![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი IX) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2017 |
აღწერა: საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები ედუარდ შევარდნაძე (ტომი IX) საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური (1992 წლის ნოემბერი – 1995 წლის ნოემბერი) მიმართვები ინტერვიუები თბილისი 2017 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22); s-323; e-241; ISSN 1987-5576; ISBN 978-9941-0-9824-6 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ედუარდ შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფოს თავმჯდომარე (1992 წლის მარტი – 1992 წლის ოქტომბერი) საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (1992 წლის ოქტომბერი – 1992 წლის ნოემბერი) საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური (1992 წლის ნოემბერი – 1995 წლის ნოემბერი) საქართველოს პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი) |
![]() |
1 ედუარდ შევარდნაძის საახალწლო ტელეინტერვიუ |
▲ზევით დაბრუნება |
ტრადიციულ საახალწლო მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტელეინტერვიუ ამჯობინა. ჩემი სურვილია, რომ
ახალი 1994 წლის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, თუ შეიძლება ასე ითქვას, შრომა იყოს. ინტერვიუს დროს ადამიანი შრომობს, განუცხადა მან კომენტატორ ნატო ონიანს. ამდენად მე ახალ წელს შრომით ვხვდები.
- რაც შეეხება მომავალი წლის დადებით მოვლენებს, ძნელია ასეთ წელზე რაიმე დადებითი თქვა. მაგრამ, გამოვყოფდი ერთ მთავარს - ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციის, ერთიანობისა და მთლიანობისათვის საფუძვლის ჩაყრას. მხედველობაში მაქვს ის პროცესი, რომელსაც სამოქალაქო ომის დამთავრებას უწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია საქართველოს შესვლა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
მიმავალ წელს ბევრი უარყოფითი მხარე ჰქონდა. დავასახელებდი აფხაზეთის ტრაგედიას, იმას, რომ დროებით დავკარგეთ სოხუმი, აფხაზეთი და ეს წარუშლელი ტკივილია ჩვენთვის.
ერთ-ერთ უარყოფით მოვლენად კუპონის შემოღება მიმაჩნია.
და მესამე - კრიმინოგენური ვითარების აფეთქება სახეზეა და ესეც უნდა ვაღიაროთ.
არ ვთვლი სერიოზულად ლაპარაკს იმის თაობაზე, რომ ჩვენში წესრიგის დასამყარებლად სხვა სახელმწიფოსა და ძალებს უნდა მოვუხმოთ. არ უარვყოფ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, მათ შორის, წესრიგის დამყარებაში, მაგრამ დღევანდელ საქართველოში სავსებით შესაძლებელია ჩვენი საკუთარი ძალებით, უცხო ძალის ჩაურევლად ვიბრძოლოთ წესრიგის აღსადგენად.
დღეს საუბარი მქონდა რუსეთის ტელევიზიასთან და ვთქვი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რაც თანამეგობრობაში გაერთიანებულ ყველა ქვეყანას დანგრევითა და სრული ქაოსით ემუქრება, ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკის დაცემა. ეს ტენდენცია კი ჯერაც არ არის შეჩერებული. აშგაბადში ყოფნისას შეიქმნა შთაბეჭდილება და ამაში ახლა თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების ყველა ლიდერი დარწმუნდა, რომ ცალ-ცალკე ჩვენ ამ პრობლემებს თავს ვერ გავართმევთ. არც ევროპა, არც მსოფლიო არ არიან იმისათვის მზად, რომ შესაბამისი მასშტაბის დახმარება გაგვიწიონ. სატელევიზიო საუბარში აღვნიშნე, რომ 1994 წელი ყველა ქვეყნისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, უნდა იყოს ეკონომიკური გაჯანსაღების, ეკონომიკისაკენ შემობრუნების წელი.
მეორე საკითხი, რომელზეც ჩავთვალე საჭიროდ ჩემი აზრი მეთქვა და თანამოქალაქეებსაც მინდა გავუზიარო ეს შეხედულება, ეს არის ჩვენს პლანეტაზე ცივი ომის დამთავრების შემდეგ გაჩენილი ისეთი მძიმე ავადმყოფობა, როგორიცაა აგრესიული, ნახევრადფაშისტური სეპარატისტული მოძრაობა. იგი კი არ ემუქრება, არამედ ფაქტობრივად, ანგრევს სახელმწიფოებს, და ჩვენ ნათლად ვხედავთ ამ ავადმყოფობის შედეგებს საკუთარ მაგალითზე.
აშგაბადში დავრწმუნდით, რომ სეპარატიზმის საფრთხე კარგად გაიცნობიერეს თანამეგობრობის ქვეყნებმა, ვფიქრობ, რომ 1994 წელი ამ მხრივაც უნდა იყოს შემობრუნების წელი, ე.ი. აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების წელი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
და მესამე: ამ ბოლო წლებში არაერთხელ თქმულა დიქტატურის, ფაშიზმის აღმოცენებისა და გავრცელების საფრთხის შესახებ. 1993 წელს ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პროგნოზები კი არ არის, არამედ სასტიკი რეალობაა, ვთქვათ, რუსეთის მაგალითზე, მხედველობაში მაქვს ცნობილი ძალების საკმაოდ დამაჯერებელი გამოსვლა არენაზე. და არა მარტო რუსეთის მაგალითზე. არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი საკუთარი ცოდვების მონანიებისა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენში იყო პროვინციული ფაშიზმი, როგორც მე მას ვუწოდე, ანდა აფხაზეთი ავიღოთ, რაც იქ ხდება, ეს წმინდა წყლის ფაშისტური მოვლენაა.
აშგაბადში, ჩემს პირველ შეხვედრაზე კოლეგებთან თანამეგობრობის ფარგლებში, ვიგრძენი, რომ ყველა შეშფოთებულია, შეშფოთებული არიან სახელმწიფოთა მეთაურები. და ეს მარტო შეშფოთება როდია, არამედ ძიებაა იმ გზებისა, თუ როგორ მოხდეს ამ საშინელი შავი ძალის ლოკალიზება და როგორ დავძლიოთ იგი. მიმაჩნია, რომ 1994 წელი, მთელი მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის დახმარებით, იქნება ფაშიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის წელი. ეს შეეხება რუსეთსა და სხვა ქვეყნებს, სადაც ამის რეალური საფრთხე არსებობს.
თუ მსხვილი პლანით განვიხილავთ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ისტორიული მისია აკისრია. და თუ ამ სამი მიმართულებით ყველა ქვეყანა სოლიდური იქნება, აქტიურად ვიბრძოლებთ ამ ბოროტებათა წინააღმდეგ, ჩვენი ერთობის სიკეთეს იგრძნობს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ყველა მოქალაქე.
ჩვენი უმთავრესი სატკივარი და საზრუნავი იყო, არის და იქნება აფხაზეთი. და ვფიქრობ, რომ 1994 წელს უნდა დამთავრდეს აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. ამის გარანტიები არსებობს: საერთაშორისო ორგანიზაციები, რუსეთის დადებითი როლი, ევროგაერთიანება, მისი აქტიური მონაწილეობა, მეგობარი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაინტერესება და მხარდაჭერა და მრავალი სხვა ფაქტორი. ვიმეორებ, ეს ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომელიც რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ.
მე ღრმად მჯერა, რომ 1994 წელს მივაღწევთ ეკონომიკის გამოცოცხლებას, რადგან, მიუხედავად გარკვეული სიღარიბისა, ჩვენ მაინც გაგვაჩნია რესურსები მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რასაკვირველია, თუ ქვეყანა ამუშავდება და ხალხი დაიწყებს შრომას. შეიძლება ეს არ იყოს აყვავების ხანა, მაგრამ იგი იქნება აღმავლობისაკენ შემობრუნება. ამ მხრივ დიდ იმედებს ვამყარებ ძველი კავშირების აღდგენასა და თანამეგობრობის ქვეყნებთან ახალი კავშირების დამყარებაზე.
რაც შეეხება პოლიტიკის სფეროს, იმედი მაქვს, რომ 1994 წელი ჩვენი საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაციით აღინიშნება, მათ შორის, პოლიტიკური ძალებისა. მიმაჩნია, რომ ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია უნდა განიმსჭვალოს იმ შეგნებით, რომ ახლა ჩვენთვის მთავარია ქვეყნის გადარჩენა და არა ამა თუ იმ ამბიციური, პოლიტიკური მიზნის მიღწევა, რომლებსაც ლოკალურად ისახავენ სხვადასხვა პარტიები. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის შექმნას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არჩეული ვარ კავშირის თავმჯდომარედ. მოქალაქეთა კავშირი ისეთი ძალა უნდა გახდეს, რომელიც ხელს შეუწყობს მთელი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას ერთიანობისათვის, მთლიანობისათვის ბრძოლაში.
მომავალი წელი იქნება კონსტიტუციის მიღების წელი და ბუნებრივია, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა გახდება. თუ ჩვენ კონსტიტუციას მივიღებთ, მაშინ შესაძლებელი იქნება საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ასე რომ, მომავალი წელი საკმაოდ დამუხტული იქნება. მაგრამ მთავარი მაინც შრომაა, რადგანაც ვერავითარი პოლიტიკა საქმეს ვერ უშველის, თუ არ ვიშრომეთ.
და კიდევ ერთი მომენტი: თუ დიდ პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, მომავალი წელი არის შავი ზღვის ქვეყნების ალიანსი საქართველოს თავმჯდომარის წელი. პირველი 6 თვე ჩვენ ამ გაერთიანების თავმჯდომარე ვიქნებით. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რეალური პირობები, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის ეს ეტაპი გამოვიყენოთ ჩვენი გავლენისა და პოზიციის განმტკიცებისათვის შავი ზღვის ქვეყნების ალიანსში. საქართველო თანამშრომლობს თანამეგობრობაში, თანამშრომლობს შავი ზღვის ქვეყნების ალიანსშიც და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება სხვა რეგიონალური გაერთიანებებიც, უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ევროგაერთიანებასთან და ა.შ. ასე რომ, საქართველო შედის დიდ პოლიტიკაში, დიდი პოლიტიკის სფეროებში.
ჩემი რწმენით ახალი, 1994 წელი სიკეთისკენ, მშვიდობისკენ, ეკონომიკური და სულიერი აღმავლობისაკენ შემობრუნების წელი იქნება. ვფიქრობ რომ ჩვენ სწორედ ამ გზით, შემობრუნების გზით ვივლით.
მე მივესალმები ჩვენი ტელევიზიის ინიციატივას, რომ საახალწლო სატელევიზიო გადაცემა დაიწყო ჩვენი დიდი წინაპრების ნაფიქრისა და ნააზრევის გახსენებით. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გამონათქვამებშია ჩადებული პროგნოზებიცა და ჭკუის დარიგებაც მომავალი თაობებისა და ჩვენი თაობისადმი. როცა ვუსმენდი, ასეთი დასკვნა გავაკეთე: ჩვენ არ დავამარცხებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ მარტო სხვაში არ დავინახავთ ჩვენს უბედურებათა მიზეზებს, არამედ მათ მოვნახავთ ჩვენში, ჩვენი აზროვნების იმ წესში, რომელმაც ახლო თუ შორეულ წარსულში ბევრი ცოდვა ჩაგვადენინა, გადაგვახვევინა ღვთის გზიდან, ჩვენი დიდი წინაპრების გზიდან.
მიმავალი წელი ჩვენი ერთგვარი განწმენდის წელიც არის. და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ - ახალი წელი მართლაც შემობრუნების წელი იქნება.
ვულოცავ რა ახალ წელს, მინდა მივმართო ჩემს ხალხს - ყველა შემობრუნდით, ყველამ დავიკაპიწოთ ხელები, რათა დაუღალავად ვიშრომოთ. მაშინ ქვეყანა გადარჩება, ყველა მოქალაქე, ყველა ოჯახი გადარჩება.
მინდა შევეხმიანო ლტოლვილებს, ჩემს მეგობრებს, თანამოქალაქეებს, ყველაზე მეტად ტანჯულს და გაწამებულებს, მივულოცო მათ ახალი წელი და დავარწმუნო, რომ 1994 წელი მათი მშობლიურ კერებში დაბრუნების წელი იქნება.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა აფხაზებზე და არ მივმართო მათ: თქვენ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო გაძლევთ თქვენი ეროვნული თვითმყოფადობის არა მარტო შენარჩუნების გარანტიას, არამედ განვითარებისა და სრულყოფის, სათანადო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა გარანტიებს. ამის პირობას ვაძლევ აფხაზ ხალხს, ისევე როგორც ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მზის ქვეშ, ვპირდებით მათ თავისუფლებას, მოქალაქეობრივი უფლებების გარანტიებს, და ყველაფერ იმას, რაც მიღებულია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.
განსაკუთრებული დამოკიდებულება მინდა გამოვხატო ჩვენი ბავშვებისადმი, ახალგაზრდობისადმი. ჩვენი ქართული სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი, მიუხედავად ჩვენი გაჭირვებისა და სიძნელეებისა, იქნებიან ბავშვები, ახალგაზრდობა, რადგან ამ საუკუნის დასასრული საქართველოს მომავალი სწორედ მათზეა დამოკიდებული.
დაბოლოს, მინდა განვაცხადო და შევასრულო კიდეც, რომ 1994 წელი იქნება ჭეშმარიტად ქართული ჯარის, ჩვენი საიმედო დასაყრდენის ჩამოყალიბების წელი. ბევრი დაიღუპა, სამარადისო ხსოვნა მათ, ბევრი დასახიჩრდა, მათ მიმართაც ვალში ვართ, უდავოდ ბევრი გაკეთდა და მომავალ წელსაც ბევრს გავაკეთებთ.
1994 წელს გაგრძელდება ის ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია კულტურის, მეცნიერების, ჩვენი სულიერების გადარჩენასთან. და თუ ამას მივაღწევთ, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო გადარჩება.
ერთხელ კიდევ მინდა მივულოცო საქართველოს, მის ყველა მოქალაქეს 1994 წელი და ვუსურვო სიხარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა.
1994 წელი ყოფილიყოს საქართველოსათვის აყვავების დასაწყისი. 1994 წელი სიკეთისაკენ, მშვიდობისაკენ, ეკონომიკური და სულიერი აღმავლობისაკენ შემობრუნების წელი იქნება : ედუარდ შევარდნაძის საახალწლო ტელეინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 იანვარი. - N3(806). - 1 გვ.
![]() |
2 „ევროპა და მთელი მსოფლიო შევარდნაძესთან ვალშია“ |
▲ზევით დაბრუნება |
ახალწლის წინა დღეებში იტალიის რადიოს მეორე არხის სპეციალურმა საინფორმაციო გამოშვებამ „ადამიანები და ფაქტები - უფრო მეტი რომ ვიცოდეთ“ მოაწყო პირდაპირი რადიოგადაცემა საქართველოდან, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
(რადიოგადაცემის ტექსტი იბეჭდება მცირე შემოკლებით).
[...]
შევარდნაძე: - მე პირველ რიგში მივესალმები ბატონებს ნაპოლეტანოს, სპადოლინის, ყველა რადიომსმენელს, დიდ მადლობას ვუხდი ამ გადაცემის ყველა ორგანიზატორს. რაც შეეხება საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, ძალიან ძნელია, მაგრამ 1993 წელს გარკვეული დადებითი მოვლენები მოხდა. ეს არის ჩვენი ხალხის საერთო კონსოლიდაცია, ისეთი დესტრუქციული და ნახევრად ფაშისტური ძალების დამარცხება, როგორიც არიან ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები, მათი შეიარაღებული გამოსვლები ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ძირითადი საფრთხე იყო ერის გახლეჩა და ეს ლიკვიდირებულია. რამდენადაც ექსპრეზიდენტის მომხრეები დამარცხდნენ პოლიტიკურად. მორალურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. რაც შეეხება აფხაზეთს, ახლა აფხაზეთიდან მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი გამოყვანილია. აფხაზეთის ნახევარმილიონიანი მოსახლეობიდან 250 ათასი დევნილი ქართველი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმყოფება. ათიათასობით ქართველი განადგურებულია, დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. სამწუხაროდ ჯერჯერობით, ეს პრობლემა მოუგვარებელია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პირველი რაუნდი ჟენევაში მოეწყო, მთავარი აზრი ამ შეთანხმებისა ის არის, რომ ხიზნები დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას. შემდეგი რაუნდი ისევ ჟენევაში გაიმართება, 11 იანვარს და ჩვენც გარკვეული იმედებით მივდივართ ამ შეხვედრაზე. თუ ეს შესრულდება და ხიზნები თავიანთ კარ-მიდამოს დაუბრუნდებიან, მაშინ, მშვიდობიანი მოგვარების გზა რეალურია.
კასიერი: - კონფლიქტის საწყისი საქართველოს ამ ნაწილში, რასაკვირველია, დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის ახალ კომპოზიციასთან, მაგრამ, თქვენი აზრით, პირდაპირიმოტივი, საფუძველი აფხაზეთში ავტონომისტური მოძრაობის ასეთი გააქტიურებისა, რა შეიძლება იყოს, ყოფილ საბჭოთა კავშირში ბოლო 2 წლის განმავლობაში მომხდარ რომელ პროცესს შეეძლო შეეწყო ხელი?
შევარდნაძე: - ეს არის რეაქციული სეპარატისტული მოძრაობის გამოხატულება. ყველამ არ იცის რომ ეს ქართული მიწა-წყალია, სადაც საუკუნეებიის განმავლობაში ქართველები და აფხაზები ცხოვრობნდნენ. თუ ვილაპარაკებთ შეფარდების მიხედვით, ნახევარი მოსახლეობა, ქართველობაა და მხოლოდ 17 პროცენტია აფხაზი. ვინ დგას ამ 17 პროცენტის ზურგს უკან და როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ 17 პროცენტმა გამოდევნოს 50? ეს იმიტომ მოხდა, რომ აფხაზური სეპარატიზმის უკან რუსეთის რეაქციული ძალა იდგა; რუცკოი, ხაზბულატოვი, კომუნისტები, ფუნდამენტალისტი კომუნისტები, რომლებიც მაშინდელ უმაღლეს საბჭოში იყვნენ. ეხმარებოდნენ ფინანსურად, მატერიალურად, აფხაზეთში გზავნიდნენ იარაღს, ათასობოთ დაქირავებულ მეომარს, აი, ეს იყო. ამ 17 პროცენტის მოთხოვნა ის არის, რომ აფხაზეთი საქართველოს გამოეყოს და რუსეთს შეუერთდეს.
კორ. - ყოფილი საბჭოთა კავშირის ძველი ნომენკლატურის, იმ საბჭოთა აზრის მქონე ხალხის პასუხისმგებლობის გარდა, რომელმაც ამ ორი თვის წინათ კიდევ ერთი „წმენდა“ განიცადა, თქვენ გარკვეულად პასუხს სთხოვდით რუსეთის მთავრობასაც, განსაკუთრებით სოხუმში ყოფნის დროს, აგვისტო-სექტემბერში, როცა აფხაზებმა ქალაქს შემოუტიეს, პასუხს სთხოვდით რუსეთის მთავრობას, ე.ი. პირადად ელცინს, რომლისგანაც საქართველოს დასაცავად ადეკვატურ მხარდაჭერას ვერ გრძნობდით.
შევარდნაძე: - ჩემი აზრით, ელცინმა ვერ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, რადგან მაშინდელი უმაღლესი საბჭო დიდ წინააღმდეგობას უწევდა და დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერდა აფხაზთა ამ სეპარატისტულ მოქმედებას. ამ ხალხთან კონფლიქტში მყოფმა ელცინმა ვერ შეძლო ამ წინააღმდეგობის დაძლევა. ამ ორი ძალის დაპირისპირებამ წარმოშვა და განავითარა აფხაზეთის კონფლიქტიც. თქვენ იცით, რომ იმ დღეებში აფხაზეთში ვიყავი. ეს საშინელი რამ იყო - საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის ნგრევა.
კორ. - ახლა ჩვენი სტუდიის სხვა სტუმრებსაც უნდა მივცეთ სიტყვა. რადიომსმენელებს შევახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერშია სატელეფონო კავშირით საუბარი თბილისთან, საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან. ბატონო პრეზიდენტო, ნაპოლეტანო, თქვენ კვლავ ასეთი მოთმინებით ისმენთ ჩვენს საუბარს? გთხოვთ, თუ ბატონ შევარდნაძესთან რაიმე კითხვა გაქვთ.
ნაპოლეტანო: - უპირველესად ყოვლისა, ბატონ შევარდნაძეს მსურს ვუთხრა, რომ ბევრჯერ მიფიქრია მასზე, მის იმ გაბედულ ნაბიჯზე - შებრძოლებოდა საქართველოში წამოჭრილ ასეთ უამრავ პრობლემას. მე დიდ პატივს გცემთ და ვაფასებ თქვენს პიროვნებას. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოქტომბრის პირველ დღეებში მიმართა ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებისგანაც მას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. მინდა ბატონ პრეზიდენტს ვკითხო, იქ დასმული საკითხები რამდენად კოორდინირებულია ამჟამად საერთაშორისო მასშტაბით, როგორი აუცილებელი დახმარებაა საჭირო და რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა ამასთან დაკავშირებით?
შევარდნაძე: - ძალიან დიდი მადლობა. მეც მოგესალმებით ყველას და მადლობას მოგახსენებთ ჩემი საქმიანობის ასეთი შეფასებისათვის. ჩემი მოწოდება, რის შესახებაც იყო საუბარი, ნიშნავდა გადაგვერჩინა საქართველო და გადაგვერჩინა დემოკრატია. აქ დემოკრატიის გადარჩენაზეა ლაპარაკი, რადგან საქართველომ ძნელი გზა აირჩია, ძნელი გზა ისედაც გეოგრაფიულად მეტად ძნელ რაიონში. ის პრობლემები, რომლებიც ჩემს მიმართვაშია, ჯერ კიდევ აქტუალურია, სიტუაცია საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. სრული შიმშილია. საქართველო მდიდარი ქვეყანა იყო, ხალხი კარგად ცხოვრობდა, მაგრამ ახლა მოხდა ის, რომ შიმშილი და სიცივეა. ასეთი ბედი ჰქონია ჩვენს ერს. ასობით ათასი ხიზანია ახლა საქართველოში. დასავლეთის, კერძოდ, იტალიისა და სხვა ქვეყნების დახმარება რომ არა, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდებოდა. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიის იდეალები, დაეხმაროს საქართველოს, ერთობლივი ძალით გადავარჩინოთ ეს პატარა, მაგრამ, ამავე დროს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციით, დიდი ქვეყანა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმრებისთვის. კორ. - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ჯუზეპე ჯაკოვაცო.
ჯაკოვაცო: - ბატონ შევარდნაძის მიმართ მიუხედავად, ჩემი დიდი სიმპატიებისა, მე საქართველოს პრობლემებს ნაკლებად ვიცნობ, მე უფრო რუსეთთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებს. ეხლა ჟირინოვსკის პრობლემა ყველას აწუხებს, არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავლის თვალსაზრისითაც. ამ პოპულისტ, ულტრამემარჯვენე ლიდერს, არც ვიცი რა ვუწოდო, ეს წარმატება შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს მომავალი 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? ეს რამდენად სერიოზული საფრთხეა? აქ ხომ არ გაერთიანდება ელცინის ყველა მემარცხენე, მემარჯვენე მოწინააღმდეგე? - და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც უშუალოდ იტალიას ეხება: თქვენ იცით, რომ წლეულს იტალია პრეზიდენტობის უშიშროების საბჭოს, რომელიც 54 სახელმწიფოს და ყოფილ საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას აერთიანებს. იტალიას სურვილი აქვს აქტიურად გამოიყენოს უშიშროების საბჭოში ეს სტატუსი და წინასწარ აღკვეთოს ყოველგვარი კონფლიქტი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და, რასაკვირველია, საქართველოშიც. მინდა ვიცოდე, როგორ მიაჩნია ბატონ შევარდნაძეს, რამდენად ეფექტიანია ამ როლის გამოყენება და რის გაკეთება შეუძლია წლეულს იტალიას, როგორც საბჭოს პრეზიდენტს.
შევარდნაძე: - ვეცდები მოკლედ ვუპასუხო ამ ძნელ კითხვებს. მე ვვარაუდობდი, რომ რუსეთში ეს პროცესი მოხდებოდა, მაგრამ ჟირინოვსკის მხარს დაუჭერდა 15-20 პროცენტი. შევცდი, მაგრამ რუსეთში ეს უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ ეს იმდენად ჟირინოვსკის იდეების გამარჯვება არ გახლავთ, რამდენადაც ამომრჩეველთა დაბნეულობის შედეგია. ჟირინოვსკი უნდა გამოჩენილიყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ის არის, რომ მას ასეთი გავლენა სმოუპოვა იმ ძალებმა, რომლებიც მას გვერდში უდგანან. ეს მართლაც შემაშფოთებელია. მაგრამ არის მეორე მხარეც: ჟირინოვსკის ამ წარმატების შემდეგ რუსეთის საზოგადოება გამოფხიზლდა. სამწუხაროდ, არჩევნებამდე ბევრი დემოკრატი მას სერიოზულ ძალად არ მიიჩნევდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი სამართლიანად დაისაჯნენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთის დემოკრატები უნდა გაერთიანდნენ და მჯერა, გაერთიანდებიან კიდეც. გაერთიანდებიან იმისათვის, რომ ფაშიზმი არ გამოვიდეს არენაზე. თუ ისინი გაერთიანდებიან, ფაშიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს. თუ დემოკრატები ვერ გაერთიანდებიან და ფაშიზმი თავის პოზიციებს განიმტკიცებს, ეს იქნება საშინელება არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვისაც. მაგრამ მჯერა, რომ ეს არ მოხდება. რუსეთმა ძალზე სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, როცა ახალი კონსტიტუცია მიიღო. იგი სერიოზულ გარანტიას ქმნის დემოკრატიისთვის და ეს კონსტიტუცია პრეზიდენტ ელცინს საშუალებას აძლევს აღკვეთოს ფაშიზმი და დიქტატურა. ვფიქრობ, პრეზიდენტი ელცინი ამას გამოიყენებს. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, დიდ იმედებს ვამყარებთ. მან კიდევ უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიც ეთნოკონფლიქტებია. უშიშროების საბჭოს ეს შეუძლია გააკეთოს. კავკასიას, განსაკუთრებით საქართველოს, კონფლიქტები ახასიათებს. ევროპამ უნდა იფიქროს, ერთიანი ძალით როგორ დავძლიოთ ეკონომიკური კრიზისი. თუ ასეთ დიდ ტერიტორიაზე ეს კრიზისი არ იქნება დაძლეული, შეიძლება ქაოსი განვითარდეს, რაც მსოფლიოს ძვირად დაუჯდება. დიდ იმედებს ვამყარებთ უშიშროების საბჭოში იტალიის პრეზიდენტობაზე. მზად ვართ ყოველგვარი თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი პრეზიდენტობა შესამჩნევი წვლილი იყოს.
კასიერი: - რამდენიმე დღის წინათ აშგაბათში, თურქმენეთში, მოხდა შეხვედრა დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს შორის, იქ შევარდნაძემ საკითხი დააყენა კიდეც ჟირინოვსკის რისკის შესახებ.
კორ. - უკაცრავად, მინდა შეგახსენოთ, რომ სტუდიაში ბევრი სტუმარი გვყავს, რომლებმაც, მალე უნდა დაგვტოვონ, ამიტომ ყველას გთხოვთ ლაკონური ვიყოთ. ბატონო პრეზიდენტო სპადოლინი, თქვენ კვლავ ხაზზე ბრძანდებით?
სპადოლინი: - გულითადად მივესალმები პრეზიდენტ შევარდნაძეს და სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას 1991 წელს, რომში, როცა წარდგენა იყო თქვენი წიგნისა „თავისუფლება მომავლისათვის“. ვიხსენებ თქვენს საოცარ სწორ მსჯელობას რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე, გორბაჩოვის საქმიანობის მომავლის შესახებ და იმ აზრს, რომ ამ ტრანსფორმაციას შეიძლება არ მოეტანა მოსალოდნელი შედეგები. იმ ფურცლებზე დაწერილი თავისუფლება, ამჟამად უფრო აქტუალურია, ვიდრე არასდროს, ისევე როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა...
შევარდნაძე: - მადლობელი ვარ. გიპასუხებთ. ისეთი პიროვნებები, როგორიც არიან: გამსახურდია, ჟირინოვსკი, არძინბა - აფხაზეთში და ზოგიერთი რუსეთში, საშიში მოვლენაა და ვფიქრობ, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიომ მოადუნა ყურადღება ფაშიზმისა და ანალოგიური მოძრაობების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამ ყურადღების მოდუნება ძალიან ძვირად დაუჯდება მსოფლიოს, ამიტომ ჩვენ სიფხიზლე გვმართებს, კიდევ უფრო მეტიც, აგრესიული სეპარატიზმი უნდა გავაანალიზოთ და არ დავუშვათ ის, რაც მოხდა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება ჟირინოვსკის მომხრეებს, გამსახურდიას და სხვებს, თვითონ ვიცი, 2 წლის განმავლობაში მქონდა მათთან უშუალო კონტაქტები, მინახავს, ბევრი გამოუცდელი ადამიანი ახლავს მათ, ჩვენი ხალხი, მაგალითად, ძალიან სწრაფად გაერკვა, თუ რას წარმოადგენს გამსახურდია. ამიტომაც დამარცხდა იგი. მისი მომხრეების დიდი უმრავლესობა დღეს ჩვენთან თანამშრომლობს. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველასთან ვითანამშრომლებთ, რადგან იდეები, რომლებსაც გამსახურდია ქადაგებდა, ეს იყო ეროვნული განსაკუთრებულობის, სხვა ერებთან შეურიგებლობის, რელიგიათა შეურიგებლობის იდეები და მათ არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ადამიანებმა ეს გაიგეს და ჩვენ ახლა მათთან ვითანამშრომლებთ. ჟირინოვსკის ბევრი მომხრე სხვა გზას აირჩევს. მხოლოდ ამისთვის საჭიროა დემოკრატების გაერთიანება, მაშინ ჟირინოვსკი საშიში აღარ იქნება.
კასიერი: - თქვენ, როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასაკვირველია, იცით საბჭოთა კავშირის ყველა საიდუმლო. როცა ჟირინოვსკი იმუქრება ე.წ. „საბოლოო სამხედრო იარაღით“, რას გულისხმობს, თქვენი აზრით, გაანადგუროს მომავალში მათი საბოლოო მტერი თუ უფრო აქცენტია გაკეთებული უხერხულ მეზობლებზე? რას უმიზნებს, თქვენი აზრით, თუ საერთოდ არაფერს გულისხმობს?
შევარდნაძე: - ჩემი აზრით, რასაც ჟირინოვსკი ამბობს, ეს რუსეთის გარკვეული წრეების ნოსტალგიაა. რა თქმა უნდა, ამის საფუძველი რუსეთის შოვინისტური იდეოლოგიაა. ის უნდა განვიხილოთ, როგორც შოვინისტური მოძრაობა, ფაშიზმის სახესხვაობა. შოვინისტური მსოფლმხედველობა და იმპერიალისტური ნოსტალგია. ეს ამ მოძრაობის ორი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ამის გადასალახავად აუცილებელია რუსეთში ყველა დემოკრატის გაერთიანება.
კორ. - პრეზიდენტი სპადოლინი კვლავ ხაზზეა?
სპადოლინი: - დიახ.
კორ: - შეგიძლიათ კიდევ ერთი კითხვის დასმა.
სპადოლინი: - ჩემთვის გასაგებია, რომ დსთ-სთვის ევროპის მოდელი უფრო მისაღებია, ვიდრე ამერიკისა. კმაყოფილი ვარ თქვენი მოსაზრებით, რომ ელცინი შეძლებს შეაკავოს ეს ფაშისტურ-შოვინისტური ტალღა, რომელიც ეხლა რუსეთშია. მაგრამ ბატონი შევარდნაძე საქმის კურსშია, რომ ამჟამად ევროგაერთიანება დიდი საფრთხის წინაშეა? ძალზე მომძლავრდა სეპარატისტული, გამთიშველი მოძრაობები ევროგაერთიანების ზოგიერთ ქვეყანაში, თქვენი აზრით, იგივე საშიშროება ხომ არ ელის დსთ-საც? ერთი სიტყვით, მეორე იუგოსლავიის რისკია რუსეთში.
შევარდნაძე: - როცა ევროგაერთიანება და თანამეგობრობის ქვეყნების განვითარების პერსპექტივას ვადარებთ, მხედველობაში მაქვს, რომ თანამეგობრობაში ქვეყნების გაერთიანების პრინციპი უნდა იყოს ისეთი, როგორც ევროგაერთიანებისა. თუ ასე მოხდება, თანამეგობრობა სიცოცხლისუნარიანი იქნება. ეს ერთი. მეორე მოთხოვნაა: თანამეგობრობა იცოცხლებს, თუ რუსეთი წავა დემოკრატიული განვითარების გზით. ეს აუცილებელი პირობაა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ რუსეთში დიქტატურა დამყარდა და რუსეთის რეაქციული ძალები გაიმარჯვებენ, რაღა თქმა უნდა, თანამეგობრობა დაიღუპება ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, აღარ იარსებებს რუსეთი. ამიტომ, თანამეგობრობისა და რუსეთის მომავალი მხოლოდ დემოკრატიული განვითარების გზაა. ვფიქრობ, რომ ბატონ ელცინს ეს კარგად ესმის, მე მის ერთ ნაბიჯს შეგახსენებთ: რუსეთის ტელევიზიის მესვეურობა ჩააბარა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ალექსანდრე იაკოვლევს, ცნობილ რუს დემოკრატს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასეთი აქცია, მიმაჩნია, ხშირი იქნება.
სილვესტრი: - არ მინდა ვისაუბრო ე. წ. „საბოლოო საომარ იარაღზე“. ვფიქრობ, ბატონმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ სწორედ ბრძანა, რომ საბოლოო საომარი იარაღი პოლიტიკური ძალაა. თანაც, რუსეთს საბოლოო იარაღი ხომ აქვს, - ატომი, - საკმარისია. უფრო ძნელია ამ რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევა. აქედან გამომდინარე, მინდოდა პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მეკითხა, შესაძლებელია საქართველოში, შავი ზღვის რეგიონში სტაბილიზაციის ელემენტების შექმნა, თუ ისევ დაიწყება გაუთავებელი ეროვნული კონფლიქტები, კონფლიქტები მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის, ძირითადად კავკასიის რეგიონში?
შევარდნაძე: - გმადლობთ. მე ასეთი აზრისა ვარ: ისეთი გრანდიოზული და უძლიერესი იმპერიის, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის დაშლის შემდეგ ძალზე ცოტა დრო გავიდა, ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს, თუ დროის ისეთი მცირე მონაკვეთი უაღრესად დრამატულია. ვფიქრობ, რომ მსოფლიო კიდევ უფრო უნდა ჩაუკვირდეს ამ პროცესებს. რა ცვლილება მოხდა ჩვენს პლანეტაზე, საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით, ეს ცალკე საკითხია, რაზედაც სპეციალური მსჯელობა შეიძლება და რაც ჩვენს რეგიონში ხდება, ეს სწორედ ამ პროცესის ფონზე ხდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ხალხი არ იყო მზად სრული დამოუკიდებლობისათვის. ეხლა გავდივართ ამ მძიმე სკოლას. ღრმად მჯერა, რომ სტაბილიზაციას მიაღწევთ და მათ შორის კავკასიაც სტაბილური რეგიონი გახდება. აქ მე ორ მომენტს გამოვყოფ: 1. თანამეგობრობის მნიშვნელობა, თუნდაც იმიტომ, რომ საჭიროა ეკონომიკა გამოცოცხლდეს და შეუძლებელია ამ რეგიონში ეკონომიკის გამოცოცხლება, თუ არ აღდგება კავშირები ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის; 2. მეზობელი ქვეყნების დიდი გაერთიანება. ასეთ ალიანს უკვე ჩაეყარა საფუძველი, თანამეგობრობისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალიანსში. კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები თანდათან ემთხვევა ერთმანეთს და 3. მიმაჩნია, რომ ევროპამ და ნატომ ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ რეგიონებს, როგორიც კავკასიაა. კავკასია არანაკლებ ფეთქებადი რეგიონია, ვიდრე ბალკანეთი, ამიტომ ვფიქრობ, მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა კოლექტიური ღონისძიებების განხორციელება. აფეთქებამ კავკასიაში შეიძლება უმძიმესი გლობალური შედეგები გამოიღოს, თუ გავითვალისწინებთ, რომელი სახელმწიფოები შეიძლება აღმოჩნდნენ ჩათრეული ამ კონფლიქტში. მინდა ვიფიქრო, უკეთესზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე.
კორ: - ჩვენთან სტუდიაში არიან კოლეგები რადიოს მეორე არხის უცხოეთის განყოფილებიდან - ბატონები კიზარი და ნაპოლი.
კიზარი: - გადაცემის დამთავრებამ გვინდა ერთგვარი დასკვნები დამოვიტანოთ: თქვენ სწორედ აღნიშნეთ, - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მშვიდობას დიდ საფრთხეს უქმნის, აგრესიული სეპარატიზმია. ხომ არ მიგაჩნია, რომ მსოფლიოში არსებობს ასეთი საშიშროების ბევრი მიზეზი, მაგალითად, ისლამური ინტეგრალიზმი, რამაც თქვენს რეგიონშიც წამოყო თავი?
შევარდნაძე: - არ მიმაჩნია, რომ ეს უმთავრესი იყოს. ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რელიგიური თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება აქვს. ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 5 მილიონს შეადგენს, საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი, მუსლიმანები, გრიგორიანელები, კათოლიკეები; 26 საუკუნეა ქართველები და ებრაელები ერთად ცხოვრობენ და არასდროს ყოფილა მათ შორის კონფლიქტი რელიგიურ ან სხვა ნიადაგზე, ზუსტად იმან, რომ ჩვენ ისლამისა და ქრისტიანობის გასაყარზე ვართ, ისტორიამ დაგვიგროვა გამოცდილება, რის საფუძველზეც შემიძლია ვთქვა, ქართველი ყველა რელიგიის ხალხთან მშვიდობიანად იცხოვრებს. მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი, სტაბილური მდგომარეობის მიღწევა შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური კრიზისიც. მწამს, როგორც კი გადავლახავთ ეკონომიკურ სიძნელეებს, სტაბილურობაც უფრო გაგვიადვილდება.
ნაპოლი: - ჩვენ ვისაუბრეთ ისლამზე, ჟირინოვსკის „საიდუმლო საომარ იარაღზე“, მაგრამ ევროპისთვის ყველაზე უფრო შიშისმომგვრელია ის ოთხი რესპუბლიკა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ატომური იარაღი დარჩა. განსაკუთრებით, ეს უკრაინას ეხება.
შევარდნაძე: - მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს უკრაინის პოლიტიკურ ძალებთან კარგად ვიცი, მათი განწყობა. ვფიქრობ, უკრაინის მიერ ატომური იარაღის არსებობის ზედმეტი დრამატიზება ხდება. თავიდანვე სწორი კურსი არ იყო აღებული, იმთავითვე უნდა გველაპარაკა უკრაინაზე, როგორც ატომური იარაღით აღჭურვილ ქვეყანაზე. დროზე არ იყო ყველა ნიუანსი გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ უკრაინა ისეთ პოზიციას დაიკავებს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას შეჰფერის. არა მგონია, რაიმე საფრთხე არსებობდეს უკრაინიდან. მე გამოვრიცხავ ამ საშიშროებას.
კორ: - ისეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც ნებისმიერ იტალიელს შიძლება დაებადოს. თქვენ გორბაჩოვის დიდი მეგობარი იყავით, სამი წლის წინათ, პოლიტიკურ სცენაზე ერთმანეთს დიდი ხმაურით დაშორდით, პიროვნული ურთიერთობები თუ შეინარჩუნეთ, გორბაჩოვი ხომ არ ვარაუდობს, პოლიტიკაში დაბრუნებას?
შევარდნაძე: - რაც შეეხება გორბაჩოვთან პირად ურთიერთობას, შესანიშნავია. მე დიდ პატივს ვცემ ამ პიროვნებას და მიმაჩნია, რომ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, არ მიმაჩნია, რომ ჩემს დიდ მეგობარს დიდი პოლიტიკური მომავალი აქვს. თუმცა, პოლიტიკა სავსეა პარადოქსებით - არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ საზოგადოების კანონზომიერების მიხედვით ვიმსჯელებთ, უნდა დავასკვნათ, მან თავისი ისტორიული მისია უკვე შეასრულა და მეორე მისიის განხორციელების საშუალება შეიძლება არც მიეცეს.
კორ: - თქვენ პარადოქსებზე ისაუბრეთ, ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა: თქვენ გორბაჩოვთან ერთად ხორცი შეასხით იდეას, ბოლო მოღებოდა მსოფლიოს ორი სისტემის დაპირისპირებას - „ცივ ომს“, როგორ მოხდა, რომ თქვენ ნამდვილ ცხელ ომს დაუბრუნდით და უპირატესობა ბრძოლას მიანიჭეთ?
შევარდნაძე: - თუ დიდი გულგრილი დამოკიდებულება იქნება ყველაფრისადმი, რაც მაგალითად, კავკასიაში ხდება, მხედველობაში მაქვს სოციალური, ეკონომიკური კრიზისები, შეიარაღებული კონფლიქტი, მაშინ ადგილი რჩება ცხელი ომისათვის. ამ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მოვლენები ძალიანაც უცნაურად განვითარდეს. მე მიმაჩნია, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების დაძლევა უაღრესად დიდი მოვლენაა. რაც მას შედეგად მოჰყვა, ეს დიდი შესწავლის საგანი უნდა გახდეს. როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ამას მოჰყვა გაეროს ჩამოყალიბება, დღეს უფრო დიდი მოვლენების მოწმეები ვართ: საბჭოთა კავშირის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება, გერმანიის გაერთიანება - ამ მოვლენებს, ყველაფერს დიდი ანალიზი, დიალოგი სჭირდება. თუ ეს არ გაკეთდება, კაცობრიობას კვლავაც ახალი კრიზისი მოიცავს.
კორ: - პრეზიდენტმა შევარდნაძემ ძალიან კონკრეტულად გასცა პასუხი კითხვებს და საკუთარი კონცეფციები ჩამოაყალიბა. დააყენა მთავარი პრობლემა, - იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, ახალი შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად საჭიროა გასაღების მოძებნა. ეს პოლიტიკური სტაბილურობა დამოკიდებულია ეკონომიკურ პროცესებზე. ახალი შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად უნდა გაერთიანდნენ დემოკრატები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ პროცესების უკან შემობრუნებას და ხელს შეუწყობენ ეკონომიკის განვითარებას, თავისუფალი აზრის ჩამოყალიბებას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ძალზე საინტერესო იყო, აგრეთვე, საქართველოს მონაწილეობის ფაქტი შავი ზღვის ქვეყნების ალიანსში, ე.ი. საქართველოს აქვს ორმაგი რესტაბილიზაცია: ერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის მხრიდან და მეორე, შავი ზღვის ქვეყნების ალიანსიდან. აქ, პრინციპში, გაერთიანებულია ისეთი ქვეყნები, რომლებიც სსრ კავშირის შემადგენლობაში არ შედიოდნენ. თურქეთი, სულაც, ნატოს წევრია. სამწუხაროდ, ეს თემა ვერ გავაფართოვეთ. ამ რეგიონში სრული სტაბილიზაციის მისაღწევად ნატოს დადებითი როლის შესრულება შეუძლია. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა დიპლომატიას წარმოაჩენდით მთელს მსოფლიოში. ბევრ ქვეყანაში ბრძანდებოდით და ამერიკის ბევრი პრეზიდენტიც გაიცანით. როგორია თქვენი პირადი შეხედულება ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტ კლინტონზე?
შევარდნაძე: - ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ღირსეული პრეზიდენტი აირჩია.
კასიერი: - გორბაჩოვმა, პოლიტიკური სცენიდან წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე, თვითკრიტიკის თვალსაზრისით, აღნიშნა, რომ ორი გერმანიის გაერთიანება ნაადრევი ნაბიჯი, ეს პოლიტიკური დეფექტი იყოო, იგივე აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კრისტოფერმაც. თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თვითკრიტიკით რომ გამოსულიყავით, რას იტყოდით?
შევარდნაძე: - რაც შეეხება გერმანიის გაერთიანებას, რომელიც ჩემი აზრით, დავაგვიანეთ კიდეც. ეს გაერთიანება ადრე რომ მომხდარიყო, ვთქვათ, 1986 წელს, უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება თვითკრიტიკას, მეც და გორბაჩოვმაც ვერ მოვახერხეთ იმპერიის დაშლა მართვადი ყოფილიყო, რაც თავისთავად ბევრ სირთულეებს აგვაშორებდა.
კორ: - ჩვენი დრო ამოიწურა, უღრმესი მადლობა მონაწილეებს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.
ე. შევარდნაძე: - გმადლობთ.
ტექსტი თარგმნა
ბეგი თავართქილაძემ.
„ევროპა და მთელი მსოფლიო შევარდნაძესთან ვალშია“ : ახალწლის წინა დღეებში იტალიის რადიოს მეორე არხის სპეციალურმა საინფორმაციო გამოშვებამ „ადამიანები და ფაქტები - უფრო მეტი რომ ვიცოდეთ“ მოაწყო პირდაპირი რადიოგადაცემა საქართველოდან, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ლივონი ლუკა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 იანვარი. - N4(807). - 1,2 გვ.
![]() |
3 მელიტონ ქანთარიას ჭირისუფალთ |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმრის დეპეშა
ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა.
დღეს თქვენთან ერთად ბატონ მელიტონის ჭირისუფალი მთელი საქართველოა, ის მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომელთათვისაც ქართველი მებრძოლი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში კვლავ გააქტიურდა ფაშისტური აზროვნება და კაცობრიობა ახლავე უნდა შეებრძოლოს მას.
შემთხვევითი არაა, რომ სწორედ მელიტონ ქანთარიას სამშობლომ არ მოითმინა პროვინციული ფაშიზმის მოძალება და მსოფლიოს უჩვენა მაგალითი მასთან უკომპრომისო ბრძოლისა.
მელიტონ ქანთარიას თაობა, ფაშიზმის დამმარცხებელი ძველი თაობა, ნელ-ნელა სტოვებს ამ ქვეყანას. სამწუხაროდ, წლებს და ჭრილობებს თავისი მიაქვთ, მაგრამ დემოკრატიული საქართველოს მომავლის მშენებლობაში მათი წვლილი დიდი იქნება, ისევე, როგორც უდიდესი იქნება წვლილი მათი საქმის დღევანდელი გამგრძელებლისა; მათ ბრძოლასა და გამარჯვებას დავიწყება არ უწერია, ისევე, როგორც დავიწყება არ უწერია მელიტონ ქანთარიას - იმ კაცის გმირობას, რომელმაც რეიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
ედუარდ შევარდნაძე.
სამძიმრის დეპეშა : მელიტონ ქანთარიას ჭირისუფალთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 იანვარი. - N5(808). - 1 გვ.
![]() |
4 ედუარდ შევარდნაძე: ქვეყანა, რომელსაც წესრიგის დამყარება არ შეუძლია, დამოუკიდებლობის ღირსი არ არის! |
▲ზევით დაბრუნება |
10 იანვრის რადიოინტერვიუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ, კომენტატორ ნატო ონიანის თხოვნით, გუშინწინ საქართველოს ტელევიზიით რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის ვახტანგ გოგუაძის გამოსვლის კომენტარით დაიწყო.
- ვახტანგ გოგუაძის გამოსვლა სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს. წესრიგის დამყარება, თუ ამას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, არა მგონია, რომ რუსეთის ხელით იყოს საჭირო. წესრიგი ჩვენს ქვეყანაში თავად უნდა დავამყაროთ. ქვეყანა, რომელსაც წესრიგის დამყარება არ შეუძლია, დამოუკიდებლობის ღირსი არ არის და აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებაზე, სამაჩაბლოს საკითხის გადაწყვეტაზე და თუ ამ თვალსაზრისით არის ნაგულისხმევი წესრიგის დამყარება, მაშინ, ალბათ, რუსეთის მონაწილეობის გარეშე პრობლემების მოგვარება ძნელი იქნება და, პრაქტიკულად, შეუძლებელიც.
რაც შეეხება სამანეთო ზონას, ვფიქრობ, დღეს არავინ არ არის მზად იმისათვის, რომ ამ საკითხზე თავისი შეხედულება არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს, ბატონმა ვახტანგმა გამოთქვა ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომ საქართველო შევიდეს სამანეთო ზონაში, მაშინ, როცა თანამდებობის წევრი სხვა ქვეყნები პირიქით მოიქცნენ და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ სიძნელებს წააწყდნენ, ისე, როგორც საქართველო, მხოლოდ ბელარუსმა ასე თუ ისე განსაზღვრა თავისი პოზიცია სამანეთო ზონაში შესვლასთან დაკავშირებით.
დღეს ამაზე რაიმე გადამწყვეტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ეროვნული ვალუტა, ასე იოლად ვერ განაცხადებს, რომ მზადაა შევიდეს სამანეთო ან სხვა რომელიმე ზონაში. ჩემს საახალწლო ინტერვიუში ვთქვი, რომ კუპონის შემოღება შეცდომა იყო, უფრო სწორედ, ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების, ჩემი ჩათვლით, ნაადრევი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ქვეყანა, არც მაშინდელი კაბინეტი და არც მაშინდელი პარლამენტი რუსეთისაკენ შემობრუნებისთვის მზად არ იყვნენ. ჩვენ რომ მაშინ შემოვბრუნებულიყავით რუსეთისკენ, დარწმუნებული ვარ, ფულის ნიშნების კრიზისს დავძლევდით, მივიღებდით აუცილებელ რაოდენობას, და ეროვნული ვალუტის შემოღებისათვის სერიოზულად მოვემზადებოდით. მაშინ უფრო მეტი იყო სურვილი ეროვნული ვალუტა როგორც სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ატრიბუტი. სიმართლე უნდა გითხრათ, ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდა სახელმწიფოსაც და თითოეულ ოჯახსაც.
ამიტომ, პასუხისთვის დღეს მე მზად არა ვარ. დამჭირდება სერიოზული კონსულტაციები ჩემს საზღვარგარეთელ კოლეგებთან. გაიმართება ჩემი ვიზიტები თურქეთში, საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეხვედრები მსოფლიოს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, მსოფლიო ბანკთან და ზოგიერთ საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციასთან, მათ შორის გაეროს სისტემასთან და ამის შემდეგ უფრო კვალიფიციურად შევძლებ ვუპასუხო, რა არის გამოსავალი, მაგრამ, გამოსავლის ძებნა რაღაც გარეშე ძალის ერთდროული დახმარების გარეშე - იქნება ეს დიდი კრედიტი თუ სხვა ღონისძიებები - ძალიან ძნელია. ვფიქრობ, ორი-სამი თვე დასჭირდება იმას, რომ ბატონ ვახტანგის მიერ წამოყენებულ ამ სერიოზულ კითხვას გარკვეული პასუხი გაეცეს.
- საახალწლო ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ 1994 წელი ეკონომიკური აღმავლობის წელიწადი იქნება. თუ გახდება იგი პოლიტიკური აღმავლობის წელიწადი?
- როცა ვთქვი, რომ საქართველოსთვის 1994 წელი იქნება შემობრუნების დასაწყისი ეკონომიკაში, პოლიტიკაში და, ასე ვიტყოდი, საერთოდ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, რა თქმა უნდა, მხედველობაში მქონდა პოლიტიკური მოვლენები. უნდა დამთავრდეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვიღაცა გადატრიალებას ამზადებს, ვიღაცამ შეიძლება ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. ყველაფრისთვის უნდა არსებობდეს კანონიერი გზა და ყველა შემთხვევაში იარაღი უნდა გამოირიცხოს.
ამას წინათ ბატონმა თენგიზ კიტოვანმა განაცხადა; არავითარ გადატრიალებას არ ვაპირებ, გადატრიალებაზე საუბარი სჭირდება იმას, ვისაც უნდა ყურადღება სოციალური პრობლემებიდან რომელიღაც სხვა პრობლემაზე გადაიტანოს და ა.შ. ცნობილია ბატონ სიგუას არაერთგზის გამოსვლა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, ხელისუფლების მეთაურის საწინააღმდეგოდ და ა. შ. თუმცა მის გამოსვლებში, ჯერჯერობით, რაიმე გადაბრუნების და გადატრიალების მუქარა არ ისმის, არის სხვა გამოსვლებიც, მაგრამ ყოველივე ამას ძალიან დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მე მინდოდა, კერძოდ, ამ ორი პიროვნების შესახებ მეთქვა: ბატონი სიგუაც და თენგიზ კიტოვანიც ყველა შემთხვევაში დარჩებიან იმ მოვლენათა გმირებად, რითაც დაიწყო პროვინციული ფაშიზმის განდევნა საქართველოდან. ეს ისტორიული პროცესია და ისინი ამ პროცესის მონაწილენი, და არა მარტო მონაწილენი, არამედ ლიდერები იყვნენ და ასევე დარჩებიან ისტორიაში. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ცალკეულ გამონათქვამებს, გამოსვლებს, სიგუას სქემებს, რომლებსაც იგი ხშირად ხატავს და ხან პარლამენტში, ხან ტელევიზიაში წარმოადგენს, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ადამიანური სისუსტით, წყენით, გაბრაზებით, არაობიექტურობით, საქმეში ჩაუხედაობით, ზოგჯერ კი სხვა რამით უნდა ავხსნათ. ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი დეტალია, მთავარია მათი დამსახურება ამ სერიოზულ და ისტორიულ საქმეში.
მე არ ვფიქრობ, რომ 1994 წელი რაღაცა ძალიან დიდი პოლიტიკური კატაკლიზმების წელი იქნება, რომ უნდა ველოდოთ გადატრიალებებს და ა. შ. რადგანაც თავისთავად, ეს საზოგადოებას არაფერს არ მოუტანს.
- რამდენად სრულდება დღეს საქართველოში საგანგებო წესების მეორე ეტაპი და პარლამენტის მიერ მიღებული კომენდანტის საათი?
- არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მოკლე დროის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მოვლენების დამთავრების შემდეგ, კეთდება და ცოტ-ცოტა ქვეყანასაც დაეტყო. დასავლეთ საქართველოს ტრასებზე ერთგვარად აღდგენილია წესრიგი და აქ ვითარებას პოლიცია აკონტროლებს, ასევე შეიძლება ითქვას ჯვრის უღელტეხილისაკენ მიმავალ ტრასაზე და ზოგიერთ სხვა მიმართულებაზე. აღდგენილია წესრიგი ნავთობმომპოვებელ ჭაბურღილებზე და ნავთობის საცავებზე. სამწუხაროდ, აქ დაგვჭირდა შინაგანი ჯარის გამოყენება. ძირითადად, ამ ობიექტებზე ახლა წესრიგია დამყარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს ხანებში 200-300 ათასი ტონა ნავთობის მოპოვებას შევძლებთ. აღდგა წესრიგი ზესტაფონში, ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომელშიც ასეულობით ადამიანი, დიდი რაოდენობით ტექნიკა მონაწილეობდა. აღდგა წესრიგი მცხეთის რაიონში, სადაც იზოლირებული იყო საკმაოდ საშიში ჯგუფი. მართალია, თენგიზ კიტოვანმა თქვა, რომ ისინი მიწის შვილები არიან - ახლა მიწის შვილი ყველა ბანდიტსა და ქურდს, ისე, როგორც ყველა ადამიანს, შეიძლება დაარქვა, - მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ბანდიტები, ქურდები, კომბინატორები იყვნენ ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, მათ მიერ შანტაჟირებული იყო ქართლის ერთი ნაწილი, განსაკუთრებით, მცხეთის რაიონი. დაბოლოს, ორი დღის განმავლობაში, დღეს უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს ძალიან დიდი ოპერაცია ქვემო ქართლში, სადაც აუტანელი ვითარება იყო. მე დღეში რამდენიმე დეპეშას ვიღებდი, რამდენიმე დელეგაცია, ჩამოვიდა, თავადაც გახლდით იმ რაიონებში, შევხვდი ბევრ ადამიანს და უნდა ვთქვა, რომ ასეთი რამ არ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდეს. ამ ოპერაციაში 1500-მდე კაცი მონაწილეობდა, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, ეხმარებოდა მათ უშიშროების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროდანაც მონაწილეობდნენ ცალკეული ქვედანაყოფები და როგორ ვიცი, შედეგები საკმაოდ კარგი და დამაჯერებელია. ეს ღონისძიებები გრძელდება. მთავარია, რომ დასავლეთ საქართველოში ერთგვარი სტაბილურობის მიღწევის შემდეგ საშუალება მოგვეცა ხელი მოვკიდოთ წესრიგის დამყარებას ყველა რაიონში.
ვფიქრობ, დადგა დრო უფრო აქტიურად მოვკიდოთ ხელი წესრიგის დამყარებას დედაქალაქსა და რუსთავში, სადაც ძალიან ბევრი შეიარაღებული ფორმირებაა - კანონიერი და უკანონო. ახალი წლის ღამეს ყველა სახეობის იარაღიდან ატეხილ საშინელ ბათქა-ბუთქში, ვფიქრობ, მარტო უკანონო იარაღებიდან როდი ისროდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დაგვჭირდება, ალბათ, ერთი თვე დედაქალაქისა და რუსთავის მისახედად. რუსთავში არის რამდენიმე არარეგისტრირებული შეიარაღებული ფორმირება. თუ ახლა ისინი მისმენენ, მათ ვურჩევთ, ხვალვე ჩამოვიდნენ თბილისში, ან შევიდნენ სახელმწიფო სტრუქტურაში, ან განიარაღდნენ და დაიწყონ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ცუდად დამთავრდება. ეს მიიღონ როგორც ჩემგან სერიოზული გაფრთხილება. მე ვიცი, ისინი იბრძოდნენ, სადაც საჭირო იყო, მაგრამ როგორიც უნდა იყოს წარსული, არსებობს წესი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლისას წარმოთქმულმა დებულებებმა ოპტიმისტურად გაიჟღერა. ამან განაპირობა კომენტატორის შეკითხვაც:
- ხომ არ არის ოპტიმიზმის საფუძველი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაში?
- ერთ-ერთი საფუძველი, უდავოდ, რუსეთთან და საერთოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაა, რამდენადაც ჩვენი ასეთი შემობრუნება, პირველ რიგში, ნიშნავს ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებას, ეკონომიკური კავშირების აღდგენას. ეს პროცესი უკვე დაიწყო და იგი ძალიან იმედისმომცემია. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევარი იქნება სხვადასხვა გაერთიანებებთან, უწყებებთან, სხვადასხვა რესპუბლიკებთან, ოლქებთან, შესაბამის ადმინისტრაციებთან ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების პერიოდი. ხოლო წლის მეორე ნახევარი, ვფიქრობ, იქნება სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში, ახალი ეტაპი იმ მხრივ, რომ ხალხი მუშაობას დაიწყებს უფრო ინტენსიურად და დიდი მასშტაბით. ვიმედოვნებ, რომ უცხოურ ფირმებს, რომლებიც ჩამოდიან ნავთობსაძიებო სამუშაოებზე, გარკვეული იმედები აქვთ და იქნებ ღმერთმა ინებოს და, საქართველოში ცოტა მეტი რაოდენობით ნავთობიც მოვიპოვოთ. არის სხვა რესურსებიც, კერძოდ, ჩვენი ნახშირი და ენერგიაშემცველების ზოგიერთი სხვა წყარო, იმისთვის, რომ მომავალი წლის ზამთრის სეზონს უფრო მომზადებულად შევხვდეთ. ზამთრის სეზონი არ უნდა ნიშნავდეს ეკონომიკის გაყინვას, ერთ წერტილზე ეკონომიკის გაჩერებას. ასე რომ, ვიმეორებ, თავისთავად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება თანამეგობრობაში შესვლა ნიშნავს, პირველ რიგში, ეკონომიკის გამოცოცხლებას და ვფიქრობ, რომ, თუ ეკონომიკა ახლებურად და ეფექტიანად ამუშავდება, ხალხი უკეთესად იცხოვრებს.
აფხაზეთში რომ უნდა დავბრუნდეთ, ეს სადავო არ არის. როგორი გზით მოხდება - ეს სხვა საკითხია. ჟენევაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. არის გარკვეული იმედები, რომ შედეგიანი შეხვედრა იქნება, შედეგიანიც რომ არ იყოს სულ ერთია, დაბრუნება მაინც გარდაუვალია. აფხაზეთში ჩვენი დაბრუნებაც, გარკვეული აზრით, რუსეთის უფრო პროგრესულ და სამართლიან პოზიციასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მიმართ, კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი თანამგრძნობი ორგანიზაციების, კომიტეტების შექმნა, უფრო მეტი დახმარება, ინვესტიციები სახალხო მეურნეობაში, ჰუმანური დახმარება - ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა. და, რაც მთავარია, წესრიგი. თუ იქნება წესრიგი - იქნება ინვესტიციები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან კაპიტალის მოდინება და მაშინ ქვეყანას ეშველება. აი, ეს მქონდა მხედველობაში, როცა ვამბობდი, რომ 1994 წელი შემობრუნების დასაწყისი უნდა იყოს-მეთქი.
გასულ კვირას გავრცელებული ცნობის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- ყოველი ადამიანის გარდაცვალება ჩემში სერიოზულ სინანულს იწვევს. მით უმეტეს, რომ ექსპრეზიდენტი დღევანდელ საქართველოში რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენდა იმ მოვლენების შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოში მოხდა. მისი იდეოლოგია, მისი მსოფლმხედველება და მისი მომხრეებიც ყოველმხრივ, ყველა თვალსაზრისით დამარცხდნენ ყველა მოქმედი კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც, ასე თუ ისე, დაკავშირებული იყვნენ პროვინციულ ფაშიზმთან, არა მგონია, რომ ჩვენ გვქონდეს თვითდამშვიდების უფლება. გამსახურდია, რა თქმა უნდა, მარტო არ იყო. იგი ყველაზე გამოკვეთილი, წინა პოზოციებზე მდგარი პოლიტიკური მოღვაწე იყო, მაგრამ მას ჰყავდა მხარდამჭერები არა მარტო მაშინ, როდესაც, როგორც ახლა ვამბობთ, ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოიცვა მთელი საქართველო, არამედ მას შემდეგაც. მაშინაც კი, როდესაც გამსახურდია დაიძრა ქუთაისზე, თბილისზე, საკმაოდ ბევრნი, პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი, მზად იყვნენ იმისთვის, რომ სათანადო ალიანსში შესულიყვნენ მასთან. თუ რაიმე პროგნოზზე შეიძლება საუბრი, უნდა ითქვას, რომ ეს ძალები შეეცდებიან შექმნან ახალი, არა იმდენად რადიკალური, მაგრამ მაინც მოფაშისტო, ან პროფაშისტური მიმართულების ორგანიზაცია და თუ მოახერხეს იმავე პოლიტიკას, რასაც ატარებდა გამსახურდია. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
მე არ ვიცი, არავის უნახავს დასაფლავებული გამსახურდია, არც ის ვიცით, მისი საფლავი სად არის. ის ზონა, სადაც უნდა იყოს, რომელზეც გვეუბნებიან, ჯერჯერობით კონტროლდება მისი მომხრეებისაგან შემდგარი პატარა ჯგუფის მიერ, რომელიც საკმაოდ კარგად არის შეიარაღებული. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე სისხლისღვრა მოხდეს, ამიტომ, იქ ჩვენ არ შევდივართ. გროზნოში ადასტურებენ, რომ მან მართლაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ჩვენი დელეგაციის მიერ ჩამოტანილი ცნობით, მისი მეუღლეც ამავეს ამბობს. ახლა ძალიან დიდი კამათია, სად უნდა მოხდეს მისი დასაფლავება თუ გადასვენება. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს მისმა ოჯახმა. თუ ოჯახი, როგორც მეუბნებიან, ისურვებს, რომ ის აუცილებლად გროზნოში დაასაფლაონ - მან იქ ჰპოვა თავშესაფარი და ამაში დიდი უბედურება არაფერი იქნება - ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ, თუ ოჯახი მოისურვებს, რომ საქართველოში იყოს მისი საფლავი, ესეც მათი ნებაა. ერთი რამ კი აუცილებელია, რომ უნდა ჩატარდეს სერიოზული ექსპერტიზა საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით, რათა ყველა სხვა ვერსია ან გამოირიცხოს, ან დადასტურდეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ არავითარი თვითმკვლელობა არ ყოფილა, გარკვეულმა, მისმა ახლობელმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ის აღარავის აღარ სჭირდებოდა, და, როგორც ამბობენ, მას ანგარიში გაუსწორეს. შეიძლება ეს ჭორია, შეიძლება - მართალი. ამიტომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, ასეთია ჩემი აზრი.
- დღეს რუსეთში ფაშიზმი სერიოზული ძალა გახდა. ამ დროს პარადოქსულადაც კი ჩანს, რომ საქართველო სწორედ დღეს დგამს სერიოზულ ნაბიჯს რუსეთისაკენ...
- აშგაბადის შეხვედრაზე განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატულება იგრძნობოდა პრეზიდენტ ელცინის მიმართ. ვფიქრობ, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთში ასე რეალურად დადგა ფაშიზმის დიდ პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის საფრთხე და არა მარტო საქართველოს, თანამეგობრობაშიც შემავალ ყველა ქვეყანას გარკვეული სურვილი აქვს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაეხმაროს რუსეთის დემოკრატიულ ძალებს ამ საშინელი სენის დაძლევისათვის ბრძოლაში. ვფიქრობ, რომ ასევე არიან განწყობილი დასავლეთში. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ევროპის ძირითადი წამყვანი და არაწამყვანი ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთის დემოკრატიას სჭირდება დახმარება. თუ გადარჩება რუსეთის დემოკრატია, და, მგონია, საკითხი სწორედ ასე უნდა დადგეს - გადარჩება თუ ვერა - მაშინ ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე იქნება სტაბილური და ნორმალურ ხასიათს მიიღებს. ასე რომ, რუსეთის შინაური პრობლემები ახლა მარტო მისი პრობლემები აღარ არის. ეს მთელი მსოფლიოს საზრუნავია. საქართველოს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლის შესრულება არ შეუძლია, მაგრამ საქართველოს შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში იმით, რომ თავისი სოლიდარობა გამოხატოს რუსეთის დემოკრატიული ძალებისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ, კერძოდ, პრეზიდენტ ელცინის მიმართ. ამას ჩვენ დიდი ხანია ვაკეთებდით და ვრჩებით ამ პოზიციაზე.
- ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის როლის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურმა კერძოდ, აღნიშნა:
- მე ახლაც ვადასტურებ იმას, რაც ვთქვი საახალწლო ინტერვიუში. 1994 წელი იქნება შემობრუნების დასაწყისი, პირველ რიგში, ეკონომიკაში, არმიის მშენებლობაში. ჩვენ შევქმნით კარგად ორგანიზებულ ქართულ ჯარს. ჩვენ ამას ან გავაკეთებთ, ან ჩვენი ქვეყანა განწირულია ქაოსისათვის.
როცა შემობრუნებაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს შემობრუნება მეცნიერებისაკენ, ვფიქრობ რომ 1993 წელი აღარ განმეორდება და გვექნება საშუალება უფრო მეტად მივხედოთ ჩვენს მეცნიერებას, კულტურას. თავის დროზე მე ვთქვი, რომ ქართველი ხალხი იხსნის კულტურას და მეცნიერებას, მეცნიერება და კულტურა გადაარჩენს საქართველოს. და ეს დიდი შემობრუნება მიმდინარე წლის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება უნდა გახდეს. აქ ლაპარაკი არ არის რაღაც მილიარდის დაბანდებაზე. ჩვენ, ჯერჯერობით, ეს არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინვესტორი მოვიზიდოთ იმისათვის, რომ მივხედოთ თანამედროვე ცივილიზაციის უნიკალურ ფენომენს - ჩვენს კულტურას, მსოფლიო სტანდარტების დონეზე მდგარ ჩვენს მეცნიერებას. ჩვენი კულტურისა და მეცნიერების სწორედ ეს დონე, სიმაღლე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზოგიერთი რამ საკუთარი ძალებით გადავწყვიტოთ, ზოგი კი - პარტნიორების დახმარებით. ასე რომ, მე ამ საკითხშიც გარკვეული ოპტიმიზმი მაქვს და არცთუ უსაფუძვლოდ.
- ზეგ თქვენ თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრებით. რა პოლიტიკურ შედეგებს უნდა ელოდეს საქართველო ვიზიტისგან?
- თურქეთში ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. არა ერთხელ მითქვამს, რომ იგი ჩვენი დიდი მეზობელია და დიდ მეზობელთან უნდა გვქონდეს ჭეშმარიტად მეგობრული დამოკიდებულება, როგორც ბატონმა დემირელმა თქვა თბილისში, ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა. ჩვენ ამისათვის ყველა პირობა გაგვაჩნია. თურქეთი გვეხმარება კრიზისული დღეების დაძლევაში. კრედიტები გამოგვიყო, მოგვცა უფლება, რომ ამ კრედიტებით მის ბაზარზე ხორბალი შევისყიდოთ, თუმცა თვითონ არ ჰყოფნის ხორბალი და ბევრი სხვა რამ. თუ ვილაპარაკებთ პერსპექტივების თვალსაზრისით, აქ მართლაც განუსაზღვრელი პერსპექტივებია თურქეთთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებისა.
მე მხედველობაში მექნება, რომ აფხაზეთთან, კავკასიასთან და არა მარტო მასთან, დაკავშირებული იქნება ჩვენი აქტიური დიალოგის საგანი. ამას გარდა თურქეთი ერთ-ერთი ის დიდი ძალაა, რომელიც ნატოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საუბარი ნატოს დღევანდელ მდგომარეობაზე, ნატოს მომავალზეც, იმაზეც, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში ურთიერთობა ნატოსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს, ნატოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ჩრდილოეთ ატლანტიკის პაქტი, ჩემი აზრით, იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო ფართო თვალსაზრისით ვილაპარაკოთ ამ ურთიერთობაზე, ბუნებრივია, მე მივიღებ, ინფორმაციას ბატონ დემირელისაგან, რომელიც დაესწრება ბრიუსელში უმაღლეს დონეზე გამართულ დიდ შეკრებას. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, ჩვენ საქმე გვექნება სრულიად ახალ მოვლენასთან თუ ვილაპარაკებთ დასავლეთ ევროპაზე, და ევროპაზე საერთოდ, დასავლეთ ევროპის ამ ალიანსის ურთიერთობაზე აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან.
მე მგონი, ახლა ზედმეტად უფრთხიან რომელიმე ქვეყნის შესვლას ნატოს შემადგენლობაში, თითქოს ეს ცუდი, საშიში მოვლენაა და ვიღაცას გააღიზიანებს. ვფიქრობ, ნატოს ახალი როლი გამოიხატება არა იმაში, რომ ახალი დაპირისპირებისაკენ წაიყვანოს საქმე, არამედ იგი უნდა გახდეს ბაზა, საბაზრო წარმონაქმნი, ორგანიზაცია უსაფრთხოების ახალი სივრცის დასამკვიდრებლად, არა ახალი სამხედრო-სტრატეგიული სივრცის თვალსაზრისით, როგორც ადრე ამბობდნენ, არამედ ლაპარაკი უნდა იყოს უსაფრთხოების ახალ სივრცეზე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, შეხვედრა, რომელიც ახლა წარიმართება ბრიუსელში, ერთ-ერთი საეტაპო მოვლენა უნდა გახდეს როგორც ევროპის, ისე აზიის ცხოვრებაშიც.
ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი ჩვენი მსჯელობის საგანი იქნება.
ამასთან, მაინტერესებს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი: ფორმირდება შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური ალიანსი. მე დავაყენე საკითხი იმის შესახებ, რომ ამ ალიანსმა შეიძინოს გარკვეული პოლიტიკური ასპექტები. ამავე დროს საქართველო და ამიერკავკასიის ქვეყნები თანამეგობრობის წევრები გავხდით და თან ამ ალიანსშიც შევდივართ. ვფიქრობ, ბატონ დემირელთან, ქალბატონ პრემიერ-მინისტრთან, სხვებთან საუბრებში ერთ-ერთი საინტერესო თემა უნდა იყოს ის, თუ როგორი ურთიერთობა ექნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლებმაც შეიძლება, გარკვეული აზრით, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინოს. ესეც ერთ-ერთი პერსპექტიული, საჭირო და აუცილებელი საკითხია, რის შესახებაც ჩვენ ვიმსჯელებთ.
ასე რომ, ამ ვიზიტისგან ბევრს ველოდები. ამის შემდეგ შედგება ვიზიტი საფრანგეთში, შემდეგ, ალბათ, ისრაელში, შემდეგ - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ყველა ამ ვიზიტისაგან გარკვეულ შედეგებს მოველი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ.
ედუარდ შევარდნაძე: ქვეყანა, რომელსაც წესრიგის დამყარება არ შეუძლია, დამოუკიდებლობის ღირსი არ არის! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 იანვარი. - N6(809). - 1 გვ.
![]() |
5 ბაგრატის ტაძრისა და მისი კომპლექსის აღორძინების ფონდის დამაარსებლებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში დღეს ყველამ იცის, რას წარმოადგენს ჩვენი ისტორიისა და ეროვნული ცნობიერებისათვის ბაგრატ მეფე და ბაგრატის ტაძარი.
ეს მხოლოდ ისტორია არ არის, არამედ ჩვენი სამომავლო გზის მუდმივი ორიენტირებიც, სიმბოლოები ეროვნული მთლიანობისა და სულიერი განწმენდისა.
ამიტომ ფონდი, რომელსაც ახლა ვაფუძნებთ - „ბაგრატის ტაძრისა და მისი კომპლექსის აღორძინების ფონდი“, ჩვენი ერთობლივი შეწევნით სწორედ ამ დიდ საქმეს, როგორც ქვეყნის, ისე ყოველი ჩვენგანის ამაღლებასა და გაძლიერებას უნდა მოემსახუროს.
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენი წინაპრების სახელმწიფოებრივი და პიროვნული მაგალითების გათავისება და მათ საქმეებთან თანაზიარობა.
ესაა წარსული, რომელიც მომავლისკენ გვიხმობს, ზნემაღალი და ძლიერი საქართველოსკენ, საქართველოსკენ რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი შთამომავლობისთვის.
სხვა გზა ხსნისა ჩვენ არა გვაქვს.
ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე - საქართველოსთვის და ყოველი ჩვენგანისთვის.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.
ბაგრატის ტაძრისა და მისი კომპლექსის აღორძინების ფონდის დამაარსებლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 იანვარი. - N10(813). - 1 გვ.
![]() |
6 „საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მართლაც ახალი ფურცელი გადაიშალა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ოფიციალურ სადილზე, რომელიც ანკარაში მის პატივსაცემად გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
თქვენი სიტყვები, როგორც ყოველთვის, გულითადი, შთამბეჭდავი და ბრძნულია და, როგორც ყოველთვის, ღრმა გამოძახილს პოულობს ჩვენს გულში. მით უმეტეს ახლა, როცა ასე გვჭირდება თანაგრძნობა.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენი სიტყვებისა და საქმიანობისთვის, რომლებიც ნათელი მომავლის იმედს უღვივებს ჩვენს ხალხს. ისევ და ისევ ვრწმუნდები, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მართლაც ახალი ფურცელი გადაიშალა და მასში პირველი სიტყვები თქვენ გეკუთვნით: „თქვენი სამშობლო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა“.
ანკარაში ჩვენი ვიზიტი დიდი ქემალ ათათურქის საფლავთან გვირგვინის მიტანის საზეიმო ცერემონიით დაიწყო. პატივი მივაგეთ რა მის სახელს, ხსოვნასა და საქმეებს, არ შეგვეძლო არ გაგვეხსენებინა მის მიერ ოციანი წლების დასაწყისში გამოთქმული ერთი მოსაზრება: „თურქეთს სჭირდება ძლიერი მეზობელი აღმოსავლეთში და ასეთ მეზობლად შეიძლება საქართველო იქცეს“. ვფიქრობ, ათათურქის ეს გამონათქვამი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. ამასთან, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა მეზობელი ქვეყნებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საქართველო იყოს ძლიერი, აყვავებული ქვეყანა, რომელსაც საკვანძო გეოპოლიტიკური მდგომარეობა უჭირავს კავკასიასა და მთელი შავი ზღვის რეგიონში.
ისტორიულად ჩვენი რეგიონი ყოველთვის წარმოადგენდა მასზე კონტროლისთვის წარმოებული გააფთრებული ბრძოლების ასპარეზს.
საუკუნეების მანძილზე აქ ბატონობდა პრინციპი, რომელიც ერთ-ერთი ისტორიული გმირის სიტყვებით გამოიხატა: „სუსტი ხალხის მფარველობა უფრო ადვილია, ვიდრე ძლიერისა“. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს დღეს ძალის ფაქტორს დაკარგული ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა, ამდენად თანამედროვე ისტორიულ პირობებში სავსებით შესაძლებელია, და ეს ბუნებრივიც არის, დაისვას საკითხი არა დაპირისპირების, არამედ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად ძალთა გაერთიანების შესახებ.
აქ არსებული ვითარება თითქოსდა საფუძველს არ გვაძლევს ასეთი ოპტიმისტური განწობისთვის. სამწუხაროდ, გამართლდა სტამბოლში 1992 წლის 25 ივნისს ჩვენს მიერ გამოთქმული პროგნოზი: შავი ზღვის აუზი და კავკასიის რეგიონი გაზრდილი დაძაბულობის ზონად იქცა, აქ გაჩაღებულმა კონფლიქტებმა კიდევ მეტი სიმწვავე შეიძინა, აშკარა გახდა მათი ინტერნაციონალიზაციის სახიფათო ტენდენცია.
შეგვიძლია კი ჩვენ ასეთ პირობებში ვილაპარაკოთ ძალთა გაერთიანების აუცილებლობაზე?
არათუ შეგვიძლია, არამედ მოვალენიც ვართ. და აქ კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია რეგიონის ქვეყნების ურთიერთქმედების უკვე არსებულ მექანიზმებს. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მათი ურთიერთქმედება და კოოპერაცია. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ალიანსის დამფუძნებელი ექვსი სახელმწიფო იმავდროულად დამოკიდებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებიც არიან, რაც სასურველ პირობებს ქმნის ამ ორი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მე ვიტყოდი, თანამეგობრობისთვისაც კი.
საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, მხარს უჭერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და შავი ზღვის ალიანსს შორის ეკონომიკის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, ეკოლოგიის, კულტურის, ინფორმაციის სფეროებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, შესაბამისი ურთიერთგამჭოლი სივრცეების შექმნას, საბოლოო ანგარიშით კი მიზნად ისახავს აქ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას.
კონკრეტული წინადადებები და იდეები ამ მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს თითოეული ამ გაერთიანების საქმიანობის მექანიზმის სრულყოფის პროცესში, ასეთი მუშაობა უკვე მიმდინარეობს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის ფარგლებში. იმავე დროს ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ალიანსისათვის კვლავინდებურად აქტუალურია მისი წევრი ქვეყნების უფრო აქტიური პოლიტიკური ურთიერთქმედების, თითოეული მათგანისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების შექმნის პრობლემა. როგორც უკვე ითქვა, ვითარება შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით კავკასიაში, აგრეთვე მის მიმდებარე რეგიონებში არსებითად შეიცვალა. ევრაზიის ჰორიზონტზე ფაშიზმის ნიშნებიც კი გამოჩნდა.
დაგროვდა უამრავი პრობლემა, რაც აუცილებელს ხდის იმას, რომ გაიმართოს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა.
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს წინადადებას 1994 წლის მაის-ივნისში თბილისში ასეთი შეხვედრის გამართვის შესახებ.
ამას გარდა მზად ვარ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პოლიტიკურ-სამართლებრივი კომიტეტისა და ბიუროს უკვე დაგეგმილი სხდომების გარდა თბილისში ჩავატაროთ მისი საგაზაფხულო სესიაც.
სტამბოლში ჩვენი პირველი შეხვედრისას შემოგთავაზეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ცენტრის შექმნა. საქართველო აცხადებს, რომ მზად არის თავისთან დაუდოს ბინა ასეთ ცენტრს და შეუქმნას მას ყველა პირობა სათანადო საქმიანობისთვის.
კვლავინდებურად მხარს ვუჭერთ ჩვენს რეგიონში სამხედრო სფეროში ნდობისკენ მიმართულ ღონისძიებათა ხასიათის დაზუსტებას, რომლებიც ჰელსინკის პროცესის ჩარჩოებში შემუშავდა.
აცხადებს რა თავის ერთგულებას ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის სულისკვეთების მიმართ, საქართველო მხარს უჭერს ყველა არსებული - ნამდვილი თუ მოჩვენებითი - საფრთხის ღია და კოლექტიურ განხილვას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის ერთადერთი შესაძლო გზა იმ აუცილებელ ღონისძიებათა განსახილველად, რომლებიც სხვადასხვა მხარის ინტერესებს ეხება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პერსპექტიული ფუნქცია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ეკონომიკური ინტერესების არეალის ფორმირებას, ძალთა გაერთიანებასა და კონფლიქტების მოწესრიგებას, არის ევროპა-აზიის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის შექმნა, სადაც კავკასია და მცირე აზია კონტინენტების დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.
ამ იდეის რეალიზაცია რეგიონის ქვეყნებს არცთუ უმნიშვნელო მატერიალურ მოგებას მოუტანს, იგი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას, იგი საშუალებას გვაძლევს თანამშრომლობის არეალში მოვაქციოთ შავი და კასპიის ზღვების აუზები, კავკასია, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, მცირე და ცენტრალური აზია, სწორედ ამ იდეის განხორციელება გახდება რეგიონში უშიშროებისა და სტაბილურობის მიღწევის მძლავრი ფაქტორი.
კონტინენტების დამაკავშირებელი არტერია მოითხოვს აგრეთვე პოლიტიკური ძალებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაერთიანებას. აქ ჩვენ ვერაფერს გავხდებით მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე. საჭიროა გამოვაცხადოთ დერეფნის საერთაშორისო პროექტი, შევქმნათ მრავალმხრივი ცენტრი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ გიგანტურ სამუშაოს.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა განუყოფელია რეგიონისა და გარესამყაროს მრავალრიცხოვანი პრობლემებისაგან. შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ამ ურთიერთობის განმტკიცება და განვითარება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. საქართველოს გულწრფელად სურს, რომ ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა მეზობელ ქვეყანასთან - დიდია იგი თუ პატარა, - და გულწრფელად უსურვებს მათ კეთილ ურთიერთობას ერთმანეთთან, რადგან თუ მეზობელთან, ცეცხლი მძვინვარებს, არც შენს სახლს დაადგება კარგი დღე.
შინა და გარე ხანძარმა ჩვენი სახლიც არ დაინდო, მაგრამ გვწამს, რომ ნანგრევებიდან აღვადგენთ მას. გვჯერა მეგობრების დახმარების და მხარდაჭერისა, ჩვენი უახლოესი მეზობლის მხარდაჭერისა.
ხვალ ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-თურქეთის დეკლარაციას და მთელ რიგ დოკუმენტებს, რომლებიც გააფართოებენ ჩვენი ურთიერთობების სახელშეკრულებო-სამართლებრივ ბაზას. საქართველო დიდად აფასებს თქვენი ქვეყნის მიერ არაერთხელ გამოხატულ პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობისადმი. ჩვენ ერთი აზრის ვართ აგრესიული სეპარატიზმისა და მშვიდობის წინააღმდეგ სხვა მტრული გამოვლინებების საშიში ბუნების თაობაზე.
ჩვენ ბევრი ერთობლივი ურთიერთხელსაყრელი პროექტი და მათი განხორციელების შესანიშნავი პერსპექტივები გვაქვს. არ არსებობს არცერთი საკითხი, არცერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც არ შეგვეძლოს პოლიტიკური დიალოგის საშუალებებით, მეგობრულად, ძმურად.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო-თურქეთის თანხმობა მარტო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებში არ არის. იგი ბევრ სხვა ქვეყანასაც სარგებლობას მოუტანს.
თანხმობა და შემწყნარებლობა - ეს სწორედ ის არის, რაც დღეს ასე სჭირდება მსოფლიოს. საქართველო, როგორც ქვეყანა, სადაც საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანაცხოვრობდა მრავალი ეთნოსი და რელიგია, აქტიურად უჭერს მხარს თურქეთის ინიციატივას გაეროში - გამოცხადდეს 1995 წელი მსოფლიო ტოლერანტობის წლად.
დაე, იყოს მშვიდობა, თანხმობა და შემწყნარებლობა ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.
დაე, ახდეს ჩვენი ოცნებები, მშვიდობისა და თანამშრომლობის ჩვენი გეგმები.
ბედნიერება და აყვავება თქვენს ქვეყანას! გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას! გაგიმარჯოთ ბატონო პრეზიდენტო დემირელ!
„საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მართლაც ახალი ფურცელი გადაიშალა...“ : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ოფიციალურ სადილზე, რომელიც ანკარაში მის პატივსაცემად გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 იანვარი. - N10(813). - 2 გვ.
![]() |
7 ედუარდ შევარდნაძე: დღეს ჩვენი პოლიტიკური კულტურა იმ დონეზეა, რომ განსხვავებული აზრისათვის აუცილებლად ცხვირ-პირი უნდა დავამტვრიოთ ერთმანეთს. ეს, სამწუხაროდ, წესად იქცა. |
▲ზევით დაბრუნება |
17 იანვრის რადიოინტერვიუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ გასულ კვირას საქართველოს ოფიციალური დელეგაციის თურქეთში ვიზიტის უმთავრესი შედეგების შეჯამებით დაიწყო.
- შედეგები - პოლიტიკურიცა და ეკონომიკურიც საკმაოდ შთამბეჭდავია. ბევრი კონტაქტი, ხელშეკრულება, გაფორმებულია, ბევრს მოვაწერეთ ხელი. დადებითად წყდება კრედიტების საკითხი, დაისახა სხვა პერსპექტივები. მათ შორის, თანამშრომლობისა, კულტურისა და მეცნიერების დარგში. ერთ-ერთი მთავარი შედეგი - ეს არის ჩვენი კარგი ურთიერთგაგება იმ პროცესების თვალსაზრისით, რომელიც ახლა მიმდინარეობს კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში და, უფრო ფართო მასშტაბითაც - ევროპასა და მსოფლიოში. ამ მხრივ ვიზიტი, უდავოდ, წარმატებული იყო.
კომენტატორ ნატო ონიანის კითხვას, თუ როგორ დაძლია თურქეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მიაღწია წარმატებებს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკაში, დემოკრატიის განვითარებაში, და რამდენად არის მზად საქართველო გაიზიაროს ეს გამოცდილება, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა:
- ამ წარმატებებს თურქეთმა მიაღწია მოთმინებით, ჭეშმარიტად ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების უმაღლეს მიზნად გამოცხადებით და იმით, რომ დასახა ევროპულ და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირების გზა. მათ თავიდანვე უარი თქვეს კარჩაკეტილობასა და იზოლაციის იმ პოლიტიკაზე, რომელმაც საქართველო ასეთ ჩიხში შეიყვანა.
თურქეთი სულ სხვა კურსს დაადგა და ამ კურსმა მას საოცარი წარმატება მოუტანა, რომელსაც შეიძლება მართლაც სასწაული ეწოდოს.
თურქეთის საქმიან წრეებთან უნიკალური და საინტერესო დიალოგის დროს, ჩვენ ვნახეთ 20-წუთიანი ფილმი, თუ რა არის ეს სასწაული. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქებმა მოსინჯეს მმართველობის ყველა ფორმა, იყო სამხედრო დიქტატურაც, ყველაზე უკეთესი მაინც მართვადი დემოკრატია აღმოჩნდა. იქ არის საკმაოდ, ძლიერი ოპოზიცია, პოლიტიკური პლურალიზმი, მაგრამ, არის მთავარი, რომელიც ყველგან იგრძნობა: ხალხის ნება-სურვილი, განწყობა, საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლებსაც პარტიული ინტერესები ძირს არ უთხრიან.
აი, თუ კი რამ უნდა ვისწავლოთ, და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, ვიფიქროთ ის არის, რომ საქართველოში დავამკვიდროთ ასეთი დამოკიდებულება.
- ბატონმა დემირელმა ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს მრავალი საერთო ინტერესი აქვთ, თუნდაც ის, რომ რამდენიმე შეხვედრა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბატონ შახინთან და სხვებთან. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის ამჯერად მათთან შეხვედრა?
- იქაური ქართველები, უპირველეს ყოვლისა, თავისი ქვეყნის - თურქეთის ღირსეული მოქალაქეები არიან, როგორც ბატონმა დემირელმა თქვა, ამიტომაც აფასებენ, ენდობიან და პატივს სცემენ მათ პატიოსნებისა და სახელმწიფოს ერთგულებისათვის. ასეთი როლით ისინი საქართველოსაც დიდ სამსახურს უწევენ და თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ხიდის როლსაც ასრულებენ.
- თურქეთში თქვენ წამოაყენეთ თანამეგობრობათა თანამეგობრობის იდეა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა პლუს შავი ზღვის ქვეყნების ალიანსი, პლუს ევროგაერთიანება, რა არის ეს, ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება თუ საქართველოსათვის, და არა მარტო მისთვის, თავდაცვის კიდევ ერთი მექანიზმი?
- ეს ის არის, რასაც მე დავარქმევდი ობიექტურ პროცესებს, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ცალკეული ქვეყნები, მათ შორის გიგანტური ქვეყნებიც კი ვერ გადაწყვეტენ მათ წინაშე მდგომ ამოცანებს. ინტეგრაცია კი ამ ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი მოვლენაა. ამ საერთო, დიდი პროცესის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ანგარიშგასაწევია ინტეგრაციის ისეთი ფორმა, როგორიც არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. მაგრამ არანაკლებ ანგარიშგასაწევია ის, რაც ხდება სამხრეთში, ანუ შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური ალიანსის ფარგლებში, რომელიც ახლა იდგამს ფეხს და იწყებს რეალურ ფუნქციონირებას, კიდევ უფრო ანგარიშგასაწევია ის, რაც ევროპაში მოხდა, მთელი 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ევროგაერთიანების ფორმირება და მან მაღალ დონეს, გარკვეულ სტანდარტებს მიაღწია.
როცა ამ თანამეგობრობაზე ვლაპარაკობდით, მხედველობაში მქონდა, რომ ეს რომელიმე გაერთიანება, თანამეგობრობა ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის, არამედ ინტეგრაციის საერთო პროცესების შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ. ეს არის გზა, მიმავალი ერთიანი უსაფრთხოების, ეკონომიკურ თუ სამხედრო უსაფრთხოების სივრცეებისაკენ, რომლებიც, შეიძლება ჩამოყალიბდეს ევროპის, ევრაზიის მასშტაბით და, ბოლოს და ბოლოს, მთელი პლანეტის მასშტაბით, თანამეგობრობათა თანამეგობრობა ერთიანი უსაფრთხოების სივრცისაკენ მიმავალი გზა გახლავთ.
ბევრი აზრი და იდეა, რომელიც გამოითქვა ჩვენს მიერ და თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ, ენათესავება ერთმანეთს.თანამეგობრობათა თანამეგობრობა ძლიერ ეხმიანება ნატოს ბოლო ინიციატივებს, კლინტონის გამოსვლას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. მე ამას მივიჩნევ ერთიან კომპლექსად მიმავალს ერთიანი სივრცისაკენ.
- თურქეთის ხელმძღვანელობა მოწონებით შეხვდა თქვენს წინადადებას, რომ ალიანსის ქვეყნების პრეზიდენტთა შეხვედრა თბილისში გაიმართოს. აქედან გამომდინარე, თქვენ გჯერათ, რომ თბილისსა და საქართველოში წესრიგი დამყარდება. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ტრასებზე წესრიგის დამყარების შესახებ, წესრიგის დამყარება იყო მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის ძირითადი თემაც, ვრცელდება ისეთი ხმები, რომ ხელისუფლებისა და მთავრობის საკმაოდ მაღალი ეშელონებიდან ხდება პოლიციაზე ზეგავლენა და რომ ეს ღონისძიებები სადღაც შუა გზაზე შეჩერდა და აღარ გაგრძელდება...
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თბილისის კონფერენციაზე განვაცხადე, რომ ვინც ხალხის ნებას წინ აღუდგება, რა რანგის მოღვაწეც უნდა იყოს, იგი თავის ადგილზე ვერ დარჩება. წესრიგი ყოველმიზეზგარეშე დამყარდება, შუა გზაზე არ შევჩერდებით, ეს შეუძლებელია. ქვეყნის გაჯანსაღებისათვის, ატმოსფეროს გასუფთავებისათვის მოძრაობა არ შეჩერდება. რომ შეჩერდეს, ხალხის ნება წალეკავს ყველას და ყველაფერს, რაც ხელს შეუშლის ამ დასახული მიზნის განხორციელებას.
მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის შესახებ, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ამაყობს იმ ახალგაზრდებით, რომლებიც შედიან მოქალაქეთა კავშირში და რომლებმაც, გადაწყვიტეს თანამგზავრული ახალგაზრდული ორგანიზაცია შექმნან.
- იგი ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა კავშირის პრინციპზე. უფრო მეტსაც ვიტყოდი, ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, მოქალაქეთა კავშირი არის ორგანიზაცია ახალგაზრდობისათვის. ეს ინიციატივა ჩვენი კავშირის გამგეობის ერთ-ერთ სხდომაზე წამოაყენეს ახალგაზრდებმა და ჩვენ ყველამ აქტიურად დავუჭირეთ მხარი. მოდის ბრწყინვალე ახალგაზრდობა, რომელიც უდავოდ, დაგვამშვენებს, გაგვამდიდრებს. ისინი დამწიფდებიან, გაიზრდებიან და ჩაიბარებენ ხვალინდელ საქართველოს.
- კონფერენციაზე აღნიშნეთ, რომ რუსეთის შემობრუნების პროცესი დაიწყო. თქვით, რომ გადავწყვეტთ აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების საკითხს. ჟენევის მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია გვაქვს. ნატოს შეხვედრაზე, სადაც ამერიკელებმა სამშვიდობო ინიციატივა წამოაყენეს ბრიუსელის დეკლარაციაში ჩაიწერა პუნქტი კავკასიის საზღვრების ხელშეკრულების შესახებ. უახლოეს მომავალში პრეზიდენტი ელცინი უნდა ჩამობრძანდეს საქართველოში. ამ მოვლენებიდან გამომდინარე რამდენად ხელსაყრელი პირობებია დღეს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრისათვის და როგორი იქნება ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობა?
- აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, როგორიც უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ეტაპზე რუსეთის ნეგატიური როლი, სულ ერთია. დღეს ეს იმდენად ხელშესახები რეალობაა, ეს რომ კაცმა არ დაინახოს, ბრმა უნდა იყოს. რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო ინიციატივებში გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, გაეროსთან ერთად, მისი ეგიდით და არა გაეროს საპირისპიროდ.
ვიღაცეები ცდილობენ, რომ როგორმე დაუპირისპირონ ისინი ერთმანეთს და აღმოაჩინონ რაღაც წინააღმდეგობა. არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა. ჩვენ გვჭირდება რუსეთის რეალური ინტერესების გათვალისწინებაც, როცა ვლაპარაკობთ საქართველოს ინტერესების დაცვაზე აფხაზეთში და არა მარტო აფხაზეთში. თუ ჩვენ ასე კარგად გავუგებთ ერთმანეთს, და, ვფიქრობ, უნდა კარგად გავუგოთ, ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ, მაშინ მჯერა, რომ აფხაზეთის პრობლემა ჩქარა გადაიჭრება. ლტოლვილები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდებიან თავიანთ სახლ-კარს. ვიმეორებ: თუ გვინდა, რომ რუსეთს ჩვენი ესმოდეს, ჩვენს უნდა გავუგოთ რუსეთს, მისი ტკივილებიც, მისი სირთულეებიც და წინააღმდეგობებიც უნდა გვესმოდეს. ვფიქრობ, რომ ურთიერთგაგების, ჭეშმარიტად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის მშენებლობის ეს პროცესი ამჯერად ნორმალურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენი ორი ქვეყნის ცხოვრებში, პრეზიდენტ ელცინის მოსალოდნელ ვიზიტს, ჯერჯერობით თარიღზე ლაპარაკი ნაადრევია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქენი ამას მიესალმებიან. თბილისის მოქალაქეთა კავშირის კონფერენციაზე დავსვი ასეთი შეკითხვა და ყველამ ერთხმად გამოხატა თავისი გრძნობა და დამოკიდებულება - უნდა მივიღოთ როგორც ღირსეული სტუმარი, დიდი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, დიდი ქვეყნის პრეზიდენტი.
პრეზიდენტი ელცინი საქართველოს სასურველი სტუმარი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ - ქართველებმა ეს კარგად იციან, მაგრამ, მაინც არ იცის, გაიგოს მისი როლის გათვალისწინება აუცილებელია იმპერიის დემონტაჟში. ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და თვალსაჩინო ფიგურა იყო ელცინი, რომელმაც გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა, განსაკუთრებით აგვისტოს პუტჩის შემდეგ, როცა მან აიღო კურსი, რომ დაშლილი იმპერია და ამ იმპერიის ნანგრევებზე აშენებულიყო ეს ახალი ფორმა ურთიერთობისა და თანამშრომლობისა, რომელსაც ახლა თანამეგობრობას ვუწოდებთ. ამ როლის გარეშე ელცინზე ლაპარაკი, ალბათ, რთული იქნება და ეს არის უდავოდ ისტორიული როლი, რომელიც მან შეასრულა.
ბევრ თბილისელს ახსოვს 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ბატონი ელცინი ოპოზიციაში იდგა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში ჩამოვიდა და თბილისელებს თავისი თანაგრძნობა გაუზიარა. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს.
როცა დეპუტატთა საკავშირო ყრილობაზე სამხედრო პროკურორმა კატუსევმა ბრალი დასდო საქართველოს და მის მიმართ ბრალმდებლის როლში გამოვიდა, როგორც კი დაიწყო ამ ბრალდებების წამოყენება, ელცინი პირველი იყო, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა ყრილობის დარბაზი და რამდენიმე ასეული დეპუტატი ასევე პროტესტის ნიშნად თან გაიყოლა. მას ყოველთვის ვთვლიდი საქართველოს მეგობრად, და მინდა, რომ ახლაც ქართველმა ხალხმა იგი მიიღოს როგორც ჩვენი ხალხის დიდი მეზობელი და მეგობარი.
კლინტონისა და ელცინის ბოლო შეხვედრის თაობაზე, ბრიუსელში ნატოს შეკრებაზე გამოთქმული ამერიკის პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ თქვა:
- კლინტონ-ელცინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ცივი ომის დამთავრების შემდეგ ახალი მსოფლიო სტრატეგიის ფორმირებაში, ისევე როგორც ნატოს შეხვედრა. ეს სულაც არ არის საპირისპირო მოვლენები, როგორც ზოგიერთი ხსნის, რომ თუ ნატო გაძლიერდება და მისი გავლენა გაფართოვდა, რუსეთი აუცილებლად დაიღუპება. პირიქით, საქმე წავა ერთიანი სტრატეგიული სივრცის, უსაფრთხოების ერთიანი ფორმირების შექმნისაკენ.
მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ბეჯითად უნდა ვიაროთ ახალი მსოფლიო სტრატეგიის, უსაფრთხოების ახალი სივრცის გარანტიების შექმნისაკენ და ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იყო. დარწმუნებული ვარ, თუ ასე ბეჯითად ვივლით, ყველა კონფლიქტს მოევლება, ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება, რომელიც ახლა გროვდება გაეროში, თუნდაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგალითზე, კარგი პრეცედენტი იქნება იმისა, თუ როგორ შეიძლება შეერთდეს გაერო, ევროგაერთიანება და ცალკეული დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ინგლისი და სხვა. ლოკალური კონფლიქტების მოგვარებისა და გადაჭრისათვის ისე, რომ მათ გავრცელების საშუალება არ მიეცეთ. საერთო სივრცის ფორმირების პროცესში მოხდება ამ კონფლიქტების მოგვარებაცა და მოწესრიგებაც.
როცა თურქეთიდან გამომგზავრებისას პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ აფხაზეთი იქნება ერთგვარი სასინჯი ქვა გაეროსა და რუსეთისათვის, მხედველობაში მქონდა, რომ თავისი მასშტაბით ეს ისეთი კონფლიქტი არ არის, რომელსაც დიდი სახელმწიფოები და გაერო ერთად ვერ მოერიონ, ვერ შეძლონ ამის მოგვარება. ამავე დროს პოტენციურად ეს ძალიან საშიში კონფლიქტია. ამიტომ მისი მოგვარება იქნება კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში გადაწყდეს კონფლიქტის მოგვარების საკითხი გაერთიანებული ძალისხმევით, დიდი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით.
- გუშინ საქართველოს ტელევიზიით ითქვა, რომ გამოვლინდნენ გარკვეული პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ფულად-საკრედიტო დარღვევებში. ითქვა, რომ უსაქონლო ოპერაციის ფუძემდებელი საქართველოში არის „კავკასიის ბირჟა“. ამ ორგანიზაციის ლიდერი დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერია...
- ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება, არ ვარ დასკვნების გამოტანის მომხრე. რაც შეეხება ასეთი დასკვნების გამოტანას, რომ ძირითადი დამნაშავე ბირჟაა და ამის გამო მოხდა ყველაფერი, ნაადრევად და ნაჩქარევად მიმაჩნია ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს მასშტაბური გამოძიება, აღძრულია 12 საქმე. შეიძლება 12 იყოს, შეიძლება მეტი ან ნაკლები. საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება სულაც არ ნიშნავს ბრალეულობის განსაზღვრას. ეს რთული საკითხია და რთული ეტაპები უნდა გაიაროს - გამოძიების პროცესი, შემდეგ პროკურატურაში უნდა გაისინჯოს ყველაფერი, დამტკიცდეს საბრალდებო დასკვნა, მერე სასამართლო. ასე, რომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. გამოძიებამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. გააკეთოს ის, რა დავალებაც სახელმწიფოს მეთაურისაგან მიიღო. მიმაჩნია, რომ ყველაფერი გაირკვევა, მათ შორის, წინა მთავრობის როლიც, რომელმაც პარლამენტსა და სახელმწიფოს მეთაურსაც, გარკვეული აზრით, თავს მოახვია კუპონის ნაადრევად შემოღება. რუსეთთან საერთო ენის გამოძებნის ნაცვლად, ჩვენ მაშინ ვიჩქარეთ და შემოვიღეთ ეგრეთ წოდებული ეროვნული ვალუტა, უფრო სწორად, გადრამავალი ეტაპი ეროვნული ვალუტისა. კუპონი, როგორი ძნელი სათქმელიც უნდა იყოს ეს, უნდა გაუფასურებულიყო და გაუფასურდა კიდეც. არ მინდა წინასწარმეტყველის როლში გამოვიდე, მაგრამ, მაშინ, როცა პარლამენტის პირველი სხდომები მიმდინარეობდა, არ დამიმალავს და ვთქვი, რომ გაუფასურებას ვერ ავცდებით-მეთქი. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი და არა კანონზომიერი. რადგან კანონზომიერი გზა ეროვნული ვალუტისაკენ ცოტა სხვა გზაა, ის გზაა, რომელიც სხვა ქვეყნებმა აირჩიეს. მათ შორის ჩვენმა მეზობლებმა - ორი ვალუტის პარალელური არსებობა - ასე შედარებით უფრო უმტკივნეულოდ შეიძლება გადასვლა ახალ თვისებრიობაზე.
კუპონზე ბევრი რამ უნდა ითქვას და საერთოდ პრობლემატურია საკითხი - გადავარჩენთ თუ ვერ გადავარჩენთ მას. რადგან გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან მაშინდელმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ იგი გადავარჩინოთ, მაგრამ არა იმ გზით, რომელსაც ახლა გვთავაზობენ. ტელეგადაცემებიდან ხშირად გაიგონებთ - აიკრძალოს ყველაფრის გაყიდვა მანეთზე ან დოლარზე. ყოველგვარი აკრძალვა იქამდე მიგვიყვანეს, რომ საერთოდ არ შემოვა პროდუქტი. ამიტომ აკრძალვის გზა სულაც არ არის კუპონის განმტკიცების გზა. ჩვენ შევცდით, როცა პარლამენტში ვაღიარეთ, რომ იგი არის ანგარიშსწორების ერთადერთი საშუალება. ასე ძალით არ შეიძლება განმტკიცდეს ეროვნული ვალუტის კურსი. ამიტომ სხვა გზები უნდა ვეძებოთ. ამაზე დღეს ფიქრობს ხელისუფლება.
- რამდენად სასარგებლოა დღეს საქართველოსათვის სამანეთო ზონაში შესვლა?
- გადაწყვეტილება სამანეთო ზონაში შესვლის შესახებ არ არის მომწიფებული. სწორია, რომ ლაპარაკი და დისკუსია დაიწყო. ვახტანგ გოგუაძე მართალია, ეს საკითხი რომ წამოჭრა და განხილვის საგნად აქცია, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ან ხვალ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სამანეთო ზონაში შესვლის შესახებ. მე ვთქვი, რომ ზონიდან გამოსვლა ნაჩქარევი, ნაადრევი, მოუმზადებელი იყო, ისევე, როგორც არ არის მომწიფებული საკითხი ზონაში შესასვლელად. ეს პრობლემა სპეციალისტებს ღრმად და მეცნიერულად არა აქვთ შესწავლილი.
გუშინ მივაქციე ყურადღება, რომ ქუჩაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. შესანიშნავი პასუხი გასცეს მოქალაქეებმა: დაუძახეთ სპეციალისტებს და გვითხრან, რა არის ეს სამანეთო ზონა, რას მოგვიტანს, რას მოვიგებთ და რას წავაგებთ. ხალხი სავსებით მართალია: ჩვენ ამას ვერ ვეუბნებით, იმიტომ, რომ ეს საკითხი არ არის ყოველმხრივ შესწავლილი.
ვიმეორებ, კარგია და სწორი, რომ ვახტანგ გოგუაძემ წამოჭრა ეს საკითხი. იგი უნდა შევისწავლოთ როგორც მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი ვარიანტი და არა ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება კიდევაც გამოიძებნოს უფრო ეფექტური გზა. ახლა, როცა საშინლად ლანძღავენ ვ. გოგუაძეს და ლამის ანტიქრისტედაც აცხადებენ, - როგორ გაბედა ასეთი რამის თქმაო, არავინ კითხულობს, მიგიღებს კი რუსეთი იმ სამანეთო ზონაში? მე უაღრესად პრობლემატურად მიმაჩნია გაიდარის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი არ ეთანხმება ბელარუსის შესვლას სამანეთო ზონაში. განა რუსეთმა არ იცის, რომ მისთვის დამატებითი ტვირთი და ხარჯი იქნება ისეთი გაჭირვებული ქვეყნის შესვლა, როგორიც საქართველოა?! ამიტომ სწორი არ იქნება, არაფერი ჰკითხო მას ამის შესახებ და ჩვენ კი ერთმანეთს შევასკდეთ ამ დავასა და კამათში სამანეთო ზონაში შესვლის გამო.
ჩვენი პოლიტიკური კულტურა იმ დონეზეა, რომ განსხვავებული აზრისთვის აუცილებლად ცხვირ-პირი უნდა დავამტვრიოთ ერთმანეთს, ეს, სამწუხაროდ, წესად იქცა.
ახლა ბევრს ლაპრაკობენ ოქროს მარაგის შესახებ. არ ვიცი, რამდენ კილოგრამზეა ლაპრაკი. ეს დაახლოებით ცრემლის წონას ნიშნავს ჩვენს პრობლემებთან შედარებით. ამ ოქროს მარაგით შეიძლება ცოტათი ამოვისუნთქოთ, ჩვენი ოქროს მარაგი დიდი არ არის. მეტი რომ გვქონდეს, სხვა ქვეყანა და სხვა სახელმწიფო ვიქნებოდით, და მაშინ, ალბათ, კუპონსაც სხვა წონა ექნებოდა.
როდის გამოვთქვამთ ჩემს აზრს სამანეთო ზონის, კუპონის, ლარისა თუ სხვათა შესახებ? ამ აზრს გამოვთქვამ პარიზში ჩემი ვიზიტის შემდეგ იმის გათვალისწინებით, თუ რა სიკეთეს გვპირდება ახლახან მიღებული განვითარებადი ქვეყნის სტატუსი - პარიზში კონტაქტები მექნება იმ ხელმძღვანელებთან და გენერალურ დირექტორებთან, რომლებმაც ეს საქმე ძალიან კარგად იციან და შეუძლიათ რეალურად მითხრან, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის ეკონომიკურად, ფინანსურად და ა.შ. მე შევძლებ უფრო გაბედულად ვუპასუხო ამ კითხვას, როცა ვაშინგტონში შევხვდები მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. იქნება სპეციალური გამოძიება ჩავატარო და აღმოვაჩინო ის 200 მილიონი, რომელზეც სიგუამ თქვა, შევარდნაძემ დამავალაო. არ ვიცი, სად არის დამალული. თუკი კოლუმბი ეძებდა ამერიკას ამ შორ გზაზე, მეც გავემგზავრები 200 მილიონის საძებნელად და იქნებ კიდეც აღმოვაჩინო. ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს. როცა ყველაფერი დამთავრდება, მაშინ შეიძლება უფრო გამოკვეთილად ვთქვა, რა ეშველება კუპონს და რა გზები არსებობს მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
ამ კვირაში საფრანგეთში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- საფრანგეთში დიდი იმედებით მივდივარ, და არა იმიტომ, რომ იქიდან ჩემოდნებით ჩამოვიტანო დოლარები და ფრანკები. შეიძლება ამ მხრივაც იყოს რაიმე საინტერესო. საფრანგეთი ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. განსაკუთრებით ეს ახლა არის საგრძნობი, როცა აფხაზეთის პრობლემა ასე მწვავედ დგას. საფრანგეთი იმ ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელსაც საქართველოს მეგობართა ჯგუფი ჰქვია და, რომელიც გაეროსთან ერთად იღვწის აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისა და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის, ესე იგი ლტოლვილების დაბრუნების, აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენისათვის და სხვ. ასეთი დიდი ავტორიტეტის მქონე ქვეყნებთან არ ჰქონდეს სამართლებრივი ბაზა ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქვეყანას, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. მომზადებულია შესანიშნავი ხელშეკრულება ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ, რომელსაც ხელი უნდა მოვაწეროთ პრეზიდენტმა მიტერანმა და მე. და ამის შემდეგ დაიწყება ორი ქვეყნის ინტენსიური ურთიერთობა.
საფრანგეთში ჩვენ უნდა შევუერთდეთ პარიზის ქარტიას. იმ პირველ დოკუმენტს, რომელიც ცივი ომის დამთავრების შემდეგ არეგულირებს ურთიერთობას ევროპაში და არა მარტო ევროპაში. მას შეუერთდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, და ეს ქარტია მთელმა მსოფლიომ აღიარა.
რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი შეხვედრას ჩვენი დროის ერთ-ერთ გამოჩენილ პოლიტიკოსთან - პრეზიდენტ მიტერანთან. პარიზში ბევრი სხვა საინტერესო და საჭირო შეხვედრები გველის, მათ შორის იუნესკოსთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ურთიერთობა პარტიებთან, მთავრობის ხელმძღვანელებთან და სხვ.
ჩემი აზრით, პარიზთან დაახლოების ეს პროცესი, რომელიც ახლა იწყება და საფუძველს უქმნის ჩვენს ახალ ურთიერთობას, უდავოდ დაგვეხმარება კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში. ამ იმედებით მივემგზავრები პარიზს.
ედუარდ შევარდნაძე: დღეს ჩვენი პოლიტიკური კულტურა იმ დონეზეა, რომ განსხვავებული აზრისათვის აუცილებლად ცხვირ-პირი უნდა დავამტვრიოთ ერთმანეთს. ეს, სამწუხაროდ, წესად იქცა. / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 18 იანვარი. - N11(814). - 1 გვ.
![]() |
8 საქართველოს დელეგაცია პარიზს ჩავიდა |
▲ზევით დაბრუნება |
დაიწყო ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი საფრანგეთში
ნაწყვეტი ინტერვიუდან
[...]
მე ყოველთვის ვსაუბრობ ორ რუსეთზე, - ბრძანა ედუარდ შევარდნაძემ, - რეაქციულზე და დემოკრატიულზე, რისთვისაც ჩემი ოპონენტები საქართველოში ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ მჯერა, რომ ეს ასეა. ვფიქრობ, რუსეთში დემოკრატია გაიმარჯვებს. უახლოეს დღეებში ველოდები რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ვიზიტს საქართველოში. ელცინმა, განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, გამოიჩინა წარმოუდგენელი გმირობა აგვისტოს პუტჩის დროს. ტანკზე შემდგარი ელცინი მითი არ არის. დღეს ჩვენ ყველანი მას უნდა ვენდოთ - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ. [...]
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს სამდივნო.
საქართველოს დელეგაცია პარიზს ჩავიდა : დაიწყო ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი საფრანგეთში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 იანვარი. - N13(816). - 1 გვ.
![]() |
9 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი წინაპრების გზა - დამოუკიდებლობის გარანტიებს რომ ეძებდნენ, საფრანგეთისაკენ და საფრანგეთზე გადიოდა... |
▲ზევით დაბრუნება |
24 იანვრის რადიოინტერვიუ
გასულ კვირას საფრანგეთში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის უმთავრესი შედეგების შეფასებით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ:
- ზოგიერთი შეფასება ჯერ კიდევ თვითმფრინავში გამოვთქვი, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე და ახლაც ვადასტურებ, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს გახლდათ პირველი ოფიციალური, სამთავრობო, სახელმწიფოებრივი ვიზიტი და მისი უმთავრესი შედეგია ორი დოკუმენტის ხელმოწერა, ესე იგი საფუძვლების ჩაყრა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართლებრივი ურთიერთობის ბაზის შესაქმნელად. ამ ბაზის გარეშე ლაპარაკი ზედმეტია ფართო მასშტაბის ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო თანამშრომლობაზე, რითაც ესოდენ დაინტერესებულია ჩვენი საზოგადოებრიობა.
ისტორიიდან კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი წინაპრების გზა, დამოუკიდებლობის გარანტიებს რომ ეძებდნენ საფრანგეთისაკენ და საფრანგეთზე გადიოდა. არ ვიტყვი, რომ ახლაც ისეთივე დროა, მაგრამ ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია ყველა ქვეყნისათვის ჩვენს კონტინენტზე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებს იგი სწორი ურთიერთობის დამყარებას ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც არის საფრანგეთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ისეთი რთული საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა, როგორიც არის აფხაზეთის კონფლიქტი და, საერთოდ, კონფლიქტები ჩვენს რეგიონში და ჩვენს პლანეტაზე, დიდად არის დამოკიდებული საფრანგეთის პოზიციაზე. ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დავრწმუნებულიყავით იმაში, თუ როგორ ესმით ჩვენი საფრანგეთში და უნდა გვქონდეს თუ არა ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი.
ორი გზა არ არსებობს: ფრანგებს ისევე ესმით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს ერთიანობის პრობლემები, როგორც ჩვენ გვესმის. მათ გულთან ახლოს მიაქვთ ეს პრობლემები.
რას გულისხმობს საქართველოსა და საფრანგეთის ინტერესების ერთიანობა? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ერთნაირი დაინტერესება ახალი ევროპის მშენებლობით, ერთიან სივრცეებამდე მისვლის აუცილებლობა - ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ სივრცეებამდე და სხვა მრავალი. ასეთი სივრცეების ფორმირება ერთ-ორ დღეში ან ერთ წელიწადში არ ხდება. ამას შეიძლება წლები, ათეული წლებიც კი დასჭირდეს, აუცილებელია დიდი ქვეყნების და შედარებით მცირე ქვეყნების წვლილიც, მთელი კონტინენტის წვლილი. ამ მიმართებით ჩვენ ურთიერთგაგება გვაკავშირებს და საერთო ინტერესებიც საკმაოდ კარგად არის გამოკვეთილი. ჩვენი საუბრები სწორედ ამ სულისკვეთებით მიმდინარეობდა, არა მარტო ორმხრივი ურთიერთობის გარშემო, არამედ საერთო-ევროპული და, თუ გნებავთ, საერთო-საკაცობრიო ინტერესების გათვალისწინებით.
ხელშეკრულება, რომელსაც პარიზში მოვაწერეთ ხელი, განსხვავდება ზოგიერთი სხვა ხელშეკრულებისაგან. მასში არის ანარეკლი პარიზის ქარტიისა, რომელსაც ჩვენ ახლა შევუერთდით. მე უკვე მეორედ მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს - ახლა სხვა ხარისხში - ქართულად. ამასაც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა.
გარდა ამისა, არის პირდაპირი, უშუალო ინტერესები - საფრანგეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ ახლა ევროგაერთიანების კრედიტებით ვარსებობთ. ერთხელ 70 მილიონი ეკიუ მივიღეთ, ახლა 40 მილიონი გამოყვეს. კიდევ 10-15 მილიონის გამოყოფის იმედი გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროგაერთიანება ციდან არ იღებს ამ კრედიტებს. ეს არის ევროპული, სახელმწიფოებრივი სახსრები. აქ 60-70 პროცენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წვლილია. მინდა მადლიერების გრძნობით გავიხსენო კანცლერ კოლის სპეციალური მიმართვა ევროგაერთიანების ხელმძღვანელობისადმი საქართველოსათვის საარსებო მნიშვნელობის კრედიტის, გამოყოფის თაობაზე. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროგაერთიანების კრედიტებში 20 პროცენტზე მეტი საფრანგეთის წილია. როცა ბატონ მიტერანს განვუცხადე, ეკონომიკურად გვიჭირს-მეთქი, მან შემახსენა, რომ საერთო წილიდან, რომელიც ევროგაერთიანებაში შეაქვს საფრანგეთს, მათ გამოყვეს სახსრები, მხარი დაუჭირეს საქართველოს თხოვნას. არის საფრანგეთის ბიზნესთან პირდაპირი დაკავშირების ინტერესი. საინტერესოდ მიმაჩნია ის წინადადებანი, რომელიც ჩამოაყალიბეს აქ, ჩვენთან, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტში, ფინანსთა სამინისტროსა და ჩვენს უწყებებში და რომლებიც ინტერესით მიიღეს საფრანგეთის ბიზნესმენებმა. მაგრამ არის ერთი ასეთი პრობლემა: ბიზნესმენებს ზურგს არ უმაგრებს ისეთი საბანკო გაერთიანება, როგორიც არის, კერძოდ, გერმანიაში „ჰერმესი“, საფრანგეთში - „კოფასი“ და ა. შ., ბიზნესმენები ფრთხილობენ. („კოფასი“ უდიდესი სადაზღვევო კომპანიაა). საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან კონტაქტებმა იმის გარანტია მოგვცა, რომ ამ სადაზღვევო საბანკო სისტემის დიდი დელეგაცია ჩამოვა საქართველოში და ამის შემდეგ, თუ მათთან საერთო ენას გამოვნახავთ, გაიხსნება საფრანგეთის ბიზნესთან დიდი თანამშრომლობის გზა. „კოფასის“ გარანტიები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერას ნიშნავს. თუ „კოფასს“ სირთულეები აქვს, მას სახელმწიფო ხაზინა აანაზღაურებს. ამიტომ ამ გარანტიებს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
იყო ზოგიერთი სხვა ინტერესიც. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ძალიან დროული, საჭირო იყო, იქნებ, ცოტა დაგვიანებულიც. თუმცა არც ფრანგებისა და არც ჩვენი მიზეზით. უბრალოდ, ობიექტური მიზეზების გამო.
სამანეთო ზონასთან დაკავშირებით კომენტატორმა ნატო ონიანმა სახელმწიფოს მეთაურს ჰკითხა: თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი პოზიცია გაირკვევა ვიზიტის შემდეგ. ორი ვიზიტი - თურქეთსა და საფრანგეთში უკვე გაიმართა. საფრანგეთში თქვენ შეხვდით ფინანსურ წრეებს, ეკონომიკის მინისტრს, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ხომ არ გამოიკვეთა თქვენი პოზიცია?
- როცა ვთქვი, ჩემი პოზიცია ვიზიტების შემდეგ გაირკვევა-მეთქი, მარტო საფრანგეთის ვიზიტი არ მქონია მხედველობაში. რა თქმა უნდა, უპირველესად ვგულისხმობდი ბატონ ბორის ელცინის ჩამოსვლას საქართველოში, მასთან და მის კოლეგებთან შეხვედრას. აქ ბევრი რამ იქნება გასარკვევი. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. იგეგმება, და, ალბათ, უახლოეს დეკადებში განხორციელდება, ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში იქნება კონტაქტები ადმინისტრაციასთან, რასაც, თავისთავად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩემს შეხვედრას სავალუტო ფონდთან და რეკონსტრუქციის ბანკთან. თუ ჩვენ მივიღებთ რაიმე განარტიას სტაბილიზაციის ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, მაშინ შეგვიძლია მეტი მონდომებით ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ვალუტის განმტკიცებისათვის. თუ ასეთ გარანტიებს ვერ მივიღებთ - სხვა გზა უნდა ვეძებოთ. ამიტომ ვარიანტები თანდათანობით ამ ვიზიტების მსვლელობაში ზუსტდება. ასეთი ვარიანტები მე მაქვს მაგრამ, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია.
ორიოდე სიტყვით მინდა აღვნიშნო განვითარებადი ქვეყნების სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ჩვენი კონტაქტების მნიშვნელობა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხება ამ ინსტიტუტთან, შტაბ-ბინასთან, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს. მთავარი შედეგი ის არის, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში. უკვე შევთანხმდით, დაახლოებით დროც გარკვეულია, და ეს საინტერესო პერსპექტივაა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ორგანიზაციაში ძალიან კარგად არის დამუშავებული სხვადასხვა გზები - ახალ ეკონომიკაზე გადასვლის მეთოდოლოგიური მიდგომები. კადრების მომზადება, აპარატის შექმნა. იქ მიაჩნიათ, რომ კვალიფიციური აპარატის შექმნა გარდამავალ ეტაპზე სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. თუ ასეთი აპარატი არ შეიქმნება, - იქმნება ეს სამინისტროები, სამთავრობო, სახელმწიფო მეთაურის, თუ საპრეზიდენტო აპარატები, უიმისოდ ახალ ეკონომიკაზე გადასვლასა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენიო ჩემი შეხვედრა იუნესკოს გენერალურ მდივანთან ბატონ ფედერიკო მაიორთან. აქაც ორი საინტერესო კონკრეტული მიმართულება გამოიკვეთა: პირველი - ეს არის იუნესკოს დაინტერესება ჩვენი ინიციატივით, წინადადებებითა და გამოცდილებით ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენების სფეროში, და არა მარტო ენერგიის არატრადიციული წყაროების, არამედ ენერგიის წყაროების არატრადიციული გამოყენებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მხრივ საქართველო შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ასეთ ცენტრად ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებისათვის.
ამასთანავე ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს კულტურის ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა, და ბატონმა მაიორმა განაცხადა, რომ თუმცა იუნესკო მდიდარი ორგანიზაცია არ გახლავთ, იგი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ ძეგლების აღდგენასა და გადარჩენაში.
ორი დღის განმავლობაში იმაზე მეტი გაკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.
რაც შეეხება შეხვედრებს გაეროს გენერალურ მდივანთან ბუტროს გალისთან და გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელთან აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ედუარდ ბრუნერთან, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. შედეგად დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ბატონი სანდრო კავსაძე და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ერქვანია გაემგზავრებიან მოსკოვს. სწორედ რუსეთთან უნდა გავარკვიოთ აფხაზეთთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომები. რუსეთს აქვს თავისი ვარიანტი, პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებისა. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რა საუბარიც, მქონდა ბატონ გენერალურ მდივანთან, ამ პროექტზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და ყოველ მიზეზგარეშე უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი ვარიანტი, რომელიც თითქმის უკვე მომზადებულია.
ჩვენი მიზანი იყო გამერკვია, როგორ ესმის გაეროს გენერალურ მდივანს შემდგომი სამშვიდობო პროცესი, მისი ეტაპები, უმთავრესი მიღება, რამდენად კონკრეტული იქნება იგი და რამდენად იქნება ასახული საქართველოს და, კერძოდ, აფხაზეთის ინტერესები. ბევრი ჩემი კოლეგა გაუბრალოებულად უყურებს ამ რეზოლუციების მიღებას. ეს ურთულესი პროცესია. გენერალურმა მდივანმა მითხრა. ნუ შევხედავთ ისე, რომ საქართველოს უკვე გარანტირებული აქვს იმგვარი რეზოლუციის მიღება, რომელიც ძალიან მოკლე დროში მშვიდობას მოიტანს. ეს ძალიან რთული იქნება. ჩამოითვალა 3-4 ვარიანტი იმისა, რომელიც შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ. ოღონდ ამისათვის საჭირო იქნება ძალიან დიდი და სერიოზული მუშაობა და არა მარტო გენერალურ მდივანთან. მან მომცა გარანტია, რომ იბრძოლებს სრულყოფილი რეზოლუციისათვის, რომელმაც უნდა განსაზღვროს მშვიდობის დამყარების ბედი აფხაზეთში. მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან დიდი მუშაობა იქნება საჭირო უშიშროების საბჭოს მუდმიც წევრებთან. დაახლოებითი გეგმაც მოიხაზა, თუ როგორ უნდა ავაგოთ ეს ურთულესი საქმიანობა.
ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ სხვა საკითხზე მსჯელობა გენერალურ მდივანთან, გარდა მშვიდობიანი გზისა, აბსურდულია, მშვიდობიანი გზის უარყოფა, მე მგონი, დღეს საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს, ამაზე ლაპარაკიც კი უნდა გამოირიცხოს, თუ ჩვენ შევძლებთ ამ ვარიანტებიდან თუნდაც ერთ-ერთის გადატანას. ეს უკვე ნიშნავს, რომ მოწესრიგების რეალური გზა არსებობს.
ერთი რამ კი უნდა ვთქვა: ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს სამხედრო გადაწყვეტაზე, ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ამაზე, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება, ის ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობს, ამ ვარიანტზე. როცა ზოგიერთის გამოსვლას ვუსმენ, მათში (აქ მხედველობაში არა მყავს გამწარებული, გამოდევნილი ადამიანები), პარტიული და ეგოისტური პოზიციები უფრო ჭარბობს და არა რეალისტური მიდგომა აფხაზეთის საკითხის მოგვარებისადმი.
- რამდენად იზიარებს და ხედავს ევროპა იმ საფრთხეს, რომელიც დღეს არსებობს რუსეთში, კერძოდ, საკადრო ცვლილებებს, პროფაშისტური ძალების გააქტიურებას, იმავე საფრანგეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით. ჟირინოვსკიმ თქვენი ვიზიტის წინ საშინელი სიტყვებით მოიხსენია ფრანსუა მიტერანი, და რამდენად არის იქ გაცნობიერებული რუსეთში პროფაშისტური საფრთხე?
- როცა ცალკეული პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ საქართველომ უნდა ააწყოს, ააშენოს ნორმალური, კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ვფიქობ, ამის მიღმა დგას საქართველოში სტაბილურობის მიღწევის დიდი სურვილი. დასავლეთის პოლიტიკური და საქმიანი წრეების აზრით, თუკი ის ქვეყნები, რომლებიც წინათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, სწორ ურთიერთობას დაამყარებენ რუსეთთან, ეს სტაბილურობის ერთგვარი გარანტია იქნება. და ამასთან დაკავშირებით, მე უკვე ვხედავ და ვილაპარაკე კიდეც რუსეთის ახალ როლზე. სტაბილურობის გარეშე ბიზნესი ვერ მოქმედებს და, ბუნებრივია, საფინანსო წრეები სტაბილურობით არიან დაინტერესებული.
რაც შეეხება პროფაშისტური ძალების გამოსვლას ასპარეზზე, ჩემი შთაბეჭდილებით, საფრანგეთი ჩვენზე ნაკლებად როდია შეშფოთებული ამ მოვლენებით, ისევე როგორც ევროპისა და მსოფლიოს კონტაქტებისა და დიალოგის პროცესში ერთხელ კიდევ გამოვხატავდით რუსეთში დემოკრატიული განვითარების გზის მხარდაჭერის სურვილს.
- პარიზის ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა ემიგრანტმა სულხან-საბა გაიხსენა და თქვა სიტუაცია იცვლება და დღეს თქვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, მიტერანმა მიგიღოთ: თქვენ ამტკიცებთ, რომ ქვეყანა გადარჩება. ეს იქაც თქვით, რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?
- მოხერხდა ამ შეხვედრის ჩაწერა, კარგი იქნება, თუ საქართველოს ტელევიზია უჩვენებს მას. იქ ორი-სამი უნიკალური მომენტი იყო, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ტელემაყურებლისა და რადიომსმენელისათვის.
რაც შეეხება ქვეყნის გადარჩენას - სხვა გზა არ არსებობს, ცოცხალმა ადამიანმა და ცოცხალმა ორგანიზმმა უნდა იარსებოს არსებობისათვის, მით უმეტეს, ერმა და ქვეყანამ. როცა ამაზე ვლაპარაკობ, ცოტა უფრო ღრმა ანალიზიდან გამოვდივარ. ეს არ ეხება მხოლოდ დღევანდელ საქართველოს. ეს ეხება საქართველოს მთელ წარსულს, ჩვენს დამწერლობამდე, ჩვენი დამწერლობის აქეთ, სხვადასხვა ეტაპებს, პერიოდებს, მათ შორის, ბოლო საუკუნეებს. ახლა მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის მიჯნაზე ვდგავართ. სულ სხვა სამყარო, სხვა მსოფლიო, სხვა პირობები და სხვა კანონები შედის ძალაში. ახლა, ასე თუ ისე, თუ ვარსებობთ, ვარსებობთ იმიტომ, რომ ახალი კანონები მოქმედებს, რაც უფრო მძლავრად ამოქმედდებიან ისინი, გადარჩენისა და კრიზისიდან გამოსვლის მით უფრო მეტი შანსი იქნება.
ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს: მთავარია შინაგანი ძალების მობილიზება და მოწესრიგება, შინაგანი ერთიანობა ეს ყოველთვის იყო საქართველოსათვის უმთავრესი პრობლემა და ახლაც ასევე რჩება. ერთიანობისათვის ბრძოლის ხელოვნება ჩვენ ისე რომ ავითვისოთ, როგორც ერთმანეთის შეჭმისა (როგორც იტყვიან, ერთმანეთის დაღრღნის პროფესიას დავეუფლეთ), გარეშე ნეგატიური ფაქტორებიც კი ვერაფერს დაგვაკლებენ. განა აფხაზეთში ომის დროს ჩვენი ხელით არ გადავჭერით წარმატებისაკენ მიმავალი ყველა ძარღვი: დავანგრიეთ ხიდები, წელში გაწყდა ქვეყანა, და პრაქტიკულად გავწირეთ აფხაზეთში მებრძოლი ხალხი და ის ქართველობა.
ახლა ეს ძალები, როგორც იტყვიან, ჩირგვებში არიან, ანდა ახალ ოპოზიციურ პლატფორმას აკოწიწებენ, და ისევ იმისათვის, რომ ერთმანეთი კვლავ დავჭამოთ, განხეთქილება შევიტანოთ. ეს უნდა დავძლიოთ, ნორმალურ ურთიერთობას შევეგუოთ, ოპოზიციაც და პოზიციაც ნომალურს დაემსგავსოს. თუ ერთმანეთის გატანა და მხარდაჭერა ვისწავლეთ, და გადარჩენისათვის ბრძოლა სწორედ ამ ერთიანობის საფუძველი უნდა გახდეს, ვფიქრობ, მსოფლიოში მოქმედი ზემოთხსენებული კანონების ფონზე, საქართველოს გადარჩენის რეალური შანსი და რეალური გზა არსებობს.
ჩემი აზრით, თანამეგობრობათა თანამეგობრობის იდეის რეალურობის შესამოწმებლადაც ჰქონდა მნიშვნელობა საფრანგეთში ვიზიტს. ზოგს ასე წარმოუდგენია: ან ევროგაერთიანება, ან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ან შავი ზღვის ქვეყნების ალიანსი. ასე არ უნდა იყოს, მე ასე არ მესმის. როცა თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე, მივიღე არა იმის გამო, რომ შესაძლებელია იგი მალე დაიშალოს. შეიძლება თანამეგობრობა არ დაიშალოს, განმტკიცდეს, გაძლიერდეს, ეს მის წევრ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული. ასევე უნდა გაძლიერდეს შავი ზღვის ქვეყნების ალიანსი. მაგრამ ამ გაძლიერებამ დაპირისპირებისაკენ კი არ უნდა წაგვიყვანოს, განსაკუთრებით ევროგაერთიანებასთან, არამედ, პირიქით, მიგვიყვანოს საერთო სივრცის ჩამოყალიბებამდე, ეკონომიკური, უსაფრთხოები, ჰუმანიტარული თუ სამართლებრივი სივრცეების ჩამოყალიბებამდე...
თანამეგობრობათა თანამეგობრობამ უნდა მიგვიყვანოს უსაფრთხოების ახალ სივრცეებამდე. პარიზში ჩემმა დიალოგებმა დამარწმუნა, რომ ასეთი ახალი პერსპექტივა ისახება ევროპული სახლის მშენებლობაში.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი წინაპრების გზა - დამოუკიდებლობის გარანტიებს რომ ეძებდნენ, საფრანგეთისაკენ და საფრანგეთზე გადიოდა... / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 25 იანვარი. - N15(818). - 3 გვ.
![]() |
10 ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოში წესრიგის დასამყარებლად |
▲ზევით დაბრუნება |
რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირი
[...]
თათბირის მუშაობა შეაჯამა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან კერძოდ თქვა:
- დიდი მუშაობა გასწია საგანგებო მდგომარეობის დროებითმა კომიტეტმა ბატონ ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით. დღეს აქ ითქვა იმ განხორციელებულ ოპერაციებზე, რომლებსაც საზოგადოებრიობის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და გარკვეული იმედები ჩასახა. მაგრამ, ესეც არ უნდა იყოს კამპანიური ხასიათის. ვიდრე არსებობს დამნაშავე, უნდა ვებრძოლოთ მას, და ეს ბრძოლა მასშტაბურ ხასიათს უნდა ატარებდეს და სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდეს.
საგრძნობლად გააქტიურდა პროკურატურა. გარკვეული წვლილი გაჯანსაღების პროცესში შეაქვთ საპარლამენტო კომისიებს და პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ვითარების სტაბილიზაციით. უკეთესად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაიწყო ძვრები უშიშროების სამინისტროში, აქტიურად მოქმედებს იუსტიციის სამინისტრო.
შედარებით წესრიგი დამყარდა პურის განაწილებაში. პურის მაფია, როგორც იტყვიან, სულს ღაფავს. ექვსი თვე გვებრძოდა, რომ არ გადავსულიყავით პურის ნორმალურ განაწილებაზე.
აქ ბევრი რამ ითქვა საგადასახადო ინსპექციის ჩამოყალიბების პროცესზე. ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია. კარგი იქნება, თუ მის მაგალითს მიბაძავს საბაჟო სამსახური.
ყველაფერი რაც გაკეთდა, გაჯანსაღების სიმპტომებად უნდა მივიჩნიოთ, თუ ამ ეტაპს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, შეიძლება ქვეყანა ქვეყანას, სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. თუ გვინდა, რომ ავტორიტეტი გვქონდეს რეგიონში, ევროპაში, მსოფლიოში, ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს.
თურქეთში ვიზიტის დროს მე განვაცხადე, რომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რათა თბილისში გაიმართოს შავიზღვისპირა ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა. ამ ინიციატივას მიესალმა თურქეთი, მხარი დაგვიჭირა უკრაინამ. ვიცი, რომ რუსეთიც თანახმაა. ეს იქნება დიდი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ამის წინა პირობა კი უნდა იყოს ნორმალური საზოგადოებრივი წესრიგი.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მომავალ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც, მისი სიტყვებით, რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
- სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი აღიარება არის პრეზიდენტ ელცინის ვიზიტი, თქვა მან. - რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს თბილისი და საქართველო მიესალმება, რადგან სტუმრად ჩამოდის მეზობელი, მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი თანასწორ, თანატოლ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს და მომავალში ააგოს თავისი ურთიერთობა. საქართველოს ბევრი პრობლემა ურუსეთოდ არ მოგვარდება. ამიტომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის მოგვარება ჩვენი სისხლხორცეული საქმეა. თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არავის მისცემს უფლებას საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ჩვენი ღირსება შეულახავი უნდა იყოს და საპატიო სტუმარს ისე მივიღებთ, როგორც მას ეკადრება. საქართველოს ეშველება, თუ ჩვენ თვითონ არ შევჭამთ ერთმანეთს.
მოვუწოდებ ყველას, ყველა პარტიას, ყველა ორგანიზაციას ამ გარდატეხის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ერთად ვიბრძოლოთ საქართველოში წესრიგის დამყარებისათვის.
- დღევანდელ თათბირზე, - აღნიშნა შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - გამოიკვეთა თემა - წესრიგი და ეკონომიკა. თუ ეკონომიკა არ გამოცოცხლდა, კუპონს არაფერი ეშველება. საქართველოში წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა, მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ეს შენიშნეს დასავლეთში - გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაიწყო გაჯანსაღება და მალე წამოვა ინვესტიციები.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ვრცლად ილაპარაკა მეწარმეებთან, ბანკირებთან სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთობაზე.
ედუარდ შევარდნაძემ ყურადღება მიაპყრო ნარკომანიასთან ბრძოლის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სამსახურში ნარკომანი არ უნდა იყოს. ბრძოლა თანდათან გამწვავდება. ნურავის ჰგონია, რომ ამ ბრძოლაში ვინმე დაიღლება. კანონი უნდა კანონობდეს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ლიცენზიების გაცემა. ვისაც ამის უფლება არა აქვს, იგი კანონით დაისჯება. ასევე გადასაწყვეტია იარაღთან დაკავშირებული საკითხი. თუ შესაბამისი სამსახური პარლამენტის კომისიებთან ერთად არ წარმოადგენენ წინადადებებს, მივიღებ დეკრეტს იმის შესახებ, რომ ყველა იარაღი აღირიცხოს. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ იარაღის აღრიცხვის საკითხი.
სანამ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ბოგინებენ, ქვეყანას არ ეშველება. სიმართლე ყველაფერში უნდა დადგინდეს: თუ რატომ დაგვაკარგვინეს აფხაზეთი, ვინ იყო ის მოღალატე, რომელმაც შუაზე გახლიჩა საქართველო. რაც შეეხება სამეგრელოს, ამდენი სიმწრის გადატანის მერე ხალხი მზად არის დღედაღამ იშრომოს თუ წესრიგი იქნება.
ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ლტოლვილები არიან. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ სამშობლო მათთვის ზრუნავს, რომ საკუთარ კერას მალე დაუბრუნდებიან. მე დღეს პრეზიდენტ კლინტონს გავუგზავნე წერილი. სერიოზული საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, გაეროს თავმჯდომარესთან, მის პირად წარმომადგენელთან. არის აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შანსი. მეტი სითბოსა და ყურადღების გამოჩენა გვმართებს ლტოლვილების, დაკარგულ შვილთა საზოგადოების მიმართ. ჩვენ მათი ჭირისუფლები ვართ.
თბილისი და მოქალაქეთა კავშირი ერთად იწყებენ ქალაქში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ბრძოლას. მივესალმები ამ ინიციატივას და მჯერა, რომ მას კამპანიური ხასიათი კი არ ექნება, არამედ დამკვიდრდება პრაქტიკაში. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური საკითხია.
ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ გაჯანსაღების ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა, გაღრმავდეს, ხალხი დავარწმუნოთ იმაში, რომ, თუ ყველა ერთად ვიმუშავებთ, ქვეყანა გადარჩება.
ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოში წესრიგის დასამყარებლად : რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 29 იანვარი. - N19(822). - 1 გვ.
![]() |
11 საქართველოში პრეზიდენტ ბორის ელცინის ვიზიტისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძე:
საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი აღიარება არის პრეზიდენტ ელცინის ვიზიტი, თბილისი და საქართველო მიესალმება, რადგან სტუმრად ჩამოდის მეზობელი, მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი თანასწორ, თანატოლ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს და მომავალში ააგოს თავისი ურთიერთობა, საქართველოს ბევრი პრობლემა ურუსეთოდ არ მოგვარდება. ამიტომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის მოგვარება ჩვენი სისხლხორცეული საქმეა. თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არავის მისცემს უფლებას საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ჩვენი ღირსება შეულახავი უნდა იყოს და საპატიო სტუმრებს ისე მივიღებთ, როგორც მას ეკადრება.
მოსკოვი. 1993 წლის სექტემბერი. თანამეგობრობის
ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრის დროს.
საქართველოში პრეზიდენტ ბორის ელცინის ვიზიტისათვის : მოსკოვი 1993 წლის სექტემბერი. თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრის დროს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 თებერვალი. - N20(823). - 1გვ.
![]() |
12 „მომავალი საუკუნე ზოგადსაკაცობრიო იდეალების დამკვიდრების საუკუნე უნდა იყოს და ჩვენ ვგრძნობთ, რომ იგი მოდის“ |
▲ზევით დაბრუნება |
31 იანვრის რადიოინტერვიუ
თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებით. კერძოდ, კომენტატორმა ნატო ონიანმა გაიხსენა ბატონ ედუარდ შევარდნაძის ნათქვამი, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ჩამოდის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ლიდერი. სტუმრად ჩამოდის მეზობელი, მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩამოდის როგორც თანაბართან, თანასწორთან, პარტნიორთან.
- რა გაძლევთ ასეთი განცხადების საფუძველს: რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსი საქართველოს მიმართ, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, თუ ის, რომ დღეს სხვა მსოფლიოა?
- ჩემი განცხადების საფუძველს მაძლევს ის კანონზომიერება, რომელიც ჩვენი პლანეტის ცხოვრების წესად იქცევა მე-20-21-ე საუკუნეების მიჯნაზე. ყველაფერი, რაც მიღებული და შეუთავსებელია თანაცხოვრების ახალ წესებთნ, ახალ პრინციპებთან, მხედველობაში მაქვს ყოფილი იუგოსლავიის, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეები, მათ შორის აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩემი აზრით, ეს ანომალიაა, რეაქციული, დრომოჭმული აზროვნებისა და პრაქტიკის გადმონაშთია. ძალადობის ეპოქა, იარაღის მეფობის ეპოქა უნდა დამთავრდეს და დარწმუნებული ვარ, რომ დამთავრდება. ახალი საუკუნე - მომავალი საუკუნე უნდა იყოს. და იგი მოდის, მოაბიჯებს, ჩვენ ამას ვგრძნობთ. მაგრამ ამ ახალ ურთიერთობას აშენება უნდა. ახალი საუკუნე, ახალი ურთიერთობა და ახალი წყობა - ეს შენობა ახალი აგურებისა და ბლოკებისაგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი აგური, მე ასე მესახება, რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობა. ამ ახალ ურთიერთობათა ფონზე უნდა მოვიშუშოთ ჩვენი ტკივილები - აფხაზეთი, ქართველთა და ოსთა კონფლიქტი, ეკონომიკური სიდუხჭირე თუ სხვა მრავალი, რაც სდევს ახალი ქვეყნის დაბადებას. დაბადება ხომ თავისთავად მტკივნეული პროცესია, და, დარწმუნებული ვარ, რომ გაივლის ეს ტკივილები, დადგება ახალი ხანა.
ზოგადად ამგვარად მესახება მე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, მისი პერსპექტივები და ასეთ იმედებს ვამყარებ მასზე.
და კიდევ ერთი საკითხი: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში პრობლემისადმი ასეთი მიდგომა, სწორედ ისეთი გააზრება, როგორიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ჩანს იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც ახლა ვაფორმებთ, ვფიქრობ, რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება და არა მარტო საქართველოს ცალმხრივ ინტერესებს. უკვე ლაპარაკი შეიძლება რუსეთის ახალ როლზე, ახალ გააზრებაზე ჩვენს დღევანდელ რთულ და დაძაბულ პლანეტაზე.
ბუნებრივია, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების უმთავრესი საგანი აფხაზეთი იქნება, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- თუ ვლაპარაკობთ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში, იქმნება კონფლიქტის მოგვარების ახალი მოდელი - გაეროს ძალისხმევა, შეხამებული რუსეთის სამშვიდობო მისიასთან. ასეთი მიდგომა თანამედროვე პრაქტიკაში მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც. გაეროს შესაძლებლობანი ახლა შეზღუდულია. ამას ყველა ხედავს. მე ჩემი პრაქტიკითაც ვხედავ, რომ დღეს გაერო უბრალოდ ვერ გასწვდება ყველა კონფლიქტს. მას განსაკუთრებით ჩვენი კონფლიქტის ვითარებაში შეუძლია მისი მოგვარების რეალური ხელშემწყობის როლი, გადაწყვიტოს სამართლებრივი ბაზის შექმნის საკითხი. დღეს უნდა გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. დაახლოებით ვიცი, საბჭო როგორ რეზოლუციას მიიღებს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს პირდაპირ მონაწილეობას კონფლიქტის მოწესრიგებაში. გაეროს შესაძლებლობებისა და რუსეთის ახალი როლის ერთგვარი შეთავსება-შეხამება - ასეთი მოდელი, რომლის აპრობირებაც ჩვენს მაგალითზე უნდა მოხდეს, საკმაოდ პერსპექტიულად მესახება და ამასთან გარკვეულწილად დაკავშირებულია ჩემი იმედები და ოპტიმიზმი.
რაც შეეხება კონკრეტულად 10 თებერვლიდან იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებას, მიჭირს ამაზე ლაპარაკი, რადგან, თუ ნამდვილ გარანტიებზე ვილაპარაკებთ, მაშინ, ალბათ, ეს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების შედეგებმა უნდა მოგვცეს. გაეროს ძალები პრაქტიკულად აქ შემოსვლას ვერ მოასწრებენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 20 თებერვლიდან მაინც უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ საკითხის ასე დასმა კანონზომიერია. - აფხაზეთის ხელისუფლებას აღიზიანებს რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობა. ამ ხელისუფლების აზრით, რუსეთი აფხაზეთის პრობლემაში მაინც საქართველოს სასიკეთოდ იღებს მონაწილეობას. აქვს ამას რაიმე საფუძველი? უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულმა დიპლომატიამ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯით მიაღწია ყოველივე ამას?
- არა მგონია, რომ წარმატებებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ჩვენ ბევრი რამ გვაღიზიანებს ძალიან ცუდი თვისებაა, როცა საქმე ეხება დიდ პოლიტიკას, დიდ ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ქართული, აფხაზური თუ რუსული. ამიტომ ყველანი უნდა შევეგუოთ და შევეჩვიოთ, რომ არსებობს რაღაც პრინციპები, რომლებსაც უნდა ემორჩილებოდეს ყველა დიდი თუ მცირერიცხოვანი ხალხი.
გასულ კვირას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირზე დასმული უაღრესად დროული საკითხების მოგვარების აუცილებლობის შესახებ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- ჩვენი ცხოვრების ყოველ დღესა და კვირას რაღაც განსაკუთრებული თავისებურება აქვს. განვლილ კვირას ჩვენ შევაჯამეთ საგანგებო წესების შედეგები. რას გვაძლევს იგი პრაქტიკულად: მე ვიტყოდი, რომ, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომელთა ფონზეც გვიხდება ცხოვრება და მუშაობა, ეს შედეგები მაინც შთამბეჭდავია. მე მხოლოდ ჩამოვთვლი: ვითარების გაჯანსაღება დასავლეთში (იქნებ ეს ფრაზა ვერც ასახავს ამ მოვლენას, იქნებ უფრო სწორი იყოს სამოქალაქო ომის მოსალოდნელი საშინელი ხანძრის ჩაქრობა), უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მუშაობის გადრაქმნა (პრაქტიკულად სრულიად ახლებურ მიდგომებზე შეიძლება ლაპარაკი, ამ ძალისმიერ სამინისტროებში მუშაობის სრულყოფაზე), კრიმინალურ სფეროებსა და მაფიოზებზე შეტევა, საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება და სხვა მრავალი, რომელთა შესახებაც იყო საუბარი ამ შემაჯამებელ თათბირზე.
როცა აღნიშნულ თათბირზე ვთქვი, სიმართლე ბოლომდე უნდა გაირკვეს, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა-მეთქი, მხედველობაში მქონდა, რომ, თუ ასე არ მოხდა, მაშინ წესრიგის დამყარების პროცესი მტკივნეული და ხანგრძლივი იქნება. ეს ყოველმიზეზგარეშე უნდა მოხდეს. მე იმის მომხრე ვარ, რომ ყველა დაისაჯოს და ყველა ციხეში წავიდეს, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ რას წარმოადგენს. არც ის იყო ეფექტისათვის ნათქვამი, შემოწმება ჩემგან უნდა დავიწყო-მეთქი. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ნარკომანია დღევანდელობის საშინელი სენია, რომელიც როგორც იტყვიან, აფეთქებით ემუქრება მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით მომავალ თაობებს. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფომ უნდა ითავოს. ვერ იბრძოლებს ის ჩინოვნიკი თუ მოხელი, რომელსაც ამის მორალური უფლება არა აქვს. ამიტომ სახელმწიფო დაწესებულებები, ორგანიზაციები, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, უშიშროების სამინისტროები უნდა გაიწმინდოს ამ ელემენტებისაგან. როცა ვამბობ, გაიწმინდოს-მეთქი, ეს როდი ნიშნავს, რომ ისინი ქუჩაში გავყაროთ, ზოგს ვუმკურნალოთ, ზოგი მოვაწყოთ, დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად, მაგრამ ასეთი ფილტრი ყოველმიზეზგარეშე აუცილებელია.
ზოგიერთი სისხლის აღებაში, ანალიზში დაინახავს პიროვნების უფლებების შელახვას. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პროცესი ჩემით დაიწყოს (მე რომ სისხლის აღების არ მეშინია, მე მგონი, ეჭვი არავის ეპარება), სახელმწიფოს მეთაურის აპარატით დაიწყოს. ვფიქრობ, დღეს-ხვალ ასეთი სამუშაო შესრულდება.
- რა უშველის დღეს ქართულ კუპონს და რამდენად დაეხმარება ის ცნობილი 200 მილიონი, რომელიც, ყოფილი პრემიერის აზრით თქვენ სადღაც „გააქრეთ“?
- ეს უაღრესად სერიოზული საკითხია. მინდა ერთხელ კიდევ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ როდესაც მინისტრთა კაბინეტის წინადადებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კუპონის შემოღების თაობაზე, მე მაშინ ვთქვი, კუპონი გაუფასურდა-მეთქი, სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. შესაძლოა ეს პროცესი მცდარმა საკრედიტო პოლიტიკამ ან სხვა სუბიექტურმა მოვლენებმა დააჩქარა, მაგრამ ეს პროცესი ერთი თვით ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებოდა, რადგან, ვინც კუპონის პრობლემას ეკონომიკისაგან მოწყვეტით განიხილავს, იგი ცდება, საქმეში ჩახედული არ არის, ანდა მოსაზრება, რომ ახლა დროა უკვე ლარზე ვიფიქროთ, იქნებ ამან გვიშველოსო. ვერავითარი ლარი და ვერავითარი ახალი ვალუტა ვერ უშველის ქვეყანას, თუ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი არ დაიწყო. ამიტომაც მე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენად მიმაჩნია ის, რაც ამ დღეებში გაიმართება - პრეზიდენტ ელცინის ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი უნდა მოვაწეროთ მრავალ ეკონომიკურ ხელშეკრულებას. იმის პარალელურად, რაც უკვე გაკეთდა ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, ეს ერთ-ერთი გამოსავალი, რომ სწრაფად მივიღოთ ეფექტი. თუ კავშირურთიერთობანი სწრაფად აღდგება და ახალი კავშირები დამყარდება, მაშინ ეკონომიკა გამოცოცხლდება და ამ ბაზაზე შეიძლება კუპონიც გაჯანსაღდეს და ახალი ვალუტის, ლარის შემოღებაზეც ვიფიქროთ.
მეორე გზა - ეს არის დიდი კრედიტების მიღების გზა. თუ ჩვენ მართლაც მივიღებთ 200 თუ 300 მილიონ დოლარს... ეს არც ისე ბევრია, ეკონომისტთა გაანგარიშებით, ამ ეტაპზე ეკონომიკის გაჯანსაღებისა და კუპონის განმტკიცებისათვის მილიარდი დოლარი მაინც გვჭირდება, მაგრამ გარკვეულ შეღავათს მოგვცემს 100-200 მილიონი დოლარიც.
ამასთან დაკავშირებით (მე რამდენადმე ხუმრობად ვთვლიდი ამ ბრალდებას) ზოგიერთი მასალა გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაში“. ახლა მთელი სერიოზულობით მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებრიობამ ყველაფერი უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. რა არის ეს: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძალიან სერიოზული წერილი იმის პერსპექტივით, რომ საქართველომ შეიძლება მართლაც მიიღოს გარკვეული რაოდენობის კრედიტები და ეკონომიკური დახმარება. დაგვიმალეს ეს წერილი, როგორც მოხდა ეს, როგორ აღმოჩნდა მისი ასლი ბატონ თენგიზ სიგუასთან, თითქოს დედანი დაკარგა, ასლი კი მასთან არის სახლში... რაც იგი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ყველა დოკუმენტს შინ ინახავდა? ჩემი აზრით, ჩვენი მოქალაქეები ამას უნდა ჩაუფიქრდნენ. იქ იყო მეორე წერილიც (ეს ერთი წერილი გამოქვეყნდა პრესაში), მე მოვითხოვ, რომ გამოქვეყნდეს მეორე წერილიც, ის, რომელიც ბატონ რომან გოცირიძეს გადავუგზავნე: „სასწრაფოდ შეისწავლეთ და სასწრაფოდ წარმოადგინეთ წინადადება“. იგი ახლა მინისტრთა კაბინეტიდან წავიდა და, როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტშიც, ჯერჯერობით, არავითარი რეაგირება არ ყოფილა ამ დოკუმენტზე. ესეც თქვენი სასწრაფო და ესეც ლტოლვა კაბინეტისა, რაც შეიძლება ჩქარა მიიღონ კრედიტები.
- ამ წერილის თაობაზე ოდესმე უთქვამს თქვენთვის რაიმე ბატონ სიგუას?
- ჩემი მორალი და ზნეობა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ბრალდება ადამიანს უკან დავუბრუნო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ჩემს მიმოწერასა და არაერთგზის თხოვნას იმავე სავალუტო ფონდში კრედიტების მიღების თაობაზე. ანდა როგორ მივიღეთ 70 მილიონი ეკიუს კრედიტი ევროგაერთიანებისაგან, რამდენი ჩემი პირადი თხოვნა, მიმართვა და წერილია გაგზავნილი დიდი შვიდეულის სახელზე, რომლებსაც მე ვიტყოდი, კაცი უცრემლოდ ვერ წაიკითხავს, ხვეწნა და მუდარა, დაგვეხმარეთ, გვიშველეთ... ჩემი ვიზიტი გერმანიაში, რომლის შდეგადაც მივიღეთ 80 მილიონი გერმანული მარკა როგორც უპროცენტო გრძელვანიანი კრედიტი და 20 მილიონი გერმანული მარკა ერთდროული ჰუმანური დახმარება; ჩემი არაერთგზის თხოვნა თურქეთის ხელმძღვანელობისადმი, რომელმაც 50 მილიონი დოლარი კრედიტი გამოგვიყო. ახლა კიდევ ახალი თხოვნა და სხვა მრავალი.
ყოველივე ამის შემდეგ, განა შეიძლებოდა კაცისათვის, რომელმაც, როგორც იტყვიან, ამდენი ირბინა და დაჩოქილმა მოიარა სხვადასხვა ქვეყანა იმისათვის, რომ რაღაც გროშები მიეღო, ასეთი პერსპექტივის მქონე დოკუმენტების შესახებ მოეხსენებინათ და მას იგი უყურადღებოდ დაეტოვებინოს? ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ პრესა გამოეხმაურა ამ ამბავს, მაგრამ კიდევ ყველაფერი უნდა გაირკვეს. უნდა გამოქვეყნდეს ის წერილიც, რატომ დაემართა ბატონ გოცირიძეს, რომ მთავარი დოკუმენტიც უმოძრაოდ აღმოჩნდა, და სხვა მრავალი. ამას ანგარიშსწორებისა და იმისათვის კი არ ვამბობ, რომ ვიღაცას ნიშანი მოვუგო, არამედ იმისათვის, რომ, თუ სესხების, კრედიტებისა და დახმარების მიღების რაღაც პერსპექტივა იქნება, მაშინ შეიძლება კუპონიც უფრო სწრაფად განმტკიცდეს და გაჯანსაღდეს. თუ ასეთი პერსპექტივა არ გვექნება და ამაზე უფრო დეტალურად შემიძლია ვილაპარაკო ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, მაშინ, ალბათ, ეს კიდევ უფრო მტკივნეული პროცესი იქნება.
- გასულ კვირას, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დააფიქსირა საკუთარი არსებობა. რას ნიშნავს ეს - გაიყო მოქალაქეთა კავშირი?
- არა. ორგანიზაციის დამაარსებელი და ორგანიზატორი გიორგი მაისურაძე ჩვენი მოძრაობის გამგეობის წევრია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოქალაქეთა კავშირი - ეს არის ორგანიზაცია ახალგაზრდობისათვის და გამოირჩევა ახალგაზრდობის პრობლემებისადმი ახლებური მიდგომით. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ეს ორგანიზაცია არ შეგვიქმნია ვიღაცის დაბომბვისა და რაღაცის დანგრევისათვის. ამ კავშირს სულ სხვა მისია აქვს და იგი სრულიად განსხვავდება ამ პარტიებისაგან, რომლებიც დღეს ასპარეზზე გამოვიდნენ საქართველოში.
ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობასაც ეს იზიდავს. იზიდავს ის, რომ მოქალაქეთა კავშირი განზე არ დგას წესრიგის დაცვის პრობლემებისაგან. ყველა ორგანიზაცია ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი საერთო-სახალხო ეროვნულ მოძრაობაში. და, აი, დაიწყო თბილისში სანიტარული მოწესრიგება. თბილისის მოქალაქეთა კავშირის თითქმის ყველა წევრი რაღაცნაირად მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში. ეს ახლებური მიდგომაა. არა მარტო კრიტიკა თბილისი დალპა და სად არის ხელისუფლებაო, არამედ უშუალოდ მონაწილეობა ყველაფერში. მე მგონი, ასეთმა მიდგომამ არ შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდობის ინტერესი, რადგან ახალგაზრდობას უნდა რაც შეიძლება მალე ეზიაროს იმას, თუ რა არის სახელმწიფოს მმართველობა, რას ნიშნავს მოქალაქეთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მშენებლობისათვის და ა.შ. რატომ უნდა გამოიწვიოს გაკვირვება ამ მოვლენამ? ვიცი, რომ ახლა ლაპარაკობენ, მოქალაქეთა კავშირი კომკავშირს, პიონერულ ორგანიზაციას ქმნისო. უბრალოდ ცუდად იცნობენ მსოფლიოს პოლიტიკურ მოძრაობათა ისტორიას. არც ერთი სერიოზული პოლიტიკური მოძრაობა არ შობილა და არ გადაზრდილა მნიშვნელოვან ძალად ისე, რომ მასთან ერთად პარალელურად არ ყოფილიყო მისი მიმდევარი ახალგაზრდული ორგანიზაციები, ან მის შემადგენლობაში, ანდა ცალკე, რომლებიც მის პრინციპებს იზიარებენ. მე მგონი, ეს მოქალაქეთა კავშირს მხოლოდ ამშვენებს და აძლიერებს.
მივესალმები მათ. შესანიშნავი, ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან. იგივე გიორგი მაისურაძე, რომლითაც ვამაყობ, რომ ასეთ ახალგაზრდასთან მიხდება მუშაობა და ბევრი სხვა.
- გუშინ თქვენ განათლების მუშაკებს შეხვდით. ნაჩვენები იყო ნანა ჯანელიძის ახალი ქართული მხატვრული ფილმი „იავნანა“ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მოტივების მიხედვით. თქვენი აზრით, რა შეასრულებს დღეს ამ „იავნანას“ როლს ქართული საზოგადოებისათვის, რა გააღვიძებს, რა გამოიყვანს მას ამ მდგომარეობიდან და რა დაგვაბრუნებს იმ ნათელ საწყისებთან, რომლებიც ამ ფილმში ლამაზად და პოეტურად არის ნაჩვენები?
- პედაგოგებს მუშაობის ურთულესი პირობები აქვთ. ამ საკითხებზე მსჯელობა გვქონდა და კარგია, რომ ასეთი ფილმი წაუმძღვარეს ამ ჩვენს საუბარს. ეს ღრმად ეროვნული ფილმია. ამავე დროს ეხმიანება ზოგადსაკაცობრიოს. მე ასე აღვიქვი ეს ფილმი: ჭეშმარიტი ეროვნული ზოგადსაკაცობრიოს ნაწილია. რა გადაარჩენს და რაში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი? საქართველოს გადაარჩენას ჭეშმარიტად ეროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მაღალი სულიერება, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მატერიალურ კთილდღეობამდე და ნამდვილ დამოუკიდებლობამდე.
„მომავალი საუკუნე ზოგადსაკაცობრიო იდეალების დამკვიდრების საუკუნე უნდა იყოს და ჩვენ ვგრძნობთ, რომ იგი მოდის“ : 31 იანვრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 თებერვალი. - N20(823). - 1 გვ.
![]() |
13 გამგებელთა ინსტიტუტი ცენტრალური ინსტიტუტია |
▲ზევით დაბრუნება |
მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა რესპუბლიკური თათბირი
ასეთი ყოველთვიური შეხვედრები აუცილებელია, - თქვა თათბირის გახსნისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაუმა ედუარდ შევარდნაძემ. - ასეთ შეხვედრებზე არ უნდა მოვერიდოთ ყველაზე მწვავე საკითხების დასმას, რომლებიც აწუხებს ქალაქელებსა და რაიონებს. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს უკეთ შევიგრძნოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები. თათბირზე ინფორმაციული ხასიათის მოხსენებები გააკეთეს საგადასახადო ინსპექციის უფროსმა დავით სალარიძემ, „საქენერგოს“ თავმჯდომარემ იური ჭედიამ, პურპროდუქტების კორპორაციის თავმჯდომარემ ანზორ ბურჯანაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რომან კურატაშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თემურ ბასილიამ.
თავიანთ რაიონებში შექმნილ ვითარებასა და პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა სადღეისოდ საშური საქმეა, ილაპარაკეს ახალციხის, წალენჯიხის, ბოლნისის, ახალქალაქის, კასპის, ნინოწმინდის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, თბილისის ნაძალადევის რაიონის, ყაზბეგის, სამტრედიის, თერჯოლის რაიონების გამგებლებმა ნუგზარ სარჯველაძემ, დავით ქანთარიამ, შოთა რეხვიაშვილმა, სტეფანე სტეფანიანმა, გია ციხისთავმა, რაფიკ არზუმანიანმა, ჯემალ გორგოძემ, ანზორ კილაძემ, თამაზ ახვლედიანმა, ჰამლეტ მელაძემ, ნოდარ ძნელაძემ, გიორგი ამირანაშვილმა. მოკლე, ლაკონურმა გამოსვლებმა ნათლად წარმოაჩინა თითოეული რაიონისა და ქალაქის სატკივარი, მაგრამ ყველა გამოსვლას ერთი საერთო თემა აერთიანებდა - ეს არის სრული წესრიგის აღდგენა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკის აღორძინებასთან.
- ბევრი პრობლემა, - თქვა მან, - რომელთა შესახებ აქ ილაპარაკეს, შეიძლება მოგვარდეს საკუთარი რესურსებით. ზოგიერთს კი განიხილავს მინისტრთა კაბინეტი გამგებლებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
არაერთხელ თქმულა, რომ გამგებელთა ინსტიტუტი ცენტრალური ინსტიტუტია. იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ისინი, დამოკიდებულია ქვეყნის ბედი. ხანდახან უსამართლოდ და უკანონოდ გავიწროებენ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს, დაგიცავთ, თუ ამის საფუძველი გვექნება, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს თქვენი პროფესიონალიზმი, სიტუაციის ფლობა და პერსპექტივების ხედვა. და, რაც მთავარია, უნდა გვქონდეს რწმენა, სინდის-ნამუსი და პატიოსნება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოსაგვარებელ საკითხებში თქვენი მოკავშირეები იქნებიან პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, სახელმწიფოს მეთაური.
თუ ერთად არ ავითვისეთ ეს სამყარო, რომელშიც შევდივართ, ახალი კანონები, რომლებსაც პარლამენტი ქმნის, ერთად არ გავიზიარეთ ეს რთული ეტაპი, ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს კი, უპირველესად, წესრიგით იწყება. თუ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა არ დაინახეს, რომ ჩვენ შრომა შეგვიძლია, თანამედროვე დონეზე ვაზროვნებთ, ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება. არადა, ჩვენს ქვეყანას ბევრი ეროვნული სიმდიდრე აქვს, რომლის ფასი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცით. მარტო „ბორჯომი“ რად ღირს, არას ვამბობ ჭიათურაზე, ზესტაფონზე, რუსთავსა და სხვა რაიონებზე. ანდა ქართული ღვინო - ეს უზარმაზარი სიმდიდრე როგორმე უნდა გადავარჩინოთ. ასევე უნდა ვიზრუნოთ ქართულ ხილზე, ჩვენს წიაღისეულზე, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ხვალ ხალხმა უკეთესად იცხოვროს.
