონებს ჩვენი საერთო მიზნების აღსასრულებლად. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია ის დახმარება, რასაც საბერძნეთის მხრიდან ვგრძნობთ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. თავისთავად ის ფაქტი, რომ ათენში, საბერძნეთის ინიციატივით ჟენევის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, ძალზე საგულისხმოა. საქართველო კი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ზრუნვას. აქაც საბერძნეთი ერთ-ერთი პირველთაგანია ჩვენ მეგობარ ქვეყნებს შორის. მის მიერ საჩუქრად გადმოცემული კატარღა ჩვენი სანაპირო დაცვის სამსახურში დგას. ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის გულისხმიერება, რასაც საბერძნეთი იჩენს ჩვენთან განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. სულ ცოტა ხნის წინათ საფუძველი ჩაეყარა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის, მე ვიტყოდი, თავისი მასშტაბურობით უპრეცენდენტო ურთიერთობას. ყოველივე ამისათვის ჩემი ხალხის სახელით მინდა დიდი, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლიერების გრძნობით მინდა გავიხსენო ჩემი საბერძნეთში ვიზიტის დაუვიწყარი დღეები. პირადად საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ონასისის პრემიის გადმოცემა, რომლის ლაურეატები მსოფლიოს გამოჩენილი მოღვაწეები არიან, დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. დღესაც უმაღლესი ორდენი გადმომეცით, სახელმწიფოთა მეთაურებისათვის განკუთვნილი - ძალიან მათამამებთ.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეებით გმყარებული და ურთიერთთანამშრომლობის ძალა ისაა, რომ მათ აქვთ არა მარტო დიდი წარსული, შთამბეჭდავი აწმყო, არამედ იმედის მომცემი მომავალი. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რაოდენ გასაკუთრებული შეიძლება იყოს საბერძნეთის როლი „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ იდეის ხორცშესხმაში, რომლის მიმართაც ინტრესს იჩენენ ჩვენი რეგიონისაგან ისეთი დაშორებული ქვეყნებიც კი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ამ იდეის განხორციელების გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპია აზებაიჯანის ადრეული ნავთობსადენისა და სუფსის ტერმინალის ბათუმის და ფოთის საბორნე გადასასვლელების ამოქმედება. ამ გეგმებს გრანდიოზული მომავალი აქვს, რადგან „ახალი დიდი აბრეშუმის გზა“, მწამს იქცევა ინტერესთა ერთიანობის, ხალხთა კეთილდღეობისა და მყარი მშვიდობის ერთ-ერთ უმნიშვნელვანეს არტერიად წყნარიდან ატლანტიკის ოკეანემდე. ამ პრექტის სრული ძალით ამოქმედებაში, გვჯერა, საბერძნეთი თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
დღეს კაცობრიობა შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ მოვლენებს, რომელთაც იუგოსლავია მოიცვეს. ეს გაეროს და უშიშრობის საბჭოს ფაქტობრივი უმოქმედობისა და უუნარობის შედეგია, დროულად აღკვეთოს მსოფლიო წესრიგისათვის, ზოგადად, ადმიანურობისათვის ისეთი სახიფათო დანაშაულობები, როგორცაა „ეთნიკური წმენდა“, მასობრივი მკვლელობანი ეთნიკური ნიშნით. დროულად რომ ამოქმედებულიყო გაეროს წესდების ის ნაწილი, რომელიც მშვიდობის იძულებით დამკვიდრებას ითვლისწინებს, ნატოს არ მოუწევდა ეკისრა ეს მისია. საქართველო მხარს უჭერს პრობლემის კომპლექსურ გადაწყვეტას, რის შესხებაც უკანასკნელ ხანებში არაერთხელ მქონდა ჩვენი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ყოველივე, რაც ხდება, საკმაოდ მწვავედ სვამს უკვე მოძველებული მსოფლიო უსაფთხოების სისტემის პრინციპთა საფუძვლიანი გადასინჯვის სკითხს. როგორც „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის კონფლიქტები გვიჩვენებს, დარწმუნებისა და იძულების მეთოდების გონივრული ურთიერთშეხამების, ძალით ზურგგამაგრებული დიპლომატიის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა მკაცრი დაჯის გარეშე მსოფლიო ვერ შესძლებს უკვე არსებულ კონფლიქტის ჩაცხრობას და მომავალ სისხლიან დაპირისპირებათა თავიდან აცილებას.
ჩვენ ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის მოვლენა, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პირველი ლიდერი ბრძანდებით, რომელიც სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვის შემდგომ გვეწვია. საბერძნეთი, მე ვიტყოდი, ხმელთაშუაზღვისპირეთის ბერძნულენოვანი ქვეყნები და სულიერი ცენტრები ჩვენთვის ყოველთვის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტაციის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანსვეტს წარმოადგენდა. დღეს, როდესაც საქართველო კვლავ დაუბრუნდა ევროპულ ოჯახს, იგი განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობს ჩვენს უძველეს მეგობართან და ისტორიულ პარტნიორთან - მარადიულ ელადასთან.
მინდა გადღეგრძელოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ვადღეგრძელო საბერძნეთი და ბერძენი ხალხი. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობანი და, რაც მთავარია, ვისურვო ჩვენი შთამომავლებისათვის მემკვიდრეობად მშვიდობიანი და ურთიერთთანამშრომლობის სულით მოცული მსოფლიო დაგვეტოვებინოს.
„ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეებით გამყარებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ძალა ისაა, რომ მათ აქვთ არა მარტო დიადი წარსული, შთამბეჭდავი აწმყო, არამედ იმედისმომცემი მომავალი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12 მაისი. - №124 (3165). - 2 გვ.
![]() |
65 „საერთაშორისო ცხოვრებაში იწყება ის ეტაპი, როცა ეთნიკური წმენდა რეალურად არის აღიარებული უმძიმეს საკაცობრიო დანაშაულად“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 17 მაისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას სამცხე-ჯავახეთში თამარ მეფის ძეგლი გაიხსნა. ეს დღე, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა იყო, და არა მხოლოდ ამ რეგიონისათვის. ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ვერავითარი ქანდაკება ვერ შეედრება და ვერ აღემატება ძეგლს, რომელიც თამარ მეფეს დაუდგა თითოეულმა ქართველმა, ქართველმა ერმა საკუთარ სულსა და საკუთარ გულში.
ისტორიულად ასე იყო სრულიად საქართველოში თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან - აფხაზეთამდე; ამიერკავკასიიდან - მესხეთამდე. თამარის ხელთუქმნელი ძეგლია ხალხური პოეზიის, ზეპირსიტყვიერების, ლეგენდების, თქმულებათა მრავალი უბრწყინვალესი ნიმუში, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავს და არც ოდესმე დაკარგავს ელვარებას, ვინაიდან დავითისა და თამარის საქართველო ჩვენი ქვეყნის ყველა ჭეშმარიტი მოქალაქის, ყველა ქართველის სანუკვარი ოცნებაა.
ამავდროულად, ახალციხეში აღმართულ მშვენიერ ქანდაკებას, გადაუჭარბებლად ვიტყვი, უშუალო შემოქმედების ძალიან დიდი ძალა აქვს, იგი შესანიშნავი ქმნილებაა.
ხალხმრავალ მიტინგზე გამოსვლისას ვთქვი და კვლავ გავიმეორებ: როდესაც ერი, ჯერ კიდევ არსებული მრავალი და მრავალი მატერიალური თუ ფინანსური სირთულის მიუხედავად, ძეგლს უდგამს უდიდეს შვილებს, აშენებს და აღადგენს ტაძრებს, იწყებს ფიქრსა და ზრუნვას ეროვნულ გმირთა საქმისა თუ სახის უკვდავყოფისათვის - მაშასადამე, ერი სულიერად ჯანსაღია, იგი თანდათანობით ფეხზე დგება და აღმშენებლობის გზას ადგას.
სწორედ ეს სულისკვეთება ზეიმობდა ახალციხეში, სადაც სრულიად საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქ იყო ჩვენი აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, ქართლი თუ კახეთი, სხვადასხვა რეგიონი - თამარი ხომ საქართველოს ერთიანობისა და ძლევამოსილების სიმბოლოა. ახალციხეში ქართველებთან ერთად ზეიმობდნენ ჩვენი თანამოძმენი, თანამემამულენი - სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ებრაელები და სხვები.
ეს იყო საქართველოს ერთიანობის, ერთაშორისი თანხმობის, საერთო სამშობლოს აყვავებისათვის ერთობლივი ზრუნვის გამოხატულება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ზეიმის მომზადებაში, უწინარესად, პრეზიდენტის რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის მხარეში გიგლა ბარამიძეს, მხარისა და რაიონის ადმინისტრაციათა წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, მოქანდაკესა და არქიტექტორს, რომელთაც ძალ-ღონე არ დაიშურეს დიდი თამარის ქვაში გასაცოცხლებლად.
- გასული კვირა ტრადიციულად დატვირთული იყო შეხვედრებით. აღსანიშნავია საბერძნეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მოლაპარაკების გაგრძელება იაპონურ ფირმასთან ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის თაობაზე.
გასულ კვირას ასევე გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელზეც მიმდინარე წლის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორი გეგმა განიხილეს. ამავე დროს თავი იჩინა ზოგიერთმა პრობლემამ იგივე საგადასახადო სფეროში, სერიოზული სირთულეებია დასავლეთ საქართველოში მეჩაიეობის სფეროში ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო და სხვა...
- ალბათ, უნდა შევეხოთ ამ თემებს.
რაც შეეხება საბერძნეთის პრეზიდენტის, ბატონ კონსტანტინოს სტეფანოპულოსის ვიზიტს, ეს მართლაც დიდი მოვლენა იყო როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, ასევე სიმბოლური თვალსაზრისითაც და კონკრეტული შედეგებით.
საბერძნეთი საქართველოს კიდევ ერთი მეგობარი და კეთილმოსურნე სახელმწიფოა, რომელიც მზად არის ყოველმხრივ გაგვიმართოს ხელი. კერძოდ, ევროპელ და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში მხარდაჭერის თვალსაზრისით.
ვიზიტის შედეგად თანამშრომლობის სახელშეკრულებო სამართლებრივ ბაზას 26-მდე დოკუმენტი შეემატა. ამჯერად განსაკუთრებით აღსანიშნავია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც უდავოდ ხელს შეუწყობს კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვას, ტრანსკავკასიური საერთაშორისო ტვირთზიდვის მოცულობის ზრდას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დაჩქარებას, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში 20-მდე ქართულ-ბერძნული ერთობლივი საწარმო მოქმედებს, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემი პატივცემული კოლეგა სავსებით იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ თვალსაზრისით შესანიშნავი პერსპექტივები ისახება ეკონომიკური თანამოქმედების მრავალი მიმართულებით.
რაც შეეხება იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნის „მიცუის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ისევე, როგორც იაპონიაში ყოფნისას, ჩვენ ამჟამადაც ერთმნიშვნელოვნად დავადდასტურეთ, რომ უკვე დამუშავებულ პროექტთაგან ქართული მხარისათვის პრიორიტეტულია ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, ახალი ქარხნის მშენებლობა.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გადაწყდება.
მოლაპარაკებაში ჩაერთო თვით ქარხნის ხელმძღვანელობა, აჭარის ხელისუფლბა.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და ზოგიერთი სხვა ხელმძღვანელი მუშაკი.
ამასთან, კომპანია დაინტერესებულია, აგრეთვე, ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქციით, ფსკერის გაღრმავებისა და ნავმისადგომის მშენებლობის პროექტებით.
კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ 13 მაისს, თბილისში დაფუძნდა ახალი ერთობლივი მიკროსაფინანსო ბანკი, ანუ „მიკრობანკი“, როგორც მას უწოდებენ. ესეც ძალიან საინტერესო მოვლენაა და ერთადერთი შემთხვევა არ არის - უფრო მეტი და მეტი ბანკები გაიხსნება თბილისში, რათა ჩვენ უფრო უკეთესი საინვესტიციო ბაზა გვქონდეს.
თუმცა, ამ, ასე ვთქვათ, „მიკრობანკს“ უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. მისი საწესდებო კაპიტალი 5 მილიონი ლარია. იგი მოემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, შეღავათიანი კრედიტებით. ბანკის დამფუძნებლები საქართველოს უდიდეს ბანკებთან ერთად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ჰოლანდიის სახელმწიფო ბანკები არიან.
განსაკუთრებით გამოვყოფ გასულ ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1999 წლის ინდიკატორი გეგმის განხილვას.
გეგმა ითვალისწინებს მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 4,5-7 პროცენტამდე. თუმცა, მთელი რიგი დარგების მიხედვით, ზრდის გაცილებით მაღალი ტემპია განსაზღვრული და გათვალისწინებული. ეს არის ოპტიმალური ოდენობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ 1998 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით გამოწვეული დანაკარგების ანაზღაურება და ამ კრიზისიდან საბოლოოდ გამოსვლა.
სხდომაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა 2000 წელს, პირველ რიგში, სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ნუსხა, უწინარესად განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის დარგებში აღმავლობის მისაღწევად.
ახლა კი, იძულებული ვარ, ზოგიერთი შენიშვნა გამოვთქვა.
უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია გულისტკივილით არ აღვნიშნო, რომ ჩვენი ენერგეტიკოსები, არაერთგზის თხოვნისა და დავალების მიუხედავად, სათანადოდ არ ეხმარებიან დასავლეთ საქართველოს მეჩაიეებს - ვგულისხმობ აჭარის, გურიის, სამეგრელოს მოსახლეობას.
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით მეჩაიეობის რაიონები, ქარხნები, პლანტაციები, როგორც არასდროს, ისე არიან მზად ნაყოფიერი შრომისათვის და მეჩაიეობის აღდგენა, ამ დარგის რეაბილიტაცია უკვე რეალური ფაქტია.
რაც მთავარია, სახელმწიფომ შეძლო გამოენახა გარკვეული სახსრებიც, ანუ არსებობს საფინანსო მხარდაჭერა (ვგულისხმობ არა მარტო საბიუჯეტო სახსრებს, არამედ ჩვენი იაპონელი მეგობრების მიერ გამოყოფილ გრანტს, რომელიც მთლიანად მეჩაიეობას მოხმარდება), ბაზარსაც თანდათანობით ვიბრუნებთ, ამინდიც, მადლობა ღმერთს, ხელს გვიწყობს და ნამდვილად ვერ შევურიგდებით იმას, რომ ყველა ეს კეთილშობილური გეგმა, რომმელთაც საარსებო მნიშვნელობა აქვს ასიათასობით ჩვენი თანამემამულისათვის, მთელი სახელმწიფოსათვის, განსაკუთრებით მოქალაქეებისათვის დასავლეთ საქართველოში, - მავანთა გულგრილობას შეეწიროს, ამას არ დავუშვებთ.
ბოლოს და ბოლოს, მაისის მეორე ნახევარი დაიწყო და ელექტროენერგიის სათანადო რესურსების გამოძებნა შეუძლებელი არ არის.
რაც შეეხება გადასახადებს, რამდენიმე სიტყვით...
იძულებული ვარ, ვთქვა, რომ ზოგიერთს „ქებამ აწყინა“.
ყოველ შემთხვევაში, მაისის განვლილ პერიოდში შემოსავლის მობილიზება ბიუჯეტში შეუწყნარებლად ნელი ტემპით მიმდინარეობს.
იქმნება ერთგვარი არანორმალური ტრადიცია, როცა ორივე საფინანსო სამსახური მხოლოდ თვის ბოლოს, როგორც იტყვიან, „ავრალის“ წესით, რამდენიმე დღეში ასრულებს ხოლმე თვის გეგმას.
არადა, მთელი თვის განმავლობაში მიზერული ოდენობის თანხები შემოდის. მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი მეთოდი აშკარად ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე.
ამიტომ მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ყველამ, ვისაც ეგების, თანაბრად გაანაწილოს ძალისხმევა მთელ საანგარიშო პერიოდში.
უახლოეს მომავალში ძალიან მკაცრად და პრინციპულად შევაფასებთ ნახევარი წლის შედეგებს, უწინარესად, საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით.
ყველა რწმუნებული თუ გამგებელი პერსონალურად აგებს პასუხს.
დაუშვებლად მიმაჩნია, რომ იმ დროს, როცა საქართველოში მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ჩვენ მოვადუნოთ ძალისხმევა უმთავრესი მიმართულებით.
სავალუტო ფონდის ამ მისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბიუჯეტო-სავალუტო კრიზისიდან საქართველოს საბოლოოდ გამოსვლის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, ეს გაფრთხილება ყურად უნდა იღონ იმ ხელმძღვანელებმა, რომელთაც ეს ეხება.
- გასულ კვირას უფლებამოსილება შეუწყდათ ძველი სასამართლო სისტემის წარმომადგენელ მოსამართლეებს და მუშაობას შეუდგა მოსამართლეთა უკვე ახალი კორპუსი - გამოცდაჩაბარებული მოსამართლეები.
- ახალი სასამართლო სისტემის და შესაბამისად მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის ამოქმედება დემოკრატიის, საჯარო სამართლის შემდგომი განვითარების ახალ ეტაპად მიმაჩნია, როცა საბოლოოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ თვისობრივად ახალი სისტემა და აღმოვფხვრათ კორუფციის გამომწვევი ყოველლგვარი სისტემური მიზეზი.
მოხარული ვარ, რომ ახლად დანიშნულ მოსამართლეთა შორის ბევრი ქალბატონია (თითქმის ნახევარი), საკმაოდ ბევრია ახალგაზრდა (შესანიშნავად მომზადებული), ბევრმა მათგანმა უცხოეთში მიიღო ბრწყინვალე განათლება.
თუმცა, მოსამართლეთა ახალი კორპუსის სრულუფლებიანი და შესანიშნავი წევრები არიან ის მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ საქმეს, ფეხი აუწყვეს ახალ ეპოქას, შეისწავლეს ახალი კანონმდებლობა და წარმატებით გაიარეს კონკურსი. მათ შორის ბევრია პროკურატურის, ადვოკატურის, საგამოძიებო კორპუსის ყველაზე ნიჭიერი და უნარიანი წარმომადგენელი.
მადლიერების სიტყვებით მივმართავ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც დიდი ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური მუშაობის შედეგად რეფორმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტისა და პარლამენტის მხარდაჭერით, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი უკვე განვლილია.
მადლობა ეთქმით აგრეთვე უცხოელ ექსპერტებს, მრჩევლებს, რომლებიც ძალზე დაგვეხმარნენ ურთულესი სასამართლო რეფორმის განხორციელებისას.
ყოველივე ეს დაგვირგვინდა უზენაესი სასამართლოს შესახებ ყოველმხრივ, ასე ვთქვათ, აწონილ-დაწონილი და ძალიან მაღალი დონის კანონის მიღებით.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ცხარე დებატების მიუხედავად, ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. საკანონმდებლო ორგანო კონსტრუქციულად თანამშრომლობდა პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, თავად პრეზიდენტთან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრთან, რის შედეგადაც, ჩემი აზრით, მივიღეთ, შესანიშნავი, კარგად დაბალანსებული და იმავდროულად თვისობრივად რეფორმატორული კანონი. როცა პარლამენტზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მის კომიტეტებს, მათს თავმჯდომარეებს, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩაბმული მთელ ამ შემოქმედებით საქმიანობაში.
- კვლავ ყურადღების ცენტრშია კოსოვოს პრობლემა და სხვა ყველაფერთან ერთად, აფხაზებთან პარალელის გამოც გვაინტერესებს კოსოვოში მიმდინარე პროცესები. შაბათს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია კოსოვოში შექმნილი ვითარების ჰუმანიტარული ასპექტების თაობაზე. უშიშროების საბჭოს თითქმის ყველა წევრი ერთსულოვანი იყო. მათი თქმით, კოსოვოს მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეთნიკური წმენდის პოლიტიკა უმძიმესი დანაშაულია კაცობრიობისა და საერთოდ ადამიანურობის წინაშე.
- უშიშროების საბჭოს ეს სხდომა ძალიან მკაცრი გაკვეთილი და გაფრთხილება უნდა გახდეს აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის, რომელთაც არ სურთ დათანხმდნენ კომპრომისს სწორედ ლტოლვილთა დაბრუნების ანუ ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხში.
მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ უშიშროების საბჭო ერთსულოვნად დაეთანხმა თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტთა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გალის რაიონში ძველ ფარგლებში სამშვიდობო ძალების საკონტროლო ზონის გაფართოებას მოითხოვს. უშიშროების საბჭოს წევრები გმობენ ეთნიკური წმენდის და გენოციდის პოლიტიკას არა მარტო კონკრეტულად კოსსოვოში, არამედ როგორც ზოგად მოვლენას, უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.
ესეც ძალიან ბევრისათვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. ასევე საგულისხმოა, რომ რეზოლუცია მიღებულია უშიშროების საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, ანუ საერრთაშორისო ცხოვრებაში იწყება ის ეტაპი, როცა ეთნიკური წმენდა რეალურად არის აღიარებული უმძიმეს საკაცობრიო დანაშაულად. აქედან გამომდინარე, იგი დაუსჯელი არ დარჩება, სადაც უნდა განხორციელდეს.
- გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო რუსეთში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ხუთი პუნქტიდან ვერც ერთ პუნქტში ვერ შეაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა სათათბიროს დეპუტაციამ. რუსეთის მთავრობას უკვე, შეიძლება ითქვას, ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სტეპაშინი სათათბიროს ჯერ არ დაუმტკიცებია, სრულიად მარტივად გასაგებია, რომ ეს ასე მოხდება...
- მინდა გითხრათ, რომ არ მეპარებოდა ეჭვი პრეზიდენტ ელცინის იმპიჩმენტი რომ არ შედგებოდა. ასეთია რეალური ანალიზისა და დასკვნის შედეგი. თავად ელცინი, ვატყობ, დარწმუნებული იყო ამაში.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საკითხს, ალბათ, მთლად ტაქტიანი არ არის, რომ სხვა სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვას კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის მიერ სერგეი სტეპაშინის დანიშვნის შესახებ, მაგრამ მასთან პირადი, ხანგრძლივი ურთიერთობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ ბორის ელცინმა, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სწორი არჩევანი გააკეთა.
რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას სწორედ ასეთი მოღვაწე სჭირდება, როგორიც სტეპაშინია. იგი ძლიერი, მომთხოვნი და პრინციპული პიროვნებაა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა თავის კოლეგებთან, თანამეგობრობის ქვეყნების ცალკეულ პრეზიდენტებთან (შესაძლოა ყველა პრეზიდენტთანაც), ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე იყო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის პრემიერისათვის.
- სულ ცოტა ხანში, თქვენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ხუან ანტონიო სამარანჩს შეხვდებით, რომელიც ოქროს მედალს გადმოგცემთ.
- ხუან ანტონიო სამარანჩი მეორედ ესტუმრა საქართველოს. იგი დიდ დახმარებას უწევს ჩვენს ოლიმპიელებს მატერიალურად, ფინანსურად, მორალურად და ყოველმხრივ. ახლანდელი მისი ჩამოსვლა უდავოდ ძლიერ ბიძგს მისცემს ოლიმპიური ასპარეზობისათვის ჩვენი სპორტსმენების მაღალ დონეზე მომზადებას. ჩვენ სწორედ ასეთი ყოველმხრივი დახმარება გვჭირდება და, დარწმუნებული ვარ, იგი სწორედ ამ მიზნითაც ჩამოვიდა საქართველოში.
გულწრფელად მივესალმები მსოფლიოში აღიარებული მოღვაწის სტუმრობას ჩვენს ქვეყანაში.
საქინფორმი.
„საერთაშორისო ცხოვრებაში იწყება ის ეტაპი, როცა ეთნიკური წმენდა რეალურად არის აღიარებული უმძიმეს საკაცობრიო დანაშაულად“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 მაისი. - №130 (3171). - 1, 2 გვ.
![]() |
66 უნდა ვიზრუნოთ ახლებური ურთიერთობის დამყარებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამა «Герой Дня» („დღის გმირი“) ყოველდღიურად გამოდის, მეტწილად, პირდაპირი ეთერით რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზიის НТВ არხით, 1995 წლის 16 ოქტომბრიდან. ამჯერად პროგრამას უძღვება სვეტლანა სოროკინა, რომელიც ესაუბრება პროგრამის სტუმარს, როგორც წესი, საზოგადო ან პოლიტიკურ მოღვაწეს, დღის ძირითადი მოვლენის მთავარ მონაწილეს.
18 მაისს „დღის გმირის“ პროგრამაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
მოვუსმინოთ სვეტლანა სოროკინას:
ხვალ სახელმწიფო სათათბიროში კენჭს უყრიან ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. კაცმა რომ თქვას, ეს უკვე ლამის ჩვეულებრივ პროცედურად იქცა და ამ შემთხვევაში შედეგიც თითქმის წინასწარ არის განსაზღვრული. თუმცა, პარლამენტარები ყოველთვის იტოვებენ მოვლენათა მოულოდნელი განვითარების შანსს... რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ გვაკავშირებს საერთო წარსული, და გვაქვს, ალბათ, განსხვავებული მომავალი. მე ეს-ეს არის ჩამოვედი თბილისიდან. საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ჩემი საუბარი, ბუნებრივია, რუსეთის შინაპოლიტიკური პრობლემების განხილვით დაიწყო.
- ბატონო ედუარდ, ვიცი, რომ თქვენ საერთოდ არ გიყვართ რაღაც შინა-რუსულ პრობლემებზე საუბარი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ ცოტა ხნის წინათ თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგით გეწვიათ სერგი სტეპაშინი, ახლანდელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. აი, რა მინდა გკითხოთ: როგორია თქვენი დამოკიდებულება მისი დანიშვნისადმი და, საერთოდ, თქვენი შთაბეჭდილება ამ კაცზე?
- მე ევგენი პრიმაკოვთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, რაკი ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული - რა გაეწყობა? შემიძლია მხოლოდ მტკიცედ აღუთქვა, რომ ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქედ დარჩება.
- ევგენი პრიმაკოვი?
- დიახ, რამდენადაც, იგი წარმოშობით თბილისელია. რაც შეეხება სტეპაშინს, დიდი ხანია ვიცნობ. ვიცნობ, როგორც უაღრესად საქმიან, ნებისყოფიან კაცს, რომელმაც იცის, როგორ მიუდგეს დასახულ მიზანს და როგორ მივიდეს ბოლომდე. ხაზს ვუსვამ, თუ მას დააცალეს მუშაობა, ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია, ბევრი სასარგებლო საქმისა.
- ყველაფერი, რაც ჩვენში, რუსეთში ხდება, გარკვეულწილად, ალბათ, ნამდვილად გაინტერესებთ თქვენც იმიტომ, რომ ვმეზობლობთ და მრავალმხრივ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. თქვენ ეს გაფიქრებთ თუ, როდესაც ჩვენს მოვლენებს აკვირდებით, გესმით, რომ ეს ობიექტური ამბავია და საშიში არაფერია...
- ყოველივეს, რაც რუსეთში ხდება - მეტადრე საგანგაშოს, ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საკუთარ სატკივარს, საკუთარ განსაცდელს. როდესაც რუსეთში კრიზისი ატყდა, ბუნებრივია, ეს შეეხო საქართველოსაც. შემცირდა საერთო მოცულობა, ჩვენ დიდი ვნება მოგვადგა იძულებული გავხდით სასწრაფოდ მიგვეღო საგანგებო ღონისძიებანი, რათა ნამდვილ ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსში არ აღმოვჩენილიყავით. ახლა ჩვენ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდა. რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, დოლარი - ეს გახლავთ პირდაპირი ზარალი, რომელიც უშუალოდ მოგვადგა რუსეთის კრიზისის შედეგად.
- თქვენ გაფიქრებთ ჩვენში მიმდინარე ცვლილებანი?
- კარგ ცვლილებებს, პირიქით, მივესალმები, ხოლო ცუდი - მაფიქრებს.
- ევროპაში, ბალკანეთში დატრიალებულმა ამბებმა სრულიად ახლებურად გადაანაწილა აქცენტები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში. თუ რუსეთს თავისი გარკვეული პოზიცია აქვს ნატოს პოზიციასთან დაკავშირებით, საქართველოში იგი სხვაგგვარია. თქვენც კი მიგაჩნიათ, რომ ნატო ის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია მშვიდობა მოუტანოს რეგიონებს, სადაც ომი მიმდინარეობს. და მაინც, სულ ახლახანს მომხდარ ამბებთან დაკავშირებითაც არ შეცვლილა თქვენი დამოკიდებულება ნატოს მიმართ?
- ჯერ ერთი, მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბევრი რამ იქედან, რაც ხდება და რაც ახლა გვაწუხებს, - ეს არის იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის ნაკლოვანებანი, რომლებიც მოწოდებული არიან იმოქმედონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საფუძველზე და უზრუნველყონ მშვიდობა ჩვენი პლანეტის ყველა რეგიონში. მე მიმაჩნია, რომ ვერც უშიშროების საბჭო და ვერც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. ეს გახლავთ პირველი.
მეორე, რაც შეეხება ნატოს მოქმედებას - რომელი ჭკუათმყოფელი კაცი მიესალმება ძალის გამოყენებას, მით უმეტეს, როდესაც მას შედეგად მოსდევს ნგრევა, იღუპება ხალხი?..
მაგრამ მოდით, დავაყენოთ საკითხი სხვა რაკურსით: რა შეიძლებოდა მომხდარიყო კოსოვოში ალბანელთა ასეთი აშკარად გამოხატული, წმინდა წყლის წმენდისა და გენოციდის შედეგად, ნატო რომ არ ჩარეულიყო? მე არასოდეს მქონდა რაღაც უზუსტესი ანალიტიკური დასკვნების დაჩემების პრეტენზია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დიდი ომი კარს იყო მომდგარი.
- კი მაგრამ, ნატოს ეს აქცია გრძელდება და მაინც არ უჩანს ბოლო და საშველი; არ ჩანს, როდის დაისმის წერტილი. უკვე დაიწყო მცდარი დარტყმები, იღუპება ხალხი. როდის შეწყდება ეს, თუ მილოშევიჩი არ გადავიდა თავისას?
- იგი უნდა შეურიგდეს კომპრომისს.
ძალიან კარგია, რომ ბოლო დროს ამ პროცეში აქტიურად ჩაება რუსეთი. ურუსეთოდ, არა მგონია, მივაღწიოთ მშვიდობიან მოწესრიგებას. მე მივესალმები იმ აქციებს, რომლებიც განხორციელდა... ვიქტორ ჩერნომირდინი ჩამოსული იყო თბილისში. ჩვენ ძალიან დიდხანს ვითათბირეთ, ვისაუბრეთ, და მისი ჩაბმის შემდეგ, ვფიქრობ, გაჩნდა რაღაც დამაიმედებელი ელემენტები.
მასთან საუბრისას მე შევეცადე, ჩამომეყალიბებინა ხუთი-ექვსი პუნქტი. პირველი - მილოშევიჩმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები, შეიარაღებული ძალები; მეორე - უნდა განვაიარაღოთ ის ალბანელებიც, რომლებიც შეადგენენ ე.წ. კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის რაზმებს; დაუყოვნებლივ შევიყვანოთ კოსოვოში ძლიერი, მძლავრი საერთაშორისო შეიარაღებული ძალები, არა აქვს მნიშვნელობა, სახელდობრ, ვინ მიიღებს მონაწილეობას, ნატო თუ სხვა სახელმწიფოები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. წესრიგის დამყარების პარალელურად უნდა დავუბრუნოთ ადამიანები მშობლიურ კერას, და, შესაბამისად, პარალელურად უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსის განსასაზღვრავად ერთიანი იუგოსლავიის ფარგლებში.
- ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ნატო ახლა გაეროს ფუნქციებს კისრულობს და პრაქტიკულად მის მაგივრობას ეწევაო. ეს მართლაც ასეა, თუ ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებაა?
- არა მგონია, სხვა გამოსავალი ყოფილიყო. ნატოს ადვოკატად ვერ დავუდგები. მე მოგახსენებთ, რომ მოწინააღმდეგე ვარ ძალის გამოყენების ყოველგვარი გამოვლენებისა, მსხვერპლისა, მაგრამ აქ მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტები უფრო ტრაგიკული იქნებოდა.
- ბატონო ედუარდ, რატომ არის საქართველო ასე მოწადინებული ნატოში შესვლის?
- როდესაც მეკითხებიან, მე ასე ვპასუხობ: მე არა ვარ წინააღმდეგი ნატოში შესვლისა, მაგრამ ეს არ მესახება სადღეისო ამოცანად. მე ვფიქრობ, ჩემი პრეზიდენტობის დროს - მომდევნო ვადითაც რომ ამირჩიონ - ეს არ მოხდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არის რაღაც სტანდარტები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ამის პრეტენზიის მქონე ქვეყანას. თუმცა, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ მეზობლობა ჯერ კიდევ არ არის წევრობის გარანტია.
- მაინც რა გითხრათ ყურში ხავიერ სოლანამ, როდესაც ამ ცოტა ხნის წინათ შეხვდით, ნატოში შესვლასთან დაკავშირებით?
- სწორედ იმიტომ მითხრა ყურში, რომ არ გავთქვა.
მე ვკითხე იქ მყოფი ჟურნალისტების თანდასწრებით - მე და სოლანას კარგი, საუცხოო ურთიერთობა გვაქვს - „ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება-მეთქი საქართველო ნატოს წევრი?“ მან კი ჩამჩურჩულა: „როცა გენებოთო“.
- როცა გენებოთო?
- ეს ისე, ხუმრობაა. მას ხომ შესანიშნავად ესმის, რომ ეს ვერ მოხდება უახლოესი ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში.
