![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი XX, ნაწ. 2) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2022 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები ტომი XX (ნაწ. 2) ედუარდ შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები (1999 წლის ივლისი-დეკემბერი) თბილისი 2022. სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ნატო გაბელაია, ნათია ხოტენაშვილი, თინათინ სულუხია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი ISSN UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) გ-124 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9803-4-3 |
![]() |
1 მის აღმატებულებას, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ რობერტ ქოჩარიანს |
▲back to top |
სანთელი
ღრმად პატივცემულო ბატონო რობერტ,
გულისტკივილით აღვიქვით საქართველოში ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ პირველის გარდაცვალების ამბავი.
სომეხმა ხალხმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ მძიმე დანაკლისი განიცადეს. ამქვეყნიური ცხოვრებიდან წავიდა ქრისტიანობისათვის თავდადებული მუშაკი - მღვდელმთავარი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ღვთისა და ხალხის ერთგულ სამსახურს შესწირა.
მისი უწმინდესობის ხსოვნა მარად დარჩება თავისი სულიერი შვილების, ყოველი სომეხი მოქალაქის გულში.
ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე.
მის აღმატებულებას, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ რობერტ ქოჩარიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 2 ივლისი. - №174 (3215). - 1 გვ.
![]() |
2 „საქართველო ძალიან სწრაფად, ალბათ, ვერა, მაგრამ კორუფციას ძირითადად დაძლევს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი 1999 წლის 5 ივლისს
(სტენოგრაფიული ჩანაწერი)
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: გასულ კვირას პარლამენტის რამ-დენიმე დეპუტატმა, მათ შორის, მოქალაქეთა კავშირის წევრებმაც, დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ჯაბა იოსელიანის განთავისუფლების თაობაზე. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი?
ე. შევარდნაძე: ხელმოწერებისადმი - ჩვეულებრივი. ყველას აქვს უფლება ხელმოწერები შეაგროვოს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამას გარკვეული დრო, ფიქრი სჭირდება. ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ბატონი ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო. მას უმაღლეს დონეზე ჩაუტარდა საკმაოდ რთული ოპერაცია და მისი მდგომარეობა დღეს სავსებით ნორმალურია, ხელისუფლებას და მეც მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფალია ის თუ თავისუფლებააღკვეთილი, საფრთხე არ ემუქრებოდეს.
„პრაიმ-ნიუსი“: 6-7 ივლისს თბილისში დაგეგმილია აფხაზეთის პრობლემის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა. მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მის მუშაობაში და, საე- რთოდ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ მას?
ე. შევარდნაძე: ვფიქრობ, არის თუ არა მიზანშეწონილი ჩემი მონაწილეობა. შეიძლება ღირდეს მონაწილეობის მიღება, შეიძლება, უმჯობესი იყო ჩემს გარეშე გაიმართოს, რათა არ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებს თავს ახვევს თავის შეხედულებებს. შეიძლება ასე ჯობდეს. მე ცოტა დრო კიდევ მაქვს და ვიფიქრებ.
სააგენტო „ინტერფაქსი“: ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო დღეებში და, საერთოდ, ბოლო ხანებში ძალიან იძაბება. თუ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზი, როგორ განვითარდება მოვლენები და ეს დაძაბულობა რაიმე გავლენას ხომ არ მოახდენს საქართველოზე?
ე. შევარდნაძე: ჩემთვის ძალიან ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ როცა გამოვედი ინიციატივით „მშვიდობიანი კავკასიის“ შესახებ, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებსაც ვგულისხმობდი. ბევრი მათგანი, ბევრი მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში, ბევრი პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი ამ მოძრაობაში ჩაბმულია. ეს შემთხვევითი არ არის. ყოველგვარი არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ გავლენას იქონიებს საქართველოზე და, საერთოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. ასევე, ყოველგვარი არასტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში აუცილებლად აირეკლება ჩრდილოეთ კავკასიის ცხოვრებაზე.
„ინტერფაქსი“: რუმინეთმა, უნგრეთმა და ბულგარეთმა ნება არ დართეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს გადაეფრინათ ამ ქვეყნებზე. ამასთან, რუსეთის თვითმფრინავებმა გაუფრთხილებლად გადაუფრინეს საქართველოს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთი საერთოდ არაფრად აგდებს საქართველოს?
ე. შევარდნაძე: სიმართლის ნაწილი თქვენს კითხვაში, რა თქმა უნდა, არის. ამ ქვეყნებს რუსეთმა მეტი ანგარიში გაუწია და წინასწარ ითხოვა ნებართვა. ამიტომ მათ ჰქონდათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ამ თხოვნის მიმართ და, ფაქტობრივად, უარი უთხრეს, რაც შეეხება საქართველოზე გადაფრენას, უნებართვოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა. დიდია ქვეყანა თუ პატარა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე ამას წინათ ვისაუბრე ამის შესახებ და ეს სერიოზული განხილვისა და მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. ჩვენ არ გვინდა მივმართოთ უკიდურეს ღონისძიებებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობით და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ ორივე მხარე უნდა შეეცადოს, რომ ამის მსგავსი ინციდენტი არ დაუშვან.
სააგენტო „რია-ნოვოსტი“: გასულ კვირას არაოფიციალურმა წყარომ სომხეთიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივლისს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას საბერძნეთს, ირანსა და სომხეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის შესახებ. ნათქვამი იყო, რომ ოფიციალურმა ათენმა თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას შეუერთდეს უკვე შექმნილ ეკონომიკურ კავშირს ამ ქვეყნებს შორის და რომ მომავალში შეეცდებიან საქართველოს შეერთებას ახალ კავშირთანაც, რომელიც თითქოს მიმართულია რუსეთთან თანამშრომლობისაკენ და ნატოს წინააღმდეგ. თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია და როგორ კომენტარს გააკეთებდით?
ე. შევარდნაძე: არ მაქვს ასეთი ცნობა და არ შემიძლია კომენტარი გავუკეთო თქვენს ნათქვამს. არც წამიკითხავს და არავის არაფერი შემოუთავაზებია. 1-2 წლის წინათ იყო კონსულტაციები ირანს, საბერძნეთსა და სომხეთს შორის. ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ლაპარაკი იყო ჩვეულებრივ კონსულტაციებზე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია, მაგრამ ვთხოვეთ ჩაერთოთ ამ კონსულტაციებში აზერბაიჯანიც. ასეთ პატარა რეგიონში რომელიმე სახელმწიფოს იზოლირება არცთუ გამართლებულია პრაქტიკულად, სტრატეგიულად და ტაქტიკურად. ამ თემაზე მეტი საუბარი ჩვენ არ გვქონია.
გაზეთი „ალია“: რადიოინტერვიუში ბრძანეთ, რომ გადასახადების ამოღება იზრდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოციალური სფერო ხელისუფლების კვლავაც ყველაზე სუსტ წერტილად რჩება. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არა არჩევნების წინ დარიგებული ხელფასები და პენსიები, არამედ იმ პირების დასჯა, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენეს ქვეყანას და ასე ვთქვათ, კორუმპირებულები არიან. ასეთ ფონზე ასლან აბაშიძის განცხადება, რომ, თუ ის მოვა ხელისუფლებაში, ძალიან მკაცრად მოსთხოვს ყველას პასუხს, საკმაოდ მაცდუნებლად ჟღერს, რადგან თბილისი ლოიალურად არის განწყობილი იმათ მიმართ, ვინც სირთულეებს უქმნის არჩევნებში ხელისუფლებას.
ე. შევარდნაძე: ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ვინც მოვა საქართველოს ხელისუფლებაში. ვინ იქნება ეს არ ვიცი, იცის მხოლოდ ხალხმა და მხოლოდ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს. რაც შეეხება ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემებს, არაერთხელ მითქვამს, რა გახდა ამის მიზეზი. მიზეზია ის კრიზისი, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ქვეყნის შიგნით განვითარებული საბიუჯეტო კრიზისი დაკავშირებულია გარკვეულწილად კორუფციასათან, აღურიცხაობასთან და ბევრ სხვა მოვლენასთან. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის ძალიან მძლავრი, სერიოზული გავლენა რუსეთის კრიზისისა. რუსეთის კრიზისმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსებს. ისევე, როგორც თვითონ რუსეთისა და იმ ქვეყნების ეკონომიკას, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული ეკონომიკური კავშირებით.
რაც შეეხება კორუფციას, ის არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც, როგორც ზოგიერთს ჰგონია, პრეზიდენტის მაგიდაზე ხელის გაბედული დარტყმით მოგვარდება. ასე არ არის. ბევრიც დააპატიმრეს, ბევრიც პასუხისგებაშია მიცემული. მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან ათასამდე კაცია დათხოვნილი. ბევრი დაპატიმრებულიც არის. ასევეა საგადასახადო სამსახურში. მაგრამ, ამავე დროს, გარდა ადმინისტრაციული და, მე ვიტყოდი, რეპრესიული ღონისძიებებისა, აუცილებელია სათანადო მიზეზების მიგნება და აღმოფხვრა. მაგალითად, სიგარეტის ბიზნესიდან ქვეყნის ბიუჯეტში შემოდიოდა სულ რაღაც 300-600 ათასი ლარი. მას შემდეგ, რაც აქციზური მარკები შემოვიღეთ, სიგარეტის ბიზნესიდან 10 მილიონამდე ლარი შემოდის ყოველთვიურად. ესე იგი, საჭიროა არა მარტო მოწოდებები, ხმაური და თუნდაც შიშველი ხმალი, არამედ ისეთი ხერხებისა და მეთოდების ძიება, რომლებიც გამორიცხავს კორუფციის ფართო მასშტაბით გავრცელებას. დიდი ხანია ეს საკითხი მზადდება. მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსენება, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საქართველოში სახელმწიფო რეგისტრის საკითხი. ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც რაღაცას ქმნის, უნდა იყოს რეგისტრირებული, აღრიცხული. აღრიცხვა იგზავნება ავტომატურად საგადასახადო ინსპექციაში და, თუ პიროვნებას ეკუთვნის გადასახადის გადახდა, უნდა გადაიხადოს. ასევე, ზოგიერთ სხვა დარგში. ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს საზღვაო ფლოტში, ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ქვეყანა იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, რომელ სფეროშიც უნდა იყოს. ასეთი გეგმა კიდევ ბევრია სხვადასხვა დარგში. მაგალითად, საბაჟო სამსახურში მიმდინარე ღონისძიება - უცხოელთა დაქირავება აპრობირებული მეთოდია. კონტრაქტში ჩადებულია პირობა, რომ ისინი გარკვეული დროის შემდეგ ჩამოვლენ, დადგებიან საქართველოს საბაჟოებზე ორივე მხარეს (მოსაზღვრე ქვეყნებთანაც ექნებათ სათანადო კონტრაქტები გაფორმებული) და საბაჟო შემოსავლებს, როგორც მინიმუმი, 50 პროცენტით გაადიდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ 50 პროცენტი იკარგება. სხვა გზით, რამდენი მებაჟეც უნდა დავიჭიროთ და გავასამართლოთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ აბსოლუტური წესრიგის დამყარება შეუძლებელია. უნდა იყოს იდეალური აღრიცხვა, უცხო თვალი, ისეთი ადამიანი, რომლის მოსყიდვა შეუძლებელია, და მას უნდა გააჩნდეს ყველა ხერხი და მეთოდი, რათა ეს არხი ამოიგმანოს. თანდათანობით, მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ასეთი ძალიან დიდი და მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობს და, ვფიქრობ, შედეგებს მივიღებთ. საქართველო ძალიან სწრაფად, ალბათ, ვერა, მაგრამ კორუფციას ძირითადად დაძლევს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს არის ჩვენი პრინციპის საკითხი და არავითარ საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, რას ვაპირებთ, მაგრამ არა იმისათვის, რომ მისი ხმები ვიყიდოთ, არამედ იმისათვის, რომ იცოდეს სიმართლე, რას აკეთებს ქვეყანა, რა პერსპექტივები აქვს. ხოლო ვის აირჩევენ პრეზიდენტად, ეს მათი საქმეა.
„ალია“: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტთან დაკავშირებით ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა. ზოგიერთი ქვეყანა ამ მარშრუტს მხარს უჭერდა. ზოგი - ეწინააღმდეგებოდა. ხომ არ შეცვლილა თბილისის პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
ე. შევარდნაძე: ანკარაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას იმის შესახებ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აუცილებლად აშენდება. ჩვენ სიტყვის პატრონი ვართ და ეს დეკლარაციაც ძალაში რჩება.
სააგენტო „იტარ-ტასი“: ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიაღწევს იმას, რომ ივლისის ბოლოსთვის გაეროს უშიშროების საბჭომ ოფიციალურად დააფიქსიროს აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტი, დააფიქსიროს ის, რაც ეუთოს ლისაბონისა და ბუდაპეშტის სამიტზე არის აღიარებული. რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება და პირადად თქვენ იმისათვის, რომ უშიშროების საბჭომ ნამდვილად მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და შეიტანოს ასეთი პუნქტი რეზოლუციაში? არ არის გამორიცხული, რომ უშიშროების საბჭოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდეს.
ე. შევარდნაძე: სერიოზული ღონისძიებები ხორციელდება. ამ დღეებში ხელს მოვაწერ წერილს გაეროს გენერალური მდივნისა და უშიშროების საბჭოს ყველა წევრისადმი, რომელშიც არის შესაბამისი არგუმენტაცია და თხოვნა, რომ მხარი დაუჭირონ ამ სამართლიან მოთხოვნას. მეორეც, თბილისში იმყოფება საქართველოს წარმომადგენელი გაეროში პეტრე ჩხეიძე. გაიმართა კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეც შევხვდი, მან მიიღო აუცილებელი მითითებები და იწყება სერიოზული მუშაობა ამ დოკუმენტის მომზადებისათვის და საბჭოს წევრი ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის მოსამზადებლად, რომლებიც როგორც ყოველთვის, ან სიფრთხილეს იჩენენ, ან იკავებენ ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას. ძირითადად, ეს არის რუსეთი, რომელმაც, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ლისაბონისა და ბუდაპეშტის სამიტებზე ძალიან აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს პოზიციას. არ გამოვრიცხავ, რომ უშიშროების საბჭოშიც იგივე მოხდება. ეს ჩვენი პრინციპული თხოვნაა. შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრს სპეციალურად მოუწიოს გამგზავრება. არ გამოვრიცხავ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა, დეპუტატების გამგზავრებასაც. თავად უშიშროების საბჭოს სხდომაზე მათი დასწრება, ალბათ, არ მოხერხდება, რადგან არ არის ასეთი პრაქტიკა. თუ მიიწვევენ ერთ მხარეს, უნდა მიიწვიონ მეორეც. რაც შეეხება საქართველოს, მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. თქვენ გახსოვთ, მე იქ ორჯერ გამოვედი სიტყვით, ასევე - მენაღარიშვილი. ასე რომ, ღონისძიებები ხორციელდება და, ვნახოთ, რა გამოვა.
„იტარ-ტასი“: ივნისის ბოლოს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის გაიმართა კონსულტაციები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოგახსენებდათ შედეგების შესახებ. მოგახსენათ თუ არა რა გადაწყვეტილება მიიღეთ?
ე. შევარდნაძე: მომახსენა და გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ კონსულტაციები.
„იტარ-ტასი“: ამერიკის კონგრესის მიერ „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების მხარდამჭერი პროგრამის მიღება ხომ არ ნიშნავს, რომ აშშ-მ ოფიციალურად გადაწყვიტა უფრო აქტიურად ჩაერთოს კავკასიის ათვისებასა და რეგიონიდან რუსეთის გაძევებაში?
ე. შევარდნაძე: გულახდილად გეტყვით, რომ ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, დაგვეჩქარებინა კონგრესის მიერ ამგვარი, ძალზე საჭირო, მე ვიტყოდი, ისტორიული კანონპროექტის მიღება. ვფიქრობ, აქ არ არის არანაირი მეტოქეობა. ასეთი პროგრამა მიღებული აქვს იაპონიის მთავრობას. ბაქოს შეხვედრაში, სადაც დეკლარაცია მივიღეთ, მონაწილეობდა 34 სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთი. მე არაერთხელ შევთავაზე რუსეთის ხელმძღვანელობას, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტის განხორციელებაში. რუსეთისთვის ეს მომგებიანია და საქართველო ყველაფერს იღონებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, აფხაზეთში კონფლიქტია. მისი მოწესრიგება გიგანტურ შესაძლებლობებს შექმნის ტვირთებისა და ხალხის ნაკადების მოძრაობისათვის ჩრდილოეთიდან სამხრეთისა და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს არ ვგულისხმობ. იგულისხმება უფრო დაშორებული სახელმწიფოებიც.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: რუსულ და თურქულ გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა ასლან აბაშიძეზე დაყრდნობით, სადაც იგი აცხადებს, რომ მან საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს პრეზიდენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მის გარემოცვაში გარკვეული პირები ერთგვარი სამხედრო გადატრიალებისათვის ემზადებიან და ამისათვის იყენებენ მუსულმან ტერორისტებს. იყო თუ არა თქვენს შორის მსგავსი საუბარი და თუ დაადასტურებთ ამ ინფორმაციას?
ე. შევარდნაძე: როდესაც ბატონ ასლანთან მაქვს შეხვედრები, ტერორიზმის თემას, რა თქმა უნდა, ვეხებით და არცთუ უსაფუძვლოდ. ჩემს თავს თუ ვიგულისხმებთ და იმას, რაც მას ადრე შეემთხვა, საფუძველი არის.
რაც შეეხება იმას, რომ ჩემს გარემოცვაში უცხოელი თუ მუსულმანი ტერორისტები არიან, ანდა აქ, საქართველოს რომელიმე რეგიონში ასეთი ხალხი რეალურად არსებობს, მე არა მგონია, ამას სერიოზული საფუძველი ჰქონდეს. ერთადერთი უცხო ძალა საქართველოში არის რუსეთის სამხედრო ბაზები. მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუ ასეთი არსებობს, სწორედ იქ არის თავმოყრილი, სხვაგან სერიოზული ტერორისტული ძალების თავმოყრა წარმოუდგენელია. მე არა მგონია, რომ რუსეთმა იკადროს ასეთი რამ და ასეთი რაზმები შექმნას.
მეორე საკითხია (მე ბოდიშს მოვუხდი ბატონ ასლანს, თუ მან ასე არ თქვა, მაგრამ მე ასე გავიგე), რომ მუსულმანებზე აქცენტის გადატანა, როცა ლაპარაკია ტერორისტებზე, ერთგვარად შეურაცხმყოფელია მთელი მუსულმანური სამყაროსათვის. მე ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ორჯერ ჩემზე თავდასხმა განახორციელეს არა ისლამისტებმა და მუსულმანებმა, არამედ ჩვენმა ძმებმა ქართველებმა, ქრისტიანებმა. ასე რომ, ასეთი დაყოფა, რომ მუსულმანურ სამყაროში არიან ტერორისტები და ქრისტიანული სამყარო უცოდველია, მიუღებელია ჩემთვის.
„რუსთავი-2“: გაზეთ „იზვესტიაში“ გუშინ გამოქვეყნდა, რომ საქართველოს გენერალურ შტაბს აქვს აფხაზეთის სამხედრო ძალით დაბრუნების გეგმა, რამდენად სერიოზულია ეს განცხადება?
ე. შევარდნაძე: ჯერ ერთი, ასეთი გეგმა თუ არსებობს, უნდა არსებობდეს საიდუმლოდ. თუ ასეთი გეგმა საიდუმლო არ არის, მაშინ ის გეგმა აღარ არის. მე ათასჯერ განმიცხადებია, რომ ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და კოლეგებთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობას ვგულისხმობ, ჯერჯერობით კურსი გვაქვს მშვიდობიან მოწესრიგებაზე. თქვენ იცით, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ გალის კონფლიქტი არ გადაზრდილიყო დიდ კავკასიურ ომში და მაშინ ეს მოხერხდა. ვიმეორებ, თუ არსებობს რაღაც სერიოზული გეგმა, ვერავითარი დაზვერვა იქამდე ვერ მიწვდება და ასეთი ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე შეიძლება იყოს.
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“: დაახლოებით ორი თვის წინათ აჭარის ხელისუფლებამ საქართველოს ფაქტობრივად ბრალი დასდო ტერორიზმში. ეს თემა ჩაიფარცხა, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების მინისტრი იყო ბათუმში, პასუხი მაინც ძალიან ბუნდოვანია. ამ დღებში საქართველოს ხელისუფლებას ისეთი სიტყვები უწოდეს, ჩემთვის გამეორება ძალიან ძნელია. რა მდგომარეობაა, ეს ნორმალური მდგომარეობაა თუ ავადმყოფური? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შეიძლება არჩევნებიც საეჭვო გახდეს? საით მივდივართ?
ე. შევარდნაძე: რაღაც მინიშნებების გამო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტერორისტების მიმართ ხელშეწყობის შესახებ თავის მართლება რომ დავიწყო, სერიოზულად არც თქვენ მიიღებთ და არც მე, რადგან ამის მსგავსი ბუნებაში იდეაც კი არ შეიძლება არსებობდეს. ადრე, როცა ქვეყანაში ქაოსი სუფევდა, შეიძლება რაღაც ჯგუფებს მსგავსი მიზნები ჰქონოდათ. რაც მე სახელმწიფოს მეთაური და შემდეგ პრეზიდენტი ვარ, ამის მსგავსი რამ არ ყოფილიყო, ალბათ, ჩემთვის აუცილებლად ცნობილი გახდებოდა.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მე მგონია, რომ ზედმეტი დრამატიზება ხდება იმისა, რის დრამატიზებაც საჭირო არ არის. საქართველოს სანაოსნოში რომ წესრიგი უნდა იყოს, ამით აჭარაც და ცენტრალური ხელისუფლებაც ერთნაირად უნდა იყვნენ დაინტერესებული. მე არაფერს მოვითხოვ გარდა იმისა, რომ ჩატარდეს გამოძიება და აღვადგინოთ სრული სურათი, რა მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში. წინა წლებში, როცა ჩვენ ფაქტობრივად სახელმწიფო არ ვიყავით, რა თქმა უნდა, ვერ ვფლობდით სიტუაციას. მაგრამ ახლა მოვიდა დრო, რომ ცენტრმა თავისი საქმე აკეთოს და რეგიონმა - თავისი. მე, მაგალითად, ერთ-ერთ გამოსავლად მიმაჩნია ის, რომ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ყველაფერი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამავე დროს, მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების უფლებაა, რადგანაც ფლოტი სახელმწიფოს საკუთრებაა და უნდა განაგებდეს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება, დანიშნოს საერთაშორისო აუდიტი ფლოტში თანხების მოძრაობის შესამოწმებლად. როცა ჩატარდება აუდიტი და დამთავრდება გამოძიება, მე საშუალება მექნება უფრო დეტალურად გიპასუხოთ. დღეს ყველას მოვუწოდებ, რომ ზედმეტი დრამატიზებისაგან თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ ხშირად, თუ ფაქტი შეუმოწმებელი და საეჭვოა, იწვევს ზედმეტ დაძაბულობას არა მარტო ერთ რეგიონთან, არამედ მთელ საზოგადოებაში. ეს აჭარასაც ეხება და სხვებსაც, ვისაც სათანადო ფაქტები არ გააჩნიათ. ფაქტები თუ არის, ალბათ უნდა დავწეროთ და ვილაპარაკოთ კიდეც. მით უმეტეს, თავი უნდა შევიკავოთ და ნერვები მოვთოკოთ, როდესაც წინ გვაქვს ისეთი სერიოზული გამოცდა, როგორიც არის არჩევნები, პარლამენტის და შემდეგ პრეზიდენტის. ამ ორი-სამი თვის წინათ მოვუწოდე ყველას, რომ შევეცადოთ (ჩვენ საკმაოდ წავიწიეთ წინ დემოკრატიული განვითარებების გზაზე) ვიყოთ მაქსიმალურად კორექტულნი, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია პრეტენდენტზე - მხედველობაში მაქვს პარტიები, პოლიტიკური ძალები და პრეზიდენტობის კანდიდატები. ვიყოთ მაქსიმალურად კორექტულნი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში. შეიძლება ყოველთვის ვერ მოვახერხოთ, შეიძლება მდგომარეობა ცოტათი უფრო გამწვავდეს, მაგრამ არჩევნები საქართველოში ყველა შემთხვევაში გაიმართება. აჭარამ რატომ უნდა თქვას უარი იმ შესაძლებლობაზე, რომელიც მას აქვს - „აღორძინების კავშირმა“ საკმაოდ ბევრი ადგილი მოიპოვა მუნიციპალური არჩევნების დროს. მას აქვს საშუალება, რომ იბრძოლოს და წესიერი და პატიოსანი გზით არჩევნებში მიაღწიოს გარკვეულ წარმატებებს და პარლამენტშიც სათანადო ძლიერი ჯგუფი ჰყავდეს, ასე რომ, საფუძველი იმისათის, რომ არჩევნებს რაღაც ემუქრება, ჯერჯერობით არ არსებობს. მე მეგონა, რომ არც იარსებებს.
„მოსკოვსკიე ნოვოსტი“: უკაცრავად, მაგრამ გუშინდელ გამოსვლაში გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აჭარის პროკურატურა პრაქტიკულად არ აძლევს მასალებს. არის საშიშროება, რომ ეს საქმეც ისე ჩაიფარცხება, როგორც სხვა საქმეები. ყველასათვის ცნობილია, რომ ის გემები ხუთი წლის წინათ იყო გაყიდული. რა ბანკში ტრიალებდა ეს თანხები, ვინ დგას ამ ბანკის უკან და რომელი ოჯახის წევრები - ესეც ცნობილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ამოტივტივდა...
ე. შევარდნაძე: არავის აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას აუკრძალოს სათანადო ღონისძიებების, მით უმეტეს, საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც დამატებითი ძალები, შეიარაღებული რაზმები უნდა შეიყვანონ - ეს ბუნებრივია. გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ გამომძიებლების შესვლა ჩვეულებრივი მოვლენაა და ვისაც სიმართლის ეშინია, ხელი უნდა შეუწყონ მათ, რომ თავისი მოვალეობა შეა- სრულონ, მათ შორის, ქვეყნის გენერალური პროკურორის წარმომადგენლებს.
გაზეთი „მენორა“: დღევანდელი მსოფლიო პრესა და მთელი ისრაელი ძალიან შეშფოთებულია იმ მოვლენების გამო, რაც ირანში ვითარდება - დაიწყო ებრაული მოსახლეობის მასობრივი დაპატიმრება. ამის გამო მთელ მსოფლიოში დაიწყო მოძრაობა მათი განსაკუთრებით, ებრაელი სასულიერო მოღვაწეების მხარდასაჭერად. მასში ჩაერთნენ საკმაოდ ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები. თქვენ პატივს გცემენ მთელ მსოფლიოში. ვიცი, რა პატივისცემით გეკიდებიან ასევე ირანის პოლიტიკური მოღვაწეები. თქვენ ადრეც იბრძოლეთ იმისათვის, რომ გადაგერჩინათ ებრაელი მფრინავი, რომელიც ირანში ჩავარდა ტყვედ. ახლაც ხომ არ მიიღებდით მონაწილეობას ებრაელი სასულიერო პირების სიცოცხლის გადარჩენაში ამ აქციის მონაწილე სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად?
ე. შევარდნაძე: მინდა გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი ყოველივე ამას, თუმცა არ შემიძლია ვიყო მსაჯული, სამართლიანია თუ უსამართლო ამა თუ იმ პიროვნებისათვის თავისუფლების აღკვეთა. მინდა შეგახსენოთ: ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი არსი არის ის, რომ მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვეძიოთ და ვპოვოთ. აბსოლუტურ უმრავლესობასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის, ირანის ხელისუფლებასთან, ირანის სახელმწიფოსთან. ხოლო საქართველო-ისრაელის დამოკიდებულების შესახებ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, იმის გარანტიის მიცემა, რომ რომელიმე პოლიტიკურ მოღვაწეს, როგორი ავტორიტეტულიც უნდა იყოს ის, შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა, ზედმეტი თვითდაჯერებულობა იქნება. მაგრამ რაც შემიძლია და რაც ჩემს უფლებას თუ მოვალეობას არ აღემატება, თითქმის ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩვენს ირანელ მეგობრებს ეგრძნოთ საქართველოს დაინტერესება ამ საკითხის სამართლიანი გადაწყვეტით. ვიცი, რომ მსოფლიოს მრავალი პოლიტიკური მოღვაწეც ამ გზას ადგას. კაცმა რომ თქვას, ეს ირანის საშინაო საქმეა, მათი შინაური პოლიტიკის პრობლემაა. ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ის იყო, რომ გადამეცა ჩემი თანამემამულეების, ებრაელებისა და ქართველების შეშფოთება ამ ამბავთან დაკავშირებით. ეს საიდუმლო არ არის. ჩვენი ასეთი თხოვნა არსებობს. როგორი იქნება შემდგომი დამოკიდებულება მის მიმართ, ეს სხვა საკითხია. სააგენტო „ელიზი-ნიუსი“: როგორც ცნობილი გახდა, კოლხურ კოშკში მიმდინარე აქციას ზუგდიდშიც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ახალი დაბრკოლების ტალღა იქმნება სამეგრელოში წინასაარჩევნოდ. თქვენ, როგორც დემოკრატი პრეზიდენტი, რაშიც ეჭვი არავის ეპარება, რა თქმა უნდა, ალბათ, შეწუხებული ბრძანდებით იმ ადამიანების ბედით, რომლებმაც ასე გადადეს თავი გარკვეული იდეაფიქსებისათვის. რამდენად ჯანსაღია ეს აზრი, სხვა საკითხია, მაგრამ თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
ე. შევარდნაძე: თუ საზოგადოების რაღაც ნაწილს მიაჩნია, რომ პროტესტის ასეთი ფორმაა საჭირო, ეს კანონის მიერ აკრძალული არ არის. არავითარი ზომების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქცია შეწყდეს ან გაგრძელდეს, სამწუხაროდ არ შემიძლია, უძლური ვარ. თავისთავად ვწუხვარ, რომ ასეთი რამ ხდება. ძალიან ცუდია, რომ ადამიანები შიმშილობენ. არ შეიძლება ასეთ აქციებს შედეგი მოჰყვეს. არჩევნები ახლოვდება, არცთუ ცხრა მთას იქეთ არის ეს დღე და საქართველოს მოსახლეობას ექნება საშუალება თავისი ნება, არჩევანი გამოხატოს წესიერი, კანონიერი და საყოველთაოდ აღიარებული წესით.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
„საქართველო ძალიან სწრაფად, ალბათ, ვერა, მაგრამ კორუფციას ძირითადად დაძლევს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი 1999 წლის 5 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 6 ივლისი. - №178 (3219). - 1,3 გვ.
![]() |
3 „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლით დასრულდება საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც გაეროში გაწევრიანებით დაიწყო“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 5 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული იყო შეხვედრებით, თქვენი მონაწილეობით მთავრობისა და ეკონომიკური საბჭოს სხდომებზე განიხილეს მრეწველობის განვითარების კონცეფცია, მთავრობის სხდომაზე კი ჯანდაცვის სისტემის შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პერსპექტივა. უკვე საკმაოდ რეალურია საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა, ისევ ისმება კითხვა - რა დადებითი შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს ეკონომიკისათვის? დაბოლოს, როგორია თქვენი კომენტარი ბიუჯეტის შემოსავლის ზრდასთან დაკავშირებით? მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბანკმა გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ახალი კრედიტების გამოყოფის თაობაზე, - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შვარდნაძემ:
- გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ის გახლავთ, რომ 29 ივნისს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის ფინანსური დახმარების გაგრძელების შესახებ. თქვენ იცით, რომ ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი მოსამზადებელი მუშაობა, თავად მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ბატონი ვულფენსონი ბრძანდებოდა საქართველოში, იგი გაეცნო ქვეყანას, და, მე ვიტყოდი კარგი და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში, იმ პროცესებთან დაკავშირებით, უკვე რომ დაწყებულია და მიმდინარეობს. შემდეგ აქ ბრძანდებოდნენ სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები, მათ კიდევ ზოგიერთი ახალი მოთხოვნა წამოაყენეს და ჩვენ პარლამენტთან ერთად თითქმის მთლიანად მოვაგვარეთ ეს საკითხები. სწორედ ამის საფუძველზე მიიღო მსოფლიო ბანკმა საქართველოსათვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა თედო ჯაფარიძემ უკვე ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს სესხის შესახებ, ანუ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს 114 მილიონ 900 ათას დოლარს. მათ შორის, სტრუქტურული გარდაქმნების მესამე კრედიტს (ეს გახლავთ 60 მილიონი დოლარი), ენერგოსექტორის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტს (25 მილიონი დოლარი).
სტრუქტურული რეფორმის მხარდაჭერის პროექტი ითვალისწინებს 16 მილიონ 500 ათასი დოლარის გამოყოფას და, მივაქციოთ ყურადღება - დაფინანსებულია სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტში 13 მილიონ 400 ათასი დოლარის ოდენობით. მსოფლიო ბანკი, სხვათა შორის, თითქოს გრძნობს, რომელი მიმართულებაა, ასევე ვთქვათ, ძალიან მგრძნობიარე და გარდა სტრუქტურული გარდაქმნებისა, რომელს სჭირდება საქართველოში ყველაზე აქტიური მხარდაჭერა. თავის დროზე მან სავსებით სწორად შეარჩია კულტურული მემკვიდრეობის პროექტის დაფინანსება. ახლა კი - სასამართლო რეფორმა, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი და იგი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტები გახდება.
კრედიტების მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ ჩაირიცხება ბიუჯეტში და მოხმარდება სოციალურ პროგრამათა დაფინანსებას - ეს გახლავთ ხელფასები, პენსიები, დახმარება და ასე შემდეგ. ასე რომ, მიმდინარე წელი გადამწყვეტი იქნება იმ დავალიანებათა გასტუმრების თვალსაზრისითაც, რომელთა შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საქართველოში განვითარებულ საბიუჯეტო-ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით.
შაბათს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციაზე, რომელიც მრეწველობის სამინისტრომ წარმოადგინა.
დოკუმენტში პრობლემა საკმაოდ კარგად არის დამუშავებული. დასახულია საკვანძო საკითხების გადაწყვეტის გზები, ამდენად, კონცეფცია უდავოდ იმსახურებს ყურადღებას და კიდევ უფრო ფართო შემადგენლობით განხილვას - ფართო საზოგადოების, მრეწველთა, ბიზნესმენთა და მეცნიერთა მონაწილეობით. თუმცა, მეცნიერთა დიდი ჯგუფი უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია მრეწველობის სამინისტროსთან, ბატონ ბადრი შოშიტაიშვილთან ერთად მუშაობდნენ ამ კონცეფციაზე. ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ მეცნიერებათა აკადემია, საინჟინრო აკადემია, კერძოდ, ივერი ფრანგიშვილი, და ახლა საკმაოდ დასრულებულ სახეს იღებს ეს კონცეფცია. მაგრამ ვფიქრობ, მაინც მიზანშეწონილი იქნება გაიმართოს მთავრობის გაფართოებული სხდომა და მთლიანად გადაიცეს ტელევიზიით, რათა რაც შეიძლება ფართო სპექტრი მონაწილეობდეს ამ ურთულესი პრობლემის განხილვაში და შემდგომ მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში.
პერსპექტივა კი ნამდვილად არსებობს და ჩვენ ამჟამად უკვე ისეთ პრობლემებზეც უნდა ვიზრუნოთ, როგორიც არის მსოფლიო სამრეწველო სტანდარტთან სამამულო პროდუქციის მიახლოება და (შემდგომ ეტაპზე) სრული უნიფიკაცია.
ეს მით უფრო აქტუალურია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობს.
ერთხელ უკვე ვთქვი: პრაქტიკული თვალსაზრისით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანება სახელმწიფოსათვის გაეროს წევრობის მნიშვნელობას არ ჩამოუვარდება.
აქვე უნდა დავამშვიდო ყველა, ვინც გულწრფელად წუხს, ვაითუ ამ ორგანიზაციაში შესვლამ საერთოდ მოშალოს ყოველგვარი ბარიერი უცხოურ პროდუქციასთან კონკურენციაში.
ეს შეშფოთება უსაფუძვლოა, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს ხუთწლიან გარდამავალ პერიოდს ახალი წევრებისათვის - მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოთა ბაზრები დაუყოვნებლივ გაიხსნება ქართული პროდუქციისათვის.
მაგრამ ხუთი წლის შემდეგაც საბაჟო ტარიფები შეიძლება სულ რაღაც ორიოდე პროცენტით შემცირდეს, მეტად არა. ნუ დავივიწყებთ იმ უპირატესობასაც, რომელსაც ევროკავშირთან საპარტნიორო ურთიერთობის ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესის დამთავრება გვაძლევს და, რაც ევროპის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის ყოველგვარი კვოტების გარეშე გატანას ითვალისწინებს (თუმცა, აქაც ბუნებრივია, პროდუქციის ხარისხი, ეკოლოგიური საიმედოობა და სხვა სტანდარტების შესაბამისობა იგულისხმება).
მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეიძლება არსებობდეს. მხოლოდ ამ გზით განვავითარებთ სამამულო წარმოებას და კონკურენტუნარიანს გავხდით მას. ახლად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სპეციფიკა კი ხუთწლიან გარდამავალ პერიოდსა და სხვათა შეღავათებს ითვალისწინებს.
თუმცა, ეს სირთულეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ, არაფერია იმ პრივილეგიებთან შედარებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთანავე რომ მოვიპოვებთ. ვფიქრობ, ეს ის თემაა, რომელსაც შეიძლება სპეციალური, საკმაოდ ხანგრძლივი სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნას იმ სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც ახლა ამაზე მუშაობენ. მხედველობაში მყავს ქონების მართვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს ხელმძღვანელობა და სხვები და სხვები.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: ამ ორგანიზაციაში შესვლით დასრულდება საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც გაეროში გაწევრიანებით დაიწყო. განსაკუთრებით ეს საგარეო ასპექტებია.
საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ აღრიცხვის სფეროს მოწესრიგებასთან დაკავშირებული ერთიანი სტატისტიკური რეგისტრის წარმოებისა და გაუმჯობესების საკითხი, რომელსაც მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ერთიან სტატისტიკურ რეგისტრში დაფიქსირება საქართველოში საზოგადოებრივ ან სამრეწველო სფეროში დასაქმებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი თავიანთი წარმომადგენლობითა და ფილიალებით, რაც გარკვეულწილად ნათელს მოჰფენს ჩრდილოვან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას, რათა სტატისტიკური დაკვირვების მიღმა არ დარჩეს არც ერთი მეურნე სუბიექტი. სხვათა შორის, ეს პრობლემაც, რომელიც უკვე კარგა ხანია დამუშავების პროცესშია და გარკვეულ ტექნოლოგიურ სრულყოფას განიცდის, ესეც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების დიდი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
უაღრესად საინტერესო იყო, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარების კონცეფცია, რომელიც მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ წარმოადგინა.
რასაკვირველია, საკითხი ეხება თითოეულ მოქალაქეს, ყოველ ოჯახს, ამიტომ კონცეფცია უნდა გამოქვეყნდეს საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. ეს გახლავთ ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ჯანმრთელობის სფეროში უახლოესი 10 წლის განმავლობაში განხორციელდება.
შინაარსობრივად ეს დოკუმენტიც ღრმად არის გააზრებული და აპრობირებულია უმაღლესი რანგის უცხოელ სპეციალისტთა მიერ.
რაც მთავარია, იგი შეესაბამება არა მარტო დღევანდელ, არამედ ხვალინდელი დღის მოთხოვნებსაც, - ითვალისწინებს ახალ ტექნოლოგიათა შემოტანას და გულისხმობს ჩვენი შესანიშნავი სამედიცინო ინტელიგენციის, ექიმების, ქირურგებისა და სხვათა უდიდესი ინტელექტუალური და პროფესიული პოტენციალის სრულად ამოქმედებას ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
რა თქმა უნდა, კვლავაც დაგვეხმარებიან ჩვენი მეგობრები. მსოფლიო ბანკის კრედიტზე უკვე ვისაუბრეთ, ამას წინათ კი საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი ამერიკელი ქირურგის, დოქტორ დებეიკის წარმომადგენელი.
ალბათ, გახსოვთ, ამერიკაში, კერძოდ, ჰიუსტონში ყოფნისას მე შევხვდი ამ უნიკალურ პიროვნებას მის გრანდიოზულ კლინიკაში, რომელსაც ასევე ეწოდება - დებეიკეს ცენტრი, და მან აღმითქვა, რომ უახლოეს მომავალში გამოგზავნიდა წარმომადგენელს საქართველოში კარდიოლოგიური ცენტრის დაფუძნების მოსამზადებლად.
თქვენ გახსოვთ, იქ მემორანდუმსაც მოვაწერეთ ხელი ამ ურ-თიერთთანამშრომლობის დასაწყებად.
რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების მობილიზებას: წინასწარი მონაცემებით, საგადასახადო მონაცემებით, საგადასახადო დეპარტამენტმა ივნისში ბიუჯეტის სასარგებლოდ აკრიფა 35 მილიონი ლარი - სავარაუდო ოდენობაზე მილიონი ლარით მეტი. ცენტრალურ ბიუჯეტში ჩაირიცხება 19 მილიონ 500 ათასი ლარი, ანუ წინასწარ დაგეგმილზე 11 პროცენტით მეტი. მიმდინარე წლის ექვს თვეში საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით ბიუჯეტში სულ მობილიზებულია 193 მილიონი ლარი, შარშანდელზე 45 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი.
საბაჟო დეპარტამენტმა ივნისში ბიუჯეტს გადაურიცხა 27 მილიონ 600 ათასი ლარი, აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში ჩაირიცხა 25 მილიონ 600 ათასი ლარი, რაც 3 მილიონ 600 ათასი ლარით აღემატება პროგნოზით გათვალისწინებულს. საბაჟო ორგანოების მიერ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სულ ბიუჯეტში მობილიზებულია 136 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 35 მილიონი ლარით მეტი. ასეთია ეს მონაცემები.
- გადასახადების აკრეფა ბოლო წლების მანძილზე საქარ-თველოსათვის საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო. ამბობენ, რომ ამჯერად მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- მართლაც, ეს კითხვა ხშირად ისმება: არის რაიმე სერიოზული გარდატეხა, თუ ეს ციფრების მანიპულაცია, რატომ იზრდება შემოსავალი ისეთი ტემპით, რომელზეც მე მოგახსენებთ, მაშინ, როცა ქვეყანა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გამოსულა კრიზისიდან, და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლარის კურსი დასაშვებ, ჩვენს მიერ წინასწარ დაგეგმილ და გააზრებულ ფარგლებში მერყეობს და ჯერჯერობით საკმაოდ მტკიცეა.
უპირველეს ყოვლისა, ნაყოფი გამოიღო სადღეღამისო, როგორც იტყვიან, მუხლჩაუხრელმა შრომამ ხელისუფლების სხვადასხვა, მათ შორის, უმაღლეს რგოლში. ასევე მხედველობაში მყავს რწმუნებულები, რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელები, საგადასახადო და საბაჟო სამსახურები და სხვები და სხვები.
რაც მთავარია, ეს სამუშაო მიზანშეწონილი, მიზანმიმართული იყო და სწორი კონცეფციის შესაბამისად ხორციელდებოდა. ამიტომ სათანადო სპეციალური კომისიებისა და ჯგუფების (მათ შორის, განსაკუთრებით გამოვყოფდი სახელმწიფო მინისტრის ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მოქმედ კომისიას) მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ასევე, ჯერჯერობით კვლავ მოქმედებს საგანგებო საერთო-სახელმწიფოებრივი კომისია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. შესანიშნავი შედეგი მოჰყვა სააქციო მარკების შემოღებას. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. ამის შედეგად შემოსავლის ზრდა იმდენად შთამბეჭდავია, რომ, ალბათ, უპრიანი იქნება ვიფიქროთ სააქციზო მარკების მოქმედების არეალის გაფართოებაზე. ესე იგი, მარტო იმის შედეგად, რომ სიგარეტი იბეგრება სააქციზო მარკების გავრცელების გზით, ყოველთვიურად ბიუჯეტის შემოსავალი 8-9 მილიონ ლარს აღემატება, მაშინ როცა, წინა პერიოდში აქციზური მარკების შემოღებამდე, ეს 500 ათას - 600 ათას ლარს არ სჭარბობდა. ასე რომ, როგორც ხედავთ, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტი მოსალოდნელზე გაცილებით მეტია.
- გაფართოებაში რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ სააქციზო მარკებმა უნდა მოიცვას პროდუქციის (განსაკუთრებით, სასმელების) უფრო ფართო სპექტრი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ლეგალიზაციას და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ასე აწუხებს ყველა პატიოსან მეწარმესა და ბიზნესმენს. მე მივესალმები, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ბორჯომის მარკირების თაობაზე. ეს პატიოსანი ბიზნესმენის პოზიციაა, რომელსაც არ აშინებს სააქციზო მარკები, ვინაიდან, პატიოსნად უხდის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტს. რასაკვირველია, მოგებაც დიდი ექნება და ღმერთმა შეარგოს. სახელმწიფოს წინაშეც პირნათელი იქნება და მოგებასაც მიიღებს. ასეთნაირად უნდა შეეხოს ეს ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო სასმელების საკმაოდ ფართო სპექტრს. მაგრამ არც ეს იქნებოდა საკმარისი, რომ არ გაძლიერებულიყო, ვიმეორებ, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - ისევ და ისევ ხელისუფლების ყველა რგოლში და ყველა რეგიონში. თუმცა, ეს მაინც საქმის დასაწყისია.
მაგალითად, ძალზე მწვავედ ვიმსჯელეთ შიდა ქართლში ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ. ლაპარაკია კონტრაბანდული საქონლის შემოტანაზე იმ ტერიტორიიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაკონტროლებთ. თუმცა, იქაური ხელმძღვანელობაც გვარწმუნებს, რომ მზად არიან ჩაებან ამ მუშაობაში და კონტრაბანდის შემოსვლა საერთოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში იმ მხრიდან, აღკვეთონ. საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია მრავალი ფაქტი საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთან დაკავშირებით.
აქ ჭეშმარიტად შემაძრწუნებელ თავხედობასთან და მომხვეჭელობასთან გვაქვს საქმე.
მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, რადაც უნდა დაუჯდეთ, ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. შესაძლოა, ყველა ფაქტი არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, შესაძლოა, ფაქტები იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით და, როგორც მე მითხრეს, სხვადასხვა ბანკებში, სხვადასხვა საფინანსო ცენტრებში მოპოვებულია საკმაოდ დიდი მასალა, რომელზეც საჭიროა სერიოზული ანალიტიკური მუშაობა, საჭიროა საგამოძიებო საქმიანობა და ამის შემდეგ შეიძლება საბოლოო დასკვნების გამოტანა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად მიდიოდა და რას ხმარდებოდა სახელმწიფო ქონება, თუ ეს მოგება და გემების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ისევ გემების შეძენას, ისევ ფლოტის გაძლიერებას ხმარდებოდა, ჩვენი მიზანიც ეს იყო და ჩემი ბრძანებულებითაც სწორედ იმას ვითვალისწინებდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო არსებული წესებისა და კანონის ფარგლებში. მაგრამ, თუ ქვეყანას ძარცვავდნენ, თუ, ასე ვთქვათ, ფსევდოპატრიოტული რიტორიკით შენიღბული პირები ქვეყნის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ და დაკავშირებული იყვნენ ამ ფლოტთან, რა თქმა უნდა, ისინი მზის სინათლეზე უნდა გამოვიყვანოთ. შეიძლება ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებია, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მოქალაქენი არიან, შეიძლება იყოს ცენტრალური თუ რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, სიმართლე სიმართლეა და სიმართლე უმაღლესი კატეგორია უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ხელმძღვანელი იქნება იგი, თუ რიგითი მოქალაქე.
აქვე უნდა ვთქვა, რომ დემოკრატიული ატმოსფერო და სიტყვის თავისუფლება საუკეთესო ფონია კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ზოგიერთი სწორედ იმიტომ აღჭრიალებს კბილებს დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ, რომ ჟურნალისტური გამოძიების ეშინია. ჩვენმა ახალგაზრდა ჟურნალისტიკამ ბევრჯერ ჩემთვისაც არცთუ სასიამოვნო წერილი გამოაქვეყნა, მაგრამ მე მათთვის ხშირად მითქვამს ასეთი დაინტერესებისათვის და მომიწოდებია (და კვლავაც მოვუწოდებ) ბოლომდე თქვან სიმართლე, თუ ეს სიმართლეა, მე სიმართლეზე ვლაპარაკობ, რაოდენ გამაღიზიანებელიც უნდა იყოს იგი ვინმესთვის, თუნდაც პრეზიდენტის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიტყვის, პრესის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლებასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და ამაზე ჩვენ უარეს ვერ ვიტყვით. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გა- დასახადების გადახდაში მიღწეული პროგრესი და ერთადერთი სწორი პოლიტიკის შედეგად დასავლელი მეგობრებისაგან მიღებული მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება საშუალებას მოგვცემს საბოლოოდ დავძლიოთ საბიუჯეტო-ფინანსური კრიზისი (ჩვენ ახლა დამამთავრებელ ფაზაში ვიმყოფებით) და შევასრულოთ ყველა ვალდებულება, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენი თანამემამულეების წინაშე.
- გასულ კვირას ისევ განახლდა მოლაპარაკება ხუდონჰესის მშენებლობის დამთავრების შესახებ. ოთხმოციანი წლების ბოლოს მშენებლობა შეჩერდა ეკოლოგიური უსაფრთხოების მოსაზრებებით. მაშინ ეს საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა იყო, თუმცა, შემდეგ ენერგოკრიზისმა ეს პრობლემა კვლავ აქტუალური გახადა. არის თუ არა დღეს ხუდონჰესის მშენებლობა ჩვენთვის უსაფრთხო და რა შედეგს მოიტანს იგი ჩვენი ენერგოსისტემისათვის?
- შეიძლება ცოტა ნაჩქარევიც იყოს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, რადგან კითხვა დაისვა, მაინც მოგახსენებთ.
ეს იყო პირველი შეხვედრა ბიზნესმენთა იმ ჯგუფთან, მათ შორის ფინანსისტებთან, რომლებიც გვთავაზობენ პარტნიორობას ხუდონჰესის მშენებლობის დასამთავრებლად. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი რამ შესასწავლია, კერძოდ, ამ კომპანიების შესაძლებლობა და მათი ფინანსური პოტენციალი. შეხვედრა გაიმართა ბატონ ოთარ ფაცაციას ინიციატივით, რომელიც კარგა ხანია ამ პრობლემაზე მუშაობს და რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ინვესტორთა მოძიება და ამ აქტიურობისათვის მას, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო.
ინვესტორები, რომელთაც ვესაუბრე, გვარწმუნებენ, რომ ხუდონჰესის მშენებლობის განახლება რამდენიმე თვის განმავლობაში სავსებით შესაძლებელია, თუკი, როგორც თვითონ ამბობენ, აქვთ ის წყაროები, რომლებზეც ჩვენთან იყო საუბარი.
ეს უაღრესად კეთილშობილური პროექტია: დავიწყოთ იმით, რომ იგი ითვალისწინებს ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, სამეგრელოსა და სვანეთში, გზების კეთილმოწყობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, საქართველოს რამდენიმე რაიონის, მათ შორის მესტიის ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტას, საბოლოოდ კი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის ამოქმედებას, რაც განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
ამრიგად, ხუდონჰესის მშენებლობის განახლება და დასრულება (რა თქმა უნდა, აბსოლუტური ეკოლოგიური უსაფრთხოების მოსაზრებათა გათვალისწინებით) საქართველოს სახელმწიფოებრივი უშიშროების სრულყოფის ერთიანი პროგრამის ნაწილია. მე კიდევ ვიმეორებ: საბოლოოდ კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული, ზოგი რამ კიდევ შესასწავლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქმე უკვე დაიძრა. რახან გამოჩნდა ინვესტორთა ერთი ჯგუფი. თუ მათთან ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც საჭიროა, იქნებიან სხვა ჯგუფებიც და ხუდონს უკვე პერსპექტივა გაუჩნდა.
და კიდევ ერთი. ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლების გარეშე შეუძლებელი იქნება ბოლომდე მივიყვანოთ ის დიდი გეგმები, რომლებიც უკავშირდება დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებას, ნავთობსადენებისა და გაზსადენების ამოქმედებას, სხვადასხვა საშუალებებით ტვირთზიდვასა და ადამიანთა გადაყვანას, ჩვენი სანავსადგურო ქალაქების განვითარებასა და საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, რკინიგზის განვითარებას. მინდა გაცნობოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ორი დღის წინათ მიიღო ისტორიული, მე ასე დავარქმევდი, კანონი „დიდი აბრეშუმის გზის მხარდაჭერის სტრატეგიის შესახებ“. თქვენ გახსოვთ, როცა ვაშინგტონში ვიყავით, საკმაოდ ღრმაშინაარსიანი საუბრები მიმდინარეობდა კონგრესში, სადაც განსაკუთრებით აქტიურობდა სენატორი სემ ბრაუნბეკი, რომელთანაც პირადად თქვენ გქონდათ შეხვედრა და ინტერვიუც ჩამოართვით. ამჯერად, სტრატეგიული მხარდაჭერის თაობაზე ეს ისტორიული დადგენილება უკვე მიიღო კონგრესმა. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, როგორც იტყვიან, წრე შეიკრა, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიის მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, ხოლო მთელი წარმმართველი მუშაობა ამ გრანდიოზული პროექტების განხორციელებაში ევროკავშირმა შეასრულა. ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ამ დიდი პროექტების განხორციელების გზაზე საქართველოა. სხვათა შორის, მე შევეცადე საკმაოდ დეტალურად მელაპარაკა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე ამ გეგმებთან დაკავშირებით ჩემს ახალ წიგნში „დიდი აბრეშუმის გზა“. კარგა ხანს ვმუშაობდი ზოგიერთ სხვა კოლეგასთან ერთად და ახლა ამ წიგნმა, ასე ვთქვათ, მზის სინათლე იხილა. გარდა ამისა, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (ბატონი გია ჭანტურია) ინიციატივით ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ახლა იმაზე, თუ რა გზებით შეიძლება გავხადოთ საქართველოს ყველა მოქალაქე ამ დიდი პროექტების მონაწილე, ესე იგი, გარკვეული აზრით, აქციათა მფლობელი. მიწის მფლობელობასთან ერთად, ახალი გიგანტური პროექტების განხორციელების შედეგად მიღებულ დივიდენტებში, მათს განაწილებაში საქართველოს ყველა მოქალაქის მონაწილეობა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის ყველა მოქალაქის ზრუნვასა და მათს კონკრეტულ მონაწილეობას.
საქინფორმი.
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლით დასრულდება საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც გაეროში გაწევრიანებით დაიწყო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 6 ივლისი. - №178 (3219). - 1,2 გვ.
![]() |
4 საერთაშორისო კონფერენცია-სემინარის - „გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა აფხაზეთში (საქართველო) - აგრესიული სეპარატიზმის მთავარი იარაღი“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს |
▲back to top |
უდიდესი მადლიერების გრძნობით მინდა მივმართო საერთაშორისო კონფერენცია-სემინარის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომელთაც მიზნად დაისახეს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი გენოციდის ფაქტების გამოძიების მასალების განხილვა და ფართო საზოგადოებრიობისათვის წარდგენა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ეს ფაქტები, ბევრი რამ უშუალოდ ჩემს თვალწინ მოხდა და იმას, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა გარეშე ძალთა დაუფარავი ინტერვენციის დახმარებით ჩაიდინეს ქართული მოსახლეობის მიმართ, სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა დანაშაულს ადამიანობის წინააღმდეგ, გენოციდსა და ვანდალიზმს.
ეს ფაქტები სავსებით შეიძლება გავუტოლოთ ცნობილი ფაშისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს.
ძალზე ძნელია, კიდევ ერთხელ გაიხსენო და განიცადო ის, რაც მოხდა, მაგრამ ეს აუცილებელია ათასობით და ათიათასობით წამებულის ხსოვნის პატივსაცემად. ეს არის ჩვენი ზნეობრივი ვალდებულება მათი სულების, აგრეთვე ასიათასობით ლტოლვილის წინაშე, რომელთაც წაართვეს სახლ-კარი, სამშობლო, შეურაცხყვეს, შეულახეს ადამიანის წმინდათაწმიდა უფლება - იცხოვროს მშობლიურ მიწაზე.
შვიდი წელიწადია ვცდილობთ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ასეთი რამ დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, რადგან ეს კონფლიქტების ახალი კერების გაჩენას, კიდევ უფრო მეტ ომსა და სისხლისღვრას ნიშნავს.
მრავალი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწის კეთილი ნების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების გულწრფელი თანადგომის მიუხედავად, პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ყველა მცდელობა უშედეგოდ რჩება.
რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, მავანნი დღესაც ცდილობენ, უსინდისოდ გააყალბონ ჭეშმარიტება და მსხვერპლი დამნაშავედ გაასაღონ.
ვაი რომ, უზნეო ფალსიფიკატორთა შორის ჩვენი თანამემამულენიც არიან.
საბედნიეროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო შეურიგებელი ხდება აგრესიული სეპარატიზმის, ასეთი სახის დანაშაულობათა მიმართ მსოფლიოში.
დარწმუნებული ვარ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიასაც შესაბამისი შეფასება მიეცემა, მსოფლიო საზოგადოებრიობა ქმედით ზომებს მიმართავს, რათა საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილ ადამიანებს მშობლიურ ადგილებში დაბრუნებისა და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მიეცეს, ხოლო მათ, ვინც აფხაზეთში სიკვდილის კალო დაატრიალა - საკადრისი მიეზღოს.
ცივილიზებული ერები ვერ იქნებიან გულგრილნი ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვის მიმართ, თუნდაც აგრესია უშუალოდ მათ წინააღმდეგ არ იყოს მიმართული.
ვიცი, რომ თქვენი კონფერენცია აპირებს, მიიღოს მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი.
როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, მეც მინდა, ჩემი ხმა შევუერთო ამ მიმართვას, ხოლო როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, სადაც ასიათასობით დევნილი დღესაც იძულებულია, გაუსაძლის პირობებში იცხოვროს, - მინდა დავარწმუნო ყველა, და პირველ რიგში, დევნილები აფხაზეთიდან, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პრობლემის უსისხლოდ, უმსხვერპლოდ, მშვიდობიანად გადაწყვეტს თუნდაც უმნიშვნელო შანსის არსებობამდე იმოქმედოს პოლიტიკური მეთოდებით მიზნის მისაღწევად, ხოლო თუ ეს შანსი აღარ დარჩა, სხვა გზასაც გამონახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ყოველი ლტოლვილის თავის მიწაზე დასაბრუნებლად.
ეს არ ნიშნავს მშვიდობიანი დიალოგის შეწყვეტას. მაგრამ ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ორგანიზატორებმა უნდა იცოდნენ, რომ საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, ხოლო მათი ბრალეულობა აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ.
სეპარატისტულმა რეჟიმმა უნდა დაიოკოს პოლიტიკური ამბიციები და დათანხმდეს რეალურ კომპრომისს პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის, როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხის საკეთილდღეოდ.
ედუარდ შევარდნაძე.
1999 წლის 6 ივლისი.
საერთაშორისო კონფერენცია-სემინარის - „გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა აფხაზეთში (საქართველო) - აგრესიული სეპარატიზმის მთავარი იარაღი“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 ივლისი. - №179 (3220). - 1, 2 გვ.
![]() |
5 ედუარდ შევარდნაძე: „სახელმწიფო და მისი ინტერესების განხორციელება საზღვარზე იწყება“ |
▲back to top |
[...]
ბატონებო,
სახელმწიფო და მისი ინტერესების განხორციელება საზღვარზე იწყება. ამიტომაც საზღვარი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი რთული და აუცილებელი ატრიბუტია. თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით მოწყობილი საზღვარი სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიაცაა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას კი, სწორედ, ასეთი საიმედო საზღვარი ესაჭიროება.
ამავე დროს, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი ახალ ფუნქციურ დანიშნულებასაც იძენს და ეს, უწინარეს ყოვლისა, მისი გეოპოლიტიკური ასპექტია. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორიცაა კასპიის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირება, ტრასეკა, სუფსის ტერმინალის ამოქმედება და ევრაზიული დერეფნის სხვა შემადგენელი ნაწილები, საქართველოს სახელმწიფოებრივ საზღვარს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
დარწმუნებული ვარ, „ადრეული ნავთობის“ ტრანსპორტირებას აუცილებლად მოყვება დიდი ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა, ტრანსკასპიური გაზსადენის აგება, რომლებიც აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის გავლით განხორციელდება. დღის წესრიგშია სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც. საქართველო, ისევე, როგორც, საერთოდ, სამხრეთ კავკასია, იქცევა ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
კასპიის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირებისას და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო მაგისტრალის - „აბრეშუმის გზის“ პროექტმა, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა, სამხრეთ კავკასია მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. ეს კი მესაზღვრეთა საქმიანობის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ცვლილებებს დიდ სიკეთესთან ერთად გარკვეული სირთულეებიც მოყვება, თუნდაც ნარკოტიკებისა და სხვა საშიში კონტრაბანდის მოძრაობის სახით, რისი ნიშნებიც დღეს უკვე სამწუხაროდ შეიმჩნევა - ასეთი ფაქტები გამოვლენილია. ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა კი, მესაზღვრეთა უმთავრესი ამოცანაა, იგი მოითხოვს სასაზღვრო ძალების სისტემატურ დახვეწას, თანამედროვე ტექნიკური მიღწევების დონეზე სახელმწიფო საზღვრის დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნას.
მესმის, რომ რეალურად მოქმედი მტკიცე სახელმწიფო საზღვრის შექმნა და მისი ფუნქციონირება ძალიან რთული და ძვირადღირებული საქმეა, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ ვერ გავექცევით იმ ჭეშმარიტებასაც, რომ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფო საზღვრის შექმნით. მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები ნათლად აცნობიერებენ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საკვანძო სატრანზიტო სახელმწიფოს მნიშვნელობას და ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ უახლოეს ხანში შეძლოს კრიზისიდან გამოსვლა. ამ დამოკიდებულებისა და დახმარებისათვის ჩვენი მეგობარი ქვეყნებისადმი განსაკუთრებულ მადლიერებასა და პასუხისმგებლობას გამოვხატავთ.
ჩვენ ადრეც გამოგვითქვამს მადლიერება იმ დიდი დახმარებისათვის, რომელიც აღმოგვიჩინეს ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა - უკრაინამ, ინგლისმა, გერმანიამ, თურქეთმა, საბერძნეთმა, აზერბაიჯანმა და სხვა მრავალმა ქვეყანამ.
საქართველომ გერმანიისაგან მიიღო საპატრულო გემი, ინგლისისაგან - სწრაფმავალი კატერები, უკრაინასა და თურქეთისაგან - კატარღები. იმავე თურქეთმა ლილოს საწვრთნელ ბაზაზე დააარსა ქართველ მესაზღვრე ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები. ასე რომ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ გაწეული დახმარების აღნუსხვა შორს წაგვიყვანს. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც სერიოზულად არის დაინტერესებული საქართველოს, როგორც ძლიერი და განვითარებული ქვეყნის ჩამოყალიბებით.
მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერებით არ აღვნიშნო ის უდიდესი დახმარება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაგვიწია. დღეს ჩვენ ამ დახმარების ერთი კონკრეტული შედეგის მოწმენი ვართ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის გაძლიერებასა და ამ ფრიად მნიშვნელოვანი სამსახურის რეალურად ამოქმედებაში სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის უდიდესი წვლილი.
ამ ქვეყნის ადმინისტრაციამ 1998-1999 წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხები გამოყო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის თანამედროვე დონეზე აყვანისათვის, არალეგალური მიგრაციის, იარაღის, რადიოაქტიური მასალების, ნარკოტიკული ნივთიერებების, კონტრაბანდისა და ტრანზიტის აღკვეთის, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.
დღესაც ჩვენი ამერიკელი მეგობრებისაგან საქართველოს სასაზღვრო ძალებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი და საყაზარმო კოტეჯების კომპლექსი მივიღეთ. ეს ფაქტობრივად, თანამედროვე სამხედრო ქალაქია. მათი უანგარო დახმარების ნუსხა საკმაოდ ფართოა. ქართველმა მესაზღვრეებმა დროის ძალზე მცირე მონაკვეთში მიიღეს საბუქსირო გემი, ხუთი საპატრულო კატარღა, ოთხი სააბორდაჟო ნავი, სათადარიგო და სარემონტო ნაწილები, 31 მსუბუქი ავტომანქანა, სხვადასხვა სიმძლავრის ძრავები. წლის ბოლოს აპირებენ ქართველ მესაზღვრეებს საჩუქრად გადასცენ სადარაჯო ხომალდიც.
ასეთივე უდიდესი წვლილი შეიტანეს ამერიკის სანაპირო დაცვის სპეციალისტებმა ქართული სასაზღვრო ავიაციის განვითარებაშიც. მათი მეშვეობით დღეს ქართული სასაზღვრო ავიაციის შემადგენლობაშია ვერტმფრენები „მი-8-მტვ“ და თვითმფრინავი „მერკური“. ეს სრულიად ახალი მოდიფიკაციის თვითმფრინავი ქუთაისშია დამზადებული.
ამავე ქვეყნის შესაბამის სასწავლებლებში დაწყებულია საქართველოს სასაზღვრო უწყების ოფიცერთა გადამზადება (ოფიცერთა სერიოზული ჯგუფების მომზადება მიმდინარეობს უკრაინაშიც), პარალელურად, ამერიკელი სპეციალისტები პერიოდულად ახორციელებენ საქართველოს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადებას საქართველოშიც. სისტემატური ხასიათი აქვს საწვავ-საცხები მასალებით სანაპირო დაცვის გემებისა და კატარღების უზრუნველყოფას.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათ მიერ დაწყებული ფოთის ნავსადგურის აკვატორიის გაწმენდა, რაც ძალზე ძვირადღირებული და შრომატევადი სამუშაოა. ამერიკელების დახმარებით ხორციელდება ქართული სასაზღვრო მცურავი საშუალებების რადიო-სანავიგაციო სისტემებით აღჭურვა. დიდი შეღავათი იყო ქართველი მესაზღვრეების სამოსელით უზრუნველყოფა მა- შინ, როცა ჩვენი ბიუჯეტით ამის გაკეთება ქვეყანას უკიდურესად უძნელდება და, ფაქტობრივად, არც შეგვეძლო. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დახმარება ჩვენი მესაზღვრეებისადმი არ არის ერთჯერადი ღონისძიება. მათივე ხელშეწყობით დამუშავების სტადიაშია საქართველოს სასაზღვრო უწყების განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს 2000-2005 წლების პერიოდს. დასახულია პრიორიტეტული მიმართულებები: საქართველოს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების გამტარ პუნქტებზე მოქმედებათა მექანიზმების ნორმატიული ბაზის შექმნა; სასაზღვრო უწყების თანამედროვე სტრუქტურის ჩამოყალიბება; უახლესი ტექნიკით მისი აღჭურვა; მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მართვისა და კონტროლის ელექტრონული სისტემის შექმნა.
პრაქტიკული ნაბიჯებია გადადგმული ქალაქ ფოთში გემთმშენებელი ქარხნის ბაზაზე სანაპირო დაცვის კატარღების თანამედროვე სამშენებლო და სარემონტო ტექნოლოგიების შექმნისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქ ფოთის ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც სხვა დაინტერესებული უწყებები ამ პროექტს თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანენ. მოკლე დროში ამოქმედდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ელექტრონული სისტემა „იორი“. სულ მალე ამერიკელთა დახმარებით გაიხსნება სასწავლო ცენტრი, სადაც მომზადდება სანაპირო დაცვის სპეციალისტები. გადაწყვეტილია შეიქმნას ერთობლივი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, სანაპირო დაცვის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პატრულისა და საქართველოს სასაზღვრო უწყების ექსპერტების მონაწილეობით, ეს კი, ზემოხსენებული პროგრამების ოპტიმალურ დაგეგმვასა და დროულ რეალიზაციაში დაგვეხმარება.
რაღა თქმა უნდა, ამგვარ დახმარებას ჩვენი რეგიონისათვის, და არა მხოლოდ მისთვის, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ადრეც მითქვას, რომ ახალ პირობებში ჩვენს გეოპოლიტიკურ არეალში გავლენას მოიპოვებს ის სახელმწიფო, რომელთანაც თანამშრომლობა იქნება ურთიერთხელსაყრელი და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველა დანარჩენთა ინტერესებში მოექცევა.
დასასრულ, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო საქა- რთველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ კენეტ იალოვიცს იმ დიდი გულისხმიერებისათვის, რომელსაც იგი ჩვენი ქვეყნისადმი იჩენს, მათ შორის, იმ საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას, ქართული სასაზღვრო ძალების ძლიერ და მოქნილ სტრუქტურად ჩამოყალიბებას ეხება.
ბატონებო, მერწმუნეთ, დღევანდელი დღე ჩვენც და მომავალ თაობებსაც დიდხანს გვეხსომება არა მარტო საქართველოს სასა ზღვრო ძალების აღმშენებლობის თვალსაზრისით, არამედ როგორც წვლილი იმ დიდი მეგობრობის განმტკიცებაშიც, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის ჩამოყალიბდა და, რომე ლიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფორმირდება. მით უფრო, რომ ჩვენი მეგობრობა იმ კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, რომელსაც რეგიონსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრება ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში, ადრე თუ გვიან, ჩაერთვება რუსეთიც, როგორც ერთ-ერთი „სატრანსპორტო გიგანტი“. ამასთან დაკავშირებით უთუოდ უნდა აღინიშნოს მეტად საგულისხმო ფაქტი: ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, როცა ჩვენ განსაკუთრებით გვიჭირდა, რუსეთმა იკისრა ჩვენი საზღვრების დაცვის არცთუ იოლი მისია. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი რუსეთის მოსახლეობას და რუსეთის ხელისუფლებას ამ სამსახურისთვის.
მოგვიანებით დაწყებულ პოსტსაბჭოური სახელმწიფოების სუვერენიზაციის ობიექტურ რეალობას რუსეთი გაგებით შეხვდა და დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრების დაცვა ამიე- რიდან თვით ქართველ მესაზღვრეებს მოუწევთ. ეს ცივილური ჟესტი უთუოდ შესაბამის შეფასებას იმსახურებს. მჯერა, რომ მომავალში უფრო აქტიური იქნება თანამშრომლობა როგორც რუსეთთან, ისე შავი ზღვისა და, მათ შორის „სუამის“ წევრ ქვეყნებთან. მინდა გითხრათ, რომ ქართველი მესაზღვრეების მიერ საზღვრების მიღების პროცესი თითქმის დასრულდა. ეს პროცესი დაიწყო ახალციხიდან და დამთავრდა აჭარაში. დღეისათვის რუსეთის მესაზღვრეების გასვლა დამთავრდა აფხაზეთიდანაც. ამიერიდან, როგორც იტყვიან, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი საზღვრების ბატონ-პატრონი.
ყოველივე ეს იმედს იძლევა, რომ საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს ეკონომიკურ და ფინანსურ სიძნელეებს და შექმნის სრულფასოვან დემოკრატიულ საზოგადოებას, გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, როგორც თავისუფალი და თვითმყოფადი სახელმწიფო. ამ იდეას ემსახურება ძლიერი ეროვნული სასაზღვრო სამსახურის შექმნა.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მესაზღვრეები მომავალში გამთლიანებული საქართველოს საზღვრებს დამოუკიდებლად დაიცავენ, და ამ საქმეში თითოეულ თქვენგანს, ყველა თქვენს თანამებრძოლსა და კოლეგას მინდა დიდი წარმატება ვუსურვო.
მინდა მადლობა ვუთხრა ფოთელებს, საერთოდ, სამეგრელოს, აჭარის ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც მხარში უდგას საქართველოს მესაზღვრეებს ამ დიდი, საშვილიშვილო და პატრიოტული მისიის განხორციელებაში. გისურვებთ წარმატებებსა და გამარჯვებებს.
[...]
მაია ალუდაური,
ედუარდ ედიბერიძე,
საქინფორმის სპეც. კორ.
ედუარდ შევარდნაძე: „სახელმწიფო და მისი ინტერესების განხორციელება საზღვარზე იწყება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 11-12 ივლისი. - №183-184 (3225). - 1,2 გვ.
![]() |
6 „როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს ვიღონებ, რათა მომავალი არჩევნები საქართველოში სამაგალითო იყოს თავისი დემოკრატიულობითა და სამართლიანობით“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 ივლისის რადიოინტერვიუ
- წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით „ცხელი“ აღმოჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ იგი წინასაარჩევნოა. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ცხრება. და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჯერ ოფიციალურად არ გამოგიცხადებიათ არჩევნების დღე, საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მართლაც, ასეა, - ყოველი დღე აახლოებს პარლამენტის, შემდგომ კი პრეზიდენტის არჩევნებს. თუმცა, დრო მაინც საკმაოდ არის ფიქრისა და განსჯისათვის.
მომავალი 4-5 წელი მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ეს იქნება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, ქვეყნის გამთლიანების დასრულების, დემოკრატიულ ღირებულებათა საბოლოო დამკვიდრების, პიროვნების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უზენაესობის აბსოლუტური გარანტიების შექმნის, ეკონომიკური აღმავლობის, სიდუხჭირის საბოლოოდ დაძლევის, საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველყოფის, კულტურის, მეცნიერების აღორძინების, ახალი თაობის სწავლა-აღზრდისათვის მაქსიმალურად სასიკეთო პირობების შექმნის წლები. ამას დავუმატებდი კიდევ ერთ სფეროს - ამ წლების განმავლობაში ჯანმრთელობის დარგში შემუშავებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელებას.
საერთოდ, სწორედ XXI საუკუნის დამდეგს დასრულდება დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი ქართული სახელმწიფოს საბოლოოდ დაფუძნებისა და ჩამოყალიბების პროცესი.
მომავალი რამდენიმე წელი ევროპული და მსოფლიო თანამოქმედების ახალ სისტემაში აქტიური ინტეგრირების წლები იქნება.
საქართველო უშუალოდ მონაწილეობს თანამედროვეობის უდიდესი პროექტების განხორციელებაში, რასაც კონკრეტული, თითოეული ადამიანისა და თითოეული მოქალაქისათვის საგრძნობი შედეგი მოჰყვება, და ცოტა მოგვიანებით მე უფრო დეტალურად შევეხები ამას შემდეგ ინტერვიუებში.
ჩვენს ქვეყანაში არცთუ უცხო და ახალია „სწორი არჩევნის“ თემა, ვინაიდან ამ თვალსაზრისით, ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, სწორი არჩევანი ქვეყნის გარანტირებული, ბედნიერი მომავალია. „საერთო-ეროვნული შეცდომის“ შედეგად კი ქვეყანა ისევ არასტაბილურობის, საყოველთაო ქაოსის ჭაობში ჩაეფლობა.
საქართველოს ბედი, მისი ყოფნა-არყოფნა, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა, - ქვეყნის მოქალაქეთა ხელშია.
დიახ, სწორედ ასეა.
იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ნაადრევად ვიწყებ საუბარს საარჩევნო თემაზე.
არა.
სწორი არჩევნისათვის მართლაც დროა საჭირო. დრო კი, პატივცემულო მოქალაქენო, ძვირფასო თანამემამულენო, საკმარისი, უნდა იყოს ამ ურთულესი სახელმწიფოებრივი პრობლემის ღრმად გააზრებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის.
მე ვიტყოდი, რომ სანამ საქართველოში არ დასრულდება სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესი, გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა - პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები არა მარტო პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი არჩევანიც არის.
მით უმეტეს, რომ კვლავ აქტიურობენ ძალები, რომელთაც ისტორიული გეზის უკუღმა შეტრიალება სურთ.
უკუღმა, ესე იგი, დაკნინებული დამოუკიდებლობისა და ჩაკეტილი საზოგადოებისაკენ.
გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა ბოლო ათი წლის მანძილზე, - ამგვარი არჩევანი შეურაცხმყოფელიც კი იქნება ჩვენი ეროვნული ღირსებისათვის.
მაგრამ ამ ძალების გააქტიურება სრულებითაც არ მაშინებს. ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლად შეუძლიათ იმოქმედონ იმათაც, ვინც ზოგჯერ შეფარულად, ზოგჯერ კი უკვე აშკარადაც აცხადებს, თითქოს ქართველი ერი სრულფასოვანი არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის და ამიტომ, ასე ვთქვათ, დროულად უნდა მოვინანიოთ შეცდომები. წინ დიდი იმედები, დიდი საქმეები, დიდი გეგმებია და მათი განხორციელების უტყუარი გარანტიებიც გვაქვს. რა ძალებთან და რა პიროვნებებთანაც არის დაკავშირებული ხვალინდელი, უკეთესი დღის იმედი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მე ახლა ამას მეტად არ დავაზუსტებ. ვფიქრობ, ყველა მიხვდება, ვისზე და რაზეა ლაპარაკი.
- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა მოქრთამვისა და დაშინების ცდები. ასეთი პრაქტიკა იყო წინა არჩევნების დროს...
- გმადლობთ, ამ შეკითხვისთვის.
ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ უკვე აშკარად მოქმედებს, თვალნათლივ ამოძრავდა ძალიან დიდი კაპიტალი.
ზოგიერთები მომავალ არჩევნებს „ფულის ქისათა“ არჩევნებსაც კი უწოდებენ.
უკვე დაიწყო ამომრჩეველთა ყოვლად ურიცხვი, დაუფარავი მოქრთამვა. ურიგებენ ავტომანქანებსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ფქვილზე, შაქარსა და სხვაზე, დოლარებით სავსე კონვერტებს, თანაც ეს ყოველივე ისევ და ისევ ნაძარცვი ფულის ნაწილია. იმ ფულისა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა შესულიყო, მაგრამ მავანთა ჯიბეში დაილექა. ჩვენ თანდათანობით ამოვქოლეთ ეს არხები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი.
- ეს არხები რომ ამოიქოლა, ამიტომაც არის ასეთი მწვავე დაპირისპირება...
- საქმეც ეს გახლავთ, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით.
თუმცა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც (და ეს ყველას უნდა ახსოვდეს), რომ პარლამენტმა სათანადო ცვლილებანი და დამატებანი შეიტანა საარჩევნო კანონში. ამჟამად თვით საარჩევნო კანონი, არაორაზროვანი დებულებებითა და ფორმულირებებით, კატეგორიულად კრძალავს და სჯის ამომრჩევლის მოსყიდვას.
დღიდან არჩევნების დანიშვნისა - გამართვამდე აკრძალულია, ნებისმიერი სახით, ამომრჩევლისათვის მატერიალური ფასეულობის გადაცემა. განურჩევლად იმისა, ეს ჩვეულებრივი მოხმარების პროდუქტი იქნება, თუ დოლარებიანი კონვერტი.
შეგახსენებთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ამომრჩევლის მოსყიდვისათვის (მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, ყველას გასაგონად და გასაფრთხილებლად) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
საარჩევნო ნობათის დარიგებას მოახერხებენ თუ არა, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მრწამსის შესაბამისად უნდა გააკეთონ.
შექმნილია და იმოქმედებს მწყობრი სისტემა, რათა ვერავინ შეძლოს და ვერავინ გაბედოს, რაიმე ხერხით ან რაიმე მეთოდით გააკონტროლოს, თუ კონკრეტულად ვის ან რომელ პარტიას მისცა ხმა - მხედველობაში მყავს ჩვენი ელექტორატი და ჩვენი ამომრჩეველი.
ზოგიერთი მომენტის გათვალისწინებით, ასეთ გარანტიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
- ანუ ეს იქნება დემოკრატიული და ფარული კენჭისყრით, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს თავისი ნება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს ვიღონებ, რათა მომავალი არჩევნები საქართველოში სამაგალითო იყოს თავისი დემოკრატიულობითა და სამართლიანობით. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების დღეს, ამ საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა. შესაბამის ბრძანებულებას, ალბათ, კვირის ბოლომდე მოვაწერ ხელს.
- 9 ივლისს კოდორის ხეობაში მომხდარი ფაქტის გამოძიება უშიშროების საგამოძიებო სამსახურს დაევალა. ვერსიები იმთავითვე საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული, კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული ოპერაცია იყო...
- ამ ფაქტის შეფასება მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს: ჩადენილია ძალზე შემაშფოთებელი, ყოვლად უმსგავსო საქციელი სრულიად უსაფუძვლოდ. საბედნიეროდ, ეს ინციდენტი უმსხვერპლოდ დამთავრდა.
დასკვნების გამოტანა ალბათ ჯერ ნაადრევია - სათანადო სტრუქტურები ამჟამად იკვლევენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ანუ რა მოტივაცია ჰქონდათ დამნაშავეებს და რა ამოძრავებდათ მათ.
ვიტყვი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.
არ არის გამორიცხული, ამ ფაქტს უშუალო კავშირი ჰქონდეს არჩევნებთანაც.
ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ, როგორც იტყვიან, უკანასკნელი ლუკმა არ დაიშურა კოდორის ხეობის გმირი მოსახლეობისათვის, ქართველებისათვის და, რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო.
მხოლოდ მოკლედ გავიხსენებ, რომ შეძლებისდაგვარად, უწინარესად, ვზრუნავდით სწორედ ამ ხეობისათვის, გზის, საავადმყოფოს, კავშირგაბმულობისათვის, რეგულარული საჰაერო რეისის, სურსათისა და პირველი საჭიროების საგნებით მომარაგებისათვის, და მრავალი სხვა.
ეს ყოველივე თითქმის წარმოუდგენელია იმ გაჭირვების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა.
იმავდროულად, მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და თანამოაზრე-თანამებრძოლთა დაპირსპირებით ნუ გაახარებს იმ პროვოკატორებს, რომლებიც დღენიადაგ საქართველოს დასუსტებაზე, ახალი დაპირისპირების პროვოცირებაზე ოცნებობენ, რათა ამღვრეულ წყალში ღლავი დაიჭირონ, ასეთი ძალები კი ბლომად არიან ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც.
- კახეთში დურუჯის ხეობასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკვე კარგა ხანია მთელი საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს. იქ მდინარის ნატანი მოსახლეობას დამანგრეველი მეწყერით ემუქრება...
- ამ საკითხზე გასულ კვირას ჩემი მონაწილეობით საგანგებო თათბირი გაიმართა.
კოლეგებთან ერთად დაწვრილებით ვიმსჯელეთ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ.
მინდა დავამშვიდო თანამემამულენი, კახეთის, ყვარლის მცხოვრებნი, რომ მდგომარეობა მართლაც შემაშფოთებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უიმედო არ არის.
პირველი რიგის სამუშაოები უკვე დაიწყო, სათანადო სახსრებიც გამოინახა, რამდენიც ახლა არის საჭირო, მდინარის კალაპოტი გაიწმინდება და მეწყერი ყვარელს ვეღარ დაემუქრება.
ამავე დროს ხელისუფლებამ შეიმუშავა სათანადო კონცეფცია, რათა დურუჯის ხეობის პრობლემა სტრატეგიული თვალსაზრისითაც გადაიჭრას, ესე იგი, გადაიჭრას საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ.
ამ საქმეში სერიოზულ დახმარებას გვპირდებიან ჩვენი ევროპელი მეგობრები, მათ შორის, ევროსაბჭო, რომლის წარმომადგენლებიც უკვე იმყოფებოდნენ ხეობაში.
ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საქართველო უკვე ევროპის სრულუფლებიანი წევრია და ამდენად არც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე მიგვატოვებენ მარტოდმარტო.
- გასულ კვირას ფოთში ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ იგრძნო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი დახმარება. თქვენ სასაზღვრო დეპარტამენტის ახალი ნაგებობანი და ახალი თავდაცვითი საშუალებანი მოინახულეთ...
- საქართველოს ტელევიზიამ ძალიან ნიჭიერად გააშუქა ეს მოვლენა და საშუალება მისცა თითოეულ მოქალაქეს თვალი ედევნებინა ამ ღონისძიებისათვის.
ზოგიერთი რამ ვთქვი ჩემს გამოსვლაში, მაგრამ კვლავ მინდა გავიმეორო მადლიერების სიტყვები საქართველოს მეგობრების, მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელებისა და ხალხების მიმართ, რომლებმაც ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს ჩვენს ქვეყანას სასაზღვრო ძალების, ზოგადად შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში.
უპირველეს ყოვლისა, ჩემი ხალხის სახელით, კვლავ უდიდესი, გულწრფელი მადლობა მინდა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელებსა და ამერიკელ ხალხს, მის წარმომადგენელს საქართველოში ბატონ კენეტ იალოვიცს.
სწორედ ამ დახმარების შედეგად უკვე მოგვეცა საშუალება (და უფლებაც) ვთქვათ, რომ ძირითადად დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის, სასაზღვრო ძალების ჩამოყალიბების პროცესი.
ეს არ გახლავთ სიმბოლური ძალა - იგი სათანადოდ აღჭურვილიც არის და ყველა საშუალებაც აქვს სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესასრულებლად.
აქვე არ შემიძლია კვლავ, ჩემი ხალხის სახელით, მადლობა არ ვუთხრა, აგრეთვე, რუსეთის ხელისუფლებასა და ხალხს, რუს მესაზღვრეებს, რომლებიც წლების განმავლობაში იცავდნენ საქართველოს საზღვრის მნიშვნელოვან მონაკვეთს, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას საამისო საშუალება არ ჰქონდა. ამჟამად, ეს უკვე ხელგვეწიფება და ამიტომ რუს მესაზღვრეებს მადლიერებით ვემშვიდობებით.
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მესაზღვრეთა უმძიმეს მისიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ასრულებენ, რა თქმა უნდა, სათანადოდ ნასწავლნი, სათანადოდ გაწვრთნილნი და სათანადოდ აღზრდილნი, სათანადო სკოლაგავლილნი.
ასეთი პრაქტიკა დაინერგა, მაგალითად, სამცხეჯავახეთში, აჭარაში, ახლა მიმდინარეობს დაკომპლექტება ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისა და ახლგაზრდობის ბაზაზე, საქართველოს შავი ზღვისპირეთში საერთოდ თუ საქართველოს მთიანეთში (მთელი მთიანეთი მაქვს მხედველობაში). ამას დიდი ისტორიული ტრადიცია და ფესვი აქვს, ვინაიდან მენაპირეობა საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული პატივი და ღირსება იყო, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც უშუალოდ სამშობლოს კარიბჭესთან ცხოვრობდნენ და ასრულებდნენ ქვეყნის დამცველთა მოვალეობას.
- და ბოლო კითხვა, - ისევ ეკონომიკის თემა... რით იყო მნიშვნელოვანი გასული კვირა...
- ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, ძირითად ტენდენციებს ამჯერად დაწვრილებით არ შევეხები, ვინაიდან უახლოეს დღეებში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელიც ნახევარი წლის შედეგებს მიეძღვნება.
თუმცა, რამდენიმე მომენტი ახლავე აღსანიშნავია.
უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობა აქვს ფაქტს, რომელიც გულწრფელი სიხარულით მსურს ვაუწყო ჩვენს რადიომსმენელებს: კერძოდ, ევროკავშირმა 1992 წლიდან პირველად ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველოს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასურსათო თვითუზრუნველყოფის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, ყველა შემადგენელი კომპონენტი, ანუ ჩამოაყალიბოს სტრატეგია, რომელშიც ევროკავშირის როლი განისაზღვრება უკვე არა მარტო ჰუმანიტარული დახმარებით, არამედ თანასწორუფლებიანი, ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობითა და თანამშრომლობით. შეგახსენებთ, როცა პარტნიორობაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება მსოფლიოს ისეთი ყველაზე დიდი გიგანტი, როგორიც ევროკავშირია.
ეს არის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, რაც შესაძლებელი და რეალური გახდა ლუქსემბურგში, პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულების საბოლოო რატიფიცირების შემდეგ.
სკეპტიკოსთა და „ურწმუნო თომათა“ საყურადღებოდ სიღრმისეული, სასიკეთო ცვლილებების მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების თვალსაზრისით.
მაგალითად არასდროს, თვით საბჭოთა პერიოდის ჩათვლითაც, საქართველოს არ ჰქონია საშუალება, ვთქვათ, საადრეო კარტოფილის ისეთი რაოდენობით წარმოებისა და ექსპორტისა, როგორც ამჟამად, საადრეო კარტოფილის მოსავალი წელს 70 ათას ტონას აღემატება. იგი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე იმდენად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის „დამოუკიდებელი“ ტელევიზია იძულებულიც კი გახდა გაევრცელებინა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოდან შეტანილი პროდუქცია გენური ინჟინერიის ნაყოფი იყოს და ამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის, რაც აბსოლუტური სიცრუეა. საადრეო კარტოფილი, რომელიც საქართველოდან გადის, ეკოლოგიურად სრულიად ჯანსაღია და არავის არავითარი საფრთხე არ ემუქრება. სხვათა შორის, მე ვლაპარაკობ ექსპორტზე და ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ საადრეო კარტოფილით ჩვენი ბაზარი მთლიანად არის გაჯერებული და ეს საერთო ფასებზე, ფასების კონიუნქტურაზეც ძალიან კარგად მოქმედებს. ამავე დროს კარტოფილი დიდი რაოდენობით არის გატანილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ეს ჩვენი მოსახლეობისთვისაც ერთგვარი შეღავათია.
შესაძლოა ვინმეს ეს წვრილმანი ეგონოს და თქვას: „რა მოხდა მერე, თუ საქართველოში მატულობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტემპი“.
მაგრამ სინამდვილეში ეს ერთ-ერთი სასიხარულო სიმპტომია იმისა, რომ ქვეყანა ძლიერდება და აღმავლობის გზას ადგას.
მეორე ასეთივე, თუ შეიძლება ითქვას, თითქოს უმნიშვნელო მაგალითი: წლის პირველ ნახევარში ჩაის წარმოებამ 35 ათას ტონას მიაღწია, ანუ გასული წლის ოდენობას 6-7 ათასი ტონით გადააჭარბა. კრეფის ტემპი კი ყოველდღიურად მატულობს და ყოველწლიურად ძლიერდება.
აქაც გამოგვიჩნდება ოპონენტი: „აქაოდა, ოცი წლის წინათ საქართველოში 30 ათასი ტონა ჩაი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათო“.
კი ბატონო, მართალს ბრძანებთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ დღეს თვისებრივად სხვა ვითარებაა: თუ ქართული ჩაი ამჟამად უცხოურ ბაზარზე გადის, მაშასადამე, იგი სძლევს უმოწყალო კონკურენციას, იმკვიდრებს თავის ადგილს, საკუთარ სეგმენტს და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის სავაჭრო ბალანსის გაწონასწორების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება.
მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სოფლის მეურნეობას.
აშკარა სასიკეთო ძვრებია მრეწველობაშიც და ვინც ბრმა არ არის, ეს უნდა დაინახოს.
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონსა და რუსთავში. შეიძლება ითქვას, საქართველომ გადაარჩინა და შეინარჩუნა უნიკალური საავიაციო ქარხანა, რომელსაც უკვე გარანტირებული აქვს საკმაოდ დიდი მოცულობის სტაბილური შეკვეთა, ქარხანა ამუშავდა და მინდა მთელ ამ სახელოვან კოლექტივს გულწრფელად მივესალმო.
ასევე სტაბილურად მუშაობს რუსთავის ქიმიური კომპლექსი - „აზოტი“. ესეც ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი, ასე ვთქვათ, მუდმივი რეჟიმით, მომუშავე დიდი საწარმოა.
უნდა ვაუწყო რადიომსმენელს, რომ უახლოეს მომავალში გვაქვს ყველა პირობა, რომ ამუშავდეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც. ერთი შეკვეთის საკითხია გასარკვევი. ვფიქრობ, ამ ერთ კვირაში ყველა ეს პრობლემა გაირკვევა და რუსთავის მეტალურგებიც ამუშავდებიან.
დღეს მინდა შირაქს ვესტუმრო, სადაც ბარაქიანი ალოობაა, შესანიშნავი პირი უჩანს მზესუმზირის მოსავალს, მენავთობეებსაც მოვინახულებ, ამ შემოდგომაზე დაიწყება ბურღვა „დიდი ნავთობის“ საბადოში. არის სხვა გეგმებიც.
აი, სწორედ ამ კეთილისმყოფელ ტენდენციებზე მაქვს საუბარი, მთლიანობაში კი ისინი ერთიან, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ, აღმშენებლობითს პროცესს ქმნიან.
[...]
საქინფორმი.
„როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს ვიღონებ, რათა მომავალი არჩევნები საქართველოში სამაგალითო იყოს თავისი დემოკრატიულობითა და სამართლიანობით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 13 ივლისი. - №185 (3226). - 1, 2 გვ.
![]() |
7 „უკანონობა არც თოფაძეს ეპატიება და არც შევარდნაძეს“ |
▲back to top |
ბრიფინგი
საქართველოს პრეზიდენტის ორშაბათის ბრიფინგი თანდათან არა მარტო ტრადიციული, არამედ მრავალფეროვანიც გახდა. გაფართოვდა დამსწრეთა შემადგენლობა (მას უკვე საზღვარგარეთელი ჟურნალისტებიც ესწრებიან) და შესაბამისად გაიზარდა ინტერესთა სფეროც.
დიალოგი სახელმწიფოს მეთაურსა და ჟურნალისტებს შორის აშკარად დემოკრატიულია. არავითარი შიში. ედუარდ შევარდნაძეს ტაქტიანად შეიძლება ყველაზე მწვავე რამეც კი შეეკითხო, იმ ერთი საათის განმავლობაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს გვითმობს, თავისუფალი სიტყვა ნამდვილად ზეობს, სახელმწიფოს მეთაური ჩვეული დიპლომატიითა და იუმორით არავის ტოვებს უპასუხოდ.
გუშინ ედუარდ შევარდნაძეს ჰკითხეს: მესამე წელიწადია საზღვარგარეთიდან ზედიზედ მნიშვნელოვან პრემიებს იღებთ: კანტის, ონასისის, ნიქსონის, ახლახან ამერიკის დემოკრატიის ინსტიტუტის პრემია მიიღეთ, გარეთ რომ ასე გაღიარებენ და გაფასებენ, ასეთივე დაფასება რატომ შინ არა გაქვთო?
რატომ, ხომ გავხდი გუშინწინ გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, რასაც დიდად ვაფასებ თუნდაც იმიტომ, რომ მისი პირველი საპატიო დოქტორი ვარო, - ჩვეული იუმორით მწვავე პასუხს თავი აარიდა ედუარდ შევარდნაძემ და განმარტა, რომ ამერიკის დემოკრატიის ინსტიტუტის ჯილდო, მართლაც მაღალი ჯილდოა. შარშან იგი პრეზიდენტმა კლინტონმა მიიღო, მასზე ადრე ჰაველმა, კიდევ რამდენიმე ცნობილ მოღვაწესა და ნობელის პრემიის ლაურეატს აქვს მიღებული.
- მე ამ ინსტიტუტს კარგად ვიცნობ, ორჯერ ვარ მოხსენებით იქ გამოსული. ინტელექტუალთა ინსტიტუტია და, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ღვაწლის და, კიდევ უფრო მეტად, ჩვენი ქვეყნის იმ კურსის შეფასება-დაფასება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ: დამოუკიდებლობის მშენებლობა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა და დემოკრატიის განვითარების მკაცრი კურსი. იქ ზერელე დასკვნებს არავინ აკეთებს, წინასწარ ჩამოდიან ექსპერტები და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას სწავლობენ.
მართალია, ჩვენთან იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ ქაოსიდან და ანარქიიდან დემოკრატიულ სახელმწიფომდე მივედით. ეს ჯილდოც მხოლოდ შევარდნაძის დამსახურება არ არის, იგი საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაა.
- ამ დღეებში ბათუმში ჩავიდა გენერალი ლებედი, რამდენად იყო ეს შეთანხმებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან და რამდენად გამართლებულია მისი ვიზიტი, როცა იგი სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა 9 აპრილის დროს თბილისში?
- სიმართლე გითხრათ, რაიმე სერიოზული კომენტარისაგან თავს შევიკავებ. ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შეფასებას საჭიროებდეს. ისე კი, წინდახედული გუბერნატორი ზრდილობისათვის მაინც დარეკავდა დედაქალაქში.
- ხვალ პარლამენტი განიხილავს შვიდპროცენტიანი ბარიერის საკითხს. თქვენი ბარიერის საკითხს. თქვენი პროგნოზი: თუ ბარიერი გაიზრდება, რა ძალთა განლაგება შეიძლება მივიღოთ პარლამენტში?
- ჯერ დამთავრდეს ეს დებატები და ამ საკითხის განხილვა. ამას წინათ ბატონი ზურაბ ჟვანია გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან პრობლემურია, დაადგენს თუ არა პარლამენტი შვიდპროცენტიან ბარიერსო. მიმაჩნია, რომ თუ დაადგენს, მომავალ პარლამენტში ნაკლები პარტიები იქნება წარმოდგენილი, მაგრამ სამაგიეროდ, - მსხვილი პოლიტიკური ძალები. თუ ხუთპროცენტიანი ბარიერი დარჩება, აქ სავსებით ნორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდება და სავსებით ნორმალური პარლამენტი შეიძლება მივიღოთ.
- როგორ შეაფასებდით ბოლო დროს საქართველოს სანაოსნოში შექმნილ მძიმე ვითარებას? მოგეხსენებათ, ამ საკითხის ირგვლივ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სააგენტო პრაიმ-ნიუსი დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს. ეს საკითხი დიდი ხანია გასცდა ეკონომიკურ სიბრტყეს და პოლიტიკურში გადაინაცვლა.
- მე ვერ გეტყვით, რომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია. ეს ასე არ არის. თუ ვინმეს უნდა, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური ელფერი მისცეს, ეს სხვა საკითხია. ეს არის ჩვეულებრივი კრიმი- ნალური მოქმედება, დანაშაული, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. იყო წლები - 1992, 93, 94, 95-იც ნაწილობრივ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ამისთვის არ ეცალა და ვერ მიხედავდა. 1994-95 და შემდგომ წლებში თითქმის ყოველწლიურად კონტროლის პალატა ამოწმებდა სანაოსნოს, მე თვითონ გაცნობილი ვარ ამ მასალებს. საკმაოდ სერიოზული და შემაშფოთებელი მასალები იყო. რამდენიმე მოხსენებით ბარათს შედეგად მოჰყვა პრეზიდენტის ბრძანებულება სანაოსნოს ხელმძღვანელობის გამოძახებით და მთელი პროგრამის განსაზღვრით. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, ხანდახან ეს ბრძანებულებები არ სრულდება. როგორც პროკურატურიდან მეუბნებიან, ძალიან დიდი დანაშაულობანია ჩადენილი. ეს არის ჩვენი მასშტაბებისათვის ასტრონომიული სახსრების არადანიშნულებისამებრ ხარჯვა. ეს საქმე პროკურატურამ თავის წარმოებაში უნდა აიღოს. იგი ცენტრსდაქვემდებარებული სტრუქტურა არის და ამიტომ მისი გამოძიება რესპუბლიკის პროკურატურას, გენერალურ პროკურორს ექვემდებარება. ვფიქრობ, გენერალური პროკურორი ამ საქმეს ბოლომდე, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
- გასულ კვირას ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს ქართველ პატრიოტთა ლიგის თავმჯდომარე, ერთი წლის წინათ დატყვევებული გიორგი ზაალიშვილი. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ჩეჩნეთის მხარესთან ქართველ მძევალთა განთავისუფლების თაობაზე?
- მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. იყო ჩემი თხოვნაც სხვადასხვა რანგისა და დონის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებთანაც ძალიან კარგი, ადამიანური ურთიერთობები გვაქვს. როგორც ვიცი, მათ ძალიან ბევრი გააკეთეს, რათა ეს საკითხი როგორმე მოგვარებულიყო. მაგრამ ჩეჩნეთში ცოტა რთული მდგომარეობაა: შიდა პოლიტიკური ვითარება ძალიან მძიმეა, ბევრი შეიარაღებული დაჯგუფება თვითონ ხელმძღვანელობასაც არ ემორჩილება და, როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ის დაჯგუფებაა, რომელიც ასლან მასხადოვის დაქვემდებარებაში არ შედის. მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. სხვათა შორის, ბევრი რამ გასარკვევია მიზეზებთან დაკავშირებით. გუშინ უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ დაზარალებულის მამას, მის ნათესავებს, ისაუბრეს. მე შემიძლია განვაცხადო, რომ დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს საკითხი და ის ადამიანი სწრაფად დაუბრუნდეს თავის ოჯახს. რამდენიმე კაცი ჩვენი თხოვნით, წერილობით სპეციალურად გაგზავნილიც იყო ჩეჩნეთში, არც მომავალში დავაკლებ მცდელობას. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა თვითონაც ძალიან შეწუხებულია. იგი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებით, განმტკიცებით. ყველა ასეთ ფაქტს გულთან მიიტანენ ხოლმე.
იტალიური გაზეთის „ლა რესპუბლიკას“ კორესპონდენტმა, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკოსი, ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს იტალიაში. ახლა ჟურნალისტი მუშაობს თემაზე: „მართლმადიდებლური რელიგია საქართველოში“. მან შეკითხვა ორ ნაწილად გაჰყო.
- როგორ დაეხმარა რელიგია საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში, როდის მიიღებს საქართველოს პარლამენტი „რელიგიის შესახებ“ კანონს და რას შეცვლის ეს კანონი საქართველოში?
- საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში და მის დემოკრატიულ განვითარებაში ჩვენ მა- რთლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამოაზრენი ვართ, - უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ. რაც შეეხება კანონს „რელიგიის შესახებ“, აღნიშნა, რომ მართალია, იგი ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ ურთიერთობა ეკლესიასთან, სახელმწიფო გარანტიების შექნა პიროვნების თავისუფლებისა თუ სინდისის თავისუფლების მიმართ, კონსტიტუციით წესრიგდება. კონსტიტუციის ფარგლებში საშუალება გვაქვს ვითანამშრომლოთ რელიგიასთან, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან.
- როდესაც თქვენ პოლიტიკურ საყრდენად მოქალაქეთა კავშირი აირჩიეთ, სხვა ოპოზიციური პარტიებისათვის მაინც გაუგებარი დარჩა, რა ცოდვის გამო შეგეძლოთ ხელი გეკრათ მათთვის, იმავე ვახტანგ რჩეულიშვილისათვის, „აღორძინებისათვის“. ბატონმა ვახტანგმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მას ვერაფრით ამოუხსნია თქვენთან ურთიერთობის გამწვავება, რის გამოც იძულებული გახდა გადასულიყო ბათუმის პოლიტიკურ ალიანსში. იქნებ განმარტოთ: რა ცოდვები ჰქონდა სხვა პარტიებს, ისინი თქვენს პოლიტიკურ საყრდენად რომ არ აირჩიეთ? - ასეთი იყო „ალიას“ შეკითხვა.
- სოციალისტური პარტია საერთოდ ქაღალდზეც არ არსებობდა, როდესაც მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მოქალაქეთა კავშირი შევქმენი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი პარტია არ არის დაზღვეული ნაკლოვანებებისაგან, მოქალაქეთა კავშირმა ამ წლების განმავლობაში ქვეყნის წინაშე ისტორიული მისია შეასრულა, მაგრამ არა მარტომ. დღეს რადიოინტერვიუში ოპოზიციაზეც ვისაუბრე. ოპოზიციამ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და, ვფიქრობ, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, შევქმენით დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ყველა კომპონენტის მიხედვით. რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილს, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ მე ბატონ ვახტანგის მიმართ რაიმე არასიმპათიური მეთქვას, ან პრესკონფერენციაზე, ან სხდომებზე. იგი ჩემთან ერთად მუშაობდა წინა პარლამენტში და ერთ-ერთ თანამებრძოლად ითვლებოდა. როდესაც ის პარტიას ქმნიდა, ახლა გავცემ საიდუმლოს: მოვიდა ჩემთან და რჩევა მკითხა. ვუთხარი, იმოქმედე ისე, როგორც სინდისი გიკარნახებს. თუ მიგაჩნია, რომ შეგიძლია ძლიერი პარტიის შექმნა, მე მხოლოდ გამეხარდება, თუკი ამას შეძლებ. მაგრამ მაშინ მას არ უთქვამს ჩემთვის, რომ ის სხვა ორიენტაციისა იქნებოდა. მაშინ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ის იქნებოდა ისეთი ორიენტაციის განმახორციელებელი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას. ბათუმური ალიანსი მაშინ არ იყო.
- პოლიტიკურ ორიენტაციას სწორედ „აღორძინებასთან“ რა ღაც წინააღმდეგობები განაპირობებს.
- არ გვინდა ახლა „აღორძინებაზე“ ლაპარაკი. თუ „აღორძინება“ კანონის ფარგლებში იმოქმედებს და სადღაც, რომელიღაც არჩევნებში გაიმარჯვებს, თქვენ იცით, მოხდა ასეთი ამბავი, ამის გამო ქვეყანაში ტრაგედია არ დატრიალდება. მხოლოდ ვიმეორებ: „აღორძინებაც“, მოქალაქეთა კავშირიც, სოციალისტებიც, კომუნისტებიც და სხვაც, უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციის ფარგლებში, - კატეგორიულად აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
- მას შემდეგ, რაც ამერიკის კონგრესმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს აბრეშუმის გზის პროექტს, ხომ არ მოჰყვება ამას სიტუაციის გამწვავება სამხრეთ კავკასიაში? რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? როგორ გესახებათ ამ რეგიონში ამერიკისა და რუსეთის თანამშრომლობა?
- რუსეთი და შეერთებული შტატები ახლაც თანამშრომლობენ, მათ შორის კოსოვოს კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. მართალია, იყო წინააღმდეგობებიც, მაგრამ საერთო ანგარიშით, მაინც მოხერხდა შეთანხმება მთავარ საკითხებში. ვფიქრობ, მომავალში ეს თანამშრომლობა გაფართოვდება და გაღრმავდება. სხვა გზა არ არის. რუსეთს სჭირდება ასეთი თანამშრომლობა. შეერთებული შტატებიც დაინტერესებულია, ნორმალური კავშირურთიერთობა დაამყაროს ამ დიდ ქვეყანასთან. რაც შეეხება დიდ აბრეშუმის გზას, თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა შექმნას პრობლემა, სხვა საკითხია. პრინციპული თვალსაზრისით, შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა დიდი აბრეშუმის გზის აღდგენასა და განვითარებაში, შეესაბამება სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, იაპონიის, ჩინეთის ინტერესებს. ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და ბევრი სხვა, დიდი ინტერესით ეკიდებიან ამ პროექტს.
რაც შეეხება რუსეთს, მას შეუძლია ნებისმიერ დროს ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს რუსეთის სამხრეთი რეგიონები. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი იქნება, თუ მოგვარდება აფხაზეთის კონფლიქტი. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი.
- ბათუმის ალიანსს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პოლიტიკური ძალა საქართველოში ორიენტირებულია რუსეთზე. საინტერესოა, სახელდობრ, რომელი პოლიტიკური ძალაა ნაგულისხმევი, რადგან თვით რუსეთში არ არის ერთსულოვნება. თქვენი აზრით, რომელ ძალას შეიძლება ემყარებოდეს ახლა ბათუმური ალიანსი?
- ვერ დავასახელებ მისამართებს, რადგან ამ ძალებს ვერ გაურკვევიათ, ვისზე აიღონ ორიენტაცია. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთის პრეზიდენტზე აქვთ აღებული გეზი. ეს არც პრემიერ-მინისტრი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრს გამოვრიცხავ, ასევე თავდაცვის მინისტრსაც. მაშ, კიდევ რა ძალებზეა ლაპარაკი? მაშასადამე, ყოფილან რუსეთში ძალები, რომლებიც იბრძვიან თვით რუსეთის დემოკრატიის წინააღმდეგ. ასეთი ძლიერი პოლიტიკური ძალები არიან. შეიძლება სწორედ მათზე არიან ორიენტირებულნი.
- როგორ გგონიათ, რუსეთში მორიგი პუტჩი მოსალოდნელია?
- მე ვიცი, რომ პუტჩი საქართველოში არ მოხდება. რაც შეეხება რუსეთს, ვერაფერს გეტყვით.
- 3 ოქტომბერს აფხაზეთში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები. თუ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება, რითი აპირებს ხელისუფლება დაუპირისპირდეს ამ მოვლენას?
- სამწუხაროდ, ვერაფრით დავუპირისპირდებით, მაგრამ შეგვიძლია შევაფასოთ: ეს არის უკანონო არჩევნები. რეგიონში, საიდანაც განდევნილია მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი, რა კანონიერ არჩევნებზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი? მაგრამ სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, სანამ პოლიტიკური სტატუსი არ განისაზღვრება, მანამდე ისინი თვლიან, რომ მათ აქვთ თავიანთი კონსტიტუცია, სხვათა შორის შეუთავსებელი ჩვენს კონსტიტუციასთან და ამ კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედებენ. ეს არჩევნები არავითარი დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. ეს არის ცინიზმი დემოკრატიის მიმართ.
აფხაზეთის საკითხი აინტერესებდა დანიის უძველესი გაზეთის „ბერილგსკე ტიდენდერის“ კორესპონდენტს, რომელმაც ასეთი შეკითხვა დასვა:
- კიდევ ერთხელ დადგა აფხაზეთში სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების საკითხი. ცოტა ხნის შემდეგ გაეროშიც კი განიხილავენ აფხაზეთის პრობლემას. როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო გაერთიანებამ, მათ შორის დასავლეთმა, ნატომ უნდა შეასრულონ არსებითი როლი აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში? რამდენად არის ეს შესაძლებელი? რა პარალელს გაავლებთ აფხაზეთისა და კოსოვოს კონფლიქტებს შორის?
- უდავოა, აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში დასავლეთის, მათ შორის ნატოს ჩარევის პოტენცია არსებობს. ამჯერად, საეჭვოა, უშიშროების საბჭოს ჩაურევლად შეიძლებოდეს რამე დამატებითი ზომების მიღება. რაც შეეხება პარალელის გავლებას აფხაზეთსა და კოსოვოს მოვლენებს შორის, ერთი უბედურება ახასიათებს ერთსაც და მეორესაც. უბედურებას ეთნიკური წმენდა და ხალხის გენოციდი ჰქვია. ორივე გაეროს წესდებით ისჯება. თუ უახლოეს დროში მოლაპარაკების გზით არ მოგვარდება აფხაზეთის კონფლიქტი, ადრე თუ გვიან დადგება ისეთი მეთოდის გამოყენების საკითხი, როგორიც არის იძულებითი მშვიდობა, რომელიც კოსოვოში ამოქმედდა. მაგრამ არც ისე სწრაფად მოხდება ეს. ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაგ- ვჭირდება, რათა დამყარდეს მშვიდობა და წარიმართოს შერიგების პროცესი, - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა.
- ბატონო პრეზიდენტო, ჩაერევით თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიების მიერ უკანონო მანევრების გამოყენებისას და როგორ აფასებთ საგადასახადო სამსახურის წინასაარჩევნო დაინტერესებას თოფაძის კომპანიის მიმართ?
- რაში ჩავერევი და არ ჩავერევი, არ ვიცი. პირველ არჩევნებს არ წარვმართავ და აქამდე სერიოზული შენიშვნები ჩემს მიმართ არ გამოუთქვამთ. თუ რაიმე საფუძველი არის, მითხარით და გიპასუხებთ. არსებობს კანონი არჩევნების შესახებ და კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ. ყოველგვარი უკანონობა, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც ჰქვია ამომრჩეველთა მოსყიდვა და სხვადასხვა საშუალებით ზეგავლენა, ისჯება და დაისჯება კიდეც. ამ მხრივ მე ხელს შევუწყობ, რომ კანონი სრულდებოდეს.
თოფაძეს, სხვათა შორის, ეს ახლა უნდა ვთქვა, როგორც შემეძლო, ხელს ვუწყობდი. მიმაჩნდა, რომ იგი უნარიანი ბიზნესმენია. მაშინ, როდესაც ბევრი ქარხანა დაანგრიეს, მან მოახერხა და შეინარჩუნა ძირითადი შენობები და ძირითადი დანადგარები ქარხანაში. შემდეგ, ჩემი საფრანგეთში ვიზიტის დროს, ბატონ კასტელს, რომელიც მისი პარტნიორი გახდა, შემდეგ მე შევთავაზე - საქართველოში არის საშუალება, ერთობლივი საწარმო შეიქმნას მეთქი. ვეხმარებოდი კიდევ ბოლომდე. როდესაც თოფაძე პარტიას ქმნიდა, რჩეულიშვილისა არ იყოს, მოვიდნენ და გვკითხეს: წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ჩვენ პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტია ვართო. მაშინ მადლობა გადავუხადე, მაგრამ გადასახდელის გადაუხდელობას არავის ვაპატიებ, ვინც უნდა იყოს. თუ ის სწორია, რაც საგადასახადო ინსპექციამ გამოამზეურა - 7 მილიონი ლარის ფარგლებში გადაუხდელი გადასახადი და დამალული პროდუქცია, ამით უნდათ მრეწველობის გადარჩენა? თოფაძეს ან სხვას, ვინც უნდა იყოს?
კიდევ ვიმეორებ: ყველა ბიზნესმენის წარმატება, ვინც წესიერ ბიზნესს ეწევა, მახარებს, როგორც ჩემი საკუთარი, როგორც ქვეყნის წარმატება და ძალიან მოხარული ვიყავი იმ მასშტაბებისა, რომელსაც მოკლე დროში მიაღწია თოფაძემ. რაც შეეხება უკანონობას, უკანონობა არც თოფაძეს ეპატიება და არც შევარდნაძეს.
რუსუდან ლორთქიფანიძე.
„უკანონობა არც თოფაძეს ეპატიება და არც შევარდნაძეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 ივლისი. - №192 (3233). - 1, 4 გვ.
![]() |
8 „ჭეშმარიტი, დემოკრატიული ოპოზიცია, რაოდენ მწვავედაც უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, არასდროს გახდის საეჭვოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ფუძემდებლურ ინტერესებს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 19 ივლისის რადიოინტერვიუ
- შაბათს თქვენ გორს ეწვიეთ და შიდა ქართლის რეგიონში ასეთი რამ ბრძანეთ: ვამაყობ, რომ ქართველი კაცი მიწის მესაკუთრე სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს გახდა. შიდა ქართლში თქვენ აგარისა და ბამბეულის კომბინატები და სხვა ობიექტები მოინახულეთ. თქვენი შეფასება ასეთი იყო, შიდა ქართლში უკვე ახალი ცხოვრება იწყება. გარდა ამისა, გორის, ან უკვე, სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც გახდით... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მე რამდენადმე უფრო ზოგადი თემით დავიწყებ და აღვნიშნავ იმას, რომ რეგიონალიზმი თანდათან საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ხდება. გახსოვთ ჩვენი მოგზაურობა იმერეთში, კახეთში და ასე შემდეგ.
ეს პროცესი თავისი შინაარსით უაღრესად დემოკრატიულია და ამდენად სავსებით მისაღები ჩვენი ქვეყნისათვის. იგი ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
აქვე დავძენ, რომ რეგიონალიზმი სრულებითაც არ გამორიცხავს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მთლიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სისტემებისა და მექანიზმების შემდგომ განმტკიცებას, მეორე მხრივ კი, ფედერაციულ ურთიერთობათა გაფართოებას ავტონომიურ წარმონაქმნებთან, ესე იგი, ფედერაციის სუბიექტებთან.
უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ რეგიონული მოწყობის სისტემა ყველა თვალსაზრისით გამართლებულია. მან უზრუნველყო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ჰარმონიზაცია და შექმნა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საბოლოოდ განსაზღვრის საფუძველი. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთ პრაქტიკას, ასეთ მიდგომებს ჩაეყარა საძირკველი.
რეგიონებში სრულიად ახლებურად და სხვაგვარად ჩანს მრავალი პრობლემა. სწორედ იქ ხდება სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის მრავალი მოსაზრებისა და კონსტრუქციული იდეის მომწიფება.
თვალნათელია, რომ უნდა შევიმუშაოთ ახალი კანონები, რომლებშიც უკვე აისახება რეგიონული პრობლემატიკა, კერძოდ, საბიუჯეტო პროცესის თვალსაზრისითაც. მით უმეტეს, რომ ახალი რაიონული და საქალაქო ბიუჯეტები უკვე ძალიან სერიოზული მოვლენაა საქართველოს ფისკალურ პოლიტიკაში.
შიდა ქართლის მორიგმა მონახულებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. უკანასკნელ ხანს საერთო ძალისხმევით ამოქმედდა რამდენიმე მძლავრი საწარმო. ქვეყანას უკვე შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის შაქრის ფხვნილზე - კვების ამ ერთ-ერთ ძირითად პროდუქტზე (სამწუხაროდ, ეს ქარხანა გაჩერებული იყო წლინახევრის განმავლობაში), რაც მთავარია - ხელმისაწვდომ ფასად. გაცილებით უფრო იაფია ჩვენთან წარმოებული შაქრის ფხვნილი, ვიდრე ის, რომელიც შემოდიოდა კონტრაბანდული გზით და ზოგიერთი კანონიერი გზითაც. შაქრის ქარხნის ამოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსახლეობას მიეცემა საშუალება განაახლოს ხილის მოსავლის ოჯახში დამუშავებისა და კონსერვაციის დიდებული ტრადიცია, საუკუნეების განმავლობაში რომ ყალიბდებოდა. აღარაფერს ვამბობ საკონსერვო ქარხნების მოსალოდნელ ამოქმედებაზე. ბევრი მათგანი უკვე მუშაობს და კიდევაც ქმნის პროდუქციას.
ჩემთვის საამაყოა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს შესანიშნავი საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე გორის ინსტიტუტს მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემს კოლეგებთან, განათლების მინისტრთან და საქართველოს რექტორთა საბჭოსთან მოთათბირების შემდეგ - ისევ და ისევ ქვეყნის რეგიონების ყოველმხრივი მსწრაფი და ჰარმონიული განვითარების ინტერესების საფუძველზე. თქვენ იცით, რომ ამ ერთი თვის წინათ თელავის ინსტიტუტსაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რანგი მიენიჭა.
ქართლში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, აუცილებლად უნდა არსებობდეს კულტურისა და მეცნიერების მძლავრი კერა და კერები საერთოდ, რომელთაც საერთო - ქართული მასშტაბი და მნიშვნელობა ექნება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მომავალი საუკუნე მეცნიერების, მაღალი კულტურული აზროვნების საუკუნეა და არა მარტო დედაქალაქში, არამედ უნდა ბრწყინავდეს ჩვენი აზროვნება ისეთნაირად, რომ ყველა რაიონში, ყველა სოფელში ვხედავდეთ იმ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ხალხს გენებში აქვს. ქართლსა და სხვა რეგიონებში უნდა იყოს კულტურისა და მეცნიერების ისეთი კერა, რომელიც განსხვავებული იქნება ცენტრში, თბილისში არსებული კერებისაგან. და მე იქ ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ის დიდებული ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრეს ჩვენმა დიდმა მეცნიერმა მოღვაწეებმა, აკადემიკოსებმა და სხვებმა. მაგალითად, გიორგი ახვლედიანი დადიოდა გორში და ლექციებს კითხულობდა, ასევე ნიკო კეცხოველი თავისთავად და სხვები და სხვები. ახლა უნდა განვაახლოთ ეს ტრადიცია: ზოგი ქართლში, ზოგი კახეთში, ზოგი ზუგდიდში, ახალციხეში, სხვა რაიონებში უნდა ჩავიდნენ ჩვენი უმაღლესი რანგის მეცნიერები, ასევე ისინი უნდა ჩამოვიდნენ დედაქალაქში და კითხულობდნენ ლექციებს, ეს დიდი და კარგი სკოლა იქნება. მხედველობაში მაქვს ასევე ბათუმის უნივერსიტეტი, ბათუმის სასწავლებლები, სადაც ასევე სისტემატურად უნდა იყოს კადრების გაცვლა.
როგორც პრეზიდენტმა, ისიც უნდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ მხარეში ჩემი რწმუნებულის ირაკლი ბოჭორიძისა და მისი ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელთა საქმიანობით. მათი ძალისხმევა, მონდომება, ნიჭი და უნარი დაეტყო რეგიონს, სადაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.
მოვისმინე მათი ანგარიში საპრეზიდენტო პროგრამის შესრულების თაობაზე და ძირითადად კმაყოფილი დავრჩი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ნაკლოვანებანი საერთოდ უცხო იყოს ამ მხარისათვის, მაგრამ იდეალური ხომ მიწიერ ცხოვრებაში არაფერია. ყველაფერი შედარებითია, ვადარებ იმას, როცა ამას წინათ ვიყავი და მერე, ძალიან მოკლე დროში რამდენი რამ შეიცვალა.
პირადად გადავეცი კარალეთელ გლეხებს მიწის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. და ისე, როგორც მე ვთქვი, ვამაყობ იმით, რომ დაფუძნდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიენიჭა მას უნივერსიტეტის რანგი, ასევე კიდევ და კიდევ გავიმეორებ, რომ ვამაყობ იმით, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს გლეხს, მეურნეს უკანონდება დოკუმენტურად, სათანადო საბუთებით, პრეზიდენტის ხელმოწერით, მიწის საკუთრების უფლება. ამას ვერავინ ვერ შეეხება, მხოლოდ შთამომავლობას გადასცემს და სხვისთვის გადაცემის უფლება არა აქვს. არ ვგულისხმობ გაყიდვასა და სხვას. კარალეთში ისეთი სიტყვები მოვისმინე, რომ არა მგონია, იქ გლეხი შეელიოს მშობლიურ მიწას და გაყიდოს, შეიძლება დააგირავოს და სხვა.
უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ქართულ-ოსური კონფლიქტის საბოლოოდ ამოწურვას, მოგვარებას, შერიგების პროცესის დასრულებას, მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას.
ამ მიმართულებითაც რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მოსახლეობის ძალისხმევამ უკვე გამოიღო კეთილისმყოფელი ნაყოფი. განსაკუთრებით უნდა მივაპყრო საზოგადოებისა და ყველა სახელმწიფოებრივი, მმართველობითი რგოლის წარმომადგენელთა ყურადღება შიდა ქართლის გამოცდილებას კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით ეს ძალზე რთული რეგიონია, მაგრამ ადმინისტრაციამ, უწინარესად რწმუნებულმა, მოსახლეობის მხარდაჭერით მოახერხა მრავალი კონტრაბანდული ნაკადის შეჩერება-შეკავება და აღკვეთა, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ამ ნაკადების შეწყვეტა სავსებით შესაძლებელია. ამიტომ ბრძოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს და ეს უნდა იყოს უშეღავათო და პრინციპული ბრძოლა კორუფციის, ფალსიფიკაციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ.
ფაქტობრივად, ეს სამი მოვლენა ერთი და იგივე კრიმინალური ფენომენის სხვადასხვა გამოხატულებაა და სხვა არაფერი.
ვერავინ და ვერაფერი ამ შეტევას, ამ ძალისხმევას წინ ვერ აღუდგება - იგი აუცილებლად მოიცავს ყველა რეგიონს. რეგიონების ხელმძღვანელები კი სამართალდამცველებთან ერთად პერსონალურად აგებენ პასუხს კონტრაბანდული საქონლის, უაქციზო პროდუქციის შემოტანის თითოეული ფაქტისათვის, რა თქმა უნდა, იგულისხმება საბაჟო სამსახურის მუშაობის სრულიად ახალი დონე.
როცა მოვინდომებთ, როგორც კი სათანადო ნებას გამოვავლენთ, - შედეგს უეჭველად მივაღწევთ.
მაგალითად, მივაღწიეთ კონვენციის გაფორმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ფალსიფიცირებული პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ. აქტიურად დაგვიჭირეს მხარი უკრაინამ, მოლდოვამ, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ კი იმას მიაღწია, რომ უნგრეთის მთავრობამ (სამწუხაროდ, იქ გაჩნდა ამის მსგავსი არასასურველი რაღაც მოვლენები) აკრძალა ის კომპანიები, რომლებიც ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს აწარმოებდნენ და შემდეგ ჰყიდდნენ სხვადასხვა ბაზარზე.
ეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია მიზანმიმართულებას და შეუპოვრობას. ზოგიერთები კი მხოლოდ საპროტესტო წერილების გაგზავნით კმაყოფილდებიან. ასე არ გამოვა - საჭიროა არა ქაღალდების შეგროვება, არამედ რეალური საქმე. - მონდომებას, შრომას, თუ გნებავთ, თავდადებასაც - წინ ვერაფერი დაუდგება.
- ამ კვირაში უნდა გაიმართოს მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელიც ექვსი თვის შედეგების შეჯამებას მიეძღვნება. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ ბოლო ექვს თვეს? და კიდევ ერთი თემა: გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა აბრეშუმის გზის სტრატეგიის აქტი და აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება დაემთხვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს. ამას გარდა, გასულ კვირას გაიმართა საინვესტიციო საბჭოს სხდომა, კასპიის საფინანსო ცენტრის პრეზენტაცია და ასე შემდეგ. გასული კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო თავისი მასშტაბით...
- ძალიან მნიშვნელოვანი. გასული კვირის მოვლენებიდან, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ღირსშესანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში „აბრეშუმის გზის სტრატეგიის თაობაზე“ 1999 წლის აქტის დამტკიცება. ეს ისტორიული დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსათვის, საერთოდ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისათვის ყოველმხრივი დახმარების გაზრდას და ამერიკის კიდევ უფრო აქტიურ „შემოსვლას“ (ყველაზე კარგი გაგებით) სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „აბრეშუმის გზის სტრატეგია“ ავალდებულებს ამერიკის ადმინისტრაციას, კერძოდ, პრეზიდენტს, იმოქმედოს უფრო აქტიურად რეგიონის ქვეყნებთან, უპირველესად კი საქართველოსთან ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე.
ახალი რეალობა მთლიანად დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ვიზიტის დროს. ეს მართლაც წარმატებული ვიზიტი იყო. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ძალიან მაღალ დონეზე მიიღეს. მას ჰქონდა შინაარსიანი და შედეგიანი შეხვედრები სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან, მათ შორის, კონგრესის ლიდერებთან, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მესვეურებთან, ამ ორგანიზაციების ძალიან დიდ ჯგუფთან. გაიმართა, აგრეთვე, რამდენიმე საჯარო გამოსვლა, რომელმაც ამერიკის საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც მითხრეს, ჰოფკინსის უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ლექცია სამჯერ გადასცა მთლიანად, ესე იგი, შეუმოკლებლად, ამერიკის ერთ-ერთმა საერთო-ეროვნულმა სატელევიზიო არხმა. იყო სხვა მრავალი და საინტერესო, სასარგებლო შეხვედრებიც. კვირას ბატონმა ვაჟამ „ტაიმ-აუტში“ ილაპარაკა ამაზე, მაგრამ მე მაინც საჭიროდ მივიჩნიე, ზოგი რამ შემეხსენებინა რადიომსმენელისათვის.
რასაკვირველია, ეს მთელი ჩვენი ქვეყნისადმი, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი უდიდესი ინტერესის გამოხატულებაა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საქართველო დასავლეთში, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ტოტალიტარიზმიდან სტაბილურ დემოკრატიად ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, ხოლო ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა თანდათანობით სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს იძენს და ვიმეორებ, ეს არავის საწინააღმდეგოდ არ არის ჩაფიქრებული. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ დღითი დღე იზრდება უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების ინტერესი და თანადგომა. შესაბამისად, სულ უფრო აქტიურად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოურ ინვესტიციათა საკონსულტაციო საბჭო. როცა ამ საბჭოს ვქმნიდით, ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, იყო თუ არა საჭირო იგი. ახლა ვხედავ, რომ ეს აუცილებელი იყო, რადგან გვეძლევა საშუალება მოვახდინოთ მთელი ჩვენი ყურადღების კონცენტრირება საინტერესო, პერსპექტიულ პროექტებზე და ამავე დროს ეს გარკვეული კონტროლიცაა და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საქმე ჩვენი მხედველობის არეში ექცევა.
სამშაბათს საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ მსოფლიო ბანკის ეგრეთ წოდებული „საირიგაციო პროექტის“ განხორციელების მიმდინარეობა, უფრო სწორად დაწყება, დაპროექტება. ეს უნიკალური პროექტია, რომელმაც გარდატეხა უნდა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის ექსპორტზე ორიენტაციას და სავალუტო რესურსების მოზიდვას. პროექტის ღირებულება 130 მილიონი დოლარია.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევრობანკთან, რომელმაც 7 წლის განმავლობაში 123 მილიონი ევროს ღირებულების 11 პროექტი განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს ეხება ელექტროენერგეტიკას, საფინანსო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურის სექტორებს. ამ პროექტების გარდა, ვისაუბრეთ აგრეთვე სამომავლო გეგმებზე.
ძალიან პერსპექტიული და საშურია ტყიბულის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. იგი ითვალისწინებს 125 მეგავატი სიმძლავრის ორი თბოელექტროსადგურის მშენებლობას, ასევე შახტების რეაბილიტაციას და ქვანახშირის მოპოვების მნიშვნელოვან ზრდას. ამ პროექტს უდიდესი სოციალური დატვირთვა აქვს, ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი ტყიბულის გადარჩენაზე. აქამდე სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვანახშირის მრეწველობა და დღეს უკვე გაჩნდა, ასე ვთქვათ, გადარჩენის იმედი და სავსებით რეალური პერსპექტივებიც.
ზოგადად, საინვესტიციო საქმიანობა, მისი ყოველი ასპექტი ხელისუფლების ყოველდღიური ზრუნვისა და ყურადღების საგანია.
გასულ კვირას სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა კასპიის საფინანსო ცენტრის პრეზენტაცია. ამ ცენტრის დაარსებაში მონაწილეობდნენ ამერიკის ექსიმბანკი, საინვესტიციო კორპორაცია „ოპიკი“, ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო. ცენტრი ხელს შეუწყობს ევრაზიის დერეფნის პროგრამით გათვალისწინებული საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებას. გარდა ამისა, კასპიის საფინანსო ცენტრი ინვესტორებს მოიზიდავს ევრაზიის დერეფნის, ნავთობსადენის, დიდი გაზსადენის დამხმარე ინფრასტრუქტურაში. იგი მოიცავს ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციას, საფინანსო მომსახურებას, აგრობიზნესს, რკინიგზას, გზატკეცილებს, სასტუმროებს, ელექტროგამანაწილებელ ნაგებობებს, საცალო თუ კომერციულ ვაჭრობას და ა.შ., ანუ იქმნება ინვესტიციათა დაზღვევის, მათი დაცვის ქმედითი მექანიზმი. მე შემთხვევით არ ვახსენებ ყოველივე ამას, ეს რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი. ვთხოვ რადიომსმენელს, ერთხელ კიდევ მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ქვეყანას უზარმაზარი მომავალი აქვს, ჩვენ გვენდობიან და ამის დასტურია ძალიან დიდი ინვესტიციების მოზღვავება, რომლებიც, მე ასე ვიტყოდი, ერთ-ორ წელიწადში უკვე რეალურ საქმეებად იქცევა.
რაც შეეხება 6 თვის შედეგებს, ამის თაობაზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ მთავრობის სხდომაზე, ამჯერად მხოლოდ რამოდენიმე ციფრს მოვიყვან: იანვარ-მარტში ინფლაციის საშუალო ყოველთვიური ტემპი 2,95 პროცენტი იყო. მარტიდან ივლისამდე კი დეფლაციამ 0,45 პროცენტი შეადგინა; 13,7 პროცენტით გამყარდა ლარი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც გამოვდივართ კრიზისიდან და კრიზისის ეტაპი მთავრდება. გრძელდება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ეს მხოლოდ ძირითადი მონაცემებია, თუმცა, მათი ანალიზიც გვაძლევს გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალებას.
- არჩევნები ახლოვდება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მატულობს პოლიტიკური ტემპერატურაც. ზოგიერთი მოღვაწე საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს არჩევნების წინ. ეს გა- საგებია. მაგალითად, ერთმა პოლიტიკოსმა ასეთი რამ თქვა: ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტად მხოლოდ იმ პირობით აღვიქვამ, თუკი იგი მოიხსნის მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილებასო. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?
- ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ ამ თემაზე, იგი „არახალია“, ძველია. მიჩვეული ვარ ამ მოღვაწეთა უაპელაციო, ხშირად კი უსაგნო და ზოგჯერ სრულიად უაზრო განცხადებებს, მაგრამ მაინც საჭიროდ მიმაჩნია მცირე განმარტება: საპრეზიდენტო რესპუბლიკის ქვეყნებში ჩვეულებრივი და სავსებით ნორმალურია ვითარება, როდესაც პრეზიდენტი ეყრდნობა და ხელმძღვანე- ლობს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ პარტიას.
მით უმეტეს, აუცილებელია ეს საქართველოში, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების დანაწილების იმ სისტემის თავისებურებებს, რომელიც მოქმედმა კონსტიტუციამ დააფუძნა.
საქართველოს დემოკრატიული კონსტიტუცია მკვეთრად განსაზღვრავს ხელისუფლების შტოთა უფლებამოსილებას. მათი თანამოქმედებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის პრეზიდენტი უფლებამოსილია და პოლიტიკურად ვალდებულიც არის ეყრდნობოდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტშიც და საპრეზიდენტო სტრუქტურებშიც.
მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მე როგორც პრეზიდენტი, არ ვთანამშრომლობ სხვა პარტიებთან, სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალებთან.
ყოველთვის პატივს ვცემდი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ძალას. ჩემთვის მახლობელია ყველა ძალა, რომლებიც, ოპოზიციურობისა და იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სულაც არ ეხატებოდეს გულზე არსებული მოქმედი პრეზიდენტი, - არასდროს არ გადავლენ იმ ზღვარს, სადაც მთავრდება ოპოზიციონერობა და იწყება ქვეყნის უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვა და ფეხქვეშ გათელვა.
მაგალითად, ჭეშმარიტი, დემოკრატიული ოპოზიცია, რაოდენ მწვავედაც უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, არასდროს გახდის საეჭვოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ფუძემდებლურ ინტერესებს და არასდროს დაუკავშირდება საზღვარგარეთ აშკარად მტრულ ძალებს. მსმენელი და მკითხველი მიხვდებიან, რომელი ძალები მყავს მხედველობაში. სწორედ ეს გახლავთ მთავარი ინდიკატორი, თორემ ოპოზიცია ნორმალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად უნდა არსებობდეს და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაში ფასდაუდებელი წვლილიც უნდა შეჰქონდეს.
- კვლავ ყურადღების ცენტრშია კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტი. ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ხომ არ არის რაიმე ახალი ამასთან დაკავშირებით?
- რაც შეეხება კოდორის ხეობაში მომხდარ ყოვლად აღმაშფოთებელ ინციდენტს, როგორც თქვენ ბრძანეთ, გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული დასკვნის გაკეთების საფუძველი დღეისათვის არ გამაჩნია, ვთქვათ, ვინ არის უშუალოდ დამნაშავე ამ აღმაშფოთებელი ინციდენტის ჩადენაში.
ამასთანავე მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, უმაღლესი საბჭოს, მთავრობისა და აფხაზეთის დეპუტაციის აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ ყოველთვის, ვიმეორებ, ყოველთვის გამოვხატავდი ნდობასა და ღრმა პატივისცემას. ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა და არც შეიცვლება, როგორი ინციდენტიც უნდა მოხდეს.
არ შემიძლია ასევე მაღალი შეფასება არ მივცე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ივერი ჭელიძის საქმიანობასაც. სწორედ ამ გუნდს - რწმუნებულის, აფხაზეთის ხელმძღვანელობის ზრუნვითა და პრეზიდენტის მხარდაჭერით და, უწინარესად, იმ სახსრების წყალობით, ჩვენი მინისტრების მონაწილეობით რომ გამოიყო, კოდორის ხეობაში დღეს ცხოვრება შეიძლება. ნუ დაგავიწყდებათ, რა პირობები იყო, როგორი კრიმინოგენური განუკითხაობა, შურისძიება, გაუთავებელი მკვლელობები და სხვა. ახლა მდგომარეობა სულ სხვა არის: სკოლა ნორმალურად ფუნქციონირებს, გარემონტდა, ფაქტობრივად, ახალი აშენდა, ასევე შეკეთდა საავადმყოფო, გზები და ბევრი სხვა ისეთი რამ გაკეთდა, რაც მთის სხვა რაიონებში ვერ მოხერხდა.
- დაბოლო შეკითხვა: თქვენ ამას წინათ აღნიშნეთ, რომ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი მალე ამუშავდება. ეს საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება იყო და რა გაძლევთ ასეთი განცხადების საფუძველს?
- აქ მთავარი ელემენტია იმ მილების გაცვლის ოპერაცია, რომლებიც უკვე დამზადებულია და რომელთა წონა 40 ათას ტონას შეადგენს. თუ ეს არ გავცვალეთ ან არ გავყიდეთ, სხვანაირად ქარხანა ვერ ამუშავდება. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ასეთი მოლაპარაკება გვქონდა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ აკრძალა ყოველგვარი ბარტერული გაცვლა და სწორადაც მოიქცა. მოვა დრო და, ალბათ, ჩვენც ასე მოვიქცევით. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, ჩემი თხოვნით, გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და დაუშვა ერთადერთი გამონაკლისი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ დამზადებული მილების მიმართ. დღეს ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ბაქოში დღის პირველ საათზე. მინდა კიდევ ერთხელ რუსთაველი მეტალურგების, საქართველოს მოსახლეობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელი მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ ალიევს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. როცა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამუშავდება, მე დიდი სიამოვნებით ვესტუმრები ჩვენს მეტალურგებს. მანამდე არა მაქვს ჩასვლის მორალური უფლება.
საქინფორმი.
„ჭეშმარიტი, დემოკრატიული ოპოზიცია, რაოდენ მწვავედაც უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, არასდროს გახდის საეჭვოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ფუძემდებლურ ინტერესებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 ივლისი. - №192 (3233). - 1, 2 გვ.
![]() |
9 ქართლი ჭეშმარიტად საქართველოს გულია, ფუძე-საწყისია ჩვენი ეროვნულობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობისა |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გორის უნივერსიტეტში 1999 წლის 17 ივლისს
ძვირფასო თანამემამულენო,
პატივცემულო საზოგადოებავ, ძვირფასო გორელებო,
ჩვენს სამშობლოში, - საქართველოში, - ყოველი მხარე ფასდაუდებელი ისტორიული, სახელმწიფოებრივი და კულტურული ღირსების მატარებელია.
საქართველოს ძლიერებასა და საერთო-ეროვნულ ღირსებას სწორედ მრავალფეროვნების ეს საოცარი ფენომენი შეადგენს.
ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, მათ შორის უკანასკნელ წლებში, არაერთხელ მიფიქრია, მოვფერებოდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. თითოეული მათგანი მართლაც თავისთავადი და უნიკალურია. იმავდროულად, ყველა ჩვენი რეგიონი, ყველა კუთხე ბურჯია საერთო ქართული სახელმწიფოებრიობისა, ჩვენი ერთიანობისა და მთლიანობისა.
მაგრამ დღეს, განსაკუთრებული სიხარულით, სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით, კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ქართლი ჭეშმარიტად საქართველოს გულია, ფუძე-საწყისია ჩვენი ეროვნულობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობისა.
აქ, ქართლის დედაქალაქში - გორში იკრიბებოდა ყველა ისტორიული გზა. აქ ფეთქავდა საქართველოს გული და მის ფეთქვაზე, მის უშრეტ სიყვარულსა და ერთგულებაზე დღესაც დი- დად არის დამოკიდებული სრულიად საქართველოს სიჯანსაღე და ძლიერება.
ამ მადლიანმა ღვთით კურთხეულმა მხარემ თავისი სახელი შესძინა სრულიად საქართველოს, ხოლო უძველესი, საკრალური „ქართი“ - ქართველთა ღვთაებრივი ერთობის ფუძედ იქცა.
ქართლია პირველწყარო ქართული ლიტერატურული ენისა, რომელზეც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა დიდი ქართული მწერლობა.
შეუდარებელი და ყოვლადაღმატებულია ქართლის როლი ერთიანი ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობის პროცესში, სა-ხელმწიფოებრივი ნიჭისა და ნების განვრცობაში ყოველი კუთხით.
მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგად მიღებული ნაჭდევები დღესაც ატყვია ამ კეთილშობილ მხარეს. თუმცა, ვერავინ და ვერასდროს, ვერაფრით შეძლო ამ ფუძის მოშლა, რომელსაც სვეტიცხოვლის მადლი იფარავს.
არასდროს ჩამქრალა უმთავრესი კერია ქართველთა, რომელიც სწორედ აქ, ამ მიწაზე ენთო ათასწლეულთა განმავლობაში. იგი იმედითა და რწმენით ათბობდა, - კვლავაც ათბობს სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ყოველ მოქალაქეს.
ვინ მოთვლის, ან რა ჩამოთვლის ღირსეულ მამულიშვილთა მრავალრიცხოვან, შესანიშნავ რიგს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას მრავალი საუკუნის განმავლობაში, - აქ აღიზარდნენ, აქ შეიძინეს ქართველობისა და ერისკაცობის საწყისი, ვინც ქართლმა აღზარდა და შეიფარა.
იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე ჯავახიშვილი, შალვა და ჭაბუა ამირეჯიბები, ანტონ ფურცელაძე, გიორგი ციციშვილი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, კირიონ II, ეპისკოპოსი ლეონიდე, ეკატერინე გაბაშვილი, ამილახვრები, ლომოურები, სააკაძეები, ბარათაშვილები, თუმანიშვილები და მრავალი სხვა - დიდებული პიროვნებანი, მართლაც ღვთიური ნიჭითა და მადლით გასხივოსნებული.
აქვე ვიტყვი: პირნათელი არ ვიქნები ისტორიული ჭეშმარიტების, ისტორიული სამართლიანობის მრისხანე კანონის წინაშე, თუ არ ვახსენებ კიდევ ერთ ქართულ სახელსა და გვარს: იოსებ (სოსო) ჯუღაშვილს.
ეს შესანიშნავი პლეადა ქართველი მოღვაწეებისა, აგრეთვე ქართლის უდიდესი ისტორიული და კულტურული დამსახურება საქართველოს წინაშე, ყოველ ჩვენგანს ავალდებულებს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეპყრათ ამ მხარეს, დავაფასოთ, აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ყველა ტრადიცია, ყოველი კერა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრივი გენისა და ქართული სულიერების მატარებელია.
ამიტომ, სავსებით სამართლიანად და დროულად მიმაჩნია გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ჩემი კოლეგების, განათლების მინისტრის ალექსანდრე კარტოზიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა საბჭოს თავმჯდომარის როინ მეტრეველის და სხვათა თანხმობით - შესანიშნავი საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე გორის ინსტიტუტისათვის საერთო ქართული უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მივესალმები გორის სახელოვანი უნივერსიტეტის კოლექტივს!
უნდა აღვნიშნო, რომ ეს საერთო ქართული მნიშვნელობის მოვლენაა, ვინაიდან გორი ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა საქართველოში, ხოლო გორის სასწავლებელი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან, 1817 წლიდან, პირველი სასულიერო სემინარიიდან იღებს სათავეს. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყოველმხრივი რეფორმისა და პროგრესის გზაზე მყარად შემდგარი საქართველოსათვის განათლება უპირველესი პრიორიტეტია. განსაკუთრებით ნათელი ამ თეზისის ჭეშმარიტება XXI საუკუნისთვის, რომელიც განათლების და მეცნიერების საუკუნე იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალის და მეგობარი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, უპირველესად კი ჩვენივე საერთო ძალისხმევით, რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში შეიქმნება მაღალგანვითარებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არა მხოლოდ სოციალურ შეღავათებს, არამედ უფასო საშუალო განათლებასაც. ჩემი ანგარიშით, ეს უნდა მოხდეს 2001-2002 წლისათვის. რა თქმა უნდა, ამ დიდ საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულია უმაღლესი სკოლის, უმაღლესი განათლების როლი და ეროვნული ფუნქცია, რასაც აგრეთვე არ მოაკლდება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვა და ყურადღება.
მე უკვე ვთქვი, რომ ქართლი და ქართლის დედაქალაქი გორი საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზათა შესაყარი იყო ოდითგანვე, ანუ აქ იყრიდა თავს და ერთიანდებოდა, საბოლოო ყალიბში ისხმებოდა ყველა სასიკეთო, აღმაშენებლური პროცესი, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის სფეროში.
დიდწილად ასეა დღესაც, ვინაიდან სწორედ ქართლია სრულიად საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სავანე.
მაგრამ საკუთრივ ქართლის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უდიდესი პერსპექტივის მქონე მხარის განვითარება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს - ქვეყნის ფუძე-საძირკველის გაძლიერებით ჩვენ სრულიად საქართველოს სიმტკიცეს ვმატებთ ძალას.
ვფიქრობ, სწორედ ქართლი იქცევა პირველ ასპარეზად რეგიონული განვითარების კონცეფციის განხორციელებისა, რომელიც ჰარმონიულად შეუთავსებს ერთმანეთს ადგილობრივ და საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესს.
ქართლი უახლოეს მომავალში ეზიარება ყველა სასიკეთო ცვლილებას, რომელიც მთელი ქვეყნისათვის მოჰყვება დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას, ევრაზიული დერეფნის ამოქმედებისათვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი საწარმოების ამოქმედებასა და ძველის რეკონსტრუქციას, მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად დამუშავებული უამრავი შესანიშნავი ეკონომიკური პროექტის საბოლოო განხორციელებას.
სულ რამდენიმე სიტყვით, - მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების თაობაზე: 1999 წლის 1 იანვრისათვის, შიდა ქართლის მხარეში 101 ათას 915 ოჯახი გახდა მიწის მესაკუთრე, მათ სარგებლობაში გადავიდა 76 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართლის მკვიდრნი აღიდგენენ ისტორიულ უფლებას მიწაზე და ამ მიწის სრულფასოვანი ბატონ-პატრონნი ხდებიან. დღეს მე პირადად გადავეცი რამდენიმე ათეული დოკუმენტი მიწის მეპატრონეებს, მიწათმოქმედებს, ქართველ გლეხებს, მეწარმეებს, მეურნეებს, მათ შორის ინტელიგენციას, მასწავლებლებს, ექიმებს და სხვა. მე ვიცი, რომ ქალაქ გორშიც კი, ვისაც აქვს სურვილი გახდეს მიწის მფლობელი, ამის საშუალება ექნება. შეიძლება ჩვენ ისეთ დროსაც მოვესწროთ, როცა ყველა ჩვენგანს, მეც, სხვათა შორის, თავისი ნაკვეთი ექნება - გაფორმებული დოკუმენტით, რომელსაც პრეზიდენტი დაადასტურებს. სხვათა შორის, დღეს შემომთავაზეს, რომ კარალეთის საკრედიტო კავშირის საპატიო წევრი გავხდე. მე უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ვიქნები ნამდვილი წევრი და შესაბამის თანხასაც შემოვიტან კავშირში. იგი ეხმარება ფერმერებს საკრედიტო რესურსების მოძიებაში. მათი დახმარებით 100-ზე მეტმა ფერმერმა სესხად მთლიანობაში მიიღო 147 ათასი ლარი. დამეთანხმებით, ეს მართლაც ძალიან დიდი დახმარებაა მუყაითი და ყაირათიანი მიწათმოქმედისათვის. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს ქართველი კაცი მიწის მესაკუთრე გახდა.
უაღრესად სასიხარულოა, რომ ქართლში დაიწყო და მასობრივი ხასიათი შეიძინა ხილის ბაღების გაშენებამ. დამთავრდა გაჩეხვის და განადგურების დრო. მხოლოდ შარშან გაშენებულია 500 ჰექტარი. ეს ძველი სტანდარტებითაც შთამბეჭდავი ციფრია. მე ვიტყოდი, რომ ამას არა მარტო ქართლისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ დღის წესრიგში დადგა ნერგის წარმოების აღდგენა, რამაც უკვე მოგვცა შესანიშნავი შედეგი.
განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო საკრედიტო კავშირების შექმნას, რაც ქვეყნის ამ რეგიონშიც დიდი წარმატებით ხორციელდება და მოქმედებს.
1000-მდე მიწის კერძო მესაკუთრეა გაერთიანებული 18 საკრედიტო კავშირში.
გორში საქმიანობს აგრობიზნესცენტრი.
მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარების პროგრამით გათვალისწინებულია ნახევარი მილიონი დოლარის გამოყოფა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განახლებისა და ამოქმედებისათვის. უახლოეს მომავალში პრაქტიკულად გადაწყდება წყლით მომარაგების საკითხი.
სოციალური ინვესტიციების ფონდიდან გადავწყვიტეთ 860 ათასი დოლარის გამოყოფა შიდა ქართლის სოციალური სფეროს განვითარებისათვის. ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს პროექტი ითვალისწინებს სკოლების, ჯანდაცვის ობიექტების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ფონდის ექსპერტები უკვე შეუდგნენ მუშაობას და მოსახლეობა უახლოეს მომავალში იგრძნობს ამ პროექტის კეთილისმყოფელ შედეგს.
გვაქვს სათქმელი და დასაფასებელი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ მრეწველობის სფეროშიც - გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზების მიუხედავად, მხარეში არსებობს მძლავრ გადამამუშავებელ საწარმოთა მთელი წყება. „გორკონისა“ და „სამეგობროს“ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ უცხოურ, მათ შორის დასავლეთის ბაზრებზე. მთელი სიმძლავრით ამოქმედდა აგარის შაქრის კომბინატი და გომის სპირტის ქარხანა. დღეს მე გახლდით და ადგილზე ვნახე, რას ნიშნავს გაჩერებული საწარმოს ამოქმედება, როცა ადამიანმა მიიღო სამუშაო და ხელფასი. ეს პროცესი დაიწყო საქართველოში და იგი შეუქცევადი გახდა.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ეკონომიკური აღმავლობისა, რომლის გუთნისდედა, დარწმუნებული ვარ, ისევ და ისევ ქართლი იქნება.
ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო, გორელებო,
ყოველი ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის, უპირველესად კი ამ მიწა-წყლის მკვიდრთათვის განსაკუთრებით მტკივნეულია, ჯერაც ბოლომდე მოუშუშებელია ქართულ-ოსური კონფლიქტით გამოწვეული ჭრილობა, - ეს საქართველოს ჭრილობაა, ანუ როგორც ოსი, ასევე ქართველი ხალხისა.
ამ ტრიბუნიდან მადლიერების სიტყვებით მინდა მივმართო სამხრეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. გორსა და სხვა რაიონების მოსახლეობას, რომელთა გულისყურმა, სახალხო დიპლომატიის თანდაყოლილმა ნიჭმა უკვე აღადგინა ათასობით ეკონომიკური, კულტურული და, უბრალოდ, ადამიანური, ოჯახური, გვარიშვილური ძაფი, რაც ისტორიულად აკავშირებდა საერთო სამშობლოში მცხოვრებ ჩვენს ხალხებს, - ქართველებს და ოსებს.
უცხოელი მეგობრების დახმარებით, იმ უდიდესი მხარდაჭერის მეშვეობით, რომელსაც მსოფლიო, უწინარესად ევროპული თანამეგობრობა უწევს საქართველოს, აგრეთვე, რა თქმა უნდა, ცხინვალელთა და გორელთა ძმური თანადგომით, წლეულს აღდგა ზონკარის წყალსაცავი. ეს დიდი საქმეა, იგი ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს მიწათმოქმედებს. აღდგა ჰიდროელექტროსადგური, სრულდება კეხვის ჰესის აღდგენითი სამუშაოები. აღდგენილია რამდენიმე ხიდი, გზის მრავალმეტრიანი მონაკვეთი, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა რეგულარული ელექტროკავშირის და საფოსტო მომსახურების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით. ცხინვალში ამოქმედდა ელექტრონული სატელეფონო კავშირი. აღდგა ცხინვალის სატელეფონო ქსელი - ცხინვალსა და თბილისს, ცხინვალსა და გორს შორის გაყვანილია ახალი სატელეფონო ხაზები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კავშირი ცხინვალსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებს შორის. ერედვისა და ქურთის თემის ქართული სოფლებისათვის დამონტაჟდა რადიოსატელეფონო სისტემა. შეიქმნა უახლესი რადიოსატელეფონო სისტემა, შეიქმნა უახლესი რადიოსატელეფონო კავშირის საშუალება, აღდგენილია ასეულობით საცხოვრებელი სახლი, სკოლები, სასწავლებლები - აღდგენილია ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მიმოსვლა ცხინვალსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქს შორის, - გასაქანი მიეცა ვაჭრობასა და ყოველმხრივ ურთიერთობა-თანამშრომლობას, გახშირდა შერეული ქორწილები, რასაც სულითა და გულით მივესალმები, აღდგა სოფლებში რელიგიურ დღესასწაულთა ერთად აღნიშვნის, ჭირისა და ლხინის თანაზიარობის დიდებული ტრადიცია.
სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ თანდათან დაიწყო ლტოლვილთა მოსახლეობის დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში.
მჯერა, შერიგების პროცესი ორმხრივად შეუქცევადია, - ლტოლვილები უეჭველად დაბრუნდებიან ცხინვალშიც და საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ყველა სოფელში, საიდანაც, ჩვენი ხალხების დიდი ტრაგედიის დროს, იძულებულნი გახდნენ დროებით წასულიყვნენ.
ეს ჭრილობა აუცილებლად, ბოლომდე უნდა მოიშუშონ საქართველომ, ქართველმა და ოსმა ხალხებმა, და მოიშუშებენ კიდევაც. დარწმუნებული ვარ, გორის უნივერსიტეტი ამ დიდი მამულიშვილური საქმის უშუალო და აქტიური მონაწილე იქნება, სწორედ აქ, ამ კედლებში კვლავ აინთება შემწყნარებლობისა და სათნოების ის სანთელი, რომელიც ქართულმა კულტურამ სის- ხლიან საუკუნეთა ჭირვარამში გამოატარა.
ამიტომ, კვლავაც ვუბრუნდები პირველსაწყისს ჩვენი სულიერებისა, - ქართულ კულტურას, მისი დიდი ტრადიციების აღორძინების, კვლავინდებურად გათავისუფლებისა და შესისხლხორცების ეროვნულ ამოცანას.
ქართულ კულტურაში მოიძევება პასუხი ყველაზე რთულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კითხვებზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება და ყოველდღიური ზრუნვა არ უნდა მოაკლდეს კულტურის ძეგლებს, - მათ შორის, ქართლის ძირძველ მიწაზეც.
არ შემიძლია, ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო მსოფლიო ბანკის უნიკალური, უმაგალითო პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად შემუშავდა.
ამ პროექტის ფარგლებში სერიოზულად დავეხმარეთ და კვლავაც დავეხმარებით ქართლის მარგალიტებს, საქართველოს მარგალიტებს, მათ შორის, უფლისციხეს, იკორთის მთავარანგელოზის ტაძარს, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს, ნიქოზის ღვთაების ტაძარს, თიღვას გუმბათიან ტაძარს, იკვის წმინდა გიორგის ეკლესიას და სხვა ძეგლებს.
ყოველ მამულიშვილურ საქმეში ქართლის შესანიშნავი ინტელიგენციის, უპირველესად კი გორის, ამიერიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და პროფესორ-მასწავლებლების თანადგომის იმედი გვექნება.
ამ კედლებში მოღვაწეობდნენ გიორგი ახვლედიანი, ვარლამ თოფურია, ალექსანდრე ბარამიძე, ვიქტორ კუპრაძე, არნოლდ ჩიქობავა, ალექსანდრე ჯავახიშვილი, გიორგი ხარაული, ტროფიმე ხუნდაძე, გიორგი ჭოღოშვილი, სერგი მაკალათია და სხვები. დარწმუნებული ვარ, თქვენი წყალობითა და ძალისხმევით, თქვენი ნიჭითა და სიყვარულით, ნამდვილ-ქართული ერთგულებითა და თანადგომით, კიდევაც დაიზრდებიან გულმხურვალე მამულიშვილნი, ხოლო გორის უნივერსიტეტი სრულიად შემოიკრებს ამ კეთილშობილი მიწის მადლს, - ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს - საქართველოს საკეთილდღეოდ, მისი სახელმწიფოებრივი, ეროვნული უკვდავებისათვის.
და ბოლოს, კიდევ ერთი: მე შემთხვევით არ ჩამოვთვალე ის დიდი მეცნიერები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ გორის უმაღლეს სკოლასთან. მინდა, რომ ტრადიცია მეცნიერების გაცვლისა - თქვენი ჩაბრძანება თბილისის უნივერსიტეტში, უმაღლეს სასწავლებლებში, თბილისიდან ყველაზე სახელგანთქმული, გამოჩენილი მეცნიერების, პროფესორების, აკადემიკოსების ჩამოსვლა, სამაგალითო ლექციების წაკითხვა, მუდმივი პროცესი უნდა იყოს. მე არ გამოვყოფდი, რა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესები და რით განსხვავდება ისინი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებისაგან. ჩვენ ერთი დიდი ინტერესი გვაქვს: ეს არის დიდ განათლებაზე - XXI საუკუნის განათლებულ საქართველოზე ზრუნვა. თუ რომელიმე სფეროს შეუძლია ბედნიერება და უკვდავება მოუტანოს ხალხს, მით უმეტეს, შედარებით მცირერიცხოვან, მაგრამ კულტუროსან ხალხს, ეს არის განათლება, ეს არის მეცნიერება, ეს არის კულტურა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღეს, დიდ მოვლენას ქართლის ცხოვრებაში, საქართველოს სინამდვილეში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და დიდ სიხარულს.
ქართლი ჭეშმარიტად საქართველოს გულია, ფუძე-საწყისია ჩვენი ეროვნულობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობისა : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გორის უნივერსიტეტში 1999 წლის 17 ივლისს // სა-ქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 ივლისი. - №192 (3233). - 1, 3 გვ.
![]() |
10 მადლობა |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტი
ქალბატონო ასმათ,
დღეს ჩვენს შეჭირვებულ ყოფაში იშვიათად გაიგებ კაცი, ვინმეს მეშვიდე შვილი შეეძინაო.
ვფიქრობ, ნებისმიერი ქალისათვის, ნებისმიერ დროს ეს გმირობის ტოლფასია, მით უმეტეს დღეს და ჩვენთან.
გილოცავთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მრავალშვილიან ოჯახს ჯანმრთელობას, სიკეთეს და ბედნიერებას.
ღმერთმა გამრავლოთ და გადღეგრძელოთ.
პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე.
მადლობა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 ივლისი. - №193 (3234). - 1 გვ.
![]() |
11 ედუარდ შევარდნაძე: „ნუ დავუშვებთ ჩვენი ურთიერთობისა და მუშაობის ისეთ პოლიტიზებას, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ქვეყანას“ |
▲back to top |
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს მთავრობის 21 ივლისის გაფართოებული სხდომა შეაჯამა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ
დასკვნით გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი, უწინარეს ყოვლისა, აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის პერიოდული შეჯამება-ანალიზის დამკვიდრებულ პრაქტიკას შეეხო. ამგვარი სტილი, რომელიც ყოველი კვარტლისა და ნახევარი თუ მთელი წლის მუშაობის საჯარო შეფასებას ითვალისწინებს, არცთუ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. დრო მოვა და საქართველოც იმ ქვეყანათა რიცხვში მოექცევა, რომელთაც სახელისუფლებო სტრუქტურებში მიმდინარე ყველა პროცესის, გადაწყვეტილების, კონკრეტულ ჩინოვნიკთა ბედის გარკვევის შესახებ საქვეყნო მსჯელობაზე უარი თქვეს, ანუ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანა ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს და ელემენტარული საკითხების გასარკვევად დრო აღარ დაიხარჯება. მეტიც, შეიძლება, უკან რომ მოვიხედავთ, გაგვეცინოს კიდეც, რადგან ეს ყველაფერი ანაქრონიზმი იქნება. მანამდე კი „მუშაობის ამგვარი სტილი გამართლებულია. ჩვენ ქვეყნის აღმშენებლობა დავიწყეთ ცარიელ ადგილზე. უმრავლესი ჩვენი საწარმოებისა, ჩვენი სამრეწველო პოტენციალი მიწასთან იყო გასწორებული. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვიყავით, შემოგვეღო ეს პრაქტიკა, რათა მეტად დავხმარებოდით ერთმანეთს, გაგვეზიარებინა გამოცდილება. თუ სადმე რამე დადებითი არსებობდა, ყველასათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამავე დროს, უნდა შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, როცა არ გვეშინია სიმართლის თქმისა. ყველას ვეუბნებით სათქმელს, გამგებელი იქნება, რწმუნებული თუ პრეზიდენტი.
ჩემთვის, პირადად, ამგვარი შეხვედრები ძალზე სასარგებლოა, რადგან აქ ბევრ რამეს ვისმენ ისეთს, რასაც სხვაგან ვერ მოისმენ, არადა, აუცილებლად უნდა მოდიოდეს პრეზიდენტამდე, რათა მან ეს თავის მუშაობაში გაითვალისწინოს“, მით უმეტეს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ მისულა იმ დონემდე, რომელიც საკმარისია საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად და იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარების დონე შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ უკვე განვახორციელეთ. ამ მხრივ ქვეყანა უფრო სწრაფი ტემპით მიდის, ვიდრე ეკონომიკური აღორძინების თვალსაზრისით. ეს ტენდენცია პრეზიდენტს სწორად მიაჩნია, რადგან „უნდა შეგვექმნა სახელმწიფო ისეთი სახელმწიფო ბერკეტებით, რომელთა მეშვეობითაც ეკონომიკის აღმავლობას შევუწყობდით ხელს და ავიყვანდით მას განვითარებული საბაზრო ეკონომიკის დონეზე“.
ამასთან დაკავშირებით, ედუარდ შევარდნაძე ხაზგასმით აღნიშნავს: „ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებას და, კერძოდ, პრეზიდენტს შეუძლია, როგორც იტყვიან, ხელი დაიბანოს. ყველას თავისი საქმე აქვს - საბაჟოს, საგადასახადოს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ. და სულ არ უნდა იყოს პრეზიდენტის საქმე, რომ დაავალოს რწმუნებულს ან გამგებელს, რომ რეიდები მოაწყოს და კონტრაბანდას როგორმე ბოლო მოუღოს. მაგრამ, სანამ პრეზიდენტი ვარ, არ შემიძლია ამას გულგრილად ვუყურო. არ დავუშვებ, რომ ქვეყანა დაინგრეს“.
საქართველო, როგორც ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, სრულიად არაორდინარულ ვითარებაში აღმოჩნდა. როდესაც ქვეყანამ საკმაოდ ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკაში, მას თავს დაატყდა მწვავე საფინანსო კრიზისი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე აყვავებულმა სახელმწიფოებმაც კი ვერ გაუძლეს. ამიტომ იგი ყველას მოუწოდებს, კარგად გაიაზრონ 100 და, გნებავთ, დათვალონ, რა დაუჯდა ეს კრიზისი საქართველოს. პირდაპირი ზარალი 400-500 მილიონ დოლარს აღწევს. მათ შორის არის ის თანხები, რომლებსაც რუსეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების წარუმატებელი ბიზნესის წყალობით (ბევრი მათგანი კრიზისის გამო, პრაქტიკულად, გაკოტრდა) იღებდნენ ჩვენი მოქალაქეები. ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ორი გზა რჩებოდა: ან ბედსა და უცხოეთიდან მიღებულ დახმარებებს უნდა მინდობოდა, ან, როგორც იტყვიან, მკლავებდაკაპიწებულს ეზრუნა ქვეყნის გადარჩენაზე. დღეს უკვე ფაქტია: საქართველომ უმოკლეს დროში, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში დაიწყო ამ კრიზისიდან გამოსვლა. თუ 3-4 თვის განმავლობაში ინფლაციამ 7,5 პროცენტს მიაღწია, დღეს კვლავ დეფლაციასთან გვაქვს საქმე, ეროვნული ვალუტა მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს ის შედეგებია, რომლებიც უნდა იცოდეს მოსახლეობამ. ქვეყნის პრეზიდენტიც რეგიონიდან რეგიონში იმიტომ კი არ დადის, რომ საკუთარ თავს რეკლამა გაუწიოს. „მე არავითარი რეკლამა არ მჭირდება, მჭირდება ამ საქმიანობის რეკლამა, რათა ხალხი დარწმუნდეს: შეიძლება მუშაობა, ცხოვრება, სრულიად უიმედო მდგომარეობიდან წარმოების გამოყვანა, თუ ყველა აქტიურად მუშაობს“. ამიტომ ის მოუწოდებს ყველას: „დღეს ბრძოლის, თავგანწირული ბრძოლის გარეშე ქვეყნის საბოლოო გამოყვანა ფინანსური კრიზისიდან შეუძლებელია“.
ერთი წლის წინათაც კი წარმოუდგენელი იყო, რომ სამეგრელოში 15 ათასი ტონა ჩაი მოიკრიფებოდა, რადგან მთელ დასავლეთ საქართველოში ხალხს გახედვაც კი არ უნდოდა ჩაისკენ. შირაქი დღეს ისეთი სანახავია, როგორიც არასოდეს ყოფილა. „არ ვუთხრათ ხალხს, რა შესძლებია კახელ გლეხს?“, კითხულობს პრეზიდენტი. საქართველო შიდა ქართლში წარმოებული საკუთარი შაქრის ფხვნილით უკვე საკუთარ მოთხოვნილებებს იმკაყოფილებს და მისი ფასიც სულ უფრო მისაღები ხდება. დაუღალავი შრომის შედეგად ამუშავდა საავიაციო ქარხანა, სულ უფრო რეალური პერსპექტივა გაუჩნდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასაც... „ცოტაა ის, რაც აჭარაში კეთდება? არ ვლაპარაკობ შეცდომებზე, - ისინი ყველგან არის და ვიდაოთ კიდეც მათ შესახებ, მაგრამ ვიდაოთ ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე“, ეს პრეზიდენტმა იმ მწვავე რეაქციის პასუხად განაცხადა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეული სამსახურების მიმართ გამოთქმული ზოგიერთი შენიშვნის გამო ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. „არ უნდა მერიდებოდეს შენიშვნის გამოთქმა რომელიმე რეგიონის მიმართ და არც შენ უნდა გიკვირდეს, გიორგი, თუ მე ვახსენებ რომელიმე რეგიონს, მათ შორის, აჭარას. აჭარა მართლაც აღმავლობის გზაზეა, მაგრამ, თუ რამე გეშლებათ, ესეც უნდა ვთქვათ. ჩვენ გვინდა, რომ ყველა რეგიონში, ყველა კუთხეში იყოს სამაგალითო პროცესები. ბევრი რამ თქვენგან უნდა ვისწავლოთ, ზოგჯერ თქვენც შეიძლება გაიხედოთ და ზოგიერთი რამ საინტერესო აღმოაჩინოთ, გნებავთ იმერეთში, გნებავთ გურიაში, თბილისში და სხვა რეგიონებში. სწორედ ამიტომ არის ასეთი შეკრებები საჭირო. მე, პირადად, ასეთი შეკრებებიდან გამდიდრებული მივდივარ, რადგან ახალი აზრები და პრობლემები ჩნდება და ვიცი, როგორ მივუდგე ამა თუ იმ საკითხს. და ამას ჩვენ კოლექტიურად ვაკეთებთ, ერთმანეთის გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით“.
1600-1700 კაცი მუშაობს დღეს ქუთაისის ავტოქარხანაში, რომელიც სულ ცოტა ხსნის წინათ, პრაქტიკულად, უმოქმედოდ იდგა. განადგურებასა და დატაცებას გადაურჩა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და დღეს ის მსოფლიო ბაზარზეა გასული. უამრავი სიახლეა თბილისში და ისინი ეტყობა ქუჩებს, წყალსადენს, განათების რეჟიმს... შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკის, მრეწველობის განვითარების კონცეფციები... ყოველივე ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტი წინააღმდეგია ზოგიერთის მიერ ისეთი განწყობილების შექმნის მცდელობისა, თითქოს წყალში გადავარდნის მეტი აღარაფერი დაგვრჩა. „ქვეყანა სიცოცხლისუნარიანია, ბრძოლისუნარიანია. მოდით და როგორმე ავცდეთ მოხელეების, პროფესიონალების, ქალაქების, რაიონების ხელმძღვანელების, რწმუნებულების პოლიტიზებას, ავცდეთ იმ დემაგოგიას, რომელიც ყოველთვის ახასიათებს წინა საარჩევნო კამპანიას, მით უმეტეს, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი დემოკრატიული წყობილების პირობებში. დაე, იყოს დისკუსია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში თქვენი ყურადღება დაკავებული უნდა იყოს ყოველდღიური პრობლემებით, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებს. თუ ვინმეს გამარჯვება უნდა, ხელი შეგვიწყოს იმაში, რომ ამ წლის განმავლობაში ყველა ვალი გავისტუმროთ. მე დღეს ვაცხადებ, რომ, ალბათ, დაგვჭირდება 2-3 თვე, მაგრამ პენსიონერების წინაშე პირნათელი ვიქნებით, ისევე, როგორც ლტოლვილების წინაშე. არ შეიძლება სახელმწიფოს მათი ვალი ჰქონდეს“.
ერთ-ერთი დიდი შედეგი გაწეული შრომისა, რომელსაც, პრეზიდენტის აზრით, ასევე ანგარიში უნდა გაეწიოს, არის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო. დღეს აღარავინ უარყოფს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. „ეს არის ის გარემო, რომელიც განამტკიცებს საქართველოსადმი პარტნიორი ქვეყნების ნდობას, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი შემოაბრუნა საქართველოსაკენ. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა თავისი ფეხით მოიარა საქართველოს რამდენიმე რეგიონი და წავიდა იმ რწმენით, რომ ამ ქვეყანას უზარმაზარი მომავალი აქვს“.
ამ მომავლის საფუძვლები უკვე შეიქმნა და კიდევ იქმნება. ამის დასტურია საკრედიტო კავშირებიც, რომლებმაც ახალი შინაარსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოსადმი დიდი ნდობის გამო მეგობარი ქვეყნები ზრუნავენ მისთვის მეტ მხარდაჭერაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილია კავკასიის განვითარების სპეციალური ფონდი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის განვითარების ფონდი, ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი აბრეშუმის გზის სტრატეგიის მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც მოითხოვს აშშ პრეზიდენტისაგან, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩინოს. „ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენი, ჩვენი ხალხის შრომის ნაყოფია“, ასეთია პრეზიდენტის შეფასება.
