The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ზვიად გამსახურდია (ტომი III)

ზვიად გამსახურდია (ტომი III)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|გამსახურდია ზვიად
თარიღი: 2013
აღწერა: ზვიად გამსახურდია – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი; დევნილობის პერიოდი. (1992-1993) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობის პერიოდი (1992-1993) (ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები). თბილისი 2013 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ზ-587 შემდგენელი: მზია ხოსიტაშვილი კორექტურა: ნელი ნადირაძე დაკაბადონება: შორენა გზირიშვილი შიდა ყდის დიზაინი: მზია ხოსიტაშვილი წიგნში გამოყენებულია ი. მეჩითოვის ფოტო შპს “ირიდა” რუსთავი, ფიროსმანის ქ.№7 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-6248-3 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა



1 შემდგენლისაგან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

  • 1991 წლის 24 დეკემბერს, თბილისში, ოპოზიციამ რამდენიმე სამთავრობო შენობა, მათ შორის პარლამენტი, ალყაში მოაქცია.

  • 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები აზერბაიჯანში გადავიდნენ, შემდეგ სომხეთში. ზვიად გამსახურდიას თავშესაფარი ჩეჩნეთის მთავრობამ უბოძა.

  • 1992 წელს ზ. გამსახურდია ფინეთში ფინეთის პარლამენტის მეგობართა ჯგუფმა და ავსტრიაში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოებამ მიიწვია. მას შეხვედრები და პრეს-კონფერენციები ჰქონდა ევროპელ პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან.

  • 1993 წლის 24 სექტემბერს დევნილი პრეზიდენტი დაბრუნდა საქართველოში, ჯერ სენაკში, შემდეგ ზუგდიდში, სადაც აღადგინა მთავრობა და განაგრძობდა მშვიდობიან წინააღმდეგობას.

  • 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტმა რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად თავი სამეგრელოს მთიანეთს შეაფარა.

  • 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა.

III ტომში თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას განცხადებები, ბრძანებულებები, მიმართვები, წერილები და ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1992-1993 წლების გაზეთებში „საქართველოს რესპუბლიკა“, „ქართული აზრი“, „აღდგომა“, „ეროვნული ფრონტი“, „სამანი“, „წალენჯიხის ზარები“.

2 მიმართვა მსოფლიო ხალხებსა და მთავრობებს, კეთილი ნების ყველა ადამიანს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას

▲ზევით დაბრუნება


მე, ზვიად გამსახურდია, ხალხის მიერ არჩეული საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია იდეალები დემოკრატიისა, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისა, ვინც არ არის გულგრილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მთელი ერის ბედის მიმართ.

საქართველოში 1992 წლის იანვარში პოლიტიკური ავანტიურისტებისა და ადგილობრივი მაფიის მიერ შექმნილმა სამხედრო ხუნტამ მოახდინა სამხედრო გადატრიალება ქალაქ თბილისში. ძალადობის გზით მათ შეძლეს ძალაუფლების უზურპირება და დაიწყეს ომი კონსტიტუციურად არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით ადამიანი, ნაწილობრივ დაიწვა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი. მთავარ პროსპექტზე განადგურდა ისტორიული ძეგლები. რაკი არ მსურდა სისიხლისღვრის გაგრძელება, მე საქართველოს პრეზიდენტმა, ოჯახთან ერთად, რომელთაც აგრეთვე ემუქრებოდათ ანგარიშსწორება, დავტოვე თბილისი. ხუნტამ დაწვა პარლამენტის შენობა, დაარბია და გაძარცვა ჩემი სახლი, რომელიც ამავე დროს იყო მამაჩემის, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი. ხუნტამ შექმნა თვითმარქვია „მთავრობა“, რომელიც დემოკრატიის ლოზუნგით გაუგონარ დანაშაულობებს სჩადის უკანონობისა და თვითნებობის წინააღმდეგ აღმდგარი ხალხის მიმართ.

ისინი სისტემატიურად ხვრეტენ მშვიდობიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს, აპატიმრებენ უდანაშაულო ხალხს, მათ შორის პარლამენტის წევრებს. მათი შეიარაღებული ბანდები ძარცვავენ და ატერორებენ მოსახლეობას. ხალხმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ხუნტას. იფიცება საწარმოები, რკინიგზა, საზღვაო პორტები. ენერგეტიკულმა და სასურსათე კრიზისმა ზღვარს მიაღწია საქართველოში.

მე მივმართავ გაეროს, მსოფლიო ხალხებსა და მთავრობებს, ამხილონ ხუნტის მიერ ადამიანის უფლებათა უხეშზე უხეში დარღვევები საქართველოში, მოითხოვონ კონსტიტუციურად არჩეული ხელისუფლების აღდგენა, აგრეთვე, ყველა საშუალებით დაეხმარონ ქართველ ხალხს თავი დააღწიოს იმ მძიმე განსაცდელს, რაც მას თავს დაატყდა სამხედრო ხუნტის ავანტიურისტული მოქმედების წყალობით.

ზვიად გამსახურდია,
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
საქართველო, 1992 წელი, 27 იანვარი

მიმართვა: მსოფლიო ხალხებსა და მთავრობებს, კეთილი ნების ყველა ადამიანს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 16 თებერვალი. - 5.- 1გვ.

3 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს

▲ზევით დაბრუნება


როგორც ცნობილი გახდა, თქვენ აპირებთ საქართველოში ჩამობრძანებას ქართველი ხალხის სისხლიან ჯალათთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად. ედუარდ შევარდნაძე იყო იმ სამხედრო გადატრიალებისა და პუტჩის ორგანიზატორი, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის დემოკრატიული მონაპოვარი. ეს ავლენს თქვენს პირდაპირ ალიანსს დანაშაულებრივ ხუნტასთან, რომელიც ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს, ხვრიტავს მშვიდობიან მიტინგებს და დემონსტრანტებს, აპატიმრებს ასობით ადამიანს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას. იმუქრება, რომ ადგილზე დახვრეტს ყველას, ვინც კანონიერი ხელისუფლების დასაცავ მიტინგში გაბედავს მონაწილეობის მიღებას.

ყოველივე ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დისკრედიტაციას, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულვებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას და შედის საეჭვო ალიანსში დამნაშავეებსა და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს უწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა.

მე პროტესტს ვაცხადებ ამ ალიანსის წინააღმდეგ და ვითხოვ, რომ შემხვდეთ მე, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს და კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომელნიც დღეს იდევნებიან თვითმარქვია ხელისუფლების მიერ.

გთხოვთ შემატყობინოთ პასუხი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
8 თებერვალი. 1992 .

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს // ქართული აზრი. - 1992. - 26 თებერვალი.- 6. - 2გვ.

4 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


დღეს, როდესაც საქართველო განსაცდელშია, როდესაც დგას ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩემს მოვალეობად ვრაცხ მოგმართოთ და გაგიზიაროთ ჩემი გულის ნადები.

უკანასკნელ წლებში ჩვენი ეროვნული მოძრაობის უდიდესმა წარმატებებმა განაპირობა ჩვენი კომუნისტური რეჟიმის უსისხლოდ დამხობა, თავისუფალ მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვება, დამოუკიდებლობის რეფერენდუმში გამარჯვება, თავად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს.

ქართველმა ერმა უდიდესი ნდობა გამომიცხადა მე 1991 წლის 26 მაისს, როდესაც ამირჩია პრეზიდენტად ხმათა დიდი უმრავლესობით, რითაც დამაკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე. სწორედ ეს პასუხიმსგებლობა მავალებს ვიყო პირუთვნელი, გულწრფელი, გადავხედო ახლო წარსულს და თვალი გავუსწორო მომავალს თქვენთან ერთად.

1989 წლიდან მოყოლებული იმპერიული ძალები და მათი მთავარი დასაყრდენი - ანტიეროვნული კომპარტია დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ. მათი ყოველი ცდა ჩვენი მოძრაობის პარალიზებისა და ჩახშობის მარცხით მთავრდებოდა, ხოლო ჩვენთვის ყოველი მათი შემოტევა ახალი წინსვლის საწინდარი იყო. ამის მიზეზი კი გახლდათ იმჟამინდელი ერთიანობა ჩვენი მოძრაობისა, ერთიანი ტაქტიკა, ერთიანი სტრატეგია, რომელშიც პირველი ბზარი გაჩნდა 1989 წლის ზაფხულში. თავი იჩინა თავკერძობამ და ეგოიზმმა ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და დაჯგუფებების მხრივ, პირველობისათვის ბრძოლამ, ხოლო იმპერიულმა ძალებმა შეცვალეს ტაქტიკა ჩვენთან ბრძოლისა და გარედან შემოტევის ნაცვლად მთავარ მიზნად დაისახეს შიგნიდან გახრწნა, შიგნიდან აფეთქება ჩვენი მოძრაობისა, ფსევდოეროვნული, მაფიოზური ძალების კონცენტრირებით. ჩვენს გარშემო განწირულმა პარტოკრატიამ შექმნა ბანდიტურ-მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებსაც დაევალათ კორუფციის შემოტანა ჩვენს მოძრაობაში; აგრეთვე პირდაპირი ტერორისტული აქტების გზით - ლიკვიდაცია ეროვნული ძალებისა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა. ამოქმედდა მაფია, რომელიც აფინანსებდა და აძლიერებდა ამ ბანდებს, რათა მათ ბოლო მოეღოთ ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, მათ ეს ვერ განახორციელეს ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, ვინაიდან დაინახეს ერის არნახული კონსოლიდაცია ჩვენს გარშემო. ასე რომ, ხალხთა რისხვის შიშით, დამარცხებულმა პარტოკრატებმა ვეღარ განახორციელეს თავიანთი რევანში.

თუმც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დღიდან, რაც არჩევნებში გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“, არ შეწყვეტილა მცდელობა დესტრუქციული ძალებისა, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული, რაც მათ ვერ განახორციელეს, ვინაიდან „მრგვალ მაგიდაშიც“ ვინარჩუნებდით ერთიანობას და მტერი, მიუხედავად ათასგვარი ხრიკებისა, ვერ ახერხებდა ჩვენს დეზორგანიზებას და დამარცხებას.

პირველი ბზარი ჩვენს ერთიანობაში მაშინ გაჩნდა, როდესაც თავი იჩინა ღალატმა. როდესაც ყოფილ პარტოკრატებთან და მაფიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ფსევდოოპოზიციამ შესძლო თანდათან გადაბირება „მრგვალი მაგიდის“ ჯერ ცალკეული წევრებისა, ხოლო შემდეგ - მთელი პარტიებისა და ორგანიზაციებისა. ამასთან, ძირითადი იერიში მოჰქონდათ ჩემზე, როგორც „დიქტატორზე“, „დემოკრატიის მტერზე“, რომელმაც, თურმე საქართველოში, დაამყარა ტოტალიტარული რეჟიმი. მოსკოვს გადახვეწილი საქართველოს მოღალატე პარტოკრატები შევარდნაძის მეთაურობით იმპერიულ ძალებთან ალიანსში, კარგად ახერხებდნენ დასავლეთის დეზორიენტირებას, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ დასავლეთშიც, უპრეცედენტო დეზინფორმაციის კამპანია გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ.

მე არ მსურს იმის მტკიცება, თითქოს მე შეუმცდარი ვიყავი ჩემს ყოფილ ქმედებაში, ან არ მიმიძღვის არავითარი ბრალი, თუნდაც იმიტომ, რომ დროზე არ მივიღე მკაცრი ზომები ერის მტრებისა და მოღალატეების ასალაგმავად. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის უდიდესი სირთულეები, რასაც წავაწყდი კომუნისტების 70-წლიანი მმართველობით გაპარტახებული ქვეყნის მართვისას. მე ვერ ვპოვე თანამდგომნი და საკმარისი მხარდამჭერნი ჩემს ბრძოლაში. ამასთან, ე.წ. ოპოზიცია და მისი მოკავშირე პარტოკრატია ოსტატურად მოქმედებდნენ, რათა ჩემთვის არ მოეცათ მუშაობის საშუალება, ესარგებლათ ჩემი უნებლიე შეცდომებით და თავიანთი საბოტაჟისა და დესტრუქციული ქმედებების შედეგები ჩემთვის გადმოებრალებინათ. მაგალითად, 2 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედმა აგენტურამ და მტრებმა, რომელნიც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან ინარჩუნებდნენ იქ მტკიცე პოზიციებს, მიტინგზე მიიყვანეს შეიარაღებული მილიცია და დაარბიეს მიტინგი ჩემთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე (რისთვისაც შემდგომში გავანთავისუფლე ქალაქის მილიციის უფროსი ა. მიქაბერიძე და ერთ-ერთი თანამშრომელი დავაპატიმრებინე). შევაქმნევინე სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელმაც შეგნებულად არ იმუშავა, რათა არ გარკვეულიყო სიმართლე. მიუხედავად ამისა, დღემდე ამ ინციდენტს ჩემი მტრები უშუალოდ მე მიკავშირებენ და უცხოეთშიც ისე წარმოსახავენ საქმეს თითქოს ჩემი ბრძანებით დაარბიეს მიტინგი. იგივე ე.წ. დემოკრატები დღეს სდუმან სიგუას, იოსელიანისა და კიტოვანის ბანდების მიერ მიტინგების მრავალგზის დახვრეტაზე თბილისში და სხვა ქალაქებში, არავითარ შეფასებას არ აძლევენ ამას.

ყოველივე ამან გარკვეული დაბნეულობა შეიტანა ხალხის ნაწილში, ამას დაერთო მუსირება ე.წ. პოლიტპატიმრებისა, კრიტიკა ჩემი ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი დემაგოგიით მათ ვერ შესძლეს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის გადაბირება, რომელიც კვლავ ხელისუფლების ერთგული რჩებოდა, რაც კარგად დამტკიცდა პირველი პუტჩის დროს სექტემბერ-ოქტომბერში.

იმპერიულმა ძალებმა დაინახეს რა, რომ დეზინფორმაციით, კრიტიკით, მიტინგებით, დემონსტრაციით, ხულიგნური თავდასხმებით ვერას აღწევენ, გადაწყვიტეს პირდაპირი სამხედრო ჩარევის გზით მოეხდინათ გადატრიალება საქართველოში. თბილისის ზღვაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა დაბანაკების შემდეგ სისტემატურად ვღებულობდით ინფორმაციას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან მათი კავშირის შესახებ. სამხედროები ამარაგებდნენ ე.წ. ოპოზიციას არა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, არამედ სამხედრო სპეციალისტებით, სნაიპერებითაც, რომელნიც მრავალგზის დავაფიქსირეთ ვიდეოფირებზე (ყოველივე ეს ნათლად გამოჩნდა პუტჩისტების რეკლამირებისას ცენტრალური ტელევიზიით). თუმცა, უნდა ითქვას, რომ თვით ამგვარი სამხედრო პროვოკაციებითაც ვერას მიაღწევდნენ, ერის ჯეროვანი კონსოლიდაცია რომ დაენახათ ხელისუფლების გარშემო და ჩვენს რიგებში რომ არ ეპოვნათ ამდენი მოღალატე.

გავიხსენოთ ვილნიუსის მაგალითი, სადაც ხალხი 8 თვის განმავლობაში დღისით და ღამით იცავდა პარლამენტის შენობას, ამის გამო საბჭოთა არმიის ტანკებმა და „ომონმა“ იქ თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწიეს. ჩვენში კი, ბოლო ხანებში, აშკარა იყო, რომ დესტრუქციულმა ძალებმა მიაღწიეს თავის საწადელს. ე.წ. ოპოზიციის ბანდებს ხალხის სიმრავლე თუ მოიგერიებდა, ჩვენ კი ვერ ვაჩვენეთ მათ ჯეროვანი კონსოლიდაცია და ერთიანობა. საქართველოში მოხდა უპრეცედენტო რამ, რასაც არ გააჩნია ანალოგი მსოფლიო ისტორიაში. მაფიამ და დამნაშავეთა სამყარომ ხელთ იგდო ხელისუფლება. ერს აღარ ჰყავს მთავრობა, აღარ ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები, აღარ ჰყავს ეკლესია, აღარ ჰყავს საზოგადოება. თუ მთელი ქართველი ერი არ აღსდგა და არ დაირაზმა ამ საშინელი მოვლენის წინააღმდეგ, ჩვენ, როგორც ერს, არ აგვცდება საშინელი სირცხვილი მსოფლიოს ხალხთა წინაშე. ყოველივე ამას არ გვაპატიებს არც დღევანდელობა, არც მომავალი და, საერთოდ, ჩვენი მომავალი არსებობაც როგორც ერისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ზოგიერთს უჭირს იმპერიის ხედის დანახვა საქართველოში დატრიალებულ მოვლენებში. „იმპერია დაიშალა, იმპერია აღარ არსებობს“ - ამტკიცებენ ისინი, რაც უდიდესი ილუზიაა. იმპერია როდი დაიშალა... მოხდა მისი მოდერნიზაცია და თანამედროვე პირობებისათვის შეგუება. დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დარჩა რუსეთის ფედერაცია, სინამდვილეში - იგივე რუსეთის იმპერია, რომელიც იგივე ხალხთა საპყრობილეა, თუმც დღეს დემოკრატიული ქვეყნის ნიღბით გამოდის. რუსეთის იმპერია ცდილობს შეინარჩუნოს არა მხოლოდ ფედერაციის შიგნით მყოფი ქვეყნები, არამედ მის გარეთ არსებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც და, უწინარეს ყოვლისა, საქართველო. ამ მიზნით მან შეაკოწიწა ე.წ. „თანამეგობრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა“, სადაც რუსეთი ცდილობს თავისი დიქტატისა და პირველობის შენარჩუნებას.

საქართველოში პუტჩი და სამხედრო გადატრიალება, ეს იყო რევანში პარტოკრატიისა და მაფიოზური სტრუქტურებისა, რევანში მოსკოვის იმპერიალისტური ძალებისა, საქართველოს კვლავ ხელში ჩასაგდებად, ამ პუტჩისა და სამხედრო ხუნტის უკან მდგარი ყოფილი პარტოკრატია ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება და პრივილეგიები, ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვის შოვინისტურ-იმპერიალისტური ძალები ცდილობენ საქართველოს შენარჩუნებას რუსეთისათვის, როგორც გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი რეგიონისა, რაც მათ არაერთხელ შეახსენეს ალიხანიან-ბონერმა და შევარდნაძემ. შევარდნაძე თავის თავში განასახიერებს, როგორც ყოფილ პარტოკრატიას, ასევე რუსეთის დამპყრობელურ შოვინიზმს და ემსახურება ორივეს ინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ არის იგი დროშა ფსევდოოპოზიციისა და კომუნისტური მაფიისა.

შემთხვევითი როდია, რომ ნეობოლშევიკურმა პუტჩმა და სამხედრო გადატრიალებამ დღეს ხელისუფლებაში დააბრუნა უპირველეს ყოვლისა, შევარდნაძისეული პარტოკრატები, ცკ-სა და სუკ-ის თანამშრომლები, რაიკომის მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები და სხვა ყოფილი ფუნქციონერები, რომელნიც წარმოადგენენ მის დასაყრდენს. მათ მიიმხრეს ეროვნული მოძრაობის მერყევი, უპრინციპო და კორუმპირებული ნაწილი, რომლებიც დღეს მისი ლაქიის როლში გამოდიან და უქმნიან ფასადს საზოგადოების თვალში. ისინი ამზადებენ დღეს ნიადაგს შევარდნაძის კვლავ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, რათა საქართველომ სამუდამოდ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ყოველივე ამას უნდა დაუპირისპირდეს ჭეშმარიტი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა შეიქმნას გაერთიანებული ფრონტი წინააღმდეგობისა, რომელიც იქნება ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მამოძრავებელი ძალა, პარტოკრატებმა და მაფიოზებმა ვერ უნდა შექმნან ხელისუფლების სტრუქტურები, ვერ უნდა აამოქმედონ სამეურნეო სფერო; მუშა-მოსამსახურეებმა უნდა გამოაცხადონ საყოველთო გაფიცვა; გლეხობამ სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მათ და არ მისცეს საშუალება სოფლის ძარცვისა და განიავებისა; ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ სიტყვით და საქმით უნდა ამხილოს ტერორისტული ხუნტა, უნდა გამოამზეუროს და აღწეროს მისი დანაშაულობები მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, რისთვისაც საჭიროა ინტენსიური კავშირი დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებთან, უცხოელ ჟურნალისტებთნ და დიპლომატებთან; ობიექტური და დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რეპრესირებულთა შესახებ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო, „აშშ ინტერნეიშნლი“, „ჰელსინკი უოტში“, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მაინის ფრანკფურტში, ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისია და სხვანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. ოპოზიციას მუდამ ჰყავდა დეზინფორმაციის მანქანა, რომლის მეშვეობითაც იგი ატყუებდა და თავგზას უბნევდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებს. ჩვენ ყოველივე ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და ობიექტურობა, უნდა ვამხილოთ ხუნტის ყველა დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ქართველი ერის წინაშე. ხუნტის ერთ-ერთი დანაშაული ის არის, რომ მან ომი გამოუცხადა ეროვნულ პარლამენტს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია 1990 წლის 28 ოქტომბერს თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნებით. პარლამენტის წინააღმდეგ გამოცხადებული ტერორით ხუნტამ საქართველო ფაქტობრივად დატოვა რეალური საკანონმდებლო ხელისუფლების გარეშე. ამჟამად ხუნტა ქადაგებს ახალი არჩევნების მოწყობას, ახალი პარლამენტის არჩევას, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, საქმე ის გახლავთ, რომ ხუნტისა და მისი დამქაშების მიერ ჩატარებული არჩევნები იქნება უკანონო, არაკონსტიტუციური, ვინაიდან ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ე.ი. ისევ და ისევ - პარლამენტს, რომელიც დღეს ვეღარ იკრიბება, თუმც იურიდიულად ისევ არსებობს. გარდა ამისა, ხუნტა და მისი საკონსულტაციო საბჭო ამ არჩევნებს ჩაატარებენ ყოველგვარი წესების დარღვევით. მოხდება ტერორიზება არჩევნებისა, ფალსიფიცირება შედეგებისა, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ე.წ. „ეროვნული კონგრესის“ არჩევნებისას. ამიტომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს დღეს ბოიკოტი ყოველგვარი არჩევნებისა, რათა თავიდან ავიცილოთ დანაშაულებრივი, უკანონო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. საერთოდ, ხუნტის ყოველგვარ ინიციატივასა და წამოწყებას ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა უნდა შეხვდეს ბოიკოტით. საქართველოში არ უნდა შეწყდეს მასობრივი გამოსვლები, მიტინგები, დემონსტრაციები, ყოველი სახის საპროტესტო მოძრაობა. სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით. მოქმედების სპეციფიკა და პროფილი უნდა განისაზღვროს თავად მაგიდის წევრების მიერ ჩემთან შეთანხმებით. მხოლოდ მთელი რესპუბლიკის სრული პარალიზება აიძულებს ხელისუფლებას გადადგეს.

სამხედრო ხუნტის ძალმომრეობისაგან საქართველოს იხსნის მხოლოდ სრული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა, მთელი ერის მობილიზება დამპყრობელთა და მოღალატეთა აღსაგველად პირისაგან მიწისა!

დავდგეთ მტკიცედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ღირსების დასაცავად!

საქართველო გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან და უკომპრომისო ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 26 თებერვალი. - 6.- 1გვ.

5 ღია წერილი მის აღმატებულებას, რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

აგერ უკვე მეორე თვეა, რაც საქართველოში შეიარაღებულმა ოპოზიციამ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედროთა მხარდაჭერით დაიწყო სამხედრო მოქმედება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. იღვრება სისხლი, ნადგურდება ქვეყანა, სუფევს ანარქია.

სამხედრო მოქმედების დაწყებამდე ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებდა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკას დემოკრატიის ნაკლებობის გამო და ამავდროულად ინტენსიურად იარაღდებოდა. ნათელი იყო, რომ ამიერკვკასიის სამხედრო ოლქის უშუალო დახმარების გარეშე „ოპოზიცია“ ვერ მოახერხებდა იმ მძლავრი ტექნიკისა და შეიარაღების შეძენას, რომელსაც დღეს ფლობს. კერძოდ, გასული წლის სექტემბერში, როცა ოპოზიციამ დაიწყო გამოსვლები ჩვენს წინაღმდეგ, მას ჰქონდა მხოლოდ სამი ბრონეტრანსპორტიორი და ერთი ჰაუბიცა, ამიტომ მათ მოქმედებას წარმატება არ მოჰყოლია. მოგვიანებით კი, გასული წლის დეკემბრიდან გამოჩნდა ათობით ტანკი, «ВМП», ჰაუბიცები, ჭურვსასროლები, რაკეტები და სხვა. „ოპოზიცია“ დაუფარავად აცხადებს, რომ ყოველივე ამას მას აწვდის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით. ცნობილია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას და პირადად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. შესაძლოა ვინმეს გაჩენოდა წინააღმდეგობა, რომ ამგვარი განცხადება დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, მაგრამ საყოველთაო გაკვირვებას იწვევს ოფიციალური რუსეთის დუმილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გასაკვირია აგრეთვე რუსეთის საინფორმაციო საშუალებების, პირველ რიგში კი ტელევიზიის პოზიცია. საქართველოს მოვლენების განხილვისას იგი დუმილს ამჯობინებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დღეს სრული განუკითხაობა სუფევს და სამხედრო ხუნტის დანაშაულებრივი მოქმედება საფუძველს უყრის უსასტიკესი ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებას, რომლის შედარება მხოლოდღა გერმანულ ფაშიზმთან ან კამპუჩიაში პოლპოტის რეჟიმთან თუ შეიძლება. ეს რეჟიმი ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანთა სისხლს, ხვრეტს მშვიდობის მიტინგებს და დემონსტრაციებს. აზრის თავისუფლად გამოთქმისათვის აპატიმრებს ასობით ადამიანს. ამა წლის 2 თებერვალს ბოროტმოქმედთა მიერ დემონსტრაციის დროს მოკლული იქნა 20 ადამიანი, დაჭრილია დაახლოებით 200 კაცი. ნუთუ დემოკრატიული რუსეთი ვერ ხედავს ამას? ნუთუ თქვენ პირადად არ უნდა გამოგეთქვათ თქვენი პოზიცია საქართველოში სამხედრო გადატრიალებისა და იმ სისხლიანი ტერორის შესახებ, რომელიც მთელი ერის წინააღმდეგ მიმდინარეობს? ნუთუ ყოველივე ეს არ მოგაგონებთ მოსკოვის ГКЧП-ს მოვლენებს? დუმილი დანაშაულებრივი ხუნტის მოქმედებათა შესახებ ნიშნავს ტერორიზმის, ადამიანთა უფლებათა ხელყოფის, უკანონობის გამართლებას.

საგულისხმოა, რომ რუსეთის ტელევიზია საქართველოს მოვლენებზე საუბრისას, აღშფოთებული ქართველი მოსახლეობის მრავალათასიან მიტინგებს ზვიადისტების მიტინგებს უწოდებს, ხოლო კრიმინალურ ბანდებს კანონიერი ქურდის ჯაბა იოსელიანის მეთაურობით სამთავრობო ჯარებად ან სამართალდამცავ ორგანოებად იხსენიებს. საკითხავია, როდიდან სცნობს რუსეთი სამხედრო ხუნტას საქართველოს მთავრობად, და თუ ეს ასეა, თავის დროზე რატომ გაუწია იგივე რუსეთის ხელისუფლებამ წინააღმდეგობა ГКЧП-ს საბჭოთა კავშირის მთავრობად აღიარებას?

საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი, მთავრობა და ხელისუფლება, რომელთანაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ოფიციალური ურთიერთობა. გავიხსენოთ, თუნდაც, ყაზბეგში ჩვენი შეხვედრა გასული წლის მარტის თვეში, სადაც ხელმოწერილ იქნა ოქმი გადაწყვეტილებაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ხელისუფლების შესახებ. რამ გაიძულათ მტრული პოზიცია დაგეკავებინათ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და თქვენი დუმილით მხარი დაგეჭირათ სისხლის სამართლის დამნაშავეთაგან შემდგარი ხუნტისათვის, რომელიც ძალადობის გზით ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და თავის თავის საქართველოს მთავრობად გამოცხადებას?

როგორც სჩანს, ასეთი ზომების მიღება საქართველოს მიმართ განპირობებულია იმით, რომ რუსეთმა ვერ მიიღო საქართველოსგან თანხმობა СНГ-ში შესვლასთან დაკავშირებით. იმას, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი არ გამოცხადდა ალმა-ატაში სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე. 22 დეკემბერს მოჰყვა შეიარაღებული ბანდების მიერ პარლამენტის შენობის შტურმი თბილისში.

ნუთუ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკური ზემოქმედების ამგვარი მეთოდები გამართლებულია, მაშინ, როცა არსებობს ხალხი, ერთადერთი, ვინც უფლებამოსილია გადაწყვიტოს თავისი ბედი? ნუთუ მიგაჩნიათ, რომ ეს მეთოდები დემოკრატიულია? ხომ დღესავით ნათელია, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს ხელმეორე ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს არა კომუნისტური, არამედ დემოკრატიული რუსეთი ფსევდოოპოზიციის დაქირავებული ბანდებისა და ყოფილი საბჭოთა ჯარების მეშვეობით.

არ არის შემთხვევითი, რომ მოსკოვის მიერ ინსპირირებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხუნტის უხმო თანხმობით ფაქტობრივად მოხდა საქართველოსგან ისტორიული შიდა ქართლის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) მოწყვეტა და მისი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება. ნუთუ შეიძლება გამართლება ჰქონდეს რუსეთის მთავრობის ამგვარ მოქმედებას საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით?

ყოველივე ზემოთქმული იმითაც დასტურდება, რომ არსებობს დოკუმენტურად დაფიქსირებული ურყევი ფაქტები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ სამხედრო ოპერაციებში კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ოპოზიციის“ ძალები როდესმე თავს დასხმოდნენ სამხედრო ოლქის საწყობებს და იქედან იარაღი ან ტექნიკა გაეტაცათ, არ ყოფილა. საკითხავია, საიდან მოგროვდა მეამბოხეთა ხელში ასეთი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა?

ზემოხსენებული ალიანსი იქიდანაც სჩანს, რომ მთელ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მიესალმა საქართველოში სამხედრო გადატრიალებასა და ხუნტის მოსვლას ქვეყნის სათავეში იყო რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე რ. ხაზბულატოვი, ხოლო რუსეთის მთავრობამ სოლიდური ფულადი დახმარება აღმოუჩინა ხუნტას მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საქართველოს სახელით გამოთქვა თანხმობა თანამეგობრობაში შესვლაზე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს თვით უძლიერესი დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც კი არ მიუღია რუსეთისგან არავითარი მატერიალური დახმარება.

მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოში მომხდარ მოვლენებს ლოკალური მნიშვნელობა აქვს და მათი უარყოფითი გავლენა საქართველოს ფარგლებს არ გასცდება. სხვა რესპუბლიკებშიც შეიძლება გაჩნდეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც ასევე დაისახავენ მიზნად, სამხედრო ძალების მხარდაჭერით დაამხონ კანონიერი ხელისუფლება. საქართველოს სამწუხარო გამოცდილება გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს.

ასე რომ, თუკი ე.წ. ოპოზიციის მტკიცება რუსეთის ხელისუფლების თანამონაწილეობის შესახებ საქართველოს პუტჩში უსაფუძვლოა, მე მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ასევე მოვუწოდებ რუსეთის პარლამენტსა და მთავრობას გამოთქვათ თქვენი პრინციპული პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. შესაფერისი შეფასება მისცეთ სამხედრო ხუნტის სისხლიან ქმედებას და მოვუწოდოთ გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციას, მსოფლიოს ხალხებსა და მთავრობებს გადაარჩინონ ქართველი ხალხი იმ საშინელ კატასტროფას, რომელიც მას ემუქრება სამხედრო გადატრიალების გამარჯვების შემთხვევაში, რომლის შედეგად გაუქმდება კონსტიტუციური წყობა და ქვეყანაში დამკვიდრდება სისხლიანი ტოტალიტარული რეჟიმი. მხოლოდ ასე შეიძლება იმის დამტკიცება, რომ რუსეთი რეალურად დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს.

პრეზიდენტები მიდიან და მოდიან. სამხედრო ხუნტების მმართველობა ყოველთვის ხანმოკლეა, რამეთუ ისინი ხალხის რისხვას იმსახურებენ. კეთილი ურთიერთობები ერებს შორის გასაჭირის ჟამს ურთიერთდახმარებაზე იგება. ასე მესახება ჩვენი ერების მომავალი ურთიერთობა.

პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
საქართველო. 1992 წლის 5 თებერვალი.

ღია წერილი მის აღმატებულებას, რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 26 თებერვალი. - №6. - 2გვ.

6 განცხადება შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 7 მარტს სამხედრო საბჭოს მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. ამით საბოლოოდ ფარდა აეხადა იმ ალიანსს, რომელიც არსებობს დანაშაულებრივ ხუნტასა და იმპერიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. სავსებით ნათელია, რომ საქართველოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიაში და ქართველთა გენოციდში მას ლომის წილი უდევს. იგი გახლავთ ინსპირატორი იმ სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალებისა, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. საქართველოში მისი ჩამოსვლა იმპერიის ცენტრის შემდგომი ინსტრუქციების განხორციელებას ისახავს მიზნად, რაშიც მას დიდად დაეხმარება ყოფილი კომუნისტური პარტოკრატია და მაფია, კრიმინალური სამყარო, ყოველი ჯურის მოღალატენი და საქართველოს მტრები. მიზანი ასეთია: საქართველოს ხელახალი ანექსია იმპერიის საოკუპაციო ჯარების დახმარებით, საქართველოში ტერორისტული, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება, ეროვნული მოძრაობის განადგურება, მთელი ძალაუფლების მოქცევა ისევ პარტოკრატიისა და მაფიის ხელში, საქართველოს კვლავ დაბრუნება რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაში, მისი შეყვანა ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ცხადია აგრეთვე რომ „დემოკრატ“ შევარდნაძეს განზრახული აქ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია, ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი.

ამავე დროს შევარდნაძე აცხადებს, რომ იბრძოლებს ეროვნულ უფლებებზე, თითქოს საქართველოში ოდესმე ილახებოდა მათი ინტერესები. ასეთი განცხადებები ნიშნავს მისი ანტიეროვნული, ანტიქართული, ფსევდოინტერნაციონალური პოლიტიკის აღდგენას, რომელიც მუდამ ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული და ემსახურებოდა იმპერიის გეგმის განხორციელებას: ქართველი ერის ასიმილაციას და მისი ტერიტორიის დანაწილებას მეზობელ ქვეყნებს შორის.

იმპერიულმა ძალებმა, რომელთაც ზღვა სისხლი დაღვარეს თბილისის ქუჩებში დემოკრატიის სახელით, ახლა ახალი „ქველმოქმედნი“ მოგვივლინეს პოპოვისა და შევარდნაძის სახით, რათა ამით ხაზი გაუსვან თავიანთ „მზრუნველობას“ საქართველოზე. შევარდნაძის დაპირებანი უცხოეთის ბიზნესმენთა ხელით საქართველოს აყვავების შესახებ არ უნდა ვირწმუნოთ, ვინაიდან არც ერთი ბიზნესმენი არ დააბანდებს თავის კაპიტალს იქ, სადაც სუფევს კრიმინალური ანარქია, არ არსებობს კონსტიტუციური, კანონიერი, სტაბილური ხელისუფლება, არ არსებობს არავითარი გარანტია ინვესტიციებისა და ადამიანების უფლებების დაცვისა. გარდა ამისა, პოპოვებმა და შევარდნაძეებმა უნდა უწყოდნენ, რომ შეუძლებელია ქართველი ხალხის მოსყიდვა მატერიალური კეთილდღეობის დაპირებით, იგი არ უღალატებს პრინციპს და ბოლომდე იბრძოლებს თავისი დამოუკიდებლობისათვის, ჭეშმარიტი დემოკრატიისათვის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის.

საქართველო უნდა დაირაზმოს იმპერიის ცენტრიდან მომდინარე ახალი საფრთხის წინაშე, უნდა გაგრძელდეს ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, საოკუპაციო ჯარის მოკავშირე ხუნტის მიერ გამოცხადებული სამხედრო ბეგარისა და მობილიზაციის ბოიკოტი (ახალგაზრდობამ უნდა იმსახუროს მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის ერთგულ ეროვნულ გვარდიაში), უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი საპროტესტო აქციები და გამოსვლები, სანამ იმპერიის სატრაპი, სისხლიანი ტირანი და იუდა არ დატოვებს საქართველოს მიწა-წყალს, არ გაუქმდება მისი კრიმინალური ხუნტა და არ აღსდგება კონსტიტუციური, კანონიერი ხელისუფლება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 . 12 მარტი

განცხადება : შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 20 მარტი. - 9. -1გვ.

7 მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


თანამემამულენო, ძმანო და დანო!

ქართველმა ერმა ბრძოლით მოიპოვა თავისუფლება, თავი დააღწია ბოროტების იმპერიას და შექმნა სახელმწიფო, სადაც თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების გზით დაამკვიდრა კონსტიტუციური, კანონიერი თავისუფლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოდერნიზებული იმპერია განაგრძობს არსებობას და ცდილობს ხელყოს ყოველივე ის, რასაც მივაღწიეთ წლების მანძილზე თავდაუზოგავ ბრძოლაში. იგი ინარჩუნებს საოკუპაციო ჯარებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათი მხარდაჭერით ცდილობს განამტკიცოს თავისი მარიონეტული კრიმინალური ხუნტა, რათა საქართველოს არ ეღირსოს სრული და ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაშიც რუსეთს ეხმარება დასავლეთის ზოგი სახელმწიფო, რომელიც სცნობს ამ ხუნტას და მიაჩნია იგი ჭეშმარიტ მთავრობად. ყოველივე ამან მოიტანა დემოკრატიის მოსპობა, ტერორი, არნახული ეკონომიკური სიდუხჭირე. ამის გამო ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ ახალი ძალით უნდა გაშალოს განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ხუნტის დამხობა და საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა, აგრეთვე კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება.

ეს ყოველივე, შესაძლოა, განხორციელდეს წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნით, სრული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, საყოველთაო გაფიცვით.

აუცილებელია შეიქმნას ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტი, რომელშიც შევლენ ინტელიგენციის, ახალგაზრდობის წარმომადგენლები. მთავარ საგაფიცვო კომიტეტს უნდა ჰქონდეს ფილიალები მთელს თბილისში, მთელ საქართველოში, რათა დროულად მომზადდეს და განხორციელდეს საყოველთაო გაფიცვა, რომელიც უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოში არ აღდგება კონსტიტუციური კანონიერი ხელისუფლება და ჩვენს ტერიტორიას არ დასტოვებენ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის საოკუპაციო ჯარები. უნდა შეიქმნას საგაფიცვო ფონდი მოსახლეობის შემოწირულობებისაგან, რომელიც დაეხმარება გაფიცულთა ოჯახებს. უნდა გაიფიცოს ყველა საწარმო, ყველა დაწესებულება, ყველა სკოლა, ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ყველაფერი - გარდა ტრანსპორტისა, კავშირგაბმულობისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და პურის საცხობებისა, პარალელურად მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში უნდა გაგრძელდეს მიტინგები, დემონსტრაციები, შიმშილობები, ყოველგვარი საპროტესტო აქციები წარმოება-დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში. ჩატარებული კრებებისა და მიტინგების რეზოლუციები უნდა გაეგზავნოს ყველა ინსტანციას, პრესას, რადიოს, ტელევიზიას; უნდა გაიგზავნოს მოსკოვის უცხოურ სააგენტოებსა და საელჩოებში და საზღვარგარეთ. ყველა აქცია, ყველა გამოსვლა დაფიქსირებული უნდა იყოს ვიდეოფირზე. პარალელურად საპროტესტო წერილები და ტელეგრამები უნდა გაეგზავნოს ხუნტას და მოსკოვის მთავრობას. უნდა შედგეს პეტიციები, მასობრივი პეტიციები მასობრივი ხელმოწერებით გაეროს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე. არავითარი დანდობა შტრეიკბრეხერებსა და მოღალატეებს!

დავირაზმოთ, დავდგეთ მტკიცედ და ერთიანი ძალისხმევით ვიხსნათ საქართველო, ვიხსნათ ჩვენი მომავალი!

ძირს რუსეთის მოდერნიზებული იმპერია და მისი აგენტურა საქართველოში.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 24 მარტი

მიმართვა : საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 მარტი. - 10. - 1გვ.

8 ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და დისიდენტ გამსახურდიასი

▲ზევით დაბრუნება


დღევანდელი ოფიციალურ-ხუნტისტური პრესის თვალიერებისას მრავალ კურიოზს და ურცხვობას წააწყდებით, რისი მხილებაც დიდ დროს წაგვართმევდა. მე მინდა გამოვყო ერთი სასაცილო ვერსია, რაც ხუნტისტებს ხელზე დაუხვევიათ და სერიოზულად უმტკიცებენ ქართველ ერს: დახეთ დისიდენტი გამსახურდია ლენინელი გამხდარა და წითელ გენერალ დუდაევთან ერთად ლენინის ბიუსტის ფონზე ატარებსო პრესკონფერენციებს.

მე, რასაკვირველია, სერიოზულად ვერ ვიმსჯელებ ასეთ კომიკურ განცხადებაზე და ვერ წარმოვიდგენ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ადამიანი, ვინც ირწმუნებს ვერსიას, რომლისაც მის ავტორებსაც კი არ სჯერათ. მაგრამ ურიგო არ იქნება ხალხმა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ.

როდესაც გროზნოში 18 თებერვალს გაიმართა ჩვენი პრესკონფერენცია, გაჭირდა შესაფერისი დარბაზის პოვნა, ვინაიდან მოზღვავდა უამრავი მსურველი მასზე დასასწრებად. ერთადერთი კარგი დარბაზი ყოფილ დიაგნოსტიკურ ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც დღეს არემონტებენ და მალე სამთავრობო შენობად აქცევენ. ცენტრალურ დარბაზში დგას უშველებელი ბიუსტი ლენინისა, იმდენად მასიურ პედესტალზე, რომ მის მონგრევას რამოდენიმე დღის სოლიდური სამუშაოები დასჭირდება. ნაჩქარევმა მონგრევამ კი შეიძლება გამოიწვიოს დარბაზის სერიოზული დაზიანება. ასე, რომ არჩევანის დრო არ იყო და ჩვენ დავსხედით ამ დარბაზში.

პრესკონფერენციის დაწყებისთანავე დარბაზიდან ისმოდა შეკითხვები, რამდენად შეესაბამება ორი ანტიკომუნისტი პრეზიდენტის ჯდომა ლენინის ბიუსტთან - მათ მსოფლმხედველობასო. ჯოჰარ დუდაევი დიდი იუმორის მქონე კაცია და დიდხანს აცინებდა დარბაზს იმ შესაძლო რეაქციაზე, რაც მოჰყვებოდა ამ ფაქტს ჩვენი მტრების ბანაკში. თან ამბობდა. - მაგ უბედურებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტები შემოელიათ და მოდით ეს ერთხელ მაინც გავახაროთო.

მე კი მივუგე შეკითხვის დამსმელს: ჩვენ იდეებს ვებრძვით, რამეთუ იდეები ბიუსტზე უფრო საშიშად მიგვაჩნია, ბიუსტები ჩვენ ვერას დაგვაკლებენ მეთქი. ასე ნახევრად ხუმრობით ჩავატარეთ ჩვენი განმარტებითი საუბარი.

ხუნტის მესვეურთა რეაქცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. დისიდენტი გამსახურდიას „გაკომუნისტების“ შესახებ იმათ დასცეს დაფდაფი, ვინც კომუნისტური პარტოკრატია აღადგინა დღეს საქართველოში და ვისაც ლენინის ბიუსტი მთელი ცხოვრების მანძილზე, არა მარტო ყოველ ქუჩაზე და ყოველ საკუჭნაოში ედგა, არამედ გულშიც და სულშიც ატარებდა, ჭეშმარიტად, მათ შეეძლოთ ემღერათ ლენინისათვის! „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ...“ ასეთნი კი დღეს ლენინელობას სწამებენ კაცს, რომელმაც სსრკ-ში პირველმა მოანგრია ლენინის ძეგლები ჯერ თბილისსა და ბათუმში, მერე მთელს საქართველოში, რომელმაც კომპარტია აკრძალა და კომკავშირი გააუქმა, რაც დღეს გახდა ძირითადი მიზეზი მის წინააღმდეგ პუტჩისა და აჯანყების მოწყობისა. ბარაქალა, თქვენს სიმართლის მოყვარულობას პუტჩისტებო!

ზვიად გამსახურდია
1992 . მარტი

ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და დისიდენტ გამსახურდიასი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 მარტი. - 10. - 1გვ.

9 მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტებს და მთავრობებს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს თვითმარქვია კრიმინალური „მთავრობის“ მეთაური ედუარდ შევარდნაძე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მსოფლიო, თითქოს მან შექმნა ხელისუფლების კანონიერი ორგანო, ე.წ. სახელმწიფო საბჭო. სინამდვილეში იგი სხვა არაფერია, თუ არა სახეშეცვლილი ხუნტა, რომელშიც შევიდა ყველა წევრი ე.წ. სამხედრო საბჭოსი. საქართველოს კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სახელით გთხოვთ ნუ სცნობთ შევარდნაძის რეჟიმს და ნუ დაამყარებთ მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას, სანამ საქართველოში არ აღსდგება კანონიერი, კონსტიტუციური ხელისუფლება.

პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
1992 წლის 17 მარტი

მიმართვა : მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტებს და მთავრობებს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 მარტი. - 10. - 1გვ.

10 თბილისი ედუარდ შევარდნაძეს!

▲ზევით დაბრუნება


კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვისთვის თქვენ ქართველი ერი მოგთხოვთ პასუხს, ისევე როგორც ყველაფრისათვის, რაც ჩაიდინეთ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, თქვენ ფარისევლურად განაცხადეთ, რომ სახელმწიფო აღადგენს მუზეუმს. მე კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, ხელი არ მიაკაროთ შენობას, იგი უნდა იდგეს დამწვარი და გადაბუგული, როგორც თქვენი ვანდალიზმისა და ბარბაროსობის კიდევ ერთი ძეგლი, გადამწვარ თბილისთან ერთად.

ზვიად გამსახურდია
1992 წლის 19 მარტი

თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს! / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 31 მარტი. -11. - 1გვ.

11 მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო სტუდენტებო!

დიდად მოხარული ვარ, რომ შემართებით იბრძვით საქართველოში სამართლიანობის აღდგენისათვის. საქართველოს თავისი მრავალტანჯული ისტორიის მანძილზე მრავალი ბარბაროსული იმპერია ებრძოდა, მაგრამ განგებით გადავრჩით. ასევე იქნება დღესაც. ბნელეთის მოციქულები თავის საწადელს ვერ მიაღწევენ. მთავარია, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ვამხილოთ ბოროტება, არ შევუშინდეთ განსაცდელს. დაირაზმეთ და დარაზმეთ ერი ქვეყნის დამაქცევართა წინააღმდეგ. ჩვენი გზაა - ეროვნული დაუმორჩილებლობა, ძალადობისა და უსამართლობის მხილება.

სამართალი გაიმარჯვებს!

პატივისცემით ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
1992 წლის მარტი

მიმართვა : სტუდენტი ახალგაზრდობისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 8 აპრილი. - 12. - 1გვ.

12 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


მამულიშვილნო, ძმანო და დანო!

დადგა 9 აპრილი, ღირსახსოვარი დღე ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაში. დღე უდიდესი სიმძიმილის და გლოვისა, დღე უდიდესი ეროვნული გამოსვლის სისხლიანი დარბევისა და ჩვენი მოძრაობის მორალური გამარჯვებისა. დღე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის ისტორიული აქტის მიღებისა.

დღეს საქართველო კვლავ ძაძებში გახვეული ეგებება 9 აპრილს, რამეთუ არ ცხრება მტერი, არ ცხრება განახლებული ბოროტების იმპერია, რომელმაც წელს უდიდესი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას. იმპერიალური ძალების მიერ შეკოწიწებული რუსოფალური კრიმინალური-ტერორისტული ხუნტა, რომელიც ებრძვის ხალხის მიერ არჩეულ, კანონიერ ხელისუფლებას, ცდილობს სისხლში ჩაახშოს ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ხუნტამ მრავალგზის გადააჭარბა იმპერიულ დამსჯელ წითელ ჯარს, მან ქართველთა სისხლში შეღება ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი. ხუნტა განაგრძობს საქართველოს აწიოკებას, ყოველდღიურად ემუქრება ქართველ ხალხს დარბევითა და გენოციდით, ხუნტის მეთაური, დემოკრატის ქურქში გახვეული ჯალათი შევარდნაძე, რომელსაც ლომის წილი აქვს 9 აპრილის ტრაგედიაში, დღეს სისხლიანი ხელებით ეპოტინება ეროვნული მოძრაობის მონაპოვარს, ცდილობს ხელისუფლების უზურპაციას, რათა ტერორისა და რეპრესიების გზით კვლავ დაიმონოს ქართველი ერი და კვლავ შეაბას იგი იმპერიული მონობის უღელში.

რუსეთის იმპერიასთან ალიანსში მყოფი დასავლეთის სახელმწიფოები თვალს ხუჭავენ ეროვნულ ტრაგედიაზე, ისინი ხელს უწყობენ ანტიდემოკრატიულ, ანტიხალხურ ტერორისტულ ხუნტას ჩვენი ეროვნული მოძრაობის დათრგუნვაში, ხელისუფლების უზურპაციაში, რამეთუ საქართველო მსხვერპლია მათი გარიგებისა, ზეგავლენის სფეროთა დაყოფისა.

საქართველო უნდა აღსდგეს დამპყრობელთა და კოლაბორაციონისტ - მოღალატეთა წინააღმდეგ. დღეიდან არნახული ძალით უნდა გაიშალოს დაუმორჩილებლობის მოძრაობა, უნდა შემზადდეს საყოველთაო გაფიცვა და წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა მთელს საქართველოში.

9 აპრილის მოწამეთა სულები, ხუნტის მიერ წამებულთა სულები იხსნიან საქართველოს, დიდება მათ!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 9 აპრილი. - 13. - 1გვ.

13 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


მამულიშვილნო! ძმანო და დანო!

მოსკოვის საინფორმაციო საშუალებები და თბილისის რუსოფილური კომპარტიულ-ნომენკლატურული ხუნტა ავრცელებენ ჩვენზე აზრს, რომ თითქოს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება სათავეში უდგას შეიარაღებულ მოძრაობას თვისტომთა წინააღმდეგ და მოუწოდებს ბარბაროსული ანგარიშსწორებისაკენ თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისადმი.

ყოველივე ეს პროვოკატორთა მორიგი ცილისწამებაა!

სინამდვილეში ჩვენი მოძრაობა იმით განსხვავდებოდა და განსხვავდება ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ტერორისტი დემოკრატების მოძრაობისაგან, რომ იმთავითვე ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. სწორედ კრემლის აგენტურამ, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებმა შექმნეს პირველი შეიარაღებული დაჯგუფებები „მხედრიონის“ და სხვა ბანდიტური ორგანიზაციების სახით, რათა სისხლიანი ანარქიის უფსკრულში გადაეჩეხათ საქართველო. ჩვენ კი ხელისუფლება მოვიპოვეთ მშვიდობიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე და ვერავინ დაასახელებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, თუნდაც ერთის, ჩვენის მხრივ მოკვლის ფაქტს. საწინააღდეგო მაგალითები კი ურიცხვია.

გავიხსენოთ წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრები - რეზო ურიდია, არჩილ მაჭავარიანი, დავით ზარდიაშვილი, გია ტეტელაშვილი, ვალერი ციგანკოვი, „თეთრი გიორგის“ წევრი - ა. მანაგაძე; გავიხსენოთ პარლამენტის შენობის დამცველები. გავიხსენოთ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მშვიდობიან მიტინგებზე შეუბრალებლად ჩახოცილნი. სამართლიანობის აღდგენის მხოლოდ სურვილის გამოთქმისათვის „დემოკრატ“ ჯალათთა ხელით დაღუპულ ადამიანთა ჩამოთვლა საძნელო გახდა. ძნელია იმ საშინელების გადმოცემაც, რაც დატრიალდა ე.წ. გვარდიის, „მხედრიონის“ და წითელი არმიის საქართველოს ხელახალი დალაშქვრის შედეგად.

ვიმეორებ, ჩვენ მხოლოდ იმით განვსხვავდებით „დემოკრატიული“ ოპოზიციისაგან, რომ ვირჩევთ მიზნის მიღწევის რთულ, მაგრამ მშვიდობიან გზას, თუმცა კარგად გვესმის საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელმაც ვეღარ გაუძლო თავს დამტყდარ უბედურებას, სახლ-კარის აოხრებას, ახლობელთა სიკვდილს და მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოჰკიდა იარაღს ხელი. ამის გამო საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა თავდაცვითი, სამართლიანი მოძრაობაა. ხალხს აქვს უფლება შექმნას ამგვარი მოძრაობის ერთიანი ფრონტი, რათა დაიცვას თავი, დაიცვას ქვეყანა ბარბაროს კრიმინალთა ურდოებისაგან. კანონიერი ხელისუფლების დასამხობად ციხეებიდან დამნაშავეთა გამომშვებნი, კრიმინალური ხუნტის შემქმნელნი აქ მსაჯულებად ვერ გამოდგებიან, მათ ერი და ისტორია გაასამართლებს სამშობლოს ღალატისათვის, ათასობით ადამიანის დარბევასა და გაუბედურებისათვის, გაუპატიურებისათვის, ვანდალიზმისა და ბარბაროსობისათვის.

მამულიშვილნო! საქართველოში დღეს ზეიმობს ძალმომრეობა, ცინიზმი, ტერორი, უხამსი სიცრუე. ყოველი ადამიანის ვალია წინ აღუდგეს ყოველივე ამას. მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისაკენ ქვეყნის დამაქცევრებისადმი. არ დაიდოთ წილი ბოროტებაში, მოგიწოდებთ. შევქმნათ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი, რათა ზღვარი დაუდოთ სისხლისმსმელ დამპყრობთა და ბარბაროსთა თარეშს ჩვენს მიწაზე! სამართალი გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი სამართლიან, თავდადებულ ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 10 აპრილი. - 14. - 1 გვ.

14 რსფსრ უმაღლესი საბჭო, სახალხო დეპუტატთა მეექვსე ყრილობის პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატმა შევარდნაძემ, მოახდინა რა საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დაიპყროს საკუთარი ქვეყანა სნგ-ს ტანკებით. ამჟამად ისინი დგანან აფხაზეთის ასსრ-ის საზღვარზე და მზად არიან დააქციონ ეს მშვენიერი მხარე და მოაწყონ იქ როგორც ქართველი, ისე აფხაზური მოსახლეობის გენოციდი. ვინაიდან შევარდნაძეს ხალხი მხარს არ უჭერს, იგი ცდილობს გადააქციოს სნგ-ს ჯარები სახალხო წინააღმდეგობის დამსჯელ ძალად. „დემოკრატი” შევარდნაძე ყოველდღიურად სროლით არბევს სტუდენტთა და აღშფოთებული მოსახლეობის მშვიდობიან დემონსტრაციებს, მიმართავს უმკაცრეს რეპრესიებს, აპატიმრებს დემოკრატებს, ე.წ „მხედრიონის“ კრიმინალურ ელემენტებს აძლევს უფლებას ძარცვონ და ტერორში ამყოფონ მოსახლეობა, ამყარებს უმკაცრეს ცენზურას, მხარს უჭერს პარტოკრატიის, სახელმწიფო კომუნიზმის და ნეოკომუნისტური დიქტატურის აღორძინებას. თუკი რუსეთის დეპუტატები გააგრძელებენ წაყრუების პოლიტიკას, არ აღიმაღლებენ ხმას საქართველოში სნგ-ს ჯარების უკანონოდ ყოფნის გამო, არ გამოააშკარავებენ შევარდნაძის ხუნტის ბოროტმოქმედებებს, არ ამხელენ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და არ მოითხოვენ მის აღდგენას, მაშინ ისინი აღმოჩნდებიან სისხლიანი დიქტატორული რეჟიმის მოკავშირეები და მისი ყველა დანაშაულებების თანამონაწილენი.

გთხოვთ გააცნოთ ყრილობას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

წერილი : რსფსრ უმაღლესი საბჭო, სახალხო დეპუტატთა მეექვსე ყრილობის პრეზიდიუმს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 11 აპრილი. - 15. - 1 გვ.

15 რუსეთის ტელევიზია ბატონ ეგორ იაკოვლევს

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელ დღეებში მთელი მსოფლიო გახდა მოწმე გაშიშვლებული სიცრუისა და დეზინფორმაციისა, რომელსაც ახორციელებს თქვენი ტელევიზია ჩემს წინააღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების და პარლამენტის წინააღმდეგ. მახინჯდება ფაქტები, იმალება ჭეშმარიტება. რეკლამა უკეთდება შევარდნაძის სისხლიანი ხუნტის საქმიანობას, კრიმინალური ძალების თარეშს, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ უწოდებენ სამთავრობო ჯარებს. იჩქმალება თბილისში იანვრის და თებერვლის აღშფოთებულ მოქალაქეთა მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტრაციების დახვრეტის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვიდეომასალები ყოველივე ამის შესახებ გამოგზავნილი გქონდათ, ნაჩვენები იყო მხოლოდ ჩემი ინტერვიუს რამდენიმე უმნიშვნელო ფრაგმენტი ამოღებული კონტექსტიდან, დეზინფორმაციული კომენტარებით. თქვენი კომენტატორების უნამუსობამ კულმინაციურ ზღვარს მიაღწია როდესაც 25 მარტს 18 სთ და 30 წთ-ზე გამოცხადდა, თითქოს მე ინტერვიუში, რომელიც ჩემგან აიღო საავტორო ტელევიზიამ, მეთქვას, საქართველოში აუცილებლად სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მე ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე. ეს მტკნარი სიცრუეა. გათვალისწინებული იყო, რომ ინტერვიუ გაეროში 23 მარტს გასულიყო, მაგრამ, თქვენი სურვილით სიუჟეტი ამოაგდეს პროგრამიდან.

რატომ გეშინიათ სიმართლის, თქვენ, დემოკრატიის მებაირახტრეებო?

რატომ უხშობთ პირს მათ, ვინც სიმართლეს ამბობს იმ უზნეობაზე, რაც საქართველოში ხდება თქვენი კოლეგა შევარდნაძის წყალობით? 25 მარტს მთელი გადაცემა რომ მიუძღვენით შევარდნაძეს, რატომ არ უჩვენეთ მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი, რომელიც სწორედ იმ დღეს გაიმართა მწერალთა კავშირის წინ თბილისში?

ასეთ დემოკრატიას ფაშიზმის სუნი ასდის, რაც სიკეთეს არავის მოუტანს. როგორც მე გადმომცეს, თქვენ ეჭვის ქვეშ დაგიყენებიათ ჩემს მიერ ნახსენები ფაქტი, რომ ხუნტას საქართველოში პუტჩის დროს ეხმარებოდნენ სამხედროები ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილიდან. იგივე ფაქტი ა.წ. 15 თებერვალს თქვენი ტელევიზიიდან განაცხადა ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილის წარმომადგენელმა. ხოლო 18 თებერვალს ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს თვითმარქვია თავდაცვის მინისტრმა შარაშენიძემ. ნუთუ ისინიც თავისი თავის მტრები არიან?

თქვენი ტელევიზია შეუპოვრად მიწოდებს მე ექს-პრეზიდენტს, რაც უპატივცემულობა და ღვარძლიანი დაცინვაა. პრეზიდენტი ხდება ექსპრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც გადის პენსიაზე, როცა კანონიერად გადაირჩევენ, ან მისი განთავისუფლება მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანოს, თუნდაც პარლამენტის მიერ. პრეზიდენტი შეიცვლის ადგილსამყოფელს თუ არ შეიცვლის, ის რჩება პრეზიდენტად და არანაირ ხუნტას ან რუსეთის ტელევიზიას არა აქვს უფლება მას შეეხოს.

ასეთი ანბანური ჭეშმარიტება საჭიროა იცოდეთ.

მე კატეგორიულად მოვითხოვ, აჩვენოთ სრულად ის ინტერვიუ, რომელიც აიღო ჩემგან საავტორო ტელევიზიისათვის ცნობილმა ჟურნალისტმა ცვეტკოვმა.

მოვითხოვ აგრეთვე: ნუ დაამახინჯებთ ჩემს სიტყვას და ჩემზე ნუ გაავრცელებთ ბოროტ ჭორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები მივმართო სასამართლოს.

მოვითხოვ ეს წერილი წაკითხულ იქნას ტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
. გამსახურდია
25 მარტი 1992 .

წერილი : რუსეთის ტელევიზია ბატონ ეგორ იაკოვლევს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 14 აპრილი. - 16. - 1 გვ.

16 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: „ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს“

▲ზევით დაბრუნება


(I ნაწილი)

უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი“.
აკაკი წერეთელი

გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას.

მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

მართალია, პიროვნულად ჯერ კიდავ 60-იანი წლებიდან გიცნობდით, მაგრამ ჩვენი პირველი საქმიანი შეხვედრა მოხდა 1970 წელს. იმხანად თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით და მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას მეგობრად და კეთილისმსურველად სახავდით თავს. ამან გამაბედინა თქვენთან მოსვლა, როდესაც მამაჩემმა საახალწლოდ მიიღო ანონიმური წერილი ვითომდაც „რუსი და სომეხი ნაცისტებისა“; კუთხოვანი ასოებით დაწერილი ქართულ ენაზე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მამაჩემს და მთელ ქრთველ ერს. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართელი ერი გადაგვარებისა და მოსპობის გზაზეა დამდგარი, და რომ ამას დააჩქარებენ რუსი და სომეხი „ნაცისტები“. მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო უნდა გადასულიყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხელში, დასავლეთ საქართველო კი რუსეთის ხელში. კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამ „ნაცისტებს“ უმთავრეს დაბრკოლებად ესახებოდათ ამ მიზნის მიღწევის გზაზე და ემუქრებოდნენ სიკვდილით. წერილში იყო ასეთი ფრაზა: „მოველით იმ წუთს, როდესაც დავიწყებთ ქართველთა სისხლის დაღვრას, ხოცვას ახალგაზრდებიდან დავიწყებთ“.

დიდხანს ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას; მაგრამ ამაოდ. თქვენი მისაღები ხან მპასუხობდა თათბირი აქვსო, ხანაც რაიონშიაო წასული. სჩანს წინდაწინ იცოდით თუ რა საკითხზე მსურდა თქვენთან დაკავშირება. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალთა კავშირიდან მთავრობის აპარატით დაგიკავშირდით და მიმიღეთ. თქვენ წაიკითხეთ წერილი, განცვიფრება გამოხატეთ და დაავალეთ გამოძიება შსს ერთერთ გამომძიებელს. თანაც მითხარით ათიოდე დღეში გამოიარეთო. ამასთან რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, რომ თქვენ საუბარზე დაისწარით ქალაქის მილიციის საგამომძიებლო განყოფილების ყოფილი უფროსი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და მერაბ კოსტავა 1959 წელს საპატიმროში რეციდივისტი მკვლელების ხელით. აი, ასე გამეცით „სიმბოლური“ პასუხი ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ გამოგეძიებინათ იმ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა და როგორც ჩანს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ცხადია, შემდგომში არც არაფერი გამოიძიეთ და მიაფუჩეჩეთ საქმე. მრავალი რამ ამ „ნაცისტების“ მუქარიდან თანდათან რეალობად იქცა მომდევნო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წელს (1992 წ-ს.), საქართველოში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების დროს, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების სხვა მომენტებს დავუბრუნდები.

მჟავანაძისეული პერიოდის კორუფციისა და განუკითხაობის დროს ქართველი საზოგადოება გამოსავალს ეძებდა. თქვენ აცხადებდით, რომ იბრძოლებდით პატიოსნებისა და პრინციპულობისთვის, უშველიდით ქართულ კულტურას, მოუღებდით ბოლოს მაფიის თარეშს (ცხადია, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ოცნებაც კი გამორიცხული იყო მაშინ). ამიტომ მრავალი მიესალმა თქვენს მოსვლას ხელისუფლების სათავეში 1972 წელს და მეც იმედი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დისიდენტი და საბჭოთა სისტემის მტერი. ახლა ვხედავ, რომ ეს იყო ახალგაზრდული გამოუცდელობა და კომუნისტური დემაგოგიის ვერშეცნობა ჩემის მხრით. რა უნდოდა იმის დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალური რესპუბლიკების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი „ნაციონალისტად“ მიაჩნდათ თქვენთან შედარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნობილ დადგენილებაში მისი პერიოდის „ნაციონალისტური“ გადახრები. ხელისუფლებლის სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მისატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, როგორიც არ მოსწრებია ჩვენს მრავანტანჯულ საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურად სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამპანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ; თვით ისტორიულ თემაზე წერასაც კი „ნაციონალიზმად“ ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები აშკარად გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, „საბჭოთა პატრიოტიზმის“, შერეული ქორწინებების პროპაგანდაზე.

„ინტერნაციონალიზმის“ დროშით დაიწყო ქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება, სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგიების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა „მავნე ჩვეულებებისა და ტრადიციების (!)“ წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლასაც; პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა „დღესასწაულებს“, სადაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა, ნერგავდით „ახალ რიტუალებს“, ე.ი. ახალ საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.

დღეს, კრიმინალურ - ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და თქვენისთანა პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ფიქრობდა მის გადაქცევს სუკ-ის ფილიალად, როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ, ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მოსვლას. ამ შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, „დამუშავება“, აღრიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდგ ამას მოსდევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების გადაკეტება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მაგალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდიეთ მისი წინამძღვარი, მოხუცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული აღმოხდა, როგორ იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით ხელს „ზაკვო“-ს სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთებით დავით-გარეჯისა და გელათის განადგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქართულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე; როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლებას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლინება საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მასშტაბების მშენებლობებს ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, არამედ თვით უკრაინა და ყაზახეთიც ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთ-ერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა, რის შედეგაბსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო.

თქვენ, ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ყოველნაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებულიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.

თქვენს მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩვენებითბა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა „ელიტა“ კი ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებული მაფია მილიონებს ატრიალებდა, რომელსაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს. თქვენ წონაში მოტყუებისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულისათვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენს დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადსხვა დიდი თანამდებობებით აჯილდოებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეციალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახოცეს ასობით ადამიანი, ჩვენებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ასობით ოჯახი (ცირეკიძე - უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგენილია და იმავე ადგილზე მუშაობს; ალბათ, ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. „ნეგატიურ მოვლენებთან“ ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო-სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოსა და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ და მიწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.

იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებობის მოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ, რის შედეგადაც სუკის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობის და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ „პიროვნების სოციალიზაციას“ უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგანიზაციის სამსახურში.

თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურგეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ვიწრო წრეში, რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებთ ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს საქართველოში ძეგლები არ ეღირსათ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და მრავალ დიდ საზოგადო მოღვაწეს.

საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა „ქართველი“ ხაზინის ქურდის, მექრთამის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის სხვა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ყვაოდა.

თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტ ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამაგიეროდ ააყვავეთ „მურტალო-კუკარაჩებისა“ და „შემწვარი ნეკების“ ცრუ ლიტერატურა და ანტიეროვნული მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით სდევნიდით არა მარტო დისიდენტურ მოძრაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებასაც თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა შევჩერდე.

1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი „თვითმფრინავის საქმეზე“ დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაშაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი „იდეური ხელმძღვანელი“, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.

საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ კოსტავა ჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, კულტურის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.

მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარდა იმისა რომ, თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემაგოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, რადგანაც სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და არც გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძოლაზე და დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას, ვინაიდან მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრეკები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკმარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა ინსტიტუტში, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმისა და სიმართლის თქმისათვის. ბოლოს ჰონოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.

სუკ-ში პატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ, თუ არ მოვინანიებდი. ჩემი მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ, რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე.წ. „მონანიების“ არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისათვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალური ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა სასამრთლოზე 1978 წელს.

ჩვენი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე „მოვინანიებდი“ ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. „მონანიება“ აუცილებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ „გლასნოსტის“ მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას „ღალატად“ ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები.

მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი „მონანიება“. საქმე ის გახლავთ, ჩემი „მონანიება“ და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი „მონანიება“ და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას.

ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩინეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნაწილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი, ვიდრე თავად არ გამოვლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები. თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერთი კაცი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინი სუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის მეშვეობით. გარდა ამისა, ყველა ხედავდა, რომ სუკის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, რადგანაც უცხოეთში ძალზე გახმაურდა ჩემი სახელი.

ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები, თქვენ შევარდნაძის წარსულზე საუბრობთ, მაგრამ დღეს იგი აღარ არის ის, რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ „პერესტროიკის“ ერთ-ერთი ავტორია. მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი. განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა „პერესტროიკის“ შემდეგ. მართალია, თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზოგადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტპატიმრებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა კამპანია 1987-89 წლების საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული ძალების აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკანასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში. დამახასიათებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგმავი, საქართველოში მოგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მიერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხსნასაც აღარ აპირებთ). ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენი და თქვენი პარტიისათვის კრახით დამთავრდა. იმ დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გაგენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისათვის თვალის ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს მოლოცვა დაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი, რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. თქენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებთან და ეროვნული მოძრაობის მოღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობაც აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხოლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით, ტელევიზიის აღების მცდელობას.

თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიანსს საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ შეიარაღებულ „ოპოზიციას“ და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდნენ საოცარი ინტენსივობით. ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ.

ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყოველნაირად ინიღბებოდით და მალავდით

კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპაციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ ინფორმაციას მაინც მივიღებდი თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით დაგიკავშირდით, თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისადმი და მეთხოვა შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ მომთხოვდა საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია, აღარ დავურეკე მას. შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან, თანაც შეგახსენეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ მის კეთიდღეობაზე. „დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს, რაც შემიძლია“ - ასეთი იყო თქვენი პასუხი; მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ხოლო 31 მარტს საქართველო და მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ.

მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ, ერთდროს დამნაშავეობასთან ვითომდაც მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები - ჯ. იოსელიანი თავისი „მხედრიონით“ და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური „გვარდიით“, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დადასაყრდენი არიან დღესაც. თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში „ზაკვო“-ს ჯარების დახმარებით, დაატრიალა იგივე რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალალედინის, თემურ-ლენგის, შაჰაბასისა და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდენენ მაფიოზი პარტოკრატები და თქვენს მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნობით დღეს და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის „აშენებას“.

საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი „ამნისტიით“ გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ „საქმეები“ ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი.

(II ნაწილი)

თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდან არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში „გვარდიისა“ და „მხედრიონის“ კრიმინალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასათვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.

თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკის და ზუგდიდის „დასალაშქრავად“ თქვენ გურულებს, იმერლებს და კახელებს აგზავნით, თითქოს უცხო ქვეყანას იპყრობდეთ, ძარცვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქალაქი გაათავისუფლა „მხედრიონის“ და „გვარდიის“ ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყოს. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაღუპული შვილების პორტრეტებით ხელში, თქვენმა „შეიარაღებულმა“ ძალებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე დაამტვრიეს. აი თქვენი „ჰუმანიზმის“, „პატრიოტიზმისა“ და „დემოკრატიის“ დამადასტურებელი ნიშნები.

დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებებით ხდება თქვენი რეკლამირება, როგორც პოლიტიკოსისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ „გარდაქმნა“, გაანთავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყველაფერი რონალდ რეიგანის, „სოი“-ს და დასავლეთის პოლიტიკის, აგრათვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინარეს ყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და გორბაჩოვმა, ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა თქვენს მიერ დღეს იმის გაცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ესოდენ თავგამოდებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის, ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და არ განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი. სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის; მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი, ვინაიდან მუდამ იყავით ნამდვილი „ჰომო სოვიტიკუსი“, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური გაზეთის ,,კორიერე და ლა სერასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება „დემოკრატიული ინსტიტუტების“ განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა „ინსტიტუტებია“ „მხედრიონი“, „გვარდია“, „სამხედრო საბჭო“ ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.

სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენს მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრაქტიკად იქცა, ვინაიდან თქვენი ძირითადი დასაყრდენი ძალების, ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” წევრთა უმრავლესობა ნარკომანები არიან; თითოეულ მათგანს სჭირდება დღეში რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქები, ახლა კი ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართველ მოსახლეობაზე გადავიდნენ, რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნესის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს, პენსიებს, ჰონორარებს, თუმც პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სისხლიანი დანაშაულობებისათვის, როგორც „დემოკრატისათვის მებრძოლნი“. აი თქვენი „დემოკრატიის“ დიდი მიღწევები.

თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ „მხედრიონისა“ და „გვარდიის“ ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი „გვარდიის“ ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-ს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურორტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.

დემოკრატიული „ინსტიტუტების“ ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობრივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ. გრძელდება დაპატიმრებები შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებებით არიან დაპატიმრებული უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო ეთიკის კომიისის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემოიღეთ მიტინგებზე სასიკვდილოდ ცემა და დანით დაჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთრებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხადოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.

თქვენ, „გარდაქმნისა“ და „საჯაროობის“ მედაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი საჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის, „იბერია-სპექტრის“ რედაქტორს, პრინციპულ და მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გოცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა.წ. 30 მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი ინტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევასა და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რაკეტებით, მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპონენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?

ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი „მოღვაწეობა“ სამართლებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლების უზურპაცია. თქვენს მიერ, კომპარტიის ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არავის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი „არჩევნები“ იქნება ყალბი და უკანონო. ხოლო ახალ საარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს, არ ექნება არავითარი იურიდიული უფლებამოსილება. ამგვარ „არჩევნებს“ ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ „არჩევნების“ დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება.

თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც ხელმძღვანელობს თავის პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღდგენა, იმ დღესვე გადადგებოდით და გამოაცხადებდით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო ხუნტა.

ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყოველნაირად ცდილობთ, საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ სცნობს დღევანდელი რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას? იმის გამო, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი. „თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“ გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევრით არაფრით განსხვავდება წინამორბედთაგან.

თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია. დიპლომატიურზე „მეტი“ ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ ურთიერთობაში, კოლონიალური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რო რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის წელს ეს თარიღი ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელობაა თქვენის მხრით სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ეთგულებისათვის მრავალი ადამიანი გაგიგზავნიათ ციხეში. იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეებში და რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

ახლა ვნახოთ ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავშირებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ჯარების გაყვანის თაობაზე და საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამეგობრობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ მათ რაოდენობას საქართველოში; გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველსავე დღეებში დაგირეკიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავისი დაუფიქრებლობით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა „დემოკრატმა“ გ. პოპოვმა. თქვენი ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟამად, როგორც სჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული რუსი სამხედროებისათვის ბინების მშენებლობას. ბუნებრივია, ის ვისაც არ გააჩნია საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან ჩვენს ავბედით ისტორიაში, ასე იყო „საბჭოთა“ პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექმნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი „წითელი“ პროფესორები დღენიადაგ ნერგავთ ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, „კანონიერი ქურდების“ მგლურ ჰეროიკას, შეაძულეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა. ბოლოს, მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის პატარა მონსტრებად აქციეთ, რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის საქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავითარი ციხე, ვერავითარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. საბედნიეროდ კარგი ახალგაზრდობაც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს გაგებინებენ ყველაფრისათვის. „უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი“, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.

ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარი შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მოგიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა ჩამოდით საქართველოში და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავადსახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისრებმა ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე ჯგუფი. სამაგიეროდ ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.

რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რომლებიც გაზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ, რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები საბოლოოდ მიჩქმალული დარჩება? მერწმუნეთ მალე შეიტყობს დასავლეთი, თუ ვის შეუქმნა დემოკრატის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი. ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ ძალებთან ერთად.

ამრიგად, თქვენი „გადემოკრატება“ მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კომუნისტი, რაც მტკიცდება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.

მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: „გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ თეოლოგს აღმოაჩენთ მასში“. რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: „გადაფხიკეთ „პერესტროიკის“ ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში“.

ვით ვირწმუნო თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წინაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივეს ძველებურად განაგრძობთ? თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყველამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ, ქართველი ერი პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.

ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები, რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი „ნაცისტების“ წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა. ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან, დაიწყო ქართველი ერის გენოციდი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას დგას. ასე, რომ თქვენს გეგმებს ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას ვერავინ მოახვევს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:

1. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახშობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტების და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნა-დაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ. ჟვანიას დახვრეტაში, „თვითმფრინავის საქმეზე“ დაპატიმრებული ახალგაზრდების და მათთან ერთად ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდელის, თევდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ.თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების მოწყობაში, უპრეცენდენტო ცილისწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიოს მასშტაბით.

3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, უკანონო, დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ. თბილისის ცენტრის დანგრევასა და დაწვაში.

5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისათვის ხელისუფლების გადაცემაში.

6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.

7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტინგენტის შემოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგეგმვაში ჩვენს ტერიტორიაზე.

8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.

9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.

10. იმპერიული სუკ-ის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩათრევაში.

11. სახელმწიფო ტერორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვლის მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტრაციების დარბევა-დახვრეტაში კრიმინალების ხელით.

12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში, კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულ გაღვივებაში.

13. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბილისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად, კრიმინალებად ქცევაში.

14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მანძილზე.

15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმების გაძარცვასა და დაწვაში (ქ.თბილისი და დაბა ბიჭვინთა).

16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესიებსა და ტერორიზებაში.

17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.

19. სამშობლოს ღალატში.

ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყოვნებლივ წერილობით პასუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არარსებული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლიდარობას, თანადგომასა და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.

მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადაჭარბება.

პოსტ სკრიპტუმი: თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერვიუ „შპიგელისადმი“, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ. კერძოდ, თქვენ, გერმანიის საქმეების ესოდენ დიდმა „ექსპერტმა“ „შპიგელის“ კორესპოდენტის განსაცვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე როგორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ სხვა გვერდზე ფრჩხილებში ჩასვა ეს თქვენი „აღმოჩენა“ და გაგამასხარავათ („შპიგელი“, 14 აპრილი, 1992წ). არ ვიცი სკოლაში რა ნიშანი გქონდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს საშუალო სკოლის მოსწავლესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკანცლერად პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შესძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარტიამ საქართველოში, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ასე, რომ ანალოგიები უფრო სხვაგან უნდა ეძიოთ. საერთოდ, გირჩევთ ხშირად ჩაიხედოთ პოპულარულ სახელმძღვანელოებში და ენციკლოპედიებში, მსოფლიო მნიშვნელობის ინტერვიუს მიცემამადე.

1992 წელი 19 აპრილი
ქართული აზრი. თბილისი 1992.

ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს“. I ნაწილი / გამსახურდია . // http:// iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gamsakhurdia-shevardnadze-2.

17 მიმართვა გვარდიისა და შინაგანი ჯარებისადმი

▲ზევით დაბრუნება


უკვე მე-4 თვეა, რაც საქართველოში იმპერიულმა ძალებმა შექმნეს ანტიხალხური და ანტიეროვნული კრიმინალური ხუნტა, რომელიც ებრძვის კანონიერ ხელისუფლებას საოკუპაციო ჯარის დახმარებით. ის, რაც ხუნტამ ჩაიდინა, არის ეროვნული ღალატი, რომელშიც იგი ცდილობს ჩაითრიოს, უწინარეს ყოვლისა, გვარდიისა და შინაგანი ჯარის ნაწილები. ხუნტის დავალებით თქვენ აწარმოებთ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ ხართ იმპერიის დამსჯელი ძალა, რომელიც ცდილობს თქვენი მეშვეობით მიაღწიოს თავის მიზნებს საქართველოში. დაამხოს კანონიერი ხელისუფლება და საქართველო დააბრუნოს სამუდამო კოლონიურ მონობაში. ამჟამად თქვენ ხართ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და ემორჩილებით კრიმინალებს, მძარცველებსა და მკვლელებს. საკუთარი ხალხის მოსისხლე მტრებს, იმპერიის აგენტებს. ამის გამო, სანამ დროა, მოეგეთ გონს, გადმოდით კანონიერი ხელისუფლებისა და მისი შეიარაღებული ძალების მხარეზე, იბრძოლეთ საქართველოსათვის, მისი დამოუკიდებლობისა და აღორძინებისათვის. საქართველოს კანონიერი ხელისუფლება თქვენ არ მოგთხოვთ პასუხს იმისათვის, რაც დღემდე ჩაგიდენიათ. მთავარია ახლა დადექით სწორ პოზიციაზე და უერთგულეთ სამშობლოს. შემოუერთდით პრეზიდენტის ერთგულ გვარდიას და სახალხო ლაშქარს, რათა ერთიანი ძალით ვიხსნათ საქართველო დამპყრობლებისა და მოღალატეებისაგან.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის აპრილი

მიმართვა: გვარდიისა და შინაგანი ჯარებისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 10 მაისი. - 22. - 1გვ.

მიმართვა: გვარდიისა და შინაგანი ჯარებისადმი / გამსახურდია // ქართული აზრი. - 1992. - 1 ივნისი. - 24. - 1გვ.

18 1992 წლის 10 მაისის მიმართვა კახეთის მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

საქართველოს მრავალტანჯული ისტორიის მანძილზე კახეთი მუდამ იდგა დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. კახეთი მუდამ იყო სიმბოლო ქართველი ხალხის გაუტეხლობისა, მტრისადმი დაუმორჩილებლობისა, ამის მოწმეა ხორნაბუჯი, ამის მოწმეებია გრემი, უჯარმა, სიღნაღი, ალავერდი და შუამთა. კახეთმა შვა გმირი მეფეები და მხედართმთავრები, კახეთმა შვა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კახეთმა შვა დიდი ილია - დიდი მოძღვართ-მოძღვარი საქართველოსი.

დღეს დამპყრობელმა იმპერიამ უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. მოსპო ჩვენი დამოუკიდებლობა, რუსული ტანკებით და იარაღით განდევნა ეროვნული ხელისუფლება, დამნაშავეთა ბანდების საჯიჯგნად აქცია საქართველო, რომელნიც ისევე არბევენ და აწიოკებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც მურვან ყრუს, ჯალალ-ედ-დინის, შაჰ-აბასის და აღა მაჰმად-ხანის ურდოები. მაგრამ ძველად თუ უცხო დამპყრობთა ურდოები გვარბევდნენ, დღეს ამას სჩადიან გადაგვარებულნი ქართველნი იმპერიის სამსახურში ჩამდგარნი, მამულის გამყიდველნი. იმპერიის გზირი შევარდნაძე დღეს მეორე ორჯონიკიძედ მოევლინა საქართველოს, რათა ჩაკლას ჩვენს ერში თავისუფლების წყურვილი, მიწასთან გაასწოროს ჩვენი ქვეყანა, აუსრულოს კრემლს ოდინდელი ოცნება; „საქართველო უქართველებოდ“. მტარვალ შევარდნაძეს კახეთს მოგზაურობისას პარტოკრატებმა შეხვედრა მოუწყეს, რამაც მას აფიქრებინა, რომ კახეთის მოსახლეობა კრემლის აგენტებისა და მოღალატეების მხარეზეა, ამიტომაც გათამამდა იგი და ამას წინათ ტელევიზიითაც მოუწოდა კახელებს გვერდზე დაგვიდექითო.

მწამს, რომ კახეთი არასოდეს ამოუდგება გვერდში საკუთარი ხალხის სისხლში ხელებგასვრილ ხუნტას, კახეთი უერთგულებს თავის არჩევანს, თავის ნებას, რომელიც მან გამოხატა 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში, მთელ საქართველოსთან ერთად.

მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაებათ საყოველთო ეროვნულ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, უკანონო არჩევნების ბოიკოტში გაფიცვებით, მიტინგებით, დემონსტრაციებით, ყოველგვარი საპროტესტო აქციებით. შეახსენეთ მტარვალებს, რომ თქვენ დიდი ილიას გზას მიჰყვებით და არა ორჯონიკიძე-მახარაძე-შევარდნაძეების მოღალატურ მმართველ გზას! შეახსენეთ მტარვალებს ვისი გორისანი ხართ! შეუერთდით წინააღმდეგობის მოძრაობას!

იბრძოლეთ ხუნტის დამხობისათვის, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების აღდგენისათვის!

გვფარავდეს ღმერთი.

სიყვარულით და პატივისცემით,
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : კახეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირი ხმა ერისა, [1994]. - 66გვ. ; 20სმ.. .- 17-18 გვ.

19 მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

იმპერიული ხუნტა რუსეთის დავალებით ცდილობს შექმნას მეგრული სეპარატიზმი და სამეგრელო ჩამოაცილოს საქართველოს. იმპერიის ემისარი შევარდნაძე ყოველნაირად ცდილობს ამ ვერაგული გეგმის განხორციელებას. იგი ცდილობს უკმაყოფილების გამოწვევას სამეგრელოში, სხვა კუთხეების მოსახლეობას ამხედრებს სამეგრელოს წინააღმდეგ, რათა განახორციელოს კრემლის ოცნება: სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, სამეგრელოსა და სხვა კუთხეებს შორის ეთნოკონფლიქტი.

არ წამოეგოთ კრემლის და შევარდნაძის ანკესზე, იბრძოლეთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, იმპერიული ხუნტის გაძევებისათვის, არჩევნების ბოიკოტისათვის, ვინაიდან ქართველმა ერმა ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში!

თავს ვხრი დაღუპულთა წინაშე!

არც ერთი ხუნტისტი სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს მიწა-წყალზე!

ძირს მოღალატე შევარდნაძე!

ძირს კრიმინალური შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი-კიტოვანი-ჭანტურია-წერეთლისა და სხვათა ხუნტა!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 26 აპრილი

მიმართვა : სამეგრელოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 10 მაისი. - 2.- 1გვ.

20 თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს ტელევიზიას

▲ზევით დაბრუნება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში გაიმარჯვა სეპარატისტულმა ტენდენციამ და ანტიქართულმა კურსმა, უნდათ, რომ შემოიღონ აფხაზეთის მოქალაქეობის კანონი. მიღებულია მრავალი ანტიკონსტიტუციური აქტი, შეიქმნა აფხაზური გვარდია, მოიხსნა ქართველი მინისტრების უმრავლესობა, რაც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ მოწყობილი პუტჩისა და გადატრიალებისა, კანონიერი კონსტიტუციის ვითომდაც შეჩერებისა, ძველი კონსტიტუციის ვითომდა აღდგენისა, კანონიერი ხელისუფლების იგნორირებისა. საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სამართლებრივად განსაზღვრულია მისი დაქვემდებარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი. ამ კონსტიტუციის შეჩერებით თქვენ ჩაიდინეთ უდიდესი დანაშაული ქართველი ერის წინაშე, რითაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩამოაშორეთ საქართველოს. აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფალნი იმით ამართლებენ თავიანთ სეპარატიზმს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ხოლო ძველში აფხაზეთის ავტონომია საერთოდ არ არის ნახსენები. გიცხადებთ კატეგორიულ პროტესტს და ვგმობთ თქვენს მოღალატურ ნაბიჯს, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა მისი ძირძველი კუთხეები, აფხაზეთი და სამაჩაბლო. მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევისათვის, მისი ლიბანიზაციისათვის გეკისრებათ თქვენ, თქვენს ხუნტას და ე.წ. სახელმწიფო საბჭოს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
9 მაისი, 1992 .

თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს ტელევიზიას / გამსახურდია . //. ქართული აზრი. - 1992. - 12 მაისი. - 20. - 1 გვ.

თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს ტელევიზიას / გამსახურდია . //. აღდგომა. - 1992. - 17 მაისი. -3. - 1 გვ.

21 ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებასა და კერძო პირს

▲ზევით დაბრუნება


წავიკითხე თქვენი განცხადება მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ კონცეფციასთან დაკავშირებით და მსურს დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა და გიპასუხოთ უსაფუძვლო ბრალდებებზე.

თქვენ ეკამათებით ჩვენს პოლიტიკურ კონცეფციას და ამასთან აშკარად აღშფოთებულნი ხართ იმით, რომ მე მოხსენიებული ვარ, როგორც მრგვალი მაგიდის სპიკერი, რის გამოც მიწოდებთ „ახლადგამომცხვარ დიქტატორს“. განსაცვიფრებელია ის, რომ სიტყვა „სპიკერი“ თქვენს ცნობიერებაში გაიგივებულია სიტყვა „დიქტატორთან“, რაც ჩემი აზრით, უნდა იყოს არა ტერმინოლოგიური უმეცრების შედეგი, არამედ შეგნებული ცდა საზოგადოების დეზინფორმაციისა. ნება მიბოძეთ გკითხოთ: ა.წ. 15-19 მარტს ჩატარებული ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე განა თქვენ თავად არ ამირჩიეთ სპიკერად? განა ასეთად არ ვითვლებოდი კონფერენციის მთელი მუშაობის მანძილზე? რად არ მიწოდებდით იმჟამად დიქტატორს? ან როგორ ვიქეცი დიქტატორად სულ რაღაც ორ თვეში? ან იქნებ ვინმემ გიკარნახათ ჩემთვის ამგვარი „ტიტულის“ ბოძება? თანაც თქვენ თითქოს არ იცით, რომ მრგვალ მაგიდას სხვა სპიკერებიც ჰყავს და რომ ა.წ. 15 მაისის სხდომაზე სპიკერი იყო ვ. ბახტაძე. 18 მაისის სხდომაზე - თ. ჟორჟოლიანი. როგორ, ნუთუ ესენიც დიქტატორები არიან?

მაგრამ აქ საქმის ვითარება სხვაგვარია. ამას წინათ მოსკოვში გაიმართა ე.წ. თურქი მესხებისა და „პამიატის“ გაერთიანებული დემონსტრაცია, სადაც გამოიტანეს ლოზუნგი „ძირს დიქტატორი გამსახურდია“. დიქტატორი კი, თურმე იმის გამო ვარ, რომ წინააღმდეგიბას ვუწევ ნახევარი მილიონი თურქის ჩამოსახლებას საქართველოში, რასაც მოითხოვს კრემლი და, სხვათა შორის, თქვენი „საკოორდინაციო საბჭოს“ ზოგიერთი წევრი ორგანიზაციაც. საინტერესოა, რას მივაწეროთ ტერმინების ეს ღირსშესანიშნავი დამთხვევა?

ან სად შევაპარეთ ჩვენს კონცეფციაში „ძლიერი ხელის“ საჭიროება? ასეთი აზრი იყო სწორედ თქვენს განცხადებაში, რომელიც ამას წინათ გამოაქვეყნეთ „ახალგაზრდა ივერიელში“. აქაოდა, ეროვნულ მოძრაობას ხელმძღვანელობა არა ჰყავს, მას ძლიერი ხელმძღვანელობა ესაჭიროებაო.

რაც შეეხება დიქტატორობას, აქ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ: ფორუმიდან თავდაპირველად სწორედ იმის გამო გავედი პიროვნულად, რომ არ მომწონდა ზოგიერთი თქვენგანის ქცევა და ნაცვლად იმისა, მკაცრი მომთხოვნელობა გამომეჩინა, ავირჩიე სწორედ ყველაზე უფრო დემოკრატიული ფორმა პროტესტისა, და განგერიდეთ.

ჩვენი პოლიტიკური კონცეფციის გაყალბების ცდაზე ცალკე წერილში გაგცემთ პასუხს მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები. ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება ჩემს „ახლადგამომცხვრობას“ ამას ნამდვილად არავინ დაგიჯერებთ არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. ახლა თურმე იმასაც უარყოფთ, რასაც წლების მანძილზე გაჰყვიროდით ყოველ მიტინგზე: ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყესო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ახლა თურმე „ახლადგამომცხვარიც“ გავმხდარვარ. საოცარია თქვენი შეხედულებების ესოდენ ელვისებური ტრანსფორმაცია. თუმც რა უნდა მიკვირდეს „პერესტროიკის“ შემდეგ მართლაც რომ ახლადგამომცხვარი, ახლადგამოჩეკილი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც ჰყოფნით კადნიერება „ეროვნულ მოძრაობაში“ ჩაბმულ ძალთა „აბსოლუტურ უმრავლესობად“ გამოაცხადონ თავი. რაოდენობრივი პრინციპი თვისობრივზე მაღლა დააყენონ (ფრჩხილებს აღარ ვხსნი) და ჩვენ „ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელო ნაწილი“ გვიწოდონ! თუმცა მოდით, ერს მივანდოთ უახლოეს ხანში ყოველივე ამის განსჯა და ახლა გადავიდეთ იმ სასამართლოზე, რომლის მოწყობასაც თურმე მიპირებთ და რაც ამ განცხადებაშიც წამოგცდათ: „იგი, ან ნებისმიერი სხვა პირი თუ არ დაამტკიცებს ფორუმის წევრთა უზნეობას, ტერორისტობას თუ კორუმპირებულობას, ეროვნულ ფორუმში გაერთიანებული პირები და ორგანიზაციები მოითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზ. გამსახურდიას დაეკისრება მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ცილისწამებათა გამო“.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობით განმარტებებს არ გამოვაქვეყნებთ, რადგან მაშინვე ასტეხთ ყიჟინას: არიქა, ოფიციოზს უხსნიანო ხელს ჩვენი რეპრესირებისათვის! მაგრამ რახან ესოდენ გაკადნიერდით, ჩვენ უახლოეს ხანში მოგვიწევს ერთად შეკრება, ამ შეკრებას დაესწრებიან დასავლეთის მოღვაწენი და ჟურნალისტები, რომელთა თანდასწრებით სათანადო დოკუმენტებითა და მოწმეებით დაგიმტკიცებთ ყოველივე იმას, რასაც თქვენ უარყოფთ.

უფალი და ერი იყოს ჩვენი მსაჯული!

ზვიად გამსახურდია

წერილი გადმობეჭდილია 1990 წლის 20 მაისის გაზეთ
თბილისიდან“.

დღევანდელ მკითხველს ალბათ არ გაუჭირდება ანალოგიის პოვნა დღევანდელ რეალობასთან

ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებასა და კერძო პირს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 12 მაისი. - 20. - 1 გვ

22 მიმართვა ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველოში იმპერიული ძალების მიერ შექმნილი ნეოკომუნისტურ-კრიმინალური, მარიონეტული ხუნტა, ანუ ე.წ. სახელმწიფო საბჭო შევარდნაძის მეთაურობით ცდილობს მოიპოვოს კანონიერი ხელისუფლების სტატუსი არჩევნების გზით, რათა მიითვისოს კანონიერი პარლამენტის და მთავრობის ფუნქციები. ხუნტის ყველა მოქმედება საქართველოში უკანონოა, მაგრამ ყველაზე დიდი უკანონობა და უსამართლობა იქნება მის მიერ ახალი საარჩევნო კანონის შემუშავება და არჩევნების დანიშვნა-ჩატარება, რისი უფლებაც აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ, კანონიერ კონსტიტუციურ პარლამენტსა და პრეზიდენტს.

ამჟამად ზოგიერთი ცრუ პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია ატარებს პარალელს 1918 წელთან, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ იმჟამად საქართველოს არ ჰყავდა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. დღეს კი, ასეთი პარლამენტის არსებობის პირობებში, არჩევნების დანიშვნა რომელიღაც სხვა დაჯგუფებების მიერ უდიდესი დანაშაულია ერის წინაშე და საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარებული ნორმის დარღვევა. გარდა ამისა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მომავალში კიდევ რომელიმე შეიარაღებული ბანდა არ მოახდენს ხელისუფლების უზურპაციას, არ მოისურვებს წინარე არჩევნების შედეგების გაბათილებას და არ დანიშნავს თავის საკუთარ არჩევნებს ვიწრო ეგოისტური, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. ასე, რომ საქართველოს ისედაც გაწამებული ყოფა უზურპატორთა მიერ თავსმოხვეული ნაძალადევი ცრუ არჩევნების სერიალით კიდევ უფრო უნდა დამძიმდეს.

ხუნტამ თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე „შეაჩერა“ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, „დაითხოვა“ პარლამენტი, „გადააყენა“ პრეზიდენტი და მთავრობა, რასაც არავითარი იურიდიული საფუძველი და გამართლება არ გააჩნია. ამჯერად, თვითმარქვია უზურპატორების მიერ არჩევნების ჩატარება იქნება კიდევ ერთი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება საქართველოს მოსახლეობის, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გამოხატა უკვე თავისი ნება.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ჯიუტად ხუჭავს თვალს იმ უმსგავსოებაზე, რაც საქართველოში მოხდა, ურთიერთობას ამყარებს დანაშაულებრივ უკანონო რეჟიმთან და მოითხოვს მისგან ახალი არჩევნების ჩატარებას, რითაც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და ქართველი ხალხის ნებას. ეს ყოველივე არის შედეგი რუსეთის იმპერიასთან ამ ქვეყნების გარიგებისა და იმპერიის ჟანდარმის, შევარდნაძის დემაგოგიისა და დეზინფორმაციისა.

ამრიგად, ხუნტის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც უარყოფითი ხმების მიცემით, იქნება უკანონო ხელისუფლების მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია.

ნუ ენდობით მოღალატე დემაგოგთა ცრუ დაპირებებს, რომელნიც ამტკიცებენ, თითქოს ამგვარი არჩევნების ჩატარების შედეგად საქართველოში გაიმარჯვებს სამართლიანობა და აღდგება კანონიერი ხელისუფლება. ხუნტის აგენტები დღეს ხშირად კანონიერი ხელისუფლების დამცველთა ნიღბით გამოდიან, რათა ხალხი შეიყვანონ შეცდომაში. ხუნტა ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები, იმოქმედოს ძალადობით, მოტყუებით, დაპირებებით, რათა თავისთვის სასურველ შედეგებს მიაღწიოს.

ნიშანდობლივია, რომ ხუნტის მიერ აღნიშნულ არჩევნებს მიესალმებიან ერის მოღალატე, ცრუ პარტიების კორუმპირებული ლიდერები, რომელნიც დღეს იმპერიის ინტერესებს ემსახურებიან ხუნტასთან ერთად. მათ, როგორც ცნობილია, ასე „ჩაატარეს“ ე.წ. ეროვნული კონგრესის არჩევნები, სადაც ფალსიფიკაციით, თვალთმაქცობით და შედეგების გაყალბებით კომუნისტებსაც გადააჭარბეს. დღეს ისინი მოითხოვენ არჩევნების ჩატარებას 1921 წლის დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, თუმც „ავიწყდებათ“, რომ ამ კონსტიტუციით არჩევნების დანიშვნის უფლება აქვთ მხოლოდ არჩევით ხელისუფლებას ან პარლამენტს და არა თვითმარქვია ხუნტას, რომლის შემადგენლობაში ამ პარტიების წარმომადგენლებიც შედიან.

ამის გამო მოვუწოდებ ქართველ ერს, საქართველოს არაქართულ მოსახლეობას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, არ მიიღოს მონაწილეობა არავითარ არჩევნებში, გამოუცხადოს მას აქტიური ბოიკოტი, რათა არ გავხდეთ უნებლიე თანამონაწილენი იმპერიის ცენტრისა და მისი სისხლიანი ხუნტის დანაშაულებრივი მიზნების განხორცილებისა საქართველოში. ხუნტის არჩევნები უნდა ჩაიშალოს ისევე, როგორც ჩაიშალა საბჭოთა არჩევნები 1990 წელს. გააჩაღეთ ცრუ არჩევნების საწინააღმდეგო აგიტაცია ყველგან: წარმოება-დაწესებულებებში, სასწავლებლებში, ოჯახებში, ტრანსპორტში, სოფლად თუ ქალაქად! არ დაუშვათ საარჩევნო უბნების შექმნა, ხოლო თუ მაინც მოახერხებენ ამას შეიარაღებული ძალადობით, არ გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებში, მოაწყეთ მიტინგები, მსვლელობები, ყოველგვარი საპროტესტო აქციები არჩევნების წინააღმდეგ. ეს ტექსტი პროკლამაციის სახით გაავრცელეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ, ჩაწერეთ ფირებზე, ეცადეთ გადასცეთ რადიოთი და ტელევიზიით.

ბოიკოტი ხუნტის არჩევნებს!

არც ერთი კაცი საარჩევნო უბნებთან!

როდესაც საქართველოში აღდგება კანონიერი ხელისუფლება:

პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, ისინი იმსჯელებენ არჩევნების დანიშვნის მიზანშეწონილობაზე. ცრუ არჩევნების ჩაშლა კი იქნება უდიდესი გამარჯვება ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 20 აპრილი

მიმართვა : ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 15 მაისი. - 20. - 1გვ.

23 მთავრობის სახლი, ედუარდ შევარდნაძეს

▲ზევით დაბრუნება


მოვისმინე თქვენი თვითმარქვია პრემიერ-მინისტრის, სიგუას სასაცილო განცხადება, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თავის უმეცრებას და არაკომპეტენტურობას, ერთმანეთში ურევს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს. პრეზიდენტის პოსტისა და კაბინეტის გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლებას - კანონიერ პარლამენტს სახალხო რეფერენდუმის გზით და არა ხუნტის მიერ დანიშნულ ცრუ პრემიერ-მინისტრს.

ამგვარი რამის უფლება ნამდვილ პრემიერ-მინისტრსაც არა აქვს. ნუ ათქმევინებთ მსოფლიოს, რომ ხართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც ველურები და უწიგნურები მართავენ. პრეზიდენტის ინსტიტუტი ნუ გერევათ „ცეკას“ მდივნის თანამდებობაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

წერილი : მთავრობის სახლი, ედუარდ შევარდნაძეს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 15 მაისი. - 21. - 1 გვ.

24 1992 წლის 14 მაისის მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით „გააუქმა“ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მის მიერ ანტიკონსტიტუციური აქტების მიღება უპასუხისმგებლო მოქმედებაა, რამაც შეიძლება ეთნოკონფლიქტამდე მიგვიყვანოს, რაც აწყობს როგორც თბილისის ხუნტას, ასევე მოსკოვის იმპერიას. ამიტომ მოგიწოდებთ არ წამოეგოთ პროვოკაციას, არ აჰყვეთ ვნებათაღელვას, მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლეთ სამართლიანობის აღდგენისათვის. პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წიმააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდუვალი იქნება სისხლისღვრა.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთადერთი გზაა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების, პარლამენტისა და კონსტიტუციის აღდგენა, რის შედეგადაც ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
(გაზ. „აღდგომა“, 3, 17 მაისი, 1992 .)

მიმართვა : აფხაზეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირიხმა ერისა, [1994]. - 66გვ. ; 20სმ.. .- 18-19 გვ.

25 მიმართვა ქართველი ერისადმი 26 მაისის გამო

▲ზევით დაბრუნება


მამულიშვილნო! ძმანო და დანო!

1918 წლის 26 მაისს ქართველმა ერმა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე ააფრიალა დროშა ეროვნული დამოუკიდებლობისა. ას ჩვიდმეტი წლის მონობის შემდეგ კვლავ აღორძინდა ეროვნული სახელმწიფოებრიობა, ჩატარდა არჩევნები, შეიქმნა პარლამენტი, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა ეროვნულმა და ქრისტიანულმა იდეამ, ქართველობამ ვერ დააღწია თავი მარქსიზმის დამღუპველ იდეოლოგიას, ვერ უერთგულა ქრისტეს გზას, დიდი ილიას გზას, რამაც ღვთის რისხვა მოგვივლინა და 26 მაისი 25 თებერვლით შეიცვალა.

კომუნისტური ტოტალიტარიზმი 70 წლის მანძილზე ცდილობდა 26 მაისის იდეების მოსპობას, თავისუფლების სულისკვეთების ჩაკვლას, ერის მოაზროვნე ნაწილის განადგურებას, მან ქრისტეს ჯვრის ნაცვლად მასონურ-კომუნისტური წითელი ვარსკვლავი დაუსახა იდეალად ქართველ ერს, ქრისტეს გზა, კაცთმოყვარეობის გზა შეიცვალა ანტიქრისტეს, ბარაბას დამღუპველი გზით. მაგრამ იმპერიის მსახურმა რენეგატებმა საბოლოოდ ვერ ჩაკლეს ეროვნული აზრი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, იგი კვლავ ფენიქსისებრ აღორძინდა, როდესაც დადგა იმპერიის მწუხრი, კვლავ აფრიალდა 26 მაისის დროშები, კვლავ აღზევდა თავისუფლების სული, ხოლო 1990 წლის 28 ოქტომბერს კვლავ აღსდგა დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოსი, კვლავ აჟღერდა ჰიმნი „დიდება“.

მაგრამ ვერაგი იმპერია არ აპირებს ბრძოლის ველის დათმობას. ერთი იმპერია დაემხო, მეორე კი კვლავ განაგრძობს დათრგუნვას ერთა უფლებებისა, რაშიც მას ხელს უწყობს მსოფლიო რეაქცია. კვლავ აბორგდა კაენის სული, გაერთიანდნენ მხეცური ინსტინქტით შეპყრობილი ბნელი ძალები, კვლავ მოუხმეს მოსკოვს გადახვეწილ რენეგატებს, საქართველოს მტრებს, რათა სისხლში ჩაახშონ ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარნი, მოსპონ ქართული სული, საქართველო კვლავ დაუთმონ განახლებულ იმპერიას, კვლავ აქციონ ანტიქრისტე ბარაბას გზის მიმდევართა სათარეშოდ და საჯიჯგნად.

26 მაისი კვლავ დათრთვილა 6 იანვარმა, საქართველო კვლავ ძაძებში გაეხვია და დაადგა გოლგოთის გზას. ქართველმა ერმა მოიპოვა თავისუფლება, მაგრამ ვერ შეინარჩუნა იგი.

ქართველმა ერმა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებით აირჩია ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ ვერ დაიცვა იგი. იმძლავრეს და იმრავლეს მოღალატეებმა, ერთგულებას ღალატმა სძლია. წითელი ინტელიგენცია, კომუნისტური პარტოკრატია და მაფია გაერთიანდნენ. იმპერია კვლავ სამარეს უთხრის საქართველოს საკუთარი შვილების ხელით.

გრძელდება ქართველთა გენოციდი, იძარცვება საქართველო, იდევნება ეროვნული მოძრაობა.

დღეს საქართველო დილემის წინაშე დგას. ჭეშმარიტი საქართველო უნდა აღდგეს დამპყრობელთა და გადაგვარებულ მოძალადეთა წინააღმდეგ, ქართველნი და არაქართველნი უნდა დაირაზმონ სიმართლისათვის ბრძოლაში. კვლავ ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და აღვადგინოთ სამართლიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული და სოციალური კატასტროფა გარდაუვალია.

25 თებერვალს და 6 იანვარს ერთი და იგივე ავტორი ჰყავს: კრემლის იმპერია, წითელი ჯვარი და მათი მეგზურნი, ჩვენი ერის მოღალატენი! საქართველოს ჭეშმარიტმა შვილებმა უნდა სძლიონ მათ და კვლავ აღაზევონ 26 მაისის დროშა.

ძირს ერის მოღალატეთა და ძმათა მკვლელთა ხუნტა!

დიდება ქართველ ერს, დიდება 26 მაისს!

სიკვდილი ან გამარჯვება!

გვფარავდეს ღმერთი!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : ქართველი ერისადმი 26 მაისის გამო / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992 . - 24 მაისი. - 4. - 1გვ.

მიმართვა : ქართველი ერისადმი 26 მაისის გამო / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992 . - 25 მაისი. - 22. - 1გვ.

26 მოსკოვი, ჩაიკოვსკის 48, ამერიკის საელჩო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს

▲ზევით დაბრუნება


გიცხადებთ პროტესტს თქვენი ვიზიტის გამო საქართველოში, რაც ნიშნავს მსოფლიოში ყველაზე დანაშაულებრივი და უკანონო ანტიდემოკრატიული და ტერორისტული რეჟიმის ცნობას და მხარდაჭერას, რომელმაც ერის ნების საწინააღმდეგოდ დაამხო კონსტიტუციური, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და გააჩაღა ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველოში ითრგუნება ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ხვრეტენ და არბევენ მშვიდობიან მიტინგებს და დემონსტრაციებს, მონოპოლიზებულია მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, ხელს უწყობენ დამნაშავეობისა და მაფიის აღზევებას, საქართველოს 7 ქალაქში თბილისის ჩათვლით, მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანას მართავს ცნობილი სისხლის სამართლის დამნაშავე, განგსტერი იოსელიანი. დამნაშავეთა ხუნტა ისაკუთრებს დასავლეთიდან გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს და ყიდის შავ ბაზარზე მაღალ ფასში. ხალხი არავითარ დახმარებას არ იღებს. ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია. ქვეყანაში სუფევს ქაოსი, შიმშილობა, დესტაბილიზაცია. ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან შიმშილისაგან, უმეტესად ბავშვები და მოხუცები. არ არის მედიკამენტები. მარაგი მთლიანად ამოწურულია. საქართველო თავისი უძლიერესი სიდუხჭირით მალე დაემსგავსება სომალისა და ეთიოპიას. ასეთ შემთხვევაში არავითარ დემოკრატიულ არჩევნებზე არ შეიძლება ლაპარაკი.

შევარდნაძემ ააღორძინა სტალინიზმი, საქართველოში დაიწყო მასიური რეპრესიები, არ ერიდებიან დაპატიმრებულთა წამებას, ყოველდღიერად აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმისათვის. მიტინგებისა და დემონსტრაციების ორგანიზებისათვის, შემოღებულია უმკაცრესი ცენზურა.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა ნიშნავს ამერიკის საზოგადოების დემოკრატიული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვას, ჰელსინკის შეთანხმების და პარიზის ქარტიის პრინციპების უარყოფას. ყოველივე ეს ქართველი ერის აღშფოთებას იწვევს და აძლიერებს ანტიამერიკულ განწყობილებებს; აქ კარგად იციან ამერიკის დამოკიდებულების შესახებ კუბის, ვენესუელას და ჰაიტის მიმართ.

მოვითხოვ შეწყდეს სახელმწიფო დამნაშავეთა მხარდაჭერა, ურთიერთობა უნდა დამყარდეს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებასთან, რომელიც ამჟამად სამშობლოდან განდევნილია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

წერილი : მოსკოვი, ჩაიკოვსკის 48, ამერიკის საელჩო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 მაისი. - 23. - 1 გვ.

27 თბილისი, საქართველოს ტელევიზიას

▲ზევით დაბრუნება


განმეორებით ვიწვევ ტელედებატებში თქვენს მოსკოველ შეფს, ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს. მოვითხოვ შემატყობინოთ თანხმობა ან უარი თბილისის ან მოსკოვის ტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

წერილი : თბილისი, საქართველოს ტელევიზიას / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 1 ივნისი. - 24. - 1 გვ.

28 ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი

▲ზევით დაბრუნება


(ორიენტაციათა შესახებ)

მსურს გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება უზენაესი საბჭოს დეპუტატის მწერალ გურამ პეტრიაშვილის გამოსვლაზე საქართველოს ტელევიზიით ა.წ. 4 მაისს. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ფაქტია ოპონენტისათვის სიტყვის მიცემა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს უკეთური მიზეზებით მოხდა. გადაცემა ტელედაკითხვას უფრო გავდა, ვიდრე გამოსვლას. დაკითხვის ინიციატორი კვარაცხელია მას ყოველნაირად აბნევდა, ხელს უშლიდა საუბარში, ირონიით, ბოროტგანზრახულ პირთა შეკითხვების მიწოდებით, რომლებიც აშკარად წინასწარ იყვნენ კარგად დარიგებულნი. გარდა ამისა, მან ყალბი წარდგინება გაუკეთა გურამ პეტრიაშვილს, როგორც, ვითომდაც ჩვენი ხელისუფლების მთავარ იდეოლოგს. ეს სიცრუე თავად მწერალმა ამხილა, მაგრამ მე მსურს მეტი სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. ბატონ გურამ პეტრიაშვილის ნაუბარი მის პირად მსოფლმხედველობას და შეხედულებებს უფრო გამოხატავდა, ვიდრე ოფიციალური ხელისუფლებისას, გარდა ამისა, ის უჩვეულო სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა ეს დევნილი კაცი, იატაკქვეშეთიდან უეცრად ტელეეკრანზე გამოჩენილი, რომელმაც არ იცოდა, ამ გამოსვლის შემდეგ ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა შინ, ხელს უშლიდა მას საკუთარი შეხედულებების თანმიმდევრულად და გარკვევით ჩამოყალიბებაში. მიუხედავად ამისა, მან მრავალი მწარე სიმართლე მოგახსენათ, თუმცა კარგად იცის, რომ სიმართლის მთქმელს დღეს არა მხოლოდ ცხენი, თვითმფრინავიც უნდა ჰყავდეს შეკაზმული.

ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონ გურამ პეტრიაშვილს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის არცერთი საპროგრამო დოკუმენტის შექმნაში. იგი არ არის არც ერთი ჩვენი პოლიტიკური პარტიისა თუ ორგანიზაციის წევრი, მისთვის არავის მიუნიჭებია იდეოლოგის ტიტული ან თანამდებობა. ეს პუტჩისტური „ოპოზიციის“ ოინბაზობა გახლავთ, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც ბატონი გურამის, ისე ჩვენი ბლოკის დისკრედიტაციას („გებელსები“ და „ჟდანოვები“ ჩვენ არ გვყოლია). „იდეოლოგია“, ამ სიტყვის ფაშისტური ან კომუნისტური გაგებით, მრგვალ მაგიდას არც გააჩნია. მსოფლმხედველობრივი და იდეური მიმართულება კი, რომელიც ქრისტიანულ-დემოკრატიულ იდეოლოგიას ემყარება ჩამოყალიბებულია ჩვენს საპროგრამო დოკუმენტებში და ვისაც საბოლოოდ არ დაუკარგავს ჭკუა და სინდისი ხუნტის ტერორის ზეგავლენით, მათ უნდა დაეყრდნოს ჩვენი ორიენტაციის დახასიათებისას და არა მარტო ბატონი გურამ პეტრიაშვილის გამოსვლებსა და საუბრებს. რაც შეეხება თქვენს იდეოლოგიას, ანუ ავტომატის იდეოლოგიას, ამას შესანიშნავად გამოხატავს თქვენი მთავარი „იდეოლოგი“ ბ-ნი ჯაბა იოსელიანი ტელევიზიით ყოველდღიურად გამოსვლისას: „დაგხვრეტთ, მოგსპობთ, გაგანადგურებთ“, რითაც შესანიშნავად აგრძელებს თქვენი მთავარი იდეური მამის ლენინის „გენერალურ ხაზს“.

ალბათ ამ დაბნეულობამ და ავტომატების ლულებქვეშ წარმოთქმული აღსარების უჩვეულობამ ათქმევინა ბ-ნ გურამს, რომ ჩვენ უარვყოფთ დასავლურ ორიენტაციას. მეორეც, მას არ აცალეს კარგად განემარტა, თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია, ან კავკასიური ერთობა, კავკასიური ორიენტაცია. ეწინააღმდეგება თუ არა ურთიერთს - ეს ორი რამ. გარდა ამისა, მას იმდენად უმეცარი ოპონენტი ჰყავდა, რომ მან კავკასიური ერთობის იდეა მხოლოდ „დუდაევის” იდეად დაახასიათა თავის რეპლიკაში. ქართულ მწერლობასთან და მეცნიერებასთან მწყრალად რომ არ ყოფილიყო ოპონენტი, ეცოდინებოდა, რომ ეს იდეა ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ალ. ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, პავლე ინგოროყვას, არნოლდ ჩიქობავას ნააზრევიდან იღებს სათავეს და არა ჯოჰარ დუდაევისაგან ან დღევანდელი კავკასიის სხვა მოღვაწეთაგან. კარგი იქნებოდა ოპონენტს დაფიქრებით წაეკითხა ილიას „ქართვლის დედა“, ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“, გაეგო თუ რად დაირქვა გრიგოლ რობაქიძემ ფსევდონიმი „კავკასიელი“, ან რად შექმნა დრამა „ლამარა“. რად უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის პირველ ჟურნალს „პრომეთე“ ან რა აზრი ჩადო თავის „ხორგაის მინდიაში“ და სხვა. ასეთი უწიგნური იდეოლოგები რომ ჰყავს პუტჩისტთა ორგანიზაციას, იმიტომ მიდის კარგად საქმე. ასე რომ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

ახლა კარგად გავერკვეთ თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია. ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების „ჰეროიკა“, დასვლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, პორტებისა და საწარმოო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისათვის და სხვა. აი, ასეთ „დასავლურ“ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ და გ. პეტრიაშვილიც ამას გულისხმობდა. მაგრამ მას უნდა განემარტა (თუმც, ვინ აცალა), რომ დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენის თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ.

ასევე უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიულ-კავკასიური სამყარო, მისი ტრადიციები, მისი სულიერი კულტურული ყოფა, მისი ცხოვრების ფილოსოფია. საქართველოს თავისთავადობისა და თვითმყოფადობისთვის ბრძოლაც „იზოლაციონიზმი“ და „ალბანიზაცია“ არ გახლავთ, როგორც ამას გვწამებენ კოსმოპოლიტი და რუსოფილი პუტჩისტები. ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი, ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ვინც „გაინგლისელდება“, „გაგერმანელდება“, „გაფრანგდება“, „გარუსდება“, „გაამერიკელდება“, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოებთ და გავამდიდრებთ ჩვენ სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპის ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა ან გათქვეფა.

რაც შეეხება იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხების: ქართველების, ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების, ადიღეელების, აფხაზების, ავარიელების და სხვათა ერთობას, ესეც არ ეწინააღმდეგება არც დასავლურ და არც აღმოსავლურ ორიენტაციებს, ეს არის ძიება საერთო ეთნიური და კულტურული ძირებისა, სულიერი ცხოვრებისა, ტრადიციებისა, ადათ-წესებისა. იბერები უძველესი პროტოევროპული მოდგმის წარმომადგენლები არიან. ერთ დროს მთელს მსოფლიოში განტოტილნი, დღეს კი მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში შემორჩენილნი, ქართული და, საერთოდ, კავკასიური ცივილიზაცია ძველ იბერთა მსოფლიო ცივილიზაციის გაგრძელებაა, ასე რომ, დასავლეთ-აღმოსავლეთად დაყოფა აქ მხოლოდ პირობითია. კავკასია და საქართველო ამ გაგებით თავად არის ევროპა, ამ სიტყვის პირვანდელი მნიშვნელობით. ამის გამო, შემთხვევით როდი უწოდებენ კავკასიას ხალხთა ცივილიზაციის აკვანს, ხოლო ევროპულ კაცობრიობას - კავკასიურ რასას (ოღონდ ეს არ უნდა აგვერიოს ფაშისტების მონაჩმახ „რასიული უპირატესობის თეორიაში“). თუ ეთნოკულტურული და ცივილიზებული ერთობა დღეს სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ სოლიდარობაში გადაიზრდება, რა უნდა იყოს ამაში ცუდი? აი, ასე გვესმის ჩვენ „კავკასიური სახლი“. ალბათ ამით ჩვენ არც დასავლეთს ვუპირისპირდებით, არც აღმოსავლეთს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თვითმყოფადობას გამოვხატავთ და ვაღრმავებთ. ყოველივე ამის განმეორება კი ვერ მოასწრო თუ ვერ მოახერხა ბ-მა გ. პეტრიაშვილმა.

თქვენ რომ სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლება გქონდეთ და სიმართლე გიყვარდეთ, ამ წერილს ტელევიზიითაც გადასცემდით და გამოაქვეყნებდით კიდეც, მაგრამ ვაი რომ „ცარის“ ნაცვალის რისხვა დაგატყდებათ თავს და სკამებს დაკარგავთ. ამიტომ ჩემთვის გასაგებია თქვენი შიში და სიფრთხილე, თუმც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიმართლეს საკუთარი ხელ-ფეხი ასხია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 . 12 მაისი

ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი (ორიენტაციათა შესახებ) / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 1 ივნისი. - 24. - 1 გვ.

29 მიმართვა ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

შევარდნაძემ დაა მისმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ჩაიდინეს მორიგი დანაშაული ქართველი ერის წინაშე, ისინი ეახლნენ ცხინვალში ოს სეპარატისტ ბანდიტებს და ამით სცნეს მათი უკანონო რესპუბლიკა და ხელისუფლება. სისხლის სამართლის დამნაშავე კულუმბეკოვთან, ქართველი ხალხის მოსისხლე მტერთან ერთად მაგიდასთან დაჯდომა ვითომდაც მოლაპარაკების მიზნით, ისახავს სულ სხვა მიზნებს. მოსკოვმა პირობად წაუყენა საქართველოს უკანონო ხელისუფლებას ცხინვალის ბანდის ცნობა-აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებიან, რომ შეუწყვეტენ ყოველგვარ მხარდაჭერას.

იმპერიას სურს შიდა ქართლი ჩამოაცილოს საქართველოს და შეუერთოს რუსეთის ფედერაციას. ამ მიზნით, უწინარეს ყოვლისა, უნდა მოხდეს საქართველოს მიერ კულუმბეკოვ-ჩოჩიევის „ხელისუფლების“ ცნობა, და აჰა, ეს ყოველივე ფაქტობრივად განხორციელდა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება სამაჩაბლოში, გააუარესა ქართველთა მდგომარეობა. ამ აქტით გულმოცემულნი ოსი ბანდიტები კიდევ უფრო მეტად გათავხედდნენ და გააძლიერეს ქართველთა გენოციდი. სამაჩაბლო სისხლისაგან იცლება, ცარიელდება ქართული სოფლები, ამ დროს კი შევარდნაძის რეჟიმი ვითომდაც რაღაც დიალოგზე საუბრობს, რომელიც არაფერში სჭირდება არც ოსურ მხარეს, არც, მითუმეტეს, რუსულ მხარეს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მესამე ანექსიას. დიალოგი მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ყველა დამნაშავე მიიღებს საკადრის სასჯელს, ხუნტის ჩათვლით. ნურავინ წამოეგება შევარდნაძის ანკესზე, ვითომდაც რაღაც სტაბილიზაციის შესახებ - სტაბილიზაციას სჭირდება კანონიერებისა და სამართლიანობის აღგენა, რასაც უთუოდ მიაღწევს ქართველი ერი.

ამხილეთ შევარდნაძის ხუნტის მოღალატური პოლიტიკა. მოაწყეთ საპროტესტო აქციები ამ გამცემლობის წინააღმდეგ. დაგმეთ ეს გარიგება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ მოსახლეობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველო გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან ბრძოლაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 16 მაისი

მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 9 ივნისი. - 25. - 1 გვ.

30 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ერთ თვეზე მეტია ტელედებატებზე გამოვიწვიე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, ყოფილი სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სუკის გენერალი ედუარდ შევარდნაძე.

პირველად იგი მოვიწვიე მისადმი ღია წერილით, რომელიც ამა წლის 4 მაისს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს ცის ქვეშ“. მას შემდეგ ორგზის გავგზავნე დეპეშა მის სახელზე თბილისში და საქართველოს ტელევიზიაში. ამ გამოწვევის შესახებ წერდა, აგრეთვე, მოსკოვური პრესა. გამომდინარე იქედან, რომ შევარდნაძემ დღემდე არ მიპასუხა და არ გაუკეთებია არავითარი განცხადება ამ საკითხზე პრესასა და ტელევიზიაში, სრული უფლება მაქვს განვაცხადო: იგი თავს არიდებს ჩემთან ტელედებატებს იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი იმ შეკითხვებისა და ბრალდებების პასუხად, რომელიც ჩემს ღია წერილში წავუყენე მას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ვიად გამსახურდია 1992 . 7 ივნისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 14 ივნისი. 7. - 1გვ.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // ქართული აზრი. - 1992. - 9 ივნისი. - 24. - 1გვ.

31 რა არის ჩვენი სიცოცხლე? ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ჩეჩნეთის ახლანდელ პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ჟურნალისტთაგან ვერავინ მოახერხა მათთან ერთობლივი საუბარი არსებით საკითხებზე.

ჩვენმა კორესპონდენტმა მოინახულა რეზიდენცია, სადაც დღეს ოჯახითურთ იმყოფება ზვიად გამსახურდია. იქვე მოვიდა ჯოჰარ დუდაევიც.

ამრიგად, გვეძლევა შესაძლებლობა ერთბაშად მოვისმინოთ პასუხები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არაორდინალურად შემოსული ორი სახელმწიფო მოღვაწისა.

- რა მიგაჩნიათ თქვენი ხალხის უდიდეს ღირსებად, ხომ არ იმოქმედა მათ თვისებებზე ჩვენმა საერთო კომუნისტურმა წარსულმა?

- დუდაევი: ჩემი ხალხის ღირსება თავისუფლების სიყვარულია. საბჭოთა ხელისუფლება ბევრს ეცადა, რომ სწორედ ეს ღირსება ჩაეკლა ჩეჩნებში. ჩვენზე არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, იქნებოდა ეს ფიზიკური განადგურების მცდელობა 1944 წელს თუ სულთა დამონება, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს.

- გამსახურდია: რაც შეეხება ქართველ ხალხს, მთელი მისი ტრაგიკული და მრავალტანჯული ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველო არასოდეს შერიგებია დამპყრობელსა და მოძალადეს, რომელიც მისთვის დამოუკიდებლობის, ტერიტორიის, ენის წართმევას ლამობდა. საქართველოში არასოდეს შეწყვეტილა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. იგი იბრძოდა რუსეთის იმპერიის მიერ დამონებული სხვა კავკასიელი ხალხების მხარდამხარ. მიუხედავად რესპუბლიკაში კომუნიზმის დამკვიდრებისა და ქართველებისათვის კომუნისტური იდეოლოგიის თავს მოხვევის გამუდმებული მცდელობისა, იგი ვერავინ იგუა. ხელთა მაქვს ვიდეოფირები, რომელზედაც აღბეჭდილია, თუ როგორ უშენს ავტომატებიდან ცეცხლს დაქირავებული მოსკოვური ხუნტა უიარაღო ხალხს. ხალხი ეცემა, კვდება, მაგრამ სხვები მიდიან წინ, ტყვიების შესახვედრად. ამაში ჩემი ხალხის სული ჩანს.

- რა თვისებები უნდა ახასიათებდეს პოლიტიკოსს სხვათა უწინარეს? არის კი ჩვენს დროში საერთოდ შესაძლებელინორმალურიპოლიტიკოსობა, არიან კი ასეთები სნგ-სა და მსოფლიოში?

დუდაევი: პოლიტიკოსებმა ახლა ერთობ მოხერხებულად მოიკალათეს: მათ თითქოს თავიც დაიზღვიეს მტკიცებით, რომ პოლიტიკა ჭუჭყიანი საქმეა. პოლიტიკოსის მთავარ ღირსებად პატიოსნება მიმაჩნია, ყველაზე საძრახისად - ღალატი. სხვათა შორის, ეს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუ ნორმალურდ მივიჩნევთ, რომ ვილაპარაკოთ ერთი და ვაკეთოთ მეორე, როგორც ეს ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია დღეს, ჩემი ფასი კაპიკი იქნება. პოლიტიკოსის ზნეობრივი ვალია არ უღალატოს ადამიანებს და, განსაკუთრებით თანამოაზრეებს. მე თაყვანს ვცემ რონალდ რეიგანს, მას მკვეთრად გამოხატული „მე“ ჰქონდა, ეს კი ერთობ ძნელი მისაღწევია. დღეს, სამწუხაროდ, სჭარბობენ „ჯიბის“ სახელმწიფო მოღვაწენი, მხოლოდ ცოტანი ახერხებენ შეინარჩუნონ მეობა. ასეთ ლიდერს მწარე ხვედრი ელის, ისეთი, როგორიც საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას.

- გამსახურდია: პატიოსნება და ზნეობა ერთობ ძნელად უთავსდება თანამედროვე პოლიტიკას, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მათი შეთავსება შეუძლებელია. ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. სწორედ რონალდ რეიგანმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკოსს ძალუძს შეათავსოს ზნეობა და ღირსება თავის საქმიანობასთან. მოხარული ვარ, რომ პირადად შევხვედრივარ რეიგანს მოსკოვში 1988 წელს. რაც შეეხება „სნგ“-ს პოლიტიკოსებს, მათგან ვერავის დავასახელებ და, საერთოდ, ჯერაც ვერ გავიგე, რა არის ეს „სნგ“.

- ახლა ხშირად გაისმის სიტყვებიჩრდილოვანი კაბინეტი“, შეთქმულება“, „მაფია“... როგორ ფიქრობთ, არსებობს კავშირი ყოფილი სსრ კავშირის კლანებსა და ამ ტიპის სტრუქტურებს შორის?

- დუდაევი: სკკპ რეალური ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ჩაებღაუჭა ძალებს, რომელნიც ჯერჯერობით ჩრდილში მოათავსა. ეს ძალები ფრიად საშიშია მთელი რესპუბლიკისათვის. მათ არა აქვთ არც პროგრამა, არც ზნეობა, არც სინდისი, არც შეწყალება, მზად არიან იმსხვერპლონ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ოღონდ კი ხელისუფლება დაიბრუნონ. ჩვენთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია დღეს, როცა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას და პრივატიზაციის ჩატარებას ვგმობთ. ისინი მიისწრაფვიან უზრუნველყონ თავიანთი და კლანური მოძმეების უღრუბლო მომავალი, კონტროლი დააწესონ ნებისმიერ ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე. დააკვირდით, ვინ აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურებში „ჩვენი ძმებიდან“. ჩეჩენი კომუნისტების ყოფილი პირველი მდივანი ზავგაევი რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა, ეს მაშინ, როცა ადრე ახლოსაც არ იკარებდნენ მოსკოვში, რადგან რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივი მასშტაბის მაფიოზად თვლიდა, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ბეკოვი რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და ალბათ, ლამაზი თვალებისათვის არ მიუღია ეს ადგილი. ახლა დავფიქრდეთ, რატომ სწყალობს ასეთ ადამიანებს რუსეთის ხელისუფლება? იმისათვის, რომ განამტკიცოს ძველი კლანური სტრუქტურები.

გამსახურდია: მოსკოვი მუდამ იზიდავდა კარიერისტებს, გამცემლებს ეროვნული განაპირა მხარეებიდან თავისი პოზიციების განსამტკიცებლად. იმპერია ვერ გაძლებს ამ ფენის გარეშე, იგი ღალატს, კორუფციას, გადაგვარებულ პიროვნებებს ეყრდნობა. ეს უკანასკნელნი იმპერიის ცემენტს წარმოადგენენ. მოსკოვს ძალიან სჭირდება ისინი დამონებულ რესპუბლიკებში ბატონობისათვის. მეც ასე მგონია, არსებობს კავშირი მსოფლიო მაფიასთან, უთუოდ არსებობს.

- რას ფიქრობთ ბედის ღიმილსა და დარტყმებზე? ბედის წყალობა თუ გგონიათ თქვენი შეხვედრა?

დუდაევი: ვფიქრობ, ადამიანის ბედი მისსავე ხელშია. ე.ი. მას შეუძლია ბევრი რამ განჭვრიტოს და ბედსაც და უბედობასაც მომზადებული შეხვდეს. ბედმა ინება, რომ უმძიმეს წუთებში ჩემი და ჩემი რესპუბლიკის გვერდით აღმოჩნდა დამრიგებელი და მშველელი საქართველოსა და საქართველოს პრეზიდენტის სახით. მან ყველაზე მძიმე წუთებში გამოგვიწოდა ხელი. საქართველოს პარლამენტმა შეფასება მისცა სიტუაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკაში და მიმართვა გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, სხვა ქვეყნების მთავრობებს თხოვნით, მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. სხვათა შორის, დღეს მსოფლიოს ბევრმა პოლიტიკოსმა და ლიდერმა გააცნობიერა, რომ ჩეჩნები არასოდეს დაიხევენ უკან, რომ ისინი მართალი არიან თავიანთ ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ისინი შინაგანად თანაგვიგრძნობენ კიდეც. მაგრამ დე-იურე ცნობას ჯერჯერობით შიშობენ: მათზე დიდ დაწოლას ახდენს რუსეთის წნეხი და არც ჩვენ ვაპირებთ ვიმათხოვროთ აღიარება. ჩვენ ამას სხვა გზებით მივაღწევთ. რაც შეეხება ბედის საჩუქარს პირად ცხოვრებაში, ჩვეული არა ვარ. მისგან დარტყმები უფრო მიმიღია.

გამსახურდია: სხვათა შორის, მოსკოვურმა ოპოზიციამ, რომელმაც დღეს საქართველოში მოიკალათა, ბრალი სწორედ იმაში დამდო, რომ ჩეჩენ ხალხს დავუჭირე მხარი, მსაყვედურობდნენ, რომ მხარს არ ვუჭერდი რუსეთს, თანავუგრძნობდი ჩეჩნეთს. მაშინ ვპასუხობდი: „როგორ შეგვიძლია გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა და ამავე დროს მხარი დავუჭიროთ იმპერიას?! ბარემ დავუბრუნდეთ იმპერიას და ყველაფერი რიგზე იქნება“. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია მოსკოველი პატრონების ბრძანებით მოქმედებდა და სისხლიანი პუტჩი საქართველოში იმიტომ მოაწყო, რომ პრორუსულ პოლიტიკაზე ეთქვა უარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ, რუსი ხალხის წინააღმდეგ ვარ განწყობილი, უბრალოდ მივესწრაფოდი ურთიერთობას თანასწორთა შორის და არ მსურდა საუბარი როგორც მონას ბატონთან. რაც შეეხება ბედის დარტყმებს, შეჩვეული ვარ, ვინც ასეთ დრაკონს ებრძვის, ასეთ მძლავრ იმპერიას, მოვალეა იცოდეს, რომ მძიმე ხვედრი ელის.

- რას ფიქრობთ იარაღზე ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით?

დუდაევი: მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ჩეჩნებს არასოდეს და არავისთვის დაუთმიათ ოთხი უფლება: თავისუფალი აღმსარებლობისა, იარაღის ტარებისა, მხოლოდ სასურველ არმიაში სამსახურისა და ყოველგვარ ხარკსა და გადასახადზე უარის თქმისა. იარაღის ტარების უფლება ჩეჩენისთვის აუცილებელ უფლებად მიმაჩნია. იგი ფრიად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის და, განსაკუთრებით, საბჭოთა დროში, როცა იოლად შეეძლოთ მოეკლათ, გაეცათ, გაეყიდათ ადამიანი. პირადი იარაღი თავდაცვის საშუალებაა. მახსოვს ბავშვობაში მე და ჩემი ტოლები ჯერ ფანქრის სათლელ დანას მოვიხელთებდით, შემდეგ ფინურს, ბოლოს ცეცხლმსროლელ იარაღსაც. არც ერთი ჩეჩენი იარაღს ცუდუბრალოდ არ გამოიყენებს, მაგრამ თუ ჩეჩენი დაუშვებს, რომ მის გვერდით ვიღაცამ დაჩაგროს სუსტი, შეურაცხყოს მისი ღირსება, არა აქვს უფლება მამაკაცად იწოდებოდეს. მაფიოზები და პარტიული კლანები დიდხანს ებრძოდნენ ჩვენში სისხლის აღების კანონს. ნათესავები ათასი წლის შემდეგაც მიაგნებდნენ და იძიებდნენ შურს მკვლელზე ახლობლის მოკვდინებისათვის. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი იარაღის ტარების წესები და ამ მხრივ პრობლემები არ გაგვაჩნია, იარაღი ჩვენი ეროვნული სამოსელის განუყრელი ნაწილია, თავდაცვის საშუალება.

გამსახურდია: კავკასიის ხალხთა უნაპირო სიყვარული იარაღისადმი იმ ტრაგიკული სინამდვილის შედეგია, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ყოველის მხრიდან მტერი გვახვევია, იმპერიის დამპყრობლურმა პოლიტიკამ გამოუმუშავა ხალხს თავდაცვის ინსტინქტი. რასაკვირველია, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ იარაღი არ მოხვდეს ყველას ხელში, ვისაც მოესურვება, მით უფრო, უკანონოდ. ეს საშიშროებას უქმნის თავად სახელმწიფოსაც. ჩვენ საქართველოში დროზე ვერ მივადევნეთ თვალი იარაღის უკანონოდ დაგროვების პროცესს, რუსეთის იმპერია მეთოდურად აწვდიდა იარაღს ბანდიტურ დაჯგუფებებს, რამაც მიგვიყვანა კიდეც ტრაგედიამდე.

- რა სიამენი აქცევენ, თქვენი აზრით, სიცოცხლეს სიცოცხლედ და არა არსებობად?

დუდაევი: ბევრი რამ აღზრდაზეა დამოკიდებული. მე, მაგალითად, კატეგორიულად ვამბობ უარს ყველა სიამოვნებაზე, თუკი ჩემს გვერდით ვიღაც თავს ცუდად გრძნობს. როცა ლიდერის, წინამძღოლის როლზე აცხადებ პრეტენზიებს, ისე უნდა იცხოვრო, როგორც ნებისმიერმა უბრალო მოქალაქემ. მე ვერასოდეს მივცემ თავს უფლებას ვიცხოვრო ჩემს ხალხზე უკეთ. ასეთ შემთხვევაში დამნაშავედ ვიგრძნობდი თავს და, საერთოდ, ამქვეყნიური სიამენი დიდად არ მიზიდავს, გურმანი არა ვარ, თუ საჭმელი არ ვნახე, შესაძლოა, მთელი დღე არც გამახსენდეს. ბედის ნებიერი არა ვარ და ზედმეტობა სიხარულს ვერ მგვრის. არა, ზოგჯერ უარს არ ვიტყოდი გაზონების გაკრეჭაზე, ყვავილების მორწყვაზე, მაგრამ, ადამიანებთან ურთიერთობას ვარჩევდი, მათგან ვიძენ ცოდნას, გამოცდილებას.

გამსახურდია: ეს ადამიანზეა დამოკიდებული. არსებობს სიამოვნების ფილოსოფია, მაგრამ არსებობს სხვა ფილოსოფიაც. იგი ამტკიცებს, რომ კმაყოფილება ასუსტებს ადამიანის ნებელობას, მისგან პიროვნება დეგრადაციას განიცდის. ჩემი აზრით, მამაკაცი მკაცრ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს, მზად იყოს ყველა უბედობისთვის. სიამოვნებას მგვრის კითხვა, ადამიანური ურთიერთობანი. სიამეთა ძიება კი, განსაკუთრებით სახელმწიფო მოღვაწისათვის, უბრალოდ დამღუპველია. ეს სამყარო სწორედ იმან დააქცია, რომ ადამიანები არაფერზე ფიქრობენ პირადი სიამოვნების გარდა.