- რატომ უნდა იყოს საქართველო მაინცდამაინც ნატოს წევრი?
- არ ვიცი, რამდენ ხანში, მაგრამ შეიძლება მოხდეს რაღაც ცვლილება და ნატოს წევრი გახდეს არა მარტო საქართველო, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად, რუსეთი. ეს არ არის ჩემი საქმე, არ არის ჩემი მისია - საამისოდ დავიყოლიო რუსეთი. მაგრამ რუსეთი ნატოში რომ შესულიყო, ეს ორგანიზაცია სულ სხვაგვარი გახდებოდა. არ გამცეთ, და ამას საიდუმლოდ გეუბნებით ყურში.
- ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება, ძალზე ბევრი ალაპარაკდა, რომ თანამეგობრობამ, როგორც ასეთმა, ვერ ივარგა, რომ დსთ იშლება. ეგებ მომავალი მართლაც ორმხრივ ურთიერთობას ეკუთვნის. ეგებ თანამეგობრობა არც არის ასეთი აუცილებელი ორგანიზაცია? იგი უკვე ნამდვილად აღარ არსებობს?
- სწორედ ასე ხდება ახლა, უმთავრესად ვავითარებთ ორმხრივ ურთიერთობას ყველა სახელმწიფოსთან. რაც შეეხება თანამეგობრობას, ვაღიაროთ, გარკვეული გულგატეხილობა ნამდვილად არის და მე ვგულისხმობ არა მარტო საქართველოს, - მთლიანად ამ ორგანიზაციის წევრებს. ვერ ვიტყვი, რომ თანამეგობრობამ მოჭამა თავისი დრო. მე ვფიქრობ, კიშინიოვის შეხვედრის შემდეგ დაიწყო რაღაც ახალი ეტაპი, გამოჩნდა უფრო საღი, უფრო რეალური მიდგომები ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებისადმი.
- რამდენადაც ვიცი, არ გაუგრძელებიათ მანდატი აფხაზეთში დაბანაკებულ მშვიდობისმყოფელ ძალებს. მანდატს ორ მაისს გაუვიდა ვადა. როგორია მშვიდობისმყოფელი ძალების ბედი? მათ გაიყვანენ, დატოვებენ, რის საფუძველზე მოხდება ეს? რა მოელით?
- სამწუხაროდ, აფხაზთა მხარე არ ასრულებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვის სამიტზე იქნა მიღებული, ანუ არ აფართოებს კონტროლის ზონას - მე გალის რაიონს ვგულისხმობ და არ უზრუნველყოფს გარკვეულწილად დაბრუნებული ხალხის უსაფრთხოებას. აი, ეს გახლავთ ერთადერთი დაბრკოლება, ერთადერთი მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც გვმართებს, რუსეთსაც და საერთაშორისო გაერთიანებასაც მართებთ შეაგონონ აფხაზთა ხელმძღვანელობას, რომ დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას. ხოლო თუ ისინი ჯიუტად განაგრძობენ თავიანთ პოზიციაზე დგომას, მაშინ გარკვეული ხნის შემდეგ დადგება საერთაშორისო ძალების, იმ შეიარაღებული მშვიდობისმყოფელი ძალების შეყვანის საკითხი, რომლებზეც ვილაპარაკე კოსოვოს მიმართ. ამას ნუ გამოვრიცხავთ, ეს შეიძლება არ იყოს სადღეისო ამოცანა, მაგრამ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ.
- რა მიგაჩნიათ ახლა ყველაზე რთულ, შესაძლოა, ყველაზე მტკივნეულ და ძნელად გადასაწყვეტ პრობლემად ჩვენი სახელმწიფოების - რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაში?
- ასეთი საკითხები მრავალია. ჯერ ერთი, სამართლებრივი საფუძვლის მიმართ. უნდა რატიფიკაციავყოთ ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც ხელმოწერილი გვაქვს. მეორე საკითხი, უფრო მწვავე, - ეს გახლავს სამხედრო ბაზების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ახლა მთავრდება მოლაპარაკება ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, და ის მორიგებანი, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის არის ხელმოწერილი, ბუნებრივია, მოითხოვენ გარკვეულ კორექტივებს, გარკვეულ რევიზიას. ამის თაობაზე სერიოზული მოლაპარაკება გვმართებს. არის ვალების პრობლემებიც. ჩვენ რუსეთისა გვმართებს, მაგრამ რუსეთსაც მართებს ჩვენი. ჩვენში დარჩეს და, რუსეთმა საქართველოდან გაიტანა ათი მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა. ფოთში, მაგალითად, ბაზირებული იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გვარიანი ნაწილი. შვიდი-რვა დიდი ხომალდი ერთ ღამეში ისე გაიყვანეს, რომ კატარღა რაა, ისიც არ დაგვიტოვეს, საქმეა ეს? ამიტომაც, ვფიქრობ, რომ უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკება და უნდა ვიზრუნოთ ახალი, სრულიად ახლებური, ნამდვილად სასიკეთო, კეთილმეზობლური და მერე უკვე ძმური ურთიერთობის დასამყარებლად.
ჩვენი ხალხები ისე არიან განწყობილნი, და ამის ჩიჩინი არ სჭირდებათ. მაგალითად, საქართველოში ახლა პუშკინის დღეებს აღვნიშნავთ. ეს იქნება ნამდვილი დიდი ეროვნული დღესასწაული იმიტომ, რომ პუშკინი მარტო თქვენი კი არა, ჩვენიც არის. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა კლასიკოსებზეც. ეს ჩვენ ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. ასევე, რუსეთშიც არის გარკვეული ნოსტალგია ქართული ხელოვნების, ლიტერატურის მიმართ. ყოველივე ეს უნდა ავაღორძინოთ, ავაღორძინოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მშენებლობის პირობებში.
- კეთილი, მაგრამ როდის იქნება ეს? თუ პუშკინის დაბადების დღეზე შეგვიძლია ვთქვათ: „დაბადების დღემდე დარჩა ამდენი და ამდენი დღეო“, მაშ, რამდენი დარჩა ამ მომავლის კავშირებამდე? თანასწორი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად აყვავებული სახელმწიფოების კავშირამდე?
- ესეც იქნება ნამდვილად, მაგრამ საამისოდ რაღაც უნდა შევცვალოთ ადამიანთა ცნობიერებაში.
- იყრით კენჭს პრეზიდენტად?
- ეს ჯერჯერობით საიდუმლოა, ნამდვილი საიდუმლო. ის კი არა, რა ჩამჩურჩულა სოლანამ.
- დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ.
გაზ. „სვობოდნაია გრუზია“, 19/V-99.
უნდა ვიზრუნოთ ახლებური ურთიერთობის დამყარებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 მაისი. - №132 (3173). - 1, 3 გვ.
![]() |
67 აპოლონ ქუთათელაძის საიუბილეოდ |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ სინამდვილეში, ჩვენდა საბედნიეროდ, ყოველთვის იყვნენ ხოლმე მოღვაწენი, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმი, პიროვნული პატიოსნება, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და ქვეყნის სიყვარული აყალიბებდა ეროვნულ მოღვაწედ.
სწორედ ასეთი მოღვაწე გახლდათ აპოლონ ქუთათელაძე - შესანიშნავი მხატვრების აღმზრდელი და თავადაც შესანიშნავი მხატვარი და სწორედ ამიტომ სამხატვრო აკადემიისათვის მისი სახელის მინიჭება ის მადლობაა, რომელიც აქამდე უნდა გვეთქვა მისთვის.
ქართველმა მხატვრებმა უდიდესი როლი ითამაშეს არა მარტო ქართული სულის გამოხატვაში, არამედ მის ფორმირებაშიც. ამდენად, მწერლობასთან ერთად მხატვრობის როლიც ჩვენი ერის ცხოვრებაში უდიდესია.
ყველა დიდმა ხელოვანმა შესანიშნავად იცის ეს.
აპოლონ ქუთათელაძემაც იცოდა ეს ყოველივე და შესაბამისად ცხოვრობდა კიდეც.
როგორც მე მესმის, ბატონ აპოლონს ჰქონდა დიდი და ნათელი მიზანი მისი ეპოქის პირობებში ყოველმხრივ შეეწყო ხელი ქართული სამხატვრო ხელოვნების განვითარების პროცესისათვის. მხოლოდ უზენაესმა უწყის, რა ძალა, ენერგია და მოქნილობა გამოიყენა მან ხელმძღვანელებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობაში, ქართული სამხატვრო კულტურა ასეთ დონემდე რომ ამაღლებულიყო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მის ოჯახს, მის მოწაფეებს, მისი სახელობის აკადემიის სტუდენტებსა და მასწავლებლებს ამ შესანიშნავ თარიღს.
ედუარდ შევარდნაძე.
აპოლონ ქუთათელაძის საიუბილეოდ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 22 მაისი. - №134 (3175). - 1 გვ.
![]() |
68 ბატონ გურამ თოხაძეს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო გურამ,
გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ დაბადების 65 წლისთავის იუბილეს.
თქვენს მიერ განვლილი გზა სპორტული მოღვაწეობისა ჭეშმარიტი მაგალითია უდიდესი ზნეობრივი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა.
სწორედ მაღალი პასუხისმგებლობა და უდიდესი თავდადება გახლავთ იმ წარმატებათა საფუძველი, რომელსაც თქვენი აღსაზრდელები აღწევენ სხვადასხვა რანგის ჩემპიონატებზე, ტურნირებსა და მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე.
მოხარული ვარ, რომ დღესაც ჩვეული ვაჟკაცური შემართებით ემსახურებით ქართული სპორტის წინსვლას, ნიჭიერი მოზარდი თაობის დაოსტატებას, რითად უდიდესი წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეში.
ბატონო გურამ,
კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, მადლობას მოგახსენებთ გაწეული შრომისათვის, გისურვებთ ჯანმრთელობას.
კვლავაც დიდხანს გეღვაწოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ე. შევარდნაძე.
ბატონ გურამ თოხაძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23-24 მაისი. - №135-136 (3177). - 1 გვ.
![]() |
69 „სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ძალუძს თავის დაცვა, შეუძლია ამხილოს და ჩაშალოს ყველა ექსტრემისტული გეგმა თუ პროვოკაცია, მიმართული საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპულ თუ მსოფლიო თანამეგობრობაში მისი ინტეგრირების წინააღმდეგ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 24 მაისის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის ყველაზე სენსაციურ თემად შაბათს გახმაურებული მოვლენა იქცა, რომლისთვისაც ჯერ, ფაქტობრივად, შეფასებაც არ მიუციათ და ვერც იმას ვიტყვით, თუ რა იყო ეს. ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა რაღაც გარკვეული მინიშნება იმისა, რომ ეს, ალბათ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ეს განცხადება ამის საფუძველს იძლევა. რამდენად სერიოზული იყო საფრთხე, რომელიც ამჯერად მთლიანად ქვეყანას ელოდა, მით უმეტეს, რომ ბევრს გვახსოვს 29 აგვისტოს, 9 თებერვლის ტერორისტული აქტები. გვახსოვს ის, რაც მაშინ ელოდა ქვეყანას, მაგრამ, ვფიქრობთ, ამ განცხადების ტონიდან გამომდინარე, საფრთხე გაცილებით სერიოზული იყო... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- დასმულ კითხვასთან დაკავშირებით: ამჯერად მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რისი თქმაც უკვე შესაძლებელია, რათა ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას, ჭეშმარიტების დადგენის პროცესს და არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმციის უზენაესობის პრინციპი.
ფაქტია, რომ მხილებულია საშიშ ექსტრემისტთა შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის არსებობა კარგა ხანია იცოდნენ ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და შესაბამის ღონისძიებებსაც ახორციელებდნენ.
შაბათს ამ ჯგუფის აქტიური წევრები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან განსაკუთრებით საშიში ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის განზრახვასა და მომზადებაში, დააკავეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაიწყო გამოძიება, ჩამორთმეულია დიდძალი იარაღი, მთელი არსენალი და სხვა მტკიცებულებანი.
რაც შეეხება მათს მოკავშირეებს და, ასე ვთქვათ, „შეფებს“: არსებული მონაცემებით, ისინი სხვა ქვეყანაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ლაპარაკია ძირითადად რუსეთზე. მაგრამ ისიც მინდა აღინიშნოს, რომ იქ განხორციელებულმა სერიოზულმა ცვლილებებმა, კერძოდ, სამართალდამცველთა საქმიანობაში, ერთგვარი ბიძგიც კი მისცა შეთქმულთა მხილებას.
- საკადრო ცვლილებებს გულისხმობთ?
- ყოველგვარ ცვლილებას, განსაკუთრებით სამართალდამცველთა საქმიანობაში.
დღეს მე უკვე მაქვს ერთი, ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი ზოგადი დებულების ჩამოყალიბების საფუძველი.
ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა (განურჩევლად იმისა, პოლიტიკური ხასიათისა არის იგი თუ წმინდა კრიმინალური) დემოკრატიული ქვეყნისა და დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ეს, სხვათა შორის, არაერთგზის აღუნიშნავს რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს და, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ერთობლივი ძალისხმევით ბევრ შავბნელ საქმეს თუ ფიგურას აეხდება ფარდა, თუკი ისინი ასეთ თანამშრომლობას დათანხმდებიან.
მეორე დასკვნა ის გახლავთ, რომ საქართველოს სამართალდამცველებმა ისწავლეს შენიღბულ, კარგად კონსპირირებულ და ყოველმხრივ (მათ შორის, ფინანსურად) უზრუნველყოფილ კრიმინალთან ბრძოლა. ისინი სოლიდურად შეიარაღდნენ, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, რომელთაც აქტიურად იყენებენ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად. როგორც ხედავთ, შედეგიც არ აყოვნებს.
და კიდევ ერთი რამ: ჩვენ ავაშენეთ დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ძალუძს თავის დაცვა.
თქვენ ჩამოთვალეთ ფაქტები, რომელთაც უნდა დაემატოს 19 ოქტომბრის ამბოხის მცდელობა, ზოგიერთი სხვა კიდევ მრავალი და ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ძალუძს თავის დაცვა, შეუძლია ამხილოს და ჩაშალოს ყველა ექსტრემისტული გეგმა თუ პროვოკაცია, მიმართული საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპულ თუ მსოფლიო თანამეგობრობაში მისი ინტეგრირების წინააღმდეგ.
როგორც გაფრთხილება, ისე მინდა გამოვთქვა ეს მოსაზრება: არ არის გამორიცხული, რომ დემოკრატიული საქართველოს შენიღბულმა თუ შეუნიღბავმა მტრებმა, შინაურებმა თუ გარეულებმა გაააქტიურონ თავიანთი შავბნელი საქმიანობა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით; მით უმეტეს, ხელისუფლების რეაქციაც ადეკვატური უნდა იყოს და ვარწმუნებ რადიომსმენელებს, რომ კიდევაც ასეთი იქნება.
ალბათ, მიზანშეწონილია ამჯერად ამით შემოვიფარგლოთ. რა თქმა უნდა, საზოგადოება დროთა განმავლობაში მიიღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მოხდა და რა მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ.
- ყოველ შემთხვევაში, სამართალდამცველები პირად საუბრებში მაინც აცხადებენ, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა. ამიტომ არა აქვთ ყველაფრის ბოლომდე თქმის უფლება. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან პოლიტიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ელცინის ინიციატივით მოსკოვში რამდენჯერმე გამართული მსგავსი შეხვედრები. მაგრამ, ვიდრე დაველოდებოდეთ იმას, თუ რამდენად გადმოდგამს რუსეთი ასეთ ნაბიჯს, ჩვენი და რუსეთის, ასე ვთქვათ, ერთობლივი თანამშრომლობის პრეცედენტი რამდენად შეიქმნება, ალბათ, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შექმნილ ვითარებაში ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვისუნარიანობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ამის შესახებ, თუ არ ვცდები, იყო მსჯელობა გასულ კვირას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც...
- ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უშიშროების საკითხებში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, ძირითადად, სწორედ ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვის სისტემათა შემდგომ რეფორმირებას მიეძღვნა. ცენტრალური განსახილველი საკითხი ამჯერად თავდაცვის სისტემის რეფორმირებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციათა პაკეტი იყო.
სხვათა შორის, აქ უჩვეულო არაფერი არ არის. მიმდინარეობს ქვეყნის რეფორმირების პროცესი იმ გეგმის, იმ ჩამოთვლილი პრობლემების შესაბამისად, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ 1994 წელს ჩამოვაყალიბეთ. იგი ეხება ზოგადთეორიულ კონცეპტუალურ ნაწილს, დოქტრინულ საკითხებს, სტრუქტურულ ცვლილებებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში, მართვის მექანიზმების მოდერნიზაციას, სამხედრო ძალების ფორმასა და რაოდენობას, რესურსებს (მათ შორის, პირადი შემადგენლობის) თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვის, სწავლებისა და წვრთნის, რეზერვისტთა სისტემისა და მრავალ სხვა საკითხს.
უნდა გითხრათ, რომ, თუ ახლა დაჩქარდა ეს პროცესი, დაჩქარდა იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრი, ბატონი დავით თევზაძე თავად არის ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ შეიარაღებულ ძალთ რეფორმირების საკითხი რაც შეიძლება ჩქარა განხორციელდეს.
ეროვნული უშიშროების საბჭომ ძირითადად მოიწონა წარმოდგენილი რეკომენდაციები. საბჭოს წევრები და პრეზიდენტი ერთსულოვნად დავეთანხმეთ იმ დებულებას, რომ მთლიანობაში, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე უშიშროების სამინისტროს სისტემებში რეფორმა აქტიურად ვითარდება და პროვოკატორთა ვერანაირი ჯგუფი ვერ შეძლებს ფეხის მოკიდებას საქართველოს სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, იმ სტრუქტურებში, რომლებიც იცავდნენ და კვლავაც დაიცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ წყობილებას და იმას, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით.
- გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების საკითხებში სტივენ სესტანოვიჩი. იგი საკმაოდ ხშირად ჩამოდის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეხვდით მას. სესტანოვიჩის მიერ დეპუტატებთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები მასმედიისათვის საკმაოდ საინტერესო იყო. საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება...
- ბატონ სტივენ სესტანოვიჩთან გამართულ მოლაპარაკებათა შინაარსი და პოლიტიკური ტონალობა იმის თვალსაჩინო ილუსტრაცია გახლდათ, თუ როგორ განვითარდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და რა დონეს მიაღწია თანამშრომლობამ ბოლო წლების განმავლობაში.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობა აღმავლობის სტადიაშია, ხოლო მიღწეული დონე ჯერ კიდევ არ არის ზღვარი და კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.
ამერიკა მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიაა, მე ასე ვიტყოდი, ყველა თვალსაზრისით (მათ შორის, უპირველესად, ეკონომიკურად) უძლიერესი სახელმწიფოა - მით უმეტეს, საამაყო და სასიხარულოა, რომ ამ ქვეყნის ისტებლიშმენტი, მმართველი წრეები ჩვენს ქვეყანას პატარა, მაგრამ ღირსეულ და საიმედო პარტნიორად თვლიან, რომელიც, აგრეთვე, მტკიცედ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას. აქედან გამომდინარე, ამერიკა კვლავაც დაგვეხმარება ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ფინანსურადაც, თუმცა, ბოლო დროს გამოიკვეთა სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი სფეროები და ეს თანამშრომლობა უკვე დაიწყო.
სულ ახლახან მივიღე პრეზიდენტ კლინტონის კიდევ ერთი წერილი ძალზე საყურადღებო მოსაზრებითა და წინადადებებით როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონულ ურთიერთობათა პრინციპულ საკითხებზე და, მათ შორის, კონფლიქტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე.
ამასთან, ხაზს ვუსვამ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კეთილი ურთიერთობა კი არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ევროპულ სტრუქტურებში, ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას ყველა ნორმალურ ქვეყანასთან მიუხედავად იმისა, დასავლეთში მდებარეობს ისინი თუ ჩრდილოეთში, სამხრეთსა თუ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი მხედველობაში მყავს ჩვენი უახლოესი მეზობლები და მათთან კავშირურთიერთობანი.
- სესტანოვიჩის ვიზიტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ახალი აღმასრულებელი მდივნის იური იაროვის ვიზიტიც დაემთხვა. საუბარი თანამეგობრობის შემდგომ პერსპექტივებს შეეხო. 4 ივნისს მინსკში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, რომელზეც, ალბათ, ერთ-ერთი თემა თანამეგობრობის რეფორმირების საკითხი იქნება.
- მთელი გულახდილობით მინდა გითხრათ, ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს იმედი, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა შეიძლება გადაიქცეს ქმედით, სასარგებლო ორგანიზაციად, რომელიც აქტიურად დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს თავიანთი პრობლემების გადაწყვეტაში.
რა თქმა უნდა, უმთავრესი პრობლემა, რომელიც მასთან განვიხილე, ეს არის აფხაზეთის პრობლემა, აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი და შევთანხმდით, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა, რომელიც ძალიან არ გაჭიანურდება, ძალიან შორს არ გადაიდება, უმთავრესად სწორედ ამას მიეძღვნება. თანამეგობრობამ კონფლიქტების მოგვარებაში თავისი მისია თუ ვერ შეასრულა, მას ხანგრძლივი სიცოცხლე არ უწერია.
თანამეგობრობას და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს, რომელიც ამ ორგანიზაციის ცენტრალური სახელმწიფოა, ნამდვილად აქვს ამის ყველა შესაძლებლობა.
რამდენად არის ეს შესაძლებლობა რეალიზებული და რამდენად იქნება რეალიზებული, ეს უკვე სხვა საკითხია.
საქართველომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომელიც არ იცვლება აღმასრულებელ მდივანთა ცვალებადობის პარალელურად. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას განვითარებისა და შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იგი წევრ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ურღვეობის (მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის) მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა. სხვა შემთხვევაში, როგორც ზემოთ ვთქვი, ამ თანამეგობრობას მომავალი არ გააჩნია და ის სახელმწიფოები, რომლებიც ამჟამად მასში შედიან, უეჭველად იძულებული გახდებიან სხვა კავშირები და სხვა ალიანსები ეძებონ თავიანთი პრობლემების გადასაწყვეტად.
- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - 81-ე წლისთავი და 60 წლის იუბილე მერაბ კოსტავასი, შეიძლება ითქვას, ალბათ, ერთადერთისა მთელ ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც ყველა მხარისათვის, ყველა პარტიისათვის მისაღები პიროვნება გახლდათ...
- ესეც ერთ-ერთი შესანიშნავი ქართული სიმბოლოა, რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღე სწორედ 26 მაისია.
ჩვენ შესანიშნავად გვესმის ამ ღვაწლმოსილი მამულიშვილის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის უახლეს ისტორიაში ისევე, როგორც უღრმეს პატივს ვცემთ და ვაფასებთ მის ადამიანურ, რაინდულ თვისებებს. საქართველოს ხელისუფლება და მთელი ქართველი საზოგადოება პატივს მიაგებს მერაბ კოსტავას ხსოვნას, მის უდავოდ დიდ დამსახურებას ქართული ეროვნული მოძრაობის წინაშე, რომლის საბოლოო მიზანი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება იყო.
მერაბ კოსტავას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვაქვეყნე სპეციალური განცხადება, რომელშიც გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება ამ მართლაც შესანიშნავი მამულიშვილისა და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანის ღვაწლის შესახებ.
- რამდენიმე დღის წინათ თქვენ გამოიყენეთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და შეიწყალეთ ოთხმოცზე მეტი მსჯავრდადებული, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. შეწყალება სხვადასხვა პოლიტიკური თუ შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეეხო. საკმაოდ საინტერესო იყო თქვენი წერილი კიტოვანისადმი...
- მე ერთხელ ვთქვი, რომ საზოგადოება, რომელსაც თანალმობის, თანაგრძნობის და შემწყნარებლობის უნარი აქვს, სულიერად ჯანსაღი და ძლიერი საზოგადოებაა.
მსჯავრდადებულთა შეწყალება ხელისუფლებისა და საზოგადოების ძლიერებაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლაბში.
სამოქალაქო ომი დამთავრდა საქართველოში. ღმერთმა ქნას - ერთხელ და სამუდამოდ.
შერიგებისა და გაერთიანების პროცესი შეუქცევადია. მას ალტერნატივა არა აქვს. და, როცა მე შერიგებაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში არ მყავს ადამიანთა რომელიღაც ერთი ჯგუფი, მარტო, ვთქვათ, ექსპრეზიდენტის მომხრეები ან მისი მოწინააღმდეგენი და სხვა. ლაპარაკია საერთო საზოგადოებრივ შერიგებაზე.
ჩემთვის კი ერთნაირად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, საზოგადოებაში იმ ათეულობით ადამიანის დაბრუნება, რომლებიც ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თავისუფლდებიან. მათ შორის ბევრია (ამისთვის მინდოდა გამესვა ხაზი) ავადმყოფი, ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელთაც გარდა მკურნალობისა, თავისი ოჯახის, მშობლების, მეუღლისა თუ შვილების სითბო და ადამიანური ყურადღება სჭირდებათ.
თითქმის ნახევარი ამ შეწყნარებულთა შორის ქალია და, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლად დაქორწინებულებიც კი არიან.
საქართველო დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანაა, ამიტომ შემწყნარებლობა და ჰუმანიზმი სავსებით შეესაბამება უმკაცრეს სახელმწიფოებრივ წესრიგსა და კანონიერებას - სამართლისა და კანონის დიქტატურას.
- გასულ კვირას საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მისი მუშაობის შედეგებს, მის სტუმრობას იმედით ელოდნენ საქართველოში. კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება საბაჟო გადასახადების აკრეფა, კონტრაბანდის აღკვეთა. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა - სპეციალისტთა აზრით, სერიოზული შეცდომა იყო, როგორც ამბობენ, ხორბლის იმპორტის დაბეგვრა, რის შედეგადაც იმპორტი, ფაქტობრივად შეწყდა...
- ყველა ეს საკითხი, განსაკუთრებით საფინანსო-საბიუჯეტო თემატიკა გუშინწინ გვიან ღამით განვიხილეთ ფინანსური სტაბილურობის საგანგებო კომისიის სხდომაზე და ვიმსჯელეთ ყველაზე უფრო აქტუალურ საკითხებზე. იქვე აღვნიშნეთ, რომ ბევრს აკეთებს ის საგანგებო კომისია, რომელსაც ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ისინი თითქმის ყოველდღიურად განიხილავენ ამ საკითხებს და სულ ახალ-ახალ რეზერვებს ავლენენ.
მსჯელობა, როგორც გითხარით, ძალზე პრინციპული და პირუთვნელი იყო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ვერა და ვერ აღმოიფხვრა ხელისშემშლელი ფაქტორები საბაჟო სისტემაში. თუმცა, გარდაქმნა დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ფაქტობრივად, სავალუტო ფონდის მისიას ამჯერად სხვა შენიშვნა არც ჰქონია, ვინაიდან ყველა სხვა პარამეტრი საქართველოს ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, პირნათლად შეასრულა, რაც ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ვიმედოვნებდეთ, რომ ისააფის პროგრამით გათვალისწინებული 45 მილიონი დოლარი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის გამოყოფის საკითხი დადებითად გადაწყდება (ლაპარაკია სავალუტო ფონდზე), რასაც თავის მხრივ მოჰყვება მსოფლიო ბანკის ძალზე მნიშვნელოვანი კრედიტი, ევროკავშირის დახმარება და ეს ათობით მილიონ დოლარს შეადგენს.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას საბაჟო შემოსავლის ზრდა 50-დან 100 პროცენტამდე, რაც სავსებით შესაძლებელია სათანადო სტრუქტურული და სისტემური გარდაქმნის შედეგად, და არავინ, ვისაც ქვეყნისათვის გული შესტკივა, ამ რეფორმის განხორციელებას ხელი არ უნდა შეუშალოს. პირიქით, მთელი ქვეყანა უნდა დაირაზმოს ამ რეფორმის განსახორციელებლად.
ამასთანავე, ბიუჯეტის შესავსებად სხვა რეზერვებიც არსებობს.
გარდა ამისა, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ქვეყნის მუდმივი უზრუნველყოფა სტრატეგიული რესურსით. მაგალითად, როგორც თქვენ ბრძანეთ, აშკარად ვერ გამოდგა ხორბლის იმპორტის დაბეგვრის არსებული პრაქტიკა. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ უნდა დაიბეგროს. თავად პრაქტიკა და ტექნოლოგია უნდა შეიცვალოს, ვინაიდან შედეგად ამ სტრატეგიული რესურსის შემოტანა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა და უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ ქარხნები და ამ სფეროსთან დაკავშირებული მთელი ინფრასტრუქტურა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ დროულად განახორციელა სათანადო ღონისძიებანი ქვეყნისათვის სტრატეგიულად აუცილებელი რეზერვის შესაქმნელად, საერთოდ, ალბათ, აუცილებელი იქნება ამ საქმეში კანონმდებლის ჩარევა. როცა ვამბობ, სახელმწიფომ განახორციელა-მეთქი, ეს მოხდა იმ დახმარების ბაზაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და ახლაც გვპირდება, რომ რამდენიმე ათეულ ათას ტონა ხორბალს კვლავაც გამოუგზავნის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით.
ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამისი თხოვნით პარლამენტს. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტარები ჩვეული ყურადღებით მოეკიდებიან ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემას, ესე იგი, ლაპარაკია კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე.
ამ თემაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ყველაფერი, რაც პურთან არის დაკავშირებული, სტრატეგიული საკითხია და თავის მხრივ ქვეყნის სახელმწიფოებრივ უშიშროებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, არც ის იყო შემთხვევით, რომ ქვეყნის ავისმოსურნენი ათასგვარ ჭორებს ავრცელებენ საქართველოში იმპორტირებული ფქვილის თითქოსდა უხარისხობის თაობაზე. იმასაც კი ამბობენ, რომ ფქვილი რაღაც დაავადებებს იწვევს და ხალხი მასობრივად იწამლება.
როგორც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროდან მაცნობეს, ჰონკონგში ჩატარებულმა საერთაშორისო კომპეტენტურმა ექსპერტიზამ კატეგორიულად უარყო ყველა ეს ბოროტი ჭორი.
დარწმუნებული ვარ, ასევე უსაფუძვლო იქნება სხვა ჭორები თუ პესიმისტური პროგნოზები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოს საკმარისი რესურსებიც ექნება და არსებულ პოტენციალსაც უეჭველად წარმატებით გამოიყენებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და ქვეყნის გასაძლიერებლად.
- და ბოლოს, გერმანიასთან თქვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებთ. მე მახსოვს თქვენი ვიზიტი, თქვენს გარშემო შექმნილი გარემო. გერმანიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - იოჰანეს რაუ...
- ამასთან დაკავშირებით მინდა გულწრფელად მივესალმო იოჰანეს რაუს არჩევას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტად. იგი დღევანდელი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული ავტორიტეტული მოღვაწეა. მჯერა, რომ მისი წინამორბედის რომან ჰერცოგის დროს არსებული და მის მიერ წამოწყებული პირადი მეგობრობა და საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გამრავალფეროვნდება ახალი პრეზიდენტისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით.
საქინფორმი.
„სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ძალუძს თავის დაცვა, შეუძლია ამხილოს და ჩაშალოს ყველა ექსტრემისტული გეგმა თუ პროვოკაცია, მიმართული საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპულ თუ მსოფლიო თანამეგობრობაში მისი ინტეგრირების წინააღმდეგ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 მაისი. - №137 (3178). - 1, 2 გვ.
![]() |
70 მისაბაძი მაგალითი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასა და მის ლიდერებზე მე ჩემი აზრი არაერთხელ გამომითქვამს.
ამჯერად მერაბ კოსტავაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მერაბ კოსტავა სამოცი წლის გახდებოდა.
თითქოს შემთხვევითია ეს თანხვედრა, ბოლოს და ბოლოს 26 მაისს სხვებიც დაიბადნენ, მაგრამ ბედმა მხოლოდ მას განუსაზღვრა, ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებული თარიღის, 26 მაისის ნიშნით ეცხოვრა, ეღვაწა და საოცარი ჭირთათმენა გამოევლინა.
სწორედ ამიტომ იქცა იგი 70-იანი და 80-იანი წლების ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ.
იგი ხომ უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა დისიდენტებს შორის, მაგალითი იყო უბრალო ადამიანებისათვის და ისიც ბევრის მთქმელია, რომ საბჭოური დათრგუნვის აპარატის თანამშრომლებიც კი პატივს სცემდნენ სწორედ მისი გაუტეხელობის, პრინციპულობის, სიტყვისკაცობისა და ჭირთათმენის გამო.
მერაბ კოსტავამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შესწირა, ამ ბრძოლას შეეწირა მისი შესანიშნავი ვაჟიც.
თქმა არ უნდა, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე, ეს ორი რაინდი ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა, მაშინ რომ არ დაღუპულიყვნენ, მოვლენები ალბათ სხვაგვარად განვითარდებოდა და ბევრი ტრაგედიაც თავიდან ასცილდებოდა ჩვენს ქვეყანას.
მერაბ კოსტავა, შესანიშნავი ოჯახის შვილი, არ ეკუთვნის არც მხოლოდ თავის ოჯახს, არც მხოლოდ თავის მეგობრებსა და ნათესავებს, არც მხოლოდ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. იგი ქართველი ერის კუთვნილებაა, მათიც, ვინც მის გვერდით ცხოვრობდა, მათიც, ვინც მის მერე დაიბადა, და მათიც, ვინც მერე მოვა, რადგან იგი ერმა მისაბაძ მაგალითად აქცია.
ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა... წარსულისაც, აწმყოსიც და მომავლისაც.
ედუარდ შევარდნაძე.
1999 წლის 20 მაისი.
მისაბაძი მაგალითი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 მაისი. - №137 (3178). - 1 გვ.
![]() |
71 საქართველოს არ სურს და არ სჭირდება სახელმწიფო სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვსურს სახელმწიფო პიროვნებისთვის, მისი ბედნიერებისა და პიროვნების თავისუფლებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დარბაზობაზე 1999 წლის 26 მაისს
ძვირფასო თანამემამულენო,
პატივცემულო სტუმრებო,
თქვენო უწმინდესობავ,
დღესასწაული, რომელსაც საქართველო აღნიშნავს, ჭეშმარიტად გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
1918 წლის 26 მაისს, ქართველმა ხალხმა ეროვნული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ტრადიციაზე დაყრდნობით, აღადგინა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რითაც ძალლუმად გამოავლინა თავისუფლების ნება და დაადასტურა ისტორიული ტრადიციის უწყვეტობა.
1918 წლის 26 მაისს დაფუძნებული სახელმწიფო უნიკალური იყო თავისი დემოკრატიული არსით, დემოკრატიული წესწყობილებით.
საქართველოს ეროვნული კრების ისტორიული სხდომიდან 81 წელი გავიდა. ჩვენმა ხალხმა ავბედით ათწლეულებში, ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში სათუთად შემოინახა და ღირსეულად გამოატარა ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეა. ამ იდეას, ყველაფრის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა ქართული ინტელიგენცია და მრავალი იმ მოღვაწეთაგან, ვისაც ხელი მიუწვდებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესთა მართვის ბერკეტებზე.
აქ ერთი გადახვევა მინდა გავაკეთო.
მე მსურს პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლშევიზმის მძვინვარების წლებმა იმსხვერპლეს. ამას წინათ ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ ბრძანა: ნუ წარმოვიდგენთ, რომ რეჟიმმა კომუნისტური რეპრესიების პროცესში მოსპობილი მილიონები უმიზნოდ და უმიზეზოდ გაანადგურა. არა, ისინი ებრძოდნენ რეჟიმს, ზოგი აშკარად, ზოგი შეფარულად, ბევრი თავის პროტესტს მხატვრულ სიტყვაში ან სამეცნიერო ნაშრომში ჩააქსოვდა ხოლმე. წარუშლელია ეს ტკივილი საქართველოსთვის, რომელიც თავისი ურჩობისათვის მთელი სისასტიკით დაისაჯა და ქართულ საზოგადოებას ქვეყნის ათასობით საუკეთესო შვილი სამუდამოდ ჩამოაცილეს.
ამ თემას ორი მიზნით ვეხები: ერთი - მიმაჩნია, დღეს გამმოვაცხადო და უახლოეს წლებში რეალობად ვაქციოთ: ძეგლი დავუდგათ ადამიანებს, რომლებიც ბოლშევიკურ რეპრესიათა მსხვერპლნი გახდნენ. ეს, ვფიქრობ, ჩვენი ხალხის საერთო სურვილი და მისი ნების გამოხატულებაა.
მეორე მიზანი ის გახლავთ, რომ ჰაერში კვლავ ბოლშევიზმის სუნი ტრიალებს. არცთუ ისე ცოტა ადამიანია დედამიწაზე, ვისაც სურს კვლავ თავზე მოახვიოს ხალხებს მეოცე საუკუნის ეს ჭირი. საქართველოშიც, მრავალნატანჯ საქართველოშიც არიან ასეთი ძალები და მათი მხარდამჭერნი, მათი თანამოაზრენი, რაც პირადად ჩემს შეშფოთებას იწვევს. ამ დღეებში მხილებული შეთქმულების ძაფები რევანშისტულ ცენტრებთან არის მიბმული. ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ვალია, ყველა მოქალაქე, საქართველოშიც, და სხვაგანაც, გავაფრთხილო: ცეცხლთან თამაშზე უფრო საშიშია ამ ძალებთან იქონიო საქმე. ამიტომ ფრთხილად იყავით, ძვირფასო თანამოქალაქენო, ერიდეთ ამ ჭირს.
ამავე დროს, მსურს იმ ადამიანებს მივაგო პატივი, ვინც მიუხედავად რეჟიმის სისასტიკისა, თავის ხალხს ემსახურებოდა, ქმნიდა ახალ მეცნიერულ სკოლებს, წვლილი შეჰქონდა ქართული კულტურის აღორძინებაში, შრომობდა და სამშობლოს უზრდიდა შვილებს. ეს ადამიანები ჩვენი ოქროს ფონდი და დღევანდელი საქართველოს სიძლიერის ხერხემალია. დიდი ხნის წინათ ჩვენს სახელოვან მამულიშვილს ირაკლი ციციშვილს, პროფესორს, დოქტორს, გამოჩენილ მეცნიერს, საბჭოთა კავშირის გმირს ვკითხე: რაზე ფიქრობდი მაშინ, როცა ერთ-ერთმა პირველმა აბობოქრებული, ნახევრად გაყინული დნეპრი გადალახე-მეთქი. მან მიპასუხა: წარმოვიდგინე, რომ იქ, მდინარის მეორე მხარეს, ჩემი სამშობლო საქართველოა და ამ წარმოდგენამ შეუძლებელი შემაძლებინაო. 700 ათასამდე კაცი ებრძოდა ფაშიზმს პატარა საქართველოდან. ისინი იბრძოდნენ საქართველოსთვის, მაგრამ არა მარტო საქართველოსთვის, ისინი იბრძოდნენ ბელორუსიის, უკრაინის, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისა და ქვეყნების თავისუფლებისათვის. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე სინდისის კარნახით, სამშობლოსათვის თავდადების რწმენით იღვწოდნენ. გრანდიოზული ტოტალიტარული სახელმწიფოს წიაღში წარმოშობილი „გარდაქმნად“ წოდებული პროცესი ხომ დემოკრატიზაციის, ყველა ერის, ქართველი ერის გულისთქმასა და სწრაფვას უპასუხებდა, ხოლო ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებული ახალი აზროვნების პრინციპები ქმნიდა იმ გარემოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა რესპუბლიკათ დამოუუკიდებლობისათვის მოძრაობა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, პიროვნების თავისუფლებისათვის, ადამიანის უფლებათა უზენაესობის აღიარება.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგთა გათვალისწინებით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ აღადგინა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 26 მაისის ისტორიული აქტის საფუძველზე.
დღეს, როდესაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არსებობის მეცხრე წელს ითვლის, როდესაც უკვე თითქმის 4 წელია მოქმედებს საქართველოს კონსტიტუცია, თანამედროვე საქართველოს ეს უბრწყინვალესი ქმნილება, იმავდროულად, 81 წელი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან, ხოლო ქართული საზოგადოება საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი იუბილისათვის ემზადება, მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა: რამდენად შევძელით უმდიდრესი ისტორიული ტრადიციისა და მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე მყარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის აგება, რომელსაც ყველა თვალსაზრისით ექნებოდა უნარი, დაეცვა ერის უმთავრესი ღირსება და, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებაც, დამოუკიდებლობა, ეროვნული თავისუფლება ანუ, ისევ და ისევ იგივე სახელმწიფოებრიობა.
ჩემი აზრით, ამ კითხვას ყველაზე უკეთ და ზუსტად გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში გაეცა პასუხი.
1998 წელს, საქართველო, აღორძინების გზაზე დამდგარი ქართული სახელმწიფო, რამდენიმე მიმართულებით უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. დავიწყოთ, უპირველესად, გლობალური მნიშვნელობის კატაკლიზმით - მსოფლიო ფინანსური კრიზისით, რომელშიც მრავალი აყვავებული ქვეყნის ეკონომიკა დაინგრა, ასეულობით მილიონი ადამიანის დანაზოგი გაანადგურა, გიგანტური ბანკები გააცამტვერა და უმძიმეს სახელმწიფოებრივ კრიზისთა მიზეზი გახდა. ამ საზარელ საერთაშორისო პირობებში დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა საოკეანო შტორმში მოხვედრილ პატარა ხომალდს ჰგავდა. მაგრამ ამ ხომალდმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხომალდმა, გასაოცარი სიმტკიცე და მდგრადობა გამოამჟღავნა, რამაც ყველას ერთად მოგვცა საშუალება, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ერისა და ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც შეუძლებელია ეკონომიკური და საზოგადოებრივი სტაბილურობის გარეშე.
რა თქმა უნდა, კრიზისის დაძლევა არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო უმტკივნეულო, მაგრამ გარდაუვალი მსხვერპლისა და დანაკარგის მიუხედავად შევძელით თავიდან აგვეცილებინა ეკონომიკური სტაგნაცია, ეკონომიკური კოლაფსი, ხოლო კრიზისული ელემენტები ამჟამად უკვე ეკონომიკური გამოცოცხლების სასიხარულო სიმპტომებით იცვლება. ეს ტემპები კიდევ და კიდევ გაძლიერდება და ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დამანგრეველი ქარიშხლის სრულ დაცხრომამდე ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, გარკვეული დრო დარჩა.
მაგრამ შარშან საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს ერთადერთი განსაცდელი. 9 თებერვლის ტერორისტული აქტი, ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის აფეთქება აფხაზეთში, 19 ოქტომბრის ამბოხის მცდელობა, - ამ მოვლენათაგან თითოეულს შეეძლო ჩაეთრია საქართველო ახალ, მასშტაბურ სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომში, მაგრამ ეს განსაცდელიც დავძლიეთ - ისევ და ისევ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს სიმტკიცისა და ქმედითობის წყალობით.
და კიდევ ერთი პატარა გადახვევა.
დღეს, ჩემ კოლეგებთან ერთად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ახალი საავტომობილო მაგისტრალის პირველი ათკილომეტრიანი მონაკვეთი გავხსენით. ეს არის ყველა მსოფლიო სტანდარრტის გათვალისწინებით აგებული თანამედროვე გზა. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. იყო სითბო და იყო უშუალობა, იყო სიხარრული და არა მგონია, რომ ეს სიხარული გზის ერთი მონაკვეთის გახსნით იყო გამოწვეული.
შეგახსენებთ, ეს არის მაგისტრალი თბილისი-სენაკი-ლესელიძე, ანუ ფსოუ.
ჩვენ დღეს აფხაზებს კიდევ ერთხელ ვუთხარით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:
ჩვენ არ გვსურს დავბრუნდეთ აფხაზეთში ცეცხლითა და მახვილით, ჩვენ ვბრუნდებით საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებით, ვბრუნდებით იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ერთად, ძმურად, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
უკვე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: ეთნიკური წმენდა და გენოციდი ჩვენს დროში დაუსჯელი არ დარჩება. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, როგორ დატრიალდა ტრაგედია კოსოვოში. საბჭოთა რეჟიმის დროს დეპორტირებული მილიონობით ადამიანი თავის სახლ-კარს დაუბრუნდა (საქართველომაც ამ მხრივ თავისი ვალდებულებები იკისრა ევროპის საბჭოს წინაშე და ჩვენ ჩვენი სიტყვის პატრონი ვიქნებით). ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში სამართლიანობის ზეიმისათვის, არის გულწრფელი სურვილი - დავამთავროთ გაუთავებელი მოლაპარაკება, განვსაზღვროთ თქვენი სტატუსი და დროულად დავაბრუნოთ უსამართლოდ დასჯილი და გაწამებული ადამიანები: ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც, სომხებიც, ბერძნებიც, ებრაელებიც და სხვებიც. გავაკეთოთ ეს მანამ, სანამ დევნილთა მოთმინების ფიალა ბოლომდე არ ავსებულა და უმართავ გაბოროტებაში არ გადაზრდილა.
არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ კრიზისულ პერიოდში, დიდი სახელმწიფოებრივი გამოცდის პროცესში, თვით ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება და პასუხისმგებლობა გამოავლინეს.
ეს ძვირფასი თვისება ხომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველია, რომელმაც საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ქვეყნის შემდგომი დამოუკიდებელი განვითარების საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვექტორი.
აქ კიდევ ერთხელ წარმოჩნდა, რამდენად მცდარია აზრი თუ შეხედულება, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფს, განაცალკევებს საგარეო და საშინაო პოლიტიკას. სინამდვილეში, ეს საერთო სახელმწიფოებრივი კურსის ორი განუყოფელი შემადგენელი ნაწილია.
შეუძლებელია წარმატებული იყოს საგარეო პოლიტიკა, ქვეყანა აღიარონ მსოფლიო მასშტაბით, თუ ის მცდარ საშინაო პოლიტიკას ახორციელებს.
ხოლო, თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მთელ მსოფლიოში, მსოფლიოს დიდი დემოკრატიები მეგობრობენ და თანამშრომლობენ საქართველოსთან, ეს, უპირველესად, ქართველი ერის მტკიცე დემოკრატიული არჩევანით, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობათა უფლებების პატივისცემით.
ჩვენ არასდროს გაგვიცალკევებია სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატია.
სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია ერთიანი და განუყოფელი ფენომენია.
საქართველოს არ სურს და არ სჭირდება სახელმწიფო სახელმწიფოსათვის, ჩვენ გვსურს სახელმწიფო პიროვნებისათვის, მისი ბედნიერებისა და პიროვნების თავისუფლებისათვის.
სწორეს ეს რწმენა, რწმენა არჩეული გზის სიმართლისა, გვაძლევს ძალასა და უნარს, რათა დავძლიოთ ყოველგვარი წინააღმდეგობა, გავუძლოთ ნებისმიერ განსაცდელს და ბოლომდე მტკიცედ განვვლოთ გზა, რომელიც უეჭველად მიგვიყვანს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის სრულქმნილ ტაძრამდე.
მე დღეს ბევრი შეხვედრა მქონდა, მათ შორის, კიდევ ერთს გამოვყოფდი. ეს არის შეხვედრა „სტუდენტური დღეების“ კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდების ჯგუფთან. ესენი არიან მომავალი მეცნიერები, მსახიობები, მკვლევარები სხვადასხვა სფეროსი, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლები, სხვადასხვა ერისა და ეროვნების შვილები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს მეცნიერული კვლევის სხვადასხვა ეტაპებზე. მე მათ პრეზიდენტის ჯილდოები ჩავაბარე (ეს უკვე მეოთხე წელია ასე ხდება), როგორც შემეძლო, მოვეფერე, მივუალერსე. უბრწყინვალესი გოგოები და ბიჭები არიან. როცა ისინი შემოვიდნენ, ამ შენობაში რაღაც საოცარი სურნელი შემოვიდა, საოცარმა სინათლემ შემოანათა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვეზრდება - სპეტაკი სულით, ლამაზი ფიზიკურად, მოაზროვნე და სამშობლოზე თავდავიწყებით შეყვარებული. ისინი უკვე 21-ე საუკუნეში ცხოვრობენ. მადლობა მინდა ვუთხრა მათაც და მათ აღმზრდელებს, მშობლებს.
ვულოცავ სრულიად საქართველოს, მთელ ქართველ ერს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს - 26 მაისს, - ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დღესასწაულს. დღეგრძელი იყოს საქართველო, ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო.
საქართველოს არ სურს და არ სჭირდება სახელმწიფო სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვსურს სახელმწიფო პიროვნებისთვის, მისი ბედნიერებისა და პიროვნების თავისუფლებისთვის // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 მაისი. - №139 (3180). - 1, 2 გვ.
![]() |
72 ბატონ გიგა ჯაფარიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
იუბილე
ბატონო გიგა,
დაბადების დღეს გილოცავთ.
მართალია, ბედნიერება პირობითი ცნებაა, მაგრამ თქვენ უდაოდ ბედნიერი კაცი ბრძანდებით - ემსახურებით საყვარელ საქმეს და დღე-მუდამ იღვწით რაჭაში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ქართული კულტურის განვითარებისათვის. მთელი თქვენი შემოქმედება თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა თავის საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებული კაცის ღვაწლია სამშობლოს წინაშე, თქვენ მუდამ იქ იყავით, „სადაც საჭირო იყავით“ - თეატრის შექმნა იყო ეს თუ სტვირის, ამ უნიკალური ხალხური საკრავის პატრონობა, ჩვენი ახალგაზრდობის ზიარება თეატრალურ ხელოვნებასთან თუ სხვა მრავალი. ახლა ასევე საჭირო ხართ იმიტომ, რომ თქვენნაირი კაცები მაგალითია არა მარტო თქვენი მოწაფეებისათვის, არამედ მთელი ქართველი ახალგაზრდობისათვის.
მე მოწმე ვარ იმ დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, რომელსაც მთელი საქართველო მოგაგებთ. ამაზე მეტი ბედნიერება, ალბათ, წარმოუდგენელია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, კვლავაც ჩვეული შემართებით გეღვაწოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ გიგა ჯაფარიძეს : იუბილე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30-31 მაისი. - №141-142 (3183). - 1 გვ.
![]() |
73 საქართველოს პროკურატურის მუშაკებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურის პროფესიულ დღესასწაულს, რომელიც წელს პირველად აღინიშნება. ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ პროკურატურა თვისებრივად ახალ საქმიანობას შეუდგა და ღირსეული ადგილი დაიკავა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში.
მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის მუშაკთა წვლილი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კანონიერების აღდგენა-განმტკიცების საქმეში. აღსანიშნავია პროკურატურის როლი სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი დანაშაულობების, აფხაზეთში ქართველი მოსახლეობისათვის მოწყობილი გენოციდის, ბანდიტური დაჯგუფებების, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, ტერორიზმის თანამდებობრივ თუ სხვა ორგანიზებულ დანაშაულობათა აღკვეთასა და გამოძიებაში, დამნაშავეთა მხილებასა და კანონიერ დასჯაში, რამაც სხვა ღონისძიებებთან ერთად სასიკეთო ზეგავლენა იქონია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღებასა და ქვეყნის სტაბილურობაზე.
ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ამოქმედებამ ახლებური ამოცანები დაუსახა საქართველოს პროკურატურას, როგორც წინასწარი გამოძიების პროცესუალურ ხელმძღვანელს. სულ სხვა დატვირთვა შეიძინა სახელმწიფო ბრალმდებლის მონაწილეობამ სამართალწარმოებაში, ისევე, როგორც საპროკურორო საქმიანობის სხვა დარგებში, რამაც ადამიანის უფლებათა დაცვის დამატებითი გარანტიები უნდა შექმნას და უფრო ეფექტიანი გახადოს დამნაშავეობასთან ბრძოლა.
მჯერა, რომ საქართველოს პროკურატურის მუშაკები ღირსეულად გაართმევენ თავს ამ რთულ ამოცანებს, ჩვეული ენერგიითა და სახელმწიფოებრივი მიდგომით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ახალი სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ ადამიანურ ბედნიერებას და წარმატებას სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პროკურატურის მუშაკებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30-31 მაისი. - №141-142 (3183). - 1 გვ.
![]() |
74 „ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს აფხაზეთიდან დევნილი, მრავალტანჯული მოსახლეობის დაბრუნებას მშობლიურ სახლებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას: რა თქმა უნდა, სჯობს ეს მოხდეს მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით ისე, როგორც ისტორიულად მოძმე და მონათესავე ხალხებს შეეფერება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 31 მაისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუჯეტის საკითხს. დღეს საქართველოში ჩამოდის მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი. ხელმოწერილია დოკუმენტი საქართველოსათვის უაღრესად საჭირო პროექტების კრედიტების გამოყოფის შესახებ. გასულ კვირას თქვენ მიიღეთ აკადემიკოსი როალდ საგდეევი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორია. შეიძლება, ასე მოკლედ გადავავლოთ თვალი გასული კვირის ძირითად ეკონომიკურ თემებს... ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებთან საქართველოს ურთიერთობა გეგმაზომიერად, წარმატებით ვითარდება.
ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კომპლექსურად განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის შემდგომი რეფორმების პერსპექტივა და ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ძირითადი პრინციპები.
ჩვენს ქვეყანაში ბატონ ჯეიმს ვულფენსონის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ, მსოფლიო ბანკი აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგიული ეკონომიკური კურსის მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობას.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას გადაწყდა საქართველოსათვის რამდენიმე ტრანშად, სულ 85 მილიონი ამერიკული დოლარის გადმორიცხვის საკითხი.
მსოფლიო ბანკთან ერთად დამუშავებული რამდენიმე უაღრესად საინტერესო პროექტი განიხილა პრეზიდენტთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა უკვე განხორციელებული პროექტების რაოდენობა (მათ შორის იმ პროექტებისა, რომლებიც ამჟამად ხორციელდება), ხოლო ათვისებული თანხა 321 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, ეს არ არის ზღვარი, ვინაიდან მსოფლიო ბანკთან ჩვენი ერთობლივი პროექტების მთელი პორტფელის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთო ღირებულება 122 მილიონი დოლარია.
ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ხორცს ისხამს 10 ფართომასშტაბიანი პროექტი და მომზადების სტადიაშია კიდევ 12 პროექტი.
მაგალითად, აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რომლის მთლიანი მოცულობა ჯერჯერობით 27 მილიონ დოლარს აღწევს. ამავე დროს არის სათანადო მოსაზრებანი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მელიორაციაში დაშრობითი სამუშაოებისათვის და ამ ყველაზე მეტად მტკივნეულ სფეროში დაბანდებული იყოს 100 მილიონ დოლარზე მეტი. ამ პროექტის ძირითადი მიზანია სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო სისტემის განვითარება (და ეს საქმე ჩვენში ძალიან კარგად და წარმატებით დაიწყო. ამ დილით სწორედ ბაკურ გულუასთან ვსაუბრობდით ამ საკითხებზე), მიწის ბაზრის ჩამოყალიბება, ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომლის მოცულობა 19 მილიონი დოლარია, მსოფლიო ბანკმა, აგრეთვე, ხელი მოჰკიდა განათლების სისტემის დაფინანსებას. აქაც საკმაოდ დიდი თანხები იგეგმება.
საინტერესოდ ვითარდება საქართველოს სოციალურ ინვესტიციათა ფონდის საქმიანობა (ფონდის ღირებულება 28 მილიონი დოლარია) განსაკუთრებით ეგრეთ-წოდებული მიკროპროექტების განხორციელების თვალსაზრისით. უკვე დასრულდა 22 მიკროპროექტი, 40-მდე კი დამუშავების პროცესშია. ფონდის ეგიდით საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში შეკეთდა სკოლები, გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემა და მრავალი სხვა. ასე დეტალურად იმიტომ ვეხები ამ საკითხს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ვულფენსონის ვიზიტს საქართველოში და რაოდენ დიდი მოცულობის სამუშაოებს ვახორციელებთ მასთან ერთად - მსოფლიო ბანკის დახმარებითა და მხარდაჭერით.
გასულ კვირას გამართული მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან გამოვყოფდი ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სალიზინგო ცენტრის პროექტის განსახორციელებლად იაპონური გრანტის განაცხადის შესახებ. რამდენამდე უფრო გასაგები რომ იყოს, ეს დაახლოებით იმის მსგავსია, თუ როგორი სარაიონთაშორისო ან რაიონული მასშტაბისა იყო თავის დროზე სოფლტექნიკის სათანადო ბაზები.
დღითი დღე მატულობს იაპონიის დახმარება (და ეს სწორედ იაპონური დახმარების ხარჯზე ხდება). ვგულისხმობ როგორც ფინანსურ დახმარებას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, რომლებიც განვადებით მიეყიდება ჩვენს ფერმერებს, და რომლებიც შესაძლო ფარგლებში აანაზღაურებს ამ დანახარჯებს.
რამდენიმე სიტყვა საბიუჯეტო შემოსავლის თაობაზე: კვლავინდებურად დაძაბულად და ნაყოფიერად მუშაობს საგანგებო კომისია, ისევე როგორც სამუშაო ჯგუფი ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. მაისის დავალების შესრულებას ალტერნატივა არა აქვს - ეს კარგად უნდა გააცნობიერონ როგგორც საგადასახადო დეპარტამენტში, ასევე საბაჟო სისტემაში.
დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება - მაისის გეგმის შეუსრულებლობას არ დავუშვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ძალიან ბევრს დაკარგავს, უწინარესად - ნდობას, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენი ბრძენი და ჭირთამთმენი ხალხის მხარდაჭერით მოიპოვა კვლავ უმძიმესი ვითარების მიუხედავად, იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას ვერ დავუშვებთ.
რაც შეეხება აკადემიკოს საგდეევთან შეხვედრას, მე ყოველთვის მახარებს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობის თვალსაჩინო პოტენციალს ავლენს უმაღლეს ტექნოლოგიათა დარგში.
ეს შეხვედრა მოულოდნელი არ ყოფილა, იგი დიდხანს მზადდებოდა და მას წინ უსწრებდა სათანადო სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური გაანგარიშებანი „დიდი აბრეშუმის გზის“ ერთიანი ახალი თაობის კოსმოსური სატელეკომუნიკაციო სისტემის შექმნის კონცეპტუალურ მიმართულებათა შესახებ. ბატონ საგდეევთან ეს ჩემი შეხვედრა პირველი არ ყოფფილა. მას შევხვედრივარ თბილისშიც, ვაშინგტონში და სხვა ქალაქებშიც.
ჩვენ ერთობლივად მივედით იმ დასკვნამდე, რომ კოსმოსურ სატელეკომუნიკაციო პროექტში უეჭველად გაიზრდება საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამრეწველო წილი, მოვიზიდავთ ახალ პარტნიორებს და აქტიურად ვითანამშრომლებთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კოსმოსურ ფირმებთან.
ამრიგად, „დიდი აბრეშუმის გზის“, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, კოსმოსურ ტექნოლოგიათა და ყველაზე პრესტიჟულ დარგში უდიდეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზას უკვალავს ჩვენს ქვეყანას.
უფრო დაწვრილებით ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ ინფორმაციას ჩვენი თანამემამულენი ხვალ შეიტყობენ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მეშვეობით, შეიძლება საქართველოს ტელევიზიის რომელიმე პროგრამაც დაინტერესდეს.
- გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა კოსოვოს საკითხის მოწესრიგების საკუთარი ხედვა. მან გააკეთა განცხადება, რომელშიც იგი მიესალმება ჰააგის ტრიბუნალის შედეგებს და მისეული ხედვაც სავსებით ემთხვევა ერთი თვის წინათ შეერთებულ შტატებსა თუ შემდეგ სტრასბურგში თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას კოსოვოს პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ერთადერთი პუნქტი, რომელიც არ არის თქვენს განცხადებაში და არ არის კლინტონის განცხადებაში, ეს გახლავთ კოსოვოს ავტონომია ერთიანი სერბიის ფარგლებში. ყველა სხვა პუნქტი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. ჰააგის ტრიბუნალმა უმძიმესი ბრალდება წაუყენა პრეზიდენტ მილოშევიჩს, ფაქტობრივად, ხალხის, ადამიანების გენოციდი დასდო ბრალად. იქ საქმე ეხებოდა ასიათასობით ადამიანის ბედს. როგორც პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა, ყველა ქვეყანა უნდა მიესალმოს ამ გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს ჰააგის ტრიბუნალთან, და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს იღონებს, რათა აღადგინოს სამართლიანობა და მშობლიურ სახლ-კარს დაუბრუნდნენ დევნილები...
- ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება და პრეზიდენტ კლინტონის განცხადება მართლაც ერთობ შთამბეჭდავი იყო, მით უმეტეს ჩვენთვის, ვინაიდან ის არგუმენტაცია, რომელიც სავსებით სამართლიანად მოიყვანა ბილ კლინტონმა კოსოვოს ტრაგედსთან დაკავშირებით, უშუალოდ ეხმიანება აფხაზეთის ტრაგედიას, აფხაზეთიდან დევნილი ასიათასობით ჩვენი თანამემამულის ტკივილს.
განცხადებაში ნათლად არის წარმოჩენილი და გაანალიზებული კოსოვოს ტრაგედიის პირველწყარო, მიზეზთა მიზეზი - ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, ეთნიკკური წმენდა, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის უგულებელყოფა, გენოციდი, განუზომელი მსხვერპლი, რამაც აიძულა მსოფლიო თანამეგობრობა, უწინარესად დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე და ღირსება უზენაესი ღირებულებაა, გადაედგათ რთული, მაგრამ სავსებით გამართლებული ნაბიჯი გენოციდის აღსაკვეთად.
არაერთგზის მითქვამს და კვლავ ვადასტურებ: რომ არა ნატოს ჩარევა კონფლიქტში, მოსალოდნელი იყო ბალკანეთში ფართომასშტაბიანი ომი, რომელშიც უეჭველად აღმოჩნდებოდა ჩათრეული იუგოსლავიის რამდენიმე მეზობელი ქვეყანა და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ომი დაანგრევდა მყიფე მშვიდობას აგრეთვე ბოსნიასა და ხორვატიაში და მთელს რეგიონში.
- თქვენ ასეთი ფრაზა თქვით მაშინ პრესკონფერენციაზე სტრასბურგში ჟურნალისტთა შეკითხვების პასუხად. თქვენ ბრძანეთ: ნუ მეკითხებით იმას, რასაც უნდა ეკითხებოდეთ ჩერნომირდინს. და ბოლოს გააკეთეთ ასეთი განცხადება: როცა ლაპარაკია იმაზე, თუ რა მოჰყვა ამ პროცესში ნატოს ჩარევას, რატომ არავინ სვამს კითხვას, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ნატო არ ჩაერეოდა ამ პროცესებში?
- ეს კითხვა თავიდანვე დასმულიყო და თავიდანვე გაეცემოდა პასუხი - რა მოხდებოდა. ეს რა, არანორმალური ხალხია, ქვეყნის დაბომბვა რომ დაიწყო? ესე იგი, მათ გაითვალისწინეს ყველაფერი - რა შედეგი მოჰყვებოდა ეთნიკურ წმენდას, გენოციდს და რა მასშტაბის კონფლიქტამდე მივიდოდა არა მარტო ბალკანეთი, არამედ კიდევ უფრო დიდი და ფართო რეგიონი, თუ ეს არ აღიკვეთებოდა.
მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, თავის სიტყვას ამბობს მართლმსაჯულებაც - ხმა ამოიღო ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც საკაცობრიო ჰუმანისტურ აზრს გამოხატავს. მე ამაში დარწმუნებული ვარ.
დღეს ახალი მსოფლიოა, ახალი წყობა შენდება, იგი სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე დანაშაული არ შერჩება არავის, რომელი სარწმუნოების მიმდევარიც უნდა იყოს, რომელი ერის შვილიც უნდა იყოს, რომელ სახელმწიფოსაც უნდა წარმოადგენდეს - მსოფლიო თანამეგობრობის განაჩენი, ასე ვთქვათ „ბედიმდევარივით“ ადრე თუ გვიან უეჭველად დაეწევა.
- ამ შემთხვევაში ჩვენ სეპარატისტთა მიერ აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასაც ვგულისხმობთ, მაგრამ ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პოზიცია აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის თობაზე თქვენს მიერ არაერთგზის გამოთქმულ მოსაზრებებს?
- აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება, კონფლიქტის უსისხლოდ დასრულება, ლტოლვილთა უპირობო დაბრუნება და აფხაზეთის მაღალი პოლიტიკური სტატუსის უზრუნველყოფა - ეს ჩვენთვის უზენაესი პრინციპია, ვიმეორებ, უზენაესი პრინციპია, ვინაიდან აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, ხოლო აფხაზები და ქართველები ისტორიულად მოძმე და მონათესავე ხალხები არიან. გნებავთ, პირდაპირი, გნებავთ, გადატანითი მნიშვნელობით.
ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ აფხაზეთის ხელისუფლებას: სტამბოლის შეხვედრა კიდევ ერთი შანსია (მანამდე შეხვედრა გაიმართება ბელორუსიაში, მინსკშიც), რათა მივაღწიოთ მეტ ურთიერთგაგებას, დაჩქარდეს ხალხის დაბრუნება და საერთოდ, დაჩქარდეს ამ მოლაპარაკებათა გაუთავებელი პროცესი.
კვლავ და კვლავ ვიმეორებ: მსოფლიოში იცვლება დამოკიდებულება ასეთი პრობლემებისადმი, ამას დიდი მკვლევარის თვალი არ სჭირდება, ყველაფერი ნათლად ჩანს. საერთაშორისო თანამეგობრობა შეურიგებელი ხდება ეთნოწმენდისა და გენოციდისადმი. ვერაფერი შეუშლის ხელს აფხაზეთიდან დევნილი, მრავალტანჯული მოსახლეობის დაბრუნებას მშობლიურ სახლებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას: რა თქმა უნდა, სჯობს ეს მოხდეს მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით, ისე, როგორც ისტორიულად მოძმე და მონათესავე ხალხებს შეეფერება, როგორც ჩვენ, საუკუნეების განმავლობაში ვახერხებდით.
- გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თემა. სამართალდამცავები უკვე ზოგიერთ ახალ დეტალსაც ასახელებენ...
- სხვადასხვა ვარიანტები იწერება, სხვადასხვა ვარიანტებს ავითარებენ პრესაში, ტელევიზიის სხვადასხვა პროგრამებში. მხედველობაში მაქვს არა იმდენად სახელმწიფო ტელევიზია. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ ერევა გაზეთებისა და ტელეკომპანიების საინფორმაციო პრაქტიკაში.
ბუნებრივია, მომხდართან დაკავშირებით მრავალი სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და არც ჭორებისაგანაა დაცული ჩვენი მასმედია. მაგრამ, რაც მთავარია, რაც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ არ განვაცხადო: სიდუხჭირისა და ნახევრად შიმშილის პირობებში ააშენა მან დემოკრატიული სახელმწიფო და შექმნა ის სტრუქტურები, რომლებმაც ქართული დემოკრატია უნდა დაიცვას - უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში.