ამავე დროს იგი არ ცდილობს დახატოს იდეალური სურათი: „ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, მაგრამ ეს არის მინიმუმი იმისა, რაც საჭიროა ჩვენი ხალხისათვის“. ამიტომაც უნდა გაგრძელდეს ერთობლივი ბრძოლა კონტრაბანდის წინააღმდეგ. ჩრდილოეთიდან შემოსულმა კონტრაბანდამ ლამის წალეკა ქვეყანა, განსაკუთრებით, კრიზისის კულმინაციის თვეებში. პრეზიდენტის დავალებით, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ირაკლი ბოჭორიძე პირადად ჩაუდგა მის წინააღმდეგ ღონისძიებებს სათავეში და ახლა ყოველდღიურად 20-25 მანქანას აკავებენ. ჩოლოქთან დღეს უაქციზო სიგარეტითა და სხვადასხვა აღურიცხავი პროდუქციით დატვირთული 20 მანქანა დგას. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ასეთი ვითარება არ უნდა არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და არც ბატონ ასლან აბაშიძეს, „მაგრამ ფულის ძალა ისეთია, რომ მას ვერც მებაჟე უძლებს და ვერც სხვა. ცოტაა ყოველთვიურად 10 მილიონი შემოსავალი საქართველოს ბიუჯეტში? ეს აქციზურმა მარკებმა მოიტანა. დარწმუნებული ვარ, დამატებით 15-20 მილიონი შემოვა ბენზინისა და სხვა ენერგოშემცველების ახალი წესით დაბეგვრისაგან“, აცხადებს პრეზიდენტი. საქართველოს საბაჟოზე უცხოური კომპანიის შემოსვლის მიმართ კრიტიკულად განწყობილთ კი განუმარტა: „ეს არანაირად არ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას. სუვერენიტეტის შელახვა ის არის, კონტრაბანდულ საქონელს რომ მიაქვს ქვეყანა“.
„არც ერთი ჩვენგანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას“, მოგვიწოდებს სახელმწიფოს მეთაური, მით უმეტეს, რომ ქვეყანა აშკარად სძლევს მის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს და იქმნება პირობები იმისათვის, რომ მიმდინარე წელს საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი საბოლოოდ აღმოიფხვრება. ამისათვის არსებობს ყველა პირობა - მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროკავშირის დახმარება პლუს საკუთარი საშუალებების მაქსიმალური მობილიზება.
ყველამ, ყველა სამინისტრომ უნდა აკეთოს ის, რაც ევალება და შეუძლია, მათ შორის, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ, აცხადებს იგი და რწმუნებულებს, გამგებლებს, მერებს შეახსენებს მათს უშუალო მოვალეობებს: „თქვენი დიდი იმედი მაქვს, ბევრს აკეთებთ, მაგრამ დღევანდელი დონე უკვე აღარც მინისტრებისთვის არის საკმარისი და აღარც თქვენთვის“. თუმცა, მათთან პრეზიდენტს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხიც აქვს გასარკვევი: „თუ ვინმეს გამგებლობა აღარ სურს და დეპუტატობას აპირებს, ახლავე მითხრას. რაიონს, ქალაქს პატრონი სჭირდება და თუ ვინმეს სხვა არჩევანი აქვს, ახლავე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს საქმეს მივხედოთ, გავაკეთოთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება. მე, რაც შემიძლია, მხარს დაგიჭერთ და მადლობას გადაგიხდით გაწეული შრომისათვის, მაგრამ დროულად გადაწყვიტეთ. სანამ ჩაერთვებით იმ ფერხულში, რომელსაც ჰქვია წინასაარჩევნო კორიანტელი, მანამდე განსაზღვრეთ და გადაწყვიტეთ. მე უნდა ვიცოდე, რომ თუ რაიონში არის გამგებელი, იქ წესრიგია; თუ მხარეში არის რწმუნებული, ეს ნიშნავს, რომ იქ წესრიგია. სხვანაირად არ შეიძლება. მე შეიძლება ათი ათასი პრეტენზია წავუყენო საკუთარ თავს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ მოვთხოვ, რაც გამგებელმა და რწმუნებულმა უნდა გააკეთონ“.
პრეზიდენტი ხაზგასმით შეეხო ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობის საკითხს, რომელმაც სხდომაზე არაერთხელ და საკმაოდ არაკორექტული ფორმითაც გაიჟღერა. „შევეჩვიოთ ცივილიზებულ, ნორმალურ, ადამიანურ საუბარს“, მოითხოვს იგი და გვერდს ვერ უვლის სოციალისტთა ლიდერის განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით. „აქ გასარჩევი არ არის, მაგრამ... ვახტანგ რჩეულიშვილი ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი და თანამოაზრე იყო. მერე შეიცვალა, თუმცა მაშინ გასაკვირი არაფერია - მეც შევიცვალე, მაგრამ იმას რომ იკადრებ, რომ აჭარლებს ქართველებად არ მიიჩნევენ, რომ ახლა აჭარაში აფხაზეთის ომის წინა მდგომარეობაა და ომი უნდა დაიწყოს, ეს არის უბედურება. ეს რომ ვიღაც გაუნათლებელმა თქვას, გასაგებია, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკოსი, სერიოზული პარტიის ლიდერი ამბობს... როდის იყო აჭარა გაყოფილი საქართველოსგან?! რაც უნდა მოხდეს, სულ რომ შეიძულონ იქ შევარდნაძე, აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება!“
პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირად წვლილს სანაოსნოში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენაში ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის დროს. მაგრამ სხდომაზე არაკორექტული განცხადების პასუხად განაცხადა, რომ ეს საქმე უნდა გაირჩეს. „ნუ იქნება ასეთი საუბრები: აქ შეგიშვებ და იქ არ შეგიშვებ, ერთი ქვეყანა ვართ, ერთი ბიუჯეტი და საერთო ინტერესები გვაქვს. ეს მარტო აჭარას არ ეხება. პატარა მიზეზია საჭირო ხანდახან იმისათვის, რომ შეიქმნას საშინელი სურათი, ისე როგორც რჩეულიშვილმა გადაამლაშა და ყოველგვარ საზღვარს გადასცდა. შევთანხმდეთ, ნუ დავუშვებთ ჩვენი ურთიერთობისა და მუშაობის ისეთ პოლიტიზებას, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ქვეყანას. ძმები, ნათესავები, ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ. დავსხდეთ და ერთად გავარჩიოთ ყველაფერი“.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს პრობლემურ საკითხებზე დაუფარავი საუბრისათვის და აღნიშნა, რომ მზად არის მთავრობის დახურულ სხდომაზე თუ ნებისმიერ სხვა შეკრებაზე გაირჩეს ყველაფერი, რაც დღემდე გაურკვეველი რჩება.
სხდომაზე წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს და შესაბამისი სამინისტროებისგან მოითხოვა, დააჩქარონ ეს პროცესი. ამ ორგანიზაციის წევრობა ბევრ შეღავათსა და ხელის შეწყობას გულისხმობს. იგი გზას უხსნის საქართველოს ყველა ქვეყნის ბაზარზე. „ეს კიდევ ერთი ფარია საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროსაბჭოს და მომავალში ევროკავშირის წევრობა. ამავე დროს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების გზაზე“, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური
- საქინფორმი.
ედუარდ შევარდნაძე: „ნუ დავუშვებთ ჩვენი ურთიერთობისა და მუშაობის ისეთ პოლიტიზებას, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ქვეყანას“ : როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს მთავრობის 21 ივლისის გაფართოებული სხდომა შეაჯამა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 ივლისი. - №195 (3236). - 1, 3 გვ.
![]() |
12 თეიმურაზ ჩირგაძის ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
ქალბატონო კლარა, ქალბატონო ნინო, ბატონო ბუბა, გთხოვთ მიიღოთ ჩემი სამძიმარი ბატონ თემოს გარდაცვალების გამო.
მისი გარდაცვალებით თბილისს დააკლდა ის გამორჩეული პიროვნება, რომელიც მარტო ხიბლს კი არ მატებდა ჩვენს დედაქალაქს, არამედ გარკვეულად მის ხასიათსაც გამოხატავდა.
ყოველ ქალაქს ჰყავს და ამშვენებს ასეთი პიროვნება, რომელიც თანამდებობის გამო კი არ ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, არამედ იმ თვისებათა გამო, რომლითაც ყველაზე კარგად და სრულად წარმოაჩენს ერისა და თანამოქალაქეთა საუკეთესო თვისებებს.
თემო ჩირგაძე ასეთი განუმეორებელი პიროვნება გახლდათ.
დიდი სულიერი და წიგნიერი კულტურა, შინაგანი ინტელიგენტობა და ტაქტი, ნათელი გონება და დახვეწილი იუმორის გრძნობა, ადამიანის სიყვარულის გასაოცარი ნიჭი თემო ჩირგაძეს სწორედ ასეთ განსაკუთრებულ პიროვნებად წარმოაჩენდა და ამიტომ მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია არა მარტო მისი ოჯახისათვის, არა მარტო მისი მეგობრებისთვის, არა მარტო მისი კოლეგებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ასეთი პიროვნებანი არა მხოლოდ საუკეთესოდ განასახიერებენ ერის თვისებებს, არამედ ყველა საუკეთესოსა და ყველა სიკეთის მაგალითადაც იქცევიან ხოლმე.
თქვენთან ერთად მე თანაგრძნობას ვუცხადებ აგრეთვე მათაც, ვისთვისაც თეიმურაზ ჩირგაძე იყო ბატონი თემოც, თემიკოც, ჩირგოც და ვისაც მისმა სიკვდილმა გული ატკინა. ასეთი კი ბევრზე ბევრია - აღტაცებულნი, როგორც მისი მეცნიერული და ადმინისტრაციული მოღვაწეობით, ისე მსახიობობით, თამადობით და ადამიანებთან ურთიერთობის დიდი ხელოვნებით.
კიდევ ერთი გამორჩეული კაცი წავიდა ჩვენგან და კიდევ ერთი სიმი ჩაწყდა ჩვენს სხეულში.
გთხოვთ, თქვენთვის ამ მძიმე წუთებში მეც, ჩემი მეუღლეც და ჩემი ოჯახის წევრებიც თქვენს გვერდით გვიგულეთ.
ედუარდ შევარდნაძე.
თეიმურაზ ჩირგაძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 ივლისი. - №199 (3240). - 1 გვ.
![]() |
13 „საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო მძლავრ დარტყმას, შეინარჩუნა უმთავრესი ეკონომიკური სისტემები, დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და ნამდვილად აქვს შემდგომი განვითარებისა და კრიზისის საბოლოოდ დაძლევის პოტენციალი“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 26 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც შეჯამდა ქვეყნის განვითარების ექვსი თვის შედეგები. ამ სხდომას დაემთხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოსათვის მორიგი, შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება... ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- დავიწყებ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებული საკითხით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის რიგითი ან ჩვეულებრივი, უბრალო მოვლენა არ არის.
ბუნებრივია, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისაგან ჩვენს ქვეყანას ადრეც მიუღია გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები, მაგრამ ამჯერად საზოგადოების ყურადღება მინდა მივა- პყრო იმ გარემოებას, რომ გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებით მსოფლიოს უდიდესმა და უმძლავრესმა ფინანსურმა ორგანიზაციამ, ფაქტობრივად, დაადასტურა და აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა გამოვიდა კრიზისული ფაზიდან, რომელშიც აღმოვჩნდით განსაკუთრებით 1998 წლის მეორე ნახევარში მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მეზობელ რუსეთში განვითარებული დამანგრეველი კრიზისული პროცესების შედეგად.
ამრიგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დააფიქსირა, რომ საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო მძლავრ დარტყმას, შეინარჩუნა უმთავრესი ეკონომიკური სისტემები, დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და ნამდვილად აქვს შემდგომი განვითარებისა და კრიზისის საბოლოოდ დაძლევის პოტენციალი. ამაში, ასე ვთქვათ, ელემენტარულ ჭეშმარიტებაში რომ არ დარ- წმუნებულიყო, მაშინ დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თქვენ იცით, რომ მან მთელ რიგ ძალიან დიდ სახელმწიფოებს შეუჩერა დახმარება სწორედ იმის გამო, რომ ასეთი რწმენა არ ჩამოუყალიბდა.
გარწმუნებთ, თუ არა ეს რეალობა, - სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას, კიდევ ვიმეორებ, არ მიიღებდა.
ამას წინ უძღოდა ჩემი შეხვედრები მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში.
ნაყოფიერად იმუშავეს, აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ და სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებმა, რომელთაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარული კონტაქტები ჰქონდათ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო საკუთრივ პარლამენტის, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უაღრესად პოზიტიური წვლილი ამ საქმეში.
პატივცემულმა პარლამენტის წევრებმა, დეპუტატებმა, - უმრავლესობამაც და (მცირე გამონაკლისის გარდა) ოპოზიციამაც დიდი სახელმწიფოებრივი და პატრიოტული პასუხისმგებლობა გამოიჩინეს მრავალი, ძალზე რთული კანონების მიღების პროცესში და ზოგიერთ კანონში ძალიან პრინციპული მნიშვნელობის შესწორებათა შეტანის თვალსაზრისით. აი, ამ კანონების მიღებისა და შესწორებათა გარეშე, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ასეთი დახმარების მიღება.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული კონსტრუქციული თანამოქმედების ტრადიციის შენარჩუნებას, და რამდენად საშიში და დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, თუ პრეზიდენტი და პარლამენტი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდებიან. შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუნდაც მწვავე დისკუსია, როგორც იყო ეს ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ საკითხებში, როგორიც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ევროპულ, დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტაცია, რადიკალური ეკონომიკური რეფორმის კურსი, პიროვნული ინიციატივის მხარდაჭერა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, - ხელისუფლება ერთსულოვანი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ხომალდი განსაზღვრულ კურსს ვერ შეინარჩუნებს, კურსის შეცვლას კი დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
აქვე უნდა ვთქვა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, საქართველოს მოქალაქეებს, უწინარესად პენსიონერებს (მე განსაკუთრებით პენსიონერებს ვგულისხმობ) რომ არ გამოეჩინათ უდიდესი პასუხისმგებლობა და მოთმინების უნარი, და მართლაც საოცარი უნარი მოთმინებისა. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ქვეყნის მიმართ გამოჩენილი დიდსულოვნებისათვის.
ამასთანავე, გადასახადების აკრეფის მკვეთრმა გაუმჯობესებამ, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლის ზრდამ, აქციზური მარკების შემოღებამ, საბაჟო სამსახურის მუშაობაში სიახლეებმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებამ (ამ ნახევარი წლის შედეგების შეჯამებისას ძალიან დამაჯერებელი იყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილი ანალიზი), სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებთან ერთად, საშუალება მოგვცა დაგვეწყო პენსიების, ხელფასების, სხვა სახის დახმარების დავალიანების დაფარვა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით. ესე იგი, შეიძლება ერთდროულად ვერ დაიფაროს, მაგრამ დაფარვა დაიწყება, ვთქვათ, - 2-3 თვის პენსიის გაცემა და ასე შემდეგ, ანუ დავალიანების დაფარვა, ისევ და ისევ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდება გეგმაზომიერად, სპეციალური გრაფიკის შესაბამისად, - ამაზე დაწვრილებით ილაპარაკებს უახლოეს მომავალში, უფრო სწორად ამ დღეებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რომელსაც, რამდენადაც ვიცი, უკვე დაგეგმილი აქვს რამდენიმე გამოსვლა ტელევიზიით, ასევე, ჩვენს ტელემაყურებელსა და რადიომსმენელს უნდა შეეხმიანონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეკონომიკის მინისტრი და სხვები და სხვები. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი გადაწყვეტილება ავტომატურად გულისხმობს მსოფლიო ბანკის პროგრამით გათვალისწინებული 85 მილიონი დოლარის გამოყოფასაც. აქედან, 32 მილიონ 500 ათასი დოლარი უახლოეს ხანში ჩაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად შეივსება ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდი.
რა თქმა უნდა, სანამ ამ ვერდიქტს გამოიტანდნენ, სავალუტო ფონდის დირექტორებმა ყურადღებით გაანალიზეს ექსპერტთა მონაცემები საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ისინი ხედავენ (და ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა), რომ ექვსი თვის შედეგებით საქართველოში აშკარად იგრძნობა ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურება შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ 107,8 პროცენტი შეადგინა, მაშინ როცა ელოდნენ მდგომარეობის თითქმის ორჯერ და სამჯერ გაუარესებას. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ლარზე, ანუ ეროვნული ვალუტა არა მარტო ინარჩუნებს სიმტკიცეს გარკვეული ლიბერალიზაციის შემდეგ, არამედ კიდევაც ძლიერდება და მყარდება. სამრეწველო პროდუქციის გამოშვება შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა. ეს 5 მილიონ 400 ათასი, დაახლოებით 5-6 პროცენტით მატებას ნიშნავს, რაც სულაც არ არის ცოტა. საოცარი ტემპით ვითარდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაც. განსაკუთრებით ჩაის კრეფის ტემპის შესახებ მინდა ვუთხრა რადიომსმენელს: მოგეხსენებათ, რა მნიშვნელობა აქვს ამას მთელი საქართველოსათვის, განსაკუთრებით, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის რეგიონებისათვის. წლის დამლევისათვის მოსალოდნელია მოიკრიფოს 70 ათას ტონაზე მეტი ხარისხოვანი (ანუ კონკურენტუნარიანი) ჩაის ფოთოლი. ეს თითქმის ერთ-ერთნახევარჯერ, თუ კარგად ვიმუშავებთ, შეიძლება ორჯერაც კი მეტი იყოს შარშანდელთან შედარებით და თანაც ბაზრის პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია, თითქმის მოგვარებულია. საადრეო კარტოფილის მოსავალმა 75 ათას ტონას მიაღწია. ასეთ რაოდენობაზე საბჭოთა პერიოდშიც კი ლაპარაკი ზედმეტი იყო. თქვენ გახსოვთ, მაშინ როგორი იყო დაფინანსება და რა დიდი იყო მოსკოვის, ლენინგრადის, სხვა დიდი ქალაქების მოთხოვნილება საადრეო კარტოფილზე. ყოველივე ამან მყარი ტენდენციის სახე მიიღო, მაშასადამე, თანდათანობით ვუახლოვდებით ისეთ რეალობას, როდესაც საქართველო თავად შეძლებს უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნილება მარცვლეულსა და ზოგიერთ სხვა პროდუქტზე. ამასაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ - ყველას გვახსოვს, როგორი დისკუსია მიმდინარეობდა იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა საქართველო დამოუკიდებლობის პირობებში საკუთარი თავის გამოკვებას და შესაბამისი რესურსების მოპოვებას. ამ მხრივ, თუ ჩვენი პოტენციალის გამოყენებაზე საკამათო უკვე აღარაფერია, ასეთი პოტენციალი ქვეყანას აქვს. საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ამისათვის, ანუ საბოლოო გარანტიების შესაქმნელად კიდევ რამდენიმე წლის მუხლჩაუხრელი და თავდადებული შრომაა საჭირო. ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძველი ხალხის შრომა იყო, არის და იქნება.
ტრადიციულად, ორიოდე სიტყვით შევეხები მიმდინარე თვის საბიუჯეტო შემოსავალს: საგადასახადო დეპარტამენტის მეშვეობით ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ ლარზე მეტი, ანუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 მილიონი ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი. ასევე დადებით შეფასებას იმსახურებს საბაჟო დეპარტამენტი: წლის დამდეგიდან საქართველოს საბაჟომ სახელმწიფოს ბიუჯეტში 158 მილიონ 200 ათასი ლარი შეიტანა, რაც 42 მილიონ 500 ათასი ლარით, ანუ 40 პროცენტით აღემატემა შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. თვითკმაყოფილების უფლება არავის არა აქვს. მით უმეტეს, რომ პოტენციური შესაძლებლობანი გაცილებით მეტია. მაგალითად, ბრიტანული ფირმა „აი-თი-ესი“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულებას კისრულობს, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, უფრო სწორად, აგვისტოს მეორე ნახევრიდან გაზარდოს საბაჟო შემოსავალი 50 პროცენტით, ხოლო მომდევნო წლებში ყოველწლიურად - 20-20 პროცენტით. კონტრაქტი გარკვეული ვადების ფარგლებშია და ბრიტანულ ფირმას მხოლოდ 2001 წლამდე აქვს უფლებამოსილება. ამრიგად, ეს არის ქვეყნის სასიკეთოდ გათვალისწინებული კეთილშობილური პროექტი, რომელსაც ყველა ჭეშმარიტმა პატრიოტმა და თავისი ქვეყნის გულშემატკივარმა უნდა დაუჭიროს მხარი, ვინაიდან იგი საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ არა მარტო საბაჟო შემოსავალი, არამედ გავაკონტროლოთ კიდეც ეკონომიკური საზღვარი იმ მონაკვეთებზე, სადაც დღემდე, სამწუხაროდ, ან არ ვრცელდება, ან მხოლოდ ფორმალურად ვრცელდებოდა საქა- რთველოს იურისდიქცია.
- გასულ კვირას საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა სამეცნიერო ცენტრში აგებულმა აპარატმა - დიდმა ანტენამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ღია კოსმოსში გადაინაცვლა, ღია კოსმოსში გავიდა. ამ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, 80-იან წლებში დაიწყო და მაშინ, რამდენადაც ვიცით, ბიუჯეტიდანაც კი იყო გამოყოფილი გარკვეული თანხა იმისათვის, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ კონსტრუქტორებს, რომლებიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ, თავიანთი ჩანაფიქრის ხორცშესხმის ელემენტარული პირობები ჰქონოდათ...
- ბედნიერი ვარ, რომ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო ქართული ტექნიკური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მრავალწლიანმა ძალისხმევამ. ეს არის მსოფლიო მასშტაბის პროექტი, რომლის განხორციელება არა მარტო ძალზე პრესტიჟულია ქვეყნისათვის, არამედ პერსპექტივაში მნიშვნელოვან შემოსავალსაც უზრუნველყოფს - თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დაადასტურებს საქართველოს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან უმრავლეს ტექნოლოგიათა დარგში.
მე მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი გმირობა და დიდი მამულიშვილური საქმეა ის, რაც შეძლეს ბატონმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა და მისმა კოლეგებმა. აქვე აღვნიშნავ: ბატონმა ელგუჯამ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაშიც. არ დავაკონკრეტებ, ვინაიდან ყველაფერს, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვიტყვი რადიოინტერვიუში.
ამასთანავე, საზოგადოებას უნდა ვაუწყო, რომ ხელი მოვაწერე ბრძანებულებას: კავშირგაბმულობის, კოსმოსურ ტექნოლოგიათა განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორის ელგუჯა მეძმარიაშვილის პირველი ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ.
რა თქმა უნდა, დაჯილდოვდებიან ამ სახელოვანი საქმის სხვა აქტიური მონაწილენიც.
ვიმედოვნებ, ეს შესანიშნავი კოლექტივი კვლავაც ასეთივე წარმატებით იღვაწებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
- გასულ კვირას წინანდალში გაიმართა ქართულ-ოსური ერთობლივი მოლაპარაკება ერთობლივი კომისიის ფარგლებში. როგორ შეაფასებდით მის შედეგებს?
- ქართულ-ოსური დიალოგი და შერიგების პროცესი ნორმალურად ვითარდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს. სერიოზულ პროგრესსაც მივაღწიეთ, განსაკუთრებით, ურთიერთობის, ესე იგი, ფაქტობრივად შერიგების აქტიური პროცესის წარმართვის თვალსაზრისით. სულ უფრო მტკიცდება ნდობა მხარეებს შორის, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოგეხსენებათ, ერთობლივი საკოორდინაციო-საკონტროლო კომისიის ფუნქცია არ არის სტატუსის განსაზღვრა ან სხვა ამგვარი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ წინანდლის შეხვედრაზეც ქართულმა წარმომადგენლობამ, რომელსაც ამჯერად ბატონი ირაკლი მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა, ნაყოფიერად იმუშავა და თვალსაჩინო, ხელშესახებ შედეგსაც მიაღწია.
წინანდლის სხდომაზე გადაწყდა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი - ეკონომიკური ურთიერთობის, ტრანსპორტის, ლტოლვილთა უსაფრთხო და გარანტირებული დაბრუნების, აგრეთვე, სამშვიდობო ძალთა თანამოქმედების სფეროებში, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა სტაბილურობა ამ რეგიონში.
ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტასაც. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა და მოლაპარაკება სტატუსის თაობაზეც, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გაიმართა ჯავაში, როგორც ეს განსაზღვრული იყო. ამასთანავე, წინანდლის შეკრებაზე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ დახმარებას გვიწევენ ცხინვალის რეგიონის ეკონომიკის აღდგენაში, რეაბილიტაციაში და რაც უფრო კონსტრუქციულად წარიმართება ორმხრივი დიალოგი, მით უფრო რეალური და ქმედითი იქნება ეს დახმარება.
- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტი დაეთანხმა თქვენს წინადადებას, რომ კოსოვოში სამშვიდობო მისიის აღსასრულებლად გაიგზავნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული. სიმბოლური მონაწილეობის მიუხედავად, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დეკლარირებულია გარკვეული პრინციპები...
- ეს გადაწყვეტილება ძალიან ხანგრძლივი განსჯისა და ყოველმხრივი ანალიზის შედეგი იყო. სწორედ ამიტომ ოპერატიულად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება.
არ დავმალავ, - ეს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოს ინიციატივა.
ქართული სამშვიდობო ოცეული პროფესიული თვალსაზრისით შესანიშნავად არის მომზადებული - იგი წლების განმავლობაში იწვრთნებოდა ნატოს „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ პროგრამის შესაბამისად.
ვფიქრობ, ეს ნატოსთან და, თუ გნებავთ, რუსეთთანაც (რადგან რუსეთი მონაწილეობს იქ) ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციის პროცენტი ხელსაყრელი და სასარგებლო, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის არა მარტო პრესტიჟული, არამედ პრაგმატული თვალსაზრისითაც.
- გასულ კვირას მთელმა საქართველომ და ქართველმა საზოგადოებამ ძალიან დიდი მწუხარებით აღიქვა ცნობა შესანიშნავი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის გარდაცვალების შესახებ.
- პირდაპირ გეტყვით, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, როცა შოთას გარდაცვალება შევიტყვე. იგი ჩემი პირადი ძალიან დიდი ხნის მეგობარი იყო და მასთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებდა.
ამასთანავე, შოთა ნიშნიანიძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ეროვნულ ლიტერატურაში, როგორც ქართული სიტყვის ნამდვილმა რაინდმა.
მისი ნიჭიერი და მძლავრი ხმა სავსებით გამორჩეულია XX საუკუნის ქართული პოეზიის პოლიფონიაში.
იმავდროულად, შოთა ნიშნიანიძე ბევრისათვის სამაგალითო მოქალაქეობრივი პოზიციის სიმტკიცითა და ერთგულებით გამოირჩეოდა. თქვენ გახსოვთ, რომ იგი რამდენიმე წლის განმავლობაში მწერალთა კავშირის მეთაური იყო და იქაც მან თავისი ადამიანური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ძალიან კარგად და ღირსეულად შეასრულა.
შოთა ნიშნიანიძის წასვლა აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართველი საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის, ქართული პოეზიის, კულტურისა და სულიერებისათვის. საქინფორმი.
„საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო მძლავრ დარტყმას, შეინარჩუნა უმთავრესი ეკონომიკური სისტემები, დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და ნამდვილად აქვს შემდგომი განვითარებისა და კრიზისის საბოლოოდ დაძლევის პოტენციალი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 ივლისი. - №199 (3240). - 1, 2 გვ.
![]() |
14 „საქართველო ერთგულად ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომლებიც რეალურად გვეხმარებიან და დაგვეხმარებიან სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ყარსის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის ამოქმედებაზე ილაპარაკა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- უპირველეს ყოვლისა, მე სრული რწმენითა და კატეგორიულობით უნდა განვაცხადო, რომ ყველა ჭეშმარიტ ქართველს და თავისი ქვეყნის პატრიოტს ამ საკითხებზე, ესე იგი, ისეთ საკითხზე, როგორიც ყარსის ხელშეკრულებაა, საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე მსჯელობისას მეტი თავშეკავება, სიფრთხილე და, რაც მთავარია, კომპეტენტურობა მართებს.
რაკი განსხვავებული აზრები გამოითქვა, იძულებული ვარ ჩემი პოზიციაც გამოვხატო, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ქართველ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს დაწვრილებით აქვთ შესწავლილი ყარსის დოკუმენტი. აქ ბუნდოვანი და გაუგებარი არაფერია. ტელემაყურებელმა და რადიომსმენელმა უკვე მოისმინა პროფესორ ლევან ალექსიძის და სხვათა ანალიზი ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და მე ამ არგუმენტებს აღარ გავიმეორებ, ისტორიულ მიმოხილვას არ შევუდგები.
ჩემი აზრით, ის არის მთავარი, რაც ახლა მინდა ვთქვა: როდესაც 1992-93 წლებში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მეზობელ თურქეთის რესპუბლიკასთან კეთილმეზობლობისა და კონსტრუქციული ურთიერთობის საჭირო იურიდიული ბაზის შესაქმნელად, ჩვენთვის, ისევე როგორც თურქეთისათვის, უპირველესი პრიორიტეტი არსებული საზღვრების საბოლოოდ დადგენა და დაკანონება იყო. „საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“ ხელშეკრულებამ (ასე ჰქვია ამ ხელშეკრულებას) ეს საკითხი სამუდამოდ გადაწყვიტა, ვინაიდან ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყარსის 1921 წლის ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის.
ახლა, რაც შეეხება ზოგიერთი მოღვაწის იმ ძალიან უცნაურ განცხადებას, რომ, აი, აამოქმედებს ყარსის ხელშეკრულების ამა თუ იმ მუხლს.
ჩავთვალოთ, რომ, უკეთეს შემთხვევაში, ეს ელემენტარული გაუგებრობაა: ჯერ ერთი, ხელშემკვრელი სუბიექტები არიან თურქეთის რესპუბლიკა და საქართველო, ანუ ყველა იურიდიული საკითხის გადაწყვეტა ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ თბილისისა და ანკარის პრეროგატივაა.
გარდა ამისა, ზოგიერთებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ხელშეკრულებაში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მხარეებმა საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნიეს შეეტანათ უაღრესად მნიშვნელოვანი დებულება (ამ დებულების ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ), რომლის თანახმად (მე ვთხოვ რადიომსმენელს მიაქციოს ყურადღება) ორივე ქვეყანა ყარსის ხელშეკრულების დებულებებს შეასრულებს და დაიცავს თავიანთი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებებისა და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. ვიმეორებ: ორივე ქვეყანა ყარსის ხელშეკრულების დებულებებს შეასრულებს და დაიცავს თავიანთი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებებისა და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. სხვათა შორის, ეს საკითხები შესანიშნავად განმარტა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. გთხოვთ, კიდევ და კიდევ მიაქციოთ ყურადღება, ხაზს ვუსვამ: „თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად“, ანუ ყარსის ხელშეკრულების ესა თუ ის პუნქტი შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს კანონმდებლობით კი ცხადად არის განსაზღვრული ყველა საკითხი, რომლებიც სასაზღვრო და საბაჟო პრობლემატიკას ეხება. სწორედ ამ საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით დაისვა ახლა ყარსის ხელშეკრულების საკითხიც.
ძალიან ნათლად არის ჩამოყალიბებული ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებული უფლებამოსილების ნუსხა ქვეყნის ძირითად კანონში, ანუ კონსტიტუციაში.
ასე რომ, აქ ყველაფერი, როგორც იტყვიან, მზესავით ნათელია. მაგრამ ეს იურიდიული მხარეა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხის პოლიტიკური ასპექტი.
მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ვინც უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს, აჭარა და აჭარის მოსახლეობა არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
და კიდევ ერთი: კიდევ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას მეგობარი თურქეთის რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობისადმი, პირადად პრეზიდენტ დემირელისადმი. საქართველო და თურქეთი ერთნაირად არიან დაინტერესებული კეთილმეზობლობითა და ყოველმხრივი თანამშრომლობით.
ჩვენ ერთად, როგორც ტყვიან, ხელიხელჩაკიდებულნი ვშრომობთ იმ გრანდიოზული პროექტების განსახორციელებლად, რომლებმაც სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს ჩვენს ხალხებს.
იოტისოდენადაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ ვერავინ შესძლებს საეჭვო გახადოს და ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და თურქეთის მეგობრობას.
არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ჩემს პირად შეურაცხყოფად მიმაჩნია ლაპარაკი საქართველოს რომელიმე რეგიონის რაღაც ბლოკადებზე. ჩვენ ვახორციელებთ ჩვეულებრივ ღონისძიებებს კონტრაბანდისა და სპეკულანტების წინააღმდეგ. ეს ყველა რეგიონსა და მხარეს ეხება. მით უმეტეს, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აზრი მაშინ, როცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება, შემდეგ ეს პარლამენტმაც დაადასტურა, საბაჟო შემოსავლის, აგრეთვე, დამატებითი ღირებულების გადასახადის დიდი ნაწილის აჭარაში დატოვების შესახებ. ერთი 30 პროცენტია, მეორე - 40 პროცენტი. ასეთი პრეცედენტი თითქმის არ არსებობს. მაგრამ ჩვენ დავთანხმდით ამას, ვინაიდან საქმე ძალიან სათუთ თემას ეხებოდა და ვინაიდან ვზრუნავდით იმისათვის, რომ აჭარას თავისი შემოსავალი ჰქონოდა. ოღონდ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უარს იტყვის უდავო პრეროგატივაზე - თვითონ გადაწყვიტოს საზღვართან, ისევე როგორც საზღვაო აკვატორიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
დიახაც, ვცდილობთ და ყოველთვის შევეცდებით ამას, ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანაში სასაზღვრო პრობლემატიკა მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების უეჭველი, უდავო, განსაკუთრებული პრეროგატივაა, რაც სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ მონაწილეობდეს საზღვრის დაცვაში ან თუნდაც საბაჟო კონტროლის პროცესებში. მაგრამ ეს სხვა საკითხია. მთავარია ის, რომ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, აღიზიანებს თუ არ აღიზიანებს ეს სიტყვა, გადაწყვეტილებას იღებს ცენტრი. სახელმწიფო სწორედ საზღვრიდან იწყება.
- გუშინ, საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი, რომელმაც, სხვათა შორის, უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. მინისტრი კოენი საქართველოში ვიზიტამდე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა და საერთო უშიშროების პრობლემებს განიხილავდა. რას განიხილავდა კოენი საქართველოში პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად? არჩევნების წინ უკრაინასა და საქართველოში მისი ვიზიტი უკვე გარკვეულწილად ქვეყნის პირველი პირებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულების მიმანიშნებელია...
- მას არც დაუმალავს და მინდა მადლობა ვუთხრა იმ მაღალი შეფასებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სახელით რომ გამოთქვა ეს მოსაზრებანი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შეფასებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი რადიომსმენელმა და ტელემაყურებელმა მოისმინა. მეორე საკითხი უშუალოდ ამ უწყებათაშორისი თანამშრომლობაა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. არაერთგზის გვითქვამს, რომ ამერიკამ ძალიან დიდი დახმარება გაუწია საქართველოს არა საერთოდ, ვთქვათ, დახმარება, გრანტები, მარცვლეული და სხვადასხვა, არამედ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, აგრეთვე, ახლად შექმნილ საზღვაო ფლოტს, საზღვაო ჯარსა და ზოგიერთ სხვა დანაყოფს, რომელთა ფორმირებას ჩვენთვის საარსებო მნიშვნელობა აქვს.
ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ არსებობდა ორმხრივი ინტერესი და შეხვედრაც გაიმართა.
საუბარი ძალიან კონსტრუქციული და საკმაოდ კონკრეტული იყო, ზოგად ფრაზებზე დრო არ დაგვიხარჯავს.
კვლავ ვადასტურებ: საქართველო ერთგულად ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომლებიც რეალურად გვეხმარებიან და დაგვეხმარებიან სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.
არა მგონია, ეს დებულება თვით ყველაზე თავგადაკლულმა ოპონენტებმაც კი საეჭვოდ მიიჩნიონ. როდესაც ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, უწინარესად, ჩვენი მიზ- ნებით, ჩვენი ამოცანებით, ჩვენი სტრატეგიით, ჩვენი ტაქტიკით, ჩვენი, ასე ვთქვათ, თუნდაც პრაგმატული მიდგომით და მიზანშეწონილობის პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
საკითხი ასე უნდა დაისვას: რა მივიღეთ რეალურად იმ ქვეყნისაგან? როგორც ვთქვით, საქართველომ ამერიკისგან ძალიან ბევრი რამ მიიღო და თანამშრომლობა სულ უფრო ვითარდება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მიმართულებით.
- თქვენი ერთსაათიანი საუბარი მხოლოდ ექვსი ვერტმფრენის გადმოცემის ფაქტს შეეხო? ეს ხომ შეეძლოთ შესაბამის უწყებებს - დავით თევზაძისა და კოენის უწყებებს მოეგვარებინათ?
- არა. ბუნებრივია, იყო უფრო საინტერესო საკითხებიც, მათ შორის, მდგომარეობა რეგიონში, კოსოვოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, აფხაზეთის კონფლიქტი, აბრეშუმის გზის სტრატეგია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა და სხვა. ბუნებრივია, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს შეხვდებიან, ისინი მარტო ვერტმფრენის გადაცემით არ შემოიფარგლებიან...
- როგორც მოსალოდნელი იყო, გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთთან დაკავშირებით ქართველთა გენოციდის კვალიფიკაციას ისევ არ დაუჭირა მხარი. რას უნდა ველოდეთ შემდგომში?
- დღეს მე ასეთი კომენტარით შემოვიფარგლები, ვინაიდან უფრო დეტალური ინფორმაციით ალბათ ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი წარდგება ტელემაყურებელთა და რადიომსმენელთა წინაშე, რადგანაც იგი უშუალოდ ესწრებოდა, მონაწილეობდა და სიტყვაც წარმოთქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ამ რეზოლუციას აქვს როგორც დადებითი, ასევე რთული მომენტებიც, თუნდაც, უნდა ითქვას, რომ ქართულმა დიპლომატიამ ამჟამად გააკეთა ის, რის გაკეთებაც შეიძლებოდა; თუმცა შესაძლებელი და სასურველი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს და ახლაც ასევეა.
უწინარესად, დოკუმენტმა უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა გაეროს სამხედრო მეთვალყურეებს, რითაც დადასტურდა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც პასუხისმგებელია აფხაზეთში მოვლენათა განვითარებისათვის.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოულიცია ერთმნიშვნელოვნად გმობს ოქტომბრისათვის დაგეგმილ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტის არჩევნებს აფხაზეთში. ვიმეორებ: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად გმობს ოქტომბრისათვის დაგეგმილ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტის არჩევნებს აფხაზეთში. ეს იმ პოლიტიკოსთა საყურადღებოდ, რომლებიც თავგამოდებით იცავენ ამ არჩევნების იდეას, ვინაიდან არჩევნების გამართვა დაუშვებელია იმ ვითარებაში, როდესაც ტერიტორია დატოვა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. სხვათა შორის, ეს ეთნოწმენდის ფაქტის ირიბი აღიარებაც არის, ისევე როგორც მითითება ეუთოს ლისაბონის სამიტის დოკუმენტისა, სადაც აღნიშნულია ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაერო არასდროს არ შეეგუება არსებულ სტატუს-კვოს და აღნიშნულია, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი უნდა განისაზღვროს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მეგობარ ქვეყნებთან ერთად ჩამოაყალიბებს (ძალიან საყურადღებოა ეს მოსაზრება) კონკრეტულ წინადადებებს თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციური კომპეტენციის განაწილების შესახებ, ანუ იგულისხმება უფლებამოსილების განაწილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათს პრეზიდენტებს გავუგზავნე ჩვენი მოსაზრებანი აფხაზეთის სტატუსის შესახებ, ფუნქციათა გამიჯვნის თაობაზე და ასევე საქართველოს თხოვნა ზემოაღნიშნულ უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხაროა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ კვლავ ვერ შეძლო ერთმნიშვნელოვნად გამოეხატა თავისი პოზიცია უმთავრესი საკითხის გამო. ეთნოწმენდის ორგანიზატორებს ტყუილად ჰგონიათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის უგულვებელყოფას დიდხანს შეძლებენ.
ასევე დაუსჯელი ეგონა თავი კოსოვოში ეთნიკური წმენდის ორგანიზატორსაც, მაგრამ შეცდა. თითქმის ათი წელი დასჭირდა სამართლიანობის აღდგენას ბალკანეთშიც. საბოლოოდ საერთაშორისო თანამეგობრობამ მაინც თავისი გაიტანა. ასე იქნება ყველგან, სადაც დაირღვევა ადამიანის უფლებანი და სადაც ჩაიდენენ დანაშაულს ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
როცა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებზე ვლაპარაკობ, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, ასე ვთქვათ, სერიოზული გავლენა, რომელსაც ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, სხვა დედაქალაქებში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ვიზიტები ახდენს. და, თუ აქ ზოგიერთი დადებითი მომენტია აღნიშნული, ამ ვიზიტებმაც გარკვეული როლი შეასრულა.
- თუ შეიძლება, მოკლედ გასული კვირის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების შესახებ, მით უმეტეს, რომ გასულ კვირაში საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა...
- უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის გადაწყვე- ტილება საქართველოში ენერგოსექტორის განსავითარებლად 50 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ეს, ფაქტობრივად, ძირითადად, ეხება „აი-ი-ეს-თელასს“, ესე იგი, თბილისის ელექტროქსელების სრულ მოდერნიზაციას. მე ახლა მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომლებიც ერთგვარ შეშფოთებას გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელი ინვესტორი შემოვიდა თბილისში და „იყიდა“ თელასი. თუმცა, გარკვეული პროცენტები, რა თქმა უნდა, დარჩათ საქართველოს სახელმწიფოსა და თბილისის მოქალაქეებს. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ამ ინვესტორს ენდნენ და ამ ინვესტორს მისცეს 50 მილიონი დოლარი თბილისის მთელი ელექტროქსელის მოდერნიზაციისათვის. მე მგონი, 2-3 წელიწადში თბილისელები თვითონ მიხვდებიან, რა დიდი სიკეთე გაკეთდა ამ გადაწყვეტილების მიღებით.
აგრეთვე, საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული სარკინიგზო მეურნეობისა და ენგურჰესის რეკონსტრუქცია-აღდგენისათვის. რკინიგზისათვის გამოყოფილია გრანტი 7 მილიონი დოლარის ოდენობით და 20 მილიონამდე გრძელვადიანი კრედიტი, ხოლო ენგურჰესისათვის გამოყოფილი დახმარება და გრძელვადიანი კრედიტი სადღაც 50 მილიონის ფარგლებში იქნება. ეს ძალზე საყურადღებო ფაქტია, ვინაიდან ევრობანკმა ამით დაადასტურა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მზად არის მხარი დაუჭიროს უცხოურ თუ ეროვნულ კაპიტალს, რომელიც ფეხს იკიდებს და ფეხზე დგება საქართველოში.
გასულ კვირას საბოლოოდ დაზუსტდა საგადასახადო და საბაჟო უწყებათა მუშაობის შედეგები.
კმაყოფილი ვარ იმით, რომ ორივე უწყებამ კვლავ გადაჭარბებით შეასრულა საბიუჯეტო გეგმა. მიხეილ ჩიკვილაძისა და თამაზ მაღლაკელიძის ხელი საქმეს ნამდვილად დაეტყო. რა თქმა უნდა, როგორც ადრე აღვნიშნე, ბევრს მუშაობს სპეციალური კომისია ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.
ახლა დღის წესრიგში დადგა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პენსიებისა და გარკვეულ დავალიანებათა გასტუმრება, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია. ამას წინათ, სხვათა შორის, შევხვდი ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ბატონ გიორგი ციციშვილს. ვეტერანთა, ისევე როგორც სხვა პენსიონერთა მდგომარეობა მართლაც მძიმეა და ჩვენ, ალბათ ამ უახლოეს ერთ კვირაში - 10 დღეში დავიწყებთ პენსიებისა და იმ დახმარების გაცემას, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით.
პენსიებისა და დახმარების დავალიანების გაცემა, სათანადო გრაფიკის შესაბამისად, უპირველესად, სწორედ ვეტერანებით უნდა დავიწყოთ.
როგორც მომახსენეს, ფაქტობრივად, გადაწყდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე, რომელიც ორიოდე თვეში დასრულდება. კვლავ გავიმეორებ, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, რომელშიც საქართველო გაწევრიანებულა, მოყოლებული 1992 წლიდან.
რა დემაგოგიის ნიაღვარიც უნდა წამოვიდეს მავანთა მხრიდან, ამ ორგანიზაციაში გაერთიანება საქართველოსათვის უაღრესად სასარგებლო მოვლენაა. ჩვენი მინისტრები - მიხეილ უკლება, თამარ ბერუჩაშვილი, დავით ონოფრიშვილი, ვლადიმერ პაპავა და სხვები ციფრებითა და სქემებით ხელში მზად არიან ნებისმიერ დონეზე ოპონენტებთან და უბრალოდ იმ ადამიანებთან ღია და საჯარო დისკუსიისათვის, რომლებსაც შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეთ, რა არის სავაჭრო ორგანიზაცია და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას საქართველოსათვის.
- გასულ კვირას ლონდონში გაიხსნა გამოფენა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურებს მიეძღვნა. ამ გამოფენაში საქართველომაც აქტიური მონაწილეობა მიიღო...
- ეს მართლაც საინტერესო მოვლენაა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენმა ახალგაზრდა ბიზნესმენებმა თითქმის შეუძლებელი შესძლეს.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიხსნა გამოფენა, რომელიც 2001 წლამდე გაგრძელდება. ათობით ქვეყანამ წარმოადგინა ღვინის კულტურის ნიმუშები. საამაყო და სასიხარულოა, რომ გა- მოფენას ხსნის საქართველო, რაც სავსებით სამართლიანია, ვინაიდან თვით ამ გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავდნენ საქართველოს უნიკალურობას ღვინის კულტურის განვითარების თვალსაზრისით. დღეს მსოფლიო დონის მეცნიერებმა აღიარეს, ყოველ შემთხვევაში, დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ მეღვინეობის აკვანი, ისე როგორც კულტურული ვაზის აკვანი საქართველოა და სწორედ საქართველოში ჩაისახა კულტურული ვაზის ჯიშები. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს თვალსაჩინო მეცნიერს, სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ბატონ ლევან ჭილაშვილს, რომელმაც ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ ისტორიული ასპექტების გასაშუქებლად სათანადო ექსპონატების დემონსტრაციითა და არგუმენტების წარდგენით, აგრეთვე, შესანიშნავ, სამაგალითო, მე ასე ვიტყოდი, მეღვინეებს, ლევან გაჩეჩილაძეს, თამაზ კანდელაკს, აგრეთვე, ბატონ ნიკო ლეკიშვილს და სხვებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ვფიქრობ, ამ გამოფენას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. ქართული ღვინო, ისე როგორც ჩვენი სხვა პროდუქტი და პროდუქცია თანდათანობით იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო ბაზარზე, რისი დასტურიცაა თუნდაც „ჯი-ვი-ესის“ წარმატება. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ყველა მეღვინისათვის: შრომაა საჭირო, მუხლჩაუხრელი შრომა, ძიება, ბაზრებზე გასვლა და არა გაუთავებელი წუწუნი.
საქინფორმი.
„საქართველო ერთგულად ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომლებიც რეალურად გვეხმარებიან და დაგვეხმარებიან სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 3 აგვისტო. - №206 (3247). - 1, 2 გვ.
![]() |
15 უილიამ კოენი: „საქართველო გახდა დემოკრატიის მშენებლობის, დემოკრატიულ გარდაქმნათა შესანიშნავი მაგალითი და მოდელი“ |
▲back to top |
1 აგვისტოს ხანმოკლე სამუშაო ვიზიტად საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი.
მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში უილიამ კოენი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. გაიმართა შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ თავდაცვის მინისტრის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, აშშ თავდაცვის მდივნის თანაშემწე სტრატეგიისა და საფრთხის შემცირების საკითხებში ედვარდ ვორნერი, აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში თედო ჯაფარიძე.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.
როგორც პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდაძემ განაცხადა, „აშშ თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლას საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მე მქონდა საშუალება, ჩვენი ხალხის სახელით გამომეთქვა მადლიერება აშშ ადმინისტრაციისა და ხალხის მიმართ იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ვიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ეხება თავდაცვისა და უშიშროების პრობლემებსაც, მით უმეტეს, რომ თავდაცვისა და უშიშროების პრობლემები ვრცელდება არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე და კიდევ უფრო ფართო მასშტაბითაც.
ჩვენი საუბარი იყო კონსტრუქციული: მოვიცავით ძალიან ფართო წრე საკითხებისა, მათ შორის, ბუნებრივია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობა, კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები და, უწინარესად, აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების დაჩქარების შესაძლებლობები. ეს ურთულესი პრობლემაა. მე გამოვთქვი იმედი, რომ უშიშროების საბჭო, რომლის მუდმივი წევრიც არის აშშ (ამავე დროს, ის არის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი), ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში საერთაშორისო მხარდაჭერა კიდევ გააქტიურდეს.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირებასთან, დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებასთან. თუ ყველა ფხიზლად არ ვიქნებით, თუ უშიშროებისა და თავდაცვის საკითხები სათანადო დონეზე არ დადგება, დიდ სიკეთესთან ერთად ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს არცთუ სასურველი შედეგები, მათ შორის, ბირთვული იარაღის, საერთოდ, შეიარაღების გატანა და მრავალი სხვა უსიამოვნო მოვლენა. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ; ვისაუბრეთ იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ერთობლივი ძალებით ეს არასასურველი მოვლენები.
ბუნებრივია, საუბარი შეეხო საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის ამოცანებს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ აშშ სერიოზულად გვეხმარება როგორც სამხედრო მშენებლობაში, ისე საზღვრის დაცვის პრობლემების მოგვარებაში. მოგეხსენებათ ისიც, რომ საქართველოს საზღვრებს დღეს საქართველოს მესაზღვრეები იცავენ. ეს შესაძლებელი გახდა იმ დიდი მატერიალური და ფინანსური დახმარების წყალობით, რომელსაც ჩვენი მეგობარი დიდი ქვეყანა გვიწევს. მე შემიძლია ამ საკითხებს მივუმატო ჩვენი საერთო გეგმები იმ თვალსაზრისით, რომ დავეხმაროთ საქართველოს არმიას კადრების მომზადებასა და ზოგიერთი სხვა სპეციფიკური საკითხის გადაწყვეტაში.
მადლობელი ვარ ბატონი კოენისა, რომელიც დროულად ჩამობრძანდა. მე ამ ვიზიტს განვიხილავ, როგორც აშშ მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული, და- მოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში მხარდაჭერის თვა- ლსაზრისით“.
[...]
განცხადებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: - რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ისინი აშშ ბაზებმა შეცვალოს?
უილიამ კოენი: - აშშ ყოველთვის იცავს იმ პრინციპს, რომ სუვერენულმა სახელმწიფომ თავად უნდა გადაწყვიტოს, იყოს თუ არა განლაგებული სხვა ქვეყნის ბაზები და იყვნენ თუ არა უცხო სახელმწიფოს სამხედროები მის ტერიტორიაზე. ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ შორის სამხედრო თანამშრომლობას, ეს ის საკითხია, რომელსაც ჩვენ მუდმივად განვიხილავთ და რომელიც ადაპტირებული იქნება მოვლენათა შემდგომ განვითარებასთან. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ მიმართულებით ვაკეთებთ, შეთანხმებული იქნება სახელმწიფოს ხალხთან და მთავრობასთან.
ედუარდ შევარდნაძე: - საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი გადაწყდება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების პროცესში.
ტელეკომპანია „ნტვ“: - აშშ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ნტვ“-თვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ კოსოვომდე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც ხდებოდა ჰუმანიტარული კატასტროფა, მაგრამ ის პრინციპულობა, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ კოსოვოსადმი გამოიჩინა, სხვა ანალოგიური პრობლემების მიმართ არ გამოუჩენია. მან გამოთქვა იმედი, რომ ეს ორმაგი სტანდარტები შემდგომში აღარ იმოქმედებს. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ გაერო თავისი დღევანდელი სტრუქტურით ქმნის ან მომავალში შექმნის ამ თვალსაზრისით პრობლემებს, თუ არ დაექვემდებარება გარკვეულ რეფორმებს. როგორც ცნობილია, 30 ივლისს გამართულ სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭომ არ გაიზიარა საქართველოს წინადადება აფხაზეთში ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფაქტის აღიარების თაობაზე, მაშინ როდესაც ეუთოს ლისაბონისა და ბუდაპეშტის სამიტებმა ეს ფაქტები ერთხმად აღიარეს და დაადასტურეს შესაბამისი დოკუმენტებით. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ გაერო ერთგვარ მოუქნელობას იჩენს ამ თვალსაზრისით?
ედუარდ შევარდნაძე: - ჩემი პასუხი ტრადიციული იქნება. ჩვენ უკმაყოფილო ვართ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ყველა რეზოლუციით, რომლებშიც არ არის გამოხატული პრინციპული დამოკიდებულება ეთნოწმენდის, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრე. ვფიქრობ, კოსოვოს ოპერაცია ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა იწყებს იმ დანაშაულის რეალურად შეფასებას, რომელსაც ჰქვია გენოციდი და ეთნოწმენდა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს საქართველომ რეალურად იგრძნოს, გარკვეული დროა საჭირო. დროა საჭირო იმისათვის, რომ კოსოვოს აქციები დამთავრდეს ისე, როგორც ჩაფიქრებულია. ასე რომ, ჯერჯერობით, ალბათ, უნდა გამოვდიოდეთ იმ რეალური შესაძლებლობიდან, რომელიც დღეს არსებობს. სხვათა შორის, დავუმატებ, რომ ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტებზე აშშ იყო ის სახელმწიფო, რომელიც ერთ-ერთი პირველი მოითხოვდა აფხაზეთში მომხდარი დანაშაულის სათანადო შეფასებას. სამწუხაროდ, უშიშროების საბჭო ჯერჯერობით ამისათვის მზად არ არის.
უილიამ კოენი: - ჩემთვის ძნელია რამის დამატება იმაზე, რაც ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა.
სააგენტო „ფრანს-პრესი“: - როგორია საქართველოსა და აშშ შორის თანამშრომლობა საზღვრების დაცვის სფეროში?
უილიამ კოენი: - რაც შეეხება საქართველოსა და აშშ შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, ჩვენ საქართველოს გადავეცით სანაპირო დაცვის კატარღა, რომელიც შესაძლებელს ხდის საქართველოს საზღვაო საზღვრის გარკვეული მონაკვეთების დაცვას. ახლა მიმდინარეობს საქართველოსათვის ექვსი საოპერაციო ვერტმფრენის გადაცემის პროცესი. ისინი საქართველოს გადაეცემა მიმდინარე წლის დამლევისათვის. გარდა ამისა, საქართველოს დამატებით გადაეცემა ოთხი ასეთივე ვერტმფრენი, რომელიც სათადარიგო ნაწილებისათვის გამოიყენება. ვახორციელებთ ყოველმხრივ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო აღჭურვილობის გადაცემასა და სამხედრო კადრების მომზადებას. ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იქნება საქართველოს სამხედრო სისტემისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირებისათვის. ამავე მიზანს ემსახურება მთელი რიგი პროექტებისა, რომლებსაც ვახორციელებთ. ჩვენი თანამშრომლობა ითვალისწინებს აგრეთვე დახმარებას საქართველოს საზღვრების განმტკიცების მიზნით.
ედუარდ შევარდნაძე: - მე მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ამ დახმარების გარეშე საქართველო თავის საზღვრებს ვერ გააკონტროლებდა.
[...]
***
იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისიდან გაემგზავრა.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
უილიამ კოენი: „საქართველო გახდა დემოკრატიის მშენებლობის, დემოკრატიულ გარდაქმნათა შესანიშნავი მაგალითი და მოდელი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 3 აგვისტო. - №206 (3247). - 1, 3 გვ.
![]() |
16 პირველი ქურთული გაზეთი საქართველოში |
▲back to top |
[…]
„გადაეცით პატივცემულ ქარამ-ე ანყოსს ჩემი გულწრფელი მილოცვა ეროვნული გაზეთის პირველი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს სასიხარულო მოვლენაა დამოუკიდებელი, მრავალეროვნული ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში, რომლის ერთგული მოქალაქენიც არიან საქართველოში მცხოვრები ქურთები. მე მათ დიდ პატივს ვცემ და დიდად ვაფასებ მათ წვლილს საქართველოს აღმშენებლობაში.
ედუარდ შევარდნაძე“
პირველი ქურთული გაზეთი საქართველოში // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 აგვისტო. - №220 (3261). - 8 გვ.
![]() |
17 ბატონ გენა მურადიანს |
▲back to top |
ბატონო გენა, უაღრესად დამამწუხრა საზარელმა ტრაგედიამ, რომელიც თქვენს ოჯახში დატრიალდა.
გულწრფელად გითანაგრძნობთ, მოგიწოდებთ, რომ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს მოიკრიბოთ სულიერი ძალა, რათა მედგრად შეხვდეთ უბედურებას.
საქართველოს საზოგადოებრიობა თქვენთან არის, თქვენ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ბრძანდებით, აქტიურად და წარმატებულად იღვწით საქართველოს საკეთილდღეოდ, თქვენი პატრიოტიზმი, ნიჭი და გამოცდილება ამ ურთულეს, გარდამტეხ ისტორიულ ეტაპზე კვლავაც ესაჭიროება ქვეყანას.
მიუხედავად ამისა, ძნელია იპოვო ნუგეშის სიტყვები, როდესაც მშობელი კარგავს შვილს - მისთვის უძვირფასეს და უსაყვარლეს არსებას. მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ისევ მოგიწოდებთ მოიკრიბოთ ძალა, გაუძლოთ ამ მწარე ტკივილს, რათა კვლავინდებურად ემსახუროთ ოჯახსა და სამშობლოს.
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ გენა მურადიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 აგვისტო. - №221 (3262). - 1 გვ.
![]() |
18 „1995 წლის 24 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, ხოლო კონსტიტუციის შემქმნელებს მომავალი თაობები ღრმა პატივისცემითა და მოკრძალებით გაიხსენებენ“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 23 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა, დღე, რომელიც პრინციპში, თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში, იოლი არ ყოფილა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა:
- ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალათასწლოვან ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციას ბადალი არ გააჩნია.
იგია საფუძველი, საფუძველთა საფუძველი, საკუთარი და მსოფლიო გამოცდილების გამოყენებით, ახალი, დამოუკიდებელი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და ხალხის საუკეთესო ტრადიციებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აღმშენებლობისა, ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისა და საყოველთაო კეთილდღეობისა.
ამიტომაც, 1995 წლის 24 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, ხოლო კონსტიტუციის შემქმნელებს მომავალი თაობები ღრმა პატივისცემითა და მოკრძალებით გაიხსენებენ.
საქართველოს კონსტიტუცია სამაგიდო წიგნი უნდა იყოს დაწყებითი კლასებიდან ღრმა მოხუცებულობამდე.
თუ რამ უნდა ვისწავლოთ დღევანდელი მაღალგანვითარებული მსოფლიოსაგან, ეს ამ ქვეყნების კონსტიტუციების მოთხოვნათა განუხრელი აღსრულება, კონსტიტუციისადმი მორჩილება და კონსტიტუციური წყობის დაცვის მთელი სისტემების შექმნა გახლავთ.
საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიერ კონსტიტუციის შესწავლასთან დაკავშირებული ხარჯები ბიუჯეტით უნდა გავითვალისწინოთ, და ეს სპეციალური მუხლი უნდა იყოს, ხოლო აქამდე გაწეული მუშაობა გავაანალიზოთ და პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებაც მოვამზადოთ, რათა განისაზღვროს მრავალწლიანი სახელმწიფო პროგრამა უკვე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით.
ვულოცავ ჩემს ხალხს, სრულიად საქართველოს ხვალინდელ დღეს - კონსტიტუციის დღეს.
- რაც შეეხება გასულ ეკონომიკურ კვირას, რა ძირითად მომენტებს აღნიშნავდით? ვიცით, რომ რამდენიმე საინტერესო შეხვედრაც გაიმართა. მათ შორის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ძმების ჩამოსვლა საქართველოში...
- ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად კვლავინდებურად ინვესტიციათა მოზიდვა რჩება.
ამ საკითხზე გასულ კვირას ძალზე საინტერესო და საგნობრივი საუბარი გაიმართა მიჩიგანის უნივერსიტეტის, „ევრაზიის ფონდისა“ (ასეთი ფონდი შეიქმნა და უკვე დაიწყო მუშაობა) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.
ეს ორგანიზაციები აქტიურად გვეხმარებიან და კვლავაც დაგვეხმარებიან არა მარტო ინვესტიციათა მოზიდვაში, არამედ ეგრეთ წოდებულ „ადგილობრივ ინვესტიციათა“ ოდენობის გაზრდაშიც.
თითქოს, მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია, მაგრამ მაინც აღსანიშნავია „არგო ჰოლდინგს ინტერნეიშნლის“ კორპორაციის ხელმძღვანელთა - ტონი და ჰიუ როდჰემების ინიციატივა.
მათ უაღრესად საინტერესო პროექტი შემოგვთავაზეს, რომლითაც გათვალისწინებულია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურის - თხილის დამუშავება და ექსპორტი. სხვათა შორის, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა - საქართველო, თურქეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები და, მგონი, კიდევ ერთი რომელიღაც ქვეყანა, სადაც თხილის კულტურა მოჰყავთ. ასე რომ, ბაზარი უზარმაზარია და მოთხოვნილებაც ძალიან დიდია.
კორპორაცია აპირებს მრავალმილიონიან ინვესტიციათა დაბანდებას.
ბათუმში უკვე მოქმედებს თხილის გადამმუშავებელი ქარხანა და ასეთივე ქარხანა აშენდება სენაკშიც, ხოლო შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სათანადო საწარმოო სიმძლავრეთა ამოქმედებას დიდი მნიშვნელობა ექნება აფხაზეთისთვისაც. თქვენ იცით, რომ გალი, ოჩამჩირის რაიონი ამ მხრივ განსაკუთრებით ხელსაყრელი კლიმატითა და ნიადაგობრივი თვისებებით გამოირჩევა.
თხილნარები გაშენდება, აგრეთვე, ხობში, ზუგდიდში, აჭარის რაიონებში.
ეს მხოლოდ, ასე ვთქვათ, ერთი „ფრაგმენტია“ ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების კონცეფციისა, რომელიც ამჟამად ხორციელდება და მყარი საკანონმდებლო საფუძველიც აქვს.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ „მიწის კადასტრისა და მიწის ინფორმაციული სისტემის შესახებ“ კანონის პროექტი (ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ), რომლის ამოქმედება, ესე იგი ამ პროექტის შესახებ გადაწყვეტილების ამოქმედება, ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის ცივილური ბაზრის ჩამოყალიბებას და შექმნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტაბილური განვითარების ოპტიმალურ პირობებს.
სხვათა შორის, მინდა ვაცნობო რადიომსმენელებს, რომ მიმდინარე წელი, ჯოჯოხეთური გვალვების მიუხედავად, ძალიან საინტერესო გამოდგა სოფლის მეურნეობისათვის. მოსალოდნელია მარცვლეულის თითქმის რეკორდული მოსავალი. ჩაის წელს, ალბათ, 10-15 ათასი ტონით მეტს მოვკრეფთ. წელს, ალბათ სპეციალურად დამზადდება ლაო-ჩაიც. არც ციტრუსების მოსავალი უნდა იყოს ცუდი. დაიწყო ხეხილის ბაღების აღდგენის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შეისყიდეს და შიდა და უცხოეთის ბაზრებზე გაიყიდა თითქმის 70 ათასი ტონა საადრეო კარტოფილი. ასეთი მოსავალი საქართველოში ჯერ, ძველ დროშიც კი, როცა ბევრი სპეციალიზებული მეურნეობა იყო, მაშინაც არ მოუწევიათ. ასევე მოსალოდნელია ძალიან დიდი, რეკორდული მოსავალი საშემოდგომო ჯიშების კარტოფილისა, რომელიც შეიძლება იმდენი მოვიწიოთ, საქართველომ ვერ გამოიყენოს და შესაძლოა გარე ბაზარზეც კი გავიტანოთ, განსაკუთრებით, დიდი მოთხოვნილებაა თურქეთში.
გუშინ სპეციალურად შევიკრიბეთ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ყურძნის მოსავლის დაბინავება, გადამუშავება და შესყიდვისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა ჰქვია. შეიქმნა სპეციალური კომისია სახელმწიფოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამ 2-3 დღეში უნდა შეიმუშაოს წინადადებანი, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ყურძნის მოსავლის აღებასა და დაბინავებას. ეს ეროვნული სიმდიდრეა, დიდი სიმდიდრეა ჩვენი ხალხისათვის, ეროვნული ბიუჯეტის შევსების დიდი წყაროა და ამიტომ არაფერი არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ როგორც იტყვიან, არც ერთი მარცვალი არ დაიკარგოს. ველოდებით 250 ათას ტონაზე მეტ ყურძნის მოსავალს აღმოსა- ვლეთსა და დასავლეთში.
ყველაფერი ეს, რაზეც ვსაუბრობთ, რის შესახებაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს და რასაც ვუყრით საფუძველს, ყოველივე ამას უკვე რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს სოფლის მეურნეობის აღმავლობის თვალსაზრისით.
საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწა და განმტკიცება აუცილებელია, რათა არ შეფერხდეს კერძო საკუთრებაში მიწის გადაცემასთან დაკავშირებული ადრე მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების დროულად განხორციელება. თუ ჩვენ ახლა სოფლის მეურნეობაში სერიოზულ წარმატებებზე ვლაპარაკობთ, ეს იმის წყალობით, რომ მეურნე, ფერმერი მიწის მესაკუთრე გახდა, ისე როგორც სოფლად მცხოვრები ინტელიგენციის თითქმის ყველა წარმომადგენელი, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ეროვნული პროდუქციის შექმნაში, და ქალაქის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილიც.
მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ, აგრეთვე, „საარსებო მინიმუმის განსაზღვრის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის თაობაზე.
ეს სისტემა უნდა დაიხვეწოს და თანამედროვე რეალიებს უნდა შეესაბამებოდეს.
1995 წლის შემდეგ, როცა ამჟამად მოქმედი სისტემა შევიდა ძალაში, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობის თვალსაზრისითაც.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ განიხილოს სოციალური სტანდარტის ცვლილებანი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან თუ გაერთიანებებთან შეთანხმებით დასვას სოციალური სტანდარტების განახლების საკითხი.
მთავრობის სხდომამ მოისმინა მინისტრების (ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილისა და ბატონ მიხეილ უკლებას) ინფორმაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.
როგორც ცნობილია (მე კიდევ და კიდევ მინდა დავუბრუნდე ამ თემას, თუმცა ადრეც მისაუბრია ამაზე), ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა და ეს არაერთგზის აღგვინიშნავს, მაგრამ ამჯერად მინდა პატივცემული რადიომსმენელისა და მკითხველის ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში განსაკუთრებული დებატები ფაქტობრივად არ გამართულა, ვინაიდან მსოფლიოს ინდუსტრიულ ქვეყნებს, რომლებიც დღეს წარმართავენ პროცესებს ჩვენს პლანეტაზე, იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებათ, რომ საქართველო ნამდვილად არის დემოკრატიული, სწრაფად განვითარებადი ქვეყანა და მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.
აი, სწორედ ამიტომ მიგვიღეს, უფრო სწორად მიგვიღებენ, გაფორმდება საბოლოოდ არა მარტო ევროპის საბჭოში, არამედ ასევე მიგვიღებენ მსოფლიოს უმძლავრეს ეკონომიკურ გაერთიანებაში - მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაშიც. და ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით. საქართველო რომ უპერსპექტივო და შინაგანად სუსტ ქვეყნად მიაჩნდეთ, ჩვენს თხოვნას (გაწევრიანების თაობაზე) ნამდვილად არ დააკმაყოფილებდნენ, ისე როგორც ბევრი ქვეყანა დგას რიგში და ჯერჯერობით არ არიან გაწევრიანებული, მათ შორის გიგანტი ქვეყნებიც კი, მით უმეტეს ასეთ ორგანიზაციაში, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთი რგოლის სისუსტემ შეიძლება მთელი სისტემა დაარღვიოს.
მაშასადამე, გვენდნენ და არა მარტო გვენდნენ, არამედ სჯერათ და სათანადოდ აფასებენ იმას, რაც უკვე გაკეთდა და რა პერსპექტივაც გვაქვს.
აქვე დავძენ: საქართველოს თანამშრომლობა უცხოურ კომ-პანიასთან (საბაჟო სისტემის მოწესრიგების საკითხში), ჩვენს პარტნიორებს სრულებითაც არ მიაჩნიათ სისუსტის გამოვლინებად.
პირიქით.
ამით საქართველო ადასტურებს, რომ მზად არის დაძლიოს კორუფცია და შექმნას სრულიად ახალი, არაკორუმპირებული და ქმედითი საბაჟო სამსახური. და ეს კვლავ დიდი მონაპოვარი იქნება ქვეყნისათვის.
არცთუ ისე შორეულ მომავალში კი (სულ ორი-სამი წლის შემდეგ), უცხოელების დახმარება ამ სფეროში აღარ დაგვჭირდება და აქ შექმნილი სისტემა ავტომატური რეჟიმით იმუშავებს.
ამიტომ მე კვლავ მივმართავ თხოვნით ყველას, ყველა სახელმწიფო უწყებას, ყველა მოქალაქეს, მოხელესა თუ თანამდებობის პირს, ყველა პოლიტიკოსსა და საზოგადოების წარმომადგენლებსაც, - ხელი შევუწყოთ, მხარი დავუჭიროთ ბრიტანულ ფირმას და საქართველოს საბაჟო სამსახურს, რომლებიც დღეიდან იწყებენ ერთობლივ მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდება ყველა, ვისაც სწორედ ქვეყნის ბედი აღელვებს და არა მარტო საკუთარი ჯიბის გასქელება.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვით, ბევრი აღარ დარჩა ამ თვის დასრულებამდე - გადასახადებისა და საბაჟო შემოსავლის აკრეფა ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს. როგორც იცით, პენსიების გაცემის პროცესი დაიწყო მასობრივად, თითქმის ყველა რეგიონი და ყველა რაიონი მოიცვა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ერთდროულად არ მოგვარდება, მაგრამ ეს შეუქცევადი და შეუჩერებელი პროცესია და პირნათელი რომ ვიყოთ მოსახლეობის წინაშე, ყველამ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს ბიუჯეტის წინაშე. გარკვეული დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებმა მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა უკვე გაგვიწიეს. ეს კიდეც დაეტყო ამ პროცესს - პენსიების გაცემის პროცესს. კიდევ უფრო დაჩქარდება, უფრო დინამიკური გახდება ეს პროცესი, თუკი ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შევასრულებთ. ასე რომ, ეს სამსახურები - ადგილობრივი ადმინისტრაციების, საბაჟო სამსახური, საგადასახადო სამსახური დღეს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ დიდ პოლიტიკურ ამოცანასაც წყვეტენ და იმედი მაქვს, რომ ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს ამას.
- გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი თემაც განიხილებოდა - ეს იყო დიდი აბრეშუმის გზის სატელეკომუნიკაციო პროექტი. მას ამერიკის შერთებული შტატებიც განიხილავს და რამდენადაც ვიცით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარმომადგენლები მიემგზავრებიან ამ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად...
- ჩვენ არ ვეშვებით ამ იდეას - „აბრეშუმის გზის“ აღორძინებას, და არც მოვეშვებით იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის. ეს უკვე იგრძნობა სადღეისოდ და მით უმეტეს - სამომავლოდ.
რაც შეეხება ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებულ კონკრეტულ პროექტს, ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია, რომელიც საკმაოდ მაღალკვალიფიციური, კონკრეტული პროგრამის სახით შეიმუშავა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ აკადემიკოს როალდ საგდეევის იდეის საფუძველზე.
ჩვენ იგი არაერთგზის განვიხილეთ, კერძოდ, მთავრობის სხდომაზეც. და იგი ძალიან მოკლედ შეიძლება აიხსნას როგორც „დიდი აბრეშუმის გზის სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფის გეგმა“ და ეს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება იმ დიდი გეგმისა, რომელსაც „აბრეშუმის გზის აღორძინება“ ჰქვია.
უცხოელ სპეციალისტებს (მათ შორის აკადემიკოს საგდეევს) მიაჩნიათ, რომ საქართველოს შესწევს უნარი, (უწინარესად, სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გათვა- ლისწინებით), რომ ამ პროექტის საკვანძო სახელმწიფოდ იქცეს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ბრწყინვალე შედეგით დასრულდა საქართველოში დაპროექტებული და შექმნილი კოსმოსური ანტენა-რეფლექტორის გამოცდა.
ამ პროექტის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა ელ გორმა მას სპეციალური მოხსენებაც კი უძღვნა - „აბრეშუმის გზის სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა“.
მოგეხსენებათ, არათუ XXI საუკუნეს, არამედ მთელ მესამე ათასწლეულს მეცნიერები „ტელეკომუნიკაციათა ეპოქას“ უწოდებენ.
ამდენად, მე წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ძალისხმევა და მოლაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ნაყოფიერი იქნება.
- ეს, რაც შეეხება „აბრეშუმის გზას“, მაგრამ ერთი შეხედვით ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენები ხდება ხოლმე. თქვენ პროფესიით ისტორიკოსი ბრძანდებით და, ალბათ, გუშინდელი თქვენი ჩასვლა დმანისში შემთხვევითი არ ყოფილა. რაც ნახეთ, მხედველობაში მაქვს ძალიან მნიშვნლოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური აღმოჩენა...
- სხვათ შორის, დმანისში ამ გათხრებთან, არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით (ისე ხშირად ვარ ნამყოფი) გახლდით 1985 წლის მაისში. მაშინ გავეცანი პირველ სამუშაოებს და თვენახევრის შემდეგ უკვე მოხდა ის, რაც მოხდა, ესე იგი, დავტოვე საქართველო რამდენიმე წლით.
ის, რაც დმანისში მოხდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერული აღმოჩენა და, თუ გნებავთ, სენსაციაა.
ამიერიდან ყველა ქვეყნის სახელმძღვანელოში ჩაიწერება, რომ ევრაზიის სივრცეში უძველესი ადამიანის ნაშთი და ნაკვალევი სწორედ საქართველოში, დმანისში აღმოჩნდა.
ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი უძველესი წინაპარი, რომელიც დაახლოებით მილიონ შვიდასი, მილიონ რვაასი ათასი წლის წინათ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ცხოვრებისა და განვითარების უძველესი ტრადიცია არსებობს.
გარკვეულწილად, ნიშანდობლივი და სიმბოლურია ისიც, რომ მეცნიერული სენსაცია მოხდა დმანისის სიონის შესანიშნავი ტაძრის, დმანისის ნაქალაქარის მიდამოებში მიმდინარე არქოლოგიური გათხრების პროცესში. აი, ამ ძიების სათავეებთან იდგნენ ჩვენი ცნობილი დიდი მოღვაწეები ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ბევრი სხვა ცნობილი მეცნიერი და სასიხარულოა, რომ მეცნიერთა და მკვლევართა დღევანდელი თაობა (ეს სწორედ კომპლექსური კვლევაა და არა მხოლოდ გათხრები) ასეთი მნიშვნელოვანი დასკვნის ავტორები გახდნენ...
მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული მეცნიერების გამარჯვება, თუ გნებავთ, ტრიუმფი, გადაჭარბების გარეშე.
ქართველმა მეცნიერებმა არა მარტო აღმოაჩინეს ევრაზიის უძველესი ბინადარი, არამედ მეცნიერულად დაასაბუთეს და დაათარიღეს აღმოჩენა. მათთან ერთად უნდა აღინიშნოს ჩვენი უცხოელი (განსაკუთრებით გერმანელებისა და სხვების) მეგობრების, სამეცნიერო ცენტრების თანადგომა, რომელთა აქტიურობამ მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი დმანისს, საქართველოს.
უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება პრეზიდენტის ბრძანებულება „დმანისის მეცნიერული კვლევისა და ტურიზმის ცენტრის შესახებ“.
ვიმედოვნებ, ეს დიდი გამარჯვება, რომელსაც არა მარტო მეცნიერული, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, მესამე ათასწლეულში ჩვენი ქვეყნის შემდგომი აღმშენებლობის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცევა.
კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც დაუღალავი შრომითა და გარჯით მიანიჭა ქვეყანას კიდევ ერთი ღირსება.
და თქვენ ახსენეთ გაჭირვებული ქვეყანა, შეჭირვებული მოსახლეობა და ასე შემდეგ. გუშინ, სხვათა შორის, მე ვუთხარი მეცნიერთა იმ დიდ ჯგუფს, რომელიც დმანისში დამხვდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს ხალხს, რომელმაც შიმშილის, სიცივის პირობებში და ასეთი შეჭირვების ჟამს შეძლო გადაერჩინა ქართული მეცნიერება, როგორც ჩვენი დიდი მომავლის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა.
- დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრშია დაღესტანში მიმდინარე პროცესები, და ეს განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა. სხვათა შორის, რუსი ექსპერტების ასეთი შეფასებაც გაჩნდა - მეორე წინასაარჩევნო ომი - ასე უწოდეს მათ დაღესტნის მოვლენებს...
- საქართველოში ძალიან მტკივნეულად განიცდიან, გულთან მიაქვთ ყველაფერი, რაც ჩვენი მოძმე ხალხის - დაღესტნელების ტერიტორიაზე ხდება და რაც მათს თავზე ტრიალებს, ისე როგორც საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიაში.
საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად ერთგულობს „მშვიდობიანი კავკასიის“ კონცეფციას, რომელმაც, როგორც ცნობილია, კონკრეტული პოლიტიკური დოქტრინისა და შესაბამისი დეკლარაციების სახე მიიღო, რომელიც შემდეგ კისლოვოდსკის დეკლარაციის სახით მოგვევლინა.
ყოველგვარი სპეკულირება იმით, თითქოს ჩვენ გადავუხვიეთ ან ოდესმე გადავუხვევთ ამ გზას, მე მხოლოდ ბოდვად მიმაჩნია. ზოგიერთი აძლევს თავის თავს უფლებას, ასეთი რამ თქვას.
კვლავ ვადასტურებ, რომ „მშვიდობიანი კავკასიის“ კონცეფციაში ჩამოყალიბებული დებულებები უზრუნველყოფს სამართლიან მშვიდობას და ყველა დაინტერესებული მხარის კანონიერი ინტერესების განხორციელებას - უწინარეს ყოვლისა, თვით კავკასიელი ხალხების საკეთილდღეოდ.
დავძენ, რომ კავკასიურ პოლიტიკაში დაუშვებელია ორმაგი სტანდარტებით ოპერირება, რასაც უკვე მოჰყვა დამანგრეველი შედეგი.
„ორმაგი სტანდარტი“, თუ მეტაფორულად ვიტყვით, იგივე ბუმერანგია.
ამ დებულების ჭეშმარიტებას ცხოვრება ადასტურებს.
რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანის სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს სისხლისღვრა დაღესტნის მიწაზე და დამყარდეს მშვიდობა როგორც დაღესტანში, ასევე მთელ კავკასიაში ერთიანი რუსეთის ფარგლებში.
- აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი კვლავ ყურადღების ცენტრშია და, შეძლება ითქვას, ნერვიულობის საგანი გახდა მოსკოვისათვის. საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ამ მანდატის დადასტურებაზე, თუ სამშვიდობო ძალები რეალურად არ დაიცავენ ქართველი მოსახლეობის ინტერესებს. ალბათ, ეს თემა მოსკოვში თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის ვიზიტის დროსაც განიხილება...
- მინდა მოგახსენოთ, რომ კონკრეტული, უფრო სწორად, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ მიგვიღია.
პრობლემა განიხილა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, ეს იყო პირველი მოსმენა. ამ დღეებში, ალბათ, კიდევ მოგვიხდება შეკრება და თავდაცვის მინისტრის კონსულტაციების ფონზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ამჟამად გრძელდება კონსულტაციები გაეროსთან, ეუთოს წარმომადგენლებთან, მეგობარ ქვეყნებთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთან.
სამშვიდობო ძალების შემდგომი ბედი და სტატუსი, ისევე როგორც კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნა-არყოფნა, - ნამდვილად გასარკვევია.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა თანამდევი თუ მოსალოდნელი ფაქტორი და განზრახულობა, ისე როგორც ადრე ვაკეთებდით ამას.
ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, გალის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მოსახლეობა არც თუ უსაფუძვლო შეშფოთებით ეკიდება სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხს, და ისინი საკმაოდ სერიოზულად აანალიზებენ ამას. როცა ჩვენ გამოვიკითხეთ მათი აზრი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამშვიდობო ძალების გაყვანას, ყოველ შემთხვევაში გაყვანას მათი ჩანაცვლების გარეშე.
მეორე მხრივ, განურჩევლად მოსახლეობის განწყობისა, სახელმწიფომაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - იმის გათვალისწინებით, თუ რა გაკეთდა და რა - არა. ამავე დროს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ შეგვიძლია ანგარიში არ გავუწიოთ ჩვენი მეგობრების აზრს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
ამდენად, ცოტა დრო ფიქრისა და განსჯისათვის კიდევ გვაქვს.
უმჯობესი იქნებოდა, თუ სამშვიდობო ძალები რეალურად შეასრულებდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებებს, მაგრამ საქართველომ ყველა შესაძლებლობა ბოლომდე უნდა ამოწუროს, რათა აღარავის ჰქონდეს საშუალება გვისაყვედუროს, რომ აი, არსებობდა შანსი, კომპრომისის შესაძლებლობა და ჩვენ იგი არ გამოვიყენეთ.
გასათვალისწინებელია ისიც (მე გთხოვთ, ამ ფრაზას მივაქციოთ სერიოზული ყურადღება), რომ უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში ჩაწერილია: გაერომ შეიმუშაოს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის პრინციპები ერთიანი სახელმწიფოს, ერთიანი საქართველოს ფარგლებში (რა თქმა უნდა, საქართველოსთან ერთად). ახლა მე მიმაჩნია, რომ, თუ რამე შეიძლება ჩაითვალოს მონაპოვრად გაერთიანებული ერების უშიშროებს საბჭოს ამ რეზოლუციაში, სწორედ ეს არის, როდესაც ჩვენ დავსხდებით და ერთობლივად მოვიფიქრებთ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ და დავუგზავნეთ გაერთიანებული ერების წევრ თითქმის ყველა სახელმწიფოს, ჩამოვაყალიბებთ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს ერთიანი საქართველოს პირობებში. და ამ პროცესს ხელი არ უნდა შევუშალოთ.
- სხვათა შორის, უცხოელი ექსპერტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის, რომ სამშვიდობო მისიის შესრულება ჩვენთან იმ ქვეყანას ევალება, იმ ქვეყნის სამშვიდობო ძალებს ეკისრება, რომლის სახელმწიფო სათათბირომ ჯერჯერობით არ მოახდინა 1994 წელს ხელმოწერილი სრულმასშტაბიანი ხელშეკრულების რატიფიკაცია, - მხედველობაში მაქვს რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება. ამას წინათ სათათბიროს თავმჯდომარემ სელეზნიოვმა ასეთი რამ თქვა: სათათბიროს ხელმძღვანელობას გაუჭირდება დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება აუცილებელია...
- საქართველოსა და რუსეთს შორის „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“ ხელშეკრულებას ბატონ ბორის ელცინთან ერთად 1994 წლის 3 თებერვალს მოვაწერეთ ხელი.
1995 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა პარლამენტმა პირველივე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის რატიფიცირების თაობაზე.
ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და, კერძოდ, პრეზიდენტისათვის იოლი იყო დეპუტატთა კორპუსის დარწმუნება ამ ხელშეკრულების რატიფიცირების აუცილებლობაში. საკმაოდ ბევრნი იყვნენ მოწინააღმდეგენი, და საკმაოდ ძლიერი ძალებიც.
მაგრამ ჩვენ ეს წინააღმდეგობა გადავლახეთ დეპუტატთა კორპუსთან მუდმივი, სისტემატური კონსულტაციებისა და მუშაობის შედეგად, და ამით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურს ქონდეს რუსეთთან თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და, რომ იგი თავისი სიტყვის პატრონი და ერთგულია.
მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, ცალმხრივად ვხელმძღვანელობთ ამ ხელშეკრულების დებულებით.
სამწუხაროდ, მოსკოვში რატიფიცირების პროცესი უსასრულოდ ჭიანურდება, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. გვინდა თუ არ გვინდა, ეს ასე იქნება. ეს კი, თავის მხრივ, ვნებს, როგორც საქართველოს, ასევე (და მე ვიტყოდი, არანაკლებ), რუსეთის ინტერესებსაც.
მეგობრობა და კეთილმეზობლობა შეიძლება მხოლოდ ორმხრივი იყოს, და მხოლოდ თანასწორუფლებიან სახელმწიფოებს აქვთ საშუალება, განავითარონ ასეთი ურთიერთობა. თუ ძველი საკანონმდებლო (ვფიქრობ, არჩევნებამდე ბევრი დრო არ დარჩა) ორგანო ვერ შეძლებს ამ ამოცანის გადაწყვეტას, იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი გადაწყვეტს. თუ არადა, მერე სხვანაირად ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ.
- და, ბოლოს, ჩვენს მეზობელ თურქეთში გასულ კვირას დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათიათასობით ადამი- ანის სიცოცხლე შეიწირა...
- კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩვენი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს ჩვენი დიდი მეზობლისა და მეგობრის თურქი ხალხის მიმართ, სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვებით მივმართავ ჩვენს დიდ მეგობარ სულეიმან დემირელს, თურქეთის მთავრობას და გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველაფერი ვიღონოთ, რაც საქართველოს შეუძლია, რათა ტკივილი შევუმსუბუქოთ მეგობარ თურქეთს და მეგობარ თურქ ხალხს.
საქინფორმი.
„1995 წლის 24 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, ხოლო კონსტიტუციის შემქმნელებს მომავალი თაობები ღრმა პატივისცემითა და მოკრძალებით გაიხსენებენ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 24 აგვისტო. - №227 (3268). - 1,2 გვ.
![]() |
19 ფარვატერში ყოფნის მსურველთა საყურადღებოდ მთავრობის |
▲back to top |
გუშინდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის არჩევნებისათვის მზადების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
- წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბევრი პარტია თუ ცალკეული პრეტენდენტი დეპუტატობის კანდიდატობისა ჩამოყალიბდნენ - ვინ სად უნდა იყაროს კენჭი და ვის რა პრეტენზია გააჩნია აქედან გამომდინარე.
ზოგიერთ რაიონში ჩემი ნებართვისა და სანქციის გარეშე ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს განცხადებას, რომ დეპუტატობის ესა თუ ის კანდიდატი სარგებლობს პრეზიდენტის მხარდაჭერით, და ამომრჩევლებს სთხოვენ მხარი დაუჭირონ მათ.
მინდა განვაცხადო, რომ დეპუტატობის არც ერთი კანდიდატის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არანაირად არ გამომიხატავს. ამას გავაკეთებ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოქალაქეთა კა- ვშირი დაამთავრებს სიების შედგენას, როდესაც გადაწყდება თუ სად, რომელ რაიონში იყრიან კენჭს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები, როგორც მაჟორიტარები.
მე პარტიის თავმჯდომარე ვარ და არ მაქვს უფლება არ ვთქვა ამის შესახებ.
ნურავინ ისარგებლებს ჩემთან პირადი ურთიერობით, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს.
ყველამ იცოდეს: გამოქვეყნდება საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან დეპუტატობის კანდიდატთა სია და იგი იქნება პრეზიდენტის მიერ მოწონებული და მხარდაჭერილი.
ფარვატერში ყოფნის მსურველთა საყურადღებოდ // საქართველოს რესპუბიკა. - თბილისი, 1999. - 26 აგვისტო. - №229 (3270). - 1 გვ.
![]() |
20 ოთარ ჯიოევის ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
ძლიერ დამამწუხრა დიდი მეცნიერისა და დახვეწილი პიროვნების ბატონ ოთარის გარდაცვალებამ. იგი პიროვნულადაც და ოჯახითაც ქართულ-ოსური ერთობის სიმბოლო იყო. ჩვენ მართლაც შესანიშნავი ადამიანი დავკარგეთ. ბატონ ოთარს პირადად ვიცნობდი, მასთან ვმეგობრობდი და მიმაჩნდა ჩემ თანამოაზრედ.
ედუარდ შევარდნაძე.
ოთარ ჯიოევის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 აგვისტო. - №230 (3271). - 1 გვ.
![]() |
21 „მასწავლებელია ეროვნული მოძრაობის, ეროვნული შეგნების მებაირახტრე, უწინარესად, სწორედ იგი იღვწოდა და იღვწის ეროვნული იდეალების გადარჩენისა და მათი უკვდავებისათვის“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 30 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- პირველი სექტემბერი, როგორც იტყვიან, კარს მოგვადგა. საქართველოს განათლების სისტემაში სწავლა იწყება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- არ მეგულება ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი თრთოლვით არ ხვდებოდეს ამ დღეს.
განურჩევლად ასაკისა, პირველი სექტემბერი ყველასათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, ცხოვრების ნიშანსვეტია, მით უმეტეს, რომ განასახიერებს არა მარტო წარსულს, ახალგაზრდობას, სიჭაბუკეს, სიყმაწვილეს, არამედ, - მომავალს, - იგი უკავშირდება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, ყოველი ოჯახის აზრსა და ბედნიერებას.
განათლება ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისათვის უპირველესი პრიორიტეტია.
უდავოდ, ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: XXI საუკუნეში ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ საგანმანათლებლო სისტემის აღმავლობასა და განვითარებას უკავშირდება. და სწორედ ეს არის მეცნიერებისა და აზროვნების განვითარების საფუძველი.
ამ სისტემის მეშვეობით შევძლებთ გამოვავლინოთ ერის უზადო ნიჭი, გადავაქციოთ საქართველო ყველა თვალსაზრისით მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ.
ცნობილია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს რადიკალური რეფორმა ყველა სფეროში და გარდაქმნათა ამ ურთულეს პროცესში განათლებისადმი ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. პირიქით, რეფორმა გულისხმობს დამატებითი რესურსების მობილიზებას, კერძოდ, ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, რომელთაც შესანიშნავად იციან განათლების ყადრი საზოგადოებრივი პროგრესისათვის მთელ მსოფლიოში და ცალკე აღებულ თითოეულ ქვეყანაში.
ამ ძალისხმევის შედეგად უკვე შევძელით, რომ წლეულს, მაგალითად, ახალი რედაქციით გამოგვეცა იაკობისეული „დედა ენის“ სახელმძღვანელო და სრულიად უსასყიდლოდ დაგვერიგებინა ქვეყნის პატარა მოქალაქეებისათვის.
კვლავ ვადასტურებ, რომ ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ვექტორი იქნება საგანმანათლებლო სფეროს სოციალური ბაზის გაფართოება, განათლების ხელმისაწვდომობა ყველა სწავლამოწყურებული ახალგაზრდისათვის. სახელმწიფო კვლავინდებურად იკისრებს პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ უზრუნველყოს ჯერჯერობით უფასო არასრული საშუალო განათლება, და ეს, ფაქტობრივად, უკვე უზრუნველყოფილია. თუმცა, ეკონომიკური რეფორმის განვითარებასთან ერთად, უეჭველად მივაღწევთ სრული საშუალო განათლების ფართო სისტემის დაფუძნებასაც. ამას უახლოეს 2-3 წელიწადში შევძლებთ და უკვე მომავალ წელს დავიწყებთ ამ კონტინგენტის გაფართოებას, ისევე როგორც უდავოდ გაიზრდება სახელმწიფო დაკვეთები უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის ფაკულტეტებზე, შესაბამის სპეციალობებზე.
მაგრამ ეს იქნება თვისებრივად ახალი სისტემა, სადაც საზოგადოების ყველაზე კეთილშობილი და საჭირო პროფესიის ადამიანები - პედაგოგები, მასწავლებლები, მათი უდიდესი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესაბამისად, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნებიან.
ერთხელ ვთქვი და ამ სიტყვებს აქტუალურობა ნამდვილად არ დაუკარგავს:
სწორედ მასწავლებელია ეროვნული მოძრაობის, თუ გნებავთ, ეროვნული შეგნების მებაირახტრე, უწინარესად სწორედ იგი იღვწოდა და იღვწის ეროვნული იდეალების გადარჩენისა და მათი უკვდავებისათვის. სწორედ იგი უყრის საფუძველს ამ დიდ რწმენას.
განვლილ წლების მანძილზე სახელმწიფომ შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთა.
მრავალი სკოლა აშენდა, ციფრებს დღეს არ დავასახელებ, აღდგა და მომავლის სამსახურში ჩადგა მრავალი სასწავლო დაწესებულება.
შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით და კვლავაც დავეხმარებით სტუდენტობას - პრეზიდენტის სტიპენდია დაენიშნა რამდენიმე ასეულ სტუდენტს, ბავშვს, ასპირანტს და ასე შემდეგ.
რაც მთავარია, საგანმანათლებლო სფეროშიც თანდათანობით დაიძლევა ფინანსური კრიზისით გამოწვეული სირთულეები, რიგდება ხელფასები, პენსიები (დაიწყო ეს პროცესი), სტიპენდიები და სხვა სახის დახმარება და დამსახურებული სარგოები.
ყველაფერს ვიღონებთ, რათა XXI საუკუნის დამდეგიდანვე საშუალო სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს საქართველოში ახალი ეპოქის შესაბამისი მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შევუქმნათ.
ქვეყანას სულ მალე ექნება ამის შესაძლებლობა.
წლევანდელ პირველ სექტემბერს იწყება სასწავლო წელი, რომელიც უკვე ახალ ეპოქაში დასრულდება.
მაშასადამე, ჩვენი მომავალი თაობა - საქართველოს იმედი და სიხარული - პირველ ნაბიჯს გადადგამს მესამე ათასწლეულისაკენ.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლიერებითა და პატივისცემით ვიხრი ქედს მასწავლებლის წინაშე.
მოზარდ თაობას ვუსურვებ, ღირსეულად გაესწორებინოს თვალი სრულიად ახალი ეპოქის ბრწყინვალებისათვის, და ეს მისი უდიდესი მოვალეობაა.
განსაკუთრებული სიყვარულითა და იმედით კი, მთელ ქვეყანასთან ერთად, იმ პატარებს შევცქერი, რომლებიც პირველ სექტემბერს პირველად შეაბიჯებენ სასწავლო ოთახში და სიმბოლურად საქართველოსაც გაუღებენ ახალი ათასწლეულის კარიბჭეს.
- ქვეყნის პატარა მოქალაქეებს, როგორც ახლა თქვენ უწოდეთ მათ, ძალიან მნიშვნელოვანი დღე ელით. პირველი სექტემბერი ის დღეა, როცა პირველად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც შემდგომ ჩვენზე ძალიან დიდ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ გავლენას ახდენენ, ხშირ შემთხვევაში - დადებითს და, სამწუხაროდ, ზოგჯერ - უარყოფითსაც. თქვენ თუ გახსოვთ, დღემდე ის ადამიანები, თქვენი საყვარელი მასწავლებლები, თქვენ ცხოვრებაში რაღაცნაირად თავიანთი კვალი რომ დატოვეს?
- ზოგიერთებს ავიწყდებათ ხოლმე თავიანთი აღმზრდელები, მაგრამ მე ყველა ჩემი მასწავლებელი მახსოვს - პირველი კლასიდან დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებშიც. დიდ უმრავლესობას ახლაც ვიხსენებ, როგორც მართლაც დიდ ადამიანებს, რომლებმაც არა მარტო ჩემს აღზრდაში, არამედ ჩემი თაობის აღზრდაშიც დიდი წვლილი შეიტანეს, - ეს იყო სოფელსა თუ ქალაქში. მაგრამ ახლა, ვის გამოვარჩევდი მათ შორის, ცოტა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე მამაჩემს გამოვყოფდი, იმიტომ რომ ეს მართლაცდა დიდი მასწავლებელი იყო სოფლის პირობებში და საერთოდაც, და პირველი კლასიდან მომყვებოდა რვა კლასის დამთავრებამდე - მასწავლიდა სკოლაში, მასწავლიდა სახლში და თუ კაცთმოყვარეობის, ადამიანთმოყვარეობის რაღაც განსაკუთრებული პრინციპები შემომრჩა და ჩამომიყალიბდა, ყოველივე ამას მამაჩემმა - ჩემმა მასწავლებელმა ჩაუყარა საფუძველი. დაე, ნურავის, ჩემს ყოფილ მასწავლებელთაგან ნუ ეწყინება (ბევრი აღარ არის ამქვეყნად, ღმერთმა იქ გაანათლოს, სადაც არიან, მაგრამ ზოგიერთები ისევ შემორჩნენ), მე მაინც მამაჩემს გამოვყოფდი როგორც მასწავლებელსა და როგორც აღმზრდელს.
- გასულ კვირას ეკონომიკური ცხოვრება საკმაოდ აქტიური იყო. ხელისუფლებამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი, მათ შორის, წლევანდელ რთველთან დაკავშირებით, მუშაობას შეუდგა ბრიტანული ფირმა „აი-ტი-ესი“. ახალ ფაზაში შედის ანაკლიის განვითარების პროექტის დამუშავება და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად საკმაოდ „მძიმეა“ ხოლმე აგვისტო საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების თვალსაზრისით, პრინციპში, წლევანდელი აგვისტო განსხვავებული და შეიძლება ითქვას, გამორჩეული აღმოჩნდა...
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა რთველის თაობაზე.
მთავრობის სხდომაზე დიდი ყურადღებით განვიხილეთ კონკრეტული წინადადება ყურძნის მოსავლის უდანაკარგოდ აღებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებათა შესახებ.
მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებაც, რომელსაც დღეს კახეთში ყოფნის დროს საბოლოოდ დავაზუსტებთ მეღვინეებთან, მევენახეობის დარგის წარმომადგენლებთან, კახეთის, იმერეთის რეგიონების ადმინიტრაციებთან, ცალკეულ მინისტრებთან თათბირის შედეგად. სხვათა შორის, მე კახელებმა მთხოვეს, რომ რთველის წინ, ყურძნის პირველი მტევანი, მე მოვწყვიტო და ამით დასაბამი მივცე წლევანდელი რთევლის დაწყებას. ცოტა ადრეა, მაგრამ მაინც, სიმბოლურად ასე იქნება... სხვა დროს არ მექნება საშუალება.
დაუშვებელი იქნებოდა, ქვეყანას დაეკარგა წლევანდელი უხვი მოსავალი. ამიტომ, ბიუჯეტის სიმწირის მიუხედავად, მევენახეთა მხარდასაჭერად ყველაფერს ვიღონებთ და, ალბათ, შესაბამის საკრედიტო რესურსსაც გამოვძებნით. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ბიძგი იქნება მომავალი წარმოებისათვის. შესაძლოა ეს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ხარჯზე მოხდეს. ეს ის დახმარებაა, რომელსაც ჩვენ მარცვლის სახით გვაძლევენ, შემდეგ ამას ვყიდით და სწორედ აქედან მიღებული თანხების ნაწილი რთველს მოხმარდება.
რამდენიმე წლის წინათ, კერძოდ, 1996 წელს, მავანთა სკეპტიციზმის მიუხედავად, ხელისუფლება ენდო ქართველ მევენახეს, მეღვინეს და გამოიძებნა კიდეც 6 მილიონი ლარი კრედიტი.
ეს იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი, რომელმაც შესანიშნავი შედეგი მოგვცა - ფაქტობრივად გადარჩა მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოში. თანაც, სახელმწიფოს არაფერი დაუკარგავს, ვინაიდან კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა ამჟამად უკვე მთავრდება.
აქედან გამომდინარე, ყოველმხრივ მიზანშეწონილად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ დავეხმაროთ ღვინის მრეწველობას, მევენახეებს, წავახალისოთ და, როგორც იტყვიან, გული გავუმაგროთ, მხარში ამოვუდგეთ ვენახის ამაგდარ გლეხს - ვაზი ხომ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურაა საქართველოში. იგი მთლიანად ქართული ცივილიზაციის განუყოფელი და უნიკალური ნაწილია, ჩვენი ეროვნული კულტურის მშვენებაა. და როგორც ლონდონის გამოფენაზე აღიარეს, ღვინის სამშობლო, კულტურული ვაზის სამშობლო საქართველო გახლავთ და ეს მართლაცდა ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ყოფის შემადგენელი ნაწილია და დამოკიდებულებაც ასეთი უნდა იყოს.
გარდა ამისა, განზრახული გვაქვს უახლოეს მომავალში შევქმნათ სპეციალური საინვესტიციო ფონდი (ამ წინადადების ავტორი ბატონი ბაკურ გულუა გახლავთ, მომზადებულია მთელი რიგი მოსაზრებანი), რომელიც გრძელვადიან პროგრამებს მოემსახურება. ანალოგიური პროექტი უკვე განხორციელდა დასავლეთ საქართველოში, მეჩაიეობის დარგში, რასაც, აგრეთვე ხელშესახები შედეგი მოჰყვა. მე უკვე ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ წლეულს 10-15 ათასი ტონით მეტი ჩაი მოიკრიფება, ვიდრე შარშან, და ბაზარზეც შესაბამისად დიდი მოცულობით გადის ჩვენი პროდუქცია.
შესაბამისი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით სწორედ ყველაზე პერსპექტიულ დარგებს განვავითარებთ: სოფლის მეურნეობას, გადამმუშავებელ მრეწველობას, - ეს ეხება ხილის, ყურძნის, ჩაის, ციტრუსების გადამუშავებას და ასე შემდეგ, რაც ძალიან სწრაფ ეფექტს გვპირდება და ბაზარიც პერსპექტიულია.
აქვე ვიტყვი, რომ კახეთში ჩემი სტუმრობა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემატიკით არ შემოიფარგლება - ვიმსჯელებთ, აგრეთვე იმის თაობაზეც, თუ როგორ აღვნიშნოთ ღირსეულად, ძალიან მაღალ დონეზე ერთ-ერთი უბრწყინვალესი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გოგლა ლეონიძის იუბილე. ეს თარიღი წლის დამლევს უნდა აღინიშნოს.
ვფიქრობ, ეს ღონისძიება ამ უდიდესი პიროვნების ღვაწლის შესაბამისი უნდა იყოს.
რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავალს.
საგადასახადო და საბაჟო სამსახურების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს საბიუჯეტო შემოსავლის გეგმაც შესრულდა, თუმცა წარმატება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა ყველა რეზერვის ამოქმედების შემთხვევაში. რეზერვები კი ნამდვილად არსებობს. მაგალითად, სრული კატეგორიულობით უნდა განვაცხადო, რომ უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი ყველა უწყებას, ყველა რეგიონის ხელმძღვანელს, რომლებიც დაუშვებენ უაქციზო პროდუქციის შემოტანას და სავაჭრო ბრუნვაში გაშვებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ რეგიონში ამ თვალსაზრისით უაღრესად შემაშფოთებელი ვითარება იქმნება.
აქ ყურადღების მოდუნება ან სისუსტის გამოვლენა ყოვლად დაუშვებელია.
უაქციზო პროდუქცია ლახვარს სცემს ქვეყნის ეკონომიკურ სუვერენიტეტს.
სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ გაჩნდა კრიმინალის პოლიტიზაციის სიმპტომები. ოღონდ ამჟამინდელი კრიმინალი უფრო რესპექტაბელურია, უკეთ ფლობს დემაგოგიურ რიტორიკას და უფრო მეტი პოლიტიკური პრეტენზია აქვს.
თუმცა არსი ამით არ იცვლება.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პოლიტიზებულმა კრიმინალმა ნაძარცვი ფულით შეძლოს ქვეყნის დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების რეფორმისტული კურსის შეცვლა.
აქ მე კიდევ და კიდევ ხაზგასმით აღვნიშნავ იმ კომისიის აქტიურ მუშაობას, რომელსაც ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს და რომელიც კოორდინაციას უწევს მთელ ამ ღონისძიებებს საბიუჯეტო შემოსავალთან დაკავშირებით.
გასული კვირის შეხვედრებიდან გამოვყოფდი საუბარს ბრიტანეთის კომპანიის „აი-ტი-ესის“ ხელმძღვანელებთან. ეს კომპანია უკვე შეუდგა საქმიანობას საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად. კიდევ ერთხელ მტკიცედ დადასტურდა მისი ვალდებულება. კერძოდ, პირველივე წელს ნავარაუდევია საბაჟო შემოსავლის 50-პროცენტიანი, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში 20-20 - პროცენტიანი ზრდა. რადიომსმენელი და მკითხველი თავად შეაფასებენ, თუ რას ნიშნავს ეს ბიუჯეტისათვის და უეჭველად დამეთანხმებიან, რომ მხოლოდ ქვეყნის მოძულემ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებას. თქვენ ატყობთ, ალბათ, რა არის ჩვენს მიერ ამ ბოლო დროს ჩამოყალიბებული შეხედულებებისა და პრინციპების საფუძველი - ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სააქციზო მარკების შემოღება, მოაკლო უზარმაზარი შემოსავალი კორუმპირებულ ადამიანებს, კორუმპირებულ ჯგუფებს, კლანებს, რადგან ყველაფერი ძირითადად აღრიცხვის სფეროში იყრის თავს და ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. უცხოელების შემოყვანა, საბაჟო პოსტებზე მათი დაყენება და მათი პასუხისმგებლობა ამ სფეროსათვის. ესეც კორუმპირებულთა წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და ჩვენ ბევრი რამ გვაქვს პორტფელში ისეთი, რაც ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით ნიადაგს გამოაცლის კორუფციას, ასე ვთქვათ, დიდი ადმინისტრირების, დაჭერისა და გასამართლების გარეშე, თუმცა არც უამისოდ ხდება ეს ყველაფერი.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, აგრეთვე შავი ზღვის სანაპიროზე, ხობის რაიონის სოფელ ყულევში მშენებარე ახალი ტერმინალის დამფუძნებლებთან, - ეს კომპანია გახლავთ „არგომარ ოილი“ - ამ კომპანიისა და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ტერმინალის პროექტი ცენტრალური აზიის ნავთობპროდუქტების ევროპის ქვეყნებში გადაზიდვას გულისხმობს. ნავთობის პროდუქტების ტრანსპორტირებას ბაქოდან საქართველოს რკინიგზა განახორციელებს, ბაქომდე ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, ძირითადად ლაპარაკია თურქმენეთის ნავთობპროდუქტებზე, სხვა გზებითა და საშუალებებით - კასპიის ზღვის გავლით. რაც შეეხება ბაქოდან ამ ჩვენს ნავსადგურებამდე, რკინიგზით გადაიტვირთება საკმაოდ დიდი მოცულობის ნავთობპროდუქტები.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გრძელდება მუშაობა ანაკლიის განვითარების პროექტზე, აგრეთვე ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების, სუფსის პორტის უკვე საყოველთაოდ ცნობილ პროგრამებზე, ნათელი უნდა იყოს საქართველოს შავიზღვისპირეთის უდიდესი პერსპექტივა. ვფიქრობ, ოჩამჩირის, სოხუმის, გუდაუთის დროც მოვა, ეს დროც დადგება. ყოველივე ეს კი ნიშნავს სამუშაო ადგილებს და ცენტრალური და განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტების სერიოზულ შემოსავალს.
- თქვენ ახლა ოჩამჩირე და გუდაუთა ახსენეთ და ამას უბრალოდ სამომავლოდ გულისხმობთ თუ რაიმე კონკრეტული გაძლევთ ამის თქმის საშუალებას, როცა უკვე დღეს ამ თემაზე ლაპარაკობთ?
- ვფიქრობ, ეს შეიძლება არ იყოს ისე შორეული მომავლის ამბავი, რადგან თვით აფხაზეთშიც გაჩნდა ძალიან დიდი ინტერესი ამ ნავსადგურების პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ შესანიშნავად იციან, რომ ერთიანი საქართველოს გარეშე ეს შეუძლებელი, წარმოუდგენელი იქნება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ლაპარაკი ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაზე. ახლა ყულევის ტერმინალი აშენდება, ფოთი და ბათუმი ვითარდება, და, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ უნდა იყოს გამოუყენებელი ისეთი უნიკალური ნავსადგური, როგორიც ოჩამჩირეა, ასევე მნიშვნელოვანი სოხუმი, გუდაუთა და სხვა. ვფიქრობ, ეს ეკონომიკური სტიმულები, ინტერესი აუცილებლად მისცემს ბიძგს პოლიტიკურ მოწესრიგებას.
- თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს ის ბოლო ღონისძიებანი, ქვეყნის ხელისუფლება რომ ახორციელებს, მათ შორის, ვთქვათ, იგივე „აი-ტი-ესის“ თემა, სააქციზო მარკების შემოღება და ასე შემდეგ. წინასაარჩევნოდ ხომ არ შეგიქმნით ეს თქვენ, როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს, გარკვეულ პრობლემებს, რადგან, თავისთავად ცხადია, რომ ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის და ბიუჯეტის შევსებისათვის, მაგრამ კორუმპირებული ადამიანები მარტონი არ არიან, მათ უკან გარკვეული კლანები დგანან...
- აქ მე ჩვენი მოქალაქეების, ელექტორატის, თითოეული ადამიანის იმედი მაქვს, რომლებიც ძალიან კარგად უნდა გაერკვნენ, რა სჭირდება ქვეყანას, რა მოგვიტანს დღეს და განსაკუთრებით ხვალ დიდ შემოსავალს, რა შექმნის სამუშაო ადგილებს. არ შეიძლება ქვეყანა ორიენტირებული იყოს კორუმპირებულ ადამიანებზე, არ შეიძლება კორუმპირებული ადამიანი იყოს ცხოვრების მაგალითი.
ამიტომ მე დარწმუნებული ვარ: არჩევნების წინ ელექტორატის მოსყიდვის, მოქალაქეების მოსყიდვის როგორი სისტემაც უნდა შეიქმნას (და მე ვიცი, რომ ეს სისტემა სერიოზულად მოქმედებს და ძალიან დიდი თანხებიც იხარჯება), საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი, როცა საარჩევნო ყუთთან მივა იგი მაშინ მაინც კი არ იფიქრებს იმაზე, თუ ვინ რამდენი ლარი ჩაუჯიბა, არამედ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას და ვის შეუძლია ქვეყნის გადარჩენა, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ქვეყნის გადარჩენა. ჩვენ უკვე გვქონდა გამოცდილება - იგი შევიძინეთ 1995 წელს, უფრო ადრე გამართულ არჩევნებშიც, როდესაც ამომრჩეველმა თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა.
ასე იქნება ახლაც.
- კიდევ რა აქვს პორტფელში საქართველოს პრეზიდენტს. თქვენ ეს ფრაზა ახლა შემთხვევით არ გითქვამთ. კიდევ სხვა ღონისძიებები არსებობს?
- არის რაღაც-რაღაცეები - მაგრამ ცუდი - არა. კორუმპირებულებისათვის ცუდიც არის, სიმკაცრეც და ნიადაგის გამოცლაც. სხვათა შორის, საქართველოს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია კორუმპირებული. მაგრამ, ღმერთმა დამიფაროს იმის ფიქრისაგან, რომ ყველა ციხეში უნდა შევყაროთ. მათ ნიადაგი უნდა გამოვაცალოთ და ვაიძულოთ, რომ იფიქრონ - ან პატიოსან ბიზნესს მოჰკიდონ ხელი, ან თოხს მოჰკიდონ ხელი, ან სადღაც ტრაქტორი იყიდონ იმ ფულით, რომელიც დააგროვეს, და მოხნან მიწა და მოიწიონ მოსავალი, ანდა შექმნან პატარა საწარმო, მოვეხმარებით, პირველ წლებში შეღავათს მივცემთ და ასეთნაირად... გამოსწორების საშუალებას ვაძლევ ნამდვილად.
- გუშინ ჩეჩნეთის მხარემ, ვიცე-პრეზიდენტის ვაჰა არსანოვის დიდი შემწეობით, შვიდი ქართველი ტყვე დაუბრუნა თავიანთ ოჯახებს. გუშინდელ ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თქვენი თხოვნა მისთვის, ფაქტობრივად, დავალება იყო თქვენს მიმართ პატივისცემისა და იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, მან ასე თქვა, რომელიც ტრადიციულად არსებობდა ჩეჩნებსა და ქართველებს შორის...
- განყენებულად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, ეს უბედურებაა, როცა კავკასიაში ადამიანების დატყვევებაზე გვაქვს ლაპარაკი. თქვენ გახსოვთ, ეს როგორი სენი იყო საქართველოში, თვითონ ქართველები იტაცებდნენ ქართველს და შემდეგ იყო ვაჭრობა, გამოძალვა, ბოლოს ანგარიშსწორება და ბევრი ადამიანი კიდეც დაღუპულა. ამ სენს ჩვენ, როგორც იქნა, ბოლო მოვუღეთ.
ახლა, რაც შეეხება დასმულ კითხვას.
საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით დაზვერვის დეპარტამენტს (ბატონ ავთანდილ იოსელიანზე მინდა გავამახვილო ყურადღება), უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თვით პრეზიდენტსაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთითაც არ დავიწყებიათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თვეების განმავლობაში ტყვეობაში იტანჯებოდნენ. ხანგრძლივმა ძალისხმევამ ნაყოფი უკვე გამოიღო. რამდენიმე მათგანი ოჯახებს დაუბრუნდა: სხვათა შორის, უნდა დავასახელო ცალკეული დეპუტატები, მაგალითად, მამუკა არეშიძე, ზოგიერთი სხვაც, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ იმისათვის, რომ როგორმე მიეწვდინათ ხმა ამ ადამიანებამდე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ საქმეში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ბატონ ვაჰა არსანოვისა და სხვა მისი კოლეგების დამსახურება. მან თქვენთან გუშინდელ ინტერვიუში დაასახელა თავისი თანაშემწე და ზოგიერთი სხვა, რომელთა სახელითაც მოქმედებდა ჩეჩნეთი. სხვათა შორის, მე ამასთან დაკავშირებით კიდევაც შევუთვალე თვით ჩეჩნეთის პრეზიდენტსაც, რომ მხარი დაეჭრა ამ ღონისძიებებისათვის. მოგეხსენებათ, მას თბილისში (მხედველობაში მყავს ბატონი ვაჰა) ქართველმა ექიმებმა ორჯერ გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია, ჩვენს დედაქალაქში მკურნალობს და მეზობელი და ისტორიულად მეგობარი ერის წარმომადგენელს რეაბილიტაციის ყველა პირობა შევუქმენით და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ იგი ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს, აქ არის და აქ ისვენებს.
უნდა ითქვას, რომ მანაც სიკეთით გვიპასუხა და პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას იმ პირებთან, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ჩვენი თანამემამულეების ბედზე.
ჩეჩნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმაც შესამჩნევად იაქტიურეს. შესაბამისი ოპერაციების დროს რამდენიმე მებრძოლი კიდეც დაიღუპა, როდესაც ცდილობდნენ ყაჩაღებისაგან დაეხსნათ საქართველოს მოქალაქენი. ქართველი ხალხი მათი მადლიერია ამისათვის.
ვფიქრობ, ჩვენი საერთო ძალისხმევა „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეის მართებულობის შესანიშნავ მაგალითად იქცა. ეს ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სასიკეთო ძვრები კავკასიის ხალხთა ურთიერთობაში კიდევ უფრო ხელშესახები და თვალსაჩინო იქნება.
მშვიდობიანი კავკასია, მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანამშრომლობა ყველა კავკასიელი ხალხის, მათ შორის ქართველი და ჩეჩენი ხალხების შინაგან სწრაფვას გამოხატავს და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
ამგვარად მე იმ ოჯახებსაც ვულოცავ, მე ვნახე შემდეგ „ტაიმ-აუტის“ კადრები, როგორ ხვდებიან ისინი თავიანთი ოჯახების წევრებს. ნორმალური ადამიანი ამას აუღელვებლად და უცრემლოდ ვერ შეხედავდა. ულოცავ მათ შვილების, მამებისა და ნათესავების დაბრუნებას.
- როგორც ყოველთვის, როცა სამშვიდობო ძალების მანდატის ვადა იწურება, წინ წამოიწევს ხოლმე მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების თემა. გუშინ ამ საკითხზე უშიშროების საბჭომ იმსჯელა.
- სამშვიდობო ძალებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე ჩვენ თითქმის ორი თვეა ვმსჯელობთ. თუ არ ვცდები, წუხელ გვიან ღამის პროგრამაში ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი და რეზო ადამია გამოვიდნენ, მათ უფრო დეტალურად ილაპარაკეს ამ თემაზე. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პრობლემას დაემთხვა ურთულესი, ხაზს ვუსვამ, ურთულესი მოლაპარაკება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ, რაც, ბუნებრივია, სრულიად ახლებური კონტექსტით აყენებს საქართველოში რუსეთის ბაზების საკითხს. ესე იგი, რუსეთის შეიარაღება ეგრეთ წოდებული სამხრეთის მიმართულებით - სამხრეთის ბლოკი სერიოზულად უნდა შემცირდეს ამ მოლაპარაკების საფუძველზე. და, ბუნებრივია, ეს ეხება საქართველოში განლაგებულ სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ტექნიკას.
ამრიგად, საქმე გვაქვს პრობლემათა ურთულეს კომპლექსთან. ამ საკითხზე, ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებაზე და იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, - არ ვილაპარაკებ, რადგან ჩვენ კიდევ და კიდევ გვჭირდება ჩვენი საბოლოო პოზიციების ჩამოყალიბება. მაგრამ, ვიმეორებ: ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გზით, ისევე როგორც მოხდა ეს მესაზღვრეებთან დაკავშირებით ყოველგვარი კონფრონტაციისა და დაძაბულობის გარეშე: რუსეთის მესაზღვრეები გავიდნენ და დღეს ჩვენ ავად თუ კარგად ჩვენს საზღვარს თავად ვიცავთ და ჩვენი მეგობრების დახმარებით საკმაოდ კარგადაც შევიარაღდით.
გუშინ ჩვენ უშიშროების საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს გალის, ზუგდიდის, წალენჯიხის და კონფლიქტის ზონის სხვა მიმდებარე რაიონების მოსახლეობის უმრავლესობა, აგრეთვე სხვა რეგიონებში ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებსაც დაუშვებლად მიაჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე არასტაბილურობის ახალი კერების წარმოქმნის შესაძლებლობა, უბრალოდ, ადამიანებს ეშინიათ ამის და ძალიან ფრთხილობენ. და ბოლოს, სამშვიდობო ძალების გაყვანა მანამ, სანამ არ მომწიფდება მათი ჩანაცვლების საკითხი ან არ მივაღწევთ გარღვევას აფხაზებთან მოლაპარაკებაში, არათუ სარისკოა, არამედ ყოვლად გაუმართლებელი მოქმედებაც არის. და ჩვენ, როგორც გითხარით, მთელი ორი თვის განმავლობაში ვმსჯელობთ ამ საკითხებზე და პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთთან და სხვებთან.
ისიც მინდა გაცნობოთ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების უმთავრეს ამოცანად კვლავ მიგვაჩნია, კვლავ რჩება საკონტროლო ზონის გაფართოება ღალიძგამდე, როგორც ეს თანამეგობრობის ქვეყნების სამიტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. ნურავის ავიწყდება, რომ სამიტი ისევ შეიკრიბება და კვლავ და კვლავ დადგება საკითხი, თუ რატომ ასე უპატივცემულოდ ეკიდებიან და რატომ უგულებელყოფენ სამიტის გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ თანამეგობრობის არსებობის მომხრე ვართ, მაშინ ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ეს გადაწყვეტილებები შევასრულოთ.
აგრეთვე ისიც მინდა შეგახსენოთ, ვადის გაგრძელება იმასაც გულისხმობს, რომ, თუ რომელიმე მხარე დააყენებს სამშვიდობო ძალების მისიის შეწყვეტის საკითხს, ესეც გათვალისწინებულია სათანადო მარეგლამენტირებელ დოკუმენტებში. და, ბოლოს კიდევ. ჩვენ არ შეგვიძლია ანგარიში არ გავუ
წიოთ ჩვენი მეგობრების, უფრო სწორად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის - „მეგობრები საქართველოს საკითხებში“, თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზრს და ევროპის უშიშროების სტრუქტურების აზრს. მათი პოზიცია სწორედ ისეთია, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჯერჯერობით არ არის მიზანშეწონილი და გამართლებული რუსეთის სამშვიდობო ძალებზე უარის თქმა.
- თქვენ ახსენეთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ მოლაპარაკების პროცესი, ახსენეთ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანა-არგატანის საკითხი. იქამდე იყო მესაზღვრეთა საკითხიც, რომელიც ისე უმტკივნეულოდ გადაწყდა, თითქოს ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენა ყოფილიყოს. არადა, სულ რაღაც 3-4-5 წლის წინათ ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხზე ხმამაღლა ვერ ილაპარაკებდა. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ამ გადასახედიდან განსაკუთრებით იგრძნობა ეს განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად არ ვცხოვრობთ და ისე არ ვცხოვრობთ, როგორც გვინდა, როგორც უნდა ვცხოვრობდეთ, განსხვავება ახლანდელ და მაშინდელ საქართველოს, იმ ქვეყანას შორის, სადაც ფაქტობრივად ტერორი მძვინვარებდა და ქვეყანასაც დიდწილად - თქვენ გქონდათ მაშინ ასეთი ტერმინი, მაშინ ახსენეთ პირველად, პოლიტიზებული კრიმინალი მართავდა...
- ჯერ ერთი, მე კიდევ მინდა დავუბრუნდე ამ საკითხს: რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვა, და მას შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიული ინტერესები ამა თუ იმ რეგიონში და მათ შორის კავკასიის რეგიონში, ისევე როგორც, ვთქვათ, ამერიკელები ამბობენ, რომ მათ აქვთ სტრატეგიული ინტერესი კავკასიის რეგიონში და არაფერი არ არის იმაში დრამატული, რომ ორივე ქვეყანას ქონდეს თავიანთი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესების დაცვაზე როცა ვლაპარაკობთ, სამხედრო ძალაზე ორიენტირება უდიდესი შეცდომაა. რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ორიენტირებული უნდა იყოს სტაბილურ საქართველოზე, ძლიერ საქართველოზე, რომელსაც სურს რუსეთთან მეგობრობა, მასთან არა მარტო ჩვეულებრივი, არამედ ახლო ურთიერთობა, მეგობრული კავშირურთიერთობის, კერძოდ, ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერული ურთიერთობის განვითარება. ამაზე უნდა იყოს გაანგარიშებული რუსეთის სტრატეგიული ინტერესები და არა იმაზე, რომ, ვთქვათ, სადღაც ერთი დივიზია ან ერთი პოლკი დგას. ეს საქმეს ვერ უშველის, თუ ჩვენში თვისებრვად სხვა ურთიერთობა არ ჩამოყალიბდება. ეს უბრალოდ განმარტებისათვის მინდოდა მეთქვა და მინდა, რომ ყველამ კარგად გაიგოს ეს საქართველოშიც და რუსეთშიც.
ახლა, რაც შეეხება საკითხს, რომელიც თქვენ დასვით: ტერორისტული აქტები, სხვა ანტისახელმწფოებრივი აქციები, რომლებზეც თქვენ დამაჯერებლად ილაპარაკეთ „ტაიმ-აუტში“ წუხელ, ქვეყანაში იმ დროისათვის შექმნილი მდგომარეობის რეალური ანარეკლი გახლდათ. ეს იყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის, დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წინააღმდეგ, ქვეყნის მიერ განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის შესაცვლელად, ეს იყო აფეთქებანი საქართველოს დამოუკიდებლობის, თვით იდეისა და მისი აღმშენებლობის პრაქტიკის ფეხქვეშ გასათელავად.
რა გამოვიდა, ყველა კარგად ხედავს, ბოლოს და ბოლოს, „ბოროტსა სძლია კეთილმან...“
ახლა? ახლა ჩვენი სახელმწიფოც მომძლავრდა დიდი გაჭირვებისა და ფინანსური პრობლემების მიუხედავად და, ვფიქრობ, ბევრს დაეკარგება ცეცხლთან თამაშის სურვილი, უკვე ბევრს დაეკარგა, მაგრამ ბევრსაც დაეკარგება. ჩვენმა სამართალდამცავებმაც სათანადო დასკვნები გამოიტანეს.
ჩვენ გავაძლიერეთ ახალი ადამიანებით, გამოცდილი კადრებით, სანდო, ქვეყნის ერთგული და სახელმწიფოს ერთგული ადამიანებით და ეს ის ადამიანებია, რომლებმაც სათანადო დასკვნები გამოიტანეს და უახლოეს დროში მათი მუშაობის შედეგებიც (უფრო მეტად შეთქმულებათა ჩანასახშივე აღსაკვეთად) გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისათვის ყველაფერი ეს ცნობილი გახდება. ზოგიერთი ადამიანი თავისუფლებააღკვეთილია, ზოგიერთი ელოდება ასეთ გადაწყვეტილებას და ფაქტი ის არის, რომ სამართვალდამცავებმა ამჯერად აღარ გაიმეორეს ის, რაც ლამის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა 1993-94-95 წლებში და ბოლოს 9 თებერვლის აქტის დროსაც კი.
ასე მტკიცდება თანდათანობით ჩვენი სახელმწიფო, იკრებს ძალას და მომავალი კიდევ უკეთესი და უფრო იმედისმომცემია.
- და ბოლოს, შეკითხვა, რომელიც გასულ კვირაში ბევრ ჩემს კოლეგას გაუჩნდა. არჩევნებთან დაკავშირებით თქვენ საკმაოდ მძაფრი განცხადებები გააკეთეთ. ეს მარტო რაღაც კონკრეტული ფაქტით ხომ არ იყო განპირობებული?
- ჩემი განცხადებები მართლაც არ იყო ორდინარული. მაგრამ არც ემოციური. ეს იყო სავსებით მოფიქრებული, და, ჩემი აზრით, გამართლებული რეაგირება იმაზე, რაც მოხდა, და ეს წინასაარჩევნო ეთიკის, ქცევის ნორმების და, თუ გნებავთ, „თამაშის წესების“ ელემენტარულ მოთხოვნათა დასაცავად იყო გაანგარიშებული.
მე ვთქვი, რომ ის, რაც მოხდა ოზურგეთში, იმ ფონდიდან წასვლა, რომელიც მე დავაარსე, რომლის დაფუძნებისათვის მე, ყოველ შემთხვევაში, ჩემი „სიმდიდრის“ კაცისათვის საკმაოდ დიდი თანხა შევიტანე, ჩემი გადაწყვეტილებაა და ეს არ შეიცვლება. მაგრამ, ამავე დროს, ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩემი და ბატონი ნუგზარ ფოფხაძის პირად ურთიერთობაზე, ვფიქრობ, ეს გავლენას არ მოახდენს და მან უნდა გაიგოს, რომ არსებობს პრინციპები (ვფიქრობ, მას ეს ესმის), რომელთაც სერიოზული პოლიტიკოსი ვერ გადაუხვევს და მე ჩემს თავს, ყოველ შეთხვევაში, ამ კატეგორიას მივაკუთვნებ. ამიტომ მეგობრობა - მეგობრობად, მაგრამ პრინციპები პრინციპებად რჩება.
ნორმალურად არ მიმაჩნია, როცა ჩემი სანქციის გარეშე, ჩემი თანხმობის გარეშე, ანდა მაშინ, როცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესია არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში, ან პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს და ეს იყო უდავოდ ბრძნული ნათქვამი, მისი სახელით სპეკულირებაც ასევე კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, თუნდაც ეს „მოქალაქეებმა“ მოიშველიონ ან რომელიმე სხვა პარტიამ.
ასეთია ჩემი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ამ საკითხის არც დრამატიზებას ვაპირებ, მაგრამ ამავე დროს ყველას ვეუბნები, რომ დავიცვათ ის წესები, რომლებიც ჩამოყალიბებულია საარჩევნო კანონში, ჩამოყალიბებულია დებულებებში და მიღებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საქინფორმი.
„მასწავლებელია ეროვნული მოძრაობის, ეროვნული შეგნების მებაირახტრე, უწინარესად, სწორედ იგი იღვწოდა და იღვწის ეროვნული იდეალების გადარჩენისა და მათი უკვდავებისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 31 აგვისტო. - №232 (3273). - 1, 2 გვ.
![]() |
22 რევაზ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
გარდაიცვალა რევაზ ჯაფარიძე, გამოჩენილი ქართველი მწერალი და ჩვენი საზოგადოების გამორჩეული პიროვნება.
თავისი მოღვაწეობით მან გააგრძელა ქართული მწერლობის ის ტრადიცია, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის მუდმივ ბრძოლას გულისხმობს.
ეროვნული თვითშეგნების გაღვივების თვალსაზრისით იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც არ არღვევდა კანონიერების საზღვრებს, მაგრამ მაინც ბევრს აკეთებდა თავისი პუბლიცისტიკით, საჯარო გამოსვლებით, მხატვრული პროზით.
მაღალი ეროვნული იდეალებისათვის ბრძოლის იქით, იგი ჩვეულებრივ ადამიანსაც არ ივიწყებდა, იგი ყველას ქომაგი და დამხმარე იყო. ბევრისთვის შეუწევია მას თავისი სიტყვა - მის სიტყვას კი ნამდვილად ჰქონდა თავისი წონა და ფასი.
ჩვენ დიდი ხნის ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა. იგი ხშირად მოდიოდა ჩემთან ჯერ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, შემდეგ პარტიის ცეკაში ამ უამრავი პრობლემით - საზოგადოებრივით თუ პიროვნულით.
თუ შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა სინამდვილეში არსებობდნენ ლეგალური დისიდენტები, რევაზ ჯაფარიძე მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო. მას ჰქონდა ნიჭი რისკის ზღვარზე მოქმედებისა და დიდი უნარი ხელისუფლებაში მოკავშირეების მოძებნისა.
ბატონი რეზოს, როგორც საზოგადო მოღვაწის თვალსაწიერი ისევე ფართო იყო, როგორც მწერლისა - საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი მის მიერ ერთ ორგანულ მთლიანობაში იყო გააზრებული.
უბედნიერესი კაცი იყო ბატონი რეზო. იგი თავისი ოცნების ახდენას მოესწრო - თავისუფალი საქართველოს პარლამენტის წევრი და თავისი გამოსვლებით იქაც ეროვნულ ცნობიერებას იცავდა, ამ გრძნობის გაყალბების, ამ გრძნობით სპეკულაციის წინააღმდეგ იბრძოლა, მას აღიზიანებდა ქუჩური დემოკრატიის ჩვენებური მახინჯი პრაქტიკა... უფრო იქ, სადაც კომპრომისი უკან დახევას ნიშნავდა, მაგრამ საოცრად დათმობილი და თბილი იყო ადამიანებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში...
ბედის ირონიაა ის, რომ იგი ბოლო წლებში ასე ეწამა და ის ხმა დაკარგა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ისე ომახიანად ისმოდა საქართველოს დასაცავად.
აღარ არის რევაზ ჯაფარიძე, მაგრამ საქართველოს დარჩა მისი სიტყვა.
მე არ ვარ კრიტიკოსი, რომ მისი ნაწარმოებები შევაფასო, მაგრამ ერთი კია - ახალგაზრდა მკითხველი იქ ქართული ცხოვრების ვრცელ პანორამას ნახავს - წარსულსა და აწმყოში გათამაშებულ ქართულ დრამას თავისი გმირებით, თავისი იმედებით თუ უიმედობით.
ედუარდ შევარდნაძე.
რევაზ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 4 სექტემბერი. - №236 (3277). - 1,2 გვ.
![]() |
23 „დღევანდელი პარლამენტის მუშაობის კონსტრუქციულად დამთავრების, კონსტრუქციული მსჯელობის ფორმა უდავოდ ჯანსაღ ბიძგს მისცემს უკვე ძალაში შესულ საარჩევნო კამპანიასაც“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- სექტემბერი დაიწყო და ეკონომიკური განვითარების წლიური ტენდენციები თანდათანობით იკვეთება. როგორი იქნება საბოლოო სურათი, რა მოელის ამ თვალსაზრისით გამოყოფილ ტრანსფერებს... - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებს უნდა მივაპყროთ ყურადღება, რომლებსაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ დღევანდელი საქართველოსათვის.
უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ დაძლია მსოფლიო ფინანსური კოლაფსით განპირობებული უმძიმესი ფინანსური კრიზისი და შესაბამისად მატულობს განვითარებისა და აღმასვლის ტემპიც.
მართალია, ამ პროცესზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ობიექტური ფაქტორები (მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება და ზოგიერთი სხვა რამ), მაგრამ საერთო ტენდენციას ეს ფაქტორები ვერ აფერხებს და ვერც შეაფერხებს. გამოცოცხლება დაეტყო ყველაფერს და მათ შორის მრეწველობასაც.
სხვათა შორის, ამ დღეებში, კერძოდ, ხვალ გაიმართება ჩემი შეხვედრა მრეწველობის წარმომადგენლებთან, რომელზეც განვიხილავთ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში მრეწველობის განვითარების კონცეფციას. აქვე უნდა ითქვას, რომ ხვალინდელი შეხვედრისაგან მე ძალიან ბევრს მოველი, და ველოდები ბიზნესმენების, მეცნიერებისა და მეწარმეების წინადადებებს. დარწმუნებული ვარ, საწარმოთა მფლობელებთან და მენეჯერებთან შეხვედრა ბევრს მომცემს და ამ ღონისძიებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. სასიკეთო ტენდენციებმა ამ სფეროსაც დააჩნია კვალი. ახლა კი საჭიროა საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია ზოგიერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით - იქნება ეს საგადასახადო კოდექსი თუ სხვა რამ.
აქვე საჭიროდ მიმაჩნია საგანგებოდ აღვნიშნო, რომ ჩემი განცხადება „საგადასახადო კანონმდებლობის“ დახვეწის აუცილებლობის თაობაზე, არავინ გაიგოს ისე, თითქოს ეს იყოს ინდულგენცია, რათა არ გადაიხადონ გადასახადი. სანამ კანონი კანონიერი გზით არ შეცვლილა, იგი მოქმედებს და ყველამ უსიტყვოდ უნდა შეასრულოს! თუმცა, დისკუსიის დაწყებას ამ თემაზე ნამდვილად არ ვაპირებთ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობითაც. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო დახმარების ოდენობა სულ უფრო იზრდება საქართველოსადმი ნდობის განმტკიცების კვალობაზე.
კიდევ ვიმეორებ, რომ საგადასახადო კოდექსის გადახედვა უშუალოდ იქნება დაკავშირებული მსოფლიო სავალუტო ფონდის შეხედულებებთან, მათს პოზიციებთან. მათთან კამათი შეიძლება, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ეს უნდა იყოს შეთანხმების შედეგი, ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებას.
გასულ კვირას საყურადღებო შეხვედრა მქონდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან.
მისიის მიზანია სტრუქტურულ გარდაქმნათა მესამე პროგრამის შესრულების მონიტორინგი. აგრეთვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის შესრულების მიმდინარეობის გაცნობა და სტრუქტურული რეფორმის მხარდაჭერის პროექტის რეალური ამოქმედება.
სტრუქტურული გარდაქმნის მესამე პროგრამით მიმდინარე პერიოდისათვის დაგეგმილი ღონისძიებანი წარმატებით შესრულდა, რაც ახალი პროგრამის პირველი ტრანშის გამოყოფის საფუძველი გახდა.
ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო ვითარდება და სწორ გზას ადგას.
სტრუქტურული გარდაქმნა გულისხმობს სხვადასხვა დარგის რესტრუქტურიზაციას არა ბიუჯეტის შესავსებად (თუმცა, არც ეს არის მეორეხარისხოვანი), არამედ, უწინარესად, უფრო ქმედითი და სრულყოფილი სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
ალბათ, ყველა თბილისელი დამეთანხმება, რომ თელასის პრივატიზებას უკვე მოჰყვა გარკვეული დადებითი შედეგები და მომავალში ეს შედეგები უფრო საგრძნობი იქნება. აქედან გამომდინარე, ეს პროცესები გაგრძელდება, მიუხედავად მავანთა წინააღმდეგობისა, რომელთაც დღემდე მიაჩნიათ, რომ „მოსახლეობა არსებობს ამა თუ იმ დარგისათვის“ (ციტატად მომყავს ზოგიერთის გამონათქვამი). სინამდვილეში კი, რასაკვირველია, ნებისმიერი დარგი მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებობს და არა ჩინოვნიკებისათვის, და ჩვენ საკუთრებისა და მართვის ისეთი ფორმა უნდა გამოვნახოთ, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტიანი და შედეგიანი იქნება მოსახლეობისათვის. საკუთრების ფორმის შეცვლა, მით უმეტეს, კერძო საკუთრების დამკვიდრება და მათ შორის უცხოელი ინვესტორების შემოსვლა, ბუნებრივია, ძალიან ბევრს აღიზიანებს და ძალიან ბევრს ართმევს იმ შემოსავალს, რომელსაც ჩვენ უკანონო შემოსავალს ვუწოდებთ. ამიტომ, ეს პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს, მაგრამ მართალი და სწორი საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
გაწეული წინასწარი მუშაობის საფუძველზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სატელეკომუნიკაციო სექტორის საწარმოთა რეორგანიზაციისათვის. ეს ურთულესი სამუშაო გველოდება. ასევე მზადდება პროექტი ფოთის ნავსადგურის განვითარების სტრატეგიისა და რესტრუქტურიზაციის ძირითად მიმართულებათა შესახებ.
არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველომ შეთანხმებულ ვადაზე ადრე მიიღოს მესამე პროგრამით გათვალისწინებული მორიგი ტრანში. შესაბამის ღონისძიებათა დიდი უმრავლესობა წარმატებით ხორციელდება, თუმცა, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული ძალისხმევა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საოჯახო დახმარების დაფინანსებაში არსებული ჩამორჩენის დასაძლევად. ეს ჩვენი ისეთი ყველაზე სერიოზული ნაკლია, რომელმაც შესაძლოა რამდენადმე შეაფერხოს ჩვენთვის დახმარების გამოყოფა.
პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს ყოველი სხდომა ადასტურებს, თუ რამდენად მართებული და მიზანშეწონილი იყო გადაწყვეტილება ამ ორგანოს დაფუძნების თაობაზე. ინვესტიციების ეს მთელი გამა ჩვენი ყურადღების, ჩვენი მხედველობის არეშია და გვეძლევა საშუალება, წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, თუ რა ხდება საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში.
განვიხილეთ უაღრესად პერსპექტიული პროექტები. მათ შორის, საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პასტერიზებული სოიოსა და მის ნარჩენებზე იოგურტის წარმოების შესახებ (თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტის საჩუქარი 3 მილიონნახევარი ფრანკის ოდენობით ქართველი კოლეგისა და საქართველოს დელეგაციისადმი პატივისცემის ნიშნად), მეფრინველეობის განვითარების პროექტი, რომელმაც ბრწყინვალე ნაყოფი გამოიღო აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანასა და რუსეთში. ამ თვალსაზრისით აუცილებლად უნდა აღინიშნოს გაეროს მზარდი აქტიურობა. კონკრეტულად კი ძალზე ბევრს მუშაობს და მადლიერების სიტყვებს იმსახურებს გაეროს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში მარკო ბორზოტი. ჩვენ თერთმეტზე მეტი პროექტი განვიხილეთ: საინვესტიციო პროექტი, დახმარების პროექტები, რომლებიც ბატონმა მარკო ბორზოტიმ და მისმა თანამშრომლებმა წარმოადგინეს საინვესტიციო კომისიის სხდომაზე.
გასულ კვირას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კახეთში გაიმართა. ვეთათბირე ქართველ მევენახეებს, მეღვინეებს, ბანკირებსაც. სახელმწიფომ ამჯერად ყველაფერი იღონა, რაც კი შეეძლო. განსაკუთრებით გამახარა იმ გარემოებამ, რომ მეღვინეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, როგორც ჩანს, შესანიშნავად ესმის, რომ ქართული ღვინის მთავარი პრობლემა მხოლოდ ფალსიფიკაცია ან ბაზრის დაუცველობა როდია. თუმცა, ეს ღვინის ბაზარზე ხარისხიანი ღვინის გატანის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ბევრი მათგანი გულისტკივილით ამბობდა, რომ ხარისხიანი ღვინო ხარისხიანი ყურძნით იწყება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს უახლოეს წლებში ძალისხმევის კონცენტრირება. მევენახეობასა და მეღვინეობას კი ქართული სახელმწიფოს ყურადღება არასდროს მოაკლდება. სახელმწიფო ყოველთვის გაუმართავს ხელს გამრჯე, შრომისმოყვარე გლეხს. ამასთანავე, საერთო აზრია, რომ საქართველოში არც ერთ დარგს არა აქვს ისეთი პოტენციური შესაძლებლობანი, როგორიც მევე- ნახეობასა და მეღვინეობას. თქვენ გახსოვთ, წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ მეჩაიეობის აღმავლობასა და ჩაის საკმაოდ დიდ მოცულობაზე, რომელიც ჩვენმა მეჩაიეებმა წელს მოკრიფეს და გადაამუშავეს. ასევე დაიწყო აღმავლობა მეხილეობასა და მეციტრუსეობაში. მოყვანილია საადრეო კარტოფილის რეკორდული მოსავალი. ასევე, ვფიქრობ, საგვიანო ჯიშების კარტოფილის უხვ მოსავალსაც მოვიწევთ. ძალიან კარგია, მარცვლეულისა და სიმინდის მოსავალი - ავ თვალს არ ენახვება, ისეთ მდგომარეობაშია სიმინდი დასავლეთ საქართველოში, აღმავლობაა მთელ რიგ სხვა დარგებში - მეცხოველეობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
რაც შეეხება მევენახეობას, თქვენ გახსოვთ და კიდევაც ითქვა, რომ 1996 წელს ჩვენ 6 მილიონი ლარი გამოვყავით, რათა ხელი შეგვეწყო ყურძნის შესყიდვისათვის. ამან ძალიან დიდი ბიძგი მისცა მევენახეობას. წელს, შეიძლება ითქვას, ალბათ, ყურძნის რეკორდული მოსავალი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ შეჭირვებული ვართ, გვაქვს ათასნაირი პრობლემა ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაინც გამოვძებნეთ საშუალება - დაახლოებით 4 მილიონი ლარი იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს მევენახეებს, მეღვინეებს, რათა წარმატებით წარიმართოს ყურძნის შესყიდვის პროცესი, განსაკუთრებით კახეთში და ნაწილობრივ იმერეთში, და გლეხს ჰქონდეს რწმენა, რომ მის მიერ მოწეული პროდუქცია აუცილებელი და საჭიროა ბაზრისათვის, საჭიროა მოქალაქეებისა და სახელმწიფოსათვის.
ქართული კულტურა, ქართული ცივილიზაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას (ან რატომაც არ შეიძლება), ვაზზეა დამყნობილი, რა თქმა უნდა, ამას ხატოვნად ვამბობ. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ კახეთში, საგარეჯოში გაიმართა გასულ კვირას გოგლა ლეონიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა მოსამზადებელი საიუბილეო კომისიის ერთი ნაწილის სხდომა, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობდი. მივიღეთ რამდენიმე პრინციპული გადაწყვეტილება, მაგალითად, ყველამ გავიზიარეთ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ბატონ თამაზ წივწივაძის წინადადება, რომ საიუბილეო ღონისძიება გაიმართოს შესანიშნავი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მშობლიურ სოფელში, ძირითადი ღონისძიებანი - პატარძეულში, კახეთმა უმასპინძლოს მთელი საქართველოს წარმომადგენლებს.
მეც სიამოვნებით დავესწრები ამ დიდ ღონისძიებას. იმავდროულად გაიმართება საიუბილეო საღამოები და სხვა ღონისძიებანი საქართველოს მასშტაბით და იუბილე დაგვირგვინდება თბილისში გამართული საიუბილეო სხდომით. გოგლა ლეონიძის დაბადების დღეს აღნიშნავს სრულიად საქართველო მწერლის მშობლიურ კახეთთან და დედაქალაქთან ერთად ისე, როგორც ეკადრება ამ მართლაც უნიკალურ პიროვნებასა და მოღვაწეს.
ეს, ასე ვთქვათ, ლირიკული გადახვევაა გოგლას ფენომენის თაობაზე. თუმცა, ყველა ჩამოთვლილი პროექტი ჩვენ სწორედ იმისათვის გვინდა, რომ ავამაღლოთ საქართველოს კეთილდღეობის დონე, ავაყვავოთ და ავაღორძინოთ ქვეყანა, რაც შეუძლებელია ქართული სულიერების ბრწყინვალე წარმომადგენელთა, მათი მემკვიდრეობის გარეშე.
საყურადღებო იყო, აგრეთვე, გერმანელ ინვესტორებთან შეხვედრა ქალაქ ფოთში ახალი ნავმისადგომის (ეს ძალიან დიდი ნავმისადგომია, ფაქტობრივად, ლაპარაკია ახალ ნავსადგურზე) მშენებლობის საპროექტო წინადადების თაობაზე.
აქ კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემას მინდა შევეხო: გასულ კვირას ორჯერ, სასტიკად დაისეტყვა ლიახვის ხეობა, მთლიანად ცხინვალის რეგიონი, აგრეთვე, რაჭა-ლეჩხუმის მხარე, თითქმის მთლიანად განადგურდა რამდენიმე სოფლის მოსავალი. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ ამ რეგიონებს - იქნება ეს ქართველი თუ ოსი მოსახლეობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მათ არ ვანსხვავებთ.
- ეს კვირა, ალბათ, ბოლო სასესიო კვირა იქნება 1995 წლის მოწვევის პარლამენტისათვის, რომელმაც საკუთარი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში...
- თუ არჩევნებამდე რაიმე საგანგებო მოვლენასთან არ გვექნება საქმე, ამ კვირის სესია ერთ-ერთი ბოლო იქნება დღევანდელი პარლამენტისათვის.
- და რაიმე საგანგებო შეიძლება მოხდეს?
- არა, არა მგონია, განსაკუთრებული რამ მოხდეს. მაგრამ, მაინც... ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუცია გულისხმობს, რომ საგანგებო პირობებში შეიძლება მოწვეულ იქნეს პარლამენტის სხდომა.
ეს პარლამენტი სწორედ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უდავოდ ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
ვფიქრობ, სავსებით გამართლებულია ბატონების, ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძის ინიციატვა, რომ დღევანდელი პარლამენტის ბოლო სხდომები საქმიან, კონსტრუქციულ ვითარებაში გაიმართოს და მარტო, ასე ვთქვათ, „დამშვიდობების“ პროცედურად არ გადაიქცეს.
სასურველია, თვალი გადავავლოთ იმას, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში შევძელით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, არც უმწვავეს პოლიტიკურ და სოციალურ პროლემებს უნდა ავუაროთ გვერდი და მათი გადაჭრის ჩვენეული ხედვა შევთავაზოთ მოსახლეობას. განვლილი გზისადმი ასეთი საქმიანი და პრინციპული მიდგომა კარგი მაგალითი იქნება ახალი პარლამენტისთვისაც, პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულისა და აღმასრულებელი ხელისუფლე-ისათვის მომავალში.
ვიმეორებ, შეუძლებელია ერთ დღეში ან თუნდაც ორ დღეში გაკეთდეს ოთხწლიანი ერთობლივი დაძაბული საქმიანობის სრული ანალიზი, მაგრამ მთავარზე, არსებითზე ყურადღების კონცენტრირება სავსებით შესაძლებელია. დღევანდელი პარლამენტის მუშაობის დამთავრების ასეთი ფორმა, ესე იგი, კონსტრუქციულად დამთავრების, კონსტრუქციული მსჯელობის ასეთი ფორმა უდავოდ ჯანსაღ ბიძგს მისცემს უკვე ძალაში შესულ საარჩევნო კამპანიასაც.
- გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა უდავოდ საქართველოში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი იყო. ალბათ, განიხილებოდა რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი, ალბათ, სუუამის თემა, რომელთან დაკავშირებითაც, თბილისში ვიზიტამდე ივანოვს თავისი მოსაზრებანი ჰქონდა. და კიდევ, რა ეწერა ელცინის ბარათში?
- უწინარესად, საგულისხმოა, რომ ბატონმა იგორ ივანოვმა გადმომცა, როგორც თქვენ თქვით, რუსეთის პრეზიდენტის უდავოდ საყურადღებო და მნიშვნელოვანი წერილი, რომელშიც გამოთქმულია ახალი, ერთობ საინტერესო მოსაზრებანი და წინადადებანი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა განვითარების თაობაზე. წერილი ერთგვარად პირადული ხასიათისაა და ამიტომ, არა მგონია, ახლა საჭირო იყოს მისი გარჩევა. ჩვენ ვფიქრობთ იმ საკითხებზე, თუ რის გაკეთება არ შეიძლება და რის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ მართლაც სერიოზულად ვაშენოთ რუსეთისა და საქართველოს ახალი ურთიერთობა, როგორც ორმა დამოუკიდებელმა, თანასწორმა სახელმწიფომ.
- წერილში იგრძნობა ეს განწყობა? - ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ისევ ძველი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს არ სურს თავისი გავლენა დაკარგოს კავკასიასა და საქართველოში?
- ეს განწყობა იგრძნობა, თუმცა, რუსეთის ინტერესებზეც არის ლაპარაკი. მაგრამ, რომელ ინტერესებზე, ამაში ჯერ ჩვენ თვითონ კარგად უნდა გავერკვეთ.
თავისთავად, ეს ვიზიტი საკმაოდ დროული იყო, როგორც იტყვიან, იგი დრომ და ვითარებამ მოიტანა. შესაბამისად, კონსტრუქციულადაც ჩაიარა.
ვიზიტის უმთავრესი შედეგი ის გახლავთ, რომ უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური (მათ შორის, სამხედრო) საკითხების განსახილველად გადავწყვიტეთ, შევქმნათ ერთობლივი სამთავრობათშორისო კომისია, რომელიც მოამზადებს წინადადებებს პრეზიდენტისათვის. აი, აქ არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც თქვენ დასვით ბაზებთან დაკავშირებით. ესე იგი, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება. იქნება, ერთი მხრივ, რუსეთის მთავრობის კომისია, მეორე მხრივ - ჩვენი მთავრობის კომისია და ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან უნდა დაიძრას.
რა თქმა უნდა, პირველი რიგის ამოცანა იქნება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულება. ეს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელსაც შდეგად მოჰყვება რუსეთის სამხედრო ბაზების დიდი ნაწილის, პირადი შემადგენლობის, ტექნიკის შემცირება და ასე შემდეგ. მერე, ალბათ, ასევე მშვიდ, მაგრამ პრინციპულ ვითარებაში, განვიხილავთ საქართველოში რუსეთის ბაზების საკითხს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელებთ კონფლიქტების თაობაზე.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ აფხაზეთის პრობლემა იმ დიდი და რთული „კავკასიური კვანძის“ ძირითადი ნასკვია, რომლის მთლიანად გახსნას კავკასიის ვერც ერთი სახელმწიფო ცალკე და მარტო ვერ შეძლებს.
აუცილებელია, ერთობლივი კეთილი ნება და ერთობლივი ძალისხმევა პრობლემათა მთელი ამ კვანძის გასახსნელად.
ვფიქრობ, მოსკოვში თანდათან მწიფდება ეს შეგნება. და სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვმა ბოლოს და ბოლოს გაიგო ეს, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად გაჭიანურდება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება, მით უფრო მეტი იქნება არასტაბილურობის ელემენტები, არასტაბილურობის გამოვლინება ჩრდილოეთ კავკასიაში და, თუ გნებავთ, რუსეთის სხვა რეგიონებშიც. ყველაფერი ეს ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
ბატონ იგორ ივანოვთან ერთად განვიხილეთ, აგრეთვე, მრავალი კონკრეტული და საჭირბოროტო საკითხი.
როგორც იტყვიან, უკვე „ფრთხილი ოპტიმიზმით“ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ პოლიტიკურ ძვრებზე, თუმცა, კვლავ და კვლავ ყველაფრის საფუძველი აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგება უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, როგორც ზემოთ ვთქვი, და ამას ჩვენი უცხოელი კოლეგები შესანიშნავად ხედავენ ამ ბოლო დროს.
- ჟურნალისტები ბოლო ხანებში აღნიშნავენ იმასაც, რომ ივანოვი წარმოშობით ახმეტიდან არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრიმაკოვი პლეხანოველი, თბილისელი იყო, კირიენკო კიდევ სოხუმელი, როგორ ფიქრობთ, ჩვენთან დამოკიდებულებაში ჯერჯერობით რომელი ქალაქის წარმომადგენლებმა გაგვიმართლეს იმედები? რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ივანოვმა?
- ამას წინათ, ერთ-ერთ გაზეთში (ახლა ვერ გეტყვით, რომელში ამოვიკითხე, ჩქარ-ჩქარა ვფურცლავდი) ასეთი რამ ეწერა: ძალიან დიდი იმედი ნუ გვექნება იმისა, თუ ვინ საიდან არის წა- რმოშობით. ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შალიკაშვილი, მაგალითად, ქართველია წარმოშობით და ქართველობს კიდეც, მას რომ ჰკითხო, მაგრამ იგი იყო ამერიკის ნომერ პირველი გენერალი და არა მარტო ამერიკისა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გამომხატველი. პრიმაკოვიც აქ გაზრდილი კაცია, მაგრამ იგი რუსეთს ემსახურებოდა, რუსეთის ინტერესებს, და ისეთნაირად ემსახურებოდა, როგორც მიიჩნევდა და ეს მისთვის უმაღლესი ამოცანა, უმაღლესი იდეალი იყო. სტალინიც ქართველი იყო, მაგრამ რა გააკეთა საქართველოსათვის, თქვენ კარგად იცით. ასე რომ, ამ წარმოშობას - ვინ საიდან არის, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ყველა პიროვნებისა და ყველა მოღვაწისათვის.
- თქვენ აფხაზეთის თემა ახსენეთ და ხშირად გითქვამთ, რომ „სახალხო დიპლომატიის“ ყველა რეზერვი აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ამოწურული არ არის. რამდენიმე დღის წინათ სოჭში გაიმართა ქართველ და აფხაზ უხუცესთა შეხვედრა, რომლის შედეგადაც საკმაოდ კონსტრუქციული ერთობლივი განცხადებაც მიიღეს...
- სიმართლე გითხრათ, დიდი ყურადღებითა და მღელვარებით ვადევნებ თვალს „სახალხო დიპლომატიის“ დონეზე გამა- რთულ ყოველ შეხვედრას.
სოჭში შეხვედრის ინიციატორი გახლდათ შესანიშნავი ქართველი მეცნიერი, ძალიან ღვაწლმოსილი ექიმი ბატონი ნაპოლეონ მესხია თავის აფხაზ კოლეგებთან ერთად.
მას აფხაზეთშიც და მთელ საქართველოშიც თითქმის ყველა იცნობს და პატივს სცემს. უდავოდ მისი ძალისხმევის შედეგიც არის, რომ თანდათანობით იკვეთება ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის დაახლოებისა და შერიგების გზები, ის, რაც უკვე დიდი ხანია დაიწყო ქართველებსა და ოსებს შორის. ამ თვალსაზრისით, „სახალხო დიპლომატიას“, უბრალო, ადამიანურ დონეზე ურთი- ერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვეძებოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზა, მათ შორის, ჩვენი ბავშვების გულების დონეზეც - მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ქართველი და აფხაზი ბავშვები ერთად ისვენებდნენ საზღვარგარეთ, - ეს ჩვენი ამერიკელი მეგობრების უაღრესად კეთილშობილური წამოწყება იყო.
ბატონ ნაპოლეონ მესხიას კი გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ამ ურთულეს, მაგრამ კეთილისმყოფელ საქმიანობაში და ვპირდები, რომ ყველანი მხარში ამოვუდგებით და დავეხმარებით ისე, როგორც შეგვიძლია.
- თუ აფხაზეთის თემას გავაგრძელებთ, საქართველოს გასულ შაბათს ეწვია გაეროს უმაღლესი კომისარი ქალბატონი ოგათა...
- ქალბატონი ოგათა უკვე დიდი ხანია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ურთულეს და ყველაზე მტკივნეულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ლტოლვილთა პრობლემა მესამე ათასწლეულის დამდეგს საკაცობრიო სირცხვილია, სირცხვილია ჩვენი კაცობრიობისათვის.
ამ პრობლემების კვლავ არსებობა უეჭველად ნიშნავს, რომ ყველანი ერთად, ღირსეულად ვერ ვეგებებით ახალ ეპოქას, ახალ საუკუნეს და ახალ ათასწლეულს.
თუმცა, ქალბატონ ოგათას დაუღალავი საქმიანობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე ნებასთან ერთად, რაც ბოლო დროს თვალნათლივ გამოვლინდა, აგრეთვე, ის პრინციპული, შეუვალი პოზიცია, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა დაიკავა ბალკანეთის კრიზისის დროს, - გვინერგავს იმედს, რომ ლტოლვილთა პრობლემა საქართველშიც უეჭველად სამართლიანად გადაიჭრება. სხვათა შორის, ჩვენი საუბრისას, გუშინ მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 1993 წლიდან მოყოლებული, 1998-ის ჩათვლით, ქალბატონ ოგათას ინციატივით, კომისარიატმა საერთოდ საქართველოში დევნილებსა და ლტოლვილებს 21 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო. ეს არის ფულადი დახმარება, ეს არის მარცვალი, ცხიმი და სხვა და სხვა. ასეთი დახმარება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. პირობა მომცეს, რომ არ შემცირ- დება გათვალისწინებული თანხა - დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარის მოცულობით. ასე რომ, ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ და ეს კვლავაც გაგრძელდება.
- ბოლო დროს რამდენიმე შეხვედრა გამართეთ „პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში“ ეროვნების გრაფის აღდგენის თაობაზე. ეს საკითხი საკმაოდ მძაფრი პოლემიკის საგანი იყო, ამ რამდენიმე თვის წინათ, ამ ბოლო დროს კი, თითქოს ჩაცხრა. რა ფაზაშია ამჯერად ამ პრობლემის განხილვა?
- ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პრობლემა კვლავინდებურად აღელვებს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი: ტრადიციულად პოლიეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში ამ საკითხს ყოველთვის სათუთად მოპყრობა სჭირდება.
ჩვენ წლის დამდეგს შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი, უფრო ზუსტად, კანონპროექტთა მთელი პაკეტი, რომლის დანიშნულებაა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პროცედურის სრულყოფა. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ უნდა გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი. აქ ჯერ კიდევ ბევრია საფიქრალი ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ეროვნების აღნიშვნას, საბოლოოდ ასეთი ფორმულა შევთავაზეთ პარლამენტს (ვფიქრობ, სწორედ ამ სესიაზე განიხილავენ ამ საკითხს): დაბადების მოწმობაში აღინიშნება ორივე მშობლის ეროვნება, 16 წლის ასაკის მიღწევისთანავე, ბავშვს ექნება საშუალება, აირჩიოს ერთ-ერთი მშობლის ეროვნება, რაც დაფიქსირდება შესაბამისი ჩანაწერით პირადობის მოწმობაში.
ეროვნება არ იქნება მითითებული საზღვარგარეთ გასამგზავრებელ პასპორტში, რაც სავსებით შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და საერთაშორისო მასშტაბით მოქმედ წესებს.
ვიმედოვნებ, საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის მსვლელობისას დაუბრუნდება და განიხილავს ამ საკითხს.
- გასულ კვირას, ქართველ მწერალთა რიგებს გამოაკლდა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რეზო ჯაფარიძე, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურაში...
- ბატონი რეზოს გარდაცვალების გამო, უდიდესი გულისტკივილი და გულწრფელი განცდა მე უკვე გამოვხატე სპეციალურ წერილში, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა.
ეს მართლაც საერთო-ეროვნული დანაკლისია.
რეზო ჯაფარიძე ჭეშმარიტად დიდი და ღვაწლმოსილი თაობის ღისრეული წარმომადგენელი იყო.
უზადო ნიჭით აღბეჭდილი მისი შემოქმედება გამსჭვალულია პატრიოტიზმით, მშობელი ერისა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულით. საქართველოსათვის საბედნიეროდ, ბატონ რეზოს გარდაცვალების მიუხედავად, მარადიულ ანდერძად გვრჩება მისი მშვენიერი შემოქმედება, შესანიშნავი მწერლის თხზულებანი და მისთვის დამახასიათებელი ძლიერი და იმავდროულად სათნო სიყვარულით გაჟღენთილი ქართული სიტყვა.
- გასულ კვირას ცნობილი, უნიჭიერესი ქართველი ჟურნალისტი თემო სტეპანოვი დაკრძალეს თბილისში. მასთან თქვენ საკმაოდ მრავალწლიანი პირადი ურთიერთობა გაკავშირებდათ. ძველ ფოტოებსა და კადრებს როცა ვნახულობთ, ხშირად ბატონი თემო სტეპანოვი თქვენთან ახლოს არის გადაღებული, იგი განსაკუთრებით მოსკოვის პერიოდის განუყოფელი ფიგურაა...
- მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დამისვით. თემო სტეპანოვთან მე ბევრი რამ მაკავშირებდა. ჩვენ ერთად მოვიარეთ ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა კონტინენტი და მართლაც რომ გამორჩეული იყო ჩვენი ურთიერთობა.
თემო სტეპანოვი საქართველოს მოაზროვნე საზოგადოების ერთი თვალსაჩინო მოღვაწე გახლდათ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბრწყინვალე ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკაში საკმაოდ ღრმად ჩახედული მოღვაწე. ჩვენი მეგობრობა, როგორც თქვენ თქვით, სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. მე პირადად და, დარწმუნებული ვარ, საქართველომაც დიდი დანაკლისი განვიცადეთ.
საქინფორმი.
„დღევანდელი პარლამენტის მუშაობის კონსტრუქციულად დამთავრების, კონსტრუქციული მსჯელობის ფორმა უდავოდ ჯანსაღ ბიძგს მისცემს უკვე ძალაში შესულ საარჩევნო კამპანიასაც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 სექტემბერი. - №239 (3280). - 1,2 გვ.
![]() |
24 ბალტია - შავი ზღვის სივრცე დიდი და უნიკალური პროექტების განხორციელების ასპარეზი უნდა გახდეს |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე: „ბალტია - შავი ზღვის თანამშრომლობა: ინტეგრირებული ევროპისაკენ, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები“
იალტა, 1999 წლის 10-11 სექტემბერი.
პატივცემულო კოლეგებო,
ბატონებო,
მინდა გულწრფელი მადლობა მოვახსენო ჩემს მეგობარს პრეზიდენტ კუჩმას მეტად დროული ინიციატივისათვის და მისთვის ჩვეული შორსმჭვრეტელობისათვის, რისი მეოხებითაც შევიკრიბეთ იალტაში, რათა განვიხილოთ ევროპაში შემდგომი ინტეგრაციის მომწიფებული საკითხები.
ჩემი გამოსვლის დასაწყისშივე მინდა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით ღრმა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს მეგობრებს - თურქეთის რესპუბლიკას და საბერძნეთს, სტიქიურ უბედურებათა გამო, რომელთა ტრაგიკულმა შედეგებმა უდიდესი ტკივილი მიაყენა ყოველ ჩვენგანს. სამაშველო ოპერაციის პირველივე დღეებიდან საქართველომ გააგზავნა თურქეთში სპეციალური რაზმი, ახლა კი ქართველი მაშველები საბერძნეთში ჩავიდნენ.
აქ შევიკრიბეთ, რათა ვაშენოთ ევროპის მომავალი, ისეთი ევროპისა, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები. რაც შეეხება გამყოფ ხაზებს, მთელ დედამიწაზე არ მოინახება მეორე ადგილი, რომელთანაც ასე ასოცირდებოდეს ევროპის და, ვიტყოდი, მთელი მსოფლიოს დაყოფა. გამყოფ ხაზებს რომ ვახსენებთ, როგორც წესი, ძველი ჩვეულებისამებრ მხედველობაში გვაქვს გავლენის სფეროებად გეოგრაფიული დაყოფა. მაგრამ, როგორც ისტორიამ ცხადყო, უკანასკელი დაყოფის ინიციატორებს სურდათ გამყოფი ხაზი გაევლოთ ადამიანთა აზროვნებაში, მათ მისწრაფებაში თავად განაგებდნენ საკუთარ ბედსა და თავიანთი ქვეყნის მომავალს.
დღეს ზოგჯერ კვლავაც არის ხოლმე მცდელობა, დაგვაბრუნონ წარსულში სხვადასხვაგვარი „სამკუთხედების“, „ღერძების“, „გავლენის სფეროების“ და სხვა ამგვართა შექმნის გზით. სხვა რა არის ეს, თუ არა სურვილი განაგრძონ იმათი საქმე, ვინც აქ, ამ მიწა-წყალზე, ფანქრის ერთი მოსმით ცვლიდა მსოფლიო რუკას, თითქოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებთან კი არა, დამპყრობელ წინაპართაგან მემკვიდრეობით დატოვებულ ფეოდალურ მამულებთან ჰქონდა საქმე. ჩვენმა ფორუმმა მტკიცედ უნდა დაგმოს ამგვარი ცდები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხნით მოგვიხდება დავივიწყოთ ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების გაფართოება, ევროპის ერთიანი სახლის მშენებლობა.
ამ მიზნით, თანამედროვე ეტაპზე ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა შევიმუშაოთ ჩვენი კონტინენტის სხვადასხვა რეგიონში მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმი. შავი და კასპიის ზღვების სახელმწიფოებმა უკვე შეიძინეს ამგვარი თანამშრომლობის გარკვეული გამოცდილება. მოხარული ვართ, ევროპის კავშირის ეგიდით გამართულ „აღორძინებული დიდი აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ისტორიულ სამიტში ბალტიის სახელმწიფო - პოლონეთიც მონაწილეობდა და ბაქოს დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. ამ მარშრუტის მთელი მონაკვეთები უკვე მუშაობს, მათ შორის, ბათუმისა და ფოთის შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელები და კასპიის ადრეული ნავთობის მილსადენი სუფსის ახალი ტერმინალის გავლით, რომლის გახსნა ჩვენს მეგობრებთან - პრეზიდენტთან ჰეიდარ ალიევთან და ლეონიდ კუჩმასთან ერთად ვიზეიმეთ. შორს არ არის ის დღე, როცა დაიწყება თურქმენეთიდან თურქეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით ტრანსკასპიის გაზსადენის, აგრეთვე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობა.
დადგა დრო, დასაბამი მიეცეს ბალტია-შავი ზღვის თანამშრომლობას. ჩვენი სურვილია ბალტია-შავი ზღვის სივრცე გახდეს იმ დიდი პროექტების განხორციელების ასპარეზი, რომლებიც მიზნად დაისახავს, უწინარესად, ჩვენი ორი რეგიონის უნიკალური სატრანზიტო პოტენციალის ხორცშესხმას. ეს კი ითვალისწინებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას გლობალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნად, რომლის კონფიგურაციაც ემთხვევა ისტორიულად გაკვალულ იმ გზებს, საკაცობრიო ცივილიზაციის ადრეული პერიოდიდან რომ არსებობდა. „დიდი აბრეშუმის გზის“ მსგავსად მხედველობაში მაქვს ტრადიციული „გზა ვარიაგთაგან ბერძნებისაკენ“, რომელიც ჩრდილოეთ ევროპას მცირე აზიასთან აკავშირებდა. ამრიგად, დასრულდებოდა მაგისტრალის ორი უკვე აპრობირებული მეთოდის „ვია ბალტიკას“ და „დიდი აბრეშუმის გზის“ შეპირაპირება.
ჯანსაღი ეკონომიკური ინტეგრაცია შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი ევროპის მშენებლობის საძირკველში ჩადებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და მადუღაბებელ ელემენტად, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განზომილების გაძლიერების ტენდენციის ყველაზე ძლიერი გამოვლინება არის სუბრეგიონული და რეგიონული ინტეგრაციის გააქტიურება. ამ კონტექსტით ბალტია-შავი ზღვის თანამშრომლობა შეიძლება გახდეს კლასიკური მაგალითი ამ პროცესების ძლევამოსილი წინსვლისა სუბრეგიონული თანამშრომლობიდან რეგიონული და შემდეგ - რეგიონთაშორისი კოოპერირებისაკენ.
ამ პროექტის ძირითადი ელემენტებია სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება, ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება, სავაჭრო და არასავაჭრო ბარიერების მოქმედების მაქსიმალური შეზღუდვა. ყოველივე ამას, საბოლოო ანგარიშით, მოჰყვება ჩვენი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური აყვავება.
ძვირფასო მეგობრებო,
საქართველო არის და მუდამ იქნება ბალტია-შავი ზღვის სივრცეში ის რგოლი, რომლისთვისაც დემოკრატია და გზის არჩევის თავისუფლება, ევროპული ღირებულებებისადმი სწრაფვა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა წმიდათაწმინდა ცნებებია, თავდადებული ბრძოლით რომ იცავდა ჩემ წინაპართა არა- ერთი თაობა.
მეტი წილი იმ უბედურებისა, ბოლო საუკუნეთა განმავლობაში რომ დაატყდა თავს ჩემს ხალხს, იმიტომ მოხდა რომ მოწყვეტილი ვიყავით ევროპულ პროცესებს, ევროპულ ღირებულებებს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შევძელით სრულად შეგვეფასებინა როგორც რეგიონული თანამშრომლობის, ისე გლობალური ინტეგრაციის სიკეთე. ამიტომაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ყველაფერი ვიღონოთ, რათა ხელი შევუწყოთ ბალტია-შავი ზღვის თანამშრომლობის კიდევ ერთი იმ გზის გაკვალვას და განმტკიცებას, რომელსაც მივყავართ ინტეგრირებული ევროპისაკენ, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
ბალტია - შავი ზღვის სივრცე დიდი და უნიკალური პროექტების განხორციელების ასპარეზი უნდა გახდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12-13 სექტემბერი. - №244-245 (3286). - 1,2 გვ.
![]() |
25 „სტაბილურ, აყვავებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობა ევრაზიის სივრცეში სავსებით შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას იალტაში გაიმართა ფორუმი „ბალტიისა და შავი ზღვისპირა ქვეყნების თანამშრომლობა: 21-ე საუკუნის ევროპისაკენ - გამყოფი საზღვრების გარეშე“. გარდა ფორუმისა, რომელშიც მრავალი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ, თქვენ იქ შეხვედრები გქონდათ აზერბაიჯანის, სომხეთის, ლატვიის, ლიტვის პრეზიდენტებთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვებთან. რით იყო თავისთავად მნიშვნელოვანი ეს ფორუმი და რამდენად შეუწყობს იგი ხელს საზღვრების გარეშე ევროპის ჩამოყალიბებას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ შეკითხვის პასუხად თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარ- დნაძემ განაცხადა:
- მე რამდენადმე დეტალურად უნდა შევეხო ამ საკითხს, რადგან მოვლენა მართლაც დიდი მნიშვნელობისაა.
ნათქვამია, სიმბოლოებს პოლიტიკაში მხოლოდ მემუარებისათვის როდი აქვს მნიშვნელობა.
მრავალ სიმბოლოს მრისხანე და მსახვრალი მატერიალური ძალა აქვს. მაგალითისათვის ბერლინის კედელიც კმარა - იგი არა მარტო კონკრეტულ ადამიანებს, ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს ჰყოფდა, არამედ, ორ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ბანაკად ევროპის გაყოფის სიმბოლოც იყო.
რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ ყირიმის კონფერენცია უკრაინის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში - იალტაში გაიმართა, ლივადიის შესანიშნავი საიმპერატორო სასახლის სწორედ იმ დარბაზში, სადაც 55 წლის წინათ ჩვენი დიდი თანამემულე გვერდზე გადადებდა ჩიბუხს, აიღებდა ფანქარს და ხელის ერთი მოსმით ავლებდა ევროპის გამყოფ ხაზებს, რითაც სახელმწიფოთა და ერთა ბედს განსაზღვრავდა. ახლა ზოგიერთი იტყვის: ნეტავ იმ დროსო, არა?!
საბედნიეროდ, მესამე ათასწლეულს ახალი ევროპა ეგებება: ევროპა ბერლინის კედლის გარეშე, ევროპა, რომელსაც საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი, თავისუფალი ერები შეადგენენ.
ჩემს გამოსვლაში სწორედ ამ მომენტს გავუსვი ხაზი: დაუშვებელია, რომ ჩვენს ნაცვლად ევროპის ბედს ვინმე წყვეტდეს, სხვა ერთა არჩევანს განსაზღვრავდეს და ახალ გამყოფ ხაზებს ავლებდეს.
იალტის სამიტი, რომლის ინციატორიც უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა გახლავთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალი ეპოქის, ახალი ათასწლეულის ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან ფორუმად იქცა.
მართალია, ქრონოლოგიურად ჯერ არ შეგვიბიჯებია 21-ე საუკუნეში, მაგრამ, პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით, ქრონოლოგიურ თუ ასტრონომიულ რეალიებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის კეთილშობილური იდეა, რომელიც მთლიანად მომავალს, ახალ ეპოქას ესწრაფვის. თუმცა კი, სათავეს აწ უკვე წარმავალ მე-20 საუკუნეში იღებს, კერძოდ, თუნდაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელ იალტაში დიდი სამეულის შეხვედრიდანაც, რადგან ამის შემდეგ შესაბამისი დასკვნები გაკეთდა. ასეთია ისტორიის ერთგვარი პარადოქსი და მას ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ.
ეს ჩვენი საერთო-ევროპული ისტორიაა, რომლის თითოეულ ეპიზოდს საკუთარი ადგილი და ფუნქცია აქვს ისტორიულ პროცესში.
იალტა ამიერიდან ახალი ევროპის სიმბოლოა: იმ ერებმა და სახელმწიფოებმა, რომელთა ისტორია ტრაგიზმითაა აღსავსე, მათ შორის საქართველომაც, მტკიცედ, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპების ერთგულება, აღიარეს ყოველი ქვეყნის უფლება, თავად ირჩევდეს ეროვნული უშიშროების დაცვის საერთაშორისო სისტემებსა და შესაბამის გარანტიებსაც.
კონფერენციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, საერთო ძალისხმევით ჩააქრონ კონფლიქტური კერები, აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკურ სფეროში, გამოიყენონ ორივე ზღვის რეგიონის უნიკალური სატრანზიტო შესაძლებლობანი.
სტაბილურ, აყვავებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობა ევრაზიის სივრცეში (ახალ ევროპაში, რომლის განუყოფელი ნაწილია სამხრეთი კავკასია) სავსებით შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
ამასთან დაკავშირებით, რადიომსმენელთა და მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად, მშვიდად და ღირსეულად მიჰყვება იმ საერთო-ევროპულ მდინარებას, რომელიც უეჭველად მიგვიყვანს სანატრელ და საოცნებო ნავსაყუდელამდე.
საამაყოა, რომ თვით ამ დინების წარმოშობასა და გაძლიერებაში საქართველომ ღირსეული, არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა.
იალტის დეკლარაციაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ პროცესი გაგრძელდება და რეგულარული გახდება. საერთო-ევროპული ინტერესების თანხვედრის შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ყველაფერს ვიღონებთ, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ ყოველმხრივი თანამშრომლობის ჰორიზონტი. მე არ გამოვრიცხავ, რომ, რომელიღაც ეტაპზე, როცა მოვძლიერდებით, ასეთი შეხვედრის ადგილი საქართველო და მისი დედაქალაქი გახდეს.
ვფიქრობ, იალტის სამიტმა მთლიანად შეასრულა თავისი კეთილშობილური მისია. აქვე, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს მასპინძელს - უკრაინასა და პრეზიდენტ კუჩმას, რომლის ინციატივითაც, როგორც უკვე ვთქვი, გაიმართა იალტის ფორუმი.
და აქვე მინდა დავძინო: უკრაინას ჭეშმარიტად უნიკალური ადგილი უკავია ახალ ევროპულ არქიტექტურაში. მით უფრო სასურველი და საგულისხმოა ჩვენთვის ამ დიდ ქვეყანასთან მეგობულ, პარტნიორულ ურთიერთობათა განვითარება, რისთვისაც უკრაინის პრეზიდეტმა ესოდენ ბევრი რამ გააკეთა.
მე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ ვერ გიპასუხეთ იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, მაგრამ, რამდენადაც საკმაოდ კარგად გაშუქდა ტელევიზიაში ამ შეხვედრების ამსახველი კადრები, აგრეთვე, თვით შეხვედრების საგანი და დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ამიტომ შეიძლება არ იყოს აუცილებელი, დღეს დეტალურად შევეხო ამ საკითხებს.
ახალი ის არის, რომ საგარეო ურთიერთობაში, საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ, ჩრდილოეთ ევროპამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა უფრო გამოკვეთილი ადგილი უნდა დავიკავოთ და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება.
- გასულ კვირას გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელიც, ძირითადად მრეწველობის საკითხებს მიეძღვნა. საერთოდ, საქართველოსათვის გაწეული ნებისმიერი დახმარება ჩვენში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმის შედეგია. ამ თვალსაზრისით, როგორია იმ რეფორმის შედეგი, მრეწველობაში რომ მიმდინარეობს?
- რაც შეეხება მთავრობის სხდომას, მრეწველებთან, მეწარმეებთან, მეცნიერებთან ერთად განვიხილეთ მრეწველობის სამინისტროში მომზადებული კონცეფცია, რომელსაც იმთავითვე ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით და დიდი ხანია ვემზადებოდით ამ შეხვედრისათვის.
დიდწილად კიდევაც გაგვიმართლა იმედი ამ შეკრებამ, ვინაიდან, ჯერ ერთი, თვით კონცეფცია უდავოდ საყურადღებო და პროფესიულად მაღალ დონეზე დამუშავებული დოკუმენტია. გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ საქმისა და დარგის ჭეშმარიტი გულშემატკივრობა გამოავლინა.
მაგრამ ასევე გულწრფელად გეტყვით: ზოგიერთმა მონაწილემ, ცოტა არ იყოს, იმედი გაგვიცრუა. ძველებურად აზროვნებენ, ძველებურად აყენებენ მოთხოვნებს, რომ, აი, მოგვეცით, გამოგვიყავით, პირობები შეგვიქმენით და სხვადასხვა.
ზოგჯერ 70-იანი წლების სამეურნეო აქტივზე გეგონებოდა თავი - თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს ამ 20 წლის განმავლობაში.
არადა, მრეწველობის მინისტრთან, სხვა მოღვაწეებთან ერთად, სხდომაზე სიტყვები წარმოთქვა ბევრმა ჭეშმარიტმა მეწარმემ და მრეწველმა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გულხელდაკრეფილი კი არ ისხდნენ და სახელმწიფო წყალობას ან ხელისუფლების შეცვლას კი არ ელოდებოდნენ, არამედ დღესა და ღამეს ასწორებდნენ, ქალაქიდან - ქალაქში, ქვეყნიდან - ქვეყანაში დადიოდნენ, პარტნიორებს ეძებდნენ, კადრებს ამზადებდნენ, ახალ ტექნოლოგიებს ნერგავდნენ, დანახარჯებს ამცირებდნენ, ერთი სიტყვით, შრომობდნენ და ოფლს ღვრიდნენ.
საბოლოოდ, შრომამ და გარჯამ ნაყოფი გამოიღო. საკმარისია დავასახელოთ არცთუ ისე დიდი საწარმო - თბილისის „ელექტროაპარატი“, თბილისის საავიაციო ქარხანა (ეს უკვე გიგანტებიდან), რუსთავის „აზოტი“, ცემენტის ქარხანა, ქუთაისის საწარმოები და სხვა მრავალი ობიექტი, რომელთაც დაძლიეს კრიზისი, გაიმარჯვეს კონკურენციულ ბრძოლაში და მზისქვეშეთში ადგილიც დაიმკვიდრეს, საკმაოდ სერიოზული ადგილი. საქართველოში უკვე მრავალი საწარმოა, რომელთაც არათუ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო ბაზარზეც მოიპოვეს საკუთარი სეგმენტი. პირველ რიგში აქ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და მის ხელმძღვანელობას დავასახელებდი.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, თითქოს სახელმწიფო საერთოდ იხსნიდეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას პერსპექტიული საწარმოებისათვის. ბევრ მათგანს, როგორც იტყვიან, ერთი ხელის შეშველება სჭირდება. სწორედ ასე მოვიქეცით ჩვენ, როცა დახმარება, როცა გადარჩენა სჭირდებოდა მევენახეობას. დავეხმარეთ მეღვინეებს, მევენახეებს. ჩვენ უკვე ორჯერ გავუწიეთ მათ ასეთი ერთდროული ფინანსური დახმარება, ჩავერიეთ მათს საქმეებში, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასევე მოხდა მეჩაიეობაში, ცალკეულ დარგებში, მაგრამ არ შეიძლება ეს სისტემად იქცეს. ეს საკითხები, ყველაფერი, ალბათ, საწარმოებმა და ბანკებმა უნდა მოაგვარონ, რომელთა შორის უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ურთიერთობა, რომლის წარმატებითაც ორივე მხარე ერთნაირად იქნება დაინტერესებული.
ნურავის ექნება იმის იმედი, რომ სახელმწიფო ძველებურად შეასრულებს (ძველ გამოთქმას ვიხმარ) „გოსპლანისა“ და „გოს- სნაბის“ ფუნქციას. ამიტომ, კეთილი ინებოს ყველამ და მიბაძოს თავის კოლეგებს, დღე და ღამე გაასწოროს, იფიქროს, იშრომოს, „ეძიოს და პოვებდეს“.
აქვე კიდევ რამდენიმე საკითხს შევეხები ეკონომიკის სფეროდან.
თბილისში 24 სექტემბრამდე იმუშავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. ეს ძალიან პასუხსაგები ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად მისიის მიზანია არა მარტო არსებული პროგრამის ბოლო ეტაპის მონიტორინგი, არამედ თვისებრივად ახალი პროგრამის დამუშავება, რომლის განხორციელება 2000 წლიდან დაიწყება და ახალი კრედიტების მოზიდვას გაითვალისწინებს.
საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ძალისხმევა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ბილ ტეილორთან ერთად ვიმსჯელეთ „კავკასიის თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში პროექტების შესაძლო მიმართულებაზე. ძალიან კარგია, რომ თქვენ გუშინ ასე დიდი დრო დაუთმეთ მასთან საუბარს. განზრახულობათა კომპლექსი მოიცავს ტრანსპორტს, რკინიგზას, გზატკეცილების ქსელის განვითარებას, საბაჟო რეგულირების ჰარმონიზაციას და საექსპორტო კონტროლის გაძლიერებას, ჰიდრორესურსების ათვისებას, საჰაერო-სატრანსპორტო, რეგიონული კონტროლის ინფრასტრუქტურას და სხვა მრავალს.
ყველა ეს საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას. მჯერა, რომ შემდგომ ამ გეგმებში რუსეთის, თურქეთის შესაბამისი გუბერნიებიც ჩაერთვებიან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიც აუცილებლად იტყვიან თავიანთ სათქმელს.
აღსანიშნავია, აგრეთვე, საუბარი „სიმენსის“ ფირმის წარმომადგენლებთან.
ეს ფირმა მნიშვნელოვან დახმარებს უწევს საქართველოს ტელევიზიას ამჟამად მიმდინარე ყოველმხრივი მოდერნიზაციის პროცესის განვითარებაში. როცა გერმანიაში ვიქნები, მხედველობაში მაქვს, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მექნება მსჯელობა შესაბამის სტრუქტურებთან.
განსაკუთრებულ, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა. პირველი ივლისიდან ამოქმედდა საბითუმო ბაზარი და ესეც სერიოზული მოვლენა გახლავთ.
ამ ახალი, რეფორმისტული სტრუქტურის შექმნით სექტორში პრაქტიკულად მთავრდება ინსტიტუციური გარდაქმნა და ფუძნდება ნამდვილი საბაზრო მიმართულებათა პროგრესული სისტემა.
მთელი ეს ძალისხმევა წყალში ჩაგვეყრება, თუ ბოლომდე ვერ მივიყვანთ გენერაციის ობიექტთა განსახელმწიფოებრიობის პროცესს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. მე მინდა გულახდილად ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას - სხვა გამოსავალი არ არის. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ გენერაციის ობიექტების, მათ შორის თუნდაც „თბილსრესის“ ან მისი ნაწილის განსახელმწიფოებრიობის ურთულესი პრობლემის გადასაჭრელად.
უკვე ყველანი დავრწმუნდით: საქართველოს ბიუჯეტს არ ძალუძს გაუთავებლად ზიდოს ეს კოლოსალური ტვირთი, ბიუჯეტს აღარ შეუძლია ყოველწლიურად აანაზღაუროს „თბილსრესის“ ხარჯები, ვეღარც საწვავის შესაძენად გამოვყოფთ ყოველწლიურად უზარმაზარ თანხებს, დახმარების წყაროებიც არ არის უსასრულო. მე სულაც არა მაქვს მხედველობაში ის ოჯახები, რომლებიც მოკლებული არიან გადახდის საშუალებას - უმწეონი, უძლურნი, და ასე შემდეგ. ამ ოჯახებს სახელმწიფო მომავალშიც დაეხმარება და იმ ფირმებს, რომლებიც ამა თუ იმ ენერგეტიკული ობიექტების მფლობელნი გახდებიან, მათ სახელმწიფო გადაუხდის. მაგრამ დანარჩენებმა თვითონ უნდა გადაიხადონ.
ამიტომ დადგა დრო, გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯი. ვიცი, ახლა ზოგიერთი პოლიტიკანი და დემაგოგი იტყვის: „ხელისუფლებამ ვერ მოუარა და ყიდისო“. ეს, რა თქმა უნდა, დემაგოგიაა. ავი- ღოთ ყაზახეთის მაგალითი: ქვეყანამ, რომელსაც არც ნავთობი აკლია, არც ბუნებრივი გაზი და მთლიანად, როგორც იტყვიან, „საწვავის ოკეანეზე“ დგას, - მრავალი გენერაციის ობიექტი გაიტანა საპრივატიზაციოდ და გაყიდა. მათ შორის, მართლაცდა გრანდიოზული ეკიბასტუზი, რომელიც ათი „თბილსრესის“ ოდენაა და, როგორც მე ბატონმა ნაზარბაევმა და სხვებმა მითხრეს, ქვეყანამ დაისვენა და ავტომატური რეჟიმით ხდება ურთიერთობის რეგულირება მომწოდებელსა და მყიდველს შორის. რამდენი კრიტიკული აზრი გამოითქვა იმასთან დაკავშრებით, რომ „თელასი“ გავიტანეთ ტენდერზე და გავყიდეთ. ახლა ვეკითხები ჩვენს მოქალაქეებს: ყველა, ალბათ, კმაყოფილი არ იქნება, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, ეს ხომ წინგადა- დგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წლის სეზონი, მომავალი ზამთარი თბილისელებისათვის ათჯერ უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. იმიტომ, რომ არის პატრონი, არის გარკვეული „თამაშის წესები“, რომელთაც ემორჩილება მოქალაქე და ემორჩილება თვით მიმწოდებელიც.
დარწმუნებული ვარ, ასევე მოხდება გენერაციის ობიექტების განსახელმწიფოებრიობის დროსაც. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება ენგურჰესს, ზოგიერთ სხვა ობიექტს, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით რისკის გაწევა წარმოუდგენელია.
- საერთოდ ტენდენციაა ასეთი ზოგადი: როდესაც საქმე რომელიმე დარგის ან საწარმოს პრივატიზაციას ეხება, ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობენ, ეს ცუდიაო, ხოლო, როცა მათი საკუთარი ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზაციას ეხება საქმე, - ეს კარგია. რაღაც ორმაგი სტრანდარტი გაჩნდა უკვე პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით. როცა შენს მფლობელობაშია რაღაც - ეს მოგწონს, როცა ზოგადად რომელიმე ობიექტის პრივატიზაცია და განსახელმწიფოებრიობა ხდება, - ეს არ მოსწონთ...
- ჩვენი კრიტიკოსებიდან, სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ყველაზე ადრე ისარგებლა გენერაციის ობიექტების შესყიდვით და კარგა ბლომად ფულიც დააგროვა... მე ამით ვადასტურებ თქვენი აზრების სისწორეს.
რამდენიმე სიტყვა ბიუჯეტის შემოსავლის თაობაზე: მე მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა მკაცრ, მაგრამ სამართლიან და სახელმწიფოებრივად გამართლებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა შემუშავებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და სხვები. პასუხისმგებლობის გაძლიერების გარეშე ამ სფეროში მიღწეულ ბოლოდროინდელ წარმატებას ვერ შევინარჩუნებთ და ვერ განვავითარებთ.
გარკვეული ძვრები ნამდვილად არის, მაგრამ რეზერვები კიდევ უფრო მეტია, - დასავლეთი საქართველო კვლავინდებურად წალეკა უაქციზო საქონელმა. და აქ მარტო შემომტანებს არ ვედავები. მინდა სერიოზული შენიშვნა მივცე რწმუნებულებს, გამგებლებსა და ქალაქების ხელმძღვანელებს, რომელთა თვალწინ ხდება ყოველივე ეს, შენიშვნა მივცე სამართალდამცავ ორგანოებსაც, რომელთაც შეუძლიათ არ დაუშვან უაქციზო საქონლის ასეთი ნიაღვრის შემოსვლა საქართველოში. კატეგორიულად მოვითხოვ, ყველამ, ვისაც ეს ეხება, გადამწყვეტი ზომები განახო- რციელოს მდგომარეობის გამოსასწორებლად. უნდა გამკაცრდეს კონტროლი საავტომობილო გზებზე, ხოლო კანონის შესაბამისად აღძრული სისხლის სამართლის საქმეები დროულად გადაეცემოდეს სასამართლოს.
ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეთა ახალი კორპუსი მტკიცედ დგას კანონიერებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე. გადასახადის დამალვა და გადაუხდელობა არავის ეპატიება, ვინც უნდა იყოს იგი. უკვე არის ამის მაგალითები.
აქვე საჭიროდ მიმაჩნია, გამოვაქვეყნო ერთგვარი სასიამოვნო ცნობა: მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღკვეთა საქართველოს სანაოსნოში გამეფებული ძარცვა-გლეჯა და აღადგინა კანონიერი კონტროლი ამ სანაოსნოსადმი, - სახელმწიფო მინისტრის, მისი მოადგილის, უწინარესად, ტრანსპორტის სამინისტროს ძალისხმევით და თვით იქ მომუშავე ჩვენი კოლეგების წყალობით, პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 19 გემის ეკიპაჟისათვის ხელფასების დარიგება, ხოლო 26 ადრე გაჩერებული და განწირული გემიდან 18 უკვე ამუშავდა.
და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს აღორძინების გზაზე.
- გასულ კვირას თქვენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის პირველ ასამბლეას ესწრებოდით. როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმი საქართველოსათვის?
- დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ შეხვედრამ. როდესაც „ქართულ დემოკრატიაზე“ ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოდეს, რომ დემოკრატია არსებობს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატია წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, დემოკრატია სამოქალაქო საზოგადოების უმთავრესი თვისებაა.
საქართველოში ჩამოყალიბდა პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტს, უპირველესად, მასმედიას შორის.
1992 წლიდან მოყოლებული, თავისუფალი მასმედიის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო და ამ კურსს არასოდეს გადავუხვევთ.
მასმედიის იმათ ეშინიათ, გაზეთებსა და ჟურნალისტებს ისინი „ეომებიან“, ვისი საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია არ არის, თორემ ჩვენი ხელისუფლების ინტერესები სავსებით ემთხვევა მასმედიის ინტერესებს, - რაკი მიზნად ვისახავთ დემოკრატიული ქვეყნისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებას.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ფორუმი ძალზე შთამბეჭდავი იყო.
სასიხარულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. მე მოვისმინე რამდენიმე საყურადღებო გამოსვლა და შესანიშნავი წინადადებები.
დღევანდელ საქართველოში დემოკრატიულად და სახელმწიფოებრივად აზროვნება განუყოფელია: დემოკრატიულად აზროვნება ნიშნავს, გულისხმობს სახელმწიფოებრივად აზროვნებას და პირიქით.
დამოუკიდებლობა და დემოკრატია ერთი, განუყოფელი, მაღალი ცნების ორი გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიულ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მასმედიას, ეკონომიკური რეფორმის შემდგომ განვითარებასთან ერთად, თავიანთი კეთილშობილური სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესრულებისათვის სულ უფრო უკეთესი პირობები ექნებათ.
- საქართველოში უკვე წინასაარჩევნო პერიოდია. არჩევნები ახლოვდება და გარკვეულწილად უკვე კარგად გამოიკვეთა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება: კარგად ჩანს, ვინ ვისთან არის და რატომ. კეთდება წინასაარჩევნო განცხადებები, ზოგიერთი ჩვეულებრივი, საარჩევნო პერიოდისათვის დამახასიათებელი მყვირალა განცხადებანი. ეს, ალბათ, ნორმალურია, რადგან ყველგან ასე ხდება. ზოგიერთი კი ისეთია, რომ, სიმართლე გითხრათ, რამდენადმე გვახსენებს უკვე განვლილ პერიოდს, „პროვინციულ ფაშიზმს“ რომ უწოდებენ. ერთი რამ მაინტერესებს: თქვენ ჯერჯერობით თითქოს არ ერევით ამ წინასაარჩევნო აურზაურში და აშკარად ნაკლებ დროს უთმობთ ამას. რატომ?
- თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ გარკვეული ყურადღებით გავეცანი იმ პარტიათა პროგრამებსა თუ საპროგრამო განცხადებებს, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, და ვერ გეტყვით, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყო წაკითხულითა და მოსმენილით.
საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას პარტიული კინკლაობისათვის დრო არ რჩება, არც სურვილი გვაქვს.
ნიშანდობლივია, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ არ კადრულობს იმავე ხერხების გამოყენებას, რომელთაც ზოგიერთი ოპონენტი მიმართავს, და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ბოლომდე, და ჩვენ ამით მოვიგებთ.
პარტიულმა რიტორიკამ და მავანთა „ბოღმის ნთხევამ“ არ უნდა დაგვავიწყოს ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია: მოსახლეობის დღევანდელ და ხვალინდელ ინტერესებზე ზრუნვა და მტკივნეულ სახელმწიფოებრივ პრობლემათა გადასაწყვეტად აუცილებელი პირობების მომზადება.
ეს გახლავთ დღეს ჩემი უმთავრესი საზრუნავი და ამ საარჩევნო კამპანიის მთელი მარათონის პირობებში, ალბათ, ასე დავრჩები.
საქინფორმი.
„სტაბილურ, აყვავებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობა ევრაზიის სივრცეში სავსებით შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 14 სექტემბერი. - №246 (3287). - 1, 2 გვ.
![]() |
26 ბატონ ანდრია აფაქიძეს |
▲back to top |
ბატონო ანდრია,
ცოტა დაგვიანებით გილოცავთ 85 წლის იუბილეს.
ამ რამდენიმე დღის წინ მიღებულმა ბარათმაც შემახსენა ეს თარიღი. ამ ბარათში პირადული არაფერი გითხოვიათ, მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის პრობლემების გამო შემეხმიანეთ და ამაშიც თქვენი ცხოვრების წესს არ უღალატეთ: მხოლოდ საქვეყნო საქმეზე, გარშემომყოფებზე ზრუნვა და არასოდეს პირადულზე.
თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც ღმერთკაცები გყავდათ მასწავლებლად და ალბათ, ამანაც განაპირობა თქვენი ჩამოყალიბება პატრიოტად, ჭეშმარიტ მოქალაქედ, თვალსაჩინო მეცნიერად, მაღალზნეობრივ ადამიანად.
მიხარია, რომ კვლავაც მხნეს, შემართულს, საქმიანს გხედავთ.
მჯერა, ქართული მიწა კიდევ ბევრ ისეთ საიდუმლოს ინახავს, რომელსაც თქვენი ენციკლოპედიური ცოდნა და მეცნიერული ალღო სჭირდება. ამიტომაც, კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოთ, კიდევ დიდხანს უნდა ზარდოთ მოწაფეები, ქართული არქეოლოგური სკოლის შესანიშნავი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები. თქვენ ჯერ ისევ სჭირდებით საქართველოს და უთუოდ ღვთის ნებაც ურევია იმაში, რომ მუდამ ასეთი ახალგაზრდული ენერგიით აღსავსე და გამჭრიახი გონებით ემსახურებით ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო საქმეს.
მადლობა მინდა გითხრათ ყველაფრისთვის.
იცოცხლეთ დიდხანს, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე. ბატონ ანდრია აფაქიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 15 სექტემბერი. - №247(3288). - 1 გვ.
![]() |
27 მძლავრი ნაბიჯი დიდ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე სემინარის „კანონმდებლობა კავკასიის ქვეყნებში: განხორციელება და ჰარმონიზაცია“ მონაწილეებს
გულითადად მივესალმები ჩვენი ქვეყნის მაღალ სტუმრებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერს ლორდ რასელ ჯონსტონს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს მურთუზ ალესკეროვს და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს კარენ დემირჭიანს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციებს, რომლებიც მონაწილეობენ საპარლამენტთაშორისო სემინარში.
ევროპის საბჭოსთან დაახლოებამ, ამ უძველეს და ღირსეულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობამ, იმ უჭკნობ, კეთილშობილურ ღირებულებათა გაზიარებამ, რასაც ოდითგანვე ეფუძნება დიდი ევროპული ცივილიზაცია, - საშუალება მისცა კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლებს შეხვედროდნენ თბილისში, რათა ემსჯელათ ჩვენი ხალხების საერთო მისწრაფებათა და საერთო ინტერესთა შესახებ.
კავკასია, როგორც გეოგრაფიულად, ასევე, კულტურული თვალსაზრისით, ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპამ უკვე აღიარა და კანონიერად სცნო კავკასიელ ხალხთა გულწრფელი სწრაფვა, დაუბრუნდნენ მშობლიურ გარემოს, ჩამოაყალიბონ დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთა უზენაესი პრინციპი პიროვნების თავისუფალი განვითარება, ადამიანის უფლებათა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება.
ასეთია ჩვენი ხალხების ურყევი არჩევანი.
მაგრამ ეს კეთილშობილური სწრაფვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამივე ხალხის, სამივე სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით.
ჩვენ ღმერთმა გვარგუნა პატივი და ღირსება ვიცხოვროთ მეზობლად, შევავსოთ და გავამდიდროთ ერთმანეთი, ჩამოვაყალიბოთ და სრულვყოთ საერთო კავკასიური კულტურული ფენომენი, დავეხმაროთ ერთმანეთს წინააღმდეგობათა და სირთულეთა დაძლევაში.
დაე, თბილისის სემინარი კიდევ ერთი, მძლავრი ნაბიჯი გახდეს აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ხალხების საუკუნოვანი ოცნების აღსრულების, - დიდ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე.
ედუარდ შევარდნაძე.
მძლავრი ნაბიჯი დიდ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 სექტემბერი. - №248 (3289). - 1 გვ.
![]() |
28 ქალბატონ ნათელა იანქოშვილს |
▲back to top |
ქალბატონო ნათელა,
მოგვიანებით გილოცავთ იუბილეს, რადგან ბატონ ლადოს გარდაცვალებამ არ მოგვცა საშუალება თავის დროზე აღგვენიშნა ეს თარიღი.
მაშინ თქვენ თავად აგვიკრძალეთ ყოველგვარ იუბილეზე ლაპარაკი და ეს არც გამკვირვებია...
თქვენი და ბატონ ლადოს მეუღლეობა, თქვენი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ხომ სამაგალითო იყო.
სამაგალითო და მისაბაძია თქვენს მიერ განვლილი გზა: ზღაპრული სამყარო შექმენით ჯადოსნური ფერებით და ეს ყველაფერი თქვენს მშობელ ხალხს, თქვენს მშობელ ქვეყანას უანდერძეთ.
სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმემდე ამაღელვა თქვენმა ანდერძმა და წერილმა ჩემდამი.
ნეტავ ბევრი ჰყავდეს თქვენნაირი მამულიშვილი საქართველოს.
მერწმუნეთ, თქვენი სახლ-მუზეუმი აუცილებლად იქნება თბილისის მშვენება და იქ ყოველდღე მოვლენ ადამიანები, რათა სიკეთესა და სილამაზეს ეზიარონ.
ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენისთანა პიროვნებებთან ურთიერთობა აფაქიზებს ადამიანის სულს, ამიტომაც კიდევ დიდ ხანს უნდა იყოთ, რომ სიკეთე და სიხარული თესოთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ქალბატონ ნათელა იანქოშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 სექტემბერი. - №248 (3289). - 1 გვ.
![]() |
29 მშვიდობიანი კავკასია გლობალური მნიშვნელობის პროექტებით ახალი მსოფლწესრიგისკენ არის მიმართული |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე „მშვიდობიანი კავკასია და ევრაზიის დერეფანი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ინტეგრაციის გზები“
1999 წლის 17 სექტემბერი
ბატონებო,
ძვირფასო მეგობრებო,
როდესაც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის შექმნის იდეას ვამუშავებდით, ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, აგრესიული სეპარატიზმითა და უკიდურესი ნაციონალიზმით გამოწვეული კონფლიქტები აზანზარებდა სამხრეთ კავკასიას, ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებოდა უმართავი პროცესები, რომლებიც ჯერაც არ არის დამთავრებული. ამდენად, „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივა და, მით უმეტეს, ევრაზიის დერეფანი - „განახლებული დიდი აბრეშუმის გზა“ - მხოლოდ შორეული მომავლის საქმედ თუ ჩანდა. მაგრამ ერთი რამის მტკიცედ გვჯეროდა: ეს ოცნებები გაცილებით ადრე შეისხამდა ხორცს, ვიდრე ბევრ სკეპტიკოსს ეგონა, გნებავთ, საქართველოში და, გნებავთ, მის ფარგლებს გარეთ. ამას ასე დარწმუნებით იმიტომ მოგახსენებთ, რომ არასდროს მეპარებოდა ეჭვი სამხრეთ კავკასიის ხალხების ნებასა და უნარში - განეხორციელებინათ საუკუნოვანი ოცნება და თავიანთი ქვეყნები ევროპული ცივილიზაციის წიაღში დაებრუნებინათ. და მაშინ, შეიქმნებოდა ისეთი ინსტიტუტის საჭიროება, რომელიც თავს მოუყრიდა გამოჩენილ სწავლულთ და პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ინტეგრაციის გზების ძიებაზე, მათი დამაკავშირებელი უმოკლესი გზის აღდგენაზე, მის გასწვრივ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აყვავებაზე იზრუნებდნენ.
სხვათა შორის, ეს უძველესი გზა იმ ადამიანების გაყვანილია, გაკვალულია, უფრო სწორად, ვისთვისაც „გავლენის სფერო“, „ძალის ცენტრი“, „ერთპოლუსიანი თუ მრავალპოლუსიანი მსოფლიო“ ყოველთვის ძალზე პირობითი მცნებები გახლდათ - ისინი ყველაზე პრაგმატული და, მაშასადამე რაციონალური კატეგორიებით ხელმძღვანელობდნენ - კომერციული მომგებიანობა და ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა. მხედველობაში მყავს შუა საუკუნეების მოგზაურები და სოვდაგრები, რომლებმაც, რამდენადაც ცნობილია, პირველებმა გაიარეს თავიდან ბოლომდე ეს გზა და თვითონვე უწოდეს მას „დიდი აბრეშუმის გზა“.
ჩვენ, ვინც „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენა განვიზრახეთ, უპირველეს ყოვლისა, კვლავაც პრაგმატული მოსაზრებებით ვხელმძღვანელობდით, მაგრამ, წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენი მიზანი მხოლოდ უმოკლესი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალების გაყვანით არ შემოიფარგლებოდა. ეს მხოლოდ საშუალება იყო გაცილებით უფრო დიდი მიზნის მისაღწევად.
„ახალ დიდ აბრეშუმის გზას“ ჩვენ მოვიაზრებთ არა როგორც უბრალოდ კიდევ ერთ, თუნდაც, გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტს. „ახალი დიდი აბრეშუმის გზა“, უპირველეს ყოვლისა, არის ახალი აზროვნება ევრაზიის უზარმაზარი სივრცისთვის - აზროვნება, რომელიც თანასწორუფლებიანი პოლიტიკური და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ უბიძგებს მათაც, ვისაც სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩ- ნიათ და მათაც, ვინც ახლა აგროვებს ამ გამოცდილებას. ეს არის აზროვნება, რომელშიც ადგილი არ აქვს უფროსსა და უმცროსს, ცენტრსა და პერიფერიას, დიქტატსა და დაქვემდებარებას, ძა- ლდატანებასა და მორჩილებას. ეს არის ინტეგრაციისაკენ მიმართული აზროვნება, რომლის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი ნება და კეთილდღეობისკენ სწრაფვაა, ესაა აზროვნება, რომელმაც დღევანდელი მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგებში უნდა დაუმკვიდროს ადგილი იმ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებიც სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი პერიოდით დაკარგვისა და მათ თავს დატეხილი უამრავი განსაცდელის მიუხედავად, კვლავაც თვლიან, რომ მათი ადგილი იქაა, სადაც არჩევანის თავისუფლება უზენაესი კატეგორიის რანგშია აყვანილი.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ფასეულობებისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ „დიდი აბრეშუმის გზის სტრატეგიის“ მიღება, ევროკავშირის ტრასეკასა და ინოგეიტის პროგრამების შემუშავება, იაპონიის მთავრობის „ევრაზიული დიპლომატია“, ჩინეთის მზარდი ყურადღება და, საბოლოო ანგარიში, ის მხარდაჭერა, რომელსაც პროექტში გაერთიანებული შავი და კასპიისზღვისპირა ქვეყნები მუდმივად გრძნობენ. იმის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ ეს არ გახლავთ ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურითა და მოკლევადიანი მიზნებით ნაკარნახები იდეა, ამ კონფერენციის გამართვა და მასში იმ ადამიანების მონაწილეობაა, რომელთა მოსაზრებები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს უდიდესი ქვეყნებისა და, საზოგადოდ, მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებს.
ამ დარბაზში დამსწრეებთან არაერთხელ მქონია დღევანდელი მსოფლიოს საფრთხეებზე მსჯელობის შესაძლებლობა და ჩვენ ყოველთვის იმ აზრამდე მივდიოდით, რომ პოსტსოციალისტური სივრცის სამხრეთმა ნაწილმა - პოტენციური არასტაბილურობის უზარმაზარმა სარტყელმა ცენტრალური აზიიდან ადრიატიკის სანაპირომდე, შესაძლოა, სწორედ ასეთი საფრთხე შეადგინოს. მსოფლიოს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონის მომავლით, მსოფლიო პროცესებში მისი ინტეგრაციით დაინტერესებულია თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო. ამის ნათელი მაგალითია ტრასეკას პროექტი, კასპიის აუზის ენერგოშემცველების ათვისება და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირება. სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის უმოკლეს დროში გაშვება, ბათუმისა და ფოთის შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან სარკინიგზო და საავტომობილო ბორნებით დაკავშირება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტების დამუშავება. თანდათანობით დგება დრო, როდესაც ეკონომიკურ თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს ინტეგრაციული პროცესები. ბაქოსა და სულ ახლახან დასრულებულმა იალტის სამიტებმა, ისევე, როგორც მთელმა რიგმა სხვა ორმხრივმა თუ მრავალმხრივმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკური და, შესაძლოა, პოლიტიკური ინტეგრაციისათვის, სიტუაცია უკვე მომწიფებულია.
ამასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებისადმი იმ დამოკიდებულების ირგვლივ, რომელიც, გულახდილად გეტყვით, მე სერიოზულად მაშფოთებს. მხედველობაში მაქვს იმგვარი მიდგომა კავკასიისადმი, როდესაც აქ მიმდინარე გლობალური მნიშვნელობის პროექტებს, აქ განხორციელებულ უდიდეს ფინანსურ ინვესტიციებს ზოგნი თავიანთი სასიცოცხლო ინტერესების შელახვად, თავიანთი ღირსების დამცირებად თვლიან. თითქოს შეიძლება ანგარიში გაეწიოს რაიმე სხვა ინტერესებს იმათ გარდა, რომლებიც მიმართული არის კავკასიის ეკონომიკური აღმავლობისაკენ, მისი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ, რეგიონის ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისკენ, კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმების უმკაცრესი დაცვით მოწესრიგებისკენ.
სწორედ ასეთი სულისკვეთებით განმსჭვალულებმა წამოვაყენეთ 1996 წელს „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივა, რომლის ავტორი გახლავთ ჰეიდარ ალიევი და მეც მასთან ერთად და, რომელმაც შემდეგ კისლოვოდსკის დეკლარაციის სახე მიიღო. განვლილმა სამმა წელიწადმა დაადასტურა მისი ცხოველმყოფელობა. გახშირდა კონსულტაციები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა შორის სხვადასხვა, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ამ მიზნით ჩვენ ვცდილობთ არც ერთი საერთაშორისო ფორუმი არ გამოვტოვოთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით ვაშინგტონში დაწყებულ დიალოგს, რომლის მეორე რაუნდი თბილისში გაიმართება და ევროკავშირის კავკასიურ პოლიტიკას, რომლის ახალი წახნაგები ამას წინათ ლუქსემბურგში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციისას გამოიკვეთა.
ბატონებო, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია იმ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა, რომელსაც ამდენი გამოჩენილი პიროვნება ესწრება. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ასეთ შემადგენლობას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და სახელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები ინატრებდნენ. გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩამობრძანებისათვის ყველას, ვინც ამ დარბაზში ბრძანდებით. ამას მე გეუბნებით არა მხოლოდ პირადად, არამედ საქართველოს ხალხის სახელით - ხალხის, რომელიც კარგად იცნობს ყოველ თქვენგანს, როგორც თავის ერთგულ მეგობარს, ხალხის, რომლის თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ფასეულობებისათვის თქვენ მხარს უჭერდით მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. მოგესალმებით ყველას და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას.
მშვიდობიანი კავკასია გლობალური მნიშვნელობის პროექტებით ახალი მსოფლწესრიგისკენ არის მიმართული // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 სექტემბერი. - №250 (3291). - 1, 2 გვ.
![]() |
30 თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ სამშობლოს ერთგულება |
▲back to top |
საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის თანამედროვე ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტიების შექმნასა და განმტკიცებას. საქართველოსათვის ამ სასიცოცხლო ამოცანის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს. ვულოცავ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთელ კოლექტივს, მის ხელმძღვანელობას პროფესიულ დღესასწაულს. არსებობის სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ სამშობლოს ერთგულება და მაღალი პროფესიონალიზმი.
გისურვებთ მომავალშიც ასეთივე შემართებით გემსახუროთ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის.
მჯერა, საქართველოს დაზვერვა თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე.
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ სამშობლოს ერთგულება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19-20 სექტემბერი. - №251-252 (3292-3293). - 1 გვ.
![]() |
31 მორალური პოზიციებით უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა სიკეთე მოვუტანოთ კაცობრიობას, ეს უნდა გახდეს მომავალ ოცდამეერთე საუკუნეში ახალი აზროვნების ძირითადი შემადგენელი |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე 1999 წლის 20 სექტემბერს
პატივცემულო თავმჯდომარევ, ბატონო გენერალურო მდივანო, ბატონებო და ქალბატონებო!
არაერთხელ ვმდგარვარ ამ ტრიბუნაზე და კარგად მახსოვს აქ წარმოთქმული ყოველი სიტყვა დაწყებული 1985 წლიდან. ჯერ ერთი, ალბათ, იმიტომ, რომ არ მეგულება ამაზე მაღალი ტრიბუნა ქვეყნად. მეორეც, იმიტომ, რომ ჩემს პირად პოლიტიკურ ბედ-იღბალს მოვყავდი აქ დიდი გარდატეხების ჟამს. ბოლოს აქ გენერალური ასამბლეის წინაშე წარვსდექი 1992 წელს, უკვე როგორც ჩემი სამშობლოს - საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ესეც დრამატიზმით აღსავსე მომენტი იყო - ტანჯვით იბადებოდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა.
დღეს აქ გახლავართ ჩვენი ქარტეხილიანი საუკუნის ბოლოს, რომელსაც მე თავისუფლების საუკუნეს დავარქმევდი და არა იმიტომ, რომ თავისუფლება მთელი კაცობრიობისათვის ცხოვრების ნორმად იქცა - ეს, სამწუხაროდ, ჯერ ასე არ არის, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ თავისუფლების ცნება პოლიტიკურ ღირებულებათა შკალაზე ყველაზე მაღალ ნიშნულზე აღმოჩნდა და აგრეთვე, იმიტომაც, რომ სწორედ ჩვენს საუკუნეში მარცხი განიცადეს თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე დაუძინებელმა მტრებმა.
ალბათ, ყველაზე მოულოდნელი, და იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საბჭოთა იმპერიის დაშლა იყო, რამაც დასაბამი მისცა ცივი ომის ბიპოლარული მსოფლიოს და, შესაბამისად, ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის დასასრულს.
იმპერიების მსხვრევა, ასე თუ ისე, მსგავსი მოდელით ხდება. თავდაპირველად იმარჯვებენ ცენტრიდანული ძალები, მერე მეტროპოლიაში იწყება ფანტომური ტკივილის შეგრძნება დაკარგულ ტერიტორიათა გამო და მიმართავენ ყოფილი იმპერიული სივრცის რეცენტრალიზაციის ცდებს.
მაგრამ ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ იმპერიის აღდგენა მუდამ რეაქციულ რეტროგრადთა აუხდენელ ოცნებად რჩება. ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერ დაატრიალებ. თუმცა, დღევანდელ იმპერიულ რეაქციონერებს არსენალში კვლავაც მოეძებნათ წარსულის სრული თუ არა, თუნდაც ნაწილობრივი დაბრუნების კიდევ ერთი შანსი - შეინარჩუნონ გავლენის სფეროები იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე, მე სულაც არ მაქვს მხედველობაში ინტერესთა, მათ შორის, სტრატეგიულ ინტერესთა სფეროები. ინტერესების შეჯერება და ჰარმონიზაცია ცივილიზებული გზით სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ. „გავლენის სფეროების“ ცნება კი გლობალიზაციის პროცესის ფონზე ანაქრონიზმად გვევლინება.
მაგრამ დავუბრუდები ცივი ომის დასრულებისა და ბიპოლარული მსოფლიოს დაშლის საკითხს, და მე, როგორც კაცი, რომელსაც მოუხდა ამ პროცესში მონაწილეობა, საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო ზოგიერთი რამ. რადგან დავა იმის თაობაზე, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ყოველივე, დღემდე გრძელდება.
არ უარვყოფ, რომ ცივი ომის დასრულების მიზეზებს კომპლექსურობა ახასიათებს და მაინც განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალი აზროვნების როლი, რომელიც ჯერ კიდევ „პერესტროიკამდე“ ჩაისახა. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერავითარი ეკონომიკური სიძნელეები, ან თუნდაც „ვარსკვლავეთის ომების“ ვერავითარი პროექტი სოციალისტურ ბანაკს ვერც დემოკრატიზაციას აიძულებდა ქვეყნის შიგნით, ვერც რადიკალურ ნაბიჯებს გადაადგმევინებდა საერთშორისო ასპარეზზე კონფრონტაციის დაძლევის მიზნით, საბჭოთა სახელმწიფოს შტურვალთან მიხეილ გორბაჩოვის გუნდის ნაცვლად კვლავაც ძველებურად მოაზროვნე ხელმძღვანელები რომ მდგარიყვნენ.
ამ ტრიბუნიდან მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო მიხეილ გორბაჩოვს, ჩვენი დროის გამოჩენილ მოღვაწეს იმ დიდი უბედურების გამო, რომელიც მას თავს დაატყდა მეუღლის, რაისა გორ- ბაჩოვას გარდაცვალებით.
იმ პერიოდის ახალი აზროვნება მრავალ ელემენტს შეიცავდა. მაგრამ, რომ ვცადოთ მისი, რაც შეიძლება ზოგადად დახასიათება, ალბათ, ეს იყო ერთგვარი კონცეფცია, გამიზნული, რომ უფრო ადამიანური გავხადოთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო.
საერთაშორისო ურთიერთობებში ეს, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავდა კლასობრივი მიდგომის პრინციპების შეცვლას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ეთიკური მიდგომით. სწორედ ამგვარი მიდგომის მეოხებით შეძლეს შემდგომში საბჭოთა სივრცის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, შედარებით უმტკივნეულოდ მოეხდინათ თავიანთი დემოკრატიული არჩევანი. ამის გარეშე ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა საბჭოთა ჯარების გამოსვლა ავღანეთიდან და ისეთი ჭეშმარიტად ეპოქალური მოვლენაც, როგორიც ბერლინის კედლის დანგრევა, გერმანიის გაერთიანება და აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება იყო.
ახალს უჭირდა ძველთან შეგუება. ყველასთვის როდი იყო მისაღები კლასობრივი მიდგომის საკაცობრიო ღირებულებათა პრიმატით შეცვლის აზრი. მახსოვს, როცა იგი პირველად გამოვთქვი საბჭოთა კავშირის დიპლომატებისადმი მიმართვაში, საბჭოთა სივრცეში დიდ შეხლა-შემოხლას და აზრთა აგრესიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მაგრამ განა მუდამ ასე არ იყო?
მსოფლიოში დიდი მასშტაბის ცვლილებებს მუდამ წინ უძღოდა პარადიგმატული ძვრები ადამიანთა შეგნებაში - ანუ ჯერ ახალი აზროვნება ყალიბდებოდა. ასე იყო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებშიც, როცა იბადებოდა მეცნიერულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო. ასე იყო განმანათლებელთა ეპოქაშიც, როცა თანასწორობისა და ჰუმანიზმის იდეებმა წარმოშვა დემოკრატიული სახელმწიფოს თეორია და პრაქტიკა.
ალბათ ზედმეტი არ იქნება ისიც გავიხსენოთ, რომ როცა ატომური იარაღის შექმნის შემდეგ ძირფესვიანად შეიცვალა სიტუაცია მსოფლიოში, ახალი აზროვნებისათვის მოუწოდებდნენ ჩვენი საუკუნის გამოჩენილი ადამიანებიც - ალბერტ აინშტაინი და ბერტრან რასელი.
ცივი ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ისტორიულ თუ მემუარულ ლიტერატურაში ხშირად მიუთითებენ გამარჯვებულებზე და დამარცხებულებზე. პრიმიტიულია ასეთი ახსნა ამ ურთულესი, მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენისა. როგორ შეიძლება, მაგალითად, დამარცხებულად ჩაითვალოს დიდი რუსეთი, რომელმაც სხვა ხალხებს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მაგალითი მისცა, ან ის სახელმწიფოები, ე.წ. სოცი ალისტურ ბანაკს რომ განეკუთვნებოდნენ და დღეს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები გახდნენ.
ცივ ომზე გამარჯვების ავტორებიც თანაბრად არიან ყოფილი დაპირისპირებული ბლოკების წარმომადგენლები, რომელთაც ახლებული აზროვნება და კაცობრიობის ბირთვული კოშმარისაგან ხსნის უკეთილშობილესი იდეა აერთიანებდათ.
თუ მაინცა და მაინც დამარცხებაზე ვილაპარაკებთ, დამარცხდა ძველი, დამყაყებული აზროვნება და იზეიმა ახალმა საღმა აზრმა, რომელიც კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპის თანმდევი თვისება უნდა იყოს. ცივი ომის დამთავრება XX საუკუნის უმთავრესი ინტელექტუალური გარღვევა გახლავთ.
აზრის განახლების პროცესი მარადიულია, მისი უძრაობა უკუმოძრაობის ტოლფასია. ჩემი შეხედულებით ათასწლეულის მიჯნაზეც აუცილებელია გამოვიმუშაოთ ახალი აზროვნება, ანუ ახალი პრინციპები სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში და ახალი მიდგომა საერთო პრობლემებისა და საფრთხისადმი.
დღეს, ათი წლის შემდეგ, რაც მოიხსნა რკინის ფარდა და დასრულდა ცივი ომი, სკეპტიკურ მოსაზრებებს გაიგონებთ მეოცე საუკუნის ამ უდიდესი ლიბერალურ-დემოკრატიული რევოლუციის მიმართ. აქაოდა, რა შეიცვალაო?
მართლაც, დროა, ალბათ, საღად შევაფასოთ მომხდარი, გავერკვეთ უამრავ ახალ შესაძლებლობაში, ამ ტექტონიკური ძვრის შედეგად რომ წარმოიშვა, ისევე, როგორც იმ არც თუ უბრალო პრობლემებში, რომელთა შესახებ ადრე ფიქრიც კი ძნელი იყო.
ჩემი უძველესი ქვეყანა - საქართველო ერთ-ერთი იმ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთაგანია, რომელთა მაგალითზეც შეიძლება საკმაოდ ზუსტად გავადევნოთ თვალი ახალ პოსტბიპოლარულ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს.
თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია 3000 წელზე მეტს ითვლის, ბედის უკუღმართობის გამო ჩემს ხალხს მოუხდა თავიდან დაეწყო ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში. ამ პროცესის დასაწყისი განსაკუთრებით ძნელი გამოდგა. პირველი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულმა გამოუცდელობამ და არაკომპეტენტურობამ ქვეყანა შიდა კონფლიქტებისა და სამოქალაქო ომის უფსკრულში გადაჩეხა. ამას მოჰყვა ეკონომიკის სრული კოლაფსი და სახელმწიფოებრიობის იმ ნიშნების დაკარგვაც კი, რომლებიც საბჭოთა სისტემამ დაგვიტოვა მემკვიდრეობით. ქვეყანა ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს მოწყდა. ყოველივე ამას თან სდევდა დამნაშავეთა არნახული თარეში, რისი აღკვეთაც მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მოხერხდა.
საქართველომ საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევა უკვე 1992 წლის გაზაფხულზე დაიწყო - იგი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი, აქტიურად ამყარებდა დიპლომატიურ ურთიერთობას, როგორც მეზობლებთან, ისე გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან. ფაქტობრივად უკვე მაშინ უმძიმეს პირობებში მყოფმა ქვეყანამ, მისმა ხალხმა და მისმა ხელმძღვანელობამ მოახდინეს თავიანთი არჩევანი - საქართველო დაადგა სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე დამყარებული თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზას. ამ სერიოზულ დაბრკოლებათა მიუხედავად, გამუდმებით რომ აღიმართებოდა მის გზაზე, საქართველოს ერთხელაც არ გადაუხვევია დასახული კურსიდან და მაშინაც კი, როცა „მორიგი კრიზისის“ დასაძლევად თითქოს აუცილებელი იყო „რკინის ხელის“ ნაცადი მეთოდის გამოყენება, ამას გამოვრიცხავდით, როგორც ახალი ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგოს.
დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პრინციპები და პრაქტიკა შეუმჩნეველი არ დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობას. ახალ პირობებში, როცა აღარ არსებობდა რეალური ბლოკური დაპირისპირება, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცათ საშუალება, ემოქმედათ მთელ პლანეტაზე, დახმარება აღმოეჩინათ გაჭირვებული სახელმწიფოებისათვის და ხელი შეეწყოთ მათი განვითარებისათვის. დახმარების ხელი გამოგვიწოდეს გაერომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ევროპის კავშირმა და მასში შემავალმა ქვეყნებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და ცალკეულმა სახელწიფოებმა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და სხვებმა.
საქართველოს უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი იყო 1995 წელი. სწორედ მაშინ მივიღეთ ქვეყნის ახალი, დემოკრატიული კონსტიტუცია. გავმართეთ პარლამენტის არჩევნები, საერთო-სახალხო კენჭისყრით ავირჩიეთ პრეზიდენტი. იმავე წელს მივაღწიეთ ფინანსურ სტაბილიზაციას, შემოვიღეთ ახალი ეროვნული ვალუტა. წლის დამლევისათვის ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების პერიოდში პირველად, აღირიცხა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დამყარდა წესრიგი - საბოლოოდ აღიკვეთა კრიმინალური თარეში. გამოკვეთილი დადებითი ტენდენციების ფონზე, იმავე 1995 წელს პირველად იგრიალა აფეთქებამ, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი. ამ ბარბაროსულმა ქმედებამ ერთგვარად აუწყა მთელ მსოფლიოს, რომ ყველას როდი მოსდიოდა თვალში საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი, მით უფრო, თუ ქვეყანა, ამ კურსის მეოხებით, რაღაც წარმატების მიღწევას შეძლებს.
ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ჩვენში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები შეუქცევადია. საკმარისია აღინიშნოს, რომ 1996-97 წლებში ყოველწლიურად ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 11 პროცენტი შეადგინა. ვალუტის კურსი უცვლელი იყო, ხოლო ინფლაციის დონე ნიადაგ მცირდებოდა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პროგრესი, საქართველომ რომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში და მის განხორციელებაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე წელიწადში ათწლეულების ტოლფასი გზა განვვლეთ. მიღებულია ურთულესი კანონები, მათ შორის, მეწარმეობის განვითარების, მიწაზე კერძო საკუთრების შესახებ. განხორციელდა სასამართლო რეფორმა, გაუქმდა სიკვდილით დასჯა და სხვა მრავალი.
სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო, რომელიც სრულყოფს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განავითარებს ეკონომიკას, საერთაშორისო დახმარების რეციპიენტიდან თანდათან ყველასთვის საჭირო პარტნიორი ხდება.
ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმ ახალმა ფუნქციამ, ბოლო წლებში რომ შეიძინა ქვეყანამ. კასპიის რეგიონის ცენტრალური აზიის ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებიც მრავალი ათწლეული მსოფლიოსაგან გამიჯნული იყვნენ ცნობილი შეუვალი კედლებით, დაიწყეს მსოფლიო ბაზრებზე თავიანთი სიმდიდრის გატანის ალტერნატიული გზების ძებნა. სამხრეთ კავკასიას და, განსაკუთრებით საქართველოს, შავ ზღვაზე თავისი გასასვლელებით, საკვანძო მდებარეობა უკავიათ მარშრუტში, რომლითაც დღეს უკვე წარმოებს ტვირთზიდვა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და პირიქით. მიმდინარე წლის აპრილიდან კასპიის ნავთობი უკვე მიედინება დასავლეთის მიმართულებით საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის ახალი მილსადენით. საქართველო ოდითგანვე დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი იყო. ეს ფუნქცია აღდგება იმ დიდი მაგისტრალის აღდგენასთან ერთად, უძველეს დროში კონტინენტებს რომ სერავდა, ხალხებს რომ აკავშირებდა, ხელს უწყობდა კულტურათა დიფუზიას და იდეათა გავრცელებას. ლაპარაკია დიდ ევრაზიულ სივრცეზე და შესაბამის სატრანსპორტო მაგისტრალებზე.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცალკეულმა ქვეყნებმა უდიდესი ინტერესი გამოავლინეს დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეისადმი. ევროპის კავშირმა წამოაყენა ტრასეკასა და ინოგეიტის პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ხდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსება და მუშავდება ნავთობ და გაზსადენების მრავალვარიანტიანი ქსელი. შეერთებული შტატების სენატმა ამას წინათ მიიღო სენატორ ბრაუნბეკის მიერ წარმოდგენილი აქტი „აბრეშუმის გზის სტრატეგიის მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისადმი დახმარებას მათი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, დემოკრატიის განვითარებაში, აგრეთვე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ენერგოშემცველების მრავალვარიანტიანი მილსადენების მშენებლობაში. ახალი აბრეშუმის გზის თაობაზე სტრატეგია იაპონიის მთავრობამაც შეიმუშავა. პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობს ჩინეთი და სხვა მრავალი სახელმწიფო. 1998 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის, საქართველოს პრეზიდენტების, ევროკავშირის ინიციატივით ბაქოში გაიმართა აბრეშუმის გზის ქვეყნების პირველი სამიტი, რომელზეც მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, ოცდამეერთე საუკუნის ამ გრანდიოზული პროექტი განხორციელებისა და მისი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით მონაწილე სახელმწიფოთა თანამშრომლობის ნებას რომ გამოხატავს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა - აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისს შევიდა ძალაში. რაც შეეხება ძვრებს იმ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნება, ისინი აღიარა ევროპის საბჭომ, რომლის სრულუფლებიანი წევრი წელს აპრილში გახდა ჩემი ქვეყანა.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დამოუკიდებელი განვითარების გზას დამდგარი ქვეყნის მოკრძალებული წარმატებები, მისი მონაწილეობა პლანეტური მნიშვნელობის პროექტებში, მისი სწრაფვა რეგიონალურ, მსოფლიო და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისადმი იწვევდა და კვლავაც იწვევს იმ რეაქციული ძალების გაღიზიანებას, რომლებიც მიმოფანტული არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სადაც ისინი, სხვათა შორის, სერიოზულ საფრთხეს უქმნიან სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში არსებულ დემოკრატიულ რეჟიმს.
1995 წელს საქართველოში მომხდარი აფეთქება ერთადერთი ინციდენტი როდი აღმოჩნდა. მას მოჰყვა სხვა პროვოკაციები და ტერორისტული აქტები, მათ შორის, პრეზიდენტზე ხელმეორე თავდასხმაც. კიდევ გაგრძელდება თუ არა ასეთი მცდელობა, რომ საქართველო აიძულონ გადაუხვიოს არჩეული გზიდან? გამორიცხული არ არის, რადგან ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური ძვრები ადვილად არ ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის მტრები იყენებენ მათ ხელთ არსებულ საშუალებათა მთელ არსენალს, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და, ასე განსაჯეთ, ამომრჩეველთა მოსყიდვასაც, რათა ქვეყნის მართვის საჭესთან მათთვის სასურველი რეჟიმი მოიყვანონ.
გლობალიზაციისა და გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება იმუნური ეკონომიკური კრიზისების ინფექციისადმი. შარშან დამოუკიდებელმა საქართველომ თავის თავზე გამოსცადა გლობალური კონიუნქტურის ზეგავლენა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფინანსური კრიზისი დაიწყო მეზობელ რუსეთში, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს საგარეო-სავაჭრო ეკონომიკურ ოპერაციებში.
დღეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდა საბაზრო ეკონომიკამ და მისმა საბანკო სისტემამ ღირსეულად ჩააბარეს ეს გამოცდა. ყოველივე ამაში დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მეგობარმა ქვეყნებმა.
და მაინც, საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა კვლავ არის მოუწესრიგებელი კონფლიქტები და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სწორედ ის პრობლემა, ახალ საფრთხეთა რიგს რომ განეკუთვნება, რომელთა გადასაჭრელადაც, ვიტყვი პირდაპირ, მსოფლიო თანამეგობრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. გარედან სამხედრო მხარდაჭერით მოქმედ აფხაზ სეპარატისტთა მიერ ჩადენილი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი და სხვა ეროვნების ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები დახოცილია და დაახლოებით 300 000 გამოდევნილია საკუთარი სახლ-კარიდან. ჩვენი ქვეყნის უთავშესაფროდ დარჩენილი ეს სრულიად უდანაშაულო მოქალაქენი, იმ დახმარების მიუხედავად, მთავრობა, გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამსახური და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები რომ უწევენ, უკიდურეს გაჭირვებაში არიან. ეს ღრმად ტრავმირებული, გაუგონარი სიმხეცის მნახველი ადამიანები მოითხოვენ ყველაზე ხელშეუვალი უფლების - საკუთარ სახლში ცხოვრების უფლების დაცვას.
სამწუხაროდ, ბალკანეთში დაპირისპირებისაგან განსხვავებით აფხაზეთის კონფლიქტი მსოფლიოს სატელევიზიო ეკრანის მიღმა დარჩა და ამიტომ მსოფლიო საზოგადოებრიობამ ნაკლებად იცის მის შესახებ. მაგრამ, მენდეთ მე, კაცს, რომელმაც საკუთარი თვალით ვიხილე იქ ჩადენილი მხეცობა, - სიძულვილის ბაცილით შეპყრობილი პირები კარგავენ ადამიანის სახეს და ერთნაირად ბარბაროსულად იქცევიან - კოსოვო იქნება ეს, რუანდა თუ აფხაზეთი, მოხდა დაუჯერებელი რამ, აფხაზებმა, რომლებიც მოსახლეობის 17 პროცენტს შეადგენდნენ უცხო ძალის - რეგულარული ნაწილებისა თუ დაქირავებული ბოევიკების მეშვეობით, რეგიონიდან გამოდევნეს მოსახლეობის უმრავლესობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ არა აფხაზები, არამედ ქართველები, სომხები, ებრაელები, რუსები, ბერძნები და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები. ყოველივე ამას თან სდევდა მასობრივი დახვრეტები, მკვლელობები სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე.
საერთაშორისო ორგანიზაციების, უწინარეს ყოვლისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აგრეთვე, ეუთოს, რუსეთის ფედერაციის, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევას ჯერ საგრძნობი შედეგები არ მოჰყოლია.
ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის გადაჭრის ცდების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ უმაღლესი საერთაშორისო ორგანოს გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე, რომელსაც წესდებით ეკუთვნის მსოფლიოში უშიშროების გარანტის როლის შესრულება, ჯერაც არ მისცემია ობიექტური შეფასება იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში აფხაზეთში.
განა სავსებით ცხადი არ არის, რომ შეუძლებელია ებრძოლო ბოროტებას, თუ მას თავის სახელს არ დაარქმევ, ანუ არ მისცემ მომხდარს იურიდიულ შეფასებას. აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის შესახებ გაეროს ოცდაერთ რეზოლუციაში არ არის მოცემული ასეთი მკაფიო თეზისი, იმის მიუხედავად, რომ ეუთოს ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების დასკვნით დოკუმენტებში აფხაზ სეპარატისტთა ხელმძღვანელობის მოქმედება კვალიფიცირებულია როგორც ეთნიკური წმენდა. და მართლაც, რეაქციული გარეშე ძალებით წაქეზებული სეპარატისტთა ხელისუფლების ერთადერთი მიზანი იყო ავტონომიური რესპუბლიკის დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლა. ახლა ძნელი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ თავის მიზანს მიღწეული რეჟიმი მხოლოდ თხოვნითა და შეგონებებით დავიყოლიოთ, დააბრუნოს ლტოლვილები თავიანთ სახლ-კარში.
ისე ნურავინ გამიგებს, რომ ისტორიულად ჩვენი მოძმე აფხაზი ხალხის სისხლი გვწყურია ან შურისძიება გვამოძრავებს. არა, დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, ქართველები და აფხაზები იცხოვრებენ ერთად თავიანთ ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში, მაგრამ იმისათვის, რომ დაჩქარდეს ქართველთა და აფხაზთა შერიგების პროცესი, მომხდარ ტრაგედიას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
ისიც მინდა იცოდეთ, რომ საქართველო სთავაზობს აფხაზეთს ფედერაციის სუბიექტის საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ უმაღლეს სტატუსს, რომელიც მას მისცემს უფლებას, ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუცია, თავად განსაზღვროს თავისი პარლამენტისა და აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა, თავად შექმნას სასამართლო ხელისუფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო რეგიონთშორისი ორგანიზაციების მუშაობაში, გადაწყვიტოს სოციალური პოლიტიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, გარემოს დაცვის და სხვა საკითხები.
რა გასაკვირია, რომ საუკუნეში, როცა თავისუფლების ცნებამ ესოდენ დიდი ღირებულება შეიძინა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ადამიანის უფლებები. უსამართლობა იქნებოდა არ აღგვენიშნა, რომ ბოლო ათწლეულებში ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ახალი საერთაშორისო დოკუმენტების შემუშავების, ისე კონკრეტულ ქვეყნებში, კონკრეტულ პიროვნებათა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მათი საქვეყნოდ გამოცხადების თვალსაზრისით.
სანამ საქართველოს ევროპის საბჭოში მიიღებდნენ, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რამდენიმე წელს ზედმიწევნით ეცნობოდნენ საქმის ვითარებას ქვეყანაში - რამდენად თავისუფალი იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, რა პირობებში იმყოფებოდნენ მოქალაქენი და პატიმრები, მათ შორის, უმძიმეს დანაშაულთა ჩამდენნი, და ამ საკითხის კიდევ მრავალ სხვა ასპექტს. მადლიერი ვართ ევროპის საბჭოსი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისა, აგრეთვე, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციისა, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ასპექტისადმი შეუნელებელი ყურადღების, ობიექტური შეფასებებისა და რეკომენდაციების გამო.
ცალკეულ ადამიანთა უფლებებისადმი ესოდენ დიდი ყურადღების ფონზე, პირადად მე, მიჭირს გავიგო საერთაშორისო გაერთიანების ერთგვარი გულგრილობა აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი კაცის ბედისადმი და მათი იმ ძირითადი უფლების აღმაშფოთებელი დარღვევისადმი, რომ იცხოვრონ საკუთარ სახლში. აქ საქმე იმას კი არ ეხება, ეწევათ თუ არა მათ დახმარება, რა თქმა უნდა, მათი ხვედრი უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა გაერო, ცალკეული ქვეყნების ჰუმანური მხარდაჭერა, მაგრამ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, ერთადერთი დახმარება, რომელიც მათი მდგომარეობის ადეკვატური იქნებოდა, ეს გახლავთ მათი უფლებების აღდგენა, ანუ მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება და ის, რომ საკადრისად მიეზღოთ, თუნდაც, სათანადო შეფასებათა სახით, ამ უფლებათა დამრღვევთ - ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთ. სამწუხაროდ, სწორედ ამ მიმართულებით ჯერაც პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.
თუმცა, ამ ტრიბუნიდან არ არის მიღებული პირად გრძნობებზე და განცდებზე ლაპარაკი, მაგრამ მიჭირს ხოლმე თავი შევიკავო ემოციებისაგან, როცა საქმე ეხება სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, საკუთარი სახლებიდან გაყრილებს უმოწყალო ძალით, რომელსაც მხოლოდ ერთი გრძნობა - სიძულვილი ამოძრავებდა. განსაკუთრებით გული მტკივა იმიტომ, ვიყავი რა ცივი ომის დასრულების ურთულესი პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ისევე, როგორც ჩემს თანამოაზრეთ, მჯეროდა, რომ ბლოკური დაპირისპირებისაგან განთავისუფლებული მომავალი მსოფლიო წესრიგი არ დაუშვებდა უსამართლობას, რომ მსოფლიო იერარქიის სათავეში მდგარი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი უშიშროების საბჭო შეძლებდნენ ახალ პირობებში აღეკვეთათ ცალკეულ ძალთა ცივილიზებული არსებობის ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება.
წარმოიდგინეთ, როგორია ჩემი იმედგაცრუება, როცა მოხდა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და იგი კვლავაც დაუსჯელად გრძელდება ჩემს საკუთარ ქვეყანაში. ორგზის გამოვედი უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მომხდარის დეტალური განმარტებით, მაგრამ მის რეზოლუციათა ფორმულირებებშიც კი არსებითი პროგრესის მიღწევა ჯერაც ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ გაეროში როგორც დიდი, ისე პატარა სახელმწიფოების მეთაურთა გამოსვლები შეუმჩნეველი არ უნდა რჩებოდეს.
ჩემი იმედგაცრუების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ პირველივე დღიდან მხარი დავუჭირე ნატოს ოპერაციას კოსოვოში ეთნიკური წმენდის აღსაკვეთად, რადგან იგი ბოროტების წინააღმდეგ საჭირო მტკიცე დაპირისპირებად მივიჩნიე. ამასთან, კოსოვოში განხორციელებული აქცია არავინ არ უნდა გაიგოს, როგორც აგრესიული სეპარატიზმის, თუნდაც ირიბი მხარდაჭერა. არა და არა. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სენი სწორედ აგრესიული სეპარატიზმი და არსებულ დემოკრატიულ წყობათა ძალის გამოყენებით შეცვლის მცდელობაა.
რაც ცივი ომი დასრულდა, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა ორ იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ბანაკს შორის ბირთვული ომის საშიშროება, ხოლო ლოკალური კონფლიქტები, ნამდვილ მიზეზთა მიუხედავად, ასევე იდეოლოგიურ ელფერს იძენდა, პოლიტოლოგები ინტენსიურად მუშაობენ საიმისოდ, რომ განსაზღვრონ დღევანდელობის აგრესიის გამომწვევი ვირუსის ბუნება და მომავალში შესაძლო შეტაკებების მიზეზები. არსებული თეორიული მოსაზრებანი უაღრესად საინტერესოა, და დავა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესატყვისება ისინი სინამდვილეს, უეჭველია, მრავალ წელს გასტანს.
მეორე მხრივ, დღევანდელი კონფლიქტებისათვის თვალის ერთი გადავლებითაც სავსებით ცხადი ხდება, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანი უკავშირდება ეთნიკურ უმცირესობათა მიერ ხალხთა თვითგამორკვევის უფლების არასწორ გაგებას და, ხშირად, იმავე უმცირესობის უფლების ასევე არასწორად გაგებას ტიტულიანი ეროვნებების, ან თუნდაც სახელმწიფოთა ცენტრალური ხელისუფლების მხრივ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კონფლიქტებს საფუძვლად უდევს ან აგრესიული სეპარატიზმი, ანდა ეროვნულ უმცირესობათა უფლებების არანაკლებ აგრესიული შელახვა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთიც და მეორეც.
ასეთი დაპირისპირებისას მოსახლეობის რაღაც ნაწილი არასასურველი ხდება, ანუ ხელს უშლის ავანტიურის წამომწყებ ვაი-პოლიტიკოსთა ჯგუფს. ასეთ არასასურველთ სასტიკად უსწორდებიან - მათ წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას და გენოციდსაც კი მიმართავენ. დღეს პლანეტაზე ასობით ისეთი ადგილია, სადაც მავანთ შეიძლება თავში მოუვიდეთ ამგვარი „თვითგამორკვევა“, ანდა ისარგებლონ უკვე ნაცადი და სამწუხაროდ, მრავალ შემთხვევაში წარმატებული მეთოდით, რომელსაც „დემოგრაფიული ინჟინერიის“ მეთოდად მოვნათლავდი. ერთი წარმოიდგინეთ, რა ქაოსური გახდება ჩვენი სამყარო და რა ენით აუწერელი ტანჯვა-წამება დაატდება თავს მრავალმილიონობით უდანაშაულო ადამიანს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ეთნიკურობის თვალსაზრისით, შეუფერებელნი აღმოჩნდნენ.
რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ პირწავარდნილ ნაციონალისტებს და კაცთმოძულეებს შეაკავებს რაიმე თეორიული პოსტულატები ან საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში ჩამოყალიბებული იურიდიული ფორმულირებანი. და მაინც, მგონია, რომ სახელმწიფოს მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევის საკითხი დღეს, როცა წარსულს ჩაბარდა კოლონიურ იმპერიათა ეპოქა, საჭიროებს ახალ, უფრო მკაფიო ფორმულირებას, რათა პოტენციურ კონფლიქტურ სიტუაციაში ყოველმა მხარემ მთლიანად გაიაზროს თავისი პრეტენზიების საერთაშორისო ლეგიტიმურობის ზღვარი. იმ დემოკრატიულ სახელმწიფოთა შემთხვევაში, რომლებიც იცავენ ყველა მოქალაქის თანასწორობის პრინციპს, ჰყავთ თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრები მთელი ხალხის ინტერესების თანაბრად გამომხატველი მთავრობა, თვითგამორკვევა უნდა განიხილებოდეს როგორც, ფართო გაგებით, თვითგამოხატვის უფლება, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საზღვრებში, რომელიც, თავის მხრივ, პატივს სცემს ამ უფლებებს ძალის გამოყენებაზე. ძალით განცალკევებაზე, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე ლაპარაკიც კი არ უნდა იყოს.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. საზღვრების ძალით შეცვლა მუდამ ორივე მხრიდან მოტივირებულია რაღაც ისტორიული სამართლიანობით. ისტორიას, რომელიც ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ, თითოეული საკუთარი ინტერესების შესაბამისად განმარტავს. ვფიქრობთ, რომ ახალი აზროვნება ამ საკითხშიც უნდა გამოვლინდეს. საერთაშორისო ურთიერთობაში, ალბათ, არ ღირს მეტისმეტად აქცენტირება, უფრო ზუსტად კი ისტორიული პრეცედენტების როლის გაბუქება. სწორედ ეს ჰქონდათ მხედველობაში, როცა ჰელსინკის შეთანხმებებში ჩამოაყალიბეს ნორმა არსებული საზღვრების ურღვეობის შესახებ. ჩემი მხრიდან, მკრეხელობა იქნებოდა ისტორიის როლის დაკნინება და, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმები ზოგიერთი მეცნიერის აზრს საერთოდ ისტორიის სწავლების მავნებლობის თაობაზე, თუმცა, საერთაშორისო უერთიერთობაში და, განსაკუთრებით, ჩიხურ სიტუაციებში, როცა მხარეები ემოციურად იმოწმებენ წარსულს, აჯობებს ვიყუროთ წინ და არა უკან.
მეორე მხრივ, არაფერი არ აყალიბებს ისე საფუძვლიანად ეროვნულ თვითშეგნებას, როგორც ხალხის მიერ საკუთარი ისტორიის ცოდნა. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს - ინტენსიური გლობალიზაციის ეპოქაში. მაგრამ ცალკეული ხალხების, განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ხალხების ძალისხმევა საკმარისი არ იქნება საიმისოდ, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიოს მრავალფეროვნება.
უნიკალურია ყველა ხალხის, დიდის თუ მცირერიცხოვანის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის, მსოფლიო კულტურის განვითარებაში. უნიკალურია ჩემი პატარა ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილიც. თითოეული ხალხის კულტურა განუმეორებელი ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლანეტის წინაშე მთელი სიმწვავით დგას ეკონომიკური, ეკოლოგიური, სიღარიბის დაძლევის, დემოგრაფიული პროცესის მართვის, მდგრადი განვითარების და სხვა მრავალი პრობლემა, მოვიდა დრო, მსოფლიო შემობრუნდეს კულტურულ მემკვიდრეობათა შენარჩუნებისა და გადარჩენის პრობლემისაკენ, რაც ჩვენი თანამედროვისა და მომავალ თაობათა სულიერად გამდიდრების და გაკეთილშობილების უშრეტი წყაროა, ჩვენ ასე ვამბობთ საქართველოში: გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა იხსნის ერს. არ შემიძლია არ დავსძინო, რომ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს ამ მხრივ მსოფლიო ბანკი, ზოგიერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია.
ჩემი აზრით, საყოველთაო ჰომოგენიზაცია, მცირერიცხოვანი ხალხების კულტურებს რომ ემუქრება, უნდა შევიტანოთ თანამედროვე საფრთხეთა რეესტრში და დავიწყოთ მათი დაცვის კოლექტიური მექანიზმების შემუშავება.
ბოლო წლების მოვლენებმა მთელი სიცხადით გვაჩვენა, რომ პლანეტაზე უშიშროებისათვის კოლექტიური პასუხისმგებლობის არსებულ სისტემას ჯერ კიდევ ბევრი აკლია სრულყოფამდე. და თუმცა, ბიპოლარულობის დაძლევამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს საქმიანობის პერსპექტივები, მათ ყოველთვის არ ძალუძთ თავი გაართვან ახალ საფრთხესა და საშიშროებას. წესრიგი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ მივმართავთ ნეგატიურ სანქციებს, ეს კი სწორედ ის გახლავთ, რასაც გაერო ყოველნაირად, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, თავს არიდებს. ათასგვარი სერიოზული დანაშაულის ჩამდენი აგრესორები კვლავაც დაუსჯელნი არიან და ერთგვარ რესპექტაბელობასაც კი იძენენ, მონაწილეობენ რა გაეროს მიერ გამართულ მოლაპარაკებებში კანონიერი მთავრობების თანაბრად. არადა, გაეროს წესდება თითქოს ითვალისწინებს ქვეყნად უშიშროების უზრუნველყოფის საკმაოდ მძლავრ მექანიზმს. ისეთი მრისხანე სიტყვათშეთანხმებანი, როგორიცაა მეშვიდე თავი ან იგივე სამხედრო საშტაბო კომიტეტი, მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე რჩება.
რა თქმა უნდა, ქების ღირსნი არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუძემდებელნი თავიანთი სიბრძნისა და გამჭრიახობისათვის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსოფლიოს ბედისათვის კოლექტიური პასუხისმგებლობის მათ მიერ შექმნილი მექანიზმი სულ სხვა ეპოქისათვის იყო გათვალისწინებული.
შეუძლებელია, არ ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს მოწესრიგების ცდების მიუხედავად, პლანეტის დიდი ნაწილი ისევ ანარქიის მდგომარეობაში ცხოვრობს, მეორე მხრივ, უფრო მკაცრი და სამართლიანი წესრიგის აუცილებლობა სულ უფრო აშკარაა. ეროვნული სახელმწიფოები ვერ იტევენ დღევანდელ საფრთხეთა უმრავლესობას - ისინი პლანეტური არიან თავიანთი ხასიათით. მათ ცალკე ვერ გაართმევს თავს ვერც ერთი ქვეყანა. ვფიქრობ, როგორც ეს ცალკე აღებულ სახელმწიფოში ხდება, მსოფლიოსაც უწინარესად სჭირდება ფუძემდებელი პრინციპებისადმი თავისი სუბიექტების ერთსულოვანი თანხმობის უზრუნველყოფა. იგი თითქოსდა გამოხატულია მრავალი ქარტიითა და კონვენციით. მაგრამ სინამდვილეში ასე როდია. ტერორიზმისადმი დამოკიდებულება შეიძლება მაგალითად გამოდგეს. ტერორიზმის დამგმობი საჯარო გამოსვლების მიუხედავად, ბევრს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მისაღებ საშუალებად მიაჩნია იგი პოლიტიკური და სხვა მიზნების მისაღწევად. სხვა რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ტერორისტები, რომელთა ვინაობაც საყოველთაოდ არის ცნობილი, ტყე-ტყე არ დარბიან და იმალებიან, არამედ თავშესაფარს სახელმწიფოებში პოულობენ. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს ტერორიზმი სამხედრო და სხვა ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარების ეპოქაში, აუცილებლად მიმაჩნია გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გამოიმუშავებს ტერორიზმთან ბრძოლის განსაკუთრებულ ზომებს ძლიერი ანტიტერორისტული რეგიონალური ცენტრების სისტემის საშუალებით.
რასაკვირველია, მსოფლიო გარკვეულწილად დღესაც რეაგირებს დროით წარმოქმნილ საშიშროებაზე. ცალკეული სახე- ლმწიფოები და სახელმწიფოთა გაერთიანებები სერიოზულ ძალისხმევას მიმართავენ გლობალურ სნეულებათა წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგჯერ, როგორც ეს ახლახან მოხდა კოსოვოში, ისინი კისრულობენ ისეთ რთულ ამოცანას, როგორიცაა მშვიდობისათვის იძულება. ჩემი აზრით, არავის არა აქვს მორალური უფლება დაგმოს ნატო განხორციელებული ოპერაციისათვის, და მით უმეტეს, იმათ, ვინც თავიანთი უმოქმედობით წესრიგის დამრღვევთა წისქვილზე ასხამენ წყალს და მაინც, ეს არ არის ნამდვილი კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოვლენა. გამოდის, რომ დემოკრატიული, განვითარებული და, შესაბამისად, ძლიერი სახელმწიფოების ნაწილი გარკვეულწილად კისრულობს დანარჩენი მსოფლიოს მეურვეობას, ამის გამო, მათთვის მადლობა გვეთქმის, მაგრამ საქმისათვის აჯობებდა, ყველაზე ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოები, მსოფლიოს ბედისათვის პასუხისმგებლობა რომ აქვთ ნაკისრი, თავიანთ მისიას ახორციელებდნენ პლანეტის საერთაშორისო ორგანიზაციების მექანიზმებით. ადრეც წამოვაყენეთ წინადადება, გაიზარდოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობა და ვეტოს უფლების მისადაგება თანამედროვეობის მოთხოვნებისადმი. ჩემი აზრით, არ შეიძლება ვეტოს უფლების ლამის ავტომატური აბსოლუტიზირება. ხომ ფაქტია, რომ ბიპოლარულ მსოფლიოში ეს პრაქტიკა არსებითად გამო- რიცხავდა მშვიდობისათვის იძულების ოპერაციების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან იმხანად ნებისმიერი ძალა გარკვეულწილად ერთ ან მეორე პოლუსს წარმოადგენდა.
ცივი ომის დამთავრების შემდეგ მშვიდობისათვის იძულების მიზნით კოლექტიური გადაწყვეტილებების შესაძლებლობა კვლავ გაჩნდა. კუვეიტის წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ ბევრს ჩაუსახა იმედი, რომ ამიერიდან უშიშროების საბჭოს ქვეყნები დაიცავენ ერთიან პრინციპებს და ეთიკური მიდგომა გაიმარჯვებს. სხვა იმედისმომცემი მაგალითები იყო, მაგრამ კოსოვოსთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოდან ისევ ომისშემდგომი კონფრონტაციის ცივმა ნიავმა დაბერა. ასე განსაჯეთ, ცივი ომის ლექსიკონიდანაც მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობის ნაცნობი სისხლგამყინავი ფრაზებიც კი გაისმა. ოპერაცია განახორციელა ნატომ - და მისი ჰუმანური მოტივების მიუხედავად, იგი, ისევე როგორც დღესდღეობით ნებისმიერი ეთიკური ქმედება, შეიცავდა პრაგმატულ კომპონენტსაც - ნატო კოსოვოში შექმნილ სიტუაციაში რომ არ ჩარეულიყო, ლტოლვილთა ნაკადი უთუოდ დაარღვევდა სუსტ წონასწორობას ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში, და შეიძლება კონფლიქტში მთელი რიგი სახელმწიფოებიც აღმოჩენილიყვნენ ჩათრეული. შეიძლება დიდი ბალკანური ომის მომსწრენიც ვყოფილიყავით.
დღევანდელ მსოფლიოში ეთიკური მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე გამართლებულია პრაგმატული თვალსაზრისითაც, სწორედ მორალური პოზიციებით უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა სიკეთე მოვუტანოთ კაცობრიობას, უნდა ვირწმუნოთ მხოლოდ იმ პოლიტიკისა, რომელიც მხოლოდ მორალისა და ზნეობის საფუძველს ეყრდნობა. ეს უნდა გახდეს მომავალ ოცდამეერთე საუკუნეში ახალი აზროვნების ძირითადი შემადგენელი.
იმედით აღგვავსებს გენერალური მდივნის სიტყვები, რომ „უახლოეს ხანში განხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ღონისძიებანი“ და ეს რეფორმა „მომავალი რეგიონალური კონფლიქტების შემთხვევაში საშუალებას მოგვცემს ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად“.
დღეს არსებულ სერიოზულ საფრთხეთა მიუხედავად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ კაცობრიობას ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ესოდენ უნიკალური შანსი შექმნას სამართლიანი მსოფლიო წყობა, ხალხთა ერთგვარი, შეძლებისდაგვარად ჰარმონიული თანამეგობრობა, მართალია, ზოგჯერ ისევ გაისმის კონფრონტაციული რიტორიკა, მაგრამ მერწმუნეთ, დღევანდელი წინააღმდეგობები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძველი დაპირისპირებიდან ხელოვნურადაა გადმოტანილი და ყავლგასულია. სავარაუდოა, რომ ეს უფრო მეტად ცალკეული ქვეყნების მწვავე საშინაო პრობლემების მისაჩუმათებლად კეთდება. თაობები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშიში ცივი ომი უსისხლოდ დაამთავრეს, შეძლებენ კონტინენტებს, სახელმწიფოებსა და ადამიანებს შორის გამოძებნონ საერთო ენა და ცივილიზებული დიალოგის მეშვეობით შეამოკლონ დღევანდელი და ხვალინდელი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადასაწყვეტად გასავლელი გზა.
მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების გამყოფი ხაზები რომ დავძლიოთ, ახლა უნდა ვისწავლოთ იმ სხვა ხაზების მოშლაც, მსოფლიოს ხალხებს მდიდრებად და ღატაკებად, განათლებულებად და გაუნათლებლებად რომ ჰყოფს, და ამ პროცესში ასევე საჭიროა ახალი მიდგომა, ახალი აზროვნება. გლობალიზაცია როდი უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ბაზრებზე შეღწევას, უსაზღვრო თავისუფალ ვაჭრობას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებას. მას თან უნდა სდევდეს პლანეტის ბედისათვის პასუხისმგებლობის გლობალიზაცია და, უწინარეს ყოვლისა, იმის შეგნება, რომ მსოფლიო დღეს მცირეა საიმისოდ, რომ უმტკივნეულოდ აიტანოს ფუფუნებისა და სიღატაკის მეზობლობა, უნდა გამოვნახოთ გზები, რათა გაჭირვებულ განვითარებად ქვეყნებს შევუმსუბუქოთ ვალების სიმძიმე, თორემ სხვაგვარად, ეს ხალხები, ფინანსური რესურსების დეფიციტის მუდმივი წნეხის ქვეშ მყოფნი, ვერ დააღწევენ თავს სიღატაკეს და, რაღა თქმა უნდა, ვერ ააშენებენ თავისუფალ საზოგადოებას. არადა, საამისოდ მათთვის დახმარება მარტო ეთიკის საკითხი კი არა, პრაქტიკული მიზანშეწონილობაა. დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ერთი ქვეყნის სიღატაკე ექოდ გაისმის მეორე ქვეყნებში - ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და დამნაშავეობის სახით. იმისათვის, რომ უსაფრთხო იყოს, მომავლის მსოფლიო უნდა შედგებოდეს ზომიერად მაინც უზრუნველყოფილი თავისუფალი ქვეყნებისაგან, რომლებიც განახორციელებენ ისეთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გამჭვირვალე და ადვილად განსაჭვრეტი რომ იქნება.
მე მახსენდება ბევრი მაღალგანვითარებული სახელმწიფოს მეთაურთა გამოსვლები სხვადასხვა მსოფლიო ფორუმებზე, მათ შორის, პრეზიდენტ კლინტონის დამაიმედებელი სიტყვა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელშიაც იგი ხაზს უსვამს ღარიბი ქვეყნებისათვის ვალების შეუბუქების საკითხის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
არსებობს ასეთი მოწოდებებიც: შევიდეთ XXI საუკუნეში განვითარებად და ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებთან ერთად ისე, რომ ისინი გათავისუფლდნენ ვალების ტვირთისაგან. იქნება გვეფიქრა, ვალების პრობლემის გადაწყვეტის ათწლიან პროგრამაზე, სწორედ XXI საუკუნის დასაწყისში. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც საუკუნეთა და ათასწლეულთა ისტორიაში შუქურასავით გამოჩნდებოდა და მრავალ ხალხს გაუნათებდა გზას უფრო ნათელი მერმისისაკენ.
არაერთგზის მითქვამს, რომ საერთო ანგარიშით, ოპტიმისტურად ვუყურებ კაცობრიობის მომავალს. ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებს ჩემი რწმენა, რომ თუმცა ნელა, მაგრამ კაცობრიობა იძენს გამოცდილებას, სწავლობს და შეუძლია გა- რდაიქმნას. ამის მაგალითად გამოდგება მარშალის გეგმაც და ომის შემდგომი ევროპაც, რომელმაც უკუაგდო ძველი ანტაგო- ნიზმების ქიმერა და ისწავლა ახლებურად ინტეგრირება.
1985 წელს, ამ ტრიბუნიდან, როცა ბევრს ლაპარაკობდნენ „ვარსკვლავეთის ომებზე“ და კაცობრიობის დასასრულზე, მე განვაცხადე, რომ ახალი აზროვნება მსოფლიოს სთავაზობს არა „ვარსკვლავეთის ომებს“, არამედ „მშვიდობიან ვარსკვლავეთს“. მადლობა უფალს, რომ ეს გამონათქვამი ოცნების სფეროში არ დარჩა და კაცობრიობა თანდათანობით თავს აღწევს ბირთვული ომების კოშმარს, დედამიწაზეც და ზეცაშიც.
ეს საფუძველს მაძლევს გამოვთქვა იმედი, რომ ახლებურად აზროვნებას დაუფლებული კაცობრიობა მომავალ საუკუნეს ყველასათვის ჭეშმარიტი თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობის და საყოველთაო ჰარმონიის ეპოქად აქცევს.
მორალური პოზიციებით უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა სიკეთე მოვუტანოთ კაცობრიობას, ეს უნდა გახდეს მომავალ ოცდამეერთე საუკუნეში ახალი აზროვნების ძირითადი შემადგენელი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 სექტემბერი. - №253 (3294). - 1, 2, 3 გვ.
![]() |
32 ბატონ ნიკა ცხაკაიას |
▲back to top |
ბატონო ნიკა,
გულითადად გილოცავთ 70 წლის იუბილეს.
ჩვენ თითქმის თანატოლები ვართ, ბედმაც ისე ინება, რომ ხშირად გვიწევდა გვერდიგვერდ ყოფნა, საერთო საქმის კეთება და არ მახსოვს, როდესმე მენახეთ დამთმობი, უპრინციპო, არაორგანიზებული.
უაღრესად დიდია თქვენი, როგორც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, თვალსაწიერი. ჩემი აზრით, ნიკა ცხაკაია სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ზუსტად ჩვენს დღევანდელობას ესადაგება, რადგან თქვენ გაქვთ სიახლის საოცარი ალღო და ინიციატივის აღების უნარი.
მჯერა, რომ ის სიკეთე, რომელიც თქვენი ქველმოქმედებით, გაჭირვებულთათვის თქვენი თანადგომით გითესიათ, თქვენს ლამაზ ოჯახს, თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა და ბადიშიშვილებს წაადგებათ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ ნიკა ცხაკაიას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 22 სექტემბერი. - №254 (3295). - 1 გვ.
![]() |
33 „სწორ გზას ვადგავართ, რაკი ვაშენებთ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც ყველა შემთხვევაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა ორიენტირებული“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის დღე. აფხაზეთის თემაზე თქვენ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზეც საკმაოდ დიდხანს ილაპარაკეთ და საერთოდ, შეიძლება ითქვას, თქვენი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჯერად მართლაც გამორჩეული და თავბრუდამხვევიც კი იყო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- 27 სექტემბერი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უბედური და შავბნელი დღე ჩემი სამშობლოს და პირადად ჩემს ცხოვრებაში.
საქართველოში იტყვიან ხოლმე - „ერთი სიკვდილი მაშინ მოვამთავრეო“, - და ეს სწორედ იმ დღეზეა ნათქვამი.
ღმერთმა ხომ იცის: რაც შემეძლო და რაც იმ პირობებში ქვეყანას შეეძლო, ყველაფერი გაკეთდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. რაოდენ უსიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ მტკიცედ ვიტყვი: ჩვენ რომ ერთიანი ვყოფილიყავით, 1987-1988 წლიდან საქართველოში რომ გონივრული პოლიტიკა განხორციელებულიყო, სამოქალაქო ომი რომ თავიდან აგვეცილებინა, ეს უბედურება არ მოხდებოდა.
შესაძლოა, გარეშე ძალებს მაინც გაეჩაღებინათ ომი აფხაზეთში, მაგრამ თავდასაცავად საქართველოს გაცილებით მეტი საშუალება ექნებოდა.
იმ ავადსახსენებელი 27 სექტემბრიდან მეც და ჩემს თანამებრძოლებსაც ერთი ღამე არ გაგვითევია, რომ სოხუმსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში დახოცილი, ნაწამები ადამიანები, ქალები, ბავშვები, მოხუცები თვალწინ არ დაგვდგომოდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ვთქვი: დანაშაული კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ არავის ეპატიება - არც დიდ, არც მცირე- რიცხოვან ხალხებს“.
რა დაგვავიწყებს დაბომბილ ქალაქებს, ლტოლვილთა უბედურებას. და ყველამ შესანიშნავად იცის, ვინც ბომბავდა, ვინც ამ საშინელებებს სჩადიოდა.
მაგრამ მათი ტანჯვა არ შეიძლება უსაშველოდ გაგრძელდეს. ისტორია ყველას მოჰკითხავს, მათ შორის იმათაც, ვინც სამამულო ომის ხანძარს აღვივებდა.
ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს - თითოეული ნაბიჯი, თითოეული სიტყვა და განცხადება. გამოძიების მასალებიც ბევრ რამეს მოგვითხრობს. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ის არის, რომ ჩემს ღირსეულ ერთან ერთად გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი, ბოლომდე შევსვი ბედისწერის მწარე სამსალა.
ისიც მახსოვს, როგორ სკდებოდა ჩემ გვერდით საავიაციო ბომბები, გრადის ჭურვები, როგორ იხოცებოდნენ იარაღით ხელში ჩემი თანამებრძოლები - საქართველოს მეომრები.
თუ ვინმე გადარჩა, ალბათ მხოლოდ უზენაესის ნებამ გადაარჩინა.
პირადად მე სიცოცხლე ნამდვილად არად მიღირდა 27 სექტემბრის ბრძოლის ველზე, - და თუ გადავრჩი, ალბათ, ესეც უფლის ნება იყო.
აფხაზეთი დღესაც თითოეული ჩვენგანის „ფიზიკური ტკივილია“, მარად მოუშუშებელი სულიერი ჭრილობაა, რომელიც ვერ შეხორცდება, სანამ კონფლიქტი სამართლიანად არ გადაწყდება. თუმცა ნაჭდევი, ალბათ, საუკუნოდ დარჩება.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც აფხაზ ხალხთან შერიგებისა და მშვიდობიანი, ძმური თანაცხოვრების მომხრენი ვართ. ესეც ვთქვი გაეროს ტრიბუნიდან.
ხალხი, როგორც ასეთი, მთლიანად, დედაწულიანად - არ შეიძლება იყოს დამნაშავე.
ეს შავბნელი ხანა დასრულდება და მაინც ერთად ვიცხოვრებთ.
ამრიგად, ტრაგიზმის მიუხედავად, დღევანდელი 27 სექტემბერი არც ოპტიმიზმს არის მოკლებული. და ეს ჩემი ფრაზაა, რომ დღევანდელ დღეს დაერქვას ხსოვნისა და იმედის დღე.
შეიძლება დაისვას კითხვა: რა გავაკეთეთ ექვსი წლის განმავლობაში აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად?
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, კერძოდ, საერთაშორისო ასპარეზზეც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, განვლილი წლების მანძილზე ჩვენ ნანგრევებსა და ნაღვერდალზე ავაშენეთ სახელმწიფო! - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ ფასეულობებს, საკაცობრიო ღირებულებებს და რომელსაც უკვე ძალუძს თავიც დაიცვას და სამართლიანობაც.
სწორედ ეს არის უმთავრესი მონაპოვარი და იმავდროულად ქვეყნის მთლიანობის აღდგენის უმთავრესი გარანტიაც.
აფხაზეთის პრობლემა იყო ძირითადი საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკშიც და ვაშინგტონშიც მრავალი უაღრესად საინტერესო და საგულისხმო მოვლენის მონაწილენი ვიყავით, აფხაზეთი და მხოლოდ აფხაზეთი იყო ჩვენი უპირველესი საზრუნავი და სადისკუსიო თემა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესაძლო სტატუსის საკითხი.
გაეროს ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ამ თემაზე მუშაობა ჩვენთან ერთად.
ვფიქრობ, სტატუსის იმ მოდელს, რომელსაც გაერო შეიმუშავებს, სხვა წონა და პოლიტიკური ფუნქცია ექნება.
გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დავადასტურე: საქართველო მზად არის ცნოს აფხაზეთის, როგორც ფედერაციის სუბიექტის, უმაღლესი სტატუსი - როგორც კი ცნობილია მსოფლიო პრაქტიკისა და სამეცნიერო თეორიისათვის. ოღონდ, რასაკვირველია, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის ძირითადი პრინციპები - თავდაცვა, საზღვრების დაცვა, საბაჟო სისტემა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, - და ეს ცენტრალური ხელისუფლების უეჭველი პრეროგატივა უნდა იყოს.
თუმცა, სოხუმის ხელისუფლებას რა უნდა ვუთხრათ, როცა ეს პრინციპები თბილისში მოქმედ ზოგიერთ პარტიასაც კი საეჭვოდ მიაჩნია. საბჭოთა კავშირის აღდგენაზეც ოცნებობენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე. სწორედ ეს იყო და არის ჩვენი უბედურების სათავე.
- ყოველ შემთხვევაში, მაშინ, იმ წლებში, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ იყო ერთიანობა, მაგრამ ასე აშკარად და ღიად საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ლაპარაკს ვერ ბედავდნენ. დღეს უფრო მეტად გამოჩნდა და უფრო გაიხსნა ეს ხალხი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფარდა აეხადა მათ...
- მე ამას იმით ვხსნი, რომ ისინი გარედან გრძნობენ გარკვეულ მხარდაჭერას და იმედი აქვთ, რომ სხვა ქვეყნებში მოხდება რაღაც დიდი, რადიკალური ცვლილებები და ჩვენ ვივლით არა მომავლისაკენ, არამედ წარსულისაკენ.
უახლოეს მომავალში გადაწყდება, აგრეთვე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან, კონგრესის ლიდერებთან შეხვედრებს, რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი, ვინაიდან ამას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
აქ საქმე მხოლოდ ის როდი გახლავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს მართლაც უნიკალური და უპრეცედენტო მიღება მოუწყვეს. მე მგონი, თქვენ დამიდასტურებთ ამას.
რაც მთავარია, ეს იყო არა მარტო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის, ასე ვთქვათ, წარსული დამსახურების აღიარება, არამედ დღევანდელი პოლიტიკის, დღევანდელი სახე- ლმწიფოებრივი კურსის აშკარა მხარდაჭერაც.
ამ თვალსაზრისით ეს გახლდათ მომავლისაკენ მიმართული ვიზიტი.
თამამად შეიძლება ითქვას ის, რაც წარმოუდგენელი იყო 6-7 წლის წინათ.
ჩვენი პატარა ქვეყანა წარმატებით ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობას მსოფლიოს უდიდეს და უმძლავრეს დემოკრატიასთან.
მაშასადამე, სწორ გზას ვადგავართ, რაკი ვაშენებთ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც ყველა შემთხვევაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა ორიენტირებული.
სწორედ ამიტომ გვეხმარებიან და ამიტომ გვიწვდიან ხელს.
2000 წლისათვის კვლავაც დაიგეგმა ამერიკის დახმარება 95 მილიონი დოლარის ოდენობით. წარმატებით ვითარდება, აგრეთვე, თანამშრომლობის პროგრამები სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სხვა სფეროებშიც.
იმავდროულად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი მიზანი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობა და ეროვნული ინტერესების დაცვაა. საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სრული უფლება აქვს დაიცვას თავისი კანონიერი ეროვნული ინტერესები, და ეს არავის არ უნდა აკვირვებდეს.
ბოლოს და ბოლოს, რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც ესოდენ დიდ დახმარებას გვიწევს იმისათვის, რომ აღსრულდეს ქართველი ერის საუკუნოვანი ოცნება და არა მარტო დაფუძნდეს, არამედ აყვავდეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო.
შესაძლოა, ეს ვინმეს მართლა არ მოსწონდეს, მაგრამ, თუ იმ ბნელი ძალების განრისხება გვაშინებდა, მაშინ დამოუკიდებლობა საერთოდ არ უნდა გამოგვეცხადებინა.
ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობა ანუ დამოუკიდებლობა ერის უდიდესი ღირსებაა.
მხოლოდ ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე დაყრდნობით შეძლებს ქვეყანა გადაწყვიტოს ურთულესი პრობლემები, მათ შორის აფხაზეთის, ქართულ-ოსური კონფლიქტის სამაგალითოდ მოწესრიგების პრობლემა.
ამასთანავე, საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სულაც არ გამორიცხავს კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობას რუსეთთან, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდ ანგარიშს უწევს.
იგი ჩვენი დიდი მეზობელია, რომელთანაც მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რა თქმა უნდა, ინტერესთა თანხვედრის და არა რომელიმე მხარის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის საფუძველზე.
ასეთია ჩემი ზოგადი შეხედულებანი ამ ვიზიტთან დაკავშირებით.
- რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, პრინციპში, მასთან, როგორც მაშინ ვამბობდით, ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების სურვილი იმთავითვე გამოითქვა, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია რუსეთთან ყოვლისმომცველი დიდი ხელშეკრულება, მაგრამ გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კვლავ უარი თქვა ამ დოკუმენტის განხილვაზე. რუსეთის მთავრობა აშკარად კონფრონტაციულ გადაწყვეტილებას იღებს ფსოუზე საზღვრის გახსნის შესახებ. ჩვენ კარგად გვახსოვს თანამეგობრობის სამიტები, სადაც ხმამაღლა იყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაიკეტოს საზღვრები, როგორ უნდა ებრძოლოს სეპარატიზმს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და ასე შემდეგ, ასე რომ, სხვა ქვეყნებისთვისაც სამაგალითო იქნება ეს და სხვებიც მიხვდებიან, რომ იგივე შეიძლება განხორციელდეს მათ მიმართაც, ამავე დროს, მრავალი თხოვნის მიუხედავად, საქართველომ ჯერჯერობით ვერ აამოქმედა თბილისი-გროზნოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, მიუხედავად ამისა, მოსკოვიდან ისევ ისმის ბრალდებანი, თითქოს ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეებსა და ტერორისტებს იარაღს საქართველოს გავლით აწვდიდნენ. თქვენი კომენტარი...
- ჩემი კომენტარი ასეთია: ის, ვინც პოლიტიკაში ორმაგ სტანდარტს იყენებს, საბოლოოდ უეჭველად საკუთარ ინტერესებს მიაყენებს ზიანს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის შესაბამის უწყებას უკვე გადაუგზავნა საპროტესტო ნოტა მდინარე ფსოუზე საზღვრის ცალმხრივად გახსნასთან დაკავშირებით.
რაკი ჩვენს პატივცემულ კოლეგებს რუსეთში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ რუსეთის საქმეა, როგორ რეჟიმს დაამყარებს იგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთს მონაკვეთზე, რა თქმა უნდა, მას შეუძლია გააკეთოს ეს, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ელემენტარული ეთიკა მოითხოვდა იმას, რომ ჩვენთან კონსულტაცია მაინც გაემართათ ამის თაობაზე. ამ შემთხვევაში ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ ადეკვატური ზომები და ვთქვათ: მხოლოდ საქართველოს საქმეა, თუ როგორ საზღვაო რეჟიმს დავამყარებთ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის თუ სხვა რესპუბლიკების მონაკვეთებზე.
დღემდე, მრავალი თხოვნის მიუხედავად, თბილისი-გროზნოს საავტომობილო გზა არათუ არ ფუნქციონირებდა, არამედ დასრულებულიც კი არ იყო საქართველოს მხრიდან. ჩეჩნეთის დიდი თხოვნისა და იმის მიუხედავად, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა.
სრული ცილისწამებაა, თითქოს საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღი იგზავნებოდეს.
ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ან საზოგადოება ამას ნამდვილად არ იკადრებენ.
ერთადერთი წყარო, საიდანაც იარაღი გაედინება და ყველა სახეობის იარაღით აღვირახსნილი ვაჭრობა მიმდინარეობს, რუსეთის სამხედრო ბაზებია. ამიტომ სჯობს თავი გაანებონ თავიანთი პრობლემის სხვისთვის გადაბრალებას.
მუხთლობა და ზურგში დანის ჩაცემის პოლიტიკა არ ახასიათებს საქართველოს ხელისუფლებას.
ხოლო იმ ძალებს, რომლებიც ამჟამად პროვოკაციული გადაწყვეტილებებითა და განცხადებებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ, ვურჩევდი: ჯერ ის არხები მოიძიონ, საიდანაც, თუნდაც 1992-1993 წლებში, საქართველოს მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტებისა და ბოევიკებისათვის იარაღი, თვითმფრინავები, ყველაზე თანამედროვე ტანკები და გრადები მოედინებოდა, და გაარკვიონ: იმავე არხებით ხომ არ მიედი- ნება ამჟამად იარაღი, - ოღონდ საპირისპირო მიმართულებით?!
მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას არასდროს იკადრებს, არასდროს დაუჭერს მხარს ექსტრემიზმსა და ტერორიზმს, სადაც, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც უნდა ხდებოდეს ეს.
ეს ჩვენი ვალდებულებაა არა მარტო ისტორიულად მეზობელი და მეგობარი რუსეთის, დიდი რუსი ხალხის, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობისა და ჩვენი დიდი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ, მეგობარი, მეზობელი ხალხების მიმართ, რომელთაც ტერორიზმი და ექსტრემიზმი უპირველეს საკაცობრიო პრობლემად მიაჩნიათ.
ოღონდ მე აქ სხვა მზაკვრობასაც ვხედავ: ზოგიერთებს სურთ საქართველო ჩაითრიონ იმ საზარელ სასაკლაოში, რომლის კალო ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში ტრიალებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ფუჭი მცდელობაა ბატონებო! არაფერი არ გამოგივათ - რაოდენ გაქნილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებიც უნდა აკეთებდნენ ამ ბინძურ საქმეს!
ისტორიამ ბევრი რამ გვასწავლა ჩვენც და ჩრდილოკავკასიელებსაც. ჩეჩენი ხალხი, ისევე როგორც სხვები, აღარასოდეს აღმართავს ხელს საქართველოს წინააღმდეგ.
„სასაზღვრო ურთიერთბრალდებანი“ კი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი თავის საზღვარს არ დაიცავს, - ჩვენ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა დაგვიფაროს ამ ცოდვისაგან.
საკუთარ საზღვარს ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ.
აქვე დავძენ: ნებისმიერი პრობლემა ან ერთმანეთისადმი პრეტენზიები საქმიან ვითარებაში უნდა გაირკვეს და არა სატელევიზიო კანონადით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითა და საინფორმაციო დივერსიებით, რომლებიც, სხვათა შორის, იმდენად ქმედითი აღარ არის, ვინაიდან ჩვენი შესანიშნავი, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წყალობით, მათ შორის პირველ ადგილზე პირ- ველ არხს დავაყენებდი, და უამრავი დამოუკიდებელი ტელეარხის მეშვეობით, საქართველომ შეძლო ეროვნული საინფორმაციო სივრცის დაცვა, რაც უდიდესი სახელმწფოებრივი გამარჯვებაა.
დაბოლოს: ცოტა არ იყოს უცნაურია ტერორიზმის მხარდაჭერის თაობაზე ინსინუაციები იმ ძალთა მხრივ, რომლებიც დღესაც ხელს აფარებენ ცნობილ პირსისხლიან ავაზაკს და მის რაზმს, ვის სინდისზეცაა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე - აღარაფერს ვამბობ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტზე.
თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი, კერძოდ, მასობივი ტერორიზმი, რომელიც ეგრეთ წოდებულ „დემოგრაფიულ ინჟინერიას“ ახორციელებს, მე ეს ტერმინი გამოვიყენე გაეროს ტრიბუნიდან, საკუთარ თავზე გამოვცადეთ აფხაზეთში.
იქ იყო ყველაფერი - მასობრივი დახვრეტა-მკვლელობანი ეთნიკური ნიშნით, უცხო ქვეყნის თვითმფრინავების მიერ სოხუმის დაბომბვა და ეთნიკური ნიშნით საქართველოს სამასი ათასი მოქალაქის გამოძევება აფხაზეთიდან.
სწორედ აფხაზეთის ტრგედიამ მისცა დასაბამი მასობრივ ტერორიზმს, დაუსჯელობასა და განუკითხაობას სხვა რეგიონებშიც. საქართველო თანაუგრძნობს ყველა უდანაშაულოდ დაღუპულის ოჯახებს მოსკოვში, ვოლგადონსკში, ბუინაკსკში, ჩობანმასსა თუ გროზნოში.
თანავუგრძნობთ ყველას, ვინ არაადამიანური მხეცობის მომსწრე და მსხვერპლი გახდა.
საქართველო იქნებ სხვებზე მეტად განიცდის ამ უბედურებას, ვინაიდან სწორედ დღევანდელ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, ხოლო პირველი, ვინც რამდენიმე დღით ადრე ამცნო ბოროტი სიხარულით ეს უბედურება მსოფლიოს, გახლდათ რუსეთის გენერალური შტაბის იმდროინდელი უფროსი. ქართველი ხალხი ამას ვერასდროს ვერ დაივიწყებს.
- სხვათა შორის, რუსი მოქალაქეები ამას კარგად ხედავენ. ჩვენმა კორესპონდენტმაც გამოგვიგზავნა ამას წინათ მასალა მოსკოვიდან, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ქუჩაში უსვამდნენ კითხვებს ამასთან დაკავშირებით. მათი პასუხი ასეთი იყო: რუსეთმა იმდენად კარგად დაამუშავა ეს თეორია, ასე ვთქვათ, ტერორიზმის თეორია, რომ შემდეგ ისინი კარგად ახორციელებდნენ ამას სხვადასხვა ქვეყანაში, შემდეგ კი ყველაფერი ეს ჩვენ მიერვე განსწავლულმა ტერორისტებმა რუსეთისა და ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს. ასე რომ, საინფორმაციო საშუალებათა მიუხედავად, ხალხი რუსეთშიც კარგად ხვდება, რაც ხდება...
- ეს, სხვათა შორის, ყველა დროში ასე იყო. რუს ხალხს აქვს იმის უნარი, რომ გაერკვეს ჭეშმარიტ სიტუაციაში და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ მომენტში.
- ორიოდე დღეში თქვენ ოფიციალურ ვიზიტად ეწვევით სომხეთის რეპუბლიკას. ჩვენ გვახსოვს ამ ქვეყანაში თქვენი ამასწინანდელი ვიზიტები, რა იქნება ამჯერად ამ ვიზიტის მთავარი მიზანი?
- მეზობელ, მოძმე ქვეყანაში - მეზობელ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი კარგა ხნის წინათ დაიგეგმა. მას წინ უძღოდა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ასევე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. თქვენ იცით, რომ ჩვენ მარტო ვიზიტებით არ შემოვიფარგლებით. მე მხედველობაში მყვანან ბატონი ალიევი, ბატონი ქოჩარიანი. ჩვენ თითქმის ყველა ფორუმზე, ყველა შეხვედრაზე, მსოფლიო მასშტაბის იქნება იგი თუ რეგიონულისა, ვხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ იმ აქტუალურ პრობლემებს, რომლებიც გვაღელვებს.
დღეს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის უმთავრესი ამოცანა და უმთავრესი მიზანი ის არის, რომ ავაშენოთ მშვიდობიანი კავკასია, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ კონსტრუქციული თანამოქმედების სრულიად ახალი, ქმედითი სისტემა, მისი მეშვეობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების აყვავებასა და კეთილდღეობას. მე არაერთხელ მითქვამს, რომ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში ჯერჯერობით მთელი ძალით არ ამოქმედებულა სწორედ კავკასიური ფაქტორი.
ამრიგად, მოუთმენლად ველი ამ ვიზიტს - ჩემს პატივცემულ კოლეგასთან, პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან ერთად ვისაუბრებთ, აგრეთვე, ორმხრივი ურთიერთობის განვითარებასა და თანამშრომლობაზე არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ევროპულ თუ მსოფლიო სტრუქტურებში, მათ შორის თანამეგობრობის ფარგლებშიც.
- გუშინ გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელიც მთლიანად 2000 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეძღვნა. რა სტადიაშია ამჟამად საბიუჯეტო პროცესი?
- საბიუჯეტო პროცესის მორიგი ფაზა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო და გაზაფხულზევე დავიწყეთ სამზადისი.
ამჟამად კონკრეტულად ვიხილავთ ბიუჯეტის პროექტს. პირველი წაკითხვისას საკმაოდ სერიოზული შენიშვნები გამოითქვა. ისინი უკვე გათვალისწინებულია და პირველ ოქტომბრამდე, კონსტიტუციის შესაბამისად, ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა პარლამენტს. თუმცა კიდევ რჩება ერთი-ორი დღის ძალიან სერიოზული სამუშაო, რათა გათვალისწინებული იყოს ის კორექტივები, რომლებიც გუშინ მთავრობის სხდომაზე გამოითქვა.
კანონპროექტის კონცეფცია გულისხმობს იმ სასიკეთო ტენდენციათა მხარდაჭერას, რომლებიც უკვე დამახასიათებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის. მხედველობაში მაქვს ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელება. ქვეყანა გამოდის კრიზისიდან.
თუმცა არსებობს სერიოზული პრობლემებიც. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც რამდენიმე დღეს მუშაობდა საქართველოში და თვისებრივად ახალი პროგრამის მომზადება დაიწყო, მოიწონა ქვეყანაში განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, განსაკუთრებით ანტიინფლაციური ღონისძიებანი, მაგრამ ამავე დროს სავსებით სამართლიანად მიუთითა შესაბამის უწყებებს, რომ კვლავინდებურად არ არის საკმარისი მათი ძალისხმევა გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით.
საერთოდ, გარკვეული ძვრების მიუხედავად, გადასახადების აკრეფისათვის გაწეული მუშაობა ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს. უახლოეს მომავალში სპეციალურად ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. გუშინ უკვე იყო ამ პრობლემის პირველი, ასე ვთქვათ, განხილვის ცდა.
განსაკუთრებით გულსატკენია, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ცენტრალური ბიუჯეტის აშკარა ძარცვას მიჰყვეს ხელი. ამ რეგიონიდან თბილისში არც ერთი თეთრი არ ირიცხება და ასეთ მდგომარეობას სახელმწიფო უსასრულოდ ვერ შეეგუება. პირადად ჩემი მოთმინება შეიძლება იყოს უსასრულო, მაგრამ არსებობს ქვეყნის უზენაესი ინტერესები, რომელთაც უნდა დაემორჩილოს ყველა, მით უმეტეს, ის პიროვნებანი, რომლებიც პატრიოტობაზე დებენ თავს.
საქინფორმი.
„სწორ გზას ვადგავართ, რაკი ვაშენებთ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც ყველა შემთხვევაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა ორიენტირებული“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 სექტემბერი. - №260 (3301). - 1, 2 გვ.
![]() |
34 პრეზიდენტის შეხვედრა ჟურნალისტებთან მრავალმხრივ საინტერესო იყო |
▲back to top |
გუშინდელი ბრიფინგისადმი ჟურნალისტების ინტერესი განსაკუთრებული იყო: იგი გაიმართა პრეზიდენტ შევარდნაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ პირველსავე სამუშაო დღეს.
ბრიფინგი იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ პრაქტიკულად სრულად გთავაზობთ მის სტენოგრაფიულ ჩანაწერს.
გაზეთი „სეგოდნია“: „თქვენ რადიოინტერვიუში შეეხეთ რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხებს. კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური წრეების განცხადებას, რომ თითქოს საქართველო ბოევიკებს იარაღით ამარაგებს. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს დიპლომატიური განცხადებების ომმა?
ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობას გართულებულის კვალიფიკაციას ვერ მივცემდი. წარმოიშვა გაუგებრობები და, ვფიქრობ, მათ გადასალახად როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთს, ჭკუა და სიბრძნე გვეყოფა. რაც შეეხება იმ არგუმენტებს, რომლებითაც ცდილობენ დაასაბუთონ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, ისინი საფუძველს მოკლებულია: საქართველოს არც აქვს და ვერც მიაწოდებს სხვა ხალხებსა და სახელმწიფოებს იარაღს. სჯობს, რუსეთის სამხედრო ბაზებში ეძებონ მათი კვალი, ვინც იარაღს ყიდის და ავრცელებს.
დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და კოლეგიის რამდენიმე წევრი თავიანთ კოლეგებს, რუსეთის შსს ხელმძღვანელებს ხვდებიან. ეს არის რუშაილოს საქართველოში სტუმრობის საპასუხო ვიზიტი. მივესალმები ასეთ შეხვედრებს. უკვე არის კონკრეტული შედეგები: რუსეთის მხარემ გადმოგვცა საშიში დამნაშავეები.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: გასულ კვირას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულების დარღვევაში, რაც ელექტროენერგიის გამორთვაში გამოიხატა. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: ვერ გეტყვით, მართლა ჰქონდა თუ არა ამ შემთხვევას ადგილი, რადგან მე აშშ-ში ვიმყოფებოდი. თუ ეს მართლა ასე მოხდა, მაშინ დამნაშავეები ვართ, რადგან ცხინვალის ხელმძღვანელობასაც და მოსახლეობასაც შევპირდით, რომ ჩვენ მივაწვდიდით ელექტროენერგიას, რომელსაც ისინი ადრე რუსეთიდან იღებდნენ, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთისგან ჩვენ თვითონ შევისყიდით. თუ ეს შეთანხმება დაირღვა, მაშინ შესაბამისი ხელმძღვანელები დამნაშავენი ყოფილან და პასუხიც უნდა აგონ.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დღეებში საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა ასლან აბაშიძემ წერილი გამოგიგზავნათ თხილის ბიზნესის თაობაზე.
ედუარდ შევარდნაძე: არც წერილი მიმიღია და არც თხილი. ისიც ნისლითაა მოცული, ასლან აბაშიძე რომელ ქვეყანაში იყო. მგონი, ეს უჩინმაჩინის ქუდივითაა, რადგან ვერავინ შენიშნა, სად იმყოფებოდა. შეიძლება, არც უმოგზაურია.
- აშშ-ში ყოფნისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში საქართველომ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. იყო თუ არა საუბარი საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე?
ედუარდ შევარდნაძე: - ეს საკითხი არ განგვიხილავს. რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობა იქნებოდა, ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგები განეხილა. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა. აშშ ის ქვეყანა არ არის, რომ არჩევნების ჩატარებაზე დირექტივებს იძლეოდეს. ერთადერთი, რაც დაბეჯითებით გვთხოვეს, ისაა, რომ არჩევნები მართლაც თავისუფალი იყოს, ისეთი, როგორიც შეეფერება დემოკრატიულ, კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედ ქვეყანას.
- რაც შეეხება ჩეჩნეთს. კერძოდ, ბოევიკების დაჯგუფებათა დაბომბვებს. ხომ არ ფიქრობთ ამ მეთოდის გამოყენებას აფხაზი ბოევიკების წინააღმდეგ?
ედუარდ შევარდნაძე: არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. გვაქვს სხვა საშუალებები. არ ვაპირებთ აფხაზი ხალხის განადგურებას. მოვა დრო და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით, როგორც მოძმე ხალხები, რომელთაც ისტორია, ტრადიციები, კულტურა გვაერთიანებს.
სააგენტო „როიტერი“: ამ დღეებში იტალიის სასამართლომ გაამართლა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულიო ანდრეოტი, რომელიც თქვენი მეგობარია. მას მაფიასთან კავშირებში ედებოდა ბრალი. იტალიის პრეზიდენტმა მას გამართლება მიულოცა. გვაინტერესებს თქვენი კომენტარი.
ედუარდ შევარდნაძე: ანდრეოტი უნიკალური ნიჭის, შესანიშნავი ერუდიციის მქონე პიროვნებაა, რომელმაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის დამთავრებაში, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ნდობის დამკვიდრებაში. ყოველთვის განვიცდიდი და არ მჯეროდა, რომ ჯულიო ანდრეოტი მაფიასთან იყო დაკავშირებული. მინდა თბილისიდან მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელიც საკაცობრიო გაკვეთილია და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს ბრალი ხელაღებით არ უნდა დასდო. ჯულიო ანდრეოტი ოთხმოც წელსაა მიტანებული. საშინელებაა, რომ ამ ასაკში ხუთი-ექვსი წელი ციხეში გაატარა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: დღეიდან ოფიციალურად იწყება საარჩევნო კამპანია. როგორ ახსნით დაპირისპირებას თქვენს დანიშნულ სახალხო დამცველსა და თქვენივე პარტიის ლიდერს შორის? დღეს თავის ამომრჩევლებთან გრანდიოზულ შეხვედრას აწყობს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სალარიძე.
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში წინასაარჩევნო ეტაპზე ბევრ ისეთ სიურპრიზთან გვაქვს საქმე, რომლის ახსნა ცოტა ძნელია. ვინ სად გადადის, რომელ მოძრაობაში, ძნელი ასახსნელია. მაგრამ საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. იგივე პროცესებია რუსეთში, უკრაინაში. ეს გარდამავალი სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი მოვლენებია. როგორც ვიცი, დავით სალარიძე არავის წინააღმდეგ არ ილაშქრებს. მას თავისი ინტერესები აქვს. მოვუსმინე მის სატელევიზიო გამოსვლას, რომელშიც არ უთქვამს, რომ აპირებს ან „მოქალაქეთა“ დახმარებას, ან პრეზიდენტისათვის ძირის გამოთხრას. იგი დაინტერესებულია როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტში მოხვდეს, თუმცა, მოწინააღმდეგეც საკმაოდ ძლიერი ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი. ვნახოთ, ვის რა გამოუვა.
გაზეთი „იბერია-სპექტრი“: ვაშინგტონიდან პირადად მივიღე დოკუმენტების პაკეტი, რომლის თანახმადაც თქვენ აშშ-ში ყოფნისას სერიოზული მუშაობა გასწიეთ 118 მილიონი დოლარის თხილის ბიზნესში ჩადების საწინააღმდეგოდ. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: ვაშინგტონში ჯილდოს გადმოცემის საზეიმო ცერემონიის წინ ჟურნალ „ტაიმსის“ ჟურნალისტმა მკითხა, ვისაუბრეთ თუ არა მე და პრეზიდენტმა კლინტონმა თხილის ბიზნესის თაობაზე. ვუპასუხე, რომ მაგიდაზე იდო ძალიან გემრიელი თხილი.
უნდა გითხრათ, რომ თხილის ისტორია ბინძური ისტორიაა. აქ ინვესტიციის დაკარგვაზე საუბარი არ არის. მე კიდევ ვეძებ ინვესტიციებს მთელ მსოფლიოში. პირველად ამერიკელი ინვესტორები თბილისში ჩამოვიდნენ. მივესალმე მათ ინიციატივას და, რადგან მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს და ვიცი, სად როგორი ჯიშის თხილი ხარობს, ვურჩიე მათ, რომ ეფიქრათ და შესაძლებლობებიც გამოენახათ სამეგრელოში, კახეთის რეგიონშიც. კერძოდ, ლაგოდეხშიც, გალშიც მსგავსი საქმიანობისთვის. შევთანხმდით, რომ ისინი ჩაფრინდებოდნენ ზუგდიდში, ან სენაკში და შეხვდებოდნენ სამეგრელოს მხარის გუბერნატორს ბონდო ჯიქიას. მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა, როგორც მითხრეს, ერთ-ერთი სტუმრის ავადმყოფობის გამო. მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მაგრამ შემდეგ ამ თემით სპეკულაცია დაიწყო, რომ თითქოს თხილის ბიზნესით დაინტერესებულია კლინტონების ოჯახი და რომ ამერიკის ადმინისტრაცია ამით მათ უჭერს მხარს, ეს უკვე თხილის ბიზნესი აღარ არის, როცა ბიზნესის პოლიტიზება ხდება, ეს უკვე პოლიტიკაა და არა ბიზნესი. ბუნებრივია, ჩემთვის გამოვთქვი გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციას არ დასჭირვებია ჩემი კარნახი, რომ ამისთვის ყურადღება მიექციათ. ამ გაუმართლებელი განცხადებებით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს კლინტონის ოჯახი და თვით პრეზიდენტი. უამრავი სტატია დაიბეჭდა. ამერიკის პრესაში მრავალი სერიოზული მოღვაწე გამოვიდა ამ გარიგების წინააღმდეგ, რადგან იგი დაკავშირებული იყო საარჩევნო კამპანიასთან. ასეთია რეალური სურათი. მე ახლაც მჯერა, რომ თხილის ბიზნესს საქართველოში დიდი მომავალი აქვს. მაგრამ ეს არჩევნებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ადამიანს თვალით არ უნახავს ვაშინგტონი და კლინტონი, ამ დროს სპეკულა- ნტობს მისი სახელით. მეც კი ვერიდები მათი ჩემთან ახლობლო- ბის და მათი სახელის გამოყენებას. ასე რომ, მსგავსი მეთოდები საარჩევნო კამპანიაში დაუშვებელია.
გაზეთი „იბერია-სპექტრი“: როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამ საქმის აღდგენა, ანუ 118 მილიონი დოლარის დაბრუნება საქართველოში?
ედუარდ შევარდნაძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ხალხს ეს ფული საერთოდ არ გააჩნია. მათ აქაურ პარტნიორს ბევრი საქმე აქვს თავის დროზე წამოწყებული, მაგრამ არც ერთი არ არის ბოლომდე მიყვანილი. წლების მანძილზე ბევრი გვპირ- დებოდა მილიარდებს, მაგრამ ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ვინ დგას 118 მილიონის უკან, ვერ გეტყვით, ფაქტია, ძმებს ეს თანხა არ გააჩნიათ. შეიძლება, ეს ცნობილი ლუჩანსკია, რომლის შესახებ ამერიკულ პრესაში დაიბეჭდა. ლუჩანსკის მსგავსი ფულის მაძიებელი, მსოფლიოში მოხეტიალე ფორვარდი ბევრია. რაც შეეხება თხილის ბიზნესს, ჩვენ მას მივხედავთ, ინვესტიციებსაც მოვიძიებთ და ყველაფერს პატიოსანი გზით გავაკეთებთ. თხილი - აჭარაში იქნება, გურიაში თუ სამეგრელოში ძვირფასი პროდუქტია და მას აუცილებლად გამოვიყენებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას მითხრეს, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელი მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი სენატორი ჰელმსი, რომელმაც მძიმე შეფასება მისცა ამ ფაქტს. პრეზიდენტი კლინტონი და მისი ოჯახი მართლა კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ და გულწრფელად სურს ჩვენი დახმარება. რატომ უნდა ჩავაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში და რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა? მე ამას არავის ვაპატიებ.
გაზეთი „თბილისის სიახლენი“: რას გვეტყვით თქვენი ძველი მეგობრის ნუგზარ ფოფხაძის „სახალხოს პარტიასთან“ დაკავშირების თაობაზე?
ედუარდ შევარდნაძე: ყველა ჩიტი თავის ბუდეს ეძებს.
გაზეთი „ალია“: გაეროს თქვენ რამდენიმე წინადადება შესთავაზეთ. ყველაზე საინტერესო იყო ვეტოს გამოყენების უფლების შეკვეცა. თქვენ აღნიშნეთ, რომ იგი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს. რას გულისხმობდით და რამდენად გაითვალისწინებს გაერო თქვენს წინადადებებს? აქვე მინდა გკითხოთ კოფი ანანისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: გაეროში ისიც ვთქვი, რომ როცა სესიაზე, ან უშიშროების საბჭოს სხდომაზე სახელმწიფოს მეთაურები გამოდიან, მათ უნდა უსმენდნენ და მათი წინადადებები უნდა გაითვალისწინონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ ჯერ არ არის გათვალისწინებული. არც იმის გარანტია გვაქვს, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც მე და ჩემმა კოლეგებმა ვთქვით და, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. რაც შეეხება ვეტოს უფლებას, განვმარტე, რომ ვეტოს უფლებამ, რომელიც გათვალისწინებული იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი მსოფლიოსათვის, თავისი როლი და ფუნქცია უკვე შეასრულა. ეს მართლაც შენაძენი იყო მაშინდელი გაეროსათვის. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, როცა დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უკვე აღარ არის, ვეტოს უფლება, ცოტა არ იყოს, განვლილ ეტაპად მიმაჩნია. არ მითქვამს, რომ ის საერთოდ უნდა გაუქმდეს, მაგრამ საჭიროა, თანამედროვეობისათვის მისი მისადაგება. ვფიქრობ, რომ ძალის გამოყენება შეიძლება იქ, სადაც იგი დიდ უბედურებას ააცილებს კაცობრიობას. ამიტომ არის განსახილველი ეს საკითხი, როგორც პრობლემური. რაც შეეხება კოფი ანანს, მასთან გაიმართა ძალიან კონსტრუქციული, საინტერესო საუბარი. შევთანხმდით, რომ ჩვენთვის მთავარი იყო აფხაზეთის საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა, ყველაფერი გენერალურ მდივანზე არ არის დამოკიდებული. საბოლოო გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭო იღებს.
გაზეთი „ალია“: რამდენად სავარაუდოა, რომ თქვენი გაეროში წარმოთქმული სიტყვისა და წამოყენებული წინადადებების ფონზე გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გადაინაცვლოთ?
ედუარდ შევარდნაძე: ეს სრულიად არარეალურია. ეს ჭორი ან ჩემმა მეგობრებმა, ან არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს. ზოგი ამაზე საქართველოსთვის სიკეთის სურვილით ამბობს, ზოგი კი, უბრალოდ, ჩემს აქედან მოცილებაზე ოცნებობს.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: თქვენი აშშ-ში ვიზიტის დროს ჯუმბერ პატიაშვილმა ასლან აბაშიძე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. რამდენად რეალურია მისი გამარჯვება?
ედუარდ შევარდნაძე: როცა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოვთქვი, აღვნიშნე, რომ პიროვნებათა მიმართ კორექტულები უნდა ვიყოთ. ამით ყველა მხარე მოგებული დარჩება. თუმცა, არჩევნებს მხოლოდ ერთი მოიგებს. ასლან აბაშიძეს უფლება აქვს, თავისი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოს, ისევე, როგორც ჯუმბერ პატიაშვილს აქვს უფლება დაასახელოს, გნებავთ, ასლანი, გნებავთ, სხვა. ისიც არ არის გამორიცხული, ხვალ როლები შეიცვალოს. არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: საბაჟო დეპარტამენტის ხელმღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა აჭარის სამმართველოს უფროსი გოგი შევარდნაძე. თუმცა, ბათუმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ბრძანებას და არ აპირებს მის ნაცვლად სხვა პიროვნების დანიშვნას.
ედუარდ შევარდნაძე: თუ შეეცდება, შეინარჩუნოს ეს პიროვნება, ამით ბატონი ასლანი ბევრს წააგებს. მან შესანიშნავად იცის, რომ საბაჟო სამსახური ცენტრალიზებული, საერთო-სახელმწიფოებრივი სამსახურია. ისეთ თანამდებობაზე, როგორიც არის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი, ამ პიროვნების დანიშვნაც ჩემთვის არავის უკითხავს. მაგრამ შევეგუე, რათა თავიდან ამეცილებინა ურთიერთობის გამწვავება. დღეს ეს კადრი უნდა შეიცვალოს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ასე უნდა მოხდეს და თუ აჭარა კონსტიტუციაში რაიმე საწინააღმდეგოს ჩადებს, ეს ცუდი იქნება.
ტელეკომპანია «HTB»: რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე თბილისმა სასაზღვრო რეჟიმი შეცვალოს. ეს ხომ არ იქნება რუსეთის მიერ ფსოუზე რეჟიმის მოხსნის ადეკვატური პასუხი?
ედუარდ შევარდნაძე: ამ პრობლემაზე ამჟამად ვმუშაობთ. ხალხის დიდი ნაკადი მოდის დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, რამდენიმე ავტობუსი ჩვენს საზღვართან დგას, ძირითადად, ქა- ლებით, ბავშვებით და მოხუცებით სავსე. მოგცემს სინდისი მათთვის უარის თქმის უფლებას? თუმცა, მათი შემოწმება მაინც აუცილებელია.
მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ასეთ რთულ სიტუაციაში საქართველოში შეიძლება შემოიპაროს საეჭვო რეპუტაციის ხალხი, რომელთაც ცუდი განზრახვა ამოძრავებს. კონსტიტუციის შესაბამისად, უნდა დავაწესოთ ისეთი რეჟიმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დედაქალაქში ჩამომსვლელთა და აქედან წამსვლელთა ვინაობა გავაკონტროლოთ.
ტელეკომპანია «HTB»: საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მცხოვრები რუსი მოქალაქეების და რუსეთის ობიექტების უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად უნდა გააქტიურდნენ ბაზებზე დისლოცირებული რუსი სამხედროები. რამდენად რეალურია ეს? ვინ არის კონკრეტულად დაინტერესებული კონფლიქტში საქართველოს ჩარევით?
ედუარდ შევარდნაძე: ამით ის ხალხია დაინტერესებული, ვინც აცხადებს, რომ საქართველოში წესრიგი რუსმა სამხედროებმა უნდა დაამყარონ. ახლა გაარკვიეთ, ვინ არის ეს ხალხი. შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა განაცხადოს, რომ საქართველოში მცხოვრები მოქალაქის უსაფრთხოებაზე რუსმა სამხედროებმა უნდა იზრუნონ? ჩვენ, დამოუკიდებლად, სხვათა დახმარების გარეშეც საკმაოდ მტკიცედ ვიცავთ საქართველოში მცხოვრები რუსების, აზერბაიჯანელების, სომხების, ქურთების და სხვათა ინტერესებს. და თუკი რაიმე ცუდი ხდება, მათ შორის, იარაღის გადინება, ეს რუსეთის ბაზებზე უნდა მოიკითხონ - საქართველოში იქნება ეს, სტავროპოლში, როსტოვში თუ სხვაგან.
საქინფორმი: ჩეჩნეთის დელეგაცია აზერბაიჯანიდან კვლავ თბილისში აპირებს ჩამოსვლას. გაიმართება თუ არა თქვენი შეხვედრა მათთან?
ედუარდ შევარდნაძე: თუ სათანადო არგუმენტები იქნება, მაშინ შევხვდები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მქონდა საუბარი ვიცეპრეზიდენტთან, რომელსაც საქართველომ ავადმყოფობის დროს დახმარების ხელი გაუწოდა. მათი შემწეობით კი ჩეჩნეთში დატყვევებული საქართველოს ექვსი მოქალაქე ოჯახებს დაუბრუნდა. ვფიქრობ, ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. დაინტერესებული ვართ, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ხალხთან ურთიერთობის განვითარებით. ისტორიამ ბევრი რამ გვასწავლა ჩვენც და მათაც. იყო დრამატული, ტრაგიკული წლები ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა, ისტორიულად ჩვენ კეთილმეზობლური, ტრადიციული კავშირები გვქონდა. სწორედ ამის აღდგენას უნდა ვესწრაფოთ.
გაზეთი „რეზონანსი“: როგორია რუსეთის ბაზების მომავალი საქართველოში ვენის კონვენციის კონტექსტში და იყო თუ არა საუბარი ამის შესახებ ვაშინგტონში?
ედუარდ შევარდნაძე: ბაზების საკითხი ვაშინგტონში არ განხილულა. იქ განვიხილეთ ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობა და ის ვარიანტები, რომლებიც საქართველოსთვის მისაღებია. ეს არ არის ახალი ხელშეკრულება, მაგრამ სსრკ დაშლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთი ფლანგი და ჩვენ ამ ფლანგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოვჩნდით - მხედველობაში მაქვს რუსეთის სამხედრო ბაზები და შეიარაღება. ამ საკითხით კი ამერიკა, ისევე, როგორც დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, ნამდვილად დაინტერესებულია. ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე დაიდო, უნდა შესრულდეს, ხოლო სხვა ქვეყნის ბაზების საქართველოში ყოფნის საკითხი, ჩვენი გადასაწყვეტია.
გაზეთი „რეზონანსი“: ხომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი ზედმეტად ლიბერალური აჭარის ხელისუფლების მიმართ?
ედუარდ შევარდნაძე: აჭარა ჩემი სისუსტეა, იქ მცხოვრებმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე ბევრი გასაჭირი გამოიარა, ამიტომ მე აჭარის მიმართ სიცოცხლის ბოლომდე ძალიან მგრძნობიარე და ყურადღებიანი ვიქნები. რაც შეეხება ბატონ ასლანთან ურთიერთობას, პრობლემები ადრე არ მქონია, ახლა გაჩნდა პრობლემები სანაოსნოსთან დაკავშირებით. საქართველოს სანაოსნომ დაკარგა 120 მილიონი დოლარი. უნდა გაირკვეს და ითქვას სიმართლე. სხვა პრობლემა არ არსებობს. თუ საბაჟოს ხელმძღვანელს შეინარჩუნებს, გამოვა, რომ იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. სხვა თანამდებობაზე პიროვნებების დანიშვნას ასეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგს გვითანხმებს, ზოგს - არა. ეს ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობაში ჩვეულებრივი მოვლენებია.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
პრეზიდენტის შეხვედრა ჟურნალისტებთან მრავალმხრივ საინტერესო იყო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 სექტემბერი. - №260 (3301). - 1, 3, 4 გვ.
![]() |
35 „მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების და ჩვენი მეგობრების ძალისხმევის გაერთიანებით უნარი შეგვწევს გადავწყვიტოთ რომელიც გნებავთ ამოცანა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
როგორც ვიუწყებოდით, 29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა საზეიმო დარბაზობა გამართა.
დარბაზობაზე რობერტ ქოჩარიანმა და ედუარდ შევარდნაძემ სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს დელეგაციის სახელით მინდა გულწრფელი მადლობა მოვახსენო სომეხ ხალხს, ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს საუცხოო შეხვედრისათვის, სტუმართმოყვარეობისა და გულთბილობისათვის, თქვენს მშვენიერ და ძველ მიწა-წყალზე ყოფნის დროს რომ ვგრძნობთ ყოველ ნაბიჯზე.
ჭაღარა საუკუნეებში დაედო სათავე ჩვენი მოძმე ხალხების მეგობრობასა და თანამშრომლობას. ჯერ კიდევ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით ახარებდნენ ვაზს, აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, ერთმანეთისაკენ გაჰყავდათ გზა, თავიანთ შთამომავალთ უანდერძეს ამ გზით ეტარებინათ ერთმანეთის სიყვარული, გულის სითბო და ზრუნვა.
ამ აზრს იზიარებს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრები და, უწინარეს ყოვლისა, საქართველოში მცხოვრები სომხები, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ახალი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცებაში. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო ნიადაგ ზრუნავს და ყურადღებას არ აკლებს სომეხთა დიასპორის, თითოეული სომხური ოჯახის, საქართველოსთან თავისი ბედით დაკავშირებული თითოეული ადამიანის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. და ეს ბუნებრივია, თუმც ყველანი ჩვენ გარდაქმნათა რთულ ხანაში ვცხოვრობთ.
სასიხარულოა, რომ ჩვენი სახელმწიფოების დემოკრატიზაციის ძნელ გზაზე და მსოფლიო გაერთიანებაში ინტეგრირებისადმი მათს მისწრაფებაში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა - ყოფიერებისა და აღმშენებლობის ყველა სფეროში ორი მუდმივი პარტნიორის ურთიერთობაა. ამის დასტურია ჩვენს მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის მაუწყებელი.
ახლანდელი რეალიების რაკურსით სწორედ ჩვენი ურთიერთგაგება ხდება ჩვენს წინაშე მდგომი პრობლემების და უწინარეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის პრობლემების კონსტრუქციული გადაჭრის გარანტი. ამ საკითხს ჩვენი ვიზიტის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. კავკასიის ლიდერების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გაღვივების საშუალება არ მისცეს დაძაბულობის იმ კერას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, რომლის განმეორებით აალება დიდი ხნით დაასამარებს ჩვენი უკეთესი მომავლის სავსებით საფუძვლიან იმედებს. სამხრეთ კავკასია მრავალი სახელმწიფოს ინტერესთა ფოკუსში მოხვდა, სახელმწიფოებისა, რომელთაც სურთ იხილონ იგი არა მარტო სტაბილურობისა და მშვიდობის, არა მარტო თვით კავკასიის სახელმწიფოების, არამედ უდიდესი ქვეყნებისა და კომპანიების თანამშრომლობის ასპარეზად. და ჩვენზე, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ლიდერებზე, ჩვენს ურთიერთნდობაზე, ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე, ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, რაც გვთიშავს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს, დამოკიდებულია ჩვენი საერთო წარმატება.
გაერთიანებით კი ბევრი რამ გვაერთიანებს. და ყველაზე მთავარი - ეს არის სავსებით რეალური შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეგიონი გავხადოთ ევროპული სივრცის ყველაზე დინამი- კურად განვითარებადი ნაწილი. ის, რომ ეს არ არის მარტოოდენ ოცნება, ცხადი გახდა მაშინ, როცა ამ იდეის განხორციელებას ხელი მოჰკიდა ევროპის კავშირმა თავისი ტრასეკას პროექტით, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მეგობრებთან ერთად ყოველმხრივ წაახალისა და ხელი შეუწყო „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენას, რაც აისახა სენატორ ბრაუნბეკის ინიციატივით მიღებულ კანონში „აბრეშუმის გზის სტრატეგიის შესახებ“. როცა გასული წლის სექტემბერში უკუაგდეს რა ყველა ეჭვი და უთანხმოება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის დელეგაციებმა „დიდი აბრეშუმის გზის“ თერთმეტი სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად ხელი მოაწერეს ისტორიულ ბაქოს დეკლარაციას. ეს ცხადი გახდა სულ ამ ცოტა ხნის წინათაც, როცა რეკორდულად მოკლე დროში ცარიელ ადგილზე აშენებულმა სუფსის ტერმინალმა კასპიის ადრეული ნავთობით დატვირთა პირველი ტანკერი. იმავე დღეს გაიხსნა მეორე საბორნე გადასასვლელი საქართველოს შავი ზღვის ფოთის ნავსადგურიდან უკრაინის ილიჩოვსკში და შემდეგ ბულგარეთის ვარნაში. შეგახსენებთ, რომ უკვე მოქმედებს საბორნე გადასასვლელი ბათუმი-ნოვოროსიისკი. ამით მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა და ჩვენი მეგობრების ძალისხმევის გაერთიანებით უნარი შეგვწევს გადავწყვიტოთ რომელიც გნებავთ ამოცანა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ევროპის კავშირის კავკასიური პოლიტიკის ახალი წახნაგებიც, რომლებიც გამოვლინდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის დროს ლუქსემბურგში.
ამავე დროს ყველას თანდასწრებით მინდა გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს ჩემი მეგობრებისა და მეზობლებისათვის: სამხრეთ კავკასია შეძლებს მოახდინოს მძლავრი ეკონომიკური ნახტომი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამივე სახელმწიფო თანაბრად ჩაებმება ინტენსიური თანამშრომლობის პროცესში. რეგიონში არ უნდა იყვნენ ლიდერები და აუტსაიდერები, გლობალური პროცესების აქტიური მონაწილეები და მარგინალები. ნორმალურად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის სიტუაცია, როცა ყველა სახელმწიფო თანაბრად მონაწილეობს ამ პროცესებში, პოულობს მათში თანაბარ სარგებლობას და თა- ნაბრად აგებს მათზე პასუხს. სამხრეთ კავკასია, როგორც ერთი მთლიანი, უნდა გახდეს ლიდერი და მიბაძვის მაგალითი პოსტტოტალიტარულ სივრცეში.
ძალისხმევის გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავანახოთ ყველას, რომ კავკასია მშვიდობისა და თანამშრომლობის სივრცეა. ეს მით უფრო შესაძლებელია, რომ ინიციატივა „მშვიდობიანი კავკასია“ სულ უფრო მეტ მომხრეს იძენს. ამ იდეას შეუ- ერთდა რუსეთიც - სახელმწიფო, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონში. ჩვენ იმედით შეგვყურებენ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთაც სურთ მეტ ჰარმონიას ხედავდნენ ჩვენს ურთიერთობაში და მეტ მიზანსწრაფვას მშვიდობისადმი. აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, მთიან ყარაბაღში კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება სატრანსპორტო არტერიები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს ჩრდილოეთ კავკასიის გავლით შეუერთებენ რუსეთის დანარჩენ რეგიონებსა და ევროპის სახელმწიფოებს.
მე და პრეზიდენტ ქოჩარიანს ერთობ საფუძვლიანი საუბარი გვქონდა ამ საკითხებზე. სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს მსოფლიო მოწყობის ფუნდამენტური საკითხების გამო დაპირისპირების საფუძველი. ჩვენ ყველანი ვერთგულებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის საბაზრო ურთიერთობისა და მეწარმეობის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თა- ვისუფლების პრინციპებს. ჩვენ ყველანი ვისწრაფვით გავხდეთ ევროპული სტრუქტურებისა და მთელი მსოფლიო გაერთიანების სრულუფლებიანი წევრები. სწორედ ამიტომ დროა დავიწყოთ მოძრაობა შერიგებისაკენ მიმავალი გრძელი და ნარეკლიანი გზით. ადრე თუ გვიან იგი მაინც ხომ მოვა. ადრე თუ გვიან კავკასიაში მშვიდობის ინტერესების ერთიანობა გვაიძულებს ყველას ვეძებოთ საერთო ენა. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რომ პრეზიდენტები ქოჩარიანი და ალიევი მზად არიან უმაღლესი დონის შეხვედრით გააგრძელონ კავკასიური ფორუმი. ვფიქრობ, ამ დიალოგის გაგრძელება თბილისში იქნებოდა მოსახერხებელი. დარწმუნებული ვართ, რომ ამ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება მივაღწიოთ რაღაც კონკრეტულ შედეგებს, შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებანი, რომლებიც რეგიონს გადააქცევენ სისხლსავსე თანამშრომლობის ასპარეზად.
კავკასიისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ისევე როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ყველა საკითხზეც, მე და პრეზიდენტმა ქოჩარიანმა ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები და სრულ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ.
საქართველო და სომხეთი წრმატებით თანამშრომლობენ მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც. ჩვენ დიდი სიხარულით აღვნიშნავთ სომხეთის ეკონომიკური ზრდის სწრაფ ტემპს, რეფორმების წარმატებულ მიმდინარეობას. ბევრად ეს არის პრეზიდენტ ქოჩარიანის, საქართველოს დიდი მეგობრის, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენილი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსის დამსახურება.
ჩვენს დიდ კმაყოფილებას იწვევს ის, რომ სომხეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და რომ შეიმჩნევა ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდა.
ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატებები და მიღწევები, მათ შორის მე-20 საუკუნის „ჭირის“ წინააღმდეგ ბრძოლაშიც. გვჯერა, რომ ჩვენი ახალი მეზობელი და მეგობარი - უძველესი ქვეყანა ჰაიასტანი მიაღწევს ახალ წარმატებებს. ჩვენი ხალხების მეგობრობას კი არ დასჭირდება „არმენიკუმით“ მკურნალობა.
ნება მიბოძეთ, ამ სასმისით მადლობა მოვახსენო ჩვენს ძვირფას მასპინძლებს განთქმული სომხური სტუმართმოყვარეობისათვის და ვუსურვო ყველა აქ დამსწრეს ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება. აგრეთვე ვისარგებლო შემთხვევით და პირადად მივულოცო განვლილი დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო მოძმე სომხეთს მისი პრეზიდენტის, ჩემი მეგობრის, გამოცდილი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსის, პრეზიდენტ ქოჩარიანის სახით შემდგომი წინსვლა დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელ მწიფოს ჩამოყალიბების, მშვიდობისა და პროგრესის საქმეში.
„მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების და ჩვენი მეგობრების ძალისხმევის გაერთიანებით უნარი შეგვწევს გადავწყვიტოთ რომელიც გნებავთ ამოცანა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 1 ოქტომბერი. - №263 (3304). - 1,2 გვ.
![]() |
36 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
1999 წლის 4 ოქტომბერი.
სააგენტო ინტერფაქსი: აპირებთ თუ არა თბილისში ვახა არსანოვთან შეხვედრას? როგორ გამოეხმაურეთ ჩეჩნეთის ინიციატივას, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლის შესრულებასთან დაკავშირებით? როგორი იქნება თქვენი კომენტარი ჩეჩნეთის ე.წ. საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: ვახა არსანოვს ჯერჯერობით ჩემთან შეხვედრა არ უთხოვია, თუ ითხოვს, წინააღმდეგი არ ვიქნები.
რაც შეეხება შუამავლობას, ეს დაკავშირებულია ორივე მხარის თანხმობასთან. არ ვიცი, ისურვებს რუსეთი, რომ საქართველო შუამავალი იყოს? ეს ცოტა რთული გადასაწყვეტია. მა- რტო ჩეჩნეთის სურვილი აქ გადამწყვეტი არ არის. რუსეთს არც სჭირდება შუამავლობა, მას თავად შეუძლია კონტაქტის დამყარება და დიალოგის გამართვა, თუ ამის სურვილი აქვს. თუ არა და, არც შუამავლობაზე მოგვცემს თანხმობას. თუმცა, ოღონდ, სისხლისღვრა შეწყდეს, უდანაშაულო ადამიანები ნუ დაიღუპებიან და მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრის გახსნას, ამის შესახებ პირველად მესმის.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულებელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ოფიციალური მეთვალყურეები მიავლინა აფხაზეთში. როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: კიევშიც გამოვთქვი ჩემი აზრი და ტრადიციულ რადიოინტერვიუშიც გამოვხატე გარკვეული უკმაყოფილება, რომ ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი, მეგობრული დამოკიდებულების გამოხატულება, პირიქით, ეს არის იმ ურთიერთობისა და ხელშეკრულებების იგნორირება, რომლებიც არეგულირებდა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას. როგორც შევიტყვეთ, აფხაზეთში მეთვალყურეებად რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების ხუთი წარმომადგენელი გაიგზავნა, მათ შორის არის ჩვენი ძველი მეგობარი ბატონი ტიხონოვი. რა დასკვნამდე მივიდნენ, ვერ გეტყვით, ერთ რჩევას კი შევუთვლი, ჩეჩნეთში ჩავიდნენ და იქ გაარკვიონ, რა მდგომარეობაა. თავი დაანებონ სხვა ქვეყნებში უნებართვო ხეტიალს.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: პარლამენტის თავმჯდომარემ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნა საპროტესტო წერილები. ამ ფაქტის კომენტირებისას ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მსგავსი მოვლენების ინსპირირება თავად საქართველოდან ხდება და კონკრეტულად მიუთითა ბათუმისაკენ. საილუსტრაციოდ მან დაასახელა ყულევის წვრთნებთან, იარაღის გატანასთან დაკავშირებული ბრალდებები. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენთან ძალიან მდიდარი ფანტაზიის ხალხი ცხოვრობს და, არ გამოვრიცხავ, რომ ესეც გარკვეულად, აქედან მიწოდებული აზრი იყოს, ისევე, როგორც ეს ყულევის შემთხვევაში ან იარაღის მიწოდების ბრალდებისას ითქვა. ახლა ხომ ყველა დარწმუნდა, რომ იარაღის მიწოდების შესახებ ხმები ზღაპარია, რუსეთის ჟურნალისტებმა თავად ნახეს ის საცალფეხო ბილიკები, რომლებითაც შეიძლება კაცმა მხოლოდ ფილთა თოფი გადაიტანოს, სხვა რამ კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვფიქრობ, რაღაც გარკვეული იმპულსი საქართველოდან იყო.
უახლოეს მომავალში თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება, მაგრამ გაემგზავრება შესაბამისი დირექტივით. უნდა თქვან თავისი სათქმელი და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება - დარჩება საქართველო ასეთ ასამბლეაში თუ არა. ალბათ, ასე დაისმება საკითხი. თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია.
სააგენტო „როიტერი“: როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა სოხუმიდან გვაცნობა, წინასწარი მონაცემებით არჩევნებში არძინბამ გაიმარჯვა. ეს, ალბათ, გასაკვირი არ არის, თუ გავითვალსიწინებთ, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია არძინბას როლი კონფლიქტის მოწესრიგებაში?
ედუარდ შევარდნაძე: ბატონი არძინბა ადრე თავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უწოდებდა, ახლა პრეზიდენტს უწოდებს, შეუძლია, იმპერატორი დაირქვას, ამით ხარისხი არ იცვლება. ეს არც იმას ნიშნავს, რომ დიალოგი აღარ გაგრძელდება და არც იმას, რომ ახლა ბატონი არძინბა სხვა რანგში იქნება წარმოდგენილი. ჩვენთვის ამ არჩევნებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მგონი, არც აფხაზეთში მცხოვრებთათვის, ვინაიდან უკანონოა. ყველა - მსოფლიო თანამეგობრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა, მიიჩნევს, რომ ეს არის უკანონო მოქმედება.
კითხვა: რა მდგომარეობაშია ის ერთადერთი გზა, რომლითაც ხდება ლტოლვილების გადმოყვანა ჩეჩნეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე? რამდენადაც ცნობილია, მისი მშენებლობის დამთავრება არ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ხომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება ამ გზის აღდგენის თაობაზე?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერ ერთი, გზის აღდგენის შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს. მეორე, ჩვენ ვითვალისწინებდით რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და ამ პრობლემის გადაწყვეტას არ ვჩქარობდით. რაც შეეხება ლტოლვილებს, ისინი ბილიკებით გადმოდიან. ეს გზები საუკუნეების მანძილზე არსებობდა. ხალხი რამდენიმე საათის მანძილზე ფეხით გადის ამ გზას. გვესმის მათი გასაჭირი და მორალური უფლება არ გვაქვს, არ მივიღოთ ბავშვები, მოხუცები და ქალები შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა დაბომბვისას დაღუპული ორი ბავშვი ახმეტის რაიონში დავკრძალეთ. ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, ასეთ რთულ სიტუაციაში დაუცველ ადამიანებს დავეხმაროთ.
გაზეთი „ალია“: რამდენადაც უკვე იყო რამდენიმე სერიოზული მცდელობა, საქართველო ჩაეთრიათ კავკასიის კონფლიქტში, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩეჩნეთიდან გადმოსული ლტოლვილებისგან გარკვეული ექსცესების შექმნის მცდელობა იყოს? ხომ არ ელოდებით ასეთ შემთხვევებს და კონტროლდებიან თუ არა გადმოსული ლტოლვილები?
ედუარდ შევარდნაძე: ლტოლვილთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები და მოხუცები არიან. მათგან რაიმე პროვოკაცია მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება მამაკაცებს, რომელთაც იარაღის ტარება შეუძლიათ, მათ ჩვენი მესაზღვრეები არ ატარებენ. არ ველოდებით განსაკუთრებულ პროვოკაციებს. ჩეჩნების, ინგუშების და დაღესტნელებისგან პროვოკაციის მოწყობა გამორიცხულად მიმაჩნია. თუ რუსეთის გარკვეული ძალები ამას შეეცდებიან, ვფიქრობ, მათი მცდელობა მარცხით დასრულდება. მათ ისედაც ბევრი საქმე აქვთ თავის ქვეყანაში. ჯობს, თავის ქვეყანას და თავის რეგიონებს უპატრონონ.
გაზეთი „ალია“: ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველომ დსთ დატოვების თაობაზე მკაცრი დიპლომატიური განცხადება გაა- კეთოს?
ედუარდ შევარდნაძე: დსთ დატოვება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. თანამეგობრობაში მარტო რუსეთი არ შედის. ამ გაერთიანებაში თითქმის ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.
გარკვეული ეროვნული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველო დსთ-დან გასვლის საკითხს ჯერჯერობით არ განიხილავს.
გაზეთი „7 დღე“: მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთი თვეც არ დარჩა, მოსახლეობამ ვერ მიიღო კუთვნილი ხელფასები და პენსიები. ის ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო დაძაბულ პერიოდში ელემენტარული სოციალური პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხა, მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ქვეყანაში მართლაც სერიოზული ეკონომიკური კრიზისია. გარდა ამისა, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა გეგმა ვერ შეასრულეს. თუ ისინი ამბობდნენ, რომ წინა თვეებში გეგმა სრულდებოდა, ეს ჩათვლების ხარჯზე ხდებოდა. მას შემდეგ, რაც ჩათვლები გაუქმდა, აღმოჩნდა, რომ ვერც ერთი სამსახური გეგმას მიახლოებითაც ვერ ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტი გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა, მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი უკმაყოფილოები წავიდნენ. ამბობენ, რომ თითქოს მათ საქართველოს მთავრობას აუკრძალეს მიღებული ტრანშიდან შიდა დავალიანების დაფარვა, რომლებიც მხოლოდ ამოღებული გადასახადებით უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, შემოსავლები აქციზური მარკებიდან, ძალზე შემცირდა, ყველაფერი ეს კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეკონომიკაში მართლაც სერიოზული პრობლემებია. რას აპირებთ ამ სიტუაციაში, როგორ მიიღებს ხალხი ხელფასებს და პენსიებს?
ედუარდ შევარდნაძე: მადლობელი ვარ ამ შეკითხვისათვის. ისე ნუ წარმოადგენთ, რომ ვიღაცამ იცის, რომ ხელფასი არ გაიცემა და ვიღაცამ - არ იცის, რომ მთავრობამ არ იცის და ამას სათანადო შეფასებას არ აძლევს. ასეთი რამ არ ხდება. თქვენ ახსენეთ ეკონომიკური კრიზისი.
უკვე წელიწადზე მეტია, ვლაპარაკობ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისი გვაქვს, ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უგერგილონი, არამედ მიტომ, რომ ჩვენზე რუსეთის კრიზისმა დამღუპველი გავლენა მოახდინა ისევე როგორც უკრაინაზე, ბელორუსიაზე და ბევრ სხვა ქვეყანაზე. ჩვენი გაანგარიშებით, რუსეთის ეკონომიკური კრიზისის შედეგად მიღებული ზარალი 500 მილიონ დოლარამდე აღწევს. ამ ციფრს კიდევ უნდა დაზუსტება, მე მინიმალურს ვასახელებ.
ხომ გახსოვთ, რომ 1996-1997 წლებში, 1998 წლის პირველ ნახევარში ჩვენ ეკონომიკური აღმავლობის გზით მივდიოდით. ეკონომიკური პოტენციალის ზრდა 10-11 პროცენტით აღინიშნა, ხელფასები და პენსიები მართალია, მცირედით, მაგრამ, მაინც მატულობდა. რუსეთის კრიზისმა ყველა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა შეაჩერა. მან სერიოზული გავლენა მოახდინა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე, მათ შორის იაპონიაზე, განსაკუთრებით კორეაზე, ბრაზილიასა და სხვა აყვავებულ სახელმწიფოებზე. რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლის კუნძულად ვერ დარჩებოდა.
მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა და საყვედურებისა, რომელთაც თქვენთან ერთად, ზოგიერთი მოქალაქეც სავსებით სამართლიანად გამოთქვამს, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კრიზისის დამამთავრებელ ფაზაში ვიმყოფებით. მდგომარეობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება. კერძოდ, მიმდინარე წელს გვექნება ეროვნული შიდა პროდუქტის ზრდა და 3-4 პროცენტით - ეს ჩემი პროგნოზია. (სავალუტო ფონდი 2 პროცენტს ანგარიშობს). ეს იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი მსხვილი საწარმო ამოქმედდება. ხელფასებისა და პენსიების პრობლემა შედარებით მოგვარებულია დედაქალაქში, ასევე ზოგიერთ რეგიონში. თუმცა ზოგ მათგანში ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა. ქვეყანას ცოტ-ცოტა რეზერვი აქვს იმისათვის, რომ მდგომარეობა შევამსუბუქოთ. დავალიანებას ერთდროულად ვერ დავფარავთ, მაგრამ ორი-სამი თვის პენსიებსა და ხელფასებს ალბათ, სავარაუდოდ, ოქტომბერსა და შემდგომ თვეებში დავარიგებთ.
რაც შეეხება სავალუტო ფონდის შეფასებებს, იმ პიროვნებებმა, რომელთაც დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრებიდან ინფორმაცია გამოაქვთ, ისიც უნდა თქვან, კარგი და დადებითი რა ითქვა. შეხვედრაზე კი ითქვა, რომ საქართველო ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით სწორი გზით მიდის. ითქვა იმის შესახებაც, რომ ჩვენ არ დავუშვით სერიოზული ინფლაცია, რაც დიდ უბედურებას მოგვიტანდა. ისიც ითქვა, რომ საქართველომ რუსეთისა და სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, შეძლო, შეენარჩუნებინა საბანკო სისტემა. ეკონომიკური კრიზისის დროს ყველაზე დიდი უბედურების მომტანი სწორედ საბანკო სისტემის დანგრევაა. ეს, ასე ვთქვათ, დადებითი მხარეებია, რაზედაც მომავალში ახალი დადებითი ტენდენციები უნდა აიგოს.
ამაზე ჩვენ ბევრს ვფიქრობთ და ვმუშაობთ. გადასახადების აკრეფა რომ დამაკმაყოფილებლად არ მიმდინარეობს, ამის შესახებ ყველაზე ხშირად ვსაუბრობ. მეტი ქმედითი ღონისძიებაა საჭირო, რათა ყველამ გადაიხადოს გადასახადი. დაახლოებით 30 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომელთაც გადასახადი უნდა გადაიხადონ, თავს არიდებენ. ზოგს მართლა უჭირს, ზოგს კი - თანხა აქვს და სახელმწიფოს უმალავს. კონტრაბანდული საქონლის ასაკრძალად საჭიროა გადამჭრელი ღონისძიებები, რადგან იგი სახელმწიფოში მდგომარეობის გაჯანსაღების პირველი მტერია.
როგორც ჩანს, თქვენ არ ხართ საქმის კურსში - საგადასახადო სამსახურმა თავისი საქმე და კონკრეტული დავალებები გადაჭარბებით შეასრულა. რაც შეეხება საბაჟოს, მას გაუჭირდა, რაც გამოწვეულია ბათუმში შექმნილი მდგომარეობით. კონტრაბანდული საქონელი რომ შიდა ბაზარზე არ შემოსულიყო, გაცილებით მეტი იქნებოდა შემოსავალი საბაჟოს მხრიდან. მაგრამ ეს საკითხიც, ალბათ, მოგვარდება. ვიმეორებ, საბაჟო სამსახური ყველა ქვეყანაში ცენტრალიზებულია.
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“: საქართველოში მყოფ ვახა არსანოვს არცთუ ისე სახარბიელო რეპუტაცია აქვს რუსეთში, იგი ადამიანის გატაცების ბიზნესის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. სა- ფუძლიანად იბადება ეჭვი, რომ ის ფაქტობრივად, გარკვეულ სამხედრო თანამშრომლობას აწარმოებს საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის.
ედუარდ შევარდნაძე: პირადად მე, არსანოვის ადამიანების გატაცების ბიზნესში მონაწილეობის შესახებ მონაცემი არ მაქვს. თუ თქვენ გაქვთ, ამის დაწერა, გამოქვეყნებაა საჭირო. გარდა იმისა, რომ ის ჩვენი მოქალაქეების გამოხსნაში დაგვეხმარა, მე სხვა მონაცემი არ გამაჩნია. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორი შეხედულება აქვთ მასზე რუსეთში, იქ ძალიან ბევრ მოღვაწეზე და არა მარტო ჩეჩნეთში მოღვაწე პიროვნებებზეა ცუდი შეხედულება და არცთუ უსაფუძვლო. მაგრამ ჩვენც და რუსეთიც გარკვეულ ურთიერთობაში ვართ ამ ხალხთან და ადამიანებთან - გახსოვთ პრეზიდენტ ელცინის შეხვედრა მასხადოვთან, სხვა მოღვაწეებთან, მე აღარ ვლაპარაკობ ლებედზე, ჩერნომიდრინზე და სხვებზე. მაგრამ თუ გვინდა რომ პოლიტიკა პოლიტიკა იყოს, ალბათ, დიალოგზე უარს ვერ ვიტყვით. არც არძინბას გაუკეთებია სასიკეთო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ, მასთან ვილაპარაკოთ.
ეს ჩვენი მცდელობის შემადგენელი ნაწილია: უნდა გამოვიყენოთ ყველა სამშვიდობო მეთოდი, რაც შეიძლება უსისხლოდ გადავწყვიტოთ პრობლემა.
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“: ჩეჩნეთის დაბომბვების შედეგად რუსეთის თვითმფრნავები დაახლოებით 15-20 კილომეტრის სიღრმეში შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამას აშკარად ამბობენ მესაზღვრეები, ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ ოფოციალური პროტესტი საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს, რატომ ვიკავებთ თავს?
ედუარდ შევარდნაძე: როცა ასეთი ფაქტები იყო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ნოტა ორჯერ გაგზავნა, იყო ჩემი რეაგირებაც ომალოს დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური აღიარება და ბოდიშის მოხდა მოჰყვა. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, ეს საგულისხმოა. პროტესტების გამოთქმა შეიძლება, მაგრამ პროტესტებსაც საზღვარი აქვს. თვითმფრინავების ჩამოგდება ძნელი არ არის, მაგრამ ეს საკმაოდ სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს. მინდა, შევინარჩუნოთ ნერვების სიმტკიცე, გაფრთხილებები გადაეცემა რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს, მკვეთრ მოქმედებაზე ალბათ შემდეგისთვის უნდა ვიფიქროთ.
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“: ამ ბოლო დროს, თქვენი მოგზაურობის პერიოდში, აჭარიდან თქვენ მიმართ კიდევ უფრო მძაფრად, კიდევ უფრო კონკრეტულად და მკეთრად გაისმა განცხადება, რომ თქვენ საქართველოში ტერორიზმის მამა ბრძანდებით. არ ვიცი, ვინ უნდა გააკეთოს ამ გაცხადებაზე რეაგირება, როდემდე გაგრძელდება ეს?
ედუარდ შევარდნაძე: ჩემზე რომ თქვან, რომ ნიუტონი ვარ, მე უნდა ვამტკიცო, რომ ნიუტონი არ ვარ? როგორ შემიძლია, სერიოზულად მივიღო, ვისგანაც უნდა მოდიოდეს, აჭარიდან თუ სხვა კუთხიდან, რომ შევარდნაძე ტერორისტია. უბრალოდ ეს, შეურაცხყოფაა, წესით, ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, მაგრამ, არ მინდა, ურთიერთობა უკიდურესობამდე მივიდეს.
გაზეთი „იბერია-სპექტრი“: 1992 წლიდან ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების შესახებ. მაგრამ, ქარავანი მიდის, ჩვენ კი მხოლოდ ვლაპარაკობთ. როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ამქვეყნად, ხომ არ იტყვიან თაობები, რომ აფხაზეთი დაკარგა საქართველომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს?
ედუარდ შევარდნაძე: რას ტყვიან მომავალი თაობები, მოდით, ეს მომავალ თაობებს დავუტოვოთ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. რაც შეეხება საკითხის არსს, მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი პოზიცია. ჩვენს ქვეყანას არ დაუტოვებია, ხელიდან არ გაუშვია არც ერთი შანსი, გარდა სამხედრო ვარიანტისა, რომლისთვისაც საქართველო არ იყო მზად. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ მეთოდს არ უნდა მივმართოთ. სხვა ყველა ვარიანტს, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ვიყენებთ: გაეროს უშიშროების საბჭოზე, გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლები, არაორდინალური ნაბიჯი, როგორიც არის საქართველოს მეგობარი ჯგუფის ჩამოყალიბება. ეუთოს სამიტების ორი რეზოლუცია სათანადო შეფასებით, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს არის ეთნოწმენდა, და რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შემდეგში ზოგიერთ სხვა ღონისძიებასაც მივმართოთ. არის გაეროს სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ისეთი ვარიანტისთვის, როგორიც კოსო- ვოში გამოიყენეს, არც ევროპაა მზად და არც მსოფლიო საზოგადოებრიობა. ჩვენ რაღა დაგვრჩენია: ან ომი ან სხვა საშუალება - დიალოგი. როცა ქართულ-აფხაზურ დიალოგზე ვლაპარაკობ, მხედველობაში არ მყავს არც მარტო არძინბა და შევარდნაძე და არც ლორთქიფანიძე და მისი კოლეგები. მხედველობაში მაქვს ის ურთიერთობა, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგა- დოებრიობის წარმომადგენლებს შორის. ამასწინათ სოჭში შეხ- ვდენ ერთმანეთს უხუცესები, სახელოვანი ადამიანები, აფხაზები და ქართველები, საუბარი ორ დღეს მიმდინარეობდა, საინტერესო თემები განიხილეს და საინტერესო შეთანხმებამდე მივიდნენ. ხვდებიან ახალგაზრდები, ჟურნალისტები, თბილისში ლეგალურად თუ არალეგალურად ბევრი აფხაზი ჩამოდის, ისევე, როგორც სოხუმში ჩადის ბევრი ქართველი. ჩვენ ვიცით, იქ რა ხდება, მათაც იციან, რა ხდება საქართველოში.
არის ორი გზა: ერთი - მშვიდობიანი: ქართველების და აფხაზების შერიგება. მეორე ომი, რომლის შემთხვევში იქნება დიდი კავკასიური ომი, რომელიც მოიტანს დიდ სისხლისღვრას და მსხვერპლს. ამ ეტაპზე ამ ვარიანტს მხარს ვერ დავუჭერ.
გაზეთი „იბერია-სპექტრი“: ჩვენს კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს, რეგიონულ ხელისუფლებასთან ურთიერთობები დაარეგულიროს. სამწუხაროდ, აჭარის რეგიონსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არის ყოვლად სამარცხვინო და შემაშფოთებელი სიტუაცია, რამაც შეიძლება კიდევ უარესი ვითარება მოიტანოს - გაყოს ქართველი ერი შუაზე, რისი პრეცედენტებიც უკვე არის, ჩვენს დღევანდელ პრესაში იბეჭდება, რომ ერთი მხარე არის მეორის მტერი, ეს ყოვლად დაშვებელია. თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა, რატომ დაუშვით ეს? ანდა აღკვეთავთ თუ არა ამგვარ ვითარებას, რომ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების ურთიერთობა ჩვენი ობივატელების სალაპარაკო არ იყოს. მოაგვარეთ თქვენ, რომ ჩვენ შეცდომა არ დავუშვათ და რაღაც პოზიციები არ დავიკავოთ.
ედუარდ შევარდნაძე: თქვენ ბრძანეთ, რომ კონსტიტუციაში შავით თეთრზე ჩაწერილია პრეზიდენტის მოვალეობები.
ასევე შავით თეთრზე ჩაწერილია რეგიონის და ავტონომის ხელმძღვანელობის უფლებები და მოვალეობები.პრეზიდენტმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი მისია და ფუნქცია შეასრულოს, ასევე რეგიონის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტი 22-ჯერ ჩავიდა ბათუმში, არ მინდა, სამაგიერო პრეტენზიები წავუყენო, მაგრამ ბატონი ასლანი თბილისში არც ერთხელ არ ჩამოსულა იმ მოტივით, რომ შევარდნაძე ტერორისტია, ან ტერორისტებს თანაუგრძნობს. შეიძლება სხვა მოტივიც იყოს.
მაგრამ ამას გამართლება არ გააჩნია. აქამდე არ მითქვამს, მე პირველად ვამბობ ამას.
არაჩვეულებრივ მოვლენად არ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ აჭარის რეგიონის ხელმძღვანელმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა საპრეზიდენტო არჩევნებში. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ჯერ დემოკრატიული განვითარების ისეთ დონეზე, რომ ამას რაღაც მიუღებელი და ნეგატიური მოვლენები არ მოჰყვეს. ბუნებრივია, სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ამის გარეშე წესრიგი არ დამყარდება. თუკი რომელიმე მხარე თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ჭორები გაავრცელოს და ცილი დასწამოს ასლან აბაშიძეს ან შევარდნაძეს, ამის შესახებ ყველაფერი უნდა ითქვას. თქვენ ახლა ხედავთ ალბათ, ისეთ მასალებს აქვეყნებენ, რომლებიც მოსაწონი შეიძლება არც იყოს, მაგრამ ბევრია გასარკვევი. მგონი, ყველას უნდა გვეყოს ნერვების სიმტკიცე იმისათვის, რომ მშვიდად გავარკვიოთ. მე გამოვრიცხავ, რომ მოხდება საქართველოს გაყოფა, იქით იქნება აჭარა და აქეთ - დანარჩენი საქართველო. ეს არ მოხდება, გამორიცხულია. ვიცი, აჭარის მოსახლეობის განწყობილება. მათ, ისევე, როგორც სხვა რეგიონის მოსახლეობას ვერ წარმოუდგენიათ საქართველო აჭარის გარეშე.