ნურავინ დამაჯერებს, აღნიშნა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, რომ თუ მონდომება იქნებოდა, არ მოხერხდებოდა ახალქალაქიდან 50 ათასი ტონა კარტოფილის გამოტანა. თავის მხრივ ბევრი რამის შეთავაზება შეიძლებოდა. რაც ახალქალაქში სჭირდებათ. კარგია, რომ გაჩნდა სურვილი რაიონებში აიგოს მცირე ჰესები, რაც საკუთარი საშუალებებით ენერგიის მიღების წყარო გახდება. ამერიკაში სერიოზულად ლაპარაკობენ მილიარდიანი სესხის გამოყოფაზე მცირე ჰესებისათვის. აქ იყო ყოფილი სენატორი, რომელიც ამ საკითხით არის დაინტერესებული და დამაიმედებელი პერსპექტივაც დასახა.
ბევრი რამის გაკეთება შეიძლება უკრაინასთან, რუსეთთან, ყაზახეთთან ურთიერთობით. მათ აქვთ მარცვლეული. რომელიც შეიძლება გაიცვალოს ღვინოზე, კონიაკზე, შამპანურზე. ამ საკითხებზე სისტემატურად უნდა ვმუშაობდეთ.
რაიონის გამგებელებისაგან ველოდებით უფრო მეტ ინიციატივას, რეზერვების ამოქმედებას, გაბედულ ექსპერიმენტებს. ყოველი ექსპერიმენტი უნდა წახალისდეს, შეიძლება მან ხანდახან არ გაამართლოს, მაგრამ იმაზე საშინელება არაფერია, როცა აზრი გაყინულია. საქართველოში ძიება, ინიციატივა ყოველთვის იყო. მით უმეტეს ახლა, როცა არ იზღუდება ინიციატივა, სიახლე. ამ ზამთარმა ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა და სერიოზულ გაკვეთილად უნდა გამოგვადგეს. შევეცადოთ, რომ უფრო კონკრეტულად მივხედოთ ყველა დარგს, იმას, რომ სახელმწიფო მექანიზმი ისე ამუშავდეს, როგორც ქვეყანა მოითხოვს.
გამგებელთა ინსტიტუტი ცენტრალური ინსტიტუტია : მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა რესპუბლიკური თათბირი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 თებერვალი. - N20(823). - 2 გვ.
![]() |
14 მილოცვა ბატონ თენგიზ აბულაძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო ძვირფასო მეგობარო, ბატონო თენგიზ,
სახელოვან იუბილეს გილოცავთ და მოგესალმებით ჩვენი დროის ერთ ყველაზე გამოჩენილ ქართველს, გენიალურ შემოქმედს, დიდ მოაზროვნეს და უმამაცეს ადამიანს.
თქვენ ასწავლით ადამიანებს მშვენიერების სიყვარულს, უნერგავთ სიძულვილს სისასტიკისა და ბოროტებისადმი.
თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, რომ მონანიება სულით ძლიერთა ნიჭია.
ვამაყობ, რომ ვარ თქვენი თანამედროვე და თანამოაზროვნე.
31.01.94 წელი
მარად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.
ქ. თბილისი.
მილოცვა : მილოცვა ბატონ თენგიზ აბულაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 თებერვალი. - N21(824). - 1 გვ.
![]() |
15 მის აღმატებულებას ბ. ნ. ელცინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
მოსკოვი
დიდად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ,
გულითადად გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ თქვენი დაბადების დღესთან დაკავშირებით. ყველას დიდი სურვილი გვაქვს, რომ თქვენ როგორც ყოველთვის იყოთ მხნედ, არ მოგკლებოდეთ ენერგია და წარმატებები ყველა საქმესა და წამოწყებაში რუსეთის კეთილდღეობისა და აყვავებისათვის. - ყველაფერი უშუალოდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ასევე უნდა იცოდეთ, რომ თქვენ, თქვენს საქმიანობას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ურთულეს პოსტზე უკავშირებენ იმედებს ჩვენთანაც, საქართველოში.
გელით თბილისში, და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში ახალ ფურცელს ჩაწერს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ურთიერთობაში.
გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1994 წლის 1 თებერვალი.
მის აღმატებულებას ბ. ნ. ელცინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 თებერვალი. - N21(824). - 1 გვ.
![]() |
16 ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებათა პაკეტის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიის შემდეგ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის.
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
მადლობას მოგახსენებთ პრესკონფერენციაში მონაწილეობისათვის, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტისადმი ესოდენი ყურადღებისათვის.
ეს მოვლენა უთუოდ იმსახურებს ამას. ჩვენ იგი ისტორიულად მიგვაჩნია. მის ასეთ ხასიათსა და მასშტაბს განსაზღვრავს, ჩვენი აზრით, შემდეგი გარემოებანი:
- საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად ჩვენ მოგვეცა შანსი ავაგოთ იგი ახალ საფუძველზე:
- წარსული წლებისაგან განსხვავებით ორი ქვეყანა პირველად ათანხმებს თავის სტრატეგიულ მიზნებსა და ინტერესებს როგორც ორი თანასწორუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო;
- პირველად მთელი რიგი მოვლენებით დამძიმებული საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რომელთა შედეგები ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია, გაჩნდა ჩვენი ხალხებისათვის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის აღდგენის იმედი;
- ვიზიტის მნიშვნელობა, სცილდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფარგლებს. მის ფორმალიზაციასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მოწესრიგების მთელი კომპლექსი, აქ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა.
ჩვენ ეს-ეს არის ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სრულმასშტაბიან, დიდ, როგორც ჩვენ ვამბობთ, ხელშეკრულებას. ჩემი აზრით, მისი სახელწოდება თავისთავად მეტყველებს ამას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეგობრობა, კეთილმეზობლობა, თანამშრომლობა - სწორედ ის არის, რასაც რამდენიმე საუკუნეა ესწრაფვის საქართველო თავის დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში. ეს არის ის, რაც სურს მას დღეს და ესურვება ხვალ, თვალსაწიერ და შორეულ მომავალში.
ხელშეკრულების გარდა ხელმოწერილია დოკუმენტების პაკეტი, რომელიც შედგება ათი შეთანხმებისაგან, ეს შეთანხმებანი აწესრიგებს ორმხრივ ურთიერთობას სხვადასხვა სფეროში. ეს გახლავთ თავისუფალი ვაჭრობა, კულტურა, მეცნიერება და განათლება, კავშირგაბმულობა, საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა, გადასახადების პროცესების მოწესრიგება და გადასახლებულთა უფლებების დაცვა, საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილება და ლიკვიდაცია.
ხელმოწერილია აგრეთვე შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების სტატუსისა და მათი ფუნქციონირების შესახებ.
ადრე დადებულ შეთანხმებებთან ერთად - ისინი კი ოცზე მეტია - პაკეტი საქართველო-რუსეთის ახალ შეთანხმებათა სოლიდურ სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს.
ჩვენი მთავარი სურვილი ის გახლავთ, რომ ხელშეკრულებისა და დღეს ხელმოწერილი სხვა შეთანხმებების დებულებანი რაც შეიძლება მალე რეალურად განხორციელდეს. ეს შეესაბამება როგორც საქართველოსა და რუსეთის, ასევე მთელი ჩვენი რეგიონის ინტერესებს, რომელიც უთუოდ მთავარია საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების თვალსაზრისით.
ეს კონტექსტი იყო უმთავრესი ჩვენი ახლანდელი საუბრებისა და მოლაპარაკების დროს, რომლებიც დიდი ხნის წინათ დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა. ჩვენ დაწვრილებით და გულდასმით განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განვითარების მდგომარეობა და პერსპექტივები, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარე ვესწრაფვით მის ყოველმხრივ გაუმჯობესებას. დავასკვენით, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს უწყობს ამას და რომ ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ დასახულ შესაძლებლობათა განსახორციელებლად. მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ აფხაზეთს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ეგიდით და რუსეთის შუამავლობით ამ და სხვა კონფლიქტების პოლიტიკურ მოწესრიგებას. ჩვენ განვიხილეთ აგრეთვე ამიერკავკასიასა და მთლიანად კავკასიაში შექმნილი სიტუაცია, ჩამოვაყალიბეთ მდგომარეობის ჩვენეული თვალსაზრისი. ჩემი აზრით, დადგა დრო ერთობლივად შევიმუშაოთ კავკასიის სტაბილურობის ფორმულები - რეგიონის სახელმწიფოთა შეთანხმებული ძალისხმევით მუდმივ კონსულტაციათა მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც მე „კავკასიის დიალოგს“ ვუწოდებ.
ჩვენი საუბრების პოლიტიკური პრობლემატიკა მოიცავდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმიანობის სრულყოფის ასეთ საკითხებს. საერთაშორისო მდგომარეობის განხილვისას ჩვენ მთავარი ყურადღება მივაპყრეთ კოლექტიური უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებს. ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით რეგიონალური და სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებების სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.
საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დიდი იმედები და მოლოდინია დაკავშირებული.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სავსებით გამართლდება.
ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 თებერვალი. - N23(826). - 2,3 გვ.
![]() |
17 დარბაზობა საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
3 თებერვალს, საღამოს სასტუმრო „მეტეხში“ გაიმართა დარბაზობა საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის ოფიციალური ვიზიტის გამო.
დარბაზობაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან თქვა:
ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, დიდად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ, კვლავ გულითადად, მთელი სულითა და გულით მოგესალმებით თქვენ.
ვფიქრობ, თავად დელეგაციის შემადგენლობა, მისი ფართო წარმომადგენლობითი ხასიათი, ადასტურებს თქვენი ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ახალ, პატივისცემით დამოკიდებულებას საქართველოსადმი. ჩვენ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლეგ სოსკოვეცს, პრეზიდენტის პირველ თანაშემწეს ვიქტორ ილიუშინს, საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრია კოზირევსა და თავდაცვის მინისტრს პავლე გრაჩოვს, მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს, სანკტ-პეტერბურგის მერს ანტოლი სობჩაკს, დაღესტნის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს მაგომედ ალი მაგომედოვს, აქ ჩრდილოეთ კავკასიის მოძმე ხალხების წარმომადგენელს, რუსეთის ელჩს ვლადიმერ ზემსკის ვეუბნებით - კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. დელეგაციის შემადგენლობაში და პრეზიდენტის თანმხლებ პირთა შორის ბევრია საქართველოს ძველი და კეთილი მეგობარი.
ყველას გვიხარია თქვენი ნახვა, მოხარული ვართ გიმასპინძლოთ აქ, ძველ თბილისში, სადაც ჩვენი ისტორია თითქოს ხელის გულზეა.
მას, ისევე როგორც ამ მიწას, ძალიან რთული რელიეფი აქვს, მაგრამ, ყველა დაბრკოლებისა და წინაღობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის საუკეთესო ადამიანები შეუპოვრად კვალავდნენ ჩვენი ხალხების საერთო ინტერესებით ნაკარნახევ შემხვედრ მარშუტებს.
საქართველოსა და რუსეთის ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ურთულეს ეტაპზე ვერავითარი წინაღობა და დაბრკოლება დღესაც ვერაფერს დააკლებს მათ.
რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი დამოუკიდებელ საქართველოში იძენს ისტორიული მოვლენების მასშტაბსა და მნიშვნელობას.
მას ვუკავშირებთ ჩვენი ხალხების სულიერი ნათესაობის ტრადიციათა აღორძინების იმედებს, ხოლო თუ პოლიტიკის ენით ვიტყვით, - საქართველო-რუსეთის პრინციპულად ახალი ურთიერთობის მნიშვნელობას თანასწორუფლებიანობის, ნდობის, ურთიერთგაგების, კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და ძმობის სულისკვეთებით.
მას უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის იმედები, რომელიც ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
მოაზროვნე საქართველოს - ოსტატთა, მუშათა, მიწათმოქმედთა, მეცნიერთა, ხელოვანთა ქვეყანას სურს ვრცელი და მტკიცე საწარმოო, ინტელექტუალური, კულტურული კავშირურთიერთობის აღდგენა რუსეთთან.
თქვენი სახით, ბორის ნიკოლოზის ძევ, საქართველო მიესალმება იმ რუსეთს, რომლისგანაც მუდამ ელოდა გაგებასა და სამართლიანობას. იგი მიესალმება იმ სახელოვან რუს ადამიანებს, რომლებსაც არ აკლდათ ვაჟკაცობა გამიჯვნოდნენ იმპერიული ძალმომრეობის პოლიტიკას და სიმართლისა და სიკეთის მხარეზე დამდგარიყვნენ.
სწორედ ასე მოიქეცით თქვენ 1989 წლის 9 აპრილს სისხლიანი კვირის შემდეგ, როცა თბილისში ჩამობრძანდით ხალხის დესპანად, რომელმაც არ მოისურვა ჰქონოდა რაიმე საერთო უმწეო ქალებისა და ბავშვების მკვლელებთან. სწორედ რუსეთის ჭეშმარიტი ნების გამოხატვის მისწრაფებამ გიკარნახათ იმავე წლის დეკემბერში. მიგეტოვებინათ სახალხო დეპუტატთა ყრილობის სხდომათა დარბაზი. იმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომ ცდილობდნენ გაემართლებინათ მკვლელები და ყრილობის თითქმის ნახევარი გამოგყავთ თქვენ.
საქართველოს ახსოვს ეს, როგორც ახსოვს ანატოლი ალექსანდრეს ძე სობჩაკის ვაჟკაცობა, მისი მტკიცე გადაწყვეტილება დაეცვა ჭეშმარიტება.
1991 წლის აგვისტოში, ჯერ მოსკოვის საბჭოსთან - ბატონი იური ლუჟკოვი დაადასტურებს ამას, ერთად ვიყავით, შემდეგ - თეთრ სახლთან რუსეთის სამფეროვან დროშებს შორის მე დავინახე საქართველოს ეროვნული დროშა.
საქართველო მუდამ იმ რუსეთის გვერდით იყო, რომელიც ესწრაფოდა დაემსხვრია უღელი, როგორც მას, ისე საერთო ბედით მასთან დაკავშირებულ ხალხებს რომ ახრჩობდა. აი ისტორიული ტრადიციის ერთგულნი ვიყავით მთელი უკანასკნელი მძიმე წლების განმავლობაში, მხარს ვუჭერდით რუსეთის პრეზიდენტს რეაქციისადმი მის დაპირისპირებაში - ზოგჯერ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთში მიმდინარე სხვა ძვრებიც საქართველოშიც უაღრესად მტკივნეულად აღიქმებოდა, სხვებზე უფრო მკაფიოდ შევიგრძნეთ 3-4 ოქტომბრის მოსკოვის ტრაგედიის გამოძახილი, რადგან სხვებზე ადრე შევნიშნეთ ყველასათვის საერთო საშიშროება.
იქნებ, აქედან, კავკასიონის მწვერვალებიდან, ჩვენი ისტორიისა და გამოცდილების გადასახედიდან იგი უფრო მკაფიოდ მოჩანს, რადგან აქ, სადაც ყოფილი იმპერიის ნერვი უფრო გაშიშვლებულია, აქ უფრო კარგად, ვიდრე სხვაგან სადმე, იცნობენ ამ საფრთხის სათავეებს.
რუსეთის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შექმნის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის განმტკიცებისათვის რუსეთის პრეზიდენტის დაუცხრომელი ძალისხმევის ფონზე უცნაურ ანაქრონიზმად წარმოგვიდგება ზოგიერთი გეოპოლიტიკური დოქტრინა! როცა მათ ეცნობი, მიდიხარ დასკვნამდე: ახალი არა არის რა ამ „ფილოსოფიაში“. მათ, სულ ცოტა, ორი საუკუნის იმპერიის, შემდეგ - საბჭოთა კავშირის პოლიტიკა. იგი ნიღბავდა იმპერიულ მისწრაფებებს, რომლებიც ვლინდებოდა „მთელ რიგ შეძლებისდაგვარად უფრო მცირე ტერიტორიულ ერთეულებად“ საქართველოს და სხვა ქვეყნების დანაწევრების პროექტებით, ხალხების ერთმანეთთან გადაკიდებით, მათი ძალმომრეობითი ასიმილაციით და აგრეთვე ძალმომრეობითი გაძევებით. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ამ პრაქტიკას ყოველთვის უპირისპირდებოდა სხვა ტენდენცია, რომელსაც რუსეთის საუკეთესო ადამიანები განასახიერებდნენ. „გაცილებით მეტი ვნება და უბედურება, ვიდრე სარგებლობა, მოჰქონდათ რუსეთისათვის, - ამბობდა სერგი იულის ძე ვიტე, სხვათა შორის, თბილისის მკვიდრი, - იმ ადამიანებს, რომლებიც მოქმედებდნენ აქ არა ზნეობრივი მაგალითით, არა სულით, არამედ ძალმომრეობითა და პოლიციური მეთოდებით“.
ჩვენდა საუბედუროდ, ამ ორი მიდგომის პაექრობა დღემდე არ დამთავრებულა. საქართველოსათვის იგი მკაფიოდ ჩანს ჩვენი და თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დეზავუირებაში, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებათა თანამიმდევრულ ჩაშლაში, ომის პარტიების, მათი ეთნოეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მატერიალურ-ტექნიკური, სამხედრო, ფინანსურ მხარდაჭერაში.
ამგვარად დოქტრინული სქემების პრაქტიკული რეალიზაცია კვებავს ულტრაშოვინიზმის, პროვინციული ფაშიზმის, აგრესიული სეპარატიზმის ნიადაგს, ჩვენ ეს გადავიტანეთ.
მოწყვლადი ეროვნული თავმოყვარეობის, სიამაყის, ღირსების გრძნობათა თავშეუკავებლ ექსპლოატაციაში ნათლად ჩანს ცდები თავს მოახვიონ რუსეთს ძველი როლი.
ჩვენ კი საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, დემოკრატიათა და რეფორმატორთა რუსეთთან ერთად იმედს ვამყარებთ მის ახალ როლზე. ვიმედოვნებთ და ღრმად გვწამს, როგორც დიდი სახელმწიფო იგი თავის სიდიადეს დაამკვიდრებს ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მხარდაჭერით. რჩება რა დიად სახელმწიფოდ უახლოესი გარემოცვის მიმართ თავის განსაზღვრათა სიდიადის თვალსაზრისით, უნარი შესწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე მეტი მისცეს მას და ამიტომ - საკუთარ თავსაც, უწინარესად - თავის მოქალაქეებს, თავიანთი ქვეყნისთვის ახალ სიამაყეს რომ ძენენ, რომლებიც თავისი ისტორიის ახალ ეტაპზე, მთელი თავისი სულიერი და მატერიალური ძალების აღორძინების ეტაპზე ხელს შეუწყობს ქვეყნებისა და ხალხების აღორძინებას, რომლებიც მასთან ერთად იზიარებენ საერთო ისტორიულ ბედს.
არავინ არ უარყოფს რუსეთის განსაკუთრებულ სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს. მაგრამ ზუსტად ასევე ჩვენი განსაკუთრებული ინტერესები, საქართველოს და სხვა ქვეყნების ინტერესები უკავშირდება რუსეთს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით სტრატეგიული მოკავშირეები. არ არსებობს არც ერთი საკითხი, იქნება ეს კოლექტიური უშიშროება, საზღვრების დაცვა, თუ უმცირესობათა სტატუსი, რომელთა გადაჭრა არ შეგვეძლოს პოლიტიკური საშუალებებით. ერთიანი, მთლიანი, დემოკრატიული საქართველოს ფარგლებში შესაძლებელია ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემათა სრულმასშტაბიანი გადაჭრა ყველაზე მოწინავე მსოფლიო სტანდარტების დონეზე. მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით უნდა აღვკვეთოთ დაბრკოლებანი, რომლებიც ხელოვნურად აღიმართა ქართველთა და აფხაზთა, ოსთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი საერთო ცხოვრების სივრცეში. თუ ვილაპარაკებთ გავლენის სფეროებსა და სტრატეგიულ ინტერესებზე, დაე გაიმარჯვოს თანასწორობისა და კეთილმეზობლობის, სამართლის პატივისცემისა და ზემოქმედების ძალისმიერ მეთოდებზე ხელის აღების გავლენამ.
რუსეთის ახალ როლს ჩვენ ვუკავშირებთ საერთო-კავკასიური მშვიდობისა და თანხმობის იმედებს. ვსარგებლობ რა, პატივცემულო მაგომედალი მაგომედის ძევ, თქვენი აქ ყოფნით, კვლავ ვეუბნებით ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს: კავკასიის ქედი კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს.
კავკასიას, რომელიც გაზრდილი გეოპოლიტიკური სეისმურობის რეგიონი გახლავთ, სჭირდება პროფილაქტიკისა, და კონფლიქტების მოწესრიგების სპეციფიკური მეთოდები, როგორც ახლანდელმა მოვლენებმა ცხადყო, ტრადიციულ ძალაზე დამყარება, რომელიც თითქოსდა აწესრიგებს „კავკასიურ კალეიდოსკოპს“, არ არის აბსოლუტური შედეგის მომტანი.
რაც შეეხება პოლიტიკურ საშუალებებს, როგორც ისტორია მოწმობს, ისინი უშედეგო აღმოჩნდა იმის გამო, რომ მოლაპარაკების პროცესის მონაწილეთა ორიენტაციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ხშირად კი საქმე იშლებოდა იმის გამო, რომ მხარეებს ელემენტარულად არ სურდათ მოლაპარაკების წარმოება.
რუსეთის ახალ როლად მიგვაჩნია მისი სურვილი იმოქმედოს და მოიქცეს სხვების მიმართ იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებიც მან საკუთარი თავისათვის დაამკვიდრა.
რუსეთის ახალ მოწოდებად მიგვაჩნია მისი უთუო უნარი იყოს უზარმაზარ ევრაზიის სივრცეზე და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი გარანტი.
ამ ფორმატს შეესაბამება თავის უშუალო გარემოცვასთან რუსეთის განსაკუთრებული კავშირურთიერთობის განმტკიცებისა და შენარჩუნების ამოცანაც. ამ თვალსაზრისით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონსტრუქციული განვითარება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მათი ფართო ინტეგრირებული კონტაქტებით ერთმანეთთან და მიმდებარე რეგიონულ, კონტინენტურ და კონტინენტთაშორის გაერთიანებებთან. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის ქვეყნების ალიანსი, ევროპის კავშირი, ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო - თანამეგობრობათა უნიკალური თანამეგობრობა, რომელიც სტაბილურობის ერთიან სივრცეს ქმნის.
დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შეესაბამება ჩვენი ხალხების საარსებო ინტერესებს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში ეს პირველი ხელშეკრულება როდია - მას წინ უძღოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი და 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება. ისტორიულ პარალელებს შეიძლება შეცდომები მოჰყვეს, მაგრამ ძნელია იმის დავიწყება, რომ ორივე ეს აქტი დარღვეული აღმოჩნდა ცალმხრივი წესით.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელშეკრულებას სხვაგვარი ბედი ეწევა და ამის საწინდრად კვლავ მიგვაჩნია რუსეთის ახალი როლი, ახალი მისია, ახალი დიდი რუსეთი.
ჩვენს თვალში მას განასახიერებთ თქვენ, ბორის ნიკოლოზის ძევ, და ამიტომ როცა ვადღეგრძელებთ რუსეთს, მის ახალ ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენი ხალხების ერთიანობას, ეს თქვენი სადღეგრძელოც არის. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ წარმატებებს ახალი რუსეთის სახელმწიფოს შექმნაში.
ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს სტუმრებსა და ყველა დამსწრეს.
დარბაზობა საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 თებერვალი. - N23(826). - 4 გვ.
![]() |
18 მოქალაქეთა კავშირის ყრილობა 19-20 მარტს გაიმართება |
▲ზევით დაბრუნება |
„სტაბილური მდგომარეობის მიღწევა რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია. ჩემი აზრით, რუსეთმა ცოტა გვიან ჩამოაყალიბა თავისი სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში. მოლაპარაკების შედეგად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთს დღეისათვის უკვე აქვს წარმოდგენილი ამიერკავკასიის როლი მისი სტაბილურობის თვალსაზრისით“, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა 4 თებერვალს გამართულ მოქალაქეთა კავშირის სათათბირო სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის აზრით რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში წარმატებით დამთავრდა, რაც განპირობებული იყო ორი ქვეყნის ინტერესების დამთხვევით.
„ჩვენი უმთავრესი მიზანი დიდი ხელშეკრულების გაფორმება იყო. ეს ის პრინციპებია, რომელზეც უნდა აშენდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა“, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო ბლოკში მოთავსებულ საკითხებზე და აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებაზე გაამახვილა.
„შეიძლება უარი გვეთქვა საქართველოს სამხრეთის საზღვრის რუსეთის ჯარის ნაწილებთან ერთად დაცვაზე, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ ამ ეტაპზე ამის გაკეთება საკუთარი ძალებით შეუძლებელია. გარდა ამისა, ქართული არმიის შექმნაზე ფიქრი რუსეთის არმიის დაუხმარებლად არ იქნება სერიოზული“.
რაც შეეხება აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, ამ საკითხის გადაწყვეტის სამი ვარიანტი არსებობს:
1. უსაფრთხობის მიზნით გამოყენებული იქნეს საერთაშორისო ძალები კლასიკური გაგებით.
2. სამშვიდობო ძალების ძირითადი ნაწილი რუსეთის საჯარისო ნაწილის წარმომადგენლები იქნებიან, დაახლოებით 20 პროცენტი კი გაეროს ნაწილები.
3. გაეროს მეთვალყურეთა დიდ რაზმთან ერთად ვითარებას რუსეთის საჯარისო ნაწილები გააკონტროლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სამივე ვარიანტზე თანახმაა.
აფხაზეთის სტატუსის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 8 თებერვალს დაიწყება კონსულტაციები.
რაც შეეხება 3 თებერვალს თბილისში მომხდარ ფაქტს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეთა კავშირის წევრებს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: დილის 4 საათისათვის, სახლში, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ კეკელიძე აშენებდა, მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა ნიკოლოზ კეკელიძე. აფეთქება განმეორდა მას შემდეგ, რაც კეკელიძის ბინაში გიორგი ყარყარაშვილი შევიდა.
თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: „31 იანვარს მივიღე გიორგი ყარყარაშვილის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დავურეკე მას და ვთხოვე მონაწილეობა მიეღო ვიზიტის მუშაობაში, გასაუბრების შემდეგ კი გადაეწყვიტა თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ცოტა ხნის შემდეგ ვისმენ მის საპროტესტო განცხადებას. თუმცა, ჩემთან საუბრის დროს პროტესტის შესახებ არაფერი არ უთქვამს“.
შეეხო რა სამანეთო ზონაში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა აზრი, რომ იგი ჯერჯერობით მზად არ არის გადაწყეტილების მისაღებად.
მოქალაქეთა კავშირის ყრილობა 19-20 მარტს გაიმართება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 თებერვალი. - N24(827). - 1 გვ.
![]() |
19 იწყება ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქვია |
▲ზევით დაბრუნება |
7 თებერვლის რადიოინტერვიუ
თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, კომენტატორ ნატო ონიანის თხოვნით, გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენის - რუსეთთან გაფორმებული ყოვლისმომცველი ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების, კერძოდ, სამხედრო ბლოკით გათვალისწინებული საკითხის ანალიზით დაიწყო:
- დიდი, ხელშეკრულებაცა და სხვა ხელშეკრულებათა პაკეტიც, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, ორივე ქვეყნის ინტერესების ბალანსია. ამ ბალანსს ჩვენ დიდი ხანია ვეძებდით, თითქმის ორი წელია მიმდინარეობს მუშაობა. ხელშეკრულების საკმაოდ ცნობილი მესამე მუხლი, სადაც ლაპარაკია საქართველოს წინაშე რუსეთის გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, ეს სულ ბოლო ეტაპზე ჩაირთო დოკუმენტში. ამით ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ ეს ორი წელიწადი ამ ხელშეკრულების ირგვლივ ვტრიალებდით და გვინდოდა, რომ ყველა სიტყვა თუ ფრაზა აწონილი ყოფილიყო და დროის გამოცდისათვის გაეძლო. სხვა საქმეა, თუ როგორ შესრულდება ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება ორივე მხარეზე და იმ პროცესებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში განვითარდება.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს - საზღვრის დაცვას, უნდა შეგახსენოთ, რომ საზღვარს ახლაც ერთად ვიცავთ, უფრო სწორად, საზღვარს ძირითადად რუსეთის მესაზღვრეები იცავენ. ჩვენს სასაზღვრო ჯარებს, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ შეუძლიათ საზღვრის დამოუკიდებლად დაცვა. ამისათვის არ არსებობს არც ფინანსური, არც მატერიალური ბაზა, არც შესაბამისი კადრები. საზღვარი კი მოგეხსენებათ, ტექნიკურად საკმაოდ რთულია. მისი მომსახურება იოლი საქმე არ არის, იგი პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ამ ხელოვნების ათვისებას გარკვეული წლები სჭირდება. თურქეთის ხელმძღვანელებთან ჩვენ ვლაპარაკობთ მეგობრულ და ძმურ ურთიერთობაზე და მჯერა, რომ სწორედ ასეთ ურთიერთობას ავაშენებთ ჩვენს დიდ მეზობელთან. მომავალში, იქნებ, საზღვრის დაცვაც აღარ იყოს საჭირო. თურქეთში ვიზიტის დროს ბატონმა დემირელმა აღნიშნა, ჩვენ იმდენად ძმური ურთიერთობა გვაქვს, მოვა დრო და ეს საზღვარი სიმბოლური იქნებაო, და მე მას ვეთანხმები. ახლა საზღვრის მოშლა კი ორივე ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
ხელშეკრულებაში ჩადებულია დენონსაციის მექანიზმიც: ჩვენ შევქმნით საკუთარ მესაზღვრეთა არმიას. ამას, ალბათ, რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, შემდეგ კი ცხოვრება გვიჩვენებს: ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორიც უფრო მოსახერხებელი და საჭირო იქნება ჩვენი და ჩვენი მეზობლის ინტერესებისათვის.
რუსეთის ჯარის ნაწილების ყოფნა საქართველოსა და კავკასიაში, კერძოდ, სომხეთში, ეს ფაქტია. როგორც ვიცი, აზერბაიჯანშიც საბაზო პრინციპით უდგებიან ამ საკითხის გადაწყვეტას. რაც შეეხება საქართველოს, მხედველობაშია ჯარისათვის ახალი სტატუსის მიღება, აქ მართლაც მოიძებნა კომპრომისი. ამ ჯარების სტატუსი მომავალში ბაზების პრინციპს დაემყარება, უფრო სწორედ, ჯერ ხელშეკრულება არა გვაქვს, ეს არის ოქმი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ პრინციპს და მივიღეთ გადაწყვეტილება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკითხს დაამუშავებს და საბოლოოდ მოამზადებს ხელშეკრულების ტექსტს.
რას ნიშნავს კომპრომისი? რუსეთს აინტერესებს სწორედ ასეთ საბაზრო პრინციპზე იყოს მისი ჯარები აქ, რადგან ერთი-ორი წლის განმავლობაში არ შეიძლება ლაპარაკი სტაბილური ინფრასტრუქტურის შექმნაზე და ა.შ. როცა ბაზაზე ვლაპარაკობთ, ეს გულისხმობს უფრო ხანგრძლივ ყოფნას. საკუთარ ქვეყანაში უცხო არმიის შემოშვება არც ერთი ქვეყნისათვის არ არის სასიხარულო მოვლენა, მაგრამ ჩვენ, ერთი მხრივ რუსეთის ინტერესებს ვხედავთ, მეორე მხირვ კი - ჩვენ ნამდვილი არმია უნდა შევქმნათ. ამ კომპრომისის მეორე მხარე ჩვენთვის იმიტომ არის სასარგებლო, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება სრულიად კონკრეტული ვალდებულებები, თუ რა უნდა იღონოს რუსეთმა, რათა ჩვენ შევქმნათ ეროვნული არმია. ჩვენ ხომ არაფერი არ გაგვაჩნია - არც იარაღი, არც მძიმე, მსუბუქი თუ საშუალო ტექნიკა, არც საბრძოლო მასალები, საპოლიციო იარაღიც კი ვერ მივიღეთ ვერსაიდან. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რომ თუ ქვეყანა არმიის გარეშე იარსებებს, მაშინ შეიძლებოდა არ მიგვეღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ არმია აუცილებელია. თუ შეიძლება არსებობდეს ქვეყანა პოლიციის გარეშე, მაშინ ალბათ, შევეგუებოდით ამას, რომ გვეთხოვა რუსებისთვის გასულიყვნენ საქართველოდან და საერთოდ არ ყოფილიყო ლაპარაკი არავითარ ბაზებზე. ამჯერად, პრაქტიკულად, პოლიციის, შინაგანი ჯარებისა და სხვათა ნორმალური ფორმირება და ფუნქციონირება დაკავშირებულია სწორედ იარაღთან, ტექნიკურ ბაზასთან და ფინანსებთან. ამ ფაქტორებთან ერთად კომპრომისი იმითაც გამოიხატება, რომ რუსეთმა, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა აქტიური და პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში, აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში. თუ დავინახავთ, რომ ეს პოზიტიური როლი გარანტირებულია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვაწერთ ხელს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც სამუშაო ჯგუფი მოამზადებს.
გაართულებს თუ არა ეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას? მე მჯერა, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთის პოლიტიკით საერთოდ და, კერძოდ, კავკასიაში, მათი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ყველაფერ ამას სწავლობენ. არა მგონია, რომ ამან რაიმე სერიოზული გართულება გამოიწვიოს. შეიძლება ყველაზე მგრძნობიარე ამ პრობლემისადმი თურქეთი იყოს, მაგრამ მე უკვე მივწერე ბატონ დემირელს, თუ რით ვხელმძღვანელობდით, როცა ასეთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. თურქეთი, ისევე როგორც რუსეთი, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული სტაბილური კავკასიით, სტაბილური საქართველოთი და, ვფიქრობ, იმ გარანტიებს, რომლებიც ამ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ჩვენი მეზობელი თურქეთი და სხვა მეზობელიცა და სხვა ქვეყნებიც გაგებით შეხვდებიან. ასე რომ, არა მგონია, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე ამან რაიმე გავლენა მოახდინოს.
საქართველოს მიმართ რუსეთის გამოკვეთილი ინტერესების, მათი სანდოობის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა:
- მე ძალიან ვაფასებ იმას, რაც საქართველოში თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. მეცნიერებათა აკადემიაში მისი სიტყვა მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო გამოსვლად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. მის გამოსვლაში იყო ასეთი ფრაზა. რუსეთი არ იხსნის და აღიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ არ შესრულდა და ჩაიშალა ხელშეკრულებები აფხაზეთში მოწესრიგების შესახებ. ძალიან გაბედული და მართალი კაცი უნდა იყო, რომ ეს ასე თქვა. ერთია - ჩვენ რომ ვსაყვედურობდით, და მეორე, როცა თვითონ პრეზიდენტმა თქვა ეს. მისი აქ ყოფნის დროს ბევრი რამ საყურადღებო ითქვა.
განსაზღვრა თუ არა რუსეთმა თავისი სტრატეგიული მიზნები კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში? თუ ვილაპარაკებთ პრეზიდენტსა და მის პოლიტიკაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივების მისეულ გააზრებაზე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ეს გააზრებული აქვს. მისი გამოსვლები, მასთან ჩემი საუბრები ამჯერად განსხვავდებოდა იმათგან, რაც ადრე გვქონდა. მე დავინახე, რომ მას მართლაც ესმის და უკან არ წაუღია ეს სიტყვები, რომლებიც მან თქვა: რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, რომ საქართველო იყოს ერთიანი, განუყოფელი, ძლიერი და რუსეთისადმი კეთილად განწყობილი. მეც ასე მესახება: როგორიც უნდა იყოს მომავალში რუსეთის ბედი, როგორც უნდა გართულდეს ქვეყნის შიგნით ურთიერთობა სხვადასხვა ძალებსა და რეგიონებს შორის, რუსეთთან კეთილი ურთიერთობა საქართველოსათვის უფრო საიმედო ფარია, ვიდრე კონფრონტაცია. იმ შემთხვევაშიც კი, მომავალში რუსეთის ხელისუფლებაში იმპერიული ძალებიც რომ მოვიდნენ. ჩვენ გადავდგით ის ნაბიჯი და გავაკეთეთ ის საქმე, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ასე აფასებდა ვიზიტის მნიშვნელობას და ასე ელოდა მას. მე რომ არ მქონოდა იმის ღრმა რწმენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70-75 პროცენტი სწორედ ისე გაიგებდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, როგორც მე იგი დღეს მესმის, რა თქმა უნდა, მაშინ ეს დოკუმენტები ხელმოწერილი არ იქნებოდა.
- ელცინის ვიზიტის შემდეგ თქვენ ასეთი რამ თქვით: ეს ხელშეკრულება რომ ერთი წლის წინათ გვქონოდა, აფხაზეთის კონფლიქტი დამთავრებული იქნებოდაო. გასულ კვირას გამოქვეყნდა გაეროს უშიშროების საბჭოს 896 რეზოლუცია. 8 თებერვალს კვლავ იქნება მსჯელობა აფხაზეთის პრობლემაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოხდება მანამდე, სანამ აფხაზეთის საკითხი არ გადაწყდება. როგორი იქნება თქვენი შეფასება? რა მოიტანა ამ ხელშეკრულებამ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტასთან მიმართებაში?
- როცა მე განვაცხადე, ერთი წლის წინათ რომ გვქონოდა ეს ხელშეკრულება, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა-მეთქი, რომ რუსეთიც ბევრ უსიამოვნებას ასცდებოდა. საქართველოსთვის აფხაზეთის დროებით დაკარგვით რუსეთმა არაფერი არ მოიგო. გაცილებით მეტი სირთულეები შეექმნა მას ქვეყანაში, მის სამხრეთ საზღვრებთან, და, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში. გარკვეული სიძნელეები შეექმნა რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზეც. საქართველოს მიმართ საერთაშორისო აზრი საკმაოდ მგრძნობიარეა და ჩვენ ყოველთვის ობიექტურ რეაქციას ვაფიქსირებთ.
ეს აზრი გამომითქვამს და ახლაც გამოვთქვამ იმ ძალების საყურადღებოდ, რომლებიც აგრძელებენ ძველი უმაღლესი საბჭოს ტრადიციას. ძალიან მტკივა გული, რომ მათ არ ესმით, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილი, ნორმალური ურთიერთობაა კონფლიქტის მოგვარებისა და მოწესრიგების გარანტი. თუ ჩვენ და რუსეთი ერთმანეთს არ ვენდობით, როგორ შეიძლება რუსეთის მონაწილეობით მოწესრიგდეს კონფლიქტი? უნდობლობის ატმოსფერომ მიგვიყვანა იმ კატასტროფამდე, რომელსაც ახლა ვხედავთ აფხაზეთთან მიმართებაში - 250 ათასი ლტოლვილი, ამდენი უბედურება და ამდენი დაკარგული სიცოცხლე.
მე ვგულისხმობ არა მარტო ჩვენს ძალებს, პარტნიორებს თუ ოპონენტებს, არამედ იმათაც, ვინც ახლა რუსეთს პარლამენტში ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს პრეზიდენტ ელცინს იმისათვის, რომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ვიმეორებ, რომ საქართველომ ბევრი დაკარგა და ამით რუსეთმა არაფერი არ მოიგო. ხომ უნდა დამთავრდეს ყოველმიზეზგარეშე ეს უაზრო კონფრონტაცია? ჩემი აზრით ამას უკვე ჩაეყარა საფუძველი.
რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში რუსეთის როლს, ეს როლი გაეროსა და ევროპის უშიშროების სტრუქტურების აქტიურ მონაწილეობასთან არის შერწყმული. ასეთი შერწყმა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, იგი წინათ არ ყოფილა. საერთაშორისო ძალების კლასიკური ფორმით გამოყენება არ არის გამორიცხული, მიუხედავად იმ მოლაპარაკებისა, რომელიც მე და ელცინს გვქონდა, და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზად არის ძირითადი სიმძიმე თავად იკისროს. თუმცა გამორიცხული არ არის, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ უშიშროების საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. კონფლიქტის მოწესრიგების ძირითადი ფაქტორი მაინც რუსეთი იქნება და ამის თქმისა ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს. ვფიქრობ, რომ ეს ხაზგასმით მიუთითებს არა მარტო რუსეთის როლზე, არამედ მის პასუხისმგებლობაზეც. ვიზიტმა მოგვცა გარკვეული გარანტიები. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები, საჯაროდ ნათქვამი მისი სიტყვები, პირისპირ ჩვენი შეხვედრა, ამის გარანტიებს გვაძლევს. ახლა საქმე ის არის, თუ რამდენად შემჭიდროებულ ვადებში გადაწყდება ყველა პრობლემა და, უპირველესად, ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი. ხვალ იწყება მოლაპარაკება აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებაზე ერთხელ კიდევ უნდა განიხილონ ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, და ეს პროცესი რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს.
- ელცინთან შეხვედრისას თქვენ წამოაყენეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარების საკუთარი მოდელი - სამი პლუს ერთი, ანუ კავკასიის სამ ქვეყანას პლუს რუსეთი თავისი ჩრდილოკავკასიური სუბიექტებით. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებმა თქვენი შეხვედრისა და ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ იმთავითვე გაილაშქრეს და რატიფიკაციის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდნენ. რუსეთი ამას ანგარიშს გაუწევს, მაგრამ რუსეთმა, ალბათ, ასევე უნდა გაუწიოს ანგარიში საქართველოსაც, რადგან დაშლილი, დაქუცმაცებული ქვეყანა რუსეთის სამხრეთით არ შეიძლება შეესაბამებოდეს მის ინტერესებს. რას ნიშნავს კავკასიის ფაქტორი დღეს რუსეთისათვის, კავკასიისათვის, ვინ იქნება ამ პროცესებში წარმმართველი?
- რუსეთისათვის კავკასიის ფაქტორი - ეს არის საკუთარი ქვეყნის სამხრეთის უზარმაზარი სივრცეებისა და საარსებო ცენტრების სტაბილურობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი. არასტაბილური საქართველო მიუღებელია რუსეთის ეროვნული ინტერესებისათვის. თუ არსებობს მსჯელობა და მოქმედება კანონზომიერების საფუძველზე, ასეთნაირად უნდა ესმოდეს ეს რუსეთის პოლიტიკოსებს, და მე ასე გავიგე, რომ რუსეთის პრეზიდენტს სწორედ ასე ესმის თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები კავკასიასთან, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში. რაც შეეხება მექანიზმსა და მის მოქმედებას, ამას გარკვეული დრო სჭირდება. მხედველობაში მაქვს კავკასიური ფორუმი თუ კავკასიური დიალოგი.
დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები დაინტერესებული იქნებიან კავკასიური დიალოგით. თუ დღეს არ არიან ამისათვის მომწიფებული, ხვალ მივლენ ამ დასკვნამდე. გარკვეული დროა საჭირო, ეს დრო კი, ჩემი აზრით, არც ისე შორეული პერსპექტივაა. მე უკვე ვთქვი საჯაროდ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის ხელმძღვანელობა, თვითონ პრეზიდენტი ელცინი ამ იდეას - სამი პლუს ერთი, დადებითად შეხვდნენ, მიმაჩნია, რომ მას ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს.
რუსეთთან დადებული ეკონომიკური ხელშეკრულებების შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ის შეთანხმებანი და ღონისძიებანი, რომლებიც ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული, ნაგულისხმევია განხორციელდეს სამანეთო ზონაში შეუსვლელად. რაც შეეხება თვით პრობლემას - სამანეთო ზონაში შესვლას - არც უარი უთქვამთ და არც თანხმობა. არც ჩვენ დაგვიყენებია საკითხი ასე - გინდა თუ არა შეგვიშვით სამანეთო ზონაშიო. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხელის მოსმით არ გადაწყდება. შევძლებთ თუ არა კუპონის გამაგრებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას? ამის ერთგვარი წინამძღვარი ეკონომიკის დარგში ის ხელშეკრულებებია, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ თბილისსა და მოსკოვში. შევძლებთ თუ არა ამას? - ეს არის კითხვათა კითხვა. თუ შევძლებთ კუპონის გამაგრებას და იმას, რომ იგი ნამდვილად წარმოადგენდეს ეროვნულ ვალუტას, მაშინ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ სამანეთო ზონაში შევიდეთ, აღარ უნდა დაგვჭირდეს.
ამ კვირაში დიდ ღონისძიებათა მთელი ციკლია დანიშნული, მათ შორის გასული წლის მუშაობის შედეგების, მიმდინარე წლის გეგმებისა და ამოცანების, კრიზისიდან გამოსვლის პროგრამის განხილვა და ერთ-ერთი მისი უმთავრესი კომპონენტის - კუპონის გამაგრების პრობლემა, რომელსაც ყველა დონეზე განვიხილავთ. შემდეგ ამ საკითხის განხილვაში ჩაერთვება პარლამენტი და გარკვეული დროის შემდეგ უფრო ნათელი პასუხი შეძლება გაეცეს კითხვას - გვჭირდება თუ არ გვჭირდება სამანეთო ზონა.
გასულ კვირას მომხდარი ტერორისტული აქტის - რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ კეკელიძის დაღუპვის გამო, აგრეთვე თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- ბატონ კეკელიძის დაღუპვა მეტად სამწუხარო ფაქტია. მე ეს განვიცადე. ისევე, როგორც სამწუხაროა რუსთავში ამ ერთი კვირის წინათ მომხდარი მკვლელობა და ამ დღეებში პოლიციის ორი ოფიცრის მხეცურად და ბარბაროსულად დაღუპვა თბილისში. კეკელიძის დაღუპვა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დღეს დაემთხვა. ეს მოხდა დილის ოთხის ნახევარზე, ვიზიტი კი დილით იწყებოდა. არა მგონია, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა, თუნდაც იქ მართლად ავანტიურისტული, ტერორისტული ჯგუფი იყოს მოკალათებული, ასეთ საპასუხისმგებლო დღეს დაუკავშირდება ამ საშინელ დანაშაულს. ამასთან დაკავშირებით მე მოვისმინე ერთ-ერთი პარტიის განცხადება, რომელშიც მინიშნებული იყო, შეიძლება საქმე გვქონდეს სახელმწიფო ტერორიზმთანო. ის ამბავი, რომ მავანი სახელმწიფო ტერორიზმზე ლაპარაკობს და ამ ფაქტს რაღაცნაირად სახელმწიფო ტერორიზმს უკავშირებს, თავისთავად, დამაფიქრებელია. პოლიტიკოსი, რომელიც ასე იოლად უშვებს სახელმწიფოს მხრივ ტერორისტული აქტების მოწყობის შესაძლებლობას, ალბათ, თვითონ არ იქნებოდა შორს ასეთი იდეის ხორცშესხმისაგან, მისთვის ხალხს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა რომ ჩაებარებინა. მე აზრადაც კი არ მომივა ის, რომ დღევანდელ საქართველოში სახელმწიფომ ტერორისტული აქტების გზა აირჩიოს. ვინც დაიჟინებს ან დაუშვებს, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ალბათ, იგი თვითონ არის შეგუებული ამ აზრს.
რაც შეეხება გია ყარყარაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ: მას არ შევხვედრივარ, ამ დღეებში შევხვდები. მან მართლაც დაწერა საკმაოდ კატეგორიული განცხადება და, არა მგონია, რომ ეს ერთი ხელის მოსმით დაეწეროს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ორ-სამ დღეში შევხვდებით ერთმანეთს და საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვაცნობებთ ჩვენს ქვეყანას.
- ელცინის ვიზიტის დროს ყველაფერი ისე ნორმალურად იყო ორგანიზებული, რომ ერთგვარად სახელმწიფოებრიობის გრძნობა გაჩნდა - ჩვენც სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ. 8 თებერვალს აღინიშნება დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, რომელსაც საქართველო თავის სახელმწიფოებრიობის იდეას უკავშირებს. ქუთაისელებთან შეხვედრისას თქვენ ბრძანეთ, რომ იწყება ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი - ახალი ეპოქა, რომელსაც პასუხისმგებლობის ეპოქა ჰქვია, პასუხისმგებლობისა საკუთარი ქვეყნის წინაშე, რადგან ეს შენი სახელმწიფოა და იგი სხვას არ ეკუთვნის, და განსაკუთრებული როლი ახალგაზრდებს დააკისრეთ. ქუთაისში მიმდინარეობს ბაგრატის ტაძრის - როგორც ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოს - აღდგენის სამუშაოები. როგორ ფიქრობთ, ბაგრატის ტაძარი ამ ეტაპზე მართლა ერთიანობის ნამდვილი სიმბოლო იქნება თუ უბრალოდ, სიმბოლო სიმბოლოსათვის?
- ასეთ მძიმე დღეში მყოფი ქავეყნისთვის უმაღლესი რანგის სტუმრის მიღება იოლი არ არის. იგი დაკვაშირებულია მრავალ ფაქტორთან და როცა ბატონი ელცინი გავაცილე და თვითმფრინავი აფრინდა, მაშინ ჩემს ზოგიერთ კოლეგას ვუთხარი, აი, სახელმწიფოს ვემსგავსებით-მეთქი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა.
გუშინ ქუთაისელებს შევხვდი ქალაქის მერის ბატონ თემურ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით და მართლაც ვილაპარაკე ეროვნული პასუხისმგებლობის ახალ ეტაპზე, რომლის ერთ-ერთი რგოლი ეს არის, რასაც ახლა ქუთაისელები აკეთებენ. ვიცი, რომ ბევრი რამ კეთდება თბილისში, აჭარაში, ზოგიერთ სხვა რეგიონში, მაგრამ ახლა ლაპარაკია ქუთაისელთა ინიციატივაზე. მე მივესალმე ქუთაისელთა ამ შესანიშნავ წამოწყებას. ბაგრატის ტაძარი და ბაგრატის სახელი უნდა გახდეს არა მარტო სიმბოლო, არამედ არსებითად და ფაქტობრივად მან უნდა მისცეს ბიძგი საქართველოს გამთლიანებას, ნამდვილი, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის სრულიად ახალ ეტაპს.
გვთავაზობენ, და მე ამას მხარს ვუჭერ, რომ გაისად აღვნიშნოთ ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის 1000 წლისთავი. ვფიქრობ, თუ ამას ღირსეულად აღვნიშნავთ, ეს იქნება ბაგრატ მესამისა და დიდი დავითის კვალზე დაბრუნება, ჩვენ მათ ნაკვალევზე უნდა ვიაროთ, არა სიტყვებით, იუბილებითა და ზარზეიმით, არა ნგრევის გზით, როგორც ეს აქამდე ზოგიერთ პატრიოტს ეგონა, არამედ შენების გზით.
თუ საშუალება მომეცა, შევეცდები ვესტუმრო გელათს და დავიჩოქო დავით აღმაშენებლის საფლავთან, დავიჩოქო არა იმისთვის, რომ ეს კონიუნქტურას სჭირდება ანდა პოპულიზმთან არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ მოვუწოდო ჩემს ხალხს ყველამ ერთად ვიაროთ ამ ნაკვალევზე, შენების გზით. შემთხვევით როდი დაარქვა ჩვენმა ხალხმა დიდ დავითს - აღმაშენებელი!
იწყება ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქვია / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 თებერვალი. - N25(828). - 1,2 გვ.
![]() |
20 საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
ვწუხვარ, რომ კვლავ მიხდება ჩემი უკიდურესი შეშფოთების გამოხატვა აფხაზეთში მოვლენების ტრაგიკულად განვითარების გამო. აფხაზმა სეპარატისტებმა უგულებელყვეს ჟენევაში 1993 წლის 1 ნოემბერს ხელმოწერილი მემორანდუმითა და 1994 წლის 13 იანვარს მიღებული კომუნიკეთი აღებული ვალდებულებები და ა.წ. 7-8 თებერვალს წამოიწყეს მორიგი ვანდალური აქცია, დაახლოებით 1000-კაციანი შეიარაღებული რაზმი მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეესია გალის რაიონის ქართულ სოფლებს, გადაწვა 800-მდე საცხოვრებელი სახლი და მოაწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. რამდენიმე ათასი ქართველი აყრილია მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან და შეუერთდა ათიათასობით იძულებით გადაადგილებულსა და ლტოლვილს. გალის რაიონის მაღალმთიანი სოფლები, რომლებამდეც სეპარატისტთა შეიარაღებულ რაზმებს ხელი არ მიუწვდებათ, მძიმე არტილერიით დაბომბეს.
დატრიალებულ ახალ უბედურებაში ადვილი ამოსაცნობია აფხაზი სეპარატისტებისათვის დამახასიათებელი ხელწერა - კვლავ გრძელდება ეთნიკური წმენდისა და მოსახლეობის ტერორიზმების მათ მიერ დამკვიდრებული ფაშისტური პრაქტიკა. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზური მხარე არაა დაინტერესებული მშვიდობის დამყარებაში, ვინაიდან გალის რაიონში დატრიალებული ახალი ტრაგედია დაემთხვა ჟენევის მოლაპარაკებებით გათვალისწინებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების ვადებს. უფრო მეტიც, მომხდარი გვაფიქრებინებს, რომ აფხაზი სეპარატისტების სამხედო მოქმედებების ესკალაცია მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესის ჩაშლისაკენ და კავკასიის რეგიონში საყოველთაო მშვიდობის დამყარების წინააღმდეგ.
ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზა ავირჩიეთ. ამ გზის ალტერნატივა სამხედრო ესკალაციაა და საომარ მოქმედებათა განახლებაა, რაც კონფლიქტების ზონის გაფართოებას, აურაცხელ მსხვერპლს და დიდ უბედურებას მოუტანს არამარტო საქართველოს.
ერთადერთი გამოსავალია დაჩქარდეს აფხაზეთში სამშვიდობი ძალების შემოყვანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციით და მკაცრი საერთაშორისო მეთვალყურეობის დაწესება.
ერთხელ კიდევ მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, უშიშროების საბჭოს, მის ყველა წევრ ქვეყანას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბატონ ბუტროს ბუტროს გალის, ევროთათბირს, გადაუდებლად მიიღონ გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შემოყვანისა და ლტოლვილთა დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე.
მე მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რომლის საშუამავლო და სამშვიდობო მისიაზე დიდადაა დამოკიდებული მშვიდობის ბედი საქართველოში და კერძოდ აფხაზეთში, მიიღოს ყველა ზომები კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნებისათვის.
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 თებერვალი. - N27(830). - 1 გვ.
![]() |
21 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის წერილი ბორის ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
ვწუხვარ, რომ თბილისში თქვენი ვიზიტის შემდეგ პირველ წერილში ვეხები სამწუხარო თემას - ჩვენ დიდად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ კიდევ უფრო გართულდა ისედაც უაღრესად დაძაბული ვითარება აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში.
ამა წლის 7-8 თებერვალს დაახლოებით 1000-კაციანი შეიარაღებული რაზმი მძიმე ტექნიკის გამოყენებით თავს დაესხვა გალის რაიონის ქართულ სოფლებს. მათ გადაბუგეს 800-მდე საცხოვრებელი სახლი და სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. რამდენიმე ათასი ქართველი განდევნილია მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან და ისინი შეემატნენ ისედაც მრავალრიცხოვან იძულებით ადგილშეცვლილ პირებსა და დევნილებს. გალის რაიონის მაღალი მთის სოფლები, რომლებსაც სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები ვერ მიუდგნენ, დაბომბეს.
ამ ახალ ტრაგედიაში ადვილი შესაცნობია აფხაზი სეპარატისტებისათვის დამახასიათებელი ხელწერა - გრძელდება მათ მიერ დანგრეული მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და ტერორის პრაქტიკა. ყოველივე ეს იმას მიგვანიშნებს, რომ აფხაზთა მხარე არ არის დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით, რადგან გალის რაიონში დატრიალებული ახალი ტრაგედია დროის მიხედვით დაემთხვა ჟენევის მოლაპარაკებით გათვალისწინებულ იძულებით ადგილშეცვლილი პირების აფხაზეთში დაბრუნების ვადებს, უფრო მეტიც, მომხდარი ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა საომარი მოქმედების ესკალაცია მიზნად ისახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესის ჩაშლას და მიმართულია კავკასიის რეგიონში საყოველთაო მშვიდობის დამყარების წინააღმდეგ.
ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოწესრიგების მშვიდობიანი გზა. ამ გზის ალტერნატივა სამხედრო ესკალაცია და საომარი მოქმედების განახლებაა, რასაც მოჰყვება კონფლიქტის ზონის გაფართოება, უამრავი მსხვერპლი და დიდი მწუხარება არა მხოლოდ საქართველოსათვის.
ერთადერთი გამოსავალია აფხაზეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციით სამშვიდობო ძალების შეყვანის დაჩქარება და მკაცრი საერთაშორისო მეთვალყურეობის დაწესება.
თქვენმა ვიზიტმა და ჩვენ მიერ მიღწეულმა შეთანხმებებმა ქართველ ხალხში გააღვივა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებისა და შრომის ნორმალური პირობები შეექმნება ბოლო წლების მანძილზე ომითა და შიმშილით გაწამებულ მოსახლეობას.
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის დაწყებამ, რაც თავისთავად კავკასიაში მშვიდობის დამყარების საფუძველია, ფართო გამოხმაურება პოვა ჩვენი ქვეყნების ფარგლებს გარეთაც. ამაში თქვენ უდიდესი როლი შეასრულეთ, როცა ნამდვილი ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგით.
მოგმართავთ რუსეთის ხელმძღვანელობას, რომლის საშუამავლო და სამშვიდობო მისიაზე ბევრად არის დამოკიდებული მშვიდობის ბედი საქართველოში, და, კერძოდ აფხაზეთში, ყველაფერი იღონეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და ლტოლვილთა ღირსეულად დაბრუნებისათვის.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის მოწინააღმდეგეებს არ მივცემთ უფლებას ხორცი შეასხან თავიანთ ბნელ ზრახვებს და საფრთხე შეუქმნან კავკასიის რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევის დაწყებულ პროცესს.
პატივისცემით, ედუარდ შევარდნაძე.
1994 წლის 8 თებერვალი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის წერილი ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 თებერვალი. - N27(830). - 1 გვ.
![]() |
22 მის აღმატებულებას ბუტროს ბუტროს გალის, გაეროს გენერალურ მდივანს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო,
მსურს მოგესალმოთ და გადმოგცეთ ჩემი ხალხის საუკეთესო სურვილები. ამ წერილით მომართვა მაიძულა აფხაზეთში თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა ისედაც უკიდურესად დაძაბული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებამ. აფხაზმა სეპარატისტებმა უგულებელყვეს ჟენევაში 1993 წლის 1 ნოემბერს ხელმოწერილი მემორანდუმითა და 1994 წლის 18 იანვარს მიღებული კომუნიკეთი ნაკისრი ვალდებულებები და ა.წ. 7-8 თებერვალს წამოიწყეს მორიგი ფაშისტური აქცია. დაახლოებით 1000-კაციანი შეიარაღებული რაზმი მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეესია გალის რაიონის ქართულ სოფლებს, გადაწვა 800-მდე საცხოვრებელი სახლი და მოაწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. რამდენიმე ათასი ქართველი აყრილია მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან და შეუერთდა ათიათასობით იძულებით გადაადგილებულსა და დევნილს. გალის რაიონის მაღალი მთის სოფლები, რომლებამდეც სეპარატისტთა შეიარაღებულ რაზმებს ხელი არ მიუწვდათ, მძიმე არტილერიით დაბომბეს.
დატრიალებულ ახალ უბედურებაში ადვილი ამოსაცნობია აფხაზი სეპარატისტებისათვის დამახასიათებელი ხელწერა - კვლავ გრძელდება ეთნიკური წმენდა და მოსახლეობის ტერორიზების მათ მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა. ყოველივე ეს იმას მიუთითებს, რომ აფხაზური მხარე არ არის დაინტერესებული მშვიდობის დამყარებაში.
შეგახსენებთ, ბატონო გენერალურო მდივანო, რომ ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაცია განხორციელდა იმ რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჟენევის 1994 წლის 19 იანვრის კომუნიკეს თანახმად 10 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო კონფლიქტის ზონაში იძულებით გადაადგილებულთა და დევნილთა დაბრუნების პირველი ეტაპი. უფრო მეტიც, მომხდარი გვაფიქრებინებს, რომ აფხაზი სეპარატისტების სამხედრო მოქმედებების ესკალაცია მიზნად ისახავს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესის ჩაშლას, მიმართულია კავკასიის რეგიონში საყოველთაო მშვიდობის დამყარების წინააღმდეგ.
ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზა ავირჩიეთ. ამ გზის ალტერნატივა სამხედრო ესკალაცია და საომარ მოქმედებათა განახლებაა, რაც კონფლიქტის ზონის გაფართოებას, აურაცხელ მსხვერპლსა და დიდ უბედურებას მოუტანს არამარტო საქართველოს.
ერთადერთი გამოსავალია - დაჩქარდეს აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შემოყვანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციით და მკაცრი საერთაშორისო მეთვალყურეობის დაწესება.
ერთხელ კიდევ მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, უშიშროების საბჭოს, მის ყველა წევრ ქვეყანას, მოგმართავთ თქვენ - გადაუდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შემოყვანისა და ლტოლვილთა დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე.
მე მივმართე რუსეთის ხელმძღვანელობას, რომლის საშუამავლო და სამშვიდობო მისიაზე დიდად არის დამოკიდებული მშვიდობის ბედი საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, მიიღოს ყველა ზომა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და დევნილთა საკუთარ კერაზე ღირსეული დაბრუნებისათვის.
იმედი მაქვს, ქართველი ხალხისათვის ამ უმძიმეს ჟამს გაერო და, კერძოდ, მისი უშიშროების საბჭო, კვლავაც სრული პრინციპულობით განიხილავს ჩვენთვის ამ უკიდურესად მტკივნეულ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას კონფლიქტის რეგიონში სამშვიდობო ძალების სასწრაფოდ მოვლინების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია კონფლიქტის ესკალაცია არამარტო აფხაზეთში, არამედ მთელს საქართველოში, რასაც გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს მთელი კავკასიის მასშტაბით.
მსურს მადლიერების სიტყვები გამოვთქვა თქვენი მუდმივი ზრუნვისთვის აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში და გამოვხატო თქვენდამი ჩემი საუკეთესო დამოკიდებულება.
გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.
8 თებერვალი, 1994 წელი.
მის აღმატებულებას ბუტროს ბუტროს გალის, გაეროს გენერალურ მდივანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 თებერვალი. - N27(830). - 1 გვ.
![]() |
23 გენო ადამიას ხსოვნას |
▲ზევით დაბრუნება |
მე მას სოხუმისათვის ბრძოლაში შევხვდი, ახლოს გავიცანი და დავუმეგობრდი. ჩვენ თითქმის არ გვქონდა დრო საუბრებისათვის არც წარსულზე, არც მომავალზე. საუბრების მთავარი თემა და მოქმედების მთავარი მოტივი სოხუმი, აფხაზეთის გადარჩენა, ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობა გახლდათ.
იგი იყო საოცარი გამბედაობის ადამიანი, ჭეშმარიტი გმირი თავისი ბუნებით, ხასიათით, მოქმედებით. ის, ვინც შეძლებს აღწეროს საბრძოლო ოპერაციებში მისი მონაწილეობა, - შთამომავლობას, მომავალ თაობებს შემოუნახავს ეროვნული გმირის კიდევ ერთ სახეს, რომელსაც არაფრის დამატება ან მოკლება არ სჭირდება. მას შეეძლო აბობოქრებულ ხანძარში, ტყვიის წვიმაში გადავარდნა და სასწაულის ძალით გადარჩებოდა ხოლმე. და ეს ხდებოდა თითქმის ყოველდღე. საოცრად, ბავშვური გულწრფელობით უყვარდა მეგობრები, თანამებრძოლები, უსაზღვრო იყო მისი მწუხარება, როცა ულმობელი ტყვია ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს შეიწირავდა. რამდენი ასეთი ტკივილი განიცადა, ბიჭებისათვის იგი „ძია გენო“ იყო და არა გენერალი ადამია. მისი სიტყვა კი კანონი გახლდათ ყველასათვის.
რამდენი სიმწარე და უბედურება განიცადა, მაინც ქართველთა და აფხაზთა ჩატეხილი ხიდის აღდგენის თავგამოდებული ქომაგი იყო. გასაოცრად სულგრძელი და მომთმენი ამ საკითხში. სულგრძელობაც ხომ ნამდვილ გმირთა ხვედრია.
სოხუმი უკვე დაკარგული იყო, როცა იგი უკანასკნელად გადაეშვა ტყვიის წვიმაში. ნამდვილად შეგნებულად. ალბათ ფიქრობდა, აღარ აქვს აზრი ჩემს სიცოცხლესო. დაიღუპა და გადააბიჯა უკვდავების ზღურბლს, ვითარცა გმირმა, წამებულმა საქართველოსათვის.
ედუარდ შევარდნაძე.
გენო ადამიას ხსოვნას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 თებერვალი. - N29(832). - 1 გვ.
![]() |
24 მისალოცი დეპეშა კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო ძვირფასო ოთარ,
გულით მოგესალმები, მეგობრულად გეხვევი და გილოცავ სახელოვან იუბილეს:
თუ ვინმეს ეთქმის, საქართველოს წარმოვადგენ მსოფლიო არენაზე, - შენ გეთქმის, რადგან გულსა და გონებაში გადახარშული, ქართული აზრები, ჩვენი ხალხის ისტორია, მისი ტრადიციები და ხასიათი პლანეტის მილიონობით ბინადართა საკუთრებადაც აქციე.
კვლავ დიდ გამარჯვებებს გისურვებ საქართველოს საკეთილდღეოდ.
ედუარდ შევარდნაძე.
მილოცვა : მისალოცი დეპეშა კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 თებერვალი. - N29(832). - 1 გვ.
![]() |
25 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი დროის კონფლიქტების მოწესრიგების ყველაზე საიმედო გზა მშვიდობიანი მოწესრიგების გზაა |
▲ზევით დაბრუნება |
14 თებერვლის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას აფხაზთა მხარემ კვლავ დაარღვია შეთანხმება - ჟენევის კომუნიკე. ამას მოჰყვა მოსკოვში გაეროს ეგიდითა და ევროთათბირის მონაწილეობით გამართულ აფხაზეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის ფაქტობრივად უშედეგოდ დამთავრება. თქვენ ელცინთან ერთად მიმართეთ ბუტროს გალის, აღნიშნეთ, რომ მშვიდობიანი მოგვარების შანსი ბოლომდე უნდა ამოიწუროს. გუშინ იშტვან დიარმატიმ ტელევიზიით თქვა, რომ ომს ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება სჯობს. ჯერჯერობით ამან არავითარი შედეგი არ მოიტანა. თუ კვლავ გაგრძელდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, მაშინ რა გზა რჩება? - კომენტატორ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული საორშაბათო რადიოინტერვიუ.
- მე არ ვიტყოდი, რომ მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის შესახებ გამართული მოლაპარაკება უშედეგო იყო. საერთოდ, სტატუსის შესახებ მოლაპარაკების პროცესი რთული იქნება და უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შემდეგი ეტაპი ჟენევაში უნდა გაიმართოს 20-22 თებერვალს, და, ვფიქრობ, რომ ამ საკითხებში, იქ მეტი სინათლე იქნება შეტანილი. რაც შეეხება არსებითს და მთავარ საკითხს - კონფლიქტის გლობალურ მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ჩვენ სწორედ მოვიქეცით, როცა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზა ავირჩიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია, ჩვენი დროის კონფლიქტის მოწესრიგების ყველაზე საიმედო გზა მაინც მშვიდობიანი გზაა. ის, ვინც გაანალიზებს ჩვენს პლანეტაზე უახლოეს 20-40 წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, დარწმუნდება, რომ ერთადერთი საიმედო გზა მაინც მშვიდობიანი მოწესრიგების გზაა. სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ მეც და რუსეთის პრეზიდენტიც, როცა მივმართეთ გაეროს გენერალურ მდივანს: ან კლასიკური სამშვიდობო ძალები ანდა, თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ, ალბათ, ძირითადი ძალა იქნება რუსეთის კონტინგენტი. ყველა შესაძლებლობა უნდა ამოიწუროს. როცა მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილების ხერხებსა და მეთოდებზე ვლაპარაკობ, ეს ბევრს აღიზიანებს და მე არც მიკვირს. ადამიანი, რომელსაც სახლ-კარი გადაუწვეს და არ იცის, როდის დაბრუნდება თავის ოჯახსა და კუთხეში, ბუნებრივია, ზოგჯერ ყველაზე რადიკალურ გადაწყვეტას ეძებს და, მისი წარმოდგენით, სწორედ ეს გადაწყვეტა შეიძლება აღმოჩნდეს მოკლე გზა შინ დასაბრუნებლად. მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე, ემოციებზე აგებული განწყობაა. ეს შედეგს ვერ მოგვიტანს.
ამასთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო: თუ სამშვიდობო ძალები ვერ შემოვიყვანეთ - ეს არის ახლა ერთადერთი გამოსავალი. ყველაზე მოკლე გზა მშვიდობისაკენ (თუმცა, მჯერა რომ ამის გაკეთება შეიძლება: ახლა აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ნიუ-იორკსა და სხვა დიდი ქვეყნების დედაქალაქებში). თუ ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა, მაშინ მოხდება ყველაზე უარესი, ანუ - დიდი სისხლისღვრა. მე ვხედავ ასეთ საშინელ პერსპექტივას და ეს სტიქიურად მოხდება, საქართველოს ხელისუფლებისა თუ სხვა ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების ნებისაგან დამოუკიდებლად. პროცესი უმართავი გახდება და კონფლიქტი, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს იმაზე ლაპარაკი, დიდ სივრცეებს მოიცავს. ეს ყველამ უნდა შეიგნოს. ამაზე რომ ვლაპარაკობ, მხედველობაში მყავს, ჩვენი ქვეყნის აუდიტორია, მხედველობაში მყავს აფხაზეთის ხელმძღვანელები და, რა თქმა უნდა, მხედველობაში მყავს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, უპირველეს ყოვლისა - რუსეთი, რომელმაც, ვფიქრობ, კარგად გაიგო ის, რომ ასეთი საფრთხე რეალურია - კონფლიქტი დიდ სივრცეებს მოიცავს. გვინდა თუ არა, კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდება დამატებითი ძალები და ეს დიდი უბედურება იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, ჩვენი დიდი რეგიონისთვისაც.
- თქვენ პარლამენტის სხდომაზე აღნიშნეთ, რომ რუსეთის მონაწილეების გარეშე აფხაზეთის საკითხი არ მოგვარდება. თქვენი და ელცინის ერთობლივ მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ გაეროს ძალები არ შემოვლენ კონფლიქტის ზონაში, ამისათვის მზად არის რუსეთიო. ამბობენ, რომ ჩვენ დღეს რუსეთს ვთხოვეთ იმას, რითაც თავად რუსეთი იყოო დაინტერესებული...
- მე მინდა განვმარტო რუსეთის ოფიციალური პოზიცია: ან საერთაშორისო ძალები კლასიკური გაგებით, რომლებთან თანამშრომლობაზეც იგი თანახმაა, ან თავად აიღებს პასუხისმგებლობას სამშვიდობო მისიით შემოიყვანოს თავისი კონტინგენტი. სხვა გზა არც არსებობს. არის მესამე გზაც - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში მივიღოთ რაღაც სხვა გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იქნება უფრო ტაჯიკეთის მოდელის გამეორება, რომელიც, ალბათ, არ არის სასურველი.
ამ პოზიციის სისწორეზე ძნელია იდავო, რუსეთმა განაცხადა, რომ იგი თანახმაა, ერთი მხრივ, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ძალებში, და, მეორე მხრივ, თუ ეს არ გამოვა, მაშინ კისრულობს პასუხისმგებლობას შემოიყვანოს სამშვიდობო კონტინგენტი! რასაც ჩვენ ვთხოვთ რუსეთს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული ამით, რადგან სხვა გამოსავალი და სხვა გზა არ ჩანს და ვერ ვპოულობთ.
- გასულ კვირას გამოქვეყნდა მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა და ინდიკატური გეგმა. როგორ მიგაჩნიათ, დღეს, როცა მრავალი საყვედური გამოითქმის ჩვენი მთავრობის მიმართ, რომ იგი არ არის ერთიანი გუნდი, რამდენად იმუშავებს ასეთი პროგრამა? ხომ არ არის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სამთავრობო კრიზისი ან მთავრობის გადადგომა?
- პროგრამა დღევანდელ შესაძლებლობათა მაქსიმუმს წარმოადგენს. მის შემუშავებაში მონაწილეობდა ჩვენში არსებული ყველა ძალა - სამინისტროები, უწყებები, ინსტიტუტები, ცალკეული სპეციალისტები. მუშაობა თვეების მანძილზე გრძელდებოდა, ბოლოს მეც მივიღე გარკვეული მონაწილეობა. მთავარი მაინც ის უნდა იყოს, რომ ქვეყანა შემობრუნდეს ეკონომიკისაკენ. ყველამ იფიქროს და იზრუნოს კრიზისიდან გამოსვლაზე. წარმოდგენილი პროგრამა სავსებით რეალისტურია, მაგრამ რეალისტურია იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ჩვენ შევძლებთ და ყოველ მიზეზგარეშე უნდა შევძლოთ მოვძებნოთ დამატებითი რესურსები. ჩვენზე რამდენჯერმე ნაკლებ ენერგოშემცველებს იღებს სომხეთი, მაგრამ იქ 70 პროცენტით არის დატვირთული და მუშაობს მრეწველობა. მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების დონემდეა მისული, მაგრამ მაინც ყველას გათავისებული აქვს ის, რომ თუ ეკონომიკა არ მუშაობს, პერსპექტივაც აღარ არსებობს ქვეყნისათვის.
მე არ ვამბობ, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია მოსახლეობას რაღაც მოვაკლოთ, მაგრამ, პრინციპში, ალბათ, უნდა მოვძებნოთ დამატებითი რესურსები, რათა მივიღოთ ენერგოშემცველების დამატებითი წყაროები, ეს ან უცხოური კრედიტების სახით იქნება, ან რუსეთთან, ირანთან ურთიერთობის გააქტიურებით და სხვ.
რაც შეეხება ლაპარაკს იმაზე, რომ არ არის ერთიანი გუნდი, მე არ ვიცი, არის თუ არა საქართველოში ისეთი პიროვნება, რომელიც შეძლებს დღეს შეკრას ერთიანი გუნდი, ძალიან მარტივი წარმოდგენაა ამ გუნდზე. გუნდის შეკვრას სჭირდება ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ადვილად უგებენ ერთმანეთს და აქვთ უმაღლესი პროფესიული დონე, ამას კი წლების გამოცდილება, ზოგჯერ ათეული წლებიც კი სჭირდება. დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ ის, რის გაკეთებაც თითქმის შეუძლებელია. ასეთი იდეალური გუნდი ახლა არ არსებობს, რაც არის დღეს მინისტრთა კაბინეტი, ეს იმის მაქსიმუმია, რისი მიღებაც შეგვეძლო ამ ვითარებაში ყველა ელემენტისა და მომენტის გათვალისწინებით.
რაც შეეხება მთავრობის კრიზისს, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას (ამასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გარკვეული სიძნელეები), მე მინდა ვთხოვო ყველას, დღეს თავი შეიკავონ რადიკალური მოთხოვნისაგან. მთავრობის კრიზისი კიდეც უფრო გააღრმავებს და გაართულებს ისედაც უკიდურესობამდე მისულ ეკონომიკას და ეკონომკიურ კრიზისს, ვინც ახლა რევოლუციურ ლოზუნგებს გვთავაზობს, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის შეცვლას, ცალკეული მოღვაწეების დათხოვნას და ა. შ. პრაქტიკულად საქმე მიჰყავს კრიზისის უფრო მეტად გაღრმავებისაკენ, არ შეიძლება 3-4 თვეში კაცმა ისწავლოს მინისტრობა. ეს უნდა გავიგოთ. მე თავიდან არ ვიყავი წინა კაბინეტის შეცვლის მომხრე, რადგან, კაცს, როგორც მინიმუმი, 1-2 წელიწადი მაინც სჭირდება, რომ წარმოდგენა ჰქონდეს თავის დარგზე, იმდენად რთული და სპეციფიკურია ეს დარგები, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა შევარბილოთ ასეთი აგრესიული განწყობილება ცალკეული ხელმძვანელობის, თუნდაც მინისტრთა კაბინეტის მიმართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გავაკრიტიკოთ ისინი, დღეს ყველაზე მეტად ერთიანი პასუხისმგებლობა უნდა გვამოძრავებდეს და არა სეირის ყურების ჟინი, რაც ასე ძალუმად იგრძნობა ხოლმე საზოგადოების ერთ ნაწილში და ყველაზე მეტად პარლამენტში.
კომენტატორის თხოვნით სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა მეწარმეობისა და ბიზნესის შესახებ.
- თუ ქვეყნის განვითარების დიდ პერსპექტივაზე ვიმსჯელებ, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რა თქმა უნდა, მესაკუთრე, ბიზნესმენი, მეწარმე ეკონომიკის აღმავლობის უმთავრესი შემადგენელი ნაწილები და კომპონენტები არიან. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ საბაზრო ეკონომიკის რელსებზე. ეს კურსი გარკვეულ სახელმწიფო სტრუქტურებსაც აშინებს და მაფიასაც, რადგან კერძო მესაკუთრეს განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ დაიცვას ის საკუთრება, რომელიც მას ეკუთვნის, მისი სიმდიდრისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს. რა წინააღმდეგობასაც უნდა ვაწყდებოდეთ, ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს და კიდევაც დაჩქარდება, ამას გარდა, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიგოს და ხელი შეუწყოს ისეთი განწყობილების დამკვიდრებას, რომ კერძო მესაკუთრე, მეწარმე წურბელად არ გადაიქცეს, პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი წურბელა გაჩნდა და ამან გამოიწვია ადამიანებს შორის ანაგონისტური დამოკიდებულება. ჩვენ როგორმე ხელი უნდა შევუწყოთ სერიოზული ბიზნესის შექმნას, სერიოზულ ბიზნესმენთა მთელი თაობის აღზრდას, ბიზნესმენებისა, რომლებიც სარბიელზე გამოდიან, და დარწმუნებული ვარ, გამოვლენ საკუთარი გონებისა და შრომის წყალობით და არა სხვა გზებითა და მაქინაციებით. თუ ჩვენ მივაღწევთ ასეთი ბიზნესის შექმნას და ასეთ კერძო მესაკუთრეთა ფენის გამოსვლას ასპარეზზე, მაშინ ქვეყანას უფრო მალე ეშველება.
- თავდაცვის მინისტრის გადადგომის და ამ პოსტის თავად შეთავსების, ახალი არმიის მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- როცა ახალ არმიაზე ვლაპარაკობ, სულაც არ მაქვს მხედველობაში ის, რომ, ვინც ახლა არის, იგი არ უნდა იყოს და უნდა მოვიდეს ვიღაცა სხვა. როცა გარკვეული ოპტიმიზმით ვლაპარაკობ, რომ მალე ახდება ჩვენი ოცნება, შეიქმნება ჭეშმარიტი თანამედროვე, ეროვნული არმია, სწორედ ის კადრი მყავს მხედველობაში, რომელიც ახლა, ასე თუ ისე, ჩვენი არმიის საფუძველს წარმოადგენს, რომელმაც იბრძოლა, ბევრმა მათგანმა თავი გამოიჩინა როგორც გმირმა, ქვეყნის ინტერესებისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ჩვენ დავამარცხეთ, მაგრამ ეს დამარცხებაც გარკვეული სკოლაა, რომელიც გაიარა ამ თაობამ, ეს კადრი მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, არსებობს კადრი - ეს მთავარი პრობლემაა. და მეორე: არის საზოგადოება, რომელსაც ესმის არმიის დანიშნულება დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაში და სწამს, რომ ახალგაზრდობა გადამწყვეტ სიტყვას იტყვის არმიის ფორმირებაში. მე ყველაფერს ვიღონებ, რათა არმიაში სამსახური ჩაითვალოს უმაღლეს მოვალეობად, საპატიო მისიად და, გარკვეული აზრით პრივილეგიადაც ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე საუკეთესო ნაწილისთვის. ჩემი პირდაპირი და აქტიური ჩართვა ამ პროცესში გარკვეულწილად იმით არის განპირობებული, რომ მინდა, რაც კი ძალა და უფლებები მაქვს, ყველაფერი გამოვიყენოთ კანონიერ საფუძველზე, კანონიერი ფინანსური წყაროებით დაფინანსებული არმიის ასაშენებლად, სამხედრო მოსამსახურეთა პირობები ამან კი არ უნდა გააუარესოს, არამედ 2-3-ჯერ გააუმჯობესოს. შემთხვევით არ ვიხმარე სიტყვა - პრივილეგია. არმიაში სამსახური გარკვეულ პრივილეგიურ მდგომარეობას უნდა ნიშნავდეს. როცა მე არმიაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ მესაზღვრეებსაც, შინაგან ჯარსაც, და ყველა სხვა სახეობასაც.
- დღეს საქართველოში სომხეთის დელეგაცია ჩამოდის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით. რა არის ამ ვიზიტის ძირითადი მიზანი და ხომ არ უკავშიდება იგი იმ მოსაზრებას, რომელიც თქვენ გამოთქვით ელცინის ვიზიტის დროს, კერძოდ ის, რომ ამიერკავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია ამიერკავკასიის სამი დიდი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა...
- ჩვენ ადრეც ვიყავით შეთანხმებული შეხვედრის თაობაზე. ასეთი შეხვედრის აუცილებლობის შესახებ საუბარი მქონდა ბატონ ალიევთანაც და ბატონ ტერ-პეტროსიანთანაც. ჩვენ სამივე ვიზიარებთ იმ აზრს, რომ სისტემატური, რეგულარული შეხვედრები აუცილებელია. შეიძლება ეს იყოს ორმხრივი, შეიძლება მოგვიანებით სამივე შევხვდეთ ერთამენთს, შემდეგ შეიძლება რუსეთი ან სხვა ქვეყნებიც ჩაერთოს. ერთ-ერთი მთავარი თემა, ალბათ, კავკასიის დიალოგი უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა პერსპექტიული და იმედისმომცემი იქნება კავკასიის დიალოგის დაწყება. როცა ვამბობ დიალოგი-მეთქი, ეს არ არის ჩვეულებრივი საუბრები. მხედველობაში მაქვს რაღაც ფორუმი, რომელიც იქნება ფორმალიზებული, წელიწადში 2-3-ჯერ შევხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ ყველა პრობლემას, რომლებიც ჩვენს რეგიონს აღელვებს.
ამასთან, შეიძლება დღეს წინა პლანზე უფრო მეტად სწორედ ორმხრივი ურთიერთობის საკითხები იყოს, ის, რაც ორ მეზობელ ქვეყანას საერთოდ აწუხებს, ჩვენ ბევრი რამ გვაინტერესებს, სომხეთში და სომხებიც დიდად არიან დამოკიდებული იმაზე. თუ რამდენად გამართულად იმუშავებს საქართველოს კომუნიკაციები.
მინდა ვთქვა, რომ ბატონი ალიევი უშუალოდ არ იქნება ჩართული ჩვენს ამ დიალოგში, მაგრამ წინასწარ საუბარი მქონდა მასთან და როცა დამთავრდება ჩემი შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, შემდეგ გაიმართება დიალოგი ჩემსა და აზერბაიჯანს შორის. ჩემი აზრით, ახლა ვუახლოვდებით იმ ფაზას, როცა ჩვენი კონტაქტები უფრო აქტიური უნდა გახდეს და ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ კავკასიის ფაქტორი ამოძრავდეს, ამუშავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ბრძოლაში.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი დროის კონფლიქტების მოწესრიგების ყველაზე საიმედო გზა მშვიდობიანი მოწესრიგების გზაა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 თებერვალი. - N29(832). - 1 გვ.
![]() |
26 მყარდება ურთიერთხელსაყრელი კონტაქტები |
▲ზევით დაბრუნება |
18 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ჯანმრთელობის დაცვის დარგში ატლანტა-თბილისის პარტნიორული თანამშრომლობის პროგრამა „ჯორჯია თუ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი კენტ უოკერი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.
მხარეებს შემუშავებული აქვთ პროგრამა, გამოყოფილია ძირითადი სფეროები და მიმართულებები. ესენია: რესპუბლიკაში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მომზადება, სამედიცინო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობა, რესპუბლიკის მეორე საავადმყოფოს რეკონსტრუქცია, აღჭურვა და კადრების მომზადება. ცალკე საკითხად განიხილეს სამეცნიერო სამედიცინო ბიბლიოთეკის შექმნა, რასაც ამერიკული მხარე დააფინანსებს. დაისახა ერთობლივი სამედიცინო ჟურნალის გამოცემის გეგმები. საფუძველი ჩაეყარა ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის შემსწავლელი კურსების შექმნას.
შეხვედრის ბოლოს, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამერიკა-საქართველოს ერთობლივი მისია საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას ეწევა, „იზოლაციის პირობებში ყველაზე უფრო მედიცინას, მეცნიერებასა და კულტურას გაუჭირდა, ამიტომ თქვენი მხარდაჭერა, დასახული სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით კი სამეცნიერო ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკის შექმნა, ემორის უნივერსიტეტში კადრების მომზადება, არა მარტო თანამედროვეთა, არამედ მომავალი თაობებისათვის გათვალისწინებული საქმიანობაა“, - დასძინა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
მყარდება ურთიერთხელსაყრელი კონტაქტები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 19 თებერვალი. - N31(834). - 1 გვ.
![]() |
27 თუ გვინდა, რომ ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან და თითოეულ ოჯახს ეშველოს, ეს ყოველი მოქალაქის საზრუნავი უნდა გახდეს |
▲ზევით დაბრუნება |
ე. შევარდნაძის 21 თებერვლის რადიოინტერვიუ
კომენტატორ ნატო ონიანის პირველივე შეკითხვა იმ საკითხებს ეხებოდა, კერძოდ, ენერგოკრიზსს, რის გამოც რადიოინტერვიუ დაგვიანებით გავიდა ეთერში.
- გუშინ თქვენ ბრძანდებოდით გარდაბანში, სადაც ერთ-ერთი თბოელექტროსადგური გამოვიდა მწყობრიდან. საქენერგომ შეიმუშავა უმკაცრესი მცოცავი გრაფიკი, რომელიც დაპირებისამებრ უნდა შესრულებულიყო. მიუხედავად იმისა, დღეს ქალაქში, ალბათ, მთელ რესპუბლიკაშიც არანორმალური სიტუაციაა. სამწუხაროდ, არსებული ინფორმაციით, ამ კრიზისს გამიზნულად და გეგმაზომიერად, ხელოვნურად აღრმავებენ, მოქმედებენ, რომ ეს გაწამებული ხალხი წონასწორობიდან გამოიყვანონ. იმასაც ამბობენ, რომ გარკვეულმა ძალებმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს ამისათვის, ყოველ შემთხვევაში არის ეჭვი, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ხალხი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყონ...
- თქვენ კიდეც რომ არ მოგეცათ ეს შეკითხვა, მე მაინც ამით უნდა დამეწყო. მართლაც, უღრმესი ენერგეტიკული კრიზისია. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანას საკუთარი ენერგოშემცველები არა აქვს. წინათ დასახული პროგრამა იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საკუთარი სიმძლავრეები და ჰიდრორესურსების საკუთარი სიმდიდრე გამოგვეყენებინა, არ შესრულდა. სამწუხაროდ, წუხელ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი იმაში, რომ 1991 წლისათვის გათვლისწინებული ის პროგრამაც - მეთერთმეტე, მეთორმეტე ბლოკების საექსპლოატაციოდ გადაცემის შესახებ, არ შესრულდა გასაგები მიზეზების გამო, ისევე როგორც, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სერიოზული ბრძოლა. ყოველივე ამის გამო ახლა აღმოვჩნდით პირისპირ სიძნელეებთან და ენერგეტიკულ შიმშილთან.
აქ არის ერთგვარი წინასწარი მოქმედება. გარდაბანში, კერძოდ, იყო ერთ-ერთი თანამშრომლის დაუდევობა, რომლის შედეგად ძირითადი, მეათე ბლოკი - თბილისისათვის ენერგიის აუცილებელი მარაგის ძირითადი მომწოდებელი - გამოვიდა მწყობრიდან. ძნელი სათქმელია, რამდენად შეგნებული იყო ეს მოქმედება, მაგრამ შედეგი კი ასეთი მოიტანა, იმ თანამშრომელს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ცუდი ამბები არის თბილისის ენერგოსისტემაში. უფრო მეტად ანგარებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ვერც იმას ვიტყვი, ეს წინასწარ მოფიქრებულია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეში საჭიროა გარკვევა, მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ ახლა ენერგოშემცველების მიღების ერთადერთი წყაროა თურქმენეთი. მისი დავალიანება ძალიან დიდია, გაზის მოწოდება შეზღუდულია. ეს ბლოკები თბილსრესში ერთ-ორ დღეში ჩაირთვება, იქ დღედაღამ მუშაობენ ადამიანები. მეორე, უფრო რთული გადასალახავი სიძნელე არის თვით გაზის მიღება. არ შეიძლება თურქმენეთისაგან მოითხოვო ის, რასაც უკვე საზღვარი აღარა აქვს. დავალიანებამ 100 მილიონს გადააჭარბა. თუმცა მოგვცეს პირობა, რომ ჩვენ ჯერჯერობით გაზსადენებს არ გადავკეტავთო, მაგრამ ესეც მოსალოდნელია. ამაზე ვფიქრობ, რა გამოსავალი მოვნახოთ. როგორც იტყვიან, ბოლო, უკანასკნელი კაპიკები მოვაგროვეთ და მნიშვნელოვანი ნაწილი გადაირიცხება. შეიძლება ახლა ამით შევაჩეროთ ეს პროცესი. ამას გარდა აქტიურად ვმუშაობთ რუსეთთან, რომელსაც, როგორც ბატონმა ბორის ელცინმა თქვა შეუძლია 5 მილიარდი კუბური მეტრის ფარგლებში მოაწოდოს გაზი საქართველოს, თუ იქნება შესაბამისი ანაზღაურება თუნდაც პროდუქციით, ან პროდუქტებით.
ამის გარდა დამატებით მივიღეთ ზომები. ირანში ვიზიტად მიმავალ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჩიკვაიძეს გავატანე პრეზიდენტ რაფსანჯანისთან წერილი იმის შესახებ, რომ ქვეყანა უკიდურეს ვითარებაშია, და, იქნებ, ირანი დაგვეხმაროს. ამ თხოვნას, ვიდრე ველოდი, უკეთესი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანი მზად იქნება მიაწოდოს ახლა საქართველოს ერთი მილიარდი კუბური მეტრის ფარგლებში გაზი ყველაზე ხელსაყრელ პირობებში - 15-20 წლიანი კრედიტის სახით, თითქმის საჩუქრად. მაგრამ, ამასაც მოგვარება სჭირდება. ამ გაზმა უნდა გამოიაროს აზერბაიჯანის ტერიტორია. ჩვენი პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა საკითხების გამო ჩამოფრინდება სომხეთში, შეიძლება მოუხდეს თურქმენეთში გამგზავრება და აუცილებლად საჭიროა მისი ბაქოში მუშაობა. ყველაფერი ამ 4-5 დღეში გაირკვევა. ამას, ასე ვთქვათ, ანგარიშივით ვაბარებ ჩვენს მსმენელებს, რადგან, ისეთი წარმოდგენა არ უნდა შეგვექმნას, თითქოს ჩვენ ვერ ვხედავდეთ რაშია საქმე. ყველას უჭირს, ამაზე დიდი გაჭირვება ძნელი წარმოსადგენია. მე ვლაპრაკობ არა მარტო ენერგიაზე, არამედ იმაზეც, რომ როცა არ არის ელექტროენერგია, არ არის წყალიც, ეს ოჯახებისათვის პირდაპირ უბედურებაა. არის დაბრკოლებები პურის ცხობაში. ახლა ხორბლის კრიზისი არა გვაქვს, იგი საკმაო რაოდენობითაა. მაგრამ პრობლემაა მისი შემოზიდვა და დაფქვა, რადგან ისევ და ისევ ეს ელექტროენერგიასთანაა დაკავშირებული.
მინდა დავარწმუნო მთელი რესპუბლიკა, ყველა მოქალაქე, მათ შორის თბილისელებიც, რომ რაც შესაძლებელია, რაც კი ადამიანის ძალებს არ აღემატება, ყველაფერი კეთდება, რათა ახლა როგორმე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ძალიან დიდი გასაჭირი იქნება, რა თქმა უნდა, თებერვლის განმავლობაში. შემდეგ, როცა თოვლის ოდნავ დნობა დაიწყება, ჩვენი ჰიდროსადგურებიც შეგვეშველება, თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენ ხომ ახლა ნამახვანი, ხუდონი და მისი მთელი კასკადი, ასევე მინაძის ჰესი დამთავრებული გვქონდეს, მაშინ საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ, ამაზე ლაპარაკი უკვე დაგვიანებულია. ეს უკვე იყო, შეცდომები დაშვებულია ისეთმა გამარტივებულმა მიდგომამ, რომ თავისთავად დამოუკიდებლობის დეკლარაცია მოგვიტანს ყველა სიკეთეს, დიდი ზიანი მოუტანა დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოს. ვეძებთ გზებს და ვფიქრობთ, რომ ამ დღეებში მდგომარეობა ცოტათი მაინც უნდა შემსუბუქდეს.
- მოქალაქეთა განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს არა ის, რომ არ არის ელექტროენერგია, გვიჭირს, ან სხვა, არამედ განსხვავებული დამოკიდებულება: თუ არ არის ენერგია, ნუ იქნება მთლიანად, თუ არის - იყოს ყველასათვის თანაბრად. თითქოს ამ განსხვავებას გრძნობდნენ და მიაჩნდეთ, რომ რაღაც სპეციალურად კეთდება წონასწორობიდან გამოსაყვანად. როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება ლაპარაკი ხელისუფლების კრიზისზე?
- ორი სიტყვით ისევ ენერგეტიკულ პრობლემებზე: ვიმეორებ, ეს, ალბათ, თანამდევი და პარალელურად მოქმედი ნეგატიური მოვლენაა და არა არსებითი და არა მთავარი. მთავარი მაინც კრიზისია, ენერგოშემცველობის ნაკლებობა და ხანდახან სრული უქონლობაც. ახლა შექმნილია ძალიან დიდი ავტორიტეტული კომისია, რომელსაც მე და ვიცე-პრემიერი ზ. კერვალიშვილი ვხელმძღვანელობთ, იმისათვის, რომ გავიაზროთ, რა გამოსავალია საერთოდ, როგორ უნდა ვიცხოვროთ არა მარტო მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წლებში, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები, რა დამატებითი გზებია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ იარსებოს. ეს, ალბათ, ცალკე განხილვის, მსჯელობის თემა იქნება. მზად ვიქნები შემდგომისათვის ამ თემაზე უფრო დეტალურად ვილაპარაკო. გამოსავალი არის, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა. ბევრი უნდა აღვადგინოთ, ბევრი რამ თავიდან უნდა დავიწყოთ, მათ შორის ეს მიტოვებული მცირე ჰესებიც. ესეც დანაშაული იყო. ეს უკვე ძველი ხელისუფლების, წყობის დროს მოხდა, როცა მცირე სიმძლავრეების ელექტროსადგურებზე უარს ამბობდნენ და დიდი ცოდვა ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე. ესეც ერთ-ერთი სერიოზული რეზერვია. სერიოზული რეზერვია ჩვენი ქვანახშირი და საკუთარი ნავთობი, რომლის აქტიურ ძიებას ახლა ვაწარმოებთ უცხოური ფირმების მონაწილეობით, ასე რომ, პერსპექტივა არის, მაგრამ დროის ფაქტორი არ გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ და ვიფიქროთ მომავალზე. ეს დრო მაინც უნდა გამოიძებნოს.
არის თუ არა საფუძველი იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ხელისუფლების კრიზისზე? რა თქმა უნდა. საფუძველი აქამდეც იყო და ახლაც არის. ახლა თავმოყვარე ხელისუფლების მეთაური და ხელისუფლების წევრები, როცა ქვეყანა ასეთ პირობებშია, უნდა წავიდნენ. ამას თითოეული ჩვენგანი მოიმოქმედებს მთელი შეგნებით. ამ მდგომარეობაში ყოფნასთან შედარებით წასვლა მართლაც სიამოვნებაა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იფიქროს, ეს ხელისუფლება რომ წავა, ვინ მოვა, და რა უკეთესი შედეგი იქნება. მე დღესვე მზად ვარ წავიდე, ისე, როგორც ადრე მითქვამს სავსებით გულწრფელად. მაგრამ არ შემიძლია ისე მოვიქცე, რომ მე და ჩემი მეგობრები დღეს წავიდეთ, ხვალ კი უფრო დიდი ანარქია დაიწყოს და კიდევ უფრო დიდ ქაოსში აღმოჩნდეს ქვეყანა. ამაში ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, პარლამენტიცა და მთელი საზოგადოებაც. თუ არის იმის საშუალება, რომ უკეთესი ვარიანტი მივიღოთ, რა თქმა უნდა, ასეთ ვარიანტს ყველამ შეგნებით უნდა შეხედოს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, გამოსავალს ამაში ვერ ვხედავ, ისე როგორც კრიზისი ეხება მთელ ქვეყანას და მთელ საზოგადოებას, იგი ეხება ხელისუფლებასაც. ხელისუფლების კრიზისი სახეზეა. მხოლოდ - დარჩეს თუ არ დარჩეს, და რომ არ დარჩეს - რა იქნება შემდეგ. ამაზე უნდა იყოს საუბარი. თუ ამაში არ გავერკვევით, რამდენიც უნდა ვირბინოთ ქუჩა-ქუჩა და რამდენიც უნდა მოვითხოვოთ გადადგეს შევარდნაძე ან ფაცაცია ან რომელიმე სხვა, ან მთელი მინისტრთა კაბინეტიო, ამას შედეგი არ მოჰყვება. ყველაფერი უნდა გავიაზროთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას და რა იქნება კონკრეტული ნაბიჯები უკეთესობისაკენ და არა უარესობისაკენ. მე უკეთესობისაკენ სხვა რეალურ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
- 20 თებერვალს საგანგებო წესებს ვადა გაუვიდა, აპირებს თუ არა ხელისუფლება მის გაგრძელებას?
- კაცმა რომ მკითხოს, კიდევ ერთი თვით გაგრძელება იქნებ მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ იმდენად მტკივნეულია პარლამენტში ამ საკითხის განხილვა, რომ სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებ შევიტანო იგი განსახილველად. უკეთესი იქნება, რომ თვით პარლამენტმა იმსჯელოს და გადაწყვიტოს. ხანდახან ისე გამოდის, რომ ვიღაცას რაღაცა აინტერესებს და ეს ამისათვის სჭირდება. ახლა მართლაც აღებულია იმედისმომცემი, მასშტაბური სტარტი კრიმინალურ სამყაროსთან საბრძოლველად და საჭიროა ამის ბოლომდე მიყვანა. ამას საგანგებო წესები ასე თუ ისე ხელს უწყობდა. თუ პარლამენტი ჩათვლის, რომ საჭიროა გაგრძელება - გავაგრძელებთ, თუ არადა, სხვა გზებითა და ხერხებით ვიმუშავებთ. ახლა კატეგორიულად აღარ მოვითხოვ გაგრძელებას, რადგან ეგრეთწოდებული ძალისმიერი სისტემები ასე თუ ისე შედარებით მოწესრიგდა, სამინისტროები და უწყებები მართვადი ხდება, და ეს საქმესაც დაეტყო.
საერთოდ, როცა ადამიანები რაიმეს მოიპოვებენ და მიაღწევენ, მერე აღარ ახსოვთ, რა იყო. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური წესრიგია, მაგრამ დამნაშავეთა, ბოროტმოქმედთა საკმაოდ მძლავრი კლანები რომ იქნა იზოლირებული, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ყოველღამე რომ ზარბაზნებისა და ქვემეხების ჭექა-ქუხილი, ადამიანთა ძარცვა-გატაცებები იყო - ეს მდგომარეობა შერბილდა. ამ მხრივ კიდევ უნდა გავამკაცროთ რეჟიმი.
- გასული კვირა საკმაოდ აქტიური იყო ეკონომიკური პრობლემების განხილვის თვალსაზრისით. ფულად-საკრედიტო სფეროში დარღვევებზე საუბრისას პარლამენტის ხუთშაბათის სხდომაზე თქვენ ბრძანეთ, რომ 1992-1993 წლებთან ერთად 1991 წლის დოკუმენტაციის დალუქვაცა და შესწავლაც გახდა საჭირო, რატომ, მხოლოდ შესწავლის მიზნით, თუ იმ წლების დოკუმენტაციაში საინტერესო მასალები გეგულებათ?
- როგორც კი დასავლეთ საქართველოში ოდნავ გამოიკვეთა სტაბილიზაციის პროცესი, მე მაშინვე განვაცხადე: აფხაზეთის. სამაჩაბლოს მოწესრიგების გზების ძიების პარალელურად. ახლა დროა ყველამ ერთად მოვკიდოთ ხელი ეკონომიკას, მის გამოცოცხლებას, მათ შორის, საფინანსო სისტემის გაჯანსაღებას. ამას მოჰყვა ღონისძიებათა მთელი სერია. ძალიან ხშირად ამ საქმისადმი პრიმიტიული დამოკიდებულებაა. ამას კი სჭირდება ძალიან დიდი დრო და მუშაობა, პრობლემების შესწავლა, არსში, სიღრმეში ჩაწვდომა.
ძალიან საინტერესო იყო შეკრება პრივატიზაციის საკითხებზე. ჩემს გამოსვლაში მე კიდევაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმის გამო, რომ ბევრი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც თითქოს ახლა გვთავაზობს ქვეყნის გადარჩენის რაღაც პროგრამას და გეგმას, ვერ დავინახე ამ შეკრებაზე. მაინც და მაინც ვერც პრესის წარმომადგენლები ვნახე იქ. იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ასე თუ ისე ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ფიქრობს. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა გამოვიდეს ამ კრიზისიდან და თითოეულ ოჯახს ეშველოს, ეს ყოველი მოქალაქის საზრუნავი უნდა გახდეს.
ამას წინათ მინისტრთა კაბინეტში გამართულ 600-კაციან სხდომაზეც ბევრი ვინმე ვერ დავინახე. იქ იყო ძალიან კვალიფიციური, სერიოზული საუბარი იმ გზებსა და ხერხებზე, რომლებმაც უნდა მოგვცეს საშუალება უმოკლეს დროში გამოვიდეს ეკონომიკა კრიზისიდან, ყველა ოჯახსა და ქვეყანას ეშველოს. ეს არის ახლა მთავარი.
ჩვენ ახლა საგადასახადო სისტემას ვაწესრიგებთ, ამ დღეებში შევძლებ შევხვდე საბაჟო სამსახურს და ერთად ვიმსჯელოთ. ყველაფერი ეს ის არხები და წყაროებია, საიდანაც უნდა ივსებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო სალარო. პრივატიზაციაც ის გზაა, რომელმაც უნდა დააჩქაროს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესი. არის კიდევ დაგეგმილი ბევრი რამ, რაც ხელს შეგვიწყობს ამ კრიზისის დაძლევაში.
არ ვიცი, შეძლებენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები და საკონტროლო სისტემა გაერკვნენ იმაში, თუ რა ხდებოდა 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში, მხედველობაში მაქვს 1991-92-93 წლები. წინა პერიოდიც, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. როცა ლაპარაკობენ - გაიყიდა საქართველო, მართლაც ბევრი რამ გაჩანაგდა, ბევრი უკანონო გზით გამდიდრდა, ყველაფერი ეს რომ ცნობილი გახდეს, საჭიროა ის ზომა, რაც ვთქვი - დაილუქოს და გაირკვეს, რა გადაწყვეტილებებია მიღებული, ვინ როგორ გამდიდრდა, ვინ რა გაიტანა საქართველოდან. ვერ გეტყვით, შევძლებ თუ არა ფიზიკურად ამ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებას. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილი ასეთია, რომ რაც შეიძლება დეტალებში გავერკვეთ და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არის გულშემატკივარი, ვინ არის სიტყვით პატრიოტი და საქმით მხოლოდ თავის თავსა და ოჯახზე ზრუნავს.
- გასულ კვირას თქვენ შეხვდით თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობას. რამდენად შესაძლებელია მოხერხდეს ის, რასაც დღეს თქვენ ითხოვთ ქართული არმიისაგან, ანუ ახალი ქართული ჯარის მშენებლობა?
- მე უკვე ვთქვი, რომ ის დასაწყისი, რაც გია ყარყარაშვილმა მისი მოკლე მოღვაწეობის მანძილზე გააკეთა, სწორია. მაგრამ, ეს პროცესი იმდენად რთულია, რომ, ალბათ, აქაც მთელი საზოგადოების მხარდაჭერა იქნება საჭირო. პირველ რიგში, საჭირო იქნება ელემენტარული პირობების შექმნა იმ ბიჭებისათვის, სპეციალისტებისა და ოფიცრებისათვის, რომლებიც ახლა თავდაცვის სისტემაში, შინაგან და სასაზღვრო ჯარებში მოღვაწეობენ. სამხედროებს, ისე როგორც ყველა მოქალაქესა და ოჯახს, უფრო მეტად უჭირთ. თუ რა ნეგატიური არის, რაზეც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ეს დიდად არის განპირობებული იმით, რომ წესრიგი არ იყო თვით ამ ხალხის უზრუნველყოფის საქმეში. მე მირჩევნია, რომ იყოს არა 20 ათასი არმია, არამედ 5 ათასიანი, მაგრამ უზრუნველყოფილი. ოფიცერმა და ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ მათ ოჯახებს საარსებო მინიმუმი ექნებათ. ეს არის უმთავრესი ამოცანა. ამ 2-3 დღეში ჩვენ კვლავ შევიკრიბებით - თავდაცვის საბჭო და თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგია და რეალურად, კონკრეტულად ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც გამოიკვეთა ჩემი პირველი შეხვედრის დროს. შევეცდებით, რომ არმიის ფორმირების პროცესი, რაც შეიძლება დაჩქარდეს. ვიმეორებ, ყველა ახალგაზრდამ თავის საპატიო მოვალეობად უნდა ჩათვალოს, რომ ქართულ ჯარში იმსახუროს. ვინც სამწყობრო სამსახურისათვის არ გამოდგება, უნდა ვიფიქროთ გარკვეულ ალტერნატიულ სამსახურებზე. მე ასე ვარ განწყობილი: თუ მეყო ფიზიკური ძალა, რაც კი შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, რომ ქართული ჯარის ფორმირების პროცესი დავაჩქარო.
- რა შეფასებას მისცემთ რესპუბლიკაში გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანისა და ვლადიმერ ჟირინოვსკის შეხვედრის შესახებ?
- მე მგონი, ეს ძალიან აქტუალური საკითხი არ უნდა იყოს. ყველამ, ვინც მე მიცნობს და ვისთანაც მიმუშავია, კარგად იცის, ხანდახან მედავებიან კიდეც, რომ ზედმეტად მჯერა დიალოგებისა. ყოველგვარი დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ დიალოგში, როგორც წესი მხარეებია წარმოდგენილი. მხარეები არა მხოლოდ პიროვნებებია, არამედ მათ უკან დგას რაღაც ძალა. ამიტომ აქვს დიალოგს აზრი, დიალოგის მონაწილე ვინმეს უნდა წარმოადგენდეს. ვერ გეტყვით, ვის წარმოადგენს ბატონი თენგიზ კიტოვანი. რომ ვთქვათ პარლამენტს მეთქი - სწორი არ არის. ხელისუფლებას ის არ წარმოადგენს, რადგან მისთვის ხელისუფლებას რწმუნება არ მიუცია აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვში. ვერც იმას გეტყვით, რა დასაყრდენი აქვს საზოგადოებაში. 30 კაცი, მისი მომხრე ახალგაზრდა ბიჭები - ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. როგორც მითხრეს, მოსკოვში მას ჰქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის, სამხედროებთანაც. ამაში მე ვხედავ, რომ ბატონი თენგიზი ამ შეხვედრებში უბრალოდ ერთობა. არის მოსკოვში და ვიღაცას ხომ უნდა შეხვდეს?! ღმერთმა ხელი მოუმართოს. არა მგონია, რომ ჟირინოვსკიმ კიტოვანი პარტნიორად ჩათვალოს თავისი გეგმების რეალიზაციაში.
- გასულ კვირას საქართველოს ეწვია სომხეთის დელეგაცია. სულ მალე აზერბაიჯანელები ჩამოვლენ. კმაყოფილი ხართ თუ არა მოლაპარაკებათა შედეგებით, კავკასიური დიალოგის დასაწყისით და, თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია კავკასიური ფაქტორის ამოქმედება და კავკასიური დიდმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება?
- ჩვენი უბედურება ის არის, რომ ვერ შევძელით კავკასიური ფაქტორის ამუშავება. ამის პირობები სათანადოდ არ იყო მომზადებული, პირველ რიგში იმიტომ, რომ მოუგვარებელი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ბევრი რამ იყო გარკვეული რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაშიც. ამ დიალოგში რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ცოტა ძნელია ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მყარ საფუძველზე იქნება აგებული. ამ მხრივ სომხეთის პრეზიდენტის ბატონ ტერ-პეტროსიანის ჩასვლა ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება სომხეთისათვის, საქართველოსათვის, აზერბაიჯანისათვის, რუსეთისათვის კავკასიური ფაქტორის მნიშვნელობას, აქ ჩვენი აზრები ემთხვევა. მე ბევრი რამ ამოვიკითხე სომხეთის პრეზიდენტის ნალაპარაკევიდან და ნააზრევიდან. მე მანამდეც მქონდა შეხვედრები ბატონ ალიევთან. სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ იგი დაბრუნდა საზღვარგარეთ მივლინებიდან, ტელეფონით საუბრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. უახლოეს დროში ასეთი ვიზიტი შედგება და ჩვენ გვექნება საფუძვლიანი საუბარი კავკასიის ფაქტორის მნიშვნელობაზე. ბევრი რამ ჩვენივე ძალებით შეგვიძლია მოვაგვაროთ. როცა კავკასიური ფაქტორის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ, ოთხეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, პრემიერების, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ჩვენი კონფლიქტებიც, კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მოსალოდნელი გართულებებიც, რომლებიც შეიძლება მომავალში რეალური იყოს. და რომ მომავალში მაინც ვიაროთ პროგრესის, და არა კინკლაობისა და ახალი კონფლიქტების წარმოშობის გზით, ამისათვის ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მიმაჩნია, რომ ახლა ეს იდეა მომწიფდა და ისეთ ფაზაში ვართ, როცა იგი კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს.
- გასულ კვირას გადაწყდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი ვიზიტის თარიღი - 7 მარტი. როგორც ვიცით, ეს ვიზიტი თვის ბოლოსთვის იყო ნავარაუდევი. რით არის გამოწვეული მისი დაჩქარება?
- ეს ვიზიტი ჩემი თხოვნით დაჩქარდა, რადგან ახლა ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკება და მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. მაგრამ იგი იდეალურადაც რომ წარიმართოს, არ ვფიქრობ, რომ ჟენევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს ძნელია, რადგან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უშიშროების საბჭოზე. გუშინ მე და ელცინმა ჩვენი მიმართვის პასუხად მივიღეთ ბუტროს გალის წერილი. იგი გამოთქვამს დიდ სურვილს, რომ ჟენევაში რაღაც პროგრესს მიაღწიონ. თუ ეს პროგრესი იქნება, მაშინ უშიშროების საბჭოზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ ჩვენ უშიშროების საბჭოში უნდა ვილაპარაკოთ იმ რეზოლუციაზე, რომლის საფუძველზე აფხაზეთში უნდა შემოვიდნენ სამშვიდობო ძალები, მაშინ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლის გარეშე ამ განხილვის პროცესში ძნელია ლაპარაკი. ვფიქრობ, ამერიკის ადმინისტრაციისა და ჩვენი განწყობილება დაემთხვა ერთმანეთს. აი, დამთავრდება ჟენევის შეხვედრა და ჩვენ შევხვდებით ვაშინგტონში. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ნიუ-იორკსაც ვეწვიო, თუ ამას გარკვეული მნიშვნელობა ექნება.
მე მივესალმები და მადლობა მინდა შევუთვალო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ მათ მოახერხეს და ჩვენს სურვილს მიუსადაგეს თავიანთი გადაწყვეტილება ჩემი ვაშინგტონში მიწვევის თაობაზე. რა თქმა უნდა, იმედები სერიოზულია, იქნება დიალოგი თვით ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, უწყებებთან. გამოვყოფ ჩვენი შეხვედრების მნიშვნელობას სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან. ყველაფერს რომ თავი მოვუყაროთ ნიუ-იორკის უშიშროების საბჭოს კონტაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა ბევრ რამეს უნდა მოჰფინოს ნათელი ჩვენი პერსპექტივების თვალსაზრისით.
- ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, თქვენ ლაპარაკობთ თავისუფალი ზონის შესახებ. ახლა არის ინფორმაცია, რომ შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და თქვენი აზრით, რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოიტანს იგი საქართველოში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?
- ჯერჯერობით ეს საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი. ერთია თავისუფალი ზონა ამ უზარმაზარი გიგანტისათვის, როგორიც ჩინეთია, ვთქვათ შანხაის რომელიმე ნაწილისათვის, სადაც თავისუფალი ზონის პრინციპზე ვითარდება ეკონომიკა და მთელი ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ თავისუფალი ზონის ინტერესებით მუშაობს ასეთი გიგანტი ქვეყანა. პირველ წლებში სახელმწიფო ვერაფერს ვერ იგებს, შემდეგ ეს ზონა ბევრს აანაზღაურებს და ბევრს დაუბრუნებს სახელმწიფოს. საქართველოს პირობებში საკითხის შესწავლა ახლა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიზიტამდე შეიძლება რაღაც რეალურ მოსაზრებას მივუახლოვდე. არ გამოვრიცხავ, რომ იქ საქმიან წრეებთან შეხვედრის დროს ესეც განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
თუ გვინდა, რომ ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან და თითოეულ ოჯახს ეშველოს, ეს ყოველი მოქალაქის საზრუნავი უნდა გახდეს : 21 თებერვლის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 თებერვალი. - N32(835). - 1, 2 გვ.
![]() |
28 სომხეთის კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოების მეორე ყრილობას |
▲ზევით დაბრუნება |
ესოდენ რთულ და დაძაბულ დროში თქვენი საზოგადოების ასეთი წარმომადგენლობითი მოწვევის თვით ფაქტი მოწმობს, თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია დღეს ერთიანობა, ერთობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კულტურულ-საქველმოქმედო მისია, რომელსაც სომხური გაერთიანება ახორციელებს, ფასდაუდებელი წვლილია საქართველოში მოსახლე ყველა ხალხის კულტურის, აღორძინებისა და განვითარების კეთილდღეობის, სულიერების აღდგენის საქმეში.
იმით, რომ სომხეთის კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოება ახორციელებს და აქტიურად საქმიანობს, აგრძელებს და ავითარებს სომეხი და ქართველი ხალხების სახელოვან შვილთა მიერ დამკვიდრებულ ფასდაუდებელ ტრადიციებს, რომლებმაც გვიანდერძეს გვეარა ხელიხელჩაკიდებული, გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირი და ლხინი.
სომეხთა და ქართველთა ძმური კეთილმეზობლური ურთიერთობა, მათი სულიერი და კულტურული ერთობა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ მტკიცებებს, რადგან ასე მჭიდროდ არის გადახლართული ასიათასობით ქართველის და სომეხის ბედი, ასე განუყრელად არის დაკავშირებული ჩვენი საერთო ისტორია. ამაზე მრავალი ტომი დაწერილა, ამას მოწმობს ორი ხალხის ეპოსი, თავად ისტორია.
დღეს ძალიან გვიჭირს, როგორც საქართველოს პოეტებს მიმართავდა ჰოვანეს თუმანიანი, „ჩვენს თვალთან მწარე ცრემლი ბევრი გვდენია“, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, იმედი კი, როგორც ცნობილია, იმათ ერთგულობს, ვისაც შეუძლია იბრძოლოს მისი განხორციელებისათვის. დაე, თქვენმა ყრილობამ შეიტანოს თავისი წვლილი ჩვენი საერთო იმედების განხორციელებაში.
წარმატებულ მუშაობას გისურვებთ, ძვირფასო ჩვენო თანამოქალაქენო და სტუმრებო, გისურვებთ ასევე წარმატებებს თქვენი კეთილშობილური მიზნების მიღწევაში.
ე. შევარდნაძე.
1994 წლის 18 თებერვალი
სომხეთის კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოების მეორე ყრილობას : 18 თებერვალი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 თებერვალი. - N32 (835). - 2 გვ.
![]() |
29 და მაინც, თანახმა ვართ დაუყოვნებლივ განვაგრძოთ მოლაპარაკება! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება
როგორც ცნობილი გახდა, აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების თაობაზე ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა. მაშინ, როცა ქართული მხარის, გაეროსა და რუსეთის ფედერაციის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, თითქოს გაჩნდა იმის იმედი, რომ მიიღწევა შეთანხმება ლტოლვილთა დაბრუნებისა და საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის დადგენის შესახებ, გუდაუთის დაჯგუფებამ კვლავ დესტრუქციული და შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, რითაც, ფაქტობრივად, ჩაშალა მოლაპარაკება და უკიდურესად დაძაბა ვითარება. საჭიროდ მივიჩნევ, შევახსენო მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა აქამდე სამჯერ მუხანათურად დაარღვიეს მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ელემენტარული ცივილიზებული ქცევის ნორმების აღმაშფოთებელი უგულებელყოფა. გუდაუთის დაჯგუფების ამგვარი შეუწყნარებელი მოქმედების მიუხედავად, ქართული მხარე, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ძალას არ იშურებდა, რათა გამოეყენებინა ყველა არსებული საშუალება კონტროლის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის. ამაში მას დიდ დახმარებას უწევდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რუსეთის ფედერაცია, ევროთათბირი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი. მე არ შემიძლია მადლიერებით არ აღვნიშნო, რომ მათ ჟენევაში ყველაფერი გააკეთეს, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოწესრიგება. დასანანია, რომ მათი ძალისხმევის საპასუხოდ გუდაუთის დაჯგუფებამ ჟენევის მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ წამოიწყო ქართველთა გენოციდის ახალი ტალღა, რომლის ტრაგიკული შედეგები უკვე სახეზეა - დაიღუპა და დასახიჩრდა ასობით ადამიანი, 15 ათასი კი შეემატა იმ 800 ათას ლტოლვილს, რომლებიც გარდაუვალი სიკვდილის წინაშე იძულებული შეიქმნენ დაეტოვებინათ თავიანთი წინაპრების მიწა. აფხაზმა სეპარატისტებმა ამჯერად არაფრად ჩააგდეს საყოველთაოდ აღიარებული ნორმები - მათ უფლება არ მისცეს გაეროს მეთვალყურეთა ჯგუფს, მათ შორის ჯგუფის ხელმძღვანელს გენერალ ვიდეგრადს, ჩასულიყვნენ გალის რაიონში და შესაბამისი შეფასება მიეცათ იქ მიმდინარე მოვლენებისათვის. მიმაჩნია, რომ ამ აღმაშფოთებელ ფაქტს არ მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის ადეკვატური რეაქცია. ფუნდამენტური საერთაშორისო ნორმების აბუჩად აგდება არ შეიძლება დაუსჯელი რჩებოდეს, თუკი გვინდა სამართლიანი და ჰარმონიული მსოფლიო ავაშენოთ.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლად ჩათვალა მონაწილეობა მიეღო ჟენევის მორიგ შეხვედრაში, რათა სრულად გამოეყენებინა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თუნდაც სულ მცირე შესაძლებლობა.
დღეს აშკარაა, რომ გუდაუთის მხარემ შეთანხმება იმ განზრახვით ჩაშალა, რომ გაანადგუროს ან გააძევოს ქართველი მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება აფხაზეთში; შეუძლებელი გახადოს ლტოლვილთა დაბრუნება და აფხაზეთი სამუდამოდ მოსწყვიტოს დედა სამშობლოს.
დღეს მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. შემიძია სრული პასუხიმსგებლობით განვაცხადო, რომ თუ მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები, გაეროს უშიშროების საბჭო და რუსეთის ფედერაცია, როგორც ამ პროცესის ხელშემწყობი, სასწრაფოდ არ გამონახავენ კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას, სრულიად გარდაუვალია სპონტანური აფეთქება და ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების განახლება, ამას კი მოყვება სისხლისღვრა, რომელიც თავისი მასშტაბითა და სისასტიკით აღემატება ყოველივე იმას, რაც უკვე უნახავს ამ მრავალტანჯულ მიწა-წყალს. მოვლენები სტიქიურად განვითარდება და მათი კონტროლი შეუძლებელი გახდება. ამიტომაც ჩვენ თანახმა ვართ დაუყოვნებლივ განვაგრძოთ მოლაპარაკება. პირადად მე მზად ვარ ვეწვიო უშიშროების საბჭოს, შევხვდე გაეროს გენერალურ მდივანს, მის საგანგებო წარმომადგენელს და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რათა თავიდან ავიცილოთ ის კატასტროფული შედეგები, რომელიც გარდაუვალად მოჰყვება ჟენევის მოლაპარაკებათა ჩაშლას. დიალოგმა, რომელიც გაიმართება ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, პრეზიდენტ კლინტონის მოწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს, მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოწესრიგებაში.
ედუარდ შევარდნაძე
27 თებერვალი, 1994 წ.
და მაინც, თანახმა ვართ დაუყოვნებლივ განვაგრძოთ მოლაპარაკება! : საქართველოს სახელმწიფო მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 მარტი. - N33(836). - 1 გვ.
![]() |
30 აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგება და მშვიდობის დამყარება გამოააშკარავებს აფხაზ სეპარატისტთა დანაშაულებებს კაცობრიობის წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
ე. შევარდნაძის 28 თებერვლის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას პარლამენტმა გააგრძელა საგანგებო წესები დასავლეთ საქართველოში. ხოლო, როცა ზოგიერთმა პარლამენტარმა შემოიტანა წინადადება ამ წესების გაგრძელების შესახებ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პარლამენტის სხდომა ფაქტობრივად ჩაიშალა. უმცირესობა, როგორც ყოველთვის, ბრალს სდებს უმრავლესობას. უმრავლესობა კი უმცირესობას ადანაშაულებს. კონკრეტულად, თქვენი მოწინააღმდეგენი აცხადებენ რომ სხდომის ჩაშლა შევარდნაძის ინტერესებშიც იყო. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ფაქტს? კიდევ უფრო ხომ არ ღრმავდება ხელისუფლების კრიზისი?
- პარლამენტის სხდომის ჩაშლა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ძირითადი კამათი და დაძაბულობა გამოიწვია მთელ საქართველოში საგანგებო წესების გაგრძელების თაობაზე საკითხის დასმამ. ოპოზიციამ საკითხი ისე დააყენა: რა საჭიროა საგანგებო წესები, ყველამ თავისი საქმე გააკეთოს, რადგან, ოპოზიციის აზრით, საგანგებო წესები, დემოკრატიის შეზღუდვა არის და ამიტომ მას მხარი არ უნდა დავუჭიროთ. მაშინ, რატომ გაგრძელდა საგანგებო წესები დასავლეთ საქართველოში? თურმე საჭირო ყოფილა. მე ვთვლი, რომ ასევე საჭიროა საგანგებო წესების გაგრძელება და ცნობილ ბრძანებულებაში ჩამოყალიბებული დასახული მიზნების ბოლომდე მიყვანა თბილისშიც, რუსთავშიც, გარდაბანშიც, გარდაბნის სრესშიც, სხვა ორგანიზაციებსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებშიც. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მაგრამ, ამაში ძალიან დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მუშაობა გაგრძელდება, დამნაშავეობასთან ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდება.
რაც შეეხება სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით ხელისუფლების კრიზისის დაჩქარებაზე ლაპარაკს, მგონი აქ საუბარი უნდა იყოს პოზიციისა და ოპოზიციის, უმრავლესობისა დაუმცირესობის საერთო ინტერესებზე. ჩემი დაკვირვება ასეთია: ერთსაც და მეორე მხარესაც, უმრავლესობასაც გარკვეულად აინტერესებთ პარლამენტის შენარჩუნება. მეც ამ აზრისა გახლავართ. პარლამენტის შენარჩუნება და მისი გადარჩენა შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს ორივე ნაწილის ინტერესებშია. მაგრამ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავის ამოცანას თავს უმრავლესობა, რამდენად მყარი იქნება იგი, რადგან პარლამენტის გადარჩენისა და მისი გამართული, სწორად მუშაობის გარანტი მაინც უმრავლესობა უნდა იყოს. ძირითადი ფაქტორი მაინც ეს არის. ამით მე სულაც არ უგულებელვყოფ ოპოზიციის მნიშვნელობას ყოველი პარლამენტის, და მათ შორის, საქართველოს პარლამენტისთვისაც.
ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლების კრიზისი მუდმივი ფაქტორია. რადგან, ადამიანს ყოველთვის უნდა რაღაცაში ეძებოს მიზეზი, ბუნებრივია, ხელისუფლება პირველ რიგში აგებს პასუხს შექმნილ მდგომარეობაზე. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის მარტო სამთავრობო კრიზისი, ან კრიზისი დაკავშირებული სახელმწიფოს მეთაურთან, მის ინსტიტუტთან. თუ კრიზისზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ეს ეხება პარლამენტს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უმრავლესობამაც და უმცირესობამაც კარგად უნდა გაანალიზოს ყველაფერი და, როცა ლაპარაკობენ ხელისუფლების კრიზისზე, ილაპარაკონ სერიოზულად, ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ამ მხრივ ხვალინდელი სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ატმოსფეროში, რამდენად კონსტრუქციულად წარიმართება იგი, ეს იქნება გარკვეული განაცხადი ან ერთი, ან მეორე მიმართულებით.
- გასულ კვირას დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია დამნაშავეობის წინააღმდეგ, კერძოდ, ოზურგეთში. მოსახლეობის რეაქცია ძალიან დადებითია. მაგრამ არის ეჭვიც, ხომ არ გაათავისუფლებენ ვიღაც-ვიღაცეებს, ხომ არ დარჩება ვინმე დაუსჯელი, ხომ არ მოხდება ისე, რომ ნემსის ქურდებს დაიჭერენ და აქლემის ქურდები გარეთ დარჩებიან?
- ეს ოპერაცია კარგახნის ჩაფიქრებულია. ამისათვის ემზადებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს ერთ-ერთი რგოლია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხელისუფლებას აქვს დასახული კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღებისათვის. ეს ოპერაცია არც ბოლოა და არც უკანასკნელი. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მთელ პირად შემადგენლობას - 500-600 კაცი მონაწილეობდა ამ ღონისძიებებში გურიის რაიონებში, ნაწილობრივ იმერეთის ზოგიერთ რაიონში, - მადლობა გამოვუცხადო, კეთილსინდისიერი, თავდადებული მუშაობისათვის, ყველას - ხელმძღვანელებს, მეთაურებს, საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გუშინ ორი თანამშრომელი დაიღუპა ჩოხატაურის რაიონში. მართალია ეს ბოროტმოქმედებთან უშუალო ბრძოლაში არ მომხდარა - ნაღმზე აფეთქდნენ. სამწუხაროდ, ეს ექსპრეზიდენტის მომხრეთა დანატოვარი უბედურებაა. დაიჭრა კიდევ ოთხი ადამიანი.
ვინც დამნაშავეს გაათავისუფლებს, მისი მოქმედება დანაშაულად იქნება შეფასებული სახელმწიფოს წინაშე. მე, პირადად, ამ საზომით ვიმოქმედებ და ასეთ შეფასებას მივცემ ყოველ ფაქტს. ერთი ფაქტორიც უნდა გვქონდეს მხედველობაში: ასეთი მასირებული შეტევების, დიდი ოპერაციების დროს, ტექნიკისა და დიდი ძალების მონაწილეობით, ხანდახან შესაძლებელია უსაფუძვლოდაც, ეჭვით დააკავონ რომელიმე მოქალაქე. სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ხდება ხოლმე. მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია. თუკი უდანაშაულო მოქალაქე როგორღაც დაისჯება და დაზარალდება, ეს დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს. ჩემი შეხვედრის დროს ძალისმიერი უწყებების ხელმძღვანელებთან გენერალურ პროკურორს კატეგორიულად მოვთხოვე, რომ სასტიკი კონტროლი დააწესოს კანონიერების საკითხებისადმი. არცერთი მოქალაქე უკანონოდ არ უნდა იყოს დაკავებული და, მით უმეტეს, დასჯილი.
- დღევანდელ საქართველოში მწვავე ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ ნატო ონიანის აზრით, პოლიტიკის რაღაც შემადგენელ ნაწილადაც კი იქცა, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- შუქი რომ არ არის, ეს, ძირითადად, ენერგიის წყაროების შეზღუდულობის ბრალია. ის წყარო, რაც გვაქვს, იცით, როგორი ცოდვა-მადლითაა მოპოვებული. გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილებაში მართლად განუკითხაობაა. სამწუხაროდ, იმის საშუალება არ იყო, ცოტა ადრე ჩაგვეხედა ამ საქმეში. როცა დეკემბრიდან დავიწყეთ გარკვევა, აღმოჩნდა საშინელი სურათი. უბედურება ის არის, რომ, მიუხედავად შეზღუდულობისა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რომ საარსებო კვანძი - მეტრო, საავადმყოფოები, პურის ქარხნები, ზოგიერთი აუცილებელი დაწესებულება ფუნქციონირებდეს. პრაქტიკულად, ასეთი ტექნიკური სამუშაო არ შესრულდა. ახლა ეს შეუძლებელია, ვიდრე არ გამოზაფხულდება.
მე გახლდით თბილსრესში - ეს არის ძირითადი წყარო, საიდანაც იღებს ენერგიას დედაქალაქი და არა მარტო იგი. შემაშფოთა იქ არსებულმა მდგომარეობამ, გარკვეულმა განუკითხაობამ, პასუხისმგებლობის გაუპიროვნებამ, საერთო მოშვებულობამ და ამავე დროს, უზარმაზარი და ძალიან რთული დანადგარების ტექნიკურმა გაუმართაობამ. ბევრი რამ რაც შეიძლება ობიექტური მიზეზებით აიხსნას, ბევრი კი იმითაც, რომ ზოგიერთი მუშაკი თავის მოვალეობას ნორმალურად არ ასრულებს. მინდა მოვუწოდო ტელევიზიას, მოაწყოს რეპორტაჟი ამ საწარმოდან. ეს ერთ-ერთი გიგანტია ათი უზარმაზარი ბლოკით და ვფიქრობ, როცა ეს საათნახევრიანი გადაცემა შედგება, მოსახლეობა თვითონ დაინახავს რა მიზეზებია, რატომ ხდება, როდის შეიძლება რაღაცის გამართლება და როდის უნდა ვეძებოთ დამნაშავე. სამწუხაროდ, დანაშაული ამ სფეროში მართლაც ხდება და ჩვენ იძულებული გავხდით საქენერგოში, თბილსრესსა და სხვა ობიექტებში შეგვექმნა სათანადო რეჟიმის სამსახური. ეს კარგი ცხოვრებით არ არის ნაკარნახევი და სწორედ იმითაა განპირობებული, რომ არიან დამნაშავენი, რომელთაგან ზოგიერთი მხილებულია, ზოგი კიდევ მომავალში იქნება მხილებული.
ენერგეტიკული კრიზისი ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ და ერთიანი ძალით უნდა დავძლიოთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. გეგმები არის და გამოსავლის ძებნაც შეიძლება. რაც შეეხება საბოტაჟს, დივერსიებს, ხალხის გაჭირვებაზე ხელის მოთბობას, ისინი ამისათვის დაისჯებიან. მზადდება სათანადო ღონისძიებები. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ. კერძოდ, უშიშროების სამინისტროს აქვს მითითება ასეთი ხალხი გამოიყვანოს მზის სინათლეზე, რათა მოსახლეობამ იცოდეს, ვინ არის მისი მტერი და ვინ მოკეთე. ეს ბრძოლა გაძლიერდება.
რაც შეეხება თვით თბილსრესსა და საქენერგოში არსებულ მდგომარეობას. დღეს-ხვალ განხორციელდება ზოგიერთი ორგანიზაციული ღონისძიება. მათ შორის საკადრო სფეროშიც. ვფიქრობ, ამანაც გარკვეული შედეგები უნდა მოგვიტანოს.
- ახლა ქალაქში - პურის რიგებსა და ქუჩებში ლაპარაკობენ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ მოსახლეობის გამოყენებას, რათა მოხდეს, გამოსვლები, რაც შედეგად მოიტანს შევარდნაძის გადაყენებას, თუ ეს არ მოხერხდა, ვთქვათ, მის ფიზიკურ განადგურებას და ხელისუფლების შეცვლას. ასახელებენ საკმაოდ ცნობილ გვარებს, ვინც ამ ოპერაციას რესპუბლიკის ფარგლებს გარედან ხელმძღვანელობს და შემდეგ აქ ჩამოსვლას აპირებს. რამდენად რეალური საფუძველი აქვს ამ ინფორმაციას?
- საერთო საფუძველი, ალბათ, არსებობს. ამას წინათ გარკვეული ძალები რუსთავში ჩავიდნენ და შეეცადნენ იქ გამოეწვიათ მოსახლეობის ხელისუფლებისადმი საწინააღმდეგო მოძრაობა. ამ ორი-სამი დღის წინათ ხონში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მივიდა გამგეობაში თავისი საკითხების გასარკვევად და მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ თხოვნით. აქედან ჩასული პიროვნება, რომელსაც პარლამენტთანაც აქვს გარკვეული ურთიერთობა არწმუნებდა ადამიანებს, რომ რაც ხდება, ყველაფერი შევარდნაძის ბრალია. თუმცა მას შეუძლია დღეში ათჯერ შემხვდეს და მითხრას, რა არის ჩემი ბრალი და რა სხვისი.
ამ დღეებში გაიმართა მოქალაქეთა კავშირის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა სამუშაო თათბირი. რაიონებიდან ჩამოსულებმა დაასახელეს ძალიან ბევრი ფაქტი, როცა ის ხალხი, ვინც თვითონ უნდა ფიქრობდეს წესრიგის განმტკიცებასა და საზოგადოების გარკვეულ მობილიზაციაზე, ცდილობს შეიტანოს არევ-დარევის ელემენტები და ახალი გართულება გამოიწვიოს.
რაც შეეხება გადაყენების საფრთხეს. მოწოდებას გადაყენებისაკენ, მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ეს საფრთხედ არ მიმაჩნია. ცნობილია ჩემი თხოვნა გადაყენების შესახებ, რომელიც უარყო პარლამენტმა და ხალხმა. თუ ხალხი ისურვებს, მე ხალხის და არა ცალკეულთა სურვილს დავემორჩილები.
მეორე საკითხია - ფიზიკური განადგურება. თუ სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ასეთი რამ ჩაიფიქრეს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ისინი ძალიან შორს არიან პოლიტიკისაგან. რადგან ასეთი ხერხი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი პრობლემები მხოლოდ ამ საფრთხით შემოიფარგლოს.
- ჟენევის მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე, თქვენ, როგორც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აქტიური მომხრე, როგორ უყურებთ შემდგომი შეხვედრის აუცილებლობას?
- ჟენევის შეხვედრის შედეგების შესახებ მქონდა საშუალება ზოგიერთი რამ მეთქვა ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. და ამ განცხადებამ მსოფლიოში გარკვეული ყურადღება მიიქცია. ეს შედეგები, პირველ რიგში, მოწმობს, რომ სეპარატიზმი მოქმედებს მიზანმიმართულად, რათა ბოლომდე მიიყვანოს მის მიერ ჩაფიქრებული გეგმები. მე ვეთანხმები ჯაბა იოსელიანს, რომელიც თვლის, რომ სეპარატისტებმა საბოლოოდ ამხილეს თავისი თავი მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში. რაშია საქმე? საქმე ის გახლავთ, რომ მათ, როგორც ცეცხლის, ისე ეშინიათ მშვიდობის. სეპარატისტები და მათი მშველელნი, ვინც მათ ზურგს უკან იდგნენ და დღესაც დგანან, მე ბატონ თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიების“ იმ გმირს მაგონებენ, რომელიც მზეს გაურბოდა და რომელიც, პრაქტიკულად, მზის სხივებმა განგმირეს. ასეთივე უბედურება სჭირთ სეპარატისტებს. რატომ ეშინიათ? იმიტომ, რომ მშვიდობიანი მოწესრიგება და მშვიდობის დამყარება გამოააშკარავებს მათ დანაშაულობებს კაცობრიობის წინაშე, აფხაზების, ქართველების, რუსების, სომხების სხვების და სხვების წინაშე. ეს ათეულობით, ათასობით დახვრეტილი ადამიანია, უგანაჩენოდ, გაუსამართლებლად. ეს არის ათობითა და ასობით გადამწვარი სოფელი. ეს არის ადამიანთა წამება, ეს არის გენოციდი, ეს არის ეთნოწმენდა და ეს არის ასი ათასობით ადამიანის მიზანმიმართული გამოდევნა აფხაზეთიდან. თუ მშვიდობა დამყარდება, მშვიდობიან აქტს ხელს მოაწერენ, მაშასადამე, იქ შევლენ მეთვალყურენი. ახლა ხომ ცნობილია, რომ გალის რაიონში ეთნოწმენდის ტალღის დროს მეთვალყურენი არ შეუშვეს. კატეგორიულად აუკრძალეს.
მაინც, თუ რამეა დადებითი ჟენევის მოლაპარაკების ამ რაუნდის დამთავრებასთან დაკავშირებით, ის არის, რომ მოხდა პოზიციების დაახლოება და თანდამთხვევა. ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის მიდგომა, საქართველოს პოზიცია, გაეროს პოზიცია, ჩვენი მეგობრების - ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლების შეფასებები ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში, დაახლოებით ერთნაირია. ერთადერთი აფხაზური მხარეა, რომელმაც არ გაიზიარა ეს შეთანხმებები - ფორმულა მშვიდობიანი მოწესრიგებისა. თუმცა, ყველაფერი არც ჩვენთვის იყო მისაღები. მაგრამ კომპრომისი კომპრომისია: ზოგი რამ შენ უნდა დაუთმო, ზოგს დაგითმობენ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
ახლა თითქმის ყველაფერი დამოკიდებული იქნება უშიშროების საბჭოზე. ჟენევის შემდეგ, ვფიქრობ, რუსეთსაც უფრო შეუძლია, თუ, ამას მოისურვებს, შეასრულოს თავისი სამშვიდობო მისია, რომელიც იკისრა. ჟენევაში ძალიან ნათლად გამოიკვეთა რუსეთის დელეგაციის კონსტრუქციული როლი. თუ რუსეთი ამ სამშვიდობო მისიას შეასრულებს, იგი არა მარტო ქართველთა და აფხაზთა, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში ღირსეულ შეფასებას დაიმსახურებს, მაგრამ, ყველაფერი ეს, ასე ვთქვათ შესაძლებლობაა და თუ როგორ იქნება იგი გამოყენებული, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს.
რუსეთში ამჟამად შექმნილი მწვავე ვითარების გამო, რაც განაპირობა ბოლო ორი პუტჩის მონაწილეთა განთავისუფლებამ, სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ, თქვა:
- ყოველივე, რაც მოსკოვში მოხდა, ბუნებრივია, გამოიწვევს ჩვენი დიდი მეზობლის, დიდი ქვეყნის შინაპოლიტიკური ვითარების შემდგომ გართულებას და დაძაბულობას. მაგრამ, გავითვალისწინოთ ერთი რამ: როცა შინაპოლიტიკურ ვითარებაზეა ლაპარაკი, და არა გარეშე ფაქტორების ჩარევაზე, პრობლემებს თავი თვით სახელმწიფომ, თვით რუსეთმა უნდა გაართვას. ყოველგვარი, ეგრეთ წოდებული ინექციები გარედან, ვფიქრობ, ახლა უკუქმედებას გამოიწვევს თვით რუსეთის საზოგადოებაში და, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებაშიც, რაც შეეხება ჩვენს პოზიციას: ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში დავადექით ერთადერთ სწორ კურსს, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა პრეზიდენტ ბორის ელცინის თბილისში ყოფნის დროს. ჩვენი ხალხი ამას მიესალმა და ამ კურსს, ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ.
- დაბოლოს, რა ეტაპზეა მზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისათვის?
- ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოსთვის. იგი ძალიან დროული და ძალიან აქტუალურია. უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტ კლინტონის, რომელმაც ვაშინგტონს მიმიწვია ოფიციალურ ვიზიტად ჩვენთვის მეტად საჭირო დროს.
სამზადისი სერიოზულად მიმდინარეობს. ჩვენი წარმომადგენლების ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის ხელმძღვანელი ბატონი გელეიშვილი და ზოგიერთი სხვა ექსპერტი, რომლებმაც იქ წინასწარ მოსამზადებელი სამუშაო უნდა შეასრულონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკში. რადგან, მოგეხსენებათ, გარდა პრეზიდენტთან შეხვედრისა და სხვა ღონისძიებებისა, ვაშინგტონში დაგეგმილია ჩემი შეხვედრები მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან, რაზეც გარკვეულ იმედებს ვამყარებ. შეიძლება ამ დღეებში ნიუ-იორკს გაფრინდეს ჯაბა იოსელიანი. ასევე ექსპერტთა ჯგუფით. 7 მარტს იქ დანიშნულია შეხვედრა და არ არის გამორიცხული, რომ 9 მარტს, ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ, უშიშროების საბჭო შეიკრიბოს და მეც მივიღო მონაწილეობა. ამიტომ ამას ძალიან სერიოზული მომზადება დასჭირდება. ამ მოსამზადებელ სამუშაოებში ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენი ელჩი ბატონი პეტრე ჩხეიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები გვაქვს ბატონ კენტ ბრაუნთან და სხვებთან. ასე რომ, მიმდინარეობს ამ ვიზიტის სრულმასშტაბიანი მომზადება.
ვიზიტი ყოველმხრივ მნშვნელოვანია, თუ ვილაპარაკებთ ამ დიდ ქვეყანასთან ჩვენი მომავალი მრავალმხრივი კავშირურთიერთობის განვითარების თვალთახედვით. მაგრამ უმთავრესი პრობლემა უმთავრესი საკითხი ის არის, რომ მეტი სინათლე შევიტანოთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს დიდად იქნება დამოკიდებული ვაშინგტონის შეხვედრებზე და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, რომ უშიშრობის საბჭო საბოლოოდ შეეცდება ჩამოაყალიბოს თავისი დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი.
როგორც ხედავთ, საქმე ძალიან ბევრია. პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა და ჩვენი დელეგაცია გარკვეული იმედებით მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგება და მშვიდობის დამყარება გამოააშკარავებს აფხაზ სეპარატისტთა დანაშაულებებს კაცობრიობის წინაშე / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 მარტი. - N33(836). - 1,2 გვ.
![]() |
31 რესპუბლიკაში წესრიგი უნდა დამყარდეს |
▲ზევით დაბრუნება |
გაიმართა რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მუშათა თათბირი, რომელიც მიეძღვნება დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობას. თათბირზე სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ - საქართველოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
მიუხედავად ჩვენში არსებული რთული კრიმინოგენური ვითარებისა, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რესპუბლიკაში წესრიგი დამყარდეს. ბოლო ხანს რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განხორციელდა და ახლაც დასავლეთში, კერძოდ, ოზურგეთში მიმდინარეობს მორიგი საგულისხმო ოპერაცია, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ბევრია. რაც შეეხება დედაქალაქს, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას. არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ბევრი სისხლის სამართლის საქმე, ჯერჯერობით, გაუხსნელია. კვლავ განსაკუთრებულ მწვავე პრობლემად რჩება ტრასებზე წესრიგის დაცვა. ამის თაობაზე სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, მაგრამ ვითარება მაინც სავალალოა. როგორც ცნობილია, საგანგებო წესების ვადა ამოიწურა. პარლამენტარების ნაწილი არ არის მომხრე, რომ იგი გაგრძელდეს. გაგრძელდება თუ არა საგანგებო წესები, რეალურად არსებობს ძალა, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს დამნაშავეთა სამყაროს.
აღმაშფოთებელია ისიც, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბევრ დროს ანდომებენ ძალისმიერ სამინისტროებში სირბილს საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად და იმასაც კი კადრულობენ, რომ იქ ეძებენ თავიანთ მომხრეებს. კანონის ასეთ დარღვევას სახელმწიფო ხელისუფლება არ დაუშვებს. მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის სახე არ უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება ეკონომიკური საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლას, - აღნიშნა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - იგი არც თუ ცუდად არის დაწყებული და საჭიროა მისი ბოლომდე მიყვანა. არსებობს ისეთი ფაქტებიც, როცა ყალბ დოკუმენტებზეა ხელმოწერები. ვინც ამ გაჭირვებულ სახელმწიფოში ითბობს ხელს, სწორედ იმათ მიმართ განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ბრძოლა. თანამდებობის პირები, ვინც ორმაგ თამაშს ეწევიან, მთელი პასუხისმგებლობით აგებენ პასუხს. თუ გვინდა, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ავაშენოთ, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა ვებრძოლოთ დამნაშავეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ აშკარად გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები საგანგებო წესების შემოღებიდან დღემდე. მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა დააკავეს 744 ბოროტმოქმედთა ჯგუფი, ჩამორთმეულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, 729 ავტომატური იარაღი, აღიძრა 567 სისხლის სამართლის საქმე. მსგავსი ღონისძიებები, თქვა მან, კვლავაც გაგრძელდება. კერძოდ, ოზურგეთში დაიწყო და წარმატებით ხორციელდება დიდმნიშვნელოვანი ოპერაცია. სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები ყოველთვის დაიცავენ სახელმწიფოს ინტერესებს.
[...]
რესპუბლიკაში წესრიგი უნდა დამყარდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 მარტი. - N33(836). - 3 გვ.
![]() |
32 საქართველო შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის 1 მარტის სხდომის დღიური
[...]
სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. მას პარლამენტარებს ერთხელ კიდევ შეახსენა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდების მნიშვნელოვანი დებულებები.
- ამას იმიტომ შეგახსენებთ, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, - რომ თავისთავად ამ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ უნდა შევუერთდეთ, საკამათოს და საეჭვოს ვერაფერს ვხედავ. სხვა საკითხია, შეიძლება თუ არა მოხდეს იმ შეთანხმების დარღვევა, რომელსაც ვუერთდებით. ამის გამორიცხვა ძნელია. ჯობია, სხვა ქვეყნებთან ერთად შევუერთდეთ მას, ვიდრე გარეთ ვიყოთ.
ხელშეკრულებაში არის რამდენიმე მუხლი, რომლებიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარკვეული გარანტია. მაგალითად, მესამე მუხლი ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების ტერიტორიის დაპყრობის სურვილს. ხაზგასმულია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში საერთაშორისო სამართლის უზენაესობა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. დავფიქრდეთ იმაზეც, ხომ არ ნიშნავს თანამეგობრობაში შესვლა, რომ რუსეთში შეიზღუდება ის ძალები, რომლებზედაც ბორის ელცინი ლაპარაკობდა თბილისში.
რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენა არ არის, როცა სახელმწიფოს მეთაური პარლამენტისა და ხალხის დაუკითხავად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. მაგრამ, გავიხსენოთ, როდის და რატომ მივიღე იგი? მივიღე მას შემდეგ, რაც საქართველო გავიდა გარკვეულ სივრცეებში, როცა ჩვენი ბედი დავუკავშირეთ გაეროს, ევროგაერთიანებას, დავიწყეთ თანამშრომლობა ნატოსთან, სხვა ევროპულ საპარლამენტო სტრუქტურებთან, მას შემდეგ, რაც გაირკვა ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან, დასავლეთის ქვეყნებთან, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევედით შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსში, რომლის შექმნის შემდეგ, რაც დატრიალდა ის უბედურება, როცა ქობალიას რაზმები მოადგა ქუთაისს, თითქმის აღებული იყო წყალტუბო...
სამოქალაქო ომი გარდაუვალი გახდა, იგი, ფაქტობრივად, დაიწყო საქართველოში, მიმაჩნია რომ ჩვენ ლამის განწყობილი ვართ მასობრივი ხოცვა-ჟლეტისათვის. გახსოვთ ის განგაშის ზარები, რომლებიც აქ ირეკებოდა...
იმ ტრაგიკულ დღეებში მოსკოვს ვეწვიე და ვთხოვე, დაეცვათ რკინიგზის მაგისტრალები, ჩვენი ნავსადგურები, რადგან დაიკავეს და გაძარცვეს ფოთი, სამტრედია, გადაიჭრა თბილისისაკენ, და არა მარტო თბილისისაკენ, მომავალი ყველა არტერია. თბილისში დარჩა 3-4 დღის ფქვილის მარაგი. ამაზე რთული და მძიმე ვითარების წარმოდგენა ძნელია. ჩვენი თხოვნით იყო ის, რომ მოსკოვში მოიწვიეს სომხეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩემთან ერთად და ოთხეული მივედით იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება დატრიალდეს დიდი უბედურება მთელ ამიერკავკასიაში. მივაღწიეთ შეთანხმებას მაგისტრალების დაცვაზე. იმდენად დრამატული და ტრაგიკული იყო ყოველივე ეს, რომ ათჯერ მაინც ველაპარაკე ადმირალ ბალტინს დაეცვა ფოთი, რათა იგი ხელისუფლებას დაბრუნებოდა. სხვაგვარად უნდა დაგვეყარა ფარხმალი, ექსპრეზიდენტის მომხრეებსა და თავად მათ ლიდერებთან დიალოგი არ გამოგვივიდა. რამდენიმე სამხედრო გემი შემოვიდა ფოთში. მაშინ გადარჩა დედაქალაქი, და, პრაქტიკულად, საქართველო.
აი, ასეთ პირობებში მივიღე გადაწყვეტილება, როცა კბილებამდე შეიარაღებული რაზმები - არა მარტო აფხაზები, არამედ ჩეჩნები, კაზაკები, სხვა დაქირავებულები შემოვიდნენ სოხუმში. მე თავად ვიყავი ხობში, ვნახე ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. ხობსა და სენაკში დაქირავებულები ხვრეტდნენ ხალხს.
როცა დავრწმუნდი, რომ სხვა გამოსავალი აღარ იყო. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა შევიდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
როცა ვამბობთ, თანამეგობრობაში შესვლით საქართველო თავისუფლებას კარგავსო, დავფიქრდეთ, ხომ არ ვაყენებთ ამით შეურაცხყოფას თანამეგობრობის სხვა წევრ ქვეყნებს. საქართველო უნდა ცდილობდეს ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ყველა ქვეყანასთან. მით უმეტეს, რომ დიდ ქვეყნებთან ურთიერთობაში ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება ეჭვს, მოახდენს თუ არა გავლენას თანამეგობრობაში გაერთიანების რატიფიკაცია ჩვენს ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ ამერიკაშიც და სხვაგანაც იციან, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა. ამ პროცესის გაჭიანურება კი ეგებ უარესიც იყოს.
თანამეგობრობაში შესვლა საქართველოს არ შეუშლის ხელს სხვა ქვეყნებთანაც ითანამშრომლოს.
თავის გამოსვლაში ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: ჩვენ პატიოსან პოლიტიკას უნდა მივსდიოთ. უნდა გამოვიყენოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან. ისეთ მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, როცა ტერიტორიული ერთიანობის პრობლემა, საზღვრების ხელშეუხებლობა ხვალაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უნდა ეძებოს გარანტიები, ჰყავდეს მეგობრები, მათ შორის, ის წარმონაქმნი, რომელსაც თანამეგობრობა ჰქვია. უფლება არა გვაქვს უარი ვთქვათ თუნდაც უმცირეს შანსზე, რომელიც გვეძლევა იმისათვის, რომ თავი გადავირჩინოთ.
ამგვარად, სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო პარლამენტის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა საერთაშორისო გაერთიანებებთან ერთად საქართველო მონაწილეობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
[...]
საქართველო შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებას : საქართველოს პარლამენტის 1 მარტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 3 მარტი. - N34(837). - 1 გვ.
![]() |
33 დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ეს ინფორმაცია 1 მარტს დილის სხდომაზე დაურიგდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს
დღეს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - შეუერთდეს თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას. ამ ნაბიჯის მნიშვნელობას განაპირობებს თვით იმ არჩევანის სირთულე, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო, სწორედ დღეს ყოველმა ჩვენთაგანმა სინდისისა და გონების კარნახით უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზით წავიდეს ჩვენი ქვეყანა - ემოციების, ილუზიების და, აქედან გამომდინარე გაცრუებული იმედების გზით, თუ იხელმძღვანელოს რეალური სიტუაციის სერიოზული ანალიზით და პრაგმატულად მიუდგეს ჩვენთვის საარსებო საკითხებს.
საბჭოთა იმპერიის დანგრევამ ერთის მხრივ წარმოშვა თხუთმეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ მეორეს მხრივ მან მრავალი ახალი ტიპის საფრთხეც შეუქმნა როგორც თვით ამ ქვეყნების არსებობას და განვითარებას, ისე მთელ მსოფლიოსაც. ასეთი სცენარით მოვლენების შემდგომი განვითარება შესაძლოა სრული კატასტროფით დასრულებულიყო. სწორედ ამით იყო განპირობებული შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლის გზების ძიება და, ჩემი აზრით, ამ ძიების შედეგი გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნა.
თავდაპირველად დსთ აშკარად არ წარმოადგენდა იმ სტრუქტურას, რომელიც შეძლებდა ცალკეული ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს წინაშე მდგომი პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტას, მაგრამ ამავე დროს მისი თვითგამორკვევის და ჩამოყალიბების პროცესში დსთ-ს ფარგლებში მუშავდებოდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, ყალიბდებოდა მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმი. საქართველო ამ ეტაპზე მონაწილეობდა დსთ-ს სხვადასხვა ორგანოების მუშაობაში, მაგრამ ეს ხდებოდა ძირითადად მეთვალყურის სტატუსით, რითაც იზღუდებოდა ჩვენი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და შესაბამისად არ იყო სრულად უზრუნველყოფილი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.
ამ პერიოდში საქართველო ცდილობდა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობათა მოწესრიგებას. ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან პარტნიორებთან დინამიურად ყალიბდებოდა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკმაოდ სოლიდური სამართლებრივი ბაზა. მაგრამ მარტო ეს ახალ პირობებში - დსთ-ს სახით რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარების ფონზე - საკმარისი არ აღმოჩნდა. დსთ-ში პროცესის განვითარებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის ჭეშმარიტება, რომ პატარა ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს მხოლოდ მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებით.
დსთ შესაძლოა არ წარმოადგენდეს უსაფრთხოების უდავო გარანტიას, მაგრამ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფაქტორი.
დსთ-ს წესდება ითვალისწინებს აგრეთვე მისი წევრების კოლექტიური უსაფრთხოების, კონფლიქტების აღმოფხვრისა და სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმის შექმნას. დსთ-ს წესდების დებულებათა რეალიზაცია ხელს შეუწყობს დარღვეული ეკონომიკური კავშირების აღდგენას და განვითარებას სრულიად ახალ საფუძველზე, რაც საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღების კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევის, საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელი რეფორმების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
ამრიგად დსთ-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას დაიმკვიდროს სრულყოფილი ადგილი საერთაშორისო რეგიონული ურთიერთობების სისტემაში, ჩაებას მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებში, გამოიყენოს კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების ხელშეკრულებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი განმტკიცებისათვის, რეგიონული პროცესების განვითარებაზე ზემოქმედებისათვის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის წინაპირობების შესაქმნელად.
დსთ-ს წესდებასთან მიერთებით ჩვენი სახელმწიფო ადასტურებს, საერთაშორისო ურთიერთობების ცივილიზებული განვითარებისადმი სწრაფვას, აქტიური საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, იძენს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების დამატებით საშუალებებს, ხდება თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი შესაბამისი უფლებებითა და, რასაკვირველია, პასუხისმგებლობით.
დსთ იმყოფება თავისი ფორმირების საწყის ეტაპზე. მისი ჩამოყალიბების პროცესი ვითარდება საკმაოდ წინააღმდეგობრივად. ესა თუ ის საკითხი იშვიათად წყდება მწვავე კამათის გარეშე. ხშირად დისკუსიები მძაფრი და უკომპრომისო ხასიათისაა.
გამოიწვევს თუ არა საქართველოს შესვლა დსთ-ში დასავლეთის უარყოფით რეაქციას? ამის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში.
ჩემი შეხედულება ასეთია: მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეტაპზე, მრავალი კონტინენტალური და რეგიონული სახელმწიფოთაშორისი წარმონაქმნები ჩამოყალიბდა. მათი უმეტესობა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ბევრმა, საქართველოზე უფრო გაჭირვებულმა ქვეყანამაც, საიმედო გზა იპოვა კრიზისიდან და სიდუხჭირიდან გამოსასვლელად.
თანამეგობრობამ ძირითადად უნდა იაროს ამ გამოცდილების გაზიარების გზით და მაშინ ეჭვებისათვის ნაკლები საფუძველი იქნება, ამ საქმეში კი ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ სერიოზული სიტყვა.
ის გარემოება, რომ თანამეგობრობის უმეტეს სახელმწიფოებთან ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს ყოვლისმომცველი ხელშეკრულებები მეგობრობის, თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა თუ ურთიერთდახმარების თაობაზე, გვაძლევს იმედს, რომ ბუნებრივ მოკავშირეებთან მუშაობის საფუძველზე ინტეგრაციული გაერთიანება და ამ მიმართულებით საქართველოსაც ძალუძს თავისი ღირსეული წვლილის შეტანა.
დარწმუნებული ვარ, დსთ-ში ჩვენი აქტიური მონაწილეობა ხელს შეუწყობს დღევანდელი კრიზისის დაძლევას, ქვეყნის სტაბილიზაციისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის შეჩერებას.
ედუარდ შევარდნაძე
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ეს ინფორმაცია 1 მარტს დილის სხდომაზე დაურიგდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 3 მარტი. - N34(837). - 1 გვ.
![]() |
34 ჩეხეთში, გზად ამერიკისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
პრაღა-რეიკიავიკი-ვაშინგტონი (ტელეფონით, საქინფორმის საკუთარი კორესპონდენტები შალვა სვანი და რამი ჭელიძე). ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მიმავალი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე მეუღლითურთ, თანმხლებ პირებთან ერთად, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში შეჩერდა.
- პრაღაში შეჩერება შემთხვევითი არ იყო, განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ იმპროვიზებულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, როცა ავიალაინერი პრაღის აეროდრომიდან აფრინდა და გეზი რეიკიავიკისაკენ აიღო, - დღეს პრაღას განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენათა პროცესში, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. - და ეს ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესწილად ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის დამსახურებაა. იგი პოლიტიკურ არენაზე დისიდენტური მოძრაობიდან მოვიდა, მაგრამ თავისი საქმიანობა, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, ნგრევით არ დაუწყია. იგი დინჯი და ბრძენი მოღვაწეა და ბუნებრივია, ჩვენი სურვილი იყო, რომ მას შევხვედროდით. თუმცა ეს შეხვედრა და მასთან საუბარი ხანმოკლე იყო, მაინც ნათლად გამოჩნდა ჩვენი ერთნაირი მიდგომა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი. ბატონ ჰაველს ძალიან კარგად ესმის ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც რუსეთის როლს და ფაქტორს ეკისრება ამ მოვლენებში. ამიტომ, ბუნებრივია მისი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან, რომელიც დღეს მის ქვეყანაში დემოკრატიულ ძალებს უდგა სათავეში, იცის იქ არსებული დიდი სიძნელეები და ხედავს, რომ თუ რეაქციული ძალების გააქტიურება არ შეჩერდა, შემდეგ კი მთლიანად არ განეიტრალდა, არა მარტო რუსეთი, მთელი მსოფლიო აღმოჩნდება დიდი საფრთხის წინაშე. ამიტომაც ჩვენი საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ეტაპზე ეკისრება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ლიდერს, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა დიდი შეფასება მისცა საქართველო-ჩეხეთის შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ორივე ქვეყანას აქვს ყოველგვარი პირობა ყველა სფეროში მიაღწიონ ხელსაყრელ ურთიერთობას. - ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით ჩეხეთში გაიხსნას საქართველოს წარმომადგენლობა რაიმე ფორმით, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იდგა რეგიონული კონფლიქტები, მათი მოგვარების პრობლემები და პერსპექტივები, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩეხეთის ხელმძღვანელები მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში. საბედნიეროდ, - თქვა მან, ჩეხეთის ხელმძღვანელები შესანიშნავად არიან ინფორმირებული კავკასიის პრობლემების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების შესახებ. და მათი აზრები ისე ახლოს დგას ჩვენს პოზიციასთან, რომ, ფაქტობრივად, არავითარი კონსულტაცია არ სჭირდებათ. ისინი მხარს უჭერენ კონფლიქტების ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას. ცხადია, ამასთან ერთად, მათ კარგად ესმით იმის აუცილებლობა, რომ ამ საქმეში აჩქარება არ ივარგებს, ამიტომ ყველა ნაბიჯი მრავალგზის გათვლილი უნდა იყოს.
- ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ისიც, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ჩეხეთის ხელმძღვანელები, რომელთა ავტორიტეტი მსოფლიოში საყოველთაოდ არის ცნობილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავგამოდებულ დამცველთა როლში გვევლინებიან. ბატონი ჰაველი ნამყოფია საქართველოში და ყოველთვის დიდი სითბოთი იხსენებს ქართველთა არაჩვეულებრივ სტუმართმოყვარეობას.
გულითადი და უაღრესად დასამახსოვრებელი იყო ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა პრაღაში ვაცლავ ჰაველთან. ჩეხეთის პრეზიდენტმა გზა დაულოცა ვაშინგტონისაკენ მიმავალ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს და მის თანმხლებ პირებს და განაცხადა, რომ ყოველმხრივ უჭერს მხარს და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის მიერ დაწყებულ მოძრაობას „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი არის დღევანდელი სტუმარი, მსოფლიოში სახელგანთქმული პოლიტიკური მოღვაწე ედუარდ შევარდნაძე.
ჩეხეთში, გზად ამერიკისაკენ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 მარტი. - N35(838). - 1 გვ.
![]() |
35 საქართველოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე დაპირებებს აძლევს ამერიკელ ბიზნესმენებს |
▲ზევით დაბრუნება |
ვაშინგტონი. როგორც საქართველოს ხელმძღვანელმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, საქართველო „დიდი პოტენციის ქვეყანაა“, რომელიც მიიწევს დემოკრატიული კაპიტალიზმისაკენ და მზად არის ივაჭროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მიიღოს ინვესტიციები.
„მე აქ არ ჩამოვიდოდი, რომ არ მჯეროდეს, რომ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გზა შეუქცევადია, - განაცხადა შევარდნაძემ 7 მარტს ბიზნესმენთა ჯგუფთან შეხვედრაზე საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაციაში. - ახლა იწყება ახალი ცხოვრება ჩვენს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“.
როგორც შევარდნაძემ თქვა, საქართველოში უკვე შეიქმნა ბიზნესისათვის საჭირო სამართლებრივი სტრუქტურა. „საქართველოს უაღრესად კარგი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა აქვს უცხოეთის კაპიტალდაბანდებებისათვის. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმას, რომ უცხოეთის ინვესტიციათა გარეშე სერიოზულ კრიზისს ვაწყდებით, - აღნიშნა მან. - საქართველოს ახლა დიდი გაჭირვება ადგას. ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაეხმარება, ნამდვილი შიმშილი დაიწყება, - განაცხადა მან. - შიმშილობენ ბავშვები, ადამიანები შიმშილით იხოცებიან“.
თავისი გამოსვლის შემდეგ და იმის წინ, სანამ თეთრ სახლში მივიდოდა პრეზიდენტ კლინტონთან შესახვედრად, შევარდნაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებასა და გაფართოებას. ეს ხელშეკრულება დაიდო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებთან, რომელიც ხელს უწყობს ამერიკელ ინვესტორებს განვითარებად ქვეყნებში, რათა შენელდეს რისკი მათ საქმიანობაში დაფინანსებისა და დაზღვევის დროს.
„უაღრესად დიდად ვართ დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში ინვესტიციები გაიგზავნოს“, განაცხადა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა რუთ რ. ჰარკინმა. ამჟამად ორგანიზაცია იხილავს თორმეტამდე პოტენციურ პროექტს საქართველოში კერძო ინვესტიციების შესახებ, რომელთა თანხა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარია.
ამ დეპარტამენტმა უკვე გამოჰყო დაახლოებით 7 მილიონი დოლარი გრინვიჩის (კონექტიკუტის შტატი) კომპანია „ინტერნეიშნლ ტელსელის“ საგარანტიო დაზღვევისათვის, რომელმაც თბილისში, შექმნა ერთობლივი საწარმო „საქართველო“ საკაბელო ტელევიზიასთან დაკავშირებული პროექტებისათვის. ჰარკინმა აგრეთვე თქვა, რომ ამ პროექტმა შეიძლება ექვსი მილიონი დოლარი თანხა მოახმაროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტს და შექმნას 110 სამუშაო ადგილი ქართველებისთვის.