სამართალდამცავი სისტემის მძლავრი ფარის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს.
ამ ბოლო ფაქტმა კი უეჭველად დაადასტურა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროებამ, დაზვერვის დეპარტამენტმა, პროკურატურამ, რომლის დღე საზეიმოდ პირველად აღინიშნა გუშინ, დიდი სკოლა განვლეს, სტრუქტურულად ჩამოყალიბდნენ, საკმაო გამოცდილებაც შეიძინეს, მაღალი პროფესიონალიზმით აღიჭურვნენ და შეძლეს ურთულესი, შენიღბული დანაშაულის გახსნა - ამ მართლაც კარგად შენიღბული თუ კონსპირირებული დანაშაულებრივი ჯგუფის მხილება, სანამ იგი თავის ბოროტ ზრახვას განახორციელებდა და ქვეყანას ახალ განსაცდელში ჩააგდებდა. დიდი და სასიხარულო მოვლენაა, რომ მათ ეს შეძლეს და ქვეყანას ააცილეს ის, რაც წინა წლებში შეუძლებელი იყო.
ამიერიდან ნუღარავინ შეეცდება (გარეშე იქნება იგი, თუ შინაური ავისმზრახველი, არის ერთიც და მეორეც) ანტიკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება, ზურგში დანა ჩასცეს საკუთარ ქვეყანას. არაფერი არ გამოუვათ!
საქართველოს უკვე აქვს ფარი, მტკიცე ფარი, რათა თავი დაიცვას.
ამასთანავე, ჰყავს გულწრფელი მეგობრები მთელ მსოფლიოში, რომლებიც თავადაც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით.
ხოლო თუ ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს, - კეთილი ინებოს და იმოქმედოს კონსტიტუციის საფუძველზე, კონსტიტუციის ფარგლებში, მხოლოდ კანონების ფარგლებში.
მე კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, პირად შემადგენლობას. მათი ძალისხმევის შედეგად მთელი მსოფლიო კვლავ დარწმუნდა, რომ საქართველო სტაბილური და ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც შესწევს უნარი დაიცვას თავისი მოქალაქეები და დემოკრატიული მონაპოვარი ყოველგვარი ხელყოფისაგან.
რაც მთავარია, ვერავინ დაგვდებს ბრალს, რომ ვინმე საქართველოში უსამართლოდ დაისაჯა. დაისაჯნენ და დაისჯებიან მხოლოდ ტერორისტები, ბოროტი ავისმზრახველები, რომლებიც უკანონობით, ძალადობით, ანტიეროვნული მოქმედებით ცდილობენ ფონს გასვლას, ვერ გავლენ! - საქართველოში მოქმედებს დემოკრატიული კონსტიტუცია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ყველას და ყველაფერს სამართლიანად განსჯის. ჩვენი ავისმოსურნეთა ორიენტირები, რომლებიც გაანგარიშშებულია ძალით, ნაძარცვი ფულით ამომრჩეველთა მოსყიდვასა და შანტაჟზე, ჩასაფუშად არის განწირული. საქართველოში გაიმართება პარლამენტისა და პრეზიდენტის ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები. მე შემთხვევით არ წამოვჭერი არჩევნების თემა, რამდენადაც არ არის გამორიცხული, რომ ეს შეთქმულება არჩევნების ჩასაფუშად იყოს გამიზნული.
- თქვენ საინფორმაციო საშუალებებში ატეხილ აჟიოტაჟზე უკვე ილაპარაკეთ და ამ თემას რომ დავუბრუნდეთ, რაღაცნაირად ამ ბოლო პერიოდში ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების თემაც ფიგურირებდა, მაგალითად, თბილისსა და ბათუმს შორის დაპირისპირების თემა...
- კარგია, რომ ამ საკითხზე გვიხდება საუბარი, რადგან იგი აქტუალურია. თბილისსა და ბათუმს შორის რაღაც დაპირისპირებაზე ლაპარაკი, რომელსაც არა მარტო ჩვენს მასმედიაში, არამედ ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის პრესაშიც მიზანმიმართულად აღვივებენ, მე იმთავითვე უაზრობად და უზნეობად მიმაჩნია, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელსაც არაფერი ეკითხება. გამოდის, რომ ჩვენ მათს გუბერნიებსა და ავტონომიურ ფორმირებებში უნდა ვარჩიოთ საქმეები.
ბათუმს არცა აქვს პრეტენზია და ვერც გახდება საქართველოს დედაქალაქი, ისევე, როგორც თბილისშიც ვერ აშენდება საზღვაო ნავსადგური. თბილისის ან ბათუმის გარეშე საქართველო აღარ იქნება საქართველო. ისინი ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ და ეს პროცესი კვლავაც განნვითარდება, რაც არ უნდა მოხდეს და როგორი დებატებიც უნდა იმართებოდეს.
ეგრეთწოდებული „დაპირისპირების“ ინიცირება თუ ბოროტად მუსირება თბილისსა და ბათუმს შორის, უპერსპექტივო ინტრიგების სფეროს განეკუთვნება. ასეთი დაპირისპირება არათუ უგუნურებაა, უბრალოდ შეუძლებელიც არის.
რაც შეეხება პოლიტიკური ძალების, მათ შორის აჭარის ხელმძღვანელის მიზნებს - იბრძოლებს პარლამენტში ადგილებისა და მანდატებისათვის. ეს სურვილები კონსტიტუციის ფარგლებში თავსდება.
სხვა საკითხია, რამდენად კორექტულად და ზოგად ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა ფარგლებში წარიმართება საარჩევნო კამპანია, დაცული იქნება თუ არა კანონი და კონსტიტუცია.
15 ნოემბრის არჩევნები მრავალი თვალსაზრისით ნიშანდობლივი იქნება. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტად აღსრულება ევალებათ არა მარტო პოლიტიკურ ძალებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქესაც.
აქვე უნდა აღვნიშნო: ცალკეული გადაუწყვეტელი პრობლემები არ შეიძლება გადაიქცეს ცენტრსა და ამა თუ იმ რეგიონს შორის დაპირისპირების საბაბად. ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ეს თავისთავად გულისხმობს ისეთი პრობლემების სიმრავლეს, რომლებიც დამახასიათებელია სახელმწიფოებრიობის ამ ეტაპისათვის.
მიმოვიხედოთ, რა ხდება ირგვლივ და ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
ნურავინ წარმოიდგენს თითქოს მხოლოდ იგი ფლობდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, სხვები კი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, თვალზე ნისლგადაფარებულნი ეძებდნენ გამოსავალს.
ყველაფერს დრო სჭირდება. დრო მაგრად საშურია და ძვირად ფასობს. მაგრამ, ვინც ცდილობს სახელმწიფოებრივ მშენებლობაში დროს გაუსწროს, ესე იგი, ობიექტურ კანონზომიერებებს ანგარიში არ გაუწიოს, უეჭველად თვითონაც დამარცხდება და ქვეყანასაც დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.
- და ბოლოს, ისევ პრესის თემა. მასმედიაში ხშირად იბეჭდება ხოლმე ცალკეული რეგიონის თუ ზოგიერთი რაიონის ხელმძღვანელთა კრიტიკა თუ კრიტიკული შენიშვნები, და ამაში, ალბათ, არაფერია გასაკვირი და ეს ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა. მაგრამ არის ცალკეული სტატიები, სადაც ზოგიერთი პიროვნება, ხალხის ცალკეული ჯგუფები თუ ცალკეული კუთხეები თავიანთი ღირსების შემლახველ განწყობილებებს ხედავენ. რას იტყოდით ამის შესახებ?
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მძიმედ განვიცდი, უაღრესად მძიმედ განვიცდი ყოველგვარ ასეთ დაუსაბუთებელ, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელ გამოსვლებს. კეკლუცობისათვის არ მოგახსენებთ, მაგრამ ყველას წინაშე ბოდიშს ვიხდი დაუმსახურებელი იარლიყებისათვის, ადამიანთა, ზოგიერთი კუთხის თუ მთელი საზოგადოების ღირსების შელახვისათვის, რაც ხშირია ჩვენს ქვეყანაში, და მე ვალდებული ვარ ვთქვა ეს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს სახეზე ტალახის შესხმა, მაშინ როცა შენთვის არც დროა შესვენებისათვის და, როგორც იტყვიან, ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით მუშაობ, რათა დროზე ეშველოს ქვეყანას, მის ყველა მოქალაქეს, და მოქმედებ შენი სინდისის კარნახით. ოდნავ დამამშვიდებელი მაინც ის არის, რომ ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. ყოველი ზემოთქმული დემოკრატიული განვითარების პირველი ეტაპის თანმდევი მოვლენებია, ამასთანავე, კიდევ ერთხელ შევნიშნავ, ჩვენ ისტორიული საქმე გავაკეთეთ, როცა პიროვნების, სიტყვის და პრესის თავისუფლება დავამკვიდრეთ. ამან უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი დივიდენდები საქართველოს, უკვე შექმნა ობიექტურობისა და სამართლიანობისაკენ სწრაფვის გარკვეული ტრადიციები და არცთუ იშვიათია ძალიან საინტერესო სტატიები, პუბლიკაციები, გამოსვლები და ასე შემდეგ. ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი, რაც არაბუნებრივია ნორმალური საზოგადოებისათვის, თავის თავს ამოჭამს. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.
საქინფორმი.
„ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს აფხაზეთიდან დევნილი, მრავალტანჯული მოსახლეობის დაბრუნებას მშობლიურ სახლებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას: რა თქმა უნდა, სჯობს ეს მოხდეს მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით ისე, როგორც ისტორიულად მოძმე და მონათესავე ხალხებს შეეფერება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 1 ივნისი. - №143 (3184). - 1, 2 გვ.
![]() |
75 საქართველოს ბავშვებს |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს, პირველ ივნისს, საქართველოს ყოველ ბავშვს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე. იგი წელს პირველად აღინიშნება, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს სახელმწიფო დღესასწაული. ჩემს შესაბამის ბრძანებულებას სულ ახლახან მოეწერა ხელი.
სიმართლე გითხრათ, ბევრს ვფიქრობდი ყოველივე იმის თაობაზე, როგორ აღიქმებოდა ამ დღის დაწესება მაშინ, როცა უჭირთ ბავშვებს, ბევრს შია, ბევრს საკუთარი ჭერი არ გააჩნია, ბევრი მათხოვრობს, მაგრამ ყველა ბავშვს რომ თანაბარი შანსი მივცეთ, ხომ უნდა დავიწყოთ თუნდაც მათი დღის დაწესებით, დღისა, რომელიც თანაბრად ყველასი იქნება და ყველას გააერთიანებს. ღირდა ამ დღის დაწესება თუნდაც იმიტომ, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ბავშვთა პირველმა სახელმწიფო დღესასწაულმა სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის ხელისუფლების, სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოების თითოეული მოქალაქის სერიოზულ სჯა-ბაასს ბავშვთა პრობლემებზე, ფართომასშტაბიანი პროექტებისა და პროგრამების მომზადებას ამ სფეროში, სათავე უნდა დაუდოს მთავარზე მთავარს - ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციის, საზოგადოების, ყოველი ჩვენგანის დაუყოვნებლივ ქმედებას.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ახლა ყალიბდება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს საკუთარი ეკონომიკის აღორძინების გზაზე, ძნელია გარანტირებულად უზრუნველყო ყველა ბავშვისათვის თანაბარი შანსის მიცემა ზრდისა და განვითარებისათვის. ერთადერთი, რაც ჩვენ ამ ხნის მანძილზე შევძელით, ეს არის გარანტირებული მშვიდობა თითოეული ბავშვისათვის ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, შევძელით ის, რომ ჩავაცხრეთ სამოქალაქო თუ თავსმოხვეული სამამულო ომის ცეცხლი, შევძელით შეგვექმნა თუნდაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები ათასობით დევნილი ბავშვისათვის, შეგვენარჩუნებინა საიმედო ჭერი ობლებისათვის ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში, უზრუნველგვეყო ცხრა კლასის ფარგლებში უფასო განათლება ყველა ბავშვისათვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევძელით ხორცი შეგვესხა ქართველი ერისა და მისი სახელოვანი მიღწევების არაერთი თაობის მრავალსაუკუნოვანი ოცნებისათვის დაგვებრუნებინა საქართველო იმ პოლიტიკურ და კულტურულ არეალში, რომელსაც იგი დასაბამიდანვე ესწრაფვოდა და რომელსაც დასავლურ ევროპული არეალი ჰქვია. ამის მნიშვნელობას ჯერ ვერ მიხვდებიან ჩვენი პატარები, მაგრამ ხომ დადგება დრო, როცა ისინი რეალურად იგრძნობენ ჩვენს მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის ისტორიულ მნიშვნელობას.
ჩვენ ყველა - ხელისუფლებაც და პოლიტიკური პარტიებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სკოლაში სწავლა მოსწავლეებისათვის მთლიანად უფასო გახდეს: იმ უფროსკლასელთა რიცხვი, ვინც სახელმწიფო დაფინანსებით ღებულობს განათლებას, 35 პროცენტამდე გაიზარდა და რაც მთავარია, ზრდის ეს ტენდენცია გვაძლევს საფუძველს ვიქონიოთ იმედი, რომ მალე შევძლებთ საშუალო განათლება მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსოს. მხედველობაში მაქვს ის დრო, როდესაც ეს ჩვენი დიდი სურვილი და ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები ერთმანეთს დაემთხვევა.
მიუხედავად ხელმოკლეობისა, სახელმწიფო ცდილობს სოციალურად დაიცვას თავისი დევნილი ბავშვები. შარშან, როდესაც გალიდან ლტოლვილთა ახალი ტალღა მოაწყდა ჩვენს ქალაქებს და ბავშვები გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი უმრავლესობა გამოვარიდეთ ამ კოშმარს და ორი თვე ბორჯომის ხეობაში დავასვენეთ. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეს უთავა.
სხვათაშორის, ყოველივე ეს განხორციელდა იმ პროგრამით, რომელსაც „საქართველოს მომავალი“ ჰქვია და ჩემი ბრძანებულებბის საფუძველზე ახორციელებს ბავშვთა ფედერაცია სოცუზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დაფინანსებითა და სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებისა თუ სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახურების შემწეობით.
ამ და სხვა პროგრამებით ბოლო ოთხი წლის მანძილზე ურეკში, ბორჯომსა თუ ბაკურიანში უსასყიდლოდ ოცი ათასზე მეტმა ბავშვმა დაისვენა, ფიზიკურად მომაგრდა და ინტელექტუალურად თუ სულიერად ამაღლდა. წელსაც ეს პროგრამა გაგრძელდება და სამი ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
სულ ახლახან, მე ვფიქრობ, კარგი საჩუქარი გავუკეთეთ ბავშვებს, როცა საქართველოს ბავშვთა ფედერაცია სახელმწიფო სამსახურად ჩამოვაყალიბეთ და მას უსასყიდლოდ, მთლიანად გადავეცით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ყოფილი სამხედრო მუზეუმის შენობა. თბილისში ბავშვთა კიდევ ერთი სერიოზული ცენტრი გაჩნდა მყარი მატერიალური ბაზით და, რაც მთავარია, დიდი პერსპექტივით. მე ვისურვებდი, რომ ამ ფედერაციისათვის, ისევე როგორც განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის დეპარტამენტისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცეს მიუსაფარ ბავშვთა პრობლემა, რადგან იგი ჩვენი ქვეყნის უმწვავესი პრობლემაა. ეს ერის ტკივილია და მე ბედნიერად ჩავთვლიდი თავს, თუ ჩემი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში შევძლებდი ამ სოციალური სენის აღმოფხვრას. საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, მართლმადიდებელი ეკლესიის, საზოგადოებრიობის, ჩვენი ბიზნესმენების დახმარებით ბევრი რამ კეთდება, რომ როგორმე მოევლოს მიუსაფარ ბავშვთა პრობლემას, მაგრამ მარტო თავშესაფრების გახსნით, მიუსაფარ ბავშვთათვის უფასო კვების ორგანიზებით და სხვა ერთჯერადი აქციებით ამ პრობლემას საბოლოოდ ვერ აღმოვფხვრით. აქ საჭიროა სერიოზული ძვრები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც მომავლის საქმეა და ძნელად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
ბავშვთა დღის ორგანიზატორები, რამდენადაც ვიცი, ამ დღესასწაულს აღნიშნავენ დევიზით: „გავუწოდოთ ხელი პატარებს“.
მეც მინდა შევუერთდე ამ მოწოდებას და ყველას, ყველას, ვისაც თანადგომის უნარი შერჩენია, ვთხოვო დავეხმაროთ ბავშვებს, ისინი ხომ ჩვენი მომავალია.
თვით ბავშვებს კი ვულოცავ ამ ლამაზ დღეს.
თუნდაც ერთი პატარის გულღია სიცილი ღირს იმად, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ასეთი დღე დავუწესოთ, გავუკეთოთ თუნდაც ის მცირედი, რისი შეძლებაც გაგვაჩნია.
ვოცნებობ იმ დღეზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პატარა მოქალაქეებისათვის ყოველი დღე ზეიმი იქნება და სამშობლო მათ ბედნიერი ცხოვრების პირობებს შეუქმნის. მაგრამ ეს იქნება შემდგომ, მანამდე კი საქართველოს რთული გზის გავლა მოუწევს, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და კონსოლიდაციის, ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული გაერთიანების შუქით განათებული გზისა. ეს, ჩვენთან ერთად, ალბათ, სხვა თაობების გასაკეთებელი იქნება, მაგრამ ყველაფერ ამას საძირკველი სწორედ დღეს ეყრება.
მაშ, მოდით, ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს საძირკველი მყარი იყოს.
ედუარდ შევარდნაძე.
1999 წლის 1 ივნისი.
საქართველოს ბავშვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 1 ივნისი. - №143 (3184). - 1, 3 გვ.
![]() |
76 ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბადების დღეზე |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ვახტანგ, ამას წინათ ტელევიზორში გიხილეთ, და... სულაც არ ყოფილა ეს წლები ბევრი.
არადა, თქვენი „ქეთო და კოტეს“ გადაღებიდან ორმოცდაათი წელი გავიდა. არც ერთს არ გეტყობათ სიბერე.
ამ ფილმამდე და ამ ფილმის მერეც ხომ იყო შესანიშნავი დადგმები როგორც დრამატულ თუ საოპერო თეატრში - „მეფე ერეკლე“, „დავით აღმაშენებელი“, „ოტელო“, „რომეო და ჯულლიეტა“, „ანტონიუს და კლეოპატრა“, „მაია წყნეთელი“, „დაისი“, „ტრუბადურები“, ისე შესანიშნავი ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“.
ყოველივე ეს ქართული კულტურის მეტად მნიშვნელოვანი გამოვლენაა და მისი ისტორიის ვერდასავიწყებელი ფურცლები.
დიდი მადლობა, ასეთი მაღალი ხელოვნებისათვის, დიდი მადლობა, რომ ხართ და თქვენი სიტყვა დღესაც ღრმაა და მშვენიერების განცდით სავსე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბადების დღეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 1 ივნისი. - №143 (3184). - 1 გვ.
![]() |
77 ჩვენი პუშკინი... |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო წელს მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ალექსანდრე პუშკინის დაბადების საიუბილეო თარიღს, კაცობრიობისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ღმერთმა მშვენიერების, სიყვარულისა და რაინდობის დესპანად მოუვლინა მსოფლიოს ეს საოცრება.
ყველა ადამიანი, ყველა ერი, ყველა დრო თავისი თვალით ხედავს პუშკინს და თავისი ყურით აღიქვამს. პუშკინი იმდენია, რამდენი თვალიც კითხულობს მის სასწაულებრივ სიტყვას, მაგრამ, ამავე დროს, პუშკინი ერთადერთია და განუმეორებელი, ადამიანის სულის უფაქიზეს მოძრაობათა მცნობი, მისი ქომაგი, ტკივილთ დამაყუჩებელი და სიხარულის გამზიარებელი.
პუშკინს აქვს საოცარი თვისება, არა მარტო გითხრას, არამედ თავად გათქმევინოს და ფიქრად განგაწყოს. ამიტომ გგონია, რომ ის, რასთანაც პუშკინმა შენდა შეუმჩნევლად მიგიყვანა, მხოლოდ შენია, შენი აღმოჩენილია და სხვა არავისი. ამიტომაა, რომ პუშკინი ქართველისთვის ქართველია, ინგლისელისთვის - ინგლისელი, ყაზახისათვის - ყაზახი.
სხვათაშორის, როდესაც XIX საუკუნეში თბილისში დაიდგა პუშკინის ერთერთი პირველი ბიუსტი, როდესაც თბილისში დაიბეჭდა მისი ლექსის ერთ-ერთი პირველი თარგმანი, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მაშინ საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, არამედ იმიტომ, რომ პუშკინსა და საქართველოს ერთმანეთთან თავისი, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და აქვთ. ყოველივე ეს აისახა არა მარტო პუშკინის ნაწერებში, არამედ ქართველთა ცნობიერებაშიც, რომელთაც პუშკინი უყვართ არა მხოლოდ მისი რაინდული ცხოვრების გამოც, იმ მამაკაცური ნაბიჯის გამოც, რომელსაც შეეწირა იგი.
დღეს, როდესაც მსოფლიო ლამის წალეკონ ძალადობამ და სიძულვილმა; როდესაც პიროვნული თუ ეროვნული ღირსება ყოველ ნაბიჯზე ითელება და მივიწყებულია, ალექსანდრე პუშკინმა დაგვიტოვა გაუხუნარი და მისაბაძი მაგალითი იმისა, როგორ უნდა დაიცვა შეურაცხყოფილი და დაჩაგრული, როგორ უნდა გადაეფარო ქალისა და საკუთარ ღირსებას, როგორ უნდა ჩახედო სიკვდილს თვალებში და აჯობო სიკვდილს.
ეს ყველას არ ძალუძს, ისევე როგორც ყველას არ ძალუძს იმ საოცარი სიტყვის შექმნა, რასაც პუშკინის სიტყვა ჰქვია, სიტყვა, რომელიც ცხოვრებისა და მშვენიერების ერთნაირი აღქმით ავსსებს ადამიანებს და ერებს, სიტყვა, რომელიც მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს, სიტყვა, რომელიც მარტო გვტოვებს საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან, საკუთარი კითხვების პასუხებთან, იმ საოცარ სამყაროსთან, რომელსაც უდიდესი რუსი მწერლის, უფრო ზუსტად, უდიდესი მსოფლიო შემოქმედის ალექსანდრე პუშკინის სამყარო ჰქვია და ურომლისოდაც წარმოუდგენელია არა მხოლოდ ყოველი ჩვენგანის, არამედ მსოფლიო კულტურის არსებობაც.
დიდი პოეზია, მართლაც რომ უკვდავია და იგი მუდმივი ხიდდია ადამიანთა, ხალხთა და კულტურათა შორის.
სწორედ ამიტომ დღეს პუშკინი ისეა საჭირო, როგორც არასდროს.
სანამ ჩვენ პუშკინთან ვართ, მანამ მსოფლიოს გადაშენება არ უწერია.
ასეთი შემოქმედნი სიმშვიდეს ამკვიდრებენ ჩვენს სულებში.
ასეთი შემოქმედნი ღმერთთან გვაახლოებენ.
სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ცოტანი არიან ისინი.
ედუარდ შევარდნაძე.
ჩვენი პუშკინი... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 3 ივნისი. - №145 (3186). - 1 გვ.
![]() |
78 „რაც უფრო ძლიერი და აღორძინებული იქნება დამოუკიდებელი საქართველო, მით უფრო მძლავრი იქნება ლტოლვა მსოფლიო ცივილიზაციის მწვერვალებისაკენ“... |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 7 ივნისის რადიოინტერვიუ
- ინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ, მით უმეტეს, გასული კვირის ეკონომიკურ მოვლენებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა: საქართველოს ეწვია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი. ეს არ იყო მხოლოდ ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტი...
სახელმწიფოებრივი პრობლემაა მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრაც, ნავთობპროდუქტების იმპორტის რეალური დაბეგვრის ახალი მექანიზმის შემუშავებაც და, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხიც... მთავრობის სხდომაზე ძალიან მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთან დაკავშირებული პრობლემების განხილვამაც... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ბატონ ჯეიმს ვულფენსონის ვიზიტი საქართველოში და ამ ვიზიტის, გამართულ მოლაპარაკებათა შედეგები, რა თქმა უნდა, სცილდება მხოლოდ ეკონომიკის სფეროს და ზოგადსახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს. ამას მე სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ.
ჯეიმს ვულფენსონი თანამედროვეობის უთვალსაჩინოესი მოღვაწეა, რომელიც 1995 წლიდან სათავეში უდგას ისეთი უდიდდესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე საფინანსო ინსტიტუტს, როგორიც მსოფლიო ბანკია.
ვიზიტის დროს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა (რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა) ერთმნიშვნელოვნად მოიწონა და მხარი დაუჭირა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმას და მომავალ პერსპექტივებს, თუ რეფორმატორული კურსის გაგრძელების თვალსაზრისით ვილაპარაკებთ.
კიდევ ერთხელ განვიხილეთ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთა ღირებულება 320 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. ამ პროექტთაგან ბევრი უკვე კიდეც განხორციელდა.
მათ შორისაა ასეთი, შეიძლება ითქვას, უნიკალური პროექტები, როგორიც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განათლების სისტემის რეფორმირების, ტრანსპორტის სექტორის რეაბილიტაციის, საირიგაციო სისტემის გაუმჯობესებისა და რეკონსტრუქციის პროექტები და მრავალი სხვა. მე აღარ ჩამოვთვლი, რადგან რამდენჯერმე მქონდა საშუალება, ამის შესახებ ინფორმაცია მიმეწოდებინა მოსახლეობისათვის.
გარდა ამისა, ბატონი ჯეიმს ვულფენსონი შეგვპირდა თანადგომას საქართველოსათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის - ტურიზმის განვითარებაში, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს, მით უმეტეს, რომ ტურიზმში დაბანდებული ინვესტიცია განსაკუთრებით მაღალი და სწრაფი უკუგებით გამოირჩევა.
მსოფლიო ბანკი განიხილავს აგრეთვე საქართველოს ტელევიზიის რეკონსტრუქციისა და ტექნიკური მოდერნიზაციისათვის კრედიტის გამოყოფის შესაძლებლობის საკითხს, - შევისწავლით და შევეცდებითო. მე ავუწერე მდგომარეობა ჩვენი ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობის უკიდურესად დაბალი დონე, და შეიძლება სერიოზული დახმარება მივიღოთ.
იმავდროულად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვა მრავალი მიმართულებითაც, მაგალითად, აღსანიშნავია იაპონიის საგარეო ვაჭრობის სამთავრობო ორგანიზაციის „ჯეტროს“ თავმჯდომარის, ბატონ ჰატაკეიამას ვიზიტი საქართველოში. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებს ეხმარება (ეს სახელმწიფო ორგანიზაცია გახლავთ. იაპონიაში ვიზიტის დროს ჩვენ სერიოზული საუბარი გვქონდა საქმიან საუზმეზე), აბანდებს ინვესტიციებს მცირე და საშუალო საწარმოებში. წინათ უფრო მეტად ექსპორტზე იყო ორიენტირებული, ახლა საიმპორტო პროდუქციაც აინტერესებს და სათანადო დახმარებას უწევს იმ ბიზნესმენებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც იმპორტისათვის გათვალისწინებულ პროდუქციას ქმნიან.
ამრიგად, „ჯეტროსთან“ თანამშრომლობა საქართველოსთვის შეიძლება იაპონიასთან მრავალმხრივი პერსპექტიული ურთიერთობის ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად იქცეს.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ.
ამას, ისევ და ისევ, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. დღევანდელ რეალობათა გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასის ოდენობა როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სექტორისათვის ამ ეტაპზე ჯერჯერობით 20 ლარის ოდენობით განისაზღვრება, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს მაჩვენებელი ოფიციალურად (ანუ კანონმდებლობით) მხოლოდ ლარ-ნახევარს შეადგენდა. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ოცი ლარიც სიმბოლიურია, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია და მიგვანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში ზრდის და ქვეყნის გაძლიერების პერსპექტივა საკმაოდ რეალურია და სწორედ ამ პერსპექტივას ვითვალისწინებთ, როცა ხელფასების და პენსიების ზრდის საკითხს ვგეგმავთ.
ეს პრობლემატიკა მჭიდროდ უკავშირდება საბიუჯეტო შემოსავალს. ხელისუფლებამ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ აღკვეთოს და აღმოფხვრას კორუფცია, მათ შორის კონტრაბანდა, რომელიც კვლავინდებურად მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას.
საბაჟო დეპარტამენტის შეფასებით, კონტრაბანდული ნავთობპროდუქტების შემოტანის გამო, მხოლოდ მიმდინარე წელს ოთხ თვეში დანაკარგებმა 32 მილიონი ლარი შეადგინა. თქვენ უკვე იცით, რას იძლევა სიგარეტზე აქციზური მარკების შემოღება. ეს უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალია ორი თვის განმავლობაში. ამჟამად მზადდება საქართველოს პრეზზიდენტის ბრძანებულება (ესე იგი, მოვიდა დრო, ასეთივე წესრიგი დამყარდეს ბენზინთან დაკავშირებითაც. აქ რამდენადმე უფრო რთული პრობლემაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაგგრამ მაინც შესაძლებელია, რომლის საფუძველზეც ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება მტკიცე წესრიგი. ბრძანებულების უმთავრესი მიზანია ნავთობპროდუქტების ბიზნესის (ასე ვთქვათ) „გათეთრება“ და საბიუჯეტო შემოსავლის გაზრდა. ამ გზით მოსალოდნელია დამატებითი 25 მილიონი ლარის მოზიდვა ბიუჯეტში. ყველაფერი ეს მოხმარდება ხელფასებს, პენსიებსა და დახმარებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში მაისის საბიუჯეტო შემოსავლის გეგმა (ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა რადიოინტერვიუშიც, უბრალოდ შევახსენებ რადიომსმენელს) გადაჭარბებით შეასრულეს როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო სამსახურებმა და მინდა აქვე აღვნიშნო ამ სამსახურების ხელმძღვანელთა როლი, მათი თავდადებული მუშაობა ისევე, როგორც იმ კომისიისა, რომელსაც ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.
საგადასახადო დეპარტამენტის მონაცემებით, მაისში მობილიზებულია 34 მილიონი ლარი, ანუ გეგმაზე ნახევარი მილიონით მეტი. საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით კი, ამ უწყებამ ბიუჯეტში შეიტანა 27 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც, აგრეთვე, აღემატება წინასწარ დაგეგმილ ოდენობას.
ეს ტენდენცია ივნისშიც გრძელდება, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ გულარხეინობის უფლება არავის არა აქვს. საერთაშორისო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული პროგრამა უაღრესად დაძაბულია და ამ ნაწილშიც თავდადებულ და, იქნებ, თავგანწირულ შრომასაც კი მოითხოვს.
დღევანდელ პირობებში, ყურადღების მოდუნებით, აქტიურობის შენელებით, შეიძლება მიღწეული შედეგიც დავკარგოთ და ძალზე მძიმე მდგომარეობაშიც აღმოვჩნდეთ.
რაც შეეხება საქართველოს ფლოტის საკითხს: მართლაც, ამ თემაზე მსჯელობამ მწვავე და მრავალმხრივ საინტერესო დისკუსია გამოიწვია. არავის უნდა უკვირდეს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ სფეროშიც დაამყაროს წესრიგი, ვინაიდან ლაპარაკია საქართველოს საზღვაო სანაოსნოზე, ვიმეორებ, საქართველოს საზღვაო სანაოსნოზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. არსებობს უცხოელ ექსპერტთა და ქართველ სპეციალისტთა მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერს ყველა, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ყოველმხრივი განვითარება და აღორძინებაა. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს-ხვალ ხელს მოვაწერ განკარგულებას სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც, რა თქმა უნდა, შეყვანილი იქნებიან აჭარის შესაბამისი წარმომადგენლები, თვით ფლოტის ხელმძღვანელობაც, რათა საბოლოოდ დამუშავდეს კრიზისიდან გამოსვლის დეტალური გეგმა.
პროგრამის მიზანია ფლოტის შენარჩუნება და გადარჩენა ისევ და ისევ საქართველოსთვის, მისი ყველა მხარისა და კუთხის, ყველა მოქალაქის, მათ შორის აჭარისა და ბათუმის საკეთილდღეოდ, სადაც წლების განმავლობაში მოქმედებს საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ხელმძღვანელი ორგანო, დაწყებული საბჭოთა 70-იანი წლებიდან.
და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის შესახებ პრეზიდენტის პროგრამის შესრულების თაობაზე. ეს საკითხიც მოვისმინეთ, რომელიც ძალზე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის „აბრეშუმის გზის“, „ტრასეკას“ სისტემაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია.
ორი წლის განმავლობაში, ანუ 1996 წლიდან მოყოლებული, შიდა სახელმწიფოებრივი ფინანსური რესურსების, უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების გამოყენებით, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, დაიგო 30 კილომეტრი საერთო სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი. აღდგენილია, უფრო სწორად აშენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული 12 ახალი გადასასვლელი, მათ შორის, 4 - აჭარის მაღალ მთიანეთში, 5 - კოდორის ხეობაში, ჭუბერ-საკენის საავტომობილო გზაზე და მრავალი სხვა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კეთილშობილი პროექტი, რომელსაც პრეზიდენტის ყოველდღიური ყურადღება კვლავაც არ მოაკლდება.