გაზეთი „იბერია-სპექტრი“: შეიძლება მივიჩიოთ, რომ ასეთი სიტუაცია წინასაარჩევნოდ არის შექმნილი?
ედუარდ შევარდნაძე: მგონი, ეს, უბრალოდ, ძალაუფლებისათვის ბრძოლის ავადმყოფური გამოვლინებაა და, რაც უფრო ადრე დამთავრდება, მით უკეთესია. ის თანხა, რაც ახლა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით უკანონოდ იხარჯება, აჭარის ან სხვა რეგიონების მოსახლეობას რომ მოხმარდეს, უფრო უკეთესად ვიცხოვრებთ.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 1999 წლის 4 ოქტომბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 ოქტომბერი. - №267 (3308). - 1,4 გვ.
![]() |
37 პოლიტიკა მონეტასავით იჭედება |
▲back to top |
უკრაინის ეროვნული ბანკის ზარაფხანაში, სულ ახლახან ამუშავებულ ამ თანამედროვე საწარმოში, ბეჭდავენ ფულს, ვერცხლისა და ოქროს მონეტებს, ამზადებენ ორდენებსა და მედლებს.
ყველაფერი ეს, საგანგებო გამოფენაზე გამოტანილი, ბრწყინავს და მირიადი მრავალწახნაგით აირეკლავს ქარხნის უზარმაზარი ინტერიერის (ალი ბაბას სეზამი?) უხვსინათლიანობას - ბუნებრივსა და ხელოვნურს.
სხვისი სიმდიდრე?
თუნდაც. მაგრამ აქ და ამ შემთხვევაში სოკრატეს ემოციურფილოსოფიური რეპლიკა ძვირფასეულობის გამოფენის ხილვისას წარმოთქმული - „რამდენი ნივთი არსებობს ისეთი, რომელიც არ მჭირდება!“ - უადგილოა.
სხვისი სიმდიდრეა, მაგრამ რაც უფრო მდიდარი იქნება ის სხვა, ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჩემი მეგობარია.
უკრაინის მეგობარ სახელმწიფოზე მოგახსენებთ. ეს ზარაფხანა კი ამ ქვეყნის ახალ პირობებში აღორძინების ერთი თვალსაჩინო დეტალია.
ჩვეულებრივ, საამქროში, სადაც ფული კეთდება (პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ), სადაც მზადდება ფული, უცხო პირები არ დაჰყავთ. არ არის ეს საამქრო „საექსკურსიო ობიექტი“, ბუნებრივია.
გამონაკლისი მასპინძლებმა 2 ოქტომბერს გააკეთეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის პროგრამაში ჩართულ ზარაფხანის დათვალიერებაში ამდენი ჟურნალისტი ერთად შეგვიშვეს.
მართალია, წინასწარ რაღაც გამაფრთხილებელი ინსტრუქციის მსგავსი სახელდახელო საუბარი ჩაგვიტარეს: მონეტებს ხელი არ ახლოთ, რადგან ამის გამო პროდუქცია წუნის კატეგორიაში გადავა, ეს ერთი, და მეორე თხოვნა - მაინცა და მაინც ნუ გადაუღებთ ჩვენს ოსტატებს, რადგან ვიღაც-ვიღაცეები დაინტერესებულნი არიან ქარხნის მუშათა პერსონიფიცირებული შემადგენლობით.
ეს გაფრთხილება მთქმელმაც და მსმენელებმაც იქვე საგულდაგულოდ დაივიწყეს (ოქრო-ვერცხლისთვის ხელი მაინც არ გვიხლია) და „პერსონალურ კონტაქტშიც“ კი შევედით ახალთახალ დაზგებთან მდგარ თეთრხელთათმანიან, ცისფერ უნიფორმიან ოქრომჭედლებთან, ქალებთან, რადგან მხოლოდ ქალის ნაზ თითებს ხელეწიფება იმ უფაქიზესი საქმის კეთება, რომელსაც (თუნდაც დაზგის დახმარებით) აქ ჩაჰკირკიტებენ.
ალბათ, იმიტომაც, რომ როგორც ქალთა შესახებ დაწერილ მაქსიმაში არტურ შოპენჰაუერი ამტკიცებს (მართალია, სრულიად სხვა შემთხვევისათვის), ქალები მამაკაცებზე უკეთ აღიქვამენ საგნებს და მათში ხედავენ მხოლოდ იმას, რაც რეალურად არის.
ყველა ელოდება საქართველოს პრეზიდენტს. რბილად, როგორც შეუმჩნეველი ფონი, იღვრება უჩინარი დინამიკებიდან „წინწყარო“, „მრავალჟამიერი“.
შემოდის პრეზიდენტი შევარდნაძე. მასპინძლებს მიჰყავთ ერთ დაზგასთან, მეორესთან, უხსნიან.
და ერთგან შესთავაზებენ თავად დადგეს დაზგასთან და სცადოს მონეტის დაბეჭდვა.
დგება.
ოპერატორებს ამ ხელობის ასათვისებლად შესაბამის ცენტრებში კარგა ხანს ამზადებდნენ ზარაფხანის მესვეურები.
შევარდნაძეს რამდენიმე წამში უნდა აეთვისებინა.
თქვენ წარმოიდგინეთ (რა თქმა უნდა), შეძლო და ისეთი ვერცხლის მონეტები ჩამობეჭდა (ორი ეგზემპლარი), რომ - თქვენი მოწონებული.
მიაწოდეს ერთ-ერთი პრეზიდენტს. მაღლა ასწია, ყველას რომ დაენახა ისე, და მისეული რბილი იუმორით განაცხადა.
- ეს მონეტა სხვა ყველას სჯობიაო.
- ხუმრობა იქით იყოს და თქვენმა პრეზიდენტმა მართლა კარგად იმუშავაო, თქვა ტანია პალიმ, იმ დაზგის ოპერატორმა.
მისი ნაჭედი მონეტა პრეზიდენტ შევარდნაძეს აჩუქეს.
მე მგონი, ფინანსების მატერიალიზაციის თემა (საგანგებო ხელშეკრულებას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც იმ დილით ხელი მოაწერეს კიევის მარინის სასახლეში), ამით ამოიწურა.
სამაგიეროდ, მდიდარი პოლიტიკური კაპიტალით ბრუნდება უკრაინიდან პრეზიდენტი შევარდნაძე და ვკითხოთ ამის შესახებ მას ტრადიციულ ბრიფინგზე თვითმფრინავის „ჟურნალისტთა სალონში“.
- ბატონო პრეზიდენტო, როგორც ჩანს, ეს ვიზიტი აქცენტირებულად დროული იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეა?
- ასეა. მე ვფიქრობ, კარგი გამოთქმაა „აქცენტირებულად დროული“ - ერთი მხარისთვისაც და მეორისთვისაც; გასაგები მიზეზების გამო - უკრაინისთვის, და საქართველოსთვის - იმის გათვალისიწინებით, რომ უკრაინა ჩვენი ძირითადი პარტნიორია, გნებავთ, სტრატეგიული მოკავშირე.
დაფიქსირდა ახალი დონე ყველა მიმართუულებით. დელკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მე და პრეზიდენტმა კუჩმამ, ახალი სიტყვაა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია სხვა დოკუმენტებიც, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური თანამშრომლობის ათი წლის პროგრამაა.
დილით ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან ბორის პატონთან. მოვილაპარაკეთ, რომ, ისევე, როგორც ეკონომიკაში, მეცნიერებაში, კულტურაში, საერთოდ, სულიერ სფეროშიც, ათწლიან გეგმაზე ვიმუშავებთ. კარგი ვიზიტი იყო.
ედუარდ შევადნაძეს ჰკითხეს (პირველი არხი, „მოამბე“)
- რა შანსი აქვს ლეონიდ კუჩმას კვლავ გახდეს პრეზიდენტი უკრაინაში კომუნისტებისა და სოციალისტების აქტივობის ზრდის ფონზე, და ჰქონდა თუ არა შევარდნაძის ვიზიტს დაკისრებული მისთვის მხარდაჭერის ფუნქცია?
- აშკარად მხარდაჭერა რომ გამომეხატა, - უპასუხა პრეზიდენტმა, - ამას შეიძლება უკუეფექტი ჰქონოდა. საერთოდ, ქვეყნებს არ უყვართ, მათ შინაურ საქმეებში რომ ერევიან. ისე კი, რა თქმა უნდა, შინაგანად მქონდა ჩაფიქრებული, რომ სოლიდარობის გამოხატულება ყოფილიყო ეს ვიზიტი, და, მგონი, ასეც გამოვიდა.
ამ ჭრილში და გარდამავალი ეტაპის პრობლემებზე, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს დღვანდელ სატკივარსა და სიძნელეებზე, მომდევნო ხუთწლეულის პერსპექტივაზე საინტერესო საუბარი მქონდა უკრაინის ტელევიზიასთან. ამ პერსპექტივაში ლეონიდ კუჩმას პოლიტიკური ფიგურა გამოკვეთილად ჩანს.
ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი შანსი პრეზიდენტობისა მას აქვს. წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია სწრაფად იცვლება, მაგრამ დღევანდელი განწყობილებით თუ ვიმსჯელებთ და იმ კანდიდატების მიხედვით, ვინც წამოყენებულია, რა თქმა უნდა, კუჩმა მთელი თავით მაღლა დგას.
- გუშინდელ თქვენს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის პრობლემის გადაჭრაში უკრაინის როლის გააქტიურების თაობაზე კონკრეტულად რას გულისხმობდით?
- მე ასე წარმომიდგენია: საქართველოს მეგობართა ჯგუფს - ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი - ხომ შეიძლება დაემატოს უკრაინა, რომელიც ტერიტორიულად ახლოს არის ჩვენთან, ბევრი რამ ერთობლივად გვაქვს მოსაგვარებელი, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, და სხვა მრავალი.
- როგორ აფასებთ აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევნებს?
- მე ვაფასებ, როგორც უკანონო მოქმედებას, მოვლენას. და ძალიან საწყენია, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია რომ ჩავიდა აფხაზეთში. სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია, არამეგობრული ნაბიჯი, არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის შუამავლობაზე იყო ერთი შეითხვა.
პასუხი: - ვერ გეტყვით, როგორ აქვთ წარმოდგენილი ასეთი შუამავლობა ჩეჩნეთის ხელმძღვანელებს. ხოლო, რაც შეეხება შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტ ვახა არსანოვთან, შევხვდები. თუ რაიმე არ გაკეთდება, ყოველ შემთხვევაში, საქმე არ გაფუჭდება.
- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ ჩეჩნეთისათვის იარაღის მიმწოდებლები რუსეთის სამხედრო ბაზებში უნდა ეძებონ. ამას მორიგი აგრესიული რეაქცია ხომ არ მოჰყვება რუსეთის მხრიდან?
- ვნახოთ, მოვიცადოთ.
- ლტოლვილების შესახებ?
- ჩვენ იძულებული ვართ, გარკვეული რაოდენობა მივიღოთ. როცა ლაპარაკია ქალებზე, ბავშვებზე (მათ შორის, ორი მკვდარი ბავშვიც იყო) კარის ჩაკეტვა შეუძლებელია - ჩვენი და აზერბაიჯანის მხრიდან.
ჩვენი საერთო სურვილია, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს უბედურება და ყველა თავის სახლს დაუბრუნდეს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტის პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას (პრაიმ-ნიუსი) პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას არა ჰგონია, გაუქმდეს ხელშეკრულება, იმდენად მაღალ დონეზეა იგი მიღებული. შეიძლება ცოტა გაჭიანურდეს.
ხოლო საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების პროგნოზირების გამო მან თქვა, რომ სჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნისა, რომელიც კიდევ უფრო დაბრძენდა დემოკრატიზაციის წლებში. ადამიანს ყოველთვის აქვს პასუხისმგებლობის ის გრძნობა, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც საარჩევნო ყუთთან მივა. ამ დროს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე დგება.
დაბოლოს, კვლავ „საქართველოს რესპუბლიკა“: - ბატონო პრეზიდენტო, ის, რასაც ამჟამად რუსეთი აკეთებს - ჩეჩნეთის ყოფილი პარლამენტის რეანიმირების სახით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოს მხრიდან რუსი მესაზღვრეების ჩაყენებისკენ საჭიროების აქტიური მოწოდებით, სულ ახლახან ლიუბიმოვის სატელევიზიო რუბრიკაში „აქ და ამჟამად“ საქართველოსთვის ჩეჩნეთში იარაღის გადაზიდვის დაბრალება, ხომ არ არის ყველაფერი ეს იმპერიის აღდგენის შემაშფოთებელი მცდელობის რეციდივები?
- მე იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან ვთქვი. ასეთი ცდები იყო, არის და კვლავ იქნება. ალბათ, რამდენიმე წელიწადი უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ასეთ მცდელობას გადაეჩვიონ, თავი დაანებონ, იმიტომ, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. დღეს სხვა მსოფლიო წესრიგია. უნდა მივეჩვიოთ კეთილმეზობლურ ცხოვრებას, სიკეთის კეთებას უნდა ვცდილობდეთ და არა მახის დაგებას.
***
ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ: „ვინც იმოგზაურა, მას ბევრის მოყოლა შეუძლია.“
ეს ბევრი საქმეში გამოჩნდება, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვება.
არმაზ სანებლიძე,
„სრ“ სპეც. კორ.
კიევი-თბილისი.
პოლიტიკა მონეტასავით იჭედება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 ოქტომბერი. - №267 (3308). - 1,3 გვ.
![]() |
38 „ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქართველო დღეს უკვე სულ სხვა ქვეყანაა, ამჟამად რეგიონშიც სხვა ვითარებაა და გაცილებით მეტი საშუალება გვაქვს, რათა დავიცვათ ქვეყნის კანონიერი ინტერესები“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელი რადიოინტერვიუს პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურებული საგარეო კონტაქტები იქნება. ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი გაიმართა, და ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი, შეიძლება ითქვას, მეტისმეტად წარმატებული ვიზიტის შემდეგ, გასულ კვირას თქვენ სომხეთსა და უკრაინას ეწვიეთ. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტების შედეგებს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქარველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ვფიქრობ, უსაფუძვლოდ არ არის ნათქვამი, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა.
რადიკალური რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება (ფაქტობრივად ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს), ამთავითვე გულისხმობს აქტიურ საგარეო პოლიტიკას - საერთაშორისო ურთიერთობაში ქვეყნის ღირსეული ფუნქციის დამკვიდრებას. ამ თვალსაზრისით, ორმხრივ ურთიერთობასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონულ თანამშრომლობას.
ეს მიმართულება განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გამოიკვეთა. სწორედ ამ ასპექტით გამოვყოფდი ოფიციალურ ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, თუმცა თავად ამ ვიზიტის თაობაზე საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჯერ კიდევ თვითმფრინავში და ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზეც. რა თქმა უნდა, მოძმე სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობაც, მისი დღევანდელი დონე სავსებით დამაკმაყოფილებელია და შემდგომი განვითარების შესანიშნავი პოტენციალიც აქვს, მაგრამ, კონკრეტულად სომხეთში ვიზიტი უწინარესად იმიტომ იყო საინტერესო, რომ ჩემს კოლეგასთან ბატონ რობერტ ქოჩარიანთან მოლაპარაკების შედეგად, სხვა ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გამოითქვა რამდენიმე ახალი მოსაზრება რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, რის გარეშეც სტაბილური მშვიდობა კავკასიაში წარმოუდგენელია.
უახლოეს ხანში შევხვდები მოძმე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ჰეიდარ ალიევს (შევარჩევთ დღეს, მოვილაპარაკებთ), რომლის შეხედულებათა გაუთვალისწინებლად ამ საკითხზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, აზრს დაკარგავდა.
იმავე კონტექსტით შეიძლება ვისაუბროთ ჩვენს ურთიერთობაზე უკრაინასთან.
მე ამ ურთიერთობას უნიკალური ვუწოდე.
მართლაც, უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობა დიდი სახელმწიფოსა და შედარებით პატარა ქვეყნის თანასწორუფლებიანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესანიშნავი, თვალსაჩინო მაგალითია.
იმავდროულად, უკრაინას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს, სავსებით კანონიერად უჩნდება სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ეს ინტერესები ემთხვევა საქართველოს მიზნებს.
უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ გააფორმა დიდი ხელშეკრულება არა მარტო მეგობრობისა და თანამშრომლობის, არამედ „ურთიერთდახმარების“ შესახებაც.
ჩემი ხალხის მადლიერების ნიშნად, მე მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ბატონ ლეონიდ კუჩმას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ.
ვფიქრობ, ეს ჯილდო ნათლად ასახავს იმ კეთილშობილურ წვლილს, რომელიც ამ ქვეყანამ, დიდმა უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის პრეზიდენტმა შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში.
მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, უკვე მოქმედებს ეკონომიკური თანამშრომლობის ათწლიანი პროგრამა, რომელიც ჩვენ საბოლოოდ მოვიწონეთ. შემუშავებულია ურთიერთხელსაყრელი პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ავიამშენებლობის სფეროებში. ჩვენი პროდუქცია, განსაკუთრებით ღვინო, ჩაი, ციტრუსები და სხვა მრავალი მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს უკრაინის ბაზარზე, ისევე როგორც უკრაინის პროდუქცია - საქართველოს ბაზარზე. ბრწყინვალე შედეგი მოჰყვა ფოთისა და ბათუმის სარკინიგზო ბორნების ამოქმედებას.
ამ პროგრამათა ფარგლებში მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებანი, ხელი მოვაწერეთ სათანადო დოკუმენტებსაც. ძალიან საინტერესო დეკლარაციაა. მე მინდა ვურჩიო ყველას, გაეცნონ ამ დეკლარაციის ტექსტს.
განსაკუთრებით აღვნიშნავდი შეხვედრას უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებთან, რომლებიც მეწვივნენ რეზიდენციაში და ამ შეხვედრას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან ბატონ ალეკო თავხელიძესთან ერთად ესწრებოდნენ მსოფლიო მასშტაბის უკრაინელი მეცნიერები, მათ შორის აკადემკოსი ბორის ევგენის ძე პატონი და სხვები, - ანუ ამ მხრივაც ფართოა თანამშრომლობის ასპარეზი. ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას, რომ საქართველო და უკრაინა, ორი აკადემია და, შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტები მოამზადებენ ხელშეკრულებას ორ ქეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მასშტაბის გადიდება-გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ. ესეც ათწლიანი პროგრამა იქნება.
გაიმართა შეხვედრები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ერთმანეთს შეხვდნენ თავდაცვის მინისტრებიც. მანამდე ბატონი კახა თარგამაძე იყო და მასაც ჰქონდა ასეთი შეხვედრები. გასაგები მიზეზების გამო დაკონკრეტებას თავს ავარიდებ, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს და მადლიერი უნდა იყოს მოძმე უკრაინელი ხალხის იმ უდიდესი დახმარებისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და დავასრულოთ არმიის მშენებლობის პროცესი. ბევრი რამით იყო სასიხარულო ჩემი შეხვედრა ქართველ კურსანტებთან, იქ ასზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, თავდაცვის აკადემიაში, მესაზღვრეთა და უშიშროების ხაზით. შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ძალიან კარგად სწავლობენ და უკრაინელებმა გვითხრეს, რომ ეს მართლაც სამაგალითო რაზმია, რომელიც იქ გადის მომზადებას.
ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში უკრაინის განსაკუთრებული როლის შესახებ. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, რომ უკრაინა - ევრაზიის სივრცის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო და ჩვენი მეზობელი შეუერთდეს საქართველოს მეგობართა იმ ჯგუფს, რომელიც გენერალური მდივნის ეგიდით მოქმედებს?
აი, ასეთი იყო ძირითადად, ძალიან მოკლედ იმ ჩვენი შეხვედრების შინაარსი. მე აღარ ვლაპარაკობ ატმოსფეროზე, რომელიც განსაკუთრებული იყო. თქვენ იცით, რომ უკრაინა ახლა პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება. იქაც 31 ოქტომბერს არის დანიშნული პრეზიდენტის არჩევნები და მთელი უკრაინა დღეს ამ პრობლემით ცხოვრობს.
- თქვენს ვიზიტსაც, სხვათა შორის, ამ დღეს უკავშირებენ... ამბობენ, ეს გარკვეული თვალსაზრისით შევარდნაძის მიერ კუჩმას მხარდაჭერა იყოო...
- მოდით, ამაზე ვილაპარაკოთ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მისი შედეგების მიხედვით. ბატონი კუჩმა, ასე ვთქვათ, თავდაჯერებული და დარწმუნებულია, და მან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინა მომძლავრებულიყო, ფეხზე დამდგარიყო. ფაქტობრივად, აშენდა დამოუკიდებელი უზარმაზარი სახელმწიფო, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და უკრაინა გავიდა დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. უკრაინის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მე სწორედ ამ მოვლენებზე ვილაპარაკე. ვთქვი ისიც, რომ უკრაინის სტაბილურობის გარეშე წარმოუდგენელია სტაბილურობა ევროპაში, უშიშროება ევროპასა და მთლიანად ევრაზიის სივრცეში.
- საუბარი არ იყო სუუამის შესახებ, მის პერსპექტივაზე? რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ: თუნდაც იმას, რომ უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც ნატოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ გვახსოვს, რომ ნატოს 50 წლისთავის დროს ვაშინგტონში ეს ორგანიზაცია გაფართოვდა და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მეზობლების რეაქციაც გვახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ სუუამი არ უნდა გადაიქცეს რაღაც სამხედრო ტიპის ორგანიზაციად. იგულისხმებოდა რაღაც ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე ჩამოყალიბდა, ვთქვათ „ვარშავის ბლოკი“, შემდეგ - ნატო და სხვ. იგულისხმება, რომ სუუამში გაერთიანებულ ქვეყნებს ჩვენს რეგიონში არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ასეთი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ რაღაც შეთანხმებანი...
- ეს კითხვა დაგვისვეს ჟურნალისტებმა უკრაინაში და ჩემი და ბატონი კუჩმას პასუხი ასეთი იყო: არის სახელმწიფოთა ჯგუფს შორის ინტერესების რაღაც თანხვედრა და სწორედ ამ ინტერესების თანხვედრამ მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა ასეთი წარმონაქმნი, რომელსაც ახლა სუუამი ჰქვია. ამავე დროს, ჩვენ განვმარტეთ ისიც, რომ ამას არა აქვს არავითარი სამხედრო მიზნები, ეს არ არის არავითარი სამხედრო ბლოკი და უფრო მეტად წინა პლანზე წამოწეულია ეკონომიკური თანამშრომლობა, ტრანსპორტირება, ენერგეტიკული პრობლემები, კონფლიქტების მოგვარება და მათი თავიდან აცილება. ძალიან კარგია, რომ უზბეკეთიც ჩაერთო ამ მოძრაობაში, ამ ჯგუფის საქმიანობაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს.
- დღეს, როდესაც კავკასიაში ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ჩეჩნეთთან და დაღესტანთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც თქვენ, საქართველოს პრეზიდენტმა გარკვეული განცხადებები გააკეთეთ ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს ის, რომ თქვენ ფაქტობრივად ასეთი რამ თქვით: დროა, დავივიწყოთ გარკვეული წყენა, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა, და ერთად ვაშენოთ მშვიდობიანი კავკასია, როგორც ჩრდილოეთი კავკასია, ასევე სამხრეთი კავკასია, ლაპარაკი იყო ერთიან კავკასიურ მშვიდობიან სივრცეზე. ქოჩარიანთან შეხვედრისას სომხეთთან დაკავშირებით იყო თუ არა საუბარი რაღაც ახალ ნაბიჯებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი კავკასიის ფორუმი, რომელიც თბილისში გაიმართება, შედეგიანად დასრულდეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა კიდევ უფრო გამოსწორდეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მოგვარდეს...
- მე ვთქვი, რომ იყო საუბარი გარკვეულ ახალ იდეებზე, როდესაც ჩვენ რეგიონალურ პრობლემებს განვიხილავდით. მათ შორის, საუბარი იმაზეც, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სხვადასხვა დონის წარმომადგენლები სისტემატურად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს. თქვენ იცით, რომ იყო სპიკერების შეხვედრა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ახლა მზადდება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ჯერჯერობით რამდენადმე სადავოა ფორმატების საკითხი - ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იქნება პრემიერ-მინისტრის ვიწრო შეხვედრა და საქმიანი საკითხების განხილვა. შემდეგ, ესეც, ალბათ, არ არის გამოსარიცხი, იქნებ პრეზიდენტებსაც გაუჩნდეთ იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში ან კავკასიის რომელიმე სხვა რეგიონში და ასევე, თუ რაღაც სიახლეზეა ლაპარაკი, პრეზიდენტმა ქოჩარიანმა ახლა ძალიან ნათლად გამოთქვა, რომ მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. ჩვენ წინათაც გვქონდა საუბარი ამაზე, მაგრამ ცოტა უფრო მეტი სიფრთხილე იგრძნობოდა სომხეთის ხელისუფლების მხრივ. ახლა ყოველივე ეს უფრო გარკვეულად და ნათლად ითქვა. კონკრეტულად, მხედველობაში გვაქვს ის, რომ აფხაზეთში სომეხი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია და სომხეთს აქვს გარკვეული ბერკეტები, რათა ზეგავლენა მოახდინოს კონფლიქტის მოგვარებაზე. ჩვენ არც ერთი შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, მით უმეტეს, როცა მოძმე ქვეყანა გვთავაზობს ამას.
ასევე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია აზერბაიჯანს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ, რადგანაც, ალბათ, ბატონ ალიევს ცალკე შევხვდები და ცალკე ვისაუბრებთ. ჩემი აზრით, არც საქართველოს როლის გამორიცხვა შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, და საერთოდ კავკასიის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს ამოქმედებული.
- გუშინ აფხაზეთში გაიმართა ეგრეთ წოდებული არჩევნები და რეფერენდუმი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებიც დაესწრნენ, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სეპარატისტთა მიერ ორგანიზებული ეს უკანონობა. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას?
- გუშინდელ, ასე ვთქვათ, „ღონისძიებას“, რა თქმა უნდა, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. რა შეიძლება დემოკრატიასთან საერთო ჰქონდეს ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ და ეგრეთ წოდებულ „პლებისციტს“, რომელიც ნასახლარებზე იმართება ანუ იმართება იმ ტერიტორიაზე, სადაც საზარელი ძალადობით, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტით, და მე ეს გამოთქმა ვიხმარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას - „დემოგრაფიული ინჟინერიის“ არაადამიანური მეთოდის გამოყენებით განხორციელდა უმძიმესი ფორმის გენოციდი - ეთნიკური წმენდა, რასაც თან სდევდა მშვიდობიანი მოსახლეობის გაძევება, ეთნიკური ნიშნის მიხედვით განადგურება და ასე შემდეგ. დემოკრატია უმრავლესობის ნებას გულისხმობს. ეს ნება არ უნდა ითვალისწინებდეს უმცირესობის დაჩაგვრას, მაგრამ ისიც არა- დემოკრატიულია და დანაშაულია, როდესაც უმცირესობა, გარეშე ძალების მეშვეობით, სამშობლოდან აძევებს და ჩაგრავს უმრავლესობას. ვიმეორებ, გარეშე ძალების მეშვეობით.
რაც შეეხება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა მონაწილეობას, აქ თითქოს ყველაფერი ნათელია, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, ორმაგი სტანდარტი არა მარტო უზნეობაა, არამედ პოლიტიკურადაც წამგებიანია და ბუმერანგის თვისება აქვს.
მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ადასტურებს, რომ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს ანუ იმ ფიგურებს, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობენ, ნათლად აქვთ გაცნობიერებული ორმაგი სტანდარტის ზემოხსენებული თვისება. ამასთანავე, ვთხოვ საზოგადოებას, რაოდენ ემოციურიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება აფხაზეთში გუშინდელი მოვლენისადმი, - შევეცადოთ (თუმცა ძალიან ძნელია) მოვთოკოთ ჩვენი ემოციები, რათა უნებლიეთ იმათ წისქვილზე არ დავასხათ წყალი, ვისი მიზანიც უდავოდ საქართველოს წონასწორობიდან გამოყვანა გახლავთ. გაცილებით უფრო ჰგავს ეს პროვოკაციულ მოქმედებას, ვიდრე, უბრალოდ თუნდაც ცნობისმოყვარეობას, თუ რა არის ეს არჩევნები.
ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქართველო დღეს უკვე სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე 1992 წელს იყო. ამჟამად რეგიონშიც სხვა ვითარებაა და გაცილებით მეტი საშუალება გვაქვს, რათა დავიცვათ ქვეყნის კანონიერი ინტერესები. და, ბოლოს, მავანთა გასაგონად ვიტყვი: დიდი ვერაფერი ვაჟკაცობა და „კავკასიელობაა“ ისარგებლო მოძმე ხალხის უბედურებით და მისი ტრაგედია გამოიყენო, რათა დრო იხელთო საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად. მიმიხვდებით, ალბათ, რაზეა ლაპარაკი.
ვფიქრობ, სოხუმში მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ.
კავკასიელებმა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კავკასიური ღირსების ადათს უნდა ვცეთ პატივი. ორმაგი სტანდარტი აქაც დაუშვებელია. ამ დღეებში გაიმართება თანამეგობრობის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. გაემგზავრება თუ არა საქართველოს დელეგაცია პეტერბურგს, ან როგორი რაკურსით დააყენებს ზემოთ აღნიშნულ საკითხს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, სპეციალური მსჯელობის საგანი გახდება ამ დღეებში, და ამას, რა თქმა უნადა, ვაცნობებ მოსახლობას.
- გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ: განვითარებულ სახელმწიფოთა უდიდესი ღირსება იქნება, თუკი მესამე ათასწლეულის მისადგომებთან ისინი თავად შეუმსუბუქებენ ვალების ტვირთს განვითარებადს ქვეყნებს. გასული კვირის დამდეგს პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ეს ვალები მათს განვითარებას ნამდვილად უშლის ხელს...
- მე სრულიად გულწრფელად მივესალმე პრეზიდენტ კლინტონის ამ განცხადებას. მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს პრეზიდენტის მიერ ამგვარი შეფასება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, უდიდესი გარღვევის მანიშნებელია.
ამერიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ლიდერობას ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
იგი ზესახელმწიფოა არა მხოლოდ და არა იმდენად სამხედრო ძლევამოსილებით, რამდენადაც ჭეშმარიტი დემოკრატიის უპირველესი თვისებით - მუდმივად დაეხმაროს სუსტ ქვეყნებს, პატარა ერებს, გაუწოდოს მათ ხელი გაჭირვების ჟამს და დაეხმაროს არა მარტო პატარა, არამედ დიდ სახელმწიფოებსაც.
ბედნიერი ვარ, რომ პრეზიდენტი კლინტონი იზიარებს აზრს, რომელიც ჩემთან ერთად მრავალმა სახელმწიფო მოღვაწემ გამოთქვა. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი რომის პაპი გახლდათ, რომელმაც ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა. ლიდერებმა გამოთქვეს აზრი იმის თაობაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში (ეს ჩემს გამოსვლაშიც ასე იყო) კაცობრიობის ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმ ნაპრალის აღმოსაფხვრელად, დასაძლევად, რომელიც სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის გაჩნდა. სხვაგვარად, სტაბილურ, ბედნიერ და დემოკრატულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ოცნებაც შეუძლებელი იქნება.
რა თქმა უნდა, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, მაგრამ მოძრაობა უნდა დაიწყოს.
დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები ღირსეულ წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ ძალისხმევაში და მის მაგალითს ბევრი სახელმწიფო მიბაძავს.
- და, ბოლო კითხვა ეკონომიკის სფეროდან - საბიუჯეტო შემოსავლის ოდენობის შესახებ. რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით? რადგან ძალიან ხშირად ეს „აქილევსის ქუსლად“ რჩება ხოლმე...
- ეს მართლაც უმთავრესი საკითხია. მუდმივად ვსაუბრობ ამ თემაზე, ვინაიდან გადასახადების აკრეფის დონე არა მარტო ეკონომიკური ვითარების ინდიკატორია, არამედ საერთოდ სახელმწიფოებრივი მექანიზმის სრულყოფილებაზეც მეტყველებს.
შედეგი თითქოს არ არის ურიგო: წლის დამდეგიდან, საგა- დასახადო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნავარაუდევი 294 მილიონ 500 ათასი ლარის ნაცვლად მობილიზებულია 305 მილიონი ლარი. სექტემბრის პარამეტრიც მთლიანად შესრულდა - 37 მილიონი ლარის ოდენობით.
ასევე იგრძნობა სასიკეთო ძვრები საბაჟო სისტემაში, მაგრამ სავალუტო ფონდის ექსპერტებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას კონკრეტულად მიგვითითეს ის სფეროები, ის მიმართულებანი, სადაც ჯერ კიდევ უდიდესი, გამოუყენებელი რეზერვი არსებობს. საბაჟო სამსახურთან დაკავშირებით, დიდად სამწუხაროდ, პრობლემები შეიქმნა აჭარაში. ფაქტობრივად, მოძრაობა შეწყდა იმიტომ, რომ აღარ გათავდა კონტრაბანდული საქონლის ნაკადი საქართველოს შიდა რეგიონებისაკენ. ამიტომ ჩვენც იძულებული ვიყავით, რაღაც საგანგებო ზომები მიგვეღო. დარწმუნებული ვარ, აჭარის ხელმძღვანელობა გამოძებნის იმ გზას, რომელიც ერთადერთია და სწორი. საბაჟო პოლიტიკას ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს. ყველა ქვეყანაში ასეა და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
ვაშინგტონიდან ჩვენი დელეგაციის დაბრუნების შემდეგ უფრო დეტალურად ვისუბრებთ ამ საკითხებზე. ერთი რამ ცხადია: ქვეყანა შვებით ვერ ამოისუნთქავს მანამ, სანამ ყველა, ვისაც ეს ეხება, არ გადაიხდის გადასახადს. ამიერიდან უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მკაცრ ღონისძიებებზე, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებზე და, საერთოდ, სადამსჯელო პრაქტიკის გამკაცრებაზე.
საქინფორმი.
„ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქართველო დღეს უკვე სულ სხვა ქვეყანაა, ამჟამად რეგიონშიც სხვა ვითარებაა და გაცილებით მეტი საშუალება გვაქვს, რათა დავიცვათ ქვეყნის კანონიერი ინტერესები“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რეს- პუბლიკა. - თბილისი, 1999. - 5 ოქტომბერი. - №267 (3308). - 1,2 გვ.
![]() |
39 უშანგი ჩხეიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით |
▲back to top |
ხუთ ოქტომბერს მთაწმინდის პანთეონი კიდევ ერთი დიდი ქართველის, უშანგი ჩხეიძის ნეშტს მიიბარებს, იმ დიდი მსახიობის ნეშტს, რომლის სახელი ლეგენდად დაჩა ქართული თეატრის ისტორიაში.
მრავალი წელი გავიდა უშანგი ჩხეიძის გარდაცვალებიდან.
წლები, როგორც წესი თავის სახელს არქმევენ ხოლმე ადამიანთა ნაღვაწს. დროის ეს შეფასება უტყუარია და უკამათო. სწორედ დროის მოთხოვნით, უშანგი ჩხეიძის დაბადების ასი წლისთავზე გაკეთდა ის, რაც წლების წინ უნდა გაკეთებულიყო.
თუმცა, იქნებ ასე სჯობდეს, ერის უპირველეს პანთეონში დავანება დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო მიზანშეწონილი იყოს, როდესაც განელდება ადამიანის იმქვეყნად წასვლის ტკივილი და ცივი გონება შეაფასებს უკვე ისტორიად ქცეული კაცის ნაღვაწს. ყველაფრისა და ყველას ფასი სწორედ მაშინ ხდება თვალსაჩინო.
უშანგი ჩხეიძე მარტო შეუდარებელი მსახიობი კი არ იყო, არამედ ახალი ქართული თეატრის ერთ-ერთი შემქმნელიც. ამას ამბობდა ყველა, ვისაც კი უნახავს იგი სცენაზე და მოუსმენია მისი რადიოჩანაწერები. მან თითქოს მკვეთრი ზღვარი გაავლო ძველსა და ახალ თეატრს შორის და ქართველი მსახიობისთვის მუდმივ მაგალითად იქცა.
უშანგი ჩხეიძის იუბილეს ასე მასშტაბური აღნიშვნა და მისი მთაწმინდის პანთეონში გადასვენება, ხაზს უსვამს იმასაც, რომ ქართული თეატრი ჩვენს ცხოვრებაში წამყვან როლს თამაშობს, რომ მის გამორჩეულ წარმომადგენლებს ერის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ, ისინი, სიმბოლოდ იქცევიან - ერის საუკეთესო თვისებათა გამოხატვისა და ქვეყნის 296 უანგარო მსახურების სიმბოლოდ. სწორედ ასეთი შემოქმედი გახ- ლდათ უშანგი ჩხეიძე, რომლის ნეშტსაც ახლა მთაწმინდის კალთა მიიბარებს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ეს მიწა.
ედუარდ შევარდნაძე.
უშანგი ჩხეიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 6 ოქტომბერი. - №268 (3309). - 1 გვ.
![]() |
40 „საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში ჩვენს სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესებს არაფერი ემუქრება“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
როგორც ვიუწყებოდით, 2 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ოფიციალური სადილი გამართა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პატივსაცემად.
სადილზე ლეონიდ კუჩმამ და ედუარდ შევარდნაძემ სადღეგრძელოები წარმოთქვეს. პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო ლეონიდ დანიელის ძევ!
ქალბატონებო და ბატონებო!
უწინარეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლობა მოვახსენო თქვენი სახით უკრაინელ ხალხს ჭეშმარიტად ძმური გრძნობებისათვის, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის ყოველი წევრი გრძნობს ამ მადლიან მიწაზე ყოფნის დროს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა: სწორედ აქ, ამ ადგილის გვერდით, სადაც ახლა ვიმყოფებით, გადმოცემით, ორი ათასი წლის წინ, ქადაგებით რომ მოიარა ბევრი მხარე, მათ შორის ჩემი კოლხეთიც, წმინდა ანდრია მოციქულმა ჯვარი აღმართა. და იქნებ, სწორედ, მისგან იღებს სათავეს ორი ჩვენი ხალხის სულიერი სიახლოვე.
ეს სიახლოვე არ შეწყვეტილა ათასწლეულების მანძილზე და მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა. მის სათავეებთან იდგნენ ქართველი ხატმწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ერთ-ერთი წმინდა ადგილის - კიევის პეჩორის ლავრის მოხატვაში. დავით გურამიშვილისა და ლესია უკრაინკას მიერ ჩვენი ხალხების კულტურათა ურთიერთგამდიდრების მატიანეში ჩაწერილი საქვეყნოდ ცნობილი ფურცლები, მხოლოდ ნაწილია იმ დიად საგანძურში, რომლებსაც საუკუნეთა მანძილზე თვალსიჩინივით ვუფრთხილდებით.
ასეთი ნიადაგი კეთილ ნაყოფს იძლევა. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ჩვენს სახელმწიფოებს შორის საუკეთესო ურთიერთობა თავისთავად ნაგულისხმები ფაქტია. რაკი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის გამოცდილება არ გვქონდა, ერთმანეთისაკენ მიმავალ გზაზე არ გვჭირდებოდა მიგვემართა სხვადასხვაგვარი დიპლომატიური ხერხებისათვის, რათა დაგვეცვა საკუთარი ინტერესები. საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში ჩვენს სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესებს არაფერი ემუქრება. ასე იყო და ასეც იქნება, იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა ეფუძნება არა ხანმოკლე ვიწრო კონიუნქტურულ პარტნიორობას, რომელიც ემყარება ევრო-ატლანტიკურ და ევრო-აზიურ სივრცეში უკრაინის და საქართველოს ადგილისა და როლის ერთნაირ ხედვას. ეს იმით გამოიხატება, რომ სავსებით ემთხვევა ჩვენი მიდგომა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ერთნაირად ვხედავთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მომავალსაც. ევრო-ატლანტიკურ და ევროაზიურ სივრცეში დღეს მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დიდი ხნით განსაზღვრავენ იმას, თუ როგორი იქნება მსოფლიო მომავალ საუკუნეში. აღმოჩნდება თუ არა იგი კვლავ დაპირისპირების მორევში მსოფლმოწყობის თავისებური ხედვის საფუძველზე, თუ „ცივი ომის“ დამთავრების მთავარი მიღწევა - ერთიანი მსოფლმხედველური სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე - საბოლოოდ დამკვიდრდება.
და თუ მაინც ცუდი რამ მოხდება, ესეც ვერ შეარყევს ხალხების ნებას თავისუფალი არჩევანისა და დემოკრატიისადმი, ოღონდ დიდხანს დაგვაშორებს ამ კეთილშობილური მიზნების მიღწევას. ჩვენს ამოცანად ის მიგვაჩნია, რომ არ დავუშვათ ეს. მიმაჩნდა და კვლავაც მიმაჩნია, რომ პოსტტოტალიტარულ სივრცეში ნეოიმპერიალისტური ზრახვების განხორციელების გზაზე მთავარი დაბრკოლებაა თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული უკრაინის სახელმწიფო.
ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის საუკეთესო სცენარის საწინდრად მიგვაჩნია მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და გლობალური პროექტების განხორციელება, რომლებიც აჩქარებენ ასეთ ინტეგრაციას. ჩვენს ორ სახელმწიფოს ამ ურთიერთობაში სათქმელი აქვს: უკრაინას დამყარებული აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ნატოსთან, წარმატებით ვითარდება მისი ურთიერთობა ევროკავშირთან. საქართველოსთვის ეს წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული - ევროკავშირმა მოახდინა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია და ჩემი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრი გახდა. პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და მე ერთად გავუშვით ადრეული ნავთობი ბაქო-სუფსის საექსპორტო მილსადენით. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, სენატორ ბრაუნბეკის ინციატივით, მიიღო კანონი „აბრეშუმის გზის სტრატეგიის შესახებ“. წლეულს, უზბეკეთის შემოერთების შედეგად გაფართოვდა სუამი.
საქართველო მიესალმება იმას, რომ სულ უფრო იზრდება „დიდი აბრეშუმის გზის“ სივრცეზე პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, იაპონიის მონაწილეობის დონე. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველა სახელმწიფოს, დიდი თუ პატარა, ახლო თუ შორეული სახელმწიფოების ინტერესები, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ამ საარსებო მნიშვნელობის ევრაზიურ არეალში არის ბევრი ქვეყნის კანონიერი ინტერესები. იგი უნდა გახდეს და გახდება კიდეც იდეების, კაპიტალების, ინვესტიციების, უდიდესი პროექტების, ყოველივე იმის თავისუფალი კონკურენციის ასპარეზი, რაც ხელს შეუწყობს ამ სახელმწიფოთა აყვავებასა და მოქალაქეთა გამდიდრებას. მაგრამ, არასოდეს არ დავეთანხმებით იმას, რომ ეს არეალი მიიჩნიონ ვისიმე გავლენის სფეროდ. გავლენის სფეროების დრო წარსულს ჩაბარდა და არ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ამ ანაქრონიზმის აღორძინებას.
მინდა ერთხელ კიდევ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ კუჩმას ბალტია-შავი ზღვის ფორუმის მოწყობის ინიციატივისათვის. სიმბოლურია, რომ ფორუმი, რომლის მიზანი იყო ხელი შეეწყო გამყოფი ხაზების გარეშე ახალი ევროპის შექმნისათვის, მიმდინარეობდა უკრაინაში. დღეს, უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის დროს, მე გავიმეორე ის, რაც არაერთხელ მითქვამს ბევრ საერთაშორისო ფორუმზე, შეხვედრებზე მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ყველა ლიდერთან. ყველა პროექტში, ყველა წამოწყებაში, რომლებმაც უკეთესი მომავალი უნდა მოუახლოონ „დიდი აბრე- შუმის გზის“ სახელმწიფოებს, უკრაინას, ევროპის უდიდეს სახელმწიფოს, საკვანძო როლი ეკუთვნის. უკრაინის გარეშე, რომელიც ერთგულობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, სახელდობრ კი არჩევანის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლების პატივისცემას, ჩვენი გეგმები შეიძლება სერიოზულად შეილახოს.
თუ გავითვალისწინებთ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო და ინტელექტუალურ პოტენციალს, მის როლს ევროპულ სივრცეში, აგრეთვე მის მნიშვნელობას ევროპის უშიშროების არქიტექტურაში, ვფიქრობ, უკრაინას უნდა მივუჩინოთ ადგილი დიდი სახელმწიფოების გვერდით. ეს ახალი როლი, ევროპის საკვანძო სახელმწიფოს ეს პოტენციალი ხორციელდებოდა პრეზიდენტ კუჩმას ხელმძღვანელობით. მას დამყარებული აქვს უნიკალური კონტაქტები მსოფლიო ლიდერებთან, მისი პრეზიდენტობის დროს განუზომლად გაიზარდა ქვეყნის ავტორიტეტი, უკრაინის ინიციატივით მოწვეული სამიტები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, ხოლო პრეზიდენტ კუჩმას გამოსვლები საერთაშორისო ფორუმებზე მუდამ გამოირჩევა სიღრმით. ვამაყობ, რომ მაკავშირებს მეგობრობა ესოდენ შორსმჭვრეტელ და ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანთან.
ქალბატონებო და ბატონებო, ეს წელი საქართველოში პარლამენტის არჩევნებისა და უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების წელია. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ხალხი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ტოტალიტარიზმის ყველა საშინელება, ევროპული და მსოფლიო პროცესებისაგან ხანგრძლივი მოწყვეტის ყველა შედეგი და, ბოლოს, გაუგო გემო თავისუფლებასა და დემოკრატიას, გააკეთებს სწორ არჩევანს, რომელიც უკრაინას დაუმკვიდრებს მისი ღირსებისათვის კუთვნილ ადგილს განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოთა შორის. ნება მიბოძეთ შევსვა მოძმე და შორსმჭვრეტელი უკრაინელი ხალხის, ჩემი მეგობრის ლეონიდ დანიელის ძე კუჩმას, თქვენი სახელმწიფოს თავისუფალი დემოკრატიული მომავლის სადღეგრძელო.
„საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში ჩვენს სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესებს არაფერი ემუქრება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 6 ოქტომბერი. - №268 (3309). - 1,2 გვ.
![]() |
41 არა პრეზიდენტის დასაცავად, არამედ კურსის დასაცავად |
▲back to top |
პატარა, სულ პატარა განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბონდო ჯიქიამ მთავრობის გუშინდელი სხდომის ბოლოს, მაგრამ დღევანდელობის დიდ და მტკივნეულ საკითხს - უმადურობას და ერთგულებას შეეხო.
არც შევალამაზებ და არც დავამახინჯებ, თავიდან ბოლომდე გეტყვით იმას, რაც თქვა, რადგან ნამეტანი გულნატკენი ჩანდა და გულიანადაც ილაპარაკა.
ბონდო ჯიქიამ თქვა:
- ორი რამ მაწუხებს და მაწვალებს ძალიან. თემა: უმადურობისა და ერთგულების. ერთგულების შესახებ უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს სათქმელს, ახლა უმადურობის თაობაზე მინდა გითხრათ.
ძალიან ბევრი მეუბნება, რომ პრეზიდენტის მიმართ უმადურობას ვატყობთ და თუ შეგიძლია ამის თაობაზე ორიოდე სიტყვა თქვიო. რა უნდა გითხრათ? მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, რომლის პრეზიდენტმა თავისი სათქმელი უმაღლესი ტრიბუნიდან ქართულად, გაბედულად და ლამაზად უთხრა მსოფლიოს, მსოფლიო საზოგადოებრიობას წარუდგინა პოლიტიკის დიდოსტატის თვალთახედვით განჭვრეტილი 21-ე საუკუნის მსოფლიო წესრიგის, ჩვენს ცოდვილ დედამიწაზე ადამიანთა თანაცხოვრების ახლებური აზროვნებით გაცისკროვნებული პროგრამა, რომელიც, ტენდერი რომ შედგეს, დარწმუნებული ვარ, უთუოდ გაიმარჯვებს. ამ აზრს მიმტკიცებს კოფი ანანის წერილი, რომელიც დღეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ არის დაბეჭდილი. ანუ პრეზიდენტის მიწვევა გაეროს ასამბლეის ათასწლეულის სხდომაზე და, ასევე, დღეს საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება.
ყოველივე ამის შემდეგ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ვინ, ვინ უნდა ამოიღოს მიზანში პრეზიდენტი? ვის აქვს უფლება აუგად მოიხსენიოს მისი სახელი? დღეს აქ ითქვა: მოხელეებს აგინებენო, არა მარტო მოხელეებს, პრეზიდენტსაც აგინებენ, სამწუხაროდ.
როგორც იტყვიან, ჰაი დედასა შენსასა, მართლაც, უმადურობავ!
მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, იმათი სახელით, ვინც მე ეს მთხოვა და გილოცავთ ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის პრემიის მიღებას. პრემიას კი არ გილოცავთ, არამედ აღიარებას და გისურვებთ წარმატებებს, დღეგრძელ სიცოცხლეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და კარგად ყოფნას!“
ედუარდ შევარდნაძე:
- „ჩემგან ძალიან უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, მართლაც, დიდია დაბნეულობის კოეფიციენტი ჩვენს საზოგადოებაში და ვერც ვერავის დაადანაშაულებ. ვისაც უჭირს, ბუნებრივია, ის უკმაყოფილოა და ვერ იტყვის, რომ ჩვენ საჩვენებელი ქვეყანა ვართ, იდეალური პრეზიდენტი გვყავს და ა.შ. მაგრამ გაჭირვებული ადამიანები უფრო ობიექტურნი არიან. უფრო მეტად ვინც ლანძღავს პრეზიდენტს, საჯაროდ, სახალხოდ გამოთქვამს არათუ უკმაყოფილებას, არამედ შეურაცხყოფას აყენებს, ის ხალხია, ვისაც ქვეყნის კურსის შეცვლა სურს. ფაქტობრივად, სურს ეს წყობა შეიცვალოს და დავბრუნდეთ რომელიღაც საუკუნეში, რომელიც ჩვენ უკვე დავგმეთ და, რომელშიც, ალბათ, ნორმალური ქვეყანა აღარ დაბრუნდება.
მაგრამ გაჭირვებული ადამიანი ამ ანკესზე იოლად წამოეგება ხოლმე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ. მწარე სიმართლეც - რომ არის პენსიების გაუცემლობა, ხელფასების დაგვიანება, სხვა მრავალი და რა მიზეზით არის ეს. შეეძლო თუ არა, გნებავთ, პრეზიდენტს, გნებავთ, მთავრობას, პრეზიდენტის რწმუნებულებს, გადაეწყვიტათ ეს საკითხი?
ჩვენი უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლებიც კი არგუმენტებს ვერ იშველიებენ: რატომ მოხდა ეს. ჩვენ საოცრად რეკორდულ ვადაში ვამთავრებთ იმ კრიზისს, რომლიდანაც ჯერჯერობით მსოფლიო კიდევ არ არის გამოსული. გიგანტი სახელმწიფოები ვერ გამოვიდნენ კრიზისიდან, თქვენ იცით, რა მდგომარეობაშია რუსეთი. ახლახან უკრაინაში ვიყავი, ჩემი თვალით ვნახე - იქაც საპრეზიდენტო არჩევნებია - და უარესი პრობლემებია. მაგალითად, მეშახტეების გაფიცვა ხელფასების გაუცემლობის გამო. თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს. ის კი, რაც ახლა ჩვენში ხდება, ერთგვარი ობიექტური ანარეკლია იმისა, რასაც ალბათ, ვერ ასცდებოდა განვითარების ისეთ დონეზე მდგარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ეს უნდა ვუთხრათ ხალხს. არა პრეზიდენტის დასაცავად, არამედ ქვეყნის კურსის დასაცავად ყველამ უნდა ვიმუშაოთ, ყველა უნდა ვიყოთ შემართული, ყველა უნდა ვფიქრობდეთ.
მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც ბუნებით ვარ ისეთი პიროვნება, რომ დღე და ღამ თავის ქება-დიდებას მოვითხოვდე, მაგრამ არჩევნებს თავისი კანონები აქვს. იცავ შენს პოზიციას, შენს კურსს, ე.ი. უნდა ივარაუდო, რომ მომავალიც ამ გზით გაგრძელდება. სამწუხაროდ ჩვენ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. მე მგონი, უკვე მოვიდა დრო, ჩვენმა მინისტრებმა ხმა ამოიღონ და თქვან იმის შესახებ, რას მივაღწიეთ და რას - ვერა.
გუშინ რკინიგზელებს მივულოცე რკინიგზელთა დღე. ვინც არ ესწრებოდა, არ მოისმინა, ვერც დაიჯერებს, რას მიაღწია სააქართველოს რკინიგზამ სამ წელიწადში. მე კი, სიმართლე გითხრათ, მთელი ღამე სიხარულით არ მეძინა იმის წარმოდგენით, რომ აქ 24-25 ათასი კაცი, მათი ოჯახები უზრუნველყოფილია 200-250 ლარის ხელფასით. ყველას - სამუშაო ადგილი, უფასო სამედიცინო მომსახურება სისტემაში, სახელმწიფო ბიუჯეტში - 19 მილიონი შენატანი, ახალი საწარმო. ტყეებს ვჩეხავდით, ციმბირიდან მოგვქონდა „შპალებისათვის“ მასალა, სამ თვეში ქარხანა ააშენეს, სადაც რკინა-ბეტონის „შპალები“ მზადდება და ათჯერ უკეთესია, ვინემ ხისგან დამზადებული. კიდევ რამდენი რამ გააკეთეს რაიონებში - სამტრედიაში, ბათუმში, ფოთში, ლანჩხუთში, ხაშურში, თბილისსა და სხვაგან.
მე და ბატონი თენგიზ სიგუა ოთხი წლის წინათაც ვესწრებოდით მათი პროფესიის აღმნიშვნელ დღეს და არ ვიცოდით, სად გავქცეულიყავით, იმდენი საყვედური მოვისმინეთ, იმდენი ბოღმა გადმოანთხიეს ადამიანებმა იმის გამო, რა პირობებშიც მაშინ რკინიგზა აღმოჩნდა.
საერთოდ, ტრანსპორტის სფეროში 105 ათასი კაცი მუშაობს, საშუალო ხელფასი 200 ლარზე დაბალი არ არის. ეს არის ავიაცია, საზღვაო სანაოსნო; მადლობის პირველი წერილები უკვე მივიღეთ, ათ-ათი თვის ხელფასები ჰქონდათ დაურიგებელი: ახლა ეს პრობლემა მოიხსნა. 20 გემი უკვე ამუშავდა, კრედიტები, რომლებიც უნდა მიგვეღო - მივიღეთ. და ეს დარგიც გამოცოცხლდა. დაიწყო მუშაობა. ასეთი დარგები და სფეროები ბევრია. ყველაფერი ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კურსი სწორია.
საქართველოს რკინიგზა ვერ დაიტვირთებოდა, „დიდი აბრეშუმის გზა“ რომ არ ყოფილიყო! რით დავტვირთავდით? თბილისიდან ქუთაისში გადატანილი ტვირთით? 80-90 პროცენტი იმ შემოსავლებისა, რომელიც დღეს რკინიგზას აქვს, ეს ყაზახეთის ტვირთია, უზბეკეთის ბამბაა, იქიდან წამოსული სხვადასხვა პროდუქტია. ეს არის თურქმენეთის დიზელის საწვავი და მაზუთი, აზერბაიჯანის ტვირთები, სომხეთის; ეს არის დასავლეთიდან კასპიის ზღვისკენ მიმავალი მოწყობილობები და სხვა.
წლეულს საქართველოს რკინიგზა 10 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს და 120 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ექნება. ასეთი დარგები არის საქართველოში. 42 ათასი პატარა საწარმო ამუშავდა. ეს ხომ ზღაპარი არ არის?
რომ გვეუბნებიან, სად არის თქვენი მილიონი სამუშაო ადგილიო, სად არის და...მე ზუსტად მახსოვს, მილიონ 700 ათასი კაცი მუშაობდა მაშინ, როდესაც ეს ლოზუნგი წამოვაყენეთ და დღეს საქრთველოში 2 მილიონ 400 ათასი კაცი მუშაობს. მილიონს რაღაც აკლია, მაგრამ 600 ათასი, 700 ათასი სამუშაო ადგილი ხომ შეიქმნა? და თუ მიწაზე საკუთრებას გავითვალისწინებთ, მე მგონი, მილიონზე მეტიც იქნება. ესეც უნდა ვუთხრათ ხალხს“.
გაჭირვებული ადამიანები უფრო ობიექტურნი არიანო, ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა. იცის და იმიტომ თქვა, რადგან თვითონ არც ფუფუნებიდან მოსულა და არც მაღლასვლის დროს დახარბებია სასახლეებს. დემოკრატობაც იქიდან მოსდგამს და არა მარტო მოითხოვს ხალხისთვის სიმართლის, მწარე სიმართლის თქმას, არამედ შესაშური სიდინჯით შეუძლია კიდეც მოისმინოს საყვედური. მჯერა მე ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის დემოკრატობისა და ამიტომაც მინდა იცოდეს, რომ ხშირად იმ თანამდებობის პირის უპასუხისმგებლო მოქმედების გამო იხსენიებენ აუგად, ვისაც ენდო და არ გაუმართლა; უდარდელი, უნაღვლო, უზრუნველი თუ უთაური გამოდგა. მერე რა, რომ პრეზიდენტს თვალებში შესციცინებს? სწორედ ამ შეციცინებით არის, რომ ყელზე დასდგომია ზოგიერთი ხელისუფალი ხალხს.
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა - უმადურნი ქვეყნის კურსის შეცვლის მსურველნი არიანო. ასეც არის, რადგან მადა ჭამაში მოდის და კაცი რომ ყველა სიკეთეს მიიღებს, მერე სხვა რამის მადა ეხსნება. ესეც უნდა ვუთხრათ ხალხს და დავუსახელოთ, ვინ არიან ისინი.
ჩანს, საკმარისად არ ვეუბნებით.
რაც გაკეთდა, ხომ უნდა მივიდეს იგი ხალხამდე? სამწუხაროდ, ხშირად ზოგიერთი მინისტრი და გამგებელი ყველა სიკეთეს ეჩოსავით მარტო თავისთვის მიითვლის... სწორედ ასეთებია, დადგება თუ არა მომენტი, რომ გიმუხთლებენ, სარმას გამოგდებენ... თორემ ისევ ის გაჭირვებული გლეხი და მუშა, უხელფასოდ დარჩენილი ექიმი, მასწავლებელი თუ პოლიციელი მაინც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და საკუთრი სახელმწიფოს უშიშროებას დაიცავს.
უმადურობა კი, ბატონებო, დაუნახაობამ იცის. მართალია, ვი- საც არ სურს, გინდაც ჯვარს აცვი, ვერ დაანახვებ, მაგრამ ხალხი ხედავს; თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ცოტა - გულის სითბოც ჰყოფნის ადამიანებს.
მით უფრო საჭიროა ვუთხრათ ხალხს სიმართლე, კვლავ და კვლავ დავანახოთ საქმე, რომელიც გაკეთდა, ხვალ უკეთ და მეტად რომ გაკეთდება.
რუსუდან ლორთქიფანიძე.
არა პრეზიდენტის დასაცავად, არამედ კურსის დასაცავად // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 ოქტომბერი. - №269 (3310). - 1, 2 გვ.
![]() |
42 საქართველოს არქიტექტორებს, „არქიტექტურის დღის“ მონაწილეებს |
▲back to top |
„არქიტექტურის დღე“ ჩვენში ტრადიციად იქცა, ხოლო მისი მნიშვნელობა გასცდა პროფესიული ამქრის ფარგლებს. დღეს ქართველი არქიტექტორები ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან ჩამოსულ კოლეგებს მასპინძლობთ. მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის - არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის ბატონ ვასილის სგუტასის თქვენს ფორუმში მონაწილეობას საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და თქვენი შემოქმედებითი კავშირის მზარდი საერთაშორისო ავტორიტეტის დასტურად მივიჩნევ.
არქიტექტურული მოღვაწეობის გამოცოცხლება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკური აღმავლობის უტყუარი ნიშანია. თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფო სტრუქტურებისა და არქიტექტურის თანამშრომლობა ახალ ფორმებს იძენს. სახელმწიფომ უარი თქვა არქიტექტურული პროცესის ავტორიტარულ მართვაზე, უხეშ დიქტატზე, წვრილმან მეურვეობაზე, რითაც სათავე დაუდო არქიტექტურული პროცესის ობიექტური კანონზომიერებით განვითარებას - მართვის ერთადერთ მიმართულებად კანონებისა და წესების პრიმატი აღიარა, რაც კორუფციისა და კლანურობის დაძლევის ეფექტიანი საშუალება უნდა გახდეს.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა, არქიტექტურული ძეგლებისა და ქალაქთა ძველი უბნების დაცვის საკითხი. აქ კონპრომისი დაუშვებელია, და როგორი მომხიბლავიც უნდა იყოს დამკვეთის წინადადება, საკითხი უნდა გადაწყდეს ჩვენი კულტურისა და საზოგადოების ინტერესთა დაცვით.
ორი წლის წინათ არქიტექტურის დღის მონაწილეებისათვის გაგზავნილ მისალმებაში გამოვხატე რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავძლევდით ქართული არქიტექტურის წინაშე არსებულ სირთულეებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებისა და არქიტექტორების მონდომებით ბევრი რამ გაკეთდა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არქიტექტურული საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულება - ურბანისტიკა აღიარებულია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად.
ვფიქრობ, დიდ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებსა და თავისუფალ შემოქმედებით აზროვნებაზე დაფუძნებულ ქართულ არქიტექტურას სწორედ ახლა ეყრება საფუძველი და იგი უსათუოდ დაიკავებს თავის ტრადიციულ, ღირსეულ ადგილს ერის სულიერ და მატერიალურ კულტურაში. ჩვენი საზოგადოების ნდობა თქვენდამი მყარია, მაგრამ ეს საზოგადოება სწორედ თქვენგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მწამს, რომ მომავალშიც ქართველი არქიტექტორები წარმატებით გადაწყვეტთ ამ საეტაპო ამოცანას.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს არქიტექტორებს, „არქიტექტურის დღის“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 8 ოქტომბერი. - №270 (3311). - 1,2 გვ.
![]() |
43 „საქართველოს მოქალაქეებს ეყოფათ სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნებშიც და ამით სულხან-საბასაც უერთგულონ“ |
▲back to top |
7 ოქტომბერს ბოლნისის რაიონში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიდი ქართველი მოაზროვნისა და მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ დღესასწაულში „საბაობაში“ მონაწილეობა იყო.
სულხან-საბას მშობლიურ ტანძიაში მუზეუმთან შეკრებილი ასობით ადგილობრივი და ბოლნისის რაიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრები სიხარულით შეეგება სახელმწიფოს მეთაურს.
შეკრებილ საზოგადოებრიობას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა:
„ძვირფასო თანამოქალაქენო, თანამემამულენო, ქართველებო, აზერბაიჯანელებო, სომხებო, მე მივმართავ თითოეულ თქვენგანს განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა. თქვენ საქართველოს მოქალაქენი ხართ, ყველას დიდი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის დამოუკიდებლობის მშენებლობაში, ჩვენი ქვეყნის აღორძინებაში, მატერიალური და სულიერი სიმდიდრის შექმნაში. მე ვამაყობ, რომ თქვენს შორის ვარ, თქვენთან ერთად ვიმყოფები და ამ განსაკუთრებულ დღეს ერთად ვხვდებით. ვამაყობ იმით, რომ ჩემთან ერთად აქ არიან დღეს ჩვენი სახელმოხვეჭილი მამულიშვილები, მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც სისხლით და ხორცით დაკავშირებული არიან ჩვენს ხალხთან და საქართველოს ყველა კუთხესთან.
რადგან დღევანდელი დღე სულხან-საბას ხსენებასთან, მის მოგონებასთან არის დაკავშირებული, ნება მიბოძეთ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ეს მიწა, სადაც ახლა ვდგავართ, საქართველოს წმინდა მიწაა, მთელ საქართველოს რომ ახსენებს, ვინ იყო ჩვენი დიდი წინაპარი, რისთვის იღვაწა და რა ანდერძი დაგვიტოვა „საქართველოს მამად“ წოდებულმა სულხანსაბა ორბელიანმა.
საბჭოთა პერიოდში სულხან-საბა უპირატესად თავისი ისეთი დიდი წიგნებით იყო ცნობილი, როგორებიც არის „სიტყვის კონა“ და „სიბრძნე სიცრუისა“. მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსისა და დიდი დიპლომატის მოღვაწეობა მიჩუმათებული იყო და ეს არც არის გასაკვირი.
სულხან-საბა ორბელიანი საქართველოს გადარჩენის გზას ევროპაში ხედავდა. მან ბევრი იღვაწა ამ მიმართულებით, დიდ მოგზაურობასაც შეუდგა ევროპაში და სოცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდო. სულხან-საბამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც საფრანგეთის სამეფო კარზე, ისე ვატიკანში. მინდა შეგახსენოთ, რომ ვატიკანში მისი სტუმრობა სულაც არ იყო შემთხვევითი - ესეც საქართველოს მაშინდელი მდგომარეობითა და ბედით იყო განპირობებული. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი არისტოკრატიულობითა და გონიერებით. იგი მართლაც ღირსეული წარმომადგენელი იყო თავისი ქვეყნისა და შესაბამისადაც მიიღეს. მაგრამ ვეროპა მაშინ არ იყო მზად, რომ საქართველო პატივით მიეღო, მას თავისი პრობლემები ჰქონდა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები და თავისი გა- საჭირი.
მართლაც რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ეს დრო ახლა დადგა.
ახლა დადგა სულხან-საბა ორბელიანის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის ოცნების ახდენის დრო.
სულხან-საბა ორბელიანი თავის დროს გამოხატავდა, მაგრამ დროსაც უსწრებდა როგორც პოლიტიკოსი, როგორც პედაგოგი, როგორც ლექსიკოლოგი, როგორც მწერალი და როგორც პირო- ვნება, როგორც დიდი მოღვაწე.
იქნებ, სწორედ ამიტომაც მას ზოგმა გონებაშეზღუდულმა თანამედროვემ ვერ აპატია ეს გამორჩეულობა. გამორჩეულებს ხომ ყოველთვის ერჩიან.
მაგრამ დღეს სულხან-საბა, რომელიც მართლაც ავიდა „ორბების ზე“, პირუთვნელად შეგვიძლია ვაღიაროთ ჩვენს დიდ თანამედროვედ, რომელიც ეხმიანება ჩვენს მიზნებსა და სურვილებს.
მე დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს დარბაზში იმ ისტორიულ დღეს, იმ მომენტში სულხან-საბას სულიც იყო ჩვენს დელეგაციასთან ერთად და ხარობდა საქართველოს ევროპაში დაბრუნებით, ევროპის ოჯახში შესვლით.
და რა პარადოქსია, რომ წლების წინ ტანძია, დიდი ქართველის მშობლიური კუთხე, თითქმის სულ დაიცალა, სკოლაც აღარ იყო და სულხან-საბას ენაც, ფაქტობრივად, აღარ ისმოდა.
სწორედ მაშინ დიდი საქმე გაკეთდა. აშენდა სკოლა, გაკეთდა მუზეუმი, გაცოცხლდა სოფელი. მეც მიმიძღვის პატარა წვლილი ამ საქმეში და ყველაზე მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ კვლავაც რამე გავუკეთო ამ მხარეს, ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს და თავისი დიდი წინაპრის ტრადიციებს იცავს. ვერც ჩემი მომდევნო თაობების და დღევანდელ ხელმძღვანელთა ღვაწლს დავივიწყებ ამ თვალსაზრისით.
დღეს ჩვენი ქვეყანა იმ საქართველოს ჰგავს, რომელზეც სულხან-საბა ოცნებობდა - წელში იმართება და მომავლისაკენ იმედით იყურება.
შთაბეჭდილებათა წიგნში მე ჩავწერე, რომ სულხან-საბას სახელი, მისი შემოქმედება თაობიდან თაობას ათასწლეულების განმავლობაში გადაეცემა და რომ მე ერთი უბედნიერესი კაცი ვარ, რადგან ვიმოგზაურე ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც, - მხედველობაში მაქვს ვატიკანიც, საბერძნეთიც, საფრანგეთიც, - მის ნაკვალევზე, მაგრამ ამჯერად როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტმა. ეს იყო მისი ოცნება და ბედნიერი ვარ, რომ წილად მერგო მისი ოცნება სწორედ მე, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად განმეხორციელებინა.
საქართველოს სულ უფრო მეტ ანგარიშს უწევენ მსოფლიოში, მას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ, მის აზრს ითვალისწინებენ, მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იწონებენ.
საქართველო თანდათან ხდება საკვანძო ტრანზიტული ქვეყანა, რომლის მიმართ დაუფარავი ინტერესები აქვს მსოფლიოს, მე ეკონომიკურ ინტერესებსაც ვგულისხმობ და პოლიტიკურსაც.
გარწმუნებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ სულ ცოტა ხანში საქართველო იქნება ის ქვეყანა, ევროპისაკენ მიმავალ სულხან-საბას ოცნებებში რომ წარმოედგინა. ან, იქნებ, ვერც კი წარმოედგინა, იმდენს მიაღწევს ჩვენი ხალხი, ჩვენი დღევანდელი და მომავალი თაობები.
ქვეყნის ხელისუფლების მიერ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ აღებული გეზი არის ამის გარანტი და ახლა სწორედ თქვენზე, თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ეს კურსი, რომელიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ და რომელსაც ერთად ვახორციელებთ.
სულხან-საბამ დათმო ყველაფერი საქართველოსთვის, იგი აწამეს და ჰგვემეს, მაგრამ მაინც ერთგული დარჩა ქვეყნის ინტერესებისა, ერთგული დარჩა თავისი ხალხისა.
დღეს, როდესაც საქართველოს ბედის განსაზღვრის მსურველთ მრავალი საცდური აცდუნებს, უნდა გაიხსენონ, რომ ისტორიაში არსებობდა საქართველოსთვის შეწირული დიდი კაცი და მისი მაგალითი თვალწინ უნდა ედგათ.
სწორედ აქ მინდა განვაცხადო, მეგობრებო, ტერორისტული აქტებით და აფეთქებებით რომ ვერ მიაღწიეს საწადელს, საქართველოს არაკეთილმოსურნეეებმა ტაქტიკა შეცვალეს და ამით სურთ ქვეყნის, მისი შემუშავებული კურსიც შეცვალონ. ფულით, მოსყიდვით, შანტაჟით საპარლამენტო გადატრიალებაზე უჭირავთ თვალი. ყველაფერი ცნობილია, ყველაფერი დღესავით არის ნათელი. არ გამოვა, საქართველოს მოქალაქეებს ეყოფათ სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნებშიც და ამით სულხან-საბასაც უერთგულონ, უერთგულონ ჩვენს დიდ წინაპრებს, ჩვენს საუკეთესო ტრადიციებს, უერთგულონ იმ რწმენას, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი.
იქამდე ბევრი აღარ დაგვრჩა. ჩვენ სულ რაღაც 3-4 წელიწადში შეუძლებელი გავაკეთეთ - ნგრევის შედეგები დავძლიეთ. დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ, თქვენთან ერთად - ქართველებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, რუსებთან, ჩვენს ქეყანაში მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად - დამოუკიდებელი სახელმწიფო შევქმენით. საქართველოს მოქ- ლაქეების თავდადებითა და გმირობით შეუძლებელი გავაკეთეთ. ახლა დაგვრჩა მთავარი - სტაბილურობიდან უნდა მივიდეთ ქვეყნის კეთილდღეობამდე, თითოეული ოჯახის გამდიდრებამდე, სიხარულამდე. გარწმუნებთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც თქვენი თანამოაზრე, მეგობარი და დღე და ღამ თქვენზე მზრუნველი, რომ ეს დღე დადგება, საქართველო იქნება ერთ-ე- რთი ყველაზე აყვავებული, განვითარებული, მოაზროვნე ქვეყანა. სწორედ დღეს ამ უძველეს მიწა-წყალზე, სულხან-საბას ნაფუძარზე, მინდა გითხრათ ეს და შემოგფიცოთ, რომ ასე იქნება“.
„საქართველოს მოქალაქეებს ეყოფათ სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნებშიც და ამით სულხან-საბასაც უერთგულონ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 9 ოქტომბერი. - №271 (3312). - 1,2 გვ.
![]() |
44 „საზოგადოება, რომელსაც შეწყნარების უნარი არა აქვს, ვერ გადაიქცევა სამოქალაქო საზოგადოებად და ვერ დააფუძნებს დემოკრატიულ სახელმწიფოს“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- ინტერვიუს დავიწყებთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენით - 6 ოქტომბერს საქართველო გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ევროსაბჭოს შემდეგ ეს ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. გარდა ამისა, გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო, კერძოდ, თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა თქვენი ყოფილი კოლეგა ტარო ნაკაიამა. და, კიდევ, რა მოვლენებს გამოყოფდით გასული კვირის ეკონომიკური ცხოვრებიდან? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უნდა დაგეთანხმოთ, რომ გასული კვირის მართლაც უმთავრესი მოვლენა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება იყო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს ქვეყნის დიდი გამარჯვებაა, რომელსაც არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი შინაარსიც აქვს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ხუთწლიანი ძალისხმევის შესანიშნავი შედეგია და მე ამ ფაქტს თავისი პრაქტიკული მნიშვნელობით ევროსაბჭოში შესვლის ან გაეროში გაწევრიანების გვერდით დავაყენებდი. ამ ორგანიზაციის წევრობა საშუალებას მოგვცემს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან, აქტიურად ჩავებათ მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში.
საქართველოს პროდუქცია და მომსახურება მიიღებს 134 ქვეყანასთან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს და ამ ორგანიზა- ციის მექანიზმები დაცული იქნება დისკრიმინაციისაგან, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ფალსიფიკაციისაგან, დღეს ყველას ასე ძალიან რომ გვაწუხებს, და გაუმართლებელი შეზღუდვებისაგან.
იმავდროულად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ითვალისწინებს ხუთწლიან გარდამავალ პერიოდს ახლად გაწევრიანებული ქვეყნის შიდა ბაზრის დასაცავად. ასე რომ, ის კანონები, რომლებიც ჩვენ შიდა ბაზრის დასაცავად გვაქვს გამოცემული, ამ 5 წლის განმავლობაში ძალაში დარჩება, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო დაუყოვნებლივ იღებს უპირტესობას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე, მაშინ როცა, ჩვენი ბაზარი, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, მტკიცედ იქნება დაცული. ხუთი წელი კი სავსებით საკმარისი უნდა იყოს წარმოების განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად, ახალ ტექნოლოგიათა შემოსატანად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მსხვილ ინვესტორთა აქტიურ ინტერესს საქართველოს მიმართ და ეს ინტერესი ამიერიდან კიდევ უფრო გაიზრდება.
შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ გასულ კვირას საქართველოს ესტუმრნენ ახალგაზრდა პრეზიდენტთა ორგანიზაციის წევრები, სხვადასხვა კომპანიათა უმაღლესი და აღმასრულებელი თანამდებობის პირები. ამ კომპანიების ერთობლივი წლიური სავაჭრო ბრუნვა 865 მილიონ დოლარს აღემატება. მათი მიზანი საქართველოს გაცნობა და შესაძლო პროექტების განხილვა იყო.
გასულ კვირას მეწვია კიდევ ერთი მეგობარი - იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ტარო ნაკაიამა. ეს არ იყო მისი ცერემონიალური და სიმბოლური ვიზიტი, მას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ ერთი: ტარო ნაკაიამას საქართველოში ჩამოჰყვნენ იაპონიის პარლამენტის წევრები და ბიზნესმენები, რომელთაც აერთიანებთ „კავკასიის მეგობრობის მისია“. ასეთი ორგანიზაცია იაპონიაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. იგი არა მარტო ყოფილი მოღვაწეა, არამედ დღევანდელი თანამედროვე იაპონიის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და აქტიური წევრი და მრავალი და მრავალი კომისიის თავმჯდომარეა.
გარდა ამისა, ბატონმა ნაკაიამამ გადმომცა იაპონიის პრემიერ-მინისტრის კეიძო ობუტის უაღრესად საყურადღებო წერილი (ვფიქრობ, ამ წერილს გამოაქვეყნებს ჩვენი პრესა), რომელშიც კონკრეტული წინადადებებია შემოთავაზებული ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომი განვითარების თაობაზე, კერძოდ, ლაპარაკია „დიდი აბრეშუმის გზის“ განვითარებაში ჩვენს ერთობლივ საქმიანობასა და მოღვაწეობაზე.
წინადადებანი იმდენად საყურადღებოა, რომ უკვე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ აბრეშუმის გზის დიპლომატიის მეშვეობით ამ დიდი ქვეყნის აქტიურ შემოსვლაზე კავკასიაში, საქართველოში, კერძოდ, უწინარესად, ეკონომიკური თვალსაზრისით. და, სხვათა შორის, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით. წუხელ მან შემომთავაზა, რომ ჩვენს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, რომლის ბაზაზეც ახლა ფუნქციონირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრი, შეიქმნას იაპონიის ცენტრი - იაპონური ენის, კულტურის, მეცნიერების შემსწავლელი ცენტრი, და გვპირდებიან, რომ თვითონ დააფინანსებენ ამას. თუმცა, დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკა და პოლიტიკა განუყოფელია და სწორედ ამ რაკურსით მიმდინარეობდა ჩვენი საუბრები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბიზნესმენები, რომელთაც უკვე აქვთ მრავალი რეალური პროექტი - ენერგეტიკის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა სფეროებში.
აქვე უნდა გავიხსენო კარდიოლოგიური ცენტრის (ჩემი მიზანია ეს ცენტრი როგორმე მივიყვანოთ გარკვეულ კონდიციამდე და საქართველოში შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ რამდენჯერაც გული შეუფართხალდება კაცს, იმდენი უცხოური მივლინება არ გააფორმოს) შექმნა, სადაც მოხერხდება ისეთი ოპერაციების გაკეთება, რომლებსაც დღეს დასავლეთის ქვეყნებში ასე წარმატებით აკეთებენ. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრეთვე, ტელერადიოკორპორაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა, მცირე ჰესების რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების აღდგენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ყველა ამ საკითხს აქტიურად განვიხილავთ, კერძოდ, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ბატონ ჰატაკიამასთან შეხვედრისას. ამას წინათ იგი იყო საქართველოში და სწორედ მის ხელშია ფოკუსირებული რეალური სახსრები სხვა ქვეყნების დასახმარებლად. ხოლო იაპონიის აღმოსავლეთ ევროპასთან ვაჭრობის ასოციაციამ, რომელსაც „ლოტოგო“ ეწოდება, უკვე დაიწყო ერთობლივი იაპონურ-ქართული საბჭოს ჩამოყალიბება.
იაპონელები, ისევე როგორც გერმანელები და ამერიკელები, აქტიურად დაინტერესდნენ ფოთის ნავსადგურით. თქვენ იცით, რომ უკვე არის რეალური პროექტები. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ამ დიდი ქვეყნის სიჩუანის რეგიონის ოფიციალურმა დელეგაციამ (რეგიონი და პროვინცია ჰქვია, მაგრამ საქართველოზე 20-ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს - 85 მილიონი თუ კიდევ მეტი) შესანიშნავი პროექტები შემოგვთავაზა. რაც მთავარია, ბევრი მათგანი უკვე ხორციელდება. მაგალითად, გაზაფხულზე, მარტში დაიწყება 24-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კახეთში, ალაზნის სათავეებთან, რასაც ამ მხარისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც ღვინის ქარხნებთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებს, და ბოლოს და ბოლოს ელექტროენერგიით კახეთის მომარაგების პრობლემა საკუთარ ბაზაზე მოგვარდება.
ასე რომ, კახეთში ამასწინანდელი ვიზიტისას ნამდვილად გვქონდა სათქმელი და ვთქვით კიდეც. საქართველოს ეს მხარე ძალზე სწრაფად ვითარდება. ინტერვიუში ყველა ციფრს ვერ გა- მოვაქვეყნებთ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კახეთმა მეურნეობის თითქმის ყველა დარგში 1995 წლიდან მაჩვენებელთა გაორმაგებას მიაღწია. და არა მარტო კახეთმა. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს მრავალ სხვა რეგიონში.
აი, ამ ტენდენციაზე უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ იმაზე, რომ ჯერჯერობით მაინც გვიჭირს, რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. გვიჭირს, მაგრამ ვაშენებთ. სოფელი კი, როგორც იტყვიან, ერთ დღეში არ აშენდება.
ასევე შესანიშნავი შთბაეჭდილება დატოვა ჩემზე ბოლნისმა, სადაც, ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობის, საწარმოთა მონახულების, ფერმერებთან, ბიზნესმენებთან შეხვედრების გარდა, ვეწვიე ტანძიას და კიდევ ერთხელ ვუთხარით დიდი სულხან-საბა ორბელიანის სულს დღევანდელი საქართველოს სათქმელი - ჭირ-ვარამიცა და სასიხარულოც.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი შეხვედრა საქართველოს რკინიგზის კოლექტივთან. დაუფარავად ვიტყვი: სიხარულითა და სიამაყით მევსება გული, როდესაც ვეცნობი იმ მონაცემებს, თუ რას მიაღწია რკინიგზამ სულ რაღაც 2-3 წლის განმავლობაში. დაქცეული, განადგურებული, გაძარცვული დარგი სწორი პოლიტიკის, ქვეყანაში შექმნილი კეთილისმყოფელი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს წყალობით და, თუნდაც, აბრეშუმის გზის დიდი გეგმის პროექტის განხორციელების შედეგად, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საქართველოს ეკონომიკური ძლიერების, მისი განვითარებისა და სახელმწიფოებრივი ფუნქციის ერთ-ერთი საყრდენი გახდა. 25 ათასი კაცი მუშაობს რკინიგზაზე - პირდაპირი დასაქმებით. და თუ კიდევ ზოგიერთ არაპირდაპირ ხელშეკრულებებს გავითვალისწინებთ, ალბათ გაცილებით მეტი იქნება.
ეს იმის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომ, დიახაც, სწორ გზას ვადგავართ და ზუსტი ორიენტირი გვაქვს.
კვლავ არ ვაპირებ, პატივცემული მსმენელი ციფრებით გადავტვირთო, მაგრამ ერთ მაჩვენებელს მაინც დავასახელებ: ბოლო წლის დამდეგიდან, ანუ 9 თვის განმავლობაში, რკინიგზიდან მიღებულმა შემოსავალმა 93 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც (მიაქციეთ ყურადღება) 25 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.
უკვე მიმდინარე წელს რკინიგზამ 19 მილიონი ლარი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში. სხვა ასეთ ორგანიზაციას ჩვენ ვერ დავასახელებთ.
სულ რამდენიმე სიტყვა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის თაობაზე. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ. მიწა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრეა, ამიტომ მისი ყაირათიანად გამოყენების ყველა საშუალება უნდა განვიხილოთ. მიწის კერძო საკუთრებას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, იჯარით გაცემა კი შესანიშნავი ფორმაა მსხვილი ფერმერული მეურნეობების ჩამოსაყალიბებლად.
ამ საკითხზე ასე დაწვრილებით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ საქართველო კვლავაც აქტიური მშენებლობის ფაზაში იმყოფება ყველა მიმართულებით. ამიტომ პრეზიდენტი უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში. პირადად მე, ხშირ შემთხვევაში, ძალზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვიღებ და, როგორც ერთხელ ვთქვი, ბავშვივით მიხარია, როცა მაქვს საშუალება, ჩემს ხალხს მოვახსენო, თუ რა წარმატებებს აღწევს ქვეყანა. თუმცა, სირთულე ძალიან ბევრია. მაგრამ ვის აუშენებია დამოუკიდებელი სახელმწიფო უდიდესი ძალისხმევისა და მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე. მაგრამ ეს არ არის სიზიფეს შრომა ანუ არ არის ფუჭი მსხვერპლი. იგი უეჭველად დაგვირგვინდება ბედნიერი, თავისუფალი, დემოკრატიული და აყვავებული ქვეყნის დამკვიდრებით.
სხვათა შორის, მე წუხელ შევხვდი ბატონ ნაკაიამას პატარა მეგობრულ ვახშამზე (ერთსაათიანი ვახშამი იყო) და ვკითხე მას: რამდენი წელი დასჭირდა იაპონიას ომის შემდეგ, რომ ფეხზე დამდგარიყო, მან მითხრა: ოდნავ რომ ადამიანური ცხოვრების ნიშანი გაჩენილიყო, ჩვენ 15-20 წელი დაგვჭირდაო. ეს მაშინ, როცა ამ ქვეყანას ძველი პოტენციალი შემორჩენილი ჰქონდა და მხარში ედგა ისეთი მოკავშირე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
ჩვენ ამდენი არ დაგვჭირდება.
- გასულ კვირას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ცნობამ, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, რა თქმა უნდა, აჭარას ვგულისხმობ, არ შესრულდა პრეზიდენტის ბრძანებულება და რამდენიმე პატიმარი შეწყალების გარეშე დაჩა. როგორია თქვენი კომენტარი ისეთ ფონზე, როცა თქვენი შეწყალება იმ ადამიანებსაც კი შეეხო, რომლებიც უშუალოდ 9 აგვისტოს ტერაქტის ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებული...
- ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ შერიგების, ურთიერთმიტევების, ქვეყანაში ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა სამოქალაქო ომი მძვინვარებდა საქართველოში და უნდა გითხრათ, რომ, თუ ჩვენ ქვეყნის სტაბილურობას მივაღწიეთ, ეს იმიტომაც, რომ, აი, იმ ხალხთან, რომლის გამოსწორების იმედი ჩვენმა საზოგადოებამ არ დაკარგა, საერთო ენა გამოვნახეთ და ისინი თავიანთ სახლებს დავუბრუნეთ. ამ პოლიტიკას საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა თვით ქართული საზოგადოების ზნეობრივი პოტენციალის შესანარჩუნებლად. ვინაიდან საზოგადოება, რომელსაც შეწყნარების უნარი არა აქვს, ვერ გადაიქცევა სამოქალაქო საზოგადოებად და ვერ დააფუძნებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. ამიტომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი შეუვალი უფლება და სამ ეტაპად, სხვადასხვა დროს, შეიწყალა ათასობით მსჯავრდადებული, თუ არ ვცდები, 5 ათასზე მეტი კაცი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი სამართალდამცავი ორგანოების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სხვების წინადა- დებებს, მათს მოსაზრებებსა და შეხედულებებს ამ ადამიანებზე. მაგრამ მთავარი პრინციპი საზოგადოებაში ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრება იყო. შეწყალებულთა შორის, უნდა ითქვას, იყვნენ ის ადამიანებიც, რომელთაც პირადად პრეზიდენტის მიმართ ჰქონდათ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ეს ჩემთვის არასდროს არ ყო- ფილა განმსაზღვრელი. შეწყალებულ მსჯავრდადებულთა მხოლოდ 1,3 პროცენტი აღმოჩნდა კვლავ განსასჯელის სკამზე, ესე იგი, 98 პროცენტზე მეტმა ჩვენი იმედები და ნდობა გაამართლა. დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, ამჟამად პატიოსნად შრომობენ და ცხოვრობენ, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები. სწორედ ამ პროცესის ნაწილი გახლდათ შეწყალების მორიგი ეტაპი, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებულება, იძულებული ვარ ვთქვა, ბოროტად, მართლაცდა ბოროტად დაირღვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფაა. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რამდენადაც კარგ ურთიერთობას უნდა ამჟღავნებდეს პირადი შეხვედრისას ან სატელეფონო საუბრების დროს ჩემს მიმართ ავტონომიის ხელმძღვანელი ან პირიქით, მე იძულებული და არა მხოლოდ იძულებული, არამედ ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების შეუსრულებლობით ავტონომიის ხელმძღვანელობამ ხელყო საქართველოს კონსტიტუცია, მისი მთლიანობაც კი ეჭვქვეშ დააყენა. დიახ, საქართველოს მთლიანობა და მე განვმარტავ, რატომ ვაყენებ ასეთ ფორმულირებას. ქვეყნის მთლიანობის უმთავრესი გარანტი სწორედ კონსტიტუცია და კონსტიტუციის შეუვალობაა. ის, ვინც ხელყოფს კონსტიტუციას არა მარტო ამ კონკრეტულ ბრძანებულებასთან დაკავშირებით, არამედ საბაჟოს სფეროში (ეს უკვე ხელყოფილია), სასაზღვრო სფეროში, საზღვაო აკვატორიის დაცვაში, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ან იმ სფეროებში, რომლებიც ყველა ქვეყანაში, მათ შორის ფედერა- ციულ სახელმწიფოებშიც, მხოლოდ და მხოლოდ, ცენტრალური ხელისუფლების შეუვალ, ეჭვმიუტანელ, უზენაეს პრეროგატივას წარმოადგენს, ამით ხელყოფს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველს. ტერიტორიული მთლიანობა არ გახლავთ მხოლოდ გეოგრაფიული ან თუნდაც კულტურული ცნება. იგი, უწინარესად, სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ცნებაა. ამიტომ ქვეყნის კონსტიტუციის ხელყოფა იგივეა, რაც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს, თუ რა განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების უეჭველ შეუვალ უფლებამოსილებას. ეს შესანიშნავად იციან იმათაც, ვინც ასე თავხედურად, უკვე მერამდენედ ხელყო საქართველოს კონსტიტუცია, ანუ ქვეყნის მთლიანობა.
ასეთ დამოკიდებულებას არა პირადად ჩემს მიმართ, არამედ ქვეყნის კონსტიტუციისა და თვით პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მე ვერავისგან ვერ მოვითმენ და ვერავის ვერ ვაპატიებ.
კატეგორიულად მოვითხოვ, შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელონ ყველა საჭირო სამართლებრივი ღონისძიება. მთელი პასუხისმგებლობა შედეგისათვის დაეკისრება იმათ, ვინც არა პირველად, არამედ უკვე რეგულარულად, თავხედურად და ბოროტად არღვევს კონსტიტუციას.
რაც შეეხება იმას, ვინც კვლავინდებურად კანონისა და კონსტიტუციის ყოველგვარი დარღვევით იმყოფებიან ბათუმის იზოლატორში, ვიმეორებ, კანონის და კონსტიტუციის ყოველგვარი დარღვევით იმყოფებიან ბათუმის იზოლატორში აგერ უკვე 6 წელიწადია, საქართველოს პრეზიდენტმა ისინი შეიწყალა ისევე, როგორც ათასობით სხვა პატიმარი. სასჯელის უმეტესი ნაწილი მათ უკვე მოხდილი ჰქონდათ, თანაც, რაც ასე განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ერთ-ერთ მათგანს 6 წელი მოხდილი აქვს საპყრობილეში (ამის უფლება არ ჰქონდათ, ასეთი განაჩენი არ არსებობდა) კანონისა და თვით განაჩენის ყოველგვარი დარღვევით, მაშინ როცა ბრალად ედებოდა არა ტერორისტული აქტი (როგორც ახლა სურს ზოგიერთს წარმოაჩინოს), არამედ ეკონომიკური დანაშაული და 8 წლიდან 6 წელი მან უკვე მოიხადა. მე მივმართავ საზოგადოებასაც და პოლიტიკურ პარტიებსაც, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს. შეიძლება იყო ოპოზიციაში პრეზიდენტთან და მმართველ პარტიასთან, მაგრამ არ შეიძლება იყო ოპოზიციაში კონსტიტუციასთან და საკუთარ ქვეყანასთან.
კონსტიტუციური სივრცის რღვევა სახელმწიფოს რღვევის დასაწყისია. მე ვალდებული ვარ, ეს დროულად ვამცნო საზოგადოებას და კიდევაც გავაფრთხილო იგი.
და კიდევ ერთი: წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში, თუნდაც თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, მომავალ არჩევნებში ასეთი რეჟიმი რომ მოგვევლინოს. რა დარჩება პიროვნებისა და სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემისაგან, რომელსაც უამრავი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ. რა დარჩება ქართული დემოკრატიისაგან, რომელიც ევროპამ და მთელმა მსოფლიომ აღიარეს.
მე იშვიათად ვმონაწილეობ წინასაარჩევნო დებატებში, თქვენ დარწმუნდებით ამაში, მით უმეტეს, დისკუსიებში ჩემს ოპონენტებთან. დღეს კი სიჩუმე უნდა დავარღვიო და ვკითხო ადამიანის უფლებათა დამცველებს, ტელე და რადიოპროგრამათა მონაწილეებს (ეს ყველაზე ნაკლებად, სხვათა შორის, პირველ არხს ეხება), ნახევრად ოფიციალურ თუ თავისუფალ პრესას, ბოლოს, ეგრეთ წოდებული ბათუმური ალიანსის პარტიათა წარმომადგენლებს: რატომ ხართ გაჩუმებული? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ბათუმში ჩადენილი ეს უპრეცედენტო დანაშაული, თუ ის არ დავგმეთ, გზას უხსნის ჯაშუშომანიას, დასმენებს, საქმეების შეთითხვნას, ერთი სიტყვით, გვაბრუნებს წარსულისაკენ, ბორკილებით ხელ-ფეხ შეკრულ საზოგადოებისაკენ.
სინდისი არ მომასვენებდა, ეს რომ არ მეთქვა. მე კვლავ ადამიანურად, კაცურად მივმართავ აჭარის ხელმძღვანელს ბატონ ასლან აბაშიძეს: ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას, საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის უმთავრეს გარანტიას.
აი, ეს მინდოდა მეთქვა.
- გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. განსაკუთრებით ჩვენთვის. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ საქართველოს ტელევიზიას ეწვიეთ და ეროვნული ტელე რადიოკორპორაციის პირველ არხს კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობა მიულოცეთ...
- მე ვიტყოდი, რომ ეს მთელი ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი გამარჯვებაა. რასაკვირველია, არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „რუსთავი-2“-ის კოლექტივს, რომელმაც მანამდე რამდენჯერმე განახორციელა პირდაპირი ჩართვა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან თანამგზავრის მეშვეობით. მაგრამ, ალბათ, ისინიც დამეთანხმებიან, რომ ეროვნული ტელევიზიის პირველი არხის მუდმივი მაუწყებლობა, ვიმეორებ, მუდმივი მაუწყებლობა და არა შემთხვევითი ჩართვა, თანამგზავრიდან მაინც განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის.
ვულოცავ ამ გამარჯვებას პირველი არხის შესანიშნავ კოლექტივს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ არჩილ გოგელიამ დაიწყო და წარმატებით დააგვირგვინა ბატონმა ზაზა შენგელიამ, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა თავის კოლეგებთან ერთად და ასევე, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს, მისი კოლექტივის, მისი ხელმძღვანელობის დიდი დამსახურება.
დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და პირველი არხი სულ მალე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი იქნება ყველა თვალსაზრისით. მას მოუსმენენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენი თანამოქალაქენიც და ისინიც, ვისაც აინტერესებს გაიგოს ქართული სიტყვის მადლი, მოისმინოს ქართული სიმღერა, ნახოს ქართული ცეკვა, ეზიაროს ქართულ ხელოვნებას და ასე შემდეგ.
- გასულ კვირას თქვენ ბოლნისსა და თელავში ბრძანდებოდით, რომელთა შესახებ კიდევაც ისაუბრეთ. ტანძიაში „საბაობას“ დაესწარით. პირველი პროევროპული ორიენტაციის ქართველი დიპლომატისა და მოღვაწის სახელის მოხსენიების შემდეგ კი თელავში, და, ალბათ, ასევე სრულიად სამართლიანად ერეკლე მეორე გაიხსენეთ. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ახალი „გეორგიევსკი“ უკვე აღარ განმეორდება. ერეკლე მეფე უბრალოდ იძულებული იყო, რომ ასე მოქცეულიყო. ყველაფერი ეს წინ უძღოდა თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების იალტის სამიტს, რომელსაც თავად ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკოც კი არ დაესწრო. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თანამეგობრობის რღვევის პროცესი დაწყებულია...
- მე უწინარესად სამიტს შევეხები. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლუკაშენკოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა, სამიტი საკმაოდ საინტერესოდ ჩატარდა და საინტერესო საკითხებიც განიხილეს.
საქართველოს დელეგაციას ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, მანამდე პრემიერთან შეხვედრა ჰქონდა მოსკოვში ბატონ კახა თარგამაძეს, და ერთმაც და მეორემაც ძალიან მწვავედ, პრინციპულად დასვეს ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც აქტუალურია დღეს ჩვენი ქვეყნისათვის.
იალტაში ბევრი რამ გაირკვა, აგრეთვე, მეზობელ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის თვალსაზრისითაც. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, დარწმუნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ინფორმაციით, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო გარკვეულ ძალთა გაუგონარი ინსინუაციები საქართველოს მიმართ. მან ეს ბრძანა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
საერთოდ კი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, კვლავაც ვადასტურებ, რომ რუსეთთან მუდმივი კეთილგანწყობილი ურთიერთობის მომხრე ვარ, და უაზრობა და უგუნურება იქნებოდა, სხვა პოზიცია რომ აგვერჩია. არ იქნებოდა ეს ჭკვიანური პოზიცია. ამასთან მე მომხრე ვარ უწყვეტი დიალოგისა, რომელიც საჭიროა, რათა ეს პრობლემები, გაურკვეველი საკითხები არ დაგროვდეს და შემდეგ არ გადაიზარდოს ისეთ არასასურველ მოვლენად, როგორთანაც უკვე გვქონდა საქმე. სწორედ ასეთი დიალოგის მეშვეობით უპრიანია გაირკვეს და გადაწყდეს ყველა სადავო საკითხი, რა თქმა უნდა, მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებისა და ამ ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე. საბედნიეროდ, რუსეთი და საქართველო ურთიერთობათა განვითარების იმ სტადიაში იმყოფებიან, როდესაც მათი ინტერესები ჯერჯერობით კვლავაც ემთხვევა ერთმანეთს. საჭიროა მხოლოდ, ეს გარემოება კარგად გააცნობიერონ თბილისშიც და მოსკოვშიც. ოღონდ თანამშრომლობა უეჭველად გულისხმობს, რომ იგი ორმხრივად სასარგებლოა, თანასწორუფლებიანია, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს.
- 8 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე კოსმოსურ ტექნოლოგიათა დარგის შემდგომი განვითარების საკითხი განიხილებოდა და ასეთი ცნობა გავრცელდა, რომ საბჭომ იმსჯელა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის ამ ტექნოლოგიათა გამოყენების შესახებ. სხვათა შორის, პირველად არ ისმის ამგვარი ფრაზები, მაგრამ რაღაცნაირად საჭიროა დაკონკრეტება, ახსნა-განმარტება. თუ შესაძლებელია, უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამ თემას...
- საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, ამიტომ იგი უშიშროების საბჭოზე კომპლექსურად განვიხილეთ. ერთი მხრივ, შევიმუშავეთ და მოვიწონეთ კოსმოსური მიღწევების გამოყენების, მათ შორის, „დიდი აბრეშუმის გზის“ ერთიანი სატელეკომუნიკაციო კოსმოსური სისტემის კონცეფცია და ამ კონცეფციის ერთ-ერთი ღერძი გახლავთ საქართველო თავისი მეცნიერული და, თუნდაც, სამრეწველო პოტენციალით. მეორე მხრივ, კოსმოსურ მაღალ ტექნოლოგიათა სამეცნიერო-ტექნიკური სკოლის მძლავრი პოტენციალის, ასე ვთქვათ, ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობის საჭიროებისათვის გამოყენების შესაძლებლობაც განვიხილეთ და საკმაოდ დეტალურადაც. ეს არ არის სიახლე, ასეთი იყო იმთა- ვითვე პრობლემის გადაწყვეტის ჩემეული სტრატეგია მაშინ, როცა ის პატარა სტუდენტური ლაბორატორია იქმნებოდა.
ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის გუნდმა და პოლიტიკურმა ინტელექტმა - ამ ინსტიტუტის მთელმა შესანიშნავმა კოლექტივმა, როგორც მას სჩვევია, წინასწარი რეკლამისა და ხმაურის გარეშე, უმოკლეს ვადაში შეასრულა გრანდიოზული სამუშაო, ესე იგი, როგორ გამოვიყენოთ მეცნიერებისა და პრაქტიკის ეს მიღწევა ქვეყნის საკეთილდღეოდ, კერძოდ, თავდაცვის სფეროში. შეიქმნა სამხედრო-ტექნიკური ტექნოლოგია, რომელსაც, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ინატრებდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტს, მთავარსარდალს დაქვემდებარებული საქართველოს სპეციალური სახელმწიფო საინჟინრო ცენტრის შექმნის შესახებ, რომელშიც შევიდოდა არა მარტო საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, არამედ საქართველოს სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტიც. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ფორმა, რათა ეს საინჟინრო, სამეცნიერო პოტენციალი კონცენტრირებული იყოს ერთ ცენტრში.
მთელი ამ სისტემის გენერალურ კონსტრუქტორად და გენერალურ დირექტორად ჩემი ბრძანებით დაინიშნა საქართველოში ამ მიმართულების სამეცნიერო-ტექნიკური ფუძემდებელი, დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, რომელსაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის (და ეს წვლილი გამოჩნდება), აგრეთვე, იმ ფუნქციის გათვალისიწინებით, რომელიც ამიერიდან ეკისრება, მივანიჭე გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
- ბოლნისში ყოფნისას თქვენ პარლამენტის არჩევნების გზით განხორციელებად ტერორზე ილაპარაკეთ. პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ კვირას ჟურნალისტებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არიან ძალები, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის გამოწვევა რომ სურთ. რამდენად უკავშირდება ეს განცხადებები ერთმანეთს? და, ამ ფონზე, საქართველოს სამართალდამცავებმა რუსეთის სამხედრო ბაზაში, კერძოდ, ვაზიანის სამხედრო ბაზის თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც 30 კილოგრამი მარტო ტროტილი აღმოუჩინეს, სხვა იარაღზე აღარ ვლაპარაკობ.
- ბოლნისში ასეთი გამოთქმა გამოვიყენე „საპარლამენტო გადატრიალების მსურველნი“, ესე იგი ძალადობით, მოსყიდვის, შანტაჟის გზით ხმების მოპოვება, საპარლამენტო უმრავლესობის მიღწევა, და, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის კურსის შეცვლა. თუ ჰგონიათ, რომ არ ვიცით მათი ჩანაფიქრი, ძალიან ცდებიან და, თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ კანონიერი, კონსტიტუციური გზებით ბოლომდე არ ვიბრძოლებთ, ამაში ძალიან ცდებიან.
ქართველ ხალხს, საქართველოს მშრომელებს უკვე ვეღარ მოისყიდი რაღაც-რაღაცეებით - „ფოჩიანი კანფეტებით“, ანდა, თუნდაც დოლარებითა და სხვა რამით. გაიმარჯვებს სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ ამაში, ყოველ მიზეზგარეშე გაიმარჯვებს.
ახლა, ერთი დეტალი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს მხოლოდ დეტალია. კიდევ კარგი, რომ ბატონი ვაჟა, ბატონი კახა შეხვდნენ რუსეთის პრემიერს და დაარწმუნეს იგი, რომ ეს მართლა ინსინუაციებია, მართლა მოგონილია, მაგრამ ამის უკან რა ძალები დგანან? ამის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც სწორედ ამ გადატრიალების მომხრეებს და საქართველოში წყობის შეცვლის, საქართველოს კურსის შეცვლის მომხრეებს უმაგრებენ ზურგს, თუ გნებავთ, იარაღით, და, თუ გნებავთ, თანხებით, არ ვიცი დოლარებია თუ მანეთები, ამას მნიშვნელობა უკვე არა აქვს.
რამდენი რამ დაგვაბრალეს, თითქოს რაღაც საზღვარი დავარღვიეთ, სადღაც იარაღი გადავიტანეთ, ლამის სტინგერები შევიტანეთ ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ნათელი მაგალითი, რომლის შესახებაც თქვენ უკვე ილაპარაკეთ. ამ დილით ბატონმა კახა თარგამაძემ მომაწოდა ცნობა, რომ დააკავეს 1955 წელს დაბადებული გელა არსენის ძე იმედაშვილი - იგი არის რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ზემდეგი ვაზიანში არსებული ბაზიდან, რომელსაც აღმოუჩინეს მის საცხოვრებელ ადგილზე და თვით ვაზიანის ბაზაში ბუჩქებში გადამალული თუ ორმოში ჩაფლული უამრავი საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალები და ყუმბარები და სხვა; მაგალითად, ხელყუმბარები, ორი დეტონატორი. ვაზიანის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე თავის ავტოფარეხში შენახული ჰქონდა აღნიშნულ სამხედრო ნაწილში სამსახურის დროს შეძენილი 30 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი. 30 კილოგრამი! რომელიც ერთ და ორ სახლს კი არა, მთელ საცხოვრებელ უბანს დაანგრევს. შემდეგ: 700 ასაფეთქებელი მექნიკური დეტონატორი, 400 ასაფეთქებელი ელექტროდეტონატორი, პისტოლეტები, 10 სასწავლო ხელყუმბარა, ასაფეთქებელი ელექტროდეტონატორის სადენის კოჭები, ვაზნები და ათასი უბედურება, ნაღმსაძებნი მოწყობილობანი.
გახსოვთ, ერთხელ ვთქვი, როცა ვპასუხობდი ჩემს რუს კოლეგებსა თუ მიმომხილველებს, რომლებიც ბრალს სდებდნენ საქართველოს, რომ ჩვენ იარაღს ვაწვდიდით სხვა ძალებს, რომლებიც რუსეთს ებრძვიან, და მაშინ ვთქვი, რომ მიხედეთ თქვენს ბაზებს საქართველშიც, რომლებიც ჯერჯერობით არსებობს, და მიხედეთ თქვენს ბაზებს რუსეთის ტერიტორიაზე. სხვათა შორის, გენერალმა ნიკოლაევმაც (ვერ ვიტყვი, რომ გამოირჩევა ძალიან დიდი სიმპათიებით საქართველოს მიმართ) თქვა ეს სიმართლე, რომ ასეთი იარაღის შეღწევა საქართველოდან ამ საცალფეხო ბილიკებით შეუძლებელი და წარმოუდგენელიაო.
კი, მართალია, ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეხსნა საზღვარი და მიგვეღო გარკვეული რაოდენობა მოსახლეობისა - დაახლოებით 700-800 კაცი. ესენი არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები. და მიუხედავად იმ სიმწარისა, რომელიც ჩვენ აფხაზეთში ჩეჩნებისაგან ვიწვნიეთ, ჩვენი ხალხი სულგრძელია, მათ ბოდიში მოგვიხადეს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გზით ამ ხალხთანაც და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებთანაც, ისევე როგორც რუსეთთან უნდა განვამტკიცოთ ადამიანური ურთიერთობა, არა მარტო სახელმწიფოთა შორის, არა მარტო რესპუბლიკათა შორის, არამედ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობანი და აღვადგინოთ ყველა საუკეთესო ტრადიცია, რომელიც კი არსებობდა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე.
- ეს ფაქტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, ცუდია, რა თქმა უნდა, როცა იარაღის ქურდობა და დატაცება ხდება. დავუშვათ, შეიძლება ადამიანმა იმართლოს თავი, რომ იარაღი სჭირდება, უყვარს, გაყიდის, მაგრამ როცა ლაპარაკია ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, ხელყუმბარებზე, ან ნაღმსაძებნ აპარატურაზე, ეს უკვე აბსოლუტურად გარკვეულია, თუ რატომ და რისთვის იყო გაკეთებული...
- მე დარწმუნებული ვარ, ეს გაკეთებული იყო დაკვეთით, მაგრამ არა მაქვს უფლება, ეს ვამტკიცო ახლა, სანამ გამოძიება თავის სიტყვას არ იტყვის და სანამ ეს პიროვნება არ წარდგება სასამართლოს წინაშე. დაკვეთის გარეშე ასეთი რამ არ ხდება.
- და, ბოლოს. ხვალ თქვენ გერმანიაში მიემგზავრებით. ეს ის ქვეყანაა, რომელთანაც თქვენ, შეძლება ითქვას, გამორჩეული ურთიერთობა გაკავშირებთ და პირიქით, და სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით...
- ალბათ, ძალიან საინტერესო ვიზიტი იქნება, მით უმეტეს, რომ ეს ემთხვევა ბერლინის კედლის დანგრევის 10 წლისთავს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ შესრულდა. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საშუალება ჩავსულიყავი და დავსწრებოდი.
ამავე დროს ეს ერთ-ერთი პირველი ვიზიტია გერმანიაში მას შემდეგ, რაც ბერლინმა კვლავ დაიბრუნა დედაქალაქის სტატუსი.
გარკვეული სიამაყის განცდაც მიმაქვს თან, რადგან ერთგვარი წვლილი გერმანიის გაერთიანებაში მეც მიმიძღვის და ისიც მჯერა, რომ დადგება საქართველოს გამთლიანების დღე ისევე, როგორც დადგა გერმანიის გაერთიანების დღე, არ შეიძლება ისტორიულმა სამართლიანობამ არ გაიმარჯვოს. ასეთი ფიქრებით მივდივარ ჩემს კოლეგებთან ერთად გერმანიაში.
საქინფორმი.
„საზოგადოება, რომელსაც შეწყნარების უნარი არა აქვს, ვერ გადაიქცევა სამოქალაქო საზოგადოებად და ვერ დააფუძნებს დემოკრატიულ სახელმწიფოს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12 ოქტომბერი. - №274 (3315). - 1,2 გვ.
![]() |
45 „მათ მიერ უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს გადატრიალებას, საქართველოს იმ პოლიტიკური კურსის შეცვლას, რომელმაც შესაძლებელი გახადა |
▲back to top |
ეს პატარა ქვეყანა მსოფლიოს ეღიარებინა. ამ პოლიტიკური კურსის შეცვლის ნებას ქართველი ხალხი არავის მისცემს“
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი, 1999 წლის 11 ოქტომბერი
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: დღეს უნდა შედგეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა. როდის გაიმართება მადლენ ოლბრაიტის ინიციატივით დაგეგმილი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ლიდერთა შეხვედრა და რა საკითხებს განიხილავთ?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. იდეას საინტერესოდ მიიჩნევენ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის პრეზიდენტები და არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემაზეც იქნება მსჯელობა. დაველოდოთ შეხვედრის შედეგებს.
„პრაიმ-ნიუსი“: როცა 1992 წელს საქართველომ აფხაზეთში ჯარები შეიყვანა, ამას რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. დღეს კი ჩეჩნეთში ჯარების შეყვანას რუსეთი საკუთარ შიდა პრობლემას უწოდებს. ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი რუსეთის პოლიტიკაში?
ედუარდ შევარდნაძე: მე არაერთხელ მითქვამს, რომ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას ვგმობ, ეს საქართველოს მიმართ იქნება, ჩეჩნეთის თუ აფხაზეთის. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა ჯერჯერობით არსებობს, მათ შორის, - აფხაზეთის მიმართ. რუსეთის ძალების მონაწილეობამ აფხაზეთის ომში უზრუნველყო სეპარატისტების გამარჯვება, რასაც ჩვენი ტრაგედია მოჰყვა. ეს სწორედ ორმაგი პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
„იტარ-ტასი“: გქონდათ თუ არა ბოლო 2-3 დღის მანძილზე სატელეფონო საუბარი რუსეთის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ჩეჩნეთის მოვლენებთან, აგრეთვე, ფსოუზე სასაზღვრო რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით? ედუარდ შევარდნაძე: სატელეფონო საუბრები არც პრეზიდენტთან და არც პრემიერთან არ მქონია, მაგრამ ჩემი მოსაზრებები ფსოუსთან დაკავშირებით ვაჟა ლორთქიფანძემ და კახა თარგამაძემ გადასცეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ამ შეხვედრებს და საუბრებს მე კარგი შეფასება მივეცი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პრესასთან შეხვედრისას უარყო ზოგიერთი ბრალდება, რასაც ადრე რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გამოთქვამდა. ამავე დროს, იყო მსჯელობა დიალოგის დაწყების თაობაზე - როგორი უნდა იყოს რეჟიმი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, განსაკუთრებით აფხაზეთის მონაკვეთზე. უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სასაზღვრო დეპარტამენტების, საგარეო უწყებების მონაწილეობით. სასაზღვრო რეჟიმთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის და არა რეგიონებს შორის.
კითხვა: რადიოინტერვიუში განაცხადეთ, რომ გარკვეული წვლილი მიგიძღვით გერმანიის გაერთიანებაში. თქვენ არაერთგზის გითქვამთ, რომ მოასწრებთ საქართველოს გამთლიანებას. 1993 წლის ბოლოს კი განაცხადეთ, რომ თუ ჩვენ ვერ მოვასწრებთ აფხაზეთის დაბრუნებას, ჩვენს საქმეს შვილიშვილები მაინც გააკეთებენო. დღეს როგორ ფიქრობთ - მოასწრებთ ამ საქმის მოგვარებას თუ ამ საქმეს შვილიშვილებს გადააბარებთ?
ედუარდ შევარდნაძე: ისტორიას თავისი კანონზომიერება აქვს. სამწუხაროდ, ზოგჯერ კანონზომიერებაც რელსებიდან გადაუხვევს ხოლმე. თუ მოვლენები თანამედროვე მსოფლიოს განვითარების შესაბამისი კანონზომიერებით მოხდება, მაშინ აფხაზეთის დაბრუნებას ჩვენ ყველანი მოვესწრებით. არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ, რომ ეს საკითხი შვილიშვილების გადასაწყვეტი გახდება. პრობლემა დღევანდელმა თაობამ და დღევანდელმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვარონ.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში? მოსალოდნელია თუ არა დევნილთა ახალი ნაკადის შემოსვლა? აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას განსაზღვრული მათი დახმარება?
ედუარდ შევარდნაძე: პანკისის ხეობაში დაახლოებით 600-700 ადამიანია შემოსული - ქალები, ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ჭრილობა ჯერ არ მოშუშებულა და გვახსოვს, იქ რაც მოხდა, ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, გასაჭირში ჩავარდნილი ხალხი შევიბრალოთ, დავეხმაროთ და ფიზიკურად გადავარჩინოთ. ამ ფაქტს რუსეთის ხელმძღვანელობა გაგებით ხვდება, რადგან უმწეოთა დახმარება მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნის კანონმდებლობაშია გათვალისწინებული, ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ მათი შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ჩვენ თვითონ გვიჭირს, 300 000-მდე დევნილი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და დახმარებას საჭიროებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეზობლის გასაჭირიც უნდა გავითვალისწინოთ. მხედველობაში უდანაშაულო ადამიანები მყავს. ამჟამად ლტოლვილთა ნაკადი შემცირდა. ძირითადი მასა ინგუშეთის ტერიტორიაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საომარი ოპერაციები გრძელდება და ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას - დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს. ეს ნაწილია მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივისა, რომელიც ჩვენ წამოვაყენეთ. თუ ადამიანებს უმძიმეს წუთებში არ დავეხმარებით, ძნელია ახალ მშვიდობიან კავკასიასა და ურთიერთობებზე მსჯელობა.
კითხვა: ბოლნისში ერთ-ერთ შეხვედრაზე საპარლამენტო გადატრიალების მცდელობა ახსენეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე გამართული აქცია, ისევე როგორც სხვა აქციები, ხომ არ უნდა განვიხილოთ, როგორც საპარლამენტო გადატრიალების მცდელობა?
ედუარდ შევარდნაძე: მე უფრო სხვა მოვლენა მქონდა მხედველობაში. წარმოიდგინეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მოვიდა ის ძალა, რომელიც შესაძლებლად თვლის, არ შესრულდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, ე.ი. ძალა, რომელიც შესაძლებლად თვლის საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფას. ბოლო წლებში 5000-მდე მსჯავრდებული შევიწყალე, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდნენ. დემოკრატიული ქვეყანა იმიტომ გვქვია, რომ შურისძიების მომენტი ჩვენს საქმიანობაში არ უნდა იყოს. დემოკრატიული ქვეყანა უნდა უფრთხილდებოდეს იმ ღირებულებებს, რაზეც სახელმწიფოა აგებული. ის, ვინც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას უგულებელყოფს, საბაჟო თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისას არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი ძალის მოსვლა პარლამენტში, მით უმეტეს, მათ მიერ უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს გადატრიალებას, საქართველოს იმ პოლიტიკური კურსის შეცვლას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს პატარა ქვეყანა მსოფლიოს ეღიარებინა. ამ პოლიტიკური კურსის შეცვლის ნებას ქართველი ხალხი არავის მისცემს.
რაც შეეხება აქციებს, ქუჩაში გამოსვლებს და შიმშილობებს. მთავარია, კონსტიტუცია არ დავარღვიოთ და კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ეს ეხება ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზენაეს სასამართლოს, პრეზიდენტს. სხვა მხრივ, ეს აქციები ხელს ვერავის შეუშლის. შუძლებელია კაცი დააპატიმრო იმიტომ, რომ ჭამაზე უარს ამბობს. პრეზიდენტის ძველ შენობასთან მისვლა და აქციის გამართვა, ვფიქრობ, უფრო ემოციების ამოფრქვევა იყო. შეუძლებელია, პოლიტიკოსმა არ იცოდეს, რომ ამ გზით ვერც საარჩევნო კომისიის და ვერც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის. ალბათ, ამ საკითხებს უზენაესი სასა- მართლო განიხილავს და კანონის შესაბამისად გადაწყვეტს.
რადიო „ბი-ბი-სი“: ცნობილი გახდა, რომ იწყება ჩეჩნეთიდან დევნილთა რეგისტრაცია და მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: მათი რეგისტრაცია რომ მოხდება, ფაქტია. სტატუსთან დაკავშირებით კი ჯერ ფიქრია საჭირო. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს საომარი მოქმედებები. თუ დევნილებს რამდენიმე თვის მანძილზე მოუხდებათ აქ დარჩენა, მაშინ სტატუსის მინიჭება მოგვიწევს. შესაბამისად, საჭირო გახდება საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის თხოვნით მიმართვა დახმარების აღმოსაჩენად.
საქართველოს რადიო: ხვალ თქვენ გერმანიაში მიემგზავრებით. რა შეხვედრებია დაგეგმილი და როგორ აფასებთ გერმანიის როლს კავკასიის პრობლემების მოგვარებაში?
ედუარდ შევარდნაძე: გერმანიის როლი კავკასიის პრობლემების მოგვარებაში ძალიან დიდია. მარტო ის ფაქტი, რომ გერმანია აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე, უკვე იმაზე მიუთითებს, რომ გერმანია ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა და კიდევ უფრო გაზრდის ძალისხმევას კონფლიქტის მოსაწესრიგებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
გერმანიაში დაგეგმილია ჩემი შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტთან, ბუნდესტაგის ხელმძღვანელობასთან, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან. ვეწვევი იენის უნივერსიტეტს, მექნება, აგრეთვე, შეხვედრები ბიზნესმენებთან, ჩემს ნაცნობებთან, მათ შორის - ჰანს დიტრიხ გენშერთან და სხვებთან, პროგრამა ძალზე დატვირთულია. მივდივარ გარკვეული ემოციების თანხლებთ, რადგან ეს ჩემი პირველი ვიზიტია არა მარტო გერმანიაში, არამედ თვით ბერლინში მას შემდეგ, რაც ბერლინმა დედაქალაქის სტატუსი მიიღო. ცოტა ხნის წინ ბერლინის კედლის დანგრევიდან 10 წელი შესრულდა. ეს ფაქტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომაც განსაკუთრებული გრძნობებით მივდივარ.
კითხვა: შეიცვალა თუ არა ოფიციალური თბილისის დამოკიდებულება ჩეჩნეთის ხელისუფლების მიმართ? ითვლება თუ არა ასლან მასხადოვი ლეგიტიმურ ხელისუფლად?
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დამოკიდებულება ჩეჩნეთთან დღევანდელ დონეზე რჩება. მასხადოვთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჩემს კომპეტენციაში არ შედის, განვსაზღვრო, ვინ წარმოადგენს ჩეჩნეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ან ვინ ითვლება უკანონოდ. ეს თავად ჩეჩნეთის მოქალაქეთა, ასევე რუსეთის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.
კითხვა: როდესაც ასლან მასხადოვმა შუამავლობა გთხოვათ, როგორი იყო მოსკოვის რეაქცია?
ედუარდ შევარდნაძე: ასეთი თხოვნა მართლაც არსებობს. მაგრამ მე ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ვთქვი, რომ რუსეთი საქართველოს შუამავლობას არ დათანხმდება. მე მზად ვარ, ხელი შევუწყო კონფლიქტის მოგვარებას. მაგრამ რუსეთს საკუთარი პოლიტიკა აქვს ჩეჩნეთთან მიმართებაში და არა მგონია, შუამავლებმა საქმეს უშველონ. გაგებით ვეკიდები იმ ფაქტს, რომ რუსეთი ამ წინადადებას არ გამოხმაურებია. მათ უარყვეს ყოველგვარი შუამავლის როლი რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
კითხვა: თქვენ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების წინააღმდეგი ბრძანდებით?
ედუარდ შევარდნაძე: ნებისმიერი საომარი აქციის წინააღმდეგი ვარ, თუ ეს არ შეესატყვისება საერთაშორისო სამართალს. მე მხარი დავუჭირე საომარ ქმედებებს კოსოვოში, რადგან ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ნორმის ფარგლებში ტარდებოდა - ირღვეოდა ადამიანის უფლებები, მიმდინარეობდა ეთნოწმენდა და ასეთ ქმედებებს ძალა უნდა დაუპირისპირო. რაც შეეხება ჩეჩნეთს, მოსკოვიდან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ბრძოლა ტერორიზმთან. თუ გავითვალსიწინებთ, რომ გაჩნდნენ დევნილები, როგორც ჩანს, მხოლოდ ტერორისტები არ იღუპებიან, ზარალდებიან მშვიდობიანი მოქალაქენიც. ამიტომ საჭიროა, მოიძებნოს საკითხის მშვიდობიანი გადაჭრის გზები.
კითხვა: როგორც ვიცით, მასხადოვის მეუღლე შეხვდა ქალბატონ ნანული შევარდნაძეს. რა სახის ვიზიტი იყო ეს?
ედუარდ შევარდნაძე: ეს ჩვეულებრივი, კერძო ვიზიტი იყო. მასხადოვის მეუღლემ გვთხოვა, დავხმარებოდით იმ ხალხს, რომელთაც დატოვეს ჩეჩნეთი და ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, ჩემი მეუღლე შეხვდა მას, ისაუბრეს. კატეგორიულად უარვყოფ მისი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: თქვენ უკვე განგვიმარტეთ, თუ რა მიგაჩნიათ საპარლამენტო გადატრიალებად. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ „აღორძინების კავშირის“ მოსვლა პარლამენტში?
ედუარდ შევარდნაძე: მოსვლა რეალურია, მაგრამ არა უმრავლესობაში. უმრავლესობით რომ მოვიდეს, ამ შემთხვევაში უნდა აღორძინდეს ის, რის შესახებაც მე ვისაუბრე: უნდა აღორძინდეს ის, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, შპიონომანია და ყველაფერი ის, რაც ფაქტიურად დემოკრატიულ მონაპოვარს ეწინააღმდეგება, უნდა შეიცვალოს საქართველოს პოლიტიკური კურსი. ეს უმრავლესობაში მოსვლის ვარაუდთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, „აღორძინების კავშირი“ მოვა პარლამენტში ოპოზიციურ ძალად, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. თუ დარჩებიან და იმუშავებენ, კმაყოფილი ვიქნებით; თუ ისევე გაიქცევიან, ცუდი იქნება.
კითხვა: ასეთ შემთხვევაში რატომ ერიდება ცენტრი ასლან აბაშიძის აბსურდული განცხადებების გაკრიტიკებას?
ედუარდ შევარდნაძე: ჩემი მხრიდან გაისმა კიდეც ამ ქმედებების შეფასება, როცა დღის წესრიგში ამის საჭიროება დადგა, როცა მე უნდა მეთქვა ჩემი სიტყვა. მანამდე ჩემი გამოსვლა ნაჩქარევად მიმაჩნდა. სხვა გზები და საშუალებები, ურთიერთობის სხვა არხი მქონდა. ბუნებრივია, მინდოდა სიტუაციის სხვა გზით გამოსწორება. რაც შეეხება აბაშიძის და სხვათა მცდარ გამოსვლებს, ვფიქრობ, ჩვენი პრესა დასაბუთებულად და სერიოზულად პასუხობს მათ. ასეთი მაგალითები ბევრია, თუნდაც ყარსის ხელშეკრულებასთან, აფხაზეთის არჩევნებთან, დუმის წარმომადგენლებთან და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებული აბსურდული განცხადებები. ამას იმით ვხსნი, რომ ან ადამიანს გამოცდილება არ ჰყოფნის, ან ვინც მის ზურგსუკან დგას, ცუდ რჩევებს აძლევს. მოსახლეობას ამიერიდან მივეხმარები იმაში, რომ გაერკვნენ, ვინ ვინ არის. ახლა უკვე მოვიდა დრო.
„საქინფორმი“: რა მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას?
ედუარდ შევარდნაძე: ამ ფაქტის ზედმიწევნით განმარტებას სპეციალური მრგვალი მაგიდის მოწვევა დასჭირდება, რათა ყველამ გაიგოს, რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის. ვიცი, ზოგიერთი ბიზნესმენის დამოკიდებულება. უბრალოდ გაწევრიანება საქართველოს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა, რადგან ძნელია, კონკურენცია გაუწიო მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ყველას არ ესმის, რომ არის გარდამავალი ეტაპი, რომელიც 5 წელს მოიცავს. ამ პერიოდში საქართველოს აქვს უფლება, შეინარჩუნოს პროტექციონისტული პოლიტიკა ჩვენი მეწარმეობის და პროდუქციის მიმართ. 5 წელიწადში უცხოური ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ, შემდეგ ამ სახელმწიფოებთან თანაბარი უფლებებით ვივაჭროთ. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორ 130-ზე მეტ ქვეყანას, ჩვენ შეგვეძლება იქ შეზღუდვის გარეშე შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ამ შემთხვევაში ჩვენ უპირატესობა მოგვენიჭა, რადგან განვითარებადი ქვეყანა ვართ. მაგრამ, ამავე დროს, ვარაუდობენ, რომ ამ 5 წელიწადში საქართველომ გარკვეულ სიმაღლეს უნდა მიაღწიოს და შემდეგ დონეები გათანაბრდება. ჩვენ არაფერს ვკარგავთ. იქ ასეთი საინტერესო ფრაზაა: ყოველგვარი დისკრიმინაციისა და შეზღუდვის აკრძალვა. ამავე დროს, საერთო ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, ე.ი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ხდება ჩვენი მოკავშირე ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კითხვა: თქვენ უკვე ეწვიეთ სხვადასხვა რეგიონს. აპირებთ თუ არა აჭარაში ჩასვლას?
ედუარდ შევარდნაძე: თუ ძალა მეყოფა, ჩასვლას ყველა კუთხეში ვაპირებ. დრო ცოტაა, უკვე დაგეგმილია შეხვედრები.
აჭარას რაც შეეხება, მე იქ ყოველთვის სიხარულით ჩავდიოდი. არც ახლა გამოვრიცხავ ჩასვლას, მაგრამ ეს დიდად იქნება დამოკიდებული იქაური ხელმძღვანელობის პოზიციაზე, - როგორ არიან განწყობილი პრეზიდენტის მიმართ.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ 22-ჯერ ჩავედი აჭარაში და ვეახლე ასლან აბაშიძეს. მე მას ვთხოვ, ერთხელ მაინც ჩამოვიდეს თავისი ქვეყნის დედაქალაქში და წარსდგეს თავისი პროგრამებით. ან ჩამოვიდეს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და შეხვდეს თბილისელებს, საგარეჯოელებს და სხვებს. არსებობს გარკვეული სახელმწიფოებრივი ეთიკური ნორმები, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს, პრეზიდენტიც და ხელქვეითებიც.
„სახალხო გაზეთი“: სექტემბერში გამოქვეყნდა ასლან აბაშიძის მიმართვა, რომელიც პრაქტიკულად არსებული ხელისუფლების დამხობის მოწოდებაა. „აღორძინების“ მსგავსი განცხადებები საფრთხეს ხომ არ უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან აჭარა ავტონომიური წარმონაქმნია?
ედუარდ შევარდნაძე: იმის გამო, რომ მიმდინარეობს დისკუსიები, გარკვეული დაპირისპირება აღორძინების ალიანსსა და მოქალაქეთა კავშირს შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ეს არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. არც აღორძინების ხელმძღვანელები, არც ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, რეგიონი არ არის. გამიჭირდება დავასახელო თუნდაც ერთი კაცი აჭარაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას დაუშვებს. ეს საუკუნეთა მანძილზე გამოწრთობილი გრძნობაა - დედასამშობლოსთან დაბრუნება, დედასამშობლოში ცხოვრება. ამას ვერავინ შეცვლის ვერც ერთ წელიწადში და ვერც ათში, - აჭარა იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი და საქართველო ათჯერ უფრო მეტად იზრუნებს აჭარაზე, ვიდრე აქამდე ზრუნავდა.
ავსტრიის ტელევიზიის კითხვა: აფხაზეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მსოფლიოში უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ არჩევნებთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: ჩემი უარყოფითი აზრი არძინბას პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით იმას არ ნიშნავს, რომ დიალოგი შეწყდება. არძინბამ იმპერატორის სტატუსიც რომ მიიღოს, ის მოლაპარაკების დროს მაინც არძინბა იქნება.
კითხვა: ოპოზიციური პარტიები ჩივიან, რომ საარჩევნო კამპანიაში არათანაბარი უფლებით მონაწილეობენ და ვერ უმკლავდებიან მმართველ პარტიას. თქვენი კომენტარი როგორი იქნება?
ედუარდ შევარდნაძე: გადაათვალიერეთ ქართული პრესა და მიხვდებით, „ვახრჩობთ“ თუ არა ოპოზიციას.
კითხვა: საქართველოს მომავალი განვითარების სამ ძირითად მიმართულებად რომელს დაასახელებდით?
ედუარდ შევარდნაძე: მთავარი საზრუნავია ეკონომიკის განვითარება უცხოური ინვესტიციების დახმარებით, მეორე - სოციალური პრობლემების მოგვარება, მესამე - ხელსაყრელი პირობების შექმნა განათლების სისტემის განვითარებისათვის. 2002 წლისათვის საშუალო განათლება უფასო გახდება.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
„მათ მიერ უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს გადატრიალებას, საქართველოს იმ პოლიტიკური კურსის შეცვლას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს პატარა ქვეყანა მსოფლიოს ეღიარებინა. ამ პოლიტიკური კურსის შეცვლის ნებას ქართველი ხალხი არავის მისცემს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 1999 წლის 11 ოქტომბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12 ოქტომბერი. - №274 (3315). - 4 გვ.
![]() |
46 ნანა ალექსანდრიას |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონო ნანა,
მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირადად მოგმართოთ და გულითადად მოგილოცოთ ეს დღე.
თქვენ ერის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული, საამაყო ქართველი სპორტსმენი და ასეთივე შესანიშნავი საზოგადო მოღვაწე ბრძანდებით.
საყოველთაოდ ცნობილია დიდი წვლილი, რომელიც წლების განმავლობაში შეგქონდათ და კვლავაც შეგაქვთ ეროვნული საჭადრაკო სკოლის განვითარებაში. ამჟამადაც უშურველად იყენებთ უშრეტ ნიჭსა და გამოცდილებას ქართველ მოჭადრაკეთა სახელოვანი თაობის ტრადიციათა გამგრძელებელი ღირსეული ახალგაზრდობის აღსაზრდელად.
ამასთანავე, თქვენი დიდი პიროვნული ავტორიტეტით თბილისის საკრებულოსაც ამშვენებთ და როგორც მისი წევრი, აქტიურად იღვწით ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ჩემთვის განსაკუთრებული სიხარული და პატივია თქვენთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგში.
ბოდიშს გიხდით, რომ „მწვავე ცაიტნოტის გამო“, ვერ ვესწრები დღევანდელ შესანიშნავ ღონისძიებას.
გისურვებთ ახალ გამარჯვებებს ერის საამაყოდ და სასიხარულოდ.
ედუარდ შევარდნაძე.
ნანა ალექსანდრიას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 13 ოქტომბერი. - №275 (3316). - 1 გვ.
![]() |
47 საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს |
▲back to top |
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, საქართველოს იმედო და მომავალო! თქვენ ჩემი შვილიშვილების ასაკისანი ხართ და ნება მიბოძეთ იმ სითბოთი, გულითადობით და სიყვარულით გელაპარაკოთ, რომლითაც ჩემს შვილიშვილებს ველაპარაკები, ისევე მოგეფეროთ, ისევე მოგიფრთხილდეთ, ისევე გირჩიოთ რამე, თუკი მიიღებთ ჩემს რჩევას.
თქვენ ახლა უცხოეთში ხართ, საკუთარ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს მოწყვეტილი. ვიცი, ყოველი სიტყვა საქართველოდან, ყოველი შეხმიანება თქვენთვის მნიშვნელოვანია და პირველი, რაც მინდა გითხრათ, ისაა, რომ არ დაივიწყოთ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი. თქვენ მარტო თქვენს ოჯახებს კი არა, საქართველოს სჭირდებით. ყოველი წუთი და ყოველი წამი სწავლას მოანდომეთ, ისწავლეთ საქმე, ისწავლეთ მეცნიერება, ისწავლეთ ცხოვრება - ეს ყოველივე საქართველოს სჭირდება.
ოცდამეერთე საუკუნის საქართველო მათთან ერთად უნდა ააშენოთ და ფეხზე დააყენოთ, ვინც სამშობლოში გელით. სწორედ თქვენმა თაობამ უნდა გააძლიეროს ქვეყანა, თქვენმა თაობამ უნდა გააგრძელოს წინაპართა დიდი ტრადიციები, თქვენმა თაობამ უნდა გაამრავლოს საქართველო და სიყვარული გაამეფოს იმ ქვეყანაში, სადაც დღეს ხშირად სიძულვილი მძლავრობს.
თქვენ გელიან აქ - თქვენი მშობლები, თქვენი ნათესავები, თქვენი მეგობრები, საქართველო გელით იმედითა და სიყვარულით.
არ დაგავიწყდეთ - თქვენ საქართველოსი ხართ და საქართველო თქვენია.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 14 ოქტომბერი. - №276 (3317). - 1 გვ.
![]() |
48 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში |
▲back to top |
ბერლინი, 1999 წლის 13 ოქტომბერი.
ბატონებო,
დღეს ჩემთვის სასიხარულო და საპატიო დღეა - მე წილად მხვდა პატივი სიტყვით გამოვიდე საგარეო პოლიტიკის გერმანულ საზოგადოებაში და წარვადგინო ჩემი წიგნი, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა გერმანულ ენაზე.
ამიტომ გადავწყვიტე ვისაუბრო უკანასკნელ წლებში ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ თემაზე, საკითხზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან, ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ უშიშროებასთან, კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას, რომელშიც წყლის წვეთის მსგავსად აირეკლება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმშენებლობის, მათთან დიდი მეზობლების ურთიერთობის, მათდამი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების დამოკიდებულების პრაქტიკულად ყველა ასპექტი.
ეს გახლავთ „განახლებული დიდი აბრეშუმის გზა“.
ეს მარშრუტი, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებდა ერთმანეთს მრავალ ხალხსა და სახელმწიფოს იაპონიიდან და ჩინეთიდან ატლანტიკის სანაპირომდე, შუა საუკუნეების მოგზაურებმა და სოვდაგრებმა გაკვალეს. ისტორიული კატაკლიზმებისა და გარემოებათა უკუღმართობის გამო „დიდმა აბრეშუმის გზამ“ ასწლეულობით შეწყვიტა არსებობა და XX საუკუნეში სრულ დავიწყებას მიეცა. მაშ, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ათასწლეულის მიწურულს მის აღდგენაზე ავლაპარაკდით და უფრო მეტიც, დავიწყეთ კიდეც ამის განხორციელება. რამ წარმოშვა საჭიროება, ახალი სუნთქვა შთაგვებერა იმისთვის, რაც მეხსიერებას მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოების წყალობით შემორჩა?
მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების მოსპობამ, წამყვანი ქვეყნების მიერ აღებულმა გეზმა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პრიმატზე იდეოლოგიურსა და კლასობრივთან შედარებით, ბოლო მოუღო ამ საუკუნის ყველაზე ხანგრძლივ ომს - „ცივ ომს“.
ევროპის შუაგულში მცხოვრებთათვის ეს, უწინარესად, ბერლინის კედლის რღვევა და გერმანიის გაერთიანება, ევროპის გათავისუფლება იყო. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გერმანიის გაერთიანება „ცივი ომის“ დამთავრების უმთავრესი შედეგი გახდა, ხოლო თვით გერმანია - ერთიანი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტად იქცა.
მაგრამ არსებობდა სხვა, უხილავი კედელიც, რომელიც დასავლელთათვის ფიზიკურად არსებულ ბერლინის კედელს მიღმა ასე მკაფიოდ არ ჩანდა და მისი არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც ეპოქალური მასშტაბის მოვლენებმა სახე უცვალეს მსოფლიოს. ეს უხილავი კედელი აღმართულია ძველ და ახალ წარმოდგენებს შორის იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს პოსტსაბჭოური ევრაზიის უზარმაზარი არეალი. უნდა განამტკიცოს მან „ცივი ომის“ უდიდესი მონაპოვარი, ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმული ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცე, თუ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, როგორც სულ ცოტა ხნის წინათ დასავლეთი ევროპა, ახალი დაპირისპირების ასპარეზად უნდა იქცნენ.
და როდესაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ ეიფორიაზე, რომელმაც მსოფლიო „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ მოიცვა, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ვიმყოფებით მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე „ცივი ომიდან“ ახალ მსოფლიო წესრიგზე და რომ ამ, უფრო სამართლიანი წესრიგის დამყარებას არანაკლები ძალისხმევა დასჭირდებოდა, ვიდრე თვით „ცივ ომში“ გამარჯვებას, სწორედ ამ უხილავი კედლების არსებობას ვგულისხმობდით. თუ ჩვენ გვსურს ეს გამარჯვება არა მარტო საერთო, არამედ საბოლოოც გახდეს, ამ კედლის დატოვება მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია ხალხებზე, რომელთაც განუზომლად დიდი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარებაში, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ მისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს. გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ის კატეგორია, ბევრი ის პოსტულატი, რომელიც აქსიომატურია მათთვის, ვისი სახელმწიფოებრიობაც ევროპული აღორძინებისა და განმანათლებლობის წიაღში ყალიბდებოდა, მტკიცებასა და განმარტებას საჭიროებს ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, რომელთა ხალხები ახლა ეზიარებიან დიდი ხნის ნანატრ ევროპულ ღირებულებებს.
აქ არც იმის გვერდის ავლა შეიძლება, რომ პოსტსაბჭოური სივრცის ძირეული ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანესი პირობა იყო და არის დემოკრატიული, კაცობრიობის უნივერსალურ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობისმოყვარე და სტაბილური რუსეთი. ვეთანხმები მათ, ვინც რუსეთის ასეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას დღევანდელობის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების რიგში განიხილავს, მაგრამ არ ვეთანხმებოდი და ვერც ახლა დავეთანხმები მათ, ვინც ამას ახალი, უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისკენ მიმავალ ერთადერთ საშუალებად მოიაზრებს. რუსეთის პერიმეტრზე განლაგებული სუსტი, განუვითარებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების არმქონე სახელმწიფოები ყოველთვის საფრთხეს შეუქმნიან დემოკრატიულ რუსეთს და მუდმივი ცთუნების საგანს წარმოადგენენ რუსეთის ნეოიმპერიალისტური წრეებისთვის, რომლებიც ტოტალიტარული იმპერიის დაშლაში მხოლოდ ისტორიის შეცდომას და საკუთარი დიქტატის აღდგენის გზაზე დროებით სიძნელეებს ხედავენ.
ამრიგად, ჩვენი, ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მიზანი იყო იმ უხილავი კედლის დანგრევა, რომლის არსებობის შემთხვევაში „ცივ ომში“ ჩვენი საერთო გამარჯვება, შესაძლოა, სულ მოკლე ხანში, ახალი დაპირისპირებით შეცვლილიყო. და თუმცა ამ კედელს ყველაზე დამანგრეველი ბზარები სწორედ ბერლინის კედლის რღვევამ გაუჩინა, საჭირო იყო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. საჭირო იყო იმ მსოფლმხედველობრივი ღერძის პოვნა, რომელიც ერთნაირად ახლო იქნებოდა ამ სივრცის ყველა ბინადარისთვის; ამ ახალი აზროვნების ჩამოყა- ლიბება, რომელშიც ადგილი არ ექნებოდა უფროსსა და უმცროსს, ცენტრსა და პერიფერიას, რომელიც სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის ინტეგრაციის დროშის ქვეშ გააერთიანებდა ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ ხალხებს.
ამავე დროს, ეს უნდა ყოფილიყო პრაგმატულ მიზანშეწონილობასა და რაციონალიზმზე დამყარებული მიდგომა, ვინაიდან იდეოლოგიურ საწყისებზე დაფუძნებულმა ინტეგრაციის სხვა გზამ სრული დისკრედიტაცია განიცადა.
„ახალი დიდი აბრეშუმის გზა“ - ეს არის, უწინარესად, ახალი აზროვნება უზარმაზარი ევრაზიის სივრცისთვის - აზროვნება, რომელიც თანასწორუფლებიანი პოლიტიკური და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ უბიძგებს მათაც, ვისაც სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და მათაც, ვინც ახლა აგროვებს ამ გამოცდილებას.
ამ სივრცისთვის ჩვენს საერთო ახალ აზროვნებას მრავალი განზომილება აქვს, მათ შორის ეკონომიკურიც და პოლიტიკურიც. მათი განსახიერებაა ევროკავშირის „ტრასეკასა“ და „ინოგეიტის“ პროგრამები, რომლებიც „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ ნაწილებია, ისევე როგორც კასიის ენერგოშემცველების ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე ტრანსპორტირების სხვა პროექტები საქართველოსა და თურქეთის გავლით. ამ ახალი აზროვნების ნაყოფია ამერიკის კონგრესის მიერ ამას წინათ მიღებული „აბრეშუმის გზის სტრატეგიის“ კანონი და ბალტია-შავი ზღვის სახელმწიფოთა თანამშრომლობა. ამ ახალი აზროვნების პირმშოა მსგავსი ინტერესებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა ჯგუფი სუუამი და ნატოს სამიტის დროს დაწყებული კავკასიის ლიდერთა დიალოგი, რომელიც კავკასიური ფორუმის სახელითაა ცნობილი. მასში გერმანიის მხარეც მონაწილეობს და მისი მეორე რაუნდი სავარაუდოდ თბილისში შეიძლება გაიმართოს.
ხშირად ისმის ჩივილი იმის თაობაზე, თითქოს „ახალი დიდი აბრეშუმის გზა“ ვისიმე ინტერესებს ლახავს. განა შეიძლება რომელიმე ქვეყნის გონივრული, მისაღები ინტერესები შელახოს თავისუფალ სახელმწიფოთა მშვიდობიანი დაახლოების პროცესში, რომლის ერთადერთი მიზანია ეკონომიკური კეთილდღეობისათვის, სტაბილური დემოკრატიული განვითარებისათვის და დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის სწრაფვა? განა იმით, რომ 50 წლის წინანდელი ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება დღევანდელ ევროპის კავშირად იქცა, ვინმეს ინტერესი შეილახა? ნუთუ მაშინდელი, გაპარტახებული და ჭრილობებმოუშუშებელი ევროპა უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა, ვიდრე დღევანდელი - ძლიერი და აყვავებული, გაერთიანებული და მშვიდობისმოყვარე?
ჩვენ კარგად გვესმის, რომ „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ სივრცეში იკვეთება მრავალი დიდი ქვეყნის, შორეულისა თუ მახლობელის ინტერესი. ჩვენ მივესალმებით ინტერესთა მრავალფეროვნებას და სიმრავლეს. ეს არის იდეებისა და ინვესტიციების თავისუფალი კონკურენციისთვის აუცილებელი პირობა. მაგრამ ჩვენ ვეღარასდროს შევურიგდებით იმას, თუკი რომელიმე ქვეყანა საზოგადოდ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და, კერძოდ, საქართველოს თავისი გავლენის სფეროდ გამოაცხადებს. იმისთვის როდი გვიღვაწია გერმანიისა და ევროპის გაერთიანებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებისა და ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გამოყვანისთვის, ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, რომ დღეს ამ ანაქრონიზმს ავუბათ მხარი. კავკასია, და კერძოდ საქართველო, აღარასდროს გახდება ვინმეს გავლენის სფერო, მაგრამ ყოველთვის იქნება იმ ძალების თავისუფალი კონკურენციის ასპარეზი, რომლებიც რეგიონს ახალი, უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად ხედავენ. ინტეგრაცია ევროპაში ვინმესთვის, მათ შორის რუსეთისთვის ზურგის შექცევას როდი გულისხმობს. ჩვენ გვინდა იმ კეთილი ტრადიციების გაგრძელება, რომლებიც გასული წლების მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მივიღეთ. გავლენის სფეროებიდან პარტნიორობაზე გადასვლის მაგალითად საკმარისი იქნებოდა თუნდაც დასავლეთისა და კავკასიის, კერძოდ კი გერმანია-საქართველოს ურთიერთობის მოყვანა, - ურთიერთობისა, რომელიც დიდსა და პატარა მაღალგანვითარებულ და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის არსებობს. სწორედ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მუდმივი ზრუნვის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ ამ წლის დამდეგიდან სამი დიდი გამარჯვება იზეიმა - საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი, ევროპის კავშირმა მოახდინა საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთა- ნხმების რატიფიკაცია და საქართველომ ოფიციალური მიწვევა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა მოვახსენო ფედერალურ პრეზიდენტ რაუს ჩემი უმაღლესი ხარისხის დიდი ჯვრის ორდენით დაჯილდოებისათვის.
„ახალი დიდი აბრეშუმის გზის“, ანუ მშვიდობისა და სტაბილურობის სარტყელის საბოლოოდ ჩამოყალიბებას სერიოზულად აფერხებს კონფლიქტების სრულიად მკაფიო ჯაჭვი ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე. დარწმუნებული ვარ, ნატო წარმატებულად მიიყვანს ბოლომდე სამშვიდობო ოპერაციებს ბალკანეთში პროვინციული მასშტაბის დიქტატორთა დასჯის ჩათვლით, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებით სჩადიან უმძიმეს დანაშაულს ადამიანურობის წინაშე - ეთნიკურ წმენდას. საქართველო თავიდანვე მიესალმა კოსოვოში ნატოს მიერ განხორციელებულ ოპერაციას და არა იმის გამო, რომ მხარს უჭერს აგრესიულ სეპარატიზმს. ის, თუ რა არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე - აგრესიული სეპარატიზმი - ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ ეთნიკური წმენდა ისეთი დანაშაულია, რომელსაც ვერ გაამართლებს ვერც დამოუკიდებლობისთვის და ვერც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. თუკი ჩვენ ამ, არცთუ სრულყოფილ, მაგრამ მაინც უკეთეს მსოფლიოში ერთხელ და სამუდამოდ ვუერთგულეთ პოლიტიკაში ზნეობის პრიმატს, მაშინ ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს; ხოლო ნატოს ოპერაციის მოწინააღმდეგეებს, რომელთა რიგები უკანასკნელ დღეებში საგრძნობლად შეთხელდა, ვურჩევდი იმაზე დაფიქრებულიყვნენ, თუ რას მოუტანდა ევროპას ნატოს ჩაურევლობა და კოსოვოს ტრაგედიის შემდგომი ესკალაცია. არ შემიძლია კვლავ არ ვისარგებლო შემთხვევით და არ მივესალმო გაერთიანებული გერმანიის აქტიურ ჩართვას მშვიდობის დამამკვიდრებელ ოპერაციაში.
სამხრეთი კავკასია, „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ გათვალისწინებით, სრულიად სხვა, განუზომლად დიდ ფუნქციას იძენს. ამ თვალსაზრისით, სულ უფრო ძნელი ხდება იმის ატანა, რომ აქ შეიძლება ღვიოდეს კონფლიქტების ცეცხლი. აფხაზეთში საომარი ოპერაციების შესაძლო განახლება უცილობლად მოასწავებს არა მხოლოდ დიდ კავკასიურ ომს, ვინაიდან ამ რეგიონში უკვე ძალზე ბევრი ინტერესია გადახლართული. ამიტომ კოსოვოს მაგალითი, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ აბსოლუტურ შეურიგებლობას ეთნიკური წმენდის მიმართ და, მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონის რეაბილიტაციას, შეიძლება კავკასიასაც გამოადგეს.
მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს გასაგებ შეშ- ფოთებას იწვევს ჩრდილოეთ კავკასიაში დღეს მიმდინარე მოვლენები. ერთი შეხედვით, კავკასიის მარად თოვლიანი მწვერვალები ქმნიან იმის ილუზიას, თითქოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია გამოცალკევებულია ერთმანეთისგან, მაგრამ ეს რომ ასე არაა, აფხაზეთის კონფლიქტმაც დაადასტურა. კავკასია მთლიანი ორგანიზმია და მისი ერთი ნაკვთის ტკივილი მთელი სხეულის ტკივილს იწვევს; ერთგან დაღვრილი სისხლი, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი სისხლია. ამიტომაც საქართველომ, ყველა თავისი სირთულისა და ასეულობით ათასი საკუთარი იძულებით ადგილნაცვალი პირის მიუხედავად, კარი გაუღო ჩეჩნეთიდან ლტოლვილ უმწეო ადამიანებს, მათ შორის - ბავშვებს.
ძვირფასო მეგობრებო,
დღეს გერმანელი მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს წიგნი, რომელშიც გაცილებით უფრო ფართოდაა ჩამოყალიბებული ჩემი ნააზრევი და განცდილი, ვიდრე ამის წარმოდგენის საშუალება თქვენს აუდიტორიაში მქონდა. მაგრამ ერთ ისეთ რამესაც გაგიმხელთ, რაც ამ წიგნში არ მითქვამს: იმ უხილავი კედლის დანგრევა, რომელზეც თავში მოგახსენეთ, ისევე ძნელი ყოფილა, როგორც ხილული ბერლინის კედლისა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვჩვევია დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება და მასაც ისევე მივიყვანთ ბოლომდე, როგორც ბერლინის კედლის შემთხვევაში, იმიტომ, რომ ეს ჩვენი საერთო საქმის ნაწილია და მას კვლავ ერთად ვაგრძელებთ.
გმადლობთ.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში : ბერლინი, 1999 წლის 13 ოქტომბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 ოქტომბერი. - №277-278 (3319). - 1, 3 გვ.
![]() |
49 „საქართველოს დღეს აქვს შანსი, საბოლოოდ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპულ ოჯახში, რათა აღასრულოს დიდ წინაპართა - დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლთა ანდერძი“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას გაიმართა თქვენი პირველი სახელმწიფო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. თქვენ გქონდათ შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, კანცლერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან; იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაპირებანი, განსაკუთრებით, აფხაზეთთან დაკავშირებით. გერმანიაში თქვენ სამი დიდი ჯილდო მიიღეთ. ეს იყო უმაღლესი ხარისხის ფედერალური დიდი ჯვრის ორდენი, ვიუნშეს სახელობის პრემია დაბოლოს, იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებაც მოგენიჭათ. გარდა ამისა, ვფიქრობ, იყო კიდევ ერთი და, ალბათ ყველაზე დიდი ჯილდო - უბრალო გერმანელთა მადლიერება, რაც მართლა თვალშისაცემი იყო აბსოლუტურად ყველგან. რა შეიცვალა გერმანიაში გაერთიანების შემდეგ? თქვენ ხშირად ყოფილხართ ამ ქვეყანაში მაშინაც, როცა ბერლინის კედელი იყო, მაშინაც, როცა, როგორც ბეიკერმა თქვა, ამ კედელს პირველი ბზარები გაუჩნდა. მაინც, რა იყო ყველაზე უფრო თვალშისაცემი? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ალბათ, მე მაინც ზოგადი შეფასება გამომივა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ვიზიტით დაიწყო რაღაც ახალი ეტაპი თუ ახალი ერა საქართველოს ურთიერთობაში არა მარტო გერმანიასთან, არამედ მთელ ევროპულ თანამეგობრობასთან.
რაც შეეხება გერმანიასთან მსოფლმხედველობრივ თანამშრომლობას, ვიზიტის შედეგად იგი ახლა სრულიად ახალ დონემდე ამაღლდა. საქმე მარტო ჯილდოები როდია, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ასეთ გულუხვობას იჩენენ რომელიმე სახელმწიფო მოღვაწის მიმართ.
უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას თვით ვიზიტის ატმოსფეროზე (ამასთან დაკავშირებით თქვენ უკვე გქონდათ მინიშნება ამ დილითაც და წუხანდელ გადაცემაშიც). ჩვენმა თანამემამულეებმა უკვე იციან, რომ ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭეზე სამი დღის განმავლობაში ფრიალებდა საქართველოს ეროვნული დროშა ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნიშნად. ეს ხომ უდიდესი სახელმწიფოებრივი გამარჯვების მაჩვენებელი სიმბოლოა, ეს სხვა დროშაა.
ამავე ნიშნით მიმდინარეობდა საერთოდ ვიზიტიც. ამ დიდი ქვეყნის ხელმძღვანელობამ - პრეზიდენტმა, ფედერალურმა კანცლერმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა, გერმანულმა ელიტამ და უბრალო ბერლინელებმა საოცარი გულთბილობა, მართლაც საოცარი გულთბილობა გამოავლინეს ქართველი სტუმრების მიმართ. მე ახლაც აღელვებული ვარ.
- იმ სასტუმროს წინ, სადაც თქვენ ცხოვრობდით, ყოველთვის იდგნენ და ელოდნენ თქვენს გამოსვლას. ეს რომ ვინმეს ეთქვა, ალბათ, ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა... სადაც შეხვედრები გქონდათ ხოლმე, იქაც იდგნენ და ელოდნენ, როდის გამოხვიდოდით და დაუქნევდით ხელს, რითაც სურდათ თავიანთი მადლიერება გამოეხატათ თქვენ მიმართ...
- საოცრება იყო. მე უამრავი, ათობით და ასობით ვიზიტის მონაწილე ვარ. ძალიან გულთბილი, ძალიან ხაზგასმული პატივისცემის გამომხატველი ბევრი შეხვედრაც ყოფილა და ასე შემდეგ, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მინახავს. მართლა საათობით ელოდნენ... მერე ვწუხდი, ადრე გამოვსულიყავი-მეთქი, ამდენი ხალხი რომ მელოდა წვიმაშიც კი... ეს გულთბილობა და პატივისცემა იგრძნობოდა ბრანდენბურგის ჭიშკართან (რომელიც ბერლინის ყოფილი კედლის აღმნიშვნელი სიმბოლური ხაზიდან ფეხით გავიარეთ ქალაქის ბურგომისტრთან ერთად), ისევე როგორც ბერლინის ტაძარში, სადაც ლუდვიგ ვიუნშეს პრემიის გადმოცემისას მართლაც უბრწყინვალესი საზოგადოება შეიკრიბა და ტელემაყურებელი თვითონ დარწმუნდა, რა ტაძარია ეს და როგორი ხალხი იჯდა ამ ტაძარში.
რა თქმა უნდა, ეს იყო არა მარტო საქართველოს პრეზიდენტის, არამედ თვით ჩვენი ქვეყნის აღიარება. გერმანიაში გამართული შეხვედრები, საუბრები, წინასწარი შეთანხმებანი მტკიცე გარანტიას ქმნის საიმისოდ, რომ მომავალში ეს დიდი ქვეყანა, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა დამოუკიდებელი საქართველოსათვის, კიდევ უფრო მეტად დაგვეხმაროს ყველა თვალსაზრისით - როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც.
თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმება ბოინგის ტიპის თვითმფრინავების ლიზინგის წესით გადმოცემის თაობზე. გამოიკვეთა თითქმის ყველა სფეროში შესაძლო თანამშრომლობის სხვა მრავალი პროექტიც. რაც შეეხება ამ თვითმფრინავებს, ეს ის ერთ-ერთი უმთავრესი ფირმაა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავს ევროპაში, ესე იგი, მის შემოსვლას ქვეყანაში თავისთავად მოჰყვება ტურიზმის განვითარება.
შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბანკირებთან, მეწარმეებთან, ბიზნესმენებთან შეხვედრებმა. თქვენ იცით, თუ რაოდენ გადატვირთული იყო ეს დღეები. ეს გახლდათ პრაქტიკული საქმიანობა იმ მიზნით, რომ საქართველოსათვის კეთილისმყოფელი ფონი და პრეზიდეტის ავტორიტეტი უშურველად გამოვიყენოთ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს არა მარტო სიამაყე იმით, თუ რა განსაკუთრებულად ხვდებიან საქართველოს დელეგაციას მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, არამედ კონკრეტული სარგებელიც - მატერიალური, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და ცხოვრების დონის ამაღლების თვალსაზრისით.
გახსოვთ, როგორ მიგვიღეს ამერიკაში? როგორი გულთბილობა იგრძნობოდა იქაც, როგორ გამოხატავდნენ ამას. ესე იგი, უკვე სხვა ქვეყანა ვართ, სხვა ხალხი ვართ, სხვანაირი წონა გვაქვს და სხვანაირია ჩვენს მიმართ დამოკიდებულებაც არა მარტო გერმანიაში, არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკის შეე- რთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც.
ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით მეგობარ ქვეყნებში, ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა აფხაზეთი გახლდათ. არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა, სადაც არ წამოგვეჭრა ეს საკითხი. მე ვთქვი იენის უნივერსიტეტში, სხვა გამოსვლებშიც, უაღრესად გავლენიანი აუდიტორიის წინაშე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია ისევე, როგორც გარდაუვალი იყო გერმანიის გაერთიანება.
გერმანიის გაერთიანება უფრო რთული გახლდათ, გაცილებით მეტ წინააღმდეგობებს აწყდებოდა, მაგრამ ისტორიულმა სამართლიანობამ მაინც გაიმარჯვა მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ტოტალიტარული ძალები ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის მთლიანობის აღდგენას. ამით შეიქმნა შესანიშნავი ისტორიული პრეცედენტი.
თავისთავად, გერმანიის გაერთიანების 10 წლისთავის ზეიმიც ერთგვარი სტიმულია, წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლინობის აღდგენის პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტისათვის. ისიც უნდა ითქვას, რომ გერმანელები ენთუზიაზმით, სრული თანხმობით ეკიდებიან ამ პარალელეს და სავსებით გვეთანხმებიან ამ უმთავრეს საკითხში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასიათასობით ლტოლვილის დაბრუნება გარდაუვალია, ვინაიდან სხვაგვარად კავკასიაში შენარჩუნდება ის კედელი, რომელიც არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ სულიერად და, თუ გნებავთ, პოლიტიკურადაც ევროპის სხვა რეგიონებშიც ჰყოფს ერთმანეთისაგან ხალხებსა და ცალკეულ პიროვნებებს. ლაპარაკია კედლებზე, არა მარტო პირდაპირი გაგებით, არამედ კედლებზე ადამიანის სულში.
გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი დიდ ევროპაში, ევროპულ სივრცეში. ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ფუნქციასთან ერთად საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიაც გახლავთ. დღეს დალხინებული და ბედნიერი ცხოვრება ნამდვილად არა გვაქვს. ბევრ ჩვენს თანამემაულეს კვლავინდებურად უჭირს, მაგრამ ისევ გერმანიის მაგალითი მინდა მოვიყვანო: სულ რამდენიმე დღე დავყავით ამ ქვეყანაში, მაგრამ დელეგაციის წევრებმა მაინც იოლად შენიშნეს (ვინაიდან ნამდვილად თვალშისაცემი იყო), რომ ჯერ კიდევ არსებობს საკმაოდ მკვეთრი განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. კვლავინდებურად მწვავედ დგას აღმოსავლეთ გერმანიაში მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემა, მათ შორის, უმშევრობისა და დასაქმების პრობლემაც. 7-8-10 პროცენტს აღწევს დაუსაქმებელ ადამიანთა რიცხვი, ანუ კვლავაც იგრძნობა ძველი ეპოქის, ტოტალიტარიზმისა და ყაზარმული ეკონომიკის ნაკვალევი, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუმცა დასავლეთ გერმანიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ და გაერთიანებული გერმანიის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს ნაკვალევი რაც შეიძლება სწრაფად წაშლილიყო: უფასოდ დაარიგეს, საერთოდ არ გაუყიდიათ, უბრალოდ ისე გააჩუქეს ის საწარმოები, რომლებიც იმ ძველ წარმოების წესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამასაც დრო დასჭირდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თავის კვალს სტოვებს.
ესე იგი, გერმანიასაც კი, მისი უდიდესი პოტენციალისა და კოლოსალური ფინანსური რესურსების მიუხედავად, გაუჭირდა ამ პრობლემის დაძლევა. არადა, გაერთიანებიდან ხომ უკვე ათი წელი გავიდა. საკმაოდ დიდი ვადაა ისეთი ქვეყნისათვის, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ ახალი სოციალურ-ეკონომიკური წყობის, ახალი სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული სისტემის, ახალი ფორმაციის, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებას დრო სჭირდება. გვინდა თუ არ გვინდა, ამას უნდა შევეგუოთ - დრო სჭირდება.
მით უმეტეს, გერმანიამ ათი წლის წინათ თავიდან აიცილა სისხლისღვრა, სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ. საქართველომ კი, თქვენთვის გასაგებ მიზეზთა გამო, ყველა ეს ტკივილი გადაიტანა: სამოქალაქო ომიც, სისხლიანი კონფლიქტებიც და ძმათამკვლელი ომიც.
ათი წელი გავიდა გერმანიის გაერთიანების შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანიაში კი კვლავინდებურად ლაპარაკობენ ზოგიერთ პრობლემაზე, რომლებიც ათი-თხუთმეტი წლის წინათ აქტუალური იყო. 15 წელი დასჭირდა იაპონიას (მე მითქვამს ეს), 20-25 წელი ისრაელს, რათა დღევანდელი კეთილდღეობისათვის მიეღწიათ.
საქართველო იმდენად სწრაფად ვითარდება, დარწმუნებული ვარ, ამდენი დრო არ დაგვჭირდება, რათა მივაღწიოთ ღირსეული ცხოვრების დონეს.
შეუძლებელია, რომ ახალი ათასწლეულის დამდეგს უარი ვთქვათ არჩეულ კურსზე, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე - დემოკრატული განვითარების სტრატეგიაზე.
ასეთი შანსი საქართველოს საუკუნეთა განმავლობაში არ ჰქონია. შთამომავლობა არ გვაპატიებს, თუ კვლავ გავუშვებთ ხელიდან მას მაშინ, როცა ისევ მოვიპოვეთ მსოფლიო ისტორიული მისია ჩვენს რეგიონში, დავაფუძნეთ დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც მთავარია, გვაქვს განვითარების პრესპექტივა, გვყავს ისეთი მეგობრები, როგორიცაა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და მრავალი სხვა და მრავალი სხვა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვახსენო დიდი მადლობა გერმანიის პრეზიდენტს, ფედერალურ კანცლერს, ყველა ბერლინელს განსაკუთრებული გულთბილობისა და ყურადღებისათვის, გახსოვთ ვაიმარი, ვაიმარელებს ამ საოცარი შეხვედრისა და საოცარი სტუმართმოყვარეობისათვის.
უწინარესად იმისათვის, რომ მზად არიან დაეხმარონ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლაში.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ბრძოლა დამთავრდა და საბოლოოდ გავიმარჯვეთ - მწარედ ცდება. ყურადღებით დავაკვირდეთ ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. საბედნიეროდ, უახლესმა ისტორიამ ჩვენს ხალხს ბევრი რამ ასწავლა - ეს გამოცდილებაც უდიდესი სიმდიდრე და სახელმწიფოებრივი სიბრძნეა.
- გერმანიაში ერთი ისეთი ფრაზაც ითქვა და თანაც რამდენჯერმე, რომ ერთიან ევროპას გერმანია საქართველოსთან ერთად ხედავს და საქართველოს გარეშე ვერ ხედავს. ყოველივე იმის ფონზე, რაზეც ახლა თქვენ ილაპარაკეთ, მოხდა ისე, რომ თქვენც და საქართველოს დელეგაციამაც გერმანიაში გაიგეთ კოდორის ინციდენტის შესახებ.
- მე მართლაც სიხარულითა და სიამაყით ვლაპარაკობდი ამ უპრეცედენტო ვიზიტის შესახებ, ვინაიდან იგი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის გამარჯვება იყო.
მიუხედავად ამისა, მაინც შეძლეს ჩაეშხამებინათ ეს წარმატება ქვეყნისათვის.
მაინც შეძლეს და მაინც მოახერხეს.
რასაკვირველია, მასპინძლებს ჩვენთვის არაფერი უგრძნობინებიათ, მაგრამ გერმანია დემოკრატიული ქვეყანაა და საზოგადოებრიობა, ბუნებრივია, ღელავდა, წუხდა დატყვევებულთა, მათ შორის გერმანიის მოქალაქის ბედის გამო. გახსოვთ, ის იმპროვიზებული პრესკონფერენცია, ბრიფინგები - ზოგი ქუჩაში, ზოგიც შენობაში, სადაც პირველი კითხვა ეს იყო - რა მოუვათ დატყვევებულ ადამიანებს და არის თუ არა მათი განთავისუფლების შანსი.
შემთხვევით საერთოდ არაფერი არ ხდება, არც ის იყო შემთხვევითი, რომ პროვოკაცია სწორედ იმ დღეს განხორციელდა, როდესაც ვიზიტის ოფიციალური პროგრამა დაიწყო.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მადლობას არ დავიშურებ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა, თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის, ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის, ბატონ ივერი ჭელიძის, ჩვენი შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებისა და სხვათა და სხვათა მიმართ, რომლებმაც ქვეყანას თავიდან ააცილეს ძალზე მზაკვრულად ჩაფიქრებული პროვოკაცია, და იმ ჯანსაღი ძალების დამსახურებას, რომლებიც იქ იყვნენ და გვეხმარებოდნენ.
მთავარი დამნაშავეები უშუალოდ გამტაცებლები კი არ არიან, არამედ ისინი, ვინც მათ ზურგს უკან დგას.
ვარაუდებით საუბარი არ მინდა, თუმცა გარკვეული მონაცემებიც არსებობს ამის შესახებ.
ალბათ, დრო ყველაფერს გაარკვევს.
საბედნიეროდ, ვიმეორებ, საქართველომ შეძლო ამ სირთულის დაძლევა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკვე ნამდვილად სახელმწიფოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებოდი შემეწყვიტა სახელმწიფო ვიზიტი გერმანიაში და სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი სამშობლოში - ალბათ, ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ ამჯერად ამ გზით და ამ ფორმით ეს არ გამოუვიდათ. თქვენ გახსოვთ, იმ დიდ ტაძარში როგორი ტაშითა და განსაკუთრებული აღფრთოვანებით შეხვდნენ ცნობას იმის შესახებ, რომ პირველი ჯგუფი - 4 მოქალაქე უკვე განთავისუფლებულია. აქ მარტო ერთი გერმანელის, თუნდაც ოთხი მოქალაქის ბედის გამო კი არ იყო რეაქცია, არამედ რეაქცია იყო იმის გამო, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო - დამოუკიდებელი საქართველო ასეთ საკითხებს თავად აგვარებს. ქვეყანას ჰაერივით სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. ამიტომ ყველა პატრიოტი, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, - იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარ დესტაბილიზაციას, რათა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.
დღევანდელ ვითარებაში დესტაბილიზაცია და ძალისმიერი მეთოდებით მოსახლეობის უკმაყოფილების პროვოცირება, თუნდაც სოციალური სიდუხჭირით სპეკულირება, ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ეს სიდუხჭირე, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, დროებითია და არავითარი სხვა სასწაულებრივი ძალა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ჩვენ ვიშრომოთ და ჩვენ თვითონ ერთად გადავლახოთ ეს სიძნელეები.
საქართველოს დღეს აქვს შანსი, როგორც ზემოთ ვთქვი, საბოლოოდ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპულ ოჯახში, რათა დაასრულოს დიდ წინაპართა - დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლთა ანდერძი. ახლა წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება და სავსებით გასაგებია ვნებათაღელვა - ყველა დემოკრატიული ქვეყნისათვის რომ არის დამახასიათებელი ამ მოვლენასთან დაკავშირებით.
- თქვენ კოდორის ინციდენტზე, დესტაბილიზაციაზე საუბ-რობდით და ასე შემდეგ. უფრო გლობალურად თუ შევხედავთ წინასაარჩევნო პერსპექტივას, ხომ არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება და, მე მგონი, უკვე გამოიკვეთა, რომ არიან საქართველოში რაღაც ძალები, რომლებიც გარკვეული რევანშისათვის ემზადებიან და ისინი ამას არც მალავენ...
- მადლობელი ვარ, ეს კითხვა რომ დამისვით, და მომეცით საშუალება ვთქვა ის, რასაც ახლა ვფიქრობ.
დღეს საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად უნდა შეიკრას დემოკრატიის, ესე იგი, ქვეყნის მომავლის დასაცავად.