ელჩმა თომას ვ. საიმონსმა - ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისადმი ამერიკის დახმარების კოორდინატორმა, განაცხადა, რომ „ამერიკელები აღფრთოვანებული არიან შევარდნაძეთი და მისი ისევე გვჯერა, როგორც გვჯერა მისი ქვეყნის მდიდარი და აყვავებული მომავლის“.
„დღემდე ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ჰუმანური ღონისძიებებით განისაზღვრებოდა, - თქვა თ. საიმონსმა, - სამი წლის მანძილზე - 1992-1994 წლებში, საქართველოს გავუწიეთ დაახლოებით 300 მილიონი დოლარის დახმარება. მაგრამ ეს მხოლოდ გარდამავალი ეტაპია, და ჩვენ გვინდა გვქონდეს მასთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა“.
მიმართა რა დარბაზში შეკრებილ 60 ამერიკელ ბიზნესმენს, საიმონსმა თქვა, „დროა საქმეს ხელი მოვკიდოთ, რადგან ჩვენი ურთიერთობა უკვე ვითარდება. დროა კონტაქტები დაამყაროთ“.
საქართველოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე დაპირებებს აძლევს ამერიკელ ბიზნესმენებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
![]() |
36 ვიზიტის წინ დასახული ყველა მიზანი მიღწეულია, ახლა მოპოვებული შედეგების განმტკიცებაა საჭირო |
▲ზევით დაბრუნება |
10 მარტს, ნაშუადღევს თბილისის დროით სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამდივნოს თანამშრომლები ტელეფონით დაუკავშირდნენ ნიუ-იორკს, სადაც ამ დროისთვის იმყოფებოდა საქართველოს ოფიციალური დელეგაცია. ჟურნალისტების თხოვნით ყურმილთან სახელმწიფოს მეთაური მოვიდა.
- ბატონო ედუარდ! ინფორმაციის საშუალებებმა უკვე გადასცეს ცნობა იმის შესახებ, რომ თქვენ გამოხვედით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. თუ შეიძლება გაგვიზიაროთ თქვენი უშუალო შთაბეჭდილება ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ.
- უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, რომელზეც უნდა განხილულიყო საქართველოს საკითხი, - თქვა სატელეფონო საუბარში ედუარდ შევარდნაძემ, - მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ბატონ ბუტროს ბუტროს გალისთან, რომელზეც დეტალურად განვიხილეთ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხი. გენერალურ მდივანთან შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან მან სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა.
შემდეგ მე დავესწარი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც მომეცა საშუალება წარვმდგარიყავი ვრცელი სიტყვით, რომელშიც შევეცადე დამეხატა აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობისა და იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობის სრული სურათი. გამოსვლაში კიდევ ერთხელ გამოააშკარავა და დაიგმო ექსტრემისტული სეპარატიზმი, ფაშიზმი და ქართველთა გენოციდი, რასაც ადგილი აქვს დღეს საქართველოს ძირძველ ნაწილში - აფხაზეთში.
ჩემი გამოსვლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე გაიმართა დასმულ საკითხთა საფუძვლიანი განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, ჩინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, არგენტინის, ჩეხეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა. უნდა ითქვას, რომ ყველა გამომსვლელმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკისადმი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ კონფლიქტის მოსაწესრიგებლად. ყველა გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობას, ასევე უშიშროების საბჭოს წევრი პრაქტიკულად ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა აფხაზეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გადაუდებელ შემოყვანას.
- ბატონო ედუარდ! იქნა თუ არა მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოზე შესაბამისი რეზოლუცია სამშვიდობო ძალების აფხაზეთში შეყვანის თაობაზე?
- უშიშროების საბჭოს სხდომა არსებული წესის მიხედვით დღესვე ვერ მიიღებდა ამ რეზოლუციას. გაეროს მექანიზმის თანახმად რეზოლუციის მიღებას წინ უნდა უსწრებდეს გენერალური მდივნის სპეციალური მოხსენება, რომლის მომზადებაც დაევალა ამ სხდომაზე ბატონ ბუტროს ბუტროს გალის. ასეთი მოხსენებით, რომელიც ალბათ გუშინდელი განხილვის შედეგების საფუძველზე შესდგა, გენერალური მდივანი 21 მარტს წარსდგება უშიშროების საბჭოზე და შესაბამის რეზოლუციასაც მაშინ მიიღებენ.
ამ საკითხის გადაწყვეტისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ამ სამშვიდობო აქციის დაფინანსება იყო. პრაქტიკულად ეს პრობლემა ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის დროს გადაწყდა. სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიღეს თავის თავზე დაფინანსების უდიდესი ნაწილი, რაც შესაძლებელი გახდა პირადად პრეზიდენტ კლინტონის პოზიციის, აგრეთვე ამერიკის კონგრესში ჩემი შეხვედრების შემდეგ კონგრესმენთა სრული მხარდაჭერის შედეგად.
არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოყენების საკითხი აფხაზეთში პრაქტიკულად გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს.
- ბატონო ედუარდ! თუ იქნა თქვენი ვიზიტის დროს განხილული საქართველოსათვის კრედიტების გამოყოფის საკითხი?
- როგორც ვგეგმავდით, ამ საკითხების განხილვაც მოხდა სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან. მათ სრული გარანტია მოგვცეს, რომ საქართველოს მოკლე ხანში გამოეყოფა დიდი რაოდენობის კრედიტები. ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების საბოლოოდ მოგვარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად მარტის ბოლოს თბილისს ეწვევა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის სპეციალური მისიები.
მართალია, ვიზიტი ჯერ არ დასრულებულა, ნიუ-იორკში კიდევ დაგვრჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, შემდეგ კი კანადაში გველის შეხვედრები, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის კონტინენტზე გამომგზავრების წინ დასახული ყველა მიზანი მიღწეულია. დღეისათვის გაკეთდა მაქსიმუმი იმისა, რაც კი შესაძლებელი იყო. ახლა მოპოვებული შედეგების განმტკიცებაა საჭირო.
ვიზიტის წინ დასახული ყველა მიზანი მიღწეულია, ახლა მოპოვებული შედეგების განმტკიცებაა საჭირო / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
![]() |
37 ედუარდ შევარდნაძემ გაეროში გამართა პრესკონფერენცია ქართველ-აფხაზთა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე |
▲ზევით დაბრუნება |
გაერო, 10 მარტი, (იტარ-საკდეს-საქინფორმი). აქ ოთხშაბათს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გამართა პრესკონფერენცია გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთში შექმნილი ვითარების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ მან გამართა ხანმოკლე პრესკონფერენცია, რომელზეც კერძოდ, განაცხადა: „ქართული მხარე კარგი იდეებით ჩამოვიდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმის გაგებას, თუ რამდენად ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და ხელმძღვანელობის თვალსაზრისი უშიშროების საბჭოს წევრთა თვალსაზრისს აფხაზეთის კონფლიქტის საკითხში. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ისეთ მეტწილ ფუნდამენტურ, პრობლემებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დევნილთა დაბრუნების უსაფრთხო პირობების შექმნა და რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება, ყველა ამ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა ჩვენი და უშიშროების საბჭოს წევრთა შეხედულებანი“.
შეეხო რა აფხაზეთის კონფლიქტის გამო გაეროს შემდგომ ღონისძიებებს, ე. შევარდნაძემ თქვა: „სიტუაციის შესწავლის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს წარუდგენს მოხსენებას და ეს მოხდება 21 მარტამდე. ამ მოხსენების საფუძველზე უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ“.
როგორც ე. შევარდნაძემ განაცხადა, გაეროს შტაბ-ბინაში გამართული ქართველ-აფხაზთა მოლაპარაკების დროს არ დამთავრებულა მუშაობა დოკუმენტებზე და „ეს მუშაობა გაგრძელდება მოგვიანებით ჟენევაში“. მან თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკება 20 მარტამდე განახლდება.
იტარ-საკდესის კორესპონდენტმა დაუსვა კითხვა, განხილული იყო თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენ კლინტონთან შეხვედრის დროს აფხაზეთში სამშვიდობო ძალების განლაგების გეგმა? „პრეზიდენტ კლინტონთან არსებითად განვიხილეთ სამშვიდობო ძალების გაგზავნის საჭიროების საკითხი და კარგ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ ამ მხრივ“, - უპასუხა ე. შევარდნაძემ.
ჟურნალისტთა ამ კითხვის პასუხად. ხელს აძლევს თუ არა საქართველოს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა რუსეთის ჯარების მონაწილეობით, ე. შევარდნაძემ თქვა: „უთუოდ, რუსეთის ჯარებისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით. ხოლო რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს“. შეეხო რა ოპერაციებში რუსეთის მონაწილეობის წილის საკითხს, მან ხაზგასმით აღნიშნა: „ყველაფერი გადაწყდება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ვფიქრობ, განისაზღვრება პროცენტები, თანაფარდობა ჩვენთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ოპერაცია განხორციელდეს გაეროს ეგიდით“.
ედუარდ შევარდნაძემ გაეროში გამართა პრესკონფერენცია ქართველაფხაზთა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
![]() |
38 აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ქართული გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |
გაერო, 10 მარტი. (იტარ-საკდეს-საქინფორმი). გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მოითხოვა აფხაზეთში საერთაშორისო მმართველობის შემოღება. იგი უშიშროების საბჭოში გამოვიდა აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
„აფხაზეთში (საქართველოს რესპუბლიკა) სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების ჩვენი გეგმა ითვალისწინებს შემდეგს, - განაცხადა ე. შევარდნაძემ:
- არჩევნების გამართვას საერთაშორისო კონტროლის პირობებში და მის საფუძველზე ხელისუფლების ახალი ორგანოების შექმნას;
არჩევნების გამართვამდე - საერთაშორისო დირექტორატის შექმნას მხარეების, დევნილების, საქმეთა უმაღლესი კომისრის, რუსეთის ფედერაციის, „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფისა და გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით;
- აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შესასრულებლად იქმნება აფხაზეთის დროებითი შერეული ადმინისტრაცია, რომელიც იმოქმედებს საერთაშორისო დირექტორატის ხელმძღვანელობით.
გაეროს ეგიდით, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილეობით მოქმედებს სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო ორგანო, რომელიც დირექტორატთან და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების პროგრამას“.
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ქართული გეგმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
![]() |
39 ედუარდ შევარდნაძემ წარმატებული უწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის ვიზიტს, გამოთქვა რწმენა, რომ ამერიკის კონგრესი გაადიდებს დახმარების მოცულობას |
▲ზევით დაბრუნება |
ნიუ-იორკი, 10 მარტი. (იტარ-საკდეს-საქინფორმი). „კმაყოფილი ვარ შეერთებულ შტატებში ვიზიტით. პრეზიდენტ კლინტონთან და ამერიკის კონგრესის ხელმძღვანელობასთან მივაღწიეთ სრულ ურთიერთგაგებას სხვადასხვა პოლიტიკურ ასპექტში, რომლებიც ჩვენი მოლაპარაკების დღის წესრიგში იდგა“, განაცხადა ოთხშაბათს საღამოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. იტარ-საკდესის კორესპონდენტისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას „სუფევდა საქართველოსთან სოლიდარობის ატმოსფერო, იგრძნობოდა მისი ისტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა“.
შევარდნაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე საათი გაატარა ამერიკის კონგრესში და არწმუნებდა კანონმდებლებს, რომ აუცილებელია გაეწიოს საქართველოს სასწრაფო და ქმედითი ეკონომიკური დახმარება“. „ჩემი აზრით, კანონმდებლები დახმარების პაკეტის განხილვისას გაიხსენებენ ჩემს მოსაზრებებს და დაეთანხმებიან იმას, რომ უნდა გაიზარდოს ადმინისტრაციის მიერ დაპირებული დახმარების მოცულობა, - თქვა მან. - ახლა საქართველოში კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა. ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება დასავლეთის დახმარება, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკურიც“. შეეხო რა აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოწესრიგებას, საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თავისი ვიზიტის ბოლო დღე მან მთლიანად გაეროში შეხვედრებს მიუძღვნა. უშიშროების საბჭოს წარვუდგინე მშვიდობიანი მოწესრიგების რამდენიმე ვარიანტი, - თქვა მან. - ჩემი გამოსვლა გაგებითა მოწონებით აღიქვეს. ამჟამად ჩვენ მიერ წარდგენილ მშვიდობის მიღწევის დეტალურად შემუშავების გზებს განიხილავს გაეროს გენერალური მდივანი, რომელმაც უახლოეს ხანში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის. იმის გამო, რომ საერთაშორისო გაერთიანებების შტაბ-ბინაში დაგეგმილი იყო მრავალი მოლაპარაკება, ჩვენ მოგვიხდა შესწორებების შეტანა ვიზიტის პროგრამაში და საქმიან წრეებთან შეხვედრის გადადება, თუმცა ამ შეხვედრებსაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მხარი დაუჭირა „XX საუკუნის ყველა რეგიონულ კონფლიქტის გლობალურ დებოსნიზაციას”. მან მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა განვითარებულ სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ამ პროცესს. „ბევრ შემთხვევაში ვლინდება არა მარტო ეროვნული სიძულვილი, სეპარატიზმი, ექსტრემიზმი, არამედ ფაშიზმის აშკარა ელემენტები, - აღნიშნა მან. - ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იხაროს ფაშიზმის ყლორტებმა, რომ გაიმარჯვოს ექსტრემიზმმა“.
როგორც იტარ-საკდესის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს საგანგებო წესების დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, „პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია ნამდვილად კმაყოფილი იყვნენ ვაშინგტონში ვიზიტის შედეგებით, მაგრამ გაეროში გამართულმა მოლაპარაკებამ ცხადყო, რომ საერთაშორისო გაერთიანებაში ყველა არ ემხრობა საქართველოს“. „ზოგიერთს ჩვენ მივაჩნივართ ექსტრემისტებად, - თქვა მან. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელები ერთიან აზრს დაადგებიან იმ მხრივ, რომ აუცილებელია რეგიონში სამშვიდობო ძალების გაგზავნა. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კონტინგენტი უმნიშვნელო იქნება. შედგება იგი, ალბათ, ძირითადად ევროპის ქვეყნების და, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისაგან, თუმცა ამერიკის მხარე ეცდება რაც შეიძლება ნაკლები იყოს რუსეთის „ცისფერჩაჩქნიანები“. თავად ამერიკელები კი უარს ამბობენ ჩვენში თავიანთი ჭაბუკების გამოგზავნაზე“. როგორც იტარ-საკდესის კორესპონდენტისათვის ინფორმირებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, ე. შევარდნაძე ვაშინგტონში ყოფნის ბოლო დღეს „ვიწრო წრეში“ შეხვდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯეიმს ვულსის მისი თხოვნით. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრე ჩხეიძემ თქვა, მოლაპარაკების დროს განიხილეს შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების უკანონო ტრანსპორტირებასთან ბრძოლის დარგში ერთობლივი საქმიანობის გზები. ორივე მხარე, აღნიშნა მან, შეთანხმდება საერთო ძალისხმევით მოუღონ ბოლო ამ დანაშაულებრივ საქმიანობას.
ედუარდ შევარდნაძემ წარმატებული უწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის ვიზიტს, გამოთქვა რწმენა, რომ ამერიკის კონგრესი გაადიდებს დახმარების მოცულობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 მარტი. - N39(841). - 1 გვ.
![]() |
40 ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას |
▲ზევით დაბრუნება |
ვაშინგტონი. პრეზიდენტ კლინტონისა და თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძის პასუხი 7 მარტის მათი შეხვედრის წინ ოვალურ კაბინეტში:
კითხვა: რას იტყოდით ბატონ შევარდნაძესთან თქვენს დღევანდელ შეხვედრაზე? შეგიძლიათ თუ არა გააფართოოთ დახმარების მოცულობა? გაწუხებთ თუ არა რუსეთში ბოლო ხანს მომხდარი ამბები და პოტენციური საფრთხე მისი ქვეყნისადმი?
პრეზიდენტი: შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს თავმჯდომარე შევარდნაძესა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა ვიყოთ კეთილმოსურნე მოკავშირენი: შარშან შევეცადეთ დავხმარებოდით მას და ამ ცდებს წლეულსაც განვაგრძობთ. გვინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ სამშვიდობო ძალისხმევასა და სხვა საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს ბედსაც განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, გვინდა განვიხილოთ რუსეთსა და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები. დიდი ხანია ველოდი ამ შეხვედრას. მე ბევრი კითხვა მაქვს და ვაპირებ დიდი ყურადღებით მოვისმინო მათზე პასუხი.
კითხვა: მიაჩნია თუ არა ბატონ თავმჯდომარეს, რომ რუსეთის ულტრანაციონალისტებს შეუძლიათ დაამარცხონ ელცინი - ელცინის ზომიერი პოლიტიკის მომხრენი?
თავმჯდომარე შევარდნაძე: ვფიქრობ, უკეთესი იქნება ვუპასუხო ამ კითხვას ბატონ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ.
კითხვა: პუტჩისტები კვლავ თავისუფლები არიან, ელცინის მომხრენი კი, ეტყობა, კარგავენ მხარდაჭერას რუსეთში. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება დაბრუნდეს ცივი ომი?
თავმჯდომარე შევარდნაძე: იგივე კითხვა დამისვეს თვითმფრინავშიც და თბილისშიც. და, მაშინაც არ ვუპასუხე ამას.
ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 მარტი. - N39(841). - 1 გვ.
![]() |
41 ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო მორალური და პოლიტიკური წარმატება იმ ქვეყნისა, რომელიც შეუქცევადად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 14 მარტის რადიოინტერვიუ
თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენის - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგების შეფასებით დაიწყო. აქვე მან ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, განმარტა თბილისში გავრცელებული ხმების სისწორე, თითქოს ქართული დელეგაცია ცუდად მიიღეს, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება ნაკლები იყო და ასე შემდეგ.
- რაც შეეხება ამ ხმებს: ვფიქრობ, ეს ბოროტი ხმები აბსურდის დონეზეა. უაზროდ ვთვლი მტკიცებას იმის თაობაზე, რომ კარგად მიგვიღეს. ვინც თვალყურს ადევნებს სატელევიზიო გადაცემებს და მოწოდებულ ინფორმაციას, ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება, მიღება კარგი იყო თუ ცუდი. ზოგი ამტკიცებს, საქართველო მიიღეს კარგად და არა შევარდნაძეო. ზოგი - პირიქით. ბოროტებასაც ხომ აქვს საზღვარი. დავუშვათ, ცუდად მიგვიღეს, ვის და რატომ უნდა უხაროდეს ეს, რატომ უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას?
თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, პრინციპში ეს იყო მორალური და პოლიტიკური წარმატება იმ ქვეყნისა, რომელიც შეუქცევადად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას. შევარდნაძეს რომ დემოკრატიისათვის ეღალატა, მაშინ, ვიზიტი, ალბათ, საერთოდ არ გაიმართებოდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ჭეშმარიტი დემოკრატიისათვის მებრძოლები, რეფორმატორები, ყველანი, ვინც არიან საქართველოში, - თუ რუსეთში, გმირები არიან და მათ ისე ხვდებიან, როგორც იმსახურებენ. რაც შეეხება ბოროტ ხმებს და ცალკეულ გაზეთებს, რომლებიც შხამს ანთხევენ, მე მათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ისინი, როგორც იტყვიან, თავის თავს თვითონ ამოიჭამენ, მე ისინი კიდეც მებრალებიან, იმდენად უბადრუკი და ულოგიკოები არიან. ხალხი თვითონ გაერკვევა ყველაფერში, დაუფიქრდება, შეადარებს. ეს, ასე ვთქვათ, პოლემიკის თვალსაზრისით.
რა მაქვს მხედველობაში, როცა ვიზიტის წარმატებაზე ვლაპარაკობ? ჯერ ერთი, ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამერიკის ადმინისტრაციასთან დიალოგის დროს. პირველი: მხარდაჭერა აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხში, ყველაზე მთავარი, რისთვისაც მე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე, და ძალიან გამოკვეთილი და ნათელი მხარდაჭერა ამ აქციის დაფინანსებაში.
მეორე: ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დიდ ქვეყანასთან ურთიერთობისათვის გვაქვს სამართლებრივი ბაზა, ხელი მოეწერა ვაშინგტონის დეკლარაციას, შეთანხმებას ინვესტიციების ურთიერთდაცვის საკითხებზე. ეს ის დოკუმენტია, რომელიც დიდ არხებს ხსნის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობის განვითარებისათვის. ეს ძალიან საჭირო და აუცილებელია.
მესამე: მიმაჩნია, რომ, როგორც პრეზიდენტთან საუბარში და მის უახლოეს გარემოცვასთან კონტაქტების დროს, ასევე, განსაკუთრებით. კონგრესში, სენატში, ჩვენი მუშაობის პროცესში, ამ დიდი ქვეყნის ხელმძღვანელებსა და კანონმდებლებს გავაგებინეთ, რა არის საქართველო, რა ტკივილები გვაქვს, რა არის აფხაზეთის პრობლემა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ კონფლიქტის საწყის ეტაპზე, სხვადასხვა სფეროებსა და ჯგუფებში, სხვადასხვა განწყობილება იგრძნობოდა. ამ საკითხშიაც სინათლეა შეტანილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ შედეგებზე ვილაპარაკებთ, ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია ჩემი შეხვედრები მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელობასა და სავალუტო ფონდის ლიდერებთან. შეთანხმება, რომ ჩამოვლენ მისიები, პრინციპული დაპირება, რომ თანახმა არიან ფინანსურად აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს, თუკი ჩვენ სტაბილურობას შევინარჩუნებთ, და კიდევ უფრო განვამტკიცებთ მას, იმას ნიშნავს, რომ მომავალში, როგორც იტყვიან, ქვეყნიდან ქვეყანაში აღარ ვიხეტიალებთ რაღაც კაპიკების თუ დოლარების საშოვნელად. ეს ყველაფერი დადგება სხვა საფუძველზე - პროგრამების დაფინანსება, ცალკეული დარგების განვითარება და ა.შ. ყველაფერი ეს იმ ნორმების საფუძველზე აიგება, რომლითაც სხვა სახელმწიფოები სარგებლობდნენ და ახლაც სარგებლობენ. ასევე მნიშვნელოვან შედეგად მიმაჩნია ჩემი შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელთან ბატონ რიბკინთან, რომელთანაც შესანიშნავი საუბარი გაიმართა და მე ახლა უფრო მეტად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ერთობლივად გადავლახავთ იმ ცნობილ სიძნელეებს, რომელთა წინაშეც ორივე ქვეყანა აღმოჩნდა დიდი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
და ყველაზე მთავარი შედეგი: ეს იყო უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საშუალება მომეცა, მეთქვა ის, რაც უნდა ეთქვა საქართველოს ხელმძღვანელს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მსოფლიომ იცოდეს, სიმართლე, სიმართლე იცოდეს უშიშროების საბჭომ. ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია იმდენად ნათელი და გასაგები იყო, რომ უშიშროების საბჭო დაპირისპირებულთა კამათის გარეშე წარიმართა, რაც, ალბათ, იშვიათი შემთხვევაა და საქართველოს დელეგაციამ, მისმა პოზიციამ მიიღო ერთსულოვანი მხარდაჭერა და ერთსულოვანი აღიარება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიც არის - ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დევნილთა დაუყოვნებლივ დაბრუნება და როგორც ამის აუცილებელი გარანტი - სამშვიდობო ძალების შეყვანა. ყველა გამოსვლა ერთსულოვანი იყო ამ სამ ძირითად საკითხში. იგრძნობოდა გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოსი, რომელიც დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა.
ახლა, თითქოს მეორეხარისხოვნად ვთვლი, მაგრამ, სულაც არ არის მეორეხარისხოვანი: ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა, პრეზიდენტმა კლინტონმა თვითონ ჩემი თხოვნის გარეშე გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუყოფს 70 მილიონ დოლარს. ეს არის ჰუმანური დახმარება და არა კრედიტი.
არ ვიცი, 3 დღის განმავლობაში შეიძლებოდა თუ არა ამაზე მეტის მიღება და გაკეთება - მატერიალურად, ფინანსურად, პოლიტიკურად, მორალურად, და, მათ შორის იმ საკითხში, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს - აფხაზეთის საკითხებში.
- როგორ ფიქრობთ, თუ არ მოხერხდა პოლიტიკური მოწესრიგება აფხაზეთის პრობლემისა, რის თაობაზეც დიდი ხანია საუბრობთ, რისკენაც ამდენი ხანია მიდის ქართული პოლიტიკა, რა გზა გვრჩება მაშინ?
- ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა უშიშროების საბჭოში, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში. მანამდე, კი, როცა რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში, ჩვენი საუბრები, ხელმოწერილი დოკუმენტები და ურთიერთვალდებულებანი მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას. ამჯერად, ყველაფრის შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მოხდა, მხედველობაში მაქვს მშვიდობიანი მოწესრიგების ეს პლატფორმა, რომელიც შეიქმნა და რომლის შესახებაც მიღებული იქნება შესაბამისი რეზოლუცია.
უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ სწორედ ამ გენერალური გზისკენ მიმავალი ყველა ბილიკის გამოყენებაზე. უკეთეს შესაძლებლობას ვერც ვინატრებდით. ახლა ლაპარაკია ამ შესაძლებლობის გამოყენების ხელოვნებაზე, ჩვენს ენერგიულობაზე, უნარზე, რომ პრინციპული შეთანხმება ბოლომდე მივიყვანოთ და მოხდეს ამ შეთანხმებათა რეალიზაცია. ამაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება პენტაგონის დამოკიდებულებასა და ა.შ. ვფიქრობ, ჩვენს სამხედრო პოტენციალზე დღეს პენტაგონს დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია და ჩვენ ეს არც გვითხოვია. არარეალურია, რომ დღეს პენტაგონისაგან მოითხოვო იარაღის ან საბრძოლო მასალების მიღება და ა. შ. ამ საკითხში ჩვენ მაინც დამოკიდებული ვრჩებით რუსეთზე, რუსეთის არმიაზე და, ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერი მაინც, იმის გარანტი უნდა იყოს, რომ საქართველოს არმიის ფორმირების პროცესი დაჩქარდება.
ჩვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და ასეთ მზადყოფნაში არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს. როცა ვამბობ, ჩვენი არმია ახლა ფორმირების პროცესშია-მეთქი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ბრძოლისუუნაროა. ასე რომ, ჩვენი შეიარაღებული ძალები, მისი ყველა სახეობა მზად არის იბრძოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის.
ჟურნალისტის თხოვნით, სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა „ცივი ომის“ აღდგენის საფრთხის შესახებ.
- რამდენად გაგიმტკიცდათ ან გაგიქარწყლათ ამერიკულმა ვიზიტმა თუ რუსეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა შეგრძნება იმისა, რომ „ცივი ომის“ საფრთხე შეიძლება კვლავ რეალობად იქცეს?
- ასეთი რეციდივების საფრთხე რეალურია. „ცივი ომის“ მკვებავი წყარო ყველაზე მეტად ამ ეტაპზე შეიძლება გახდეს კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რასაკვირველია, თუკი ეს იქნება დაშვებული, ასეთი კონფრონტაციის დაუშვებლობის შესახებ ვლაპარაკობდი შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა დონეზე - პრეზიდენტთან დიალოგისა და მის გარემოცვასთან კონტაქტების დროს. კონგრესში, სენატში, პოლიტიკური თუ სხვა სახის მოღვაწეებთან შეხვედრების დროს.
შემდეგი მოვლენა, რომელმაც შეიძლება კვლავ უბიძგოს კაცობრიობას „ცივი ომისაკენ“, ეს არის ახალი საკმაოდ გავრცელებული აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც კონფლიქტებში გადადის. ამის შესახებ ორი წლის წინათ ვთქვი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მაშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ბევრს ყურს სჭრიდა კიდეც. დღეს მსოფლიო მართლაც დარწმუნდა, რომ აგრესიული სეპარატიზმი რომელიც ასე ძვირად დაუჯდა საქართველოს, შეიძლება ძალიან დიდ საფრთხედ გადაიზარდოს მთელი პლანეტისათვის. ამის მაგალითია ის, რაც იუგოსლავიაში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება და ის ფეთქებადი მასალა, რომლის ამოქმედების საფრთხეც, მთელ რიგ ქვეყნებში უკვე არსებობს. ვფიქრობ, რომ, თუ ეს პროცესი არ შეჩერდა და არსებული კონფლიქტები არ მოგვარდა, მაშინ ომის საფრთხე სავსებით რეალური იქნება. კმაყოფილი ვარ იმის გამო, რომ ამ თემაზე საუბრები ისეთ პირობებში მიმდინარეობსა, როცა საქართველოს, მისი ხელმძღვანელის აზრი ყველას აინტერესებდა, იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც იტყვიან, ამ მოვლენებში ვიხარშებით, ვტრიალებთ და შეიძლება სხვაზე მეტად მწვავედ ვგრძნობთ და ვხედავთ ამ საფრთხის მასშტაბებსა და საშიშროებას.
- დღეს საქართველოში საკმაოდ კრიზისული სიტუციაა - კუპონის ინფლაცია გრძელდება, არ მუშაობს ტრანსპორტი და ა.შ. თქვენ გქონდათ საინტერესო შეხვედრები მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან, ბიზნესმენთა წრეებთან. როგორ ფიქრობთ, თუნდაც ამ შეხვედრებიდან, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გეგმებიდან გამომდინარე, რამდენად ღრმა და ხანგრძლივი იქნება ჩვენი ეკონომიკური კრიზისი?
- ჩვენი ეკონომიკური კრიზისი რომ ღრმა არის, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემთან საუბრების დროს ბანკის პრეზიდენტიცა და სავალუტო ფონდის აღმასრულებელი გენერალური მდივანიც, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება ქვეყანას ისეთ პირობებში აყენებს, რომ იგი ბევრ სხვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისაგან გამოირჩევა კიდევ უფრო მეტი სირთულითა და სიძნელეებით, მაგრამ, ამავე დროს, ისიც იყო ნათქვამი, რომ თუ გავაგრძელებთ ამ ბოლო დროს სტაბილურობის დამკვიდრებისაკენ აღებულ კურსს, ქვეყანაში წესრიგს დავამყარებთ და ავამოძრავებთ ჩვენში არსებულ პოტენციალს, მაშინ ეს უზარმაზარი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები მზად იქნებიან, დაეხმარონ საქართველოს. თუ ეს ასე მოხდება, შესაძლებელია ცოტა უფრო ადრე გამოვიდეთ კრიზისიდან, მაგრამ ყველაფრისა გამოსავალი თავად ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვუვლით ქვეყანას. პირველ რიგში, საჭიროა წესრიგი, საჭიროა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს. უნდა გამოვიყვანოთ ჩაის, ყურძნის, ხილის მოსავალი, მიწა უნდა დავამუშაოთ, მრეწველობა უნდა ამოქმედდეს, ისე როგორც ეს შესაძლებელია და მაშინ, ვფიქრობ, კრიზისიდან გამოსვლა სავსებით რეალური იქნება.
- როგორც ცნობილია, თქვენს საზღვარგარეთულ ვიზიტს მოსდევს ხოლმე საპასუხო რეაქცია საქართველოში - აფეთქება ან მკვლელობა და ა. შ. არც ამერიკაში ვიზიტი გახდა გამონაკლისი: მაშველთა კორპუსსა და კონტროლის პალატაში მოხდა აფეთქება. თქვენ როგორ განმარტავდით ამ ფაქტებს?
- მინდა ერთ საკითხს შევეხო. ჩვენი ცალკეული პარლამენტარები, როცა ტერორისტულ აქტებზეა ლაპარაკი, პარლამენტში გამოდიან და ქვებს ისვრიან სახელმწიფოს მისამართით, სახელმწიფო ტერორიზმიო - ხშირად გაიგონებთ ამას. ეს რა, სამოქალაქო თავდაცვის შტაბი სახელმწიფომ ააფეთქა? ანდა, რომელი ჭკუათმყოფელი მოიფიქრებს, რომ კონტროლის პალატაში ასეთი რამ გააკეთოს? ვფიქრობ, რომ ყოველგვარი ჭორებისა და ერთმანეთისადმი უნდობლობის ელემენტები უნდა გამოირიცხოს. აქ, უბრალოდ, საქმე ის გახლავთ, რომ აულაგმავია ბანდიტური, დივერსიული ჯგუფები. ამ ბოლო დროს, ბევრი კეთილი სიტყვა გვითქვამს უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართ. მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ვერც უშიშროების სამინისტრო, ვერც შინაგან საქმეთა სისტემა კვალიფიციურ დამნაშავეთა წინააღმდეგ ვერ იბრძვიან ისე, როგორც საჭიროა და დღევანდელობას შეეფერება. რეიდების ის სისტემა, რომელსაც ახლა პოლიცია ახორციელებს, ძალიან კარგი საქმეა, დიდი ეფექტიც აქვს და ხალხმა ცოტა ამოისუნთქა. ეს უნდა გაგრძელდეს მაგრამ, როცა ლაპარაკია ტერორისტულ აქტებზე, დროა, განსაკუთრებით უშიშროების სამინისტრომ, მთელმა ამ სისტემამ გვიჩვენოს თავისი პროფესიონალიზმი. სახელმწიფო, მთელი სახელმწიფოს სისტემა, მათ შორის სახელმწიფოს მეთაური დაინტერესებულები არიან, რომ გაიხსნას ყველა დივერსიული თუ ტერორისტული დანაშაული და დამნაშავე დაისაჯოს. უნდა ვაიძულოთ და კიდევაც ვაიძულებთ შესაბამის ორგანოებს, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა გაუხსნელი არ დარჩეს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს, როგორც ცივილიზებული, კულტურული და ნორმალური ქვეყნის ავტორიტეტი, უნდა აღდგეს. ეს არის პრესტიჟის საქმე, ვიტყოდი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე და იგი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
- ხვალ იწყება პარლამენტის მორიგი სამუშაო კვირა. შეიტანა თუ არა რაიმე კორექტივები თქვენს საპარლამენტო მუშაობის გეგმებში ამერიკულმა ვიზიტმა?
- პარლამენტი, ალბათ, დაგეგმილი თემატიკის მიხედვით იმუშავებს. არსებობს ასეთი მოსაზრებები და გეგმა. ერთს კი ვიტყოდი, ამ ვიზიტთან დაკავშირებით: შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს, როცა ბიზნესის ფინანსური წრეების წარმომადგენლებს ვხვდებოდი, მთავარი შეკითხვები კანონმდებლობას ეხებოდა. რა კანონების მიღება მოასწრო საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს, როგორი იქნება უცხოური ინვესტიციების ბედი საქართველოში! იქ ცალკეული ზოგადი კანონები კი არ აინტერესებთ, პირდაპირ დაკითხვას მიწყობდნენ დეტალებში. ამ მხრივ, ჩვენი პარლამენტი ძალიან სერიოზულად ჩამორჩება. ეს მისი თავმჯდომარის მიმართაც უნდა ითქვას, სპიკერატის მიმართ და საერთოდ იმ კომისიებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაკომპლექტებულიც კი არ არის. ბევრი კანონი - 60-ზე მეტი კანონი ეკონომიკის სფეროდან გამზადებულია და, როგორც იტყვიან თაროებზეა შემოდებული. ჩვენს პარლამენტს მაინცდამაინც არ უყვარს კანონებზე მუშაობა. ცოტა უფრო მეტად პოლიტიკის სფეროში იჩენს აქტიურობას, ვიდრე ეკონომიკის სფეროში. ეს შენიშვნა და კრიტიკა როდია. თავისთავად პარლამენტი ყველა სფეროთი უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ დღეს რადგან ეკონომიკური კრიზისის დაძლევა უმთავრესი ამოცანაა და ბევრი პარლამენტარი სავსებით კანონზომიერად მოითხოვს რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს რეფორმები, ვერავითარი რეფორმა სწრაფად ვერ განხორციელდება და რეფორმატორული კურსი ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, თუ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ უზრუნველვყავით. მაგალითად, კანონი მიწის შესახებ სამი-ოთხი თვეა დევს. იყო დებატები, ვერ შევთანხმდით, გადავდეთ და თავი დავანებეთ. ჩემგან მოითხოვენ, რომ გამოვცე დეკრეტი, ვფიქრობ, ამის უფლება არა მაქვს. მიწა ისეთი პრობლემაა, იმდენად მტკივნეული და მგრძნობიარეა ქვეყნისა და ყველა მოქალაქისათვის, რომ სწორედ პარლამენტმა უნდა განსაზღვროს ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება. ასე რომ, ასეთი კორექტივი, უფრო სწორად, პარლამენტის მთელი ყურადღებისა და საქმიანობის შემობრუნება კანონმდებლობისაკენ, განსაკუთრებით ეკონომიკის, ფინანსების სფეროში, აუცილებლად მიმაჩნია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო მორალური და პოლიტიკური წარმატება იმ ქვეყნისა, რომელიც შეუქცევადად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 მარტი. - N40(842). - 1,2 გვ.
![]() |
42 გაეროს უშიშროების საბჭოს 9 მარტის სხდომის ანგარიში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ და უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რადგან შესაძლებლობა მომეცით გამოვიდე თქვენ წინაშე. მადლობას გიხდით საქართველოს ხალხი თქვენი ძალისხმევისათვის აფხაზეთში მშვიდობის აღსადგენად, სამართლიანობის აღსადგენად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად: ყველა თქვენი რეზოლუცია და ნაბიჯები, რომლებიც გადადგეს გენერალურმა მდივანმა ბატონმა ბუტროს ბუტროს გალიმ, მისმა პირადმა წარმომადგენელმა ბატონმა ედუარდ ბრუნერმა რუსეთის ფედერაციის შუამავლობით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის, აგრეთვე არაფორმალური ჯგუფის „საქართველოს მეგობრობის“ აქტიური მონაწილეობით, უთუოდ შეუწყობს ხელს ამ დიადი მიზნების მიღწევას.
მე აქ გამოვდივარ იმ იმედით აღსავსე, რომ გამოიჩინეთ სიბრძნე, სურვილსა და სიმტკიცეს დაეხმაროთ ჩემს ქვეყანას და მის ხალხს მოიპოვონ ნათელი სასიცოცხლო პერსპექტივა. დღეს იგი მათ არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ ახლო და შორეულ მომავალში, თუ სამართლიანად არ გადაიჭრა განდევნილთა მშობლიურ მიწაზე მშვიდობიანი დაბრუნების საკითხი, თუ არ შეიქმნა მათი უსაფრთხოების მტკიცე და საიმედო გარანტიები, თუ ღირსეულად და ურთიერთმისაღებად არ გადაიჭრა მთლიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი.
იმედები მიმტკიცდება, როცა თვალს ვავლებ ამ დარბაზს, სადაც ახლო წარსულში მომიხდა მონაწილეობა მიმეღო იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომელთა ჩვენი გაერთიანების ძალებით განხორციელებას მშვიდობა მოჰქონდა საშიში კონფლიქტების რაიონებში. მაგრამ მესმის, რომ მას შემდეგ მსოფლიო სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და უშიშროების საბჭოს უხდება მოქმედება იმ გარემოებებსა და პირობებში, რომელთა ანალოგები საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს და ვიმედოვნებ, რომ მზად ხართ შეიმუშაოთ და განახორციელოთ კარდინალურად ახალი მიდგომები უამრავი კონფლიქტური აფეთქების მოწესრიგებისადმი, რომლებიც საფრთხეს უქმნის საყოველთაო მშვიდობასა და უშიშროებას.
ამ თვალსაზრისით დღევანდელი სხდომა მიგვაჩნია ისტორიულ შანსად - არა მარტო საქართველოსათვის. თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საფუძველი სხვა შეიარაღებული კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების საბაზრო მოდელისათვის, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი საბჭოთა კავშირის უზარმაზარ სივრცეებზე ურთულეს სიტუაციას. იგი უთუოდ მისცემს იმპულსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ფუნქციების, ყველა აფეთქებასაშიშ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციების წარმატებულ განხორციელებას.
ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
თქვენ ღრმა კომპეტენტურობის, საკითხის არსის ზედმიწევნით ცოდნის გამო აღარ არის საჭირო დაწვრილებით ჩამოვაყალიბო აფხაზეთში კონფლიქტის ისტორია, ბევრი ვილაპარაკო მისი ფესვებისა და მიზეზების, განვითარების სტადიებისა და ხასიათების შესახებ. გენერალური მდივნის მოხსენებანი უშიშროების საბჭოსადმი, მრავალრიცხოვანი საექსპერტო ნამუშევრები, საქართველოში გაეროს წარმომადგენელთა პაკეტები მოვლენათა საკმაოდ ფართო და ზუსტ სურათს იძლევა. მაგრამ ჭეშმარიტების ინტერესებისათვის, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად მახინჯდებოდა, მინდა ვთქვა შემდეგი: ჩვენს ქვეყანაში საქმე გვაქვს უამრავ უბედურებასთან და უამრავ ფრონტზე. ერთ-ერთი ყველაზე ძნელი და მთავარია დამნაშავეობასთან ბრძოლის ფრონტი. ეს იმ პოლიტიკური რეჟიმის მიერ შობილი საყოველთაო კრიზისის მემკვიდრეობაა, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ. მძლავრ შეიარაღებულ ბანდებს ტერორის ქვეშ ჰყავთ მოსახლეობა, არსებითად თავიანთ ძალაუფლებას ამყარებენ რესპუბლიკის ვრცელ რეგიონებში. მათი მოქმედების მასშტაბი ისეთია, რომ იძულებული ვართ - მინდა პატიოსნად და გულახდილად ვთქვა - მივიღოთ გამოწვევა და ჩვენც საკმაოდ დიდი ძალებით ვიმოქმედოთ.
ამ ბოლო ხანს საქართველოს რიგ რეგიონებში შინაგანი ჯარებისა და პოლიციის ქვეყნებში შინაგანი ჯარებისა და პოლიციის ქვეგანაყოფებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით მოაწყვეს დიდი ოპერაციები. შეიარაღებული ბანდების წინააღმდეგ, განაიარაღეს ისინი, მოსპეს ბაზები, დააპატიმრეს მესვეურენი.
ასეთივე ვითარება შექმნა 1992 წლის აგვისტომდე აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოს მიმდებარე რაიონებში. რკინიგზის მაგისტრალზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს რუსეთთან, ფაქტობრივად, ერთადერთ და ამიტომ საარსებოდ მნიშვნელოვან არტერიაზე, თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა დივერსიები: აფეთქებდნენ ლიანდაგებს, ხიდებს, ელექტროსადგურებს, საკონტაქტო ხაზებს. არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის კუთვნილი ტვირთით სავსე შემადგენლობების მასობრივ ძარცვას მოჰყვა მილიარდობით მანეთი ზარალი.
დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების ბაზები განლაგებული იყო აფხაზეთში. ბანდიტთა ჯგუფები, რომლებიც მიმდებარე რაიონებში აწყობდნენ დივერსიებს, მიდიოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ იმედით, რომ რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო მთავრობა იქ მათ წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. იქვე მიჰყავდათ და დაპატიმრებული ჰყავდათ ბანდიტების მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომელთა შორის იყვნენ მთავრობის წევრებიც: მაგალითად, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები, ჩემი თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში და სხვები.
ასეთ გარემოებებში მაგისტრალების დაცვა და ბანდიტურ დაჯგუფებათა გაუვნებელყოფა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საქმე ხდებოდა. რა იყო უჩვეულო და კანონსაწინააღმდეგო იმაში, რომ, აცნობა რა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობამ იქ გაგზავნა ჯარის ქვეგანაყოფები? მე მგონი, არაფერი. ხელისუფლებას უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ საჭირო ღონისძიებებს თავისი იურისდიქციისა და კომპეტენციის ფარგლებში. მაგრამ აფხაზეთში გადაადგილებულ ნაწილებს იქ ცეცხლით შეხვდნენ და მაშინვე გამოაცხადეს, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზეთის წინააღმდეგ და მოახდინა მისი ტერიტორიის ოკუპაცია.
განა შეიძლება საკუთარი ტერიტორიის ოკუპაცია? არ დავიწყებ ამაზე კამათს.
ჩემს ამოცანას არ შეადგენს არც დისკუსია იმ საკითხებზე, რომელთა დაჟინებით დასმა მიზნად ისახავს საქმე დასახული მიზნებისაგან შორეული კალაპოტით წავმართოთ. მეტისმეტად ხშირად საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკოსებს თავს ახვევენ პოლემიკას იმის შესახებ, თუ „ვინ მოვიდა პირველი ამ მიწა-წყალზე“, რათა ისტორიის თვითნებური გაგებისა და დამახინჯებების მერყევ კონსტრუქციაზე დააფუძნონ თეზისი „აფხაზეთი საქართველო არ არის“. ახლა არ გავცემ პასუხს საეჭვო მტკიცებებს იმის თაობაზე, თითქოს არ ყოფილიყოს იმის არავითარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები, რომ აფხაზეთი მივიჩნიოთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად, არც პასაჟებს, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და მისი აფხაზეთის ავტონომიის თითქოსდა დაკარგული კავშირურთიერთობის შესახებ.
მაგრამ არ შემიძლია დავეთანხმო ისტორიისადმი ისეთ დამოკიდებულებას, როცა, არ სჯერდებიან, რომ მას პოლიტიკის ბინძური მსახურის როლი დააკისრეს და ახლა კიდევ მკვლელობათა იარაღით აღჭურავენ.
ამ ძმათამკვლელ ომებს მორგებულმა კი არა, ნამდვილმა ისტორიამ ინება ისე, რომ ამ მიწა-წყალზე ოდითგან მშვიდობით, თანხმობით, სულიერი და სისხლის ნათესაობის კავშირით ცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები. და თუ არიან ისტორიკოსები, რომლებმაც მოისურვეს საკამათოდ გახადონ ეს ფაქტი ბრძოლის ველზე, არის ძველი ბერძენი ავტორების მოწმობანიც, ძველი ქართული მატიანეები, არის თანამედროვეობის უაღრესად ავტორიტეტული სწავლულების ფუნდამენტური გამოკვლევები, რომელთა დასკვნა უდავოა: აფხაზეთი საქართველოს მიწა-წყლის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც მისი სხვა ისტორიული კუთხეების მიწები.
და კიდევ მინდა ვთქვა: ჩვენი საერთო ისტორიის კურსის გარდა უნდა იყოს ჩვენი ხალხების აწმყოსა და მომავლის წინაშე ჩვენი საერთო პასუხისმგებლობის კურსი. ყურადღება გავამახვილოთ მასზე და მხოლოდ მასზე.
ასეთია ამოცანა, რომელსაც ვისახავ და რომლის ფარგლებშიც ვაპირებ ჩამოვაყალიბო პრობლემის გადაჭრის გზების ჩემეული ხედვა; ამის თაობაზე ჩვენს წინადადებებს ჩამოვაყალიბებ.
მაგრამ მანამდე, ნება მიბოძეთ გამოვთქვა კიდევ რამდენიმე ზოგადი მოსაზრება.
ჯერ ერთი, კონფლიქტი აფხაზეთში არ არის კონფლიქტი ეთნიკურ წინააღმდეგობათა ნიადაგზე, კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეთნონაციონალური ელფერი მას განზრახ მიანიჭეს, რათა შეენიღბათ მისი სულისჩამდგმელების პოლიტიკური მიზნები. იგი მომწიფდა ავტონომიური რესპუბლიკის შიგნით საკუთრების, ხელისუფლებისა და მისი განხორციელების, კანონების მიღების, სახელმწიფო წყობის, ორიენტაციების არჩევის საკითხების ირგვლივ, შემდეგ კი, გარედან - იარაღით, ფინანსებით, ცოცხალი ძალით საინფორმაციო-პროპაგანდისტული მხარდაჭერით ნასაზრდოები გამოიყენეს პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა და კლანებმა თავიანთი ანგარებითი პოლიტიკური და სხვა მიზნებით, როგორც რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკური და მატერიალური სარგებლის მიღების გულისთვის.
მხარეები კონფლიქტში მონოეთნიკური არ არიან. როგორც გენერალური მდივნის 1993 წლის 1 ივლისის მოხსენებაში სწორედ არის ნათქვამი „აფხაზეთში (საქართველოს რესპუბლიკა) საქმის მდგომარეობის შესახებ“, მისი განუწყვეტელი ღონისძიებანი სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ხორციელდება „საქართველოს მთავრობის, აფხაზეთში ორივე მხარისა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით“. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ თქვენს 1993 წლის 19 ოქტომბრის 876 რეზოლუციაში, რომელიც კვლავ ადასტურებს აფხაზეთის მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმავე წლის 27 ივლისის შეთანხმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით მომდევნო მოქმედების მტკიცე დაგმობას, დაგმობილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მკვლელობა.
იმათ შორის, ვინც შესანიშნავი ადამიანის - ჟიული შარტავას ტანჯული სიკვდილის ჟამს მის გვერდით იმყოფებოდა, იყვნენ არა მარტო ქართველები, არამედ აფხაზებიც, რუსებიც, სომხებიც. თითქმის ყველამ გაიზიარა თავიანთი ხელმძღვანელისა და მეგობრის ხვედრი. საუბედუროდ, ეს ერთადერთი ფაქტი როდია. ტყვეობაში სახელმწიფო მოღვაწეებს, დეპუტატებს, ჟურნალისტებს, მწერლებს, მეცნიერებს, მუშებს, მიწათმოქმედებს ხვრეტდნენ, აწამებდნენ, გაუსამართლებლად უსწორდებოდნენ, აბუჩად იგდებდნენ, სცემდნენ ეროვნების განურჩევლად, მხოლოდ ერთი ნიშნით: ვის მხარეზეა ადამიანი. ძალმომრეობა შობს ძალმომრეობას, სისასტიკე ამრავლებს სისასტიკეს. რაგინდ მძიმე იყოს ამაზე საუბარი, სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ: მკვლელობები, სახლების დაწვა, მაროდიორობის აქტები, ძარცვა-გლეჯა - ქართველთა მხრიდან კონფლიქტის მონაწილეთა სინდისზეც არის. მე არ ვუწოდებ ამას ექსცესებს, როგორც ამას გუდაუთაში სჩადიან, მაგრამ, ვუწოდებ რა თავის სახელებს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ქართველებიც და აფხაზებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, და ჩვენ არ ვყოფთ მათ უცხოებად და ჩვენიანებად.
გუდაუთის დაჯგუფებამ, ყველაზე უკიდურესი რეაქციული ძალების უპრეცედენტო საგარეო მხარდაჭერის გამოყენებით, გააჩაღა ეთნიკური წმენდა და გენოციდი. თანაც „ფართო სვრელით თიბვისას“ იგი არ არჩევდა ადამიანებს წარმომავლობის ნიშნით - არცთუ იშვიათად აფხაზები აფხაზებსაც ხოცავდნენ იმისათვის, რომ ისინი არ იზიარებდნენ რეჟიმის მითითებებს.
დევნილთა და ხიზანთა მრავალრიცხოვანი გამოკითხვები ავლენს აფხაზების მიმართ ქართველთა და ქართველობის მიმართ აფხაზთა ეთნიკური ტოლერანტობის მაღალ დონეს, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს ჩვენი თეზისის სისწორეს: ამ კონფლიქტს არა აქვს ეთნონაციონალური ფესვები. მას სხვა ფესვები აქვს. მათ ასაზრდოებს პირწავარდნილი ნაციონალიზმის ბინძური ნიადაგი, რომელიც გადაიზრდება მოვლენად, რომელსაც არ შემიძლია სხვა რამ ვუწოდო, გარდა ფაშიზმისა. ეს უჩვეულო ფაშიზმია - კომუნისტური ეპოქის ფაშიზმი. კომუნისტური წყობილების წიაღში წარმოშობილი ეს ფაშიზმი ეძებს და პოულობს გამოსავალს გარკვეული ჯგუფებისა და კლანების გულმოდგინებით, რომლებიც პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ იდეოლოგიური ჩაგვრით დაკნინებული მასების ბუნებრივ ეროვნულ გრძნობას.
გულისტკივილით უნდა ვაღიარო: რეჟიმის ძალისხმევით, რომელიც ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში საქართველოში მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მან თავი იჩინა მთლიანად ჩემს ქვეყანაში. მე მას პროვინციული ფაშიზმი დავარქვი და, ყველას გასაგონად ვთქვი ეს. მხოლოდ მანკის დიაგნოსტირების შემდეგ შეიძლება მასთან ბრძოლა. ჩვენ ბრძოლა გამოვუცხადეთ მას. ჩვენი ხალხი მიხვდა, საკუთარი თავის მიმართ, თავისი ცხოვრების საფუძვლებისა და ყაიდის მიმართ, თავისი ტრადიციული ეთნიკური და რელიგიური შემწყნარებლობის მიმართ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე.
ეს საფრთხე შემოფარგლული არ არის ერთი ქვეყნის საზღვრებით. აფხაზეთში ამავე კონფლიქტის მაგალითით დავრწმუნდით, რაოდენ ფართოა წითელმიხაკისფერი ინტერნაციონალის კავშირი და რაოდენ შეთანხმებულია მისი მოქმდება რომელიც ყოფილ ცენტრსა და გარეუბნებს აერთიანებს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიან ფრონტად. მიზანია ტოტალიტარული რეჟიმების რესტავრაცია, ოღონდ ახლა ულტრანაციონალიზმისა და შოვინიზმის დროშებით.
ასე იყო აფხაზეთშიც, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე სცადეს დაემყარებინათ უმცირესობის ეთნოდიქტატურა დისკრიმინაციული საარჩევნო კანონის ძალით. მოსახლეობის 18 პროცენტმა მიიღო შესაძლებლობა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ჰყოლოდა მეტი წარმომადგენელი, ვიდრე მთელ დანარჩენ მოსახლეობას. ამის შედეგად კენჭისყრის შედეგები ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის წინასწარ გადაწყვეტილი იყო უმცირესობის სასარგებლოდ, ხოლო უმრავლესობის უფლებანი ილახებოდა.
მეორე, არც კონფლიქტის დაწყებამდე, არც შემდეგ, ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია აფხაზეთის სახელმწიფოებრიობს საკითხი. ჩვენ მას არც ახლა ვაყენებთ ეჭვქვეშ. მაგრამ საქმე შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფოებრიობას გაეროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის პრინციპების ფარგლებში. ამასთან, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის, მნიშვნელოვანწილად ქართველი მოსახლეობის, ინტერესები, რომლებიც აქ მცხოვრებთა თითქმის ნახევარს შეადგენს. ეთნიკური წმენდის, ძალმომრეობის, დაშინების, ადამიანის უფლებათა უპრეცედენტო მასობრივი ფეხქვეშგათელვის მეთოდებით აფხაზეთის საზღვრებიდან მთლიანად განდევნილ ქართველ მოსახლეობას არ დუკარგავს არც წინაპართა მიწა-წყალზე ცხოვრების უფლება, არც თავისი კანონიერი ინტერესების გარანტირებული დაცვის უფლებები.
მესამე, ჩვენს მისწრაფებას მშვიდობისადმი მოწმობს სამი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მათი განხორციელებისათვის საჭირო შესაბამის ზომათა მიღება, შეგახსენებთ, რომ პირველ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა და მე ხელი მოვაწერეთ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, ერთი თვეც არ იყო გასული - 1992 წლის 3 სექტემბერს, როცა კონტროლს ვუწევდით ტერიტორიის დიდ ნაწილს: სოხუმს, გაგრას, რუსეთის მოსაზღვრე რაიონს, თვით საზღვარს მდინარე ფსოუზე. არც მაშინ, არც შემდეგ ჩვენ არ ვიყენებდით ომისა და გამარჯვების კატეგორიებს, იმედს არ ვამყარებდით პრობლემის სამხედრო გადაჭრაზე.
სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივუსხედით მოლაპარაკების მაგიდას, რომელთანაც მივიწვიეთ ადამიანები, რომლებმაც გააჩაღეს ეს ომი, არსებითად - მეამბოხეები... სარგებლობენ რა მძლავრი ძალების მფარველობითა და მეურვეობით, მათი სამხედრო და სხვა მხარდაჭერით, კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით, მათ დაიწყეს პირობების კარნახი, რომელთა სამართლებრივ საფუძვლიანობას ეჭვქვეშაც კი არ აყენებდნენ. ძნელია კანონიერებასა და სამართალზე საუბარი იმათთან, ვინც მათ არღვევს, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებდით დიალოგს და დავდეთ შეთანხმებანი ოღონდ შეგვეჩერებინა ომი და სისხლისღვრა.
როგორც ცნობილია, ყველა ისინი მუხანათურად დაირღვა. განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა 1993 წლის 17 ივლისის შეთანხმების დარღვევას. მოქალაქეებმა, რომლებმაც დატოვეს სოხუმი და სხვა დასახლებული პუნქტი, იწამეს მშვიდობიანი მოწესრიგების შესაძლებლობა და დაბრუნდნენ შინ, ამასთან ქართველთა მხარემ შეთანხმების შესაბამისად მის მიერ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიიდან გაიყვანეს მთელი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. იმავე წლის 16 სექტემბერს აფხაზთა მხარის მოულოდნელმა თავდასხმამ უიარაღო დასახლებულ პუნქტებზე მშვიდობიან მოსახლეობას ბოროტი ნებისა და უხეში ძალმომრეობის ტყვეთა ხვედრი არგუნა. ათასობით ადამიანი დაიღუპა რაკეტებისა და ჭურვების ცეცხლით, კიდევ ათასობით - დევნილი გოლგოთას გზებზე, ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი, სამშობლო, ქონება, მარჩენლები და სანაცვლოდ დევნილთა და ხიზანთა მწარე ხვედრი ერგო. აქ არ მოვყვებოდი ფართოდ ცნობილ ამბებზე საუბარს, გუდაუთის ლიდერთა ტრადიციული გეზი კონსტრუქციული მოქმედების კალაპოტით რომ წარმართულიყო, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებათა ჩაშლისა და მოლაპარაკების ტორპედირების იგივე ჩვეული პრაქტიკა, ახლა უკვე გაეროს ეგიდით დაწყებული ჟენევის პროცესის ფარგლებში.
არ შესრულებულა გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, აფხაზეთში (საქართველოს რესპუბლიკა) კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების შესახებ ჟენევის მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ამ რაიონის დასახლებულ პუნქტებს, სადაც ჯერ კიდევ დარჩნენ ქართველები, თავს დაატყდათ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ახალი ტალღა. 3 თებერვალს, საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს დაიწყო ფართო მასშტაბის სადამსჯელო აქცია რაიონის მშვიდობიან მცხოვრებთა წინააღმდეგ, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა. მოთხოვნის მიუხედავად გაეროს მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლები არ დაუშვეს ამ სისხლიან მოვლენათა ადგილას. უფრო სწორედ, დაუშვეს მხოლოდ ამ ეგრეთ წოდებული ოპერციის დასრულების შემდეგ.
გალის ტრაგედია პასუხია უშიშროების საბჭოს 896 რეზოლუციაზე, რომელიც გმობს „აფხაზეთის (საქართველოს რესპუბლიკა) დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლის ნებისმიერ ცდას“.
ახლა ავიღოთ პოლიტიკური სტატუსის საკითხი, ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. უკვე არაერთგზის მითქვამს და ახლაც მზდ ვარ გავიმეორო მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ აქ ჩვენთვის არ არსებობს არავითარი პრობლემა, რომ ეს საკითხი შეიძლება გადაიჭრას ყველაზე მოწინავე თანამედროვე მსოფლიო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებითა და გამოყენებით. ამ სიკეთით თანაბრად ისარგებლებენ აფხაზეთის მთელი მრავალეროვანი ხალხი - ქართველები, აფხაზები, სომხები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ებრაელები, მაგრამ ეტყობა, უსამართლო იქნება სტატუსის საკითხი გადაიჭრას დევნილთა და ხიზანთა - ქართველთა, აფხაზთა, სომეხთა, რუსთა, უკრაინელთა, ბერძენთა, ებრაელთა დაბრუნებამდე, რომლებიც აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის ორ მესამედს შეადგენენ.
ვფიქრობ, ყველამ არ იცის, რომ ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე აფხაზეთი სარგებლობდა ფართო პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ავტონომიის ყველა უფლებით. რომელიც სავსებით უზრუნველყოფდა აფხაზი ხალხის ეროვნული თავისთავადობის განვითარებას: მოქმედებდა აფხაზური სკოლების ფართო ქსელი, გახსნილი იყო აფხაზეთის უნივერსიტეტი, აფხაზური თეატრი, აფხაზურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები, გამოიცემოდა წიგნები, შექმნილი იყო ეროვნული რადიო და ტელევიზია, აფხაზეთის კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედებდნენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა, უზენაესი სასამართლო, ქართულ და რუსულ ენებთან ერთად სახელმწიფო ენას წარმოადგენდა აფხაზურიც.
მიმდინარეობდა მოლაპარაკება აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციის კიდევ უფრო გაფართოების შესახებ. მაგრამ სეპარატისტებისთვის ეს ცოტა იყო - ისინი იღვწოდნენ საქართველოსაგან სრული გამოყოფისათვის, და ამის გულისთვის დიდ სისხლისღვრასაც არ მოერიდნენ.
ამის მიუხედავად, კვლავ ვაცხადებთ მთელი პასუხისმგებლობით, რომ არაფერი არ ემუქრება არც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას, არც აფხაზი ხალხის ეროვნულ თავისთავადობას, არც აფხაზეთის მთელი მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესებს, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო უფლებები მივანიჭოთ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პირობებში.
ამის თაობაზე ჩვენს წინადადებებს ვაყენებთ უშიშროების საბჭოს შვიდივე რეზოლუციის ფართო და სოლიდურ ბაზაზე, ამასთან, არ ვცილდებით გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ფარგლებს. ამის მიუხედავად გუდაუთის რეჟიმი, ფაქტობრივად, ფუშავს მოლაპარაკებას სტატუსის თაობაზე.
გუდაუთის ლიდერები, დათანხმდნენ რა გაეროს ეგიდით მოლაპარაკებაში მონაწილეობას, თითქოსდა თანხმობა განაცხადეს პატივი სცენ თუნდაც უშიშროების საბჭოს მიერ მოხაზული საქმის წარმოების პარამეტრებს, მაგრამ ლამის ყოველი შეხვედრა - და ამის მაგალითია ჟენევის მოლაპარაკების მესამე რაუნდი - პირუკუს მოწმობს.
გვებადება კითხვა, ხომ არა გვაქვს საქმე დროის გაჭიანურების პრაქტიკასთან, ჩიხური სიტუაციის შექმნისადმი მისწრაფებასთან, რომელიც საბოლოოდ შეარყევს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების შესაძლებლობებს, და რაც ყველაზე მთავარია, გამორიცხავს ლტოლვილთა დაბრუნების შესაძლებლობას.
თუ ეს ასეა, - ხოლო სხვა დასკვნა შეუძლებელია - რა უნდა დავუპირისპიროთ ცდებს გაერო გამოიყენონ როგორც საფარი სახელმწიფოს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის - ტერიტორიის ნაწილის მოწყვეტის ფაქტის საბოლოო დამკვიდრებისათვის?
ჩემი აზრით, მხოლოდ ამგვარად უნდა ვიმოქმედოთ. რათა მშვიდობასა და მოწესრიგების მოწინააღმდეგეებს მოვუსპოთ თვით ზოგიერთი რთული საკითხით მანიპულირების შესაძლებლობა. ამისათვის, სულ ცოტა, უნდა გავხსნათ, სწორედ რომ უნდა გავხსნათ, და არა გადავჭრათ, გორდიას კვანძი: რეგიონში გაეროს სამშვიდობო ძალების შეყვანა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებაზე პროგრესის მიღწევაა. ჩვენ ხომ უკვე არაერთხელ დავრწმუნებულვართ, რომ გუდაუთის, ასე ვთქვათ, „ძალისხმევით“ ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა შეუძლებელი ხდება.
შეუწყნარებელია სამი ათასი დევნილი და ხიზანი ისევე როგორც თავად პოლიტიკური მოწესრიგების იდეა, გადავაქციოთ ერთი მხარისა და ადამიანთა ჯგუფის უკეთური ნების მძევლად.
ჩვენთვის უმთავრესი საკითხია: მათი მშვიდობიანი, უსაფრთხოების, უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის სპეციალური ღონისძიებებით გარანტირებული დაბრუნება მშობლიურ საზღვრებში. უამისოდ რეგიონში ვერავითარი მშვიდობა ვერ დამყარდება. ერთი შეუძლებელია უმეორედ, საერთოდ კი ყოველივე ეს შეუძლებელია კონფლიქტის ზონაში ორგანიზაციის შეიარაღებული ძალების განულაგებლად. რაც შეეხება აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს, არსებობს გაგების მემორანდუმის საფუძველზე გაცემული მანდატი, რომლის ფარგლებში მოქმედებს ერთი მხარე და არ სურს მოქმედება მეორეს.
ეს ერთადერთი დახშული წრე როდია, რომელიც უნდა გაირღვეს. არსებობს ორი საპირისპირო მოდელი, ორი კონცეფცია, კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ძალების გამოყენებისადმი ორი მიდგომა.
პირველი მიდგომა. აფხაზთა მხარის ყველა წინადადებას წითელ ზოლად გასდევს აზრი მდინარე ენგურზე დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების შესახებ. ჯარები აშორიშორებენ მათ ისე, რომ ერევიან მათს კონტროლსდაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში. ასეთ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდით, რომ არ არსებობდეს ბოლოდროინდელი უამრავი დამაჯერებელი საბუთი იმისა, რომ ჯერ ერთი, იგი ხელს უწყობს საქართველოსაგან მისი ტერიტორიის ნაწილის მოწყვეტის ფაქტის დამკვიდრებას და აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლას და, მეორე, ეს გუდაუთის რეჟიმს გადააქცევს დაბრუნებულ დევნილთა და ხიზნების ბედიღბლის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად. შორეული და ახლო წარსულის მწარე გამოცდილების გამო ისინი არ დაბრუნდებიან იქ, სადაც ვერაფერი და ვერავინ ვერ უზრუნველყოფს მათს უშიშროებას, სიცოცხლეს, მოქალაქეობრივი, პირადი, ქონებრივი უფლებების დაცვას.
გალის მოვლენები ადასტურებს ამას. ჟენევაში მესამე რაუნდის დაწყების წინ დამსჯელებმა გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს ამ რაიონის რამდენიმე სოფელი, დახოცეს ასობით ადამიანი. კიდევ 15 ათასმა კაცმა დატოვა წინაპართა მიწა-წყალი.
მეორე მიდგომა. ჩვენ არაფერი გვქონია და არც გვაქვს გასაყოფი, გარდა უფლებამოსილებისა. ჩვენთვის მშვიდობიანი მოწესრიგების მთავარი და ძირითადი პირობა დევნილთა და ხიზნების უსაფრთხო დაბრუნებაა. გალის რაიონში „ეთნიკური წმენდის“ განგრძობამ ცხადყო, რომ გუდაუთას ან არ სურს, ანდა არ ძალუძს უზრუნველყოს მათი უსაფრთხოების გარანტიები. იმასთან დაკავშირებით, რომ გუდაუთელი ლიდერები მოითხოვდნენ მათს ფილტრაციას, შეგახსენებთ თქვენ მიერ მიღებულ 1994 წლის 31 იანვრის 896 რეზოლუციას, რომლის თანახმად, „უშიშროების საბჭო ცნობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა დევნილისა და ხიზნის უფლებას წინასწარი პირობების დაუთქმელად დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს უსაფრთხო პირობებში...“ (რეზოლუცია 896 1994, პუნქტი 11).
ასეთი უსაფრთხო პირობების შექმნა პრობლემურია ანარქიის, ქაოსისა და თვითნებობის ატმოსფეროში. ამის უკონტროლო უფლება არ შეიძლება და არც უნდა მიეცეს ერთ მხარეს, რომლის უნარი იცავდეს და ასრულებდეს მის მიერვე ხელმოწერილ ვალდებულებებს, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვს იწვევს. ამიტომ, ჩვენი აზრით, მშვიდობიანი პოლიტიკური მოწესრიგების ერთადერთი გზა ის არის, რომ კონფლიქტის ზონაში ენგურსა და ფსოუს შორის მთელ სივრცეში განლაგდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:
- კონფლიქტის ზონის სრულ ეტაპობრივ დემილიტარიზაციას;
- საერთაშორისო მეთვალყურეთა განლაგებას, მათ მიერ თავიანთ მოვალეობათა დაუბრკოლებლად შესრულებისათვის სათანადო პირობების შექმნას;
- აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დევნილთა და ხიზნების ნებაყოფლობით, ღირსეულად, ყოველგვარი წინასწარი პირობების დაუთქმელად დაბრუნებას.
აფხაზეთში (საქართველოს რესპუბლიკა) სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების ჩვენი გეგმა ითვალისწინებს: არჩევნების გამართვას საერთაშორისო კონტროლის პირობებში და მის საფუძველზე ხელისუფლების ახალი ორგანოების შექმნას; არჩევნების მოწყობამდე - საერთაშორისო დირექტორატის შექმნას მხარეების, გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის, რუსეთის ფედერაციის, „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფისა და გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობით; აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება აფხაზეთის დროებითი შერეული ადმინისტრაცია, რომელიც იმოქმედებს საერთაშორისო დირექტორატის ხელმძღვანელობით.
გაეროს ეგიდით, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილეობით მოქმედებს სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო ორგანო, რომელიც დირექტორატთან და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების პროგრამას. მინდა გაცნობოთ, რომ მე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს პროფესორ ჯორჯო მალინვერნის გადავეცი აფხაზთა მხარისათვის განკუთვნილი წინადადება თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნოს საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მისაღებად.
უშიშროების საბჭოს წევრებმა იციან, რომ აფხაზეთში სამშვიდობო ძალების გამოყენების შესახებ ჩემს წინადადებებს იზიარებს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი. დაახლოებით ერთი თვის წინათ გაეროს გადაეცა ჩვენი ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „გაეროს ეგიდითა და რუსეთის ხელშეწყობით ამასწინდელი მოლაპარაკების დროს ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის ზონაში მხოლოდ სამშვიდობო ძალების განლაგება შეიძლება გახდეს პოლიტიკური პროცესის გარედან მხარდაჭერის ის ფუძემდებელი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობდა ვითარების თანდათანობით მაგრამ განუყრელ სტაბილიზაციას“. (5/1994) 125, დანართი).
საქმე გვაქვს ფაქტებთან, როცა მოწესრიგების მოწინააღმდეგენი სიტყვით „მხარს უჭერენ“, სინამდვილეში კი ხელს უშლიან თანხმობის მიღწევას. ძნელი არ არის ვივარაუდოთ: ისინი ყველაფერს იღონებენ, რათა არ დაუშვან ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება.
კონფლიქტის ზონაში გაეროს ჯარების განლაგების დაყოვნება დამღუპველ გავლენას ახდენს სამასი ათასი დევნილის ხვედრზე, რომელთა სასოწარკვეთილმა მდგომარეობამ შეიძლება ბიძგი მისცეს მათ სტიქიურ მოქმედებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა ეს მოსაზრება გადაწყვეტილების მიღების დროს.
ნება მიბოძეთ კვლავ შეგახსენოთ, რომ კონფლიქტი, რომლის ჩაქრობასაც ვესწრაფვით არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იზოლირებულ, ლოკალურ მოვლენად. იგი გაღვივდა იმ წერტილში, სადაც ერთდება და ერთმანეთს კვეთს საკმაოდ ვრცელი რეგიონის ყველაზე მგრძნობიარე არტერიები. ამ არტერიებით დესტრუქციული იმპულსები აღწევს მოსაზღვრე ქვეყნებამდე, იწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთის სამხრეთში და კავკასიას, მის სხვა არანაკლებ სერიოზულ კონფლიქტებთან ერთად, მსოფლიოს კიდევ ერთ დენთის კასრად აქცევს. ეს კონფლიქტი ექცევა საყოველთაო უშიშროების აშლილობის გიგანტურ რკალში, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებს მოიცავს.
თუ ზღვარს დაუდებთ ამ კონფლიქტს, ამით თქვენ მნიშვნელოვნად შეასუსტებთ ამ რკალის დამანგრეველ ძალას, გააფრთხილებთ იმათ, ვინც ისწრაფვის დემოკრატიის უნივერსალური პრინციპები დაუქვემდებაროს ულტრანაციონალიზმისა და ფაშიზმის დებულებებს. ეს იქნება საგნობრივი გაკვეთილი აგრესიული სეპარატიზმისათვის, რომელიც მსოფლიოს ჯაჭვური რეაქციით დაქუცმაცებას უქადის. თუ ამას არ იზამთ, მას ახალ ძალებს შთაბერავთ, განუმტკიცებთ საკუთარი დაუსჯელობის რწმენას, მსოფლიო გაერთიანების დაუბრკოლებლად აბუჩად აგდებას, მისი ნებისა და გადაწყვეტილებების უგულებელყოფის, ქვეყნებისა და ხალხების ბედის თვითნებურად დაქუცმაცების შესაძლებლობის რწმენას.
მე გთხოვთ განიხილოთ პრობლემა გლობალური სიტუაციის კონტექსტით, სამი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის - მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის პრიზმით, რომლებსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა თანამედროვე კაცობრიობის ფუძემდებელი პრიორიტეტები უწოდა.
[...]
გაეროს უშიშროების საბჭოს 9 მარტის სხდომის ანგარიში : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 მარტი. - N40(842). - 1,2,3 გვ.
![]() |
43 ახალი მსოფლიო ხედვისკენ გვიბიძგა... |
▲ზევით დაბრუნება |
სიტყვა, წარმოთქმული თენგიზ აბულაძესთან გამოსათხოვარ სამგლოვიარო მიტინგზე
საქართველო დღეს ეთხოვება დიდ ხელოვანს და დიდ ქართველს.
ჩვენ უნდა გავუძლოთ კიდევ ერთ ტკივილს.
ძნელია ახლა ჩემთვის იმ სიტყვების მოძებნა, რომლებიც თავის სახელს დაარქმევდა იმ განცდას, რომელსაც ახლა ვგრძნობ, რადგან თენგიზ აბულაძე ჩემთვის მარტო დიდი ხელოვანი და გამორჩეული პიროვნება კი არა, ჩემი დიდი მეგობარი და თანამოაზრეც გახლდათ.
ან იქნებ მე ვიყავი მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი იმ დიდსა და მშვენიერ საქმეში, რომელსაც ფილმი „მონანიება“ ჰქვია და რომელსაც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი აზროვნების, ჩვენი ყოფის ღვთის გზაზე დაყენება ჰქონდა მიზნად.
ღმერთთან მიახლოება კი მონანიებით იწყება.
ბედნიერი ვარ, რომ იგი ჩემთან მეგობრობდა და „მონანიების“ თანამდგომად მთვლიდა.
მან, როგორც კაცმა და როგორც შემოქმედმა, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, ისევე, როგორც, ალბათ, ყოველ ჩვენგანზე.
სწორედ ამიტომ იქცა იგი და მისი შემოქმედება ჩვენი სულის განუყოფელ ნაწილად.
* * *
როცა ახლობელი ადამიანი გიკვდება, თავად შენში კვდება არამარტო ნაწილი საკუთარი სულისა, არამედ სამყაროს ის ნაწილიც, რომელიც აღარასოდეს დაგიბრუნდება, აღარ შეივსება, აღარ იარსებებს.
თენგიზ აბულაძის წასვლასთან ერთად თავად ჩვენს სულში ჩაწყდა რაღაც და ვეღარასოდეს ვიქნებით ისეთები, როგორიც ვიყავით მის გვერდით, მისი სიყვარულით, მისი ზრუნვით, მისი ტკივილით გარემოსილნი.
მაგრამ ჩვენ ვერც ისეთები ვიქნებით ოდესმე, როგორც „მონანიებამდე“ ვიყავით, რადგან დიდმა ხელოვანმა ამ ფილმით მარტო მშვენიერებას კი არა, მაღალ სულიერებასაც გვაზიარა და, თუ გნებავთ, ახალი მსოფლიო ხედვისკენ გვიბიძგა.
„მონანიება“ თენგიზ აბულაძისთვის დასკვნითი ფილმი იყო მის მრავალწლიან ძიებაში, ხოლო მილიონობით ადამიანისთვის იქნება დასაწყისიც დიდი ჩაფიქრებისა და დიდი გზისაც.
* * *
დღეს ბევრს ბჭობენ ტოტალიტარული სისტემის მსხვრევის მიზეზებზე, მსჯელობენ კონკრეტულ პოლიტიკოსებზეც, რომლებიც ახალი მოძრაობის სათავეებთან იდგნენ, მთავარი კი ხშირად ავიწყდებათ - ის ადამიანები, რომელთა აზროვნების წესმა დაამსხვრია ტოტალიტარიზმი, რომლებმაც ერთი აზროვნების წესს დაუპირისპირეს მეორე - სამართლიანი, გონივრული, ამაღლებული და წმინდა...
ასეთი ადამიანები ბევრნი არ იყვნენ.
თენგიზ აბულაძე, მსოფლიო მასშტაბის კინოხელოვანი და დიდი ქართველი მოქალაქე, ერთი გამორჩეული გახლდათ ამ მცირედთაგან, თავისი ელიტარული ხელოვნებით, თავისი განათლებით, თავისი ნატიფი გარეგნობითა და საოცრად ხალხური თავისი ძირეული ფესვებით, სწორედ თავისი ხალხის საუკეთესო ტრადიციებიდან ამოზრდილი და თავისი ხალხის საუკეთესო თვისებების გამომხატველი. მაგრამ მისი უდიდესი დამსახურება ადამიანთა წინაშე მაინც უფრო ახალი აზროვნების ჩამოყალიბებასა და დადგინებაშია და არა ძველის დამსხვრევაში.
აქ სიყვარული სძლებს სიძულვილს, სიკეთე - ბოროტებას, და მიტევება, მაინც მიტევება, იქცევა მომავალი მსოფლიოს შენების ქვაკუთხედად.
ამ მარადიული იდეებითა და მოტივებით თენგიზ აბულაძემ ახალი და განუმეორებელი სამყარო შექმნა. რადგან ფაქტობრივად ყოველთვის წინ უსწრებდა დროს, ამბობდა იმას და ისე, რაც და როგორ უნდა ეთქვა ამ მართლაც ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებული დიდად განათლებულ და მაღალზნეობრივ პიროვნებას, თავისი ხალხის უპირველეს ჭირისუფალს.
ბატონი თენგიზის შემოქმედებას, მთელ მის ნააზრევს, ნაფიქრალს ჩვენი ერისა და ყოველი ხალხისთვის ერთ უმთავრეს დასკვნამდე მივყევართ: არ არსებობს ჭეშმარიტად ეროვნული, რომელიც ზოგადკაცობრიული აზროვნების წესს უგულებელყოფდეს და ზოგადსაკაცობრიო აზრის განვითარება და აღმასვლა ეროვნულ ენერგიათა უშრეტი ნაკადებით არის შეპირობებული.
* * *
წყალნი წავლენ და წამოვლენ და ისტორიას ძალზე მცირე რამ შემორჩება დღევანდელი ქვიშისგან. სწორედ ამ დიდმნიშვნელოვან მცირედში იქნება მუდამ დიდი ხელოვანი თენგიზ აბულაძე, რომელმაც მარტო კი არ ასახა სინამდვილე, არამედ დიდი წვლილიც შეიტანა მის სასიკეთოდ მოქცევაში, გაადამიანურებასა და ღვთის გზაზე დაყენებაში.
* * *
როცა ჩვენს გარშემო ასეთი ადამიანები არიან, მაშინ ჭეშმარიტად ფიქრობ, რომ თავად სიცოცხლე მართლა მშვენიერია, რომ ადამიანი მართლა გვირგვინია ბუნებისა და ასეთი ხელოვანის მშობელ ერს მართლა არ უწერია გადაშენება, ჩვენ გადავრჩებით, რადგან ბატონმა თენგიზმა კიდევ ერთი ჭეშმარიტება დაგვანახა თვალნათლივ: ერები, ხალხები, სახელმწიფონი არა მათი რიცხოვნებითა და მოცულობით არიან გამორჩეული და უკვდავი, არამედ იმ წვლილით, რომლის შეტანაც მათ საკაცობრიო კულტურის საგანძურში ძალუძთ.
ახალი მსოფლიო ხედვისკენ გვიბიძგა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 მარტი. - N40(842). - 5 გვ.
![]() |
44 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ვოცნებობთ იმ დროზე, როცა შუქი აინთება, თუმცა არა მხოლოდ ვოცნებობთ, ვმოქმედებთ კიდეც, რათა მოვიახლოვოთ ეს დრო! |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსვლა ეროვნულ პრეს-კლუბში.
ვაშინგტონი, 1994 წ. 8 მარტი.
საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო!
მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ გამონახეთ დრო ჩემთან შესახვედრად.
ბევრ აქ დამსწრეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით მაშინ, როდესაც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ეღებოდა ცივ ომს. ახლა, როცა იგი უკან მოვიტოვეთ, თქვენ სხვა, თქვენი ქვეყნისათვის უჩვეულო სიცივე გაწუხებთ. როგორც მითხრეს, გასულ ზამთარს ინდიანაპოლისში ტემპერატურა მინუს 33 გრადუსამდე დაეცა. ზოგს ასეთი კითხვაც დაებადა, გამყინვარების ახალი ხანა ხომ არ იწყებაო?
ქვეყანაში, საიდანაც მე ჩამოვედი, ხალხს სხვა კითხვა აწუხებს, მოესწრებიან კი გაზაფხულის სითბოს?
არ მინდა დავამძიმო ამ თბილ, გასხივოსნებულ დარბაზში შეკრებილნი პატარა გაყინულ ქვეყანაზე საუბრით - ეს არც თუ სასიამოვნო გასაკეთებელია. მაგრამ ქვეყანა, რომელზეც მე მოგახსენებთ, ჩემი ქვეყანა, თვალწინ მიდგას და ჩემდა უნებურად, თქვენს მზერასაც ვუახლოებ მას.
ამას გარკვეული აზრიც აქვს, ვინაიდან ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ მესამედ ნაწილს წარმოადგენს, პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი უბედურება და პრობლემები იყრის თავს. მასში არის ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებშია, მხოლოდ უფრო მეტი და მწვავე: გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისი, ჰიპერინფლაცია, უმუშევრობის ზრდა და საზოგადოების გაღატაკება, შინა შეიარაღებული კონფლიქტები, რომლებმაც ათასობით ადამიანი შეიწირა, და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ვინაიდან ყოველივე ეს თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მეტად დამახასიათებელია, ამიტომ, თქვენთვისაც არ უნდა იყოს სულ ერთი, თუ რა ხდება ჩემს ქვეყანაში. როცა ამბობენ, „ყველაფერი, რაც კარგია ამერიკისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც კარგიაო“, მე ასეთი აზრი მიჩნდება, „ყველაფერი, რაც ცუდია მსოფლიოსთვის, ცუდია ამერიკისთვისაც“, რადგან ახლა დროც ისეთია და მსოფლიოც, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ყველას შეიძლება ყველაფერი დაემართოს.
ზოგიერთი ჩემი თანამემამულე საქართველოში შექმნილ ვითარებას საშინელებათა ფილმს ადარებს. კარგია თუ ასეა, რადგან ადრე თუ გვიან ფილმი მთავრდება, დარბაზში შუქი ინთება და ადამიანები ისევ ჩვეულ, მშვიდ გარემოს და ყოველდღიურ საქმიანობას უბრუნდებიან.
ჩვენ ვოცნებობთ იმ დოზე, როცა შუქი აინთება, თუმცა არა მხოლოდ ვოცნებობთ, ვმოქმედებთ კიდეც, რათა მოვიახლოვოთ ეს დრო. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არ ვყრით ფარ-ხმალს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც კი მივიღეთ მონაწილეობა. თუმცა დაფნის დიდი გვირგვინები არ მოგვიპოვებია, მაგრამ მაინც ვმონაწილეობდით. მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვება გვჭირდებოდა - სიცივეზე, შიმშილზე, ისტორიულ ბედუკუღმართობაზე, ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ, რათა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ისეთი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელიც ყველას მისცემს პროგრესისა და აყვავების შანსს.
არავის აქვს უფლება მხოლოდ მიიღოს და სანაცვლოდ არაფერი გასცეს. ყოველივე დიადი, ყოველივე ძლიერი, ნებისმიერი სიმდიდრე ყოველთვის ვიღაცის ხარჯზე მოიპოვება. ამას რომ ვამბობ, იმაზე ვფიქრობ, რამდენი რამ დაზოგა კაცობრიობამ ცივი ომის დამთავრებისა და ბიპოლარული მსოფლიოს დანგრევის შედეგად. განა არა მაქვს უფლება გკითხოთ, რა გვიჯდება მსოფლიოს კეთილდღეობისთვის ახალი საფრთხის შექმნა, თუ დროზე არ გავისტუმრეთ ვალები?!
ახლა მე არ დავიწყებ ამ საფრთხეზე ლაპარაკს, მხოლოდ ჩემს ქვეყანაზე მოგახსენებთ, რომელიც კაცობრიობისთვის თავსდატეხილ ახალ უბედურებათა მცირე ნაწილია.
ეს ქვეყანა მისმა მდებარეობამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ქრისტიანობისა და ისლამის გზაჯვარედინზე, აზიიდან ევროპისკენ, ნავსადგურების, სრუტეებისა და ზღვებისკენ უმოკლეს გზაზე მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოები ბრძოლის არენად აქცია და სამუდამოდ სხვათა გეოპოლიტიკურ ინტერესებს ანაცვალა.
ცდილობდა რა თავი გადაერჩინა, ფიზიკურად და სულიერად გაეძლო, იგი დახმარებისთვის მიმართავდა მსოფლიოს ყველა ქვეყანას. როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, იგი დასავლეთსაც მიმართავდა, მაგრამ დასავლეთმა ვერ შეძლო ან არ ისურვა დახმარება. დახმარება მოვიდა ჩრდილოეთიდან, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ამის საფასურად ქვეყანამ თავისი სახელმწიფოებრიობა გაიღო, თუმცა არც იმდენად ძვირად, ვინაიდან მაშინ ერის ფიზიკურ არსებობაზე იყო ლაპარაკი.
სულ ცოტა ორჯერ - მე-17 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველო ბედის ანაბარა დარჩა. დიდ მსოფლიო პოლიტიკაში ბატონობდა წვრილი, ეგოისტური მიდგომა, რომელსაც მხოლოდ იმწუთიერი სარგებელი ადარდებდა. ამას რაც მოჰყვა - ყველასთვის ცნობილია. საქართველოსა და ამიერკავკასიის ბოლშევიკურმა ანექსიამ სათავე დაუდო საუკუნის შემდეგ ძვრებს - ცინიკურ გარიგებათა და ლაჩრულ გათვლათა შედეგს.
ისტორია მეორდება. უფრო სწორედ, იგი წრიულად მოძრაობს. თავდაპირველად პატარა წრეებს ხაზავს, შემდეგ კი გლობალურად ფარგლავს.
საუკუნის მსოფლიო კატასტროფათა ათვლა სარაევოში დაიწყო და ამავე წერტილში მთავრდება. ალბათ ეს მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ იქნებ ისტორია სამაგიეროს უხდის იმათ, ვინც ყურად არ იღებს მის გაკვეთილებს?
დიდი ისტორიული წრე ჩემი ქვეყნის გარშემო იკვრება.
„მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ძველი ძლიერება დაუბრუნდება, რომ მას სხვისი დახმარება არ სჭირდებოდეს, იყოს სრულიად დამოუკიდებელი, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს. მაგრამ, რადგან გარემოებათა დამთხვევისა და ბედის უკუღმართობის გამო ისეთ უძლურებამდე მივედით, რომ სხვას უნდა დავემორჩილოთ, მაშინ ყველაზე გონიერია იმას დავემორჩილოთ, ვინც უფრო სამართლიანია, ვისთვისაც წმინდაა მოკავშირეებთან მეგობრობა“.
ეს სიტყვები ჩემი არ არის - მე დავესესხე აიეტს, კოლხეთის - მე-6 საუკუნის დასავლეთ საქართველოს სახელმწიფოს გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს. აიეტის მიერ დასმული პრობლემა მთავარი პრობლემაა საქართველოს ისტორიაში. ეს არის სამართლიან, კეთილგანწყობილ მოკავშირეთა ამორჩევისა და შეძენის პრობლემა. დროს არც გაუუქმებია და არც შეუცვლია იგი. ამ პრობლემას წავაწყდი მეც. მეგონა ვიცოდი, როგორ უნდა გადამეწყვიტა იგი.
შეგახსენებთ, რომ სამშობლოში სამიოდე თვის შემდეგ დავბრუნდი მას შემდეგ, რაც არსებობა შეწყვიტა საბჭოთა კავშირმა. მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი გახდა. შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. მანამდე დიდი ხნით ადრე საქართველომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ რიგ ობიექტურ მიზეზთა გამო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მას ესოდენ სჭირდებოდა ყოველმხრივი ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნიკური ხელშეწყობა.
მე მიზნად დავისახე გამომეყვანა ქვეყანა ამ იზოლაციიდან, მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გარემო შემექმნა. ვითარება ისეთი იყო, რომ არავითარ ცალმხრივ ორიენტაციაზე არ შეიძლებოდა ლაპარაკი - რეგიონში ეული სახელმწიფოს ადგილი და მისი შინა მდგომარეობა დასაყრდენთა ფართო სისტემის არჩევანს გვკარნახობდა. პირველ რიგში ეს იყო რუსეთთან, საქართველოს ყველაზე დიდ და ძლიერ მეზობელთან, ურთიერთობას აღდგენა, რომელთანაც მას სრული, წინაააღმდეგობრივი, და ამასთან, თანამშრომლობის რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აკავშირებდა.
თავიდან პრეზიდენტ ელცინს შევთავაზე დაგვედო მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება, იგი დამთანხმდა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა რუსეთში საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკაც ამოიღეს მიზანში, რუსეთის იმავე ძალების მიერ მნიშვნელოვანწილად გარედან პროვოცირებული ჩვენი შინა კონფლიქტები რუსეთის დეფერაციის სამხრეთში ვითარების დეტონატორად გამოიყენეს.
ამის მიუხედავად, ჩვენ ვეძებდით დაახლოების გზებს, ხშირად არ ვაქცევდით რა ყურადღებას რუსეთის რეაქციული ძალების პირდაპირ ჩარევას ჩვენს საქმეებში, მათ მიერ საქართველოში სეპარატიზმისა და მეხუთე კოლონისთვის მხარდაჭერას. ამავე დროს ნორმალური ურთიერთობა დავამყარეთ ყველა მეზობელთან. აქტიური მონაწილეობა მივიღეთ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფუძნებაში. და, რა თქმა უნდა, ვცდილობდი ჩემი ქვეყნისათვის დასავლეთისაკენ გამეკვალა გზა. როგორც რობერტ უორენის ცნობილი რომანის გმირი, ვეძებდი ამ გზებს ჩემი და ჩემი ქვეყნის ყველაზე მძიმე და მტანჯველი მარტოობის ჟამს.
საქართველო და რუსეთი, საქართველო და დასავლეთი სამყარო - მე არ განვიხილავდი ამ კონტრაქტებს იზოლირებულად, ერთმანეთისგან მოწყვეტით. გორბაჩოვის ეპოქის საგარეო-პოლიტიკური მიღწევები ხელს უწყობდნენ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. ამ კონტექსტში განვსაზღვრავდი ჩემი ქვეყნის ადგილსა და როლს - არა ორხაზოვანი იანუსისა, არამედ თანასწორი მოკავშირისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შეეძლო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეეწყო ამ ორი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტისთვის - დაემკვიდრებინა მშვიდობა და სტაბილურობა პოსტკომუნისტურ სამყაროში. მაგრამ ეს კონტექსტი მოიცავდა ერთ არცთუ უმნიშვნელო პუნქტს, რომელიც ყველას უნდა მიეღო მხედველობაში.
ჩემს აზრებს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ჩემი წერილი „დიდი შვიდეულისადმი“, რომელიც 1993 წლის ივლისში გავუგზავნე მას. თანამედროვე პირობებში გლობალური პოლიტიკის „ფოკუსი“ და საფუძველი, - ვწერდი მე, - საქმის ვითარება რუსეთში, მისი ჩამოყალიბება ახალ, ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. „შვიდეულს“ შეუძლია და ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ პროცესის პოზიტიურ განვითარებას. თუმცა, მისი განხილვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკაში საქმეთა ვითარებისაგან მოწყვეტით, განწირული იქნება შეცდომებისათვის, რაც მეტად ძვირად დაუჯდება რუსეთსაც, დასავლეთსაც და მთელ მსოფლიოსაც.
ვცდილობდი, დღევანდელობის გამოჩენილი პოლიტიკური მოაზროვნეებისათვის ამეხსნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, მის მიერ დაკავებულ სივრცეში არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრი რამ აერთიანებთ პოლიტიკაშიც, ეკონომიკურ სფეროშიც, რომ არ მოშლილა ერთიანი კულტურული გენი, რომელშიც არსებობას განაგრძობს ერთიანი მსოფლმხედველობრივი ნორმატივები და საერთო მენტალიტეტი, ამიტომ ვამბობდი, მთელი ეს პოსტსაბჭოთა სივრცე უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანობა და მისდამი მიდგომაც ერთიანი უნდა იყოს-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ყურადღების ცენტრში ერთი, თუნდაც ყველაზე დიდი ქვეყანა ექცევა, როცა მხოლოდ მისი სტაბილურობა მიიჩნევა საერთაშორისო უშიშროების ფაქტორად, სხვებს კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებათ, ჩვენ ვრისკავთ შევარყიოთ გიგანტის მდგრადობა მისი უახლოესი მეზობლების არასტაბილურობით.
შეუძლებელია რუსეთის სტაბილურობა მისი რეგიონებისა და მეზობელი სახელმწიფოების გარეშე. პირველ რიგში მხედველობაში მქონდა კავკასია და ამიერკავკასიის სახელმწიფოები, ჩემი სამშობლო - საქართველო. ისტორიულად ეს არის კავკასიის გასაღები, სტაბილური საქართველო - სტაბილური კავკასია, სხვაგვარად შეუძლებელია.
არ ვიცი, რამდენად შევძელი დამერწმუნებინა თანამოსაუბრენი, მაგრამ სანამ მე მათ ამას ვუმარტავდი, ჩემს ქვეყანას ნაკუწ-ნაკუწ გლეჯდნენ. იმ ცნობილ წერტილში მოვიხსენიე კატასტროფა და მან არ დააყოვნა აფხაზეთში, რამაც გამოძახილი ჰპოვა ვრცელ რეგიონში არასტაბილურობის მძლავრი კერების წარმოებაში. რუსეთში ყველაზე უფრო გამჭრიახი მეთვალყურენი ამ კატასტროფის შედეგებს არ ფარგლავენ მხოლოდ ამ რეგიონის საზღვრებით, განავრცობენ მას შავი ზღვა - კასპიის უზარმაზარი რეგიონის ზონის ფარგლებს იქითაც და აკეთებენ პროგნოზს კავკასიის ზონის კონფლიქტის შუა აზიის არასტაბილურობის რეგიონთან შერწყმის თაობაზე. ხოლო თუკი ევროპის რუკას შევხედავთ მისი ბალკანეთის პრობლემით, ძნელი არ იქნება განვჭრიტოთ დიდი ომების წრიული ფრონტების წარმოქმნის პოტენციური საფრთხე.
წინაპრები ფიქრობდნენ, რომ უსიამოვნო ცნობები თავისით არ მოდის - მათ გამოიწვევენ ხოლმე. დღეს უსიამოვნო ცნობები ვითომ კეთილისმყოფელთა წვრილმანი ანგარიშის, არაშორსმჭვრეტელობის, შეზღუდული გონების, მათ მიერ ცვალებადი გარემოებების შესაბამისად მოქმედების სურვილის ან ცოდნის უქონლობის გამო მოდის. შედეგად, ჩემი მეგობრის გავრილ პოპოვის სიტყვები რომ გავიმეორო, ზეიმობს მეზობელთან კონკურენციაში მყოფი მედუქნის მიდგომა, რომელიც ჭკუადაკარგულია საკუთარი ქონების გამო ათწლეულობით შიშისაგან თავის დაღწევის სიხარულით.
ოდესღაც ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა იწინასწარმეტყველა, ევროპის მყრალი ჯურღმულები „შთაგონებული იდიოტისთვის“ საარსებო გარემოდ შეიძლება იქცესო. დღეს ბევრს შოკში აგდებს ცალკეულ ლიდერთა გამოსვლები, მაგრამ ისინი ხომ თავისით არ წარმოშობილან? „ტანჯვის ინდექსი“ და მოტყუებული ხალხის შელახული თავმოყვარეობა უბიძგებს მათ ახალი მესიებისაკენ. მე მაინც მინდა ვიფიქრო, რომ 1993 წლის დეკემბერში არ გაუმარჯვიათ ულტრანაციონალისტებს - გაიმარჯვა დემოკრატიულმა ნებამ, რომელმაც უარყო საზოგადოებისათვის შეთავაზებული განვითარების მოდელი. ეს გამარჯვება პოსტსაბჭოურ სამყაროსთან ურთიერთობაში დასავლეთის პოლიტიკის მარცხსაც ნიშნავს.
ძალიან მინდა ვიყო ოპტიმისტი. გამყინვარების პერიოდი არ დადგება. სიცივე, როგორც პოლიტიკის ფაქტორი, გაქრება. ფიურერის მანერებიანი ცუდი ბიჭები კარგ დემოკრატებად იქცევიან. დასრულდება კონფლიქტები და შეწყდება ეკონომიკური დაქვეითება. მაგრამ თუ ეს შენზე არ არის დამოკიდებული, მაშინ ისღა დაგვრჩენია, სთხოვო ოპტმისტებს: გვიწილადეთ ეს დიდებული რამ, დაგვეხმარეთ სინათლის ანთებაში.
მე, როგორც იტყვიან, ჩემი გულის ნადები გაგიზიარეთ, შეიძლება აქ, დიდ ამერიკაში პატარა ქვეყანაზე წარმოდგენა არ გქონდეთ, ეს პატარა ქვეყანა იქნებ ერთი წერტილია მხოლოდ ჩვენი პლანეტისა, მაგრამ პლანეტის სინდისი სუფთა არ იქნება, თუკი თუნდაც ეს ერთი წერტილი წაიშლება დედამიწაზე. მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ არიან ამ ქვეყანაზე, არიან ჩვენს პლანეტაზე ძლიერნი და მე მინდა დავამთავრო ჩემი გამოსვლა ჯონ კენედის მიერ ნათქვამი სიტყვებით „ძლიერნი უნდა იყვნენ სამართლიანები და სუსტები დაცულნი“. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. გმადლობთ.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ვოცნებობთ იმ დროზე, როცა შუქი აინთება, თუმცა არა მხოლოდ ვოცნებობთ, ვმოქმედებთ კიდეც, რათა მოვიახლოვოთ ეს დრო! : გამოსვლა ეროვნულ პრეს-კლუბში. ვაშინგტონი, 1994 წ. 8 მარტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 მარტი. - N41(843). - 1 გვ.
![]() |
45 სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკა! |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის მოხსენება საქართველოს
მოქალაქეთა კავშირის I ყრილობაზე
1994 წლის 20 მარტს
სახელმწიფო რეფორმების პროგრამა და მოქალაქეთა
კავშირის ამოცანები
I
მოქალაქენო, ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზროვნენო!
საქართველოს მოქალაქეთა კავშირის I ყრილობა აღსანიშნავი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ჩამოყალიბდა ახალი მასობრივი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი, სუვერენული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ახალი საბაზრო ეკონომიკის, ახალი კულტურის, ახალი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებას.
მოქალაქეთა კავშირი - ეს არის პირველ რიგში, კარდინალური რეფორმების პარტია, რეფორმატორთა მოძრაობა.
ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად მოქალაქეთა კავშირმა, მისმა წევრებმა და ლიდერებმა დიდი წვლილი შეიტანეს ეროვნული ანტიკრიზისული პროგრამის ძირითადი დოკუმენტების შემუშავებაში. მხედველობაში მაქვს საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა და 1994-1995 წ.წ. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზული პარამეტრები. შემუშავებულია დარგობრივი და რეგიონული პროგრამების ეროვნული და საერთაშორისო პროექტების მთელი სისტემა.
ეს დოკუმენტები ძირითადად მოწონებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის, ევროგაერთიანების და მთელი რიგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მიერ, რომლებიც სპეციალურად იყვნენ მოწვეული საქართველოში. ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად დღესაც ნაყოფიერ მუშაობას ეწევიან ჩვენს რესპუბლიკაში.
დღეს მივიღე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ბატონ ერნესტ სტერნის ოფიციალური წერილი.
მსოფლიო ბანკი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებს. მსოფლიო ბანკის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.
მსოფლიო ბანკი კმაყოფილია, რომ პრივატიზაციის პროცესი დაჩქარდა საქართველოში.
მსოფლიო ბანკი მომავალში უფრო ფართო მონაწილეობას მიიღებს საქართველოში რეფორმების განხორციელებაში.
მსოფლიო ბანკის მისია თბილისში ჩამოვა აპრილის თვეში და განაახლებს კრედიტების პროექტზე მუშაობას, განიხილავს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაფართოებასა და დახმარების პროგრამას, მხარში ამოუდგება საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი, საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის პროგრამას ქართველი ხალხის დიდმა ამერიკელმა მეგობარმა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის I ყრილობის საპატიო სტუმარმა, ბატონმა ბეიკერმა საქართველოში ამასწინდელი ვიზიტის დროს. მოგეხსენებათ, ბატონი ბეიკერი არა მარტო დიდი დიპლომატი, არამედ დიდი ფინანსისტიცაა.
ჩვენ ფრიად ვაფასებთ მსოფლიო თანამეგობრობის თანადგომას. საქართველოში დღეს ადგილი აქვს კონფლიქტებს გარეშე ძალების მონაწილეობით, სულ უფრო მძაფრ სახეს იღებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, სულიერი კრიზისი, რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზები გააჩნია. მოქმედებენ მთელი რიგი ანგარიშგასაწევი საშინაო და საგარეო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ კრიზისის გაღრმავებას.
დაინგრა ძველი ტოტალიტარული, დიქტატორული სისტემა, ახალი დემოკრატიული სისტემა ჯერ აშენებული არ არის. საქართველო XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ისტორიული განვითარების გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, რომელიც დაიწყო ოთხმოციან წლებში და დღემდე გრძელდება.
გარდამავალი ეტაპი გულისხმობს ერთი სოციალური წყობის მეორე წყობით შეცვლას და ამდენად, მეტად რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესს წარმოადგენს.
საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მეცნიერული პროგნოზის თანახმად, გარდამავალი პერიოდის I ეტაპი გაგრძელდება 3 წელი, II ეტაპი - 5 წელი, 2000 წლამდე.
დროს თავისი კორექტივები შეაქვს პროგნოზებში.
1995 წლიდან დაიწყება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილიზაცია, თუმცა მწვავე კრიზისული განვითარება მაინც საგრძნობი იქნება 1996 წლამდე. შემდეგ დადგება სტაბილიზაციის მყარი ეტაპი და ის გასტანს საუკუნის დასასრულამდე.
ჩვენი სტრატეგიული მიზანია: 2000 წლამდე ჩამოყალიბდეს საქართველოს ახალი სამართლებრივი სახელმწიფო, ახალი საბაზრო ეკონომიკა, ახალი სამოქალაქო საზოგადოება.
ამ ამოცანის გადასაწყვეტად პირველ რიგში საჭიროა საქართველოს ახალი კონსტიტუციის - სახელმწიფოს ძირითადი კანონის მიღება.
II. კონსტიტუციური რეფორმა
ამჟამად, როგორც ცნობილია, მოქმედებს 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც აღდგენილ იქნა 1992 წლის თებერვალში სამხედრო საბჭოს მიერ, და კონსტიტუციური კანონი ხელისუფლების შესახებ, რომელიც მიიღო პარლამენტმა 1992 წლის 6 ნოემბერს.
საჭიროა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნა, ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის მიღება. ამ მიზნით, სახელმწიფოს მეთაურის თავმჯდომარეობით, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ამთავრებს მუშაობას კონსტიტუციის პროექტზე.
რაც მოგვცემს 1921 წლის კონსტიტუციის რეალურად აღდგენა და მისი ახალი რედაქცია?
1. გაიზრდება საქართველოს, როგორც ხანგრძლივი კონსტიტუციური ისტორიის მქონე სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტი; 2. ამოქმედდება 1921 წლის კონსტიტუციის ჭეშმარიტად დემოკრატიული ნორმები და პრინციპები; 3. უფრო ნათელი გახდება დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკისა და 1918-1921 წ.წ. საქართველოს რესპუბლიკას შორის ისტორიული მემკვიდრეობითობა; 4. კონსტიტუციის ამოქმედება ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევას. საზოგადოების კონსოლიდაციას, იმ ძალების ნეიტრალიზაციას, რომლებიც პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევიან, 1921 წლის კონსტიტუციის პრობლემების გარშემო ცდილობენ კრიზისის გამწვავებას და მიზნად ისახავენ სოციალურ დესტაბილიზაციას.
მე ადრეც აღმინიშნავს, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია წრმოადგენს მაღალი დონის საკანონმდებლო დოკუმენტს, მისი პრინციპები და ნორმათა ის ნაწილი, რომელიც პიროვნების უფლებრივ სტატუსს ეხება, სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო კონსტიტუციურ სტანდარტებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
გადასინჯვას მოითხოვს კონსტიტუციის ცენტრალური, მთავარი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოთა სისტემას, მათ შორის უფლებამოსილებათა დანაწილებას ეხება.
კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი პროექტი სასურველია განიხილოს საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა და შეაფასოს იგი. ჩვენი აზრით, კონსტიტუციური რეფორმა ხელს შეუწყობს:
1. ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის განმტკიცებას; 2. დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევადობის; 3. სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას; 4. საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას; 5. ახალი საზოგადოებრივი წყობილების შექმნას; 6. ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის, მთელი ხალხის კონსოლიდაციას.
კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაეყრდნოს ეროვნული კონსტიტუციისა და მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის შემდეგ ურყევ პრინციპებს:
1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა საქართველოს ხალხი. ხელისუფლება ხორციელდება ხალხისათვის და ხალხის მიერ. ხალხი თავის სუვერენიტეტს ახორციელებს უშუალოდ და წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით; 2. კონსტიტუცია აღიარებს საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტს; 3. კონსტიტუცია წარმოადგენს უზენაეს ნორმატიულ აქტს; 4. ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე იმგვარად დაფუძნდება ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლება, რომ გამოირიცხოს მისი რომელიმე რგოლის დიქტატურა და ადამიანის უფლებების შელახვა; 5. ძლიერი სახელმწიფო მოქმედებს მაქსიმალურად შესაძლო დემოკრატიულ რეჟიმში, რაც გულისხმობს:
ა) ადამიანთა ძირითადი უფლებების აღიარებას სახელმწიფოს მიერ და მათი სასამართლო დაცვის შესაძლებლობას; ბ) არჩევითობას, როგორც სახელმწიფო ორგანოთა ფორმირების ძირითად წესს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტს, თვითმმართველობის ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს მანდატს აძლევენ ამომრჩევლები; გ) ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტას რეფერენდუმის, საყოველთაო სახალხო კენჭისყრის მეშვეობით; დ) დამოუკიდებელი ძლიერი სასამართლო ხელისუფლების არსებობას, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს ყოველგვარ ძალადობას და უსამართლობას; ე) ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ევროპული და მსოფლიო სტანდარტების დონეზე და სხვა.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება მიმდინარეობს კონსტიტუციონალიზმის დარგში ეროვნული და მსოფლიო გამოცდილების, დღევანდელი კანონმდებლობისა და რეალიების, კონსტიტუციური აღმშენებლობის თანამედროვე თეორიის და პრაქტიკის, კონსტიტუციების „კლასიკური მოდელებისა“ და რიგ სხვა ფაქტორთა გათვალისწინებით.
ერთი მხრივ, ადამიანი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს ძალმომრეობისაგან კონსტიტუციით, სამართლით, პიროვნების თანდაყოლილი, ბუნებრივი უფლებების აღიარებით; მეორე მხრივ, რეალური კონსტიტუციური დაცვა სჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის საშიშროებისაგან, ანარქიისა და ქაოსისაგან.
კონსტიტუციამ დემოკრატიის საბოლოოდ დამკვიდრების ისტორიული პროცესი შეუქცევადი უნდა გახადოს. ასეთია მოქალაქეთა კავშირის პოზიცია.
კონსტიტუციის მიღებისა და განხილვის პროცესში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მზადაა ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, ყველა მოქალაქესთან და თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს ამ ისტორიულ საქმეში.
III. ახალი სოციალური წყობა.
ახალი სამოქალაქო საზოგადოება
ახალი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის ბრძოლა მოქალაქეთა კავშირის ღვიძლი საქმეა.
უკვე მეტ-ნაკლებად წარმატებით ხორციელდება ამოცანა - ძველი სოციალური წყობა იცვლება ახალი წყობით. 1995 წლისათვის დამთავრდება ძველი საზოგადოებრივი სტრუქტურების სრული დემონტაჟი. ძველი ძირითადი საკანონმდებლო აქტები არქივს ჩაბარდება და ახალი საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბება წამყვან ტენდენციად იქცევა.
ამ თვალსაზრისით, თავისი ფუნქცია უნდა შეასრულონ: 1) სამართლებრივმა სახელმწიფომ; ბ) თანამედროვე კანონმდებლობამ; გ) პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა, მათ შორის მოქალაქეთა კავშირმა; დ) ეკლესიამ; ე) პროფკავშირებმა და სხვა მასობრივმა ორგანიზაციებმა; ვ) მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებმა.
ჩვენი სტრატეგიული მიზანია 2000 წლისთვის, ახალი დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოებების ჩამოყალიბება.
შეიქმნა პლურალისტური საზოგადოება, ქმედითუნარიანი, მყარი მრავალპარტიული სისტემა. დღეს საქართველოში 100-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და ორგანიზაციაა. დღეს მთავარი ამოცანა პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობის ცივილიზებული ქვეყნების პოლიტიკური კულტურის დონემდე აყვანა, პროვინციალიზმის, საზოგადოების ავადმყოფური პოლიტიზირების დაძლევა, პარტიული დაქუცმაცებულობის გადალახვა.
ამ საქმეში თავისი სიტყვა უნდა თქვას მოქალაქეთა კავშირმა, რომელიც აერთიანებს მთელ რიგ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და რესპუბლიკაში პოლიტიკური სტაბილიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს და გარანტს წარმოადგენს.
IV. ახალი სამართლებრივი სახელმწიფო
სახელმწიფო ორგანოების რეფორმა მოქალაქეთა კავშირის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. სახელმწიფო სისტემის რეფორმა, რომელიც უკვე მიმდინარეობს, საბოლოოდ, განხორციელდება კონსტიტუციის ახალი რედაქციის საფუძველზე.
1921 წლის კონსტიტუციამ ჩამოაყალიბა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს სისტემა ძირითადად დამახასიათებელია მართვა-გამგეობის იმ ფორმისათვის, რომელსც თეორიაში საპარლამენტო რესპუბლიკას უწოდებენ.
მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა, თუნდაც მისი კლასიკური გაგებით (ე.ი. სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის პოსტის არსებობის პირობებშიც) მეტ-ნაკლები წარმატებით ფუნქციონირებს მხოლოდ სტაბილური პოლიტიკური საზოგადოების პირობებში, სადაც ჩამოყალიბებული და პარლამენტში წარმოდგენილია კარგად გაწონასწორებული პარტიული სისტემა, სადაც მოქმედებს სხვადასხვა ინტერესთა გამომხატველი და დამცველი სოციალური ინსტიტუტები. თუ ეს პირობები არ არის, მაშინ ასეთი სახელმწიფო ხელისუფლება სუსტია. მას უჭირს გადამწყვეტი, რეფორმისტული ხასიათის ღონისძიებათა განხორციელება, ხშირია სამთავრობო თუ საპარლამენტო კრიზისები.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი სტაბილური სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ ვინაიდან ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა, არ არის ჩამოყალიბებული ჯეროვანი სოციალური ინსტიტუტები, - 1921 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების სისტემა საჭიროებს გარკვეულ კორექტივებს.
1921 წლის კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ, ჩემი აზრით, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი უმაღლესი ორგანოები: ორპალატიანი, არამრავალრიცხოვანი პარლამენტი, რესპუბლიკის პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტი, საკონსტიტუციო სასამართლო და უმაღლესი სასამართლო. მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანაა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკატიული, ერთიანი, სამართლებრივი, ტერიტორიულად მთლიანი და განუყოფელი სახელმწიფოს აშენება.
სახელმწიფო ხელისუფლება არა მხოლოდ თეორიულად, რეალურად, პრაქტიკულად უნდა დაედოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე.
ახალი ტიპის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო უნდა იყოს ახალი ტიპის დემოკრატიული, პოლიტიკური, თავისუფალი საზოგადოების შექმნის გარანტი და ინსტრუმენტი.
V. ახალი საპარლამენტო რეფორმა
მოქალაქეთა კავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია პარლამენტში წარმომადგენლობა და პარლამენტთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა.
მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო ხელისუფლება, პოლიტიკური სისტემა განიცდის გარკვეულ კრიზისს.
უმაღლესი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანო - პარლამენტი ბევრს მუშაობს, მაგრამ ვერ ავსებს „სამართლებრივ ვაკუუმს“. ახალი პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არ არის საკმარისი. მისაღებია ორასზე მეტი კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ვერ განხორციელდება.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ მკვეთრად უნდა გარდაიქმნას პარლამენტის საკანონმდებლო-რეფორმატორული საქმიანობა და ეს ბევრად პარლამენტის თავმჯდომარეზე იქნება დამოკიდებული.
რამდენადაც საპარლამენტო უმრავლესობა და მოქალაქეთა კავშირი მსოფლმხედველობრივად და ორგანიზაციულად ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, ჩვენი მოთხოვნებიც სავსებით სამართლიანად ემთხვევა ერთმანეთს.
საჭიროა პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფა, პარლამენტთა პასუხისმგებლობის ამაღლება ამომრჩევლებისა და ერის წინაშე, თვითდისციპლინის განმტკიცება, საპარლამენტო განხილვის პროცედურის სრულყოფა, პარლამენტის მუშაობის სტილის, ფორმების, მეთოდების, შრომის კულტურის, ეთიკის სრულყოფა.
დღეს მეტად რთული ვითარება შეიქმნა კანონმდებლობის დარგში. საქართველოში მოქმედებს საბჭოური პერიოდის კანონმდებლობა; 1991 წლის განმავლობაში მიღებული კანონები; სამხედრო საბჭოსა და სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტები და დადგენილებები; 1992 წლის ნოემბრიდან მიღებული კანონები; საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია.
აქედან გამომდინარე უპირველეს ამოცანად გვესახება არსებული კანონმდებლობის სრული ინვენტარიზაცია: უნდა დადგინდეს, რომელი ნორმატიული აქტი შეიძლება უმტკივნეულოდ გამოვიყენოთ. ეს მეტად შრომატევადი სამუშაოა.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადების პარალელურად სახელმწიფო რეფორმების პროგრამა გულისხმობს, რომ უნდა მიღებულ იქნეს ახალი კანონები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური კანონმდებლობის სრულყოფა საზღვარგარეთული კაპიტალის მოზიდვისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. უწინარეს ყოვლისა ეს არის კანონები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შესახებ.
უნდა შეიქმნას კანონმდებლობა თავისუფალი ეკონომიკური ზონების ან მათთან მიახლოებული უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ლიბერალური ეკონომიკური რეჟიმის თაობაზე.
უნდა დაჩქარდეს უკვე მომზადებული კანონპროექტის განხილვა და მიღება სამეწარმეო საზოგადოების, ვექსელის, ჩეკის, იჯარის, გირავნობის, მიწათსარგებლობის შესახებ. ამავე დროს უნდა მომზადდეს კანონპროექტი სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის, კრედიტების და სხვა პრობლემების შესახებ. მათ გარეშე ძნელია წარმოვიდგინოთ ეკონომიკური და საფინანსო-საკრედიტო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.
საგადასახადო კანონების პაკეტი უნდა შეივსოს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებზე გადასახადის, სატრანზიტო გადასახადის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის და ხვა ნორმატიული დოკუმენტებით.
ამასთან არამარტო ახალი კანონები თუ კანონქვემდებარე აქტები უნდა მივიღოთ, არამედ დასაზუსტებელი და დასახვეწია ადრე მიღებული დოკუმენტებიც უკვე დაგროვილი გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.
აუცილებელია საკონსტიტუციო დეკლარაცია - ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ და სხვა აქტები და კანონები.
მე აქ ყველა კანონს არ ვასახელებ. მათი სრული ნუსხა მოცემულია ეროვნულ ანტკირიზისულ პროგრამაში, რომელიც გამოქვეყნდება.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ საჭიროა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა საქმიანობის უკეთ კოორდინირება.
მინისტრთა კაბინეტს და სამინისტროებს პარლამენტში წარმოსადგენი აქვს 80-ზე მეტი კანონპროექტი და კანონქვემდებარე აქტი (ზოგი განხილვის პროცესშია, ზოგი მოსამზადებელია, ზოგი გადასამუშავებელი, ახალი რედაქციითაა მისაღები).
როგორც ვთქვი, კრიზისის დასაძლევად, რეფორმების განსახორციელებლად, სტაბილიზაციის მისაღწევად მინიმუმ 200-მდე კანონია მისაღები. ხოლო 2001 წლისათვის ევროგაერთიანებაში შესასვლელად - თითქმის 1000-მდე კანონი და კანონქვემდებარე აქტი.
მოქალაქეთა კავშირი თვლის, რომ პარლამენტი სუსტად ახორციელებს თავის წარმომადგენლობით ფუნქციებს, საკანონმდებლო საქმიანობას, უმაღლეს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ა) სახელმწიფო სახსრების ხარჯვა; ბ) მთავრობის საქმიანობის კანონიერება; გ) მთავრობის შემადგენლობა, საკადრო პოლიტიკა.
საჭიროა პარლამენტის საქმიანობის ძირფესვიანი რეორგანიზაცია.
მოქალაქეთა კავშირი აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტში ჩამოყალიბებულ საპარლამენტო უმრავლესობასთან, ცდილობს საპარლამენტო უმრავლესობა გამოხატავდეს ამომრჩეველთა უმრავლესობის განწყობასა და ინტერესებს.
იმედი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირი გაიმარჯვებს და თავად შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ამთავითვე უნდა ჩავებათ.
უნდა შემუშავდეს საპარლამენტო ოპოზიციასთან პარლამენტის ხელმძღვანელობის პრინციპები და პროგრამა. მომავალ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირის გამარჯვება უნდა ნიშნავდეს სტაბილურობის ატმოსფეროს დამკვიდრებას პარლამენტშიც და ქვეყანაშიც.
კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის მაღალი სტატუსი, მოქნილი ორგანიზაციული წყობა, უკეთ გაითვალისწინოს თანამედროვე პარლამენტარიზმის მიღწევები, საქართველოს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეალობები. ამის შესაბამისად უნდა შეიცვალოს პარლამენტის სტრუქტურა და ფორმირების წესი.
მე ასე წარმომიდგენია: პარლამენტს, როგორც ვთქვი, ორი პალატა უნდა ჰქონდეს: ქვედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო, ზედა პალატა - წარმომადგენელთა საბჭო. ამ საკითხზე დაწვრილებით იქნება ნათქვამი კონსტიტუციის პროექტში.
პარლამენტს ექნება ქმედითი საკანონმდებლო და საკონტროლო ფუნქციები. მათ შორის უფლება უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას და გადააყენოს იგი.
ახალ პარლამენტს უნდა შეეძლოს, როგორც განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული, თანამდებობიდან გადააყენოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მისი ალტერნატიული თანამდებობის პირი და დანიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე პრეზიდენტს ექნება პარლამენტის დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლება. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩემი პოზიცია. ასე უფრო სამართლიანად განხორციელდება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შეკავება-გაწონასწორების, კონსტიტუციური ურთიერთკონტროლის დემოკრატიული პრინციპები.
მიზანშეწონილია მხოლოდ უმაღლესი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების უფლება, რამაც უნდა გამორიცხოს პარლამენტის ჩარევა „წმინდა სამთავრობო“ საქმიანობის სფეროში.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ პარლამენტის რეორგანიზაცია, ახალი პარლამენტის ჩამოყალიბება კრიზისის დაძლევისა და პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტაბილიზაციის მძლავრი ფაქტორი გახდება.
ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს საჭიროა არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის რეფორმები.
VI. აღმასრულებელი ხელისუფლების
სისტემის რეფორმები
დღეს სახელმწიფოს მეთაური იმავე დროს პარლამენტის თავმჯდომარეა. ის ახდენს საკანონმდებლო, წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ხელისუფლებათა საქმიანობის კოორდინაციას ხელისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე.
ეს გარდამავალი ისტორიული ეტაპის თავისებურებას გამოხატავს. თანამდებობათა ასეთი შეთავსება დროებითი მოვლენაა.
ჩემი აზრით, და იმედი მაქვს, ამას გაიზიარებს მოქალაქეთა კავშირი, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, 1996 წლიდან გათვალისწინებულ უნდა იქნეს პრეზიდენტის პოსტის შემოღება. ეს საჭიროა ხელისუფლების კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკური და სოციალური სტაბილიზაციის მიზნით.
საქართველოში უნდა იყოს ძლიერი საპარლამენტო და ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.
მომავალში რესპუბლიკის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მსოფლიოში მიღებული ფართო კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის საგანგებო უფლებებიც ქვეყნის სპეციფიკისა და კრიზისული ვითარების გათვალისწინებით.
რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა ნორმალური, კონსტიტუციური ფუნქციონირების გარანტი უნდა იყოს.
პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს.
მოქალაქეთა კავშირის აზრით, ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების დამკვიდრება საქართველოში ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილიზაციას.
VII. მინისტრთა კაბინეტის ახალი რეფორმა
როგორც ცნობილია, განხორციელდა მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროების, დეპარტამენტების, კორპორაციების, სხვა უწყებების რეორგანიზაცია.
ახალმა მინისტრთა კაბინეტმა შეიმუშავა სერიოზული ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის შესახებ ქვემოთ გვექნება ლაპარაკი.
ამავე დროს სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების პრაქტიკული მოღვაწეობა რეფორმების განხორციელების, საერთო კრიზისის დაძლევის დარგში. აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერებისა და მისი საქმიანობის სრულყოფის მიზნით საჭიროა მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონში კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა და მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შემდგომი რეორგანიზაცია, მუშაობის ფორმირების, მეთოდების და სტილის რადიკალურად გარდაქმნა.
დღეს მინისტრთა კაბინეტი, სამინისტროები და უწყებები ვერ უზრუნველყოფენ რადიკალური რეფორმის ეფექტიანად განხორციელებას.
აუცილებელია „სამართლებრივი ვაკუუმის“ შევსებაში მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების როლის გაძლიერება, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის უკეთ კოორდინირება.
მე ვერ დავეთანხმები რადიკალურად განწყობილ პირებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა მინისტრთა კაბინეტთან პარლამენტის უმრავლესობის მხრივ ყოველგვარი ურთიერთობის გადაწყვეტა, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება და ა.შ. პირიქით, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მოქმედ მინისტრთა კაბინეტს, თუ საჭიროა შევცვალოთ ცალკეული სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მაგრამ მინისტრთა კაბინეტები უნდა შევინარჩუნოთ, მივცეთ მთავრობის წევრებს ნორმალური მუშაობის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისის დაძლევა კიდევ უფრო გაგვიჭირდება. არ უნდა ველოდეთ, რომ ახალ მთავრობაში სასწაულმოქმედნი მოვლენ.
კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უნდა გავითვალისწინოთ, ერთი მხრივ, მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების უფლებების გაფართოება კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, მეორე მხრივ, მთავრობის დაქვემდებარების შემდეგი პრინციპი: მთავრობა დაექვემდებარება პრეზიდენტს, პარლამენტს და ნაწილობრივ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც დაანგრევს სამთავრობო აქტების კონსტიტუციურობას და კანონიერებას.
სამინისტროები არა სამეურნეო, არამედ პირველ რიგში პოლიტიკური ინსტიტუტებია.
პარლამენტები სწორედ აყენებენ საკითხს: უნდა ამოქმედდეს ურთიერთპასუხისმგებლობის მექანიზმი: ამომრჩეველი - პარლამენტი - საპარლამენტო სტრუქტურები - მთავრობა.
პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გრძელვადიანი პროგრამა, მინისტრთა კაბინეტმა - ეკონომიკური, სოციალური რეფორმების განხორციელების, კრიზისის დაძლევის სრულყოფილი პროგრამის რეალიზაციის სწორი სტრატეგია და ტაქტიკა.
უნდა ვაღიაროთ, რომ პარლამენტს ასეთი პროგრამა საერთოდ არ გააჩნია, მინისტრთა კაბინეტის პროგრამა კი ჯერჯერობით ეფექტიანად არ მოქმედებს.
VIII. სასამართლო ხელისუფლების რეფორმა
აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების რეფორმა, კონსტიტუციური სასამართლოს ჩამოყალიბება, უზენაესი სასამართლოს რეორგანიზაცია.
საჭიროა საკონსტიტუციო ზედამხედველობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გარდაქმნა.
უნდა ჩამოყალიბდეს სასამართლო ხელისუფლება.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციური სახით დღევანდელ საქართველოში ჩამოყალიბებულიც კი არ არის.
აუცილებელია შეიქმნას კონსტიტუციური სასამართლო, განხორციელდეს უმაღლესი სასამართლოსა და საარბიტრაჟო სასამართლოს, მთელი სასამართლო სისტემის ძირფესვიანი რეფორმა.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უნდა ჩამოყალიბდეს სასამართლო ხელისუფლების ახალი კონცეფცია. საქართველოში სასამართლო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, ავტონომიური ფორმირებების სასამართლოები, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების სასამართლოები, ქალაქ თბილისის სასამართლო.
უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო ზედამხედველობის ახალი სისტემა.
საკონსტიტუციო, სასამართლო, რომელიც ა) ადგენს კანონის შესაბამისობას კონსტიტუციასთან; ბ) არჩევს დავებს არჩევნების სისწორის თაობაზე, გ) კომპეტენციის თაობაზე; დ) ადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისობას კონსტიტუციასთან და სხვა.
კონსტიტუციური სასამართლო იქნება საკონსტიტუციო ზედამხედველობის ორგანო. უზენაესი სასამართლო - მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი ორგანო.
ეს რეფორმები ხელს შეუწყობენ, ერთი მხრივ, ახალი სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებას, საყოველთაო კრიზისის დაძლევას, მართლწესრიგის განმტკიცებას, მეორე მხრივ, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის დაჩქარებას, კონსტიტუციისა და კანონების ეფექტიანად ამოქმედებას.
* * *
ასეთია მოკლე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების, პირველ რიგში პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, უმაღლესი სასამართლო რეორგანიზაციისა და კონსტიტუციური სასამართლოს ახლებურად ჩამოყალიბების დარგში საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პოზიცია.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მიესალმება საქართველოს შესვლას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, პარლამენტის მიერ დამოუკიდებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შესახებ სათანადო აქტების რატიფიცირებას, საქართველოსათვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ პარლამენტმა და მინისტრთა კაბინეტმა, ჯერჯერობით ვერ შეიმუშავეს მოქმედების სათანადო პროგრამა. ამას წინათ პრეზიდენტ ელცინის ვიზიტის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა მიესალმა.
განსაკუთრებით ყურადღებას მოითხოვს პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობა აშშ ვიზიტის დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და აშშ პრეზიდენტ ბილ კლინტონს შორის დადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა აქტების რეალიზაციისათვის.
მე მხოლოდ ბოლო მოვლენებზე ვლაპარაკობ. იგივე ითქმის ყველა სხვა ქვეყანასთან ურთიერთობაზე.
ვფიქრობ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ამ საკითხების გადაჭრას. ეს ყველა პოლიტიკური პარტიის ღვიძლი საქმეა.
IX. ავტონომიურ ფორმირებათა ხელისუფლებისა და
მმართველობის ორგანოების რეფორმები
დიდი ცვლილებები და გარდაქმნები უნდა მოხდეს არამარტო ხელისუფლების უზენაეს ორგანოებში, არამედ ავტონომიური ფორმირებების სტრუქტურებშიც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ, უნდა აღსდგეს კონსტიტუციურ უფლებებში. აფხაზეთს გარანტირებული აქვს სტატუსი, რომელსაც ავტონომიური წარმონაქმნებისათვის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტები ითვალისწინებს.
კონფლიქტის მოწესრიგება უნდა მოხდეს საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი, საქართველო-რუსეთ-აფხაზეთის სამმხრივი და ჟენევის შეთანხმების საფუძველზე, გაეროს, უშიშროების საბჭოს, ევროთათბირის, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
აფხაზეთის საკითხი მწვავედ დადგა გაეროში, თეთრ სახლში, კონგრესში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ამასწინდელი ვიზიტის დროს.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მხარს უჭერს და იწონებს საქართველოს დელეგაციების საქმიანობას მოსკოვში, ჟენევაში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში და მოითხოვს აფხაზეთის საკითხის პოლიტიკური გზით მშვიდობიან მოწესრიგებას. ჩვენი ნება ასეთია!
სხვა გზა ე.ი. ახალი ომი თავსმოხვეული იქნება, ნურავინ გვაიძულებს ამ გზას დავადგეთ, ნურავინ დაივიწყებს, ხალხს მამა-პაპათა სისხლით გაჟღენთილ მიწაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია. მშობლიური მიწის ერთი მტკაველის დაკარგვასაც ქართველი კაცი არასოდეს შეურიგდება.
მეტი მხარდაჭერა სჭირდება აფხაზეთის ხსნის კომიტეტს. მინისტრთა საბჭოს, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიას, საქართველოს ვიცე-პრემიერს აფხაზეთის საკითხების დარგში, აფხაზეთის სამინისტროების, უწყებების, რადიოს, პრესის, რომლებიც დღეს თბილისში მოქმედებენ.
მეტი ყურადღება სჭირდებათ ლტოლვილებს აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთან, ეს ადამიანები ჩვენი სისხლი და ხორცნი არიან, მათ უნდა შევუმსუბუქოთ გაჭირვება.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური სტატუსი მეტ სრულყოფას მოითხოვს. აჭარის ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სრულყოფილი მოდელის შესაქმნელად.
ცხინვალის ზონაში მცხოვრებ ოს მოსახლეობას, კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ, ისევე როგორც სხვა ეროვნულ უმცირესობებს, უნდა მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში გადაწყდება.
შესაბამისი ცვლილებები შეტანილ უნდა იქნეს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონფლიქტი აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში ატარებს არა იმდენად ეთნიკურ, არამედ უფრო პოლიტიკურ, სოციალურ ხასიათს და მესამე, უცხო ძალის ჩარევის შედეგია.
დიდია ავტონომიური ფორმირებების როლი და ამოცანები საკუთარ რეგიონებსა და სრულიად საქართველოში საერთო კრიზისის დაძლევის დარგში. მაგალითად, დღევანდელი სტაბილური აჭარა დედა საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის ერთ-ერთი გარანტია.
საჭიროა ავტონომიურ ფორმირებებთან შეთანხმებული ანტიკრიზისული კომპლექსური პროგრამების შემუშავება. უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ავტონომიურ ფორმირებებთან სამივე ხელისუფლების დონეზე. აუცილებელია ფუნქციათა დანაწილება, უფლებათა და მოვალეობათა გამიჯვნა, სათანადო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მიღება სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, საერთო კრიზისის დაძლევის მიზნით.
საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა ავტონომიური ფორმირებებისადმი, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, სრულიად საქართველოსა და ავტონომიურ წარმონაქმნთა ინტერესების ბალანსისა და ეროვნული კონსენსუსის მიღწევა.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის დარეგულირება იმგვარად, რომ ის მისაღები იყოს როგორც მთლიანად საქართველოს, ისე აფხაზეთის მოსახლეობისთვის. ჩვენ მხედველობაში გვყავს აფხაზები და აფხაზეთის მოსახლეობის მრავალეროვნული შემადგენლობა.
საჭიროა გამოვიყენოთ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის გამოცდილება.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის შედგენისას გასათვალისწინებელია არა მარტო ისტორიული განვითარების გაკვეთილები, არამედ ახალი რეალიები, ახალი სიტუაცია, ტერიტორიული მოწყობის ტრანსფორმაციის მოსალოდნელი შედეგები.
სპეციალისტთა ერთ ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოში უნიტარული, საკმაოდ დეცენტრალიზებული, განვითარებული ადგილობრივი მმართველობის მქონე სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის განმტკიცება.
ჩვენს საპროგრამო დოკუმენტში ასიმეტრიულ რეგიონალიზმზეა ლაპარაკი. დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას დისკუსიები ფედერაციული მოწყობის პრინციპების შესახებაც.
ამ საკითხებზე ჩვენ სპეციალური შეკრება დაგვჭირდება. უნდა განხორციელდეს ავტონომიურ ფორმირებათა სერიოზული კონსტიტუციური რეფორმა.
X. ადგილობრივი, მუნიციპალური ხელისუფლებისა და
მმართველობის ორგანოების რეფორმები
აუცილებელია ადგილობრივი, მუნიციპალური ხელისუფლება და მმართველობის ორგანოების რეფორმა. ის უნდა განხორციელდეს 1994-1995 წლებში.
სახელმწიფოს მეთაურის აპარატში შეიქმნა რეგიონების მართვის სამსახური, რომელიც სრულყოფას მოითხოვს. ჩამოყალიბდა სახელმწიფო მმართველობის ახალი სტრუქტურა - მერიები ქალაქებში: ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ა.შ., მაგრამ ეს ცვლილებები არ არის საკმარისი. საჭიროა ძირფესვიანი რეფორმა, მუნიციპალური არჩევნების ჩატარება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტიტუციური გამიჯვნა.
გარდამავალი, კრიზისული განვითარების პერიოდში, რეფორმების ეტაპზე საჭიროდ მიგვაჩნია თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციონირება სახელმწიფო მმართველობის ისეთი ორგანოს კონტროლის პირობებში, როგორიცაა მმართველობის თვისობრივად ახალი ინსტიტუტი - რეგიონის, მხარის ადმინისტრაცია (ვნახოთ საბოლოოდ როგორი მოდელი მოიძებნება).
მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და რეგიონის ადმინისტრაციის ფუნქციებს კანონი გამიჯნავს. გამორიცხულია ყოველგვარი დიქტატი და საქმიანობის დუბლირება.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ორდონიანი უნდა იყოს. პირველ დონეს ქმნიან სოფლის, დაბის, თემის და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების თვითმმართველობები, მეორე დონეს - რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების თვითმმართველობები.
არ არის გამორიცხული სამხარეო მოწყობის პრინციპიც. ადგილობრივი თვითმმართველობის ორდონიანი განსაკუთრებული სისტემა უნდა შეიქმნას ქ. თბილისში. პირველ დონეზე გვექნება ქ. თბილისის რაიონების მუნიციპალიტეტები, მეორე დონეზე - თბილისის მერია და სათათბირო.
თბილისის მერს და სათათბიროს აირჩევს მთელი თბილისის მოსახლეობა.
საჭიროა შეიქმნას სათანადო საკანონმდებლო ბაზა. განსაკუთრებით მაღალ დონეზე უნდა დამუშავდეს საქართველოს რესპუბლიკის კანონები ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური არჩევნების შესახებ და სხვ.
აუცილებელია ადგილობრივი მმართველობის, მერიების, საკრებულოების, გამგეობების, გამგებლების როლის ამაღლება კრიზისთან ბრძოლაში. უნდა შემუშავდეს ანტიკრიზისულ ღონისძიებათა საქალაქო, რაიონული, რეგიონული პროგრამები.
არსებობს ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ უნდა ამღლდეს ადგილობრივი (საქალაქო და რაიონული) ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების როლი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, საერთო კრიზისის დაძლევისა და ვითარების სტაბილიზაციის დარგი.
XI. ეროვნული უსაფრთხოების ახალი
სისტემის ჩამოყალიბება
დღის წესრიგშია ეროვნული უსაფრთხოების საიმედო სისტემის შექმნა დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით.
ეროვნული უსაფრთხოების სისტემა გულისხმობს არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ, არამედ საყოველთაო უსაფრთხოებას. ძნელია ლაპარაკი ეროვნულ უსაფრთხოებაზე დანგრეული ეკონომიკის პირობებში, მაგრამ სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშია ის აუცილებელი.
ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მუდმივი სტრატეგიული მიზანია ერის ფიზიკური არსებობის, ეროვნული თვითმყოფადობის, მისი სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, საზღვრების დაცვა და ერისა და სახელმწიფოს შემდგომი განვითარების პირობების შექმნა.
ეროვნული უსაფრთხოების სისტემა გლობალურია და მან უნდა დაძლიოს საგარეო პოლიტიკური, საშინაო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული, კულტურული, ეროვნებათაშორისი კონფლიქტების საფრთხე.
ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნა მოითხოვს: ეროვნული უსაფრთხოების მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციის შექმნას: თანამედროვე დონეზე ინფორმაციულ და ინტელექტუალურ უზრუნველყოფას; გადაწყვეტილებათა მიღების რაციონალური ტექნოლოგიის შემუშავებას; მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის მექანიზმებისა და საშუალებების სისტემის ჩამოყალიბებას და ამოქმედებას.
ამ მიზნის მიღწევა პროგრამის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
ეროვნული უსაფრთხოები გარანტს წარმოადგენენ პარლამენტი, სახელმწიფოს მეთაური, მინისტრთა კაბინეტი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები.
მთელ ამ საქმიანობას კოორდინირებას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური სპეციალური პროგრამების საფუძველზე.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნაში აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ყველა დონის სტრუქტურებთან.
XII. საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმა.
არმიის, ფლოტისა და სასაზღვრო ჯარების ფორმირება
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელი ამოცანაა საქართველოს არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალების, სასაზღვრო ჯარების შექმნა.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის კონცეფცია ჰუმანურ, დემოკრატიულ და მშვიდობისმოყვარულ პრინციპებს ემყარება.
საქართველოს არმია და ფლოტი ყალიბდება მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მიერ ამ დარგში მოპოვებული მიღწევებისა და ეროვნული, ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით.
ეროვნული შეიარაღებული ძალების ამოცანაა - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, რესპუბლიკის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვრების, საქართველოს კონსტიტუციური დემოკრატიული წყობილების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. მეტ-ნაკლები წარმატებით ასრულებენ ამ ამოცანებს საქართველოს შეიარაღებული ძალები.
ექსტრემალურ სიტუაციაში მიმდინარეობს საქართველოს არმიის და ფლოტის ფორმირება და საბრძოლო ნათლობა.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორული ურთიერთობა და თანამშრომლობა დსთ-ს, ნატოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების არმიებთან.
მოქალაქეთა კავშირი თვლის, რომ საქართველოს არმიამ ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისაგან სრულად უნდა მიიღოს თავისი კანონიერი წილი: საბრძოლო ტექნიკა, მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო ბაზები, შავი ზღვის ფლოტის ხომალდები და სხვა ქონება.
მანამ, სანამ რუსეთის არმიის ნაწილები, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად, იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე - უმჯობესია გაფორმდეს ხელშეკრულება საბაზრო პრინციპებზე გადასვლის შესახებ. ამის სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლება იკისრებს ვალდებულებას საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკით და მასალებით უზრუნველყოფის თაობაზე.
საჭიროა, ეროვნული არმიის, საბრძოლო და მორალური თვისებების ფორმირება თანამედროვე დონეზე. არმიაში უნდა ავაღორძინოთ პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის, გმირობის ტრადიციები. განვამტკიცოთ დისციპლინა, შევქმნათ სამხედრო მეცნიერება, ტექნიკა, სტრატეგია და ტაქტიკა.
მოქალაქეთა კავშირი თვლის, რომ აუცილებელია გავაანალიზოთ აფხაზეთის ფრონტზე საქართველოს არმიის წარუმატებლობის მიზეზები. გავაკეთოთ დასკვნები და დავსახოთ მოქმედების პროგრამა.
უნდა შევიმუშაოთ საქართველოს თანამედროვე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების პოტენციალის გამოყენების გეგმა.
სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში უნდა დადგეს არმიისა და ფლოტის პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის საკითხები. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ. ჩვენ ვალში ვართ ქართული ჯარის წინაშე.
საჭიროა საერთო-სახალხო ზრუნვა ეროვნულ არმიასა და ფლოტზე.
ხალხს უნდა უყვარდეს არმია, არმია უნდა იმსახურებდეს ერის სიყვარულს და პატივისცემას.
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რაციონალური დაფინანსება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და სახელმწიფო უშიშროებას.
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა სამხედრო ფორმირება და დაწესებულება არსებითად და არა ფორმალურად უნდა ემორჩილებოდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული.
აუცილებელია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლა, იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტობრივად აკრძალვა, შეიარაღებული ძალების ცალკეული ჯგუფების მიერ მოსახლეობის ძარცვის, მარადიორობის, ბანდიტიზმის ფაქტების აღმოფხვრა, სამხედრო პროკურატურის და სასამართლო ორგანოების საქმიანობის გაძლიერება, კანონიერების განმტკიცება.
ერთიანი შეიარაღებული ძალები - ასეთია ჩვენი მიზანი.
საქართველოს რესპუბლიკა იცავს და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო ვალდებულებებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის შემაჯამებელი აქტის, სტოკჰოლმის კონფერენციის, ახალი ევროპის, პარიზის ქარტიის, ორმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
XIII. ეროვნებათა შორის კონფლიქტების აღმოფხვრისა
და ჰუმანური კონსენსუსის პროგრამა
საქართველოს მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ აუცილებელია ეთნიკური და სოციალური კონფლიქტების მოწესრიგების სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის, ერთა შორის კონსენსუსის მიღწევის საიმედო პროგრამის შემუშავება.
მოქალაქეთა კავშირი თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ეთნიკური, სუბეთნიკური საკონფლიქტო საკითხების მშვიდობიან, პოლიტიკურ მოგვარებას და მათ სამხედრო მოწესრიგებას.
უნდა შემუშავდეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური კონფლიქტებისა და ეთნოკონფლიქტების დაძლევისა და ეროვნებათშორის კონსენსუსის მიღწევის თანამედროვე სრულყოფილი თეორია და პრაქტიკა.
თქვენ იცით, რომ ამას წინათ საქართველოს დელეგაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა.
აფხაზეთში სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების ჩვენი გეგმა ითვალისწინებს:
- ლტოლვილთა და ხიზანთა დაუყოვნებლივ, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში;
- არჩევნების გამართვას საერთაშორისო კონტროლის პირობებში და მის საფუძველზე ხელისუფლების ახალი ორგანოების შექმნას;
- არჩევნების გამართვამდე - საერთაშორისო დირექტორატის შექმნას მხარეების, ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის, რუსეთის ფედერაციის, „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფისა და გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით;
- აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შესასრულებლად უნდა შეიქმნას აფხაზეთის დროებითი შერეული ადმინისტრაცია, რომელიც იმოქმედებს საერთაშორისო დირექტორატის ხელმძღვანელობით.
გაეროს ეგიდით, რუსეთის ფედერაცის ხელშეწყობით და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილეობით მოქმედებს სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო ორგანო, რომელიც დირექტორატთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების პროგრამას.
აფხაზეთში სამშვიდობო ძალების განლაგების სამი ვარიანტი არსებობს: პირველი. მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების შეყვანა აფხაზეთში გაეროს ეგიდით. მეორე. რუსეთის ჯარების ნაწილების შეყვანა კონფლიქტის ზონაში გაეროს ალმით. მესამე, რუსეთის ჯარების განლაგება აფხაზეთში ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე გაეროს მეთვალყურეობით.
თუ რომელი ვარიანტი შევა ძალაში, ეს დამოკიდებული იქნება უშიშროების საბჭოზე.
რა მძიმეც არ უნდა იყოს ომის შედეგები, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ერთმანეთთან აფხაზი სეპარატისტები და აფხაზი ხალხი.
ამ მხრივ გადაიდგა რეალური ნაბიჯები. აუცილებელია ქართველების და აფხაზების, ქართველების და ოსების საუკუნეობრივი მეგობრობის და ძმობის ტრადიციების აღორძინება.
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში საჭიროა აფხაზეთის ქართველთა როლის ამაღლება, მათზე, განსაკუთრებით ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, გასაჭირის შემსუბუქება.
აუცილებელი იმიერკავკასიის მთიელთა კონფედერაციის დაქირავებული რაზმების ალაგმვა. ისინი კავშირს კრავენ უკიდურეს ფუნდამენტალისტებთან, შინაზდილ ფაშიზმთან და სეპარატისტებთან. საჭიროა, რუსეთის ახალ პარლამენტთან და დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეასთან კონსტრუქციული ურთიერთობა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
აუცილებელია წინდახედული, რაციონალური, ფრთხილი, მაგრამ ეფექტიანი მოქმედების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება და განხორციელება.
საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის იყო, როგორც იტყვიან, ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, იმ გზით, რომელიც ორივე ქვეყნის და მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებს პასუხობს.
დღევანდელ საქართველოში აფხაზეთის კონფლიქტის გარდა, არსებობს კონფლიქტის მეორე დიდი კერა - შიდა ქართლის, სამაჩაბლოს, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტი. უნდა გავითვალისწინოთ ცხინვალის კონფლიქტის მოწესრიგების ისტორიული გაკვეთილები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ამ ფონზე და მისი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. მე მიმაჩნია, რომ ქართველთა და ოსთა კონფლიქტის მოგვარება შედის ახალ, უფრო ხელსაყრელ ფაზაში: საჭიროა ამ პროცესის ინტენსიფიკაცია.
ღრმა ანალიზს მოითხოვს მდგომარეობა უპირატესად აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში. საჭიროა სიტუაციის კრიტიკული შეფასება, და რეალური ზომების მიღება წინათ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით.
უფრო დეტალურად არის შესასწავლი მდგომარეობა უპირატესად სომხებით და ბერძნებით დასახლებულ საქართველოს რაიონებში. მისაღებია გადაუდებელი ღონისძიებები ხალხთა მეგობრობის განმტკიცების მიზნით.
საჭიროა ხელისუფლებაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობის გაძლიერება.
საქართველოს სახელმწიფო სრულ გარანტიას აძლევს საქართველოში მცხოვრებ რუსებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ბერძნებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ქურთებს, ასირიელებს. ყველა სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათი ეროვნული ინტერესები კონსტიტუციურად იქნება დაცული.
აუცილებელია შემუშავდეს საქართველოს ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ეროვნული კონსენსუსის პროგრამა. მან ასახვა უნდა ჰპოვოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.
XIV. სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა.
კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესება
მოქალაქეთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცების პრობლემას, რადგანაც დღეს ეთნოკონფლიქტების ფონზე სოციალურად მეტად საშიში ხდება კრიმინოგენური სიტუაცია.
რადიკალურად უნდა გარდაიქმნას სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა. კონსტიტუციამ, ორგანულმა კანონებმა ხელი უნდა შეუწყონ სამართალდამცავი ორგანოების სისტემის სრულყოფას. პირველ რიგში საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობა. ისინი უნდა ექვემდებარებოდნენ მხოლოდ კონსტიტუციას, კანონს და ამ საფუძველზე ლეგიტიმურ ხელისუფლებას.
უნდა განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, უშიშროების საბჭოს ორგანოების რადიკალური რეფორმები, გაძლიერდეს ბრძოლა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მაფიასთან, კორუფციასთან, ფარულ იატაკქვეშა ბიზნესთან, ე.წ. „ჩრდილოვან ეკონომიკასთან“, ნარკობიზნესთან, რეკეტთან, მექრთამეობის, გამოძალვის, ყაჩაღობის, ბანდიტიზმის, მკვლელობების ფაქტებთან და სხვა სოციალურად განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეობასთან.
ამავე დროს, საზოგადოებრივი წესრიგის განხორციელების საფუძველზე, უნდა შეიქმნას კანონიერი ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნისათვის ხელსაყრელი სამართლებრივი სივრცე სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე. სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს კანონიერ ბიზნესს, კომერციას, ჯანსაღ კონკურენციას.
საჭიროა ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ცვლილებები, პირველ რიგში ყველა სხვა უწყებებიდან გამოძიების ორგანოების გამოყოფა და უშუალოდ მთავრობას დაქვემდებარებული ცალკე საგამოძიებო კომიტეტის შექმნა. ეს ღონისძიება გარკვეულ ეტაპზე განხორციელდება.
რეფორმა სჭირდება სასჯელის მოსახდელ დაწესებულებათა სისტემას.
სახელმწიფო კანონიერების დაცვის, გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და ადამიანის უფლებებისა დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა ამაღლდეს ადვოკატურის როლი.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა - ადამიანის უფლებების დაცვაა.
საჭიროა წესრიგის დამყარება თანამედროვე იურიდიული კულტურის დონეზე ციხეებში, კოლონიებში, თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში. უნდა მივიღოთ შესაბამისი კანონები.
გადაუდებელი საქმეა აუცილებელ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მიზანშეწონილია კადრების მომზადება საქართველოს პოლიციისა და სასამართლოებისთვის საზღვარგარეთის დემოკრატიულ ქვეყნებში.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ, სამხარეო, რესპუბლიკური დაქვემდებარების სასამართლოებმა, თბილისის სასამართლომ, იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, უშიშროების სამინისტრომ, სამართალდამცავი ორგანოების
მთელმა სისტემამ ძირფესვიანი გადრატეხა უნდა შეიტანოს კანონიერების დაცვისა და უშიშროების განმტკიცების საქმეში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, მაშველთა კორპუსი, დაინტერესებული უწყებები და ორგანიზაციები ახორციელებენ ერთობლივ ფუნდამენტურ პროგრამას „წესრიგი და კანონიერება“.
მოქალაქეთა კავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მართლწესრიგის განმტკიცებაში, კანონიერების გატარებაში.
XV. მასობრივი საინფორმაციო სისტემების რეფორმა
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ საჭიროა საინფორმაციო სისტემების რეფორმა, მსოფლიო ინფორმაციულ სისტემაში საქართველოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ოპერატიული ინტეგრაცია.
კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა ამოქმედდეს კანონი პრესის თავისუფლების შესახებ, ამაღლდეს პრესის, რადიოს, ტელევიზიის მუშაკთა პროფესიონალიზმი, მათი პასუხისმგებლობა ერისა და ისტორიის წინაშე.
პრესის თავისუფლება და პასუხისმგებლობა საზოგადოების კულტურის დონის ანარეკლია.
დემოკრატიული, პლურალისტური, თავისუფალი ბეჭდვითი სიტყვა ახალი სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს, ახალი ტიპის სახელმწიფოსა და ახალი საზოგადოების მშენებლობისა და პიროვნების თავისუფლების დაცვის საიმედო ინსტრუმენტი უნდა გახდეს რეალურად.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს პრესის, რადიოს, ტელევიზიის განვითარებასა და სრულყოფას.
იმავე დროს, სანამ სახელმწიფო აფინანსებს პრესის ამა თუ იმ ორგანოს, - რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს, მას აქვს უფლება მოსთხოვოს მათ სახელმწიფო პოლიტიკის ობიექტურად გაშუქება, დაუკვეთოს პროგრამები და გადაცემები. თანამშრომლობა პრესასა და ხელისუფლებას შორის ტრადიციული უნდა იყოს.
აუცილებელია შეიქმნას და რეალურად და ეფექტიანად ამოქმედდეს საქართველოს მსოფლიო საინფორმაციო სამსახური. მსოფლიო ინფორმაციის ბაზარზე და გავიტანოთ კონკურენტუნარიანი შემოქმედებითი პროდუქცია, დავიცვათ ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები. ამ თვალსაზრისით სერიოზული მისია აკისრია საკოორდინაციო ბიუროს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურთან შეიქმნა.
უნდა განხორციელდეს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების პროგრამები: „რადიო და ტელევიზია“, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი, „მსოფლიო საინფორმაციო სამსახური“, რომლებიც თანამედროვე დონეზე შემუშავდება.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პროგრამების განხორციელებაში.
* * *
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, საკანონმდებლო, აღმასრულებლი და სასამართლო ხელისუფლების ავტონომიური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ძირფესვიანი რეფორმები და ეფექტიანი ფუნქციონირება პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური და საერთო კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის საფუძველთა საფუძველია.
პოლიტიკური პროგრამის შესრულებაზე ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკური და სოციალური პროგრამების განხორციელება, რომლებიც სახელმწიფო რეფორმების პროგრამის პარალელურად მიმდინარეობს და თავის მხრივ ხელს უწყობს პოლიტიკური რეფორმების წარმატებას.
ევროპისა და აზიის 20-მდე სახელმწიფო ახორციელებს დღეს „სოციალიზმის მსოფლიო სისტემის“, საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე ძირფესვიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებს.
ერთ-ერთი მათგანია საქართველო.
საქართველოში პოლიტიკური რეფორმების წინამდებარე პროგრამის განხორციელება, როგორც ვთქვით, იცავს 1994-2000 წწ. პერიოდს XX საუკუნის დასასრულამდე.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ძირითადი იდეები ჩამოყალიბდა ჩვენს წინასაარჩევნო პლატფორმაში, მოხსენებაში, რომელიც გაკეთდა მეცნიერებათა აკადემიაში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში.
რეფორმების იდეებმა პრინციპში მოწონება დაიმსახურეს, არჩევნები ფაქტობრივად პლებისცისტად, რეფერენდუმად იქცა. ხალხმა მოიწონა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პროგრამა.
ამჟამად ჩვენ რეფორმების ახალ ეტაპზე ვიმყოფებით. პოლიტიკური სახელმწიფო რეფორმების განხორციელების შედეგად უახლოეს შვიდწლეულში ჩამოყალიბდა საქართველოს ახალი ტიპის სახელმწიფო, ახალი ტიპის საზოგადოება, ეკონომიკური რეფორმების შედეგად კი - ახალი ტიპის საბაზრო ეკონომიკა.
ეკონომიკური რეფორმების პროგრამა პოლიტიკური რეფორმების პროგრამის გაგრძელებას, ეროვნული პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს.
II. ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პროგრამა
და მოქალაქეთა კავშირის ამოცანები
I
დღეს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, დიდი ნაწილი შიმშილობს. ადგილი აქვს ამ ნიადაგზე სიკვდილიანობას.
კატასტროფული შეუსაბამობაა საარსებო დონესა, ფასებსა და ხელფასებს შორის. ეკონომიკა და სოციალური სფერო მოიცვა ღრმა კრიზისმა.
მე მიმაჩნია, რომ ფასების ზრდის პროპორციულად დაუყოვნებლივ, ხვალიდანვე უნდა გაიზარდოს ხელფასები, სტიპენდიები, პენსიები. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია. საშუალო ხელფასი ასი ათას კუპონს ვერ აღწევს, მინიმალური საარსებო დონის შენარჩუნება კი რამდენიმე მილიონ კუპონს მოითხოვს ერთ სულზე თვეში. ასეთია სტატისტიკის სამსახურის მონაცემები.
სახელმწიფო არ შეიძლება ამ ექსტრემალურ სიტუაციაში მეთვალყურის როლში გამოდიოდეს. საჭიროა სწრაფი რეაგირება, ადამიანთა ფიზიკური არსებობის გადარჩენა.
ეს პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სხვა სტრუქტურების გადაუდებელი ამოცანაა.
ძლიერდება ჰიპერინფლაცია, იზრდება უმუშევრობა, მატულობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა რიცხვი, მკვეთრად ეცემა კუპონის კურსი, წარმოებისა და ცხოვრების დონე.
პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები ვერ იძლევა საჭირო ეფექტს.
დესტრუქციული ოპოზიცია, კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაცვლად, ამ ფაქტებით პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევა, იაფფასიანი პოპულიზმის დონეზე.
მოქალაქეთა კავშირის უახლოესი ამოცანაა საქართველოს გამოყვანა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან და ამ საფუძველზე მოქალაქეთა ცხოვრების გადაუდებელი გაუმჯობესება. ასეთი პროგრამა წარდგენილია საქართველოს პარლამენტში (ანტიკრიზისული პროგრამა), რომლის ძირითადი დებულებები აპრობირებულია მოქალაქეთა კავშირში.
ლაპარაკია საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისულ პროგრამასა და საქართველოს რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგნოზულ პარამეტრებზე 1994-1995 წლებისათვის. ორივე დოკუმენტი რადიკალური რეფორმების პროგრამას წარმოადგენს, მოწონებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებით და დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით.
სასურველია ამ დოკუმენტებს იცნობდეს მოქალაქეთა კავშირის ყველა წევრი, საქართველოს ყველა მოქალაქე.
ეს დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს პრესაში.
აღნიშნულ სამთავრობო, სახელმწიფოებრივ დოკუმენტებში განისაზღვრა როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, ისე სადღეისო გადაუდებელი ღონისძიებები.
საქართველოს რესპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ასპექტს: კონცეპტუალურს, პროგნოზულს და ეკონომიკის მარეგულირებელ ღონისძიებებს, 100-მდე სახელმწიფოებრივი მიზნობრივი პროგრამების ჩათვლით. მისი პარამეტრები დღევანდელი კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გადაისინჯება და განახლდება ყოველ კვარტალურად, რეალურად ჩამოყალიბებული ეკონომიკური ვითარების შესაბამისად.
ამ ორი ძირითადი დოკუმენტის შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და მინისტრთა კაბინეტის დადგენილებების საფუძველზე, შემუშავდება ყველა სამინისტროსა და უწყების, ყველა რეგიონის ანტიკრიზისული პროგრამა.
ჩემს მოხსენებაში მე ეროვნული პროგრამის მხოლოდ ზოგიერთ ძირითად, საკვანძო საკითხს და მოქალაქეთა კავშირის ამოცანებს შევეხები, რადგანაც პროგრამა მთლიანად გამოქვეყნდება.
ანალიზი გვაჩვენებს, რომ დღევანდელ კრიზისს საქართველოში სტრუქტურულ-სისტემური ხასიათი აქვს და მოიცავს ეკონომიკური სისტემის ყველა რგოლსა და ელემენტს. კრიზისმა გააღრმავა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობა.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ წარმოების კრიზისიდან გამოყვანის ყველაზე უფრო უმოკლესი და ეფექტიანი გზაა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების, თანამეგობრობის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირის აღდგენა და განვითარება. ამ ქვეყნების წარმოება ტექნოლოგიურად ურთიერთდამოკიდებულია, მათი პროდუქცია ურთიერთშეთავსებადია. ამასთან, აღნიშნული კავშირების აღდგენაში უმთავრესია რუსეთისა და ესენგეს (დსთ) ქვეყნების ბაზრის შენარჩუნების საკითხი.
უნდა განხორციელდეს ინსტრუქციული, სტრუქტურული, ტექნოლოგიური გარდაქმნები, რაც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად.
არსებულ ძირითად ფონდებს მოდერნიზაცია და განახლება სჭირდება, სხვანაირად ისინი ფიზიკურად განადგურდება.
დაუშვებელია ღია ეკონომიკაზე გადასვლა უმართავად. საჭიროა ეკონომიკის მართვა და რეგულირება საბაზრო პრინციპებით.
პროგრამის თანახმად, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტებია: 1. არსებული ღრმა ეკონომიკური მოშლილობა, კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა; 2. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება აუცილებელი ინსტიტუციური და სტრუქტურული გარდაქმნების, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის განვითარებისა და დაჩქარების გზით; 3. ეკონომიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების ენერგოუზრუნველყოფა მოხმარების ეკონომიის, საკუთარი ენერგოწარმოების გადიდების, ენერგიის დამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად; 4. სურსათის მოხმარების დონის ამაღლება აგროსამრეწველო კომპლექსის უპირატესი განვითარების საფუძველზე; 5. სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციების წინმსწრები განვითარება; 6. ექსპორტის გზით ვალუტის მიღება, საექსპორტო ბაზის გაფართოება, ისეთი წარმოების უპირატესი განვითარება, როგორიც არის: ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მეცნიერებატევადი პროდუქცია, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური წარმოება და სხვ.
კრიზისის დაძლევისა და დამოუკიდებელი ეკონომიკის ფორმირებისათვის პირველი წყარო, უმთავრესი პრიორიტეტი არის საბაზრო ეკონომიკა, იმავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჭიროა ეკონომიკური რეფორმების სისტემატურად, და, არა ცალკეული ელემენტების, სეგმენტების მიხედვით განხორციელება.
2000 წლამდე ჩვენ უნდა გავიაროთ განვითარების სამი ეტაპი.
სოციალურ სფეროში უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის ფიზიკური შენარჩუნება და სოციალური აფეთქების თავიდან აცილება. მეორე საფეხურზე - მოსახლეობის მოხმარების წინაკრიზისული დონის თანდათანობით აღდგენა. მესამე ეტაპზე - განვითარებული ქვეყნის შესაბამისი ცხოვრების ხარისხის სტანდარტების მიღწევა, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო მეურნეობის დამკვიდრება.
ანტიკრიზისულ პროგრამაში საპროგნოზო გაანგარიშებები წარმოდგენილია ორ ვარიანტად.
პირველი ვარიანტი ემყარება მოვლენათა იმგვარ (მინიმალურ) შეფასებას, როცა ვერ ხერხდება შიდაპოლიტიკურ პრობლემათა დარეგულირება, რუსეთის ფედერაციასთან საქართველოსათვის მისაღები სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დამყარება და ამ საფუძველზე ტრადიციული სამეურნეო კავშირების ნორმალიზაცია „ესენგეს“ (დსთ-ს) ქვეყნებთან. ასეთ პირობებში რესპუბლიკის ეკონომიკა ფუნქციონირებს საგანგებო ვითარებაში, შინაგანი რესურსებისა და შესაძლებლობათა მაქსიმალურად მობილიზაციისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებისა და დასავლეთის განვითარებული სახელმწიფო ეკონომიკური, უპირატესად ჰუმანიტარული დახმარების საფუძველზე.
მეორე ვარიანტი მნიშვნელოვანწილად ოპტიმისტურია, მაქსიმალურია და ითვალისწინებს სამეურნეო-პოლიტიკური ვითარების გაცილებით ხელსაყრელ სცენარს, რომლის თანახმადაც, შიდა პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების, რუსეთთან თანასწორუფლებიან ხელშეკრულებათა განხორციელების, „ესენგეს“ (დსთ-ს) ქვეყნებთან სამეურნეო კავშირების აღდგენა-განვითარების და ამ პირობებში საზღვარგარეთული კაპიტალისათვის სასურველი ინვესტიციური გარემოს ჩამოყალიბებისა და შინაგანი რესურსების მობილიზაციის გზით შესაძლებელი გახდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენება.
მე მიმაჩნია, რომ ოპტიმალურია პროგრამის II ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის მაქსიმალურ განვითარებას. ჩვენ „ესენგეს“ (დსთ) ქვეყნებთან აღვადგენთ პარტნიორულ ურთიერთობას, ამაში ეჭვი არ გვეპარება და, მაშასადამე, ორიენტაციას ვიღებთ პროგრამის მეორე ვარიანტის მაქსიმალურ მაჩვენებლებზე.
ამ პროგრამის თანახმად, 1994 წელს, 1993 წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მატება - 52% შეადგენს, ხოლო 1995 წელს - 124 პროცენტს. ეს რეალური მიჯნებია.
წარმოების მოცულობის მოსალოდნელი ზრდა ხელშემწყობ პირობებს ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მისაღწევად, მაგრამ გარედან შემოსატანი რესურსების მაღალი ფასების გამო, კვლავ რთული რჩება საფინანსო და ფულად-საკრედიტო ვითარება. იზრდება და სწრაფი ტემპებითაც, ქვეყნის საგარეო ვალები.
საგეგმო პერიოდისათვის კვლავ დამახასიათებელი იქნება მნიშვნელოვანი დისპროპორციები მზარდ ინვესტიციურ მოთხოვნილებასა და მისი დაკმაყოფილების შეზღუდულ შესაძლებლობას შორის, შრომის ნაყოფიერების ზრდის ტემპი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპს.
გარკვეულწილად მციდება მოსახლეობის რიცხოვნობა და შესაბამისად კლებულობს შრომითი რესურსების რაოდენობაც. მოსალოდნელია რესპუბლიკიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში სამუშაო ძალის სერიოზული მიგრაცია.
შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამები „შრომა“, „მოსახლეობის სოციალური დაცვა“ და სხვ. საჭიროა ვიბრძოლოთ მათი რეალიზაციისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტრუქტურაში პრივატიზაციის შემდეგ კერძო სექტორის ხვედრითი წილის ზრდა. 1993 წელს ეროვნული შემოსავლის წარმოებაში კერძო სექტორის ხვედრითმა წილმა 48 პროცენტი შეადგინა, 1995 წლისათვის ნავარაუდევია ამ მაჩვენებლის 53-60 პროცენტამდე გაზრდა.