- სტამბოლში განახლდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება. ეს საინტერესოა, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს იუგოსლავიაში ხდება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კოსოვოდან სერბიის ჯარების გაყვანის გრაფიკზე. გასულ კვირას მილოშევიჩმა, შეიძლება ითქვას, პოზიციები დათმო...
- კოსოვოში მშვიდობისადმი იძულების ოპერაცია ეფუძნება ახლახან დადასტურებულ და გამოქვეყნებულ პრინციპებს, რომლებიც, მაგალითად, საქართველოსთვის (აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით) სავსებით მისაღებია.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საფუძვლიანი იყო მოსაზრებანი, ევროპის საბჭოში რომ გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით, და ის პრინციპებიც, რომლებიც ახლა ფაქტობრივად გათვალისწინებულია ამ ახალ დოკუმენტში. თუმცა, ეს ახალი დოკუმენტი გაცილებით ფართოა, უფრო კონკრეტულია და ასეც უნდა იყოს.
დარწმუნებული ვარ, თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობა კვლავაც ასევე მტკიცედ და მიზანმიმართულად იმოქმედებს - ბალკანეთში მშვიდობის დამყარება არც ისე შორეული პერსპექტივა გახლავთ.
უფრო მეტიც, ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედო კოსოვოში მშვიდობისადმი იძულების ოპერაციას, შეიძლება ზოგიერთ კონფლიქტურ ზონაში, მაგალითად, აფხაზეთში სამშშვიდობო პროცესის განვითარების მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდეს.
კვლავაც უდიდესი გულისტკივილით გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავის დროზე ვერ შეძლო საკუთარი წესების მეშვიდე თავის ამოქმედება კოსოვოში მშვიდობის დასამყარებლად. ახლა ეს მეშვიდე თავი ამოქმედდა, ის თავი, რომლის შესახებაც ჩვენ აგერ ექვსი წელიწადია, თუ მეტი არა, ვლაპარაკობთ.
მიუხედავად ამისა, სამართლიანი მშვიდობა ბალკანეთში უეჭველად დამყარდება, ლტოლვილები აუცილებლად დაბრუნდებიან, დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი, იქაური სერბები იქ დარჩებიან, - ვინაიდან ასეთია საერთაშორისო თანამეგობრობის ნება, რომელსაც წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება.
უმჯობესი იქნებოდა, რასაკვირველია, გაეროს უფრო მეტი ეაქტიურა და შეესრულებინა საკუთარი წესდება, - თორემ უსამართლობის მხოლოდ აღიარება და მხოლოდ დაფიქსირება - არაფფრის მომცემია. ჩვენ ამაში ვრწმუნდებით აფხაზეთის მაგალითზე.
ამის თვალნათელი დასტურია არა მარტო კოსოვოს, არამედ აფხაზეთის, სხვა კონფლიქტების მაგალითიც.
კოსოვოს პრეცედენტი, შეიძლება ითქვას, ახალი ეტაპის დასაწყისია საერთაშორისო ურთიერთობებში (მე არ ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ), როდესაც მოძველებულის ნაცვლად ყალიბდება გლობალური და ევროპული უშიშროების ახალი სისტემა, რომლის ფარგლებში მსოფლიო თანამეგობრობას ექნება საშუალება გამოიმუშავოს და დაუბრკოლებლად განახორციელოს ამა თუ იმ კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოწესრიგების პრინციპები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახლავთ.
- ჩვენი სამხედრო კონტიგენტი თუ მიიღებს მონაწილეობას? რა მაქვს მხედველობაში: კოსოვოს კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპებში ნათქვამია, რომ სამშვიდობო ოპერაციაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ნატოს პარტნიორმა ქვეყნებმა. იგულისხმება ევროატლანტიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოები. აზერბაიჯანმა უკვე გამოთქვა სურვილი, თავისი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნოს ბალკანეთში. როგორია ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
- ალბათ, უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით მე ასე ვხედავ, რომ არ არის განსაკუთრებით აუცილებელი ამ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა.
უწინარეს გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანას ამჟამად ფინანსურად ძალიან უჭირს, ასეთი ოპერაცია კი საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო თანდათანობით უნდა ჩაერთოს ასეთ პროცესებში.
ეს, არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი პრესტიჟის საკითხია - დამოუკიდებელი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა აქტიურობდეს, ამას მოითხოვს ჩვენი ეროვნული ინტერესებიც.
მართლაც, იურიდიული თვალსაზრისით, არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს, რათა საქართველომ თუნდაც მცირე სამხედრო კონტიგენტი გაგზავნოს ბალკანეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მივიღებთ მდგომარეობის განვითარების შესაბამისად.
- საქართველოში დაბრუნდნენ ქართველი ალპინისტები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად დაიპყრეს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი - ევერესტი...
- მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ სპორტული მოვლენა, თუმცა შესანიშნავ ქართველ ალპინისტთა რამდენიმე თაობა ოცნებობდა ევერესტის დაპყრობაზე, სწორედ ამ მწვერვალების დაპყრობაზე. მაგრამ, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, თავიანთი ოცნება განახორციელეს ახალგაზრდებმა, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენი არიან.
ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბენო ქაშაკაშვილი, მეორეს - გია თორთლაძე.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ალპინისტები მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ურთულესი მარშრუტით ავიდნენ 26 მაისს, რითაც აღნიშნეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 81-ე წლისთავი.
ვულოცავ ქართველ მთამსვლელებს ამ დიდ წარმატებას, რომელიც ჭეშმარიტად საერთო-ეროვნულ სიხარულს იწვევს.
მათ მთელი მსოფლიოს თვალწინ დაამტკიცეს, რომ მრავალი სირთულისა თუ სხვადასხვა ხასიათის პრობლემების მიუხედავად საქართველო აღმავლობის გზას ადგას.
უმაღლესი მწვერვალისაკენ დაუოკებელი, მრავალწლიანი სწრაფვა, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა, - სწორედ ამ აღმავლობის შესანიშნავ სიმბოლოდ იქცა.
ქართველ მთამსვლელთა რამდენიმე თაობის ბრწყინვალე ტრადიციებზე დაყრდნობით, მათ პირველად აღმართეს საქართველოს ეროვნული დროშა ჩვენი პლანეტის უმაღლეს წერტილში და, ასე ვთქვათ, ყველაზე რთული მარშრუტით.
სასიამოვნოა, რომ, როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ჯგუფის შემადგენლობაში (სულ რამდენიმე ჯგუფი იყო) ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს ჩვენმა ქვეყნებმა „მშვიდობიანი კავკასიის“ კეთილშობილური იდეალების განხორციელების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა სპორტსმენს, სპორტის გულშემატკივარსა და მესვეურს, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას, რომელმაც კვლავ შთაგვინერგა და განგვიმტკიცა იმედი, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად გაერთიანებულ, საერთო რწმენით და სწრაფვით განმსჭვალულ ერს ნამდვილად ძალუძს ქართული სახელმწიფოებრიობის მწვერვალთა წვდომა.
მე მივიღე გადაწყვეტილება, ევერესტზე ამაღლებული ქართველი ალპინისტები საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დავაჯილდოო, როცა ისინი თავს მოიყრიან თბილისში.
მინდა მივმართო ყველა ქართველ სპორტსმენს, რომლებიც ჯერ კიდევ არ ამაღლებულან ასეთ სიმაღლეებზე თავიანთ სფეროებში, მიბაძონ ამ საუკეთესო მაგალითს.
- სხვათა შორის, გასულ კვირას კობა იმედაშვილმა ასეთი ფრაზა თქვა: გაიყვანეთ საქართველოდან რუსეთის ჯარი და შემოიყვანეთ და დაგვიტოვეთ პუშკინის პოეზიაო. გასული კვირა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გენიალური რუსი პოეტის ნიშნით წარიმართა. აღინიშნა პუშკინის იუბილე და, შეიძლება ითქვას, ძალიან მასშტაბურად. პრინციპში, ასეთი მასშტაბური ღონისძიებანი, რუსეთის გარდა, არსად არ გამართულა.
- უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ხელი შეუწყო, თავისი ნიჭითა და უნარით განაპირობა საქართველოში პუშკინის დღეების ღირსეულად ჩატარება.
ეს ზეიმი მართლაც სამაგალითო იყო თავისი მასშტაბურობით, უშუალობითა და გულწრფელობით.
პუშკინმა ყველაზე ზუსტად და სრულად გამოხატა დიდი რუსი ხალხის კეთილშობილი გენია.
იმავდროულად, ალექსანდრე პუშკინი მთელი მსოფლიოს, კაცობრიობის, მათ შორის საქართველოს, ქართველი ერის კულტურული ფენომენის ნაწილია, ვინაიდან წარმოუდგენელია ზოგადად კულტურა (განურჩევლად ეროვნულობისა) პუშკინის ფენომენის გარეშე. სწორედ ამიტომ იყო პუშკინის იუბილე საქართველოში ასეთი ლამაზი და გულწრფელი. ვინც თვალს ადევნებდა საიუბილეო ღონისძიებებს, ადვილად დარწმუნდებოდა, რაოდენ უსაფუძვლოა ბოროტი ლაყბობა საქართველოში რაღაც „ანტირუსული ისტერიების“ არსებობის შესახებ.
ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად პატივს სცემენ რუს ხალხს. ეს ფაქტია. დიდი რუსული კულტურის შედევრები ქართული სულიერების ნაწილსაც შეადგენს. ასე თვლიდნენ ერის მამები, ამავე სიბრძნეს ვერთგულობთ ჩვენც, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენი, რომელთაც ჭეშმარიტი მეგობრებისათვის კარი მუდდამ ღია აქვთ.
უფრო მეტად, ამ ბრალდების ავტორები რუსეთსა და საქართველოში მოღვაწე პოლიტიკანები არიან. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვაცხადებ: რაც უფრო ძლიერი და აღორძინებული
იქნება დამოუკიდებელი საქართველო, მით უფრო მძლავრი იქნება ლტოლვა მსოფლიო ცივილიზაციის მწვერვალებისაკენ, რომლის შემადგენელ ნაწილსაც უდავოდ წარმოადგენს რუსული კულტურის, მეცნიერების, აზროვნების ფენომენი.
საქინფორმი.
„რაც უფრო ძლიერი და აღორძინებული იქნება დამოუკიდებელი საქართველო, მით უფრო მძლავრი იქნება ლტოლვა მსოფლიო ცივილიზაციის მწვერვალებისაკენ“... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 8 ივნისი. - №150 (3191). - 1, 2 გვ.
![]() |
79 ედუარდ შევარდნაძე: ხანდახან მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანიის უდიდესმა ყოველკვირეულმა გაზეთმა „ველთ ამ ზონნთაგ“ (მსოფლიო კვირადღეს) თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომ მის ფურცლებზე გამოეთქვა თავისი პოზიცია კოსოვოში მიმდინარე ოპერაციის ფონზე მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებით.
გთავაზობთ ედუარდ შევარდნაძის წერილს „ხანდახან მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა“, რომელიც გაზეთ „ველთ ამ ზონნთაგის“ 6 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.
იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ჯერ არ ყოფილა პოლიტიკური მოწესრიგების ასეთი რეალური შანსი.
ეს მოსალოდნელი იყო. ჯერ ერთი, არ არსებობს ომი, რომელიც ზავით არ მთავრდებოდეს. მეორეც, ნატოს სამხედრო ქმედებბები აიძულებს მილოშევიჩს, დათანხმდეს ამ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც მას, რამბუიედან მოყოლებული, ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული სამყარო ეხვეწებოდა. თავიდან არაფერმა გაჭრა. არც ახლა მოგვარდება ყველაფერი ასე ადვილად, მაგრამ ტენდენცია უკვე გაჩნდა.
არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს მშვიდობა არ ახარებდეს. სამწუხაროა, რომ დედამიწაზე არ ილევა მიზეზები, რომელთა გამმოც სამხედრო ძალის გამოყენება აუცილებელი ისევ მშვიდობისათვის ხდება.
თუ იუგოსლავიის პრობლემის ძირს ჩავუკვირდებით, აშკარა გახდება, რომ ნახევარკუნძულზე ძველი პროცესების მოგვარების მტკივნეული ნაბიჯები თითქმის დასასრულს უახლოვდება და რომ ნატოს გადამჭრელმა ქირურგიულმა ჩარევამ ბალკანეთში, სულ ცოტა, დამღუპველი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი აგვაცილა თავიდან.
ბუნებრივია, ძალის გამოყენებას ჰყავს კრიტიკოსები და მე არ მინდა მათს გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო. მაგრამ, ალბათ, დღევანდელი რეალობების გათვალისწინებით, როცა სამხედრო დამნაშავეთა ხელში მასობრივი განადგურების იარაღიც შეიძლება აღმოჩნდეს, ყველა ვალდებული ვართ დავძლიოთ პირველადი პაციფისტური ინსტინქტი და სამყაროს უფრო დიდი სურათი დავინახოთ. მხოლოდ ამგვარი ხედვით შეიძლება გადავარჩინოთ კაცობრიობა თვითგანადგურებისაგან.
გულახდილად ვუპასუხოთ ყოველმა ჩვენგანმა კითხვას: რა მოხდებოდა, რომ არა ნატოს ჩარევა? დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რა მოჰყვებოდა ევროპის შუაგულში ამ ტრაგედიაზე ზანტი, მდორედ მიმდინარე და ყოვლად უწყინარი დარწმუნების ტრადიციული მეთოდებით ზემოქმედებას, რომელთაც ჯერ არც ერთი ეთნიკური წმენდისა თუ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენ რეჟიმზე რეალური ზემოქმედება არ მოუხდენიათ?
თუკი ვინმეს ის ადარდებს, რომ კოსოვოს მოსახლეობის მოსასპობად და დასარბევად წარმოებულ პოლიტიკაზე პასუხი გაეროს ინერტული რეზოლუციებიდან ნატოს კონკრეტული აქციით შეიცვალა, რომ მსგავსად სხვა ცნობილი, მრავალი წლით დაკონსერვებული კონფლიქტისა, არ მოხდა მთვლემარე ფსევდომშვიდობის მორიგი კულტივაცია, შევახსენებდი, რომ ნებისმიერი მოწესრიგების პროცესის საბოლოო შედეგიანობა თვითმიზნად ქცეული მოლაპარაკებებით კი არა, სამართლიანობის აღდგენით ფასდება. დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის ფუნდამენტური ხელყოფა კი არ უნდა გვაშინებდეს, არამედ უნდა მივისწრაფოდეთ კიდეც მისკენ, ვინაიდან, პირდაპირ უნდა ითქქვას - ამ წესრიგის ძირითადი ფორმა ომის შემდგომ მსოფლიოში კონფრონტაცია იყო.
მერწმუნეთ, მე კარგად ვიცი - ცივი ომის დამთავრებას, სამყაროს გამთიშველი კედლის ნგრევას კიდევ მეტი შრომა, რისკი და სირთულეები ახლდა, მაგრამ ის დრომ და ახალი სამყაროს შენების კეთილმა და გარდაუვალმა აუცილებლობამ მოიტანა, კონკრეტული ადამიანების კონკრეტულმა საქმეებმა მოიტანა. ახალ ცხოვრებას ახალი პოლიტიკური წესრიგი სჭირდება.
ამ პროცესს ბოლომდე უნდა მიყვანა, მათ შორის, ხელახლა ამოქმედებული ჰააგის ტრიბუნალის მეშვეობით, რომლის გადაწწყვეტილებები იმედს იძლევა, რომ მომავალში მსგავსი დანაშაულებები დაუსჯელი აღარ დარჩება. არაფერია უცნაური იმაში, რომ ევროპას, ნატოს არ სურს მუდმივად ნაღმზე ცხოვრება - გნებავთ, კოსოვო ერქვას მას, გნებავთ, სხვა რამ. ცივილიზებულმა სამყარომ მოიპოვა უფლება მესამე ათასწლეულში შევიდეს ისეთი ბარბაროსული, ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო დანაშაულის სამაგალითოდ დასჯით, როგორიცაა ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება, საცხოვრებლიდან აყრა, ლტოლვილობა. ექვსი წლის წინათ ჩვენმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა იმ საზარელი დანაშაულით მიყენებული ტკივილი, რომელსაც დღეს ცივილიზებული ევროპა სატელევიზიო ეკრანებიდან ადევნებს თვალს. აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად 300 000-მდე შეურაცხყოფილი, დევნილი ადამიანი დღესაც მოკლებულია უმთავრეს უფლებას - ღირსეულად დაბრუნდეს თავის საკუთარ სახლში.
27 აპრილს, როცა საქართველო ევროპის საბჭოში მიიღეს, მე სტრასბურგში გამოსვლისას ჩამოვაყალიბე კოსოვოში მოწესრიგების ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც, არსებითად, არაფრით განსხვავდება პოსტტოტალიტარულ სივრცეში მიმდინარე სხვა მსგავსი კონფლიქტების მოწესრიგების გზებისაგან.
იუგოსლავიის ჯარმა უნდა დატოვოს კონფლიქტის ზონა;
უნდა განიარაღდეს კონფლიქტის ზონაში არსებული ყველა ფორმირება;
კოსოვოში უნდა შევიდეს მძლავრი, ქმედუნარიანი საერთაშორისო შეიარაღებული კონტინგენტი, რომელიც უსაფრთხო პირობებით უზრუნველყოფს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებულთ;
უნდა დაიწყოს მოსახლეობის მასობრივი დაბრუნება;
უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები კოსოვოს პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის თაობაზე ერთიანი იუგოსლავიის ფარგლებში.
გავა ხანი, სამწუხაროდ, დარჩება ღიად თუ საიდუმლოდ ნაწამები, დახოცილი კოსოვოელების და სავალალო შემთხვევითობით დაღუპული ადამიანების გამო დაუვიწყარი და მაინც, სიცოცხლის მარადიულობის კანონით ემოციური შეფასებები უკანა პლანზე გადაიწევს. დარწმუნებული ვარ, ახალი ბალკანეთის მშენებლობა წამყვანი ქვეყნების მეშვეობით ახალი ათასწლეულის რეალობად იქცევა. ეს პროცესი მთელ ევროპას, მსოფლიოს მოედება. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ მსოფლიოს ერთ წერტილში ანტიჰუმანიზმის დასჯა სხვა დამნაშავეთათვისაც მწარე გაკვეთილი და გაფრთხილება უნდა იყოს - სიკეთე ხომ ბოლოს ყოველთვის სძლევს ბოროტებას.
ედუარდ შევარდნაძე: ხანდახან მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 9 ივნისი. - №151 (3192). - 1,2 გვ.
![]() |
80 ქართველ და ოს მელიორატორებს, მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს, სოფლის მეურნეობის მუშაკებს, რეგიონის მოსახლეობას |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართვა
ძვირფასო მეგობრებო,
ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს თქვენი ერთობლივი ძალისხმევა - რეგიონის აგრარულ-სამრეწველო განვითარების უმნიშვნელოვანესი ობიექტის - ირიგაციული დანიშნულების ზონკარის წყალსაცავის აღდგენა-ამოქმედებისათვის.
1991 წელს მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა კაშხლის ტანი, დაიცალა წყალსაცავი. ცნობილი მოვლენების გამო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი აღდგენა ვერ მოხერხდა და 40 მლნ. კუბური მეტრი მოცულობის ძალზე მნიშვნელოვანი წყალსაცავი ფაქტობრივად უქმად იდგა. ავარიის ზღვარზე იმყოფებოდა ტირიფონა-სალთვისისა და კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემები. 9 წლის განმავლობაში არ იყო სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ცხინვალის, გორის, კასპის, ახალგორისა და ქარელის რაიონების 50 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. რეგიონი მოიცვა გვალვამ, გახმა ხეხილი, ბაღ-ვენნახი, თავთავიანი კულტურები. დიდი ზარალი განიცადა როგორც ქართველმა, ისე ოსმა მოსახლეობამ.
და აი, დღეს სახეზე გვაქვს რეალური შედეგი ერთიანი ძალისხმევისა - ევროკავშირის დახმარებით ქართველი და ოსი მელიორატორების, მშენებლების, ჰიდროტექნიკოსების თავდადებული შრომის შედეგად დასრულდა ზონკარის წყალსაცავის ამოქმედების პირველი ეტაპის სამუშაოები. აღდგა ტირიფონა-სალთვისის სათავე ნაგებობა, ხეითის დიუკერი, ძარწემის სატუმბავი სადგური, გაიწმინდა კეხვი-ვანათის მაგისტრალური არხი. 12 ივნისიდან დაიწყება წყალსაცავში წყლის დაგროვება, რაც საშუალებას მოგვცემს უკვე მიმდინარე წლის სავეგეტაციო სეზონისათვის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მივაწწოდოთ 10 მლნ. კუბური მეტრი სარწყავი წყალი.
წლების განმავლობაში მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს რეგიონის მოსახლეობა, გლეხები და ფერმერები, მათი ოჯახები.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ეს დღე - 12 ივნისი - ქართველი და ოსი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ ერთი შესანიშნავი გამოხატულება. მინდა ვისურვო, რომ სასოფლო-სამეურნეო ამოცანათა ერთობლივად მოგვარების ეს ფაქტი ყოფილიყოს მაგალითი ჩვენს შორის არსებული სხვა პრობლემების ასევე ერთობლივად, ერთიანი ძალისხმევითა და წარმატებით გადაწყვეტისა.
„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო!“ უთქვამს ბრძენ ხალხს.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს.
ედუარდ შევარდნაძე.
ქართველ და ოს მელიორატორებს, მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს, სოფლის მეურნეობის მუშაკებს, რეგიონის მოსახლეობას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12 ივნისი. - №154 (3195). - 1,2 გვ.
![]() |
81 წიგნი, რომელიც გვაფრთხილებს: „საზოგადოება მუდამ ფხიზლად უნდა იყოს და არ დაუშვას წარსულის რეციდივები“ |
▲ზევით დაბრუნება |
„დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია“, - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ერთხელ კიდევ შეახსენებს მკითთხველს ტოტალიტარული რეჟიმის მიერ 30-იან წლებში დაკანონებული ანგარიშსწორების იმ საშინელ ისტორიებს, რომელთა მსხვერპლი ასეულ ათასობით უდანაშაულო და, რაც მთავარია, ქვეყნის პატრიოტი და ღირსეული ადამიანი გახდა. წიგნის ავტორს ვარვარა კიღურაძეს საკუთარ თავზე მოუწია ამ უმძიმესი განსაცდელის გადატანა...
წიგნის გამოცემას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც წერილი გაუგზავნა ქალბატონ ვარვარა კიღურაძეს. წერილში ნათქვამია:
„ქალბატონ ვარვარა,
ექვს ათეულ წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ, რომელთა მსხვერპლი გახდა თქვენი და მრავალი ჩვენი თანამემამულის ოჯახი.
უდიდეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მწარე ტკივილის, გადატანილი უბედურების გახსენების მიუხედავად, თავი მოუყარეთ და გამოაქვეყნეთ მრავალი თანამედროვისათვის უცნობი საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ტრაგიკული ფურცლები.
ჭეშმარიტად, ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია და თქვენი მემუარები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ, რომ საზოგადოება მუდამ ფხიზლად იყოს და არ დაუშვას წარსულის რეციდივები.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე“
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
წიგნი, რომელიც გვაფრთხილებს: „საზოგადოება მუდამ ფხიზლად უნდა იყოს და არ დაუშვას წარსულის რეციდივები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 15 ივნისი. - №157 (3198). - 1 გვ.
![]() |
82 „შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მიზანმიმართული პოლიტიკა საბოლოოდ ხელს უწყობს ერის, საზოგადოების კონსოლიდაციას, ერთობლივ სწრაფვას უმთავრესი მიზნისაკენ - უმთავრესი მიზანი კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის აღორძინება და დამოუკიდებლობის განმტკიცებაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 14 ივნისის რადიოინტერვიუ
- რადიოინტერვიუს ისევ ეკონომიკის თემით დავიწყებთ. გასულ კვირას პარლამენტში მწვავე დისკუსია გაიმართა 1998 წლის ბიუჯეტის შესრულების გამო. ბოლო მონაცემებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომლებისადმი ვალების გასტუმრება, ხოლო ბიუჯეტის შემოსავალი ძალზე სწრაფი ტემპით მატულობს. როგორ დაახასიათებდით განვლილი კვირის ეკონომიკურ ტენდენციებს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა.
- მე თვალყურს ვადევნებდი დებატებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, უფრო სწორედ, გასული წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, უფრო სწორად, გასული წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს და, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ზოგიერთი „გულმავიწყის“ პასუხად კვლავ მომიხდებოდა იმის აღნიშვნა, რომ 1998 წელი ერთ-ერთი უმძიმესი აღმოჩნდა საერთოდ ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური რეფორმების მრავალწლიან პროცესში.
უკვე არაერთხელ გავაანალიზეთ მიზეზები: გლობალური საფინანსო კრიზისი, რუსეთის სავალუტო სისტემის კრახი, საშშინელი გვალვა - აი, ამ ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა სახელმწიფო სტრუქტურათა, უწინარესად საგადასახადო და საბაჟო სისტემების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებანი.
ამ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო 1998 წელს ბიუჯეტის შემოსავალი მხოლოდ 84 პროცენტით შესრულდა, რამაც მძიმე დანაკლისი გამოიწვია სახელმწიფოს სოციალურ თუ სხვა ვალდებულებათა დაფინანსების თვალსაზრისით.
რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა მკვეთრად გააუარესა ჩვენი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი, მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები. ხოლო არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო სოფლისმეურნეობისა და ენერგეტიკის დანაკარგებმა ასობით მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ისეთი მასშტაბის ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალიან ძნელად გადასატანია.
საბიუჯეტო დავალიანებამ წლის ბოლოს 135 მილიონ ლარს მიაღწია. ყოველივე ამას დაერთო ცნობილი პოლიტიკური კატაკლიზმები: 9 თებერვალი, გალის მოვლენები, ოქტომბრის შეიარაღებული პროვოკაცია... მიუხედავად ამისა საბიუჯეტო სფეროში შექმნილი რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად გასული წლიდანვე დავიწყეთ ღონისძიებათა განხორციელება.
მტკიცე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ძირითადად სტაბილიზებულია ლარის გაცვლითი კურსი - იგი დასაშვებ ფარგლებში მერყეობს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგადასახადო კანონმდებლობა, განხორციელდა აუცილებელი საკადრო ცვლილებანი მთელ რიგ ცენტრალურ უწყებებში და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გასული წლის მიწურულს მუშაობა დაიწყეს საკრებულოებმა, რომლებიც მიგვაჩნია არა ქვეყნის რაღაც დამანგრეველ ძალად, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების ძალად, არამედ შენებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მძლავრ მექანიზმად და პოლიტიკური კულტურის ძალიან სერიოზულ სკოლად.
ნაკლოვანებანი ბევრია, მაგრამ დადებითი ტენდენციებიც ხომ უნდა დავინახოთ: წლის დამდეგიდან განუხრელად, ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს შემოსავალი ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში. ბუნებრივია, ამას ხელი შეუწყო იმ საკადრო ცვლილებებმა, რომლებმაც თითქმის გლობალურად მოიცვა მთელი ის სფერო, რომელიც ფისკალური პოლიტიკის დარგში მუშაობს. მაგალითად, თუ პირველ კვარტალში სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში საგადასახადო შემოსავლების საშუალო მოცულობა თვეში 47 მილიონი ლარი იყო, მაისში ამ მაჩვენებელმა 61 მილიონ ლარს გადააჭარბა და ვფიქრობ, რომ ივნისში ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ასევე შემდგომ თვეებშიც.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც, ასე ვთქვათ, კვლავ „გახსნეს“ საკრედიტო ხაზები. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ დასაწყისია - რეზერვები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული.
შესანიშნავი შედეგი მოჰყვა აქციზური მარკების შემოღებას, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აღრიცხვა და შემოსავლის მობილიზაცია თამბაქოსა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა და იმპორტის სფეროში. აქციზური მარკების შემოღებიდან დღემდე ბიუჯეტში ჩარიცხულია 31 მილიონ ლარზე მეტი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბიზნესმენთა უმრავლესობის სწორი დამოკიდებულება ამ სახელმწიფოებრივი აქციის მიმართ. თუმცა არის გამონაკლისიც, ასეთებთან კი, ალბათ, სპეციალური საუბარი იქნება საჭირო და არა მარტო საუბარი.
მაგრამ რეზერვები მაინც საკმაოდ ბევრია. ამიტომ, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებმა, თითოეულმა სამინისტრომ, უწყებამ პრეზიდენტის რწმუნებულთა ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა მესვეურებმა კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ ყოველდღიური შრომა და ზრუნვა ბიუჯეტის შევსებისათვის. არ არის რაიონი, სადაც სერიოზული რეზერვი და სერიოზული რესურსი არ იყოს.
უკვე შეიძლება ითქვას: სახელმწიფომ დაიწყო ვალდებულებათა შესრულება, ანუ ვალის გასტუმრება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებმაც შარშან ვერ მიიღეს კუთვნილი ხელფასი, პენისა და სხვა სახის დახმარება. ეს ჯერჯერობით არ არის დიდი თანხა, მაგრამ საქმე მაინც დაიძრა. ფინანსთა სამინისტროში შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ამჟამად დაფარულია ორ მილიონ-ნახევარი ლარი დავალიანება. ივლისიდან დავალიანების დაფარვა უფრო ინტენსიური გახდება და შევეცდებით, უნდა შევძლოთ, რომ წლის ბოლომდე საერთოდ აღარ იყოს ლაპარაკი დავალიანებაზე.
ასეთია ვითარება ამ სფეროში.
- საქართველოში ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ კოსმოსურ ნაგებობათა და იზოტოპების ინსტიტუტის შესახებ, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს ფირმებთან თანამშრომლობენ უახლეს ტექნოლოგიათა დარგში. გასულ კვირას მთავრობის სხდომამ განიხილა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა შემდგომი პერსპექტივა. შეიძლება ითქვას, რომ ეს თავისი მნიშვნელობით ისტორიული პროექტია. მაგრამ რამდენად არის მზად და რამდენად შეძლებს საქართველო ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიის შესაბამისი სისტემის შექმნას?
- მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, როგორც აკადემიკოსმა როალდ საგდეევმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ. ასეთი ინიციატივა არც შემთხვევითია და არც უსაფუძვლო. აქ ძირითადად ლაპარაკია აბრეშუმის გზის მთელი ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე, სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ძირითადად კოსმოსური საშუალებებით.
ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ბოლო ხანს დატრიალებული ტრაგედიის, რამდენიმეწლიანი ანარქიისა და ქაოსის მიუხედავად, მართლაც ფუნქციონირებს რამდენიმე მსოფლიო დონის წარმოება თუ სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლებიც ტოლს არ უდებენ მსოფლიო ტიტანებს, უეჭველად იმის დასტურია, რომ საქართველომ შეინარჩუნა ყველაზე დიდი სიმდიდრე - ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალი. ეს საშუალებას მოგვცემს სრულად განვახორციელოთ ის, მე ვიტყოდი ამბიციური პროექტი, რომელიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ წარმოადგინა მთავრობის სხდომაზე.
ყველაზე მეტად ნიშანდობლივია, რომ დაპროექტებული სისტემა თვისობრივად შეესაბამება იმ დიდ საკომუნიკაციო პროექტებს, რომელთაც ამჟამად ვახორციელებთ.
პროექტი ითვალისწინებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა, კომპიუტერული ტექნიკის გლობალური და ლოკალური ქსელების განვითარებასა და დანერგვას, ქვეყნის რეგიონების მთლიანად დაფარვას ამ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უფრო მეტად და უფრო ზუსტად ავსახოთ და გამოვხატოთ ადამიანთა ცოდნა და ინტელექტი, გავავრცელოთ ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგსა თუ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში დაგროვილი ინფორმაცია.
განხილვისას მე ვთქვი, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში, ესე იგი, მე-3 ათასწლეულში გლობალურ ენაზე უნდა ლაპარაკობდეს. ეს ენა კი, უპირველეს ყოვლისა, კომპიუტერია, კომპიუტერის გარეშე ჩვენ ვეღარ ვიარსებებთ.
კომპიუტერი საქართველოში ისეთივე მახლობელი, ყოფითი და ჩვეულებრივი უნდა გახდეს (უწინარესად ბავშვებისათვის), როგორც ჩვენი თაობებისათვის საწერ-კალამი და ფანქარი იყო.
- 11 ივნისს ქუთაისის ციხიდან 19 ოქტომბრის ამბოხებაში მსჯავრდებული 39 კაცი გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება ბევრისათვის მოულოდნელი იყო. თავისთავად, შეიწყალეს აკაკი ელიავაც და მისი რაზმის წევრებიც. არის თუ არა გარანტია იმისა, რომ შემორიგებულნი თავიანთ სიტყვას არ გატეხავენ, რადგან ადრე ყოფილა ასეთი შემთხვევები შერიგების შემდეგ...
- ყოფილა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მივიღე, იოტისოდენად არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს უშიშროების, ქვეყნის სტაბილურობისა და წესრიგის ინტერესებს.
ხელისუფლებას (კანონის შესაბამისად და რეალურადაც) აქვს ყველა საშუალება, რათა დაიცვას დემოკრატიული განვითარების მონაპოვარი და ადამიანის, მოქალაქეთა უფლებები. უკვე გვაქვს ასეთი სახელმწიფო.