ხელისუფლებისათვის იბრძვიან ძალები. მე ამას შემთხვევით არ ვამბობ და აქამდე ხომ არ ვამბობდი, ახლა, როგორც იტყვიან, ყველაფერი უნდა გაშიშვლდეს. მათ სურთ ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა, სურთ გუშინდელ დროში დაგვაბრუნონ, კვლავ ვიღაცის ვასალი გაგვხადონ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას, ვინც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს. არიან პარტიები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ მომავალშიც. მე გერმანიაში ვიხმარე ფრაზა „მარად გუშინდელნი“. ეს ჩემი ფრაზა არ არის, მაგრამ ძალიან მორგებულია დღევანდელ დღეზე. დიახ, „მარად გუშინდელნი“ ექაჩებიან ჩვენს სამშობლოს უკან. ყველაზე საწყენი ის არის, რომ მთავარი მოტივი ამ ტიპის, მე ვიხმარდი ამ სიტყვას „ბელადთა“ (რა თქმა უნდა ბრჭყალებში) ხელისუფლებისათვის ბრძოლაა, ბრძოლა ბინძური ხერხებით, ბინძური მეთოდებით, მოსყიდვით, შანტაჟით. სადაც თვითონ მოღვაწეობენ, იქ ადამიანები მონებად აქციეს, კლასიკური პოლიციური რეჟიმი და ერთიანი სახელმწიფოს ძარცვა-გლეჯა დაამკვიდრეს წესად. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ მოძრაობას, რომელმაც ქვეყნის სამოქალაქო ფლოტი გააჩანაგა, ადამიანებს უსაფუძვლოდ აღუკვეთა თავისუფლება; ვინ ბედავს უგულებელყოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში პრეზიდენტის ბრძანებულება პიროვნების შეწყალების, მისი უკანონო პატიმრობის შეწყვეტის შესახებ, როცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. ვინ ყიდულობს ძვირადღირებულ (ზოგი ამბობს 150 ათასი, ზოგი ამბობს 180 ათასი) ათეულობით ავტომობილს, ჩვეულებრივ ამომრჩეველს ყურები რომ გამოუჭედოს ჭორითა და ინსინუაციებით? მოსახლეობა ყველაფერს ხედავს. ნურავის ჰგონია, რომ ცხვრის ფარასთან აქვს საქმე. ყველას ავტომატის კონდახითა და უკანონო პატიმრობით ვერ დააშინებ, ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი. მე ძულებული ვარ საქართველო გავაფრთხილო: ჩვენ ადრეულ ეტაპზე უკვე დავუშვით საბედისწერო შეცდომები. გამეორების უფლება არა გვაქვს. ასეთ შავ საქმეებს გნებავთ „აღორძინება“ დაარქვით, გნებავთ „აყვავება“, გნებავთ კიდევ რაღაც უფრო ამაღლებული სახელი, საქმე სასიკეთოდ არ შეიცვლება. ქვეყნის განვითარების ჩარხი შეიძლება უკუღმა შეტრიალდეს, თუ გონიერებასა და სიფხიზლეს არ გამოვიჩენთ. მე არ ვაპირებდი, მართლა არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, რომ არა მონაჩმახი „ყარსის ხელშეკრულების“ შესაძლო გამოყენებაზე (ახლა უნდა გავიხსენო ეს), რომ არა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის უარყოფა, რომ არა საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, ხელისუფლების კონსტიტუციურ მოვალეობათა უგულებელყოფა, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სამსახურების (ეს ხომ ცენტრის პრეროგატივაა) წინაშე დასმულ მოთხოვნათა აბუჩად აგდების აშკარა დემონსტრირება - „არ მინდა და არ შევასრულებ“. და კიდევ ერთი, აშკარა მუქარა: „ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ანგარიშს გაგისწორებთ“! დიახ, დაახლოებით ასე ითქვა, ფაქტობრივად, ასე ითქვა, მე ციტირებას არ ვახდენ. მაშ, კიდევ რეპრესიები, კიდევ ძალადობა, კიდევ პიროვნების თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა?
კმარა, არ გამოვა ყოველივე ეს, რადგან ხალხი უკვე დაბრძენდა და უკვე გაიგო თავისუფლების გემო.
ეს რომ არ მეთქვა, ალბათ, სინდისი არ მომასვენებდა, არ მომცემდა უფლებას არ მეთქვა და მინდა, რომ ჩემმა ხალხმა ეს ყველაფერი იცოდეს. თუ რამეში არ მეთანხმებიან, ესეც აშკარად და ვაჟკაცურად თქვან.
- მე ისევ გერმანიის ვიზიტს დავუბრუნდები. ქვეყნის საგარე ო-პოლიტიკურ აქტიურობას მიუხედავად იმისა, რომ მას სადღაც ექაჩებიან, მაგრამ მეორეა ის, ქვეყანა თავისი განვითარების გზით მიდის. რა კონკრეტული შედეგი მოაქვს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით?
- მხოლოდ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ (სწორედ იმის წყალობით, რომ ჩვენ მსოფლიოში მეგობრებს ვეძებთ და ვპოულოთ) ბოლო წლების განმავლობაში 295 მილიონი მარკის ოდენობის დახმარება გამოუყო საქართველოს, დიდი ნაწილი გრანტის, დანარჩენი კი 40-წლიანი შეღავათიანი კრედიტის სახით.
გერმანია საქართველოს უპირველესი სავაჭრო პარტნიორია. ენერგეტიკის სფეროში უკვე დაბანდებულია 160 მილიონი ინვესტიცია. ამჟამად განიხილება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზესტაფონისა და ქუთაისის ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზის აჯამეთი-პირველის რეკონსტრუქცია-შეკეთებას. ტენდერში გაიმარჯვა ფირმა „სიმენსმა“, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების საქმეში. ამაზეც გვქონდა საუბარი.
გერმანიის სადაზღვევო კომპანიამ „ჰერმესმა“ (ისევე, როგორც ამერიკულმა „ოპიკმა“) დაიწყო გერმანული კრედიტებისა და ინვესტიციების დაზღვევა საქართველოში. ეს ინვესტორების მოზიდვის მთავარი გარანტიაა.
აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვის სფეროშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პროექტი. ეს პიონერი პროექტია; ამას მოჰყვა თუშეთის, ვაშლოვნის, სხვები და სხვები, კიდევ ბევრი; იქნება კოლხეთის პროექტი, მაგრამ ეს პიონერი იყო, რომლის დასაფინანსებლად გერმანიის მთავრობამ 6 მილიონ 700 ათასი მარკა გრანტი გამოყო. დამატებით გამოიყოფა, აგრეთვე, 7 მილიონ 500 ათასი მარკა - ისევ გრანტის სახით და 4 მილიონ 500 ათასი მარკა შეღავათიანი კრედიტი.
გერმანიასთან არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა ერთ-ერთი ყველაზე სოლიდურია ევროკავშირის ქვეყნებს შორის და 16 დოკუმენტს მოიცავს. აღსანიშნავია შეთანხმებანი საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის, შიდა ნაოსნობისა და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში, ასევე ხელშეკრულება კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ. განხილვის სტადიაშია შეთანხმებები სტატისტიკის დარგში თანამშრომლობის თაობაზე; მიმდინარეობს მოლაპარაკება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს დოკუმენტი უკვე მზად არის ხელმოსაწერად. გერმანია აქტიურად ჩაერთვება აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში. კერძოდ, რაინ-მაინ-დუნაის არხის მეშვეობით ჩვენი რეგიონების დაკავშირებისა და ფრანკფურტ-შანხაის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტში განხორციელების თვალსაზრისით. გერმანია გვეხმარება, რათა საქართველომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ჰანოვერის მსოფლიო გამოფენაში „ექსპო-2000“. მოგეხსენებათ, ამ გამოფენას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავად კისრულობს.
განსაკუთრებით გამოვყოფ ფირმას „მარტინ ბაუერს“, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მეჩაიეობის აღორძინებაში. ბერლინში შევხვდი „მარტინ ბაუერის“ პრეზიდენტს, ბატონ ადოლფ ვედელს. მხოლოდ ეს ერთი კომპანია ყოველწლიურად 30 ათას კაცს ასაქმებს, ხოლო მისი მოღვაწეობის შედეგად საქართველომ უკვე 12 მილიონი ამერიკული დოლარი სავალუტო შემოსავალი მიიღო.
რამდენიმე სიტყვით სხვა მიმართულებათა შესახებ, თუმცა ისინი მჭიდროდ უკავშირდება საგარეო პოლიტიკას.
წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამრეწველო პროდუქციის სრული მოცულობა შესადარ ფასებში 1998 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 21 მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. მართალია, პროცენტული გამოხატულებით ზრდა თითქოს არც ისე დიდია (სულ 1,7 პროცენტი), მაგრამ გავიხსენოთ, რომ პირველ კვარტალში მრეწველობის ტემპი 5,7 პროცენტით შემცირდა, წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი უმნიშვნელო ზრდა აღინიშნა - სულ რაღაც 0,6 პროცენტი და ეს იყო იმ კატასტროფული კრიზისის შედეგი, რომელიც რუსეთში მძვინვარებდა და არა მარტო რუსეთში.
ამჟამად კი უკვე 1,7 პროცენტ ზრდაზე გვაქვს საუბარი, ანუ წარმოების დონე არათუ მცირდება (როგორც პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყანათა დიდ ნაწილში), არამედ იზრდება.
შარშანდელ სექტემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის საერთო მოცულობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ამა წლის აგვისტოსთან შედარებით თითქმის 12 პროცენტით.
სასიხარულოა, რომ ისეთი დარგიც კი, როგორიც ბინათმშენებლობაა (იგი ბევრს უიმედოდ დავრდომილი ეგონა), აღმავლობის გზას ადგას. მიმდინარე წელს აშენდა და საექსპლოატაციოდ გადაეცა 263 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო ფართობი 365 57 ათასი კვადრატული მეტრია - შარშანდელ დონეზე თითქმის 34 პროცენტით მეტი.
ეს ციფრები ვიღაცისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი და მოსაწყენი იყოს, მაგრამ ისინი, ვინც სამშობლოს წარმატებითა და წარუმატებლობით ცხოვრობს, ნამდვილად გაიხარებენ; გა- იხარებენ გულწრფელად, ვინაიდან ქვეყანა ფეხზე დგება, უმძიმეს ჭრილობებს იშუშებს და კიდევ უფრო სწრაფად, კიდევ უფრო მტკიცედ მიიწევს წინ ერთხელ და სამუდამოდ არჩეული კურსით.
და, სხვათა შორის, მე არ მითქვამს ის, რომ გერმანიაში ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება - გერმანელი ექიმები ძალიან აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს სპეციალისტებთან, მაღალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს სამეცნიერო პოტენციალზე და მათთან ერთად მე და გენშერმა მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნას საზოგადოება, შეიქმნას რაღაც ფონდი, რომლის თანაპრეზიდენტები იქნებიან გენშერი და შევარდნაძე, რათა გულის სამკურნალო კლინიკები ფეხზე დავაყენოთ საქართველოში. გულის ოპერაციების გამო, რომლისთვისაც ახლა დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან, ბევრი კი ვერ მიდის, ბევრი იღუპება, რადგან არა აქვს საშუალება, შევეცდებით ამ დიდ საქმეს ჩავუყაროთ საფუძველი, და ესეც გერმანელების დახმარებით გაკეთდება.
- გასულ კვირას თქვენ ეწვიეთ ფოთს, სადაც ფოთის ნავსადგურის 140 წლისთავის იუბილე იზეიმეს და თანდათანობით, შეიძლება ითქვას, ცხადი გახდა ის პერსპექტივა, თავის დროზე ფოთს ნიკო ნიკოლაძემ რომ უწინასწარმეტყველა.
- ფოთიდან ძალიან კმაყოფილი ჩამოვედი და მინდა ახლა სწორედ აქედან მადლობა ვუთხრა ფოთელებს, ქალაქის ხელმძღვანელობას, ბატონ ბონდო ჯიქიას - პრეზიდენტის რწმუნებულს მხარეში, ბევრ აქტივს, საერთოდ ყველას. ბევრი სიახლე ვნახეთ, უკვე აღორძინების გზაზეა ფოთის გემთსაშენი ქარხანა (იმ „აღორძინებისაგან“ ძალიან შორს არიან), ისევე როგორც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტერმინალებმა, რომლებიც ვიხილე. ეს არის სრულიად ახალი ტექნოლოგიებით აგებული საკონტეინერო ტერმინალი, ბამბის ტერმინალი, რომელიც რკინიგზამ ბატონ აკაკი ჩხაიძის ხელმძღვანელობით სულ რაღაც ერთ წელიწადში ააშენა, უზარმაზარი ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ფოთის ნავსადგურმა მილიონ ტონაზე მეტი ბამბა გაატაროს, ასევე ვნახე ბევრი სხვა სიახლე - ახალი 70-ადგილიანი კერძო სასტუმრო. ცოტა ხნით კიდევაც შევჩერდით იქ და დავნაყრდით: მინდოდა გამესინჯა, როგორ არის ეს საქმე კერძო სასტუმროში. შესანიშნავი ხალხია, კარგი სასტუმრო აქვთ და არ შეგრცხვება, რომ მიიღოს უცხოელი სტუმარი, რომელიც კომფორტსაა მიჩვეული. კიდევ ახალ სასტუმროს ააშენებენ. ბევრი რამ ხდება ფოთში და განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ განწყობილებით, რომელიც იმ დარბაზში და საერთოდ ქალაქ ფოთში სუფევდა - საქმიანი, ადამიანური.
და კიდევ ერთი: ეს გახლავთ გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტი, მე მაინც მინდა ძეგლი დავარქვა, პატარა ძეგლი, ძალიან კარგად შესრულებული, შესანიშნავი, რომელიც ამშვენებს ქალაქ ფოთს. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი მივაგეთ ცოტნე დადიანს (ძეგლის ავტორია ელგუჯა ამაშუკელი), რომელიც ქალაქის ცენტრშია აღმართული და ამშვენებს მას. პატივი მივაგეთ ნიკო ნიკოლაძის ხსოვნას, რომელიც იყო საუკუნის მოაზროვნე არა მარტო ფოთთან დაკავშირებით და არა მარტო პრაგმატული დანიშნულებით. მე კიდეც ვთქვი იქ გამოსვლისას, რომ ნიკო ნიკოლაძეს აქვს საოცარი ნაშრომი განიარაღების პრობლემებზე, რომელიც თითქმის 100 წლის წინათ არის დაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია. თავის დროზე, როცა ამ პრობლემებზე ვმუშაობდი, მაშინ შევისწავლე იგი. მაოცებდა და ახლაც მაოცებს მისი აზრების სიჯანსაღე. ნიკო ნიკოლაძე წინ იყურებოდა საქართველოს მომავლისაკენ და არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ასეთი შედარება, მაგრამ იქ ვთქვი: ნიკო ნიკოლაძე რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო და ფოთსა და აბრეშუმის გზაზე ეფიქრა, ალბათ, რაღაცნაირად, მოქალაქეთა კავშირთან იქნებოდა დაახლოებული, რადგან ჩვენც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ - მოქალაქეთა კავშირი, ქვეყნის პრეზიდენტი და მისი თავმჯდომარე.
- ალბათ, დღეს ბევრ სიახლეს ნახავთ სამცხე-ჯავახეთშიც, თქვენ იქ მიემგზავრებით...
- მე მგონი, ბევრი სიახლე უნდა იყოს. არა მქვს უფლება სამცხე-ჯავახეთს არ ვეახლო. რა თქმა უნდა, ამ დღეს იქ გავატარებ და რაც შეეხება იმას, თუ რა სიახლეებზე იქნება ლაპარაკი, ეს ალ- ბათ დაბრუნების შემდეგ.
საქინფორმი.
„საქართველოს დღეს აქვს შანსი, საბოლოოდ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპულ ოჯახში, რათა აღასრულოს დიდ წინაპართა - დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლთა ანდერძი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 ოქტომბერი. - №281-282 (3323). - 1, 2 გვ.
![]() |
50 საქართველო გაერთიანდება და აღორძინდება ისე, როგორც გაერთიანდა და აღორძინდა გერმანია |
▲back to top |
ამ ფრაზით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გერმანიის საზოგადოებას, რომელმაც ბერლინის საკათედრო ტაძარში მათი ქვეყნისა და, საერთოდ, ევროპის გამაერთიანებელ დიდ ადამიანს, ახალი ევროპის არქიტექტორს, დიდ ჰუმანისტს, ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ხალხთა შორის ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის მებრძოლს, დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპთა ერთგულ პიროვნებას (ასე მოიხსენიებენ ედუარდ შევარდნაძეს გერმანიაში) ლუდვიგ ვიუნშეს პრემია მიანიჭა.
ლუდვიგ ვიუნშეს ფონდის უმაღლესი ორგანოს - კურატორიუმის პრეზიდენტის, პროფესორ იუსტუს ფრანცის განცხადებით, ლუდვიგ ვიუნშე იმ თაობის სიმბოლოა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის აღმშენებლობა ნულიდან დაიწყო. ეს აღმშენებლობა თავის მიზანს ვერ მიაღწევდა, რომ არა უცხოეთისა და უცხოელების მხარდაჭერა. „თქვენი სახით, - მიმართა მან ედუარდ შევარდნაძეს, - ვაჯილდოებთ ღირსეულ, გამორჩეულ პიროვნებას, რომელმაც თავისი ცხოვრება მნიშვნელოვანწილად მიუძღვნა ხალხთა შორის გაგებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას. იზრუნეთ ყველამ, რომ ადამიანური გაგება და ხალხთა შორის ტოლერანტობა დარჩეს მოყვასის სიყვარულის ცნებად ისევე, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძემ დაამტკიცა“.
ედუარდ შევარდნაძეს ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემია კურატორიუმის თავმჯდომარის მოადგილემ კაი ვიუნშემ გადასცა, რის შემდეგაც სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ
„ლუდვიგ ვიუნშეს პრემიას ვაკუთვნებ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთელი ერის ღირსებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს“
ჩვენი დღევანდელი განსაკუთრებული შეხვედრა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გადაიცემა. ამ შეხვედრას თვალყურს ადევნებს ჩემი სამშობლო, საქართველო. ამიტომ, ვიდრე ძირითად სიტყვას ვიტყოდე, მსურს ორი განცხადება გავაკეთო:
საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სადაც კონფლიქტი დამთავრებული არ არის, ბოროტმზრახველებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექვსი მეთვალყურე, მათ შორის, ერთი გერმანელი გაიტაცეს. მინდა გაცნობოთ, რომ ამ ორი საათის წინათ ოთხი მათგანი უკვე განთავისუფლებულია, მათ შორის, გერმანის მოქალაქეც; დანარჩენები ხვალ განთავისუფლდებიან.
მეორე განცხადება, ჩემი სამშობლოს გასაგონად და საყურადღებოდ: დღეს 14 ოქტომბერია. საქართველოში დიდი ქრისტიანული ზეიმის დღე. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ეს დღესასწაული საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთის სახელს ატარებს. ახლა ასეულ ათასობით ქართველი ქუჩაშია გამოსული, ზეიმობს. მინდა ჩემს სამშობლოს ეს ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო როგორც ჩემი, ასევე ყველა ბერლინელის, ყველა გერმანელის სახელით. მსურს, მათ ამ უბრწყინვალესი ტაძრიდან, ამ უმაღლესი ტრიბუნიდან ვუთხრა: ძვირფასო თანამემამულენო! საქართველო გაერთიანდება და აღორძინდება ისე, როგორც გაერთიანდა და აღორძინდა დიდი გერმანია, რა თქმა უნდა, დიდი გერმანელი ხალხის, გერმანიის სახელმწიფოს დახმარებით. გილოცავთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ.
ბატონო თავმჯდომარევ,
ძვირფასო მეგობარო ჰანს-დიტრიხ (ასე გიცნობენ საქართველოში გვარის გარეშე).
პატივცემულო საბჭოს წევრებო,
ბატონებო,
როდესაც შევიტყვე, რომ თქვენი გადაწყვეტილებით მომენიჭა ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემია, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ყურადღება მიიპყრო ამ მაღალი ჯილდოს მოტივაციამ.
ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვიუნშეს პრემიას ფლობს მრავალი შესანიშნავი ადამიანი, ჩვენი დროის დიდი მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო პროგრესსა და ჰუმანიზმის იდეალთა დამკვიდრებაში, მათ შორის: რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი, ლეონარდ ბერნსტაინი, ნელსონ მანდელა, იგნაც ბუბისი, დიულა ჰორნი - ჩემი მეგობარი და ზოგი სხვა.
აქვე უღრმესი პატივისცემით მინდა მოვიხსენიო თვით ლუდვიგ ვიუნშე, წარმატებული ბიზნესმენი, კეთილშობილი ადამიანი, ქველმოქმედი, მეცენატი, რომელმაც დააარსა ასეთი შესანიშნავი პრემია - უმაღლეს საკაცობრიო იდეალთა დაცვასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
მაგრამ არანაკლებ საგულისხმო გახლდათ ჩემთვის ის გარემოებაც, რომ ვიუნშეს პრემიით აღინიშნება პიროვნების ძალისხმევა ეთნიკური შემწყნარებლობისა და მოქალაქეთა სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს შორის ტოლერანტობის დამკვიდრებაში, რაც დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპთა უთუო ერთგულებას გულისხმობს.
მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელშიც ეთნიკური და კონფესიური შემწყნარებლობა, სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფთა წარმომადგენლების ჰარმონიული თანაცხოვრება საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ეროვნული თვითშეგნების განუყოფელი ნაწილი იყო. ამდენად, ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემიას ვაკუთვნებ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ჩემი ერის ღირსებას, მთელ ქართველ ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
დღეს ამ აუდიტორიის წინაშე მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო: თუ მე, ედუარდ შევარდნაძემ, საკაცობრიო ისტორიის გარდამტეხ მომენტში, როგორც აქ ჩემმა დიდმა მეგობარმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა ილაპარაკა, მაშინ როდესაც წყდებოდა ბედი არა მარტო მილიონობით ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის, არამედ უზენაესი სამართლიანობის აღდგენისა მთელი ერების მიმართ, - გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისათვის; თუ მართლაც მეყო სულიერი ძალა აწ უკვე ისტორიულ უფსკრულში ჩაძირული, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ძლევამოსილი ბოროტის დასამარცხებლად, - მხნეობასა და ნიჭს მმატებდა მშობელი ერის გულწრფელი საუკუნოვანი სწრაფვა სამართლიანობის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ.
ეს სწრაფვა ჩემმა ხალხმა სათუთად გამოატარა სისხლიან საუკუნეებსა და ათასწლეულებში. ჰანს-დიტრიხ, დიდი მადლობა შენ, ჩემი ქვეყნის ისტორია რომ გაიხსენე. იგი ჭეშმარიტი, ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა სულ რამდენიმე თვის წინათ, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობასთან, ევროსაბჭოს ახალი, სრულუფლებიანი წევრის - საქართველოს დროშა აღიმართა.
ჩემი ქვეყანა არასდროს გადაუხვევს ამ გზიდან. „მარად გუშინდელთა“ ნებისმიერი მცდელობა, ათასგვარი პროვოკაციით შეიარაღებული თავდასხმით თუ კონფლიქტების პროვოცირებით აიძულონ ერი, შეცვალოს ისტორიული არჩევანი, - უეჭველად სრული კრახით დასრულდება.
რა თქმა უნდა, კვლავინდებურად გვაქვს იმედი ჩვენი მეგობრების მხარდაჭერისა, რათა წარმატებით დასრულდეს დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნება.
სამართლიანობის ზეიმი საქართველოში: სამუდამო მოშლა სიძულვილის იმ კედლებისა, რომელიც ტოტალიტარულმა რეჟიმმა ააგო აფხაზეთში ქართველებსა და აფხაზებს შორის, - ძალას შემატებს ევროპულ ცივილიზაციას, რომელმაც ღირსეულად შეძლო დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვა კოსოვოში.
დღეს ჩვენს თვალწინ, ბალკანეთში, შეურიგებლობისა და ეთნიკური შეუწყნარებლობის კიდევ ერთი კედელი ინგრევა.
როგორც ადამიანს, რომელმაც გარკვეული წვლილი შევიტანე ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში - განსაკუთრებით მახარებდა ის გარემოება, რომ გაერთიანებული და დემოკრატიული გერმანია, როგორც ერთ-ერთი ლიდერი დემოკრატიული თანამეგობრობისა, „მარად გუშინდელთა“ საბოლოო დამარცხების, იუგოსლავიის უმშვენიერეს მიწაზე ადამიანის უფლებათა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დამკვიდრებისათვის მებრძოლთა პირველ რიგებში იყო.
გერმანელმა ერმა მოიპოვა ეს უფლება სწორედ ჰუმანიზმისა და სიკეთის იდეალებისადმი ერთგულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დემოკრატიის დაფუძნებით. ამიტომაც ამაოდ ცდილობენ მავანნი წარსული აჩრდილების, ისტორიულ იდეოლოგებათა ინსტრუმენტალიზებას დღევანდელ ვითარებაში, - რათა ეჭვქვეშ დააყენონ უდიდესი საკაცობრიო კულტურის შემოქმედი ერის უფლება - დემოკრატიული ცივილიზაციის ლიდერთა შორის იბრძოლოს სიკეთისა და სამართლიანობის იდეალთა გამარჯვებისათვის მთელ ჩვენს პლანეტაზე, მთელ მსოფლიოში.
გერმანია ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური წევრია გაეროს ეგიდით შექმნილი საქართველოს მეგობარ სახელმწიფოთა ჯგუფისა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას.
ურთიერთსიძულვილითა და ეთნიკური შეუწყნარებლობით ადამიანთა გამყოფი ერთ-ერთი უკანასკნელი კედელი ამჟამად სწორედ კავკასიაში არსებობს.
მჯერა, ღრმად მჯერა: დემოკრატიული თანამეგობრობა არ შეურიგდება, არ უნდა შეურიგდეს მის შენარჩუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, რაოდენ დაუჯერებლად და შეუძლებლადაც უნდა მოეჩვენოს ეს დღეს ვინმეს, - კვლავ დაიწყება „კედლების“ აღდგენა ევროპის დანარჩენ ნაწილშიც, - უპირვე-ეს ყოვლისა, ადამიანთა სულებში.
ახალი კედლების საფუძველს კი სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპებისადმი იმედგაცრუება, ჰუმანისტურ ფასეულობათა დისკრედიტაცია და ცინიკური „ორმაგი სტანდარტი“ შექმნის.
მესმის, რომ პრაგმატიზმის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს და რომ პოლიტიკა ბეწვის ხიდზე სვლაა, მაგრამ ძვირფასო ჰანს-დიტრიხ, განა არ გავიარეთ მსოფლიო ატომური ომის სცილასა და არანაკლებ დამანგრეველი ცივი ომის განახლების ქარიბდას შორის, როდესაც ორივეს ერთად, განგებამ დიდი და კეთილშობილი მისია დაგვაკისრა? როდესაც 1993 წელს მე იმანუილ კანტის პრემია მომენიჭა, განა ამაზეც არ ისაუბრე შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენს უბრწყინვალეს მაშინდელ გამოსვლაში?
კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ ლუდვიგ ვიუნშეს პრემიის მონიჭებისათვის.
ასეთი აღიარება ნათლად ადასტურებს, რომ არც მე პირადად და არც ჩემს ხალხს არ გაგვიკეთებია მცდარი არჩევანი. სამართლიანობა კი უეჭველად იზეიმებს, - დაინგრევა სიძულვილის ჯებირი, ასეულობით ათასი ლტოლვილი დაუბრუნდება მშობლიურ სახლებს, კავკასია კი იქცევა ხიდად ევროპასა და აზიას შორის.
ჩვენს მრავალეროვნულ პოლიტიკურ რეგიონში (კავკასიაში) მხოლოდ ურთიერთსიყვარული, შემწყნარებლობა, ურთიერთმიტევება და ჰუმანისტურ-ეროვნულ იდეალთა ერთგულება შეიძლება გახდეს მტკიცე მშვიდობისა და სტაბილური დემოკრატიის საფუძველი.
კიდევ ერთხელ მსურს უდიდესი მადლობა მოგახსენოთ ამ უბრწყინვალეს ტაძარში ჩემთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ჯილდოს გადმოცემისათვის.
მადლობა მინდა მოვახსენო გაერთიანებული გერმანიის ხელისუფლებას და მის პრეზიდენტს, ბატონ რაუს, სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი „უმაღლესი ხარისხის დამსახურების ფედერალური დიდი ჯვრით“ ჩემი ღვაწლის აღნიშვნისათვის.
კიდევ და კიდევ მადლობა ყველა ბერლინელს. დღეს, როცა ბერლინის ქუჩებში, მართალია მანქანით, მაგრამ მაინც დავდიოდი, ბერლინელები ისე მხვდებოდნენ, როგორც თავის ახლობელ ადამიანს, თავის ძველ ნაცნობს და ადამიანს, რომელსაც უყვარს ბერლინი, უყვარს გერმანია და რომელსაც ახარებს თქვენი ყველა წინგადადგმული ნაბიჯი, რადგანაც ძლიერი გერმანია - ეს ძლიერი ევროპაა. ძლიერი გერმანია მშვიდობიანი ევროპა, მშვიდობიანი მსოფლიოა. მადლობას მოგახსენებთ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩემი ქვეყნის დასახმარებლად გააკეთეთ.
ჰანს-დიტრიხ გენშერმა გაიხსენა 1992 წელი, როცა მე ჩემს სამშობლოში დავბრუნდი. ეს იყო წელი, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. იგი უცხოელთაგან პირველი ჩამოვიდა ალმოკიდებულ, ცეცხლმოკიდებულ საქართველოში და პირველმა გამომიწოდა მეგობრობისა და ძმობის ხელი.
ჰანს-დიტრიხ, ამას საქართველო არასოდეს დაივიწყებს, არც დღევანდელი და არც მომავალი თაობები.
იმ დღიდან ჩვენ ბევრი გასაჭირი გადავიტანეთ, მაგრამ დღეს საქართველო უკვე სახელმწიფოა, დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე აშენებული. თუ ეს ასეა, ამაში უზარმაზარია გერმანიის, თითოეული გერმანელის, თითოეული თქვენგანის წვლილი.
ძვირფასო მეგობრებო, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას მოგახსენებთ! ვუსურვებ დიდ და ლეგენდარულ ქვეყანას კიდევ უფრო აყვავებას და კიდევ უფრო გაძლიერებას თქვენი სამშობლოს, თქვენი ევროპის და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.
გმადლობთ.
პრემიის მინიჭების ცერემონიაზე ხალხით გაჭედილ დარბაზში წარმოდგენილი იყვნენ გერმანიის ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწენი, გიგანტი კომპანიებისა და ფირმების ხელმძღვანელები, რომლებმაც ცერემონიის დასრულების შემდეგ ვიუნშეს ფონდის კურატორიუმის სახელით „ფრიდრიჰსვერდეს“ ტაძარში გამართულ მიღებაზე პირადად მიულოცეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ვიუნშეს პრემიის ლაურეატობა.
საქართველო გაერთიანდება და აღორძინდება ისე, როგორც გაერთიანდა და აღორძინდა გერმანია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 ოქტომბერი. - №281-282 (3323). - 1, 3 გვ.
![]() |
51 „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხალხის ძალისხმევით და ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით შეგვექმნა ნოყიერი ნიადაგი საიმისოდ, რომ ქაოსიდან აღმოცენებულიყო ახალი დემოკრატიული სახელმწიფო“ |
▲back to top |
14 ოქტომბერს, საღამოს, ბერლინში, „ბელვიუს“ სასახლეში გაიმართა სახელმწიფო ბანკეტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის იოჰანეს რაუსა და ქალბატონ ქრისტინა რაუს სახელით საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და ქალბატონ ნანული შევარდნაძის პატივსაცემად.
წვეულებაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
თქვენო აღმატებულებავ,
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ქალბატონო რაუ,
ბატონებო,
მე გუშინ დამაჯილდოვეს უმაღლესი ხარისხის დიდი ჯვრის ორდენით. ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობის სიტყვებით მივმართო თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს, მთელ გერმანელ ხალხს ჩემი საქმიანობის ესოდენ მაღალი შეფასებისათვის. ძალზე მახარებს და მეამაყება ის, რომ ჯილდო სწორედ გერმანიაში გადმომცეს, რადგანაც მივიჩნევ მას ჩემდამი და საქართველოს ხალხისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამოხატულებად, ნაწილობრივ იქნებ იმ მცირედი წვლილისათვის, თქვენი ქვეყნის გამთლიანების საქმეში რომ შევიტანე.
სულ მალე მსოფლიო აღნიშნავს ბერლინის კედლის დაცემის ათი წლისთავს. თქვენთვის კარგად ცნობილ გარემოებათა გამო ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელია. მაგრამ მსურს ისიც იცოდეთ, რომ უდიდესი პატივისცემა გერმანელი ერის მიმართ ჯერ კიდევ მაშინ ჩამომიყალიბდა, როცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბედი მარგუნებდა შესაძლებლობას მოკრძალებული წვლილი შემეტანა მისი გაერთიანების საქმეში.
ჩემს აღფრთოვანებას და მოწიწებას იმთავითვე იწვევდა თქვენი ქვეყნის გრანდიოზული კულტურული მემკვიდრეობა და, გამოგიტყდებით, არაერთხელ მიფიქრია, თუ როგორი იქნებოდა კაცობრიობის ინტელექტუალური საგანძური კანტისა და გოეთეს, ბახისა და ბეთჰოვენის, კეპლერისა და ლაიბნიცის გარეშე.
ბევრი მსმენოდა, აგრეთვე, გერმანელი კაცის ლეგენდარული შრომისმოყვარეობის, ორგანიზებულობისა და გამომგონებლობის შესახებ. ჩემს ახალგაზდობაში ჯერ კიდევ ახსოვდათ საქართველოში არსებული გერმანელთა რამდენიმე დასახლება, სადაც გამრჯე ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებმაც შეძლეს დაუღალავი შრომით ის მხარე წალკოტად ექციათ. ომი მათთვისაც საზარელ ტრაგედიად იქცა. რამდენიმე სხვა კავკასიელი ხალხის მსგავსად, ისინიც ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს. რას იზამ, საუკუნე, რომელსაც სულ მალე დავემშვიდობებით, მეტი რომ არ ვთქვათ, ძალიან შორს იყო იდეალურისაგან.
თუ ბოლოს კაცობრიობის უკეთესი მერმისი მაინც ჩაისახა, ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ათი წლის წინათ დაინგრა ბერლინის კედელი. სრულად ვაცნობიერებ რა ამ მოვლენის მნიშვნელობას თვითონ გერმანელი ერისათვის, მაინც მიმაჩნია, რომ იგი სიმბოლურად ასახავდა კაცობრიობის გამარჯვებას საკუთარ დემონებზე, სიხარბეზე, პარანოიაზე, ფანატიზმზე და ბატონობის დაუოკებელ წყურვილზე, რამაც ადამიანთა მოდგმის ისტორიის დიდი ნაწილი ჯოჯოხეთად აქცია. კედლის რღვევა იმ ინტელექტუალურ გარღვევას მოჰყვა, რომელიც ახალი აზროვნების სახით წინ უსწრებდა მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს რევოლუციას - ბიპოლარული მსოფლიოს წესრიგის მოშლას. ეს ახლებური მიდგომა აღმოსავლელ და დასავლელ პოლიტიკოსთა ერთობლივი პროდუქტი იყო, მათი ძალზე ინტენსიური და კონსტრუქციული ურთიერთობის ნაყოფი. რომ არა ასეთი გარღვევა, რომ არა მკვეთრი გადახვევა დაპირისპირების კურსიდან, შესაძლოა, დღეს ბირთვულ ომგადახდილ კაცობრიობას, ანუ, უფრო სწორად, მის ცოცხლად დარჩენილ იღბლიან ან, სწორედ იქნებ, უიღბლო ნაწილს, სულ სხვაგვარ პრობლემებთან დასჭირდებოდა შეჭიდება. მე არაფერს ვაჭარბებ, ყველანი ბირთვული ომის უფსკრულის პირას ვიდექით.
თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ იმის გამო, რომ ვმონაწილეობდი ამ გრანდიოზული ცვლილებების პროცესში. მახსოვს, ჩემს დასავლელ, კერძოდ, გერმანელ კოლეგებთან გაუთავებელ დისკუსიებში გატარებული უძილო ღამეები. ვჩქარობდით, რადგან ვხედავდით ომის რეალურ საფრთხეს. მსოფლიოს ბედი სწორედ აქ, ევროპის ცენტრში წყდებოდა. ბერლინის კედელი თითქოს განასახიერებდა ყველა იმ წინააღმდეგობას, ცივმა ომმა რომ წარმოშვა და იმ დროისათვის გადაულახავი რომ ჩანდა. მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ამ ურთულეს პროცესში იყვნენ ჩართული, აერთიანებდათ იმის რწმენა, რომ ტოტალიტარიზმის დამარცხება აუცილებელია და რომ კაცობრიობას შეიძლება ჰქონდეს ნათელი, დემოკრატიული მომავლის იმედი. ამიტომაც ეყოთ სიბრძნე და გამბედაობა დაეძლიათ მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება და ერთად დადგომოდნენ ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელების გზას.
ისიც კარგად მახსოვს, თუ რა მასშტაბის სამუშაო შესრულდა გერმანიაში იმ მიზნით, რომ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა განხორციელების პროცესი შეუფერხებლივ წარმართულიყო იმისთვის, რომ საბჭოთა ჯარებს, მძიმე ტექნიკას გერმანიის მიწა დაეტოვებინათ, როგორც მეგობრებს და არა მტრებს. ამ კეთილშობილური მიზნების განხორციელებისათვის მილიარდები დაიხარჯა და ამ თემის გამო თქვენს ქვეყანაში არსებობდა რო- გორც საზოგადოებრივი, ისე პარტიული კონსენსუსი.
გაერთიანებული გერმანული სახელმწიფოს წარმოქმნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი სამშობლოს - საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარების საქმეში. როცა განგების ნებით, 1992 წლის მარტში საქართველოში აღმოვჩნდი, ქვეყანა სამოქალაქო ომის, ეთნიკურ დაპირისპირებათა და კრიმინალური კლანების შეტაკებათა ქარ-ცეცხლში იყო გახვეული. მძვინვარებდა ენერგეტიკული კრიზისი, ეკონომიკა პარალიზებული იყო და მოსახლეობა ღამეებს ათენებდა პურის რიგებში. პირველი, უფსკრულის პირას მყოფ საქართველოს სწორედ გერმანიის ვიცე-კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი ეწვია. მან აუწყა ჩვენს ხალხს ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსათვის 70-მილიონდოლარიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ. ეს იყო ჟანგბადი, რომელმაც სული მოგვათქმევინა და ვინ უწყის, იქნებ დაღუპვასაც გადაგვარჩინა.
ასე შევუდექით ჩვენ ახალი დემოკრატიული საქართველოს შენებას და ამ ეკლიან გზაზე დღენიადაგ ვგრძნობთ დიდი გერმანელი ხალხის, მისი ხელმძღვანელობის შეუნელებელ ყურადღებასა და თანადგომას. სწორედ თქვენი ქვეყნის დახმარებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით კი ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის წინსვლა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია გერმანელი ექსპერტების წვლილი თანამედროვე კანონმდებლობის და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და განვითარების საქმეში. დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხალხის ძალისხმევით და ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით შეგვექმნა ნოყიერი ნიადაგი საიმისოდ, რომ ქაოსიდან აღმოცენებულიყო ახალი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მრავალი პარამეტრით შეესაბამება ცივილიზებული მსოფლიოს მაღალ სტანდარტებს. გვეამაყება, რომ საქართველო წარმატებით ართმევს თავს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წაყენებულ მკაცრ მოთხოვნებს. საკმარისია ითქვას, რომ ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ გავწევრიანდით ისეთ ავტორიტეტიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც არის ევროპის საბჭო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.
ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველო, ისევე როგორც მთელი კავკასიის რეგიონი, სულ უფრო მეტად ექცევა მსოფლიო გაერთიანების ყურადღების ცენტრში. საქმე ისაა, რომ მსოფლიო იმპერიის დაშლამ და ძველად არსებული შეუვალი ზღუდეების გაქრობამ ევრაზიის კონტინენტზე ახალი გეოპოლიტიკური რეალიები წარმოშვა, რამაც აქტუალური გახადა ძველ დროში აბრეშუმის გზად წოდებული საკომუნიკაციო არტერიის აღდგენა, - არტერიისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელს უწყობდა არა მარტო ტვირთის მოძრაობას, არამედ კულტურათა დიფუზიასა და ახალი იდეების გავრცელებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი აბრეშუმის გზა, რომელზეც კავკასიას და, კერძოდ, საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უკავია, უდავოდ, დიდად შეუწყობს ხელს უკიდეგანო ევრაზიის კონტინენტის ხალხების ინტეგრაციას და მომავალში ერთიანი მსოფლმხედველობრივი სივრცის ჩამოყალიბებას იაპონიიდან ევროატლანტიკური ცივილიზაცის დასავლეთის კიდემდე. საქართველო ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორია. დღეს გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა ჩემი აბრეშუმის გზის თემაზე დაწერილი წიგნის გერმანული თარგმანის პრეზენტაცია. მასში მე შევეცადე განმეხილა ყველა ის სიკეთე, რომელსაც განახლებული ევრაზიული მაგისტრალი მოუტანს ჩვენი კონტინენტის ხალხებს. სრულიად აშკარაა, რომ ამ და სხვა პლანეტარული მასშტაბის პროექტების განხორციელებას, უწინარეს ყოვლისა, კონტინენტზე მშვიდობა და სტაბილურობა ესაჭიროება. ამ მხრივ დღეისათვის სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. სხვა რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვა, თავად კავკასიაში ბევრია მოუგვარებელი კონფლიქტები. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ერთიანი კავკასიური ორგანიზმის განუყოფელი ნაწილია, დღეს სისხლი იღვრება და ათიათასობით ლტოლვილი სტოვებს მშობლიურ კერებს. ჩემი სამშობლო, საქართველო, კვლავ გახლეჩილია და 300 ათასი დევნილი აფხაზეთიდან კვლავ ელოდება იმ დროს, როცა აღდგება სამართლიანობა და ყოველი მათგანი საკუთარ კერას დაუბრუნდება. თავის დროზე მე დიდი სიხარული მომგვარა გერმანიის გაერთიანებამ, მაგრამ ალბათ არ გაიკვირვებთ, თუ ვიტყვი, რომ ასკეცად გავიხარებ, როცა გამთლიანდება ჩემი ქვეყანა. ამ მიმართულებით გერმანია აქტიურად გვეხმარება, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრი.
ჩვენ გვახარებს გერმანიის მზარდი როლი მსოფლიო ასპარეზზე და მიგვაჩნია, რომ სწორედ მას ძალუძს გახდეს სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი ევრაზიის კონტინენტზე. იქნებ საქართველოს მიერ ნათქვამი სიტყვა არცთუ ისე ხმამაღალია, მაგრამ მე არაერთი მაღალი ტრიბუნიდან განმიცხადებია, რომ აუცილებლად მიმაჩნია გერმანიის მუდმივი წევრობა გაეროს უშიშროების საბჭოში. იმასაც დავსძენდი, რომ საერთაშორისო იერარქიის უმაღლესი ორგანო, რომელსაც წესდება ავალდებულებს მსოფლიოში სამართლიანი წესრიგის დამყარება-შენარჩუნებას, ვერაფერს შეძლებს, სანამ არ მოხდება მისი რეფორმირება სადღეისო მოთხოვნების შესაბამისად, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ თქვენი დიადი ქვეყნის მუდმივი წევრობა გახლავთ.
ქალბატონებო და ბატონებო! მე იმით დავიწყე, რომ მოგახსენეთ ჩემი უდიდესი მოწიწებისა და პატივისცემის შესახებ თქვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. მერწმუნეთ, ამ გრძნობებს იზიარებს მრავალი ჩემი თანამემამულე. როცა მეორე მსოფლიო ომის დამლევს საქართველოში მოხვდა 120 ათასამდე წიგნი, მათ შორის ძვირფასი ძველი ფოლიანტები გერმანელთა ბიბლიოთეკებიდან, უბრალო ქართველმა ადამიანებმა მზრუნველობა არ მოაკლეს თქვენი ერის ამ სულიერ საგანძურს, შეინახეს და დაიცვეს იგი. ამ რამდენიმე წლის წინათ ჩვენ დავუბრუნეთ ეს საგანძური გერმანელ ხალხს. იქნებ სულაც არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ სხვასაც ვურჩევდი, ასე მოიქცნენ. იწყება ახალი ათასწლ ული. მსოფლიომ ახლებურად ცხოვრება უნდა ისწავლოს.
ახლა კი, ნება მიბოძეთ, შემდგომი აყვავება ვუსურვო დიდ გერმანელ ხალხს, მის პრეზიდენტსა და ქალბატონ ქრისტინა რაუს.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხალხის ძალისხმევით და ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით შეგვექმნა ნოყიერი ნიადაგი საიმისოდ, რომ ქაოსიდან აღმოცენებულიყო ახალი დემოკრატიული სახელმწიფო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 ოქტომბერი. - №283-284 (3325). - 1, 3 გვ.
![]() |
52 მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნის საღამოს მონაწილეებს, მამუკა ასლანიკაშვილის ოჯახსა და ახლობლებს |
▲back to top |
ძვირფასო მეგობრებო!
დიდ კმაყოფილებას მანიჭებს ის, რომ მამუკა ასლანიკაშვილის მეგობრებმა, კოლეგებმა და ახლობლებმა გადაწყვიტეს მისი ხსოვნის დღის მოწყობა, რათა ღირსეული პატივი მიაგონ ქვეყნის სამეურნეო, კულტურული და აღმშენებლობითი საქმიანობის თვალსაჩინო ორგანიზატორის, შესანიშნავი პიროვნების, მოღვაწის, მოქალაქისა და ღირსეული მამულიშვილის ნათელ ხსოვნას.
მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნის დღე, მისი ტრაგიკული აღსასრულით გამოწვეულ დიდ ტკივილთან ერთად, ერისა და მთელი ჩვენი საზოგადოებრიობის სულიერი განწმენდისა და ზნეობრივი გაჯანსაღების მკაფიო გამოხატულებაა, დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს უბრუნდებათ ნამდვილი სახელები, იქმნება სიმართლისა და სამართლიანობის აღდგენის, დემოკრატიული აზროვნებისა და ცხოვრებისათვის დამახასიათებელ სულიერ ღირებულებათა დამკვიდრების მყარი საფუძველი.
მამუკა ასლანიკაშვილის სიცოცხლის ტრაგიკული აღსასრული უნდა შეფასდეს, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის უკიდურესი ფორმა, თანამოაზრეების, უდანაშაულო ადამიანების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი, პიროვნული ღირსებისა და სახელისათვის თავგანწირვის ნათელი მაგალითი. ამიტომაც მისი ხსოვნის დღე ღირსეული ადამიანის პიროვნული რეაბილიტაციის ნიშანსვეტად უნდა იქცეს. იგი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ყველასათვის, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ყოვლად გაუმართლებელი ანგარიშსწორების, დაპირისპირებისა და უდანაშაულო ადამიანთა დევნის კამპანიის მონაწილე გახდა; ვინც ელემენტარული მოქალაქეობრივი უფლებების, ამ ქვეყნიდან უდროოდ წასული ადამია- ნის ხსოვნის პატივდების ტრადიციის შებღალვის მძიმე ცოდვა ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად ფაქტებისა და მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციას ცდილობს; ყალბად, საკუთარი თავის გასამართლებლად წარმოადგენს წარსულს და ერის დამოძღვრის უფლებასაც კი ეპოტინება. ჩვენი უახლესი ისტორიის ასეთი ტრაგიკული მოვლენები სერიოზული გაფრთხილება უნდა იყოს დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის, რათა მათ არასოდეს გაიმეორონ წინამორბედთა მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები.
დიდ კმაყოფილებას მგვრის ის, რომ დღეს მამუკა ასლანიკაშვილის საცხოვრებელ სახლზე მისი ხსოვნის უკვდავყოფის ნიშნად აღიმართება მემორიალური დაფა, მისი სახელი მიეკუთვნება დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას. მისი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას და იქნება არა მარტო უზნეობის, ადამიანის სულიერი დეგრადაციის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ მძაფრი პროტესტის, ზნეობრივი ღირებულებებისადმი თავგანწირვის მკაფიო მაგალითი, არამედ მომავალში ასეთი ფაქტების აღკვეთისათვის მთელი საზოგადოების საერთო ძალისხმევით შეურიგებელი ბრძოლის მოწოდება.
მივმართავ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გრძნობით მამუკა ასლანიკაშვილის ოჯახს, მეუღლეს, ვაჟიშვილს, ახლობლებსა და ნათესავებს, რომელთაც მარადჟამს მოუშუშებელ იარად გაჰყვებათ შესანიშნავი პიროვნების, მოღვაწის, მეგობრის, მეუღლისა და მამის ცხოვრების ტრაგიკული აღსასრული. მწამს, რომ მამუკას გახსენებით, მისი პიროვნული რეაბილიტაციით მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ღირსეული მამულიშვილის უკვდავების გზაზე. ეს იქნება მისი ხსოვნისადმი ღირსეული პატივისცემა, იმ ადამიანური მოვალეობის პირნათლად მოხდა, რასაც ჭეშმარიტად იმსახურებს მისი ნათელი სული, მის მიერ დატოვებული შეუბღალავი სახელი.
ედუარდ შევარდნაძე.
მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნის საღამოს მონაწილეებს, მამუკა ასლანიკაშვილის ოჯახსა და ახლობლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 20 ოქტომბერი. - №283-284 (3325). - 1 გვ.
![]() |
53 ედუარდ შევარდნაძე - იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი „დიდი გერმანია კვლავინდებურად გაუძღვება საქართველოს უკეთესი ევროპული მომავლისაკენ“ |
▲back to top |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გერმანიაში ვიზიტის ბოლო დღე, რომელიც ტიურინგიის მხარეში სტუმრობას დაეთმო, არანაკლებ ამაღელვებელი შეხვედრებით დაიწყო. იენისა და ვაიმარის მოსახლეობაც და ტიურინგიის მხარის ხელისუფლებაც ისევე გამორჩეულად ზეიმობდნენ ედუარდ შევარდნაძის სტუმრობას, როგორც ბერლინელები.
ტიურინგიის მხარემ საქართველოს პრეზიდენტს ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში უმასპინძლა, სადაც მას აღნიშნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. იენის უნივერსიტეტის რექტორმა იან მახნიკმა დიდი მადლიერებით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძის ღვაწლი გერმანიის გაერთიანებაში და ილაპარაკა თბილისისა და იენის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
უნივერსიტეტში სიტყვის წარმოთქმისას, ჰანს-დიტრიხ გენშერმა განაცხადა, რომ იენის უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებით პატივს მიაგებს ჭეშმარიტ პიროვნებას, დიდ ადამიანს, რომელმაც გზა გაუხსნა გერმანიისა და მთლიანად ევროპის ერთიანობას: ჩვენ ამას ედუარდ შევარდნაძეს ვუმადლით.
იენის უნივერსიტეტში ედუარდ შევარდნაძისთვის საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონიაზე სოციოლოგიურ მეცნიერე- ბათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბესტმა წაიკითხა მეცნიერული გამოკვლევა იმ როლის შესახებ, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ შეასრულა გერმანიის გაერთიანებაში.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ღრმად პატივცემულო ბატონო მახნიკ,
ქალბატონებო, ბატონებო!
ჩემს ცხოვრებაში დღევანდელი დღე ერთ-ერთი გამორჩეულია - დღეს გავხდი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, - უნივერსიტეტისა, რომელთანაც ჩემს ქვეყანას, ინტელიგენციას და ხალხს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. მეამაყება, რომ შუა საუკუნეებში აღმოცენებულმა უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტმა ღირსმყო მისი წევრი გავმხდარიყავი. მსოფლიოს მრავალი ცნობილი უნივერსიტეტის საპატიო წევრი, მრავალი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის ემანუილ კანტის პრემიის ლაურეატი, მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ამიერიდან იენის უნივერსიტეტელიც ვიქნები. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ეს ხდება გერმანიაში, რომლის მიმართ, თუკი ეფემიზმს გამოვიყენებ, გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ და რომელმაც ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში და მთელ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საუკეთესო შვილები ევროპისკენ რომ ილტვოდნენ, უპირატესად გერმანიაში ჰპოვებდნენ იმ ნატვრისთვალს, განათლება რომ ჰქვია. აქ მიღებულ ცოდნას შემდეგ თავიანთ სამშობლოს კეთილდღეობისათვის იყენებდნენ და თანამოძმეებს აზიარებდნენ. სწორედ თქვენს ქვეყანაში მეცნიერების საფუძვლებს დაუფლებული ახალგაზრდები იყვნენ კავკასიაში პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის უნივერსიტეტის ბალავართან, რომლის 80 წლისთავი შარშან აღვნიშნეთ და რომელიც, მიუხედავად წელთა სიმცირისა, ანგარიშგასაწევ საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს, რადგან მისი ფესვები ევროპული რენესანსის გარიჟრაჟზე, მაშინდელი მსოფლიო საგანმანათლებლო ტრადიციის შესაბამი- სად დაფუძნებული ქართული აკადემიებიდან იკვებება.
მეამაყება, რომ თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთა შორის არიან დღევანდელი გერმანული მეცნიერების კორიფეები და გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის გახლავთ ჩემი დიდი მეგობარი და თანამოაზრე ჰანს-დიტრიხ გენშერი. რადგან გენშერი ვახსენე, არ შემიძლია არ განვაცხადო, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსია მე-20 საუკუნის გამორჩეულ მოაზროვნეთა თანავარსკვლავედში. გერმანიის გაერთიანებაში, „ცივი ომის“ დამთავრებაში, მის უნიკალურ როლზე კიდევ ბევრს იტყვიან დღევანდელი და მომავალი თაობები. მინდა კიდევ ერთხელ გულთბილად მივესალმო ჰანს-დიტრიხ გენშერს და მადლობა ვუთხრა მისი უნიკალური წვლილისათვის ახალი ევროპის მშენებლობაში, ახალი აზროვნების გამარჯვებაში.
საგულისხმოა, რომ საბჭოთა რკინის ფარდის მიღმა, როცა საოცრად ძნელი იყო კონტაქტები და თანამშრომლობა, იენის უნივერსიტეტი პირველი გამოვიდა მეგობრობის მერიდიანზე, პირველი იენელები 1966 წელს გამოჩნდნენ თბილისის უნივერსიტეტში.
ჩემი, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა იმ დროისათვის უპრეცედენტო მოვლენა - სტუდენტთა გაცვლა, პედაგოგთა მივლინებები, სწავლების ფორმატთა ურთიერთგაცნობა და, რაც მთავარია, ახლობლობის სურვილი. ორი უნივერსიტეტის ურთიერთობათა ისტორია მართლაც რომ გულწრფელი მეგობრობით არის აღბეჭდილი და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი სხდომის დამსწრეთა შორისაც იქნებიან ამ ურთიერთობის უშუალო მონაწილენი და ისინი დამემოწმებიან ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტებაში.
1967 წლიდან 80-იანი წლების მიწურულამდე იენის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობდა. ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.
ბატონო რექტორო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მეცადინეობისა და ინიციატივისათვის, რომლებსაც თქვენ დღენიადაგ იჩენთ, რათა არ დაირღვეს ორ უნივერსიტეტს შორის ახლობლობის, თანამშრომლობის, მეგობრობის ტრადიცია. ამჟამად თქვენთან კვლავ სწავლობენ ქართველი ახალგაზრდები. ისინი მესამე ათასწლეულში ისეთივე ცოდნით გამდიდრებული დაუბრუნდებიან მშობლიურ ქვეყანას, როგორც მეოცე საუკუნის დამდეგს გერმანული განმანათლებლობის მადლით ცხებული თაობა მოვიდა ახალგაზრდა ქართული უნივერსიტეტის და, საერთოდ, ქვეყნის მეცნიერებისა და მწერლობის სათავეებში.
ქართული ისტორიული კულტურის, მისი ენის, ტრადიციებისადმი გერმანელი ხალხის სიყვარულის სიმბოლოდ მესახება იენელი ორი პროფესორის - ქალბატონი გერტრუდ პეჩის და ჰაინც ფენრიხის მოღვაწეობა.
66 თუ 67 წელს ქალბატონ გერტრუდ პეჩს თბილისში ახალგაზრდა კაცი ჩამოჰყვა, რომელმაც ერთი სიტყვაც არ იცოდა ქართულად.
დღეს ბატონ ჰაინც ფენრიხს ჩვენი მეცნიერებისა და განათლების დესპანად მივიჩნევთ.
ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი ჰაინც ფენრიხი მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილი კავკასიოლოგიური სამეცნიერო ორგანოს - ჟურნალ „გეორგიკას“ გამოცემის ინიციატორი და პრაქტიკული შემსრულებელია.
ჩვენ დიდად ვაფასებთ აგრეთვე თქვენს და ამიერიდან, აგრეთვე ჩემს უნივერსიტეტში შექმნილი კავკასიოლოგიური ცენტრის ნაყოფიერ მუშაობას. მერწმუნეთ, ჩვენთანაც ბევრი კეთდება საქართველოში ტრადიციულად ძლიერი გერმანისტიკის სკოლის შემდგომი განვითარებისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათწლეულების მანძილზე მოქმედ გერმანული ენისა და ლიტერატურის კათედრებთან ერთად იქმნება გერმანულენოვანი სამყაროს შესწავლის ახალი კერებიც. ამის დასტურია თუნდაც სულ ახლახან გერმანულენოვანი სამყაროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება.
ხოლო ის, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორი უნივერსიტეტის ურთიერთობას, იქიდანაც ჩანს, რომ ჩვენი ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში გახლავთ პროფესორი, ჩემი მეგობარი როინ მეტრეველი - თბილისის უნივერსიტეტის რექტორი.
ცხადია, რომ დოქტორის ხარისხი იენის უნივერსიტეტის საბჭომ მომანიჭა არა რაიმე კონკრეტული თეორიული ნაშრომისათვის, არამედ პრაქტიკული პოლიტიკური საქმიანობისათვის, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვეწევი. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პრაქტიკული პოლიტიკა მეცნიერებისაგან განუყოფელია, და მეტიც: იგი თავად არის მეცნიერება, რადგან, ფაქტობრივად, მისი განხორციელებისას ნამდვილი პოლიტიკოსი მეცნიერული კვლევისათვის დამახასიათებელ ალგორითმს მიჰყვება. იგი აღნუსხავს ფაქტებს, აკვირდება მოვლენათა განვითარებას, აყალიბებს სამუშაო ჰიპოთეზებს, სარგებლობს სოციოლოგიური სტატისტიკით და მხოლოდ ღრმა ანალიზის შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებებს. პოლიტიკისათვის, და ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, არც ექსპერიმენტია უცხო. რაც შეეხება ინტუიციას, ისე როგორც მეცნიერებაში, მისი ადგილი პოლიტიკაშიც არ არის უმნიშვნელო, მაგრამ მე ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უბრალოდ „შინაგანი ხმის“ კარნახით საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღებისა, თუმცა არ უარვყოფ ინტუიციის როლს ჰიპოთეზის ჩამოყალიბების პროცესში.
ამ პრინციპებისათვის არასდროს მიღალატია. არც მაშინ, როცა ახალი აზროვნებით შეიარაღებული 80-იანი წლების საბჭოთა ხელმძღვანელობა შეუდგა ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილ მსოფლიოში იდეოლოგიური და სხვა ზღუდეების მოშლას.
გახსოვთ, ბოლშევიკური მოძღვრების ქვაკუთხედი პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ მოძღვრება იყო: ესე იგი, ვიღაცას ვიღაცაზე ებატონა. ეს იყო მოძღვრება იმის შესახებ, რომ კაცობრიობის განვითარების კანონებს კლასობრივი ბრძოლის პრინციპები განსაზღვრავენ. 1987 წლის დასაწყისში, საბჭოთა დიპლომატებთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ ამიერიდან კლასობრივი ბრძოლის პრინციპები არ შეიძლება განსაზღვრავდეს მსოფლიოს განვითარების კანონზომიერებას და მოვიდა დღე, როდესაც სახელმწიფოთაშორისი, საერთაშორისო ურთიერთობა განთავისუფლდა იდეოლოგიზირებული მიდგომებისაგან და რომ მსოფლიოს განვითარების მთავარი კანონზომიერება უნდა ვეძიოთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებში. ახლა მახსენდება, როგორი შეხლა-შემოხლა იყო მაშინ საბჭოთა კავშირში: ვინ არის ეს კაცი, ვინც ძირს უთხრის იმას, რასაც ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ვაშენებდით.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ გარდაქმნების, „ცივი ომის“ დამთავრების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ამ დებულებაში მდგომარეობდა. ყველა გადაწყვეტილება, რომლის მომზადების პროცესში ვმონაწილეობდი, უპირველეს ყოვლისა, ფაქტებისა და შესაძლო შედეგების მეცნიერულ ანალიზს ეფუძნებოდა. და ეს იყო არა მარტო ჩემ მიერ შესრულებული, არამედ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ნამუშევარი. გერმანია უნდა გაერთიანებულიყო და ეჭვი არასდროს შემპარვია, ასე საჯაროდ ახლა ვამბობ იმას, რაც ჩემს პატარა წიგნში დავწერე: მე ვთქვი 1986 წელს, რომ გარდაუვალია გერმანიის გაერთიანება, მაშინაც კი, როცა არსებული კონიუნქტურა შეუძლებელს ხდიდა ამგვარი აზრის საჯაროდ განცხადებას. გეოპოლიტიკური სიტუაციის ანალიზი ნათლად მიანიშნებდა, რომ მომავლის ერთიან, ევრაზიულ მსოფ- ლმხედველობრივ სივრცეში (და ეს ჰანს-დიტრიხ გენშერის ფრაზა გახლავთ. იგი აზუსტებს: ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე) სწორედ გაერთიანებულ, ძლიერ, დემოკრატიულ გერმანიას უნდა შეესრულებინა ერთ-ერთი მთავარი როლი როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. სწორედ ამგვარი გერმანია ესაჭიროებოდა ევროკავშირსაც, რომლის აღმოსავლეთის მიმარულებით გაფართოებას მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ ევრაზიის მომავალი უშიშროების არქიტექტურის ერთადერთ უტყუარ გარანტიად.
სწორედ ასეთმა გერმანიამ გამოუწოდა დახმარების ხელი ჩემს სამშობლოს, საქართველოს, როცა მისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა; როცა ეკონომიკა პრაქტიკულად აღარ არსებობდა, ქუჩებში განუწყვეტლივ ისმოდა ავტომატის კაკანი და შეშინებული ადამიანები პურის რიგებში ათენებდნენ ცივსა და ბნელ ღამეებს. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ პირველი ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც ეწვია სასოწარკვეთილებით მოცულ საქართველოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთი უნივერსიტეტის, მათ შორის თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩემი მეგობარი ჰანს-დიტრიხ გენშერი იყო. ეს იყო 1992 წელს. მაშინ ძალიან ძნელი, ძალზედ სარისკო იყო არა მარტო ჩემი დაბრუნება, არამედ გენშერისთვის საქართველოში ჩამოსვლა, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
მას შემდეგ წლები გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ჩვენ კვლავაც ახალგაზრდებად დავრჩით. სხვათა შორის, ახლებური აზროვნება მარტო ახალგაზრდების უპირატესობა არ გახლავთ. მე ხშირად მინახავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ძველებურად მოაზროვნე, ძალიან ბევრი ხანში შესული პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ახალი აზროვნება მუდმივი თანამგზავრი, მუდმივი დამახასიათებელი თვისებაა. ამას წინათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას ვთქვი, რომ ახალი აზროვნება მარტო „ცივი ომის“ დამთავრებისთვის კი არ იყო საჭირო, არამედ იგი ყველა ეპოქის დამახასიათებელი მოვლენა უნდა იყოს. ხაზს ვუსვამ ახალ აზროვნებას იმიტომ, რომ არსებობს ძველებური აზროვნებაც, კონსერვატიული, რეაქტიული აზროვნებაც. ახალი აზროვნება ყველაზე მეტად 21-ე საუკუნეში იქნება საჭირო. ეს დღე შორს არ არის. ყველა ჩვენგანის ვალია ამ პრინციპს მივსდიოთ.
მას შემდეგ წლები გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ერთგული მეგობრების დახმარებით, რომელთაგან გერმანია ერთ-ერთი უპირველესია, საქართველომ არა მარტო დასძლია თითქოსდა გადაულახავი დაბრკოლებები, არამედ შექმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფო, რომელიც, მერწმუნეთ, სულ რამდენიმე წელიწადში ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალ სტანდარტებსაც მიაღწევს და დარწმუნებული ვარ, შეინარჩუნებს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩვენს ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც ჩვენი უმთავრესი სიმდიდრეა. ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არც გაზი, არც სხვა საბადოები. ინტელექტუალური პოტენციალი ჩვენი მთავარი სიმდიდრე და საბადო გახლავთ და გვინდა შევინარჩუნოთ.
ამგვარ იმედს მისახავს ის შეუქცევადი დადებითი ტენდენციები, ამ ბოლო წლებში რომ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დამაიმედებელია ისიც, რომ საქართველოს მეგობრების შეძენაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა სულ უფრო შედეგიანი ხდება. მზარდი ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და საერთაშორისო სტრუქტურებში. სულ ორიოდე კვირის შემდეგ საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. დღევანდელი გამოსვლა არ მინდა გამოვიდეს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მე თუ კვლავაც პრეზიდენტი ვიქნები, საქართველო, ქართველი ხალხი არასოდეს გადაუხვევს იმ გზას, რომელსაც ევროპულ ცივილიზაციაზე, ევროპულ თანამეგობრობაზე გაანგარიშებული პოლიტიკა ჰქვია, საქართველოს ევროპაში საბოლოო დაბრუნების პოლიტიკა, რომელმაც თავისი შედეგი უკვე მოგვცა. ამის დასტურად თუნდაც ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს ევროსაბჭოში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება გამოდგება. თქვენ დიდი ხანია ეს გზა გაიარეთ, ჩვენ კი, თქვენს ნაკვალევს მივყვებით. დამაიმედებელია გერმანიაში ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის შედეგებიც. მე ძალიან გულთბილი და საქ- მიანი შეხვედრები მქონდა ბერლინში თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან, ბატონ იოჰანეს რაუსთან, კანცლერთან - ბატონ გერჰარდ შრედერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან - ბატონ ვოლფგანგ თიირზთან და ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან. ამ საუბრების საფუძველზე შემიძლია უყოყმანოდ განვაცხადო, რომ ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა; რომ დიდი გერმანია კვლავინდებურად გაუძღვება საქართველოს ევროპული მომავლისაკენ.
ჩვენ, ქართველებს, დღეისათვის ერთი დიდი ტკივილი შემოგვრჩა, რომელსაც გერმანელებზე უკეთ ვერც ერთი ევროპელი ვერ გაგვიგებს: საქართველო კვლავ გახლეჩილია, მისი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ჩვენ ისე მრავალრიცხოვანნი არ ვართ, როგორც თქვენ, 300 000 დევნილი აფხაზეთიდან დღედაღამ იტანჯება და ოცნებობს სახლ-კარში დაბრუნებაზე.
მე ამ თემაზე შემთხვევით როდი გავამახვილე თქვენი ყურადღება. ვფიქრობ, არის რაღაც გამოუცნობი კანონზომიერება იმაში (ეს ითქვა ამას წინათ ბერლინში), რომ ერთმა ქართველმა (თქვენ იცით მისი გვარი, მაგრამ არ დავასახელებ), რომელიც საბჭოთა კავშირის წინამძღოლი გახლდათ, ომისშემდგომი გერმანიის დაყოფაში უპირველესი როლი შეასრულა, თუ გადამწყვეტი არა. მეორემ, თქვენმა მონა-მორჩილმა, როცა მას საშუალება მიეცა, ძალღონე არ დაიშურა, რათა დასავლელ კოლეგებთან ერთად წვლილი შეეტანა თქვენი ქვეყნის გაერთიანებაში. როცა თქვეს, რომ ერთმა ქართველმა გააპო გერმანია, მეორემ კი ხელი შეუწყო მის გაერთიანებასო, რა თქმა უნდა, მე მადლობა მოვახსენე ამ სიტყვების ავტორს - ეს ჰანს-დიტრიხი გახლდათ, მაგრამ დავსძინე: გაითვალისწინეთ, რომ ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება-მეთქი. დღეს კი გერმანია, სწორედ იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ოდესღაც მის დანაწევრებაში მონაწილეობდნენ, ანუ როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, აქტიურად ეხმარება ჩემს ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ეს ის შემთხვევაა, როცა მეცნიერული ანალიზი ბევრს ვერაფერს მოგვცემს, ინტუიცია კი მკარნახობს, რომ გერმანელებსა და ქართველებს ბედის უხილავი ძაფები გვაკავშირებს, და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ შემდგომი კიდევ უფრო მეტი სიახლოვისათვის, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ამას წინათ, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა: გჯერათ თუ არა, რომ გაერთია- ნდება საქართველო, აღდგება მისი ტერიტორიული მთლიანობა? ვუთხარი, რომ მჯერა. რას ეყრდნობა თქვენი რწმენა? - მკითხა მან. ჩემი პასუხი კი ასეთი გახლდათ: უფრო ძნელი იყო გერმანიის გაერთიანება. რადგან ეს მოხერხდა, ესე იგი საქართველოც გაერთიანდება და მისი ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება. ამ ცოტა ხნის წინათ ჩემი ყურადღება მიიპყრო გერმანელი ქართველოლოგის შტეფი ხოტივარი-იუნგერის წიგნმა - „ქართველები ბერლინში“. ესაა პოპულარულად დაწერილი, დოკუმენტებით მდიდარი გამოცემა ადრეული პერიოდიდან დღევანდლამდე თქვენს ქვეყანაში მოღვაწე ქართველების შესახებ.
კარგი იქნება ასეთი გამოკვლევა საქართველოში მცხოვრები გერმანელების ისტორიულ ბედსა და დღევანდელ ხვედრზეც შეიქმნას. სხვადასხვა ქარტეხილებმა გერმანელები ჩვენს მიწაზეც მოიყვანა - ისინი კომპაქტურად სახლობდნენ საქართველოს სოფლებში, ქალაქებში. ამჟამად აქვთ თავიანთი სათვისტომოები, იკრიბებიან, ლოცულობენ. ლოცულობენ ახალთახალ ლუთერანულ ეკლესიაში, რომელიც გასულ წელს აშენდა თბილისში და რომელშიც წირვას ზაარბრუკენის უნივერსიტეტის პროფესორი, ამჟამად თბილისელი, თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გერტ ჰუმელი აღავლენს. ესე იგი, არა მარტო ქართველები მოდიან გერმანიისაკენ, არამედ გერმანელებიც იხედებიან საქართველოსკენ. ეს გასაკვირი არ არის.
ქალბატონებო და ბატონებო!
დღეს მე მცირე რამ ვთქვი იმის თაობაზე, რაც ჩვენს ორ ერს აკავშირებს, ჩვენს მეცნიერებს აახლოებს. ნუ იუხერხულებთ, თუ სხვადასხვა განზომილების სახელმწიფოებს ერთ სიბრტყეში ვაყენებთ: სად გიგანტური გერმანია, რომელიც უახლოეს ხანში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გახდება (ამის შესახებ 1992 წელს განვაცხადე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში) და სად პატარა საქართველო! მინდა გითხრათ, რომ მიმაჩნია: არ არსებობს პატარა სახელმწიფოები და პატარა ხალხები! ხალხების, ადამიანების ღვაწლი, მათი ადგილი ისტორიაში განისაზღვრება იმ წვლილის მიხედვით, რომელიც მათ შეიტანეს ცივილიზაციის განვითარებაში. ჩემმა პატარა ქვეყანამ, რომლის სახელმწიფოებრიობაც სამი ათას წელს ითვლის, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. როცა ჩამოვალ, ამის შესახებ ლექციას წავიკითხავ, მაგრამ ეს იქნება მას შემდეგ, რაც მე პენსიაზე გავალ. დღეს მცირე რამ ვთქვი იმის თაობაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ მომეცით საშუალება შემებიჯებინა იმ ტაძარში, რომელსაც ახსოვს უკვდავი სახელები მარტინ ლუთერისა, იოჰან ფიჰტეს, ფრიდრიხ შელინგის, გეორგ ჰეგელის, იოჰან ვოლფგანგ გოეთესი, ფრიდრიხ შილერისა და მჯერა, ასეთი სახელები კვლავ გამოჩნდებიან, კვლავ გაიზრდებიან თქვენი უნივერსიტეტის კედლებში. მადლობას გიხდით, რადგან მომეცით უფლება, გამევლო მათ ნაფეხურებზე.
მოკრძალებით გიხრით თავს, ასე დიდად რომ დააფასეთ ჩემი ღვაწლი და, ერთი სიტყვით, შემრაცხეთ თქვენი ისტორიული დამსახურების მქონე უნივერსიტეტის წევრად.
დასასრულ, გულწრფელად ვუსურვებ იენის უნივერსიტეტს წარმატებებს მისი უკეთილშობილესი მისიის - ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლებაში.
ჩვენს დიდ ევროპას, გერმანელ ხალხს, დიდ გერმანიას ვუსურვებ შემდგომ აყვავებას და კიდევ უფრო მეტად აღორძინებას.
გმადლობთ!
საქინფორმი.
ედუარდ შევარდნაძე - იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი : „დიდი გერმანია კვლავინდებურად გაუძღვება საქართველოს უკეთესი ევროპული მომავლისაკენ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 ოქტომბერი. - №285 (3326). - 1, 3 გვ.
![]() |
54 „ხმა მიეცით იმ ძალას, რომელსაც შეუძლია წარუძღვეს საქართველოს და მიიყვანოს იგი აყვავებამდე და აღორძინებამდე“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე 1999 წლის 20 ოქტომბერს
ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო, დებო და ძმებო,
მე გარკვეული დრო უნდა წაგართვათ, რადგან სათქმელი დამიგროვდა. არ მაქვს უფლება ჩვენი ქვეყნისათვის ამ მართლაც საბედისწერო დღეების წინ ზოგი რამ არ გითხრათ, არ შეგახსენოთ მძიმედ მოსაგონარიც და სასიხარულოც, რასაც მოვესწარით და განვიცადეთ. ახლა აქ ერთად ვიგონებდით, როგორ შეიქმნა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. ეს იყო უიმედო და განწირული ქვეყანა. ეს იყო დღეები, როცა თოფიანი კაცი მართავდა ქვეყანას, თოფიანები დათარეშობდნენ საქართველოში. მაშინ ვერ გაიგონებდით წუწუნს ხელფასისა და პენსიის შესახებ, რადგან აზრიც არ ჰქონდა. ხალხი მხოლოდ ერთ რამეზე ლოცულობდა და ერთს გვეხვეწებოდა: ოღონდ წესრიგი იყოს, ამ შიშსა და სასოწარკვეთას გადაგვარჩინეთ, მეტს თქვენგან არაფერს ვითხოვთო.
მაშინ შეიკრიბა მოქალაქეთა კავშირის პირველი ყრილობა. უფრო სწორად, ეს იყო საინიციატივო შეხვედრა ფილარმონიის დიდ დარბაზში. და ჩვენ ერთმანეთს შევფიცეთ, რომ ქვეყანას გადავარჩენდით. მე მაშინ ვთქვი: ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და შევქმნით, ავაშენებთ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ საქართველოს. ძნელი იყო მაშინ ამის თქმა, რადგან ზოგს ფანტაზიად, ზოგს კი უპასუხისმგებლო განცხადებად მიაჩნდა. დღეს მე ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად, ჩემს ხალხთან ერთად, რომ ჩვენ უკვე თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს შვილები ვართ.
ამას წინათ ქალაქ ფოთში, სადაც დიდ გალაკტიონს ძეგლი დაუდგეს, გავიხსენე რამდენიმე სტრიქონი მისი ლექსიდან, რომელიც, ალბათ, ჰიმნის საფუძველიც შეიძლება გახდეს: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“. ეს სიტყვები არ თქმულა მე-11 არმიის შემოსვლასთან დაკავშირებით, არც იმ ადამიანებისათვის, რომელთაც მაშინდელი ხელისუფლება დაამხეს. ეს სიტყვები ეკუთვნის დღევანდელ თაობას. თავისუფლება მოსწყურდა ჩვენს ხალხს, თავისუფლება, რომელიც ნიშნავს, რომ „შენი თავი შენადვე გეყუდნოდეს“, შენი ქვეყნის ბედი შენვე გადაწყვიტო და მისი მომავალიც თავად ააშენო.
გული არ უნდა გავიტეხოთ. ბევრი რამ ვერ შევძელით, თუმცა ბევრსაც მივაღწიეთ. მე მახსენდება საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმი. მაშინ აქ არ გახლდით, თუმცა ფიქრით და გულით, როგორც ყოველთვის, საქართველოში ვიყავი. არასოდეს არსად წავსულვარ მაშინაც კი, როდესაც, როგორც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვადასხვა სახელმწიფოში იმ ქვეყნის საქმეებს ვაგვარებდი, ჩემი ფიქრი სამშობლოში ტრიალებდა. მადლობა გენშერს, რომ ეს დაადასტურა მის მშობლიურ სოფელში ჩვენი ერთად სტუმრობის დროს ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვების გახსენებით: აქ და ყველგან ჩემი გული ჩემს სამშობლოში, ჩემს მშობლიურ მამათშია.
იმ რეფერენდუმზე საქართველოს ყველა მოქალაქემ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. მას შემდეგ ძალიან მძიმე წლები გავიარეთ და, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, დღესაც კვლავ უფრო მეტი სიმწვავით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი. უცნაურია? ალბათ კი, რადგან, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ გაუგონარი გმირობის მონაწილენი ვართ - დანგრეულ და დარბეულ ქვეყანაში ავაშენეთ დემოკრატიული სახელმწიფო; მეორე მხრივ კი, შეიძლება ეს სახელმწიფო, ჩვენი უდიდესი მონაპოვარი, ჩვენი დიდი წინაპრების, დიდი მოაზროვნეების ნაოცნებარი, დაიკარგოს და ისტორიული ჩარხი უკუღმა დატრიალდეს, კვლავ რომელიმე ქვეყნის სატელიტი გავხდეთ. აღარ გვინდა ეს, რადგან გავიგეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი და მას აღარ დავთმობთ, აღარ დათმობს ჩვენი ხალხი.
ჩვენ შეგვეძლო სხვა გზით გვევლო. იმ ქაოსის წლებში ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ: აიღე ძალაუფლება, ხომ შეგიძლია მართვა, შეგიძლია დაარტყა მუშტი და ქვეყანაში წესრიგი დაამყარო.
ასეთი იყო უმრავლესობის განწყობილება, რადგან ქაოსში მყოფი ქვეყანა საერთოდ ერთმმართველობის, დიქტატურის გზას ირჩევს. ჩვენ მართლაც შეგვეძლო წავსულიყავით ამ გზით, მე გავმხდარიყავი დიქტატორი და დაგვემყარებინა დიქტატურა, კლანების დიქტატურა, როგორც ეს აზიზ ახვლედიანმა თქვა.
მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავედით - დემოკრატიული აღმშენებლობის გზით. მაშინ ეს ცოტა უცნაური იყო, ძნელი გასაგები იყო, რა არის ეს დემოკრატიული ღირებულებები. მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ადრე დაბრძენდა. მართალია, ძალიან იტანჯა, იწვალა, მაგრამ სწორი გზა აირჩია - მიიღო გადა- წყვეტილება, მხარი დაეჭირა იმ ძალებისათვის, რომლებსაც აქვთ ნიჭი, უნარი და გამოცდილება იმისათვის, რომ მიიყვანონ ქვეყანა უკეთეს მომავლამდე.
პირველი არჩევნების დროს აფხაზეთში ვიყავი და, მახსოვს, ტყვიამფრქვევების კაკანში, ქვემეხების ცეცხლის ქვეშ გარბოდნენ ადამიანები საარჩევნო ყუთებისაკენ. მოსახლეობის თით- ქმის 90 პროცენტი მონაწილეობდა არჩევნებში და დაახლოებით ამდენივემ მისცა ხმა სახელმწიფოს მეთაურს - პარლამენტის თავმჯდომარეს.
ეს უმძიმესი წლები უკვე გავლილია - ვთქვათ სიმართლე - შეგვეძლო თუ არა მეტის გაკეთება? ვეთანხმები ჩემს მეგობრებს - ჩვენ დამნაშავე ვართ ჩვენი ხალხის წინაშე. ქედს ვიხრი მისი გმირობის, მოთმინების წინაშე და ბოდიშს ვუხდი იმისათვის, რომ პენსიებს ვერ ვაძლევთ, ვუგვიანებთ, იმისათვის, რომ სიმბოლური ხელფასები აქვთ. მე ვიცი, რა არის ეს ხელფასი, როგორ შეიძლება მისით თავის რჩენა, ოჯახის შენახვა; მაგრამ მეორე, რაც უნდა ვთქვა: ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება, ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი. ერთ დღეში, ერთ წელიწადში ქვეყანა არ აშენებულა. ჩვენ შეუძლებელი შევძელით და თქვენი, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერით, მთელი მსოფლიოს თანადგომით, 3-4 წელიწადში ქვეყანა ავაშენეთ, შევქმენით სახელმწიფო, რომელიც საფუძველია იმისა, რომ კეთილდღეობამდე მივიდეთ. სწორედ ამ სახელმწიფომ, ჩვენმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უზრუნველყო სტაბილურობა - ერთმანეთის აღარ გვეშინია, დასმენებზე აღარ ვმუშაობთ, ჯაშუშობას თავი დავანებეთ, ერთმანეთს თოფით აღარ დავდევთ. ახლა კი საარჩევნო კამპანიას ვატარებთ იმისათვის, რომ, როგორც ჩვენს მანიფესტშია ნათქვამი, სტაბილურობიდან მივიდეთ კეთილდღეობამდე. ამისათვის უნდა შევინარჩუნოთ კვლავ სტაბილური და ძლიერი სახელმწიფო - ჩვენი მთავარი მონაპოვარი.
კიდევ და კიდევ მინდა შეგახსენოთ: გახსოვთ პურის რიგში გათენებული ღამეები? რა თქმა უნდა, გახსოვთ დღესაც არ ვართ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს; მაგრამ რაც იყო, იმასთან შედარებით წინ გადავდგით ნაბიჯი.
ჩვენ გზა უნდა გაგვეკვალა მთელი მსოფლიოსაკენ. ჩვენ ვიყავით მარტონი, იზოლირებულნი. ჩვენს ქვეყანას არავინ იცნობდა. თუ იცნობდნენ, იცნობდნენ როგორც არასტაბილურს, ქაოსურ მდგომარეობაში მყოფს. ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ გერმანიის ვიცე-კანცლერი ჩამოვიდა, 70 მილიონი ეკიუ ჩამოგვიტანა მოშიმშილე ხალხს და გამოგვიცხადა: ეს არის ევროპის დახმარება. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზით ივლით. ეს არის ევროპის მიზანი და ჩვენ დაგეხმარებით.
ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დახმარების დაპირებით. მას შემდეგ ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის დახმარება მიიღო საქა- რთველომ. იქნებ, ყველა დოლარი დანიშნულებისამებრ არ წა- ვიდა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო, შიმშილით ამოვწყდებოდით.
თითქმის ამდენივე დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა, გერმანიამ, მრავალმა სხვა ქვეყანამ. რატომ? არჩევანისათვის. მათ იცოდნენ და დღესაც იციან, რომ ჩვენ დახმარება და მხარდაჭერა გვჭირდება.
ჩვენ ეს გზა უნდა გაგვეკაფა, თანამოაზრეები და თანამდგომები უნდა შეგვეძინა მთელ მსოფლიოში, რადგან მარტონი თავს ვერ გავართმევდით იმ ამოცანას, რომელიც დავისახეთ. და ჩვენ ეს შევძელით. მე გერმანიაშიც, გაეროშიც ვთქვი, რომ თუ რაიმე გონივრულია ჩემს ნათქვამში, ეს ქართული აზრის გამოხატულებაა. დღეს საქართველოს ანგარიშს უწევენ, მის აზრს უსმენენ; მიაჩნიათ, რომ საქართველო არის ახლებურად მოაზროვნე ქვეყანა, გასაჭირში მყოფი, მაგრამ ახლებურად მოაზროვნე.
როგორი წარმოსადგენია, რომ ნახევრად დარბეულ ქვეყანაში ახალგაზრდების ჯგუფი წამოიწყებდა გამოგონებაზე მუშაობას და კოსმოსში გავიდოდა, მსოფლიოს გააკვირვებდა. განა ეს არ არის ახალი აზროვნება, დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა?! განა ეს არ არის უზარმაზარი იმედი იმისა, რომ ჩვენი ინტელექტუალური წყარო ამოუწურავია?! რამდენი მეძმარიაშვილია ჩვენს ახალგაზრდებში, რამდენი გმირი, ჩემპიონი, პროფესორი და აკადემიკოსი, რამდენი გამოჩენილი მოღვაწე... რამდენი შესანიშნავი ახალგაზრდა ბიზნესმენი გამოვიდა ასპარეზზე, რომელიც მარტო თავის თავზე კი არ ზრუნავს, არამედ ფიქრობს, გაჭირვებულს გაუწოდოს ხელი, ქვეყანას მიეხმაროს. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას - ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა.
მეამაყება, რომ ფაქტობრივად 3,5 წელიწადში საქართველოს პარლამენტმა 750 კანონი მიიღო. შეიქმნა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა. ამ ბაზის გარეშე ამ სახელმწიფოს მომავალი არ ექნებოდა. არ არსებობს ასეთი შედეგების მქონე მეორე პარლამენტი. ამიტომ გაგვიღეს ევროპის საბჭოს კარი. მე, როგორც თითოეული თქვენგანი, შესანიშნავად ვიცნობ სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას; ვიცი, როგორ დადიოდა იგი კარიდან კარზე, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბედნიერი კაცი ვარ, რომ მის ნაკვალევზე დავდივარ, როგორც გამარჯვებული, დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენელი.
შევარდნაძეს, როგორც პრეზიდენტს, ალტერნატივა არ გააჩნია და ამ აზრს ოპონენტებიც კი იზიარებენ. მეც ვეთანხმები მათ, მაგრამ კიდევ და კიდევ გავიმეორებ: არავითარი აზრი არ ექნება შევარდნაძის არჩევას პრეზიდენტად, თუ არ იქნება საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც დაწყებულ ისტორიულ საქმეს გააგრძელებს. ჩვენ ევროსაბჭოში იმიტომ კი არ მიგვიღეს, რომ ზღაპრული ქვეყანა ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის სამართლებრივი ბაზა შევქმენით და დემოკრატიული წესებით ვცხოვრობთ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთი არ მიიღეს, არც ჩინეთი და არც უკრაინა. საქართველო მიიღეს იმიტომ, რომ შევქმენით კანონები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს და გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე. ძნელი და სასტიკია ეს გზა. მას თან სდევს ზოგის გაღატაკება და ზოგის გამდიდრება, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. გზა გაგვიხსნეს და გვითხრეს: გაძლევთ ყველა უპირატესობას თქვენი ბიზნესისათვის. რაც დაწყებული გაქვთ, შეინარჩუნეთ. თქვენ გახსნილი გაქვთ მსოფლიოს 131 ქვეყნის ბაზარი. თუ რაიმე გაქვთ გასაყიდი, თუ რაიმეს შექმნა შეგიძლიათ, შექმენით, შემოიტანეთ და დაუბრუნეთ ის თქვენს ქვეყანას სიმდიდრის სახით.
მეამაყება, რომ აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იმავე რუსეთის ყველაზე მოაზროვნე, მოწინავე ინტელიგენცია ჩვენთან ერთად არის და ცდილობს, დაგვეხმაროს. იმასაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ლიდერის როლში ვართ - მხედველობაში აქვთ აზროვნება, დემოკრატიული ცხოვრების ნორმების დაკანონება, მათ მიხედვით ცხოვრება, თუნდაც ის არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ. დიდი იმედი აქვს ყველას, რომ ეს არჩევნებიც ასევე დემოკრატიული, სამართლიანი იქნება და კარგი შედეგებით დამთავრდება.
გერმანიაში ჩემი ვიზიტის დროს გენშერმა თქვა: გერმანია ვალშია შევარდნაძის, ესე იგი, საქართველოს წინაშე. ჩვენ, გერმანელები, ვალდებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება და ის გახდება აყვავებული ქვეყანა.
არის თუ არა ეს მთელი ეპოქის ამსახველი ფრაზა? გერმანია, რომელიც ერთმა ჩვენმა თანამემამულემ გაჰყო, ამბობს, რომ ვალშია საქართველოს წინაშე. გერმანიის კანცლერმა მითხრა, რომ ადრე გაზაფხულზე, პრეზიდენტის არჩევნების წინ, აუცილებლად ჩამოვა დიდ ბიზნესმენებთან, ბანკირებთან ერთად და მთხოვა, დავახვედროთ წინადადებები, პროგრამები.
კიდევ ერთ საიდუმლოსაც გავცემ: აშშ პრეზიდენტმა, რომელიც 1-1,5 წელიწადში ასრულებს თავის საბოლოო ვადას, მითხრა: სანამ აქ ვართ მე და ჩემი გუნდი, გამოგვიყენეთ. ჩვენ გულწრფელად გვინდა, რომ დაგეხმაროთ.
არის თუ არა ეს მონაპოვარი? რა თქმა უნდა, მონაპოვარია.
ეს ეტაპი უნდა გაგვევლო. მსოფლიოში აღიარებული ქვეყანა უნდა გავმხდარიყავით, ჩვენთვის ზოგჯერ რჩევაც უნდა ეკითხათ, ჩვენი რეალობა ისე უნდა აღექვათ, როგორც ჩვენ თვითონ გვესმის. ჩვენ ამ დამოკიდებულებას საფუძველი ჩავუყარეთ და დღეს დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა უკვე არა მარტო ჩვენს, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ამოცანად იქცა.
კაცურად, ადამიანურად ვეუბნები ყველა პენსიონერს: კიდევ და კიდევ ასი ათასი ბოდიში, ვიცი, რა დღეშიც ხართ. მაგრამ გავიაზროთ, რატომ დაგვემართა ეს? ჩვენ ხომ 2-3 წლის წინათ აღმავლობის გზით მივდიოდით. 1996-1997 წლებში, 1998 წლის პირველ ნახევარში 11-12 პროცენტიანი ზრდა იყო, ბიუჯეტში პრობლემები არ გვქონდა. მაგრამ მსოფლიო კრიზისის ქარტეხილმა, უწინარეს ყოვლისა კი რუსეთის კრიზისმა გადაგვიარა. ჩემი გამოანგარიშებით, 500 მილიონ დოლარამდე დავკარგეთ ამ კრიზისული მოვლენების გამო. ამიტომ გაგვიჭირდა. ამას დაუმატეთ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე არ არის კეთილსინდისიერი ადამიანი, სხვის ჯიბეში და სახელმწიფოს ჯიბეში ჩაძრომა უყვარს. როგორ მოვუაროთ ამ ავადმყოფობას, ამაზე - ბოლოს; აქ კი იმას გეტყვით, რომ ჩვენ თითქმის შეუძლებელი შევძელით. რუსეთში ბანკები დაინგრა და ახლა მიმდინარეობს მათი აღდგენა. საქართველოში ამ კრიზისის გამო არც ერთი ბანკი არ დახურულა. საბანკო სისტემა და ჩვენი ეროვნული ვალუტა შევინარჩუნეთ. ის არ გაუფასურდა. ინფლაციის დონე დასაშვებ ფარგლებშია - 7-8 პროცენტი.
ახლა უკვე დაიწყო აღმავლობა, დაიწყო ჩვენი განვითარების ახალი ეტაპი, ესე იგი, ნამდვილი აღორძინების ეტაპი. ბევრი რამით გავიხარებთ „თბილისობაზე“, იმდენი რამ აშენდა თბილისში. ბევრს არ ვხმაურობთ, არ ვტრაბახობთ, მაგრამ ეს ხომ შენაძენია ქვეყნისათვის, ეს ხომ სტიმული და ნიშანია იმისა, რომ ქვეყანა დაადგა ახალ გზას.
ამას წინათ ბოლნისში ვიყავი. შევხვდი ქართველებსაც და აზერბაიჯანელებსაც. როგორც ძმები, ისე ვცხოვრობთ. მეამაყება, რომ აზერბაიჯანელი ბავშვი თავის ენაზე ეუფლება ცოდნას. გუშინ გახლდით სამცხე-ჯავახეთში, მოვიარე ქართული და სომხური სოფლები; ხიდები, სკოლები გავხსენით. ერთ სოფელში გავხსენით სომხური სკოლა, რომელშიც 300 ბავშვი სწავლობს. ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული. მეამაყება, რომ საქართველოში 200-ზე მეტი სომხური სკოლაა - ასეთი რამ მსოფლიოში არსად სხვაგან არ ხდება. ამავე დროს, ამ ხალხმა გადაწყვიტა ისწავლოს საქართველოს სახელმწიფო ენა. მე ეს მიმაჩნია ჩვენი ტოლერანტობის, ჩვენი ხალხის ბუნების გამოვლინებად.
ეს ეტაპიც უნდა გაგვევლო, ამ ხალხის ნდობა უნდა მოგვეპოვებინა. მე მარტო ის კი არ მახარებდა, რომ იქ შევარდნაძეს უკრავდნენ ტაშს და იკრავდნენ გულში, არამედ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება. აზერბაიჯანულ სოფლებშიც ასეა და ეს ჩვენი დიდი მონაპოვარია.
რამდენიმე წლის წინანდელი ამბები მორჩა, დამთავრდა. ეს წლები საქართველოში აღარ დაბრუნდება და საქართველო იქნება მართლაც ხალხთა მეგობრობის სავანე. კიდევ უფრო გავმრავლდებით და ჩვენი სახელმწიფოც უფრო ძლიერი იქნება.
სიხარულს ვერ ვფარავ იმის გამო, რომ საქართველოში ბოლო წლებში 40 ათასზე მეტი პატარა საწარმო გაიხსნა. რეიგანი ისტორიაში შევიდა როგორც არა მარტო ცივი ომის ერთ-ერთი დამამთავრებელი, არამედ ადამიანი, რომელმაც სამუშაო ადგილები შექმნა 6 მილიონი ადამიანისათვის. ამასთან, შექმნა არა გიგანტებით, არამედ ასეთი პატარა საწარმოებით.
ახლა ბევრი ქილიკობს მილიონ სამუშაო ადილზე. რა არის აქ საქილიკო? არის ოფიციალური სტატისტიკა: 1995 წელს სამუშაო ჰქონდა მილიონ 700 ათას კაცს. დღეს ორი მილიონ 400 ათასი კაცი მუშაობს. რა დარჩა მილიონამდე? აქ მხოლოდ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულები არ იგულისხმება. ყველაფერი რომ ვიანგარიშოთ, ვნახავთ, რომ მე და ჩემს მეგობრებს ტყუილი არ გვითქვამს. ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ყოფილიყო ჩვენი პრიორიტეტი. თუ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, იმის მაქსიმუმი მაინც გავაკეთეთ, რაც შეიძლებოდა. ხვალინდელი დღე კი სულ სხვაგვარი იქნება.
ამ რამდენიმე დღის წინათ შევხვდი რკინიგზელებს. 24 ათასი კაცი მუშაობს საქართველოს რკინიგზაზე. საშუალო ხელფასი 160-170 ლარია. გაისად 200-250 ლარს ვარაუდობენ. მათი შემწეობით ელმავალმშენებელი ქარხანა ამუშავდა - ელმავლებს უშვებენ საქართველოს, აზერბაიჯანის რკინიგზისათვის. ამუშავდა ვაგონშემკეთებელი ქარხანა, რომელიც, ფაქტობრივად, ახალ ვაგონებს უშვებს. ამუშავდა და უკვე გადასახადებს იხდის დიდი ქიმია. სა- ნიმუშო გახდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - მსოფლიო ბაზარზე 3-4 პროცენტია მისი წილი. ჭიათურა გამოცოცხლდა - შემოვიყვანეთ ინვესტორი და ამუშავდა ქარხანა, ხალხი დასაქმდა, დაიწყო ნორმალური ცხოვრება. ტყიბულში უნდა გაიხსნას სამშენებლო მოედანი, სადაც აშენდება ელექტროსადგური, რომელიც ტყიბულის ნახშირზე იმუშავებს. ხვალ-ზეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამუშავდება - აზერბაიჯანის დაკვეთები წამოვიდა. უიმედოდ მიტოვებული ცემენტის ქარხები ამუშავდა. მთელი რიგი რაიონები უზრუნველყოფილია გაზით. მსოფლიო ბაზარზე გავიდა ქართული ღვინოები - იაპონიაში, გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთშიც კი იყიდება ქართული ღვინოები. მჯერა, რომ ჩვენ რუსეთის ბაზარსაც დავიბრუნებთ. ახლა გვიჭირს კონკურენცია, რადგან ბევრი ფალსიფიცირებული ღვინო და მინერალური წყლებია შესული, მაგრამ უკვე მიღებულია სპეციალური დადგენილება იმის შესახებ, რომ ნამდვილი „ბორჯომი“ შევიდეს რუსეთის ბაზარზე.
უზბეკეთისა და ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის დაკვეთებზე მუშაობს საავიაციო ქარხანა, მუშაობს ქუთაისის საავტომობილო ქარხანა - იტალიელებისა და ადგილობრივ დაკვეთებს ასრულებს. ქუთაისში ვნახე პატარა საწარმო, სადაც სულ 16 კაცი მუშაობს. ეს არის სასმელი წყლის ჩამომსხმელი საწარმო, სადაც თითოეულ ადამიანს 250 ლარი აქვს ხელფასი. ჩვენი წყალი უდიდესი სიმდიდრეა და ამ სიმდიდრის ათვისებას ვიწყებთ.
ეს ჩვენი შენაძენია და ნურავინ ქირქილებს ამაზე. საქართველო „აბრეშუმის გზის“ საკვანძო ქვეყანაა. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების ოფლით, შრომით არის მოპოვებული. რამდენი ღამე გვითენებია, რამდენ ადამიანს შევხვედრივართ იმისათვის, რომ დაგვემტკიცებინა: ეს არის ყველაზე მოკლე, ყველაზე გარანტირებული და ყველაზე იაფი გზა. დღეს უკვე უზბეკეთის ბამბა ფოთის ნავსადგურიდან გადის, ყაზახეთის ნავთობი - ბათუმის ნავსადგურიდან. ამბობენ, არ ზრუნავენ აჭარაზეო. თუ რამ შემოსავალი აქვს ბათუმის ნავსადგურს, ჩვენ მიერ ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე აქვს და კვლავაც ასე მოვიქცევით.
ამ ცოტა ხანში გადაწყდება დიდი ნავთობსადენის საკითხიც. უდიდეს შემოსავალს მოიტანს ტრანსკაპიური გაზსადენი.
და კიდევ ერთი: 25 წელიწადია ამ საქმეს დავსდევ. მთელი ჭალადიდი, მთელი კოლხეთი ფეხით მაქვს მოვლილი ნავთობის ძებნაში. მარწმუნებდნენ, რომ აქ არის მეორე კუვეიტი. მართალია, არის იქ ნავთობი, მაგრამ მერე წყალი შეერია და თავი დავა- ნებეთ. სამი დიდი ამერიკული კომპანია მუშაობს ახლა კახეთში. მათ შორის ერთმა უკვე აღმოაჩინა დიდი აუზი, რომელშიც, სამგანზომილებიანი შემოწმებით, არც მეტი, არც ნაკლები, ერთი მილიარდი ბარელი ნავთობია. 2-3 წელიც და საქართველოს საკუთარი გაზი, ნავთობი, საკუთარი საწვავი ექნება, აღარაფრის შემოტანა აღარ დასჭირდება. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი ჩვენი დამოუკიდებლობისა.
საბედნიეროდ, შემიძლია კიდევ გავაგრძელო ეს ჩამონათვალი. ჩემთვის ყველაზე საამაყო ის არის, რომ ხელი მოვაწერე სერთიფიკატებს მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. თითოეული მეურნე, ვისაც მიწაზე ფეხი უდგას და მუშაობა არ ეზარება, ასეთ მოწმობას მიიღებს და მის შთამომავლობას გადაეცემა ეს მიწა, როგორც ერთ-ერთი დიდი სიმდიდრე.
საქართველოში დიდი ტურიზმის განვითარება დაიწყო. 2-3 წელიწადში 1 მილიონი ტურისტი უნდა მივიღოთ. აბრეშუმის წარმოება აღვადგინეთ პრეზიდენტის ფონდის მეშვეობით. ჩაის წარმოება განვაახლეთ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის აყვავებული ქვეყანა. ეს არის ყველაფრის დასაწყისი, მაგრამ საიმედო დასაწყისი, რომელსაც, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ბოლომდე მივიყვანთ.
ორიოდე სიტყვა კულტურაზე. საქართველოში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გავხდით, ბიუჯეტის სიმწირის მიუხედავად, 20 ახალი თეატრი გაიხსნა. განათლების რეფორმის შემდეგ ათობით ახალი სკოლა აშენდა. მსოფლიო ბანკი 60 მილიონ დოლარს აძლევს საქართველოს რეფორმის ბოლომდე მისაყვანად. 65 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქის სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო იკისრებს. 2001 წელს უფასო განათლება იქნება. ჩემს ოპონენტებს მივმართავ: გახსოვთ, როგორი ორომტრიალი იყო პარლამენტში იმის გამო, რატომ ახლავე არ უნდა შემოვიღოთო, იმიტომ რომ არ არის შემოსავალი. 2001 წელს ჩვენ გვექნება ისეთი ბიუჯეტი, რომ საშუალო უფასო სწავლება შესაძლებელი იქნება.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით განათლების ფასი. გაუნათლებელი ქვეყანა, გაუნათლებელი ხალხი 21-ე საუკუნეში ვერ იცხოვრებს. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, პიროვნების, სიტყვის თავისუფლების ქვეყანა. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს - არა. ბევრი ბრაზობს, ზოგჯერ მეც ვბრაზობ, რადგან ხანდახან ისეთ რამეს და- წერენ, გული გეტკინება. მაგრამ პრესა აბსოლუტურად შეუზღუდავია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უკანონობა და შეურაცხყოფაა (მაშინაც ჩემს გარდა ყველა ჩივის და სიმართლეს აღწევს). ეს მონაპოვარია. ვინც ძველ დროში ვიცხოვრეთ, ხომ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სიტყვის, პიროვნების ასეთი თავისუფლების პირობებში იცხოვრებდა ოდესმე ჩვენი სამშობლო? მივესალმები ჩვენს პრესას, ტელევიზიას, რომლის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.
მივესალმები არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი დემოკრატიული ქვეყნის წარმონაქმნია, რომლის გარეშე ჩვენი განვითარება ასევე ძნელად წარმოსადგენია.
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროგრამა მთიანი რაიონების განვითარებისა. განა მონაპოვარი არ არის, რომ არსებობს სპეციალური პროგრამა ქართული კულტურის ფენომენის გადასარჩენად? მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა გულით გაიხარა, როდესაც ნახა, როგორი ძეგლებია ჩვენთან და როგორ დაიწყო მათი აღდგენა.
ამ ყველაფრის თქმა დამჭირდა იმისთვის, რომ გაგაფრთხილოთ: მოდის ის ძალა, რომელმაც შეიძლება ყველაფერი ეს დაგვაკარგვინოს. არ ვაჭარბებ. მოდის ის ძალა, რომელსაც უნდა საქართველო ვიღაცის სატელიტად აქციოს, ძალა, რომელსაც უნდა ეს თავისუფლება დაგვაკარგვინოს და ის რეჟიმი დაამკვიდროს, რომელზეც ბატონი აზიზ ახვლედიანი ლაპარაკობდა. არ მოხდება ეს. ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია და ის თავის არჩევანს გააკეთებს.
მე ვამთავრებ იმით, რომ მინდა მივმართო საქართველოს ახალგაზრდობას: ჩვენ შევეცადეთ მოქალაქეთა კავშირის სია ისე შედგენილიყო, რომ ახალგაზრდა თაობას ღირსეული ადგილი დაეკავებინა მომავალ პარლამენტში. მინდა მათ მივმართო, როგორც მამამ და ბაბუამ, როგორც საქართველოს მოქალაქემ და პრეზიდენტმა: მე გთხოვთ, ნუ იქნებით აპოლიტიკურნი, ნუ იქნებით გულგრილნი იმის მიმართ, რაც დღეს ხდება საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველა მოქალაქის, უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდების გასაგონად: დღეს წყდება საქართველოს ბედი. უახლოესი 4-5 წელი მართლა გადამწყვეტი იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობის, მისი აღორძინების თვალსაზრისით. ახალგაზრდებო, დაგვიდექით გვერდით, გაგვიმაგრეთ მხარი, მიეცით ხმა იმ ძალას, რომელსაც შეუძლია წარუ- ძღვეს საქართველოს და მიიყვანოს იგი აყვავებამდე და აღორძინებამდე.
***
საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საგანგებოდ შეეხო კორუფციის თემას. მან, კერძოდ, განაცხადა:
მოქალაქეთა კავშირის, როგორც სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას ანტიკორუფციული პოლიტიკა წარმოადგენს. აქამდეც ვფიქრობდით და ვმუშაობდით ამ პრობლემაზე, მაგრამ ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ მოსინჯვა იყო. მე ვიტყოდი, ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფორმირებაში.
სხვაგვარი მორალის უფლება არც საარჩევნო პროცესში გვაქვს. სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გვავალებს განვლილი გზის ობიექტურ და პირუთვნელ შეფასებას, სამომავლოდ რეალურ ამოცანათა დასახვას.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რა პრობლემებს წავაწყდით, რა მიზეზების აღმოფხვრაზეა საუბარი, რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი.
კორუფციის მასშტაბებს, ხასიათსა და სპეციფიკას ჩვენში თავისი ზოგადი და კერძო მიზეზები აქვს. ერთი პოლიტიკური სისტემიდან მეორეზე გადასვლა თავისთავად იწვევდა ძველი სამართლებრივი სისტემის ქმედუუნარობასა და ახალი ღირებულებების შესატყვისი კანონმდებლობის შემუშავების საჭიროებას. ეს - თეორიულად. მაგრამ პრაქტიკაში ერთიც და მეორეც საკმაო დროს საჭიროებდა იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვეძლო, ერთი მხრივ, ძველი კანონმდებლობით ახალი ღირებულებების რეგულირება და, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის სამართლებრივი სივრცის წინასწარ შექმნა.
ამ შემთხვევაში მხოლოდ ანტიკორუფციული ნება არაფერს ნიშნავდა. დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ ქმედობას როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან. კანონმდებლობითი ვაკუუმი კი ვერავითარი ნებით, თუნდაც რკინის ხელით, ვერ შეიცვლებოდა. ამიტომ ყოველთვის, როცა ხაზს ვუსვამ კონსტიტუციის არსებით მნიშვნელობას, მხედველობაში მაქვს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწესრიგების საწყისი - 1995 წელი. ეს რომ ასე არ იყოს, კონსტიტუციის მიღების უკანონობით დაინტერესებული ყაჩაღები და კორუმპირებულები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას არ გამოუცხადებდნენ. სწორედ კონსტიტუციის მიღების რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ის კარგად ცნობილი ტერორისტული აქტი, რომელიც არ იყო ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული. მაშინ ტყვია სწორედ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს დემოკრატიას ესროლეს.
კონსტიტუციის მიღებამ უკვე 1996 წლიდან შესაძლებელი გახადა ანტიკორუფციული პოლიტიკის დაწყება. მაგრამ ანტიკორუფციული პოლიტიკა ჩვენთვის არასოდეს ყოფილა კონიუნქტურიზმისა და პოპულიზმის საგანი. ხანგრძლივმა დაკვირვებამ და ჩვენი სინამდვილის სკრუპულოზურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეს უნდა ყოფილიყო კომპლექსური და მრავალეტაპობრივი პროგრამა, რადგან კორუფციის უმთავრესი ობიექტური მიზეზი ქვეყნის სუსტ ფინანსურ-ეკონომიკურ შესაძლებლობაშია. ეს იმდენად საყოველთაო მიზეზია, რამდენადაც კორუფცის მასშტაბი და ხარისხი ადეკვატურია ქვეყნის სწორედ ფინანსურ-ეკონომიკური შესაძლებლობებისა. ასე რომ, კორუფცია არა იმდენად სუსტი ეკონომიკის მიზეზია, რამდენადაც სუსტი ეკონომიკის შედეგი. ამიტომ არის, რომ, როცა მოქალაქეთა კავშირი ამომრჩეველს ჰპირდება კორუფციის დამარცხებას, ამაში გულისხმობს არა რეპრესიათა მასშტაბსა და ხარისხს, არამედ რეალური ხელფასების მნიშვნელოვან ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის აღორძინებას, რომლითაც უნდა დაიძლიოს კორუფციის უმთავრესი მიზეზი. მორალური უფლება უნდა გვქონდეს, რომ მოვთხოვოთ ადამიანს, დაიცვას და შეასრულოს კანონები.
დღეისათვის შექმნილია ანტიკორუფციული სამართლებრივი ბაზა, მიღებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ეროვნული სპეციფიკის ამსახველი სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო კოდექსები. ამ აქტებს თავიანთი მნიშვნელობით მეორე კონსტიტუციასაც უწოდებენ. მიღებულ იქნა კანონთა მთელი რიგი, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მიმართულია საზოგადოებაში კორუფციასაშიში მოვლენების წინააღმდეგ. მათ რიცხვშია კანონი „ლიცენზირების შესახებ“, კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კანონი „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“. თანამდებობის პირთა დეკლარაციების ბიურომ ფართომასშტაბიანი სამუშაო შეასრულა. ამჟამად უნდა ვიფიქროთ კონტროლის ეფექტიან და მძლავრ მექანიზმზე. არა მგონია, რომ ის, რაც სამიოდე წლის განმავლობაში გაკეთდა, მიანიშნებდეს ხელისუფლების პოლიტიკური ნების უკმარობაზე. ეს იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის თანმიმდევრული მომზადება და, თუ შედეგობრივი თვალსაზრისითაც ვიმსჯელებთ, ალბათ, მოსახლეობა დამეთანხმება კორუფციის მასშტაბისა და აღვირახსნილი ფორმების მნიშვნელოვანი შეზღუდვის ფაქტებზეც.
ხელისუფლების კრიტიკა და, თანაც ისეთი საყოველთაო პრობლემით, როგორიც კორუფციაა, შედარებით ადვილი საქმეა. უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება იმის აღიარებას, რომ, მიუხედავად რთული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობებისა, საქართველომ უმოკლეს დროში შეძლო ანტიკორუფციული პოლიტიკის რეალური წანამძღვრების მომზადებაც და კორუფციის მასშტაბების შემცირებაც. ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ექსპერტი, რომელთა მეთვალყურეობა არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზეც ვრცელდება.
ჩვენ შევძელით ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი, რაც შექმნილ კონკრეტულ პირობებში იყო შესაძლებელი. მომზადებულია კორუფციის რადიკალურად შეზღუდვის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი პირობები. საჭიროა მათი რეალური და შეუქცევადი ამოქმედება. ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ პარლამენტში წარვადგინე სპეციალური ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი. იგი ითვალისწინებდა არა მარტო საქართველოს სპეციფიკას, არამედ საერთაშორისო გამოცდილებასაც. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვაზე აზრთა სხვადასხვაობამ კანონპროექტის შემდგომი დამუშავების საჭიროება წარმოშვა. თუმცა მისმა განხილვამ ნათელყო ანტიკორუფციული პოლიტიკის იმ ძალებისათვის მიუღებლობა, რომლებიც ახლა ასე ხმამაღლა აფრქვევენ ანტიკორუფციული ნების უკმარისობით ხელისუფლების ბრალდებას.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ხუთმიმართულებიანი პროგრამის ფარგლებში უკვე შექმნილია ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფი.
მან ნაყოფიერად იმუშავა; ხოლო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც კორუფციის გამომრიცხავ პროცედურულ ცვლილებებს ითვალისწინებდა, უმტკივნეულოდ შეთანხმდა და თითქმის შესრულდა პარლამენტის მიერ სათანადო ნორმატიული აქტების მიღებით.
საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა მუშაობა სპეციალური ანტიკორუფციული სამსახურის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ანტიკორუფციული სამსახური სრულიად დამოუკიდებელი იქნება სხვა სამართალდამცავი ორგანოებისაგან.
სამსახურს ექნება როგორც პრევენციული, ასევე დასჯითი ფუნქციაც.
პირველში იგულისხმება საზოგადოებრივი, სახელმწიფოებ- რივი პროცესების ანალიზი, სხვადასხვა დაწესებულებების საქმიანობის წესში კორუფციასაშიში შესაძლებლობების გამოვლენა და წინადადებების წარდგენა სათანადო მოხელეთათვის მათ გამოსასწორებლად.
სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია შეთანხმებული პრინციპების შესაბამისად უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება და მას ობიექტურობის უპირველესი და უმთავრესი გარანტი ექნება. ეს დამოუკიდებელი, პატიოსანი კადრებით დაკომპლექტებული, საზოგადოების მხრივ მძლავრად ლუსტრირებული საგამოძიებო დანაყოფია.
სამსახურს ზედამხედველობასა და გამოძიების დროს ხელ- მძღვანელობას გაუწევს პროკურორთა მცირე ჯგუფი, რომელთაც იგივე სოციალური გარანტიები ექნებათ, რაც სამსახურის გამომძიებლებს.
შემოტანილია ორი ახალი ინსტიტუტი:
სამსახურებრივი მოძიება, რაც დისციპლინური წარმოების ფარგლებში წარმოებული პროცედურაა, რომლის საბოლოო შედეგი კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.
მეორე სიახლე სამსახურის მიერ სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენას გულისხმობს სახელმწიფოსათვის მაღალი თანამდებობის პირთა მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ინტერესების ამგვარი წარმოდგენა სამოქალაქო-საპროცესო ურთი ერთობის ფარგლებში მოხდება, რაც მეტად ეფექტიანად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებშიც.
ანტიკორუფციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისათვის, სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და საქვეყნოობის უზრუნველსაყოფად შეიქმნება მრჩეველთა კომიტეტი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოს თავისი წარმომადგენლები ეყოლება. ასევე ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია.
საკითხები, რომლებიც ჩამოვთვალე, მომავალი კანონპროექტის ძირითადი პრინციპებია და ისინი ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.
უმოკლეს ვადაში გამოქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მოსამზადებელი ჯგუფის შესახებ“.
ამ ჯგუფს დაევალება შეთანხმებული პრინციპების მიხედვით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის დამუშავება. ამავე პერიოდში მოსამზადებელი ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას საქართველოში კორუფციის შესახებ და წარმოადგენს მოხსენებას შექმნილ მდგომარეობაზე. ჯგუფის მიერ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ორგანოების, სამართალდაცვის სისტემის, თავისუფალ იურისტთა და, საერთოდ, საზოგადოების წარმომადგენლებისაგან შეირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც მოკლევადიან სწავლება-ტრენინგს გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჯგუფი ორი თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს და შერჩეულ კანდიდატთა ვინაობას. ეს იქნება კიდევ ერთი რეალური ნაბიჯი კორუფციასთან ბრძოლის ახალი და ქმედითი ეტაპის დასაწყებად.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მოქალაქე რეალურად შეაფასებს ჩვენ მიერ განხორციელებულსაც და სამომავლო ამოცანათა გადაჭრის შესაძლებლობებსაც.
საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შეიძინა. მჯერა, რომ მისთვის ადვილი გამოსარჩევი იქნება ის, ვისაც კორუფციის დაძლევის ჭეშმარიტი მიზნები ამოძრავებს და ისიც, ვინც კორუფციით ხელისუფლების დასაუფლებლად მოძრაობს.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
„ხმა მიეცით იმ ძალას, რომელსაც შეუძლია წარუძღვეს საქართველოს და მიიყვანოს იგი აყვავებამდე და აღორძინებამდე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 22 ოქტომბერი. - №286 (3327). - 1, 3, 4 გვ.
![]() |
55 აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს |
▲back to top |
ბატონო თამაზ,
დაბადების დღეს გილოცავთ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს.
უკვე ოცდაათ წელზე მეტია თვალს ვადევნებ თქვენს სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას და მიხარია, რომ ჩემს თვალწინ ჩვენი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლად, საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერად და რაც მეტად მნიშვნელოვანია, გამორჩეულ საზოგადო მოღვაწედ ჩამოყალიბდით და თქვენს ყოველ წარმატებას მე ქართული ინტელექტის წარმატებად აღვიქვამ, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის წარმატებად. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც უნდა მიბაძოს ახალგაზრდობამ, რადგან თქვენ ღვთით ბოძებული ნიჭი და უნარი ხალხის სასიკეთოდ მიმართეთ, თუმცა თქვენი ოჯახის შვილი სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა.
საქართველოს ისტორიამ იცის იმ დიდ მოღვაწეთა სახელები, რომელნიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასე შესანიშნავად უხამებდნენ საზოგადოებრივს. თქვენ მათი ღირსეული მემკვიდრე ხართ, მათი ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებელი - როგორც მეცნიერი, როგორც პედაგოგი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი.
თითქმის თანატოლები ვართ და მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ასაკი - გინდა ბევრი მოასწრო, ბოლომდე დაიხარჯო შენი ქვეყნის სამსახურში. ღმერთმა შეგაძლებინოთ ეს, ჩემო თამაზ, საქართველო და ქართული მეცნიერება კიდევ ბევრს მოელიან თქვენგან.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა გითხრათ, რომ ჩემ ყოველ სიტყვას ჩემი მეუღლეც გულწრფელად უერთდება.
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 ოქტომბერი. - №287 (3328). - 1, 2 გვ.
![]() |
56 ბოროტებას მხოლოდ სიკეთე დაამარცხებს |
▲back to top |
ახლოვდება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესშობის 2000 წელი. მე-3 ათასწლეულის მიჯნაზე თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება კაცობრიობის ისტორიისა. 20-საუკუნოვანი ცივლიზაციის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. და, ეს, ბუნებრივიცაა: ახალ ერას, ახალ წელთაღრიცხვას ქრისტეს შობამ დაუდო საფუძველი. ამიტომაც, სხვა რელიგიების მიმდევარი ხალხები თავის ადამიანურ მოვალეობად მიიჩნევენ პატივისცემით მოეპყრან მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გამორჩეულ ზეიმს.
განსაკუთრებით დიდია დღესასწაულის აღნიშვნის პასუხისმგებლობა უძველეს ქრისტიანულ ქვეყნებში. იქ, სადაც პირველივე საუკუნეებიდან დამკვიდრდა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ასეთ ქვეყნებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს, მის უძველეს ეკლესიას და ღვთისმოყვარე ერს.
აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ქრისტესშობის 2000 წლის იუბილე ემთხვევა საქართველოს სახელმწიფოებ- რიობის 3000 წლისთავს.
საქართველოს ეკლესიამ, ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, ამ უმნიშვნელოვანესი ორი მოვლენისადმი მიძღვნილ სხდომაზე 25 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიიწვია საქართველოში დღეს არსებული ყველა პოლიტიკური ძალის, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელები, ინტელიგენციის, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
სხდომის დაწყებამდე საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნე ტარესმა ილია მეორემ.
მან დალოცა სტუმრები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრებას არავითარი პოლიტიკური მიზანი არ უდევს საფუძვლად. კათალიკოს-პატრიარქმა შეშფოთება გამოთქვა, რომ არჩევნების წინ ადამიანები მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს ხდება მაშინ, როცა წყდება საქართველოს ბედი.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს უკან დგას საქართველო. მე გამარჯვებას არც ერთ კონკრეტულ პარტიას არ ვუსურვებ. უფალს ვთხოვ, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს“, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა და მოუწოდა ყველას, ერთად აღავლინონ ლოცვა ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის.
მისივე თქმით, მსოფლიო უკვე იწყებს მაცხოვრის შობის დღესასწაულს. იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა 14 იანვარს, ბეთლემში, წირვა-ლოცვაში მონაწილეობისათვის, მიიწვია საქართველოს ეკლესიის მეთაური და საქართველოს პრეზიდენტი.
ილია მეორის თქმით, ზეიმმა მთელი მომავალი წელი უნდა მოიცვას და მასში საქართველოს ყველა რაიონმა და კუთხემ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ დიდი ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, დღეს საქართველოს უდგას ჟამი ეკლესიების მშენებლობისა, რომლის გვირგვინად კი უნდა იქცეს სამების ტაძრის აგება და მოუწოდა ყველას, შეძლებისდაგვარად შეეწიონ ამ საშვილიშვილო საქმეს.
საქართველოს ინტელიგენციის სახელით სხდომაზე სიტყვები წარმოთქვეს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორმა რეზო ჩხეიძემ, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა. მათ განაცხადეს, რომ ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში ეკლესიასთან ერთად დიდი მისია ეკისრება საქართველოს ინტელიგენციას. მათ ხაზი გაუსვეს დღევანდელი დღის დიდ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ სვეტიცხოვლის უწმინდეს ტაძარში სხვადასხვა მრწამსის ადამიანთა შეკრება საქართველოს გამთლიანების დასაბამი გახდება.
შეკრების მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
თქვენო უწმინდესობავ,
ბატონებო,
მეგობრებო,
რამდენიმე თვე გვაშორებს კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს - ქრისტეშობის 2000 წლისთავს, რაც იმავდროულად იმის მანიშნებელიც არის, რომ მსოფლიომ მესამე ათასწლეულში შეაბიჯა.
თქვენთან ერთად, მეც უბედნიერეს კაცად ვთვლი თავს, რომ ამ ისტორიული მოვლენის მოწმე ვხდები. უნებურად, თითოეული ჩვენგანისათვის ეს თარიღი განიცდება მიჯნად, რომლის შემდეგ სულ სხვა ერა იწყება არა მარტო კაცობრიობისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.
რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი - ქართველობაც განსაკუთრებული და ამაღლებული გრძნობით, რაღაც შინაგანი და იდუმალი თრთოლვით ეგებება ქრისტეშობის 2000 წლისთავს და დღევანდელი ეს შეკრება ამის ნათელი დასტურია.
დღეს მთელი საქართველოს ყურადღება სვეტიცხოვლისაკენ არის მიპყრობილი. ამ სხდომას საგანგებო, ალბათ, წინარე ისტორიული საეკლესიო კრებების მსგავსი მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, რადგან სწორედ დღეს, აქ ერთად თავმოყრილი ერი და ბერი აცხადებს, როგორი მონაპოვრით ამთავრებს იგი ქრისტეშობის 2000 წლისთავს, და რა რწმენით, რა მიზნებით ეგებება მესამე ათასწლეულის ათვლას იმ უმნიშვნელოვანესი წერტილიდან, რომელსაც მაცხოვრის დაბადება ჰქვია.
ქრისტიანობის როლსა და მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოს 3000-წლოვან ისტორიაში უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ყოველივე ამის შესახებ ბევრი ითქვა და, ალბათ, ბევრი ითქმება კიდევ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, მაინც მინდა დიდი ილიას სიტყვები შეგახსენოთ, რადგან მასში ყველაზე ლაკონურად არის გადმოცემული ქრისტიანობის როლი და დანიშნულება ქართველი ერის ცხოვრებაში:
„ქრისტეს სჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებრივი აღსარება კი არ იყო, იგი, ამასთან, პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად“.
საოცრად უბრალოდ და ნათლად არის ნათქვამი.
ქრისტიანობა იყო ის, რაც უნარჩუნებდა ერს ერთიანობას, იგი ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური საძირკვლის გამაგრებას ემსახურებოდა და იმ ქრისტიანული კულტურის შექმნას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და ყოველ ქართველს ქართველი დაარქვა.
ქრისტიანობამ საქართველოში პირველსავე საუკუნეში შემოაბიჯა, ხოლო მეოთხე საუკუნეში ქრიისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება უდიდესი, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი მნიშვნელობის ფაქტორი იყო საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში.
ხშირად დავფიქრებულვარ, რატომ მაინცდამაინც ქრისტიანობა აირჩია ქართველმა ხალხმა თავის რელიგიად, მაშინ როცა ადრეც და მერეც სხვა არჩევანის საშუალებაც იყო. მე მაინც მიმაჩნია, რომ ქართველი კაცის ხასიათმა, ეროვნულმა მისწრაფებებმა მოითხოვა, რომ ჩვენი ქვეყანა ქრისტიანული ცხოვრების გზას დასდგომოდა, დაადგა კიდეც და არც შემცდარა.
ქართული სული ელოდა ქრისტეს, ამიტომაც, მან მიიღო იგი, ეზიარა და მისთვის არაერთგზის ეწამა.
ქართველი ხალხი ეზიარა იესო ქრისტეს ხორციელ ტანჯვას, მან გაითავისა ქრისტეს ქადაგება და თაყვანი სცა ადამის მოდგმის ცოდვისათვის თვითშეწირულ ღვთის ძეს.
ქრისტეს სიტყვის აღიარებით ქართველმა ხალხმა მთელი სიცხადით გამოავლინა თავისი ეროვნული ხასიათი - კაცთმოყვარეობა, შემწყნარებლობა და მოყვასის სიყვარული.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ თექვსმეტი საუკუნე გავიდა, თექვსმეტი მძიმე ასწლეული, მაგრამ ქართველს თავისი ორიენტაცია არ შეუცვლია და მსოფლიოს ისტორიაში არაერთხელ შეასრულა, ყოველ შემთხვევაში, კავკასიაში ქრისტიანობის ბურჯის, ქრისტიანობის ციტადელის როლი.
და ამიტომაც წმინდა მიწაზე მას მუდამ ჰქონდა თავისი ადგილი და პრივილეგიები. ისიც ბევრს ნიშნავს, რომ იერუსალიმში ქართველები სხვათაგან განსხვავებით აღმართული დროშებით შედიოდნენ.
ყოველთვის, ყოველ ეპოქაში მართლმადიდებლური ეკლესია იცავდა ქვეყნის ინტერესებს და გვერდში ედგა საერო ხელისუფლებას.
გავიხსენოთ წმინდანად შერაცხული კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, ბერი თევდორე, გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, გაბრიელ ეპისკოპოსი, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, კირიონ საძაგლიშვილი, ეპისკოპოსი ავალიშვილი, სხვანი და სხვანი, რომლებიც გამორჩეული სულიერებით, სიტყვით, საქმით, ხმლით იცავდნენ ქართველი ერის ინტერესებს და არა მარტო ერის სულიერი მამები იყვნენ, არამედ რიგითი მებრძოლნიც მისი თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
რაღა თქმა უნდა, ქრისტეშობიდან 2000 წლის აღნიშვნა უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ თარიღმა უკვე შესამჩნევი კვალი უნდა დაამჩნიოს ქართულ აზროვნებას, კულტურას, ეროვნულ თვითშეგნებას, როგორც თვით ქრისტიანობამ დაამჩნია ასეთი კვალი საზოგადოდ ქართველი კაცის სულიერ ცხოვრებას.
ამიტომაც ვანიჭებთ ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი ეკლესიის მთლიანობას და სიმტკიცეს და ძალზე შემაშფოთებლად მეჩვენება ამ ბოლო დროს გამოკვეთილი ეკლესიაში უნდაც უმნიშვნელო განხეთქილების ჩამოგდების მცდელობა. ჩვენი ეროვნულობის უმტკიცესი ბურჯის - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გახლეჩა უდიდესი ტრაგედია იქნებოდა ქართველი ერისათვის და ჩვენ ყოველივე ამას გულმშვიდად ვერ შევეგუებით.
საერო და საეკლესიო ხელისუფლება წინ უნდა აღუდგეს ამ ტენდენციების გამოვლენას და მე მივესალმები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დიდსულოვნებას, რომელიც დიდი მოთმინებით, წინდახედულობით და გონიერებით ცდილობს შეინარჩუნოს ქართული ეკლესიის ერთიანობა.
ქრისტეშობის 2000 წლის აღნიშვნა უნდა იქცეს ეკლესიის ერთიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორად, მან უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანი სხეულის შედუღაბებას.
ამ თარიღთან ერთად, საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი იუბილეც აღინიშნება.
ეს თარიღები არა მარტო ქრონოლოგიურად დაემთხვნენ ერთმანეთს, არამედ ლოგიკურადაც, რადგან საუკუნეთა გასაყარზე სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა ის ორი უმთავრესი ნიშა- ნსვეტია, ერის სახეს რომ განსაზღვრავს და წარმოაჩენს.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ თარიღების აღნიშვნის შესახებ და მიგვაჩნია, რომ ამით ახალ ერას, ახალ ისტორიულ ეპოქას დაედება საფუძველი ქვეყნის ისტორიაში.
მე ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმ ფაქტს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი თარიღის აღნიშვნის აუცილებლობის იდეა ზემოდან თავსმოხვეული არაა და იგი ერის წიაღიდან, თვით ჩვენი საზოგადოებრიობის ცნობიერებიდან წარმოიშვა.
ყოველ ცივილიზებულ ერს უჩნდება შინაგანი მოთხოვნილება ქვეყნის ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე მოიხედოს უკან და სიღრმისეულად გააანალიზოს თავისი რაობა, რანი ვართ, საით მივდივართ.
„როდესაც წარსული ცხოვრების გაგება-დაფასების სურვილი იბადება ხოლმე საზოგადოებაში, ეს იმის ნიშანია, რომ ამ საზოგადოებას თავის თავის დანახვა და გარკვევა მონდომებია, რადგან აწმყო შედეგია წარსულისა“, - წერდა ქართველი ფილოსოფოსი, მოაზროვნე და ეროვნული მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე ამ საუკუნის დამდეგს.
ვფიქრობ, სწორედ ეს მისია უნდა შეასრულოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი იუბილეს აღნიშვნამ ჩვენს ქვეყანაში: წარსულის შეფასების, დროთა კავშირის განმტკიცების და მომავლის განჭვრეტის მისია.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ორი საუკუნის შემდეგ ქართველი ერი ახალ სახელმწიფოს ქმნის - იმ ისტორიულ საფუძველზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიულ გამოცდილებაზე დამყარებულს, რომელიც მას გააჩნია და ამავე დროს ორიენტირებულს კაცობრიობის თანამედროვე მონაპოვარზე - დემოკრატიზმსა და ჭეშმარიტად ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე.
დღეს სხვა ისტორიული სიტუაციაა, ვიდრე ეს მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მაშინაც და ახლაც ინგრეოდა ძველი და იქმნებოდა ახალი და სწორედ ძველისა და ახლის ამ ჭიდილის მომენტში იჩენს თავს ერის შინაგანი მოთხოვნილება, გააცნობიეროს თავისი რაობა, ანუ პასუხი გასცეს შეკითხვას: „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით?“
ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მისია მაშინ ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა იკისრეს.
„სად არის ქართველი და ქართველობა?“- იკითხა ილიამ და ამით სათავე დაუდო ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებას საქართველოში.
დღეს მე-20 საუკუნის დამლევია და დღევანდელი ვითარებაც კვლავ გვაიძულებს ისევ და ისევ დავუბრუნდეთ ილიასეულ კითხვას და კარგად გავაცნობიეროთ ჩვენი რაობა.
ახლაც ძველის ნგრევის და ახლის დამკვიდრების პროცესია საქართველოში.
გადაიდგა გიგანტური ნაბიჯები ერის ცხოვრებაში.
საქართველო - თავისი ისტორიით, კულტურითა და ეროვნული ხასიათით დასავლურ-ევროპული ორიენტაციის ქვეყანა, საუკუნეთა შემდეგ კვლავ ევროპულ სამყაროს დაუბრუნდა, რომელსაც იგი თავის დროზე ძალადობით ჩამოაცილეს.
დღეს საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდა იმ მიზანს, რომელზეც საუკუნეების წინათ ჩვენი დიდებული წინაპრები ოცნებობდნენ.
საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ევროპული სტრუქტურების წევრი, მოდით, ისეც დავაფასოთ, უმთავრესი მონაპოვარი, მას ანგარიშს უწევენ, იგი აქტიურად მონაწილეობს რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, იბრუნებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი დერეფნის ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა.
ეს ჩვენი უდიდესი მონაპოვარია ამ საუკუნეში, მაგრამ მას სხვა მოვლენებიც ახლავს, რომელიც თავის თავში მსოფლიოს სხვა ერებთან დაახლოებას, ინტეგრაციული პროცესების განვითარებასაც გულისხმობს. ეს კი გვაიძულებს ვიზრუნოთ ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებაზე, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებაზე, ეროვნულ ცნობიერებაზე, რაც, უწინარესად, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასაც ნიშნავს, მსოფლიო პროცესებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, მაგრამ თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.
სწორედ ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების, საკუთარი „მე“-ს შეცნობა-წარმოჩენისთვის გვჭირდება ქართული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი თარიღის აღნიშვნა, რადგან სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა წარმოუდგენელია ეროვნული ცნობიერების სიმყარის და ეროვნული მიზნების სიცხადის გარეშე.
დღეს საქართველოს საპატრიაქომ მთელ ქართველ ერს მოუწოდა ერთად ვიფიქროთ ქრისტეშობის 2000 წლის აღნიშვნაზე და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ეს თარიღი მნიშველოვანი ნიშანსვეტი გახდეს ჩვენი ერის ცხოვრებაში.
ასევე ერთად უნდა ვიფიქროთ ყველამ ქართული სახელმწიფოებრიობის აღნიშვნის 3000-წლოვან იუბილეზე, როგორც კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტზე ქვეყნის ისტორიაში.
მე ვიცი, რომ ამაზე უკვე ბევრია ნაფიქრი.
მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩემს ერს, მოვუწოდო ჩვენს ინტელიგენციას, ბრძენ და გონიერ გლეხობას, მეწა- რმეებს, ახალგაზრდობას, ყველას, ვინც საუკუნეთა განმავლობაში ერის სახეს წარმოაჩენდა, იფიქროს ამაზე, თავისი ინტელექტუალური პოტენციალი მოახმაროს ამ თარიღის აღნიშვნას.
ვაქციოთ ქართული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვანი იუბილე ერის, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად.
ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოს ანგარიში ერის, ღვთის, მსოფლიოს წინაშე, სახელმწიფოსი, რომელსაც მართლაც აქვს უკან მოსახედი, რომელსაც თავისი წვლილი შეუტანია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ამ ორ თარიღს ემთხვევა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემიდან 800 წლისთავი.
საქართველოს უხილავი თუ ხილული მტრები კვლავ ათასნაირ ხრიკებს მიმართავენ, რათა ჩვენი ქვეყანა ისტორიული გა- ნვითარების ამ უმნიშვნელოვანეს გზჯვარედინზე სწორი გზიდან გადააცდინონ და ამას ისევ და ისევ ჩვენივე სისხლის და ხორცის ხელით აკეთებენ.
მეთოდიც კვლავ ნაცადი აქვთ: ერის მთლიანობის დარღვევა, ეროვნული სხეულის დაფლეთა და დანაწევრება.
დღეს, ისევე როგორც მრავალჯერ საქართველოს ისტორიაში, კვლავ გაისმა საშიში მოწოდებები, საშიში გამონათქვამები საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა სხვადასხვა წარმომავლობაზე.
მხედველობაში მაქვს ზოგიერთი პოლიტიკური ალიანსის მხრიდან მომდინარე იზოლაციონიზმის ტენდენციები. აქაც ფხიზლად უნდა ვიდგეთ სადარაჯოზე.
მე მიჭირს დავიჯერო, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ, რასაც აკეთებენ, მიჭირს იმის დაჯერებაც, რომ ისინი აშკარად ას- რულებენ ვიღაცის დავალებას, მაგრამ, უნდათ თუ არა, ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
სხვა რომ არა იყოს, ეს მკრეხელობაა ილია ჭავჭავაძის და ივანე ჯავახიშვილის, სხვა დიდი ქართველების ხსოვნის წინაშე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები იყვნენ და მათი ქართველობა არც თავად მათ და არც სხვას ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.
მომიტევეთ, მაგრამ აქ ის ქართული ლექსი მინდა შეგახსენოთ, რომელსაც ყოველი ქართველი სკოლის მერხიდან სწავლობს: „ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო“.
კარგი იქნება, თუ ვისაც დაავიწყდა ეს ლექსი, კიდევ ერთხელ ჩაიხედავს „დედაენაში“ და გაიხსენებს მას.
კარგი იქნება, თუ მავანი გაიხსენებს იმასაც, რომ, საბედნიეროდ, ქართველ ერს გვყვავს სულიერი მამა და „თანმდევი სული“, რომელიც შეგვაგონებს:
„ვაი, იმ ხალხს, ვისაც საერთო ძარღვი გაუწყდა, ვაი, იმ ერს... საცა ყველაში თვითო არ არის და თითოში - ყველა, საცა თითოეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თითოეულისათვის, სადაც „მე“ ხშირია და „ჩვენ“ - იშვიათი“.
დღეს ჩვენ ღვთის ტაძარში ვიმყოფებით.
სწორედ აქ, სადაც ყველაზე ახლოს უნდა ვიყოთ ღმერთთან, მინდა მოვუწოდო ქართველ ერს, ნუ მივცემთ მედროვეთ და გუშინდელთ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის სწორი გზიდან გადაცდენის უფლებას, ნუ დავკარგავთ ისტორიულ შანსს, მივყვეთ იმ გეზს, რომელიც სრული კეთილდღეობის გზაზე გაიყვანს საქართველოს.
აქ შეიძლება ზოგიერთებს არ დავეთანხმო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია სულიერება, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ღატაკი ხალხი შეიძლება იოლად ასცდეს ჭეშმარიტ გზას. დღევანდელი მსოფლიო მიდის სულიერი და მატერიალური სიმდიდრისაკენ. ამ გზას უნდა მივყვეთ ჩვენც და არავითარ შემთხვევაში სულიერება და მატერიალური კეთილდღეობა ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ.
დღეს ჩვენ კვლავ ვდგავართ არჩევანის წინ, ვის გზას გავყვეთ - ილიასი თუ ბოლშევიკებისა, საქართველოს თავისუფლების თუ საქართველოს დამონების გზას.
დარწმუნებული ვარ, საქართველო იმ არჩევანს გააკთებს, რომელსაც მას თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ქრისტიანული ცნობიერება უკარნახებს.
დასასრულ, მინდა რეგიონებში ჩემი მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ გითხრათ. მე ყველგან ვხვდები ადამიანებს, რომელთაც უკიდურესად უჭირთ, მაგრამ მე ვხვდები, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას იმედი არ დაუკარგავს, ხვდებიან, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელია, გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, ავაშენეთ ეროვნული სახელმწიფო. ჩვენი ხალხი შემობრუნდა უზენაესისაკენ, ღმერთისაკენ. არაა დარჩენილი სოფელი და ქალაქი, სადაც გაჭირვებული ხალხი ეკლესიას არ აშენებდეს. ვფიქრობ, ეს არის იმ ცოდვებისაგან განწმენდა, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ გარკვეული ეპოქებიდან.
საქართველო ძლიერი იყო, როცა ერი და ბერი ერთად იყო. მე ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ეკლესიას წინ მიუძღვის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის წარსული და კარგად ხედავს მომავალს. მეამაყება, რომ, როგორც პრეზიდენტი, ვთანამშრომლობ მასთან, ხელისუფლება, ეკლესია ერთ, ღვთიურ საქმეს ვაკეთებთ - ვაშენებთ ერთიან განუყოფელ საქართველოს და ვასრულებთ უზენაესის ნებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური საქინფორმი.
ბოროტებას მხოლოდ სიკეთე დაამარცხებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26 ოქტომბერი. - №290 (3331). - 1, 3 გვ.
![]() |
57 „31 ოქტომბერს ყველამ უნდა მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. საარჩევნო უბანში მოვა ყველა, ვისაც აწუხებს ქვეყნის ბედი, ვინც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე, ქვეყნის აღმავლობასა და გაძლიერებაზე“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- შაბათ-კვირას საქართველოში თბილისობა აღინიშნა. ეს იყო ერთგვარი ანგარიში დედაქალაქში გაწეული საქმიანობის შესახებ და მოსახლეობისთვისაც ეს მართლაც ზეიმია... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ:
- წლევანდელი „თბილისობა“, მე მგონი, განსაკუთრებით საინტერესო იყო და ამავე დროს უხვიც. ძალიან ბევრი შესანიშნავი ობიექტი ჩადგა მწყობრში. პირველად, ოცი წლის განმავლობაში, თბილისში აშენდა ახალი ესტაკადა, კარგად მიაქციეთ ყურადღება, მცხეთისაკენ მიმავალ გზაზე მართლაც დიდი ნაგებობაა, კეთილმოეწყო სანაპირო, ამოქმედდა ახალი ხიდი, გაყვანილია ტროლეიბუსის ახალი ხაზი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტრანსპორტის სიიაფის გათვალისწინებით და იმით, რომ ათიათასობით ოჯახს მოემსახურება. თითქმის დასრულდა საბურთალოში მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობა, რომელსაც „ბახტრიონი“ დავარქვით. აშენდა საბავშვო ბაღები, სკოლები, ახალი თეატრი გლდანის რაიონში, ახალი ეკლესიები და მრავალი სხვა.
ასევე მთელ საქართველოში - მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, უმძიმესი კრიზისის მიუხედავად, - მრავალი საარსებო მნიშვნელობის ობიექტი აშენდა. პირადად მქონდა საშუალება დავრწმუნებულიყავი ამაში, როცა გასულ კვირას საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოვინახულე. საერთო დასკვნა იოტისოდენა ეჭვს არ იწვევს: საქართველოში შენება გრძელდება, ნგრევა, ნგრევის ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა - იმ ეპოქაში ვეღარავინ ვერ დაგვაბრუნებს.
რასაკვირველია, კვლავინდებურად არსებობს მრავალი სირთულე, მრავალი ბარიერი, მაგრამ ისინი უნდა გადავლახოთ ეროვნული თანხმობითა და ერთობლივი ძალისხმევით.
ეს ეხება პრობლემებს ფინანსურ სფეროში, რომელთაც აქვს არა მარტო ობიექტური, არამედ სუბიექტური მიზეზებიც, - ენერგეტიკასა თუ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სხვა მიმართულებებს.
რაც შეეხება „თბილისობას“, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებას ყველაფერთან ერთად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან საქართველოს ყველა რეგიონს, გლეხობას, სხვადასხვა ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოიტანონ პროდუქცია დედაქალაქში და მოაწყონ საქალაქო ვაჭრობა.
ვფიქრობ, თბილისელებმა კარგად ისარგებლეს ამ შესაძლებლობით.
საპასუხოდ თბილისშიც შეიძლება დამუშავდეს სხვადასხვა პროგრამა რაიონებში პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით და ამაზე უკვე იყო დიდი სჯა-ბაასი გამგებლებთან და სხვადასხვა ხელმძღვანელებთან.
განსაკუთრებით აღვნიშნავ თბილისის მერიის მუშაობას. უდავოდ, მადლობას იმსახურებს პირადად მერი ბატონი ვანო ზოდელავა, რომელმაც, კოლეგებთან ერთად, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრი რამ მოასწრო და ბევრის გაკეთება შეძლო.
თბილისი პირნათელია ქვეყნის ბიუჯეტის წინაშე - და ეს იმ ვითარებაში, როდესაც სწორედ დედაქალაქია ბიუჯეტის უმთავრესი დონორი.
მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტის რწმუნებულებს, გამგებლებს, მერებს, რომლებმაც ყველაფერი იღონეს „თბილისობის“ წარმატებისათვის. მაგრამ ერთ მოვლენას მაინც გამოვყოფდი: ჩემზე წარუშლელი, მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სანაპიროზე თავმოყრილ ათიათასობით ახალგაზრდასთან შეხვედრამ. ეს სტიქიურად შეკრებილი ახალგაზრდობა იყო. მეამაყება, მართლაც მეამაყება, რომ ასეთი ულამაზესი, ნიჭიერი და სამშობლოზე თავდავიწყებით შეყვარებული ახალგაზრდობა გვეზრდება. ეს არის ჩვენი იმედი და ბედნიერება. გუშინ მე მათ ვუთხარი (რა თქმა უნდა, იქ დაცვა იყო წინააღმდეგი, მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება მოულოდნელად, მოუმზადებლად მისვლაო და ასე შემდეგ), რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომელიც გაურბის ახალგაზრდობას ან ეშინია მასთან შეხვედრის, ის ხელმძღვანელობა ღირსი არ არის სათავეში ედგეს სახელმწიფოს. ჩემი ბედნიერებაც ის გახლავთ, რომ მე მაქვს მორალური უფლება შევხვდე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და არა მარტო შევხვდე, არამედ ვუთხრა ის, რაც სათქმელი მაქვს. ასე რომ, ძალიან დასამახსოვრებელი და ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრა იყო.
- „თბილისობა“ საერთოდ ისეთი დღესასწაულია, როცა შეიძლება ქუჩაში ფეხით მოსეირნე პრეზიდენტს შეხვდე, ან ტროლეიბუსში ერთად ისხდნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი... ეს გამორჩეული დღეც არის...
- მე მგონი, ტროლეიბუსით მგზავრობა არაფრით არ არის უარესი, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის, ვიდრე „მერსედესით“.
- „თბილისობა“ იმასაც ნიშნავს, რომ შემოდგომა იწურება და პრინციპში წლის დასასრულიც არის. არცთუ ისე დიდი დრო დარჩა წლის ბოლოდე და შეიძლება თუ არა საუბარი ეკონომიკის განვითარების პირველ შედეგებზე...
- უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ, უდიდეს სირთულეთა მიუხედავად, უკვე სავსებით აშკარაა ეკონომიკის გამოცოცხლების, აღმავლობის მყარი ტენდენცია იმ ცნობილი კრიზისული მოვლენის გავლენის შემდეგ.
წარმოებაც თანდათანობით გამოდის ასეთი რთული ვითარებიდან. გრძელდება განუხრელი ზრდა ყველა მიმართულებით.
ძირითადი მაჩვენებელი, მაგალითად, თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო 6-7 თვეს, - ზრდა შეადგენს 1,7 პროცენტს. ეს თითქოს უმნიშვნელო ზრდაა, მაგრამ (დავაკვირდეთ ტენდენციას) სექტემბრის დამლევისათვის ეს მაჩვენებელი უკვე 2,4 პროცენტი გახდა და, ვფიქრობ, რომ ასე იქნება - აღმავლობის გზით ვივლით ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში თავისთავად.
მესამე კვარტალში, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 4,2 პროცენტს გაუტოლდა.
ახლა მეორე უმთავრესი მაჩვენებელი: ინფლაცია. მინდა იცოდეს მოსახლეობამ ეს განზოგადებული მაჩვენებელი.
სექტემბერში შარშანდელ დეკემბერთან შედარებით ფასების ინდექსმა 106,5 პროცენტი შეადგინა, ანუ ინფლაციის დონე თვეში საშუალოდ 0,7 პროცენტი იყო. საერთაშორისო ექსპერტები კი გაცილებით პესიმისტურ პროგნოზს გამოთქვამდნენ წლის დამდეგს.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია - სწრაფად მატულობს საშუალო და მცირე საწარმოთა რიცხვი საქართველოში. მე ახლა, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. თითქმის ყველა რაიონში, ყველა სოფელში ჩნდება პატარა საწარმო და ეს თავისთავად დიდ ეროვნულ სიმდიდრეს ქმნის.
მიმდინარე წლის იანვრიდან ახალშექმნილ 2400 მცირე საწარმოში, რომელთაგან თითოეულში 40-მდე კაცია დასაქმებული, გამომუშავებულია 86 მილიონი ლარის პროდუქცია (აი, სწორედ ეს არის მცირე ბიზნესი), რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 4 პროცენტით მეტია. ამ მაჩვენებელს ეკონომიკურ თეორიაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
იზრდება სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა რიცხვი. სამწუხაროდ, ჩვენში არის უმუშევრობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს კატასტროფულია, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, განვითარებულ ქვეყნებსაც კი. ჩვენთან უმუშევრობის დონე 5,4 პროცენტს შეადგენს. ეს, რაც აღრიცხულია. ბუნებრივია, ყველა, ვინც არ მუშაობს, აღრიცხვაზე დგება, რათა რაღაც გარკვეული დახმარება მიიღოს და სახელმწიფო დაეხმაროს სამუშაოზე მოწყობაში. კვლავინდებურად მაღალია ზრდის ტემპი ტრანსპორტის სფეროში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პროფესიული დღე მივულოცო საავტომობილო ტრანსპორტის მუშაკებს. ურთულეს პირობებში, საგანგებო სიტუაციებშიც კი მათ შრომა არ შეუწყვეტიათ და შესაძლებლის მაქსიმუმს აკეთებდნენ. საკმარისია ითქვას, რომ ცხრა თვის განმავლობაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო საქმიანობიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ორჯერ გაიზარდა. ეს ნამდვილი თავდადება და პატრიოტიზმია. ეს არის სწორედ ნამდვილი ეროვნული მოძრაობა, როცა შენი შრომითა და გარჯით აძლიერებ დამოუკიდებელ ქვეყანას.
ძალიან მოკლედ საბიუჯეტო შემოსავლის შესახებ:
საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით ოქტომბრის განვლილ პერიოდში მობილიზებულია 18 მილიონამდე ლარი, ანუ გეგმის 53 პროცენტი. სექტემბრის მონაცემებთან შედარებით გაცილებით უკეთესია - სექტემბერში 33 პროცენტი იყო.
გასულ კვირას საბაჟო დეპარტამენტმა ბიუჯეტში ჩარიცხა 4 მილიონ 500 ათასი ლარი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც თვის პირველ ნახევარში. აქაც თვალსაჩინოა ზრდა, თუმცა, იგი უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ცნობილი სუბიექტური პრობლემები, რაც უკვე ითქვა. არ შეიძლება საქართველოში შევეგუოთ იმას, რომ რომელიმე რეგიონი, ასე ვთქვათ, კატეგორიულად ამბობს უარს ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობაზე და, ვფიქრობ, ამის „სამკურნალო“ საშუალებაც გამოიძებნება. არსებობს სხვა რესურსები, სხვა რეზერვები. საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს ამ დღეებში აბსოლუტურად დაძაბული მუშაობა ელით, რათა რაც შეიძლება მეტი რესურსი შეიქმნას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხელფასი და პენსია გაიცეს დაუბრკოლებლივ.
- არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირაა დარჩენლი. უფრო სწორად, მეორე ორშაბათს უკვე არჩევნების შემდგომი რადიოინტერვიუ იქნება. თქვენ რამდენჯერმე გამოთქვით გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლას რეაქციული ძალა ესწრაფვის, რამდენად რეალურია თავისთავად ეს საფრთხე?
- საარჩევნო კამპანიას მართლაც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს და კიდევაც ვმონაწილეობ. თქვენთვის ცნობილია ჩემი მოგზაურობანი და ამის შედეგად მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილებანი. ვხვდებით ადამიანებს, მათ შორის, გაჭირვებულებს, სხვებსა და სხვებს. ვფიქრობ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მათი უმრავლესობა წინასწარ განსაზღვრული პროვოკაციის ელფერს ატარებს, არჩევნებისათვის მზადება მთლიანობაში ნორმალურად მიმდინარეობს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არა მარტო მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციურ ორგანიზაციებსაც. ყველანი უნდა იყვნენ დაინტერესებული სამართლიანი არჩევნებით.
ამომრჩევლებთან შეხვედრებით პირადად მე კმაყოფილი ვარ. საუბარი ყოველთვის საქმიანი და საგნობრივი იყო. და- მეუფლა და განმიმტკიცდა რწმენა, რომ მოსახლეობა აირჩევს ქმედითსა და დემოკრატიული ტრადიციის გამგრძელებელ პარლამენტს, რომელიც უზრუნველყოფს საარსებო მნიშვნელობის რეფორმების გაგრძელებას.
რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამომრჩევლის აქტიურობას. 31 ოქტომბერს ისევე როგორც 31 მარტის რეფერენდუმზე, ყველამ უნდა მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. საარჩევნო უბანში მოვა ყველა, ვისაც აწუხებს ქვეყნის ბედი, ვინც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ჩვენი შვილებისა და შვილშვილების მომავალზე, ქვეყნის აღმავლობასა და გაძლიერებაზე.
მე უკვე ვთქვი, რომ ამომრჩეველი, საკუთარი ხმის, საკუთარი მოქალაქეობრივი ნების დელეგირებით (ამა თუ იმ პარტიისადმი, ამა თუ იმ ძალისადმი) ქვეყნის მართვაში მონაწილეობს, განსაზღვრავს არა მარტო საკუთარი ოჯახის ბედსა და კეთილდღეობას, არამედ ქვეყნისა და სახელმწიფოს ბედსაც.
ახლა, რაც შეეხება თქვენს მთავარ კითხვას - ხელისუფლებაში ძალად მოსვლის რაღაც ცდებსა და სხვა, მე ასეთი გამოთქმაც ვიხმარე - საპარლამენტო გადატრიალება და სხვა...
- სხვათა შორის, ამ თქვენს გამონათქვამს ასეთი რეაქციაც მოჰყვა - როგორ შეიძლება საპარლამენტო გადატრიალებაზე ლაპარაკი, როცა ქვეყანაში არჩევნები ეწყობა...
- ახლავე მოგახსენებთ, კარგია, რომ თქვენ წამოჭერით და მიმანიშნეთ, გამომეთქვა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა მე ვლაპარაკობ და მივუთითებ ამ საფრთხეზე - საპარლამენტო გადატრიალების საფრთხეზე, რა თქმა უნდა, უწინარესად, მხედველობაში მაქვს ის, რომ ბევრი ცდილობს (ყოველ შემთხვევაში, არიან ასეთი ძალები), პარლამენტისაკენ გზა გაიკაფონ ფულით, მოსყიდვით, შანტაჟით, დაშინებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა განსხვავებაა ახლა - ძალას გამოიყენებენ თუ ფულით მოისყიდიან ამომრჩეველს და, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საკმაოდ ბევრი ფული დააგროვა მავანმა და მავანმა იმისათვის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მოისყიდოს. როცა საპარლამენტო გადატრიალების საფრთხეზე ვლაპარაკობ, მე მხედველობაში მყავს სწორედ ეს უცხო ძალის მიერ შთაგონებული, ის პოლიტიკური პარტიები და ბლოკები, რომლებიც სარგებლობენ ზოგი ნაქურდალით, ზოგიც სხვის მიერ ნაჩუქარი ფულით იმისათვის, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ და საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. ამიტომ ძალიან გულუბრყვილოდ მოჩანს ჩემი ოპონენტების მსჯელობა, არგუმენტები, თითქოს როგორ შეიძლება მოხდეს გადატრიალება არჩევნების გზით. როგორ არ მოხდება, თუ ძალით მოდის და მოისყიდის, შანტაჟის გზით მოდის, - გადატრიალება სწორედ ეს არის, თოფის სროლა ხომ არ არის აუცილებელი გადატრიალებისათვის?
კიდევ ვიმეორებ: ჩვენთვის მთავარია სამართლიანი, პატიოსანი არჩევნები, მთავარია შესრულდეს კონსტიტუცია, მთავარია საარჩევნო კანონი, დებულებები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ წლების განმავლობაში, - ყველაფერი ეს სრულდებოდეს და საქართველო იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახდეს, რომ ჩვენში ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები გაიმართა და გაიმარჯვეს დემოკრატიამ და დემოკრატიულმა ძალებმა და არა რეაქციულმა ძალებმა.
- თქვენ გადატრიალების შესახებ ილაპარაკეთ და ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის წინააღმდეგ რეალურად განხორციელებული ტერაქტები, გვახსოვს მცდელობა, რომელიც აღიკვეთა და კიდევ რაღაც, რაც ვერ განხორციელდა და რაც ან იციან, ან არ იციან სამართალდამცავმა ორგანოებმა, მაგრამ გასულ კვირას ამ კონტექსტით მინდოდა მეკითხა ეს - ძალიან სენსაციური განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ პრიმაკოვის მმართველობის პერიოდში სულ ცოტა ორჯერ მაინც იყო დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა. რამდენად რეალურად აფასებთ ყოველივე ამას? ის, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის გეგმები ბანგლადეშსა თუ ნიკარაგუაში არ იგეგმება, ეს ფაქტია, მაგრამ თავისთავად ამ ფაქტთან დაკავშირებით თუ შეიძლება რაიმე გვითხრათ?
- გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ქმედება (კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა) ცნობილ ტერაქტებთან, ისევე როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, კვლავაც გრძელდება და გაგრძელდება, სანამ უკლებლივ ყველა დეტალი არ გაირკვევა. შეიძლება გამოძიება დამთავრდეს და შემდეგ კვლავ გაგრძელდეს გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: პრეზიდენტს არც გამოძიების მასალებსა და არც ოპერატიულ მასალებზე ხელი არ მიუწვდება და არც უნდა მიუწვდებოდეს.
რაც შეეხება გასული კვირის „ხმაურიან სენსაციას“, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ინფორმაციის წყარო ისევ და ისევ ტერორისტი გიორგაძე და მისი მფარველები იყვნენ. ღმერთმა იცის, რა ვარიანტი აქვთ ახლა გათვალისწინებული.
დროულად რომ ყოფილიყო მთავარი ეჭვმიტანილი იზოლირებული, ბევრ გაუგებრობას თავიდან ავიცილებდით.
ვიმედოვნებ, რუსეთის ხელისუფლება, რომელიც გულწრფელად გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველ შემთხვევაში აცხადებს, ებრძოლოს ტერორიზმს, - ყოველ ღონეს იხმარს, რათა ამ გა- უგებრობასაც ბოლო მოეღოს. სამწუხაროდ, ეს უსიამოვნო მოვლენა რუსულ-ქართულ ურთიერთობაში დღემდე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და არც ერთ ძალას, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, მათ შორის ბატონ ევგენი პრომაკოვსაც, არ უზრუნიათ მოეხადათ თავიანთი ვალი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის წინაშე.
მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებამ, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვებმაც ბევრი რამ გააკეთეს წარსულ შეცდომათა გამოსასწო- რებლად, ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან ვაფასებთ.
- გუშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო - გაერომ თავის წარმომადგენლად საქართველოში დიტერ ბოდენი დაამტკიცა. თქვენ მას დიდი ხანია იცნობთ. იგი იყო ეუთოს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა იგივე ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციამ დიტერ ბოდენის მეშვეობით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა...
- დიტერ ბოდენი მართლა გამოცდილი დიპლომატია, ძალიან მოქნილი პიროვნებაა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და გონიერი კაცია. გამოცდილებაც დიდი აქვს, მისი დანიშვნა პირადად მე მინდა განვიხილო ისე, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში გაეროს შემდგომი გააქტიურების ნიშანი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი საუბარი მქონდა ნიუ-იორკში, როცა გენერალურ მდივანსა და მეგობარი ქვეყნების ცალკეულ წარმომადგენლებს, მათს ხელმძღვანელებს შევხვდი.
და, შეიძლება, ეს კიდეც მოასწავებდეს რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისს ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ყოველ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აპირებს მართლაცდა თავისი როლის შესრულებას, ვფიქრობ, ამ საქმეში დიტერ ბოდენი ყველაზე საუკეთესო ვარიანტია.
საქინფორმი.
„31 ოქტომბერს ყველამ უნდა მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. საარჩევნო უბანში მოვა ყველა, ვისაც აწუხებს ქვეყნის ბედი, ვინც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე, ქვეყნის აღმავლობასა და გაძლიერებაზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26 ოქტომბერი. - №290 (3331). - 1, 2 გვ.
![]() |
58 ძვირფასო ავტოტრანსპორტელებო |
▲back to top |
მილოცვა
მადლობას გიხდით იმ დიდი ძალისხმევისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ქვეყანაში შექმნილ ურთულეს და უძნელეს პირობებში. საგანგებო სიტუაციებშიც კი არ შეგიწყვეტიათ ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა დაგროვდა, ტრადიციულად შრომობდით მთელი მონდომებით და აკეთებდით შესაძლებლობების მაქსიმუმს. პროფესიული დღის აღნიშვნასაც ახერხებდით, რაც უდავოდ მისასალმებელია, რადგან ავტოტრანსპორტელთა წვლილი ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების საქმეში მეტად მნიშვნელოვანია.
ნიშანდობლივია, რომ წლეულს თქვენი პროფესიული დღესასწაული დაემთხვა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დღეს. იმედია, აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ არჩევნებში და მხარს დაუჭერთ ღირსეულ კანდიდატებს.
გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, გისურვებთ წარმატებებს იმ რთული და საპატიო მისიის შესრულებაში, რომელიც გაკისრიათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე.
ძვირფასო ავტოტრანსპორტელებო : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 29 ოქტომბერი. - №293 (3334). - 1 გვ.
![]() |
59 „ჩვენ მივდივართ მსოფლიო ცივილიზაციისკენ, რომელმაც უკვე გაგვიღო კარი“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ზუგდიდი,
1999 წლის 28 ოქტომბერი.
ვიდრე ჩემს სათქმელს შევეხებოდე, მსურს გავაკეთო განცხადება სომხეთში მომხდარ ტრაგედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირების მკვლელობასთან დაკავშირებით. წუხელ სამძიმარი გამოვუთქვი სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს. დღეს ამ შეკრებაზე კიდევ მსურს ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს გამოვუთქვა გულწრფელი თანაგრძნობა და ვუთხრა, რომ ამ მძიმე დღეებში მათთან ერთად ვართ. დღეს დიდად მნიშვნელოვანი დღე მქონდა. ამ თავსხმა წვიმაში სენაკში ჩამოსვლის შემდეგ, თითქმის ყველა რაიონში შევჩერდი, შევხვდი ადამიანებს, მათ შორის ხანდაზმულებს, მოხუცებს. ბევრი ცრემლიც ვნახე და, გამოგიტყდებით, მეც, ალბათ, ცრემლები მდიოდა იმიტომ, რომ ადამიანებში, მათ შორის, იმ ხალხშიც კი, რომლებმაც თავისი მშობლიური სახლ-კარი დაკარგეს, თავისი კუთხიდან გამოდევნეს, გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ და ახლა საშინლად უჭირთ, არც ერთ მათგანს ჩემთვის საჩივარი არ უთქვამს. ალბათ, იმიტომ, რომ იციან, ეს ყველაფერი ცნობილია. ამ ცრემლიან თვალებში მე ადამიანების იმედიანი გამოხედვა ამოვიკითხე. არ დამავიწყდება ის მოხუცი ქალები, რომლებიც გადამეხვივნენ და მითხრეს: შენი გვწამს, გვჯერა, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით.
სამეგრელოში ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ჩამოვდიოდი. ასე იყო ჩემი ახალგაზრდობის წლებში, როცა სწორედ სამეგრელოზე გავაკეთე არჩევანი. მაშინაც და ახლაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მიმაჩნია, რომ სამეგრელოს გარეშე საქართველო წელში გაწყვეტილია, ხერხემალგადატეხილია და იგი, საერთოდ, სახელმწიფო არ იქნება. როგორ შემიძლია უდიდესი სითბოთი არ მივმართო ხალხს, გიორგი ჭყონდიდელის შთამომავლებს, მას ხომ დავით აღმაშენებელი თავის სულიერ მამად აღიარებდა დიდ ეპოქაში, ერთიან და მძლავრ საქართველოში; როგორ შემიძლია, ქედი არ მოვიხარო იმ კუთხის წინაშე, სადაც დაიბადა ცოტნე დადიანი, რომელიც საქართველოში გმირობის, თავდადების, ერთგულების სიმბოლოდ იქცა. დღეს მას ჩვენმა თაობამ ფოთში ძეგლი აუგო და, ალბათ, არცთუ შორეულ მომავალში მას ძეგლს დედაქალაქიც დაუდგამს.
განსაკუთრებული მადლიერებით მივმართავ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით ცოტნე დადიანი წმინდა სინოდმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შერაცხა.
მომავალ წელს ქრისტეს დაბადებიდან ორი ათას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათას წლისთავს აღვნიშ- ნავთ. ეს თარიღი უშუალოდ არის დაკავშირებული კოლხეთთან, ესე იგი, თქვენს კუთხესთანაც, კოლხეთის ქართულ სახელმწიფოსთან. შემთხვევითი არ არის, რომ იგი „ვეფხისტყაოსნის“ ას წლისთავს ემთხვევა.
ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ საქართველოს ამ მხარეში ქრისტიანობის გავრცელება პირველ საუკუნეში დაიწყეს ქრისტეს მოციქულებმა, მათ შორის, ანდრია პირველწოდებულმა. მემატიანე წერს, რომ ქრისტიანობის გავრცელება ანდრია პირველწოდებულმა ზღვისპირეთში, „მეგრელთა სოფელსა შინა“ დაიწყო.
დიდი კმაყოფილების გრძნობით უნდა აღვნიშნო, რომ კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ორიოდე წლის წინათ აკურთხა აქ, სამეგრელოში, დაბა ჯვარში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჯვრის აღმართვა. ესეც სიმბოლურია, ესეც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ღმერთისკენ შემობრუნდა, ძველი ცოდვების მონანიება დავიწყეთ. სწორედ ამ კუთხის წარმომადგენელი იყო მსოფლიო მნიშვნელობის დიდი ქართველი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეორე პრეზიდენტი, აკადემიკოსი ილია ვეკუა, მსოფლიო სახელის მქონე ენათმეცნიერი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, დიდი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და მრავალი სხვა გამოჩენილი მეცნიერი. არ შემიძლია, არ გავიხსენო, რომ ამ კუთხეში, აქ, სამეგრელოში აღიზარდნენ დიდი პოეტები და პროზაიკოსები: ტერენტი გრანელი, ლეო ქიაჩელი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, დემნა შენგელაია და სხვები. ალბათ, სწორედ დუტუ მეგრელს უნდა დაეწერა ის სიტყვები, რომლებიც დედის რძესთან ერთად შევისისხლხორცეთ, რომელთაც დღეს ქართველი დედები ნანასავით უმღერიან შვილებს: „ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო“.
აქ, კოლხეთში, ბედიის ტაძარში, განისვენებს საქართველოს გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ მესამე. ამ ტაძარს წელს ათასი წელი უსრულდება. სამწუხაროდ, ჩვენ იქ ახლა ვერ მივდივართ, მაგრამ, მოვა დრო მივალთ და ქედს მოვიხრით მისი დამსახურების წინაშე. ეს ის ბაგრატ მესამეა, ქუთაისში ბაგრატის ტაძარი რომ ააგო, რომლის აღორძინება, ძველი სახით აღდგენა ჩვენი თაობის მოვალეობად ვაქციეთ.
დღეს ბევრი რამ ვნახე იმედის მომცემი. ამას ჩვენი ხალხიც ხედავს და რწმუნდება, რომ ჩვენ გაუგონარი განსაცდელიდან გამოვედით. გვახსოვს ის მწარე დღეები: წალენჯიხის მძიმე დღეები, ზუგდიდის ტრაგედია, სენაკში ვიღაც-ვიღაცეების შემოჯირითება (არა აქვს მნიშვნელობა ვის მხარეზე იყვნენ ისინი), ჩემი ჩხოროწყუში ჩასვლა - უმძიმესი პერიოდი. მე მაშინაც ვხვდებოდი სამეგრელოს მოსახლეობას. დღეს შევადარე: რა იყო მაშინ და რა არის დღეს. ჩვენ დღეს სხვა ხალხი ვართ, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც თავისუფლების და დამოუკიდებლობის გემო გაიგო, და რომელიც არასდროს ამიერიდან, აწ და მარადის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აღარ დათმობს.
დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი არჩევანის წინაშე დგას. შეიძლება, ხუთი-ექვსი წლის წინათ შეგვშლოდა და სხვა კურსი აგვერჩია. მაგრამ მაშინ, შიმშილისა და სიცივის პერიოდში, ჩვენ ავირჩიეთ კურსი, რომელსაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მსოფლიო ცივილიზაციასთან ნაზიარები ქვეყნის აშენება ჰქვია. ამ სამ-ოთხ წელიწადში ჩვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით, გონიერებით, ჩვენი ხალხის დიდი ინტელექტით, ერუდიციით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპის, მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი ვართ.
ზოგს უნდა, ეს ასე ახსნას: შევარდნაძეს სურს რუსეთზე საერთოდ უარი ვთქვათ, რუსეთი შეგვაძულოს. ეს ტყულია. რუსეთი მაშინ იქნება დამოუკიდებელი, დალაგებული და განვითარებული ქვეყანა, თუ ისიც ევროპული და მსოფლიო ცივილიზაცის გზით ივლის. აი, ასეთ რუსეთთან ჩვენ და ჩვენი შვილები ნამდვილად იმეგობრებენ, მაგრამ არა იმ გენერალთან, რომელიც ბათუმში რომელიღაც დივიზიას მეთაურობს (რომელიც, ალბათ, დიდხანს არ დარჩება იქ) და, რომელიც აცხადებს, ამა და ამ პოლიტიკურ ძალას მიეცით ხმა, და თუკი ის ძალა გაიმარჯვებს, ჩვენ მინიმუმ ოცდაათი წლის განმავლობაში მაინც დავრჩებით თქვენთანო. გაუვიდა ასეთ ხალხს ყავლი, ისევე, როგორც მათ, ვინც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ზის და ელანდება, რომ საქართველო ხვალ ნატოს წევრი გახდება. ვინ მიგვიღებს ხვალე, თორემ შევიდოდით. მომზადება გვჭირდება. კანონზომიერ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ცოტა ხნის წინათ რუსეთის ეს ძალები რამდენიმე ქვეყნის ნატოში მიღებას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. რა გამოვიდა აქედან? ის ქვეყნები ნატოში უკვე გაწევრიანდნენ.
საქართველო ევროსაბჭოს წევრია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც გაწევრიანდა, სადაც არც რუსეთი მიუღიათ ჯერ, არც ჩინეთი. საქართველო მიიღეს და მიიღებდნენ იმიტომ, რომ ჩვენმა პარლამენტმა შექმნა საკანომდებლო ბაზა - მიიღო შვიდასი კანონი, ის კანონები, რომლებიც აუცილებელია ევროპაში შესას- ვლელად. მათ გარეშე ევროსაბჭოს წევრი ვერ გავხდებოდით. მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოს ნატოს კარზე დავუკაკუნებთ, უფრო მძლავრად შევაღებთ ევროკავშირის კარიბჭეს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს რუსეთში, ეს მოაზროვნე ხალხია, ჭკვიანი პოლიტიკოსები, მეცნიერები, მე მათ მოვუწოდებ: რაღა დროს მსოფლიოს გაყოფაა კვლავ - ცალკე რუსეთად და ცალკე ევროპად. წარმოუდგენელია ამგვარი რამ. რუსეთის გზა თავის დროზე პეტრე დიდმა განსაზღვრა, რომელმაც თქვა: ჩვენ უნდა გავჭრათ ფანჯარა ევროპისაკენ. მერეც, რევოლუციამდელ რუსეთში გონიერი ხელმძღვანელები ამ გზით მიდიოდნენ. ამით ჩვენც დიდი სარგებელი ვნახეთ. ჩვენი დიდი მოღვაწეების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპულ კულტურას რუსეთში, მოსკოვისა და პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში ეზიარა. აქვს რუსეთს უფლება, ჩაიკეტოს ეს გზა? ამით ხომ თავს გაიღარიბებს?!
ჩვენ მივდივართ არა რომელიმე ქვეყნისაკენ, არამედ მსოფლო ცივილიზაციისაკენ, რომელმაც უკვე გაგვიღო კარი. ამ გზით უნდა იაროს რუსეთმაც და ყველამ, რათა ბოლოს შეიქმნას ერთიანი მსოფლიო ცივილიზაცია, მაგრამ ისე, რომ ყველა ერს, ყველა ქვეყანას თავისი სახე ჰქონდეს. ქართული ფენომენი უნდა შევინარჩუნოთ, ვინაიდან იგი მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია. ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ, რადგან გვსურს ჩვენი კულტურის, მეცნიერების არა მარტო გადარჩენა, არამედ განვითარებაც.
ქართული გენისანი არიან მეცნიერები, რომლებიც ანტენარეფლექტორის შექმნით კოსმოსში გავიდნენ. ისინი ნახევრად გათოშილნი, მძიმე პირობებში მუშაობდნენ, როცა ჩვენი დღეების ამ საოცრებას ქმნიდნენ. ჩვენ ამის დაკარგვა არ შეგვიძლია, პირიქით.
მე მადლობელი ვარ თქვენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მუშაობით. სამეგრელოს უმაღლეს სასწავლებლებში დღეს ათი ათასი სტუდენტი სწავლობს. შესაძლოა ზოგმა მომავალში შეიცვალოს პროფესია, მაგრამ მთავარი არ უნდა დაიკარგოს: ქართველების სწრაფვა განათლებისაკენ, მეცნიერებისაკენ. ეს არის ხვალინდელი დღე. შემდეგი საუკუნეები იქნება მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ხანა. მივესალმები ყოველივე სიკეთეს, რაც სამეგრელოში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში ხდება.