1994-1995 წლებში ინტენსიურად წარიმართება პრივატიზაცია. 1994 წლისათვის ნავარაუდევია მეურნეობის სხვადასხვა დარგების სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების ნახევარზე მეტის პრივატიზება. ჩამოყალიბდება სააქციო საზოგადოებები, საინვესტიციო ფონდების, ჰოლდინგური და ლიზინგური კომპანიების, სასაქონლო და ფასიანი ქაღალდების, ბირჟებისა და საბაზრო გარემოს შესაბამისი სხვა სტრუქტურები.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სტრუქტურებთან ერთად, შეიმუშავა ფუნდამენტური პროგრამა „პრივატიზაცია“. მის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკისათვის.
მოქალაქეთა კავშირი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ამ პროგრამის რეალიზაციას.
მიუხედავად მძიმე სასტარტო პირობებისა, ოპტიმისტური პროგნოზებია დასახული მატერიალური წარმოების სფეროს დარგების განვითარებაში.
1994 წლიდან გათვალისწინებულია სამრეწველო წარმოების მოცულობის შემცირების ტენდენციის დაძლევა და გარკვეული წინსვლის უზრუნველყოფა.
პროგნოზების მეორე ვარიანტით, 1994 წლისათვის, 1993 წელთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1,6-ჯერ გაიზრდება. მაგრამ ეს 1988 წლის დონის მხოლოდ 57 პროცენტი იქნება.
კერძო სექტორის ხვედრითი წილი 1993 წელს მრეწველობაში 1,5 პროცენტი იყო, 1994 წელს - 11% იქნება, ხოლო 1995 წელს - 13%-ს მიაღწევს.
მოგახსენებთ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროგნოზებიც, დაგეგმვაც, პროგრამებიც საორიენტაციოა და ძირფესვიანად განსხვავდება ე.წ. „დირექტიული დაგეგმარებისაგან“. ჩვენ დღეს თავისუფალი, ღია საბაზრო ეკონომიკის, ახალი, თავისუფალი ეკონომიკის ტერმინებით და კატეგორიებით ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ.
პროგრამის თანახმად, კანონზომიერად გაიზრდება ადგილობრივ სანედლეულო ბაზაზე დაფუძნებული დარგების ხვედრითი წილი, პირველ რიგში, სათბობისა და საშენ მასალათა მრეწველობაში.
რაც შეეხება მრეწველობის იმ დარგებს, რომლებიც ძირითადად შემოტანილ ნედლეულზე მუშაობენ, მათი ხვედრითი წილი თანდათანობით შემცირდება.
მრეწველობის სამინისტრომ, დეპარტამენტებმა „საქნავთობი“, „საქენერგო“, „საქგაზი“, „საქნახშირი“, კონცერნმა „ნავთობპროდუქტები“ სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშავეს პროგრამები „მრეწველობა“, „ენერგეტიკა“, რომლებიც კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის ეროვნული პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. მათი რეალიზაცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ამაყობს იმით, რომ მის რიგებში გაერთიანებული არიან მრეწველები, ბიზნესმენები, კომერსანტები, ბანკირები, ფინანსისტები, მენეჯერები, ახალი სოციალური ფენების წარმომადგენლები.
მოქალაქეთა კავშირი მთელი ხალხის და იმავე დროს თავისუფალ მეწარმეთა, დიდი, საშუალო, და მცირე ბიზნესის პოლიტიკური პარტიაა, პოლიტიკური მოძრაობაა, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი და ამოცანაა.
იმავე დროს, საბაზრო ეკონომიკა და კერძო მესაკუთრეობის დამკვიდრება თვითმიზნური პრინციპი არ არის.
მხოლოდ ასეთი ტიპის ეკონომიკა და მეურნეობრიობა იქნება საფუძველი ყოველი მოქალაქის შეძლებული ცხოვრებისა, დასაქმებისა, სიღატაკის თავიდან აცილებისა.
მესაკუთრეთა ფენის ფორმირებას ხელს შეუწყობს პრივატიზაციის პროცესში უპირატესობის მინიჭება კოლექტივებისათვის, მათი წევრებისა და ოჯახებისათვის.
საჭიროა, სწრაფად გადაიჭრას საკითხი ფარული პრივატიზაციის ლეგალიზაციის შესახებ. უნდობლობა არ უნდა გამოვუცხადოთ დირექტორთა, ხელმძღვანელთა და სპეციალისტთა კორპუსს, თუკი ისინი უზრუნველყოფენ წარმოების მაღალეფექტიანობას და კოლექტივის წევრთა უკეთეს ცხოვრებას.
მოქალაქეთა კავშირი იმავე დროს არა მხოლოდ სამრეწველო, არამედ აგრარული რეფორმების პარტია და პოლიტიკური მოძრაობაა.
ანტიკრიზისული პროგრამის მაქსიმალური ვარიანტით 1994 წელს 1993 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის მატება ნავარაუდევია - 53 პროცენტით, ამასთან გადამწყვეტ უპირატესობას მემცენარეობა დაისაკუთრებს, 1994 წელს მისი ხვედრითი წილი 80 პროცენტი გახდება.
საპროგნოზო პერიოდში გაგრძელდა კერძო სექტორის ხვედრითი წილის მატების ტენდენცია იმ ვარაუდით, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, 1996 წლისათვის იგი 70-80 პროცენტს მიაღწიეს.
1994 წლიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მარცვლეულის, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების წინგამსწრები ტემპებით განვითარების გზით.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაში დაგეგმილი დადებითი ძვრები უშუალოდ არის დაკავშირებული კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის შემდგომ განვითარებასთან, რომლის უმნიშვნელოვანეს ამოცანასაც წარმოადგენს ადგილობრივი ნედლეულის უდანაკარგოდ გადამუშავება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ამ საფუძველზე მისი შეუფერხებელი რეალიზაცია, როგორც რესპუბლიკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულის გათვალისწინებით 1994-1995 წლებში ნავარაუდევია საკონსერვო მრეწველობის, ღვინო-მასალების, პირველადი ბაიხის ჩაის, მინერალური წყლების, ხორცისა და რძის წარმოების სწრაფი ტემპებით განვითარება.
კვების მრეწველობის საწარმოების პრივატიზაციისა და აქციონერების შედეგად 1994-1995 წლებისათვის კერძო სექტორის ხვედრითი წილი ამ დარგში 25-30 პროცენტამდე გაიზრდება.
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტმა, სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა, პურ-პროდუქტების კორპორაციამ, სხვა უწყებებმა შეიმუშავეს აგრარულ-სამრეწველო კომპლექსში კრიზისის დაძლევის ფუნდამენტური პროგრამები („მიწა“, „პური“, „რძე“, „ხორცი“, „ჩაი“, „ციტრუსი“, „ღვინო“ და სხვ), რომელთა განხორციელებას ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვიმეორებ, ასეთი პროგრამების სიმრავლე, ნურავის მოეჩვენება თავისუფალი მეწარმეობისა და საბაზრო პრინციპების შეზღუდვად. პირიქით, ეს და სხვა პროგრამები, რომელთა შესახებ საუბარია ამ მოხსენებაში, ემყარება სწორედ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ეკონომიკის რეგულირების დემოკრატიულ, ცივილიზებულ მეთოდებს.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი აერთიანებს გლეხობას, ფერმერებს, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა ფართო ფენებს, აგრობიზნესში დაკავებულ მოსახლეობას. ამიტომ, მოქალაქეთა კავშირის ღვიძლი საქმეა აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის ფუნდამენტური პროგრამების განხორციელება.
ინვესტიციების შეზღუდულობის გამო, ინდუსტრიული ბაზებით აღჭურვილია სამშენებლო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუტვირთავია. მიზანშეწონილია აღნიშნული სამშენებლო ორგანიზაციების პრივატიზაციების დაჩქარება, გარდა დიდი სპეციალიზებული ორგანიზაციებისა („საქმონტაჟსპეცმშენი“, „საქგვირაბმშენი“, „საქჰიდროენერგომშენი“, „თბილმეტრომშენი“, „წყალმშენი“ და სხვა).
მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა კომიტეტმა შეიმუშავა პროგრამები „მშენებლობა“, „არქიტექტურა“, რომელთა განხორციელება დიდი ეროვნული საქმეა.
მიუხედავად მწვავე ფინანსური კრიზისისა, პროგნოზი ითვალისწინებს კავშირგაბმულობის დარგის შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში კი, სტიქიითა თუ საომარ-ტერორისტული მოქმედებებით დაზიანებული კომუნიკაციების აღდგენას. აქ კარგი პერსპექტივები გამოიკვეთა უცხოეთის ბიზნესთან თანამშრომლობაში.
აშშ ვიზიტის დროს გაფორმდა ხელშეკრულება კავშირგაბმულობის დარგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიზნით.
კავშირგაბმულობის სამინისტრომ, სხვა უწყებებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შექმნა პროგრამა „კავშირგაბმულობა“, რომელიც უსათუოდ უნდა განხორციელდეს. ეს პროგრამა, ისევე, როგორც ყველა სხვა ანალოგიური პროგრამა, კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
1994-1995 წლებში პროგნოზებით გათვალისწინებულია ტრანსპორტის ყველა სახეობის განვითარება.
საქართველოს სარკინიგზო, საზღვაოსნო, საჰაერო, საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტებმა, სხვა უწყებებთან ერთად, შეიმუშავეს პროგრამა „ტრანსპორტი“, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივებს გადაშლის რესპუბლიკის ეკონომიკისა და კულტურის წინაშე.
ყველა ამ პროგრამის მიზანია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურული მეურნეობის ყველა სფეროში შეუქცევადად დამკვიდრდეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, აამაღლოს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა.
მოქალაქეთა კავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიის პრობლემებს, მწვანეთა ეროვნულ და მსოფლიო მოძრაობას.
გარემოს დაცვის სამინისტრომ შექმნა ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების პროგრამა „ეკოლოგია“.
საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის მოქალაქეთა კავშირმა, ფართო საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ და სხვა დარგობრივი და დარგთაშორისი ინტეგრირებული, მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაში.
1994-1995 წლებში, 1993 წელთან შედარებით, ნავარაუდევია, მოსახლეობის ფულადი შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება (8-12 ჯერ 1994 წელს და 18-20 ჯერ 1995 წელს).
ამასთან, შემოსავლებში კვლავ დიდი ხვედრითი წილი ხელფასზე მოდის, თუმცა, მასში თანდათანობით მნიშვნელოვან ადგილს იჭერს შემოსავლები საფინანსო სისტემიდან.
1994 წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ფასების შედარებითი სტაბილიზაციის დაწყება, რასაც ხელს შეუწყობს მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო მექანიზმის რეალურად ამოქმედება და ეკონომიკური მეთოდებით ფასწარმოქმნის მართვადობის ამაღლება.
ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შექმნა პროგრამები „ვაჭრობა“, „მომარაგება“, აუცილებელია მათი რეალიზაცია.
II
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ პირობებში ეკონომიკის მართვადობის გაძლიერება, რაც გულისხმობს ეკონომიკის პირდაპირი და არაპირდაპირი, სახელმწიფო და საბაზრო რეგულირების მექანიზმების ორგანულ შერწყმას. ამისათვის აუცილებელია შემდეგი. გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება:
1. საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; 2. არსებულ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა პოლიტიკური მორატორუმის შესახებ, დესტაბილიზაციის დაუშვებლობის, რეფორმის ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში განხორციელების თაობაზე; 3. შეთანხმების დადება მთავრობას, მეწარმეებს და პროფკავშირებს შორის გაფიცვებზე მორატორიუმის შესახებ; 4. მწვავე კრიმინოგენური მდგომარეობის განმუხტვა ქვეყანაში; 5. საშემსრულებლო და სახელშეკრულებო დისციპლინის განმტკიცება მეურნეობრიობის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, სახელმწიფო საწარმოების პროდუქციის სახელმწიფო საცალო ქსელში თავისუფალ ფასებში გაყიდვა; 6. რაციონალური კონკრეტული ანტიკრიზისული პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რეგიონული და ფირმული ანტიკრიზისული პროგრამების ურთიერთდაბალანსება და სხვა.
ეკონომიკური მოშლილობის პირობებში საჭიროა მეურნეობის არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ (მთელი ეკონომიკის) სტაბილიზაციაზე ფიქრი, დიდი მნიშვნელობა აქვს მიკროეკონომიკასაც. (ცალკეულ საწარმოებს, ფირმებს და ა.შ.), ამიტომ თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს როგორ უნდა ამუშავდნენ საწარმოები, დაზუსტდეს ჩაკეტილი ციკლის წარმოების ორგანიზაციის მასშტაბები და იმ რესურსების ნუსხა და მოცულობა, რომელთა შემოტანა აუცილებელია საზღვარგარეთიდან. მხოლოდ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ადგილობრივი რესურსების სრულ გამოყენებას, მოთხოვნის შემცირებას საზღვარგარეთულ პროდუქციაზე და ამით საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას.
მოქალაქეთა კავშირი თვლის, რომ მოსახლეობის ფიზიკური შენარჩუნებისათვის აუცილებელია სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენებისათვის მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების გაწევა, ტრანსპორტის, განათლების, ჯანმრთელობის, მეცნიერების, კულტურის სახელმწიფო დოტირების რაციონალიზაცია.
სახელმწიფოს პროგრამა „სურსათის“ განხორციელების მიზნით, საბედნიეროდ სოფლის მეურნეობასთან ურთიერთობა უნდა დაეფუძნოს ნამდვილი კონტრაქტირების სისტემას, უნდა ჩამოყალიბდეს სოფლის მეურნეობრივი მწარმოებლის სტიმულირების საბაზრო მექანიზმი, პრიორიტეტულად უნდა განვითარდეს მარცვლეულის წარმოება, მეცხოველეობა, კომბინირებული საკვების მრეწველობა. ამ ეტაპზე დასაშვებია კონტრაქტირებით ნატურალური გაცვლის შემოღება.
მოქალაქეთა კავშირის აზრით, დღეს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა ჰიპერინფლაციის დაძლევა და ფულის კურსის სტაბილიზაცია. სახელმწიფოს ანტიინფლაციური პროგრამის უმთავრეს შემადგენელ ნაწილად მიგვაჩნია ფინანსური სტაბილიზაციის ღონისძიებები, ბიუჯეტის დეფიციტის მაქსიმალურად შემცირება, სტრუქტურული დისპროპორციების დაძლევა, სამომხმარებლო ბაზრის გაჯერება მინიმალურად აუცილებელ დონეზე, იმპორტ-ექსპორტის სტრუქტურის რეორგანიზაცია.
უშუალოდ ფასწარმოქმნის სფეროში გასატარებელი ღონისძიებებია: ფასწარმოქმნის, მართვადობის ამაღლება, მისი სახელმწიფო რეგულირების, ფასების აღრიცხვის, რეგისტრაციის, ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის სრულყოფა. ფასწარმოებაში ანტიმონოპოლიური ღონისძიებების გატარება, სპეციალური სამთავრობო კონკრეტული პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
ეკონომიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან ერთ-ერთი უმთავრესია ეროვნული ვალუტის საკითხი. კუპონმა უნდა მოამზადოს სრულფასოვან ფულად ერთეულზე გადასასვლელი ეკონომიკური პირობები. ამისათვის გარდამავალ პერიოდში ეკონომიკის გამოცოცხლებამდე უნდა განხორციელდეს მკაცრი შერჩევითი, სელექციური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, უზრუნველყოფილი იქნეს კუპონის სრულმასშტაბიანი მიმოქცევა, წარმოების მოცულობის გადიდება, საჩეკო (სავექსელო) ანგარიშსწორების მექანიზმების ამოქმედება, ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება.
ქართული ფულის უზრუნველყოფის ბაზის შესაქმნელად უნდა იქნეს გამოყენებული: ერთი მხრივ, სასაქონლო რესურსები, - რაც წარმოების დონეზე, იქნება დამოკიდებული, კეთილშობილი ლითონები, უცხოური ვალუტა და სხვა რეალური ფასეულობები. მათ შორის ბუნებრივი რესურსებიც, რომელთა დაგირავება შეიძლება საზღვარგარეთ ეროვნული ვალუტის განმტკიცების მიზნით. მეორე მხრივ, მიზანშეწონილია ეროვნული ვალუტის უცხოურ სარეზერვო ვალუტაზე ე.წ. „მიბმის“ ეფექტური მექანიზმის შემუშავება. ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ შეღავათიანი კრედიტის მიღების ხარჯზე ეროვნული ვალუტის გამაგრების შესაძლებლობებს.
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ სამანეთო ზონაში შესვლის საკითხი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს, საკუთარი შესაძლებლობებისა და საგარეო ურთიერთობების ყოველმხრივი გათვალისწინების საფუძველზე. აქ არ გამოქვეყნდება ნაჩქარევი დასკვნები.
უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა „საქართველოს ეკონომიკა და სამანეთო და სადოლარო ზონები“.
ზოგს მიაჩნია, რომ სამანეთო ზონა არ არსებობს, ეს მოსაზრება არასწორია.
მოქალაქეთა კავშირი თვლის, რომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებას.
საჭიროა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი სისტემის შექმნა, მისი ეტაპობრივი დახვეწა, განვითარება და დანერგვა.
ეკონომიკის რეგულირების მექანიზმის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად 1994-1995 წლებში და შემდგომი პერიოდისათვის მიგვაჩნია მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები, როგორც ვთქვით შემუშავებულია 100-მდე ასეთი პროგრამა. საგულისხმოა, აშშ ამას წინათ ვიზიტის დროს ძირითადად მოწონებულ იქნა 12 პროექტი, რომლებზეც ინვესტირებული იქნება საკმაოდ დიდი სახსრები.
მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებენ რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უახლოეს ამოცანებსა და ქვეყნის ეკონომიკის ავტონომიური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით უპირატესობა მიენიჭება მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის დონის ამაღლების, ენერგომომარაგების გაუმჯობესებისა და მოშლილი კომუნიკაციების აღდგენა-განახლების პროგრამებს. რესურსების გარკვეული ნაწილი მოხმარდება საომარი მოქმედებებისა და დივერსიების შედეგად დანგრეული შენობა-ნაგებობების, პირველ რიგში, სოციალური ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტების აღდგენას, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასა და მათთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას.
III
1994-1995 წლებში სახელმწიფო რეგულირებაში წამყვან ადგილს დაიჭერს ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებათა განხორციელება.
საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს სახელმწიფო რეგულირების ეკონომიკურ ღონისძიებათა ოპერატიულ და ქმედით განხორციელებას, კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს საგანგებო პერიოდში უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება პროექტების წინასწარი გამოქვეყნებისა და პარლამენტში განხილვის გარეშე მიიღონ დეკრეტები, სხვა საკანონმდებლო აქტები და გადაწყვეტილებები.
სახელმწიფოს მეთაურს უნდა მიენიჭოს უფლება დროებით შეაჩეროს ცალკეული საკანონმდებლო აქტები ეკონომიკის სფეროში.
ეს აუცილებელია კატასტროფისაგან ეკონომიკისა და ხალხის დასახსნელად და სავსებით შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს. ეს ღონისძიებები საჭიროა ქაოსისა და ანარქიისაგან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გადასარჩენად.
მოქალაქეთა კავშირის თვალსაზრისით საგანგებო ღონისძიებათა განხორციელება მოითხოვს ერთდროულად საქმიანობის გაძლიერებას ორი მიმართულებით:
პირველი. ეკონომიკური რეფორმის ფორმირებას - არარენტაბელური, ნაკლებსტრატეგიული და ა.შ. დარგთა საწარმოების პრივატიზების დაჩქარების, სტრატეგიული საწარმოების აქციონირების და საბანკო რეფორმის მოკლე ვადებში განხორციელებას, ინფლაციის საწინააღმდეგო მონეტარული მოთხოვნების მკაცრად დაცვას და ა.შ.
მეორე. ეკონომიკაში სახელმწიფოს დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკაში მიღებული პრინციპებით ჩარევის ეფექტიანობის მკვეთრად გადიდებას, ადმინისტრაციულ-ცენტრალიზებული ჩარევის მაქსიმალურად შეზღუდვას ყოველგვარი ასეთი ჩარევის წინასწარ გათვლილი გარანტირებული შედეგის გათვალისწინებით.
1994 წელი გადამწყვეტია ჩვენს ბრძოლაში კრიზისთან, ანარქიასთან, ქაოსთან, დესტაბილიზაციასთან.
კრიზისის დაძლევის მიზნით 1994 წელს ოპერატიულად უნდა განხორციელდეს საგანგებო, დროებითი ღონისძიებები. მათ შორის:
1. სახელმწიფო კრედიტი 1994 წლის პირველ ნახევარში გაიცეს, როგორც წესი, მხოლოდ სურსათისა, საწვავის და მედიკამენტების შემოსატანად. დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახსრების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენებისათვის; 2. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სურსათის მკაცრად განსაზღვრულ სახეობათა (პური, შაქარი, მცენარეული ზეთი, მარილი და სხვ.) რეგიონების და ქალაქების მიხედვით გარანტირებული გაცემა; უნდა შემოვიღოთ საბარათო სისტემა რესურსების შესაბამისად; 3. უნდა დაწესდეს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ცენტრალიზებული ნორმირებული განაწილება, მოსახლეობის ჩათვლით; 4. შესაბამისი რესურსების წამოქმნისათვის შესაძლებელია ჩაის, ღვინის, ციტრუსების, მინერალური სასუქების, ლითონური პროდუქციის, ექსპორტის საკონტაქტო სისტემით განხორციელება; 5. ნორმირებული განაწილებისათვის სახელმწიფოს ხელში სასურსათო პროდუქტების რესურსების თავმოყრის მიზნით, საჭიროა გამოყენებულ იქნეს გლეხობასა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებთან წინასწარ კონტრაქტების გაფორმება, დაინერგოს სურსათის ფასად - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საწვავისა და სასუქების გარანტირებულად მიწოდება. 6. მიზანშეწონილია სახელმწიფო ცენტრალიზებული კაპიტალდაბანდებების კონცენტრაცია მხოლოდ სასიცოცხლო უზრუნველყოფის ობიექტებზე (სურსათი, ენერგეტიკა, თავდაცვა, ტრანსპორტი, წესრიგის დაცვის ორგანოები, ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.); 7. უპერსპექტივო, უნედლეულო და უბაზრო საწარმოები (თუ მათი აუქციონირება და პრივატიზაცია არ მოხერხდება) - უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ ფირმებს - მათი ფუნქციონირების გარანტიით, პროფილის შეცვლის ნებართვით, გარკვეულ პერიოდში (5-10 წ.) მოგების დაბეგვრისაგან განთავისუფლებითაც კი; 8. აუცილებელია ფულის რეფორმაზე ფიქრი რესპუბლიკისათვის დღეს ყველაზე უფრო მისაღები ფორმით, კუპონის დენომინაცია და გამაგრება; სხვა ქვეყნის ვალუტის დროებით გამოყენება და სხვა; 9. საჭიროა ვაუჩერიზაციის განხორციელება, საპრივატიზაციო ბარათების გაცემა; 10. აუცილებელია საბიუჯეტო სისტემის სრულყოფა;
უსათუოდ უნდა განხორციელდეს შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული პროგრამა „ბიუჯეტი“, რომელიც პირველ რიგში საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრას გულისხმობს;
ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროა დაამთავრონ მუშაობა პროგრამებზე „საბანკო რეფორმა“, „საფინანსო რეფორმა“. 11. აუცილებელია შემნახველ ბანკებში შენატანების (განსაკუთრებით კი ვადიანების) პროცენტების მრავალჯერადი გაზრდა;
- სარეზერვო ვალუტის შექმნა;
- ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებელი და განმახორციელებელი მუდმივმოქმედი სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბება;
- სახელმწიფო პროგრამების „კუპონის კურსის“ და „ეროვნული ვალუტის“ განხორციელება; 12. მიზანშეწონილია ფასებისა და ტარიფების ზრდის პირობებში მოსახლეობის სოციალური დაცვის მექანიზმის დახვეწა იმ ანგარიშით, რომ უფრო კონკრეტული და მიზნობრივი გახდეს გაცემული სახსრების გამოყენება;
- საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის იმ კატეგორიების ზუსტი აღრიცხვა, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ სოციალურ დაცვას; უმუშევრობის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა; სრული წესრიგის დამყარება ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაში;
- რესპუბლიკის დიდ ქალაქებში შეღავათიანი ფასებით მოვაჭრე მაღაზიების (მომსახურე ობიექტების, მათ შორის სასადილოების ქსელის შექმნა;
- ძირითადი სახეობების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულირების საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი მოდელის შემუშავება და დანერგვა, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და პროდუქტების რესპუბლიკური ბირჟის შექმნა;
ფასებისა და კონიუნქტორის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო ცენტრის დაარსება და სხვ.
კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის ეროვნული პროგრამა მოიცავს მრავალ სხვა საკითხს, ღონისძიებათა დიდ კომპლექსს, რომელთა შესახებ ამომწურავი საუბარი სხვა დროს გვექნება.
IV
ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების განხორციელების ტემპები და მასშტაბები დამოკიდებული იქნება საქართველოს შინაგანი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობაზე და იმ საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ხასიათზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკას მოუწევს ფუნქციონირება უახლოეს მომავალსა თუ შორეულ პერსპექტივაში. ამ თვალსაზრისით საქართველოს პოტენციურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს შემდეგი გარემოებანი:
ა) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო პარამეტრების მიხედვით დასავლური სამყაროდან საქართველოს არსებითი ჩამორჩენის მიუხედავად იგი დღეისათვის მაინც ფლობს მნიშვნელოვან საწარმოო პოტენციალს, რომელსაც უნარი შესწევს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებისა და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სერიოზული ფაქტორი შეიძლება გახდეს მისი მნიშვნელოვანწილად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა.
- საქართველო ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოებისათვის წარმოადგენს ერთადერთ გასასვლელს შავი ზღვის ევროპულ-ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩართვისათვის;
- საქართველოს სატრანსპორტო სისტემა პოტენციაში შეიძლება გახდეს დიდმნიშვნელოვანი ელემენტი ევროპა-აზიის სატრანსპორტო არტერიისა, რომელიც დააკავშირებს, ერთი მხრივ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, მეორე მხრივ, სამხრეთსა და ჩრდილოეთს.
გ) საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების თავისებურებანი საკმაო ეფექტიანობით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოფილ სსრ კავშირის ეკონომიკურ სივრცესთან სამეურნეო ურთიერთობებისათვის, უწინარეს ყოვლისა სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურებისა და მათი გადამუშავების პროდუქტების (ჩაი, ღვინო, კონიაკი და სხვ.) წარმოებაში ფაქტიურად მონოპოლური მდგომარეობის გამოყენების საფუძველზე, განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში;
დ) პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ფაქტორი იქნება რეკრეციული რესურსების, მათ შორის მინერალური და ჩვეულებრივი სასმელი წყლის ეფექტიანად გამოყენება;
ე) მართალია, საქართველო ამჟამად არ ფლობს მსოფლიო ბაზრის თვალსაზრისით სასარგებლო წიაღისეულის განსაკუთრებით დიდ მარაგებს, მაგრამ ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მანგანუმის, დარიშხანის, ფერადი ლითონების, არალითონური წიაღისეულის, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების და სხვათა არსებული საბადოების თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე ათვისება-გამოყენებას;
ვ) საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან საყრდენად დარჩება მდიდარი ჰიდროენერგორესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი ათვისება ეკოლოგიურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვის პირობით. პარალელურად ყურადღება უნდა მიექცეს მარაგის გამოვლენის პერსპექტივების მაქსიმალურ რეალიზაციას, მიწის თბურ ენეგიას, მზის ენერგიას, მცირე ჰესებს, და სხვ.
ზ) ეკონომიკური განვითარების დიდმნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და საგანმანათლებლო პოტენციალი, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკა თვისობრივად განსხვავდება სხვა განვითარებადი ქვეყნებისაგან;
თ) საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირეულ ფაქტორად თანამედროვე ეტაპსა და პერსპექტივაში რჩება შრომითი რესურსები და სამუშაო ძალა, რომელიც მეტ-ნაკლებად ფლობს წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს და რომელსაც აქვს უნარი აითვისოს ურთულესი საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, ამასთან, ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური-ეკონომიკური პირობების გამო სამუშაო ძალა საქართველოში რამდენჯერმე იაფი იქნება, ვიდრე დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნების, რაც საზღვარგარეთული კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთ მოტივად უნდა მივიჩნიოთ;
ი) საქართველოს ეკონომიკური წინსვლის არსებითი ფაქტორია მისი თანმიმდევრული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროსთან, დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოთა ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციათა პროგრამების რეალიზაცია, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან კოოპერაცია და სხვ.
ამ რეზერვების რეალიზებისათვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზოგადი ტენდენციები, რომელთა თანახმადაც თანამედროვე მსოფლიოში უპირატესობა ენიჭება დროის, ინფორმაციულ, მეცნიერულ ცოდნას, წარმოების ორგანიზაციის, გეოპოლიტიკურ, მენეჯმენტურ და სხვა ახალ ინტელექტუალურ რესურსებს.
აქედან გამომდინარე დღევანდელი ჩამორჩენილობის გარღვევისათვის გრძელვადიან პერიოდში საქართველოსათვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია პოსტინდუსტრიული საზოგადოებისა და ერთიანი ეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირების სინთეზური განვითარება, კერძოდ, საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალის, არამატერიალური სფეროს, ინფორმაციულ-კომუნიკაციური სექტორის, უნარჩენო, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების უპირატესი განვითარება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვითი ძლიერების უზრუნველყოფა. ამასთან საქართველომ ღირსეული წვლილი უნდა შეიტანოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარებისა და XXI საუკუნისათვის დღის წესრიგის კონცეფციების განხორციელებაში. ამ საფუძველზე ეკონომიკის ძირეულ სტრუქტურული მოდერნიზაცია უნდა წარიმართოს შემდეგ ამოცანათა თანმიმდევრული განხორციელების გათვალისწინებით:
ა) უნდა ჩამოყალიბდეს ყველა სასიცოცხლო დარგი იმ მინიმალური დონით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის ავტონომიურ ფუნქციონირებას და გამორიცხვას მის პარალიზებას პოლიტიკური გართულებისა თუ ომის შემთხვევაში;
ბ) უნდა გამოირიცხოს ნებისმიერ ქვეყანაზე ან მათ ჯგუფზე ცალმხრივი დამოკიდებულება და დამყარდეს ალტერნატიული კავშირები როგორც სანედლეულო-ენერგეტიკული წყაროების, ისე გასაღების ბაზრების თვალსაზრისით;
გ) უნდა განხორციელდეს საქართველოს ორგანული ჩართვა მსოფლიო სამეურნეო კავშირებში, რაც უწინარეს ყოვლისა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გადიდებას გულისხმობს.
ეკონომიკური სტრატეგიის რეალიზაცია საფუძველს შექმნის სოციალური განვითარების უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რომლის არსიც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფაა საქართველოს ეროვნულ თავისებურებათა და მოთხოვნილების სპეციფიკის გათვალისწინებით.
V
მოქალაქეთა კავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მეცნიერების განვითარებას. განსახილველ პერიოდში სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მთავარ ამოცანად მიჩნეულია ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ხელშეწყობა. ამავე პერიოდში მოხდება მეცნიერულ-ტექნოლოგიური სფეროს სახელმწიფოს ხელშეწყობის მექანიზმის ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული პოლიტიკის საფუძვლების შექმნას და საქმიანობის ამ სფეროს სამართლებრივ დაცვას, პრიორიტეტული მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრამების განხორციელებას და საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.
მეცნიერებათა აკადემია, თავისი 200-მდე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრით, საინჟინრო და სოფლის მეურნეობის აკადემიები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტი, პარლამენტის მეცნიერების მუდმივმოქმედი კომისია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების მომზადებაში („მეცნიერება“, „ტექნოლოგიები“ და სხვა).
პერსპექტივაში საქართველოს მეცნიერება და ტექნიკა, ტექნოლოგიები მსოფლიო მიღწევების დონეზე უნდა დადგეს. საქართველოში უნდა განვახორციელოთ თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუცია. ასეთია ამოცანა.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის 10 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მონაწილეობდა რუსეთის ანტიკრიზისული ფედერალური პროგრამის და მისი ალტერნატიული ვარიანტების მომზადებაში. კარგი იქნება თუ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და მისი ინსტიტუტები უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაში, მეცნიერების ფუნდამენტური და გამოყენებითი დარგების განვითარებაში, წარმოების და მეცნიერების ინტეგრირებაში.
მოქალაქეთა კავშირი ამაყობს საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერით. მოქალაქეთა კავშირი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის რიგებში გააერთიანოს ყველა თაობის მეცნიერთა ახალი და ახალი ფენები, გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც დღეს ხელს უშლიან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას.
მოქალაქეთა კავშირი - ეს არის პირველ რიგში მეცნიერთა, ფილოსოფოსთა, ეკონომისტთა, ფიზიკოსთა, ფსიქოლოგთა, ეკონომისტთა, ფიზიკოსთა, ფსიქოლოგთა, პოლიტოლოგთა, მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა დარგის სპეციალისტთა, ინტელექტუალთა პოლიტიკური მოძრაობა.
VI
მოქალაქეთა კავშირი დიდად არის დაინტერესებული განათლების სისტემის სრულყოფით, მოსწავლეთა და სტუდენტი ახალგაზრდობის, მასწავლებელთა და პროფესორთა როლის ამაღლებით ეროვნული საქმეების გადაწყვეტაში. საპროგნოზო წლებში ნავარაუდევია განათლების სისტემაში მიმდინარე უარყოფითი პროცესების შეჩერება და გარკვეული აღმავლობის მიღწევა.
აღსაზრდელთა კონტინგენტი მუდმივმოქმედ სკოლამდელ დაწესებულებებში 1994 წელს, 1993 წელთან შედარებით, გაიზარდა 800 ბავშვით, ხოლო 1995 წელს - 3300 ბავშვით, ამ დაწესებულებებით ბავშვთა უზრუნველყოფის მაჩვენებელი კი შესაბამისად - 47 პროცენტსა და 50 პროცენტს მიაღწევს.
1994-1995 წლებშიც გაგრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია, რაც გამოწვეულია როგორც ამ ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობის, ასევე დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებით. სამაგიეროდ პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში გათვალისწინებულია მოსწავლეთა კონტინგენტის გარკვეული ზრდა.
საპროგნოზო პერიოდში უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო შეკვეთით მისაღები კონტინგენტის შემცირების ტენდენცია ამ სასწავლებელთა ფასიანი ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოების გამო კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს. ამასთან უნდა გაიზარდოს მოთხოვნები ფასიანი სასწავლებლების მიმართ, პირველ რიგში კი უნდა დაინერგოს უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაციის წესი, ფასიანი სწავლება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების საქმედ უნდა იქცეს.
სახელმწიფოს მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის დავალებით განათლების სამინისტრომ, პარლამენტის განათლების მუდმივმოქმედი კომისია, განათლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, სკოლები, გიმნაზიები, ლიცეუმები, უნივესიტეტები, კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები, პოლიტიკური პარტიები, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები მუშაობენ პროგრამაზე „განათლება“.
მოქალაქეთა კავშირმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროგრამის შედგენაში, განხილვასა და განხორციელებაში, მოაწყოს საერთო პარტიული დისკუსია ამ თემაზე.
საჭიროა ეროვნული პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის განათლების სისტემის ძირფესვიანი რეფორმა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მიღწევებსა და ამ დარგში ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზის გზით.
მოქალაქეთა კავშირი - ეს ჩვენი პედაგოგების, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური მოძრაობაა.
მოქალაქეთა კავშირს განათლება შეაქვს ხალხში და ამ მისიას ის მით უფრო ეფექტიანად შეასრულებს, რაც უფრო მეტი იქნება მის რიგებში განათლების სფეროს მუშაკები, მოსწავლეები და სტუდენტები.
მოქალაქეთა კავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მთავრობის სტრუქტურაში არსებობს ახალგაზრდობის საქმეთა უწყება, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის პრობლემების გადაწყვეტას.
მოქალაქეთა კავშირი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და პერსპექტიული იქნება, რაც უფრო მეტი თავისუფლად მოაზროვნე დემოკრატი ჭაბუკი და ქალიშვილი გაერთიანდება მის რიგებში, მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რომელიც ახლახან დაარსდა და აქტიურ მუშაობას ეწევა.
მოქალაქეთა კავშირი მომავლის დემოკრატიული ორგანიზაციაა. ის ახალგაზრდაა სულით, ის სავსეა ოპტიმიზმით და ხვალინდელი დღის რწმენით. მშვენიერია მისი იდეალები, მისი პროგრამა და ამიტომ ერთიანდება მისი დროშის ქვეშ XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის ახალგაზრდობა. ახალგაზრდობის ეს დიდი ნდობა უნდა გავამართლოთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით.
მუშავდება პროგრამა „ახალგაზრდობის პრობლემები“. მოქალაქეთა კავშირმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში, თუ მას სურს ახალგაზრდობის ნდობა, პატივისცემა და სიყვარული დაიმსახუროს.
VII
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ ქართული კულტურა უნიკალური მოვლენაა, ქართული მწერლობა, მუსიკა, თეატრი, კინო, არქიტექტურა, მხატვრობა, დიზაინი, მთელი კულტურა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საკაცობრიო მნიშვნელობისაა.
დიდი პრობლემებია გადასაწყვეტი კულტურის სფეროში.
სამწუხაროა, რომ მოსალოდნელია კულტურული დაწესებულებების (ბიბლიოთეკების, კლუბების და ა.შ.) ქსელის შემდგომი შემცირება, რითაც კიდევ უფრო უარყოფითად გაიზრდება სხვაობა ამ ქსელით უზრუნველყოფის ფაქტობრივ და ნორმატიულ მაჩვენებლებს შორის.
სასიხარულოა, რომ პროგრამით უახლოეს პერიოდში ნავარაუდევია წიგნის პროდუქციის, მათ შორის სახელმძღვანელოების, ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ზრდა.
მოქალაქეთა კავშირი მხარს უჭერს იმ იდეას, რომ შემუშავებულ იქნეს სახელმწიფო პროგრამა „კულტურა“.
ეს დავალება მიღებული აქვს კულტურის სამინისტროს, პარლამენტის კულტურის კომისიას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მმართველობის ორგანოებს, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს.
ამ პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ შემოქმედებითმა ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ, მთელმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა, პირველ რიგში - მოქალაქეთა კავშირმა.
სახელმწიფო, საზოგადოება, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ფონდები, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესი, კერძო სექტორი მეცენატები, ჭეშმარიტი მამულიშვილები, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რომ კვლავაც განვითარდეს საქართველოს ერისა და საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის სულიერი და მატერიალური კულტურა.
საჭიროა უფრო ეფექტური თანამშრომლობა გაეროსთან, იუნესკოსთან, ევროთათბირთან, მსოფლიოს საერთაშორისო კულტურულ ორგანიზაციებთან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურის უფრო უკეთ წარმოსაჩენად.
წარმოსაჩენი კი ბევრი რამ გვაქვს. ამ კრიზისულ სიტუაციაშიც კი ტრიუმფალურად ხორციელდება ქართული კულტურის მოღვაწეთა გასტროლები, გამოფენები, ფესტივალები, დეკადები საზღვარგარეთ.
გარკვეულ მუშაობას ეწევა ქართული კულტურის ხსნის კომიტეტი.
როგორც ერთხელ ითქვა: კულტურა უნდა იხსნას ხალხმა, ხალხი უნდა იხსნას კულტურამ.
მოქალაქეთა კავშირი მით უფრო ძლიერი იქნება, რაც უფრო მეტი შემოქმედი, მწერალი, კომპოზიტორი, კინემატოგრაფისტი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, არქიტექტორი, მუსიკოსი, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწე გაერთიანდება მის რიგებში.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეები დიდ ეროვნულ საქმიანობას ეწევიან მოქალაქეთა კავშირში. მათ ვხედავთ ყველა დონეზე, როგორც რიგით წევრთა, ისე მოძრაობის ლიდერთა შორის. და ეს მეტად გვახარებს.
* * *
ეროვნულ მოძრაობასა და ინტელიგენციის როლზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მე არ მინდა ამ საკითხების გარშემო დღეს დისკუსიასა და კამათში ჩავერთო. ამის დროც მოვა. დღეს მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ უბედურება იყო ბოლო წლების ეროვნულ მოძრაობაში რომ უკიდურესმა რადიკალიზმმა გაიმარჯვა. ეს სხვა ფაქტორებთან ერთად მოსახლეობის გულუბრყვილობის და პოლიტიკური გამოუცდელობის შედეგიც იყო.
ახლა ხალხი დაბრძენდა და, მიუხედავად სიდუხჭირისა და შიმშილისა, იგი რადიკალებსა და პოპულისტებს უკვე აღარ გაჰყვება. ინტელიგენცია არც ადრე გაჰყოლია მათ. მაგრამ ისტორიაში, ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ზვიადისტების შავი საქმე და ბოროტი ზრახვები სხვა ძალამ იკისროს. ისინი, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ჩუმი საბოტაჟის კურსს ატარებენ.
მე ვთვლი, რომ ეროვნული მოძრაობა უფართოესი ცნებაა. დისიდენტურობა დიდი და უმნიშვნელოვანესი ნაკადია ეროვნული მოძრაობისა. მაგრამ დისიდენტობა ვერ ამოწურავს მთელ ეროვნულ მოძრაობას. ეროვნული მოძრაობა დისიდენტობაზე უფრო ფართო და ღრმა ცნებაა.
რით არ არიან ეროვნული მოძრაობის გმირები ისინი, ვინც ოციან წლებში საქართველოს ტაძრები და ეკლესიები გადაარჩინა?
ან ისინი, ვინც მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების შედევრებს ქმნიდა, ადამიანის სულიერებას აყალიბებდა? ეს ფენომენი რომ არა, საქართველო ხომ დაკნინდებოდა?!
განა ეროვნული მოძრაობის გმირები არ არიან ისინი, ვინც ქართული მეცნიერება შექმნა და ქვეყანას მსოფლიოში გაუთქვა სახელი!
ვინც განათლების ფრონტზე იბრძოდა, სახელმძღვანელოებს ქმნიდა, ახალ თაობებს პარტიულ და ჰუმანურ იდეებს აზიარებდა.
განა ეროვნული გმირი არ არის ჯარისკაცის ის მამა, რომელმაც ტანკი შეაჩერა, უცხო ქვეყანაში ვაზს გადაეფარა და გადაარჩინა?!
ეროვნული გმირები არიან 9 აპრილის მსხვერპლნი, 1956 წლის 9 მარტს უსამართლო შეტაკებაში დაღუპულნი, ისინი, ვინც იცავდა სოხუმს, ვინც პროვინციულ ფაშიზმს გზა გადაუღობა.
ეროვნული მოძრაობის განუყოფელი ნაწილია საზოგადოების ის წევრები (და ისინი ამ დარბაზში მრავლად არიან), ვინც სძლია საკუთარ თავს, უარჰყო ერთი მსოფლმხედველობა და იწამა მეორე, უყოყმანოდ დადგა ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის ბარიკადებზე.
მრავალი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ასე მესმის მე ეროვნული მოძრაობა და მისი შემადგენელი ნაწილები.
ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ უდიდესი როლი შეასრულეს ეროვნულ მოძრაობაში, რომელშიც ყველა თაობა იღებდა აქტიურ მონაწილეობას.
განა ეროვნული მოძრაობის მონაწილენი არ არიან ის ექიმები, რომლებმაც თავი შესწირეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში?!
VIII
მოქალაქეთა კავშირს მიაჩნია, რომ დემოგრაფიული ბალანსი დაირღვევა, თუ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება არ გაუმჯობესდება. რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით 1994 წლიდან განზრახულია სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლა, რის შესახებაც მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტაცია (კონცეფცია).
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები მუშაობენ პროგრამაზე „ჯანმრთელობა“, „კურორტები“, „სადაზღვევო მედიცინა“ და სხვ. მოქალაქეთა კავშირმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესში.
საპროგნოზო გაანგარიშებაში გათვალისწინებულია აგრეთვე სპორტული და საკურორტო-ტურისტული დაწესებულებების საქმიანობის შემდგომი აღორძინება, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების საფუძველზე, რაც ძირითადად არაცენტრალიზებული, მათ შორის კერძო სტრუქტურების სახსრებით უნდა მოხდეს.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემა დღეს ჩვენი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და ჩამორჩენილი უბანია. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის მიუწვდომელი გახდა სამედიცინო მომსახურება.
მოქალაქეთა კავშირმა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემა განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგეს.
მოქალაქეთა კავშირი აერთიანებს ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა ფართო ფენებს. ჩვენ მადლობას ვუცხადებთ მათ, ისევე როგორც ინტელიგენციის ყველა ფენას, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
რაც მეტი ექიმი, ფარმაცევტი, ჯანმრთელობის დაცვის მუშაკი იქნება ჩვენს რიგებში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა, მით უფრო მეტს გავაკეთებთ ხალხის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.
IX
საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის ხსნა კრიზისისგან შეუძლებელია სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების გარეშე.
სახელმწიფოს მეთაურის და მინისტრთა კაბინეტის დავალებით საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ძირითადად შემუშავებულია.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მხარს უჭერს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს და მომავალში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის, მშვიდობისმოყვარე ჰუმანურ, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის სრულყოფასა და ეფექტიანად განხორციელებაში.
მოქალაქეთა კავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს სუვერენული რესპუბლიკა აღიარა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ, რომ დღითიდღე უმჯობესდება ურთიერთობა გაეროსთან, უშიშროების საბჭოსთან, იუნესკოსთან, ნატოსთან, მსოფლიო ბანკთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროთათბირთან, ევროპარლამენტთან, ევროგაერთიანებასთან, „ესენგესთან“, რუსეთთან, უკრაინასთან, თურქეთთან, სპარსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, შავი ზღვის ქვეყნების ალიანსთან, წინა აზიის, მცირე აზიის, ცენტრალური აზიის, კავკასიის და ამიერკავკასიის ქვეყნებთან, ამერიკის, ევროპის, აზიის, დედამიწის ყველა კონტინენტის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მიესალმება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის წარმატებებს. ის აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ფუნდამენტური პროგრამის „საგარეო პოლიტიკა: დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტები“ - მომზადებასა და ხორცშესხმაში.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი იწონებს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად ასპექტებს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროგრამების - „ექსპორტი“ და „იმპორტი“ შემუშავებასა და განხორციელებაში, მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირებაში, მსოფლიოს ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობათა ქსელის გაფართოებაში, ნორმალური საერთაშორისო დიპლომატიური, ეკონომიკური, სავაჭო, ფინანსური, კულტურული, სპორტული, ტურისტული ურთიერთობებისათვის სათანადო პოლიტიკური სამართლებრივი, ინტელექტუალური, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის ბაზის შექმნაში.
მოქალაქეთა კავშირის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური რეფორმების მონახაზები იმ საპროგრამო და საწესდებო პრინციპებს დაემყარება, რომელიც თქვენ უკვე განიხილეთ და მოიწონეთ, ჩვენი საქმიანობის განმსაზღვრელი დებულებები ეყრდნობა არა ყალბ ილუზიებს, პოპულიზმს და ადამიანთა გაჭირვებაზე დემაგოგიურ სპეკულირებას, არამედ რეალურ და ქმედით პოლიტიკას.
კავშირის ქვაკუთხედი, მისი საზრუნავი, მისი არსებობის და ძლიერების წყაროა მოქალაქე - თავისი ოჯახით, თავისუფალი პიროვნება, მისი ინტერესები, უფლებები, მოვალეობანი და პასუხისმგებლობა.
ადამიანის ზნეობა და აქედან გამომდინარე ზნეობრივი საშინაო და საგარეო პოლიტიკა კავშირის ფუძემდებლური პრინციპია.
მოქალაქეთა კავშირისათვის საშინაო და საგარეო პოლიტიკა განუყოფელია და ორივე ერთად ემსახურება საქართველოს კეთილდღეობასა და აყვავებას.
* * *
საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პირველი ყრილობა საფუძველს უყრის საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ისტორიაში, დემოკრატიული საზოგადოების მატიანეში სრულიად ახალ ეტაპს. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, როგორც პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოძრაობა თავისი წესდებით, პროგრამით, პირადი შემადგენლობით, თავისი პოლიტიკური, ფილოსოფიური, კულტურული და რელიგიური იდეალებით წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების ქართულ ანალოგს. ეს არის თავისუფალ მოაზროვნე დემოკრატთა პარტია, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას ეფექტიანი ეკონომიკა, თანამედროვე ცივილიზაცია და კულტურა, დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება და სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო.
მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, კონფესიისა, რწმენისა, ვისაც ეს იდეალები ასულდგმულებს, მხარში ამოუდგნენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირს თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.
ჩვენ ვიცავთ ადამიანისა და ერების უფლებებს!
ჩვენთან არს ღმერთი! სიმართლე და სამართლიანობა!
გმადლობთ ყურადღებისათვის!
სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკა! : ედუარდ შევარდნაძის მოხსენება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 მარტი. - N43(845). - 1,2,3,4 გვ.
![]() |
46 ედუარდ შევარდნაძე: თუ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებას, აფხაზეთის საკითხის ნორმალური პოლიტიკური გზებით მოგვარებას, სამაჩაბლოს საკითხის გადაწყვეტას და ეკონომიკის გამოცოცხლებას, ჩვენი ადგილი გვექნება მსოფლიო პოლიტიკაში |
▲ზევით დაბრუნება |
21 მარტის რადიოინტერვიუ
- ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დასრულებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ჯეიმს ბეიკერი ეწვია. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს ამერიკული ვიზიტის გაგრძელებად, თუ უბრალოდ დამთხვევაა. შეიძლება თუ არა საუბარი საქართველოს ახალ ფუნქციაზე? რამდენად საფუძვლიანია რუსეთის პრესისა თუ გარკვეული წრეების გაღიზიანება ამერიკაში ნაზარბაევის, კრავჩუკისა და შევარდნაძის ვიზიტის გამო? გამოითქვა ასეთი მოსაზრებანიც, რომ ამერიკა გავლენის სფეროებს ართმევს რუსეთს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- ჯეიმს ბეიკერის ჩამოსვლა ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ გიგი საქართველოში დემოკრატიის ხსნის კომიტეტის თავმჯდომარეა. ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო და მაშინვე მოვილაპარაკეთ, რომ იგი თბილისში ჩამოვიდოდა, აქ გავაგრძელებდით საუბრებს საქართველოს დემოკრატიის ბედზე, საქართველოს ეკონომიკაზე, ქართულ და ამერიკულ ბიზნესს შორის არსებულ პრინციპულ მოსაზრებებზე. ჩვენ მისი რჩევა ძალიან გვჭირდება, იგი ოთხი წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრი იყო. უდიდესი გამოცდილება აქვს ბიზნესთან ურთიერთობის სფეროში, საოცრად გულთბილად არის განწყობილი საქართველოსადმი და, ბუნებრივია, ეს ძალიან სასარგებლო და საჭირო ვიზიტი იყო. ბეიკერი ის პიროვნება არ არის, რომელმაც რაიმე საპატიო პოსტი დაიკავოს, ვთქვათ, აირჩიეს დემოკრატიის ხსნის კომიტეტის თანათავმჯდომარედ, და ჩათვალოს, რომ ეს მის მიმართ გამოხატული პატივისცემა და დაფასებაა. ეს ასე არ არის. იგი უაღრესად საქმიანი კაცია. ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში იშვიათად შევხვედრივარ ასეთ საქმიან პიროვნებას და ისე, როგორც ყველა სხვა მოვალეობას, იგი ამ, საქართველოს ხსნის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდება. ამითაც იყო განპირობებული მისი ჩვენთან ჩამოსვლა. როგორც ვიცი, ასეთივე გეგმები აქვს ბატონ შულცს, ზოგიერთ სხვა მეგობარსაც. საქართველო ამით არაფერს კარგავს, მხოლოდ იძენს გამოცდილებას, კოლეგებს, პარტნიორებს, იღებს საინტერესო რჩევებს და, ვფიქრობ, ამას ყველა უნდა მიესალმოს.
მე ბატონ ბეიკერის დიდი მადლობელი ვარ როგორც მეგობრის, კოლეგისა და პარტნიორისა.
რაც შეეხება ამერიკაში ვიზიტს, ვფიქრობ, იგი კიდევ მრავალჯერ იქნება განხილვის საგანი. ჩვენთვის ეს ვიზიტი კონცეპტუალურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩემი გამოსვლა ვაშინგტონის პრესკლუბში რამდენჯერმე გადაიცა ტელევიზიით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამერიკის მოქალაქეებს მოესმინათ გამოსვლაში წამოყენებული შეხედულებები. ჩემი გამოსვლების ლაიტმოტივი ის იყო, რომ დაუშვებელია „ცივი ომის“ რეციდივების განახლება, რომ „ცივი ომის“ განახლება ახალი უბედურება იქნება მსოფლიოსათვის. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენი პლანეტის ყველა ქვეყანას. ასე რომ, ნერვიულობისა და ეჭვიანობისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. სწორედ პოლიტიკური გამყინვარების ატმოსფეროზე ოცნებობენსხვადასხვა ქვეყნის ყველა ჯურის ულტრარეაქციონერები. ჩემს საუბრებში განვითარებული აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ პარტნიორობა თანამედროვეობის ყველა რთული საკითხის გადაწყვეტაში, ვფიქრობ, საკმოდ ნაყოფიერ ნიადაგს ხვდებოდა შეერთებულ შტატებში და, ასე მგონია, რუსეთის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის სურვილსა და განწყობას სწორედ ასეთ პარტნიორულ პრინციპზე აგებული ურთიერთობა გამოხატავდა.
რაც შეეხება დამოუკიდებელი ქვეყნების მეთაურთა ვიზიტს შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ქვეყნებში, - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არავის გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ბუნებრივია, დამოუკიდებელი ქვეყანა იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ იგი თავად განსაზღვრავს სად წავიდეს და სად - არა.
გაიზრდბა თუ არა საქართველოს როლი? - მე ასე ვიტყოდი, რომ დღევანდელ მსოფლიოში საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. თუ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებას, შევძლებთ აფხაზეთის საკითხის ნორმალური პოლიტიკური გზებით მოგვარებას, სამაჩაბლო საკითხის გადაწყვეტას და ეკონომიკის გამოცოცხლებას, ბუნებრივია, ჩვენი ხელწერა, ჩვენი ადგილი გვექნება მსოფლიო პოლიტიკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ახალი ფუნქცია ექნება არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის განსაზღვრაში, არამედ საგარეო ურთიერთობაშიც.
და კიდევ ერთი რამ: არა მგონია სწორი იყოს რუსეთში ცალკეული მოღვაწეების პრეტენზიები ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გავლენის სფეროების ძიების გამო. დღეს გავლენის სფერო ცოტა სხვაგვარად უნდა გვესმოდეს. დღეს ამა თუ იმ ქვეყნის გავლენის სფეროში ხალხები მოხვდებიან არა იმის მიხედვით, თუ ვის რა ძალა აქვს, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ რომელ მსოფლმხედველობრივ პრინციპზე დგას, ეკონომიკური განვითარების როგორ მოდელს, უფრო სწორედ, გამოცდილებას სთავაზობს ამა თუ იმ ქვეყანას, ხალხს. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ რუსეთთან გავარკვიეთ ჩვენი ურთიერთობა და იმაზე მეტის თქმა, რაც უკვე ითქვა, ვფიქრობ, შეუძლებელია. ჩვენ რუსეთთან გვინდა მეგობრობა, ძალიან ახლო ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ასევე გვჭირდება ურთიერთობა მთელ გარემომცველ სამყაროსთან.
პრეზიდენტების მოგზაურობასთან დაკავშირებით პირველი რეაქციები გაივლის, ყველაფერს გაიაზრებენ და ცხოვრება ჩვეულებრივი გზით წავა. დრამატიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.
- მოქალაქეთა კავშირის პირველ ყრილობაზე თქვენი მოხსენების ძირითადი ნაწილი ეკონომიკურ პრობლემებს დაეთმო. აღნიშნეთ, რომ 1995 წლიდან ქვეყანაში დაიწყება ეკონომიკური სტაბილიზაცია, ილაპარაკეთ უცხოური ინვესტირებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე, ისაუბრეთ მინისტრთა კაბინეტზე, იმაზე, რომ სამინისტროები უნდა იყვნენ არა მხოლოდ სამეურნეო, არამედ აგრეთვე პოლიტიკური მნიშვნელობის სტრუქტურები. რამდენად შეძლებს დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი იმ რეფორმების განხორციელებას, რომელთა შესახებ ლაპარაკობდით თქვენ და სხვა გამომსვლელებიც. მით უმეტეს, როცა წინ საპარლამენტო სხდომაა, რომელმაც უნდა განიხილოს მინისტრთა კაბინეტის საკითხი?
- მოქალაქეთა კავშირის ყრილობა ძალიან სერიოზული მოვლენაა. მე უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ მოქალაქეთა კავშირი საკმაოდ მასობრივი მოძრაობა იქნება. გულით გამახარა დელეგატთა საქმიანმა, პროფესიულმა, ღრმა გამოსვლებმა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდებს, რომლებმაც დაამშვენეს ეს ყრილობა, და, საერთოდ, გამახარა საქმიანმა განწყობამ და საუბრებმა. მიღებულია მაღალი დონისა და რანგის დოკუმენტები. რამდენად კვალიფიციური და სერიოზული ხალხი მოვიდა, ამას ისიც მეტყველებს, რომ გამომსვლელებისა და, მათ შორის, ჩემი გამოსვლის ყველაზე უფრო პროზაული ნაწილები დიდი ინტერესით მოისმინეს, კერძოდ, ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. რომ იტყვიან, დარბაზში ბუზის გაფრენას გაიგონებდით, ისეთი დიდი ყურადღებით უსმენდნენ თითოეულ ფრაზას, თითოეულ სიტყვას.
რა მოხდება პარლამენტში, რა თქმა უნდა ძნელი სათქმელია. ვიტყვი მხოლოდ ერთს. მე ვთხოვ უმრავლესობასაც და უმცირესობასაც მთელი სერიოზულობით მიუდგნენ ამ საკითხს. მინდა რადიომსმენელმა მოისმინოს ეს და იცოდეს: ცვლილება ცვლილებებისათვის შედეგს არ მოიტანს, ცვლილება თვითმიზანი არ უნდა იყოს. მე ყრილობაზე ვთქვი, რომ დღეს სასწაულმოქმედი ვერავინ მოვა საქართველოს მთავრობაში. და კიდევ ერთი, ორი ან ათი გამოუცდელი კაცის მოყვანა იმას ნიშნავს, რომ სამი-ოთხი თვის განმავლობაში ისინი ვერაფერს გააკეთებენ. განტევების ვაცის ძიება შეიძლება კიდევ უფრო ძვირად დაუჯდეს ქვეყანას. ჩემი საქმე რომ იყოს, ახლა ძირითად შემადგენლობას არ შევცვლიდი. თუ რაიმე კორუმპირებაზეა ლაპარაკი და იმაზე, რომ ზოგიერთი მინისტრი არ იმსახურებს ნდობას, ეს სხვა საკითხია. კაბინეტის შეცვლა მაშინ, როცა პრაქტიკულად იწყება სამეურნეო წელი სოფლის მეურნეობაშიც და მრეწველობაშიც, არა სწორედ მიმაჩნია. ახლა ცოტ-ცოტა რეზერვები გამოჩნდა რაღაც მარაგებს მოვუყარეთ თავი და შეიძლება მრეწველობა, სოფლის მეურნეობა ამუშავდეს და ეკონომიკა გამოცოცხლდეს. ამ დონის მინისტრების შეცვლას შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს. მე მინდა, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ პარლამენტარებმა, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა გადაწყვიტონ. მით უმეტეს, რომ მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობამ, განსაკუთრებით, ვინც ეკონომიკას ხელმძღვანელობს, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის გარკვეული სკოლა გაიარა და ცოდნის ის მინიმუმი შეიძინა, რომელიც უცხოური ინვესტიციებისა და მზა პროდუქციის შემოსატანად არის საჭირო და აუცილებელი. ესეც სკოლაა, ესეც გამოცდილებაა ახალი კაცისათვის ყოველივე ამის დაწყება ძალზე ძნელი და რთულია. ამიტომ ვამბობ, რომ პარლამენტმა ყველაფერი ეს უნდა გაითვალისწინოს და თუ იგი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ არ წაგვიყვანს, მაშინ ეს კიდევ უფრო დასცემს პარლამენტის ავტორიტეტს, პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ავტორიტეტსაც. სავსებით სწორად იყო ნათქვამი, რომ საჭიროა პარლამენტმა გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოურ ინვესტიციებს ეხება. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი პარტნიორი გაგვაჩნია. ბატონმა ბეიკერმა, სხვათა შორის, დაასახელა კიდეც ერთ-ერთი დიდი მრეწველი, რომელიც ნავთობის ძიების სფეროში მუშაობს, და რომ მას აქვს სერიოზული პრეტენზია ჩვენი კანონმდებლობის მიმართ. იგი მზად არის სხვა კომპანიებთან ერთად შემოვიდეს საქართველოში. მას სჯერა, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით არის ნავთობი. მაგრამ მიაჩნია, რომ ის კანონები, რომლებიც ახლა არსებობს, საკმარისი არ არის ასეთი დიდი თანამშრომლობისათვის. ამიტომ, კაბინეტის დამტკიცების, მინისტრების შეცვლის, მოხსნისა თუ გადაჯგუფების გარდა, პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკანონმდებლო ბაზის შექმნას. მე რომ ვთქვი, 1994 წელს გარკვეული ძვრები უნდა მოხდეს და 1995 წელი სტაბილიზაციის ფაზაში შესვლის წელი უნდა გახდეს, რომ ეს განსაკუთრებით შესამჩნევი და საგრძნობი იქნება ყველა ოჯახისათვის 1996 წელს, ფარატინა ფრაზად არ დარჩება, თუ ჩვენ პარლამენტშიც და მთავრობაშიც, ყველა რაიონსა და რეგიონში სერიოზულად მივუდგებით ჩვენ წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას.
- თქვენს მოხსენებაში კონსტიტუციის პროექტზე იყო საუბარი. ასეთი აზრიც გამოვთქვით, რომ აუცილებელია საპრეზიდენტო პოსტის შემოღებაც, როგორც კრიზისის დაძლევის აუცილებელი ელემენტი. იმ უარყოფითი შეფასებების შემდეგ, რომლებიც მაშინდელმა ოპოზიციამ გამოთქვა პრეზიდენტის პოსტის მიმართ, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ დაეთანხმებიან ამგვარ ცვლილებებს? რამდენად აუცილებელია დღეს საქართველოსათვის პრეზიდენტის პოსტი?
- ჩემს მოხსენებაში იყო გარკვეული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რატომ ვამჯობინებ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკას დემოკრატიულ სახელმწიფოს პრეზიდენტის ხელისუფლებით. ისეთ სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, ყოველმიზეზგარეშე სჭირდება ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება და სწორი ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის, სასამართლო ხელისუფლებას შორის. ქვეყანა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაშია და განსაკუთრებული თავისებური გეოპოლიტიკა აქვს, ალბათ, ვერ შეეგუება შედარებით სუსტ ხელისუფლებას. მე ვთქვი, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს ქვეყნის უშიშროების, ერთიანობის, მთლიანობის, უსაფრთხოების გარანტი.
ახლა, რაც შეეხება ჩვენს მწარე გამოცდილებას. ისტორიაში ცნობილი არიან კარგი და ცუდი პრეზიდენტები სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგან დამნაშავეც ყოფილა და იმპიჩმენტიც კი მოუწყვიათ. ასე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მას ამ ინსტიტუტზე უარი არ უთქვამს. ჩვენ კარგი და ძლიერი პრეზიდენტი გვჭირდება. ამაში დამარწმუნა დისკუსიების პროცესმა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება. ხალხს უკვე აქვს გამოცდილება, - როგორ არ უნდა აირჩიოს უკვე იცის და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მწარე სკოლა ჩვენ უკვე გავიარეთ. ვფიქრობ, ახლა საქართველოში პოლიტიკურ მოღვაწეთა საკმაოდ ფართო, საინტერესო სპექტრია წარმოდგენილი. არჩევის შესაძლებლობა დიდია, პრინციპში კი, მე ჩემი აზრი გამოვთქვი, რომელსაც შეიძლება არც საკონსტიტუციო კომისია, არც პარლამენტი დაეთანხმოს და არც ხალხი, მაგრამ ჩემი პირადი აზრი, ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია და მე მქონდა უფლება მეთქვა ეს მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე, საბოლოო ჯამში კი ხალხი გადაწყვეტს ამას. კაცმა რომ თქვას, არა მარტო პრეზიდენტის არჩევა ხდება შეცდომებით, არამედ ბევრი პარლამენტიც არ არის იდეალური შემადგენლობისა. მე ჩვენი პარლამენტი არა მყავს მხედველობაში.
- კიდევ ერთი ფრაზა ყრილობაზე თქვენი გამოსვლიდან: აფხაზეთს ექნება ავტონომია, რომელიც ევროპის თუ მსოფლიო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. და დასძინეთ, რომ გაითვალისწინებთ განსაკუთრებით რუსეთის გამოცდილებას, მის სერიოზულ მიღწევებს სახელმწიფო მშენებლობაში. როგორ უნდა გავიგოთ ეს? და კიდევ დღეს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. რამდენად შედეგიანი იქნება იგი, მით უმეტეს, რომ თავად აფხაზეთში უკვე პროგრესულად განწყობილმა აფხაზებმა, მხედველობაში მაქვს მოძრაობა: „მშვიდობიანი აფხაზეთისათვის“, უკვე ხმამაღლა მოახერხეს განცხადების გაკეთება შექმნილი სიტუაციის გამო. რაღაც იცვლება სიტუაცია...
- როცა აფხაზეთის ავტონომიაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, ჯარის პოლიტიკური სტატუსი და ა.შ. ის უფლებები, რომლებიც აფხაზეთს ჰქონდა კონფლიქტის დაწყვებამდე, მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამებოდა. ეს მე განვაცხადე უშიშროების საბჭოში და ბევრისათვის მოულოდნელი იყო - ამდენი და ასეთი უფლებები ავტონომიას? მზად ვარ უფრო ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს და ფუნქციებიც გავმიჯნოთ - ცენტრმა თავისი საქმე აკეთოს და ავტონომიამ - თავისი.
რაც შეეხება რუსეთის გამოცდილებას, მხედველობაში მაქვს რუსეთის სახელმწიფოს სუბიექტების საკითხის კონსტიტუციური გადაწყვეტა. მიმაჩნია, რომ ელცინის ძალიან დიდი გამარჯვება იყო, როდესაც მან შეძლო დაერწმუნებინა ხალხი, მიეღო კონსტიტუცია იმ სახით, როგორითაც მან შესთავაზა რუსეთის მოქალაქეებს. მხედველობაში მაქვს ამ სუბიექტების უფლება-მოვალეობანი და წარმომადგენლობა უმაღლეს ორგანოებში, კერძოდ, რუსეთის საპარლამენტო სტრუქტურებში. მე მგონია, ამ გამოცდილების შესახებ კიდევ უნდა დაიწეროს ჩვენს პრესაში, ტელევიზიაში დისკუსიაც იქნება საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ამ საინტერესო გამოცდილებაზე.
დღეს დანიშნულია გენერალური მდივნის მოხსენების წარდგენა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ალბათ ვერც დღეს და ვერც ხვალ, როგორც ვიცი, ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მჯერა, რომ ეს მოხსენება იმ რეალური მდგომარეობის ამსახველი იქნება, რომელიც აფხაზეთში შეიქმნა.
რაც შეეხება ბოლო გადაცემებს ასეთი მოწოდებით: „За мирную Абхазию“! სიმართლე გითხრათ. მთლად კარგად ვერ ვარ ჩახედული ამ საქმეში. მეც, ისევე როგორც თქვენ, მოვისმინე და ჩვენმა გარკვეულმა რადიოსადგურებმა ეს მოწოდება დააფიქსირეს. როგორც ითქვა, მოწოდება თავად აფხაზეთიდან, სოხუმიდან არის და რამდენადაც ვიცი, ამ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები. არა მგონია, რომ ეს თბილისელ აფხაზებთან იყოს დაკავშირებული, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვით აფხაზეთიდან და აფხაზებისაგან მოდის მოწოდება, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებში დაბრუნდნენ ყველანი აფხაზეთში და აღადგინონ ის დიდი ტრადიციები, რომლებითაც ხასიათდებოდა ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში.
- საქართველოში ხშირად ლაპარაკობენ სამეცნიერო პოტენციალის სრულად ამოქმედებაზე. განვლილ კვირას ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ სამეცნიერო-ტექნიკური, შემოქმედებითი და კომერციული გამოფენების ცენტრი ივნისის შუა რიცხვებიდან ხსნის ორ გამოფენა-ბაზრობას: „პროგრესი-94“ და „ბიზნესი-94“. ეს ინტელექტუალური მონაპოვრების პირველი გამოფენა იქნება საქართველოში. ცხადი ხდება, რომ დიდი ხნის ომისა და ნგრევის შემდეგ ქვეყანაში ნელ-ნელა სხვა პროცესებიც იწყება...
- რაც შეეხება ამ გამოფენებს, მე მივესალმები ამას. მისი ორგანიზატორები იყვნენ ჩემთან. მათ შორის შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს, მოაზროვნე და არაორდინარული პიროვნება კახა გველესიანი და მისი მეგობრები. მე მათ მოვუსმინე და როგორც შემეძლო, მხარი დავუჭირე. კიდევაც დავეხმარები და ძალიან დიდი ინტერესიც მაქვს ამ გამოფენისადმი. იგი უნდა იყოს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი სტიმული.
- დაბოლოს: ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ მაფიას. გრძელდება ჩუმი საბოტაჟი. სამწუხაროდ, საბოტაჟის ფაქტები საკმაოდაა. მაგრამ ხელისუფლება თუ სამართალდამცავი ორგანოები, ალბათ, ვერ ახერხებენ მათთან ბრძოლას. თუ ამას უკიდურეს სოციალურ დაძაბულობასაც დავუმატებთ, ბუნებრივად ჩნდება ასეთი კითხვა: როდემდე გაგრძელდება ამგვარი უმოქმედობა? აშკარაა საბოტაჟის ფაქტები. მაგრამ ეს მეორე მხრიდან არანაირ რეაქციას არ იწვევს...
- მაფიასთან ბრძოლა დაიწყო და იგი გაგრძელდება. მისი ტემპი არ შენელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, მაფიის აღმოფხვრა და მისი შევიწროება ასე იოლი არ არის. მაფია მარტო ქართული მოვლენა როდია. ერთ სახეობას მეორე ცვლის - სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური წყობა და ა.შ. და ამას თან სდევს მაფიოზური კლანების გამოცოცხლება, ჩამოყალიბება და შემდეგ მისი ლიკვიდირება არცთუ ისე იოლი საქმეა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მაფიოზური ელემენტები არცთუ ისე სასურველ ამინდს ქმნიან. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ სამართალდამცავ ორგანოებს, მეტად ვიზრუნოთ მათზე. საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს. ეს პროცესი საკმაოდ საიმედოდ დაიწყო და მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ და მუხლი არ უკანკალებთ, როცა ლაპარაკია მაფიოზური კლანების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს ტემპი არ შენელდება, ამაში მინდა დავარწმუნო ჩვენი მსმენელები.
ედუარდ შევარდნაძე: თუ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებას, აფხაზეთის საკითხის ნორმალური პოლიტიკური გზებით მოგვარებას, სამაჩაბლოს საკითხის გადაწყვეტას და ეკონომიკის გამოცოცხლებას, ჩვენი ადგილი გვექნება მსოფლიო პოლიტიკაში / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 23 მარტი. - N44(846). - 1 გვ.
![]() |
47 ე. შევარდნაძე: „ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში განვაახლოთ მოლაპარაკებები“ |
▲ზევით დაბრუნება |
აფხაზეთის კონფლიქტის განვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ, საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოსმეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ის მიესალმება რუსეთის მთავრობის მიერ გამოხატულ მზადყოფნას აქტიურად შეუწყოს ხელი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის განახლებას. - კმაყოფილებით აღვნიშნავ იმ ფაქტს, - თქვა მან, - რომ რუსეთის მთავრობა ოპერატიულად გამოეხმაურა ჩემს წერილს და გამოხატა შეშფოთება უკანასკნელ ხანს აფხაზეთში კონფლიქტის მორიგი გამწვავების გამო.
მთიანი აფხაზეთის რეგინში ბოლო დროს აფხაზთა მხარემ წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის განადგურებისა და მშობლიური ადგილებიდან განდევნის მიზნით, რის შედეგადაც ორივე მხრიდან დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი. მათ შორის, ქალები და ბავშვები. უაღრესად საშიშ ხასიათს ატარებს აგრეთვე, მდინარე ენგურის მიდამოებში ქართული სოფლების წინააღმდეგ ახალი შეიარაღებული გამოხდომები. რის შედეგადაც, კიდევ ორასზე მეტი ოჯახი - ახლა უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩადან იძულებული გახდა ლტოლვილთა არმიას შეერთებოდა. იქმნება კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის რეალური საფრთხე.
- ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის განცხადებაში მოცემულ წინადადებას მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - და მზად ვართ უკვე უახლოეს დღეებში მოსკოვში განვაახლოთ ასეთი მოლაპარაკებები.
მან გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთს ხელეწიფება აქტიური და პოზიტიური გავლენა მოახდინოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, უპირველეს ყოვლისა კი, ყველაზე მტკივნეული საკითხის - მშობლიურ მხარეში 300 ათასზე მეტი ლტოლვილის დაბრუნებაზე. - მჯერა, რომ ჩვენი ორივე ქვეყნის ხელისუფლება ერთგული დარჩება 3 თებერვალს თბილისში ხელმოწერილი შეთანხმებებისა და შეასრულებს მათი რეალიზაციის უმნიშვნელოვანეს მისიას. ეს კი მთლიანად ეხმიანება თბილისში ბატონ ბ. ელცინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ისტორიული აუცილებლობის შესახებ, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
ე. შევარდნაძე: „ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში განვაახლოთ მოლაპარაკებები“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 29 მარტი. - N48(850). - 1 გვ.
![]() |
48 დღეს დიდი და პატარა სახელმწიფოების უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონფრონტაციის ახალ ტალღამდე არ მივიდეთ |
▲ზევით დაბრუნება |
ე. შევარდნაძის 28 მარტის რადიოინტერვიუ
თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით დაიწყო აფხაზეთის სვანეთისა და ზუგდიდის რაიონის სოფლებში გამწვავებული ვითარებისა და ამასთან დაკავშირებით რუსეთსა და გაეროს პოზიციების ანალიზით.
- გარკვეული ღონისძიებანი უკვე განხორციელდა სოფლების დასაცავად. გუშინ ერთგვარი სტაბილიზაცია მოხდა, გამოყვანილი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის ერთი ნაწილი, დაჭრილები. როგორც ცნობილია, არიან დაღუპულებიც. ხორციელდება საჭირო ღონისძიებები. ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით მივმართე რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მთავრობის განცხადება. ვერ გეტყვით, თუ რამდენად იმოქმედებს ეს განცხადება და როგორი იქნება რუსეთის მთავრობის პრაქტიკული მოქმედება. ჩემი დაკვირვებით, აფხაზურ მხარეს ჩაფიქრებული ჰქონდა და აქვს საკმაოდ ფართომასშტაბიანი ოპერაცია. შეჩერდება თუ არა ეს და მოხდება თუ არა სტაბილურობის აღდგენა, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. რუსეთის მთავრობის მოწოდებაში ნათქვამი იყო, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეიკავონ თავი ყოველგვარი მოქმედებისაგან, რომელიც ახალ გამწვავებამდე და ახალ კონფრონტაციამდე მიგვიყვანს აფხაზეთში.
როგორია ჩემეული შეფასება? ვფიქრობ, რომ გუდაუთის ლიდერები აშკარად, საჯაროდ აბუჩად იგდებენ გაეროსაც და რუსეთსაც. ამ ფაქტს სხვას ვერაფერს დავარქმევ. რუსეთის მოწოდება და რუსეთის მთავრობის მიმართვა პირველი არ არის, და, თუ ეს მიმართვა გულწრფელია და მათი შუამავლობაც ასევე გულწრფელ სამშვიდობო მიზნებს ისახავს, მაშინ, ვიმეორებ, გუდაუთელთა მოქმედებას ვერაფერს უწოდებ, თუ არა აბუჩად აგდებას როგორც გაეროსი, ისე რუსეთისა, ამ ფაქტს უნდა ჩაუფიქრდნენ უშიშროების საბჭოსა და რუსეთშიც, ჩვენთვის ყველაფერი ცხადია.
ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა მისიას ასრულებენ აფხაზეთში გაეროს მეთვალყურენი. როცა სოხუმში ვიყავი, მაშინაც მიკვირდა მათი ყოფნის მიზანი და იგი დღემდე ვერ გავიგე. საკმაოდ დიდი ხარჯებია გაღებული. რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე მომხრე ვიყავით, რომ ისინი შემოსულიყვნენ, მაგრამ, როცა კონფრონტაციის ახალი ეტაპი იწყება, და ეს უკვე აშკარაა, ხოლო მეთვალყურენი ხმას არ იღებენ, განცხადებებსაც კი არ აკეთებენ, ამან უნდა დაგვაფიქროს, უნდა ჩაუფიქრდეს გაეროცა და მისი ხელმძღვანელობაც. ჩვენ მაინც დაგვადანაშაულონ... ყველაზე მეტად გაუგებარია ასეთი დუმილი. მაშინ, როდესაც აშკარად ირღვევა წინასწარი შეთანხმებები იმის თაობაზე, რომ ცეცხლი არ გაიხსნას არ გამწვავდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი მაინც უნდა განახლდეს, რადგან სამშვიდობო მისიის ჩაშლა არც გაეროსა და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის. რა თქმა უნდა, ჩვენ კონფლიქტის პირველი დღეებიდანვე დაწყებული დარწმუნებულივიყავით მისიის აუცილებლობაში, მის განხორციელებაში. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისათვის,თუმცა სხვა ღონისძიებებისათვისაც უნდა ვიყოთ მზად. გაეროსა და რუსეთს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ერთობლივი მოქმედება, ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო პრეცედენტად შეიძლება იქცეს. იგი, იქნებ, გამოდგეს რაღაც გარკვეულ მოდელად, საინტერესო მაგალითად კონფლიქტის მოგვარების საქმეში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია - უშიშროების საბჭო, მისი ერთ-ერთი წევრი - რუსეთი და მთელი ოთხი ქვეყანა, მათ შორის უშიშროების საბჭოს წევრებიც თანამშრომლობენ კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკას, ერთ-ერთ ქვეყანას. თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისათვისაც, რადგანაც არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ასეთ კონფლიქტებს ჩვენ წავაწყდეთ სხვა ქვეყნებსა და სხვა რეგიონებშიც.
რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე არაერთხელ მითქვამს. კვლავ მინდა დავადასტურო, რომ ვერავითარ მშვიდობას აფხაზეთში ვერ მივაღწევთ, თუ რუსეთის მხარდაჭერა არ იქნება სწორედ მშვიდობის დამყარებისათვის ბრძოლაში.
რაც შეეხება ორივე მხარის პასუხისმგებლობას, ჩვენ უკვე ვახორციელებთ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ვიცით მის ყველა მუხლს, დებულებას, როგორც იტყვიან, ვასრულებთ ყველა ფრაზას და სიტყვას. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად ის, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ. მგონია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაც ასევე არის განწყობილი, ასეთივე განწყობა არის საჭირო, რათა თბილისში ჩემი და ელცინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მთელი პაკეტი ისე შესრულდეს, როგორც ამას ჩვენი ხალხები ელოდებიან.
ახლა ზუგდიდის ზონაში გამწვავებული მდგომარეობის გამო: იქ არიან ჩემი წარმომდგენლები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ გუდაუთასთან. როგორც შემატყობინეს, შთაბეჭდილება ისეთია, რომ მომხდარი ინცინდენტები, რასაც საკმაოდ სერიოზული შედეგი მოჰყვა, უფრო მეტად იქ დისლოცირებული ბოევიკების მოქმედებამ გამოიწვია, რაც იმას მოწმობს, რომ გუდაუთის ხელმძღვანელობა ყველა რეგიონში ვითარებას ვერ აკონტროლებს.
- გასულ კვირას საქართველო შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. თბილისში ჩამოვიდა ნატოს დელეგაცია. მოსალოდნელია თუ არა ნატოს აქტიურობა იმისათვის, რომ ჩვენში მიმდინარე მოვლენები არ გახდეს ახალი კონფრონტაციის, ახალი არეულობის წყარო იმავე თურქეთში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, თუნდაც რუსეთში, რომელიც ალბათ, შეუერთდება ნატოს ინიციატივას...
- ნატოს დელეგაციასთან ჩემი საუბრის ძირითადი თემა იყო თანამშრომლობის პრინციპები ნატოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს, ნატოსა და რუსეთს შორის. შეიძლება მკითხოთ, რატომ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა არ იყო ყურადღების ცენტრში. მაგრამ, მინდა კვლავ დავადასტურო ის, რასაც ადრე ვამბობდი: ჩვენთან თანამშრომლობაში ნატო ახლა ძალიან შორს ვერ წავა, ხოლო ჭიდილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რუსეთსა და ნატოს შორის, „ცივი ომის“ რეციდივებამდე მიგვიყვანს, რის შედეგადაც, პირველ რიგში, შედარებით პატარა ქვეყნები დაზარალდებიან და დაზარალდება საქართველოც. ნატოსთან თანამშრომლობა უდავოდ პერსპექტიულია, მე, ისევე როგორც რუსეთისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებმა, დადებითად შევაფასე ინიციატივა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, მაგრამ იგი შედეგიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კონფრონტაციის ახალ ტალღამდე არ მიგვიყვანს. ესე იგი კვლავ და კვლავ ლაპარაკია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ურთიერთობაზე. დღევანდელობის ცენტრალური თემა, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის. თუ ეს ურთიერთობა ნორმალური იქნება, მაშინ საქართველოც ბევრს მოიგებს ამ საერთო შეთანხმებისა და თანამეგობრობათა თანამეგობრობისაგან.
- გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პარლამენტის მიერ დაწყებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, ჯერჯერობით, ერთი ვიცე-პრემიერი დაამტკიცეს, მეორე კანდიდატურა ჩავარდა. გჯერათ, თუ არა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილ შემადგენლობას მხარდაჭერა მაინც ექნება?
- საქმე ამგვარადაა: ასეა თუ ისე, კაბინეტი მაინც მოქმედებს, რადგან პრემიერ-მინისტრი, ერთი ვიცე-პრემიერი დამტკიცებული არიან, თუმცა, ყველაფერ ამას ახლა ძალიან დიდი დრო მიაქვს. დღეს მე უნდა შევხვდე უმრავლესობას დამატებითი კონსტრუქციებისათვის, უმცირესობასთან უკვე მქონდა დიალოგი, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ პარლამენტშიც და საზოგადოებრიობაშიც, რომ ახლა ჯიბრში ჩადგომის პოლიტიკა არ ვარგა. თუ კაბინეტის დამტკიცება გაჭიანურდა და გართულდა,კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ქვეყანა უფრო მეტად უმართავი გახდება. ამიტომ, კაბინეტის დამტკიცება უნდა დაჩქარდეს, ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია. დღეს ბევრი საკითხი იქნება გასარჩევი უმრავლესობასთანაც და უმცირესობასთანაც, თუ როგორ ვიმუშაოთ. მინდა მოვუწოდო პარლამენტს, რომ ვიმუშაოთ ინტენსიურად, სამშაბათს, შეიძლება ოთხშაბათს, ხუთშაბათსაც თუ ვიმუშავებთ, 3-4 დღის განმავლობაში სავსებით შესაძლებელია ამ ამოცანას თავი გავართვათ. ვისაც ჩათვლით საჭიროდ, და შესაძლებლად - დავამტკიცოთ. ის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მათი ფუნქცია, მისია გრძელდება, და ვისაც არ დავამტკიცებთ, მათი საკითხიც დროულად უნდა გადაწყდეს, არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულ შემთხვევებში, როცა ესა თუ ის კანდიდატურა ჩავარდება, გამოვიყენო ჩემი უფლება, - ხელმეორედ ვთხოვო პარლამენტს ამა თუ იმ კანდიდატურის განხილვისა და დამტკიცების საკითხი.
- თქვენმა ვიზიტმა, ასევე უკრაინისა და ყაზახეთის ლიდერების ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ რთული რეაქცია, გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის გარკვეულ წრეებში. პრინციპში, არც ჩვენი ოპოზიცია შეხვდა ამ ფაქტს ერთნაირი განწყობით. გაჩნდა ასეთი აზრიც: ხომ არ იყო ეს ვიზიტი ნაადრევი, ხომ არ მოახდინა მან რაღაც უარყოფითი გავლენა გარკვეულ პროცესებზე...
- ეს ვიზიტი უდავოდ არ იყო ნაადრევი, სხვადასხვა მიზეზების გამო, დაგვიანდა კიდეც. რაც შეეხება ჩვენს ამოცანებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მე იგი არაერთგზის გამოსვლებში საკმაოდ ნათლად ჩამოვაყალიბე, მათ შორის, ტელეინტერვიუშიც და რადიომიმართვებშიც. პირველი რიგის ამოცანა იყო აფხაზეთის საკითხზე სიმართლის თქმა იმ სიმაღლეებიდან, რომელსაც ჰქვია უშიშროების საბჭო და ის მაღალი ტრიბუნა, რომლის დაკავების საშუალება არაერთხელ მქონდა ამ ვიზიტის დროს - საუბრები პრეზიდენტ კლინტონთან, მის კოლეგებთან, კონგრესში და ა. შ. მგონია, რომ ეს ძალიან სასარგებლო და საჭირო საქმე გაკეთდა.
მეორე: საქართველოს ურთიერთობის კურსის გაგრძელება, მისი დაკონკრეტება და, თუ შეიძლება ასე ითქვას დასავლეთთან ურთიერთობის აღებული კურსის დამკვიდრება. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს ხვალინდელ დღეზე ზრუნვაა და სწორედ ამ საფუძვლის განმტკიცებას ემსახურებოდა ეს ვიზიტიც.
სხვა რომ არაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლობის სათქმელად მაინც უნდა ჩავსულიყავით, იმ დახმარებისათვის, რომელსაც იგი დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად გვიწევს, თუ ჩვენ როგორღაც ვსულდგმულობთ, სწორედ იმის წყალობით, რომ გვეხმარება ევროგაერთიანება, ცნობილია, რა წვლილი, აქვს მასში გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს, სხვა ქვეყნებს. ჩვენ მუდმივ დახმარებას გვიწევენ და ეს უნდა თქმულიყო, უნდა გამოხატულიყო ქართველი ხალხის მადლიერების გრძნობა.
მე გამოვაცხადე, რომ პრეზიდენტი კლინტონი დაგვპირდა დახმარებას 70 მილიონი დოლარის ფარგლებში, ახლა კიდევ ზუსტდება, ემატება ახალი პროგრამები და როგორც შემატყობინეს, ეს თანხა 80-85 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, კიდევაც გაიზრდება, თუკი შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენს ინტერესებშია, ესე იგი ქვეყანა სტაბილური იქნება. მე დავინახე იმის უზარმაზარი პერსპექტივები, რომ ამერიკული, საერთოდ, დასავლეთის ბიზნესი, შეიძლება შემოვიდეს საქართველოში რუსეთთან, სხვა ქვეყნებთან ერთად და ამით მხოლოდ მოიგებს საქართველო.
ვფიქრობ, ეს ვიზიტი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის კონტექსტითაც უაღრესად საინტერესო და სასარგებლო იყო. არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია ეკისრება საქართველოსა და მის მეთაურს, როცა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობაზეა ლაპარაკი, მაგრამ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია. დღეს ყველას - დიდი და პატარა სახელმწიფოების უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონფრონტაციის ახალ ტალღამდე არ მივიდეთ, განსაკუთრებით, რუსეთსა და დასავლეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს არა მარტო ამ ორი ქვეყნის საზრუნავია. მშვიდობა, ნორმალური და კარგი ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით აინტერესებთ შედარებით პატარა სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს. ყოველგვარი კონფრონტაცია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო იქნება.
და კიდევ ერთი აზრი: დამოუკიდებელი ქვეყანა, თუკი იგი საყოველთაო მშვიდობის ინტერესებისათვის მოქმედებს, არაფრით არ შეიძლება შეზღუდული იყოს და ყოველგვარი ნეგატიური რეაქცია ასეთ აქციებზე, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საყოველთაო მშვიდობის ინტერესებს, უფრო იმპერიული აზროვნების გადმონაშთად მიმაჩნია. ამიტომ, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ გუშინდელი დღე აღარ არის, საქმე გვაქვს ახალ, დამოუკიდებელ ქვეყნებთან, უნდა გითხრათ, რომ როცა პრეზიდენტ ელცინის ჩამოსვლის თარიღი დაემთხვა საფრანგეთში ჩემს გამგზავრებას, ელცინმა მაშინ გადადო ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პრეზიდენტს სწორად ესმის, რომ დღეს არ არის ძველი სისტემა, ძველი დრო და მან, 10 დღით გადადო ვიტიზი, რათა არ ჩაშლილიყო ჩვენს მიერ პარიზში დაგეგმილი შეხვედრები.
ასე რომ, არაფერი უსაშველო არ ხდება, იქნება გარკვეული ნეგატიური მოსაზრებებიც, მაგრამ, საერთოდ, ვიმეორემ, ამ ვიზიტმა თავისი როლი და დადებითი მისია შეასრულა საქართველოსთვისაც, და შეიძლება ითქვას, არა მარტო მისთვის.
დღეს დიდი და პატარა სახელმწიფოების უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონფრონტაციის ახალ ტალღამდე არ მივიდეთ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 29 მარტი. - N48(850). - 1 გვ.
![]() |
49 მთავარია, სიტყვა საქმედ იქცეს! |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
29 მარტს პარლამენტის სხდომა დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ინფორმაციით აფხაზეთის სვანეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
ამ ბოლო დღეებში მიღწეულია გარკვეული სტაბილიზაცია, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. - მოსახლეობამ, რომელიც პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო საქართველოს სხვა ნაწილს, მიიღო აუცილებელი დახმარება. გამოყვანილია 22 დაჭრილი, მათ შორის 2-3 მძიმედ არის, დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის უმრავლესობა უარს აცხადებს დატოვოს კოდორის ხეობა, მათ ინტენსიურად უნდა დავეხმაროთ, ახლა იქ მოქმედებს მუდმივი შტაბი, ხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, სხვა სოფლებშიც მოხდა ინციდენტები. ამჟამად ვითარება იქაც ნორმალურია.
იგრძნობა რუსეთის მთავრობის გარკვეული გააქტიურება, კერძოდ, მისი განცხადება, რუსეთის სამშვიდობო მისიის უფრო მეტი ეფექტიანობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, უდაოდ, მისასალმებელია. გუდაუთის დაჯგუფება არა მარტო გაეროსა და უშიშროების საბჭოს, არამედ რუსეთის მთავრობის რეკომენდაციების სრულ იგნორირებას ახდენს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი სათანადო დასკვნებს გააკეთებს.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, მასში დადასტურებულია საქართველოს პრინციპული პოზიცია. ამავე დროს ეს დოკუმენტი ბალანსირებულია, შესაბამისად არის ნათქვამი აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე ერთიანი სუვერენული საქართველოს კონტექსტში. სავსებით შესაძლებელია ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღება, ურთიერთკომპრომისი. მნიშვნელოვანი დებულებაა ყველა ლტოლვილის ყველა რეგიონში დაბრუნების შესახებ. უშიშროების საბჭომ ისეთი ფორმულა მიიღო, რომელიც შეესაბამება ყველა მოქალაქის ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მოლაპარაკება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მეორე მხარეც არ არის წინააღმდეგი, რომ დაიწყოს სასწრაფო კონსულტაციები. როგორ წარიმართება საქმე, ხვალ-ზეგ გაირკვევა. მზად ვართ განვაახლოთ კონტაქტები და ვითანამშრომლოთ იმ ფარგლებში, რომლებიც უშიშროების საბჭოს რეზოლუციით არის განსაზღვრული.
მეტად მნშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რუსეთის წარმომადგენლობის, აქტიური მონაწილეობით მომზადდა და იქნა მიღებული. ახლა მთავარია, სიტყვა საქმედ იქცეს.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ ჩვენს საზოგადოებრიობაში ერთგვარი პრობლემები შექმნა სავსებით გასაგები მიზეზების გამო. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მონაწილეობით შედგა, ამ ხარვეზს გარკვეულად ავსებს.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა გააკეთეს რამდენიმე განცხადება, რომ ორივე მხარემ თავი შეიკავოს სამხედრო აქციებისაგან. ეს იმის მიზეზია, რომ სახელმწიფოები არ არიან სწორად ინფორმირებული.
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ უშიშროების საბჭოს, გაეროს, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საყურადღებოდ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ არავითარი სამხედრო ინიციატივა საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია. ჩვენ კურსი ავიღეთ მშვიდობიან მოწესრიგებაზე, და ვიდრე არ ამოიწურება პოლიტიკური მოწესრიგების ყველა შანსი, საქართველო თავის პრინციპს არ გადაუხვევს.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა პარლამენტის მიერ ძირითადი ამოცანის - მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ. - ძალიან მნიშვნელოვანია, - აღნიშნა მან, - დაჩქარდეს ეს პროცესი. ასეა თუ ისე, ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაში, რომ ის კანდიდატები, რომლებიც გარკვეული აზრით უპასუხებენ შექმნილ ვითარებას, ოპერატიულად უნდა განიხილონ პარლამენტში.
დაიწყო ვაშინგტონის შეთანხმებათა რეალიზაცია. პირველი ძალიან ავტორიტეტული დელეგაცია უკვე ჩამოვიდა; პროგრამების შესადგენად ბევრი და სერიოზული მუშაობა გვმართებს. ის 70 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოგვიყო, იზრდება და, შესაძლებელია, იგი 90-მდე გაიზარდოს. ახლა მთავარი ყურადღება პროგრამებზე მუშაობას უნდა მივაპყროთ. ეს ელემენტარული ჩვევები ჩვენ შევიძინეთ და განსაკუთრებული მნიშვლენობა ექნება დროულად დავადგათ თავი ამ საქმეს. თუ საჭიროა, ვიმუშაოთ დღეს, ხვალ, ზეგ, რათა მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საკითხი გადავწყვიტოთ.
პარლამენტარები შეუდგნენ იურიდიული კომისიის მიერ გამოტანილი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონში შესწორებათა თაობაზე საკითხის განხილვას. შესწორებამ, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის მიერ თანამდებობის შეთავსების შესაძლებლობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხარე კამათი გამოიწვია.
სახელობითმა კენჭისყრამ უარყო შემოთავაზებული შესწორება.
სახელმწიფოს მეთაურს კვლავ მოუწია ტრიბუნასთან მისვლა, ამჯერად უკვე იმისათვის, რომ პარლამენტართათვის დღის მთავარ საკითხზე - მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე - გადასვლა ეთხოვა. - თუ შევიყვანთ ქვეყანას ხელისუფლების კრიზისის ფაზაში, - თქნა მან, - ეს ჩვენ, ყველას, ძვირად დაგვიჯდება. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა პარლამენტს, მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
[...]
მთავარია, სიტყვა საქმედ იქცეს! : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 30 მარტი. - N49(851). - 1 გვ.
![]() |
50 ახლა უმთავრესი ამოცანა იყო ის, რომ შექმნილიყო საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემოსვლის პირობები |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 4 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, 31 მარტს, რეფერენდუმის სამი წლისთავზე მოხდა ფაქტი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეაშფოთა. პარლამენტში შემოიჭრა შეიარაღებულ პოლიციელთა ჯგუფი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის დავით ზეიკიძის ხელმძღვანელობით. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ისახავდა ეს აქცია, იყო ეს არაკანონიერი, უხეში ფორმით გამოხატული პროტესტი, თუ ამ ქმედების უკან კიდევ რაღაც ან ვიღაც უნდა დავინახოთ? რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ კონკრეტულ ინციდენტს, მოვლენები ასე რომ არ განვითარებულიყო და კიდევ უფრო გამწვავებულიყო? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- რა თქმა უნდა, არავითარ გადატრიალებასთან აქ საქმე არ გვქონია და ასეთი წინასწარი გეგმა არ არსებობდა. უბრალოდ, საქმე ისეთ მოვლენასთან გვაქვს, როცა დავით ზეიკიძე წინააღმდეგი იყო პარლამენტის კონკრეტული გადაწყვეტილებისა შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შესახებ და ყველაფერი ამის გამო განვითარდა. მან იცოდა, რომ ეს საკითხი იხილებოდა პარლამენტში და, ალბათ, თავისთვის ამზადებდა ასეთ ვარიანტსაც. არ გამოვრიცხავ, რომ ამ განხილვასთან დაკავშირებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, სწორედ ასე ჰქონდა ჩაფიქრებული. შედეგები მართლაც ტრაგიკული და საბედისწერო შეიძლებოდა ყოფილიყო. შეიძლებოდა კვლავ დაღვრილიყო სისხლი და მაშინ მართლა ძნელია, გათვალო, რა მოხდებოდა. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მე ვთქვი, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში - ძალისმიერ სისტემებში პოლიტიკური პარტიების გაუთავებელი სირბილი, რომ ეს არის ქვეყნის გაწირვა, რომ ეს არ ეკადრება კაცს, რომელსაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთებია.
ამას წინათ ერთი გაზეთი წერდა, შევარდნაძე დაცვამ გაიყვანა და შემდეგ ზევიდან დაჰყურებდა ბრძოლის ველსო... ღმერთო ჩემო, სინდისის ნატამალი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს კაცს... მე ვიცოდი, რომ იმ ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის დარბაზის შესასვლელში რომ მოხდა, პოლიციელთა ძირითადი მასა პირველ სართულზე იყო თავმოყრილი. პარლამენტის კიბიდან ჩასვლა შეუძლებელი იყო. მე გამოვიყენე მეორე სათადარიგო კიბე, მეოთხე სართულიდან ჩავედი პირველ სართულზე და პოლიციელებს განვუმარტე, რაც ხდებოდა, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. კაცურად, მამაშვილურად, ადამიანურად ვთხოვე დაეტოვებინათ შენობა, ავუხსენი, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. მათ მომისმინეს, გამიგეს და შენობიდან გავიდნენ. მერე სხვა ჯგუფები ჩავიყვანე. ვფიქრობ, შენობიდან სწორედ ამ ძირითადი მასის გასვლამ აგვაცილა თავიდან დიდი უბედურება და სისხლისღვრა. დავრწმუნდი, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. მინდა იმ ბიჭებს მადლობა ვუთხრა, სახელმწიფოს მეთაურს რომ მოუსმინეს. შემდეგ, როცა ზეიკიძე შენობიდან გავიდა, მას ბიჭები გარეთ ელოდებოდნენ (ზეიკიძეს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ მან ამ შემთხვევაში სიჯიუტე არ გამოიჩინა) და ყველანი ერთად წავიდნენ სამმართველოში. ასეთი იყო სურათი და არა სხვაგვარი - კუტუზოვივით ზემოდან დაჰყურებდა, რა ხდებოდა ქვემოთო.
კიდევ ერთხელ მოსალოდნელი შედეგის შესახებ: ეს შეიძლება მართლაც მრავალმხრივ ტრაგიკული ყოფილიყო, თანაც უდიდესი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისათვის. თუ ასეთ შემთხვევას დიდი გართულებები მოჰყვა და შეიძლება შემდეგ სხვა ძალებიც ჩაებნენ პირველ ეტაპზე ასეთ ინციდენტში, მერე კი უკვე ყველაფერი ეს მოვლენებად განვითარდა, ამას შეიძლება მოჰყვეს დიქტატორის მოსვლა ხელისუფლების სათავეში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი არეულობა, ანარქია და მერე საჭირო გახდეს საგანგებო წესების შემოღება, მთელ რიგ სხვა ღონისძიებათა განხორციელება. ისტორიაში ბევრია ასეთი მაგალითი.
- ამისთვის ხომ არ მზადდებოდა ყველაფერი?
- ამის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ, ვიღაცას რომ ხელს აძლევს ასეთი ვარიანტი - ეს ფაქტია. დასკვნა ასეთი უნდა გამოვიტანოთ: რაღაც გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან ამ მოვლენის უკან. მე არ მინდა ვთქვა, რომ ზეიკიძე ვინმეს ნებას ასრულებდა, ამ გადაწყვეტილების მიმართ ეს მისი პირადი დამოკიდებულება იყო. მაგრამ, გარკვეულ ძალებს რომ ასეთი ვარიანტი ხელს აძლევდა, მე ამის შესახებ წარმოდგენა მაქვს, ვიცი გარკვეული ინფორმაცია, თუ ვინ რას აკეთებდა. ახლა ცდილობენ ეს ფაქტი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენონ. კვლავ ხელისუფლებას შეუბრუნდეს იგი, როგორც ერთმა თქვა, ბუმერანგივით. მე მადლობელი ვარ ქალაქის პოლიციის მთელი პირადი შემადგენლობისა, რომელიც მაშინვე შეუდგა თავისი, ასე ვიტყოდი, მხედრული მოვალეობის შესრულებას. ქალაქში დაბრკოლება არ ყოფილა, პოსტი არავის არ მიუტოვებია, ამ დღეებში ქალაქის პოლიცია დიდი დაძაბულობით მუშაობს და ეს ცოტ-ცოტა კიდეც დაეტყო ქალაქს.
რაც შეეხება დავით ზეიკიძეს, მე მას დიდ პატივს ვცემდი. ახლაც ვფიქრობ, დამსახურება არ უნდა დაეკარგოს, მაგრამ, რაც მოხდა, იმის პატიება შეუძლებელია. ყველაფერ ამას უკვე მიეცა შეფასება და, ალბათ, გარკვეული შეფასებანი კვლავაც იქნება. დანარჩენი კი თვით დავით ზეიკიძეზე იქნება დამოკიდებული - როგორ მოიქცევა, როგორ გაიგებს და აღიქვამს მომხდარს და როგორ შეფასებას მისცემს თავად. როგორც ვთქვი, ასეთ მოვლენებთან არ თამაშობენ და იგი სერიოზული დასკვნების გამოტანის საფუძველს აძლევს თავად დავითს.
- ეს მოვლენა კანონზომიერი არ არის, მაგრამ ყოფილა ასეთი ძალისმიერი მეთოდებით პარლამენტზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი. ალბათ, ამის შედეგიც იყო 31 მარტის ინციდენტი. პარლამენტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთიანი იყო ამ ფაქტის შეფასებისას, ალბათ, იმიტომაც, რომ მიხვდნენ, არ შეიძლება სახელმწიფოში ხდებოდეს ასეთი მოვლენები, არა აქვს მნიშვნელობა იმას, ეთანხმები თუ არა სახელმწიფოს მეთაურის კურსს, ხარ მისი მომხრე თუ ოპოზიციონერი. სახელმწიფოში ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობის დეფიციტს განიცდის დღეს ქართული სახელმწიფო...
- მე ორიოდე სიტყვით შევეხებოდი პარლამენტის ერთიანობის მნიშვნელობას სწორედ ასეთი დაძაბულობის ფონზე. მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ განსხვავებული აზრებიც უნდა გვქონდეს ჩვენ პარლამენტში და ხანდახან ეს დაძაბულობა დრამატიზმის კულმინაციურ წერტილსაც აღწევს, მე არაერთხელ ვყოფილვარ იმის მოწმე, რომ ასეთი განსაცდელის დროს პარლამენტი თავის სიმაღლეზე დგება ხოლმე. მინდა უფრო შორს მიმავალი დასკვნა გამოვიტანო: ეს იმაზე მეტყველებს, რომ დემოკრატიული განვითარების გზა საქართველოში შეუქცევადია. რამდენი პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში, სულ სხვადასხვა სპექტრი და ხანდახან ერთმანეთთან შეუთავსებელიც კი, მაგრამ ამ მთავარსა და არსებითში პარლამენტი არ დაობს და მისი მთელი შემადგენლობა, რომ იტყვიან, ხმალშემართული დადგა დემოკრატიის დასაცავად, რადგან დემოკრატიას ემუქრებოდა საფრთხე. სწორედ ეს იგრძნო პარლამენტმა და მე ამას დიდად ვაფასებ.
ახლა დაუსჯელობის კომპლექსის შესახებ: ზოგიერთი ბრალდება, კრიტიკა, შენიშვნა სავსებით სწორი და დასაბუთებულია, მაგრამ ბევრი, როცა ამაზე მსჯელობს, ხანდახან საქმეში ჩაუხედავია და ძირითადად ეს მათი არგუმენტებია. ყველა ძალისმიერი სისტემის ხელმძღვანელები შეიცვალნენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. საქმეს ახალი ადამიანები შეუდგნენ. შედეგიც, გარკვეულწილად, მიღებულია. განახლების გზაზეა თავდაცვის სამინისტროც. რა მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროების სისტემაში, ყველამ კარგად იცის - ვინ წავიდა, ვინ მოვიდა, სხვა რა ორგანიზაციული ღონისძიებები განხორციელდა. უამრავი მოძალადე და მაროდიორია დაპატიმრებული, ბევრი უკვე გასამართლებულია, მათ შორის საკმაოდ მაღალი რანგისა და წოდების პირები. ამას წინათ ბოლნისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააპატიმრეს, თბილისსა და დასავლეთ საქართველოშიც იყო ასეთი მოვლენები. თვით შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათივე ინიციატივით, ამხილეს ათობით საკმაოდ მაღალი წოდების მქონე მექრთამე, ამ სისტემის ასევე კორუმპირებული პირები. ეს ყველამ არ იცის, იმიტომ, რომ პრესის გარკვეულ ნაწილს ეს არ აინტერესებს. ეტყობა, მიაჩნიათ, რომ ის, რაც ვითარების გაჯანსაღებაზე მეტყველებს, რაღაც რომ სასიკეთო ხდება, ეს დიდი ეფექტს არ ახდენს და უფრო მეტად სხვა კურსის ერთგული არიან.
მე კი მგონია, რომ ვინც სამართლიანად, კანონის ფარგლებში ისჯება, ყოველივე ეს საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს და ამ მხრივ ტელევიზიამ, პრესამ, ყველამ, ვისაც ქვეყნის ბედი აწუხებს, უფრო მეტი და უფრო ობიექტურად უნდა წერონ.
ახლა ქვეყანა განვითარების გარდამავალ და ურთულეს ეტაპზე იმყოფება. ამიტომაც ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებას შეჩვეული ადამიანისათვის ძალიან ძნელად ასახსნელია. ამას არც უნდა შეეჩვიონ ადამიანები, მოქალაქეები და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ყველანი შევეჩვიოთ ბანდიტობას, მაროდიორობას, კორუმპირებულ პირთა თარეშს. ასე რომ, გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ მოქმედებს დაუსჯელობის კომპლექსიც, და, ამავე დროს, არის რაღაც იმედისმომცემი ტენდენციებიც. ყოველივე ამაში კარგად უნდა გავერკვეთ.
- გასულ კვირას გაფიცული იყვნენ თბილისის მეტროპოლიტენი და რკინიგზა. როგორ ფიქრობთ, იყო ეს ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობის შედეგი, თუ ის, რითაც კარგა ხანია იმუქრებოდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, ანუ სოციალური „ბუნტი“, თუ ეს ისევ და ისევ არის გარკვეული პოლიტიკური ძალების სურვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე პოლიტიკური აქციები...
- მე მგონი, ერთიცა და მეორეც. ამას ვრცლად არ შევეხები. უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. მადლობელი ვარ რკინიგზელებისა (მქონდა კიდეც მათი იმედი ყოველთვის და ახლაც) და მეტროპოლიტენის კოლექტივისა. ვიცი, მათ ძალიან უჭირთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინეს და ქვეყნის გასაჭირი გაიგეს, ანგარიში გაუწიეს ყველა მოქალაქის გაჭირვებას და მუშაობას შეუდგნენ. მადლობელი ვარ იმ პარლამენტარებისა, რომლებიც მივიდნენ გაფიცულებთან. მათ ეგონათ, რომ იქ რაღაც უკანონობა იყო. ვერ გეტყვით რომ მათ მოუწოდეს, გამოდით სამუშაოზეო, მაგრამ დარწმუნდნენ იმაში, რომ იქ კანონები არ დარღვეულა და მერე რაიმე წამქეზებლური აქციები აღარ გამართულა. ასეთ დროს ყოველთვის სწორედ ამგვარი ზომიერი მოქმედებაა საჭირო. პარლამენტის წევრს უფლება აქვს მივიდეს ყველგან - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სისტემაში, უშიშროებაში, სხვაგან და გაერკვეს ვითარებაში. მე ვიცი, რომ ერთი ჯგუფი გაფიცულებთან მივიდა და როცა საქმეში ჩაიხედა, დარწმუნდა, რომ გარკვეულ ძალებს აინტერესებდათ ვითარების გართულება, გაფიცვის გაგრძელება.
რამდენიმე სიტყვა გაფიცვების შესახებ. გაფიცვას ორ შემთხვევაში აქვს აზრი. პირველი: თუ სახელმწიფოს ან კერძო მეწარმეს აქვს საშუალება, მაგრამ არ ახმარს მას ხალხსა და თანამშრომლებს, არ იყენებს სათანადო რესურსებს და ამის გამო მათ გარკვეულ სფეროში, ეკონომიკურ უზრუნველყოფაში ზიანი ადგებათ.
ქვეყანამ, მოქალაქეებმა ხომ იციან, რა აქვს დღევანდელ სახელმწიფოს. ესე იგი გაფიცვით ეკონომიკურად ბევრს ვერაფერს მიიღებენ. ცოტ-ცოტა ახლა გავაუმჯობესეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან შესამჩნევი იქნება მეტროპოლიტენის თანამშრომლებისა თუ რკინიგზელებისათვის, რადგან ხელფასის მომატება კუპონებით ხანდახან საწინააღმდეგო ეფექტსაც იწვევს. თუ მოხერხდება შეისყიდონ რამე და კუპონები დაასაქონლონ, ამით შეიძლება რაღაცნაირად დავეხმაროთ, მაგრამ დიდი რამ რესურსი და რეზერვი სახელმწიფოს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ კიდევ დიდი რაოდენობით დავბეჭდოთ კუპონები და დავარიგოთ. ეს საქმეს არ შველის, ასე რომ, ამ შემთხვევაში გაფიცვა ის იარაღი არ არის, რომლის მეშვეობითაც შეიძლება კოლექტივის ან საკუთრივ პიროვნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მეორე: თუ საჭიროა ხელისუფლების, სახელმწიფოს მეთაურის წასვლა, მთავრობის შეცვლა და ა.შ. მე ჩემი მოქმედებით არაერთხელ დამიდასტურებია, რომ ამისათვის არავითარი ძალადობა და გაფიცვები საჭირო არ არის. ვიმეორებ, ასეთი მზადყოფნა ყოვეთვის იყო, თუკი ეს საქმეს უშველის. მაგრამ მე ისიც მინდა განვაცხადო, რომ სანამ ჩემს მოვალეობას ვასრულებ, შევასრულებ ისე, როგორც ჩემი სინდისი მიკარნახებს, რის საშუალებასაც მაძლევს ჩემი ცოდნა, გამოცდილება, უბრალოდ, ფიზიკური შესაძლებლობები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღე-ღამეში 24 საათზე მეტი ლიმიტი არ არსებობს. მაშასადამე, იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ძალით, სურვილითა და დიდი პასუხისმგებლობით შრომობენ, ფიზიკური შესაძლებლობანიც მეტი არა აქვთ. ამიტომაც ხელისუფლების წასვლის მოთხოვნისათვის, ჯერჯერობით, საფუძველი არ არსებობს. გაფიცვები ის ფორმა არ არის, რომელმაც შეიძლება დღევანდელი საქართველო გადაარჩინოს. პირიქით, გაფიცვა პრაქტიკულად ისევ საკუთარი ოჯახის, საკუთარი შვილების, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
- მოსკოვში აფხაზთა მხარესთან მოლაპარაკებაში რაღაც გარკვეული ძვრები გამოიკვეთა. ხომ არ დააჩქარებს ან რამდენად დააჩქარებს ეს აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანას? და კიდევ, გუშინწინ თქვენ თითქმის მთელი დღე თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდით. რა კეთდება იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდექით ამ სამინისტროს, ანუ ახალი ქართული არმიის ასაშენებლად? შესაძლებლობისა, რის გაკეთებაც დღეს შეიძლებოდა, და მინიმუმია იმისათვის, რომ საერთაშორისო ძალების შემოყვანის თაობაზე გაერომ და უშიშროების საბჭომ მიიღონ გადაწყვეტილება. ალბათ გახსოვთ, როგორი პირობა იყო წამოყენებული: მოლაპარაკებაზე უნდა მიაღწიონ რაღაც პროგრესს, უნდა შეწყდეს ცეცხლი, არ უნდა მიმდინარეობდეს ბრძოლები. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გაერო გადაწყვეტილებას საერთაშორისო ძალების შემოყვანის თაობაზე. ამიტომ შეთანხმებას ამ მხრივ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუკი მას ხელს მოაწერენ. რაც შეეხება ფორმულას, რომელზეც კოზირევი ლაპარაკობდა, კიდევ დაზუსტდება და, პრინციპში, მე მგონია იგი მისაღები უნდა იყოს. არის აქ პატარა გამონაკლისი - იარაღით არავინ არ უნდა შევიდეს. ანდა ის, ვინც დღეს ჯარშია, როგორც სამხედრო პირი, იქ ვერ შევა. წინა ტექსტთან შედარებით ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მართლაც, მოსახლეობის 98 პროცენტს ეს არ შეეხება, დანარჩენი 2 პროცენტიც დაზუსტდება და მოლაპარაკების პროცესში ეს საკითხიც მოგვარდება.
ვიცი, რომ ტექსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წამოიჭრება პრობლემები - როგორ არის მეორე მხარე, როგორი იქნება დემილიტარიზაციის, განიარაღების საკითხები იქ მყოფი რაზმებისა და ა. შ. ყველაფერი ეს მეორე ეტაპია. მინდა ყველამ კარგად შეიგნოს - ახლა უმთავრესი ამოცანა ის იყო, რომ შექმნილიყო საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემოსვლის პირობები.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში მუშაობას, იგი სერიოზულად დაიწყო. უნდა გითხრათ, რომ გია ყარყარაშვილის დროსაც ბევრი რამ გაკეთდა. პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა, არმიაში მოდის საკმაოდ საიმედო ახალგაზრდობა, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგიასთან ერთად და ზოგიერთი რამ კიდეც გადავწყვიტეთ. ამაზე, ცოტა მოგვიანებით.
- რამ განაპირობა ის, რომ პარლამენტი, ფაქტობრივად, უცვლელად ამტკიცებს თქვენ მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს?
- ჯერ ნუ ვიჩქარებთ. სიძნელეები იყო და კიდევ არის, მაგალითად, თედო ნინიძის საკითხი აბსოლუტურად გაუგებარია. იგი სინდის-ნამუსის განსახიერებაა, ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია. როგორც პიროვნებასა და პროფესიონალს მას ყველა პატივს სცემს. ყოველმხრივ საოცრად დადებითი კაცია და, ვფიქრობ, ეს გაუგებრობის შედეგია. მაგრამ, ხომ მაინც სიძნელეა, სირთულეა. ხვალ ჩვენ ძალიან პასუხსაგები დღე გვაქვს - ათი სამინისტროს ბედი უნდა გადაწყდეს. მინდა ვირწმუნო, რომ პარლამენტი აქაც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება.
თქვენ მეკითხებით, რა არის ამის მოტივი და როგორ ხდება ეს. მე მინდა ავხსნა ეს ისე, რომ აქ მუშაობს პასუხისმგებლობის გრძნობა, ისე, როგორც 31 მარტის ინციდენტის დროს გაერთიანდა პარლამენტი. ვფიქრობ, პარლამენტის ძირითადმა შემადგენლობამ კარგად იცის, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუ მთავრობის კრიზისი გაჭიანურდა, გაგრძელდა და ახლა, ფაქტობრივად, კრიზისია, როცა კაცი უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტში ზის და ელოდება თავის რიგს. ასე რომ, გარკვეულწილად, სამინისტროების მუშაობა ახლა დეზორგანიზებულია. ვიმეორებ, რომ მოქმედებს პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ტელეინტერვიუში უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ 9 აპრილისათვის დაძაბულობის კულმინაცია გვიწინასწარმეტყველა. ამან ხომ არ განაპირობა ისრაელში თქვენი ვიზიტის გადადება?
- საერთოდ, ჩემი ვიზიტების წინ ყოველთვის რაღაც საშინელებას მიმზადებენ ხოლმე. ახლაც ასე იყო: გაფიცვები, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი, ზოგიერთი სხვა მოვლენაც, რაზეც ბატონმა გიორგაძემ ილაპარაკა. გუშინ მოვიწვიე ისრაელის ელჩი საქართველოში და გულისტკივილით ვაცნობე, რომ ახლა ჩემი ვიზიტი, ასეთ დროს ქვეყნიდან გასვლა მიზანშეწინილი არ არის. მე ასე ვიტყოდი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომაც გადავდე ჩვენი ქვეყნისათვის და, განსაკუთრებით, ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივებისათვის უაღრესად საჭირო ვიზიტი. ბევრს ეს ვიზიტები გასეირნება ჰგონია. თქვენ მოწმე ხართ, როგორი დაძაბული შრომა გვიწევს ამ ვიზიტების დროს, შრომობს ყველა, ვინც ჩართულია ან უშუალოდ არ არის ჩართული, ყველა ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის. ვერ გავმდიდრდით, მაგრამ სულს რომ ვითქვამთ და ვარსებობთ, გარკვეულწილად, ამ ვიზიტების შედეგიც არის.
ბატონმა კლინტონმა 70 მილიონი დოლარის ფარგლებში დახმარება აღგვითქვა. ამის შემდეგ, როცა ჩვენი დელეგაციის ნაწილი იქ მუშაობდა, ეს თანხა 80 მილიონამდე გაიზარდა. ამას დაემატება კიდევ სხვა თანხები სხვადასხვა წყაროდან და ფონდებიდან, ცოტაც წინა წლებიდან გადმოსული და საბოლოო ჯამში ეს 130-140 მილიონი დოლარი იქნება. ესე იგი მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო 140 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს.
ალბათ, ამ ვიზიტის გარეშეც, რაღაც რაოდენობა იქნებოდა, მაგრამ ვიზიტმა თავისი როლი შეასრულა. ასე რომ, ეს გასარკვევი საქმე არ არის და, როცა დღის წესრიგში ვიზიტების საკითხია, მაშინ ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რადგან ეს სწორედ საქართველოსა და ქვეყნისათვის არის საჭირო.
ახლა უმთავრესი ამოცანა იყო ის, რომ შექმნილიყო საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემოსვლის პირობები / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 აპრილი. - N53 (855). - 1 გვ.
![]() |
51 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთი წელი გვაშორებს ცხრა აპრილს - ამაღლებულსა და, ამავე დროს, სისხლიან თარიღს საქართველოს ისტორიაში, ქართული სულის აღზევებისა და ქართული ცნობიერების გასხივოსნების თარიღს, ზნეობრივი სიმაღლითა და ეროვნული მთლიანობით შიდა თუ გარე მტერზე სულიერი ამაღლების თარიღს.
ეს ხუთი წელი ძნელი და რთული იყო საქართველოს ისტორიაში, მან იცის გამარჯვებაც და დამარცხებაც. ამაღლებაც ქართული სულისა და დამდაბლებაც...
ვაი, რომ დამარცხება უფრო მეტი იყო, ხოლო დამდაბლება უფრო ღრმა და სამარცხვინო...
საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული და ჰეროიკული ფურცლის დაწერაში სხვადასხვა, ერთმანეთის გამომრიცხავი, ამდენად ერთმანეთთან შეუთავსებელი ძალები მოქმედებდნენ, რამაც განაპირობა მთელი ტრაგიკულობა ცხრა აპრილისა.
ჰეროიკული იყი თავად პათოსი ამ დღისა, ერის ერთსულოვანი სწრაფვა მარადიული ეროვნული მიზნისკენ.
ისტორიამ სხვადასხვა როლი განუსაზღვრა ამ საბედისწერო დღის მონაწილეებს... ისტორია თავისას მიუზღავს ყოველ მათგანს - მსხვერპლსაც და ჯალათსაც, მაგრამ იმავე ისტორიას სამუდამოდ შემორჩება ამაღლებული და რეალური ლეგენდა იმ თავგანწირულობაზე, რის გარეშეც არაფერი ისტორიულად მნიშვნელოვანი არსად არ იქმნება.
აქ სრულად და მთელი თავისი სიწმინდითა და მშვენიერებით გამოვლინდა ქართული სული.
ამ სიმაღლეს მერე ჩვენ ვერ მივადევნეთ შესაბამისად ქართული სახელმწიფოებრივი გონი, სიდინჯე, შრომისმოყვარეობა, ურთიერთმიტევება, თანადგომა, მტრისა და მოყვრის ერთმანეთისაგან გარჩევის ნიჭი, კანონთმოშიშობა და საკუთარი ქვენა სურვილების დათრგუნვის უნარი - რომელთა გარეშე არც ნორმალური სახელმწიფო ფუნქციონირებს და არც ნორმალური საზოგადოება.
ჩვენ ზოგჯერ არა ვგავართ იმ ხალხს, რომელიც ცხრა აპრილს ასე ამაღლებული იყო.
ჩვენგან იშვიათად ვინმე თუ მიუვა მათ ვალმოხდილი და პირნათელი, უპირველესად კი ალბათ ისინი, ვინც სამშობლოსთვის დაეცა და ვინც მოძალადეთა ხელითა თუ მათგან დევნილი მოწამებრივად აღესრულა.
ამ თვალსაზრისით ცხრა აპრილი ჩვენი ისტორიისა გრძელდება, გრძელდება ჩვენი გოლგოთა. გრძელდება ჩვენი განწმენდა ჩვენივე ცოდვებისაგან და თუ ცხრა აპრილს ჩვენმა სულიერმა ერთობამ და სულიერმა სიძლიერემ აგვამაღლა, დღესაც მხოლოდ ეს თუ გაგვამარჯვებინებს და კიდევ ის სიყვარული მოყვასისა, რომლის გარეშეც არც ერთ ღვთიურ საქმეს თავი არ დადგმია.
9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია ჩვენს ისტორიაში იმითაც, რომ მან თავისი კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ აღიარებით და დადასტურებით.
ცხრა აპრილი განუმეორებელი იყო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ იგი არ იყო ერთადერთი, რადგან ასევე ჰეროიკული და ტრაგიკული იყო გაბრძოლება ქართული სულისა 1956 წლის 9 მარტს, 1924 წლის აგვისტოს, 1921 წლის თებერვალში...
ასეთი წლები და ასეთი თვეები საქართველოს ისტორიის სიღრმეში ბევრია, სამწუხაროდ თუ საამაყოდ ბევრი, რადგან ერი, მართალია, სისხლისაგან იცლებოდა, მაგრამ მაინც იბრძოდა, იბრძოდა და საბოლოოდ მაინც იმარჯვებდა.
ახლაც გავიმარჯვებთ.
გავიმარჯვებთ იმ წმინდა სულებისთვის და ამ წმინდა სულების მეოხებით, რომელნიც საქართველოს მარადიულ არსებობას და თავისუფლებას შეეწირნენ და კვლავაც შეეწირებიან, რადგან ქართველისათვის უდიდესი სიქველე და ნეტარება საქართველოსთვის თავდადება იყო, მისთვის ღვაწება და მისი დაცვა.
ამ ჩვენს ბედნიერ ბედს ჩვენ ვერსად გავექცევით, რადგან ეს არის ჩვენი ზეცად ამაღლების ერთადერთი გზაცა და მიზანიც.
ედუარდ შევარდნაძე.
7.04.94 წელი.
9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 აპრილი. - N56(858). - 1 გვ.
![]() |
52 ედუარდ შევარდნაძე |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთი წელი გვაშორებს ცხრა აპრილს - ამაღლებულსა და, ამავე დროს, საქართველოს ისტორიის სისხლიან თარიღს, ქართული სულის აღზევებისა და ქართული ცნობიერების გასხივოსნების თარიღს, ზნეობრივი სიმაღლითა და ეროვნული მთლიანობით შიდა და გარე მტერზე სულიერი ამაღლების თარიღს.
საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკულ და ჰეროიკული ფურცლის დაწერაში სხვადასხვა, ერთმანეთის გამომრიცხავი, ამდენად ერთმანეთთან შეუთავსებელი ძალები მოქმედებდნენ, რამაც განაპირობა მთელი ტრაგიკულობა ცხრა აპრილისა.
ისტორიამ სხვადასხვა როლი განუსაზღვრა ამ საბედისწერო დღის მონაწილეებს... ისტორია თავისას მიუზღავს ყოველ მათგანს - მსხვერპლსაც და ჯალათსაც, მაგრამ იმავე ისტორიას სამუდამოდ შემორჩება ამაღელვებელი და რეალური ლეგენდა იმ თავგანწირულობაზე, ურომლისოდ არაფერი ისტორიულად მნიშვნელოვანი არსად არ იქმნება.
აქ სრულად და მთელი თავისი სიწმინდითა და მშვენიერებით გამოვლინდა ქართული სული.
ცხრა აპრილი განუმეორებელი იყო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ იგი არ იყო ერთადერთი, რადგან ასევე ჰეროიკული და ტრაგიკული იყო გაბრძოლება ქართული სულისა 1956 წლის 9 მარტს, 1994 წლის აგვისტოს, 1921 წლის თებერვალში... ასეთი წლები და ასეთი თვეები საქართველოს ისტორიის სიღრმეში ბევრია, სამწუხაროდ თუ საამაყოდ ბევრი, რადგან ერი, მართალია, სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ მაინც იბრძოდა, იბრძოდა და საბოლოოდ იმარჯვებდა კიდეც.
ახლაც გავიმარჯვებთ!
ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 9 აპრილი. - N57(859). - 1 გვ.
![]() |
53 „ხალხი აღარ გაჰყვება ბნელ ძალას, საქართველოს სიბნელესა და ჭაობში ვეღარავინ შეიყვანს, და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 11 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო. საპარლამენტო დებატების მთავარი საგანი გახდა მოსკოვში ხელმოწერილი ოთხმხრივი შეთანხმება ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალთა დაბრუნების შესახებ და დეკლარაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ღონისძიებათა თაობაზე. ამ დოკუმენტების გამო თქვენ უკვე რამდენჯერმე გამოთქვით თქვენი აზრი. როგორ მიგაჩნიათ, მოჰყვა თუ არა რაიმე დადებითი შედეგი ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ დოკუმენტების დენონსაციას პარლამენტში? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 11 აპრილის ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- კონფლიქტის მოწესრიგებისა და მოგვარების რეალური ინტერნაციონალიზაციის შესახებ მხოლოდ ახლა შეიძლება ლაპარაკი. მანამდე ყველაფერი, ასე ვთქვათ, რეზოლუციების დონეზე იყო. თუმცა უშიშროების საბჭოში სხვადასხვა ქვეყნების ინიციატივით მიღებული რეზოლუციები, განცხადებები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო იმისათვის, რომ აქამდე მივსულიყავით. ახლა მომწიფდა კონფლიქტის მოწესრიგებაში საერთაშორისო ძალების ჩაბმის პირობები. ამ ეტაპზე უფრო ნათლად გამოიკვეთა რუსეთის პოზიტიური როლი, ისე, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა განცხადებული რუსეთის ხელმძღვანელობისა და მისი პრეზიდენტის მიერ. აქტიურად მუშაობენ ჩვენი მეგობრები - ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საქმეში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ევროთათბირი. ხვალ ჟენევაში დაიწყება შეხვედრა აფხაზეთში საერთაშორისო ძალების განლაგების საკითხებზე. გუშინ სოჭში დამთავრდა ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ მოლაპარაკების პირველი ტური. ეს არის სპეციალური კომისია, რომელმაც ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს და კიდევაც შეუდგა მუშაობას.
19 აპრილს ისევ ჟენევაში გაიმართება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის სხვადასხვა ასპექტის განხილვას მიეძღვნება. ასე რომ, პროცესი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველით, ასე თუ ისე, შედარებით საიმედოდ დაიწყო.
კიდევ და კიდევ მინდა გამოვკვეთო ორი საკითხი ყველას საყურადღებოდ. განსაკუთრებით ჩვენი ძმების, ჩვენი მეგობრების, დებისა და შვილების - აფხაზეთიდან ლტოლვილების საყურადღებოდ: უმთავრესი მიზანი და ამოცანა, რომლებსაც ახლა ვისახავთ მოლაპარაკების მთელ ამ რთულ და შემდეგ საერთაშორისო ძალების ამოქმედების პროცესებში - ლტოლვილთა დაბრუნებაა, მაგრამ უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება იმ პირობებში, როცა მათ იქ უკვე დახვდებათ საერთაშორისო შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ექნებათ გაეროს მიერ მინიჭებული შესაბამისი უფლებები. ამ ფონზე არ შემიძლია გულისტკივილით არ აღვნიშნო ზოგიერთი პოლიტიკოსის არათუ კრიტიკული დამოკიდებულება, რაც სავსებით დასაშვებია, და ზოგ შემთხვევაში ნეგატიური, არამედ აუხსნელი აგრესიულობა ამ ძვრების მიმართ და, ასე ვიტყოდი, გარკვეული გაბოროტება და გამძვინვარებაც სწორედ ამ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ბოლო ხანს იმედისმომცემად გამოიკვეთა. გამოდის, რომ ნიშნს უგებენ საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. ჩემში ეს არ იწვევს საპასუხო ბოროტ რეაქციას. მინდა მხოლოდ ამოვიცნო მათი ამგვარი მოქმედების მოტივი. ვფიქრობ, ყოველივე ამის მიღმა ხელისუფლებისათვის ბრძოლაა. ალბათ, ესეც გასაგებია, მაგრამ ასეთ დროს, როცა ამაზე მეტი ძნელბედობა იშვიათად თუ ხვდება წილად ქვეყანას, მაინც ყველანი თანადგომასა და ერთობაზე უნდა ვზრუნავდეთ, ვფიქრობდეთ იმაზე, როგორ გავუძლოთ სახელმწიფოსათვის ამ უძნელეს გამოცდას, როგორ გადავიტანოთ იგი და როგორ გავუადვილოთ ქვეყანას სვლა მშვიდობის, სტაბილურობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ. ჩემი აზრით ეს ერთგვარი აფეთქებები პარლამენტში, და არა მარტო პარლამენტში, მაინც დროებითია და იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ მოლაპარაკებებზე, სხვადასხვა შეხვედრაზე და, ბოლოს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს უშიშროების საბჭო, და შესაბამისად, თუ ყოველივე ეს დადებითად განვითარდა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და მოჰყვა ამას ისეთი მოქმედება, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის, მაშინ ეს თავისთავად ჩაქრება და ყველას გადაგვავიწყდება, რომ იყო ასეთი აფეთქება...
- პარლამენტის დღის წესრიგში თქვენ, ოპოზიციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოითხოვეთ ორი საკითხის შეტანა. ერთი იყო ამ დოკუმენტის დენონსაციის საკითხი და მეორე - ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხსნის ამ მოთხოვნებს. დააყენებთ თუ არა ისევ ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხს ხვალინდელ ან მომდევნო სხდომებზე და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ დღევანდელ რთულ ვითარებაში საკითხის ამგვარად დასმა?
- ოპოზიციამ კი დააყენა დენონსაციის საკითხი, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, მათ ბოლომდე არ ეყოთ გამბედაობა დაეცვათ თავიანთი პოზიცია, რადგან დარწმუნებული არ იყვნენ სიმართლესა და მოქმედების ლოგიკურობაში. ზოგიერთების ამგვარი პოზიცია უფრო მეტად პოზა და სიყალბე იყო, ანდა თავის დაზღვევა, აი, თუ რაც ჩაფიქრებულია, ის არ გამართლდა, ხედავთ, ჩვენ ხომ ვამბობდით ყველაფერ ამასო... ამიტომ მინდოდა ეს საკითხი დასმულიყო კენჭისყრაზე და მართლაც დარჩენილიყო ისტორიაში, თუ ვინ იყო მომხრე და ვინ - წინააღმდეგი. რადგან ასე არ მოხდა არც ეს არის დიდი უბედურება, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტმა არ გაიზიარა მოსაზრება დენონსაციის შესახებ და პრაქტიკულად დაეთანხმა იმას, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ მოსკოვში.
რაც შეეხება ნდობის საკითხს, მე განვაცხადე, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შემდეგ ამ საკითხსაც უნდა მივხედოთ და დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ, მინისტრთა კაბინეტი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული. მე უკვე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება პარლამენტის იმ სხდომის მიმართ, რომელმაც ვერ შეძლო განათლების მინისტრის დამტკიცება. ასევე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება განათლების მინისტრის ბატონ თამაზ კვაჭანტირაძის მიმართაც და გარკვეული გულისტკივილი ამის გამო. ალბათ, ხვალ განახლდება სხდომა და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში მთავრობის ფორმირებების საკითხი გადაწყდება.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპს - სახელმწიფოს მეთაურის ნდობის საკითხს, არსებობს ნდობის საკითხის დაყენების გარკვეული წესი - ოპოზიციას შეუძლია მოაგროვოს 50-ზე მეტი ხმა. თუ არ ვცდები, 55 ხმაა საჭირო იმისათვის, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. თუ იგი ამას ვერ შეძლებს და ამის გაკეთების შეეშინდება, მე ამ სიტყვას ვიხმარდი, სცადონ. რადგან დასვეს დღის წესრიგში, კიდეც უნდა სცადონ. მაშინ მე სხვა გზას მოვძებნი, რათა პარლამენტმა და ხალხმა იმსჯელონ ამაზე და როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება, რადგანაც ხელისუფლების, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა რანგის სახელმწიფო მოღვაწის წარამარა ლაფში და ტალახში ამოსვრას, წარამარა ჩვენს პარლამენტში გაგონილ ფრაზებს - „ანტიეროვნული“, „ანტისახელმწიფოებრივი“, „ყოვლად გაუმართლებელი“, „დანაშაულებრივი“ და ა.შ. - ამას ბოლო უნდა მოეღოს. ან ისე უნდა იყოს, ან ასე. საკითხი უნდა გადაწყდეს. თუ სახელმწიფოს სათავეში დამნაშავე ელემენტები არიან ან, როგორც ითქვა, უუნარონი, უნიათონი (და მე კარგად ვიცი, ვისაც გულისხმობენ და ეს არავითარ გაშიფვრას არ საჭიროებს), ვფიქრობ, ამის გაუბრალოება და როგორც ხანდახან ამბობენ, ჩვეულებრივ გადაყლაპვა, თვალის არიდება ან ყურებში ბამბის დაცობა - ეს იქნება სწორედ უგუნურება და უნიათობა, რომ სახელმწიფოს მეთაური ამას შეეგუოს. ამას არც სახელმწიფოს მეთაური, არც პარლამენტი და არც ხალხი არ უნდა შეეგუოს. თუ ეს ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, მაშინ უნდა მოიძებნოს ამის განსაკურნავი საშუალება - ან წასვლა, ან დარჩენა, მაგრამ ერთიცა და მეორეც ღირსეულად უნდა მოხდეს.
- ისევ აფხაზეთის თემას დავუბრუნდეთ. რამდენად რეალურია ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენ ამერიკაში წასული იყავით საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანის სათხოვნელად. რამდენად რეალურად გესახებათ საერთოდ შესაძლებლობა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ასეთი წინადადებით ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში?
- ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა: პოლიტიკურ დებატებში, რომელიც სავსებით მისასალმებელია და თავისთავად მის გარეშე არც დემოკრატია არსებობს და, ალბათ, ჭეშმარიტებამდეც ძალიან ძნელად მივალთ, როგორც სპორტსმენები ამბობენ, უნდა გამოვრიცხოთ აკრძალული ილეთების ხმარება, ესე იგი უნდა გამოირიცხოს ტყუილი და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება სიცრუის მეშვეობით. ბევრ ტყუილს ამბობენ, იმას კი, ვინც უნდა უპასუხოს, არც დრო აქვს და არც საშუალება თვალყური ადევნოს ამას და ტყუილი ამხილოს. აი, მაგალითად, ტყუილი ითქვა წუხელ, თითქოს შევარდნაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიარაღებული ჯარების ჩამოყვანა სთხოვა და უარი მიიღოო. თუ სთხოვე, ამისათვის წახვედი და უარი მიიღე - ეს მარცხია. ეს, ვითომ ისე, ჩვეულებრივად, სხვათა შორის ითქვა. მერე მე დავრეკე და ვთხოვე ტელევიზიას, შეეხსენებინათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი თხოვნა არ გამომითქვამს. მე გაეროს, უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა, ვთხოვე სამშვიდობო ძალების შემოყვანის თაობაზე და დაფინანსების საკითხში, რომელიც ყველაზე რთული და ძნელი საკითხი იყო. იქ თავიდანვე ითქვა, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ჯარის შემოყვანა ახლა არ შეიძლებაო. მე ვიცოდი, რომ ასეთი განწყობილება იქნებოდა. თურმე, ნუ იტყვით, დასავლეთის რომელიღაც გაზეთში ყოფილა ცნობა, შევარდნაძეს უარი უთხრესო. თუ ეს ასეა, და, თუ მართლა რაღაც ამოიკითხე, მაშინ კეთილი ინებე და დაასახელე ის გაზეთი, სტატია თუ ავტორი, ასეთ ვერსიას რომ გვთავაზობს. ეს ელემენტარული წესია: ნაშრომი იქნება, სტატია თუ კამათში გამოსვლა, მოიხსენიო ის პიროვნება, ავტორი, გაზეთი თუ ნაშრომი, რომელსაც ეყრდნობი. აი, ასე ითქვა ეს, სხვათა შორის - შევარდნაძეს უარი უთხრესო. და ვითომც არაფერი, ისე ჩაიარა ამ ამბავმა. კარგი რომ, ჩართული მქონდა ტელევიზორი და ვუსმენდი ამას. რეაგირება რომ არ ყოფილიყო, ხომ დამკვიდრდებოდა ის აზრი, სახელმწიფოს მეთაური იქ საკითხის შეუსწავლელად ჩავიდა და უარი მიიღოო.
მე მხოლოდ ერთი მაგალითი დავასახელე, ასეთი იცით რამდენია? როგორც იტყვიან, რაღაც ჩენჩოშია გახვეული აზრი, რომელსაც არავითარი საერთო სინამდვილესთან არა აქვს, მერე კი გიმტკიცებენ და თავს გახვევენ იმას, რის დამტკიცებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ეს ისეთი დაბეჯითებითა და თვითდარწმუნებით ხდება, რომ ძნელია გამოუცდელმა კაცმა არ დაიჯეროს. როგორმე ეს კულტურა - კამათის, დისკუსიის, მათ შორის, პოლიტიკურ თემებზე - უნდა ავითვისოთ, თან აქ ყოველთვის უნდა იყოს პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ არ იქნება პასუხისმგებლობა, მაშინ საქართველოში ეს კულტურა არ დამკვიდრდება და ოპოზიციაც იმ სახეს ვერ მიიღებს, რომელზეც მე, სიმართლე გითხრათ, ვოცნებობ, მე მართლა მინდა საქართველოში იყოს ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია სერიოზულად შეედავოს და ეკამათოს უმრავლესობა იქნება ეს თუ მომავალში პოზიცია, ხელისუფლება თუ სხვა, მაგრამ მხოლოდ სერიოზულად, მხოლოდ არგუმენტებით, მხოლოდ ფაქტებით. თუ ამას ყველანი ერთად ვისწავლით, მაშინ იქნებიან ღირსეული ოპოზიციონერები.
რაც შეეხება აფხაზეთში ჯარების რეალურად შემოყვანას, აქ ბოლოს და ბოლოს, ორ ვარიანტთან გვექნება საქმე: პირველი, რომელიც ახლა საკმაოდ აქტიურად, ინტენსიურად განიხილება, - ეს არის საერთაშორისო სამშვიდობო ძალები. ეს იოლი არ გახლავთ, მაგრამ უკვე რეალურად გამოიკვეთა კონტურები, ანდა - მთლიანად რუსული კონტინგენტი, თურუსეთი ამას დათანხმდება. ვფიქრობ, დათანხმდება იმიტომ, რომ ბატონმა ელცინმა და მეც პრინციპში ასეთი თანხმობაც მივეცით. რა თქმა უნდა, მხოლოდ - გაეროს დროშით და თვითონაც ამის მომხრენი არიან. მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე განიხილება საერთაშორისო სამშვიდობო ძალების, ესე იგი ინტერნაციონალური ძალების შემოყვანა, რომელთა შორის იქნებიან გარკვეული რაოდნობის რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. შეიძლება ეს იყოს ოცი პროცენტი, შეიძლება ოცდაათი, მეტი ან ნაკლები, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. როგორც მითხრეს, უშიშროების საბჭოში არის სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე განაცხადი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ ამ სამშვიდობო მისიაში. არ ვიცი, რამდენად საკმარისი იქნება ეს. ამას ყველაფერს ახლა გარკვევა დასჭირდება.
შეიძლება გარკვეული დროის, რამდენიმე წლის შემდეგ მომწიფდეს პირობები იმისათვის, რომ ნატოს ძალებმა გარკვეული მონაწილეობა მიიღონ კონფლიქტის მოწესრიგებაში.
- 14-15 აპრილს მოსკოვში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა. რას მოელის ჩვენი ქვეყანა ამ შეხვედრისაგან ჩვენთვის ორი უმთავრესი პრობლემის თვალსაზრისით - აფხაზეთი და ჩვენი ეკონომიკა?
- ამ საკითხზე ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ. იქნებ ხვალ ან ზეგ სპეციალურად შევეხმიანო ჩვენს რადიომსმენელებსა და ტელემაყურებლებს, რადგანაც მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებმა გამოაგზავნეს. გვაქვს ჩვენი გარკვეული მოსაზრებანიც. მთავარი საკითხი იქნება სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობის ნორმატიული ჩარჩოების განსაზღვრა, მასშტაბები და პირობები. ბუნებრივია, იქნება მსჯელობა კონფლიქტებთან დაკავშირებითაც.ახლა ყველა სამინისტროში, უწყებაში, მინისტრთა კაბინეტში ამ დოკუმენტებზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. დღეს, ალბათ, შევიკრიბებით და შემდეგ მექნება საშუალება, ზოგიერთი ჩემი მოსაზრება გავუზიარო რადიომსმენელებსა და ტელემაყურებლებს.
- შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და უშიშროების სამსახურის ერთობლივ ოპერაციებს გარკვეული დადებითი ძვრები მოჰყვა. ამ პირველ შედეგებს გრძნობს ჩვენი მოსახლეობა. და მაინც, ქვეყანაში ძნელად მყარდება ისეთი წესრიგი, როგორიც, თუნდაც, ასევე ომის ვითარებაში მყოფ, ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში - აზერბაიჯანშია. გასულ კვირას სადახლოში ვაგონები ააფეთქეს, 9 აპრილს აშკარად პროვოკაციული აფეთქება იყო „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქციის შენობაში. ფაქტები საკმაოდ დაგროვდა ამ ბოლო ხანს...
- ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ახლა წესრიგი შედარებით უკეთესია. ეს უპირველესად, იმის შედეგია, რომ ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბრძანებულებას შედარებით უკეთესად ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოები. ამაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, უშიშროების სამსახური მონაწილეობენ და ეს უდავოდ მისასალმებელია. ვფიქრობ, ამ დადებით ტენდენციებს საყოველთაო-სახალხო მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ამ თვალსაზრისით ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა მთელი ყურადღება დანაშაულობათა გახსნაზე უნდა გადაიტანონ. ისეთი დანაშაულობანი, როგორიც არის, მაგალითად, აფეთქება სადახლოში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ან შემთხვევა რუსთაველის გამზირზე - „სვობოდნაია გრუზიას“ შენობაში, არ შეიძლება გაუხსნელი და დაუსჯელი დარჩეს. მე მინდა ძალიან დიდი იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ აუცილებელ ზომებს. მიუხედავად ამისა, საერთო გაჯანსაღების ტენდენცია მაინც იგრძნობა და საჭიროა მთელი საზოგადოების ძალისხმევა ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. ეს რეალური პერსპექტივაა და არა სამომავლო საქმე. ვფიქრობ, დაწყებული სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
- გასულ კვირას, 9 აპრილის ტრაგიკული დღეების ხუთი წლისთავი შესრულდა. ამ კვირაში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების 16 წლისთავი სრულდება. პირველს ეროვნული ერთიანობის დღე ვუწოდეთ, მეორეს - ქართული ენის დღე. აპრილი მდიდარია ასეთი მოვლენებით...
- ყოველგვარ თარიღს, რომელიც სამწუხარო თუ სასიხარულო მოვლენასთან არის დაკავშირებული, საზოგადოების წევრთა ერთი ნაწილი მხოლოდ ერთი მიზნისათვის იყენებს: ქვეყანა არ დამშვიდდეს, არასტაბილურობა გაგრძელდეს და ხელისუფლება, როგორც ამ 9 აპრილს მოითხოვდნენ ზოგიერთი ძალები, დაემხოს. ასეთი განწყობილებები ვერავითარ სასიკეთოსა და სასარგებლოს ვერ მოუტანს ქვეყანას. ხანდახან ვფიქრობ, რა სურს, რა უნდა ამ ხალხს, ქვეყნის სიკეთე, გაერთიანება თუ დანგრევა? საგანთა და მოვლენათა ლოგიკა ისეთია, რომ ისინი ქვეყანას კვლავ არასტაბილურობისა და სიბნელის ჭაობისაკენ მიათრევენ. ჩვენ, ასე თუ ისე, აღვნიშნეთ 9 აპრილი. ვფიქრობ, ღირსეულად აღინიშნება 14 აპრილიც, შემდეგ კიდევ სხვა თარიღები - 26 მაისი და სხვა მრავალი. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა: არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველო დღეს ის აღარ არის და არც იქნება, რაც გუშინ იყო. ხალხი აღარ გაჰყვება ბნელ ძალას და საქართველოს სიბნელესა და ჭაობში ვეღარავინ შეიყვანს და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.
„ხალხი აღარ გაჰყვება ბნელ ძალას, საქართველოს სიბნელესა და ჭაობში ვეღარავინ შეიყვანს, და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ“ : ედუარდ შევარდნაძის 11 აპრილის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 აპრილი. - N58(860). - 1,2 გვ.
![]() |
54 ედუარდ შევარდნაძის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
საქინფორმის კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფოს მეთაურმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს ბომბდამშენების მიერ ქ. გორაჟდეს მიდამოებში ბოსნიელ სერბთა პოზიციების დაბომბვის შესახებ განაცხადა:
- ეს აქცია შეიძლება განხილულ იქნეს არა როგორც მხოლოდ კონკრეტული ერთჯერადი შემთხვევა, არამედ როგორც პირველი სერიოზული დარტყმის მცდელობა ომებზე, როგორც კატეგორიაზე და როგორც ფსიქოლოგიურ ფენომენზე. ეს არის, ფაქტობრივად, ძალით მშვიდობის დამკვიდრების პრინციპის (რომელზეც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში) სერიოზული აპრობაცია. მომხდარი ფაქტი გაკვეთილი უნდა იყოს ყველა აგრესიული, უპასუხისმგებლო მხარისთვის - იქნება ეს ნაციონალისტური თუ სეპარატისტული ძალა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა, განსაკუთრებით, თუ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ხდება, აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელ მსოფლიოში არსებობს უფრო დიდი და სამართლიანი ძალა (იგულისხმება გაერო, ნატო), რომელიც მოწოდებულია და შეუძლია უზრუნველყოს მსგავსი აგრესიის ნეიტრალიზაცია.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სერიოზული აქციების დაგეგმვისა და განხორციელებისას არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი პოლიტიკური კონსულტაციების ტრადიცია წამყვან სახელმწიფოთა შორის, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის.
ედუარდ შევარდნაძის განცხადება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 13 აპრილი. - N59 (861). - 1 გვ.
![]() |
55 ყველამ ერთად ავაშენოთ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 18 აპრილის რადიოინტერვიუ
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენის - მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა და მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვედრის შედეგები და მიღებული კოლექტიური უშიშროების საბჭოს განცხადება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების შესახებ ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით გააანალიზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
- მე უკვე გამოვთქვი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის თათბირზე მიღებულ ამ განცხადებას, რომელიც, უდავოდ, კარგ პერსპექტივას სახავს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებისათვის. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ვერც ერთ გზაზე ვერ ვიტყვით უარს. ძალაში რჩება მოლაპარაკების ის პროცესი, რომელიც გაეროს ხაზით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესია. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე რეალურად ჩანს თანამეგობრობის ქვეყნების კონკრეტული მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. შეიძლება იყოს კიდევ ერთი სხვა გზაც - გზა, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ, - სამხედრო გზა. მე ვიტყოდი, რომ მესამე გზისათვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს სამშვიდობო ვარიანტები, ყველა შესაძლებლობა ბოლომდე ამოიწუროს.
ფაქტი ის არის, რომ ეს პრობლემა გადაუჭრელი ვერ დარჩება. აფხაზეთი არ დაიკარგება, ეს არ მოხდება, ჩვენს დროში ამის დაშვება შეუძლებელია. მთავარი ის კი არ არის, რომ დავიბრუნებთ, მთავარია, ეს დროზე მოხდეს. ადრე უნდა მოხდეს, რამდენადაც კი შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა მოსკოვში გამოკვეთილი ვარიანტი შეიძლება რეალური გახდეს, თუ ეს უფრო ადრე მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. გაეროს ძალები თუ შემოვლენ, შემოვლენ უფრო მეტად როგორც ნეიტრალური ძალები და ეს პროცესი გაჭიანურდება (ჟენევაში იყო ლაპარაკი, რომ შეიძლება აგვისტოსთვის, ცოტა ადრე ან გვიან, შეკრიბონ გარკვეული შენაერთები და ა.შ.), ასეთი ვარიანტები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რაც მოხდა მოსკოვში. ეს კიდევ ერთი შანსია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი დროულად მოწესრიგდეს, ხალხი დროულად დაბრუნდეს,დაბინავდეს და შეუდგეს ნორმალურ ცხოვრებას. ვინც მეტ გარანტიას მოგვცემს, ჩვენი სასწორი იმისკენ გადაიხრება.
ჩვენ გაეროს მოვუწოდეთ იმოქმედოს დროულად, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ლტოლვილებს შეუქმნის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გარანტიას, ასევე შექმნის საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და მთლიანობის გარანტიებს და ამ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში აფხაზთა უფლებების დაცვის შესაძლებლობას. ეს მოსკოვის განცხადების ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ის არის, რომ, თუ რაიმე მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა, მაშინ თანამეგობრობა, კოლექტიური უშიშროების საბჭო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის თაობაზე.
ჩემი აზრით დღევანდელ ეტაპზე ეს ძალიან სერიოზული მონაპოვარია. დღეს მექნება შეხვედრა იმ დელეგაციასთან, რომელსაც გავგზავნი მოსკოვში. ალბათ, ისევ ბატონი სანდრო კავსაძე გაემგზავრება სხვა წამომადგენლებთან ერთად და უკვე მოსკოვში დავიწყებთ რეალური ვარიანტების ძებნას, რათა მიღებული განცხადება ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს ქაღალდზე და არ გაჭიანურდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ამავე დროს არც ჟენევაში შეჩერებულა პროცესი. დღეს ან ხვალ იქ განახლდება სხდომები. ახლა უფრო წინა პლანზე წამოიწევს აფხაზეთის სტატუსის საკითხი. გუშინ გაემგზავრა ჩვენი სპეციალისტებისა და ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი. იქ არიან ჯაბა იოსელიანი, სხვა ჩვენი წარმომადგენლები და ის პროცესი თავისი გზით უნდა წარიმართოს. ვნახოთ, რომელი გზა იქნება უფრო მოკლე, უმსხვერპლო და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის მომცემი.
- მიღებული დოკუმენტებიდან თქვენ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და მათს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტის ერთ-ერთი რეალური ვარიანტია?
- თვით თანამეგობრობის წესდებასა და სხვა პოლიტიკური მნიშვნელობის ნორმატიულ დოკუმენტებში პრინციპულად არსებობს ის მოსაზრებანი და დებულებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია დეკლარაციაში, მაგრამ გაფანტულად - სხვადასხვა თავებსა და დაკუმენტებში. ამას კაცი ყველგან ამოიკითხავს. მაგრამ იმ დროს, როცა თანამეგობრობის ბევრი ქვეყნის წინაშე წამოიჭრა სერიოზული პრობლემები სწორედ ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრებთან დაკავშირებით, როცა ზოგ ქვეყანაში დაიწყო მოძრაობა საზღვრების გადასინჯვისათვის, მთელი რიგი ქვეყნების ტერიტორიაზე მიმდინარეობს კონფლიქტები და ბევრი ქვეყნის ერთიანობას, მთლიანობას, განუყოფლობას, საზღვრების შეუვალობას უშუალო საფრთხე შეექმნა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ დღევანდელ ეტაპზე, როცა ჩვენ კრიზისს ვუახლოვდებით, დეკლარაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ცოტა არ იყოს, იმ პრესკონფერენციიდან გულდაწყვეტილიც კი გამოვედი იმის გამო, რომ არც ჟურნალისტებსა და პრესკონფერენციის სხვა მონაწილეებს ამ დოკუმენტისათვის საჭირო ყურადღება არ მიუქცევიათ, და ამის გამო ამ დოკუმენტის ძალიან მნიშვნელოვანი დებულებები ჩვენ ყურადღების მიღმა დარჩა.
ვიმეორებ: ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნა, სუვერენიტეტის, თანასწორუფლებიანობის, შინაურ საქმეებში ჩაურევლობის და ზოგიერთი სხვა პრინციპის აღიარება - ყოველივე ეს თანამეგობრობის ქვაკუთხედად და ფუნდამენტად უნდა იქცეს: ასეა გაცხადებული ამ დოკუმენტის მიხედვით. მრავალ საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად აქ არის ჩვენთვის და, არა მარტო ჩვენთვის, დიდად საყურადღებო ფრაზა, რომ არ იქნება და არც უნდა იყოს გამოყენებული სეპარატიზმი, სეპარატისტული მოძრაობები იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფოთა მთლიანობის პრინციპის ხელყოფა. ესე იგი, პრაქტიკულად სეპარატისტულ მოძრაობათა მიმართ ჩამოყალიბდა თანამეგობრობის წევრი ყველა სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა და ერთიანი პოზიცია. ამას დღეისთვისაც და მომავლისთვისაც არსებითი მნიშვნელობა ექნება.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სეპარატიზმის, როგორც მიმდინარეობის დაფიქსირებაში, თავად ამ ფორმულების ძიებასა და აღნუსხვაში საქართველოს პრიორიტეტიც არის, და არა მარტო საქართველოსი. ბოლოს და ბოლოს, ყველამ გაიაზრა და გაითავისა, თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვეობისათვის აგრესიული სეპარატისტული მოძრაობა.
ამ თემასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ თუ თანამეგობრობა აღნიშნული პრინციპების ერთგული იქნება, მაშინ ეს გაერთიანება სულ უფრო მეტად მიიღებს საერთაშორისო, ჭეშმარიტად სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების ხასიათს, საერთაშორისო სტატუსს. ვიმეორებ: თუ ჩვენი ურთიერთობა თანამეგობრობის ფარგლებში ამ პრინციპების საფუძველზე აშენდება, მაშინ ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფო, მომავალში შეიძლება, სხვებიც, თავისუფლად ითანამშრომლებენ და გარკვეული წარმატებითაც, რათა შეასრულონ თავიანთი მიზნები და მიიღონ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიები. თუ ეს პრინციპები დაცული იქნება, მაშინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა შეიძლება ჩვენი თანამეგობარი ქვეყნებისათვის თავისუფალი და დამოუკიდებელი განვითარების ერთ-ერთი გარანტი გახდეს.
- შეკრებაზე ხელი მოაწერეს ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებებს თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ, ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან დაკავშირებით, სხვა ხელშეკრულებებს. მოგვიანებით თქვენ ამ დოკუმენტებს ხელსაყრელი ეკონომიკური ინტეგრაცია უწოდეთ. თქვენი აზრით, რამდენად გრძნობს დღეს რუსეთი თანაბარ უფლებებზე ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას და რამდენად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ინტეგრაცია პოლიტიკურ ინტეგრაციას?
- საერთოდ, ეკონომიკური ინტეგრაცია დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენცია გახლავთ. მრავალმა განვითარებადმა ქვეყანამ თავი რომ დააღწია ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს, და ასეთი უამრავი მაგალითია აღმოსავლეთში, სამხრეთსა თუ დასავლეთში, იმის შედეგია, რომ თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე წარიმართა ეკონომიკური ინტეგრირების პროცესი. ეკონომიკური ინტეგრაცია ყოველგვარი თანამედროვე გაერთიანების თუ ალიანსის საფუძველია. რაც ჩვენ წამოვიწყეთ - შავი ზღვის ქვეყნების გაერთიანება - მისი საფუძველიც ეკონომიკური ინტეგრაცია უნდა გახდეს. თანამეგობრობა დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებზე სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი შეიძლება გახდეს და კიდევაც გახდება, თუ სწორად წარიმართება ეკონომიკური პროცესები, ეკონომიკური დაახლოება ანუ ეკონომიკური ინტეგრაცია. თუ ეს არ მოხდა, მაშინ დამატებითი სიძნელეები წამოიჭრება პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში. ვფიქრობ, წინა წლებისაგან განსხვავებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორმირებაზე ჩვენ ყველამ, ყველა სახელმწიფომ უნდა ვიზრუნოთ, როგორც წარმონაქმნზე, რომელიც დამოუკიდებელი განვითარების ერთგვარი გარანტის როლში გამოდის. ეს სავსებით შესაძლებელია, და თუ ამაზე არ ვიზრუნებთ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ჩვენი ცხოვრებისა და განვითარებისათვის საკმაოდ მიუღებელი ვარიანტები. დღეს ყველა ვხედავთ რეალურად და პრაქტიკულად რას ნიშნავს, რა არის, როცა ესა თუ ის რეგიონი არ ფიქრობს საკუთარ გარანტიებზე. საშინელ ტრაგედიად დატრიალდა ყოველივე ეს იმის გამო, რომ ყოფილ იუგოსლავიაში უგულებელყვეს ყველაფერი, რაც საჭირო და სასარგებლო იყო თუნდაც ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკური ინტეგრაციოა, ერთიან სივრცეზე ფიქრი მეცნიერებაში, კულტურაში, სამართლებრივ სფეროსა და სხვა დარგებში, და ესეც ჩაწერილია მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტებში, შეიძლება გახდეს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის გარკვეული გარანტი თანამეგობრობის ქვეყნებისათვის, მაგრამ საფუძველი მაინც ეკონომიკური ინტეგრაციაა.
ბუნებრივია, გაჩნდება კითხვები: ამ ინტეგრაციის ხელსაყრელობასა და სასარგებლო თვისებებთან ერთად არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე დიდმპყრობელური ტენდენციების გამოკვეთა? ამის გამორიცხვა შეუძლებელია. მაგრამ, როდესაც ჩვენ ერთად ვართ, როდესაც არსებობს ამ პროცესების მართვის ისეთი ქმედითი სისტემა, როგორიც არის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭო, მთავრობების მეთაურთა საბჭო და სხვა მრავალი დამზღვევი ინსტრუმენტი, ჩემი აზრით, ასეთი უარყოფითი ტენდენციების გაბატონება ნაკლებმოსალოდნელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს სავსებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ. უფრო იოლია გავაკეთოთ ეს ყველამ ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე, როცა ლაპარაკი იქნება ორმხრივ ურთიერთობაზე, როცა წინა პლანზე წამოიწევს მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობანი. ამით არ მინდა დავამცირო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობა.
მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სფეროში ეს დოკუმენტები ხელმოწერილია, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ინიციატივაზე. მე მხედველობაში მაქვს მინისტრთა კაბინეტი, ცალკეული სამინისტროები, გაერთიანებები, კერძო ბიზნესი და საერთოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც აქვთ საშუალება და, ამავე დროს უფლებაც, დაამყარონ ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ეკონომიკის სფეროში. ასე რომ, პერსპექტივა კარგი და საინტერესოა. მთავარია, რამდენად ინიციატივიანად და გაბედულად ვიმოქმედებთ ამ ეტაპზე.
- გასულ კვირას ნატოს ბომბდამშენების მიერ გორაჟდეში ბოსნიელ სერბთა პოზიციების დაბომბვის ფაქტს თქვენ ისეთი შეფასება მიეცით, რომ ეს არის ომებზე, როგორც კატეგორიაზე და როგორც ფსიქოლოგიურ ფენომენზე დარტყმის პირველი სერიოზული მცდელობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია იუგოსლავიაში ნატოს მონაწილეობა და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ნატომ იკისრა ის სამშვიდობო ფუნქცია, რომელზეც თქვენ გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ აფხაზეთში ომის დაწყებამდე ლაპარაკობდით?
- რაც შეეხება კონკრეტულად იუგოსლავიის საკითხს, აქ, ჩემი ანალიზით, დაშვებულია უამრავი შეცდომა და უამრავი ცოდვა, დაწყებული ამ სახელმწიფოს დაშლის პირველი ეტაპიდან. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც შეეძლოთ გარკვეული როლი შეესრულებინათ, რათა საქმე ასეთ ტრაგედიამდე არ მიეყვანათ, ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს და ერთმანეთთან თანხმობას ვერ მიაღწიეს. მაგრამ ეს უკვე იყო, ეს უკვე მოხდა.
ახლა მინდა მეორე, უფრო პრინციპულ და არსებითს საკითხს შევეხო. დღეს იუგოსლავია, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყნის, ვთქვათ, საქართველოს, სომხეთ-აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის პრობლემა იყოს. ღმერთმა ნუ ქმას, მაგრამ ძალიან ძნელი გამოსარიცხია, რომ შესაძლოა სხვა რეგიონებშიც აღმოცენდეს ასეთი რამ. ამიტომ, ჩემი აზრით კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გაუთავებელი დებატები და დისკუსიები, გაეროსათვის დამახასიათებელი აუჩქარებლობა - ამას ადრე მე აკადემიურ სტილს ვუწოდებდი - საბოლოო ჯამში უმძიმესი შედეგებით მთავრდება. ხშირად ჩვენვე ვხვდებით ჩვენსავე ან ჩვენი წინამორბედების მიერ გამოგონებული თუ შედგენილი დებულებების ტყვეობაში და ამ ტყვეობიდან ვერაფრით ვერ დაგვიღწევია თავი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბოლოს და ბოლოს, გაერომ უნდა იკისროს მსოფლიოს უმაღლესი მსაჯულის როლი. აქედან გამომდინარე ყველა შედეგით - შესაბამისი ინსტიტუტებით, სტრუქტურებით და ა.შ. სხვათა შორის, ეს ყველაფერი პრაქტიკულად ჩადებულია მის წესდებაში, სტრუქტურაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით გაეროს ელის სერიოზული საფრთხე. გაეროს რეფორმების საინტერესო იდეა, რომელიც გენერალური მდივნის მოხსენებაში იყო ჩამოყალიბებული და მე მივესალმე მას, კონკრეტული მოქმედებით უნდა გამოიხატოს და არა რეზოლუციათა სიმრავლით.
ერთი წლის განმავლობაში გაერომ ბევრი შესანიშნავი რეზოლუცია მიიღო აფხაზეთის გამო. რა გამოვიდა? რამდენი შესანიშნავი რეზოლუციაა მიღებული იუგოსლავიისა და სხვა ქვეყნების შესახებ, 5 თუ 6 რეზოლუცია - ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. როგორც იტყვიან, ეს „რეზოლუციების წვიმა“ უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს პრაქტიკული, გაბედული მოქმედება კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება უახლოეს მომავალში არა მარტო კონფლიქტებთან, არამედ ძალიან დიდმასშტაბიან ომებთან გვქონდეს საქმე.
- მოსკოვიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სათათბიროზე თქვენ თქვით, რომ უნდა იყოს ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი. პოლიტიკურ პარტიებთან საჭიროა დიალოგის დაწყება, გაერთიანება და თანამშრომლობა თუნდაც იმ ხუთი-ექვსი ძირითადი პრინციპის გარშემო, რომლებიც, ალბათ, თავისთავად ყველა ძალას აერთიანებს. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები, ფაქტობრივად, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის დროს, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირი მარტო არ გამოვა და რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ან ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას?