- სიტყვის, პრესის, ინფორმაციის თავისუფლება... როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს იგი?

დუდაევი: იდეალურ შემთხვევაში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ზნეობა, სინდისი და პრესის თავისუფლება არ უნდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ჩვენს რესპუბლიკაში მეტისმეტად მივუშვით პრესა. ნეხეთ ერთი, რას წერენ, რას ლაპარაკობენ, ინფორმაცია ზნეობის ზღვარს გადადის, ჯერჯერობით არავისთვის გვიხლია ხელი, მაგრამ საცაა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აღვირახსნილი ინფორმაცია დამღუპველია საზოგადოებისთვის. კრიტიკულ ზღვარს არ უნდა გადააბიჯო. ყოფილი პარტიული გაზეთის „გოლოს ჩეჩენო-ინგუშეტიის“ ჩივილი სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ არავითარ ზეგავლენას არ ვახდენთ მასზე. მაგრამ რედაქციამ თვითნებურად მიითვისა სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობანი. გაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიკრიბნენ ჟურნალისტები და განაცხადეს: „ეს ჩვენია“, მაგრამ შენობა და აღჭურვილობა ხომ ხალხს ეკუთვნის. ჟურნალისტები, თუნდაც მიაჩნდეთ, რომ ეს ყველაფერი მართლაც პარტიის საკუთრებაა, ვერ მოიქცნენ სწორად და, რაკი თვითნებობდნენ, მოვითხოვეთ კანონის დაცვა.

გამსახურდია: სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჩვენშიც ზღვარდაუდებელი იყო. გამოდიოდა ოცზე მეტი ოპოზიციური გაზეთი და წერდა ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებოდა, კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენაც კი მოუწოდებდა ხალხს, ეს კი უკიდურესობა იყო. ჩემი დადანაშაულება ინფორმაციის მასობრივ საშუალებათა შეზღუდვაში, როგორც ეს დღეს ხდება, უსინდისობაა, პირიქით, მეტისმეტი თავისუფლება იყო. დღეს საქართველოში პრაქტიკულად აკრძალულია ყველა თავისუფალი და დამოუკიდებელი გამოცემა, ლეგალურად არ გამოდის არც ერთი ოპოზიციური გაზეთი, არის მხოლოდ სამთავრობო, წერენ რასაც ხუნტა უბრძანებს, ჩვენი ოპოზიციური გაზეთი „ქართული აზრი“ იატაკქვეშ გამოდის. რედაქციას სდევნიან, ჟურნალისტებს აპატიმრებენ. აი, როგორი დემოკრატიაა იქ დღეს.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს უზენაეს მსაჯულად?

დუდაევი: ალბათ სინდისი და პასუხისმგებლობა, რომელიც ვიკისრე.

გამსახურდია: მეც სინდისი მიმაჩნია მთავარ მსაჯულად, კიდევ ხალხი, რომელსაც გამოაქვს ყველასათვის განაჩენი და ბოლოს, ისტორია - ისიც მსაჯულია.

- იქნებ ბანალური გეჩვენოთ, მაგრამ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

დუდაევი: ჩემი გეგმები მკაფიოდაა ჩამოყალიბებული პროგრამაში, რომლის არსი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაა. ვისურვებდი პირადად გავძღოლოდი ამ საქმეს, სხვა მიზანი არ მაქვს. მზად ვარ გავწირო ყველაფერი, რაც გამაჩნია და არც ერთი წუთით არ დავუშვებ აზრს უკან დახევაზე.

გამსახურდია: ჩემი მდგომარეობა ცნობილია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, იგი ისეთივე ხასიათისაა, როგორიც იყო ბრძოლა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ის, რაც საქართველოში მოხდა, ნეოკომუნისტური წყობილების დაბრუნებაა. კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ახლა ხალხზეა დამოკიდებული. ხალხი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს ამ უკანონო, ბანდიტურ ხელისუფლებას. ხუნტა ცდილობს კვლავ დააჩოქოს ხალხი, მაგრამ ვერ მიაღწია ამას.

- რას ფიქრობთ კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე?

დუდაევი: საქართველოში ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება ასე, ვფიქრობ, ქართველი ხალხისა და დემოკრატიის ბედი უახლოეს ხანებში უნდა გადაწყდეს, სტაბილურობა საქართველოში ძალზე ბევრს ნიშნავს მთელი კავკასიისათვის. ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში შევარდნაძისა და მისი დამქაშების დროებითმა მოსვლამ საქართველოში სულიერად გახლიჩა და ხალხის გაერთიანება მხოლოდ კანონიერების აღდგენას ძალუძს. არასტაბილურობის გაჭიანურებამ შესაძლოა მთელი კავკასია დააყენოს ფეხზე. ეს ყველაფერი ჩეჩნების, სომხების, აზერბაიჯანელების და სხვათა ინტერესებსაც ეხება. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ საქართველოში კანონიერების, წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენა მთელი კავკასიის ხალხების საქმე გახდეს.

რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის რას სჩადის, მას თითქოს ღმერთმა წაართვა გონება. თავად ჩხრეკს სიავეს და ხალხებს ამხედრებს. რესპუბლიკების მისწრაფებათა უგულვებელყოფა ავად შეუბრუნდება რუსეთს. პირიქით, იგი თავად უნდა დაგვხმარებოდა საერთო კავკასიური სახლის აშენებაში, მაგრამ არ ჩქარობს. სხვათა შორის, ამ სახლის მშენებლობისათვის უკვე ბევრი რამ კეთდება. მასში გაერთიანდებიან არა მარტო კავკასიის რესპუბლიკები, არამედ სტავროპოლის, კრასნოდარის მხარეები, როსტოვის ოლქი. რეგიონს აქვს მძლავრი პოტენციალი, რომელიც სიკეთეს მოუტანდა არა მხოლოდ რუსეთსა და „სნგ“-ს, არამედ მსოფლიო ცივილიზაციასაც.

გამსახურდია: არსებითად, სწორედ ეს კავკასიური სახლი აშინებს იმპერიას. მას სწადია აქ სამხედრო პლაცდარმი ჰქონდეს და კავკასიას განიხილავს, როგორც გეოგრაფიულ სივრცეს, აქ კი ხალხები სახლობენ, არის სახელმწიფოები. კავკასიის სახლის შექმნის პირობა მთელი კავკასიის დამოუკიდებლობაა. სხვათა შორის, შევარდნაძე არ ჩქარობს ოფიციალურად შევიდეს „სნგ“-ში, მაგრამ ცრუობს, როცა ცდილობს მოგვაჩვენოს, რომ არ სურს ეს. სინამდვილეში, საქართველო უკვე ისედაც დაუქვემდებარა და დაუმონა „სნგ“-ს, საქართველო დღეს „სნგ“-ს ყველაზე მორჩილი სახელმწიფოა, ხოლო შევარდნაძე მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს. საკმარისია ითქვას, რომ საქართველოში დღეს გამუდმებით შედიან სამხედრო ძალები რუსეთიდან და „სნგ“-დან.

- როგორ აფასებთ რუსეთის შესვლას საერთაშორისო სავალუტო ფონდში? ეს, ვფიქრობ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩეჩნებისათვის, რამდენადაც დახმარება მან ჯერჯერობით მაინც რუსეთის გავლით უნდა მიიღოს.

დუდაევი: ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკას მოწყალებაზე კი არ ვაგებთ, არამედ მყარ საკუთარ ბაზაზე, ამიტომ რუსეთის შესვლა საერთაშორისო სავალუტო ფონდში ჩვენ სრულიადაც არ გვეხება. თუ ეს ორგანიზაცია მოისურვებს მიგვიღოს, ჩვენც შევალთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით. დახმარებაზე კი რუსეთის მხრიდან ლაპარაკიც ზედმეტია. სწორად გამიგეთ: ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვდებთ ბრალს რუსეთის ხალხს, უფრო მეტიც, რუსეთის მთელ ხელისუფლებასაც კი. ჩვენს ხელისუფლებას ებრძვის მხოლოდ მისი ნაწილი, რომელსაც საუკეთესოს, რასაკვირველია, ვერ ვუწოდებ.

ვიქტორ ხლისტუნი,
გროზნო-მოსკოვი.
სობესედნიკი“, 1992 წლის მაისი.

რა არის ჩვენი სიცოცხლე? ბრძოლა : „სობესედნიკისკორესპონდენტს პასუხობენ ჯოჰარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია // აღდგომა. - 1992. - 14 ივნისი. - 7. - 1,3 გვ.

32 მიმართვა გვარდიისადმი

▲ზევით დაბრუნება


მოგმართავთ თქვენ, რომელნიც დღეს ემორჩილებით თვითმარქვია მთავრობას. ვიცით, რომ ეს ყოველივე შედეგია თქვენი პოლიტიკური მოუმწიფებლობისა. არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ შეგნებულად დაიდეთ წილი ერის ღალატში, ვინაიდან მრავალ თქვენთაგანს უწინ უჩვენებია მაგალითები ერისათვის თავდადებისა და დღესაც უჩვენებს.

თუ მართალია ის, რომ თქვენ არ გაგისვრიათ ხელი მოძმეთა სისხლში, როგორც ამას სჩადიოდნენ სხვადასხვა კრიმინალური ბანდები, მით უფრო მაქვს იმედი, რომ თქვენში გაიღვიძებს მხედრული სინდისი და თქვენ საბოლოოდ დადგებით კანონიერი ხელისუფლების მხარეზე.

ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ ჰყიდის ხუნტა ყოველ ნაბიჯზე საქართველოს ინტერესებს? ნუთუ ვერ ჰხედავთ კრემლის მაფიოზის შევარდნაძის მუცელზე ხოხვას იმპერიის წინაშე? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ „გერმანიის გამაერთიანებელი“ საქართველოში მოავლინეს, რათა გააერთიანოს „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი“. 11 ივნისს მოსკოვის ტელევიზიით იგი დაემუქრა ქართველ ხალხს ომით, რუსეთის სახელით, მანვე, ჩამოგისხათ დესანტი სამაჩაბლოში. ნუთუ არ გებადებათ კითხვა: რატომ ვერ გაბედეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება ჩემი მმართველობის პერიოდში? რატომ ვერ გაბედეს ჩემს დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე? ვინ და რატომ გაათავისუფლა ციხიდან ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი კულუმბეგოვი? ვისი გამგებლობის დროს შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომელსაც მოლაპარაკებას ეხვეწება ცრუ მთავრობა და მისი ვაიემისრები: კავსაძე, ბათიაშვილი და სხვანი.

საბჭოთა პერიოდში კრემლის ხელმძღვანელობა (შევარდნაძის ჩათვლით) სამაჩაბლოს ომს იყენებდა საქართველოზე დაწოლისათვის, რათა ხელი მოგვეწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. დღეს კი რუსეთს განზრახული აქვს საზღვრების გადასინჯვა, რუსეთის საზღვრის გორთან გადმოტანა, რაშიც ისევ იყენებენ შევარდნაძეს. ელცინი უკვე სამხრეთ ოსეთს საქართველოსგან განცალკევებით ახსენებს, რაშიც მას ხელს უწყობს შევარდნაძე, რომელიც თანახმაა ორმხრივ მოლაპარაკებაზე, ე.ი. „სამხრეთ ოსეთს“ ცალკე სახელმწიფოდ აღიარებს, რაც ჩანს მისი ტელეგრამებიდან კულუმბეგოვისადმი, რომელსაც იგი უწოდებს „სამხრეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს“. შევარდნაძე, რომელიც არ ცნობს ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს უზენაეს საბჭოს. ზოგიერთს უკვირს შევარდნაძის შესვლა ცხინვალში დაცვის გარეშე, მაგრამ ვერ ითვალისწინებს, რომ იგი თავის კოლეგებთან შევიდა, მოსკოვის სუკის აგენტებთან, რომელთანაც ალიანსი ჰქონდა იმთავითვე. დღეს შევარდნაძე და გალაზოვი 150 ათასი ოსის „დაბრუნებას“ აპირებენ საქართველოში.

დღემდე საუბარი იყო 100 ათას ოსზე, მაგრამ მადა ჭამაში მოდის. თუ ამას დავუმატებთ ნახევარ მილიონ „თურქმესხს“, ათასობით გერმანელს და სხვათა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გველის უკვე მომავალში.

აღმაშფოთებელია კიტოვანის პოზიცია. ერთის მხრივ იგი ცდილობს გაემიჯნოს შევარდნაძე-იოსელიან-კულუმბეგოვის, საქართველოს ამ მოსისხლე მტრების ალიანსს, მეორეს მხრივ კი შევარდნაძეს მიყვება ყაზბეგში გალაზოვთან „მოსალაპარაკებლად“ და გმობს გვარდიის მოქმედებას შიდა ქართლში, რაც მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. დროა კიტოვანმა შეწყვიტოს ორმაგი თამაში და გაარკვიოს თავისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეაჩვენებს ქართველი ერი.

დავდგეთ მტკიცედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ღირსების დასაცავად!

ძირს საქართველოს მოსისხლე მტრები: შევარდნაძე, იოსელიანი, სიგუა, კიტოვანი და ძმანი მათნი!

საქართველო გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია 1992 . 12 ივნისი

მიმართვა : გვარდიისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 14 ივნისი. - 7. - 1გვ.

33 მიმართვა შიდა ქართლის ლტოლვილებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

უკანასკნელ ხანებში მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა შიდა ქართლში. მოსკოვის მხარდაჭრით ოსი ექსტრემისტები სულ უფრო და უფრო აძლიერებენ აგრესიას, რაშიც მათ ხელს უწყობს შევარდნაძის ნეოკომუნისტური კრიმინალისტური ხუნტის მოღალატური პოლიტიკა. შევარდნაძემ სცნო კულუმბეკოვის თვითმარქვია ხელისუფლება. თანახმაა ორმხრივ მოლაპარაკებაზე, რითაც სცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და მის თვითმარქვია მთავრობას. თვითმარქვიათა შორის ალიანსის შედეგია თქვენი მძიმე მდგომარეობა. თქვენ გაგწირეს საქართველოსთან ერთად, რამეთუ რუსეთის იმპერიის მიზანია შიდა ქართლისა და მთელი საქართველოს ხელახლა დაპყრობა და ანექსია. გორში შევარდნაძის აგენტებმა პროვოკაციის ანკესზე წამოაგეს გვარდიელები, რის შედეგადაც მრავალი მათგანი გაწყდა და დაიჭრა, ამით სამაჩაბლოს მოაკლდა მებრძოლი ძალა. შევარდნაძე, რომელიც მუდამ ოსების გაწყვეტას გლოვობდა და ქართველებზე არას ამბობდა, ახლა რუსებს დასტირის და არას ამბობს იმ უზარმაზარ მსხვერპლზე ქართველთა მხრიდან, რომელიც მოჰყვა ამ ტრაგედიას. იგი გმობს ქართველთა მოქმედებას, ხოლო ოსი ექსტრემისტებისა და რუსი ჯარის მხეცობაზე დუმს: იგი არას ამბობს აგრეთვე ხასბულატოვის, შანიბოვების, კულუმბეკოვების პროვოკაციულ განცხადებებზე, საიდანაც ჩანს, რომ ალიანსი აქვს მათთან, მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ და ეს არის ქართველთა გენოციდი. დროა ქართველმა ერმა აღიმაღლოს ხმა ამ უმაგალითო ღალატისა და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ.

მოაწყეთ საპროტესტო აქციები, მიტინგები, დემონსტრაციები, შიმშილობები, შეუერთდით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაგმეთ შევარდნაძე და მისი აგენტურა საქართველოში, მოსთხოვეთ მათ პასუხი იმ უდანაშულო სისხლისათვის, რომელიც დღეს იღვრება შიდა ქართლში და მთელს საქართველოში.

ჩვენ არაფერი დაგვრჩენია ბრძოლის გარდა! შევქმნათ ერთიანი ფრონტი შიდა ქართლის ხსნისა!

სიმართლე ჩვენს მხარეზეა! ჩვენ გავიმარჯვებთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : შიდა ქართლის ლტოლვილებისადმი / გამსახურდია . // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირიხმა ერისა“, [1994]. - 66 გვ.; 20 სმ. .- 21-22 გვ.

34 საქართველოს პრესას

▲ზევით დაბრუნება


დიდ აღშფოთებას გამოვთქვამ გორში მოწყობილი შეტაკებისა და თბილისში მომხდარი აფეთქების გამო.

დასადგენია, იყო თუ არა შემთხვევითი ამ ორი ფაქტის დამთხვევა.

სულით და გულით ვუთანაგრძნობ სამაჩაბლოში, გორში და თბილისში დაღუპულთა ოჯახებს.

მჯერა, რომ მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა, ქართული გვარდია კვლავაც დაიცავს სამშობლოს საზღვრებს.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
16 ივნისი 1992 .

საქართველოს პრესას / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 21 ივნისი. - 8. - 1გვ.

35 მოსკოვი, რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ რუსლან ხასბულატოვს

▲ზევით დაბრუნება


თქვენი განცხადება რუსეთისათვის შიდა ქართლის ტერიტორიის ძალადობით შესაძლო მიერთების თაობაზე არის სრული იგნორირება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციისა, რომელიც მოქმედებს და არავითარი ხუნტა თუ სახელმწიფო საბჭო არაა უფლებამოსილი შეაჩეროს ან გააუქმოს იგი.

გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ბანდიტიზმის ხანა წარსულს ჩაბარდა ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა იმპერიის ლიკვიდაციასთან ერთად. მალე მთელი მსოფლიო დაგმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას სანქტ-პეტერბურგის ომონისა და ოსი ექსტრემისტების - როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხების მტრების მონაწილეობით. მთელი პასუხისმგებლობა მსგავსი განცხადებების შედეგებისათვის თქვენ დაგეკისრებათ.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
17 ივნისი 1992 .

რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს - რუსლან ხასბულატოვს // აღდგომა. - 1992. - 21ივნისი. - 8. - 1გვ.

36 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


24 ივნისს, დაგომისში გაიმართა შევარდნაძისა და ელცინის შეხვედრა, რასაც უწოდებენ ორი სახელმწიფოს შეხვედრას, მაგრამ სინამდვილეში ეს შეხვედრა იყო ოთხმხრივი, რადგან მას ესწრებოდნენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ და „ჩრდილოეთ ოსეთის“ წარმომადგენლები. ამით შევარდნაძემ ფაქტიურად აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში, თუმცა ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ფაქტობრივი აღიარება რუსეთისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს წარმოადგენს, ვიდრე უბრალო დეკლარაციები, რამდენადაც ის ხელს უწყობს მოცემული ტერიტორიის მის იურისდიქციაში გადასვლას. დაგომისის შეხვედრის უმნიშვნელოვანეს შედეგს წარმოადგენს მასში მონაწილე მხარეთა გადაწყვეტილება კონფლიქტური მხარეების ე.წ. ერთიანი გამმიჯნავი ძალების შექმნის შესახებ. ყველასათვის ცხადია, თუ რომელი ეროვნების ჯარისკაცები იქნებიან ამ ძალების შემადგენლობაში. ლაპარაკია სამაჩაბლოში რუსი ჯარისკაცების შეყვანის შესახებ, თითქოსდა ქართველ და ოს „ბოევიკთა“ რაზმების გამიჯვნისათვის. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ სად მოათავსებენ ქართველ ჯარისკაცებს და ქართულ მოსახლეობას - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის სამხრეთ საზღვრებთან, გორის რაიონის ახლოს, ამ საზღვრის ჩრდილოეთით კი ერთი ქართველის სახსენებელიც არ დარჩება. ყველა ქართული სოფელი განწირულია დაცარიელებისა და დაღუპვისათვის, მაშინ, როცა რუსი ჯარისკაცები დაიცავენ ოსი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობენ შიდა ქართლის რაიონში 150 ათასი ოსის დაბრუნებას.

მიღებული მონაცემების თანახმად ამ შეხვედრამ გამოიწვია სამაჩაბლოში რუსული და ოსური აგრესიის ესკალაცია, ოსი ექსტრემისტები შეტევაზე გადავიდნენ, ქართული გვარდია ხუნტის ბრძანებით განიარაღებულია, ქართული სოფლები სავსებით დაუცველი დარჩა.

ამგვარად, დაგომისის შეხვედრაზე შევარდნაძემ კიდევ ერთხელ უღალატა საქართველოს და გაყიდა მისი ინტერესები, როცა შიდა ქართლი რუსეთსა და ოსეთს დაუთმო, ხოლო მისი ცარიელი დეკლარაციები, რომლებიც თითქოსდა გმობენ რუსულ აგრესიას, მხოლოდ ნიღბავენ ამ შეთქმულებასა და მორიგებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 26 ივნისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 3 ივლისი. - 9. - 1გვ.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - 27. - 1 გვ. (ტექსტი მოცემულია მცირედი ცვლილებით)

37 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


თანამემამულენო! ძმანო და დანო!

დღეს, 24 ივნისს, თბილისში მოხდა ახალი ტრაგედია. შევარდნაძის ნეოკომუნისტური, სისხლიანი ხუნტის ანტიეროვნულმა და ანტიხალხურმა პოლიტიკამ, საქართველოს ინტერესების გაყიდვამ, სამაჩაბლოს შესახებ ორმხრივ გარიგებაზე დათანხმებამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცალკე სახელმწიფოდ აღიარებამ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზებამ, ტერორმა და რეპრესიებმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში.

როგორც დეპუტატმა ვალტერ შურღაიამ რადიოთი განაცხადა, აქცია იყო მშვიდობიანი, ისინი არ აპირებდნენ ძალადობას და სურდათ მშვიდობიანი გზით აღედგინათ კანონიერი ხელისუფლება, ხალხისათვის მიეცათ ჭეშმარიტი ინფორმაცია ყოველივე იმის შესახებ, რაც დღეს ხდება საქართველოში. მიუხედავად ამისა, ხუნტის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს იერიში ტელევიზიის შენობაზე, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაჭრილები და დაპატიმრებულები.

სამართლიანობისათვის მებრძოლებს ხუნტა დღეს ტერორისტებად სახავს და ემუქრება ანგარიშსწორებით.

ეს არის მორიგი დანაშაული უზურპატორთა ხუნტისა ქართველი ერის წინაშე, რომელიც უნდა დაგმოს ჩვენმა ერმა და მთელმა მსოფლიომ.

მოგიწოდებთ, უზურპატორთა და მოღალატეთა წინააღმდეგ, ერთიანი ფრონტით იბრძოლოთ მათი ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის, კონსტიტუციური წყობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის. საქართველოს ხსნა მხოლოდ ჩვენს ერთობას ძალუძს.

გვფარავდეს ღმერთი!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
24.06.1992 .

მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 3 ივლისი. - 9. - 1გვ.

38 მიმართვა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი

▲ზევით დაბრუნება


1990 წლიდან საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, რომელიც იმთავითვე დაუპირისპირდა მოსკოვის სუკ-ის მიერ შექმნილ ცრუ მონარქისტულ მოძრაობას საქართველოში. ამ კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი აღიარებდა, რომ მოსკოვმა ეს ცრუ მოძრაობა შექმნა საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ ძალებთან დასაპირისპირებლად. ტრადიციონალისტები შევიდნენ „მრგვალ მაგიდაში“ და ამ გზით არჩეულ კანონიერ ხელისუფლებაში, მათი პროგრამა და დეკლარაციები ყოველნაირად გამორიცხავდნენ კოლაბორაციონიზმს იმპერიულ ძალებთან, ისინი ემიჯნებოდნენ მოღალატე ცრუ პარტიებს, მხარს უჭერდნენ კანონიერ პარლამენტსა და პრეზიდენტს. ამან განაპირობა ჩემის მხრივ მხარდაჭერა თქვენი მოძრაობისა, აგრეთვე აკაკი ასათიანის კანდიდატურისა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ამასთან 1991 წელს ტრადიციონალისტთა კავშირის ყრილობაზე მე ამირჩიეს ამ კავშირის საპატიო წევრად.

მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა იმპერიის მიერ ინსპირირებული პუტჩის დღეებში, ბ-ნი აკაკი ასათიანი მერყეობდა, ყოველნაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პუტჩისტი დეპუტატების დაგმობისათვის და ბოლოს საერთოდ გაეცალა ბრძოლის ველს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით. შემდეგ იგი უეცრად გამოჩნდა ზუგდიდში, სადაც ხალხს მოუწოდებდა არ წასულიყვნენ კანონიერი ხელისუფლების დასახმარებლად და არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლაში. ასეთივე აგიტაციას ეწეოდა იგი ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ამჟამად ცნობილია, რომ მას პუტჩისტებთან იდეური ნათესაობა აკავშირებდა. ხოლო უკანასკნელ ხანებში გამოიკვეთა მისი ალიანსი შევარდნაძის ნეოკომუნისტურ მაფიოზურ ხუნტასთნ. ა. ასათიანი, ზ. ბოკუჩავა და სხვები დღეს ხუნტის ცრუ არჩევნების პროპაგანდას ეწევიან, თანაც ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად აცხადებენ, რომ ისინი ვითომდაც მხარს უჭერენ კანონიერ პრეზიდენტს. ა. ასათიანმა, რომელმაც თავისი თავი გადამდგარად გამოაცხადა, ხოლო კანონიერი პარლამენტი დაშლილად, დღეს ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მაფიოზურ ხუნტას ცრუ პარლამენტის შეკოწიწებაში არალეგიტიმური არჩევნების გზით, თუმცა კარგად უწყის, რომ ნამდვილი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ კანონიერი პარლამენტის პრეროგატივაა.

ეს ყოველივე არის აგრეთვე ღალატი ჭეშმარიტი მონარქისტული იდეისა, როგორც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი (ხორხე) ბატონიშვილმა განაცხადა, საქართველოში მონარქია შეიძლება აღდგეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხალხის ნებისა და კონსტიტუციის გადაწყვეტილებით. უზურპატორებს, პუტჩისტებს, ხალხის ნების აბუჩად ამგდებთ კი არა აქვთ უფლება თავის თავს უწოდონ მონარქისტები ან ტრადიციონალისტები. დღეს სავსებით ნათელია, რომ ა. ასათიანის ტრადიციონალისტთა კავშირი გახდა კოლაბორაციონისტული ორგანიზაცია, რომელიც უპირისპირდება კანონიერ ხელისუფლებას. ამის გამო ვაუქმებ ჩემს საპატიო წევრობას თქვენს კავშირში და მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ეროვნული მოძრაობისა და ჭეშმარიტი კონსტიტუციური მონარქიზმის იდეალები, დასტოვოთ ცრუ ტრადიციონალისტთა რიგები და პროტესტი გამოუცხადოთ ანტიტრადიციონალისტ პუტჩისტებთან და სახელმწიფო დამნაშავეებთან ალიანსში მყოფ თქვენს ლიდერს, როგორც მოღალატეს ეროვნული მოძრაობისა და კანონიერი ხელისუფლებისა.

დაგმეთ შეთქმულება საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და ლეგიტიმური სახელმწიფო ტახტის წინააღმდეგ. შემოუერთდით ჩვენს რიგებს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 . 21 ივნისი

მიმართვა : ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 10 ივლისი. - 10. - 1გვ.

39 მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო! იმპერიის მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა და გადატრიალებამ საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანეს. შევარდნაძის ნეოსტალინისტური მაფიოზური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს ეროვნული და კუთხური შუღლის გაღვივებას, სისხლისღვრისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას აფხაზეთში და მთელს საქართველოში. მხედრიონის კრიმინალური ბანდები აწიოკებენ და არბევენ მთელს საქართველოს, მაგრამ განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით მოქმედებენ დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთში მათი მიზანია კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურება, აფხაზთა და ქართველთა შორის ეთნოკონფლიქტის პროვოცირება, რაც არასგზით არ უნდა დავუშვათ. ამისათვის აუცილებელია აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მობილიზება დამნაშავე ბანდებთან ბრძოლაში, მათი განიარაღება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მტრის მიზანია „მცოცავი“ გადატრიალების მოწყობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რათა აფხაზეთშიც იგივე დატრიალდეს, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში. აუცილებლად უნდა მოხდეს აფხაზი და ქართველი მოსახლეობის კონსოლიდაცია და დარაზმვა დამნაშავეობასთან ბრძოლაში, მილიციის ჯანსაღი ნაწილი მხარში უნდა ამოუდგეს მოსახლეობას. აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ არ უნდა გააღვივოს ეროვნული შუღლი, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს საბოლოო ეროვნულ შერიგებას და საზოგადოების კონსოლიდაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განწირულია. უნდა დაჩქარდეს პოლიტიკური დიალოგი უზენაეს საბჭოსთან, აფხაზ ინტელიგენციასთან, უნდა დაიგმოს მონონაციონალური პრინციპი, რაც დიდ უბედურებას მოუტანს უწინარეს ყოვლისა აფხაზ მოსახლეობას! აფხაზთა და ქართველთა ერთიანობა იქნება გარანტი აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილიზაციისა და მშვიდობისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 12 ივლისი

მიმართვა : აფხაზეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 24 ივლისი. - 12. - 1გვ.

40 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო რიგი ანტიკონსტიტუციური აქტები, გამოცხადდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა, აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რაც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავს.

სესია უფლებამოსილი არ იყო ასეთი აქტების მიღებისა, რადგან დარბაზში არ იყო კვორუმი ანუ კვალიფიცირებული უმრავლესობა - დეპუტატების ორი მესამედი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური შესწორებებისთვის ან კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისას.

ამგვარი მოქმედება გამართლებულ იქნა იმით, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულია, ხოლო ძველ კონსტიტუციაში აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ მოიხსენიება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს და საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ უფლებამოსილი არ არის.

აღდგენა 1925 წლის კონსტიტუციისა, სადაც ლაპარაკია პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნიზმის იდეალებზე, ნიშნავს საბჭოთა კომუნისტური წყობის აღდგენას აფხაზეთში, რაც იოლად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ანაქრონიზმს და ეწინააღმდეგება მსოფლიო ისტორიის განვითარებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს უაღრესად უარყოფითი შედეგები, დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყველა ზემოთ ნახსენები აქტი მოკლებულია კონსტიტუციურ საფუძველს და არა აქვს იურიდიული ძალა.

საკითხი აფხაზეთის სტატუსის შესახებ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
24 ივნისი, 1992.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 31 ივლისი. - 13. - 1გვ.

41 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში დაიწყო 1937 წლის დარი რეპრესიები და ტერორი. 24-25 ივნისს დაპატიმრებულია 100-მდე ადამიანი შეთითხნილი ბრალდებებით, თუმცა მოსკოვის ტელევიზია 12-ს აცხადებს. 24 ივნისს თვითმარქვია ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილმა პროვოკაციამ ნაყოფი გამოიღო. შინაგანი ჯარის ოფიცრებმა, რომლებიც ხუნტის აგენტები აღმოჩნდნენ, მოატყუეს მომიტინგეები, რომ მათ დაიცავდნენ ტელევიზიაში შესვლისა და მისი დაკავების შემთხვევაში. მათ მიიყვანეს ორი ტანკი ტელევიზიის შენობასთან, შემოიტანეს იარაღი. მას შემდეგ, რაც მომიტინგეები შევიდნენ ტელერადიოდეპარტამენტში და რადიოთი მიმართეს მოსახლეობას, შინაგანი ჯარის ოფიცრები მიიმალნენ. არც მათი დაპირებული ჯარი გამოჩნდა, რომელსაც უნდა დაეცვა ხალხი ხუნტის დამსჯელი რაზმებისაგან. დილით „მხედრიონისა“ და ე.წ. ორგანიზაცია „პატრიოტის“ კრიმინალურმა ბანდებმა იერიში მიიტანეს ტელევიზიის შენობაზე და ანძაზე, მოკლეს 30-მდე ადამიანი, დაჭრეს და დააპატიმრეს მრავალი. ამჟამად ხუნტა ყოველივე ამას გადატრიალების მცდელობას უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს არავისათვის უსვრიათ და ამით ამართლებს რეპრესიებს. აპატიმრებენ ადამიანებს, მათ შორის ქალებს და მოხუცებს, რომელთაც არაფერი იცოდნენ მომხდარის შესახებ და სახლებში იყვნენ. ხუნტის წევრები აცხადებენ, რომ გაანადგურებენ პრეზიდენტის ყველა მომხრეს, ე.ი. ქართველი ხალხის 90%25-ს. საქართველოში არსებული ორად ორი დამოუკიდებელი გაზეთი „იბერია-სპექტრი“ და „თავისუფალი საქართველო“ დაიხურა ხუნტის ბრძანებით. გრძელდება დაპატიმრებები. ამავე დროს „მხედრიონის“ ბანდები შეესივნენ დასავლეთ საქართველოს, სადაც განზრახულია სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება.

მე მივმართავ მსოფლიო საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა კეთილი ნების ადამიანს არ დაუშვას სტალინიზმის აღორძინება საქართველოში, ამხილოს შევარდნაძის ტოტალიტარული რეჟიმის სისხლიანი ტერორი, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, სიტყვისა და პრესის თავისუფლების ჩახშობა, პირდაპირი გენოციდი ქართველი ერისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
26 ივნისი 1992 წელი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - 27. - 1 გვ.

42 მოსკოვი, კრემლი რუსეთის პრეზიდენტს ბ-ნ ბორის ელცინს

▲ზევით დაბრუნება


ბატონო პრეზიდენტო!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის სნგ-ს წევრი, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ამ გაერთიანების ჯარები სულ უფრო ხშირად ახორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საბჭოს ძალებთან ერთად. დაწყებული 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 ვერტმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქ. წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობაც თავს იცავს ე.წ. „მხედრიონის“ დამსჯელი ბანდებისაგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში შეგზავნეს შევარდნაძემ და და მისმა დამქაშებმა და რომლებიც აწარმოებენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა იმსხვერპლეს მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის პირდაპირ ჩარევას საქართველოს შინაურ საქმეებში, აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც შენიღბულია სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაურევლობის ლოკალური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების აუცილებლობის შესახებ თქვენი განცხადებებით. მე პროტესტს ვუცხადებ რუსეთის ხელმძღვანელობას ამგვარი ქმედების წინააღმდეგ, მოვითხოვ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების შეწყვეტას და სნგ-ს საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
7 ივლისი 1992 .

მიმართვა : რუსეთის პრეზიდენტს - ბორის ელცინს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - 27. - 1 გვ.

43 ჰელსინკში ევროპული უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მიმართვა

რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის სნგ-ს წევრი ქვეყანა, ამ გაერთიანების ჯარები, რომლებიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ახორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ კოლაბორაციონისტი შევარდნაძის დროებითი მთავრობის ძალებთან ერთად, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში სისხლიანი პუტჩისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად, ყოფილი საბჭოთა ჯარების მხარდაჭერით. დაწყებული 6 ივლისიდან, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხუთი შვეულმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქ. წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ე.წ. სახელმწიფო საბჭოს დამსჯელი ძალებისგან, რომელიც ეწევა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირეს.

ერთდროულად რუსეთის ჯარები - ვითომდა სამშვიდობო ძალები, ჩრდილოეთ ოსეთის ძალებთან ერთად შეჰყავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამსჯელი ოპერაციების ჩასატარებლად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელთა ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო გაუარესდა დაგომისში ელცინისა და შევარდნაძის გარიგების შემდეგ.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო გარდაიქმნება მეორე ავღანეთად. ეს არის გენოციდი, რომელიც მიმდინარეობს წამყვან სახელმწიფოთა ჩუმი თანხმობით.

რუსეთის ჯარის აგრესიული ქმედებანი შენიღბულია რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების, სამშვიდობო მოღვაწეობის აუცილებლობის შესახებ.

მოგიწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობის, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნებს დაგმოთ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებანი საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე შევარდნაძის რეჟიმის კოლაბორაციონიზმი და მოითხოვოთ საქართველოს ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარის გაყვანა, რომელიც წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის წყაროს, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ხელს უშლის რესპუბლიკაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : ჰელსინკში ევროპული უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებს / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - 27. - 1 გვ.

44 რა ხდება საქართველოში?

▲ზევით დაბრუნება


ზვიად გამსახურდია პასუხობს
ლიტერატურნაია გაზეტასმიმომხილველის
ოლეგ მოროზის შეკითხვებზე

ვფიქრობდი, რომ ზვიად გამსახურდიას რეზიდენციაში თუ თვალახვეულს არა, რაღაც დახლართული, მიხვეულ-მოხვეული გზებით მაინც მიმიყვანდნენ, როგორც ეს ჩვეულებრივ ასახულია ხოლმე შესაბამის ლიტერატურაში, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მომხდარა. მანქანით მგზავრობა სულაც არ დამჭირვებია. სასტუმროდან ფეხით წამოვედით. მივდიოდით პირდაპირ. ათიოდე წუთის შემდეგ აღმოვჩნდით აგურის ზღუდეშემოვლებულ განმარტოებით მდგარ სახლთან. ჩემმა მეგზურმა ხელი გაიწვდინა და ჭიშკრის ურდული გადასწია.

გამსახურდიამ მაშინვე მიმიღო. ვისაუბრეთ დაახლოებით ორ საათს. ქვემოთ მოყვანილია ჩვენი საუბრის მხოლოდ ნაწილი. ჩემს მოსაუბრეს შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, რის შესახებაც მას არაერთხელ პირდაპირ ვუთხარი საუბრის დროს, მაგრამ ახლა საქართველოში მიმდინარე ამბები რომ უკიდურესად ძუნწად და ცალმხრივად აისახება - ეს ფაქტია.

ქართული მოვლენების დღევანდელი გაშუქების ეს ინერცია ნაწილობრივ შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ედუარდ შევარდნაძემ სახელი მოიხვეჭა როგორც ჭეშმარიტმა დემოკრატმა.

როგორც მკითხველისათვის ცნობილია, „ლიტერატურნაია გაზეტაუცვლელად ერთგულია პრინციპისა, თავისი ფურცლები დაუთმოს განსხვავებულ აზრებს, პრინციპებს, რაც თავისუფალი პრესის ერთადერთ მისაღებ პრინციპს წარმოადგენს. ახლანდელი თბილისური ხელისუფლების შეხედულებები ჩვენ არაერთხელ ავსახეთ - საკმარისია ჩაიხედოთ ამა წლის მე-3, მე-5, მე-8, მე-12 და რიგ სხვა ნომრებში. ზვიად გამსახურდიას არა ნაკლებ სხვებისა აქვს უფლება საქვეყნოდ გამოხატოს თავისი აზრი, განსაკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი რჩება აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად და მას მხარს უჭერს ქართული მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამიდან ბევრი რამ ვერ ვირწმუნე, მაინც ვფიქრობ, იგი საინტერესო იქნება მკითხველისათვის. ზვიად გამსახურდია თავადაც ხაზს უსვამს იმას, რომ რიგი ცნობები სავარაუდო ხასიათისაა, მათი უტყუარობის ხარისხი სწორედ მაშინ გახდება ნათელი, როცა საქართველოდან შეუფერხებლად წამოვა ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.

- როდესაც ვფიქრობ თქვენი პრეზიდენტობის თვეებზე და თქვენი დამარცხების მიზეზებზე, ამგვარი აზრები მომდის: არ გეჩვენებათ, რომ რევოლუციონერის ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია ლეგალური პოლიტიკური ხელმძღვანელისა - ეს პრინციპულად სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიაა. მეჩვენება, რომ გამუდმებული ბრძოლის მეტისმეტი, გადაჭარბებული ინერცია, დაპირისპირებულობა აშკარად შესამჩნევი იყო თქვენს ქცევაში თქვენივე პრეზიდენტობის დროს.

- მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგია აქ არაფერ შუაშია. ჩემს ადგილას მყოფი ნებისმიერი ადამიანი დამარცხდებოდა ალბათ, თუკი მის წინააღმდეგ დაირაზმებოდა მთელი კრემლის იმპერია, პირადად გორბაჩოვი, შევარდნაძე და მათი გარემოცვა, ასევე უზარმაზარი სამხედრო მანქანა, ძირითადად შემდგარი სისხლის სამართლის დამნაშავეებისაგან, პლუს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. ფაქტიურად ეს იყო პრეზიდენტობა დრაკონის მუცელში.

- ეს სიტყვები ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია. მაგრამ როგორც ბევრ სხვას, მეც მიჭირს მათი აღქმა. საქმე იმაშია, რომ თქვენი პრეზიდენტობის ხანა დაემთხვა ისეთ მშფოთვარე დროს თვით მოსკოვის ხელმძღვანელობისათვის, რომ მათ თქვენთვის არ ეცალათ. და მერე, თქვენს გარდა კიდევ 14 რესპუბლიკა იყო... ანუ რაღაცნაირი დესტრუქციული აქციები ხორციელდებოდა, მაგალითად, ლიტვაში, ლატვიაში. მაგრამ აგონიაში მყოფმა მოსკოვის რეჟიმმა ვერ შესძლო რაიმე სერიოზულის მოხდენა. ვერც ერთ რესპუბლიკაში მან ვერ მოახერხა არასასურველი მთავრობის დამხობა. ისე კი, მისთვის ბევრი არ იყო სასურველი და მოსაწონი.

- ასეთნაირად ფიქრი შეცდომაა. ცენტრი ყველაზე მეტად ერეოდა ქართულ საქმეში, ყველაზე მეტად ჩემზე ახდენდა ზეწოლას. საქართველოში ის ყველაზე მეტად ატარებდა დესტრუქციულ მუშაობას. მათ შორის პირადად გორბაჩოვი, თუმცა მას ისე ეჭირა თავი, თითქოს ნაკლებად აინტერესებდა საქართველო, დაე, ქართველები თვითონ გაერკვნენ თავიანთ ამბებშიო. იგი მე პირადად მირეკავდა, მემუქრებოდა, შანტაჟს მიწყობდა და ბოლოს და ბოლოს შეასრულა კიდეც თავისი მუქარა. არჩევნებში ჩვენი გამარჯვების პირველივე დღეებიდან მან ომი გამოგვიცხადა და მისმა აგენტურამ საქართველოში „მხედრიონის“ და სხვა მსგავსი ბანდების სახით მაშინვე დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედება. იოსელიანის ბანდები თავს ესხმოდნენ მილიციას. იტაცებდნენ იარაღს, ფაქტიურად მე პირველივე დღეებიდანვე ჩათრეული აღმოვჩნდი ომში, ამასთან კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უიარაღოს როლში. ვიმეორებ, ეს მოწინააღმდეგე იყო უზარმაზარი იმპერია. მისი დაქირავებული ბანდებისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სახით.

- დიახ. თქვენს გამოსვლებში გამუდმებით ამტკიცებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საბჭო თავისი ხელისუფლების დამყარებისა და განმტკიცებისათვის იყენებდა და იყენებს ამიერკავკასიის სამხედროებს. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ასეთი გამოყენების ფაქტების დამალვა ძნელია. მაგალითად, აზერბაიჯანის ან სომხეთის მხარეზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი ტექნიკის ყოველი გამოყენების შემთხვევა ფართოდ ცნობილი ხდება ყველასათვის. ეს შეიძლება ითქვას აგრეთვე ამავე ოლქის ოფიცერთა ან ჯარისკაცთა მონაწილეობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. რატომ უნდა წარმოადგენდეს აქ გამონაკლისს საქართველო. ამასთან საქართველოს საქმეში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის რომელიმე მსხვილი ჩარევის შესახებ საერთოდ არ არის ცნობილი.

- წარსულ მოვლენებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის როლი უდიდესი იყო. განსაკუთრებით კი გასული წლის აგვისტოს პუტჩის დროიდან, პუტჩის დღეებში სამხედროები მოვიდნენ ჩემთან და პირდაპირ მითხრეს: „თქვენ უნდა აღადგინოთ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება“. მე ვუპასუხე: „რანაირად შემიძლია საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, როცა ხალხმა სულ სხვა ხელისუფლება აირჩია“. შემდეგ პუტჩი ჩაიშალა, მაგრამ იგივე ხაზი გაგრძელდა. დაშალეს, გახლიჩეს ჩვენი გვარდია. გააძლიერეს „მხედრიონი“ და პირდაპირ დაიწყეს ომი. მე არ ვყოფილვარ მშვიდობიანი ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვიყავი პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც საომარ მდგომარეობაში იყო...

- მაგრამ ამიეკავკასიის სამხედრო ოლქი ხომ გამუდმებით აცხადებდა თავის ჩაურევლობაზე და ნეიტრალიტეტზე. დეკემბერ-იანვრის ამბების დროს კი - თითქმის ყოველდღე.

- ეს სასაცილოა. ეს იყო ტიპიური ცრუ პროპაგანდა. აი ასეთი მაგალითიც: ბრძოლების დროს იყო ერთი მომენტი, როცა ჩვენს მოწინააღმდეგე გვარდიელებს საბრძოლო მასალა შემოელიათ, უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა იყვირა: „ჩვენი მეგობარი სამხედროები მოვიდნენ დასახმარებლად და „კამაზებით“ მოგვიტანეს იარაღიო“. გესმით, მათ მოიტანეს „კამაზებით“ იარაღი, მოიტანეს ახალი „ბმპ“ და რამდენსაც არ ვანადგურებდით მათ „ბეტეერებს“, სულ ახალ-ახალი მოსდიოდათ რა, ხომ არ ბადებდნენ მათ?! აშკარაა, რომ ამ „ბეტეერებს“ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი უგზავნიდათ. ჩვენ ვიდეოფირზეც კი გვაქვს გადაღებული, როგორ დაიღუპა ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარისკაცი იყო და მათ მხარეზე იბრძოდა. შემდეგ კი გენერალმა ბეპევმა, სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, პირდაპირ განაცხადა ამის შესახებ მოსკოვის ტელევიზიით, ჩვენ ბრალს გვდებენ, თითქოს სახელმწიფო საბჭოს ტანკებს ვაწოდებდით, რათა მას წესრიგი დაემყარებინა დასავლეთ საქართველოში, და უცებ ეს ტანკები, ტ-72-ები, აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთში, როგორ მოხდა ეს? ერთი სიტყვით, ერთი ჩვენებური ანდაზისა არ იყოს, ქურდი დღეში სამჯერ გამოტყდებაო.

რაც შეეხება რევოლუციონერისა და ხელმძღვანელის ფსიქოლოგიას, განსხვავება, რასაკვირველია, არის. ამაში თქვენ მართალი ხართ. ადამიანი უნდა გარდაიქმნას. მაგრამ თუ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს ხალხი მხარს უჭერს, ეს დიდი პლიუსია მისთვის, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელისათვის, ასეთი მხარდაჭერა მე მქონდა, მაგრამ არ მყოფნიდა იარაღი და არმიის მხარდაჭერა. ვერ შევძელი მისი შექმნა. ამაში იყო მთელი ჩემი ტრაგედია. ფაქტიურად აღმოვჩნდი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, მოსკოვის სუკისა და შინაგან საქმეთა განყოფილების ბრჭყალებში. როგორც კი დავიწყე ეროვნული გვარდიის შექმნა, მაშინათვე დამირეკა პუგომ და მითხრა, რომ იგი მიკრძალავს ამის გაკეთებას. ასეთ მდგომარეობაში ვინ გააკეთებდა იმაზე მეტს, ვიდრე მე. ამას ერთვოდა კომუნისტური პარტიის საბოტაჟი. ფაქტიურად მთელი კადრები კომუნისტური იყო. ისინი სულ ჩრდილოეთით, მოსკოვისკენ იყურებოდნენ და ელოდებოდნენ შევარდნაძის ჩამოსვლას.

- მაგრამ საწყისი მდგომარეობა ხომ ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთნაირი იყო?

- დიახ, ეს ასეა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ყველა მათი ხელმძღვანელი ყოფილი პარტოკრატი იყო. მე ვიყავი ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც კომკავშირელი არ ვყოფილვარ. ასეთი პრეზიდენტი დღეს ელჩიბეია.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ ...

- რა თქმა უნდა, ვერ მიტანდნენ, როგორც თეთრ ყვავს და როგორც არა მათი კლანის ადამიანს. აი, ამიტომ მოაწყვეს ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ მოსკოვი და შევარდნაძე მუშაობდნენ? პრეზიდენტმა ელჩიბეიმ ამასწინათ თქვა, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მუშაობდნენ ბაქოშიც და ერევანშიც, შუა აზიაშიც...

- სავარაუდოა, რომ თქვენი ახლო მეგობრები, როგორებიც არიან... მართლაც კარგად ხართ ინფორმირებული საქართველოს დღევანდელი სიტუაციის შესახებ. როგორია ის. კერძოდ, რა შეგიძლიათ თქვათ თქვენი მომხრეების მიერ თბილისის ტელეცენტრის აღების თაობაზე. თქვენ ნამდვილად არ ყოფილხართ ამ აქციის თანამონაწილე?

- აშკარად ჩანს, რომ თქვენ დეზინფორმაციის კამპანიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებით. არავითარი თავდასხმა ტელეცენტრზე არ ყოფილა. ყოველივე ეს ინსცენირება იყო. თბილისში მას „ედუარდ-შოუს“ უწოდებენ. ეს დაახლოებით ასე მოხდა: მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდა დეპუტატი შურღაია, რომელიც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტს და რომელიც ჩემი რწმუნებული იყო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე მას გადავაბარე პრეზიდენტობა, როგორც ამას თქვენს გაზეთებში წერენ. ასეთი რწმუნებულები საქართველოში ათობით მყავს. ისინი ხელმძღვანელობას უწევენ სწორედ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და არა შეიარაღებულ ბრძოლას, როგორც ამას ზოგიერთი წარმოსახავს. და, აი, დეპუტატ შურღაიასთან მივიდნენ შინაგანი ჯარების ოფიცრები, რომლებმაც მას განუცხადეს, რომ ისინი მომხრეები არიან და აპირებენ ხელისუფლების თავიანთ ხელში აღებას, რომ მათ უკვე დაიკავეს ტელევიზია და დეპუტატებს იწვევენ, რათა მიმართონ ხალხს, უთხრან მათ სიმართლე. დეპუტატი შურღაია ამ მომენტში წინასაინფარქტო მდგომარეობაში იყო და ავადმყოფი კაცი ძალით ააყენეს საწოლიდან, ლოგინში იწვა და ტელევიზიაში მიიყვანეს. ასე და ამგვარად, ზუსტად ასევე მიიტყუეს იქ სხვა დეპუტატებიც - დანგაძე, ჩოლოყაშვილი და სხვები. ვიმეორებ, რომ არავითარი აღება არ ყოფილა, ადრიდანვე გაკეთდა ისე, რომ დაცვა წავიდა. ამით შექმნეს ტელევიზიის აღების ილუზია. დეპუტატებმა რადიოთი მიმართეს ხალხს, გამოვიდა აგრეთვე რამდენიმე სტუდენტი - რა თქმა უნდა, ხუნტის მოქმედების კრიტიკით.

რისთვის გათამაშდა მთელი ეს ინსცენირება? საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო საბჭო ხედავდა პოლიტიკური ოპოზიციის ტალღის საშიშ მომძლავრებას ტერორის და სადიზმის წინააღმდეგ. მათ შეეშინდათ მასობრივი გამოსვლების, დემონსტრაციების, მიტინგებისა და ამიტომაც მოაწყვეს „გადატრიალების ცდა“, რათა საბაბი ჰქონოდათ მასობრივი რეპრესიების ჩასატარებლად. ასეთი მიზეზი მათ მიიღეს. როგორც კი ტელევიზიის „ამღებნი“ ტელევიზიაში მოხვდნენ, შინაგანი ჯარების ოფიცრები, რომლებმაც ყოველივე ეს წამოიწყეს, მიიმალნენ, ხოლო მათ ადგილას საქმეში ჩაება „მხედრიონის“ „სადამსჯელო ბანდების“ ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „პატრიოტს“, სინამდვილეში კი მისი წევრები სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. მათ დაიწყეს ადამიანთა დახვრეტა და დაპატიმრებები.

შემდეგ იგივე შინაგანი ჯარების ოფიცრები გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადეს, რომ გადატრიალების მოხდენა მათ გამსახურდიამ დაავალა. განა გაგიგიათ როდესმე ან რომელიმე ქვეყანაში, რომ სამხედროები, რომელთაც გადატრიალების მოხდენა სურდათ, არ დაეპატიმრებინოთ და მათ ემხილებინოთ პრეზიდენტი, რომელმაც ყოველივე ეს დაავალა.

ყოველივე ეს გაკეთებული იყო ბავშვურ დონეზე. სხვათა შორის, არავინ წამოეგო პროვოკაციაზე, არავინ მიკარებია ტელევიზიას, თუმცა ხალხს კი მოუწოდებდნენ... მაგრამ ეს პროვოკაცია, ვიმეორებ, გახდა მიზეზი არნახული მასშტაბის რეპრესიებისა და ტერორისა. დააპატიმრეს ასობით ადამიანი. ამასთან აპატიმრებენ არა მარტო რაღაცაში ეჭვმიტანილებს, არამედ მათ ნაცნობებს, ნათესავებს, მეზობლებს. თუ კაცი სახლში არ დახვდათ - აპატიმრებენ მშობლებს, მძევლად აჰყავთ ბავშვები: დაპატიმრებულთ სასტიკად აწამებენ. თვით სტალინ-ბერიას დროისათვის გაუგონრადაც კი. საცოდავი შურღაია ფეხებით ჩამოკიდეს, რაღაც ნემსები გაუკეთეს და იგი ტელევიზიით გამოვიდა განცხადებით „პრეზიდენტი უნდა გადადგესო“.

- ძნელია ყოველივე ამის დაჯერება, ეს ძნელად უთავსდება შევარდნაძის სახელს. რომელი წყაროებიდან არის მიღებული ეს ცნობები?

- ყველაზე საიმედო წყაროებიდან, საქართველოში ძალზე ადვილად ხდება ყოველივე ამის გაჟონვა ციხეებიდან და საგამომძიებლო იზოლატორებიდან.

- მაგრამ თქვენს დროსაც ხომ აწამებდნენ ადამიანებს. ტელევიზიით ბევრჯერ აჩვენეს რაღაც მოწყობილობა, რომელიც თითქოსდა მთავრობის სასახლის სარდაფში იქნა აღმოჩენილი და თითქოს წარმოადგენდა მოწყობილობას ელექტრული დენით წამებისათვის.

- ყველაფერი ეს იყო უბადრუკი ფალსიფიკაცია. არავითარი წამება არ ყოფილა.

- გვითხარით, თუკი დღევანდელი დაპირისპირებულობა გაგრძელდება, რა მოელის საქართველოს?

- თუ ყოველივე ეს შემდგომშიც გაგრძელდება, მაშინ საქართველოს უეჭველად მოელის ტერორი და რეპრესიები, ტოტალიტარული რეჟიმი, უფრო უარესი ვარიანტით, ვიდრე ეს ჰიტლერულ გერმანიასა და სტალინ-ბერიასეულ საბჭოთა კავშირში იყო, ვიმეორებ, გაცილებით უარესი, რადგან ამას ემატება არნახული სადიზმი, სისხლის სამართლის დამნაშავეობა... რეპრესიებს ანხორციელებენ სისხლის სამართლის დამნაშავენი. ეს ყველაზე საშინელია. ოთხი ათასი სისხლის სამართლის დამნაშავე იქნა გამოშვებული ციხეებიდან. მათ იარაღი დაურიგეს. ამასთან, პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა ტელევიზიით, რომ დამნაშავეებს ამნისტია უნდა გამოეცხადოთ, რადგან ისინი იარაღით ხელში იბრძოდნენ დიქტატურის წინააღმდეგ. აი, ეს ადამიანები ანხორციელებენ ახლა საქართველოში ტერორს და ძალმომრეობას.

- რამდენად უტყუარია ეს მონაცემები?

- აბსოლუტურად უტყუარია. სიტყვამ მოიტანა და ამის შესახებ მოსკოვშიც წერენ. მართალია წერს არაოფიციალური პრესა. ოფიციალური კი სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევს თავის თავს.

ასე რომ, საქართველოს სამწუხაროდ ელის სტალინიზმის აღორძინება, მაგრამ შემდეგ ეს გადაედება რუსეთსაც, რადგან საქართველო ყოველთვის იყო საცდელი პოლიგონი რუსეთისათვის ის, რაც იწყებოდა საქართველოში, შემდეგ გადადიოდა რუსეთში, იქედან მოვიდა ბოლშევიკური ტერორი, იქიდან მოვიდა სტალინი, რუსი ინტელიგენტებიც და ჟურნალისტებიც და საერთოდ ყველანი. მოვა დრო და პასუხს აგებენ იმის გამო, რომ მათ თვალი დახუჭეს იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება.

საჭიროა არა ყურების დაცობა და თვალის დახუჭვა, როგორც ახლა ამას აკეთებთ თქვენ, არამედ ყოველივე უნდა ნახოთ საკუთარი თვალით, ელაპარაკოთ ადამიანებს... ათასობით დევნილი ტოვებს თავის სახლ-კარს და გარბის აფხაზეთში, გაურბინ ტერორს. 1937 წელს რაღაც იურიდიული საფუძველი მაინც იყო ტერორისათვის, იყო მართლმსაჯულების რაღაც ნიშან-წყალიც, არსებობდა სამეულები, რომლებიც სასამართლოს გამოხატავდნენ. ახლა კი ესეც არ არსებობს. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სისხლის სამართლის დამნაშავე მოსამართლეა. მას შეუძლია შეიჭრას ნებისმიერ სახლში, დააპატიმროს ვინც უნდა, მოიპაროს რაც უნდა, გაძარცვოს ვინც უნდა, დახვრიტოს ვისაც მოისურვებს, მათ მართალია გააჩნიათ „მხედრიონის“, ეროვნული გვარდიისა და სხვა დამსჯელი ორგანიზაციების წევრობის მოწმობა, მაგრამ ეს არსებითად საქმის არსს არ ცვლის.

- რას აკეთებთ დღეს გროზნოში?

- ვკრებ და ვავრცელებ ინფორმაციას, ვაძლევ ინტერვიუებს, ვააშკარავებ ბოროტებას, დღეს იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ნელ-ნელა რეაგირებას იწყებს საზღვარგარეთი, პროტესტის ძალზე დიდი კამპანია იყო ფინეთში, როცა იქ ჩავიდა შევარდნაძე, ასე რომ, გამმააშკარავებელი კამპანია ნელ-ნელა იკრებს ძალას, თუმცა ბოლო დრომდე მას ხელს უშლიდნენ შევარდნაძის გავლენიანი საზღვარგარეთელი მეგობრები, როგორებიც არიან ბუში და ბეიკერი, მაგრამ მათი აქციები ეცემა. გარდა ამისა, ამას წინათ პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატებისაგან ბილ კლინტონმა ბუშის წინააღმდეგ მოყვანილ სხვა არგუმენტაციებს შორის დაასახელა ის, რომ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი მხარს უჭერს ტერორისტულ რეჟიმს საქართველოში. ცოტა ხნის წინ კი მან განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი გადასინჯავს აშშ-ს დამოკიდებულების საკითხს იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რომელთაც კომუნისტები ხელმძღვანელობენ, განსაკუთრებით კი საქართველოსადმი დამოკიდებულების საკითხს.

- რაიმე სახით დაკავშირებული ხართ თუ არა უშუალოდ საქართველოში იმ ადამიანებთან, რომლებიც ხან აქ, ხან იქ გამოდიან ახლანდელი თბილისური ხელისუფლების წინააღმდეგ?

- რანაირად უნდა ვიყო მათთან დაკავშირებული? მე არ გამაჩნია არც რაცია, არც დაკავშირების სხვა საშუალება. ეს გამოსვლები სტიქიურია და მოსახლეობის თავდაცვის მიზნით ხდება. თუკი თქვენს სახლში ბანდიტები შემოგეჭრათ და თქვენი შვილების მოკვლა მოგინდომათ, რას გააკეთებთ? არ აიღებთ ხელში იარაღს? თუკი თქვენ მოგკლავთ ბანდიტი, განა თქვენი ძმა არ აიღებს იარაღს ხელში?

- საქართველოს ტერიტორიაზე არ არის შექმნილი წინააღმდეგობის მაკოორდინირებელი ცენტრი ან ხელმძღვანელობა?

- არავითარი ცენტრი არ არსებობს.

- დავუშვათ, სტიქიურად ხდება მოსახლეობის თავდაცვა, მაგრამ ყოველგვარი დივერსიები - ხიდების, რკინიგზის ლიანდაგის უბნების აფეთქება, რეჟიმის სხვადასხვა მოღვაწეებზე თავდასხმა, მათი მოტაცება, ეს ხომ არაფრით არ ჰგავს სტიქიურ მოქმედებებს, ყოველივე ამას ეტყობა ვიღაც გეგმავს და ხელმძღვანელობს.

- მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ დივერსიების უმეტესობას ანხორციელებს თავად ხუნტა, რათა მათ საბაბი მიეცეთ დამსჯელო ოპერაციების ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც ეს ტელეცენტრში მოხდა. სიმართლეს „მხედრიონის“ მხეცობის შესახებ ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს მთელი მსოფლიო. მაგალითად, თუნდაც იმის შესახებ, რაც მათ წალენჯიხაში ჩაიდინეს. მათ დაწვეს მთელი ქალაქი. მოკლეს მრავალი ადამიანი. წალენჯიხის ეკლესია მორგად აქციეს. ათასობით ადამიანი გაიქცა აქედან. იქ ისევე შეუძლებელია ცხოვრება, როგორც მთელს სამეგრელოში.

- შეუძლებელია ეს დარჩენილიყო მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების გარეშე, მაგრამ ამის შესახებ ხომ არავითარი ინფორმაცია არ ყოფილა.

- არსად, აქ არც ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, არც გაზეთებში, არც „ოსტანკინოს“ გადაცემებში.

- ეს როგორღაც დაკავშირებულია კავსაძის მოტაცებასთან, ის ხომ ზუსტად იმ რაიონში მოტაცებული?

- ამ მოვლენების შემდეგ მოიტაცეს კავსაძე, ცხადია, ის მიდიოდა შემდგომი სადამსჯელო რეპრესიების ინსტრუქციებით, იგი შევარდნაძისდროინდელი ცნობილი დამსჯელია. სადამსჯელო სამუშაოებს ასრულებდა ჩვენი დისიდენტობის დროსაც. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ალბათ, მას რაღაც დავალება ჰქონდა მიცემული. ეს ხალხმა გაიგო და იგი მოიტაცეს. ეს ჩემი ვარაუდია. ამის შესახებ არავითარი უტყუარი ინფორმაცია არ გამაჩნია. ისეთ მეთოდებს, როგორიც ადამიანთა გატაცებაა, მე არ ვამართლებ.

- გეშინიათ თუ არა თავდასხმის? ატარებთ თუ არა ირაღს?

- რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხე არსებობს, ამ ცოტა ხნის წინ აქ, გროზნოში დააპატიმრეს საქართველოდან შემოგზავნილი ტერორისტი, რომელსაც სურდა დუდაევისა და ჩემი მოკვლა. გარდა ამისა, მივიღე გაფრთხილება, რომ საქართველოში შექმნილია და აქ შემოგზავნილია რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი. ხუნტისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. იარაღი კი არ მჭირდება. ჩემი იარაღი ჩემი სიმართლეა.

- ტოვებთ თუ არა ხანდახან გროზნოს და გადიხართ თუ არა მის ფარგლებს გარეთ?

- რა თქმა უნდა, მე არავის არ მეშინია, თვით სიკვდილისაც კი.

- რა შეფერხებები გაქვთ ფინეთში გამგზავრებასთან დკავშირებით?

- ყოველნაირ შეფერხებებს მიქმნის რუსეთი და ვფიქრობ, ასევე ბუშიც. იმიტომ, რომ მას არ უნდა, რომ სიმართლე ვთქვა.

- მე პირველად ვესაუბრები დამხობილ პრეზიდენტს. გრძნობთ თუ არა თავს უბედურ ადამიანად?

- უბედურად არასდროს არ ვთვლი თავს, რადგან მე მორწმუნე ვარ. მე მწამს იმქვეყნიური ცხოვრების და ღვთის სამართლისა, უბედური კი ის არის, ვინც ბოროტებას, ძალადობას სჩადის, ადამიანებს კლავს, ღალატის გზას ადგას.

- მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ყოველთვის უშეცდომოდ მოქმედებდით? თქვენ ერთხმად იყავით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ პრეზიდენტად. სარგებლობდით მათი დიდი მხარდაჭერით. ასეთ ვითარებაში რამ შეგიშალათ ხელი ქვეყანა დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმების გზით წაგეყვანათ?

- შეცდომები ყველას მოსდის. ჩემი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ზედმეტ ლიბერალიზმს ვიჩენდი და საშუალებას ვაძლევდი დამნაშავე ძალებს ემოქმედათ. ასე მიმაჩნია არა მარტო მე. ასე თვლის ბევრი. მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო, რადგან ბუნებით ჯალათი არა ვარ. თუმცა მომაწერდნენ, რომ ტირანი, დიქტატორი ვიყავი. ერთი მითხარით, სად გინახავთ ისეთი დიქტატურა, რომლის დროსაც 25 ოპოზიციური გაზეთი გამოდიოდეს, რომლებიც დღე და ღამე ლანძღავენ პრეზიდენტს და პარლამენტს, ცილს სწამებენ მას?

- მაგრამ ამასთან ხომ ცნობილი ფაქტებია, რომ აკრძალეთ გაზეთები, აკრძალეთ მოსკოვის ტელევიზიის გადაცემები?

- მე რამდენჯერმე შევაჩერე ტრანსლაცია, რადგანაც გადმოსცემდნენ ისეთ დეზინფორმაციას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სისხლისღვრა აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სხვა ადგილებში. ასე რომ, ეს კეთდებოდა არა სისტემატურად, არამედ ცალკეულ შემთხვევებში.

- ამ ცოტა ხნის წინოსტანკინოსტელევიზიას თქვენ უწოდეთოსტანკინოს სადეზინფორმაციო ცენტრი. ვფიქრობ, ეს უსამართლო შეფასებაა. რა თქმა უნდა, „ოსტანკინოსტელეგადაცემებში, როგორც ნებისმიერ ჟურნალისტურ მასალაში, გვხვდება არც თუ უტყუარი ცნობები. მაგრამ მთლიანად და ეს საყოველთაოდ აღიარებულია, ეს ტელეკომპანია ისწრაფვის მოვლენათა ობიექტური გაშუქებისაკენ.

- ეს შემთხვევით არ ხდება. დგილი აქვს ინფორმაციის სისტემატურ დამალვასა და დამახინჯებას. ერთი მხრივ, არის „გამსახურდიას დიქტატურა“, „გამსახურდიას ფაშიზმი“, ხოლო მეორეს მხრივ კი „დემოკრატი შევარდნაძე“, „დემოკრატიული ძალები“... რომელი დემოკრატიული ძალები? რომელმაც ასობით ადამიანი დახვრიტა? აი, ეს არის თქვენი „ოსტანკინოს“ სიმართლე. რამდენი ვიდეოფირი გადავეცით მათ მიტინგების დახვრეტის, სხვა ბოროტმოქმედებათა შესახებ. არაფერი არ გასულა ეთერში.

- ვის გადაეცით?

- „ოსტანკინოს“ გადავეცით, „ვესტისაც“ გადავეცით.

- თქვენ თვლით, რომ ეს ტელევიზიის ხელმძღვანელობის პოზიციაა?

- რასაკვირველია, ხელმძღვანელობისა. ის შეგნებულად უჭერს მხარს შევარდნაძეს, ითვლება კი დემოკრატიის, საჯაროობის მიმდევრად.

- ახლა თქვენ, როგორც წინათ, ისევ ხელისუფლებას ებრძვით?

- გააჩნია როგორ ხელისუფლებას. მე ყოველთვის ვებრძოდი დამნაშავე ხელისუფლებას. ნორმალური ხელისუფლების წინააღმდეგ მე არასოდეს არ მიბრძოლია. თუმცა საქართველოში ასეთი ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა. ახლანდელი ბანდის ხელისუფლებას, მე საერთოდ არ ვთვლი ხელისუფლებად, იგი ვრცელდება თბილისის რამდენიმე რაიონში, დანარჩენი საქართველო მათ არ ემორჩილება.

- საჭიროდ თვლით თუ არა შეიარაღებულ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ?

- შეიარაღებული ბრძოლა საჭირო არ არის. რადგან მე მწამს სახარების მცნებისა, ვინც მახვილს აიღებს ხელში, იგი მახვილითვე განიგმირება, თავიანთი ნამოქმედარით, თავიანთი ბოროტებითა და უკანონობით - ისინი თავად ითხრიან სამარეს, ყველა ტერორისტულ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლებას ხიშტებით ინარჩუნებს, ერთი ხვედრი ელოდება. როგორც ტალეირანი ამბობდა, ხიშტები ყველაფრისთვის გამოდგება, დასაჯდომად კი არა.

- სია ბრალდებებისა, რომელთაც თქვენ შევარდნაძეს უყენებთ, ნამდვილად უსასრულოა. მრავალი მათგანი ალბათ სამართლიანია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელის პოსტზე მისი მოღვაწეობის პერიოდს. მაგრამ მოსკოვში გარდაქმნის პერიოდში, მან საერთო შეხედულებით თავი გამოიჩინა. არ გეჩვენებათ, რო თქვენ რამდენადმე უსამართლო ხართ მის მიმართ იმ მხრივ, რომ არ გსურთ დააფასოთ მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა გარდაქმნის პერიოდში?

- ეს იყო იძულებითი მოქმედება. ის და გორბაჩოვი რეალისტები იყვნენ. მათ კარგად ესმოდათ, რომ შემდგომში ანდროპოვისებურად გაგრძელება არ შეიძლებოდა, მათ ძალა რომ ჰქონოდათ, ისინი ძველებურად გააგრძლებდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირს ძალა არ ჰქონდა. სამხედრო საქმეში ჩამორჩენა დაიწყო. ეკონომიკამ კრახი განიცადა, ხოლო იდეოლოგიამ მით უმეტეს...