მეამაყება, რომ საქართველოში არც ერთი თეატრი არ დაიხურა, პირიქით, ოცდაორი ახალი თეატრი გაიხსნა. ესე იგი, ეს გენებში გვაქვს და არ უნდა დაიკარგოს.
მივდივართ რა მსოფლიო ცივლიზაციის გლობალურ პროცესებში, არავითარ შემთხვევაში ჩვენი ქართველობა, ჩვენი მეობა, ჩვენი წარსული არ უნდა დავკარგოთ: ის, რითაც ვამაყობთ ჩვენ, ამაყობდნენ წინაპრები და, დარწმუნებული ვარ, იამაყებენ ჩვენი შვილები.
თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვეღარავის დავუთმობთ. სწორედ დღევანდელ დღეზეა მორგებული გალაკტიონის „დროშები ჩქარა“, სადაც პოეტი ამბობს: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა...“
ძალიან მძაფრი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოში, ძალიან მძაფრი. ვუბრუნდები იმ აზრს, რითაც დავიწყე. საბედისწერო მიჯნასთან ვდგავართ: კურსი ჩამოვაყალიბეთ, სახელმწიფო გავხდით, ანგარიშს გვიწევენ, მსოფლიო გვეხმარება, მსოფლიო არა მარტო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აღიარებს, არამედ აღიარებს უკვე საქართველოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, რომელმაც შეძლო სამ-ოთხ წელიწადში მსოფლიო სტადარტების შესაბამისი კანონები მიეღო, რომელსაც ასეთი პარლამენტი ჰყავს. აი ასეთი მსოფლიო აღიარებით სარგებლობს ჩვენი ქვეყანა. გვაქვს უფლება, შევცვალოთ ორიენტაცია და სხვა მიმართულებით წავიდეთ? არა! მე ერთ-ერთ გამოსვლაში აღვნიშნე, - ის, რაც გამიკეთებია წინათ და დღესაც, თუნდაც თავგანწირვა, მაძლევს უფლებას, კი არ გთხოვოთ, არამედ მოვითხოვო ყველა მოქალაქისაგან, კურსი არ შეაცვლევინოთ ქვეყანას!
ყველაფერს შევძლებთ, ყველა პრობლემას გადავჭრით. გარწმუნებთ, სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში, ყოველ შემთხვევაში, ჩემი პრეზიდენტობის ბოლომდე საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, ნამდვილად აღორძინებული, ერთიანი. ამ დღეებში გურიაში ვიყავი, იმერეთში გახლდით, დუშეთში, კახეთში, ქართლში, ყველა კუთხე მოვიარე. სვანეთი დამრჩა. აუცილებლად ავალ იქ ცოტა მოგვიანებით. ყველგან, ყველა ბრძენი ადამიანი, ხანშიშესული თუ ახალგაზრდა ამ აუცილებლობას უსვამდა ხაზს - ერთობა და ერთიანობა. ცოტა ძნელი შესათავსებელია პოლიტიკური პლურალიზმი, სხვადასხვა პოლიტიკური აზრი, შეხედულება, ხანდახან ერთმანეთის გამომრიცხავიც კი, და მეორეს მხრივ, ერთიანობა, ერთად ზრუნვა ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. მხოლოდ ბრძენ ხალხს შეუძლია ამის შეთავსება.
რაც შეეხება პოლიტიკურ პლურალიზმს და სხვადასხვა აზრის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების არსებობას, ესეც მონაპოვარია. მონაპოვარია ისიც, რომ პარლამენტში გვყვავს ოპოზიცია, რომლის გარეშე დემოკრატიული ქვეყანა ვერ იარსებებს. ერთი რამის მეშინია: პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქვეყანა არ გათიშოს. ამ საფრთხის სიმპტომები გამოჩნდება ხოლმე. ძვირფასო მეგობრებო! ჩემო მეგრელებო, ჩემო ქართველებო, ყველას მივმართავ, ძალიან ფრთხილად ვიყოთ, გვეყო სეპარატიზმის გაკვეთილი, რომელიც მიიღო საქართველომ. არავითარი მსგავსი ჩვენს ქვეყანაში აღარ გამეორდება!
აჭარა ჩემი სამშობლოს არც ერთ კუთხეზე ნაკლებად არ მიყვარს. აჭარა ჩვენი თვალისჩინია, რამდენი უბედურება გადაიტანა მან. კვლავ დაუბრუნდა დედასამშობლოს მისგან მოწყვეტილი ეს კუთხე. ეს არის ჭეშმარიტ ქართველთა მხარე, რომლითაც ვამაყობთ და ყოველთვის ვიამაყებთ. როგორ შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ჩოლოქთან ახალი ჯებირი აღმართეს, სად გაგონილა ამგვარი რამ? შესანიშნავი ახალგაზრდა მოღვაწე ზურაბ ნოღაიდელი ქობულეთელი სამი დღეა ჩოლოქთან დგას, ცოლ-შვილი ქობულეთში ჰყავს და შინ არ უშვებენ იმიტომ, რომ მოქალაქეთა კავშირის დეპუტატობის კანდიდატს უჭერს მხარს. სად გაგონილა, ახალი ბლოკების ამოშენება, აჭარაში თბილისიდან, ფოთიდან, საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან თუ რაიონიდან ხალხი რომ არ შემოუშვან? მჯერა, ეს შეცდომაა. ყველაფერი შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ ასეთ შეცდომაზე ყველამ უნდა ვილაპარაკოთ, ქვეყანას ასეთი პოლიტიკური თამაში შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. ამიტომ, ჩემს საქართველოს მინდა დღეს სწორედ აქედან, ზუგდიდიდან მოვუწოდო: როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს ჩვენი აზრები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, სოფლის მეურნეობა იქნება ეს, მრეწველობა თუ ეკონომიკა, ჩვენ მაინც უმთავრესი საზრუნავი უნდა გვქონდეს - ერთიანი, მთლიანი და ძლიერი საქართველო.
სამეგრელოში მცხოვრები პენსიონერების, პედაგოგების და სხვათა მიმართ ჩვენი დავალიანება თხუთმეტ მილიონ ლარზე მეტია. ჩემი, როგორც პრეზიდენტის პირველი სიტყვა ბოდიშის მოხდა უნდა ყოფილიყო. ჩვენ მსოფლიო კრიზისი დაგვატყდა თავს, დანგრევას გადავურჩით, ახლა ამ მდგომარეობიდან გამოვდივართ. ცოტა ხანს კიდევ უნდა გავუძლოთ. მიუხედავად გაჭირვებისა, იმ წლებისა, რომლებიც გადავიტანეთ და იმ მცირე სიძნელეებისა, რომლებიც კიდევ გველოდება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოოდ დავაღწევთ თავს კრიზისს. დღევანდელი თაობა ბედნიერი თაობაა. ჩვენ, ხანდაზმულ, საშუალო ასაკის ადამიანებსა და ახალგაზრდებს წილად გვერგო დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. რა არის ეს, თუ არა ბედნიერება? სხვა ყველაფერს მოევლება, ვალსაც ეშველება. გახსოვთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ არ იქნება ეს მსოფლიო, ეს პლანეტა მშვიდობიანი მანამ, სანამ არსებობს უფსკრული სიღატაკესა და სიმდიდრეს შორის. ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თითქმის იგივე სიტყვები გაიმეორა მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს: ქვეყნებმა, რომლებმაც ვალი აიღეს და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგნენ, ეს ტვირთი უნდა მოიხსნან. ამ ტვირთს ჩვენც თანდათანობით ჩამოვიცილებთ.
ჩემთვის იმაზე უფრო სასიხარულო რამ არ არსებობს, რაც ბატონმა ბონდო ჯიქიამ, ჩემმა უმცროსმა მეგობარმა, უჭკვიანესმა, უნიჭიერესმა ადამიანმა ბრძანა: მთელ სამეგრელოში ოცდაათი ათას ტონამდე ჩაი მოიკრიფა. სამი-ოთხი წლის წინათ, როცა ტანკები დაჯირითობდნენ, ტყვიამფრქვევის კაკანი ისმოდა, ხიდებს აფეთქებდნენ, განა ვინმეს შეეძლო ამაზე ფიქრი? დღეს ვნახეთ ჩაის აღდგენილი პლანტაციები. სარეკორდო მოსავალი მოდის. იმ წლებში სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, საშინელი სურათი იყო: გაძვალტყავებული პირუტყვი, არც ერთი ჰექტარი მოხნული მიწა. დღეს 140 ათას ტონა სიმინდის მოსავალზე ვსაუბრობთ. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში აღორძინება, აღმასვლა დაიწყო, რასაც ვერაფერი შეაჩერებს.
დღეს თხილის გადამამუშავებელი საწარმო მოვინახულეთ. ხალხი უკვე საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსავლის აღების, დამუშავებისა და გაყიდვისათვის, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ვალუტა და სიმდიდრე შემოვიტანოთ.
ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში აღმავლობა დაიწყო. იქ ვნახე ადამიანები, რომლებმაც ქარხნის გახსნისას დაიწყეს მუშაობა. თავის დროზე, როცა ეს საწარმო გავხსენით, მაშინ ის ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც ყურადღებას იმსახურებდა. დღეს აქ მრავალი სახის პროდუქციას უშვებენ. იცით, ყველაზე მეტად რამ გამახარა? არა იმან, რომ ქარხანა კვლავ ამუშავდა, ანდა იმან, რომ ცოტაოდენი დახმარება გავუწიეთ მას სამასი ათასი ლარის სახით, გამეხარდა ის, რომ დირექტორი და კოლექტივი მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შესახებ მსჯელობენ.
დღეს უბედნიერესი ადამიანი ვიყავი: მოსახლეობას მიწის საკუთრების სიგელები გადავეცი. ყველა საკუთრებაზე ძვირფასი მიწაზე საკუთრების უფლებაა, დღეს მთელი საქართველო მიწის მესაკუთრეა. დარჩა რომელიმე პედაგოგი, ან ექიმი, ან სხვა სპეციალისტი, რომელსაც მიწა არ მიეღოს? თუ დარჩა, უნდა მივცეთ, ეს ხომ ჩვენი ეროვნული საკუთრებაა. ქალაქად მცხოვრებმა 370 ათასმა ოჯახმა სოფლად მიიღო მიწა. თუ ქართველ კაცს მიწაზე ფეხი უდგას, ის მუხლჩაუხრელად იშრომებს. ბედნიერი ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ განვიცადე ეს სიხარული.
მოქალაქეთა კავშირმა მანიფესტი გამოსცა, რომელშიც ამოიკითხავთ: სტაბილურობიდან - კეთილდღეობამდე. სტაბილურობას მივაღწიეთ, თუ ჩვენი ხელით არ დავანგრევთ, სტაბილურ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, კეთილდღეობამდე კი არც ისე შორია. საქართველოში ღატაკები არ იქნებიან. ჩვენ გვსურს ავაშენოთ სამართლიანი საქართველო, სადაც ყველა მოქალაქე კარგად იცხოვრებს.
დღეს ჩვენ მდინარე ენგურზე ხიდი გავხსენით. ეს ბატონი ბორის სარალიძის და ჩემი დამსახურებაა. ბატონმა ბონდო ჯიქიამ მთხოვა და ავაშენეთ იგი. იქ, ხიდის გახსნისას, რამდენიმე ადამიანი გამოვიდა სიტყვით, მათ შორის, პედაგოგი ქალბატონი სოხუმიდან, რომელმაც თქვა: ჩვენ ეს ხიდი აფხაზეთში მშვიდობიანად დაბრუნებისათვის და აფხაზებთან ერთად მშვიდობიან ვითარებაში ცხოვრებისათვის გვინდა.
აფხაზეთშიც განმტკიცდა რწმენა, რომ ისინი ქართველების გარეშე ვერ იცხოვრებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა დრო, ცოტა მოთმინებაც გვჭირდება ამ ტკივილის მოსაშუშებლად. გახსოვთ, კოსოვოში ნატოს ძალები რომ შევიდნენ, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ვიყავი, რომელიც ამ ოპერაციას მიესალმა. ამით ნატომ ეთნოწმენდის ავტორები დასაჯა. დღეს, ასე თუ ისე, წესრიგი მყარდება და დარწმუნებული ვარ, ყველას თავის ადგილს მიუჩენენ. მე ჩამოვაყალიბე პრინციპები, თუ რა სტატუსით უნდა სარგებლობდეს კოსოვო (სადაც ძირითადად ალბანელები ცხოვრობენ) ერთიან იუგოსლავიაში. ჩვენ ამაზე მეტს ვთავაზობთ აფხაზებს. სხვათა შორის, ეს პრინციპები მე გავუგზავნე გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს და თითქმის ყველა სახელმწიფოს მეთაურს. ამ საფუძველზე, რომელსაც საქართველო აფხაზებს სთავაზობს, იქ მართლაც შეიძლება მეგობრულად და, მომავალში ძმურად იცხოვრონ ქართველებმა და აფხაზებმა. თუ სხვა გზა აუცილებელი გახდა (გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება), მაინც ვუბრუნდებით მთავარ საკითხს: საქართველო ძლიერი, სტაბილური და ერთ მუშტად შეკრული უნდა იყოს. აი, მაშინ შეიძლება ვთქვათ: არ გინდათ ჩვენთან ცხოვრება, არ გსურთ, ჩვენი მიწა-წყალი დაგვიბრუნოთ, 300 ათასი ლტოლვილი თავის მიწაზე დავაბრუნოთ? მაშინ, სხვაგვარად დაგელაპარაკებით. ეს უკიდურესი ზომაა. მაგრამ დღეს ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ვართ. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ომში ჩათრევა, როგორი სისხლისღვრა მოგვიტანა ომმა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი იყოს საჭირო და საქართველოს გაერთიანების პრობლემა გადაიჭრება. ოსები ბრუნდებიან საქართველოში. ქართველები ბრუნდებიან ცხინვალის რეგიონში, ხალხის შერიგება დაიწყო. აფხაზები, მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები, ნათესავები და სხვები, ჩამოდიან თბილისში. ეს პროცესი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მოვუწოდებ ყველას: ვისაც კი ნაცნობი, ნათესავი ჰყავს იქ დარჩენილი, ნუ გაწყვეტს ამ კავშირებს, ყველაზე საიმედო, ისევ და ისევ, არის კავშირი გულთა შორის. დავიწყოთ, ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც საქართველოს გამთლიანება, ერთიანობა ჰქვია.
„ჩვენ მივდივართ მსოფლიო ცივილიზაციისკენ, რომელმაც უკვე გაგვიღო კარი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30 ოქტომბერი. - №294 (3335). - 1, 2 გვ.
![]() |
60 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს |
▲back to top |
მილოცვა
გულითადად გილოცავთ თქვენი სახელოვანი ინსტიტუტის 70 წლის იუბილეს.
საქართველოს მეციერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებასა და მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში. თქვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დამსახურებაა მრავალი უნიკალური ობიექტის მშენებლობა საქართველოში, რომელთა საინჟინრო-ტექნოლოგიური გადაწყვეტის დონე საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდება.
გაივლის რამდენიმე წელი, და თქვენი ინსტიტუტის პოტენციალი ძალზე დასჭირდება აღმშენებლობის გზაზე დამდგარ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს.
გმადლობთ, რომ კვლავინდებურად ერთგულად დგახართ ქართული მეცნიერების სამსახურში, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30 ოქტომბერი. - №294 (3335). - 1 გვ.
![]() |
61 ახალგაზრდა შემოქმედთა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს |
▲back to top |
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო,
გულით გილოცავთ ახალგაზრდა შემოქმედთა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატის წოდებას.
გაივლის წლები, თქვენ ბევრად უფრო სახელოვანნი გახდებით, კიდევ ბევრ პრემიას და ჯილდოს მიიღებთ, ბევრად უფრო საპატიოს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პრემია თქვენთვის ყველაზე სამახსოვროდ დარჩება, რადგან იგი თქვენთვის, ალბათ, პირველია და თქვენც, როგორც მისი ლაურეატები, პირველნი ხართ.
თქვენ, როგორც შემოქმედნი, ახლა გადადგამთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, დრო გაივლის და თქვენ ახალ სიმაღლეებზე ახვალთ, თქვენთან ერთად გაიზრდება ახალგაზრდა შემოქმედთა „წინანდლის პრემიის“ ავტორიტეტიც, მისი მნიშვნელობა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. მე უაღრესად მადლიერი ვარ ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა, რომელმაც შესძლო ჩემი თხოვნის პრაქტიკულად განხორციელება - ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარების ტრადიცია აღადგინა და პრემიაც დააწესა.
მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ უკვე პირველი ლაურეატები იღებენ ამ ჯილდოს.
მსურდა, დღეს თქვენთან ვყოფილიყავი, მინდა ყოველ თქვენგანს შევხვდე, ვიცოდე როგორები ხართ, რა ოცნებებით მოდიხართ ქართულ ხელოვნებაში, როგორ გესახებათ მისი განვითარება.
ზოგ თქვენგანს ვიცნობ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტები ხართ და ვიცი, ზოგის სახელი კი პირველად გავიგე და იმედი მაქვს სულ მალე მომეცემა საშუალება ახლოს გავიცნო თქვენი შემოქმედება.
იმედი მაქვს, თქვენ ღირსეულად განაგრძობთ ქართული კულტურის დიდ ტრადიციებს.
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.
ედუარდ შევარდნაძე.
ახალგაზრდა შემოქმედთა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი. - №295-296 (3337). - 1 გვ.
![]() |
62 ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს - ქართული დემოკრატიის, ანუ ეროვნული სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთ შესანიშნავ გამარჯვებას! |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები უკვე დასრულდა. პირველი შედეგებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა „საპარლამენტო გადატრიალება“ საქართველოში? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მე დღეს ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები, რადგან ჯერჯერობით მაინც წინასწარ შედეგებზე გვაქვს საუბარი, თუმცა ეს წინასწარი შედეგები, პრინციპში, ალბათ, სერიოზულად არ უნდა შეიცვალოს.
არჩევნები გაიმართა. უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს - ქართული დემოკრატიის, ანუ ეროვნული სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთ შესანიშნავ გამარჯვებას!
ამჯერად ვგულისხმობ არა მარტო წინასწარ შედეგს, არამედ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პატრიოტული პასუხისმგებლობა.
31 ოქტომბრის არჩევნებით, მისი უდავოდ დემოკრატიულობით, საჯაროობით და გახსნილობით საქართველომ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ნამდვილად იყო ღირსი დიდი აღიარებისა და იმისა, რომ გაწევრიანებულიყო ევროპის საბჭოში.
ასევე მადლობის სიტყვებით მივმართავ იმ პარტიებს, იმ ბლოკების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ სათანადო, ნორმალური ატმოსფერო ყოფილიყო შექმნილი, თუმცა შეიძლება ეს ყველგან ვერ მოხერხდა, თავისუფალი არჩევანისათვის.
ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმის 60 პროცენტმა, რაც უდავოდ მაღალი მაჩვენებელია პარლამენტის არჩევნებისათვის.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი აღმოჩნდა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება, წინასწარი მონაცემებით, ვიმეორებ, წინასწარი მონაცემებით (ეს შეიძლება კიდევ შეიცვალოს), პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა.
უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიამ მიიღო გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე 1995 წლის არჩევნებში, როდესაც იგი მხოლოდ იწყებდა საპარლამენტო მოღვაწეობას. ისევ წინასწარი მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა კავშირი მიიღებს საპარლამენტო მანდატთა უმრავლესობას - იმაზე მეტს, ვიდრე ჰქონდა 1995 წლის მოწვევის პარლამენტში, რაც ქმნის ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს, კარგ პირობებს, კიდევ უფრო შედეგიანი კანონშემოქმედებისა და ყველა საპარლამენტო ფუნქციის შესრულებისათვის.
საპარლამენტო უმრავლესობა უფრო პროფესიულიც იქნება, ისევე, როგორც, ალბათ, ჩვენი ოპონენტების შემადგენლობა, ვინაიდან გაიზარდა პროფესიონალი იურისტების, ეკონომისტების, ბიზნესიდან მოსული მოღვაწეების, მრეწველებისა და სხვათა და სხვათა რიცხვი.
რა თქმა უნდა, უმრავლესობის მოპოვება არათუ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენს პატივცემულ კოლეგებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც პარლამენტში იქნებიან.
მოქალაქეთა კავშირი ყოველთვის მზად იყო საპარლამენტო უმცირესობასთან, ან უმცირესობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ხშირად ეს საკმაოდ წარმატებითაც ხორციელდებოდა.
აგრეთვე წინასწარი მონაცემებით, „აღორძინების“ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებსაც გარანტირებული აქვთ 7 - პროცენტიანი ბარიერის დამაჯერებელი გადალახვა. თუმცა თანაფარდობა ჯერ საბოლოოდ არ არის გარკვეული.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ზოგიერთი მათგანი მიუახლოვდა კვოტას. მოხვდებიან თუ არა ისინი პარლამენტში, ეს უახლოეს დღეებში საბოლოოდ გაირკვევა, უფრო სწორად დღის განმა- ვლობაში, როდესაც დასრულდება ხმების დათვლა. ასევე წარმატებით ჩაიარა მაჟორიტართა არჩევნებმა. ახლა არც წინასწარ შედეგებს ვაცხადებ და არც საბოლოო შედეგებს, ამას ყველაფერს ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებს.
მთლიანობაში, მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სიბრძნე, გამჭრიახობა და ის დებულებაც, რომ ერი საუკუნისა და ათასწლეულის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ თუ შეცდეს (და თუ არ შეცდება, ეს კიდევ უკეთესია), მაგრამ შემდეგ სხვა შეცდომას აღარ დაუშვებს. რაც შეეხება იმ გამონათქვამს - „საპარლამენტო გადატრიალებას“, როცა დავდიოდი ჩემს ამომრჩევლებთან, საქართველოს მოსახლეობასთან შესახვედრად, მე ვამბობდი, რომ ასეთი საფრთხე არსებობდა. ახლა ასევე დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს საფრთხე აღარ არსებობს, რადგან მოსახლეობამ, როგორც ჩანს, გააკეთა ის არჩევანი, როგორიც ისტორიის, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე უნდა გაეკეთებინა.
საქართველომ 1999 წლის 31 ოქტომბერს, ანუ ახალი საუკუნისა და ათასწლეულის კარიბჭესთან ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი იმ სტრატეგიულ გეზს, სახელმწიფოებრივ კურსს, რომელიც არა მარტო პრეზიდენტმა, არა მარტო მოქალაქეთა კავშირმა, არამედ მთელმა ჩვენმა ხალხმა, მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ შეიმუშავეს მე-20 საუკუნის მიწურულს. ეს კურსი გამოხატავს ჩვენი მრავალჭირგამოვლილი და ღირსეული ერის საუკუნოვან სწრაფვას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, აღორძინებისა და აყვავებისადმი. ეს მარად უკვდავი იდეალები თან სდევდა ქართველთა ყველა თაობას.
ერმა უერთგულა საკუთარ ისტორიულ არჩევანს. 31 ოქტომბერი ამ თვალსაზრისით 31 მარტის დიდი ეროვნული რეფერენდუმის გაგრძელება და მისი ფაქტობრივი განხორციელება გახდა.
ამჟამად კი, ჩვენი უმთავრესი საზრუნავია, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს ორგანიზაციული საკითხები, საბოლოოდ დასრულდეს საარჩევნო პროცესი (მოგეხსენებათ, ზოგიერთ რაიონში საჭირო გახდება მეორე ტურიც) და ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე შეუდგეს თავისი მოვალეობის აღსრულებას. ბუნებრივია, გაათკეცებული მუშაობა დასჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მთელ სისტემას, რათა კანონმდებლებთან ერთად შეუდგეს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას, ესე იგი, სიტყვა საქმედ აქციოს.
უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო უცხოელ მეთვალყურეებს, რომლებიც მრავალ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, თუ არ ვცდები, მარტო უცხოეთიდან 200-ზე მეტი მეთვალყურე მონაწილეობდა, რომელთა აქტიურმა მოღვაწეობამ უდავოდ შეუწყო ხელი საარჩევნო კანონის დარღვევათა მინიმუმამდე შემცირებას.
მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ, ყოველ შემთხვევაში, იმ დიდი ნაწილისა, რომელთანაც ჩვენ გვქონდა კონტაქტები წუხელ და დღეს დილის განმავლობაში, საქართველოში გამართული არჩევნების საერთო შეფასება დადებითია. უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული განვითარების გზაზე. რაც შეეხება შენიშვნებს, დარღვევებს, ზოგი რამ დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს, ზოგიც სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ.
- თქვენ რამდენჯერმე ბრძანეთ, რომ კონკრეტული შედეგები საბოლოოდ არ არის ცნობილი და ნათელი, და ბევრ თემაზე საუბარი ალბათ ძნელია. მაინც, რითი ახსნით საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ასეთ მაღალ პროცენტს, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია?
- მე ვფიქრობ, რომ მაინც ნდობის ფაქტორმა იმუშავა, რომელიც გამოიჩინა მოსახლეობამ, ჩემთვის, მაგალითად, ეს მოულოდნელი არ ყოფილა და მე უფლება მაქვს გამოვთქვა ასეთი აზრი. მოქალაქეთა კავშირი, პრეზიდენტი, მისი გუნდი გაცილებით მეტ გარანტიებს ქმნის სტაბილურობისა და აღორძინებისათვის, ვიდრე სხვა ძალები. ამაში მე ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს სხვა ძალების, სხვა პარტიების ღირსების დაკნინებას. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ არჩევნებში.
საქინფორმი.
ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს - ქართული დემოკრატიის, ანუ ეროვნული სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთ შესანიშნავ გამარჯვებას! // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 2 ნოემბერი. - №297 (3338). - 1,2 გვ.
![]() |
63 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
1999 წლის 1 ნოემბერი
ბრიფინგის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება:
- მსურს, მოგილოცოთ მართლაც დიდი გამარჯვება, რომელიც ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა - დემოკრატიული არჩევნების წარმატებით ჩატარება. სწორედ ასეთია უცხოელ დამკვირვებელთა დიდი ნაწილის აზრი და ჩემი პირადი შეხედულებაც. მოლოცვასთან ერთად, მსურს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს კოლეგებს, პრესას, ტელევიზიას, ყველა პროგრამას, ჩვენს მომხრეებს თუ მათ, ვინც გვაკრიტიკებს, მადლობა მოვახსენო. დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი სიტყვის, პრესის, პიროვნების თავისუფლებაა. ამ თავისუფლებისა და ამ კულტურის გარეშე, ალბათ, ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა არჩევნების იმ დონეზე ჩატარების თაობაზე, რომლის შესახებაც მოგახსენეთ. პრესა და ტელევიზია მუშაობდა აქტიურად, როგორც ვიცი, არავინ შეზღუდულა, გამოეთქვა საპირისპირო აზრი ან მხარდაჭერა, მათ შორის, მოქალაქეთა კავშირისა და პრეზიდენტის მიმართ. რაც მთავარია, თქვენ ძალიან დიდი დახმარება გაუწიეთ მოსახლეობას, რათა ისინი გარკვეულიყვნენ შექმნილ ვითარებაში, და ყველა პირობა შექმენით იმისათვის, რომ მათ თავისუფლად გამოეხატათ თავისი ნება. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ არ გვესწრებიან.
გაზეთი „ალია“: თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ ახალ პარლამენტში მოქალაქეთა კავშირს გაცილებით უფრო დიდი უმრავლესობა ექნება, ვიდრე წინა პარლამენტში. აპირებთ თუ არა მთავრობის განახლებას და რა ცვლილებებია მოსალოდნელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში?
ე. შევარდნაძე: მიმაჩნია, ჯერ საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ მონაცემებს ვფლობთ, თუმცა, არა მგონია, დიდი ცვლილებები მოხდეს. როგორც ჩანს, დამაჯერებელი უმრავლესობა მართლაც მოქალაქეთა კავშირს ექნება. რაც შეეხება ცვლილებებს, ამ საკითხს ცოტა მოგვიანებით უნდა დავუბრუნდეთ. გარკვეული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ, საჭიროა კონსულტაცია პარლამენტთან, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობასთან. ამის გარეშე წინასწარი განცხადებების გაკეთება გამართლებული არ იქნება.
„ალია“: აწარმოებს თუ არა ხელისუფლება მოლაპარაკებას ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს? რამდენად მოსალოდნელია მათი წარმომადგენლების აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვედრა? ხომ ვერ შეაფასებდით აჭარაში არჩევნების მიმდინარეობას?
ე. შევარდნაძე: რაც შეეხება იმ პარტიების მონაწილეობას, რომლებიც სათანადო შვიდპროცენტიან ზღუდეს ვერ გადალა- ხავენ, - არ გამოვრიცხავ, რომ მათმა წარმომადგენლებმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობა მიიღონ. საუბარია ღირსეულ წარმომადგენლებზე, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმითა და სხვა დადებითი მონაცემებით უპასუხებენ შესაბამის მოთხოვნებს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, კონსულტაციების, წინასწარი მოთათბირების საგანი უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ უმთავრესი და უმაღლესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. მოგეხსენებათ, ამ მთავრობაშიც, პრეზიდენტის აპარატშიც არიან უპარტიო ან სხვა პარტიის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკა ამართლებს. ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ნაადრევია.
რაც შეეხება აჭარას, როგორც ვიცი, იქ დამკვირვებლების, მათ შორის, უცხოელების საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობდა. მათ თავიანთი შეხედულებები აქვთ, რომლებსაც დოკუმენტურად, წერილობით ჩამოაყალიბებენ, შემდეგ კი ყველაფერ ამას პროფესიული შეფასება მიეცემა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: დღეს აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მოქალაქეთა კავშირმა გარკვეული ხმები დაუთმოს მრეწველთა გაერთიანებას, რომელიც თავიდანვე აცხადებდა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძეს დაუჭერდა მხარს. ამიტომ, ხომ არ არის მოსალოდნელი რომ მმართველ პარტიას მისცემთ მითითებას, რათა მრეწველები პარლამენტში მოხვდნენ?
ე. შევარდნაძე: არ მესმის, რას ნიშნავს პარტიისთვის მითითების მიცემა და არც ეს მანიპულაციები მესმის. როგორ უნდა დაუთმოს პარტიამ ხმა, თუკი ეს ხმები რეალურად მოქალაქეთა კავშირმა მიიღო? როგორ უნდა შეიცვალოს მისამართი და ხმები გადაუნაწილდეს ან მრეწველებს, ან ლეიბორისტებს, ან ეროვნულ-დემოკრატიულ, ან რომელიმე სხვა პარტიას? ჩემთვის ეს გაუგებარია. თქვენ პირველი არ ხართ, ვინც მეკითხებით ამის შესახებ. ამ დილით რამდენიმემ მკითხა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თუკი მოქალაქეები იმაზე მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე ვარაუდობდნენ, ამ ხმების გადანაწილება მოხდესო. ეს არის ადამიანების ხმები. მათ ჰქონდათ კონკრეტული მისამართი - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და მისი თავმჯდომარე.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მოქალაქეთა კავშირის ასეთი დიდი რაოდენობით პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია შესაძლოა ქუჩის ოპოზიციად გადაიქცეს? მათ ხომ ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.
ე. შევარდნაძე: გულწრფელად მეწყინება, თუ ზოგიერთი პარტია, რომელიც წინა პარლამენტში მუშაობდა, იქ ვეღარ მოხვდება. ეს გარკვეული დანაკლისია, მაგრამ ხალხის ნება ასეთია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პარტიები, რომლებიც პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი, საკანონმდებლო ორგანოს მიღმა რჩებიან. ალბათ, ამასაც უნდა შევეგუოთ. იმ ხალხზე, ვინც პარლამენტში ვერ ხვდება, იმდენად კარგი წარმოდგენა მაქვს, რომ, არა მგონია, ისინი ქუჩას დაუბრუნდნენ. ოპოზიციისათვის არსებობს სხვა საშუალებები, კერძოდ, თავისუფალი პრესა, ღია დისკუსიები ტელევიზიით, შეხვედრები. თუ ის პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მუშაობის მართლაც დიდი გამოცდილება შეიძინეს, ახალ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, მათთან თანამშრომლობის რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს. ჩვენ ყველა სერიოზულ პოლიტიკურ ძალასთან სავსებით ნორმალური ურთიერთობის დამყარება და მათი აზრის გათვალისწინება უნდა შევძლოთ.
საინფორმაციო სააგენტო „ელიზი ნიუსი“: გუშინ ასლან აბაშიძემ საკმაო მუქარის ტონით გააკეთა განცხადებები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ცენტრიდან ჟონავდა ინფორმაცია, ზოგიერთი თათბირის ჩანაწერები მოხვდა ბათუმში. იყო თუ არა იმის შესაძლებლობა, გაკეთებულიყო ვიდეოჩანაწერები და თუ იყო, ვისი მეშვეობით შეიძლებოდა მათი ბათუმში ჩატანა?
ე. შევარდნაძე: სამწუხაროდ, ბატონ ასლანს ვერ მოვუსმინე. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, მიმაჩნია, რომ თუ ასეთი რამ ხდება, ეს არის ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევა. ვიდეოჩანაწერის გაკეთებისა და მისი, როგორც საქმეში მტკიცებულების გამოყენების უფლება, აქვთ მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს მოსამართლის სანქციით, ყოველგვარი სხვა ჩასაფრება, მოსმენა, ჩაწერა 1937 წლისკენ გვაბრუნებს. თუ მსგავსი რამ ითქვა, ეს ძალიან ცუდია. შეიძლება, ასლან აბაშიძეს ამბავი მიუტანეს და თავისი განცხადების დროს კონკრეტული ფაქტი ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ არა მგონია, რომ ბატონი ასლანი ან თვითონ აგზავნიდა ხალხს მოსასმენად, ან თვითონ უსმენდა იმ ადამიანებს, რომელთაც ჯიბეში რაღაც აპარატურა აქვთ დამალული, სარგებლობენ ნდობით და რაღაცეებს იწერენ. ეს არც მტკიცებულებაა, არც საბუთი, არც დოკუმენტი. თუ ვინმე ასეთ რამეს გააკეთებს, მას მხოლოდ მტრობის და შუღლის ჩამოგდება სურს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონულ რგოლებს შორის.
„ელიზი-ნიუსი“: რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მცდელობა აჭარიდან? აბაშიძის განცხადებით, იგი დაელოდება საბოლოო შედეგებს, შემდეგ მოიწვევს თათბირს, გაახმაურებს ვიდეოკასეტებს და ა.შ. რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს მუქარა?
ე. შევარდნაძე: არა მგონია, ასლან აბაშიძე ის პიროვნება იყოს, ვისაც საქართველოში არასტაბილურობა აინტერესებდეს. პარტიას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და რომელთანაც ჩვენ თავის დროზე ვთანამშრომლობდით, ექნება საკმაოდ სოლიდური ადგილები და, შესაბამისად, პროტესტისა თუ მხარდაჭერის გამოხატვის ყველა საშუალება პარლამენტში. ამაზე მაღალი ტრიბუნა კი არ არსებობს.
წარმოუდგენელია, დღეს საქართველოში ვინმემ არასტაბილურობის, უნდობლობისა და მტრობის ახალ ტალღაზე ისაუბროს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ამის ძალიან მწარე გაკვეთილი გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენს გამონათქვამებსა და მოქმედებაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სტაბილურობას ყველა უნდა უფრთხილდებოდეს - ცენტრშიც და ადგილებზეც.
შვეიცარიელი ჟურნალისტი: თქვენ გამოთქვით მოსაზრება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. თუმცა თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობის პირობებში ნატოსთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი რუსეთის ბაზების საქართველოდან გასვლის შესახებ მოთხოვნა უნდა იყოს.
ე. შევარდნაძე: არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთის ბაზების საქართველოში ყოფნის ბედი ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყდება. რას მოგვიტანს ეს მოლაპარაკება, დრო გვიჩვენებს. ნატოში გაწევრიანებაზე ვლაპარაკობდი - როგორც შორეულ პერსპექტივაზე - დაახლოებით 2005 წლისთვის, ანუ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ბოლოსთვის ჩვენ ნატოს კარს დავუკაკუნებთ. არ მითქვამს, რომ კარს გავაღებთ და ნატოში შევიჭრებით. კარგად მესმის, რომ ნატოს წევრობა ქვეყანას ბევრ მოთხოვნას უყენებს, მათ შორის, შეიარაღების მომზადების ხარისხთან, ეკონომიკის მდგომარეობასა და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ნატოს წევრობაზე ვსაუბრობდი, როგორც შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგიული კურსის შესახებ.
გაზეთი „სეგოდნია“: რამდენიმე დღის წინათ ტელბოტთან თქვენ განიხილავდით ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტს. ამ საკითხზე გაიმართება საუბარი სტამბოლის სამიტზეც. რამდენად არის იმის გარანტია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი შედგება და რამდენად არის დაკავშირებული საქართველოს მომავალი ამ მარშრუტთან?
ე. შევარდნაძე: იმის შესახებ, თუ რამდენად არის დაკავშირებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი საქართველოს მომავალთან, არაერთხელ მითქვამს. ეს უეჭველად გაამყარებს საქართველოს პოზიციებს და იქნება დიდი შემოსავლების, მრავალი სამუშაო ადგილისა და სხვა ბევრი სიკეთის მომტანი. რაც შეეხება პერსპექტივას, ჩემი გათვლებით, სტამბოლში საბოლოოდ მოეწერება ხელი ამ ხელშეკრულებას.
„სეგოდნია“: რას იტყოდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბერში ჩამოსვლასთან დაკავშირებით?
ე. შევარდნაძე: არ მიმაჩნია, რომ მათი ვიზიტი, ან ვიზიტის შეფერხება დაკავშირებული იყო არჩევნებთან. უფრო ადრე მოვილაპარაკეთ, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში, წლეულს მეორედ, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, რომ გვეწვევიან. თუმცა, რით ჩამოვლენ, არ ვიცით.
„სეგოდნია“: გუშინ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ცნობილი ტერორისტის ხატაბისა და საუდის არაბეთის ერთ-ერთი შეიხის საუბრის ჩანაწერი. საუბარი შეეხებოდა იმას, რომ ჩეჩენ ტერორისტებს იარაღის მიღება საქართველოს ტერიტორიის გავლით შეუძლიათ. დღეს ვალერი ჩხეიძე მოლაპრაკებას აწარმოებს თავის რუს კოლეგასთან ტოცკისთან. რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს საქართველო რუსეთთან, რომელიც სთავაზობს თავისი სასაზღვრო პოსტების ჩაყენებას საქართველოს ტერიტორიაზე?
ე. შევარდნაძე: ჩვენი საზღვრის დაცვა ჩვენ თვითონვე შეგვიძლია. არც ტერორისტებსა და ბოევიკებს შემოვუშვებთ და არც რაიმე იარაღს გავატარებთ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ ეს მშვენივრად იცის. ჩვენ ვიღებთ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, რათა გადავარჩინოთ ისინი სიკვდილს. თუკი მესაზღვრეების ძალები ამას არ ეყოფა, ჩვენ სამხედრო ნაწილებს დავამატებთ.
სააგენტო „ბი-ეს-პრესი“: რას აპირებს მოქალაქეთა კავშირი და როგორი პროგრამა აქვს მას ახალ პარლამენტში? ჰყავს თუ არა მოქალაქეთა კავშირს თავისი კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
ე. შევარდნაძე: თუ რას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა, ამის შესახებ ზოგადად მითითებულია იმ მანიფესტში, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა ორი თვის წინათ გამოუშვა. ვიმედოვნებ, რომ მას ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს, ვინაიდან ეს დოკუმენტი თითოეულმა მოქალაქემ მიიღო. პრაქტიკული თვალსაზრისით, მოსახლეობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი უფრო კონკრეტულ პროგრამას შევიმუშავებთ. ის, რასაც მოსახლეობას დავპირდით, სრულებით რეალური პერსპექტიაა.
„ბი-ეს-პრესი“: საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე დამკვირვებელმა რუსეთის სათათბიროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური იყო, რადგან აფხაზეთის კანონმდებლობა საერთაშორისო ნორმებზეა აგებულიო. მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა არანაირ კრიმინალს არ წარმოადგენს. საქართველოსთვის რომ შემოეთავაზებინათ ჩეჩნეთში არჩევნებზე დამკვირვებლების წარგზავნა, დათანხმდებოდა ამას საქართველოს ხელისუფლება?
ე. შევარდნაძე: არა. ჩვენ რუსეთის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, რუსეთის სათათბიროს ზოგიერთი წევრისაგან განსხვავებით.
გაზეთი „ახალი თაობა“: როგორ ფიქრობთ, შეძლებდა თუ არა მოქალაქეთა კავშირი თქვენი დახმარების გარეშე ამდენი ხმის მოპოვებას?
ე. შევარდნაძე: თქვენ როგორ ფიქრობთ?
„ახალი თაობა“: ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უფრო თქვენი აზრი მაინტერესებს.
ე. შევარდნაძე: ეს არის ერთიანი გუნდი. პარლამენტმა კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით დიდი და ნაყოფიერი მუშაობა გასწია. მისი უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის გუნდის წევრებისგან შედგება. ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა გარკვეული წარმატება.
„ახალი თაობა“: მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა კავშირს ისეთი ძლიერი არგუმენტი ჰქონდა, როგორიც არის პრეზიდენტის მხარდაჭერა, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხითაც და „რუსთავი-2-ის“ მაუწყებლობითაც გადაიცა ინფორმაცია არჩევნების დროს დარღვევების შესახებ. როგორ ფიქრობთ, მოქალაქეთა კავშირის მხრიდან უფრო რატომ გამოჩნდა მიდრეკილება დარღვევებისაკენ?
ე. შევარდნაძე: არ გამოვრიცხავ დარღვევებს არც მოქალაქეთა კავშირის და არც სხვა პარტიების მხრიდან. სხვათა შორის, პირველი არხითაც და „რუსთავი-2-ის“ ეთერითაც მოისმენდით მასალებს იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებდნენ ხმების გაყალბებას თვით კომპიუტერში შეღწევით. თუ „მოქალაქეები“ სცოდავენ, მეტი უფლება მაქვს მათ პასუხი მოვთხოვო, თუნდაც პარტიული ხაზით. თუ სადმე უსამართლო არჩევნები ჩატარდა, უნდა განიხილოს საარჩევნო კომისიამ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. თქვენ მართალი ბრძანდებით, დარღვევები ნამდვილად იყო. ეს უცხოელმა დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, მაგრამ ძირითადად საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში.
„ახალი თაობა“: შალვა ნათელაშვილმა განაცხადა რომ ჰეიდარ ალიევისაგან მოქალაქეთა კავშირის მხარდაჭერა ქვემო ქართლის რეგიონში არაკანონიერი იყო. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ განცხადებას?
ე. შევარდნაძე: შალვა ნათელაშვილთან გაარკვიეთ, სად მოისმინა ალიევის განცხადება.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: პარლამენტის მომავალი მუშაობის კონტექსტში რა მიგაჩნიათ სასურველ ფონად: ორპარტიული პარლამენტი თუ მაინც მრავალპარტიული?
ე. შევარდნაძე: ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვევა ორპარტიული იქნება პარლამენტი, სამპარტიული თუ უფრო მრავალფეროვანი. ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც პრეზიდენტისთვის და არა მარტო როგორც მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას, რომელიც არის იმის გარანტი, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი ქვეყნის სასარგებლოდ კვლავ ბევრს გააკეთებენ. სამი ან ოთხი პარტიაც თუ იქნება, ესეც დადებითი მოვლენაა.
„რუსთავი-2“: პროგრამა „ვესტიმ“, „რია-ნოვოსტიზე“ დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელიმხან იანდარბიევის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი თავის გამარჯვებას ჩეჩნებს უნდა უმადლოდეს ახმეტის რაიონში მორიგებასთან დაკავშირებით. თითქოს იყო მოლაპარაკება იანდარბიევსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის, და თითქოს ქართული მხარე, მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბოევიკების გატარებას აპირებს. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
ე. შევარდნაძე: მხოლოდ ბოდვაში თუ შეიძლება ამგვარი განცხადების უფლება მისცეს კაცმა თავის თავს. შეიძლება „რია-ნოვოსტის“ პატივს ვცემდეთ, მაგრამ ეს წმინდა წყლის პროვოკაციული განცხადებაა.
გაზეთი „სახალხო გაზეთი“: სტატიაზე „ვინ გაძარცვა საქართველო და როგორ შეიქმნა „ასლანდია“? მუშაობისას წავაწყდი ასეთ ფაქტს: მოსკოვში გამოცემულ ერთ-ერთ ჟურნალში, ბათუმის ნავსადგურის შესახებ მასალაში, ასლან აბაშიძის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება აქვს. თქვენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ბრძანდებით. რა დამსახურებისთვის და როდის მიანიჭეთ ბატონ ასლანს გენერალ-მა ორის წოდება?
ე. შევარდნაძე: ასლან აბაშიძეს გენერალ-მაიორის წოდება სამი წლის წინათ მივანიჭე. ჯერ ერთი აჭარა საზღვრისპირა რეგიონია. მეორეც, ასლან აბაშიძეს ხშირი კონტაქტები ჰქონდა და აქვს იქ განლაგებული რუსეთის ბაზების მეთაურებთან. მიმაჩნდა, რომ ამაში ცუდი არაფერია. სხვა მოღვაწეებსაც მიუღიათ სამხედრო წოდება. ასლან აბაშიძე გამონაკლისი არ ყოფილა. ახლა მაგალითად, გენერალ-მაიორის წოდება მივანიჭე ელგუჯა მეძმარიაშვილს, რომელმაც შექმნა ანტენა-რეფლექტორი და რომელიც ქმნის ძალზე მნიშვნელოვან პროექტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით.
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“: ყველასათვის ცნობილია, რომ ამ არჩევნებში გადამწყვეტი ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი იყო. აქედან გამომდინარე, აპირებთ თუ არა თქვენს პარტიაში რეორგანიზაციის განხორციელებას?
ე. შევარდნაძე: არ ვფიქრობ, რომ არჩევნების ბედი მხოლოდ შევარდნაძის ფაქტორმა გადაწყვიტა. მუშაობდა სპეციალური შტაბი ბატონ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. შტაბში გაერთიაებული იყვნენ პარტიის ლიდერები. მუშაობდა პარტიის სათათბირო. გარდა ამისა, არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდა ვაჟა ლორთქიფანიძე. თქვენ იცით მისი მივლინებები, შეხვედრები ამომრჩევლებთან. ფაქტობრივად, მთელი პარტია იყო ჩართული და არ იქნება სამართლიანი იმის თქმა, რომ მხოლოდ შევარდნაძის ფაქტორმა იმუშავა. გეთანხმებით, რომ ამან ხელი შეუწყო, მაგრამ ერთი კაცის დამსახურების ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.
„მოსკოვსკიე ნოვოსტი“: დღევანდელი პარტიული ცხოვრება დამაჯერებლად მიგაჩნიათ?
ე. შევარდნაძე: პარტიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივი ზრუნვა და სრულყოფა სჭირდება. გვაქვს ზოგიერთი მოსაზრება სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ახალ პირობებში, ისევე როგორც თვით პარლამენტშიც, პარტიაშიც საჭირო იქნება ზოგიერთი საკითხისადმი ახალი მიდგომა. როცა ყველაფერი შეჯამდება, ამ საკითხს დავუბრუნდებით.
სააგენტო „ინტერფაქსი“: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ, თუკი ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გადაინაცვლებს, ნატო ამ საკითხში აუცილებლად ჩაერევა და აზერბაიჯანსა და საქართველოს დახმარებას გაუწევს. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ განცხადებას?
ე. შევარდნაძე: ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ მოსაზრებიდან, რომ ეს არ მოხდება. თუ ეს მოხდა, გამოდის, რომ რუსეთმა ორი სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები უნდა განახორციელოს. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ნორმალურმა პოლიტიკოსებმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს არც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ელჩს, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, შესაძლოა რაღაც მონაცემები აქვს. ყოველ შემთხვევაში, ის ამგვარ თეორიულ შესაძლებლობას უშვებს. თუ საომარი ოპერაციები გაგრძელდა საქართველოს ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამას არა მარტო რეგიონული, არამედ უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტი მოჰყვება. ეს უკვე ომი იქნება. მოგეხსენებათ, თურქეთი ამ საკითხის მიმართ გულგრილი არ დარჩება. დამღუპველია, თუ სადღაც ასეთი აზრი ტრიალებს. მიმაჩნია, რომ არც ნატო დარჩება გულგრილი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მეგულება რუსეთში პიროვნება, საქართველოსთან ომზე რომ რეალურად იფიქროს.
„ინტერფაქსი“: რას იტყოდით სამხედრო სფეროში რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს დაწყებულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით?
ე. შევარდნაძე: სამხედრო სფეროში მოლაპარაკება კარგა ხანია დაწყებულია. უკვე შედგა შეხვედრა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ადაპტაციასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ეს ნაწილობრივ ეხება რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნას. მორიგი შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება. სტამბოლში შეხვედრამდე კიდევ დაგვჭირდება კონსულტაციები. მეორე შეხვედრა ეხება სასაზღვრო ჯარებს. ბატონი ვალერი ჩხეიძე გაემგზავრა მოსკოვს, სადაც მან თავისი რუსი კოლეგა უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოს საზღვარზე გავლით რუსეთს საფრთხე არ ემუქრება და არც დაემუქრება. ჩვენ ისევე გვაინტერესებს რუსეთის სტაბილურობა, როგორც ჩვენი საკუთარი ქვეყნის.
კითხვა: როგორ გესახებათ ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის ამ ბოლო დროს გართულებული ურთიერთობის მომავალი? არჩევნების დამთავრებასთან ერთად ხომ არ დასრულდება კონფლიქტი და გადაიზრდება მშვიდობიან თანაცხოვრებაში?
ე. შევარდნაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების ციებ-ცხელების დამთავრების შემდეგ დაიწყება ნორმალური დიალოგი, ისეთი ურთიერთობა, რაც დამახასიათებელია ცენტრისა და ავტონომიური ფორმირებისათვის. ყოველ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამისათვის მზად არის. მზად უნდა იყოს აჭარის ხელისუფლებაც. რა გვაქვს გასაყოფი აჭარასთან ან რომელიმე სხვა რეგიონთან? პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლაა. მას ყოველთვის თან ახლავს ემოციური დატვირთვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტონალობა უნდა შეიცვალოს. რაც გასარკვევია, გავარკვიოთ, ვინც დასასჯელია, ერთად დავსაჯოთ და დღის წესრიგიდან მოიხსნას ყოველგვარი მუქარა.
კითხვა: არჩევნების წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე სკანდალურ დანაშაულთან, მათ შორის, სანაოსნოსთან და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პრივატიზებასთან დაკავშირებით. გაგრძელდება თუ არა ამ საქმეების გამოძიება?
ე. შევარდნაძე: საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, აჭარის მოსახლეობა, დაინტერესებულია, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიდეს. ჯერ ერთი, სიმართლე უნდა გაირკვეს და, მეორეც, თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 1999 წლის 1 ნოემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 2 ნოემბერი. - №297 (3338). - 3 გვ.
![]() |
64 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია |
▲back to top |
1999 წლის 8 ნოემბერს
ჟურნალისტებთან ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა მისალმებით დაიწყო:
- მის უწმინდესობასთან რომის პაპთან ერთად საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. არ მაქვს უფლება, არ მესარგებლა ამ შემთხვევით, არ შეგხვედროდით და გულწრფელად არ მოგსალმებოდით.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, მოაზროვნე, მისი უწმინდესობა რომის პაპი იოანე პავლე მეორე გვესტუმრა. მის ჩამოსვლას ჩვენც და კავკასიის ხალხებიც ისტორიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რომის პაპის ვიზიტი ემთხვევა ასევე ისტორიულ დღეს - ბერლინის კედლის დანგრევის ათი წლისთავს და ჩვენს საუბრებში ეს თემაც, უეჭველად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: რა პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებთ რომის პაპის საქართველოში ვიზიტს და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ იგი თავის ტრადიციულ წირვას ჩაატარებს სპორტის სასახლეში?
შემთხვევითია თუ არა, რომ რომის პაპის ვიზიტი დაემთხვა არჩევნებიდან რამდენიმე დღის გასვლას, ანუ ელოდებოდა თუ არა იოანე პავლე მეორე, თუ ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში - შევარდნაძის პარტია თუ სხვა?
ედუარდ შევარდნაძე: რომის პაპის ჩამობრძანებას ისტორიულ მნიშვნელობას ვანიჭებ. როცა ისტორიას ვიხსენებ, ყოველთვის თვალწინ მიდგას ჩვენი დიდი წინაპრები, მათი კონტაქტები და ურთიერთობა ვატიკანთან. ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, დადგებოდა დღე, როცა რომის პაპი დამოუკიდებელ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოვიდოდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მისი უწმინდესობა მოინახულებს.
დამთხვევაა თუ კანონზომიერება, მისი ჩამოსვლა ქრისტეშობის 2000 წელთან არის დაკავშირებული და, რამდენადაც ვიცი, ქრისტეშობის ზეიმამდე ეს არის მისი ბოლო ვიზიტი.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ ავირჩიეთ სპორტის სასახლე. ვიზიტის ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ჩვენ ვატიკანიდან სპეციალურად ჩამოსულ მოსამზადებელ ჯგუფთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. მათი სურვილიც ასეთი იყო. მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ უამინდობის პირობებში, ღია ცის ქვეშ ძნელი იქნებოდა წირვის ჩატარება.
რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა მისი უწმინდესობის ჩამოსვლა დაკავშირებული არჩევნებთან - რომის პაპს პირადად ვიცნობ, ის შესანიშნავი ანალიტიკოსი და შორსმჭვრეტელი პიროვნება გახლავთ. ვფიქრობ, მას ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რაც მოხდა.
თურქეთის ტელეკომპანია: ადრე თქვენს გამოსვლაში ბრძანეთ, რომ რომის პაპის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირებისათვის. ახლაც ასე მიგაჩნიათ თუ არა? რამდენად მნიშვნელოვანია 18-19 ნოემბერს სტამბოლში დაგეგმილი ეუთოს სამიტი საქართველოსთვის და რას ეტყვის საქართველო ევროპის თანამეგობრობას ამასთან დაკავშრებით?
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს ყოველგვარი აღიარება - და მე მიმაჩნია, რომ რომის პაპის ჩამოსვლა არის იმ ღირებულების აღიარებაც, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობას, - ყველაფერი ეს ხელს უწყობს, აჩქარებს ევროპულ ინტეგრაციაში ჩართვის პროცესს. სტამბოლის სამიტზე უმთავრესი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის 21-ე საუკუნის ევროპის ქარტიის შემუშავება.
ლისაბონში ეუთოს სამიტზე გამოსვლის დროს განვაცხადე, რომ 21-ე საუკუნისათვის ევროპამ უნდა შეიმუშაოს ახალი ქარტია, რომელიც თავისი მნიშვნელობით კონსტიტუციასთან მიახლოებული დოკუმენტი იქნება. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ საკითხებს, როგორიც არის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, და ამ საკითხების შეთანხმება, კონფლიქტებთან დაკავშრებული საკითხები, ამ მხრივ, მუშაობა მიმდინარეობს და ჯერჯერობით ძნელია ვთქვა, როგორი იქნება საბოლოო შედეგი.
ტელეკომპანია „ენტევე“ (რუსეთი): ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ მისი უწმინდესობის რომის პაპის ვიზიტი სჭირდება უფრო საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე რელიგიურ საზოგადოებას?
ედუარდ შევარდნაძე: მიმაჩნია, რომ რომის პაპის ვიზიტი სჭირდება საქართველოს, კავკასიის რეგიონის ყველა მოქალაქეს. ასეთი ვიზიტი, შეხვედრები, საუბრები სტიმულს მისცემს კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. პოლიტიკური ხელისუფლებისა და რელიგიური მოღვაწეების ინტერესს ერთმანეთისაგან მე ვერ გავმიჯნავ. მისი უწმინდესობის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ტოლერანტული სახელმწიფოს აღიარებისა.
ტელეკომპანია ARD (გერმანია): როგორ შეაფასებდით რომის პაპის როლს „ცივი ომის“ დამთავრების პროცესში?
ედუარდ შევარდნაძე: გრანდიოზული ძვრები ჩვენს ცხოვრებაში - „ცივი ომის“ დამთავრება, ბერლინის კედლის დანგრევა, ევროპის განთავისუფლება და სხვა მრავალი - ეს არის ახალი აზროვნების, ახლებურად მოაზროვნე ადამიანების ძალისხმევის შედეგი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს დასავლეთის მოღვაწეები არიან თუ აღმოსავლეთის. მათ შორის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნედ მიმაჩნია რომის პაპი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ სიძულვილისა და დაპირისპირების ატმოსფერო დაძლეულიყო.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, სტუდია „აუდიენცია“: როდის შეხვდით პირველად რომის პაპს და მაშინ ხომ არ შეთანხმებულხართ, საქართველოში მის ვიზიტთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი პირველი შეხვედრა 1989 წელს შედგა გორბაჩოვთან ერთად. გვქონდა ხანგრძლივი საუბარი და ერთგვარი კონცეპტუალური გააზრება იმისა, თუ რა ხდებოდა მაშინდელ მსოფლიოში. მეორე შეხვედრა უკვე ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, 1991 წელს შედგა, როცა ჩავედი რომში, ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე. ბოლო შეხვედრა ორი წლის წინ, რომში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს გვქონდა. მაშინაც ასევე ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი გვქონდა. როგორც ვთქვი, ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი თავისი აზროვნების დონით და თავისი დამოკიდებულებით იმ საკითხებისადმი, რაც ყველაზე მწვავეა დღევანდელი მსოფლიოსათვის.
გაზეთი „მოსკოუ ნიუს“ (რუსეთი): საიდუმლოს არ წარმოადგენს ის საკითხი, რომ თქვენ მოგიწიათ გარკვეული ზეწოლა მოგეხდინათ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რათა რომის პაპის ვიზიტი შემდგარიყო. რატომ იყო თქვენთვის ეს ვიზიტი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი ბევრი თანამემამულის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ჩვენი ურთიერთობა სხვა პრინციპებზეა აგებული. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. საერთო სურვილი და აზრი ის იყო, რომ რომის პაპის ვიზიტი ძალზედ სასარგებლო, მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისევე კავკასიის რეგიონისთვის. პირადად მე, პაპის ვიზიტით დაინტერესებული ვიყავი, ასეთივე ინტერესი გამოხატა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
გაზეთი „ალია“: იმ ფონზე, რომ რომის პაპი საქართველომ მიიღო უფრო როგორც პოლიტიკური ფიგურა და არა როგორც რელიგიური მოღვაწე, ხომ არ ფიქრობთ, რომ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის რადიკალურად უნდა შეიცვალოს ურთიერთდამოკიდებულება ისე, როგორც ერთ დროს პოლიტიკოსებმა ბერლინის კედლის დანგრევით მოსპეს ეს ზღვარი, რაც არსებობდა ორ სამყაროს შორის? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დაახლოებით ასეთივე ნაბიჯი უნდა გადადგან ეკლესიებმა და არ უნდა ელაპარაკონ ერთმანეთს მწვალებლობის ენაზე? მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან ხშირად ხელისუფლებას ბრალს სდებს სექტების გამრავლებაში. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეულწილად თვითონ მართლმადიდებლური ეკლესიის ბრალი?
ედუარდ შევარდნაძე: ვერ დაგეთანხმებით, რომ რომის პაპის ვიზიტი უფრო მეტად არის პოლიტიკური მნიშვნელობის, ვიდრე, რელიგიურ მიზნებთან დაკავშირებული. რომის პაპი ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანულ რელიგიათა შორის კონსტრუქციული დამოკიდებულება იყოს და უკეთ ესმოდეთ ერთმანეთის. ამიტომ მისი ჩამოსვლა საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში მისი ყოფნა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. არ ვამბობ, რომ აქ პოლიტიკური ელემენტი უმნიშვნელოა.
რაც შეეხება პერსპექტივას, საერთაშორისო თანამეგობრობის დღევანდელი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს მეტი ტოლერანტობა, ურთიერთგაგება, ურთიერთკავშირი რელიგიათა შორის და, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალიზმი. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან კაცობრიობა ამ დასკვნამდე მივა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მაგალითი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ იცით, ჩვენთან ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, არიან სხვა რელიგიათა წარმომადგენლები და ეს პრობლემას არ ქმნის იმიტომ, რომ ხალხმა გამოიმუშავა ურთიერთობის კულტურა რელიგიათა შორის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უკვე კონსტიტუციის საფუძველზე ვმართოთ პროცესები.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ახალ პარლამენტთან ერთად უნდა დავაჩქაროთ რელიგიის შესახებ კანონის შემუშავება. ეს ძალიან რთული კანონია, ამიტომაც არ ვიჩქარეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ასეთი კანონი უნდა მივიღოთ და მაშინ სექტებთან დაკავშირებული პრობლემები, ალბათ მოგვარდება, რადგანაც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება.
ტელეკომპანია „ენ ტე ვე“: რას იტყოდით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, მიმაჩნია, რომ რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებმაც რუსეთსა და საქართველოს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სავიზო რეჟიმის შემოღება საჭიროდ მიიჩნიეს, ყველაფერი კარგად ვერ გათვალეს. ვფიქრობ, რომ მათ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯერ უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები, რომელიც სავიზო რეჟიმის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მარტო ქართველები ცხოვრობენ რუსეთში, არამედ დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები, რუსი ოფიცრები და მათი ოჯახები - საქართველოში. ამგვარი პრობლემების ხელოვნურად შექმნა საჭიროდ არ მიმაჩნია. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა, ჩვენ თანახმანი ვართ, მოლაპარაკებები გავმართოთ და, თუკი შემოღებული იქნება სავიზო რეჟიმი, მაშინ იგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე უნდა გავრცელდეს.
დსთ-ს ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება თანამეგობრობის სივრცეში უვიზო რეჟიმის შესახებ. მიმაჩნია, რომ ასეთი შეთანხმება არ უნდა იქნეს იგნორირებული.
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთში გარკვეული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, საქართველო ომში ჩაითრიონ.
ედუარდ შევარდნაძე: ვერ გეტყვით, რომ ეს წინასწარ განზრახვით ხდება. გარკვეული წრეებიდან იყო წინადადებები იმის შესახებ, რომ ერთად დავიცვათ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი. ასევე ცალკეული წრეებიდან იყო მომართვები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გატარების შესახებ. ჩვენ იძულებული ვიყავით, ერთზე და მეორეზეც უარი გვეთქვა. მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ასეთ აქციას გავატარებდით, ეს აუცილებლად მიგვიყვანდა საერთო სიტუაციის დაძაბვამდე და იქნებ საერთო კავკასიურ ომამდეც კი. ამიტომ თვით რუსეთის ინტერესებში არის ის, რომ ჩვენ ჩვენი მისია შევასრულოთ - ჩვენი საზღვარი დავიცვათ, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ არ გვინდა, ჩავერიოთ მეორე ქვეყნის საშინაო საქმეებში.
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს მომავალ წელს საქართველოს დახმარების მოცულობა გაუზარდოს. ხომ არ არის ეს დაკავშირებული საქართველოს ამ პოზციასთან, რომლის შესახებაც თქვენ ახლა ბრძანეთ.
ედუარდ შევარდნაძე: ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კარგად ჩამოყალიბებული კავკასიური პოლიტიკა. სხვათა შორის, ლაპარაკი არ არის მარტო საქართველოსთვის დახმარების გაზრდაზე. მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ, შეიძლება დახმარება გაეზარდოს აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც.
საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ (რუსეთი): ხომ ვერ გვეტყოდით, თუ ეს სახელმწიფო საიდუმლოს არ წარმოადგენს, გთხოვათ თუ არა პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა თქვენთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის შეიარაღებული ძალების გატარება საქართველოს ტერიტორიაზე? როგორ ფიქრობთ, როდემდე შეძლებს საქართველო ამგვარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და ხომ არ ნიშნავს ეს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასასრულს?
ედუარდ შევარდნაძე: ახლა არ ვიტყვი, ვინ დარეკა, როდის დარეკეს. უკვე მოგახსენეთ, რომ ცალკეული წრეების წარმომადგენლებმა ამგვარი თხოვნით მოგვმართეს. ჩვენ, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები ამისათვის სპეციალურად შევიკრიბეთ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამგვარი რამ არ დაგვეშვა.
თუ თქვენ ის საკითხი გაინტერესებთ, დარეკა თუ არა ბორის ელცინმა, ამ კითხვით მას მიმართეთ. ამგვარი საუბარი ჩემი ინიციატივით არ შედგებოდა.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას. დიახ, როდესაც ბორის ელცინი თბილისში იმყოფებოდა, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება, დღემდე რატიფიცირებული არ არის რუსეთის სათათბიროს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წელზე მეტი გავიდა. არც ჩვენს პარლამენტს მოუხდენია საქართველოში რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული ხელშეკრულების რატიფიცირება. ამიტომ ხელშეკრულებები არსებობს და არც არსებობს. ჩვენ ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაც რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. თუ ჩვენ სამხედრო ძალებს არ ვატარებთ, თუკი რუსეთის მესაზღვრეებს საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე დგომის ნებას არ ვრთავთ, მიმაჩნია, რომ ეს, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ინტერესებშიც შედის.
გაზეთი „მოსკოუ ნიუს“ (რუსეთი): როგორი მომავალი აქვს რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე?
ედუარდ შევარდნაძე: ეს მოლაპარაკებების საგანია. ამგვარი მოლაპარაკება დაწყებულია. შედეგებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ჩამოვყალიბდეთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების შესახებ. ესეც რთული საკითხია. მესმის რუსეთის ინტერესები, მაგრამ საქართველოს თავისი ინტერესები აქვს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
(იბეჭდება უმნიშვნელო შემცირებით).
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია : ბრიფინგი 1999 წლის 8 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 9 ნოემბერი. - №304 (3345). - 2, 4 გვ.
![]() |
65 „რომის პაპის ჩამობრძანება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან მისი უწმინდესობის ვიზიტით გრძელდება საუკუნოვანი დიალოგი საქართველოსა და კათოლიკურ, დასავლურ სამყაროს შორის“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 8 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- დღეს მისი უწმინდესობა რომის პაპი იოანე პავლე მეორე საქართველოს ეწვევა. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას როგორც ისტორიული, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც ყველასათვის უკვე ცნობილია, ქრისტიანული ეკლესიის, საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად ჩვენს ქვეყანას ეწვევა რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უდიდესი რელიგიური და საკაცობრიო მნიშვნელობის საზოგადო მოღვაწე, მისი უწმინდესობა იოანე პავლე მეორე, რომელიც მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს სახელით მოვიწვიეთ საქართველოში.
ეს, მართლაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან მისი უწმინდესობის ვიზიტით გრძელდება საუკუნოვანი დიალოგი საქართველოსა და კათოლიკურ, დასავლურ სამყაროს შორის.
საქართველო, რუმინეთის შემდეგ, მეორე მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელსაც ეწვევა პონტიფიკატად სახელდებული რომის პაპი იოანე პავლე მეორე.
როგორც სახელმწიფოს მეთაური, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასაც ვანიჭებ.
რომის პაპის ჩამობრძანება ჩვენს ქვეყანაში უდავოდ საქართველოს, როგორც დიდი სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციის შემოქმედი ქვეყნის აღიარებაა, რომელიც ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ ეზიარა ქრისტიანობას. ხოლო მე-4 საუკუნეში, 337 წელს მირიან მეფემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ბუნებრივია, რომის პაპის ჩამობრძანებას მიესალმება მთელი კავკასია, ყველა კავკასიური ხალხი რელიგიური თუ კონფესიური კუთვნილების განურჩევლად, ვინაიდან ჰუმანისტური იდეალები, რომელთაც დღენიადაგ ქადაგებს იოანე პავლე მეორე, მახლობელი და მისაღებია ყველა ადამიანისათვის.
რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უეჭველად ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კავკასიის კეთილშობილურ იდეათა განხორციელებასა და მის განვითარებას. ეს ვიზიტი ევროპულ თანამეგობრობაში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ნიშანსვეტად გადაიქცევა.
ჩემი ხალხის, სრულიად საქართველოს სახელით მივესალმები ჩვენს საპატიო სტუმარს, მის უწმინდესობას და, როგორც ვიცი, ქრისტესშობის 2000 წლამდე ეს მისი უწმინდესობის ბოლო ვიზიტი გახლავთ, ესე იგი, საქართველოთი მთავრდება მისი ვიზიტები ქრისტეს შობამდე, ქრისტესშობის ორი ათას წლამდე.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და, რა თქმა უნდა, მივესალმები სტუმრებს, რომლებიც მასთან ერთად ჩამობრძანდებიან დღეს თბილისში.
- არის რაღაც სიმბოლური იმაშიც, რომ რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ემთხვევა კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის - ბერლინის კედლის დანგრევის 10 წლისთავს...
- ალბათ, არის და სრულიადაც არ გახლავთ შემთხვევითი, თუ საქართველოში რომის პაპის პირველ ვიზიტს უშუალოდ ვუკავშირებთ იმ დაუვიწყარ მოვლენას, როდესაც დაინგრა ერთა და ადამიანთა გამყოფი კედელი და შესაძლებელი გახდა ევროპის გაერთიანება.
რომ არა ეს მოვლენა, ალბათ, ვერც დღევანდელი ისტორიული ვიზიტი გაიმართებოდა. რაც უფრო მეტი დრო დაგვაშორებს იმ ხანას, რაც უფრო მეტი წელი გავა, მით უფრო სრულად აღვიქვამთ ყველანი ბერლინის კედლის დანგრევის მნიშვნელობას, როგორც მთელი მსოფლიოს, ისე თითოეული ადამიანისადმი. რა თქმა უნდა, უწინარესად, უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ გერმანელ ხალხს, მათ ხელმძღვანელობას ეს „დიდი მოვლენა“.
1989 წლის 9 ნოემბერს (მივაქციოთ ყურადღება ამ ციფრს, ჩვენთვის, ქართველებისათვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, რაზეც არაერთგზის მისაუბრია) დაიწყო განთავისუფლებისა და, მე ვიტყოდი, საკაცობრიო გამთლიანების პროცესი, როდესაც საბოლოოდ იზეიმა გამარჯვება ჰუმანიზმის, თანამშრომლობის, თავისუფლების, სამართლიანობის იდეალებმა ბოროტებაზე, შეური- გებლობასა და სიძულვილზე.
თუმცა, სამწუხაროდ, წარსულმა ეპოქამ მრავალ ერსა და ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მაინც დაამჩნია ბოროტი კვალი. აფხაზეთიდან 300 ათასი ლტოლვილი კვლავინდებურად იმედით შემოგვცქერის და ელის საერთაშორისო სამსჯავროს სამართლიან გადაწყვეტილებას ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთა მიმართ. ელის მშობლიურ სახლებში დაბრუნებას, სამშობლოს მთლიანობის აღდგენას. და მე მჯერა, რომ კაცობრიობა არა და არ დაუშვებს უსამართლობის რევანშს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტება კვლავ იმატებს, კვლავ ააგებს კონფრონტაციისა და მტრობის კედლებს, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
დარწმუნებული ვარ, ეუთოს ფორუმი, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება სტამბოლში, მიიღებს ახალი ევროპის ქარტიას, რითაც მტკიცე საფუძველს ჩაუყრის მესამე ათასწლეულის ევროპასა და მსოფლიოს - ბოროტებისა და ტოტალიტარიზმის კედელთა გარეშე.
თქვენ, ალბათ, გახსოვთ ჩემი გამოსვლა ლისაბონში, სადაც მე ვთქვი, რომ უნდა შემუშავდეს 21-ე საუკუნის კონსტიტუცია - ევროპის კონსტიტუცია და არა მარტო ევროპისა. ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა მზადდება, ძალიან ახლოს არის ამ რანგის დოკუმენტთან.
- სტამბოლის თემას ცოტა მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით. ახლა კი, ასეთი კითხვა: საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მწერალთა კავშირში მიმდინარე პროცესები. კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა შესაძლო გადადგომის თაობაზე. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
- მე არა მგონია საქართველოს რომელიმე მოქალაქე გულგრილი იყოს იმ პროცესების მიმართ, მწერალთა კავშირში რომ მიმდინარეობს, ვინაიდან ქართული მწერლობა ჩვენი სულიერებისა და ეროვნულობის განუყოფელი ნაწილია. ასე იყო ისტორიულად და ასე იქნება მომავალშიც. დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ქართულ მწერლობას უნიკალური პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ეროვნული აზროვნების განვითარებისა და სრულყოფის ახალ ასპარეზთა გათვალისწინებით.
ქართული მწერლობის გარეშე ვერ წარმომიდგენია დამოუკიდებელი საქართველო მისი სულიერი და, თუნდაც, მატერიალური ღირებულებებით.
მწერალთა კავშირში დაიწყო გაბედული და აუცილებელი რეფორმა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ რეფორმის ინიციატორი და მოთავე ბატონი თამაზ წივწივაძე გახლავთ. პირადად მე (თუ ეს აზრი ანგარიშგასაწევია) ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, ბატონმა თამაზმა შუა გზაზე მიატოვოს მის მიერვე წამოწყებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმე.
რამდენადაც ვიცი, ჩემი შეხედულება ამ საკითხში ემთხვევა დღევანდელი საქართველოს საუკეთესო მწერალთა აზრებსა და შეხედულებებს. ისე კი, ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია.
სტამბოლის სამიტზე ევრაზიის დერეფნის - „დიდი აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტების საბოლოოდ სრულყოფა დასრულდება. ამავე საკითხებზე თქვენ გასულ კვირას ჯორჯ შულცს ესაუბრეთ...
- ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჯორჯ შულცთან, აგრეთვე, კომპანიების „პი-ეს-ჯის“, „შელის“, „ბეხტელის“ (თავისთავად უკვე ეს სახელწოდებანი ძალიან ბევრზე მეტყველებს, ესენი თანამედროვეობის გიგანტებია) წარმომადგენლებთან მოლპარაკების დროს საბოლოოდ განვსაზღვრეთ საქართველოს წვლილი და ფუნქცია საუკუნის ამ პროექტში.
სტამბოლში ამ თვალსაზრისით საქართველო აღიარებული იქნება არა მარტო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, არამედ როგორც პარტნიორი, რომლის ინტერესების უგულებელყოფა დაუშვებელი და შეუძლებელია.
ჩვენი ქვეყანა სრულუფლებიან მონაწილეობას მიიღებს გაზსადენის მშენებლობასა და ექსპლოატაციაში, რაც მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლისა და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს.
ამ ორი წლის წინათ ტელეფონით ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს. ძირითადი თემა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გახლდათ. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები და შეხედულებანი სავსებით ემთხვევა ერთმანეთს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტების რეალიზაციისათვის.
ამავე დროს, უნდა გითხრათ ისიც, რომ მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ისევე რო გორც თურქმენეთის წარმომადგენლებთან. აზერბაიჯანთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამო, რა თქმა უნდა, მათან კონულტაციის გარეშე ჩვენს პოზიციებს არ ვაყალიბებთ.
რადგან ეკონომიკურ პრობლემატიკას შევეხეთ, ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე მწვავე დებატები გაიმართა ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრის პრობლემების გამო. შემუშავებულია კონკრეტული გეგმა ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდის, გადასახადების გადაუხდელობის, კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის სხვა მასტიმულირებელ გარემოებათა წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა - ამ თვალსაზრისით ახალ პარლამენტთან თანამშრომლობის დიდი იმედი მაქვს.
და ბოლოს, მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ, აგრეთვე, საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის განხორციელება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს. პროგრამაში განსაზღვრულია გარემოს დეგრადირების ის უმთავრესი პრობლემები, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში ხალხის ჯანმრთელობას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და აფერხებენ ეკონომიკურ განვითარებას.
პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს დაცვის დონესა და ხარისხს, რითაც სახელმწიფო შეასრულებს მომავალი თაობის წინაშე კონსტიტუციით ნაკისრ ვა- ლდებულებებს.
- ისევ გაზის თემას დავუბრუნდები: როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებული „ცისფერი ნაკადის“ პროექტის კონტურებიც იკვეთება: ლაპარაკია რუსეთიდან შავიზღვისპირეთის გავლით თურქეთისაკენ ახალი გაზსადენის მშენებლობაზე. ეს „ცისფერი ნაკადი“ ხომ არ შეუშლის ხელს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას?
- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ პროექტის არსებობას და მისი რეალიზაციის შესაძლებლობას სრულიად მშვიდად და ნორმალურად განვიხილავთ, რადგან დასავლეთის ბაზარზე ენრგიაშემცველების გატანა უნდა იყოს მრავალვარიანტული (ასე იყო თავიდან) და ახლაც ამაში გასაკვირი არაფერია.
„ცისფერი ნაკადი“ საინტერესო პროექტია. თურქეთის, ევროპის მოთხოვნილება გაზზე ყოველწლიურად გაიზრდება, ისევე როგორც საქართველოსი. ასე რომ, ეს კონკურენცია სულაც არ არის საშიში. ერთი რამ, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სერიოზულ საერთაშორისო ექსპერტიზას მოითხოვს, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემებია. ვფიქრობ, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას კი არ დავაზიანოთ, არამედ ხელი შევუწყოთ გარემოს გაჯანსაღებას, მათ შორის, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების დაჩქარებულად გადაწყვეტას.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღის წესრიგში დგება მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანის „დიდი გაზის“ (მე ასე ვიტყოდი, რადგან ეს საბადოები აღმოჩენილია) გატანის საკითხიც. მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის სიმდიდრე ჩვენს სიმდიდრედაც მიგვაჩნია და მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ სიმდიდრეთა ათვისებასა და მსოფლიო ბაზარზე გატანაში.
- და, ბოლო კითხვა. ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას აინტერესებს და საქართველოშიც ყველას აინტერესებს: გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან დროებითი სასაზღვრო რეჟიმის შემოღების შესახებ. ისეთი ხმებიც გავრცელდა, რომ რუსეთმა მოგვთხოვა გავატაროთ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩეჩნეთში და ერთობლივად დავიცვათ საქართველო-ჩეჩენეთის საზღვარი. იყო თუ არა მათი ამგვარი თხოვნა?
- ასეთი საუბრები იყო სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სამსახურების ხაზით (მე არ ვამბობ ახლა, რა დონეზე იყო). ჩვენ მივიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ ჩავერიოთ მეორე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რადგან ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ჩეჩნეთის კონფლიქტი კავკასიურ ომადაც კი გადააქციოს. და, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მიდგომა არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება. ამაზე სხვათა შორის, ძალიან კარგად ილაპარაკა სატელევიზიო გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
საქართველოს საზღვრებს ჩვენ ვაკონტროლებთ. ვაკონტროლებთ საიმედოდ, არც რუსეთს, არც ჩეჩნებს არავითარ პრობლემებს არ ვუქმნით, და ამასთან დაკავშირებით მინდა დავაზუსტო ერთი რამ: ჩეჩნეთიდან ჩვენ მართლაც ვიღებთ გარკვეული რაოდენობის მოქალაქეებს, ჩვენ მათ უარს ვერ ვეუბნებით, ესენი არიან სრულიად დაუცველი ბავშვები, ავადმყოფი ქალები, მოხუცები, დაახლოებით 1500 კაცი. და ისინი უკვე განთავსდნენ იმ სოფლებში, სადაც ძირითადად ჩვენი ქისტები სახლობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიჭირს, ეს ძნელია ჩვენთვის, მაგრამ მეზობელი მეზობელია და ადამიანებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება სწორედ ასეთ მოქმედებას მოითხოვს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ, ეს ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებაა. მე ასე ვფიქრობ. იგი ეწინააღმდეგება თანამეგობრობის ქვეყნების შეთანხმებებს, და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკება საქართველო-რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე ასეთი რეჟიმის გავრცელების შესახებ. დაკარგვით ჩვენ ბევრს არაფერს დავკარგავთ, მხოლოდ ერთი რამაა: გაწვალდებიან რუსეთის მოქალაქეები. მათ შორის რუსეთის ბაზების (ჯერჯერობით ეს ბაზები აქ არის) ოფიცრები, მათი მეუღლეები, ოჯახის წევრები, ნათესავები, სხვები და სხვები. იმათ ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, ვურჩევდი ყველა ეს დეტალი გაითვალისწინონ.
საქინფორმი.
„რომის პაპის ჩამობრძანება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან მისი უწმინდესობის ვიზიტით გრძელდება საუკუნოვანი დიალოგი საქართველოსა და კათოლიკურ, დასავლურ სამყაროს შორის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 9 ნოემბერი. - №304 (3345). - 1, 2 გვ.
![]() |
66 „და აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გარდახდა, წავიდა თავისთვის“ |
▲back to top |
საქართველო სიხარულითა და პატივისცემით მიესალმა ძვირფას სტუმარს - რომის პაპს იოანე პავლე მეორეს ქართულ მიწაზე
საქართველოს პრეზიდენის ედუარდ შევარდნაძისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწვევით ქრისტიანული ტრადიციების მქონე დიდ ქვეყანას - საქართველოს 8 ნოემბერს ეწვია რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური იოანე პავლე მეორე ოფიციალური დელეგაციის თანხლებით.
თბილისის აეროპორტში საპატიო სტუმრის დასახვედრად მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მინისტრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელები, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველში მცხოვრები ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. დამხვდურთა შორის იყვნენ ქართული ინტელიგენციის, ახალგაზრდობის, პრესის წარმომადგენლები, მრავლად მოვიდნენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, რომლებიც გალობითა და აღტაცებული შეძახილებით შეეგებნენ კათოლიკური ეკლესიის მეთაურს. რომის პაპის იოანე პავლე მეორისათვის, რომელიც ინდოეთიდან ჩამოვიდა თბილისში, საქართველო 90-ე ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მან მოინახულა.
...მხურვალე ტაშით შეხვდნენ დამხვდურნი თვითმფრინავის კიბეზე გამოჩენილ რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, რომლის პატივსაცემად თბილისის აეროპორტში აღმართული იყო ვატიკანისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.
თვითმფრინავის კიბესთან საპატიო სტუმარს გულთბილად შეეგებნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ამიერკავკასიის კათოლიკოსთა ადმინისტრაციის უფროსი მონსინიორი ჯუზეპე პაზოტო.
ჟღერს ვატიკანისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. დაიწყო შეხვედრის ოფიციალური ცერემონია.
საპატიო სტუმარს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე:
- თქვენო უწმინდესობავ! თქვენო უწმინდესობავ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქო! ძვირფასო სტუმრებო! ბატონებო და ქალბატონებო!
ნება მიბოძეთ, გულწრფელად, სიხარულითა და პატივისცემით მოგესალმოთ ქართულ მიწაზე, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის თითოეული მოქალაქე მოუთმენლად ელოდა თქვენს ჩამობრძანებას განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, ვინაიდან გეგებებათ როგორც უდიდესი სათნოებისა და კეთილშობილებით აღსავსე ადამიანს.
დღე, რომის პაპის პირველი ჩამობრძანებისა საქართველოსა და კავკასიაში, ჭეშმარიტად ძვირფას თარიღად იქცევა ყველა ქართველისა და კავკასიელისათვის, აგრეთვე განურჩევლად კონფესიური კუთვნილებისა, ვინაიდან თქვენი სტუმრობა ჩვენი რეგიონის, ყველა ქვეყნისა და ხალხისათვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი და კულტურული მოვლენაა.
თქვენს ვიზიტს საქართველოში აღვიქვამთ როგორც საკაცობრიო მნიშვნელობის, საზოგადო და სულიერი მიღვაწის მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე ყოველმხრივი, უწინარესად, სულიერი აღორძინების მხარდაჭერას.
საქართველო უძველესი ქრისტიანული რწმენის, ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა.
იმპერიალიზმისა და ტოტალიტარიზმის საუკუნეებმა ვერ ჩაახშო ქართველ ხალხში სწრაფვა თავისუფლების, სამართლიანობისა და შემწყნარებლობის ღვთაებრივი იდეალებისადმი, ვერ მოუსპო მათ რწმენა ღვთისა, რომლის წმინდა მშობლის წილხვედრადაც ითვლება ჩვენი სამშობლო. საქართველოს ისტორიისა და კულტურული ტრადიციის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია, რომ ერის აღორძინებისა და სახელმწიფოებრივად დამკვიდრების პროცესთა სულიერი წინამძღოლია მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე, რომელთან ერთადაც გვქონდა პატივი მოგვეწვიეთ საქართველოში.
ამთავითვე მადლობას მოგახსენებთ, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა და ინებეთ აღგესრულებინათ ისტორიული მისია პირველი ვიზიტისა საქართველოსა და კავკასიაში.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური, ერისკაცი და ქართველი, საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით კიდევ ერთხელ, მოწიწებითა და უღრმესი პატივისცემით მოგესალმებით - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
[...] ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ რომის პაპი იოანე პავლე მეორე და თანმხლები დელეგაციის წევრები მათთვის განკუთვნილ რეზიდენციაში გაემგზავრნენ.
ნინო გაბრიაძე, საქინფორმის კორ.
ვლადიმერ ვალიშვილის ფოტო.
„და აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გარდახდა, წავიდა თავისთვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 9 ნოემბერი. - №304 (3345). - 1, 3 გვ.
![]() |
67 „გაერთიანებული ბერლინი ახალი პოლიტიკური აზროვნების განახლებული და ერთიანი ევროპის ჭეშმარიტი სიმბოლოა“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის იოჰანეს რაუს და ფედერალურ კანცლერს გერჰარდ შრედერს ბერლინის კედლის დაცემის 10 წლისთავთან დაკავშირებით თავისი და ქართველი ხალხის სახელით მილოცვის წერილები გაუგზავნა, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„ცივი ომის პერიოდში გაყოფილი ბერლინი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, წარმოადგენდა ორი დაპირისპირებული სამყაროსა და აზროვნების მიჯნას. ბერლინის კედლის დანგრევით რეალობად იქცა ევროპაში არსებული ტოტალიტარული რეჟიმების დემონტაჟი, 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინელთა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გმირობამ მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა შეუქცევადია. ამ მოვლენამ წერტილი დაუსვა კონფრონტაციის, ურთიერთდაპირისპირებისა და შიშზე აგებულ პოლიტიკას. ბერლინის კედლის დაცემით დასაბამი მიეცა სრულიად ახალ პოლიტიკურ აზროვნებას როგორც ევროპაში, ისე მთლიანად მსოფლიოში.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გასულ თვეში სახელმწიფო ვიზიტით ვეწვიე გაერთიანებული გერმანიის დედაქალაქს. დღეისათვის გაერთიანებული ბერლინი იქცა ახალი პოლიტიკური აზროვნების, განახლებული და ერთიანი ევროპის ჭეშმარიტ სიმბოლოდ.
მე დიდად მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა ვწვეოდი ბრანდერბურგის ჭიშკარს, რომელიც ათწლეულების მანძილზე წარმოადგენდა გახლეჩილი გერმანიის, გახლეჩილი ევროპისა და ცივი ომის სიმბოლოს, ახლა კი, გაერთიანებული გერმანიის, ერთიანი ევროპის სიმბოლოა“.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
„გაერთიანებული ბერლინი ახალი პოლიტიკური აზროვნების განახლებული და ერთიანი ევროპის ჭეშმარიტი სიმბოლოა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 10 ნოემბერი. - №305 (3346). - 1 გვ.
![]() |
68 „დარწმუნებული ვარ, თქვენი ხმა, რომელიც ჩემი სამშობლოდან მისწვდება მთელ მსოფლიოს, შვებად და სალბუნად დაედება მილიონობით ადამიანს, მათ შორის, საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, შთაუნერგავს მათ სამართლიანობის აღდგენის რწმენასა და იმედს“ |
▲back to top |
როგორც ვიუწყებოდით, 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში გაიმართა ქართული მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელთა შეხვედრა რომის პაპთან იოანე პავლე მეორესთან.
გთავაზობთ ამ შეხვედრის სრულ ანგარიშს.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც გულთბილი სიტყვით მიმართა რომის პონტიფიკს:
თქვენო უწმიდესობავ,
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ სრულიად საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატო დიდი სიხარული ჩვენს ქვეყანაში თქვენი ჩამობრძანების გამო.
კათოლიკეთა მრავალმილიონიანი სამწყსოს სულიერი მოძღვრისა და თანამედროვეობის თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწის ჩამობრძანება საქართველოში კათოლიკურ სამყაროსთან ქართველთა საუკუნოვანი დიალოგის ლოგიკური გაგრძელებაა.
საქართველოს, რომლის მიწა-წყალი ჯერ კიდევ მაცხოვრის მოციქულებმა გაანათლეს, საუკუნოვანი ურთიერთობა აქვს ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ისევე, როგორც თვით რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან.
საქართველოსა და კავკასიაში თქვენი პირველი ვიზიტი ამ ურთიერთობათა ახალი ეპოქის დასაბამს ნიშნავს.
თქვენი ჩამობრძანება ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული და სახელმწიფოებრივი კულტურის ქვეყნისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატულებად მიგვაჩნია.
ამასთანავე, თქვენს სტუმრობას აღვიქვამთ როგორც აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელიც მტკიცედ მიიკვლევს გზას ევროპულ თანამეგობრობაში კუთვნილი, ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა იდეალები ჩვენი ქვეყნის, ქართული საზოგადოების, ეროვნული სახელმწიფოებრიობის სისხლხორცეული ნაწილი ხდება.
მით უფრო ნიშანდობლივია რომის პაპის ჩამობრძანება საქართველოში, ვინაიდან თქვენ ბრძანდებით ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელთაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ჩვენს პლანეტაზე სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალთა გამარჯვებაში.
რამდენიმე კვირის წინათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლისას, მე განვაცხადე, რომ მეოცე საუკუნეში კაცობრიობამ დაამარცხა ჰუმანიზმისა და თავისუფლების ორი უბოროტესი მტერი: ნაციზმი და ბოლშევიზმი. რომის ეკლესია და პირადად მისი დღევანდელი საჭეთმპყრობელი უდავოდ იმ ჯვაროსან რაინდთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელნიც არასდროს შერიგებიან ბოროტებას და განაპირობეს კიდეც სიკეთის ზეიმი.
შემთხვევითი არ არის, რომ იოანე პავლე მეორის ვიზიტი საქართველოში დაემთხვა ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების დასაწყისის 10 წლისთავს.
ეს ერთდროულად ღვთიური ნიშანიცაა და ადამიანური ნების გამოვლინებაც. რომის პაპის ვიზიტი სწორედ ამ მარადსახსოვარი მოვლენის იუბილეს დროს, უეჭველად მადლიერებისა და ერთგულების ნიშანიც არის.
ბერლინის კედელი, ყველაფერთან ერთად, ღვთისაგან დაშორების, საუკუნოვანი და ათასწლოვანი ცოდვის, ადამიანურ მანკიერებათა სიმბოლოც იყო. მისი დანგრევით დაიწყო არა მარტო გახლეჩილი ევროპის, არამედ ურწმუნოებით გაუხეშებული და „ურწყული“ სულების გამთლიანებაც.
მაგრამ მრავალ და ძლიერ ბოროტთა დამარცხების მიუხედავად, მეოცე საუკუნემ მაინც ვერ განკურნა ყველა ჭრილობა, კაცობრიობის სხეულისა და ადამიანის სულს დღესაც რომ სტანჯავს და აწამებს.
კვლავ გრძელდება უაზრო სისხლისღვრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დღემდე აღუდგენელია სამართლიანობა აფხაზეთში - კვლავინდებურად იტანჯება მშობლიური მიწა-წყლიდან, მამაპაპეული სახლებიდან გამოძევებული 300 ათასამდე ლტოლვილი.
იმავდროულად, თანამედროვეობის ერთ-ერთ უმთავრეს საკაცობრიო პრობლემად რჩება მატერიალური სიდუხჭირე, უფსკრული სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის.
თქვენს უწმინდესობას არაერთგზის მიუმართავს მსოფლიო თანამეგობრობისათვის მოწოდებით, რათა გაერთიანებული ძალებით დავძლიოთ ჩვენი პლანეტის სატკივარი. ამავე პრობლემებს მიეძღვნა ჩემი სპეციალური მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ხმა, რომელიც ჩემი სამშობლოდან მისწვდება მთელ მსოფლიოს, შვებად და სალბუნად დაედება მილიონობით ადამიანს, მათ შორის საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, შთაუნერგავს მათ სამართლიანობის აღდგენის რწმენასა და იმედს.
რომის პაპის ვიზიტი თავისი მნიშვნელობით სცილდება საქართველოს ფარგლებს და, იმედი მაქვს, იგი დიდ, კეთილშობილურ, სამშვიდობო როლს შეასრულებს მთელ რეგიონში „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეათა განხორციელების თვალსაზრისით.
საქართველოსთვისაც მარადჟამს ახლობელი იყო ყოველი ქრისტიანისათვის შეუვალი ღირებულებანი: უპირველესად შემწყნარებლობა, თანადგომა, თანაგრძნობა, განსხვავებული მრწამსისა და რელიგიის პატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ყველა ადამიანს, მრწამსის მიუხედავად, აერთიანებს ადამიანურობის იდეალები - სულის გადარჩენა კეთილმსახურებით, მოყვასის სიყვარული, მშვიდობა და თანამშრომლობა.
ამ იდეალების ერთ-ერთი უპირველესი და უძლიერესი მებაირახტრე მთელ მსოფლიოში სწორედ თქვენ ბრძანდებით, თქვენო უწმინდესობავ.
მე მქონდა ბედნიერება, სამჯერ შეგხვედროდით ვატიკანში.
განგებამ ინება - ჩემი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის გა- ნმავლობაში შევხვედროდი მრავალ დიდებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში. თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა თავისებურად განუმეორებელი და დაუვიწყარი იყო.
მაგრამ მაინც განსაკუთრებული, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე შეხვედრებმა ვატიკანში - თქვენი უწმინდესობის სახით მე შემეგება და მესაუბრა უნიკალური პიროვნება - გამორჩეული აზრის სიღრმითა და მასშტაბურობით, აგრეთვე სულიერი ძლევამოსილებით.
რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, რომელსაც დღეს პირველად მასპინძლობს საქართველო და კავკასია ქრისტიანული ეკლესიის 2000-წლოვან ისტორიაში, დარწმუნებით შეიძლება ეწოდოს ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე, რომელმაც შეძლო ხორცი შეესხა რჩეულთა ნიჭისათვის - შეეთავსებინა ზნეობა, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა.
აღსრულებად დიადი ჭეშმარიტებისა, რომ „პირველად იყო სიტყვა“: ვატიკანის, რომის ეკლესიის საჭეთმპყრობლის სიტყვას, მის შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი კაცობრიობისათვის სწორედ ზნეობრივი თვალსაზრისით.
თანამედროვე მსოფლიოში კი, ერთაშორისი ურთიერთობა მხოლოდ ზნეობრივ საწყისებზე უნდა აიგოს ისევე, როგორც მხოლოდ ზნეობრივ ღირებულებას უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოებრივი მოწყობა, საზოგადოებასა და პიროვნებას შორის ურთიე- რთობათა სისტემა.
ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ საქართველოს სულიერი მოძღვარი და წინამძღოლი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელთან ერთადაც მქონდა პატივი მომეწვია საპატიო სტუმარი, აგრეთვე ზნეობრიობისა და სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური სიბრძნის განსახიერებაა.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ნიჭი ამ თვალსაზრისით მრავალგზის გამოვლინდა ბოლო ათწლეულის მანძილზე, როდესაც ერს მრავალი განსაცდელისა და სირთულის დაძლევა მოუხდა.
საქართველოს აღორძინება 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო. მაშინ უწმინდესმა და უნეტარესმა მოუწოდა ქართველ ხალხს, უწინარესად, ახალგაზრდობას, შემოტრიალებულიყო ღვთისა და ეკლესიისაკენ.
ბედნიერი ვარ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელსა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს შორის შესანიშნავი, პატივისცემითა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა დამყარდა, რომელსაც კიდევ უფრო განამტკიცებს თქვენი ვიზიტი საქართველოში, თქვენო უწმინდესობავ.
დღეს ჭეშმარიტად ბედნიერია საქართველო, ვინაიდან რომის პაპის ვიზიტი უდავოდ გახდება ჩვენი მრავალჭირგამოვლილი და ღვთისმიერი ერის აღორძინების, შემდგომი წინსვლისა და ბედნიერი განვითარების კიდევ ერთი ნიშანსვეტი.
ჩვენ ვმასპინძლობთ არა მარტო მოძღვარსა და საეკლესიო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო საქართველოს - ხელი გაუმართა ჩვენს ერს გაჭირვების ჟამს ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად.
ამ თანადგომის ნიშანია შესანიშნავი ჰოსპიტალი და ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც იღებენ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეები, ლტოლვილები, ისინი, ვისაც უპირველესად თანაგრძნობა და სიყვარული სჭირდება.
უაღრესად, მე ვიტყოდი, ღვთაებრივად ნიშანდობლივია, თქვენო უწმინდესობავ, რომ საქართველოში თქვენი ვიზიტი გაიმართა ათასწლეულთა გასაყარზე, ახალი ათასწლეულის მიჯნაზე, ქრისტესშობის 2000 წლისთავზე, როდესაც ქართველი ერი აღნიშნავს ეროვნული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვან იუბილეს.
დაე, ეს შესანიშნავი და ისტორიული მოვლენა დასავლურ სამყაროსთან ევროპულ ცივილიზაციასთან საქართველოს საბოლოო ერთობის დიად სიმბოლოდ იქცეს.
[...]
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა რომის პაპს საქართველში ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა ამ ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა როგორც თავად საქართველოსათვის, ისე მთელი კავკასიისთვისაც.
„აქ ჩვენ ყველამ მოვისმინეთ მისი უწმინდესობის იოანე პავლე მეორის სიბრძნით აღსავსე სიტყვები და აზრები, და მჯერა, რომ ამ სიტყვებს კაცობრიობა 21-ე საუკუნეში შეიტანს როგორც თვალმარგალიტებს. რომის პაპის ამ აზრებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს მსოფლიში მიმდინარე პროცე- სების ფონზე“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქინფორმი.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ხმა, რომელიც ჩემი სამშობლოდან მისწვდება მთელ მსოფლიოს, შვებად და სალბუნად დაედება მილიონობით ადამიანს, მათ შორის, საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, შთაუნერგავს მათ სამართლიანობის აღდგენის რწმენასა და იმედს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 11 ნოემბერი. - №306 (3347). - 3 გვ.
![]() |
69 „მოსახლეობა სულ მალე დარწმუნდება, რომ მან გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი - არჩევანი დღევანდელი დღისა და მომავალი თაობის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ინტერესების საკეთილდღეოდ“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 15 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გუშინ საქართველოში გაიმართა არჩევნების მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა საარჩევნო მარათონის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პარლამენტი არჩეულია. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს საერთოდ? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად იმისა, თუ ვის დაუჭირა მხარი, რომელ პოლიტიკურ პარტიასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებას. დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი უწყვეტია, ანუ მოსახლეობას მუდამ აქვს საშუალება გამოხატოს თავისი ნება.
რაც შეეხება შედეგებს, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია. საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სპექტრი, ძალთა ის განლაგება, რომელიც ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განვითარებას.
პარლამენტში უკვე არსებობს მყარი უმრავლესობა, რომელსაც ნამდვილად ხელეწიფება იკისროს პასუხისმგებლობა დემოკრატიულ რეფორმათა გაგრძელებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენს პატივცემულ ოპონენტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული, მაგრამ იმავდროულად პრინციპული თანამოქმედების პირობებში.
მე ამჯერად ხაზს გავუსვამდი არა მარტო არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, არამედ იმ კონკრეტული არჩევანის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელიც კენჭისყრის შედეგად დადასტურდა. უეჭველია, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას, სტაბილურობას და მის შემდგომ განვითარებას. ამ არჩევანმა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება - მტკიცედ და შეუპოვრად განაგრძოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა.
რა თქმა უნდა, ეს მოქალაქეთა კავშირისადმი ძალიან დიდი ნდობაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მოქალაქეთა კავშირი მხოლოდ პრეზიდენტი არ არის. მმართველი პარტიის ყველა რგოლი, ყველა ლიდერი, თავმჯდომარესთან ერთად, ვალდებული არიან, დღენიადაგ ზრუნავდნენ იმ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩვენს თანამემამულეებს აღელვებთ და აწუხებთ.
მე ვიტყოდი, უაღრესად სიმბოლურია, რომ მოქალაქეთა კავშირის სიებით აფხაზეთის განთავისუფლების კავშირიც „მოქალაქეებთან“ ერთად გამოდიოდა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნება უნდა იყოს.
საერთოდ კი, გუშინდელი მეორე ტურის წინასწარი შედეგების გათვალისწინებით „მოქალაქეებმა“ 150 დეპუტატის ადგილი მოიპოვეს. ალბათ, ცოტა მეტიც იქნება, როცა დამთავრდება ხმების საბოლოო დათვლა და საარჩევნო კამპანიის მთელი პროცედურა.
- რამდენიმე ადგილას ამ ერთი კვირის შემდეგ გაიმართება არჩევნები...
- დიახ. თქვენ გახსოვთ, წინა პარლამენტში 126 ადგილი ჰქონდათ „მოქალაქეებს“, რაც, თავისთავად, არა მარტო უპირატესობაა, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაც ერისა და სახელმწიფოს წინაშე.
მეორე ტურში, მაგალითად, გარდა „მოქალაქეებისა“, სხვა ბევრი ღირსეული პიროვნებაც აირჩიეს პარლამენტარად. მათ შორის, მე, მაგალითად, გამოვყოფდი ნოდარ გრიგალაშვილსა და გია ყარყარაშვილს, რომელთაც კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება და სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მათაც ვულოცავ წარმატებას.
ძირითადი პრიორიტეტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უეჭველად უნდა გახდეს ეკონომიკის სფერო ისევე, როგორც ენერგეტიკა. მე უკვე ვთქვი ეს, მაგრამ კვლავ ვიმეორებ.
კვლავინდებურად საქმე გვაქვს ურთულეს პრობლემებთან. ამას არც ვმალავთ. მათს გადასაჭრელად საჭირო იქნება ძალთა სრული მობილიზება, რათა სრულად ავამოქმედოთ ქვეყნის სამრეწველო და ენერგეტიკული პოტენციალი. საფუძველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბაზისი ამ ურთულესი პრობლემის გადასაწყვეტად უკვე არსებობს, ვინაიდან განვლილ პერიოდში ჩვენ შევძელით უმთავრესი: დავაფუძნეთ ქართული სახელმწიფო, გაჩნდა სათანადო მატერიალური რესურსებიც. ახლა ყველაფერი დროსა და მოქმედების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
ამჟამად დგება გადამწყვეტი მომენტი: ეროვნული სახელმწიფოს მეშვეობით დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეებს შევუქმნათ ცხოვრებისა და ყოველგვარი განვითარების ღირსეული პირობები. არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ყველაფერი ეს ერთ დღეში მოხდება, ყველა პრობლემა იოლად მოგვარდება. ასეთი შეპირება არც ყოფილა და რომც ყოფილიყო, სერიოზული არ იქნებოდა. ეროვნული სახელმწიფოებრიობის სისტემა და შესაბამისი სტრუქტურები ჩვენ საკმაოდ სწრაფად ჩამოვაყალიბეთ სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში. ხშირად სახელმწიფოები ამ პრობლემის გადაწყვეტას ათეულ წლებს ანდომებდნენ. მაგრამ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტას, მემკვიდრეობით რომ გვერგო როგორც ახალ დამოუკიდებელ ქვეყანას, მაინც გარკვეული დრო სჭირდება.
ნურავის ჰგონია, თითქოს პრეზიდენტმა არ იცოდეს, რა მდგომარეობაა ენერგეტიკაში, ხელფასებისა და პენსიების სფეროში და ასე შემდეგ.
მე ამომწურავი ინფორმაცია მაქვს ყველა იმ საკითხზე, მოსახლეობას რომ აღელვებს, მაგრამ არსებობს ისეთი კატეგორიის პრობლემატიკაც, რომლის სრულად გადაწყვეტა, ქვეყნის მწირ შიდა რესურსებს თუ გავითვალისწინებთ, მაინც ძალიან ძნელია, თუმცა, ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით.
მოსახლეობა სულ მალე დარწმუნდება, რომ მან გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი - არჩევანი დღევანდელი დღისა და მომავალი თაობის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ინტერესების საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას - საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც გამოხატა და დაადასტურა თავისი მოქალაქეობრივი ნება პარლამენტის 1999 წლის არჩევნებში.
- გუშინ უკრაინაშიც გაიმართა არჩევნები - პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, როომელშიც ლეონიდ კუჩმა და კომუნისტთა ლიდერი პეტრე სიმონენკო მონაწილეობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა არა კუჩმამ, არამედ საერთოდ პროგრესმა უკრაინისათვის...
- თქვენ გახსოვთ ჩვენი ბოლო ვიზიტი კიევში სწორედ არჩევნების წინ. არც მანამდე და არც შემდეგ არასდროს შემპარვია ეჭვი ლეონიდ კუჩმას გამარჯვებაში. ეს იყო ერთადერთი მოღვაწე (თავის კონკურენტებს შორის), რომელიც თავის ნათლად ჩამოყალიბებული საარჩევნო პლატფორმით სრულ სიმართლეს ეუბნებოდა ამომრჩეველს და არაფერს არ ალამაზებდა. უკრაინელმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრაციას, უკრაინის განსაკუთრებულ როლს ევროპის უშიშროების საკითხებში, უკრაინისა, რო მელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა.
უკრაინა ჩვენი მოკავშირეა და არ შეიძლება არ გვიხაროდეს, როცა მოძმე ხალხი ბრძნულ და შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას იღებს.
ვულოცავ ჩემს ძმასა და მეგობარს ლეონიდ კუჩმას თავისი ხალხის დამაჯერებელ მხარდაჭერას და დიდ გამარჯვებას.
- გასულ კვირას საქართველოში ჩამობრძანდა რომის პაპი იოანე პავლე მეორე. როგორ შეაფასებდით მის ვიზიტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოსათვის?
- რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, მისი უწმინდესობის იოანე პავლე მეორის ვიზიტი საქართველოში უკვე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ისტორიულ ნიშანსვეტად გადაიქცა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი კავკასიისთვისაც. ვფიქრობ, საქართველომ ამ შემთხვევაშიც ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი უნიკალური რეგიონი.
თუმცა ვიზიტის მნიშვნელობა კავკასიის ფარგლებსაც სცილდება. საქართველოში რომის პაპს ვუმასპინძლეთ უწინარესად როგორც საკაცობრიო მნიშვნელობის საზოგადო მოღვაწეს.
საქართველომ დაამტკიცა, რომ მართლმადიდებლობა სრულიადაც არ გამორიცხავს ევროპასთან, დასავლეთთან პარტნიორობას, თანასწორუფლებიან დიალოგსა და თანამშრომლობას.
შემაძრწუნებლად ვულგარულია მავანთა მტკიცება, თითქოს დემოკრატიული ღირებულებანი, ადამიანის უფლებები, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების პატივისცემა, ჰუმანიზმი, პიროვნების თავისუფლების პრინციპი - ყოველივე ეს მხოლოდ დასავლური ღირებულებანია და მართლმადიდებლობა მათ არ უნდა აღიარებდეს. ამიტომ მართლმადიდებელი სამყარო შინაარსობრივად დაპირისპირებულიაო დასავლურ სამყაროსთან და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, არიან ასეთი ადამიანები, და არა მარტო ჩვენში.
სინამდვილეში, საქართველო, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გასხივოსნებულია ნინოს ჯვრით, სვეტიცხოვლითა და მართლმადიდებლური რწმენით, იზიარებს საერთო-საკაცობრიო ჰუმანისტურ ღირებულებებს. ეს ღირებულებანი არც მხოლოდ კა- თოლიკურია, არც მხოლოდ მართლმადიდებლური. ისინი აერთიანებენ ყველა კეთილი ნების ადამიანს.
ყველგან, სადაც დააფუძნეს ჭეშმარიტი დემოკრატია, შეიქმნა პიროვნებისა და საზოგადოების განვითარების შესანიშნავი პირობები. ამ თვალსაზრისით, იაპონიაც დასავლეთია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთით მდებარეობს.
ამ თვალსაზრისით დასავლეთია საქართველოც, ვინაიდან, ურთულეს პრობლემათა მიუხედავად, მტკიცედ აგრძელებს დემოკრატიის მშენებლობას. სწორედ ასე გვესმის ჩვენ დასავლური ორიენტაცია, და არავითარ შემთხვევაში როგორც ისტორიულ ეროვნულ ღირებულებათა უარყოფა.
მისი უწმინდესობის იოანე პავლე მეორის ჩამობრძანება საქართველოში, უწინარესად, ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის, ჰუმანისტური კულტურის, ისტორიული ტრადიციის აღიარება გახლდათ. აღიარება იმისა, რომ ტრადიციულად მართლმადიდებელი საქართველო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ერთ-ერთი მატარებელიც არის და, თუ გნებავთ, ერთ-ერთი დასაყრდენიც.
დიახ, რაოდენ მცირეც უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ნურავის მოეჩვენება გადაჭარბებულად, თუ ვიტყვით, რომ ტრადიციული ქართული შემწყნარებლობა, სხვადასხვა ერთა და კონფესიათა მშვიდობიანი თანაცხოვრება, ბიბლიის შემოქმედი ერისადმი და- მოკიდებულება ნამდვილად ზოგადსაკაცობრიო შენაძენია.
ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს განხორციელდა. ორგზის ბედნიერი ვარ, თუ პირადად ჩემი წვლილი და დამსახურებაც არის რომის პაპის ჩამობრძანებაში.
აქვე უდიდეს მადლობას მოვახსენებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. მოგეხსენებათ, მე მქონდა პატივი მომეწვია რომის პაპი საქართველოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ერთად. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძანდება ჩვენი ერის არა მარტო სულიერი მოძღვარი, არამედ უდიდესი სახელმწიფოებრივი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული მოღვაწეც.
ესეც ხომ ნათელი ქართული ტრადიციაა. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული სახელმწიფოებრიობის ბურჯი იყო. იგი ჯვრითა და, ზოგ შემთხვევაში, ხმლით ხელში იცავდა საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს ტრადიცია ამჟამადაც გრძელდება და მარადჟამს ასე იქნება.
- დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ არჩევნების თემით დავიწყეთ და ერთ ასეთ მომენტსაც შევეხები: საკმაოდ ხშირად ამბობენ, რომ ახალ პარლამენტში ვერ მოხვდნენ ეროვნული ძალები და ისინი პარლამენტის გარეთ დარჩნენ. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- გმადლობთ ამ კითხვისათვის, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. არ ვიცი, რამდენად ამომწურავი იქნება პასუხი, ამას ცოტა მეტი დრო სჭირდება, იგი შემდეგისთვის უნდა გადავდოთ. პრინციპული საკითხია.
უწინარესად, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ცნება. რას გულისხმობენ ეროვნულ მოძრაობაში. თუ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა იგულისხმება, რომელიც 80-იანი წლების დამლევს ძველი წყობისა და სისტემის ნგრევის ჟამს გაიშალა საქართველოში, მან, რა თქმა უნდა, თავისი ისტორიული მისია შეასრულა. ეს ალბათ, მაინც სადისკუსიო საკითხია, მაგრამ იყო პერიოდი, როცა საქართველოში, როგორც ჩანს, მაინც გარდაუვალი იყო საზოგადოებრივი მღელვარება, ქუჩის აქციები, მანიფესტაციები, რადიკალური მოთხოვნები და ასე შემდეგ. ეს პერიოდი ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ზოგიერთი ვერა და ვერ გამოსულა იმ მდგომარეობიდან, ანუ, თუ სხვაგვარად ვიტყვით, ვერა და ვერ დაუღწევია თავი იმდროინდელი საკმაოდ მარტივი შავ-თეთრი სტერეოტიპებისაგან, ასეთივე მეთოდებსა და ფორმებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობა და იგი დამთავრდა შესაბამისი დავის ამოწურვასთან ერთად. სინამდვილეში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო ეროვნული მოძრაობის ერთი პერიოდი, გარკვეული ფორმა. ხოლო თვით ეროვნული მოძრაობა, რა თქმა უნდა, გრძელდება და არც ოდესმე დასრულდება, ვინაიდან უსასრულოა საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული განვითარება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უფრო დეტალურად და უფრო მეტად არგუმენტირებულად ვისაუბრებთ საქართველოს 3000-წლოვანი ისტორიის თარიღის აღნიშვნის დროს.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის აზრი, თითქოს დღევანდელ პარლამენტში არ იყვნენ ან ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი ეროვნული ძალები, ეროვნული მოღვაწენი. ეროვნული მოღვაწეა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ განვითარებას. განა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი არ არის ელგუჯა მეძმარიაშვილი (მე მარტო ერთ კაცს ვასახელებ), რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ პატარა საქართველოს, სულ ახლახან საზარელი ქაოსით რომ იყო მოცული, უმაღლესი ტექნოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია არა მარტო დედამიწაზე არამედ კოსმოსშიც.
არ არსებობს საქართველოში ქართულ ინტელიგენციაზე აღმატებული ძალა და ამასთანავე მე კიდევ ერთ აზრს მინდა გავუსვა ხაზი (როგორც გითხარით ერთი ადამიანი დავასახელე). მაგრამ, აბა, გადახედეთ პარლამენტის შემადგენლობას - მეცნიერების, მწერლების, ეკონომისტების, იურისტების სიებს, ჩვენი დროის თვალსაჩინო მოაზროვნეებს, აქვე არიან ცნობილი პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ ასაკოვანნი და სრულიად ახალგაზრდები, სახელმწიფო მოღვაწენი.
ბოლოს და ბოლოს ერისკაცობა რაღაა, თუ არა საერო საქმის კეთება, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა და ეროვნული სახელმწიფოს აღორძინება. და ვაგრძელებ ჩემს აზრს: არ არსებობს საქართველოში ქართველ ინტელიგენციაზე აღმატებული ეროვნული ძალა.
ქართველ ინტელიგენციას მე ერთხელ ერის სულიერი არისტოკრატია ვუწოდე. მან ხომ ურთულეს პირობებში შეუნარჩუნა ერს უმთავრესი სიმდიდრე - ქართული კულტურა, ქართული მეცნიერება. და არა მარტო შეუნარჩუნა, არამედ განავითარა და ელვარება შესძინა ჭეშმარიტი შედევრებით.
მე შემიძლია დავასახელო ქართული ეროვნული მოძრაობის ბრწყინვალე წარმომადგენლები, თუნდაც ოპოზიციურ პარტიებში. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს ეროვნული მოძრაობა პარლამენტის გარეთ დარჩა და ასე შემდეგ, სრულებით უსაფუძვლოა. არათუ პარლამენტის წევრი, არამე დღეს მთელი საქართველო, ქვეყნის ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, ეროვნული მოძრაობის სრულუფლებიანი წევრები ვართ, რადგან ერთად ვაშენებთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას.
- და, ერთი ასეთი კითხვაც, რომლითაც ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე რადიოინტერვიუს: გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან რას გამოყოფდით? გაიმართა მთავრობის სხდომა, თქვენ შეხვდით „დაიმლერ-კრაისლერის“ წარმომადგენლებს...
- როდესაც მე ვამბობ, რომ გვაქვს კრიზისის საბოლოოდ დაძლევის სრული საფუძველი, ეს ლიტონი სიტყვები არ არის. თუმცა, ზოგჯერ სტატისტიკური მონაცემები უფრო მეტყველია. ქვეყანა თანდათან წელში იმართება. 1998 წლის უმძიმესი დარტყმის, უმძიმესი კრიზისის შემდეგ ჯერაც წელში ვერ გავსწორებულვართ, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო.
მაგალითად, სამრეწველო პროდუქციის მოცულობა წლის დამდეგიდან ოქტომბრის ჩათვლით გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 38 მილიონი ლარით, ანუ თითქმის 3 პროცენტით, აქედან მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით - 21 მილიონი ლარით ანუ 3,1 პროცენტით. ხოლო თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით წლევანდელ ოქტომბერში წარმოების მთლიან მოცულობას, იგი 11 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად მეტ ყურადღებას იჩენენ ინვესტორებიც.
გასულ კვირას ვესაუბრე „დაიმლერ-კრაისლერის“ კონცერნის წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, იგი ერთ-ერთი მსოფლიო გიგანტია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კოსმოსური კვლევის ინსტიტუტთან. მომავალში კი განზრახულია არსებული კონტაქტების გაღრმავება და თანამშრომლობა ისტორიული აბრეშუმის გზის გასწვრივ კოსმოსური კავშირის დამყარების პროექტში. ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა მენავთობეებთან (შემოკლებით ვამბობ „ფრონტერა რისორს კორპორეიშნი“), რომელიც ახლა იწყებს საბურღ სამუშაოებს შირაქში და ამ თვის დამლევისათვის მიწვეული ვარ, რათა დავესწრო ბურღვის დაწყებას, და მპირდებიან, რომ სადღაც, ადრე გაზაფხულზე, ალბათ, პირველი დიდი ნავთობიც ამოხეთქავს შირაქში.
ძალიან მოკლედ შევეხები იმ დისკუსიას, რომელიც მთავრობის სხდომაზე გაიმართა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებით. დღევანდელი ვითარება ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს თვისებრივად ახალ ამოცანებს აკისრებს. აღრიცხვის სფეროს მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირებისა და საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის, ქვეყნის ეკონომიკის მომავალი განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, სტატისტიკის დეპარტამენტს, მის ახალ ფუნქციას თუ გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს.
და, რაც მთავარია, არათუ შემაშფოთებელი, არამედ კატასტროფული ვითარება იქმნება საბიუჯეტო შემოსავლის სფეროში, განსაკუთრებით, საბაჟო დეპარტამენტში. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში საგადასახადო და უწინარესად საბაჟო სამსახურებმა შესამჩნევად შეასუსტეს მუშაობა, კვლავ გაიზარდა კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის ოდენობა.
მე დავავალე სახელმწიფო მინისტრს ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს, უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს საგანგებო ღონისძიებათა სქემა, კერძოდ, ორგანიზაციული საკითხების გათვალისწინებით როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ რგოლებში.
იმ დროს, როცა არსებობს ეკონომიკის აყვავების ყველა პირობა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კონტრაბანდამ, აღურიცხაობამ და კორუფციამ წყალში ჩაგვიყაროს ამდენი შრომა.
წესრიგი ფინანსებში ქვეყნის სტაბილურობის უმთავრესი პირობათაგანია.
- რასაკვირველია, ეკონომიკურთან ერთად უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება ეუთოს სტამბოლის სამიტს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება და რომელშიც თქვენ მიიღებთ მონაწილეობას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მას მთლიანად რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოსათვის...
- მე შევეცდები ძალიან მოკლედ გიპასუხოთ (ალბათ ვრცელი ინფორმაცია შეიძლება სამიტის შემდეგ მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას). ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი მაინც ის არის, რომ ფაქტობრივად გამოიკვეთება ევროპის უშიშროების ძირითადი კონტურები. ეს მეც ძალიან ხშირად აღმინიშნავს და ჩემს ბევრ სხვა კოლეგასაც.
მძიმედ, მაგრამ მაინც მივიწევთ იქითკენ, რომ ევროპის სივრცის, იხმარება ასეთი გამოთქმა - ეუთოს სივრცის, მისი უშიშროებისათვის პასუხისმგებელი თავად ევროპა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციითა და მისი მონაწილეობით.
მეორე საკითხი - ძალიან რთული ხელშეკრულება, რომელზეც მუშაობა ჯერ არ არის დამთავრებული ძირითადად საქართველო-რუსეთის, რუსეთ-მოლდოვისა და რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობათა გამო, - ეს არის ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხები. ძალიან სერიოზული და მწვავე დისკუსი- ები მიმდინარეობს.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაც გარკვეულ კომპრომისს მივაღწევთ.
როგორც გითხარით, მომზადებულია ძირითადი, მთავარი დოკუმენტი - ეს გახლავთ ევროპის ქარტია. მე ძალიან მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ევროპის კონსტიტუცია, მაგრამ ეს დოკუმენტი ჯერ-ჯერობით კონსტიტუციის დონეს ვერ აღწევს, მაგრამ სამაგიეროდ იგი საკმაოდ კონკრეტულია, კერძოდ, იმ თვალსაზრისით, რომ შეიქმნას უშიშროების გარანტიები გარკვეული ძალების გამოყენების გათვალისწინებით, რეალურად, უფრო მეტად ლაპარაკია პოლიციის ძალების გამოყენებაზე.
ასევე მომზადებულია სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს პრობლემებიც აისახება და, დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის პრობლემაც პოვებს ისეთივე ასახვას, შეიძლება უკე- თესსაც, როგორც ეს წინა სამიტებზე იყო.
ასევე ამ დღეებში სტამბოლში გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის უმაღლესი დონის შეხვედრა და, რაც მთავარია, პირადად ჩემთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის - ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. ვფიქრობ, ეს ხელშეკრულება მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ხელი მოვაწეროთ დაინტერესებული ქვეყნების პრეზიდენტებმა - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ამერიკის პრეზიდენტთან ერთად.
ასევე საკმაოდ წარმატებით მიიწევს წინ მეორე დიდი გიგანტური ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები. ეს გახლავთ ტრანსკავკასიური გაზსადენი - თურქმენეთიდან თურქეთისაკენ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. აქ არის მცირეოდენი წინააღმდეგობანი, მაგრამ ვფიქრობ, დარჩენილ დროში ამ ხელშეკრულების მომზადებაც შეიძლება ხელმოსაწერად.
ასე რომ, თუ ეს ყველაფერი ახდა, ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი უკვე მუშაობს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათასწლეულთა გზაგასაყარზე ამ მასშტაბის ხელშეკრულებათა ხელმოწერა საქართველოს როლს, მის ავტორიტეტს კიდევ უფრო გაააქტიურებს და კიდევ უფრო აღამაღლებს.
საქინფორმი.
„მოსახლეობა სულ მალე დარწმუნდება, რომ მან გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი - არჩევანი დღევანდელი დღისა და მომავალი თაობის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ინტერესების საკეთილდღეოდ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 ნოემბერი. - №311 (3352). - 1, 2 გვ.
![]() |
70 ედუარდ შევარდნაძე: „ვფიქრობ, ეს საუკუნე ისტორიაში შევა როგორც იმპერიის, ტოტალიტარიზმის მსხვრევისა, და, გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატიის, დემოკრატიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პრინციპების გამარჯვების საუკუნე“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ო-ერ-ტე ტელეკომპანიის შაბათის ანალიტიკური პროგრამისათვის 1999 წლის 12 ნოემბერს (სრული ტექსტი)
პ. შერემეტი: ბატონო პრეზიდენტო, ახლა მეტად რთული სიტუაციაა მთლიანად კავკასიაში და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გამო. როგორ ფიქრობთ, ახლა კავკასიის სახელმწიფოებს შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი ამ კონფლიქტების მიზეზი ჩეჩნეთის ომია, თუ ეს მიზეზები უფრო ფართოა და უკავშირდება იმას, რომ კავკასიაში ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა ძლიერი და არცთუ ძლიერი სახელმწიფოების ინტერესები?
ე. შევარდნაძე: ალბათ, აქ ყველა ელემენტი არსებობს, მაგრამ პოლიტიკურ ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა და სიბრძნე ის გახლავთ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში გამონახონ სწორი ნაბიჯები, სწორი გადაწყვეტილებანი. ეს ზოგადი ფრაზაა. ახლა, რაც შეეხება რეალურ მიზეზებს:
რაკი კავკასიაში, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ვეხებით, უნდა დაგვეწყო აფხაზეთის ტრაგედიით, აფხაზეთით. იმიტომ კი არა, რომ ბოღმა არ გვასვენებს, არამედ იმიტომ, რომ ისტორიული ჭეშმარიტება დავადგინოთ. თუ გახსოვთ, აფხაზეთში უაზრო ომი რომ მიმდინარეობდა და ქართველების და არა მარტო ქართველების - რუსი ეროვნების მოქალაქეების, სომხების, ებრაელების და სხვათა მნიშვნელოვანი ნაწილის გენოციდი წარმოებდა, ჩეჩენთა რაზმები, რამდენიმე ათასი კაცისაგან შემდგარი, მთავარი დამკვრელი ძალა იყვნენ და მონაწილეობდნენ ბინძურ ოპერაციაში, ხოცავდნენ, ხვრეტდნენ და, საბოლოო ანგარიშით, მიაღწიეს იმას, რაც უნდოდათ, ანუ სეპარატისტული რეჟიმის ამოცანას - განეხორციელებინათ ეთნიკური წმენდა. მაშინ არ გამიგია რუსეთის ხელმძღვანელობისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების ხმა, თუ რატომ ხდებოდა ეს, თუ რატომ მონაწილეობდნენ რუსეთის მოქალაქენი ამ სამარცხვინო ომში, რატომ ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რატომ წვავდნენ სახლებს და სდევნიდნენ ადამიანებს მშობლიური ადგილებიდან? მოგეხსენებათ, რომ ჩეჩნეთში არ არის იარაღის ქარხნები, თუმცა ისინი ყველა თავით ფეხამდე შეიარაღებული იყვნენ არა მარტო სასროლი იარაღით, არამედ ჯავშანმანქანებითაც, ჰქონდათ თვითმფრინავებიც, ყოველივე ამით მათ აიარაღებდნენ რუსეთი, რუსეთელები, რუსეთის სამხედროები. მეტსაც გეტყვით, დამახსომდა რუსეთის მაშინდელ უზენაეს საბჭოში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის კოლესნიკოვის გამოსვლა. მან მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, სოხუმს რამდენიმე დღეში აიღებენო. აი მაშინ, როცა ეს ტრაგედია ტრიალებდა, არ ყოფილა არავითარი პროტესტი, არავითარი აკრძალვა. იქ, სხვათა შორის, იბრძოდნენ არა მარტო ჩეჩნები, არამედ, ეგრეთ წოდებული მოხალისეებიც, ბოევიკებიც, რეგულარული ნაწილებიც კი. არსებობს ოფიციალური მტკიცებულებანი, ოფიციალური მოწმენი ჰყვებიან, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ მონაწილეობდნენ ოფიციალური ნაწილები ამ ომში. მაშინ ვყვიროდი იქიდან, იმხანად სოხუმში ვიყავი, ვყვიროდი, ვრეკავდი, გაფრთხილებას ვიძლეოდი და სულ ერთთავად, გამუდმებით ვიმეორებდი, ყოველივე ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, ადრე თუ გვიან დაგიბრუნდებათ-მეთქი. იმიტომ კი არა, რომ გამჭრიახი ვარ, ანდა პროგნოზების გამოთქმა შემიძლია. ისტორიული სამართლიანობაა, როცა ირღვევა ჰუმანიზმისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ელემენტარული ნორმები - ეს დაუსჯელი არ რჩება. ეს ერთი.
მეორე, თუ რაღაც შეცდომებს ვახსენებთ, ვფიქრობ, პირველი ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ შეცდომა იყო. პირდაპირ გეტყვით, თუ არა ხარ დარწმუნებული, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვან, მით უმეტეს, ამგვარი აქცია ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. კარგად იცით, როგორ დასრულდა ყოველივე.
თავს ნებას მივცემ, ცოტა დაწვრილებით გიამბოთ ამის შესახებ, რადგან ბევრი რამ უმართებულო, ყურით მოთრეულია ამ პრობლემებთან დაკავშირებით. და რა ვქნათ ახლა ჩვენ? ჩეჩნების მეზობლები ვართ. მათ რამდენიმე გზის გააკეთეს ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ წუხან, რაც მოხდა, რომ შეცდომაში შეიყვანეს და ასე შემდეგ, და მზად არიან იმეგობრონ ქართველ ხალხთან, ანუ აღადგინონ ის ტრადიციები, რომლებიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა. ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება ვიღონოთ. მაშინ რუსეთი, რუსეთის ჯარები დამარცხდნენ. ჩეჩნეთი კვლავაც არსებობს და ისინი ჩვენი მეზობლები არიან. მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა გამოინახოს რაღაც გზები, რათა დავამყაროთ მათთან კონტაქტები. რუსეთის ხელმძღვანელობის სანქციით მასხადოვს დავრთე ნება საქართველოში ჩამოსულიყო. იგი ჩამოვიდა. ერთი დღის განმავლობაში ვაწარმოეთ მოლაპარაკება და შევთანხმდით, რომ ჩეჩნები აღარასოდეს აღმართავდნენ ხელს საქართველოზე და ქართველები არასოდეს არ ერჩიან ჩეჩნეთის არც ერთ წესიერ წარმომადგენელს. ბუნებრივია, არავითარ ხელშეკრულებასა თუ შეთანხმებაზე ხელი არ მოგვიწერია. მხოლოდ დავთქვით, რომ მშვიდობა დამყარდება ორ ხალხს შორის, არა სახელმწიფოებს, არამედ ხალხებს შორის. ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა მივეცით, როგორც ორმა კაცმა, რომლებიც ასე თუ ისე ჩვენი ხალხების ხელმძღვანელები ვართ და დასახული მიზნისაკენ მივუძღოდით მათ. თითქოსდა ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, იყო კონტაქტები, ჩვეულებრივი კონტაქტები. არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს. მაშინვე გავაფრთხილე, რომ დოკუმენტს, რომელიც არ შეესაბამება რუსეთის კონსტიტუციას, რუსეთის კონსტიტუციის დებულებებს, ხელს არ მოვაწერდი. ისიც გაგებით მოეკიდა ამას. ჩვენ დავშორდით. შემდეგ ბორის ნიკოლოზის ძემ დამირეკა და მითხრა, რომ გაგებით ეკიდება ყოველივე იმას, რაც მოხდა, და ამით ეს ამბავი ამოიწურა.
ახლა ეს მეორე ომია ანუ, არც ვიცი რა ვუწოდო. მუდამ გაგებით ვეკიდებოდი იმ ღონისძიებებს, რომლებსაც რუსეთის ხელმძღვანელობა მიმართავს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ეს თავად ვიწვნიეთ და საკმაოდ სერიოზულადაც. ჩვენ ვიცით რა არის ეს. როცა სადღაც რაღაც გაირღვევა, მერე ამ პროცესის შეჩერება ძალზე ძნელია. ახლაც მესმის, რომ რუსეთმა თავად უნდა განსაზღვროს პოლიტიკა თავისი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება სხვა საკითხებს, ახლა ვრცელდება ხმა, თითქოს იყო მიმართვები იმის თაობაზე, რომ რუსეთსა და საქართველოს მესაზღვრებს ერთად დაეცვათ საზღვარი. ამას ვერ დავთანხმდი, ვინაიდან შეიძლებოდა გართულებები გამოეწვია. უთუოდ, უთუოდ იქნებოდა მსხვერპლი, უთუოდ დახოცავდნენ ან რუსებს, ან ქართველებს, და ამას მეტად ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. ამასაც ამბობენ, თავად რუსეთელებმა დაადასტურონ ასეა ეს თუ არა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობიდან ვიღაცამ მიმართა შევარდნაძეს, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული ჯარების გატარების ნება დაერთო, გაეტარებინა ისინი ჩვენს ტერიტორიაზე. ამას, რომც ყოფილიყო ასეთი ოფიციალური მომართვა, არც დავთანხმდებოდი, ვინაიდან ომი ომია, იგი მთავრდება, ხალხები არსებობას განაგრძობენ, და ხალხის მეხსიერებაში ილექება ყოველივე ეს. სამწუხაროდ, ასეთი მოგონებები მრავალი ასწლეულისა და ათასწლეულის მანძილზე ცოცხლობს, განსაკუთრებით კავკასიაში.
რაც შეეხება თავად საზღვარსა და მისი დაცვის საიმედოობას, ამაზე მე პასუხს ვაგებ. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ რომელიღაც ბოევიკებს იგი გადაელახოთ. თავად ჩვენ არ შეგვიძლია შემოვუშვათ ჩეჩენი ან სხვა ბოევიკები, ვინაიდან ჯერ კიდევ სუსტია ჩვენი სახელმწიფო და ვერ დავუშვებთ ჩვენი სტაბილურობისადმი თუნდაც ელემენტარული საფრთხის შექმნას. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ, და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს ყოველი ნორმალური სახელმწიფო, თავშესაფარს ვაძლევთ ბავშვებს, რომლებიც იღუპებიან სიცივეში, და ავადმყოფ ქალებს. სულ ეს არის. მათ აქ ნათესავები ჰყავთ, თანაც ჩვენც გვყავს ჩვენი ჩეჩნები, ქისტებს რომ ვეძახით. სწორედ მათ სახლებს შეაფარეს თავი და იქ ცხოვრობენ. ასე რომ, ჩვენი სინდისი სუფთაა.
პ. შერემეტი: ეს-ესაა თქვით, რომ საქართველოსაც ზიანს აყენებს სეპარატიზმი და წინა ჩეჩნეთის ომში მხარს უჭერდით რუსეთის მოქმედებას ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ახლა ვერ ხერხდება რუსეთსა და საქართველოს მოლაპარაკება საზღვრის საკითხში, რუსეთის სამხედროების საკითხში. რატომ? არსებობს კომპრომისის რაიმე ვარიანტი, თუ ასეთი ვარიანტი ახლა პრინციპულად არ არსებობს?
ე. შევარდნაძე: საზღვრის შესახებ ჩვენ საკმაოდ წარმატებით და ცივილიზებული ფორმით შევთანხმდით. ჩვენ ჩვენი სასაზღვრო ჯარები გვყვავს ახლა და რუსეთის ხელმძღვანელობას ვუთხარით, რომ შეგვიძლია საკუთარი საზღვრების დაცვა, მათ შორის საზღვაო აკვატორიისაც. გავმართეთ მოლაპარაკება, მადლობა გადავუხადეთ რუსეთის მესაზღვრეებს და დავთქვით, რომ ისინი დატოვებენ თავიანთ საბრძოლო საგუშაგოებს, სამშობლოში დაბრუნდებიან, ხოლო სამსახურს გასწევენ საქართველოს მესაზღვრეები. საზღვარი დახურულია, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ალბათ, ეს რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება, არა მარტო საქართველოს ინტერესებს, რომ სამხრეთის სახელმწიფოებიდან უსიამოვნება არ ექმნებოდეს რუსეთს. ამ თვალსაზრისითაც ალალმართალნი ვართ. რაც შეეხება სამხედრო საკითხებს, ვიმეორებ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების გატარების უფლება ჩვენ არა გვქონდა.
პ. შერემეტი: ახლა საქართველოს ძალზე ბევრი ბრალს სდებს ბოევიკებთან თანამშრომლობაში. ეს ცნობები რეგულარულად მოდის მოსკოვიდან სამხედროებისაგან, სხვადასხვა პოლიტიკოსისაგან. და მაინც, ამ ბრალდებათა აბსურდულობის მიუხედავად, გვახსოვს რა აფხაზეთის ომი, გვახსოვს რა ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ისტორიულად რთული ურთიერთობა, რაღაც ფაქტები მაინც არის. განა აქ არ იყო მოვლადი უდუგოვი, და საქართველო ბოევიკებისათვის ერთ-ერთი უკანასკნელი კარიბჭე არ არის, რომლითაც მათ გასვლა-შემოსვლა შეუძლიათ. რატომ აღმოჩნდა უდუგოვი საქართველოში?
ე. შევარდნაძე: ჯერ ერთი, უდუგოვი, ჩემი აზრით, ბოევიკი არ არის. მან სპეციალური წერილი ჩამოიტანა მასხადოვისაგან ჩემს სახელზე. სხვათა შორის, იგი არ მიმიღია და წერილიც არ მინახავს. მას უთხრეს, რომ ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორიც ახლა ორ ქვეყანას შორისაა, ასეთი აქციები არასასურველია. მე ვიცი რაც უნდათ მათ. მათ უნდათ, რომ ჩვენ შუამავლობა ვიკისროთ. მეტად თავაზიანად ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელია. რუსეთი არასოდეს არ შეურიგდება იმ ფაქტს, რომ საქართველომ, ან აზერბაიჯანმა, ან სომხეთმა, ანდა რომელიმე სხვა ქვეყანამ შუამავლობა იკისროს, როცა საქმე ეხება კონფლიქტს საკუთარ სუბიექტთან, როგორც რუსეთი თვლის და თვლის, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ. მე უდუგოვი არ მიმიღია, იგი არ მიუღიათ არც სხვა ხელმძღვანელებს, მიიღეს სხვებმა, მისმა პირადმა ნაცნობებმა. აქ ღამე გაათია. ჩვენ არ გვქონდა საფუძველი დაგვეკავებინა, დაგვეპატიმრებინა, ან რაიმე რეპრესიული ღონისძიებანი განგვეხორციელებინა მის მიმართ. ამიტომაც იგი სხვა ქვეყანაში წავიდა, სად, არ ვიცი. სხვა ფაქტები, რომ ჩვენ ბოევიკები მიგვიღია, ან ვხვდებით მათ, ან ხელს ვუწყობთ, ანდა რაღაც ბაზებს ვქმნით - ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს.
ჩვენი წარმომადგენლები შეხვედრიან ერთმანეთს, შეხვედრიან სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელები. სხვათა შორის, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ორჯერ სცადა შეხვედროდა მინისტრ სერგეევს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. თავად სერგეევს სურდა ჩამოსვლა, მაგრამ ეტყობა ვერ მოიცალა. ორჯერ შეხვდა ჩვენი სახელმწიფო მინისტრი ბატონ პუტინს და, თუ არ ვცდები, ორჯერ ტელეფონით ესაუბრა მას და არავითარი კონკრეტული ფაქტები არ წამოუყენებიათ. რამდენჯერმე შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე მეტად სერიოზული, მეტად კონკრეტული მსჯელობა წარმოებდა ყველა ფაქტზე, თუ ისინი არსებობს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არავითარი ასეთი ფაქტი არ არსებობს. საიდან მოაქვთ ისინი? ჩვეულებრივ აცხადებენ, რომ ასეთი მონაცემები აქვს სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს, მე ვიცი სახელმწიფო სადაზვერვოს რა მონაცემებით სარგებლობდნენ ისტორიულად, როგორ ითხზვება ისინი, როგორ მოახსენებენ მათ ჯერ გენერალურ შტაბს, შემდეგ თავდაცვის მინისტრს, შემდეგ უმაღლეს მთავარსარდალს. ვიცი, რომ დიდი ფალსიფიკაცია ხდება.
პ. შერემეტი: როგორ შეხვდით რუსეთის იდეას შემოიღოს ვიზები საქართველოსა და აზერბაიჯანის მცხოვრებლებისათვის და იმ იდეას, რომ შეწყვიტოს საჰაერო მიმოსვლა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან და ამიერკავკასიის სახელმწიფოებ- თან? საერთოდ, როგორ ეკიდებით ამ წინადადებებს, რომლებიც ითვალისწინებს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის რეჟიმის გამკაცრებას?
ე. შევარდნაძე: მეტად დელიკატური რომ ვიყო, გეტყვით, რომ ეს უგუნურობაა. თავად რუსეთელებიც მიხვდებიან. მოვა დრო და მიხვდებიან, საქართველო ამის გამო სულაც არ დაიღუპება, ბუნებრივია, არც რუსეთი დაიღუპება. ნაირგვარი შეზღუდვები არ იწვევს ორი სახელმწიფოს, ორი ხალხის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ითქვა, რომ საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ჯერ არ ვიცი რას მოგვიტანს მოლაპარაკება, მაგრამ თუ რუსეთი ცალმხრივი წესით მაინც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ჩავთვლი, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილებაა. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.
პ. შერემეტი: ითვლება, რომ საქართველო თავად შორდება რუსეთს. თქვენი განცხადება, რომ საქართველო ნატოსკენ ისწრაფვის, და ბოლო სიტუაცია საქართველოსათვის ნაჩუქარ ამერიკულ ვერტმფრენებთან, იმ ამერიკულ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, ხუთშაბათს დააკავეს „ვნუკოვოს“ აეროპორტში და რომელიც საქართველოში იგზავნებოდა. თქვენ ახლა მართლაც სულ უფრო მეტად სცილდებით რუსეთს და იხრებით ნატოსკენ, დასავლეთისაკენ, ან იქნებ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ტენდენცია არ არის?
ე. შევარდნაძე: თქვენ პირველი როდი მისვამთ ამ კითხვას. ამ კითხვას სვამენ როგორც რუსეთელი, ისე დასავლელი ჟურნალისტებიც. ნატოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, რუსეთი ჩვენ ერთი ეტაპით გვისწრებს. რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ნატოსთან, ჩვენ კი ჩვეულებრივი, პარტნიორული ურთიერთობა. სხვათა შორის, ეს არა მარტო სამხედრო და არა იმდენად სამხედრო საქმეებს ეხება. „ნატო“ სერიოზულად გვეხმარება მრავალი სამეცნიერო პროგრამის დაფინანსებაში, რომლებიც სამხედრო კვლევასთან არ არის დაკავშირებული. ბუნებრივია, მეტად ინტენსიურად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა ევროპის კავშირთან და დასავლეთის სახელმწიფოებთან. ჩვენ ხომ არსებითად განიარაღებული ვართ. რუსეთელებმა მარტო საქართველოდან 8 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა გაიტანეს. ეს არის უაღრესად თანამედროვე ტანკები, თანამედროვე თვითმფრინავების ორი დივიზია. ერთი სამხედრო თვითმფრინავიც არ დაგვიტოვეს. სპეციალური წერილი გავუგზავნე, თხოვნით მივმართე რუსეთის პრეზიდენტს, დაებრუნებინა ყოველივე ეს, ეს ჩვენი ქონებაა. არაფერი არ გამოვიდა. ერთ ღამეში ფოთიდან 7 თუ 8 ხომალდი გაიყვანეს და არავის დაურეკავს და არ უცნობებია ეს. საქართველოს შავი ზღვის ფლოტის ამ თავისი ნაწილიდან ერთი ნავიც კი არ შერჩა. ჰოდა, მითხარით, რა ვქნათ ახლა? ბუნებრივია, მივმართე ამერიკელებს, ბერძნებს, თურქებს, ინგლისელებსა და ჩვენს სხვა მეგობრებს. ისინი გვეხმარებიან, გადმოგვცემენ მცირე ტექნიკას, რომელსაც შეუძლია კონტროლი გაუწიოს და დააფიქსიროს დარღვევები, თუ ისინი იქნა. ჯერჯერობით არ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი სამხედრო ფლოტი, მაგრამ იქნებ დადგეს ეს დროც. თავდაპირველად რუსეთს მივმართავდით ხოლმე. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუ რუსეთი მზადაა დაგვიბრუნოს ან გადმოგვცეს რაიმე ახალი, ჩვენ სიამოვნებით შევიარაღდებით. არ არსებობს არავითარი სერიოზული მიზეზი საიმისოდ, რომ დაგვბრალდეს რუსეთისათვის ზურგის შექცევა. ეს უგუნურებაა, ეს უბრალოდ არასერიოზულია, რომ პატარა ქვეყანა, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოუყალიბდა ეკონომიკური, ტექნიკური, მეცნიერული, კულტურული ურთიერთობა დიდ მეზობელთან, ასე ერთბაშად იღებდეს გადაწყვეტილებას მთლიანად მოსწყდეს მას, უარი თქვას ამ ურთიერთობაზე და ეძებოს რაღაც ახალი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის არსი ის გახლავთ, რომ ვეძებოთ მეგობრები. პატარა ქვეყანას უმეგობროდ ცხოვრება არ შეუძლია. უწინარესად, გვინდა ის, რომ რუსეთის სახელმწიფო ჩვენი ნამდვილი მეგობარი იყოს, ვინაიდან ჩვენ ვჭირდებით რუსეთს, მაგრამ უფრო მეტად, რუსეთი გვჭირდება ჩვენ. თუ არ გამოვიდა, რა ვქნათ? გვეხმარებიან ამერიკელები, ჩვენ რა, ახლა ზურგი ვაქციოთ? 1994 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მივიღეთ ნახევარი მილიარდი დოლარის უანგარო დახმარება, ეს მაშინ, როცა ვიღუპებოდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნე- ლობით, როცა ქვეყანა შიმშილობდა, და ახლაც არა ვართ მდიდრები. ჩვენთვის უმძიმეს წლებში ევროკავშირმა რამდენიმე ასეული მილიონი ეკიუ გამოგვიყო, ასევე საფრანგეთმა, გერმანიამ, ინგლისმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთს თავადაც უჭირს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ ვაყენებთ საკითხს. თავად რუსეთი იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ და სხვა მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან. სხვათა შორის, ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფოს წილი 70-75 პროცენტს აღემატება. გამოდის, რომ, შენ გინდა მიიღო, შენს მეზობელს კი ამის უფლება არა აქვს? ეს ლოგიკას მოკლებულია.
პ. შერემეტი: კვლავაც განაგრძობს თუ არა საქართველო იმის მოთხოვნას, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გაიტანონ მისი ტერიტორიიდან?
ე. შევარდნაძე: არ მინდა კითხვა უპასუხოდ დავტოვო. რაც შეეხება ფორმას, რომელიც მოსკოვში დააკავეს, ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობაა. ტყუილად ატყდა აურზაური, როცა საამისოდ საფუძველი არ არსებობს. ვერაფერს გეტყვით კანონიერების თაობაზე, დაე ამ საქმეში იურისტები გაერკვნენ. მე ვიცი, რა დევს იქ. არავითარი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. და ეს ეგზავნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების თბილისის საელჩოს სამხედრო ატაშეს. ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს ოფიციალური შეთანხმება. ეს არის და ეს. თუ გნებავთ, როცა მოსკოვში დაბრუნდებით, თავად ნახეთ.
პ. შერემეტი: და მაინც მოითხოვს თუ არა საქართველო რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას თავისი ტერიტორიიდან?
ე. შევარდნაძე: ჩვენ ახლა ამ საკითხს როდი განვიხილავთ. განვიხილავთ ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხს. ეს ძველი შეთანხმებაა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას დადებული. იგი ეხება რუსეთის ინტერესებს სამხრეთში, მათ შორის საქართველოსა და სომხეთში. აქ წამოიჭრება პრობლემები. ახლა საკმაოდ რთული მოლაპარაკება წარმოებს. ვფიქრობ, საერთო ენას გამოვნახავთ. მაგრამ ეს, ბუნებრივია, რუსეთის სამხედრო ბაზებსაც შეეხება, საჭირო გახდება რაღაც შემცირება. რაც შეეხება შემდგომ ბედს, ვფიქრობ რომ ახლა არ ღირს მოვლენებს წინ გავუსწროთ, ეს მოლაპარაკებაზე განსჯის საგანია. საქართველოში განლაგებულია რუსეთის ბაზები, ჩვენ კი არც ერთი კაპიკი არ მიგვიღია დღემდე. არც ერთი კაპიკი. არ არსებობს მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა. თუ სამხედრო ბაზა დისლოცირებულია რომელიმე სხვა ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში, ბუნებრივია, გარკვეულ საფასურად. ასეთი წესია მთელ მსოფლიოში.
პ. შერემეტი: გაქვთ თუ არა პრეტენზიები ამ ბაზების არსებობასთან ან იმასთან დაკავშირებით, რაც ამ ბაზების ირგვლივ ხდება?
ე. შევარდნაძე: დიახ, დიახ, პრეტენზიები გვაქვს. ახლა ყველაფერს ვერ გავამჟღავნებ. ისიც ვიცი, თუ რა ხდება ახლა ვაზიანის ბაზაზე, რომელი ჯგუფი გადის იქ მომზადებას, მომზადებას დივერსიული აქტებისათვის. ისინი რა კავკასიის ქედის გადალახვას და ასეთ პირობებში ლაშქრობას აპირებენ? არა, რაღაც სხვა არის ჩაფიქრებული.
პ. შერემეტი: ჩეჩნეთისათვის გაგზავნილი იარაღის პარტია, რომელიც დააკავეს, რუსეთის სამხედრო ბაზების იარაღი იყო?
ე. შევარდნაძე: ვაზიანის რუსეთის სამხედრო ბაზის იარაღი დააკავეს. პირადად ჩემი მითითებით ადევნებდნენ თვალს და დააკავეს, როცა ვაზიანის ბაზიდან გამოჰქონდათ. მართალია, ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურდა რუსეთის იარაღი კავკასიის ქედის იქით გადაეტანა. მაგრამ სპეკულანტი ხომ ყველგან სპეკულანტია.
პ. შერემეტი: ჩვენ ისტორიულად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ საქართველოშიც არიან ადამიანები, რუსეთი რომ არ უყვართ. მოსკოვშიც არიან ისეთები, მეტისმეტი ეჭვით რომ ეკიდებიან ქართველებს და არ უყვარხართ პირადად თქვენ, ისევე როგორც საქართველოს პოლიტიკა. რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვი გარეული იყო, ან ამზადებდა რამდენიმე თავდასხმას თქვენზე, და რომ პირადად პრემიერ-მინისტრმა პრიმაკოვმა იცოდა ამ გეგმების შესახებ?
ე. შევარდნაძე: ის, რომ რუსეთის რაღაც ძალები ამას ხელს უწყობდნენ, ეჭვს არ იწვევს. ახლა ვერ დავასახელებ, უფლება არა მაქვს. გამოძიება ჯერაც გრძელდება. ყოველ შემთხვევაში მთელი ეს ტერორისტები, ბოევიკები, ორგზის რომ დამესხნენ თავს, მომზადებას რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდნენ. ეს ერთი.
ახლა მეორე. რაც შეეხება პრიმაკოვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ევგენი მაქსიმის ძეს პატივს ვცემ, დიდი ხანია ვიცნობ. მაგრამ უკვე აღარ არის საიდუმლო, რომ როცა გადატრიალების მზადების თაობაზე აუცილებელი მონაცემები შევიტყვეთ, ბუნებრივია, გამოვიყენეთ უზენაესი სასამართლოს შესაბამისი წარმომადგენლის სანქციები, რათა განგვეხორციელებინა საჭირო ოპერატიული ღონისძიებანი, მათ შორის სატელეფონო და სხვა დანარჩენი. და პრიმაკოვის გვარი მოხსენიებული იყო იგორ გიორგაძისა და მისი თანამზრახველის საუბარში. სწორედ გიორგაძეა წყარო, რომელიც იქ უნდა ვეძებოთ, და არა საქართველოში. მან თქვა, რუსეთის პრემიერი ჩვენს მხარეზეაო. ეს დოკუმენტი შემონახულია. არ გამოვრიცხავ რომ, ეს ბლეფი იყოს, რომ ეს მას დასჭირდა, რათა რწმენა მიეცა თავისი თანამოაზრეებისათვის, დამნაშავეებისათვის, ამ ბინძურ საქმეში რომ უჭერდნენ მხარს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტყუილი იყოს. ამას სერიოზულად არ აღვიქვამ.
პ. შერემეტი: თუ დაგირეკათ პრიმაკოვმა, თუ სცადა თქვენთან დაკავშირება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ეს ინფორმაცია?
ე. შევარდნაძე: კონტაქტები არ გვქონია. ვთვლი, რომ არ არის აუცილებელი. ყველაფერი გავარკვიე. დაე, მთელმა რუსეთმა იცოდეს, საიდან მოდის ეს ყოველივე. ეს ჩვენ კი არა, გიორგაძემ შეთხზა.
პ. შერემეტი: გიორგაძე, რომლის გადმოცემასაც რუსეთისაგან საქართველო მრავალი წელია მოითხოვს, კვლავაც მოსკოვში ცხოვრობს. გიორგაძე ძალიან ბევრ უსიამოვნებას აყენებს საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას და რატომ ვერ ხერხდება ბოლოს და ბოლოს რუსეთთან მოლაპარაკება ამის თაობაზე, თანაც, როცა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გიორგაძეს ბრალად სდებს საქართველოში ანტიკონსტიტუციური მოქმედების რაღაც მცდელობას?
ე. შევარდნაძე: პირადად რამდენჯერმე მივმართე პრიმაკოვსაც, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ბორის ნიკოლოზის ძე ელცინსაც თანამეგობრობის ყველა სახელმწიფოს პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ არ არის საჭირო ხელოვნურად ვქმნიდეთ ურთიერთობის განვითარების ხელისშემშლელ დაბრკოლებებს, რომლებიც მარტო მე როდი მაეჭვებს. რაში გჭირდებათ იგი? უნდა ითქვას, რომ ბორის ნიკოლოზის ძემ მაშინვე მისცა მითითება კულიკოვს, იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრს, დაეჭირათ ეს არამზადა და საქართველოსთვის გადმოეცათ. დღემდე არ გადმოუციათ. და ეს მაშინ, როცა უმაღლეს დონეზე მივმართეთ. რას იტყვით, რა ვქნათ ახლა, ომი გამოვაცხადოთ?! შეთქმულება, რომელიც არსებითად მომზადებული იყო, ჯარშიც რომ შეაღწიეს და ადამიანებსაც რომ ამზადებდნენ გადატრიალების მოსაწყობად - ყოველივე ეს გიორგაძის ნამოქმედარია. ეს სულ მისი იდეებია, იგი იძლეოდა მითითებებს. ეს ფაქტებია.
პ. შერემეტი: უკვე რამდენიმე წელია, რაც თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გამუდმებით ტერორისტული აქტის, თავდასხმისა და სახელმწიფო გადატრიალების საშიშროების მდგომარეობაში იმყოფებით, ეს, ალბათ, საკმაოდ ძნელია.
ე. შევარდნაძე: ძნელია ქვეყნისათვის, პირადად მე მშიშარა როდი გახლავართ. როცა კაცი თანხმდება პრეზიდენტობას, მუდამ უნდა ელოდეს რაღაც გართულებებს: სიძნელეებს, მათ შორის თავდასხმასაც.
პ. შერემეტი: თქვენ ნაწყენი ხართ მოსკოვზე, პრეზიდენტ ელცინზე, რუსეთზე აფხაზეთის გამო, იმ მოქმედების გამო, რომლებიც ახლა ხდება, მიმდინარე კონფლიქტების გამო, თუ მშვიდად ეკიდებით ახლა ყველაფერ ამას?
ე. შევარდნაძე: აფხაზეთის გამო, ბუნებრივია, ნაწყენი ვარ და არა მარტო მე, არამედ მთელი საქართველო. ყველამ იცის, რომ რუსეთს შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო. აქ პარლამენტში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. ალბათ, ხვდებით, ვის მიერ. რაც შეეხება პირად წყენას, იმის მიუხედავად, რაც გიამბეთ, პირადად რუსეთის მიმართ არავითარ წყენას არ განვიცდი. კარგი ურთიერთობა მაქვს ბორის ნიკოლოზის ძესთან, ისევე როგორც სხვებთანაც. მეტად ბევრი მეგობარი მყავს. და არა მხოლოდ მტრები, როგორც თავიდან ბრძანეთ. მე ვიცი, რომ რომელიღაც რედაქციაში ახლა დევს ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების, დაახლოებით 18 კაცის მიმართვა, ალბათ, მეტიც შეიძლება მოგროვდეს, ბევრნი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც განიცდიან ჩვენი ურთიერთობის ერთგვარ გართულებას, და არც ერთი გაზეთი არ აქვეყნებს. რატომ? არ შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრი პატივს არ სცემს საქართველოს. აქ, სხვათა შორის, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთთან კარგი, კეთილმეზობლური, თუ გნებავთ ძმური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. აქ არ არის ანტი- რუსული განწყობილება, ჰკითხეთ ნებისმიერ რუსს. თუ მას უჭირს და ცუდად ცხოვრობს, ასევე ცუდად ცხოვრობენ ქართველები, სომხები, ბერძნები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რომლებიც საქართველოში სახლობენ. აქ არავითარი დისკრიმინაცია არ არის, საქართველოში მცხოვრებ რუსებს მუდამ ვეკიდებოდით და კვლავაც მოვეკიდებით როგორც თანამოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ადამიანებს.
პ. შერემეტი: 10-15 წლის წინათ თქვენ საბჭოთა კავშირის ელიტაში შედიოდით. თქვენ გორბაჩოვთან, ელცინთან, ალიევთან, შემდეგ პრიმაკოვთან ერთად მართავდით სახელმწიფოს. კვლავაც შეიძლება განვაგრძოთ ჩამოთვლა. ახლა, 10 წლის შემდეგ მეტად გავემიჯნეთ ერთმანეთს, რატომ? იქნება მაშინ არ იყო ნამდვილი ერთობა, თუ ცხოვრება ასე ძალიან შეიცვალა?
ე. შევარდნაძე: ჯერ ერთი, მარტო ათწლეულებზე როდი მინდა ვთქვა, ახლა ათასწლეული, მიმდინარე ასწლეული მთავრდება. ვფიქრობ, ეს საუკუნე ისტორიაში შევა როგორც იმპერიის, ტოტალიტარიზმის მსხვრევისა, და, გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატიის, დემოკრატიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პრინციპების გამარჯვების საუკუნე. თუმცა, ეს ყველგან ვერ ხერხდება, არის თეთრი და შავი წერტილები. მაგრამ პრინციპულად, ეს უკვე გაკეთდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყოველივე, რაც ხდებოდა, კანონზომიერო იყო. რატომ წავაწყდით ახლა ასეთ პრობლემებს? არავითარი პრობლემა არა გვაქვს უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ცენტრალური აზიის არც ერთ სახელმწიფოსთან, მოლდავეთთან. ყველა სახელმწიფოსთან მეგობრულად ვცხოვრობთ, უფრო უკეთაც, ვიდრე ადრე, საბჭოთა კავშირის არსებობისას, ვინაიდან ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ და ვახორციელებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. თუ რომელიმე მხარეს ხელს არ აძლევს, ბუნებრივია, ასეთ ხელშეკრულებას არ მოვა- წერთ ხელს. ძალზე კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ბევრ გუბერნიასთან, ავტონომიასთან. ისე, თავად რუსეთთან დაკავშირებითაც, ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ. თუ უფრო გულგრილად, უფრო ცივი გონებით მოვეკიდებით ყოველივე იმას, რაც ხდება, მითხარით, რომელი იმპერია დაიშალა უმტკივნეულოდ? მსხვრევისას ზოგიერთი გადარჩებოდა ხოლმე, ზოგიერთი იღუპებოდა, იყო სიძნელეები. ახლაც იგივე ხდება. ხომ მოგიყვანეთ მაგალითი, რატომ გაიტანეს რუსეთელებმა ჩვენი კუთვნილი სამხედრო ტექნიკა ჩვენი სანქციის გარეშე? რადგან თვლიან, რომ კიდევ არსებობს ცენტრი, ის, რასაც მოსკოვში იტყვიან, თბილისისათვის კანონია. ადამიანები უნდა მივაჩვიოთ იმ აზრს, რომ ჩვენც ისეთივე დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, როგორც თავად რუსეთი. მაშინ, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი, სანიმუშო ურთიერთობა გვექნება, ვიდრე, როცა ერთად ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში. უნიკალური იყო მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, უბრალო ადამიანების ურთიერთობა. ჩვენ მართლაც ვჭირდებით ერთმანეთს, უბრალოდ მთელ ამ ფაქტებში, მოვლენებში საღი გონებით უნდა გავერკვეთ და სწორი პოლიტიკური დასკვნები გამოვიტანოთ.
პ. შერემეტი: დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დრო რომ გამონახეთ და პასუხი გაეცით პროგრამა „ვრემიას“ შეკითხვებს.
ედუარდ შევარდნაძე: „ვფიქრობ, ეს საუკუნე ისტორიაში შევა როგორც იმპერიის, ტოტალიტარიზმის მსხვრევისა, და, გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატიის, დემოკრატიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პრინციპების გამარჯვების საუკუნე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 ნოემბერი. - №312 (3353). - 1, 3 გვ.
![]() |
71 გივი ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
ამ ბარათს მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვწერ, აქ იმ პატარა ქართველების გულისტკივილსაც გამოვხატავ, რომელთაც გივი ჭიჭინაძის გარდაცვალებით ჭეშმარიტი ქომაგი და მესაიდუმლე დაჰკარგეს, რომელმაც იცოდა ბავშვებისთვის რა ეთქვა და როგორ.
ეს რა - სიყვარული იყო, სიკეთე, მშვენიერება, გულმოწყალება, საქართველოს შვილად ყოფნის ბედნიერების განცდა.
ეს როგორ - უკვე თავად ბავშვებმა უნდა თქვან, რომელთაც იციან მისი ლექსები და უყვართ.
მათთვის დაწერილის საიდუმლოება მხოლოდ მათ იციან.
იქნებ სწორედ ეს საიდუმლოება იყო, უხილავი ძაფებით რომ აკავშირებდა გივი ჭიჭინაძეს ჩვენს შვილებთან, შვილიშვილებთან და თუნდაც მათთან, ვინც სულ ახლახანს მისი ლექსების უშუალო ადრესატი იყო.
ამბობენ, რომ მართლაც ასეა, რომ გივი ჭიჭინაძემ ჩვენს მწერლობაში განაგრძო შიო მღვიმელის ტრადიცია, ბავშვთან უშუალო დიალოგის ტრადიცია.
მან ბევრი რამ უთხრა პატარებს და მომავალშიც ეტყვის თავისი ლექსებით. იგი სწორედ ამ ლექსებით მივა მათთანაც, ვინც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადება, რადგან ის ყოველივე, რაზეც გივი ჭიჭინაძე ბავშვებისთვის წერდა, მუდმივია და ამაღლებული. ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ გივი ჭიჭინაძის ოჯახს
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ბატონ გივის, შესანიშნავი საბავშვო მწერლისა და მსახიობის გარდაცვალების გამო.
გივი ჭიჭინაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო თქვენთვის, არა მარტო ქართველი მწერლებისთვის, არამედ ჩვენი პატარებისთვისაც. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ მისი ლექსები კიდევ დიდხანს აზიარებენ ჩვენს ბავშვებს სიყვარულს, სიკეთეს და მშვენიერებას.
ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე.
გივი ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 18 ნოემბერი. - №313(3354). - 1 გვ.
![]() |
72 სტამბოლის სამიტზე ჩვენ ხელს ვაწერთ ქარტიას, რომელიც მოწოდებულია განსაზღვროს პრინციპები, რომელთა ყოველი ჩვენგანის მიერ განხორციელებაც უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების უშიშროებას თავისუფალ, დემოკრატიულ და ინტეგრირებულ ეუთოს სივრცეში |
▲back to top |
18 ნოემბერს ეუთოს სტამბოლის სამიტისადმი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა
ძვირფასო ბატონო თავმჯდომარევ,
ძვირფასო კოლეგებო,
ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას მისთვის ჩვეული სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი შეხვედრის საუკეთესოდ ორგანიზებისათვის. ამასთან ერთად, მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რათა გამოვთქვა ჩემი და ჩემი ხალხის ღრმა მწუხარება ამ ბოლო ხანებში ჩვენს მოძმე თურქეთში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლებსაც მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მინდა მივესალმო და მადლობა მოვახსენო ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კნუტ ვოლებეკს, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ნაყოფიერი მუშაობის გამო.
სანამ თავად ჩვენი სამიტის თემატიკაზე გადავიდოდე, მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ჩემს მეგობარს ლეონიდ კუჩმას საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს ოპტიმიზმს შემატებს ის გარემოება, რომ ევროპის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის - უკრაინის მოსახლეობამ კვლავინდებურად მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული რეფორმების კურსს.
სტამბოლის სამიტზე ჩვენ ხელს ვაწერთ ქარტიას, რომელიც მოწოდებულია განსაზღვროს პრინციპები, რომელთა ყოველი ჩვენგანის მიერ განხორციელებაც უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების უშიშროებას, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, თავისუფალ, დემოკრატიულ და ინტეგრირებულ ეუთოს სივრცეში. თუმცა მას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ „ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ კონსტიტუციას“, შემოთავაზებული პოლიტიკური დოკუმენტი მაინც წინგადადგმული ნაბიჯია.
მისი უცილობელი შესრულება დიდად წაადგება უშიშროებას ჩვენს პლანეტაზე. რადგან ეუთოს უკიდეგანო სივრცეზე მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ამინდს. თუკი ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდებით და ქარტიაში ჩამოყალიბებული პრინციპების ერთგული დავრჩებით ყველგან და ყოველთვის, ეუთო დადებით იმპულსებს გამოასხივებს და მისაბაძ მაგალითად იქცევა დანარჩენი მსოფლიოსათვის.
მისასალმებელია ის, რომ ქარტიაში ჩაიდო რამდენიმე ქმედითი ელემენტი კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და სამშვიდობო ოპერაციებში ეუთოს უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს განსაკუთრებით წაადგება იმ რეგიონების ქვეყნებს, სადაც კონფლიქტები დღესაც მოსაგვარებელია და სადაც დესტაბილიზაციის ახალი კერების წარმოქმნის საშიშროება მუდამ არსებობს.
საქართველოში ეუთოს მისიის მოღვაწეობამ დადებითი როლი შეასრულა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პროცესის წარმართვაში. ჩვენ მოველით, რომ ამიერიდან ეუთო აქტიურად ჩაებმება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში, რომელიც დღემდე ჩვენი ხალხის ყველაზე მტკივნეულ და მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სწორედ ეუთოს ბოლო ორი სამიტის დოკუმენტებში მიეცა ყველაზე სამართლიანი შეფასება აფხაზეთში მომხდარ დანაშაულს, რის შედეგადაც დღეს 300000-მდე დევნილი, ღრმად ტრავმირებული ადამიანი მოკლებულია უმთავრეს უფლებას, იცხოვროს თავის სახლში. ჩვენ თავად განვიცადეთ ეთნიკური წმენდით მოყენებული გაუსაძლისი ტკივილი, და უცნაური არაფერია იმაში, რომ განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, სადაც უნდა ხდებოდეს იგი. ამიტომაც დავუჭირეთ მხარი ნატოს მიერ კოსოვოში განხორციელებულ ოპერაციას.
დღეს კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ყურადღების ფოკუსშია მოქცეული იმ დროისაგან განსხვავებით, როცა ქართველი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა ხდებოდა აფხაზეთში. ამასთან დაკავშირებით მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ წარმოშვა ის დესტრუქციული მუხტი, რომელმაც შემდგომში კავკასიის მთებს მიღმა გადაინაცვლა და იქ სისხლიანი სამხედრო დაპირისპირების სახით მოგვევლინა ჯერ 1994 წელს, შემდეგ კი ახლა. ნუთუ ცხადზე უცხადესი არ იყო, რომ აგრესიული სეპარატიზმისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის წახალისება სწორედ ამგვარ ნაყოფს გამოიღებდა? ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე ჩემს არაერთ შეგონებას ყური არავინ ათხოვა.
სხვათა შორის, ცხადზე უცხადესია ისიც, რომ ძალის გამოყენებით კავკასიური კონფლიქტების საბოლოო მოგვარება შეუძლებელია და ამას თვით რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ადასტურებს. ამ რეგიონში არსებული დაპირისპირების განმუხტვა ერთიან, კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რადგან მიუხედავად მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფისა, კავკასია მრავალი პარამეტრით ერთიანი ორგანიზმია. კავკასიური კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართულმა ყველა ძალამ ეს უბრალო აქსიომა სრულად უნდა გაითავისოს.
მშვიდობიანი, სტაბილური კავკასია დღეს არა მარტო აქ მცხოვრები ხალხების, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს, რადგან სწორედ კავკასიაა საკვანძო რგოლი იმ გრანდიოზული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტებისა, ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ სახელით რომ გახდა ცნობილი. ნავთობსადენების, გაზსადენების, სატრანსპორტო მაგისტრალებისა და ბოჭკოვანი კაბელების სისტემა, რომელიც გადაკვეთს ევრაზიის თვალუწვდენელ სივრცეებს, მრავალ სიკეთეს მოუტანს მთელ კაცობრიობას. ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საბჭოთა იმპერიის ადგილზე აღმოცენდნენ ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მათი სტაბილური, დამოუკიდებელი განვითარება ამ პროექტის წარმატებული დასრულების აუცილე- ბელი პირობაა.
იმ საერთო საფუძვლების ჩამონათვალში, რომლებიც დასახელებულია ქარტიის მეორე თავში, ნათქვამია, რომ არავის აქვს უფლება, ეუთოს სივრცის რომელიმე ნაწილი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნიოს და აღნიშნულია ისიც, რომ ყველა მონაწილე ქვეყანა უფლებამოსილია, თავად აირჩიოს ან საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს საკუთარი უშიშროების მექანიზმი, თავისი ნებით შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებასა თუ ალიანსს. ჩვენს დროში თითქოს ზედმეტიც კი უნდა იყოს ამგვარი ანბანური ჭეშმარიტებების გამეორება, ისე როგორც ზედმეტი იქნებოდა გველაპარაკა იმაზე, რომ ცივილიზებული ადამიანებისათვის კანიბალიზმი დაუშვებელი და მიუღებელია. მართლაც, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე მას შემდეგ, რაც შევძელით სწორედ ეუთოს სივრცეში დაგვეძლია თითქოსდა გადაულახავი იდეოლოგიური წინააღმდეგობები, დაგვენგრია სხვა ხილული თუ უხილავი ზღუდეები, გავლენის სფეროების ხსენებაც კი თითქოს უადგილო ანაქრონიზმად უნდა აღიქმებოდეს. საერთაშორისო ურთიერთობის დემოკრატიზაცია კი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ქვეყნების მიერ თავიანთი პრიორიტეტების თავისუფალ არჩევანს, ისეთივე აუცილებლობად უნდა ქცეულიყო, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა.
და მაინც, ამ კონტექსტით უაღრესად შემაშფოთებლად გაიჟღერა ერთი დიდი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის ამასწინანდელმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნიან მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ამ რეგიონში. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ნუთუ იმას, რომ ეს ქვეყანა კვლავინდებურად განიხილავს ამ რეგიონში მდებარე ეუთოს წევრ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს თავისი გავლენის სფეროებად? ნუთუ დღესაც დასაშვებია მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევის ცდა, მათი მონოპოლიზაციის მიზნით? მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ზემოხსენებული წარმომადგენლის აზრი ამ საკითხში არ ემთხვევა მისი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრს.
ამასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ამ ბოლო დროს, კავკასიის მთებზე მდებარე ქართული სოფლები რამდენჯერმე დაბომბეს რუსეთის საჰაერო ძალებმა.
მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, ბოლო მოუღოს ამგვარ ფაქტებს. გარწმუნებთ, რომ ეს არც რუსეთს, არც საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.
მერწმუნეთ, მართლაც რომ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი ხელმძღვანელი, რომელიც მოისურვებს ზიანი მიაყენოს თავის მეზობლებთან ურთი ერთობას. ჩვენ მზად ვართ, საუკეთესო მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობისათვის, თუკი ეს უკანასკნელი დაეფუძნება არა წარსულის მანკიერ პრაქტიკას, არამედ იმ სრული თანასწორობის პრინციპებს, რომელიც ნაგულისხმებია ჩვენს მიერ ხელმოსაწერ პოლიტიკურ დოკუმენტში.