სწორედ ამ ძალისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, ისევე, როგორც, წინათ არაერთგზის, პრიორიტეტულად მივიჩნიე, ჩემს კოლეგებთან შესაბამისი კონსულტაციებისა და მოთათბირების საფუძველზე, კიდევ ერთხელ გადამედგა ნაბიჯი შერიგებისა და თანხმობის გზაზე.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ბატონ ბონდო ჯიქიას (რომელსაც მე აბსოლუტურად ვენდობი), აგრეთვე, თავდაცვის მინისტრის ბატონ დავით თევზაძის (რომელსაც, ბუნებრივია, თავისთავად ვენდობი) აზრსა და რეკომენდაციებს, სამართალდამცველთა პოზიციას.
იმავდროულად, ყველას საყურადღებოდ კატეგორიულად უნდა განვაცხადო, რომ შემწყნარებლობა და ეროვნული თანხმობისაკენ სწრაფვა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ხელისუფლების, ჰუმანურობის გამოხატულება, - ქვეყნის სიძლიერეზე მეტყველებს, ანუ სრულებითაც არ გულისხმობს ცალმხრივ დათმობებს. შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მიზანმიმართული პოლიტიკა საბოლოოდ ხელს უწყობს ერის, საზოგადოების კონსოლიდდაციას, ერთობლივ სწრაფვას უმთავრესი მიზნისაკენ - უმთავრესი მიზანი კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის აღორძინება და დამოუკიდებლობის განმტკიცებაა.
ბოლო წლებშიც, პრეზიდენტმა, სათანადო კომპეტენტური შერჩევის შედეგად, შეიწყალა 2500-ზე მეტი მსჯავრდადებული. რა თქმა უნდა, თუ ასე შეიძლება ითქვას, „ღირსნი შეწყალებისა“.
სასიხარულოა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა (მცირედი გამონაკლისის გარდა) დღეს პატიოსნად შრომობს და ქვეყნის თანასწორუფლებიანი მოქალაქეა.
ამასთანავე, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა.
ამიერიდან არათუ შესუსტდება, არამედ ათგზის გაძლიერდება ბრძოლა დამნაშავეობასთან, კრიმინალთან, აგრეთვე, იმ ანტიეროვნულ ელემენტებთან, რომელთაც სურთ ხელყონ ქვეყნის დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი კურსი. საქართველო, ამჟამად, საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ შეწყალების ღირსნი შეიწყალოს, ხოლო ორგულთ საკადრისი პასუხი გასცეს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად.
- სხვათა შორის, ჩვენთან ინტერვიუში ელიავამ თქვა, რომ ფერმერობას მიჰყოფს ხელს... ისე, არის მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ იგი უბრალოდ წინასაარჩევნოდ გაათავისუფლა და ხელისუფლებას ქულები სჭირდებოდა რეგიონში არჩევნების წინ. რამდენედ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- თუ ბატონი ელიავა ხელს მიჰყოფს ფერმერობას, მას სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მხოლოდ დაეხმარებიან, და მისასალმებელია, ისე როგორც სხვები, ვინც ამჯერად ფაქტობრივად შეწყალებული იყო. ხოლო მეორე შენიშვნა: თუ ეს საარჩევნო კამპანიაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კამპანია ჯერ კიდევ 1992 წელს დაგვიწყია, როდესაც კოლეგებთან ერთად მანიფესტი შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ რესპუბლიკის მოედანზე.
ასევე საარჩევნო კამპანია ყოფილა ფაქტობრივად განუწყვეტელი, მრავალწლიანი პოლიტიკა, რომლის შედეგად პრეზიდენტმა 2500-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა.
ბოლოს და ბოლოს, თუ ასეთ პოლიტიკას (წესრიგისა და კანონიერების განმტკიცების პარალელურად) საზოგადოება იწონებს და მხარს უჭერს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან სამოქალაქო ომის რეციდივთა საბოლოო აღმოფხვრა და საზოგადოებაში ურთიერთშემწყნარებლობის პრინციპთა დამკვიდრება პრეზიდენტის სამოქმედო პროგრამის და, თუ გნებავთ, საარჩევნო პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
- ყოველ შემთხვევაში, 1992 წელს ასეთი შეწყალების აქტს ის მოჰყვა, რომ ვალტერ შურღაიამ თანამოაზრეებთან ერთად სახელმწიფო ტელევიზიის შენობა დაიკავა. რა თქმა უნდა, ყველა შეწყალებული ასე არ მოიქცეოდა, მაგრამ მაინც... აკაკი ელიავა, დაუშვათ, არ არის ამ შემთხვევაში ვიღაც რიგითი. ეს კაცი ერთხელ უკვე შემოირიგეს, შემდეგ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ახლანდელი ხელისუფლების მიმართ და ბოლოს 19 ოქტომბრის ამბები - სამხედრო ავანტიურა, როგორც თქვენ უწოდეთ. ამ შემთხვევაში, რა იყო საფუძველი, თქვენ პირადად ენდობოდით ელიავას და მისი რაზმის წევრების სიტყვას, თუ სახელმწიფოა იმდენად ძლიერი, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მას შეუძლია აღკვეთოს შეწყალებული ადამიანების ნებისმიერი ქმედება?
- ჯერ ერთი, მე მინდა გიპასუხოთ, რომ იმათ შორის, ვისაც ჩემს მიერ გამოცხადებული მანიფესტი შეეხო, დიდ უმრავლესობას დანაშაული აღარ ჩაუდენია, აღარ გაუმეორებია და ისინი საქართველოს ჩვეულებრივი და ღირსეული მოქალაქეები არიან.
მეორე, აქ საქმე მარტო ელიავას და, გნებავთ, იმ 40-50 კაცის ნდობა როდია, რომლებიც ამჯერად გარეთ გამოვიდნენ ისე, რომ სასამართლო პროცესზე გასვლა არ მოუწიათ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მე გითხარით, რომ ვენდობი სამეგრელოს, ვენდობი მის ხელმძღვანელს, მის ლიდერს ბატონ ბონდო ჯიქიას და ვენდობი გამგებლებს, მთელ აქტივს, ყველას, ვინც კისრულობს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების გამო. ეს არის ჩემთვის უფრო მთავარი და გადამწყვეტი. აბა, ნახეთ, რა მოხდა მას შემდეგ რაც ხელისუფლება სამეგრელოს მიმართ, ასე თუ ისე, სწორ პოლიტიკას ადგას, ასწორებს იმ შეცდომებს, რომლებიც ადრე იყო დაშვებული, აბა, რომელიმე პროვოკაციას თუ აჰყვა სამეგრელო ამ ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც ამ ამბოხს, თუნდაც ზოგიერთ სხვას, რომელსაც შეიძლებოდა ძალიან სერიოზული არასსტაბილურობა გამოეწვია.
ამიტომაც, მჯერა მე სამეგრელოსი, ისევე, როგორც ჩემი ქვეყნის ყველა რეგიონის, ყველა კუთხისა და ამიტომაც ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ეს შეცდომა არ არის. რა თქმა უნდა, მთავარი გარანტი მაინც სახელმწიფოს ძლიერებაა.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არაერთხელ ბრძანეთ და არაერთხელ ითქვა საერთოდ, პრესაში მაინც მუსირებს აჭარაში ცენტრალური საბაჟო სამსახურის და, აგრეთვე, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ფლოტის ფუნქციონირების საკითხი. მიაჩნიათ, რომ ამ საკითხებში გაუგებრობას ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებათა გაუმიჯნაობა იწვევს. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არ არის თავი ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, კონსტიტუციის შესაბამისი დებულება მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რა საკითხები განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რისი დელეგირება ხდება ადგილობრივი სტრუქტურების მისამართით.
ასე რომ, აქ ბუნდოვანი, ფაქტობრივად არაფერი არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ზოგიერთს წინასწარგანზრახულად არ სურს საკითხის გაბუნდოვანება. ამის მსურველნი კი, სამწუხაროდ, თბილისშიც არიან და სხვაგანაც.
კონსტიტუციის თანახმად, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დაცვას, საზღვაო აკვატორიას, ქვეყნის თავდაცვას, ფისკალურ პოლიტიკას, საბაჟო სისტემას მთლიანად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დიდია ჩამონათვალი, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.
ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე გაუგებრობას, ვნებათაღელვას ან დაპირისპირებას - ყოველ შემთხვევაში იმათი მხრივ, ვინც საქართველოს პატრიოტობაზე დებს თავს.
სჯობს, სადავო საკითხთა გასარკვევად დისკუსია იყოს კორექტული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ოღონდ, რა საკვირველია, კონსტიტუციის ფარგლებში, ვინაიდან კონსტიტუციამ ეს საკითხი საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა.
რაც შეეხება საზღვაო სანაოსნოს ფლოტს, მე ასე ვიტყოდი, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფლოტის ხელმძღვანელობის, სამინისტროების, აჭარის ხელისუფლებისა და უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ მწვავე პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალური ფორმულა და გარკვეული კრიზისიდან გამოვიყვანოთ ეს სტრუქტურა.
ამჟამად მთავარი ამოცანაა საქართველომ შეინარჩუნოს ფლოტი. ვიმეორებ, ეს არის საქართველოს საკუთრება, ხელისუფლება კი, ყველაფერს იღონებს, რათა ზარალი (უწინარესად მომსახურე პერსონალისა და მეზღვაურებისათვის) მთლიანად გამოირიცხოს ან მინიმალური იყოს.
ეს არის ქვეყნის სიმდიდრე - კიდევ ვიმეორებ, ლაპარაკია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ფლოტზე და, რა თქმა უნდა, უპირველესად სწორედ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა.
მაგრამ მავანთა გასაგონად ისიც უნდა შევნიშნო, რომ პასუხისმგებლობა უფლებების გარეშე არ არსებობს, ისევე, როგორც უფლებები - პასუხისმგებლობის გარეშე. ანუ ხელისუფლება არ შეურიგდება (აღარ შეურიგდება) ისეთ ვითარებას, როცა პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრებოდა, უფლება კი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, - ეს დაუშვებელია.
დაუშვებელია, რომ შესაბამისი სამინისტრო, დეპარტამენტი პასიურობდეს, როცა საქმე ეხება ისეთ ინსტიტუტს, როგორც ქვეყნის საზღვაო ფლოტია.
მე აქ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ წინა წლებში არ გვქონდა საშუალება დეტალურად ჩაგვეხედა და გავრკვეულიყავით და ფაქტობრივად გვემართა ფლოტი. მაშინ აჭარის ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ფლოტი როგორმე შეგვენარჩუნებინა. მაგრამ ახლა, სახელმწიფო ფეხზე დადგა და ყველამ ერთად უნდა გამოვიყვანოთ ამ ახალი კრიზისიდან ფლოტი და იგი უნდა ჩადგეს საქართველოს სამსახურში, ისევე, როგორც ეს ყველა ქვეყანაშია.
- როცა საბიუჯეტო შემოსავლის ზრდაზეა ლაპარაკი (ამის შესახებაც არის ხოლმე საუბარი), ეს ეხება ზოგადად ცენტრალურ ბიუჯეტს, თუ აქ აჭარაც იგულისხმება?
- მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დასვით, რადგან რამდენჯერმე იყო ლაპარაკი ამ საკითხის არსის შესახებ და ბევრს ან არ სურს გაიგოს, ან გულმავიწყობს.
ცნობილია, რომ საბაჟო სამსახურში ჩვენ დროებით, ერთი ან ორი წლით შემოგვყავს უცხოელი სპეციალისტები. ჩვენ ვერ გამოვძებნეთ სხვა გზა იმისათვის რომ საბაჟო სამსახურში წესრიგი დავამყაროთ. ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ, ამავე დროს, უაღრესად სასარგებლო კონტრაქტი, რომელსაც ვაფორმებთ ამ უცხოელ სპეციალისტებთან, გულისხმობს იმას, რომ საბაჟოდან შემოსავალი გაორმაგდება, ესე იგი, მეორე ნაწილი, რომელიც სახელმწიფოში უნდა შემოვიდეს, ის ნაწილი ახლა ვიღაცის ჯიბეში მიდის. მე არ მინდა დავაზუსტო ვის ჯიბეში მიდის და რა მიზნებს ხმარდება.
ახლა, რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა დაინტერესებული აჭარა ამ შემოსავლის გაორმაგებით? უნდა იყოს დაინტერესებული, რაც სავსებით ბუნებრივია. მე მგონი, ბოლო დროს ბატონ ასლანთან შეხვედრა რომ იყო, თვითონაც დაეთანხმა იმას, რომ დაინტერესებულია, იმიტომ, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება და პარლამენტმა შემდეგ მხარი დამიჭირა, რომ საბაჟო შემოსავლის 40 პროცენტი დარჩეს აჭარაში. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ეს მილიონებია. ესე იგი, ეს დღევანდელი 40 პროცენტი გაორმაგდება, თუკი ყველაფერი სწორად იქნება აღრიცხული და თუკი ყველაფერი მოექცევა კონტროლის არეში. არსად არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ცენტრალიზებული არ იყოს საბაჟო შემოსავალი. როცა ვიყავი აჭარაში, ბათუმში, ბატონ ასლანთან ერთად ვითათბირეთ, მაშინ ბიუჯეტს ვიხილავდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეთხოვა პარლამენტისათვის გაეკეთებინა ეს გამონაკლისი, რადგან აჭარა ავტონომიაა, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და მას აქვს გარკვეული დანახარჯები, აუცილებელი სწორედ ამ სახელმწიფოებრივ ფორმირებასთან დაკავშირებით და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. კიდევ მეტი, - ჩვენ უფრო შორს წავედით. ასევე ცენტრალიზებულია თითქმის ყველა სახელმწიფოში დამატებითი ღირებულების გადასახადი. 30 პროცენტი დამატებითი ღირებულების გადასახადისა, რომელიც შედის აჭარაში, ადგილზევე რჩება, მე არაფერს ვამბობ იმ ტრანსფერებზე, რომლებიც ჩვეულებრივად გადაირიცხება ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია და როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.
ასე რომ, აჭარაც, სხვა რეგიონებიც, სისხლხორცეულად უნდა იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საბაჟოში წესრიგი დავამყაროთ. ეს ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივ ბიუჯეტში, მეტ შემოსავალს ცენტრალურ ბიუჯეტში და, ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოს გაძლიერებას.
საქინფორმი.
„შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მიზანმიმართული პოლიტიკა საბოლოოდ ხელს უწყობს ერის, საზოგადოების კონსოლიდაციას, ერთობლივ სწრაფვას უმთავრესი მიზნისაკენ - უმთავრესი მიზანი კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის აღორძინება და დამოუკიდებლობის განმტკიცებაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 15 ივნისი. - №157 (3198). - 1,2 გვ.
![]() |
83 თბილისის „მეტეხის“ თეატრის კოლექტივს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
გულითადად გილოცავთ თქვენი თეატრის იუბილეს.
25 წელი ბევრი არ არის შემოქმედებითი კოლექტივისათვის. მაგრამ თქვენს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მოკლე ხანშიც შესძელით გეპოვათ და დაგემკვიდრებინათ ადგილი ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში.
თეატრალური ხელოვნების ყველა ნამდვილი მოყვარული პატივს სცემს „მეტეხის“ თეატრს ქართული თეატრალური და სამსახიობო სკოლის ტრადიციებისადმი ერთგულებისათვის, ფაქიზი დამოკიდებულებისათვის ქართული კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიისადმი.
მიუხედავად სიძნელეებისა, საქართველოში მაინც გრძელდება სისხლსავსე თეატრალური ცხოვრება. ვიცი, რომ თქვენც ამ სიძნელეების დაძლევის გზით გიხდებათ არსებობა, მაგრამ მით უფრო დასაფასებელია თქვენი ასეთი ერთგულება საყვარელი საქმისადმი.
თეატრის ჭეშმარიტად თაყვანისმცემელთა სიყვარულად და გულწრფელ აღიარებად ნამდვილად ღირს ამ გაჭირვების დაძლევა.
კვლავაც წარმატებებს გისურვებთ.
ბედნიერად გევლოთ შემოქმედებითი ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე.
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისის „მეტეხის“ თეატრის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 ივნისი. - №160 (3201). - 1 გვ.
![]() |
84 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთიანი და განუყოფელი ისტორია გვაქვს, ერთად ვაშენებდით და ვიბრძოდით საუკუნეთა, ათასწლეულთა განმავლობაში, ერთად ვქმნიდით უნიკალურ ცივილიზაციას. ვერაფერი დაარღვევს სახელმწიფოებრივ ტაძარს, რომელსაც ერთად ვაფუძნებდით კეთილშობილი სულისკვეთებით |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველი მნახველის სულის უფაქიზეს სიმებს შეარხევს გამოფენა „გამარჯობა აფხაზეთო შენი...“, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში 16 ივნისს გაიხსნა. იგი უკვე მრავალმა დამთვალიერებელმა ნახა და, ალბათ, კიდევ მეტი დაათვალიერებს, რადგან მასზე გამოფენილი ისტორიული ფოტოები უბრალოდ საარქივო მასალა არ არის. ეს არის ისტორია ორი მოძმე და სისხლით ნათესავი ერისა, რომელიც, როგორც ერთიანი და მთლიანი, განუყოფელი სხეული საუკუნეთა განმავლობაში აშენებდა, იცავდა ემსახურებოდა საერთო სამშობლოს - საქართველოს.
გამოფენა, როგორც ვიუწყებოდით, მისი გახსნის დღეს დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. ქვეყნის მეთაურმა დაახლოებით ერთი საათი დაჰყო საგამოფენო დარბაზში, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდ ტკივილთან დაკავშირებული ემოციების ფონზე მადლიერებისა და აღფრთოვანების სიტყვებიც უთხრა ორგანიზატორებს, უკვე გახუნებული და გაცრეცილი ფოტოებიდან მომზირალი ქართულ-აფხაზური ერთიანობის აღდგენის რწმენაც გაუზიარა მის პირველ დამთვალიერებლებს, და მაინც, მთავარი სათქმელი უკვე მოგვიანებით, საკუთარ თავთან დარჩენილმა თქვა, წერილი, რომელსაც გთავაზობთ, ქაღალდზე გადმოტანილი სწორედ ის ფიქრებია, რომლებიც ამ გასაოცარი, უტყუარი ფოტოისტორიის გაცნობის შემდეგ აუცილებლად აჰყვება ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და შეუცვლელია ის დიდი ფენომენი, რომელსაც ქართველთა და აფხაზთა განუყოფლობა ჰქვია.
მრავალი შესანიშნავი მუზეუმისა და გამოფენის მხილველი ვარ, მაგრამ, ჭეშმარიტად აღმაფრთოვანა და სულიერი თრთოლვა მომგვარა იმან, რაც რამდენიმე დღის წინათ ვიხილე გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
მუზეუმის დირექტორის, შესანიშნავი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ქალბატონ იზა ორჯონიკიძის ინიციატივით მუზეუმში მოეწყო გამოფენა „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, რომმელსაც პირადად მე საერთოეროვნულ მნიშვნელობას მივანიჭებდი.
უნიკალური ფოტომასალა ასახავს ქართველ-აფხაზთა მრავალი თაობის უთვალსაჩინოეს წარმომადგენელთა ურთიერთობას, მათ თანამოღვაწეობას, თანდგომასა და თანალმობას, - ქართველთა და აფხაზთა ძირძველ ტრადიციულ ძმობასა და მეგობრობას.
ექსპოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, მოძმე აფხაზი ხალხის ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის.
მიუხედავად ამისა, გამოფენას, რომელიც ვიხილე, ჩვენი ქვეყნის თანადროული ცხოვრებისა და ისტორიული ტრადიციის სულიერად შემკრებ მოვლენადაც მივიჩნევ, მით უმეტეს, რომ აფხაზი, თავისთავადი და თვისებრივად უნიკალური აფხაზური ფენომენი ყოველთვის იყო ქართული სამყაროს, ქართული შემეცნების ერთი უმთავრესი საგანთაგანი.
დიდწილად სწორედ ამ ფენომენშია ჩაწნული საზრისი ჩვენი ეროვნული მეობისა, ვინაიდან ყოველი ერის სულიერი საყრდენია ისტორიული მეობის, ისტორიული სისხლ-ხორცისა და სამშობლოს ღვთაებრივი ერთობის განცდა.
ქართულ-აფხაზური ერთობა, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამაგალითო და საგულისხმოა.
მის შესახებ მსჯელობისას კვლავ და კვლავ იკვეთება დიდი ილიას პატრიოტიზმით გაჟღენთილი, მაგრამ, იმავდროულად, მრისხანე კითხვები: ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და როგორია ჩვენი ეროვნული თვალსაწიერი - რა გვაკავშირებს ერთმანეთთან, რა სძენდა და სძენს ტაძრეულობას ჩვენს სამშობლოს - საქართველოს, ქართველ და აფხაზ ხალხებს. რა უნდა შევინარჩუნოთ, სათუთად ვზიდოთ წარსულიდან მომავლისაკენ და რა მოვიშოროთ, მოვიკვეთოთ, დავივიწყოთ სამარადჟამოდ, ვითარცა შეურაცხმყოფელი წინაპართა ანდერძისა.
მუზეუმში გამოფენილი ფოტოებიდან შემოგვცქერიან ჩვენი წინაპრები, რომლებიც ერთად, მხარდამხარ ქმნიდნენ საერთო სამშობლოს აწმყოსა და მომავალს.
ქმნიდნენ ხმლითა და კალმით, ვაჟკაცობითა და სათნოებით, ერთგულებითა და გულწრფელი სიყვარულით.
შეუძლებელია აუღელვებლად აკვირდებოდე აფხაზი ხალხის დიდი შვილისა და საქართველოს გულწრფელი პატრიოტის გიორგი შერვაშიძე-ჩაჩბას ცხოვრებისა და სამაგალითო მოღვაწეობის ამსახველ ფოტომასალას.
ისევე, როგორც გრიგოლ და აღათი დადიანების ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ერთ-ერთი მესაძირკვლეების, აფხაზზეთში დიდი ილიას უპირველესი მასპინძლების მრავალწლიანი ოჯახის ცხოვრების ამსახველ ფოტოსურათებს.
შერვაშიძეთა, დადიანთა, დადეშქელიანთა სამთავრობო სახლებს.
მხეიძეთა, გელოვანთა, მარშანიათა, ემხვართა, ანჩაბაძეთა, ჩიქოვანთა, ინალ-იფათა, ჩიჩუათა, წერეთელთა, ლაკერბაიათა, მარღანიების და სხვა არისტოკრატთა საგვარეულოს.
უმშვენიერესი მერი შერვაშიძე, რომელსაც გენიალურმა გალაკტიონ ტაბიძემ დიდი ქართული პოეზიის შედევრი უძღვნა.
ის სამურზაყანოელი წარჩინებულნი, რომლებიც, თითქოს კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან დაიბადნენ...
ვიხილე მრავალი ერთობლივი ფოტო: ქართველნი, აფხაზნი - ერთმანეთთან ბიძაშვილ-მამიდაშვილობით, ძიძიშვილ-მორდუობით, ფიცვერცხლნაჭამობით, ძუძუმტეობით, ნათელ-მირონობით დაკავშირებულნი.590
ვითარცა ორი კავკასიელი ძმადნაფიცი სისხლით ადუღაბებს ძმობას, ესრეთ ქართველი და აფხაზი ხალხები შეაკავშირა ერთმანეთთან სისხლით ნათესაობამ, ოჯახობამ, დედაშვილობამ.
როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ღვაწლი - გაბრიელ ქიქოძის, ალექსანდრე ოქროპირიძის, ამბროსი ხელაიას, ეპისკოპოს გრიგოლ დადიანის ლოცვა ამთლიანებდა საქართველოს, ღვთიური სინათლე და ძალა შეჰქონდა აფხაზეთის ქართულ ეკლესია-მონასტრებში.
ქართველ მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით შეკეთდა მოგვის, ლიხნის, ბიჭვინთისა და ბედიის საკათედრო ტაძრები. გამმუდმებით შენდებოდა ახალი ეკლესია-მონასტრები.
ეს მადლი მარად „თანამდევია“ და ურყევი რწმენის შთამბერავი - მჯერა, რომ როგორც უნდა ეძალა სატანას, რომელმაც განკვეთა ერთიანი სხეული, დაღვარა ზღვა სისხლი, მოგვაყენა ყველას უსაზღვრო ტკივილი, მრავალწლიან მოუშუშებელ ჭრილობად გვიქცია აფხაზეთი, - აუცილებლად დადგება ჟამი შერიგების და ურთიერთმიტევებისა.
ჩვენ ერთიანი და განუყოფელი ისტორია გვაქვს, ერთად ვაშშენებდით და ვიბრძოდით, საუკუნეთა, ათასწლეულთა განმავვლობაში, ერთად ვქმნიდით უნიკალურ ცივილიზაციას. ვერაფერი დაარღვევს სახელმწიფოებრივ ტაძარს, რომელსაც ერთად ვაფუძნებდით.
მინდა დიდი მადლობა ვუძღვნა ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი გამოფენისა. იგი ყველას დაგვაფიქრებს და აღგვაფრთოვანებს, დაგვამწუხრებს და იმავდროულად გაგვიძლიერებს იმედს სამშობლოს მთლიანობის გარდაუვალი აღდგენისა.
ერთობა, რომელიც ასეთ სულიერ საფუძველს ემყარება, შეუუძლებელია დამარცხდეს, დაიშალოს და განადგურდეს. ამით ხომ ორივე ერი საკუთარ სულიერ საწყისზე იტყვის უარს. უარს იტყვის თუნდაც იმ კეთილშობილურ სულისკვეთებაზე, რამაც 1916 წელს თბილისში ჩამოიყვანა აფხაზ დიდებულთა გუნდი. აფხაზი ერის სახელით, მათ მეფისნაცვალს დაბეჯითებით მოსთხოვეს საქართველოსთან შეენარჩუნებინათ ყოველმხრივი კავშირი.
დარწმუნებული ვარ, შორს არ არის დრო, როდესაც ორივე ხალხი კვლავინდებურად უერთგულებს წინაპართა ანდერძს, - აფხაზთა და ქართველთა საოცნებო ქვეყანას, საერთო სამშობლოს.
ედუარდ შევარდნაძე.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც აფხაზთა და ქართველთა შერიგება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაუსახავს მიზნად, აუცილებლად მოინახულოს ეს შესანიშნავი გამოფენა.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთიანი და განუყოფელი ისტორია გვაქვს, ერთად ვაშენებდით და ვიბრძოდით საუკუნეთა, ათასწლეულთა განმავლობაში, ერთად ვქმნიდით უნიკალურ ცივილიზაციას. ვერაფერი დაარღვევს სახელმწიფოებრივ ტაძარს, რომელსაც ერთად ვაფუძნებდით კეთილშობილი სულისკვეთებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20-21 ივნისი. - №162-163 (3204). - 1, 2 გვ.
![]() |
85 „სამხრეთ კავკასია ერთიანი ევროპის ის რეგიონი გახდება, რომელშიც ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და სტაბილურობა დაისადგურებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ინაუგურაციაზე
ლუქსემბურგი, 1999 წლის 22 ივნისი
ბატონო თავმჯდომარევ,
ბატონო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო,
ბატონო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრო,
ბატონო ევროკომისიის პრეზიდენტო,
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს ხალხის სახელით მსურს გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ ევროკომისიის, ევროპის კავშირის თხუთმეტივე სახელმწიფოს, მათს მთავრობებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა ეს დღე დამდგარიყო, მათს პარლამენტებს, რომლებმაც შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინეს და ამით მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადეს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული სტრუქტურებისაკენ.
წლეულს ეს მეორე მოვლენაა საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში, რომელსაც ასე ელოდა ჩვენი ხალხის მრავალი თაობა. სულ ახლახან საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. ევროპისაკენ გადადგმული ეს ორი ნაბიჯი აუსრულებელ ოცნებად თუ არა, ძალზე შორეული მომავლის საქმედ მაინც ჩანდა რვა წლის წინათ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუკი იმ წლებში კონტინენტის რომელიმე სახელმწიფო ვერ პასუხობდა ევროპული თანამეგობრობის იდეალებსა და მიზნებს, ალბათ, ეს, უწინარესად, საქართველო იყო. ერთადერთი, რაც მაშინ უკეთესი მომავლის იმედს გვინერგავდა, გახლდათ ჩვენი ხალხის ურყევი ნება - აეშენებინა ეროვნული ტრადიციებისა და მსოფლიო ცივილიზაციის საუკეთესო მიღწევებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ჩვენი მეგობრების, მათ შორის ევროპის კავშირის მტკიცე რწმენა, რომ ქართველ ხალხს ძალუძს ამის განხორციელება.
ასე ახდა ეს ოცნება და XXI საუკუნის მიჯნაზე კიდევ უფრო დიდი წარმატების იმედი ჩაგვისახა, რასაც ახლა მოგახსენებთ, შესაძლოა, ზოგს ასევე არარეალურად ეჩვენოს, როგორც - 1992 წელს, ჩვენი ევროპის საბჭოს წევრობაზე ოცნება იყო: თუ მსოფლიო პროცესები იმ მიმართულებითა და ტემპით განვითარდება, როგორც დღეს, საქართველოსა და ზოგიერთი სხვა ახალი დამოუუკიდებელი სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვან ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურაში წევრობა - გარდაუვალია. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რათა უახლოეს წლებში მივიღოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი.
ევროპის კავშირი ძალზე ბევრს აკეთებს ამისათვის. უპირველეს ყოვლისა, ის დაგვეხმარა მთავარში - გვეპოვნა და დაგვემკვიდრებინა ჩვენი ადგილი და ფუნქცია ამ ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყალიბდება, ამაზე ოცნებობდა ყოველი ქართველი მას შემდეგ, რაც შუა საუკუნეების კატაკლიზმების შედეგად საქართველო მრავალი საუკუნით მოსწყდა ევროპულ ცივილიზაციას. განახლებული დიდი აბრეშუმის გზა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილიცაა ევროკავშირის ტრასეკასა და ინოგეტის პროექტები, ჩვენ თვალწინ აყალიბებს არა მარტო დღევანდელი მსოფლიოს ახალ უზარმაზარ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალებს, არამედ საფუძველს უყრის მსგავსი ინტერესებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, რომელიც თანდათანობით, სტაბილურობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის სარტყელად იქცევა.
პრაქტიკულად, ევროპის კავშირი ჩვენ ინტეგრაციას იმავე გზით მიგვიძღვის, რომელიც თვითონ ტრიუმფალურად განვლო. უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე უკვე გაიმართა განახლებული დიდი აბრეშუმის გზის სახელმწიფოთა პირველი სამიტი, რომელზეც ბაქოს დეკლარაციით იურიდიულად გაფორმდა სამომავლო თანამშრომლობის პარამეტრები. უკვე დაიწყო კასპიის ენერგოშემცველების გადაზიდვა საქართველოზე გამავალი ადრეული ნავთობსადენით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენების მშენებლობის შესახებ. უკვე ამოქმედდა პროექტის საკვანძო ნავსადგურების - ფოთისა და ბათუმის ევროპის სხვა ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე ტერმინალები და ხაზები. უკვე გამოიკვეთა საერთო ინტერესებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა არაფორმალური ჯგუფი, რომელიც მზადაა სხვას კი არ გადააბაროს პასუხისმგებლობა რეგიონის მომავალზე, არამედ თავის ერთგულ მეგობრებთან ერთად ზიდოს ამ პასუხისმგებლობის ტვირთი.
საზოგადოდ მიმაჩნია, რომ კავკასიის პრობლემატიკა ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე დინამიკური პროცესების გათვალისწინებით, მეტ ყურადღებას იმსახურებს. როდესაც ჩვენ სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობიანი კავკასიისთვის“ მოძრაობა დავიწყეთ, მხედველობაში გვქონდა, რომ ეს პრობლემა არა მარტო ჩვენი, არამედ მთლიანი ევროატლანტიკური თანამეგობრობბის საზრუნავიცაა. ნატოს ამასწინანდელი სამიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ინიციატივითა და ალიანსში მისი რამდენიმე კოლეგის მონაწილეობით უკვე დაიწყო სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს პრეზიდენტების უშუალო დიალოგი, რაც იმის იმედს გვისახავს, რომ სამხრეთ კავკასია ერთიანი ევროპის ის რეგიონი გახდება, რომელშიც ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და სტაბილურობა დაისადგურებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირს აქვს შესაბამისი გამოცდილებაც, რესურსებიც და ნებაც, რათა თავისი უდიდესი წვლილი შეიტანოს ამ დიალოგის წარმატებით მიმდინარეობასა და დასრულებაში. თავის მხრივ, მე კვლავ ვადასტურებ, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს ამ დიალოგის მეორე რაუნდს და ყოველივე იღონოს მისი წარმატებით ჩასატარებლად. ბედნიერი ვარ, ჩვენი ძმები, აზერბაიჯანელები და სომხები რომ დაუახლოვდნენ ევროპას. ის ფაქტი, რომ სამივე ქვეყნის მიერ ერთდროულად ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლაც ერთდროულად ხდება, იმას მიუთითებს, რომ სამივე ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ მშვიდობა კავკასიაში, რომ ჩვენ ისტორიულად ერთი ბედი გვქონდა და მომავალიც მხოლოდ მაშინ მოგვიტანს აყვავებას, თუ აღვადგენთ მეგობრობის და ძმობის საუკუნოვან ტრადიციას.