- როცა მოქალაქეთა კავშირის სათათბიროზე ტოლერანტობასა და იმ პრინციპებზე ვლაპარაკობდით, რომელთა მიხედვითაც უნდა იცხოვროს საქართველოს ყველა მოქალაქემ, პირველ რიგში მხედველობაში მყავდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხი. არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ მივესალმო შესანიშნავ მეგობარსა და კარგ მეცნიერს, დიდ ფილოსოფოსს ნიკო ჭავჭავაძეს, რომელმაც ამას წინათ ჩვენს პარლამენტში ასე გაბედულად დააყენა ეს საკითხი. საქართველოს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ ძმურად, მეგობრულად, როგორც თანამოქალაქეებმა, ვიცხოვროთ ყველა ხალხთან, რომლებიც დღეს საქართველოში რეალურად ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ეს იყო ძირითადი ლაიტმოტივი. ტოლერანტობა - ეს თვისება გონებაში, სისხლში უნდა ჰქონდეს გამჯდარი ყველას, ვინც თავისი ბედი მოქალაქეთა კავშირს დაუკავშირა. ამასთანავე მე წამოვაყენე ის იდეაც, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პატრიოტულ ძალასთან, რომლებიც სახელმწიფოებრივ დონეზე აზროვნებენ და რომლებისთვისაც უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესებია. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ერთიანი პლატფორმით გამოსვლის სხვადასხვა გზასა და ასპექტებს, იქნება ეს პარლამენტის არჩევნები, თუ მომავალში სახელმწიფოს მეთაურისა თუ პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის და სხვა არჩევნები. ახლა ვამჩნევ, რომ ბევრი პოლიტიკური პარტიის პოზიციაში თანდათანობით, მაგრამ მაინც ხდება გარკვეული ძვრები იმავე რუსეთთან, თანამეგობრობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ის აგრესიულობა, შეურიგებლობა, ამ ორი-სამი თვის წინათ რომ იყო დამახასიათებელი, იმდენად აღარ არის. ახლა ზოგიერთი ჩვენც კი გვისწრებს: როგორ გეკადრებათ, ამდენი ხანია გვინდოდა რუსეთთან ურთიერთობა და მეგობრობაო, არც თანამეგობრობას უარყოფენ... მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს მიგვანიშნებს, რომ ჩვენი პარტიები უფრო რეალურად უყურებენ დღევანდელ ცხოვრებას. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ მოქალაქეთა კავშირი ზოგიერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად გამოვა ერთიანი პლატფორმით, რათა ყველამ ერთად ავაშენოთ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო და გადავწყვიტოთ ურთულესი პრობლემები, რომლებიც სოციალურ სფეროში ამ წლების მანძილზე დაგროვდა, გადავარჩინოთ ერი და ქვეყანა. კიდევ ვიმეორებ, რომ არ გამოვრიცხავ ამ ბაზაზე ვითანამშრომლოთ ყველა ნამდვილ პატრიოტულ ძალასთან და ყველა მოქალაქესთან.
ამ ბოლო ხანს დედაქალაქში დამყარებული წესრიგის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია: არც დიდი სიხარულის საფუძველი გვაქვს და არც დიდი იმედგაცრუებისა; ჩვენ თვითონ ვრწმუნდებით, რომ პრინციპში ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს ხელთ არის, ჩემთვის ყოველი დილა დანაშაულობათა შესახებ ინფორმაციების გაცნობით იწყება. ამ დილით პირველად ვნახე ცნობა, რომ გუშინ საქართველოში 24 საათის განმავლობაში სულ 7 დანაშაული მოხდა: არ ყოფილა მკვლელობა, მძიმე დანაშაული და ეს ძველ დროშიც კი, როცა მართლაც უზარმაზარი მანქანა ებრძოდა დამნაშავეობას, ასეთი დღე იშვიათი იყო. არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი უკვე მოგვარებული და გადაწყვეტილია, მაგრამ ხომ ჩანს დადებითი შედეგი.
გუშინ მქონდა საუბარი ქალაქის მერთან ქალაქის სისუფთავის შესახებ. ძალიან მისახედია გლდანის რაიონი. ალბათ, გლდანელები დამეთანხმებიან ამაში. თუ საჭიროა, წავიდეთ ამ რაიონში. მოსახლეობაც გამოვა და ერთად დავასუფთაოთ გლდანი. სისუფთავესაც მოევლება, არავითარი ეპიდემია არ გავრცელდება, თუ ჩვენ საკუთარ თავს მოვუვლით, საკუთარ ეზოებს დავგვით და გავასუფთავებთ.
მე ვთხოვე ტელევიზიის ხელმძღვანელობას, აჩვენონ ხალხს, რომ ამუშავდა საწარმოები, თითქმის 80-მდე საწარმო ამუშავდა ამ დღეებში. 2-3 თვის განმავლობაში ხალხი არაფერს არ ქმნიდა. უნდა ვაჩვენოთ შრომის ეს პროცესი, ვაჩვენოთ, რომ იწყება მუშაობა, იწყება პროდუქციის შექმნა, და, პროდუქციას შევქმნით, დოვლათიც იქმნება და პატარ-პატარა რეზერვები, რესურსებიც გაჩნდება იმისათვის, რომ ქვეყანამ იარსებოს და ისულდგმულოს. მართალია ნელა, მაგრამ მაინც იხვნება და ითესება მიწა, რაიონები ემზადებიან ჩაის კრეფის სეზონისათვის. ხალხს მუშაობა მოსწყურდა. დარწმუნებული ვარ, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება რეფორმები. ხშირად გვისაყვედურებენ, რომ მთავრობა ანტირეფორმისტულია, პროგრამა, კონცეფცია არა გავქვს. ყველას ვთხოვ, წაიკითხონ ის, რაც დაწერილია, ცნობილია და უკვე მოქმედებს. იგივე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და რომლის შესახებ ბრძანებულებასაც მე მოვაწერე ხელი. ასეთი გეგმა სოფლად, ქალაქად რეფორმების განხორციელების ეტაპები არსებობს. არის სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები, რომლებმაც საბოლოო სახე მიიღო. მინდა ყველას მოვუწოდო, გაეცნონ ყოველივე ამას. მარტო ზერელე ლაპარაკი რეფორმა არ არის, ანტირეფორმისტული ხელისუფლება გვყავსო, საქმეს ვერ უშველის და არც გამოსავალია.
გუშინ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ყველაზე დიდი უბედურება დღეს რა არისო. მე ასე ვუპასუხე - არცოდნა და ხანდახან უვიცობაც-მეთქი. ახლა ისეთი დროა, რომ პატარა პროგრესიც კი დიდ ძალას უნდა გვმატებდეს. რატომ არ უნდა გვიხაროდეს, რომ ქალაქში ტრანსპორტი ამოძრავდა, წესრიგი დამყარდა. რატომ არ უნდა აღვნიშნოთ ეს, ესეც ხომ ადამიანებზეა დამოკიდებული. იგივე პოლიციელები - ათენებ-აღამებენ იმისათვის, რომ ქალაქს რაღაც დაეტყოს. რატომ არ უნდა ითქვას მათ მიმართ ორიოდე გულთბილი სიტყვა, ანდა, რატომ არ უნდა შევნიშნოთ, რომ ეკონომიკაში რაღაც ძვრებიდაიწყო. ხელოვნება რომ არსებობს და სულდგმულობს, განა ეს საკვირველი არ არის? გუშინ ოპერის თეატრში დავესწარი სპექტაკლს უცხოელი მსახიობების მონაწილეობით. დღეს, კუპონის პირობებში, ადამიანებმა რომ ეს მოახერხონ, ეს ხომ გმირობაა და ხომ ყველას უნდა უხაროდეს, მიესალმებოდეს და ამხნევებდეს მათ. ანდა ის, რომ მეცნიერების ლაბორატორიებში შუქი საბოლოოდ არ ჩამქრალა და ნახევრადმშიერი სწავლულები ქმნიან, მუშაობენ. რაღაცას მატებენ ქვეყანას. ანდა ჯარის შექმნაში რომ დაიწყო სერიოზული ამბავი: მოვიდა მშვენიერი, ლამაზი, ჯანსაღი ახალგაზრდობა. რატომ არ უნდა შევნიშნოთ ეს ყველაფერი! არის ასეთი ზოგიერთი გამამხნევებელი, იმედისმომცემი ტენდენცია, რომელიც ჩვენმა ხალხმაც უნდა იცოდეს, გარკვეულად სიმხნევეს და სიხარულს უნდა გვანიჭებდეს და არ იწვევდეს გაბოროტებას, როგორც ამას, სამწუხაროდ, ცალკეული ადამიანები ავლენენ.
ყველამ ერთად ავაშენოთ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 19 აპრილი. - N63(865). - 1,2 გვ.
![]() |
56 ადამიანი დროში |
▲ზევით დაბრუნება |
ხვედრი
საქართველო და მისი მეთაური
ისტორიის გზაჯვარედინზე
ედუარდ შევარდნაძე - ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1992 წლის 7 მარტს თავის გაჭირვებულ სამშობლოში დაბრუნდა. ეს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე აღიარებული და დაფასებული, თვისტომთა ერთი ნაწილისგან კი ათასგზის შეურაცხყოფილი ქართველის საბოლოო არჩევანი იყო. არჩევანი, გაკეთებული შხამნარევი მოკითხვებით აღძრული ტკივილებისა და წყენის დიდსულოვნად დათრგუნვა-დავიწყების შემდეგ.
იგი დაბრუნდა მთელი თავისი განვლილი გზით, დამსახურებებითა და შეცდომებით, თავისი მდიდარი ბიოგრაფიის ტვირთითა და კაპიტალით, საკუთარი ერის მხარში ამოსადგომად, რომლის ნაწილი დღესაც არ სწყალობს მას...
„ვიცი, რომ ჩემზე ყველა არც მაღალი აზრის არის და არც კარგად მიხსენებს, მართალია, ეს ვერაფერი სასიამოვნოა, მაგრამ კანონზომიერია. შეუძლებელია აამო ყველას, განსაკუთრებით კი იმათ, ვისი ხვედრის გადაწყვეტის უფლება მე მქონდა. ამ უფლებამ იმათ არა მარტო უხერხული მდგომარეობა შეუქმნა, არამედ შესაძლო ტკივილიც მიაყენა“. - ასე ხსნის ედუარდ შევარდნაძე თავის ირგვლივ საზოგადოებრიობის არაერთგვაროვან აზრს, რომელსაც მყარად აქვს გადაწყვეტილი: აღარასოდეს დატოვოს სამშობლო, მას მოახმაროს დარჩენილი ძალები, ცოდნა, გამოცდილება, სახელი და ღირსება.
სადღაც წამიკითხავს: ორი კაცი ციხის გისოსებიდან იყურებოდა, ერთმა ვარსკვლავები დაინახა, მეორემ - ტალახიო. იგივე დაგვემართა ჩვენც, ძველებური აზროვნების ციხეში გამოკეტილ ქართველებს: ნაწილმა ედუარდ შევარდნაძეში მოყვარე დავინახეთ, ნაწილმა - მტერი, ზოგმა - ხელებდაკაპიწებული თანამემამულე, ზოგმაც - გამყიდველი და, იქიდან მოყოლებული, ზოგს გვიყვარს, ზოგსაც გვძულს, ზოგი ვაფასებთ, ზოგიც ვგმობთ. არადა, როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა: ადამიანი ფრესკა არ არის და არ შეიძლება მისი სიბრტყეზე წაკითხვა, ის ისე უნდა დაათვალიერო (რა თქმა უნდა, თუ მისი შეცნობა გულწრფელად გსურს და აკვიატებული აზრის მონა არა ხარ), როგორც ქანდაკება, ირგვლივ შემოუარო, იმ წერტილიდან შეხედო, საიდანაც უკეთ მოჩანს. შეუძლებელია ამის შემდეგ კაცში მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი დაინახო (უშეცდომო და უცოდველი ხომ მხოლოდ უფალია!).
ედუარდ შევარდნაძეს დღეს ერთნი შინაგანად თავისუფალ, ნათელი, გამჭრიახი, ანალიტიკური გონების, უდიდესი ნიჭისა და გამოცდილების, საერთაშორისო გავლენის მქონე სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევენ, რომელმაც საქართველო მომაკვდინებელ იზოლაციას გადაარჩინა და დემოკრატიული განვითარების გზაზე გაიყვანა, მეორენი კი - წარუმატებელ პოლიტიკოსად, რომლის ჩამოსვლას ნგრევის მეტი არაფერი მოჰყოლია. ამიტომაც გავბედე და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ედუარდ შევარდნაძესთან საუბარი ასეთი კითხვით დავიწყე:
- ბატონო ედუარდ! მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსს რატომ გაქვთ ამდენი წარუმატებლობა საკუთარ პატარა სამშობლოში?
- ახლა, როცა ამაზე ვფიქრობ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ყველაფერი კანონზომიერია. ვერ ვიტყვი, რომ ბუნებამ ან ღმერთმა დაგვსაჯა და ა.შ. ჩიხში შესვლისა და წარუმატებლობის კანონზომიერება ისევ ადამიანის მოქმედებიდან გამომდინარეობს. შეცდომათა სერიაა, ჩიხამდეც სწორედ კანონზომიერების, საზოგადოებრივი კანონების უგულებელყოფამ მიგვიყვანა.
არ შეიძლებოდა, არ დასჯილიყო ხალხი, უფრო სწორად, ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა, რომელიც იზოლაციისკენ ისწრაფვოდა. დღევანდელი მსოფლიო ინტეგრირებულია, ლაპარაკია მსოფლიო სივრცეებზე, საპლანეტთაშორისო სივრცეებზე, ჰუმანურზე, სამართლებრივზე და ა.შ. საქართველომ კი აირჩია შუასაუკუნეობრივი აზროვნების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, ნაჭუჭში ყოფნა. ძირითადად ეს იყო წარუმატებლობის მიზეზი, რაც ჯერ კიდევ არ დაძლეულა. კანონზომიერება კი, იმიტომ არის კანონზომიერება, რომ მისი დაძლევა, თავიდან აცილება, ხშირად ერთ ადამიანს არ შეუძლია. ყველაფერ იმას, რაც ბოლო წლების საქართველოში ხდებოდა, ლოგიკურად მოვყავდით აქამდე. წარუმატებლობის მიზეზი, რა თქმა უნდა, საკუთარიც ბევრია, თუნდაც ომები, მაგრამ ჩიხიდან გამოსვლის გზები რომ უკვე გამოიკვეთა, აშკარაა და ესეც კანონზომიერია. გაჩნდა პერსპექტივა: ჩიხიდან ისევ კანონზომიერების შეცნობით უნდა გამოვიდეთ, თითქოს მივდივართ კიდეც ამ გზით.
დღეს საზოგადოებრიობის უმეტესობა სინანულით ამბობს, რომ მხურვალედ მიესალმნენ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლას, მისი „მაგარი ხელის“ იმედით, მაგრამ ეს იმედი გაუცრუვდათ, სიმკაცრის ნაცვლად, რომელიც ესოდენ სჭირდებოდა ქაოსში მყოფ, მაფიური კლანებითა და კრიმინალებით გამოხრულ ქვეყანას, შევარდნაძემ მისთვის შეუფერებელი სისუსტე გამოიჩინაო. ზოგი ამას სახელმწიფოს მეთაურის უსაზღვრო გადემოკრატებით ამართლებს, ზოგიც დიქტატორის იარლიყის მიწებების შიშით ხსნის.
ედუარდ შევარდნაძე მამაცი კაცი რომ არის, ეს საქვეყნოდ მრავალგზის დაუმტკიცებია მშვიდობის ჟამსაც და ომშიც. ამას რომ „ქულების ჩასაწერად“ არ აკეთებს და მისი ხასიათიდან გამომდინარეობს, მაქებარიც და მძაგებელიც ერთნაირად აღიარებს. თვითონ კი ამბობს: შიში, თავისთავად, შეღავათს არ მაძლევს და რიღასთვის უნდა მეშინოდესო. როდის სძლია შიშს?
მისი შინაგანი მონოლოგი:
„ხანდაზმული და ჯანგატეხილი ბიძაჩემი სოფლის ფოსტალიონად მუშაობდა. ძალზე უჭირდა რაიონული ცენტრიდან ყოველ დღე, უტრანსპორტოდ თორმეტი კილომეტრის გავლა. შევეშველე. მთის ბილიკებზე, თუმცა არც მაინცდამაინც იოლი, მაგრამ უმოკლესი გზა ვიცოდი. მაშინ ათი წლისა ვიყავი, როგორც ყველა ბიჭს, მეც მელანდებოდა ტყის ნადირი, მაგრამ იმდენად დიდი იყო დახმარების სურვილი, გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ალბათ პირველად მაშინ ვძლიე შიშს.“
რაც შეეხება „იარლიყების შიშს“, თურმე აქ შიში არაფერ შუაშია:
- ასარჩევი გზა საქართველოს ბევრი არ ჰქონდა. ქვეყანას ან დიქტატურის, ავტორიტარული მართვის გზით უნდა ევლო, ან - დემოკრატიულით. თუ დიქტატურას ავირჩევდით, დროებით რაღაც ეფექტს მივიღებდით, მაგრამ ეს გამოიწვევდა იმ იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავებას, რომელმაც დამღუპველ შედეგამდე მიგვიყვანა. ვინც უნდა ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში, მათ შორის შევარდნაძეც, თუკი ამ გზას დაადგებოდა, აბსოლუტურ იზოლაციას ვერ ასცდებოდა.
მახსოვს, როცა საქართველოში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება თითქმის მივიღე, გენშერს დავურეკე და ვკითხე, მაქვს თუ არა რაიმე გარანტია, რომ როცა საქართველოში დავბრუნდები, დასავლეთი მხარს დამიჭერს-მეთქი. მიპასუხა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი შენი მეგობრები ვართ, ვიქნებით და გვერდითაც დაგიდგებით, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ხელისუფლება ლეგიტიმური. თუ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება არ იქნება, მის სათავეში თქვენც რომ იყოთ, მხარის დაჭერა გაგვიჭირდებაო. ლაპარაკია იმაზე, რომ ის გზა, რომელზე უარის თქმის გამოც ახლა მსაყვედურობენ: „მაგარი ხელი, რკინის მუშტი“ და ა.შ. კიდევ უფრო ძნელი და დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ვარჩიე დემოკრატიის გზით სიარული. არც დემოკრატია არის იდეალური ფორმის. თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები მასაც აქვს. მაგრამ როგორც ჩერჩილი ამბობდა, უკეთესი დღემდე არაფერი მოგვიგონია. ამიტომაც გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქვეყნის საშენებლად დღეს ის „მაგარი ხელი“ აღარ გამოდგება.
ამას წინათ ერთ-ერთ შეკრებაზე მითხრეს, სამოცდაათიანი წლების შევარდნაძე გაიხსენე და ისეთი იყავიო. არ იქნება, აღარ განმეორდება ის შევარდნაძე, გზა, რომელსაც ვადგავართ, აუცილებლად გასავლელია. მართალია, სამწუხაროდ, მას თან სდევს ისეთი რთული მოვლენები, როგორიც არის კრიმინოგენული ვითარების გართულება, კორუფცია, მაგრამ ისევ და ისევ მსოფლიოში ნაცადი გზებითა და ხერხებით უნდა ვებრძოლოთ მათ.
თუ ვინმე ხალხს ჰპირდება, ხელისუფლებაში მოვალთ და სწორედ „მაგარი ხელით“ დავამყარებთ წესრიგსო, ტყუილია. უფრო მეტი მსხვერპლი იქნება და ქვეყანას უფრო მეტი ანარქია მოიცავს. ვინც დიქტატურას ნატრობს, ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს: დიქტატორული რეჟიმი დადებით განცდებსა და ემოციებს არ იწვევს. სადაც კი ასეთი რეჟიმი ყოფილა, გარკვეული დროის შემდეგ ხალხს თვითონ უთქვამს უარი მასზე, წელიწადში რამდენჯერმეც შეუცვლიათ რეჟიმი, რადგანაც დიქტატურა ადამიანის ბუნებისათვის მიუღებელია.
იმ გზით, რომლითაც საქართველო დღეს მიდის, უფრო მეტი საფუძველი ეყრება იმას, რასაც მომავლის საზოგადოება ჰქვია.
- ხშირად გსაყვედურობენ, ვერ გავიგეთ რა სოციალური წყობის სახელმწიფოს აშენებთო. თქვენ კი ადრეც და მოქალაქეთა კავშირის პირველ ყრილობაზეც განაცხადეთ, რომ ამ კავშირთან ერთად სტრატეგიულ მიზნად გაქვთ დასახული 2 000 წლისათვის ახალი დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ხოლო დარჩენილი პერიოდი ძველი სოციალური წყობის ახლით შეცვლის გარდამავალ პერიოდად გამოაცხადეთ. მაგრამ, ვინაიდან ამ ახალი წყობის მშენებლობას მოქალაქეები უთანასწორო პირობებში იწყებენ (ზოგი ძალიან მდიდარია, ზოგიც - ღატაკი, ზოგიც - ხიზანი), ხომ არ არის მომავალში საზოგადოების კვლავ კლასებად დაყოფის საშიშროება, განვლილ პერიოდში მშრომელთა ხარჯზე პრივილეგიბული ფენის აღორძინებით? და კიდევ: საკუთრების რომელი ფორმის მომხრე ბრძანდებით?
- ტოტალიტარიზმიდან ღია, დემოკრატიული ტიპის საზოგადოებრივ სისტემაზე გადასვლა მძიმე და მტკივნეული პროცესია. საქართველო სწორედ ამ რთულ გზაზე იმყოფება, როცა სახელმწიფოებრიობის ცნება თითქმის წაშლილია, წინა პლანზე გამოდის მაფიურ-კლანური ინტერესები. ამასვე უკავშირდება საზოგადოების კლასებად, პრივილეგირებულ ფენებად დაყოფის საშიშროება. ახალი, ცივილიზებული წესრიგის დაცვა შეუძლებელია, თუ არ ჩამოყალიბდა ძლიერი ხელისუფლება, კიდევ უფრო ეფექტიანად არ ამოქმედდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები, სრულად არ განხორციელდა სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები.
მოქალაქეთა კავშირის ყრილობის ტრიბუნიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ხელი უნდა ავიღოთ სახელმწიფოს მოწყობის იდეალისტურ მოდელზე, ქვეყნის ცხოვრების წარმართვის განყენებულ სქემებზე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამიმდევრული ევოლუციური გადასვლა თანამედროვე ტიპის სამოქალაქო საზოგადოებრივ პრინციპებზე, რომელშიც დომინირებს კერძო საკუთრება, როგორც პიროვნების თავისუფლების ერთ-ერთი რეალური და აუცილებელი საფუძველი. ადამიანის აღიარებულ უფლებათა დაცვა ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიის უმთავრესი პირობაა, მაგრამ არანაკლები მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობის ზრდა, - თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიცნობიეროს საკუთარი მნიშვნელობა, როგორც ერის, სახელმწიფოს კეთილდღეობის ძირითადი ფაქტორი, ხოლო სახელმწიფო და კანონი უნდა იცავდეს მის უსაფრთხოებას, საკუთრებას, თავისუფლებას.
აქვე არ შემიძლია გულწრფელი მადლიერებით არ აღვნიშნო ჩვენი მოსახლეობის მოთმინება და სულგრძელობა, რომელსაც ისინი იჩენენ ქვეყნისათვის ამ მძიმე ჟამს. ამიტომ ღრმად მწამს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესია და ჩვენს ქვეყანას ელის ღირსეული მომავალი.
- ოპოზიცია გსაყვედურობთ, რომ არ გსურთ რეფორმისტული მთავრობა, ჩვენმა მინისტრთა კაბინეტმა მაინც და მაინც ვერ გვიჩვენა, რომ ქვეყნის ნამდვილი მეურნე - მოჭირნახულეა და აი, იმ მომავალს, ახლა რომ ბრძანეთ, ბევრი პესიმისტურად უყურებს...
- რეფორმათა სრული მასშტაბით წარმართვას მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორი აფერხებს. დღეისათვის საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა, გარკვეული სტაბილურობის მიღწევამდე შეუძლებელია რაიმე წინსვლაზე საუბარი. მინისტრთა კაბინეტის გაუთავებელი საკადრო ცვლილებები თუ არ ავნებს, ხელს ვერ შეუწყობს ეკონომიკური პროცესების პოზიტიურად წარმართვას, როგორც იტყვიან, ვერასოდეს მოხატავ ტაძარს, თუკი ყოველ წამს მის ხელახლა აგებას შეუდგები.
საზღვარგარეთ ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს, საქმიან წრეებთან ურთიერთობისას, არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში მინისტრთა ხშირ ცვლაზე, რაც ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნებას იწვევს. ეს კი უცხოელ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს აფრთხობს.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ მართვის ახალი პრინციპებისა და მეთოდების გამოცდილება არა გვაქვს და მინისტრთა კაბინეტი გამონაკლისი არ გახლავთ. მას დრო სჭირდება, რადგან მართვის ახალი სკოლა ჩამოსაყალიბებელი და დასახვეწია.
ვფიქრობ, პარლამენტის ძირითადმა შემადგენლობამ სწორად გაიგო ყოველივე, რაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას გარკვეულად დადასტურდა კიდეც.
პაუზა
საუბრისას ედუარდ შევარდნაძე უშუალოა. ერთი შეკითხვით შეიძლება მრავალ საინტერესო საკითხზე გიპასუხოთ. ეს მისი შინაგანი თავისუფლების შედეგია...
იგი ამბობს იმას, რაც სჯერა, ამბობს ისე, როგორც ფიქრობს, რადგან სწამს: სიცრუით ყოველთვის წააგებ, პატიოსნებით - მოიგებ. ამბობს: - პარტნიორებთან ურთიერთობაში წარმატებებსაც ამ პრინციპს ვუმადლი და მიუღებლად მიმაჩნია, ადამიანთან სიახლოვე და იმავდრულად მასთან შეურიგებელი ბრძოლაცო.
საქმიანი საუბრისას ხშირად ხუმრობს და იცინის, რაც ზოგს აღიზიანებს, ზოგსაც ხიბლავს. რა არის ეს, მისი თანდაყოლილი თვისება თუ პოლიტიკოსის პროფესიული ხერხი? შეიძლება ერთიცა და მეორეც. იქნებ სწორედ ამაშია ის ჩუმი ძალა „შევარდნაძის ფენომენს“ რომ უწოდებენ?
- მომწონს, როცა ადამიანი თავის საქმეს ღიმილით აკეთებს და იცის გონებამახვილური სიტყვის ფასი. ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ და ერთმანეთის გონებისა და გულისკენ სავალ გზებს ვეძებთ? თუ პარტნიორთან თანხმობის მიღწევა გსურს, ღიმილიც უნდა შეგეძლოს და გონივრული ხუმრობაც, თუმცა, არის შემთხვევები, როცა არც გეხუმრება და არც გეღიმება. მაშინ საქმეს კუშტი სახე აგვარებს...
ასე მიაჩნია ედუარდ შევარდნაძეს და ალბათ ამიტომაც შესცქერის მრავლისმთქმელი დუმილითა და სიბრალულით სავსე თვალებით სხდომებზე ზოგიერთი პარლამენტარის აშკარად საზოგადოების საამებელ არაკორექტულ საქციელს, უადგილო, უკბილო, შხამნარევ ოხუნჯობებს.
- ვიცი, იმასაც ამბობენ, სიცილი და იუმორი თითქოს დამუშავებული მაქვს, სადაც როგორ სჭირდება, ისე იყენებსო. მართალია, იუმორი და ღიმილი ზოგჯერ ისეთ სიტუაციას განმუხტავს, სხვა მხრივ რომ ვერასგზით მოხერხდებოდა, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, თუ ამის უნარი, ბუნებრივად არ მოგდგამს, რაც გინდა ეცადო, არ გამოგივა? ჩემი სიცილი, იუმორი, კუშტი სახე თუ მტკივნეული რეაქციები ნამდვილად ჩემია, ბუნებრივი, თანდაყოლილი. მე მუდამ ვცდილობ ვიყო ის, რაც სინამდვილეში ვარ.
- სამწუხაროდ, ზოგიერთს ამის დაჯერება არ სურს. რამდენი ასეთი „ურწმუნო თომაა“ პარლამენტშიც, რომელთა უტაქტო გამოხდომები მინაზე გასმული ლითონის ღრჭიალივით ხვდება გულს. ამ დროს მეჩვენება ხოლმე, რომ სახელმწიფოს მეთაურის ნერვები გაუსაძლისს უძლებს.
- ეს ჩემთვის ნამდვილად მძიმე გამოცდაა, რომელიც უდიდეს თავშეკავებას, თავდაჭერასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ნების გამომჟღავნება როგორც დემოკრატიის აუცილებელი პირობა - ნებისმიერი თანამდებობის პირის, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურის მისამართით კრიტიკა, არა თუ ბუნებრივი, აუცილებელიც არის. მესმის, რომ პარლამენტში არის გარკვეული პოლიტიკური პოზიცია და შეხედულებები, რომელიც მიმდინარე პროცესებს სხვა, უმრავლესობის ხედვისაგან განსხვავებული კუთხით განიხილავს. შესაბამისად ოფიციალური კურსის, სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოღვაწეობის კრიტიკის საფუძველიც და საბაბიც არსებობს. როცა დემოკრატიული გარდაქმნის კურსი გამოვაცხადე, ვიცოდი, რომ ჩვენი საპარლამენტო პლურალიზმი ფრიად სპეციფიკურ ელფერს მიიღებდა. მაგრამ აზრთა თავისუფალი გაზიარება იმიტომ არსებობს, რომ გამოიძებნოს უფრო ეფექტიანი, საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლო გადაწყვეტილება და არა იმისათვის, რომ ერთმანეთს ლაფი დავასხათ. დაე, კრიტიკა იყოს თუნდაც არასასიამოვნო, მწარე, მაგრამ სამართლიანი და საფუძვლიანი, არსებითი, ვიდრე ზერელე, კრიტიკა კრიტიკისათვის. ცალკეული დეპუტატები ხშირად უფრო ბრაზობენ, ღვარძლს ანთხევენ, ვიდრე აკრიტიკებენ, არ ერიდებიან ცილისმწამებლურ ბრალდებებს. თუმცა, ცხოვრება გვიჩვენებს, ვინ არის მართალი. შესაბამისად, ვინც მართალია, ხალხი მხარს მას უჭერს. ჩემი პოზიციის სიმართლეში დაჯერებულობა, პოლიტიკური გამოცდილება და თავდაჭერის უნარი, სულიერი წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას მაძლევს. თუმცა, ეს ყოველთვის არ ხერხდება, რადგან ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. არადა, ჩვენს ქვეყანას ახლა ძნელბედობის ჟამი უდგას. გადასარჩენად ბეწვის ხიდზე გავლა გვმართებს. როცა სასწორზე საქართველოს ბედი, მისი დემოკრატიულ, ჰუმანურ სახელმწიფოდ აშენება დევს, ერთმანეთში გაუთავებელი კინკლაობა დამღუპველია. თუ მოვახერხებთ, რომ დავძლიოთ საკუთარი ამბიციები, თავს დავანებებთ ერთმანეთის დამცირებას, უსაფუძვლო ლანძღვას, დავივიწყებთ ერთმანეთის „შეჭმის“ საზარელ პრაქტიკას, მაშინ გარეშე ნეგატიური ფაქტორებიც ვერაფერს დაგვაკლებს. ნორმალურ, კონსტრუქციულ დიალოგებში ის ჭეშმარიტება უნდა დაიბადოს, რომელიც ქვეყნის გადარჩენის რეალურ გზამდე მიგვიყვანს.
მთელი თავისი სისრულით სწორედ დღეს უნდა წარმოვაჩინოთ ქართული სახელმწიფოებრივი გონი, სიდინჯე, შრომისმოყვარეობა, თანადგომა, ურთიერთმიტევება, მტრისა და მოყვარის ერთმანეთისგან გარჩევის ნიჭი.
რამდენადაც დიდია ამის სურვილი და აუცილებლობა, რადგან უამისოდ არ არსებობს არცერთი ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური საზოგადოება, უფრო მეტად მზარავს იმ ადამიანთა უვიცობა და უცოდინარობა, ძალიან დიდი წარმოდგენა რომ აქვთ საკუთარ თავზე, ჰგონიათ, ყოვლისმცოდნენი არიან, სინამდვილეში კი არაფერი იციან, რიტორიკის ჩენჩოში გახვეული ამბიციის გარდა არაფერს წარმოადგენენ.
- ნათქვამია, ბედნიერებისათვის მცირედიც კმარა, მაგრამ საჭიროა რაღაც მთავარიო. რა არის ეს მთავარი თქვენთვის?
- შრომა. ბავშვობიდან შრომა შევიყვარე, შევეგუე, შევეჩვიე, და ჩემი ბედნიერებაც ამაშია. ყოველგვარ დარდსა და გასაჭირს, ბოლოს და ბოლოს, შრომაში ვკლავ. სიყმაწვილეში შეძენილი მიწაზე მუშაობის ჩვევები შემომრჩა...
მისი შინაგანი მონოლოგი:
„მე არავინ მეუბნებოდა, შენ ეს უნდა გააკეთოო, თვითონ ვიცოდი, რაც უნდა მეკეთებინა. ვკრეფდი მაღალ ხეებზე ადევნებულ ჩხავერს და ვწურავდი, საფქვავით წისქვილში გავრბოდი. ფუტკარს ვუვლიდი, სიმინდს ვთოხნიდი. ვიცოდი, რა ჯაფით მოიპოვებოდა პური ჩვენი არსობისა, რამდენი ოფლის ღვრა იყო საჭირო ჭირნახულის მოსაწევად“...
სახელმწიფოს მეთაური გულწრფელად მიმხელს: ვამაყობ იმით, რომ საკუთარი ხელით რაღაც-რაღაცეების კარგად კეთება შემიძლიაო.
პაუზა
დიახ, შევარდნაძე საზოგადოების გაჯანსაღების ერთ-ერთ ძირითად პირობად შრომას მიიჩნევს და თვითონაც გასაოცარი ენერგიით შრომობს, როგორც წესი, დღეში 16-18 საათს.
მაგრამ იგი უსაშველოდ გადატვირთულ დღეებშიც კი ინარჩუნებს კარგ ფიზიკურ ფორმას. იქნებ იმიტომ, რომ სიგარეტს არ ეწევა, სმით კი (ჟურნალისტებს განსაკუთრებით აინტერესებთ მისი განუყოფელი „გამოუცნობი“ სასმელი) სვამს... მწვანე, უშაქრო ჩაის.
უყვარს კლასიკური მუსიკა, სიამოვნებით უსმენს სიმფონიურ ნაწარმოებებს, თუმცა დღევანდელი დაძაბული დღის რიტმი ამის საშუალებას იშვიათად აძლევს. თავის ადამიანურ სისუსტედ რბილი ხასიათი მიაჩნია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვებრძვიო, - ამბობს, თავისუფალი დრო რომ მქონდეს, კითხვაში გავატარებდიო.
განვითარებული ქვეყნების ლიდერები, სადაც მოწესრიგებული ცხოვრებაა, შვებულებაშიც მიდიან, ნადირობენ, თევზაობენ კიდეც და ბუნების სილამაზითაც ტკბებიან. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ორგანიზმი გარკვეულ განმუხტვას მოითხოვს. შევარდნაძე ისეთ ქვეყანას ხელმძღვანელობს, თავს ამგვარი ფუფუნების უფლებას ვერ მისცემს. აკი ორი წელიწადია არც დაუსვენია. შვებულება კი არა, უეცარი, ექსტრემალური ვითარების გამო, აუცილებელი ვიზიტების გადადებაც კი უწევს ზოგჯერ. თავდაუზოგავი შრომით გასწორებული დღე-ღამეების მიუხედავად, შევარდნაძისთვის სასაყვედურო არ დაილია. თუნდაც ის, რატომ დღემდე ვერ მოხერხდა ქართული არმიის ჩამოყალიბება...
- იმათ, ვინც დაუყოვნებლივ მოითხოვს ქმედითი ქართული არმიის შექმნას, ავიწყდებათ, ან არ უნდათ გაიგონ რა რაოდენობის სახსრები სჭირდება თუნდაც მცირერიცხოვანი სრულფასოვანი სამხედრო ქვედანაყოფის სათანადოდ აღჭურვას და შენახვას; არ სვამენ კითხვას, თუ სად მზადდება ის იარაღი და ტექნიკა, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება.
როცა რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ჩაიწერა მუხლი ქართულ საჯარისო ფორმირებათა შექმნის თაობაზე, რომლის სრული ხარჯები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა რუსეთის მხარემ უნდა იკისროს, ამ საკითხსაც გამოუჩნდნენ ოპონენტები.
ყოველ ღონეს ვხმარობთ ამ პრობლემების დასაჩქარებლად, ვიყენებთ ყველას, ვისაც დახმარება სურს და შესწევს ამის ძალა. ამერიკაში ვიზიტის დროს ვეწვიეთ პენტაგონს, სადაც საინტერესო წინადადებები განვიხილეთ. არ შეიძლება ამაგი დავუკარგოთ ჩვენს თავდაცვის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელობაც, უმძიმესი მატერიალური სიღარიბის პირობებში, მაინც ახერხებს გარკვეულ კალაპოტში მოაქციოს ქართული ჯარის ჩამოყალიბების პროცესი. ყველას კარგად ესმის, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ იარსებებს სამხედრო დასაყრდენის - ეროვნული ჯარის შეუქმნელად, ამისათვის კი საჭიროა თავდადებული შრომა, საქმის კეთება და არა გაუთავებელი მოთხოვნებისა და ულტიმატუმების წაყენება.
- საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოთქვამს შიშს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის წევრიც საქართველო გახდა, ნელ-ნელა გარდაიქმნება საბჭოთა კავშირის მსგავს ტოტალურ იმპერიულ გაერთიანებად. ამის საფუძვლად მიიჩნევენ დაწყებულ საუბრებს სამანეთო ზონაზე, ორმაგ მოქალაქეობაზე, ერთიან ჯარსა და ერთიან ხელმძღვანელობაზე...
არის თუ არა ეს შიში საფუძვლიანი და როგორია თქვენი პროგნოზი დსთ-ს მომავალზე?
- არაერთხელ მითქვამს, რომ დსთ-ში საქართველოს გაწევრიანება კარგი ცხოვრებით არ მომხადარა. აფხაზეთის ომში მოვლენათა ტრაგიკულმა განვითარებამ, რასაც აქტიურად უწყობდნენ ხელს გარკვეული პოლიტიკური ძალები, ქვეყანა გარდაუვალი კატასტროფის წინაშე დააყენა. ჩვენი ოპონენტების კიჟინი, თითქოს ამ ნაბიჯმა საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინა, ამერიკაში ვიზიტის დროს გაქარწყლდა, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ გვიჭერს მხარს საერთაშორისო საზოგადოებრიობა, როგორ უჭერს მხარს ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
რაც შეეხება დსთ-ს განვითარების პერსპექტივებს, გაერთიანების პრინციპი საბოლოოდ უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროგაერთიანებისა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა ამ ქვეყნებში გამოცოცხლდება და ამოქმედდება ეკონომიკური პოტენციალი, დაისადგურებს მყარი სტაბილურობა. თუ როგორ წარიმართება მოვლენები რეალურად, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ არავინ გვავალდებულებს სამანეთო სივრცეში დაბრუნებას, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს, რათა გამოვიმუშაოთ ოპტიმალურად მისაღები პოზიცია საფინანსო პოლიტიკაში. ნაზარბაევის წინადადება „ევრო-აზიური კავშირის“ შესახებ, ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა და საფუძვლიან განხილვას მოითხოვს. დსთ-ს მომავალზე კი ასე ვიტყოდი: თუ ძველისკენ დაბრუნების ტენდენცია გაჩნდება, მაშინ იგი ვეღარ იარსებებს, დაიშლება. თუ დაახლოებით იმ გზით ვივლით, რა გზითაც ევროპის ქვეყნებმა იარეს, და არა მარტო ევროპის, მაშინ სიცოცხლისუნარიანი იქნება. ჩემი გამოსვლის ლაიტმოტივი, დსთ-ს მეთაურების 15-16 აპრილის შეხვედრაზე იყო ის, რომ თუ თანამეგობრობა გადაიქცევა საერთაშორისო ორგანიზაციად, იგი არა მარტო ფორმალურად იქნება აღიარებული, როგორც საერთაშორისო სტატუსის მქონე, არამედ თავისი პრინციპებითაც.
- როგორ გესახებათ კომუნისტური პარტიის პოლიტიკური პერსპექტივა?
- კომუნისტური იდეოლოგიის ძველი ფორმითა და შინაარსით რესტავრაცია შეუძლებელია. ამის გარანტიაა ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მსოფლიოში ბოლო დროს მოხდა. თუმცა, ესა თუ ის პარტია, რომელიც არ ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, მისი რადიკალურობის მიუხედავად, უნდა არსებობდეს.
- ხშირად გიკიჟინებენ: აღიარეთ, რომ აფხაზეთის საკითხში ხელისუფლება დამარცხდაო...
- როცა ვთქვი, რომ დავიჩოქე, ამით ხელისუფლების დამარცხება ვაღიარე. დავმარცხდით, რა თქმა უნდა, დავმარცხდით. რატომ? ეს სხვა საკითხია და ყოველივეს თავისი მრავალწახნაგოვანი ახსნა აქვს. რა ძალები იბრძოდნენ, რა ძალებს ვებრძოდით, რატომ მოხდა ასე, ეს სხვა ამბავია. მაგრამ დამარცხება რომ არ ვაღიარო, არაობიექტური ვიქნებოდი.
- საქმეზე გული ხომ არ აგცრუებიათ?
- თითქმის არა, მაგრამ ბუნებრივია, ყველას აქვს საკუთარი სისუსტე. სოხუმში უახლოეს მეგობრებთან ვთქვი: იქნებ ჯობდეს, იყოს ის პიროვნება, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანაზე იქნება ორიენტირებული... მე მქონდა უმძიმესი მომენტები, როცა სასწორზე იდო ჩემი სიცოცხლე. ეს იმიტომ კი არა, რომ გარეთ უთანასწორო ბრძოლა იყო და ყველა ნაბიჯზე ჭურვები ფეთქდებოდა. ეს ბრძოლა ჩემში ხდებოდა. არ მშორდებოდა აზრი: უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი... მე მაშინ ვძლიე საკუთარ თავს... ძლიერი ყოფილა ჩემში ოპტიმიზმის ძალა, ალბათ, ამიტომაც დაჟინებით მჯერა ჩემი ქვეყნის ბედნიერი მომავალი, მჯერა, რადგან ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არც პირველია და არც უკანასკნელი. მსოფლიოში უფრო დიდი რესურსების მქონე სახელმწიფოები აღმოჩენილან სრულ ქაოსში, გავიხსენოთ დღეს უკვე აყვავებული გერმანია, იაპონია, კორეა, დღევანდელი სინგაპური, ტაილანდი, რომელიც მომივლია და ვიცნობ. ჯუნგლების დონეზე იყო, დღეს ყვავის...
შევარდნაძეს უკეთესი მომავლისა სჯერა და იმედი აქვს, რომ ბედნიერი დღეები წინ არის. ამისთვისაც ყველაფერს რომ იღონებს, უდავოა, რადგან მან კარგად იცის ბედნიერების ფასი...
ამ დროს მას პარლამენტის სხდომაზე საჯაროდ უწოდებენ ქვეყნის ბედზე ხელჩაქნეულ ხელმძღვანელს.
- თუ ადამიანს, განსაკუთრებით ხელმძღვანელს, სახელმწიფოს მეთაურს სინდისის ნატამალი მაინც აქვს და იმ მდგომარეობამდეა მისული, ხელის ჩაქნევის მეტი აღარაფერი დარჩენია, უნდა თქვას და წავიდეს. მე კი ძალიან შორსა ვარ ასეთი მდგომარეობიდან. ხელის ჩაქნევის არავითარი წინაპირობა არ არსებობს. საერთოდ არ მჯერა და არ მწამს ხელჩაქნეული კაცისა. როცა ადამიანი იბადება, თავისი პირველი ამოძახილით განაცხადებს, რომ ქვეყანას შრომისა და ბრძოლისათვის მოევლინა. ამიტომაც მიმაჩნია, კაცს სიცოცხლის ბოლომდე ხელის ჩაქნევის უფლება არა აქვს.
- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთი დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური მოღვაწე ჩამორჩა, ახლებურად ვეღარ აზროვნებს და მათი უადგილო და უმართებულო გამოხდომებიც ამის შედეგია?
- საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ახალმა აზროვნებამ მოუტანა. ეს ახალი აზროვნება, ასე თუ ისე, დაკავშირებულია ადამიანთა ჯგუფთან, რომლებმაც „პერესტროიკა“ წამოიწყეს, როცა დარწმუნდნენ, რომ ის სისტემა ჩიხში მოექცა.
ახალი აზროვნება მუდმივად განვითარებადი პროცესი უნდა იყოს. ზოგიერთ ჩემს ოპონენტს კი, როცა ვუსმენ (მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა), რატომღაც მგონია, რომ უფრო დაშტამპული არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ხანია განვლეს ახალი აზროვნების ეტაპი და ჯერ კიდევ არ დაბლაგვებ-დაჩლუნგებიათ აზროვნების მექანიზმი, ახლებურად აზროვნებენ.
მინდა ჩემს პარტნიორებსა და ოპონენტებს მოვუწოდო: იაზროვნონ ახლებურად, თანამედროვე დონეზე. მოქალაქეთა კავშირში რამდენიმე ასე მოაზროვნე ახალგაზრდა შევნიშნე, მათში ოცდამეერთე საუკუნე დავინახე. სამწუხაროდ, ჩვენს პარლამენტში ასეთს ბევრს ვერ ვხედავ.
სამწუხაროდ, ვერც პარლამენტის ზოგიერთი წევრი ხედავს შევარდნაძეში იმ მეთაურს, რომელსაც სახელმწიფოს ჩიხიდან გამოყვანა შეუძლია და ხსნას მის გადადგომასა და ახალი არჩევნების მოწვევაში ხედავს. და მაინც „ყაიმს“ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რადგან ძველებური აზროვნების სიჯიუტე აშკარაა. ამით კი, ვშიშობ, რომ მსოფლიოს, ყოველ შემთხვევაში, იმათ, ვინც ჩვენზე მეტად აფასებს ედუარდ შევარდნაძის ფენომენს, ვათქმევინებთ, ექსპერიმენტად გამოიყენესო.
ნიშნს ვუგებთ, გამიზნულად თუ ჰაი-ჰარად ტალახს ვესვრით და გადადგომას ვუკიჟინებთ, ნდობის საკითხის დაყენებას ვაიძულებთ. კვლავ ექსპერიმენტი? მერედა, ჩვენ რას გვარგებს ეს, თორემ...
შევარდნაძეს არ უჭირს თანამდებობიდან წასვლა. იგი წავა, წავა ისე ლამაზად, როგორც ბევრი დიდი პოლიტიკოსი წასულა ასპარეზიდან, თუნდაც თვითონ, უკვე ერთხელ, ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან.
მოვუხმეთ სასწაულის მოსახდენად და იმის ნაცვლად, ალპინისტებივით ერთი თოკით გადაბმულებს გვევლო მწვერვალისაკენ, გავთითოკაცდით, დავიქსაქსეთ, გავბოროტდით, ხარბნი და უმადურნი გავხდით, ქვეგამხედვარობა და ღალატი ვიკადრეთ, მერე ხელები დავიბანეთ და მთელი პასუხისმგებლობა ერთს კაცს ავკიდეთ. ეს ერთი კაცი კი ჯადოქარი არ არის, სასწაული მარტომ მოახდინოს. თუ მეტს გვპირდებოდა, ალბათ, იმიტომ, რომ თავის შრომისმოყვარე ერზე დაყრდნობის იმედი ჰქონდა. ჩვენ მოვტყუვდით თუ ის, თვითონ განსაჯეთ!..
რუსუდან ლორთქიფანიძე.
ადამიანი დროში / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ლორთქიფანიძე რუსუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 აპრილი. - N65(867). - 3 გვ.
![]() |
57 ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური რეფორმების გზით |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 25 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, 20 აპრილს, თბილისში მოხდა ტერორისტული აქტი - მოკლეს სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი გია გულუა. შეიძლება თუ არა ჰქონდეს ამ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი? შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევამ დატოვა განცდა, რომ ხელისუფლება როგორღაც დაუცველია, დატოვა კითხვა - ვინ არის შემდეგი და რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რისთვის მზადდება ჩვენს მოსახლეობაში ისეთი განწყობა, როგორც შიგნით, ასევე რესპუბლიკის შესახებ უცხოეთში, თითქოს ტერორიზმი საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, ახლა მაინც თუ დადგა დრო, რომ გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი და გაუხსნელ საქმედ არ დარჩეს? - ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ნატო ონიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს.
- ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი რამ უკვე ვთქვი სამართალდამცავი ორგანოებისა და რაიონების ხელმძღვანელების, მინისტრების რესპუბლიკურ შეკრებაზე. ჩვენმა ტელევიზიამ გადასცა და, ალბათ, დაინტერესებული მსემენელები და მაყურებლები გაიგებდნენ. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია და, უწინარესად, მე მწუხარება უნდა გამოვთქვა - ჩვენ დიდი დანაკლისი გავიცადეთ - დაიღუპა დიდი დამსახურებისა და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა კაცი. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეუღლეს, მის თანამებრძოლებს, ყველას.
პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ეს საქმე უახლოეს დღეებში გაიხსნას, რა თქმა უნდა, დავაკისრე სამართალდამცავ ორგანოებს. მე ისიც ვთქვი, რომ ორგანოები, რომლებიც ტერორიზმს უნდა ებრძოდნენ და რომლებმაც ტერორიზმი, როგორც მოვლენა, უნდა გამორიცხონ, უნდა მივიდნენ ამ კონდიციამდე, ჯერჯერობით ისინი თავის სიმაღლეზე ვერ არიან. ამას ვერ გაამართლებს ვერავითარი მაგალითები - რომ საქართველო გამონაკლისი არ არის, სხვაგანაც ხდება ტერორისტული აქტები. მართლაც ხდება, მაგრამ საქართველოსათვის ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. თუ საქართველოს მსოფლიოში დაუმკვიდრდება ისეთი ქვეყნის სახელი, სადაც ტერორიზმი ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, მაშინ ლაპარაკი ზედმეტია დიდი და სერიოზული ბიზნესის შემოსვლაზე. ასე რომ, ეს პოლიტიკური საკითხია. ამიტომაც ვილაპარაკე ტერორიზმზე როგორც მოვლენაზე, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ყოველგვარი გზებითა და საშუალებებით.
რა თქმა უნდა, გამორიცხვა იმისა, რომ გია გულუას მკვლელობა შორს მიმავალ მიზნებთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება.
არის თუ არა სათანადოდ დაცული ხელისუფლება და, საერთოდ, ხელმძღვანელი ბირთვი? ის, რაც მინიმალურად აუცილებელია, თითქოს კეთდება. თუმცა მე ვკრძალავ ყოველგვარ ზედმეტობას, თუნდაც სპეციალური საშუალებების, ტრანსპორტის გამოყენებას და სხვ. ყველაფერი ეს სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ მინიმუმი იმისათვის, რომ ხელისუფლება დაცული იყოს, კეთდება. თუმცა, ეს მინიმუმი, ალბათ, საკმარისი არ არის. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გარანტიები.
მომხდარი ფაქტიდან უაღრესად სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვიმეორებ, ამ თემაზე სპეციალურად ვილაპარაკე, საკმაოდ მკაცრი გამოსვლა იყო, მკაცრი შეფასებებით იმ ორგანოების მიმართ, რომლებმაც თავიდან უნდა აგვაცილონ მომავალში ასეთი უბედურება.
- სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებთან შეხვედრისას თქვენ ნარკომანიაზე ილაპარაკეთ. გასულ კვირას გამოქვეყნდა თქვენი ბრძანებულება „ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის თანახმადაც ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ბაზაზე ანალოგიური ეროვნული ბიურო ჩამოყალიბდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ბრძოლა ამ სენთან, როცა ვიცე-პრემიერმა ირაკლი მენაღარიშვილმა ძალისმიერ სტრუქტურებთან შეხვედრისას თქვა, ნარკომანიას ძლიერი მფარველები სწორედ ძალისმიერ სტრუქტურებში ჰყავსო, როცა, ფაქტობრივად, ყველამ კარგად იცის სიმართლე, თუ რა გზებით შემოდის საქართველოში ნარკოტიკები, ვინ ასაღებს და რა ბარიერი უნდა გაიაროს გამსაღებელმა, ვის რამდენი უნდა გადაუხადოს, რომ ეს ნარკოტიკები შემოიტანოს საქართველოში. გამკაცრდება თუ არა კანონი ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ?
- ნარკომანია, ისევე როგორც ტერორიზმი, უნდა განვიხილოთ როგორც ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და მოსახლეობის, მოქალაქეების, ჩვენი მომავალი თაობის ყოფნა-არყოფნის საარსებო მნიშვნელობის საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან იზიდავს ნარკობიზნესს და მომავალში კიდევ უფრო მიიზიდავს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მსოფლიოში არ არის შექმნილი ისეთი გარანტიები, რომ ნარკობიზნესი არ იქცეს რაღაც დიდ საერთაშორისო ძალად ეკონომიკასა და სხვა სფეროებში. ამიტომ, იქნებ, ჯერ კიდევ არ იყოს დაგვიანებული, და იქნებ ჯერ კიდევ არა აქვს ნარკომანიას და, კერძოდ, ნარკობიზნესს ის მასშტაბი, ყოველ შემთხვევაში, სინდიკატებამდე საქმე ჯერ არ მისულა და არც უნდა მივიდეს. მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკას, კერძოდ, ვიცი, რამდენი მილიარდი დაუჯდათ ამერიკელებს, რომ შემობრუნებულიყო საზოგადოება და ყველა მოქალაქისათვის, ყველა ოჯახისათვის შეექმნათ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ, ეს შეეძლო შეერთებულ შტატებს, საქართველო კი ამას ვერ შესძლებს, თუ ნარკომანიამ ასეთი დიდი და დამღუპველი მასშტაბი მიიღო. შემდეგ ამ მოვლენის დაძლევა ალბათ შეუძლებელიც იქნება, ვიმეორებ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩემს მიერ ამ დღეებში გამოცემულ ბრძანებულებას და იმ სტრუქტურებს, რომელთა ფორმირება ახლა მიმდინარეობს, კერძოდ, სამთავრობო კომისიას, რომელსაც ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს. იქ შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები. ასეთივე ავტორიტეტული კომისიები და ჯგუფები უნდა შეიქმნას რაიონებში, ქალაქებში, ორგანიზაციებთან და მთელმა საზოგადოებამ უნდა მოჰკიდოს ხელი ამ სენისაგან განკურნებას.
გარკვეული შეშფოთება უნდა გამოვთქვა იმის გამო, რომ ჩვენი პრესა, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ პარტიას ეკუთვნის, რომელ პოლიტიკურ ძალას ემსახურება, პოზიციის ინტერესებს იცავს თუ ოპოზიციისას, საკმაოდ არ აქტიურობს. ჩემი აზრით, ისეთი მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის ტერორიზმი, ნარკომანია, ნარკობიზნესი, ყველას ვალია, ყველა ნორმალური და პატრიოტულად განწყობილი ადამიანის, განსაკუთრებით კი პრესის - პრესისა და ტელევიზიის გარეშე საზოგადოებრივი აზრი ვერ შეიქმნება. ტელევიზია უფრო აქტიურობს, მაგრამ, ალბათ, ესეც არ არის საკმარისი.
რთული და ძნელი ბრძოლა დაიწყო. მე ვეთანხმები ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღმოვფხვრით ყოველგვარ დასაყრდენს სამართალდამცავ ორგანოებში. რა თქმა უნდა, ყველაზე მოწინავე პოზიციებზე ეს ხალხი უნდა იყოს და თავისთავად უნდა იგულისხებოდეს, რომ ნარკოტიკებთან თამაში და, მით უმეტეს, ნარკომანებისა და ნარკომანიის მფარველობა უნდა გამოირიცხოს. ეს უნდა ჩაითვალოს ხალხისა და ქვეყნის წინაშე საშინელ დანაშაულად.
მე კანონების გამკაცრების მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ეს პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ საჭირო გახდა, საკანონმდებლო ინიციატივას გამოვიყენებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს ასეთი კანონები და პარლამენტმა შექმნას სამართლებრივი ბაზა ნარკომანიის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
- გასულ კვირას გრძელდებოდა მოლაპარაკება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. რამდენად სერიოზულია ჩვენი საქმიანობის შედეგები ამ რაუნდების მიხედვით 10 მაისს გათვალისწინებული მოსკოვის შეხვედრისათვის? და კიდევ: გუშინ ტელევიზიით ითქვა, შევარდნაძის ვერსიით გუდაუთა იმიტომ არ ავიღეთ, რომ მოხდებოდა აფხაზი ხალხის გენოციდიო. ეს ფრაზა გაუგებარი დარჩა, იქნებ განგვიმარტოთ...
- რაც შეეხება აფხაზეთის საკითხის ახლანდელ ეტაპს, როგორც იცით, ამჟამად ნათლად გამოიკვეთა ორი გზა. ეს არის გაეროს მისია და გაეროს ხაზით განხორციელებული ღონისძიებები. ჟენევის შეხვედრას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, რეალური გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მეორე გზა არის თანამეგობრობა, თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა ჯერ დახურულ თათბირზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული ის განცხადება, რომელიც გამოხატავს ამ ქვეყნების მზადყოფნას კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში განახორციელონ შესაბამისი სამშვიდობო მისია, შეიყვანონ სამშვიდობო ჯარები, რათა უზრუნველყონ ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნება სათანადო გარანტიებით. ასეთი ვარიანტი ახლა პრაქტიკულად მუშავდება. ჩვენ ამ უმაღლესი დონის თათბირზე, რა თქმა უნდა, გამოვთქვით რწმენა და უპირატესობა მივანიჭეთ იმას, რომ ვიმოქმედოთ გაეროს ხაზით. მაგრამ ამავე დროს ვთქვით, რომ ვიმოქმედოთ მტკიცედ, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში და შევქმნათ ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების გარანტიები. 10 მაისისათვის მოსკოვში დანიშნულია შეხვედრა დაახლოებით ისეთივე შემადგენლობით, როგორიც იყო ჟენევაში, შეიძლება საკითხების უფრო ფართო სპექტრით. მე ასე ვიტყოდი: თუ მოსკოვის შეხვედრაზე ვერ მოხერხდება გადამწყვეტი, სერიოზული რეზოლუციის მიღება, გაეროს ხაზით რეზოლუციის პროექტის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების ჩვენთვის მისაღები ყველა გარანტიის შექმნას, მაშინ ჩვენ იძულებული კი არა, ვალდებული ვიქნებით მივმართოთ თანამეგობრობას, მივმართოთ რუსეთს და ავამოძრაოთ, ავამოქმედოთ ეს მეორე ვარიანტი.
არის მესამე გზაც - შეხამება ერთისა და მეორისა, თანამეგობრობის შესაბამისი ძალებისა და გაეროს მეთვალყურეებისა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეხამება უფრო რთული იქნება. დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი.
რაც შეეხება წუხანდელ გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხს, ღმერთო ჩემო, ათასჯერ ნათქვამს ასიათასჯერ უკუღმა გაიგებენ ხოლმე. მე რამდენჯერმე ვთქვი და განვმარტე, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. საერთოდ, გუდაუთაში შესვლა დაგეგმილიც არ ყოფილა, ისევე როგორც არ იყო დაგეგმილი სოხუმში გაჩერება. სოხუმში შესვლის ბრძანება მე არ გამიცია, მაშინ სახელმწიფო საბჭოს მეთაური ვიყავი და ვიმეორებ, არ გაცემულა ასეთი ბრძანება. ყველაფერი ეს თვითნებურად მოხდა. ახლა ამას თავისებურად ხსნიან, თუ შევიდნენ სოხუმში, იქ აღარ უნდა გაჩერებულიყვნენო. სოხუმში მთელი ათი დღე რას მოვუნდით, კაცმა არ იცის. რაც სოხუმში მოხდა, ეს ყველამ კარგად იცის. სოხუმის მერე ჩვენი ჯარები იყვნენ ლესელიძეში, განთიადში, გაგრაში და ა. შ. მერე, უკვე დაგვიანებულ ეტაპზე იდგა გუდაუთაში შესვლის საკითხი. ესე იგი, სოხუმიდან უნდა გასულიყვნენ, იქ უკვე დაცვის საკმაოდ ძლიერი ხაზები, ზღუდეები იყო შექმნილი. აი, მაშინ კი გამოვთქვი ეს აზრი, რომ გუდაუთაში შესვლა იქნებოდა შეცდომა, იქნებოდა უზარმაზარი მსხვერპლი, რა თქმა უნდა, დაიღუპებოდა ათასობით ქართველი, მაგრამ ამოწყდებოდნენ აფხაზებიც, რომლებიც ძირითადად იქ იყვნენ თავმოყრილი. რა არის ამაში ცუდი და აუხსნელი, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ასეთი სიფრთხილე გამოიჩინოს. ამას შეიძლება გენოციდი დაერქვას, შეიძლება უბრალოდ ფიზიკური განადგურება იმ ადამიანებისა, ვინც მაშინ იქ იყო. და არა მარტო ეს. მე ახლა პირველად ვამბობ: გუდაუთაში შესვლა ნიშნავდა პრაქტიკულად რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის პირდაპირ შეტაკებას. მაშინ ასე იდგა საკითხი.
ახლა ამის შემკითხველს ეს შეიძლება კიდევაც ესმის, მაგრამ რაღაც სხვა მოსაზრებათა გამო აყენებს ასე საკითხს.გუდაუთაში რომ არ შევედით, ამიტომ ყველაფერი დაიღუპაო... იქნებ, მთლად ყველაფერი რომ არ დაიღუპა სწორედ იმიტომ, რომ არ შევედით. კარგად იცის, თუ რას ნიშნავს პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის. ასეთი რეალური საფრთხე იყო და რატომ იყო იგი, ესეც ყველამ კარგად იცის. რა ძალები იყო მაშინ გუდაუთის - ბომბორის აეროდრომზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა რაოდენობის იარაღი იყო თავმოყრილი და სხვა კიდევ მრავალი. ასე რომ, ჩემი პასუხი ასეთია: ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი და სხვა გზა არ იყო.
იმაზე ლაპარაკიც უნდა დამთავრდეს (წუხელ ეს ცოტა შერბილებულად ითქვა, მაგრამ მაინც), რომ გამოვაცხადოთ - ვიმყოფებოდით და ვიმყოფებით რუსეთთან საომარ ვითარებაში. ამას რა შედეგი მოჰყვება, არც მაშინ ჰქონდათ გაცნობიერებული და არც ახლა აქვთ.
- გუშინ თქვენ მცხეთაში გაეცანით გაერთიანება „თავთავის“ საქმიანობას. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით იქედან?
- მეცნიერებთან, პრაქტიკოსებთან, წარმოების სპეციალისტებთან და, უწინარესად, „თავთავის“ იმ თანამშრომლებთან შეხვედრაზე, რომლებიც სოიის, მარცვლეულის პრობლემაზე მუშაობენ, მათ ხელმძღვანელთან ჯუმბერ პატიაშვილთან საუბრისას აღვნიშნე, რომ რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ, რომ ქვეყანა დაღუპულია, ქვეყანა განწირულია, გადარჩენა შეუძლებელია და ა.შ., და რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ თუ რა საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები გვაქვს, რომლებიც გამოუყენებელია და არ მოითხოვს მილიარდობით კაპიტალდაბანდებას და მილიარდობით, მხედველობაში მაქვს დოლარი, ინვესტიციებს, მით უფრო უკეთესი იქნება.
ეს კონკრეტული მაგალითია - რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ სოიის კულტურის წარმოების სფეროში. ცხიმის პრობლემის გარეშე ხომ ქვეყანა ვერ იარსებებს. ახლა ჩვენ თითოეული მოსახლისათვის რაღაც გრამები შემოგვაქვს - 200 გრამ მარგანინს კი დავურიგებთ, ალბათ, ქალაქის მოსახლეობას.მაგრამ ასე ცხოვრება ხომ აღარ შეიძლება. გუშინ მე მოვიყვანე ასეთი მონაცემები: ამერიკის შეერთებულ შტატებში 60 მილიონ ტონა ცხიმეულს აწარმოებენ. აქედან მხოლოდ 6 მილიონი ტონა არის ცხოველური წარმოშობის, დანარჩენი 54 ტონა მცენარეული წარმოშობისაა და აქედან 60-65 პროცენტი სოიაზე მოდის. ამერიკამ რომ უარი თქვას სოიის კულტურაზე, ეს მისთვის კატასტროფას ნიშნავს, ისეთი ადგილი დაიკავა ამ კულტურამ ამერიკელთა ეკონომიკასა და ყოფაში. საქართველო თითქოს ამისთვისაა გაჩენილი თავისი კლიმატით, თავისი გამოცდილებით. მე გუშინ ისიც ვთქვი, რომ ცხრაას ხუთ-ათიან წლებში ქუთაისიდან გაჰქონდათ ათი ათასი ფუთი სოია საზღვარგარეთ გასაყიდად. დღეს თითქოს ყველაფერი ეს დაგვავიწყდა.
გუშინ ფრთაშესხმული დავბრუნდი იქიდან, რადგან ხალხი ფიქრობს, უკვე არის წარმოების გარკვეული დონე. ჩვენ გვაქვს გარკვეული უცხოური კრედიტები, რომელიც შეგვიძლია ამ საქმეში დავაბანდოთ. ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია ქარხანა ვიყიდოთ, გლეხობას კონტრაქტი გავუფორმოთ საკმაოდ კარგი და ხელსაყრელი ფასებით, იქნებ მოიძებნოს საშუალება, რომ ავუნაზღაუროთ ნატურით - მივცეთ გლეხობას ის, რაც მას აინტერესებს, იქნებ ამისათვის დოლარებიც კი გამოიძებნოს და, რაც მთავარია, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს მესაკუთრე, მესაკუთრე - მეცნიერებაშიც, მესაკუთრე - წარმოებაშიც, მესაკუთრე - თავად ამ კულტურის მოსავლის მოყვანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ჩვენ ასე მოვკიდებთ ხელს საქმეს, მთელი ჩვენი მეცნიერული, საწარმოო პოტენციალის, ჩვენი გამოცდილებისა და ტრადიციების გამოყენებით, ორ-სამ წელიწადში შეიძლება სასწაული მოხდეს. სასწაულს რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს ის, რომ შეიძლება 15-20-25 ათასი ტონის წარმოებამდე ავიდეთ. ეს უკვე იმის მინიმუმია, რაც დღეს აუცილებლად სჭირდება მოსახლეობას. თუ ამას დაემატება კიდევ რაფსის წარმოება, რომელსაც უზარმაზარი პერსპექტივა აქვს და რომლისგანაც შეიძლება მივიღოთ ასევე დიდი რაოდენობით მცენარეული ზეთი, მაშინ გამოდის, რომ საკუთარი ძალებით 2-3 წელიწადში ცხიმის პრობლემას გადავწყვეტთ.
მეცხოველეობის განვითარებას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, ამიტომ უნდა ვეძებოთ გზები. გუშინ ამიტომაც წავედი მცხეთაში, შეიძლება ეს თათბირი უჩემოდაც გამართულიყო, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენ უამრავი რეზერვი, ძალიან დიდი რესურსები გვაქვს. მოთქმას და გოდებას „დაღუპულია ქვეყანა, პატრონი არავინ არისო“, სჯობს, ხელი გავანძრიოთ, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და მოვიყვანოთ მოსავალი, სადაც ეს შესაძლებელია. ეს კი სავსებით შესაძლებელია.
- თუ გავითვალისწინებთ გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც რადიკალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე იყო ლაპარაკი, თქვენს გამოსვლას სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირზე, სადაც აღნიშნეთ, რომ ეკონომიკურ სფეროებში სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებანი, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლების მიერ უკვე მიღებულია რაღაც გადაწყვეტილება და უახლოეს ხანში მართლა დაიწყება რადიკალური ეკონომიკური ცვლილებები?
- მე დიდი ხანია კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების განუხორციელებლად ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა და კრიზისს ბოლო არ მოეღება. მაგრამ იმისათვის, რომ სერიოზულად გველაპარაკა რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებზე, საჭირო იყო ელემენტარული წინაპირობები, უნდა დაძლეულიყო სამოქალაქო ომის საფრთხე და ქვეყანა ომის მდგომარეობიდან გამოსულიყო. ამჯერად პატარა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა, თუმცა იდეალურად არც ახლა არის საქმე. ასევე აუცილებელი იყო ელემენტარული წესრიგის დამყარება, რადგან ზღაპარია რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებზე ლაპარაკი, თუ ქვეყანაში ელემენტარული წესრიგი მაინც არ არის დამყარებული. ახლა, ასე თუ ისე, ეს წიანაპირობა თანდათანობით იქმნება და იმათ, ვინც ამ სფეროში იღვწის, მინდა მადლობა ვუთხრა.
გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ აქტიური მოძრაობა რადიკალური ეკონომიკური რეფორმებისათვის, ჩემთვის უკვე მიღებული მაქვს. ასევე არიან განწყობილი ჩემი კოლეგებიც. ამ რეფორმების არსი მათი პროცესის დაჩქარებაა. ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, თუ რა გზით უნდა ვიაროთ. რადიკალური ღონისძიებებია საჭირო ფულის მიმოქცევის სფეროში. ჩვენ უკვე გვქონდა 2-3 შეხვედრა და, ვფიქრობ, 10-15 დღეში დაახლოებით გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სფერო შედარებით გაჯანსაღდეს. რადიკალური შემობრუნებაა საჭირო მესაკუთრისაკენ. მე იმაზე ვფიქრობ და ვოცნებობ, რომ ყველა მოქალაქე მესაკუთრე გახდეს, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს გარკვეული წილი იმ სიმდიდრეში, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იქმნებოდა. ეს იქნება წარმოება, ვაჭრობა, მიწა, თუ ჩვენი სახალხო მეურნეობის სხვა სფერო. ასევე რადიკალური ღონისძიებანია განსახორციელებელი უცხოური ინვესტიციებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. აქაც კონკურენციაა ქვეყნებს შორის და ინვესტიციების ნაკადი იმ ქვეყნებისაკენ მიდის, სადაც მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკა, წესრიგის დამყარება ამის პირობებს ქმნის, მაგრამ, თუ არ იქნება ისეთი საგადასახადო სისტემა, რომელიც სტიმულს მისცემს უცხოურ კაპიტალს აქ შემოსასვლელად და დასამკვიდრებლად, რათა ჩვენც დაგვეხმაროს და თვითონაც რაღაც იშოვოს, დიდი მასშტაბების ინვესტორი არ შემოვა. ამ საქმეშიც რადიკალური შემობრუნებაა საჭირო. ასევე რადიკალური ზომებია მისაღები იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას. ამის შესახებ მე ვილაპარაკე სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა შეხვედრაზე, რადგან კორუფცია ძირშივე ჩაახშობს ყოველგვარ წამოწყებას, მესაკუთრის ინიციატივას, თვითონ მესაკუთრეს სისხლს გაუშრობს, თუ ამ სენით დაავადდნენ სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი ორგანოები. სამწუხაროდ, ახლა ეს სტრუქტურები ძალზე არიან დაავადებული.
მინდა ეს საუბარი დავამთავრო შემდეგით: ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური რეფორმების გზით. მოვიდა ეს დრო, მომწიფდა ნიადაგი და ხალხიც მორალურად, ფსიქოლოგიურად მზად არის ამისათვის. მთავარია შევთანხმდეთ და დავიწყოთ ეს დიდი მოძრაობა რადიკალური რეფორმებისათვის.
ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური რეფორმების გზით : ედუარდ შევარდნაძის 26 აპრილის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 აპრილი. - N68 (870). - 1 გვ.
![]() |
58 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო,
ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბატონი რიჩარდ ნიქსონის გარდაცვალების ამბავი, ადამიანისა, რომელიც ჩვენი საუკუნის შუა პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა იყო. ბატონმა ნიქსონმა ამერიკა-საბჭოთა კავშირის ღრმა კონფრონტაციის პერიოდში ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა დაძაბულობის განმუხტვას და ახალი მსოფლიო მოწყობის საწინდარი შექმნა.
ამ მამაც პიროვნებას დიდი პოლიტიკა არასოდეს დაუტოვებია, მაშინაც კი, როდესაც თეთრი სახლის დატოვება მოუხდა. იგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და გლობალური პრობლემების მისეულ გადაჭრას გვთავაზობდა. არასოდეს დაგვავიწყდება მისი ვიზიტი საქართველოში, როდესაც ბატონი ნიქსონი საქართველოს ლიდერებს თავის პოლიტიკურ გამოცდილებას უზიარებდა.
ჩემი შეხვედრები ბატონ ნიქსონთან ყოველთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იყო - ჩვენ განვიხილავდით მსოფლიო პოლიტიკის გლობალურ პრობლემებს.
ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის და ხალხის სახელით, ასევე ჩემგან პირადად, ნება მიბოძეთ, გავიზიარო თქვენი მწუხარება ექს-პრეზიდენტ ნიქსონის გარდაცვალების გამო. მისი სიკვდილი ისეთივე მამაცური და ამაყი იყო, როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა მან. მისი თაყვანისმცემლებისათვის იგი მუდამ დარჩება მომავალ თაობათა კეთილდღეობისათვის მებრძოლად.
პატივისცემით,
ე. შევარდნაძე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 28 აპრილი. - N70(872). - 1 გვ.
![]() |
59 მან უკვდავებაში გადააბიჯა |
▲ზევით დაბრუნება |
სიკვდილი ყველაფერს არქმევს თავის სახელს.
სწორედ სიკვდილის შემდეგ დავინახავთ ხოლმე ყოველი ადამიანის ჭეშმარიტ რაობას, მის სიმაღლეს თუ სიმდაბლეს.
სწორედ სიკვდილის, გმირული სიკვდილის გადასახედიდან მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჟიული შარტავას ცხოვრებაზე და მის საქმეებზე.
ჟიული შარტავა თავდადებულის სიკვდილით აღესრულა, ისევე როგორც ყველა ის, ვინც მასთან ერთად ბოლომდე იყო.
ის აწამეს და ვერ გატეხეს.
ვერ აიძულეს ეთქვა და გაეკეთებინა ის, რაც ქართველი კაცის, ქართველი მეომრის ღირსებას არ ეკადრებოდა, არ ეკადრებოდა ჟიული შარტავას მთელ ცხოვრებას, მის ხასიათს, მის ოჯახს.
ისიც სათქმელია, რომ მისი გმირობა და თავდადება სხვებთან ერთად წილნაყარი გმირობა და თავდადებაა, იმ თანამებრძოლებთან, იმ ათასობით გმირთან, რომელთაც თავი დასდეს საქართველოსთვის.
მრავალსაუკონოვანმა ქართულმა ისტორიამ და ქართულმა მწერლობამ იცის ასეთი გმირული შემართებისა და თავდადების მაგალითები.
მაგრამ მანამდე იყო მთელი მისი ცხოვრება - რომელმაც ფაქტობრივად, ყველას თვალწინ გაიარა, რადგან ლიდერის მკვეთრი თვისებებით დაჯილდოებული წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდობას. ამ წლების მანძილზე იგი ჩემთვის ერთგული თანამებრძოლი იყო.
შვილივით ვზრდიდი და შვილივით მიყვარდა...
ჟიული შარტავა ყოველთვის შესაბამისობაში იყო დროსთან - მკაცრი სხვასთანაც და თავის თავთანაც, ცდილობდა მართალი ყოფილიყო დროსთან და მისი მოთხოვნები პატიოსნად შეესრულებინა.
მაშინ იყო კომკავშირის დრო და იგი კომკავშირის სამაგალითო ლიდერი გახლდათ. ბევრი რამ მის საქმეთაგან შეიძლება დავიწყებას მიეცეს, მაგრამ მის მიერ აშენებული ქალაქი შავნაბადა დგას და მუდამ იდგება, ახალგაზრდული ქალაქი შავნაბადა - ბრწყინვალე საგამოფენო დარბაზით, აუდიტორიებით, საცხოვრებელი კორპუსებით - ყველაფერი იმით, რაც სჭირდება ახალგაზრდობას...
ქალაქის აშენების ბედნიერება ბევრს არ ღირსებია, მას ეღირსა, რადგან იგი მშენებელი იყო ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით...
დრო იყო შენების და იგი აშენებდა.
ჟიული შარტავამ შავნაბადა საქართველოს ახალგაზრდობისათვის ააშენა და იგი ასეთად უნდა დარჩეს - საქართველოს ახალგაზრდობის ქალაქად - სიყვარულის ქალაქად, რომელიც მუდამ იქნება ყველასთვის ღია.
ჟიული ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა ლიდერად, ჩემს თვალწინ იწერებოდა მისი ბიოგრაფია, ჩემს თვალწინ გაიარა მისმა რთულმა, ძნელმა და ტკივილიანმა ცხოვრებამ. ჩემს წინ დაესვა მის მიწიერ არსებობასაც წერტილი.
ჩვენ ერთად ვიყავით სოხუმში.
სიკვდილმა იგი აარჩია.
და მე, კაცმა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შესანიშნავად ვიცოდი, მისი ბუნება, მისი პატიოსნება, მისი ვაჟკაცობა, მინდა ვთქვა, რომ ჟიული შარტავას მთელი ცხოვრება იყო მომზადება ამ ნაბიჯისთვის.
მან გემის კაპიტანივით ბოლომდე არ მიატოვა თავისი პოსტი.
მის გვერდით ბოლომდე იყვნენ მისი თანამებრძოლებიც.
გმირობას, გმირობის გამოვლენას სჭირდება შესაბამისი დრო, შესაბამისი სიტუაცია, შესაბამისი პიროვნება და ამ პიროვნების მზაობა გმირობის ჩასადენად.
ჟიული შარტავას შემთხვევაში ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს - დრო მისი ღირსი აღმოჩნდა, ხოლო იგი დროისა.
მან, კვლავ ადეკვატურად უპასუხა დროის მოთხოვნას.
დრო ითხოვდა მისგან თავგანწირვას და მან თავი გასწირა, დრო ითხოვდა მისგან სამშობლოსათვის თავის დადებას და მან თავი დასდო...
ადამიანის პატიოსნება გამოჩნდება მაშინ, როცა იგი უპატიოსნობის ცდუნებას უძლებს, გამბედაობა გამოჩნდება მაშინ, როდესაც სიმხდალეს სძლევს, თვის თავზე ადამიანი მაღლდება მაშინ, როდესაც იგი დარჩენილ სიცოცხლეზე უარს ამბობს.
ჟიული შარტავამ ყველა ცდუნება დასძლია და ჩვეულებრივ მოკვდავთაგან სწორედ თავისი სულიერი სიმაღლით გამოირჩა.
სულს კი, მოგეხსენებათ, სიკვდილი არ უწერია.
ჟიული შარტავამ თვალნათლივ ისიც დაგვიმტკიცა, რომ ქვეყნისთვის თავგანწირვა ყველას ერთნაირად ევალება, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, პარტიულსა თუ უპარტიოს.
სწორედ ამიტომ იქცა იგი მისაბაძ მაგალითად პატიოსნებისა და ქვეყნისთვის თავდადებისა.
დღეს ჩვენი ოცნება საქართველოს მთლიანობის დაცვაა - ესაა ჩვენი უპირეველესი და უმთავრესი მიზანიც. ჟიული შარტავამ თავის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიზნის დაცვას შესწირა თავი.
საქართველომ უნდა იამაყოს ასეთი შვილებით.
ედუარდ შევარდნაძე.
მან უკვდავებაში გადააბიჯა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 მაისი. - N73(875). - 1 გვ.
![]() |
60 ჩვენ ვივლით ქვეყნის გადარჩენის ინტერესებისთვის ბრძოლის გზით |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 2 მაისის რადიოინტერვიუ
- გუშინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ქრისტიანულმა სამყარომ.
ნება მიბოძეთ, ჩვენი რადიომსმენელების სახელით მოგილოცოთ ეს დღე... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ მოლოცვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- ჩემს თანამემამულეებს ვულოცავ ამ ყველაზე დიდი და ყველაზე ნათელ დღესასწაულს, ვულოცავ ყველა ოჯახსა და სრულიად საქართველოს.
ამასთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა: არცთუ ისე დიდი დრო გვაშორებს იმ ეტაპს, როცა დაიწყო იმპერიის რღვევა, მისი დაშლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმპერიის დაშლა იდეოლოგიური ბასტიონების მსხვრევით დაიწყო. სწორედ ეს უდიდესი, ამ საუკუნისათვის ყველაზე დიდი რევოლუცია, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედზე მოხდა, განპირობებული იყო იდეოლოგიური დოგმების მსხვრევით. ეს ბარიერები რომ არ დანგრეულიყო, იმპერიაც არ დაინგრეოდა. დღეს სხვა ვითარებასა და სხვა პირობებში ცხოვრობს
ჩვენი ქვეყანა და სხვა ხალხებიც, რომლებიც ამ იდეოლოგიის ბატონობას განიცდიდნენ ათეული წლების განმავლობაში. საქართველო კვლავ დაუბრუნდა თავის ნაცად გზას, იმ ნაკვალევს, რომლითაც მოაბიჯებდა საუკუნეების მანძილზე. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ჭეშმარიტებას, ქრისტიანობას, მოხდა საოცარი შემობრუნება ნამდვილი რწმენისაკენ, ქრისტიანული მორალისაკენ, ქრისტიანული ზნეობისაკენ. მე არ ვამბობ, რომ ყველა შემობრუნდა, მაგრამ ყველა შემობრუნდება. როგორც აღვნიშნე, გზა საუკუნეთა განმავლობაში იკვალებოდა და ჩვენთვის ჩვეულ ისტორიულ გზას დავუბრუნდით. ქართველმა კაცმა ქრისტე რომ იწამა, და ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მას ბრძოლა არ გამოუცხადებია სხვა რწმენისათვის, სხვა ხალხების ღმერთების წინააღმდეგ. დღეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩემი ხალხის ტოლერანტობა, რელიგიური შემწყნარებლობა, რომელსაც ერთიანი და განუყოფელი საქართველოსაკენ მივყავართ.
მე ძალიან დიდი ყურადღებით მოვისმინე სიონის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ეპისტოლე. უნდა გითხრათ, რომ ყველა მოქალაქე დიდი ყურადღებით უნდა გაეცნოს მას და შეისწავლოს. მე თითქმის ყველა ფრაზას, სიტყვას, ყველა დებულებას ვეთანხმები.
სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ წლევანდელი აღდგომა ერთ-ერთი მიჯნაა უკეთესობისაკენ. გამოიკვეთა უკეთესი პერსპექტივა სულიერი და მატერიალური ცხოვრების სფეროში. არ ვამბობ, რომ ახლა ყველაფერი უკან დარჩა. ბევრია გასაკეთებელი, მოგვიწევს მრავალი სიძნელის გადალახვა, მაგრამ მე ვლაპარაკობ ტენდენციებზე, მიჯნაზე, რომელზეც დავდექით - ეს არის გზა უკეთესობისაკენ. ახლა მინდა უწინარესად მივმართო აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან გამოდევნილ ჩვენს თანამოძმეებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს, ყველას: შორს არ უნდა იყოს ის დღე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ, როცა აფხაზეთში დავბრუნდებით, ცხინვალში დავბრუნდებით და ვიცხოვრებთ მრავალეროვან აფხაზეთში მშვიდად და წყნარად, ისევე როგორც ცხინვალში - მშვიდად და ნორმალურად, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს ნათქვამი, ღრმად მჯერა, და სწორედ ჩვენი ქრისტიანული მორალი და ზნეობა მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ აფხაზებთან, ოსებთან ერთად მალე მოვიშუშებთ ჭრილობებს, რომლებიც ყოველი ჩვენგანის გულს დაეტყო. მოვიშუშებთ ამ ჭრილობებს და ვიცხოვრებთ ერთად ერთიან და მთლიან საქართველოში.
დღეს ამ ქვეყნიდან წასულთა ხსოვნის დღეა. რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი მოვალეა, და ესეც ქრისტიანული მორალისა და ზნეობის ერთი დიდი ქვაკუთხედია, პირველ რიგში გავიხსენოთ სამშობლოსთვის დაღუპულნი, მისთვის თავშეწირულნი და მათ მიმართ ვთქვათ პირველი სიტყვა ნიშნად ხსოვნისა და პატივისცემისა. გავიხსენოთ ყველა ახლობელი და გვახსოვდეს, რომ ჩვენი გმირების, ჩვენი წინაპრების სულები მოგვიწოდებენ ვილოცოთ, ვიბრძოლოთ საქართველოს გადასარჩენად. ჩვენი ხალხის ერთობისა და ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის. - და კვლავ გასული კვირის პრობლემებს დავუბრუნდეთ. განვლილ კვირას პარლამენტმა თითქმის დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი. თქვენ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა წარადგინეთ. რა შედეგებს მოიტანს ქართული ჯარის მშენებლობის მხრივ თქვენი ეს გადაწყვეტილება? თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ხელს მუშაობაში გენერალ ნადიბაიძეს მისი წარსული საქმიანობა? მხედველობაში მაქვს ის, რომ იგი ამიერკავკასიის ჯარების სარდლის მოადგილე იყო. გასულ კვირას კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის მეთაური და ამავე დროს ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი დავით თევზაძე ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა...
- რაც შეეხება თავდაცვის მინისტრად გენერალ ნადიბაიძის დამტკიცებას, ახლა ისეთ მიჯნასთან ვართ, როცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დამკვიდრდეს და დაკანონდეს ის, რაც უკვე გაკეთდა ჯარის შესაქმნელად ჩვენი ხალხის საოცარი შემართების, თავდადებისა და თავგანწირვის, დიდი მსხვერპლის ფასად. როცა თავდაცვის სამინისტროში გახლდით, იქ ხაზგასმით აღვნიშნე იმათი დამსახურება, ვინც ქართული ჯარის, ჩვენი არმიის სათავეებთან იდგა. მე არ შემიძლია სამართლიანობის პრინციპს ვუღალატო. აქ იყვნენ თენგიზ კიტოვანი, გია ყარყარაშვილი, ჯაბა იოსელიანი და სხვები, რომლებიც ცარიელ ადგილზე იწყებდნენ ამ დიდ მოძრაობას და ის ბიჭები, რომლებიც ახლაც მწყობრში არიან, და ისინი, ვინც დაიღუპა და სიცოცხლის ფასად ჩაუყარა საფუძველი ქართულ ჯარს. სამართლიანობის ინტერესები მოითხოვს ითქვას ეს. მაგრამ არმიის მშენებლობაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც დღეს წარმოუდგენელია მხოლოდ ენთუზიაზმზე ავაგოთ.
ასეთი საქმიანობა წარმოუდგენელია მაღალი პროფესიონალიზმის, საგანგებო წესრიგის, განსაკუთრებული დისციპლინის გარეშე, რაც ასე აკლდა ჩვენს ჯარს. აი, ეს არის ძირითადი მოთხოვნა. სწორედ ამით ვხელმძღვანელობდი, როცა პარლამენტში გენერალ ნადიბაიძის კანდიდატურა დავასახელე. იგი დიდად გამოცდილი სპეციალისტი, მცოდნე და კარგად ორგანიზებული, მოწესრიგებული გენერალია. მან შესანიშნავად იცის არმიის მშენებლობის პრინციპები, და, განსაკუთრებით, დიდი სპეციალისტია შეიარაღების დარგში, რაც ასე გვაკლია ჩვენ - ცოდნაც და მატერიალური ბაზაც. და კიდევ ერთი, ახლა ამას საჯაროდ ვამბობ: ბოლო წლების მძიმე და მწარე გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთთან თანამშრომლობისა და მასთან მეგობრობის გარეშე დღევანდელ ეტაპზე ვერ შეიქმნება ჭეშმარიტად ეროვნული არმია, რომელიც ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტია.
რაც შეეხება დავით თევზაძეს, მე მას ვიცნობ როგორც ჯარისკაცს, საოცრად თავდადებულსა და თავგანწირულ კაცს, რომელიც უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს თავის მეგობრებსა და თანამებრძოლებში. მე იგი მინახავს ბრძოლაში, და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ქართულ არმიაში ბევრი იყოს ასეთი ინტელექტის, კულტურისა და სიმამაცის მქონე ადამიანი. მე გულით გავიხარე, როცა გავიგე ნიუ-იორკიდან მიღებული ცნობის შესახებ. დათოს, მის გაწამებულ ოჯახს, მის მეუღლეს, მის მეგობრებს, თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს - ფილოსოფოსებს, ყველას ვულოცავ ამ აღიარებას.
- გასულ კვირას ბრძანდებოდით ზუგდიდსა და წალენჯიხაში, სადაც განსაკუთრებით გულთბილი შეხვედრები გქონდათ. მინდა გაგახსენოთ თქვენივე სიტყვები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისადმი გაგზავნილი ერთ-ერთი რადიომიმართვიდან: „მე მინდა დღეს ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბაგრატიონებმა კოლხეთით დაიწყეს სრულიად საქართველოს გაერთიანება, იქიდან ჩაეყარა საფუძველი ერთიან საქართველოს. ამაოდ ცდილობენ მტრები, არც ერთი ეგრისელი სრულიად საქართველოს არ განუდგება, რადგანაც საქართველო დედაა მისი“. ეს მიმართვა სამეგრელოში სიტუაციის მორიგი ესკალაციის შემდეგ გაკეთდა. რამდენად რეალურად გესახებოდათ მაშინ, რომ სულ მცირე ხანში სამეგრელოში მოხერხდებოდა სამეურნეო თათბირების გამართვა?
- მე ბედნიერი ვარ იმ შედეგებით, რომლებსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ, უწინარესად იმით, რაც სამეგრელოში ვიხილე. როცა მოვიარე წალენჯიხა, ზუგდიდი, ზოგიერთი სხვა რეგიონი და შევხვდი ადამიანებს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენ ყველანი გამოვედით რაღაც საშინელი ბურუსიდან, თავი დავაღწიეთ მას. სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებშიც იმ შავი ძალის ბატონობისას უფრო თვალნათლივ დავინახეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კუთხეს საქართველოსათვის. მე უკვე მესამედ ვიმეორებ: დაკარგული სამეგრელო წელში გაწყვეტილი საქართველოა. მე სავსებით გულწრფელი ვიყავი, როცა იქ ვამბობდი, იგი ქვეყნის ხერხემალია-მეთქი. როცა იმ ტრაგიკულ დღეებში სოხუმში გახლდით, მე ვგრძნობდი, რომ ჩვენ მართლა ხერხემალში ვიყავით გადატეხილი. მე კვლავ ვიხილე საოცრად მოყვასი, ქვეყნის უსაზღვროდ ერთგული და სულგრძელი ადამიანები. მადლობა მათ, მადლობა ყველას, ვისი მცდელობითაც სამეგრელო ქვეყნის ძლიერებისა და დიდების, ერთიანობის ბურჯის როლს იბრუნებს.
მე ფრთაშესხმული ჩამოვედი, რადგან დავინახე, როგორ შეესივნენ ადამიანები ველ-მინდვრებს, როგორ მოჰკიდეს ხელი სასოფლო-სამეურნეო იარაღებს, შეუდგნენ მიწის დამუშავებას. მთელი საათი ვიფრინე შვეულმფრენით კოლხეთის თავზე, მოსახლეობას უამრავი პირუტყვი მოუშენებია, ეზოები მოვლილია. ვნახე ისიც, რომ მას ლტოლვილებიც ეხმარებიან. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ახლა საქართველოში ამუშავდა მრეწველობა, - გახლდით აჭარაში, ქობულეთში, შევხვდი ბატონ ასლან აბაშიძეს და მთელი ოთხი საათი ვესაუბრე მას და მის კოლეგებს, იქაც საოცარი ენთუზიაზმია და ყველაფერი კეთდება წესრიგის დასამყარებლად, იმისათვის, რომ ადამიანებმა უფრო ნაყოფიერად იშრომონ. გუშინ თემურ შაშიაშვილს ველაპარაკე, ქუთაისი ამოძრავდა და თითქმის ყველა საწარმო ამუშავდა. თუ ახლა დავეხმარებით, ენერგიაშემცველებს უფრო რეგულარულად მივაწვდით, საქმე გაცილებით უკეთ წარიმართება. მან მითხრა, რომ ეხმარებიან ქალაქის მცხოვრებლებს უქმე დღეებში ქალაქგარეთ გასასვლელად, მიუჩინეს მათ მიწა, ყველას აქვს სარჩოს მოპოვების საშუალება. ამუშავდა ჭიათურა-ზესტაფონის კომპლექსი, რუსთავში დაიძრა საქმე. ბევრი სასიკეთო რამ ხდება თბილისში, კახეთში, ქართლში. ამოძრავდა გორი, ხალხმა დაიწყო მუშაობა. ასევეა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში. სვანეთში გზა გაიხსნა, მთელი ორი წელიწადი სვანეთი ამ სამყაროსაგან იზოლირებული იყო, მხოლოდ შვეულმფრენით თუ ვუკავშირდებოდით. ახლა დაუბრკოლებლად დადის ავტობუსები, ჩვეულებრივი მანქანები. და ასეა მესხეთსა და ჯავახეთში. რომ ვთქვი, უკეთესობის მიჯნასთან ვდგავართ-მეთქი, ეს კიდევ უფრო განმიმტკიცა და ამას უფრო გაბედულად ვამბობ სამეგრელოში მოგზაურობის შემდეგ.
- გასულ კვირას საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა საქართველოს პარლამენტში. რამდენად ლოგიკური იყო იგი თქვენთვის ურთიერთობათა იმ სტილის განვითარებით, რომელიც არსებობს ჩვენს პარლამენტში. და როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ქვეყანაში გარკვეული სტაბილიზაციის ფონზე, ამგვარი ფაქტების წყალობით, პარლამენტში რომ მოხდა, საერთაშორისო ყურადღებას საქართველო უფრო სხვა კუთხით იქცევს ხოლმე. და კიდევ: ჩვენთან ინტერვიუში ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა თქვა, მოსალოდნელია სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებაო. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
- ერთი შეხედვით, თითქოს დიდი უბედურება არ მომხდარა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ პარლამენტში არის შეხლა-შემოხლა, ხდება უფრო მძაფრი შეჯახებებიც, რომლებიც ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფად გადაიზრდება ხოლმე. მომხდარი ინციდენტი ძალიან დამაფიქრებელია და, სიმართლე გითხრათ, მწარე განცდებს ბადებს. ვისაც კი შევხვდი სამეგრელოში, გულგრილი არავინ დარჩენილა ამ ამბისადმი. ხალხი განიცდის, ნერვიულობს, რადგან, ასეა თუ ისე, ხალხის არჩეული პარლამენტის იმედი აქვს. რაც მოხდა, იმის გამართლებას ვერ პოულობენ. ეს ინციდენტი ჩვენი საპარლამენტო კულტურის, მისი დონის ანარეკლია და თავისთავად უკვე ჩვენი საპარლამენტო კულტურის დონეზე მეტყველებს. ალბათ ეს უნდა მომხდარიყო. პარლამენტის სხომაზე მე განვაცხადე, რომ ხშირად ნაცემი, გალახული, შეგინებული და შეურაცხყოფილი წავსულვარ ბევრი სხდომიდან და ეს დიდი ხანია გრძელდება. ჩვენ მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის გამოსავალი. მე იმ დღეს ფრაქციებისა და პარტიების ხელმძღვანელებს კონსულტაციები შევთავაზე. მზად ვარ ეს მუშაობა დავიწყო ხვალ-ზეგ, როცა ამისათვის მზად იქნებიან, რათა შეიქმნას ნორმალური მუშაობის გარანტიები. უამრავი საქმე აქვს პარლამენტს, ასობით კანონია მისაღები. არავითარი კეთილდღეობა და ახალი საბაზრო ეკონომიკა არ შეიქმნება, თუ არ შევქმნით კანონებს. სხვა ქვეყნების კანონმდებლობიდან რომ გადმოვწეროთ, პარლამენტში მსჯელობის საგნად გავხადოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ, მარტო ამისათვის, როგორც მინიმუმი, ერთი წელიწადი იქნება საჭირო, რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ამუშავებისთვის. ამის გარანტიები უნდა შეიქმნას და, ვფიქრობ, ამას მივაღწევთ.
რაც შეეხება ახალ ტალღას შევარდნაძისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, რაზეც ბატონმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ილაპარაკა, შეიძლება, სწორიც იყოს. ჩემამდეც მოდის ასეთი ხმები, და არა მარტო ხმები. მაგრამ, ვინც ამას ცდილობს, ისიც უნდა გვითხრას (ამას უმისამართოდ ვამბობ, მაგრამ თავად იციან, ვისაც ეკუთვნის), რისთვის არის ყველაფერი ეს საჭირო, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. ოდნავ ამოვისუნთქეთ, იმედი გაჩნდა, მუშაობა დავიწყეთ, ნაგავი გაგვაქვს საკუთარი ქალაქებიდან და სოფლებიდან და ადამიანებს ვემსგავსებით. ახლა კიდევ რაღა ტალღაა საჭირო? ვინც ამას სერიოზულად ფიქრობს - ახალი ტალღის აგორებას ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მშვიდ და წყნარ ვითარებაში ფუნქციადაკარგულებად გრძნობენ თავს. მათი სტიქია არეულობა და ამღვრეული წყალია. ამღვრეულ წყალში ქვეყანა ვერ გადარჩება. არეულობას ბოლო უნდა მოეღოს და კიდევაც მოეღება. არ გამოუვათ მათ ეს. ჩვენ ვივლით ერთიანობისა და მთლიანობისათვის, ქვეყნის გადარჩენის ინტერესებისთვის ბრძოლის გზით და მხოლოდ ამ გზით მიმავალ ქვეყანას შეიძლება დაუმკვიდრდეს მსოფლიო ასპარეზზე ის ავტორიტეტი, რომელიც ასე გვჭირდება, გვჭირდება იმისათვის, რომ გადარჩეს ყველა მოქალაქე, ყველა ოჯახი, ქვეყანა. თუ ამ ინტერესებს რომელიმე პიროვნების წასვლა სჭირდება, ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი რაღაც ახალი ტალღების აგორება. ეს ჩვეულებრივი საპარლამენტო პრობლემა, საპარლამენტო საკითხია.
მინდა დავამთავრო ჩემი საუბარი იმით, რომ მოვუწოდო ყველას, ყველა მოქალაქეს საქართველოს ერთიანობის, ერთობისა და თანხმობისაკენ.
ჩვენ ვივლით ქვეყნის გადარჩენის ინტერესებისთვის ბრძოლის გზით / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 მაისი. - N73 (875). - 1,2 გვ.
![]() |
61 ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წლები ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და პრინციპებისათვის ბრძოლის წლები იყო |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 9 მაისის რადიოინტერვიუ
- დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. სამწუხაროდ, ზოგისათვის ეს დღე მაინც სხვადასხვაგვარად აღიქმება. გაჩნდა აზრიც, რომ ეს არ იყო საქართველოს ომი, რომ ჩვენ ამ ომში არ უნდა გვეომა და ა.შ. რა შეფასება შეგიძლიათ მისცეთ ამ დღეს 49 წლის შემდეგ? ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- მინდა მივესალმო ყველა ვეტერანს, ომის მონაწილეს. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ. შევეცადე ეს გამეკეთებინა კახეთში, მაგრამ იმდენად გვიან გადაიცა ჩემი კახეთის შეხვედრები, რომ, ალბათ, ყველამ ვერც მოუსმინა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მივესალმო იმ წლების გმირებს, რომლებმაც ღირსეულად იცხოვრეს, იბრძოლეს და ახლაც აკეთებენ იმას, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ბევრ მათგანს დღეს შევხვდები და პირადად მივულოცავ.
რაც შეეხება არაერთგვაროვან დამოკიდებულებას: მე გარკვეული გულისტკივილით აღვიქვი ის, რომ პარლამენტმა ვერ მიიღო დადგენილება, იმის გამო, რომ ზოგიერთ პარლამენტარს სხვაგვარად ესმის ამ წლების მნიშვნელობა და იმ ადამიანების წვლილი საერთო-საკაცობრიო მშვიდობისათვის ბრძოლაში, რომლებიც გმირულად დაეცნენ და მათი წვლილი, რომლებიც ჯერ კიდევ მწყობრში არიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ვფიქრობ, ვისაც ეს არ ესმის, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ადამიანები საქართველოსათვის კი არ იბრძოდნენ, არამედ რომელიღაც სხვა ქვეყნის, ანდა სხვა წყობის ინტერესებისათვის, ძალიან ცუდად არიან ჩახედული საქმეში. მიმაჩნია, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წლები, და ეს იყო უმძიმესი გამოცდა მრავალი და მრავალი ხალხისათვის, ქვეყნებისა და მთელი პლანეტისათვის, იყო ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და პრინციპებისათვის ბრძოლის წლები. ხოლო ნამდვილი ეროვნული მოძრაობა ზოგადსაკაცობრიო ტალღას უერთდება. ზოგადსაკაცობრიო აუცილებლად გულისხმობს ეროვნულ მოძრაობათა დემოკრატიულ შენაკადებს. ვისაც არ ესმის, რომ 700 ათასი კაცი პატარა ქვეყნიდან თავის ქვეყანას იცავდა, ამავე დროს თავი შესწირა სხვა ხალხების თავისუფლებას, მათ, მგონია, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თვით ეროვნულზე, ეროვნული მოძრაობის არსზე, მის დანიშნულებაზე.
ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, და ეს შეიძლება მაშინაც კი ყველას ასე არ ესმოდა, მაგრამ, მაინც თუნდაც ქვეშეცნეულად, ზოგადსაკაცობრიო ბრძოლა იყო. ისევე როგორც ოთხმოციანი და ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რევოლუციის შთამაგონებელი - სწორედ ზოგადსაკაცობრიო იდეალები გახლდათ. სწორედ ამ რევოლუციამ მოუტანა თავისუფლება ხალხებს, ევროპას, საქართველოს. და არ იქნებოდა ოთხმოციანი წლების რევოლუცია, ესე იგი ის განმათავისუფლებელი რევოლუცია, რომლის ტალღებზეც მოვიდა თავისუფლება და დემოკრატია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, რომ არა ფაშიზმზე გამარჯვება. ასეთია ლოგიკური ჯაჭვი, რომელსაც ვერსად გაექცევი, და ვისაც ეს არ ესმის, ვფიქრობ, იგი სერიოზულად ჩამორჩა ცხოვრებას.
ამიტომ, როცა 9 მაისს აღვნიშნავთ, პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც თავი შესწირა ხალხთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამ იდეალებისათვის ბრძოლას. და, თუ დღეს ვლაპარაკობთ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობაზე, მიმაჩნია, რომ იმ აგურის გარეშე, რომელიც ამ ადამიანებმა დადეს (მხედველობაში მაქვს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა), საქართველო დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებდა.
ერთხელ კიდევ მინდა მივმართო ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, ჩვენს მეგობრებს. ამ დღეს გილოცავთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, თქვენს ყველა თანამებრძოლს. ვხედავ თქვენს გატანჯულ სახეებს. თუ, რატომ არის ეს, ახლა, ამაზე ლაპარაკი არ არის. ძალიან მინდა, ჩემო ძვირფასებო, გითხრათ და გამოვთქვა იმის რწმენა, რომ იმედის ნათელი სხივი არ გამქრალიყოს თქვენი თვალებიდან.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მოიშუშებს ჭრილობებს, ტკივილებს და თქვენც სხვა თაობებთან ერთად იცხოვრებთ თავისუფალ, ბედნიერ, დამოუკიდებელ საქართველოში, რომლისთვისაც თქვენ იბრძოდით.
მიმაჩნია, რომ ის ვაჟკაცებიც, რომლებიც საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ კონფლიქტებში დაიღუპნენ, პრინციპში, ფაშიზმის მსხვერპლნი არიან, ჩვენებური პროვინციული ფაშიზმისა. სწორედ ამაშია სათავე შიდა ომებისა, და არავინ არ იცის, როგორ შემობრუნდებოდა საქმე, ჩვენ ის ფუნდამენტი რომ არ გვქონოდა, რომელსაც მაშინდელმა გმირულმა თაობამ ჩაუყარა საფუძველი.
ყველაფერ ამაზე, როგორც მოგახსენეთ კახეთში ვილაპარაკე. და კიდევ ერთი: იმ გრანდიოზული წლების ერთ-ერთი მონაპოვარი გახლავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უშიშროების საბჭო. ჩვენ არა ვართ აღფრთოვანებული იმ როლით, რომელსაც ახლა ეს ორგანიზაცია ასრულებს, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ: ეს ორგანიზაცია რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა დღეს ჩვენი პლანეტა?! ამიტომ, მარტო ერთ ასპექტზე ვამახვილებ ყურადღებას. ადამიანებმა, რომლებიც მაშინ იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, იზრუნეს და საფუძველი ჩაუყარეს მომავალი თაობებისათვის მშვიდობიანი ცხოვრების გარკვეულ გარანტიებს.
მადლობა მათ! ნათელი იყოს მათი ხსოვნა, ვინც არ არის ჩვენს რიგებში. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წლები ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და პრინციპებისათვის ბრძოლის წლები იყო / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 10 მაისი. - N77(879). - 1 გვ.
![]() |
62 საქართველოს პარლამენტს |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს ქვეყნის ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა ხელისუფლებამ ურთულესი პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ისე ახალი ეკონომიკური, საზოგადოებრივი, ხელისუფლებითი ურთიერთობის ფორმულირება საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი განვითარების აუცილებელი პირობაა.
ეკონომიკური რეფორმის, ახალი საზოგადოებრივი ინსტიტუტებისჩამოყალიბებაში განუზომელია ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობის - პარლამენტის როლი.
ამასთან საგულისხმოა, რომ სამართალშემოქმედება აშკარად ჩამორჩება ცხოვრების, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს. სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა დარჩენილია უმნიშვნელოვანესი ქონებრივი და არაქონებრივი, ორგანიზაციული, ხელისუფლებითი ურთიერთობა, რაც არსებით ბარიერებს უქმნის ეკონომიკის რეფორმას, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის ხელშემწყობი პირობების წარმოშობას.
საგულისხმოა ისიც, რომ მოძველდა არსებული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის გარდაქმნის პერიოდის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება; თანამედროვეობის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს პოსტსოციალისტური პერიოდის ე.წ. „პირველი თაობის“ კანონები, მათ ნაცვლად საჭიროა ახალი ნორმები, რომლებიც უფრო რადიკალური რეფორმის იდეის მატარებლებად მოგვევლინებიან და საბაზრო ეკონომიკის განვითარების უფრო მყარ სამართლებრივ გარანტიებს შექმნიან.
სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ პერიოდის ზოგიერთი სამართლებრივი გამოცდილების დროული ათვისებაც კი. კერძოდ, რამდენიმე თვეა განუხილველია პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტები „გირავნობის შესახებ“, „იჯარის შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“; ანუ ლაპარაკია ისეთ კანონებზე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია პრივატიზაციის სრულყოფილი განხორციელება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება, მუშა-მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვა შეუძლებელია, თუ არ გვექნება კოლექტიური ხელშეკრულებები და კოლექტიური დავის გადაწყვეტის ის სამართლებრივი საშუალებები, რომლებსაც ითვალისწინებენ ასევე პარლამენტში კარგა ხნის წინათ წარმოდგენილი კანონპროექტები.
უახლოეს პერიოდში მთავრობამ პარლამენტში უნდა წარმოადგინოს სამი სხვადასხვა სახის კანონპროექტი, რომელთა განხილვას პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. კანონპროექტთა პირველი ციკლი შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ ურთიერთობას. მათ შორისაა კანონპროექტი „საწარმოთა შესახებ“, რომელიც ამჟამად მოქმედი სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ კანონისაგან განსხვავებით დეტალურად აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, თანაბარ პირობებში აქცევს საკუთრების ყველა ფორმას, იძლევა მათი რეგისტრაციის ახლებურ წესს და სამეწარმეო საქმიანობის სხვა მეტად საყურადღებო იურიდიულ გარანტიებს. ამავე ციკლს განეკუთვნება აგრარული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები, რომელთა მიღებას საარსებო ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. ასეთია პირველ რიგში კანონი „მიწის საკუთრების შესახებ“. ასევე საარსებო ეკონომიკური მნიშვნელობისაა კანონპროექტები სატრანსპორტო ურთიერთობის შესახებ, კრედიტების შესახებ, ფასიანი ქაღალდების შესახებ, დაზღვევის შესახებ, ბინის საკუთრების შესახებ და სხვა.
მისაღებ კანონპროექტთა მეორე ციკლს განეკუთვნება ის კანონპროექტები, რომლებიც შეიცავენ ზემოაღნიშნულ მატერიალურ ურთიერთობებში სამეურნეო სუბიექტების უფლებების დაცვის საპროცესო სამართლებრივ გარანტიებს, კერძოდ, იგულისხმება კანონპროექტები ეკონომიკური დავის განხილვის წესის შესახებ, სამედიატორო სასამართლოს შესახებ, ნოტარიატის შესახებ და, საერთოდ, სასამართლო რეფორმის შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს ქონებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების პარალელურად იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შემუშავების აუცილებლობა, რომლებიც მოწოდებული იქნებიან დაიცვან ნორმალური სამეწარმეო ურთიერთობა და მეწარმის პიროვნება.
მისაღები აქტების მესამე ციკლს განეკუთვნება ის კანონები, რომლებმაც ქვეყნის მიერ არჩეული დემოკრატიული კურსის შესაბამისად უნდა მოაწესრიგონ ხელისუფლებითი ურთიერთობა. ესაა „სახელმწიფო სამსახურის“, „სახელმწიფო საიდუმლოების“, პოლიტიკური პარტიების შესახებ და სხვა მრავალი.
პარლამენტმა თავისი უფლებამოსილების პერიოდში უნდა შეძლოს აგრეთვე პოლიფიცირებული სამართლებრივი აქტების - კოდექსების მიღება. მისაღებია ახალი სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის, შრომის სამართლის, სისხლის და სამოქალაქო საპროცესო სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები.
ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში ამ დიდი სამუშაოს გადაუდებელ შესრულებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და თუ სამართალშემოქმედების გზაზე პარლამენტი, მისი კომისიები რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამენ, ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ერთად პარლამენტმაც უნდა გაიზიაროს.
ამ წერილში მხოლოდ ის კანონები და კანონშემოქმედების ის მიმართულებები ჩამოვთვალე, ურომლისოდაც ეკონომიკურ და სხვა რეფორმებზე ლაპარაკი მხოლოდ ზოგად ფრაზებად და პოპულისტურ მოწოდებად დარჩება.
მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ აქტიურად ვითანამშრომლო ყველა კომისიასთან, ფრაქციასთან, ცალკეულ პარლამენტარებთან კანონშემოქმედებითი პროცესის დაჩქარების მიზნით.
[...]
ე. შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მაისი. - N78 (880). - 1 გვ.
![]() |
63 ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით! |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 16 მაისის რადიოინტერვიუ
ვიდრე ტრადიციული რადიოინტერვიუ დაიწყებოდა, რომელიც დაგვიანებით გავიდა ეთერში, ჟურნალისტმა ნატო ონიანმა განმარტა ეს დაგვიანება. დღეს დილით სასტუმრო „მეტეხში“ გაიხსნა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომისიის მესამე სხდომა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა. ამის გამო მოხდა, რომ ინტერვიუმ დაიგვიანა.
- გასული კვირა უაღრესად დაძაბული იყო ჩვენი ქვეყნისათვის. კვირის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ალბათ, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების ხელშეკრულების ხელმოწერა. რა განასხვავებს 14 მაისის ხელშეკრულებას აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით დადებული სხვა ხელშეკრულებებისაგან?
- დღევანდელი ინტერვიუს დაგვიანების მიზეზია თბილისში გამართული დიდი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც, ბუნებრივია, მეტ ყურადღებას და ჩვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს. ვფიქრობ, მომავალში უფრო დიდი მასშტაბისა და მნიშვნელობის საერთაშორისო ღონისძიებები ხშირად გაიმართება, რა თქმა უნდა, სტაბილურობისა და სიმშვიდის პირობებში.
რაც შეეხევა იმ ორ დოკუმენტს, რომლებსაც ჩემი თანხმობით ხელი მოაწერეს მოსკოვში, მათ სხვა დოკუმენტებისაგან განასხვავებს შემდეგი: პირველი - განსხვავდება იმით, რომ სხვა დროსა და პირობებშია მიღებული. სატელევიზიო ინტერვიუში მე უკვე ჩამოვთვალე, რა ცვლილებები მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, და რა ნაბიჯები გადავდგით აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ. მეორე - განსხვავდება იმით, რომ საფუძველი ეყრება რეალურ გადაწყვეტილებებს სამშვიდობო ძალების, ვიმეორებ, რეალურად შეყვანას კონფლიქტის ზონაში. ესე იგი, საფუძველს ვუყრით ლტოლვილების დაბრუნების საქმეს და ამ პროცესის დაჩქარებას. რაც უფრო მეტი იქნება ქვეყნის ყველა ძალების ურთიერთგაგება და თანამშრომლობა, მე, აგრეთვე, მხედველობაში მყავს ლტოლვილთა მასები თავიანთი სხვადასხვა განწყობილებით, მით უფრო მოვიახლოვებთ იმ სანატრელ დღეს, როცა დაიწყება დაბრუნების პროცესი და, ვფიქრობ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე, რომ ეს დაბრუნების პროცესი არც ისე ხანგრძლივი იქნება. აი, ამას ჩაეყარა საფუძველი და ამის წინა პირობები იქმნება. თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები. ესეც იმის ერთ-ერთი ფაქტორია, რომ გაერომ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებმა მიიღონ ესოდენ აუცილებელი გადაწყვეტილებები.
ასეთი გეგმა, ესე იგი, ოპერაციის განხორციელების გეგმა, ახლა მუშავდება, სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებენ, ჩვენი წარმომადგენლები დამატებით ჩაერთვებიან, გენერალი ჩიქოვანი მოსკოვშია და იგი ასეთი ოპერაციის დამუშავების ერთ-ერთი მონაწილეა. უნდა გითხრათ, რომ დიდ და ძალიან სასარგებლო ინიციატივას იჩენს რუსეთის ხელმძღვანელობა. თუ რუსეთის პოზიტიური როლი ასე გაგრძელდა, და მჯერა, რომ ასე გაგრძელდება, ჩვენ საკმაოდ სწრაფად შევძლებთ აღვადგინოთ სამართლიანობა და შევქმნათ აფხაზეთში ქართველებისა და აფხაზების, სხვა ხალხების ერთად ცხოვრების პირობები.
ამ მოსაზრებებს უახლოეს დროში განიხილავენ უშიშროების საბჭო ნიუ-იორკში და თანამეგობრობის ქვეყნების კოლექტიური უშიშროების საბჭო. ვფიქრობთ, რომ მხარს დაგვიჭერს როგორც ერთი, ისე მეორე საერთაშორისო ორგანიზაცია.
- ბოლო დროს პარლამენტში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონფრონტაცია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტართა გარკვეულ ნაწილს შორის. ამის გამო კიდევ უფრო ხომ არ მწიფდება ახალი არჩევნების იდეა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ახალი არჩევნების შესახებ თავის მოთხოვნას დიდი ხანია ღიად აყენებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. გავრცელდა ხმები, რომ მოქალაქეთა კავშირიც დაინტერესებულია რიგგარეშე არჩევნების გამართვით...
- ხანდახან კონფრონტაცია, ალბათ აუცილებელია, მაშინ, როცა პოზიციები შეუთავსებელია, და სიმართლე გითხრათ, ასეთ აუცილებლობას არც მე გავურბივარ. პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაიცვას თავისი პოზიცია, და თუ საჭიროა კონფრონტაციაზე წასვლა, უნდა წავიდეს კიდეც. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს თანამშრომლობის ჩვენს საერთო სურვილს. ახალი არჩევნების დაჩქარების აუცილებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა ქვეყნისათვის საარსებო პრობლემის განხილვისას პარლამენტში. შევძლებთ თუ არა დავძლიოთ ეს ორგანული შეუთავსებლობა, უპატივცემულობის, უკულტურობის, ელემენტარული ეთიკური ნორმების დარღვევის ის ატმოსფერო, რომლითაც ასე გაითქვა სახელი ჩვენი პარლამენტის გარკვეულმა ნაწილმა.
რაც შეეხება მოქალაქეთა კავშირის დამოკიდებულებას არჩევნების ვადამდე გამართვის საკითხისადმი, უნდა გითხრათ, რომ ჩემი თანაპარტიელი კოლეგები მოითხოვენ მხარი დავუჭირო არჩევნების ვადამდე გამართვის იდეას. მოქალაქეთა კავშირს ეს ხელს აძლევს. მისი გავლენა თბილისშიც და რაიონებშიც დიდია და, ვფიქრობ, რომ თუ ვილაპარაკებთ წმინდა პარტიული და არა მარტო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ეს საფუძვლიანიც იყოს. ჯერჯერობით საკითხი ღიად რჩება, საბოლოო აზრი არ გამომითქვამს. ჩემი პოზიციის განსაზღვრა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება კონსტრუქციული სულისკვეთების დამკვიდრება ახლანდელ პარლამენტში. თუ ეს მოხერხდა, მაშინ სასურველია პარლამენტმა თავისი მისია ბოლომდე შეასრულოს.
- გუშინ თბილისის სომხურ თეატრში მოხდა აფეთქება. რა შეფასებას მისცემდით ამ აქტს? აქვე მინდა გაგახსენოთ თქვენი სიტყვები გია გულუას დაღუპვის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებთან შეხვედრაზე, რომ საფრანგეთში ამას წინათ მიიღეს გადაწყვეტილება - შეიზღუდოს ამიერკავკასიაში მოქალაქეების ჩამოსვლა...
- კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი გულისტკივილი და ძალიან დიდი შეშფოთება ამ ბარბაროსული ტერორისტული აქტის გამო. თბილისის სომხური თეატრი, გარკვეული აზრით, ორი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობისა და ძმობის სიმბოლოა, სიმბოლოა იმის, თუ რა დიდ პატივს სცემს ქართველი ხალხი სომხურ კულტურას და იმის სიმბოლოც არის, რომ სომეხი ხალხი, სომეხი მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდნენ როგორც თავიანთ ძმებთან, თანამოქალაქეებთან. სომხური თეატრი კი, რომელსაც 125 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მათთვისაც და ჩვენთვისაც ჩვენი საუკეთესო მეგობრობისა და ტრადიციების ერთ-ერთი გამომხატველია. ერთხელ კიდევ გამოვხატავ ჩემს გულისწყრომასა და შეშფოთებას ამ აქტთან დაკავშირებით.
მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით თეატრთან გაიმართა საპროტესტო მიტინგი. ამ აქტის ჩადენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მე მივედი თეატრში. მიტინგზე კარგად გამოიხატა თბილისელთა და საქართველოს ყველა მოქალაქის დამოკიდებულება ამ ბარბაროსული აქტისადმი. ახლა ამბობენ, ეს სომხების წინააღმდეგ არისო მიმართული, იმასაც კი ამბობენ, აზერბაიჯანელების წინააღმდეგ არისო მიმართული, ვიღაცას რაღაცის პროვოცირება უნდა ამასთან დაკავშირებით.
მე ასე ვიტყოდი: ეს, პირველ რიგში, საქართველოს წინააღმდეგ მომხდარი ტერორისტული და ბარბაროსული აქტია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დამნაშავეთა პოვნა სახელმწიფოებრივი ამოცანაა და სწორედ ასეთი ამოცანა დავუსახე გუშინ ოფიციალურად სამართალდამცავ ორგანოებს. ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბრძოლა კი დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა და ჩვენი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების, უწინარესად, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციისა და სხვების სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. ჩემი დავალებები მათ მიღებული აქვთ და უკვე აქტიურად მუშაობენ.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებსაც ხანდახან ცალკეული ქვეყნები მიმართავენ, რომ შეიზღუდოს მოქალაქეთა ჩამოსვლა ამიერკავკასიაში, ჩემი აზრით, ამ ცალკეული ფაქტების მიუხედავად, ამჯერად თბილისსა და საქართველოში არსებული ვითარება ამის საფუძველს არ იძლევა. არის ქვეყნები, რომლებიც ტერორისტული გამოხდომებით, დანაშაულობებით, ნარკობიზნესით უფრო მეტად არიან დაზიანებული, ვიდრე საქართველო. მაგრამ ასეთი სანქციები მათ მიმართ არ განუხორციელებიათ.
არა მგონია, იზოლაციის პოლიტიკას რაიმე შედეგი მოჰყვეს. პირიქით, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი იქნება კონტაქტები, რაც უფრო გაბედულად შემოვა დასავლეთის ბიზნესი საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში, რაც უფრო დიდი მნიშვნელობისა და გლობალური იქნება ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვადგენთ და ვიწყებთ რეალურ მოქმედებას, მით უფრო მეტად გამოეცლება საფუძველი ტერორიზმსაც, აგრესიულობასაც და შეიქმნება იმის ეკონომიკური წანამძღვრები, რომ კონფლიქტებს ჩვენს რეგიონში საერთოდ მოეღოს ბოლო.
- გასულ კვირას გამოქვეყნდა თქვენი მიმართვა პარლამენტისადმი, რომელსაც უახლოეს მომავალში მისაღებ კანონთა ნუსხა ერთვის. შემოქმედებითი კავშირებისა და მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებულ პლენუმზე მიიღეს მიმართვა თქვენდამი, რომელშიც ასევე ლაპარაკია ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე და ხელისუფლების გაძლიერების, სახელმწიფოს მეთაურის ხელში არსებული რეალური ძალაუფლების თავმოყრის აუცილებლობაზე, დაფიქსირებულია დღეს ქვეყანაში არსებული ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. როგორ ფიქრობთ, ინტელიგენციის სურვილი, იკისროს პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი პროცესებისათვის, გარკვეულ წილად, ხელისუფლების დეფიციტით ხომ არ არის განპირობებული?
- მე დიდი ყურადღებით წავიკითხე შემოქმედებითი კავშირების, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების საერთო კრების დოკუმენტები, და არა მარტო წერილი ჩემს სახელზე. ვნახე ტელეგადაცემაც, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ჩვენი ინტელიგენცია იჩენს უდიდეს პასუხისმგებლობას ასეთ რთულ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისათვის და არც თვითონ გაურბიას პასუხისმგებლობას. ამავე დროს, სავსებით კანონზომიერად, ინტელიგენცია მოითხოვს ხელისუფლების გაძლიერებას და იმ სისუსტეების დაძლევას, რომლებსაც დღეს იჩენს თავის საქმიანობაში აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ, სახელმწიფოს მეთაური. ამ შენიშვნებს და კრიტიკას მე ვეთანხმები, მადლობას ვწირავ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ შენიშვნებს გამოთქვამენ, რადგან ეს პირადად ერთი პიროვნებისადმი კი არ არის მიმართული, არამედ საერთო სურვილის გამოხატულებაა იმისათვის, რომ ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი და ხალხმა ნორმალურად იცხოვროს, ქვეყანა ადრე გამოვიდეს კრიზისიდან. ამის რეზერვები და რესურსები ჩვენ გვაქვს.
მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. საჭიროა მეტი სიმკაცრე და მომთხოვნელობა, რა თქმა უნდა, კანონისა და დემოკრატიის პირობებში, და კანონების მოთხოვნათა დაცვა. ჩვენი კანონები, არასრულყოფილების მიუხედავად, მაინც იძლევა იმის საშუალებას, რომ გაცილებით უკეთესი წესრიგი და უკეთესი ცხოვრების პირობები იყოს. ამასთანავე მინდა ვთქვა ისიც, რომ პარლამეტის ზოგიერთმა ფრაქციამ, ზოგიერთმა პარლამენტარმა უნდა გადასინჯონ თავისი დამოკიდებულება აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი. სახელმწიფოს მეთაური უნდა გახდეს მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტი და ამაში პარლამენტი, ცალკეული პარლამენტარები და ფრაქციები ხელს კი არ უნდა უშლიდნენ, არამედ ხელს უნდა უწყობდნენ მას. ჩვენ უნდა მიგვაჩნდეს, რომ პატარა ქვეყანაში პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება რკინის კედლით არ არის გათიშული. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ერთ საქმე ვემსახურებით და მე ვიტყოდი, ასეთი შეურიგებლობა და ხანდახან რაღაც ზიზღიც კი იმათ მიმართ, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, ჩემი აზრით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი პარლამენტარი, ზოგიერთი ფრაქცია სრულად იზიარებდნენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ეკისრებათ.
ერთხელ კიდევ მოვუწოდებ ყველას - ნუ შევუშლით ხელს ერთმანეთს, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან.
- გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კოლინზი. გუშინ თურქეთის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ბატონი ჯინდორუქი ჩამობრძანდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომისიის მესამე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე დღეში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ეწვევა საქართველოს. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტებს?
- ბატონ ჯეიმს კოლინზს დიდი ხანია ვიცნობ, იგი თავის დროზე მოსკოვში მუშაობდა, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და, მაშასადამე, კავშირში შემავალი დღევანდელი ქვეყნების ერთ-ერთი დიდი სპეციალისტია. იგი პრეზიდენტის მაღალი რანგის წარმომადგენელია. ჩვენი დიალოგი ძირითადად გლობალურ საკითხებს ეხებოდა. ამავე დროს განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მაღალია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის დონე, და რა დიდია მათ შორის არსებული ნდობა. ძალიან დეტალურად განვიხილეთ აფხაზეთის ვითარება. ბატონმა კოლინზმა დამარწმუნა, რომ იგი, ისევე როგორც აქამდე, ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, კვლავაც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხებისადმი. ისინი თავს საქართველოს მეგობრებად თვლიან და ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს უშიშროების საბჭოში კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი.
რაც შეეხება თურქეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის ბატონ ჯინდორუქის ვიზიტს, იცით, რომ ეს ჩამოსვლა დაკავშირებულია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომისიის მესამე სხდომასთან, რომელიც ამ დილით დაიწყო. ამავე დროს იგი მიზნად ისახავს იმ დიალოგის გაგრძელებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობდა, უნდა გითხრათ ზოგი რამ თვით ამ კომიტეტის შესახებაც. ასეთი კომიტეტის შექმნის ინიციატორი მეც გახლდით, რადგან მიმაჩნდა, რომ ამ სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამშრომლობა ვერ იქნებოდა სტაბილური და ყოველმხრივ ხელსაყრელი პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების გაუთვალისწინებლად.
ბატონ ჯინდორუქის ჩამოსვლა კიდევ ერთი დიდმნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს დიდ მეზობელთან - თურქეთთან საუკეთესო მეგობრული და მეზობლური ურთიერთობის მშენებლობის გზაზე. გუშინ ჩვენ შორის გაიმართა შესანიშნავი, ნამდვილი მეგობრების საუბარი. ჩემი აზრით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თურქეთი გაგებით ეკიდება ჩვენს პრობლემებს, ტკივილებს, ეს კიდევ ერთხელ დამიდასტურა ბატონმა ჯინდორუქმა და მითხრა, თუ რა თქვა ბატონმა დემირელმა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე, გადმომცა მისეული შეფასებანი და სურვილი, რომ ჩვენ კვლავაც დინამიკურად ვაშენოთ ეს ახალი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ თურქეთი გვეხმარება, და ეს იციან ჩვენმა მოქალაქეებმა. მაგრამ რამდენადაც ახლა ბატონი ჯინდორუქი აქ იმყოფება, მინდა ეს ინტერვიუც გამოვიყენო იმისათის, რომ მადლობა ვუთხრა მას, თურქეთის ხელისუფლებას იმ მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისათვის, რომელსაც ამ ბოლო დროს ვგრძნობთ, და ჩვენი ხალხის სახელით გამოვთქვა მადლიერება ამის გამო.
რაც შეეხება ჰეიდარ ალიევის ვიზიტს, ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ მის ჩამობრძანებაზე. ბუნებრივია, უწინარესად, განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობას, რომელიც შესანიშნავად ვითარდება. მაგრამ მე, ვიტყოდი, იქნებ ეს არ იყოს მთავარი, შეიძლება ეს სხვა დონეზე განგვეხილა და სხვა დონეზე გამოგვეძებნა გადაწყვეტილებათა სხვადასხვა ვარიანტი. არსებითი თემა იქნება კავკასიის პრობლემები, კავკასიაში დღეს არსებული ვითარება და ამ პრობლემების მოგვარებისა და გადაწყვეტის გზები. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვხვდებით ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ბატონი ალიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა. ეს შეხვედრები გამოირჩევა განსაკუთრებული ნდობისა და მეგობრობის, ურთიერთგაგების ატმოსფეროთი და ჩვენ გვექნება საფუძველი ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ რეგიონის სამმა სახელმწიფომ - აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ვითარებაში, როგორ შევქმნათ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო უშიშროების გარანტიები, როგორ ვაშენოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან - დიდ რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან და სხვებთან, რომლებთანაც გვაკავშირებს ურთიერთობის საკმაოდ დიდი ტრადიციები. აი ეს იქნება ჩვენი დიალოგოს მთავარი თემა. თქვენ იცით ჩვენი სამივე სახელმწიფოს მეთაურთა აზრი იმის თაობაზე, რომ საჭიროა კავკასიური დიალოგი, ასეთი ინსტიტუტის შექმნა. საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს ამ იდეას რუსეთის პრეზიდენტიც და მზად არის მონაწილეობაც მიიღოს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ერთ-ერთი ნაბიჯია ამ სისტემური და მუდმივი დიალოგის განვითარების გზაზე.
საქინფორმი.
ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 მაისი. - N82(884). - 1,3 გვ.
![]() |
64 „სანამ შემოქმედებითი სული არ ჩამქრალა და, დარწმუნებული ვარ, არც ჩაქრება, საქართველო იცოცხლებს და გაიმარჯვებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 23 მაისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას პარლამენტართა მსჯელობის საგანი იყო 14 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტები აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ. ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენ ბრძანეთ, რომ ოპოზიციამ ხელი არ უნდა შეუშალოს ხელისუფლებას აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მოგვარების პროცესის ბოლომდე მიყვანაში. ისიც აღნიშნეთ, რომ უიმედობა დაღუპავს ქვეყანას. მთელი ჩვენი ისტორია ბრძოლაა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმედისათვის. წინათ არაერთხელ გისაუბრიათ ახალ მსოფლიო წესრიგზე. მას შემდეგ, რაც ამ ბოლო ხანს საქართველოში მოხდა, თუნდაც აფხაზეთის მოვლენები, რამდენად რეალურია იმის იმედი, რომ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში უპასუხა:
- აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აქამდე ყველა გზა მოისინჯა, ყველა შესაძლებლობა შევამოწმეთ, სამხედრო გზის, სამხედრო შესაძლებლობების ჩათვლით. ახლა მე ასე ვხედავ, რომ საქმე გვაქვს რეალური გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტთან. ვიმეორებ, რეალური გადაწყვეტის, და არა მარტო საკითხის მოგვარების გრძნობებსა და ჩვენს სურვილებზე აგებულ გეგმასთან. გვჯერა, უახლოეს დროში დაიწყება ლტოლვილთა დიდი ნაკადების დაბრუნება. მთავარია, დაიწყოს ეს პროცესი. ვფიქრობ, ეს ძალიან მალე მოხდება. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას - ხელს ნუ შეგვიშლიან. დღეს იმდენად დიდი და პასუხსაგები მისია აკისრია ხელისუფლებასა და მთელ ქვეყანას, საქართველოს, რომ, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით ამ ვარიანტს, თუკი სასიკეთო ტენდენცია გამოიკვეთა და, დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება, გავითვალისწინოთ და ნუ შევქმნით დამატებით სიძნელეებს, ნუ შევეცდებით დამატებითი დესტრუქციული მოვლენების გამოწვევას.
ვისაც არ სჯერა ჩვენი, და ასეთები არიან, სავსებით გასაგები მიზეზების გამო, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმი, ამ ეტაპზე მაინც ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავონ. თუ წარუმატებლობა იქნება, მაშინ სხვა ამბავია.
ლტოლვილთა პრობლემა, აფხაზეთის ტკივილი, ასე ვიტყოდი, საქართველოს ყოფნა-არყოფნას ნიშნავს. ასე დგას საკითხი და ამასთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, ლტოლვილებს ვთხოვ: ნუ ავყვებით ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომლებსაც გარკვეული ამბიციები ამოძრავებთ, ან გარკვეული წყნა, ან სჯერა მხოლოდ და მხოლოდ იმ ვარიანტისა, რომელსაც თვითონ გვთავაზობს. ნუ ავყვებით იმათ, ვინც ლტოლვილებს დღეს ავანტიურისტული გზისკენ მოუწოდებს. ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მათი შესაძლებლობები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და ვერავინ არსებულზე უფრო რეალისტურ ვარიანტს დღეს ჩვენს ქვეყანას ვერ შესთავაზებს. მით უმეტეს, რომ სწორედ ამ დღეებში ნიუ-იორკში წყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები სამშვიდობო ძალების შემოყვანასთან დაკავშირებით. ნიუ-იორკს მოსკოვიდან გაემგზავრა სამხედროების ის ჯგუფი, რომელმაც უნდა დაგეგმოს ეს ოპერაცია და, რომელმაც პრაქტიკულად, უკვე დაგეგმა იგი. როგორი იქნება თანამიმდევრობა, როგორი იქნება ეტაპები, ვფიქრობ ამ ერთ კვირაში - ათ დღეში გაირკვევა და შემდეგ დაიწყება ეს პროცესი.
ამ დღეებში ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ნიუ-იორკთან და რაც მოხდება, ყველა მოვლენის შესახებ მოსახლეობა მიიღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას.
აფხაზეთის დაბრუნება და აფხაზეთში დაბრუნება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ჩვენს შესვლასთან. რუსეთთან ახალი ურთიერთობის მშენებლობასთან და ეს ყველაფერი გამიზნული და გააზრებული ნაბიჯები იყო. ეს დაკავშირებული ჩვენს კეთილ დამოკიდებულებასთან მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან, ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და ახლაც გვიჭერენ. ეს დაკავშირებულია მჭიდრო თანამშროლობასთან გაეროს ფარგლებში და სწორედ ეს არის იმ ახალი წესრიგის ნიშნები, რომელთა შესახებ მე წინათაც ვლაპარაკობდი.
ამაში, რაც ახლა მოგახსენეთ, არავითარი ორმაგი თამაში არ არის. ვიღაცა რაღაცას აიკვიატებს და ჰგონია, რომ რასაც თვითონ მოიფიქრებს, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება. რა ორმაგი თამაშია, თუკი ჩვენ რუსეთთანაც კარგი ურთიერთობის მშენებლობა დავიწყეთ, უკრაინასთან, სხვა ქვეყნებთან, ჩვენს მეზობლებთან და, ამავე დროს, დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ისინიც გვეხმარებიან ამ ყველაზე დიდი ტკივილის მოშუშებაში. ვფიქრობ, რომ ამჯერად ჩვენ არ ვცდებით.
- გასულ კვირას პარლამენტის სხდომა დატოვა ორმა პარტიამ - რესპუბლიკურმა პარტიამ და მერაბ კოსტავას საზოგადოებამ. პრინციპში, გასულ კვირას არც თქვენ დასწრებიხართ პარლამენტის სხდომებს, როგორ გავიგოთ ეს, თქვენც ბოიკოტი გამოუცხადეთ პარლამენტს?
- თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით? პარლამენტის დატოვება პარლამენტართა ჯგუფისა და ცალკეული პარლამენტარის მიერ თავისთავად ძალიან დასანანია. ამას გულწრფელად ვამბობ. ვინც ხალხმა აირჩია, ხალხის ნებართვითვე უნდა გადიოდეს პარლამენტიდან. როგორი ტანჯვაც უნდა იყოს და ძნელი გახდეს იქ ჯდომა, ალბათ, ბოლომდე უნდა შეძლო. ჩემი დაუსწრებლობა გადაუდებელი საქმეებით იყო განპირობებული და ხანდახან იძულებული ვარ გავაცდინო პარლამენტის სხდომები, მით უმეტეს, თუ ვიცი, რომ ხანდახან ეს უსაგნო კამათთან არის დაკავშირებული. სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ახლა ბვერი მოითხოვს სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის გაუქმებას, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ამ ეტაპზე როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ინსტიტუტის გარეშე. ასე რომ, გვინდა თუ არ გვინდა, რეალობას უნდა შევეგუოთ. ნაკლებად მივუგდოთ ყური საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს. ზოგიერთი მათგანისათვის, რაც უფრო უარესობა იქნება, მით უკეთესია. ამიტომ, ვიმეორებ, ამ ეტაპზე, პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციისა და სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შეთავსება, ამაში გამოცდილებით დავრწმუნდი, სავსებით გამართლებულია. და, თუ ხანდახან პარლამენტში ვერ გამოვჩნდები, ეს პარლამენტის უგულებელყოფად ან უპატივცემულობად არ უნდა მიიჩნიონ. ღმერთმა დამიფაროს!
- 23-25 მაისს საქართველო აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენას - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 75 წლისთავს. ცნობილ ფინანსისტთან და მეცენატთან ჯორჯ სოროსთან გუშინდელი შეხვედრისას თქვენ სწორედ ჩვენი მეცნიერების სავალალო ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეთ. რამდენად შეუწყობს ხელს ამ პროცესების მოგვარებას დამოუკიდებელი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ღია საზოგადოებრივი ფონდი „საქართველო“, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა „მეტეხში“?
- ვფიქრობ, გუშინდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმით, რომ იგი დაემთხვა უნივერსიტეტის დღეებს. სოროსის ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული წარმონაქმნია და თვით ბატონი სოროსი საოცრად საინტერესო მოღვაწეა, რომელიც დიდ საქმეებს აკეთებს. მისი მთავარი მიზანი, მთავარი მისია, მისივე წიგნითა და პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, თავისუფალი, ღია საზოგადეობის მშენებლობის ხელშეწყობაა. პარალელურად, ახლა იგი ძალიან სერიოზულად მუშაობს, რათა დაეხმაროს მეცნიერებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, და ამავე დროს, დაეხმაროს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ასპირანტებსა და სხვებს. ის, რაც ფონდმა უკვე გააკეთა საქართველოსათვის, მნიშვნელოვანია. 200-250 ჩვენი მეცნიერი რეალურად თანამშრომლობდა ამ ფონდთან, ბევრმა მიიღო ფონდის გრანტები, ბევრიც კანდიდატია, ზოგიერთი ახალგაზრდა უკვე სწავლობს ფონდის ხარჯზე სხვადასხვა ქვეყანაში. თბილისში ფონდის შესაბამისი ცენტრის და მისი ფილიალის გახსნით ამ მუშაობას უფრო მიზანმიმართული და გეგმიანი ხასიათი მიეცემა.
მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ, პრეზენტაციის შემდეგ, სამსაათიანი საუბარი მქონდა ბატონ სოროსთან. ეს იყო, ძირითადად, საუბარი ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, ჩვენი ვალუტის მდგომარეობაზე. მას საოცრად დიდი გამოცდილება აქვს და, როგორც იტყვიან, ძალიან კარგად მოწყობილი ტვინი. მგონია, რომ ჩვენ გუშინ ზოგიერთ ისეთ მოდელზე ვილაპარაკეთ, რომ შეიძლება ეს კიდეც გამოგვადგეს კრიზისიდან გამოსასვლელი გზის შესამოკლებლად. ძალიან საინტერესო მოსაზრებებამდე მივედით, მისი რეკომენდაციები ორიგინალურია და შეიძლება საქართველო გარკვეული ექსპერიმენტის ბაზადაც კი იქცეს. არ მინდა გადავაჭარბო ამ საუბრის მნიშვნელობა, მაგრამ კონცეპტუალურად, პრაქტიკული თვალსაზრისით, საუბარი დატვირთული იყო. მას ვუთხარი, თუ რას აპირებს საქართველო, თუნდაც კუპონთან, ეროვნულ ვალუტასთან, პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით. პრივატიზაციის პროცესზე მე დიდი ხანია ვფიქრობ და არა მარტო მიწის, არამედ მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის პრივატიზაციაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ დღეებში გამოვა ჩემი ბრძანებულება ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. უკვე მქონდა მრავალრიცხოვანი საუბრები, მათ შორის, ჩვენს მეცნიერებთან, ფინანსისტებთან, ფინანსთა მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ამ ბოლო დროს ჩაერთო ბატონი თემურ ბასილია. მქონდა რამდენიმე შეხვედრა ეკონომისტებთან, მათ შორის, მოქალაქეთა კავშირთან არსებულ ეკონომისტთა საბჭოსთან, გუშინაც იყო ასეთი შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდება საინტერესო ბრძანებულება. ახლა ეს იმიტომ გავიხსენე, რომ, როცა მე და ბატონი სოროსი ვსაუბრობდით ამ საკითხებზე, დავრწმუნდი, რომ ჩვენ რეფორმების გზით, სწორი გზით მივდივართ.
- გასულ კვირას მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ გარდაიცვალა ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი-ონასისი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით და გარეგნობით. რამდენადაც ვიცი, თქვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გაკავშირებდათ კენედების ოჯახთან და თუ არ ვცდები, ჟაკლინ კენედისაც შეხვედრიხართ პირადად.
- ... მე მართლაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს კენედების ოჯახთან. ქალბატონ ჟაკლინ კენედისთანაც გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს შეხვედრები სხვადასხვა დროს ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბოსტონში. პირადად ვიცნობდი მის ოჯახს, მის შვილებს. და უნდა ვთქვა, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაქრა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წავიდა ძალიან ახლობელი ადამიანი. გულწრფელი სამძიმარი გამოვხატე ჩვენი ხალხის, საქართველოს სახელით.
- 26 მაისს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს იზეიმებს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და გარკვეული წინაღმდეგობისა, რაც ამ საკითხთან იყო დაკავშირებული, მაინც იზეიმებს. ამბობენ, ამ დღეს რაღაცა მზადდებაო, ისინი, ვისაც ჩვენ, რატომღაც, გარკვეულ ძალებად მოვიხსენიებთ ხოლმე და ვისი ვინაობაც კარგად არის ცნობილი იმ ორგანოებისათვის, ვინც ეს უნდა იცოდეს, ამზადებენ მორიგ არეულობასო, რამდენად არის დედაქალაქის, რესპუბლიკის მოსახლეობა დაცული ამგვარი მოულოდნელობებისაგან?
- 26 მაისი სახელმწიფოებრიობის დღეა, და ჩვენ არცთუ ისე სასურველი ტემპით, მაგრამ, მაინც მივდივართ სახელმწიფოებრივი ფორმირების გზით. რაც უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა, რომ სახელმწიფო არ არსებობს, სახელმწიფო დაიშალა და ა. შ. ტრადიციად უნდა იქცეს, რომ 26 მაისი სახელმწიფოებრიობის დემონსტრაცია იყოს. და პირველ რიგში, როცა სახელმწიფოებრიობის დემონსტრაციაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები, ეგრეთ წოდებული ძალისმიერი სამინისტროები და ა.შ. პარტიულმა და სხვა უთანხმოებებმა არ უნდა დაგვიბინდოს გონება. არა მგონია, რომელიმე პარტია შეეცადოს, რომ ეს დღე ჩაამწაროს ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას. მე არ ვიცი, ორგანოებს რა მონაცემები აქვთ, მაგრამ ამ დღეს არავინ არ უნდა ცდილობდეს ახალი არასტაბილურობის კერები და პირობები შეიქმნას საქართველოსა და მის დედაქალაქში, მაგრამ ამ დღეს ვფიქრობთ, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა გამორიცხოს რაიმე გაუგებრობა, პირიქით, სადარაჯოზე უნდა იდგეს იმისათვის, რომ ამ დღეს მაინც იყოს დემონსტრირებული ჩვენი ერთიანობა და მთლიანობა. ყველას, თანამოაზრეებსაც და ოპონენტებსაც ვიწვევთ რესპუბლიკის მოედანზე, ერთად ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჩვენი არმია, ჩვენი ერთიანი ჯარი, რომლის შესაქმნელად რეალური ნაბიჯები გადაიდგა ამ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ აღლუმისათვის ძალიან სერიოზულად ემზადება ჩვენი პოლიციაც, უნდა გითხრათ, რომ აქაც სასიკეთო ძვრებია. ვნახავთ მაშველთა კორპუსის რაზმებს, რომლებმაც ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქცია შეიძინეს - სამოქალაქო თავდაცვა, სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლა და სხვა მრავალი, და როგორც ვთქვი, ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ძლიერების დათვალიერება და არა ზარ-ზეიმი.
მე ვეპატიჟები თბილისელებს და მივმართავ მათ: მივიდეთ რესპუბლიკის მოედანზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ჭრილობებსაც იშუშებენ და ახალ, თანამედროვე შეიარაღებულ ძალებსაც აშენებენ.
რაც შეეხება ხმებს რაღაც გამოსვლების შესახებ, ვფიქრობ, ყველას ეყოფა წინდახედულება, პასუხისმგებლობა არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები. ვიმეორებ, 26 მაისი, უნივერსიტეტის იუბილე, იმის ღირსია, რომ ყველა ერთად ვიყოთ, ყველამ ერთად გამოვხატოთ მზადყოფნა ქვეყნის, სახელმწიფოს სამსახურისა.
- 26 მაისისა და ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსაღნიშნავად 21 მაისს დაიწყო და 1 ივნისის ჩათვლით თბილისის საკონცერტო დარბაზებში, კულტურისა და დასვენების პარკებში გაიმართება კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, სპორტული ღონისძიებები და მათი საერთო სახელწოდებაა „თბილისური გაზაფხული“. შაბათს, მუსიკალური კულტურის ცენტრში კულტურის დღეების ოფიციალური გახსნა გაიმართა და კიდევე ერთხელ გამოჩნდა, რომ დიდი შეჭირვებისა და უსახსრობის მიუხედავად, ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება თავის სიმაღლეს მაინც არ კარგავს...
- მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო „თბილისური გაზაფხულის“ მნიშვნელობა. საუკეთესო წამოწყებაა, ბევრს არ ეზეიმება, მაგრამ ვინა თქვა, რომ მუსიკა მარტო მოზეიმეთათვის იქმნება და მხოლოდ მათ აქვთ სურვილი მოისმინონ იგი. თეატრი, კინო, მხატვრობა, ლიტერატურა არანაკლებ სჭირდებათ ჭირში მყოფთ, ვიდრე დალხინებულთ.
მივესალმები ქალაქის მერიის ინიციატივას. ბევრ რამ სასარგებლოს აკეთებს ახლა ქალაქის ხელმძღვანელობა. დაგეგმილია მთელი სერია ასეთი ღონისძიებებისა, მათ შორის, ბავშვებისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჯანსუღ კახიძის ნიჭიერება, ეს დაუვიწყარი საღამო და მისი უზარმაზარი ხელოვნება. ჩვენ, იქ მყოფთ, თითქოს დაგვავიწყდა ყველაფერი და ვცხოვრობდით იმ საოცარ და მშვენიერ სამყაროში. ჯანსუღ კახიძე მართლაც დიდი მოქალაქე და დიდი თბილისელია. ნუ გვერიდება იმ ადამიანების მიმართ სიტყვების ხმარება, რომლებიც დღეს მართლაც ჩვენს სინდისსა და ნამუსს წარმოადგენენ. მე შემიძლია ბევრი ასეთი დავასახელო.
სხვათა შორის, ამ ორი-სამი დღის წინათ ვიყავი სამხატვრო აკადემიაში და იქაც საოცარი რამ ვიხილე. უჭირთ, მართლაც უჭირთ მასწავლებლებსაც, სტუდენტებსაც, მაგრამ, თუ გადაჭარბებულად არ იქნება ნათქვამი, მგონია, რომ მხატვრობაში ახალი ეტაპი დადგა. ეს ეხება ახალგაზრდებსაც და მასწავლებლებსაც. ესე იგი ქვეყანა ცხოვრობს, ხალხი ცოცხლობს და სანამ შემოქმედებითი სული არ ჩამქრალა, და დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩაქრება, საქართველო იცოცხლებს და გაიმარჯვებს.
„სანამ შემოქმედებითი სული არ ჩამქრალა და, დარწმუნებული ვარ, არც ჩაქრება, საქართველო იცოცხლებს და გაიმარჯვებს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 24 მაისი. - N91-92 (894). - 1 გვ.
![]() |
65 ვაშენოთ ახალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
26 მაისი XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაული. ეს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთი დიდი ისტორიული ეტაპის დამაგვირგვინებელი თარიღია და იმავე დროს საქართველოს სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკის, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ყავლგაუსვლელი სიმბოლო.
ამ დღეს აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
ამ დიდ დღესასწაულს ვულოცავ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ქართველი ერი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის შემქმნელი ერია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია უხსოვარ დროში იღებს სათავეს. ამიტომ სავსებით ლოგიკური იყო XX საუკუნის დამდეგს ახალი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოსა და ახალი ქართული კონსტიტუციის დაბადება, ქართული სულის რენესანსის დამკვიდრება.
26 მაისი წლეულს განსაკუთრებულ კონკრეტულ-ისტორიულ ვითარებაში აღინიშნება. ამ ვითარებას სხვადასხვაგვარად აფასებენ სხვადასხვა ძალები, მაგრამ ერთი ჭეშმარიტება უდავოა: დღეს ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების კრიზისული განვითარების ეტაპზე, უფრო სწორად, კრიზისიდან სტაბილიზაციისაკენ გარდამავალ ეტაპზე.
ამ ვითარებაში, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სულ უფრო მტკიცდება და სრულყოფილი ხდება საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მისი როლი და მნიშვნელობა ამიერკავკასიისა და კავკასიის, წინა აზიის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში, მთელს მსოფლიოში.
საქართველო დღეს მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრია.
ბოლო ორი წლის მანძილზე გამოიკვეთა ბევრი ისტორიული ტენდენცია, რომლებიც 26 მაისის სულისკვეთებას შეესაბამება. დღეს მსურს მხოლოდ ზოგიერთ მათგანს გავუსვა ხაზი.
ეკონომიკის სფეროში შეუქცევადი გახდა რეფორმების, ტოტალიტარული ეკონომიკური სისტემის დემონტაჟისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების პროცესი. რომელსაც განუხრელად ახორციელებენ სახელმწიფო სისტემა, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი, ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები.
სახელმწიფოს მეთურის ბრძანებულების საფუძველზე შემუშავდა სამთავრობო ფუნდამენტური ანტიკრიზისული პროგრამა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგნოზები 2000 წლამდე.
კრიზისის დაძლევის ეკონომიკური პროგრამა მოწონებულ იქნა - სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, ფართო დისკუსიისა და განხილვის შემდეგ - მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით.
აღნიშნული პროგრამა დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ევრობანკმა, ბევრმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მისი განხორციელებისათვის დახმარება აღგვითქვა.
ახლა მთავარია პროგრამა რეალობად იქცეს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება - ეს არის 26 მაისის იდეების ერთგულება, თავისუფალი, ავტონომიურად ფუნქციონირებადი ეკონომიკის შექმნა - პოლიტიკური, კონსტიტუციური, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის საიმედო საფუძვლის ჩაყრა.
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მთავრობა და პარლამენტი ახორციელებენ გეგმაზომიერ საგანგებო ღონისძიებებს კუპონის კურსის განმტკიცების, ფინანსური და ეკონომიკური საბანკო რეფორმების რეალიზაციის მიზნით.
სამწუხაროდ, ინფლაცია და ჰიპერინფლაცია, სხვა ნეგატიური ფაქტორები ხელს უშლიან ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობას.
რეფორმების დარგში ისტორიული გენეზისის თვალსაზრისითაც მეტად საინტერესო სურათი გვაქვს.
ინფლაცია და ჰიპერინფლაცია 1918-1921 წლებშიც ძირს უთხრიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეკონომიკას და მის ფულად ერთეულს - ბონს.
სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვე რესპუბლიკაშიც მძიმე დღე დაუდგა გარდამავალ ეროვნულ ვალუტას - კუპონს, რომლის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ეკონომიკის დამბლა გახლავთ.
ეტყობა, არც ისე იოლია ეროვნული ფულის, ეროვნული ფინანსების, ეროვნული ეკონომიკის შექმნა, ჩამოყალიბება, ფორმირება. ძნელი იყო ის XX საუკუნის დამდეგს, ძნელია ის დღესაც, ამ საუკუნის დამლევსაც.
მთავარი მაინც ის არის, რომ გვაქვს სოციალური, პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი. ერთი წლის შემდეგ, როცა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო კვლავ აღნიშნავს 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულს, დარწმუნებული ვარ, სხვა სურათი გვექნება უკვე შესამჩნევად გამოცოცხლებულ ეროვნულ ეკონომიკაში.
ამას ხელს შეუწყობს ფართო მასშტაბის ანტიკრიზისული ეროვნული პროგრამის განხორციელება, ბიუჯეტის დაბალანსება, ფინანსების რეფორმა, სახელმწიფო ხაზინის შექმნა, პრივატიზაციის ფართო მასშტაბი, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის ჩამოყალიბება და განვითარება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალიანსის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, რუსეთის, მრავალი სხვა ქვეყნის კრედიტები, ინვესტიციები, ჰუმანური დახმარება, სხვა სახის ეკონომიკური ურთიერთობანი, რომლებიც საბაზრო ეკონომიკისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე ხორციელდება.
გარდამავალ პერიოდში იარსებებს ეკონომიკის სახელმწიფო და კერძო სექტორები, მაგრამ ორივე სექტორი მხოლოდ საბაზრო პრინციპებით იმოქმედებს, გამოირიცხება მონოპოლიზმი, დამკვიდრდება თავისუფალი კონკურენცია, თავისუფალი მეწარმეობა და კომერცია.
ასეთი იქნება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ზოგიერთი წამყვანი მიმართულება.
პოლიტიკური სტრატეგია და სახელმწიფო რეფორმები ბოლო ორი წლის მანძილზე ხორციელდებოდა ეროვნული და თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლები წარმატებით, წინააღმდეგობრივად, მაგრამ მუდამ განუხრელი დემოკრატიული კურსით, 26 მაისის იდეების სულისკვეთებით.
ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოს თანამედროვე რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისის პირველი ქართული რესპუბლიკის მემკვიდრეა და ეს დებულება სწორია. ეს პოლიტიკური ფორმულა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება 1921 წლის კონსტიტუციის იდეებისადმი, მისი არსისადმი ჩვენს ერთგულებაში.
დღეს მოქმედებს კონსტიტუციური კანონი ხელისუფლების შესახებ და 1921 წლის კონსტიტუცია. მაგრამ ეს ორი ფუძემდებლური დოკუმენტი ვერ ავსებს „კონსტიტუციურ და სამართლებრივ ვაკუუმს“, ისინი მოითხოვენ კორექტირებასა და სრულყოფას საქართველოს დინამიკურად ცვლადი საშინაო და საერთაშორისო ვითარების, ეროვნული და მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის მიღწევების გათვალისწინებით.
სახელმწიფო აღმშენებლობისა და პოლიტიკური სტრატეგიის ინტერესები მოითხოვს პარლამენტის, მთავრობის, სამინისტროების, დეპარტამენტების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურის, ფუნქციების, საქმიანობის სრულყოფას.
საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფო რეფორმების დარგში.
განვლილი ორი წლის მანძილზე დემოკრატიზმის, კონსტიტუციონიზმის, გარდამავალი პერიოდის სპეციფიკის მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალა პარლამენტის, მთავრობის, ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურები. ყოველ ასეთ გამართლებულ ცვლილებას ხალხის ინტერესები ედო საფუძვლად.
საქართველოს პარლამენტი 26 მაისის, ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიზმის სიმბოლოა და რა კრიზისული, ძნელი და რთულიც უნდა იყოს მისი საქმიანობის მართვა, უნდა გავუძლოთ, უნდა სრულვყოთ მისი საქმიანობა. მტკიცედ მჯერა, რომ ერის სამომავლო გზა დემოკრატიული განვითარების საძირკველზე გაივლის.
პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი. საბაზრო ეკონომიკას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას თანდათანობით საფუძვლად ედება მყარი სამართლებრივი ბაზა.
ამავე დროს, პარლამენტში ყველა ფრაქციამ, ოპოზიციამ, საპარლამენტო უმრავლესობამ თუ უმცირესობამ, უნდა გააცნობიეროს, რომ ეროვნული ენერგია და ინტელექტი, ერის ნიჭი და სულიერი კულტურა უმიზნოდ არ უნდა იხარჯებოდეს, მას უფრო მეტი კონსტრუქციული, აღმშენებლობითი პათოსი უნდა გააჩნდეს, ვიდრე ეს დღეს არის.
საპარლამენტო განვითარების თანამედროვე ეტაპი სამწუხაროდ, ზოგჯერ დესტრუქციულ ხასიათს ატარებს, ხშირად ადგილი აქვს კონფრონტაციას, რეგლამენტისა და საპარლამენტო ეთიკის ნორმების დარღვევას.
არ არის საჭირო ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ნაკადთა ურთიერთდაპირისპირება, ფრაქციების პოლიტიკური დუელი აკრძალული ილეთებით. ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
ერთამანეთისგან უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ეროვნული სახელმწიფოებრიობის სიტყვიერი დეკლარაცია, და, მეორე მხრივ, მისი რეალური მშენებლობა.
საჭიროა განხორციელდეს კონსტიტუციური რეფორმები.
დავიწყოთ კონსტიტუციის პროექტის ან მთლიანი ან მისი შემადგენელი ნაწილების განხილვა.
ახალი კონსტიტუციის თანახმად, შეიქმნება ახალი პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გვერდით ჩამოყალიბდება სასამართლო ხელისუფლება, ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობისა და ხელისუფლების ორგანოები.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო საქართველოს შესვლა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში; რუსეთთან ახალი ურთიერთობის მშენებლობის დაწყება.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა საქართველოს სწორედ 26 მაისის იდეალების რეალურად განხორციელებისათვის სჭირდება.
დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობაში შეუსვლელად შეუძლებელია ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და ეთნოკონფლიქტების მოგვარება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომ, როგორი არაპოპულარულიც უნდა იყოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ მისი მიღების აუცილებლობა მეცნიერულად დასაბუთებულია, ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და მოთმინებით განუმარტონ ხალხს მიღებული გადაწყვეტილების სისწორე. ეს აქტი ისტორიული გარდაუვალობითა და ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობის განვითარებას დასავლეთის ქვეყნებთან, გაეროსთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროთათბირთან, ევროგაერთიანებასთან, შავი ზღვისპირა ქვეყნების ალიანსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჩვენი ქვეყანა არის და იქნება დამოუკიდებელი, ეროვნული, სუვერენული სახელმწიფო.
სოციალური სფერო, მოქალაქეთა სოციალური დაცვა ჩვენი სინამდვილის ყველაზე მწვავე საკითხია.
ადამიანი არის ყველაფრის საზომი. ადამიანი უზენაესი ფილოსოფიური და პოლიტიკური ღირებულებაა. ეს არის ჩვენი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის საფუძველთა საფუძველი.
ამიტომ ადამიანისათვის ზრუნვა მოითხოვს ჰუმანური სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, და ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია სამი ძირითადი მიმართულება: საბაზრო ეკონომიკა, სამართლებრივი სახელმწიფო, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება.
დემოკრატია, თავისუფლება, სუვერენიტეტი, კონსტიტუციისა და კანონის უზენასობა - აი, ჩვენი გზა მომავლისაკენ.
ეს ყველაფერი იქნება ადამიანისათვის, ამიტომ ადამიანის მოქალაქეობრივი უფლებების, მათ შორის სოციალური უფლებების დაცვა თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნების დონეზე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.
სამწუხაროდ, დღეს გვაქვს დაუბალანსებელი, კატასტროფულად დეფიციტური ბიუჯეტი. ვფარავთ რა დეფიციტს საბანკო კრედიტებით, კიდევ უფრო ვაღრმავებთ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს.
სათანადო საზოგადოებრივი ფონდები და სხვა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული გარემო შექმნილი არ არის.
ამიტომ გასაგები უნდა იყოს, რომ მოსახლეობის სოციალური დაცვა მეტად ჭირს. ასობით ათასი უმუშევრის გვერდით 300 ათასამდე ლტოლვილი, დევნილი თანამემამულე, ხიზანი გვყავს. მათ მოვლა და დახმარება სჭირდებათ, სახსრები და რესურსები კი არ გვყოფნის.
უცხოელი მეგობრების ჰუმანური დახმარება დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მუდმივად ქველმოქმედების იმედით ცხოვრება შეუძლებელია. ნაკლოვანებებია ამ დახმარების განაწილებაშიც, რომელთა აღმოსაფხვრელად საგანგებო ღონისძიებებს განვახორციელებთ.
რესპუბლიკის მოსახლეობის 90 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. კუპონმა თითქმის დაკარგა ფულის ფუნქცია, ინფლაციისა და ჰიპერინფლაციის პირობებში ხელფასი, სტიპენდია, პენსია - მხოლოდ ორი-სამი დღის სამყოფია. ეხლა მთავარია ეროვნული ვალუტის პრობლემის გადაჭრა, ფინანსების გაჯანსაღება, ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლა, ენერგოშემცველების პრობლემის მოგვარება, მომავალი ზამთრისთვის მზადება, მოსახლეობისთვის საარსებო მინიმუმის შექმნა. სწორედ ეს არის ჩვენი უმთავრესი საზრუნავი.
ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მმართველობის ორგანოებმა შეიმუშავეს ეროვნული უსაფრთხოების ფართო პროგრამა, რომელიც ახალ შინაარსს იძენს. ის გულისხმობს არა მარტო საარსებო დონის შენარჩუნებას, არამედ პერსპექტივაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც.
დღეს კი, თანამედროვე ეტაპზე, საჭიროა შიმშილისა და სიღატაკის საშიშროების დაძლევა, მოსახლეობის უზრუნველყოფა მინიმალური სამომხმარებლო კალათით.
ეროვნული უსაფრთხოების ახალი სისტემა გულისხმობს, ერის, სახელმწიფოს, ყოველი მოქალაქის პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, ფინანსურ, დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ, სამხედრო და მრავალი სხვა ასპექტით დაცვას.
გარკვეული მიღწევებია მოპოვებული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, არმიისა და ფლოტის, სასაზღვრო, შინაგანი ჯარების ჩამოყალიბების, მათი საბრძოლო, პროფესიული და მორალური მომზადების დარგში.
მნიშვნელოვნად გაძლიერდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შედეგად.
შეიარაღებულ ძალების შექმნაში დაგვეხმარებიან დსთ-სა და ნატოს ქვეყნები.
თანამედროვე ეტაპზე შეიცვალა და გაძლიერდა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ბირთვი, ახალი კადრებით შეივსო გენერალიტეტი და ოფიცერთა კორპუსი, უკეთ მიმდინარეობს წვევამდელთა გაწვევა, გაიხსნა ეროვნული სამხედრო და სამხედრო-საზღვაო აკადემიები, დაინიშნა ახალი მინისტრი, გამოცდილი გენერალი, განიარაღდა ბანდიტური შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი, სხვა ნაწილების განიარაღება გრძელდება, იქმნება ერთიანი თანამედროვე არმია და ფლოტი, რომელიც დაექვემდებარება ერთიან სამხედრო დოქტრინას, რკინისებურ დისციპლინას, უშუალოდ თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს - სახელმწიფოს მეთაურს.
დინამიკურად ვითარდება და მტკიცდება არა მარტო არმია, ფლოტი, სასაზღვრო ჯარები, არამედ სახელმწიფოს სხვა ძალისმიერი სტრუქტურებიც - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური სრულყოფენ თავის საქმიანობას, იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო, პროკურატურა, რომლებიც ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლების ხერხემალს წარმოადგენენ.
ახალი კონსტიტუცია უფრო დემოკრატიულ და ცივილიზებულ დონეზე ჩამოაყალიბებს ძალისმიერი სტრუქტურების - სამინისტროებისა და დეპარტამენტების ახალ სისტემას, უფრო სრულყოფს და განამტკიცებს მათ ბრძოლისუნარიანობას და ეფექტიანობას.
ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩამოყალიბდება სასამართლო ხელისუფლება. განხორციელდება სასამართლო რეფორმა. ეს იქნება დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის გზაზე.
ძალოვანი სტრუქტურების ეფექტიანი, კომპლექსური, ინტეგრირებული მოქმედების შედეგი იყო, რომ მოხერხდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან აცილება, კრიმინოგენული სიტუაციის გარკვეული განმუხტვა, შეიარაღებული ბანდების განიარაღება. ბრძოლის გაძლიერება ისეთ განსაკუთრებით საშიშ დანაშაულობებთან, როგორიც არის მკვლელობა, ადამიანთა გატაცება, გაუპატიურება, ქურდობა, ძარცვა, ბანდიტიზმი, ყაჩაღობა, ნარკომანია, ნარკობიზნესი და სხვ.
ყოველივე ამას მხოლოდ სამართლებრივი და კრიმინოგენული მნიშვნელობა როდი აქვს. სტაბილიზაცია ქმნის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკაში მისი ეფექტიანად დაბანდების წინაპირობას. ამ მოთხოვნას გვიყენებს მსოფლიოს ყველა სერიოზული ბიზნესმენი, ბანკირი, ფინანსისტი, ინვესტორი, რომლებსაც საქართველოში იზიდავს უკვე კანონმდებლობით შექმნილი შეღავათიანი პირობები, შედარებით იაფფასიანი მუშა-ხელი, სრულიად გამოუყენებელი რესურსები და მთელი რიგი სხვა ფაქტორები.
ახალი კონსტიტუციის მიღების, სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ეთნოკონფლიქტების მოწესრიგებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ბოლო თვეების მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
უნდა აღინიშნოს ჟენევასა და მოსკოვში ორმხრივი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების გარკვეული დადებითი შედეგები, გაეროსა და უშიშროების საბჭოს ძალისხმევა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, რუსეთის ფედერაციის, რიგი სხვა სახელმწიფოების პოზიტიური როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. მოხდა გარდატეხა, შემობრუნება ამ საკითხში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციური იურისდიქციის აღდგენის სასარგებლოდ. უახლოეს დროში გაეროს ეგიდით, რუსეთის კონსტრუქციული მონაწილეობით აფხაზეთში დაბრუნდება ლტოლვილთა და დევნილ თანამემამულეთა პირველი დიდი ნაკადი.
დსთ-ს ქვეყნები, რუსეთის ფედერაცია სულ უფრო კონსტრუქციულ როლს შეასრულებენ ამ საკითხში.