რაოდენ დიდიც უნდა იყოს ერთობლივი პოლიტიკური დოკუმენტების მნიშვნელობა, მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოთა პოლიტიკურ ისტებლიშმენტებში ჭეშმარიტად დამკვიდრებულ ღირებულებებზე. ამას თავად ეუთოს ისტორიაც ადასტურებს. ჰელსინკის დასკვნითი აქტი ცივი ომის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური პოლიტიკური დოკუმენტი იყო და მან უდავოდ გარკვეული წვლილი შეიტანა ბიპოლარული დაპირისპირების დაძლევის საქმეში. მაგრამ განა მისმა მიღებამ დაუსვა წერტილი ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევას მაშინდელ სოციალისტურ ბანაკში? ეუთოს ქრონოლოგიის ზერელე რეტროსპექციაც კი უმალ დაგვარწმუნებს, რომ ნამდვილი პროგრესი ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ცივი ომი“ დამთავრდა და ძირეულად შეიცვალა საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკისადმი მიდგომა სწორედაც რომ ღირებულებრივი თვალსაზრისით. ვიყოთ გულწრფელნი. განა შესაძლებელი იქნებოდა პარიზის ქარტიის ხელმოწერა, სოციალისტური ბანაკი რადიკალურად რომ არ შეცვლილიყო მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით. ან კი როგორი იქნებოდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ბედი, რომლის ახალი რეალიების შესაბამისად ადაპტირებულ ვარიანტს აქ მოეწერება ხელი.
ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს და დაკონკრეტდეს ეკონომიკურ კრიზისებთან ერთობლივი ბრძოლის მექანიზმი. ეკონომიკური აფეთქებები პოლიტიკურ კონფლიქტებზე და ეთნიკურ დაპირისპირებაზე უფრო დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე, ძირითადად, ახალი დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარ ქვეყნებს ემუქრება. სასურველი იქნებოდა, ეს განზომილებაც საფინალოდ აღგვენიშნა, როგორც სამშვიდობო პროცესების ერთი უმთავრესი და- მანგრეველი ძალა.
ჩემი აზრით, თავად ორგანიზაციაც საჭიროებს ზოგიერთ ინსტიტუციურ ცვლილებას. კერძოდ კი, ისეთი ინსტიტუციის ფორ მირებას, რომელიც ორგანიზაციის ზოგად მორალურ წინამძღოლობას გასწევს. ტრანსფორმაციის ეტაპზე ავტორიტეტიანი ლიდერების როლი მართლაც ფასდაუდებელია. ცალკეულ ასპექტებზე მომუშავე ეუთოს სტრუქტურები, ან თუნდაც ხანმოკლე მოქმედ თავმჯდომარეთა ინსტიტუტი, ამ განსაკუთრებული ხასიათის ამოცანას ვერ გადაწყვეტენ.
და მაინც, საბოლოო ანგარიშით, ყველაზე მეტად ეუთოს სივრცის უშიშროება და კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად იქნებიან ჩვენი ხალხები, იარონ თავისუფლების, ჰუმანიზმისა და დემოკრატიის გზით. იმედს გამოვთქვამ, რომ სტამბოლის შეხვედრა ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი გახდება.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
საქინფორმი.
სტამბოლის სამიტზე ჩვენ ხელს ვაწერთ ქარტიას, რომელიც მოწოდებულია განსაზღვროს პრინციპები, რომელთა ყოველი ჩვენგანის მიერ განხორციელებაც უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების უშიშროებას თავისუფალ, დემოკრატიულ და ინტეგრირებულ ეუთოს სივრცეში // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 19 ნოემბერი. - №314 (3355). - 1, 2 გვ.
![]() |
73 „საამაყოა, რომ ჩვენი თაობის ძალისხმევით, დღეს მცხოვრები თაობების ძალისხმევით, ათასწლეულთა კარიბჭესთან დგას დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა - საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე 1999 წლის 20 ნოემბერს
პატივცემულო დეპუტატებო,
ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მოსახლეობის მხარდაჭერა და დიდი ღირსება - ღირსება საქართველოს პარლამენტის წევრობისა, რომელიც შეიძინეთ მისი, ესე იგი, ჩვენი ხალხის ნდობის შედეგად.
დღეს საქართველოს კანონმდებლობისა და საპარლამენტო რეგლამენტის შესაბამისად, მე გავხსენი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება იმ ზოგიერთ პრინციპულ პოსტულატებთან დაკავშირებით, რომელთაც, კვლავ და კვლავ ხაზს ვუსვამ და, რომელთაც, ჩემი აზრით, უნდა დაეფუძნოს ჩვენი, პრეზიდენტისა და პარლამენტის, ერთობლივი საქმიანობა, თანამშრომლობა უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.
უპირველესად, მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმომიდგენია ურთიერთობა პარლამენტსა და პრეზიდენტს, მთლიანად საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.
სრული საფუძველი მაქვს არა თუ იმედი, არამედ მტკიცე რწმენაც გამოვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავინდებურად დაეფუძნება კონსტიტუციის ფუნდამენტურ დებულებათა უზენაესობის, უფლებამოსილების მკაცრი გამიჯვნის, იმავდროულად კოლეგიალობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის პრინციპებს.
არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, არამედ ჩვენი პატივცემული კოლეგების - ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლების მაღალი პიროვნული და ინტელექტუალური ღირსებაც მაფიქრებინებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთქმედების უმთავრესი ნიშანი კვლავინდებურად, ისევე, როგორც განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, იქნება გულწრფელი სწრაფვა და მუხლჩაუხრელი შრომა საქართველოს მოქალაქეთა, ჩვენი ქვეყნის ინტერესთა დასაცავად და განსახორციელებლად, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს აზრთა ჭიდილს, როგორც სახელისუფლებო შტოთა შორის, ასევე თვით პარლამენტში.
პატივცემულო დეპუტატებო,
პარლამენტს, რომელიც მცირე ხნის შემდეგ, თქვენი ნებითა და გადაწყვეტილებით შეუდგება მუშაობას, წილად ხვდა უდიდესი პატივი და უდიდესი ბედნიერება.
იგი არჩეულია ათასწლეულთა მიჯნაზე და უფლებამოსილია, პრეზიდენტთან ერთად შეუძღვეს საქართველოს ახალ, 21-ე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში.
უაღრესად სიმბოლურია, რომ პარლამენტი მუშაობას შეუდგა იმ დღეებში, როდესაც ჩვენი საერთო ძალისხმევით ქვეყანამ უდიდეს სახელმწიფოებრივ წარმატებას მიაღწია დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მინდა, ეს წარმატება დაებედოს ახალ პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს, ამიტომ, ნება მიბოძეთ, პატივცემულო პარლამენტარებო, შევჩერდე იმ ისტორიულ, საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენაზე, რომელიც გუშინ შედგა სტამბოლში - საქართველოს ძალზე აქტიური და სრულფასოვანი მონაწილეობით.
დაე, ეს იყოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი ანგარიში პარლამენტის წინაშე და იმის დასტურიც, რომ, ასე ვთქვათ, ხელცარიელნი არც ამჯერად მოვსულვართ საკანონმდებლო ორგანოში.
გუშინ სტამბოლში, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყანათა ლიდერებმა ხელი მოვაწერეთ და დავამტკიცეთ ევროპული უშიშროების ქარტია.
მე ასე ვიტყოდი: ეს დოკუმენტი, ისევე, როგორც სტამბოლის კონფერენცია, ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად იქცა ცივი ომის დამთავრების შემდეგ, მით უმეტეს, ევრაზიის ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც არაერთგზის გვისაუბრია.
„ახალი ევროპის ქარტია“ მომავალი ევროპული კონსტიტუციის საფუძველია.
როდესაც საქართველოს დელეგაციამ, ლისაბონის სამიტზე პირველად ახსენა „ევროპის კონსტიტუცია“ - ბევრ ჩემს თანამემამულეს სკეპტიკურმა განწყობამ სძლია. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კი, ევროპისა და ამერიკის უდიდეს სახელმწიფოთა ლიდერები სწორედ ამ სულისკვეთებით, ყოველგვარი სკეპტიციზმის გარეშე საუბრობდნენ ახალ, ევროპულ დემოკრატიულ წესრიგზე - ადამიანის უფლებათა, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპთა ურყევი პრიორიტეტულობით.
ჩვენ მივიღეთ ახალი დოკუმენტი - „ევროპის უშიშროების ქარტია“, მივიღეთ დეკლარაცია. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნების, მათ შორის, ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. ბევრი ახალი ელემენტია ისეთი, რომელიც სრულიად ცვლის დღევანდელ ვითარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გაცილებით უფრო მეტ ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ისტორიული მოვლენის მსვლელობისას ხელი მოვაწერეთ საუკუნის პროექტს - იგი ითვალისწინებს ევრაზიული დერეფნის ორი გიგანტური მაგისტრალური საკომუნიკაციო ხაზის აგებას საქართველოზე გავლით: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და დიდი გაზსადენი ცენტრალური აზიიდან, ტრანსკასპიური მილსადენის მეშვეობით, - კვლავ და კვლავ საქართველოზე გავლით - ევროპისაკენ, დასავლეთისკენ.
1993 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოზე საუბრისას პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ევრაზიული დერეფანი“, - რამდენიმე წელია ვსაუბრობთ ამ დიდი პროექტების შესახებ. ხანგრძლივმა ძალისხმევამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო - მათი განხორციელება ნიშნავს ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავლებს, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას.
და რაც მთავარია: რეალობა ხდება ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგეტიკული ბაზისის შექმნა, ენერგეტიკული პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა.
მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი საკითხების და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში საქართველოს როლი სულაც არ ყოფილა მეორეხარისხოვანი. რაც შეეხება დიდ ნავთობსადენს, ტრანსკასპიურ გაზსადენს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენს და სხვა დიდ პროექტებს, რომლებიც მომავალში უნდა განვახორციელოთ, აქ, შეიძლება ითქვას, საქართველომ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა. ესე იგი, ჩვენ საჭირო ვართ, ჩვენ ანგარიშს გვიწევენ, ჩვენ გვენდობიან, ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც თვლიან სტაბილურ და დიდი მომავლის მქონე სახელმწიფოდ.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, იმ ინტენსიურ მოლაპარაკებებზე და შეხვედრებზე, მსოფლიოს უდიდეს დემოკრატთა ხელმძღვანელებთან რომ მქონდა: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ევროკომისიის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბატონი რომანო პროდი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი და, რა თქმა უნდა, ჩვენი მასპინძელი, ბატონი სულეიმან დემირელი, რომელიც პირველად სწორედ საქართველოს დელეგაციას შეხვდა - ყველა მათგანი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმ პრობლემათა გადაწყვეტაში, რაც ჯერ კიდევ გვაწუხებს. რა თქმა უნდა, მე ყველას ვერ ჩამოვთვლი. ამ სამი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კონტაქტი მქონდა სხვადასხვა სახელმწიფოთა, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებთან.
მეგობრებო, საქართველო აღარ არის მარტო. ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს. ისინი აცნობიერებენ ინტერესთა თანხვედრას დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოსთან. არა მარტო საქართველოს სჭირდება დახმარება და მხარში დგომა, არამედ საქართველო სჭირდება სხვა ქვეყნებს. აი, ეს გახლავთ, ამ ბოლო წლების ჩვენი უდიდესი მონაპოვარი.
ეუთოს კონფერენციაზე, ყველაზე მაღალი ევროპული ტრიბუნიდან მე საჯაროდ, ჩემს გამოსვლაში მივმართე თხოვნით პატივცემულ კოლეგას, რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა მისი ქვეყნის საჰაერო ძალებმა ერთხელ და სამუდამოდ და საბოლოოდ შეწყვიტონ ჩვენი ქვეყნის საზღვრის დარღვევა.
საქართველოს კვლავინდებურად სურს (მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ) კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ მზად ვართ, მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციულად მივუდგეთ ყველა საკითხის გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესთა გათვალისწინებით.
ეუთოს კონფერენციაზე ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ, ისტორიულ დოკუმენტს - რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროთა ერთობლივ განცხადებას. ჩემი აზრით, ეს არის აუცილებელი კომპრომისი, რომელიც დღევანდელ ეტაპზე, დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით, ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. იგი ითვალისწინებს ორიათას პირველი წლის პირველ ივლისამდე ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაუქმებას. ხოლო ორიათასი წლის ბოლომდე ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების შემდგომი ბედის საბოლოო გადაწყვეტას. იწყება მოლაპარაკება ამ უმწვავეს საკითხებზე.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, ევროპული პროცესი ათასწლეულთა მიჯნაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების თანმხვედრი, აღმავალი ტალღით ვითარდება.
საქართველო დღეს იმ გლობალური პროცესის განუყოფელი, აქტიური მონაწილეა, რომლის საბოლოო გამარჯვება ისტორიულად გარდაუვალი გახდა სტამბოლის სამიტის შემდეგ განსაკუთრებით.
საამაყოა, რომ ჩვენი თაობის ძალისხმევით, დღეს მცხოვრები თაობების ძალისხმევით, ათასწლეულთა კარიბჭესთან დგას დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, რომელსაც უკვე აქვს არა მხოლოდ უნიკალური შემოქმედებითი კულტურა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოებრივი ტრადიცია ჩვენს პლანეტაზე, არამედ - ნიჭი და უნარი უმაღლეს, ჰუმანისტურ, დემოკრატიულ ფასეულობათა განხორციელებისა - საკუთარი მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საკეთილდღეოდ.
სწორედ ამას მისცა ხმა ჩვენმა ხალხმა.
ეს არის სახელმწიფოებრივი კურსი, რომელიც მთლიანად შეესაბამება ეროვნული განვითარების ისტორიულ, საუკუნოვან ვექტორს, ეს არის მთელი თაობის გამარჯვება - საქართველოს აღიარება საერთო ევრაზიული ფუნქციის მქონე სახელმწიფოდ.
შეთანხმებას, რომელთაც უდიდესმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნის ინტერესთა გათვალისწინებით უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიისათვის, მთელი ევრაზიული სივრცისათვის.
მეგობრებო, ყოველივე ზემოთ თქმული არ ნიშნავს, თითქოს იოტისოდენად მაინც მოსათმენი და საპატიებელია ის პრობლემები, რაც შეგვექმნა საბიუჯეტო სფეროში, საერთოდ, ეკონომიკაში, საგადასახადო და საბაჟო სისტემაში. ეს მართლაც უმძიმესი მანკია, საზარელი სახელმწიფოებრივი ავადმყოფობაა, მაგრამ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს - ჯანსაღად შობილი ქართული სახელმწიფო აუცილებლად დასძლევს ამ მანკსა და ავადმყოფობას.
ჩვენ, ყველამ ერთად, ყველა მოქალაქემ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსისა, მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად ჯერაც მოუშუშებელი ჭრილობებისა, - შევძელით უმთავრესი პრობლემის, უმთავრესი ამოცანის გადაწყვეტა: ავაშენეთ ქართული სახელმწიფო ანუ განვახორციელეთ მამა-პაპათა, წინაპართა ათეულობით თაობის უმთავრესი, ყველაზე წმინდა და საკრალური ოცნება.
თუმცა ეს რეალობა (ვიმეორებ) არ ჩრდილავს და არც ამართლებს მრავალი საჭირბოროტო პრობლემის არსებობას.
საქართველოს მოქალაქენი, რომელთა უზენაესი ნება იყო (როგორც ეს აღნიშნულია კონსტიტუციის პრეამბულაში) დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება, - მკაცრად და სამართლიანად მოითხოვენ ჩვენგან, - ხელისუფალთაგან, ყველა პრობლემის გადაწყვეტას, რაც კვლავ აფერხებს ქვეყნის თავისუფალ განვითარებას, - მათ შორის, სოციალურ და ეკონომიკური სფეროებში.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ, რომ, ჩემის მხრივ, გავაკეთებ ყველაფერს, რათა ახალი მოწვევის პარლამენტმა წარმატებით განაგრძოს 1995 წელს არჩეული პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ის ტრადიცია, რის შედეგადაც შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა - თითქმის 700 კანონი, ასეულობით კანონქვემდებარე აქტი. ამ ბაზის გარეშე საქართველო ევროსაბჭოს წევრი ვერ გახდებოდა, ვერც საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვიქნებოდით ისევე, როგორც ვერ ვითანამშრომლებდით ევროკავშირთან იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც დღეს უკვე პერსპექტივა გამოიკვეთა.
ეს კანონმდებლობა დღეს ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის საფუძველია - იგი უნდა განვითარდეს, კიდევ უნდა განმტკიცდეს, ახალმა კანონებმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბონ თვისებრივად ახალი ეკონომიკური, სოციალური და სამოქალაქო სისტემის საყრდენები, რის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის უწყვეტი, შეუფერხებელი, სტაბილური განვითარება.
თქვენთან ერთად, პატივცემულო პარლამენტარებო, უნდა გამოვიმუშაოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მართლაც უმძიმესი მანკის - კორუფციის აღმოფხვრისათვის აუცილებელი პროგრამა. და, რაც მთავარია, შევქმნათ შესაბამისი ქმედითი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მიცემს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას დასძლიოს ეს პრობლემა, - რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა უეჭველი დაცვისა და საზოგადოებრივი კონტროლის ურყევი პირობით. უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოვიტან შესაბამის კანონპროექტებს იმისათვის, რათა დაიწყოს რეალური ბრძოლა ამ მანკიერების (მე მას ავთვისებიანი სიმსივნე ვუწოდე) წინააღმდეგ, რომ ეს სიმსივნე მოიკვეთოს ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ჯანსაღი სხეულიდან.
ამასთანავე, ვიმედოვნებ, პარლამენტთან შეთანხმებით, შევძლებთ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის, სამინისტროთა და უწყებათა მოდერნიზაციას - თანამედროვე რეალიათა შესაბამისად. ამ საკითხებზე ჩემს მოსაზრებებს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარმოვუდგენ.
ყოველივე ეს, ისევ და ისევ, მიზნად ისახავს ეკონომიკის აღმავლობას, ვინაიდან სწორედ ეკონომიკაა უმთავრესი წყარო დღეს თვით ყველაზე რთული პრობლემის, მათ შორის, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის ამოცანათა გადაწყვეტისა.
საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებენ პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. ვფიქრობ, ეს თემა კვლავინდებურად იქნება ერთ-ერთი ძირითადი საგანი თანამშრომლობისა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის.
ამთავითვე მოგახსენებთ პრეზიდენტის პრინციპულ მოსაზრებას, რაც კიდევ უფრო განმტკიცდა გუშინ დასრულებული ისტორიული მოვლენის შედეგად: ჩემი ღრმა რწმენით, ფუჭია ყოველგვარი საუბარი და დისკუსია „პრორუსული“ თუ „პროდასავლური“, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ - საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, იგი ეყრდნობა საერთო საკაცობრიო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხოლო საფუძველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გულანი ჩვენი საგარეო პოლიტიკისა, ურთიერთობისა ყველა ქვეყანასთან, ყველა მსოფლიო ძალასთან, - ევროპასთან თუ ჩვენ დიდ, მარადიულ მეზობელთან, რუსეთთან, - უნდა იყოს სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტი, მკაცრი რაციონალური გათვლა, ზოგადსაკაცობრიო იდეალები.
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ დემოკრატიულ ღირებულებებზე, და კვლავაც ვიმეგობრებთ, ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, - ყველა ქვეყანასთან, რომელიც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ტერიტორიისა და მრავალეროვანი ხალხის განუყოფლობას, დაგვეხმარება, უფრო სწრაფად განვვლოთ გზა ბედნიერი და ღირსეული მომავლისაკენ.
საქართველოს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვულოცავ მათ ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევასა და დაფუძნებას, რომლის თითოეულ წევრს, ყოველ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას რთულსა და უაღრესად საპატიო სადეპუტატო საქმიანობაში.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
„საამაყოა, რომ ჩვენი თაობის ძალისხმევით, დღეს მცხოვრები თაობების ძალისხმევით, ათასწლეულთა კარიბჭესთან დგას დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა - საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21-22 ნოემბერი. - №316-317 (3358). - 1, 2 გვ.
![]() |
74 „რაც უფრო ნაკლები იქნება დამოუკიდებელ ქვეყანაში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მით უფრო მეტი, მით უფრო უკეთესი პირობები იქმნება ორმხრივ ურთიერთობათა განვითარებისათვის“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა სტამბოლის ეუთოს სამიტი - მართლაც ისტორიული სამიტი, რომელმაც მიიღო პოლიტიკური დეკლარაცია და ამით აღიარა მანამდე ლისაბონისა და ბუდაპეშტის სამიტებზე მიღებული შეფასებანი. გარდა ამისა, სტამბოლში ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესახებ დოკუმენტს. რას ნიშნავს ყოველივე ეს საქართველოსათვის? თქვენ ყველას მოუწოდეთ, რომ შეინახონ ეს ფოტოსურათები... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სტამბოლის ისტორიული კონფერენციის შეფასებისას მე განვაცხადე, რომ, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ცივი ომის დამთავრების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიების შედეგიანობასა და სარგებლიანობას, უწინარესად, საქართველოს ეროვნული ინტერესების პრიზმით განვიხილავთ და ეს ასეც უნდა იყოს. საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები კი ამჟამად, უწინარესად, რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას უკავშირდება. ევროპის ქარტიასა და დეკლარაციაში, ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, შეტანილია მრავალი დებულება, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავააქტიუროთ მეგობართა ინსტიტუტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და თვით ევროპის უშიშროების სისტემები.
განსაკუთრებით გაძლიერდა დებულება ეთნიკური წმენდის შესახებ და გთხოვთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ გალის რაიონში ეთ- ნიკური წმენდის პოლიტიკა მხოლოდ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. გარდა ამისა, საერთაშორისო დოკუმენტებში პირველად გაჩნდა თვისებრივად ახალი პოსტულატი, კერძოდ, ხაზგასმულია, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის დასადგენად გაეროს ეგიდით დაწყებული მუშაობის საბოლოო მიზანია უფლებამოსილებათა, ანუ კონსტიტუციურ კომპეტენციათა გამიჯვნა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის.
თვალნათელია საერთაშორისო საზოგადოებრივი პოზიციის გამკაცრება ეთნოწმენდის ორგანიზატორთა მიმართ. მე-20 საუკუნის მიწურულს ეთნიკური წმენდა, ანუ ეთნიკური ნიშნით ადამიანების განდევნა სამშობლოდან უმძიმეს დანაშაულად არის აღიარებული და იგი გენოციდს უტოლდება. მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც ეთნოწმენდასთან, ასევე ეროვნული კუთვნილების ნიშნით ადამიანების ხოცვა-ჟლეტასთან.
ნიშანდობლივი და საინტერესოა, აგრეთვე, დებულება საერთაშორისო პოლიციის ძალების შესახებ, რომელთაც იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი პოლიცია ვერ ან არ ასრულებს თავის მოვალეობას. თქვენ გახსოვთ, ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში გათვალისწინებული ყოფილიყო ამის მსგავსი ფორმულა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ეს იქნება სპეციალური რაზმები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ იმას, რომ არ დაირღვეს მოქალაქეთა უფლებანი და გარანტირებული იყოს მათი უსაფრთხოება.
ამრიგად, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის თვალსაზრისით ეუთოს ახალი ევროპის ქარტია და სტამბოლის დეკლარაცია მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნიან.
ევროპული პროცესის მთელი სულისკვეთება განმსჭვალულია სამართლიანობის პრინციპით. ევროპულ თანამეგობრობას კვლავინდებურად მიაჩნია, რომ, სანამ არ არის აღდგენილი სამართლიანობა, საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას მუდმივი საფრთხე ემუქრება. განურჩევლად იმისა, თუ სად დაირღვა სამართლიანობა, სად, ევროპის რომელ რეგიონში განხორციელდა ეთნიკური წმენდა, ეს საზარელი დანაშაულია ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ და ეს თვალსაზრისი კვლავ და კვლავ არის აღნიშნული მიღებულ და ხელმოწერილ ქარტიაში.
ბუნებრივია, რომ აფხაზეთში სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი საქართველოს ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი გაძლიერება იქნება.
გასულ კვირას ამ მხრივაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დამტკიცებითა და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერით. მე ვთქვი, რომ სულ რაღაც 4-5 წლის წინათ ჩვენ ყოველივე ამას ფანტაზიის სფეროს მივაკუთნებდით. დღეს ეს რეალობად იქცა და არც კი მჯერა, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა და ასეთ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ.
- გარდა ჩვენი დელეგაციისა, იქ იყვნენ ყველა მონაწილე ქვეყნის დელეგაციათა წარმომადგენლები და ჟურნალისტები, და როგორც კი თქვენ, პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეთ ამ დოკუმენტს, გახსოვთ, როგორი შეძახილები ისმოდა დარბაზში, როგორი იყო გამოხატულება და დამოკიდებულება ამ დოკუმენტისადმი. ასეთი რამ არც ერთი დოკუმენტის ხელმოწერის დროს არ მინახავს...
- ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა იყო დაინტერესებული ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ძალიან ბევრი ქვეყანა. მე არ ვგულისხმობ მარტო ჩვენს რეგიონს, დაინტერესებული იყო მთელი დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და სხვები, რომლებიც ენერგოშემცველებს მიიღებენ ამ ორი მაგისტრალის მეშვეობით. ბევრი ჟურნალისტი იყო, რომლებიც ამდენი ხანია მოწმენი არიან ამ ხანგრძლივი და დამქანცველი მოლაპარაკებისა და, როგორც იტყვიან ხოლმე, ამოისუნთქეს და ამოხეთქა გრძნობებმა. ნავთობსადენის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება, წარმოდგენა რომ გქონდეთ მის მასშტაბზე, 3 მილიარდი დოლარია, ხოლო მთლიანად პროექტი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ექსპერტთა წინასწარი გაანგარიშებით, პროექტის ამოქმედება საქართველოს ყოველწლიურად 300 მილიონამდე დოლარ შემოსავალს მოუტანს. მშენებლობის პროცესში კი შესაბამისი ხელშეკრულებით მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები, პრიორიტეტულად დასაქმდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მუშახელი. მშენებლობაში ჩაებმებიან ქართული კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენის მშენებელი უცხოური ფირმები არ თავისუფლდებიან საქართველოს საბიუჯეტო გადასახადებისაგან. ცხადია, ეს მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს ჩვენს ბიუჯეტს უკვე 2000 წელს.
პარალელურად განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის ღონისძიებანი. ეს საბიუჯეტო შემოსავალზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ტრანსკასპიურ გაზსადენს, რომლის ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია (ალბათ, კიდევ გაიზრდება), საქართველო ამ პროექტშიც სხვა ქვეყნების თანაბარი უფლებით ისარგებლებს. იგი არის არა უბრალოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ პარტნიორი სახელმწიფო, რომელიც ასევე მონაწილეობს ამ პროექტის რეალიზაციაში.
ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ბუნებრივი გაზის კოლოსალური ნაკადის ტრანზიტი. ამ სიმდიდრის გარკვეული ნაწილი, როგორც სტამბოლში განვაცხადე ხელმოწერის შემდეგ, საქართველოში დარჩება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება.
- საერთოდ, ალბათ, ენერგეტიკა ის სფერო იყო, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული სახელმწიფოს „აქილევსის ქუსლად“ რჩებოდა, და უკვე იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ, როცა საქართველოს რომელიმე ქვეყანა „გაუბრაზდება“, ვეღარ გადაგვიკეტავს, ვთქვათ, გაზს. ეს ჩვენს მიმართ არაერთხელ ყოფილა გამოყენებული სასჯელის ფორმად...
- უნდა მოგახსენოთ, რომ, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, გარდა პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა ასპექტებისა, ენერგეტიკული უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ჩვენ ახლა შევედით იმ ფაზაში, როცა უკვე გვაქვს გარანტია სულ რაღაც 2-3 წელიწადში უზრუნველყოფილი გვქონდეს ასეთი დამოუკიდებლობა...
- ეს სტამბოლში მიღებულ პოლიტიკურ დეკლარაციაშიც აღინიშნა. სხვათა შორის, იქ იყო ასეთი ფრაზა - ლაპარაკია აფხაზეთში ეთნოწმენდასა და გენოციდზე, იმაზე, რომ ეუთო ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებას საქართველოდან რუსეთის შეირაღებული ძალების გაყვანის შესახებ. მანამდე იყო, გვახსოვს, მხოლოდ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის უშუალო მოწოდება რუსეთისადმი საქართველოდან და მოლდოვიდან თავიანთი ბაზების გაყვანის თაობაზე. სტამბოლში უკვე რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ 2001 წლის პირველი ივლისისათვის რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს ორი სამხედრო ბაზა - ვაზიანისა და გუდაუთისა და იწარმოებს მოლაპარაკება ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის შესახებ. მართალი გითხრათ, პირადად ჩემთვის ეს ამ სამიტის ყველაზე წარმოუდგენელი შედეგი იყო. სხვათა შორის, გასულ კვირასვე გაჩნდა ისეთი ინფორმაციები, რომ რუსეთი მორიგ სამხედრო გადატრიალებას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ, რომ მოსალოდნელია თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტზე, სტრატეგიული ობიექტების დაკავება და შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებული ეროვნული ძალები (იქ ასეა ნათქვამი) დახმარებას სთხოვენ რუსეთსა და რუსეთის ჯარს, რომ საქართველოში დაამყარონ წესრიგი... როგორ შეაფასებდით, თავისთავად ამ შეთანხმებას და შემდეგ რამდენად შესაძლებელია რუსეთის ასეთი აქტიურობა...
- რაც შეეხება რუსეთის ბაზებთან დაკავშირებულ საკითხებს, საერთოდ, ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების დადების შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, მშვიდობისა და სტაბილურობის პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მხედველობაში მაქვს მთელი ევროპის და არამარტო ევროპის სივრცე.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობას, წესით, რაიმე გართულებას არ უნდა ველოდეთ, თუ არსებობს რაიმე კანონზომიერება, არ უნდა ველოდეთ. რაც უფრო ნაკლებია უცხო ქვეყნის შეიარაღება და შეიარაღებული ძალები სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, მით უფრო მეტია ურთიერთნდობა და პატივისცემა, რაც ძალიან ხელსაყრელ ფონს უქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანას.
ამასთან დაკავშირებით ახლა ათასნაირი ხმები დადის, შეიძლება თვით მოლაპარაკების პროცესი უფრო მძიმე იყოს, უფრო მტკივნეული, ვიდრე თვით ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ან თუნდაც მისი მომზადება. რადგან ეს დაკავშირებულია ცოცხალ ადამიანებთან, მათს გაყვანასთან, ამ ხალხის ბინებით უზრუნველყოფასთან, და კიდევ სხვა მრავალი ქონებრივი საკითხი იქნება გადასაწყვეტი. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და უკუსვლა უკვე აღარ იქნება, ნაბიჯს უკან აღარ გადავდგამთ არც ჩვენ და, ალბათ, რუსეთიც ვალდებული და იძულებულია ანგარიში გაუწიოს ამ კომპრომისს, რომელსაც ახლა მივაღწიეთ.
კიდევ ვიმეორებ, რომ, რაც უფრო ნაკლები იქნება დამოუკიდებელ ქვეყანაში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მით უფრო მეტი, მით უფრო უკეთესი პირობები იქნება ორმხრივ ურთიერთობათა განვითარებისათვის.
მე პარლამენტში განვაცხადე, რომ ძალიან გვინდა გვქონდეს რუსეთთან ნამდვილად მეგობრული და ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა. ჩვენი ხალხების მოწინავე ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, და მე მხედველობაში მაქვს ასევე რუსეთის ინტელიგენცია, სწორედ ასე ფიქრობენ, ფიქრობენ იმ საუკეთესოს განახლებაზე, რაც იყო ჩვენს ურთიერთობაში, ოღონდ, რასაკვირველია, გამორიცხული უნდა იყოს ტოტალიტარული და ყოველგვარი სხვა ასეთი სისტემები.
ჩვენ ბაზების გაყვანაზე არ ვლაპარაკობდით, როცა პრეზიდენტზე თავდასხმები მოხდა. თუ ფხიზლად და ფრთხილად ვიქნებით, საქართველოს შეუძლია თავისი დამოუკიდებლობისა და მიღწეულ დემოკრატიულ ღირებულებათა საფუძველზე აგებული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მისი განმტკიცება და ჩვენ წინაშე დასახული პრობლემების, უწინარესად, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.
ჩვენი დღევანდელი საუბრის პირველი საკითხი რომ დავასრულო, არ შემიძლია არ გავიხსენო, ისე როგორც ამ დიდი პროექტების ხელმოწერის დროს, თქვენ გახსოვთ, მე ვთქვი, რომ სანამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გაზსადენის შესახებ პროექტებს ხელს მოვაწერდით, იყო ბაქო-სუფსა. რომ არ ყოფილიყო ბაქო-სუფსა, არ იქნებოდა ეს პროექტები. ბაქო-სუფსა ეს იყო ექსპერიმენტი, ეს იყო სასინჯი ქვა და საქართველომ მართლაც ღირსეულად და კარგად ჩააბარა ეს გამოცდა. აქ, ალბათ, უსამართლობა იქნება არ გავიხსენო ჩვენი მეგობარი, ჩემი ძმა ჰეიდარ ალიევი, რომელიც, როგორც იტყვიან, მთასავით იდგა, იმდენად დიდი იყო წინააღმდეგობა. ძალიან დიდი, სასტიკი წინააღმდეგობანი იყო, პრეტენზიას აცხადებდნენ სხვადასხვა ქვეყნები, არცთუ პატარა ქვეყნები. მაშინ, თქვენ გახსოვთ, ალიევის ჩამოსვლა საქართველოში, ჩემი შეხვედრები ბაქოში და მისი საჯარო განცხადებანი, რომ ბაქო-სუფსის პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ბაქო-სუფსას მერე სხვა დიდი პროექტები მოჰყვებაო. ალბათ, სწორედ ეს სამართლიანობისა და მეგობრობის გრძნობა მიკარნახებს მე დღეს, რომ მას აქედან, თბილისიდან დიდი მადლობა მოვახსენო იმისთვის, რაც მან გააკეთა ამ პროექტების განსახორციელებლად და რომ საქართველოს თავისი ადგილი ჰქონოდა განკუთვნილი.
მე ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომელიც გაგვიწია ამერიკის ადმინისტრაციამ - ექსპერტებით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული. მათაც არასდროს არ გამორჩენიათ მხედველობიდან ის, რომ საქართველო ცენტრალური ქვეყანაა, რომელიც ენერგოშემცველების სატრანზიტო-სატრანსპორტო ქვეყნად უნდა იქცეს, და ამით ყველა მოგებული დარჩება.
ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო თურქეთის ხელმძღვანელობის, ბატონ დემირელის უაღრესად დიდი მხარდაჭერა ამ პროექტების მომზადების პროცესში და საქართველოს ვარიანტის განხილვის დროს.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოების, კერძოდ, თურქმენეთის, ყაზახეთის პრეზიდენტების მხარდაჭერასაც. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ყაზახეთის მონაწილეობა, კერძოდ, მისი ვალდებულება, რომ იგი ამ მილსადენის მეშვეობით ყოველწლიურად 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებდა. თუ არა ეს ვალდებულება, მაშინ ნავთობის რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა და ეს მილიც რენტაბელური ვერ იქნებოდა.
ასე რომ, ყველას და ყველას მოვახსენებ მადლობას, მათ შორის, ჩემს ხალხს, ჩვენს სპეციალისტებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობდნენ, უნდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით დამა- მთავრებელ ეტაპზე. გია ჭანტურია, ალეკო გოცირიძე და სხვები, სამინისტროთა წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები და სხვები, მთელი ათი კაცი, რომლებიც მუშაობდნენ ზოგი ანკარაში, ზოგი - სტამბოლში. მე შემდეგ რამდენჯერმე მომმართეს ამერიკელმა სპეციალისტებმა, მითხრეს, რომ თქვენი ხალხი ძალიან გაიზარდა, ძალიან დაგვეხმარნენ გონივრული კომპრომისების მიღწევაში. რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო მოვლენაა.
- ამ პროექტის განხორციელება მით უფრო მნიშვნელოვანია, როცა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება ქვეყნისათვის ენერგეტიკული კრიზისი და სირთულეებია საბიუჯეტო სფეროში. როგორ შეაფასებდით გასულ კვირას გაწეულ მუშაობას?
- უპირველეს ყოვლისა, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ პრობლემის მიზეზი და ეს პირველი წელი არ არის, როცა ამაზე საუბარი გვიხდება. ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში, დიდად სამწუხაროდ, გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, სანამ არ ვისწავლით ან ვერ მოვახერხებთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას. არავინ უარყოფს, რომ თბილისში მდგომარეობა გაუმჯობესდა ნაწილობრივი თვალსაზრისით მაინც, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით სამი თვის განმავლობაში მოხმარებული ენერგიისათვის თანხების ფაქტობრივმა გადახდამ მხოლოდ 30 პროცენტი შეადგინა. აქედან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 16 პროცენტი ჩათვლებზე მოდის. ასეთ პირობებში ვერავითარ ენერგეტიკულ კრიზისს ვერ დავძლევთ. მე მესმის, რომ პრობლემა აქვთ ადამიანებს, პრობლემები აქვთ ოჯახებს, სახსრები არ ჰყოფნით, მაგრამ ამავე დროს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სხვა პირობებშიც, ძნელია წარმოიდგინო, რომ ნორმალურად ვიღებდეთ ელექტროენერგიას და სხვა საშუალებებს, ვემზადებოდეთ გათბობისა და ზამთრისათვის, თუ სათანადო სახსრებით არ არის ეს უზრუნველყოფილი და გარანტირებული.
ნურავის ეწყინება, მაგრამ ასეთ პირობებში არც ნავთობსადენი გვიშველის და არც გაზსადენი. მე ვთქვი, რომ საქართველოში გაზიც დარჩება და ნავთობიც - მეთქი, მაგრამ მაშინ ჩვენ ან ტარიფებზე უნდა ვთქვათ უარი და მთლიანად, რასაც დავტოვებთ, გამოვთვალოთ, ასე ვთქვათ, ღირებულება ანდა გადახდა უნდა ვისწავლოთ. გადავიხადოთ და მაშინ საქართველო აბსოლუტურად გარანტირებული იქნება.
რასაკვირველია, დიდი პროექტების განხორციელების შედეგად სახელმწიფოს ექნება საშუალება ზემოქმედება მოახდინოს ენერგიის ფასზე, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, განა შექმნილი ვითარების ძირითადი მიზეზი მხოლოდ ენერგიის სიძვირეა? სხვა სახის საწვავზე მრავალი ოჯახი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს. მაშასადამე, მიზეზთა მიზეზი მაინც ჩვენი დაბალი საგადამხდელო კულტურაა ან დაბალი საგადამხდელო შესაძლებლობანი.
გადახდის შემთხვევაში, ნებისმიერი სახეობის ენერგიის, ნებისმიერი ოდენობით მისი იმპორტის მხრივ საქართველოს ამჯერად არანაირი პრობლემა არა აქვს და არც ექნება. საშუალება გვაქვს, მეზობელი ქვეყნებიდან მივიღოთ იმდენი ენერგია, რამდენიც საჭიროა, თუკი ფულს გადავიხდით.
რაც შეეხება საბიუჯეტო სირთულეებს, კორუფციასთან ერთად ძალზე სერიოზულ პრობლემად იქცა საპრივატიზებო პროგრამის შეუსრულებლობა. იძულებული ვარ, ვუსაყვედურო ქონების მართვის სამინისტროს, რომელიც ვერ იჩენს სათანადო გერგილიანობასა და ინიციატივას (არა მარტო ეს, არამედ ენერგეტიკისა და ზოგიერთი სხვა სამინისტრო), გვიანდება ტენდერების გამოცხადება და გამართვა იმ სფეროებშიც კი, სადაც ხელსაყრელ წინადადებათა ნაკლებობას ვერ დავიჩივლებთ.
პარლამენტის სხდომაზე მე განვაცხადე, რომ მზად ვარ მთელი ძალით შევუტიო ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და, სამწუხაროდ, თვით ჩვენი საზოგადოების უმძიმეს მანკს - კორუფციას. რამდენიმე დღეში დამთავრდება შესაბამისი პროგრამის დამუშავება და სათანადო დოკუმენტების პაკეტი წარედგინება პარლამენტს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის სახით.
ეს დოკუმენტები გამოქვეყნდება და მოსახლეობა დარწმუნდება, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ აუცილებელი ქმედითი მექანიზმი კორუფციის აღმოსაფხვრელად. თუმცა, ახალი ან რაიმე უნიკალური ამ პროგრამაში არაფერია. იგი შემუშავებულია უცხოელ ექსპერტებთან ერთად და აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
საგანგებო ღონისძიებებს განვახორციელებთ ბიუჯეტის შემოსავლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ესეც პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს დაუკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ზოგიერთ სტრუქტურულ თუ ორგანიზაციულ ცვლილებათა განხორციელება. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს.
ძალიან დიდ იმედს ვამყარებ ახლად არჩეულ პარლამენტზე. კიდევ ერთხელ მივესალმები მას და იმედს გამოვთქვამ, რომ ორგანიზაციული საკითხები სწრაფად გადაწყდება, ანუ პარლამენტი სულ მალე სრულფასოვნად ამოქმედდება. მხარდაჭერა, რომელიც ბატონმა ზურაბ ჟვანიამ მოიპოვა, რა თქმა უნდა, დამსახურებულია. მე ვულოცავ ამ მხარდაჭერასა და აღიარებას, რაც საშუალებას აძლევს მას, სწრაფად განვლოს ყველაზე, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ეტაპი და პარლამენტი შეუდგეს სრულ სისხლსავსე ცხოვრებას, როგორც ეს ადრე იყო.
- ეუთოს კონფერენციის დროს, როცა თქვენ სტამბოლში მიფრინავდით, დაიბომბა საქართველოს ტერიტორია. თუმცა, რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს ამ ფაქტს. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?
- არ მინდა, ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ გარკვეული ძალები ასეთი აქციებით ცდილობენ საბოლოოდ ჩატეხონ ხიდი რუსეთსა და საქართველოს შორის. იმედი მაქვს, ისინი ამას ვერ შეძლებენ. და მე სტამბოლშიც განვაცხადე, ძალიან მჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი ელცინი ბოლოს მოუღებს მსგავს ინციდენტებს.
საქართველოს ყველა მეგობარს გაახარებდა ჩვენი ქვეყნის წარმატება, საუკუნის პროექტის განხორციელების დაწყება. მხოლოდ იმათ, ვინც იმთავითვე მტრად ეკიდება საქართველოს, შეიძლება დასწყვიტოს გული იმან, რაც მთელი ერის სიხარულს იწვევს. მხედველობაში მაქვს ის დოკუმენტები, რომლებზეც ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს ახარებს და იმედს უნერგავს ქვეყნის მონაწილეობა დიდ საერთაშორისო პროექტებში. ერთხელ უკვე ვთქვი და იძულებული ვარ კვლავაც ხაზგასმით აღვნიშნო: ვერავინ ვერაფრით ვერ შეძლებს საქართველოს ჩათრევას იმ საზარელ სასაკლაოში, რომლის კალო ამჟამად ჩვენს საზღვრებთან ტრიალებს. საქართველოს მოსახლეობა განწყობილია მშვიდობიანი შრომისა და აღმშენებლობისათვის. ჩვენ არ ვაპირებთ სხვის საქმეებში ჩარევას მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხშირად ერეოდა და კვლავაც ერევა ჩვენს შინაურ საქმეებში. ტერიტორიული მთლიანობის ცნებათა მიმართ ორმაგი სტანდარტი - ერთი სტანდარტი შიდა მოხმარებისათვის, მეორე - მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ყოვლად დაუშვებელია და, ვფიქრობ, სერიოზული ხალხი ამ მდგომარეობას საჭიროებისამებრ აანალიზებს.
ორმაგ სტანდარტს, როგორც არაერთხელ თქმულა, ბუმერანგის თვისება აქვს და ამ რეალობას ვერავინ შეცვლის - ვერც პროპაგანდისტული დივერსიებით და ვერც რეალური სამხედრო პროვოკაციებით. ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მოსკოველ ჟურნალისტებთან. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ ჩემთან რაიმე პრობლემა ჰქონოდათ.
მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს სპეციალური დაკვეთით ცალკეულ ჟურნალებში, ცალკეულ გაზეთებსა თუ ტელეპროგრამებშიც ხანდახან გაიპარება არასასურველი ტონალობა, ფაქტების დამახინჯება და სხვა და სხვა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ ეს გამონაკლისია. ძირითადად რუსეთის პრესა, რუსეთის ტელევიზია მაინც რჩება ობიექტური რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაშუქების დროს. რამდენადაც ვიცი, შატილის ინციდენტთან დაკავშირებით შეიქმნა და მუშაობს ერთობლივი კომისია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვაჟა ლორთქიფანიძის თხოვნით (იგი ელაპარაკა რუსეთის პრემიერს პუტინს), მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც მუშაობა დაიწყო. ნივთიერი მტკიცებულებანი შეგროვებულია. არსებობს მრავალი მოწმე, მთელი შატილისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მოწმეა. ვიმედოვნებ, რუსეთის ხელისუფლება შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ სათანადო რეაგირებას მოახდენს.
საქართველო არასოდეს იქნება რუსეთთან დამაკავშირებელი საუკუნოვანი ხიდის დანგრევის ინიციატორი. ეს რომ ასეა, ეუთოს კონფერენციაზე მიღწეულმა კომპრომისმაც დაადასტურა. გამგები ამას გაიგებდა და დააფასებდა. ხოლო ის, ვინც კვლავ იმპერიული კატეგორიებით აზროვნებს, უწინარესად ხელყოფს სწორედ რუსეთის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, ისინი ხელმოცარულნი დარჩებიან.
- თქვენ ახლა პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ საუბრობდით. იქ ვერ მოხვდნენ კომუნისტები. დღეს, როცა ბაქო-თბილის-ჯეიჰანსა და ბაზების გაყვანაზე ვლაპარაკობთ, იქნებ ცოტა ღიმილისმომგვრელიც იყოს ეს თემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ საკმაო პრეტენზიები და ამბიციები ჰქონდათ და ისინი საკმაოდ ფართოდ იყვნენ რეკლამირებული... როგორ გგონიათ, რატომ?
- როგორც მახსოვს, ხმების დათვლისას გაირკვა, რომ კომუნისტებმა, საერთოდ ამ ბლოკმა, ვინც მათთან ერთად გამოდიოდა, ერთ-ნახევარპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს. აქ საკვირველიც არაფერია. მათ არ გააჩნიათ სერიოზული პროგრამა, უფრო სწორად, კომუნისტების მიერ ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული პლატფორმა საქართველოს კვლავ მხოლოდ სხვა ქვეყნის სატელიტობის გარანტიას აძლევდა. ჩვენმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებს არავითარ შეპირებულ ოქროს მთებზეც კი არ გაცვლის.
ამასთანავე, არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ გულწრფელად მეწყინა ზოგიერთი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური ძალის პარლამენტს გარეთ დარჩენა. მაგრამ, რას იზამ, ასეთია დე- მოკრატიის გაკვეთილები.
საქინფორმი.
„რაც უფრო ნაკლები იქნება დამოუკიდებელ ქვეყანაში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მით უფრო მეტი, მით უფრო უკეთესი პირობები იქმნება ორმხრივ ურთიერთობათა განვითარებისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 ნოემბერი. - №318 (3359). - 1, 2 გვ.
![]() |
75 ბატონ გიორგი გიგაურს დაბადების 75 წლისთავის გამო |
▲back to top |
ბატონო გიორგი,
გილოცავთ იუბილეს სახელოვან მეცნიერს, შესანიშნავ მოქალაქეს და უკეთილშობილეს ადამიანს.
საქართველოს ტყეები, რომელთა მეცნიერულ კვლევას და შენახვა-აღდგენას ათეულობით წელი შეალიეთ, დღესაც ისევე საჭიროებს გაფრთხილებას და პატრონობას, როგორც იმ წლებში, როცა თქვენ საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი თავკაცი იყავით და მოხარული ვარ, რომ დღესაც კვლავ ჩვენი ეროვნული სიმდიდრის მოვლა-პატრონობას ემსახურებით.
მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის, იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში.
ვიცი, რომ დღესაც მრავალმხრივ საქმიანობას ეწევით, ჩვეული სიმხნევით მოღვაწეობთ.
მინდა მრავალი წლის სიცოცხლე გისურვოთ, თქვენი გამოცდილება ისევე, როგორც ადრე, კვლავ სჭირდება საქართველოს. ჩვენი პირადი ურთიერთობაც, ყმაწვილკაცობის წლებიდან მოყოლებული, ბევრ სიხარულს მანიჭებს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ გიორგი გიგაურს დაბადების 75 წლისთავის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 ნოემბერი. - №318 (3359). - 1 გვ.
![]() |
76 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
1999 წლის 22 ნოემბერი
„ელიზი ნიუსი“: სტამბოლის სამიტის მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტმა გადაკვრით მიანიშნა, რომ მან კარგად იცის, რომელი სახელმწიფოებიდან და რომელი ქვეყნების გავლით იღებენ დახმარებას ტერორისტები. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში და მოიაზრებოდა თუ არა საქართველო?
ედუარდ შევარდნაძე: უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ არ მოვიაზრებოდით. რუსეთს ინფორმაციის მოძიების საკმაოდ დიდი საშუალებები გააჩნია, და თუ ეს საშუალებები მართლაც საიმედოა, მაშინ უეჭველია, რომ საქართველო არ არის და არც არასოდეს გახდება ბანდიტებისა და ტერორისტების სატრანზიტო ქვეყანა. ტერორისტებისაგან ყველაზე მეტად საქართველომ იზარალა. ყველაზე მეტად საქართველომ განიცადა აფხაზეთში დატრიალებული უბედურება, რომელშიც ტერორისტები და ბოევიკები მონაწილეობდნენ და საქართველო არ დაუშვებს, რომ მისი მიზეზით ან მის ტერიტორიაზე გავლით რომელიმე ქვეყანას ზიანი მიადგეს. დარწმუნებული ვარ, რომ ელცინს მხედველობაში საქართველო არ ჰქონდა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: არჩევნების შემდეგ თვალნათელია, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ დაუმეგობრდა თავის ყოფილ აგრესიულ ოპოზიციას „აღორძინების“ სახით. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ, როცა აჭარიდან ხმამაღალი განცხადებები კეთდება და ასლან აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ეპატიჟება, სულ მალე თქვენ იქ წაბრძანდებით?
ედუარდ შევარდნაძე: ჩემი ბათუმში ჩასვლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ბათუმში 22-ჯერ ვარ ნამყოფი, თუ საჭირო გახდა, შემიძლია კიდევ 22-ჯერ ჩავიდე. აჭარა საქართველოს ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც სხვა რეგიონები და ყოველი ჩასვლა ბათუმში, აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრა ჩემს სიხარულს იწვევს. როდის ჩავალ, ამას, ალბათ, ჩემს კოლეგებთან ერთად მოვიფიქრებთ, უნდა გადავწყვიტო, ვიყრი თუ არა კენჭს, ამის პარალელურად უნდა შედგეს საქართველოს რეგიონებში ჩემი მოგზაურობის გეგმა.
ვიმეორებ, არავითარი პრობლემა ჩემი ბათუმში ჩასვლისა არ არსებობს, და ნურავინ მთავაზობს, ჩავიდე თუ არა და კატეგორიულ განცხადებებს ნურავინ აკეთებს, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი და აქ ვილაპარაკებთო. ამგვარი რამ მისაღები არ არის.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: უკვე გათავისუფლდა ერთი მინისტრი. როდის გეგმავთ სამთავრობო ცვლილებებს? როგორც ამბობენ, მთავრობის სამი-ოთხი წევრი უკვე წასასვლელად ემზადება.
ედუარდ შევარდნაძე: იქნებ გვარები დამისახელოთ და დამეხმაროთ. ვერ გეტყვით, რომ ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. შეიძლება ზოგიერთი სტრუქტურული ცვლილება მოხდეს. ცალკეული ინსტიტუტების უფლებები შეიცვლება: ზოგი გაიზრდება, ზოგი - შემცირდება. შეიძლება რამდენიმე უწყების, დეპარტამენტის ან სამინისტროს შეერთება მოხდეს. ახლა მუშაობა მიმდინარეობს. არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში რაღაც დიდი გადატრიალება იქნება.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: მოიცავს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებებს?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით ის საკითხი, რაზეც ვმუშაობთ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული არ არის. მაგრამ, თუ საჭირო გახდება, უკან არ დავიხევთ.
„ბი-ეს-პრესი“: გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო კომისია, რომელიც შატილის ინციდენტს იძიებდა. კომისიის მუშაობის პროცესი ჟურნალისტებისათვის დახურული აღმოჩნდა. მათ ყველაფერი უკომენტაროდ დატოვეს, არანაირი შეხვედრა არ გამართეს და მოსკოვს გაფრინდნენ. ცნობილია თუ არა თქვენთვის, რა შედეგები მოჰყვა ამ ვიზიტს?
ედუარდ შევარდნაძე: წუხელ გვიან ღამით ამ საკითხით დავინტერესდი. მუშაობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ნივთმტკიცებები აღმოჩენილია. შესაბამისი ექსპერტიზაა საჭირო, რომელიც შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში. საერთოდ, ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობდა კორექტულად, ნორმალურად, გამოკითხეს შატილის მოსახლეობა, ვფიქრობ, დასკვნა ობიექტური იქნება. თუკი ეს ერთობლივად არ მოხერხდება, ცხადია, ქართული მხარე შეეცდება დაასაბუთოს ძირითადი მიზეზები იმისა, რაც მოხდა.
„ბი ეს პრესი“: რომელი მხარე შეიძლება იყოს რუსეთთან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულების გარანტი? იყო თუ არა საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთმა საქართველოს იმ თანხისა და შეიარაღების კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რომელიც მან ჩვენი ქვეყნიდან 1991 წელს გაიტანა?
ედუარდ შევარდნაძე: დოკუმენტებში კომპენსაციის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამიტომ, ახლა ამაზე ლაპარაკი რთულია. მომდევნო ეტაპზე დაიწყება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება სამხედრო თანამშრომლობის მთელი კომპლექსის შესახებ. რაც შეეხება გარანტიებს, რადგან უკვე ხელმოწერილია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება, შესაბამისად, გარანტირებულია შესაბამისი ინსპექტირების ინსტიტუტების შექმნა. ყველა ბაზა და ქვედანაყოფი, რომელიც შემცირებას ექვემდებარება, პერიოდულად ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელიც ერთობლივი ძალებით განხორციელდება. მხედველობაში მაქვს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურები. თუ ვინმე არ შეასრულებს მოვალეობას, ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
პრაიმ-ნიუსი: ეუთოს სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს. დგას თუ არა დღის წესრიგში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა თბილისში?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ცალ-ცალკე ერთმანეთს შევხვდით, მაგრამ კოლექტიური შეხვედრა არ ყოფილა. რაც შეეხება პერსპექტივას, იგი არსებობს. ყოველი ჩვენგანი ცალ-ცალკე მზად არის გარკვეულ ეტაპზე შეხვედრისათვის, მაგრამ პირობები ჯერ არ მომწიფებულა იმისათვის, რომ თბილისში ასეთი შეხვედრის ორგანიზება მოხდეს. შეხვედრა აუცილებალდ შედგება.
პრაიმ-ნიუსი: მინდა დავუბრუნდე სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხს. სტამბოლის შეხვედრების და ეუთოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ ხომ არ ამოწურა თავისი თავი?
ედუარდ შევარდნაძე: არ მგონია, რომ თანამეგობრობამ თავისი თავი ამოწურა, მაგრამ თუკი შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, ჩვენ ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ თანამეგობრობის რღვევის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. არსებობს მოლაპარაკება თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შორის, რომლიდანაც ამ კომპონენტის ამოვარდნას, ცუდი შედეგები მოჰყვება.
გაზეთი „რეზონანსი“: სტამბოლის სამიტზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, გარდა ამისა, გადაწყდა რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი. ხომ არ ელოდებით ამის გამო სიტუაციის გამწვავებას, რათა შემდეგ რუსეთმა განაცხადოს, რომ გამწვავებულ სიტუაციაში საქართველოდან თავის ბაზებს არ გაიყვანს.
ედუარდ შევარდნაძე: თუ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, ეს მეტი ნდობისა და ორ ქვეყანას შორის უკეთესი ურთიერთობისათვის პირობებს ქმნის. ვფიქრობ, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ძალების შეთანხმებულ ვადებში გაყვანამ სიტუაციის გართულება არ უნდა გამოიწვიოს, პირიქით, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის განმტკიცებაში ხელი უნდა შეგვიწყოს. სხვათა შორის, რუსეთის პრესაში გამოქვეყნდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა საინტერესო წერილი, რომელშიც ისინი მოუწოდებენ თავისი ქვეყნის ხელისუფლებას, დაიწყოს ზრუნვა იმ საუკეთესო ტრადიციების აღდგენისათვის, რომლებიც მრავალი ათეული წლის მანძილზე რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობის საფუძველი იყო. ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, ჩვენც საპასუხო რეაქციაზე გვეფიქრა.
თუ შეიარაღებული ძალების გაყვანა ორ ქვეყანას შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ფონის შექმნას უნდა უწყობდეს ხელს, მაშინ განსაკუთრებული თავდასხმები მოსალოდნელი არ არის. ტერორისტული აქტები შეიძლება მოხდეს ისეთ ქვეყანაშიც, რომლის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები არ იმყოფება. რაც შემეხება მე, ჯერჯერობით განსაკუთრებული შემოტევა არ მიგრძვნია. ისე, დოყლაპიობა არ უნდა გამოვიჩინოთ და თავი ყოველთვის უნდა დავიცვათ - პრეზიდენტმაც და მოქალაქეებმაც.
გაზეთი „რეზონანსი“: სამიტის გადაწყვეტილება ჩეჩნეთის საკითხში მეტნაკლებად ჩაურევლობის შესახებ ბევრმა დასავლელმა ანალიტიკოსმა აღიქვა, როგორც ჩეჩნეთის გაწირვა. როგორია თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: სამიტზე გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ისე უნდა განახორციელოს, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლობის მსხვერპლი. თუ მსხვერპლი და ლტოლვილთა ნაკადი მაინც იქნება, მაშინ, რუსეთმა იმ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამისათვის მოწოდებული არიან, უნდა მისცეს უფლება, დაეხმაროს ამ ხალხს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ - ორი-სამი ათასი ადამიანი - ქალები, ბავშვები და მოხუცები შემოვიყვანეთ საქართველოს ტერიტორიაზე და დღეს ისინი თავის ნათესავ ქისტებთან ცხოვრობენ. ამას რუსეთის მხრიდან დიდი პროტესტი არ გამოუწვევია.
გაზეთი „რეზონანსი“: თქვენი არყოფნის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები მოხდა. როგორ შეაფასებდით ამ ნაბიჯს და რა დადებით შედეგს შეიძლება ველოდოთ მისგან?
ედუარდ შევარდნაძე: საკადრო ცვლილებები ხორციელდება იმის მიხედვით, თუ რა ამოცანები დგას ამა თუ იმ უწყების ან სამსახურის წინაშე. როდესაც სამინისტროს მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ეტაპზე აუცილებელია განახლების პროცესი, მაშინ, თუ მინისტრს ვენდობი, მას მხარი უნდა დავუჭირო. მჯერა, რომ საქმე უკეთესობისკენ წავა.
ტელეკომპანია „ნტვ“: ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებისას იყო თუ არა მხედველობაში მიღებული აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული შეიარაღების რაოდენობა, აისახა თუ არა ეს დოკუმენტებში, სამიტის შემდეგ იყო თუ არა ამ საკითხების განხილვის მცდელობა რუსეთის მხრიდან?
ედუარდ შევარდნაძე: ეს სუსტი ადგილია, როგორც ამბობენ, „თეთრი წერტილები“. შეიარაღება, რომელიც არსებობს მთიან ყარაბაღში, აფხაზი სეპარატისტების ხელში, ჯერჯერობით, ზუსტად არ აღრიცხულა. ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი აღსარიცხავია, და, ალბათ, უფრო ჩვენ გვეთვლება, რადგან აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. და იქ არსებული იარაღის შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ. მომავალში ინსპექტირებისას ამ „თეთრ წერტილებს“ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ.
ტელეკომპანია „ნტვ“: აპირებთ თუ არა ეთნოწმენდის ორგანიზატორებთან კონტაქტების გაგრძელებას?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ კონტაქტები დიდი ხანია, გვაქვს არძინბასთან, ისევე, როგორც სხვებთან. ვფიქრობ, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს შეფასებები, მოლაპარაკების პროცესი მაინც უნდა გაგრძელდეს.
შვეიცარიელი ჟურნალისტის კითხვა: როგორ აფასებთ რუსეთის მიერ კავკასიაში გაჩაღებულ ომს, ეს ძალის დემონსტრირება უფროა თუ სისუსტის და არსებობს თუ არა ომის მასშტაბის გაფა- რთოების საფრთხე?
ედუარდ შევარდნაძე: ერთიანი სახელმწიფოსათვის არასტაბილურობა და კონფლიქტები სისუსტის გარკვეული გამოვლინებაა. რაც შეეხება მეორე საკითხს, არის თუ არა კავკასიაში ომის მასშტაბის გაფართოების საშიშროება, მე მაინც მიმაჩნია, რომ მოხდება კონფლიქტის ლოკალიზება.
რუსთავი-2: დაიწყო თუ არა პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერ ამისთვის გასაგები მიზეზების გამო ვერ მოვიცალე, როცა მოვიცლი, შევხვდები. უკვე მქონდა შეხვედრა ირინა სარიშვილთან. მისივე თხოვნით, ვისაუბრეთ. შესაძლებლობიდან გამომდინარე, მექნება შეხვედრა სხვა ლიდერებთანაც. ამ დილით უკვე გამოვხატე გულისტკივილი იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, პარლამენტში ბევრი გამოცდილი და სასარგებლო პოლიტიკური ძალა ვერ მოხვდა. მარტო ოპოზიცია არ მყავს მხედველობაში, მაგრამ, დემოკრატია არა მარტო უფლებებს იძლევა, არამედ ზღუდავს კიდეც მათ და ამას უნდა შევეგუოთ.
„რუსთავი-2“: თქვენ განაცხადეთ, რომ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, იყრით თუ არა კენჭს პრეზიდენტად.
ედუარდ შევარდნაძე: ჩემთვის უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ოფიციალური წარდგენა ჯერ არ ყოფილა.
„რუსთავი-2“: გაეროს მისიის ხელმძღვანელი ბოდენი ჯერ არ ჩამოსულა. თქვენი ინფორმაციით, როდის ჩამოვა იგი?
ედუარდ შევარდნაძე: ბატონი ბოდენი არ დამკავშირებია, მაგრამ, სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ჰქონდა გარკვეული კონტაქტები და, როგორც ვიცი, იგი მალე ჩამოვა. სხვათა შორის, მე მივესალმე ბოდენის დანიშვნას. იგი გამოცდილი, მოქნილი დიპლომატია, რომელსაც შეუძლია კონტაქტების დამყარება საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ადამიანებთანაც. ასე რომ, მასზე გარკვეულ იმედებს ვამყარებ. მით უმეტეს, ახლა ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი იწყება - გაეროსა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა მეგობრების ინსტიტუტთან ერთად, რათა განისაზღვროს აფხაზეთის სტატუსი და მოხდეს კონსტიტუციურ უფლებათა გამიჯვნა ცენტრსა და შესაძლო ავტონომიასა თუ რეგიონს შორის. მუშაობა საექსპერტო დონეზე უკვე მიმდინარეობს.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: სტამბოლში ხელმოწერილ ქარტიაში არის ერთი თავი, სადაც წერია, რომ, შესაძლებელია, შეიქმნას საპოლიციო ძალები ეუთოს ფარგლებში. რა პერსპექტივა აქვს ამ გადაწყვეტილებას?
ედუარდ შევარდნაძე: მიმაჩნია, რომ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, ეს სერიოზული სიახლეა. განსაკუთრებით მივესალმები იმ ჩანაწერს, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო საპოლიციო ძალების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ადამიანთა უფლებები და ადგილობრივი პოლიცია, აფხაზეთში იქნება თუ სხვა რეგიონში, ბოროტად გამოიყენებს თავის უფლებებს. აქ საუბარია იმ ადამიანთა უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე, რომლებიც დაბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილებში. ეს ძალიან პერსპექტიული ჩანაწერია, რომლის რეალიზაცია მოხდება თანდათანობით, იმის, მიხედვით, თუ როგორი იქნება ინსტრუქცია და მანდატი. ყველაფერ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: როგორ დაუკავშირდება ბაზების გაყვანა და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირება აფხაზეთის პრობლემას?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის კონფლიქტთან საერთო არ აქვს. ყველაზე რთული პრობლემა იყო გუდაუთის ბაზის საკითხის გადაწყვეტა. რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, აცხადებდნენ, რომ ეს ბაზა სამშვიდობო ძალების ერთგვარ ზურგს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დაგვთანხმდნენ და გამოიძებნა კომპრომისი, რომლის თანახმადაც გუდაუთის ბაზა გაყვანილი იქნება.
გერმანელი ჟურნალისტის კითხვა: შეძლებს თუ არა 2005 წლისთვის საქართველო კავკასიის რეგიონის ლიდერი ქვეყნის როლის შესრულებას?
ედუარდ შევარდნაძე: არ მიყვარს ტერმინი რეგიონული ლიდერი. თუ ჩვენ დავიწყებთ სწრაფვას რეგიონული ლიდერის ტიტულის მოპოვებისკენ, ჩვენ გავიფუჭებთ ურთიერთობას ჩვენს მეზობლებთან, მეგობრებთან. რატომ არ შეიძლება, ლიდერი გახდეს აზერბაიჯანი ან სომხეთი? არ მიმაჩნია მიზანშეწონილად იმის ხაზგასმა, ვინ არის ლიდერი და ვინ - მეორეხარისხოვანი. სამივე სახელმწიფო ასე ვთქვათ, კოლექტიური ლიდერები ვართ.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 ნოემბერი. - №318 (3359). - 1,3 გვ.
![]() |
77 აკადემიკოს თენგიზ ბურჭულაძეს დაბადების 70 წლისთავზე |
▲back to top |
ბატონო თენგიზ,
თუმცა, ისევ შენობით უნდა მოგმართო, რადგან მეგობრობის მართლაც ბევრი წელი გვაკავშირებს.
ჩემო თენგიზ, დაბადების დღე მინდა მოგილოცო დიდი გვარის, დიდი ოჯახის შესანიშნავ წარმომადგენელს, დიდი მეცნიერის ვიქტორ კუპრაძის სანაქებო მოსწავლეს, შესანიშნავ პედაგოგს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თვალსაჩინო აკადემიკოსს, დიდი ოჯახის უფროსს, შესანიშნავ მეუღლეს, მამას და პაპას, ჩემს დიდ მეგობარს.
ეს სიტყვა „დიდი“ მგონი ხშირად მეორდება, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, რაც ვიცი და რასაც ვფიქრობ, მხოლოდ ასე შემიძლია ვთქვა.
შენი დაბადების დღე მინდა მივულოცო შენს მშვენიერ მეუღლეს - ინგას, შენს შვილებს, მარიამ ბურჭულაძის ყველა მემკვიდრეს.
იმედია, კიდევ ბევრს გააკეთებ ქართული მეცნიერებისათვის, მრავალ ღირსეულ მოწაფეს გაზრდი, ბოლოსდაბოლოს 70 წელი არც ისე ბევრია.
ბუნებრივია, ამ მოლოცვას ნანულიც უერთდება.
პატივისცემითა და სიყვარულით,
ედუარდ შევარდნაძე.
აკადემიკოს თენგიზ ბურჭულაძეს დაბადების 70 წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 ნოემბერი. - №319 (3360). - 1 გვ.
![]() |
78 ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს |
▲back to top |
ქალბატონო ნინო,
მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენს მიმართ და მოგილოცოთ სახელოვანი იუბილე.
თქვენი მოღვაწეობა, როგორც მეცნიერისა, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწისა, მართლაც რომ სამშობლოსათვის თავდადებული მსახურების შესანიშნავი მაგალითია.
თქვენში თითქოს თავმოყრილია ყველა ის საუკეთესო თვისება, რომელიც გამოარჩევს ქართველ ქალს - გონიერება, პიროვნული ხიბლი, სამშობლოსადმი ერთგულება.
უდიდეს პატივს ვცემ თქვენს საქმიანობას ქალთა რესპუბლიკურ საბჭოში და მიმაჩნია, რომ ეს საბჭო ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თქვენი საქმიანობა სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე, საოცარი დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ, თქვენი შესანიშნავი ოჯახი, თქვენი გასაოცრად მრავალმხრივი ინტერესები და მისწრაფებები იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ თქვენ ძალიან დიდხანს უნდა იყოთ მხნედ და ჯანმრთელად.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 25 ნოემბერი. - №319 (3360). - 1 გვ.
![]() |
79 კარლო მორეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით |
▲back to top |
მოგესალმებით საქართველოს დამსახურებული ინჟინრის კარლო მორეტის საიუბილეო საღამოს მონაწილეებს. არ შემეძლო ამ თარიღს არ გამოვხმაურებოდი, რადგან დღეს თქვენ აღნიშნავთ იმ კაცის იუბილეს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული არა მარტო საქართველოს საუკეთესო მშენებლობათა ორგანიზაცია და განხორციელება, არამედ საუკეთესო ქართველ მშენებელთა აღზრდაც.
ორივე საქმე ეროვნული და არდასავიწყარი გახლავთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
კარლო მორეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 ნოემბერი. - №321 (3362). - 1 გვ.
![]() |
80 დიდი ქალბატონის ბაბო დადიანი-მასხარაშვილის გარდაცვალების გამო |
▲back to top |
სამძიმარი
გულისტკივილით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ბაბო დადიანი-მასხარაშვილისა, დიდი ქალბატონი, ქართველ და აფხაზ დიდგვაროვანთა, დადიანთა და შარვაშიძეთა ღირსეული შთამომავალი, მრავალ ჭირთა და განსაცდელთა გამოვლილი, ქალი, რომელმაც გადასახლებისა და პოლიტიკური დევნის მიუხედავად, შთამომავლობას შემოუნახა ჩვენი წინაპრების საოცარი და ნათელი სახეები და სულ ახლახან ლიტერატურის მუზეუმში შესანიშნავ ფოტოგამოფენად წარმოგვიდგინა.
მან გადაგვირჩინა ჩვენი ისტორიის ერთი მშვენიერი ფურცელი.
ქალბატონმა ბაბომ გვიჩვენა, როგორ ამაყად უნდა შეხვდე ბედის განაჩენს, როგორ უნდა გაძლო და გააძლებინო სხვასაც. როგორ უნდა შეინახო ღირსება და როგორ უნდა იყო თავისუ- ფალი საპყრობილეშიც კი.
იგი ქართველი ქალის სამაგალითო განსახიერება გახლდათ თავისი გარეგნობით, დიდი სიყვარულის უნარით, ჭირთათმენით, არისტოკრატიზმით.
ბაბო დადიანი ოთხმოცდათექვსმეტი წლისა გარდაიცვალა და მან დაგვიმტკიცა, რომ ეს ასაკი ქმედითი ასაკია და ამ ასაკშიც შეიძლება საქვეყნო საქმის კეთება. ასეთი ადამიანები დიდი მაგალითია ჩვენთვის.
მე სამძიმარს ვუცხადებ არა მარტო მის ოჯახს, არამედ ყველას, ვინც კი აღტაცებული იყო ამ საოცარი ქალბატონით.
ედუარდ შევარდნაძე.
დიდი ქალბატონის ბაბო დადიანი-მასხარაშვილის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 27 ნოემბერი. - №321 (3362). - 2 გვ.
![]() |
81 ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის მონაწილეებს |
▲back to top |
სიხარულითა და სიამაყით მივესალმები ევროპის გუნდური ჩემპიონატის მონაწილეებს, რომელიც პირველად იმართება ქართულ მიწაზე.
საქართველოს არაერთგზის უმასპინძლია უმაღლესი რანგის საჭადრაკო ასპარეზობისათვის. ამით, მსოფლიო საჭადრაკო საზოგადოება პატივს მიაგებდა ქართულ საჭადრაკო სკოლას, მის შესანიშნავ ტრადიციებსა და უბრწყინვალეს, სახელოვან წარმომადგენლებს.
ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, ჭადრაკი საქართველოში სპორტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სახეობად იქნა აღიარებული. ყოველდღიურმა ზრუნვამ ამ გენიალური თამაშის განვითარებისათვის ჩვენს ქვეყანაში - თვალსაჩინო შედეგი მოიტანა: ქართულმა საჭადრაკო სკოლამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებისას გარდაუვალ სირთულეებს ეჭიდება, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და კვლავაც შეძლებისდაგვარად იღონებს ყოველივეს, რათა ეს სიმდიდრე შეუნარჩუნოს მომავალ თაობას, რომელიც, თავის მხრივ, საჭადრაკო ასპარეზზე უეჭველად დაიპყრობს ახალ მწვერვალებს.
იმავდროულად სპორტულთან ერთად, ასეთი მასშტაბის ტურნირის ორგანიზებას დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ იგი იმართება საქართვე- ლოს განუყოფელ მხარეში, - აჭარაში და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში.
ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, ქართველ მოჭადრაკეებს კი, - ახალ გამარჯვებებს ევროპულ და მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე.
ედუარდ შევარდნაძე.
ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30 ნოემბერი. - №324 (3365). - 2 გვ.
![]() |
82 ედუარდ შევარდნაძე: პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პრეზიდენტისათვის, მთავარი და განმსაზღვრელი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების და ამ ბაზაზე საყოველთაო კეთილდღეობის კურსის სასარგებლოდ გააკეთეს |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გუშინ ახალციხესა და ჩხოროწყუში არჩევნების განმეორებითი ტური გაიმართა. ორივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მოქალაქეთა კავშირს... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ახალციხეშიც და ჩხოროწყუშიც გუშინდელ არჩევნებში მოსახლეობამ კვლავ სწორი არჩევანი გააკეთა - მხარი დაუჭირა პრეზიდენტსა და მოქალაქეთა კავშირს. მინდა მადლობა მოვახსენო ორივე რაიონის მოქალაქეებს, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს ნდობისა და მხარდაჭერისათვის.
ახლანდელი პარლამენტის უმრავლესობა რაოდენობითა და ხარისხითაც, მე ვიტყოდი, გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა საკანონმდებლო ორგანო. ამაზე მეტყველებს პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონ ზურაბ ჟვანიას წარმატებული არჩევა, პარლამენტის სხვა სტრუქტურათა ჩამოყალიბების რთული პროცესის სწრაფად გავლა.
დღევანდელი უმრავლესობა, გუშინდელი არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ ახლოს არის საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, რაც ხელისუფლების ყველა სტრუქტურის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დამაჯერებელი და ეფექტიანი საქმიანობის პირობებს ქმნის.
პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პრეზიდენტისათვის, მთავარი და განმსაზღვრელი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრა- ტიული განვითარების და ამ ბაზაზე საყოველთაო კეთილდღეობის კურსის სასარგებლოდ გააკეთეს.
ჩემი აზრით, პარლამენტის არჩევნების შედეგები ძალზე ბევრს უნდა ნიშნავდეს მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევისას.
- საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს სამინისტროების, ასე თქვათ, შეერთება-განცალკევების პროცესი. დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ სხვადასხვა კანდიდატურებზე. ერთი საკადრო ცვლილება უკვე გამოიკვეთა (ენერგეტიკის სამინისტროს ვგულისხმობ). თუ შეიძლება, საერთოდ, გასული ეკონომიკური კვირის მოვლენებსაც შეეხოთ, რა ძირითად მომენტებს გამოჰყოფდით?
- პრობლემატიკა, რომლის შესახებაც გასულ კვირას გვქონდა საუბარი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საერთო ვექტორის გათვალისწინებით უნდა გავიაზროთ. 1995-99 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის გზაზე. ეს, როგორც უნდა გვიჭირდეს, მაინც ფაქტია.
გლობალურ საფინანსო ინსტიტუტებთან, მსოფლიო ეკონომიკის ლიდერებთან თანამშრომლობით მოხერხდა, განგვემტკიცებინა ეკონომიკური განვითარების ტენდენცია და ნორმალური კლიმატი შეგვექმნა ქვეყანაში ინვესტიციათა მოზიდვისათვის.
ეკონომიკური რეფორმის შედეგად ქვეყნის ძირითადი საარსებო წყარო უკვე აღარ არის ჰუმანიტარული დახმარება, რაც 5-6 წლის წინათ ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი, თითქმის ერთადერთი საშუალება იყო. ამჯერად სრული რწმენითა და პასუხისმგებლობით ვლაპარაკობთ პარტნიორობაზე ანუ დასავლეთსა და აღმოსავლეთში ჩვენს მეგობრებთან თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე.
საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა ქვეყნის გაწევრიანება ევროსაბჭოში, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, თუკი ჩვენ ამას გამოვიყენებთ.
დღეს რეალობაა „დიდი აბრეშუმის გზის“ და ევროპის სატრანსპორტო დერეფნის აღორძინება საქართველოს უშუალო და თანასწორუფლებიანი მონაწილეობით.
სხვათა შორის, მე ძალიან მოხარული ვარ (მივაქციე ყურადღება ბატონ ბერძენიშვილის გადაცემას, რომელიც, როგორც ყოველთვის, საყურადღებოა) რომ იყო სწორედ ამ პროექტებთან - ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტებთან დაკავშირებით დიალოგი მოსახლეობასთან, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები და ასე შემდეგ. მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს დიდი მოვლენაა, საუკუნის მოვლენაა და ასე შემდეგ. ალბათ, გაივლის კიდე ცოტა დრო და, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 100 პროცენტი იქნება ამ პროექტების მომხრე. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ის გახლავთ, რომ ხელი შევუწყოთ, ისევე როგორც თავის დროზე დავაჩქარეთ ამ შეთანხმებათა პროცესი, ხელშეკრულებათა მომზადების პროცესი და ასე შემდეგ, და საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე აქტიური როლი უნდა შევასრულოთ, რომ დროულად დაიწყოს დაპროექტება, დროულად დაიწყოს განხორციელება, მშენებლობა და მაშინ შემოსავლისა და სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემაც გაცილებით უფრო იოლად მოგვარდება.
საქართველო ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში აღიარეს ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის ასოცირებულ წევრად, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა გარდაიქმნა საერთაშორისო რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციად. ჩვენივე ინიციატივით, მის ფარგლებში შეიქმნა შავი ზღვის ნავსადგურების ასოციაცია, ჩამოყალიბდა სახელმწიფოთა სუბრეგიონული ჯგუფი - სუუამი: საქართველო-უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვის მონაწილეობით. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.
მე უბრალოდ შევახსენებ რადიომსმენელს ასეთ მნიშვნელოვან ეტაპებს. და რაც მთავარია, ხელი მოვაწერეთ ნავთობსადენისა და გაზსადენის საუკუნის პროექტებს. ეს უკვე ფაქტია, ლაპარაკი უკვე პროექტებზე კი აღარ არის, არამედ ხვალ-ზეგ რეალურად უნდა დავიწყოთ ჩანაფიქრის ხორცშესხმა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებანი ხდება. საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის დივერსიფიკაციით ფართოვდება მისი გეოგრაფია. დღეისათვის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ ათეულში შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, რუსეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, საბერძნეთი. ეს არის ათეული, და საერთოდ თუ ვილაპარაკებთ, ათობით ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური კავშირურთიერთობანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო აღარ არის დამოკიდებული მარტო ერთი რომელიმე ქვეყნის ბაზარზე, რაც ადასტურებს, რომ ამაღლდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონე.
ენერგეტიკული სისტემის განსამტკიცებლად ბუნებრივი გაზის ალტერნატიულ წყაროებთან დაკავშირებით უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, ჩვენი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე უკვე შეხვდა ბატონ ალიევს და აზერბაიჯანს შეუძლია მოგვაწოდოს მაქსიმალური რაოდენობის გაზი, რომლის გარკვეული რაოდენობა უკვე წელს შემოვა საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია გაზის შემოტანის უაღრესად მნიშვნელოვან წყაროდ მომავალშიც დარჩება რუსეთი, რომელთანაც კვლავინდებურად ვითანამშრომლებთ ამ და არა მხოლოდ ამ მიმართულებით.
ამავე დროს აქტიურად ვმუშაობთ ეროვნული რესურსების ასათვისებლად. 22 ნოემბერს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქნავთობნინოწმინდის ნავთობის კომპანიასა და „ე-ი-ეს-თელასს“ შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე. აქ ბევრი არ არის - დღეში ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზია, მაგრამ ესეც სერიოზული მონაპოვარია.
ხელშეკრულების თანახმად, საგარეჯოს რაიონში ნინოწმინდის საბადოში მოპოვებული გაზი თბილისრესს ყოველდღიურად მიეწოდება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნახევარი მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. სამომავლოდ ეს მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება. გაისისთვის ერთ მილიონს გვპირდებიან. ბუნებრივი გაზის საფასურს კი თელასი გადაიხდის. ესე იგი გადახდა გარანტირებული იქნება.
ენერგეტიკის სფერო ჩვენი ყურადღებისა და ყოველდღიური ზრუნვის საგნად რჩება. ამ დარგში რეფორმის სრულ ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას საქართველოსათვის, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საარსებო მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ენერგეტიკული კრიზისი ბოლო მუხრუჭია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განუხრელ აღმავლობასა და კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ მოგვემზადებინა ნიადაგი, რათა ეს სიძნელეც დაგვეძლია. პირდაპირ გეტყვით, ეს უმთავრესი მუხრუჭია.
ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ, უდიდეს სირთულეთა და წინააღმდეგობათა მიუხედავად, მტკიცედ გადაწყვიტა განაგრძოს დარგის რეკონსტრუქცია, რეორგანიზაციის გარდაუვალი, აუცილებელი პროცესი, მთელი დარგის რეფორმირება და სრულიად სხვა საწყისებზე გადაყვანა.
ეს პროცესი მტკივნეულია და არცთუ უშეცდომოდ მიმდინარეობს, მაგრამ იგი აუცილებელია.
რა თქმა უნდა, ამ სფეროშიც გადამწყვეტი როლი პიროვნულ ფაქტორს ენიჭება, ენერგეტიკაში რეფორმების დასრულებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება ახალ მინისტრს ბატონ დავით მირცხულავას. სხვათა შორის, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბევრი რამ გააკეთა რეფორმების დაწყების პროცესში ბატონმა თემურ გიორგაძემაც, მაგრამ გარკვეულწილად მას ხელს უშლიდა ის, რომ არ იყო პროფესიონალი, არ იყო სპეციალისტი.
ვიმედოვნებ, პარლამენტი დაეთანხმება პრეზიდენტის წინადადებას, ვინაიდან, დარგის სპეციალისტთა საერთო აზრით, დავით მირცხულავა მართლაც ღირსეული კანდიდატურაა. იგი პროფესიით ენერგეტიკოსია, უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალია, აქვს ევროპის უდიდეს ენერგეტიკულ ობიექტებზე, კერძოდ, იტალიაში, ინგლისში, სხვა ქვეყნებში მუშაობის შესანიშნავი გამოცდილება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, იგი თვალსაჩინო მეცნიერია. გაიზარდა, როგორც იტყვიან, ენგურჰესის მშენებლობაზე, ესე იგი, პრაქტიკულად ძალიან კარგად იცის ჩვენი წამყვანი ენერგეტიკული ობიექტი, ყველა მისი, ასე ვთქვათ, აუცილებლად მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგი გახლავთ პროფესორი, დოქტორი და ამავე დროს თითქმის ორი წელია მინისტრის მოადგილეა. ვფიქრობ, არჩევანი სწორი უნდა იყოს.
ამჟამად სრული საფუძველი გვაქვს ვიმედოვნებდეთ, რომ ენერგეტიკული პრობლემა საქართველოში სამუდამოდ გადაწყდება. რა თქმა უნდა, არა მარტო ერთი კაცის წყალობით. ყველამ უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ. გუშინ მას უკვე მივეცი დავალება, რომ სადღაც 15 იანვრისათვის მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინოს ჩვენი აზრი, ჩვენი მოსაზრებანი ენერგეტიკული კრიზისის საბოლოოდ დაძლევის თაობაზე. ალბათ, ეს იქნება რამდენიმეწლიანი პროგრამა და მე პირდაპირ მინდა დავსვა საკითხი, რომ იმპორტიორი ქვეყანა - საქართველო უნდა გადაიქცეს ენერგეტიკის, ენერგიაშემცველების ექსპორტიორად, რის საშუალებაც იქნება უკვე უახლოეს წლებში.
ოღონდ, ერთი რამ კიდევ უნდა შევახსენო ისევ და ისევ რადიომსმენელს და ყველას, ვინც თვალს ადევნებს ორშაბათის რადიოინტერვიუებს: რა თქმა უნდა, არაფერი არ გვეშველება, თუ არ მოწესრიგდა აღრიცხვა და ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა მომხმარებელმა. სხვაგვარად, არასდროს არაფერი არ ეშველება ენერგეტიკული კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას. ამიტომ თითოეული ჩვენგანი სწორედ ასე უნდა განეწყოს. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მისი გასაკეთებელია, მოსახლეობამ კი შეასრულოს თავისი მოვალეობა.
გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოექცა ჩვენი ყურადღების ცენტრში. გრძელდება რეფორმა დაზღვევის სფეროში, მოქმედებს პირველადი საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში ჯანსაღი სადაზღვევო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. საგრძნობლად გაძლიერდნენ საქართველოს სადაზღვევო კომპანიები, გაიზარდა სადაზღვევო ბაზრის მოცულობა და უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებით. სადაზღვევო სისტემის შექმნა საინვესტიციო პოლიტიკის საფუძველი გახდება.
ფართოვდება აგრეთვე შიდასაინვესტიციო რესურსების მოცულობა. იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და, რაც მთავარია, ქვეყანაში ყალიბდება ალტერნატიული სოციალური გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა.
წელს საქართველო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ორგანიზაციის წევრობა ხელს შეუწყობს სადაზღვევო სფეროს სახელმწიფო რეგულირებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
რაც შეეხება საბიუჯეტო სფეროს, გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით სირთულეთა ძირითადი მიზეზი კვლავინდებურად კორუფციაა. მას ორი სუბიექტი ჰყავს - შესაბამისი სამსახურის კორუმპირებული თანამშრომელი-მოხელე და კორუმპირებული ბიზნესმენი, რომელსაც არ სურს გადაიხადოს გადასახადი.
რეფორმა ამ სფეროში დაიწყო, აქტიურად ვითარდება და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. გრძელდება ინსტიტუციური და სტრუქტურული სრულყოფის პროცესი. უნდა გითხრათ, ამ რეფორმების დასაწყებად ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საგადასახადო სამსახურისა და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებმა, მაგრამ, ეტყობა, მათი ძალისხმევა ამჯერად საკმარისი არ არის.
გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ თვისებრივად ახალი სტრუქტურა - საქართველოს საგადასახადო შემოსავლის სამინისტრო, რომელსაც ჩვენი წინადადებით და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმებით ბატონი გია ბარამიძე ჩაუდგება სათავეში. მან წარმატებით გაართვა თავი სამუშაოს პარლამენტში, იქ მრავალი დავალება ჰქონდა, კერძოდ, ცოტა ხნით უმრავლესობის ლიდერიც იყო, ძალიან აქტიურად მუშაობდა ანტიკორუფციულ კომისიაში. ახალგაზრდა კაცია, ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაო გამოცდილებაც აქვს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე, როგორც პრეზიდენტისა და პარლამენტის ერთმ- ნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ყველა ჩვენგანის აქტიური მხარდაჭერა. მხედველობაში მყავს არა მარტო ზედა ეშელონები, არამედ აგრეთვე რწმუნებულები, გამგებლები, ქალაქების ხელმძღვანელები, სხვები და სხვები, და მთელი მოსახლეობა.
სამინისტროში გაერთიანდება როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო უწყება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - პრობლემა არ არის მათი მუშაობის კოორდინაცია, ამას თავის დროზე ფინანსთა სამინისტროც ახერხებდა, უმთავრესი საკითხი მკაცრი კონტროლი და პასუხისმგებლობაა; საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა და დამალული შემოსავლისა და გადასახადისათვის თავის ამრიდებელთა წინააღმდეგ (ამ სიტყვას გამოვიყენებ ახლა) დრაკონული მეთოდებით ბრძოლაა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.
- კვირას თქვენ შეხვდით აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლს ბატონ დიტერ ბოდენს. როგორ გგონიათ, შეძლებს თუ არა იგი რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს სამშვიდობო პროცესში?
- ბატონი დიტერ ბოდენი გამოცდილი დიპლომატია და შესანიშნავად იცნობს საქართველოს. მას ნამდვილად შეუძლია უფრო აქტიურად და უფრო პრინციპულად იმოქმედოს საბოლოო მიზნის მისაღწევად.
აფხაზეთში სამართლიანობის აღდგენა, ლტოლვილთა დაბრუნება და საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა უკვე აღარ არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ეუთოს სამიტმა, აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებმა შესაბამისი წინაპირობა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს. ახლა კი აუცილებელია, პრინციპულად გამოხატონ თავიანთი პოზიცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყველა შუამავალმა, რათა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იურიდიულად განმტკიცებული პროცესი. რაღა თქმა უნდა, ძირითადად ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხარეთა სურვილზე, მათს კეთილ ნებაზე, რის ნაკლებობასაც საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ განიცდის.
- გასულ კვირას რუსეთმა კვლავ გაავრცელა მორიგი ბრალდებანი საქართველოს მიმართ. ამჯერად ეგრეთ წოდებული კავშირგაბმულობის კვანძი მაქვს მხედველობაში. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ ამ ტიპის ბრალდებანი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა. მიზეზად ამას ასახელებენ...
- მე არ მინდა თავს ნება მივცე, ისე დავხურდავდე, რომ რუსეთის ცალკეულ მოხელეთა მიერ გაკეთებული აბსურდული განცხადებების საპასუხოდ თავის მართლება დავიწყო. დედამიწის ზურგზე ვინ, რომელი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი დაიჯერებეს იმას, რომ საქართველო, რომელმაც მასობრივი ტერორიზმის გამო ამდენი უბედურება გადაიტანა აფხაზეთში და, თუნდაც დედაქალაქსა და სხვა რეგიონებშიც, თავშესაფარს მისცემს ტერორისტებს. თუ ვინმე შემოაღწევს, ეროვნებისა და რჯულის მიუხედავად, მას საკადრისად მიეზღვება. ვფიქრობ, ზოგიერთი თავის განზრახვას ამჟღავნებს, როცა რაღაც მუქარაზე მიგვანიშნებს.
ახლა რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობას: ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ჩვენ არა მარტო მეზობლები, არამედ მეგობრები ვართ. ტოტალიტარიზმისა და იმპერიათა უმძიმეს წლებში ჩვენმა ხალხებმა გულით ატარეს ეს გრძნობა და ძალიან მეცოდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ისტორიულ მემკვიდრეობას ანგარიშს არ უწევენ.
რუსეთი და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები, ივლიან იმ გზით, რომელსაც მსოფლიო ცივილიზაციაში ინტეგრაცია ჰქვია.
- რუსულ პრესაში ისევ გაჩნდა წერილები იმის შესახებ, რომ შევარდნაძემ ზედმეტად პროდასავლური კურსი აირჩია, სურს ურთიერთობა ნატოსთან, საჭიროა მისი (ესე იგი შევარდნაძის) შეცვლა, ოღონდ არა აბაშიძით, რადგან მას ხალხი ნამდვილად არ დაუჭერს მხარს, არამედ გიორგაძით, ესე იგი, ისევ იგორ გიორგაძის თემა გაჩნდა. თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქცენტი მაინც და მაინც იგორ გიორგაძეზე კეთდებოდეს. შეიძლება იყოს სხვაც... მთავარია, რომ ეს თემა ისევ გამოი- კვეთა რუსულ პრესაში. როგორია თქვენი კომენტარი...
- მინდა გითხრათ, რომ გვარები, რომელთაც ასახელებენ, და არა ერთი და ორი, არამედ ცოტა მეტი გვარიც ტრიალებს სხვადასხვა ბრუნვაში, სულაც არ მაინტერესებს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს.
რაც შეეხება კურსს, თუ მისი აბსოლუტურად სწორი შეფასება გვინდა, ეს კურსი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, პროქართულია.
საქინფორმი.
ედუარდ შევარდნაძე: პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პრეზიდენტისათვის, მთავარი და განმსაზღვრელი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების და ამ ბაზაზე საყოველთაო კეთილდღეობის კურსის სასარგებლოდ გააკეთეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30 ნოემბერი. - №324 (3365). - 1,2 გვ.
![]() |
83 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
საინფორმაციო სააგენტო „ელიზი ნიუსი“: არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს გააკონტროლოს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენი. არსებობს მოსაზრება, რომ ამის შემდეგ აზრს დაკარგავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. როგორია თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ არაფერი დაგვაკლდება იმით, თუ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენი საიმედო იქნება. მოგეხსენებათ, არსებობს ადრეული ნავთობსადენის ორი მიმართულება: რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მიმართულება, რომელიც ჩეჩნეთის ტერიტორიასაც გადაკვეთს, და დასავლეთის მიმართულება, რომელიც საქართველოზე გადის - ბაქო-სუფსა. თავიდანვე განწყობილი ვიყავით, რომ ორივე მიმართულება გამართულად იმუშავებს. ამით დაინტერესებული ვართ ჩვენც, რუსეთიც, აზერბაიჯანიც და ის კომპანიებიც, რომლებიც ამ საქმეზე დიდ სახსრებს ხარჯავენ. ასე რომ, მოულოდნელი არაფერი იქნება. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეძლოს. ღმერთმა ქნას, კიდევ ააშენონ ერთი ნავთობსადენი, ოღონდ ჩრდილოეთ კავკასია სტაბილური იყოს.
საინფორმაციო სააგენტო „ელიზი-ნიუსი“: როდის შეიქმნება ე.წ. შემოსავლების სამინისტრო და დაინიშნება თუ არა მის ხელმძღვანელად გიორგი ბარამიძე?
ედუარდ შევარდნაძე: მომზადებულია წარდგინება, რომელსაც დღეს ხელს მოვაწერ. პარლამენტი ამ კვირაში ისვენებს. ალბათ, მომავალ კვირაში განიხილავს ამ საკითხს და, დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარს დაუჭერს.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ის ფაქტი, რომ ახლადშექმნილი სამინისტროს ახლადდანიშნული პირველივე ხელმძღვანელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, ხომ არ ნიშნავს, რომ რეალურია გავრცელებული ინფორმაცია მომავალი მთავრობის მთლიანად საპარლამენტო უმრავლესობით დაკომპლექტების შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: არა, ამას არ ნიშნავს. სანამ პრეზიდენტი ვარ, მთელი მთავრობის დათხოვნას არ ვაპირებ. მთავრობაში ბევრი კარგი მინისტრი და დეპარტამენტის თავმჯდომარეა. ეს ეხება რკინიგზას, სპორტის დეპარტამენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს. ისინი პოსტებს შეინარჩუნებენ. ახალი მთავრობის შექმნის შესახებ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ვისაუბრებთ. რაც შეეხება სტრუქტურულ თუ საკადრო ცვლილებებს, ისინი შეიძლება მოხდეს, როგორც ენერგეტიკაში მოხდა. თემურ გიორგაძე თავისი სურვილით წავიდა. მის ნაცვლად მაღალი რანგის სპეციალისტი დავნიშნეთ. მას თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა. სიახლეა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შექმნაც. ასეთი სამინისტრო რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში, არსებობს და საკმაო წარმატებითაც მუშაობს. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ამჟამინდელ ხელმძღვანელებს უნდობლობას ვუცხადებთ. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო და საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელებმა ბევრი გააკეთეს რეფორმების დასაწყებად. მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ძალები ამ რეფორმების გასაგრძელებლად საკმარისი არ არის. საჭიროა ისეთი ფიგურა, რომელსაც დიდი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება. შეიძლება კიდევ იყოს ზოგიერთი ცვლილება, მაგალითად, ორგანიზაციული გაერთიანება, მაგრამ, არა ისე რადიკა- ლურად, როგორც თქვენს შეკითხვაში ბრძანეთ.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: დღეს თქვენ ხელმოსაწერად შემოგიტანენ შეწყალებულთა სიებს. შაბათს შეწყალების კომისია მუშაობდა. ცნობილია, რომ რისმაგ გორდეზიანი თქვენთან ჯაბა იოსელიანზე საუბარს აპირებს.
ედუარდ შევარდნაძე: გუშინ ბატონმა რისმაგ გორდეზიანმა შემოიტანა სია, რომელიც შეთანხმებულია შეწყალების კომისიის წევრებთან, საიდან არც ამომიშლია და არც ჩამიმატებია ვინმე. სიას ყველა შეიძლება გაეცნოს. 35 ადამიანის შეწყალებაა. საერთოდ გაბედულად მივდივართ ადამიანთა შეწყალებაზე და ეს სწორად მიმაჩნია. ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ქალები შემთხვევით აღმოჩნდებიან ხოლმე ცუდ სამყაროში. განვიცდი, რომ 35 ქალი კიდევ დარჩა, ვინაიდან მათ უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ძნელია, ასეთი გადაწყვეტილების გამართლება, თორემ, მე თანახმა ვიქნებოდი, ყველა მათგანი გამეშვა. ბევრს ქმარ-შვილი ჰყავს. მინდა იცოდეთ, რომ ბოლო წლების მანძილზე თითქმის 5 ათასი პატიმარი შევიწყალეთ. მათ შორის, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენებიც. ისინიც კი, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში იყვნენ შემჩნეული და მხილებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით დანაშაული ხელმეორედ ჩაიდინა მხოლოდ ერთმა პროცენტმა, 5 ათასი ადამიანიდან 99 პროცენტი ოჯახებს და საქმეს დაუბრუნდა, ავადმყოფები განიკურნენ.
ფინელი ჟურნალისტი: კავკასიაში კონფლიქტის მოწესრიგების რა პერსპექტივები არსებობს?
ედუარდ შევარდნაძე: ახალს არაფერს ვიტყვი. დღეს შევეცადე ლაკონიურად გამომეთქვა ჩემი მოსაზრება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე. უმთავრესია ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება, უფრო სწორად, არსებული ურთიერთობის განვითარება, აგრეთვე, მხარეების კეთილი ნება. იგი საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ვფიქრობ, აფხაზეთში ბევრი ადამიანია, ვინც შემორიგებისკენ ისწრაფვის. ასეთივე პროცესები ვითარდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაშიც. ბოლო პერიოდში ორი პრეზიდენტის შეხვედრები თითქმის სისტემატური გახდა. ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისია. რაც შეეხება ქართველთა და ოსთა კონფლიქტს, მიმდინარეობს კარგი პროცესები, ხალხი უბრუნდება საცხოვრებელ ადგილებს. საერთაშორისო ორგანიზაციები, რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან მათ ახალი სახლების მშენებლობაში, ძველის შეკეთებაში. ასე რომ, იმედი გვაქვს, ეს კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოწესრიგდება.
რაც შეეხება ჩეჩნეთს, პროგნოზის გაეკეთება ძნელია. რუსეთის ოფიციალური განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ტერორისტული ბაზების განადგურებას ცდილობს. ძნელია, შეეკამათო. ტერორისტები, მართლაც, უნდა დაისაჯონ. მეორე მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკება იმ ძალებთან, ვისაც რეალური გავლენა აქვს ჩეჩნეთში. ინგუშეთის პრეზიდენტს, მაგალითად, მიაჩნია, რომ ასეთი კაცი მასხადოვია. რადგან ჩეჩნეთის რეალური ვითარება არ ვიცი, გამიჭირდება რაიმეს თქმა. ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გაერთიანების სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ძალისხმევის გაძლიერება. თქვენ იცით, რომ სამიტზე ძალზე მნიშვნელოვანი, პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღეს. ახლა ყველა უნდა შევუდგეთ ამ გადაწყვეტილებათა რეალიზაციას. კოსოვოს მოვლენების შემდეგ კონფლიქტების მოწესრიგების კარგი გაკვეთილი მივიღეთ. იგულისხმება, უმთავრესად, პოლიტიკური, მშვიდობიანი გზა. ხოლო იქ, სადაც ეს გზა არ ჭრის - შეიარაღებული ძალის გამოყენება.
ტელეკომპანია „ნტვ“: შეკითხვა სტამბოლის სამიტის შედეგებს შეეხება. როგორც ცნობილია, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების შემცირების თაობაზე. გერმანიიდან ჯარების გამოყვანის მაგალითზე დაყრდნობით, რუსეთში ამბობენ, რომ ეს ტექნიკურად რთული პრობლემაა. ხომ არ გამოიწვევს ეს საკითხი კამათს, რადგან საქმე ეხება ქონებას, იქ არსებულ იარაღს.
ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, მოლაპარაკება სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. თუ არ გადავდებთ, პროცესი, შეიძლება, უმტკივნეულოდ წარიმართოს. გახსოვთ, ალბათ, რა რთულად დაიწყო მოლაპარაკება საზღვრების დაცვის შესახებ. როცა ორივე მხარემ გონივრული გადაწყვეტილების მიღება მოისურვა, რუსეთის მესაზღვრეები უმტკივნეულოდ გაიყვანეს. ამჟამად, ავად თუ კარგად, საკუთარ საზღვრებს თვითონ ვიცავთ. ვცდილობთ, რუსეთს პრობლემები არ შევუქმნათ. იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც - ადრე თუ გვიან ის ხალხი, ვინც აქ მსახურობს, გაემგზავრება. ვისაც სურს დარჩენა, შეუძლია, დარჩეს, მაგრამ, ძირითადი მასა გაემგზავრება. მოდით, ამისაგან ტრაგედიას ნუ შევქმნით. სამხედრო ბაზების ნაწილი დროებით დარჩება, მათთან ვითანამშრომლებთ ისე, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ. ასე რომ, სავსებით ნორმალური პროცესია, მით უმეტეს, რომ გერმანია არ იყო ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ჯარები გაიყვანეს. კარგად მახსოვს, როგორ გაჰყავდათ ჯარები უნგრეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, ავღანეთიდან, და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სიკეთის მომტანი არ არის. ჩვენ მეგობრები, მეზობლები ვართ, ხალხთა შორის ტრადიციული, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და მსგავსი პრობლემები ხელს არ უნდა გვიშლიდეს ამგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება შეიარაღებას, უკვე გამოვთქვი შეშფოთება, რომ ჩვენი კუთვნილი იარაღი, საბრძოლო ტექნიკა ჩვენი სანქციის გარეშე გაიტანეს ქვეყნიდან. ეს ტექნიკა რვა მილიარდი დოლარის ღირებულებისა იყო. საქართველოდან გამონაკლისის სახით, გაიტანეს იარაღი, მათ შორის, ხომალდები, თვითმფრინავები. რაც შეეხება დღეს არსებულ იარაღს, ვფიქრობ, იგი საქართველოს საკუთრებაა. თუ ამ შემთხვევაშიც წარმოიშვება პრობლემა, კვლავ კომპრომისზე წავალთ, რათა არ გავაფუჭოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის.
„ნტვ“: სამიტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ ჯარების გაყვანა ორი ქვეყნის პრობლემაა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შესაძლებელია პროვოკაციები?
ედუარდ შევარდნაძე: ახლა უნდა ვიფიქროთ არა პროვოკაციაზე, არამედ იმაზე, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება. რაც შეეხება იმას, რომ ეს ორმხრივი ვალდებულებაა, მთლად ასე არ არის. საუბარია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებაზე, რაც ინსპექტირებას ექვემდებარება. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ეს საკმაოდ მკაცრი შემოწმებაა. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ერთმანეთში მოვილაპარაკოთ, მაგრამ ეს მოლაპარაკება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ პირობებს, რომლებსაც სტამბოლში მოვაწერეთ ხელი.
რადიო „თავისუფლება“: ცოტა ხნის წინათ, მოსკოვში, რომელიღაც სამართალდამცავ ორგანოზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ჩეჩენი ტერორისტები აგებენ კოსმოსური კავშირის ცენტრს. ჩვენ ვერ გავარკვიეთ კონკრეტულად რუსეთის რომელმა სამართალდამცავმა ორგანომ მიუთითა ამ ფაქტზე. დაადგინა თუ არა ოფიციალურმა თბილისმა ინფორმაციის წყარო?
ედუარდ შევარდნაძე: ვისაც სურვილი გექნებათ, ყველა ჟურნალისტს, სტუმარსაც და ადგილობრივსაც, გთავაზობთ გაემგზავროთ და თავად ნახოთ, სად რა შენდება. მოგზაურობა უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული იქნება. თვითონ ნახავთ, შეიძლება თუ არა საერთოდ საუბარი რაღაც ცენტრებზე. მსგავს ინფორმაციებზე ჩვენ რეაგირებას არ ვახდენთ. გარკვეულ დონეზე კი, მაგრამ ასეთი სულელური მტკიცებისათვის პასუხის გაცემას სერიოზულად არ მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს: მოვაწყოთ კარგად ორგანიზებული მოგზაურობა უსაფრთხოების დაცვის გარანტიით. წადით და თვითონ ნახეთ. საქმე მარტო ეგრეთ წოდებულ „ცენტრს“ არ ეხება. ნახეთ, მართლა გადმოდიან თუ არა ბოევიკები და საერთოდ, რა ხდება. ვიღაცას ძალიან აძლევს ხელს, გააზვიადოს ეს პრობლემა და საქართველო მთელ მსოფლიოს წარმოუჩინოს, როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყანა. არ შემიძლია დავასახელო სხვა სახელმწიფო, რომელიც ისე დაზარალდა ტერორიზმისაგან, როგორც საქართველო. მასობრივმა ტერორიზმმა აფხაზეთში მთელი საქართველო დააზარალა. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ვერ შეურიგდება ტერორიზმს.
რადიო „თავისუფლება“: საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს არ გამოუთქვამს გამოკვეთილი მოსაზრება. იქნებ, კონკრეტულად განგვიმარტოთ, როგორია საქართველოს პოზიცია?
ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, გარკვეული დროა საჭირო, რათა რუსეთმა ყველაფერი კარგად გაიაზროს. ჩემი აზრით, როცა პრემიერ-მინისტრს ეს ცნობა მოუმზადეს, ყველაფერი კარგად აწონილ-დაწონილი არ იყო. თავისუფალი სავიზო რეჟიმი არსებობს დსთ-ის მთელ სივრცეში. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. არის რამდენიმე პრინციპული, მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომლებიც თანამეგობრობის საფუძველს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი შეთანხმება თავისუფალი სავიზო რეჟიმია. არ ვურჩევდი ამ დოკუმენტებზე ხელის ხლებას, რადგან ყველა სახელმწიფომ, თურქმენეთის გარდა, აღიარა იგი და სარგებლობს კიდეც ამით. თუ რუსეთს აუცილებლად მიაჩნია, რომ უნდა გამოვიდეთ ამ შეთანხმებიდან, ეს მათი საქმეა. ეს არც ჩვენთვის, არც რუსეთისათვის არის კარგი. აქ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, მათი ოჯახები არიან, მიმოსვლა აქვთ.
რუსეთისა და საქართველოს ინტერესებს ეს სიკეთეს არ მოუტანს. თუ ხელშეკრულება მაინც გაუქმდება, არც ერთი სახელმწიფო არ დაიღუპება, მაგრამ, კარგი არ იქნება.
რადიო „თავისუფლება“: განსაზღვრულია თუ არა ამ კუთხით მოლაპარაკების თარიღი?
ედუარდ შევარდნაძე: თარიღი განსაზღვრული არ არის. ზოგჯერ ისე ხდება, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ მდგომარეობა სტაბილურდება, სიმწვავე მეორე პლანზე გადადის. არც ამას გამოვრიცხავ.
„იტარ-ტასი“: ბოლო დღეებში ხომ არ გქონიათ საუბარი ვლადისლავ არძინბასთან და მიგიწვიათ თუ არა მან თავის ინაუგურაციაზე, რომელიც შედგება 6 დეკემბერს სოხუმში? როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ, წინასწარი მონაცემებით ამ ცერემონიას რუსეთის სათათბიროს წევრები დაესწრებიან?
ედუარდ შევარდნაძე: ამასთან დაკავშირებით სოხუმში წასვლას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ეს პასუხი დაზუსტებას არ საჭიროებს. რაც შეეხება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფის სოხუმში გამგზავრებას, ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. ისინი არჩევნებსაც ესწრებოდნენ. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ჯგუფები არ გამოხატავენ რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიციას. რუსეთმა აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების უკანონობა აღიარა. რუსეთის უშიშროების საბჭომაც ამ არჩევნების უკანონობა დაადასტურა.
„იტარ-ტასი“: ამას წინათ თქვენ განაცხადეთ, რომ ვლადისლავ არძინბა და მისი გარემოცვა ძალიან ნერვიულობენ. რას გააკეთებდით იმისათვის, რომ მას ნაკლები ენერვიულა სტამბოლის გადაწყვეტილებების გამო. სოხუმში არ მალავენ, რომ გუდაუთიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა მათთვის ნეგატიურ როლს შეასრულებს.
ედუარდ შევარდნაძე: არ ვაპირებ მის განერვიულებას, მით უმეტეს, - მის დამშვიდებას. მე თვითონ ხშირად მიწევს ნერვიულობა სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს იმ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომელიც სერიოზული საქმით არის დაკავებული.
გაზეთი „ალია“: ცნობილია თუ არა თქვენთვის ნატოს ექსპერტების დასკვნები თავდაცვის სამინისტროში შექმნილი მდგომარეობის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერ არ წამიკითხავს, რადგან ჩემამდე ექსპერტების დასკვნამ ჯერ სხვა სამსახურები უნდა გაიაროს. კერძოდ, იგი უნდა განიხილოს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიამ, შეჯერებული მასალა კი მოვა პრეზიდენტთან.
„ალია“: დასკვნები უარყოფითია. საუბარია თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციაზე. ხომ არ იქნება საუბარი საკადრო ცვლილებებზე?
ედუარდ შევარდნაძე: ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება. ფინანსების დარგში მომუშავე ჯგუფიდან ზოგი დათხოვნილია, ზოგიც თვითონ წავიდა. შემადგენლობა განახლებულია. რაც შეეხება კორუფციას, იგი ჩვენი საერთო მტერია. ყალიბდება სისტემა, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტიანად შევებრძოლებით კორუფციას, სადაც უნდა იყოს იგი - თავდაცვის სამინისტროში, პრეზიდენტის აპარატში, ქალაქის მერიასა თუ რაიონის გამგეობაში.
„ალია“: ჯემალ გოგიტიძემ წამოაყენა ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც გულისხმობს პარტიული დისციპლინის გამკაცრებას. მოითხოვენ, რომ, ვინც პარტიულ დისციპლინას არ დაემორჩილება, გაიწვიონ პარლამენტიდან. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
ედუარდ შევარდნაძე: ყოველგვარ კონსტიტუციურ ცვლილებას ფრთხილად ვუდგები. რაც შეეხება პარტიულ დისციპლინას, ჯემალ გოგიტიძეს აქვს უფლება ჰქონდეს ასეთი მოსაზრება და გამოთქვას წინადადება, მაგრამ მე ის არ მომისმენია. ამის შესახებ თქვენგან გავიგე.
სააგენტო „კავკას-პრესი“: როდის უნდა ველოდეთ ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროების, აგრეთვე, ეკონომიკისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროების შერწყმას?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით იხილება ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროების შერწყმის საკითხი. ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა. რაც შეეხება სხვა სამინისტროების გაერთიანებას, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. ძირითადი სამინისტროების საკითხის განხილვა მოსალოდნელია პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ჩამოყალიბდება სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს პრეზიდენტთან ერთად ხუთი წლის განმავლობაში.
სააგენტო „ბი-ეს-პრესი“: ახმეტის რაიონი, სადაც ჩეჩენი ლტოლვილები იმყოფებიან, კონტროლდება თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ? მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია? რამდენიმე დღის წინათ დააკავეს ჩეჩენ ბოევიკთა ჯგუფი, რომელსაც ჩამოართვეს იარაღი, ყუმბარები, ნიღბები.
ედუარდ შევარდნაძე: ვიცი, რომ ასეთი ჯგუფი დააკავეს, მაგრამ ძნელია ამ მაგალითის მიხედვით იფიქრო, რომ რაღაც საშინელება მზადდება. თუ იქნება ტერორისტების ჩვენს ტერიტორიაზე შემოღწევის, ან კიდევ საქართველოში დანაშაულების მცდელობა, ისინი დაისჯებიან. რაც შეეხება სიტუაციას ხეობაში, ვერ ვიტყოდი, რომ იგი მარტივია. 2-3 ათასი ლტოლვილი - ქალები, მოხუცები, ბავშვები საჭიროებენ კვებას, სხვა სახის დახმარებას. ვცდილობთ, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გავუწიოთ შემწეობა.
„ბი-ეს-პრესი“: საქართველოს მისამართით ხშირია რუსეთის ბრალდებები ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით. ხომ არ აპირებთ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა გაერკვეთ ამ პრობლემებში, შეიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განსასაზღვრად. იქნებ, შეიქმნას საინფორმაციო დერეფანი გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტები გვაქვს რუსეთის ხელმძღვანელობასთან. რამდენიმე დღის წინათ ვაჟა ლორთქიფანიძე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრემიერ-მინისტრს პუტინს. ხვალ სახელმწიფო მინისტრი უკრაინაში მიემგზავრება პრეზიდენტ კუჩმას ინაუგურაციაზე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს გამგზავრების საშუალება. ჩვენი მონაცემებით, კიევში ჩადის პუტინიც. ხშირად ვხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს. მასთან მუდმივი კონტაქტი აქვს ირაკლი მენაღარიშვილს. ერთმანეთს ხვდებიან შსს მინისტრები. არის კონტაქტები სამხედროებს შორისაც. ასე რომ, ურთიერთობის დეფიციტი არ გვაქვს. თუ გაიმართება თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრა, მას გამოვიყენებ, რათა განვიხილოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. ცალკეული გაზეთების მიერ გამოთქმული მოსაზრებები დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია. ჩვენი პოზიცია ურყევია იმასთან დაკავშირებით, რომ მეზობელ ქვეყანასთან კეთილი, მეგობრული ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. ასეთი პროცესი, მართალია, ძნელად, მაგრამ მიმდინარეობს. სიტუაცია გართულდა ჩეჩნეთის მოვლენების ფონზე. მაგრამ ჩვენ უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მოვიქეცით, - სხვაგვარად არ შეგვეძლო.
„ამერიკის ხმა“: სტამბოლის სამიტზე რუსეთი აიძულეს დათმობაზე წასულიყო ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხში. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ, თუ არ ვცდები, სამიტმა საქართველოსთვის შემაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან, გამონაკლისის სახით, რუსეთს დართო ნება საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს შეიარაღების ქვოტა კავკასიაში. ჩეჩნეთში სამხედრო მოქედებებთან ერთად, რუსეთს შეუძლია გაზრდილი ქვოტის გამოყენება სხვა მიზნებისათვის. ხომ არ არის საჭირო, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყოს არა ნატოსკენ ხედვა, არამედ საქართველოს სრული ნეიტრალიტეტის მოპოვება, რაც უზრუნველყოფდა მის სრულ დამოუკიდებლობასა და ხელშეუხებლობას?
ედუარდ შევარდნაძე: ხომ არაფერი გვეშლება ფორმულირების სიზუსტის თვალსაზრისით? რუსეთს თავისი შეხედულებით ქვოტების გაზრდა არ შეუძლია. მაგალითად, უფლება გვაქვს გვყავდეს 200 ტანკი, მაგრამ გვყავს 100. საქართველოს აქვს უფლება ნაწილი დაუთმოს რუსეთს და უთხრას: დანაკლისი თქვენ შეავსეთ. ჩვენ ამას არ ვუშვებთ, არც - აზერბაიჯანი. სომხეთსაც არ აქვს დიდი ქვოტა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით დიდი საფრთხე არ არსებობს. სახელმწიფოთა ნებართვის გარეშე რუსეთი ამას ვერ გააკეთებს. აქვე მინდა დავაზუსტო კიდევ ერთი რამ: ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება არ არის რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედება. რუსეთი არანაკლებად არის დაინტერესებული ევროპაში შეიარაღების შემცირებით, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახელმწიფო. ის არ არის საბჭოთა კავშირი. ის რუსეთია. თუ შეიარაღება არ შემცირდა, მაგალითად, ცენტრალურ ევროპაში, როგორ ფიქრობთ, რუსეთისთვის ეს კარგია? ვფიქრობ, რომ ცუდია. ამიტომ რუსეთი დათმობაზე ვიღაცის ხათრით არ წასულა. მან კარგად აწონ-დაწონა და დათმო სამხრეთში თავის შეიარაღების ნაწილი, სამაგიეროდ, მიიღო სერიოზული შემცირება ცენტრალურ ევროპაში. ასე რომ, აქ ინტერესთა ალიანსია, რომელიც არ შელახავს არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნების ინტერესს. რუსეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც ვიღაცას დაუთმობდა შეიარაღების შემცირებას. ეს ათასგზის გათვლილი ვარიანტებია და, ვფიქრობ, რუსეთს არაფერი წაუგია. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ჩვენ რომც გამოვაცხადოთ, საქართველოსთვის ის ფორმალური იქნება. თურქმენეთი ნეიტრალიტეტის გამოცხადებით სწორად მოიქცა. იქ სხვა გარემო, სხვა პირობები და სიმდიდრეა. ამ ეტაპზე საქართველოს ნეიტრალიტეტი ბევრს არაფერს მოგვიტანს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ საქართველო შეიძლება გახდეს ისეთი დონის ქვეყანა, თავისი ეკონომიკით, შეიარაღებით თუ ასე შემდეგ, რომ აზრი ჰქონდეს ნეიტრალიტეტს. დღეისათვის ამას შეიძლება უარყოფითი შედეგი უფრო მოჰყვეს. ეს ხანგრძლივი პროცესია. იგი უნდა აღიაროს გაერომ. ამას გარდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ სხვადასხვა ქვეყანასთან სამხედრო თანამშრომლობით, მათ შორის, რუსეთთან, აშშ-სთან, გერმანიასთან და სხვებთან. ჩვენი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა ნეიტრალიტეტის კურსს ვერ აირჩევს.
„ნტვ“: არ დაინტერესებულხართ, რატომ არ ჩამოდიან რუსეთის დამკვირვებლები, მხედველობაში მაქვს, მესაზღვრეები, რათა დადგნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. ამით შეწყდებოდა ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურებიდან გაისმის?
ედუარდ შევარდნაძე: ვწუხვარ, რომ არ ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ეს გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. ისინი ჩვენთან ერთად დარწმუნდებოდნენ, ირღვევა თუ არა საზღვარი. დიდ მნიშვნელობას ვანჭებ რუსეთის ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ რამდენიმე ხანში თვითონ გააკონტროლებენ ჩეჩნეთის მონაკვეთს. ჩვენ ამას მივესალმებით.
„ნტვ“: ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება საზღვრის ორმხრივი კონტროლის თაობაზე? ამან ხომ რუსეთის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ითქვა, რომ ეს ფაქტი საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს.
ედუარდ შევარდნაძე: შევეცდები, მიზეზები ავხსნა. უპირველესად, საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო ნაწილების გატარების თაობაზე, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, ვინაიდან ამას შესაძლოა, დიდ კავკასიურ ომამდე მივეყვანეთ. რაც შეეხება ერთობლივ კონტროლს, ჩეჩნებმა განაცხადეს, რომ არ მიაქცევდნენ ყურადღებას, ვინ იმსახურებდა იქ, ქართველი თუ რუსი ეროვნების მესაზღვრე, - ვესვრით და მოვკლავთო. ამ ნიადაგზე აგორდებოდა ტალღა თბილისში და, არა მარტო აქ. მიმაჩნია, რომ, ყველა თვალსაზრისით, ეს შეცდომა იქნებოდა. თუ ყველაფერს ავწონ-დავწონით, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რა არის ცუდი იმაში, რომ ქართველი და რუსი მესაზღვრეები ერთად დადგნენ და საზღვარზე ერთად იმსახურონ. მაგრამ, შედეგები, შეიძლება, ტრაგიკული აღმოჩნდეს. ვერც რუსეთი მოიგებს, საქართველო კი დიდი მასშტაბით წააგებს.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 30 ნოემბერი. - №324 (3365). - 1,3 გვ.
![]() |
84 ბატონ როინ მეტრეველს დაბადების სამოც წლისთავზე |
▲back to top |
ბატონო როინ, ჩემო როინ,
დაბადების დღეს გილოცავ, შესანიშნავ თარიღს - სამოც წლისთავს, აქედან ორ ათეულ წელზე მეტს ჩვენი ურთიერთობა იტევს - თანამშრომლობა, თანამებრძოლობა, მეგობრობა, ბოლოსდაბოლოს.
შენი სახელი როგორც მეცნიერის, როგორც საზოგადო მოღვაწის, როგორც პედაგოგის, ბევრ კარგ საქმესთან არის დაკავშირებული, მაგრამ აქ მხოლოდ იმას აღნიშნავ, რომელმაც ქართულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: პირველი - ჩვენი უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის შესახებ სადოქტორო დისერტაცია და მონოგრაფიაა, რომელმაც კომუნისტური რეჟიმის დროს ეროვნული ღირსების გრძნობა გაგვიმძაფრა, მეორე - ქართული ენციკლოპედია, მესამე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გთხოვე, ენციკლოპედიაში წადი და ირაკლი აბაშიძეს გვერდით დაუდექი-მეთქი. სწორედ თქვენმა ერთად ყოფნამ განაპირობა ის, რომ ენციკლოპედია მრავალმხრივ და სასიკეთოდ გამოირჩა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ენციკლოპედიებისაგან.
ახლა დიდი ივანეს საქმეს აგრძელებ, ჩვენი ქვეყნის უპირველეს უნივერსიტეტს ხელმძღვანელობ და ამ ძნელ წლებში ისე გამოატარე ეროვნული კულტურის ეს უმნიშვნელოვანესი კერა, რომ იგი სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითად გვევლინება.
სამოცი წელი არ არის ცოტა, მაგრამ არც იმდენია, რომ ახალ გეგმებზე და ახალ საქმეებზე არ იფიქრო კაცმა. დარწმუნებული ვარ, სამოცს იქითა წლებსაც საქართველოს მოახმარ, ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს.
კიდევ ერთხელ გილოცავ, ვულოცავ შენს შესანიშნავ მეუღლესა და ოჯახს, ღმერთმა კარგად გამყოფოს და ღმერთმა მრავალი კარგი საქმე ერთად გვაკეთებინოს.
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ როინ მეტრეველს დაბადების სამოც წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 დეკემბერი. - №331 (3372). - 1 გვ.
![]() |
85 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
1999 წლის 6 დეკემბერი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ბოლო ხანებში დიდი ხმაური გამოიწვია საპენსიო ფონდმა. ამბობენ, რომ მის დირექტორს ოთარ ხუფენიას თანამდებობას დაატოვებინებენო. ელის თუ არა მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ისიც სხვა შემთხვევების მსგავსად, უპრობლემოდ წავა პოსტიდან? გჯერათ, რომ პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ხუფენიას უნდა მოეთხოვოს და არა მთელ იმ შემადგენლობას, რომელიც ამ სფეროს უძღვებოდა?
ედუარდ შევარდნაძე: ცოტა უნდა მოვითმინოთ, მაინც მჯერა, რომ ორი სამინისტროს - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის - შეერთების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას პარლამენტი მიიღებს. ეს ყველაფერში გარკვევის საშუალებას მოგვცემს. თუ ჩადენილია სერიოზული ბოროტმოქმედება, მას ხუფენია მარტო ვერ ჩაიდენდა. სანამ ყველაფერი არ დადგინდება, ცოდვაა, ჩემი მხრიდან რამეს თქმა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: მიუხედავად თქვენი განცხადებისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ განხორციელდება, ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის ლიდერმა ნიკო ლეკიშვილმა უკვე მოითხოვა საკონსტიტუციო ცვლილებები. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაგითანხმონ და ცვლილებები არჩევნებამდე განახორციელონ?
ედუარდ შევარდნაძე: არა მგონია არჩევნებამდე სერიოზული საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდეს. შეიძლება მხოლოდ დეტალების კორექტირება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ცვლილებებს მე არ დავეთანხმები.
„რუსთავი-2“: როგორი იქნება თქვენი კომენტარი შაბათს ბათუმში ჰილარი კლინტონის ცოლისძმების ვიზიტთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: გახსოვთ, როგორი რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთ ვოიაჟებს. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, რომელიც კეთილი სურვილით მოდის და კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნის საზღვარი ღიაა. მათი ბათუმში ყოფნა ჩემთვის ცნობილი არ არის.
ტელეკომპანია „იბერია“: როგორი იქნება თქვენი კომენტარი ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენების შესახებ, მხედველობაში მაქვს თვისუფლების აღმკვეთი ღონისძიება.
ედუარდ შევარდნაძე: ასეთი კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას არ ვიღებ. თუ ჩემი განცდა გაინტერესებთ, ეს ფაქტი მე ნამდვილად განვიცადე. პრესასთან, ტელევიზიასთან დაკავშირებული პიროვნების მიმართ ყოველგვარი მოქმედება, თუნდაც კანონის ფარგლებში, გულსატკენია, რამდენად საფუძვლიანია ბრალდებები, ვერ გეტყვით, არ ვიცი.
„ინტერფაქსი“: თქვენ რამდენიმე დღის წინათ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალეთ, შეიმუშაონ წინადადებათა პაკეტი, რომელმაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის დიპლომატების საქართველოდან თითქოსდა გაწვევის შესახებ. როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, რუსეთის დიპლომატებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი საქმე არ არის. მათ შეუძლიათ, გაიწვიონ დიპლომატები ან შეამცირონ კადრები, მაგრამ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მღელვარებისა და განგაშისათვის საფუძველი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებიდან ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა.
„ინტერფაქსი“: ამ დღეებში სტალინის დაბადებიდან 120 წელი სრულდება. მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ საიუბილეო ღონისძიებებში და შეიძლება თუ არა პარალელების გავლება იმ პოლიტიკას, რომელსაც სტალინი ატარებდა ჩეჩნეთის მიმართ და იმ პოლიტიკას შორის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩეჩნეთთან მიმართებაში?
ედუარდ შევარდნაძე: არსებობს მუშაობის გრაფიკი, რომელიც წინასწარ დგება. ამიტომ დარწმუნებული არ ვარ, მივიღებ თუ არა მონაწილეობას.
რაც შეეხება სტალინის რეპრესიებს ჩეჩენი და არა მარტო ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ, ამას გამართლება არ აქვს. გაუმართლებელია ნებისმიერი სახის მასობრივი განადგურება, რუსეთში იქნება ეს საქართველოში თუ სხვა სახელმწიფოში.
ჩეჩნეთში ტერორისტული ბაზები არსებობდა, ტერორიზმის წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლა. ასე რომ, რუსეთის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და ტერორისტული ბანდების განადგურების მიზეზები ნამდვილად აქვს. მაგრამ, სხვა საკითხია, რა მეთოდებითა და რა საშუალებებით. ის ღონისძიებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვება მასობრივი მსხვერპლი, ძნელი გასამართლებელია, თუმცა ვისურვებდი, ვოცნებობ კიდევაც, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დამთავრდეს. ათასობით დაუცველი უმწეო ადამიანი დახმარებას ითხოვს. ჩვენ კი არც მატერიალური და არც ფინანსური სახსრები არ გაგვაჩნია. რესურსები შეზღუდული გვაქვს. მთელი მსოფლიოსათვის სასურველია, თუკი ეს ყველაფერი სწრაფად დამთავრდება და თან, რაც მთავარია, მშვიდობიანი გზით.
„ბი ეს პრესი“: ის მოვლენები, რაც განვითარდა ტელეკომპანიების „კავკასიისა“ და „იბერიასთან“ დაკავშირებით, ხომ არ ნიშნავს თავისუფალ პრესასა და ტელევიზიაზე ზეწოლას?
ედუარდ შევარდნაძე: გუშინ ამ საკითხებით დავინტერესდი, სამართლდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა ექსპერტიზის შედეგები მომახსენეს. რამდენჯერმე ჩატარებული ექსპერტიზით გაირკვა, რომ ბინაში მომხდარი ფაქტი გაზის აფეთქების შედეგი იყო. აფეთქება კი შეიძლება ნებისმიერ ოთახში მოხდეს, თუკი არ იქნება დაცული ექსპლუატაციის ნორმები. რაც შეეხება „იბერიის“ ხელმძღვანელს, ვფიქრობ, უსაფუძვლოდ სამართალდამცავი ორგანოები ამაზე არ წავიდოდნენ. ალბათ, რაღაც მიზეზი იყო. რაც შეეხება ჩემს პირად განცდებს, ამის შესახებ უკვე ვთქვი.
„ბი ეს პრესი“: რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამხედრო პროკურორის ბადრი ბიწაძის ბრალდებებს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერ ძიება უნდა დამთავრდეს, შედეგებზე მერე ვიმსჯელებთ.
ტელეკომპანია „ნტვ“: საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით, ისინი შიშობენ, რომ ჩეჩნეთის ომში ჩეჩენი ტერორისტების განადგურების შემდეგ ფრთებშესხმული რუსი სამხედროები ტერორისტების დევნას საქართველოს ტერიტორიაზე გააგრძელებენ. ხომ არ განმეორდება 1921 წელი, როცა რუსების შემოსვლის მოტივი კომუნისტების გადარჩენა გახდა. რის გაკეთება შეუძლია ამ შემთხვევაში საქართველოს და მიიღება თუ არა ზომები ამგვარი რამის თავიდან ასაცილებლად?
ედუარდ შევარდნაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ემყარება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, რომელსაც თქვენი ნათქვამი მთლიანად ეწინააღმდეგება. რუსეთს არავითარი საფუძველი არა აქვს გაიმეოროს 1921 წლის მოვლენები. დარწმუნებული ვარ, ის ამას არ დაუშვებს. თუკი ამაზე წავა, ეს რუსეთისათვის თვითმკვლელობას ნიშნავს. აგრესორები, ჩვეულებრივ, თავიანთ არსებობას ყოველთვის ცუდად ამთავრებდნენ. არა მგონია, რუსეთს სურდეს აგრესორის სახელი ჰქონდეს მეოცე საუკუნის ბოლოს.
ტელეკომპანია „ნტვ“: მაგრამ 1921 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველო ხომ მაინც გადასცა რუსეთს?
ედუარდ შევარდნაძე: ისტორიაში ბევრი ასეთი რამ იყო, რაც არ განმეორდება.
ტელეკომპანია „ნტვ“: „ცისფერი ნაკადის“ შესახებ ხელშეკრულება რატიფიცირებულია რუსეთის სათათბიროს მიერ, ხომ არ მოითხოვს საქართველოს ხელმძღვანელობა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ამ პროექტთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი მოთხოვნები ამ პროექტის იდეასთან დაკავშირებით, ნაადრევია, ასეთი პროექტები და, მით უმეტეს, მათი განხორციელება ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ არაორდინალურ, ორიგინალურ გადაწყვეტილებას. შავი ზღვა მხოლოდ საქართველოს კუთვნილება არ არის. მსოფლიო საზოგადოებრიობა არ დაუშვებს ზიანი მიაყენოს გარემოს, მათ შორის, შავ ზღვას. ამ პროექტის რეალიზება თუ მოხდება, ჩემი მხრიდან ამას არანაირი გაღიზიანება არ მოჰყვება. თუ ეს საკითხი ეკონომიკურად დასაბუთებულია და ორი სახელმწიფოს ინტერესებშია, მე მას მხოლოდ მივესალმები.
გაზეთი „რეზონანსი“: 8 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. გუშინწინ ბოლო ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკვე მერვედ გადმოხტა ადამიანი. როდის დაიწყება ძირეული რეფორმების გატარება პოლიციაში. მხედველობაში არ მაქვს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, რადგან შესაცვლელია მთლიანად პოლიციის სისტემა და არა მხოლოდ თანამდებობის პირები.
ედუარდ შევარდნაძე: ალბათ, მართალი ბრძანდებით. პოლიციის შენობასთან და პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ასეთი შემთხვევები უნდა გამოირიცხოს. როგორც კახა თარგამაძემ აღნიშნა, ეჭვმიტანილს თან ახლდნენ მისი ორი ძმა. დაკითხვა დაწყებულიც არ იყო, როცა ასეთი რამ მოხდა, მაგრამ, მსგავსი შემთხვევა უნდა გამოირიცხოს. ალბათ, საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო, რომ იქ მიყვანილმა ადამიანმა ვერ შეძლოს განახორციელოს ამგვარი აქტი.
გაზეთი „რეზონანსი“: ხომ არ დადგა დრო, როდესაც სახალხო დამცველის პოსტზე საზოგადოებამ უნდა იხილოს პირი, რომელიც მის უფლებებს დაიცავს?
ედუარდ შევარდნაძე: ამ თემაზე მეც მიფიქრია, მაგრამ, იქნებ, დაგვეცადა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევის პროცესში გარკვეულ მონაწილეობას მეც ვიღებ. ამიტომ მომავალ პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს ისეთი ურთიერთგანწყობა უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლონ თანამშრომლობა დიდი ამოცანების გადასაწყვეტად. დაუშვათ, სხვა პრეზიდენტი აირჩიეს, ომბუდსმენი კი ჩემი მონაწილეობით დაინიშნა, მერე ახალი პრობლემა წარმოიქმნება. დათო სალარიძემ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი სამსახურისათვის. იქ არის კვალიფიციური კადრები, მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი და, ვფიქრობ, ქვეყანა არ იწვის იმის გამო, რომ სახალხო დამ- ცველი ჯერჯერობით არ გვყავს.
გაზეთი „რეზონანსი“: საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მომავალი ხუთი წელიწადი პრეზიდენტი თქვენ იქნებით. რა იქნება თქვენი საქმიანობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი? თქვენ ისტორიაში შეხვალთ, როგორც ბერლინის კედლის დამანგრეველი თუ საქართველოში რეალური სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მშენებელი?
ედუარდ შევარდნაძე: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ გამომიცხადებია. თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მიმაჩნია, რომ ძალზე ხანმოკლე საპრეზიდენტო კამპანია უნდა იყოს. მოსახლეობა დაიღალა არჩევნებით. კონსტიტუციის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნები მოკლე დროში უნდა ჩატარდეს. თუ მე ამირჩევენ, ეს 5 წელი საქართველოსთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება. ერთ-ერთი ჩემი უმთავრესი მიზანი კორუფციის დამარცხება, განადგურებაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არა კორუმპირებულთა განადგურება, არამედ - კორუფციის, როგორც მოვლენის, მოსპობა. ამის სრულიად განხორციელებას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს, მაგრამ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ყველაზე მოწინავე ქვეყნებს, რა თქმა უნდა, პრესისა და ტელევიზიის დიდი მხარდაჭერით, თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან საზოგადოებრივი აზრი ბევრს ნიშნავს. რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით მაქსიმალური სარგებელი უნდა მოვუტანოთ ქვეყანას. საპრეზიდენტო პროგრამაში, რომელსაც მე წამოვაყენებ, ძირითადი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველომ ბევრს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით. ამ მხრივ, სამაგალითო შედეგები გვაქვს. უპირველესად, უნდა მივხედოთ სოციალურ სფეროს. ეს კი შეუძლებელია მანამ, სანამ კორუფციას არ დავამარცხებთ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იქნება.
„იტარ-ტასი“: თქვენ მოიწონეთ წინადადება გენერალ ნიკოლაიშვილის გათავისუფლების შესახებ. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ცალმხრივი ინფორმაცია მოგაწოდეს? რამდენად სამართლიანია მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება ნიკოლაიშვილისათვის მაშინ, როცა ამ ტვირთის საკითხებში მოსკოვში თვით ამერიკის სამხედრო ატაშეც ვერ გაერკვა. რა უნდა მოგვეთხოვა ისეთი პატარა ქვეყნის სამხედრო ატაშესთვის, როგორიც საქართველოა?
ედუარდ შევარდნაძე: ამ საკითხს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განიხილავენ. ისე კი, როცა პატარა ქვეყანას თავისი წარმომადგენელი ჰყავს სხვა სახელმწიფოს დიდ ქალაქში, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იგი ყველა პრობლემის საქმის კურსშია. ეს არც ისე იოლია, იპოვო საშტატო ერთეული, ხელფასი და ა.შ. ამიტომ თითოეულმა თავისი ფუნქცია და მისია უნდა შეასრულოს. ასე რომ, გურამ ნიკოლაიშვილისადმი წაყენებულ პრეტენზიებს საფუძველი ჰქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, ვფიქრობ, ეს კანონის შესაბამისად გაირკვევა.
გაზეთი „ალია“: ხომ არ ფიქრობთ, რომ საომარი მოქმედება ჩეჩნეთში ხელოვნურად ჭიანურდება, რათა არსებობდეს საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ უკვე დროა საქართველოში მივიღოთ ლუსტრაციის კანონი?
ედუარდ შევარდნაძე: არ მგონია, ვინმე ხელოვნურად აჭიანურებდეს. ვფიქრობ, არსებობს ერთიანი გეგმა დროის გარკვე- ული ფაქტორის გათვალისწინებით. და ეს გეგმა ამ დროში ვერ თავსდება, ან ვერ სრულდება. არ მგონია, რუსეთისათვის ხელსაყრელი იყოს კონფლიქტის გაჭიანურება. წარმოუდგენელია, რომ ნორმალურ ადამიანებს ქალაქებისა და სოფლების ნგრევა, უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა სასიამოვნო საქმედ მიაჩნდეთ. მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მოწადინებულია, რაც შეიძლება, სწრაფად დაამთვროს ეს საქმე. საქართველოსთან დაკავშირებით კი მე უკვე განვაცხადე, რომ არ შეიძლება ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო ფიქრობდეს აგრესიაზე მეორე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ეს გამორიცხულად უნდა ჩავთვალოთ. რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს, ამ საკითხთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. არც წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მისი არც დიდი იმედი მაქვს. თქვენ იცით, რომ დოკუმენტის გარეშე ადამიანს ბრალდებას ვერ წაუყენებ და ვერც ამხელ. თუ არ ვცდები, ასეთი დოკუმენტების 80-90 პროცენტი საქართველოდან გატანილია. მისი დაბრუნება ძალიან რთული საქმეა და, არ ვიცი, არის თუ არა ეს საჭირო. ამასთან, ძველ ამბებთან, 1937 წელთან დაკავშირებით, არსებობს იმდენი ეჭვი, რომ იქნებ, მათში გარკვევა სხვა თაობამ იკისროს და არა ჩვენ. პირადად მე ვისურვებდი, რომ ეს კანონი არ ყოფილიყო. მაშინ ზოგი ნებით და ზოგი - იძულებით მოხვდა ამ სისტემაში.
მე ზოგიერთს ვიცნობ და ვიცი, რომ პატიოსნად შრომობდნენ საქართველოს ინტერესებისათვის. ხოლო ვისაც დღეს აქვს საიდუმლო კავშირები, ის კანონით დაისჯება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 1999 წლის 6 დეკემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 დეკემბერი. - №331 (3372). - 1, 3 გვ.
![]() |
86 „ჩემი მოკავშირე კორუფციასთან ბრძოლაში იქნება საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი, ვისაც გული შესტკივა სამშობლოსათვის, ვისაც რცხვენია, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაცემებით, საქართველო გამოირჩევა კორუფციის განსაკუთრებული მასშტაბით პოსტსოციალისტურ სივრცეში“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელი რადიოინტერვიუ პრინციპში მთლიანად ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნება, თუმცა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმა- ნეთთან. ამ თვალსაზრისით რა მოვლენებს გამოყოფდით გასულ კვირას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უწინარესად იმ მოვლენებს მიაპყრობს ყურადღებას, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
სწორედ ამგვარ სტრატეგიულ საკითხთა კატეგორიას განეკუთვნება საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის, ენერგეტიკული საფუძვლისა და ბაზისის შექმნის პრობლემა, რომელზეც ჩვენ რამდენიმე წელია ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ.
ეს ამოცანა უმჭიდროვესად უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიებს.
გასულ კვირას ამ მიმართულებით მართლაც მძლავრი ნაბიჯი გადაიდგა: კახეთში ტარიბანის საბადოზე ნავთობის პირველი ჭაბურღილი ამოქმედდა.
ამერიკულმა კომპანიამ, რომელსაც ჩვენ შემოკლებით „ფრონ ტერას“ ვუწოდებთ, საქართველოში ნავთობსაძიებო სამუშაოებისათვის უკვე 30 მილიონი დოლარი დააბანდა. მარტო ტარიბანის ჭაბურღილში 8 მილიონი დოლარია დაბანდებული.
მივაქციოთ ყურადღება - ეს აბსტრაქტული ციფრები როდია. მილიონობით დოლარის ინვესტირება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქვეყნის საფინანსო ბაზრის გაძლიერებას და ასე შემდეგ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველ გეოლოგებს, გეოფიზიკოსებს, საერთოდ, მეცნიერებს - კახეთში მიღწეული წარმატება დიდწილად მათი ნიჭის, შრომისმოყვარეობის წყალობით შეძენილი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შედეგია, ეს ამერიკელებმაც შენიშნეს და სათანადოთაც დააფასეს - მარტო ტარიბანის საბადოზე ორასზე მეტი ქართველი სპეციალისტია დასაქმებული - სპეციალისტი მყავს მხედველობაში - გეოლოგები, გეოფიზიკოსები, მენავთობეები, საერთოდ, მკვლევარები.
ასევე დიდი წარმატებაა საგარეჯოს რაიონის ნინოწმინდის საბადოდან თბილსრესისათვის ქართული გაზის მიწოდება. დღეისათვის მიწოდება, დღეისათვის მოცულობა 500 ათას კუბურ მეტრს შეადგენს, სულ მალე იგი 700 ათას კუბურ მეტრს მიაღწევს და შემდგომში, ალბათ, გაორმაგდება, გასამკეცდება, შეიძლება დიდი საბადოც გახდეს. აღსანიშნავია, რომ ქართული გაზი გაცილებით მაღალხარისხოვანია და იაფიც არის.
უნდა აღინიშნოს ბატონ გია არსენიშვილის, შესაბამისი რაიონების გამგეობათა ნაყოფიერი მუშაობა უცხოურ კომპანიებთან ერთად. და, მართლაც, იდეალური და კარგი სამუშაო გარემოა შექმნილი.
როცა ენერგეტიკულ ვარაუდზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ბაზარი, რომელთანაც რეალურად გვექნება საქმე. რა წყაროები აქვს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს. თქვენ იცით, ძველად იყო ერთიანი სისტემა (ახლა იგი აღარ არსებობს). ერთი საკუთარი წყარო, რომლის შესახებაც მე ახლა ვილაპარაკე ის, რაც ჩვენ გვექნება შირაქში, ის, რაც მივიღეთ ნინოწმინდაში და კიდევ სხვა - მთელი ათი ბლოკია, სადაც მუშაობენ უცხოელებიც და ჩვენი სამამულო ფირმებიც. ეს ერთი.
მეორე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე. არის ასეთი განწყობილება, რომ „იტერა“ - რუსეთის გაზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც სამხრეთ კავკასიასთნ მუშაობს, შეიძლება მისგან რამდენადმე შევამციროთ გაზის შემოტანა, ან საერთოდ არ შემოვიტანოთ, ანდა საერთოდ არ შემოვუშვათ ჩვენს ბაზარზე და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ეს გულუბრყვილობაა, ბავშვობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგოთ ძალიან ბევრი რამ და შეიძლება ეს ძალიან ძვირადაც დაგვიჯდეს მთელი ზამთრის განმავლობაში.
უნდა გითხრათ, რომ რუსეთის ეს მოღვაწეები, რომლებიც ამ „იტერაში“ მუშაობენ, რუსეთის გაზის ხელმძღვანელები და სხვები ძალიან დიდ ანგარიშს გვიწევენ და სათანადო პირობებს გვიქმნიან იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს რუსეთის გაზი, ყო-ელ შემთხვევაში ზამთრისათვის და იმ ვადებში, იმ პერიოდში, როცა აუცილებელია.
ახლა, რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ, ვთქვათ „იტერამ“ შეწყვიტა საქართველოსათვის გაზის მოწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს მთელი მრეწველობა, ფაქტობრივად, უნდა შეწყდეს მოსახლეობის მომარაგება, მაშინ როცა თბილისში უკვე 100 ათასზე მეტი ბინაა გაზიფიცირებული. როცა მთელი რუსთავი გაზიფიცირებულია და ასე შემდეგ. ეს ზამთარი კოშმარი და უბედურება იქნება. ამიტომ საკითხისადმი ასეთი ცალმხრივი მიდგომა, რომ, რადგან ჩვენში ცოტა გაზი გამოჩნდა, უარი ვთქვათ რუსეთთან ურთიერთობაზე და სხვა. ეს სწორი არ არის და ეს არ შეეფერება ჩვენს არც ეროვნულ ინტერესებს და არც ცალკეული ოჯახებისა თუ საწარმოთა ინტერესებს.
შემდეგი წყარო ამ ენერგეტიკულ ბალანსში, რა თქმა უნდა, იქნება აზერბაიჯანის გაზი და ელექტროენერგია, რომელსაც იგი აწარმოებს. მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებთან ვმუშაობთ, ძალიან დიდი მოწადინებით მოჰკიდა ხელი ამ საქმეს ჰეიდარ ალიევმა და პრინციპში მიღწეულია შეთანხმება, რომ დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, პირველი იანვრიდან მაინც, აზერბაიჯანი მოგვაწოდებს 2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ გაზს. ეს, რა თქმა უნდა, შეავსებს იმ ბაზარს, რომელიც რუსეთის გაზის გარეშე ჯერჯერობით ვერ იარსებებს და წარმოუდგენელია.
რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ, რომ სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პრობლემა საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როცა საექსპლოატაციოდ გადაეცემა ის დიდი გაზსადენები და მილსადენები, რომელთა პროექტებს, გარიგებებსა და კონტრაქტებს ჩვენ სტამბოლში მოვაწერეთ ხელი.
მე მიმაჩნია, რომ ეს იყო საქართველოს და არა მარტო საქართველოს დიდი გამარჯვება და ჩვენი მომავალი თაობებისათვის სათანადო რესურსების შექმნა, რათა ათეული წლების, შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროისათვის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იყოს გადაწყვეტილი ენერგეტიკული პრობლემა. სწორედ ასე თანამიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავწყვიტოთ საკითხები და არა რომელიმე სახელმწიფოსთან დაპირისპირების გზით. დაპირისპირებაზე მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როცა ბაზარი მოქმედებს და დაპირისპირება უნდა იყოს კონკურენცია. ჩვენ მაშინ, როცა გვექნება რამდენიმე წყარო, შევიძენთ იმ გაზს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი და იაფი იქნება და რომელიც უფრო იაფ ელექტროენერგიას აწარმოებს, რათა იგი ხელმისაწ- ვდომი იყოს მოსახლეობისათვის. რა თქმა უნდა, ქართული გაზი უფრო იაფია - 40 დოლარი, რუსები კი 80 დოლარად ყიდიან. მაგრამ, სხვა რომ არ არის? ამიტომ უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა იქნება ჯანსაღი კონკურენცია, იქნება აზერბაიჯანული გაზი, იქნება საკუთარი გაზი, და სწორედ ამას ჰქვია ბაზარიც. ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ის ფასები, რომლებიც მისაღებია ჩვენი ენერგეტიკისათვის, ენერგეტიკული სექტორისათვის, და თუნდაც საერთოდ მთელი ქვეყნისათვის.
- რამდენი ხანი დასჭირდება ამას, მე დროს ვგულისხმობ?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დევს იქ სიღრმეში, იმ ფენებში, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ. ალბათ, მოსალოდნელია გაორმაგება-გასამკეცება იმ გაზისა - ნინოწმინდის საბადო მაქვს მხედველობაში. გაისად შეიძლება იყოს არა ნახევარი მილიონი, არამედ მილიონი - მილიონ-ნახევარი, შეიძლება ცოტა მეტიც - 2 მილიონამდე. მომავალში მათ აქვთ ახალ ფენებში ჩაღწევის გეგმები და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი გაზი კიდევ მივიღოთ. მაგრამ ეს ყველაფერი ხვალინდელი დღეა, ქვეყნის მომავალია და თავისთავად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს რწმენა, რომ ქვეყანას ექნება ენერგო-შემცველების საკუთარი რესურსი. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა მეზობელთან, ვინც უნდა იყოს იგი. სხვათა შორის, ჩვენ სომხეთშიც ვყიდულობთ ელექტროენერგიას და რუსეთიდანაც შემოგვაქვს იგი. ამაზე ჯერჯერობით უარს ვერ ვიტყვით.
და, მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ახლა საკმაოდ აქტიურად არის შემოსული კერძო სექტორი და, ფაქტობრივად, ამ გარიგებებს, კონტრაქტების გაფორმებას და სხვა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოთა შორის ხდება პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, ამას აგვარებენ ის ადამიანები, რომელთა მფლობელობაში გადავიდა ენერგეტიკით მომარაგება, ენერგეტიკის უზრუნველყოფა და ენერგეტიკული ქსელების გარკვეული ნაწილი. ამ თემაზე საუბარი ახლა იმისათვის წამოვიწყე, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ ესმის, რა ხდება, რას ნიშნავს დღეს ენერგეტიკული პრობლემა საქართველოსათვის. მე ვფიქრობ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ, ისევე როგორც ქონების მართვის სამინისტრომ, სხვა უწყებებმა, მათ შორის კანცელა- რიის წარმომადგენლებმა, სხვებმა და სხვებმა ტელევიზიისა თუ პრესის მეშვეობით უნდა სცადონ განუმარტონ ხალხს ის სიძნელეებიც, რომელთაც რეალურად ვაწყდებით ახლა. და, აგრეთვე ის პერსპექტივებიც, რომლებიც ასევე რეალურად არსებობს.
შემდეგ: ოთხშაბათს მთავრობის სხდომამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირის ეგიდით ახალი კომერციული ბანკის - აგრობიზნესბანკის დაფუძნების შესახებ. ეს მოვლენაც დავიმახსოვროთ. მე ხშირად ვამბობ: ბევრი მოვლენაა დასამახსოვრებელი, რადგან ახალ სახელმწიფოს ვაშენებთ და ბევრი რამ ისეთია, რომელიც მართლაც ისტორიაა ქვეყნისა და ისტორია მოვლენად ითვლება.
ამრიგად ევროკომისიის გადაწყვეტილებით და მისივე დაფინანსებით, საქართველოში იქმნება აგრობიზნესის მომსახურე ბანკი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება და სისტემისადმი ნდობის გამოხატულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ევროკავშირთან ურთიერთობაში კვლავ წინ წავიწიეთ. ეს საპარტნიორო ურთიერთობის შესახებ იმ დიდი ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც ჩვენ თავის დროზე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და რომელიც რატიფიცირებულია ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში.
აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან, ამჟამად საქართველოში ორკვირიან სამუშაო ვიზიტად იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. მე მინდა მივესალმო მათს შემოსვლას. ეს ძალიან საჭირო მისიაა, რომლის მიზანია ისააფის პროგრამის შეჯამება და 2000 წლიდან განსახორციელებელი ახალი პროგრამის ჩამოყალიბება. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სიღატაკის დაძლევას.
სავალუტო ფონდთან მუშაობაში აქტიურად ჩაება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა.
უწინარეს ყოვლისა ყურადღების საგანი, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო სფერო და ფისკალური პოლიტიკაა, შესაბამისი სამსახურები წლეულს თითქოს უკეთ მუშაობენ, ვიდრე შარშან, ორჯერ-სამჯერ მეტია აკრეფილი გადასახადები და ბიუჯეტში შენატანები, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ქვეყანას სჭირდება, რაც ადამიანებს სჭირდებათ, ხელფასები, პენსიები, და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უნდა ვთქვა, რომ ამ სფეროში საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით, (ალბათ, ქვემოთ კიდევ ვილაპარაკებ ამაზე) რეალური მდგომარეობა ჯერჯერობით სრულიად არადამაკმაყოფილებელია.
- შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ელის ხელისუფლებისა და პირადად თქვენს ძალზე აქტიურ მოქმედებას იმ უაღრესად რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომელიც საბიუჯეტო სფეროში შეიქმნა.
ცნობილია, რომ ხელისუფლებას აქვს ვითარების გამოსწორების ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის კონტურები უკვე კიდეც გამოიკვეთა თქვენს საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში, მე ვგულისხმობ როგორც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ისე არჩევნების შემდეგაც...
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია აქტიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს საბიუჯეტო კრიზისის სუბიექტური მიზეზების აღმოსაფხვრელად, მდგომარეობა კვლავ ურთულესია. საერთოდ კი ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩვენში შექმნილი საბიუჯეტო კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კერძოდ, რუსეთში განვითარებული მძიმე ეკონომიკური კრიზისული მოვლენების ანარეკლია. მე ამაზე ადრე არაერთხელ მისაუბრია.
მე იმის თქმა მინდა, რომ საფინანსო კრიზისს ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, მაგრამ ამით ვერავინ იმართლებს თავს იმ ადამიანთა წინაშე, რომლებიც თვეობით ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს, პენსიასა და შემწეობას.
მე ვთქვი, რომ მდგომარეობა ურთულესია. მაგრამ, თუ სრულიად გულწრფელნი ვიქნებით (არადა, ვალდებულნიც ვართ სრული სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას), საბიუჯეტო სფერო, გადასახადების აკრეფა, სახელმწიფო ვალდებულებათა შესრულება დღეს საქართველოსათვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია.
დიახ, აქ არ არის არანაირი გადაჭარბება - საკითხი სწორედ ასე დგას. საქართველო ან ჩამოყალიბდება როგორც სახელმწიფო, რომელსაც ძირითადი ფუნქციის შესრულება შეუძლია, ესე იგი ექნება გამართული ბიუჯეტი, ან გამართლდება ის ბოროტი პროგნოზი თუ წინასწარმეტყველება, რასაც რამდენიმე წლის წინათ ვისმენდით ჩვენი სამშობლოს არაკეთილმოსურნეთაგან, რომ საქართველოს, ქართველ ერს არ შესწევთ უნარი, არა აქვთ საკმარისი ისტორიული რესურსი და სახელმწიფოებრივი კულტურა, იარსებოს დამოუკიდებლად და დააფუძნოს ეროვნული სახელმწიფო. ასეთი ძალები ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, სხვათა შორის, თავიანთ სიტყვას ამბობდნენ. ღმერთმა ნუ ქნას გამართლდეს ეს ბოროტი პროგნოზი, და „მათ გაიხარონ ჩვენზედა“... როგორც ქართველი კაცი იტყვის ხოლმე.
ნურავინ ჩათვლის გაზვიადებად, მაგრამ დღეს სწორედ ეს არის ჩვენი „დიდგორი“, სადაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ.
ოღონდ, თავდაპირველად ზუსტად განვსაზღვროთ პრობლემის არსი, საფუძველი, ანუ ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთი საზარელი ალტერნატივის წინაშე.
მთავარი მიზეზი კი ისევ და ისევ კორუფციაა, ანუ ის მანკი, რომელსაც ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში ჩვენი სახელმწიფოს ორგანიზმზე „ავთვისებიანი სიმსივნე“ ვუწოდე.
იძულებული ვარ საქვეყნოდ და საჯაროდ ვთქვა შემაძრწუნებელი სიმართლე: თუ ეს სენი, ეს საზარელი მანკი უახლოეს მომავალში ვერ დავძლიეთ, თუ იგი არ ამოვწვით (საჭიროების შემთხვევაში) მხურვალე შანთითაც, ცეცხლითა და მახვილითაც, - საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, და ქართველობას, როგორც ცივილიზებულ ერს, მომავალი არა აქვს.
ვიცი, პრეზიდენტის ასეთი განცხადება მართლაც ბევრს შეაძრწუნებს, მაგრამ იძულებული ვარ ვუთხრა სიმართლე ერს, ვინაიდან მის წინაშე, ისევე როგორც წინაპართა და შთამომავლობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია. ამიტომ, სიმართლე უპირველეს ყოვლისა!
შეუძლებელია კვლავ იმის მოთმენა, რაც ამჟამად ხდება: საბიუჯეტო კრიზისი უკვე თვით სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს არყევს, საფრთხეს უქმნის ყველა სოციალურ საყრდენსა და სისტემას.
დიდად სამწუხაროდ ხელფასებისა და პენსიების დავალიანება ზოგიერთ სფეროში, ბევრ რაიონში არათუ კლებულობს, არამედ მატულობს.
მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ფარ-ხმალს ვყრით და ვაპირებთ დავნებდეთ იმ „რესპექტაბელურ მაფიოზებსა“ და კრიმინალურ ბანდებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ცხოვრების წესი მოახვიონ თავს საქართველოს.
არათუ დავნებდებით, არათუ შევურიგდებით, არამედ სრული რწმენით ვაცხადებ: კანონზე დაყრდნობით, კონსტიტუციის ძლევამოსილებით, ჩვენი ბრძენი და მრავალჭირგამოვლილი ხალხის მხარდაჭერით გავანადგურებთ და ამოვძირკვავთ საქართველოში მაფიოზებს, მექრთამეებს, ბიუჯეტის მძარცველებს, გადასახადის არგადამხდელებს ისევე, როგორც თავის დროზე კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ ავტომატიან ყაჩაღებსა და ბანდიტებს, რომელთაც წლების განმავლობაში „ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა - ქალამნად“.
თუ მე საბოლოოდ მივიღებ გადაწყვეტილებას, კენჭი ვიყარო კვლავ პრეზიდენტის პოსტზე, ჩემი ძირითადი საარჩევნო დევიზი იქნება საქართველოს მოქალაქეთათვის ყოველმხრივ ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება, მყარი სოციალური გარანტიების ჩამოყალიბება და, რა თქმა უნდა, უწინარესად კორუფციის დამარცხება.
- როცა კორუფციაზეა ლაპარაკი, გაცილებით მეტ კარგად ნაცნობ სახელსა და გვარს ასახელებენ, ვიდრე ეს თუნდაც პრესაში ჩანს და ვიდრე ეს ვიღაცეებს ჰგონიათ.
- კორუფცია ისეთი გავრცელებული სენია, რომ მე დღეს გვარების დასახელებას ვერ შევძლებ. და, სამწუხაროდ, თქვენ მართალი ხართ.
ამჟამად თვით ჩვენი მოწინააღმდეგენიც აღიარებენ, რომ განხორციელდა რადიკალური რეფორმა, შეიქმნა თვისობრივად ახალი ეკონომიკური სისტემა, ქვეყანამ შეიძინა გეოპოლიტიკური ფუნქცია - აქედან გამომდინარე, კეთილისმყოფელია საერთაშორისო ფონი, რათა თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს დამოუკიდებლობის სიკეთე, აღიქვას დამოუკიდებელი სახელმწიფო არა მარტო როგორც ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირსების, არამედ, აგრეთვე, მატერიალური კეთილდღეობის წყაროც.
ამრიგად, უკვე არსებობს ყველა მექანიზმი, რომელთა ამოქმედებას ისევ და ისევ კორუფცია უშლის ხელს. მე ბოდიშს ვითხოვ, რომ რამდენადმე ასეთი მონოლოგი გამომდის და თქვენ არ გაძლევთ კითხვის საშუალებას, მაგრამ გადავწყვიტე სპეციალურად სწორედ ამ დილით ამ თემას დეტალურად შევხებოდი.
დღევანდელი ჩემი განცხადება ხანგრძლივი განსჯისა და ფიქრის შედეგია. მე საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ რადიკალურ ზომებს (გარკვეულწილად სიმკაცრესა და კანონის საფუძველზე სისასტიკესაც კი) ამ პრობლემის გადასაწყვეტად ვერ გავექცევით.
ხვეწნამ, მუდარამ, თხოვნამ, შეგონებამ, მოქალაქეობრივი სინდისისადმი, პატრიოტიზმისადმი აპელირებამ, სამწუხაროდ, ნაყოფი ვერ გამოიღო. გახსოვთ, გასული წლის დამლევს თუ წინა წლის დამლევს მე ვთქვი, რომ 1999 წელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წელი იქნებოდა. დავიწყეთ და დავიწყეთ სწორედ ამით: მიმართვით, შეგონებით, თხოვნით, და ასე შემდეგ, და, რა თქმა უნდა, იყო რადიკალური ღონისძიებანი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საქმის დასაწყისში, რომელმაც გარკვეული გამოცდილების ბაზა შეგვიქმნა.
მაშასადამე, სხვა გზა და გამოსავალი დემოკრატიულ სახელმწიფოს აღარ დარჩა - იგი იძულებულია და ვალდებულიც არის დაიცვას თავი.
პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით შემუშავდა ანტიკორუფციულ ღონისძიებათა მთელი სისტემა, შესაბამისი კანონპროექტი, ანტიკორუფციული ორგანოს დაფუძნების ჩათვლით, რომელსაც პარლამენტს წარუდგენენ და რომელიც თავის დროზე, როცა დაფუძნდება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეგიდით იმუშავებს.
იმედი მაქვს, დეპუტატები, პოლიტიკური მრწამსის განურჩევლად, მხარს დაგვიჭერენ. თუმცა, ეს ორგანო, ალბათ, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, ვინაიდან მის ჩამოყალიბებასა და სრულყოფას, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ დრო არ ითმენს - დაუყოვნებლივ, მთელი ძალით უნდა ამუშავდეს ყველა არსებული სტრუქტურა. უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავი ინსტიტუტები, სტრუქტურები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. სხვათა შორის, ეს არ იქნება რაღაც გრანდიოზული წარმონაქმნი, რომლის შესახებაც მე ახლა ვლაპარაკობ. ფუნქცია ძირითადი ამოცანა მაფიოზების, გადასახადების არგადამხდელთა წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გასწიონ იმ ორგანოებმა, რომლებიც ახლა ვალდებული არიან იმუშაონ სათანადო კანონებისა და სათანადო დებულებების საფუძველზე. ეს შემდგომშიც გაგრძელდება. ეს სტრუქტურა ხელს მოჰკიდებს მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომელიც ამინდს ქმნის ქვეყანაში და იმ ბობოლებს, რომელთა დასჯა სამართალდამცველებისათვის ძალიან დიდი პრობლემაა.
ვერც ერთი გამგებელი, ვერც ერთი მოხელე ვერ დარჩება თავის ადგილზე, თუ არ შეებრძოლება კონტრაბანდას, ფალსიფიკაციას, ჩრდილოვან ეკონომიკას საერთოდ და ამ ბრძოლით დაამტკიცებს, რომ ღირსია ნდობისა.
ვინც არ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ვისაც სინდისი არა აქვს სუფთა, სჯობს თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავადაც შეეწირება ამ ბრძოლას.
იმავე მიზნით ვქმნით ახალ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (ეს უკვე ცნობილია, მე გამოვაცხადე რამდენჯერმე) ძალიან დიდი ფუნქციით, დიდი შესაძლებლობებით და იმავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობით.
ამ სამინისტროს ექნება ყველა პირობა და როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის, სამართალდამცავთა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა სრული მხარდაჭერა.
იგი მიიღებს მთელი ქვეყნის, მთელი ჩვენი საზოგადოების მანდატს.
როგორც უნდა გვიჭირდეს, ამ სამინისტროს სისტემაში ყველა თანამშრომელს - მებაჟეებს, საგადასახადო ორგანოს მუშაკებს შევუქმნით განსაკუთრებულ პირობებს - მაღალი ხელფასების ჩათვლით. თავიდან, თუ ბიუჯეტს სრული თანხები არ ეყოფა, ბევრი რამ შეიძლება შტატების შემცირების ხარჯზე გაკეთდეს. თუ არის, ვთქვათ, 5 ათასი კაცი, დარჩეს 2000, მაგრამ იგივე ხელფასები განაწილდეს იქვე და ეს ადამიანები უნდა იყვნენ მეტნაკლებად უზრუნველყოფილი.
სხვა სათანადო წყაროები მოიძებნება.
ის ადამიანი, თანამდებობის პირი, ან თუნდაც რიგითი მუშაკი, რომელზეც დამოკიდებულია ბიუჯეტის შევსება, ყოველმხრივ პრივილეგიური უნდა იყოს, მაღალი სოციალური ცენზი და რანგი უნდა ჰქონდეს, მის შრომასა და თავდადებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ხელფასს მასწავლებელი, ოფიცერი. შეძლებს თუ არა სახელმწიფო დაეხმაროს უმწეო პენსიონერს, ინვალიდს, ლტოლვილს. ბოლოს და ბოლოს სწორედ ბიუჯეტი ემსახურება სახელმწიფოს სუვერენულ საგარეო-ფინანსურ ვალდებულებებს, რის გარეშეც ქვეყანა ღირსეულ ადგილს ვერ მოიპოვებს და ვერ შეინარჩუნებს საერთაშორისო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, ვერც ერთ პრობლემას განათლების სისტემაში, სოციალურ დაცვაში, ვერც ერთ პრობლემას ჯანმრთელობის სისტემაში ვერ გადავჭრით, თუ ბიუჯეტი არ იქნება ძლიერი. ამიტომ უნდა დავეხმაროთ, ასე ვთქვათ, მუხლი გავუმაგროთ იმ ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად იმუშავებენ ამ საგადასახადო სამინისტროში.
მინისტრის პოსტზე მე რეკომენდაცია გავუწიე გია ბარამიძეს.
ამ ახალგაზრდა კაცს საზოგადოება კარგად იცნობს.
მას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეული გამოცდილებაც აქვს. მახსოვს გიას თავდადება სოხუმში, მაგრამ ბრძოლის ველი, რომელზეც ამჟამად მოუწევს გასვლა, არანაკლებ ვაჟკაცობას, გაცილებით მეტ ვაჟკაცობას მოითხოვს.
მჯერა მისი პატრიოტიზმის, ნიჭის, შემართების. ვიმედოვნებ, იგი უმოკლეს ვადებში, მიუხედავად უდიდესი, ალბათ, გააფთრებული წინააღმდეგობისა, რომელსაც უეჭველად წააწყდება სხვა- დასხვა კლანების მხრივ, შეძლებს თანამოაზრეთა მტკიცე გუნდის შეკრებას და ვითარების გარდატეხას. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პრეზიდენტის, განახლებული სასამართლო ხელისუფლების, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის, უწინარესად, მმართველი პარტიისა და მთელი საზოგადოების მხარდაჭერით, მე რომ საზოგადოების მხარდაჭერაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი აზრი, რომლის ფორმირება არ მოხდება მასმედიის გარეშე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ტელევიზიისა, საერთოდ ტელევიზიისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი პრესის, კერძოდ, თავისუფალი პრესის, რადგან ეს ყველა ჩვენგანის პატრიოტული ვალია.
იმავდროულად, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ უმკაცრესი ზომები მიიღოს იმათ წინააღმდეგ, ვინც გადასახადს უმალავს ბიუჯეტს. კორუმპირებული ბიზნესმენი კორუმპირებულ მოხელეზე არანაკლებ ან უფრო მეტადაც კი პასუხისმგებელია შექმნილი ვითარებისათვის.
არავის ეგონოს დღევანდელი ჩემი გაფრთხილება მორიგი გაფრთხილებაა.
საკმარისად გავაფრთხილეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ არ გვყოფნიდა ნება რადიკალური ნაბიჯებისათვის.
გასულ კვირას ეროვნული უშიშროების საბჭო ექვსი საათის განმავლობაში მსჯელობდა ამ საკითხზე. კოლეგებთან ერთად შევათანხმეთ ანტიკორუფციული ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკაც.
ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ სახელმწიფო მიმართავს უკიდურეს ღონისძიებებს, კერძოდ, იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც უმალავენ ბიუჯეტს გადასახადებს. სხვათა შორის, მინდა პარლამენტში წარვდგე სპეციალური მოხსენებით. არ ვიცი, ეს სპეციალური სხდომა იქნება თუ ჩვეულებრივი სხდომა. ამაზე მოვილაპარაკებთ პარლამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად.
სხვათა შორის, ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინათ უზენაესმა სასამართლომ უკვე დააკისრა ერთ-ერთ ასეთ ურჩ გადამხდელს შვიდ მილიონ-ნახევარი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და დედიმისის შვილია და ნუ გადაიხდის.
ამ თანხას იგი უმალავდა არა პარლამენტს, არა ხელისუფლებას, არამედ კონკრეტულ პენსიონერს, მასწავლებელს, ჯარისკაცს. ამიტომ არავის არ ასცდება სასჯელი. უშიშროების სამინისტროს, პოლიციას, პროკურატურას უკვე აქვთ (ასე ვთქვათ) „პორტფელში“ კონკრეტული სამხილები და უახლოეს მომავალში კანონის საფუძველზე, მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ხერხებით, მაგრამ ამასთანავე, კანონის მთელი სიმკაცრით დაიწყება ფართომასშტაბიანი შეტევა ეკონომიკისა და სხვა სფეროებში კორუფციონერთა და კრიმინალთა წინააღმდეგ.
ვერავინ გაექცევა კანონის მსახვრალ, მაგრამ სამართლიან ხელს - ვინც უნდა იყოს იგი, თუნდაც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი თუ ნათესავი, მინისტრი, დეპუტატი, გამგებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ვერავინ ვერავის გადაარჩენს და ვერ გაუწევს მფარველობას.
ვერავინ დარჩება ჩრდილში.
ყველა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ სასამართლომდე იქნება მიყვანილი. მათ შორის საქართველოს სანაოსნოს საქმეც, რომელსაც მე საუკუნის დანაშაულს ვუწოდებ.
ამასთანავე, როგორც ზემოთ ვთქვი, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას (ყოველ შემთხვევაში, ასეთია საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის აზრი) და დაამტკიცებს კანონს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ“.
ვიცი ეს არაორდინარული წინადადებაა, მაგრამ რაკი ვითარება საგანგებოა, ხელისუფლება ვალდებულია შესაბამისი ზომები მიიღოს და საკანონმდებლო თვალსაზრისითაც უზრუნველყოს პროცესი.
უახლოეს მომავალში ვისარგებლებ საპრეზიდენტო ინიციატივის უფლებით და მივმართავ პარლამენტს წინადადებით - გაუქმდეს ყველა დონეზე „სადეპუტატო იმუნიტეტი“ ამ საკითხებში, რათა სამართალდამცავ სტრუქტურებს ჰქონდეთ საშუალება ბოლომდე მიიყვანონ წამოწყებული საქმეები. საკრებულო და პარლამენტი არ შეიძლება კორუმპირებულთა თავშესაფარი იყოს. ღმერთმა დამიფაროს, ყველა დეპუტატსა და საკრებულოს წევრზე ასე ვფიქრობდე, თუმცა გამონაკლისებზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს გამონაკლისი ხანდახან ამინდს ქმნის საერთოდ, ატმოსფეროს ქმნის ქვეყანაში.
ამასთანავე, აუცილებლად უნდა განვმარტოთ: საზოგადოებისა და ხელისუფლების რისხვა არ ეხება იმ ბიზნესმენებს, ეს სავსებით პრინციპული საკითხია და ვთხოვ რადიომსმენელს მიაქციოს ყურადღება, პატიოსან მეწარმეებს, რომლებიც პირნათელი არიან ბიუჯეტის წინაშე, თავადაც დიდი შემოსავალი აქვთ და „ღმერთმა შეარგოთ“. ჩვენ პირიქით, ალბათ, უნდა ვსრულყოთ კიდევაც საგადასახადო კოდექსი, რათა პატიოსან მეწარმეს შეეძლოს მიიღოს თავისთვისაც თანხის მოგების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია წარმოების გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის.