ამასთან ერთად, საქართველო ელის, რომ აფხაზეთის კონფლიქტი ევროპული თანამეგობრობის უფრო სერიოზული ყურადღების საგანი გახდება. ამ მოლოდინს აძლიერებს ისიც, რომ პრაქტიკულად მსგავსი კონფლიქტების მთელი სერია უკვე რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობს ევროპის შუაგულში, ევროატლანტიკურ თანამეგობრობას უფლება არ აქვს მარცხი განიცადოს ბალკანეთში, ვინაიდან ეს ყველა იმ ძალის მარცხი იქნებოდა, ვინც ვერ ეგუება და არც არასდროს შეეგუება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას, ასეულ ათასობით ადამიანის ძირითადი უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რა ნიშნითაც უნდა ხდებოდეს ეს, გნებავთ ეთნიკური და გნებავთ რაიმე სხვა. დარწმუნებისა და იძულების შეხამების, ძალით ზურგგამაგრებული დიპლომატიის პრინციპებს ჩვენ იმიტომ ვუჭერთ ასე განუხრელად მხარს, რომ კოსოვოელთა, ხოლო უფრო ადრე რეგიონის სხვა ხალხების მსგავსი ტრაგედია, რომელსაც დღეს მსოფლიო ტელეეკრანებზე ადევნებს თვალს, ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ექვსი წლის წინათ აფხაზეთში. მივესალმებით კოსოვოს კონფლიქტის მოწესრიგებაში რუსეთის მონაწილეობას. მიგვაჩნია, რომ რუსეთის აქტიური ჩართვა მოწესრიგების პროცესის ყველა ასპექტში წარმატების სერიოზულ შესაძლებლობას შექმნის. ყოველი ასეთი კონფლიქტი გადაუდებელ მოწესრიგებას მოითხოვს და ჩვენ ვერასდროს ვერ დავეთანხმებით იმგვარ მიდგომას, რომელიც მოლაპარაკებებს სამართლიანი მოწესრიგების იმუნიტეტად კი არა, თვითმიზნად მიიჩნევს.
ამას წინათ მე წამოვაყენე იდეა აფხაზეთის საკითხთან დაკავშშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის თაობაზე, თუმცა, მისი ძირითადი ამოცანები არ დამიზუსტებია. თუკი უახლოეს ორ-სამ თვეში არ მოხდება ძირეული გარდატეხა კონფლიქტის მოგვარებაში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზებს ასეთი კონფერენციის მიზნებსა და ამოცანებს, მის ძირითად კონტურებს.
საქართველო გულზე ხელდაკრეფილი არ ელის ამ სანუკვარ წუთს, როცა ევროატლანტიკური და ევროპული სტრუქტურები, მათ შორის ევროკავშირი, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირს მოაადგებიან. ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებით ამისთვის, ვინაიდან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ინტეგრაციის პროცესი ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა: რაოდენ დიდიც უნდა იყოს ევროპის სურვილი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მაქსიმალური ინტეგრაციისაკენ, ამ სახელმწიფოთაგან მხოლოდ ის შესძლებს სტრუქტურებში გაწევრიანებას, ვინც თავის სავალ გზას გაივლის. იოტისოდენი ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველო ერთ-ერთი მათგანი იქნება. ამას მხოლოდ იმიტომ როდი მოგახსენებთ, რომ გამოუსწორებელ ოპტიმისტთა რიცხვს მივეკუთნები. ამის თქმის საფუძველს საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში იმ ძირეული რეფორმების წარმატებული მიმდინარეობა მაძლევს, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება უფრო სტაბილური და განჭვრეტადი გახადეს. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ ეს იმაში გამოიხატა, რომ ჩემმა ქვეყანამ გასულ წელს უმძიმესი გამოცდა ჩააბარა - კრიზისმა, რომელმაც ლამის მთელი მსოფლიო მოიცვა, ბევრი, ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი სახელმწიფოსგან განსხვავებით, წელში ვერ გაგვტეხა.
აღარ შევუდგები ჩვენს, ჯერჯერობით მოკრძალებულ მიღწევებზე საუბარს. იმას კი მოგახსენებთ, რომ გასაკეთებელი გაცილებით მეტია, მათ შორის დასაძლევია კორუფცია და სოციალური პრობლემები, აღსადგენია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კარგად გვესმის, იმ გზის მხოლოდ მცირე მონაკვეთი განვვლეთ, რომელსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრაციამდე მივყავართ. მაგრამ, ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ეს პროცესი შეუქცევადია და ამ გზას ვეღარავინ და ვეღარაფერი ვეღარ გადაგვახვევინებს. ამ განზრახვითა და რწმენით ვაწერდით სამი წლის წინათ ხელს ამ შეთანხმებას და ამ განზრახვითა და რწმენით ვაპირებთ შესვლას მომავალ საუკუნეში.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
„სამხრეთ კავკასია ერთიანი ევროპის ის რეგიონი გახდება, რომელშიც ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და სტაბილურობა დაისადგურებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 24 ივნისი. - №166 (3207). - 1, 2 გვ.
![]() |
86 ევროპა: ნაბიჯი ჩვენკენ |
▲ზევით დაბრუნება |
ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ქვეყნის მეთაურთან იმაზე უფრო უშუალო და გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ტრადიციულად (რამდენიმე წელიწადია) ყალიბდება ხოლმე პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრებზე თვითმფრინავის მესამე სალონში „მეოთხე ხელისუფლების“ წარმომადგენლებთან.
ცხადია არც ეს - ლუქსემბურგში და ნიდერლანდში მისი ვიზიტის შემდგომ გამართული პრესკონფერენცია იყო გამონაკლისი.
- ბატონო ედუარდ სტრასბურგის შემდეგ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დაიწყო ახალი ეტაპი ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის ევროპის ქვეყნებთან ახალ, დაინტერესებულ ურთიერთობათა ეტაპი, როდესაც საქართველოსთვის ყველა კარი იღება?
- ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, რომ შევარდნაძე ყოველთვის ხმარობსო განსაზღვრას „ახალი ეტაპი“.
„ახალი ეტაპი“ რომ არ ვიხმარო, ვიტყვი, რომ ის, რაც ამ ორ დღეში მოხდა, არის ძალიან მძლავრი ნაბიჯი ევროპისა საქართველოსაკენ და საქართველოსი - ევროპისაკენ.
მე მინდა გთხოვოთ (მიმართა მან ჟურნალისტებს) გადაათვალიეროთ დიდი ხელშეკრულება ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. უბრწყინვალესი დოკუმენტია (ხაზი გაუსვა უბრწყინვალესს), რომელიც ჯერჯერობით ვერ ამუშავდა.
ძალიან დიდი უპირატესობები ენიჭება ქვეყანას, რომელიც პარტნიორულ შეთანხმებას აწერს ხელს. უცებ არაფერი ხდება. ჩვენ ძალიან გვეჩქარება და სწორიც ვართ, მაგრამ, ხომ ხედავთ, სამი წელიწადი დასჭირდა რატიფიცირების პროცესის დასრულებას.
თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირთან თვისობრივად ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, ამავე დროს, ახალი სტიმულები გაჩნდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის. მე ამაში დავრწმუნდი ჰოლანდიაში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს, რომ ამიერიდან უფრო დიდმასშტაბიან თანამშრომლობას და ერთობლივ გეგმებზე შეიძლება საუბარი, ძალიან დიდმასშტაბიანზე.
ჩვენთვის იოლი არ არის იმის შეფასება, რაც ლუქსემბურგში მოხდა: ალბათ, ხვალ, ზეგ დღევანდელი თაობა, მომავალი თაობები იტყვიან თავიანთ სიტყვას. ის, რაც იქ გაფორმდა, არაფრით არ არის სტრასბურგში მომხდარზე ნაკლები. ეს არის არა მარტო ეკონომიკური ურთიერთდაახლოება, არამედ პოლიტიკურიც, რადგან ახლა ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ დიალოგში და პოლიტიკურ ამინდს ქმნის; მონაწილეობს კონფლიქტებით დაზიანებული მხარეების, რეგიონების, კუთხეების, ქვეყნების რეაბილიტაციაში; ევროკავშირმა ჩამოაყალიბა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის სტრატეგია, რომელიც ამ რეგიონების ქვეყნებთან მუშაობის დაკონკრეტებული პროგრამაა. ეს კი ნიშნავს ახალ, შეღავათიან კრედიტებს, საქონლის, პროდუქციის აქტიურად გაცვლა-გამოცვლას... საქართველო ამიერიდან ევროპის ბაზარზე შედის კვოტების გარეშე (ეს ფაქტი პრეზიდენტმა ხაზგასმით გამოყო - კვოტების გარეშე შევდივართ). თუ რამეს შევქმნით, ვაწარმოებთ კონკურენტუნარიანს, ყოველგვარი ჯებირი ევროპაში შეტანის გზაზე მოხსნილია.
თუ დავუმატებთ იმასაც, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრიც გავხდებით, მართლაც მწვანე შუქი გვექნება ანთებული - რასაც ხარისხიანს ვაწარმოებთ, ყველაფრისთვის გვექნება ბაზარი.
მე განსაკუთრებით მომხიბლა ნიდერლანდის სამეფომ.
მოხდა ისე, რომ ასე საფუძვლიანად ამ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, ქვეყანა - მართლაც უნიკალური. როცა ჩვენ ვფიქრობთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაზე, სადაც ხალხი კარგად იცხოვრებს, ეტალონად ჰოლანდია უნდა წარმოგვიდგეს. აქ 15 მილიონი კაცი ცხოვრობს და მისი ბიუჯეტი არის ორასი მილიარდი დოლარი. რამდენჯერმე მეტი, ვიდრე რუსეთის ბიუჯეტია. თითოეული მოქალაქე საშუალოდ ქმნის 15 ათასი დოლარის პროდუქციას, მინიმალური ხელფასი - ათასი-ათას ასი დოლარი (ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა მინიმალურს). უმუშევრად დარჩენილმა პიროვნებამ უნდა მიიღოს იმ ხელფასის, რომელიც ბოლო დროს ჰქონდა, სამოცდაათი პროცენტი ექვსი თვის განმავლობაში და სახელმწიფომ მას პირობები უნდა შეუქმნას, რათა მან ამ დროის გასვლის შემდეგ მუშაობა დაიწყოს.
საოცარი ქვეყანაა - უპრეტენზიო ხალხი, ძალიან უბრალო ადამიანები, შესანიშნავი ხელმძღვანელობა, დიდებული დედოფალი და პრინცი.
- როტერდამის უზარმაზარი ნავსადგურის აკვატორიაში, გემზე „პეტრე კანკ“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ქალაქ როტერდამის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
- ეს ნიშნავს, რომ ფოთიც და ბათუმიც უნდა გადაიქცეს ისეთივე მასშტაბის ნავსადგურებად, როგორიც არის როტერდამი... ამხელა ვერ ვიქნებით (ეღიმება), დიდია, ძალიან დიდი - 200-300 მილიონი ტონა ტვირთი ბრუნავს როტერდამში, ერთ-ერთი პირველი პორტია მსოფლიოში...
ჰოლანდიელები დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ დგამენ ხოლმე. მათ კარგად დაინახეს, როგორი მომავალი აქვს საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებს. მათ გვითხრეს, რომ, ალბათ, ფოთი იქნება ყველაზე დიდი ნავსადგური შავ ზღვაზე.
(მიაქციეთ ყურადღება ამ დასკვნას - ფოთი იქნება ყველაზე დიდი ნავსადგური შავ ზღვაზე. ჰოლანდიელები, მსოფლიოში უმაგრესი ზღვაოსანი ხალხი, ჰაიჰარად არაფერს იტყვიან - მეზღვაურთა ხასიათი ვერ ჰგუობს სიყალბეს. და თუ იტყვიან, მხოლოდ იმას, რაშიც დარწმუნებულები არიან).
მათ ფოთი აინტერესებთ, როგორც დამაკავშირებელი, საკვანძო ნავსადგური ცენტრალურ აზიასთან, კავკასიასთან, რუსეთთანაც და ასე შემდეგ.
თანამშრომლობა დაიწყო - ამას ადასტურებს ხსენებული მემორანდუმი.
თქვენ, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ნიდერლანდის სამეფოს პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე ანაკლია...
- თქვენ მიმართეთ დეპუტატებს: „დაიხსომეთ ეს სახელი - ანაკლია“...
- დაიხსომეთ ეს სახელი ანაკლია. მე შევპირდი, რომ ანაკლიაში გვექნება ნავსადგური, ჯერჯერობით ისეთი მასშტაბის არა, როგორიც ფოთია, მაგრამ გვექნება. მუშაობა დაიწყება მარტივი მეთოდებით. მაგრამ ეს იქნება დასაწყისი.
იქ იყო ბიზნესმენი, რომელიც დაინტერესებულია საპორტო მეურნეობის განვითარებით. ამიტომაც გამოვაცხადე, რომ შემდეგი ანაკლია იქნება-მეთქი.
„პრაიმ-ნიუსის“ შეკითხვას რომ უპასუხა კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტაში ნატოს როლის შეფასების შესახებ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა:
- პარლამენტის სხდომაზე შემეკითხნენ - რას ელოდებით კოსოვოს კრიზისის გადაწყვეტის შემდეგო. ვუპასუხე, რომ ველოდდები ამ კრიზისის წარმატებით დამთავრებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იქმნება ფონი კონფლიქტების მოგვარების. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოსოვოს კონფლიქტის დამთავრების შემდეგ ნატო პირდაპირ აფხაზეთში შემოვა. მთავარია, რომ შეიქმნა პრეცედენტი, უნიკალური პრეცედენტი, როცა მშვიდობას აიძულებენ - მშვიდობის იძულება. ადამიანები დანაშაულს რომ ჩადიან, ისჯებიან და მათი ხელშემწყობი რეჟიმებიც. რაც მეტი დრო გავა და კოსოვოში ნატოს მიერ განხორციელებული ოპერაცია წარმატებით დამთავრდება, მით უფრო მეტი იქნება შანსი ჩვენი კონფლიქტების მოგვარებისა. ევროპა გვიახლოვდება იმითაც, რომ ევროკავშირი ამიერიდან გაცილებით უფრო აქტიურად იმუშავებს პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების პრობლემებზე, რის შესახებაც განმიცხადეს ამ კავშირის ახლანდელმა და მომავალმა ხელმძღვანელებმა.
ჰოლანდიიდან საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების პერსპექტივით დაინტერესდა გაზეთი „რეზონანსი“:
- ჰოლანდია გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების პრაქტიკას. ამის პირობა მოგვცეს ქვეყნის ხელმძღვანელებმაც, მინისტრებმაც, ბიზნესმენებმაც.
ჰოლანდიის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ რეფორმების ტემპი საქართველოში და სამართლებრივი ბაზის შექმნის ტემპიც იმდენად სწრაფია, რომ ამ ქვეყანას, ე.ი. ჩვენ, გვჭირდება დახმარება. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ ვრჩებით ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანად იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ჰოლანდია ეხმარება. ასეთი ქვეყანა არის 24. განვითარებადი ქვეყნებია.
იმ ერთ თვეში საბოლოოდ გაირკვევა ჩვენი ურთიერთობა სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან. აქ არიან ჩვენი მინისტრები, რომლებიც ჩემი ვიზიტის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყვნენ, ვაშინგტონში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ იმას, რაც მისაღებია. ეს კი ფრიად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, ვინც ხელფასს, პენსიას, დახმარებას ელოდება. დავალიანებების დასაფარად გადაიდგმება ძალიან გაბედული ნაბიჯები.
პრესკონფერენციის დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ უაღრესად მაღალი შეფასება მისცა ნიდერლანდის სამეფოს დედოფალ ბეატრიქსს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს.
- იგი არის ძალიან ფართე ჰორიზონტის მქონე ადამიანი. მე გამაკვირვა მისმა გათვითცნობიერებამ, ადამიანი შეიძლება საგანგებოდ მოემზადოს, ვთქვათ, საქართველოზე არსებული ლიტერატურა წაიკითხოს. მაგრამ მან შესანიშნავად იცის ყოფილი საბჭოთა კავშირი. კავკასიას იცნობს ძალიან კარგად, აღარაფერს ვლაპარაკობ დასავლეთის ქვეყნებზე.
იგი არ არის მხოლოდ სიმბოლური ძალაუფლების განსახიერება. დედოფალი სერიოზულ გავლენას ახდენს ჰოლანდიის სამეფოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ედუარდ შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება უფრო ადრე, ვიდრე ახლა გვგონია.
არმაზ სანებლიძე
ჰააგა - თბილისი.
ევროპა: ნაბიჯი ჩვენკენ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 ივნისი. - №167 (3208). - 1, 3 გვ.
![]() |
87 „ჩვენი ურთიერთობის ძალა არა მარტო წარსულსა და შთამბეჭდავ აწმყოში, არამედ იმედისმომცემ მომავალშიცაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
23 ივნისს ნიდერლანდის დედოფლის ბეატრიქსისა და მისი უდიდებულესობის პრინც კლაუსის სახელით საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გაიმართა სადილი, რომელზეც სადღეგრძელოები წარმოთქვეს ედუარდ შევარდნაძემ და დედოფლმა ბეატრიქსმა.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
თქვენო უდიდებულესობავ,
თქვენო სამეფო უდიდებულესობავ,
ქალბატონებო და ბატონებო,
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ოფიციალურ ვიზიტად ვწვეოდი ნიდერლანდს, ამ მშვენიერ სტუმართმოყვარე და საქართველოს ესოდენ მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას. ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია - შევხვედროდი თქვენს უდიდებულესობას - ნიდერლანდის სახელოვან და მშვენიერ დედოფალს, რომელიც არა მარტო ნიდერლანდისთვისაა ესოდენ სათაყვანებელი, და მის სამეფო უდიდებულესობას - პრინც კლაუსს.
საქართველო, რომელმაც ამ საუკუნის დამლევს აღიდგინა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ყოველდღიურად გრძნობს ნიდერლანდის თანადგომას ევროპის სახლში, მსოფლიო თანამეგობრობაში დამკვიდრების რთულ გზაზე. ეს ნათლად გამოჩნდა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებისა და ევროპის კავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაციის პროცესში. სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვისა და ლუქსემბურგში შეთანხმების ინაუგურაციის მღელვარე წუთებში, როდესაც ვიხსენებდით მათ, ვინც საქართველოს ევროპულ სახლში დაბრუნებას უწყობს ხელს, პირველთა შორის ნიდერლანდი იყო.
„ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო ჰოლანდიელებმა ჰოლანდია“ - ეს ჰოლანდიური ანდაზა შესანიშნავად ასახავს ნიდერლანდის მთელ ისტორიას, რომელიც დიდი შრომისმოყვარეობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, თავდადების, შეუპოვრობისა და ამავე დროს შემწყნარებლობის, მეგობრობის დახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის მატიანეს რომ წარმოადგენს.
ჩვენი ქვეყნების ისტორია ძლიერ წააგავს ერთმანეთს. საქართველოს, ისევე როგორც ნიდერლანდს, მუდმივ ბრძოლებში უხდებოდა ქვეყნის აღმშენებლობა: ქართველები, ისევე როგორც ჰოლანდიელები, მშრომელები და თავისუფლებისმოყვარე ხალხია; ისევე როგორც თქვენთვის, საქართველოსთვისაც უაღრესად ფასეულია დამოუკიდებლობა, რომლის აღდგენისათვის ბრძოლაში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი წლები განვლო.
ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსთვის ნიდერლანდის უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ, მორალურ თუ მატერიალურ დახმარებას. ყოველივე ამისათვის ჩემი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ. ჩვენი ურთიერთობის ძალა არა მარტო წარსულსა და შთამბეჭდავ აწმყოში, არამედ იმედისმომცემ მომავალშიცაა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც საქართველო რჩება ვალში და არანაკლებ დახმარებას უწევს ნიდერლანდს, მართალია, ჯერჯერობით, მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებით.
ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის გულისხმიერებაც, რასაც ნიდერლანდი იჩენს ჩვენი კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. თბილისში მოქმედებს ნიდერლანდის საპატიო საკონსულო. ქართველი სტუდენტები და სპეციალისტები სწავლობენ და მომზადებას გადიან ნიდერლანდის უნივერსიტეტსა და სასწავლო ცენტრებში. გულითადად მივესალმები იმ ფაქტს, რომ თბილისში გაიხსნება ცენტრი, სადაც ქართველები შეისწავლიან ნიდერლანდურ ენასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
როგორც ევროპის ხალხთა ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, დღეს ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ევროპის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი, რაც ხდება, საკმაოდ მწვავედ სვამს საკითხს ევროატლანტიკური უშიშროების ახალი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის კონფლიქტები გვიჩვენებს, რომ დარწმუნებისა და იძულების მეთოდების გონივრული ურთიერთშეხამების, ძალით ზურგგამაგრებული დიპლომატიის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა მკაცრი დასჯის გარეშე მსოფლიო ვერ შეძლებს უკვე არსებულ კონფლიქტთა ჩაცხრობას და მომავალ სისხლიან დაპირისპირებათა თავიდან აცილებას. ამაზე სერიოზული სჯა-ბაასი გაიმართა ნატოს ვაშინგტონის სამიტზე და იქ მიღწეული ერთსულოვანება განამტკიცებს ევროატლანტიკური სივრცის უფრო მშვიდობიანი, სტაბილური და განჭვრეტადი მომავლის იმედს.
თქვენო უდიდებულესობავ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს - „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ საკვანძო ქვეყნის ახლო ურთიერთობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანასთან - ნიდერლანდთან, ქვეყანასთან, სადაც დაგროვილია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პრობლემების წარმატებით გადაჭრის უმაღლესი გამოცდილება, ქვეყანასთან, რომლის უდიდესი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში ყველასათვის კარგად არის ცნობილი და რომელიც ჩვენთვის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტაციის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანსვეტს წარმოადგენს, ჩვენი ორივე სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.
მინდა გადღეგრძელოთ, თქვენო უდიდებულესობავ და თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, გისურვოთ მთელ ჰოლანდიელ ხალხს ბედნიერება და კეთილდღეობა.
„ჩვენი ურთიერთობის ძალა არა მარტო წარსულსა და შთამბეჭდავ აწმყოში, არამედ იმედისმომცემ მომავალშიცაა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 1999. - 25 ივნისი. - №167 (3208). - 1, 2 გვ.
![]() |
88 სახელმწიფო უშიშროების აკადემიის კოლექტივსა და კურსდამთავრებულებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
სახელმწიფო უშიშროების აკადემიისათვის მიმდინარე წლის 26 ივნისი ორმაგად ღირსსახსოვარი თარიღია. მისი დაარსების დღეს პროფესიული მოღვაწეობის საგზურს იღებს მსმენელთა პირველი ნაკადი, რომელმაც სწავლების სრული კურსი გაიარა.
აკადემია შეიქმნა 1995 წელს, ქვეყნისათვის ძნელბედობის ჟამს. მაშინ ჩვენი გადაწყვეტილება მისი დაარსების შესახებ, განპირობებული იყო სახელმწიფო უშიშროების სფეროში ახალგაზრდა, ეროვნული კადრების მომზადების აუცილებლობით. ესოდენ მნიშვნელოვანი სასწავლებლის ჩამოყალიბება მოითხოვდა სამინისტროსა და უშუალოდ აკადემიის ხელმძღვანელობის სერიოზულ ძალისხმევას. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დასახულ ამოცანას ღირსეულად გაართვეს თავი. შეიქმნა სპეცკათედრები, რომლებიც მოკლე დროში დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, შემუშავდა სასწავლო პროგრამა. მას შემდეგ აკადემიის კოლექტივი დაუცხრომელი შრომით დღითი დღე სრულყოფს სასწავლო პროცესს. კმაყოფილების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიაში ისწავლება 14 უცხო ენა, მათ შორის - კავკასიური ენებიც.
სწავლების პროცესი ეყრდნობა ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიან დემოკრატიულ რეფორმებს. ამიტომაც აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მსმენელთა სამართლებრივ მომზადებას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. აკადემიის კოლექტივმა მიზნად დაისახა ახალი მენტალიტეტის პროფესიონალთა აღზრდა, რომელთათვისაც უცხოა ტოტალიტარული პერიოდის სტერეოტიპები. მათი მთავარი სახელმძღვანელო პრინციპებია: პროფესიონალიზმი, საკუთარი ქვეყნისა და ერის ერთგულება.
უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უშიშროების აკადემიამ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს შორის.
გულითადად ვულოცავ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და კურსდამთავრებულებს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღებენ ღირსეულ შევსებას, რომელიც ძალღონეს არ დაიშურებს საქართველოსა და მისი ხალხის უშიშროების უზრუნველყოფისათვის.
ედუარდ შევერდნაძე
სახელმწიფო უშიშროების აკადემიის კოლექტივსა და კურსდამთავრებულებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26 ივნისი. - №168 (3209). - 2 გვ.
![]() |
89 თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
მინდა გულითადად მივულოცო ჩემს კახეთს უნივერსიტეტის შემატება.
დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი რეგიონის აღორძინების ერთ-ერთი დიდმნიშვნელოვანი მოვლენა გახდება.
კახეთი და, კერძოდ, თელავი ყოველთვის იყო საქართველოს კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი. მან ყველა ეპოქაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისათვის ბრძოლაში.
იმ კუთხეს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი იყალთოს აკადემია ჰქონდა, სწორედ რომ დიდი ხანია ეკუთვნის უნივერსიტეტის რანგის უმაღლესი სასწავლებელი. მოხარული ვარ, რომ ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ინსტიტუტს გააჩნდა უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადებისათვის, მყარი საფუძველი აღმოჩნდა უნივერსიტეტის დასაფუძნებლად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ აწ უკვე თელავის უნივერსიტეტელებს, ყველა თელაველს, მთელს კახეთს და სრულიად საქართველოს.
პატივისცემით და სიყვარულით,
ედუარდ შევარდნაძე.
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26 ივნისი. - №168 (3209). - 1 გვ.
![]() |
90 „შეიძლება მოხდეს ისე, რომ ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარებაში, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 28 ივნისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას გაიმართა თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი ნიდერლანდში და ვიზიტი ლუქსემბურგში, სადაც რატიფიცირებული იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ევროკავშირის შეთანხმება, რომელსაც სამი წლის წინათ მოაწერეს ხელი. ეს მრავალმხრივი შეთანხმება, რომელიც ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას ითვალისწინებს უკვე ძალაში შედის. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ჩვენთვის უკვე რეალობაა ევროკავშირის გაფართოების პროცესი, რაზეც თქვენ რამდენიმე წლის წინათ საფრანგეთში ვიზიტის დროსაც საუბრობდით.
და აქვე კიდევ ერთი კითხვა: როტერდამში ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას ქალაქსა და ნავსადგურს და საქართველოს მთავრობას შორის. ეს ფოთს, რა თქმა უნდა, ფართო პერსპექტივებს უსახავს, თუმცა თქვენ იქვე ბიზნესმენებს შეახსენეთ ანაკლიის ნავსადგური, რომელიც მალე აშენდება... ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- საგარეო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი მოსახლეობის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და, ალბათ, ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ ეს ბოლო მოვლენებიც.
აქედან გამომდინარე, ჩვენი საუბარი რომ საგნობრივი იყოს, ამჯერად, ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება სწორედ ციფრებზე, ზოგიერთ ციფრზე გავამახვილოთ ყურადღება. ამით უკეთ წარმოჩნდება საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ჩვენი ძალისხმევის კონკრეტული შედეგი.
1992-1998 წლებში ევროგაერთიანებამ, ამჟამად ევროკავშირმა, კავკასიის რეგიონს გრანტების სახით 845 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია. აქედან 300 მილიონი ევრო უშუალოდ ქვეყანას მოხმარდა.
ევროკავშირის ტასისის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ტრასეკასა და ინოგეიტის ფართომასშტაბიანი, მრავალგანზომილებიანი პროექტები, რომელთა მიზანია მრავალფუნქციური საკომუნიკაციო სისტემისა და იმავდროულად საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის ჩამოყალიბება. მე ამ პროექტებზე აღარ გავრცელდები, რადგანაც ბევრი მილაპარაკია, ბევრი მისაუბრია ტრასეკას გზაზეც, ინოგეიტის პროექტზეც და რადიომსმენელს უკვე აქვს წარმოდგენა ამ საკითხებზე.
უკვე ბევრი რამ ითქვა ფოთი-ილიჩოვსკის სარკინიგზო ბორანზე, საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ტრასეკას ხიდსა და სხვა უკვე განხორციელებულ გეგმებზე.
მაგრამ სწორედ ლუქსემბურგში ყოფნისას, ევროკავშირის ლიდერებთნ საუბრის დროს, საბოლოოდ გამოიკვეთა კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტის პერსპექტივა: დაგეგმილია სამხრეთ კავკასიის რეგიონში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სატელეკომუნიკაციო კავშირს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა შორის. შემდგომში კი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ხაზი ორივე მიმართულებით (ანუ როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთითაც) გაგრძელდება და ევრაზიის დერეფნის, დიდი აბრეშუმის გზის საერთო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდება. როგორც მითხრეს, ამ პროექტის განხორციელებას მაქსიმუმ 2-3 წელი დასჭირდება.
ეს სრულიად ახალი ტექნოლოგიაა. საკმარისია ითქვას, რომ ასეთი სახის სატელეკომუნიკაციო ხაზი საქართველოს მომავალში გაცილებით მეტ მოგებას მოუტანს, ვიდრე, ვთქვათ, ნავთობსადენი.
ამ ეტაპზე კი უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისათვის 7 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე სწორედ ამ პროექტის განსახორციელებლად. პირველად ეს რკინიგზაზე დაიწყება.
უახლოეს მომავალში ევროკავშირი სოფლის მეურნეობის საჭიროებისა და სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს გამოუყოფს 12 მილიონ ევროს იმ 4 მილიონის დამატებით, რომელიც უკვე მივიღეთ.
მიმდინარეობს კონსულტაციები სასოფლო-სამეურნეო აგრობანკის დასაფუძნებლად (როცა ეს ჩანაფიქრი ხორცს შეისხამს, ეს უზარმაზარი მოვლენა იქნება ჩვენს ცხოვრებაში), რასაც აგრეთვე, მნიშვნელოვანი ინვესტიცია დასჭირდება და თავისთავად აგრობიზნესბანკის დაარსება ნიშნავს იმას, რომ გაჩნდება ინვესტიციებისა და კრედიტების მნიშვნელოვანი წყარო.
ტასისის პროგრამით ევროკავშირმა დააფინანსა კავკასიის რეგიონალური გარემოს დაცვითი ცენტრი.
შემუშავებულია განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პროექტი. ჰოლანდიაში გამართულ გამოფენაზე ასპინძის მზის სოფლის პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ალბათ, ინვესტორებიც გამოჩნდებიან.
ჩვენ დიდად ვაფასებთ ნიდერლანდის სამეფოს თანადგომას. სწორედ ეს ქვეყანა წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ ორგანნოებში. 1997 წელს საქართველოსათვის გაწეულ დახმარებაში ნიდერლანდის წილი 8 მილიონ გულდენს შეადგენდა, 1998 წელს კი - 16 მილიონს (2 გულდენი უდრის ერთ დოლარს).
ჰააგასა და როტერდამში ყოფნისას რამდენიმე ახალი პროექტიც განვიხილეთ. ჰოლანდიის 10-ზე მეტ კომპანიას უკვე დაბანდებული აქვს კაპიტალი საქართველოში. მაგალითად, ბორჯომის ერთობლივ პროექტში, მეღვინეობაში და ასე შემდეგ. მიმდინარეობს რეგულარული ტვირთზიდვა როტერდამ-ფოთის საზღვაო ხაზით და, რაც ყველაზე ღირსშესანიშნავია, როტერდამში ყოფნისას უკვე საგნობრივად განვიხილეთ ანაკლიის ნავსადგურის დაფუძნების საკითხი. ამ პროექტსაც, რა თქმა უნდა, დიდი მომავალი აქვს თუკი ბოლომდე მივიყვანთ ჩანაფიქრს.
არანაკლებ საგნობრივ და კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგალითად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეგიდით მისაქციელსა (მცხეთის რაიონში) და პატარა ფოთში მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, რომლებიც საჩვენებელი ობიექტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სწავლებისა და კადრების აღზრდისათვის. დაარსდა წყალმომხმარებელთა ასოციაციები, პერსპექტივაში გათვალისწინებულია საჩვენებელ მეურნეობათა მოწყობა. უახლოეს მომავალში ამოქმედდება მევენახეობისა და მეხილეობის განვითარების პროექტები. ასევე განხილვის სტადიაშია მეცხოველეობის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო საინფორმაციო სისტემების ჩამოყალიბების პროგრამები. საკმაოდ პერსპექტიულია მეთევზეობის განვითარების პროექტი, რომელიც სატბორე მეურნეობათა ამოქმედებით შესაძლებლობას მოგვცემს ყოველწლიურად 5 ათასი ტონა თევზი ვაწარმოოთ.
კვლავინდებურად ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი. გასულ კვირას მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოციალური განვითარების განყოფილების დირექტორთან ბატონ ალექსანდერ მაკალასთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კვლევის დანერგვა და როგორ ხორციელდება სწავლების პროექტი. ამ პროექტის ღირებულება 8 მილიონ 400 ათასი დოლარია. მათი მიზანია გრანტების მეშვეობით ფერმერული მეურნეობის წახალისება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მივესალმებით იმას, რომ კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯი გადაიდგა ევროპული სტრუქტურებისაკენ.
ევროკავშირთან ურთიერთობა, თქვენ იცით, ეს დავიწყეთ სამი წლის წინათ, გავაფორმეთ დიდი საპარტნიორო ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თითქმის სამი წელი დასჭირდა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვმუშაობდით და გარკვეული გამოცდილებაც შევიძინეთ. ისევე როგორც ევროკავშირიც, ძალიან ბევრს ფიქრობდნენ მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისი სპეციალისტები სამხრეთ კავკასიის ბედზე, ევროპაში სამხრეთ კავკასიის ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, ისევე როგორც ევროპარლამენტმა, ჩამოაყალიბა სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. რახან არსებობს სტრატეგია, იქნება ტაქტიკაც. იქნება მისი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ასპექტები.