- ჯერ კიდევ ამ ცოტა ხნის წინ თქვენ ამტკიცებდით, რომ რუსეთი არ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს დიპლომატიურ კავშირებს მასთან იმ მიზეზით, რომ სურს მისი, როგორც კოლონიისა და სამხედრო პლაცდარმის შენარჩუნებაო. ამას გარდა - წერდით თქვენ, - რუსეთი თვლის, რომ საქართველომ რუსეთის ნაწილად უნდა აღიაროს შიდა ქართლი (სამხრეთ ოსეთი ..) და აფხაზეთი. მაგრამ ჩემთვის ცნობილი არ არის ერთი განცხადებაც კი რუსეთის რომელიმე ხელმძღვანელისა, სადაც დაყენებულია საკითხი აფხაზეთის რუსეთისათვის მიერთების შესახებ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და ხელმძღვანელთა არაერთჯერად მოთხოვნას რუსეთთან შეერთების თაობაზე რუსეთი დუმილით პასუხობს. და ბოლოს, როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინ რუსეთმა აღიარა საქართველო და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მასთან.

- ეს იყო შედეგი დაგომისის კაპიტულაციისა, რომელსაც შევარდნაძემ ხელი მოაწერა დაგომისში. ამით მან ფაქტიურად აღიარა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილად და დათანხმდა იქ ეგრეთწოდებული სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე, ამიტომ რუსეთმა ეს აღიქვა, როგორც ყველა თავისი პირობის შესრულების პირველი ნაბიჯი და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ადგილი ჰქონდა აგრეთვე ზეპირ დაპირებებსაც, რომ საქართველო დარჩება სამხედრო პლაცდარმად და შევარდნაძე და მისი სახელმწიფო საბჭო არასდროს არ მოითხოვს რუსი ჯარისკაცების გაყვანას. და ამიტომაც აღიარა რუსეთმა საქართველო დაგომისში - ეს არის კაპიტულაცია. ახლა ეგრეთწოდებული სამშვიდო ძალები ანიარაღებენ ქართულ მოსახლეობას და ამ იარაღს აძლევენ ოსურ მოსახლეობას. ეს კიდევ უარეს სისხლისღვრას გამოიწვევს უახლოეს მომავალში. რა უფლებით შეჰყავთ რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე? საქართველო ხომ სნგ-ს წევრი არ არის?

- როგორ მიგაჩნიათ, რამდენი აქტიური მომხრე გყავთ? რა ამოძრავებთ მათ - იდეისადმი ერთგულება თუ პირადად თქვენდამი ერთგულება?

- ჩემს მომხრეთა რაოდენობაზე მე მხოლოდ დაახლოებით შემიძლია ვთქვა, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ეს დაახლოებით მოსახლეობის 90 პროცენტია, როგორც ეს უწინ იყო, როცა მე პრეზიდენტად ამირჩიეს. რა ამოძრავებთ მათ? რასაკვირველია, უმრავლესობას ამოძრავებს სწორედ იდეა. ჩემში ისინი ხედავენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განსხეულებას. ამიტომ არიან ისინი ასე უდრეკნი, რომ გენახათ ის მიტინგები, რომლებიც დახვრიტეს... როგორ მიდიოდნენ უიარაღო ადამიანები ტანკებისა და ტყვიების წინააღმდეგ, უსათუოდ დარწმუნდებოდით ამაში.

გროზნო-მოსკოვი.
ლიტერატურნაია გაზეტა
31.VII. 1992.

რა ხდება საქართველოში: ზვიად გამსახურდია პასუხობსლიტერატურნაია გაზეტასმიმომხილველის ოლეგ მოროზის შეკითხვებზე // აღდგომა. - 1992. - 7 აგვისტო. - 14. - 1,2 გვ.

45 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელ ხანებში თბილისის ნეოკომუნისტურმა ხუნტამ შექმნა დიდი აჟიოტაჟი საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით. ხუნტის საპროპაგანდო საშუალებები ისე სახავენ საქმეს, რომ თითქოს საქართველოს გაეროში მიღება, მისი ცნობა-აღიარება სხვადასხვა ქვეყნების მიერ შევარდნაძის უშუალო პირადი დამსახურებაა და, რომ კანონიერ ხელისუფლებას საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ჰყავდა მოქცეული, რომლისგანაც იგი თურმე შევარდნაძემ და მისმა რეჟიმმა გამოიხსნა.

დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტომატურად მოხდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ცნობა და გაეროში მიღება, 22 ქვეყანამ და მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველო ცნო ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალებამდე. ე.ი. კანონიერი ხელისუფლების არსებობის დროს, მანამდე კი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას და ბლოკადას გეგმაზომიერად ახორციელებდა მოსკოვი იმავე შევარდნაძის მეშვეობით.

რაც შეეხება გაეროში მიღების დაგვიანებას, ამასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი, რომელიც არის წევრი უშიშროების საბჭოსი და სარგებლობს ვეტოს უფლებით, წინააღმდეგი იყო საქართველოს გაეროში მიღებისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოუგვარებლობის გამო. რუსეთის თვალსაზრისით საქართველოს უნდა დაეთმოს ეს ტერიტორია, დათანხმებულიყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსზე და რუსეთთან შეერთებაზე. დაგომისის შეხვედრამდე ეს საკითხი ღიად იყო დატოვებული, ამიტომ რუსეთი წინააღმდეგი იყო საქართველოს მიღებისა გაეროში.

დაგომისის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან საქართველოს უკანონო რეჟიმი, რომელიც უწინ რუსეთის პირდაპირ აგრესიაზე საუბრობდა სამაჩაბლოში, უეცრად დათანხმდა იგივე აგრესორის ჯარების შემოყვანაზე ოს ექსტრემისტთა ფორმირებებთან ერთად, რასაც ხელშეკრულებაში „მშვიდობისმყოფელი ძალების“ შემოყვანა დაერქვა. ამან განაპირობა შიდა ქართლის ფაქტობრივი ჩამოცილება საქართველოდან, თუმცა ოფიციალურ ხელშეკრულებაში არსად არ ვხვდებით ამგვარ ფორმულირებას, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ დაგომისის ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო პუნქტები, რომელნიც შიდა ქართლს ოსეთისა და რუსეთის ნაწილად აღიარებენ. ამ მიზეზით გადასინჯა რუსეთმა თავისი პოზიცია და მოხსნა ვეტო საქართველოს გაეროში მიღებას.

მეორე დაბრკოლება საქართველოს გაეროში მიღებისა, ეს იყო აფხაზეთის პრობლემა. რუსეთის თვალსაზრისით, აფხაზეთი უნდა ჩამოშორდეს საქართველოს და მოხდეს მისი სუვერენიტეტის აღიარება. 23 ივლისს ეს ყოველივე განახორციელა აფხაზეთის პარლამენტმა, ანტიკონსტიტუციური აქტების მიღებით. აფხაზეთის საკითხიც, როგორც ჩანს დაგომისის ხელშეკრულების ერთ-ერთი საიდუმლო პუნქტია, ამასთან აშკარაა, რომ მხარეების შეთანხმებით საქართველო ჯერჯერობით მხოლოდ დე ფაქტო სცნობს თავისი ამ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დათმობას და არა იურიდიულად, მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერჯერობით უკანონო ხელისუფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის გაუქმება, რომელიც უთუოდ რუსეთის დავალებით განახორციელა ხუნტამ, ყოველივე ზემოთქმულის პრელუდია იყო.

როგორც ვხედავთ, შევარდნაძემ საოცრად მცირე ვადაში, სულ რაღაც ოთხ თვეში მიაღწია საქართველოს დაშლას, რითაც განახორციელა იმპერიის გეგმა. ასე რომ, რესპუბლიკის მოედანზე უნდა გამართულიყო არა ზეიმი, არამედ სამგლოვიარო მიტინგი, ვინაიდან არ შეიძლება ჭკუათამყოფელი ადამიანები ზეიმობდნენ გაეროში შესვლას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დაკარგვის ფასად.

რაც შეეხება თავად გაეროს, მან ვერ გამოავლინა ერთგულება თავისი პრინციპებისადმი, ვინაიდან მხარი დაუჭირა აგრესორ ქვეყანას, რუსეთს და მხოლოდ მისი პირობების შესრულების შემდეგ მიიღო წევრად საქართველო, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა და დახმარებოდა მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. ამით მან კიდევ ერთხელ დაარღვია საკუთარი წესები, უგულვებელყო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები. ამასთან, არ არის არავითარი ნიშნები იმისა, რომ გაერო თბილისის ხუნტას მოსთხოვს ქვეყნის შიგნით ძალადობისა და ტერორის შეწყვეტას, ვინაიდან მას კრინტიც არ დაუძრავს იმ ნახევარწლიან ტერორზე და გენოციდზე, რომელიც ხუნტამ თავს დაატეხა ქართველ ხალხს. გაერო ხედავს, რომ ამ გენოციდის და ტერორის უკან ისევ რუსეთი დგას, ამიტომ იგი ისევე ინდიფერენტული და ურეაქციო იქნება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც კამპუჩიის, ავღანეთის, იუგოსლავიის, ან თუნდაც დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის საკითხში. გაერო ყოველთვის მხარს უჭერდა ძლიერ ქვეყნებს, ე.წ. ზესახელმწიფოებს და თვალს ხუჭავდა მათ იმპერიალისტურ და აგრესიულ პოლიტიკაზე, მას არასოდეს დაუცავს მსოფლიო იმპერიალიზმის მიერ ჩაგრული მცირე ერები. უფრო მეტიც, რუსეთის ჯარები დღეს გაეროს ეგიდით აგრძელებენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას და აგრესიას, როგორც მაგალითად, იუგოსლავიასა და ყარაბაღში. ასე რომ, არც საქართველო ელოდეს გაეროსაგან ხსნას. ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენი საკუთარი ერის ძალისხმევაშია და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაში.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
7 აგვისტო, 1992 .

განცხადება : საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 14 აგვისტო. - 15. - 1გვ.

განცხადება : საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. - 1გვ.

46 მიმართვა ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის იმპერიის ემისარმა და ნეოკომუნისტური ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ გამოაცხადა მოჩვენებითი პოლიტიკური ამნისტია და გამოსცა ე.წ. დიდი შერიგების მანიფესტი. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის მისი მორიგი პროპაგანდისტული მანევრი, ხუნტის შელახული პოლიტიკური რეპუტაციის გადასარჩენად და მისი ნამდვილი ზრახვების შესანიღბად მსოფლიო საზოგადოების თვალში.

მას შემდეგ, რაც ხუნტამ გააძლიერა ტერორი და რეპრესიები, მსოფლიოში გაიზარდა მამხილებელი მოძრაობა, რის შედეგადაც ხუნტა სერიოზულად არის შეშფოთებული.

პატიმრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ემნესტი ინტერნეიშენელმა“ დაიწყო შესწავლა ქართული პოლიტპატიმრების მდგომარეობისა, თუმც ხუნტის საერთაშორისო მეურვენი და მფარველები დიდხანს ამუხრუჭებდნენ ამ პროცესს. ამავე მეურვეებმა მიაღწიეს შევარდნაძის მიწვევას ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირზე, რამაც ფინეთის საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია. ამ თათბირზე შევარდნაძის გამგზავრება კრახით დამთავრდა, ვინაიდან პრესის რეაქცია ძალზე ნეგატიური იყო. შევარდნაძე ემალებოდა ჟურნალისტებს, არ პასუხობდა არავითარ შეკითხვებზე. ჰელსინკში გაიმართა მისი და ხუნტის მამხილებელი დემონსტრაცია.

დღეს მოსკოვურ და დასავლეთის პრესაშიც გახშირდა შევარდნაძის ხუნტის მხილება. მოსკოვის დისიდენტური მოძრაობა უკვე სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს მოვლენებით. ევროპის საბჭო ჯერ-ჯერობით უარს ეუბნება საქართველოს გაწევრიანებაზე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო. გაეროში იღება კი ხუნტას ავალდებულებს დაიცვას ეს პრინციპები.

აი, ამ გარემოებებმა აიძულეს შევარდნაძე შეეცვალა ტაქტიკა, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს ნიშნავს იმას, რომ ტერორის ერთ ფორმას შეცვლის მეორე. რამდენადაც პოლიტ-პატიმრების არსებობა წამგებიანია დიქტატორული რეჟიმისათვის, მათი რეპრესიული აპარატი ხშირად განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს: საიდუმლო მკვლელობებს, ცემა-წამებას, დასახიჩრებას და ა.შ. ეს ახასიათებს, მაგალითად ჰაიტის დიქტატორულ რეჟიმს. ბოლო ხანებში ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხუნტა სწორედ ჰაიტის რეჟიმის გზას ირჩევს: განთავისუფლდა ზოგი პოლიტპატიმარი (თუმც არა ველა), მაგრამ მათი უმრავლესობა არაადამიანური ცემისა და წამების შედეგად, ალბათ სამუდამო ხეიბრად დარჩება. გრძელდება ხალხის ტერორიზება, ადამიანთა გატაცებები და მკვლელობები. ასე რომ, რამდენიმე პოლიტპატიმრის განთავისუფლება ჯერ კიდევ არ მოასწავებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა გარანტირებას. ხუნტამ კიდევაც რომ შეაჩეროს დაპატიმრებები, იგი ტერორს მაინც არ შეწყვეტს, ვინაიდან ტერორის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ჩვენი მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე არც ერთ პოლიტპატიმარზე არ არის შეწყვეტილი, ისინი განთავისუფლებულნი არიან თავდებით, გაუსვლელობის ხელწერილით, რაც ამ ღონისძიებების დროებითობაზე მეტყველებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე არის წინასაარჩევნო ხრიკი, საზოგადოების ყურადღების მოსადუნებლად, ხოლო შემდგომში ამ პირებს ისევ შეაბრუნებენ ციხეში, თუ დასცალდათ არჩევნების ჩატარება, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ. აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ძირითადი ნაწილი კვლავ ციხეშია.

ასე რომ, ხუნტამ ამჯერადაც, როგორც წესი, იცრუა. რაც შეეხება ე.წ. დიდი შერიგების მანიფესტს, ესეც აშკარა წყლის ამღვრევაა. ამით ხუნტა ხაზს უსვამს ვითომდაც ჩვენს შეურიგებელ პოზიციას და თავის შემრიგებლობას, რაც სიცრუეა. ჯერ კიდევ პირველი პუტჩის დამარცხების შემდეგ, 1991 წლის ოქტომბერში მრავალგზის გამოვაცხადე შერიგება და ბრძანებულებაც გამოვეცი, რომ ყველა ის, ვინც ხელს აიღებდა ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლაზე, განთავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ პუტჩისტებმა არ იღეს ყურად ჩემი მოწოდება.

სულ ახლახანს, ა.წ. 17 ივლისს გამოვეცი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც წარსულში ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება შეიარაღებულ ფორმირებათა ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც დადგება კანონიერი ხელისუფლების მხარეზე და საქმით დაუმტკიცებს მას ერთგულებას. რამდენადაც ხუნტა, ჩვენი თვალსაზრისით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ნაწილია, მე ისინი ცალკე არ გამომიყვია. ეს ბრძანებულება გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაშიც“ კი, რა იყო ეს, თუ არა შერიგებისაკენ მოწოდება? შერიგებისაკენ, რომელიც ხუნტამ უარყო და ხსენებული ბრძანებულება ჩემთვის ახალი ბრალდების შეთითხვნის საბაბადაც კი გამოიყენა?

გარდა ამისა, რომელ ამნისტიასა და შერიგებას აცხადებს ხუნტა, რომელსაც თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული თბილისში და მთელს საქართველოში მოთარეშე სხვადასხვა ჯურის ბანდები, რომელნიც ვითომდაც არ ემორჩილებიან მას და რომელთაც თვითნებურად შეუძლიათ უკანონოდ დააპატიმრონ, დახვრიტონ, დაჭრან ან გაძარცვონ ნებისმიერი მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი, გაძარცვონ და დაარბიონ ნებისმიერი დაწესებულება თუ სატრანსპორტო საშუალება. გადაწვან ქალაქი, თუ სოფელი, რისი გამკითხავიც არავინ არის? სად არის ამ ფორმირებათა მანიფესტი ან განცხადება მათი მომავალი ზრახვებისა და გეგმების შესახებ? როგორია მათი პოზიცია ყოველივე ამასთან დაკავშირებით? როგორია ხუნტის პოზიცია მათ მოქმედებასთან დაკავშირებით? ეს კითხვები დღეს პასუხის გარეშე რჩება. ასე რომ, ხუნტის დემაგოგია დღეს ყველასთვის თვალსაჩინოა და ამგვარი ილეთებით ისინი ვეღარავის მოატყუებენ.

კონსტიტუციისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა არის ერთადერთი რეალური გარანტი სამოქალაქო მშვიდობის აღდგენისა და ეროვნული შერიგებისა.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
1992 წლის 5 აგვისტო

მიმართვა : ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 14 აგვისტო. - 15. - 1გვ.

47 მიმართვა სვანეთის მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო! ძმანო და დანო!

ჩემი ყოველი მიმართვა საქართველოს ცალკეული კუთხეების მოსახლეობისადმი გამოწვეულია იმით, რომ დღევანდელი საქართველოს უკანონო ხელისუფლება, შევარდნაძის ნეოკომუნისტური, კრიმინალური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს ზოგადქართული ერთიანობის დარღვევას, კუთხეებს შორის შუღლის დათესვას და საბოლოო ჯამში სეპარატიზმის გაღვივებას, რაც იმპერიული სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანთვისებაა.

როგორც ხედავთ, მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ ჩვენი საერთო ძალისხმევა და ურთიერთგაგება საწინდარი იქნება მათი საბოლოო დამარცხებისა.

ამჟამად ხუნტის პროვოკატორები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს მე სვანეთის მოსახლეობის მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი და საბუთად მოაქვთ არარსებული „ციტატები“ მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნებიდან, რომელნიც, ვითომდაც, შეურაცხყოფენ სვანებს.

დავიწყებ იმით, რომ სვანეთი მუდამ მიმაჩნდა საქართველოს ძლიერების ბურჯად, მის უმშვენიერეს კუთხედ, ყოველნაირად ხელს ვუწყობდი და ვეხმარებოდი ამ კუთხეს და აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად ბარად ჩამოსახლებულ სვანებს, რისთვისაც ოპოზიცია გამუდმებით მებრძოდა და მაბრალებდა სვანების პრივილეგირებას, „სვანიზაციას“. თავის გაზეთებში ხატავდა შეიარაღებული სვანების კარიკატურებს, ყოველნაირად შეურაცხყოფდა და აბუჩად იგდებდა სვანებს. და აი, ასეთი ხალხი დღეს თავის თავს სვანების მეგობრად სახავს და ცდილობს მე დამიპირისპიროს ისინი. კონსტანტინე გამსახურდიას „ანტისვანობის“ შესახებ ჭორიც ცრუ სვანისა და ცრუ მწერლის, ქურდბაცაცა ჯაბა იოსელიანისა და მისი ბანდის გავრცელებულია. იგი გათვალისწინებულია იმ ადამიანებზე, ვინც საერთოდ არ იცნობენ მამაჩემის შემოქმედებას. სინამდვილეში კონსტანტინე გამსახურდიამ პირველმა ქართულ მწერლობაში უმღერა სვანეთს, მის დიდებულ ბუნებას, ყველა მკითხველი დამემოწმება ამაში, ქორა მახვში, სვანური ადათებისათვის და სვანეთის თვითმყოფადობისათვის თავდადებული მოხუცი, ლეგენდარული მონადირე და ვაჟკაცი თემურ ლაფარიანი ქართულ ლიტერატურაში პირველი სვანი პერსონაჟები არიან. ეს არ იციან ხუნტის უმეცრებმა და უწიგნურებმა.

რომან „დავით აღმაშენებელში“ დახატულია ასეთივე დაუვიწყარი სახე სვანი ვაჟკაცისა, დავით აღმაშენებლის ჩუხჩარხის, ქარიმან სეტიელისა. თავად კონსტანტინე გამსახურდია ხანგრძლივად იმალებოდა სვანეთში 30-იან წლებში. როდესაც მას კომუნისტები სდევნიდნენ, მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ეგნატე გაბლიანი და „თავისუფალი სვანი“ ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც უშგულის ლამარიას ეკლესიასთან არის დაკრძალული, ბესარიონის ვაჟი, რაფიელ ნიჟარაძე, ლეგენდარული პოლიტპატიმარი, გერმანიაში სწავლობდა მასთან ერთად და ისიც ჩვენი ოჯახის უახლოესი კაცი იყო. ყოველივე ამან განაპირობა მწერლის დიდი სიყვარული სვანეთისადმი, რომელიც მან შთამინერგა მე.

სვანეთის თემაზე წერდა ასევე გამოჩენილი ქართველი მწერალი შალვა დადიანი. პიესა „თეთნულდში“ მან ასახა სვანეთი, როგორც ის ძალა, რომელიც დიდ როლს თამაშობს საქართველოს განთავისუფლებაში. ასე რომ, როგორც ხედავთ, პირველ რიგში, სამეგრელოდან გამოსული მწერლები უმღეროდნენ სვანეთს, რაც ამ კუთხეების ტრადიციულ ერთობაზე და სიახლოეზე მეტყველებს. ამის გამო სურთ დღეს რუსეთის იმპერიის აგენტებს, საქართველოს მოსისხლე მტრებს, ამ ერთობის დარღვევა, მეგრელთა და სვანთა დაპირისპირება და გადაკიდება, როგორც ვითომდაც „სხვადასხვა ხალხებისა“. ამასვე უწყობს ხელს „ლემის“ მოღალატური ნაწილი, რომელც დღეს დაუკავშირდა ხუნტას და ქადაგებს ცრუ არჩევნებს.

ხუნტის პირსისხლიანი ჯალათი იოსელიანი ქართველი ხალხის მიერ „ჯაბალედინად“ წოდებული, ყოველნაირად ცდილობს ჩაითრიოს სვანეთის მოსახლეობა თავის „მხედრიონში“, რომელიც იმთავითვე კრემლის დამსჯელი ბანდა იყო და რომელიც დღეს გეგმაზომიერად ახორციელებს ქართველი ხალხის გენოციდს რუსის ჯარის დახმარებით. ნუ დაიდებთ წილს საკუთარი ერის ღალატში. ნუ გაწევრიანდებით ამ ბანდაში, რათა შთამომავლობამ არ შეაჩვენოს თქვენი სახელი. გახსოვდეთ იმპერიის შავ ძალებთან მებრძოლი გმირის, მურზაყან დადეშქელიანის სახე, განა მურზაყანს ასე განადიდებდა შთამომავლობა, იგი გუბერნატორ გაგარინის „სტრაჟნიკებში“ რომ ჩაწერილიყო და საკუთარი ერის ძარცვა-რბევით ერჩინა თავი? ნუ დაკარგავთ სვანურ რაინდობას, ღვთისმორწმუნეობას. გახსოვდეთ, რომ ყველა, ვინც ამ სატანურ ხროვას შეუერთდება, შეჩვენებული იქნება ღვთისა და ერის მიერ. ჯგრაგის და კვირიკეს წმინდა ძალა არ გაახარებს საქართველოს მტრებს.

როგორც ხედავთ, ხუნტამ საქართველო ეროვნულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე და დაშლამდე მიიყვანა. შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკის წყალობით საქართველომ დაკარგა შიდა ქართლი და აფხაზეთი. ამჯერად ჯერი სხვა კუთხეებზეა, რაც არასგზით არ უნდა დავუშვათ. მთელი საქართველო უნდა აღდგეს მოღალატეთა წინააღმდეგ! ეს არის წმიდათაწმინდა მოვალეობა ყველა ქართველისა!

ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან თავგანწირულ ბრძოლაში.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
9 აგვისტო, 1992 წელი

მიმართვა : სვანეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზვიად // აღდგომა. - 1992.- 14 აგვისტო. - 15. - 1გვ.

48 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთ საქართველოში შევარდნაძის რეჟიმი აგრძელებს სისხლიან ტერორს და გენოციდს. გადამწვარია სოფლები და ქალაქები.

მოკლული და გაძარცულია ასობით ადამიანი. არ წყდება ლტოლვილთა ნაკადი.

თავდაცვის მიზნით მოსახლეობა მიმართავს უკიდურეს ზომებს. გამოჩნდნენ შურისმაძიებელთა ჯგუფები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მძევლებად აიყვანეს ე.წ. სახელმწიფო საბჭოს წევრები, ხალხისათვის საძულველი დამსჯელები: თვითმარქვია შსს-ს მინისტრი და სხვა.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ყოველივე ეს ხდება ჩემგან დამოუკიდებლად. არავითარი მითითებები ჩემის მხრიდან ამ პირებს არ მიუღიათ.

მე ვაცხადებ პროტესტს იმ ცილისწმების წინააღმდეგ, რომელიც გაავრცელა ჩემს მიმართ ტელეკომპანია „ოსტანკინო“-მ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა, რომლებიც ჩემს სახელს უკავშირებენ ამ მოვლენებს.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
12 აგვისტო. 1992 .

განცხადება : გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. 1 გვ.

49 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა, გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში. შსს თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად ჯალათ კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგს.

მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისაგან დაიცვას მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, მტკიცედ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვააშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
14 აგვისტო, 1992 .

განცხადება : გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. - 1 გვ.

50 გუდაუთა; აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ ვლადისლავ არძინბას

▲ზევით დაბრუნება


აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის აფხაზი ხალხის გენოციდისაგან გადასარჩენად გთავაზობთ სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღგენის შესახებ. აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
21.08.92 .

მიმართვა : აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს - ვლადისლავ არძინბას / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. - 2 გვ.

51 მოსკოვი, ოსტანკინო, რუსეთის ტელევიზიას

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 23 აგვისტოს რუსეთის ტელევიაზია „ვესტი“-ს პროგრამამ გადასცა ხუნტის სააგენტო „იფრინდა“-ს პროვოკაციული მონაჩმახი იმის შესახებ, თითქოს მე, ჩემს მიმართვაში მთიელთა კავშირისადმი ვნანობ, რომ ვიბრძოდი საქართველოს მთლიანობისათვის, და რომ საქართველო არის მცირე იმპერია, რომელიც შედგება სხვადასხვა ხალხებისაგან, სინამდვილეში ჩემი ასეთი მიმართვა მთიელთა კავშირისადმი არ არსებობს, იგი ხუნტის ნაყალბევია. ჩემს ყოველ მიმართვაში ქართველი ერისადმი მოვუწოდებ საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებისაკენ და ვგმობ ხუნტის ცდებს საქართველოს დაშლისა და კუთხეებად დანაწევრებისა. ეს მორიგი სიცრუე ხუნტას დასჭირდა იმისათვის, რომ გადაარჩინოს რეპუტაცია შევარდნაძისა და მისი ე.წ. სახელმწიფო საბჭოსი, რომელთაც განიცადეს პოლიტიკური კრახი. მე პროტესტს ვაცხადებ ამ დეზინფორმაციის გამო და მოვითხოვ, რომ ეს ჩემი მიმართვა გადაიცეს რუსეთის ტელევიზიის იმავე პროგრამით.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
23 აგვისტო, 1992 .

მოსკოვი, ოსტანკინო, რუსეთის ტელევიზიას / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო - 28. - 1 გვ.

52 მიმართვა ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის იმპერიის ემისარმა და ნეოკომუნისტური ხუნტის ხელმძღვანელმა შევარდნაძემ გამოაცხადა მოჩვენებითი პოლიტიკური ამნისტია, გამოაქვეყნა ე.წ. „დიდი შერიგების მანიფესტი“. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის მისი მორიგი პროპაგანდისტული მანევრი, გათვლილი ხუნტის შელახული პოლიტიკური რეპუტაციის გადასარჩენად, მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში, ნამდვილი ბანდიტების შენიღბვისათვის. იმის მერე, რაც ხუნტამ გააძლიერა ტერორი და რეპრესიები, მსოფლიოში გაიზარდა მათი მამხილებელი მოძრაობა, რამაც გამოიწვია ხუნტის სერიოზული შეშფოთება.

პატიმრების დამცველმა მსოფლიო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ემნესტი ინტერნეიშენლ-მა დაიწყო ქართული პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესწავლა, იმისდა მიუხედავად რომ ხუნტის მსოფლიო მფარველები ყველანაირად ამუხრუჭებდნენ ამ პროცესს. იგივე მფარველებმა მიაღწიეს იმას, რომ შევარდნაძე მიწვეულ იქნა ჰელსინკში „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირზე“-ს თათბირზე, რამაც გამოიწვია ფინეთის საზოგადოების დიდი აღშფოთება. შევარდნაძის ხსენებული მოძრაობა კრახით დამთავრდა, რადგანაც პრესის რეაქცია იყო ძლიერ ნეგატიური. ის იძულებული გახდა დამალვოდა ჟურნალისტებს და არ უპასუხა მათ შეკითხვებზე. ჰელსინკში ჩატარდა მისი მამხილებელი დემონსტრაცია.

დღეს მოსკოვურ და დასავლეთის პრესაში გაძლიერდა შევარდნაძის ხუნტის მხილება. მოსკოვის დისიდენტური მოძრაობა სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ევროპის თანამეგობრობა ჯერ-ჯერობით უარს ეუბნება საქართველოს გაწევრიანებაზე, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევისათვის. ხოლო გაეროში მიღება ავალდებულებს ხუნტას დაიცვას ეს პრინციპები.

ჩამოთვლილმა გარემოებებმა აიძულეს შევარდნაძე შეეცვალა თავისი ტაქტიკა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერორის ერთ ფორმას შეცვლის სხვა ფორმით. იმის გამო, რომ დიქტატურულ რეჟიმებს ხელს არ აძლევს პოლიტპატიმრების არსებობა, მათი რეპრესიული აპარატი იძიებს ახალ მეთოდებს. ფარული მკვლელობები, წამება, დასახიჩრება და ა.შ. ეს დამახასიათებელია, მაგალითად, ჰაიტის დიქტატურის რეჟიმისათვის. ბოლო დროს ნათელი გახდა, რომ თბილისის ხუნტამ აირჩია თავისათვის სწორედ ჰაიტის რეჟიმის გზა: მხოლოდ ნაწილი პოლიტპატიმრებისა არის განთავისუფლებული, მაგრამ მათი უმეტესობა არაადამიანური მოპყრობის გამო, წამებისა და ტანჯვის შედეგად, ალბათ სამუდამო ხეიბრად დარჩებიან. გრძელდება მოსახლეობის ტერორი, ადამიანების მოტაცება და მკვლელობა. ასე რომ პოლიტპატიმრების ნაწილის განთავისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიას და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიას. ხუნტამ კიდევაც რომ შეაჩეროს დაპატიმრებები, ტერორი მაინც არ შეწყდება, რადგანაც ტერორის გარეშე წარმოუდგენელია მისი არსებობა. გარდა ამისა, ჩვენი ცნობების თანახმად, არც ერთი სისხლის სამართლის საქმე პოლიტპატიმრების მიმართ არ არის დამთავრებული, რაც ნიშნავს ამ ღონისძიებების დროებით ხასიათს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის წინასაარჩევნო მანევრი, რომელიც გამიზნულია საზოგადოების ყურადღების მოსადუნებლად, ხოლო შემდგომში ეს პირები ისევ იქნებიან დაბრუნებული ციხეებში, თუ ხუნტა შესძლებს არჩევნების ჩატარებას, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული პოლიტპატიმრების ნაწილი ისევ ციხეებშია. ხუნტამ როგორც წესი, ისევ იცრუა.

რაც შეეხება ე.წ. „დიდი შერიგების მანიფესტს“, ესეც ტყუილია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამით ხუნტა ხაზს უსვამს თითქოსდა თავის შემრიგებლურ პოზიციას, უპირისპირებს მას თითქოსდა ჩვენს შეურიგებელ პოზიციებს. ჯერ კიდევ პირველი ოქტომბრის პუტჩის ჩაფუშვის შემდეგ მე არაერთხელ გამოვაცხადე შერიგება, გამოცემულ იქნა ბრძანებები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ის პირები, რომლებიც უარს იტყოდნენ შეიარაღებულ ბრძოლაზე კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, თავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. მიუხედავად ამისა, პუტჩისტებმა არ შეისმინეს ჩემი მოწოდებები.

სულ ახლახან, მიმდინარე წლის 17 ივლისს მე გამოვეცი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებოდა შეიარაღებული ფორმირების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც გადმოვიდოდა კანონიერი ხელისუფლების მხარეს და საქმით დაამტკიცებდა თავის ერთგულებას, მიუხედავად კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილი დანაშაულისა. ვინაიდან ჩვენი თვალსაზრისით ხუნტა წარმოადგენს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შემადგენელ ნაწილს, მე ისინი არ გამომიყვია. მოცემული ბრძნებულება გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაში“, ხუნტის ბეჭდვით ორგანოშიც კი, რა იყო ეს, თუ არა მოწოდება შერიგებისკენ?

შერიგებისკენ, რომელიც ხუნტამ უკუაგდო და ხსენებული ბრძანებულება გამოიყენა ახალი ბრალდებების შეთითხვნის საბაბად?

გარდა ამისა, რომელ შერიგებას და ამნისტიას აცხადებს ხუნტა, როცა თბილისში და მთელს საქართველოში სხვადასხვა ჯურის კრიმინალურ ბანდებს მიცემული აქვთ მოქმედების თავისუფლება, რომლებიც თითქოსდა არ ემორჩილებიან მას და შეუძლიათ თვითნებურად დააპატიმრონ, დახვრიტონ, დაჭრან ან გაძარცვონ ნებისმიერი მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი, გაძარცვონ და დაარბიონ დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებანი, გადაწვან და პირისგან მიწისა აღგავონ ქალაქები და სოფლები და განმკითხავი არავინ არის? სად არის ამ ფორმირებების მანიფესტი ან განცხადება სამომავლო გეგმებზე? როგორია ხუნტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით? როგორია ხუნტის პოზიცია ამ კრიმინალური ფორმირების მოღვაწეობასთან დაკავშირებით? დღეისათვის ყველა ეს შეკითხვა უპასუხოდ რჩება.

ასე, რომ ხუნტის დემაგოგია ყველასათვის ცხადია და ასეთი მეთოდებით ისინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებენ. კონსტიტუციისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა წარმოადგენს სამოქალაქო მშვიდობის, თანხმობისა და ეროვნული შერიგების ერთადერთ გარანტიას.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
5 აგვისტო, 1992 .

მიმართვა : ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. - 2 გვ.

53 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


ხუნტის მესვეურნი ხალხს და მსოფლიოს „პოლიტიკური მანიფესტით“ აბრმავებენ, რაც მარტოოდენ ნიღაბია, რომლის მიღმა არ ცხრება „დემოკრატთა“ ანტიქართული,

სისხლიანი მოღვაწეობა. პოლიტპატიმრები აღარ გვყავსო - ომახიანად გაიძახიან „ადამიანის უფლებათა დამცველები“. მტკნარი სიცრუეა: სულ ახლახან სწორედ პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს ყაზბეგის პრეფექტის ძმა, ფიზიკოსი, ბ-ნი ზაზა წიკლაური და თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტის ოთხი თანამშრომელი, მანამდე კი ოთხი ყაზბეგელი ახალგაზრდა, სწორედ მათ სურთ შეთითხნონ ჩიქოვანის ქუჩაზე ვითომდა ჯ. იოსელიანზე მოწყობილი ტერორისტული აქტის ორგანიზება მაშინ, როდესაც ამ სცენის დამდგმელი რეჟისორი თავად „მხედრიონის“ „დრამატურგი“ ლიდერი გახლდათ. ადვოკატები დაპატიმრებულებთან არ დაუშვეს. ბოლო მონაცემებით, პოლიტპატიმრებს ფაშისტური მეთოდებით აწამებენ. ბ-ნი ზ. წიკლაური უმძიმეს მდგომარეობაშია და მოთავსებულია კლინიკაში.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს, ყოფილი საბჭოთა იმპერიის კეთილი ნების ყველა ადამიანს ხმა აღიმაღლონ ხუნტის ტირანიის წინააღმდეგ, საქართველოში ადამიანისა და პოლიტპატიმართა უფლებების დასაცავად!

საქართველოს ეროვნული ხსნის მოძრაობა -
წინააღმდეგობის ფრონტი
თბილისი, 1992 წლის 19 აგვისტო

მიმართვა : ქართველი ერისადმი // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. - 2 გვ.

54 მიმართვა ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

▲ზევით დაბრუნება


შევარდნაძის ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ჩაიდინა დანაშაული ქართველი ერის წინაშე; მან მოაწყო სისხლიანი სადამსჯელო ექსპედიცია აფხაზეთში და იმპერიის ცენტრის ინსპირაციით ცდილობს გააჩაღოს ძმათამკვლელი ომი აფხაზთა და ქართველთა შორის.

წლების მანძილზე იმპერიული ძალები შეგნებულად ძაბავდნენ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის, რათა მიეღწიათ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებისათვის. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მოძრაობა ყოველთვის ხედავდა ამგვარ საფრთხეს და ყოველნაირად ცდილობდა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით მოეგვარებინა სადავო პრობლემები. იგივე გზა აირჩია საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა მრავალგზის აიცილა თავიდან ეროვნებათშორისი ურთიერთობის გამწვავება ამ ურთულეს რეგიონში.

მაგრამ როგორც ჩანს იმპერიის მესვეურებს ხელს არ აძლევდათ ასეთი კურსი, საქართველოში სისხლიანი გადატრიალების შემდეგ ისინი ერთის მხრივ ხელს უწყობდნენ აფხაზეთში სეპარატისტული ტენდენციების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, უბიძგებდნენ ხუნტას ძალისმიერი მეთოდებით ემოქმედა სეპარატისტების წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა, ხელოვნურად ამწვავებდა ვითარებას. ბოლოს მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა, აღადგინა ე.წ. 1925 წლის კონსტიტუცია, რითაც ფაქტობრივად აფხაზეთი საქართველოდან გამოყოფილად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება ამ აქტის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ და მივუთითე აფხაზეთის პარლამენტს თავისი მოქმედების უკანონობაზე, ვინაიდან ამგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო ქვოტირების ანუ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე, არ ჰქონდა არავითარი იურიდიული საფუძველი. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ვერ მოუტანს რეალურ ზიანს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მაგრამ, როგორც სჩანს, იმპერიულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება ეროვნებათშორისი ურთიერთობებისა საქართველოში. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ლიბანიზაცია და დანაწევრება შესაძლოა მხოლოდ სისხლიანი კონფლიქტების გზით. 1990 წლიდან მათ მიაღწიეს ამგვარი კონფლიქტის გაჩაღებას სამაჩაბლოში, რითაც დღეს საბოლოოდ ჩამოაშორეს საქართველოს ეს კუთხე. ამჟამად კი, შევარდნაძის მეცადინეობით, ამგვარი კონფლიქტის ახალი კერა შექმნეს აფხაზეთში, რათა აფხაზეთიც საბოლოოდ დააკარგვინონ საქართველოს. ამით მოხდა, აგრეთვე, უდიდესი დისკრედიტაცია ქართველი ერისა, საქართველოსი, ვინაიდან ის ქვეყნები, სადაც მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების გენოციდი, სადაც მათ პრობლემებს სამხედრო ძალით წყვეტენ, დაგმობილნი არიან საზოგადოებრივი აზრის მიერ.

სტალინ-ბერიას საქმის ერთგული განმგრძობი შევარდნაძე თავის სისხლიან აქციას იმით ამართლებს, ვითომდაც იგი აღშფოთებულია აფხაზეთის სუვერენიტეტის გამოცხადებით. საკითხავია, რატომ არ აღაშფოთა იგი ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის შექმნამ, რატომ შეეგუა იგი ასე იოლად მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არ გაგზავნა იქ ჯარები სამართლიანობის აღსადგენად? რად შეეგუა იგი სამაჩაბლოს დაკარგვას, სადაც ყოველდღე კვლავ ხოცავენ ქართველებს, სადაც ქართულ სოფლებს ოსი ექსტრემისტები ყოველდღე იკავებენ „მშვიდობისმოყვარე ძალების“ დახმარებით და არც ერთ ქართველ ლტოლვილს არ ადგმევინებენ ფეხს მშობლიურ მიწაზე? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ იმპერიის მსახურის ხუნტა ნაბიჯს ვერ დგამს მეტროპოლიასთან შეუთანხმებლად. თუ დღეს მას მისცეს ნება აფხაზეთში შეჭრისა და იქაური მოსახლეობის გენოციდისა, ეს ყოველივე შორსმიმავალ მიზნებს ისახავს. ამით სურთ გაღვივება ეთნიკური სიძულვილისა და მტრობისა აფხაზთა და ქართველთა შორის, რათა იქაც გაჩაღდეს ისეთივე სამოქალაქო ომი, როგორც სამაჩაბლოში, რათა შემდეგ „მშვიდობისმყოფელი ძალების“ დახმარებით ეს კუთხეც ჩამოაცილონ საქართველოს. აი, ნამდვილი მიზანი აფხაზეთის სადამსჯელო კომპანიისა, რასაც უთუოდ ითვალისწინებდა დაგომისის გარიგება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხუნტის ჯარების შეჭრა აფხაზეთში პატრიოტული გრძნობებით კი არ არის გამოწვეული, არამედ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურების წყურვილით. ე.წ. სახელმწიფო საბჭოს სურს აფხაზეთშიც დაამყაროს ტოტალიტარული დიქტატურა, ვინაიდან იქაური ხელისუფლება არ მიმართავდა რეპრესიებს და ტერორს კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგ. სოხუმში გამოდიოდა ერთადერთი ოპოზიციური გაზეთი მთელს საქართველოში, თავისუფლად მოქმედებდნენ ხუნტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ორგანიზაციები. ცხადია ეს არ აწყობდა არც რუსეთის იმპერიას, რომელიც უფრო და უფრო ტოტალიტარული ხდება, თუმც არ იშორებს დემოკრატიის ნიღაბს.

შევარდნაძის ხუნტის სადამსჯელო ოპერაციებში რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია და ყოველივე შეთანხმებულია მეტროპოლიასთან. ამრიგად, აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსგან აწყობს უწინარეს ყოვლისა რუსეთის იმპერიას, რასაც იგი თავისი ერთგული მსახურის, შევარდნაძის ხელით ახორციელებს.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება შეიძლება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებით, და არა იარაღის ჟღარუნით.

მე მოვუწოდებ ქართველ და აფხაზ ხალხებს, არ დაუშვან ძმათამკვლელი ომი, აღადგინონ თავისი საუკუნოვანი ძმობა და ერთობა, გამოუცხადონ ხუნტას საყოველთაო გაფიცვა, დაგმონ და ამხილონ ხუნტის კანიბალური პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ეროვნული და პოლიტიკური კატასტროფისაკენ მიჰყავს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ეროვნულ თანხმობას კავკასიაში და მთელს მსოფლიოში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
19 აგვისტო. 1992 წელი.

მიმართვა : ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი / გამსახურდია . // ეროვნული ფრონტი. - 1992. - 2 სექტემბერი. - 3. - 1გვ.

მიმართვა : ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 21 სექტემბერი. - 18. - 1გვ

55 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ. ელცინსა, ე. შევარდნაძესა და ვ. არძინბას შორის, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. მხარეებმა თითქოს მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ საომარი მოქმედება არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, ხუნტის ძალებს კი აფხაზეთში სულ უფრო ემატება. უეჭველია, რომ ამ შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების გაბრიყვება და შევარდნაძის და ელცინის, როგორც მშვიდობის მებაირახტრეთა პრესტიჟის ამაღლება. სინამდვილეში კი მათი ერთობლივი ძალები აგრძელებენ აფხაზეთში გენოციდს, ვანდალიზმს, არნახულ ძარცვებსა და მარადიორობას. აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობა სისხლისაგან იცლება. ირგვლივ ანარქია, ქაოსი და სრული რღვევა სუფევს. მძაფრდება ეთნიკური ურთიერთდაპირისპირება, პარტიზანული ომი. ხუნტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ მე ვარ დამნაშავე ამ კონფლიქტის გაღვივებაში და თითქოს ჩრდილოეთ კავკასიიდან ვაგზავნი მოხალისეებს აფხაზეთში. ასეთი ფაქტების შეთხზვა ჩვეულებრივი მოვლენაა ხუნტისათვის, რომელიც ავრცელებს აბსურდულ ხმებს, რომ მე თითქოსდა ეხლა ვიმყოფები ინგლისში და ვეწევი პროპაგანდისტულ კამპანიას საქართველოში დასაბრუნებლად, რათა არ დავუშვა შევარდნაძის კანდიდატურა პარლამენტის სპიკერის პოსტზე.

სინამდვილეში კი ჩემს ყველა მიმართვაში ქართველი და აფხაზი ხალხისადმი მე მოვუწოდებ მათ შეწყვიტონ ძმათამკვლელი ომი, გაჩაღებული ხუნტის მიერ და დაიწყონ მოლაპარაკება. დასავლეთის ქვეყნები სდუმან, ვინაიდან ფიქრობენ, რომ შევარდნაძეს, რომელმაც თავისი ხალხი შეარცხვინა მსოფლიოს თვალში, აქვს ყველაფრის უფლება.

გაკვირვებას იწვევს აგრეთვე გაერო-ს გენერალური მდივნის ბ. გალის პოზიციაც, რომელიც იმის ნაცვლად, რომ შევარდნაძისაგან მოეთხოვა დამსჯელი სისხლისმღვრელი ოპერაციების შეჩერება, ხოლო ელცინისაგან დანაშაულებრივი რეჟიმისადმი მხარდაჭერაზე უარის თქმა და კონფლიქტის ზონაში გაერო-ს დამკვირვებელთა გაგზავნა, ის ულოცავს არარსებულ წარმატებებს მოლაპარაკებაზე და თვალს ხუჭავს მოსკოვში საზოგადოების მოტყუების მიზნით გათამაშებულ ფარსზე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 5 სექტემბერი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 13 სექტემბერი. - 17. - 1გვ.

56 საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი არაკონსტიტუციური არჩევნების ბოიკოტის გამო

▲ზევით დაბრუნება


თანამემამულენო! შევარდნაძის დანაშაულებრივი ხუნტა ანუ ეგრეთწოდებული სახელმწიფო საბჭო, რომელმაც სისხლიანი გადატრიალების შედეგად მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების უზურპირება, ფეხქვეშ გათელა ქართველი ხალხის ნება და მის მიერ ბოლო წლებში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში მიღწეული ყველა მონაპოვარი, რომელიც ფაქტიურად აწარმოებს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს და ინარჩუნებს ძალაუფლებას მხოლოდ იმპერიის საოკუპაციო ჯარის მეშვეობით, ცდილობს საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარების გზით.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებ:

1. ხუნტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არჩევნების ჩატარების შესახებ არა აქვს არავითარი იურიდიული ძალა. არჩევნების დანიშვნა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელსაც არ მოუხსნია უფლებამოსილება და აგრძელებს ფუნქციონირებას.

2. ხუნტის მიერ მიღებული ეგრეთწოდებული „საარჩევნო დებულება“ უპრეცედენტოა თავისი ანტიდემოკრატიულობით. გაუთავებელმა ცვლილებებმა, რომლებიც ხუნტის მიერ ფართოდ რეკლამირებული დებულების „დამცავი მექანიზმის“ საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, მხოლოდ გააძლიერეს მისი ანტიდემოკრატიული ხასიათი. დებულება მიზნად ისახავს: არ დაუშვას ხუნტის მიმართ არალოიალური, ჭეშმარიტად ეროვნულ-პოლიტიკური ძალების შესაძლო მონაწილეობა არჩევნებში, მთლიანად გამოთიშოს ისინი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, საარჩევნო კვოტის (ანუ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მინმალური რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს) არ არსებობის გამო არ მისცეს ქართველ ხალხს საშუალება პასუხი გასცეს უმთავრეს კითხვას: მიაჩნია თუ არა მას კანონიერად და საჭიროდ არჩევნების ჩატარება, იმ პირობებში როდესაც საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად და სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი; მიაჩნია თუ არა მას აუცილებლად კანონიერი ხელისუფლების აღდგენა;

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხრივ უკანონო არჩევნების გარდაუვალი ბოიკოტის პირობებში უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება ამომრჩეველთა უმცირესი რაოდენობით;

მოახვიოს თავს ქართველ ხალხს უმნიშვნელო უმცირესობის ნება;

დააკომპლექტოს პარლამენტი უზურპატორებითა და მათი მორჩილი მარიონეტი დეპუტატებით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხუნტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება პარლამენტის „სპიკერის“ საყოველთაო კენჭისყრით არჩევის თაობაზე. მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში უპრეცედენტოა პარლამენტის სპიკერის საყოველთაო კენჭისყრით არჩევა. მას პარლამენტი ირჩევს თავის წევრთა რიცხვიდან. „საყოველთაოდ არჩეული სპიკერი“ პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ფუნქციებს გააერთიანებს, ესე იგი მოხდება უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პიროვნების ხელში. უდავოა, რომ საყოველთაოდ არჩეულ სპიკერს არა თუ გადაირჩევს, მინიმალურადაც კი ვერ გააკონტროლებს მარიონეტულ-ნომენკლატურული „პარლამენტი“.

ამრიგად, მრავალრიცხოვანი განცხადებები იმის თაობაზე, საქართველოსთვის უცხოა საპრეზიდენტო მმართველობის ინსტიტუტი, მხოლოდ თვალთმაქცობა იყო. ზემოხსენებული გადაწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა ცდა ერთი პიროვნების ხელში შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრისა და საქართველოში დაუფარავი დიქტატორული რეჟიმის დაკანონებისა.

ეს არის აგრეთვე აღორძინება კომუნისტური საარჩევნო პრაქტიკისა, რომლისთვის უცხო იყო კანდიდატებს შორის კონკურენცია, დაკანონებული იყო ერთიდან ერთი კანდიდატის „არჩევა“ ვითომდაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. თუმც კომუნისტური არჩევნების დროსაც კი აუცილებელი იყო საარჩევნო კვოტა (ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი), რაც შესაძლებლობას იძლეოდა სათანადო კონტროლის შემთხევევაში არჩევნების ბოიკოტისა და ჩაშლისა (ამის მაგალითია კომუნისტური არჩევნების ჩაშლა 1990 წლის მარტში). ამჟამად ამგვარი შესაძლებლობაც კი გამორიცხულია.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გამეფებულია სისხლიანი ტერორი, დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, არსებითად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მთელ რიგ ქალაქებში, როდესაც ეჭვგარეშეა, რომ მომავალი „არჩევნები“ მხოლოდ ხიშტების კონტროლს დაექვემდებარება, როდესაც „სპიკერის“ არჩევნებში მხოლოდ ერთი პიროვნება იყრის კენჭს, ცხადზე ცხადია, რომ ეს შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლება თავს მოიყრის იმპერიის ცენტრიდან მოვლენილ ქართველი ხალხის ჯალათის - შევარდნაძის ხელში, რაც საქართველოს საბოლოო დაღუპვით ემუქრება.

მოქალაქენო, მოგიწოდებთ შექმნათ უკანონო არჩევნების ბოიკოტის კომიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ხუნტის მიერ წინასწარ გამოცხადებული საარჩევნო უბნებისა და ოლქების მიხედვით იმ ამომრჩეველთა აღრიცხვას, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ცრუ არჩევნებს, არ დაუშვებენ საარჩევნო კომისიებისა და უბნების შექმნას, შეადგენენ საპროტესტო წერილებსა და პეტიციებს არჩევნების ბოიკოტის შესახებ ანტიკონსტიტუციური არჩევნების აკრძალვისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით.

თანამემამულენო, მოგიწოდებთ ჩაშალოთ იმპერიის ბნელი ზრახვები, საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადოთ ხუნტის მიერ დანიშნულ ცრუ „არჩევნებს“.

არც ერთი მოქალაქე საარჩევნო უბნებთან!

მხოლოდ კანონიერი ხელისუფლებისა და კონონიერების აღდგენა იხსნის საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 7 სექტემბერი

მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი არაკონსტიტუციური არჩევნების ბოიკოტის გამო / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1992. - 13 სექტემბერი. - 17. - 1გვ.

57 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ამა წლის 3 სექტემბერს გროზნოში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა კავკასიის ხალხთა მრგვალი მაგიდისა, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიას საერთო კავკასიური სახლის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. კავკასიური სახლი გულისხმობს ხალხთა და სახელმწიფოთა ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ხუნტისა და რუსეთის იმპერიის საინფორმაციო საშუალებებმა დაამახინჯეს და გააყალბეს არსი ამ შეხვედრისა. ხუნტამ გააყალბა საქართველოს დელეგაციის პოზიცია და როგორც სჩვევია, ცილი დასწამა მას, ვინაიდან აქ მოიწვიეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და უარი უთხრეს ხუნტას. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრებში აუცილებელი იყო, რათა დაგვეცვა საქართველოს ინტერესები. ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრაზე თავიდან ბოლომდე პრინციპული და თანმიმდევრული იყო. კერძოდ, მე გავნაცხადე, რომ არ შეიძლება საუბარი მხოლოდ კავკასიის სახელმწიფოთა კავშირზე, ვინაიდან მრგვალ მაგიდაზე მეტწილად წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ხალხები, რომელთაც ჩვენ ცალკე სახელმწიფოებად ვერ ვაღიარებთ. ჩვენი თვალსაზრისით აქ იყო წარმოდგენილი მხოლოდ სამი სახელმწიფო: საქართველო, ჩეჩნეთი და აზერბაიჯანი. დანარჩენნი კი ამ კავშირში უნდა შემოვიდნენ როგორც ხალხები და არა როგორც სახელმწიფოები. ეს იყო არსი ჩვენი პოზიციისა.

საქართველოს დელეგაციის ასეთმა პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ მრგვალ მაგიდაზე არ განხილულა არც აფხაზეთისა და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი და არც იქნება განხილული. აქ მხოლოდ დაიგმო ხუნტის სამხედრო ავანტიურა აფხაზეთში, მრგვალმა მაგიდამ მოითხოვა ამ ომის შეწყვეტა და მშვიდობის აღდგენა. სხვა დელეგაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფოებად არ შეიძლება ჩაითვალონ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ქვეყნები, რომელთაც მარიონეტული, კომუნისტური მთავრობები მართავენ. საქართველოს პოზიცია სავსებით გაიზიარა ჩეჩნეთის დელეგაციამ.

სიმპტომატურია, რომ ხუნტის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჩემი განცხადება არ ჩაიწერეს და არ გადასცეს, ვინაიდან მიზნად ისახავდნენ ჩემი პოზიციის გაყალბებას და ხალხის მოტყუებას. ამას წინათ ხუნტამ შეთითხნა ვითომდაც ჩემი მიმართვა კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაციისადმი, სადაც მე თითქოს საქართველოს მცირე იმპერია ვუწოდე და გამოვხატე სინანული, რომ ვიბრძოდი მისი ერთიანობისათვის, რასაც მე საკადრისი პასუხი გავეცი „იბერია-სპექტრში“. ასევე აყალბებს იგი დღეს მრგვალ მაგიდაში ჩემს მონაწილეობას. ხუნტის მთავარი ბრალდება ის არის, რომ მე თურმე მუსულმანების გვერდით ვიჯექი. საინტერესოა, რამდენ შეხვედრას თუ კონფერენციას დასწრებია შევარდნაძე, სადაც იყვნენ მუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლები. საოცარია, რომ ხუნტა, რომელიც დღემდე მაბრალებდა ეროვნული და რელიგიური განსაკუთრებულობის ქადაგებას, რასაც ისინი თავიანთ ენაზე „ფაშიზმს“ უწოდებენ, დღეს თავად გამოდის უკიდურესად ნაციონალისტური და ვითომდაც ქრისტიანული პოზიციებიდან და მაკრიტიკებს ინტერნაციონალიზმისათვის და რელიგიური შემწყნარებლობისათვის. ნუთუ მუსულმანი აჭარლები და თურქეთში მცხოვრები ქართველებიც უნდა მოვკვეთოთ, რახან ისინი ამ რელიგიას მისდევენ?

სასაცილოა აგრეთვე ხუნტის ბრალდება, თითქოს ჩემი მხარდაჭერით მოხდა მთის ხალხთა კონფედერაციის ჯარების შეყვანა აფხაზეთში, რაც სრულიად აბსურდია, ვინაიდან მე არავითარი ურთიერთობა არა მაქვს ამ კონფედერაციასთან და მათი დამოკიდებულება ჩემდამი შესანიშნავად არის გამოხატული კონფედერაციის პრეზიდენტის ი. შანიბოვის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა - რომ კონფედერაცია არ ენდობა გამსახურდიას, იგი უფრო მეტად ენდობაო სიგუას, კიტოვანსა და სხვებს, რაც გამოქვეყნდა „ნეზავისიმაია გაზეტაში“ და „იბერია სპექტრში“. გარდა ამისა, საინტერესოა, ვინღა შეიყვანა აფხაზეთში კაზაკები და დნესტრისპირელები? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს ეწევა, იგი ორივე მხარეს ეხმარება, რათა საბოლოოდ თავად დაეპატრონოს აფხაზეთს.

საერთოდ, მთის ხალხთა კონფედერაცია სულ სხვა ორგანიზაციაა და არავითარი საერთო არა აქვს მრგვალ მაგიდასთან. მთის ხალხთა კონფედერაციის წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის ამ შეხვედრაზე არ აქტიურობდნენ, მათ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, ხოლო კონფედერაციის პრეზიდენტი შანიბოვი ამ შეხვედრას არ დასწრებია. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს ახალი გაერთიანება კავკასიის ხალხებისა უპირისპირდება და ართმევს ინიციატივას მომავალი ბედის წარმართვაში. ასე რომ, აღმაშფოთებელია ხუნტის დემაგოგია, რომელიც მწამებს მთის ხალხთა კონფედერაციასთან კავშირს და აცხადებს, თითქოს ჩემი დასწრება მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე საზიანო იყო საქართველოსათვის. ამას აცხადებს ხუნტა, რომელმაც სამაჩაბლო უმტკივნეულოდ ჩააბარა რუსეთსა და ოსეთს და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შეჩერებით ხელი შეუწყო ყოველივე იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში.

საქართველოს გამოთიშვა საერთო კავკასიური პროცესებიდან დღეს უაღრესად სახიფათოა, თუმცა მე ვთვლი, რომ პროცესებში ჩვენი მონაწილეობის უპირველესი პირობაა საქართველოს ერთიანობის და სუვერენულობის გარანტია.

გარდა ამის, მე ვთვლი, რომ საქართველო ამ კავშირში თუ კონფედერაციაში შეიძლება საბოლოოდ შევიდეს მხოლოდ კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. შესვლაზე უარის თქმა კი შეიძლება მოხდეს რეფერენდუმით. ამასთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოს, ჩეჩნეთსა და აზერბაიჯანს მრგვალ მაგიდაში უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება.

მე მოვუწოდებ ქართველ ერს, ნუ ენდობა ხუნტის დემაგოგიას და სიცრუეს, რომელსაც იგი ავრცელებს ჩემს შესახებ. მოვუწოდებ, აგრეთვე, იბრძოლოს ხუნტის დასამხობად და კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. სხვაგვარი ხსნა საქართველოსი არ არსებობს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
21 სექტემბერი, 1992 .

შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 26 სექტემბერი. - 19.- 1გვ.

58 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


ვინაიდან უკანასკნელ ხანებში გახშირდა ხუნტის აგენტების დესტრუქციული და გამთიშველი ქმედებანი, პარტიზანთა რიგებში გახშირდა თვითნებური მოქმედება, ყაჩაღობა, ძარცვა და სხვა დანაშაულობები, რამაც უნდა გამოიწვიოს დამღუპველი შედეგები, აქედან გამომდინარე ვბრძანებ:

ყველა ჯგუფის ხელმძღვანელი, ყველა მებრძოლი, რომელიც არ ემორჩილება თავდაცვის საერთო სამხედრო ხელმძღვანელობას, გამოცხადდეს ერის მოღალატედ და დაისაჯოს უმკაცრესად, არსებული წესის მიხედვით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
14 ოქტომბერი, 1992 .

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება // აღდგომა. - 1992. - 17 ოქტომბერი. - 22. - 1გვ.

59 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


გაეროს ასამბლეის 25 სექტემბრის მეხუთე სესიაზე გამოვიდა თვითმარქვია ხელმძღვანელი შევარდნაძე, რომლის სიტყვაშიც გაყალბებულია დღევანდელი საქართველოსა და კავშირის პოლიტიკური ვითარება. შევარდნაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა მიმდევრებმა საქართველოში დაამხეს დიქტატურა და აშენებენ დემოკრატიულ სახელმწიფოს.

შეეხო რა აფხაზეთის კონფლიქტს, მან ეს ყოველივე დაახასიათა, როგორც ეთნიკური ომი, რომელიც მოჰყვა აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მან არც ერთი სიტყვით არ ახსენა ის, რომ მისმა კრიმინალურმა ხუნტამ გააუქმა საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც დაკანონებულია აფხაზეთის ავტონომია, რაც გახდა კონფლიქტის მთავარი მიზეზი და რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ხელმძღვანელობას ძველი, 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენისა. აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება აშკარა სიცრუეა, ვინაიდან ასეთი დოკუმენტი არ მიუღია აფხაზეთის უზენაეს საბჭოს, ხოლო მისი თავმჯდომარე არძინბა სისტემატურად აცხადებს, რომ მათი მიზანია არა საქართველოდან გამოყოფა, არამედ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა ფედერაციულ საწყისებზე.

შევარდნაძეს არც ერთი სიტყვით არ უხსენებია ის ტერორი და გენოციდი, რომელიც მოაწყო ხუნტამ საქართველოში და ყურადღება გაამახვილა მომავალ ცრუ არჩევნებზე, რომლის ანტიკონსტიტუციურობას და უკანონობას აღიარებს მთელი საქართველო და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებრიობა. აფხაზეთის დღევანდელ კონფლიქტსაც არასგზით არ შეიძლება ეწოდოს ეთნიკური ომი, ვინაიდან მას უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური მიზეზები აქვს და არა ეთნიკური. ხუნტა, რომელმაც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით მოაწყო საქართველოს მოსახლეობის გენოციდი, ამჟამად იბრძვის აფხაზეთში თავისი ძალაუფლების დასამყარებლად, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა გასანადგურებლად და ტოტალიტარული დიქტატურის განსამტკიცებლად, რაშიც მას ხელს უშლის აფხაზეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომლის დამხობის შემთხვევაში იგი უფრო იოლად მიაღწევს თავის მიზანს.

შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს დაშლის საფრთხე ემუქრება სეპარატისტული ძალების მოქმედების წყალობით, მაგრამ არც ერთი სიტყვით არ აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს გამოიწვია ხუნტამ საქართველოს კონსტიტუციის გაუქმებით, პარლამენტისა და კანონიერი ხელისუფლების განდევნით.

მსოფლიო პოლიტიკური მაფია, რომლის აგენტიც არის შევარდნაძე, თანდათან კარგავს თავის გავლენას მსოფლიოში, ხუნტის საბოლოო პოლიტიკური კრახიც მოახლოებულია, მე მოვუწოდებ აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას გააძევოს ხუნტის დამსჯელი ბანდები, ყოველი სადაო საკითხი აფხაზურ მხარესთან გადაწყვიტოს მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგის გზით, აღადგინოს ტრადიციული ძმობა და ერთობა აფხაზებთან. დადგა დრო საბოლოო გადამწყვეტი ბრძოლისა.

მე მოვუწოდებ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას აღდგეს შევარდნაძის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ჩაშალოს ცრუ არჩევნები, დაგმოს გენოციდი და აღადგინოს კანონიერი ხელისუფლება საქართველოში. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საქართველოს ხსნა, ყველა შიდაპოლიტიკური და სოციალური პრობლემის მოგვარება.

გფარავდეთ ღმერთი საქართველოს ხსნისათვის ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1 ოქტომბერი, 1992 .

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 17 ოქტომბერი. - 22. - 1გვ.

60 მიმართვა საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი

▲ზევით დაბრუნება


მივესალმები იბერიულ-კავკასიური მოძრაობის შექმნას საქართველოში, რამაც პრაქტიკულად უნდა შეასხას ხორცი იდეებს, რომელნიც მუდამ წარმოადგენდა ქართული ნაციონალიზმის კორიფეების - ჩვენი დიდი მეფეების, მწერლების, სწავლულებისა და საზოგადო მოღვაწეების საქმიანობის მამოძრავებელ ძალას. დღეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა სიტყვა „ნაციონალიზმი“ უარყოფით ცნებად აქციეს. მსოფლიო ასპარეზზე ნაციონალიზმის წინააღმდეგ ილაშქრებენ აგრეთვე ის ამორფული, დენაციონალიზებული, ტრადიციებს მოწყვეტილი კონგლომერატები, რომელთაც არა აქვთ ისტორია, კულტურული თვითმყოფადობა და რომელნიც მიისწრაფვიან კაცობრიობა აქციონ ერთსახოვან მასად, რომელსაც მხოლოდ უმცირესობის სოციალური ნება-სურვილი ამოძრავებს, მხეცური ინსტინქტები და ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ ფასეულობათა მიმართ.

„ნაციონალიზმი“ და „ნაციზმი“ არ არის იდენტური ცნებები, ნაციონალიზმი ეს არის ზრუნვა მშობელი ერის განვითარებასა და თვითმყოფადობაზე, იგი არ ეწინააღმდეგება სხვა ხალხებისადმი პატივისცემას, მათთან თანამშრომლობასა და კეთილშობილურ ურთიერთობებს, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, გაფეტიშება საკუთარი ერისა, სიძულვილი სხვა ერებისადმი, მისწრაფება მათი ასიმილაციისა და განადგურებისადმი. ყოველივე ეს ახასიათებს დიდ ერებს, მცირე რიცხოვან ხალხთა ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მხოლოდ საკუთარ არსებობასა და თვითმყოფადობას. დღეს ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი ინიღბება კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით, რომელთა თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენთვის. საამისოდ იგონებენ სულ ახალ-ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციულ სივრცეებს და ა.შ. რაშიც ვლინდება დიდ ერთა და სახელმწიფოთა ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი. ამიტომ აღუდგნენ წინ ევროპის ინტეგრაციის იდეას დანია, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი, სხვა ევროპელი მოღვაწენი, ამიტომ გაუჩნდათ უამრავი პრობლემა ახალი მსოფლიო იმპერიალიზმის მესვეურებს.

იბერიულ-კავკასიური ერთიანობის იდეებს ღრმა ფესვები აქვს როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთაც. ამ იდეებს ვხვდებით ჩვენი შუა საუკუნეების მოღვაწეების ექვთიმე ათონელის, ლეონტი მროველის თხზულებებშიც. შემთხვევითი არ არის, აგრეთვე, ჩვენი მეფეების ლტოლვა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ერთობისაკენ.

დასავლურ ენათმეცნიერებაში, ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიაში ჰუმბოლტის, ჯონსონის, კარსტის, ბლიუმენბახისა და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ ძველი კავკასიისა და ძველი ხმელთაშუაზღვისპირეთის ეთნოსის წინაისტორიას.

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ამ მოდგმის ხალხები უძველესი დროიდან სახლობდნენ კავკასიიდან პირინეამდე, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის აუზებში, მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ქართველმა მეცნიერებმა ნიკო მარმა, მიხეილ წერეთელმა, ტიტე მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და სხვებმა ნათელი მოჰფინეს კავკასიისმცოდნეობასა და იბეროლოგიის მთელ რიგ პრობლემებს, დაადგინეს ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, ყოველივე ეს მუდამ დაფარული და მიჩუმათებული იყო - საბჭოურ-სტალინური ტიპის, ასევე პროინდოევროპული ორიენტაციის მეცნიერთა მიერ - პირველ რიგში სუკის ნაფიცი მეცნიერის თ. გამყრელიძის, ვ. ივანოვისა და სხვათა მიერ, რათა ქართველ ერს სწორად ვერ შეემეცნებინა თავისი ეთნოგენეზისი, თავისი ნათესაობა და ერთობა იბერიულ-კავკასიურ და იბერია-პირინეის ხალხებთან. მიზანი ყოველივე ამისა იყო აგრეთვე ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსის, მარტოობის, დათრგუნულობის გაღვივება ქართველ ხალხში და ამით გაიოლება მისი ასიმილაციისა ანუ „ინტეგრაციისა“, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ. საქართველოს დღევანდელი ნეოკომუნისტური პრორუსული ხუნტა, ანუ ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“ ამგვარი იდეების ქადაგებას „ფაშიზმს“ უწოდებს, თუმცა მათ „ავიწყდებათ“, რომ ფაშიზმი ეს არის რასობრივი უპირატესობისა და განსაკუთრებულობის თეორია, ბიოლოგიური რასიზმი, მხოლოდ ინდოევროპული, უპირატესად გერმანული მოდგმის ხალხების გამოცხადება კავკასიურ ანუ თეთრ (არიულ) რასსად, რომელმაც უნდა იბატონოს დანარჩენ კაცობრიობაზე. მგავსი იდეები ჩვენთვის უცხოა, ჩვენ სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ჩვენ არ ვქადაგებთ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხების განსაკუთრებულობასა და ჰეგემონიზმს, ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ერი სწორად გაერკვეს თავის ეთნოგენეზისში, შეექმნას სწორი წარმოდგენა თავის მონათესავე ენებზე, საერთო ეთნიკურ, ენობრივ და კულტურულ ფესვებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები (აფსუები), ჩერქეზები, ადიღები, ავარიელები, ლეკები, და სხვები საერთო იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხებია, პროტოიბერთა შთამომავალნი, უძველესი ცივილიზაციის და კულტურის მემკვიდრენი!

საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ ყარაჩაელების, ბალყარელებისა და სხვა თურქული წარმოშობის ხალხებზე, რომლებიც კავკასიაში სახლობენ. ისინი ჩვენთან ნათესაური და მეგობრული მრავალსაუკუნოვანი კავშირებით არიან დაკავშირებულნი, ჩვენი საერთო ოჯახის წევრები არიან როგორც კულტურის სფეროში, ისე ეთნიკურად. ეთნოლოგიაში არსებობს თეორია თურქული მოდგმის ხალხთა წინაპარი თურანული ტომების გენეტიკურ კავშირებზე პელაზგებთან, ბალკანეთისა და ეგეოსის აუზის უძველეს იბერიულ მოსახლეობასთან. ასე რომ, თურქული მოდგმის ხალხებთან ნათესაური ფესვები დაიძებნება ეთნიკური თვალსაზრისითაც.

საბჭოთა ველიკოდერჟავული შოვინიზმი და იმპერიალიზმი მუდამ ცდილობდა უარყოფას არა მარტო ჩვენი ნათესაობისა, არამედ ყოველმხრივ აღვივებდა მტრობას და ეროვნულ შუღლს ჩვენს ხალხებს შორის. ეს, ჯერ კიდევ ცარიზმის ეპოქაში იღებს სათავეს, როცა მთიელთა წინააღმდეგ მიმართულ ექსპედიციებში იყენებდნენ მოღალატე ქართველ გენერლებს, ეს ტრადიციები განავითარა სტალინმა ჩრდილო-კავკასიელ ხალხთა დეპორტაციის დროს, 1944 წელს, როცა ამ ოპერაციებში გამოიყენეს გენერალი გვიშიანი და სხვა ჯალათები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მეტად თავად ქართველი ხალხი დაზარალდა სტალინ-ბერიას ჯალათებისაგან, რომელთა ხელით კეთდებოდა საბჭოთა-რუსული იმპერიალიზმის საქმე. ამგვარი ცდები დღესაც გრძელდება, მაგრამ ისინი დამარცხებისთვისაა განწირული, თუ ჩვენ გამოვიჩენთ პოლიტიკურ სიფხიზლესა და შორსმჭვრეტელობას.

ცალკე საუბრის თემაა აზერბაიჯანელები და სომხები. აზერბაიჯანელები არიან შთამომავალნი ძველი იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხისა ალბანელების ანუ ბერდებისა, რომელნიც მოგვიანებით შეერწყნენ თურქული მოდგმის ხალხებს, ხოლო სომხები წარმოადგენენ ინდოევროპელ არმენიელებთნ შერწყმულ იბერიელ-მცირეაზიელ ჰაიასების შთამომავალთ. აქედან ორი სახელწოდებაა: ჰაიასა და არმენია. ამრიგად, ეს ხალხები წარმოშობით ასევე გვენათესავებიან ჩვენ და ურთიერთს, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ისინი, მიუხედავად ამისა, მტრობენ ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, მთელი კავკასიის მიზანია ჩაქრობა ამ ომის ხანძრისა, რომელიც კატასტროფით გვემუქრება არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. იგივე უნდა ითქვას, აგრეთვე ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, რომელსაც თავისი დიდმპყრობელური მიზნებისათვის აღვივებს რუსეთი.

იბერიულ-კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია სხვაობა ქართველთა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა რელიგიურ აღმსარებლობას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერებს არ ახასიათებთ ფანატიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი სხვა ხალხებთან თავის ურთერთობებს რელიგიურ საფუძველზე არ აგებენ. გარდა ამისა, ჩვენს დროში წინააღმდეგობას ისლამსა და ქრისტიანობას შორის პოლიტიკურ სფეროში არ ენიჭება ისეთი მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქაში. ამგვარი წინააღმდეგობა კავკასიელ ხალხთათვის უცხო იყო შუა საუკუნეებშიც, რაზეც მეტყველებს ჩვენი ისტორია, აგრეთვე ჩვენი დიდი მწერლების ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, საიდანაც ჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ აღემატებოდა რელიგიურ ფანატიზმსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას. აქ მუდამ ძლევდნენ წინააღმდეგობას ამის ნიადაგზე. ასე რომ ის, ვინც ცდილობს დაარღვიოს ჩვენი ერთობა რელიგიური ფაქტორის მუსირებით, თავად დგას შორს რელიგიისაგან და არ ესმის რელიგიის როლი ადამიანის ყოფიერებასა და პოლიტიკაში და ამას აკეთებს შეგნებული ბოროტგანზრახვით. როგორ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური აღმსარებლობისაა, ნუთუ უნდა გავემიჯნოთ მათ ამ მიზეზით?

ამრიგად, იბერიულ-კავკასიური ერთობის მოძრაობა ჩვენი ხალხების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და აღორძინების მთავარი ფაქტორია. იგი უნდა გაფართოვდეს, განმტკიცდეს და გავრცელდეს მთელ კავკასიაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
12 ივნისი, 1992 წელი

მიმართვა: საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი /გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 15 ნოემბერი. - 26. - 1გვ.

61 „ეროვნება არა აქვს ცხოველს“...

▲ზევით დაბრუნება


როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორცადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევასდა დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან. მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

- მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

- ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს მსოფლიო ძალები, ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში?

- კაცობრიობის მტრებს-ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.

- რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა?

- ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.

დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცრუ) აგენტისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტის მოსვლისა.

მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს... ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში-მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიოს წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსულმანური, რელიგიას ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა.

ძალები, რომელთაც ეკისრება მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია, ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებითურთ აქციონ უბრალოდ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისათვის საჭირო რაოდენობით. ამასთან, სრულიად დემორალიზებულს, მზადმყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განცხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეის მატარებელი ხალხი. დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განზრახული გქონდათ ისეთი სახელმწიფოს აშენება საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესებისაკენ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს პირობად ეროვნული სახელმწიფოს აშენებისათვის?

- პირველ რიგში, აუცილებელია შემუშავება ისეთი მექანიზმისა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში მოსახლე ყველა ეროვნების ურთიერთთანხმობის მიღწევას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების განუხრელ დაცვას.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინაგანი სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია ძალადობისა და ეროვნულ უმცირესობათა დათრგუნვის გზით. აუცილებელია გადასვლა ერთ სახელმწიფოში ეროვნებათა თანაარსებობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე ეროვნული კულტურის შენარჩუნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო კოსმოპოლიტური ძალები, რომლებზედაც ვლაპარაკობთ, უსათუოდ შეეცდებიან რომელიმე ეროვნების უკმაყოფილება გამოიყენონ სახელმწიფოს დარღვევისათვის. ეს მათი ნაცადი და ქმედითი ხერხია. თვითგამორკვევის პრინციპი რასაკვირველია, არ უნდა დავიდეს აბსურდამდე; მაგალითად, თუ დღეს რუსეთში ვოლგისპირელმა გერმანელებმა გერმანული სახელმწიფოს შექმნა მოინდომეს, ეს ყოვლად დაუშვებელ მოთხოვნად უნდა შეფასდეს.

- რატომ ქმნიდით მაინც და მაინც ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ, რაში სჭირდება ადამიანს ეროვნება, თქვენი თვალსაზრისით?

- სწორედ, ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არა აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების, დეგრადაციისა. დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე.

- რა ძალები აღუდგნენ სახელმწიფოს შექმნას თვით საქართველოში?

- საქართველოში ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ნომენკლატურულს უწოდებენ. კულტურის ეს მოღვაწენი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ საბჭოურ წლებში და ახლაც ახალ პრივილეგიებს გამოდევნებულები მზად არიან ზურგი აქციონ მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამჯერად ისინი ე. შევარდნაძის გარშემო დაირაზმნენ. იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება.

ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც „ბურჟუაზიულ რევოლუციას“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ „მაფიოზური რევოლუცია“ მოხდა.

- რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ?

- ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს, სხვათაშორის, მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისათვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა მათსა და რუსეთს შორის.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისათვის.

რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისწრაფვის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა, თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია. მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული „ბალკანიზაციის“ გარეშე. საკმარისია, რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისვე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისაგან.

- ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს?

- ძალიან კარგად. ვიმედოვნებ, არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს! მმართველები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გაღმიდან აქვს თავსმოხვეული.

ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე.

მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩათრეული ხალხების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულსაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე.

მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან.

ნაროდნაია პრავდა41
1992 წელი
სანკტ-პეტერბურგი

ეროვნება არა აქვს ცხოველს“ : ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან / [ჩაიწერა] „ნაროდნაია პრავდა“ // აღდგომა. - 1992. - 6 დეკემბერი. - 20. - 1,2 გვ.

62 საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან

▲ზევით დაბრუნება


„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია. ქ-ნ ეთერ ფიჩხაძის საუბარი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბ-ნ ზვიად გამსახურდიასთან (7.12.92)

.. - გამარჯობათ, ბატონო ზვიად, დღეს თქვენ ევროპაში იმყოფებით, ავსტრიაში, იმყოფებოდით ჰელსინკში, სადაც თქვენი ჩასვლა მოგვიანებით მოხდა. ვისი მიწვევით ჩაბრძანდით ჰელსინკში?

პრეზიდენტი - ჰელსინკში მიწვეული ვიყავი ჯერ კიდევ ზაფხულში, საპარლამენტო ჯგუფის მიერ, რომელსაც ჰქვია ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფი. იგი საკმაოდ ბევრ დეპუტატს აერთიანებს - 50-მდე დეპუტატს პარლამენტისას. გარდა ამისა, ფინეთში არის ფინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება. ამ საზოგადოებამაც გამომიგზავნა მოწვევა საპარლამენტო ჯგუფთან ერთად. იმჟამად, როდესაც იყო ევროპის უშიშროების თათბირის უმაღლესი დონის შეხვედრა, გახლდით მიწვეული, მაგრამ გარკვეული პიროვნების ჩარევით ჩემი ვიზა შეაჩერეს რამდენიმე დღით, სანამ დამთავრდებოდა ეს შეხვედრა. კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მაგივრად მიიწვიეს თვითმარქვია შევარდნაძე, რომელიც ჩაბრძანდა და მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. შემდეგ ჩემი ჩამოსვლა გადაიდო და მოხერხდა მხოლოდ ახლა. მე მქონდა შეხვედრა პარლამენტში, საკმაოდ პოზიტიური, კარგი საუბარი საქართველოს საკითხებზე, მწვავე პრობლემებზე. მქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე, რა თქმა უნდა, მათ გადავუხადე წერილობითი მადლობა ამ მიწვევისათვის. მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი, პოზიტიური შეხვედრები პრესასთან. თითქმის ყველა წამყვანმა გაზეთმა გააშუქა ვრცლად ჩვენი აქ ყოფნა. ინტერვიუები ჩამომართვეს, იყო დიდი პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ არა მარტო ფინეთის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წამყვანი სააგენტოების წარმომადგენლები. ტელევიზიით რამდენჯერმე იყო გადაცემული ჩემი ინტერვიუ.

ამის შემდეგ მე მოვინდომე გერმანიაში გამგზავრება, სადაც მიწვეული გახლდით. მაგრამ ამუშავდა ისევ კონიუნქტურა - საერთაშორისო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩაშალეს ეს შეხვედრა (ბ-ნი ზვიად გამსახურდია მიწვეული იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების გენერალური სამდივნოს მიერ, რომელიც ესენის ფრანკფურტში მდებარეობს - რედ.). დღეს გერმანიის პრესამ ამას მისცა მეტად მკაცრი შეფასება (მაგ: გაზეთმა „დი ველტმა“). გერმანიის მთავრობას ბრალი დასდეს მეტერნიხის მეთოდების გამოყენებაში ჩემს წინააღმდეგ და გენშერ-შევარდნაძის შეთქმულების ნაყოფად გამოაცხადეს ჩემს ვიზაზე უარის თქმა.

.. - არის იმედი, რომ გერმანია მაინც გასცემს ვიზას თქვენზე?

პრეზიდენტი - უნდა გასცეს, სხვა გზა არ ექნება, იმიტომ, რომ პრესა ძალიან მიჭერს მხარს, მხარს მიჭერს გერმანიის საზოგადოება. მე მივწერე კოლს ღია წერილი, სადაც ვთქვი, რომ ეს ძველი საბჭოური მეთოდების აღორძინებაა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის მოქცევასთან, რომ ეს არის ბერლინის კედლის აღმართვა ჩემს წინაშე. ეს არის იგივე, რასაც აკეთებდა ჰონეკერი თავისი ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ. ასეთი ღია წერილით მივმართე მას და იგი გავუგზავნე ყველა სააგენტოს და გაზეთების რედაქტორებს. ეს ღია წერილი გაშუქდა პრესაში, კერძოდ, „ფრანკფურტერ ალგემაინე-ში“ და კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ მთლიანად ამტყუნებენ კოლის მოქმედებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესებისათვის საზიანოაო გამსახურდიას ვიზიტი გერმანიაში. გაზეთი სვამს კითხვას, რატომ უნდა დააზიანოს გერმანიის საგარეო პოლიტიკის ინტერესები გამსახურდიას - კანონიერი პრეზიდენტის ვიზიტმაო და ა.შ.

.. - თქვენი შემდგომი დანიშნულების ადგილი არის საფრანგეთი.

პრეზიდენტი - მოგეხსენებათ, შემდეგ მე გამომიგზავნეს მოწვევა ავსტრიიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებამ - და მე ჩავედი ავსტრიაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აქაც ძალიან კარგი შეხვედრა მომიწყვეს. შედგა დიდი პრესკონფერენცია, რომელსაც საინფორმაციო საშუალებების მრავალი წარმომადგენელი დაესწრო. გამოვედი ავსტრიის ტელევიზიით და ევროვიზიით, ჩამომართვეს ინტერვიუ. გამოვედი ავსტრიის რადიოთი. გერმანიიდან დამიკავშირდა გერმანიის რადიო („გერმანული ტალღა“ - რედ.), იქაც გამოვედი. პრესა ძალზე პოზიტიურად აშუქებს ჩემს ვიზიტს და ყოველნაირად მხარს მიჭერს. ავსტრიის პრესა აღნიშნავს, რომ მე ვარ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი, განდევნილი სისხლიანი პუტჩის შედეგად, რომ საქართველოში მძვინვარებს ტერორი, ბატონობს მაფია ყოფილ ნომენკლატურასთან ერთად და ირღვევა ადამიანის უფლებები, არის სრული ქაოსი და ანარქია.

.. - ეს პრესა, მაგრამ როგორ მიგიღოთ ავსტრიის მთავრობამ?

პრეზიდენტი - ავსტრიის პარლამენტის სპიკერმა მიმიღო ძალიან კარგად - ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდი სახელმწიფო მდივანს და აქაც ძალიან კარგი საუბრები იყო. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ჩემს ინფორმაციას და პოზიციას. ძალიან კმაყოფილი ვარ ავსტრიაში ვიზიტით (გარდა ამისა, პრეზიდენტი მოხსენებით გამოვიდა ავსტრიის პარლამენტის წინაშე. რედ.).

.. - თქვენ გაქვთ პრესკონფერენციები, შეხვედრები ოფიციალურ პირებთან ფინეთშიც, ავსტრიაშიც და სხვა ქვეყნებში. როგორია ევროპაში თქვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი?

პრეზიდენტი - ჩემი მიზანია ქართველი ხალხის, ქართველი ერის ხსნა იმ განსაცდელისაგან, რომელშიც იმყოფება იგი; იმ კრიმინალური ანარქიისაგან, პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფისაგან, რომლისკენაც მიექანება საქართველო. აგრეთვე, სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, საზოგადოებისთვის - და იმ ნეგატიური კამპანიის მხილება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ევროპის ქვეყნებში, საერთოდ - დასავლეთში, ობიექტური ინფორმაციის მიცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

.. - თქვენ მიემგზავრებით საფრანგეთში. საფრანგეთში საკმაოდ დიდი თემობაა ქართველობის, ბევრნი არიან ძველი თაობის წარმომადგენლები. ვისთან გექნებათ შეხვედრები?

პრეზიდენტი - ჯერ-ჯერობით არ ვიცი. მართალი გითხრათ, ჯერ არ არის გარკვეული ჩემი ჩასვლის პერსპექტივები, რადგან იქ ამოქმედდნენ იგივე ძალები, რომლებმაც ჩაშალეს ჩემი ვიზიტი გერმანიაში. ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ დაბრკოლებები შემიქმნან. თუ ჩავალ, შევხვდები პოლიტიკურ მოღვაწეებს, პრესის წარმომადგენლებს. (ბ-ნი ზვიად გამსახურდია საფრანგეთში მიწვეულია საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის (ლიდერები ლე პენი და ალენ დელონი) და პარლამენტის ფრაქციის მიერ. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ეს ვიზიტი შესდგება. რედ.).

.. - ჩვენ საუბარი გვქონდა ჰელსინკში თქვენს წარმომადგენელთან - რენო სირაძესთან, მან კატეგორიულად უარჰყო ბრალდება, რომ აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი კონფედერატების მოხალისეთა უკან ზვიად გამსახურდია დგას.

პრეზიდენტი - ეს ვერსია კრიმინალური ხუნტის მორიგი სიცრუეა. იგი ყოველგვარ დეზინფორმაციას და მონაჭორს ავრცელებს. იმასაც ამბობენ, რომ მე მოვუწოდებდი აფხაზეთში ლაშქრობისაკენ და ვამბობდი, რომ საქართველო არის მცირე იმპერია, რომელიც უნდა დაიშალოს. კრიმინალური ხუნტა ასეთი მეთოდებით მოქმედებს და ეს არც არის გასაკვირი. ამას არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. მე, პირიქით, აფხაზეთის ხელისუფლებას სულ მოვუწოდებ, რომ აღადგინონ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, კანონიერი კონსტიტუცია და თავი გაანებონ ძველი აფხაზური კონსტიტუციის აღდგენას, მე ყველანაირად ვმოქმედებ იმისათვის, რომ საქართველოს მთლიანობა იქნეს შენარჩუნებული, ვიბრძვი იმისათვის, რომ ჩაიშალოს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკად გამოცხადება და ა.შ. მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევუშალო ხელი ამგვარ ანტიქართულ პროცესებს. მაგრამ კრიმინალური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს, რომ ქართველ ხალხს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

.. - უკვე ერთი წელი ხდება იმ მომენტიდან, რაც შარშან დატრიალდა საქართველოში და პრეზიდენტი აღმოჩნდა ლტოლვილობაში. საქართველოს პრეზიდენტი შეიფარა ჩეჩნეთმა. როგორია თქვენი ყოფა ჩეჩნეთში ამ ერთი წლის განმავლობაში?

პრეზიდენტი - მე ძალიან კარგად მიმიღეს ჩეჩნეთში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩეჩნეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს. მაგრამ ძალზე მძიმეა ქართველი კაცისთვის სამშობლოს გარეშე ყოფნა. ერთადერთი სიმძიმე ის გახლავთ, რომ მოწყვეტილი ვარ სამშობლოს.

.. - - რენოს დაუსვამს ასეთი საკითხიც, რომ ჩეჩნეთში თქვენი ყოფნა არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგან ეს რეგიონი ახლა ცხელი წერტილია. აპირებთ დარჩენას ჩეჩნეთში თუ?

პრეზიდენტი - დიახ. მე ჩეჩნეთში დავბრუნდები. ხუნტა ავრცელებს ჭორს, რომ მე ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს თურქეთში თუ ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. ისინი მალავენ ევროპაში ჩემი მოგზაურობის ამბებს, ჩემს ყოფნას ავსტრიაში, ფინეთში. თითქოს მე ვითხოვდე დაბრუნებას საქართველოში და მზად ვარ ვითანამშრომლო შევარდნაძესთან. სინამდვილეში მე ვაპირებ ჩეჩნეთში დარჩენას მანამდე, სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს საღი აზრი, არ დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება, სანამ არ შეწყდება კრიმინალური ანარქია, ძალადობა, სისხლისღვრა, კრიმინალური ხუნტისა და მაფიის ბატონობა.

.. - ვისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ?

პრეზიდენტი - ისევ და ისევ ქართველი ხალხის მხარდაჭერის, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერის. მიუხედავად იმისა, რომ ავრცელებენ ჭორს, თითქოს მე შეიარაღებული გზით ვაპირებდე დაბრუნებას, თითქოს მსურს შევუსიო საქართველოს ჩეჩნეთის ან თურქეთის არმია, ეს ჭორია. ჩემი ერთადერთი გზა არის პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის გზა და არა სამხედრო ბრძოლის გზა. აი, ამას ვიმეორებ კატეგორიულად და მინდა, რომ ყველამ დაიმახსოვროს ეს.

.. - თქვენმა მხარდამჭერებმა ბოიკოტი გამოუცხადეს 11 ოქტომბერს არჩევნებს. თქვენ სწორად მიგაჩნიათ ბოიკოტის გამოცხადება, ისინი ხომ პარლამენტის გარეთ დარჩნენ?

პრეზიდენტი - ეს არავითარი არჩევნები არ იყო. ჯერ ერთი, ეს გახლდათ უკანონო, არაკონსტიტუციური არჩევნები. იგი მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ. ბოიკოტი გამოუცხადა მას ყველამ, ვისაც შეეძლო. ვისაც არ შეეძლო, აიძულეს მოსულიყვნენ, მათაც უარყოფითი ხმები ჩაყარეს. მაგრამ ყველაფერი ფალსიფიცირებული და გაყალბებული იყო, ვითომც არჩეულ იქნა პარლამენტი.

.. - მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა სცნეს საქართველოს დღევანდელი მთავრობა.

პრეზიდენტი - ეს მათი დიდი შეცდომაა. ცნეს იარაღით მოსული ხუნტა, კანონიერი ხელისუფლება კი დაივიწყეს და მას ყოველნაირად შეუშალეს ხელი.

.. - ჩაატარებთ თუ არა სახალხო რეფერენდუმს?

პრეზიდენტი - თუ საჭირო იქნება, ჩავატარებდი, სიამოვნებით. ამას არავითარი რეფერენდუმი არ უშველის, ქალბატონო ეთერი. თქვენ, როგორც ჩანს, არა ხართ გარკვეული კარგად, თუ რა ხდება საქართველოში. არა გაქვთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. იქ არის კრიმინალური ბანდების მაფიების თარეში, რომელნიც მეტყველებენ მხოლოდ იარაღის ენაზე.

.. - რომ იყოს საქართველოს საკეთილდღეოდ შერიგება - შევარდნაძესთან, თქვენ დათანხმდებოდით?

პრეზიდენტი - სანამ ბატონი შევარდნაძე კრიმინალურ ბანდებთან ერთად მოქმედებს, არ შემიძლია მე მასთან მოლაპარაკება. არ ფიქრობს ის თავისი პოზიციის უხერხულობაზე და დაკავშირებულია ამგვარ საეჭვო პიროვნებებთან, როგორ შემიძლია მე მასთან რაიმე დიალოგი? საქართველოში ძალადობით, იმპერიული ძალების ჩარევით, მოხდა სისხლიანი პუტჩი, განდევნილ იქნა კანონიერი ხელისუფლება, პარლამენტი. იგი არსებობს, არსებობს ემიგრაციაში და იარსებებს მანამდე, სანამ საქართველოში არ აღდგება კანონიერება.

საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან : „ამერიკის ხმისქართული რედაქცია. / - ეთერ ფიჩხაძის საუბარი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ზვიად გამსახურდიასთან (7.12.92) // აღდგომა. - 1992. - 20 დეკემბერი. - 31. - 1,2 გვ.

63 „ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური მეთოდით ვიბრძვით“

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ რადიოსადგურთავისუფლების კორესპონდენტთან
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი
ევროპის ქვეყნებში

- ბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ მიმართეთ გერმანიის ხელისუფლებას ვიზის გაცემის თაობაზე, რაზეც უარი გეთქვათ. ამას მოჰყვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, თითქოს თქვენ გერმანიის მთავრობისათვის არ მიგიმართავთ. შედგება თუ არა თქვენი ვიზიტი ამ ქვეყანაში?

- ჰელსინკში ჩემს ჩამოსვლამდე ჩემი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ საელჩოს აქ, ჰელსინკში და მიიღეს დასტური, რომ ვიზასთან დაკავშირებით არ იქნებოდა არანაირი დაბრკოლება და მე შემეძლო მიუნხენში ჩასვლა. ჩემთვის ბილეთიც კი იყო აღებული. ჩემი აქ ჩამოსვლისთანავე კვლავ გაეგზავნა შეკითხვა საელჩოს, მაგრამ მათგან უარი მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ ჩვენ უკვე წერილობით მივმართეთ მათ და პირადად გადავეცით ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო. მიუხედავად ამისა, საელჩოდან ცინიკური პასუხი მივიღეთ, რომ მაინც უარს გვეტყვიან. რატომ უფრთხიან ისინი ღია განცხადებას ჩემთვის უარის თქმის შესახებ? ძალიან მაკვირვებს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის ამგვარი მოქმედება.

- იქნებ ადგილი აქვს გაუგებრობას, გააგზავნეს თუ არა თქვენმა წარმომადგენლებმა წერილობითი შეკითხვა ვიზის თაობაზე?

- დღეს გადავეცით ყველა მასალები, მიუხედავად ამისა, უარი მივიღეთ.

- თქვენ გაქვთ ოფიციალური უარი?

- ოფიციალური უარი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი მივიღებთ, ყველგან გავავრცელებთ, რათა ყველასთვის ყოველივე ნათელი იყოს.

- ბატონო პრეზიდენტო, რა არის თქვენი უცხოეთში მოგზაურობის მიზანი - იგი კერძო ხასიათისაა თუ პოლიტიკური? ვის შეხვდით ოფიციალურ პირთაგან, ან ვისთან აპირებთ შეხვედრას?

- ჩვენი მიზანია მოვინახულოთ დასავლეთის ქვეყნები, რათა შევხედოთ ადამიანებს, მოვუთხროთ ჩვენსა და საქართველოს შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რაგადაგვხდა თავს. აი, ეს გახლავთ ძირითადი მიზანი. მე გახლდით ფინეთის პარლამენტში, რომლის მოწვევითაც ვიმყოფებით აქ. ალბათ იცით, რომ აქ არის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფი ეწოდება. შევხვდი მათ. სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მსურდა შეხვედრა, რამეთუ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. აი, ამ საკითხებზე მსურდა საუბარი.

- აგერ უკვე წელიწადი სრულდება, რაც თქვენ ემიგრაციაში იმყოფებით. როგორ მოეწყვეთ გროზნოში?

- კარგად, გმადლობთ, საქმე ისაა, რომ მე არასწორად მიწოდებენ ყოფილ პრეზიდენტს. მე ვარ კანონიერი პრეზიდენტი დევნილობაში. ასე რომ, ამასთან დაკავშირებითაც მინდოდა გამეფანტა ყოველგვარი გაუგებრობა.

- ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს მძიმე დღეები უდგას: ომი აფხაზეთში, გადაუჭრელი ოსური საკითხი, პრაქტიკულად მოშლილი ეკონომიკა. რა თქმა უნდა, თქვენ მოწინააღმდეგე ხართ ახლანდელი მთავრობისა, მაგრამ, საინტერესოა, როგორია თქვენი გეგმა კრიზისიდან გამოსვლისა?

- ერთადერთი გამოსავალია უკანონო ე.წ. მთავრობის გადადგომა და ასევე უკანონოდ ფორმირებული ე.წ. პარლამენტის დაშლა. ის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა, იყო ფალსიფიცირებული და ანტიკონსტიტუციური. ეს იყო ნამდვილი კომუნისტური არჩევნები, ყოველივე მომდინარეობს ხელისუფლების სწორედ ამ უკანონო ორგანოებისაგან, ასე რომ ერთადერთი გამოსავალია ამჟამინდელი ე.წ. ხელისუფლების და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა და ხელისუფლების კანონიერი სტრუქტურების აღდგენა.

- საქართველოში, და არა მარტო იქ, ბევრი ლაპარაკობს თქვენსა და ამჟამინდელ მთავრობას შორის კონფრონტაციის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. თვლიან რა, რომ ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს არა ავტომატით ხელში, არამედ საპარლამენტო ტრიბუნაზე. მზად ხართ თუ არა ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკური ბრძოლა წარმართოთ საპარლამენტო ხერხებით?

- საქმე ისაა, რომ სხვა ხერხებს მე არ ვცნობ და არც ვეწევი სხვაგვარ ბრძოლას. მე არ ვაწარმოებ არავითარ შეიარაღებულ ბრძოლას და მას წარვმართავ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით. სწორედ ეს არ სურთ მათ და ჩემი და კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს უმკლავდებიან იარაღით, ტერორით, მასობრივი რეპრესიებით. ასე რომ, ამაში მათ უნდა დასდოთ ბრალი. მე არ ვარღვევ პოლიტიკური, საპარლამენტო ბრძოლის კანონებს.

- წარმოიდგინეთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მოგივიდათ წინადადება, რომ ფაქტიურად, ფიზიკურად დაბრუნდეთ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოთ პოლიტიკურ ბრძოლაში. მიიღებდით თუ არა ამგვარ წინადადებას?

- შეიძლება, მაგრამ გააჩნია, როგორი გარანტიები და პირობები იქნება.

- წარმოიდგინეთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ კვლავ მოხვედით ხელისუფლების სათავეში, რას არ გააკეთებდით ისე, როგორც ადრე გააკეთეთ. გაგიჩნდათ თუ არა ახალი შეხედულებები ამა თუ იმ პრობლემაზე და შესაბამისად, მათი გადაჭრის გზებზე?

- რა თქმა უნდა, მე არ მინდა ვთქვა, რომ არ მქონდა შეცდომები. შეუმცდარი არავინაა, მით უმეტეს ისეთ უმძიმეს სიტუაციაში, როგორიც საქართველოშია. შეცდომები იყო. განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკაში. ალბათ ჩემი გარემოცვიდან ყველა არ იყო ღირსეული, მაგრამ დღეს ახდენენ ყოველივე ამის ზედმეტად უტრირებას. მე ბრალს მდებენ უმთავრესად იმაში, რომ იყო მეტისმეტად არასრულყოფილი კადრები და თითქოს, მათი წყალობით შეირყა ჩემი რეპუტაცია. კადრების უმეტესი ნაწილი ნორმალური იყო და შესაფერისი. თუმცა, ალბათ, ზოგიერთი მინისტრი ჩემი გარემოცვიდან მართლაც უღირსი იყო. სწორედ ამას იყენებენ ჩემდამი მტრულად განწყობილი ძალები.

- ბატონო პრეზიდენტო, როგორია თქვენი უახლოესი მომავლის გეგმები?

- პოლიტიკური, მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლა სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის, კატასტროფის წინაშე მდგარი ქართველი ერის გადარჩენისათვის...

ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით ვიბრძვით“ : გამსახურდია . / ინტერვიუ რადიოსადგურთავისუფლებისკორესპონდენტთან // აღდგომა. - 1992. - 20 დეკემბერი. - 31. - 1გვ.

64 საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ფინეთში

▲ზევით დაბრუნება


. სირაძის საუბარი
თავისუფლებისკორესპონდენტთან

პატივცემულო რადიომსმენელებო!

დღეს სატელეფონო საუბარი გვქონდა ევროპაში ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელთან, ბატონ რენო სირაძესთან. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი გამსახურდია ჰელსინკში იმყოფება. შემოკლებით გთავაზობთ ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

კორ.: - გამარჯობათ, ბატონო რენო. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ბატონი ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა სტამბოლში და შემდეგ ჩავიდა ჰელსინკში. რამდენად სწორია ეს ცნობა!

სირაძე: - ეს სრული ჭეშმარიტებაა. აგერ უკვე 6 დღეა, რაც ბატონი ზვიადი ჰელსინკში იმყოფება. იგი მოიწვია ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფმა და ფინეთ-საქართველოს საზოგადოებამ.

კორ.: - თუ იყო რაიმე შეხვედრები ან პრესკონფერენცია?

სირაძე: - ახლავე მოგახსენებთ. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ, როცა ზაფხულში მიმდინარეობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია. ეს მოწვევა მაშინდელია. როგორც იცით, მაშინ მან ეს ვერ შეძლო, მონაწილეობა, გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ ეს მოწვევა ისევ ძალაში დარჩა და იგი ჩამობრძანდა, როცა ამის საშუალება მიეცა. მას ჰქონდა შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან.

კორ.: - თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ შეხვედრების შედეგები, რამდენად პოზიტიური იყო იგი ბატონ გამსახურდიასთვის?

სირაძე: - რა თქმა უნდა, მთელი ამ ვიზიტის მთავარი მიზანია ის, რომ გააცნოს საქართველოში მიმდინარე დღევანდელი პროცესები დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს, რადგანაც მათ გარკვეული მიზეზების გამო არა აქვთ სრული წარმოდგენა და ჩემის აზრით, ყველა შეხვედრა შესანიშნავად წარიმართა. გამომჟღავნდა სრული გაგება იმ საშინელი სიტუაციისა, რაც დღეს საქართველოშია. რა თქმა უნდა, აქ თავისი როლი ითამაშა ფინეთის პრესამაც, რომელიც დასავლეთის სამყაროს სხვა პრესასთან შედარებით უფრო ობიექტურად აშუქებს პროცესებს.

კორ.: - რას მიაწერთ თქვენ ამას, ბატონო რენო, ვისი ღვაწლია ეს?

სირაძე: - ჩემის აზრით, ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ თვითონ ფინეთი, რომელიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა, თავისი ისტორიით ძალზე წააგავს საქართველოს და ამიტომ ფინელების შეგნება და დამოუკიდებლობისადმი მიდგომა უფრო შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და მათ უფრო ახლოს მიაქვთ გულთან ყოველივე ეს. რა თქმა უნდა, გარკვეული წვლილი ამ ობიექტურ გაშუქებაში მიუძღვის იმასაც, რომ აქ ძალიან აქტიურად მოქმედებს ფინეთ-საქართველოს საზოგადოება, რომელიც ცდილობს ობიექტურად გააშუქოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ამ საზოგადოების ღვაწლით ჩამოვიდნენ საქართველოში დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები. მათ შორის ბევრი იყო პარლამენტის დეპუტატი, რა თქმა უნდა, პრესის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებზეც თან ახლდნენ ამ დამკვირვებელთა ჯგუფებს.

კორ: - როგორ გაშუქდა ეს არჩევნები ფინეთის დამკვირვებლების მიერ. როგორი შეფასება მიეცა ამ არჩევნებს?

სირაძე: - თუ თქვენ 11 ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობთ, მე პირადად ეს არჩევნები მიმაჩნია სრულიად ფალსიფიცირებულად და არაკანონიერად. სხვათა შორის, ამ არჩევნებზეც იყო ჩვენი საზოგადოების თავმჯდომარე და მან დაწერა რაპორტი, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. ამ არჩევნებს არჩევნების გარდა ყველაფერი ეწოდება.

კორ.: - როგორ მიიღეს ბატონი ზვიად გამსახურდია ფინეთის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა და როგორ მიმართავდნენ მას?

სირაძე: - ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველგან მიმართავდნენ როგორც პრეზიდენტს და არა მარტო ოფიციალური პირები, არამედ ქუჩაშიც ბევრი ცნობდა. ამ სამი დღის წინ ვიყავი წიგნების მაღაზიაში, სადაც პრეზიდენტმა შეიძინა ბიბლია ინგლისურ ენაზე. ეს არის წიგნების უდიდესი მაღაზია ევროპაში და უამრავი ხალხი გარს შემოერტყა ბატონ ზვიადს, ყველა უსურვებდა გამარჯვებას.

კორ.: - ბატონო რენო, საქართველოს ახლანდელი მთავრობის არჩევნების შემდეგ ფინეთის მთავრობა ოფიციალურად ცნობს მას?

სირაძე: - სხვათა შორის, ფინეთის მთავრობამ ცნობის დროსაც პირდაპირ განაცხადა: ჩვენ ვცანით საქართველო და არა მისი მთავრობაო. სიტყვა სიტყვით გეუბნებით ამას.

კორ.: - მაგრამ მაინც ფინეთის მთავრობამ არ მისცა ვიზა ბატონ ზვიადს სწორედ ევროპის უშიშროების სესიაზე დასასწრებად, რადგანაც ბატონი შევარდნაძე უნდა ჩამოსულიყო იქ და ამდენად გაუგებარია ფინეთის მთავრობის მიდგომა.

სირაძე: - ამ დღეებში გაირკვა ის, რაშიც ჩვენ ეჭვი გვეპარებოდა და რაც მაშინ არაოფიციალურად გვითხრეს: ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი გვარი არ დავასახელოთ, გაგვიმჟღავნა, რომ მაშინდელი მოქმედება სამწუხაროდ, არ იყო მათი გადაწყვეტილების შედეგი, ვინაიდან ისინი მოხვდნენ ძალიან მძლავრი დაწოლის ქვეშ დიდი სახელმწიფოების მიერ, ზაფხულის ამბებს გეუბნებით...

კორ.: - გასაგებია.

სირაძე: - და ეს დღეს გაირკვა მთლიანად იმიტომ, რომ ფინეთმა ერთი წუთითაც არ დააყოვნა ვიზის გაცემა, რასაც ვერ ვიტყვით გერმანიის შეახებ.

კორ.: - როგორც ვიცი, გერმანიამ ჯერ-ჯერობით უარი უთხრა ბატონ გამსახურდიას...

სირაძე: - დიახ, სამწუხაროდ, ბონის საგარეო საქმეთა სამინისტრო იაფფასიან თამაშებს თამაშობს. რადიო „თვისუფლების“ კორესპონდენტმა დაურეკა ბონში პასუხისმგებელ პირს და ჰკითხა, მართალია, თუ არა, რომ ზვიად გამსახურდიას უარი ეთქვა ვიზაზეო. მან უპასუხა, რომ ჩვენთან განაცხადიც კი არ ყოფილა შემოტანილი და როგორ ვიტყოდი უარსო. აი, ასეთი ფარული გაუგებრობები ხდება და ეს არ შეეფერება ისეთ კულტურულ და ცივილიზებულ სახელმწიფოს, როგორიც გერმანიაა.

კორ.: - ბატონო რენო, რა მიზნები ჰქონდა ბატონ ზვიადს გერმანიაში?

სირაძე: - რამდენადაც მე ვიცი, მიუნჰენში დაგეგმილი იყო კონფერენციის გამართვა და სხვა ღონისძიებები. დაწვრილებითი ცნობები მე არა მაქვს, მაგრამ მისი გამოჩენა დასავლეთში ისეთი მოულოდნელი იქნებოდა, რომ, ალბათ, ეს შეხვედრები იმპროვიზირებული გახდებოდა და აქ ყოფნისას კი გაირკვა, რომ ძალიან სურს მასთან შეხვედრა, ბევრი რეკავს, ბევრი კითხულობს, მისი მეგობრებიც და ყველა.

კორ.: - ბატონო რენო, თქვენ ბატონი გამსახურდიას გვერდით იმყოფებით და ალბათ, გარკვეულწილად შეგიძლიათ გვითხრათ: როგორია მისი გეგმები მას შემდეგ, როცა საქართველოში უკვე ახალი პარლამენტი აირჩიეს. შექმნილია მთავრობის კაბინეტი, ხოლო რეალურად ბატონი ზვიადი გაძევებულია საქართველოდან. თუ შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ?

სირაძე: - რამდენადაც ვიცი, მისი გეგმა არ შეცვლილა. ის განაგრძობს ბრძოლას მხოლოდ პოლიტიკური საშუალებებით, ბრძოლას საქართველოში კანონიერების აღდგენისათვის, რადგანაც ის, რაც ახლა ხდება, კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს. ეს არის ძალადობის ჩაკეტილი წრე. ასეთი ვითარებაა ბევრგან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში დ სამწუხაროა, რომ საქართველო ერთი დარტყმით ჩაეწერა მათ რიცხვში, იმის მაგივრად, რომ დემოკრატიულ ქვეყნების რიგში ჩაწერილიყო.

კორ.: - ბატონო რენო, დღეს ბატონი გამსახურდია ფინეთშია, შემდეგ, თუ მოხერხდა, გერმანიაშიც ჩავა, მაგრამ საბოლოოდ ბინას ისევ გროზნოში დაიდებს ჯერ-ჯერობით?

სირაძე: - სამწუხაროდ, ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ახლა არის ჩეჩნეთის რესპუბლიკა, თუ დაუკვირდებით, ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა იმპერიაში.

კორ.: - კი მაგრამ, ახლა მგონი, არც იქ არის მთლად მშვიდობა და ცხელ წერტილად გადაიქცა. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ბოლოდროინდელ კონფლიქტებს.

სირაძე: - რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ჩეჩნეთში და დამერწმუნეთ, ეს ადგილი ახლა ერთადერთი უსაფრთხოა, მე რა თქმა უნდა, არ ვთვლი დასავლეთის სამყაროს.

კორ.: - მე ხშირად მაქვს სატელეფონო კავშირი საქართველოსთან და ბევრი აფხაზეთის კონფლიქტში ჩეჩნების მონაწილეობას აბრალებს ბატონ გამსახურდიას. საერთოდ, როგორ უყურებს იგი აფხაზეთის კონფლიქტს?

სირაძე: - ზვიადის სახელთან ამის დაკავშირება სრული აბსურდია და ამ ხმების გავრცელება უნდა მივაწეროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოსათვის კეთილი არ სურთ. ეს იმას ჰგავს, როდესაც თავი გტკივა და ამას სხვას აბრალებ. აქ ზვიად გამსახურდია რა შუაშია. ომი მას არ წამოუწყია, იგი ახლა ლტოლვილია და უბრალოდ საშუალებაც არა აქვს, რომ ჩაერიოს ამ კონფლიქტში, ხოლო ამ ომის გამჩაღებელი ვინც არის, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

ბატონი ზვიადი ამ კონფლიქტს უყურებს როგორც გლობალურ კავკასიურ კონფლიქტს. ეს არის კავკასიაში რუსეთის ცნობილი მიზნების გაგრძელება, რაც საუკუნეების მანძილზე იყო და ახლაც გრძელდება - კავკასიის გახლეჩა ნაწილებად და ბატონობა. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი მმართველი წრეები ამაში ხელს უწყობენ მოსკოვს. ეჭვის შეტანა იმაში, რომ საქართველოს მთლიანობა და მშვიდობა არ სურს გამსახურდიას, რბილად რომ ვთქვათ, ავადმყოფური ფანტაზიის შედეგია. მე საშუალება მქონდა წამეკითხა გაზეთი „საქართველოს ცის ქვეშ“, რომელშიც არის ბატონ არძინბას განცხადება. ისინი ამბობენ, რომ არავითარი პრეტენზია არა აქვთ საქართველოდან გასვლისა და ამას იმეორებენ ყოველთვის. ზოგიერთებს კი თბილისში ამ კონფლიქტის გადაზრდა სურთ ეთნოკონფლიქტში და ეს კი ძალიან საშიში საქმეა.

კორ.: - ძალიან დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ფინეთში : საუბარი ევროპაში ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელთან რენო სირაძესთან / [ჩაიწერა] რადიოსადგურითავისუფლება“ // აღდგომა. - 1992. - 20 დეკემბერი. - 31. - 3გვ.

65 მიმართვა მერაბ კოსტავას საზოგადოებისადმი

▲ზევით დაბრუნება


მერაბ კოსტავას საზოგადოება შეიქმნა 1990 წლის ზამთარში, სამაჩაბლოს კრიზისის გამწვავების დროს. ეს საზოგადოება შექმნა ვაჟა ადამიამ, რომელიც უწინ წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრი იყო. ვ. ადამია აცხადებდა, რომ ხსნის კომიტეტში გაერთიანებული ზოგი პარტია ღალატობდა საქართველოს ინტერესებს და ხელს უშლიდა მას სამაჩაბლოს ქართველთა დაცვაში, მის გამო მას სჭირდებოდა ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც გამოვიდოდა ამ კომიტეტის კონტროლიდან და იმოქმედებდა დამოუკიდებლად. ვ. ადამია აცხადებდა, რომ იგი ბოლომდე უერთგულებდა მერაბ კოსტავას იდეალებს და იდგებოდა ჩემს გვერდით ისევე მტკიცედ და შეუპოვრად, როგორც თავად მერაბ კოსტავა, საზოგადოების პროგრამა და წესდებაც ამას თითქოს ადასტურებდა.

ვ. ადამია თავიდან ვითომდაც ებრძოდა მოსკოვის იმპერიალისტურ კურსს და გმობდა შევარდნაძის მოღალატურ ანტიქართულ საქმიანობას, ებრძოდა აგრეთვე მის მიერ შექმნილ ბანდიტურ დაჯგუფებას „მხედრიონს“. დამახასიათებელია შემდეგი ფაქტი, ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე ჩემთან შეხვედრა მოისურვა შევარდნაძის ემისარმა, ყოფილმა პარტოკრატმა ჟ. შარტავამ, რომელსაც სურდა მოსკოვიდან თბილისს გადმოსახლება და რატომღაც ჩვენგან მოითხოვდა თანხმობას. მე არ ვისურვე შარტავასთან შეხვედრა და ვთხოვე ვ. ადამიას, შეხვედროდა მას და გაერკვია მისი მიზნები. ვ. ადამია შეხვდა შარტავას და განუცხადა შემდეგი: „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი თქვენი ჩამოსვლისა საქართველოში. ერთადერთი მოღალატე, რომელსაც ქართულ მიწაზე ფეხის დადგმის უფლება არა აქვს, ეს არის შევარდნაძე“.

გამოხდა ხანი. მერაბ კოსტავას საზოგადოებას გავამარჯვებინე საპარლამენტო არჩევნებში, ვ. ადამია კი არჩეულ იქნა თავდაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც იგი პროფესიულად არ შეეფერებოდა, ვინაიდან არ ჰქონდა სამხედრო განათლება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადააყენა იგი ამ თანამდებობიდან, მან გულში ჩაიდო შურისძიება და დაუკავშირდა როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის „ოპოზიციას“ და გააძლიერა დესტრუქციული ქმედებები, რაც გადაიზარდა ბოლოს ხელისუფლებასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ვ. ადამია გადაიქცა პუტჩის აქტიურ მონაწილედ და ჩემს მტრად, თუმც იგი აცხადებდა, რომ იბრძოდა არა პრეზიდენტის გადაყენებისათვის, არამედ მხოლოდ მისი უფლებების შეზღუდვისათვის.

თუმც სავსებით ბუნებრივია, რომ ვ. ადამია, ქ. ჩიტას სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი პარტკომი, რომელიც რუს კომუნისტებსაც კი სჯობნიდა ლენინისადმი ერთგულებაში, დაუკავშირდა იმპერიულ ძალებს, რომელნიც იბრძოდნენ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობისათვის, შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანისათვის. პირადი წყენის ნიადაგზე მან უღალატა ეროვნულ მოძრაობას და, რაც უმთავრესია, მერაბ კოსტავას პრინციპებს, რომელიც მუდამ შეურიგებელი იყო იმპერიის დესტრუქციული ძალებისადმი და შევარდნაძეს საქართველოს მოღალატედ და მტრად მიიჩნევდა.

მერაბ კოსტავამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შესწირა საბჭოთა იმპერიასთან და შევარდნაძესთან ბრძოლას, ს. ადამია კი დღეს მერაბ კოსტავას დროშით ხელში დადგა იმპერიის ემისრისა და მისი ნეოკომუნისტური მაფიოზური ხუნტის გვერდით. მერაბ კოსტავა ის კაცი იყო, რომელიც შევარდნაძემ დააპატიმრა ეროვნული მოღვაწეობისათვის და ორჯერ გაუგრძელა პატიმრობის ვადა ციმბირში. მერაბ კოსტავამ გულისშემძრავი მამხილებელი წერილი მისწერა შევარდნაძეს ანგარსკის საკონცენტრაციო ბანაკიდან. დღეს კი ვ. ადამია და მერაბ კოსტავას საზოგადოება ტაშს უკრავს საქართველოს მოსისხლე მტერს და ეხმარება მას ანტიეროვნულ საქმიანობაში, საქართველოს განადგურებასა და გენოციდში.

სამაჩაბლოს ვითომდაც თავდადებულ მებრძოლებს ხმა არ დაუძრავთ, როდესაც შევარდნაძემ ხელი მოაწერა დაგომისის კაპიტულაციას და რუსეთს გადასცა შიდა ქართლი. მათ განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის დაგმობილი ეს მოღალატური ნაბიჯი. ამჟამად მათ მიერ სამაჩაბლოს დატოვება კი დეზინფორმაციის ტოლფასია.

მერაბ კოსტავა ჩემდამი მოძღვნილ ლექსში „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც მან გულაგიდან გამომიგზავნა 1978 წელს, წერდა:

„რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს!
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და როს აღგივსეს ძმარით ფიალა.
არ აიცდინე სასმელი ესე.
რადგან იცოდი, როგორ მავნებლობს
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ მბრძნებლობს
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან“.

თუ ვინ იგულისხმა ამ „მავნებელ მაცდურში“, ვგონებ, ყველასათვის ნათელია. დღეს კი ამ „მავნებელ მაცდურს“ კოსტავას სახელობის საზოგადოება ეპირფერება და მასთან ერთად აპირებს ბლოკის შექმნას ხუნტის შესაძლო ცრუ არჩევნებში. ასე რომ, დროა შეწყდეს მერაბ კოსტავას სახელით სპეკულაცია, მისი გამოყენება ბინძურ პოლიტიკურ თამაშში. ამ საზოგადოებას დროა ეწოდოს ვაჟა ადამიას, შევარდნაძის, ან ლენინის საზოგადოება და შესაბამისად, შეეცვალოს პროგრამა და წესდება. ემბლემად კი ჯვრიანი არწივის ნაცვლად უფრო შესაფერისი იქნება მოსკოვის კრემლი, ნამგალი და ურო.

დღეს კოსტავას სახელობის საზოგადოება თავისდა სამარცხვინოდ „დაუძმობილდა“ და შეერწყა „მხედრიონს“. ვინაიდან მასთან უაღრესად დიდი სულიერი ნათესაობა აკავშირებს. თუმც უნდა ითქვას, რომ ის, ვინც წმინდა იდეალებით, მერაბ კოსტავას სახელით ნიღბავს ბანდიტიზმს, კაცისკვლას, ბავშვების გატაცებას, ფულის გამოძალვას, უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც ღიად და დაუფარავად მისდევს ყაჩაღურ „იდეოლოგიას“. ადამიას ბანდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ მერაბ კოსტავას არასოდეს ჩაუდენია ქურდობა, ყაჩაღობა, იგი არასოდეს ყოფილა სტალინისა და შევარდნაძის თაყვანისმცემელი, მას არასოდეს უვლია ბარაბას გზით, მისი გზა ქრისტეს გზა იყო, რასაც იგი შეეწირა შეგნებულ მსხვერპლად.

ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მერაბ კოსტავას წმინდა სახელი, უნდა დატოვოს ამ საზოგადოების რიგები, რათა არ დაიდოს წილი ერის შეგნებულ ღალატში და ეროვნული გმირის ხსოვნის შეურაცხყოფაში.

ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
21 ივლისი, 1992.

მიმართვა : მერაბ კოსტავას საზოგადოებისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1992. - 14 აგვისტო. - 15. - 1გვ.

66 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. პუტჩისტები ცდილობენ ხელისუფლების უზურპირებას, მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა მათი ყოველგვარი ქმედება უკანონოა და ანტიკონსტიტუციური. ა.წ. 6 იანვარს მე, საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, რათა აღარ გაგრძელებულიყო ნგრევა და სისხლისღვრა. თუმც ადგილის გამოცვლა ჩვენს მიერ არ ნიშნავს პოზიციის დათმობას. ჩვენ კვლავ წარმოვადგენთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, მე არ გამიკეთებია განცხადება გადადგომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შექმნილმა ხუნტამ პირველსავე დღეს „შეაჩერა“ კონსტიტუცია და „დაითხოვა“ პარლამენტი, ამჟამად იგი ცდილობს დეპუტატების დანიშვნას და სესიის მოწვევას, რათა მიაღებინოს მას უკანონო გადაწყვეტილებანი. პარლამენტის მუშაობას შექმნილ სიტუაციაში არ ექნება არავითარი აზრი. მოვუწოდებ დეპუტატებს: არ დაექვემდებარონ ხუნტის შანტაჟს, არ გამოცხადდნენ სესიაზე თუ შეკრებაზე, არ შეირცხვინონ თავი ერის წინაშე, და თუ ხუნტამ მაინც მოახერხა მათი ნაწილის შეკრება, ეს იქნება ცრუ სესია, რომლის არც ერთ გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა. ქართველი ერი არ უნდა დაემორჩილოს სისხლიან კრიმინალურ ხუნტას, უნდა ვამხილოთ მისი ყოველგვარი დანაშაული კრებებზე, მიტინგებზე, თავყრილობებზე. შევქმნათ წინააღმდეგობის შტაბი, საგაფიცვო კომიტეტები, სახალხო რაზმები.

პუტჩისტების რეჟიმს - ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა!

საქართველო გაიმარჯვებს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992.14.01.

მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 26 იანვარი. - 1. - 1გვ.

67 მიმართვა ქართველ მთიელთადმი

▲ზევით დაბრუნება


ძმანო და დანო!

ფშავ-ხევსურეთის, ხევ-მთიულეთის, თუშეთის მკვიდრნო!

დიდი ძნელბედობის ჟამი უდგას ჩვენს სამშობლოს. თვითმარქვია ავანტიურისტებმა, საკუთარი ხალხის სისხლში ხელებგასვრილმა მოღალატეებმა რუსის ჯარის დახმარებით ხელთ იგდეს ხელისუფლება, იმპერიის ცენტრის დავალებით შლიან და ანაწევრებენ საქართველოს, აჩაღებენ ძმათამკვლელ სამოქალაქო ომს, დამნაშავეთა ბანდებს უგდებენ ხელში საჯიჯგნად ჩვენს მიწა-წყალს.

ჟამი დგას ისეთი, როგორსაც აღწერდა დიდი ვაჟა თავის „ბახტრიონში“. შინაურ ურჯულოებს, კომუნისტ-პარტოკრატებს, მაფიოზებს, ნარკომანებს დაღუპვისაკენ მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა. გათელილია ქართული დროშა, შეგინებულია ყოველივე წმინდათაწმინდა, იძარცვება ჩვენი ქვეყანა, მალე უცხო თესლი დაეპატრონება მთელს საქართველოს.

ისტორიული ძნელბედობის ჟამს მთა იყო მუდამ ჩვენი იმედი. მთიელთა თავგანწირვამ და გმირობამ იხსნა საქართველო მრავალგზის. მოგიწოდებთ, აღსდგეთ, გაერთიანდეთ, შეუერთდეთ წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს მოღალატეთა ხუნტის დასამხობად, საქართველოს გადასარჩენად!

გვფარავდეს ძალი წმინდა გიორგისა, მთისა და ბარის ყველა წმინდა სალოცავისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
21 აგვისტო1992

მიმართვა : ქართველ მთიელთადმი / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - 28. - 2 გვ.

68 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში სისხლიანი ხუნტის ერთწლიანი თარეშის შედეგად ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზეა მიყვანილი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის, ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება შიმშილისაგან, ათიათასობით ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი და ლტოლვილადაა ქცეული საკუთარ სამშობლოში. დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყანა ჩართულია დამღუპველ ომში. ასეთ პირობებში უკანონო ხელისუფლების დამქაშებმა გაააქტიურეს ტერიტორიული და დივერსიული ქმედებანი. აფეთქებენ ხიდებს, რკინიგზას, წვავენ კულტურის კერებს და სამეცნიერო დაწესებულებებს, ადმინისტრაციულ შენობებს, თავს ესხმიან და ძარცვავენ ქალაქის მოსახლეობას, აშინებენ მას და ცდილობენ ყოველივე ეს კანონიერებისათვის მებრძოლებს გადააბრალონ მათი დისკრედიტაციისა და ამავე დროს, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გაწამებული ხალხის რისხვის თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს სრული განადგურებისაგან ხსნისათვის, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და მისთვის ელემენტარული სოციალური პირობების შექმნისათვის, ვბრძანებ:

1. დაევალოს კანონიერებისათვის მებრძოლი შეიარაღებული ძალების თავდაცვის საბჭოს (ვ. ქობალია), ჩამოაყალიბოს ტერორისტული აქტებისა და დივერსიების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური ქვედანაყოფები.

2. აღნიშნულმა ქვედანაყოფებმა, სადაც შესაძლებელია, დააწესონ უმკაცრესი კონტროლი რკინიგზებზე, ხიდებსა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე.

3. გაჩაღდეს შეურიგებელი ბრძოლა ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების გამოვლინებისა და განეიტრალებისათვის.

4. ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობა ფართოდ გაშუქდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოქვეყნდეს დამნაშავეთა სია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო, 1993 წელი, 3 იანვარი

ბრძანებულება : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა.- 1993. - 15 იანვარი. - 1 (33). -1გვ.

69 მიმართვა ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

პროიმპერიულმა მაფიოზურმა ხუნტამ, მოღალატე ცრუ-პარტიებმა ეროვნული კატასტროფის პირას მიიყვანეს საქართველო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა პარალიზებულია, გამეფდა უზნეობა, ღალატი, კრიმინალური ანარქია. საქართველო დგას დამოუკიდებლობის დაკარგვისა და სრული გენოციდის საფრთხის წინაშე. ამის გამო აუცილებლად მიმაჩნია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების აღორძინება და გააქტიურება თბილისში და მთელს საქართველოში. მრგვალი მაგიდა იყო და არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის უძლეველობისა და ერთიანობისა. მრგვალ მაგიდაში უნდა გაერთიანდეს კვლავ ყველა ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, როგორც პარტიები, ორგანიზაციები და მოძრაობები, კვლავ უნდა იტვირთონ ახალი ორგანიზაციების და პიროვნებების გაწევრიანება, მრგვალ მაგიდაში უნდა შემოვიდეს ეროვნული მოძრაობა - წინააღმდეგობის ფრონტი, მოძრაობა „ჭყონდიდელი“, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება, გეორგიანული მოძრაობა და სხვა ორგანიზაციები. თუ რომელიმე რეგიონალური ორგანიზაციის სპიკერი ვერ აკმაყოფილებს დღევანდელობის მოთხოვნილებებს, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. უახლოეს ხანში უნდა მომზადდეს სრულიად საქართველოს მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების ყრილობა საერთო სტრატეგიისა და ბრძოლის ტაქტიკის ერთიანი პროგრამის შესამუშავებლად.

გვფარავდეს ღმერთი საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი,
მრგვალი მაგიდის სპიკერი
ზვიად გამსახურდია
1993 . 14 იანვარი.

მიმართვა : ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 26 იანვარი. - 2 (34). - 1გვ.

70 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


დღევანდელი საქართველოს უკანონო, კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართველი ერის წინაშე. ერთ-ერთია დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვა, მისი დანატოვარის ხელყოფა და განადგურება, რაც „ხელისუფლების“ სანქციით მოხდა. ამჟამად ფარისევლურად ცდილობენ შენიღბონ ეს დანაშაული მწერლის ტომეულების გამოცემით. კატეგორიულად მოვითხოვ ამ გამოცემის შეწყვეტას. ასეთ საქართველოში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები არ უნდა გამოდიოდეს. მე, როგორც მემკვიდრეს, უფლება მაქვს ასეთი მოთხოვნის წამოყენებისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წელი, 12 იანვარი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1993. - 26 იანვარი. - 2 (34). - 1გვ.

71 საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით

▲ზევით დაბრუნება


გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ქალბატონმა მარიკა აბაიშვილმა რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

- ხედავთ თუ არა რეალურ მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ევროპის ქვეყნებში (ან ამერიკაში) თავისუფალი, ღვთისმოსავი, ჭეშმარიტ ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის საქმეში (მხედველობაში არ მაქვს ოდენ დემოკრატიის ქომაგობა)?

- ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც არიან ძალები, რომელნიც შესაძლოა დაგვეხმარონ საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში. დღემდე ისინი ხელფეხშებოჭილნი და პარალიზებულნი იყვნენ ბუშისა და მისი ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად. ამჟამად მეტი პერსპექტივაა, რომ დასავლეთში ხმა აღიმაღლონ ამ არნახული ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი გახდა ჩვენი ერი. ამისათვის აუცილებელია მეტი მამხილებელი მასალები იგზავნებოდეს დასავლეთში ყველა შესაძლებელი არხით, დაფიქსირდეს ყველა ბოროტმოქმედება და უკანონობა, რასაც სჩადიან საქართველოს მტრები.

- დღეს საქართველოში მეფობს სრული განუკითხაობა. ყაჩაღობამ არნახული მასშტაბები მიიღო. ის ძალები, რომლებიც ასე თუ ისე მოწოდებულნი არიან ბანდიტიზმთან საბრძოლველად, ან პარალიზებულნი არიან, ან თავად გვევლინებიან ავაზაკებად. ამ პრობლემის მოგვარების რა საშუალება გესახებათ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ?

- საჭიროა ვამხილოთ და დოკუმენტურად დავასაბუთოთ, რომ დღეს საქართველოში არის არა მხოლოდ ანარქია, უკანონობა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, არამედ ავაზაკების მმართველობა, ავაზაკების დიქტატურა. უნდა გაირღვეს საინფორმაციო ბლოკადა, რომელშიც მოგვაქციეს ბუშებმა, ბეიკერებმა, გენშერებმა და სხვებმა. მათი ზეგავლენა თანდათან სუსტდება. უნდა ვისარგებლოთ ამ გარემოებით. საბჭოთა ტოტალური სისტემა დამარცხდა მხილების შედეგად, სწორი ინფორმაციის გატანის შედეგად. მან სწორედ საინფორმაციო ომი წააგო დისიდენტებთან. ასევე დამარცხდა მისი ნაბოლარა, შევარდნაძის კრიმინალურ-ნომენკლატურული მაფია, მას უკვე დააცვდა ჭანგები. ახლა საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით. ამის გარეშე ვერასოდეს აღდგება კანონიერი ხელისუფლება. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ კი უნდა მოხდეს ყველა ჯანსაღი ეროვნული ძალის კონსოლიდაცია მის გარშემო, რათა ვიხსნათ ერი დაღუპვისაგან.

მიმდინარე მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალები (სუკი, კომპარტია, კომკავშირი, კრემლი და ა.შ.) ახერხებდნენ წლების მანძილზე მომხიბლავი ნიღბების მორგებას საკუთარი რეკრუტებისათვის. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა. დღეისათვის გამჟღავნებული ბინძური ადამიანების „ერისკაცობა“ სავსებით რეალურად გამოიყურებოდა სულ მცირე ხნის წინათაც კი და ბევრნიც მოვტყუვდით.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლის ქურქში გახვეული სუკის აგენტი გაცილებით უფრო საშიშია და გაცილებით მეტი ზიანის მომტანი, ვინემ გაცხადებული ჩეკისტი. ასეთივე სავალალო შედეგებამდე მივყავართ საქმისადმი უპასუხისმგებლო, ანგარებიან დამოკიდებულებას, იმისდა მიუხედავად, ამას სუკის აგენტი ამჟღავნებს, თუ უბრალოდ არამზადა. ასეთი მაგალითებიც ბევრი იყო ჩვენს შორის.

გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი ადამიანებისგან ჩვენ სრულად განვთავისუფლდით დღეს, მეტადრე კი, რომ სახვალიოდ კვლავაც არ შემოგვეჯარებიან ისინი.

დიდი ახსნა-განმარტებითი მუშაობაა საჭირო, რათა ფართო მასებს შევაგნებინოთ, თუ რაში მდგომარეობს დღეს სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალების ტაქტიკა. ეს არის უაღრესად დახვეწილი დემაგოგია. ახალი „დემოკრატიული“ და „ქრისტიანული“ ნიღბების მორგება. ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ცნობდა ხალხი. იყვნენ აშკარა აგენტები, კრემლისა და სუკის ღია ემისრები, მაგრამ უფრო საშიშნი იყვნენ და არიან „წყალქვეშა ნავები“ და „ტროას ცხენები“, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ხალხისა და საზოგადოების დაბნევაში, მოტყუებაში. საბჭოთა პერიოდში მათ „დისიდენტების“ სახელებიც კი ჰქონდათ, ან „ნეიტრალური“ ინტელიგენტების, „რეალისტების“ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, არავინ იცოდა მათი ნამდვილი მისსია, როდესაც მე ვამხელდი ასეთ პიროვნებებს, თვით ჩვენს მომხრეებშიც კი გაისმოდა უკმაყოფილო ხმები: „აჭარბებს“, „აზვიადებს“, „ყველგან აგენტები ეჩვენება“. ახლა კი ვრწმუნდებით, რომ თურმე მეც არ მქონია სრული ინფორმაცია ყველას შესახებ, იმდენად ოსტატურად ინიღბებოდნენ ისინი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ კანონიერების აღდგენისთანავე ხელისუფლება და მთავრობა უპირველესად საკუთარი თავის მიმართ უნდა გახდეს ზედმიწევნით მომთხოვნი და ფხიზელი, რათა მომავალში არავითარი ძალაუფლება არ ჩაუვარდეს ხელში მათ, ვისთვისაც საკუთარი პატივი უფრო ღირებულია, ვიდრე საქმე.

ჩვენი თავისადმიც, ცხადია, უფრო მომთხოვნნი უნდა გავხდეთ, უფრო მკაცრნი; შეცდომებისაგან არც ჩვენ ვიყავით დაზღვეულნი, მაგრამ როგორც იტყვიან, „ზოგი ჭირი მარგებელია“. დღეს უფრო მეტი ვიცით საკუთარი შეცდომების შესახებ, უფრო დაზღვეულნი ვართ შენიღბულთა ხრიკებისა და ფანდებისაგან. ჩვენ არ უნდა ვემსგავსოთ ბურბონებს, რომელთაც საფრანგეთის რევოლუციამ არც არაფერი შემატა და არც არაფერი ასწავლა.

1993 წლის 17 იანვარი.

საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით : გაზეთსაქართველოს რესპუბლიკისმთავარი რედაქტორის მარიკა აბაიშვილის შეკითხვებს პასუხობს ზვიად გამსახურდია // ქართული აზრი. - 1993. - 26 იანვარი. - 1(29). - 2 გვ.

72 თბილისი, საქართველოს ტელევიზია, ედუარდ შევარდნაძეს

▲ზევით დაბრუნება


გვიან გავეცანი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ პასკვილს „კრახი“, სადაც მაბრალებთ ტერორისტული აქტების ორგანიზებას ცალკეულ პირთა „ჩვენებების“ საფუძველზე. ეს პირები ან თქვენივე პროვოკატორები არიან, ან თქვენი ფაშისტური ინკვიზიციის მიერ არაადამიანური წამებით გატეხილი ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის შენარჩუნების ფასად დააწერინეთ ეს უხამსობა. ყველამ კარგად იცის, როგორ გადაასხით მდუღარე ზაზა წიკლაურს, როგორ გადაუმტვრიეთ ხელ-ფეხი, როგორ ჩაულეწეთ ყველა კბილი გედეონ გელბახიანს, როგორ აწამებდით თავდაღმა დაკიდებულს. ასეთი სადიზმის სკოლა გაქვთ გავლილი სუკ-ში, ან შესაძლოა ეგ ჩვენებებიც თქვენს მიერ არის შეთითხნილი. წერილში ჩამოთვლილი ბრალდებები ისეთივე სიმართლეა, როგორც ჩემს მიერ მილიონების გატაცება, მუსულმანობის მიღება და კონფედერაციის ჯარებისადმი მიმართვის გაგზავნა და სხვა. ყოველივე ეს თქვენ და თქვენს კრიმინალურ ხუნტას წარმოგაჩენთ, როგორც სტალინის, ორჯონიკიძის, ბერიას, ეჟოვის, ანდროპოვის ერთგულ მიმდევრებს. ნუთუ ვერ ხედავთ თქვენს კრახს, რა მოუტანეთ საქართველოს გარდა სისხლისღვრისა, შიმშილისა, ძარცვა-გლეჯისა, ნარკომანიისა, ისტორიული ტერიტორიების დაკარგვისა, ეროვნული განძის ძარცვა-განიავებისა, ყოველგვარი უზნეობისა და უბედურებისა? საქართველოს ისტორიაში შეხვალთ როგორც მურვან ყრუ, ჯალალედინი, თემურ ლენგი, შაჰ აბაზი, აღა-მაჰმად- ხანი. დრო მოვა და პასუხს აგებთ საქართველოს დაშლისთვის, მკვდარი ქალაქებისთვის, გადამწვარი სოფლებისთვის, ტერორისა და გენოციდისთვის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისათვის, საქართველოს ისტორიულ მტრებთან ალიანსისთვის, სხვა მრავალი შავბნელი დანაშაულისთვის. არ აგცდებათ ერის საუკუნო წყევლა და შეჩვენება. მომავალი იყოს ჩვენი მსაჯული.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1992 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა.

თბილისი, საქართველოს ტელევიზია, ედუარდ შევარდნაძეს / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 26 იანვარი. - 2 (34). - 1გვ

73 ბრძოლით ხელახლა უნდა მოვი პოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც

▲ზევით დაბრუნება


მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, უაღრესად საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილებ., მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა, მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს, მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მე ფინეთსა და ავსტრიაში ვიყავი. ასე რომ, ბევრი რამ აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას.

მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის. ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ მე წინასწარმეტყველი არ გახლავართ და არც მაქვს არავითარი პრეტენზია, მე არაერთხელ მოგახსენეთ ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს ტელევიზიით და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს, თუ სადამდე მიგვიყვანდა ჩვენ, სადამდე მიიყვანდა საქართველოს ის პუტჩი, რომელიც იმჟამად უკვე დაწყებული იყო. ამ პუტჩის ინსპირატორები იყვნენ საქართველოს უბოროტესი მტრები და უბოროტეს მტერთა შორის უმთავრესი დღეს საქართველოს განაგებს. დღესდღეობით არც გამოჩნდა ძალა, რომ მას დაუპირისპირდეს.

რა არის ყოველივე ამის მიზეზი.

მსოფლიო იმპერიების ბრძოლა ჩვენს წინაღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო წელს, როგორც მოგეხსენებათ, დიდად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უბოროტესი მტერი საქართველოსი, მისი კანონიერი ხელისუფლების, ქართველი ხალხის, წავიდა პოლიტიკური არენიდან, ღვთის შემწეობით, და, ალბათ, იქნება რაღაც ცვლილებები დასავლეთის პოლიტიკაში, უნდა ვიქონიოთ ამის იმედი. კეთილის მომასწავებელი ნიშნები ჩანს.

ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, კერძოდ, უაღრესად ძლიერი ორგანიზაცია - ინგლისის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის დელეგაციაც იყო ამ ე.წ. არჩევნებზე და რომელმაც მოამზადა დიდი დასკვნა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამ ცრუ არჩევნების და შევარდნაძის ცრუ, უზურპატორული დიქტატორული რეჟიმის, ყველა იმ ბოროტმოქმედებათა შესახებ, რასაც სჩადის შევარდნაძის რეჟიმი დღეს საქართველოში. აქ, როგორც მოგეხსენებათ, ყოველნაირად ამუხრუჭებდნენ თვით პრესაში ჭეშმარიტი ინფორმაციის გატანასაც. ბუშის ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო მსოფლიოში. პირველად ამ ხნის განმავლობაში ინგლისელებმა დასძრეს ხმა წამების ბარბაროსული მეთოდების შესახებ, კერძოდ, ზაზა წიკლაურის თაობაზე. აღწერილია ზაზა წიკლაურის მდგომარეობა. ამ ადამიანებმა შეაღწიეს ციხეში. ისინი განაცვიფრა იმ ამბავმა, რომ ციხეში ფორმიან თანამშრომლებთან ერთად ვიღაც უცნობი ახალგაზრდები, ავტომატიანი ახალგაზრდები იყვნენ, რომელნიც მბრძანებლობდნენ ამ თანამშრომლებზე. მათ სწორი დასკვნა გააკეთეს, რომ ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები მართავენ დღეს საქართველოს. ეს კი არის იგივე, რაც ხდება სომალიში. სომალის პერსპექტივა უკვე თანდათან იკვეთება საქართველოში, თუ გაგრძელდა ეს კრიმინალური ანარქია მთავარი კრიმინალის - შევარდნაძის მეთაურობით. ამ დასკვნამდე უკვე მიდის მსოფლიო და არის ნიშნები (მე ამჟამად არ მინდა წინასწარ ბევრი რამ ვთქვა), რომ დაიწყება ძალზედ სერიოზული მხილება შევარდნაძის ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმისა, ამ კრიმინალური ბანდების თვითნებობისა საქართველოში და, ადრე თუ გვიან დაედება ზღვარი მათ თვითნებობას.

მაგრამ, მეგობრებო, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, მაინც ძალზედ მაფიქრებს ერთი თვალსაზრისით. კი, ბატონო, გამოავლინეთ ყველა დამნაშავე, მათ თავიანთი თავი უკვე წარმოაჩინეს. ნუთუ ჩვენ უნდა დავდგეთ ანგარიშსწორების გზაზე? არამც და არამც, მეგობრებო! ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს ანარქიამდე, სისხლისღვრამდე. მაინც უნდა მივცეთ ზოგიერთ მათგანს, ვინც, რა თქმა უნდა, საქმით გამოისყიდის თავის დანაშაულს, უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაადგეს გამოსწორების გზას და შეინანოს ყოველივე ის, რაც ჩაიდინა. არის ნიშნები, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა, არის ამის ნიშნები. დაფიქრდა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, და იცის, რომ საქართველოში არავის შერჩენია ბოროტება ერის წინაშე, მოღალატეობა. არსებობს მთელი რიგი მაგალითები იგივე ორჯონიკიძისა, იგივე მახარაძისა, იგივე ბერბიჭაშვილისა და იგივე სხვების მრავალთა, რომელთა რიგში მათ თავისი თავი ჩააყენეს. ახლა მრავალი ცდილობს, თავის დაღწევას, არ სურს შეირაცხოს მოღალატეთა წყეულ გალერეაში ამ მოღალატეებთან ერთად და, როგორც ჩანს, აპირებს საქმით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ჩვენ ყოველნირად უნდა შევუწყოთ ხელი ასეთ ადამიანებს. არ არსებობს, მეგობრებო, უპატიებელი ცოდვები. უფალი გვასწავლის, რომ თუ შეინანებთ, შეგინდობთო. და ჩვენც, უფლის მიმბაძავნი უნდა ვიყოთ ამ საშინელ დროში, ამ საშინელ მდგომარეობაში. უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცრუ ფანდი, როგორც იყო მრავალჯერ. ეს უნდა იყოს ნამდვილი, საქმით გამოსყიდვა დანაშაულისა. მე ყველას ვგულისხმობ, არავინ არ არის ღვთისგან საბოლოოდ განწირული. თუ ღმერთი არ წირავს საბოლოოდ ადამიანს, არც ჩვენ გვაქვს უფლება ვინმე საბოლოოდ გავწიროთ. დაფიქრდნენ, კარგად დაფიქრდნენ, რა ჩაიდინეს, კარგად დაფიქრდნენ, რა დანაშული აქვთ საკუთარი ერის წინაშე. ვინც კარგად დაფიქრდება, ვინც დროზე დაადგება სინანულის გზას და ვინც საქმით დაგვიმტკიცებს (ჩვენ დეკლარაციები, ინტერვიუ თუ სხვაგვარი განცხადება არაფერს გვეუბნება, რადგან მთავარია საქმე - „საქმემან შენმამ გამოგაჩინოს“), უკეთუ საქმე მართლა გამოაჩენს, ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, რამეთუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ ცრუ ქრისტიანები კი არა ვართ, 66 წლის ასაკში მონათლულნი ნაძალადევად, რეკლამისათვის და ფარისევლური ნიღბის გაკეთებისათვის. ჩვენ, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საჭიროა დავადგეთ საყოველთაო შეწყნარებისა და ეროვნული შერიგების გზას. მაგრამ შერიგება მხოლოდ იმათთან, ვინც შეიგნებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, ვინც მხარში ამოუდგება ერს, ვინც ერის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ვინც ერის ხსნისათვის გადადებს თავს. მხოლოდ ასეთებთან და არა ცრუ, ფარისევლური განცხადებების ან რაღაც ფანდების საფუძველზე.

გვახსოვს ჩვენ ერთი ასეთი ამბავი - 24 ივნისი, როდესაც მრავალნი გვარწმუნებდნენ, რომ ისინი ეროვნული ძალების, ეროვნული ხელისუფლების მხარეზე გადმოვიდნენ და შემდეგ რითი დამთავრდა ყოველივე: შეიტყუეს ჩვენი მომხრეები ტელევიზიაში და ამოხოცეს, დააპატიმრეს.

ჩვენ სიბრძნე ცხოვრებამ გვასწავლა, უნდა გვასწავლოს. ჩვენ უნდა დავბრძენდეთ უფრო მეტად, მეგობრებო. ახლა ასეთი დრო დადგა, ქვეყანა კრახის წინაშეა.

ერთი წლის წინ იყო ილუზიები: შევარდნაძე ჩამოვა, გადაარჩენს საქართველოს, შემოიტანს დოლარებს, შემოიტანს მარკებს, შემოიტანს ინვესტიციებს, პროდუქტებს,

სურსათს და სხვა. დაპირებები მართლაც უხვია დღესაც. ალბათ, ნახავდით, პოლიტიკური არენიდან მიმავალი ბუშის დაპირებას, რომ ის სთხოვს ევროგაერთიანებას და არა ამერიკას, ამერიკის რომელიმე დაწესებულებას, რომ საქართველოს მისცეს ფქვილი. აი, ასეთი დაპირებებით კვებავენ დღემდე საქართველოს.

საქართველოს ვერავითარი ფქვილი ვერ უშველის, ვინაიდან კრიმინალური ბანდები, რომლებსაც ფაქტობრივად ხელში აქვთ ხელისუფლება ჩაგდებული, ყველაფერს მიითვისებენ. საქართველოს მთელი დოვლათი მითვისებული და განიავებულია, გატანილია თურქეთში და გაყიდულია. ფოთი არის მაფიების სათარეშო ადგილი, სადაც ყველაფერი იყიდება. სანამ ეს მაფიები არ აილაგმება, სანამ ეს კრიმინალური ბანდები არ აილაგმება, საქართველოს არაფერი ეშველება არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით; სანამ მთავარი მოღალატე საქართველოს სათავეშია.

ჩამოსვლის პირველივე დღიდან პირდებოდა ქვეყანას სტაბილიზაციას, დამნაშავეობის აღმოფხვრას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. სინამდვილეში, დამნაშავეობა უფრო გააძლიერა, ვინაიდან დამნაშავეთა სამყაროს მიერ არის იგი ჩამოყვანილი და დამნაშავეთა სამყარო არის მისი ერთადერთი დასაყრდენი. ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, - უნდა გადადგეს. არავითარი სხვა გამოსავალი მას არ აქვს, თუ სურს გამოისყიდოს თავისი დანაშული ერის წინაშე. მე არავის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს არ ვაძლევ. მე რეკომენდაციებს გამოვთქვამ და საქართველოს ხსნისთვისაც სხვა გზა არ არსებობს, გარდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

მე ვიცი, რომ ბევრი საყვედური გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ ამ დრომდე არ ავლაგმეთ თურმე ეს ბანდები და დავუშვი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“ - ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ. მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია, დაშინებული იყო, მე მესმის, მაგრამ გაიხსენეთ ლიტვა, როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი მხარში ლიტვის ხელისუფლებას, ლანდსბერგისს 13 იანვრის მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა ათასობით ადამიანი ლიტვის პარლამენტთან. ჩვენთან კი, რა დაინახეს სიცარიელე მთავრობის სასახლის მოედნის წინ, სწორედ მაშინ დაიწყეს პუტჩი. ასე რომ, თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარაღებდა ჩვენ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარაღებდა პუტჩისტებს.

შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ მწარე სიმართლეს დღეს გეუბნებით. მთავრობის სახლის დამცველთა შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი, მოღალატე იყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიკვირთ შედეგები, ვინაიდან, ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ამიტომ უნდა დავიმსახუროთ უკეთესი.

უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება და ამიტომაც დავკარგეთ ასე მალე. დღეს კი, ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც. ბრძოლის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მოიპოვებს.

მეგობრებო! არის გამოცოცხლება ეროვნული მოძრაობისა, მაგრამ დიდი დაქსაქსულობაა. უნდა გაერთიანდეს მოძრაობა, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი შეუძლებელია „მრგვალი მაგიდის“ აღდგენის გარეშე. „მრგვალი მაგიდა“ არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობისა, ჩვენი ბრძოლისა. „მრგვალმა მაგიდამ“ გააუქმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, არჩევნებითა და რეფერენდუმით. „მრგვალი მაგიდა“ არის უდიდესი ძალა დღესაც, თუმც პარალიზებული. „მრგვალი მაგიდა“ უნდა აღსდგეს. მისი პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ და ახალი ორგანიზაციები, თუ ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტის მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი, უნდა გაერთიანდნენ „მრგვალ მაგიდაში“. უნდა ავირჩიოთ დროებითი რეგიონული სპიკერები. რიგრიგობით უნდა წარმართონ არჩეულმა სპიკერებმა „მრგვალი მაგიდის“ მუშაობა, თბილისში იქნება ეს, თუ რეგიონებში. „მრგვალი მაგიდის“ სპიკერობიდან მე არ გადავმდგარვარ, მე კვლავ სპიკერი გახლავართ, მაგრამ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ განყოფილებებს სჭირდებათ სპიკერები. მათ უნდა დაიწყონ მუშაობა კონსოლიდაციისათვის და ქვეყანა კრიზისიდან, ქაოსიდან უნდა გამოიყვანონ.

ასე რომ, ბრძოლის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია. მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ მსოფლიოს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გავარღვიეთ საინფორმაციო ბლოკადა თურქეთში, ფინეთში, ავსტრიაში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ხუნტამ გააყალბა ჩემი მოგზაურობა. ისიც კი სთქვეს, რომ თურქეთში მე ყალბი პასპორტით წავედი, თურქს განაცხადებინეს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საერთაშორისო სასამართლო სტრასბურგისა, სადაც უახლოეს ხანში შეტანილი იქნება საჩივარი და ჩემი პასპორტის ასლი, სადაც თურქეთის საბაჟოს შტამპია ჩარტყმული. თურქეთში მე შესანიშნავად მიმიღეს, შევხვდი პოლიტიკურ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მაფიის ჩართვით იქაც შემიშალეს ხელი. ავსტრიაში და ფინეთში კი ფრიად ნაყოფიერი იყო ჩემი მოძრაობა. რაც მთავარია, გაირღვა საინფორმაციო ბლოკადა. დიდ ბრიტანეთში უკვე ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. როგორც მოგახსენეთ, ჰელსინკის ჯგუფის შესანიშნავი დასკვნა არსებობს. საბოლოოდ უკვე აეხადა ფარდა ყველაფერს. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველო ნარკობიზნესის ხიდადაა ქცეული აზიასა და ევროპას შორის, რომ საქართველოში არის ტერორი, კრიმინალური ანარქია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრების წამება ციხეებში და ყოველგვარი უკეთურება.

ასე, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება, მეგობრებო! ადრე თუ გვიან მსოფლიო განაჩენს გამოუტანს ამ კრიმინალურ რეჟიმს და სანამ დროა, თავს უშველონ, შეინანონ ერის წინაშე, ღვთის წინაშე, უფალი მოწყალეა.

გფარავდეთ ღმერთი, ფარავდეს ღმერთი საქართველოს და მალე გვეხილოს აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება.

მე ხშირად მეკითხებიან: რა არის საჭირო, რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოშიო. მეგობრებო, საერთო-სახალხო მოთხოვნის გარეშე არ დავბრუნდები. აი, ამას მოგახსენებთ. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ მე არ დავბრუნდე. საერთო-სახალხო მოთხოვნა იქნება წინაპირობა ჩემი დაბრუნებისა. მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები. თქვენ კარგად იცით, რომ მე საპრეზიდენტო სკამს არ ვეჭიდები. ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. მჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს.

საქართველოს იხსნიან მისი საუკეთესო შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.

საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო, 1993 წლის 15 იანვარი
(ტექსტი გადმოღებულია ვიდეოჩანაწერიდან)

ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1993. - 26 იანვარი. - 1 (29).

- 1,2 გვ.

74 ვიხსნათ საქართველო

▲ზევით დაბრუნება


(ვიდეომიმართვა ქართველი ერისადმი)

გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო!

მოგესალმებით ყველას. დიდი ხანია არ მომიმართავს თქვენთვის, არ მომიმართავს ქართველი ხალხისთვის და მსურს გაგიზიაროთ ზოგიერთი ჩემი მოსაზრება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე და ჩვენი ბრძოლის პერსპექტივაზე.

უმძიმესი ჟამი უდგას საქართველოს, მეგობრებო, რა დასამალია, ყველა კარგად ხედავს ამას. ყველამ კარგად ვიცით მიზეზები. აი, ერთი წელი გავიდა იმ სავალალო მოვლენების შემდეგ, რაც საქართველოში დაატრიალეს კრემლის აგენტებმა, საქართველოს მოსისხლე მტრებმა კრიმინალურ სამყაროსთან ერთად, კომუნისტურ მაფიასთან და ნომენკლატურასთან ერთად. საქართველოში დაიწყო რევანში ნომენკლატურისა, კომუნისტური მაფიისა და ყოველივე ამას ხელს უწყობდა კრემლი. ბუნებრივია, მეგობრებო, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ აწყობდა კრემლს. მას სურდა მორჩილი ხელისუფლება, რომელიც მის ინსტრუქციებს შეასრულებდა და მის ინტერესებს მოემსახურებოდა საქართველოში.

თქვენ იცით, რომ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს. უნდა ითქვას სიმართლე ყოველივე ამის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. როდესაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელ მესვეურთაგან, რომ ისინი აშენებენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომ ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ რეფორმებს, რომ, თურმე, წინა ხელისუფლებას მხოლოდ ზიანი მოჰქონდა საქართველოსთვის და ესენი საქართველოს გამაბედნიერებლები არიან, უნდა დავსვათ შეკითხვა: რა მოუტანეს მათ ქართველ ერს, რა მოუტანა ამ ერთმა წელმა საქართველოს? კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უნდა განვიხილოთ ყოველივე ეს.

მოუტანა ნგრევა, მოუტანა გენოციდი, მოუტანა რეპრესიები, ტერორი, საუკეთესო ახალგაზრდობის გაჟლეტა აფხაზეთის ომში, მოუტანა შიმშილი, მოუტანა ეკონომიკური კრახი და კატასტროფა, აი, რა მოუტანა ამ ერთმა წელმა საქართველოს. მოუტანა ცრუ პარლამენტის არჩევა, მოუტანა, აგრეთვე, ძველი ნომენკლატურის აღორძინება, კომუნიზმის რესტავრაცია, თუმც, დღესდღეობით ისინი კომუნისტებს აღარ უწოდებენ საკუთარ თავს. მოგეხსენებათ, ნამდვილი კომუნისტები „დემოკრატებად გარდაქმნილი“ კომუნისტები არიან.

სინამდვილეში კი მოხდა ყოფილი კომუნისტური პარტიული აპარატისა და ნომენკლატურის შერწყმა კრიმინალურ სამყაროსთან. ასეთი სახელმწიფო, მეგობრებო, ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი. ეს იყო ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მეორე საუკუნეში, კილიკიის მეკობრეთა სახელმწიფო, პირატთა სახელმწიფო, რომლიც შიშის ზარს სცემდა მეზობლებს, და რომელიც მითრიდატე პონტოელმა გაანადგურა. ერთადერთი პრეცედენტია ისტორიაში, როცა კრიმინალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, როცა ამ კრიმინალების ხელშია სახელმწიფოს მმართველობა, ეკონომიკა და პოლიტიკა. რატომ, მეგობრებო? იმის გამო, რომ არა მხოლოდ მოქალაქეთა პირად ქონებას, არამედ სახელმწიფო ქონებას, ხალხის დოვლათს დაეუფლნენ კრიმინალები, დაეუფლნენ და ხალხიც დატოვეს მშრალზე, გაძარცვეს. იძარცვება სახელმწიფო ხაზინა, იძარცვება ეკონომიკური რესურსები. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, მეგობრებო, მათ გაიგეს, როგორც საქართველოს რესურსების, წარმოების პროდუქტების გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე, უცხოეთში. მთელი მათი მოღვაწეობა ამ ერთი წლის მანძილზე იყო ძარცვა სახელმწიფოსი, ძარცვა ქართველი ხალხისა და ამ ნაძარცვის გაზიდვა უცხოეთში და იქ კაპიტალის დაგროვება. აი, ამით ისახელა თავი საქართველოს ამ ე.წ. ხელისუფლებამ და იმ კრიმინალურმა მაფიამ, რომელიც დღეს გაბატონდა საქართველოში.

ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საქართველოში გაბატონებულია იოსელიანის მაფია, იოსელიანის კრიმინალური ბანდები. ყოფილი ნომენკლატურის კომუნისტური მაფია და შევარდნაძე წარმოადგენს ფასადს ყოველივე ამისას, თუმცა კი უცხოეთში ამჟამად ცდილობენ მის რეაბილიტაციას. მოგეხსენებათ, მას ჯერ კიდევ ჰყავს იქ მძლავრი მხარდამჭერები. მოქმედებს საერთაშორისო კონიუნქტურა, ზოგიერთი მფარველი ჯერ კიდევ ებღაუჭება მას და ცდილობს მის შენარჩუნებას საქართველოს ხელისუფლებაში. იქ ხატავენ სურათს, თითქოს შევარდნაძე არის მსხვერპლი ამ კრიმინალებისა, თითქოს იგი საუკეთესო მიზნებით ჩამოვიდა საქართველოში, მას სურდა დემოკრატიის აშენება, მაგრამ ეს კრიმინალები გადაეღობნენ მას და არ აძლევენ ამის საშუალებას. სინამდვილეში კი საქმე პირიქით არის, მეგობრებო. როცა უცხოეთში მკითხეს, მართალია თუ არა, რომ შევარდნაძე არის ტრაგიკული ფიგურა, რომელსაც თავი ვეღარ დაუღწევია იოსელიანისა და კიტოვანის ბანდებისაგან და რომელიც ვერ ერევა მათ, მე ვუთხარი, რომ საქმე არის სწორედ პირიქით, რომ იოსელიანი და კიტოვანი არიან ტრაგიკული ფიგურები, ვინაიდან შევარდნაძემ კვლავ ჩააბა ისინი დანაშაულებრივ საქმიანობაში და სწორედ მან აამოქმედა ისინი, როგორც კრიმინალები და მათი ბანდები, რომ შევარდნაძეს არათუ არ სურს ამ ბანდების თავიდან მოცილება, პირიქით, იგი ეყრდნობა ამ ბანდებს, იგი წარმართავს ამ ბანდების საქმიანობას, სწორედ იგი წარმართავს საქართველოს ეკონომიკურ ძარცვა-გლეჯას, გაღატაკებას და საქართველოს დოვლათის უცხოეთში გაზიდვას, სწორედ მან აქცია საქართველო ნარკობიზნესის ხიდად. მეგობრებო, თქვენ იცით, რომ საქართველოში მოხდა ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. თქვენ იცით, რომ ამას წინათ თურქეთის საზღვარზე, სარფში დააკავეს ორი სატვირთო ავტომანქანა ნარკოტიკული ნივთიერებებით, კერძოდ, მარიხუანით დატვირთული, რომელიც მოდიოდა ავღანეთიდან შუა აზიაზე გავლით და მიდიოდა თურქეთში. ვინც დღეს კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას, დამეთანხმება, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების სანქციის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო ორგანიზებული სწორედ ე.წ. ხელისუფლების მიერ. ამ ნარკოტიკულ ნივთიერებათა გადაზიდვა თურქეთში - აი, ეს არის მაფიის ძირითადი საქმიანობა, შევარდნაძის მაფიის ძირითადი საქმიანობა, ვინაიდან იოსელიანის მაფია ეს სწორედ შევარდნაძის მაფიაა, იოსელიანის ბანდები ეს იგივე შევარდნაძის ბანდებია. შევარდნაძე მათი მსხვერპლი კი არ არის, მათი მსხვერპლია ქართველი ხალხი, ხოლო შევარდნაძე ინსპირატორია მათი ყოველი დანაშაულისა, ყოველი უკეთური მოქმედების. შევარდნაძე ეყრდნობა მათ.

შევარდნაძემ პოლიცია დაუქვემდებარა ამ ბანდებს, დაუქვემდებარა პროკურატურასაც. მსოფლიოში, ალბათ, არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც არ ჰყავდეს პოლიცია, და საქართველოს არ ჰყავს პოლიცია, არ ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები. კრიმინალები წარმართავენ ამ ორგანოების საქმიანობას, კრიმინალები აკონტროლებენ მათ საქმიანობას და კრიმინალები თავის ნებაზე იჭერენ და სჯიან ყველას, ვინც მათ თვალში არ მოუვათ, ვინც მათ რეჟიმის მოწინააღმდეგედ მიაჩნიათ და ეს არის, ასე შეიძლება ითქვას, კრიმინალური პოლიცია შევარდნაძისა, კრიმინალური ე.წ. „ოპრიჩნინა“ შევარდნაძისა, რომელიც მას უნარჩუნებს ხელისუფლებას საქართველოში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ ბანდების თარეში რომ არა, შევარდნაძის რეჟიმი ერთ დღესაც ვერ გაძლებდა, მაგრამ უცხოეთში ცდილობენ შექმნან საპირისპირო სურათი, და ე. შევარდნაძე დაგვიხატონ, როგორც დიდი დემოკრატი, დიდი ჰუმანისტი, როგორც დიდი მებრძოლი დემოკრატიისათვის და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისათვის, რომელსაც ვითომდაც ხელს უშლიან ეს კრიმინალები, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალი თავად შევარდნაძეა. აი, ეს ჭეშმარიტება უნდა დაინახოს მსოფლიომ, ეს უნდა დაინახოს ქართველმა ხალხმა. ამიტომ მე მოგიწოდებთ, მეგობრებო, დავაფიქსიროთ ყველა ფაქტი მათი დანაშაულისა, აღინუსხოს ყოველივე, რაც მოხდა და დღეს ხდება საქართველოში. არც ერთი დანაშაული ამ კრიმინალებისა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე, არ დარჩეს აღუნუსხავი. არც ერთი ამაზრზენი მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს სინამდვილეში. აი, ეს იქნება დიდი სამსახური ქართველი ერისა, აი ეს არის სწორი გზა ბრძოლისა დღეს, მეგობრებო.

თქვენ მოგეხსენებათ, თუ როგორ ამაყობდნენ ისინი პუტჩის მოწყობით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით, ამაყობდნენ იმ ტერორით, რაც საქართველოში დაატრიალეს, მაგრამ დღეს შეიცვალა ვითარება. გუშინ, სესიაზე უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ მათ დაგმეს პუტჩი და ამ პუტჩის მთავარ ინიციატორად და მომწყობად გამოაცხადეს კიტოვანი. ამჟამად სურთ ერთ პიროვნებას გადააბრალონ ყოველივე ის, რითაც ისინი ამაყობდნენ დღემდე, მაგრამ დღეს ვითარება იცვლება; მსოფლიო მოითხოვს მათგან პუტჩის დაგმობას, ძალადობის დაგმობას, მსოფლიო არ იწონებს ყოველივე იმას, რაც საქართველოში მოხდა და ხდება, უკვე გაძლიერდა მხილება სამართალდამცველი ორგანიზაციების მიერ და აი, ამჟამად გამოირკვა, რომ თურმე, ერთადერთი პიროვნება ყოფილა დამნაშავე, და, თურმე, ყველანი უდანაშაულონი არიან და არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ პუტჩში.

ჰო, მაგრამ, ვინ იყო ის, მეგობრებო, ვინც ჩამოსვლის პირველივე დღიდან, აეროპორტშივე, მიესალმა ავტომატიან ინტელიგენციას? რას სჩადიოდა ეს ავტომატიანი ინტელიგენცია? განა არ იყო იგი პუტჩის აქტიური მონაწილე? განა მას, მის საქმიანობას არ წარმართავდა შევარდნაზე მოსკოვიდან? ამჟამად კი ერთგვარი სირაქლემის პოლიტიკა არჩიეს და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მესვეურებიც კი გმობენ პუტჩს და გმობენ კიტოვანს, რომელიც, თურმე, ერთადერთი ინიციატორი და შემსრულებელი იყო ამ პუტჩისა. სინამდვილეში კი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სწორედ პუტჩისტების ხელისუფლებაა დღეს, და რომ მთავარი პუტჩისტი არის სწორედ მათი მეთაური, ე.წ. სახელმწიფოს ე.წ. მეთაური, და რომ ამ პუტჩით მათ კატასტროფის პირას მიიყვანეს ქართველი ხალხი, საქართველოს ეკონომიკა. ვინაიდან, ვიმეორებ, მაფია, რომელიც გაბატონებულია დღეს საქართველოში, ძარცვავს ქვეყანას. მათ გუშინ თავადვე აღიარეს, შევარდნაძემ თავად აღიარა, რომ ამოწურულია საქართველოს რესურსები, ამოწურულია პროდუქცია და რომ საქართველო ვითომდაც ცხოვრობს ჰუმანიტარული დახმარების იმედით.

ჰო, მაგრამ ესეც სიცრუეა, მეგობრებო. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც შეეძლოს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით გაიტანოს თავი. მით უფრო, რომ მაფიებმა დაიტაცეს ყოველივე და მოსახლეობა ელემენტარული მოხმარების საქონლისა და პროდუქტების გარეშე დარჩა. დაიწყო მასობრივი შიმშილი. ამჟამად უკვე მსოფლიოს „წამყვან“ სახელმწიფოებს „სხვა გზა არ დარჩენიათ“, თუ არა შეიარაღებული ინტერვენცია. აი, ეს ემუქრება საქართველოს, თუ გაგრძელდა მაფიოზური ხუნტის ბატონობა და თუ გაგრძელდა ამ უკანონო ხელისუფლების არსებობა, მეგობრებო, ეს ყოველივე უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ დღეს. გავაცნობიეროთ, აგრეთვე, ის ღალატი, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც ხედავთ, საქართველოს ტერიტორია თანდათან მცირდება: დავკარგეთ სამაჩაბლო, ვკარგავთ აფხაზეთს და შევარდნაძე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე უეცრად ქამელეონივით გარდაიქმნა, გადაიქცა საოცარ „პატრიოტად“ და „ნაციონალისტად“, რომელიც მოუწოდებს ვითომდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისაკენ, სინამდვილეში თავისი საქმიანობით დღითიდღე არღვევს ამ მთლიანობას - სამაჩაბლო უმტკივნეულოდ ჩაბარდა მტერს. რა არის ამის მიზეზი? აქ მარტო კრემლის იმპერიალიზმი არ გახლავთ დამნაშავე, მე ვფიქრობ, ეს არის უდიდესი გარიგება შევარდნაძისა არა მარტო კრემლთან, არამედ მოსკოვის ოსურ „ობისთან“. მოსკოვში მოქმედებს ძლიერი ოსური „ლობი“, რომელშიც შედიან ყოფილი პარტიული ფუნქციონერები, სამხედროები, უაღრესად მდიდარი ადამიანები. ეს „ლობი“ მოქმედებს მოსკოვში და აქვს უდიდესი ზეგავლენა რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებაზეც. ამით აიხსნება, სხვათა შორის, ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტში ჯარების ჩარევა ოსების მხარეზე, ამით აიხსნება ე.წ. მშვიდობისმყოფელი ძალების შემოყვანა სამაჩაბლოში, რომელნიც ოსების მხარეს იჭერენ.

აი, ამათი ვალი ჰქონდა შევარდნაძეს, შევარდნაძეს ჰქონდა ვალი მოსკოვის ოსური „ლობის“, ვინაიდან ეს „ლობი“ დაეხმარა მას საქართველოში სამხედრო გადატრიალების მოწყობაში. აი, ამ მიზეზით შევარდნაძემ და იოსელიანმა გადატრიალების პირველივე დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი კულუმბეგოვი, კრიმინალი, რომელიც თავდაყირა დაკიდებულს აწამებდა ქართველ ტყვეებს, გაანთავისუფლეს, შეაქმნევინეს ე.წ. სახელმწიფო სამხრეთ ოსეთისა და დღეს სდებენ მასთან სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას. ეს ჩემი გამონაგონი არ გახლავთ, მეგობრებო, ქართულ პრესაში ეს ყოველივე დაიბეჭდა. ე.წ. მინისტრი ელოშვილი და კავსაძე დღეს ლაპარაკობენ ცხინვალის ხელისუფლებასთან სამთავრობათშორისო ხელშეკრულების შესახებ. რას ნიშნავს ეს? ე.ი. ცხინვალს ჰყოლია მთავრობა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს საქართველოს (ერთი მხრივ, მართალია, ცხინვალს ისეთივე უკანონო მთავრობა ჰყავს, როგორც დღეს საქართველოს) და ამ ორ მთავრობას შორის იდება სამთავრობათშორისო ხელშეკრულება.

აი, შედეგი შევარდნაძის გარიგებისა რუსეთთან და ოსურ „ლობისთან“, დაგომისის გარიგების პირდაპირი შედეგი, აი, ამ ღალატის შედეგი, რომელიც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთივე ღალატი ჩაიდინეს აფხაზეთში, დაიწყეს სისხლისმღვრელი ომი და დღეს, უკვე ომის მეექვსე თვის თავზე შევარდნაძე აცხადებს, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ამ ომისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიონალური არმია, რათა ეს ომი მოვიგოთ.

თურმე, ჯერ უნდა დაიწყო ომი, გაჟლიტო აურაცხელი უდანაშაულო ადამიანი, გაჟლიტო საუკეთესო ახალგაზრდობა და შემდეგ განაცხადო, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ამ ომისათვის, რომ ამისთვის უნდა მოვემზადოთ ახლა, უნდა შევქმნათ პროფესიონალური არმია. აი, როგორია ლოგიკა ამ „დიდი პოლიტიკოსისა“, ამ „დიდი სტრატეგისა“.

ეს მითი შევარდნაძის დიდი პოლიტიკოსობის შესახებ თანდათანობით ქარწყლდება. განა ყველამ არ იცის, რომ დამოუკიდებელი მუშაობის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი მას არასოდეს ჰქონია, რომ იგი პოლიტბიუროს რუპორია, რომ იგი ასრულებდა მხოლოდ მოსკოვის პოლიტბიუროს დავალებებს მაშინაც, როცა ის იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

როდის ჰქონია მას დამოუკიდებელი მუშაობის, დამოუკიდებელი აზროვნების საშუალება? ის იყო მხოლოდ შემსრულებელი, კარგი შემსრულებელი მოსკოვის ინსტრუქციებისა და დღეს, როცა იგი აღმოჩნდა სახელმწიფოს სათავეში და როდესაც გახდა საჭირო დამოუკიდებელი აზროვნება, დამოუკიდებელი მოქმედება, იგი უბრალოდ უძლური და უმწეო აღმოჩნდა, ვინაიდან მას ამის უნარი არასოდეს ჰქონია. აი, სიმართლე შევარდნაძისა და მისი პოლიტიკის შესახებ. რატომ აღმოჩნდა ეს პოლიტიკა ასეთი უმწეო, ასეთი მოღალატური? ვინაიდან დღესაც იგი ასრულებს კრემლის იმპერიის ინსტრუქციებს, იგი ისევ მოიმედეა კრემლის ინსტრუქციებისა, ოღონდ ეს უკვე კეთდება ძალიან შენიღბულად და არა ისე აშკარად, როგორც მაშინ. მოუხსნეს რუსულ ჯარს საოკუპაციოს სტატუსი, აღიარეს ე.წ. სამშვიდობო ძალების მოქმედების კანონიერება სამაჩაბლოში, ვითომდაც იბრძვიან იმისათვის, რომ გაიყვანონ რუსის ჯარი საქართველოს კონფლიქტის ზონიდან. ესეც სიცრუეა, მეგობრებო. როცა შევარდნაძეს მოსთხოვეს - იბრძოლე იმისთვის, რომ გაიყვანონ გუდაუთის „ბომბორას“ აეროპორტიდან სამხედრო თვითმფრინავები, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, მან მიუგო, ეს აეროდრომი, ეს სამხედრო მოსამსახურეები ჩვენ გვიცავენ დუდაევისაგან. თურმე ისინი აფხაზებს კი არ „იცავენ“ ქართველებისაგან, არამედ საქართველოს იცავენ დუდაევის თვითმფრინავების შემოჭრისაგან. თურმე დუდაევის თვითმფრინავები შეიჭრებიან გუდაუთაში, გუდაუთიდან გადმოიჭრებიან თბილისში და ამის გამო გუდაუთაში უნდა იყოს რუსული სამხედრო აეროდრომი, რათა დაიცვას თბილისი დუდაევის თვითმფრინავებისაგან. აი, ასეთი ტყუილებით კვებავენ ხალხს, მაგრამ მე მგონი, საქართველოში მცირეწლოვანი ბავშვიც კი არ მოიძებნება, ეს რომ დაიჯეროს. დუდაევი არავისზე არ აპირებს თავდასხმას, მით უმეტეს საქართველოზე. და ვინც ესხმის საქართველოს და ვინც არის საქართველოს მტერი, ჩვენ კარგად ვიცით. აქამდე გაჰყვიროდნენ, რომ გამსახურდიამ შემოიყვანა ჩეჩნები, კონფედერაციის მებრძოლები, ხოლო, როდესაც გამოჩნდა დნესტრისპირეთის კაზაკთა ბატალიონები, როცა გამოჩნდა ფსკოვის სადესანტო შენაერთები გაგრასა და გუდაუთაში, გაჩუმდნენ და ხმას არ იღებენ. რატომ, მეგობრებო? იქნებ, ეს შენაერთებიც გამსახურდიამ შემოიყვანა? შევამოწმოთ. ხომ ამტკიცებენ ისინი, რომ გამსახურდია კრემლთან თანამშრომლობს? მაგრამ იმდენად გაუტყდა სახელი მათ ინფორმაციებს, რომ დღეს უკვე ვეღარ ბედავენ, იციან, რომ ეს მართლაც დაუჯერებელი იქნება და ამიტომ გაჩუმდნენ.

ვინ დაამუხრუჭა ქართული ჯარი გუმისთის საზღვარზე? ეს დიდი მხედართმთავრები, დიდი გმირი მხედართმთავრები, რომლებიც იმუქრებოდნენ, რომ ერთ დღეში აიღებდნენ აფხაზეთს, რატომ სდუმან დღეს, რატომ არ ამბობენ, ვინ გასცა ბრძანება ქართული ჯარის შეჩერების შესახებ. თუმცა, ეს ყველამ კარგად იცის საქართველოში, მაგრამ... რატომ არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რატომ არ ასახელებენ იმ პიროვნებას? საქმე ის გახლავთ, რომ თვით ეს გმირი მხედართმთავრებიც კარგად არიან გათვითცნობიერებული და ამიტომ სდუმან, თქვან სიმართლე, ვინ შეაჩერა მათი შეტევა ცხინვალზე? ვინ გამოიწვია ისინი უკან? ვინ გადასცა ცხინვალი ოსეთს და რუსეთს? ვინ გადასცა აფხაზეთი რუსეთს დღეს? ვისი მიზეზით აიყარა აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობა? ამ კითხვებზე პასუხს დღევანდელ ქართულ პრესაში ვერ ვხვდებით, სამწუხაროდ, ვერც ჩვენი ორიენტაციის პრესაში. ეს ერთი მხრივ, გასაგებია, რადგან ყველას ეშინია იმ ტერორისტული მეთოდებისა, რომელთაც იყენებს შევარდნაძე, თუმც კი ტერორიზმში მე მდებს ბრალს, მაგრამ ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ მისი ჩამოსვლის დღიდან არნახული ტერორი მძვინვარებს საქართველოში. არნახული რეპრესიები დაატყდა თავს ქართველ ერს.

აი, მეგობრებო, იმ სავალალო გარიგების შედეგი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაგომისში, რომელსაც ადგილი აქვს, ალბათ, ფარულად. აი, ამ გარიგების, ამ ღალატის მხილება უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი დღეს.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მეგობრებო. მართალია, უმძიმესი დრო დადგა, მაგრამ მხოლოდ მხილებით, მხოლოდ სწორი ინფორმაციის შეგროვებით და გავრცელებით მივაღწევთ საწადელს პრესის ამოქმედებით, პროკლამაციებით, მოწოდებებით, დაუმორჩილებლობის ორგანიზებით უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს.

ჩვენი გზა არ არის ტერორი, ჩვენი გზა არ არის ძალადობა. თუმც კი გვაბრალებენ ამას, არც ერთ ჩემს მოწოდებაში, არც ერთ ჩემს მიმართვაში მე არ მომიწოდებია ტერორისაკენ, მე არ მომიწოდებია ძალადობისაკენ, მე ყოველთვის მოგიწოდებდით და მოგიწოდებთ ეროვნული დაუმორჩილებლობისაკენ, პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლისაკენ, პრესის გააქტიურებისკენ და, რაც მთავარია, პოლიტიკური ორგანიზაციების, ეროვნული, პატრიოტული ორგანიზაციების კონსოლიდაციისაკენ.

დღეს მრავალი ახალი პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა, ყველა ეს ორგანიზაცია უნდა გააერთიანოს ისევ „მრგვალმა მაგიდამ“, „მრგვალი მაგიდა“ პირობითი სახელია, მეგობრებო. „მრგვალი მაგიდა“ ნიშნავს ერთიანობას, ერთიან ფრონტს, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ შეცვლის „მრგვალ მაგიდას“. როგორც იცით, შეიქმნა მოძრაობა „ჭყონდიდელი“, რაც დიდად მისასალმებელია, შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება, შეიქმნა სხვა მრავალი ორგანიზაცია თუ პარტია. ყველა მოუსყიდავი, ჭეშმარიტად ეროვნული, პატრიოტული ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს ისევ „მრგვალ მაგიდაში“. „მრგვალი მაგიდიდან“ ჩვენ გავრიცხეთ ისინი, ვინც ჩირქს სცხებდნენ მას. კერძოდ, გავრიცხეთ ე.წ. მერაბ კოსტავას საზოგადოება, რომელიც არცხვენდა ამ უდიდესი პიროვნების სახელს, გავრიცხეთ ცრუტრადიციონალისტები ასათიანის მეთაურობით და ამჟამად ნამდვილი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა შევიდნენ „მრგვალ მაგიდაში“.

„მრგვალმა მაგიდამ“ უნდა გაააქტიუროს მუშაობა. მთელ საქართველოში იმოქმედებენ რეგიონული სპიკერები, („მრგვალი მაგიდის“ სპიკერი ისევ მე გახლავართ), ადგილობრივი სპიკერები იმოქმედებენ რიგ-რიგობით, არჩევით. „მრგვალმა მაგიდამ“ უნდა იმუშაოს - ეს გახლავთ აუცილებელი. უნდა დაირაზმოს ეროვნული ძალები, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, რათა ერთობლივი ფრონტის შექმნით მივაღწიოთ საყოველთაო მობილიზებას ეროვნული ძალებისას. უნდა ვიხსნათ საქართველო!

და ბოლოს, მინდა დავამთავრო რუსთაველის სიტყვებით: „ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვითკირსა“...

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

ვიდეომიმართვა ქართველ ერისადმი : ვიხსნათ საქართველო / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 30 იანვარი. - 3 (35). - 1,2 გვ.

75 საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა

▲ზევით დაბრუნება


(ფრაგმენტები პრეზიდენტის გამოსვლიდან უზენაესი
საბჭოს საგანგებო სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს)
ანუ
მოსალოდნელი უბედურების წინასწარ განჭვრეტის
კლასიკური ნიმუში

... არა ვარ მე მოსურნე ამ პოსტზე დარჩენისა, ამას მე გულწრფელად ვაღიარებ, მაგრამ ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით. ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, რამეთუ თქვენ არ იცით, რას ითხოვთ. გესმით? მე ქუჩის გონებადაბნელებულ ოპოზიციას ვერ მოვუწოდებ ვერაფრისაკენ, მაგრამ აქ განათლებული ადამიანები, ეხლა პირფერობა არ მინდა, ამ ჩვენს ოპოზიციაში უაღრესად განათლებული, უაღრესად გათვითცნობიერებული და მე ვიტყოდი, საკმაოდ პოლიტიკურად მომწიფებული ადამიანები როდესაც აყენებენ ამ მოთხოვნას, არ იციან, რას იქმან, ვინაიდან ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს, როგორც ასეთის, საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ, თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად, დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება ერთადერთი ხელისუფლება - შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში და მისი ხელმძღვანელის ხელში. მათ შორის იქნება შეიარაღებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა“.

საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოყვება ჩემს შესაძლო გადადგომას, რომელსაც ესოდენ მხურვალედ მოითხოვენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები...“

„... შეგახსენებთ ისტორიას, როდესაც მსოფლიო ომის შემდეგ დე გოლი გახდა საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელი, მას ზუსტად ისეთივე ამბები მოუწყვეს, რასაც დღეს მე მიწყობენ, კომუნისტებმა და სოციალისტებმა აიძულეს გადადგომა. დე გოლი გადადგა 1946 წელს და საფრანგეთი გახდა არნახული ანარქიის მსხვერპლი. ყოველ ორ-სამ თვეში იცვლებოდა მთავრობა და შემდეგ, უკვე ეროვნულმა დამფუძნებელმა კრებამ, 1958 წელს მოიწვია ის ისევ და შეაქმნევინა ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება, რომლის გარეშეც საფრანგეთი დაიღუპებოდა“.

საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა : (ფრაგმენტები პრეზიდენტის გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს) ანუ მოსალოდნელი უბედურების წინასწარ განჭვრეტის კლასიკური ნიმუში // აღდგომა. - 1993. - 6 თებერვალი. - 4 (36). - 1გვ.

76 თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს

▲ზევით დაბრუნება


თქვენი ბრალდებები ჩემს მიმართ, მაგონებს ფილმ „მონანიებას“ და 30-იანი წლების სტალინ-ბერიასეულ პრაქტიკას. თქვენი მარიონეტული „პროკურატურაც“ ვიშინსკის პროკურატურის ორეულია. თქვენი ფაშისტური ინკვიზიციის მიერ ნაწამები ადამიანი, რომელსაც ცრუ ჩვენებები გამოსძალეთ ჩემი დისკრედიტაციისათვის, იმ შავბნელი დროის რეპრესიათა მსხვერპლს გვაგონებს. აქედან ჩანს, რომ დღესაც ერთგული ხართ სტალინ-ბერიას საქმისა, თუმცა ფარისევლურად წმინდა გიორგის სახელი დაირქვით. უფრო ლოგიკური იქნებოდა მეორე სახელად „ვარლამი“ ეწოდებინათ თქვენთვის. საქმემან თქვენმან გამოგაჩინოთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
3 იანვარი, 1993 წელი.

თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 6 თებერვალი. - 4 (36). - 1გვ.

77 სტუ-ს გაზეთ „სამანი“-ს რედაქტორს, ბ-ნ გიორგი ანდრიაძეს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო გიორგი!

გვიან მივიღე თქვენი წერილი და ამიტომაც დამიგვიანდა პასუხი. ფრიად კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ვხედავ, რომ დღეს ჩვენს ახალგაზრდობაში მაინც არის ჯანსაღი ძალები, რომლებსაც სერიოზულად აფიქრებთ ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალი. წავიკითხე თქვენი გაზეთის ორი ნომერი (ივნისისა და ოქტომბრისა), და მართალი გითხრათ, გული ჩამწყდა. საერთო შთაბეჭდილება ასეთია: ჩვენი ახალგაზრდობა დღეს არის უმწყემსოდ დარჩენილი ფარა, რომელსაც ცხვრის ტყავში გახვეული მგლები დაპატრონებიან. ისინი „გმოძღვრავენ“ თქვენ და „გიქადაგებენ“, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც „ძალუძთ ჭეშმარიტად დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება“, „შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სტაბილიზაციისაკენ მიდის“, რომ „ბეიკერისნაირი ხალხი სიტყვას ჰაერზე არ ისვრი“ (ეს ივნისში იყო თქმული), რომ „სექსუალური თავისუფლება ხელს არ უშლის ზნეობრივ სისუფთავეს“ და სხვა. მართალია იქვე „ქედის“ საკმაოდ პრინციპული, ეროვნულ პოზიციებზე დამყარებული პროგრამაა გამოქვეყნებული, მაგრამ ეს არ ცვლის საქმეს. მე ვერ დავინახე მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ორიენტაცია. შესაძლოა თქვენი გაზეთის მომდევნო ნომრებში გამოასწორეთ ეს ყოველივე, მაგრამ მე ჯერ ხელთ არა მაქვს ეს ნომრები (სასურველი კი იქნებოდა მათი გაცნობა). საქართველოს დღევანდელი ტრაგედია გამოწვეულია იმით, რომ მტერმა მიაღწია ეროვნული მოძრაობის გახლეჩას. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში დანერგა ისეთი კოლაბორაციონისტული, შენიღბული ფსევდოეროვნული ორგანიზაციები, როგორიც არის ედპ, „საქართველოს ახალგაზრდობის დემოკრატიული კავშირი“, „მხედრიონი”, და სხვანი. როგორც ჩანს, მათ ახალგაზრდულ მოძრაობაში ღრმად აქვთ გადგმული ფესვები, რაც თქვენი გაზეთიდანაც ჩანს. დღეს ამ ორგანიზაციების კავშირი საქართველოს მტრებთან, პროიმპერიულ ნომენკლატურულ ხუნტასთან ყველასათვის ნათელია. თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ გაემიჯნება და არ დაგმობს ამ კოლაბორაციონისტულ ძალებს, რომელთაც დღეს საქართველოს დააკარგვინეს სახელმწიფოებრიობა და იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფისკენ მიჰყავთ, ჩვენს ქვეყანას გადარჩენა არ უწერია. სწორედ ხუნტისა და ამ ორგანიზაციების ზეობის შედეგია ყოველივე ის, რასაც თქვენ მწერთ: ძარცვა-ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, სიძულვილი, დაუნდობლობა, საერთო ნიჰილიზმი და სასოწარკვეთა. სწორედ მათი „დამსახურებაა“ იმ არაქრისტიანული, არაეროვნული, არატრადიციული ცნობიერებისა და ცხოვრების წესის დანერგვა, რომელიც ღუპავს დღეს ჩვენს ქვეყანას, მათგან მოდის აგრეთვე ფსევდოდასავლური ორიენტაცია, ეროვნული და ზნეობრივი გადაგვარება, ყოველივე ამას ისინი შეგნებულად ნერგავენ, რითაც იმ დიდი სატანისტური საძმოს დავალებას ასრულებენ, რომელმაც მოავლინა ისინი საქართველოში და ჩააბარა საჭე ხელისუფლებისა. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვებს.

I. ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ფასეულობათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ძველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდელურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა, რუსთველური მსოფლმხედველობა. ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული, ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა. უფრო დეტალურად ყოველივე ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს წიგნებში „საქართველოს სულიერი მისსია“ და „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“. სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები, ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას. მაგრამ გახსოვდეთ იოანე მახარობლის სიტყვები: „და ვიხილე მხეცი იგი და მეფენი ქვეყანისანი და მხედრობანი მათნი შეკრებულნი ბრძოლის ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მხედრობისა მისისა მიმართ. და შეპყრობილ იქნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუმწუბითა. და სხუანი იგი მოისრნეს მახვილითა ცხენსა ზედა მჯდომარისათა, რომელი გამოვიდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი გაძღეს ხორცითა მათითა“ (იოანეს გამოცხადება, თ.19, 19-21).

II. მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ საქართველოში წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი, ორივენი მფარველნი არიან ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, ამ ორი წმინდანის სახელობის ეკლესიები ყველას სჭარბობენ საქართველოში. ქართული რელიგიური ელიტის აზრთამპყრობელნი მუდამ მართლმადიდებელი მამები იყვნენ, შემთხვევითი როდია რომ ორი უდიდესი მათგანი იოანე ოქროპირი და მაქსიმე აღმსარებელი საქართველოს მიწაში არიან დაკრძალულნი. მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. ეს მიუთითებს მართლმადიდებლობის პრიორიტეტზე. დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

III. სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიჰილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

IV. ანთროპოსოფია არ არის რელიგიური აღმსარებლობა, იგი არ არის სექტა ან ორდენი. ეს არის შემეცნებითი მოძღვრება მატერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული. მე მესმის ამ კითხვის მიზანი. ამ კითხვასაც გავეცი სათანადო პასუხი ჩემს წიგნში „საქართველოს სულიერი მისსია“. აქაც გეტყვით: მეც და მერაბ კოსტავასაც ყველა ფილოსოფიური და სულიერი მოძღვრება შეგვისწავლია ყველა ერისა, ეს ჩვენი შემეცნებითი ძიებები იყო, რაც არასოდეს უშლიდა ხელს ჩვენს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. ასეთ ჭორებს ავრცელებენ უწიგნურნი, უმეცარნი, რომელთაც ვერ გაურჩევიათ ურთიერთისაგან რელიგიისა და შემეცნების მიზნები. დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე. ბასილი დიდი არ უკრძალავდა თავის მოწაფეებს პლატონისა და არისტოტელეს კითხვას, დავით აღმაშენებელიც თავისი დროის ყველა მოძღვრებას სწავლობდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის არასოდეს უღალატია, ასევე იყო რუსთაველიც, რაც ჩანს მისი პოემიდან. ასე რომ, ნუ აჰყვებით უმეცარ ავკაცთა მონაჭორებს. რელიგიურ და შემეცნებით საკითხებზე მსჯელობა მათი საქმე არ არის.

V. დასავლურ უზნეობას და კულტურის სუროგატებს თავად დასავლეთშიც ჰყავთ მოწინააღმდეგეები. რატომ მათ არ ბაძავენ ჩვენში ესოდენ გამრავლებული მოტრფიალენი „დასავლური ცხოვრების წესისა“? საქმე ის გახლავთ, რომ ამით შეგნებულად სურთ ქართული ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ზნეობის განადგურება, რათა უკეთ გადააგვარონ და მოსპონ ქართველი ერი. სხვათა შორის 1921 წელს საქართველოს დაპყრობისთანავე ბოლშევიკებმა თბილისში დააარსეს „ცეკვისა და პლასტიკის კურსები“, სადაც ზნეობრივად რყვნიდნენ ახალგაზრდობას. დღეს მათი სულიერი მემკვიდრეები იმავე იარაღს იყენებენ. ამიტომ გთხოვთ, ძალიან ნუ გაგიტაცებთ „სილამაზის კონკურსების“ მოწყობა და სხვა მსგავსი ღონისძიებები თმამოშვებული და საყურეებიანი „მამაკაცების“ მონაწილეობით.

VI. სხვათა შორის დღევანდელ დასავლეთში მამაკაცთა ემანსიპაციის მოძრაობაც დაიწყო, რაც იმის ნიშანია, რომ ხედავენ ქალთა ემანსიპაციის გადაჭარბებული, ცალმხრივი განვითარების საფრთხეს.

VII. ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული. ქართული რაინდობა, იბერიულ-კავკასიური რაინდობაა ამ ჩაცმულობაში და ქალური კდემამოსილება. მე არ გეუბნებით დღეს ჩოხებითა და ქართული კაბებით იარეთ მეთქი, მაგრამ ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში.

VIII. ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
დევნილობაში
ზვიად გამსახურდია
1993. 27. თებერვალი

სტუ- გაზეთსამანი“- რედაქტორს, - გიორგი ანდრიაძეს / გამსახურდია . // http://besarion.wordpress.com/2010/10/23/zg_sarcmunoeba/

78 მიმართვა ქართველი ერისადმი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დღევანდელ ეტაპზე დგას უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე, რომლებთან დაკავშირებითაც გადავწყვიტე აზრის გამოთქმა. დღეს უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვისაკენ და ეროვნული კატასტროფისაკენ მიჰყავს პროიმპერიულ მაფიოზურ ხუნტას, რომელმაც იმპერიულ ძალებთან და საბჭოთა არმიასთან ერთად დაამხო ეროვნული ხელისუფლება და ამჟამად ახორციელებს საქართველოს ხელახალ ანექსიას. ამასთან, დღეს ცენტრისათვისაც და მისი მარიონეტული რეჟიმისთვისაც ნათელია, რომ დისკრედიტირებულ, მოღალატე, სისხლიან ხელისუფლებას და მის მიერ შეკოწიწებულ ნომენკლატურულ ცრუ პარლამენტს ადრე თუ გვიან მოუწევს პოლიტიკური არენის დატოვება საერთო-სახალხო მღელვარების და სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად. იქმნება საფრთხე ხელისუფლების ვაკუუმისა და, რაც ცენტრისათვის ყველაზე საგანგაშოა, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

დღეს თვითმარქვია ხუნტის ბანაკში გაიმართა პოლემიკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით. თითქოსდა გამოიკვეთა ოპოზიცია, ცნობილი 25 პარტიის სახით, რომელიც გმობს არსებული ფაქტობრივი ხელისუფლების კურსს, გმობს დეკემბერ-იანვრის სისხლიან პუტჩსა და გადატრიალებას, იჩენს გარკვეულ ობიექტურობას აწ განდევნილი პრეზიდენტისა და დამხობილი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ აშკარაა, რომ იგი გაურბის სიმართლის თქმას და ჩქმალავს როლს იმ მოვლენებში, რომელთაც საქართველო დღეს კატასტროფამდე მიიყვანეს.

მე არ მსურს ვინმეს გადავუღობო გზა ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციაზე დადგომისაკენ, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია ერის წინაშე საკუთარი ცოდვების სრული აღიარებისა და მონანიების გარეშე. სხვაგვარად არავინ ირწმუნებს მათ გულწრფელობას, უფრო მეტიც, ხალხში განმტკიცდება რწმენა, რომ ეს არის ხუნტის მიერ ნებადართული, მართული ოპოზიცია და აქვს არანაკლებ უკეთური მიზანი, ვიდრე პუტჩი და გადატრიალება იყო, ვინაიდან დღეს ქართველი ხალხის დარბევა, ილუზორულ იმედებით მისი გაპასიურება, ქვაბიდან ორთქლის გამოშვება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე მისთვის კანონიერი ხელისუფლების წართმევა და პროიმპერიული ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

ამის გამო მე მსურს, უწინარეს ყოვლისა, მივმართო ჩვენს ერს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენს სტუდენტ ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, ყველას, ვისაც არ შეუბღალავს სახელი ხუნტასთან კოლაბორაციონიზმით, ნუ ვირწმუნებთ მხოლოდ მათ სიტყვებს, საქმეთა მათთაგან შევიცნოთ ისინი. ამასთან, მოგიწოდებთ მათთან პოლემიკისაკენ, მათი მხილებისაკენ ილიასეული დევიზით: „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?“ ქართველ ხალხს მეხსიერება არ დაუკარგავს, ყველას კარგად ახსოვს, რომ ისინი თავად მონაწილეობდნენ „ხელისუფლების არაცივილიზებული გზით“ შეცვლაში, რასაც დღეს გმობენ ესოდენის თავგამოდებით. დღეს სირაქლემის პოლიტიკით, ნახევარსიმართლის თქმით ვერავინ გავა ფონს.

მათ გულწრფელობაში გვაეჭვებს ისიც, რომ ისინი ნახევარსიმართლის გარდა, ისტორიის აშკარა გაყალბებასაც არ ერიდებიან, რათა მიჩქმალონ საკუთარი დანაშულები ერის წინაშე. 9 აპრილის მოძრაობა არ გაგრძელდა, ეროვნული ფორუმი გაიხლიჩა, ეს დიდი შეცდომა იყოო. ნურას უკაცრავად, ბატონებო! 9 აპრილის მოძრაობა გააგრძელა „მრგვალმა მაგიდამ“, რომელმაც ჩაატარა ისტორიული მნიშვნელობის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, თქვენს მიერ ბოიკოტირებული (და არა მხოლოდ რეფერენდუმი), რითაც უსისხლოდ დაამხო საქართველოში კომუნისტური წყობა და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩაატარა კონსტიტუციური რეფორმა, ძირეულად შეცვალა არსებული კონსტიტუცია, იგი ეროვნულ დროებით კონსტიტუციად აქცია და ამზადებდა დამოუკიდებელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რაც თქვენ ჩაშალეთ, ბატონებო! ეროვნული ფორუმი არ გახლეჩილა, იგი დასტოვეს ჭეშმარიტმა ეროვნულმა ძალებმა მას შემდეგ, რაც იგი „მხედრიონის“ ბანდამ ჩაიგდო ხელში, რომლის მარიონეტებად იქეცით თქვენ. შემდეგ კი მიეკედლეთ სუკის მიერ შექმნილ „ეროვნულ კონგრესს“ და ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ძალის, ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული (სინამდვილეში ანტიეროვნულ-პროკომუნისტური) პარტიის ეგიდის ქვეშ განაგრძობდით ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ყბადაღებული „24-ე რეზოლუციაც“ თქვენი ერთობლივი ძალისხმევით იშვა. თქვენ აქტიურად მონაწილეობდით 2 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის მსგავს პროვოკაციულ აქციებში. თქვენ მათთან ერთად შეთხზეთ მითი საქართველოში ვითომდაც არსებული „დიქტატურის“ და „ტოტალიტარიზმის“ შესახებ. თქვენ ტაშს უკრავდით ამ დემაგოგთა და მოღალატეთა მიერ შეთითხნილ სიცრუეს „გამსახურდია-შევარდნაძის“ „გამსახურდია-იანაევის“ ალიანსის შესახებ. სინამდვილეში კი მათთან ერთად ჩამოიყვანეთ შევარდნაძე საქართველოში. თქვენ მათთან ერთად მოამზადეთ გადატრიალება, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა დამოუკიდებლობა, დამპყრობლის ჯარს მოუხსნა საოკუპაციო ჯარის სტატუსი და დააკანონა მისი ყოფნა სამანეთო ზონაში ანუ „ესენგე“-ში (დე ფაქტოდ). დიახ, ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რკონთან და თბილისის ზღვასთან ალიანსში მყოფი, კანონიერი პარლამენტის შიგნიდან ამფეთქებელი, დეკემბერ-იანვრის სისხლიანი პუტჩის დროს განერიდა დედაქალაქს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით, რათა დაერწმუნებინა დასავლეთ საქართველოს აბობოქრებული მოსახლეობა, პრეზიდენტსა და პარლამენტს არაფერი უჭირთ, ნუ წახვალთო მათ დასახმარებლად. კარგად გვახსოვს აგრეთვე კანონიერი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ფარული ალიანსი შევარდნაძესთან და პუტჩისტებთან, ტელევიზიასთან, შავნაბადაზე და თბილისის ზღავაზე მისი „მოღვაწეობა“.

ამრიგად, სანამ ისინი არ ამცნობენ ერს სრულ სიმართლეს თავიანთი უკეთური საქმიანობის შესახებ, ქვეყნის მტრებთან თავიანთი ალიანსის შესახებ, სანამ საქმით არ გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულებს, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ისინი წარმოადგენენ არა ახალ ოპოზიციას არსებული თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, არამედ ამ ხელისუფლებისა და ცენტრის მიერ შექმნილ მესამე ძალას, რომელიც სჭირდება ცენტრს ახალ დასაყრდენად მოსალოდნელი კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ ისინი წარმოადგენენ ქართულ ოპოზიციას, ჭეშმარიტ ოპოზიციასთან დაპირისპირებულს. თუმც, ამავე დროს, ვიმეორებ, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმეს ვკრათ ხელი, ვინც ზემოხსენებულ პირობებს შეასრულებს და საქმით დაამტკიცებს თავის ერთგულებას ეროვნული საქმისადმი და კანონიერი ხელისუფლებისადმი. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანასწორი, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობისა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება დაგმობს საქართველოში მომხდარ გადატრიალებას, დაგმობს სისხლიან რეპრესიებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე, დაგმობს უკანონო, თვითმარქვია ხელისუფლებას, სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღადგენს კავშირს მის კანონიერ ხელისუფლებასთან. აგრეთვე, მას შემდეგ, რაც იგი ცნობს საქართველოს თავის მიერ ანექსირებულ ქვეყნად და საოკუპაციო ჯარებს გაიყვანს მისი ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ჭეშმარიტ ეროვნულ-განმათავისუფლებელ და დემოკრატიულ მოძრაობას, იგი კვლავ პარიტეტულ პრინციპზე უნდა გაერთიანდეს „მრგვალ მაგიდაში“, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის ერთობისა და მისი კოორდინაციისა. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ჭეშმარიტ ეროვნულ არაკოლაბორაციონალისტულ პოლიტიკურ ძალასთან.

გვფარავდეს ღმერთი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წლის თებერვალი

მიმართვა : ქართველი ერისადმი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 28 თებერვალი. - 7 (39).- 1გვ.

79 მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო ახალგაზრდებო!

ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტი ახალგაზრდობა ბარომეტრია ერის პოლიტიკური ცხოვრებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ძირითადი დასაყრდენი იყო ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის კომუნისტურ, რუსიფიკატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.

თუმც იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისათვის და საერთოდ ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში - კრიმინალური იდეოლოგია. ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდობის ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება - ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს, თავად პროვინციალები. ისინი ახალგაზრდობას უმალავდნენ, ან, შესაძლოა თავადაც არ უწყოდნენ, რომ ყოველ დროში თვით უნივერსალური, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე გენიოსები ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების თუ პოლიტიკის დარგში თავისი ერის გულმხურვალე პატრიოტები იყვნენ მუდამ და რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავი არ გახლავთ, როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ.

მიუხედავად ამისა, კრემლის ზემოხსენებული ემისრები განაგრძობდნენ თავის ბნელ საქმიანობას და ერთხანს მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაშორეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და, უფრო მეტიც, ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განაწყვეს და ფსევდოოპოზიციურ საქმიანობაში ჩაითრიეს.

ეს ყოველივე კარგად გამოვლინდა ოპოზიციური ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრისას 1991 წლის შემოდგომაზე.

მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა კარგად დაანახა ჩვენს ახალგაზრდობას, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვის მოსაყვანადაც მათ ზურგი აქციეს კანონიერ ხელისუფლებას და იდეალური პლატფორმა გაუმაგრეს პუტჩისტებს. ახლა, ვგონებ, ყველასათვის ნათელია, თუ რა მისიით იქნა იგი მოვლენილი საქართველოში და რას უქადის ჩვენს ქვეყანას მისი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკურ ასპარეზზე. დაქცეული საქართველო, დანგრეული და იავარქმნილი თბილისი, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთი. კატასტროფის პირას მისული ეკონომიკა, ცრუ არჩევნები, ხელისუფლებაში დაბრუნებული ნომენკლატურულ-კომუნისტური მაფია კარგად მეტყველებენ მის როლზე და ამოცანებზე. დღეს მის გვერდით მხოლოდ დოლარებზე გაყიდული „პოლიტიკოსები“ და პარტოკრატი მაფიოზები დგანან.

უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან.

მსურს, აგრეთვე, ყველას ვამცნო, რომ ჩემი მიზანი არის არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წლის თებერვალი

მიმართვა : სტუდენტი ახალგაზრდობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 28 თებერვალი. - 7 (39). - 1 გვ.

80 მიმართვა მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისადმი, ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის სამხედრო სარდლობა აფხაზეთში განაგრძობს სოხუმის საცხოვრებელი უბნების ბარბაროსულ დაბომბვას, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი ეს ხდება აშკარა შეთანხმებით შევარდნაძის დანაშაულებრივ ხროვასთან, რომელსაც უნდა ამ გზით მოსახლეობის ყურადღება სხვაზე გადაიტანოს კატასტროფული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც ემუქრება მის არსებობას. მორიგ მსხვილმასშტაბიან დაბომბვას ჰქონდა ადგილი ა.წ. 20 თებერვალს. ყველაფერი ეს ემთხვევა თბილისში ძალაუფლებისათვის მებრძოლ პარტიებს შორის შიდა დაპირისპირების გამწვავებას. დაბომბვის საბაბად იქცა ხუნტის ჯარის მიერ ატეხილი მორიგი პროვოკაციული სროლა რუსეთის ჯარის სეისმური ლაბორატორიისათვის - ეშერაში. სიმპტომურია, რომ რუსეთის თვითმფრინავები ბომბავენ არა ხუნტის ჯარების პოზიციებს, საიდანაც წარმოებს სროლა, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთა შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლია. ეს სისხლიანი აქციები მიზნად ისახავენ შევარდნაძის შენარჩუნებას ხელისუფლების სათავეში, მისი ანტიეროვნული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მოძრაობის პარალიზებას.

რუსეთის ტელევიზია „ოსტანკინო“ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოსდა სოხუმს ბომბავდეს მთიელ ხალხთა კონფედერაციის თვითმფრინავები, რომელთაც, როგორც ცნობილია, არ გააჩნიათ არავითარი ავაცია. ეს არის მორიგი ცდა ურთიერთობების გამწვავებისა ქართველ და ჩეჩენ ხალხებს შორის, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს შორის.

მე მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებრიობას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა კეთილი ნების ადამიანს, ამხილონ შევარდნაძის ხუნტის დანაშაულებრივი ალიანსი რუსეთის მთავრობის რეაქციულ ძალებთან, რომელთა მსხვერპლი ხდება როგორც ქართველი ასევე აფხაზი ხალხი, საქართველოს მთელი მოსახლეობა, და დაუყოვნებლივ გამოაგზავნონ კომპეტენტური კომისია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით სოხუმსა და თბილისში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ომის ესკალაცია საერთო კავკასიური მასშტაბით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
23 თებერვალი, 1993 წელი.

მიმართვა : მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისადმი, ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 9 მარტი. - 8 (40). - 1გვ.

81 მიმართვა მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ე. შევარდნაძის კრიმინალურ-ფაშისტური ხუნტა აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალი გენოციდით ემუქრება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

12-13 მარტს საქართველოს ტელევიზიით გამოვიდნენ ხუნტის მეთაურები - სისხლიანი ჯალათები კიტოვანი და იოსელიანი, რომელთაც არაერთხელ შეიღებეს ხელები თანამემამულეთა სისხლით, და განაცხადეს, რომ ამზადებენ დიდ დამსჯელ ოპერაციას სამეგრელოში, რათა ერთხელ და სამუდამოდ ასწავლონ ჭკუა მის მოსახლეობას. საქმე ისაა, რომ ამ მოსახლეობამ მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, არ სურს დაემორჩილოს დანაშაულებრივ რეჟიმს, არ აპირებს ჩაებას აფხაზეთში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომში და, ბანდიტურ ფორმირებებს არ აძლევს საშუალებას ძარცვონ მისი სოფლები და ქალაქები.

მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს, ხმა აღიმაღლონ სამეგრელოს დასაცავად დამსჯელებისაგან და აარიდონ ახალი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში და კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

მიმართვა : მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 16 მარტი. - 9 (41).- 1გვ.

82 მიმართვა ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


იმ მრავალ უბედურებათა შორის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს მეოცე საუკუნეში, ერთ-ერთი უმთავრესია რწმენის დაცემა, რელიგიის განადგურების მცდელობა კომუნისტურ-ათეისტური სახელმწიფოს მიერ. მართალია, ეს სახელმწიფო თითქოს აღარ არსებობს, მაგრამ დარჩნენ მისი მესვეურები, რომლებმაც ისევ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. მათი მიზანია ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმოფხვრა ჩვენს ერში. იმ ქრისტიანობისა, რომელმაც გადაარჩინა, შეგვინარჩუნა ეროვნება, ენა, სახელმწიფოებრიობა. ბოროტების ეს მოციქულნი ქრისტიანობას ჯერ პირდაპირი ათეისტური ქადაგებით ებრძოდნენ, მაგრამ რა დაინახეს ამ ქადაგების უსარგებლობა, მოამრავლეს მწვალებლური, ეშმაკეული სექტები, რათა ხალხი ჩამოაშორონ ჭეშმარიტ რელიგიას. ამ სექტების უმრავლესობა უმეცარი ფანატიკოსების შექმნილია და არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ რელიგიასთან და ბიბლიის ნამდვილ გაგებასთან. ერთ-ერთი ამათგანია ე.წ. იეღოვას მოწმეები, სექტა, რომელიც შეიქმნა ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მისი მიზანია არა მარტო ქრისტიანობის, არამედ ქრისტიანი ერების განადგურება. იეღოველებს ფარული ალიანსი აქვთ მარქსისტებთან და მათ დემაგოგიას ქადაგებენ, პირდებიან ხალხს თანასწორობას, კლასებს შორის განსხვავების მოსპობას და სხვა. ასე, რომ იეღოველები იგივე კომუნისტური აგენტურაა. ნიშანდობლივია, რომ ისინი ყველა სახელმწიფო წყობილებას აკრიტიკებენ, გარდა ათეისტურისა, რაც მიუთითებს მათ ნამდვილ არსზე. მათ მონაჩმახს მამა ღმერთსა (იოღოველსა) და ძე ღმერთს შორის დაპირისპირებაზე არაფერი აქვთ საერთო ბიბლიასთან. ისინი სარგებლობენ ხალხის უწიგნურობით რელიგიის სფეროში. ასეთივე რელიგიური უმეცრება უდევს საფუძვლად სხვა სექტებს.

დღეს სექტანტები ასეთ „ლოგიკას“ მიმართავენ. შეხედეთ, როგორი პიროვნებები მოკალათდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, შეხედეთ მათ პატრიარქს, მათ ეპისკოპოსებს. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესიას სუკის მიერ შეგზავნილი პიროვნებები კი არ განსაზღვრავენ მის არსს, არამედ სახარება, იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები. მთავარია მოძღვრება და არა პიროვნებები. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეკლესიაში დადებითი პიროვნებებიც არიან, რომელნიც ქადაგებენ ჭეშმარიტ მოძღვრებას.

დღეს ისევ ჩვენი ტაძრები, ჩვენი წმინდა სალოცავები, ჩვენი სახარება და ეკლესია თუ გადაგვარჩენს და ღვთის ერთგულება, მისი მცნებების ერთგულება.

ამის გამო მოგიწოდებთ, შეაქციოთ ზურგი სექტებს, დაუბრუნდეთ ეკლესიის წიაღს და ილოცეთ საქართველოსათვის, მისი ჭეშმარიტი რელიგიური და ეროვნული აღორძინებისათვის, მისი გადარჩენისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
31. 03.1993

მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 9 აპრილი. - 12(44). - 1 გვ.

83 მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


სამეგრელოში ვიყავი და ვნახე საქართველო
ილია ჭავჭავაძე

სამეგრელო არის საქართველოს ხერხემალი
კონსტანტინე გამსახურდია

ნეოკომუნისტური მაფიოზური ხუნტის მცდელობები სამეგრელოს დისკრედიტაციის მიზნით სამარცხვინოდ ჩაიშალა. სამეგრელოში ყველამ გააცნობიერა, რომ სამეგრელო „მეგრულ-აფხაზური“ რესპუბლიკისთვის როდი იბრძვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და კანონიერი ხელისუფლების და კონსტიტუციის აღგენისათვის. სამეგრელოს დარბევამ და გენოციდმა ხუნტისათვის სასურველი შედეგები არ გამოიღო. ამის გამო ხუნტამ მიმართა ახალ ტაქტიკას, რომელიც უნდა გააცნობიეროს ამ კუთხის მოსახლეობამ. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დღეს აფხაზებსა და ქართველებს შორის გაჩაღებული ომი მიზნად ისახავს უწინარეს ყოვლისა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის გენოციდს და ამავე დროს სამეგრელოს მოსახლეობის ჩათრევას ამ კონფლიქტში. დღეისათვის ნათელია, რომ არსებობს შეთანხმება შევარდნაძესა და აფხაზ კომუნისტ-სეპარატისტებს შორის. ამით აიხსნება ის უცნაური მოვლენები, რომლის მოწმენიც გავხდით ყველანი ბოლო თვეებში. სოხუმის დაბომბვა სუ-25 ტიპის თვითმფრინავებით მრავალ კითხვას ბადებს. როგორც ცნობილია, ომის დროს მტერი პირველ რიგში სამხედრო ობიექტებს, ქალაქის აეროპორტს, საზღვაო პორტსა და მთავარ კომუნიკაციებს ბომბავს. ასეთ რამეს კი სოხუმში ადგილი არ ჰქონია. ეს თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართული მოსახლეობის საცხოვრებელ ბინებს, და განსაკუთრებით, ჭანბას ქუჩას, სადაც კანონიერი ხელისუფლების მომხრენი ყველაზე უფრო კომპაქტურად ცხოვრობენ. ხუნტის მიერ ჩამოგდებული სუ-27 იყო არა ბომბდამშენი, არამედ ავია-გამანადგურებელი, ასე რომ გასარკვევია, თუ ვის ეკუთვნოდა ბომბდამშენი. ისინი რუსეთსაც რომ ეკუთვნოდნენ, მაინც აშკარაა, რომ სოხუმი ხუნტასთან შეთანხმებით იბომბებოდა. სოხუმიდან ქართველთა გაძევება დაუშვებელია და ამას არავინ უარყოფს, ამიტომ ნათელია ხუნტისა და სეპარატისტების მიზანთა ერთიანობა.

ყოველივე ამას ზედ ერთვოდა შევარდნაძის უცნაური ვიზიტები სოხუმში, რომლის დროსაც დაბომბვა უეცრად წყდებოდა და სროლაც აღარ ისმოდა მოწინააღმდეგის მხრიდან, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა თავისუფლად დაეთვალიერებინა წინა ხაზზე სანგრები თვითრეკლამის მიზნით, შევარდნაძის თბილისში წამოსვლის შემდეგ კი ისევ იწყებოდა ყველაფერი. თუ მტერი ებრძვის ხუნტას, მას უწინარეს ყოვლისა „უმაღლესი მთავარსარდლობის“ განადგურება უნდა აწყობდეს. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ როგორც ხუნტის, ასევე აფხაზ კომუნისტ-სეპარატისტთა უმთავრესი მიზანი არის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, აფხაზეთის დაცლა ქართველთაგან და ამ კუთხის გადაცემა რუსეთისადმი, გუმისთის სადემარკაციო ხაზიც, როგორც ჩანს, ახალი საზღვარია რუსეთ-საქართველოს შორის, რომელიც ჯერ კიდევ დაგომისში გაავლეს. იქვე დაიგეგმა დასჯა აფხაზეთის ქართული მოსახლეობისა, რომლის 80 პროცენტი კანონიერი ხელისუფლების მომხრეა. გამოსაკვლევია აგრეთვე ისეთი უცნაური მოვლენები, როგორიც არის შევარდნაძის ჩამოსვლისთანავე წყლის, სინათლისა და პურის გამოჩენა, ხოლო მის წასვლის შემდეგ ყოველივე ამის გაუჩინარება. როგორც ჩანს, სოხუმის ბლოკადასაც ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით ახორციელებს. აღარაფერს ვამბობ გაგრის შეგნებულად ჩაბარებაზე. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა და ვგონებ, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ესეც გარიგების შედეგი იყო.

ამის გამო მოგიწოდებთ, ამხილოთ ერის მოღალატენი, არ ირწმუნოთ მათი დემაგოგია და არ წამოეგოთ მათ ანკესზე. ნურვინ დაივიწყებს, რომ აფხაზეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა დიდ ნაწილს ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი. ჩვენი მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი პოლიტიკური გზით. სხვაგვარი გზა დამღუპველია ორივე მხარისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
28.03.1993

მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 15-30 აპრილი. - 3. - 2 გვ.

მიმართვა : სამეგრელოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 9 აპრილი. - 12(44). - 1გვ.

84 წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა

▲ზევით დაბრუნება


ამ დღეებში, . გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან იმყოფებოდნენ ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა ჭყონდიდელისადა . გამსახურდიას საზოგადოების რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაზეთწალენჯიხის ზარებისრედკოლეგიის წევრები, რომლებმაც ჩვენი რაიონის მოსახლეობის სახელით, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მის ოჯახს მიულოცეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, უსურვეს ჯანმრთელობა და სამშობლოს თავისუფლებისათვის დაწყებული ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება. ამასთანავე, გამოხატეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და რამდენიმე შეკითხვით მიმართეს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ბატონო პრეზიდენტო! უკვე ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სისხლიან ხელისუფლებას კრიზისის დღეები უდგას. ეროვნული ძალების წინაშე მოქმედების ახალი ამოცანები ისახება. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

- რაც უფრო ახლოვდება ხუნტის აღსასრული, მით უფრო მეტ ბოროტმოქმედებას სჩადის იგი. ახლა ჩვენი ბრძოლა ძირითადად უნდა წარიმართოს ხალხის მობილიზაციისკენ, ჩვენი ორგანიზაციების გაფართოებისა და განმტკიცებისაკენმრგვალი მაგიდისეგიდის ქვეშ. სრულიად საქართველო უნდა დაირაზმოს, რათა ვიხსნათ ჩვენი ერი.

დაინტერესებული პირები ხალხში ავრცელებენ ხმას, რომ საქართველოს მზე ჩაესვენა, რომ მას არა აქვს შანსი აღორძინებისა. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

საქართველო ფენიქსია. ისტორიაში მრავალგზის ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენი მტრები ამბობდნენ, საქართველოს მზე ჩაესვენაო, მაგრამ საქართველო ისევე იკრებდა ძალას და ფენიქსებრ აღსდგებოდა ხოლმე, „ვინც შეჰნატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს“. ტყუილად როდი სთქვა აკაკიმ. მთავარია ჩვენ არ დავკარგოთ იმედი და გულხელი არ დავიკრიფოთ. ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ.

ბატონო ზვიად! გვინდა დღევანდელი მსოფლიოსათვის დამახასიათებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტეგრაციისა და ნაციონალიზაციის პროცესების თქვენეული მოკლე შეფასება.

მსოფლიოს ინტეგრაცია იმ ფორმით, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ნაციონალურ კოსმოპოლიტებს, ჩაიშალა. სულ უფრო ძლიერდება დიდ და მცირე ერებში ეროვნული სახის შენარჩუნების ტენდენცია. მაასტრიხტის იდეაც აღარ არის იმდენად პოპულარული, უნიფიცირებული მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა ვეღარ ხერხდებაატლანტიკიდან ვლადივასტოკამდე“, პირიქით, ამ სივრცეში უამრავი ახალი ერთეული წარმოიქმნება ალბათ.

ბევრი ითქვა და დაიწერა აფხაზეთის ომის შესახებ. მიუხედავად ამისა, ხუნტა კვლავ ცდილობს ისარგებლოს ამ ომთან დაკავშირებული სიძნელეებით. ამასთან მოსახლეობა დაინტერესებულია უფრო ნათლად წარმოადგინოს აფხაზეთის პერსპექტივა. თქვენს რჩევას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

მთავარია ვამხილოთ ამ ომის ანტიეროვნული და პროვოკაციული არსი. შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკა, რომელმაც აფხაზეთის ნახევარი უკვე ჩააბარა, ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო. შევარდნაძე და კომუნისტ-სეპარატისტები ერთობლივად მოქმედებენ. ამაზე უნდა ავუხილოთ თვალი როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. უნდა ვეძებოთ დიალოგის გზები ისეთ აფხაზებთან, რომლებიც ხედავენ სეპარატიზმის დამღუპველობას.

ბატონო პრეზიდენტო! პატარა წალენჯიხას სისხლიანმა ხუნტამ უდიდესი უბედურება დაატეხა თავს. წამებით დახოცილია ათობით ახალგაზრდა, გადამწვარია სახლები და გაძარცულია მთელი რაიონი, მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც არ შემდრკალა, არ უღალატია კანონიერი პრეზიდენტისა და ეროვნული იდეისათვის. ისინი გამოსავალს პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასა და კანონიერების აღდგენაში ხედავენ.

წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოდ მესახება. მასავით დარბეული და გაძარცული, მასავით გაუტეხელი და მედგარი. „წალენჯიხის ზარებიც ალბათ იმ გატაცებულ ზარებს გვახსენებენ. იმ ზარების გამტაცებლები ხომ დღეს მთელს საქართველოს ძარცვავენ. მინდა მივუსამძიმრო ყველა ჭირისუფალს, დედებს, დებს, მშობლებს, მეუღლეებს, მათთან ერთად ვგლოვობ ყველა დაღუპულს. მაოცებს გმირობა და სიმტკიცე ჩვენი ხალხისა, რომელსაც ვერავითარმა უბედურებამ ვერ ააღებინა ხელი სამართლიანობისათვის ბრძოლაზე.

რას უსურვებდით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას?

ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვუსურვებ ერთიანობას, სიმტკიცეს, შეუპოვრობას. გული მტკივა, როდესაც მესმის განხეთქილებებზე, დავაზე, შუღლზე ჩვენს ბანაკში. გვახსოვდეს, უნდა მივუტევოთ ურთიერთს, რათა არ დავიქსაქსოთ და არ დავძაბუნდეთ. იდეის ერთგულება, ჭეშმარიტების ერთგულება, ურთიერთის სიყვარული, აი, რა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეფასებას აძლევთ ჩვენს გაზეთს და რას უსურვებდით მომავალში?

დიდად მომეწონა თქვენი გაზეთის ორი ნომერი, რომელიც გამაცნეს. პრესა დიდი ძალაა, დიდად გამახარა ამ ახალმა გაზეთმა. გისურვებთ, მეტი დოკუმენტური მასალა გამოგექვეყნებინოთ ხუნტის ბარბაროსობაზე, მისი არც ერთი დანაშული არ უნდა დარჩეს მხილების გარეშე. მასალებს მეც მოგაწოდებთ.

წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა : ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 15-30 აპრილი. - 3. - 1 გვ.

85 მიმართვა სამურზაყანოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


სამურზაყანო, ისევე როგორც მთელი აფხაზეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თქვენი კუთხის მოსახლეობა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გვერდით, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

მას შემდეგ, რაც კრიმინალურმა ხუნტამ აფხაზეთში გააჩაღა დამღუპველი ძმათამკვლელი ომი, სამურზაყანოს როლი კიდევ უფრო გაიზარდა. თქვენს წინაშეა არჩევანი: ან მხარი უნდა დაუჭიროთ ისევ იმ კურსს, რომლის ერთგულნიც იყავით დღემდის, ან ჩაებათ დამღუპველ ეთნოკონფლიქტში. დღეს შევარდნაძის ხუნტა და სეპარატისტები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ, ყოველნაირად ხელს უშლიან ეროვნულ შერიგებას, რათა რაც შეიძლება მეტი ქართველი გაწყდეს აფხაზეთში და რაც მთავარია, აფხაზეთი დაიცალოს ქართველებისაგან. ჩვენი კურსი კი არის ეროვნული შერიგება, ყველა სადაო საკითხის გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით. მოგიწოდებთ, ჩაებათ ამ პროცესში, არ აჰყვეთ ხუნტის დემაგოგიას, დაგმოთ კრიმინალები, რომელნიც ცდილობენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას და სისხლიანი კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას. ჩვენ და აფხაზებს საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად გვიცხოვრია ამ მიწაზე და მომავალშიც ვიცხოვრებთ. მთავარია, აფხაზეთი ჩვენმა ძალებმა გააკონტროლონ და განახორციელონ მშვიდობიანი მისია. მჭიდრო კონტაქტი იქონიეთ ზუგდიდის დაუმორჩილებლობის კომიტეტთან, სრულიად საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობასთან. დავდგეთ მტკიცედ ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაპოვართა დასაცავად, ვიბრძოლოთ კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად, რის შედეგადაც დამარცხდება როგორც ხუნტა, ასევე სეპარატისტები. მომავალი ჩვენია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993. 25 აპრილი

მიმართვა : სამურზაყანოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 4 მაისი. - 15 (47). - 1.გვ.

86 ფაქტები და სინამდვილე

▲ზევით დაბრუნება


ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

1987 წელს დემოკრატიული და ეროვნული მოძრაობები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გააქტიურდა. საბჭოთა ლიდერებმა დაინახეს ცივი ომის გაგრძელების შეუძლებლობა, მაგრამ ისინი მაინც იმედოვნებდნენ ძველი კომუნისტური იმპერიის შენარჩუნებას. ამიტომ მათ დაიწყეს მოჩვენებითი ლიბერალიზაციის პროცესი, ე.წ. „პერესტროიკა“. ამასთან, ათავისუფლებდნენ რა პოლიტპატიმრებს, ისინი განაგრძობდნენ სისხლიან რეპრესიებს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ვილნიუსში, თბილისში და ბაქოში. სახალხო მღელვარებებმა საბჭოთა კავშირში და მსოფლიო საზოგადოებრივმა აზრმა აიძულა ისინი ჩაეტარებინათ მრავალპარტიული არჩევნები ზოგიერთ რესპუბლიკაში. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის გამოცხადება ამ რესპუბლიკებში.

საქართველოში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1990 წ. 28 ოქტომბერს. იგი იქცა უსისხლო რევოლუციად, რომელშიც კომუნისტები იძულებულნი შეიქნენ ხელი აეღოთ ძალაუფლებაზე ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ და ჩემი, როგორც მისი მეთაურის სასარგებლოდ.

დიდი შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ კრემლი და ადგილობრივი კომუნისტები უბრძოლველად დაგვნებდნენ. მათ დაინახეს მარცხი თავიანთი სამხედრო დამსჯელი აქციისა 1989 წლის 9 აპრილს და სამაგიეროდ დაიწყეს შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა. ესენია პირველ რიგში „მხედრიონი“, რომელიც დაკანონებული იყო კომუნისტური მთავრობისაგან და ე.წ. „ეროვნული კონგრესი“, რომლის განზრახვაც იყო დაეპირისპირებინა ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა და ექსტრემისტული ჯგუფები ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელმაც დათრგუნა და დაატერორა ქართული მოსახლეობა. შექმნეს რა ასეთი ჯგუფები, კომუნისტები დაჟინებით მოითხოვდნენ ჩაეტარებინათ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები და მხოლოდ სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ, მასობრივმა მიტინგებმა, სტუდენტთა წინააღმდეგობებმა და ბოლოს, სარკინიგზო გაფიცვებმა აიძულეს ისინი დაერთოთ არჩევნების ნება, რომელშიც მათ მარცხი განიცადეს.

ამის შემდეგ კომუნისტებმა მოსკოვსა და თბილისში და მთელმა მათთან დაკავშირებულმა მაფიამ დაიწყეს რევანშის მზადება.

1990 წლის 14 ნოემბრიდან ჩემი პარლამენტის სპიკერად არჩევის პირველივე დღიდან მხედრიონის ჯგუფებმა დაიწყეს თავდასხმები პოლიციის განყოფილებებზე და სისხლიანი არეულობები მთელს საქართველოში. „ეროვნული კონგრესი“ ცდილობდა მოეწყო საპროტესტო აქციები. მოსკოვში შევარდნაძემ, ფოფხაძემ, მგელაძემ და სხვა კომუნისტმა ლიდერებმა შექმნეს შტაბები საქართველოს კანონიერი მთავრობის დასამხობად. კრემლმა გააჩაღა პროპაგანდისტული კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ეროვნული ლიდერების დისკრედიტაციისათვის. აშშ-ს მთავრობამ, განსაკუთრებით კი პრეზიდენტმა ბუშმა და სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა, რომელთანაც შევარდნაძეს ახლო კონტაქტები ჰქონდა, მკვეთრად დაუჭირეს მხარი ამ კამპანიას საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. დასავლეთის მასობრივმა საშუალებებმა, იმეორებდნენ რა საბჭოთა პროპაგანდის ყველა ტყუილს, შექმნეს წარმოდგენა (იმიჯი) ულმობელი დიქტატორისა საქართველოში - „კავკასიელი სადამ ჰუსეინი“. ამ მითის მიხედვით ხდებოდა ყველა პოლიტიკური პრივილეგიების ხელყოფა, პატიმრობაში აჰყავდა მისი პოლიტიკური ოპონენტები, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ხდებოდა ეთნიკური უმცირესობების დაჩაგვრა და გაისმოდა მოწოდება ლოზუნგით „საქართველო ქართველებისათვის“. მაგრამ ფაქტიურად ყველაფერი იყო პირიქით. ლოზუნგი „საქართველო ქართველებისათვის“ ასე უცხო ჩემი ქრისტიანული და დემოკრატიული იდეალებისათვის, არასოდეს ყოფილა მოწოდებული ჩემს მიერ. ეს იყო მოსკოვის პროპაგანდის გამოგონება. საქართველოში 25 ოპოზიციური გაზეთი არსებობდა. ოპოზიციას მიეძღვნა ტელევიზიაში „ალტერნატივის საათი“, ტელევიზიაში გაჩნდა დამოუკიდებელი არხი. ამ პოლიტიკური თავისუფლების წყალობით მთავრობის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები მუდმივად ატარებდნენ მიტინგებს და თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავდა თავისი საკუთარი შეიარაღებული ჯგუფები.

ეთნიკური უმცირესობების უფლებები გათანაბრებული იყო ეთნიკური ქართველების ინტერესებთან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება იყო თვით სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ქმედება. მათ გამოაცხადეს თავი საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად და შემდგომი დეკრეტი საქართველოს პარლამენტისა იყო მხოლოდ რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით.

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მოსახლეობის 90-პროცენტზე მეტმა ხმა მისცა მის დამოუკიდებლობას: 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. 26 მაისს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და მე ამირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად. მოსკოვის რეაქციას არ დაუგვიანია. მათ მოგვაქციეს ეკონომიკურ ბლოკადაში. გორბაჩოვმა მიმიწვია სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. ჩემი უარის შემდეგ კრემლმა გულმოდგინედ შეიმუშავა ჩემი მთავრობის დამხობის გეგმა. როგორც მოგვიანებით ი. აფანასიევმა, რუსეთის პარლამენტის წევრმა დაადასტურა, გორბაჩოვმა და შევარდნაძემ 65 მილიონი მანეთით დააფინანსეს სისხლიანი გადატრიალება საქართველოში.

1991 წლის გაზაფხულზე ბუშმა ურჩია უკრაინას დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ეს ის დროა, როცა მან მე მომიხსენია, როგორც „კაცი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს“. მოგვიანებით ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა: „საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი“, რომელსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს აშშ. ამან ფრთები შეასხა შეიარაღებულ „ოპოზიციას“.

შეთქმულებაში ჩართულნი იქნენ: პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა, ეროვნული გვარდიის მეთაური თ. კიტოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი გ. ხოშტარია, პარლამენტის სპიკერი ა. ასათიანი, დეპუტატები: ვ. ადამია, ნ. ნათაძე, თ. პაატაშვილი და სხვები. მათ გააჩაღეს პროპაგანდისტული კამპანია გვარდიასთან. არწმუნებდნენ მას, რომ მე ხელი შევუწყვე მოსკოვის სახელმწიფო გადატრიალებას, უნდოდათ გამოეტყუებინათ მათთვის სამარცხვინო დოკუმენტები ჩემს შესახებ, სახელდობრ, იანაევის დაკითხვის ოქმი. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ 20 აგვისტოს მე მივმართე დასავლეთის ქვეყნებს თხოვნით - დაეცვათ ყველა არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მომდევნო დღეს ჩემი ეს მოწოდება დაიბეჭდა თბილისში, რუსულ გაზეთ „სვობოდნაია გრუზიაში“.

სიგუამ და კიტოვანმა მოახერხეს თავიანთ მხარეზე გადაებირებინათ გვარდიის მნიშვნელოვანი ნაწილი და შექმნეს შეიარაღებული დაბანაკება თბილისის მახლობლად. ამ ბანაკში თავი მოიყარა „ოპოზიციის“ ყველა წარმომადგენელმა, მათ შორის კრიმინალებმა, ნარკომანებმა და შავი სამყაროს წარმომადგენლებმა. ისინი დაფინანსებულნი იყვნენ მოსკოვისა და ადგილობრივი მაფიის მიერ და იარაღით მარაგდებოდნენ საბჭოთა არმიისაგან ტრანსკავკასიის სამხედრო რკინიგზით. შეიარაღებულ ოპოზიციას მხარს უჭერდა, ასევე და ეხმარებოდა კომუნისტური ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმავ დაკარგეს პრივილეგიები.

საბჭოურ პროპგანდაში ჩემს შესახებ სხვა ცილისწამებებს შორის იყო კიდევ ის, რომ მე მსურდა პოლიტიკური „ლიბანიზაცია“, საქართველოს იზოლირება. სინამდვილეში კრემლმა გაუკეთა იზოლირება საქართველოს. საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო შვეიცარიასა და აშშ-ში ვიზიტზე ჩემი უარი მიჩნეულ იქნა „თვითიზოლაციის“, „ანტიამერიკულობისა“ და „ანტიეროვნულობის“ პოლიტიკად.

1991 წლის სექტემბერში, ნომენკლატურულმა მაფიამ, ქუჩის „ოპოზიციამ“ და კრიმინალებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში პარლამენტის შენობაზე, რამაც გამოიწვია არეულობა. ალყა შემოარტყეს ტელევიზიის შენობას, თავს დაესხნენ ელსადგურს თბილისში. მე ამაოდ მოვუხმობდი მათ დიალოგისაკენ.

ნოვო-ოგარევოს პროცესის მარცხის შემდეგ კრემლის ლიდერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ იმპერიის ახალი მოდელი „სნგ“. რესპუბლიკების ხელმძღვანელთა შეხვედრა შედგა ალმა-ათაში 21 დეკემბერს, რათა ხელი მოეწერათ კონფედერაციის შექმნის შეთანხმებაზე. ჩემი უარის შემდეგ 21 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ გამოჩნდნენ ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მთავრობის შეუიარაღებელ მხარდამჭერებს. მოკლეს რამდენიმე კაცი.

22 დეკემბერს „ოპოზიციამ“ ალყა შემოარტყა სასტუმრო „თბილისს“ და პარლამენტის შენობის წინ აღმართულ ქაშვეთის ეკლესიას უშენდნენ ბომბებს და ჭურვებს. ამას გარდა შენობების სახურავზე ჩასაფრებული სნაიპერები სასიკვდილოდ იმეტებდნენ ყველას, ვინც კი პარლამენტის შენობასთან ახლოს მივიდოდა. სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანებსაც არ ინდობდნენ. პარლამენტის შენობას იცავდა პრეზიდენტის ერთგული გვარდიის ნაწილი.

ჩვენ არტილერია არ გვყავდა, არც ჭურვები და მძიმე ტექნიკა გაგვაჩნდა. პუტჩისტებმა გადაწვეს პარლამენტის მიმდებარე შენობები. რუსთაველის პროსპექტი ნანგრევებადაა ქცეული. პუტჩისტები ცდილობდნენ ჩემი ოჯახის მძევლად აყვანას, მაგრამ პრეზიდენტის დაცვამ გადაარჩინა ისინი და გადაიყვანა პარლამენტის შენობიდან.

დეკემბრის ბოლოს პუტჩისტების რამდენიმე შეიარაღებული მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი განადგურებული იქნა პრეზიდენტის გვარდიის მიერ, მაგრამ რუსეთის არმიამ გაუძლიერა დახმარება პუტჩისტებს. მათ შტაბებში ჩამოვიდნენ იარაღითა და საბრძოლო მასალით დატვირთული საბარგო მანქანები. ყუმბარების, ნაღმსატყორცნებისა და რაკეტების სროლის სიზუსტემ ცხადყო, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები ეხმარებოდნენ მათ. ჯავშანტრანსპორტიორში ნანახი იქნა საბჭოთა არმიის ჯარისკაცთა გვამები.

27 დეკემბერს გვარდიელებმა, ბ. ქუთათელაძის მეთაურობით, რომლებიც იცავდნენ სატელევიზიო სადგურს, უღალატეს პრეზიდენტს და ჩააბარეს სატელევიზიო ანძა პუტჩისტებს. 1992 წლის 2 იანვარს პუტჩისტებმა შექმნეს „სამხედრო საბჭო“ და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი). ეს უკანასკნელი ამ დროს გაუშვეს ციხიდან და პუტჩისტების მიწვევით თავის კრიმინალურ ჯგუფთან ერთად შეუერთდა მათ. ამავე დროს საპატიმროებიდან გაათავისუფლეს და „დემოკრატიისათვის მებრძოლთა არმიაში“ ჩართეს დაახლოებით 4000 პატიმარი.

მე ვხედავდი, რომ პუტჩისტებთან გაგრძელებულ ომს შედეგად მომდევნო სისხლისღვრა და ჩვენი დედაქალაქის სრული ნგრევა მოჰყვებოდა. ამიტომ 1992 წლის 6 იანვარს ჩემს შეიარაღებულ მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად დავტოვე პარლამენტი პუტჩისტთა ტყვიების სეტყვის ქვეშ და ჩავედი ჯერ აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ სომხეთში და ბოლოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა მოგვცა თავშესაფარი. 1991 წლის 27 იანვარს მე მოვუწოდე „...გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მსოფლიოს ხალხებს და მთავრობებს გამოსარჩლებოდნენ საქართველოში ხუნტის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და მოეთხოვათ იქ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, გაეწიათ ქართველი ხალხისთვის ყველანაირი დახმარება იმ კატასტროფისაგან თავის დაღწევისათვის, რაც გამოიწვია ხუნტის მოქმედებამ“. ასე, რომ არა მარტო პრეზიდენტი, არამედ დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტიც ძალით იქნა გაძევებული.

1992 წლის 6 იანვარს, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ხუნტამ დაიწყო პრეზიდენტის მომხრეთა რეპრესიები და სიკვდილით დასჯა. თბილისსა და საქართველოს ბევრ სხვა დიდ ქალაქებში იმართებოდა მოსახლეობის მრავალათასიანი დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტისა და პარლამენტის მხარდასაჭერად. ამ დემონსტრაციების დროს ასეულობით ხალხი იქნა მოკლული და დაპატიმრებული. ჯაბა იოსელიანმა ოფიციალურად გამართლება მისცა ტელევიზიით თავისი კრიმინალური ბანდების მხეცურ მოქმედებას და დაიქადნა, რომ დაარბევდა ყველა დემონსტრაციას და საპროტესტო მიტინგებს „იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა“. ყველაზე უფრო გამხრწნელი ზემოქმედება ხუნტამ ახალგაზრდა თაობაზე მოახდინა, მოხიბლა რა იგი ფულით, ნარკოტიკებითა და იარაღით.

დამსჯელი ოპერაციების შედეგად დემონსტაციებმა აღმოსავლეთ საქართველოში ნელ-ნელა იკლო, სამაგიეროდ დასავლეთ საქართველოში აქტიური წინააღმდეგობა დღემდე გრძელდება. დიდი შეცდომაა ხუნტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დასავლეთ საქართველო უფრო მეტად იმიტომ მიჭერს მხარს, რომ მე წარმოშობით ამ რეგიონიდან ვარ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დასავლეთმაც და აღმოსავლეთ საქართველომაც თანაბარი პროპორციით მომცა ხმა. საპროტესტო მოძრაობის შესუსტების მიზეზი არის ხუნტის ძალების განლაგება, რომელიც ძირითადად თბილისსა და მის შემოგარენშია თავმოყრილი. დამსჯელი ექსპედიციები დასავლეთ საქართველოში, რომლის შედეგიცაა ასობით ადამიანის მსხვერპლი, ასახულია გაზეთში „საქართველოს ცის ქვეშ“, რომელიც იბეჭდება გროზნოში.

1992 წლის თებერვალში ჯეიმს ბეიკერი მოსკოვში შეხვდა შევარდნაძესა და „დროებითი მთავრობის“ თავმჯდომარეს თ. სიგუას. ამ შეხვედრებმა მოამზადეს საფუძველი შევარდნაძის, როგორც „პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის, მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების“ გარანტის საქართველოში დაბრუნებისათვის. მე ბატონ ბეიკერს გავუგზავნე შემდეგი შინაარსის დეპეშა: „მე გამოვხატე ჩემი პროტესტი თქვენი საქართველოში ჩასვლის განზრახვის წინაღმდეგ, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხარს უჭერთ ყველაზე არაკანონიერ, ანტიდემოკრატიულ, კრიმინალურ დ ტერორისტულ რეჟიმს...

სულ მალე საქართველოში შეიქმნება სომალისა და ეთიოპიის მსგავსი სიტუაცია. ამან (ბეიკერის ვიზიტმა) შეიძლება გამოიწვიოს ქართველი ხალხის გულისწყრომა, რომელმაც იცის აშშ-ს პოზიცია კუბაში, ვენესუელასა და ჰაიტიში და შეიძლება გამოიწვიოს ანტიამერიკული განწყობილება“.

1992 წლის 7 მარტს ჯაბა იოსელიანის მიპატიჟებული შევარდნაძე თბილისის აეროპორტში შეხვდა მხედრიონის კრიმინალებსა და ნომენკლატურული ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ის მიესალმა იმ ინტელიგენციას, „რომელმაც იარაღი აიღო ხელში და იბრძოდა დემოკრატიისათვის“. შემდეგ ესტუმრა სიონის ეკლესიას, რითაც ღვთისმოშიშობა ითვალთმაქცა და სადაც მას მიესალმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, სუკის აგენტი დიდი ხნის მანძილზე. მალე ის „არჩეული“ იქნა სახელმწიფო საბჭოს, იგივე სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ. შევარდნაძემ გააძლიერა ტერორი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს ოპონენტები განაგრძობდნენ მიტინგებს მისი ჩამოსვლის წინააღმდეგ. რუსულმა არმიამ გააძლიერა დახმარება ხუნტის მიმართ.

დასავლეთის პოლიტიკოსებმა, ისევე, როგორც მასობრივი საშუალებების დიდმა უმრავლესობამ, პირში წყალი ჩაიგუბეს ამ რეპრესიებისა და ტერორის შესახებ საქართველოში. მხოლოდ ფინეთის და ზოგიერთ გერმანულ და შვეიცარულ გაზეთებში დაიწერა სიმართლე შევარდნაძის რეჟიმის შესახებ. გაერომ, ევროპის უშიშროების საბჭომ, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ უარი თქვეს გამოეკვლია სახელმწიფო ტერორიზმის ფაქტები საქართველოში. ღრმა დამოკიდებულება ამ ტრაგიკული მოვლენის მიმართ გამოხატული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მაინის ფრანკფურტში, ასევე ფინეთის ჰელსინკის ჯგუფის მიერ. პირმოთნეობისა და ცინიზმის უმაღლესი წერტილი იყო ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საქართველოში 1992 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმ დროს, როცა ბეიკერი ულოცავდა შევარდნაძეს თანამდებობას რესპუბლიკის მოედანზე და ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე, სულ 200 მეტრის დაშორებით მხედრიონის ძალები და პოლიცია აქეთ-იქით ფანტავდნენ საპროტესტო გამოსვლას, ესროდნენ და სცემდნენ ხალხს.1991 წლის 9-10 ივლისს ჰელსინკში უნდა ჩატარებულიყო ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს სხდომა. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ჰელსინკის ჯგუფის პირველი ჩამომყალიბებელი 1975 წელს, მიწვეული ვიყავი ამ თათბირზე ფინეთის პარლამენტის ქართული ჯგუფის მიერ. ბატონმა ჰეიკი რუჰიარვიმ, ამ ჯგუფის ლიდერმა გააკეთა სამი უშედეგო განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ჩემთვის ვიზის უზრუნველსაყოფად. სამინისტრომ უპასუხა ბ-ნ რუჰიარვის და ფინეთ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს ქ-ნ აილა ნიინიმა-კიეპოს, რომ მე შემეძლო ფინეთში ჩასვლა მხოლოდ ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს თათბირის შემდეგ.

სამინისტროს არ აუხსნია, თუ რატომ დართეს ფინეთში ჩასვლის ნება მხედრიონის კრიმინალებსა და სუკის ოფიცრებს. ბატონმა რუჰიარვიმ მაცნობა შემდეგი: „ეს ეწინააღმდეგება ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს კანონებს, რომელიც (ეს საბჭო) აფერხებს გამსახურდიას ფინეთში ჩასვლას, მაშინ, როცა გულთბილად ხვდება შევარდნაძეს, რომელიც აქტიურად იყო ჩარეული გასული წლის პუტჩში და რომლის ზრახვაც იყო არაკანონიერად სხვისი ადგილის მითვისება. ევროპის თანამშრომლობის და უშიშროების საბჭოს მიეთითა დაეცვა ერები ისეთი კრიმინალი ლიდერებისაგან, როგორიცაა შევარდნაძე“ (იხ. აპნის კორესპონდენცია. 1992 წლის მაისი-ივნისი № 3. ტ. 18.). მსგავსი საპროტესტო წერილი გავუგზავნე ამ საბჭოს მე. ამასობაში შევარდნაძემ მიიღო მონაწილეობა მის თათბირში. ასეთი ქმედებით ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭომ თვითონვე დაარღვია 1991 წლის 10 ოქტომბერს მიღებული სახელმწიფო წარმომადგენელთა მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტი, კერძოდ, მისი მეჩვიდმეტე მუხლი, სადაც წერია: „თუ სახელმწიფოში ადგილი ექნება არადემოკრატიული მეთოდებით დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის დამხობას ან მის მცდელობას, სახელმწიფო წარმომადგენლებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ სახელმწიფოს კანონიერ ადამიანებს გაეროს წესდების თანახმად“.

1992 წლის 24 ივნისს თბილისში შევარდნაძის საიდუმლო სამსახურმა გამოიგონა „სახგადატრიალების მცდელობა“. ამ დღეს პრეზიდენტის მხარდამჭერები შინაგანი ჯარის ოფიცრების მიერ ჯერ შეტყუებულნი იქნენ ტელევიზიის შენობაში, სადაც მათ დაპირდნენ თავისუფალ რადიოხაზს, რათა მოწოდებით მიემართათ ქართველი ხალხისათვის, ხოლო შემდეგ დააპატიმრეს. შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეს იყო „წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება“. იოსელიანის ძალებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი. მოკლული იქნა რამდენიმე კაცი. შემდეგ მოგვასმენინეს მათი „აღსარება“ ტელევიზიით, რომ თითქოს ისინი მოქმედებდნენ პრეზიდენტის ინსტრუქციის მიხედვით. 1992 წლის 11 აგვისტოს შევარდნაძის ჯარებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი ექსპედიცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაკენ. შევარდნაძის მტკიცებით, ეს შემოსევა აუცილებელი იყო საზოგადოებრივი წესრიგის განსამტკიცებლად რკინიგზებზე. თუმცა ამ შემოსევას სანაცვლო შედეგად მოჰყვა გენოციდი, ქალაქებისა და სოფლების ნგრევა. ათასობით ლტოლვილი ტოვებს ამ რეგიონს ყოველდღიურად. ამ ომს, რომლემაც უკვე 4000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბოლო არ უჩანს. ომის ძირითად ზრახვას წარმოადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამხობა, რადგანაც მათ არ ცნეს ხუნტის ტოტალიტარული კანონები. აფხაზეთის პრეზიდენტის მომხრეებს ჰქონდათ თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საკუთარი გაზეთი „აღდგომა“, შეეძლოთ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლა.

ჩართო რა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი ომში, შევარდნაძე გზას უგებდა ახალ იუგოსლავიას კავკასიაში.

შევარდნაძე დაპირდა არჩევნების ჩატარებას „დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტების დაცვით, დონეზე“. მე ვეკითხები დემოკრატიულ მსოფლიოს, თუ უნახავთ მათ რომელიმე „დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ არჩევნები ჩატარებულიყოს არა არჩეული, კანონიერი პარლამენტის, არამედ რაღაც თვითმარქვია სახელმწიფო საბჭოს მიერ? უნახავს ვინმეს საარჩევნო კანონი ნაწილის ან საჭირო რაოდენობის ამომრჩეველთა გარეშე, ანდა რეპრესიები და ტერორი თუ გაუგონია არჩევნების წინ? აქ კი ხალხს წინასწარ სთხოვეს დაეწერათ, რომ ისინი ხმას მისცემდნენ პარლამენტის სპიკერის წინასწარ განსაზღვრულ კანდიდატს. ვის უნახავს დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომია გაჩაღებული, კრიმინალური ანარქია მძვინვარებს და ბევრი ქალაქი ცეცხლშია გახვეული? სად გაგონილა დემოკრატიული არჩევნები ფარული კენჭისყრის გარეშე უმეტეს საარჩევნო უბნებში და ღია კონტროლი შეიარაღებული ხალხის მიერ, რომლებიც უთვალთვალებდნენ და აღრიცხავდნენ, თუ ვის აძლევდნენ ხმას. ქ. მარტვილში ადგილი ჰქონდა „ამომრჩეველთა“ ქუჩიდან შეიარაღებული ძალით მიყვანას საარჩევნო ყუთებთან. ვანში ბიულეტენის ჩასაგდები ყუთები დღის ბოლოს შეცვლილი იქნა „საარჩევნო კომისიის“ მიერ, რადგანაც ბიულეტენის ქაღალდები ბათილი იყო. სად გაგონილა დემოკრატიული არჩევნების დროს ერთმა პიროვნებამ ჩაყაროს 100-200 ბიულეტენი? ან გსმენიათ ისეთი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებენ ოპოზიციური პარტიები და პიროვნებები. ბუნებრივია, რომ ასეთ „არჩევნებში“ შევარდნაძე აირჩია ამომრჩეველთა 90 პროცენტმა, და ახლა ტრაბახობს, რომ მას ჰყავს „დემოკრატიული გზით არჩული პარლამენტი“. თუმცა არჩევნებიდან 15 დღის შემდეგ დაბეჭდილ იქნა საპარლამენტო სიების მხოლოდ ერთი ნაწილი. ამ სიებში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ძალთა მათთვის ხელსაყრელ თანაფარდობას. ყოფილი ნომენკლატურული პარტოკრატია, მათ შორის 9 აპრილის ტრაგედიის წამქეზებლები და მაფიოზი საქმოსნები ამ „პარლამენტის“ დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ.

რადგანაც „კანდიდატებს“ შორის ამ პარლამენტში მოხვედრაზე დიდი ბრძოლა შეიქნა, ნაწილი სიებისა მოგვიანებით დაიბეჭდა. წარმატება ხვდა წილად მათ, ვინც შეძლო „სპიკერისათვის“ სიტყვითა და საქმით დაემტკიცებინა ერთგულება.

21 ოქტომბერს შევარდნაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის პირველი სესია გადადებული იქნა „კონფლიქტური სიტუაციის გამო. სინამდვილეში ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა „დეპუტატებსა“ და კიტოვანს შორის გამართული ბრძოლა, რომელიც ახალი პუტჩით იმუქრებოდა, თუ ვინმე თანამდებობიდან გადააყენებდა.

საქართველოში ეკონომიური მდგომარეობა კატასტროფამდეა მისული. რუსეთმა მისცა საქართველოს 20 ბილიონი მანეთის კრედიტი (იხ. „კურანტი“, 1992-28), ირანმა და თურქეთმა - რამდენიმე მილიონი დოლარი. ეს კრედიტები, ისევე, როგორც ჰუმანიტარული დახმარებები გამოყენებულ იქნა მთავრობის წარმომადგენელთა მიერ პირადი სარგებლობისათვის ან აფხაზეთის ომის დასაფინანსებლად. პრივატიზაცია ხორციელდება ხუნტის ლიდერების: კიტოვანის, იოსელიანისა და სხვათა დაკვეთით. მთელი ეროვნული ღირებულებანი მოქცეულია მაფიოზური კლანის ხელში. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიმშილისა და სიღარიბის მიჯნაზეა მისული. პარალიზებულია სოფლის მეურნეობა. ამის ძირითადი მიზეზია ომი, ქურდობა, ტოტალური ქაოსი მიწის პრივატიზაციაში. ეს პრივატიცაზია ხორციელდება ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ყოველდღე მარტო თბილისში შიმშილით კვდება 3-5 ადამიანი.

შევარდნაძის რეჟიმი მუდმივად არღვევს გაეროს წესდებას, ადამიანთა უფლების დაცვის ყველა აქტს და ძირითად პრივილეგიებს. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპად იქცა ტერორი და განგსტერიზმი. მას არა აქვს არავითარი უფლება წარსდგეს საქართველოს სახელით გაეროსა და ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოში. იგი ქმნის დესტაბილიზაციისა და ომის დიდ საშიშროებას მთელი კავკასიის რეგიონში, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია დააჩქაროს სერიოზული მსოფლიო კრიზისი.

მე მოვუწოდებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მთავრობებსა და პარლამენტებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაეხმარონ საქართველოს ამ უბედურების ჟამს, დაგმონ შევარდნაძის რეჟიმი, სახელმწიფო ტერორი, დაადონ მას მკაცრი სასჯელი, დაეხმარონ ქართველ ხალხს, თავი დააღწიოს შევარდნაძეს და აღადგინოს კანონიერი პარლამენტი და მთავრობა. ამის გარეშე შეუძლებელია მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის დამყარება საქართველოში და თუნდაც მთელს კავკასიის რეგიონში.

ჯორჯიან მესენჯერი“.
13, 1993.

ფაქტები და სინამდვილე / გამსახურდია ზვიად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1993. - 12 მაისი. - 16 (48). - 1,2 გვ.

87 მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

ქართველებსა და აფხაზებს შორის საომარი მოქმედების ესკალაციით გამოწვეულმა ღრმა განგაშმა მაიძულა თქვენთვის მომემართა. თქვენ ჩემთვის უცხოელებს, ანუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს არ წარმოადგენთ, რამეთუ ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან ერთად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე. ჩვენი ფესვები და ტრადიციები ერთია, როგორც ჩვენი ისტორია.

სისხლიანი სამხედრო გადატრიალება საქართველოში, უკანონო დანაშაულებრივი რეჟიმის დამყარება - აი, მთავარი მიზეზი ამ ძმათამკვლელი ომისა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამას ხელი შეუწყო ზოგიერთმა შეცდომამ აფხაზეთის ხელმძღვანელობისა, კერძოდ, უმაღლესი საბჭოსი, რომელმაც შეცვალა მოქმედი კონსტიტუცია კვალიფიციური უმრავლესობის ნებართვის გარეშე.

მაგრამ ამჟამად კამათის დრო არაა. იღვრება ჩვენი ძმებისა და დების სისხლი, რაც დიდ საშიშროებას უქმნის არა მარტო ჩვენს სამშობლოს, არამედ მთელ კავკასიას. შთამომავლობა არ გვაპატიებს, თუკი ჩვენ ჩვენი ბრძენი წინაპრების მაგალითისამებრ არ მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და ყველა სადავო საკითხს არ გადავწყვეტთ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით.

ამჟამად მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს ხელს უშლის ანარქია, რომელიც სუფევს საქართველოში სისხლიანი ხუნტის ხელისუფლებაში მოსვლით. მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა საქართველოში დაუყოვნებლივ დაუსვამს წერტილს კონფლიქტს და დასაბამს დაუდებს მშვიდობიან მოლაპარაკებებს. მე მწამს, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სახელმწიფო მოწყობის საკითხებში. აქ მთავარია ხალხის ნება და ოფიციალური განცხადება აფხაზური ხელმძღვანელობისა იმის თაობაზე, რომ მას სურს მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან, სწორედ ამჯერად.

ამის გარეშე საომარი კონფლიქტები შესაძლოა კატასტროფით დამთავრდეს ჩვენი ხალხებისათვის.

დაე მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს მიწაზე, ეზეიმოს გონიერებასა და კეთილ ნებას, აღმდგარიყოს საუკუნოვანი მეგობრობა და ერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო
4 მაისი, 1993 .

მიმართვა : აფხაზი ხალხისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 12 მაისი. - 16 (48). - 1 გვ.

მიმართვა : აფხაზი ხალხისადმი / გამსახურდია . // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 16-31 მაისი. - 5. - 1 გვ.

88 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 14 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი შეხვდა საქართველოს კრიმინალური ხუნტის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვში. განსაცვიფრებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც გამუდმებით უცხადებს ერთგულებას სახელმწიფოებრივი განვითარების კონსტიტუციურ პრინციპებს, მოსალაპარაკებლად შეხვდა უზურპატორს, რომელმაც ხელისუფლება ხელთ იგდო არაკონსტიტუციური გზით, ჩაატარა უკანონო, ფალსიფიცირებული არჩევნები და ქვეყანას მხოლოდ სამოქალაქო ომი და ქაოსი მოუტანა. ჩემი, როგორც კანონიერი პრეზიდენტის იგნორირებით და უზურპატორთან მოლაპარაკებით, ბ-ნმა ელცინმა შურაცხმყო არა მხოლოდ მე, არამედ თავისი საკუთარი სტატუსი სახელმწიფოს მეთაურისა.

პრეზიდენტი ელცინი აცხადებს, რომ იგი ებრძვის ნეოკომუნისტურ ექსტრემიზმს რუსეთში, ასეთ დროს კი, მსგავს შენიღბულ და ფერშეცვლილ ნეოკომუნისტ ექსტრემისტებთან შეხვედრით იგი აკანონებს ამ საშიშ მოვლენას საქართველოში. ეს კი ძალზე ცუდ შედეგებს გამოიღებს თავად რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარებისათვის.

ბ-ნი ელცინი აცხადებს, რომ სურს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება. ეს კონფლიქტი კი არის პირდაპირი შედეგი ანტიკონსტიტუციური სამხედრო გადატრიალებისა, რომელიც მოხდა საქართველოში და რომლის შედეგიც არის დღევანდელი ტერორი და განუკითხაობა.

შევარდნაძესთან შეხვედრით ელცინი განამტკიცებს იმ რეჟიმს, რითაც გამორიცხავს ომის შეწყვეტის შესაძლებლობას.

კომუნიკეს ქვეტექსტებიდან ჩანს, რომ საქართველოსგან მოითხოვენ სოხუმის დათმობას, რაც მტკიცდება აგრეთვე რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ სოხუმის პერმანენტული დაბომბვით. ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაუშვებს, ისევე როგორც თავისი ტერიტორიის დაკარგვას გუმისტიდან ფსოუმდე.

ქართველი ხალხის ზურგსუკან გარიგება საქართველოს მოღალატეებთან რუსეთისთვის სასურველ შედეგებს არ გამოიღებს. თუ რუსეთის ფედერაციას ჭეშმარიტად სურს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მან მხარი არ უნდა დაუჭიროს კონფლიქტის ინიციატორებს. მან უნდა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები კრიმინალურ რეჟიმთან, სცნოს კანონიერი, კონსტიტუციური ხელისუფლება საქართველოსი და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია აფხაზეთში ომის შეწყვეტა, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 15 მაისი

განცხადება / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1993. - 15 მაისი. - 20 (52). - 2 გვ.

89 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 14 მაისს მოსკოვში შესდგა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და საქართველოს დანაშაულებრივი ხუნტის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს შორის. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი, რომელიც გამუდმებით აცხადებს თავის ერთგულებას სახელმწიფოს განვითარების კონსტიტუციური საფუძვლებისადმი, შეხვდა და მოლაპარაკება გამართა ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური გზით მოსულ უზურპატორთან, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას, ჩაატარა უკანონო, ფალსიფიცირებული, ფსევდო არჩევნები, ქვეყანა ჩაითრია სამოქალაქო ომსა და ქაოსში. ჩემი, როგორც დევნილობაში მყოფი საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის იგნორირებითა და უზურპატორთან მოლაპარაკების წარმართვით, ბ-მა ელცინმა გაამჟღავნა უპატივცემულობა არა მხოლოდ ჩემდამი, არამედ საკუთარი თავის, როგორც სახელმწიფო მეთაურისადმი.

პრეზიდენტი ელცინი აცხადებს, რომ იბრძვის რუსეთში ნეოკომუნისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. მაგრამ რაკი იგი ხვდება ფერშეცვლილ, ამგვარივე ნეოკომუნისტ ექსტრემისტებს და გზას ულოცავს მათ, ამით იგი აკანონებს საქართველოს სინამდვილეში არსებულ ამ სახიფათო მოვლენას. ეს კი უარყოფითად აისახება შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე რუსეთში და მეტად მძიმე შედეგებს გამოიღებს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომლის მოგვარებას ესწრაფვის ბ-ნი ელცინი, წარმოადგენს საქართველოში მომხდარი გადატრიალებისა და სისხლიანი რეჟიმის დამყარების გამო ქვეყანაში გამეფებული ტერორისა და განუკითხაობის პირდაპირ შედეგს. ელცინისა და შევარდნაძის შეხვედრა მხოლოდ განამტკიცებს ამ რეჟიმს და გამომდინარე აქედან, გამორიცხავს ომის შეწყვეტის შესაძლებლობას.

კომუნიკეს ქვეტექსტიდან ჩანს, რომ საქართველოსგან მოითხოვენ ქალაქ სოხუმის ჩაბარებას, რაზეც რუსეთის თვითმფრინავებით სოხუმის დაბომბვაც მეტყველებს. ქართველი ხალხი ამას არასოდეს არ დაუშვებს, ისევე როგორც მდინარე გუმისთიდან მდინარე ფსოუმდე ტერიტორიის საქართველოსგან მოწყვეტას.

ქართველი ხალხის ზურგს უკან საქართველოს მოღალატეებთან მომზადებული ვერავითარი შეთქმულება ვერ მოუტანს რუსეთს სასურველ შედეგს ამ მიმართულებით.

თუკი რუსეთის ფედერაცია რეალურად ესწრაფვის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მან არ უნდა დაუჭიროს მხარი ომის გამჩაღებლებს, უნდა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა დანაშაულებრივ რეჟიმთან, აღიაროს საქართველოს კანონიერი, კონსტიტუციური ხელისუფლება და მასთან აწარმოოს მოლაპარაკება. ამის გარეშე წარმოუდგენელია ქართველებსა და აფხაზებს შორის ომის შეწყვეტა, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა.

საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტი დევნილობაში
ზვიად გამსახურდია
1993 წელი, 15 მაისი

განცხადება / გამსახურდია . // ქართული აზრი. - 1993. - 26 მაისი. - 3 (31). - 1 გვ.

90 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


გამოეცხადოს მადლობა ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 7 ივნისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონისათვის მადლობის გამოცხადების შესახებ // აღდგომა. - 1993. 16 ივნისი. - 20 (52). - 1გვ.

91 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


დაინიშნოს ზვიად ძიძიგური საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულად იმერეთის რეგიონში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 7 ივნისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ზვიად ძიძიგურის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულად იმერეთის რეგიონში დანიშვნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 16 ივნისი. - 20 (52). - 1გვ.

92 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


გამოეცხადოს მადლობა ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოს და მის უფროსს პოლკოვნიკ ვახტანგ ქობალიას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 7 ივნისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოსა და მისი უფროსის პოლკოვნიკ ვახტანგ ქობალიასთვის მადლობის გამოცხადების შესახებ // აღდგომა. - 1993. 16 ივნისი. - 20 (52). - 1გვ.

93 მიმართვა სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

მოგმართავთ ყველას ერთობლივად, ვინც დღეს იბრძვით აფხაზეთში, ვინაიდან არ მსურს თქვენი დაყოფა ჩემს მომხრეებად და არამომხრეებად. დღეს ყოველი თქვენგანი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას და პასუხისმგებელია ღვთისა და ერის წინაშე.

მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო მოღალატურ პოლიტიკას შევარდნაძისა, რომელმაც მტერს ჩააბარა საქართველოს ტერიტორია გუმისთიდან ფსოუმდე, ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო, და ამჟამად ამზადებს გაუგონარ ღალატს - სოხუმისა და ოჩამჩირის ჩაბარებას. მისი დეკლარაციები და განცხადებები არ უნდა ირწმუნოთ. მისი გარიგებები მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან, მისი საეჭვო ვიზიტები სოხუმში, აგრეთვე მისი განცხადება: „თუ სამეგრელოში არ დავშოშმინდებით, აფხაზეთში უარესი მოგვივა, ვიდრე სამაჩაბლოში“, ნათელყოფენ მის ალიანსს აფხაზ კომუნისტ სეპარატისტებთან და რუსეთის რეაქციულ ძალებთან. ამავე დროს, აფხაზეთის ომის შეწყვეტა მას არ აწყობს, ვინაიდან ამას მოჰყვება მისი უკანონო ხელისუფლების დამხობა. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ შევარდნაძემ ჩაშალა ჩვენი ჯარების გუმისთაზე გადასვლა და ტყვარჩელისა და გუდაუთის აღება, რაც მტერთან მისი გარიგების შედეგია.

ძმებო! გახსოვდეთ, რომ აფხაზეთის ქართული მოსახლეობა განწირულია, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება. ჩემი დისკრედიტაციის მიზნით შევარდნაძე და მაფიოზურ-კომუნისტური ხუნტა ავრცელებდა ჭორებს, თითქოს აფხაზეთში მე შემოვიყვანე ჩეჩენი მეომრები. თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე ყოველივე ამის შესახებ: ომის დაწყებისთანავე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთი არ ჩაერევა ამ ომში და ჩეჩნეთის არმიის არც ერთი ჯარისკაცი არ იბრძოლეს აფხაზეთში, მაგრამ იმპერიის აგენტურამ, ე.წ. კონფედერაციამ გაგზავნა აფხაზეთში თავისი მოხალისეები, რომლებიც დუდაევს არ ემორჩილებოდნენ (დღეს, როდესაც კონფედერაციის ავტორიტეტი დაეცა, დუდაევმა მიაღწია მათ გამოყვანას აფხაზეთიდან). ხუნტამ კი შეთითხნა ყალბი მიმართვები, ვითომდაც ჩემი სახელით, დაამონტაჟა ყალბი „სატელეფონო საუბრები“, რომლებსაც თბილისის ტელევიზიის თანამშრომლები ახმოვანებდნენ ჩემი ხმის მიბაძვით, რათა ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს მე ვხელმძღვანელობდი ჩეჩნებს, თითქოს გაგრის დაკარგვა ჩემი ბრალი იყო და არა შევარდნაძისა, რომელმაც გაგრა რუსეთს მიჰყიდა დაგომისის გარიგებით სამაჩაბლოსთან ერთად. მე შეგახსენებთ გ. ყარყარაშვილის ინტერვიუს და განცხადებებს, რომელიც ყოველივე ამას ადასტურებს. სირცხვილი მას, რომ ამის შემდეგ იგი დათანხმდა შევარდნაძეს მინისტრობაზე.

ხუნტა აცხადებს, რომ მე ხელს ვუწყობდი აფხაზ სეპარატისტებს, სინამდვილეში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთში ჩვენი ეროვნული გვარდია იდგა და აფხაზეთის გვარდია არ არსებობდა, მილიციაც თითქმის მთლიანად ჩვენი იყო. არძინბას დანიშვნას მე ხელს ვერ შევუშლიდი, რადგან არ მქონდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები საამისოდ. სამაგიეროდ არძინბა ჩემს დროს თბილისში ვერ ჩამოდიოდა დაპატიმრების შიშით და ვერც ვერაფერს ბედავდა. ვერც მისმა პარლამენტმა გაბედა სეპარატისტული ნაბიჯების გადადგმა იმ პერიოდში. ვინაიდან ის უმრავლესობა, რომელიც მათ ჰქონდათ, კონსტიტუციური ცვლილებების უფლებას არ იძლეოდა, მაგრამ, როგორც კი დაინახეს კანონიერი ხელისუფლების განდევნა, კონსტიტუციის გაუქმება და უკანონო ხუნტის მოსვლა ხელისუფლების სათავეში, ჩაიდინეს ყოველივე ის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ხუნტამ სოხუმში გაავრცელა აგრეთვე ჭორი, თითქოს მე ტყვარჩელის აღების წინააღმდეგი ვარ. სინამდვილეში ჩემი პოზიცია ასეთია, თუ ოჩამჩირის აფხაზობა უარს იტყვის ჩვენთან შემორიგებაზე, ტყვარჩელი აუცილებლად უნდა იქნეს აღებული, რათა ოჩამჩირეც არ დავკარგოთ და სოხუმი ალყაში არ აღმოჩნდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტი, ჩემი ქვეყნიდან კომუნისტურ-მაფიოზური პროიმპერიული ხუნტის მიერ ძალადობით განდევნილი, რომელსაც ფიცი მაქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციისა და მისი ინტერესების ერთგულებისა, ჩემს თავს მოვალედ ვრაცხ გამცნოთ შემდეგი: დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დგას ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

დღეს, როგორც არასოდეს, აუცილებელია ჩემი ყოფნა ჩემს ხალხთან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მას ყველაზე მეტად უჭირს. ასეთი რეგიონია აფხაზეთი, სადაც ხუნტამ იმპერიის კარნახით გააჩაღა ძმათამკვლელი ომი, რომლის მიზანია აფხაზეთის ქართული მოსახლეობის განადგურება და ამ კუთხის მტრისთვის გადაცემა. მიუხედავად ჩემი არაერთგზის ცდისა, შევარდნაძის, იოსელიანის, ბათიაშვილის სპეცსამსახური მიქმნის ყოველგვარ დაბრკოლებებს, რათა ვერ ჩამოვიდე საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი ჩამოსვლა გამოიწვევს არა მარტო მოსახლეობის კონსოლიდაციას, არამედ სრული და საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას მთელი საქართველოს და, განსაკუთრებით, სამეგრელოს მასშტაბით აფხაზეთის ქართველობის დასახმარებლად.

თქვენ კარგად იცით, რომ შევარდნაძის და მისი ხუნტის მოწოდებით არავის სურს ჯარში წასვლა, ამიტომ ჩაიშალა მობილიზაცია. ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და კერძოდ, აფხაზეთში გამოჩენა კი კარდინალურად შეცვლის მდგომარეობას და ომის ბედიც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

ამავე დროს ჩემი ჩამოსვლა სოხუმში უფრო მეტად დააფიქრებს აფხაზურ და რუსულ მხარეს, რაც შესაძლებლობას შექმნის რეალური მოლაპარაკებისას, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძალის პოზიციიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინადადებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მეომრების ხელმოწერების შეგროვება, რათა გადადგეს შევარდნაძე და მისი კომუნისტურ-მაფიოზური ხუნტა, აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და მომეცეს საშუალება საქართველოში დაბრუნებისა. თქვენ ძალგიძთ ამის გაკეთება, თუ მოინდომებთ. გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ქართული მოსახლეობის, აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლი ქართული მხედრობის, არამედ სრულიად საქართველოს ბედი და, თუ ეს უახლოეს ხანში არ მოხდა, აფხაზეთი დაიკარგება, საქართველო განადგურდება და აღარც არაფერი გექნებათ დასაცავი. მოველი თქვენგან სწრაფ მოქმედებას და წერილობით პასუხს.

ძმური სალმით, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია
1993 . 7 ივნისი

მიმართვა : სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 16 ივნისი. - 20 (52). - 1გვ.

მიმართვა : სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი / გამსახურდია . // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 16-30 ივნისი. - 7. - 1გვ.

94 სამძიმარი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ამ დიდი ვაების ჟამს მრავალი ერთგული და თავდადებული მეომარი გამოაკლდა ჩვენი შეიარაღებული ძალების რიგებს. მოგმართავთ მათ ოჯახებს, ჭირისუფლებს. ნეტარია მისი ხსენება, ვინც მამულს შეეწირა. ვიზიარებ ყველა თქვენგანის მწუხარებას, საქართველო არ დაივიწყებს თავისი სასიქადულო შვილების ღვაწლს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 7 ივნისი

სამძიმარი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 16 ივნისი. - 20 (52). -1 გვ.

95 ბატონ ჰელმუტ კოლს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს

▲ზევით დაბრუნება


ბატონო კანცლერო!

გერმანიის ელჩმა საქართველოს რესპუბლიკაში ბატონმა დალჰოფმა ახლახან საქართველოს ტელევიზიით განაცხადა ე. შევარდნაძის შესაძლო გადადგომის შესახებ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს საერთაშორისო ავტორიტეტს და ყოველგვარ დახმარებას საზღვარგარეთიდან.

ეს განცხადება განიხილება როგორც უშუალო ჩარევა სუვერენულ სახელმწიფოს შინაურ საქმეებში, უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ტაქტისა. გაეროს და ეუთოს პრინციპების თანახმად, ყველა ერს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის დიქტატისა და ჩარევის გარეშე.

ქართველი ხალხი იმიტომ მოითხოვს შევარდნაძის გადადგომას, რომ მას არ ძალუძს ქვეყნის მართვა. მან საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე, კრიმინალურ ანარქიამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. გერმანიის მთავრობას არ აქვს არავითარი უფლება აიძულოს ან უბრძანოს ქართველ ერს აირჩიოს გერმანიისათვის და არა თავად საქართველოსთვის სასურველი ხელმძღვანელი. ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რომ დასავლეთიდან ჩამოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავითარი შვება არ მოაქვს ჩვენი ხალხისათვის, რადგან მის უდიდეს ნაწილს ქვეყნის მმართველი მაფია ითვისებს და ყიდის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ქართველი ხალხი კარგა ხანია არავითარ დახმარებას არ ღებულობს გარე სამყაროდან.

თუკი ბატონ დალჰოფის განცხადება არ იყო გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებული და მან მხოლოდ პირადი მოსაზრება განაცხადა, როგორც ქვეყნის ოფიციალური თვალსაზრისი ესოდენ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მე თქვენს მთავრობას მოვუწოდებ, გამოიწვიოს ბატონი დალჰოფი საქართველოს რესპუბლიკის ელჩის თანამდებობიდან.

პატივისცემით ზვიად გამსახურდია
19 ივნისი, 1993 .
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში
გროზნო, ჩეჩნეთის რესპუბლიკა.

ბატონ ჰელმუტ კოლს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს // საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993 / კრებული. [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. - 50გვ. ; 20სმ.. - 40-41გვ.

96 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


გამოეცხადოს მადლობა ეროვნული გვარდიის სლავა მინჯიას სახელობის პოლკს, მის მეთაურს გვარდიის კაპიტანს, ზუგდიდის კომენდანტს ბადრი ზარანდიას, გვარდიის ოპერ-სამსახურს, მის უფროსს გვარდიის უფროს მაიორს ჯამბულ ბოკუჩავას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
7 ივნისი 1993 .

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება მადლობის გამოცხადების შესახებ // აღდგომა. - 1993. - 24 ივნისი. - 21 (53). - 2 გვ.

97 საქართველოს რეპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პასუხები უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის დეპუტატ გ. მარჯანიშვილის შეკითხვებზე

▲ზევით დაბრუნება


- ბატონო პრეზიდენტო, როგორც თქვენთვის ცნობილია, . წერეთელმა საქართველოს .. პარლამენტში მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. რა აზრისა ხართ მის ამგვარ მოთხოვნაზე?

- როდესაც ვინმეს გადადგომას ითხოვ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარებ მის კანონიერ სტატუსს იმ თანამდებობაზე, რომელიც მას უკავია. ასე რომ, გადადგომის მოთხოვნა აღიარებაცაა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების გაუქმება და იმ პირების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, რომელთაც დღეს ქვეყნის ხელმძღვანელის პრეტენზია აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. პარლამენტში მხოლოდ ორი კაცი ითხოვს შევარდნაძის გადადგომას, შესაძლოა, ეს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვითაც მიმდინარეობდეს. შესაძლოა, შევარდნაძეს კიდეც აწყობდეს, რომ ისეთი არასტაბილური ქცევისა და აზროვნების კაცი, როგორიც არის წერეთელი, მოითხოვს მის გადადგომას, თანაც ვერავინ უსაყვედურებს, დემოკრატია არ არისო თქვენს ქვეყანაში, მაშინვე მიუთითებენ „ოპოზიციაზე“ წერეთლის სახით. მოსკოვიც მხოლოდ წერეთლის განცხადებებზე საუბრობს, იმაზე კი არას ამბობენ, ქართველი საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი რომ ითხოვს შევარდნაძის გადადგომას კოლექტიური წერილებით და მრავალათასიანი მიტინგებით.

- წერეთელი თვლის, რომ წინა ხელისუფლებაც უკანონო იყო. როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას?