დემოკრატიულ საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის პრინციპი ხორციელდება არა თითოეული მოქალაქის ქონებ- რივი გათანაბრებით (კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა, რომ ეს შეუძლებელია), არამედ კანონის წინაშე თანაბარი პასუხისმგებლობით: თუ გადასახადს არ იხდი, ანუ ბიუჯეტს ძარცვავ, თუნდაც მილიონერი იყავი, ვერ ასცდები უმკაცრეს სასჯელს.
ეს ეხება მხოლოდ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ ეროვნულ ინტერესებს და არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.
საბედნიეროდ, არიან პატიოსანი, ნამდვილად პატიოსანი, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდა ნიჭიერი მოღვაწენი, ბიზნესმენები მყავს მხედველობაში. მათი შრომა და ნიჭი ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ძლევამოსილების საფუძველს ქმნის. მესაკუთრე და ძლიერი ფენის გარეშე ძლიერი სახელმწიფო არ იქნება, ვერ დაფუძნდება.
და კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ საქართველო აღიარეს ევროპამ, მსოფლიომ... გავწევრიანდით ევროპის საბჭოში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; საქართველოს გარეშე უკვე წარმოუდგენელია რამდენიმე ევრაზიული და გლობალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელება; ქართული დემოკრატია სამაგალითოა მრავალი ქვეყნისათვის - მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა გზა გავიარეთ სამოქალაქო ომიდან, სრული ანარქიიდან, გარედან „მართვადი ქაოსიდან“ - სტაბილურ დემოკრატიამდე.
მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება, თუ ვერ შევძლებთ ცივილიზებული მსოფლიოსათვის იმის დამტკიცებას, რომ ასეთივე წარმატებით შეგვიძლია განვამტკიცოთ დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურები და დავამარცხოთ კორუფცია.
კორუფცია, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი სისუსტის გამოვლინებაა.
კორუფცია თვისობრივად ანტიდემოკრატიული მოვლენაა. ამიტომ, ქვეყანა, რომელიც ვერ სძლევს კორუფციას, როგორი წარმატებებიც უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის, სიტყვის თავისუფლების, პარლამენტარიზმის განვითარების თუ სხვა თვალსაზრისით, ვერ ჩაითვლება სტაბილურ დემოკრატიად. აქედან გამომდინარე, აუხდენელ ოცნებად დარჩება ევროპულ თანამეგობრობაში სრუ- ლუფლებიანი გაწევრიანება. მე დიდი თანამეგობრობა მაქვს მხედველობაში ევროკავშირის ჩათვლით, ვინაიდან ევროპა მხოლოდ სტაბილურ და ძლიერ დემოკრატიას ცნობს „ტოლად და სწორად“.
ამიტომ საქართველო უნდა გადაიქცეს ჭეშმარიტად სამაგალითო ქვეყნად, მე არ მეშინია ვიხმარო ეს სიტყვა, თუ გნებავთ, თუნდაც პოლიგონად კორუფციის დაძლევის თვალსაზრისით.
ერთი რამ აქვე უნდა განვაცხადო მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად: მე ნამდვილად მაქვს შესაბამისი ნება, გამოცდილება და, თუ გნებავთ, პიროვნული ძალაც იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ უბოროტეს მტერს ხერხემალი გადავუმტვრიო.
და მე ამას გავაკეთებ ჩემს თანამებრძოლებთან, ჩემს თანამოაზრეებთან, ჩემს ხალხთან ერთად. უწინარესად, ჩემი მოკავშირე ამ ბრძოლაში იქნება საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი, ვისაც გული შესტკივა სამშობლოსათვის, ვისაც რცხვენია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაცემებით, საქართველო გამოირჩევა კორუფციის განსაკუთრებული მასშტაბით პოსტსოციალისტურ სივრცეში.
საზოგადოების ყველა ჯანსაღი ძალის მხარდაჭერით არავის მივცემთ უფლებას, საქართველო გადააქციონ მაფიოზურ სახელმწიფოდ და „ბანანის რესპუბლიკად“. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ.
თითქოს რამდენამდე სარისკოა პრეზიდენტის არჩევნების წინ ასეთი ბრძოლის წამოწყება.
შესანიშნავად ვიცი, რა საშუალებები, რა ბერკეტები აქვთ მაფიოზურ კლანებს, მაგრამ მათთან შერიგებას, ან გარიგებას არ ვაპირებ - რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან ჩემს ხალხთან ერთად.
ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, ჩვენ გამოვიყვანეთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც იგი უმეცარმა პოლიტიკანებმა მოაქციეს. ჩვენ დემოკრატიული ხერხებით (და არა უკანონობითა და უსამართლობით) ავაშენეთ სახელმწიფო, როგორც ხელთუქმნელი ტაძარი, რომელზეც ქართველთა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ათეულობით თაობა ოცნებობდა.
ამ ტაძარს არავის დავანგრევინებთ - საქართველო კორუფციის დამანგრეველ ქარიშხალსაც გაუძლებს და საბოლოოდ გაბრწყინდება როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა.
მე კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ რამდენადმე მოხსენების სტილით შედგენილი გამომივიდა ჩვენი დღევანდელი საუბარი, ჩვენი ინტერვიუ, მაგრამ ის, რაც, ასე ვთქვათ, დადუღდა, ის, რაც გვაწუხებს და გვაშფოთებს, უნდა ითქვას და უნდა ვთქვათ ისიც, რომ განვკურნოთ ქვეყანა ამ სენისაგან.
- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა: გასაგებია ის, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, გასაგებია ისიც, რომ ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს იმ ძალას, რომელსაც მაფიოზურ და კორუმპირებულ ძალას უწოდებენ საქართველოში. და ეს უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისათვის არის წარმოსადგენი. რადგან თქვენ ასე მძაფრად აყენებთ ამ საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ხელისუფლებას აქვს საიმისო ძალა, რომ გაუმკ-ავდეს ამ სენს თავად ხელისუფლების შიგნითაც?
- მე ასე ვიტყოდი, ამ წელიწადმა - წელიწად-ნახევარმა დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებაში არიან ძალები, მათ შორის თვით სახელმწიფოში, სახელმწიფო აპარატში, პარლამენტში, რომლებსაც სურთ ეს ბრძოლა, რომლებიც დარწმუნებული არიან იმაში, რომ, თუ არ განიკურნება ქვეყანა, შეიძლება სახელმწიფო დაიღუპოს. ასეთი თანამოაზრენი მე მყავს ყველა სფეროში, მათ შორის რიგითს მოქალაქეებში. როგორც გითხარით, მაღალ ეშელონებში. არც ისეა საქმე, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია.
საქინფორმი.
„ჩემი მოკავშირე კორუფციასთან ბრძოლაში იქნება საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი, ვისაც გული შესტკივა სამშობლოსათვის, ვისაც რცხვენია, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაცემებით, საქართველო გამოირჩევა კორუფციის განსაკუთრებული მასშტაბით პოსტსოციალისტურ სივრცეში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 7 დეკემბერი. - №331 (3372). - 1,2 გვ.
![]() |
87 თვალსაჩინო ეროვნული მოღვაწე-განმანათლებელი |
▲back to top |
სამძიმარი
გარდაიცვალა აკაკი ბაქრაძე, ჩვენი საზოგადოების გამორჩეული პიროვნება, თვალსაჩინო ეროვნული მოღვაწე-განმანათლებელი, შესანიშნავი კრიტიკოსი და პუბლიცისტი, ხელისუფლების მუდმივი, უკომპრომისო და ქვეყნისათვის კეთილმოსურნე ოპონენტი.
ეს მართლაც დიდი დანაკლისია, მით უფრო, რომ სამოციანი წლებიდან მოყოლებული იგი თავისი სიტყვითა და საქმით დიდ გავლენას ახდენდა ქართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მას უსმენდნენ, უჯერებდნენ და ანგარიშს უწევდნენ.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო აკაკი ბაქრაძის დიდი დამსახურება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში იმ ძნელ დროს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს საფრთხე დაემუქრა. მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, დაწერა ის, რაც უნდა დაეწერა.
აკაკი ბაქრაძე ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე გახლდათ, ოღონდ შეურიგებელ პოლიტიკურ ბრძოლებსა და ინტრიგებს მაინც გარიდებული. იგი უფრო განმანათლებელი იყო ჩვენი ხალხისა, ის პიროვნება, რომელსაც შეეძლო პირუთვნელად ეთქვა სიმართლე ჩვენს წარსულსა და აწმყოზე.
თავისი აღსრულების წინ აკაკი ბაქრაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი დასტამბა, „კარდუ“ - გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და რა დასანანია, რომ ამ წიგნის შესახებ ჩვენს განსჯას მის ავტორს ვეღარ გავუზიარებთ.
აკაკი ბაქრაძე სჭირდებოდა საქართველოს.
აკაკი ბაქრაძე საქართველოს დააკლდა.
ედუარდ შევარდნაძე.
თვალსაჩინო ეროვნული მოღვაწე-განმანათლებელი : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 10 დეკემბერი. - №334 (3375). - 1 გვ.
![]() |
88 „მომავალი ახალი პროგრამის ძირითადი არსი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა და სიღატაკის დაძლევა, მისი საბოლოო აღმოფხვრა და სრულიად ახალი სოციალური გარემოს შექმნა იქნება“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 13 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას ჩეჩნეთში შექმნილ უკიდურესად დაძაბულ ვითარებას რუსეთის საინტერესო რეაქცია მოჰყვა. როგორც განაცხადა ვლადიმერ პუტინმა „ფაინენშალ ტაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, თუ ჩეჩენი მებრძოლები საქართველოს ტერიტორიაზე გადავლენ, მაშინ საქართველომ ისინი უნდა გადასცეს რუსეთს, და დასძინა, რომ რუსეთი ასეთ შემთხვევაში არ გადმო- ლახავს საქართველოს საზღვარს. შეშფოთება ევროკავშირმაც გამოთქვა იმის გამო, რომ ბრძოლა არ გადმოიტანონ საქართველოს ტერიტორიაზე და არ მოხდეს ის, რაც საერთოდ ხდება ჩეჩ- ნეთში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტი“ მიესალმება საქართველოს საგარეო უწყების იმ განცხადებას, რომ საქართველო არ დაუშვებს რაიმე მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი დაჯგუფების ან ნებისმიერი ძალის გამოყენების მცდელობას ამ საომარი მოქმედების დროს. პარალელურად ვაზიანში გარკვეული გადაადგილებანი მიმდინარეობს, რაც ქართული საზოგადოებრიობის ერთგვარ შეშფოთებას იწვევს - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტარით დავიწყებ. იგი მიზნად ისახავს, საქართველოს თავიდან ააცილოს მოსალოდნელი თუ სავარაუდო გართულებანი ჩვენს მეზობლად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, და კარგია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ასეთი ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
ფაქტობრივად, ამერიკამ საკმაოდ გასაგებად და „ადვილად აღსაქმელად“ აგრძნობინა რუსეთის გარკვეულ ძალებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერ აქტს არ დაუშვებს საერთაშორისო თანამეგობრობა და, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები.
იგივე აზრი ამოვიკითხე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ბატონ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუშიც (და ამას მე განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნავ), სადაც იგი ამბობს, რომ რუსეთი იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმათა საფუძველზე და გამორიცხავს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ყოველგვარ მცდელობას. ბატონი პუტინის ეს განცხადება ძალიან ეხმაურება წინა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: საქართველო მხარს უჭერს რუსეთის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ტერორისტებს, თუ ისინი გაბედავენ თავი შეაფარონ საქართველოს, ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ, მაგრამ არასდროს დავეთანხმებით მთელი ჩეჩენი ხალხის გაიგივებას ტერორიზმთან და ტერორისტებთან.
საქართველო ეხმარება და კვლავაც დაეხმარება ჩეჩნეთიდან ლტოლვილ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, აგრეთვე იმათ, ვინც დაშავდა, მძიმედ დაიჭრა ქალაქებისა და სოფლების მასირებული დაბომბვის დროს, თუმცა ძალიან გვიჭირს ჩვენ თვითონაც და იძულებული ვიყავით გამოგვეცხადებინა, რომ საზღვარი ჩაკეტილია. მე ამის შესახებ ქვემოთ კიდევ ვიტყვი ორიოდ სიტყვას.
ამ შემთხვევაშიც ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ისტორიული კეთილშობილური იდეალების შესაბამისად.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს ჩეჩენ ხალხთან ათასწლოვანი მეგობრობა აკავშირებს.
ამიტომ, მიუხედავად აფხაზეთიდან სამასი ათასამდე ლტოლვილის უდიდესი ტკივილისა, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ არ შეუძლია ქართველ ლტოლვილთა ყველა სოციალური პრობლემის გადაწყვეტა, და უმთავრესი - მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების პრობლემის გადაწყვეტა, ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ აგრეთვე ჩეჩნეთიდან ლტოლვილ სრულიად უმწეო ადამიანებს. ამას გვიკარნახებს ჩვენი ერის ბუნება და ჰუმანიზმის საკაცობრიო პრინციპი.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს ტვირთი მხოლოდ მატერიალური არ არის: ქართველ ხალხს არც ის დაავიწყდება, რომ მრავალი ჩეჩენი ბოევიკი იბრძოდა აფხაზეთში და ხელიც შეუწყო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას; მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათდამი დამოკიდებულება გავავრცელოთ მთელ ჩეჩენ ხალხზე.
მით უმეტეს, ისინი ახლა თავად ხვდებიან, რომ ბრმა იარაღი იყვნენ იმ აგრესიულ ძალთა ხელში, რომლებიც მაშინ მათ ყოველნაირად ეხმარებოდნენ, „გმირებად“ რაცხდნენ, შემდეგ კი (როცა იარაღი სხვა მიმართულებით შეატრიალეს) „ტერორისტებად“ გამოაცხადეს.
ვლადიმერ პუტინის განცხადება ჩვენთვის იმ თვალსაზრისითაც არის საყურადღებო, რომ რუსეთის პრემიერი ოფიციალურად, ფაქტობრივად, გაემიჯნა ამ ძალებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ კვლავ ვადასტურებ, რომ მზად ვართ კონსტრუქციულ ვითარებაში, ურთიერთპატივისცემით, ჩვენი ხალხების მეგობრობის შესანიშნავ ტრადიციებზე დაყრდნობით გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხება.
მინდა გაცნობოთ, რომ ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა დახმარების, მათი აღრიცხვის მოგვარებასა და შემდგომ სამშობლოში და- ბრუნებაში აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ, ევროკავშირთან, ლტოლვილთა სახალხო კომისარიატთან და სხვადასხვა ქვეყნებთან, და დარწმუნებული ვარ, შეიძლება, დღეს უკვე მზად არის მასალა, სპეციალური წერილით მივმართო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და ყველა სამსახურს, რომლებიც მოწოდებული არიან დაეხმარონ ქვეყნებს ექსტრემალურ სიტუაციაში.
საქართველოს სურს ჭეშმარიტად კეთილმეზობლური, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს ერთმორწმუნე რუსეთთან, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუძემდებლურ პრინციპთა ურთიერთპატივისცემის ურყევი პირობით.
რაც შეეხება ტერორისტებსა და დამნაშავეებს - იქნებიან ისინი ჩეჩნეთიდან თუ სხვა რეგიონებიდან, ყველამ იცოდეს: ისინი საქართველოში ვერ იპოვიან თავშესაფარს. ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის ახალი წყაროს შექმნას, ამიტომ ვიმოქმედებთ (ისევე როგორც რუსეთი) საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
საქართველო სწორედ ამიტომ იპყრობს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ვმოქმედებთ ცივილიზებული კანონების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის შემთხვევითი, თუ ევროკავშირის სამიტზე მიღებულ დოკუმენტში გაჩნდა უაღრესად მნიშვნელოვანი დებულება, რომლითაც ევროკავშირმა დიდი შეშფოთება გამოთქვა მთლიანად კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო და განსაკუთრებით ჩეჩნეთში მიმდინარე მოქმედებათა საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ევროკავშირის ძირითადი არგუმენტი იყო „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დაუშვებლობა“. იმავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, აქტიურად განიხილავს საქართველოში, კერძოდ, ჩეჩნეთის მოსაზღვრე რაიონებში ეუთოს მეთვალყურეთა გამოგზავნის შესაძლებლობას.
ვფიქრობ, ამით საბოლოოდ დაესმება წერტილი აგრესიულ ძალთა უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ ინსინუაციებს, აშკარა უსინდისო ტყუილს, თითქოს საქართველოდან ჩეჩნეთში მიდიოდეს იარაღი, გადმოდიოდნენ ტერორისტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
იმ ძალებმა თუ რაიმეს მიაღწიეს თავიანთი ცილისმწამებლური კამპანიით, - მიაღწიეს მხოლოდ იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ უფრო მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გახდა. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე უკვე მოგახსენეთ, - არანაკლებ ყურადსაღებია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეისა და თვით ნატოს საბჭოს განცხადებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.
შეუძლებელია არ ვთქვა, რომ რუსეთშიც არიან ძალები, ცნობილი მოღვაწეები, პოლიტიკოსები, რომლებიც სავსებით იზიარებენ ასეთ პოზიციას.
რა თქმა უნდა, ეს გაფრთხილებანი და განცხადებანი მიმართული, იყო მხოლოდ იმ ძალებისადმი, რომლებიც არ მალავენ აგრესიულ ზრახვებს საქართველოს მიმართ და თქვენ იცით, რომ ოფიციალურად ეს ტელეეკრანიდანაც არაერთხელ ითქვა.
ამიტომ, ისევ და ისევ მხოლოდ დიალოგით, ორმხრივი პატივისცემით ურთიერთხელსაყრელი კომპრომისებით, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით საქართველო და რუსეთი უეჭველად დაძლევენ ამჟამინდელ გაუგებრობას.
ჩვენმა ქვეყანამ არაერთგზის გამოხატა კეთილი ნება: - წინა მოწვევის პარლამენტმა ცალმხრივად დაამტკიცა, იურიდიული ძალა შესძინა რუსეთთან „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“ დიდ ხელშეკრულებას.
სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, ეს ხელშეკრულება დღემდე არ არის რატიფიცირებული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. თუმცა დრო საკმარისი იყო და სათათბიროს ხელმძღვანელთა მრავალი შეპირებაც მოვისმინეთ, მაგრამ ეს შეპირება ლიტონი სიტყვები აღმოჩნდა.
ასეთია ჩემი კომენტარი ამ საკითხზე.
- თქვენ ევროკავშირის სამიტი ახსენეთ. ჰელსინკის სამიტზე ევროკავშირის საბჭომ, შეიძლება ითქვას, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: იწყება დამამთავრებელი მოლაპარაკება თურქეთთან ევროკავშირში ამ ქვეყნის სრულუფლებიანი გაწევრიანების თაობაზე. დასახელდა კიდევ ექვსი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და მალტა. პრინციპში, ეს პროცესი რაღაცნაირად გვახსენებს იმ პროცესს, როცა ნატოში სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გაწევრიანდა, ანუ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში უკვე რეალობა ხდება და, ალბათ, რეალობა გახდება ეს დღეს თუ ხვალ ჩვენთვისაც...
- მადლობელი ვარ, რომ ასეთი შეკითხვა დასვით. სიმართლე გითხრათ, მე მაქვს შინაგანი მოთხოვნილება, რაღაცნაირად შევეხმიანო ამ მოვლენას. ევროკავშირის ჰელსინკის სამიტის გადაწყვეტილება მართლაც დიდმნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ დადასტურდა: ევროკავშირი ფართოვდება აღმოსავლეთისაკენ, მათ შორის, შავი ზღვის ქვეყნებისაკენ.
თქვენ, ალბათ, გახსოვთ „აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების“ თაობაზე გამართული დისკუსიის დროს საქართველოს პოზიცია: ჩვენ მივესალმეთ, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გაფართოებას, ევროგაერთიანებაში ახალი წევრების მიღებას. ამ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში შავი ზღვა ჭეშმარიტად „ევროპულ ზღვად“ გადაიქცევა, ვინაიდან შორს აღარ არის თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის გაწევრიანება ევროკავშირში, და ასევე უნდა აღინიშნოს უკრაინასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირურთიერთობათა ჩამოყალიბება. ამჯერად, განსაკუთრებით ხაზგასმით აღსანიშნავი და სასიხარულოა თურქეთის წარმატება. დღეს ამ თემას გამოვყოფ.
ევროკავშირმა ჩვენი მეზობელი ქვეყანა - თურქეთის რესპუბლიკა ევროგაერთიანებაში მიღების ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად აღიარა, რაც მეგობარი თურქი ხალხის, დემოკრატიული თურქეთის მართლაც დიდი გამარჯვებაა.
იმავდროულად, ამ გადაწყვეტილებით ევროპამ აღიარა ის გონივრული სტრატეგია და შორსმჭვრეტელური, პატრიოტული და დემოკრატიული კურსი, რომელსაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ახორციელებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.
სხვათა შორის, სულ მალე (კერძოდ, მაისში) თურქეთში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ღრმად მწამს, რომ თურქი ხალხი მისთვის ჩვეულ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
უნიკალურია სულეიმან დემირელის წვლილი და როლი მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. მე არ შემიძლია არ ვთქვა ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა: სულეიმან დემირელი ერთადერთი მოქმედი პოლიტიკოსია, რომლის ხელმოწერა ამშვენებს 1975 წლის ჰელსინკის ეპოქალურ „დასკვნით აქტს“.
თურქეთის პრეზიდენტი ჩვენი დიდი მეზობლის - თურქეთის სახელმწიფოს სტაბილურობისა და თანამედროვე განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მსოფლიო პოლიტიკისათვის ამ ქვეყნის მნიშვნელობის გათვალისწინებით. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა სტამბოლის „ათასწლეულის სამიტზე“. მე ასე დავარქმევდი „ათასწლეულის სამიტზე“.
მეზობელი და მეგობარი თურქეთის ყოველი გამარჯვება განსაკუთრებით გვახარებს, ვინაიდან ეს ხომ საქართველოს გამარჯვებაც არის. საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეძლევათ ისტორიული შანსი, უშუალოდ, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაუმეზობლდეს გაერთიანებულ ევროპას.
დიდმა ათა თურქმა, მინდა შეგახსენოთ ეს, თანამედროვე თურქეთის ფუძემდებელმა, თავის დროზე განაცხადა, რომ თურქეთი თვისობრივად დაინტერესებულია მეზობელი საქართველოს სიძლიერითა და სტაბილურობით, რათა საქართველო ბედნიერი და განვითარებული ქვეყანა იყოს.
სულეიმან დემირელი ათა თურქის საქმის ბრწყინვალე გამგრძელებელი და მემკვიდრეა, მე ვიტყოდი დამაგვირგვინებელიც არის, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის პირველი მოქალაქე და პირველი ლიდერი გულწრფელად ოცნებობდა მისი სამშობლო ევროპის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო ყველა თვალსაზრისით. ბატონი სულეიმან დემირელი ერთ-ერთი უპირველესი გახლდათ, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დახმარების ხელი გამოუწოდა. კარგად გახსოვთ მისი ჩამოსვლა იმ წლებში: იგი ჯერ კიდევ მაშინ ეწვია საქართველოს, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მისი პირველი ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ორი ქვეყნის უნიკალურ ურთიერთობას, მეგობრობასა და თანამშრომლობას.
ბატონი დემირელის განსაზღვრებით, საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის გასაღებია.
ვამაყობ, რომ ამ დიდ ადამიანთან, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტ შვილთან უაღრესად გულთბილი ადამიანური და ძმური ურთიერთობა მაკავშირებს.
ამავე დროს, ჩვენ, როგორც კოლეგები, ვთანამშრომლობთ იმ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანონ ქართველ და თურქ ხალხებს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი თურქეთი, მისი ადგილი საერთაშორისო პოლიტიკაში და სულეიმან დემირელი - განუყოფელია.
- თქვენ იმ პროექტებზე ისაუბრეთ, რომლებიც ამჟამად ხორციელდება საქართველოს უშუალო მონაწილეობით. გასულ კვირას გაიმართა თქვენი წიგნის „დიდი აბრეშუმის გზის“ პრეზენტაცია. იქამდე წიგნის პრეზენტაცია იყო გერმანიაში თქვენი ვიზიტის დროს.
- ეს წიგნი ქართული პოლიტიკური მსოფლმხედველობის ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი მიმართულების შეჯამების, მთლიანობაში კონცეპტუალურად გააზრების ცდა გახლავთ. საბოლოოდ მკითხველი განსჯის. თუმცა, ვფიქრობ, შევძელი საკმაოდ არგუმენტირებულად დამესაბუთებინა ამ კონცეფციის უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის.
მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ხელი შემიწყო ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში და ვინც იჩენს ინტერესს ყოველივე იმისადმი, რასაც ეს წიგნი წარმოადგენს და რა აზრებსაც მოიცავს.
- მაგრამ ერთ-ერთ გაზეთში ქილიკიც იყო: „მაშინ, როცა წიგნები თითქმის არ იბეჭდება, სახელმწიფო პრეზიდენტის წიგნს გამოსცემსო, და ა.შ.“
- კარგია, რომ ეს შეკითხვა დამისვით. არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანი იქნებოდა ეს პრეტენზია იმ შემთხვევაშიც კი, წიგნი რომ მართლა სახელმწიფოს ხარჯზე გამომეცა. ბოლოს და ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და სახელმწიფო პოლიტიკაზეა ლაპარაკი.
მაგრამ მე ჩავთვალე, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ბიუჯეტს მართლაც ძალიან უჭირს და ვერ ვახერხებთ ჩვენი შესანიშნავი მწერლების, პოეტების, მეცნიერების თხზულებათა გამოცემას, დაუშვებელია პრეზიდენტმა ისარგებლოს პრეროგატივით, თუნდაც ჰქონდეს ამის ფორმალური უფლება. ამიტომ წიგნი მთლიანად ავტორის ხარჯით არის გამოცემული „იმ დანაზოგისა თუ დანაგროვების მეშვეობით, რომელთა ოდენობა ზუსტად არის დაფიქსირებული საშემოსავლო დეკლარაციაში“. ისევე როგორც ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე იმ პიროვნე- ბას, რომელსაც ახლა ეჭვი ეპარება, შეუძლია გაეცნოს ჩემი წიგნის გამოცემის ხარჯთაღრიცხვას, კერძოდ, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში.
- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება ეკონომიკური, საბიუჯეტო და ენერგეტიკული პრობლემატიკისადმი იყო მიპყრობილი. მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, გრძელდება ბიუჯეტის განხილვა. საკმაოდ გამწვავდა ენერგეტიკული ვითარება. რას გამოჰყოფდით ამ ტიპის მოვლენებიდან?
- სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია. - გასულ კვირას მე შევხვდი მისიის წევრებსა და ხელმძღვანელებს. ვფიქრობ, დიალოგი საერთოდ კონსტრუქციულად წარიმართა. აქვე კატეგორიულად არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს სავალუტო ფონდს შეეწყვიტოს საქართველოსთან თანამშრომლობა. ეს სრული სიცრუეა. საქართველომ „ისააფის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხა, უდიდეს საბიუჯეტო სირთულეთა მიუხედავად, უკანასკნელ ცენტამდე მიიღო. ამჟამად იწყება ახალი პროგრამა. მიიღო, მაგრამ კიდევ არის დარჩენილი ერთი ტრანში, რომელიც, თუ ბიუჯეტის განხილვა ნორმალურად წარიმართა, შეიძლება თებერვალ-მარტისათვის დამატებით მივიღოთ მსოფლიო ბანკისაგან.
ახალი პროგრამა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, სხვა პრინციპების საფუძველზე უნდა შეიქმნას, ვინაიდან მას სხვა ფუნქცია აქვს.
სავალუტო ფონდმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პროგრამის შედგენისა და განხორციელებისათვის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით თავისი მიდგომა და მოქმედების ტაქტიკა შეცვალა: იგი უკვე ჩამოდის არა „მზა რეცეპტებით“, არამედ ჩვენგან ელის წინადადებებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში აფინანსებს პროგრამას, თუ იგი რეალისტური და ეკონომიკურად მიზანშეწონილია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავინდებურად რჩება საქართველოს უმთავრეს პარტნიორად მსოფლიო ფინანსურ ორგანიზაციათა შორის - მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან და მეგობარ ქვეყნებთან ერთად.
ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელთაც თანამშრომლობის გასაგრძელებლად გვთავაზობენ, მკაცრია, მაგრამ სავსებით სამართლიანი და მიზანშეწონილი.
აბა, რა არის „უსამართლო“ იმ მოთხოვნაში, რომ სახელმწიფომ, რომელსაც ასობით მილიონი დოლარი შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტი გამოუყვეს სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უნდა შეძლოს, როგორც წინა ინტერვიუში ვთქვით, ძირითადი სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესრულება: გადასახადების აკრეფა და ბიუჯეტის შევსება - სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო მექანიზმის, სოციალური პროგრამების, შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო აპარატის, განათლების, ჯანდაცვის დასაფინანსებლად, პენსიების გასაცემად.
იოტისოდენა ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამ პრობლემას დავძლევთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს.
მომავალი ახალი პროგრამის ძირითადი არსი კი, და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა და სიღატაკის დაძლევა, სიღატაკის აღმოფხვრა იქნება.
რადიომსმენელსა და მკითხველს ვთხოვ, ამ მომენტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, - ლაპარაკია სიღატაკის საბოლოო აღმოფხვრასა და სრულიად ახალი სოციალური გარემოს შექმნაზე საქართველოში. ეს იქნება ახალი სამწლიანი პროგრამა.
შემთხვევითი არ არის, რომ მომავალი საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში უკვე აქტიურად ვმუშაობთ სოციალური განვითარების თვისობრივად ახალ გეგმაზე, რომელიც „სოციალური ეკონომიკის“ მექანიზმების შექმნასა და ამოქმედებას ითვალისწინებს. ნაგულისხმევია სრულიად ახალი სადაზღვეო სისტემა საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში და მრავალი სხვა. ამჟამად მთავარია, პარლამენტმა დაამტკიცოს რეალური ბიუჯეტი. ეს ძალიან რთული ბიუჯეტია, უნდა გითხრათ, რომ იოლად დასამტკიცებელი არ იქნება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.
რა თქმა უნდა, იგი მეტად მკაცრ ფინანსურ ჩარჩოებშია მოქცეული. ჩვენს შინაურ „ცოდვებთან“ ერთად მიზეზებზე თუ ვილაპარაკებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფინანსური კრიზისის დამანგრეველი ტალღაც, რომელიც ასე მძიმედ აისახა ჩვენი ბიუჯეტის შემოსავალში. მომავალი წლის ბიუჯეტი აგრეთვე სოციალური მიმართულებისა იქნება.
იგი პრიორიტეტულად გაითვალისწინებს უმწეო ადამიანებისათვის სახელმწიფო დავალიანების დაფარვას. არ გამოვრიცხავ, რომ იძულებული გავხდებით შევკვეცოთ ცალკეული დარგების დაფინანსება. რაოდენ ძნელიც უნდა იყოს, უნდა ვთქვათ, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც დროებითი მოვლენაა - წლის მეორე ნახევრიდან უკვე გამოიკვეთა ძალიან დადებითი ტენდენციები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და სხვა დარგებში, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენ მომავალ წელს ბიუჯეტს გადამეტებითი შემოსავლის სერიოზული რეზერვი გვექნება.
გამოცოცხლების ამ სიმპტომებს სწორედ ხანგრძლივმოქმედი ტენდენციების ხასიათი აქვს.
კვლავინდებურად სერიოზული პრობლემაა ენერგეტიკული კრიზისი, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში კრიზისი, მისი განსაკუთრებული გამწვავება ამ ბოლო დღეებში ზოგიერთი უწყებისა და თანამდებობის პირის იმ სურვილმა განაპირობა, რომ როგორმე თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში კამათსა და დისკუსიას გამოიწვევს.
შაბათს გამართულ სხდომაზე მე ვთქვი, რომ მზად ვარ პირადად მოვაწერო ხელი (თუ სხვას ეშინია) ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნისათვის. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება ქვეყანაში ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას პრეზიდენტი კისრულობდეს, სხვები კი ამ პასუხისმგებლობას მუდმივად გაურბოდნენ. ასე სრულ აბსურდამდე მივალთ და მუდმივ დისკუსიებსა და მუდმივ დებატებს ბოლო არ ექნება. წინა რადიოინტერვიუში არ მოვერიდე პირდაპირ განმეცხადებინა ჩემი პოზიცია გახმაურებულ ტენდერთან დაკავშირებით. ლაპარაკია „თბილგაზთან“ და „იტერასთან“ თანამშრომლობაზე. სხვა საკითხია, რა პრინციპებით იქნება და რა პირობებში განხორციელდება, მაგრამ მე პრინციპში ვლაპარაკობ „იტერასთან“ თანამშრომლობაზე. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ რუსეთი არ უნდა შემოვუშვათ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე. ეს უმწიფარი და უცოდინარი ადამიანების პოზიცია გახლავთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს 2-3 წელიწადში ასეთი მოთხოვნის წამოყენება სრული უაზრობა, უვიცობა და საკუთარი ქვეყნის მტრობაა. არ უნდა ვითანამშრომლოთ „გაზპრომთან“, როგორც გვთავაზობენ, „იტერასთან“ და ა.შ. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას საქართველოსათვის საარსებო მნიშვნელობა აქვს. მე მრეწველობაზე აღარაფერს ვამბობ. თავისთავად მთელი მრეწველობა გაჩერდება, მთელი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი ხელიდან გამოგვეცლება და ასე შემდეგ. თბილისში 30 ათასამდე ოჯახი იღებს გაზს, გაზიფიცირებულია და მომავალ წელს ეს გაორმაგდება და გასამკეცდება. რუსთავი გაზიფიცირებულია და ასე მრავალი სხვა რაიონიც. ამაზეა დამოკიდებული ელექტროენერგეტიკა, მრეწველობა, რაც მთავარია, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის არც ერთი წყარო არ უნდა დაიხუროს და არ უნდა დაიგმანოს. იცით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ბატონი ალიევი ყოველ ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს აზერბაიჯანის გაზი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აზერბაიჯანსაც უჭირს და ჯერჯერობით მას სერიოზული დეფიციტი აქვს. არც საკუთარი გაზი გვაქვს ახლა. კი აღმოჩნდა რაღაც და 5000-6000 კუბურ მეტრს ვაწვდით თბილსრესს, მაგრამ ეს წვეთია ზღვაში, ეს საკმარისი არ არის.
წარმოიდგინეთ, ისეთი გრანდიოზული ქვეყანაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, აკანონებს (ესე იგი, სპეციალური აქტით ამტკიცებს) ენერგიის წყაროთა მრავალვარი- ანტულობის პრინციპს, რათა მხოლოდ ერთ წყაროზე არ იყოს დამოკიდებული. შესანიშნავად ვიცი, რომ გვაქვს სხვა წყაროებიც. მაგრამ გაუგებარია ზოგიერთთა „მეტისმეტი“ ეჭვიანობის გამო, რატომ უნდა ვთქვათ უარი ისეთ ენერგეტიკულ გიგანტთან თანამშრომლობაზე, როგორიც რუსეთია?
მინისტრი (თუ იგი თავის ადგილზეა და თუ დარწმუნებულია საკუთარ პატიოსნებაში) ასეთი საკითხების განხილვისას უნდა იღებდეს პრინციპულ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებანი საბოლოო უნდა იყოს. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება და ვერც ერთ ჟურნალისტს ვერავინ აუკრძალავს გამოთქვას თავისი აზრი, მაგრამ ვერც მინისტრსა და სახელმწიფო მოღვაწეს აუკრძალავს ვინმე კანონისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილება და პასუხიც აგოს ამისათვის.
შეიძლება გაილანძღოს, შეიძლება ათასი ცილი დასწამონ, ათასი რამ მოუგონონ, მაგრამ მთავარია თანამდებობის პირი, მინისტრი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, პირნათელი იყოს საკუთარი სინდისისა და კანონის წინაშე. მაშინ არაფრის არ უნდა გეშინოდეს და უნდა იმოქმედო საკუთარი ძალების რწმენით.
შაბათ-კვირას ენერგეტიკაში ვითარება უკიდურესად გამწვავდა სწორედ იმის გამო, რომ იმან, ვისაც ეს ევალება, დროულად არ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება და „იტერამ“ გაზის მოწოდება შეწყვიტა. კატასტროფის წინაშე ვიდექით და უნდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრი ოპერატიულად ჩაერია საქმეში. მან მოიწვია „იტერას“ დელეგაცია საქართველოში და გარკვეულწილად ჩავერიეთ მეც და სახელმწიფო მინისტრიც და მან მიიღო საგანგებო ზომები. ახლა კომპრომისი მიღწეულია, საქართველო გაზს იღებს და საწარმოებიც მუშაობს. თუმცა, მე მინდა დავამშვიდო მოსახლეობა (მარტო ტრაგიკული სურათი არ უნდა დავხატო): საქართველოს აქვს დაგროვილი საკმაოდ დიდი ენერგეტიკული რესურსი, რათა შედარებით, ვიმეორებ, შედარებით ნორმალურად, უკეთ გამოვიზამთროთ, ვიდრე წინა წლებში. გაიზრდება გაზის რესურსები. საკმარისია ითქვას, რომ ჰიდროელექტროსადგურებში წყლის მარაგი თითქმის 50 პროცენტით აღემატება შარშანდელ დონეს. მინდა გითხრათ, რომ ყოველ მეტრ ამ წყლის მარაგს ყოველ დილით ვაკონტროლებ და სათანადო ცნობებსაც ვიღებ. მთავრდება თბილსრესის პრივატიზების თაობაზე ხელშეკრულებათა მთელი პაკეტის მომზადება. თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 აგრეგატებს ეყოლება შემძლე და გერგილიანი მფლობელი - ამერიკული კომპანია „აესი“, რომელმაც უკვე ათობით მილიონი დოლარი ინვესტიცია დააბანდა თელასის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისათვის. სხვათა შორის, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც გვეუბნებიან, რას უშვებით იმ ვალებს, რომელთა ხარჯზე, ფაქტობრივად, აშენდა ეს ორი ბლოკი, რომლებიც იყიდებაო. მინდა გითხრათ, რომ ეს ამერიკული კომპანია თვითონ კისრულობს ვალდებულებას, გაისტუმროს ვალები სახელმწიფოს ნაცვლად, და ვალში არ რჩება.
მაგრამ იმავდროულად იმასაც უნდა შევეგუოთ და თანაც რა არის მთავარი - ეს არის გადახდისუნარიანი კომპანია და, რა თქმა უნდა, მას არც „იტერასთან“ გაუჭირდება ურთიერთობა, არც აზერბაიჯანთან და არც ჩვენი გაზის მომპოვებლებთან, ამავე დროს, იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ კერძო მეპატრონე ელექტროენერგიას უფასოდ არავის მისცემს, თუ სახელმწიფო არ იკისრებს ამ ხარჯებს. საერთოდ, საქართველო იყო (და ჯერჯერობით არის კიდეც) მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უფასოდ ამარაგებს ელექტროენერგიით მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს. პრაქტიკულად ეს ასეა.
როგორც კი ეს პრაქტიკა დასრულდება, დასრულდება ენერგეტიკული კრიზისის ეპოქაც საქართველოში. ჯერჯერობით მდგომარეობა კვლავ რთულია. ამიტომ ვთხოვ ენერგეტიკის ახალ მინისტრს, ბატონ მირცხულავას, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, მრეწველობის მინისტრთან, სხვა უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად დაეხმაროს წარმოებას, რათა იგი ფეხზე დადგეს და არ დაშრეს ის წყარო, საიდანაც უნდა შეივსოს ბიუჯეტი წელსაც და გაისადაც.
რაც შეეხება სიგნალებს, მასალებს ენერგეტიკაში დაშვებულ ბოროტმოქმედებათა შესახებ. ახლა ბევრი ლაპარაკია ტელეპროგრამებში, გაზეთებში და ასე შემდეგ (და ამაში არაფერია ცუდი) საჭიროა პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და ნათელი მოჰფინოს ყველა იმ საკითხს, რომლებიც გარკვეულ ეჭვებს იწვევს.
- და ბოლო კითხვა: გასულ კვირას ყურადღების ცენტრში იყო გიორგი ბარამიძის თემა - მაღალი მინისტრის პოსტი დაეკავებინა. როგორ გგონიათ, თუკი დეპუტატის მანდატის გარეშე მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ამ პოსტზე თავს დაცულად ვერ გრძნობს, როგორ უნდა იგრძნონ დაცულად თავი სხვა მინისტრებმა?
- მინდა ასე გიპასუხოთ: - თქვენ კარგად იცით, რომ მე პრინციპში სადეპუტატო იმუნიტეტის წინააღმდეგი ვარ, და ყველანი თანაბარი უნდა ვიყოთ კანონის წინაშე. ვფიქრობ, პარლამენტში იმსჯელებენ ამაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღება, კარგად ვიცი, იოლი არ იქნება. რაც შეეხება გია ბარამიძის პოზიციას, ვერაფერს დავუმატებ იმას, რაც მან უკვე თქვა. და თქვა არაერთხელ ტელევიზიასთან და პრესასთან ურთიერთობისას. არ შეიძლება მინისტრობა მიუსაჯო ადამიანს. მე მას ვთხოვე, ეკისრა ეს ვალდებულება. თითქოს დამთანხმდა, მაგრამ ასეთნაირად, ამ მოტივის გამო გართულდა ეს მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ მე გაგებით ვეკიდები მის არგუმენტებს, თუმცა არჩევნებში (ამას განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ყველას საყურადღებოდ) გამარჯვებული პარტიის თითოეული წევრი ყველაზე ძნელი გამოცდისათვის უნდა იყოს მზად. ეს, ალბათ, გიამაც უნდა იცოდეს და ამ პარტიის, რომელსაც საპარლამენტო ადგილების 65 პროცენტი ეკუთვნის, მგონი, ცოტა მეტიც, წევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ გამარჯვება თავისით არ მოსულა. ეს დაკავშირებულია ხალხის იმედთან და თუ საჭიროა, თავგანწირვისათვის მზად უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი.
საქინფორმი.
„მომავალი ახალი პროგრამის ძირითადი არსი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა და სიღატაკის დაძლევა, მისი საბოლოო აღმოფხვრა და სრულიად ახალი სოციალური გარემოს შექმნა იქნება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 14 დეკემბერი. - №338 (3379). - 1, 2 გვ.
![]() |
89 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
1999 წლის 13 დეკემბერი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ხომ არ გადაწყვეტილა, ვინ დაინიშნება შემოსავლების სამინისტროს ხელმძღვანელად? იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი გია ბარამიძის სურვილი - მინისტრობასთან ერთად შეენარჩუნებინა პარლამენტარის უფლებამოსილება?
ედუარდ შევარდნაძე: ვიმედოვნებ, ამ დღეებში ცნობილი გახდება, ვინ დაინიშნება. საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ გაჭიანურება არ შეიძლება. გიორგი ბარამიძის სურვილი, დარჩენილიყო პარლამენტშიც, ჩემთვის ცნობილი იყო; მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ როგორადაც უნდა გადაწყვეტილიყო ეს საქმე, მას პასუხისმგებლობა უნდა ეკისრა. თითქოს შევთანხმდით კიდეც, თუმცა მას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. მე უკვე ვთქვი, რომ იმ პარტიის წევრები, რომელმაც არჩევნებში ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მზად უნდა იყვნენ ყველაზე ძნელი გამოცდისათვის, მათ შორის, ისეთი სამუშაოსთვისაც, რომელიც თავგანწირვას მოითხოვს. შემოსავლების სამინისტრო კი სწორედ ის უბანია, სადაც საჭიროა თავგანწირვა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: რამდენად შეეფერება სინამდვილეს გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ანტიკორუფციულ კომისიას ირინა სარიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ტერორისტული აქტის მცდელობაში დაადანაშაულა?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით ეს კომისია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მონახაზები, აგრეთვე პრეზიდენტის მოხსენების მონახაზები ანტიკორუფციულ ღონისძიებათა თაობაზე და კანონპროექტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ასე რომ, უაზრობაა კანონის მიღებამდე კანდიდატურაზე ფიქრი. კანდიდატურაზე კი მიფიქრია, მაგრამ გადაწყვეტილება შინაგანადაც არ მიმიღია. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, გთხოვთ, ნუ ჩამრევთ სარიშვილისა და სააკაშვილის დისკუსიებში.
„ელიზი ნიუსი“: მართალია თუ არა ინფორმაცია დავით თევზაძის გადადგომის შესახებ?
ედუარდ შევარდნაძე: დავით თევზაძეს გადადგომაზე განცხადება არ გაუკეთებია. მუშაობს ძალიან აქტიურად და დაძაბულად. თუ წუხელ გადაწყვიტა რამე და ხმა ვერ მომაწვდინა, ეს სხვა საკითხია. გუშინწინ მე მას შევხვდი და ძალიან სერიოზულ საკითხებზე ვისაუბრეთ.
„პრაიმ-ნიუსი“: იმოქმედებს თუ არა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაზე სერგეი ბაღაფშის გადაყენება?
ედუარდ შევარდნაძე: არა მგონია, ამან რამე შეცვალოს. მართალია, ბაღაფში გამოხატავდა გარკვეულ დაინტერესებას კონფლიქტის მოგვარების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მაგრამ იგი არძინბას გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. დღევანდელ აფხაზეთში გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთ კაცზეა დამოკიდებული.
„პრაიმ-ნიუსი“: იგეგმება თუ არა თქვენი შეხვედრა ლუდვიგ ჩიბიროვთან?
ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უკვე მომწიფდა, ჩიბიროვთან ჩემი შეხვედრა საჭიროა. თუ არ ვცდები, ისიც ასე ფიქრობს. შეხ- ვედრამდე რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი.
„როიტერი“: კვირის ბოლოს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს სუვერენულ სახელმწიფოსთან, საქართველოს შეუძლებელია არ აინტერესებდეს, ვინ მოვა რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ, იქნება კიდევ უფრო წითელი რუსეთის მომავალი სათათბირო?
ედუარდ შევარდნაძე: გამიჭირდება ამ თემაზე რაიმე თქვენთვის საინტერესო გითხრათ. გუშინ ყურადღებით მოვუსმინე ევგენი პრიმაკოვის გამოსვლას, მაგრამ მისი გამოსვლიდანაც ძნელი მისახვედრია, ვინ მოვა, ვის აქვს უპირატესობა. გვერდიდან თუ შევხედავთ, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: სახელმწიფო სათათბირო უფრო წითელი, ვფიქრობ, არ გახდება. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსეთის შესაბამის ძალებზე ორიენტირებული ვერც ერთი კომუნისტი ფუნდამენტალისტი ჩვენს პარლამენტში ვერ მოხვდა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
ტელეკომპანია „ტვ-6“: გასულ კვირას რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა საქართველოს წაუყენეს ბრალდება, რომ თბილისში, საავიაციო ქარხანაში მზადდება ნაღმმტყორცნები ჩეჩენი ბოევიკებისათვის. როგორ უპასუხებდით ამ ბრალდებას?
ედუარდ შევარდნაძე: სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებია. პუტინის გამოსვლის შემდეგ, ვიმედოვნებ, ბრალდებები მთლიანად მოიხსნება. მათ შესანიშნავად ესმით, რომ იარაღს არც ვყიდით, არც არავის ვაწვდით. ეს გამორიცხულია, რადგან იარაღის ის მიზერული რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ, ჩვენსავე ჯარს სჭირდება და მასაც არ ჰყოფნის.
ტელეკომპანია „ტვ-6“: რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში? ბოლო მონაცემებით, იქ თავმოყრილი ლტოლვილები სოციალურ და ყოფით სიძნელეებს განიცდიან. გახშირდა ქურდობის შემთხვევები. რა ინფორმაციას ფლობთ და როგორ აფასებთ მდგომარეობას ამ რეგიონში?
ედუარდ შევარდნაძე: ხეობაში რთული მდგომარეობაა. იქაური სოფლების მცირერიცხოვანი მოსახლეობის რესურსები შეზღუდულია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება: საქართველოს პრეზიდენტს აქვს მცირე რეზერვები. გამოვყავით ხორბლისა და სხვა პროდუქტის გარკვეული რაოდენობა, ხვალ წარმომადგენლები გაემგზავრებიან. არ გამოვრიცხავ, რომ ქალაქის მერიის ხელმძღვანელობაც გამონახავს საშუალებას და დაეხმარება უმწეო ხალხს.
გაზეთი „მენორა“: მოსალოდნელია, რომ თქვენ ისრაელში გაემგზავრებით მაცხოვრის დაბადების 2000 წელთან დაკავშირებით. იგეგმება თუ არა შეხვედრები ისრაელის ხელმძღვანელობასთან?
ედუარდ შევარდნაძე: ეს ძალიან სასურველი ვიზიტია. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მაგრამ, ალბათ, მაინც მოვახერხებ წასვლას თუნდაც ერთი დღით ან დღენახევრით. ჩემი დიდი სურვილია შევხვდე ისრაელის პრეზიდენტს. თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს. გუშინ გავაგზავნეთ განაცხადი პრემიერმინისტრთან შეხვედრის თაობაზე. იქ სხვა პრეზიდენტებიც იქნებიან, თითქმის ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის ხელმძღვანელი, მათ შორის ბორის ელცინი გეგმავს ისრაელში გამგზავრებას.
გაზეთი „რეზონანსი“: გერმანულმა ჟურნალმა „ფოკუსმა“ ამერიკულ მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც უარყოფითად არის შეფასებული გახმაურებული თხილის ბიზნესი. მეორე მხრივ, ხომ არ არის ეს ამერიკული კაპიტალის მეშვეობით ასლან აბაშიძის პრორუსული რელსებიდან გადაყვანის მცდელობა?
ედუარდ შევარდნაძე: არ მინდა ამ შეკითხვაზე დეტალური პასუხის გაცემა. ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ რამდენიმე წერილში გამოთქმული იყო უარყოფითი რეაქცია. საკითხის გააქტიურება შეიძლება იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ ჰილარი კლინტონი აპირებს კენჭისყრას სენატში, ხოლო ამ პროგრამის არაპოპულარულობის მიზეზი თუნდაც საქართველოში და თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ის, რომ მასთან დაკავშირებულია ისეთი ხალხი, რომელიც წესით, ბიზნესში არ უნდა იყოს. გვარებს ნუ დამასახელებინებთ. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც უკვე ჩაიდინეს დანაშაული. ერთ-ერთი მათგანი ცნობილია, როგორც შავი ფულის გათეთრების „სპეციალისტი“. ვიმეორებ იმას, რაც იწერება. აქ აბაშიძე-შევარდნაძის ურთიერთობა არაფერ შუაშია, ბიზნესი ბიზნესია. თუ ამერიკის შეერთებულ შტატების ხელისუფლება მას ჩათვლის სამართლიან, მომგებიან და წესიერ ბიზნესად, არა მგონია, წინააღმდეგი წავიდეს.
გაზეთი „რეზონანსი“: 2000 წლისათვის ელოდებიან შეწყალების მასშტაბურ აქციას, მათ შორის ჯაბა იოსელიანის შეწყალებას.
ედუარდ შევარდნაძე: შეუძლებელია იმაზე მეტი შეწყალება, რაც მე გავაკეთე. სხვათა შორის, საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო რამდენიმე ათასი კაცის შეწყალება. ფხიზლად ვადევნებ თვალს, როგორ ცხოვრობენ, იქცევიან ისინი. ჯერჯერობით, მათ არ შევურცხვენივართ 1-2 პროცენტის გამოკლებით. მომავლისათვის არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპზე, არა მგონია, დიდი შეწყალება კიდევ მოხდეს. რაც შეეხება ჯაბა იოსელიანს, მე ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ. მაგრამ უნდა მოვიდეს ის დრო, როცა გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება.
გაზეთი „რეზონანსი“: თქვენ გაზთან დაკავშირებით ბრძანეთ, რომ არ შეიძლება ერთ წყაროზე დაყრდნობა. იგივე თეზა შეიძლება განვავრცოთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება თუ არა ერთ პოლიტიკურ ძალაზე დაყრდნობა და მისი დომინირება ქვეყანაში?
ედუარდ შევარდნაძე: არა მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთ ძალას ეყრდნობოდეს და ვთვლი, რომ ეს შენიშვნა მე არ მეკუთვნის. მაგრამ არის უმრავლესობა და თუ ვაღიარებთ, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა წამყვანი გახდა. მაგრამ ეს ამ პარტიის წევრთა პასუხისმგებლობას ამაღლებს და აძლიერებს. გამარჯვება მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ამავე დროს, ყველა ზომას ვიღებთ, რომ უმცირესობის უფლებები დაცული იყოს. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარეობს ელემენტარული ჭეშმარიტება - უმცირესობას აქვს თავისი უფლება, რომელიც არ უნდა შეილახოს. ამას პარლამენტი ჯერჯერობით ახერხებს. ჯერჯერობით, მთავრობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ გაგვიხორციელებია. თუ მომავალში ეს გაკეთდება, არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც ბევრი მეგულება ისეთი, ვისი გამოყენება შეიძლება. მე არ მაქვს შეუთავსებლობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას გამოადგებიან. ჩვენს მთავრობაში არიან სხვა პარტიების წარმომადგენლები, უპარტიოები, მაგალითად, ვალერი ვაშაკიძე, რომელიც თავის დროზე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აქტიური წევრი იყო (ეს საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა). ვალერი ვაშაკიძე არის ქვეყნის ერთგული მოღვაწე, რომელიც ყველაფერს აკეთებს ლტოლვილებისათვის მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად. შემიძლია სხვა მაგალითების მოყვანაც. მომავალშიც ვფიქრობ ოპოზიციის წარმომადგენლების გამოყენებას, რათა არ იყოს ერთი ძალის მონოპოლია.
„მოსკოვსკიე ნოვოსტი“: კორუფციასთან ბრძოლის მცდელობა თქვენ წინა რეჟიმის პერიოდშიც გქონდათ, მაგრამ მაშინაც და ახლაც გარემოცვის, ნათესაობის პრობლემა იდგა. ერთ-ერთ პლენუმზე თქვენ ინაურს მიმართეთ, რომ დაგიცვან თქვენი მოგვარეებისა და ნათესავებისაგან. დღეს საქართველოში ინაურების მოძებნა ცოტა რთულია. ამასთან დაკავშირებით, თქვენი ბოლოდროინდელი დეკლარაციები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ, პოპულისტურ ნაბიჯად რომ არ ჩაითვალოს, თუ შეგიძლიათ გამოკვეთოთ პრი- ორიტეტები - და რა რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით და რა მექანიზმების ჩადება გსურთ ამ კუთხით?
ედუარდ შევარდნაძე: იმდენად კრიტიკის გამძაფრება არ მაწუხებს, რამდენადაც რეალური მდგომარეობა, რომელიც, მართლაც, მოუთმენელია საქართველოში და მე დაუფარავად, პირდაპირ და აშკარად ვთქვი ამის შესახებ. ეს ეხება ნათესავსაც, მეგობარსაც და არანათესავსაც. მდგომარეობა საგანგაშოა. დღემდე ქვეყანა მზად არ იყო. არც ახლა ვართ ყველაფრის შემძლე. თქვენ იცით, ვის, რა მექანიზმების მეშვეობით უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. უწინარესად, ეს არის სამართალდამცავი ორგანოები. მხედველობაში მაქვს კორუმპირებული ადამიანების მხილება და მათი, შესაბამისად, დასჯა. ძალიან ძნელია ამ ამოცანის ისე გადაწყვეტა, როგორც ჩვენ გვინდა. ვიდრე მოუგვარებელი იქნება ნორმალური ხელფასების დანიშვნა იმ ადამიანებისათვის, ვინც უნდა ებრძოლოს კორუმპირებულ ძალებს. ჯერჯერობით, ამის სა- შუალება ქვეყანას არ აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე უკვე განვაცხადე, ბრძოლა უნდა დავიწყოთ; უფრო ზუსტად, უნდა გავაძლიეროთ. უნდა შეიქმნას სათანადო სპეციალიზებული ორგანო, რომელიც არ იქნება მრავალრიცხოვანი, მაგრამ აქ უნდა მუშა- ობდნენ მაღალხელფასიანი სპეციალისტები - ეკონომისტები, ფინანსისტები და ოპერატიული მუშაკების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ მაღალი ხელფასი. ეს სამსახური სასწაულს ვერ მოახდენს, მაგრამ გარკვეულ გარდატეხას ადამიანთა შეგნებაში შეიტანს. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეგრეთწოდებული ნათესავების და სხვების პრობლემა. მე მომხრე ვარ, რომ პარლამენტის წევრებს იმუნიტეტი მოეხსნათ. რა თქმა უნდა, ყოვლად გაუგებარი იქნება: თუ პარლამენტარებისათვის იმუნიტეტის მოხსნას ვაპირებთ, პრეზიდენტი თავის ნათესავებს რა იმუნიტეტს შეუნარჩუნებს?! ათასჯერ განმიცხადებია, კონკრეტული დავალებებიც მიმიცია ჩვენი სამართალდამცავებისათვის - ნახეთ, შეამოწმეთ და ზომები მიიღეთ. ძველ დროშიც იყო ამგვარი რამ და ახლაც ასეა. ვფიქრობ, რომ ამ საერთო ტალღის გაძლიერებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომ კორუფციასთან ბრძოლაში გარდატეხა შევიტანოთ. ყველაზე მეტად ერთი რამის მეშინია: როცა იწყება დიდი მოძრაობა კორუფციის წინააღმდეგ - არ გაგვიტაცოს წვრილმანმა დარღვევებმა. გაჭირვებულ ადამიანს, უხელფასოსა და უპენსიოს, რომელსაც ხელი წაუცდება, რადგან არსებობის სხვა წყარო არ გააჩნია, ჩაავლე- ბენ ხელს და გაასამართლებენ. დაზღვევის მექანიზმები თუ სადმე უნდა არსებობდეს, აქ უნდა იყოს. ძირითადი ბრძოლა ორიენტირებული უნდა იყოს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამინდს ქმნიან კორუმპირებულობის თვალსაზრისით. ეს ყველას ეხება - ნათესავსაც, არანათესავსაც, ძველ თუ ახალ მეგობარს, ეს ყველაზე უნდა გავრცელდეს. შევეცდები, მოსაზრებები ჩემს მოხსენებაში ჩამოვაყალიბო, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენ და, ალბათ, ეს იმ კანონპროექტშიც აისახება, რომელსაც პარლამენტი განიხილავს და იმ სამსახურის დებულებაშიც, რომლის შექმნა აუცილებელია.
„მოსკოვსკიე ნოვოსტი“: არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კორუფციის საგანი არის ბიუჯეტი. ამას წინათ ერთ-ერთ თათბირზე პირდაპირ განაცხადეთ: თუ ამ დარბაზში მოისპობა კორუფცია, მაშინ ის საერთოდ აღარ იქნებაო. მსურს შეგახსენოთ: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ძმები თევზაძეების საკითხი თქვენს წინაშე დავაყენე და გარკვეული მასალებიც გადმოგეცით, მაგრამ მაშინ თქვენ ბრძანეთ, რომ ძიებაშია საქმე. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე აღიძრა პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, გატყობთ, რომ თქვენ აყოვნებთ და გაწყობთ, გასვრილი ხელმძღვანელები გყავდეთ უწყების სათავეში, ვინაიდან ასე იოლია მართვა.
ედუარდ შევარდნაძე: ეს არის პრიმიტიული გაგება ჩემი მოვალეობებისა, რომ, თითქოს, პრეზიდენტს სჭირდება რაღაცაზე ან ვიღაცაზე ყურადღების გადატანა, რომ თვითონ მერე ანგელოზად გამოიყურებოდეს. ჩემი ცხოვრების წესი ასეთი იყო - ყოველთვის ვიყავი ბრძოლის ცენტრში, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით - საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეცლის პროკურორს, გამომძიებელს, მოსამართლეს. როგორც კი ეს მოხდება, საქართველოში დაიწყება განუკითხაობა, 1937 წელზე უარესი ამბები დატრიალდება. იმ ძველ დროში რაღაც კონტროლი მაინც არსებობდა. ახლა ჩვენი თავი ჩვენვე რომ გვეკუთვნის და ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრონი, როგორც კი ფუნქციების აღრევა მოხდება, როგორც კი პრეზიდენტი დაიწყებს გამომძიებლების, მოსამართლეების დაბარებას, პრეზიდენტმა შეიძლება ისეთი შეცდომები დაუშვას, რომლებიც გამოუსწორებელი იქნება და მომავალი თაობების მეხსიერებაში დარჩება. მე შემიძლია ეს გავაკეთო: ვინც უნდა დავიბარო, რომელი პროკურორი თუ მოსამართლეც უნდა იყოს, მოვა და მომისმენს. თუკი ვიკადრე და რაღაც მითითებები მივეცი, ისინი ამას შეასრულებენ. მაგრამ ჩემი მხრიდან ეს იქნება უკანონობა, კონსტიტუციის დარღვევა და უფლებების გადაჭარბება. ამაზე მე ვერ წავალ. ამიტომ მიმაჩნია, რომ რაღაც ორგანო კიდევ უნდა არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტსაც მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას, პარლამენტსაც და საზოგადოებასაც. ასეთი ორგანო უნდა არსებობდეს. აი, ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომელსაც მე ვხედავ. არავითარი მცდელობა იმისა, რომ ვიღაცამ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, არ იქნება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ფუნქციების აღრევის გამორიცხვა.
„დილის გაზეთი“: წლეულს მაისში, მოქალაქეთა კავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას თქვენ დაადასტურეთ, რომ მზად ხართ იყაროთ კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, ბოლო ხანებში თქვენს გამოსვლებში რაღაც ეჭვმა გაიჟღერა. თქვენ აცხადებთ, რომ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული. რატომ მოხდა ასე?
ედუარდ შევარდნაძე: მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, - თუ გადავწყვიტე. კიდევ ასეთი ფრაზა მაქვს ნათქვამი - იძულებული ვიქნები გადავწყვიტო. სხვა ვარიანტს რომ ვხედავდე, შედარებით უკეთესს, დღესვე მოვხსნიდი ამ საკითხს. მაგრამ მე თვალყური კიდევ უნდა ვადევნო საზოგადოებრივი აზრის განვითარებას. იქნებ, მართლა გამოჩნდეს ვიღაც ისეთი, რომელიც მომცემს საშუალებას ვთქვა, რომ ამ პიროვნებას მხარს ვუჭერ და მაქვს მორალური უფლება, მოვითხოვო დასვენება. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მომიხსნია, მაგრამ არც გამომიცხადებია, რომ მზად ვარ, კენჭი ვიყარო. თვალ-ყურს ვადევნებ მოსახლეობის განწყობილებას. თუ შევატყვე, რომ მოსახლეობის განწყობილება საწინააღმდეგოდ ვითარდება, რა თქმა უნდა, კენჭს არ ვიყრი. კვირაში ერთხელ ვიღებ მონაცემებს, როგორია ხალხის განწყობილება, როგორია ხალხის სურვილი - იყაროს შევარდნაძემ კენჭი თუ არ უნდა იყაროს კენჭი. დღევანდელი განწყობილება ისეთია, რომ ჯერჯერობით მე უბრალოდ უფლება არ მექნება უარი ვთქვა. მაგრამ, თუ დამოკიდებულება შეიცვალა და, შეიძლება შეიცვალოს, იმ ასაკში არ ვარ და არც ის პიროვნება გახლავართ, რომ სარისკო ნაბიჯი გადავდგა, რომელიც გაუმართლებელი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისათვის და პირადად ჩემთვის. მე არაფერს ვებღაუჭები, მაგრამ არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხალხის ნებაზე.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 1999 წლის 13 დეკემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 14 დეკემბერი. - №338 (3379). - 1, 3 გვ.
![]() |
90 ბატონ სიმონ ხეჩინაშვილის დაბადების 80 წლისთავის გამო |
▲back to top |
მილოცვა
საიუბილეო თარიღს გილოცავთ, ბატონო სიმონ, შესანიშნავ მეცნიერსა და ბრწყინვალე პიროვნებას, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პატივსაცემ ადამიანს, მათ შორის, ვისაც დღემდე ვიცნობ.
80 წლის იუბილეს მილოცვისას ხანდახან გული მეთანაღრება, რადგან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი განვლილია, გასაკეთებელი გაკეთებული და მხოლოდ წყნარ ცხოვრებაზე ფიქრობ. საბედნიეროდ, თქვენს შემთხვევაში ასე არაა.
ვიცი, რომ კვლავაც ძველებურად, ახალი იდეებით, უამრავი საქვეყნო საქმით ხართ დატვირთული და თქვენი სამუშაო დღე ისევე იწყება, როგორც ოცი-ოცდაათი წლის წინათ.
თქვენ მთელი ეპოქა შექმენით ქართულ და არა მარტო ქართულ სამეცნიერო ოტოლარინგოლოგიაში, მაგრამ ამ სამეცნიერო მიღწევებზე მეტად მე თქვენს არაჩვეულებრივ პიროვნულ თვისებებს, თქვენს განსწავლულობას, თქვენს არაორდინარულ აზროვნებასა და ერუდიციას ვაფასებ. ბედნიერებაა იცხოვრო თქვენისთანა ადამიანის გვერდით.
რაც შეეხება საიუბილეო სურვილებს, თქვენ ყველაფერი გაქვთ, რაც ადამიანს ბედნიერებისათვის სჭირდება.
ამ შემთხვევაში მინდა საქართველოს ვუსურვო, რომ კიდევ დიდხანს ჰყავდეს თქვენისთანა ადამიანი სასახელოდ და ქვეყნის მსახურად.
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ სიმონ ხეჩინაშვილის დაბადების 80 წლისთავის გამო : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 დეკემბერი. - №341 (3382). - 1 გვ.
![]() |
91 საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სოციალურად ორიენტირებული, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული სადაზღვევო სისტემა |
▲back to top |
საქართველოს სადაზღვევო სისტემის სრულყოფისა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“ 16 დეკემბერს გაიმართა
[...]
საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ამ კონფერენციის მომზადებისათვის და მის მუშაობაში მონაწილეობისათვის. ჩემი გამოსვლა ცოტა ზოგადი ხასიათის იქნება, გა- მომსვლელები დააკონკრეტებენ იმ ამოცანებს, რომელიც სფეროს წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის - მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საბაზრო ეკონომიკის რეფორმათა განხორციელებისას გარდაუვალი სოციალური სიდუხჭირე სულ უფრო და უფრო აქტუალურად გვიყენებს დღის წესრიგში თვისობრივად ახალი სისტემის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოსახლეობის, თითოეული ოჯახისა და პიროვნების სოციალურ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას.
ფუნდამენტური ღირებულებაა, რომ მოსახლეობის სოციალური დაცვის ის მექანიზმი, რაც არსებობდა სოციალისტური წყობილების დროს, ბუნებრივად მოიშალა (ეს გარდაუვალი იყო), ხოლო თვისობრივად ახალი, ახლებურ ეკონომიკურ და სოციალურ კატეგორიებზე დამყარებული მექანიზმი, დამყარებული ორგანიზმი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.
რადიკალური ეკონომიკური რეფორმა საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. მან უკვე მოიტანა პირველი შედეგი. მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ სტრუქტურული და სისტემური გარდაქმნების თვალსაზრისით, განხორციელდა ფართომასშტაბიანი პრივატიზება. ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მკაცრ, მაგრამ მიზანშეწონილ პრინციპებს.
რეფორმის სასიკეთო შედეგი უკვე თვალნათელია აგრეთვე სოფლის მეურნეობის, მედიცინის, განათლების სფეროებში. ჩამოყალიბდა ახალი იურიდიული სივრცე - სრულიად ახალი, დემოკრატიული კანონმდებლობით.
საქართველოს ასიათასობით მოქალაქისათვის რეფორმა სავსებით კონკრეტული და ხელშესახებია - ვგულისხმობ იმათ, ვინც შეუვალ საკუთრებაში მიიღო უდიდესი სიმდიდრე - მიწა; ვისაც უკვე აქვს საშუალება თავად აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება მის მისწრაფებებსა და შეხედულებებს, - უმაღლესი განათლება სულ უფრო უახლოვდება ევროპისა და მსოფლიო სტანდარტებს თავისი ფორმითა და შინაარსით.
აღსანიშნავია, აგრეთვე, სასამართლო რეფორმის წარმატება და მრავალი სხვა.
მაგრამ რაოდენ წარმატებულიც უნდა იყოს ჩვენი წინსვლა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გარდაქმნის თვალსაზრისით, რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ჩვენი მიღწევები ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგში, - ყოველივე მხოლოდ უსაგნო ციფრებად დარჩება, თუ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მართლაც თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ადამიანმა არ იგრძნო რეფორმის სიკეთე; თუ ამ სიკეთემ, ამ სიმდიდრემ ცალკეულ ადამიანამდე, ყოველ ადამიანამდე, ქვეყნის რიგით მოქალაქემდე არ მიაღწია.
საქართველოს მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ დოვლათი, ქვეყნის სიმდიდრე - მისთვის, მისი კეთილდღეობისათვის იქმნება, ხოლო საბაზრო ეკონომიკას ნამდვილად აქვს მექანიზმები, რომელთა ამოქმედება უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის, ქონების, უსაფრთხო ცხოვრებისა და ბედნიერი ხანდაზმულობის გარანტიებს - უფრო უკეთ, ვიდრე რომელიმე დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიბერალურ რეფორმათა და თვით დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია გარდაუვალია.
ამის სამწუხარო მაგალითია პროცესი, რომელიც უკვე ვითარდება ზოგიერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში.
საბედნიეროდ, საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი, ეს დამანგრეველი პროცესი თავიდან აიცილოს და პირიქით, - დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის წარმატებული დაფუძნების ბრწყინვალე მაგალითი შექმნას, რომელსაც (გადაუჭარბებლად) საკაცობრიო მნიშვნელობა ექნება.
საამისოდ საქართველოს ყველა პირობა აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი და, რაც მთავარია, საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
31 ოქტომბრის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავინდებურად მხარს უჭერს რეფორმატორულ კურსს და სჯერა, რომ რეფორმა სულ მალე გამოიღებს კეთილისმყოფელ ნაყოფს.
ამასთანავე, ქართულ დემოკრატიას არა აქვს მორალური უფლება გაჭირვებაში მიატოვოს დავრდომილი, ავადმყოფი, უმწეო ადამიანი. სოციალური ჰუმანიზმის პრინციპი უნდა განხორციელდეს „სოციალური ეკონომიკის“ მეშვეობით, რომლის საფუძველიც იქნება ახალი სადაზღვევო სისტემა.
ამჯერად მე მივმართავ არა მარტო კონფერენციის პატივცემულ მონაწილეებს, არამედ საქართველოს მთელ მოსახლეობას, ვინაიდან ეს საკითხი თითოეული ადამიანის, მართლაც, თითოეული ოჯახის საარსებო ინტერესებს შეეხება.
ამიტომ, ვისაუბრებ დამსწრე საზოგადოებისათვის გასაგებ და კარგად ცნობილ, ელემენტარულ კატეგორიებზე, რათა განსახილველი პრობლემის რაობა და ახალი სისტემის შინაარსი უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მახლობელი გახდეს თითოეული მოქალაქისათვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ რეფორმას სერიოზული მომავალი და კარგი პერსპექტივა.
სადაზღვევო სისტემა, რომელზეც ვსაუბრობთ, „არახალია“ - იგი ათწლეულების განმავლობაში აპრობირებულია მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.
ძალიან მოკლედ და მარტივად ეს სისტემა შეიძლება აიხსნას, როგორც მოსახლეობის შენატანთა დაგროვება, მათი „კაპიტალიზაცია“ და სახელმწიფო გარანტიით, სახელმწიფოს ზედამხედველობით (მაგრამ არა აუცილებლად უშუალო მონაწილეობით), - შეუვალი ფინანსური რესურსის დაგროვება - იმ ადამიანის, მოქალაქის ყოველმხრივ უზრუნველსაყოფად, ვინც წლობით მონაწილეობდა ამ რესურსის, ამ კაპიტალის შექმნაში.
უნდა ითქვას, ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოში უკვე დაწყებულია.
რაც მთავარია, შეიქმნა საკანონმდებლო ბაზის, ასე ვთქვათ, „საწყისი სეგმენტი“, მაგრამ სამუშაოს „ლომის წილი ჯერ კიდევ წინაა.
ამ მხრივ, ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ, ახალ სტრუქტურაზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას (პრეზიდენტის ხელდასმით), შესაბამისი ძალისხმევის კოორდინაციისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში. შესაძლოა, ეს იყოს ბიურო, საკოორდინაციო საბჭო ან სხვა ინსტიტუტი.
დაზღვევის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც (რაც ნიშანდობლივია) სწორედ ამ დღეებში გაწევრიანდა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციაში.
ვფიქრობ, ამ სფეროში უკვე მიღწეული ეს წარმატება პროგრესის საერთაშორისო აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს.
საქართველოში უკვე მოქმედებს კანონები „დაზღვევის შესახებ“, „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“, „ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, აგრეთვე „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“.
მომზადებულია და სულ მალე გაეგზავნება პარლამენტს კანონპროექტი „საზღვარგარეთ გამსვლელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ“. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, აგრეთვე პროფესიული პასუხისმგებლობის რისკების დაზღვევის აუცილებლობა.
დღეს საქართველოში ფუნქციონირებს სოციალურად ორიენტირებული სამი ფონდი - საპენსიო, სამედიცინო და დასაქმების ფონდები, რომელთა შემოსავალიც დამსაქმებლისა და დასაქმებულის სავალდებულო შენატანზეა დამოკიდებული.
სამწუხარო ფაქტია, რომ საკანონმდებლო ვაკუუმის, ამ სფეროში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკის, აგრეთვე ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა მთელი კომპლექსის გამო, ეს ფონდები ვერ ახერხებენ სრულყოფილად განახორციელონ თავიანთი ფუნქცია. ამიტომ, საპენსიო თუ ჯანდაცვის ვალდებულებათა ანაზღაურება სახელმწიფოს კვლავ ძირითადად, ბიუჯეტს უხდება.
საერთოდ კი დროა, სოციალური სფეროს მუშაკებმა, სოციალური დარგის სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებმა, ჩვენმა სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, იმ პიონერებმა, რომლებმაც სადაზღვევო კომპანიების შექმნა დაიწყეს საქართველოში (რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ), უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი სისტემის ფორმირებაში, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოციალური სფერო არ შეიძლება იყოს მხოლოდ სახსრების მიმღები და განმანაწილებელი, არამედ თავად უნდა ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესებში, სადაზღვევო სისტემის თანამედროვე პარამეტრების მეშვეობით თავად უნდა ქმნიდეს დოვლათს და ინვესტიციის წყაროებსაც მოიძიებდეს.
სოციალური სფეროს ეკონომიკა, იგივე „სოციალური ეკონომიკა“ ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა იქნება და არა დოტაციური დარგი. დღეს შეიძლება ეს ფრაზა უცნაურად და არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი პერსპექტივა არსებობს, ამგვარი გამოცდილება მსოფლიოს აქვს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების, შრომისა და დასაქმების სამინისტროების გაერთიანების შესახებ.
დღეს სურვილი მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეორგანიზაცია არ დარჩეს სამინისტროთა ფორმალურ გაერთიანებად და ახალმა სამინისტრომ სწორედ ამ მიმართულებით იმოქმედოს.
მისთვის პირველი რიგის ამოცანა იქნება საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის ძირფესვიანად გარდაქმნა. ძირეული რეორგანიზაცია ამ სფეროში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
სახელმწიფო უკვე ვეღარ ზიდავს უზარმაზარ საპენსიო დავალიანებათა და ვალდებულებათა ტვირთს. შეუძლებელია, შემდგომშიც თანაარსებობდნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და საპენსიო-სოციალური უზრუნველყოფის საბჭოური სისტემა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ.
ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა, რომლის განსახორციელებლად აუცილებელია უკვე არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის - მინისტრის, სამინისტროს თანამშრომელთა, შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელების მტკიცე ნება და მიზანდასახული ძალისხმევა, მაღალი პროფესიონალიზმი.
ამ ეტაპზე უკვე განსაზღვრულია საპენსიო რეფორმის ძირითადი მიმართულებები. მსოფლიო ბანკთან, ტასისთან, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთნ ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე.
ეს ყოველივე უდიდეს პასუხისმგებელობას გვაკისრებს ყველას - სოციალური სფერო, სადაზღვევო მექანიზმზე დაფუძნებული მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის ახალი მოდელის დამკვიდრება, საპრეზიდენტო პროგრამის საფუძველი იქნება 21-ე საუკუნის დამდეგს.
დღევანდელ მსოფლიოში სადაზღვევო ურთიერთობათა განვითარება და თვით სოციალურ დაზღვევათა სისტემა წარმატებით ასრულებს არა მარტო სოციალური და ეკონომიკური დაცვის ფუნქციას, არამედ უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და სოციალური ჰარმონიის მყარი გარანტიების შექმნას. სხვაგვარად აზრი არ ექნებოდა ჩვენს საქმიანობას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში ახალი მოთხოვნების შესაბამისად.
ეს გზა აირჩია თანამედროვე მსოფლიომ.
საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო თანამეგობრობაში, სადაც ძი- რითად პრიორიტეტებად მიჩნეულია პიროვნული თავისუფლება და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა.
ამიტომ, ჩვენც უნდა გავიაროთ ეს გზა.
სოციალური რეფორმის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კერძო სექტორზე, კერძო სადაზღვევო კომპანიებზე.
კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ახალ სადაზღვევოში უკვე არსებობს რამდენიმე ასეთი კომპანია თავიანთი პარამეტრებით ისინი სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან დაზღვევის საერთაშორისო სტანდარტებს. წეღან შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა „პიონერები“, ისინი თვითონ, თვიანთი ინიციატივით, ინტუიციითა და პასუხისმგებლობით შეუდგნენ ამ დიდ და რთულ საქმიანობას.
ამ თვალსაზრისით, ფასდაუდებელია მეგობარი ქვეყნების და მათი სადაზღვევო ინფრასტრუქტურის როლი. მხედველობაში მაქვს ინვესტიციები, რომლებიც უკანასკნელ წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნა ერთობლივი სადაზღვევო კომპანიები, ერთობლივი სადაზღვევო პროექტები და პროგრამები, არსებითად გაიზარდა ქართული სადაზღვევო ორგანიზაციების პროფესიონალიზმი, რაც, საბოლოო ანგარიშით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გადახდისუნარიანობისა და სადაზღვევო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის განმტკიცებას უზრუნველყოფს. როდესაც მოსახლეობის ნდობაზე ვსაუბრობთ, ვერ ავცდებით კორუფციის თემას ზოგადად და, მათ შორის, - სოციალურ სფეროში.
სამწუხაროდ, საქართველოს სინამდვილისათვის კვლავ დამახასიათებელია ეს დამღუპველი სენი, ამ სფეროშიც კი. განვითარებული ქვეყნის სადაზღვევო სისტემა, განსაკუთრებით, სახელმწიფო სოციალური ფონდების დასავლური პრაქტიკა ამ თვალსაზრისითაც საინტერესო მექანიზმებს გვთავაზობს.
მხედველობაში მაქვს ფონდების მართვის ე.წ. „სოციალური პარტნიორობის“ ინსტიტუტი, როდესაც სამეთვალყურო საბჭოებში თანაბრად არიან წარმოდგენილი როგორც სახელმწიფოს, ასევე დამსაქმებლების და დასაქმებულთა ინტერესების გამომხატველი სტრუქტურები - შესაბამისად, მეწარმეთა კავშირებისა და პროფესიული კავშირების სახით.
რაც უფრო მაღალია საზოგადოების უშუალო მონაწილეობის ხარისხი თანხების განკარგვისა და მათი მოძრაობის მონიტორინგის თვალსაზრისით, მით უფრო გამჭვირვალეა სისტემა და შესაბამისად, მეტადაა იგი დაზღვეული კორუფციისაგან.
რა თქმა უნდა, განუზომელია მასმედიის როლი, რათა ამ საარსებოდ აუცილებელი, ეპოქალური რეფორმის განხორციელებაში მთელი საზოგადოება, საქართველოს ყოველი მოქალაქე იყოს ჩართული.
და კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი ასპექტი ამ რეფორმისა: როდესაც სახელმწიფო ქმნის პირობებს, რათა თითოეულმა პიროვნებამ თავად იზრუნოს საკუთარ სოციალურ უსაფრთხოებასა და გარანტირებულ მომავალზე, უქმნის მათ პირობებს ამისათვის, რა თქმა უნდა, იცვლება ადამიანის, მთელი საზოგადოების მენტალიტეტი. იგი უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, შეუდარებლად მეტია პიროვნული პასუხისმგებლობისა და მობილიზებულობის ხარისხი. შესაბამისად, მაღლდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც, იქმნება ნაყოფიერი გარემო მისი ნიჭისა და შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისათვის.
ჩვენ სწორედ ეს უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას, თითოეულ მოქალაქეს, რათა მან შეძლოს უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა ცხოვრების ყოველ ეტაპზე.
ამრიგად, სოციალურ რეფორმას, სოციალური ეკონომიკის დამკვიდრებას უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უმთავრესი მოთხოვნა ის არის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიზიაროს ჩვენი შეხედულებები, ჩვენი მიდგომები, ჩვენი პრინციპები და საერთაშორისო გამოცდილება.
მინდა მადლობა მოვახსენო დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებს, - განსაკუთრებით, ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულ საკონსულტაციო ცენტრს.
ვიმედოვნებ, დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოციალური რეფორმის განხორციელების კეთილშობილურ, საშვილიშვილო საქმეში. მოვა დრო, - ეს არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, - ჩვენი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, მომავალი თაობები მადლიერებით მოიხსენიებენ სწორედ იმ დღეს, როდესაც მასშტაბური სოციალური რეფორმა და სოციალური გარდაქმნები დაიწყო საქართველოში. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სოციალურად ორიენტირებული, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული სადაზღვევო სისტემა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 17 დეკემბერი. - №341 (3382). - 1, 2 გვ.
![]() |
92 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი |
▲back to top |
1999 წლის 20 დეკემბერი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: თქვენ ჯერ არ ასახელებთ შემოსავლების მინისტრის კანდიდატურას. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ეს არის მიხეილ მაჭავარიანი. ამის შესახებ ლაპარაკობს თქვენი პარტიის ყველა ლიდერი. კანდიდატურის დაკონკრეტებისაგან იმიტომ ხომ არ იკავებთ თავს, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ბოლო დღეს მაჭავარიანი თავს არ შეიკავებს და მინისტრობას კვლავ დეპუტატობას ამჯობინებს?
ედუარდ შევარდნაძე: ეს კანდიდატურაც განიხილება. არავითარი შიში იმისა, რომ, თუ მაჭავარიანს შევთავაზებთ ამ პოსტს, იგი უარს იტყვის, არ არსებობს. კანდიდატურას კი იმიტომ არ ვასახელებ, რომ არის სხვა ვარიანტებიც. დღეს პარლამენტში შევალ წინადადებით საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე. ბიუჯეტში შესწორებებია საჭირო: ამავე დროს, წარვუდგენ დაზუსტებულ კანდიდატურას მინისტრის პოსტზე?
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ის აუცილებლად საპარლამენტო უმრავლესობიდან იქნება თუ სხვა პარტიებიდანაც განიხილება კანდიდატურა.
ედუარდ შევარდნაძე: სხვა კანდიდატურებიც არის, მაგრამ ეს იმდენად საპასუხისმგებლო სამინისტროა, რომ, ალბათ, პასუხისმგებლობა უნდა იკისროს იმ ძალამ, რომელსაც უმრავლესობა მხარში ამოუდგება და იბრძოლებს წესრიგის დასამყარებლად. ბიუჯეტი პირველი პრობლემაა დღევანდელი საქართველოსათვის.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩეჩნეთის წარმომადგენლობას საქართველოში დიპლომატიური სტატუსი არ გააჩნია. საინტერესოა, რა სტატუსი გააჩნია ამ წარმომადგენლობას მაშინ, როცა საქართველო არ ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, თუმცა, ბატონი ხიზრი ალდამოვი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს ბოლო ხანებში. თქვენ როგორ აფასებთ მის მოღვაწეობას და რა სტატუსი გააჩნია მის მოღვაწეობას საქართველოში?
ედუარდ შევარდნაძე: სტატუსი მართლაც არ აქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი ხელშეკრულება, სამართლებრივი ბაზა არც რუსეთთან, არც ჩეჩნეთთან, ჩრდილო კავკასიის სხვა ქვეყნებთან იმისათვის, რომ ჩვენში ასეთი ინსტიტუტი არსებობდეს. მიუხედავად ამისა, ბატონი ხიზრი ალდამოვი ხშირად არის საქართველოში და ზოგიერთი საკითხის მოგვარებაში ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობ, პრინციპში, ეს მუშაობა სასარგებლოა. რუსეთშიც იციან ამის შესახებ და ეს გაღიზიანებას არ იწვევს. ჩვენ შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ აფხაზებს, სეპარატისტულ რეჟიმს ჰყავს თავისი წარმომადგენელი მოსკოვში, თუმცა ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკანონებული არ არის.
ტელეკომპანია „ნტვ“: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებიც და ძალთა განლაგებაც, პრაქტიკულად, ცნობილია. თქვენი პროგნოზი გამართლდა. სათათბირო უფრო მეტად არ „გაწითლებულა“, ვიდრე გასულ წლებში იყო. რას ელის საქართველო ახალი სახელმწიფო სათათბიროსაგან? შეუძლია თუ არა მას რატიფიცირება გაუწიოს მეგობრობის დიდ ხელშეკრულებას? შეძლებს თუ არა სათათბირო თავისი დამკვირვებლების სახით აფხაზეთში არჩევნებზე ან თუნდაც ინაუგურაციაზე თავისი წარმომადგენლების გაგზავნას? როგორ გესახებათ სახელმწიფო სათათბიროსთან დამოკიდებულება? მით უმეტეს, რომ იქ უხვად მოხვდნენ რუსეთის სახელისუფლებო ძალები, თქვენ კი არაერთხელ გითქვამთ, რომ სათათბიროს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ხელისუფლების აზრს არ გამოხატავსო.
ედუარდ შევარდნაძე: როგორც აღნიშნეთ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ გახლავთ. წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო სათათბიროს შემადგენლობა მართლაც უფრო მრავალფეროვანი, უფრო მეტად წარმომადგენლობითია, თითქმის ყველა წამყვანი პარტია და პოლიტიკური მოძრაობაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, ასეთი მძაფრი საკითხები, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების რატიფიკაციის საკითხი, უფრო უკეთეს სამუშაო ვითარებაში ჩატარდება. კიდევ დრო იქნება საჭირო, რათა ჩვენ შევძლოთ შესაბამისი კონტაქტების დამყარება კომიტეტებთან. საერთოდ, არჩევნები შთამბეჭდავია. ჩემი აზრით. რუსეთმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ეს კი აუცილებელი პირობაა უფრო დიდი გარდაქმნებისა და დემოკრატიული რეფორმებისათვის ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი კუთხით.
ტელეკომპანია „ნტვ“: მოსკოვის მერმა საკმაოდ ბევრი გააკეთა თბილისის აღდგენისათვის. რას იტყოდით მის გამარჯვებასთან დაკავშირებით?
ედუარდ შევარდნაძე: ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ლუჟკოვი წარმატებას მიაღწევდა. მან ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო ხანებში მოსკოველთა ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, ბევრი რამ აშენებულია. მოსკოვი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ოდესმე. ამიტომ ხალხი ხედავს, რომ ლუჟკოვს სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. საქართველოს სახელით ვულოცავ მას გამარჯვებას. მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ბევრიც გაუკეთებია მეგობრობის გასამყარებლად.
ტელეკომპანია „ნტვ“: ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ფონზე ზოგიერთმა დაივიწყა კიდეც, რომ არსებობს ისეთი თანამდებობა, რასაც დსთ აღმასრულებელი მდივანი ჰქვია. დღეს ის საქართველოში ჩამოდის. საინტერესოა, რა საკითხებს შეეხება თქვენი საუბარი?
ედუარდ შევარდნაძე: მე მას შევხვდები. იაროვს დიდი ხანია ვიცნობ და აღმასრულებელი მდივანიც რომ არ იყოს, მაინც შევხვდებოდი მას. საკითხები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, არის ის, რასაც დრო მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა უდავოდ სასარგებლო იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ იგი 20 იანვრისათვის დაგეგმილი დსთ სამიტის დღის წესრიგს ჩამოიტანს.
გაზეთი „რეზონანსი“: გუშინ, ჩვენთან, რედაქციაში მოვიდა კლარა აბრამია, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. როგორც მისგან შევიტყვეთ, შინაგან საქმეთა მინისტრის სარჩელის საფუძველზე აპირებენ ქალბატონ კლარა აბრამიას დაპატიმრებას. თქვენ ყოველთვის ადასტურებთ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ საზოგადოებრივ აზრს და ჩათვლით თუ არა ამგვარ მოქმედებას საზოგადოებრივი აზრის შეურაცხყოფად?
ედუარდ შევარდნაძე: პირველად მესმის ამგვარი რამ, რომ კლარა აბრამიას დაპატიმრებას აპირებენ. არა მგონია, კლარა აბრამია ის პიროვნება იყოს, რომელიც იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისაგან. არ მგონია, რომ ეს მთლად სიმართლეს შეესაბამებოდეს. შესაძლოა, ვიღაცამ ქალბატონ კლარას არასწორი ინფორმაცია მიუტანა. ყოველ შემთხვევაში, მე გპირდებით, რომ დღესვე გავერკვევი, და თუ რამ გაუგებრობაა, ამას არ დავუშვებ.
გაზეთი „რეზონანსი“: გაზეთმა „რეზონანსმა“ მოიპოვა ინფორმაცია ბენზინის კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაგრძელებთ გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, შესაბამის სტრუქტურებს შეუძლიათ თუ არა, რეალურად წინ აღუდგნენ ბენზინის კონტრაბანდას, როცა ჟურნალისტური გამოძიების დონეზეც კი შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს, რომ ლეგალიზებულია ბენზინის მხოლოდ 30 პროცენტი.
ედუარდ შევარდნაძე: ბენზინის, სიგარეტის, ფქვილისა თუ შაქრის პროდუქციის კონტრაბანდა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა დღევანდელი სახელმწიფოსათვის. რაც უფრო მეტი იქნება ჩვენი პრესის, ტელევიზიის აქტიურობა, ამას მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილებითა და მადლიერებით შევხვდები. მხედველობაში მაქვს ობიექტური გაშუქება იმ მოვლე- ნებისა, რომლებსაც ჩვენ ნეგატიურ მოვლენებს ვუწოდებთ და რომლებიც ძალიან ძვირად უჯდება ჩვენს ბიუჯეტს. შემოსავლების სამინისტროს შექმნა სწორედ ასეთ რთულ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. მთელი რიგი სფეროები უმართავია; მარშრუტები, საიდანაც კონტრაბანდული საქონელი შემოდის, სამწუხაროდ, ძალიან ძნელად ექვემდებარება კონტროლს. ნაწილობრივ, ეს არის ცხინვალიდან შემომავალი პროდუქცია, თუმცა, იქ გარკვეულ ზომებს ვიღებთ; ნაწილობრივ, ეს არის ბათუმიდან, ფოთიდან, ასევე საზღვრის სხვა მონაკვეთებიდან შემოტანილი პროდუქცია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ დარგებში წესრიგი არ არის, - ეს არაერთხელ მითქვამს.
თქვენს გაზეთში ბევრი საინტერესო იწერება, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, სადაც რეაგირება არის საჭირო, იქ რეაგირება იქნება.
ტელეკომპანია „რუსთვი-2“: ჩვენი ინფორმაციით მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ანტი-კორუფციული სამსახურის შექმნის შესახებ. ეს სამსახური პრეზიდენტის არჩევნებამდე შეიქმნება, თუ ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა იქნება?
ედუარდ შევარდნაძე: კანონი ამგვარი სამსახურის შესახებ თითქმის მზად არის, მაგრამ რამდენიმე საკითხია კიდევ დასაზუსტებელი. ალბათ, ეს ახალ წლამდე არ მოხერხდება. ორი-სამი კვირა, ვფიქრობ, კიდევ საჭირო იქნება. რაც შეეხება, ფაქტობრივად სამსახურის შექმნას, მას იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ, ალბათ, ეს უკვე ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს: მას მეტი ძალა, მეტი გავლენა ექნება ქვეყანაში.
სააგენტო „ელიზი-ნიუსი“: თქვენ რადიოინტერვიუში ბრძანეთ, რომ თქვენი პირადი მოსაზრებაა, რომ სამშობლოში უნდა გადმოსვენდეს ყველა ის მოღვაწე, ვინც საზღვარგარეთ განისვენებს, მათ შორის, ზვიად გამსახურდიაც. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა 1991-1992 წლების მოვლენების შეფასება მოახერხოს ამ მოწვევის პარლამენტმა?
ედუარდ შევარდნაძე: პრინციპული გადაწყვეტილება ამ მოვლენების შეფასებისათვის წინა პარლამენტმა მიიღო, მაგრამ პრაქტიკული მუშაობა, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ეს ძალიან რთული პრობლემაა. გადმოსვენების საკითხი, რა თქმა უნდა, ოჯახის სურვილით უნდა მოხდეს, შემდეგ კი ჩვენ ამას ორგანიზებას გავუწევთ. მე, პირადად, როგორც მოქალაქეს და როგორც ქართველს, მიმაჩნია, რომ უნდა გადმოვასვენოთ არა მარტო ზვიად გამსახურდია, არამედ სხვა მოღვაწეებიც - ნოე ჟორდანია, ვახტანგ მეექვსეც. ალბათ, ეს საკითხი მომწიფებულია და დროულად უნდა გადაწყდეს.
- რაც შეეხება შეფასებას, მე ასე წარმომიდგენია: პარლამენტის შესაბამის კომისიებთან შეთანხმებით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ძლიერი მეცნიერების შემადგენლობით, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ეს საკითხი; მაგრამ ეს სწრაფად უნდა მოხდეს.
აფხაზეთის ტელევიზია: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს არსებობს დაპირისპირება სეპარატისტული ხელისუფლების გუდაუთისა და ოჩამჩირის კლანებს შორის, არძინბასა და ბაღაფშს შორის. ხომ არ ფლობთ ამის დამადასტურებელ ინფორმაციას?
ამ ბოლო დროს თითქოს ნაკლებად ისმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსჯელობა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით. ხომ არ გვეტყოდით, რა გეგმები აქვს საქართველოს პრეზიდენტს ახალი წლიდან ამასთან დაკავშირებით?
ცალკეულ პოლიტიკოსთაგან ამ ბოლო დროს გაისმის შეშფოთება აფხაზთა ბედის შესახებ და რატომღაც ისინი იგნორირებას უკეთებენ იქიდან დევნილი ქართველების დარღვეულ უფლებებს. თუკი ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული.
ედუარდ შევარდნაძე: დაპირისპირების თაობაზე ვერ მოგახსენებთ. ამის სხვადასხვა სიმპტომი არსებობს, მაგრამ, არა მგონია, ისეთი ხასიათი ჰქონდეს, რომ რაღაც აფეთქება იყოს მოსალოდნელი, ყოველ შემთხვევაში იმ მასალების მიხედვით, რაც მე მაქვს.
რაც შეეხება თვით აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებას, ყველაფრის რეკლამირება არ ხდება, მიმდინარეობს მუშაობა ყველა მიმართულებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში პირადად მაქვს მიმოწერა გაეროს გენერალურ მდივანთან. მისი წარმომადგენელი მუდმივად მუშაობს. ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ევროპის უშიშროების სისტემა. ევროპა თანდათანობით გააქტიურდება ისეთი კონფლიქტების მოგვარებაში, როგორიც არის აფხაზეთის კონფლიქტი, ისევე როგორც ყარაბახის კონფლიქტი და ა.შ.
რაც შეეხება დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ჩვენი უპირველესი საზრუნავია, ლტოლვილების უფლება იყოს დაცული. ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სახლ-კარს. ამაზე ვმუშაობთ არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მეგობრები.
გაზეთი „ალია“: გასულ კვირას ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ დროა შევწყვიტოთ პრეზიდენტის კრიტიკაო. როგორ ფიქრობთ, რას უნდა მოასწავებდეს მისი მხრიდან ეს განცხადება და 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მის მიერ რეალური სიტუაციის შეფასების გამო ხომ არ მოხდა მისი მხრიდან უკანდახევა?
ედუარდ შევარდნაძე: ასეთ განცხადებებს მე გავაკეთებ, თუ ასლან აბაშიძე არ უნდა განვიხილოთ არც უკანდახევად და არც წინწაწევად. ეს არის სურვილი იმისა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ერთ ქვეყანაში. ვფიქრობ, პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა არ შეწყდება, მაგრამ ამგვარ სურვილს მე მხოლოდ მივესალმები.
გაზეთი „ალია“: თქვენ მიერ შეწყალებული თენგიზ ასანიძე ისევ საპყრობილეშია. როგორ კომენტარს გაუკეთებთ თქვენ ამ ფაქტს? ედუარდ შევარდნაძე: ეს არის უკანონობა.
გაზეთი „თუთარჩელა“: ამ ბოლო დროს პრესაში მიდის ხშირი განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიძლება პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კენჭი არ იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, იყაროთ თუ არა კენჭი. მე ისეთ რეგიონთან ვარ დაკავშირებული, სადაც ეს ძალიან ცუდად აღიქმება. ეს სამეგრელოს რეგიონია. თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ კენჭი არ იყაროს, რა გველის ჩვენ, - ამბობენ ისინი, რა ელის ქვეყანას. ამით სარგებლობს ოპოზიცია, ამით სარგებლობს ბათუმის კლანი. ფოთში შეიქმნა ე.წ. მესამე ცენტრი, რომელსაც მელია ხელმძღვანელობს. იქ, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდაა გაერთიანებული. მე მინდოდა მეთხოვა პრეზიდენტისათვის ჩემი რეგიონის სახელითაც, თქვას პრეზიდენტმა, რომ იყრის კენჭს და დაამშვიდოს ყველა, დავამშვიდოთ ის კუთხე.
ედუარდ შევარდნაძე: მეც ხომ ჩემი უფლებები მაქვს. ეს უფლება იმაში მდგომარეობს, რომ ცოტა დრო კიდევ მჭირდება, რათა ყველაფერი ავწონ-დავწონო. ადამიანმა ის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. უწინარესად, აფხაზეთია დასაბრუნებელი. როცა თანხმობას ვიტყვი იმის შესახებ, რომ კენჭი ვიყარო, დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, თუ რა გზები, რა საშუალებები არსებობს, - შუქის პრობლემაა ეს, ეკონომიკის აღმავლობა, კორუფციის დაძლევა თუ სხვა. მომდევნო ხუთ წელიწადში რა იქნება და რისი გაკეთება შეიძლება, დაახლოებით ვიცი, მაგრამ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია, ამიტომ, შეიძლება, მართლა გაჭიანურდეს ეს პროცესი, მაგრამ მეც დრო მჭირდება.
გაზეთი „თუთარჩელა“: მე მართლა გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი, როცა თავის ქვეყანაში ცხოვრობს და პრეზიდენტის კურსს უჭერს მხარს, ის მას უნდა მოეხმაროს, დაუდგეს გვერდში, აკეთოს საქმე და არ უნდა ეწუწუნოს, აეყუდოს კართან და სთხოვოს დაცვა. უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც პრეზიდენტამდე დაგიცავს, თუკი ვინმე გიპირებს რამეს. ჩვენ, ჟურნალისტები, ამას მოკლებული ვართ. ჩვენ თუ ვინმე დაგვიცავს, ეს უნდა იყოს მხოლოდ პრეზიდენტი. ქვემოთ ჩვენი დამცველი არ არის. მე ჯერ უნდა დავეპატიმრებინე 16 დეკემბერს, ახლა დღეს, პირველ საათზე მიპირებენ დაპატიმრებას. თქვენ, ალბათ, გიკვირთ, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, - პროკურატურასა და პოლიციაში არიან წესიერი ადამიანები. ერთი წელია, ასეთ მდგომარეობაში ვარ, თუმცა არც ისე ადვილად დასაჩაგრი ქალი გახლავარ, თქვენ ეს იცით.
ედუარდ შევარდნაძე: მზად ვარ, თქვენ შეგხვდეთ. დავაზუსტებ, თუ თავისუფლების აღკვეთის რაიმე საფრთხე არსებობს, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რადგან ეს საკითხი რაღაცნაირად გაჟონავდა და ჩემამდე მოვიდოდა. მე ვერ ვხედავ თქვენს მოქმედებაში და თქვენს ცხოვრებაში ისეთ რამეს, რომ თქვენთვის თავისუფლების აღკვეთა იყოს აუცილებელი.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 1999 წლის 20 დეკემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 დეკემბერი. - №345 (3387). - 1, 3 გვ.
![]() |
93 „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზა ღვთისნიერი გზაა, თუმცა იგი უაღრესად ძნელია და მოითხოვს განწმენდასაც და მონანიებასაც“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 20 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- მიმდინარე წელი მთავრდება. ალბათ, უკვე შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა და შედეგების შეჯამება, უწინარესად, ეკონომიკის სფეროში, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, თითქმის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ყოველ შემთხვევაში, გასულ წელთან შედარებით... ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ამ საკითხზე ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვიმსჯელებთ, ვინაიდან, როგორც არაერთგზის მითქვამს, ეკონომიკა ყველაფრის თავიდათავია.
მიმდინარე წელი გამორჩეულია მრავალი პრიორიტეტული მიმართულებით.
მაგალითად, 1999 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, სამრეწველო პროდუქციის სრული მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52 მილიონი ლარით ანუ 3,5 პროცენტით გაიზარდა. ნოემბერში კი წარმოების სრული მოცულობა თითქმის 9 პროცენტით აღემატება შარშანდელი ნოემბრის მაჩვენებელს.
ეს რაც შეეხება მრეწველობას და ამ დარგების ჩამოთვლა შეიძლება.
ასევე სასიხარულოა საკმაოდ საგრძნობი ზრდა სოფლის მეურნეობაში. წელს საქართველომ მარცვლეულის კარგი მოსავალი მოიწია - 720 ათასი ტონა (ცოტა შეიძლება კიდევ მოიმატოს). აქედან 490 ტონა სიმინდის მარცვალია. ასეთი სიმინდის მოსავალი ჩვენ ჯერ საქართველოში არ მოგვიყვანია. ასევე რეკორდულია ბოსტნეულის მოსავალი - 660 ათასი ტონა. მოწეულია უპრეცენდენტო რაოდენობის კარტოფილის მოსავალი - 440 ათასი ტონა. თანაც, რაც ყველაზე საგულისხმოა, ეს მონაცემები წლიდან წლამდე მატულობს. ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთესი მოსავალი მოვიწიოთ.
სწორედ ამ ტენდენციებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში არ მძვინვარებს ინფლაცია, ლარის კურსი საკმაოდ სტაბილურია და, რა თქმა უნდა, ბაზარზე პროდუქტების გარკვეული სიუხვეა.
იწყება ინტენსიური მუშაობა საგაზაფხულო ხვნა-თესვის სათანადო ორგანიზებისათვის. იქმნება შესაბამისი კომისია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ურთულესი პრობლემები, მათ შორის, საწვავ-საცხებ მასალებთნ დაკავშირებით, განსაკუთრებით დიზელის პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას.
თანდათან დგება ფეხზე მეჩაიეობა. წელს მოკრეფილია 70 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი. ნამდვილად დაიწყო ჩვენი ქვეყნისათვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის აღორძინება. ცნობილია მევენახეთა წარმატებანი, მიღწევებია მეხილეობასა და მეაბრეშუმეობაშიც კი. რა თქმა უნდა, აღმავლობის გზაზეა მეცხოველეობა. სწრაფი ტემპით ვითარდება მეციტრუსეობა, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ადგილი არა მარტო რუსეთის, არამედ უკრაინის ბაზრებზეც, რასაც ხელს უწყობს, აგრეთვე, ტრანსპორტის სწრაფი განვითარება, განსაკუთრებით ბათუმიდან და ფოთიდან საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელები და ასე შემდეგ.
ზრდის სწრაფი ტემპია შენარჩუნებული ვაჭრობაში და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, არა მარტო გამოცოცხლდა, არამედ ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს იკავებს სამშენებლო დარგი. ეს უკვე ამ ბოლო წლებში სრულიად ახალი მოვლენაა, კერძოდ, საბინაო მშენებლობა. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ დარგს უდიდესი პერსპექტივა აქვს. ქართველი მშენებლები და ინჟინრები მართლაც არავის ჩამოუვარდებიან შრომისუნარიანობით, ნიჭით და კვალიფიკაციით.
ყოველივე ეს უდავოდ ქმნის საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის მყარ წინაპირობას, ვინაიდან ფართოვდება საგადასახადო სივრცე. თუმცა, რომ არა კორუფცია და ზოგიერთი მეწარმის არასახელმწიფოებრივი დანაშაულებრივი, მე ვიტყოდი, პოზიცია, ამჟამადაც ყველა პირობა გვაქვს ხელფასების, პენსიების დავალიანების გასაცემად და დასაფარავად.
დღეს უმთავრესი პრობლემა ისევ და ისევ ბიუჯეტია. მომავალი წლის ბიუჯეტი ძალიან მძიმე იქნება. გარდაუვალია თითქმის ყველა მიმართულებით ხარჯების შეკვეცა, ვინაიდან უმთავრეს პრიორიტეტად მოსახლეობისადმი სახელმწიფოს ვალდებულებათა შესრულება ვაღიარეთ. ამასთანავე ყველა წინაპირობა გვაქვს, რათა ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდეს და ქვეყანამ სათანადო რესურსი დააგროვოს ისევ და ისევ სოციალური მნიშვნელობის პროგრამათა დასაფინანსებლად.
რა თქმა უნდა, უდიდეს როლს შეასრულებს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც პერსპექტიული იდეიდან უკვე რეალობად იქცა, მათ შორის უპირველესია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.
გასულ კვირას აზერბაიჯანის ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მოვილაპარაკეთ, რომ შესაბამისი ხელშეკრულება ოპერატიულად უნდა მომზადდეს. იმავე თემაზე ვისაუბრეთ ტელეფონით თურქეთის პრეზიდენტთან სულეიმან დემირელთან მისი ინიციატივით. ჩვენს პარტნიორებს შესანიშნავად ესმით, რომ საქართველოსათვის ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მათთან ერთად ოპტიმალური ფორმულის შემუშავებას. ძირითადად ლაპარაკია ტარიფებზე, მოგების რაღაც პროცენტებზე და ასე შემდეგ, რაც ყველა ხელშეკრულებისათვის არის დამახასიათებელი.
როგორც ყოველთვის, ჩვენთვის უაღრესად ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო მოლაპარაკება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. მსოფლიო ბანკს სიტყვა არასოდეს გაუტეხავს საქართველოსთან ურთიერთობაში. ამჯერადაც გვარწმუნებენ, რომ, თუ ჩვენი მხრივ შევძლებთ მთლიანად შევასრულოთ სავალუტო ფონდის განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი უეჭველად დაგვეხმარება მორიგი შეღავათიანი კრედიტით.
ეს საკითხი სახელმწიფო მინისტრის ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის, ფინანსთა მინისტრისა და სხვა უწყებათა ხელმძღვანელების უმთვრესი საზრუნავია ამ დღეებშიც და ახალი წლის დამდეგისთანავე მსოფლიო ბანკი კვლავინდებურად აფინანსებს საქართველოში რამდენიმე ორიგინალურ, შესანიშნავ, გამორჩეულ პროექტებს, რომელთაგანაც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის თაობაზე საზოგადოებას უკვე აქვს ინფორმაცია და ეს არაერთხელ თქმულა.
გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან ქალბატონ ბრეკ შირერთან შეხვედრისას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში ეროვნული ნაკრძალებისა და დაცულ ტერიტორიათა მთელი სისტემის განვითარების შესახებ. იგულისხმება ხარაგაული, ბორჯომის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, კოლხეთის ზონის დაცვა, რასაც გადაუჭარბებლად საშვილიშვილო ეროვნული მნიშვნელობა აქვს. ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს უფრო მეტად გერმანელები შეფობენ და ეს პროცესები ძალიან საინტერესოა.
სულითა და გულით მივესალმები საქართველოს ეროვნულ პარკებთან და ნაკრძალებთან ამერიკის დაცულ ტერიტორიათა დაკავშირებას და პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას. მსოფლიო ბანკი აქაც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს.
- გასულ კვირას გაიმართა კონფერენცია, რომელიც მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა. ამ ღონისძიებაზე თქვენი დასწრება იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო უკვე ამ სფეროში სერიოზული რეფორმირებისათვის ემზადება?
- საქართველო ამჟამად უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის კარიბჭესთან დგას. კონფერენციაზე გამოსვლისას მე ვთქვი, რომ ერთმანეთს დიდხანს ვერ შეუთავსდება და ვერც შეუთავსდა საბაზრო ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფის საბჭოთა სოციალისტური სისტემა, ვინაიდან იგი სხვა წყობაზე, სხვა ეკონომიკურ კატეგორიებზე, სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე იყო აგებული.
განვითარებულ ქვეყნებში სოციალური სფერო სულაც არ არის დოტაციური. პირიქით, იგი მომგებიანი დარგიც კი არის. არსებობს ტერმინი „სოციალური ეკონომიკა“. საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს, რათა ამ სფეროშიც ღრმად გააზრებული, მაგრამ მტკიცე და რადიკალური რეფორმის განხორციელებით მოიზიდოს დიდძალი ინვესტიცია. უცხოური კაპიტალის მეშვეობით გაისტუმროს ყოველგვარი დავალიანება და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემა, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთეს. ეს გზა, ასე ვთქვათ გაკვალულია.
რაც მთავარია, პენსია უნდა გადაიქცეს არა სახელმწიფო ზრუნვის სიმბოლიურ გამოხატულებად, არამედ რეალურ ეკონომიკურ და სოციალურ კატეგორიად, რომელსაც თითოეული ადამიანი საკუთარი შრომითა და გარჯით დაიმსახურებს მთელი ცხოვრების მანძილზე სათანადო რესურსის დაგროვებით.
მაგრამ საამისოდ უწინარესად აუცილებელია საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში კორუფციის აღმოფხვრა, მისი დამარცხება, ეგრეთ წოდებული „მკვდარი სულების“ პრაქტიკის მოშლა და სახელმწიფო წესრიგის დამყარება. მრცხვენია კიდეც, ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ. კერძოდ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც უკანასკნელ ლუკმას ართმევს პენსიონერს.
დღევანდელ ვითარებაში ამ დანაშაულის შენდობა ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ კვლავინდებურად მწვავეა საბიუჯეტო კრიზისი და შემოსავლის დონე ნამდვილად არ გვაკმაყო- ფილებს.
აქვე ვიტყვი, რომ მისასალმებელია სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილება - დღეიდან პირადად გააკონტროლოს ყოველდღიური საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების პროცესი. გუშინ უკვე გაიმართა ასეთი შეკრება და სწორედ ასეთი ოპერატიული ჩარევა უნდა დაჩქარდეს.
ასევე, ალბათ, დღეს შევიტან წინადადებას პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევის თობაზე. შემოსავლებისა და გადასახადების სამინისტრო შექმნილია და გადასაწყვეტი იქნება მინისტრის საკითხი. დღეს, ალბათ, ამის შესახებ მივიღებ გადაწყვეტილებას და განვიხილავთ სესიაზე.
- უკვე დღეს დასახელდება კანდიდატურა?
- ან დღეს, ან ხვალ დილით.
- ეს უკვე რეალური და საბოლოო კანდიდატურა იქნება?
- არის სხვადასხვა ვარიანტი და დღეს უნდა შევარჩიოთ...
- მოსახლეობისათვის ყველაზე მეტად გადაუჭრელ პრობლემად ენერგეტიკული პრობლემა რჩება. მოსალოდნელია თუ არა რაიმე გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით მომავალში, რადგან პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გრაფიკი არ სრულდება და, რაც თავის დროზე ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ზუბიტაშვილმა თქვა, 2000 წლიდან შეიძლება დაიწყოს გაუმჯობესება ენერგოსისტემაში. მაშინ, რამდენიმე წლის წინათ, ეს დაუჯერებლად აღიქმებოდა. დღეს, ფაქტობრივად, ისევ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ...
- თქვენ, ალბათ, დამერწმუნებით, რომ ენერგეტიკა მთელი ჩვენი საქმიანობისა და ჩვენი მუშაობის, ასე ვთქვათ, უმთავრესი უბანია და ამ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად სწორედ ამ საკითხზე ვიმუშავებთ.
ვერა და ვერ მოხერხდა უმთავრესი პრობლემის - მოხმარებული ენერგიის საფასურის ანაზღაურების გადაწყვეტა. მე კიდევ და კიდევ გავიმეორებ ამას და ხაზს გავუსვამ ამ საკითხს, რადგან ვერავითარი - ვერც უცხოელი ინვესტორი, ვერც საკუთარი რესურსები ვერ გვიშველის, თუ არ გადავიხადეთ დახარჯული ენერგიის საფასური.
სწორედ ეს არის საწყისი, მიზეზთა მიზეზი იმ უბედურებისა, რაც გვჭირს. თორემ შიდა ან გარე რესურსების ნაკლებობას ნამდვილად აღარ განვიცდით.
საქართველოს დღეს შეუძლია საჭირო რაოდენობის ენერგიის, კერძოდ, ელექტროენერგიის, საწვავის, ეს იქნება მაზუთი თუ გაზი, იმპორტი, მაგრამ, რა საკვირველია, მხოლოდ იმ პირობით, თუ მომხმარებელი გადაიხდის საფასურს. სხვანაირად სხვა წყარო არ არსებობს.
გულწრფელად გეტყვით, ჩვენ რომ მიგვებაძა ზოგიერთი ქვეყნისათვის და გამოგვეყენებინა უსასტიკესი, ულმობელი, უმოწყალო მეთოდები, მათ შორის, ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა და სხვა 2-3 წლის უდიდესი გაჭირვებისა და, ვთქვათ, მსხვერპლის ხარჯზე, ამჟამად მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა. მაგრამ უფრო ლმობიერი გზა ავირჩიეთ, თანდათანობით განვახორციელეთ დარგის რესტრუქტურიზაცია, შემოვიყვანეთ უცხოელი ინვესტორები. საკმარისია ითქვას, რომ, მაგალითდ, „აი-ი-ეს-თელასმა“ თბილისის განმანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციაში უკვე ათობით მილიონი დოლარი დააბანდა. უზარმაზარი სამუშაო შესრულდა და ამის დაუფასებლობა უმადურობა იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, გადაუხდელობის პრობლემა კვლავ უმწვავესია. ამას ვერც უცხოელი ინვესტორი შეეგუება და ვერც ჩვენი საკუთარი მოქალაქე.
ამჟამად მთავრდება მუშაობა თბილსრესის საპრივატიზაციო ხელშეკრულებაზე. თბოელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი, ალბათ, გადაეცემა „აი-ი-ეს თელასს“. იგი პირობას დებს, რომ საკუთარი სიმძლევრეებით უზრუნველყოფს დედაქალაქს და საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიით, მაგრამ ისევ და ისევ მხოლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების პირობით.
დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას: განხორციელებული სამუშაოს შედეგად ახალ წელს გაცილებით უკეთესი პირობები გვექნება, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით. ოღონდ ეს დროებითი იქნება, თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს. ასეთ შემთხვევაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ენერგოკრიზისი უღმერთოდ გაჭიანურდება. ესე იგი, დღეს იმ რესურსების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ დამყარებული კავშირების მეშვეობით რომ მოვიძიეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგოშემცველების პრობლემა არ არსებობს, თუკი იქნება დახარჯულის ანაზღაურება.
- გასულ კვირას ახალგაზრდობის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- ძალიან დიდია. ეს არის შედარებით ახალი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე აღმოცენდა და უკვე დაიმსახურა კიდეც საზოგადოებისა და პირადად ჩემი ნდობა, ვინაიდან მართლაც შესანიშნავ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც თავიანთ სფეროებში - ბიზნესში, ხელოვნებაში, სპორტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიეს. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, არიან პრეზიდენტის სტიპენდიანტები, ლაურეატები და ასე შემდეგ.
ჩვენმა შეხვედრამ და საუბარმა თითქმის სამ საათს გასტანა. ეს არ იყო ფორმალური აზრთა გაზიარება. ახალგაზრდებმა კონსტრუქციულად, კეთილგანწყობილად, მაგრამ ძალზე პრინციპულად ილაპარაკეს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის კორუფცია, ახალგაზრდების დასაქმება, მენეჯმენტი, არასამთავრობო ორგანიზაციათა როლის გაძლიერება და სხვა.
მე მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი მათი ერუდიციით, მონდომებით, პასუხისმგებლობისა და შეგნების მაღალი დონით. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და რეგულარულად გადაიქცეს. ეს კარგი სკოლაა მათთვისაც და ძალიან სასარგებლოა საქართველოს პრეზიდენტისათვის. ამ ახალგაზრდებს ურთულესი ეროვნული პროგრამების განხორციელება შეუძლიათ და ისინი მზად არიან ამისათვის.
ერთ მაგალითს დავასახელებ: შეხვედრაზე ითქვა და გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ უდიდესი ეროვნული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი - კომპიუტერული პროგრამების გაქართულების, კომპიუტერის ქართულად „ამეტყველების“ პრობლემა. ეს ურთულესი საკითხია. კომპიუტერიზაცია გარდაუვალია და ფაქტობრივად მოიცავს ყველა სკოლას, მათ შორის, დაწყებითს კლასებსაც. ამაზე უკვე აღარავინ უნდა დავობდეს და ყველა უნდა შეეგუოს ამ აზრს. მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ საქართველოს პატარა მოქალაქეს, სადაც უნდა ცხოვრობდეს იგი, - ხულოში, თბილისში, თელავში, მესტიასა თუ შატილში, უნდა ჰქონდეს საშუალება ქართულად იმუშაოს კომპიუტერთან, ქართულენოვანი პროგრამებით გადაწყვიტოს ესა თუ ის ამოცანა იმფორმატიკის სფეროში. ქართული სეგმენტი უნდა არსებობდეს, აგრეთვე, ინტერნეტის გლობალურ ქსელში. ამ პროექტს პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებ.
სახელმწიფო კანცელარიის ინიციატივით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი. მათ შორის არიან ენათმეცნიერი პროგრამისტები. შესასრულებელია ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო, თუმცა ახალგაზრდულ ენერგიასა და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება. ყოველ შემთხვევაში, ბატონი თედო ისაკაძე - სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რომელიც ამ საქმეს კურირებს, გვპირდება, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წლის იუბილესათვის კომპიუტერი - ათასწლეულის ეს საოცრება, როგორც მას უწოდებენ, უკვე ქართულად „ამეტყველდება“.
ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვება იქნება. აქ ახალგაზრდა მეცნიერებს წარმატებას ვუსურვებ. მოგეხსენებათ, ქართული ენათმეცნიერული სკოლა უდიდესი ტრადიციების მატარებელია და მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული, ხოლო ქართველი პროგრამისტები კომპიუტერულ დარგში თითქმის ტოლს აღარ უდებენ თავიანთ ამერიკელ თუ რუს, იაპონელ და სხვა კოლეგებს.
- 21 დეკემბერს სტალინის დაბადების 120 წლისთავი სრულდება. ალბათ, საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ თარიღთან დაკავშირებით...
- მე, ალბათ, ძალიან ვრცლად ვერ ვილაპარაკებ, რადგან ეს უზარმაზარი თემაა და ინტერვიუში ვერ ამოვწურავ.
სხვათა შორის, მინდა გავიხსენო, რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა კლინტონმა მე-20 საუკუნის პირველ ადამიანად ფრანკლინ დელანო რუზველტი დაასახელა. მე ვეთანხმები ამ შეფასებას, თუმცა რუზველტთან ერთად არ შეიძლება არ გავიხსენოთ კიდევ ერთი ტიტანი - უინსტონ ჩერჩილი და ასე შეიძლება სხვების ჩამოთვლაც. მ
აგრამ თუ შევთანხმდებით, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმის დამარცხება იყო, აქ უდიდესია, გადამწყვეტია, მე ვიტყოდი, სტალინის დამსახურება. ამის უარყოფა აბსოლუტურად შეუძლებელია, უფრო მეტიც: სრულიად სამართლიანად მიმაჩნია ის აზრი, რომ მეორე მსოფლიო ომის მთავარი ფიგურა, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ფაშიზმის განადგურებაში, სწორედ სტალინი გახლავთ.
აქვე პატივცემულ რადიომსმენელს და მკითხველს შევახსენებ უინსტონ ჩერჩილის ცნობილ განცხადებას დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში სტალინის 80 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. მივაქციოთ ყურადღება - 1959 წელს სტალინის იუბილე აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა. ალბათ, ადვილად მიმიხვდებით, რატომ ვამახვილებ ყურადღებას ამ ფაქტზე. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ გადმოგვცემს უინსტონ ჩერჩილის სიტყვას, რომელშიც იგი ბრძანებს, რომ „იოსებ სტალინი იყო განუმეორებელი და შეუდარებელი ფენომენი თავისი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით, მხედართმთავრული ნიჭითა და ნებისყოფით“. იმავდროულად, ჩერჩილის თქმით, სტალინი იყო ურთულესი პიროვნება, რომელმაც შექმნა უზარმაზარი იმპერია, ჩაიბარა რუსეთი კავით და დატოვა ატომური იარაღით.
ჩერჩილი აღნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს, როგორიც სტალინია, არასდროს ივიწყებს ისტორია და ხალხი. შეუძლებელია ქართველ კაცს სტალინისადმი ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იოსებ სტალინი უსასტიკესი და წინააღმდეგობებით აღსავსე საუკუნის ჭეშმარიტი პირმშო იყო. ამავე დროს, თავისი რკინის ნებისყოფითა და რწმენით იგი თავად ქმნიდა კიდევ უფრო სასტიკ ეპოქას და სათავეში ედგა საკაცობრიო მნიშვნელობის პროეცესებს.
განუზომელია სტალინის გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე. იგი აწ უკვე თითქმის მიწურული ათასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანაა.
სტალინის ცხოვრება და მოღვაწეობა მრისხანე გაკვეთილია კაცობრიობისათვის. მე ხაზს ვუსვამ ამ გამოთქმას - სწორედ გაკვეთილია კაცობრიობისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.
სტალინის ფენომენი, აგრეთვე ადასტურებს, რომ მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ თავისუფალ სახელმწიფოს შეუძლია წინ აღუდგეს სისასტიკის, ბოროტების აღზევებას და ნებისმიერ ნიჭს გადაუშალოს კეთილშობილი, ჰუმანური ასპარეზი. სტალინის ფენომენი, ის, რაც მისი მმართველობის დროს მოხდა, ქართველ ხალხსაც გვავალდებულებს არასოდეს არ გადავუხვიოთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობის გზას.
რამდენიმე წლის წინათ მე მხარი დავუჭირე ინიციატივას, რომ გორში დაფუძნებულიყო სტალინის ფენომენის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი. მიმაჩნია, რომ ამ წინადადებას დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა, კარგი იქნება თუ ცენტრის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეცნიერები. მათ შორის, მე, მაგალითად, დავასახელებდი ბატონ დევი სტურუას - უახლესი ისტორიის შესანიშნავ მკვლევარს, იქვე უკვე ახლა მოღვაწეობენ პროფესორი დავით გეგეშიძე და სხვები და სხვები. ეს არ არის იოლი მეცნიერული პრობლემა, ადვილად გადასაწყვეტი და ამოსახსნელი საკითხი.
ის ადამიანი სტალინად არ დაბადებულა, სტალინად იგი რევოლუციამ, სისხლიანმა და ქარიშხლიანმა მე-20 საუკუნემ აქცია. სოსო ჯუღაშვილი კი ყმაწვილკაცობისას მშვენიერ ლექსებს წერდა. ყოველ შემთხვევაში, დიდმა ილია ჭავჭავაძემ შვიდი ლექსი დაუბეჭდა. ეს უკვე თავისთავად მრავლისმეტყველია. ჩვენ სამართლიანი უნდა ვიყოთ ყველა ისტორიული პიროვნების, სხვათა შორის სტალინის - სოსო ჯუღაშვილის მიმართაც.
- ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ სტალინის გადმოსვენებაზე სამშობლოში, ხშირად ისმის ასეთი მოთხოვნებიც...
- როგორც მოგახსენეთ, იოსებ სტალინი საკაცობრიო ფენომენია. იგი განუყოფელია როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, სხვა ქვეყნების ისტორიისაგან. მისი ნეშტის გადმოსვენება არ არის მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტი ან ამ ეტაპზე გადასაწყვეტი. ისე კი, მე, პირადად, იმის მომხრე ვარ, რომ ყველა ქართველმა, ვინც სხვადასხვა ეპოქაში განვითა- რებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად სამშობლოს მოწყვეტილი აღმოჩნდა და უცხოეთშია დაკრძალული, მშობლიურ მიწაში ჰპოვოს უკანასკნელი სავანე. ეს ჩემი პირადი აზრია. მე ვგულისხმობ სხვებთან ერთად, მაგალითად, ნოე ჟორდანიასა და ზვიად გამსახურდიასაც.
- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება კვლავ მიიპყრო რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე მიმდინარე პროცესებმა...
- რუსეთ-საქართველოს საზღვრის ამ მონაკვეთზე შექმნილი ვითარება ნამდვილად იწვევს გარკვეული შეშფოთების საფუძველს გახშირებული ექსცესებისა და ინციდენტების გამო. ამიტომ მე ვიწონებ ეუთოს უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საზღვარზე ვითარების მონიტორინგის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთმაც დაუჭირა მხარი და მე მივესალმები ამას. ვფიქრობ, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი ტერიტორიის მხრიდან საზღვარზე კონტროლი გაამყარა, იქმნება ყველა პირობა, რათა ქართველმა და რუსმა მესაზღვრეებმა აქტიურად ითანამშრომლონ.
- 25 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლის ტაძარში საყოველთაო მონანიების დღეს აღნიშნავს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს ლოცვას ჩვენი ცოდვების შენდობისათვის.
- მე მიმაჩნია, რომ ეს არის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს კეთილშობილური ინიციატივა, რომელსაც როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ერთმნიშვნელოვნად მივესალმები და ამ დიდი მადლისათვის ვემადლიერები მის უწმინდესობას.
იწურება ეს სასტიკი და მრისხანე საუკუნე, რომლის განმავლობაშიც ყველამ, საქართველომაც და მსოფლიომაც, მრავალჯერ განვარისხეთ უფალი, მრავალი იყო ცოდვა, რომელსაც მონანიება სჭირდება. უზენაესის ნებით, ქართველი ერის ძალისხმევით საქართველომ უარყო უღმერთობა, უმოწყალობა, ტოტალიტარიზმი და სამუდამოდ შემოტრიალდა ღვთისა და ეკლესიისაკენ. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზა ღვთისნიერი გზაა, თუმცა იგი უაღრესად ძნელია და მოითხოვს განწმენდასაც და მონანიებასაც. ჩადენილი ცოდვების მონანიებით და უფლის იმედით უნდა შევხვდეთ ცოდვილი საუკუნის დასასრულს და განწმენდილნი შევეგებოთ ახალ ეპოქას, უწმინდესისა და უნეტარესის ამ კეთილშობილურ წამოწყებას. დარწმუნებული ვარ, მთელი ერი, სრულიად საქართველო გამოეხმაურება ამას. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი სამშობლოს ყოველი კუთხიდან ჩამოვლენ მართლმადიდებელნი, რათა მიეახლონ სვეტიცხოველს, ქართული მიწის უდიდეს სიწმინდეს.
მე, როგორც ერთი მათგანი, ვეზიარები ამ დიდ ღვთიურ მადლს.
საქინფორმი.
„თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზა ღვთისნიერი გზაა, თუმცა იგი უა- ღრესად ძნელია და მოითხოვს განწმენდასაც და მონანიებასაც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 21 დეკემბერი. - №345 (3387). - 1, 2 გვ.
![]() |
94 საქართველოს მედიცინის მუშაკებს! |
▲back to top |
მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - მედიცინის მუშაკის დღეს!
საქართველოს თითოეული მოქალაქის ფიზიკურ და სულიერ მხნეობაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს პროფესიულ ოსტატობას, პიროვნულ თვისებებსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.
ქართველ მედიკოსთა სახელოვან ტრადიციებზე აღზრდილი დღევანდელი თაობა, სირთულეების მიუხედავად, თავდადებით იღვწის საქართველოში სამედიცინო აზროვნების, სამეცნიერო პოტენციალის განვითარების, მისი საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისა და დამკვიდრებისათვის.
ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ მხნეობას, დიდ მიღწევებს თქვენი უკეთილშობილესი მისიის წარმატებით განხორციელებაში.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს მედიცინის მუშაკებს! : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 23 დეკემბერი. - №347 (3388). - 1 გვ.
![]() |
95 თინა ლაღიძის ოჯახს |
▲back to top |
სამძიმარი
მწუხარებით შევიტყვე ქალბატონი თინას გარდაცვალების შესახებ.
კიდევ ერთი დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა იმ ლამაზ დროსთან, როცა ბატონი რეზო თავისი არაჩვეულებრივი მუსიკით, პიროვნული ხიბლითა და ადამიანური ღირსებებით შესანიშნავ სამყაროს ქმნიდა.
მიიღეთ ჩემი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე. თინა ლაღიძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 24 დეკემბერი. - №348 (3389). - 1 გვ.
![]() |
96 ბატონ ვასილ კიკნაძეს! |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო ვასილ,
70 წლის გამხდარხართ.
გილოცავთ და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა.
რაც გიცნობთ, მუდამ ასეთი მახსოვხართ - ენერგიული საქმიანი, ყველგან ასწრებთ ყოფნას და თქვენი კვალის დამჩნევას - თეატრშიც, ინსტიტუტშიც, მეცნიერებაშიც, საზოგადოებრივ ასპარეზზეც.
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
თქვენისთანა პედაგოგი სჭირდება თქვენს სტუდენტებს, ქართულ თეატრს და ჩვენს ცხოვრებას - თქვენისთანა პირუთვნელი შემფასებელი და ქომაგი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ ვასილ კიკნაძეს! : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 26-27 დეკემბერი. - №350-351 (3392). - 1 გვ.
![]() |
97 „სახელმწიფო იწყება ბიუჯეტით, რაც უფრო ძლიერი და სტაბილურია ბიუჯეტი, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო, მით უფრო ძლიერი არმია ჰყავს, მით უფრო უკეთ უზრუნველყოფს თავის მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების პირობებით“ |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საყოველთო მონანიების დღე აღინიშნა. და, უნდა ითქვას, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ამ მოწოდებას მართლაც საყოველთო გამოხმაურება მოჰყვა... ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მიმაჩნია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ეს კეთილშობილური ინიციატივა ათწლეულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
მართლაც, მთელი საქართველო იყო წარმოდგენილი მცხეთა-სვეტიცხოვლის წმინდა მიწაზე.
ამ დღეს სრულიად საქართველომ, ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მამა-პაპათა რწმენის ერთგულება.
თვალსაჩინოა პირადად მისი უწმინდესობის ილია მეორის ღვაწლი ამ თვალსაზრისით.
განვლილმა ათწლეულმა უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს ხალხსა და ჩვენს სამშობლოს.
რა თქმა უნდა, მრავალი უბედურება უმძიმესი შეცდომებისა და ღვთის რისხვით უნდა აიხსნას.
რწმენისა და მონანიების გზა საბოლოოდ ერისა და ღვთისმსახურების გზაა - მას სამშობლოს ბედნიერებისა და კეთილდღეობისაკენ მივყავართ.
სინანული და მონანიება მხოლოდ ღვთის მადლით მოსილთა და დიდსულოვანთა ხვედრია.
მით უმეტეს, როდესაც ამ აღთქმას საყოველთაო ხასიათი აქვს, - როცა ათასობით და ათიათასობით ადამიანი მადლიერებით ეზიარება ამ მადლს, იგი უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აქტიც ხდება.
ამ დღეს, მართლაც რომ, ერთად იყო, „შეჰკრბა ერი და ბერი“ და ეს ანარეკლია იმ ცვლილებებისა, იმ დიდი კათარზისისა, საქართველოს სულიერ ცხოვრებაში რომ მიმდინარეობს.
ჩვენ საბოლოოდ ვემიჯნებით სატანას, რომელმაც შური, ბოღმა და შფოთი დათესა ჩვენს გულში. წარსულს ვაბარებთ არასტაბილურობის, ნგრევისა და სიძულვილის ძმათამკვლელ ეპოქას. თუმცა წინ კვლავ ბევრი სიძნელე გველის, ბევრი მიჯნა გვაქვს გადასალახავი.
1999 წლის 25 დეკემბერი, საყოველთო სინანულის, საყოველთო მონანიების დღე თვალსაზრისით, დიდ ეროვნულ ნიშანსვეტად მიმაჩნია და არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მადლობას ვწირავ მის უწმინდესობას ასეთი სიკეთისა და მადლისათვის.
- თქვენ აღსარება თქვით... პირველად, და ეზიარეთ...
- დიახ, ესეც იყო, აღსარება - პირველად, ზიარება კი რამდენჯერმე.
- დავუბრუნდეთ გასული კვირის მოვლენებს. რას გამოყოფდით გასული კვირის ეკონომიკური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენებიდან?
- შეიძლება ითქვას, ამჟამად ყველა პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ შემჭიდროებულ ვადებში გადავწყვიტოთ უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. სწორედ ეს არის ახლა საკითხთა საკითხი. მივაღწიეთ ეროვნულ თანხმობას, გარკვეული აზრით, სტაბილურად ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ მათი ქმედუნარიანობა, ეფექტიანობა ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი.
წელი იწურება.
მთელი ამ წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ბიუჯეტი - საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა გახლდათ.
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ინდიკატური გეგმის განხილვისას შეშფოთება გამოვთქვი იმის გამო, რომ ზოგ შემთხვევაში სამინისტროები და უწყებები ფორმალურად ეკიდებიან ურთულესი პრობლემების, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას.
მაგალითად, ინდიკატური გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა, ყველა უწყების, ყველა სამინისტროს, მუნიციპალური სტრუქტურების, ეკონომიკასთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის ზრუნვისა და თუნდაც მწვავე დისკუსიის საგანი არ გამხდარა, თუმცა კი, უნდა იყოს.
რაკი ასეთი დისკუსია არ მიმდინარეობს, მაშასადამე ეკონომიკის სამინისტროს არ დაეხმარნენ, ან თუნდაც არ შეაწუხეს ახალი წინადადებებით, გაანგარიშებით, ჰიპოთეზებით, იდეებით, პროგრამებით, რომელთა არსი იმ უდიდესი რეზერვების მოძიება და გამოყენება იქნებოდა, რომლებიც ნამდვილად აქვს საქართველოს.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რა თქმა უნდა, გამორიცხავს სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკურ პროცესებში იმ გაგებით, როგორც ეს ესმოდათ ეგრეთ წოდებული მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის ეპოქაში, მაგრამ თავისთავად გეგმიანობა, ზუსტი ეკონომიკური პროგნოზი, ეკონომიკური გაანგარიშება, რესურსების კონცენტრაცია გარკვეული მიმართულებით, სულაც არ არის კომუნისტური წყობის „მოგონილი“, და ეს ყველამ უნდა გაიგოს.
ვერ დამისახელებთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო არ ცდილობდეს პრიორიტეტების განსაზღვრასა და ეკონომიკური პროცესების მართვას. ოღონდ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საბაზრო მექანიზმების გამოყენებით.
მეორე ურთულესი ამოცანაა ბიუჯეტის უცილობელი, უსიტყვო შესრულება.
მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი გამოთქმა: „სახელმწიფო არის არმია“, ან „სახელმწიფო იწყება საზღვრიდან“, ლუი მეთოთხმეტე ამბობდა: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“ (ასეც იყო!) მაგრამ ყველაზე ზუსტი განსაზღვრა, თუ დღევანდელი პირობების მიხედვით ვილაპარაკებთ, მაინც ის მგონია, რომ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა არის ბიუჯეტი!
სახელმწიფო იწყება ბიუჯეტით, რაც უფრო ძლიერია და სტაბილურია ბიუჯეტი, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო, მით უფრო ძლიერი არმია ჰყავს, მით უფრო უკეთესად უზრუნველყოფს თავის მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების პირობებით.
ამიტომ ბიუჯეტი და ეკონომიკა ზოგადად, ახალი წლის დამდეგიდანვე, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი გახდება. საბიუჯეტო კრიზისი უნდა დამთავრდეს მომავალ წელს. სხვა შემთხვევაში თვით ქვეყნის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგება. ამას კი ვერ დავუშვებთ.
- დავით ონოფრიშვილს ნამდვილად არ შეუძლია თქვას, ბიუჯეტი - ეს მე ვარო, რადგან მის გარდა, ეს კიდევ სხვა სამინისტროებზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეივსება ბიუჯეტი. აქ მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების სამინისტროს როლი. გასულ კვირას, როგორც იქნა, ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ახალ სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი - მიხეილ მაჭავარიანი ჰყავს. რამდენად გადაწყვეტს პრობლემებს ეს ახალი სამინისტრო?
- გულწრფელად გეტყვით: ძალიან დიდ იმედს ვამყარებ ამ ახალ სტრუქტურაზე - „საგადასახადო შემოსავლების სამინისტროზე“ და პირადად მიხეილ მაჭავარიანზე.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში დღემდე არაფერი გაკეთებულა, - ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნისათვის სასარგებლო, ურთულესი პრობლემებიც გადაიჭრა. თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად ამ სამსახურების შექმნა, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე დაიწყო. პრობლემებიც გადაიჭრა, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია. რაც გაკეთდა, ეს გარკვეული გამოცდილებაა, მაგრამ დღეს ის ტემპი და მასშტაბი სრულიადაც არ შეეფერება ჩვენ წინაშე მდგომ ამოცანებს. დღეს სახელმწიფოს გადარჩენის, ხალხის გადარჩენის ამოცანა დგას, როცა ბიუჯეტზე, მის შევსებაზე ვლაპარაკობ.
და კიდევ და კიდევ ხაზს ვუსვამ იმას, რომ დღეს სწორედ აქ წყდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ მაჭავარიანის სახით პასუხისმგებლობას კისრულობს მთელი რეფორმატორული გუნდი.
აქ უკან დახევა და სისუსტის გამოვლენა დამარცხებისა და დაღუპვის ტოლფასია.
მიხეილ მაჭავარიანი, როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ ცნობილი მოღვაწეა, ენერგია და ნიჭი არ აკლია, მაგრამ ამთავითვე მინდა გავაფრთხილო მთავარი საფრთხის თაობაზე: არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს, - როგორც დაიწყებს დაუყოვნებლივ, უკვე დღეიდან, ხვალიდან ენერგიულად და საქმის ცოდნით, ასევე გააგრძელებს თვეებისა და წლების განმავლობაში, სანამ საქმე საბოლოოდ არ მივა ფინიშთან.
მართლაც, ურთულესი უბანია, ურთულესი სისტემაა და სრულიად აუცილებელია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძლიერი სტარტი, რათა უეჭველად, უცილობლად შესრულდეს ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური საკონტროლო დავალებანი ბიუჯეტის სფეროში.
საგადასახადო და საბაჟო უწყებებს დღეს კარგი პროფესიონალები ხელმძღვანელობენ.
მე ვთხოვ და ვთხოვე კიდეც ბატონ მიხეილ ჩიკვილაძეს და ბატონ თამაზ მაღლაკელიძეს ამოუდგნენ მხარში ახალ მინისტრს და არ დაუშვან ჩამორჩენა ამ დღეებშიც და მომავალშიც. მომა- ვალი წლის თითოეული დღე, თითოეული საათი უნდა იყოს კონტროლზე, მათ შორის პრეზიდენტის კონტროლზე.
- განვლილ პერიოდში გახდა ცნობილი, აგრეთვე, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროთა გაერთიანება.
- ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, ვინაიდან ყველა ოჯახისა და ყველა მოქალაქისათვის ძალზე ფაქიზ და მგრძნობიარე სფეროსთან გვაქვს საქმე. აქ თავს იყრის ყველაზე სათუთი და მტკივნეული პრობლემატიკა.
ამჟამად დიდი მოსამზადებელი მუშაობაა გაწეული ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. უახლოეს ხანში საზოგადოებას წარედგინება ახალი სამინისტროს სტრუქტურა, მისი კონცეფცია და, თუ გნებავთ, იდეოლოგიაც.
დაგეგმილია ფართო წარმომადგენლობითი სპეციალური თათბირის მოწვევა დარგის სპეციალისტთა და მეცნიერთა მონაწილეობით. შესაძლოა თათბირი გაიმართოს უშუალოდ პრეზი- დენტთან. ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ჩვენ ვდგავართ უდიდესი მნიშვნელობის სოციალური რეფორმის კარიბჭესთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ის, რომ ჯანმრთელობის მინისტრს, ახლა უკვე გაერთიანებული სამინისტროს მინისტრს ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს ძალიან დიდი სკოლა აქვს გავლილი რეფორმების განხორციელებისათვის და კარგი სკოლაც გაიარა უცხოელ სპეციალისტებთნ უცხოური გამოცდილების შესწავლის თვალსაზრისით. ყოველივე ამის შესახებ იქნება საუბარი და, ვფიქრობ, ჩვენი ტელევიზია მოგვეხმარება, რომ აქ ნათქვამი, აქ ჩამოყალიბებული დებულებანი, ამოცანები, დაკონკრეტებული სახით გაიცნოს თითოეულმა მოქალაქემ.
- ამ სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, გასულ კვირას პარლამენტს შესთავაზეს სახელმწიფო მინისტრის ფუნქციათა გაძლიერება, და კანონმდებლები დათანხმდნენ პრეზიდენტის ამ ინიციატივას.
- აქ, ალბათ, მართლაც საჭიროა ზოგიერთი განმარტება, ვინაიდან არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ სპეკულაციებს იმათი მხრიდან, ვისაც ცარიელ ადგილას რაღაც ინტრიგების აღმოჩენის ლამის მანიაკალური ნიჭი აქვს.
სახელმწიფო მინისტრის ფუნქციათა გამო დისკუსია საზოგადოებაში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს.
ამთავითვე ვიტყვი, რომ ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, იოტისოდენადაც არ ეხება კონსტიტუციას და, მით უმეტეს, არ სცილდება ქვეყნის უზენაესი კანონით დადგენილ ფარგლებს. ესე იგი, არ იცვლება თვით სახელმწიფოს ხასიათი - ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება.
ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არსებული სტრუქტურის სრულყოფა იყო, რათა კიდევ უფრო ქმედითად და სარგებლიანად გამოვიყენოთ საქართველოს კონსტიტუციაში ინტეგრირებული იურიდიული სახელმწიფოებრივი მექანიზმები.
ამ ცვლილების მიზანი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი როლის შემდგომი სრულყოფა იყო.
სახელმწიფო მინისტრს ექნება საშუალება მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები პრეზიდენტთან შეთანხმებით. ხოლო სახელმწიფო მინისტრის განკარგულებებსა და ბრძანებებს კანონქვემდებარე აქტის ძალა ენიჭება. ეს ძალიან დიდი უფლებაა და დიდი არეა მოქმედებისათვის.
არ დავმალავ, აქ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პიროვნულ ფაქტორს. ბატონმა ვაჟა ლორთქიფანიძემ თავისი პიროვნული ღირსებებით, ნიჭით და შრომისმოყვარეობით, კომუნიკაბელობით ნამდვილად დაიმსახურა ასეთი ნდობა.
ამ საკითხზე მე, უნდა გითხრათ, ვეთათბირე პარლამენტის ხელმძღვანელობას, ბატონ ზურაბ ჟვანიას, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, პრეზიდენტის რწმუნებულებს. მათი აზრიც ერთმნიშვნელოვანი იყო - სახელმწიფო მინისტრის ფუნქციის, უფლებამოსილებისა და შესაბამისად, რასაკვირველია, პასუხისმგებლობის გაძლიერება, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედუნარიანობის ამაღლებას.
თუმცა, ვიმეორებ, ეს სიახლე ვერ შეცვლის (არც ისახავს ამ მიზანს) ხელისუფლებათა გამიჯვნის, მათი წონასწორობის და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების იმ სისტემას, იმ მოდელს კონსტიტუციამ რომ დააფუძნა.
აქვე მადლობას მოვახსენებ პარლამენტს მხარდაჭერისათვის და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი დღეების მუშაობა ძალიან იმედისმომცემია, მშვენიერ შთაბეჭდილებას ახდენს, მაღალ პროფესიონალიზმსა და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას ცხადყოფს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ახალი დეპუტატების ძირითადი კორპუსი სწორედ ასეთია.
ჩვენმა ხალხმა 31 ოქტომბერს მართლაც აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ არჩევანის სიკეთეს იგი ძალიან ახლო მომავალში იგრძნობს.
- თქვენ არაერთგზის გითქვამთ ასეთი რამ, რომ ყველაფერს აიტანს საზოგადოება კორუფციის და უსამართლობის გარდა. ხომ არ გგონიათ, რომ რამდენადმე შენელდა კორუფციის საწინააღმდეგო ტალღა, რომელიც დასაწყისში, ასე ვთქვათ, ასეთი ცხელი იყო...
- თქვენ მართალი ბრძანდებით. ერთ-ერთ ინტერვიუში მე მართლაც უმკაცრესი განცხადებები გავაკეთე ამ პრობლემის თაობაზე და ვერ გეტყვით, რომ ყველაფერმა ამან უკვალოდ ჩაიარა. პირიქით, მოძრაობა დაიწყო. საინტერესო დისკუსია წამოიწყო დედაქალაქის აქტივმა ბატონ ვანო ზოდელავას ინიციატივით. ვფიქრობ, მათი პირველი შეკრება მხოლოდ დასაწყისია დიდი საუბრისა, დიდი მოძრაობისა და განსაკუთრებული ღონისძიებებისა სწორედ დედაქალაქში.
სწორედ დედაქალაქმა უნდა მისცეს მაგალითი მთელ ქვეყანას ამ თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებიც არ უნდა ჩამორჩნენ. არავინ შეზღუდული არ არის, ყველას აქვს ინიციატივის განუსაზღვრელი არე.
მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით მზადდება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მთლიანად ამ ურთულეს პრობლემას მიეძღვნება. სწორედ მნიშვნელოვანია სამეცნიერო, რადგან სერიოზული გამოკვლევა სჭირდება მიზეზებს, ბრძოლის გზებს. და ამავე დროს ამ კონფერენციას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა, ესე იგი, უნდა შეიმუშაოს პრაქტიკული რეკომენდაციები.
თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, პირადად მივიღებ მონაწილეობას კონფერენციაში: დავსხდეთ ერთად, როგორც იტყვიან, მრგვალ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ, - რა ვქნათ, როგორ ვუწამლოთ, როგორ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას და როგორ მოვაშოროთ ეს სიმსივნე.
იმავე საკითხზე ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
არავითარი რეპრესიების მომხრე არა ვარ, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ ხვეწნა-მუდარითა და შეგონებითაც არაფერი გამოდის. ამას საკმაოდ ბევრი წელი მოვანდომე. ამ საკითხებზე მართლაც მთელმა საზოგადოებამ უნდა იმუშაოს, ვინაიდან ეს საზოგადო ჭირია, ამიტომ მხოლოდ ხელი- სუფლება, მით უმეტეს, მხოლოდ პრეზიდენტი, ვერაფერს გახდება.
უდიდესია, აგრეთვე, მასმედიის როლი, თქვენ ახლა ამჩნევთ ძალიან დიდ გააქტიურებას.
მივესალმები ყოველგვარ ჟურნალისტურ გამოძიებასაც და ყურადღების ყოველგვარ კონცენტრაციას, რომელსაც ჩვენი მასმედია, ტელევიზია ახდენს, მხედველობაში მყავს ჩვენი საზოგადოების წევრები, ოღონდ არა ისეთს, როდესაც აშკარად, როგორც იტყვიან, „თეთრი ძაფითაა ნაკერი“. თუ ჟურნალისტი ამხელს ერთ ჯგუფს, უპირისპირდება ერთი ჯგუფის ინტერესებს მეორე ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე, ხანდახან ასეც ხდება. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, იმას, რასაც ჩვენი პრესა და ტელევიზია აკეთებს, ეს უბრალოდ უნიკალური წვლილია კორუფციის დაძლევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აქვე არ შემიძლია მადლიერებით არ მოვიხსენიო უცხოელი ექსპერტები, მსოფლიო ბანკის სპეციალისტები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები და მოწვეული პროფესიონალები, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ძირითადად მეთოდოლოგიური და სტრუქტურული პრობლემების გააზრებაზე.
- და, ბოლო კითხვა: გასულ კვირას რუსეთის საგარეო უწყებამ აშკარად დასდო ბრალად საქართველოს ჩეჩენ ბოევიკებთან ალიანსი და ლამის ბენ ლადენთან თანამოაზრეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის არანაკლებ მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
- საჭიროდ არ მიმაჩნია ძალიან დეტალურად შევეხო ამ საკითხს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად მართალი ვართ როგორც საკუთარი სინდისის, ასევე ჩვენი მეზობელი ჩეჩენი ხალხისა და ისტორიულად ჩვენი დიდი მეზობლის რუსეთის წინაშე.
ჩვენ ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ ქართველი ერის ჰუმანისტური ტრადიციების შესაბამისად.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტი არ გადაიზარდოს დიდ კავკასიურ ომად. უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ.
მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს.
მესმის, რომ მოსკოვში ზოგიერთი განარისხა საქართველოს უარმა, თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა ჩეჩნეთისაკენ მიმავალი სამხედრო ძალები. მაგრამ ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩნეთში ჯარის შეჭრა უეჭველად გამოიწვევდა ამ კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის ჩართვას და, როგორც მე ზემოთ ვთქვი, დიდი კავკასიური ომის წამოწყების სერიოზული საფრთხე შეიქმნებოდა. რამდენადმე ნერვიულობას იწვევს ის გარემოება, რომ ჩვენ დავრდომილი და გაჭირვებული ადამიანები შევიფარეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა, მე არაერთხელ მითქვამს ეს. რამდენიმე ათასი კაცი, მაგრამ ისინი ქალები, ბავშვები, მოხუცები, დაჭრილები არიან და ასე შემდეგ. ახლა ეს პროცესი შეწყდა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სათანადო ზომები მიიღო და, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, ყო- ველ შემთხვევაში, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ მრავალტანჯულ მიწაზე რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლა საქართველოს შეაფარეს თავი, შეექმნათ თავიანთ სახლებში დაბრუნების პირობები.
კვლავ და კვლავ ვადასტურებ, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთის სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის, მეგობრობის და კეთილმეზობლობის მომხრენი ვართ, ანუ იმ პრინციპების ერთგული ვართ, რომლებიც საფუძვლად დაედო რუსეთისა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ დიდ ხელშეკრულებას. საქართველოს პარლამენტმა, როგორც გახსოვთ, ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო გადაწყვეტილება ამ ისტორიული დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ, ჩვენ მისი დებულებებით ვხელმძღვანელობთ და ვიხელმძღვანელებთ მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არა აქვს იურიდიული ძალმოსილება, ვინაიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ არ ისურვა საქართველოსთან მეგობრობის ხელშეკრულების რატიფიცირება, თუმცა დაპირება ძალიან ბევრი იყო, ხოლო რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები გვეუბნებოდნენ, სახელმწიფო სათათბიროში უმეტესწილად ოპოზიციაა წარმოდგენილი და ამიტომ სათათბიროს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის აზრს არ გამოხატავსო.
ახალმა არჩევნებმა ძალთა ახალი შეფარდება ჩამოაყალიბა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი სათათბირო ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეწყობის პოზიციას აირჩევს.
საქინფორმი.
„სახელმწიფო იწყება ბიუჯეტით, რაც უფრო ძლიერი და სტაბილურია ბიუჯეტი, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო, მით უფრო ძლიერი არმია ჰყავს, მით უფრო უკეთ უზრუნველყოფს თავის მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების პირობებით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 28 დეკემბერი. - №352 (3393). - 1,2 გვ.
![]() |
98 ბატონ რევაზ მიშველაძეს დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით |
▲back to top |
მილოცვა
ბატონო რევაზ,
დაბადების სამოც წელს გილოცავთ, ადამიანს, რომლის შვილიც საქართველოს მთლიანობას გმირულად შეეწირა. შემოქმედს, რომელმაც ადეკვატურად ასახა სინამდვილე და ქართულ ისტორიას შემოუნახა ჩვენი თანამედროვეების პორტრეტები.
გისურვებთ, საქართველო იმ ქვეყნად დადგეს, რომელზეც თქვენი შვილი ოცნებობდა.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : ბატონ რევაზ მიშველაძეს დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 31 დეკემბერი. - №355 (3396). - 2 გვ.
![]() |
99 ანა კალანდაძეს |
▲back to top |
მილოცვა
ქალბატონო ანა,
დედოფალო ანა,
დაბადების დღეს გილოცავთ.
მკაცრი კომუნისტური რეჟიმის პირობებში თქვენ არა მარტო შესანიშნავად გამოხატეთ ქართული სულის სიღრმე და სიმშვენიერე, არამედ უდიდესი გავლენაც მოახდინეთ ადამიანების სიყვარულთან, სილამაზესთან და საკუთარ თავთან დაბრუნების იმ პროცესებზე, რომელიც დღესაც გრძელდება და აყალიბებს თავისუფალი საქართველოს მოქალაქის ცნობიერებას.
დიდი მადლობა ამისათვის.
თქვენ ჭეშმარიტად დიდი პოეტი ბრძანდებით და თქვენს თანამედროვეებს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცხოვრობდით ანა კალანდაძის ეპოქაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეც, ჩემი მეუღლეც და ჩემი ოჯახიც, დიდიან-პატარიანა.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე.
ანა კალანდაძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 31 დეკემბერი. - №355 (3396). - 1 გვ.
![]() |
100 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმიდესს და უნეტარესს ილია II |
▲back to top |
მილოცვა
თქვენო უწმიდესობავ, მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ამ მნიშვნელოვან და წმიდა წელიწადის პირველ დღეებში დაბადების დღე მინდა მოგილოცოთ საქართველოს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ მოძღვარსა და ჩემს ნათლიას, ადამიანს, რომელმაც ქრისტეს რწმენას მაზიარა.
გულითადად გილოცავთ ამ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.
ედუარდ (გიორგი) შევარდნაძე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმიდესს და უნეტარესს ილია II : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 31 დეკემბერი. - №355 (3396). - 1 გვ.
![]() |
101 პირთა საძიებელი |
▲back to top |
ა
აბაშიძე ასლან
აბაშიძე ირაკლი
აბრამია კლარა
ადამია რეზო
ადოლფ ვედელ
აინშტაინი ალბერტ
ალდამოვი ხიზრი
ალესკეროვი მურთუზ
ალექსანდრია ნანა
ალექსიძე ლევან
ალიევი ჰეიდარ
ალუდაური მაია
ამაშუკელი ელგუჯა
ამირეჯიბი შალვა
ამირეჯიბი ჭაბუა
ანანი კოფი
ანდრეოტი ჯულიო
ანდრია პირველწოდებული
არეშიძე მამუკა
არსანოვი ვაჰა
არსენიშვილი გია
არძინბა ვლადისლავ
ასანიძე თენგიზ
ასლანიკაშვილი მამუკა
აფაქიძე ანდრია
ახვლედიანი აზიზ
ახვლედიანი გიორგი
ბ
ბაგრატ მესამე
ბარამიძე ალექსანდრე
ბარამიძე გიორგი (გია)
ბაქრაძე აკაკი
ბაღაფში სერგეი
ბახი იოჰან სებასტიან
ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან
ბეიკერი ჯეიმს
ბენ ლადენ უსამა
ბერი თევდორე
ბერნსტაინი ლეონარდ
ბერუჩაშვილი თამარ
ბიწაძე ბადრი
ბოდენი დიტერ
ბორზოტი მარკო
ბოჭორიძე ირაკლი
ბრაუნბეკი სემ
ბუბისი იგნაც
ბურჭულაძე თენგიზ
ბურჭულაძე მარიამ
გ
გაბაშვილი ეკატერინე
გაბრიაძე ნინო
გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
გამსახურდია ზვიად
გამყრელიძე თამაზ
გარეგინ I
გეგეშიძე დავით
გენშერი ჰანს დიტრიხ
გიგაური გიორგი
გიორგაძე იგორ
გიორგაძე თემურ
გიორგი ათონელი
გოგებაშვილი იაკობ
გოგელია არჩილ
გოგიტიძე ჯემალ
გოეთე იოჰან ვოლფგანგ
გორბაჩოვი მიხეილ
გორბაჩოვი რაისა
გორდეზიანი რისმაგ
გოცირიძე ალეკო
გრიგალაშვილი ნოდარ
გულუა ბაკურ
გურამიშვილი დავით
დ
დადიანი შალვა
დადიანი ცოტნე
დადიანი-მასხარაშვილი ბაბო
დავით აღმაშენებლი
დებეიკი მაიკლ
დემირელი სულეიმან
დემირჭიანი კარენ
დიასამიძე ევდემონ
დუტუ მეგრელი
ე
ედიბერიძე ედუარდ
ელცინი ბორის
ერეკლე მეორე
ეფრემ მცირე
ვ
ვაიცზეკერი რიჰარდ ფონ
ვალიშვილი ვლადიმერ
ვახტანგ მეექვსე
ვაშაკიძე ვალერი
ვეკუა ილია
ვიუნშე ლუდვიგ
ვორნერი ედვარდ
ვულფენსონი ჯეიმს
ზ
ზაალიშვილი გიორგი
პაზოტო ჯუზეპე
ზოდელავა ვანო
ზუბიტაშვილი დავით
თ
თავხელიძე ალეკო
თარგამაძე კახა
თაყაიშვილი ექვთიმე
თევზაძე დავით
თოფურია ვარლამ
ი
იალოვიცი კენეტ
იანდარბიევი ზელიმხან
იანქოშვილი ნათელა
იაროვი იური
იესო ქრისტე
ივანოვი იგორ
ინაური ალექსი
იოანე პავლე II
იოსელიანი ავთანდილ
იოსელიანი ჯაბა
კ
კალანდაძე ანა
კანდელაკი თამაზ
კანტი იმანუილ
კარტოზია ალექსანდრე
კიკნაძე ვასილ
კირიენკო სერგეი
კირიონ II (საძაგლიშვილი კირიონ)
კეპლერი იოჰანეს
კეცხოველი ნიკო
კლინტონი ბილ
კლინტონი ჰილარი
კოენი უილიამ
კოლესნიკოვი ანდრეი
კულიკოვი ვალერ
კუპრაძე ვიქტორ
კუჩმა ლეონიდ
ლ
ლაიბნიცი გოტფრიდ
ლაღიძე თინა
ლეკიშვილი ნიკო
ლეონიდე კათოლიკოს-პატრი არქი
ლეონიძე გოგლა
ლესია უკრაინკა
ლიუბიმოვი ალექსანდრე
ლორთქიფანიძე ვაჟა
ლორთქიფანიძე რუსუდან
ლუი მეთოთხმეტე
ლუკაშენკო ალექსანდრე
ლუთერი მარტინ
ლუჟკოვი იური
მ
მაკალათია სერგი
მანდელა ნელსონ
მასხადოვი ასლან
მახნიკა იან
მაჩაბელი ივანე
მაღლაკელიძე თამაზ
მაჭავარიანი მიხეილ
მენაღარიშვილი ირაკლი
მესხია ნაპოლეონ
მეტრეველი როინ
მეძმარიაშვილი ელგუჯა
მირცხულავა დავით
მიშველაძე რევაზ (რეზო)
მორეტი კარლო
მურადიანი გენა
მუსხელიშვილი დავით
ნ
ნათელაშვილი შალვა
ნაკაიამა ტარო
ნაზარბაევი ნურსულთან
ნიკოლაიშვილი გურამ
ნიკოლაძე ნიკო
ნიქსონი რიჩარდ
ნიშნიანიძე შოთა
ნოღაიდელი ზურაბ
ო
ობუტი კეიძო
ოლბრაიტი მადლენ
ონოფრიშვილი დავით
პ
პალი ტანია
პატიაშვილი ჯუმბერ
პატონი ბორის
პაპავა ვლადიმერ
პეტრე დიდი
პეჩი გერტრუდ
პრიმაკოვი ევგენი
ჟ
ჟორდანია ნოე
ჟვანია ზურაბ
რ
რაუ იოჰანეს
რაუ ქრისტინა
რასელი ბერტრან
რეიგანი რონალდ
როდჰემი ტონი
როდჰემი ჰიუ
რუზველტი ფრანკლინ დელანო
რუშაილო ვლადიმერ
რჩეულიშვილი ვახტანგ
ს
საგდეევი როალდ
სანებლიძე არმაზ
სალარიძე დავით
სარალიძე ბორის
სარიშვილი ირინა
სელეზნიოვი გენადი
სიგუა თენგიზ
სიმონენკო პეტრე
სოკრატე
სგუტასი ვასილის
სულხან-საბა ორბელიანი
სტეპანოვი თემო
სტურუა დევი
ტ
ტაბიძე გალაკტიონ
ტეილორი ბილ
ტელბოტი სტროუბ
ტერენტი გრანელი
ტიხონოვი ნიკოლოზ
ტოცკი ვასილ
უ
უდუგოვი მოვლადი
უკლება მიხეილ
ფ
ფანასკერტელ-ციციშვილი ზაზა
ფაცაცია ოთარ
ფენრიხი ჰაინც
ფიჰტეს იოჰან
ფოფხაძე ნუგზარ
ფრანგიშვილი ივერი
ფრანცი იუსტუს
ქ
ქიაჩელი ლეო
ქოჩარიანი რობერტ
ყ
ყარყარაშვილი გია
ყიფიანი დიმიტრი
შ
შევარდნაძე გოგი
შევარდნაძე ნანული
შელინგი ფრიდრიხ
შენგელია ზაზა
შერემეტი პაველ
შილერი ფრიდრიხ
შიო მღვიმელი
შირერი ბრეკ
შოპენჰაუერი არტურ
შრედერი გერჰარდ
შულცი ჯორჯ
ჩ
ჩერნომირდინი ვიქტორ
ჩერჩილი უინსტონ
ჩიბიროვი ლუდვიგ
ჩიკვილაძე მიხეილ
ჩირგაძე თეიმურაზ
ჩიქობავა არნოლდ
ჩხარტიშვილი ვანო
ჩხაიძე აკაკი
ჩხეიძე ვალერი
ჩხეიძე პეტრე
ჩხეიძე რეზო
ჩხეიძე უშანგი
ც
ცინცაძე კალისტრატე
ციციშვილი გიორგი
ცხაკაია ნიკა
წ
წივწივაძე თამაზ
წმინდა ანდრია მოციქული
ჭ
ჭავჭავაძე ილია
ჭანტურია გიორგი (გია)
ჭელიძე ივერი
ჭილაშვილი ლევან
ჭიჭინაძე გივი
ჭოღოშვილი გიორგი
ჭყონდიდელი გიორგი
ხ
ხარაული გიორგი
ხატაბი (ალ-ხატაბი) ემირ იბნ
ხელაია ამბროსი
ხეჩინაშვილი სიმონ
ხოტივარი-იუნგერი შტეფი
ხუნდაძე ტროფიმე
ხუფენია ოთარ
ჯ
ჯავახიშვილი ალექსანდრე
ჯავახიშვილი ივანე
ჯავახიშვილი ნინო
ჯანაშია სიმონ
ჯაფარიძე თედო
ჯაფარიძე რევაზ
ჯიოევი ოთარ
ჯიქია ბონდო
ჯონსტონი ლორდ რასელ
ჯორბენაძე ავთანდილ
ჯორჯაძე არჩილ
ჯუღაშვილი იოსებ (სოსო, სტალინი)
ჰ
ჰატაკიამა ნობორუ
ჰეგელი გეორგ
ჰელმსი ჯესი
ჰორნი დიულა
ჰუმელი გერტ
![]() |
102 ადგილთა საძიებელი |
▲back to top |
ა
ავსტრია
ავღანეთი
აზერბაიჯანი
ათენი
ალბანეთი
ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ, ამერიკა
ანაკლია
ანკარა
აფხაზეთი
ახალქალაქი
ახალციხე
ახმეტა, ახმეტის რაიონი
აჭარა
ბ
ბაგრატის ტაძარი
ბათუმი
ბალკანეთი, ბალკანეთის ქვეყნები, ბალკანეთის ნახევარკუნძული
ბალტიისპირეთის ქვეყნები
ბანგლადეში
ბაქო
ბედიის საკათედრო ტაძარი
ბეთლემი
ბელორუსია
ბოლნისი, ბოლნისის რაიონი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ი პარკი
ბორჯომის ეროვნული პარკი
ბრაზილია
ბუდაპეშტი
ბუინაკსკი
ბულგარეთი
გ
გალი
გერმანია
გლდანის რაიონი
გორი
გუდაუთა
გურია
დ
დანია
დაღესტანი
დიდი ბრიტანეთი
დმანისი
დურუჯის ხეობა
დუშეთი
ე
ერევანი
ვ
ვაზიანი
ვაიმარი
ვანკუვერი
ვარნა
ვატიკანი
ვაშინგტონი
ვაშლოვანი
ვლადივოსტოკი
ვოლგადონსკი
ზ
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თბილისი
თელავი
თურქეთი
თურქმენეთი
თუშეთი
თუშეთის ეროვნული პარკი
ი
იალტა
იაპონია
იერუსალიმი
ილიჩოვსკი
იმერეთი
ინგლისი
ინგუშეთი
ინდოეთი
ირანი
ისრაელი
იტალია
იუგოსლავია
კ
კავკასია
კასპიის ზღვა
კახეთი
კეხვის ჰესი
კოდორის ხეობა
კოლხეთი
კორეა
კოსოვო
კრწანისი
კუვეიტი
ლ
ლაგოდეხი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
ლატვია
ლენინგრადი
ლიახვის ხეობა
ლისაბონი
ლიტვა
ლონდონი
ლუქსემბურგი
მ
მალტა
მამათი
მდინარე ღალიძგა
მესტია
მოლდავეთი
მოლდოვა
მოსკოვი
მცხეთა
ნ
ნიდერლანდები
ნიკარაგუა
ნიუ-იორკი
ნოვოროსიისკი
ო
ოზურგეთი
ომალო
ოჩამჩირე, ოჩამჩირის რაიონი
პ
პარიზი
პატარძეული
პეტერბურგი
პოლონეთი
ჟ
ჟენევა
რ
რომი
როსტოვი
რუანდა
რუმინეთი
რუსეთი
რუსთავი
ს
საბერძნეთი
საგარეჯო
სამტრედია
სამცხე-ჯავახეთი
სამხრეთ კავკასია
სამხრეთ კორეა
სამეგრელო
საფრანგეთი
სენაკი
სვანეთი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
სიჩუანის რეგიონი
სლოვაკეთი
სომხეთი
სოჭი
სპარსეთის ყურე
სოხუმი
სტავროპოლი
სტრასბურგი
სუფსა, სუფსის ტერმინალი
ტ
ტანძია
ტიურინგია
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
უნგრეთი
ფ
ფოთი
ფსოუ
ქ
ქართლი
ქობულეთი
ქუთაისი
ყ
ყაზახეთი
ყარაბაღი
ყულევი
შ
შავი ზღვა
შავი ზღვის აუზის ქვეყნები, შავი ზღვისპირეთის ქვეყნები, შავი ზღვის ქვეყნები
შატილი
შირაქი
ჩ
ჩეჩნეთი
ჩეხოსლოვაკია
ჩინეთი
ჩოლოქი
ჩხოროწყუ
ც
ცენტრალური აზია, ცენტრალური აზიის ქვეყნები
ციმბირი
ცხინვალი, ცხინვალის რეგიონი
წ
წალენჯიხა
წინანდალი
ჭ
ჭალადიდი
ჭიათურა
ხ
ხარაგაული
ხაშური
ხობი
ხუდონჰესი
ხულო
ჯ
ჯავა
ჯვარი
ჰ
ჰაიასტანი
ჰიუსტონი
![]() |
103 საგნობრივი საძიებელი |
▲back to top |
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია
ა
„აბრეშუმის გზა“, დიდი აბრეშუმის გზა
ამერიკის დემოკრატიის ინსტიტუტის პრემია
აფხაზეთის ტრაგედია
ბ
ბალკანეთის კრიზისი
ბაქოს დეკლარაცია
ბაქო-სუფსის მილსადენი
ბერლინის კედელი
ბოლშევიზმი, ბოლშევიკები
გ
გაერო
გაზეთი „7 დღე“
გაზეთი „ალია“
გაზეთი „ახალი თაობა“
გაზეთი „ბერილგსკე ტიდენდერი“
გაზეთი „დილის გაზეთი“
გაზეთი „თბილისის სიახლენი“
გაზეთი „თუთარჩელა“
გაზეთი „იბერია-სპექტრი“
გაზეთი „იზვესტია“
გაზეთი „ლა რესპუბლიკა“
გაზეთი „მოსკოუ ნიუს“
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“
გაზეთი „მენორა“
გაზეთი „რეზონანსი“
გაზეთი „სახალხო გაზეთი“
გაზეთი „სეგოდნია“
გალის კონფლიქტი
გენოციდი
დ
დიდი ჯვრის ორდენი
დუმა
ე
ევრაზიის დერეფანი
ევრაზიის ფონდი
ევრობანკი
ევროსაბჭო
ეთნოწმენდა, ეთნიკური წმენდა
ენგურჰესი
ენერგეტიკული თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამა „ინოგეიტი“
ეუთო
ი
იალტის სამიტი
ისააფის პროგრამა
კ
კანტის სახელობის პრემია
კოსოვოს ტრაგედია
ლ
ლუდვიგ ვიუნშეს პრემია
მ
მესამე მსოფლიო ომი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ნ
ნატო
ნინოს ჯვარი
ნიქსონის სახელობის პრემია
ო
ონასისის სახელობის პრემია
ჟ
ჟურნალი „გეორგიკა“
ჟურნალი „ტაიმსი“
ჟურნალი „ფოკუსი“
რ
რადიო „ბი-ბი-სი“
ს
საბჭოთა იმპერია
საბჭოთა კავშირი
საგარეო პოლიტიკა
საერთაშორისო განვითარების ბანკი
საინფორმაციო სააგენტო „ბი-ეს-პრესი“
საინფორმაციო სააგენტო „ელიზი-ნიუსი“
საინფორმაციო სააგენტო „ინტე-რფაქსი“
საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“
საინფორმაციო სააგენტო „კავკას-პრესი“
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ- ნიუსი“
საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტი“
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“
სამოქალაქო ომი
საპენსიო ფონდი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი
საშინაო პოლიტიკა
სტუდია „აუდიენცია“
სუამი
ტ
ტელეკომპანია „იბერია“
ტელეკომპანია „ტვ-6
ტელეკომპანია „რუსთავი-2“
ტელეკომპანია „ARD“ (გერმანია)
ტელეკომპანია «НТВ», ტელეკომ-პანია „ენტევე“
ტრანსკაპიური გაზსადენი
ტრასეკას პროექტი
ქ
ქართულ-ოსური კონფლიქტი
ყ
ყარაბაღის კონფლიქტი
ყარსის ხელშეკრულება
ჩ
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები
ც
ცივი ომი
წ
„წინანდლის პრემია“
წმინდა მიწა