ერთი რამ მინდა განვმარტო: ჩვენ არა მარტო განაცხადი გავაკეთეთ ყველა ევროპულ სტრუქტურაში გაერთიანების შესახხებ, არამედ პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებიც გადავდგით. როგორც მოგახსენეთ, ევროსაბჭოს წევრობა და ევროკავშირთან პარტნიორობა ამის უდავო დასტურია.
ამასთანავე, ჩვენ არ ვაპირებთ, ეს შეცდომა იქნებოდა, ზურგი შევაქციოთ სხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს, კიდევ უფრო მაღალი იქნება ჩვენი მოქმედების, ვიმეორებ, ჩვენი მოქმედების სასარგებლო კოეფიციენტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (რა თქმა უნდა, იმ სფეროებში, რომლებიც ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება), კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში და, სავსებით ბუნებრივია, რომ გააქტიურდება ჩვენი საქმიანობა გაეროს სისტემის, აგრეთვე სხვა დამოუკიდებელ გაერთიანებათა მუშაობაში.
ამას წინათ ფაოს გენერალური დირექტორი ბრძანდებოდა საქართველოში და თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რა ფართო და დიდი პროგრამები ჩამოაყალიბა ამ ორგანიზაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით.
ასე რომ, ჩვენი მუშაობა არ იქნება, ვთქვათ, მხოლოდ ცალმხრივი, მხოლოდ, ვთქვათ, ევროგაერთიანებაზე, ევროკავშირზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი უმთავრესი ორიენტირი იქნება, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომლის მოტანაც შეუძლიათ საქართველოსთვის სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს.
- გარდა ამისა, ევროკავშირთან თანამშრომლობა პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციას გულისხმობს და პრინციპში კონფლიქტების მოწესრიგებასაც, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როცა სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ლიდერები - სომხეთის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციით წარდგნენ, გვახსოვს, სამი წლის წინათ ლუქსემბურგში მათი გამოსვლები, ვთქვათ, იგივე სამიტებზე, მთავარი თემა მთიანი ყარაბაღი იყო. აქ პრემიერმა გააკეთა ასეთი განცხადება: კი, კარგია მეგობრებად ცხოვრება, მაგრამ სჯობს ცხოვრება ძმურად. ქოჩარიანი აკეთებ ასეთი განცხადებას: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი რომ არ არსებობდეს, მათ უამრავი საერთო ეკონომიკური, მნიშვნელოვანი პროგრამა შეიძლება ჰქონდეთ და შესთავაზონ ერთმანეთს. ესეც ძალიან ბევრის მანიშნებელია, რადგან კონფლიქტებისა და არასტაბილური კავკასიის შემთხვევაში ევროპას ნაკლებად აინტერესებს მასთან ურთიერთობა.
- მინდა რადიომსმენელმა დაიხსომოს ის, რასაც ახლა ვიტყვი: შეიძლება მოხდეს ისე, რომ ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარებაში. კერძოდ, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში. ამის მიმანიშნებელია ის უდიდესი მატერიალური და ფინანსური რესურსები, რომლებიც თავისთავად აქვს ამ ორგანიზაციას. თქვენთვის ცნობილია, კოსოვოსთან საერთოდ, იუგოსლავიასთან დაკავშირებული აქციები, რომლებიც განხორციელდა წინათ და ხორციელდება ახლა. ამ რეგიონების რეაბილიტაციის ძირითად ხარჯებს კისრულობენ სწორედ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები. ევროკავშირმა პირველ რიგში უკვე მოსინჯა, ყოველ შემთხვევაში ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებმაც, თავიანთი მოქმედების ეფექტიანობა, მაგალითად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ზოგიერთი სოფლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციაში. მიმდინარე წელს დაახლოებით სამი მილიონი დოლარი მოხმარდება ამ პრაქტიკის შეძენას, ამ გეგმებისა და პროექტების განხორციელებას. სხვათა შორის, ლუქსემბურგში განმიცხადეს და ახლაც დამიდასტურეს ევროკავშირისა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის მხარის, ამ რეგიონის რეაბილიტაციაში, თუკი მოხერხდება მოსახლეობის მასობრივი უსაფრთხო დაბრუნება და ეს საკითხი პოლიტიკურად მოგვარდება.
ასე რომ, ევროკავშირი იძლევა იმის გარანტიას, რომ აქტიურად ჩაერთვება ამ კონფლიქტების მოწესრიგებაში და შექმნის მატერიალურ და ფინანსურ ბაზას.
ასეთივე საუბრები ჰქონდათ მათ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებთან. ვფიქრობ, ეს ახალი ეტაპია, სრულიად ახალი მოვლენაა კონფლიქტების მოგვარების ფონზე. ერთი მხრივ - კოსოვოს მაგალითი, სადაც ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაჩინეს ძალიან დიდი სიმტკიცე, მე ვიტყოდი, გაბედულება და გამოიყენეს ძალა მშვიდობის დასამყარებლად. მეორე მხრივ - ეს ადამიანები და ეს ორგანიზაციები, უწინარესად ევროკავშირი, იმაზე ფიქრობენ, რომ მომავალში ამ ადამიანებმა, სერბები იქნებიან თუ ალბანელები, ერთად იცხოვრონ და იცხოვრონ ნორმალურად ისე, რომ მათი მატერიალური პრობლემები არ იწვევდეს ახალ კონფლიქტებსა და იმის ახალ სურვილს, რომ ახალმა ურთიერთობამ კვლავ ურთიერთდაპირისპირება და მსხვერპლი გამოიწვიოს.
ამ მხრივ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სრულიად ახალი მოვლენის წინაშე ვდგავართ, კიდევ და კიდევ უნდა დავუბრუნდეთ ამ თემას. დღეს, ალბათ, ეს საკმარისია, რაზეც ახლა ვსაუბრობ. კიდევ ვიმეორებ: ის, რომ ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიისთვის განსაზღვრა სტრატეგია, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. უახლოესი 4-5 წელი, ალბათ, 10 წელი, - ეს იქნება ევროპულ სტრუქტურებში სამხრეთ კავკასიისა და უწინარესად საქართველოს მთლიანი ინტეგრაციის წლები.
- ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს დახმარებით, პრინციპში, შესაძლებელი გახდა მიწის რეფორმის დასრულება ჩვენს ქვეყანაში.
ბოლო ეტაპზე, როგორც ვიცით, მოქალაქეები მიიღებენ მიწის სარეგისტრაციო ბარათებს. ეს პროცესი შაბათს დაიწყო იმერეთში და, შეიძლება ითქვას, პირადად თქვენ დაიწყეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს განვითარების საერთო პროცესში სულ უფრო მეტად იკვეთება გარკვეული რეგიონების როლი, მათ შორის იმერეთისა...
- უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ მივმართავ მადლიერრების სიტყვებით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს თანადგომისა და დახმარებისათვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის სოფლის მოსახლეობას უსასყიდლოდ მიეღო სრულფასოვან საკუთრებაში არა მარტო მიწა, არამედ უფასოდ მიიღო, აგრეთვე, შესაბამისი დოკუმენტაციაც, და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან იგი სამუდამოდ აკანონებს მის უფლებას მიწის ნაკვეთზე.
ის ფაქტი, რომ თვით პრეზიდენტმა გადასცა მიწის მესაკუთრეებს სერთიფიკატი (ეს სიტყვა, მე მგონი, ცოტა ამცირებს მნიშვნელობას, მე მას დავარქმევდი რაღაც პასპორტს, გნებავთ, პასპორტს) ანუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, ჩემი აზრით, საკმაოდ მრავლისმეტყველია. ზესტაფონში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ბედნიერი ვარ მეთქი, ჩვენმა მოქალაქემ, მისმა შთამომავლობამ მიწის საკუთრების უფლება ჩემი პრეზიდენტობის დროს რომ დაიმტკიცა. რა თქმა უნდა, ვერავითარ რეფორმასა და საკუთრებაზე ვერ ვილაპარაკებდით, თუ არა ის კანონები, რომლებიც ჩვენმა პარლამენტმა მიიღო დღეს. მე ხელს მოვაწერ განკარგულებას ამ წესის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მიწის საკუთრების, ეგრეთ წოდებული „პასპორტის“ ჩაბარება ყველა სოფელსა და ყველა დაბაში. მთავრობის წევრებმა, დეპუტატებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებმა, რწმუნებულებმა და გამგებლებმა, ადგილობრივმა აქტივმა ყველა სოფელი უნდა მოინახულონ, ყველა სოფელი მოიარონ, ყველა ოჯახს შეეხმიანონ და ქვეყნის პრეზიდენტის სახელით ეს დიდი მოვლენა მიულოცონ და ეს შესაბამისი მოწმობები ჩააბარონ.
ყველაზე სასიხარულო მაინც ის არის, რომ ახლა უკვე აღარავინ აღარ ეჭვობს. ხალხი მიჩვეული იყო, მთელი 70-80 წლის განმავლობაში, რომ წარამარა ატყუებდნენ, გახსოვთ ეს ობლიგაციები, სახელმწიფო სესხები, სხვა და სხვა. სამწუხაროდ, ჩვენს დროშიც ვერ ავცდით ამას... ახლა კი შეგვიძლია გადაწყვეტით ვთქვათ, რომ მიწას გამოუჩნდა პატრონი - მშრომელი გლეხი, ფერმერი.
იგი, დარწმუნებული ვარ, ამ სიმდიდრეს თვალისჩინივით გაუფრთხილდება და თაობიდან თაობას გადასცემს.
მხოლოდ მიწის რეფორმის შედეგად (სხვა სფეროებში რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულიყო, საქართველოში მილიონ-ნახევარზე მეტი კაცი დასაქმდა სწორედ ამ რეფორმის წყალობით, ვგულისხმობ მიწათმფლობელებს.
სოფლის მოსახლეობას, აგრეთვე ქალაქელებს, რომელთაც მიიღეს მიწის ნაკვეთები კერძო მფლობელობაში, ან დროებით სარგებლობაში.
ჩემთვის ძალზე სასიხარულოა თვალსაჩინო პროგრესი იმერეთის სოფლის მეურნეობის, მრეწველობის სხვადასხვა სფეროში.
სტაბილურად მუშაობს ფეროშენადნობთა ქარხანა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ჭიათურის გამოცოცხლება, ამუშავება. ვინაიდან მანგანუმს სტაბილური მომხმარებელი გამოუჩნდა. ბუნებრივია, ჭიათურაში მადნის ამოღებაც გაიზარდება. კვლავინდებურად აქტუალურია ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე თბოელექტროსადგურის მშენებლობა და ეს პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს.
იმერეთი გვახარებს წარმატებებით მანქანათმშენებლობაში, კერძოდ, საავიაციო დარგშიც კი - გამოშვებულია მრავალმხრივი დანიშნულების თვითმფრინავი და ეს მხოლოდ პირველი მერცხალია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილი ქართველი კონსტრუქტორები ავთანდილ ხაჭაპურიძე (იგი, სხვათა შორის, წარმოშობით ხონიდან გახლავთ) არა მარტო ამ თვითმფრინავის კონსტრუქტორია, არამედ ამ საწარმოს ერთერთი ხელმძღვანელი და დამაარსებელიც, სადაც ეს შესანიშნავი მანქანა დაამზადეს.
საერთოდ იმერეთში მოგზაურობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აშკარაა, რომ ხალხი შრომობს, ეძიებს და ქმნის. სხვათა შორის, მე ძალიან ბევრი საინტერესო რამ მითხრეს სწორედ ევროკავშირისა და საფრანგეთის დახმარებით იმერეთში საკრედიტო კავშირების შექმნის თაობაზე, იქ ასობით ასეთი კავშირი მოქმედებს, რაც ფერმერების, გლეხობის გაერთიანების საუკეთესო საშუალებაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწყობრში ჩადგა ახალი სარკინიგზო შემადგენლობა (ვისაც არ უმოგზაურია ამ შემადგენლობით, ვურჩევდი, ნახონ მაინც. ეს უკვე ევროპული სტანდარტების შემადგენლობაა). ახალი ხიდი ძირულაზე, ახალი ჩამოსასხმელი ქარხანა, ეს უზარმაზარი ხიდია, რომლის აშენებაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა.
სულ მალე აღინიშნება ქუთაისის თეატრის 149 წლისთავი, რაც, აგრეთვე საერთო-ეროვნული მნიშვნელობის მოვლენის დონეზე უნდა ავიყვანოთ. თეატრსაც ვესტუმრე მოკლე დროით და დასსაც შევხვდი.
ყველანი დავრწმუნდით, რომ იმერეთის მხარის ხელმძღვანელობა, გამგებლები, ქალაქის მერები, ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის თემურ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით ბევრს აკეთებენ საქართველოს ამ უმშვენიერესი მხარის ანუ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელ ამ პროცესში ჩაბმული არიან ძირითადად პოზიტიური თვალსაზრისით, საკრებულოები, რომლებიც ამას წინათ აირჩია ჩვენმა ხალხმა.
- გასულ კვირას, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი მოსამართლე ბატონი მინდია უგრეხელიძე ევროპის სასამართლოს წევრი გახდა. პარლამენტმა თქვენი წინადადებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა ლადო ჭანტურია - ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მისი ადგილი ჯონი ხეცურიანმა დაიკავა. ასეთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა გასულ კვირას...
- ჯერ ერთი, მსურს საჯაროდ გამოვთქვა დიდი კმაყოფილება და გულწრფელი სიხარული იმის გამო, რომ ბატონი მინდია უგრეხელიძე ევროპის სასამართლოს წევრი გახდა. დარწმუნებული ვარ, იგი ღირსეულად წარმოადგენს თავის ქვეყანას, ვინაიდან უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალი და რაფინირებული ინტელიგენტია. ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი მას ძალიან კარგად იცნობს.
ასევე, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი იყო პრეზიდენტის არჩევანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ლადო ჭანტურიას დანიშვნასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, იმ ადგილისა და ფუნქციის გათვალისწინებით, რომელიც უზენაეს სასამართლოს უკავია თვით სასამართლო ხელისუფლებას და მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობის სისტემაში.
საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია. რეფორმის განხორციელებასთან ერთად იგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი ბურჯია.
ლადო ჭანტურია, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდა კაცია, 36 წლისაა, მაგრამ მან ბრწყინვალე განათლება მიიღო ევროპაში, ჰქონდა საშუალება წლების განმავლობაში გაეღრმავებინა ცოდნა გერმანიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრებში და დღეს უკვე საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერი იურისტია. რასაკვირველია, ვითვალისწინებდით იმ გარემოებასაც, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.
რაც შეეხება ბატონ ჯონი ხეცურიანს, მას წარდგინება არ სჭირდება, მასაც ასევე ძალიან კარგად იცნობს ქართველი საზოგადოება, იცნობს ყველა ეტაპს, სადაც მას უმუშავია. იუსტიციის მინისტრიც გახლდათ, სხვათა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მაგრამ დღეს მაინც სხვა მოთხოვნებია, სხვა იურიდიული სისტემაა. ფაქტობრივად, ახალი ფუნქციური დატვირთვა ენიჭება იუსტიციის სამინისტროსაც. ვინაიდან საქართველო ვალდებულია შეასრულოს ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა და პენიტენციალური სისტემა გადასცეს იუსტიციის სამინისტროს. ეს ძალზე რთული ინსტიტუციური ცვლილება გახლავთ, თუმცა, ვიმედოვნებ, ბატონ ჯონი ხეცურიანს ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება მისცემს საშუალებას გაართვას თავი ამ ამოცანას, სხვა კარგ თვისებებთან ერთად იგი მეცნიერია, მკვლევარია. ამასთანავე იგი ძალიან კარგი ორგანიზატორია და სწორედ ასეთი პიროვნება სჭირდება დღეს იუსტიციის სამინისტროს.
- გასულ კვირას გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორც ყოველთვის, დახურულ კარს მიღმა. რაიმე მნიშვნელოვან საკითხს ხომ არ გამოჰყოფდით?
- ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ მრავალი საკითხი და მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერების პრობლემები.
ეროვნული უშიშროების საბჭო და პრეზიდენტი ერთსულოვანი იყვნენ იმ მხრივ, რომ საჰაერო მეკობრეობას ბოლო უნდა მოეღოს.
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა თავისი საზღვაო აკვატორიით, სახელმწიფო საზღვრებით, საჰაერო სივრცით და არავის არა აქვს უფლება ისე გადაიფრინ-გადმოიფრინოს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, თითქოს კვლავ საბჭოურ ეპოქაში ვცხოვრობდეთ და ისევ „მოკავშირე რესპუბლიკა“ ვიყოთ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში.
საქართველო არ არის „გამჭოლი ეზო“, სადაც ყველას მაშინ შეუძლია გავლა, როცა მოესურვება და როგორც მოესურვება.
ნამდვილად არა ვართ წინააღმდეგი საქართველოს ტერიტორია, საჰაერო სივრცე და საზღვაო აკვატორია სხვა სახელმწიფოებმა გამოიყენონ როგორც დერეფანი. მით უმეტეს, რომ თავად გვსურს ქვეყანას სატრანსპორტო ფუნქცია შევძინოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი რიგი, რაც ყველამ უნდა დაიცვას, მით უმეტეს, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით მოქმედების საშუალება საერთოდ დაგმობილია და ეს მსოფლიოში არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული.
საქართველოს საჰაერო სივრცე მტკიცედ და საიმედოდ იქნება დაცული. ჩვენ ამის საშუალებებს ვაგროვებთ, ნაწილობრივ გვაქვს, სათანადო საშუალებებიც გამოიძებნება (მე სახსრები მაქვს მხედველობაში), კერძოდ, ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების მეშვეობით, რომლებიც (აქვე ამასაც ვიტყვი) სწორედ იმიტომ მიგვაჩნია მეგობრებად და მოკავშირეებად, რომ არასდროს უკადრებიათ ასე უცერემონიოდ და (თუ ძალიან უხეშად არ გამომივა) აგდებულად მოპყრობოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ღირსებასა და სუვერენიტეტს.
- თქვენ ისეთი ტონით ლაპარაკობთ, რომ რაღაც კონკრეტულს გულისხმობთ თუ ზოგადს?
- კონკრეტულს. იყო საჰაერო სივრცის დარღვევის, უნებართვოთ გადაფრენის რამდენიმე შემთხვევა. სხვათა შორის, ამ ბოლო დროსაც მოხდა ასეთი რამ, არავითარი პრობლემა არ არის, საქართველოს საჰაერო სივრცე თავისუფალია. მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდეს იმ წესების ფარგლებში, რა წესებსაც გულისხმობს საერთაშორისო სამართლის ესა თუ ის ნაწილი და, კერძოდ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხებზე საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით. არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები საერთაშორისო მასშტაბით, რომლებიც უნდა სრულდებოდეს. ჩვენ თუ შევეჩვიეთ დარღვევებს, თუნდაც ერთ უკანონო გადაფრენას, მაშინ იმასაც უნდა შევეჩვიოთ, რომ, როგორც იტყვიან, ქვეყანას, როცა მოესურვებათ, მაშინ გადაუვლიან და გადმოუვლიან, ამას კი ჩვენ არ დავუშვებთ.
- ნიდერლანდის პარლამენტში გამოსვლიდან თქვენი ერთი ფრაზით დავამთავრებ: ალბათ, ყველა ქვეყანა და ყველა ხალხი უნდა შეეჩვიოს იმას, რომ საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ ჩვენ ყველანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ...
- ყველა უნდა შეეჩვიოს, მაგრამ ზოგი ადრე ეჩვევა, ზოგი - ძალიან გვიან...
საქინფორმი.
„შეიძლება მოხდეს ისე, რომ ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარებაში, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 29 ივნისი. - №171 (3212). - 1, 2 გვ.
![]() |
91 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშიძე ასლან
აბაშიძე ვახტანგ
აბაშიძე ირაკლი
აბაშიძე მემედ
ადამსი ტერი
ათათურქი მუსტაფა ქემალ
ალიევი ჰეიდარ
ალუდაური მაია
ამსბერგი კლაუს ფონ (ნიდერლანდის დედოფლის ბეატრიქსისა და მისი უდიდებულესობის პრინც კლაუსი)
ანანი კოფი
არსენიშვილი გია
არძინბა ვლადისლავ
ბ
ბაბლუანი თემურ
ბარამიძე გიგლა
ბაქანიძე ოთარ
ბეატრიქს II (ბეატრიქს ვილჰელმინა არმგარდი)
ბეიკერი ჯეიმს
ბერეზოვსკი ბორის
ბერიტაშვილი ივანე
ბოტა ლივიუ
ბრაუნბეკი სემ
ბჟეზინსკი ზბიგნევ
ბუში ჯორჯ
გ
გაბრიაძე რეზო
გამსახურდია კონსტანტინე
გამსახურდია ზვიად
გოგელია არჩილ
გენშერი ჰანს დიტრიხ
გიგინეიშვილი მანანა
გიორგაძე იგორ
გიორგაძე მამუკა
გიორგაძე პანტელეიმონ
გოგებაშვილი იაკობ
გოგელია არჩილ
გოლემბიოვსკი იგორ
გორბაჩოვი მიხეილ
გრიგალაშვილი ნოდარ
გულუა ბაკურ
დ
დადიანი აღათი
დადიანი გრიგოლ
დადიანი ცოტნე
დადიანი-მასხარაშვილი ბაბო
დავით აღმაშენებელი
დევნოსაძე ბაგრატ
დემირელი სულეიმან
დემეტრაშვილი ავთო
დიუმა ალექსანდრე
ე
ელიავა აკაკი
ელცინი ბორის
ერეკლე მეორე
ვ
ვალავი შალმან
ვოლსკი არკადი
ვულფენსონი ჯეიმს
ზ
ზოდელავა ვანო
თ
თამარ მეფე
თარგამაძე კახა
თევზაძე დავით
თორთლაძე გია
თოხაძე გურამ
ი
იავლინსკი გრიგორ
იაკოვლევი ალექსანდრე
იალოვიცი კენეტ
იაროვი იური
იესო ქრისტე
იმედაშვილი კობა
იოსანო კაორუ
ისაკაძე თედო
კ
კალანდაძე ანა
კალანდია გენო
კამდესიუ მიშელ
კანტი იმანუილ
კარიმოვი ისლამ
კეზინა ლარისა
კირიენკო სერგეი
კირთაძე ნესტან
კისინჯერი ჰენრი
კიტოვანი თენგიზ
კიღურაძე ვარვარა
კლინტონი ბილ
კოკაური დავით
კოლი ჰელმუტ
კულიჯანოვი ლევ
კერესელიძე ანა
კოსტავა მერაბ
კუჩმა ლეონიდ
ლ
ლეონიძე გიორგი
ლორთქიფანიძე ვაჟა
ლორთქიფანიძე მარიკა
ლუი მეთოთხმეტე
ლუჩინსკი პეტრე
ლუჟკოვი იური
მ
მაიმანი იოსებ
მაკალა ალექსანდერ
მამულიანი რუბენ
მასხადოვი ასლან
მაღლაკელიძე თამაზ
მაღრაძე დათო
მაცკე რიჩარდ
მაჭავარიანი ირაკლი
მენაღარიშვილი ირაკლი
მილოშევიჩი სლობოდან
მინს ძიან ძე
მიტერანი ფრანსუა
მიშველაძე რევაზ (რეზო)
მორნინგსტარი რიჩარდ
მოსაშვილი ზვიად
მოსიძე ვახტანგ
ნ
ნათელაშვილი შალვა
ნაკაიამა ტარო
ნაზარბაევი ნურსულთან
ნეთანიაჰუ ბენიამენ
ნიაზოვი საფარმურატ
ნიქსონი რიჩარდ
ნიშნიანიძე შოთა
ნონეშვილი იოსებ
ო
ობუჩი კეიზო
ორჯონიკიძე იზა
ოქროპირიძე ალექსანდრე
პ
პოპოვი იური
პრიმაკოვი ევგენი
პუშკინი ალექსანდრე
ჟ
ჟირინოვსკი ვლადიმერ
ჟვანია ზურაბ
რ
რაუ იოჰანეს
რეიგანი რონალდ
რუცკოი ალექსანდრე
რჩეულიშვილი ვახტანგ
ს
საგდეევი როალდ
საგინაშვილი თამარ
სამარანჩი ხუან ანტონიო
სანებლიძე არმაზ
სანიკიძე ლევან
სალარიძე დავით
საული (გაერთიანებული ისრაელის სამეფოს პირველი მეფე)
საფარმურატ ნიაზოვ
საღარაძე გურამ
სესტანოვიჩი სტივენ
სობჩაკი ანატოლი
სოლანა ხავიერ
სოროკინა სვეტლანა
სულხან-საბა ორბელიანი
სტეფანოპულოსი კონსტანტინოს
სტეპაშინი სერგი
ტ
ტაბიძე გალაკტიონ
ტაბიძე ტიციან
ტაბლიაშვილი ვახტანგ
ტარში დანიელ
ტეტჩერი მარგარეტ
უ
უგრეხელიძე მინდია
უკლება მიხეილ
ფ
ფალიაშვილი ზაქარია
ფანასკერტელ-ციციშვილი ზაზა
ფარნავაზ I
ფიშერი ლენი
ქ
ქაშაკაშვილი ბენო
ქიქოძე გაბრიელ
ქოჩარიანი რობერტ
ქუთათელაძე აპოლონ
ყ
ყანჩელი
შ
შალიკაშვილი დავით
შარაძე გურამ
შატალინი იუ
შაშიაშვილი თემურ
შევარდენიძე კახა
შევარდნაძე მანანა
შევარდნაძე ნანული
შევარდნაძე პაატა
შენგელია ზაზა
შერვაშიძე-ჩაჩბა გიორგი
შერვაშიძე მერი
შირაკი ჟაკ
შოთა რუსთაველი
შუბლაძე ვაჟა
შულცი ჯორჯ
შურღაია ვალტერ
ჩ
ჩერნომირდინი ვიქტორ
ჩიბიროვი ლუდვიგ
ჩიკვილაძე მიხეილ
ჩიმიშკიანი რაფაელ
ჩხარტიშვილი ვანო
ჩხეიძე ვალერი
ც
ციციშვილი ირაკლი
ძ
ძასოხოვი ალექსანდრე
წ
წივწივაძე თამაზ
ჭ
ჭავჭავაძე ალექსანდრე
ჭავჭავაძე ზურაბ
ჭანტურია ლადო
ჭაჭია ალექსანდრე
ხ
ხაბეიშვილი სოლიკო
ხახუტაიშვილი დავით
ხაჭაპურიძე ავთანდილ
ხელაია ამბროსი
ხეცურიანი ჯონი
ხომერიკი ალეკო
ხრუშჩოვი ნიკიტა
ჯ
ჯავახიშვილი ივანე
ჯაფარიძე გიგა
ჯიქია ბონდო
ჯონსტონი ლორდ რასელ
ჰ
ჰატაკეიამა ისეი
ჰაშიმოტო სეიკო
ჰერცოგი რომან
![]() |
92 ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშა
ავსტრია
ავღანეთი
აზერბაიჯანი
ათენი
ალავერდი
ალბანეთი
ალანია
ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ, ამერიკა
ანაკლია
ანკარა
ატლანტიკის ოკეანე
აფხაზეთი
აშხაბადი
ახალგორი
ახალქალაქი
ახალციხე
აჭარა
ბ
ბაგრატის ტაძარი
ბათუმი
ბაკურიანი
ბალკანეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძული, ბალკანეთის ქვეყნები
ბალტიისპირეთის ქვეყნები
ბაქო
ბედიის საკათედრო ტაძარი
ბელორუსია
ბენილუქსის სახელმწიფოები
ბიჭვინთა
ბიჭვინთის ტაძარი
ბორჯომი
ბოსნია
ბოსფორის სრუტე
ბრაზილია
ბრიუსელი
ბულგარეთი
ბურგა
გ
გალი
გერმანია
გორი
გურია
დ
დანია
დედოფლისწყარო
დიდი ბრიტანეთი
დუნაისპირა სახელმწიფო
დუშეთი
ე
ევერესტი
ენგურის ხიდი
ერაყი
ესპანეთი
ესტონეთი
ვ
ვაიომინგი
ვანკუვერი
ვარნა
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრი
ვაშინგტონი
ვლადივოსტოკი
ვლადიკავკაზი
ზ
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თბილისი
თელავი
თურქეთი
თურქმენეთი
ი
იალტა
იაპონია
ილიჩოვსკი
იმერეთი
ინდოეთი
ინდონეზია
იორდანია
ირანი
ისრაელი
იტალია
იუგოსლავია
იყალთოს აკადემია
კ
კავკასია
კასპი
კასპიის ზღვა
კახეთი
კეხვი-ვანათი
კიოტო
კიშინიოვი
კოდორის ხეობა
კოლორადო
კოლხეთი
კონსტანცა
კორეა
კოსოვო
კრასნოიარსკის აეროპორტი
კრწანისი
კურილის კუნძულები
ლ
ლენინგრადი
ლისაბონი
ლიხნის ტაძარი
ლუქსემბურგი
მ
მალაიზია
მალტა
მამათი
მარნეული
მდინარე ძირულა
მესტია
მესხეთი
მინსკი
მოგვის ტაძარი
მოლდავეთი
მოლდოვა
მოსკოვი
მცხეთა
მცხეთის ქუჩა
ნ
ნიდერლანდები
ნიუ-იორკი
ნოვოროსიისკი
პ
პარიზი
პეტერბურგი
პოლონეთი
ჟ
ჟენევა
რ
რამბუიე
როკის გვირაბი
რომი
როტერდამი
რუმინეთი
რუსეთი
რუსთავი
ს
საბერძნეთი
საგარეჯო
სამტრედია
სამცხე-ჯავახეთი
სამხრეთ ამერიკა
სამხრეთ კავკასია
სამხრეთ კორეა
სამაჩაბლო
სამეგრელოს რაიონი
სამსუნი
სარაევო
საფრანგეთი
სერბეთი
სერბია
სენაკი
სვანეთი
სინგაპური
სკანდინავიის ქვეყნები
სლოვაკეთი
სომხეთი
სპარსეთის ყურე
სოხუმი
სტავროპოლი
სტრასბურგი
სუფსა
სუფსის ტერმინალი
ტ
ტაჯიკეთი
ტოკიო
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
უნგრეთი
ფ
ფილიპინები
ფოთი
ქ
ქართლი
ქუთაისი
ყ
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყარაბაღი
შ
შავი ზღვა
შავი ზღვის აუზის ქვეყნები, შავი ზღვის ქვეყნები, შავი ზღვისპირეთის ქვეყნები
შვედეთი
ჩ
ჩეჩნეთი
ჩეხეთი
ჩეხოსლოვაკია
ჩინეთი
ჩრდილოეთ ოსეთი
ჩუღურეთი
ც
ცეილონი
ცენტრალური აზია, ცენტრალური აზიის ქვეყნები
ციმბირი
ცხინვალი, ცხინვალის რეგიონი
ძ
ძარწემი
წ
წინანდალი
ჭ
ჭიათურა
ჭუბერ-საკენის საავტომობილო გზა
ხ
ხონი
ხორვატია
ჰ
ჰააგა
ჰიუსტონი
ჰოლანდია
ჰონკონგი
![]() |
93 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია
1956 წლის 9 მარტის ტრაგედია
ა
„აბრეშუმის გზა“
აგვისტოს პუტჩი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ტრაგედია
ბ
ბაქოს დეკლარაცია
ბაქო-სუფსის მილსადენი
ბაქო-ჯეიჰანის პროექტი
ბერლინის კედელი
ბისეკი
ბოლშევიზმი, ბოლშევიკური რეჟიმი
გ
გაერო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
გაზეთი „ველთ ამ ზონნთაგ“
გაზეთი „იზვესტია“
გაზეთი „რეზონანსი“
გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“
გენოციდი
ე
ევრაზიის დერეფანი
ევრაზიის ხიდი
ევრობანკი
ევროსაბჭო
ეთნოწმენდა, ეთნიკური წმენდა
ემანუილ კანტის პრემია, იმანუილ კანტის პრემია
ენგურჰესი
ენერგეტიკული თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამა „ინოგეიტი“
ეუთო
ვ
ვარდნილჰეს-1
ვაშინგტონის სამიტი
ვილნიუსის ტრაგედია
ი
იალტის სამიტი
ისააფის პროგრამა
იუნესკო
იყალთოს აკადემია
კ
კანტის სახელობის პრემია
კოსოვოს ტრაგედია
ლ
ლაჯანურჰესი
ნ
ნატო
ნიქსონის სახელობის პრემია
ო
ონასისის სახელობის პრემია
პ
პოსტსაბჭოური აზია
ჟ
ჟენევის პროცესი
ს
საბჭოთა იმპერია
საბჭოთა კავშირი
საგარეო პოლიტიკა
საერთაშორისო განვითარების ბანკი
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“
სამოქალაქო ომი
საპენსიო ფონდი
სატელევიზიო გადაცემა «Герой Дня»
საშინაო პოლიტიკა
სიკვდილით დასჯა
სიტყვის თავისუფლება
სოროსის ფონდი
სუამი
ტ
ტელეკომპანია «НТВ», ტელეკომპანია „ენტევე“
ტრანსკაპიური გაზსადენი
ტრასეკას პროექტი
ფ
ფაო (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO))
ქ
ქართულ-ოსური კონფლიქტი
ყ
ყარაბაღის კონფლიქტი
ჩ
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები
ც
ცივი
ხ
ხრამჰეს