გადაწყვეტას მოითხოვს შიდა ქართლის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტი. ეხლა შეიქმნა პირობები პოლიტიკური და დიპლომატიური აქტივობისთვის, ქართულ-ოსური კონფლიქტი აუცილებლად მოგვარდება, ქართველებისა და ოსების ინტერესების გათვალისწინებით.
არ ვიტყვი, რომ დღევანდელი მსოფლიო დაყოფილია გავლენის სფეროებად აღმოსავლეთისა და დასავლეთის გიგანტებს, სუპერსახელმწიფოებს შორის, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როცა მზე ანათებს, ჩრდილი სადღაც მაინც ეცემა დედამიწაზე. ეს გარკვეული კანონზომიერებით გარკვეულ რეგიონებს ეხება.
დიდი მოვლენა იყო რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებათა დიდი პაკეტის ხელმოწერა საქართველოში ბატონ ელცინის ვიზიტის დროს.
მე ვფიქრობ, ეს სიცოცხლისუნარიანი ხელშეკრულებებია, რადგან მათში მოცემულია ორი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ინტერესების რაციონალური ბალანსი.
ჩვენ უნდა სრულვყოთ ჩვენი დემოკრატია, მრავალპარტიული სისტემა, დავამკვიდროთ თანამედროვე მსოფლიო პარტოლოგიისა და პოლიტოლოგიის მიღწევები ჩვენს პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ბევრი პოლიტიკური პარტია დადებით, კონსტრუქციულ როლს ასრულებს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობაში, პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში, ბევრი, პირიქით, დესტრუქციულ ოპოზიციას და ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს ქმნის...
ცხოვრების ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოძრაობები და მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ცდილობს კონკრეტული საქმეებით ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა შეიტანოს საზოგადოებაში, განახორციელოს ანტიკრიზისული პროგრამა, სწორად განჭვრიტოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პარამეტრები, აქტიურად იმონაწილეოს კარდინალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებაში.
მოქალაქეთა კავშირი რეფორმების პარტიაა და ეს გაცხადებულია მის საპროგრამო დოკუმენტში „საბაზრო ეკონომიკა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება“. მე სწორედ იმიტომ დავთანხმდი ამ პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე, რომ ის ძირფესვიანი რეფორმების განხორციელებას ისახავს მიზნად, ხოლო კარდინალური, დემოკრატიული რეფორმების გატარება - ჩემს პოლიტიკურ კრედოს წარმოადგენს.
აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ მე გახლდით ინიციატორი - პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი პარტიის სახელით არ გამოსულიყო. ეს შესაბამისად აისახა კიდეც საპარლამენტო დებულებაში. მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პარლამენტმა მიიღო და უკვე მოქმედებს კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, შეიქმნა პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი, წარმოიშვა ისეთი პარტიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ერთ-ერთი დასაყრდენი იქნება ხელისუფლების სახელმწიფოებრივი კურსისა, რომ სახელმწიფოს მეთური, როცა ის საზოგადოების კონსოლიდაციის, ქვეყნის გადარჩენის, ახალი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით საჭიროებს სრულ თანამოაზრეობას და მხარდაჭერას, არ აღმოჩნდეს, როგორც იტყვიან, ჰაერში გამოკიდებული.
ამავე დროს, მოქალაქეთა კავშირი ყველა პროგრესულ პოლიტიკურ ძალასთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა.
დღეს, 26 მაისს, მსურს შეთანხმების ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. ჩვენი ერთიანი ძალისხმევა მეტ სარგებლობას მოუტანს საქართველოს, ვიდრე ერთმანეთისაგან განზე გადგომა.
ერთად ვიყოთ, გვიყვარდეს ერი, ენა, მამული, სარწმუნოება, ვიყოთ კაცთმოყვარენი და უდიდეს სამსახურს გავუწევთ დედასაქართველოს.
ეს არის დღეს ერისკაცობისა და მამულიშვილობის უტყუარი კრიტერიუმი.
პოლიტიკური იდეებით პარტიებად დანაწევრებული საზოგადოება ეროვნულმა სახელმწიფოებრივმა იდეამ უნდა გააერთინოს და გაამთლიანოს.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, პარტიების, პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ურთიერთთანადგომა და მხარდაჭერა, გაბზარული ეროვნული ცნობიერების გამთლიანება.
დემოკრატიული საქართველო არა მარტო ქართველთა, ყველა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანთა, რესპუბლიკის ყველა მოქალაქის სამშობლოა.
საქართველოს რესპუბლიკა ზრუნავს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის ენისა და კულტურის განვითარების, მათი პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის.
საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს დევიზია: ხალხმა უნდა იხსნას კულტურა, კულტურამ უნდა იხსნას ხალხი.
არაერთხელ გვითქვამს და ვამბობთ: ქართული კულტურა უნიკალური მოვლენაა. სამწუხაროდ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, განსაკუთრებით გარდამავალ ეპოქაში, როცა ჰიპერინფლაცია და ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი, რომელიც წარმოების გამოცოცხლებით კი არა, მთავრობის მიერ ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით იფარება, - სახელმწიფოს არა აქვს საშუალება დიდი ასიგნებანი და სუბსიდიები გამოუყოს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას, პრესას, რადიოს, ტელევიზიას, კულტურას საერთოდ, მაგრამ სხვა გზა არ არის, გარკვეული თანხები მაინც უნდა მოიძებნოს, რომ კვლავაც აყვავების გზით იაროს ქართულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ, მუსიკამ, კინომ, თეატრმა, ფერწერამ, არქიტექტურამ, მატერიალური და სულიერი კულტურის ყველა დარგმა.
ეს არა მარტო ხელისუფლების, არამედ მეცენატთა, სპონსორთა, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესის, თავისუფალ მეწარმეთა, ფერმერთა, კომერსანტთა, შეძლებულ მამულიშვილთა, ეროვნული ბიზნესის წარმომადგენელთა ღვიძლი საქმეა, ეკონომიკის კერძო და სახელმწიფო სექტორების ზრუნვის საგანია.
საინტერესო, ეფექტიან მუშაობას ეწევა ქართული კულტურის ხსნის კომიტეტი, უნდა გაფართოვდეს საერთაშორისო კონტაქტები მეცნიერების, კულტურის, განათლების დარგში.
ყოველმხრივ უნდა გამოვიყენოთ საბაზრო ეკონომიკის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება კულტურის ფონდების შექმნის სფეროში.
ქართული კულტურა და მეცნიერება, განათლება უნდა გადავარჩინოთ. კვლავაც უნდა დადგეს ქართველი ერის სულიერი აღორძინების - ახალი რენესანსის ეპოქა.
უცვლელია რეფორმების სახელმწიფო კურსი. ეს არის ჩვენი ხსნის გზა. რეფორმატორული უნდა იყოს თავისი ფორმითა და შინაარსით, საქმიანობით პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, ყველა სამინისტრო და დეპარტამენტი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, ყველა მერია, საკრებულო, ყველა რაიონისა და სოფლის გამგებელი.
რეფორმების კურსს ალტერნატივა არ გააჩნია.
საჭიროა ყველა რეგიონისა და ცენტრის ერთიანობა, შეკავშირება, დარაზმვა ერთიანი სტრატეგიისა და ტაქტიკის საფუძველზე, ხალხისა და ხელისუფლების კონსოლიდაცია ყველა დონეზე რეფორმების კურსის გარშემო.
წლეულს, 26 მაისს, სუვერენული საქართველოს რესპუბლიკა გამართავს სამხედრო აღლუმს და ეს იქნება ახალშობილი ეროვნული არმიის დათვალიერება. ეს ის არმიაა, რომელმაც უნდა დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, მისი საზღვრები, მისი თავისუფლება, მისი ყველა ისტორიული მონაპოვარი.
26 მაისის აღლუმი და ზეიმი იქნება ახალი საქართველოს აღმშენებლობითი ძალების სახელმწიფო დემონსტრაცია.
ძვირფასო თანამემამულენო!
გილოცავთ 26 მაისის დიდ ეროვნულ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას. იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.
დალოცვილი იყოს დედასაქართველო აწ და მარადის, მრავალჟამიერ!
25.05.94 წელი.
ვაშენოთ ახალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 მაისი. - N95-96 (898). - 1,2 გვ.
![]() |
66 „ქვეყანა გამოცოცხლდა, დაიწყო მოძრაობა უკეთესობისაკენ და, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 30 მაისის რადიოინტერვიუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით გააანალიზა გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენის - 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ, თქვა:
- ახლა, როცა ჩვენ გვაქვს საშუალება გავაანალიზოთ ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, ვფიქრობ, ხელისუფლების გადაწყვეტილება აღლუმის გამართვის შესახებ სწორი იყო. ჩვენში ხშირად გაიგონებთ ნათქვამს, რომ არ გაგვაჩნია სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, შეხვდებით სხვა მრავალ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ქვეყნისადმი. თუნდაც იმისათვის, რომ ქვეყანას ენახა, რომ ჩვენ არა მარტო შეგრძნება გვაქვს და შევიცნობთ სახელმწიფოებრივი მშენებლობის აუცილებლობას, არამედ იქმნება სათანადო სტრუქტურებიცადა ატრიბუტებიც, ამის დასადასტურებლად აუცილებელი იყო ის, რაც მოეწყო, რათა ხალხს დაენახა, რა კეთდება. ბევრი ოპონენტი აღლუმის გამართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო, მე ასე ვფიქრობ, რომ ზოგიერთს ჩაფიქრებული ჰქონდა რაღაც სხვა გრანდიოზული ანტისამთავრობო, ანტისახელმწიფოებრივი, უფრო სწორად, ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგები და, ბუნებრივია, ეს აღლუმი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხელს შეუშლიდა. შეიძლება, შიშობდნენ, რომ არ გაფერმკრთალებულიყო მათ მიერ ჩაფიქრებული მიტინგები.
ვფიქრობ, არაფერი საშინელება არ მომხდარა, მოეწყო აღლუმი, ხალხმა იზეიმა ეს დღე. გაიმართა ის მიტინგებიც. რომელს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს თვითონ ხალხმა განსაჯოს.
თეზისი იმის თაობაზე, რომ დამარცხებული ჯარი აღლუმს არ მართავს, ძირშივე მცდარია და მავნე. თუნდაც დამარცხებული ხალხი რომ ძალას იკრებს, არმიას აშენებს, პოლიციას ქმნის და ამ დიდსახელმწიფოებრივ საქმეში ხელისუფლებას მხარს უჭერს, სწორედ ეს არის გარანტია იმისა, რომ სახელმწიფო აშენდება, ამიტომ ეს თეზისი ჭეშმარიტებისაგან ძალიან შორსაა.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ღონისძიებები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, განსაკუთრებით რუსთავში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში. შესანიშნავად აღნიშნეს ეს დღე სენაკში, ფოთში და სხვაგან, სადაც როგორც შეეძლოთ და ადამიანებს როგორი განწყობაც ჰქონდათ, იმის მიხედვით აღინიშნა იგი. არავის არავისათვის თავზე არ მოუხვევია არაფერი. პრინციპში, მგონია, საქართველომ ეს დღე კარგად აღნიშნა. ამასთან არ იყო მომაბეზრებელი ზარ-ზეიმი, პარადულობა, რაც ხშირად წინა წლებში თან სდევდა ასეთ ღონისძიებებს. მე თვალს ვადევენებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქვეყანა იშუშებს ჭრილობებს და უკეთესი მომავლისათვის ემზადება.
არ შემიძლია არ აღვნიშნო თბილისელების კარგი ინიციატივა - „თბილისური გაზაფხული“, ესეც არ იყო განსაკუთრებული ზეიმი. იგი იყო ჩვეულებრივად ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთამანეთს გაუღიმეს. მოეწყო ბევრი გამოფენა, „კოკა-კოლას“ ინიციატივით გამართულ ღონისძიებას ვაკის პარკში ათასობით ადამიანი დაესწრო. შეიძლება ისტორიული, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ, ვიმეორებ, რომ ეს იყო ნამდვილი გაზაფხულის ზეიმი.
ამ დღეების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი გახდა უნივერსიტეტის 75 წლის იუბილე. მე ზოგიერთ საიუბილეო ღონისძიებას დავესწარი და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ერთხელ კიდევ წარმოჩნდა უნივერსიტეტი, როგორც ჩვენი ეროვნული, და ამავე დროს, ზოგადსაკაცობრიო იდეალების, ჩვენი ეროვნული კულტურის, ინტელექტის სიმბოლო. და არა მარტო სიმბოლო, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ეროვნული აზროვნების ლაბორატორია. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ამ დღეებში (ახლა არ არის მიღებული ის, რაც წინათ, შრომითი მიღწევებით რომ აღინიშნებოდა ესა თუ ის დღესასწაული - ამდენი ჩაი მოიკრიფა, ამდენი ყანა გაითოხნა), სხვათა შორის, გუშინ მოვისმინე ინფორმაციები, შევეხმიანე რაიონების ზოგიერთ გამგებელს, და მეუბნებიან, რომ წლეულს მართლა კრეფენ ჩაის, მართლა დამუშავდა ჩაის პლანტაციები, შეიძლება ისეთი მოსავალი მივიღოთ, რომ შევქმნათ გარკვეული რეზერვი, რათა იმ ქვეყნების ვალი გავისტუმროთ, საიდანაც ვიღებთ ენერგიაშემცველებს, ქვეყნის არსებობის აუცილებელ სხვა მასალებს. ვინც ახლა იმოგზაურა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ყველამ შენიშნა, რომ დიდი და პატარა მუშაობს, მიწა აქვთ, თუმცა მის დასამუშავებლად ბევრი რამ აკლიათ. მაგრამ მაინც ამუშავებენ. ესეც მინდა აღვნიშნო როგორც სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა, თავის თავზე, ოჯახზე, ქვეყანაზე ზრუნვა.
და კიდევ ორი მომენტი: 26 მაისის წინა დღეებში ხელი მოვაწერე ზოგიერთ დოკუმენტს, შემდეგ მათ შესახებ იმსჯელა მინისტრთა კაბინეტმა. ისინი დაკავშირებულია სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარების პროცესთან და ამ პროცესში საწარმოთა კოლექტივების წევრების, მათი დირექტორების ჩათვლით, აქტიურ მონაწილეობასთან. ახლა დებულებები საბოლოოდ დამუშავდება, ყველაფერი ეს პრესაში გამოქვეყნდება. მიღებულია ზომები, რომ დაჩქარდეს ვაუჩერების დაბეჭდვა. ესე იგი, ლაპარაკია იმაზე, რომ შრომითი კოლექტივების წევრები, მათი დირექტორები, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, პრაქტიკულად ხდება მესაკუთრე. ეს არ იქნება დიდი მესაკუთრე, მაგრამ გარკვეული წილი იმ სიმდიდრეში, რომელიც შეიქმნა ათეული წლების განმავლობაში, ყველა მოქალაქისა იქნება. თუ ეს სიმდიდრე გამრავლდება, მისი საკუთრებაც უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
და მეორე: ასევე მინდა მხარი დავუჭირო იმ ინიციატივას, რომელიც სწორედ 26 მაისის წინა დღეებში გამოიჩინა შემნახველმა ბანკმა და მისმა ახალმა პრეზიდენტმა, ბატონმა ჩხარტიშვილმა (შესანიშნავი ახალგაზრდაა, ძალიან კარგად აზროვნებს და საქმე კარგადაც დაიწყო). ამ ინიციატივის საფუძველზე ყველა მეანაბრე და ასეთი ათასობით ადამიანია (თქვენ იცით იმ ანაბრების ფასი რასაც წარმოადგენს), უნდა გახდეს მეპაიე, ესე იგი, პრაქტიკულად, ამ ბანკის ერთ-ერთი მესაკუთრე. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო თხოვნას (სახელმწიფოს წილი ამ ბანკში საკმაოდ დიდია, ეს წილი ათეულ მილიარდობით განისაზღვრება), რომ ეს წილი შემცირდეს, და ფაქტობრივად, იგი დაურიგდეს მის მეპაიეებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს გადავიდნენ მეანაბრეობიდან მეპაიეობის კატეგორიაში. ერთი შეხედვით ეს, თითქოს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის, მაგრამ საბაზრო ეკონომიკაზე და ყველა მოქალაქის მესაკუთრედ გახდომაზე რომ ვლაპარაკობთ, ამ მხრივ ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
ასე რომ, 26 მაისის აღნიშვნა მარტო აღლუმი არ ყოფილა. აღლუმის გარდა იყო ბევრი რამ ისეთი, რაც ქვეყნის გამოცოცხლების, უკეთესობისაკენ მოძრაობის დაწყების დასტურია, და ეს მაძლევს გარანტიას ვიფიქრო, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.
- 25 მაისს ორმოცამდე პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ეროვნული თანხმობისა და ერთიანობის დეკლარაციას, დოკუმენტს, რომლის შექმნის იდეა თქვენ ჯერ კიდევ მოსკოვში გამართული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერების შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ 16 აპრილს, მოქალაქეთა კავშირის სათათბიროს სხდომაზე წამოაყენეთ. როგორ გგონიათ, ამ დოკუმენტის წმინდა სიმბოლური მნიშვნელობის გარდა, არსებობს თუ არა რაიმე პერსპექტივა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რაზეც თქვენ აღლუმის დამთავრების შემდეგ ილაპარაკეთ, როცა გაიხსენეთ გალაკტიონის სიტყვები: „შეერთდით, შეერთდით, შეერთდით...“
- არ მინდა სადავო და სადისკუსიო გახდეს, თუ ვინ წამოაყენა პირველმა ეს იდეა. მართალია, იდეა წამოვაყენე მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ და მოქალაქეთა კავშირის სათათბირო მას ძალზე მხურვალედ გამოეხმაურა. ამის პარალელურად, 25 აპრილს პარლამენტში გამოვიდა ქალბატონი ირინა სარიშვილი და ჩამოაყალიბა პრინციპები, რის გამოც, სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ ამ იდეამ ასეთი აქტიური მხარდაჭერა პოვა არა მარტო პოლიტიკურ პარტიებში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შემოქმედებითი კავშირები, სხვები და სხვები, პრაქტიკულად, ყველა შეუერთდა ამ დეკლარაციას.
მე ასე ვიტყოდი: საფუძველი ეყრება მომავლის საქმეს. ვიღაც კვლავაც შეუერთდება, ვიღაც შეიძლება კიდევაც ჩამოსცილდეს ამ მოძრაობას, მაგრამ ერთიანობისა და ერთობისათვის მოძრაობა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის შეცნობა სულ უფრო მეტად გაიდგამს ფესვს ჩვენს ხალხსა და ჩვენს შეგნებაში. მე საზოგადოების ავადმყოფური პოლიტიზირების კატეგორიული წინააღმდეგი გახლავართ, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე. მაგრამ, ამავე დროს, თუ რაღაც პოლიტიკასა და პოლიტიზირებაზე ვლაპარაკობთ, თუ ეს ასოცირებული იქნება სახელმწიფოებრიობის იდეასთან, სახელმწიფოსათვის ზრუნვასთან, სახელმწიფოს მშენებლობის მიზნებთან, მაშინ მე ასეთი პოლიტიზირების მომხრე ვარ. ამ მხრივ დეკლარაცია სწორედ სახელმწიფოზე ზრუნვის, სახელმწიფოებრივი მშენებლობის, მთელი ძალების გაერთიანების თვალსაზრისით უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია და მომავალიც აქვს.
- გასულ კვირას აფხაზეთის თემა ისევ ტრიალებდა ეთერში. მოსკოვიდან ჩამოვიდა სამუშაო ჯგუფი გენერალ-ლეიტენანტ სოკოლოვის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანიც იყო სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხების შესწავლა. გადაიდგა თუ არა რაიმე რეალური ნაბიჯი?
- ამ დეტალებზე მე, ჯერჯერობით, არ მსურს ლაპარაკი, თუმცა ეს ძალიან სასარგებლო და საჭირო შეხვედრა იყო. არ მსურს ლაპარაკი, რადგან უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ამ კვირაში უნდა მიიღონ. რეზოლუცია იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭომ განაცხადოს თანხმობა სამშვიდობო ძალების შეყვანაზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთვალყურეობის ინსტიტუტის გაზრდაზე, ახალ მანდატზე და ასე შემდეგ, ჯერჯერობით, არ არის მიღებული. ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურები იხილავენ პროექტს. რუსეთის პრეზიდენტმა ბატონმა ელცინმა პროექტი გადაუგზავნა ყველა სახელმწიფოს მეთაურს, და, ბუნებრივია, მეც მივიღე. ეს ჩემი თხოვნით იყო. როგორც ვიცი, პირველი რეაქცია დადებითია და შეიძლება ასეთი დადგენილება მივიღოთ. ფაქტია, რომ ყველაფერი კეთდება, რათა სამშვიდობო ოპერაცია უახლოეს ხანში დავიწყოთ. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, შეიძლება რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირა, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თითქმის ყველაფერი მზად იქნება იმისათვის, რომ სამშვიდობო ოპერაცია დაიწყოს და დაიწყოს იგი ეტაპობრივად. ამის შესახებ იყო საუბარი ბატონ სოკოლოვთან და სხვებთან თბილისში.
ამასთან, ისიც მინდა ვთქვა, რომ ლტოლვილების დაბრუნება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ერთ დღეს გაიხსენება ყველა ხიდი და 300 ათასი კაცი ერთდროულად დაბრუნდება. ეს წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია. ჩვენ ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები გველოდება, რადგან ახლოვდება ამ პროცესის დაწყება. დღეს მე ხელს მოვაწერ განკარგულებას ამასთან დაკავშირებით. ხომ ფაქტია, რომ ლტოლვილები დანგრეულ, დარბეულ და გადამწვარ კარ-მიდამოს უბრუნდებიან. იქ არც დათესილია რაიმე, და არც მოვლილია. როგორც იტყვიან, ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყოს. როგორ მოხდება ეს, რა რესურსები აქვს ქვეყანას ამისათვის, ვინ დაგვეხმარება და როგორ დავეხმარებით საერთოდ თითოეულ ოჯახს, თითოეულ ლტოლვილს, - ეს უაღრესად დიდი საზრუნავია. აუცილებელია ის, რომ თუნდაც პირველ ხანებში დაბრუნებულ მოსახლეობას მივცეთ იმის მინიმუმი მაინც, არსებობისა და მუშაობისათვის რომ არის საჭირო. ლაპარაკია პურზე, საწვავზე, საშენ მასალებსა და იმ ელემენტარულ საკითხებზე, რომ დაბრუნებულმა კაცმა დაიწყოს ცხოვრება და მუშაობა. ეს ყველაფერი კი ჩვენი გასაკეთებელია.
გასულ კვირას ინგუშეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც მხეცურად მოკლეს რვა ქართველი სპეციალისტი, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- ინგუშეთთან, მის პრეზიდენტთან და ინგუშ ხალხთან ჩვენ განსაკუთრებით მეგობრული და კეთილმეზობლური, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, ისევე როგორც ბევრ სხვა ხალხთან, იგივე დაღესტანთან, ჩრდილოეთ ოსეთთან, თუმცა ამ ბოლო დროს გაგვირთულდა მასთან ურთიერთობა. ინგუშეთთან მართლაც გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა ასეული წლების განმავლობაში. უნდა ვთქვა, რომ ინგუშებიც ისევე მწვავედ განიცდიან ამ ტრაგედიას, როგორც ჩვენ განვიცდით საქართველოში. ზოგიერთი კადრი აჩვენეს კიდეც ტელევიზიით. რა თქმა უნდა, უწინარესად სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დიდად ვწუხვარ მათთან ერთად ამ უბედურების გამო. ის გზა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს, მათი სახელობისა იქნება. ორი ხალხის დამაკავშირებელი ხიდი აუცილებლად მათს სახელს დაუკავშირდება. ვისი ხელითაც უნდა აღსრულებულიყო ეს ვანდალური აქტი, ბუნებრივია, იგი მიზნად ისახავდა ვიღაცასთან საქართველოს ურთიერთობის ან ქართველ-ინგუშთა ურთიერთობის გაუარესებას, ანდა იმ პროცესისათვის ხელის შეშლას, რომელსაც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგება ჰქვია. იმ კავშირების განვითარების შეფერხებას, ახლა რეალურად რომ ხორციელდება, კერძოდ, დაღესტანთან, ჩრდილოეთ ოსეთთან, სხვა რესპუბლიკებთან, საერთოდ რუსეთთან. ასეთია პროვოკაციული ჩანაფიქრი. მაგრამ, ვიმეორებ, ვისი ხელითაც უნდა მომზადებულიყო ეს და რომელი ხალხის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, ისინი ტერორისტები არიან. ჩვენ მათ არასოდეს არ გავაიგივებთ ხალხთან და დარწმუნებული ვარ, ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენსა და ინგუშების მეგობრობაზე, ისევე როგორც სხვა ხალხებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა კავკასიის ხალხებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ერთად ვაშენოთ ახალი ურთიერთობა იმ საფუძველზე, რომელსაც საუკუნის მანძილზე არსებული მეგობრობისა და ძმობის საუკეთესო ტრადიციები ჰქვია.
- 26 მაისისადმი მიძღვნილ მიმართვაში - „ვაშენოთ ახალი დემოკრატიული საქართველო“ თქვენ ასეთი სიტყვები გაქვთ: „არ ვიტყვი, რომ დღევანდელი მსოფლიო დაყოფილია გავლენის სფეროებად - აღმოსავლეთისა და დასავლეთის გიგანტებს - სუპერსახელმწიფოებს შორის. მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა მზე ანათებს, ჩრდილი სადღაც მაინც ეცემა დედამიწაზე. ეს გარკვეული კანონზომიერებით გარკვეულ რეგიონებსაც ეხება“. საქართველოშიც თუ ეცემა ეს ჩრდილი?
- ეს ხატოვნად არის ნათქვამი. პრინციპში კი, თუ პოლიტიკოსების და დიპლომატების ენაზე ვილაპარაკებთ, მხედველობაშია ინტერესების ბალანსი, და ამ ბალანსში სხვადასხვა ქვეყნის წილი სხვადასხვა მოცულობით არის წარმოდგენილი. ინტერესების ბალანსი საქართველოს მარტო რუსეთთან კი არა, სხვა ქვეყნებთანაც აქვს, მაგალითად, თურქეთთან, ისევე როგორც თურქეთს აქვს ინტერესები კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, ისევე როგორც ირანს, ჩენს მეზობლებს, გნებავთ დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსეთს გარკვეული ინტერესები აქვს საქართველოში, ამას არც მე და არც პრეზიდენტი ელცინი არ ვმალავთ. ჩვენ არც იმას ვმალავთ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტერესები აქვს რუსეთში და რუსეთთან ურთიერთობაში. ასე რომ, ჩრდილი ეცემა არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ასევე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზეც. იმდენად გავლენის სფეროებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, რამდენადაც ინტერესების დაბალანსებაზე და ინტერესების პროპორციულობასა და შესაბამისობაზე იმ პრობლემებსა და პროცესებთან, რომლებიც საერთოდ მიმდინარეობს რეგიონებსა და მსოფლიოში. ვფიქრობ, როცა გავლენის სფეროებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას, რომ თანამედროვე პირობებში ეს რამდენადმე სხვაგვარად ჟღერს. ეს არც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდია, არც პირველი მსოფლიო ომისა და არც წინა საუკუნეებისა, როცა ეს დამკვიდრებული ტერმინი იყო.
„ქვეყანა გამოცოცხლდა, დაიწყო მოძრაობა უკეთესობისაკენ და, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 31 მაისი. - N99- 100(902). - 1 გვ.
![]() |
67 „სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელება, უწინარესად ქართველთა და აფხაზთა ინტერესებს შეესაბამება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 6 ივნისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას თბილისს ეწვია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების აღმასრულებელი მდივანი. ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებით ყველა რესპუბლიკამ პრინციპული თანხმობა განაცხადა. მაგრამ სამშვიდობო პროცესს არ დაეთანხმა რუსეთის ფედერაციის საბჭო. გასულ კვირასვე გაიმართა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ელცინთან. ხომ არ უნდა ველოდოთ რაიმე მოულოდნელობებს? როგორი იქნება თქვენი კომენტარი თანამეგობრობის ქვეყნების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ზატულინის იმ განცხადების გამო, რომ არსებობს რუსული ინიციატივის ალტერნატიული ვარიანტი - გაეროსა და სხვა სახელმწიფოთა ძალების შეყვანა აფხაზეთში. თუ რუსეთი დაკარგავს ამ ინიციატივას, იგი დაკარგავს ავტორიტეტს და არა მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ვიდრე რუსეთს ძალუძს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება, იგი საერთაშორისო მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს. საქართველოში არარუსული ძალების შეყვანა რუსეთის გავლენის დაკარგვას გამოიწვევს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 6 ივნისის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია. ეს ამ ორი დღის წინათ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმა ბატონმა ბორის ელცინმა. ახლა ზუსტდება დეტალები. ამ ოპერაციის ზოგიერთ ასპექტზე 5 ივნისს სატელევიზიო გადაცემაში ილაპარაკა ბატონმა ჯაბა იოსელიანმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა მეტად საგულისხმო მომენტები. მოვლენები ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი და ბატონ ელცინის სატელეფონო საუბრის შინაარსი. სამშვიდობო მისიის ჩაშლის თეორიულად დაშვებაც კი სერიოზულად შეარყევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, როგორც დიდი რეგიონული ორგანიზაციის ავტორიტეტს. ვფიქრობ, ეს არც ერთი სახელმწიფოსათვის არ იქნება მისაღები. და, რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვისაც, რომლის სამშვიდობო მისია, კერძოდ, აფხაზეთში, შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს (მხედველობაში მაქვს სტაბილურობა სამხრეთ რუსეთის დიდ სივრცეებზე) და ამავე დროს განამტკიცებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს. ასე რომ, ამ მისიის წარმატებით განხორციელება, უწინარესად, ქართველთა და აფხაზთა ინტერესებს, საქართველოს ინტერესებს, და, ამავე დროს, თანამეგობრობის ყველა ქვეყნისა და რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება.
მე მივესალმები ბატონ ზატულინის შეფასებებს, როგორც რეალისტურსა და კარგად ბალანსირებულს.
- საერთოდ, აფხაზეთის კონფლიქტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ალბათ ერთ-ერთი რიგითი კონფლიქტია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებს შორის, რომლებიც აგრესიული სეპარატიზმის შედეგია. ასეთი კონფლიქტები, რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. კარგა ხანია ყირიმთან დაკავშირებით კონფლიქტური სიტუაციაა უკრაინაში...
- არაერთხელ მითქვამს საქვეყნოდ, საჯაროდ, ყველას გასაგონად, - 80-იანი წლების დამლევიდან მოყოლებული, როცა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი, და განსაკუთრებით 90-იანი წლების დამდეგიდან, თუ რა საშიშია და რა საფრთხეს წარმოადგენს აგრესიული სეპარატიზმი პოსტკომუნისტური ეპოქისათვის. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა არც საერთაშორისო და არც რეგიონულ ორგანიზაციებში, რათა ცივი ომის დამთავრების ისტორიული პროცესის ფონზე თავიდანვე აგვეცილებინა ისეთი საშიში მოვლენა, როგორიც აგრესიული სეპარატიზმია, და პლანეტის მოქალაქეთათვის დაგვემკვიდრებინა მშვიდობიანი ნორმალური ცხოვრების გარანტიები. მსოფლიომ ვერ შეაფასა ეს საფრთხე, მისი მასშტაბი, ანდა, ვინც შეაფასა, მათ ნაკლებად იზრუნეს პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებაზე. ეს დიდად სამწუხაროა. სწორედ ეს არის დღეს ევროპაში, და არა მარტი იქ, უსიამოვნო მოვლენათა მიზეზი, რომლებიც მომავალში შეიძლება კიდევ უფრო დიდ საფრთხედ გადაიზარდოს.
ეს ზოგადი შეხედულება ყირიმსაც ეხება. დარწმუნებული ვარ, ყირიმის საკითხი გადაწყდება ერთიანი, განუყოფელი უკრაინის სახელმწიფოს ფარგლებში რუსეთის ხელშეწყობით, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ შეიძლება რუსეთის ფაქტორის უგულებელყოფა ყირიმის საკითხის მოგვარებაში.
მეორე დებულება, რომელიც ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - ის არის, რომ დაუშვებელია კონფრონტაცია რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს დიდი უბედურება იქნება არა მარტო ჩვენი მეგობარი ორი დიდი სახელმწიფოსათვის, არამედ სხვებისთვისაც ევროპასა თუ აზიაში, ასეთი კონფრონტაცია გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს, კერძოდ, საქართველოს, მთლიანად კავკასიას და შავიზღვისპირეთს.
- გასულ კვირას თქვენთან გაიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა თათბირი. ამის შემდეგ რუსთავში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფართომასშტაბიანი ოპერაცია. გაგრძელდება თუ არა ასეთი ღონისძიებები და რამდენად შედეგიანად მიგაჩნიათ ისინი?
- არ შეიძლება კმაყოფილი ვიყოთ საზოგადოებრივი წესრიგის დღევანდელი დონით, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ვითარებაში იყო ქვეყანა ერთი წლის, 5-6 თვის წინათ და რა ვითარება გვაქვს ახლა დედაქალაქში, დასავლეთ საქართველოში, მთელ რიგ სხვა რეგიონებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის აღიარებას, რომ რეალურად მოხდა გარკვეული ძვრები. სამწუხაროდ ჩვენ თვითონ ვაფრთხობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ შემოვიდნენ საქართველოში და იმუშაონ, მაგალითად, ნავთობის გადამუშავებაზე, გაზის მოპოვებაზე და სხვ. ხშირად ხელს ვუწყობთ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ისეთი ატმოსფეროს დამკვიდრებას, და ისეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, თითქოს საქართველოში შემოსვლა შეუძლებელი იყოს. არადა რეალურად მათთვის შექმნილია მუშაობის უსაფრთხოების პირობები. ამასთან ისიც მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის უმთავრესი პირობაა. ჩვენ კვლავაც ამ პირობით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ბევრი რამ შეიცვალა, უწინარესად, იმიტომ, რომ გაიზარდა შინაგან საქმეთა ორგანოების წვლილი, ამაღლდა მათი ორგანიზებულობა, მობილიზება და პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, მათ ეხმარებიან თავდაცვის სამინისტრო, უშიშროების სამსახური და სხვები, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც პოლიციამ იკისრა.
ამასთან, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. გაუხსნელია მრავალი უმძიმესი დანაშაული, ტერორისტული აქტი, რომლებმაც ასე შეაწუხა ქვეყანა. იმ შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ მთელი პასუხისმგებლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ეკისრება ისეთ სპეციალიზებულ სამსახურს, როგორიც უშიშროებაა. რა თქმა უნდა, საჭიროა დახმარება, მაგრამ ძირითადი სიმძიმე მათ უნდა იკისრონ.
ამ დღეებში პარლამენტს წარვუდგენ კანონების ნუსხას, რომელთა მიღება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი იყოს. ცხოვრება შეიცვალა, გაჩნდა ახალი სახეობის დანაშაულობანი, საჭიროა ახალი შეფასებები, ახალი მიდგომები, ახალი კანონები და ეს სამუშაო პარლამენტმა არდადეგების დაწყებამდე უნდა შეასრულოს. ასეთი პროექტები, პრინციპში, მზადდება.
მინდა ყველას საყურადღებოდ განვაცხადო, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა არ შენელდება. პირიქით, იგი ყოველდღიურად გაძლიერდება და ამ ბრძოლაში ჩვენი საზოგადოებრიობის კიდევ უფრო ფართო ფენები ჩაებმებიან.
- რადგან რუსთავის თემა ვახსენეთ, 12 ივნისს იქ არჩევნები გაიმართება. მოგეხსნებათ, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმაა. არის თუ არა გამოკვეთილი თქვენი სიმპათიები და დამოკიდებულება რომელიმე კანდიდატის მიმართ?
- რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავის საკითხს, ასე ვიტყოდი, რომ ჩემი სიმპათია ან ანტიპათია შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ მე უბრალოდ ფაქტებს ვაფიქსირებ. ამ დღეებში მართლაც შევხვდი ქალაქის მერს ბატონ სოსო არეშიძეს და დეპუტატობის კანდიდატს სერგო ტოპრიკაშვილს, რომლის ინიციატივითაც გაიმართა ეს შეხვედრა. მათი პირველი თხოვნა იყო, დავხმარებოდი რუსთაველებს საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში. მე ეს დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ შოთა კვირაიას, რომელმაც ძალიან მოკლე დროში, როგორც იცით, წარმატებით განახორციელა ცნობილი ოპერაცია.
ამასთან დაკავშირებით რუსთაველებმა გულწრფელი მადლობა გამოხატეს. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს კამპანიური ხასიათის ღონისძიება. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა მომცა, რომ რუსთავი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღების ცენტრში იქნება და სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა დანიშნულების აქციები კვლავაც გაგრძელდება, რათა რუსთავში წესრიგი დამყარდეს.
ჩვენი საუბრის მეორე თემა იყო მათი შუამდგომლობა მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის დაწყების 50 წლისთავის აღნიშვნის გამო. ასეთი თხოვნით მომმართა აგრეთვე ქარხნის დირექტორმა ბატონმა გურამ ქაშაკაშვილმა. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას, შესაბამისი განკარგულება გამოვეცი. როგორც ვიცი, რუსთაველები ამ ღონისძიებას 9 ივნისს აღნიშნავენ და მეც გადაწყვეტილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ამ მეტად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავ ზეიმში. ვიცი, რომ ბევრი სტუმარი იქნება. რუსთაველებისა და საქართველოსათვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა და, ვფიქრობ, საქართველო ამას შესაბამისად აღნიშნავს.
ქალაქის მერისა და დეპუტატობის კანდიდატის თხოვნით განვიხილე რუსთავის წყლით მომარაგების ზოგიერთი საკითხი. სხვათა შორის, იგი ადრეც უნდა განხილულიყო და კარგია, რომ ახლა ეს პრობლემაც და სამკურნალო ცენტრის დაწყებული მშენებლობის დამთავრების ზოგიერთი საკითხიც, ასე თუ ისე, უკვე დადგა დღის წესრიგში. ცენტრი თითქმის დამთავრებულია. რუსთავისათვის იგი შენაძენი იქნება. ამ საკითხებზე წარმოდგენილი არგუმენტები დამაჯერებელი იყო და შესაბამისი განკარგულებებიც გავეცი.
ვფიქრობ ორივე საკითხის დადებითად გადაწყვეტა ამ წლის განმავლობაში შესაძლებელია. დეპუტატობის კანდიდატმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იგი მშრომელი, თავმდაბალი, კულტურული, ზრდილობიანი, საქმეში ჩახედული კაცია, არის რუსთავის მკვიდრი, რომელმაც კარგად იცის თავისი თანაქალაქელების გასაჭირი და, როგორც შთაბეჭდილება დამრჩა, იგი არ ცდილობს რაღაც გარეგნული და იაფფასიანი ეფექტებით მოიხვეჭოს პოპულარობა. იგი საქმის კაცია. თუმცა ვის აირჩევენ რუსთაველები, ეს მათი საქმეა.
- გასულ კვირას პარლამენტმა დიდი ყურადღება დაუთმო მაფიისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. პოლიტიკური პარტიები და მაფია, თანამდებობის პირები და მაფია, სამწუხაროდ, ეს ის თემებია, რომელთა შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ ჩვენში. შედეგები კი მაინც ნაკლებად ჩანს. არსებობს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დიდი მასალა აქვთ მაფიასთან თანამდებობის პირთა თუ პოლიტიკურ მოღვაწეთა კავშირის შესახებ.
ბუნებვრივია, ისმის ასეთი კითხვა: რას ელოდება ხელისუფლება? ობიექტურ მიზეზებთან ერთად, დღეს შექმნილი პროცესები ხომ არ არის მიზეზი, რომ ხელისუფლება ადეკვატურ ღონისძიებათა მიღებას აგვიანებს?
- როცა საქართველო სამოქალაქო ომის მდგომარეობაში იყო, პრაქტიკულად რამდენიმე წლის მანძილზე, კერძოდ, გასული წლის ბოლო თვეებში და ამ წლის დასაწყისშიც, ძნელი იყო ლაპარაკი კორუფციის, ორგანიზებულ დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლაზე. ომებს თან სდევს ნეგატიური მოვლენები, მათი განსაკუთრებული გამოცოცხლება და საზოგადოების საკმაოდ დიდი ძალების ჩათრევა ამ ბინძურ საქმეებში.
როგორც კი ოდნავ მოგვეცა საშუალება, ხელისუფლება სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას. ბევრი რამ გამოაშკარავდა, და კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მაფიოზური, კორუმპირებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა მთელი საზოგადოების საქმეა და ჩვენ თანდათანობით ასეთ მდგომარეობას მივაღწევთ. ამ ბოლო ერთი თვის-თვენახევრის განმავლობაში რამდენი მასალა გამოქვეყნდა პრესაში ორგანიზებული მაფიოზური ჯგუფების დამნაშავეობის შესახებ, კერძოდ, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში და სხვ. ეს არ დამთავრებულა, პირიქით, მომავალში უფრო მეტი მასალა გამოქვეყნდება, მაგრამ გამოქვეყნდება მაშინ, როცა შესაძლებელი იქნება.
რა თქმა უნდა, პარლამენტის ყოველგვარი აქტიურობა მისასალმებელია. იგი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და უიმისოდ, ალბათ, კორუფციის, როგორც მოვლენის, საბოლოო დაძლევაზე ლაპარაკი ძნელია. მაგრამ პარლამენტმა უნდა იმუშაოს პარლამენტისათვის შესაფერისი ფორმებითა და მეთოდებით. თუ მოხდება სამართალდამცავი ორგანოების, მათი ოპერატიული სამსახურებისა და პარლამენტის ფუნქციების აღრევა, ჩვენ ახალ უბედურებას გადავეყრებით.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარლამენტს აქვს კონტროლის, შემოწმების უფლება. მაგრამ, როცა ლაპარაკობენ, არის ზოგიერთი საიდუმლო მასალაო, ალბათ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს ეს? საიდუმლოდ ითვლება სპეციალური ხერხებითა და მეთოდებით მოპოვებული მასალები, რომლებიც მხოლოდ იმ მუშაკებისათვის უნდა იყოს ცნობილი, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან. თუ პარლამენტი ამაში ჩაიხედავს, ქექვას დაიწყებს და დღის სინათლეზე გამოიტანს, მაშინ საქართველოში არც ერთი საქმე არ გაიხსნება. და როგორც გითხარით, მოხდება ძალიან ცუდი რამ. მე ვიცი, რას ნიშნავს, როცა საკანონმდებლო ორგანოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციების აღრევა ხდება.
„სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელება, უწინარესად ქართველთა და აფხაზთა ინტერესებს შეესაბამება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 ივნისი. - N103 (905). - 1 გვ.
![]() |
68 „აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება შეიძლება გამოდგეს ახალი საერთაშორისო ურთიერთობის, ახალი პრინციპების განხორციელების მაგალითად“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 13 ივნისის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო თბილისში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის გრაჩოვის ვიზიტი. გადაიდგა კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯი აფხაზეთის პროცესის მოგვარებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ წინათ თქვენთვის არაერთგზის დასმულ კითხვას ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით: რამდენად არის დღეს რუსეთი დაინტერესებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარებით, ის რუსეთი, რომელმაც სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების დღე 12 ივნისს აღნიშნა და ახლა იწყებს საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაცნობიერებას? ხომ არ გამოიწვევს აფხაზეთის პრობლემის ასეთი მოგვარება (ამ კითხვაზე თქვენ გაგიციათ პასუხი, მაგრამ ახლა უფრო მეტად არის საინტერესო) დასავლეთის და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანებას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 13 ივნისის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბატონ გრაჩოვის ვიზიტს, მის მისიას მე მაღალი შეფასება მივეცი, მით უმეტეს, რომ მის ჩამოსვლას საქართველოში თან ერთვოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან - მისი ვიზიტის დასაწყისში და დამთავრების შემდეგ. ბატონმა ელცინმა უკვე გამოსცა ბრძანებულება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ. ჩემს მეორე სატელეფონო საუბარში, მოაწერა რა ხელი ამ დოკუმენტს, მან დაადასტურა ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება რუსეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, რა თქმა უნდა, საქართველოსაც, ამ მისიასთან დაკავშირებით.
ამ დღეებში უნდა გაიმართოს უშიშროების საბჭის სხდომა. თუ უშიშროების საბჭო მიიღებს რეზოლუციას მეთვალყურეთა ინსტიტუტის გაფართოების შესახებ, მანდატის გაფართოების თაობაზე, რაზედაც არსებობს რუსეთის თანხმობაც, მაშინ საქმე გვექნება საკმაოდ საინტერესო მოვლენასთან. ჯარების უშუალოდ შეყვანა დაკავშირებული იქნება წინასწარ ღონისძიებებთან - გზების, გზაჯვარედინების, ხიდების, და, უბრალოდ, ტერიტორიების განაღმვა არის საჭირო. ეს საკმაოდ შრომატევადი და სარისკო საქმეა და ეს მუშაობა - ნაწილების შეყვანა, ვფიქრობ, 15-16 ივნისს დაიწყება.
მე ვთქვი, რომ საკმაოდ საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე, და აი რატომ. ერთი მხრივ - რეგიონული ორგანიზაცია, როგორც მთავარი მოქმედი პირი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და, კერძოდ, რუსეთის სამშვიდობო მისია და მეორე მხრივ - გაეროს მეთვალყურეთა მძლავრი ინსტიტუტი, ლტოლვილთა კომისარიატი, რომელთა აქტიური მოქმედება კონფლიქტის ზონაში იქნება მბიშვნელოვანი ფაქტორი. ესე იგი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, რუსეთის ჯარები სამშვიდობო მისიით, საერთაშორისო კონტროლი და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - ლტოლვილთა კომისარიატი, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად და ფინანსურად უზრუნველყოფს დაბრუნებულ ოჯახებს. ჩვენს ვითარებაში მყოფი ქვეყნებისათვის ეს ყველაზე ოპტიმალური და, ვიტყოდი, საიმედო ვარიანტია.
გრაჩოვთან მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანი საუბარი. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის, ვითარება კავკასიაში რუსეთისა და საქართველოს საერთო ინტერესების სპექტრში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღევანდელი მდგომარეობა და საქართველოში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. რუსეთის მინისტრმა გამოთქვა მადლიერება ქართველი ხალხისადმი, მოსახლეობისადმი, ხელისუფლებისადმი, რომლებმაც ცხოვრებისა და სამსახურის ნორმალური პირობები შეუქმნეს ამ ნაწილებს. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივებიც. განსაკუთრებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ უამისოდ ჩვენ, პრაქტიკულად, არმიას ვერ შევქმნით.
ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ჭეშმარიტება, რომ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა და ურთიერთშეთანხმებულობა არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესებს. პირიქით, მიმართულია კავკასიაში და უფრო ფართო რეგიონის მასშტაბითაც, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიების შესაქმნელად. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი სტაბილური ატმოსფერო შეესაბამება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის და სხვა ქვეყნების ინტერესებსაც. სწორედ ასეთ ჭრილში წარიმართა ჩემი სატელეფონო საუბრები ბატონ ბორის ელცინთან. პრაქტიკულად ეს დიალოგი რუსეთ-საქართველოს შორის ამ ბოლო დროს მომხდარი სასიკეთო ძვრების ლოგიკური გაგრძელებაა, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად რომ ხორციელდება.
რაც შეეხება თქვენი შეკითხვის ბოლო ნაწილს, მე უკვე ვთქვი, რომ იქმნება კონფლიქტის მოგვარების უნიკალური მოდელი (ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეა და შემდეგ ცხოვრება გვიჩვენებს, თუ როგორ წარიმართება) რუსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, დასავლეთის ქვეყნების, „საქართველოს მეგობრების“, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. თუ ჩანაფიქრი განხორციელდა, ვფიქრობ, ამ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისათვის, სხვა კონფლიქტების მოგვარებასა და მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გაღიზიანებას, მიმაჩნია, რომ ასეთი რამ უსაფუძვლოა. მე დიდად შემაშფოთა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ამ ბოლო გარკვეული დროის განმავლობაში კონფრონტაციის სიმპტომების გამოკვეთამ. საბედნიეროდ, ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ეყოთ სიბრძნე და წინდახედულება, რათა ეს სიმპტომები რეალურ დაპირისპირებასა და რეალურ კონფრონტაციაში არ გადაეყვანათ. როგორც მე ვაკვირდები, ახლა ვითარება სავსებით ნორმალურია. ეს ორი დიდი სახელმწიფო მუშაობს ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება შეიძლება გამოდგეს ახალი საერთაშორისო ურთიერთობის, ახალი პრინციპების განხორცილების მაგალითად, ცივი ომის დამთავრების შემდეგ რეალურად რა შეიცვალა საერთაშორისო ურთიერთობაში? შეიძლება ეს იყოს იმის ერთი კონკრეტული და ძალიან დამახასიათებელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთი კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებაში.
აგრეთვე დიდ იმედებს ვამყარებ გაეროს გენერალურ მდივანთან ბატონ ბუტროს ბუტროს გალისთან ტრადიციულ, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.
- გასული კვირა არჩევნების კვირაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წრეები არჩევნებისაგან რაღაც განსაკუთრებულს მოელოდნენ, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში არჩევნებმა მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. სამაგიეროდ, ძალიან სერიოზული ექსცესები მოხდა რუსთავში, იყო დიდი დარღვევები - ზოგიერთ უბანში ბიულეტენის ყუთები დაულუქავად იყო მიტოვებული. ქალაქში შეიარაღებული ფორმირებები გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ამომრჩევლებზე, საარჩევნო კომისიის წევრებზეც კი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ზოგიერთი წევრი იძულებული გახდნენ თბილისში გამოქცეულიყვნენ. დაახლოებით შუადღის სამი საათისათვის რუსთავში რაღაც არანორმალური ვითარება შეიმჩნეოდა...
- სამეგრელოს ამ სამ რეგიონში არჩევნების ჩატარება, ამომრჩეველთა ასეთი აქტივობით (წუხანდელი მონაცემებით 60 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და ეს ტრადიციული დემოკრატიული ქვეყნებისათვისაც კი მაღალია), უდავოდ დიდი მოვლენაა. მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს მოქალაქეებს, ხელმძღვანელებს, გამგებლებს, კომისიებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ საქმეში, საგანგებო კომიტეტს, ბატონ გივი ლომინაძეს, ყველას, ვინც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის ბრძოლასა და ზრუნვაში.
ვულოცავ ამ რეგიონიდან არჩეულ დეპუტატებს და, რა თქმა უნდა, ბატონ ოთარ ფაცაციას, რომლის არჩევასაც ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. თუ არ ვცდები (საბოლოო შედეგებს ახლა აჯამებენ) ბატონმა ოთარ ფაცაციამ დამაჯერებლად გაიმარჯვა და პრაქტიკულად მას, ასე ვიტყოდი, ყველა პროგრესულად მოაზროვნე და პროგრესულად მომუშავე პარტია და პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს, ასევე სხვა დეპუტატებსაც.
რაც შეეხება რუსთავს, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. თუმცა, ამ ფაქტის დრამატიზებას არ ვახდენ, ვფიქრობ, რუსთაველებისთვისაც და, საერთოდ, საქართველოსათვისაც ეს გაკვეთილია. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენია. ჩვენ ვხედავდით, რა ძალებიც მოქმედებდნენ და გვინდოდა, რომ ყველაფერი ისე წარმართულიყო, როგორც ამას რუსთავის მოქალაქეები ჩათვლიდნენ საჭიროდ. სამწუხაროდ, არჩევნების დღე ძალიან მძიმე გამოდგა, უპირველესად, თვით რუსთავის მკვიდრთათვის. მინდა ერთი დასკვნა გამოვიტანო ყველას გასაგონად და საყურადღებოდ, უფრო მეტად, სამომავლოდ: როცა არჩევნებში, ესე იგი, დიდ სახელმწიფო პოლიტიკაში ფული და იარაღი ბატონობს, ლაპარაკი ზედმეტია სამართლიანობასა და დემოკრატიაზე, წესრიგზე. ეს ყველა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს მომავალ არჩევნებში, სხვა რეგიონებსა და მთლიანად საქართველოში.
კონკრეტულ ფაქტებს არ ვასახელებ, თუმცა გუშინ ბევრი რამ ცნობილი გახდა. შემაზრზენია გარკვეული შეიარაღებული ჯგუფების თარეში, ზემოქმედება საარჩევნო კომისიაზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, აღარ უნდა განმეორდეს. თუ გაკვეთილებზეა ლაპარაკი, ეს უნდა გახდეს ნამდვილი გაკვეთილი მთელი საქართველოსათვის.
დარწმუნებული ვარ, რუსთავის მოქალაქენი, საარჩევნო კომისია ყველაფერში გაერკვევიან, ხოლო, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, სამართლის პოვნა სასამართლოშიც შეიძლება.
- წინა რადიოინტერვიუში ბრძანეთ, რომ პოლიტიკური პარტიებისა და თანამდებობის პირთა უკანონო საქმიანობის თაობაზე მასალები პრესაში ისევ გამოქვეყნდება. ასეთი ფაქტები გასულ კვირასაც გამოქვეყნდა, თანაც ისეთი, რომ თუ წინა მასალებსაც გავიხსენებთ და რაღაც ერთიანი ჯაჭვი შეიკვრება, ბუნებრივად იბადება კითხვა - ვინ იქნება შემდეგი? ეს კითხვა ჩნდება იმიტომაც, რომ, როცა კორუფციას ასეთი მასშტაბები აქვს, გასაგებია, რომ ერთი და ორი კაცი არ არის ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში გარეული. ორგანიზებულ დანაშაულობასთან და კორუფციასთან ბრძოლის თემა წინასწარი ვარაუდით ხვალინდელ საპარლამენტო სხდომაზეც უნდა იყოს აქტუალური და მთავარი. გასულ კვირას პარლამენტის სხდომაზე გამოქვეყნდა თქვენი მიმართვა პარლამენტისადმი სწორედ ამ ტიპის დანაშაულობასთან ბრძოლის კონკრეტულ ამოცანებზე, შესამუშავებელ და მიღებულ კანონებზე...
- არ ვიცი პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე რა პერიპეტიები იქნება, მაგრამ მაინც ვიტყოდი: ცალკეული ფაქტების გამოქვეყნება, გამომზეურება, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ამინდის შესაქმნელად, თუმცა ცალკეული ფაქტები საერთოდ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. ასეთი კურსი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მთავარი მაინც არის კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნა, კოორდინირება, კონტროლი, კანონმდებლობის შექმნა იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა. ეს ცვლილებები მართლაც კარდინალური ხასიათისაა. ჩემი მიმართვის ლაიტმოტივი სწორედ ამაში მდგომარეობს - მე ვთხოვე პარლამენტს, ისევე, როგორც დააჩქარა საკანონმდებლო აქტების შექმნა ეკონომიკის სფეროში და ჩვენ უკვე გარკვეულად ვგრძნობთ, რომ აქტიური მოქმედებისათვის არხები გაიხსნა, ასევე პარლამენტი ძალიან დიდ საქმეს გაუკეთებს თავის ქვეყანას, თუ იმ კანონების მიღებას დააჩქარებს, რომლებიც მე მიმართვაში ჩამოვთვალე. ამასთან არის კიდევ სხვებიც, რომლებიც არ დამისახელებია.
- ბოლო პერიოდში ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძვლებს იძლევა. გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ცნობილი გახდა ქუთაისელთა ინიციატივა კუპონის გამყარებასთან დაკავშირებით. მათ უკვე საკუთარი მეთოდები შეიმუშავეს. ძალიან საყურადღებო იყო შემნახველ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები. იქ, ალბათ, პროცესი მიმდინარეობს და გარკვეული სიახლეებიც არის...
- მინდა გამოვხატო ჩემი აქტიური მხარდაჭერა ყოველივესადმი, რასაც ქუთაისელები აკეთებენ. ეს არის ქალაქის, მათ შორის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროს ავტონომიური მართვის ძალიან კარგი მაგალითი. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ამოცანებს თავს ვერ გავართმევთ, თუ ასეთი ინიციატივა არ იქნება მხარდაჭერილი და ამგვარ ინიციატივას ყველგან არ გამოიჩენენ. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განკარგულება გამოვეცი: ქუთაისელებს ახლა საკმაოდ დიდი უფლებები, გასაქანი აქვთ, შეუძლიათ მასშტაბურად გადაწყვიტონ საკითხები. ისეთ ურთულეს სფეროში, როგორიც არის კუპონის განმტკიცება, ძნელად წარმოსადგენია ლოკალურად, ერთ ქალაქში მოხდეს ეს. ქუთაისელებმა უკვე ბევრ რამეს მიაღწიეს. ვიცი, რომ ამ საქმეში მეცნიერთა დიდი ჯგუფი, სპეციალისტები, პრაქტიკოსები არიან ჩართლი, მთელი ქალაქი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში და მინდა, რომ მხარი დავუჭირო მათ. ახლა, თუ ბატონი თემურ შაშიაშვილი მისმენს, მინდა ვუთხრა მას, რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ პოზიტიურ, სამაგალითო მოვლენებს, რაც ქუთაისში ხდება. ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ამას დავუბრუნდებით, შევისწავლით და ამ გამოცდილებას საქართველოში გავავრცელებთ.
მას შემდეგ, რაც გამოვეცი განკარგულება, ქალაქ თბილისის მერის უფლებების გაფართოების შესახებ, გამოცოცხლდა დედაქალაქი, მისი ეკონომიკა, ფინანსები, მხატვრული, შემოქმედებითი ცხოვრება. „თბილისური გაზაფხული“ და სხვა მრავალი იმის დასტურია, რომ თბილისში ინიციატივიანმა მუშაობამ გარკვეული შედეგი გამოიღო.
ახლა, როცა ოდნავ ამოვისუნთქეთ და სტაბილურობის ტენდენციები გამოიკვეთა, დადგა გაბედული ექსპერიმენტებისა და ძიებათა ეტაპი. მიმაჩნია, რომ შემნახველი ბანკის რეორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ექსპერიმენტის თვალსაზრისით. ეს ბანკი პრეზიდენტის, ბატონ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი კოლეგების ინიციატივაა და მე ძალიან აქტიურად და მხურვალედ დავუჭირე მხარი. ამასთან დაკავშირებით გამოვეცი სპეციალური დოკუმენტი.
რაზეა ლაპარაკი? ერთხელ კიდევ მინდა განვმარტო: ლაპარაკია საანაბრო საქმის გადაყვანაზე საბაზრო პრინციპებზე. მეანაბრეები მეპაიეები გახდებიან, ესე იგი - მესაკუთრეები და, როდესაც ბანკის პრეზიდენტმა ჩემს წინაშე დააყენა საკითხი, სახელმწიფომ მინიმუმამდე შეამციროს თავისი წილი მეანაბრეთა სასარგებლოდო, მე ამასაც აქტიურად დავუჭირე მხარი. ყველა მეანაბრე უბრალოდ მეპაიე კი არა, არამედ თითოეული მეპაიე სერიოზული მესაკუთრე ხდება, თუ ამის სურვილს გამოთქვამს. გუშინ ამის შესახებ ვესაუბრე და ჩემს მოსაზრებას იზიარებენ ოთარ ფაცაცია, თემურ ბასილია და სხვები, რომ ამ ბანკს, ექსპერიმენტის სახით უნდა მივცეთ საწარმოო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. ეს იქნება სამეანაბრო საქმის მტკიცე ბაზაზე დაყენების ერთ-ერთი გარანტია. არ უნდა მოვექცეთ შაბლონის, კონსერვატიულ ტრადიციათა და ნორმათა ტყვეობაში. მეანაბრეებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრესტიჟია, მათზე ზრუნვა მის ავტორიტეტზე ზრუნვაც არის.
ამ დღეებში შევხვდები საქართველოს წამყვან ბანკირებს. ჩვენ თანდათან მივდივართ საბანკო საქმის რეორგანიზაციის, რეფორმის გზით.
ამასთან ერთად ორი სიტყვა მინდა ვთქვა ეკონომიკის სფეროში სასიკეთო ძვრებთან დაკავშირებით, რაც პრივატიზაციის სფეროს ეხება. აქ ახლა დაიწყო თვისებრივად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოიკვეთა ამ პროცესისადმი სრულიად ახლებური დამოკიდებულება, სხვა ქვეყნების გამოცდილების, ზოგიერთი შეცდომის გათვალისწინებით. ეს შეხედულებები, რომლებმაც ახლა ბრძანებულების სახე მიიღო, ჩემს გამოსვლებში ამ წლის დასაწყისში იყო ჩამოყალიბებული. მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრები, რაიონის გამგებლები და სხვები, და რეგიონების ხელმძღვანელების მეორე თათბირზე, ლაპარაკი იყო პრივატიზაციის ახალ ეტაპზე, ამ პროცესში კოლექტივების, მათ შორის, დირექტორთა კორპუსის მონაწილეობაზე. შემდეგ განხორციელდა სერიოზული შემოქმედებითი სამუშაო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, მინისტრთა კაბინეტში საერთოდ, მრეწველებთან და მეცნიერებთან, სამინისტროებში. ასეთი ფართო წარმომადგენლობით შევიმუშავეთ პრივატიზაციის ახალი ეტაპის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. მისი არსი ის არის, რომ რეალურად ყალიბდება მესაკუთრეთა მრავალრიცხოვანი ფენა. უპირველეს ყოვლისა, კოლექტივების წევრები, მათ შორის, დირექტორთა კორპუსი, იქნებიან პრივილეგირებულები საკუთრების წილის მიღებაში, ანუ ის ხალხი, ვინც დღემდე მოიტანა და არ გაანიავა სახელმწიფო და სახალხო ქონება. ამასთან, არ დაგვავიწყდება, რომ მესაკუთრე უნდა გახდეს ამ ეროვნული სიმდიდრის შექმნაში მონაწილე საქართველოს, პრაქტიკულად, ყველა მოქალაქე. ისინი მიიღებენ შესაბამის დოკუმენტებს, რომლებსაც ვაუჩერებს ვუწოდებთ. ასე რომ, ეს დიდი, მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოში ახლა საიმედო საფუძველზე დადგა.
„აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება შეიძლება გამოდგეს ახალი საერთაშორისო ურთიერთობის, ახალი პრინციპების განხორციელების მაგალითად“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
![]() |
69 საქართველოს პარლამენტს |
▲ზევით დაბრუნება |
დამნაშავეობასთან ბრძოლის პრობლემა, სხვა ურთულეს პრობლემებთან ერთად, კვლავ რჩება ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს საზრუნავად.
თუ გავითვალისწინებთ დამნაშავეობის გეოგრაფიას, დამნაშავე პირთა წრეს, დანაშაულის ფორმებსა და ხასიათს, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს საზოგადოებრივ ურთიერთობათა კრიმინალიზაციის მასშტაბურ პროცესებთან, რომელთა შეჩერება არსებითად უკავშირდება ქვეყნის პირველხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტას.
ცალკე მსჯელობის საგანია ის მიზეზები, რომლებმაც დამნაშავეობის ზრდა განაპირობა. აქვე უნდა ითქვას, რომ იგი არ არის ლოკალური მოვლენა და უკავშირდება იმ პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ერთი სისტემის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დაშლას, ახალი პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობების ფორმირებას.
ამჟამად ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ადამიანების ცხოვრების და საქმიანობის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, რის მიღწევა შეუძლებელია დამნაშავეობასთან ბრძოლაში სერიოზული გარდატეხის გარეშე.
ამასთან, საჭიროა სინამდვილის ადეკვატური სამართლებრივი პოლიტიკის გატარება, რომლის ერთ-ერთი საფუძველი ღრმად მოფიქრებული, სისტემური კანონმდებლობაა.
როგორც ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესი. მუშაობენ სხვადასხვა კომისიები, მაგრამ კოდიფიცირებული აქტების მომზადებას დრო სჭირდება.
საჭიროა პარლამენტმა გამოარჩიოს კონკრეტული პრობლემები, ყურადღება შეაჩეროს დამნაშავეობის იმ ფორმებსა და სახეებზე, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საშიში ხასიათი შეიძინეს. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვს ორგანიზაციულ და იურიდიულ მოწესრიგებას.
გადაუდებელ ამოცანად მიმაჩნია შემუშავდეს და მიღებულ იქნეს კანონები:
1. ტერორიზმთან და ბანდიტიზმთან ბრძოლის შესახებ.
2. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისა და მათში მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
3. ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
4. კორუფციასთან ბრძოლის შესახებ.
5. ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.
6. თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან დაბრუნებული პირების სოციალური რეაბილიტაციის და მათზე კონტროლის ღონისძიებების შესახებ.
7. სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკირებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
8. სამართალდაცვის სამსახურების, სასამართლოების სამართლებრივი დაცვის შესახებ.
9. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.
ამასთან, უნდა დაჩქარდეს ახალი სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების პროექტების შემუშავება.
მინდა მოვახსენო პარლამენტს, რომ მინისტრთა კაბინეტი, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი სტრუქტურები, სამეცნიერო დაწესებულებები და ცალკეული სპეციალისტები დიდ მუშაობას ეწევიან დამნაშავეობასთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. მათ მიერ შემუშავებული ბევრი კანონპროექტი უახლოეს ხანებში მზად იქნება პარლამენტში განსახილველად (ზოგიერთი უკვე შემოტანილია).
დამნაშავეობასთან ბრძოლა დღეს ეროვნული პროგრესის აუცილებელი პირობაა. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს მოქალაქეების სიმშვიდის დაცვას, საამისოდ საჭირო სამართლებრივი და ორგანიზაციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ამით იგი აფერხებს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. არ შეიძლება ეს კანონზომიერება არ გაითავისოს როგორც სასამართლო, აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებამ.
ე. შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
![]() |
70 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
გულწრფელად მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მხურვალედ მოგილოცოთ თქვენ და ყველა რუსეთელს შესანიშნავი ტრადიციის დაბადება - ახალი რუსეთის სახელმწიფოებრიობის დღესასწაული.
ამიერიდან რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღების დღე, თქვენი ბრძანებულებით, დაფუძნებულია როგორც სახელმწიფოებრივი დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მეგობარი სახელმწიფოსათვის ეს დღესასწაული იქნება სიმბოლო, რომელიც მოასწავებს ახალი რუსეთის დემოკრატიულ მისწრაფებებს.
ვსარგებლობ ესოდენ საზეიმო შემთხვევით და მინდა ერთხელ კიდევ გავუსვა ხაზი იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობას, რაც ამომწურავად აისახა კიდეც თქვენ მიერ თბილისში ხელმოწერილი დიდი ხელშეკრულებით.
დიდად ვაფასებთ რუსეთის დიპლომატიის და პირადად თქვენს, პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ, მტკიცე ძალისხმევას, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების რაც შეიძლება მალე მოწესრიგება, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არაერთგზის დაუდასტურებია საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საზღვრების ურღვეობის პრინციპი. დარწმუნებული ვართ, რომ შემდგომშიც, ჩვენს მორიგებათა განვითარებაში, ვიმოქმედებთ ერთად, ისევე აქტიურად და მიზანმიმართულად.
ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სცილდება ორმხრივი ინტერესების ფარგლებს. და თუ ვილაპარაკებთ რუსეთის განსაკუთრებულ, ისტორიულ როლზე, დღეს იგი, უწინარეს ყოვლისა, გამოიხატება მშვიდობისმყოფლობისა და სტაბილურობის გარანტის მისიით. ასეთად მიგვაჩნია რუსეთი დღეს და გვინდა ასეთად ვიხილოთ მომავალშიც.
სულითა და გულით ვუსურვებთ ყველა რუსეთელს კეთილდღეობას, ბედნიერებასა და აყვავებას.
ედუარდ შევარდნაძე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
![]() |
71 პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
12 ივნისს ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა არჩევნები გაიმართა. ამ არჩევნების მნიშვნელობა მეტად დიდია.
სხვადასხვა, ყველასათვის ცნობილ მიზეზთა გამო, ეს არჩევნები ზოგადქართული, ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა.
უპირველესი პრობლემა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ იდგა საქართველოს ამ უძველესი კუთხის წინაშე, იყო საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ეროვნული ცნობიერების გამთლიანების პრობლემა.
ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა ძნელი აღმოჩნდა ყოველივე ეს, ყველამ საკუთარ სულში გადავხარშეთ და საკუთარი სხეულით ვიგრძენით, რა დამღუპველია გათიშულობა და რა აუცილებელია ეროვნული ცნობიერების გამთლიანება.
სწორედ ამ ყოველივეს მძაფრმა შეგრძნებამ და სამშობლოს ბედ-იღბალზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობამ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ფრთხილმა, გონივრულმა და პრინციპულმა ღონისძიებებმა გახადეს შესაძლებელი ადამიანთა თუ დაპირისპირებულ ჯგუფთა შორის პატიოსანი და გულახდილი დიალოგის გამართვა, პოლიტიკური და კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება, ახალ საზოგადოებრივ თუ პიროვნულ ინტერესთა წარმოჩენა...
ადამიანებმა მოიცალეს ოჯახისთვის, ყანისთვის, ვენახისთვის, პლანტაციისთვის, ქარხნისთვის.
ამ კუთხის ხალხს ისევ მიეცა შრომის საშუალება, შრომა კი მათ სამაგალითო იციან.
1993 წლის 2 ივლისის რადიომიმართვაში ვამბობდი: „დავდოთ თოფი და თოხი ავიღოთ ხელში“.
თითქმის ერთი წელი გავიდა ამ მიმართვიდან და მრავალი საწარმო ამ კუთხეში, მიუხედავად ენერგეტიკული კრიზისისა, შესანიშნავად მუშაობს. საზოგადოებრივი განწყობა მკვეთრად შემობრუნდა. დასავლეთ საქართველოს ზონის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის მცდელობამ, რაიონების ხელმძღვანელთა და საზოგადოებრიობის შეთანხმებულმა მოქმედებამ თავისი ნაყოფი გამოიღო. შესაძლებელი გახდა მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნების გამართვა, რომელშიც მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და თავისი პოლიტიკური ნება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოხატა.
ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რა სურს ხალხს და რა გზას ადგას იგი - საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ახალი, თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების, ეკონომიკური აღმავლობისა და სოციალური სამართლიანობის გზას.
არ შეიძლება ამ პრინციპულ შემობრუნებას არ მიესალმო.
სამეგრელომ დიდი მაგალითი გვიჩვენა და არ შეიძლება ეს არ ითქვას.
საქართველო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც აშენებს დემოკრატიულ საზოგადოებას.
ამ ძნელ გზაზე, ჩვენ, სამწუხაროდ, სიძნეელები, მოულოდნელობანი და პრინციპულად მიუღებელი მოვლენებიც გვხვდება.
სწორედ ასეთ მოვლენათა რიგს განეკუთვნება არჩევნებთან დაკავშირებული ის კანონდარღვევანი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი, რომლებიც რუსთავში 12 ივნისს მოხდა, იმ ქალაქში, რომლის დიდი იმედი ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს შენებაში ყოველთვის გვქონდა.
რა საერთო აქვს კანონიერ სახელმწიფოსთან და თავისუფალ არჩევნებთან იმ არჩევნებს, რომელიც ძალადობად და ყველა ადამიანური კანონის დარღვევად იქცა?
სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების თვითნებობამ, ძალადობამ და თარეშმა, უხეშმა ზემოქმედებამ, როგორც ამომრჩევლებზე, ისე საარჩევნო კომისიებზე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
არავის არა აქვს უფლება, ასეთი არჩევნები მოახვიოს თავს რუსთავსა და მის მოქალაქეებს.
ასეთი არჩევნები სახელს უტეხს საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სახელმწიფოს შენების შეუქცევად პროცესს.
უფრო მეტს მოველოდი ქალაქ რუსთავისა და ჩვენი რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისაგან - უპირველეს ყოვლისა კი, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურებისაგან, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ უმსგავსი მოვლენების თავიდან აცილება და აღკვეთა.
ასეთი სამარცხვინო არეულობისა და ქაოსის ინიციატორები და განმახორციელებლები ყოველ მიზეზგარეშე სასწრაფოდ უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსთავის 12 ივნისის არჩევნები გამონაკლის შემთხვევად იქცეს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის ისტორიაში. რაც უნდა მოხდეს, ვინც რას უნდა ეცადოს, საქართველო არ გადაუხვევს თავისი არჩევანიდან, იგი მაინც ივლის დემოკრატიისა და სამართლიანობის გზით, იგი მაინც ააშენებს იმ თავისუფალ, ძლიერ და მდიდარ ქვეყანას, რომელშიც დაბადება და ცხოვრება ყველა მისი მოქალაქისთვის ბედნიერება იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
![]() |
72 ედუარდ შევარდნაძე: „დამოუკიდებლობის დღე იქნება სიმბოლო, რომელიც ახალი რუსეთის დემოკრატიულ მისწრაფებებს მოასწავებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველა მეგობარი სახელმწიფოსათვის დამოუკიდებლობის დღე იქნება სიმბოლო, რომელიც ახალი რუსეთის დემოკრატიულ მისწრაფებებს მოასწავებს. მართლაც, მჯერა არა მარტო რეფორმების შეუქცევადობის, არამედ მათი საბოლოო წარმატებისა, რომელიც უდავოდ, მიღწეული იქნება ამ ქვეყანაში რუსეთის ხელმძღვანელობის თანამიმდევრული და კონსტრუქციული საქმიანობის, საზოგადოების ყველა ფენის მხარდაჭერის მეოხებით.
ჩემი აზრით, რუსეთი დამოუკიდებლობის დღეს დღესასწაულობს ახალ, განვლილი წლის მანძილზე შესამჩნევად შეცვლილ პირობებში. საზოგადოებაში, პოლიტიკური და ეკონომიკური ჩამოყალიბების ძნელი პერიოდის მიუხედავად, ფორმირდება ახალი სოციალური კლიმატი.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საარსებოდ არიან დაინტერესებული ამ ქვეყნის სტაბილურობით, რომელზეც ლამის გადამწყვეტწილად არის დამოკიდებული პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევა. და თუ ვილაპარაკებთ რუსეთის ახალ ისტორიულ როლზე, ამას გულისხმობს მისი, როგორც სტაბილურობის გარანტის, მშვიდობის ქომაგის მისია. ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება. დაახლოება და არა დაშორიშორება - აი კურსი, რომელსაც აცხადებენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პრაქტიკაცა და ჭანსაღი აზრიც გვიკარნახებს, რომ ერთობლივი მოქმედება, ურთიერთნდობა და გადაწყვეტილებათა სინქრონულობა ბევრად ამსუბუქებს როგორც დამოუკიდებელი, ისე საერთო მიზნების მიღწევას იმის მიუხედავად, ეხება ეს კონფლიქტების მოწესრიგებას, სოციალურ-პოლიტიკურ ორიენტაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ახალ საფუძველზე თუ რუსეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას. გვინდა ვიხილოთ რუსეთი ძლიერ, აყვავებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ჰარმონიულად შეუხამებს თავის ინტერესებს მეზობლებისა და დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებს.
ედუარდ შევარდნაძე: „დამოუკიდებლობის დღე იქნება სიმბოლო, რომელიც ახალი რუსეთის დემოკრატიულ მისწრაფებებს მოასწავებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
![]() |
73 „გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ სავსებით სწორია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს
მეთაურის ედუარდ შევარდნაძის15 ივნისის ტელეინტერვიუ
პარლამენტის 15 ივნისის საგანგებო სხდომის დამთავრების შემდეგ ტელეჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა სთხოვა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გაეზიარებინა მისი დამოკიდებულება სხდომის ფორმისა და შინაარსისადმი.
- აფხაზეთის საკითხის განხილვის ფორმამაც და შინაარსმაც უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - ამიტომ ვთხოვე ტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რომ ტელევიზიით გადაეცა ამ სხდომის ვიდეოჩანაწერი. ვფიქრობ, რომ ყველაზე უკეთესი მსაჯული ტელემაყურებელი იქნება.
ჩემს მოკლე გამოსვლაში საკითხი ასე დავაყენე: ვართ თუ არა მომხრე აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის, თუ უარს ვამბობთ? ამასთან დაკავშირებით სავსებით ბუნებრივად დაისვა კითხვა - ვენდობით თუ არა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას. სულაც არ ვაპირებ რუსეთის დამცველის როლში გამოსვლას, მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანა: რუსეთი თავის პასუხისმგებლობას არ გაურბისო. მაგრამ, მე, როგორც სოხუმის ტრაგედიის მოწმე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - სოხუმის დაცემის მთავარი მიზეზი ღალატი იყო. ჩვენ გვყავდა საკმარისი რაოდენობის გაწვრთნილი ჯარიც (7-8 ათასი კაცი), გვქონდა ტექნიკაც, მაგრამ იყო ღალატი. ამიტომ, როცა იბადება ეჭვი, ვენდოთ თუ არა რუსეთს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაფერი მარტო რუსეთის ბრალი არ არის.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე ოპტიმალური გზა, რათა დაბრუნდნენ ლტოლვილები, რათა მთელ აფხაზეთში აღსდგეს საქართველოს იურისდიქცია. არასწორად მიმაჩნია საკითხის ამგვარად დაყენება: ჯერ აღდგეს იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე და შემდეგ განხორციელდეს ლტოლვილთა დაბრუნებაო. ეს რეალურად მიუღწეველია.
ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა რუსეთის ხელმძღვანელობასთან, - ჩვენს პოლიტიკაში სერიოზული ძვრა მოხდა ისე, რომ ზურგი არავისათვის არ შეგვიქცევია, ყველასთან ვმეგობრობდით და ვმეგობრობთ. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში ახალი პოლიტიკის გზას დავადექით. ყველაფერი ეს თავის განცხადებითა და განსაკუთრებული ემოციებით აისახა დღეს სხდომაზე, და ვფიქრობ, ყველაზე სწორ დასკვნას მოსახლეობა გამოიტანს.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალზე ხშირად მიხდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ასე იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის დროსაც, ასე იყო მოსკოვში ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებითაც, ასეა სამშვიდობო ჯარების შეყვანასთანაც, რადგან ამგვარ დაძაბულ პირობებში, როგორშიც ჩვენ გვიხდება მუშაობა პარლამენტში, სერიოზულად საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. გაერთიანდა სამი პარტია. ნეგატიური ძალების გაერთიანებით პოზიტიურ ეფექტს არ უნდა ველოდეთ, დღეს ეს თვალნათლივ გამოჩნდა. რას გააკეთებს ის ხალხი პარლამენტში, რომლისთვისაც დედის შეგინება სხდომათა დარბაზში ჩვეულებრივი ამბავია, და რომელიც სპიკერს, საქართველოში დაფასებულ კაცს რამდენჯერმე უწოდებს პროვოკატორს. ამიტომაც გამოვედი დღეს წონასწორობიდან, რაც იშვიათად მომდის. ყველაფრის პატიება შემიძლია, უწმაწურობის, სიბინძურის, ქართველი კაცის საუკუნოვანი ტრადიციების, მისი ზრდილობისა და კულტურის შეურაცხყოფის გარდა.
რა მოხდა, ლტოლვილების ჯგუფი შემოვიდა პარლამენტში. ზოგი კაკუბავას მომხრეა, ზოგი - ჩვენი. გალახული, შეურაცხყოფილი წავიდნენ ის ადამიანები. შეიძლება ასე უმსგავსოდ ვიქცეოდეთ?
და მაინც, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? - ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ სავსებით სწორია, სხვა არჩევანი ახლა არ არსებობს დღეს რომ პარლამენტმა ვერ მიიღო შესაბამისი დადგენილება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე არ ვიმოქმედებ სახელმწიფოს მეთაურის შესაფერისად. პარლამენტის სხდომის დამთავრების შემდეგ დავუკავშირდი სათანადო მეთაურებს და განვუცხადე, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი ძალაში რჩება. თუმცა პარლამენტის სხდომებმა უკვე შეაფერხა ეს პროცესი. დღეს მესანგრეებს უნდა დაეწყოთ განაღმვის სამუშაოები.
ამ საკითხისადმი ასეთი ზერელე და არასერიოზული მიდგომა უდავოდ შეაფერხებს პრობლემის გადაჭრას რუსეთის ფედერაციის საბჭოში, იგი ასევე გაართულებს დებატებს სახელმწიფო სათათბიროში და, გარკვეულწილად, ხელს შეუშლის რუსეთის პრეზიდენტსაც, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ, მაინც მჯერა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა ძალაში დარჩება და აუცილებლად შესრულდება.
- ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა გარკვეული ავტორიტეტის მოპოვებისა და მას შემდეგ, რაც ისტორიაში ჩაწერა მნიშვნელოვანი მომენტები. თუ შესაძლებელი გახდება აფხაზეთში მშვიდობიანი გზით დაბრუნება და იქ საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, ჩათვლით თუ არა ამას თქვენი ცხოვრების ყველაზე მთავარ მიღწევად?
- ჩემთვის, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, - ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიზნის განხორციელება. ეს არა მარტო იმიტომ, რომ ქართველი ვარ. ისევე შემტკივა გული აფხაზების ბედზე, როგორც ლორიკ მარშანიას. მინდა მოვესწრო ქართველთა და აფხაზთა მტრობის დამთავრებას და ყველა ერის და ეროვნების ადამიანთა დაბრუნებას, ვინც იქ ცხოვრობდა. მჯერა, რომ ჩვენ ამას ყოველ მიზეზგარეშე, აუცილებლად მივაღწევთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს.
„გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ სავსებით სწორია“ : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 15 ივნისის ტელეინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ელიაშვილი ლუბა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 ივნისი. - N110 (912). - 1 გვ.
![]() |
74 „რუსეთთან ერთად ჩვენ ვაშენებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად ურთიერთნდობა უდევს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 20 ივნისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, შეიძლება ითქვას, უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების გზაზე. აფხაზეთის ომის პირველი დღეებიდანვე, გარდა სამხედრო საქმიანობისა, პოლიტიკური პროცესიც მიმდინარეობდა, რაც უშუალოდ ამ კონფლიქტთან დაკავშირებული მრავალი შეთანხმებით, შეხვედრით, განკარგულებით თუ ვიზიტით გამოიხატა. ახლა მთელი ამ საქმიანობის შედეგმა ერთად მოიყარა თავი. რა მივიღეთ, არის თუ არა ეს ის, რაც ქვეყანას სჭირდება, რაც შევარდნაძეს სურდა რომ მიეღო?
- მე კვლავ შეგახსენებთ არაერთგზის ნათქვამს: აფხაზეთში საომრად არ შევსულვართ. აფხაზეთთან ომი ისეთივე უაზრობა და უგუნურებაა, როგორც ყოვლად უპასუხისმგებლოდ წამოწყებული ავანტიურისტული ომი ოსების წინააღმდეგ. ნათქვამის დასადასტურებლად ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ის არის, რომ სამშვიდობო დოკუმენტებს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაშინ, როცა ფსოუზე ვიდექით, და ეს დოკუმენტი სრულად ასახავდა როგორც მთლიანად საქართველოს, ისე აფხაზი ხალხის ინტერესებსაც, შემდგომი ჩვენი ძალისხმევაც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისაკენ იყო მიმართული, რადგან იმთავითვე დაუშვებლად მიმაჩნდა ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. მაშ, რა მოხდა? რატომ დავისაჯეთ ასე სასტიკად, მაშინ როცა ჩვენთან იყო თითქმის მთელი მსოფლიო - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით და სხვა საერთაშორისო თუ ევროპული სტრუქტურები?
საქართველოს მთავარი შეცდომა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის უგუნური კურსის ფორმირება იყო. ეს გახლდათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა სახელმწიფოებრივი, არამედ ქუჩური დიპლომატია. სწორედ ეს კურსია ამ სფეროში ყველა ჩვენი უბედურების უმთავრესი მიზეზი. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ეს ხარვეზი გამოსწორდა. რუსეთთან ჩვენ ვაშენებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად ურთიერთნდობა უდევს. ამავე დროს საქართველო გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი, კოლექტიური უშიშროების საბჭოს წევრი. ამ საერთაშორისო რეგიონულ სტრუქტურათა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების შეუვალობის გარანტია გახლავთ. ამას ემატება უკვე ტრადიციად ქცეული ჩვენი კარგი ურთიერთობა გაეროსთან, მოგეხსენებათ მიღებულია უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მთლიანობის სასარგებლოდ. უშიშროების საბჭოსთან ასეთი ურთიერთობა განსაკუთრებით გაეროში ჩემი გამოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა, გენერალურ მდივანთან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ხელმძღვანელებთან და სხვ. შეხვედრების შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური დიალოგის აქტიური და საკმაოდ კონსტრუქციული მონაწილეა აფხაზური მხარე. უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ჟენევაში, მოსკოვში, სოჭსა და სხვა რეგიონებში. ეს შეხვედრები, პრინციპში, გარკვეული შედეგებით მთავრდება. ომი და არასტაბილურობა დამღუპველია არა მარტო ქართველებისათვის, არამედ აფხაზებისთვისაც, და ეს მათ კარგად იციან.
ასე მომწიფდა პირობები ფართომასშტაბიანი სამშვიდობო ოპერაციისათვის, რომლის ძირითადი სიმძიმე, რა თქმა უნდა, რუსეთმა იკისრა. ვფიქრობ, თუკი ხვალ გაიმართება ფედერაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც ბატონი გრაჩოვი სათანადო მოხსენებით უნდა წარდგეს, და თუ ფედერაციის საბჭო მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპერაცია უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. შეიძლება ორ-სამ დღეშიც, იგი უნდა დაწყებულიყო 17-18 ივნისს, ასეთი იყო ბრძანება და ამისათვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ამ ოპერაციის დროულად დაწყებას გარკვეული დაბრკოლება შეუქმნა იმ ცხარე კამათმა და სირთულეებმა, რომლებიც ჩვენს პარლამენტში წარმოიქმნა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო იქნება მოწმე ამ ისტორიული აქციის, უწინარესად რუსეთის ისტორიული აქციისა, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს ბედი და, იქნებ, არა მარტო საქართველოსი, რადგან თავისი ფორმით, შინაარსით, ამოცანებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მასშტაბით, ჩემი აზრით, ეს მართლაც საკითხის ორიგინალური, არასტანდარტული გადაწყვეტა იქნება.
მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებაც. განახლდა დიალოგი ქართველებსა და ოსებს შორის. ამ დიალოგისა და ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ რეგიონში სამშვიდობო ძალების შეყვანის ჩვენი კურსი, რომელმაც ფართომასშტაბიანი მოწესრიგების ნიადაგი მოამზადა, სწორი აღმოჩნდა. და სწორია ის შეთანხმებაც, რომელსაც დაგომისში პრეზიდენტ ელცინთან და ოსურ მხარესთან ერთად მოვაწერეთ ხელი. საქმის კარგ დასაწყისად მიმაჩნია ამას წინათ ვლადიკავკაზში გამართული შეხვედრაც, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი აპარატის წარმომადგენლები - პარლამენტარი ვაჟა ხაჭაპურიძე, ბატონი ნოდარ ლომოური და სხვები. მიღწეულია შეთანხმება ისეთ საკითხებში, როგორიც არის, ვთქვათ, ერთობლივი ძალისხმევა მთელ რეგიონში სტაბილიზაციის მისაღწევად, ერთობლივი ბრძოლა დამნაშავეობისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ, სახალხო მეურნეობის არსებული კავშირების აღდგენა, უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა და სხვ. მიღწეულია შეთანხმება, რომ აღდგეს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა ცხინვალთან და სოფლებთან. ეს და ზოგიერთი სხვა საკითხიც, რომლებზეც ამ შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, კარგ დასაწყისად მიმაჩნია. ამ დიალოგში საკმაოდ კარგად ჩანს რუსეთის შუამავლობა, მისი აქტიური როლი, იმ სამხედრო შენაერთის როლი, რომელიც ახლა ცხინვალშია დისლოცირებული, მინდა რამდენიმე თბილი სიტყვა ვთქვა გენერალ პავლოვის მიმართ. იგი გაგებით ეკიდება ორივე მხარის ინტერესებს და ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს. ძალიან კარგად ჩანს აგრეთვე ევროთათბირის წარმომადგენელთა აქტიური როლი და ჩვენ ამას უკვე საკმაოდ ვგრძნობთ, და, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დაინტერესება კონფლიქტის სამართლიანი და ობიექტური მოწესრიგების საკითხით.
ასე რომ, ამ მიმართულებითაც გარკვეულ ძვრებთან გვაქვს საქმე და, ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უფრო დინამიკური გახდება.
- საქართველო უკვე თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა. და რადგან საქართველომ თანამეგობრობას დაუკავშირა ბედი, ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, თუ როგორ განვითარდება ეს ახალი წარმონაქმნი. თანამეგობრობასა და მის პერსპექტივებს თქვენ არაერთხელ შეხებიხართ ინტერვიუებში. რა აზრისა ბრძანდებით, პერსპექტიულობის თვალსაზრისით, პრეზიდენტ ნაზარბაევის პროექტზე?
- მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას დიდი რეზერვები და რესურსები აქვს იმისათვის, რომ იგი განმტკიცდეს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც სახელმწიფოთაშორისი წარმონაქმნი.
რაც შეეხება ბატონ ნაზარბაევის პროექტს, რომელიც მან გამომიგზავნა, მე იგი ძალიან გულდასმით და არსებითად შევისწავლე. ამასწინანდელ პარლამენტის სხდომაზე ეს პროექტიც და მისი ავტორიც, ისე რომ არც ერთი თვალითაც არ უნახავთ, საკმაოდ აუგად მოიხსენიეს, რაც არ მეტყველებს იმ პარლამენტართა ღირსებაზე, რომლებიც ასეთ აკრძალულ ილეთებს იყენებენ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიმართ თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულების გამოსახატავად. თუ ავტორი დამეთანხმებოდა, მე იმასაც ვისურვებდი, რომ ეს დოკუმენტი ჩვენთანაც გამოქვეყნებულიყო და სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ინიციატივაზე ფიქრია საჭირო. ეს სავსებით გასაგებია. იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პრობლემებია იქ წამოჭრილი, რომ ერთი შეხედვით, ერთი წაკითხვითა და თვალის გადავლებით აზრს ვერ გამოთქვამ.
საქმე სულაც არ არის სახელწოდება, საქმე არსია. არსი კი სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიები (აი, სწორედ ამის ძიებას ვხედავ ნაზარბაევის წინადადებებში) და უფრო მეტი ინტეგრირებაა სახელმწიფოთა შორის. მხედველობაშია ეკონომიკა, სამხედრო სივრცე და სხვა მრავალი.
ეს უფრო ევროგაერთიანების მოდელს უახლოვდება. ჩემთვის ევრაზიის სივრცეზე ლაპარაკი უცხო არ არის, იგი მახლობელი თემაა. სწორედ მას მიეძღვნა ჩემი იმდროისათვის საკმაოდ გახმაურებული გამოსვლა ვლადივოსტოკში, სადაც ლაპარაკი იყო სწორედ ევრაზიის სივრცეებზე ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, ჰუმანიტარულ სფეროში, სამართალშემოქმედებაში და სხვ. მაგრამ იქ უფრო სხვა სისტემებზე იყო ლაპარაკი. თავისთავად ეს იდეა ძალიან მახლობელია ჩემთვის.
ახლა, გარდა ნაზარბაევისა, გამოჩნდა სხვა მოსაზრებები და სხვა წინადადებებიც. მინდა ვუთხრა რადიომსმენელებს, რომ არ არის საჭირო დრამატიზება. ზოგიერთი წინადადებამისაღებია, ზოგიერთი - მიუღებელი, მათ შორის, ბევრი - აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რადგან თვით თანამეგობრობა, თუნდაც ნაზარბაევის წინადადებაც რომ მივიღოთ, მხოლოდ დასაწყისია, იმ სახელმწიფოთაშორისი ახალი ურთიერთობის გარკვეული სტადიაა, რომელმაც რამდენადმა ერთმანეთს დაუკავშირა სახელმწიფოთა ბედი. ჩემი აზრით, მშვიდად და საქმიანად უნდა შევისწავლოთ ყველა საღი აზრი, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ახალ პერსპექტივებს სახავს. მიმაჩნია, რომ ნაზარბაევის წინადადებაც ერთ-ერთი ასეთი საინტერესო მოსაზრებაა.
ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, საბანკო სისტემის რეფორმებთან და რეორგანიზაციის საკითხთან, ქართული ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- ქართული ბიზნესი ფორმირების სტადიაშია. იგი დახმარებასა და შველას მოითხოვს. ამიტომაც შეხვედრაზე ვილაპარაკე საბანკო სისტემის რეფორმის შესახებ. საბანკო საქმეში თითქოს ძნელია ინიციატივებისა და ექსპერიმენტების მოსინჯვა. მე კი ვფიქრობ, რომ, თუ სადმე საჭიროა ინიციატივა, შემოქმედება და ექსპერიმენტები, ეს საჭიროა საბანკო საქმეში, ისე როგორც ფინანსებში. და, საერთოდ, ეკონომიკის სფეროში. საქართველომ უნდა დაიმკვიდროს გაბედული ექსპერიმენტების ქვეყნის სახელი. დარწმუნებული ვარ, უცხოელი ინვესტორებიც გაცილებით მეტ ინტერესს გამოიჩენენ, თუკი უზრუნველვყოფთ სტაბილურობას. ჩვენ ამ გზით მივდივართ.
რეფორმებს ემსახურება ჩემ მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებაც, რომლითაც პრივატიზაციის ახალი ეტაპი იწყება საქართველოში. ამ ბრძანებულებაზე 7-8 თვის განმავლობაში ვმუშაობდი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მინისტრთა კაბინეტში პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები ჩამოვაყალიბე.
ბიზნესმენებს დღეს ჩემი დაცვა სჭირდებათ. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ქვეყანა ერთგვარი სტაბილურობის ფაზაში შევიდა. ახლა ვაპირებთ მოვაწესრიგოთ საკონტროლო საქმიანობა. ეს დღეს ქართული ბიზნესისათვის, ბანკებისათვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. მე იმის მომხრე ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მესაკუთრეთა ფენის წარმოქმნა და რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მესაკუთრე. მესაკუთრის ინიციატივამ, შემოქმედებამ, მე ვიტყოდი, ენერგიამ და შეუპოვრობამ უნდა იხსნას ქვეყნის ეკონომიკა.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: სახელმწიფო ბიზნესზე პირველი მზრუნველი არის და იქნება მთელი თავისი სტრუქტურებით. ჩვენ ამას ვაკეთებთ თანამიმდევრობით, მასშტაბურად, საკუთარი და სხვისი შეცდომების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, მწვავედ მინდა დავაყენო კანონშემოქმედების საკითხი. შემთხვევითი არ იყო ჩემი მიმართვა პარლამენტისადმი. მუშაობა უკვე დაიწყო. ახლა პარლამენტი შეუდგა უაღრესად მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვას, რომელიც ბატონმა თედო ნინიძემ მოამზადა სხვებთან ერთად. ეს არის კანონი „მეწარმეობის შესახებ“. იგი საფუძვლად დაედება საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ბანკირებთან შეხვედრაზე გამოირკვა, რომ ჩვენ კიდევ ბევრი ისეთი კანონი გვჭირდება, რომელთა გარეშე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავლახავთ ქართული ბიზნესის წინაშე აღმართულ ბარიერებს. თუ პარლამენტში კანონების მიღება დაბრკოლდება, იძულებული ვიქნები ზოგიერთი რამ დეკრეტის სახით გამოვცე.
- გასულ კვირას ბათუმში თქვენ რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ქვეგანაყოფების საჩვენებელ მეცადინეობას და იმ იარაღის გამოცდას დაესწარით, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინათ აფხაზეთში, ალყაშემორტყმულ სოხუმში ქართველ მეომრებთან ერთად თქვენც გიშენდნენ. ამჯერად ეს ყველაფერი გონიოს საწვრთნელ პოლიგონზე მოხდა. მაინც რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში? შევარდნაძე შეიცვალა, რუსი სამხედროები თუ კიდევ მოხდა სხვა რამე?
- ვინ შეიცვალა, ეს შეკითხვა სხვა დროისათვის გადავდოთ. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ერთობლივი მეცადინეობის მნიშვნელობაზე. იგი მართლაც მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. გარდა ამისა, იქ დავაზუსტე, რომ ბათუმის ორი ბატალიონი, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ სამშვიდობო ოპერაციაში, სრულ მზადყოფნაშია. რაც შეეხება მეცადინეობას, ჩვენ ახლა არმიას ვქმნით, არმია გვჭირდება დღეს, ხვალ და არა რაღაც შორეულ პერსპექტივაში. ასეთ პირობებში უნდა ისარგებლო იმით, რაც ხელმისაწვდომია და რაც რეალურია. ხელმისაწვდომი კი დღეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა, მათთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში მათი დახმარებით ახალი არმიის შექმნაა. ამიტომაც ჩავედი ბათუმში, რა თქმა უნდა, სხვა მიზნებიც მქონდა: საუბარი ბატონ ასლან აბაშიძესთან, და სხვ.
სხვა ნაწილებსაც მოვუწოდებ, რაც შეიძლება ხშირად მოიწვიონ ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა არმიაში იწყებენ სამსახურს. რუსეთის არმიას უდიდესი გამოცდილება აქვს და თუ გვინდა, რომ სწრაფად შეიქმნას არმია, ჩვენ ეს გამოცდილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავითვისოთ.
მომავალში მოვინახულებ სხვა ნაწილებსაც, ახალქალაქის, ვაზიანის ქვეგანაყოფებს და ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მათი ცხოვრებისა და სამსახურის პირობები ნორმალური იყოს, ხოლო ხალხისა და ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულება მათდამი - ღირსეული, და მათ მიაჩნდეთ, რომ ისინი მეგობარ ქვეყანაში ცხოვრობენ და მსახურობენ.
ამავე დროს ამ ბაზაზე უნდა დავაჩქაროთ ერთიანი, მობილური, ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა. მიმაჩნია, რომ ეს საქმე საიმედო საფუძველზე დგება. ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი და მისი კოლეგები ძალიან უნარიანად, საკმაოდ მობილურად და აქტიურად მუშაობენ ერთიანი არმიის შექმნის პროცესის დაჩქარებისათვის.
- გასულ კვირას დასრულდა სასწავლო წელი რესპუბლიკის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ეს თაობა, პრინციპში, ომის თაობაა. ომის თაობა იყო თქვენი თაობაც. თუ ხედავთ ამაში რაიმე საერთოს?
- ეს კითხვა ვრცელ პასუხს მოითხოვს და იქნებ შემდგომისათვის გადავდოთ, თუ რა განსხვავებაა თაობებს შორის. თუ თაობებს შორის რაღაც მსგავსებასა და განსხვავებაზე იქნება ლაპარაკი, მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა გამოდის ცხოვრების დიდ გზაზე, კი არ ლანძღონ უფროსი თაობა, არამედ არ გაიმეორონ მისი შეცდომები, რომლებსაც ჩვენ ძალაუნებურად ვუშვებდით. ეს მოიტანა ცხოვრებამ, მთელი 70 წელიწადი, და არა მარტო 70 წელიწადი, მძიმე, რთული წლები იყო, იოლი როდი იყო გარკვეულიყავი კაცის ცხოვრებაში და მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი ისწავლონ. ამავე დროს, მინდა მათ ვთხოვო, რომ ისწავლონ ახალ პირობებში, სრულიად ახალ ეპოქაში ცხოვრება, ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. მათ მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ ცხოვრებასა და აზროვნებაში, შესწევდეთ იმის უნარი, რომ გაერკვნენ ამ ურთულეს ლაბირინთებში, რომელსაც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება ჰქვია.
- გასულ კვირას სოხუმის თეატრმა რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოადგინა პრემიერა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“. მოგეხსენებათ, სოხუმის თეატრი ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა არ გახლავთ ქართულ კულტურაში...
- მე ვესწრებოდი ამ სპექტაკლს და სიმართლე გითხრათ, იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ ვერც კი მოვახერხე დარბაზში მეთქვა რამდენიმე სიტყვა. მერე დასს კულისებში მადლიერების სიტყვებით მივმართე.
ამ სპექტაკლის არსი სრული გაგებით დღევანდელობას ეხმაურება. და განსაკუთრებით, რაც ყველაზე მეტად გვხვდება გულს, ეს არის ღალატი, სისასტიკე, დაუნდობლობა, შური, ერის გამორჩეულ შვილთა დაკორტვნა, რაც, როგორც მთავარი გმირი ამბობს, მიუღებელია ყველა ეპოქისათვის და, განსაკუთრებით, ჩვენთვის. რაც შეიძლება, ბევრმა უნდა ნახოს ეს შესანიშნავი დადგმა. ხოლო იმ ფაქტს, რომ ეს სპექტაკლი შედგა, მე გმირობას დავარქმევდი. მინდა მადლობა ვუთხრა სპექტაკლის ყველა მონაწილეს, მათაც, ვინც ხელი შეუწყო ამ საქმეს. მე სოხუმელ მსახიობებს ვუთხარი, რომ ამ თეატრალური სეზონის განმავლობაში ისინი აუცილებლად გამართავენ სპექტაკლს სოხუმში.
„რუსეთთან ერთად ჩვენ ვაშენებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად ურთიერთნდობა უდევს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 ივნისი. - N112 (914). - 1 გვ.
![]() |
75 ქართველთა და აფხაზთა შორის არ არის და არც შეიძლება იყოს არც ერთი გადაულახავი წინააღმდეგობა! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობისთანავე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის ხელისუფლებასთან, გაეროსთან, ევროთათბირთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მიზნით. შესრულებულია უდიდესი სამუშაო: 1993-94 წლებში უშიშროების საბჭომ მიიღო სპეციალურად აფხაზეთის ვითარებისადმი მიძღვნილი 9 რეზოლუცია, წლეულს, მარტში, მე გამოვედი ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ვერ ვიტყვით, რომ გაეროს ეს ძალისხმევა უშედეგო იყო: მათ აღმოგვიჩინეს გარკვეული მატერიალური, საექსპერტო თუ სხვა სახის დახმარება, საერთაშორისო თანამეგობრობამ უპირობოდ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
როცა აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის ფონი, ის ზოგადპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ეს მოვლენები განვითარდა. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ის ერთგვარი გაუცხოებისა და უნდობლობის სინდრომი, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში და უშუალოდ მის შემდგომ. ეს დაპირისპირება გარკვეული დროის მანძილზე, სამწუხაროდ, არა თუ ვერ იქნა გადალახული, არამედ ინერციის ძალით ესკალაციასაც კი განიცდიდა.
მთელი ამ დროის მანძილზე, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ორივე სახელმწიფოს ხელისუფლება დაუღალავად ზრუნავდა ზემოხსენებული სახიფათო ტენდენციის დასაძლევად, ურთიერთშორის ნორმალური, კეთილმეზობლური დამოკიდებულების დასამყარებლად. მათს პოლიტიკაში დაიწყო ძირეული შემობრუნება, რის დაგვირვინებადაც უდავოდ უნდა ჩაითვალოს წლეულს თებერვალში, საქართველოში ბორის ელცინის ვიზიტი. განისაზღვრა ის პრინციპები, რომლებზეც უნდა აიგოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უახლოეს მომავალში და შორეულ პერსპექტივაში. შეიძლება ითქვას, რომ ყინული გალღვა, დაიწყო ახალ ურთიერთობათა მშენებლობა ორ ქვეყანას შორის.
საქართველო გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. ეს უეჭველად ახალი, მნიშვნელოვნად დადებითი ფაქტორია ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და ერთიანობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში.
კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ახალ ეტაპად უნდა ჩაითვალოს გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობით, მეგობარი ქვეყნების, აგრეთვე ევროთათბირის დახმარებით მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის - კონფლიქტში მონაწილე მხარეების უშუალო მოლაპარაკების დაწყება. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის ამ მოლაპარაკებაზე შესამჩნევი შედეგებია მიღწეული. მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესის წარმატებული მიმდინარეობა განამტკიცებს ჩემს რწმენას, რომ ქართველთა და აფხაზთა მორიგება შესაძლებელია. მინდა კიდევ ერთხელ საქვეყნოდ დავადასტურო, რომ ქართველთა და აფხაზთა შორის არ არის და არც შეიძლება იყოს არც ერთი გადაულახავი წინააღმდეგობა, არც ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნებოდა.
პრინციპული მნიშვნელობის მოვლენად მიმაჩნია ის აქტიური, ქმედითი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, რუსეთსა და საქართველოს, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს, მის გენერალურ მდივანსა თუ უშიშროების საბჭოს, ევროთათბირს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას შორის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული სამხედრო, მატერიალურ-ტექნიკური, ჰუმანური თუ სხვა საკითხების გადაჭრის საქმეში. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო აქცია, რომელსაც მხარს უჭერენ დსთ-ს წევრი ქვეყნები, განხორციელდება გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო მეთვალყურეების კონტროლით. ლტოლვილთა მშობლიურ კუთხეში დაბრუნებასა და მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში აქტიურად მონაწილეობენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის [წ]არმომადგენლები.
ამასთანავე, ჩემი ღრმა რწმენით, კონფლიქტის მოწესრიგებაში, გადამწყვეტ სიტყვას, რა თქმა უნდა, რუსეთის სამშვიდობო შეიარაღებული ძალები იტყვიან. მათი როლი ამ საქმეში განუზომელია, მათი მოქმედება არ შეიძლება იყოს მიმართული ქართველი ან აფხაზი ხალხების საზიანოდ, პირიქით, ის ფუნქცია, რომელიც მათ აფხაზეთში უნდა შეასრულონ, სრულად შეესაბამება ამ ორივე ხალხის, საქართველოს მთელი მოსახლეობის ინტერესებს. ამავე დროს, ნათელია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრა, საქართველოში სტაბილურობისა და წესრიგის განმტკიცება რუსეთის სასიცოცხლო სახელმწიფოებრივ ინტერესსაც შეადგენს. მაშასადამე, უნდა გვჯეროდეს, რომ მეტად მძიმე შედეგების გამომწვევი ის შეცდომები, რომლებიც სამწუხაროდ, ესოდენ დამახასიათებელი იყო აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიისათვის, ამჯერად აღარ განმეორდება. ამის გარანტიას გვაძლევს ჩემი და ჩემი კოლეგების შეხვედრები და საუბრები რუსეთის პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, მის მოადგილეებთან თუ წარმომადგენლებთან, რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
აფხაზეთში მშვიდობის მალე დამყარების რწმენას აძლიერებს აგრეთვე მოლაპარაკების ის პროცესი, რომელიც განახლდა და საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ საკითხზე ერთობლივი ღონისძიებების შესახებ მხარეები უკვე შეთანხმდნენ. აქ საქმის სწრაფი წინსვლის იმედს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ცხინვალში დაგომისის შეთანხმებათა საფუძველზე უკვე კარგა ხანია იმყოფებიან რუსეთისა და კონფლიქტის მხარეების ერთობლივი სამშვიდობო ძალები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ კუთხეში სისხლისღვრის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების საქმეში, რითაც ხელსაყრელი პირობები შეუქმნეს პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის დაწყებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლეულს, სექტემბერში, მოსკოვში გაიმართება დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების მორიგი თათბირი, რომელზეც რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალთ ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე მიღწეული შედეგების შესახებ. ვფიქრობ, რუსეთის და საქართველოს ხელმძღვანელები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული, რათა ამ დროისთვის აფხაზეთში მშვიდობისა და წესრიგის დამყარების მიმართულებით ძირითადი, გადამჭრელი ნაბიჯები უკვე გადადგმული იყოს. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ წლეულს, სექტემბრის დამლევიდან მუშაობას შეუდგება გაეროს გენერალური ასამბლეა, რომლისთვისაც აფხაზეთის კონფლიქტის წარმატებით მოგვარების ფაქტი ფრიად საგულისხმო პრეცედენტი შეიძლება გახდეს.
რა თქმა უნდა, საქართველოს შეეძლო აერჩია აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის გზა, მაგრამ ღრმად მწამს, მსოფლიოში ბოლო ათწლეულში მომხდარი რევოლუციური ძვრების ფონზე უპირატესობა უდავოდ პოლიტიკური, მშვიდობიანი მოწესრიგების ვარიანტს უნდა მიენიჭოს. ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ კურსს მოიწონებს და მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობა, ხოლო მის განხორციელებაში მხარს დაგვიჭერს მსოფლიოს ყველა პროგრესული ძალა.
ქართველთა და აფხაზთა შორის არ არის და არც შეიძლება იყოს არც ერთი გადაულახავი წინააღმდეგობა! : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 24 ივნისი. - N114 (916). - 1 გვ.
![]() |
76 „რუსეთმა და საქართველომ ისტორიული პასუხისმგებლობა იკისრეს, და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორივე მხარე აღმოჩნდება ამ ისტორიული მოწოდების სიმაღლეზე არა მარტო ჩვენი ხალხების, არამედ მსოფლიოს წინაშე“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 27 ივნისის რადიოინტერვიუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, ბუნებრივია, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების, იმ სამშვიდობო პროცესების ანალიზით დაიწყო, რომელიც ხორცს ისხამს რეალურად გასული კვირიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს თანხმობის შემდეგ.
- აფხაზეთში სამშვიდობო პროცესი იწყება ისე, როგორც გათვალისწინებული იყო, - მოსამზადებელი ეტაპი განაღმვით, სამშვიდობო ძალების კონცენტრაციით, საკონტროლო პუნქტების ორგანიზაციით, გზების მოწყობითა და სხვ. ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისი ნორმალურია. სამეგრელოს, ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობა, ისევე როგორც გალში დარჩენილები, მიესალმნენ სამშვიდობო ძალებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მთავარი სიძნელეები მაშინ დაიწყება, როცა აფხაზეთში ლტოლვილთა დიდი ნაკადი შევა. ეს კი უახლოესი დღეების ამოცანაა. ამასთან, დაკავშირებით განხორციელებულია დიდი ორგანიზაციული სამუშაო, უნდა შეიქმნას ლტოლვილთა ჯგუფები, განისაზღვროს ვადები, შედგეს გრაფიკი. ზუგდიდში მუდმივად იმუშავებს სამთავრობო კომისია, საინფორმაციო ცენტრი, სამშენებლო და სარემონტო-სამონტაჟო სტრუქტურები. ადგილზე იმუშავებენ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მათი მოადგილეები, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თითქმის მთელი შემადგენლობით. იქ აპირებს გამგზავრებას ბატონი ჯაბა იოსელიანი, რომელსაც აქვს კონტაქტები სამხედროებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, საქმე დაიძრა.
რაც შეეხება აფხაზეთში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების ჩამოსვლას, ეს, ვიტყოდი, ნაკლებად სანერვიულოა. ესეც, ალბათ, გარდუვალია. ჩამოვლენ სხვადასხვა ყაიდის, რანგის, შეხედულებების მოღვაწეები, ჩამოვლენ აგრეთვე ჩვენი და აფხაზეთის საერთო მეგობრები. ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, მათი აქტიურობა და დახმარება, მათ შორის, დეპუტატებისა (ასეთი განწყობილება არის, როგორც ბატონმა შუმეიკომ და სხვებმა მითხრეს), უდავოდ, დადებითად უნდა აღვიქვათ.
გენერალ კონდრატიევთან გვაქვს საქმიანი კონტაქტები, მას არაერთხელ შეხვდნენ ბატონები ჯაბა იოსელიანი, სანდრო კავსაძე. თბილისში მისი ჩამოსვლა ახლა აუცილებლობით არ არის გამოწვეული. თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, ეს ვიზიტიც შესაძლებელია.
რაკი სიტყვა ვიზიტებზე ჩამოვარდა, არ შემიძლია არ გავიხსენო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის გრაჩოვის ჩამოსვლა, მოლაპარაკებათა სერია, რომელიც უაღრესად ნაყოფიერი იყო. ვფიქრობ, ამ დღეებში რუსეთის დიპლომატიური აქტიურობის მოწმენი ვიქნებით ამ და სხვა საკითხებშიც. რუსეთმა და საქართველომ, რაღა თქმა უნდა, ისტორიული პასუხისმგებლობა იკისრეს და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორივე მხარე აღმოჩნდება ამ ისტორიული მოწოდების სიმაღლეზე არა მარტო ჩვენი ხალხების, არამედ მსოფლიოს წინაშე.
რაც შეეხება ცხინვალს, ეს პროცესი დაგომისში დაიწყო. მას გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვა. ახლა დადგა დრო, შევუდგეთ აქტიურ მუშაობას ამ კონფლიქტის მოსაწესრიგებლად. აფხაზეთის გამოცდილება, ისევე როგორც ყველა სხვა მოლაპარაკების პროცესი, გაკვეთილი, ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნება. მჯერა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაც შორეული პერსპექტივის საგანი არ არის. ეს ახლო მამავლის საქმეა. დასაწყისი ცუდი როდია. იგი იმას მოწმობს, რომ ორივე მხარეს - ქართველებსაც და ოსებსაც, მოსწყურდათ მშვიდობა და ჩვენ აქეთკენ დაბეჯითებით მივდივართ.
- ამ დღეებში, თუ შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებით გააქტიურდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ძალიან აღელვებს ხელისუფლების საკითხი. როგორ ფიქრობთ, რატომ გამძაფრდა მაინცდამაინც ამ პერიოდში ასე საპარლამენტო კრიზისი, რატომ დაჩქარდა იგი ამ ეტაპზე?
- ოპოზიციის აქტიურობა ყოველთვის გასაგებია სხვადასხვა ტალღის ფონზე. რაც შეეხება ოპოზიციის არც ისე მნიშვნელოვანი ნაწილის აგრესიულობას, რომელიც ზოგიერთისთვის ძნელად ასახსნელია, მე იმით ვხსნი, რომ ეს გამოწვეულია ქვეყანაში სტაბილური ტენდენციის ჩამოყალიბებით. ისინი ნერვიულობენ.
- რამდენიმე დღეში თბილისში გაიხსნება შავი ზღვის ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ალბათ, სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინათ, წარმოუდგენლადაც კი მოგვეჩვენებოდა, რომ თბილისში გამართულიყო რაიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ კრიმინოგენული სტაბილურობის ნიშნები ქვეყანაში უკვე გაჩნდა. გასულ კვირას თავდაცვის სამინისტრომ ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ერთად განახორციელა ოპერაცია, ამჯერად თბილისში. ზოგიერთი სამსახურის ერთგვარი უმოქმედობისა და მხოლოდ დაპირებების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს აქტიურობა თვალსაჩინოა.
- შავი ზღვის ქვეყნების ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტების შეხვედრას, უდავოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს. გარკვეულად ამ ორ დღეში შეჯამდება გზა განვლილი სტამბოლიდან თბილისამდე. ეს საკმაო დროა, სათქმელი და გასაკეთებელი ბევრია. დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადი წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ჩამოვლენ და აქტიურად იმუშავებენ ამ შეხვედრაში. თავისთავად, ასეთი შეხვედრის თბილისში გამართვა მხოლოდ გარკვეული სტაბილურობის პირობებში იყო შესაძლებელი. ვფიქრობ, თვით კონფერენციის გამართვის ფაქტიც სტიმული იქნება წესრიგის განმტკიცებისათვის ბრძოლაში.
ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პოლიციის მიმართ მადლიერების სიტყვები უნდა ითქვას. მათ შორის, იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბოლო დღეებში განხორციელდა თბილისში. მართლწესრიგის შესახებ ჩვენ საუბარი გვექნება 8 ივლისს, როცა შეჯამდება 6 თვის შედეგები - ვილაპარაკებთ ყველა სტრუქტურის შესახებ. ვფიქრობ, იქნება გამოთქმული საინტერესო მოსაზრებები, რომ ეს დადებითი ტენდენციები განმტკიცდეს და ახალი ამოცანები ჩამოყალიბდეს.
ახლა, ძირითადად, ასეთი მასშტაბური ოპერაციებიდან, რომლებიც მომავალში იქნება საჭირო, უფრო მეტად, უნდა გადავიდეთ მუშაობაზე რაიონებში, ქალაქებში, საცხოვრებელ უბნებში და, როგორც იტყვიან, თითოეულ ოჯახამდე უნდა მივიდეთ, რათა თითოეული ოჯახი, თითოეული მოქალაქე გრძნობდეს უსაფრთხოებას, გრძნობდეს, რომ სახელმწიფო მას იცავს. ვგონებ, ჩვენ თანდათანობით მივდივართ აქეთკენ.
- იმ გარკვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, მნიშვნელოვან ფინანსურ წრეებთან და წარმომადგენლებთან ნებისმიერ შეხვედრას იმედით ელის ჩვენი მოსახლეობა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია. გუშინ თქვენ შეხვდით მათ. არის რაიმე პერსპექტივა? ხომ არ არის რაიმე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქებს ამ მძიმე პირობებს?
- მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში შევიდა, ჯერ კიდევ ჩემი ვიზიტის დროს ვაშინგტონში. მანამდეც იყო ვიზიტები, ღონისძიებები, მაგრამ ეს, ძირითადად, დაკავშირებული იყო ჩვენი ქვეყნის წევრობის გაფორმებასთან. ეს ნაყოფიერი მოლაპარაკება იყო ამ ორი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, როგორც ბანკის, ისე სავალუტო ფონდის მთელ შემადგენლობასთან. ამ მოლაპარაკების შედეგად, საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე მისია, რომლებმაც მოამზადეს წინადადებანი შემდგომი წინსვლისათვის, ჩვენ ურთიერთობაში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისათვის.
თემურ ბასილიასა და ნოდარ ჯავახიშვილის ახლანდელი ვიზიტი, ჩემი შეფასებით, უდავოდ, ნაყოფიერია. ვაშინგტონში ერთხმად აღნიშნავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური და კრიმინოგენული სიტუაციის სტაბილურობა, რომელიც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, თუ გარანტირებული სტაბილურობის მისაღწევად ჩვენი ძალისხმევა არ შესუსტდება, მაშინ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაახლოებით შემოდგომისათვის, ან ცოტა უფრო ადრე, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას. ეს იქნება ქვეყანაში ამჯერად უკვე ფინანსური სტაბილურობის ფაქტორი, გარკვეული გარანტი.
- გასულ კვირას, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - რუსეთი შეუერთდა ინიციატივას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. დღეს, საბედნიეროდ, აღარავის უკვირს, რომ ქვეყანა, რომელიც ვარშავის ხელშეკრულების ღერძი, ამერიკის შეერთებული შტატების, მთელი კაპიტალისტური სამყაროსა და, განსაკუთრებით, ნატოს იდეოლოგიური მტერი იყო, უეცრად შეუერთდა ამ ინიციატივას. როგორ შეაფასებდით რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, იმ დიდი მოსამზადებელი პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც მას უძღოდა წინ?
- წინა გამოსვლებში მქონდა შესაძლებლობა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მივსალმებოდი რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ელცინის გამონათქვამს, თავდაცვის მინისტრის ბატონ გრაჩოვის შეფასებებს მის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. ახლა მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრია კოზირევმა ხელი მოაწერა ამ ინიციატივას.
ერთხელ კიდევ მივესალმები რუსეთის შეერთებას ამ ინიციატივასთან და მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია პოსტკომუნისტური ეპოქის მსოფლიოს ახლებური მოწყობისაკენ.
„რუსეთმა და საქართველომ ისტორიული პასუხისმგებლობა იკისრეს, და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორივე მხარე აღმოჩნდება ამ ისტორიული მოწოდების სიმაღლეზე არა მარტო ჩვენი ხალხების, არამედ მსოფლიოს წინაშე“ / შევარდნაძე ე. ; ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 28 ივნისი. - N116 (918). - 1 გვ.
![]() |
77 ერთიანობა აფხაზეთის დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენის უპირველესი პირობაა |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 4 ივლისის რადიოინტერვიუ
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ყურადღება აფხაზეთისკენ არის მიპყრობილი. ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო. ინტერვიუს ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა.
- გასული კვირა, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა აფხაზეთის ამბების გამო. იმის მიუხედავად, რომ აფხაზებმა სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვიეს, ცეცხლი გაუხსნეს კოდორის ქართულ სოფლებს, აფხაზეთიდან დევნილი ქართველობა მაინც იმედს არ კარგავს, აფუძნებენ სახალხო მოძრაობას „მშობლიური და მშვიდობიანი აფხაზეთისათვის“. ზუგდიდში ჩადიან ქართველი და რუსი ოფიციალური პირები, კოზირევთან შეხვედრაზე უარს აცხადებს არძინბა. ნაღმზე აფეთქებული ქალის მისაშველებლად მისულ რუს სამხედროებს აფხაზები ცეცხლს უშენენ. და კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია: გაეროს მანდატის მიღებასთან დაკავშირებით, კოზირევმა მოუწოდა გაეროს განზე გადგომისა და ჭკუის სწავლების ნაცვლად აქტიური ნაბიჯები გადადგას. რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას, მართლა იყო თუ არა პასიური გაერო და დასავლეთი ამ პროცესში? თუ, ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს და ამ გარეგნული პასიურობის კომპენსაცია სხვაგვარად ხდება?
- ზუგდიდში გამართულ ყრილობას - სახალხო მოძრაობას, რომელსაც დაარქვეს „მშობლიური და მშვიდობიანი აფხაზეთისათვის“ - მივესალმები. ყველაფერი, რაც სოლიდარობისა და ერთიანობისათვის არის გამიზნული, უდაოდ, იმსახურებს ჩვენს დიდ მხარდაჭერას. აფხაზეთის მოსახლეობის ერთიანობის გამთიშველებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს საქართველოს და თავის თავსაც. ასე იყო ეს სოხუმის დაცემისა და, საერთოდ, აფხაზეთის ტრაგედიის ყველა ეტაპზე. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის გამთიშველი: ექსპრეზიდენტის მონები თუ პარლამენტში წარმოდგენილი ზოგიერთი ცალკეული ძალა? ერთიანობა დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენის უპირველესი პირობაა.
რაც შეეხება პირველ დღეებში ზოგიერთ გართულებას, უნდა ველოდოთ, რომ გართულებები კიდევ უფრო სერიოზული იქნება შემდგომ ეტაპზე. იქნება პროვოკაციების მცდელობა რუსეთის სამშვიდობო ძალების, ქართველი მოსახლეობის მიმართ და ამ პროვოკაციების მთავარი მიზანი იქნება ჩაშალონ სამშვიდობო მისია.
გაერომ უდაოდ შეასრულა გარკვეული დადებითი როლი. უსამართლობა იქნება, რომ არ ითქვას, ეს. მაგრამ, ამასთან, საგულისხმო და აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია ძველი სტანდარტებისა და ტრადიციების შესაბამისად, მოქმედებდა, რომელიც დამკვიდრებულია წესდებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების ბაზაზე. იმას, რაც გაერომ საქართველოსათვის გააკეთა, სერიოზული მნიშვნელობა ექნება მომავლისათვის. კარგია, რომ გაერომ ბოლო ეტაპზე მხარი დაუჭირა რუსეთის სამშვიდობო მისიას, თუმცა, ეს მხარდაჭერა, საკმაოდ ზოგადია და დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ისეთი განწყობილება იყო, რომ გაეკეთებინათ ზოგადი, ნეიტრალური, ვიტყოდი, ვეგეტერიალური ჩანაწერი - გაერო იღებს ცნობად, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ასეთ მისიას ახორციელებს. სწორედ რუსეთის დელეგაციის აქტიურობის შედეგია ის, რომ გაერომ მხარი დაუჭირა ამ ღონისძიებას. გაეროსათვის ასეთი კონფლიქტები ყოველდღიური სამუშაოა და ის ტემპი, დინამიზმი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ზოგჯერ მათთვის გაუგებარიც კი არის. ამიტომაც, დღეს, სწორედ, სხვაგვარ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. მაგრამ, რაც გააკეთეს და გააკეთებენ, ამისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ. კერძოდ, განსაკუთრებით, მხედველობაში მაქვს მეთვალყურეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმი, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას. ის, რაც არის, საკმარისი არ არის. ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მუშაობა, როგორც არაერთხელ მითქვამს, ძალიან სერიოზული ინსტიტუტია, განსაკუთრებით, მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, მიღებული რეზოლუციები საკმაოდ მყარი სამართლებრივი ბაზაა კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისათვის. ვფიქრობ, გაეროს აქტიურობა მომავალშიც არ შესუსტდება. გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი ბატონი ბრუნერი საქართველოში იმყოფება. იგი გუშინ შეხვდა ბატონ ჯაბა იოსელიანს, ჩვენი დელეგაციის სხვა წვერებს, ჰქონდათ სერიოზული საუბარი. იგი შეხვდება აგრეთვე პარლამენტართა ერთ ჯგუფს, მათ შორის იმ ჯგუფს, რომელიც საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი სამშვიდობო მისიის მიმართ. ვფიქრობ, გულახდილი და საინტერესო საუბარი გაიმართება. ბატონ ბრუნერს მეც შევხვდები.
ბოლო რეზოლუცია ადასტურებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში საქმე გვაქვს მართლა სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ექსპერიმენტთან, რომელშიც ძირითადად პასუხისმგებლობას რუსეთი კისრულობს. ამ სამშვიდობო მისიის დაწყებისა და პასუხისმგებლობისათვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთის ხელმძღვანელობასა და დიპლომატიას ქართველებიცა და აფხაზებიც, ამ კუთხიდან დევნილი რუსებიც, სომხებიც, ბერძნები თუ ებრაელებიც, ყველანი იმედის თვალით შეჰყურებენ.
რუსეთი რომ ძალიან სერიოზულად უყურებს, აფასებს და ესმის ამ მისიის მნიშვნელობა, რუსეთისთვისაც, კავკასიისთვისაც და საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბითაც, ამაზე ბატონი კოზირევის სპეციალური ვიზიტი მეტყველებს. ეს ვიზიტი გაანგარიშებული იყო არა იმდენად ბისეკის შეხვედრაში მონაწილეობისათვის, რამდენადაც ჩვენთან მოლაპარაკებაზე. კოზირევს დაგეგმილი ჰქონდა აფხაზებთან შეხვედრა. არ მინდა ამაზე რაღაც პოლიტიკა ავაგო, მაგრამ უნდა გამოვთქვა გულისტკივილი, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართა. შესაძლოა, იგი სასარგებლო ყოფილიყო.
მინდა გაგახსენოთ თავდაცვის მინისტრის ბატონ გრაჩოვის სტუმრობა საქართველოში, მისი პირველი მოადგილის კონდრატიევის ვიზიტი აფხაზეთში, სხვა უმაღლესი რანგის სამხედროების ჩამოსვლა. ამ ბოლო აქციის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ რუსეთის პრეზიდენტი ბატონი ბორის ელცინი, პრემიერ-მინისტრი ბატონი ჩერნომირდინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები. ვფიქრობ, თუ რუსეთი ასე ინტენსიურად განავითარებს თავის აქციას, საქმე ცუდად არ უნდა დამთავრდეს.
- გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს - შავი ზღვის ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივები აქვს ბისეკს და თანდათანობით ხომ არ იძენს იგი პოლიტიკურ აქცენტს?
- ბისეკი უწინარესად ეკონომიკური ალიანსია. დარწმუნებული ვარ, რომ მას უდაოდ დიდი მომავალი აქვს. თუ იგი გაძლიერდება როგორც ეკონომიკური ორგანიზაცია, ეს თავისთავად მოასწავებს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს შეიძენს. ეს არის სწორედ ბისეკის საქმიანობის პოლიტიკური ასპექტი. აქვე მინდა აღვნიშნო თურქეთის მთავრობის განსაკუთრებული აქტიურობა და მივესალმო მას. შავიზღვისპირა ქვეყნების სერიოზული ეკონომიკური თანამშრომლობა იქნება ამ ქვეყნებში პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია.
- გასულ კვირას პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის წარმოდგენილი საკმაოდ მძიმე ბიუჯეტი. დამუშავდა რამდენიმე საინტერესო ეკონომიკური დოკუმენტი. იმედისმომცემი შედეგებით დაბრუნდნენ ამერიკიდან ვიცე-პრემიერი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი...
- ბიუჯეტის დამტკიცება დროულად უნდა მომხდარიყო. ბიუჯეტი ახლა კიდევ უფრო დამძიმდა მისი დამტკიცების გაჭიანურების გამო. ეს რომ დროულად მომხდარიყო, დანაკარგები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. სამწუხაროდ, პარლამენტში ჭეშმარიტების გარკვევა რთული საკითხია და ხშირად, ცალკეული პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესები ჭარბობენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაშიც ძალიან ბევრი რამ დაიკარგა. მაგრამ მაინც, ახლა შედარებით უკეთესი პირობებია ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებისათვის.
ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ, მსოფლიოს ბანკთან და სავალუტო ფონდთან დაიწყო ეფექტიანი თანამშრომლობა. უდაოდ შედეგიანი იყო ბატონების ბასილიასა და ჯავახიშვილის დიალოგი და ამას უნდა მოჰყვეს ჩვენი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გააქტიურება. ახლა საქართველოში რამდენიმე დელეგაცია იმყოფება.
შემოდგომისათვის ამ ორგანიზაციებისაგან უნდა ველოდოთ სერიოზულ მატერიალურ-ფინანსურ მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის უპირველესი პირობაა სტაბილურობის შენარჩუნება და განმტკიცება. ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, მათ შორის, ოპოზიციის ყველაზე აგრესიულმა ფრთამ, ერთობლივი ძალით, სტაბილურობის გზით ქვეყანა კრიზისიდან გამოვა.
- გამოცხადებული საპარლამენტო არდადეგების მიუხედავად, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ამ კვირის ხუთშაბათს - საპარლამენტო სხდომების დღეს - მაინც აპირებს შეკრებას. მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიერ გამოცხადებული მიტინგი. რას აპირებს ხელისუფლების მეორე ნაწილი - უმაღლესი ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები?
- ხელისუფლებისა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამუშაოდ და სამოქმედოდ არის განწყობილი. ახლა მე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის სფეროში კანონების იმ პროექტებზე, რომელთა მიღებაც პარლამენტში გაჭიანურდა, არ მოხერხდა, რაც ახლა შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცეს, განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ამ სტაბილურობასა და სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით უცხოეთის ბიზნესმენთა შორის საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა. ძალიან სერიოზულად ვემზადებით ზამთრისათვის, ვფიქრობთ, ვმუშაობთ, ვთათბირობთ და რაღაც რეზერვებს ვპოულობთ. ვაჯამებთ წესრიგის დაცვის საქმეში შესრულებულ სამუშაოს. ის ნაწილი კი, ვინც თქვენ გყავთ მხედველობაში, მიტინგებზე ფიქრობს. რა გითხრათ, მიტინგები ლიმიტირებული არ არის, ვნახოთ, რას მიაღწევენ.
- 8 ივლისს იმართება სამართალდამცავი ორგანოების დიდი თათბირი. პრეზიდენტმა ელცინმა ბანდიტიზმთან ბრძოლის ფედერალური პროგრამის განხორციელება დაიწყო. საქართველოშიც ხომ არ უნდა ველოდოთ ამ ტიპის ღონისძიებებს?
- ამ თათბირისათვის სერიოზულად ვემზადებით. გაიმართა წინასწარი შეხვედრები და იგი მოასწავებს წესრიგის განმტკიცების ახალი ეტაპის დაწყებას. ახლა ამას ვეღარავინ უარყოფს, რომ გარკვეული სამუშაო შესრულდა და ქვეყანა ცოტათი მაინც მოწესრიგდა. ამჯერად ლაპარაკი იქნება ახალ ეტაპზე. შეიძლება თათბირს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების გამოქვეყნება მოჰყვეს, რომელიც სწორედ ამ ახალ ეტაპს შეესაბამება და მის შინაარსს განსაზღვრავს. ასეა, პრინციპში - ჩვენ საქმესა და წესრიგზე ვფიქრობთ, ოპოზიციის ნაწილი - მიტინგებზე. ვნახოთ, ხალხი ვის დაუჭერს მხარს. ამ მხარდაჭერის ადეკვატური იქნება ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯებიც.
კვირას, 3 ივლისს, რუსთავში გამართული არჩევნების შესახებ, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- წინასწარი მონაცემებით, ვიცი, რა რაოდენობის ხალხი მონაწილეობდა არჩევნებში. ჩემთვის ეს იყო მთავარი, და არა ის, თუ ვის აირჩევენ. პრინციპში რუსთავის არჩევნები, წინანდელიცა და გუშინდელიც, ღრმად ჩაფიქრების საგანი უნდა გახდეს. ვიმეორებ, მნიშვნელობა არა აქვს, ვის აირჩევენ. თუკი კანდიდატურა რეგისტრირებულია და კანონი არ არის დარღვეული, ხალხმა უნდა აირჩიოს ის, ვისაც ენდობა. მთავარია, რა გზებით, რა ხერხებით ხდება ყოველივე ეს. ბევრი რამ არის საფიქრალი მომავალი არჩევნების დებულებაზე. მანკიერი დებულება, რომელიც შესაძლებლად თვლის დეპუტატის არჩევას თუნდაც არჩევნებში მონაწილეობდეს მოსახლეობის 8-15 პროცენტი, უდავოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ამას სამომავლოდ ვლაპარაკობ, მომავალი არჩევნები მაქვს მხედველობაში და არა რუსთაველთა გამოხატული ნება.
- გასულ კვირას თქვენთან გაიმართა თათბირი, სადაც სჯა-ბაასი იყო საქართველოში ნავთობზე უცხოური ინვესტიციების დაბანდებასთან დაკავშირებით. ამით დაინტერესებული არიან ინგლისური კომპანიებიც. რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი?
- ოთხმოციან წლებში ნავთობის მოპოვება ჩვენთან 3 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენდა. ახლა რომ ამდენი ნავთობი გვქონდეს, როგორც იტყვიან, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მდგომარეობიდან გამოვიდოდით. შემდეგ ეს საქმე მიატოვეს და ამისათვის არც არავის ეცალა. მჯერა, რომ საქართველოში არის ნავთობიცა და გაზიც. და ეს არა მარტო რწმენაა, ასეთ მონაცემებს იძლევა მეცნიერება, გეოლოგია, გეოფიზიკა. უცხოეთის ძალიან ავტორიტეტული სამი ფირმის აზრიც ასეთია. ეს ფირმები ამ დღეებში იწყებენ ბურღვითს სამუშაოებს. მაქვს სერიოზული შედეგების იმედი, მაგრამ აქაც წესრიგის პრობლემაა. ხვალიდანვე უნდა შესრულდეს კანონები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო ნავთობსადენების, ჭაბურღილების, ნავთობსაცავების დაცვისა და ნავთობის დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. არ მინდა წინასწარ გავაკეთო სენსაციური განცხადებები, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი დალოცვილი მიწის წიაღში ეს სიმდიდრეც ინახება და იგი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული.
ერთიანობა აფხაზეთის დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენის უპირველესი პირობაა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 ივლისი. - N121(923). - 1 გვ.
![]() |
78 „ხელისუფლებამ, ხალხმა უნდა იმუშაონ, შრომა იხსნის ქვეყანას“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 11 ივლისის რადიოინტერვიუ
- დღეს სოჭში განახლდება მოლაპარაკება აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რამდენად აქვს საფუძველი გარკვეული ძალების მიერ გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი ჩიხში შედის? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში თქვა:
- აფხაზეთის პროცესი ახლა იწყება. სამშვიდობო ძალების არსებულ კონტინგენტს ახალი რეზერვები დაემატება. ასეთი შევსების აუცილებლობაზე აფხაზური მხარეც თანხმდება. პრაქტიკულად, ამის შესახებ მოლაპარაკება უკვე გაიმართა. არცთუ წარუმატებლად წარიმართა მოლაპარაკება კოდორის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოხალისეთა მეთაურებთან, მეორე მხარის წარმომადგენლებთან, რომლებსაც იქ შეიარაღებული რაზმები ჰყავდათ. ვფიქრობ, კარგი დასაწყისია. ამის გარანტია ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების ქვეგანაყოფებმა უკვე დაიწყეს მოქმედება. საკმაოდ საინტერესო იყო ჯაბა იოსელიანის, ჩვენი დელეგაციის შეხვედრები სოჭში. დამთავრდა ენგურის ხიდის აღდგენა, გაიხსნა საკონტროლო პუნქტები, მოგვარდა გაეროს ლტოლვილთა კომისრის საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალი, ერთი შეხედვით, ტექნიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დაიბეჭდა ლტოლვილთა დაბრუნებისათვის აუცილებელი შესაბამისი ბლანკები, რომლებსაც ამ დღეებში ჩამოიტანენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა გაეროს ხაზით შესაბამისი ფინანსები და დახმარება მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც დაბრუნდება.
შემთხვევითი არ იყო საქართველოში ბატონ ბრუნერის სტუმრობა, შეხვედრები აქაც და აფხაზურ მხარესთანაც. მზადდება უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია. მუდმივი კონტაქტები გვაქვს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მის პირველ მოადგილესთან და მათთან, ვინც ამ საქმეშია ჩართული.
ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც კრიზისი დაიწყო, ზედმეტია. თუმცა სერიოზული სიძნელეები, როგორც არაერთხელ ითქვა, უდავოდ იქნება ამ რთულ გზაზე, რისთვისაც ყველანი მზად ვართ.
- რუსეთი ბოლო ხანებში საკმაოდ აქტიურობს დიპლომატიურ ასპარეზზე და სამშვიდობო ქულებს იწერს: აფხაზეთის პროცესი, ბოსნიის პროცესი, იემენი და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლატვიაში ვიზიტისას რუსეთის ფაქტორს მიაპყრო ძირითადი ყურადღება, და ბოლოს: გუშინ დასრულებული დიდი შვიდეულის შეხვედრა, სადაც რუსეთი შარშანდელ ტოკიოს შეხვედრასთან შედარებით სრულიად განსხვავებული და მაღალი სტატუსით იყო წარმოდგენილი. რა ხდება? რუსეთი იცვლება და ამაში მას მსოფლიოს უპირველესი სახელმწიფოები უწყობენ ხელს, თუ მსოფლიო უკვე მეორედ უშვებს საბედისწერო შეცდომას რუსეთთან დაკავშირებით?
- ვიდრე უშუალოდ ამ კითხვას ვუპასუხებდე, მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კლინტონმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებულად აღნიშნა რუსეთის ფაქტორი, ეს უდავოდ მისასალმებელია. მან საჭიროდ ჩათვალა სწორედ ეს ფაქტორი აღენიშნა ხაზგასმით.
მე კვლავ ვუბრუნდები იმას, რაც წინათ მითქვამს: მსოფლიო არ აღმჩნდა მზად იმ გიგანტური ძვრებისათვის, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ბოლო ათწლეულში მოხდა, და, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში და ა. შ. ამიტომაც მსოფლიო საზოგადოებრიობის, მათ შორის, „შვიდეულის“ მოქმედება არ იყო იმ მოვლენების, ძვრების ადეკვატური, რაც მოხდა ბოლო ათწლეულში. ვფიქრობ, ამას თვითონაც ხვდებიან.
ახლა თანდათანობით უახლოვდებიან იმ მოდელს, რომელიც ადრე უნდა შექმნილიყო და რომლისთვისაც მზად უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ეს მოდელი ძალიან შორს არის სრულყოფისაგან. დაგვიანებამ დიდი მსხვერპლი და წვალება მოუტანა ხალხებს, ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუნდაც გაბედული ეკონომიკური ინექციების განხორციელების ხარჯზე, არა მარტო რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ამას საჭიროებდნენ. რას იზამთ, ახლა წარსულზე ფიქრი და საუბარი ბევრს არაფერს მოგვცემს.
ნეაპოლის შეხვედრა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საკმაოდ ფრთხილი, მაგრამ მაინც ნაბიჯი წინ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ „შვიდეულის“ თუ „რვათა“ (თუ ახლა ასე ვიტყვით) ყურადღების მიღმა არ დარჩებიან ქვეყნები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შედიოდნენ. ჩვენ ასეთ ყურადღებას მოვითხოვთ და ვიმსახურებთ კიდეც.
- გასულ კვირას გაიმართა მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელზეც არცთუ დამაიმედებელი პროგნოზები მოვისმინეთ მომავალ ზამთართან დაკავშირებით. თქვენ იქ ბრძანეთ, რომ მალე ჩვენთან მუშაობას დაიწყებს ნავთობმომპოვებელი ინგლისური ფირმა, და იმ ადგილებში, სადაც ნავთობის მოპოვება მოხდება, სრული წესრიგი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელები არ შემოვლენ. თუ ათი დღის განმავლობაში სრული წესრიგი არ აღდგება, ის პირები, ვისაც ეს ეხება, თანამდებობებს დატოვებენ. რა ვითარებაა დღეს? ეს ვადა ხუთშაბათს გადის. შესრულდება თქვენი დაპირება თუ მდგომარეობა უკვე შეიცვალა?
- ზამთრის მზადებასთან დაკავშირებით შემუშავდა პროგრამა, შეიქმნა სპეციალური კომისია პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას ხელმძღვანელობით. შეიძლება ჩემთან შევქმნა პატარა ჯგუფი საკმაოდ ავტორიტეტიანი სპეციალისტებისა, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ, როგორ სრულდება მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებები ამ საკითხზე.
რაც შეეხება ნავთობის საბადოებსა და პერსპექტივას, ამასთან დაკავშირებით მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი. საკმაოდ იმედის მომცემი მონაცემებია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ იქნება მუშაობის ნორმალური პირობები, ამ წლის ბოლოსა და მომავალი წლისათვის შეძლება სერიოზული საკუთარი რესურსი გაგვიჩნდეს, რაც ასე სჭირდება ქვეყანას და ჩვენთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია. 100-200-300 ათასი ტონა ნავთობიც რომ მოემატოს ჩვენს რესურსებს ამ ეტაპზე, ესეც ხსნა არის. ყოველ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ზოგი გადაუდებელი საქმე შეიძლება დაუბრკოლებლივ შესრულდეს.
ნავთობის საბადოებსა და ნავთობსადენებზე წესრიგი უნდა დამყარდეს. დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ძალიან ნელა. მე ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები. უბრალოდ მივიღებ გადაწყვეტილებას იმ პირთა სამუშაოდან გადადგომის შესახებ, რომლებსაც დავალება მიცემული აქვთ და მას არ ასრულებენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ხელმოწერილია, პარლამენტს კანონი მიღებული აქვს, დარჩა ის, რომ პასუხი მოვთხოვოთ შემსრულებლებს - გამგებლებს, რაიონული პოლიციის ხელმძღვანელებს, პროკურორებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელსაც ეს დავალებული აქვს, თუ თვითონ ნავთობმომპოვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. ყველას მოეთხოვება პასუხი მთელი სიმკაცრით.
საერთოდ კი დიდი ხანია დადგა დრო, როგორც ამას უკვე ხალხი ამბობს, რომ კანონმა იკანონოს, ყველა უნდა შეეგუოს ამ აზრს - მინისტრი იქნება იგი, დეპუტატი, თუ სახელმწიფოს რიგითი მოხელე.
- გასულ კვირას კანონის უზენაესობაზე კიდევ ერთხელ იყო საუბარი სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირზე, სადაც თქვენ თქვით, რომ იწყება დამნაშავეობასთან ბრძოლის ახალი ეტაპი. გარკვეული სტაბილიზაცია მართლაც შეინიშნება, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ძალიან ბევრია. თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.
ამასწინათ დააკავეს ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი მომხრე ვახტანგ ქობალია. უკვე ისმის ხმები, რომ მასაც გამოუშვებენ ციხიდან, ისევე როგორც მის წინამორბედებს...
- კვლავ ვადასტურებ, რაც ვთქვი ამასწინანდელ თათბირზე. საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები. კიდევ ერთხელ ვეპატიჟები ნებისმიერ კომისიას, რომელი რანგისაც უნდა იყოს, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლებს, ჩამობრძანდნენ, გაერკვნენ, მათ განკარგულებაში გადაცემული იქნება ყველა მასალა, შეხვდნენ თვით ამ პატიმრებს და დარწმუნდებიან, რომ ეს ასეა. ხოლო, ვისაც სურს მკვლელები, ტერორისტები, დივერსანტები, სახელმწიფოს მოღალატენი, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ ქვეყნის დასაშლელად, დასაქცევად და დასაქუცმაცებლად, პოლიტპატიმრებად მონათლონ, მათ, მგონია, საკუთარი ცოდვების გამოაშკარავების ეშინიათ. ჩვენთვის კი მთავარია, ყველაფერი გამომზეურდეს, ყველა სახე დავინახოთ. ჩვენ ბევრს მივუტევეთ, შევუნდეთ, შეიძლება მომავალში ესეც დაგვჭირდეს, მაგრამ ახლა ყველაფერზე სიმართლე უნდა ითქვას, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს, მისაზღავი ყველას უნდა მიეზღოს. სამართალი არა მარტო ლოთი ქობალიას მოჰკითხავს, და დარწმუნებული ვარ, მოჰკითხავს კიდეც. მისი პირადი ნამოქმედარის ამსახველი მასალები, რომლებიც არსებობს, ალბათ, ათას კაცს ეყოფოდა ცოდვად და უბედურებად. ახლა ამ ფონზე ბევრია აფორიაქებული და უნდა იყოს კიდეც აფორიაქებული. ვისაც ქვეყნის წინაშე ცოდვა არ ჩაუდენია, შეუძლია მშვიდად იძინოს. ვინც ცოდვა ჩაიდინა, სინდისი გაყიდა და ქვეყნით ივაჭრა, რა თქმა უნდა, მათ, ადრე თუ გვიან სამართალი მოჰკითხავს.
- გასულ კვირას გაიმართა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის ორი მიტინგი, რატომ დაირღვა კანონი 7 ივლისს და რატომ შესრულდა იგი 9 ივლისს? ვგულისხმობ იმას, რომ მერიის განკარგულებით გამოყოფილი იყო გარკვეული ტერიტორიები, სადაც შეიძლებოდა მიტინგების მოწყობა. მიუხედავად ამისა, 7 ივლისს გაიმართა იქ, სადაც არ შეიძლებოდა, 9 ივლისს კი აკრძალეს. ასევე გთხოვთ, მისეცეთ შეფასება ამ დღეს სამი ჟურნალისტისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს...
- სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ რაიონებისა და ქალაქების გამგებლებს, შესაბამის სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს მიეცათ ყველა უფლება იმისათვის, რომ წესრიგი დაამყარონ შესაბამის ქალაქებსა და რაიონებში, კანონი არ დაარღვიონ, არ დაარღვიონ კანონი იმათ მიმართაც, ვინც მიტინგს მართავს. რადგანაც მიტინგზეც არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭოს არსებობის დროსაა მიღებული. იქ არის გარკვეული მარეგლამენტირებელი დებულებებიც.
პრესაზე ხელის აღმართვა აღმაშფოთებელია და ვგმობ ასეთ ფაქტებს. ამავე დროს, პოლიცია სწორად მოიქცა, როცა იარაღასხმული, ყოველ შემთხვევაში, ასე მომახსენეს, ავტომატით შეიარაღებული ირაკლი წერეთელი და მისი მძღოლი თავისი მანქანით, რომელსაც საეჭვო ნომრები ჰქონდა (როგორ არის მანქანა შეძენილი, ამას პოლიცია გაარკვევს), მიაბრძანა იქ, სადაც უნდა წაებრძანებინა. პარლამენტმა მიიღო კანონი იარაღის შესახებ. რა გამოვა, თუ ცალკეული პარლამენტარები იჯირითებენ ქუჩებში ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული თავიანთი დაცვით, რომლებშიც ყოველთვის წესიერი ხალხი არ არის და რომლებიც საკმაოდ კარგად იყენებენ თავიანთ მდგომარეობას ისევ ხალხის საზიანოდ. პოლიცია შეასრულებს იმ განაწესს, რომელიც კანონითაა დადგენილი.
აი, ამას მოვითხოვთ პოლიციისაგან.
საერთოდ კი, ის მიტინგები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაიმართა, ჩემი აზრით ანაქრონიზმია. მოსახლეობა პირდაპირ დასცინის მათ ორგანიზატორებს. ისინი მოქმედებენ ძველი თარიღით, ძველი დროით, ძველი, ასე ვთქვათ, „ნაფტალინიანი“ პორტრეტებით, ძველი ლოზუნგებით, გმირებიც თითქმის ერთი და იგივენი არიან. არა მგონია, რომ ამ საკითხზე რაიმე განსაკუთრებული მსჯელობა იყოს საჭირო. გუშინდელ თათბირზე ვთქვი, რომ ხელისუფლებამ, ხალხმა უნდა იმუშაონ, შრომა იხსნის ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს, ასე ვთქვათ, გული ქუჩისაკენ მიუწევთ. რა ვუყოთ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია!
„ხელისუფლებამ, ხალხმა უნდა იმუშაონ, შრომა იხსნის ქვეყანას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 ივლისი. - N122(924). - 1 გვ.
![]() |
79 „თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სტაბილურობისათვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 18 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას ორი წელიწადი შესრულდა ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანიდან და ერთი თვე აფხაზეთის პროცესის დაწყებიდან. რა კონკრეტულ შედეგებზე შეიძლება დღეს უკვე საუბარი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- კონკრეტულ შედეგებზე ლაპარაკი, მგონი, ჯერ მაინც ადრეა. ჯერჯერობით შედეგი ის არის, რომ პროცესი დაიწყო. ამ დღეებში გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება უშიშროების საბჭოსადმი. გუშინ მივიღე უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი - საკმაოდ საინტერესო და ჩვენთვის მისაღები. ეს დადგენილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მიიღებენ, მიესალმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მისიას აფხაზეთში. ეს განსაკუთრებული მოვლენაა და პირველი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხანმოკლე ისტორიაში. ასევე დაიწყო მოლაპარაკება, რათა განხორციელდეს, განახლდეს საკონტროლო კომისიის მუშაობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და შესრულდეს დაგომისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები. მოგვარდა ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარე ლტოლვილთა დაბრუნებისა, ურომლისოდაც, პრაქტიკულად, დაბრუნება შეუძლებელია. მთავრდება ჯარების განლაგება, ზოგიერთი რამ კიდევ არის გასაკეთებელი.
მე ასე ვიტყოდი: მთავრდება სამშვიდობო მისიის პირველი ეტაპი - ორგანიზაციული, ტექნიკური მომზადება, მისი იურიდიული და სამართლებრივი ასპექტები, სხვა საკითხები. მეორე ეტაპის დაწყება, რა თქმა უნდა, უფრო რთული, მტკივნეული იქნება, მაგრამ იგი მაინც დაიწყება უახლოეს დროში. ახლა, როგორც იტყვიან, ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, დამოკიდებული იქნება რუსეთზე, ჩვენს სწორ ურთიერთგაგებაზე, სწორ ურთიერთმოქმედებაზე, შეთანხმებულობაზე და ჩვენ სწორედ ასეთი ურთიერთგაგება გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამჯერად, რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მის პრეზიდენტთან, თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სხვა ხელმძღვანელებთან.
ახლა ჩვენი რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბატონი ნადიბაიძე მოსკოვში იმყოფება. მას აქვს ჩემი სპეციალური დავალებები ამ პროცესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იგი ჩამოიტანს განმარტებას ზოგიერთი საკითხის გამო.
- გასული კვირა, შეიძლება ითქვას, საკანონმდებლო აქტიურობით აღინიშნა. გამოვიდა თქვენი ბრძანებულება „დამნაშავეობასთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ და განკარგულება „რესპუბლიკაში ნავთობისა და გაზის საბადოებზე საძიებო და მოპოვებითი სამუშაოების ეფექტიანი განხორციელების შესახებ“. განხორციელდა ფართომასშტაბიანი ოპერაცია კახეთში. როგორ ფიქრობთ, ეს ერთჯერადი აქცია იქნება თუ ნავთობის მოპოვებაზე მუდმივი კონტროლი დაწესდება.
- წესრიგის განმტკიცებისათვის ზრუნვა ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ უდავოდ ბევრი რამ გაკეთდა. ბევრი გაკეთდა თუნდაც ნავთობის საბადოების ექსპლოატაციასთან დაკავშირებით. ის, რაც ხდებოდა, იმის გამართლება და მასთან შეგუება დანაშაული იქნებოდა კახეთის, მთლიანად საქართველოს, უწინარესად, მოსახლეობის მიმართ, რადგანაც ამან შეიძლება ხალხის ფიზიკური განადგურება გამოიწვიოს, მცენარეულობასა და ცხოველებზე რომ არაფერი ვთქვათ. აი, მარტო ერთი ციფრი, რომელიც მე მომაწოდეს. თქვენს მიერ მოხსენიებული ღონისძიებების შემდეგ ნავთობის ამოღება 50 ტონიდან 300 ტონამდე გაიზარდა, სულ რაღაც ორ-სამ დღეში.
ყოველდღიურად 300 ტონა ნავთობი ჩვენთვის ცოტა არ არის. დარწმუნებული ვარ, შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, როცა უცხოური ფირმები გაშლიან სამუშაოებს, მასშტაბურად დაიწყებენ მოქმედებას, ისინი უკვე შემოვიდნენ და შეუდგნენ საქმიანობას. ახლა მთავარია წესრიგი და მუშაობისათვის ნორმალური პირობების შექმნა. მგონია, რომ ამ წლის ბოლოსათვის შეიძლება მივუახლოვდეთ ნახევარი მილიონი ტონა ნავთობის ამოღების მიჯნას. გაისად შეიძლება ორჯერ მეტიც იყოს, თუ იქნება წესრიგი და კვალიფიციური საქმიანობა ამ სფეროში.
ასეთივე კონკრეტული მიდგომაა საჭირო ცხოვრების ყველა სფეროსადმი. წესრიგის დამყარება, არათუ საჭირო, არამედ საარსებოდ გარდაუვალია ყველა ოჯახის, ყველა მოქალაქისათვის. ამ მიზანს ისახავს ის საგანგებო კომისია, რომელმაც შეცვალა საგანგებო კომიტეტი და რომლის შექმნა ჩემი ბრძანებულებით უკვე გამოვაცხადე.
სამართალდამცავმა ორგანოებმა მოკლე დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს. ეს, ფაქტობრივად, დანგრეული სისტემები იყო. ბევრი თნამშრომელი თავდადებითა და თავგანწირვით ემსახურება ხალხს. სამწუხაროდ არიან უსინდისოებიც, ისეთებიც, ვინც ხელს ითბობს, ქურდობს. ამის წინააღმდეგ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ, პრინციპში, უმრავლესობა მართლაც თავგანწირვით ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ეს უნდა შევნიშნოთ და დავაფასოთ კიდეც.
- გასულ კვირას ჩვენმა სამთავრობო დელეგაციამ საფრანგეთში მონაწილეობა მიიღო დონორი ქვეყნების შეხვედრაში. ამ კვირაში რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს, ფინანსისტებს, ბანკირებს ველოდებით. უნდა გაიმართოს ერთობლივი კონფერენცია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეკონომიკური გამოცოცხლება დაიწყო. იყო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც - კლინტონის წერილი თქვენდამი, რომელშიც საინტერესოდ არის მოხსენებული ევრაზიის დერეფნის იდეა, პერსპექტიული და ბევრისმომცემი ჩვენთვის...
- პარიზში შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვაშინგტონში დაწყებული დიალოგი გრძელდება, ამჯერად უკვე მსჯელობენ კონკრეტულ მიმართულებებსა და კონკრეტულ პროექტებზე. ჩვენმა დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას ხელმძღვანელობით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ეგრეთ წოდებულ დონორ ქვეყნებთან. როგორც ვიცი, პრემიერის მოხსენებაში გამოთქმულ მოსაზრებებს ჩვენი პარტნიორები გაგებით, სიმპათიით, დახმარების სურვილით შეხვდნენ. შედეგიანი იყო მისი ვიზიტი მოსკოვშიც. მთავრდება მის მიერ ხელმოწერილი იმ კრედიტის გაფორმება, რომლის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა თბილისში.
გუშინ შევხვდი მეწარმეთა დიდ ჯგუფს, რომელიც სერიოზულად ემზადება რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შესახვედრად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი თავის საპასუხო წერილში კვლავ გვპირდება დახმარებას, განსაკუთრებით ხორბლით და სხვა საკვები პროდუქტებით მოსახლეობის მინიმალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. პრეზიდენტმა ყურადღება მიაპყრო ჩემი წერილის იმ ნაწილს, რომელიც ევრაზიის დერეფნის მშენებლობას ეხება. ესეც ძალიან საგულისხმო მოვლენაა, რადგან არც ერთი გადაწყვეტილება ამ პრობლემასთან დაკავშირებით არ იქნება მიღებული, თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი პოზიცია არ განსაზღვრა ისე, როგორც რუსეთმა, თურქეთმა და ზოგიერთმა სხვა დაინტერესებულმა ქვეყანამ.
ამ დღეებში ბევრი საინტერესო რამ ხდება ევროგაერთიანებაში. ჩვენი მეგობრების (მხედველობაში მაქვს ევროგაერთიანება) გადაწყვეტილებასაც უნდა ველოდოთ საქართველოსათის დახმარების აღმოჩენის თაობაზე. წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო რაოდენობის, მოცულობისა და იმის შესახებ, თუ რა სახისა იქნება იგი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საგრძნობი დახმარება იქნება, რათა საქართველომ უფრო კარგად გამოიზამთროს, ვიდრე წინა წლებში.
ასე, რომ სტაბილურობის ფაზაში შესვლასთან ერთად გამოცოცხლება დაიწყო ჩვენმა ეკონომიკამაც, განსაკუთრებით ბოლო ორ თვეში. ეს დაეტყო მრეწველობასაც, განსაკუთრებით სოფელს, სადაც ყველა შრომობს და, ვფიქრობ, მოსავალი ცუდი არ იქნება, გაიზარდა უცხოელ პარტნიორთა მზადყოფნაც - დაგვეხმარონ და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ გვინდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სტაბილურობისათვის.
- გასულ კვირას უკრაინასა და ბელარუსში არჩევნები გაიმართა. ხომ არ შეცვლის ამ ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობაში რაიმეს ის ფაქტი, რომ უმაღლესი პოსტები სხვა პოლიტიკოსებმა დაიკავეს?
- მინდა მივესალმო ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის არჩევანს, ასევე ჩვენი ისტორიულად მეგობარი ბელარუსი ხალხის არჩევანს. თუ ახლადარჩეული პრეზიდენტების მიერ ჩამოყალიბებული სამოქმედო პრინციპების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეგობრული და დინამიკური გახდება. მხედველობაში მაქვს ორმხრივი კავშირურთიერთობა და თანამშრომლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში და თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
- გასულ კვირას საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციები მოდიოდა აჭარიდან, მათ შორის მისი ხელმძღვანელისგანაც. ვიცით, რომ იქ ჩასული იყო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, იყო ბატონი ჯაბა იოსელიანიც. რა ვითარებაა ახლა აჭარაში?
ხომ არ არის, თქვენი აზრით, რაიმე კავშირი შემდეგ მოვლენებს შორის: სამშვიდობო პროცესის დაწყება აფხაზეთში; ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგები თბილისში, არეულობის დასაწყისის რაღაც გაუგებარი ნიშნები აჭარაში?
- ძალიან შემაშფოთა ინფორმაციამ, რომელიც ბატონმა ასლან აბაშიძემ და აჭარის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა მომაწოდეს. მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არასტაბილურობის კიდევ ერთი კერის შექმნას საქართველოს ამ ძირძველ რეგიონში. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ პროვოკაციები და სხვა ნეგატიური გამოვლინებანი, საიდანაც და ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, დროულად აღიკვეთოს კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალებით. უდავოდ აღიკვეთება! მივიღე გადაწყვეტილება: ადგილზე გაემგზავრა ვიცე-პრემიერი ბატონი მარგიანი, უშიშროების სამსახურის უფროსი ბატონი გიორგაძე, გუშინ მათ შეუერთდა ბატონი ჯაბა იოსელიანი, ყველაფერში გავერკვევით და ვიმოქმედებთ აჭარის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტით, ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭირო იქნება საქმისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ აჭარაში არეულობის გამოწვევის ყოველგვარი მცდელობა განწირულია ჩასაფუშავად. რაც შეეხება ურთიერთკავშირს დასახელებულ მოვლენებს შორის, ასეთი კავშირის გამორიცხვა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საჭიროა მეტი სიფხიზლე, ეს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება, მეტი სიმტკიცე სახელმწიფოებრივი წესრიგისათვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქმედებისათვის.
- გასულ კვირას ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინიშნენ საქართველოს ელჩები - ბატონები ჯემშიდ გიუნაშვილი და თედო ჯაფარიძე. ალბათ, ესეც შეუწყობს ხელს გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას...
- ელჩების დანიშვნა ახალგაზრდა სახელმწიფოს ცხოვრებაში ძალიან დიდი მოვლენაა, ზოგს ჩვენთან ეს ფუფუნებად მიაჩნია, ღარიბი ქვეყნისათვის ეს იოლი საქმე არ არის. მე მაინც მიმაჩნია, რომ, თუ რომელიმე სფეროშია მომგებიანი ჩვენი ღარიბული ინვესტიციები - ყველაზე მეტად სწორედ ამ სფეროში. რადგან თითქმის ყველგან, სადაც არიან ჩვენი ელჩები, უდავოდ სასარგებლო საქმეს აკეთებენ - ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროებში. მხედველობაში მყავს ელჩები გაეროში, ბონში, პარიზში, თურქეთში, განსაკუთრებით სასარგებლო და შედეგიანია ჩვენი ელჩის მუშაობა ევროგაერთიანებაში - ბრიუსელში. ვერ ვიტყვი, რომ ის საკმაოდ უხვი დახმარება, რომელიც ევროგაერთიანებისაგან მოდის, მხოლოდ ელჩის დამსახურებაა, მაგრამ იგი ძალიან ბევრს აკეთებს, რათა ევროგაერთიანებაში წარმოდგენილი ქვეყნები საქართველოს სასარგებლოდ განაწყოს, ის ასევე ბევრს მუშაობს ნატოსთან, ევროპულ სტრუქტურებთან. არის სურვილი, რომ უფრო უკეთ და შედეგიანად მუშაობდეს მოსკოვის საელჩო. უახლოეს დღეებში დაიწყებს საქმიანობას ჩვენი საელჩო უკრაინაში, აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანში, სომხეთში საელჩოების დაარსების საკითხი. ასე რომ, ჩვენი წარმომადგენლობა საზღვარგარეთ უფრო სრულყოფილი და მასშტაბური ხდება. ვფიქრობ, ეს საკითხი - თუ რას საქმიანობენ ჩვენი ელჩები და საელჩოები საზღვარგარეთ - ცალკე საუბრის თემა უნდა იყოს. განსაკუთრებით შეიძლება ყურადღება მიაქციონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად ბატონ თედო ჯაფარიძის დანიშვნას. აქამდე ბატონი პეტრე ჩხეიძე ასრულებდა ელჩის მისიას ვაშინგტონში და ამავე დროს იგი არის ჩვენი წარმომადგენელი გაეროში. იმდენად რთული და ყოვლისმომცველია ეს საქმიანობა, რომ თვითონ ბატონმა პეტრე ჩხეიძემ დააყენა ფუნქციების გაყოფის აუცილებლობის საკითხი. არ შემიძლია არ ვთქვა იმ ძალიან სასარგებლო საქმიანობაზე, რომელსაც პეტრე ჩხეიძე ეწევა გაეროში - რეზოლუციები, რომლებიც გაერომ მიიღო, მუშაობა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათს წარმომადგენლებთან...
იგი ყოველივე ამას ღირსეულად ასრულებდა.
- გასულ კვირას ფრანგებმა იზეიმეს ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე. იმ დღეს საქართველოშიც რამდენიმე საათის განმავლობაში „პატარა საფრანგეთი“ იყო: გაიმართა საზეიმო მიღება, რომელზეც აღნიშნეთ, ქართველებმა ჩვენი ბასტილია უკვე ავიღეთ და ახლა მუშაობის დრო დადგაო. დიდი ქართველი მოაზროვნე მერაბ მამარდაშვილი, რომლის ხსოვნის საღამოც გასულ კვირას აღინიშნა, ამბობდა: „ახლა რასაც განვიცდი, ეს არის სისხლის ტკივილი, ხანგრძლივი ჯდომის მერე რომ მიდის ძარღვებში. მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ კვლავ აღარ დავჯდებითო“. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ბასტილია ასაღები აღარ გვექნება?
- დიახ, განვაცხადე, ჩვენ ჩვენი ბასტილია ავიღეთ-მეთქი. დარწმუნებული ვარ, სხვა ბასტილია ასაღები აღარ გვაქვს იმ მნიშვნელობით, როგორც ეს მოვლება ცნობილია ისტორიაში. ჩვენი ბასტილია ამიერიდან ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობაა. ამ საშვილიშვილო საქმეში ვთხოვ შემოგვიერთდეს ყველა, ვინც სამშობლოს ბედზე ფიქრობს და სამშობლოზე დარდობს. ის, რაც მერაბ მამარდაშვილის ხსოვნის დღეს ვთქვი, ჩემი გულწრფელი დამოკიდებულებაა ამ უთვალსაჩინოესი მოღვაწისადმი, რომელმაც წარმოუდგენელი მეცნიერული და მოქალაქეობრივი გმირობა მოახდინა და რომელმაც, როგორც ვთქვი, იშრომა, იღვაწა ჩვენს გვერდით და იცხოვრა ოცდამეერთე საუკუნეში.
- გუშინ, ალბათ, მთელი ღამე არ ეძინა არც ერთ ქართველ მამაკაცს, და არა მარტო მამაკაცს. გუშინ დასრულდა მსოფლიოს XV ჩემპიონატი ფეხბურთში. მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში იყო ეს დიდი მოვლენა. თქვენმა გუნდმა თუ გაიმარჯვა?
- მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მეც ვუყურე. ვუყურებდი ამ უდავოდ დიდ სპექტაკლს და, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი ქართულ ფეხბურთზე. მოვა დრო და საქართველოშიც იქნება ამ დონის ფეხბურთი, აუცილებლად იქნება!
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სტაბილურობისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 19 ივლისი. - N127(929). - 1 გვ.
![]() |
80 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!
ძვირფასო სტუმრებო!
რესპუბლიკის ახალი მასობრივი დემოკრატიული მოძრაობის - საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით მოწვეული რუსეთ-საქართველოს შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების საკითხზე, დღეს მუშაობას იწყებს თბილისში.
რუსეთისა და საქართველოს მეწარმეთა კონფერენცია იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი დამოუკიდებელი, მეგობარი სახელმწიფოს საწარმოთა შორის სამეურნეო-საწარმოო ურთიერთობის საბაზრო საფუძველზე აღდგენის გზაზე. ორივე ქვეყნის სამეურნეო მუშაკთა მისწრაფება, ხელსაყრელი ურთიერთობა განპირობებულია არა მარტო პარტნიორობის კეთილი ტრადიციებით, არამედ ობიექტური საჭიროებითაც - ერთობლივი ძალისხმევით ეძებონ იმ მწვავე პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც წააწყდნენ ძირფესვიანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას. სიძნელენი, რომლებიც, ბუნებრივია, წარმოიქმნა ეკონომიკური წყობის საფუძვლიანი სტრუქტურული და სისტემური გარდაქმნის დროს, ბევრად გააძლიერა მტკივნეულმა პროცესებმა, სსრ კავშირის დაშლას რომ სდევდა თან და გამოიწვია არა მარტო სახელმწიფოთაშორისი უთანხმოებანი ცნობილ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ სამეურნეო კავშირურთიერთობის სწრაფი რღვევაც. ეკონომიკური ურთიერთგაუცხოება მეტად საგრძნობი გამოდგა საქართველოსათვის, რომლის ექსპორტისა და იმპორტის დაახლოებით ორი მესამედი რუსეთზე მოდიოდა.
დღეს, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური პრობლემების ურთიერთმისაღები მიდგომების ორწლიანი ძიების, ამა წლის დამდეგს საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბ-ნ ელცინის ვიზიტის დროს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადების შემდეგ, მზადდება ურთიერთეკონომიკური შეღწევის ხელშემწყობი პირობები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაწილეობით აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ღონისძიებათა დაწყების, ეგრეთ წოდებული ოსური პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის ნიშნების გაჩენის შემდეგ მტკიცე საფუძველი ექმნება საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციის, კრიმინოგენული ვითარების გაჯანსაღების პროცესებს. საქართველოს საზოგადოებრიობაში სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს აზრი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის, რუსეთის სახელმწიფოს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაში განმსაზღვრელია საერთო სტრატეგიული ინტერესებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობის გაგება.
რუსეთშიც რწმუნდებიან, რომ ქართველი ხალხი უკვე აღარ ადგას მძლავრი ჩრდილოელი მეზობლისაგან იზოლაციის კურსს, რომელთანაც თანხვედრი ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანები აკავშირებს.
საგულისხმოა, რომ ერთობლივი კონფერენციის გამართვის იდეა შეექმნათ არა მარტო რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკოსებს, არამედ სამეურნეო მუშაკებსაც, რომლებიც უაღრესად დიდად არიან დაინტერესებულნი, რომ განმტკიცდეს და განვითარდეს ზემოაღნიშნული კეთილმეზობლური ტენდენციები, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა. მეორე მხრივ, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს, თუ რაოდენ მძლავრია თანამდეროვე მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციული პროცესები, რომელთა განვითარებას მონაწილე სახელმწიფოთა ინტერესებისათვის ხელი უნდა შეუწყოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ეკონომიკურმა კავშირმა. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ პოტენციალი, რომელიც არის ეკონომიკურ კავშირში, ჯერჯერობით პრაქტიკულად ნაკლებად არის გამოყენებული, ასევე ეკონომიკური კავშირის დებულების რიგი მნიშვნელოვანი პრინციპები ჯერჯერობით წმინდა დეკლარაციად რჩება. ასეთი მდგომარეობის დაძლევას ხელი უნდა შეუწყოს ამ კონფერენციამაც. თუ მისი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგება, ჩვენ კი ამის იმედი გვაქვს, - შემდგომი ჩვენი შეხვედრა გაფართოვდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებიდან მონაწილეთა ხარჯზე.
გამოთქმული იმედის საფუძველია არა მარტო რუსეთის უდაო წინსვლა ეკონომიკის სტაბილიზაციისაკენ, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში, წამყვანი განვითარებული ქვეყნების შვიდეულის მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე მისი მნიშვნელოვანი გავლენის თვალსაჩინო აღიარება, არამედ საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების უკვე მკაფიოდ გამოხატული ტენდენციებიც.
უწინარეს ყოვლისა, კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება მინდა მივაპყრო საკუთრების განსახელმწიფოებრიობის პროცესების განვითარებას. პრივატიზაციის პროგრამამ მოიცვა სახელმწიფო საკუთრების დაახლეობით 5 ათასი ობიექტი, მათგან ჩვენი გაგებით 900 მსხვილი და საშუალო საწარმოს აქციონირება მოხდება. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე კერძოთა ხელში გადავა განსახელმწიფოებრიობას მიკუთვნებული ობიექტების დაახლოებით მესამედი. მაგრამ ასეთი ტემპი ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებდა, განსაკუთრებით ყოვნდებოდა სამრეწველო საწარმოთა აქციონირება. ამასთან დაკავშირებით, მაისის დამლევს გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ. დასახულ ღონისძიებებში მთავარია გაძლიერდეს შრომითი კოლექტივების უფლებები იმ საფუძველზე, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ შეიძინონ აქციათა საკონტროლო პაკეტი და ნება მიეცეთ აქციათა ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი საპრივატიზაციო ჩეკებით (ვაუჩერებით) დაფარონ.
გაფართოვდა ადგილობრივი მართვის ორგანოების უფლებები მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციაში.
ბოლო ხანს გამოცოცხლდა მუშაობა საბაზრო ეკონომიკის საკანონმდებლო ბაზის შექმნისათვის. უკვე მიღებულია ფუძემდებლური ხასიათის ორმოცდაათამდე კანონი, დამუშავების პროცესშია 60-ზე მეტი კანონპროექტი. ამ პროცესის დაჩქარებისა და საბაზრო მეურნეობის ჩამოყალიბების სათანადო სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურს მიანიჭა უფლებამოსილებანი ეკონომიკის დარგში მიიღოს საკანონმდებლო აქტები, დეკრეტები და ბრძანებულებები. ამ უფლებამოსილებებს სულ უფრო აქტიურად ვიყენებთ.
აღნიშნული პროცესების დაჩქარებისა და ორიენტირების ბიძგად იქცა წლეულს თებერვალში დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს რეკომენდაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისა, რომლებიც წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოსთანაც და რუსეთთანაც.
ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით გამოცოცხლდა ვაშინგტონში ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელობასთან ჩემი პირადი შეხვედრების შემდეგ. ახლახან პარიზში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დონორი ქვეყნების სხდომაზე საქართველოს გამოუყვეს საინსტიტუციო სესხი, სადაცაა საბოლოოდ გადაწყდება საქართველოსათვის სასტაბილიზაციო და სარეაბილიტაციო კრედიტების მიცემის საკითხები. ყოველივე ეს გვაიმედებს, რომ თანდათანობით შემცირდება ინფლაციის ტემპი, შეჩერდება წარმოების დაქვეითება, შენელდება კრიზისის პირობებში გამწვავებული სოციალური პრობლემები.
ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ყველა უპირატესობა და სარგებლობა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისა, რაც ახლა აღორძინების გზას ადგას. დიახ, ასეთი აღორძინების ნიშნები არის. მაგრამ, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის ახლანდელი მასშტაბი სრულიადაც არ არის საკმარისი. განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებლად ყალიბდება ჩვენთვის სავაჭრო ბალანსი. 1991 წელს რუსეთიდან იმპორტი შეადგენდა რუსეთში ექსპორტის 76 პროცენტს, 1992 წელს - 43 პროცენტს, 1993 წელს კი - სულ 39 პროცენტს. სავაჭრო ურთიერთობის ასეთი შეუსაბამობა იმის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია, რომ საშინაო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონი ბრუნვიდან გააძევა რუსულმა რუბლმა, რომლის მოზღვავება, სხვა მიზეზებთან ერთად, იზრდება ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შეუწონასწორებლობის გამოც.
შექმნილი ვითარების სერიოზული მიზეზი, სხვა ფაქტორების გარდა, არის სიძნელენი ურთიერთგადახდაში, ჯერჯერობით შორს არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის საგადამხდელო კავშირისა თუ სავალუტო კავშირის შესახებ ხელშეკრულების დადება. ამასთან დაკავშირებით დგება საკითხი დაიდოს ორმხრივი სავალუტო შეთანხმებანი, რომლის მექანიზმი იქნება რუბლისა და საქართველოს ეროვნული ვალუტის ურთიერთკონვენტირებადობა. შექმნილი ვითარებიდან გარკვეულ გამოსავლად მიგვაჩნია კლირინგული შეთანხმების ან პირდაპირი კოოპერირებული კავშირურთიერთობის განვითარება, რომლებიც შეიძლება იყოს გარდამავალი ეტაპი საქონლის, კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალი მოძრაობის გზაზე. ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს: რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებანი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ და აღნიშნულ დარგში სხვა საკითხებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების შეთანხმება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თანამშრომლობა საინვესტიციო სფეროში. საქართველო ამჟამად განიცდის მწვავე ინვესტიციურ შიმშილს, ჭირს რუსეთშიც, მაგრამ ამ დარგში თანამშრომლობის რეალური პერსპექტივები მაინც არსებობს.
თანამედროვე რეალიებისა და ტენდენციების გათვალისწინებით ფრიად პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ ისეთი ინტეგრაციული ფორმების განვითარება, როგორიც არის ტრანსეროვნულ კომპანიათა შექმნა. საქართველოში გამოიძებნება მათი საქმიანობის ვრცელი ასპარეზი.
უწინარეს ყოვლისა, წარმოების მოცულობის მკვეთრი დაქვეითების, რიგი ობიექტების ფუნქციონირების შეჩერების მიუხედავად, რესპუბლიკამ შეინარჩუნა სამრეწველო პოტენციალი, საწარმოო სიმძლავრენი და კვალიფიციური მუშახელი იმ საწარმოებში, რომლებშიც სერიოზული პარტნიორები და მიმწოდებლები იყვნენ რუსეთის საწარმოებისათვის. ესენია, უწინარეს ყოვლისა, მანქანათსაშენებელი და ელექტროტექნიკური საწარმოები, მსუბუქი მრეწველობა და სხვები.
საქართველოში მინერალ-სანედლეულო რესურსების დაახლოებით 300 საბადოა, მაგრამ მათი ნახევრის ექსპლოატაცია თუ წარმოებს. რესპუბლიკაში ნავთობის 11 საბადოა, რომლებმაც დააინტერესა საზღვარგარეთის ბიზნესმენები, მანგანუმის მადნის საბადოების 215 მილიონი ტონა მარაგით, ქვანახშირის საბადოები, აგრეთვე ბარიტის, დიატომიტის, დარიშხანის, ცემენტის მრეწველობის, საშენი მასალების, მოსაპირკეთებელი ქვების, მარმარილოს, ფოროვანი შევსებებისა და სხვათა საბადოები. ჰიდროენერგეტიკული რესურსების პოტენციალი 60 მილიარდ კილოვატსაათს აღწევს, აქედან სადღეისოდ სულ 12 პროცენტია გამოყენებული.
ცნობილია ჩვენი სარეკრეაციო რესურსები - 2300 მინერალური წყარო, მტკნარი და გეოთერმული წყლების დიდი მარაგი.
მეტად მნიშვნელოვან სარესურსო პოტენციალად მიგვაჩნია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც გამოიხატება ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის როლით. ძნელია გადაუჭარბებლად შეფასდეს საქართველოს ნავსადგურების მნიშვნელობა ამიერკავკასიისა და თვით ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკისათვის. ისინი უინტერესო არც რუსეთის ეკონომიკისათვის უნდა იყოს.
ამ შესაძლებლობათა რეალიზაცია უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების სახითაც, რომლებსაც კონფერენციის მონაწილენი სექციების მუშაობის დროს განიხილავენ. ისინი შეიძლება გახდეს შემდგომი ერთობლივი დამუშავების საგანი კონფერენციის შემდეგაც.
მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემდა ისიც, თუ განვახორციელებთ რიგ ერთობლივ პროგრამებს მოქმედ საწარმოთა ტექნიკური განახლების შესახებ, აგრეთვე თუ ერთობლივად გავუწევთ ექსპლოატაციას ბუნებრივ სიმდიდრეებსა და რესურსებს. კერძოდ, [...] ანაზღაურდება იმის ხარჯები, თუ:
- დამთავრდება რუსთავის მეტალურგიული კომბინატის რეკონსტრუქცია იმ მიზნით, რომ გაიზარდოს ნავთობის ასორტიმენტის მაღალხარისხოვანი მილების წლიური გამოშვება, რომლებზეც რუსეთის ნავთობმომპოვებელ საწარმოთა მნიშვნელოვანი მოთხოვნაა;
- განხორციელდება ქუთაისის ლითოფონის ქარხნის, ყოფილი სსრ კავშირის ერთადერთი საწარმოს რეკონსტრუქცია, რომელიც ბუნებრივი ლითოფონიდან აწარმოებს ძვირფას ნედლეულს ლაქსაღებავი წარმოებისათვის და სხვა ნაწარმს;
- შევქმნით საქართველოს მანქანათსაშენებელი ქარხნების ბაზაზე ისეთი ნაწარმის გამომშვებ ერთობლივ წარმოებებს, როგორიც არის ელმავლები, ტროლეიბუსები, ჩქაროსნული უხმაურო ტრამვაი - თბილისის ელმავალსაშენებელ გაერთიანებაში, ს-96 ტიპის ადმინისტრაციულ-მინიატურული თვითმფრინავები თბილისის საავიაციო ქარხანაში და სხვ.
- წელიწადში 700 მილიონი სიმძლავრის ერთჯერადი შპრიცების, აგრეთვე სხვა სპეციალური სამედიცინო ტექნიკის ქარხნის მშენებლობის დამთავრება და მისთვის მოწყობილობის მიწოდება (ქ. მარნეული). პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილებაა და უნდა გაეგზავნოს რუსეთს, აგრეთვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებს.
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შეუძლიათ ეფექტიანად ითანამშრომლონ ენერგეტიკის დარგში, თუ:
- გაიზრდება ენერგეტიკული ქვანახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოში 1,2-1,5 მილიონ ტონამდე და აშენდება თბოელექტროსადგური დასავლეთ საქართველოში ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე;
- უფრო სრულად ავითვისებთ საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს მდინარე ენგურზე 700 მილიონი ვატი ძაბვის ხუდონჰესის მშენებლობის განახლების გზით, აგრეთვე ავაშენებთ 450 მილიონი ვატი სიმძლავრის ნამახვანის ჰესის კასკადს, სადაც შესრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები.
ფრიად მრავალფეროვნად მიგვაჩნია ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შესაძლებლობანი სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის განვითარებასა და ექსპლოატაციის დარგში. კერძოდ, რუსეთის მხარეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფოთისა და ბათუმის სანავსადგურო მეურნეობათა განვითარება მოდერნიზაციაში;
- საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური რკინიგზის ხაზების მოქმედების აღდგენაში დაფინანსების, შეღავათიანი დაკრედიტებისა და საგზაო ნაგებობებისა და სალიანდაგო მეურნეობის მოწყობილობის დაკომპლექტების გზით. საქართველოს რკინიგზის აღდგენა რუსეთის მხარეს შესაძლებლობას მისცემს განაახლოს შეწყვეტილი მიმოსვლა სამხრეთის მიმართულებით;
- ყარს-ვალეს რკინიგზის ხაზის მშენებლობაში, რაც შექმნის თურქეთიდან, უკრაინის, ბელარუსისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით ტვირთნაკადის ტრანზიტით გაშვების შესაძლებლობას;
- თბილის-ვალე-ყარსის გაზსადენის მშენებლობაში იმ პირობით, რომ რუსეთს ექნება შესაძლებლობა გაიტანოს გაზი თურქეთში ან მიიღოს შემოსავალი თურქმენეთიდან გაზის ტრანზიტის გაშვების მეშვეობით;
- რუსეთ-საქართველო-თურქეთის ნავთობსადენის მშენებლობაში იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს რუსეთისა და ყაზახეთის ნავთობის მიწოდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ეს საკითხი საკმაო მნიშვნელობას იძენს იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში შემოღებულია შეზღუდვები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში დიდტვირთიანი ტანკერების გაშვების დროს.
თავის მხრივ საქართველოს, რომელსაც აქვს თავისუფალი შრომითი რესურსები და ჰყავს კვალიფიციური მუშახელი, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნავთობის ერთობლივ საწარმოთა შექმნასა და ხე-ტყის დამზადებაში.
არის აგრეთვე საქართველოს სამშენებლო ორგანიზაციების რუსეთის სხვადასხვა რეგიონის სამშენებლო პროგრამათა განხორციელებაში მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობა.
საქართველო იყო და უნდა დარჩეს რუსეთის ბაზარზე ისეთი ძვირფასი კულტურების უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელი, როგორიც არის ჩაი, ციტრუსი, ხილი, მაღალხარისხოვანი ღვინოები, კონიაკის ნაწარმი, მინერალური წყლები, კონსერვები, თამბაქოსა და სხვა პროდუქცია.
ორივე სახელმწიფოს ინტერესებს შეადგენს აგრარული ბაზრის მაქსიმალური ათვისება, ცალკეული დარგების ინტეგრირება ერთობლივ საწარმოთა შექმნის საფუძველზე. ამ პროცესის დაწყებას ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულმა საქართველოს გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოებმა (ღვინის ქარხნებმა.)
აუცილებელია აღინიშნოს, რომ განვითარებადი რუსეთის აგროსამრეწველო კომპლექსი დაინტერესებულია დანერგოს საქართველოს მანქანათმშენებელთა ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები გადამმუშავებელი დარგებისათვის.
აგროსამრეწველო კომპლექსის დარგში უფრო სრული რეალიზაციისათვის უნდა შევიმუშაოთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი პროგრამა.
უკეთ უნდა გამოვიყენოთ სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი. მიღწეულია უნიკალური შედეგები მეცნიერების ბევრი მიმართულებით. მათი ერთობლივი გამოყენება გაამდიდრებს ჩვენი ეკონომიკების შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
კურორტები და ტურიზმი - გაუტეხელი ყამირი, საქმიანობის ვრცელი ასპარეზია. უნდა ავაღორძინოთ და განვავითაროთ ეკონომიკისა და სერვისის ეს სფერო და ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო სტანდარტებამდე ავიყვანოთ.
მიზანშეწონილია უკეთ გამოვიყენოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობანი. რუსეთისადმი უდიდეს ინტერესს იჩენენ განვითარებული ქვეყნები. იზრდება ინტერესი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისადმიც. ამ პირობებში იქმნება უნიკალური შესაძლებლობანი ორმხრივი, სამმხრივი, ოთხმხრივი, მრავალმხრივი კონტრაქტების, პროექტების, შეთანხმებების შემუშავებისა და დადებისათვის.
ბევრია სხვა პრობლემებიც, რომელთა განხილვა საჭირო და აუცილებელია.
გისურვებთ წარმატებას ყველა თქვენგანს და წარმატებულ მუშაობას თქვენს კონფერენციას!
გმადლობთ, ყურადღებისათვის!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 ივლისი. - N129(931). - 1 გვ.
![]() |
81 ჩვენ გადავრჩებით!.. |
▲ზევით დაბრუნება |
სადღეისო საჭირბოროტო სოციალურ და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ჩვენს კორესპონდენტს ესაუბრა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
გვეშველება რამე? - ამ კითხვით იწყებენ ადამიანები დღეს ერთმანეთთან საუბარს. პასუხი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, გააჩნია ვინ არის მოპასუხე, ქვეყნის ჭეშმარიტი მეურნე და მოჭირნახულე თუ შორიდან მომზირალი ობივატელი.
დღეს იმაზე ადვილი არაფერია, გაღატაკებულ კაცს უჩიჩინო: ეს რა უბედურ დღეში ჩაგაგდო მთავრობამ და ხელისუფლებამ, რა ვაი-უშველებელია ჩვენს თავსო. გაჭირვებულის თვალში ამგვარი „ჭირისუფლება“ ერთობ მომგებიანი პოზაა, მაგრამ რის მაქნისია?
არავინ მალავს: ცუდ დღეში ვართ. ცალკე შიმშილი და სიღატაკე გვასწორებს მიწასთნ. ცალკე ფეხქვეშ გათელილი უფლებები და ღირსება გვიკლავს გულს, ვიცი, სულის რა სიმდიდრე, რა სიმტკიცეა საჭირო, რომ დღეს არ წაიჩოქო, არ გაიბზარო და მომავლის რწმენა შეგრჩეს. მაგრამ თუ გულისყურს ძალად არ დავიხშობთ და თვალს განგებ არ დავხუჭავთ, კეთილი მერმისი ჰორიზონტზე ჩანს. ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.
ნაბიჯ-ნაბიჯ, მძიმე-მძიმედ, ტკივილითა და ცრემლით, მაგრამ - მაინც წინ.
ხელისუფლებისა და მთავრობის მეხოტბე-მგალობელი არა ვარ, მაგრამ არც იმათი თანამეინახე გახლავართ, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო ხელი რომ ჩაუქნევიათ და მარტო წუწუნით იოხებენ გულს, სულ ვიღაცისაგან, მაინც და მაინც სხვისგან ელიან „ნაგვის გატანას“, სულ სხვას ადანაშაულებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ქვეყნის მშველელიც, მომვლელიცა და აღმშენებელიც...
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო დღის ყოველი წუთი „მისხალ-მისხალ“ არის არწყული (თუმცა მიდი და გაიგე დღე-ღამის ოცდაოთხი საათიდან რამდენია მისთვის სამუშაო და რამდენი „თავისუფალი“), მან მაინც გამონახა დრო ჩემთან დღევანდელობის ყველაზე საჭირბოროტო - საყოფაცხოვრებო საკითხებზე სასაუბროდ.
ბატონ ედუარდ შევარდნაძის დემოკრატიული პრინციპების, ობიექტურობისა და გულწრფელობის ღრმად მწამს და ამიტომაც ჩვენს გაუსაძლის ცხოვრებაზე, მოკრძალებით, მაგრამ მაინც თავისუფლად ველაპარაკე.
- მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს ჩვენში ბატონობს კაპიტალიზმის მთავარი კანონი „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“? ეს ხომ ადამიანის უფლებათა შელახვაა? რა უნდა დავუპირისპიროთ მას?
- გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის, უაღრესად რთული, მწვავე პოლიტიკური, სოციალური, კრიმინოგენული პრობლემებით, მრავალი ადამიანის ტრაგიკული ბედითა და მთლიანად საზოგადოების დრამატიზმით აღსავსე ყოფის პირობებში ამგვარი კითხვის დასმა ბუნებრივი და კანონზომიერია. თუმცა მასში უეჭველად ჩანს იმ იდეოლოგიური შტამპებისა და სტერეოტიპების კვალი, რითაც შვიდი ათეული წელიწადი ვებრძოდით ისეთ ეკონომიკურ წყობას, რომელიც საკუთრების ხელშეუხებლობას, კერძო სამეურნეო ინიციატივის თავისუფლებასა და კონკრეტულ გარემოს ემყარება.
დღეს უკვე საკამათო აღარ არის ამგვარი ეკონომიკის აბსოლუტური უპირატესობა საზოგადოებრივ, უფრო სწორად, სახელმწიფო საკუთრებაზე დამყარებულ მეურნეობასთან შედარებით. ეს უპირატესობა, უწინარეს ყოვლისა, შეუდარებლადმაღალი ეკონომიკური ეფექტიანობითა და ამ საფუძველზე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და პიროვნულ უფლებათა დაცვის ძლიერი მატერიალური საფუძვლით გამოიხატება.
თანამედროვე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ამ მიმართებით ეტალონებს წარმოადგენენ, ცხოვრების დღევანდელ წესსა და სტანდარტებთან ერთბაშად არ მისულან. ეს იყო მრავალი თაობისათვის მტკივნეული და ეკლიანი გზა. სწორედ ამ გზაზე ჩამოყალიბდა „მგლური კანონები“, რომლის სიმკაცრესაც საკუთარ თავზე გრძნობს დღევანდელი საქართველო, და არა მარტო საქართველო, პრაქტიკულად ყველა პოსტკომუნისტური ქვეყანა. მაგრამ განსაკუთრებით მკაცრი ჩვენთვის აღმოჩნდა. დასამალი არ არის, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის გზაა, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ეკონომიკა და სახელმწიფოებრიობა - გზა რუსეთთან, უახლოეს მეზობელ ქვეყანასთან სახელმწიფოებრივი დაპირისპირებისა და სამეურნეო იზოლაციისა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე მხოლოდ საკუთარი სურვილით არ წავსულვართ, სეპარატისტულ მოძრაობაზე დაყრდნობილი იმპერიული ძალები აქტიურად გვიბიძგებდნენ ამ მიმართულებით, რომ მათთვის სასარგებლო პოლიტიკურ-ეკონომიკური ფონი ჩამოყალიბებულიყო. დიდხანს რომ არ შევჩერდეთ ჩვენთვის ურთულეს აფხაზეთის პრობლემასა და ომის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, რომელთა მოგვარებაზეც ახლა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთელი ძალისხმევაა მიმართული, საქართველოსთვის უაღრესად არახელსაყრელი გამოდგა რუსეთსა და ყოფილ სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებთან ტრადიციული და, როგორც გამოირკვა, ჯერჯერობით არაალტერნატიული ეკონომიკური კავშირების მოშლა.
ძალზე რთული აღმოჩნდა სტრუქტურულ და სისტემურ რეფორმათა პირველი შედეგები ამ რეფორმათა არცთუ თანამიმდევრული და წინასწარ ნაკლებად გააზრებული გატარების შედეგად. მიწები გლეხებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეუქმნელად დარიგდა, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაცია კი ეკონომიკური საზღვრების დაუცველად განხორციელდა. მოუმზადებლად, იმპულსურად შემოვიღეთ ეროვნული ბანკის კუპონი. ქმედითი საბანკო მექანიზმისა და წესრიგის უქონლობის პირობებში, ბიზნესისათვის მხარდაჭერის მოტივებით, გავანიავეთ საკრედიტო რესურსები. აღარაფერს ვამბობ მეწარმეობისა და სამეურნეო საქმიანობისათვის მეტად არახელსაყრელ კრიმინოგენულ სიტუაციებსა და სამოქალაქო ომის თანმხლებ მოვლენებზე.
ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ადამიანთა უფლებების, მათ შორის სიცოცხლისა და ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგრამ, ცხადია, ეს არავის ამართლებს, უწინარეს ყოვლისა, ხელისუფლებას. ამიტომაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს ვითარების სტაბილიზაციას, რისი წინაპირობაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ლტოლვილების დაბრუნება, დამნაშავეობასთან ბრძოლაში პირველი წარმატებების დამკვიდრება, რუსეთთან, დსთ-სა და სხვა ქვეყნებთან ტრადიციული სამეურნეო კავშირების ახალ საფუძველზე აღდგენა-განვითარება, უცხოეთიდან არა მარტო ჰუმანური დახმარების მიღება, არამედ დასავლური კაპიტალის მოზიდვის საფუძველზე მათთან თანასწორუფლებიანი პარტნიორობის დამყარება, და, რაც მთავარია, რეფორმის დაჩქარება გახლავთ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე იდგმება. ავიღოთ თუნდაც პრივატიზაციის დაჩქარების ღონისძიებანი, რომლებიც დღეისათვის უმოქმედო საწარმოების თავიდან მოცილებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ კოლექტივებისა და პროფესიონალთათვის საკუთრებაში გადაცემას, რათა მათ შეძლონ საწარმოო პოტენციალის ამოქმედება და ამ საფუძველზე ქვეყანამ იგრძნოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შერბილება. ამას ემატება სამეურნეო საქმიანობაში ბანკების მონაწილეობა, სამომხმარებლო კოოპერაციის რეფორმა... საქართველოში 300-400 ათასი მეანაბრე მეპაიე-მესაკუთრე ხდება. თუკი მეპაიეთა უფლებებს აღვადგენთ, სამომხმარებლო კოოპერაცია, აგრეთვე მესაკუთრეთა ორგანიზაცია იქნება. ეს 1,5 მილიონი ადამიანია, პლუს პრივატიზაციის პროცესში ჩართული ასიათასები, მიწათმფლობელები... ჩვენ, მართლაც მესაკუთრეთა მრავალრიცხოვანი ფენის ჩამოყალიბებისაკენ მივდივართ.
დღეს ერთ-ერთი ძირითადი, უმწვავესი პრობლემა ეს არის ინფლაციის შეჩერება. აქაც ღონიძიებათა მთელი კომპლექსი მზადდება. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ცენტრების, მათ შორის სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას.
ყოველივე ეს კი ჯუნგლის კანონების ალაგმვისა და ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადასვლისათვის შექმნის ეკონომიკურ საფუძვლებს, ამასთან, ყოველივე ეს მოხდება მიზანსწრაფულად. კერძოდ, მიღებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრინციპები და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა, რომლებიც ქვეყნის სოციალური პოლიტიკის საკითხებსაც მოიცავენ. ამ დოკუმენტებმა საერთაშორისო ექსპერტების მოწონება დაიმსახურა.
- ჩვენმა სახელმწიფომ თავისი მოღვაწეობის ქვაკუთხედად ადამიანის უფლებათა დაცვა აღიარა, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები მაინცდამაინც არაფერი შეიმჩნევა. ადამიანი და მისი ღირსება, უფლებები კვლავინდებურად გათელილია. ავიღოთ თუნდაც უპირველესი - სიცოცხლის უფლება. იმის გარდა, რომ იგი დაუცველია ბანდიტიზმისა და ტერორიზმისაგან, უკიდურესად დაუცველია ეკონომიკური ტერორისაგან.
ცნობილია, რომ ივლისის დამდეგისათვის საშუალო ოჯახის სიღარიბის ზღვარმა, ოფიციალური მონაცემებით, ოთხსულიან ოჯახზე, თვეში 74,7 მილიონ კუპონს გადააჭარბა, სამომხმარებლო კალათის ღირებულებამ (ერთ კაცზე) - 37,4 მილიონს. ამ დროს ფაქტობრივი მინიმალური ხელფასი ნორმატიულის ერთ პროცენტსაც ვერ სწვდება.
განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პენსიონერები, მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, მოგეხსენებათ, 1,5 მილიონ ადამიანს მოიცავს, მათ შორის 200 ათასზე მეტი ინვალიდია. ამ კატეგორიისაა 25 ათასამდე ბავშვი, 15 ათასი მარტოხელა, მრავალშვილიანი ოჯახი, ისინი, ვისაც ხელფასისა და პენსია-დახმარების გარდა სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნია. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური ყოფა.
ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ ვერ ხერხდება სოციალური დაცვის სფეროს სამართლებრივი და ეკონომიკური უზრუნველყოფა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს რადიკალური ღონისძიებები. დაიწყო ლაპარაკი პურის ფასის, გაზის, ელექტროენერგიისა და ა.შ. ტარიფების ზრდაზე, რაც დიდი დარტყმა იქნება მოსახლეობისათვის.
ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე თქვენ თქვით, ვიდრე არ მოხდება ფასების ლიბერალიზაცია და მისი შესაბამისი არ გახდება ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, შეუძლებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური გაჯანსაღებაო.
კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში, და, საერთოდ, შემუშავებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამა?
- მოსახლეობის სოციალური დაცვის საფუძველს ქმნის ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის სოციალური ნაწილი ვრცლად იყო დახასიათებული ჩემს გამოსვლაში მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე. ამ საპროგრამო დებულებათა რეალიზაციისთვის ამჟამად მუშავდება საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების ერთიანი სატარიფო სისტემა, რომლის მიღება მათი შრომის ანაზღაურების საკითხებს მოაწესრიგებს. არის მრავალი კანონპროექტი შრომითი ურთიერთობის რეგულირების საკითხებზე, ამგვარად გაწეულია მოსამზადებელი სამუშაოები, მზადდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის დამყარებასთან ერთად, მთელი ძალით ამოქმედდება. ამჟამად ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მინიმუმი, რომელიც მოიცავს მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს (დანახარჯები კვების პროდუქტების, ტრანსპორტის, ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების, სანიტარულ-ჰიგიენური საქონლისა და მედიკამენტების შეძენისათვის), საფუძვლად დაედოს მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება ყველა სახის პენსიების, შემწეობების, სტიპენდიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების განსაზღვრას.
საბაზრო ეკონომიკა კი, რომელსაც ჩვენ „ვაშენებთ“ და ყველასთვის მისაღებია, მოსახლეობას სთავაზობს შრომისა და შემოქმედებითი აქტივობის გამოვლენის ახალ წესებს. მთავარია, ადამიანი თავისუფალია შრომის არჩევაში, საკუთარი მეწარმული ინიციატივის გამოვლენაში. იგი ებმება და თანდათანობით ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს. ხელისუფლება კი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გადმოტანით და ა. შ. ქმნის ასეთი ცხოვრების რეგულირების გარემოს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ჩვენს სპეციფიკასაც. არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ამ საქმეში სწრაფი ტემპით მივდივართ წინ, მაგრამ აუცილებელია დავინახოთ ის წინსვლა, რაც არის.
ჩვენთან, მთელი ევროპის მასშტაბით, ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო სისტემაა. უაღრესად ხელსაყრელი სავაჭრო პირობები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაციები და ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები, თავიანთი შესაძლებლობის კვალობაზე, მაქსიმალურად გვეხმარებიან. მაგალითად, ქართული კაპიტალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გათანაბრებულია ეროვნულ კაპიტალთან, ასეთივე, უაღრესად ხელსაყრელი პირობებით გავაფორმეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები გერმანიასთან, ირანთან, თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან. შევქმენით საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოსვლის ხელსაყრელი პირობები. ეს ყველაფერი ჩვენი მიღწევებია, და აქტიურ შრომით საქმიანობაში ჩაბმულმა მოსახლეობამ თავისი მეწარმული ინიციატივის სარეალიზაციოდ უნდა გამოიყენოს.
როგორც ვთქვი, მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიმართულებით, რამაც ჩვენი დირექტორთა კორპუსი, საპრივატიზაციო ობიექტების კოლექტივები, ეფექტიანი სამეურნეო აქტიურობისათვის უნდა გამოაცოცხლოს. ხორციელდება ღონისძიებანი სოფლის მეურნეობაში ფერმერული ბიზნესის დამკვიდრებისათვის, მაღალი მოსავლიანობის კულტურების ათვისებისათვის. პრაქტიკულად ხდება აგროკულტურის ახალი სპეციალიზაციის ჩამოყალიბება, აგრობიზნესის პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა.
სამწუხაროდ, ყოველივე ეს ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ამიტომ დღეს ბევრია სოციალურად დაუცველი ადამიანი, თქვენ პენსიონერები, შრომის უუნარო ადამიანები, ინვალიდები, მრავალშვილიანები ახსენეთ. ამას დაუმატეთ 300 ათასამდე ლტოლვილი და ქვეყნის შიგნით მიგრაციით ნებაყოფლობით გადაადგილებული პირები და უფრო სრულად დაინახავთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ სოციალურ პრობლემებს. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის დახმარების გამონახვა და ისეთი მექანიზმის ამოქმედება, რაც ხელს შეუწყობს პირობების გაუმჯობესებაში, ჩვენი საყოველთაო საზრუნავია.
მოსახლეობამ კარგად იცის, რომ პურს, რომელიც კილოგრამი ხორბლის ღირებულების ჩათვლით დაახლოებით 150-200 ათას კუპონამდე გვიჯდება, 700 კუპონად ყიდულობს; ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა სახის კომუნალური მომსახურეობისთვის სიმბოლურ გადასახადს იხდის. ასევე რეალურ ღირებულებაზე ბევრად იაფია მეტროპოლიტენით მგზავრობა. ჩვენი რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ნახევარზე მეტი სოციალურ კომპენსაციებს ხმარდება. მაგრამ გაღატაკებული ეკონომიკის პირობებში ეს ხარჯები მოსახლეობისთვის ცხოვრების მინიმუმის შესაქმნელად სრულიად არასაკმარისია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაჭიანურებული საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი ფაქტორი ფასების ამგვარი პოლიტიკაც არის. ამიტომ უახლოეს ხანში ამ მიმართულებით გადამწყვეტი შემობრუნება უნდა მოხდეს, კერძოდ, ხელფასებისა და სოციალურ დ[ა]ხმარებათა სათანადო გადიდებით.
პურის, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ამჟამად მოქმედი სარეალიზაციო ფასები, აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო და კომუნალური ტარიფები კუპონის კურსის მკვეთრი დაცემის გამო დღეისათვის უკვე ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი სისტემების საქმიანობის მინიმალურად აუცილებელ ეკონომიკურ პირობებს. განსაკუთრებით მცირეა პურის ფასები, რომელიც არამც თუ კვლავწარმოების ნორმალურ პირობებს ვერ უზრუნველყოფს, არამედ მისი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციისათვის გაწეულ ხარჯებსაც კი ვერ ანაზღაურებს, ჰუმანური დახმარებითა თუ კრედიტით შეძენილი ხორბლისა და ფქვილის ღირებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ, ცნობილი მიზეზების გამო, ვერ ხერხდება ფასების მექანიზმით მოსახლეობის მიერ ენერგორესურსების მოხმარების მომჭირნეობის განხორციელება. მაგალითად, მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან გაზქურებზე წელიწადში მოდის დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი, რაც თითქმის მთლიანად იფარება ბიუჯეტის სუბსიდიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი, ანუ 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, ფაქტობრივად, გადაუხდელი რჩება. იგივე მდგომარეობაა ელექტროენერგიის მოხმარებაშიც: თვეში მოსახლეობის ერთ სულზე პირობითი ნორმის (20 კვტ. სთ.) უდიდეს ნაწილს ანაზღაურებს ბიუჯეტი, ხოლო ნორმის გადამეტებულ სრულ ტარიფს მოსახლეობა პრაქტიკულად არ იხდის. ამის შედეგად დიდი ფინანსური ტვირთი აწვება ბიუჯეტს, დიდ ზარალს განიცდიან შესაბამისი ორგანიზაციები. (საბოლოო ანგარიშით, ყოველივე ეს ხალხის, განსაკუთრებით კი ყველაზე ხელმოკლე ოჯახების კისერზე გადადის).
ყველაფერი ეს კი ბიუჯეტის დიდი დეფიციტის პირდაპირი მიზეზია. აქედან გამომდინარე, რადიკალური ღონისძიებების გატარება მიზანშეწონილად ჩაითვალა. კერძოდ, მოსახლეობისათვის მისაწოდებელ ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე უნდა დაწესდეს რეალური ფასები.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ ღონისძიებას სასურველი ეფექტი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება მოხმარებულ ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე გადასახადების ამოღებით ნაღდი ანგარიშსწორების მოქმედი წესი უნაღდო ანგარიშსწორებით მოსახლეობის დასაქმების (აღრიცხვის) ადგილების მიხედვით, რაც კონკრეტულ მექანიზმის შემუშავებას მოითხოვს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ დაკავშირებულია სერიოზულ პრაქტიკულ სირთულეებთან.
რაც შეეხება მოსახლეობის დამატებით ხარჯებს, იგი უნდა გათვალისწინდეს გადიდებულ მინიმალურ ხელფასში. ამასთან, უნაღდო ანგარიშსწორების წესის დამკვიდრებისას პრაქტიკულად იხსნება დამატებითი ხარჯებისათვის საჭირო ფულის მასის მიმოქცევაში გაშვების საკითხი.
ენერგორესურსების გაძვირება, რაც წლეულს კვლავაც გაგრძელდება, ცხადია, კიდევ უფრო გაართულებს საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსურ პრობლემებს, მნიშვნელოვნად გაართულებს პროდუქციის რეალიზაციას და სხვა, მაგრამ არის გამოსავალი - ამ რესურსების უმკაცრესი მომჭირნეობა, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
ამ დასკვნამდე მივყავართ რესპუბლიკაში მთლიანად მოხმარებული ენერგორესურსების ყველაზე განმაზოგადებელ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან შედარებას. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, რესპუბლიკაში 1993 წელს შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 600-700 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს, და ეს მაშინ, როცა წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი დოლარის მხოლოდ ბუნებრივი გაზი მოვიხმარეთ. ცხადია, თანაფარდობა კატასტროფულია. უფრო მეტიც, წლეულს, I კვარტალში, რესპუბლიკაში მოხმარებული მხოლოდ ხსენებული ერთი სახის ენერგორესურსის ღირებულებამ აშკარად გადააჭარბა ახლად შექმნილ ღირებულებას.
რაც შეეხება პურს, ხორბლის რესურსების მკვეთრი შეზღუდულობისა და მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მსყიდველობითი უნარის პირობებში არ შეგვიძლია მასზე ფასების სრული აშვება, ამ ეტაპზე აუცილებელია პურის ფასების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის შენარჩუნება. ამით თავიდან ავიცილებთ ფასების უკონტროლო ზრდას. მართალია, ჯერჯერობით ფასები გაძვირდება, მაგრამ პურის მრეწველობის ნომინალური ფუნქციონირებისათვის პირობების შექმნაზე იქნება ორიენტირებული, ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსახლეობის სოციალურად დასაცავი ფენებისათვის სათანადო კომპენსაციით ხელფასისა თუ სხვა ფულადი გასაცემლების მკვეთრი გადიდებით.
- ხელფასების მომატება ყოველთვის იწვევდა ინფლაციასა და ფასების კატასტროფულ ზრდას. ფასების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხელფასების ახალი ზრდა რა დადებით შედეგს მოუტანს კონკრეტულად ადამიანს ან სახელმწიფოს?
- ხელფასებისა და ფასების ახალი დაბალანსება ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების პირობების შექმნას სჭირდება.
ფასების ლიბერალიზაცია, ანუ როგორც ეკონომისტები ამბობენ, ფასების განთავისუფლება, არ შეიძლება მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე მოხდეს. ეს გათვალისწინებულია სამთავრობო პროექტებში, რომლებიც ახლა მუშავდება. მაშინ რას მოიგებს სახელმწიფო იმით, რომ ერთის მხრივ გაათავისუფლებს ფასებს, ხოლო მეორეს მხრივ, თითქოს ისეთივე პროპორციით გაზრდის ხელფასებს, პენსიებსა და სტიპენდიებს?
საქმე ის არის, რომ ამოძრავდება საფინანსო და ეკონომიკური ბერკეტები, კუპონი საჭირო გახდება არა ნომინალურად, არამედ პრაქტიკულად იმისათვის, რომ იყიდო პური, შეიძინო საწვავი, გადაიხადო ენერგოშემცველების საფასური. იმოძრავებს მთელი ფულადი მასა. ასეთ პირობებში კი შეიქმნება ინფლაციასთან ბრძოლისა და ეროვნული ვალუტის განმტკიცების გარანტიები. ეროვნული ვალუტის გასაჯანსაღებლად, რა თქმა უნდა, არის სხვა გზაც, მაგრამ არახელსაყრელია.
ფასების ლიბერალიზაცია, პრაქტიკულად 1992 წლის 1 თებერვლიდან განხორციელდა. ამასთან, მოსახლეობის სოციალური დაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დღემდე ცალკეული სახეობის საქონელსა და მომსახურებისათვის ფასებისა და ტარიფების სახელმწიფო რეგულირება შენარჩუნებულია. კერძოდ, პურსა და რძეზე, ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე, კომუნალური და სამოქალაქო სატრანსპორტო მომსახურებისათვის დაწესებულია შეღავათიანი ფასები (ტარიფები), რომლებიც რამდენჯერმე დაბალია სრულ ფასებზე და ფასთასხვაობის დაფარვა ბიუჯეტის სახსრებით ხდება.
ფასწარმოქმნის აღნიშნული პრაქტიკა მისაღები იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში, რაც განპირობებულია რესპუბლიკაში შემოსატანი მატერიალური და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების გაძვირებით, საჭირო გახდა რადიკალური ღონისძიებების გატარება თუნდაც იმიტომ, რომ:
იმდენად დაბალია ცალკეულ სახეობის პროდუქციაზე მოქმედი რეგულირებადი ფასები, რომ პრაქტიკულად იხსნება მათი მომჭირნეობით ხარჯვის (უმკაცრესი მომჭირნეობის) სტიმული; შეღავათებით სარგებლობს მოსახლეობის ყველა ფენა, მათი მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, რითაც ირღვევა სოციალური სამართლიანობის პრინციპი; სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობის პირობებში პერმანენტულად იზრდება ფასთასხვაობის დასაფარავად გამოსაყოფი სუბსიდიების მოცულობა (იგი წელიწადზე გაანგარიშებით ათობით ტრილიონ კუპონს შეადგენს), რაც კიდევ უფრო ამწვავებს რესპუბლიკის საფინანსო მდგომარეობას. ამასთან, ხშირ შემთხვევაში ნეგატიური მოვლენებისათვის ნაყოფიერი ნიადაგი იქმნება.
ნათქვამიდან გამომდინარე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა რეგულირებადი ფასების (ტარიფების) სრულ რეალურ დონემდე მიახლოება და არა მათი ლიბერალიზაცია. რამდენადაც რესურსების შეზღუდულობით წარმოების სახელმწიფო მონოპოლიისა და მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მყიდველობითუნარიანობის პირობებში ფასების ერთბაშად განთავისუფლება სოციალური დაძაბულობის შემდგომ გაღრმავებასთან არის დაკავშირებული, მტკიცედ გადავწყვიტეთ ეკონომიკაში განვახორციელოთ რადიკალური გარდაქმნები. ამ მიმართულებით დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ უმთავრესი ნაბიჯი. სწორედ ეს არის ფასებისა და ტარიფების მოწესრიგება. პური მოსახლეობას უნდა მიეყიდოს იმ ფასად, რაც სახელმწიფოს უჯდება. რაც შეეხება მოსახლეობის გადახდის უნარს, როგორც ზემოთ ვთქვი, იგი განპირობებული იქნება ხელფასების, პენსიებისა და სხვა სახის სარგოების გადიდებით. წინასწარი გაანგარიშებებით ვვარაუდობთ, რომ ამ ღონისძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს მატერიალური და ფინანსური რესურსების დაახლოებით 30 პროცენტის დაზოგვა, ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და მთავრობის მიერ გაწეული სოციალური დახმარების კონკრეტული, მისამართული განაწილება. ისე, მთელი საფინანსო და ეკონომიკური სისტემის რეგულირებისთვის მდგომარეობიდან გამოგვიყვანდა 1-1,5 მილიარდი გრძელვადიანი კრედიტი. სამწუხაროდ, ასეთი საშუალება არ არსებობს, ის კრედიტები და დახმარებები, რომელსაც ვშოულობთ (ურომლისოდაც სრული კატასტროფა იქნებოდა) მხოლოდ, ასე ვთქვათ, მიმდინარე ხარჯებს ფარავს.
კრედიტების, ფინანსური დახმარების ყველა გზა მოვსინჯეთ, მათ შორის კავშირი დავამყარეთ ე. წ. შუამავალთა რიგ ჯგუფებთან. იყო ბევრი დაპირება. ამ მოლაპარაკებებში ფინანსთა მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ვიცეპრემიერებთან ერთად, მეც ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკების ბევრი პარტნიორი, უბრალოდ, თაღლითი აღმოჩნდა. პიროვნებათა ერთი ჯგუფი ავსტრიიდან საკმაოდ დიდ თანხას გვპირდებოდა საქართველოსთვის, თუკი ამ კონტრაქტის გარანტად შევარდნაძე გამოვიდოდა. ეს მისია მე ვიკისრე. შემდეგში აღმოჩნდა, რომ საქმე გვქონდა გაქნილ საქმოსნებთან. აქ საქართველოს არაფერი დაუკარგავს, არც შეუძენია. დაკარგა შევარდნაძემ მისი საერთაშორისო სახელისა და ავტორიტეტის ნაწილი, რადგან მან შესანიშნავად იცის, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებთან არ უნდა დაიჭიროს საქმე. მე ამაზეც ვთანხმდები, იქნებ რამე გამოვიდეს...
ერთხელ უკვე ვთქვი, რომ სამშობლოსთვის შესაწირავი სახელის მეტი არაფერი მაქვს-მეთქი. აკი ვწირავ კიდეც. საწყენი ის არის, რომ ერთმა ოპოზიციურმა გაზეთმა სწორედ ამ „კორუფციაში“ „ამხილა“ სახელმწიფოს მეთაური. შეგრცხვეთ მაინც, როცა ასეთ რაიმეს კისრულობთ.
ახლახან სოლიდური საკრედიტო დახმარება მივიღეთ რუსეთიდან (20 მილიარდი მანეთი), იქნება დახმარება ევროგაერთიანებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი, ჩვენს მოთხოვნილებებთან შედარებით, ზღვაში წვეთია.
ასეთია რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ის გზაა, რომელიც აუცილებლად გასავლელია.
სასურველია ყველამ იცოდეს: ხელისუფლების განკარგულებაში არსებული რესურსები განსაზღვრულია, მას არ შეუძლია ეს რესურსები შექმნას. მატერიალური ფასეულობები იქმნება მეურნეობაში და ხელისუფლება ვერ გაუნაწილებს ხალხს არარსებულ რესურსებს. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და თავის სამოქმედო პრინციპად აქციოს. თუ შარშან ყველა სახის გადასახადების სახით მთავრობამ მოსახლეობისაგან წარმოებული შიდა პროდუქტის მხოლოდ სამ პროცენტამდე ამოიღო, რა შესაძლებლობები ჰქონდა მას განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი ჰუმანური პროგრამები? - არავითარი! ამიტომ იძულებული ვიყავით დაგვეშვა ემისიური კრედიტები და სიდუხჭირის ტვირთი თანაბრად გაგვენაწილებინა მთელი მოსახლოებისათვის. გაითვალისწინეთ: ეს პროცესი მიმდინარეობდა მძიმე კრიმინოგენული ვითარებისა და სამოქალაქო ომის ფონზე.
ამჟამად, როცა პოლიტიკური სტაბილიზაციის ფაზაში შევედით, შესაძლებელია ვიფიქროთ ეკონომიკის რადიკალურ გარდაქმნებზე და კიდეც ვახორციელებთ. გვინდა ფართო მასშტაბით განვახორციელოთ პრივატიზაცია და მოვაწესრიგოთ ეკონომიკურ განზომილებათა სისტემა. ასეთ შემთხვევაში კი მოსახლოების სოციალური დაცვა შედარებით ცივილიზებული და აპრობირებული მეთოდებით მოხდება.
უნდა ვიცოდეთ: რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს ქვეყანა, რამდენი ლტოლვილი და ინვალიდიც უნდა ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში, მას არ შეუძლია იმაზე მეტი მოიხმაროს, ვიდრე ქმნის. ეს აუცილებელი, ბუნებრივი კანონია. თუ ამას ვახერხებთ, მოვიხმართ ბევრად მეტს, ვიდრე ვქმნით, ეს ჩვენი უცხოელი მეგობრების კეთილი ნებით არის განპირობებული, რისთვისაც მთელი ქართველი ხალხის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
- რისი იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ კუპონის შემყურე ადამიანს?
- აუცილებელია ეროვნული ვალუტის რეალურ საბრუნავ-საგადასახადო საშუალებად გადაქცევა. ამასთან, საჭიროა იმ მექანიზმის ამოქმედება, რომელიც რესპუბლიკაში მიმოქცევაში მყოფ უცხოური ვალუტის ამოქაჩვის საშუალებას მოგვცემს.
ვფიქრობთ, ამ მიზნით სასარგებლო იქნებოდა მოლდოვასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება.
უნდა მოწესრიგდეს გადასაცვლელი პუნქტების მუშაობა. განკარგულება გავეცი, რომ ამ საკითხზე სპეციალურად იმსჯელოს მინისტრთა კაბინეტმა. ეროვნული ვალუტა ლოზუნგებითა და მოწოდებებით არ განმტკიცდება. იგი მოსახლეობისთვის საჭირო უნდა გახდეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლის იდეალური ორგანიზაცია.
- კატასტროფულად იზრდება უმუშევრობა, სიღატაკე აიძულებს ადამიანებს დათანხმდნენ მუშაობის თითქმის ყოველგვარ პირობებს, მაგრამ...
უმუშევრობისგან ითრგუნებიან არა მარტო უმუშევრები, არამედ ისინიც, რომლებსაც დღესდღეობით სამუშაო აქვთ, მაგრამ თავიანთი საწარმო-ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის გამო, როდის დაითხოვენ, არ იციან.
როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარების გზები?
- ქვეყანაში დასაქმების დონე ბიზნესის აქტივობის ფუნქციაა. სახელმწიფოს მოვალეობაა შექმნას სათანადო პირობები, რათა წარმოების სფეროში საინვესტიციო პროცესები გაფართოვდეს, სახელმწიფო საკუთრების საწარმოებში ახალი სამუშაო ადგილები აამოქმედოს, უზრუნველყოს ისინი საჭირო ენერგეტიკული სანედლეულო რესურსებით. იმედი გვაქვს, რომ დსთ-ს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით აღდგება დარღვეული საწარმოო კავშირები, რამაც საგრძნობლად უნდა გაზარდოს დასაქმება, აამოქმედოს გაჩერებული საწარმოები. ამასთან ერთად, დასახვეწია უმუშევართა სოციალური დაზღვევის მექანიზმი, მათი შრომითი მოწყობის ხელშეწყობის სისტემა.
ამჟამად შრომის სახელმწიფო ბირჟაზე რეგისტრირებულია 72 ათასამდე უმუშევარი, რაც, რასაკვირველია, ვერ ასახავს რესპუბლიკაში უმუშევრობის რეალურ სურათს. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის არსებული ვითარების მეტ-ნაკლებად ღრმა ანალიზი, ზოგიერთი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო, შეუძლებელია. საკმაოდ დიდია ფარული უმუშევრობის წილიც. თუ შრომითი რესურსების კრებსითი ბალანსის მაჩვენებლებს დავეყრდნობით, რაც რეალობასთან უფრო ახლოა, ამჟამად რესპუბლიკაში ნახევარი მილიონი უმუშევარია, აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონე 16 პროცენტს შეადგენს. ამ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით მომზადებულია და განიხილება კანონი დასაქმების შესახებ და კანონი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, აგრეთვე სხვა სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დასაქმების პრობლემების მოგვარებას. ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. მეორე მხრივ, უმუშევრობის შესამცირებლად გათვალისწინებულია მრავალი ღონისძიება, კერძოდ: საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზაცია, მოსახლეობის სოციალურად ნაკლებად დაცული ჯგუფებისათვის სამუშაო ადგილების კვოტების დაწესება, საწარმოებში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წახალისება, ქალაქიდან სოფლად შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციის საკანონმდებლო, საფინანსო-საკრედიტო და საგადასახადო ხელშეწყობა და სხვა. ამას გარდა, უმუშევართა დასაქმებას ხელს შეუწყობს რესპუბლიკაში მიმდინარე პრივატიზების პროცესი და სხვა ეკონომიკური გარდაქმნები, რომლებიც საგრძნობლად გამოაცოცხლებს კერძო სექტორს. ეს კი თავის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი საწარმოების შექმნა, ასევე წარმოქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სრულყოფისა და ფინანსური ბაზის განმტკიცების პირობებში დაუსაქმებელთა რიცხვს შეამცირებს გადამზადების პროცესში უმუშევართა გარკვეული კონტინგენტის მუდმივი არსებობა, აგრეთვე სხვა ქვეყნებში რესპუბლიკის სამუშაო ძალის ორგანიზებული მიგრაცია. ასეთი მიგრაცია დასაშვებია, მთავარია მისი ორგანიზაცია.
- გთხოვთ, მაპატიოთ შეკითხვაზე, რომელიც შეიძლება ახირებულად მიიჩნიოთ. კორუფციამ გამოხრა ქვეყანა. მაფიური კლანები მძლავრად დამკვიდრდნენ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.
ერთნი ამბობენ, დღემდე მაფიის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯებისგან თქვენი თავშეკავება მოსალოდნელი ძლიერი შეტევის წინა პაუზააო, მეორენი - მაფიას საბოლოოდ შეურიგდაო.
რა წვლილი მიუძღვის ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეში მომძლავრებულ მაფიას და როგორ აპირებთ მისი კლანჭებისაგან ქვეყნის გამოხსნას?
- რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. უკვე ვთქვი, რომ ბიუჯეტში შემოსული გადასახადების მოცულობა შიდა მთლიანი პროდუქციის 3-5 პროცენტს შეადგენს. რას მეტყველებს ეს მაჩვენებელი? გადასახადის გადამხდელი თავს არიდებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამას ხელს უწყობენ ის ჩინოვნიკები, რომლებიც არ გამოსულან ბიუროკრატიული ცენტრალიზმის ტყვეობიდან და ხშირად გადასახადებისა და სხვა გადასახდელების ნაცვლად ანგარიშსწორებათა განხორციელებისათვის ხელოვნურად შეკოწიწებულ მექანიზმებს გვთავაზობენ. ეს ყველაფერი კი ჩვენს განკარგულებაში არსებული მატერიალური რესურსების უყაირათო ხარჯვას იწვევს. შესაბამისად, ჩნდება ქურდობისა და დატაცების შესაძლებლობები. ხელმრუდე ხალხი ამას წარმატებით იყენებს.
მთავარი მაინც ის არის, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით დემოკრატიულ პირობებში ცხოვრების წესი, სუსტია ჩვენი სამართლებრივ-იურიდიული ნორმები.
საერთოდ კი ორგანიზებულ ეკონომიკურ დანაშაულს - მაფიას, უკომპრომისო ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ, როგორც სამართალდამცავი მექანიზმების ეფექტიანობის ზრდით, ასევე ეკონომიკური მეთოდებით. ჩვენში ჯერჯერობით კვლავ საკმაოდ დიდია ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ როლი. ადრე მას ტოტალური აკრძალვების სისტემა იწვევდა, დღეს კი, თავისუფალი მეწარმოების პირობებში, მას არავითარი გამართლება არ უნდა ჰქონდეს. ამა თუ იმ საქონლის ბაზარზე მონოპოლური მდგომარეობის დამკვიდრება და ფასების კარნახი, შემოსავლების დაფარვა, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაუცველობა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კორუფცია - ეს ის ხორცმეტებია, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ვერ აიტანს. ჩვენ არ გვჭირდება მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გამოგონება - ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენ მავნე ტენდენციების აღმოსაფხვრელად გვჭირდება ერთობლივი საზოგადოებრივი ნებისყოფა.
საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ მაფიური კლანების წარმოშობა ერთი სისტემიდან მეორეში გარდამავალი ეტაპის თანმდევი პროცესია. ბრძოლაც არ არის იოლი. ხშირად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ ყველაზე მეტად კორუმპირებული ადამიანები მოუწოდებენ.
სამართალდამცავ ორგანოებთან ამასწინანდელ თათბირზე მე დანაშაულის და, განსაკუთრებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე ვილაპარაკე. ასეთი ეტაპი სავსებით შესაძლებელია. შესაძლებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამწვავებაც, ამ საკითხთან დაკავშირებით კანონის მიღებაც აუცილებელია.
- გაძვირდა ბენზინი. მძღოლებმა შესაბამისად გააძვირეს მგზავრობის ღირებულება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რუსულ რუბლზე მომუშავე კომერციულ მარშრუტებს (სახელმწიფო მარშრუტები თითქმის გაქრა), გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია ბენზინის ფასმა დაიწიოს, მაგრამ მგზავრობის ფასს აღარავინ შეამცირებს. ყოველივე კი შეუძლებელს ხდის მიმოსვლას, არა მარტო რაიონებში, - ქალაქშიც. როდის იქნება ხელმისაწვდომი ტრანსპორტით მგზავრობა?
- მგზავრობის ხელმისაწვდომობა საერთო ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებას უკავშირდება. ბენზინის ფასები კი მსოფლიო დონეს უახლოვდება, რაც სახელმწიფო სტრუქტურების ნაკლებკონკურენტუნარიანობის პირობებში ნახტომისებურად ხდება და ცნობილ სიძნელეებს იწვევს. არ არის გამორიცხული უპატიოსნო კონკურენცია, რის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო წესრიგის განმტკიცება სჭირდება.
ტრანსპორტის მდგომარეობა მინისტრთა კაბინეტის სპეციალური მსჯელობის საგანი გახდება. ამ სფეროშიც დიდი ძვრებია მოსალოდნელი. შესაძლებელია ენერგოშემცველების, კერძოდ, ბენზინის, კერძო სტრუქტურების მიერ უფრო გაბედულად შემოტანა, გაჩნდება უფრო მეტი კერძო მანქანა, მათი გაერთიანებანი. საჭიროა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ასეთი კონკურენცია კი ამ სფეროში ნორმალურ ვითარებამდე მიგვიყვანს. ბოლოს და ბოლოს, არის საშუალება საკუთარი ნავთობის წარმოების გადიდებისთვისაც ვიზრუნოთ, ასეთი ზომები მიღებულია.
- როგორ აფასებთ სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომისიის მუშაობას?
- ისე, როგორც სხვა კომისიებს, ამ კომისიასაც მართებს კანონშემოქმედებითი მუშაობის გაძლიერება. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და აღნიშნულ კომისიაში შეიტანა კანონპროექტები: „სამუშაო დროის შესახებ“, „შვებულების შესახებ“, „კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ“, „შრომის ანაზღაურების შესახებ“, „დასაქმების შესახებ“, „მინიმალური ხელფასის შესახებ“. დღემდე ეს კანონპროექტები პარლამენტის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა.
შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო ვარ. შეზღუდული რესურსების პირობებშიც კი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესებისათვის მეტის გაკეთება შეუძლიათ.
- ბატონო ედუარდ! არის საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, თქვენი სათათბირო ოთახი და სკამებით გარშემორტყმული ეს მაგიდა, სადაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რაც იმას მეტყველებს, რომ ყველაფერი კოლეგიურად უნდა წყდებოდეს. რატომღა არის გავრცელებული აზრი, რომ თითქოს თქვენ ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტთ?
- ასეთი აზრი პოლიტიკური დაპირისპირების გამოძახილია, პოლიტიკური ბრძოლის არც ისე ღირსეული მეთოდი, რომელსაც ოპოზიცია იყენებს. სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები ხორციელდება მისთვის კანონითა და პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში. ცხადია, თანამედროვე სახელმწიფოს ცხოვრების მრავალი საკითხი ყოველთვის საყოველთაო რეფერენდუმის გზით ან თუნდაც პარლამენტის სხდომებზე ვერ გადაწყდება. ამიტომ არის ცივილიზებულ საზოგადოებაში ხელისუფლების დაყოფა.
ამავე დროს ის საკითხებიც, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში შედის ხელმოსაწერად, მხოლოდ კალმის ერთი მოსმით როდი წყდება! ყველა უწყება, სამინისტრო, ეკონომიკური სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებანი მუშაობდნენ სახელმწიფოს მეთაურის მიერ დამტკიცებული დაზუსტებული ანტიკრიზისული პროგრამის შესამუშავებლად. ამ პროგრამით განსაზღვრული სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების ღონისძიებების მაისის ბოლოს ბრძანებულებით გაფორმებას წინ უძღოდა რესპუბლიკური თათბირი პრივატიზაციის პრობლემებზე, სადაც პრინციპული დებულებები ჩამოყალიბდა. ამ დებულებების საფუძველზე მომზადებული ბრძანებულებების პროექტი მოიწონა მინისტრთა კაბინეტის სხდომამ. იგი სამჯერ განვიხილეთ ჩემთან სამუშაო თათბირზე მეცნიერების, მეწარმეებისა და სახელმწიფო ორგანოთა სპეციალისტების მონაწილეობით.
სულ ცოტა ხნის წინათ შევხვდი საბანკო დაწესებულებათა მუშაკებს, ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა საბანკო სისტემის საქმიანობის სრულყოფის პრობლემები, რომელთა გადასაწყვეტად მზადდება ჩემი ბრძანებულება ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, სამთავრობო სტრუქტურათა მონაწილეობით. განა ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა?
იყო შემთხვევები, როცა მე ერთპიროვნულად მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი პარლამენტის, განსაკუთრებით, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერაში. კერძოდ, ეს ეხება ესენგეში შესვლის საკითხს, რომლის გაჭიანურებას ქვეყნის, სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი შედეგი მოჰყვებოდა.
ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მძიმე ხვედრია და იგი არ შეიძლება სისტემად იქცეს. ლაპარაკია ისტორიულ გამონაკლისზე, როცა შესაბამის უფლებითა და მოვალეობით აღჭურვილი ხელისუფალი დღევანდელ და მომავალ თაობათა წინაშე მის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ყოველივეს განმსჯელი ღმერთია.
- ამას წინათ თქვენ მიიღეთ გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს გალის წერილი. იგი 1995 წლის 11-12 მარტს გიწვევთ კოპენჰაგენში სოციალური განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე. როგორც წერილშია აღნიშნული, იქ განიხილება სამი ძირითადი პრობლემა: სიღარიბის შემცირება და აღმოფხვრა, სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება. ყოველივე კი იმას მეტყველებს, რომ სოციალური სფეროს ეს უმწვავესი პრობლემები საყოველთაო გამხდარა, გლობალური მნიშვნელობა შეუძენია და როგორც ბატონი ბუტროს ბუტროს გალი ამბობს: „მსოფლიოში სოციალური დაძაბულობისადმი ინერტულობამ შეიძლება მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“.
როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს ამ მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციამდე თითოეულ ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური შედეგების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის საქართველოში, სადაც სოციალურმა კრიზისმა თითქმის კულმინაციას მიაღწია?
- ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა განვითარების ყველა ეტაპსა და დონეზე შეძლოს სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურ ეფექტიანობას შორის ოპტიმალური თანაფარდობის შენარჩუნება. ამ თანაფარდობის დარღვევა იწვევს ან ეკონომიკის დაცემას, ან სოციალური უსამართლობით გამოწვეულ დაძაბულობას, რამაც ბატონ ბუტროს ბუტროს გალის სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლაც, შეიძლება მძიმე პოლიტკური შედეგები შვას.
დღევანდელი მსოფლიო ინტეგრაციული პროცესის გაღრმავების პირობებში თითოეული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზმი ხილული თუ უხილავი ძაფებით სულ უფრო უკავშირდება ერთმანეთს, ძლიერდება ურთიერთზეგავლენის ხარისხიც. ასე რომ, თუნდაც ყველაზე განვითარებული ქვეყანა, სადაც ზემოთ აღნიშნული ოპტიმუმის დაცვას მძლავრი სახელმწიფო მანქანა სხვადასხვა პროგრამებით, დამცავი და მარეგულირებელი მექანიზმების მეშვეობით იოლად ახერხებს, გარკვეულწილად განიცდის სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობის ზეგავლენას.
ამიტომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყანას, თუნდაც ზესახელმწიფოდ წოდებულს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, არ აწუხებდეს ყველაზე პატარა ქვეყანაშიც კი არსებული სოციალური პრობლემა.
ამიტომაც არის, რომ სიღარიბის შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნის, სოციალური უზრუნველყოფის სისტემების სრულყოფის პრობლემები, მათი შესაბამისი პროგრამები, სულ უფრო სცილდება რომელიმე ცალკე აღებული ქვეყნის შიდა პრობლემათა რიგს და საერთაშორისო ხასიათს იძენს. ეს განაპირობებს კოპენჰაგენის შეხვედრასაც.
რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში და რით უნდა წარვსდგეთ ამ შეხვედრაზე? ალბათ, უნდა მივაღწიოთ ელემენტარულ სტაბილურობას, სახელმწიფოს მომძლავრებას იმ დონეზე მაინც, რომ მან შეძლოს სოციალური სამართლიანობის თუნდაც მინიმალური პირობების შექმნა, შედარებითი გათანაბრებისა და გადანაწილებითი ფუნქციების მეტნაკლები ზომით ამოქმედება-შესრულება, მათი ხელშეწობით პროგრამების შემუშავება, საჭირო მექანიზმების დანერგვა, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენში არსებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემის (ამ სიტყვის ფართო გაგებით) მსოფლიოს სოციალური ინტეგრაციის პროცესებში ჩაბმა.
- და მაინც, გვეშველება რამე, გადავრჩებით?
- რომ გადავრჩეთ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ეს შესაძლებელია. ახლა მთავარია არ შევდრკეთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთი დავინდოთ.
ყველგან, სადაც მიხდება ყოფნა, ეს კითხვა მესმის: „გვეშველება რამე? გადავრჩებით?“ პროგრესული მსოფლიო მხარში გვიდგას, გვეხმარებიან, გვამხნევებენ, მხარს გვიჭერენ. ისტორიული მნიშვნელობა აქვს შემობრუნებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. გარემო პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელსაყრელია.
დღევანდელი ჩვენი ძნელბედობის მიზეზი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. ჩვენ ნგრევის და გაპარტახების, ერთმანეთის წაკიდების საშინელი გზა განვვლეთ. ახლა იწყება აღმშენებლობა, ცოცხლობს და ბობოქრობს ქართული სული, იგი არ მომკვდარა და არც მოკვდება. ჩვენ წინაპრებს უფრო მძიმე განსაცდელიც უნახავთ. სამშობლოს სიყვარულს, ქვეყნისთვის თავდადებასა და თავგანწირვის ნიჭს არაერთგზის უხსნია თითქმის დაღუპვის პირას მისული ერი. ჩვენს დიდ წინაპრებს არაერთი გადაწყვეტილება მიუღიათ ისეთი, რომელიც თანამედროვეთა გაკვირვებასა და წინააღმდეგობას იწვევდა. ჩვენც ასეთ პირობებში ვართ. გარწმუნებთ: ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის, ე.ი. ჩვენვე ვართ პასუხისმგებელი ყველაფრისათვის, რაც ჩვენში ხდება. ეს უნდა გაითავისოს ყველა მოქალაქემ, რომელი ერის შვილიც უნდა იყოს იგი, რომელ პარტიას და მიმდინარეობასაც უნდა ეკუთვნოდეს.
აღმშენებლობა უფრო რთული ხელოვნებაა, ვიდრე ნგრევისა და გაპარტახების გზა. იმ ბნელეთში, რომელშიც აღმოვჩნდით და რომელსაც მე პროვინციული ფაშიზმი ვუწოდე, ჩვენ აღარ ჩავეშვებით, ნურავინ ცდილობს ამას.
საქართველო ღვთისწილნაყარი ქვეყანაა. მას გადაშენება არ უწერია. ღრმად მწამს, რომ ახალ, თავისუფალ, დამოუკიდებელ და ბედნიერ სახელმწიფოს ავაშენებთ.
ასე სჯერა ისტორიის გზაჯვარედინზე მდგარ სახელმწიფოს მეთაურს, თუნდაც იმიტომ, რომ იცის, ყოველი საფრთხე ნაკლებ საშიშია, თუ მისი გამომწვევი მიზეზები იცი. სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების დაუცხრომელი ძიებაკი იმის თავდებია, რომ ჩვენი საქმე გამობრუნდება, რომ ის, რაც დაკარგულად გვეჩვენება, ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია...
გარეთ გამოსულმა ტროტუართან ამობურცული ასფალტი შევნიშნე, დავაკვირდი: ნაპრალში მწვანე ბალახს ამოეყო თავი. უძლეველია ცხოვრების ძალა...
ესაუბრა
რუსუდან ლორთქიფანიძე.
ჩვენ გადავრჩებით!.. / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ლორთქიფანიძე რუსუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 23 ივლისი. - N130(932). - 1,3 გვ.
![]() |
82 „გაერო კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 25 ივლისის რადიოინტერვიუ
- ვიცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 937-ე რეზოლუცია. რას შეცვლის იგი აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საკითხში და რა მნიშვნელობა ექნება ამ დოკუმენტს რუსეთისათვის? გვახსოვს, იყო ეჭვები, რომ რუსეთის ჩარევის შემთხვევაში გაერო შეიძლებოდა განზე გამდგარიყო საკითხის მოგვარებიდან... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- უშიშროების საბჭოს ეს ბოლო რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია, უწინარესად, იმ თვალსაზრისით, რომ დამთავრდა სამშვიდობო ღონისძიებათა, სამხედრო და პოლიტიკური ასპექტების პირველი ეტაპი. მას დამთავრებულად ვერ ჩავთვლიდით, სანამ გაირკვეოდა უშიშროების საბჭოს პოზიცია იმ აქციების[,] ღონისძიებების მიმართ, რომლებიც დაისახა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე. როცა ვლაპარაკობ პირველ ეტაპზე, მხედველობაში მაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა განხორციელება აუცილებელი იყო, რათა დაიწყოს ლტოლვილთადაბრუნება, დაიწყოს სერიოზული დიალოგი აფხაზეთის სტატუსთან და მთლიანად მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
თავს ნებას მივცემ, მოვახდინო ამ რეზოლუციის ზოგიერთი დებულების ციტირება, რადგან მიმაჩნია, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა ექნება კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებაში. ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება პრესაში, მაგრამ შეიძლება ყველა რადიომსმენელამდე გაზეთი არც მიდის და ამიტომ ზოგიერთ დებულებას მაინც მივაპყრობ მათ ყურადღებას.
მნიშვნელოვანია ის, რომ 937-ე, რიგით მეათე რეზოლუციაში, რომელსაც უშიშროების საბჭო იღებს საქართველოსთან დაკავშირებით, გაერო კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, კონფლიქტით დაზარალებული ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებულის უფლების - საერთაშორისო სამართლისა და მოსკოვში ხელმოწერილ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების საფუძველზე უსაფრთხოების პირობებში დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს.
უშიშროების საბჭო მიესალმება 14 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ.
შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია დებულება: ითვალისწინებს რა კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოწესრიგებას გაეროს ეგიდით, რუსეთის ფედერაციის, როგორც ხელშემწყობი მხარის თანადგომითა და ევროთათბირის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე კონფლიქტის ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოწესრიგების საქმეში პროგრესის გადამწყვეტ მნიშვნელობას, რაც უნდა ითვალისწინებდეს აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს, ადრე მიღებულ რეზოლუციებზე დამყარებულ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის სრულ პატივისცემას.
მე ვუბრუნდები პირველ ფრაზას: ითვალისწინებს რა კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოწესრიგებას გაეროს ეგიდით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უმაღლესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პლანეტაზე უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, კვლავ და კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს განუყოფლობას და, ბუნებრივია, აფხაზეთის სტატუსს ერთიანი საქართველოს ფარგლებში. კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის ზონაში ძალადობის ნებისმიერი სახით განახლება. შემდეგ არის სხვა დებულებებიც, რომლებიც შეიძლება, იმდენად მნიშვნელოვანი არც იყოს.
კმაყოფილებით აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის მზადყოფნას განაგრძოს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ინფორმირება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების მოქმედების შესახებ.
ესე იგი, ეს კონტაქტები უკვე დამყარდა, პრაქტიკა ჩამოყალიბდა, ეს აბსოლუტურად უნიკალური პრაქტიკაა, ჯერ ასეთი კომპლექსური მიდგომა საკითხისადმი არ ყოფილა.
მიესალმება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას გენერალურ მდივანსა და ევროთათბირის ამჟამინდელ თავმჯდომარეს შორის, განსაკუთრებით საქართველოს რესპუბლიკაში ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოწესრიგებისაკენ მიმართული ძალისხმევის საქმეში. ესე იგი ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული არა მარტო გაერო, არამედ ევროთათბირიც.
იწონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ძალისხმევას მიმართულს აფხაზეთში (საქართველოს რესპუბლიკა) ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისაკენ და მათს მცდელობას მოსკოვის 14 მაისის შეთანხმებისა და ოთხმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამსახურთან ფართო თანამშრომლობით უზრუნველყოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა თავიანთ სახლებში დაბრუნება.
მიესალმება რუსეთის ფედერაციის წვლილს სამშვიდობო ძალებში. ეს ძალიან პრინციპულია. ვიცი, რომ იყო პირველი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გაეროს და უშიშროების საბჭო ცნობად იღებდნენ... ეს სულ სხვა ამბავი იქნებოდა. რადგან მიესალმება, რადგან აღიარებს, რადგან ცნობს, ეს უკვე, პრაქტიკულად, მის მონაწილეობას ნიშნავს, მიესალმება რუსეთის ფედერაციის წვლილს სამშვიდობო ძალებში, რაცუპასუხებს მხარეთა თხოვნას, გამოთქმულს 14 მაისის შეთანხმებაში, რომელიც ამ ძალებს შეაქვთ საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიასთან ერთად გენერალური მდივნის 1994 წლის 12 ივლისის მოხსენებისა და გაეროს პრინციპებისა და პრაქტიკის შესაბამისად; ასევე მიესალმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მიერ გამოთქმულ სურვილს შემდგომში მონაწილეობა მიიღონ ამ ძალებში, უფლებამოსილებას აძლევს გენერალურ მდივანს გაზარდოს საქართველოში მეთვალყურეთა მისიის შემადგენლობა მოთხოვნის თანახმად. ზუსტად ასეთი იყო ჩვენი მოთხოვნა - 136 სამხედრო მეთვალყურე შესაბამისი დამხმარე სამოქალაქო აპარატით. ეს დაახლოებით 250-300 კაცი იქნება თავისი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის საშუალებებითა და ა.შ.
როცა ლაპარაკია მეთვალყურეთა მანდატზე, არის ერთი ძალიან საყურადღებო დებულება: მჭიდრო კონტაქტი კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებთან თანამშრომლობა, რათა ამ რაიონში თავისი ყოფნით ხელი შეუწყოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა უსაფრთხოების პირობებში თავიანთ სახლებში გეგმაზომიერად დაბრნებას. ესე იგი, მას არა მარტო სხვა საკონტროლო ფუნქციები აქვს, არამედ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სწორედ ლტოლვილთა დაბრუნების ამოცანა გახლავთ.
თხოვნით მიმართავს გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამსახურს სრული თანადგომა აღმოუჩინოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების განხორციელებაში, - ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლტოლვილთა კომისარიატი, ლტოლვილთა კომისრის სამსახურის მონაწილეობა დაკავშირებულია უშუალოდ ლტოლვილების თუნდაც ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების საქმესთან.
თხოვნით მიმართავს გაეროს გენერალურ მდივანს დააარსოს შეწირულობათა ნებაყოფლობითი ფონდი მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად ან ჰუმანიტარული ასპექტების მხარდასაჭერად. ეს მუშაობა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და როგორც კი დაიწყება ლტოლვილების დაბრუნება, ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ დახმარებას რეალურად იგრძნობენ.
როგორც მოგახსენეთ, პირველი ეტაპი ამით დამთავრდა, გაკეთდა ყოველივე აუცილებელი, რაც უნდა გაკეთებულიყო. და ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ღონისძიებები განხორციელდება პრაქტიკულად, რათა დაიწყოს დაბრუნების პროცესი. ვფიქრობ, იგი უნდა დაიწყოს უახლოეს დღეებში.
ამ დოკუმენტის ყველა დებულებას წითელ ზოლად გასდევს ის, რომ გაერო სამშვიდობო პროცესის მონაწილეა, ის, რომ მისი მეთვალყურეთა მანდატი გაფართოვდა და ამას მიესალმნენ რუსეთის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლები, რასაც აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ რაღაც დაპირისპირება იყოს, არამედ ლაპარაკია ძალისხმევის გაერთიანებაზე რუსეთის, თანამეგობრობის ქვეყნების, გაეროს უშიშროების საბჭოს მეთვალყურეების სახით და ამავე დროს გასათვალისწინებელია ლტოლვილთა კომისარიატის მონაწილეობა. ყველაფერი ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვიმეორებ, ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, ამიერიდან ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენ ვენდეთ რუსეთს, მის ხელმძღვანელობას, სამხედროებსა და დიპლომატებს და მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ არ შევმცდარვართ და არ შეცდებიან ჩვენი ლტოლვილები.
- გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: თბილისში მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით მოეწყო საქართველო-რუსეთის ერთობლივი კონფერენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების საკითხზე. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი ყოველთვის მოითხოვდა ჩვენგან ურთიერთობის მოგვარებას რუსეთთან და, ალბათ, ეს პროცესიც დაიწყო... რუს ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, ისევე როგორც უცხოელებს, საქართველოსთან კონტაქტების დამყარების სურვილი გაუჩნდათ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების პროცესიდაიწყო...
- მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. რუსეთის ბიზნესმენები საქართველოში - ეს პირველად მოხდა იმ ცნობილი გართულებებისა და სიძნელეების შემდეგ. ჩვენი დასავლელი კოლეგების წერილებში, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და სხვების წერილებში, გამოთქმული იყო სურვილი, რაც შეიძლება მალე მოგვეგვარებინა ურთიერთობა რუსეთთან. ამის კარნახიც არ იყო საჭირო, ჩვენ თვითონ დავრწმუნდით, რომ უამისოდ ძნელია გამოიყვანო ქვეყანა ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისიდან.
მოქალაქეთა კავშირისა და საქართველოს ბიზნესმენების ინიციატივა მართლაც შესანიშნავია. დღეს მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს სხდომაზე, რომელშიც, ვფიქრობ, მივიღო მონაწილეობა, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეჯამდება ამ ღონისძიების პირველი შედეგები. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ლაპარაკია არა ზოგად სურვილებზე, თანამშრომლობის სარგებლიანობაზე და ა.შ. ერთმანეთს შეხვდნენ ნაცადი პარტნიორები, რომელთან არცკი სჭირდებათ დარწმუნება ეკონომიკური ინტეგრაციის აუცილებლობაში, თავად იციან ეს თავიანთი ცხოვრებითა და პრაქტიკული გამოცდილებით. ამიტომაც გამოიკვეთა ათობით კონტრაქტი ან ოქმები განზრახულობათა შესახებ, რომლებიც შემდგომში უნდა გაფორმდეს როგორც ხელშეკრულებები. შედეგები, ვფიქრობ, ხელშესახები იქნება უკვე მიმდინარე წლისათვის, თუ მთლიანად ქვეყნისათვის არა, მრავალი ათეული საწარმოსა და ორგანიზაციისათვის მაინც. რა თქმა უნდა, ამ მოძრაობას ვერ დავიწყებდით იმ წინაპირობის გარეშე, როგორიც არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა, რუსეთთან ხელშეკრულებათა მთელი პაკეტის ხელმოწერა, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზების არჩევა. ეს აუცილებელი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ ჩვენ რუსეთთან დაგვეწყო სერიოზული თანამშრომლობა. არა მარტო მთავრობასთან, და, შეიძლება ითქვას, არა იმდენად მთავრობასთან, არამედ მთავრობის ხელშეწყობით ბიზნესმენებთან, ორგანიზაციებთან, რეგიონებთან, სამინისტროებთან, უწყებებთან, გაერთიანებებთან და ა.შ. ეკონომიკა მომავალში საფუძველი გახდება ნამდვილი მეგობრობისა და ნამდვილი მეზობლობისა, თანასწორუფლებიანობისა. ბიზნესმა იცის თავისი საქმე, მას თავისი კანონები აქვს და ეს კანონები ორივე მხარის სასიკეთოდ იმუშავებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
იმ სტაბილიზაციის პირველი ეტაპის გარეშე, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, ლაპარაკი ზედმეტი იყო ასეთი ღონისძიების გამართვაზე. რუსეთში უკვე მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის კანონები. ამ კანონების მიხედვით, სადაც ომია და სისხლი იღვრება, ბიზნესზე ლაპარაკი ძნელია. ბიზნესის კანონები, გარკვეულწილად პოლიტიკური ცხოვრების წესებსაც განაპირობებს და აქედან გამომდინარე ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება.
- გუშინ თქვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდით, გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი...
- საუბარი მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მთავარი დასკვნა ასეთია: ეს უმძლავრესი საერთაშორისო ფინანსური ცენტრებია, რომელთა რეკომენდაციებს ითვალისწინებენ დონორი ქვეყნებიც - უზარმაზარი, თანამედროვეობის გიგანტი სამრეწველო ცენტრები. ჩვენ თავისთავად უნდა გავითვალისწინოთ და ვიხელმძღვანელოთ მათი რეკომენდაციებით. უდავოდ დაგვეხმარებიან და ეს დახმარება დაიწყება უკვე მიმდინარე წელს. მაგრამ, დაგვეხმარებიან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ შევამზადებთ ნიადაგს ამისათვის. ჩვენთან ასეთი პროცესი დაიწყო. გუშინ მე მათ განვუმარტე, რისი გაკეთება შეიძლებოდა სამოქალაქო ომის პირობებში, ამ ომის გათვალისწინებით და რისი გაკეთება არ შეიძლებოდა, რამ მიიყვანა ქვეყანა ასეთ ვითარებამდე. ახლა მთავარია ჩვენი საფინანსო-საკრედიტო მეურნეობის მოწესრიგება, პრივატიზაციის დაჩქარება, მესაკუთრეთა ფენის ორგანიზაცია, ამ ფენის ფორმირება.
ალბათ, მიაქციეთ ყურადღება ჩვენს ღონისძიებებს შემნახველ ბანკთან, სამომხმარებლო კოოპერაციასთან დაკავშირებით და მრავალი სხვა. როცა პრივატიზაციის დაჩქარებაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს იმ პროგრამის მიხედვით მოქმედება, რომელიც ჩემს ბრძანებულებაშია ჩამოყალიბებული. ჩემი შეხედულებები ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო-საკრედიტო მეურნეობის გაჯანსაღებაზე, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, შევეცადე ჩამომეყალიბებინა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში. კარგი იქნებოდა თუ ჩვენი საზოგადოებრიობა ყურადღებას მიაქცევდა იმ გამოთქმულ მოსაზრებებს. როგორც ვიცი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები - იგივე მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, ამ მასალის ძირითად დებულებებს იზიარებენ. ასე რომ, ვაშინგტონისა და პარიზის დიალოგებიდან დაწყებული ნათლად გამოიკვეთა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი თანამშრომლობის პრინციპები. ეს დიალოგები გრძელდება თბილისში და მასში მონაწილეობს ჩვენი კოლეგების საკმაოდ ფართო წრე.
- საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თავდაცვის მინისტრის გენერალ ვარდიკო ნადიბაიძის ვიზიტმა მოსკოვში. ითქვა, რომ ხელისუფლებამ რუსეთს უსასყიდლოდ გადასცა მის ხელთ არსებული ერთადერთი ბოლო კოზირი - სამხედრო ბაზები...
- გუშინ ორჯერ გაიმართა სატელევიზიო ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან გენერალ ნადიბაიძესთან. მისი პასუხები ამომწურავად მიმაჩნია და გამეორება საჭირო არ არის. კიდევ და კიდევ მივმართავ ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს, ოპონენტებს, ვიდრე რაიმე კატეგორიულ აზრს გამოთქვამდნენ ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხზე, როგორიც არის სამხედრო ბაზების საკითხი, ღმერთი არ უწყენთ, დარეკონ თავდაცვის სამინისტროში ან აპარატში და დააზუსტონ როგორ არის საქმე.
- გასულ კვირას კვლავ გაიმართა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგი, სადაც აღარ ისმის რუსეთის ლანძღვა, და სადაც, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანთროპოლოგიურ გამოკვლევებს ატარებს... თქვენი თავის ქალის შესახებ...
- მივესალმები, რომ რუსეთს აღარ ლანძღავენ, ესე იგი, საქმე მაინც უკეთესობისაკენ მიდის. გაითვალისწინეს ჩემი ბევრი თხოვნა და მათი მადლობელი ვარ.
რაც შეეხება ამ გამოკვლევას. ღმერთმა იცის, რომ არასოდეს განმიცხადებია პრეტენზია ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი, როგორც იტყვიან „კოკროჭინა თავისა და ტანწერწეტობის გამო“, როგორითაც ალბათ ბატონი ირაკლი წერეთელია გამორჩეული, განგება ხანდახან ყველა სიკეთეს ერთ კაცს დააბერტყავს ხოლმე და სხვა კი იჩაგრება. ამ დაჩაგრულთა შორის მეც გახლავართ...
- ხვალ თბილისში ჩამოდის რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი ვიზიტი?
- რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეს დელეგაცია ძალიან ავტორიტეტულია. მასში შედიან კომიტეტის თავმჯდომარეები, დეპუტატები, მათი მრჩევლები. ჩვენ ამ ფაქტს ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ფედერაციის საბჭომ საკმაოდ ერთსულოვნად გამოხატა აფხაზეთში სამშვიდობო მისიის მხარდაჭერა და ამის გამო უკვე გამოვთქვი ჩემი მადლიერება. ახლა ლაპარაკი უნდა იყოს პრაქტიკულ საქმეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ დელეგაციის წევრები გულთან მიიტანენ ლტოლვილთა და დევნილთა ტკივილებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე სამართლიანობის აღდგენაში, ლტოლვილთა და დევნილთა უფლებების აღდგენაში. მინდა, რომ ეს მჯეროდეს. მათთან მექნება შეხვედრა და ამაზე ვისაუბრებთ.
„გაერო კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 ივლისი. - N131(933). - 1 გვ.
![]() |
83 „ჩვენი კურსის არსი იყო და არის მშვიდობიანი აღმშენებლობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 1 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას შესრულდა ერთი წელიწადი, რაც დაიდო სოჭის 27 ივლისის ხელშეკრულება. როგორ დასრულდა ეს ხელშეკრულება, ყველასათვის ცნობილია. ერთი წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეებში, საქართველომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა. გუდაუთიდან მობრუნებულ რუსეთის დელეგაციის წევრებს ენგურის ხიდთან მიტინგი დახვდათ. მომიტინგეები შეხვდნენ მათ მოთხოვნით - დროულად მოხერხდეს ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება სამშობლოში. რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ორივე მხრიდან იყო ნათქვამი: თქვენ ბრძანეთ, რომ ხალხს არ უნდა მივცეთ იმედგაცრუების საბაბი და იგივე წინადადება გაისმა რუსეთის დელეგაციის მხრიდანაც. სტუმრებმა თქვეს, რომ ტემპი არ უნდა შენელდეს და პროცესი არ უნდა შეჩერდეს. არის შეშფოთების რაიმე საფუძველი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- თქვენ 27 ივლისი გაიხსენეთ. აფხაზეთის ომთან დაკავშირებული ყველა თარიღი მძიმედ მოსაგონარია. 27 ივლისი სოხუმის გადარჩენის ცდა იყო. არ გაგვიმართლდა. მიზეზებს უფრო გვიან მივუბრუნდებით. სოხუმის დაცემის, აფხაზეთის დროებითი დაკარგვის მიზეზები, გარეშე ფაქტორებთან ერთად, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ამის შესახებაც უფრო გვიან გვექნება საგნობრივი საუბარი. ყველაფერს და ყველას თავისი სახელი დაერქმევა.
ახლანდელი ეტაპის ამოცანათაგან ორია უმთავრესი: ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, როგორც არაერთხელ ჩაიწერა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, და აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკება. ლტოლვილთა დაბრუნებისათვის პროცესის დასაწყებად ახლა ყველა წინაპირობაა შექმნილი ტექნიკური პრობლემების მოგვარების ჩათვლით. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ანკეტირება, რომელიც აქამდე ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზი იყო. ახლა ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, დამოკიდებულია რუსეთზე და ლტოლვილთა კომისარიატზე, რომელიც ასევე მუშაობს ამ პრობლემებზე. გაჭიანურება დაუშვებელია, რაც უკვე მოპოვებულია, მხედველობაში მაქვს ნდობის ფაქტორი, შეიძლება დავკარგოთ, რის გამოსწორებასაც შემდეგში თაობებიც ვერ შეძლებენ. პროცესი უნდა დაიწყოს და იგი დაიწყება. ამ მხრივ მიტინგი ენგურის ხიდთან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თავისთავად იგი წარიმართა პოზიტიურად, საქმიანად, რადიკალური მოსაზრებების გარეშე, მოთხოვნით, რომ ეს პროცესი დაიწყოს. დაე, იგი იყოს ეტაპობრივი, მაგრამ ვიცოდეთ, როდის რა გაკეთდება. ვფიქრობ, რუსეთის დელეგაცია შთაბეჭდილებებით საკმაოდ დატვირთული, შესაბამისი განწყობილებებით გაემგზავრა. შემდგომი მათი განცხადებები ამას მოწმობს.
- გასულ კვირას, თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ, ევროგაერთიანების ქვეყნებმა ძალიან დიდი ჰუმანური დახმარება გაგვიწიეს, 70-80 მილიონ ეკიუს მივიღებთ. შაბათს გაიმართა მინისტრთა კაბინეტის გაფართოებული სხდომა, რომელზეც საუბარი იყო ექვსი თვის შედეგებსა და მომავალი ზამთრისათვის მზადებაზე. ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა წინა პლანზე გადმოინაცვლა. მინისტრთა კაბინეტში აღნიშნეთ და შემდეგ, პრესკონფერენციაზე, სავალუტო ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელმაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილიზაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენი ეკონომიკის შეჩერების პერიოდი აპრილში დასრულდა და დაიწყო ახალი ეტაპი. განხორციელდება თუ რა ქვეყანაში მკაცრი, არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ღონისძიებები, რომელთა შესახებაც სავალუტო ფონდის წარმომადგენელმაც ისაუბრა და შეიძლება თუ არა ლაპარაკი დღეს იმაზე, რომ ეს რეფორმების ქართული ვარიანტი იქნება?
- ის, რაზეც ილაპარაკა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა და რასაც მან არაპოპულარული უწოდა, აუცილებლად გასაკეთებელია და ეს გზა გასავლელია. ეს ზომები არაპოპულარულია რაღაც ეტაპზე. ამ ეტაპისათვის ჩვენ ვემზადებით, ასეთი სამზადისის შემადგენელი ნაწილია თუნდაც მინიმალური მარაგის შექმნა მოსახლეობის არსებობისათვის, გამოზამთრებისათვის. რესურსები რეალურად გამოჩნდა ევროპის დახმარებით. მინდა ეს შემთხვევაც გამოვიყენო, მადლობა მოვახსენო თორმეტივე ქვეყანას, რომლებმაც დახმარება აღმოგვიჩინეს - ძალიან საჭირო, საარსებოდ საჭირო ყველა ოჯახისათვის, ყველა მოქალაქისათვის. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, თუ ასეთი გულუხვი იქნებოდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. მეგონა, რომ ეს დახმარება მოცულობით უფრო ნაკლები იქნებოდა.
ახლა გაბედული მოქმედება უნდა დავიწყოთ. უწინარესად, ეს მინისტრთა კაბინეტს, საფინანსო და საბანკო საქმეთა მესვეურებს ეხებათ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მე ორ ეტაპად დავყავი სტაბილიზაციის პროცესი: პირველი, ყველაზე მძიმე პერიოდი - ზამთარი, როდესაც, პრაქტიკულად, ჩვენ ვერაფერს ვერ ვქმნიდით და მხოლოდ ვხარჯავდით. და მეორე ეტაპი: ეკონომიკის სფეროში ერთგვარი სტაბილიზაციის გამოცოცხლების დაწყება. ეს პროცესი აპრილიდან დაიწყო და ახლა შედარებით უფრო ნორმალურად მუშაობს ჩვენი სახალხო მეურნეობა. გულისტკივილი უნდა გამოვთქვა იმის გამო, რომ ანტიკრიზისულ პროგრამაში ჩამოყალიბებული რეფორმები არ შეისწავლა ჩვენმა საზოგადოებრიობამ, ისევე როგორც არ შეისწავლა პარლამენტმა, და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სერიოზულად არც კი წაუკითხავთ. ამ პროგრამის საფუძველზე შეგვიძლია რადიკალურ რეფორმებს მივმართოთ. რაც უფრო რადიკალური იქნება ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გონიერების ფარგლებში, მით უფრო ადრე გავივლით იმ ეტაპს, შედარებით მძიმეს, რომელსაც არაპოპულარული უწოდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა. მაგრამ, იგი იმდენად მძიმე არ არის, რამდენადაც გარედან ჩანს. ეს გასავლელი ეტაპია, მაგრამ, რადგან ჩვენ, ასე თუ ისე, რესურსების გარკვეულ რაოდენობას თავი მოვუყარეთ, გვეძლევა მანევრირების საშუალება, რათა ეს შედარებით მძიმე ეტაპი ნაკლებად საგრძნობი იყოს ყველა ოჯახისა და მოქალაქისათვის.
რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რომ ეს კლასიკური ქართული ვარიანტია. რა თქმა უნდა, ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საერთო კანონზომიერებით ვსარგებლობთ, ძირითადი კანონზომიერება მრავალი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ, მაინც გვაქვს ჩვენი თავისებურებანი: ზოგიერთი მათგანი ჩვენს შეცდომებთან არის დაკავშირებული, ზოგიერთი, ალბათ, - სწორ გადაწყვეტილებებთან. კერძოდ, მიმაჩნია, რომ ბოლო ბრძანებულებას მრეწველობაში, ვაჭრობაში, საერთოდ, სახალხო მეურნეობაში პრივატიზაციის ტემპის დაჩქარების შესახებ და ამ პრინციპების განსაზღვრას, შეიძლება ქართული ელფერი ჰქონდეს; თავისებური მიდგომა, და ასე ვთქვათ, ნდობის გამოცხადება საზოგადოების ყველა ფენისადმი, მათ შორის, საწარმოებში მომუშავე იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მესაკუთრენი უნდა გახდნენ. დრო არ უნდა დაიკარგოს და პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკის მომძლავრებისათვის. მინისტრთა კაბინეტი, სამინისტროები, უწყებები, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელები, ყველა შემართული უნდა იყვნენ. რადაც უნდა დაჯდეს, ყველა საწარმო - კერძო თუ სახელმწიფო - უნდა მუშაობდეს და რაღაცას ქმნიდეს.
ყველა მათგანი უნდა ზრუნავდეს ბიზნესის განვითარებისათვის. ღრმად მჯერა და მსოფლიო გამოცდილებაც ამას ადასტურებს: ქვეყნის მომავალი ბიზნესის განვითარებაზე, ბიზნესმენთა, მესაკუთრეთა ფენის ფორმირებაზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ეროვნული სკოლის, ეროვნული თვისებებით აღჭურვილ ბიზნესმენთა თაობის აღზრდასა და ჩამოყალიბებას, მით უკეთესი იქნება.
- გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ბატონ რეზო ჭეიშვილის წერილი „რაც ყოფილა, იგივე იქნება“. იქ არის ასეთი რამ: თავის დროზე, როცა შევარდნაძე საქართველოში ებრძოდა მექრთამეებს, მძარცველებსა და ქურდებს, პატიოსან ხალხს მიაჩნდა, ჩვენი დრო დადგაო. რუსებიც კი ნატრობდნენ, ნეტავი შევარდნაძე ჩვენ გვყავდესო. ახლა შევარდნაძე ბიზნესმენია, ასე თქვა მან ერთ-ერთ შეკრებაზეო. პოლიტიკოსებისაგან მოულოდნელი თითქოს არაფერია, მაგრამ ბევრს მაინც არ ეგონა, რომ კაცი, რომელიც ახლა სახელმწიფოს მეთაურია, თუნდაც იდეაში გასწირავდა უსუსურ ხალხს, პატიოსან ადამიანებს რომ ეძახიან, გასწირავდა მწერლებს, მუსიკოსებს, მეცნიერებს, მხატვრებს... ხალხს გაუჭირდა ჯუნგლის კანონებზე გადართვა. ძალიან გაუჭირდა ქართულ ხელოვნებას...
- დიდი ყურადღებით წავიკითხე ბატონ რეზოს წერილი „ლიტერატურულ საქართველოში“. ყველა გაზეთს ვერ ვკითხულობ ბოლომდე, მაგრამ „ლიტერატურული საქართველო“ კი მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვეცნობი კიდეც ყველა მასალას, რომელიც მის ფურცლებზე ქვეყნდება.
რა თქმა უნდა, ბატონი რეზოს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან საკითხსაც ეხება. ეს არის დიდი და ნიჭიერი მწერლის, საზოგადო მოღვაწის მსჯელობა. მე მის შემოქმედებას შესანიშნავად ვიცნობ. როგორც პიროვნებისა და მწერლის მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს. მას საკმაოდ დიდი ხნის მეგობრად ვთვლი. მისი ამ წერილის ძირითად ნაწილს (ზოგი რამ შეიძლება საკამათო იყოს), პრინციპში ვეთანხმები და მივესალმები მწერლის მიერ საზოგადოებრივი მოვლენების ასეთ ხედვას, ძალიან გაბედულ აზრებს. დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ხნის ნაფიქრ-ნააზრევია.
რაც შეეხება მისი წერილის ბოლო ფრაზას - ჩემთვის სავსებით გასაგებია. ბატონი რეზო ამბობს: ვერ წარმოვიდგენდი, რომ შევარდნაძე იდეაშიც კი თუ დაუშვებდა იმას, რა ვითარებაშიც ახლა ქართული მწერლობა, ქართული ხელოვნება და სხვები არიანო. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ხომ ჩვენივე ხელით მივიყვანეთ ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ყველაფერი დავანგრიეთ, რისი დანგრევაც შეიძლებოდა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა არ დაანგრიეს. ისინი პროდუქციას აწარმოებდნენ, განვითარებაზე ფიქრობდნენ. სამწუხაროდ, ნგრევისა და გაპარტახების პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ მართლაც არ არის ახლა სასურველი პირობები არც მწერლისთვის, არც საზოგადო მოღვაწისათვის, არც მუშისა და არც გლეხისათვის. ეს არის სწორედ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ურთულესი ეტაპი. მისი გავლა ყველას გაუჭირდა, და ეს გაჭირვება, ალბათ, გარკვეულ დროს გასტანს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ, როგორი მკაცრი და სასტიკიც უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობები, სულერთია, სხვა გზა არ არსებობს. თუ გვინდა ეშველოს მწერლობას, ლიტერატურას, ხელოვნებას, სულიერებას, განათლებას, ყველაზე დიდი და ფართო გაგებით, უნდა მივხედოთ ბიზნესის განვითარებას, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, რადგან სწორედ ამ გზით შეიქმნება იმ რაოდენობის პროდუქტი და მატერიალური სიმდიდრე, რაც აუცილებელია ქვეყნის არსებობისათვის, მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის. ახლა, როცა ასეთი გაჭირვების პირობებში ვცხოვრობთ, ძალიან ძნელია მომავალზე ფიქრი. მაგრამ, ბატონ რეზოს მთელი მსჯელობა მაინც მომავლისკენ არის მიმართული. და, თუ მე მას წერილის ერთ მონაკვეთში, ერთ ფრაზაში, შევედავები, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვეთანხმები სხვა უმნიშვნელოვანეს დებულებებს, რომლებიც მის წერილშია მოცემული.
- გასულ კვირას თქვენ ნახეთ ახლადდამონტაჟებული კავშირგაბმულობის სადგური. იყავით „თბილქალაქპროექტში“. დახლოებით ერთი წლის წინათ, ქალაქის დაგეგმარებასთან დაკავშირებით თქვენთან გაიმართა თათბირი. მაშინ, ჯერ კიდევ საომარი მოქმედება მიმდინარეობდა აფხაზეთში, ქვეყანაში უმძიმესი პირობები იყო. ამ თათბირის შემდეგ თქვენ ინტერვიუში ბრძანეთ: ისეთი განცდა მქონდა, რომ ომი დასრულდა, ქვეყანაში უკვე შენების პროცესი დაიწყოო...
- საქართველო მანამ იქნება იზოლირებული მსოფლიოსაგან, სანამ ვერ შევძლებთ თანამედროვე დონეზე საბანკო ოპერაციების განხორციელებას და არა მარტო ამას. კავშირგაბმულობის ის სადგური, რომელიც არც ისე გიგანტურია, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია, ამის პირველი ეტაპია. როცა იგი მთლიანად დამთავრდება (სხვათა შორის, ქსელის შესაქმნელად ახლა უნდა ჩაერთოს სიმენსის ფირმა) - სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დამდეგს, - ქალაქი თბილისი პირდაპირ დაუკავშირდება ნიუ-იორკის ცენტრს, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქალაქს. ამასთან ერთად, თბილისში იხსნება ქართულ-ამერიკული ბანკი, ეგრეთ წოდებული „აბსოლუტბანკი“, რომელიც სხვა ბანკებთან ერთად განახორციელებს ოპერაციებს. ამით ერთგვარი საფუძველი ეყრება იმას, რომ თბილისი, საქართველო, მომავალში ერთ-ერთი საბანკო ცენტრი გახდება, რაც არაერთხელ გვითქვამს. სწორედ ამ დიდი საქმის დასაწყისია კავშირგაბმულობის ახალი სადგური.
რაც შეეხება მაშინდელ ფრაზას, იგი ადასტურებს, რომ ჩვენი კურსის არსი თავიდანვე მშვიდობიანი აღმშენებლობა იყო. ჩვენ ომი თავს მოგვახვიეს, მით უმეტეს, სამოქალაქო ომი. ეს იყო მოწოდებაც იმ დესტრუქციული ძალებისადმი, რომლებმაც ქვეყანა სამოქალაქო ომის მორევში ჩაითრიეს. როცა სამოქალაქო ომზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს კონფლიქტებიც. ამჯერად ჩვენ მართლაც ვფიქრობთ, რომ შეუქცევადად ვიწყებთ აღმშენებლობას. ეს პროცესი საქართველოში დაიწყო. ამის დადასტურება იყო შეხვედრა „ქალაქპროექტში“, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთბეჭდილება მოახდინა.
სხვათა შორის, მეორე დღესვე გაზეთ „რეზონანსში“ გამოჩნდა მსხვილი, შავი შრიფტით აწყობილი თვალში საცემი ბრალდება - „როგორ ჩაშალა შევარდნაძემ ერთი გაზეთისა და ხუთი ფირმის მუშაობა“. თურმე, ამ შენობაში, სადაც წინათ მარტო „ქალაქპროექტი“ იყო (მე იქ 10-15-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, განმიხილავს ათობით და ასობით პროექტი), სხვა ორგანიზაციებიც ყოფილა. არ ვიცოდი, თორემ მათაც მოვიწვევდით, საიდუმლო და დასამალავი არაფერი იყო. ამ ბოლო ხანს იქ განლაგებულან ფირმები და რედაქციასაც დაუდევს ბინა. ჩემი იქ ყოფნის დროს დაცვას დაუბრკოლებია ამ ორგანიზაციათა თანამშრომლების შესვლა შენობაში. მე ამ დილით გავეცი განკარგულება: დავნიშნე სამსახურებრივი გამოძიება. ეს სწორი არ არის, ასეთი რეჟიმი არავის არ სჭირდება. ვინც ძალაუფლებას გადააჭარბა, აუცილებლად დავსჯი. ხოლო თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს შესახვედრად მოსულ ასობით ადამიანთან ერთად იდგნენ ქუჩაში, გაწვალდნენ და დაიტანჯნენ, როგორც „რეზონანსი“ წერს, ბოდიშს მოვუხდი. ვფიქრობ, შემდეგში, როცა „ქალაქპროექტში“ მივალ, აუცილებლად, მივიწვევ მათ განხილვისა და მსჯელობის პროცესში.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი დიდი კმაყოფილება ამ შეხვედრით და იმის გამოც, რომ ჩვენი არქიტექტორები, საპროექტო ინსტიტუტები, მოაზროვნე და მეოცნებე ადამიანები, ფიქრობენ, გეგმებს აწყობენ და ეს გეგმები სავსებით რეალურია.
არ ვიცი, როდის გამოდის „რეზონანსის“ შემდეგი ნომერი, მაგრამ დაახლოებით გეტყვით რას დაწერს: „შევარდნაძემ ბოდიში მოიხადა“. არა უშავს, ბოდიშის მოხდა არ არის ადამიანის ღირსების დამამცირებელი.
- მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თქვენ სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ასეთი რამე თქვით, ეს ფაქტობრივად მოწყვეტილი რეგიონია და იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვსო. დღეს თქვენ მიემგზავრებით სამცხე-ჯავახეთში, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილია?
- ეს რეგიონი მოწყვეტილია, ნახევრად დაინგრა მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა, რომელსაც ასე დიდი იმედით აშენებდა და იმედით შეჰყურებდა ამ კუთხის მოსახლეობა - ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის მცხოვრებლები. უფრო მეტად, ვიდრე სხვა რაიონებში, შეზღუდულია პროდუქტების შეტანა, თითქმის არ მიმდინარეობს ვაჭრობა ცენტრსა და რეგიონს შორის, მოშლილია საზოგადოებრივი წესრიგი და ამ მხრივ ხალხი ყოველდღიურად აუტანელ ტანჯვა-წამებას განიცდის. რაიონები თვეების განმავლობაში ვერ იღებენ ელემენტარულად აუცილებელს - ირღვევა ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკები, ბევრი რამ არის გასაკეთებელი მეზობელ თურქეთთან ახალი საავტომობილო ტრასის გახსნასთან დაკავშირებით და მრავალი სხვა საკითხი. ყველაფერ ამას სჭირდება სათანადო უფლებებით აღჭურვილი რეგიონული ხელისუფლება კოორდინაციისათვის, ხელმძღვანელობისათვის, ოპერატიულობისათვის, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრის წარმომადგენლები აიძულონ ჩაერთონ საქმეში. ვფიქრობ, ამ სტრუქტურების არსებობას რეგიონის მოსახლეობა საკმაოდ მოკლე ვადებში იგრძნობს. ეს სერიოზული ნაბიჯია, შეიძლება კარგი მაგალითიც გახდეს სხვა კუთხეებისათვის, თუკი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
„ჩვენი კურსის არსი იყო და არის მშვიდობიანი აღმშენებლობა“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 აგვისტო. - N135(937). - 1 გვ.
![]() |
84 მოვიდა მუშაობის, რეალური მოქმედების დრო! |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ცნობილია, 31 ივლისს გაიმართა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გაფართოებული სხდომა, რომელმაც განიხილა წლევანდელი წლის ექვს თვეში რესპუბლიკის ეკონომიკის მდგომარეობის საკითხი და უახლოესი ამოცანები.
სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან გააანალიზა განვლილ ნახევარწლეულში ქვეყნის ეკონომიკის დარგებში შექმნილი ვითარება.
- იწყება ეკონომიკის რეანიმირება და ჩვენი სახალხო მეურნეობის კოლაფსიდან გარკვეულად გამოსვლა, თქვა მან. რამ გამოიწვია ერთგვარი გამოცოცხლება? ამის შესახებ იყო ლაპარაკი ბატონ ოთარ ფაცაციას გამოსვლაშიც, ეკონომიკის მინისტრის სიტყვაშიც. მინდა შეგახსენოთ, რომ არის საიმედო დასაწყისი, თუ იქნება მთელი ქვეყნის, ყველა მოქალაქის ენერგიული საერთო საქმიანობა ქვეყნის გადასარჩენად და, უწინარესად, ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად. ეს არის ენერგეტიკული წყაროების შედარებით საიმედოობა, ქვეყანაში საერთო სტაბილიზაციის დაწყება, რასაც ზოგი ხედავს, ზოგი - ვერა, ზოგი ამჩნევს, ზოგი - არა.
მაგრამ, მაინც, ფაქტია, რომ სტაბილურობის ფაზაში შევდივართ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გამოიკვეთა კურსი აფხაზეთის პრობლემის სამშვიდობო გზით გადაწყვეტისა, კრიმინოგენური ვითარების ერთგვარი გაჯანსაღებისა, ანტიკრიზისული პროგრამის შესაბამისად საბაზრო ეკონომიკისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელი ღონისძიებების განხორციელებისა, რაც რეალურად საგრძნობია ზოგიერთ დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაპყრო იმ ბრძანებულებას, რომელსაც ყველანი ერთობლივად ვამზადებდით - პრივატიზაციის ახალი ეტაპის შესახებ. ჩვენი უცხოელი მეგობრების გულწრფელ და საგრძნობ დახმარებას, სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო ბანკის რეკომენდაციებს, რომლებიც უფრო მეტად მატერიალურ გამოხატულებებში გადადის. უნდა აღინიშნოს, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია, ახალი კანონები, რომლებიც გამოირჩევიან ზოგიერთი სხვა ქვეყნების კანონებისაგან. მე ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე მაქვს მხედველობაში. ასე ვიტყოდი, არა მარტო ლიბერალურობით, არამედ, პროგრესულობითაც, რაც სტიმულს აძლევს ინვესტიციებს და საერთოდ მეწარმეობას. სერიოზული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დაიწყო რუსეთის, თანამეგობრობის სხვა ქვეყნების სახალხო მეურნეობასთან, ეკონომიკასთან ახლებური კავშირების დამყარების რეალური პროცესი, და ამ სფეროში დაიწყო რეალური გარდატეხა. პოლიტიკის სფეროდან, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის სფეროდან გადავდივართ ეკონომიკაში ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობაზე.
როგორც ამ ფაქტორების მნიშვნელოვანი შედეგი მოსახლეობის უმეტეს ნაწილში მოხდა შრომისადმი განწყობის აღდგენა, რწმენის დაბრუნება საკუთარ შესაძლებლობებში. ადამიანები მიუბრუნდნენ მიწას - ეს ეხება დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. მიუბრუნდნენ საწარმოებს, ფიქრობენ მეწარმეობაზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, გაცილებით იმატა ასევე სახელმწიფო პრობლემებისა და ამოცანებისათვის ზრუნვამ.
ეს მოვლენები და პოზიტიური ძვრები, ვიტყოდი, ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც ყველაფერი სახეზეა. აშკარად სახეზეა ფინანსების ერთგვარი გაუმჯობესებაც, განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის გამოცოცხლებასთან, იმ ტენდენციებთან, რის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით. მაგრამ მრავალი ასპექტით ფინანსების ერთგვარი გაჯანსაღება მაინც მოჩვენებითია. რიცხობრივი, ციფრობრივი, პროცენტული მონაცემები დაკავშირებულია ინფლაციის დონის ზრდასთან და ამ საფუძველზე ფორმალურად შემოსავლების გადიდებასთან, თუმცა არის ზოგიერთი იმედის მომცემი რამ - შემოსავლების გეგმა სხვა წლებისაგან განსხვავებით ახლა 8 პროცენტით არის შესრულებული - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემი ანგარიშით, შემოსავლების ზრდა ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი შესაძლებელია ერთი-ორად გაიზარდოს.
რა თქმა უნდა, დიდ პრობლემად რჩება ის, რომ კუპონი, პრაქტიკულად, გამოდევნილია ჩვენი სავალუტო მიმოქცევიდან, ფულადი ბრუნვის სფეროდან. ასევე განსაკუთრებით საგანგაშოა, ეს ხაზგასმით უნდა თქვას, ჩვენში დაფიქსირებული სიღატაკის ზღვარი. ძალიან დიდი ფიქრი და დიდი მუშაობა იქნება საჭირო, რომ უახლოეს თვეებში შევარბილოთ მაინც ეს მდგომარეობა. პირდაპირ გეტყვით, რომ ჰუმანიტარული დახმარება რომ არა, ჩვენი მეგობრებისა დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, მასობრივი შიმშილი გარდაუვალი იქნებოდა.
მიზეზებზე აქ ილაპარაკეს. მიზეზი უამრავია. ნეგატიური მოვლენების საფუძველი საკმაოდ ღრმაა. მართალია, ჩამოითვალა, მაგრამ მე მაინც ხაზგასმით ვიტყვი - ეს არის სამოქალაქო ომის უმძიმესი შედეგები, (როცა სამოქალაქო ომზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში მაქვს კონფლიქტებიც და ის ომი, რომელიც ჩვენ ბოლოს გადავიტანეთ,), ქვეყნის თვითიზოლაცია დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე, ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში დესტრუქციული ძალების მომძლავრება, ახლა ნაკლებად, მაგრამ ეს ძალები მაინც არსებობენ და ხელს უშლიან ეკონომიკისა და სტაბილურობის განვითარებას. ეს ის ძალებია, რომლებიც ნგრევისა და გაპარტახებისაკენ უბიძგებენ ქვეყანას. მოხდა სოფლის მეურნეობის ნაჩქარევი დანგრევა, რაც არ გააკეთა ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის არც ერთმა ქვეყანამ. მიწის პრივატიზაცია გარდუვალი პროცესი იყო, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მართვადი პროცესი. გაუჩანაგებლად და გაუპარტახებლად და ყველაფერი ის, რაც იქმნებოდა ათეული წლების განმავლობაში, სახალხო საკუთრებად, ხალხის, მოქალაქეთა საკუთრებად უნდა ქცეულიყო, რაც არ მოხდა და რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა ნაჩქარევი და პოპულისტური ნაბიჯების გამო. სამწუხაროდ, ამაზე ლაპარაკი დაგვიანებულია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ასეთი მძიმე ცხოვრებისა არის კუპონის იძულებითი და მოუმზადებელი შემოღება. ყველამ ვიცოდით, რა შედეგიც მოჰყვებოდა ამას, მაგრამ იძულებული ვიყავით ეს ნაბიჯი გადაგვედგა. არასწორი საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ლიბერალური დავარქვით, ლიბერალური კი არა, როგორც ახლა ირკვევა, დანაშაულებრივი საკრედიტო პოლიტიკა იყო, რომელიც ასევე ძვირად დაუჯდა ქვეყანას. ამ მიზეზებისა და მიზეზობრივი კავშირების ჩამოთვლა შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს, მაგრამ დღეს ეს მთავარი არ არის, მთავარი მაინც გამოსავლის ძიებაა.
იმის თქმა, რომ სახელმწიფომ არ იცის, რა უნდა აკეთოს, სახელმწიფოს არა აქვს გარკვეული კურსი, პროგრამა, ეს რა მთავრობაა, ეს რა ხელისუფლებაა და ა.შ. - ეს არის უცოდინარი ხალხის არგუმენტები და ლოგიკა და ამას ჩვენ ვერ ავყვებით. ეს ის ხალხია, რომელსაც ეზარება, საღამოს მაინც, თუნდაც ისე, გასართობად, გადაშალოს ის სამასგვერდიანი მასალა, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა“ - ანტიკრიზისული პროგრამა და დამუშავებული ჩვენი მეცნიერების, პრაქტიკოსების, სამინისტროების, უწყებების, ადგილობრივი ორგანოების აქტიური მონაწილეობით. ეს პროგრამა ბევრმა არ შეისწავლა, და ვინც შეისწავლა, იმანაც დაივიწყა. დღეს არავის, არც ერთ გამოსვლაში ანტიკრიზისული პროგრამა არ უხსენებია. უნდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ სოლიდური, სერიოზულად ნაფიქრ-ნააზრევი დოკუმენტია, მისი მიღების რაღაც 2-3 თვის შემდეგ არქივში გადადება და გადაგდება, ვფიქრობ, იმას მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება სერიოზულად არ მუშაობს კრიზისიდან გამოსვლის პრობლემებზე. პროგრამა კრიზისიდან გამოსვლის საფუძველია. ამასწინანდელ შეხვედრაზე, როცა მის საფუძვლებს, წანამძღვრებს, საწყის დებულებებს განვიხილავდით, ითქვა, რომ პროგრამა მოითხოვს ყოველთვიურ კორექტივებს. ჩვენი ცხოვრება იმდენად რთულია, პოზიტიური თუ ნეგატიური თვალსაზრისით, იმდენად ხშირად ვაწყდებით მოულოდნელობებს, რომ აუცილებელი ხდება ასეთი კორექტივები. მინდა მოვუწოდო განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროს და, შესაბამისად, ვიცე-პრემიერებს, სხვა სამინისტროებს, ეკონომიკის ინსტიტუტებს, რომ ყოველ მიზეზგარეშე იფიქრონ ამ პროგრამის სრულყოფისათვის, რათა იგი მართლაც სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდეს. ჩემი აზრით, არც უცნაურობა იქნება და არც შეუძლებელი, თუ ეს პროგრამა უფრო ლაკონიური გახდება. მართლაც, ძნელია 300-400 გვერდის გადამუშავება და სახელმძღვანელოდ მაგიდაზე დადება. ეს, ალბათ, მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ. ამიტომაც იგი გაცილებით ლაკონიური უნდა იყოს, რათა გამოიყენოს სამინისტროს ყველა თანამშრომელმა, ამ სფეროში მოღვაწე ყველა მეცნიერმა, ყველა გამგებელმა, მერმა, ყველა უწყებამ, რომლებიც ეკონომიკასთან არიან დაკავშირებული. ამავე დროს, ბუნებრივია, ასევე ყოველდღიური და ახლებური მიდგომა მოითხოვს კორექტივების შეტანას არა მარტო ცალკეული დებულებების სრულყოფის თვალსაზრისით, არამედ, საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისითაც. ანტიკრიზისულ პროგრამაში კორექტივის შეტანისთანავე შესაბამისად უნდა ვუცადოთ, რომ მომზადდეს მინისტრთა კაბინეტის სათანადო გადაწყვეტილება, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება ან რომელიმე კანონპროექტი.
სავსებით სწორად დაისვა დღის წესრიგში და მსჯელობის საგნად გადაიქცა სახელმწიფო სტრუქტურების სრულყოფის ამოცანები, სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობის გაზრდის საკითხი. რაც უფრო მრავალრიცხოვანია სახელმწიფო აპარატი, მით უფრო უმართავი და ნაკლებფექტიანია მისი მუშაობა და საქმიანობა. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მინისტრთა კაბინეტმა, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს, უნდა დაიწყოს სახელმწიფო აპარატის სრულყოფა, მისი გაიაფება და გამარტივება, დღეს ძალიან ძნელია მეწარმემ ეძებოს მისამართი, თუ ვისთან უნდა მივიდეს ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად, იმდენად ბევრი ვართ ჩვენ და ეს, სხვათა შორის, ამ დარბაზსაც ეტყობა. კიდევ კარგი, რომ ყველა არ მოვიდა.
ჩემი აზრით, შეიძლება ამჟამად დღის წესრიგში არ იდგეს სამინისტროთა გაერთიანება, მაგრამ, მაინც უნდა ვიფიქროთ ამაზე; როგორც კი სერიოზულად დაიძრება, დიდ მასშტაბს მიიღებს პრივატიზაცია, შესაბამისი ბრძანებულების შესრულება, ბევრი ჩვენგანი შეიძლება უფუნქციოდ დარჩეს. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, ისეთი სამინისტროები ჩამოვაყალიბოთ და შევინარჩუნოთ, რომლებსაც საქმე ექნებათ. დარჩება თუ არა სამინისტრო, ეს თქვენზეა დამოკიდებული, ბატონო მინისტრებო, თქვენ საჭირო უნდა გახდეთ არა მარტო იმ დირექტორისათვის, რომელიც დღეს სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელობს, არამედ, იმ დირექტორისთვისაც, რომელიც ხვალ მეწარმე, მესაკუთრე გახდება, მესაკუთრეთა კოლექტივის ხელმძღვანელი და ლიდერი იქნება. მას ისეთი კაცი დასჭირდება, რომელიც კი არ უხელმძღვანელებს, ბრძანებებს კი არ გასცემს, არამედ, ხელს შეუწყოფს, მოახდენს კოორდინაციას, მოეხმარება სხვა ქვეყნებთან კონტაქტების დამყარებაში, კოოპერაციაში, მომარაგებაში და სხვ. მაშინ ისინი მოგძებნიან თქვენ, უფრო სწორად, თქვენ არ უნდა გაუშვად ისინი როგორც თქვენი კლიენტები, როგორც თქვენი თანამშრომლები, თუ გნებავთ, როგორც კოლეგები. თქვენ საჭირო იქნებით იმისათვის, რომ დაეხმაროთ მათ - პრივატიზებულ საწარმოებს, მეწარმეთა ახალ ფენას; ნუ მიწყენენ მინისტრთა კაბინეტის თანამშრომლები, უნდა გაიაფდეს, გამარტივდეს ეს აპარატი, ზოგიერთი შეიძლება კიდევაც წავიდეს... მინისტრთა კაბინეტი უფრო მოქნილად, ოპერატიულად უნდა მოქმედებდეს, თვეების განმავლობაში განკარგულებები და დადგენილებები არქივში არ უნდა იყოს. უნდა გითხრათ, რომ არა მარტო თქვენი და მოსახლეობის მომართვები, არამედ, სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებებიც, პრემიერ-მინისტრის მითითებანიც თვეების მანძილზე შეუსრულებელი, რეაგირების გარეშე რჩება. ამას ბოლო უნდა მოეღოს. თუ ჩვენ სერიოზულად ვლაპარაკობთ ქვეყნის გაჯანსაღებასა და კრიზისიდან გამოყვანაზე, სახელმწიფო აპარატი, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, ნამდვილად რეფორმატორული სტრუქტურები უნდა იყოს, სწორედ ასეთად უნდა ჩამოყალიბდნენ ისინი და ამავე დროს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს რეგიონული და ადგილობრივი მართვის სრულყოფა, სწორედ ამიტომ არსებობს მინისტრთა კაბინეტი და სახელმწიფოს მეთაურის აპარატი. ეს არის უდიდესი ადგილობრივი რეზერვი. იმისდამიხედვით, რაზეც ბატონმა შაშიაშვილმა და სხვებმა ილაპარაკეს, ვხედავთ, თუ რის გაკეთება შეიძლება, თითქმის შეუძლებელის წამოწყება შეიძლება ერთ რეგიონში. ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ შევნიშნოთ ყოველივე ეს და მათ მხარი დავუჭიროთ არა მარტო სიტყვით, არამედ, აქტიურადაც დავეხმაროთ, ჩავერიოთ და ექსპერიმენტს, რომელიც დანიშნულებას გაამართლებს, ხელი შევუწყოთ რესპუბლიკაში გასავრცელებლად.
კიდევ და კიდევ შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული პროგრამა, რომელზეც ვილაპარაკე, პრაქტიკულად შეიცავს ყველა კომპონენტს, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის, ყოველ შემთხვევაში, ასეთი საწყისი არსებობს და გთხოვთ, დაუბრუნდეთ ამ დოკუმენტს.
მე, სხვათა შორის, დავინტერესდი და სანდო ხალხსაც ვკითხე ბევრ სამინისტროში, რეფორმების საბჭოსა და პარლამენტშიც, სადაც უნდა იდოს ეს ანტიკრიზისული პროგრამა, არ დევს, ასე არ შეიძლება.
ახლა ფინანსების გაჯანსაღებასთან დაკავშირებით: სავსებით ვეთანხმები აქ გამოთქმულ შენიშვნებს საკრედიტო ემისიის შესახებ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ; ეს პროცესი არ შეწყდება, იძულებული ვიქნებით, გავაგრძელოთ იგი, სანამ არ განხორციელდება ფასებისა და ხელფასების შესაბამისობაში მოყვანა, უფრო სწორად, რეფორმა, ახლა უკვე ლაპარაკიდან საქმეზე უნდა გადავიდეთ. ეს არის აპრობირებული აზრი სხვა ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე, ეს არის აპრობირებული აზრი, სავალუტო ფონდში, საერთაშორისო ბანკში და ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი პერმანენტული, გაუთავებელი იქნება და ვფიქრობ, ამას არავინ არ ისურვებს.
ახლა შედარებით უფრო უკეთესი მომენტია, იმის მიუხედავად, რომ ზამთრისაკენ მივდივართ. თუ ნორმალურად ვიმუშავებთ, გამოვიზამთრებთ და გაზაფხულსაც მომზადებული შევხვდებით, რადგანაც, გაჩნდა რესურსები და რეალური შესაძლებლობანი, რაც საფუძველს გვაძლევს, შედარებით ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი გამოზამთრებასთან დაკავშირებით. ვიმეორებ, თუკი ვიმუშავებთ და ვიმოქმედებთ ისე, როგორც ეს პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა ბრძანეს, არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრივ - მარტო 100 ათას ტონა ხორბალზე არ არის ლაპარაკი. თავისთავად მთავარია მხარდაჭერის ფორმა - მეგობარი ქვეყანა ხედავს, რომ ჩვენ მართლა შიმშილის წინაშე ვდგავართ და საგანგებო რეზერვიდან სათანადო რაოდენობის ხორბალი გამოძებნა. ეს პროგრამა არ მთავრდება, მომავალ წელსაც, კერძოდ, ზამთრისთვისაც, ეს პროგრამა გაგრძელდება, ეს კი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია, რომლითაც შეგვიძლია შევიძინოთ ხორბალიც, კვების პროდუქტებიც და ქვეყნისთვის აუცილებელი სხვა საქონელიც, დღეს უკვე გაბედულად ვლაპარაკობ იმიტომ, რომ მივიღე ძალიან სასიხარულო, საიმედო შეტყობინება ევროგაერთიანებიდან. მე ხვეწნა-მუდარით მივმართე, სხვა ქვეყნებმაც მიმართეს ევროგაერთიანების სახელმწიფოთა ლიდერებს. ჩვენ გაგვიგეს ისევ ჩვენმა მეგობრებმა და 60-70 მილიონი ეკიუ გამოგვიყვეს ნორმალურად გამოზამთრებისათვის, რათა შიმშილი და სიცივე უბედურებად არ დაგვატყდეს თავს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გვეძლევა უფლება შევიძინოთ პროდუქტები იმ ბაზარზე, სადაც 20 პროცენტის ფასდაკლებით იყიდება. ყველაფერს ერთად თუ ვიანგარიშებთ და გადავიყვანთ დოლარებში, ეს დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. თუ ამ თანხას რაციონალურად, გეგმიანად, ჭკვიანურად, დავხარჯავთ, ყველა ჯურის მაფიოზური ელემენტების ჩაურევლად ვიყიდით, შემოვიტანთ და სამართლიანად გავანაწილებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ზამთარს, შედარებით ნორმალურად გადავიტანთ, არის კიდევ სხვა რესურსებიც იგივე ევროგაერთიანების ხაზით. შეგვიძლია ვიბრძოლოთ 100 ათასი ტონა მაზუთის მიღებისათვის. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რუსეთის მიერ 20 მილიარდი მანეთის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს სესხი პრაქტიკულად დღის წესრიგიდან ხსნის პრობლემას, რომელიც უკავშირდება თბოელექტროსადგურის შეკეთებას, წესრიგში მოყვანას და მაზუთის მარაგის შექმნას, თუკი, ვიმეორებ, ყოველი მანეთი დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული.
არის ზოგიერთი სხვა იმედისმომცემი ცნობაც. აქ ბრძანდება ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე - ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, რომელიც საინტერესოდ მუშაობს, კარგი კონტაქტები დაამყარა უცხოელ პარტნიორებთან. გერმანელები მას შეჰპირდნენ 30 მილიონი გერმანული მარკის მედიკამენტების შემოტანას, რაც თითქმის 2-3 წლის მარაგია. ეს ძალიან დიდი დახმარებაა პენსიონერების, ინვალიდებისა და სხვებისათვის, რომლებსაც დღეს არ შეუძლიათ ელემენტარული სამკურნალო საშუალებები შეიძინონ. არის სხვა რეზერვებიც. კიდევ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მაინც გარეშე ფაქტორებია, რომლებიც არ შეიძლება მუდმივი იყოს. აღარ გავიმეორებ იმას, რაც ჩვენმა სტუმარმა თქვა: სავალუტო ფონდი და ჩვენი მსოფლიო ბანკი (იგი ჩვენიც არის, რადგან სიმბოლური შენატანი გვაქვს და წევრი ვართ), იმის მიუხედავად, რომ ისინი არ ანებივრებენ სახელმწიფოებს კრედიტებით. თუ ჩვენ მათ მოთხოვნებს შევასრულებთ, სხვა გზა კი ჩვენ არა გვაქვს, დაგვეხმარებიან, რომ წლის ბოლოსათვის ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, გარკვეული მატერიალური, ფინანსური, საკრედიტო მხარდაჭერა მივიღოთ.
კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ფასების ლიბერალიზაციას, ხელფასებისა და პენსიების გარკვეულ შესაბამისობას. თუ ეს ამოძრავდება, მაშინ ამოძრავდება კუპონიც და ისიც საჭირო გახდება. ახლა, კილოგრამი პური 700 კუპონი ღირს. ჰუმანიტარული დახმარებით, უფასოდ გამოგზავნილი პურიც სახელმწიფომ უნდა გაყიდოს, რადგან იგი დიდ დოტაციას საჭიროებს. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, როგორც შაშიაშვილმა თქვა, ალბათ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის ბევრი არაპოპულარული ღონისძიება ხორციელდება ქუთაისში, მაგრამ ხვალ ეს ისევ მოსახლეობის სასიკეთოდ შემობრუნდება, ამიტომ ასეთი ნაბიჯი უნდა გადავდგაო.
მეორე აქტუალური საკითხია საგადასახადო სისტემის სრულყოფა, ხანდახან საქმე აბსურდამდე მიდის, არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენი რამ არის აღურიცხავი. მაგალითად, ჩვენ ვბეგრავთ, გადასახადს ვახდევინევთ იმ საწარმოებს, ან იმ მეწარმეებს, რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ ბამბეულისა და შალის ნედლეული, ბამბეულისა და შალის ნაწარმი, ესე იგი მთელი მსუბუქი მრეწველობა (სადაც 100 ათასი კაცი მუშაობს), რომ დგას და არაფერს არ ქმნის, არც გადასახადს იხდის - ეს არავის არ აწუხებს, მთავარია, იყოს გადასახადი. კაცი თავისი ინიციატივით წავიდა, იშოვა ბამბა, მატყლი, ნართი, შემოაქვს და ტყავს ვაძრობთ, არ ვაძლევთ საშუალებას, რომ აწარმოოს, საბოლოო პროდუქცია შექმნას და მერე მივიღოთ გადასახადი, მივიღოთ ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის. შეიძლება, ჩვენ ზოგი რამ არ გვესმოდეს, რადგან, საბაზრო ეკონომიკა და მისი პრინციპები ჩვენთვის ახალია, მაგრამ ეს ანაბანა, მეოთხე კლასის ფარგლებში ჩვეულებრივი ანგარიში ხომ უნდა ვიცოდეთ, შემიძლია, უამრავი ისეთი მაგალითი მოვიყვანო, როცა ნედლეულის შემოტანა არ არის სტიმულირებული, ნედლეულით უღარიბესი ქვეყანა, პირიქით, სტიმულს უნდა აძლევდეს მის შემოტანას, უნდა იქეთ წაახალისოს, ოღონდ შემოიტანოს, ოღონდ რაღაცა შექმნას და მერე ის გადასახადი თავისთავად შეადგენს სიმდიდრეს და ბიუჯეტს, რომელიც ჩვენ ახლა ასე გვიჭირს.
უნდა გითხრათ, რომ ბატონ რემი ვაშაკიძეს მე ძალიან დიდი პატივს ვცემ, შემსრულებელი კაცია, იმის მიუხედავად, რომ ძველ დროში რკინიგზაზე გაფიცვებში მონაწილეობდა, ხანდახან საჭიროებისას, იგი თავსაც სწირავს ხოლმე, მაგრამ ტარიფებში ვერ დავეთანხმები, ეს სერიოზული შეცდომაა. როგორ შეიძლება, ჩვენ და აზერბაიჯანი ერთმანეთს შევეჯიბროთ, ვის უფრო მაღალი ტარიფები აქვს, რაც უფრო მაღალი იქნება ტარიფი, მით უფრო ნაკლები იქნება ჩვენთან მოძრაობა, მით უფრო ნაკლები იქნება რკინიგზის დატვირთვა, მით უფრო ნაკლები იქნება შემოსავალი, მათ შორის, დოლარისა და რუსული მანეთისა. როცა მაღალი ტარიფები შემოვიღეთ, სადღაც 23 დოლარი იყო, მოძრაობა პრაქტიკულად შეწყდა - ხალხი გადავიდა ნოვოროსიისკში, საზღვაო გზაზე და რკინიგზა დარჩა მხოლოდ ჩვენი დაკვეთების ამარა.
ასევე კადასტრთან დაკავშირებით: როგორ შეიძლება არ არსებობდეს მიწის გადასახადი? ვერ იარსებებს ასეთი ქვეყანა, ეს არის აბსოლუტური უვიცობა და უგერგილობა. ჩვენ ვლაპარაკობთ მიწის პრივატიზაციაზე, ახალ მესაკუთრეთა ფენაზე და ა.შ. და, ამავე დროს, მიწა უფასოა. ეს წარმოუდგენელი ამბავია. მე უნდა მივესალმო ბატონ ზურაბ გეგეჭკორს - იგი მოაზროვნე კაცია და თავისი ინიციატივით სერიოზულად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს, ეს საკითხი არა მარტო სოფლის პირობებშია მოსაგვარებელი, არამედ, უწინარესად, დედაქალაქში, ჩვენ რომ გუშინწინ შევიკრიბეთ დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, რაც ასე ცუდად გააშუქა ტელევიზიამ, იქ ცენტრალურ საკითხად იქცა, როგორც ქალაქის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, მიწის კადასტრის დამუშავება, ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეკონომიკის ახალი სისტემა ფრაზები კი არ არის, სწორედ ამ კომპონენტებისაგან შედგება და ნამდვილ რეფორმამდე იმ შემთხვევაში მივალთ, თუ აუცილებელ ნაბიჯებს გადავდგამთ და აუცილებელ ღონისძიებებს განვახორციელებთ.
ქვეყანაში ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით. მე ყველას ვეთანხმები, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფულის მასა უნდა გამოვუშვათ, ხელი უნდა მოვუჭიროთ, ვიცოდეთ, სად რა მიდის. ბატონ პაპავასა და სხვების გამოსვლები სწორია, მაგრამ, როგორ შეიძლება ადამიანს ხელფასი არ გადაუხადო? ეს გამორიცხული უნდა იყოს. როგორი პროცესიც უნდა მიმდინარეობდეს ქვეყანაში, 70 მილიონი ეკიუ - არის თუ არა ეს ბიუჯეტის შემოსავალი, თუკი მოხდა ფასების შესაბამისობაში მოყვანა? ეს იმ ხარჯების დაფარვის წყაროა, რომლებიც ხელფასებთან და სტიპენდიებთან არის დაკავშირებული; დროებითი, მაგრამ მაინც წყარო, რომლითაც 4-5 თვის განმავლობაში შეგვიძლია ვისაზრდოოთ. ანდა, ამერიკელების გამოგზავნილი ხორბალი, ესეც წყაროა, კრედიტები - დროებითი, მაგრამ ესეც ხომ წყაროა!
მეგობრებო, მინისტრებო, ვიცე-პრემიერებო! თქვენ ყოველდღიურად უნდა იფიქროთ და ეს საკითხები გადაწყვიტოთ, აი, როცა თქვენ ოპოზიციაში თუ ინსტიტუტებში იყავით, გქონდათ უფლება, რამდენიც გნებავთ, გაგეკრიტიკებინათ მთავრობა, სახელმწიფოს მეთაური, ახლა დაიკაპიწეთ ხელები, იმუშავეთ და გადაწყვიტეთ საკითხები. მე პასუხისმგებლობას როდი ვიხსნი, თქვენთან ერთად უნდა ვღვარო ოფლი, მაგრამ ასეთ საკითხებს თქვენ უნდა მიხედოთ. როგორ შეიძლება, რომ პარიზში დაბეჭდილი კუპონი, ურომლისოდაც ადამიანი ვერ არსებობს, მთელი 15 დღის განმავლობაში ვერა და ვერ შემოვიტანეთ. რა ვიცე-პრემიერები, რა მინისტრები ვართ? მე ძალიან მაგრად მოგკითხავთ ყველას, ძველსაც და ახალსაც, სხვანაირად აღარ შეიძლება. ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს - შემოტანა, - იცით, რომ გადასახადი უნდა გაუქმდეს. რატომ არ ყვირით? მომიტანეთ ბრძანებულება და ხვალვე ხელს მოვაწერ. პარლამენტში მივალ, დავუჩოქებ, შევეხვეწები, მოვაწერ ხელს, გადავიდეთ ამ გაუთავებელი ანალიზებიდან და დასკვნებიდან ცოცხალ, რეალურ მუშაობაზე, არსებობს ანტიკრიზისული პროგრამა, გაქვთ საკმაოდ ჯანსაღი შეხედულებები და დადგა მოქმედების დრო.
გუშინ მე პირველ შეკრებაზე მოვიწვიე საგანგებო საკოორდინაციო კომისია, რომელშიც ძალისმიერ უწყებებთან ერთად შედიან პრემიერ-მინისტრი და სხვები, ამ კომისიას აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც სახელმწიფოს მეთაურს, გუშინ ითქვა, ვინც ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა წავიდეს, თვითონ თუ ვერ ხვდება, მაშინ, ალბათ, მე უნდა მივახვედრო, ასეთი ხალხისაგან უნდა განვთავისუფლდეთ, ვინც უნდა იყოს, რა რანგისაც უნდა იყოს - გამგებელი, მერი, მინისტრი თუ სხვა. დღეს ისეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ მარტო კაიკაცობის პრინციპით ვერ ვიხელმძღვანელებთ, ეს ამჯერად, მხოლოდ შეპირება არ არის.
გუშინ ჩვენ პრინციპში შევთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. ეს არის საკონტროლო მუშაობის მოწესრიგება. ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კონტროლი უნდა იყოს. კონტროლი ყველგან არსებობს, მაგრამ საქართველოში იგი განსაკუთრებით გვიყვარს - ყოველი მეორე კაცი კონტროლიორია. როგორ იქნება მოწესრიგებული საკონტროლო საქმიანობა: ჩვენ ვთქვით, რომ კონტროლი არ შეიძლება გადაიქცეს მეწარმეთა დევნის ანტიპოდურ მოვლენად, ანტაგონისტურად განწყობილ სტრუქტურებად. მეწარმეობა არ განვითარდება ასეთი მასირებული და უმართავი კონტროლის პირობებში. თბილისში ქალაქის მერის ხელმძღვანელობით შემოვიღეთ ახალი სისტემა. იქმნება სპეციალური ჯგუფი პოლიციის, პროკურორისა და საკონტროლო პალატის შემადგენლობით, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას - შემოწმდეს თუ არა ესა თუ ის ობიექტი. ეს მუშაობა ქალაქში უკვე დაიწყო. ასევე იქნება რაიონებშიც, რაიონის გამგებლის მონაწილეობით. თუ ქალაქის მერი და ბატონი გამგებელი არ იმსახურებენ ნდობას და არსებობს სხვა მონაცემებიც, რომ თავად ისინი უწყობენ ხელს მაფიურ ელემენტებსა და სხვა, მაშინ საკითხი უნდა მოხსენდეს სახელმწიფოს მეთაურს და სახელმწიფოს მეთაური დანიშნავს შემოწმებას. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელზეც არ ვრცელდება შეზღუდვა, ეს არის საგადასახადო სისტემა. ჩვენ ამ სისტემაზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლის 80 პროცენტი მაინც ამ სისტემის სწორ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული და ამ დღეებში მე ამ სისტემასთან მექნება შეხვედრა, შემდეგ კი კოლექტიური შეხვედრებიც. ამდენად კონტროლის საკითხი, ასე თუ ისე, მართვადი გახდება. ვიცი, რომ ეს თქვენ ყველას გაწუხებთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ კი არ განთავისუფლებთ, არამედ ხაზგასმით მიგანიშნებთ თქვენს პასუხისმგებლობას. ესე იგი, ჩვენ გენდობით და ეს ნდობა ყველამ უნდა გამოიყენოს ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ. რაიონსა და ქალაქში წესრიგი უნდა იყოს.
ვთხოვ ბატონ თემურ ბასილიას, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ჩაუჯექით და გაარკვიეთ, რა კანონმდებლობა გვაქვს ისეთი, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შემოსავალი დაფარული არ იქნება. მაშინ ასეთი ფრაზა ვიხმარე: კომუნისტური რეჟიმის დროს არსებობდა გამოთქმა - სოციალისტური საკუთრება წმიდათაწმიდაა, ვინც ხელს ახლებს, დაისჯება, დახვრეტის ჩათვლით. მე არ ვამბობ, ამ ზომამდე უნდა მივიდეთ-მეთქი, მაგრამ შემოსავლების დაფარვისა და საგადასახადო პრობლემისადმი დაახლოებით ასეთი რეჟიმი უნდა შემოვიღოთ. ესე იგი, ადამიანმა ვერც კი უნდა გაბედოს ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება შემოსავლის დაფარვა, მისი სადღაც, რომელიმე ქვეყანაში გატანა. სანამ ჩვენ ამ სისტემას არ შევქმნით, მანამდე ლაპარაკიც ზედმეტია სერიოზულ და ჯანსაღ ბიუჯეტზე. გთხოვთ, ერთი თვის ვადაში ყველაფერი ეს დაამუშაოთ და მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით შეხვიდეთ პარლამენტში სათანადო კანონების გასამკაცრებლად და მისაღებად.
ამავე დროს ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ უცხოელ ინვესტორებთან მუშაობის პირობებს. ვიცი, რომ არის კანონი, მაგრამ კიდევ გადავხედოთ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებსაც გვაძლევენ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, სხვა ქვეყნების გამოცდილება. რუსეთს ჰქონდა საკმაოდ მკაცრი პირობები და ვერაფერი მოიგო, პირიქით, წააგო. რაც უფრო ლიბერალური იქნება უცხოელი ინვესტორის შემოსვლის პირობები, მით უფრო ჩქარა მივიღებთ მაღალ ეკონომიკურ ეფექტს, უფრო ჩქარა გამოცოცხლდება ჩვენი ეკონომიკა. გთხოვთ, ეს საკითხი შევისწავლოთ და სპეციალური მსჯელობის საგნად ვაქციოთ.
მეტი ინტენსიურობით უნდა წარიმართოს საბანკო რეფორმა, სერიოზული საბანკო რეფორმა. ლაპარაკია მთელი საბანკო სისტემის სრულყოფაზე. ჯერჯერობით მუშაობს საბჭოთა ბანკი, ჩვენი ეროვნული ბანკი საბჭოთა ბანკია. ძველ დროში ჯავახიშვილზე უფრო მკაცრი ხალხი იყო და შესანიშნავად იცოდნენ, რომ ემისია ცუდია, თუ მეტია შემოსავალი და ნაკლები გასავალი - კარგია. ეს ყველამ კარგად იცოდა. ეროვნული ბანკის არსებობას ყველა უნდა გრძნობდეს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს ყველასათვის კანონმდებელი. ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი არც ერთი ხვრელი, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შემოუვიდეს სახელმწიფოს. ყველაფერი ეს უნდა შევნიშნოთ. მე დიდ პატივს ვცემ აქ გამოსულ ორატორს - ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, მაგრამ, არ გეწყინოთ, ეს იყო უსუსური გამოსვლა. მე ველოდი სხვაგვარ გამოსვლას. სხვა პირობებში ასეთ ვიცე-პრეზიდენტს არ გააჩერებდნენ. აქ უნდა იყოს სასტიკი მოთხოვნა, ისევე როგორც თქვენც უნდა იყოთ მომთხოვნი და შემოქმედებითად ეკიდებოდეთ ყველა პრობლემასა და საკითხს.
ეროვნულ ბანკში მე ვერ შევნიშნე ძალიან დიდი ენთუზიაზმი, მაგალითად, იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო შემნახველ ბანკში. ძალიან სერიოზული საქმე დაიწყო. თქვენ წარმოიდგინეთ 400 ათასი კაცი სახელმწიფოს დახმარებით ნამდვილი მეპაიე, მესაკუთრე ხდება. მათი ფსიქიკისათვის, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებისათვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა ცალკე მოვისმინო ასევე ის მოსაზრებები, რომლებიც აქვთ „ინდუსტრია ბანკში“, ის, რაც არის „აგრობანკსა“ და სხვა ბანკებში. მინდა კიდევ ერთხელ ცალკე შევხვდე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს. არ შეიძლება უარყოფა, რომ აქ არის სახელმწიფო ბანკი და კომერციული ბანკი. თუ კარგი კომერციული ბანკია, იგი სახელმწიფოსათვის მუშაობს.
ბატონი ბაგრატიონი, რომელიც დღეს გამოვიდა, ჭკვიანი და განათლებული კაცია, მაგრამ ლექცია წაიკითხა, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება უცხოური ვალებისადმი. ეს ჩვენც კარგად ვიცით. გეთქვათ ერთი-ორი სიტყვა, რა რეზერვები არსებობს, როგორ მივუდგეთ ამას, როგორ გადავწიოთ ვადები, რა გავაკეთოთ. არაფერი ამის მსგავსი არ თქმულა, მე გთხოვთ - ბანკირებმა, ფინანსისტებმა უნდა ისწავლოთ ახლებურად მუშაობა. თუ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შემოქმედებაზეა ლაპარაკი, უწინარესად, ბანკირები და ფინანსისტები უნდა იყვნენ შემოქმედი და ამავე დროს - მკაცრი.
რასაც მოგახსენებთ, ეხება რაიონებსაც და ქალაქებსაც, იქაურ საბანკო-საფინანსო სისტემებს, გამგებლებს და სხვებს. ბატონ გამგებლებს ვთხოვ, ვიცი, როგორი მძიმეა თქვენი სამუშაო დღე, მაგრამ კვირაში ორი დღე მაინც უნდა მოძებნოთ იმისათვის, რომ თქვენ ბანკებში ჩაჯდეთ, რადგან ბანკიდან მოჩანს ის, რაც არასდროს არ გამოჩნდება კაბინეტიდან.
ვთხოვ ყველა გამგებელს, კარგად ჩაიხედონ პრივატიზაციის პროცესში. ეს პროცესი ახლა აღარ შეჩერდება. თქვენ იცით, რამდენს ყვიროდნენ ერთი წლის, წლინახევრის წინათ - აგვიანებთ რეფორმებს, კონსერვატორები ხართო და სხვ. არ შეიძლებოდა ომის პირობებში პრივატიზაციის განხორციელება. ახლა ქვეყანა ცოტათი რომ დამშვიდდა, ისეთი ტემპითა და მასშტაბით უნდა წარიმართოს პრივატიზაცია მრეწველობაში, ვაჭრობაში, საყოფაცხოვრებო მომსახურებაში, სხვა სფეროებში, რომ შეიქმნას ფუნქციონირების ნორმალური პირობები.
რაც შეეხება ჩრდილოვან ეკონომიკას. ჩემი ახალგაზრდობა ასეთ ეკონომიკასთან ბრძოლას შევალიე და არაფერი გამომივიდა. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ამბავი. ერთხელ ვთქვი და ვადასტურებ: მოხდა ფარული პრივატიზაცია, ამას ვერაფრით ვეღარ ვუშველით, ეს მოთავებული ამბავია. ჯობია დავაკანონოთ იგი, ამოვიდეს ეს ხალხი სოროდან, თუ ბანდიტები და მკვლელები არ არიან. მაშინ ისინი სხვაგან უნდა ისხდნენ. ჯობია, დროულად მოხდეს ყოველივე ამის ლეგალიზება, საქვეყნო, საჯარო მსჯელობის საგანი გახდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ბრძოლა მაფიურ კლანებთან მარტო ზოგად ლოზუნგებად დარჩება. რაც შეეხება ნამდვილ მაფიურ კლანებთან ბრძოლას, რომელმაც საქმე არ იცის, მოვიდა ქუჩიდან იარაღით და დღესაც იარაღით უნდა იშოვოს ფული, რა თქმა უნდა, ხელჩართული ბრძოლაა საჭირო, თუმცა, ეს ძალიან ძნელია. ყველა თქვენგანს ახსოვს, რამდენიმე წლის წინათ შეწყდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მაფიაზე კინოსურათების გამოშვება. 10-15 წლის წინათ ეს მაფიური კლანები პირდაპირ სჭამდნენ საზოგადოებას და იტალიის, ამ უმაღლესი დონის განვითარების, ეკონომიკის, კულტურის ქვეყნისათვის მაფიური პრობლემები დღესაც პრობლემად რჩება. ამის წინააღმდეგ მთელი სისასტიკით უნდა გავშალოთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოძრაობა. სხვანაირად წესრიგი არ დამყარდება.
ისევ და ისევ მივმართავ ვიცე-პრემიერებს: რამდენჯერ ითქვა, შემომიტანეთ მინისტრთა კაბინეტის სხდომებზე და ვნახოთ, რა არის ეს გადასაცვლელი პუნქტები. დარწმუნებული ვარ, გადასაცვლელი პუნქტების, ბანკების მუშაობა სამაგალითოდ რომ იყოს მოწყობილი, სავსებით ნორმალური პირობები შეიქმნება ეროვნული ვალუტის განსამტკიცებლად და საჭირო გახდება ეროვნული ვალუტა.
როცა რეზერვებზე მოგახსენებდით, საკმაოდ საინტერესო პერსპექტივაა ნავთობის წარმოება და ესეც ჩვენი ოპტიმიზმის ერთი ელემენტია.
და კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და მგონია, თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ბევრი რაიონი მოწყვეტილია ცენტრიდან. რეგიონებში შევქმენით სხვადასხვა სტრუქტურები, თუმცა ისინი ისე ვერ ართმევენ თავს საქმეს, როგორც საჭიროა, და ამ სტრუქტურების სრულყოფა ან გაუქმება უნდა მოხდეს. ყველაზე მეტად დატანჯულია სამცხე-ჯავახეთი, პრაქტიკულად მისი მცხოვრებლები მოწყვეტილი არიან დედაქალაქს. გარდა იმისა, რომ გამგებელი ჩამოვა წელიწადში ორჯერ, მათ არაფერი არ აკავშირებთ დედაქალაქთან და ცენტრთან. ამიტომ ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება შეიქმნას ახალციხეში რეგიონული ცენტრი. ეს იქნება მხარე, გნებავთ გუბერნია დიდი უფლებებით,მას გადაეცემა რესურსები, რეზერვები გასანაწილებლად, მათ შორის ენერგიაშემცველები, თანხები, პროდუქტები და სხვ. ეს იქნება ცენტრი, რომელიც უნდა დაეხმაროს რაიონის მოსახლეობას, გამოიტანოს ის, რაც გამოსატანია. ახლა ესეც შეუძლებელია. ათი გადასახადი უნდა გადაიხადოს, ათჯერ უნდა გააძრონ ტყავი ახალქალაქიდან მომავალ კარტოფილისა და ხორცის გამყიდველს, ვიდრე თბილისამდე მოაღწევდეს (ეს პრაქტიკულად ყველა რაიონს ეხება). ახალი მაგისტრალი იხსნება თურქეთთან - ართვინის პროვინციასა და ამ ზონას შორის, უამრავი სხვა პრობლემაა და, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებასაც გაგებით შეხვდებით.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ დღევანდელი ჩვენი შეკრება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, გამოვიტანოთ ერთი მთავარი დასკვნა - ლაპარაკი ლაპარაკად ნუ დარჩება. მოვიდა მუშაობის დრო. მოვიდა მოქმედების დრო!
მოვიდა მუშაობის, რეალური მოქმედების დრო! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 3 აგვისტო. - N136(938). - 1 გვ.
![]() |
85 „საქართველოში რეფორმების ეტაპი საკმაოდ დინამიკურად, მასშტაბურად დაიწყო და ეს შეუქცევადი პროცესია“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 8 აგვისტოს რადიოინტერვიუ
გასულ კვირას ზუგდიდში „მშობლიური და მშვიდობიანი აფხაზეთისათვის“ სახალხო მოძრაობის გამგეობამ მიიღო მიმართვა რესპუბლიკის ხელმძღვანელთა სახელზე, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების შემოყვანამ ჯერჯერობით ვერ გაამართლა ხელისუფლებისა და ხალხის იმედები, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ გალის ტერიტორიას და უფრო აფხაზეთის მხარის ინტერესებს იცავენ. რატომ გაიყინა აფხაზეთის პროცესი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რთული პროცესია, რომლის შესახებაც თქვენ არაერთხელ გითქვამთ, თუ რაიმე გარკვეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული? - კორესპონდენტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში თქვა:
- სახალხო მოძრაობა „მშობლიური და მშვიდობიანი აფხაზეთისათვის“ საფუძვლიან შეშფოთებას გამოთქვამს. მე ვიცნობ ამ მოძრაობის ინიციატორებს, მოძრაობის პრინციპებს და მის განვითარებას დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. ბევრი საინტერესო და ორიგინალურია ამ პრინციპებში. პროცესის გაჭიანურების გამო ბუნებრივია ჩემი განცდებიც. ჩვენ მუდმივი კონატაქტები გვაქვს რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებთან, მათ წარმომადგენლებთან, ვმუშაობთ გაეროსთან, საჭიროა დროულად ჩამოვიდეს მეთვალყურეთა ის გაძლიერებული კონტინგენტი, რომლის შესახებაც უშიშროების საბჭომ ამ ორი კვირის წინათ მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს, ბუნებრივია, მათაც აქვთ პრობლემები, კერძოდ, როგორც ვიცი, განაღმვის პრობლემა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ამასთან არ შეიძლება არ აღინიშნოს კოდორის ხეობის საკითხიც. შეთანხმება იმის შესახებ, რომ იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩადგნენ - იქნება ეს ბაზის თუ საპატრულო სამსახურის სახით, ეს სხვა საკითხია - ჯერჯერობით არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, არ შესრულდა საერთოდ მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება, რაც დამატებით სიძნელეებს ქმნის. ყოველივე ამას ემატება გუდაუთის ხელმძღვანელთა მოქმედება, რომლის მიზანია პოლიტიკური პროცესის ჩაშლა. ამას მოწმობს მათი გამოუცხადებლობა, მაგალითად, სოჭის ბოლო შეხვედრაზე.
უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სამშვიდობო მისიის მთავარი მოქმედი ძალის - რუსეთის გააქტიურება და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, გააქტიურდება გაეროც და დაკონკრეტდება მეთვალყურეთა ის რაზმიც, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.
საერთოდ, ჩვენ ყველანი უაღრესად დაძაბულ, რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვფიქრობ ეს ესმით რუსეთში. მაინც მინდა ვთქვა, რომ რადიკალური და ექსტრემისტული მოქმედების წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ასე დაძაბული ვართ ყველანი. ამ ურთულეს საქმეში მხოლოდ გრძნობებითა და ექსტრემისტული მეთოდებით ვერაფერს გავხდებით. ამ მხრივ მოძრაობა „მშობლიური და მშვიდობიანი აფხაზეთისათვის“, აფხაზეთის მოქალაქეთა კავშირი და რა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობა გონივრულ პოზიციაზე დგანან. თუ საჭირო იქნება მოქმედება, ყველანი უნდა შევთანხმდეთ მოქმედების ფორმებზე, ეტაპებსა და მოქმედების გეგმებზე, იქნებ, ამ დღეებში, გარკვეული კონტაქტების შემდეგ მოხერხდეს დასმულ კითხვაზე უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა და ამიტომ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.
- რა შეფასებას მისცემთ დღეს ჩეჩნეთში შექმნილ ძალიან მძიმე სიტუაციას? ხომ არ არის აქტუალური ის საფრთხე, რის შესახებაც ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ 1992 წელს ლაპარაკობდა გაეროს გენერალური ასამბლეის 47-ე სესიაზე. მხედველობაში მაქვს კავკასიური ომის საფრთხე, კავკასიური რელიგიურ-კონფესიური თუ ეთნიკური სიჭრელიდან გამომდინარე ურთულესი და უმძიმესი ომის საფრთხე...
- ჩემი პასუხი ცოტა ზოგადი იქნება. ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესები ერთხელ კიდევ მოწმობს, რომ კავკასია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია და მისდამი ყურადღებაც შესაბამისი უნდა იყოს. სწორედ ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე. სამწუხაროდ, კავკასიას მსოფლიო კარგად არ იცნობს და, აქედან გამომდინარე, აქ წამოჭრილ პრობლემათა გადაჭრა დაუსრულებლად ჭიანურდება.
რაც შეეხება ბოლო მოვლენებს ჩეჩნეთში, ვეთანხმები რუსეთის იმ ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრიზისის დაძლევაში პრიორიტეტი პოლიტიკურ მეთოდებს უნდა დაეთმოს. საბოლოო ანგარიშით, ახალს არაფერს ვიტყვი, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, როგორც ყოველთვის, ხალხის მხარდაჭერა გადასწონის სასწორს. მჯერა, რომ სწორედ ხალხის სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, ისტორიული გამოცდილება იქნება ის გადამწყვეტი ძალა, რომელიც საბოლოო სიტყვას იტყვის ამ რეგიონში.
ჩეჩნეთთან ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს და გვინდა მშვიდობა ვუსურვოთ ჩვენს მეზობლებს.
- გასულ კვირას ნალჩიკში გაიმართა მთიელთა პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრებოდა. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყანაში შიდასტაბილიზაციის პროცესისათვის კავკასიური დიალოგი? საქართველოს აქვს თუ არა დღეს ძალა, რომ იგი იქცეს კავკასიისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის მატარებელ ძალად?
- მივესალმები ნალჩიკში გამართულ დიალოგს. როგორც კი ამის შესახებ შევიტყვეთ, გადავწყვიტეთ იქ ავტორიტეტული და საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია გაგვეგზავნა. ეს დიალოგი მიმაჩნია დიდი საქმისა და მოძრაობის
დასაწყისად. მინდა მადლობა შევუთვალო შეხვედრის ორგანიზატორებსა და მასპინძლებს ჩვენი დელეგაციის გულთბილი მიღების, საქმიანი საუბრებისა და საქმიანი წინადადებებისათვის მზად ვართ, გავმართოთ დიალოგი ჩვენი ქვეყნის ყველა ჩრდილოელ მეზობელთან. მისასალმებელია რუსეთის ხელმძღვანელობის ძალისხმევა კავკასიური დიალოგის დაწყებასა და განვითარებაში. ამ ინიციატივას უდავოდ დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, როგორც ეს არაერთხელ განმიცხადებია, რომ კავკასიურ დიალოგში რუსეთი წამყვანი ძალაა და იგი მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, ასევე სხვა ქვეყნებიც, რომელთა მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება დიდად არის დამოკიდებული კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე.
- გასულ კვირას თქვენ სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ბრძანდებოდით. თქვენს პირად და სრულუფლებიან წარმომადგენლად ამ რეგიონში ბატონი ვალერი ბაქრაძე დაინიშნა. სამცხე-ჯავახეთი თითქოს საქართველოს მინიმოდელს ჰგავს: ეს არის რესურსებით ძალიან მდიდარი მხარე, რომელსაც დღეს ძალზე უჭირს. ამ დროს მას დიდი პერსპექტივები აქვს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ დღეს ქართული ბიზნესი იქით არ იხედება. ამუშავებს თუ არა მთავრობა რაიმე სპეციალურ ეკონომიკურ პროგრამას სამხრეთ საქართველოსათვის და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ქართულმა ბიზნესმა იქით გაიხედოს?
- სამცხე-ჯავახეთში ახალი სტრუქტურის შექმნის მიზანი უწინარესად, ამ მხარის მოსახლეობისათვის ზრუნვაა. ეს ასე უნდა განვიხლიოთ. ამ მხარემ მართლაც ჯოჯოხეთური ზამთარი გადაიტანა. ჩვენი ქვეყნის ეს უმდიდრესი კუთხე ახლაც, გარკვეული აზრით, უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც ვერ ახერხებს მისწვდეს ყველა რაიონის, ყველა მოქალაქის პრობლემას. ამ ცოდვას ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდით იმით, რომ იქ იქნება ხელისუფლების ისეთი სტრუქტურა, რომელიც გულთან მიიტანს რეგიონის მრავალეროვნული მოსახლეობის სატკივარს და ყველაფერს იღონებს ეკონომიკის, კულტურის გამოცოცხლებისათვის, ამ მხარის აღორძინებისათვის.
ყოველმხრივ მხარდაჭერას შევპირდი რეგიონის წარმომადგენლებს, ახალციხეში ჩემს მიერ დანიშნულ საგანგებო რწმუნებულს და შევეცდები სიტყვა შევასრულო კიდეც. უნდა გითხრათ, რომ იმ რეგიონში საკმაოდ უნარიანად მოქმედებენ ბიზნესმენები, და დროა, რომ საქართველოს ბიზნესმენებმა მათთან კავშირი დაამყარონ. ვუწინასწარმეტყველებ, რომ ვინც უნარიანად და საქმიანად მოჰკიდებს ამ საქმეს ხელს, ის გამდიდრდება, მას დიდი მომავალი ელოდება, რადგან ეს უმშვენიერესი, უმდიდრესი და უნიკალური კუთხეა, დიდი შესაძლებლობებითა და უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა ამ ნაბიჯს მიესალმება.
- გასულ კვირას „აგრობანკის“ აქციონირებასთან დაკავშირებით მიღებული იყო პრინციპული გადაწყვეტილება. მანამდე იყო შემნახველი ბანკის აქციონირების გადაწყვეტილება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკისათვის?
- ჩვენი ოპონენტები ბევრს და გაუთავებლად გვიკიჟინებენ, რომ ქვეყანაში რეფორმები არ მიმდინარეობს, რომ ხელისუფლება კონსერვატიული, არარეფორმატულია და ა.შ. ჩვენი მოწოდებით ჩვენ, მხედველობაში მყავს ხელისუფლების ძირითადი შემადგენლობა, რეფორმატორები ვართ, არა იმდენად სიტყვითა და მოწოდებებით, რამდენადაც - საქმით.