- ამის მიზეზია მისი სრული უმეცრება როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე პოლიტოლოგიისა და უახლესი ისტორიის სფეროში. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები თურმე დანიშნა არალეგიტიმურმა ორგანომ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. როგორც ცნობილია, მსოფლიო კოლონიალური სისტემის მსხვრევას მოჰყვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმოცენება. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, კანონიერად არ უნდა ვცნოთ, მაგალითად, ინდოეთის სახელმწიფო ხელისუფლება, რახან იქ არჩევნები დანიშნა ბრიტანეთის უკანონო კოლონიურმა ხელისუფლებამ, რაც მას აიძულა ეროვნულმა მოძრაობამ. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა, ასე მოხდა თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში. წერეთლის „ლოგიკით“ კანონიერად არ უნდა ვცნოთ არც ამ ქვეყნების ხელისუფლება. მთავარია, რამდენად სამართლიანად და პატიოსნად ტარდება არჩევნები, რამდენად სრულყოფილია საარჩევნო კანონი. მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ წარმოგზავნა დამკვირვებლები და სპეციალისტები ჩვენს არჩევნებზე და არც ერთ მათგანს არ დაბადებია ისეთი აზრები, როგორიც წერეთელს. იგი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რომ უფრო კომპეტენტურია ასეთ საკითხებში, ვიდრე მაგალითად, პროფესორი რიჩარდ პაიპსი, უდიდესი ამერიკელი პოლიტოლოგი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა ჩვენს არჩევნებს. ასე რომ, წერეთელმა სჯობს ელემენტარულ გათვითცნობიერებაზე და თვითგანვითარებაზე იზრუნოს და პოლიტიკანობას საერთოდ დაანებოს თავი. საქართველო იყო რუსეთის კოლონია. ჩვენ უსისხლოდ ვაიძულეთ კოლონიური ხელისუფლება, გაეუქმებინა თავისი თავი, დავანიშნინეთ არჩევნები, ჩავატარეთ ეს არჩევნები დემოკრატიულად და გამოვაცხადეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ საქმეში კი წერეთელი მხოლოდ ხელისშემშლელის როლს ასრულებდა. აი, ეს ვერ მოუნელებია მას და სხვა ჰეროსტრატეებს. ამიტომ ცდილობენ ისინი სახელი გაუტეხონ 28 ოქტომბრის მონაპოვარს.

საქართველოში ეროვნულმა ყრილობამ იმიტომ დანიშნა 1918 წლის არჩევნები, რომ არავითარი ხელისუფლება არ არსებობდა, არც კანონიერი, არც უკანონო. ხოლო როდესაც ქვეყანაში რაიმე ხელისუფლება არსებობს, ჩვეულებრივ იგი ნიშნავს არჩევნებს. ასეა მსოფლიო პრაქტიკაში. საინტერესოა, რომ წერეთელი მენშევიკურ, სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას უფრო მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე ეროვნულ ხელისუფლებას მეორე რესპუბლიკისას, თუმც თავს თვლის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარედ.

- შევარდნაძე გერმანიაში მიემგზავრება. რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის?

- საქართველოს ისტორია სავსეა სხვათა ქვეყნებისთვის თავგადადებული და საკუთარი ქვეყნის დამაქცევარი იანიჩარებით და მამლუქებით. ერთ-ერთი ასეთია შევარდნაძე, რომელმაც საქართველოს ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანა. ჩემთვის გასაგებია გერმანიის მთავრობის დამოკიდებულება მისადმი. იგი და გორბაჩოვი კარგად გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ მან „დაამთავრა „ცივი ომი“ და გააერთიანა გერმანია“, დაახლოებით იმას ჰგავს, ვინმემ ფელდმარშალ კეიტელს რომ მიაწეროს მეორე მსოფლიო ომის დამთავრება იმის გამო, რომ მან კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი. გორბაჩოვისა და შევარდნაძის კაპიტულაცია ცივ ომში მათი კეთილი ნების შედეგი კი არ იყო, არამედ მათი დამარცხებისა. ცივ ომში გაიმარჯვა რეიგანის მტკიცე პოლიტიკამ, სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივამ („ვარსკვლავეთის ომების“ პროგრამამ) და არა გორბაჩოვ-შევარდნაძის „დემოკრტიამ“. საბჭოთა კავშირში დაწყებული ლიბერალიზაციის ავტორიც რეიგანი იყო და არა ეს უკანასკნელნი. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ დისიდენტური მოძრაობის როლი. დასავლეთის პოლიტოლოგიაში არსებობს აზრი, რომ ამ კაპიტულაციის სანაცვლოდ დასავლეთის ხელისუფალნი გორბაჩოვსა და შევარდნაძეს მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალაუფლების შენარჩუნებაში. ამგვარ ხელისუფალთა შორის უმთავრესნი არიან მაასტრიხტის მესვეურები, რომელნიც ეროვნულ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის განადგურებას და „ერთიანი ევროპის“ შექმნას ისახავენ მიზნად, თუმც ამ იდეამ უკვე კრახი განიცადა თანამედროვე ევროპაში. სწორედ ისინი ამყარებენ იმედს შევარდნაძეზე და ყოველნაირად ცდილობენ მის გადარჩენას. მაგრამ ვერავითარი მათი მედლები ვერ იხსნის შევარდნაძეს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია, იგი განწირულია, ვინაიდან დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს და ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეას.

- რა აზრისა ხართ ქართველთა და აფხაზთა შორის კონფლიქტზე?

- უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ქართველთა და აფხაზთა შორის კონფლიქტი ეხმარება შევარდნაძეს ძალაუფლების შენარჩუნებაში და წარმოადგენს მის ერთადერთ იმედს. ეს კარგად დამტკიცდა 18 ივნისის ე.წ. სესიაზე, სადაც გამოვიდა თ. ნადარეიშვილი და წაიკითხა ე.წ. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს“ განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომის წარმატებით დამთავრებისთვის ვითომდაც აუცილებელია შევარდნაძის შენარჩუნება ხელისუფლების სათავეში. ამასთან, აფხაზეთში მებრძოლი ქართული შენაერთების მეთაურები ადასტურებენ, რომ სოხუმს სწორედ შევარდნაძის თვითმფრინავები ბომბავდნენ. ერთ-ერთი მათგანის ჩამოგდების შემდეგ ქართველმა პილოტმა კატაპულტირება მოახდინა ახალი ათონისკენ, სადაც ჩაბარდა აფხაზებს და თავი ამგვარად გადაირჩინა. ასე რომ, იგი სეპარატისტებთან კარგად არის შეხმატკბილებული. არის მრავალი სხვა ფაქტი, რომელიც მალე გამომზეურდება. დღეს შევარდნაძე იმუქრება „მესამე ომით“, როგორც იგი უწოდებს მოსალოდნელ სოციალურ აფეთქებას, ე.ი. არ მალავს, რომ ამ ომში იგი ტყვიას ესვრის შიმშილისა და გაჭირვებისაგან გაწამებულ საკუთარ ხალხს.

- უჭერს თუ არა პრეზიდენტი კლინტონი მხარს შევარდნაძის ხელისუფლებას?

- ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შევარდნაძის ხელისუფლებისადმი განსხვავებულია წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისაგან. მას საბოლოოდ არ წირავენ, მაგრამ ამას მაინც ვერ დაერქმევა მხარდაჭერა. კლინტონის გამოთქმები უფრო ფრთხილია და ორაზროვანი, ვიდრე მისი წინამორბედის, ბუშისა. მაგ. ა.წ. 16 ივნისს „ამერიკის ხმით“ ითქვა, რომ კლინტონი მხარს დაუჭერს შევარდნაძეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნება სტაბილიზაცია და ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს მას. ეს კი იმას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, რომ საქართველოში შევარდნაძე ვერ ახერხებს სტაბილიზაციას, ხალხი მას მხარს არ უჭერს და ამიტომ ამერიკის მხრივ იგი ამაოდ მოელის მხარდაჭერას. იმავე გადაცემაში წაკითხულ იქნა ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, უფრო ადრე ასეთივე მოხსენება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა. ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი.

- რა აზრისა ხართ .. ევრაზიის დერეფანზე?

- 70 წლის განმავლობაში ის პარტია, რომელსაც ეკუთვნოდა შევარდნაძე, დაპირებებით კვებავდა ხალხს. არ არის გასაკვირი, რომ შევარდნაძე იგივე დემაგოგიას აგრძელებს დღეს საქართველოში, ამჯერად ჩინეთისა და ყაზახეთის მხრივ ვითომდაც მოსალოდნელ დახმარებაზე. რა დახმარებაც არ უნდა გაუწიონ საქართველოს უცხო ქვეყნებმა, ხალხს იგი არ მოხმარდება, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლება, არ მოქმედებს კანონი და ყველაფერი მონოპოლიზებული აქვს მაფიას და კრიმინალურ სამყაროს. ვერავითარი „კორიდორი“ ვერ იმოქმედებს ქვეყანაში, სადაც ასეთი ანარქია და დესტაბილიზაციაა. გარდა ამისა, ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო, რომელსაც ეცხოვროს მარტოოდენ გარედან შემოსული დახმარებებით. სანამ საქართველოში არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება და კანონიერება, მთელმა მსოფლიომაც რომ გამოუწოდოს დახმარების ხელი, ქვეყანას არაფერი ეშველება.

- რაში ხედავთ გამოსავალს საქართველოსთვის?

- ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო-სახალხო წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის გზით უკანონო ხელისუფლების გაუქმება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ამასთან უნდა გაგრძელდეს უცხოეთის ქვეყნების დეტალური ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად!

1993 . 19 ივნისი

საქართველოს რეპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პასუხები / უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის დეპუტატ . მარჯანიშვილის შეკითხვებზე // აღდგომა. - 1993. - 24 ივნისი. - 21 (53). - 1,2 გვ.

98 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღების გამოცხადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121-4 მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს საგანგებო წესები საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 1993 წლის 1 ივლისიდან.

2. ბრძანება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
გროზნო, 1993 წლის 1 ივლისი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღების გამოცხადების შესახებ // აღდგომა - 1993. - 21 ივლისი. - 24 (56). 3 გვ.

99 საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნას საქართველოს კონსტიტუციაში შემდეგი დამატებანი:

1. 104-ე მუხლის მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები: „და საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორს“.

2. 121-4 მუხლში: ა) მე-7 პუნქტში სიტყვებს „გენერალური პროკურორის“ დაემატოს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორის“.

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი.

23) სამხედრო მდგომარეობის ან საგანგებო წესების შემოღების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ერთ ან რამდენიმე რაიონში ნიშნავს და ათავისუფლებს სამხედრო გუბერნატორს, სამხედრო გუბერნატორის უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო მდგომარეობის, საგანგებო წესების, საპრეზიდენტო მმართველობის შესახებ კანონების საფუძველზე.

3. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „რაიონების“ წინ დაემატოს სიტყვები „გარდა საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორისა“.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
ზუგდიდი, 1993 წლის 9 ივლისი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 21 ივლისი. - 24 (56). - 3 გვ.

100 „მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა იხსნის საქართველოს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პასუხები უზენაესი საბჭოს პრესცენტრის
ხელმძღვანელის . მარჯანიშვილის შეკითხვებზე

- საქართველოში სამხედრო გადატრიალებისა და უკანონო თვითმარქვია ხელისუფლების გაბატონების შემდეგ კატასტროფულად უარესდება ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რა მიზეზებითაა გამოწვეული ეს ყოველივე?

- მოსახლეობის პაუპერიზაცია - გაღატაკება და მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული პროიმპერიული ნეოკომუნისტური ხუნტის მიერ. ეს არის პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი ფორმა, სტალინური არსენალიდან აღებული. როგორც ცნობილია, სტალინმა ოციან წლებში ხელოვნურად გამოიწვია შიმშილი უკრაინაში, მოსახლეობის წინააღმდეგობის გასატეხად, ოპოზიციის დასათრგუნავად. იგივეს მიმართავს შევარდნაძე საქართველოში, რათა გატეხოს ხალხის წინააღმდეგობა, დააჩოქოს ერი, აბსურდამდე მიიყვანოს დამოუკიდებლობის იდეა და წარმატებით ჩაატაროს რეფერენდუმი იმპერიაში კვლავ დასაბრუნებლად.

- იმპერიულმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს ახლახან ჩეჩნეთმა 1200-მდე მებრძოლი გაგზავნა აფხაზეთში. რამდენად შეესაბამება ეს მტკიცება სინამდვილეს?

- ეს არის შეგნებული დეზინფორმაცია. სინამდვილეში ჩეჩნეთის ხელისუფლება, ოფიციალური შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ აფხაზეთის ომში. მაგრამ პრეზიდენტ დუდაევს ჰყავს შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც ე.წ. კავკასიის ხალხთა კონფედერაციას უჭერს მხარს. თუ ვინმე მიდის აფხაზეთში საომრად, ასეთი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, მათი რიცხვი ალბათ რამდენიმე ათეულს არ აღემატება. პრეზიდენტმა დუდაევმა აკრძალა ე.წ. კონფედერაციის მიერ დაწყებული მობილიზაცია ჩეჩნეთში, წინააღმდეგია მისი ჩატარებისა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც. ახლა ამ მიმართულებით დიდი მუშაობა მიმდინარეობს, ვინაიდან მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებშიც.

- საქართველოს დღევანდელი თვითმარქვია ხელისუფლებისა და ცრუ პარტიების წარმომადგენლები სულ უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ თქვენ უნდა ჩახვიდეთ საქართველოში და არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, თვით სიგუამაც კიდაგრთოთ ნებაარჩევნებში მონაწილეობისა.

- ხუნტამ დღევანდელი საქართველო სამართლებრივი ბარბაროსობისა და სიბნელის ქვეყანად აქცია. მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი, სამხედრო ძალით გაძევებული, ხოლო თვითმარქვია უზურპატორები მას ეპატიჟებოდნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე გადავდგები ან კანონიერი პარლამენტი მომიწყობს იმპიჩმენტს. სხვა შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ვინც ამას მოითხოვს, მათ ეოცნებებათ ჩემი გადადგომა ან გადაყენება, მაგრამ ამაოა ასეთი ილუზიები.

- ხუნტის საინფორმაციო საშუალებები უდიდეს რეკლამას უწევენ შევარდნაძის მოგზაურობას დასავლეთის ქვეყნებში. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ამის შედეგად საქართველომ მიიღო უდიდესი ეკონომიკური დახმარება და საერთაშორისო აღიარება.

- ეს ყოველივე აბუჩად აგდებაა ხალხისა, საზოგადოებისა, ხუნტის გებელსისეული ტელევიზიისა და პრესის მიერ. გერმანიის მთავრობამ განუცხადა შევარდნაძეს, რომ ეკონომიკური დახმარება შესაძლებელი გახდება საქართველოსთვის მხოლოდ შიდაპოლიტიკური სტაბილიზაციის შემდეგ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ომის დამთავრებას, არამედ იმ კრიმინალური ანარქიის შეწყვეტას, რომელიც სუფევს საქართველოში. საფრანგეთში ჩიკვაიძის ვიზიტის დროს კი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას განუცხადეს, რომ შვიდეული ვერ დაეხმარება ქვეყანას, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. ამას წინათ გაზეთ „დრონში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმ წერილის შესახებ, რომელიც შევარდნაძემ გაუგზავნა შვიდეულის შეკრებას ტოკიოში. თვით ხუნტის გაზეთიც ვეღარ მალავს იმ ფაქტს, რომ შვიდეულის წევრებმა დუმილით მოისმინეს ეს წერილი, რომელიც წაიკითხა კოლმა და მას არავითარი კომენტარები არ მოჰყოლია. რაიმე სიმბოლურ დახმარებაზე მაინც რომ ყოფილიყო საუბარი, ეს უთუოდ გამომჟღავნდებოდა საინფორმაციო საშუალებებში. დუმილით კი გამოითქვა უარყოფითი დამოკიდებულება შვიდეულისა შევარდნაძის რეჟიმისადმი. ხუნტა უმალავს მოსახლეობას იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტში, სადაც მთელი ევროპაა წარმოდგენილი, არ მიიღეს შევარდნაძე, როგორც სისხლიანი ჯალათი და დიქტატორი და ფაქტობრივად გამოაძევეს იქიდან. დიდმა ბრიტანეთმა უარი უთხრა შევარდნაძის ხუნტას ლონდონში საელჩოს გახსნაზე. მალავენ იმ ფაქტსაც, რომ შევარდნაძის მამხილებელი კამპანია ძლიერდება მსოფლიო პრესაში, ძლიერდება აგრეთვე საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა, რამაც დაანახა დასავლეთს, რომ ორივე შემთხვევაში იმპერია ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდა და ერთი მიზანი ჰქონდა: კავკასიის ხელახალი ანექსია და დასავლეთის გავლენის სფეროდან მისი ჩამოცილება. შევარდნაძე დღემდე ატყუებდა ხალხს, თითქოს გაეროს, აშშ-ს და ნატოს შემწეობით მოიგებდა აფხაზეთის ომს, დღეს კი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია და აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გასაღები მხოლოდ მოსკოვშია. საქმე ის არის, რომ დასავლეთში ხუნტას იმდენად გაუტყდა სახელი, რომ თავს იკავებენ რაიმე ქმედითი დახმარების აღმოჩენისაგან.

როგორც ხედავთ, დასავლეთის ქვეყნების დახმარება თვით რუსეთის მიმართაც სიმბოლური და პრობლემატურია, ვინაიდან ყველაფერთან ერთად თავად ეს ქვეყნებიც დიდ ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდიან, მცირეოდენ ჰუმანიტარულ დახმარებას კი ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ღებულობს მეტ-ნაკლებად, ასე რომ „შევარდნაძის ფაქტორი“ აქ არაფერ შუაშია. თანაც უბედურება ის არის, რომ კრიმინალთა ბატონობის გამო ეს ჰუმანიტარული დახმარებაც, ძირითადად, გადამყიდველთა ხელში ხვდება და მეზობელ ქვეყნებში იყიდება. ასე რომ საქართველოს არაფერი უშველის, გარდა კანონიერების აღდგენისა და მდგომარეობის სტაბილიზაციისა.

- ხუნტამ გაავრცელა თქვენს შესახებ დეზინფორმაცია, თითქოს თქვენ წინააღმდეგი ხართ ბიზნესმენებისა, საერთოდ, კერძო ინიციატივისა. სინამდვილეში როგორია თქვენი დამოკიდებულება ყოველივე ამისადმი?

- მე არა თუ წინააღმდეგი ვარ ყოველივე ამისა, არამედ უმთავრეს იმედს სწორედ კერძო მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე ვამყარებ. ოღონდ ყოველივე ამას სჭირდება სამართლებრივი სახელმწიფო, პრივატიზაციას სჭირდება კონსტიტუციურ-საკანონმდებლო ბაზისი, ჩვენთვის ყველა ნიჭიერი და უნარიანი ბიზნესმენი მისაღებია, თუნდაც დაპირისპირებულიც რომ იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან სუკ-ისა და ხუნტის პროპაგანდის შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ ბოლოს მაინც გაუნათდებათ გონება, ოღონდ თავარია ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიცია ასეთ შემთხვევაში: ვინც ერის წყლულს წყლულად დაიჩნევს, ყველასთან მოვძებნით საერთო ენას. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბიზნესი ვერ განვითარდება საქართველოში, სანამ ხუნტის ყაჩაღური ხელისუფლება არსებობს, დასავლეთის ქვეყნები არ დაამყარებენ ასეთ ქვეყანასთან არავითარ საქმიან ურთიერთობას, არავინ ჩადებს ასეთ ქვეყანაში ინვესტიციებს. ეს გასაგებად უთხრა შევარდნაძეს კოლმა ბონში ყოფნისას. დესტაბილიზაცია კი უფრო ღრმავდება და შორს მიდის, ამ ომსაც ხუნტა ვერ მოიგებს, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება. ასე რომ ბიზნესსაც კატასტროფა მოელის: მას უზომოდ დიდი გადასახადებით ბეგრავენ, დისკრიმინაციას უწევენ, ხუნტამ ხმარებიდან ამოიღო რუსული ფული, უფრო სწორად მოახდინა მისი მონოპოლიზაცია, საკუთარი ვალუტა კი არ არის შემოღებული. ყოველივე ამან კატასტროფამდე მიიყვანა ხალხიც და საქმიანი წრეებიც. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ კი დიამეტრალურად შეიცვლება მდგომარეობა, ბიზნესის ნამდვილი განვითარებაც მაშინ დაიწყება. დღეს კი შევარდნაძე-ხაბეიშვილის ერთი მუჭა ფინანსური ოლიგარქიის გარდა არავის გააჩნია პერსპექტივა.

დღეს საქართველო ომის მდგომარეობაშია. უნდა მოხდეს ყველა მატერიალური თუ ფინანსური რესურსების მობილიზება ომის წარმატებით დამთავრებისათვის. სამეგრელოს დახმარებისა და აღორძინების ფონდების შექმნა ზუგდიდსა და მოსკოვში გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სამეგრელო დღეს ფრონტისპირა რეგიონია, სადაც ხუნტის ბლოკადის შედეგად შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა, დაიწყო შიმშილი, ათიათასობით ლტოლვილი უპატრონოდაა, გარდა ამისა, ფრონტზე წარმატებები ზურგის მომაგრებაზეა დამოკიდებული. სამეგრელო დღეს ზურგია ამ ფრონტისა. ვისაც ეს არ ესმის და ეწინააღმდეგება ყოველივე ამას, ნამდვილი მტერია საქართველოსი.

მე მოვუწოდებ საქმიანი წრეების ყველა წარმომადგენელს, ყველა ბიზნესმენს, შეიტანოს წვლილი ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში. დღეს მარტო ლოზუნგებით და ფრაზებით ვერაფერს გავხდებით. საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი.

- ხომ არ ნიშნავს აფხაზეთის ომში კანონიერი ხელისუფლების ერთგული შეიარაღებული ძალების ჩართვა ხუნტასთან შერიგებას ან პოლიტიკურ კომპრომისს?

- არამც და არამც. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება რეალური საფრთხე. ასეთ დროს ჩვენ განზე ვერ გავდგებით, ვინაიდან ნარკომანების და მაწანწალების მოგებული ომი არავის უნახავს. დღემდე ჩვენ ვცდილობდით მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოწესრიგებას კონფლიქტისას, მოვუწოდებდით აფხაზებს ეროვნული შერიგებისაკენ, დაზავებისაკენ. სეპარატისტებმაც და ხუნტამაც მრავალგზის ჩაშალეს ჩვენი მცდელობანი. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩაბმა ამ ომში ჩვენთან შეთანხმებით გადაწყდა, მათ უპირატესად მშვიდობისმყოფელი ძალების ფუნქცია აკისრიათ. ისინი იცავენ ქართულ მოსახლეობას ოჩამჩირესა და სოხუმში, ინარჩუნებენ ოჩამჩირე-სოხუმის კორიდორს, ამაგრებენ სოხუმს. მიუხედავად ამისა, ხუნტა კვლავ განაგრძობს სამეგრელოს დარბევას - სენაკში მისი ყაჩაღური ფორმირებები ხოცავენ და ძარცვავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ნაცვლას იმისა, რომ აფხაზეთის ფრონტებზე იბრძოლონ. ჩვენი ძალები რომ არ ჩაბმულიყვენ ამ ომში, სოხუმსაც და ოჩამჩირესაც იგივე ბედი მოელოდა, რაც გაგრას, ხუნტის მოღალატეთა წყალობით. ჩვენ არავის დავანებებთ ქართულ მიწას და და მალე იმასაც დავიბრუნებთ, რაც დავკარგეთ, თუ გვექნება ხალხის მხრივ გაგება და მხარდაჭერა.

- იყო თუ არა დაგეგმილი თქვენი ჩამოსვლა საქართველოში 26 მაისს?

- ამგვარ დეზინფორმაციებს შეგნებულად ავრცელებს ხუნტა, რათა შემდგომ დაარწმუნოს მოსახლეობა, თითქოს მე არ მსურს საქართველოში ჩამოსვლა, თითქოს ეს ჩემზეა დამოკიდებული, ვპირდები ხალხს და შემდეგ ვატყუებ. თითქოს მე ვაპირებ სამუდამოდ საზღვარგარეთ წასვლას და სხვა. სინამდვილეში მე არსად არასოდეს განმიცხადებია, რომ ზუსტად ამა და ამ დღეს ჩამოვდივარ საქართველოში, არ დამისახელებია არც ერთი თარიღი. ამ თარიღებს ხუნტა იგონებს, რათა შემდეგ გული აუცრუოს ხალხს ჩემს ჩამოსვლაზე. ასევე იგონებენ თარიღებს საზღვარგარეთ ჩემი ვიზიტების შესახებ. მაგალითად, გაავრცელებენ: „ა.წ. 15 ივლისს ზვიად გამსახურდია მიდის საზღვარგარეთ“, ხოლო როდესაც გაივლის 15 ივლისი, გაავრცელებენ: აი, ხომ ხედავთ, ვერ წავიდა, არ მიიღეს და სხვა. მიამიტი ადამიანები კი იჯერებენ ყოველივე ამას. მე კი არა ერთხელ მითქვამს: საქართველოში ჩემი ჩამოსვლა ხალხზე და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ჩემს სურვილზე, მე მწამს, რომ ეს მალე მოხდება, მაგრამ თავს ვიკავებ კონკრეტული თარიღის დასახელებისაგან, ვინაიდან ეს ყოველივე უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველას გასაგონად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას: თუ უახლოეს ხანში არ მოხდა ჩემი ჩასვლა დასავლეთ საქართველოში და კერძოდ სოხუმში, აფხაზეთი დაიკარგება და მაშინ მთელი პასუხისმგებლობა ამ დამარცხებისათვის ხუნტას დაეკისრება. აფხაზეთის დაკარგვა კი საქართველოს დაკარგვას ნიშნავს.

- დაბრუნების შემთხვევაში კანონიერი ხელისუფლება რას პირდება ქართველ ხალხს?

- ხუნტის მიერ განადგურებული ეკონომიკის აღდგენა, კანონიერებისა და წესრიგის აღგენა არცთუ იოლი იქნება. მაგრამ საყოველთაო-სახალხო მხარდაჭერის შემთხვევაში თანდათანობით გაუმჯობესდება საწვავით მომარაგება. ჩეჩნეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პარალელურად, საწვავის ფასი თანდათანობით დაიკლებს, ასევე გაუმჯობესდება პურით მომარაგება და პურის ფასიც შესაბამისად შემცირდება, მოიხსნება ხუნტის მიერ გამოწვეული ხელოვნური დეფიციტი პურისა. სოფლის მეურნეობის ამოქმედება, კერძოდ ჩაისა და ღვინის პროდუქციის მომატება ბარტერული გაცვლების საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა გადარჩება ტოტალურ შიმშილს. შემცირდება დამნაშავეობა, სტიმული მიეცემა მცირე და საშუალო ბიზნესს, რასაც დღეს ყოველნაირად უშლიან დღეს. ამოქმედდება ტრანსპორტი. კრიმინალური ანარქიის ალაგმვა საშუალებას მოგვცემს უცხოეთთან ურთიერთობის დამყარებისას, ტურიზმის განვითარებისას. ეკონომიკურ სასწაულებს ვერავის დავპირდებით მტრის მიერ იავარქმნილ და დანგრეულ ქვეყანაში, მაგრამ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება. შეწყდება აფხაზეთის ომი, მივაღწევთ ეროვნულ შერიგებას, მოხდება ურთიერთობის ნორმალიზება მეზობელ სახელმწიფოებთან, მოხდება ერის კონსოლიდაცია, რაც ეროვნული სულის გამოღვიძების გარეშე, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია.

- ამას წინათ ზუგდიდში ჩატარდა საქართველოს კანონიერი პარლამენტის სესია. რას იტყოდით ამ მოვლენის შესახებ?

- ამ მოვლენას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ასეთი სესია საქართველოს ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა პუტჩისა და გადატრიალების შემდეგ. მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მიმართვები. სრულ ინფორმაციას მალე მიიღებს ხალხი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თანდათან იწყება კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, ეს პროცესი შეუქცევადია, ვერავითარი იმპერიული ძალები და მათ მიერ შექმნილი თვითმარქვია ხუნტა ვერ შეაჩერებენ ამ პროცესს.

1993 წლის 15 ივლისი

მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა იხსნის საქართველოს / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პასუხები უზენაესი საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელის . მარჯანიშვილის შეკითხვებზე // აღდგომა. - 1993. - 21 ივლისი. - 24 (56). - 1,2 გვ.

101 მიმართვა ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრი ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო, მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. „ცხინვალის ვარიანტი“, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც „დემილიტარიზაციაზე“, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის.

ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „სამმხრივი ხელშეკრულების“ გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას, - ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის - ძირძველი ქართული მიწის - არც ერთი გოჯი, არ ჩააბაროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!

ღმერთი და სამართალი ჩვენთან არს, ჩვენ გავიმარჯვებთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წლის 20 ივლისი

მიმართვა : ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 31 ივლისი. - 25 (57). - 1გვ.

102 ფოთის პრეფექტს, ბ-ნ თ. ბარამიძეს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს, ბ-ნ ზ. ცხვიტარიას, ქ. ფოთის დაუმორჩილებლობის კომიტეტს

▲ზევით დაბრუნება


შეიქმნას ქ. ფოთის საგაფიცვო კომიტეტი, რომელიც სათავეში ჩაუდგება გაფიცვებსა და სხვა აქციებს ხუნტის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ქალაქიდან გაყვანისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 17 აგვისტო

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება . ფოთის საგაფიცვო კომიტეტის შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - 28 (60). - 1გვ.

103 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


შეიქმნას ქ. ზუგდიდში რადიოსადგური „თავისუფალი საქართველო“ ბატონ ა. გვარამიას ხელმძღვანელობით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 17 აგვისტო

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება . ზუგდიდში რადიოსადგურთავისუფალი საქართველოს. გვარამიას ხელმძღვანელობით შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - 28 (60). - 1გვ.

104 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახური მ. ჩუხუას ხელმძღვანელობით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 17 აგვისტო

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურის შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - 28 (60). - 1გვ.

105 დაუმორჩილებლობის კომიტეტის ხელმძღვანელობას

▲ზევით დაბრუნება


შეიქმნას ენგურჰესის საგაფიცვო კომიტეტი, რომელმაც უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს გაფიცვა ფოთიდან, სენაკიდან და ხობიდან ხუნტის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანით და სამეგრელოს ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით. კომიტეტის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებული იქნება პრეზიდენტის წინაშე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 . 17 აგვისტო

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ენგურჰესის საგაფიცვო კომიტეტის შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - 28 (60). - 1გვ

106 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის უფლება-მოვალეობები

▲ზევით დაბრუნება


ასეულს ევალება:

აღკვეთოს ნებისმიერი სამხედრო დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფო სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებას და დაამყაროს მკაცრი დისციპლინა ამ მიმართულებით. კერძოდ, განიხილოს მასალები და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები შემდეგი სახის დანაშაულობებზე.

1. ურჩობა, ე.ი. აშკარა უარი უფროსის ბრძანების შესრულებაზე;

2. წინააღმდეგობის გაწევა უფროსისადმი, აგრეთვე სხვა პირისათვის, რომელიც ასრულებს სამხედრო სამსახურში მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ან მისი იძულება დაარღვიოს ეს მოვალეობა.

3. მუქარა და ძალმომრეობა უფროსის მიმართ;

4. ხელქვეითის მიერ უფროსისა და უფროსის მიერ უმცროსის შეურაცხყოფა;

5. ერთი სამსახურის მიერ მეორის შეურაცხყოფა ძალმომრეობითი მოქმედებით, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობისა და უფროს-უმცროსის დამოკიდებულება;

6. თვითნებური წასვლა. ე.ი. ნაწილისა და სამსახურის ადგილის თვითნებური დატოვება საბრძოლო ვითარებაში;

7. სამხედრო ქონების გაფლანგვა ან დაკარგვა და სამხედრო ქონების განზრახ განადგურება და დაზიანება;

8. საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა;

9. საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა ომის მიმდინარეობის დროს;

10. სამხედრო საიდუმლოებების გახმაურება ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის დაკარგვა;

11. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, უფლებების გადამეტება, ან სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

12. მოწინააღმდეგისათვის ომის წარმოების საშუალებათა ჩაბარება ან დატოვება;

13. ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა ბრძოლის დროს;

14. მარადიორობა ანუ მოკლულთა და დაჭრილთა ნივთების დატაცება ბრძოლის ველიდან;

15. ძალადობა მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში, ე.ი. ყაჩაღობა, ქონების კანონსაწინააღმდეგო განადგურება, ძალადობა, აგრეთვე სამხედრო აუცილებლობის საბაბით ქონების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევა, ჩადენილი მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში.

ამ მიზნით განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის მებრძოლებს ევალებათ:

ა. აღნიშნულ დანაშაულებათა ჩამდენი პირები დანაშაულზე წასწრების მომენტში დახვრიტონ ადგილზე, ხოლო დამნაშავენი, რომლებიც გამოვლინდებიან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გადასცენ საგამომძიებლო ორგანოებს.

ბ. განსაკუთრებული დანიშნულების ასეულთან შეიქმნას საგანგებო დანიშნულების იურიდიული სამსახური, რომლის უფროსი უშუალოდ დაემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს. იურიდიულ სამსახურს ევალება დროულად ჩაატაროს მოკვლევა ბრძანებაში ჩამოთვლილ დანაშაულებათა გარშემო და მონაკვლევ მასალებს მისცეს სათანადო შეფასება, რის შემდეგ მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

გ. ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს, მიუხედავად წოდებისა და თანამდებობისა, სასტიკად ვუკრძალავ ჩაერიოს განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის ფუნქციებში და ასეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავენი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

ბრძანების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა და რიგით შემადგენლობას, ბრძანების ტექსტი გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელეარხით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
უმაღლესი მთავარსარდალი
ზვიად გამსახურდია
23 აგვისტო, 1993 .

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის უფლება-მოვალეობები // საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993 / კრებული. [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. - 50გვ. ; 20სმ.. . - 44-45გვ.

107 მიმართვა ფოთის მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

ფოთის საზოგადოებრიობის აქტიური როლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში საყოველთაოდ ცნობილია, ფოთის მოსახლეობა სრულიად საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას და დაუმორჩილებლობას უცხადებდა პროიმპერიულ კომუნისტურ-მაფიოზურ ხუნტას, რომელმაც საქართველოს არნახული კატასტროფა დაატეხა თავს.

ფოთის მნიშვნელობა დღეს უაღრესად დიდია. მას ძალუძს გადამწყვეტი როლი შეასრულოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენაში, საქართველოს გადარჩენაში. ხუნტის ბანდები და დაქირავებული მანქურთები, რომელნიც დღეს ფოთში დააბანაკეს შევარდნაძემ, მელიამ და გიორგაძემ, დიდ საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას, ისინი იცავენ მაფიოზურ კლანებს და ეხმარებიან მათ საქართველოს სიმდიდრის საზღვარგარეთ გატანაში, საქართველოს ძარცვაში, რამაც ჩვენი ქვეყანა უკიდურეს ეკონომიკურ გაღატაკებამდე და სიდუხჭირემდე მიიყვანა, რისი მსხვერპლიც არის ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

ამის გამო ფოთის საზოგადოებრიობას, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოვუწოდებ გაერთიანდნენ საგაფიცვო კომიტეტში, რომელიც დაიწყებს საყოველთაო უვადო გაფიცვას ფოთიდან ხუნტის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. საგაფიცვო კომიტეტის ფორმირება და ხელმძღვანელობა დაევალება დაუმორჩილებლობის კომიტეტს, პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს ზ. ცხვიტარიას და ფოთის პრეფექტს, თ. ბარამიძეს, რომელნიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან პრეზიდენტის წინაშე.

გვფარავდეს ღმერთი საქართველოს ხსნისათვის ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წლის 16 აგვისტო

მიმართვა : ფოთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - 28 (60). - 1გვ.

108 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დღევანდელმა უკანონო, ნეოკომუნისტურმა ხელისუფლებამ, ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის პირას მიიყვანა, ხუნტა ხელოვნურად ამწვავებს კრიზისს დასავლეთ საქართველოში, რათა დაიმორჩილოს მოსახლეობა და თავს მოახვიოს მას თავისი უკანონო რეჟიმი.

ფოთის ე.წ. გამგებელმა მელიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ყველა სახის სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის გასვლა და შემოსვლა. ეს ბრძანება გამოქვეყნებულია გაზეთ „ფოთის მოამბის“ ამა წლის 29 აგვისტოს ნომერში. მიუხედავად ამისა, ხუნტა ურცხვად აცხადებს, თითქოს ფოთი ბლოკირებულია ჩვენი ძალების მიერ, რომელნიც, ვითომდაც არ ატარებენ ტრანსპორტს. ამით მას სურს მოსახლეობის ამხედრება შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ საპროტესტო მოძრაობა, გაფიცვები, მიტინგი თუ ყოველგვარი საპროტესტო აქციები, ხუნტის ამ არაადამიანური ქმედებების წინააღმდეგ, ამხილოთ ხუნტა და მხარში ამოუდგეთ კანონიერ ხელისუფლებას.

მე მოვუწოდებ ხუნტის შეიარაღებულ ძალებს, გადმოვიდნენ ჩვენს მხარეზე, შევიდნენ კანონიერ სტრუქტურებში, მათ გარანტირებული ექნებათ ხელშეუხებლობა, სათანადო პირობების დაცვით.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, ხუნტის დაუყოვნებლივ გადადგომა და საქართველოში კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენ გავიმარჯვებთ.

გფარავდეთ ღმერთი ჩვენს სამართლიან, უკომპრომისო ბრძოლაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
(გაზ. „აღდგომა“. 31 (62), 20 სექტემბერი, 1993 .)

მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია . // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირიხმა ერისა“, [1994]. - 66გვ. ; 20სმ.. . - 62-63 გვ.

109 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა

▲ზევით დაბრუნება


შევარდნაძის კრიმინალური ხუნტის მმართველობამ საქართველოს ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო, ქვეყნის მეურნეობა გაჩანაგებულია, სახელმწიფო სოციალურმა სფერომ არსებობა შეწყვიტა, გაჩაღებულია დამანგრეველი პროვოკაციული და მოღალატური ომი აფხაზეთში.

ასეთ ვითარებაში, კანონიერების მოქმედების რეგიონის მთელს მოსახლეობას, მთელს ქართველობას მივმართავ მოწოდებით - ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა, საქართველოს მეურნეობის შევარდნაძის კრიმინალური ხუნტის მძარცველთაგან ხსნა ერთ-ერთი უპირველესი რიგის ეროვნულ ამოცანად დაისახონ.

საგანგებოდ მივმართავ ჩვენს სოფლის მუშაკებს, გლეხობას - უნდა მოვიწიოთ და ხუნტის ბანდების ყაჩაღური ძარცვისაგან, გაფლანგვა-დანიავებისაგან გადავარჩინოთ მოსავალი, არ უნდა დაიკარგოს არც ერთი მარცვალი - მოსავალი მთელი ქართველი ხალხის საკუთრებაა და არა შევარდნაძის კრიმინალური რეჟიმისა.

ამ მიზნით მთელს საქართველოში - სასოფლო რაიონებში, ცალკეულ სოფლებში უნდა შეიქმნას მოსავლის აღებისა და დაცვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საგანგებო მარაგის შტაბები და კომიტეტები კანონიერი ხელისუფლების ხელმძღვანელობით, კანონიერი ხელისუფლების მომხრე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობით.

აღნიშნულმა შტაბებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავებისათვის პირველ რიგში და უპირობოდ იქნას გამოყოფილი საწვავი, ტრანსპორტი და ფულადი რესურსი, ამისათვის საქართველოს იმ რაიონებში და რეგიონებში, რომლებიც ჯერ კიდევ შევარდნაძის კრიმინალურ რეჟიმს აქვს ოკუპირებული, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა მოეწყოს მიტინგები, შიმშილობები, სხვა მშვიდობიანი პოლიტიკური აქციები, მოეწყოს პიკეტები მოსავლის დატაცებისაგან დასაცავად და სატრანსპორტო გზების კონტროლისათვის.

კანონიერების მოქმედების რეგიონში მინისტრთა კაბინეტმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა საჭიროა დასახონ და შეასრულონ კოორდინირებული, კარდინალური და რადიკალური ღონისძიებები მოსავლის - განსაკუთრებით ჩაის, მარცვლეულის, ციტრუსების აღება-დამუშავებისა და მისი ოპტიმალურ ფასებში ექსპორტისა და გასაღების უზრუნველსაყოფად და სანაცვლოდ სასიცოცხლო საჭიროების პროდუქციისა და ნაღდი ფულის შემოტანისათვის: ამისათვის მაქსიმალურად უნდა იქნას ამოქმედებული და ორგანიზებული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბაზრო სტრუქტურები.

წინ მძიმე ზამთარი გველის, მოსავლის უდანაკარგოდ მოწევა და მისი ხსნა ხუნტის მტაცებლებისაგან - საქართველოს ხსნაა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
25 სექტემბერი, 1993 .

მიმართვა : სოფლის მუშაკებს, გლეხობას / გამსახურდია . // აღდგომა. - 1993. - 26 სექტემბერი. - 32 (63). - 1 გვ.

110 მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას, მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმისთვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი, ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზადა ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით.

ალბათ მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა, იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ, აი, დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ.

დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის.

გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!

გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
25 სექტემბერი, 1993 .

სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია / მიმართვა ქართველი ერისადმი // აღდგომა. - 1993. - 26 სექტემბერი. - 32 (63). - 1 გვ.

111 ამაოდ გგონიათ ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის
ზვიად გამსახურდიას სიტყვა,
წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში
1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ მრავალათასიან მიტინგზე

ჩემო საყვარელო ხალხო! ჩემო ძმებო, დებო, შვილებო, თანამებრძოლებო, პირველად ჩემს ცხოვრებაში სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ, როგორ გამოვხატო ჩემი ამჟამინდელი გრძნობა. არ ვიცი, დამუნჯებული ვარ სიხარულისაგან თქვენი დანახვისაგან, საქართველოს დანახვისგან, თავი სიზმარში მგონია. ამდენი ხანია, მეგობრებო, არ შემივლია თვალი საქართველოსთვის, თქვენთვის, ვიყავი ტანჯვაში, ბრძოლაში, გაძევებული სამშობლოდან, მაგრამ ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი ყოველდღე თქვენთან იყო, ყოველდღე თქვენთან ვიყავი უხილავად, მეგობრებო, ერთი წუთი არ მიფიქრია სხვა რამეზე თქვენს გარდა, ჩემი ქვეყნის გარდა, არაფერზე არ მიფიქრია, მეგობრებო!

ეს მეორე წელი მიდის, მეორე წელი სრულდება, რაც მე მომწყვიტეს საქართველოს, მაგრამ ვერ მომწყვიტეს, ხომ ხედავთ, ვერ მომწყვიტეს!

მეგობრებო! არც არის ძალა, რომელიც საქართველოს დააჩოქებს, არ არის ასეთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვინაიდან ქართველი ერის შეგნება არის უმაღლესი, ქართველი ერის ძალისხმევა არის უდიდესი. ვერაფერს დაგვაკლებენ, მეგობრებო, ვერაფერს! თავიანთ თავს დააკლებენ და უკვე დააკლეს. ხომ ხედავთ!

უმძიმესი ჟამი დაგვიდგა. გაპარტახებულია საქართველო, განადგურებულია საქართველო ამ ჯალალედინების, ამ თემურ-ლენგების, ამ ჩინგისხანების მიერ. ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორიული ბედი: ტანჯვა, ბრძოლა, გლოვა, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვება.

მრავალჯერ ვღვარე ცრემლი, მრავალჯერ, ეხლაც მეტირება, განა არ მეტირება, როდესაც ვუყურებ აი, ამ სახეებს, განა ჩვენ ყველას არ გვეტირება ეხლა, მეგობრებო. არაერთხელ მივუსამძიმრე, ეხლაც ვუსამძიმრებ, ახლაც მუხლს ვიყრი მათი ხსოვნის წინაშე, ისინი შეეწირნენ საქართველოს, ისინი შეეწირნენ ღვთის საქმეს, ღვთის უდიდეს საქმეს შეეწირნენ ისინი და საუკუნოდ კურთხეული იქნება მათი ხსენება.

ჰოდა, იმას გავიმეორებ, ჩვენი ისტორიული გზა მუდამ ასეთი იყო, არაფერი ახალი დღეს არ ხდება, ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, ვინაიდან „კარგია მუდამ მტრიანი“ ქართული ხალხური ანდაზაა, და ქართველი ერიც იმიტომ არის ესოდენ მტრიანი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანო“. ამიტომ ვართ ყოველის მხრით მტრებით და ყვავ-ყორნებით გარემოცული, მაგრამ ისტორიაში როგორც გავარღვიეთ ყველა რკალი, როგორც დავამარცხეთ ყველა ბარბაროსი, კაციჭამია, ახლაც ისე დავამარცხებთ ამ კაციჭამიებს.

კაციჭამია ხუნტა სულს ღაფავს, თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და დროზე მოეგოს გონს, ვინც გაწირა საკუთარი ერი, ვინც ძმას ძმა გადაჰკიდა, ვინც ძმის სისხლში გაისვარა ხელი, დროზე შეინანონ, დროზე მოინანიონ ღვთის წინაშე და თუ უფალი შეუნდობს, ჩვენც შევუნდობთ, თუ საქმით მოინანიებენ, თუ საქმით შეინანებენ, თუ დაინახავენ, რა დაატრიალეს საქართველოში, რა დღეში ჩააგდეს საქართველო, თუ აეხილებათ ის დაბნელებული თვალები, ის დაბრმავებული თვალები, თუ აეხილებათ, დე დაინახონ, რომ მათ საქართველო ვერ დააჩოქეს, სამეგრელო ვერ დააჩოქეს და ვერც დააჩოქებენ.

მეგობრებო, მტერი, როდესაც უპატრონოდ დაიგულა ჩვენი მამული, ვერაგულად შემოგვესია. მას ეგონა, ამ კაციჭამიებზე გაბოროტებული ხალხი, გამწარებული ხალხი მას არ აღუდგებოდა, შემოგვესია, ვერაგულად, ჟლეტს ჩვენს თანამოძმეებს, არნახული ბარბაროსობით, არაადამიანობით, ანცვიფრებს მთელ მსოფლიოს, ის მტერი წაქეზებულია კიდევ უფრო დიდი მტრის მიერ, მაგრამ ორივე, დამიჯერეთ, ორივე დამარცხდება საქართველოსთან ბრძოლაში.

ჩვენ კი არ დავუშვებთ ჩვენი ძმებისა და დების ჟლეტას! ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი დებისა და ძმების სისხლის ღვრას! ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ იმას, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო უპატრონოა. არ არის საქართველო უპატრონო, არ არის, ამაოდ გგონიათ, ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი, და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას!

მეგობრებო! ჩვენ არ გვინდოდა სისხლისღვრა. ჩვენ არ გვინდოდა მოძმე ხალხის სისხლში ხელების გასვრა. აბა გაიხსენეთ 1989 წლის 27 ივლისი, როდესაც მე აქ ვიდექი, სწორედ ამ ადგილზე სწორედ ეს მიკროფონი მეჭირა, თქვენც აქ ბრძანდებოდით აღელვებული, როდესაც აფსუებმა სოხუმში ქართველების სისხლი დაღვარეს პირველად, მაშინ მე ჩამოვედი, აღელვებული ხალხი დავაწყნარე და მოგიწოდეთ სიმშვიდისაკენ. მოვუწოდე მათ, რომ გონს მოგებულიყვნენ, მაგრამ ვაი, რომ არ მოქმედებს მათზე ადამიანური სიტყვა, არ მოქმედებს მათზე შეგონება. რა გაეწყობა, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოძმეთა დასაცავად, მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საქართველოს დასაცავად, ქართული მიწის დასაცავად. ნურავის ჰგონია, რომ უპატრონო საქართველოს გაავერანებს და მის მიწას მიითვისებს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკება, შერიგება, ეხლაც ვთავაზობთ. თუ შეგრჩენიათ გონება, თუ შეგრჩენიათ ელემენტარული კეთილი განსჯა, გონს მოეგეთ, დაანებეთ თავი ამ სამხედრო ავანტურას საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ მიწას თქვენ არავინ დაგითმობთ, შევრიგდეთ! თუ ელემენტარული კეთილგონიერება გააჩნიათ, შეწყვიტონ ეს ომი და გამოგვიწოდონ შერიგების ხელი.

მე შევთავაზე მათ არაერთხელ, სხვათა შორის, ჩვენი მეგობრების - ჩეჩნების მეოხებითაც, მათი შუამავლობითაც, არაერთხელ - გამოვაცხადოთ ეროვნული შერიგება, დავამთავროთ ეს ძმათამკვლელი ომი, მაგრამ ის ავანტურისტები, რომლებიც მათ სათავეში უდგანან, არ ცხრებიან, არ ცხრებიან, ვინაიდან მათ არ სურთ მშვიდობა, ჩვენ კი გვსურს, ჩვენ გვსურს ვუმკურნალოთ ჩვენს დაწყლულებულ, მრავალტანჯულ ქვეყანას, მაგრამ ნურას უკაცრავად, დიდი ვაჟასი არ იყოს:

სამშობლოს არვის წავართმევთ
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით
მკვდარსაც კი გაეცინება!“

ალბათ მრავალ თქვენგანს აწუხებდა აზრი - რატომ არ ჩამოდის პრეზიდენტი.

ყველას აწუხებდა ეს, ყველას, ყველა დაფიქრებული იყო. პირდაპირ გეტყვით, ვერ ჩამოვდიოდი, ისეთი ბლოკადა მომიწყო ხუნტამ და მისმა მხარდამჭერმა ძალებმა, რომ ფიზიკურად ვერ გამოვაღწიე, მრავალჯერ ვცადე, მაგრამ ვერ გამოვაღწიე, და აი, ახლა უფალმა ინება, განგებამ ინება, სასწაული მოხდა და ჩამოვედი თქვენთან.

ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მებრძოლებს.

ძმებო, თქვენი შემართება, თქვენი თავდადება, თქვენი ვაჟკაცობა მთელ საქართველოს აოცებს, აღაფრთოვანებს, იმედს აძლევს, ამავე დროს მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთვარსარდალი, რომელსაც ფიცი მაქვს მიცემული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა, მოგიწოდებთ, მტკიცედ დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი ქართული მოსახლეობა!

ამავე დროს გთხოვთ, - თქვენ, მართალია, საყვედური არ გეთქმით, - მაგრამ განვამტკიცოთ დისციპლინა, ვიყოთ ნამდვილი რეგულარული ჯარი, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ჯარი, კანონიერი მხედრობა საქართველოსი და ეს განაპირობებს თქვენს ძლევამოსილებას, ის უკანონო ბანდები ამიტომაც არიან ასე დაქსაქსულნი და უძლურნი, რომ კანონიერება მათ მხარეზე არ დგას, და ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ სწორედ ამით - ორგანიზებულობით, დისციპლინირებულობით, და მე გთხოვთ, რომ დღეიდან განსაკუთრებით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან ეს დისციპლინა, ეს ერთიანი შემართება განაპირობებს მომავალში ჩვენს გამარჯვებებს.

დღეს ჩვენი ბიჭები იბრძვიან ოჩამჩირე-სოხუმის მიმართულებით, ჩვენი ძვირფასი ლოთი იქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოს და კატეგორიულად ვუცხადებ ხუნტას - რასაკვირველია, მას ესმის ეხლა ჩემი: ამჟამად, როცა საქართველოს უჭირს, მან ხელი არ უნდა შეგვიშალოს და ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას, რაც ერგება საქართველოს, რაც მას უკანონოდ აქვს მიტაცებული, ყველაფერი ეს გადმოვიდეს ჩვენი კანონიერი ჯარის ხელში და მოხმარდეს საქართველოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნტას შეაჩვენებს საქართველო კიდევ მრავალჯერ და მომავალშიც შეაჩვენებს მას, თუ ის ხელს შეგვიშლის ჩვენ, თუ ის საბოტაჟს გამოგვიცხადებს, თუ არ დაუთმობს ყოველივე იმას, რაც ჩვენს მებრძოლებს სჭირდება და თუ განაგრძობს მონოპოლიზებას ხელისუფლებისას. ეს მისთვის კატასტროფით დამთავრდება.

ამავე დროს მოვუწოდებ მათ, დროზე გადადგნენ და ადგილი დაუთმონ კანონიერ ხელისუფლებას.

და ბოლოს, დავამთავრებ სახარების სიბრძნით: ქვეყანაზე სიკეთის მქადაგებელი, სათნოების მქადაგებელი ღმერთი, რომელიც მოევლინა დედამიწას და დადიოდა დედამიწაზე, იესო ქრისტე ბრძანებს:

„ვინც მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს!“

ამაოდ გგონიათ ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას! / ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში 1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ მრავალათასიან მიტინგზე // აღდგომა. - 1993. - 26 სექტემბერი. - 32 (63). - 2გვ.

112 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ ბორის ელცინს, რუსეთის ფედერაციის მთავრობას

▲ზევით დაბრუნება


1993 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფებმა ტანკების მეშვეობით თავიანთი კონტროლი დააწესეს ქალაქ ფოთზე, რაც წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ძირითადი პრინციპების აღმაშფოთებელ ხელყოფას და საქართველოს საქმეებში უხეშ ჩარევას.

მდგომარეობას ართულებს ის, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ამ ქვედანაყოფების თანმხლებმა და მათთან ურთიერთმოქმედმა შევარდნაძის ხუნტის ბანდიტურმა ფორმირებებმა ქ. ფოთში გაამეფეს ტოტალური ანარქია და ქაოსი. ადგილი აქვს მოსახლეობის ძარცვას, საპორტო საწყობების, სავაჭრო და სხვა საწარმოების ძარცვას, რაც ქალაქის მთელი მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.

ამასთან დაკავშირებით გამოვთქვამთ პროტესტს და მოგიწოდებთ: ნუ დაუჭერთ მხარს შევარდნაძის ანტიხალხურ, გახრწნილ რეჟიმს და დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ჯარი ამ ქალაქიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
29 ოქტომბერი, 1993 .
(გაზ. „აღდგომა“, 36 (67), 5 ნოემბერი, 1993 .)

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - ბორის ელცინს რუსეთის ფედერაციის მთავრობას // საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993 / [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. - 50 გვ. ; 20სმ.. . - 45-46 გვ.

113 ბიბლიოგრაფიული საძიებელი:

▲ზევით დაბრუნება


1. მიმართვა ქართველ ერს : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 დეკემბერი. - №252 (272). - 1გვ.

2. მიმართვა: მსოფლიო ხალხებსა და მთავრობებს, კეთილი ნების ყველა ადამიანს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 16 თებერვალი. - №5.- 1გვ.

3. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს // ქართული აზრი. - 1992.- 26 თებერვალი.- №6. - 2გვ.

4. მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 26 თებერვალი. - №6.- 1გვ.

5. ღია წერილი მის აღმატებულებას, რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 26 თებერვალი. - №6. - 2გვ.

6. განცხადება : შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 20 მარტი. - №9. -1გვ.

7. მიმართვა : საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 მარტი. - №10. - 1გვ.

8. ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და დისიდენტ გამსახურდიასი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 მარტი. - №10. - 1გვ.

9. მიმართვა : მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტებს და მთავრობებს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 მარტი. - №10. - 1გვ.

10. თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს! / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 31 მარტი. -№11. - 1გვ.

11. მიმართვა : სტუდენტი ახალგაზრდობისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 8 აპრილი. - №12. - 1გვ.

12. მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 9 აპრილი. - №13. - 1გვ.

13. მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 10 აპრილი. - №14.- 1 გვ.

14. წერილი : რსფსრ უმაღლესი საბჭო, სახალხო დეპუტატთა მეექვსე ყრილობის პრეზიდიუმს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 11 აპრილი. - №15. - 1 გვ.

15. წერილი : რუსეთის ტელევიზია ბატონ ეგორ იაკოვლევს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 14 აპრილი. - №16. - 1 გვ.

16. „ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს“. I ნაწილი / გამსახურდია ზ. // http://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gamsakhurdia-shevardnadze-2

17. მიმართვა გვარდიისა და შინაგანი ჯარებისადმი // აღდგომა. - 1992. - 10 მაისი. - №22. - 1გვ.

18. მიმართვა გვარდიისა და შინაგანი ჯარებისადმი // ქართული აზრი. - 1992. - 1 ივნისი. - №24. - 1გვ.

19. მიმართვა : კახეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“, [1994]. - 66გვ. ; 20სმ. - 17-18 გვ.

20. მიმართვა : სამეგრელოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 10 მაისი. - №2.- 1გვ.

21. თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს ტელევიზიას / გამსახურდია ზ. //. ქართული აზრი. - 1992. - 12 მაისი. - №20. - 1 გვ.

22. თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს ტელევიზიას / გამსახურდია ზ. //. აღდგომა. - 1992. - 17 მაისი. -№3. - 1 გვ.

23. ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებასა და კერძო პირს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 12 მაისი. - №20. - 1 გვ.

24. მიმართვა : ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 15 მაისი. - №20. - 1გვ.

25. წერილი : მთავრობის სახლი, ედუარდ შევარდნაძეს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 15 მაისი. - №21. - 1 გვ.

26. მიმართვა : აფხაზეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“, [1994]. - 66გვ. ; 20სმ.. .- 18-19 გვ.

27. მიმართვა : ქართველი ერისადმი 26 მაისის გამო / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992 . - 24 მაისი. - №4. - 1გვ.

28. მიმართვა : ქართველი ერისადმი 26 მაისის გამო / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992 . - 25 მაისი. - №22. - 1გვ.

29. წერილი : მოსკოვი, ჩაიკოვსკის 48, ამერიკის საელჩო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 მაისი. - №23. - 1 გვ.

30. წერილი : თბილისი, საქართველოს ტელევიზიას / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 1 ივნისი. - №24. - 1 გვ.

31. ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი (ორიენტაციათა შესახებ) / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 1 ივნისი. - №24. - 1 გვ.

32. მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 9 ივნისი. - №25. - 1 გვ.

33. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 14 ივნისი. №7. - 1გვ.

34. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // ქართული აზრი. - 1992. - 9 ივნისი. - №24. - 1გვ.

35. რა არის ჩვენი სიცოცხლე? ბრძოლა : „სობესედნიკის“ კორესპონდენტს პასუხობენ ჯოჰარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია // აღდგომა. - 1992. - 14 ივნისი. - №7. - 1,3 გვ.

36. მიმართვა : გვარდიისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 14 ივნისი. - №7. - 1გვ.

37. მიმართვა : შიდა ქართლის ლტოლვილებისადმი / გამსახურდია ზ. // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“, [1994]. - 66 გვ.; 20 სმ. .- 21-22 გვ.

38. საქართველოს პრესას / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 21 ივნისი. - №8. - 1გვ.

39. რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ რუსლან ხასბულატოვს // აღდგომა. - 1992. - 21ივნისი. - №8. - 1გვ.

40. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 3 ივლისი. - №9. - 1გვ.

41. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - №27. - 1 გვ.

42. მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 3 ივლისი. - №9. - 1გვ.

43. მიმართვა : ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 10 ივლისი. - №10. - 1გვ.

44. მიმართვა : აფხაზეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 24 ივლისი. - №12. - 1გვ.

45. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 31 ივლისი. - №13. - 1გვ.

46. მიმართვა : აფხაზეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - №27. - 2 გვ.

47. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - №27. - 1 გვ.

48. მიმართვა : რუსეთის პტეზიდენტს ბ-ნ ბორის ელცინს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - №27. - 1 გვ.

49. მიმართვა : ჰელსინკში ევროპული უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 6 აგვისტო. - №27. - 1 გვ.

50. რა ხდება საქართველოში: ზვიად გამსახურდია პასუხობს „ლიტერატურნაია გაზეტას“ მიმომხილველის ოლეგ მოროზის შეკითხვებზე // აღდგომა. - 1992. - 7 აგვისტო. - №14. - 1,2 გვ.

51. განცხადება : საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 14 აგვისტო. - №15. - 1გვ.

52. განცხადება : საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. - 1გვ.

53. მიმართვა : ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 14 აგვისტო. - №15. - 1გვ.

54. მიმართვა : სვანეთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზვიად // აღდგომა. - 1992.- 14 აგვისტო. - №15. - 1გვ.

55. განცხადება : გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. _ 1 გვ.

56. განცხადება : გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. - 1 გვ.

57. მიმართვა : აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ ვლადისლავ არძინბას / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. - 2 გვ.

58. მოსკოვი, ოსტანკინო, რუსეთის ტელევიზიას / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო - №28. - 1 გვ.

59. მიმართვა : ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. - 2 გვ.

60. მიმართვა : ქართველი ერისადმი // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. - 2 გვ.

61. მიმართვა : ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი / გამსახურდია ზ. // ეროვნული ფრონტი. - 1992. - 2 სექტემბერი. - №3. - 1გვ.

62. მიმართვა : ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 21 სექტემბერი. - №18. - 1გვ

63. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 13 სექტემბერი. - №17. - 1გვ.

64. მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი არაკონსტიტუციური არჩევნების ბოიკოტის გამო / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1992. - 13 სექტემბერი. - №17. - 1გვ.

65. მიმართვა : ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1992. - 21 სექტემბერი. - №18. - 1გვ.

66. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. + 1992. - 26 სექტემბერი. - №19.- 1გვ.

67. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება // აღდგომა. - 1992. - 17 ოქტომბერი. - №22. - 1გვ.

68. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1992. - 17 ოქტომბერი. - №22. - 1გვ.

69. მიმართვა საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი // აღდგომა. - 1992. - 15 ნოემბერი. - №26. - 1გვ.

70. „ეროვნება არა აქვს ცხოველს“ : ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან / [ჩაიწერა] „ნაროდნაია პრავდა“ // აღდგომა. - 1992. - 6 დეკემბერი. - №20. - 1,2 გვ.

71. საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან : „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია. / ქ-ნ ეთერ ფიჩხაძის საუბარი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბ-ნ ზვიად გამსახურდიასთან (7.12.92) // აღდგომა. - 1992. - 20 დეკემბერი. - №31. - 1,2 გვ.

72. „ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით ვიბრძვით“ : გამსახურდია ზ. / ინტერვიუ რადიოსადგურ „თავისუფლების“ კორესპონდენტთან // აღდგომა. - 1992. - 20 დეკემბერი. - №31. - 1გვ.

73. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ფინეთში : საუბარი ევროპაში ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელთან რენო სირაძესთან / [ჩაიწერა] რადიოსადგური „თავისუფლება“ // აღდგომა. - 1992. - 20 დეკემბერი. - №31. - 3გვ.

74. მიმართვა ქართველ ერს : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 დეკემბერი. - №252 (272). - 1გვ.

75. მიმართვა : მერაბ კოსტავას საზოგადოებისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1992. - 14 აგვისტო. - №15. - 1გვ.

76. მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 26 იანვარი. - №1. - 1გვ.

77. მიმართვა : ქართველ მთიელთადმი / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1992. - 28 აგვისტო. - №28. - 2 გვ.

78. ბრძანებულება : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა.- 1993. - 15 იანვარი. - №1 (33). -1გვ.

79. მიმართვა : ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 26 იანვარი. - №2 (34).- 1გვ.

80. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აღდგომა. - 1993. - 26 იანვარი. - №2 (34). - 1გვ.

81. საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით : გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორის მარიკა აბაიშვილის შეკითხვებს პასუხობს ზვიად გამსახურდია // ქართული აზრი. - 1993. - 26 იანვარი. - №1(29). - 2 გვ.

82. თბილისი, საქართველოს ტელევიზია, ედუარდ შევარდნაძეს : გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 26 იანვარი. - №2 (34). - 1გვ

83. ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1993. - 26 იანვარი. - №1 (29). - 1,2 გვ.

84. ვიდეომიმართვა ქართველ ერისადმი : ვიხსნათ საქართველო / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 30 იანვარი. - №3 (35). - 1,2 გვ.

85. საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა : (ფრაგმენტები პრეზიდენტის გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს) ანუ მოსალოდნელი უბედურების წინასწარ განჭვრეტის კლასიკური ნიმუში // აღდგომა. - 1993. - 6 თებერვალი. - №4 (36). - 1გვ.

86. თბილისი, ედუარდ შევარდნაძეს : გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 6 თებერვალი. - №4 (36). - 1გვ.

87. სტუ-ს გაზეთ „სამანი“-ს რედაქტორს, ბ-ნ გიორგი ანდრიაძეს / გამსახურდია ზ. // http://besarion.wordpress.com/2010/10/23/zg_sarcmunoeba/

88. მიმართვა : ქართველი ერისადმი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 28 თებერვალი. - №7 (39).- 1გვ.

89. მიმართვა : სტუდენტი ახალგაზრდობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 28 თებერვალი. - №7 (39). - 1 გვ.

90. მიმართვა : მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისადმი, ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 9 მარტი. - № 8 (40). - 1გვ.

91. მიმართვა : მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა.- 1993. - 16 მარტი. - №9 (41).- 1გვ.

92. მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 9 აპრილი. - №12(44). - 1 გვ.

93. მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 15-30 აპრილი. - №3. - 2 გვ.

94. მიმართვა : სამეგრელოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 9 აპრილი. - №12(44). - 1გვ.

95. მიმართვა : სამეგრელოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 15-30 აპრილი. - №3. - 2გვ.

96. წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა : ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 15-30 აპრილი. - №3. - 1 გვ.

97. მიმართვა : სამურზაყანოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 4 მაისი. - №15 (47). - 1.გვ.

98. ფაქტები და სინამდვილე / გამსახურდია ზვიად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1993. - 12 მაისი. - №16 (48). - 1,2 გვ.

99. მიმართვა : აფხაზი ხალხისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 12 მაისი. - №16 (48). - 1 გვ.

100. მიმართვა : აფხაზი ხალხისადმი / გამსახურდია ზ. // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 16-31 მაისი. - № 5. - 1 გვ.

101. განცხადება / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი // აღდგომა. - 1993. - 15 მაისი. - №20 (52). - 2 გვ.

102. განცხადება / გამსახურდია ზ. // ქართული აზრი. - 1993. - 26 მაისი. - №3 (31). - 1 გვ.

103. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონისათვის მადლობის გამოცხადების შესახებ // აღდგომა. - 1993. 16 ივნისი. - №20 (52). - 1გვ.

104. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ზვიად ძიძიგურის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულად იმერეთის რეგიონში დანიშვნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 16 ივნისი. - № 20 (52). - 1გვ.

105. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოსა და მისი უფროსის პოლკოვნიკ ვახტანგ ქობალიასთვის მადლობის გამოცხადების შესახებ // აღდგომა. - 1993. 16 ივნისი. - № 20 (52). - 1გვ.

106. მიმართვა : სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 16 ივნისი. - №20 (52). - 1გვ.

107. მიმართვა : სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი / გამსახურდია ზ. // წალენჯიხის ზარები. - 1993. - 16-30 ივნისი. - №7. - 1გვ.

108. სამძიმარი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 16 ივნისი. - №20 (52). -1 გვ.

109. ბატონ ჰელმუტ კოლს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს // საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993 / კრებული. [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. - 50გვ. ; 20სმ.. - 40-41გვ.

110. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება მადლობის გამოცხადების შესახებ // აღდგომა. - 1993. - 24 ივნისი. - №21 (53). - 2 გვ.

111. საქართველოს რეპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პასუხები / უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის დეპუტატ გ. მარჯანიშვილის შეკითხვებზე // აღდგომა. - 1993. - 24 ივნისი. - №21 (53). - 1,2 გვ.

112. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღების გამოცხადების შესახებ // აღდგომა - 1993. - 21 ივლისი. - №24 (56). 3 გვ.

113. საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 21 ივლისი. - №24 (56). - 3 გვ.

114. მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა იხსნის საქართველოს / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პასუხები უზენაესი საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მ. მარჯანიშვილის შეკითხვებზე // აღდგომა. - 1993. - 21 ივლისი. - №24 (56). - 1,2 გვ.

115. მიმართვა : ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 31 ივლისი. - №25 (57). - 1გვ.

116. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ქ. ფოთის საგაფიცვო კომიტეტის შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - №28 (60). - 1გვ.

117. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ქ. ზუგდიდში რადიოსადგურ „თავისუფალი საქართველოს“ ა. გვარამიას ხელმძღვანელობით შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - №28 (60). - 1გვ.

118. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურის შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - № 28 (60). - 1გვ.

119. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ენგურჰესის საგაფიცვო კომიტეტის შექმნის შესახებ // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. - № 28 (60). - 1გვ.

120. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის უფლება-მოვალეობები // საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993 / კრებული. [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. - 50გვ. ; 20სმ.. . - 44-45გვ.

121. მიმართვა : ფოთის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 23 აგვისტო. -№28 (60). - 1გვ.

122. მიმართვა : ქართველი ერისადმი / გამსახურდია ზ. // ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . - თბ. : სამართლ. აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“, [1994]. - 66გვ. ; 20სმ.. . - 62-63 გვ.

123. მიმართვა : სოფლის მუშაკებს, გლეხობას / გამსახურდია ზ. // აღდგომა. - 1993. - 26 სექტემბერი. - №32 (63). - 1 გვ.

124. სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია / მიმართვა ქართველი ერისადმი // აღდგომა. - 1993. - 26 სექტემბერი. - №32 (63). - 1 გვ.

125. ამაოდ გგონიათ ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას! / ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში 1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ მრავალათასიან მიტინგზე // აღდგომა. - 1993. - 26 სექტემბერი. - 32 (63). - 2გვ.

126. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ ბორის ელცინს რუსეთის ფედერაციის მთავრობას // საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993 / [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. - 50 გვ. ; 20სმ.. . - 45-46 გვ.