როგორც კი ჩაცხრა სამოქალაქო ომის ხანძარი, შევუდექით მრავალმხრივ, ფართომასშტაბიან, გააზრებულსა და ყველა სიძნელით გათვალისწინებულ რეფორმებს. ისინი საკმაოდ მოკლე დროში შეეხო და ეხება ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს. შედგა ანტიკრიზისული (ასე დავარქმევდი მას) რეფორმების სახელმწიფო პროგრამა. მინდა, რომ ამ პროგრამის ძალიან მოკლე შინაარსი, ანოტაცია გაკეთდეს და გამოქვეყნდეს პრესაში, რათა ჩემმა ოპონენტებმა ეს მაინც წაიკითხონ - მაინცა და მაინც რომ არ დაიღალონ, დიდი ვარიანტი ძნელი წასაკითხავია... რეფორმებთან დაკავშირებით ბევრი რამ ითქვა ჩემს გამოსვლებშიც. არა აქვს მნიშვნელობა - ეს მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე ითქვა, პარლამენტში, თუ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ რომელიმე სტატიაში. ეს ნააზრევია, ნაფიქრია და ეს არის სახელმწიფოს მეთაურის პლატფორმა, მისი პოზიციები სწორედ ეკონომიკური და სხვა სახის რეფორმებთან დაკავშირებით. გამოვიდა ბრძანებულება პრივატიზაციის პროცესის დაჩქარების შესახებ, გამოვიდა მაშინ, როცა გარკვეული გამოცდილება დავაგროვეთ, როცა ვიცით, რა არის რეალურად პრივატიზაცია. გამოვიდა ბრძანებულება, რომელიც არ არის მექანიკური, ავტომატური გამეორება, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, გავითვალისწინეთ ინტერესები მთელი მოსახლეობისა და განსაკუთრებით იმათი, ვინც აქამდე შეინახა და მოიტანა სახელმწიფო ქონება - ფაბრიკები, ქარხნები, მაღაზიები და სხვა.
ბრძანებულება შემნახველი ბანკის აქციონირებაზე: ეს სერიოზული აქციაა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, დაახლოებით 400-500 ათასი კაცი ხდება მეპაიე, გადადის მესაკუთრეთა ფენაში.
მზადდება დოკუმენტი ცეკავშირის სისტემის რეფორმის შესახებ. ესეც უზარმაზარი ღონისძიებაა, თითქოს იოლი სათქმელია - ცეკავშირის რეფორმა, მაგრამ როცა კარგად ჩავიხედეთ საქმეში, დავინახეთ, რომ ეს იყო ორგანიზაცია, რომლის განსახელმწიფოებრიობა მოხდა. იგი, პრაქტიკულად, სახელმწიფო ორგანიზაციად იქცა. ახლა ლაპარაკია სრულ რეფორმაზე, იმაზე, რომ აღდგეს მეპაიეთა ინსტიტუტი, მოხდეს ქონების გაყოფა, რომელიც მილიარდებია და ქონების მფლობელი თითქმის ყველა მეპაიე გახდება. ჩვენი ანგარიშით მილიონ ორასი ათასი - მილიონნახევარი კაცი გახდება მესაკუთრე.
დღის წესრიგში დგას „აგრობანკის“, აგრეთვე „ინდუსტრიაბანკის“ აქციონირება. ესეც ძალიან დიდი ღონისძიებებია. ამ დღეებში გამოქვეყნდება შესაბამისი დოკუმენტები.
მზადდება ღონისძიებები, რომელთა საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს კუპონის პრობლემა. აქამდე არ შეიძლებოდა, ახლა თანდათანობით მივუახლოვდით ამ პრობლემასაც და საერთოდ, დღის წესრიგში დადგა ეროვნული ვალუტის შემოღების წინა ეტაპი. იგი იოლი არ იქნება, ძნელი გასავლელი იქნება, მაგრამ მაინც უნდა გავიაროთ. ამისათვის მიმდინარეობს ფუნდამენტური, სერიოზული მზადება მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მზადდება სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში. შეიძლება იყოს პერსონალურიც, ცალკეული, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზოგიერთებს ჰგონიათ - დღეს ესენი გავრეკოთ, ხვალ სხვები მოვლენო... ასე არ ხდება.
დაიწყო ზოგიერთი საინტერესო მოვლენა რეგიონებში, მაგალითად, აჭარაში. იყო რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა. მასალები გამოაქვეყნა „საქართველოს რესპუბლიკამ“. ეს საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ქუთაისელთა მცდელობა, რომ მოძებნონ რაღაც ოპტიმალური ვარიანტი კუპონთან დაკავშირებით. ბევრი რამ საგულისხმო კეთდება ზუგდიდში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში. ამ დღეებში შევხვდები თბილისის აქტივს, მერიის, აგეთვე საქმიანი წრეების, მეცნიერების წარმომადგენლებს. არც მე და არც ქალაქის ხელმძღვანელობა არ ჩქარობდა ამ შეხვედრის მოწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკა დაინახავს იმას, რომ დედაქალაქი რეფორმებისათვის ბრძოლის პირველ რიგებშია. ძალიან ბევრი რამ, რაც ჩემმა ოპონენტებმა არ იციან და არც უნდათ რომ იცოდნენ, გამოტანილი იქნება სამსჯავროზე ხალხის განსახილველად. ბევრი რამ დედაქალაქში ისეთი კეთდება, რაც, დარწმუნებული ვარ, გაახარებს ჩვენს საზოგადოებრიობას პერსპექტივებისა და მასშტაბურობის თვალსაზრისით.
ყოველივე ამის შემდეგ იქნებ დაგვიზუსტონ, რომელ რეფორმებზეა კიდევ ლაპარაკი, ან წარმოადგინონ ის პროგრამა, რომელსაც რომელიღაც დღისათვის ინახავენ. სად არის ასეთი პროგრამა? ვერ აღმოვაჩინეთ! ამდენი გაზეთი, ჟურნალი გამოდის, დაიბეჭდოს სადმე. თუ რამ ჭკვიანურია, მისაღებია, ჩვენ მხოლოდ მადლობას ვიტყვით, მივიღებთ, თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ადგილს დავუთმობთ და ისინი განახორციელებენ ამ რეფორმებს.
საქართველოში რეფორმების ეტაპი საკმაოდ დინამიკურად, მასშტაბურად დაიწყო და, როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს შეუქცევადი პროცესია. ბევრი რამ იცვლება, ბევრიც შეიცვლება. შეიცვლება ქვეყანა, რომელიც განვითარების ახალ გზას დაადგა და დაადგა ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდება.
- შაბათს ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა...
- ეს შესანიშნავი, ლამაზი, კარგი, სასარგებლო ღონისძიებაა. გული დავწყვიტე ჩემს მეგობრებს, რომ ამ მშვენიერ დღეს მათთან არ ვიყავი, მაგრამ ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი მაინც მე ვარ, რადგან ძალიან მინდოდა იქ ყოფნა. გარდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საქმისა, ნოდართან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებდა. სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი, ალბათ, მას იხილავს მაყურებელი, რომ იგი ჩვენი დროის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი და ერთ-ერთი კოლორიტული მოღვაწეა და მისი არყოფნა ჩვენს რიგებში საოცრად გვაკლია ყველას და უწინარესად მე.
ვულოცავ ჩოხატაურელებს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებას. ყველა რაიონმა უნდა მიხედოს იმ შესანიშნავ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ასე უხვად არის მიმობნეული მთელ საქართველოში, ზოგან შემონახული, დაკონსერვებული, ზოგან კი - შელანძღული და გაჩანაგებული. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩოხატაურლების ეს ღონისძიება სამაგალითოა და მას უნდა მიბაძონ სხვებმა.
„საქართველოში რეფორმების ეტაპი საკმაოდ დინამიკურად, მასშტაბურად დაიწყო და ეს შეუქცევადი პროცესია“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 9 აგვისტო. - N139(941). - 1 გვ.
![]() |
86 ქვეყანა შევიდა აქტიური მშენებლობის ფაზაში |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 15 აგვისტოს რადიოინტერვიუ
გასულ კვირას შესრულდა ორი წელიწადი აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებიდან. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული ინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო.
- 14 აგვისტოს დაიწყო საომარი მოქმედებ. მიზეზს დღეს ივიწყებენ. დასავლეთ საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ტერორისტული აქტები - აფეთქებული ხიდები, კომუნიკაციები, გაძარცული მაგისტრალები, ადამიანთა გატაცება, მათ შორის თანამდებობის პირებისა, ადამიანთა მსხვერპლი და მილიონობით ეკონომიკური ზარალი. მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკისაც. სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომუნიკაციების დასაცავად, ტერორიზმის აღსაკვეთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ძალების გადაადგილებაზე, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი და ომი დაიწყო. მეორე დღეს, 15 აგვისტოს შედგა სახელმწიფოს საბჭოს სხდომა, სადაც თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ: „გარკვეული მოლაპარაკება აფხაზეთის ხელისუფლებასთან, რომ მატარებლები, ტრასები, ხიდები დაგვეცვა - გვქონდა, თანხმობა იყო, წინააღმდეგობა არ ყოფილა. ჯობდა, ალბათ, ვინმე ჩასულიყო და ჯარის გადაადგილების გეგმები გაეცნო მეორე მხარისათვის...“.
17 აგვისტოს გაიმართა თქვენი პირველი რადიოინტერვიუ, რომელშიც გაიმეორეთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება საქმის კურსში იყო, კვლავ გამოხატეთ აფხაზებთან დიალოგის სურვილი და ასეთი რამ თქვით: „მე ამ ბოლო ხანს საკმაოდ ბევრს ვლაპარაკობ საქართველოს ერთიანობაზე, მთლიანობაზე, მაგრამ არ მინდა, რომ ეს ერთიანობა მიღწეული იყოს ცეცხლითა და მახვილით. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას თანხმობით, ქართველი ხალხის გამთლიანებით, გაერთიანებით და მეგობრობით საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხთან. მოლაპარაკება და გონიერება - აი, ეს არის ჩვენი გზა“.
შემდეგ უკვე რაღაც აუხსნელად დაკარგულ ქალაქებთან, აუხსნელ მოქმედებასთან და ღალატთან ერთად იყო ოთხი დარღვეული სამშვიდობო ხელშეკრულება. რა იყო მაინც ეს? ხელისუფლების საბედისწერო შეცდომები, რომლებიც დროის ამ გადასახედიდან, ალბათ, უკვე ჩანს, თუ გარდაუვალი აუცილებლობა?
- ვიდრე ჩვენს დიალოგს დავიწყებდეთ კონკრეტულ თემებზე, მინდა გამოვთქვა დიდი გულისტკივილი და წუხილი იმ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინწინ ღამე მოხდა. დაიღუპა მრავალი ადამიანი, ბევრი დასახიჩრდა, გაუბედურდა ბევრი ოჯახი. მინდა, უწინარესად, ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გადავცე დაღუპულთა ოჯახებს. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც შეეცდება ყველა ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება, რაც აუცილებელია ასეთ ტრაგიკულ დღეებში. ერთხელ კიდევ ვუცხადებ სამძიმარს ყველას.
ახლა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. თქვენ გაიხსენეთ ჩემი გამონათქვამები 1992 წლის 17 აგვისტოს, რაც მაშინ ითქვა, ეს ჩემი კრედო იყო და არის კიდეც. ათასჯერ მითქვამს ხაზგასმით, რომ აფხაზეთში საომრად არ შევსულვართ, მაგრამ იმ მდგომარეობის მოთმენა, რომელიც მაშინ იყო, არც ერთ ხელისუფლებას არ შეეძლო. ბანდიტური ფორმირებები, ასეულობით შეიარაღებული ადამიანი, ხელმძღვანელთა და მოქალაქეთა გატაცების მასობრივი შემთხვევები, დანგრეული ხიდები, მაგისტრალები, გაძარცული შენობები და ა.შ. ამის მოთმენა, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა და ზომები უნდა მიგვეღო. ზომების მიღება ძალის გამოყენებით უნდა გამოხატულიყო ბანდიტებისა და დივერსანტების მიმართ და იმ ეტაპზე საქართველოს სხვა ძალა არა ჰქონია, გარდა სამხედრო ძალისა. მაშინ პოლიციას რაიმე სერიოზული ამოცანის გადაწყვეტა არ შეეძლო.
კიდევ ვიმეორებ: საომრად არ შევსულვართ, კონფლიქტი აფხაზეთში, და, ალბათ, მომავალში ამის შესახებ უფრო საფუძვლიანად ითქმება, მზადდებოდა წლების განმავლობაში, მზადდებოდა იდეოლოგიურად, სამხედრო თვალსაზრისით. არაერთხელ აღმინიშნავს ისიც, თუ რა ძალები მოქმედებდნენ, არ დამიმალავს რა შეცდომები იყო დაშვებული, თუ მთელი ამ კომპლექსიდან კონკრეტულ შეცდომაზე ვილაპარაკებთ, ერთერთ ისეთ შეცდომაზე, რომლის გამოც კაცი სინდისის ქენჯნას იგრძნობს და რომელიც, შეიძლებოდა, არ მომხდარიყო, მე უკვე ვთქვი - არა იმიტომ, რომ ვინმეს გადავაბრალო, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივ საქმეში, სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტის დროს არ შეიძლება არ შესრულდეს ის, რაც გადაწყდება.
თქვენ ტრიბუნა მიეცით ბატონ ავთანდილ იოსელიანს, რომელმაც გაიხსენა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, როცა მივიღეთ ჯარების გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება. მაშინვე იყო გაფორმებული დავალება ბატონ თენგიზ კიტოვანსა და გენერალური შტაბის უფროსზე, რომ ისინი ჩასულიყვნენ და გაეცნოთ მთელი ეს გეგმა არძინბასათვის. შემდეგ გაიმართა საუბარი არძინბასთან. იგი პრინციპში თანახმა იყო და აღიარა, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ, ამავე დროს, მან სავსებით კანონზომიერად მოითხოვა - კარგი იქნებოდა, თუ ჩამოვლენ და გეგმას გაგვაცნობენო. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს ასეც მოხდებოდა, და რკინიგზებს, მაგისტრალებს დავიცავდით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. წარსული დროით ამაზე ბევრ ლაპარაკს აზრი აღარა აქვს.
მე არ მიმაჩნია, რომ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა შეცდომა იყო. ამას კატეგორიულად ვაცხადებ. რომც არ მოგვეწერა ხელი, შედეგი იქნებოდა და იქნებოდა უფრო გლობალური მასშტაბითაც. რადგანაც, ეტყობა, ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ პროგრამებთან. უფრო ღრმა პოლიტიკურ შეფასებებზე ლაპარაკი, მგონია, ახლა დროული არ არის.
გაჩნდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კიდევ ერთი შანსი, ლტოლვილების დაბრუნებისა, აფხაზთა და ქართველთა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისა. ახლა ყველა უნდა შეეცადოს, გამოვიყენოთ ეს შანსი, ვიმეორებ, შანსის გამოყენებაზეა ლაპარაკი. შეიძლება ეს არ არის ასპროცენტიანი გარანტია. გამოვიყენოთ ის შანსი, რომელსაც გვაძლევს ისტორია.
მე გულწრფელად მივესალმე ბორის კაკუბავას განცხადებას. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, მისი მოთხოვნები შევარდნაძის გასამართლებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ, ობიექტური უნდა ვიყოთ ყველა შეფასების დროს და ამიტომ, ვიმეორებ, მივესალმე მის განცხადებას, ხელი არ შევუშალოთ დაბრუნების პროცესს, რადგანაც, რეალური კონტურები გამოიკვეთა. ჩვენი არჩეული გზა ძალიან მტკივნეული გზაა, აღსავსე მოულოდნელი გართულებებით. მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ერთადერთი, იქნებ მეტი ვიფიქროთ მომავალზე, კრიზისიდან გამოსავალზე, ქვეყნის გადარჩენაზე. ბრალდებების მოძებნა და განსაზღვრა, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა, ყოველთვის შეიძლება და, ალბათ, ამის დროც მოვა. სხვა საქმეა ღალატი. ღალატისა და გამყიდველობის თაობაზე არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მე ვთხოვე ბატონ შუშანაშვილს - გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომ მან ეს საქმე მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე, ამასვე იზიარებს გენერალური პროკურორიც.
ნუ დაგვავიწყდება: დღეს აფხაზეთის საკითხში ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი რუსეთზე იქნება დამოკიდებული. ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს ყველამ, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რაღაც ძალებს საქართველოში სამოქალაქო ომის წამოწყება სურთ და ა.შ. რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა უნდა გადალახონ. ამას, სხვათა შორის, მარტო რუსები ვერ გააკეთებენ. როცა ვამბობ, ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული-მეთქი, მხედველობაში მაქვს უსაფრთხო დაბრუნება და ამით სულაც არ მინდა დავაკნინო ქართველთა და აფხაზთა დიალოგის მნიშვნელობა. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა გადალახონ ეს ბარიერი, მხედველობაში მაქვს გაუცხოების, უნდობლობის სინდრომი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ტრაგიკულ ფონზე ჩამოყალიბდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სინდრომიც დაძლეული იქნება.
გარწმუნებთ, რომ ქართველთა დიდი უმრავლესობა ყოველთვის თვლიდა, რომ ჩვენ აფხაზებთან უნდა ვიყოთ როგორც ძმები, როგორც ერთი ქვეყნის თანამოქალაქენი და ასე უნდა ვიცხოვროთ. ახლაც ეს აზრი არის გაბატონებული. როგორც ვიცი, საღად მოაზროვნე აფხაზებიც ამავე აზრის არიან. მე მხედველობაში არა მაქვს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ქართველებშიც და აფხაზებშიც შეურიგებლობისა და სიძულვილის გრძნობები ამოძრავებთ. მაგრამ, ძირითადად, მაინც ეს განწყობილებები იკიდებს ფეხს.
- დღევანდელ სიტუაციაზე რა შეიძლება ითქვას? გასულ კვირას, კოდორის ხეობაში იაკუშევი და ნადიბაიძე იყვნენ ჩასულები...
- უდავოდ დადებითი მოვლენაა. ის, რომ ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამშვიდობო პოლიტიკურ პროცესებშიც ჩაერთო, უდავოდ დადებითი მოვლენაა. ეს აუცილებელი ელემენტია კონფლიქტის მოგვარების პროცესში. გენერალ იაკუშევთან სასარგებლო საუბრები გაიმართა თბილისში და ხეობაში. მათი შეხვედრაც დადებითად უნდა შეფასდეს. მაგრამ ყველაფერი ეს დეტალებია. ვნახოთ, როგორი იქნება მთავარი სამშვიდობო ოპერაციის დასაწყისი და მისი შემდგომი ეტაპები. ყველაფერი ეს ახლო მომავალში გაირკვევა. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ნადიბაიძეც, იაკუშევიც და სხვებიც თავის როლს შეასრულებენ.
- გადავხედოთ გასული კვირის მოვლენებს. ვერ გაიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ხელისუფლების საკითხი უნდა განეხილათ. გაიმართა რამდენიმე პრესკონფერენცია, რომლებზეც ისევე გამოიკვეთა სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების შეკვეცის სურვილი, კერძოდ, რესპუბლიკელების პროექტი სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის გაუქმების და უფლება-მოვალეობანის პარლამენტზე, მინისტრთა კაბინეტსა და სასამართლო ხელისუფლებაზე გადანაწილების შესახებ. ნათაძისა და სარიშვილის პრესკონფერენციებზე ისიც ითქვა, რომ დაგეგმილია რესპუბლიკის გარედან სამოქალაქო ომი თბილისში და, რომ გარკვეული ძალები ეცდებიან, სიტუაციის გამწვავებას, განსაკუთრებით - ოქტომბერში. ბევრს ლაპარაკობენ ქობალიას ჩვენებებზე და რატომღაც ყველამ იცის, თუ რას ლაპარაკობს ქობალია. ესეც აუხსნელი ფაქტია. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია გარედან თავსმოხვეული სამოქალაქო ომის საფრთხე? და კიდევ, თუ რევანშისტები მაინც მოინდომებენ სიტუაციის დაძაბვას, ხომ არ იქნება ეს იმის შედეგიც, რომ საქართველოში ჯერ არ დასჯილა ტერორიზმი, რომ იმ მოვლენას, რომელსაც პროვინციული ფაშიზმი ვუწოდეთ, არ მისცემია შესაბამისი შეფასება და სერიოზულად ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ რა მოხდა საქართველოში. ამ სიტუაციაში, რამდენად შესწევს ძალა სახელმწიფოს, რომ გაუმკლავდეს ასეთ მოვლენებს და აღკვეთოს ისინი?
- ამ კითხვებიდან გამოვყოფდი შემდეგს: ლაპარაკს, რომ დაგეგმილია რაღაც სამოქალაქო ომის მსგავსი რამ, არა მგონია, ამას რაიმე საფუძველი ჰქონდეს. თუ ჩვენ თვითონ ქართველები, და ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეები არ წამოვიწყებთ რაღაც ახალ უბედურებას, გარედან ასეთი რამ გამორიცხულია, ასეთი საფრთხე არ არსებობს. მოსაზრებაში, რომ მოხდეს ხელისუფლების კლასიკური დანაწილება, ერთი მხრივ, ცუდს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ეს ვარიანტია, თეორიულად და პრაქტიკულად მისაღები, მაგრამ მისაღები იმ საზოგადოებისათვის, რომელიც იდეალურ პირობებში და იდეალურ დონეზე ცხოვრობს.
რა უნდა ვთქვა მეთაურის უფლებებთან დაკავშირებით, ზოგიერთებს, როგორც იტყვიან, ყელში აქვს გაჩხერილი ეს უფლებები. მინდა შევახსენო მათ, რომ ამ უფლებათა წყალობით, ჩვენ სამოქალაქო ომის ხანძარი ჩავაქრეთ. გადავდგით პირველი ნაბიჯები სტაბილურობისაკენ. ამ საკითხის დაყენება დღეს ან უცოდინარობის ტოლფასია, ან ცალკეულ პირთა დაუოკებელ ამბიციებს მოწმობს.
პარლამენტის სხდომა რომ არ გაიმართა, გასაკვირი არაფერია, მოუმზადებელი იყო და ასეც უნდა მომხდარიყო. თქვენ გახსოვთ ჩემი ფრაზა ამის შესახებ, რომ მზად ვარ გავაგრძელო დიალოგი ოპოზიციურ ძალებთან. ამან ვითარება მნიშვნელოვნად განმუხტა. ასე მომეჩვენა, რომ ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა მდგომარეობიდან მუნდირის შეულახავად გამოსვლის ასეთი ვარიანტი. საერთოდ კი, ვფიქრობ, ახალი აურზაური ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ბევრს არაფერს მოიტანს. საჭიროა, ყველამ ერთად შევასრულოთ ის, რაც მივიღეთ სახელმძღვანელოდ - ანტიკრიზისული პროგრამა, ზამთრისათვის მზადების გეგმა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოგვარების ვარიანტები, რომლებიც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, კრიმინოგენული სიტუაციის საბოლოოდ გაჯანსაღება. ამ პრობლემებზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამაც და ამისათვის უნდა იზრუნოს ოპოზიციამაც ისე, როგორც ეს მას შეუძლია - კანონიერი გზებითა და საშუალებებით. ყველას მოვუწოდებ კონსტრუქციულობისა და თანამშრომლობისაკენ ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად.
თქვენ ბრძანეთ, ტერორიზმი არ დასჯილაო. გეთანხმებით. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რაიმე ზემოქმედება მოვახდინოთ უმაღლეს სასამართლოზე, მაგრამ დღეს საკმაოდ მაღალ დონეზე ვლაპარაკობდით, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უზენაეს სასამართლოს ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის მოგვარებაში. არის ისეთი საკითხები, რომლებიც ხელს უშლის ამ პროცესების დაჩქარებას. ტერორიზმი კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს. ვფიქრობ, ეს ასეც მოხდება.
გარკვეული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ არ მოხდა იმ მოვლენების შეფასება, რომლებზეც თქვენ საუბრობდით. არსებობს კომისია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.
ქობალიას ჩვენებებთან დაკავშირებით: სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რა ჩვენებებს იძლევა. ასეთ დროს ბევრი იქნება ჭორი. მგონია, ხმები ვრცელდება არა იმდენად გამოძიებისაგან, არამედ იმ წრეებისაგან, რომლებსაც აწუხებთ, თუ რა შეიძლება თქვას ქობალიამ. ალბათ, რაღაცას იტყვის ის კაცი, და რას იტყვის, ეს გამოძიების საქმეა.
- გასულ კვირას, თბილისში პოლიციის აღლუმი შედგა. თქვენ ესწრებოდით ამ აღლუმს და საკმაოდ კარგი შეფასება მიეცით. სახელმწიფო კრედიტებისა და ინვესტიციების ხელშემწყობ კომისიას შეხვდით. ასევე გაიმართა მინისტრთა კაბინეტის მორიგი სხდომა საკმაოდ მკაცრი შეფასებებით. 11 აგვისტოს, თქვენ დედაქალაქის ხელმძღვანელებსა და დედაქალაქის საარსებოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ხელმძღვანელებს შეხვდით. რამდენჯერმე ასეთი მოსაზრება გამოითქვა თქვენი მხრიდან; საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა, საჭიროა თვითონ იზრუნონ საკუთარ თავზე. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ტემპები არასაკმარისია იმიტომაც, რომ ხშირად ამ საქმეს აკეთებენ მოძველებული აზროვნების ადამიანები. და კიდევ, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს არ დაერქვას გადაუხდელი გადასახადების ქვეყანა, როდის გაიზრდება რეალურად შემოსავალი - მოსახლეობის ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, და როდის გაჩნდება კომპენსაცია, რათა ყველაფერს თავისი რეალური ფასი დაედოს?
- ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, იმის დასტურია, რომ ქვეყანა შევიდა აქტიური მშენებლობის ფაზაში. პოლიცია რეალურ ძალად იქცა, რომელიც გაუმკლავდება დამნაშავეთა კლანებს, ვფიქრობ, რომ სხვა სამართალდამცავ ორგანეობთან ერთად დათრგუნავს კიდეც. დაიწყო აქტიური რეფორმები წარმოების, საფინანსო-საბანკო სფეროებში. გამოცოცხლების ტენდენცია გამოიკვეთა ეკონომიკაში და ეს დაადასტურა შეხვედრებმა დედაქალაქში. დაიწყო რადიკალური რეფორმების პროცესი და დაიწყო მაშინ, როცა უნდა დაწყებულიყო. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენ დავაგვიანეთ, დროზე არ დავიწყეთ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ლოგიკაა. ომიანობის პირობებში, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაზე ლაპარაკი შეუძლებელია.
ისევ და ისევ ვუბრუნდები საკითხს კონსტრუქციულობის ატმოსფეროზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთელ სახელმწიფოში. ბევრი დაბრკოლებაა რეფორმებისა და ახალი მშენებლობის გზაზე. მათ შორის - მოძველებული აზროვნება. ამას ყოველ ნაბიჯზე, ყოველ საათს წავაწყდებით ხოლმე და ეს სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება დრო, გარკვეული გამოცდილების შეძენა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მოძველებულ აზროვნებას, როგორ უნდა შეიცვალოს ადამიანების აზროვნება. მოძველებული არა მარტო უფროსი თაობის ადამიანების აზროვნება გახლავთ, არამედ ხშირად ახალგაზრდობის წარმომადგენლებისაც. ახალი აზროვნების ჩამოყალიბება და ფორმირება ურთულესი პროცესია. სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად სერიოზული პრობლემაა ხელფასების, სტიპენდიების, პენსიების საკითხი, მათ შორის, - კუპონის პრობლემა.
ვფიქრობ, ორი-სამი კვირა კიდევ იქნება საჭირო, რომ აქაც იდეოლოგია, კურსი ჩამოყალიბდეს და შემდეგ, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, უნდა დავადგეთ ამ კურსს, ერთხელ და სამუდამოდ მოვაწესრიგოთ ჩვენი საფინანსო მეურნეობა, საბანკო სისტემები და სერიოზულად განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული ვალუტის გარდამავალი სახეობა.
ერთხელ კიდევ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წესრიგის დამყარება, სახელმწიფოებრივი მშენებლობა ურთულესი საქმეა. ყველა ჩვენგანი ხედავს ამას. ასეთ დროს ზოგს მოუხდება დაუმსახურებელ კეთილდღეობაზე უარის თქმა, ეს გამოიწვევს ერთგვარ უკმაყოფილებას, პროტესტებს. სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, უნდა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კანონიერებისა და კანონის ფარგლებში და ისინი ყველასათვის ერთი, ერთნაირად მომთხოვნი უნდა იყოს. ღმერთმა დაგვიფაროს იმისაგან, რომ ხელისუფლების მოქმედების დროს, წინა პლანზე წამოვიდეს პოლიტიკური შეხედულებები, პოლიტიკური ანგარიშსწორება და სხვა. თუ ასეთ რამეს ჩვენ რეალურად წავაწყდებით, მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ დაუნდობელი ვიქნებით და მთელი სისასტიკით ვიბრძოლებთ. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მხოლოდ კანონისა და კანონიერების ფარგლებში და იქნება ამ პრინციპების ერთგული.
ქვეყანა შევიდა აქტიური მშენებლობის ფაზაში / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 16 აგვისტო. - N143(945). - 1 გვ.
![]() |
87 სამძიმარი |
▲ზევით დაბრუნება |
13 აგვისტოს, ღამით, სადგურ ვაჩიანთან, მატარებლების შეჯახების შედეგად მოხდა ტრაგედია, დაიღუპნენ ადამიანები, მრავალი დაშავდა. მე შემძრა ამ ტრაგედიამ. გამოვთქვამ გულისტკივილს მომხდარის გამო და ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ედუარდ შევარდნაძე.
სამძიმარი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 16 აგვისტო. - N143(945). - 1 გვ.
![]() |
88 „ადრე თუ გვიან პოლიტიკურ მოვლენებში კანონზომიერების პრინციპი გაიმარჯვებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 22 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას მოსკოვიდან დაბრუნდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია. სხვა საკითხებთან ერთად იქ აფხაზეთის პრობლემებზეც იყო საუბარი. თქვენ შეხვდით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობას, აფხაზეთის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე. ამიერკავკასიის ჯარების შტაბ-ბინასთან მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით გაიმართა ქალთა აქცია. კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთიდან ლტოლვილთა აქცია, სადაც ხმამაღლა ითქვა, რომ თუ არ დაიწყო ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი, აქციის მონაწილეები სტიქიურად დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას. და რაც ყველაზე სიმბოლურია, ეს აქცია მიმდინარეობს სოფელ რუხში, იქ, სადაც წინათ ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის დღესასწაულები იმართებოდა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- აფხაზეთთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან, მოთმინების ზღვარს ვუახლოვდებით. იმ კონტაქტების მიხედვით, რომლებიც გენერალ ნადიბაიძეს, გენერალ კვირაიას, ბატონებს ჯაბა იოსელიანს, სანდრო კავსაძესა და სხვებს აქვთ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან უნდა დაიძრას. რა თქმა უნდა, კონტაქტები მაქვს მეც, ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვი.
ახლაც ჩვენი ინტერვიუ გვარიანად დაგვიანდა იმის გამო, რომ ველოდებოდი ბატონ ნადიბაიძის სატელეფონო საუბრის შედეგს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გენერალ კონდრატიევთან. ეს იყო კარგი და იმედისმომცემი საუბარი.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა გალსა და სხვარაიონებში დისლოცირებული ის ნაწილები, რომლებიც მანამდე იყო შეყვანილი. საჭირო გახდა რუსეთის შიდა რაიონებიდან დამატებითი სამხედრო ნაწილის გადმოსროლა. ასეთი ეშელონები უკვე წამოსულია და უახლოვდება ჩვენს საზღვრებს. მთავარია მათი განლაგების პრობლემა და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება. ანგარიშგასაწევია ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ დაბრუნება გვაინტერესებს და არა ისეთ პირობებში, როცა უიარაღო ადამიანები დაუცველი აღმოჩნდებიან, - აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით. ვფიქრობ, ეს კვირა უმნიშვნელოვანესი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია.
- რა გავლენას მოახდენს აფხაზეთის პროცესზე შემდეგი მოვლენები: არძინბა ხელს აწერს ხელშეკრულებებს; კაზაკებს, რომლებიც აფხაზეთის ომში აფხაზების მოკავშირეები იყვნენ, უფუჭდებათ ურთიერთობა აფხაზებთან: არძინბა ჩეჩნეთში აგზავნის 200 ბოევიკს; თავად ჩეჩნეთში უაღრესად დაძაბული ვითარებაა, იმ დონეზეც კი, რომ ასპარეზზე ხასბულატოვი გამოჩნდა... რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მწვავე რეაქცია თათრეთთან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება თათრეთსა და აფხაზეთს შორის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იგი „ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რესპუბლიკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს“. იგულისხმება 3 თებერვლის დიდი ხელშეკრულება. აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავაც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი...
- არძინბას ვოიაჟს ამ ეტაპზე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება ასევე დროული, ადეკვატურია და ამასთან დაკავშირებით მინდა კმაყოფილება გამოვთქვა. ვინც წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ დაიკავა საკმაოდ შეურიგებელი სამართლიანი და ობიექტური პოზიცია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ აქციისადმი საკმაოდ პრინციპული პოზიცია დაიკავეს აგრეთვე რუსეთის ფედერაციის რიგმა სუბიექტებმა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადრე თუ გვიან პოლიტიკურ მოვლენებში კანონზომიერების პრინციპი გაიმარჯვებს. საქმე სწორედ აქეთკენ მიდის. აქვე დავძენ, რომ, როცა კანონის პრინციპის წარმატებაზე ვლაპარაკობ, გამონაკლისი არც საქართველო იქნება.
- საქართველოს ეწვია თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბატონი შაჰინი. მასთან ერთად იყვნენ თურქი გუბერნატორები და ბიზნესმენები. თურქეთში თქვენი ვიზიტის დროს სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას მნიშვნელოვანი პერსპექტივა გამოიკვეთა. ამჟამად თურქ მინისტრს ახლად დანიშნული ქართველი კოლეგა დაახვედრეთ. რა არის ეს? ერთეული შემთხვევა, თუ, როგორც ამას წინათ ბრძანეთ, მინისტრთა კაბინეტის გადახალისების პროცესის დასაწყისი? გაგრძელდება თუ არა სამინისტროების გამსხვილების პროცესი?
- თავისთავად აღებული ბატონ შაჰინის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და საერთოდ საქართველო-თურქეთის ურთიერთობისათვის. რამდენიმე გუბერნატორი, დეპუტატების ჯგუფი, პრესის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები - ასეთია ამ დელეგაციის შემადგენლობა. თურქეთთან ურთიერთობა ისეთ ფაზაშია, როცა უკვე კონკრეტულ საქმეებსა და კონკრეტულ პროგრამებზე გვიხდება საუბარი. ეს დღეები უაღრესად ნაყოფიერია, გამოიკვეთა ბევრი პროექტის პერსპექტივა, ჩემთან შეხვედრისას რეფაიდინ შაჰინმა, რომელსაც კარგა ხანია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, არაერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მათ დაინახეს, რომ საქართველოში დაიძრა საქმე და ახლა საქართველოსთან მუშაობის, ურთიერთობის განვითარების სურვილი გაუჩნდათ სახელმწიფო ორგანიზაციებსაც, ბიზნესმენებსაც და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ დელეგაციაში წარმოდგენილი არიან საქართველოს მოსაზღვრე რეგიონების გუბერნატორები. ბევრი რამ სწორედ ამ გუბერნატორებთან ურთიერთობაში უნდა გადაწყდეს.
რაც შეეხება სამინისტროების გამსხვილების საკითხს, ანუ, როგორც ზოგიერთი მოითხოვს, მინისტრთა კაბინეტის დაუყოვნებლივ რეორგანიზაციას - ჩვენი მზადყოფნისა და აუცილებლობის, მიზანშეწონილობის შესაბამისად ესეც გეგმაზომიერად წარიმართება.
- პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. მაშინ გადაწყდა სწორედ, რომ თქვენთან დაწყებულიყო პარტიებისა და ფრაქციების კონსულტაციები. ხვალიდან ეს კონსულტაციები იწყება. რას ელით მათგან? რამდენად აუცილებლად და მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ საპარლამენტო არდადეგების დროს ასეთი შეხვედრები?
- ამ კონსულტაციებს სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებ, შეხვედრები მოეწყობა დღის წესრიგის გარეშე. ე.ი. საუბარი შეეხება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს. მათ შორის, პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესების, სახელმწიფოებრივი მშენებლობის, კონსტიტუციის შემუშავების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირეულ საკითხებს. რა თქმა უნდა, გაიმართება დიალოგი აფხაზეთის, სამაჩაბლოს პრობლემებზე და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ ყველას: ვიზრუნოთ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის ქვეყნის გადასარჩენად.
ვერაფრით ვერ გამიმართლებია ისეთი საქციელი, როცა ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ეზო-ეზო დადის და მეგაფონით ხელში მოუწოდებს მოსახლეობას ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტიური მოქმედებისაკენ, გამოსვლებისაკენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ ასეთი მოქმედების მიმართ. ქუჩაში გამოსვლა, ხელისუფლების საწინააღმდეგო მიმართვა, გაფიცვები, პროტესტები და ა.შ. საქმეს რომ შველოდეს - გარწმუნებთ, რომ პირველი მე გავიდოდი ქუჩაში.
ასეთი ტიპის მოღვაწეებს მინდა ვუთხრა: ბატონებო, ჩაიხედეთ სარკეში, თუ სარკე არ გაქვთ, წყლის გუბეში მაინც, და შეხედეთ თქვენს თავს, როგორ გამოიყურებით, როგორც მოქალაქენი და როგორც პოლიტიკოსები ამ გაჭირვების დროს, როცა ქვეყანა სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ისევ არეულობისაკენ რომ მოუწოდებთ.
პოლიტიკური ძალების ურთიერთობის გასარკვევად, ვფიქრობ, ასეთი ფორმა არ არის ყველაზე უფრო უკეთესი საშუალება. არსებობს კონსულტაციები, შეხვედრები, არსებობს პარლამენტი და სხვა ფორმები, სადაც უნდა გაირკვეს ეს ურთიერთობა.
- დაბოლოს, ყველაზე უფრო მწვავე და აქტუალური შეკითხვა: გასულ კვირას გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის შოთა კვირაიას პრესკონფერენცია, სადაც მან განაცხადა, რომ ერთი ეტაპი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა დასრულდა და იწყება მეორე ეტაპი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება მაფიის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის თაობაზე თქვენ არაერთხელ გითქვამთ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე, რადიოინტერვიუებში. რამდენად შესაძლებელია რეალურად დღეს მაფიოზური სტრუქტურების წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ, როცა მაფიამ ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ეშელონებში შეაღწია, მაშინ, როცა რეკეტი თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა დღევანდელ საქართველოში...
- მე მართლაც არაერთხელ აღმინიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი სასიკეთო ძვრების შესახებ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე საუბარს და მოქმედებას შეუდგნენ ჩემი თხოვნითა და დავალებით. ყველა პრობლემას შორის, რომლებიც საზოგადოებასა და სამართალდამცავი ორგანოების წინაშე დგას, მე გამოვყოფდი რეკეტისა და მაფიოზური ჯგუფების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების აუცილებლობას. რეკეტი და მაფიოზური ჯგუფები დღეს ახალი ეკონომიკის განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი ბარიერია. რეკეტი ჩანასახშივე ახრჩობს, სპობს ბიზნესს. ეს ნამდვილი დივერსიაა სახელმწიფოს, ქვეყნის, საზოგადოების წინააღმდეგ. ბევრი მხეცური მკვლელობა, ბარბაროსული ქმედება, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულობანი რეკეტიორებისა და მაფიოზების სინდისზეა. სწორედ მათი დავალებით განხორციელდა მრავალი დანაშაულებრივი აქტი. ენერგეტიკულ კრიზისზე მეტად რეკეტიორები და მაფიოზები ახრჩობენ ეკონომიკას, ეკონომიკის ახალ ყლორტებს. ისინი აბუჩად იგდებენ ადამიანებს, მიწასთან ასწორებენ მათ მოქალაქეობრივ და პიროვნულ თვისებებს.
გუშინ უშიშროების სამსახურის ახალი სტრუქტურა დავამტკიცეთ. იქაც გავითვალისწინეთ ეკონომიკური დივერსიებისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საკმაოდ მძლავრი, კარგად აღჭურვილი ქვედანაყოფი. გააქტიურდა პროკურატურის საქმიანობაც. ახლა მთელი სახელმწიფო, მთელი ქვეყანა უნდა დაირაზმოს ამ საშინელი სენის აღმოსაფხვრელად. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს ავადმყოფობა ტრადიციად იქცევა, უკვე გვიან იქნება. ამაზე ლაპარაკობს უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება. საკმაოდ განვითარებული ქვეყნები ათეული წლების განმავლობაში ებრძვიან მაფიოზებსა და რეკეტიორებს და ვერ დაუძლევიათ, რადგან მათ ჩანასახშივე ვერ მოსპეს ეს მოვლენა.
მოვუწოდებთ ყველას, რა თქმა უნდა, უწინარესად სამართალდამცავ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ კოლექტივს, უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელს, პროკურატურის მთელ კოლექტივს, ადგილობრივ ხელმძღვანელებს - გამგებლებს, მერებს, სხვებსა და სხვებს, მთელ საზოგადოებრიობას, ერთად ვებრძოლოთ ამ სენს, რომელიც რაღაც გადაულახავ ზღუდედ აღიმართა ეკონომიკის აღმავლობისაკენ, კეთილდღეობისაკენ და ადამიანთა სიმშვიდისაკენ მიმავალ გზაზე.
ამავე დროს ვიცი, რომ ამ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც ფეხი აუცდათ, ბევრი მათგანი იქ შემთხვევით მოხვდა. ვიცი, რომ ბევრი იარაღით ხელში იბრძოდა ქვეყნის ინტერესებისათვის, ბევრი კიდეც დაიჭრა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ არის შემთხვევითი ადამიანი და მათ ცხოვრების სიდუხჭირემ უბიძგა ამ ავადმყოფობისაკენ. მე მათ მივმართავ: ამ საქმეს მომავალი არა აქვს. ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვინც ამის ღირსია, ახლა მიმდინარეობს პრივატიზაცია, ბოლოს და ბოლოს შეიძინონ ის წილი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს საქმეში გამოიჩინონ თავი. სხვა შემთხვევაში ბრძოლა იქნება მართლაც უკომპრომისო და სამკვდრო-სასიცოცხლო, რადგან დღეს ეს ქვეყანას სჭირდება. დანდობა არ ექნება არც ერთ პიროვნებას, ვინც სახელმწიფო სტრუქტურაშია და დაკავშირებულია ან ხელს უწყობს მაფიოზურ კლანებს. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აქ ზოგადი ლაპარაკი მთავრობაში, ხელისუფლებაში მაფიოზები არიანო, არ შველის საქმეს. როცა ფაქტებს წავაწყდით და გამოვავლინეთ, კიდეც გამომჟღავნდა და კიდეც გახმაურდა. ასე იქნება დღეიდან, ვინც უნდა იყოს, რა რანგის ადამიანებიც უნდა იყვნენ დაკავშირებული ამ ავადმყოფობასთან, ამ მოვლენებთან, დანდობა არავის ექნება. რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ კანონისა და სამართლის ფარგლებში.
სიმართლე გითხრათ, ამ პრობლემაზე განსაკუთრებით შევჩერდი, რადგან ახლა რეფორმები ახალ მასშტაბებს იძენენ. წუხელ ქუთაისის მერი თემურ შაშიაშვილი მელაპარაკა, მითხრა, რა გაკეთდა, რა კეთდება ქალაქში კუპონის განმტკიცებასთან დაკავშირებით, მითხრა, რომ 25 აგვისტოს ისინი ამ თემაზე იწყებენ საინტერესო დისკუსიებს სახელმწიფო მოღვაწეების, სწავლულების მონაწილეობით, შეაჯამებენ განვლილ მუშაობას. ამოძრავდნენ სხვა რეგიონებიც. ახლო მომავალში საზოგადოებრიობას შევთავაზებთ ახალ ღონისძიებებს ფულადი მიმოქცევის სფეროში წესრიგის დასამყარებლად, ეროვნული ვალუტის განსამტკიცებლად, ნამდვილ ეროვნულ ვალუტაზე - ლარზე გადასვლისათვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს იქნება ძნელი, მაგრამ აუცილებლად გასავლელი ეტაპი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღებთ ზომებს ქვეყანაში აუცილებელი პროდუქტების შემოსატანად. ამ დღეებში ჩვენი თხოვნით ევროპელებმა 3 ათასი ტონა კარაქი გამოგვიგზავნეს. ცოტა სულს მოვითქვამთ, უპირველესად, ლტოლვილები, ქალაქების მოსახლეობა და საზოგადოების დაუცველი ფენები. იქნება სხვა დახმარებაც, შევეცდებით ეს პასუხსაგები ეტაპი განვლოთ ნაკლები დანაკარგებით.
ფასი ექნება დოლარსაც, მანეთსაც. ისე ნუ წარმოიდგენს ვინმე, რომ იქნება მხოლოდ კუპონი და ვისაც მანეთი და დოლარი აქვს, ვერ ისარგებლებს. ეს გამორიცხულია. იდეალურად უნდა მოეწყოს გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. ამის საშუალება ახლა არის. გამოცდილება შევიძინეთ. მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ყველაზე მოხერხებული და ხელსაყრელი გარემო ამ ღონისძიებათა განხორციელების პროცესში. ლაპარაკია ფასებისა და ხელფასების შესაბამისობაში მოყვანასა და მათთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ყოველივე ეს და სხვა მრავალი ჩანაფიქრი, რაც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის, ფინანსების გაჯანსაღებას და სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, ლაპრაკად დარჩება, თუ არ ავლაგმეთ რეკეტი და მაფიოზები.
„ადრე თუ გვიან პოლიტიკურ მოვლენებში კანონზომიერების პრინციპი გაიმარჯვებს“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 23 აგვისტო. - N148(950). - 1 გვ.
![]() |
89 სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო,
მთელმა საქართველომ დიდი მწუხარებით აღიქვა ყოველთა სომეხთა ძლიერი მამის, მისი უწმინდესობის კათალიკოს ვაზგენ პირველის გარდაცვალება.
იგი იყო თავისი ხალხის სანუკვარი ოცნებების ჭეშმარიტი გამომხატველი, მისი ღირსების, სინდისისა და გონების განსახიერება.
როგორც პატრიარქის, სახესა და ბრძნულ გამოხედვას აჩნდა სომხეთის დიდი და ტრაგიკული ისტორიის დაღი, მაგრამ, ამავე დროს, თანამედროვეობის ბრძენი მოღვაწის ვაზგენ პირველის მზერა მიპყრობილი იყო მომავლისაკენ. მას სწამდა თავისი ხალხის ხვალინდელი დღისა და ყოველწამიერ ზრუნავდა ამ მომავლისათვის.
სომხეთის ისტორია სწორედ ასეთმა მოსაგრეებმა შექმნეს, რომელთა მნიშვნელობა სცილდება სომხეთის ფარგლებს.
ამ გლოვის და მწუხარების დღეებში თქვენთან ერთად სრულიად საქართველო მოწიწებით იხრის ქედს სომხეთის დიდი შვილის, ღვთის ჭეშმარიტი მოციქულის - ვაზგენ პირველის ხსოვნის წინაშე.
ედუარდ შევარდნაძე.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს //საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 24 აგვისტო. - N149(951). - 1 გვ.
![]() |
90 უკრაინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ლეონიდ დანიელის ძე კუჩმას |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენო აღმატებულებავ,
მოგილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - უკრაინის დამოუკიდებლობის მესამე წლისთავს.
ჩვენი ხალხების ოდითგანვე მეგობრობამ, მჭიდრო საქმიანმა და სულიერმა ურთიერთობამ განაპირობა კეთილი ტრადიცია, როცა საქართველო უკრაინის ნებისმიერ წარმატებულ ნაბიჯს საკუთარ წარმატებად აღიქვამს და მის თითოეულ დღესასწაულს საკუთარი დღესასწაულივით აღნიშნავს.
დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხის უდიდესი შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალი დამოუკიდებელი უკრაინის რესპუბლიკის მომავალი აყვავების უდავო გარანტიაა.
მოხარული ვარ, რომ მომეცა შემთხვევა, მინდა ერთხელ კიდევ მოგილოცოთ პირადად, დიდად პატივცემულო ლეონიდ დანიელის ძევ, ის მაღალი შეფასება, რომელიც უკრაინელმა ხალხმა მოგცათ, როცა უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე აგირჩიათ.
დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩვენს იმედსაც, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდება სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით შედუღაბებული უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა.
საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე.
უკრაინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ლეონიდ დანიელის ძე კუჩმას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 აგვისტო. - N150(952). - 1 გვ.
![]() |
91 „რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 29 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- გალში 28 ლტოლვილი ქართული ოჯახის დაბრუნების პროცესის პირველი ნაბიჯი გენერალ კონდრატიევზე თავდასხმამ შეაჩერა. სოჭში, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა ოთხმხრივი მოლაპარაკება. ამ ფონზე საქართველოში ჩამოდის ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, საპრეზიდენტო საბჭოს წევრი ქალბატონი ოლბრაიტი. მოგვიანებით კი ჩამოვა თვით ბუტროს გალიც. იმის მიუხედავად, რომ გაერომ ათი რეზოლუცია მიიღო აფხაზეთთან დაკავშირებით და გაეროს ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო აფხაზეთის პრობლემა, როგორც თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, მთავარი და გადამწყვეტი როლი ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში რუსეთს ეკუთვნის...
- მას შემდეგ, რაც თითქმის დამთავრდა რუსეთის ჯარების განლაგება შესაბამისი დასახლებული პუნქტებისა და მაგისტრალების მიხედვით, უკვე სავსებით შესაძლებელი, აუცილებელი და გარდაუვალია პრაქტიკული ნაბიჯები ლტოლვილთა დასაბრუნებლად. - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. - ამას წინათ ვთქვი, მოთმინების ზღვარს ვუახლოვდებით-მეთქი. ახლა ლტოლვილებსაც, საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობასაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, სწამთ, რომ ის დიდი ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა იკისრა საქართველოს, თვით რუსეთისა და მსოფლიოს წინაშე, აუცილებლად შესრულდება. ეს რწმენა არ შერყეულა, და ღმერთმა ნუ ქნას, რომ იმედგაცრუების მომსწრენი გავხდეთ. ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. და არა მარტო აფხაზეთთან დაკავშირებით. იმედგაცრუება დასაბამს მისცემს ქვეყანაში არასტაბილურობას. ამის დაშვება არ შეიძლება.
რაც შეეხება დევნილთა სტიქიურად მასობრივ დაბრუნებას - მადლობელი ვარ ათიათასობით ლტოლვილისა, ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომლებიც, ჯერჯერობით, ყურად იღებენ ხელისუფლების თხოვნას, არ მიმართონ ასეთ უკიდურეს აქციას, რადგან ეს ნაბიჯი ბევრ გაუთვალისწინებელ შედეგს მოასწავებს. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებისათვის ანგარიშის გაწევაც შეიძლება უსაზღვრო არ აღმოჩნდეს.
- სამშვიდობო პროცესისათვის აუცილებელი გახდა რუსეთის სამშვიდობო ძალების დამატებითი კონტინგენტის შემოყვანა. საქართველოში აფხაზეთის რეგიონებში, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს შეგნებულად ხდება. რომ თქვენ, როგორც „რუსეთის ინტერესების გამომხატველი“, საქართველოს ტერიტორიას უთმობთ რუსებს ჩეჩნეთის კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, რომ საქართველო შეიძლება ჩრდილო-კავკასიის ჟანდარმიც გახდეს. სამაგიეროდ კი, თქვენ მიიღებთ გალში ლტოლვილების დაბრუნების უფლებას...
- ვიცი, რომ ასეთი განცხადებები კეთდება. ყოველივე ეს, საბოლოოდ რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვერსიებია. ჩვენ ჩეჩნეთის საკითხებში არც ჩავრეულვართ და არც ჩავერევით - ეს არ მოხდება. თუმცა ათასობით ჩეჩენი იბრძოდა აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ და ათასობით ადამიანის სისხლიც დაღვარეს. ბევრი მათგანი სენაკამდეც მოვიდა და ქუთაისში შემოსვლას აპირებდა. სხვა გეგმებზე მე უკვე აღარას ვამბობ.
საქართველო მეგობრობდა და იმეგობრებს ჩვენს ყველა მეზობელთან, მათ შორის ჩეჩნეთთანაც, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონთან. და ეს გამომდინარეობს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულებებიდან.
რა ბედი ეწევა ჩეჩნეთის დღევანდელ ხელისუფლებას - ეს თვით ჩეჩნების გადასაწყვეტია. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ვერ იხილავთ ვერც ერთ ქართველს, რომელიც იარაღით ხელში ან უიარაღოდ საქართველოს ხელისუფლების რაიმე დავალებას ასრულებდეს. ეს გამორიცხულია. ეს არ მოხდება. არავითარ ჟანდარმის როლს საქართველო არ შეასრულებს არც ახლა და არც მომავალში.
რაც შეეხება ინტერესების დაცვას. მე მხოლოდ საქართველოს ვიცავ. არაფერია გასაკვირი, თუ საქართველოს წინაშე მდგომი ამოცანები არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს. უწინარესად იმაში, რომ რუსეთს არ უნდა საქმე ჰქონდეს არასტაბილურ, მუდმივ ქაოსში მყოფ ქვეყანასთან. და ამ სურვილში არაფერია ცუდი. ასე მსჯელობს და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო, რომელსაც თავისი ხალხისათვის მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების პირობები აინტერესებს.
- გასულ კვირას გამოვიდა თქვენი ბრძანებულება „1994-95 წლების ზამთრის სეზონისათვის მზადების კომპლექსურ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ“. შაბათს გაიმართა საკმაოდ მკაცრი რესპუბლიკური თათბირი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის პრობლემებს შეეხო. ამავე საკითხზე იყო საუბარი ევრობანკის წარმომადგენლებთანაც. შეხვედრის დროს ლაპარაკი იყო 35-40 მილიონ დოლარზე საქართველოს ენერგეტიკის გაჯანსაღებისათვის. არის სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარების იმედი, თუკი შევასრულებთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. და, მაინც, კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ წლევანდელ ზამთარს ვერ გადავიტანთ და, რაც ყველაზე საოცარია, ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც ევალებათ იზრუნონ იმისათვის, რომ წლევანდელი ზამთარი მოსახლეობისათვის მძიმე არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს თანამდებობები საქართველოში მემკვიდრეობითი არ არის - თუ კაცს არ შეუძლია საქმეს თავი გაართვას, ალბათ, მოიძებება სხვა, ვინც ამას შეძლებს...
- თათბირზე მე ვთქვი, რომ სავსებით შესაძლებელია შედარებით ნორმალური გამოზამთრება, თუ რაციონალურად გამოვიყენებთ იმ რესურსებსა და დახმარებას, რომლებიც გვაქვს და რასაც გვიწევენ ჩვენი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. შეიძლება შეიქმნას სათანადო მარაგიც და არის რეზერვები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას ეს ამოცანა გადავწყვიტოთ. მეც გაოცებული ვარ, როცა ზოგიერთ სატელევიზიო გადაცემას ვუყურებ, ვუსმენ ზოგიერთ პასუხისმგებელ მუშაკს და მათ მსჯელობაში არავითარი ლოგიკა არ არის. ბევრ მათგანს ისეთი კურსი აქვს აღებული, რომ სურს თვითონ ხელი დაიბანოს და ჩრდილში დარჩეს. მე განვაცხადე, რომ შტაბი, რომელიც შეიქმნა მთავრობაში, შეიმუშავებს წინადადებებს არა მარტო ენერგოსისტემის ამა თუ იმ უბანზე წესრიგის დასამყარებლად, არამედ ცალკეული მუშაკების პასუხისმგებლობის შესახებაც და ვთქვი, რომ ყოველგვარი დისკუსიისა და განხილვის გარეშე შტაბის წინადადებით მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ასეთი ადამიანები დავითხოვოთ, ზოგიერთის მიმართ კი შესაძლებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა თქვან სათანადო სიტყვა.
რაც შეეხება სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს, ისინი აუცილებლად უნდა შევასრულოთ, სხვა გზა არ არსებობს და ეს მარტო გამოზამთრებასთან არ არის დაკავშირებული.
ამ დღეებში გამოვა ჩემი ბრძანებულება ხელფასებისა და ფასების მოწესრიგების, მათი შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. თუ ახლა ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა - მხედველობაში მაქვს თვითნებურად დაწესებული ფასები და თვითნებურად, ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე განსაზღვრული ხელფასები, პენსიები და სტიპენდიები, - ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიჭირდება. მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ამ პრობლემის მოუგვარებლად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ამოვალთ ეკონომიკური კრიზისის წუმპიდან. თვით ეს სისტემა, რომელიც ახლა მოქმედებს, ყოველგვარ ეკონომიკურ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. მით უმეტეს, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ახლა მოვიდა დრო, დაგროვდა გამოცდილება ამ საკითხსაც უნდა მივხედოთ, უნდა გადავდგათ ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ძნელი გადასადგმელია, მაგრამ გარდაუვალია. წინასწარ ვაცხადებ: ეს არ იქნება იოლი გამოცდა, მაგრამ, თუ სერიოზულად ვლაპარაკობთ რეფორმებზე, საბაზრო ეკონომიკაზე და, მაშასადამე, საბოლოო ანგარიშით, ნამდვილ კეთილდღეობაზე, რეფორმების ეს ყველაზე პასუხსაგები და მძიმე ეტაპი უნდა გავიაროთ.
- ამ მძიმე პირობებისა და საერთო გაჭირვების მიუხედავად, საქართველოში კულტურის სფეროში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება. გუშინ ქუთაისმა მარიამობის დღესასწაულთან ერთად საქართველოს ერთიანობის სურვილით გამთბარი დღესასწაული გამართა, გუშინწინ თბილისის თითქმის კარიბჭესთან წმინდა ნინოს მემორიალი გაიხსნა...
- წმინდა ნინოს ძეგლის აგება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, ეს სიმბოლოა ჩვენი შემობრუნებისა უღმერთობიდან, ურწმუნოებიდან ღვთისაკენ მიმავალ გზისკენ, სიძულვილიდან (მე ეს ვთქვი ძეგლის გახსნაზე), სისასტიკიდან და შურიდან - სიკეთისა და სიყვარულისაკენ. მხოლოდ ასეთი შემობრუნება გახლავთ ის გზა და საშუალება, რომელმაც ხალხი და ქვეყანა უნდა გადაარჩინოს.
რაც შეეხება ქუთაისელთა ინიციატივას: იქაურ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრძანებულებას მოვაწერე ხელი, ამით გამოვხატე სახელმწიფოს დამოკიდებულება რეფორმების ქუთაისური ვარიანტისადმი. ქუთაისელები ყველაფერს აკეთებენ, რის გაკეთებაც შეიძლება ერთ ქალაქში. ბრძანებულება, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, მთელ საქართველოში რეფორმების უფრო დიდი მასშტაბითა და მთელი სიღრმით განვრცობის დასაწყისი იქნება.
გუშინ სპეციალურად გამოვძებნე დრო და ვნახე თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვება. დასანანია, რომ სატელევიზიო გადაცემებში, რომლებშიც ათასნაირი საშინელება და უბედურება ვიხილეთ (ყველაფერი ეს მართლაც არსებობს), არ დარჩა ადგილი ქუთაისელთა ამ ნათელი წამოწყების გადმოსაცემად, ვიცი, რასაც მეტყვიან: ჩვენ ჩავიწერეთ, ვემზადებით და ერთი კვირის შემდეგ იქნება გადაცემაო... შემდგომ ფასი აღარ ექნება, რადგან ეს ღონისძიებები ფართო და დიდი მასშტაბით 25 აგვისტოს დაიწყო ქუთაისში და, მასში პრაქტიკულად, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გუშინ დიდი ბაზრობა იყო, სწორედ ისეთი, როგორც რეფორმების პირობებში უნდა განხორციელდეს.
არ მინდა ეს მტკივნეულად იყოს აღქმული, ტელევიზია ვერ იქნება უფრო ლამაზი და მომხიბლავი, ვიდრე თვით ცხოვრებაა, მაგრამ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ, თუ სადმე სასიკეთო რამ კეთდება, ყველაფერი უნდა შევნიშნოთ და მოსახლეობას მივაწოდოთ როგორც იმედის ნაპერწკლები, მომავლის ყლორტები. ნაკლის მხილებასთან ერთად კეთილი საწყისების გაშუქებაც აუცილებელია. ეს ეხება ტელევიზიას, რადიოს და იმ პრესასაც, რომლებიც, თუ მათ დავუჯერებთ, ემსახურებიან საქართველოს, ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს.
„რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 30 აგვისტო. - N152(954). - 1,2 გვ.
![]() |
92 ბავშვების განათლება საღვთო საქმეა, დღეს სკოლაში სამსახური კი - ფაქტობრივად, თავგანწირვა! |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა პედაგოგ-მასწავლებლებისადმი ორი ახალი წელი არსებობს - კალენდარული და სასწავლო.
პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და მახსოვს, პირველ სექტემბერს ისევე მოუთმენლად ველოდით ხოლმე, როგორც კალანდა-ახალ წელს.
მაშინ, განსაკუთრებით ომიანობის დროს, წიგნი, რვეული და საწერ-კალამი ჭირდა (დღესაც ჭირს!) და დაახლოებით ისე, როგორც ნოდარ დუმბაძე აღწერს, გაყინულ საკლასო ოთახში ჩვენ-ჩვენი ზაბლონა მასწავლებლები გვიტარებდნენ გაკვეთილებს. მაშინ ბავშვები ამას არც ვუფიქრდებოდით, დღეის გადასახედიდან კი ეს ნაშიმშილარი და შალებში გამოფუთვნილი ქალები გმირები, უფრო მეტიც - წმინდანები მგონია.
ზუსტად ასეთივე განცდა მაქვს სკოლაში დღეს მოღვაწე, სკოლისა და ბავშვების უღალატო პედაგოგების მიმართ: ისინი გმირები, ჩვენი დროის წმინდანები არიან.
განა სხვა რაა წმინდანობა, თუ არა მაღალი, საღვთო საქმისათვის თავის დადება?!
ბავშვების განათლება საღვთო საქმეა, დღეს სკოლაში სამსახური კი - ფაქტობრივად, თავგანწირვა.
ასეთი ხალხი საზოგადოებამ, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა დავაფასოთ... და უნდა გავუფრთხილდეთ კიდეც.
ამ მხრივ კი საზოგადოებაც, სახელმწიფოც, ხელისუფლებაც ვალში ვართ თქვენ წინაშე, ჩვენო პედაგოგებო.
მერწმუნეთ, მე ვიცი, მაწუხებს, მტკივა თქვენი სატკივარი...
წლეულს ზოგი რამ მაინც გაკეთდა თქვენი მძიმე მატერიალური ხვედრის შესამსუბუქებლად; მაგრამ ეს მაინც წვეთია ზღვაში. ამ შეღავათებს, ამ დახმარებას, ჩემი აზრით, მატერიალურზე მეტად, მორალური მნიშვნელობა აქვს: ჩნდება იმედი, რომ საზოგადოება, სახელმწიფო მობრუნდა მასწავლებლისაკენ; და თუ საქართველო ფიქრობს მასწავლებელზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არა მარტო არსებობს, არამედ მომავალზეც ზრუნავს, მომავალს აშენებს.
დღეს მასწავლებელს სკოლაში ბავშვის სიყვარული და თავისი მოვალეობის შეგნება აჩერებს...
და კიდევ - იმედი.
ნათქვამია, იმედი უკანასკნელი კვდებაო...
მაგრამ, მე მგონია, რომ იმედი პირველი იბადება კიდეც.
ცხადია, „პირველითგან იყო სიტყვა“, მაგრამ ის სიტყვაც ხომ იმედი და სასოება გახლდათ.
უკეთესი ხვალინდელი საქართველოს იმედი შენს ხელთაა, პატივცემულო მასწავლებელო!
ედუარდ შევარდნაძე.
ბავშვების განათლება საღვთო საქმეა, დღეს სკოლაში სამსახური კი - ფაქტობრივად, თავგანწირვა! : სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა პედაგოგ-მასწავლებლებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 სექტემბერი. - N154(956). - 1 გვ.
![]() |
93 „ჩვენი საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების უდიდესი შედეგი არის ის, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ბაზაზე თხუთმეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 31 აგვისტოს ტელეინტერვიუ
31 აგვისტოს საქართველოს ტელევიზიამ გადასცა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ციური ბაჯელიძემ ჩამოართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს. ტელეინტერვიუში, რომელსაც მკითხველებს დღეს ვთავაზობთ, უწინარესად წინა პლანზე იყო წამოწეული ჩვენი დღევანდელობის ყველაზე აქტუალური პრობლემები.
- მთავრდება გერმანიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ნაწილების გამოსვლა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი. ეს ისტორიული მოვლენა საქართველოსათვის მრავალი ასპექტით არის მნიშვნელოვანი. უწინარესად იმით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმაში ექსპერტები გადამწყვეტ როლს თქვენ, ქართველ პოლიტიკოსს განიჭებენ. მნიშვნელოვანია ეს მოვლენა იმითაც, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებიც გერმანიიდან გამოდიან, მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში. გამოდის, რომ ორივე ზემოაღნიშნული მოვლენის ინიციატორი თქვენ ბრძანდებით. ამიტომაც ჩვენი ტელემაყურებლისათვის საინტერესოა შეხვედრა ადამიანთან, რომელიც უშუალო მონაწილე და მოწმეა იმისა, თუ როგორ მწიფდებოდა ეს გარდატეხა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანის საკითხი. ხომ არ გაიხსენებდით, როგორი იყო მის გადაწყვეტაში პოლიტიკურ ძალთა განაწილება?
- ამ პრობლემის განხილვას ხანგრძლივი დრო სჭირდება, მოკლე ინტერვიუში გამიჭირდება ამომწურავად ვისაუბრო მის ყველა ასპექტზე. მაგრამ ერთს კი ვიტყვი - თავს ბედნიერად ვრაცხ, რომ ვმონაწილეობდი ამ ისტორიულ პროცესში. ვფიქრობ, არ არის მცდარი ჩემი ადრე გამოთქმული მოსაზრება: - რომ არ განმუხტულიყო დაძაბულობა, რომლის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში იყო, მსოფლიო ომს თავიდან ვერ ავიცილებდით, იგი გარდაუვალი იქნებოდა. ახლა დღევანდელი გადასახედიდან უყურებენ წარსულ მოვლენებს, ბევრი რამ ავიწყდებათ და ამიტომაც ზოგჯერ გაისმის პროტესტი გერმანიიდან და, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანასთან, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც მაშინ განხორციელდა. მე კი მაინც მგონია, ეს პროცესები რომ არა, ევროპის განთავისუფლება რომ არა, იქ თავმოყრილი უზარმაზარი ძალის რუსეთში დაბრუნება რომ არა, მსოფლიოს კატასტროფა ემუქრებოდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. გახსოვთ, ალბათ, როგორი მოძრაობა დაიწყო მაშინ, და რა მასშტაბი შეიძინა მან გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, სხვაგანაც. და თუ ყოველივე ამას ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციის სახე მიეცა, ეს იმის წყალობით მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიიღო შორსმჭვრეტელური და ბრძნული გადაწყვეტილება - გამოეყვანა ჯარები.
ახლა ხშირად გვედავებიან, - რატომ არ გაითვალისწინეთ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის პრობლემებიო. ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო! ამ საკითხებს მიეძღვნა შეხვედრები თვით გერმანიაში, მოსკოვში, გადამწყვეტი შეხვედრა არცისში, სტავროპოლის მხარეში, მახსოვს, გენშერთან ერთად იქ გათენებული ღამე, როცა ფანქრით ხელში ყველაფერი გავიანგარიშეთ, მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსთან ახრომეევთან ერთად ის თანხაც დავაზუსტეთ, რომელიც საჭირო იყო ჯარების გამოყვანისათვის - მილიარდობით დოლარი გამოიყო ამ საქმისათვის. ფაქტობრივად, ეს ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, ამით დამთავრდა მეორე მსოფლიო ომის მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ დავაკნინო ის მისია, რომელიც საბჭოთა არმიამ შეასრულა. ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული მისია, რომელშიც საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად ქართველებიც მონაწილეობდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, როგორი იქნებოდა დღევანდელი მსოფლიო. მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ჩვენ მაშინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, როცა დრომ თავისი საქმე გააკეთა, შესაძლოა იგი უკვე დაგვიანებულიც კი იყო. უფრო ადრე რომ მომხდარიყო, შეიძლება ზოგიერთი პროცესი უფრო უმტკივნეულოდ წარმართულიყო.
შემთხვევითი არ არის, რომ ელცინი თავად ჩავიდა გაერთიანებულ გერმანიაში, მოწმე და მონაწილეა იმ ისტორიული პროცესის დამთავრებისა. ასე რომ, დასანანი არაფერი მაქვს. პირიქით, მეამაყება, რომ რაღაც ფორმით და გარკვეული მასშტაბით ამ მნიშვნელოვან მოვლენებში ვმონაწილეობდი. მოვა დრო და გავიხსენებ, უფრო დეტალურად აღვწერ, რაც მაშინ ხდებოდა, გავიხსენებ იმ შეხვედრებს, რომელთა შესახებ ბევრი არ დაწერილა და თუ დაიწერა, ხშირად არცთუ მთლად ობიექტურად.
რაც შეეხება რუსეთის ჯარის განლაგებას ენგურის გაყოლებით: თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ და რუსეთმა ჩავიფიქრეთ, როგორც შეთანხმებულია არა მარტო ჩვენი ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელებსა და მთავრობებს შორის, არამედ ამჯერად გაეროს, უშიშროების საბჭოს დასტურითა და მონაწილეობით, - მაშინ საქართველოსთვის ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იქნება. - ვიმეორებ, თუ რაღაც ისეთი არ მოხდა, რაც ვერ თავსდება კანონზომიერების ფარგლებში, ყველაფერი კარგად უნდა წარიმართოს. ამჯერად რუსეთის არმიას ისტორიული მისია აკისრია. კეთილი იყოს ამ პროცესის დაწყება.
- ამგვარად, ჩვენ მოწმენი ვხდებით, თუ როგორ იცვლება რუსეთის არმიის დღემდე დამკვიდრებული სახე, - იგი იმპერიული დამპყრობლიდან მშვიდობის დამცველად გარდაიქმნება?
- ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ბევრი რამ „დაკარგა“. იგი აღარ არის იმ მასშტაბის სახელმწიფო, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. მაშინ, გახსოვთ, ბევრი რამ რუსეთთან ასოცირდებოდა და მისი სახელით კეთდებოდა. ამიტომ ჩემთვის სავსებით გასაგებია რუსეთის მოქალაქის განცდები ამასთან დაკავშირებით. თუმცა, რუსეთი კვლავ რჩება ჩვენი პლანეტის უზარმაზარ სახელმწიფოდ. ადრეც მითქვამს, რომ რუსეთს ახალი მისია „ეკისრება“, რითაც რუსმა ადამიანმა უნდა იამაყოს. ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებში დემოკრატიისათვის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობისათვის კეთილსასურველი კლიმატის შექმნა, რასაც ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის ვერც საქართველო, მარტო ვერ შეძლებს.
ამ ისტორიული პროცესის მთავარი გმირი რუსეთი უნდა იყოს. მას მართლაც შეუძლია შესრულება საშვილიშვილო მისიისა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ევროპის განთავისუფლება, რადგან ჩვენი საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების უდიდესი შედეგი ის არის, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ბაზაზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნა. მათი აშენება-გაძლიერებისათვის ხელის შეწყობა დიდი რუსეთის ახალი მისიაა: ვისაც რუსეთის ახალი როლი ასე ესმის, იმასაც გაიგებს, თუ რატომ ვენდეთ მას ამ შემთხვევაშიც.
- ხშირად გაიგონებთ, რომ ედუარდ შევარდნაძის ნაბიჯმა გაანაწყენა რუსი სამხედროები, დააკარგვინა მათ ფუნქცია და კომფორტული ცხოვრების პირობები, რასაც გენერლები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს არ აპატიებენო. აქვთ თუ არა რუს სამხედროებს თქვენზე „განაწყენების“ საფუძველი?
- თუ მართალია ის, რომ პლანეტა ახალი მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე იდგა, მაშინ რაც გაკეთდა, სწორად გაკეთდა. როგორ შეიძლება, რომ ქვეყნის გავლენა მეორე სახელმწიფოზე ეყრდნობოდეს მხოლოდ სამხედრო ძალასა და დაწოლას? ეს არ შეიძლებოდა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო. როცა ევროპაში განხორციელდა დემოკრატიული გარდაქმნა, აღმოიფხვრა ფაშიზმის, დიქტატორული რეჟიმის აღმოცენების საფრთხე, საბჭოთა კავშირმა მისია ამოწურულად ჩათვალა და ჯარების გამოყვანით დაასრულა იგი.
ყველა ქვეყანაში ასე ხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალ ქვეყანაში ჰქონდა ბაზები, მაგრამ ახლა ორსამ ადგილას თუ დარჩა. ასე იქნება საქართველოშიც - მოვა დრო და ჩვენც და რუსეთიც დავრწმუნდებით, რომ ბაზები საჭირო აღარ არის. მაგრამ ამ ეტაპზე ეს გარდაუვალი იყო.
- აფხაზეთში ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესები. ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ელჩი ოლბრაიტი. დაგეგმილია ბუტროს გალის ვიზიტიც. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?
- საქართველოში მიმდინარე მოვლენები იმ პროცესების ანარეკლია, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დამთავრდა ცივი ომი, დაპირისპირება ორ სამყაროს შორის, დაიწყო შედარებით ნორმალური ცხოვრება პლანეტაზე და შესაძლებელი გახდა რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გაეროს ძალისხმევა გაერთიანებულიყო და წარმართულიყო ერთი კონკრეტული კონფლიქტის მოწესრიგებისათვის (ვინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა ეს დრო). ჩემი აზრით, ეს ამ ისტორიული პროცესის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ასეთი რამ სხვა რეგიონში არც მომხდარა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემ შეხვედრა-საუბრებს წითელ ზოლად გასდევდა აზრი, რომ დაუშვებელია ახალი დაპირისპირება. ვფიქრობ, ეს ერთი მაგალითი სტიმულის მიმცემი იქნება ორ უზარმაზარ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის აშენებისათვის. ქალბატონ ოლბრაიტის ჩამოსვლაც ერთ-ერთი სიმბოლოა ამ ახალი ურთიერთობისა, რომელიც ყალიბდება და რომლის სიკეთე საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები მის მისიას. რაც შეეხება გენერალური მდივნის ვიზიტს, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით ამის თაობაზე. ჩემი აზრით, მან დრო კარგად შეარჩია - ოქტომბრის მიწურულს პროცესი სიღრმეში იქნება შესული, ძირითადი გადაწყვეტილებები უკვე განხორციელებული უნდა იყოს. ესეც სტიმული იქნება სამშვიდობო პროცესის გააქტიურებისათვის.
„ჩენი საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების უდიდესი შედეგი არის ის, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ბაზაზე თხუთმეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნა“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ბაჯელიძე ციური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 სექტემბერი. - N155(957). - 1 გვ.
![]() |
94 „ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობა შევა იმ გარანტიებით, რომ ომის ხანძარი აღარ აღმოცენდეს არც სახელმწიფოთა შორის და არც მათ შიგნით“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 5 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში პრეზიდენტის საბჭოს წევრი მადლენ ოლბრაიტი. იგი შეხვდა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობას. რამდენად დამაკმაყოფილებელი და მისაღები აღმოჩნდა მისთვის გაეროსა და რუსეთის თანამშრომლობა აფხაზეთის კონფლიქტში და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი დევნილთა დაბრუნების გაჭიანურებული პროცესის ფონზე? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ქალბატონ ოლბრაიტის ვიზიტის ძირითადი მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობა იყო. მან პრესასთან და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან შეხვედრებისას არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია აფხაზეთში არაორდინარულია. მას კარგად ესმის, რომ ამ ეტაპზე ლაპარაკი სამშვიდობო მისიის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ნაადრევია. ეს ჩვენც კარგად ვიცით. ჩვენთვის მთავარი და საყურადღებო მაინც ის არის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა, უშიშროების საბჭო და მისი წევრები კვლავაც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ კონფლიქტის მოწესრიგების ჩვენს მიერ არჩეული გზის მიმართ. ამ კითხვას ასეთი პასუხით დავამთავრებდი: ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც ჩაფიქრებულია. რუსეთის ხელმძღვანელობას არ შეიძლება გააზრებული არ ჰქონდეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მან ამ სამშვიდობო მისიით იკისრა ჩვენი ქვეყნებისა და მსოფლიოს წინაშე. ეს არის ძალიან გაბედული, მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი (თუ ეს სიტყვა მისაღებია ჩვენი პირობებისათვის) და შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს, მას ძალიან დიდი, ალბათ, ისტორიული მნიშვნელობა ექნება არა მარტო საქართველოსა და რუსეთისათვის.
- ჟენევაში გაიმართა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, მონაწილეებმა მიიღეს განცხადება ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საკითხის თაობაზე. ამ განცხადებაში პრიორიტეტი სწორედ ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს ეთმობა. მიუხედავად ამისა, გარკვეული უკმაყოფილება ამ დოკუმენტის მიმართ მაინც გაჩნდა...
- ჟენევის შეთანხმებებს დადებითად ვაფასებ. მათი შინაარსი არ იძლევა უკმაყოფილების საფუძველს, თუ ამას კარგად გავიაზრებთ. არ შეიძლება განცხადებიდან ერთი რომელიმე ფრაზის, ან სიტყვის ამოგლეჯა. ყველა სიტყვა უნდა იკითხებოდეს საერთო კონტექსტში და საერთო ტექსტი კი ორივე მხარისათვის სავსებით მისაღებია. იოლი არ იყო ასეთი ფორმულირების მოძებნა, მიმდინარეობდა მუდმივი კონსულტაციები თბილისთან და, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ასეთ ტექსტზე შევთანხმდით. მთავარი იქნება, თუ როგორ დამთავრდება სოჭის შეხვედრა, რომელიც 6 სექტემბერს უნდა დაიწყოს. სწორედ აქ უნდა შევთანხმდეთ ლტოლვილთა დაბრუნების რეალურ მექანიზმებზე. ეს იქნება, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.
- თუ ნებას მომცემთ, მინდა გაგახსენოთ თქვენი სიტყვები: „როგორი სახით შეაბიჯებს კაცობრიობა მესამე ათასწლეულში, რას დავუტოვებთ ჩვენ, ამჟამინდელი თაობა მემკვიდრეობად ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს: სუპერდამანგრეველი იარაღის მთებს, რომლებსაც შეეძლებათ ყველასა და ყველაფრის აფეთქება, მტრობასა და კონფრონტაციას, ეკოლოგიურ კოლაფსსა და ეკონომიკურ წყობას, რომელიც თავისით ინგრევა, თუ კეთილმეზობლობისა და გლობალური თანამშრომლობის სამყაროს, რომელშიც აღარ იქნება არანაირი - არც სამხედრო და არც სხვაგვარი მუქარა, სამყაროს, რომელშიც ყველა ხალხს შეეძლება თავისუფლად შრომა და ცხოვრება, რაც მთავარია, ცხოვრებით გახარება?“ მინდა გითხრათ, როგორც ინიციატორს ამ მოვლენისა - რამდენად შეუწყობს ხელს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც გასულ კვირას მოხდა, მხედველობაში მაქვს გერმანიიდან რუსეთის ჯარის გამოყვანის ფაქტი, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრს გრაჩოვს მიაჩნია, რომ ეს დროზე ადრე მოხდა, ოთხი წელიწადი ძალიან მცირე დრო იყოო და თან დასძინა, პასუხი ამისათვის გორბაჩოვსა და შევარდნაძეს მოჰკითხეთო. შეიძლება თუ არა ეს მოვლენა აფხაზეთის პროცესთან ერთ კონტექსტში განვიხილოთ?
- მინდა შეგახსენოთ, რაც არაერთხელ მითქვამს - კაცობრიობამ კარგად ვერ გაიაზრა, რა მოხდა ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში. ჩვენ თავიდან ავიცილეთ მესამე მსოფლიო ომი, რომლის ეპიცენტრი ევროპის შუაგულში იყო. მხოლოდ გულუბრყვილო, ამ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობდა. მაგრამ ძველი კედლების დაშლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ახალი შენობის აგებას. სწორედ ამ ახალი, ადრე ვამბობდი - საერთოევროპული, ახლა ვიხმარ - საერთოპლანეტარული სახლის მშენებლობისათვის არ აღმოჩნდა მზად დღევანდელი მსოფლიო. ცივი ომის დამთავრებამ საყოველთაო თვითკმაყოფილება დაამკვიდრა. ყველა, როგორც იტყვიან, თავისი სამრეკლოდან ჭვრეტს მიმდინარე პროცესებს. ვფიქრობ, ასე არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და არც გაგრძელდება. ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობა შევა იმ გარანტიებით, რომ ომის ხანძარი აღარ აღმოცენდეს, აღარ გაჩნდეს არც სახელმწიფოთა შორის და, განსაკუთრებით, რაც დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არც სახელმწიფოთა შიგნით. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა საფუძველზე, სხვადასხვა ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები. არის რეალური გზები და საშუალებები გლობალური სამხედრო, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატაკლიზმების თავიდან აცილებისათვის. რა თქმა უნდა, საყოველთაო და საბოლოო მშვიდობისათვის, უზრუნველყოფილი ცხოვრებისათვის ამ საერთო ბრძოლაში საქართველოსაც ექნება თავისი ადგილი.
თითქოს პარადოქსული მოვლენაა - რუსეთის ჯარები, რომლებმაც მართლაც შეასრულეს თავის დროზე ისტორიული მისია, - მხედველობაში მაქვს ფაშიზმის დამარცხება და დასამარება, - ერთი ქვეყნიდან, მრავალი ათეული წლის იქ ყოფნის შემდეგ, გამოდიან და მეორე ქვეყანაში კი - შედიან. ვგულისხმობ არა მარტო გერმანიას, არამედ სხვა ქვეყნებსაც, საიდანაც უფრო ადრე გამოვიდნენ - ბალტიისპირეთს და სხვებს. მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა რუსეთის ახალ მისიაზე, ახალ როლზე (როცა ახალ მისიაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ყოფილი საბჭოთა სივრცე). რუსეთი უაღრესად დიდად უნდა იყოს დაინტერესებული და, მგონი ასეც არის, მთელი ამ სივრცის სტაბილურობით. ისეთი ჯაჭვებით არიან ეს ქვეყნები გადაბმული ერთმანეთთან ეკონომიკაში, კულტურაში, მეცნიერებაში, რომ ერთმანეთისაგან აბსოლუტური მოწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ რომელიმე ქვეყანაში არასტაბილურობა ბუნებრივად იწვევს მტკივნეულ და ურთულეს პროცესებს რუსეთში. რუსეთი დიდად უნდა იყოს დაინტერესებული ამ ქვეყნებში მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების გარანტიებით. ეს არის ის გარემოცვა, რომელიც რუსეთის ირგვლივ არის. სწორედ რუსეთის ახალი როლი უნდა იყოს მისი ყოველი მოქალაქის ჭეშმარიტი სიამაყის საგანი. არა იმპერიული აზროვნებისა და პრაქტიკის რეანიმირება, რასაც მომავალი არა აქვს, არამედ ახალგაზრდა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებისათვის უსაფრთხო, თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ეს ამა თუ იმ ქვეყანაში სამხედრო ძალის შეყვანასთან იყოს დაკავშირებული. ეს ყოველთვის დროებითი მოვლენაა, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ასეთი მიდგომა, ჩემი გაგებით, სავსებით შეესაბამება რუსეთის უმაღლეს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს მისი განვითარების დღევანდელ ეტაპზე.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბატონ გრაჩოვის განცხადებას, საკმაოდ მოკლედ ასე ვიტყოდი: რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა ისეთ ფაზაშია, რომ ყოველგვარი პოლემიკა ასეთ საკითხზე მხოლოდ საზიანოა. ამიტომაც კომენტარებისაგან თავს შევიკავებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს - თუ ამ ურთიერთობაში პიროვნების ფაქტორი (შევარდნაძე იქნება ეს, თუ სხვა ვინმე) ნეგატიურად აღიქმება საერთო მასშტაბით, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ახალი ურთიერთობის მშენებლობის გზიდან ყოველგვარ ბარიერს ჩამოაცილებს.
- გასულ კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი განკარგულება და ბრძანებულება გამოქვეყნდა. მათ შორის - სახელმწიფო კომერციული ბანკის, ბინსოცბანკის აქციონირების შესახებ, თბილისის მერიისათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, ენერგეტიკული კრიზისის მძიმე შედეგების თავიდან აცილების ღონისძიებათა შესახებ, სამომხმარებლო კოოპერაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ, და, რაც მთავარია, გამოქვეყნდა ბრძანებულება მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის ძირეული რეფორმის დაჩქარების შესახებ. პრინციპში, ფასების ლიბერალიზაციას, როგორც ეკონომიკური რეფორმის აუცილებელ პირობას, ყოველთვის ითხოვდა სავალუტო ფონდი. გასულ კვირას „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა კიდეც სავალუტო ფონდის მოხსენება-რეზიუმე. უკვე რამდენიმე დღეა ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ და საბარათო სისტემის შემოღების მოთხოვნით შიმშილობს ყოფილი კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი გიორგი ყორღანაშვილი. ამ გადაწყვეტილებას, ერთმნიშვნელოვნად, ალბათ, არც ჩვენი მოსახლეობა მიიღებს. ხომ არ იქმნება საშიშროება, რომ ამ ფაქტს სხვა მიზნებისათვის გამოიყენებენ. როგორც ვიცით, ჩვენი პარლამენტის გარკვეული ძალები საკმაოდ ხმამაღლა ემზადებიან პარლამენტის მომავალი სხდომისათვის...
- ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, ბრძანებულებები, დაკავშირებულია საბანკო სისტემის რეფორმასთან (ასეთი რეფორმა მთელი მასშტაბით, სიღრმითა და სიფართოვით დაიწყო), კოოპერაციის რეფორმა, ქალაქების უფლებების გაფართოება და სხვა, გამომდინარეობს იმ ანტიკრიზისული პროგრამიდან, რომელიც შეიმუშავა ხელისუფლებამ ჩვენი მეცნიერ-ეკონომისტებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით. იგი პარლამენტარებს დაურიგდა თავის დროზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლად კარგად ვერ იქნა წაკითხული და შესწავლილი. ანტიკრიზისული პროგრამიდან გამომდინარეობს ყველა ის აქცია, რომელსაც ახლა საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. მიმაჩნია, რომ რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი გასაღები არის საბანკო სისტემის რეფორმა, ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც მოითხოვს საბაზრო ეკონომიკა. ის, რაც ჩვენთან გაკეთდა, ძალიან რთული გასაკეთებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მან უნდა მოგვცეს საფუძველი, რათა სერიოზულად ვიფიქროთ მთელი საფინანსო სისტემის გაჯანსაღებაზე.
ბრძანებულებაში ხელფასების მოწესრიგებისა და ფასების ლიბერალიზაციის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა, განსაზღვრა რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის ძირითადი მიმართულებანი. გამოქვეყნდება მინისტრთა კაბინეტის უფრო კონკრეტული დადგენილებაც, რომელშიც მოცემული იქნება ციფრები, ვადები და ა.შ. მინდა ყველამ გაიგოს, რომ გზა, რომელიც ახლა განისაზღვრა, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა და იგი შეუქცევადია. საქმეს ვერ უშველის ვერც შიმშილი, ვერც საპროტესტო მიტინგები. ყველაფერი ეს მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას. პარლამენტმაც ხელი უნდა შეუწყოს რეფორმების დაჩქარებას. უამრავი კანონპროექტია მისაღები, ურომლისოდაც რეფორმების ბოლომდე მიყვანა შეუძლებელია. ჩვენ სწორედ ისეთ ეტაპზე ვართ, რომ თუ ერთი კანონის მიღებასაც კი დავაგვიანებთ, შეიძლება რეფორმების ტემპი შენელდეს. ამის დაშვება არ შეიძლება.
ერთხელ კიდევ შევახსენებ ყველას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივიღოთ ან არ მივიღოთ ეს რეკომენდაციები. არის ქვეყნები, რომლებიც არ იღებენ მათ და სხვა გზით მიდიან. მაგრამ იმ ქვეყნებს სხვა საშუალებები, სხვა რესურსები და შესაძლებლობანი აქვთ. საქართველოს, თავისი ბუნებრივი სიმდიდრეებისა და იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ, სხვა გზა არა აქვს. ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა იყვნენ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ისე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, სხვა სახელმწიფოები. თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ და ბრძანებულებით გათვალისწინებულ ეტაპს გავივლით, მაშინ ჩვენ უნდა გვქონდეს საკმაოდ დიდი მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერის იმედი სავალუტო ფონდიდან. ლაპარაკია სტაბილიზაციის ფონდზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკვე უახლოეს თვეებში გადავიდეთ მტკიცე ეროვნულ ვალუტაზე. თუ არჩეული გზით ვივლით, უკვე რამდენიმე თვეში გვექნება ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დაძლევის ხელშესახები შედეგები, რომლის პირველი სიმბოლო ეროვნული ვალუტის შემოღება იქნება. ეს ძნელი, ყველა მოქალაქისათვის მტკივნეული ეტაპი იქნება. როგორი იქნება მისი პრაქტიკული შედეგი? ხომ შეიძლება ეროვნული ვალუტა ისე გაუფასურდეს, როგორც კუპონი? სტაბილიზაციის ფონდი იძლევა მყარ ვალუტაზე გადასვლის საშუალებას და ქმნის შესაბამის პირობებს, რა თქმა უნდა, თუკი ქვეყანა იმუშავებს და ეკონომიკაშიც მოხდება ძირეული ძვრები.
მეორე: ამ მტკივნეულმა პროცესმა უნდა მიგვიყვანოს რეალური ბიუჯეტის შექმნამდე. დღეს ქვეყანას, პრაქტიკულად, ბიუჯეტი არა აქვს. ჩვენ ვიღებთ არარსებულ კრედიტებს ეროვნული ბანკიდან, როგორც იტყვიან, ჰაერს და ამით გამოგვყავს ციფრები, ბიუჯეტი. ეს თავის მოტყუებაა, ვატყუებთ საკუთარ თავს, ვატყუებთ მოქალაქეებს. როცა მინისტრთა კაბინეტში ამ საკითხს ვიხილავდით, იმ დასკვნამდე მივედით, რომ თუ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს შევასრულებთ, მაშინ რეალურ ბიუჯეტთან გვექნება საქმე. ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკისა და ფინანსების გაჯანსაღების გზაზე.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი: ამ განსახორციელებელი ღონისძიებების ანალიზმა გვიჩვენა, რომ უნდა შეჩერდეს ინფლაცია. და არა მარტო უნდა შეჩერდეს, არამედ დავიდეს ასე თუ ისე ყველა მოქალაქისათვის მისაღებ დონემდე. ინფლაციის სწრაფი ტემპი ყველა ფენისა და მოქალაქის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველაზე მეტად, როგორც იტყვიან, პირდაპირ ურტყამს პენსიონერების, დაბალი ანაზღაურების მქონე მოქალაქეების, უმუშევრების, სხვების ინტერესებს.
აი, ასეთია ზოგადი მიზნები, რომლებსაც ვისახავთ და რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ.
რაც შეეხება მოშიმშილე მოქალაქეს: რომ შემოვიღოთ საბარათო სისტემა, რომელიც სასწაულს მოახდენს და ყველა მოქალაქეს უშველის (მე პირველი ვარ, ვინც ამ ეტაპზე საბარათო სისტემის შემოღებას ვაძლევ ხმას), - ხომ უნდა გვქონდეს მინიმალური რესურსები, რათა ბარათები დავასაქონლოთ. სამწუხაროდ, ასეთი რესურსები ახლა არ არის. პრაქტიკულად, საქართველოში და მის დედაქალაქში საბარათო სისტემა მოქმედებს, ტალონებით, სიებით ნაწილდება პროდუქტები. ეს ხომ იგივე საბარათო სისტემაა. რაც გვაქვს - პური და გაჭირვებით შემოტანილი 3 ათასი ტონა კარაქი, ისიც ხომ სიებით ნაწილდება. მაგრამ, არ შეიძლება ერთი თვით შემოვიღოთ საბარათო სისტემა, იგი ნახევარ ან ერთ წელზე მაინც უნდა იყოს გაანგარიშებული. ამის რესურსები კი ქვეყანას არა აქვს. მინდა ვთხოვო იმ მოქალაქეებს, რომლებიც შიმშილობენ, ან ახლა აპირებენ ასეთ აქციას მიმართონ: მზად ვარ დავავალო ვაჭრობისა და მომარაგების, ეკონომიკის სამინისტროებს, ვიცე-პრემიერებს, პრემიერ-მინისტრს, სხვებს, დასხდნენ მათთან და განიხილონ, რამდენად რეალურია ეს გზა და რამდენად შეღავათის მომცემი იქნება იგი. მაგრამ საბარათო სისტემა არ არის დღევანდელი მდგომარეობიდან ხსნა. ხსნა უნდა ვეძებოთ იმ დასახული მიზნების განხორციელებაში, რომლებიც ბრძანებულებაშია გათვალისწინებული. ამიტომ, ნურც თავს იტანჯავენ და ნურც სხვებს სტანჯავენ ასეთი მოქალაქეები.
ყველაფერი, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, კიდევ ერთი ნაბიჯია რეფორმებისაკენ. ჩვენ ვქმნით საინტერესო მოდელს - ქალაქებისა და რაიონების თვითმმართველობისათვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ თბილისისა და ქუთაისის საკითხებზე მიღებული ბრძანებულებები. ეს მთელი კომპლექსია. თბილისი - სახელმწიფოა სახელმწიფოში და იგი უნდა ფუნქციონირებდეს, მუშაობდეს და აქ რაც შეიძლება მეტად იყოს უზრუნველყოფილი ავტონომიური საქმიანობის პრინციპები, ისევე როგორც ქუთაისში. ამ აქტების სიკეთეს, ვფიქრობთ, უახლოეს დროში შეიგრძნობენ თბილისის, ქუთაისის, მთელი ქვეყნის მოქალაქენი. ყოველგვარ დაბრკოლებას იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია შემოქმედება, ბიზნესის განვითარება, ეკონომიკის გამოცოცხლება, მისი აღმავლობა, ამ ბრძანებულებებში ჩადებული დებულებები ანგრევს. დედაქალაქს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება მიხედოს მოქალაქეებისათვის სოციალური გარანტიების შექმნას, ტრანსპორტის მომსახურებას. როცა ეს ბრძანებულება ამოქმედდება (ვგულისხმობ მეტროპოლიტენის ქალაქის ბიუჯეტზე გადასვლას), ქალაქი დაინტერესდება რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ქალაქი პასუხს უნდა აგებდეს ყველა სისტემის ნორმალურ მუშაობაზე. მას ეძლევა განსაკუთრებული საშუალებები და სათანადო ფონდები იმისათვის, რომ კულტურის ცენტრებს მიხედოს. მე ვიცი, რა მდგომარეობაში არიან ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობისა და სხვა თეატრები. დარწმუნებული ვარ, თუ ეს ბრძანებულება შესრულდება ისე, როგორც საჭიროა, კულტურას, სპორტსაც, სხვა სფეროებსაც უფრო მეტად მიხედავს დედაქალაქის მერია და ქალაქის ხელმძღვანელობა.
- ამას წინათ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთმა სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი სესხის გასტუმრება დაიწყო, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით. ჩეხეთს ეს ვალი უნდა გაესტუმრებინა 1999 წლისათვის, დაიწყეს კი ხუთი წლით ადრე, რადგან ზუსტად შეასრულეს სავალუტო ფონდის რეკომენდაციები...
- ჩეხეთში ეკონომიკა არ დანგრეულა და ადრე გადავიდა საბაზრო პრინციპებზე, საბაზრო ეკონომიკის რელსებზე და ამ თვალსაზრისით ჩეხეთი ახლა ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის. - გუშინ ტელევიზიით მოითხოვეს თქვენგან პასუხის გაცემა გაზის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით. ასლან აბაშიძის ფონდის მიერ განხორციელებული კვლევითი სამუშაოების შედეგად შავი ზღვის ერთ-ერთ მონაკვეთში აღმოჩენილია გაზი...
- აჭარის შესახებ ბევრი მილაპარაკია თბილისშიც და აჭარაშიც ამ ბოლო პერიოდში არაერთგზის ყოფნის დროს. აჭარის ხელმძღვანელობის უდიდესი დამსახურება მდგომარეობს სტაბილურობის, წესრიგის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. რა უნდა იყოს იმაზე უფრო სასიხარულო, ვიდრე სასიკეთო ძვრები კულტურაში, სპორტში. ყველაფერი ეს გულს ახარებს. გვიხარია, რომ ბათუმი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი ხდება - ახალი სპექტაკლები, ოპერის თეატრის დაარსება და სხვა მრავალი, რომელთა შესახებ დამაჯერებლად და კარგად გადმოსცემს ტელევიზია.
მინდა მადლობა შევუთვალო ჩვენს მშობლიურ აჭარას, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ასლან აბაშიძეს.
რაც შეეხება გაზს - აჭარის სანაპირო ზოლში მართლაც არის გაზის საბადო. თავად იმ ფაქტს, რომ ბატონმა ასლანმა დაიქირავა გემი და სპეციალისტების მეშვეობით შეამოწმა ეს, უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთივე საბადოებია კოლხეთში - ზღვაშიც და ხმელეთზეც. ამას ადასტურებს არა მარტო იზოტოპების ინსტიტუტის დასკვნები (სხვათა შორის, ეს ინსტიტუტი წლების განმავლობაში ეწევა ამ სამუშაოს), არამედ ამას ადასტურებენ გეოლოგებიც, მათ შორის კოსმოსიდან მიღებული დაკვირვებები - არის ნავთობი, არის გაზი. აჭარაში გამოწვეული ენთუზიაზმი უსაფუძვლო არ არის. სწორედ ამ დასკვნებს ეყრდნობოდნენ ის ფირმები, რომლებიც შემოვიდნენ კოლხეთში და შეუდგნენ საბურღ სამუშაოებს ჯერ ხმელეთზე (ასეთი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს) და შემდეგ გავლენ ზღვაზე.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ზღვიდან ნავთობისა და გაზის ამოღება იოლი არ არის, იგი მოითხოვს ურთულეს ტექნოლოგიას. აქ ყოველგვარი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდეს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ზღვიდან ნავთობისა და გაზის ამოღებას ყველა ფირმა, ყველა სახელმწიფო ვერ შეძლებს. ჩვენ სწორედ ისეთი ფირმები შევარჩიეთ, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი ინგლისური ფირმა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ჩრდილოეთის ზღვაში და სხვა მიმართულებით ნავთობისა და გაზის მოპოვების საქმეში.
მე ვიზიარებ ბატონი ასლანის ოპტიმიზმს და ვფიქრობ, რომ საქმე გვექნება ძალიან მნიშვნელოვან საბადოსთან, როგორც აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე კოლხეთის მიმდებარე ფართო ტერიტორიაზე. საქმე მართლაც დიდ მოვლენასთან უნდა გვქონდეს.
ვთხოვ შესაბამის სპეციალისტებს, რა თქმა უნდა, ტელევიზიას, უფრო დეტალური ცნობა მიაწოდონ საქართველოს მოქალაქეებს ნავთობისა და გაზის მოპოვების პერსპექტივასთან დაკავშირებით, გამოვიყვანოთ მეცნიერები, გეოლოგები, ის ხალხი, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. მე მგონი, მაშინ უფრო იმედიანად ვიქნებით განწყობილი და იმედი კი ყველას ძალიან გვჭირდება.
„ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობა შევა იმ გარანტიებით, რომ ომის ხანძარი აღარ აღმოცენდეს არც სახელმწიფოთა შორის და არც მათ შიგნით“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 სექტემბერი. - N157(959). - 1 გვ.
![]() |
95 საახალწლო მილოცვა ებრაელ ხალხს |
▲ზევით დაბრუნება |
ოფიციალური ინფორმაცია
5 სექტემბერს ებრაელობა შეეგება ახალ წელს - მათთვის დადგა 5755-ე წელიწადი სამყაროს გაჩენის დღიდან. ებრაელთა ახალი წელი ქვეყნად პირველი ადამიანის - ადამის დაბადების დღეც გახლავთ.
ახალ წელს უწინარესად, მივულოცავ საქართველოს ებრაელობას, რომელიც აგერ უკვე თითქმის 2600 წელიწადია ქართულ მიწაზე მეგობრულ ატმოსფეროში აღნიშნავს როშ-ჰაშანას - ახალ წელს.
საქართველოს ებრაელობა, ისე როგორც ამ მიწა-წყალზე მცხოვრები ყველა ერის შვილი, იყო, არის და იქნება ქართული ყოფის - მისი მეცნიერების, კულტურის, ეკონომიკის, მრეწველობის - განუყოფელი ნაწილი.
ახალ წელს მივულოცავ ისრაელში წასულ საქართველოს ებრაელობას, მსურს კვლავ დავუდასტურო მას ჩვენი ხალხის საუკუნოვანი კეთილგანწყობა.
მინდა გამოვთქვა საუკეთესო სურვილები მსოფლიოს ებრაელობის მიმართ, რომელთაც თავისი ღირსეული წვლილი შეაქვთ თანამედროვეობაში.
მწამს, რომ მომავალი წელიწადი ებრაელი ხალხის ისტორიულ სამშობლოში - ისრაელის მიწაზე მოიტანს მტკიცე მშვიდობას და ამ ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოს მიეცემა საშუალება კიდევ უფრო გაზარდოს თავისი ეკონომიკური და კულტურული პოტენციალი.
ვიცი, ებრაელი ხალხის ყველაზე სანუკვარი სიტყვა მშვიდობა გახლავთ. ახალ წელთან დაკავშირებით მშვიდობას ვუსურვებ ყოველ ებრაელ ოჯახს, სადაც უნდა იყოს იგი!
ედუარდ შევარდნაძე.
5.09.94 წელი.
საახალწლო მილოცვა ებრაელ ხალხს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 სექტემბერი. - N158(960). - 1 გვ.
![]() |
96 „ახლა ჩვენ ეკონომიკური რეფორმების ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ეტაპზე ვართ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 12 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- ისე მოხდა, რომ თქვენი პირველი რადიოინტერვიუდან მოყოლებული, გასული კვირის მოვლენებზე საუბარი, პრინციპში, ყოველთვის აფხაზეთის თემით იწყება. გასულ კვირას გაიმართა ოთხმხრივი მოლაპარაკება ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე. აფხაზეთის გარკვეულ რაიონებში გრძელდება ანტიქართული მიტინგები, რუხში ლტოლვილთა შიმშილობის აქცია დღემდე მიმდინარეობს. რუსეთის მხარე კი ლტოლვილთა დაბრუნების სავარაუდო ვადად, როგორც ამას წინათ გამოცხადდა, ოქტომბრის დამლევს ასახელებს. დაახლოებით ორ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის 49-ე სესია გაიმართება, სადაც თქვენც ბრძანდებით მიწვეული. ჩვენ გვახსოვს თვენი ორი წლის წინანდელი სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის 47-ე სესიაზე, მაშინ გამოკვეთილად პირველად ითქვა აგრესიული სეპარატიზმის საფრთხეზე. რას ეტყვის ამჯერად გაეროს სახელმწიფოს მეთაური? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- ჩვენი დიალოგი, როგორც წესი, აფხაზეთის საკითხით რომ იწყება, სწორს ბრძანებთ. ვოცნებობ და დარწმუნებული ვარ, რომ მოვა ის დრო, როცა პრობლემა მოგვარდება და ყოველთვის ამით აღარ დავიწყებთ. შეიძლება დღეს-ხვალ არ მოხდეს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ეს საკითხი სამართლიანად მოგვარდება, ქართველთა და აფხაზთა ინტერესებისა და ყველა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
აფხაზეთის საკითხზე ახლა მოსკოვში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას, თავდაცვის მინისტრ ვარდენ ნადიბაიძისა და ჩვენი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობით. მოლაპარაკება და შეხვედრები დღესაც გრძელდება. შედეგების კომენტარებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან ამ დიალოგის ყველა დეტალი ცნობილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ თვის მესამე დეკადაში მუშაობას იწყებს გაეროს გენერალური ასამბლეა, ვფიქრობ, სექტემბერში უნდა გაირკვეს, რა მოხდება აფხაზეთში სამშვიდობო მისიის განხორციელების თვალსაზრისით. მსოფლიო საზოგადოებრიობა ელოდება რას იტყვის რუსეთის დელეგაცია. ალბათ, ასევე ელოდებიან, თუ რას იტყვის საქართველოს დელეგაცია. ვფიქრობ, უშიშროების საბჭოს წევრებიც, რომლებმაც ცხრა რეზოლუცია მიიღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეულ ინტერესს გამოიჩენენ - რა ეტაპზე ვიმყოფებით და რას იძლევა რეალურად, პრაქტიკულად ის სამშვიდობო მისია, რომლის განხორცილება იკისრეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ და რუსეთმა, რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნითა და თანხმობით.
ჩემი აზრით, სექტემბერი უფრო დამაიმედებელი უნდა იყოს, ვიდრე აგვისტო. აგვისტოში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და ბევრიც გაკეთდა: ჯარის სამშვიდობო მისიით გადმოყვანა ურალიდან, რუსეთის ცენტრალური რაიონებიდან იოლი არ იყო. ეს პროცესი თითქმის დამთავრდა, თუმცა ზოგი რამ კიდევ არის გასაკეთებელი. სექტემბერმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია. ქალბატონმა ოლბრაიტმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ექსპერიმენტი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრშია, რაც კარგად ესმის რუსეთის ხელმძღვანელობას, კარგად გვესმის ჩვენ. ყველას კარგად გვაქვს შეგნებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ მისიის დაკისრებით აიღო, უწინარესად, რუსეთმა. რაც შეეხება ასამბლეის მუშაობაში ჩემს მონაწილეობას: მიწვეული ვარ, თუმცა ორი წლის წინანდელ ნათქვამზე ბევრის დამატება ძნელია. მაგრამ, სწორედ სექტემბერმა უნდა მომცეს ის საფუძველი, თუ რამდენად გამართლდება ეს ექსპერიმენტი, რამდენად სწორია ის კურსი, რომელსაც ჩვენ და უშიშროების საბჭო დავადექით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მე ვერ დაგისახელებთ თარიღს, როდის იქნება ჩემი გამოსვლა, მაგრამ საქართველოს დელეგაციის შეხვედრა გენერალურ ასამბლეასთან საინტერესო უნდა გამოვიდეს.
- დღეს გაიმართება პარლამენტის კოლეგიის სხდომა, ხვალ კი, არდადეგების შემდეგ, მუშაობას განაგრძობს საქართველოს პარლამენტი. ოპოზიციის ერთი ნაწილი სერიოზულად ემზადება დედაქალაქში, და არა მარტო აქ, სიტუაციის გასართულებლად. ასეთი საუბრები წინათაც ხშირად ყოფილა და დაუსახელებიათ კონკრეტული თარიღები. წერეთელი და მუჩაიძე თქვენს გადადგომას მოითხოვენ. როგორც ამბობენ, საპარლამენტო სხდომაზე დააყენებენ შოთა კვირაიას გადაყენების საკითხსაც. როგორ ფიქრობთ, რით დამთავრდება ეს რთული დაპირისპირება; ერთი მხრივ, შესვენების შემდეგ გარკვეული ძალების ასეთი გააქტიურება და, მეორე მხრივ, პოლიციის მიერ დაწყებული მნიშვნელოვანი ოპერაციების შემდეგ მინისტრის გადადგომის თაობაზე საკითხის დაყენება?
- არა მგონია, რომ ვითარების დაძაბვის რაიმე მცდელობას - გამოიწვიონ ახალი დაძაბულობა საზოგადოებაში, სასიკეთო შედეგი მოჰყვეს. ნურავინ ნუ დაივიწყებს, რომ აგრესიულად განწყობილ პოლიტიკოსთა გარდა, არის პარლამენტი, მისი საღად მოაზროვნე უმრავლესობა, დიდი ნაწილი, მხედველობაში მყავს ოპოზიციის მრავალი წარმომადგენელი, რომლებიც პასუხს აგებენ ქვეყნის წინაშე. არიან ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, საზოგადოების მთელი შემადგენლობა, რომლებიც დღეს ამინდს ქმნიან სახელმწიფოში. და, ბოლოს, არის ხალხი, რომელსაც ვეღარ გააბრიყვებ თავბრუდამხვევი დემაგოგიითა და პოპულისტური ფრაზეოლოგიით, დემაგოგიური მოწოდებებით. რეალური ცხოვრება, კრიზისიდან გამოსვლის რეალური გზები, ქვეყნის დღევანდელობა და მომავალი, თითოეული ოჯახის მდგომარეობა და მათი შველის გზები, - აი, რა აწუხებთ დღეს საქართველოს მოქალაქეებს. ნურავის ჰგონია, რომ ცალკეულ პოლიტიკურ ძალთა ამბიციებს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები შეეწირება. ეს აღარ მოხდება. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და მძიმე გაკვეთილებიც მივიღეთ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის საკითხს, აქაც პარლამენტისა და ხალხის აზრი უნდა მოვიშველიო. დაახლოებით მაქვს წარმოდგენა - როგორია ეს აზრი. შოთა კვირაიას ხელმძღვანელობით დაწყებულმა ბრძოლამ კრიმინოგენული ვითარების გაჯანსაღებისათვის, ამ საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებათა შესრულებისათვის, ხელისუფლების, მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა პოვა. ვისაც სურს, რომ პოლიტიკური ბანკროტი არ გახდეს, მოსახლეობის აზრსა და განწყობას, რბილად რომ ვთქვა, ანგარიში უნდა გაუწიოს. ანგარიში უნდა გაუწიოს ამ სამინისტროს ათიათასობით მებრძოლი თანამშრომლის დამოკიდებულებას თავისი ლიდერისადმი. სანამ ამა თუ იმ პირის გადადგომასა და გადაყენებას მოითხოვ, როგორიც უნდა იყოს შენი პირადი დამოკიდებულებისა და პირადი წყენის დოზა, მაინც უნდა შეგეძლოს საერთო სიტუაციაში, საერთო დამოკიდებულებაში გარკვევა.
რაც შეეხება ბატონების წერეთლის, მუჩაიძის და ექსპრეზიდენტის ქვეშევრდომთა მოთხოვნას შევარდნაძის გადადგომის შესახებ, საკითხები, რომლებზეც მე ახლა ვფიქრობ და ვმუშაობ, უფრო სერიოზულია, ვიდრე ის ძალები, რომლებიც ამ მოთხოვნათა უკან დგანან.
- გასულ კვირას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას თქვენ ყურადღება მიაპყარით პრივატიზაციის დაჩქარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აუცილებელია ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის. სავალუტო ფონდი რეკომენდაციებთან ერთად დახმარებას გვპირდება. თქვენ მიიღეთ ბატონების პაპანდრეუს და გონსალესის წერილები დახმარების თაობაზე (სავალუტო ფონდის დახმარების გარდა იგულისხმება ამ ქვეყნების სხვა დახმარებაც). თურქეთმა 130 ათასი ამერიკული დოლარის ჰუმანური დახმარება გამოგზავნა. თურქმენეთში საგანგებო სტატუსი მიანიჭეს ჩვენს წარმომადგენელს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დაიწყო სერიოზული საუბარი თურქმენეთის ვალის გასტუმრებაზეც. ქართულ ნავთობთან დაკავშირებით წინა კვირას ინგლისური ფირმის წარმომადგენლებს შეხვდით. ამ ფონზე საქართველოს მთავრობის დელეგაცია მოსკოვში ეკონომიკური კავშირურთიერთობის განვითარების საკითხებზე საკონსულტაციო-საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს და ერთი წლის ვადით აპირებს ხელმოწერას დოკუმენტზე - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის შესახებ. ამ დოკუმენტზე უარი თქვეს აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა, ასოცირებულ წევრად აპირებს შესვლას უკრაინა. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას და ხომ არ შეასრულა რაიმე გარკვეული როლი მოსალოდნელმა ზამთარმაც. ეს მოვლენები მიტომ გავიხსენეთ, რომ ქვეყანაში მართლაც გარკვეული ძვრები იგრძნობა, ამ დოკუმენტზე კი ისეთი აზრია გავრცელებული, თითქოს იგი ჩვენ გარკვეულ კაბალურ პირობებში გვაყენებს...
- თქვენ, პრინციპში, უკვე ჩამოთვალეთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებზეც ვმუშაობ ჩემს კოლეგებთან ერთად და რომელთა გამოც არაფრად ვაგდებ ზოგიერთების ქუჩა-ქუჩა მეგაფონით ხელში სირბილს, შევარდნაძის გადადგომაზე მათ ღრიანცელს. თქვენს ნათქვამს დავუმატებდი ეკონომიკური რეფორმების იმ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ეტაპს, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. თქვენ აღნიშნეთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. უნდა აღინიშნოს ანტიკრიზისული პროგრამაც, რომელიც მოვიწონე, დავამტკიცე და შემდეგ პარლამენტის წევრებს დაურიგდათ. იგი საბაზო დოკუმენტად მიიღო სავალუტო ფონდმა. ვინც საქმეშია ჩახედული, მიაჩნია, რომ ეს კარგი პროგრამაა, რა თქმა უნდა, იმ სიძნელეების გათვალისწინებით, რომლებსაც ასე უცბად ვერ დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, ხვალ პარლამენტის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს პრობლემა იქნება - ახალი, ურთულესი და უძნელესი ეტაპი ეკონომიკური რეფორმის განხორციელების გზაზე. ვინც ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა, თუ რა ხდება სახელმწიფოში, დამერწმუნება, რომ ჩვენ მართლაც შევედით ეკონომიკური რეფორმების, ეკონომიკური გარდაქმნების სიღრმეში. ეს არ არის მარტო მოწოდებები, ეს არის მოქმედება, მუშაობა რეფორმებზე, დღედაღამ, ჩვენი აზროვნებისა და ენერგიის უდიდესი დაძაბვით და გარკვეული რისკითაც, რადგან, ის, რაც ამ დღეებში უნდა მოხდეს, სერიოზულ რისკთანაც არის დაკავშირებული. ყველა ეს ღონისძიება, სინქრონიზებულია სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებთან და პრაქტიკულად ემთხვევა იმ გზას, რომელიც გაიარეს საბაზრო ეკონომიკის კურსით მიმავალმა ქვეყნებმა.
ერთხელ კიდევ მინდა მივმართო თურქმენეთის ხელმძღვანელობას უღრმესი მადლიერების სიტყვებით იმისათვის, რომ ყოველმხრივ გვიწყობენ ხელს და გვაძლევენ საშუალებას მივიღოთ თურქმენული გაზი. აქამდე ვალის გასტუმრების საშუალება არ გვქონდა, ახლა დაიწყო აქტიური მუშაობა, ვეძებთ დამატებით რესურსებს, რომ დავალიანება შევამციროთ მაინც და მათ ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ და გვაწუხებს ეს პრობლემა.
ამასთან, ჩვენი მეგობრები მსოფლიოში მხარს გვიჭერენ, გვეხმარებიან და მძიმე ხვედრს გვიმსუბუქებენ. თქვენ უკვე ახსენეთ ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერების წერილები, რომლებიც ამ დღეებში მივიღე. მანამდე იყო გერმანიის კანცლერის ბატონ კოლის წერილი, უფრო ადრე - ინგლისის პრემიერის ბატონ მეიჯორის წერილი და სხვა სახელმწიფოთა მეთაურების მომართვები ჩემი თხოვნის პასუხად. ევროპის 12 ქვეყნიდან, რომელთა მეთაურებს დახმარებისათვის მივმართე, თითქმის ყველამ, გარდა ორი-სამისა, გვიპასუხა და ვიცი, რომ დანარჩენებიც გზავნიან საპასუხო წერილებს. ამას წინათ ქალბატონმა ოლბრაიტმა ჩამოიტანა პრეზიდენტ კლინტონის წერილი დახმარებისათვის მზადყოფნის გამოხატვით, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა.
წარმატებით დამთავრდა ბატონ ზურაბ კერვალიშვილის ვიზიტი ირანში და მისი შეხვედრა პრეზიდენტ რაფსანჯანისთან. პრეზიდენტმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადოთ ზამთრისათვის. დაახლოებით 600-650 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიღებაზეა ლაპარაკი. ეს არ არის საჩუქარი, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ვალი უახლოესი სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს უკვე შეღავათია, რადგან ორი-სამი წლის შემდეგ ჩვენთან ცხოვრებისა და მუშაობის ცოტა სხვა პირობები იქნება, სხვა მდგომარეობაში იქნება ეკონომიკა. ესეც ძალიან დიდი იმედია იმისა, რომ ზამთარს გავუძლებთ და ნაკლები დანახარჯებითა და დანაკარგებით გადავიტანთ მას.
ბევრს გვეხმარება ჩვენი მეზობელი თურქეთი.
ამ კვირას თბილისში ჩამოვლენ რუსეთის ეკონომიკური სამსახურების ავტორიტეტიანი წარმომადგენლები - როგორც გუშინ მითხრეს, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის მინისტრი ბატონი დავიდოვი, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები. ვფიქრობ, გამოზამთრებასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი გადაწყდება. რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ „კავკასიონის“ მაღალი ძაბვის ხაზი აღდგეს. რუსეთის მხარეს სამუშაოები დამთავრებულია, ეს საკმაოდ ძვირადღირებული საქმეა. ახლა მთავარია, ჩვენ შევუერთდეთ და, თუ სათანადო პირობები შევქმენით, საშუალება გვექნება ელექტროენერგია მივიღოთ რუსეთიდან. ასეთი დაპირება არის. დელეგაციის სტუმრობის დროს ამ საკითხსაც გავარკვევთ.
გუშინ მივიღე გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის შეტყობინება, რომ მათ რომში ხელი მოაწერეს საქართველოსათვის სასურსათო დახმარების პროგრამას 21 მილიონი დოლარის ფარგლებში. ეს არის - 30 ათასი ტონა ფქვილი, 4.500 ტონა მცენარეული ზეთი (ეს იმას ნიშნავს, რომ სულზე შეგვიძლია გავცეთ თითქმის ერთი ლიტრი ზეთი), 1700 ტონა შაქარი და ზოგიერთი სხვა პროდუქტი. ევროგაერთიანებისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შესახებ მე უკვე ვილაპარაკე. ყველაფერი ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია მომავალ ზამთართან დაკავშირებით.
ახლა ხალხმა უნდა განსაჯოს - ვიმუშაოთ ამ პროგრამებზე თუ წერეთელს, „მრგვალ მაგიდას“ თუ მუჩაიძეს ვდიოთ ქუჩა-ქუჩა, ამაზე ხალხმა მართლაც სერიოზულად უნდა იფიქროს და არჩევანი მოახდინოს: რა არის უფრო მნიშვნელოვანი - წერეთლის მოწოდებები თუ ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე და კიდევ მრავალი, რაზეც შეიძლება ვილაპარაკო პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე, შემდეგ გამოსვლებში.
რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირს: აზერბაიჯანსა და თურქმენეთს უარი არ უთქვამს დოკუმენტის ხელმოწერაზე, არამედ გადადეს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრამდე. იგი ოქტომბერში გაიმართება და ხელშეკრულებაზე ჩვენი საბოლოო ხელმოწერის საკითხი - ეკონომიკურ კავშირთან შეერთება - უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ შევა ძალაში. დარწმუნებული ვარ, რომ, აზერბაიჯანი მოაწერს ხელს. მისი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, რომ ეს, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება მისთვის. თუმცა, ხელმძღვანელობამ უკეთ უწყის ეს. რაც შეეხება თურქმენეთს, მას ისეთი პირობები და იმდენი სიმდიდრე აქვს, რომ მართლაც შეუძლია გააკეთოს არჩევანი - მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი. ჩვენი შესაძლებლობა არჩევანის თვალსაზრისით უფრი ნაკლებია. თუმცა, დრო მანამდე კიდევ ერთ თვეზე მეტია, მექნება საშუალება, უფრო არსებითად ჩავიხედო ამ პრობლემებში და ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც სადღეისოდ და სამომავლოდაც მიზანშეწონილი და გამართლებული იქნება.
- გასულ კვირას ქობულეთში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები. საქართველოში ჩამოვიდა ასამბლეის გენერალური მდივანი კროტოვი. ფაქტობრივად, შტაბბინის გარეთ პირველად გაიმართა ასეთი სხდომა. რა მნიშვნელობას მიანიჭებდით ამ ფაქტს?
- თავისთავად, - ბატონ კროტოვის ჩამოსვლა, საპარლამენტთაშორისო კომისიების სხდომა, მნიშვნელოვანი მოვლენაა. მით უფრო, რომ წამყვანი კომისიების თავმჯდომარეები ჩვენი პარლამენტარები არიან - ცხრა კომისიიდან ორს საქართველოს წარმომადგენლები მეთაურობენ. ქობულეთის შეხვედრა უდავოდ მისასალმებელია, ისევე, როგორც ჩვენ მივესალმებით შავი ზღვისპირა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ღონისძიებები, მით უფრო უკეთესად დაინახავს მსოფლიო, რომ საქართველოში დადგა სტაბილურობის დამკვიდრების ეტაპი და სწორედ ეს იძლევა ამგვარი საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ აჭარის ხელმძღვანელობისა, ასლან აბაშიძისა, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ყურადღება არ მოაკლო ჩვენს სტუმრებს და ყველაფერი იღონა, რათა ეს შეხვედრა კარგად გამართულიყო. მომავალში კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება საქართველოში.
- ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, საქართველოში კულტურული ცხოვრება აღმავლობით გრძელდება. ამას წინათ გამოვიდა გაზეთი „თეატრი და კინო“, რომელშიც საოცარი სტატისტიკაა, თუ 6 თვის განმავლობაში რამდენი სპექტაკლი დაიდგა, რამდენი პრემიერა გაიმართა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ, რომ იხსნება გამოფენები. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, დიდი კრიზისი საქართველოში არ ყოფილა. გუშინაც დიდებული საღამო აჩუქეს თბილისს ნინო ანანიაშვილმა და საბალეტო ხელოვნების სხვა ვარსკვლავებმა...
- ამის შესახებ ბევრი მითქვამს და ეს გაზეთიც განსაკუთრებული მღელვარებით გადავათვალიერე. ერთი საკითხია, როცა ცალკეულ სპექტაკლებს ესწრები, ცალკეულ კოლექტივებს ხვდები, მაგრამ სხვაა, როცა ეს ყველაფერი თავმოყრილია და ხედავ, რომ კი არ დაძაბუნდა და დაჩიავდა ქართული ხელოვნება, არამედ მან ამ ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის წლებში ახალ დონეს, განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია. თითქოს დამატებითი ძალები გამოძებნეს ამ სფეროში მომუშავე ჩვენთვის მართლაც საამაყო ადამიანებმა იმისათვის, რომ ქართულმა სულიერებამ და ქართულმა ხელოვნებამ, ლიტერატურამ კვლავ აღმავლობით იაროს. გაზეთში მოყვანილი ნუსხა მართლაც ძალიან შთამბეჭდავია, მარტო რაოდენობაში როდია საქმე. მე ზოგიერთ სპექტაკლს მაინც დავესწარი, რამდენიმე სურათი მაინც ვნახე და, შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც ახალი დონეა. სასწაულია და არც არის გასაკვირი, როგორი რეაქცია გამოიწვია ბატონ მიხეილ თუმანიშვილის მოგზაურობამ მოსკოვში, ევროპაში, რუსთაველის თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობთა გასტროლებმა. ერთხელ კიდევ მინდა (ალბათ, სიტყვები არ მეყოფა) ჩემი უდიდესი პატივისცემა, უდიდესი თაყვანისცემა გამოვხატო ჩვენი ხელოვნების, ლიტერატურის, თეატრის, კინოს მოღვაწეებისადმი, მხატვრებისადმი, რომლებმაც ამ გაჭირვების, ტკივილების დროს ამდენი სიხარული მოგვანიჭეს და ადამიანებს ჭრილობა მოუშუშეს პირდაპირი და გადატანითი გაგებით.
რაც შეეხება წუხანდელ სპექტაკლს - ეს საოცარი სანახაობა იყო. არა მგონია, შეიძლებოდეს აღწერა, რა სიხარული და სიამოვნებაა ადამიანისათვის, როცა ვარსკვლავებს უყურებ, მათ შემოქმედებითს სიხარულს იზიარებ. გაჭედილი იყო დარბაზი, დასადგომიც არ იყო. თუმცა ბილეთები ძალიან ძვირია, მაგრამ, ეტყობა, ხალხი დაზოგავს, ლუკმაპურს არ შეჭამს და დიდ ხელოვნებას კი ეზიარება. განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყო ბევრი, მათ არ დაავიწყდებათ წუხანდელი სასწაული ზეიმი. მეამაყება, რომ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჩვენი თანამემამულეა და, რომ იგი ისე უყვართ მის დიდ მეგობრებს, ისეთივე ვარსკვლავებს, როგორიც თვითონ არის, და რომლებიც ჩამოვიდნენ, რათა სიხარული მიანიჭონ ქართველ ხალხს და საქართველოს.
„ახლა ჩვენ ეკონომიკური რეფორმების ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ეტაპზე ვართ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 13 სექტემბერი. - N163(965). - 1 გვ.
![]() |
97 საქართველოს მთლიანობა, დემოკრატიის განვითარება გარდაუვალია! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის -
სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა
საქართველოს პარლამენტის 13 სექტემბრის სხდომაზე
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ ეროვნული პარლამენტის არჩევით ერთხელ კიდევ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალების ერთგულება.
დღეს მრავალნი კრიტიკულად აფასებენ განვლილ გზას, მრავალნიც უიმედობამ შეიპყრო. შესაძლებელია ამგვარ განწყობილებებს ჰქონდეს საფუძველი, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ხშირად ჩვენი სურვილები აღემატებოდა პრაქტიკულ შესაძლებლობებს, ნაკლებად იყო გათვალისწინებული არსებული რეალობანი, იმ გზის სიძნელე, რომელიც გველოდა.
ბოლო წლების მანძილზე ყოველმა ჩვენგანმა უმძიმესი სულიერი ტრაგედია განიცადა, ვნახეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება შეძრას, შეაძრწუნოს ადამიანი და ვაჟკაცი კაციც კი წელში გატეხოს.
ცხადია, ვნახეთ ღალატიც, გაუტანლობაც, საკუთარი სერიოზული შეცდომებიც, გარეშე ძალთა დამანგრეველი მოქმედებაც. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ვითარების, მწვავე შინაპოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მძვინვარებდა, მე ასე ვიტყოდი, სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი, კრიტიკულ მომენტში საქართველოს პარლამენტი ასრულებდა თავის ამოცანას, რაც იმას მეტყველებს, რომ საქართველოს ბედი, მისი მთლიანობა, დემოკრატიის განვითარება გარდაუვალია.
მაგრამ, ვგონებ, ყოველი ჩვენგანის აზრს გამოვთქვამ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში დაგროვდა უამრავი გადასაჭრელი პრობლემა, რაც საფუძვლიან განხილვას, სერიოზულ დისკუსიას მოითხოვს.
ხელისუფლების ორგანოთა სამართლებრივი გამიჯვნა, სახელმწიფოს დემოკრატიული მართვა ცივილიზებული ქვეყნების უმთავრესი პრინციპია, მაგრამ ამ პრინციპის კლასიკური სახით განხორციელება კონსტიტუციური ვაკუუმის პირობებში, რომელსაც ემატება ახლა უკვე განვლილი ეტაპი სამოქალაქო ომისა, მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ზოგიერთი მოღვაწე ამგვარი ილუზიით არის გატაცებული. პარლამენტართა ერთი ნაწილი უნდობლობით ეკიდება მთავრობას, რომელიც დიდი ხანი არ არის, ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ, და არცთუ საფუძვლიანად. ამდენად, იქმნება საშიშროება, რომ საქართველოში მინისტრთა გაუთავებელი ცვლა ტრადიციად იქცევა. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ, რომ მინისტრთა კაბინეტი, რომელიც, როგორი მოდელისაც უნდა იყოს, უცვლელი იქნება. მან შეიძლება დღესაც გარკვეული ტრანსფორმირება განიცადოს, მაგრამ ეს უნდა იყოს პროცესი.
ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ დემოკრატიის გზაზე დამდგარ ქვეყნებში დიქტატურის დამყარების მცდელობის პოლიტიკურ ფონს ხშირად რეალურ სიტუაციათა ზედაპირული შეფასება წარმოადგენს.
„კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს, რაც, მე ვიტყოდი, უიშვიათესი გამოცდილებაა მსოფლიო პარლამენტარიზმის პრაქტიკაში. რა შეხედულებებიც უნდა არსებობდეს ამ საკითხის ირგვლივ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმდინარე ეტაპმა დაადასტურა ამ ინსტიტუტის საჭიროება, როგორც დროებითი ინსტიტუტისა, და მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, თუ ასე შეიძლება ითქვას, - „შეკავება-გაწონასწორების“ პრინციპის დაცვის თვალსაზრისით. დროული და მეტად მნიშვნელოვანი იყო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფორმირება. ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, იყო თუ არა საჭირო ამის დაფიქსირება. ვფიქრობ, ეს აუცილებელი იყო, თორემ რა პარადოქსულიც უნდა იყოს ეს დასკვნა, შეიძლება ვერ გამოგვერიცხა მწვავე საპარლამენტო განხეთქილება და თვით პარლამენტის დაშლაც კი. ჩვენ მოწმენი ვართ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არა მარტო დაპირისპირებისა. არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობისაც, როცა ჩვენ კარგად გავიაზრეთ სახელმწიფო და სახალხო ეროვნული ინტერესები.
წარმომადგენლობითი ორგანოები ხშირად ტრანსფორმირდებიან მაშინ, როგორც კი გასცდებიან კანონშემოქმედებითს, საბიუჯეტო საქმიანობას. ზედმეტად აფართოებენ მათთვის გათვალისწინებული კონტროლის სივრცეს და პოლიტიკური რეგულირების ფუნქციებს; ხდებიან ნაციონალისტური, შოვინისტური იდეოლოგიური გეზის გამტარებელნი, რაც, უდავოდ, ნაბიჯია დიქტატურისაკენ, „საზოგადოებრივი ჭეშმარიტების“ მექანიკური დანერგვისაკენ, „აბსტრაქტული დემოკრატიის“ დამკვიდრებისაკენ. მთავრობის ხელოვნური პარალიზება, ეს პარალელურად ეხება აღმასრულებელ სტრუქტურებსაც და ინსტიტუტებსაც, მით უფრო კრიზისის პირობებში, აქვეითებს ოპერატიული მოქმედების შესაძლებლობებს და, ცხადია, აფერხებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, - ეს განსაკუთრებით საზიანოა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების დროს.
ასეთი ვითარების ატანა შეუძლებელია მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკა, მეურნეობა, სამართლებრივი ბაზის უქონლობის გამოც, გარკვეული აზრით დეზორგანიზებულია და შველას ელის. ასევე ელოდებიან უცხოელი ინვესტორებიც, რომ საქართველოში შეიქმნება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მისაღები იქნება თანამშრომლობისათვის. დღესდღეობით უაღრესად საჭიროა 150-200 კანონის მიღება მაინც.
მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა რეფორმებისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის დაჩქარებისათვის აუცილებლად მისაღები კანონების ნუსხა; წარმოდგენილია პარლამენტის სამუშაო გეგმა, რომელიც შეიძლება მოვიწონოთ. ამ ნუსხაში მე გამოვყოფდი კანონებს: „საწარმოთა შესახებ“, რომელიც უკვე შემოტანილია, „მეწარმეობის შესახებ“, რომელიც მიღებულია პირველი წაკითხვით, „საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის აპრილ-დეკემბრის ბიუჯეტის შესახებ“ (იქნებ ჯობდეს ოქტომბერ-დეკემბრის ბიუჯეტის დამტკიცება), „ჩეკების შესახებ“, „თამასუქის შესახებ“, „გაკოტრების შესახებ“ - ყოველდღიურად, ყოველ საათს ვაწყდებით ამ კანონების მიღების აუცილებლობას; „ფასიანი ქაღალდების შესახებ“, „მიწათსარგებლობის საფასურის შესახებ“ - ვისაც უნდა ჰკითხოთ აქ, რაიონებიდან ჩამოსულებს, თბილისელებს, ყველა დაადასტურებს, რომ ეს ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა; „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების მართვის“, „უფლებამოსილებთა გამიჯვნის შესახებ“, „ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „კრედიტების შესახებ“ და ასე შემდეგ.
უკვე მივადექით იმ ზღვარს, როდესაც პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის შეთანხმებული მუშაობის, გადამჭრელი ღონისძიებების განუხორციელებლად შეუძლებელი გახდება ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარება. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ჩვენ რეფორმებისთვის მზადების რთული გზა გავიარეთ. სამოქალაქო ომმა უზარმაზარი ძალა, ენერგია, დიდი რესურსები, მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები შთანთქა.
ჩვენ მაინც ვაზროვნებდით, ვფიქრობდით, მომავლის გეგმებს ვადგენდით. და აი, დადგა რეფორმათა აქტიური და მასშტაბური განხორციელების ეტაპი. განვლილი ორი-სამი თვე მართლაც ღირსშესანიშნავია რეფორმატორულ გადაწყვეტილებათა მიღების თვალსაზრისით. მაგრამ ახლა ვდგებით ფაქტის წინაშე, როცა პრაქტიკული ნაბიჯები რეფორმების გზაზე საკანონმდებლო ჩიხს წააწყდება, თუ პარლამენტი ამ საკითხებზე ინტენსიურად არ იმუშავებს. ასეთი შიმშილი, როგორც გითხარით, უკვე იგრძნობა. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ჩამონათვალს, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა წარმოგვიდგინა, ამაში იოლად დავრწმუნდებით.
1994 წლის რვა თვე ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს. წლის დამდეგს, ძირითადად ენერგეტიკული კრიზისის უკიდურესი გამძაფრების პირობებში, თითქმის ნულოვან დონემდე დაქვეითდა წარმოება და უკიდურესად გაძლიერდა ინფლაცია. წარმოება თითქმის ნულოვან დონემდე დაქვეითდა. ბოლო 3-4 თვის განმავლობაში საგრძნობი ხდება მრეწველობის, საერთოდ სახალხო მეურნეობის გარკვეული გამოცოცხლება. ყოველ შემთხვევაში წარმოების დაქვეითების ინდექსმა პირველი კვარტალის 74,3 პროცენტის ნაცვლად რვა თვეში 50,1 პროცენტი შეადგინა. სასახელო აქ არაფერია, მაგრამ ლაპარაკია გარკვეულ ტენდენციაზე. საწვავისა და მინერალური სასუქების, შხამქიმიკატების დეფიციტის, ხანგრძლივი გვალვების მიუხედავად, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მაინც შესრულდა, განსაკუთრებით, - კერძო სექტორში. ზოგიერთ რაიონში საკმაოდ კარგი მოსავალი მოიწიეს. მინისტრთა კაბინეტის ამოცანა ის არის, რომ გამოინახოს გზები, რათა არ დაიკარგოს ის, რაც მოწეულია. თუმცა ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უპირველესად ანაზღაურებასთან. სამაგალითოდ სამეგრელოს რეგიონს მოვიყვანდი, სადაც გასულ წლებში მიწები პრაქტიკულად არ დამუშავებულა. უნდა გითხრათ, რომ წელს სიმინდისა და ჩაის შესანიშნავი მოსავალია მოწეული. ამის საფუძველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გარკვეულმა სტაბილიზაციამ, კრიმინოგენური სიტუაციის მნიშვნელოვანმა გაჯანსაღებამ და, რაც მთავარია, რესპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამის შესაბამისად ხელისუფლების მიერ უკანასკნელ ხანს განხორციელებულმა საბაზრო მეურნეობისადმი შესაბამისი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბების ღონისძიებებმა შექმნა. კერძოდ, საქმიანი აქტიურობისათვის ნიადაგს ამზადებს პრივატიზაციის დაჩქარების, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის, მმართველობის დეცენტრალიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკებთან თანამშრომლობის გაფართოების, რუსეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ტრადიციული ნაცადი კავშირურთიერთობის ახალ საფუძველზე აღდგენის, საზღვარგარეთული კაპიტალის მოზიდვისაკენ მიმართული ნაბიჯები.
ამავე დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნები ჯერჯერობით მხოლოდ საერთო ვითარების ზოგადი ანალიზისას ჩნდება, ისიც ჩანასახოვანი სახით, ნაკლებად აქვს კონკრეტული რაოდენობრივი გამოხატულება. ამას მოწმობს მიმდინარე წლის რვა თვის შედეგები, რომლებსაც თქვენ, ალბათ, იცნობთ და მათზე ყურადღებას არ შევაჩერებ. მოგახსენებთ, რომ მდგომარეობა გართულდა. რაოდენ ობიექტური მიზეზიც უნდა მოეძებნოს შექმნილ ვითარებას, დღეისთვის მთავარი მაინც გამოსავლის ძიებაა, უფრო ზუსტად კი - უკვე დასახული და განსაზღვრული ანტიკრიზისული ღონისძიებების თანმიმდევრული განხორციელება, რაც, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სისტემური და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებას, საერთაშორისო ეკონომიკური ცენტრების დახმარების მიღებას მათი რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე.
სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს რსეპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამა, სამწუხაროდ, არ გახდა ჩვენი დისკუსიის საგანი, და ეკონომიკური, სოციალური განვითარების ძირითადი პროგნოზული პარამეტრები მეცნიერების, სპეციალისტების, სახელმწიფო სტრუქტურების დაძაბული შრომით არის შემუშავებული და არსებითად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს. იგი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და კურსს ასახავს. აქ მინდა ერთხელ კიდევ აღვნიშნო, რომ მინისტრთა კაბინეტმა უახლოეს სხდომაზე უნდა იმსჯელოს ხსენებულ ბრძანებულებებითა და დოკუმენტებით განსაზღვრულ ღონისძიებათა და დავალებათა შესრულების მიმდინარეობაზე.
ანტიკრიზისული პროგრამის საფუძველზე მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში მიღებულია ოცამდე ეკონომიკური ხასიათის ბრძანებულება და განკარგულება. ზოგიერთ მათგანზე შევჩერდები იმიტომ, რომ ბევრი დეპუტატი ქალაქში არ იყო, რაიონში და საზღვარგარეთ კი ამ ინფორმაციას მოკლებული არიან. ამ დოკუმენტებს, რამდენადაც მიმაჩნია, მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარების დღევანდელ ეტაპზე.
მათ შორის გამოვყოფ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საბანკო სისტემის სრულყოფის, ქალაქების თბილისისა და ქუთაისის მერიებისათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების, მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის ძირეული რეფორმის დაჩქარების შესახებ.
ანტიკრიზისული საპროგრამო ღონისძიებებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ცენტრებიდან კრედიტების მიღების პირობებში, რა თქმა უნდა, წინა პლანზე დგას სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ამ დეფიციტის დაფარვისთვის საკრედიტო ემისიაზე უარის თქმა.
ის, რაც დღეს კეთდება და რასაც დღემდე ვაკეთებდით, შეუწყნარებელია იმ სახელმწიფოს პირობებში, რომელიც აპირებს ნორმალური ქვეყნის აშენებას. სწორედ ამას შეეხება სახელმწიფოს მეთაურის 29 აგვისტოს ბრძანებულება „მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის ძირეული რეფორმის დაჩქარების შესახებ“. ამ ბრძანებულებაში ანტიკრიზისული პროგრამის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესაბამისად ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების გარდამავალ ეტაპზე არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური დაცვის გაძლიერების, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის გაჯანსაღების მიზნით „მოსახლეობის სოციალური დაცვის საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს საბიუჯეტო სახსრების კონკრეტული ხარჯვა ხელფასების, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების ისეთი დონის მისაღწევად, რომელიც ყველაზე მცირეშემოსავლიანი ფენებისათვის უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმს“.
ამავე ბრძანებულებით მინისტრთა კაბინეტს დაევალა, რომ ხელფასების, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების მომატებისას გაითვალისწინოს მცირეშემოსავლიანი პირებისა და ოჯახებისათვის შრომის ანაზღაურებისა და სოციალური შემწეობის უპირატესი ზრდა, ამასთან ელექტროენერგიის, გაზის, კომუნალური და სატრანსპორტო მომსახურების ტარიფებისა და პურის ფასების მოწესრიგების შედეგად გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრები წარმართოს ხელფასების, პენსიებისა და სოციალური დახმარების გასაზრდელად. მინისტრთა კაბინეტსა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ სრულად და თანამიმდევრულად განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებანი, უზრუნველყონ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით ყველაზეხელმოკლე და მიუსაფარ მოქალაქეთა აღრიცხვა, რომლებიც დამატებითს მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ, და განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი, თვით უფასო სოციალური ცენტრებიც კი მოაწყონ. თავისი მასშტაბებით, შესაძლო შედეგებით, მოვლენათა სიღრმის გათვალისწინებით, განსახორციელებელ ღონისძიებებს თამამად შეიძლება რეფორმა ვუწოდოთ.
ორიოდე სიტყვით, რას გვაძლევს ეს რეფორმა? რამდენიმე დეტალზე შევჩერდები. უდეფიციტო ან ნაკლებდეფიციტიანი ბიუჯეტი უმთავრესი მიზანია, რომელსაც რეფორმა ისახავს. ეს, ცხადია, ქვეყნის გაჯანსაღების საფუძველია. უნდა შემცირდეს ინფლაციის დონე. ეს ასე მოხდება, თუ რეფორმას ნორმალურად წარვმართავთ, შეიქმნება ნორმალური პირობები ჯანსაღი კონკურენციის განვითარებისათვის. შეიზღუდება ან შეწყდება ქვეყნიდან პურის და სხვა აუცილებელი პროდუქტების გადინება, რადგან მოწესრიგდება ფასები. ნიადაგი ეცლება ეგრეთ წოდებულ პურის მაფიას. თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, ჩნდება საერთაშორისო საფინანსო ცენტრების დახმარებით ეკონომიკის დაფინანსების სტაბილიზაციის ფონდის შექმნის პერსპექტივა.
უახლოეს დროში ჩვენ გვექნება საშუალება გადავიდეთ სრულფასოვან ეროვნულ ვალუტაზე, და, როგორც იტყვიან, დავიწყოთ ადამიანური ცხოვრება.
ცხადია, პურის, გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ბაზრის დონეზე დაწესება ეკონომიკური სტრუქტურის ყველა უჯრედს შეეხება, ძალიან სერიოზული იქნება სამეურნეო და სოციალური შედეგები, მაგრამ რეფორმისა და გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ გასაგებია სიფრთხილე, რომელიც ამ ბრძანებულების მიღებას ახლდა, საკითხის შემდგომ გაჭიანურებას შეიძლება ეკონომიკის სრულ პარალიზებამდე მივეყვანეთ, მით უმეტეს, რომ ამ პრობლემის გადაუჭრელად ვერ ხერხდება ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ეს არარეალურია, თუმცა იგი პირველი აგვისტოსათვის უნდა დამთავრებულიყო. ისევ ჰაერისაგან შემდგარი ბიუჯეტი არავის არ სჭირდება. ეს კი უმართავს ხდის სამეურნეო პროცესებს, მთელ ეკონომიკურ ცხოვრებას. აქ მინდა ხაზი გავუსვა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის საკითხს. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის განხილვის დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ იქნებ შეგვეცვალა მიდგომა ბიუჯეტის განხილვისადმი, წლის დამდეგს ჩამოგვეყალიბებინა ძირითადი მიმართულებები, ან განგვესაზღვრა პროგრესული პარამეტრები და პერიოდულად შეგვეტანა მასში საჭირო ცვლილებები და კორექტივები. ეს მოსაზრება არ იქნა გაზიარებული, და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს კიდევ არა გვაქვს დამტკიცებული 1994 წლის აპრილ-დეკემბრის ბიუჯეტი, მაშინ როცა წლის დამთავრებამდე პრაქტიკულად სამი თვე დარჩა. იქნებ ახლა იყოს შესაძლებელი, რომ მინისტრთა კაბინეტმა სექტემბერში დასამტკიცებლად წარმოადგინოს დარჩენილი სამი თვის ბიუჯეტი იმ ეკონომიკური პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს.
აქვე მინდა მინისტრთა კაბინეტს ვთხოვო ერთხელ კიდევ გადახედოს პურის ფასის საკითხს. როგორც იცით, პირველი ვარიანტი იყო კილოგრამი სამასი ათასი კუპონი, შემდეგ ეს რიცხვი შევამცირეთ 250 ათას კუპონამდე, ახლა იხილება საკითხი, რომ ერთი კილოგრამი პურის ფასი იყოს ორასი ათასი კუპონი. მგონია, რომ შესაძლებელია 200 ათასიდან პურის ფასი 150 ათას კუპონამდე შევამციროთ, უზრუნველვყოთ დარგის რენტაბელობა და ბიუჯეტში შემოსავალი კონცერნისათვის სარეალიზაციოდ თავისუფალ ფასებში გარკვეული რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციის მინიჭებით შევავსოთ, გამოვყოთ 10-15 პროცენტი, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი მინისტრთა კაბინეტის გადასაწყვეტია.
ერთხელ კიდევ ვთხოვ მინისტრთა კაბინეტს გადახედოს სტუდენტთა სტიპენდიების საკითხს და პენსიონერთა და ინვალიდთა მინიმალური უზრუნველყოფის პრობლემებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებულია ვარიანტები, იქნებ მოინახოს კიდეც დამატებითი რესურსები.
გადაწყვეტილება ფასების მოწესრიგების შესახებ ავტომატურად ვერ გადაჭრის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ამოცანას. მეტად მწვავე საკითხია შემოსავლის აღრიცხვისა და ამოღების პრობლემა. საგადასახადო ინსპექციამ უნდა გააძლიეროს ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც მათ საქმიანობაში შეიმჩნევა. ამას, ჩემი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულებამ „რესპუბლიკაში საგადამხდელო დისციპლინის განმტკიცების, ანგარიშსწორების მოწესრიგებისა და ბიუჯეტის შემოსავლის ზრდის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“. ამ ბრძანებულებით საგადასახადო სამსახურში იქმნება სპეციალური უფლებებით აღჭურვილი სავალუტო და საექსპერტო კონტროლის სამმართველო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის კუთვნილი სავალუტო სახსრების მაქსიმალური ამოღება. ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას. საგადასახადო კანონმდებლობის პაკეტის მიღების მიუხედავად, მაინც იბადება მისი სრულყოფის საკითხი. და ეს სრულყოფის პროცესი, ეტყობა, საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, საჭიროა შეფასდეს, რამდენად რაციონალურია სანედლეულო შიმშილის პირობებში ჩვენი წარმოებისთვის არაკონკურენტუნარიანი რესურსების, მხედველობაში მაქვს ბამბეულის, შალის ნედლეულის, მანქანა-მოწყობილობების, დანადგარების, ტექნოლოგიური ხაზებისა და სხვათა იმპორტის მკაცრი დაბეგვრა, იზრდება მოთხოვნები ამა თუ იმ მოტივირებით დაბეგვრისაგან ინდივიდუალური გათავისუფლების თაობაზე, რაც, ცხადია, გაუმართლებელია. მაგრამ სოციალური მოსაზრებით, იქნებ, მიზანშეწონილი იყოს შეღავათების გათვალისწინება. მინდა ვთხოვო შესაბამის სამინისტროებს, უწყებებს, სტრუქტურებს, სერიოზულად განიხილონ იმპორტისა და ექსპორტის დაბეგვრის პრობლემები, განვიხილოთ ეს უახლოეს დღეებში და სპეციალურად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, საზღვარგარეთელი კოლეგების, ეკონომიკაში ჩვენი პარტნიორების, ინვესტორების სურვილებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით.
აქტუალურია ხელისუფლების დეცენტრალიზაციის, უფლებათა დელეგირების საკითხი, უფლება-მოვალეობათა გამიჯვნა ხელისუფლების ცენტრალურ რგოლებსა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით არ მოხდება. უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური საქმიანობის რეგიონული ასპექტი. საერთო საბიუჯეტო პრობლემებიდან ასევე მწვავედ დგება ადგილობრივი ბიუჯეტის პრობლემაც. აქ უამრავი საკითხია მოსაგვარებელი - დეპუტატები, რომლებიც გამგებლის ფუნქციასაც ასრულებენ და რომლებმაც იციან, რა ხდება რაიონებში, ამაში დამეთანხმებიან.
ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მეთურის ბრძანებულებებს ქალაქების თბილისის, ქუთაისისა და ფოთისათვის ეკონომიკურ უფლებათა ცენტრიდან დელეგირების თაობაზე, რომელმაც გარკვეული გამოცოცხლება შეიტანა ამ ქალაქების სამეურნეო და სოციალურ ცხოვრებაში. ეს ტენდენციები აუცილებლად უნდა გაძლიერდეს. ამასთან, მინისტრთა კაბინეტმა უნდა განაზოგადოს ისინი და შეიმუშაოს რეკომენდაციები. ამას შეეხება სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 31 აგვისტოს განკარგულება „თბილისის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით მერიისათვის დამატებითი უფლებამოსილებების მინიჭების შესახებ“, რომლის მიხედვითაც მერიამ უნდა შეადგინოს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, შეიმუშაოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტები, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების დარგობრივი საქალაქო-მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს რესპუბლიკური და მუნიციპალური ორგანოების ერთობლივ საქმიანობას, სამრეწველო კომპლექსის კრიზისიდან გამოყვანას, პრივატიზების დაჩქარებას, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში დედაქალაქის როლის გაზრდას, დედაქალაქის კულტურული ტრადიციების აღდგენას. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ყველაფერი, რაც ამ ბრძანებულებაშია ჩადებული, შესრულდება, კულტურულ ცენტრებს დამატებით, როგორც იტყვიან, მზრუნველი პატრონი გამოუჩნდება. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ შარშან გადაიდგა, რაც საქართველოში რეფორმების უფრო დიდი მასშტაბითა და მთელი სიღრმით გავრცელების დასაწყისი იყო.
ამავე საკითხის მოგვარებას ეხება სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება „ქუთაისის მერიის მიერ საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის სარეალიზაციოდ გაწეული მუშაობის შესახებ“, რომელშიც გაანალიზებულია ქუთაისში მიმდინარე დადებითი პროცესები და ხელშემშლელ გარემოებებზეც არის ლაპარაკი.
ეკონომიკაზე საუბარი წარმოუდგენელია საბანკო რეფორმების დაუჩქარებლად, დრეისათვის ყველა სახელმწიფო კომერციული ბანკი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.
საქართველოს რესპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებული და რეალურ ფინანსურ გარემოზე ორიენტირებული ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 1994 წლის 12 აგვისტოს ბრძანებულებას „საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ“. ამ ბრძანებულებით ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით 1994 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს რესპუბლიკის პარლამენტს კანონპროექტები ბანკებისა და საბანკო საქმიანობის, სავალუტო რეგულირებისა და კონტროლის შესახებ. ერთხელ კიდევ მაპატიეთ, რომ დეპუტატების ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ რეფორმების აუცილებლობის შესახებ, რომ ჩვენ რეფორმატორები ვათ, რომ რეფორმების გზით მივდივართ. მინდა გითხრათ, რომ ის, რაზეც ახლა ყურადღებას ვამახვილებ, არის რეფორმების დეტალები, შემადგენელი ნაწილი იმ დიდი რეფორმისა, რომლის გზითაც საქართველომ უნდა იაროს.
ამავე ბრძანებულებით მინისტრთა კაბინეტს დაევალა კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის წინადადებათა და თავისებურებათა გათვალისწინებით, უზრუნველყოს თითოეული მათგანის აქციონირების პროექტების შემუშავება. სწორედ ზემოაღნიშნული ბრძანებულება დაედო საფუძვლად რესპუბლიკის ოთხი სახელმწიფო კომერციული ბანკის („აგრობანკი“, „ინდუსტრიაბანკი“, „ბინსოცბანკი“, „ექსიმბანკი“) სააქციო-კომერციულ ბანკებად გარდაქმნას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ შემნახველი ბანკის რეფორმას, მგონია, მოიძებნა ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც სპეციალურ შესწავლასაც იმსახურებს.
ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, საფუძველია შემნახველი ბანკის რეფორმისა, როდესაც მეანაბრეები არა მარტო მეანაბრეები, არამედ გარკვეული ქონებისა და სიმდიდრის მესაკუთრენიც არიან. ნორმალური საბანკო სისტემის ჩამოყალიბების თანამედროვე ეტაპზე მთელი რიგი საკითხებია გადასაჭრელი. მე ვიტყვი იმას, რისი თქმაც შეიძლება.
ერთ-ერთი მათგანია არასაბანკო დაწესებულების მიერ საბანკო ოპერაციების წარმოება და, კერძოდ, მოსახლეობისაგან ანაბრების მიღება უცხოური ვალუტით. ზოგიერთი მათგანის, მაგალითად, ფირმა „აჩის“ ბედი, ძალზე სავალალო აღმოჩნდა ჩვენი მოსახლოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ენდო ამ ფირმას, დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს ამგვარი ფირმების საქმიანობას. და ისევ კანონთან მივდივართ, ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა აუცილებელია. იგულისხმება, რომ გარანტიის საფუძვლად უნდა იქცეს ამ ფირმების საწესდებო კაპიტალი და ამგვარი საქმიანობის ლიცენზირება. ამასთან უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფუნქცია, ამ ორგანიზაციების კონტროლი საბანკო ოპერაციების წარმოებისადმი. ჩვენ არ გვინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ყველა ამგვარ ფირმასა და ორგანიზაციაში უპატიოსნო ხალხი იყოს თავმოყრილი. სავარაუდოა, რომ ბევრ მათგანში მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს, მაგრამ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და ნდობა, რომელიც ასიათასობით მოქალაქემ გამოუცხადა ამ ფირმებს, გვიკარნახებს, რომ შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო გარანტიები, რომ ასეთ მდგომარეობაში მოქალაქეები მომავალში მაინც აღარ აღმოჩნდნენ.
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის საფუძველზე მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება, რაც საბაზრო მეურნეობის განვითარებისა და სოციალური პრობლემის გადაჭრის ხერხემალს წარმოადგენს. ამ საქმეს სტიმული მისცა კოლექტივებისათვის საპრივატიზაციო ობიექტებისა და აქციათა საკონტროლო პაკეტების პირდაპირი მიყიდვის ღონისძიებების თაობაზე სახელმწიფოს მეთაურის სპეციალურმა ბრძანებულებამ. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ამ ბრძანებულებასაც პრინციპული და საეტაპო მნიშვნელობაჰქონდა საერთოდ პრივატიზაციის პროცესისათვის, რეფორმების პროცესისათვის. მასობრიობას ანიჭებს მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბებას სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს განკარგულება „სამომხმარებლო კოოპერაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“. ამ განკარგულების საფუძველზე ოპერატიულად და რაციონალურად უნდა განხორციელდეს კოოპერაციული საკუთრების მეპაიეებზე განაწილება-დამკვიდრების ღონისძიებები. ქონების განაწილება უნდა მოხდეს მეპაიეთა ინტერესების, სოციალური გარანტიების, საწესდებო მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვით, სამომხმარებლო კოოპერაციის ერთიანობის შენარჩუნებით. რასაც ახლა მოგახსენებთ, ეხება მილიონ 300 ათას კაცს საქართველოში, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას. იმაზე, თუ რამდენად სწორად წარიმართება რეფორმა ამ სფეროში, ამ დარგში, დამოკიდებული იქნება ამ რაოდენობის მოქალაქეთა გარკვეული კეთილდღეობა მომავალში.
პრივატიზაციასთან დაკავშირებით გავიხსენოთ კანონი სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების საკითხზე, რომელიც 1991 წელს იქნა მიღებული. პრაქტიკული ნაბიჯი მაშინვე გადაიდგა.დღეისათვის პრივატიზებულია 500-ზე მეტი ობიექტი. თუკი წინათ მოსახლეობის დიდ ნაწილს მხოლოდ სიტყვა „პრივატიზაცია“ ესმოდა, ამჟამად გამოკითხულთა თითქმის 90 პროცენტმა იცის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პრივატიზაციის სფეროში. ყოველ შემთხვევაში, ასეთია გამოკვლევა.
მინდა ვთქვა, რომ ის, რაც დღევანდელ ეტაპამდე გაკეთდა, ყველაფერი გასაკეთებელი იყო, და ეს გზაც უნდა გაგვევლო. რადიკალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა მაშინვე, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა. გავიხსენოთ ბრძანებულება „პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტმა გარკვეული როლი შეასრულა სხვა საწარმოთა აქციონირებაში. თუ ბრძანებულების გამოცემამდე მხოლოდ 50-მდე საზოგადოება იყო რეგისტრირებული (მხედველობაში მაქვს ძირითადად მსხვილი საწარმოები), მათ ბაზაზე თვე-ნახევრის - 2 თვის განმავლობაში რეგისტრირებულია 270.
მხოლოდ სამი თვის მანძილზე 200 მსხვილი საწარმო გადაიქცა სააქციო საზოგადოებად. საწარმოთა აქციონირების პროცესში ხდება ქონების ინვენტარიზაცია. ეს, ვიტყოდი, ძალზე მნიშვნელოვანი საფუძველია მთელი შემდგომი ღონისძიებებისა. სწორედ ამ საფუძველზე გახდება შესაძლებელი საპრივატიზაციო ბარათებზე ან ვაუჩერებზე უფასოდ გასაცემი ქონების წილის დადგენა. ეს სამუშაო ცოტა არ იყოს დაგვიანებულია, მაგრამ მაინც უნდა შესრულდეს.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფასოდ საკმაოდ სოლიდური ღირებულების სახელმწიფო ქონება მიეცემა. სამწუხაროდ, ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ქალაქსა და რაიონს ჯერაც არ შეუდგენია ვაუჩერების მიმღებ მოქალაქეთა სიები. ალბათ, ეს საკითხიც საერთო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს და პარლამენტმაც, ხელისუფლებამაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან უნდა მოითხოვონ ამ პროცესების დაჩქარება.
ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა საწარმოთა აქციონირების პარალელურად დაჩქარდეს მცირე პრივატიზაცია. მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი საბჭოს შექმნის შესახებ 1 სექტემბრის ბრძანებულებას გარკვეული დადებითი ცვლილებები მოჰყვა და მან გარკვეული ინტერესიც გამოიწვია.
ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების მიმდინარე ეტაპზე მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ღონისძიებათა რეალიზაციასთან ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისათვის საარსებო პირობების უზრუნველყოფის, ეკონომიკის ძირითადი დარგების ქმედითუნარიანობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ამოცანათა გადაწყვეტა.
როგორც მოგეხსენებათ, მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში, უკანასკნელ წლებში წარმოქმნილი ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა ბუნებრივი გაზის მოწოდების შეზღუდვამ, სახსრების უქონლობის გამო ელექტროსადგურებზე აუცილებელი სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობამ და მრავალმა სხვა მიზეზმა, რომლებიც თქვენთვის ცნობილია. ამ პრობლემის მოწესრიგებას ემსახურება სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულება „1994-1995 წლების ზამთრის სეზონისათვის მზადების კომპლექსურ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ“, რომელშიც განსაზღვრულია არა მარტო სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში არსებული პრობლემები, მათი დაძლევის გზები და უშუალო პასუხისმგებელნი შესრულებაზე, არამედ მოცემული დარგებისა და რეგიონების, სამინისტროებისა და უწყებების მოვალეობანი, თუ რა უნდა გააკეთონ მათ მომავალი ზამთრის პირობებში. შექმნილია საგანგებო რესპუბლიკური შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უდგას სათავეში და რომელიც უკვე ინტენსიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს აღნიშნულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობის საკითხებს. სპიკერატს აქვს სათანადო მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით.
ყველასათვის ცნობილი არ არის, რომ საკმაოდ წარმატებული იყო ვიცე-პრემიერის ზურაბ კერვალიშვილის ვიზიტი ირანში. ირანული გაზის გამოყენების პერსპექტივა რეალურია. თუმცა ღირებულება, საფასური ამ გაზისა უნდა გადავიხადოთ საკმაოდ მოკლე დროში - სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. ეს არის დაახლოებით 600-670 მილიონი კუბური მეტრი. თუ ჩვენ ამ გაზს მივიღებთ და აზერბაიჯანელებთან ერთად ავითვისებთ მას, როგორც საჭიროა, მაშინ სულის ამოთქმის საშუალება გვექნება ამ ზამთრის განმავლობაში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თურქმენეთთან. შეიქმნა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც ეძებს გზებს იმისათვის, რომ დაიწყოს დავალიანების დაფარვა. თუ დავალიანების დაფარვა სერიოზულ მასშტაბს შეიძენს, ეს იმას ნიშნავს რომ თურქმენი მეგობრები კვლავაც ღირსეულ პარტნიორობას გაგვიწევენ.
არის პერსპექტივა, რომ ელექტროენერგია მივიღოთ თურქეთიდან, რასაც მისი ხელმძღვანელობა დადებითად უყურებს. ბულგარეთიდან იყო ამას წინათ ჩამოსული ვიცე-პრემიერი და აღგვითქვა საშუალებების გამონახვა. მიმდინარეობს „კავკასიონის“ მაღალი ძაბვის ხაზის აღდგენა და რუსეთის სისტემასთან დაკავშირება. თუ ეს დროულად დამთავრდა და უნდა დამთავრდეს კიდეც, რადგან რუსეთმა თავისი სამუშაოები კავკასიონის მეორე მხარეს უკვე შეასრულა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ 100-150 ან ცოტა მეტი მეგავატი მივიღოთ ზამთრის განმავლობაში ამ ხაზიდან.
ბევრია გასაკეთებელი სანათი ნავთის, ნავთქურებისა და ზოგიერთი სხვა აუცილებელი კომპონენტებით მოსახლეობის მომარაგებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეს, რა თქმა უნდა, არის მოსახლეობის რესურსებით უზრუნველყოფა. მხედველობაში მაქვს საკვები პროდუქტები, პირველ რიგში, ხორბალი. ერთხელ კიდევ ვადასტურებ ჩვენს უდიდეს მადლიერებას ევროპის იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ევროგაერთიანებაში შედიან და რომლებმაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსათვის 50-60 მილიონი ეკიუს გამოყოფის შესახებ, როგორც ჰუმანური დახმარებისა. ეს არის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხსნა ამ ეტაპზე. უკვე მოდის ამ სახელმწიფოთა მეთაურების წერილები და კვლავ ვიმეორებ, ჩვენ მადლობელი ვართ მათი. მივიღე შეტყობინება, რომ გაეროში განიხილეს ჩვენთან შექმნილი ვითარება და ჩვენი თხოვნა - პირველ რიგში ლტოლვილებისათვის გამოიყო 21 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანური დახმარება. აქედან 8 მილიონი მოხმარდება ტრანსპორტირებას. შემოტანილი იქნება 30 ათასი ტონა ფქვილი, 4500 ტონა მცენარეული ზეთი, 1700 ტონა შაქარი და ზოგიერთი სხვა პროდუქტი. გრძელდება აგრეთვე ამერიკული პროგრამის ინტენსიური შესრულება საქართველოსათვის დახმარების თაობაზე. თქვენ უკვე მოგეხსენებათ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხორბლის მოწოდებასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ერთი ელემენტია იმ საერთო პროგრამისა, რომელიც ხორციელდება მიმდინარე წელს, და დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი დაამტკიცებს მომავალი წლის დახმარების პროგრამასაც. დიდი მნიშვნელობა ექნება, განსაკუთრებით ენერგეტიკული ბალანსისათვის, რუსეთის კრედიტებს 20 მილიარდის ოდენობით, რომელიც უკვე გამოგვიყვეს, მაგრამ რომლის გაფორმებაც ჯერჯერობით ჭიანურდება, მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.
ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეს არის წესრიგის შემდგომი განმტკიცება. არაერთხელ თქმულა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავმა, ძალისმიერმა უწყებებმა გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწიეს, განმტკიცდნენ ორგანიზაციულად, სტრუქტურულად, კადრების თვალსაზრისით. მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, უშიშროების სამსახურის, რესპუბლიკის პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ბევრი ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელობა გააქტიურდა, ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი რამ კარგი ითქვას აჭარაზე, მის ხელმძღვანელობაზე და სხვა რეგიონებზე. გაუმჯობესდა მდგომარეობა რესპუბლიკის ავტომაგისტრალებზე, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლისა და განიარაღების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ეს იყო ძალიან მტკივნეული, ძალიან ძნელი პროცესი, ეს იყო ფორმირებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს და მათ შორის უცხოელებსაც აწუხებდა.
ვერ გეტყვით, რომ წესრიგი იდეალურია, მაგრამ პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართა. მიუხედავად ამისა, კრიმინოგენური ვითარება რესპუბლიკაში კვლავ მძიმეა. კორუფცია, ტერორისტული აქტები, ბანდიტიზმი, ორგანიზებული დამნაშავეობის სხვა გამოვლინებანი, ნარკომანია და ნარკობიზნესი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და საზოგადოებრიობას, მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებს, აფერხებს ეკონომიკის გაჯანსაღების მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს.
დადგა დრო, როგორც უკვე ვთქვით, დავიწყოთ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გადამწყვეტი ეტაპი. ამ მიზანს ემსახურება ბრძანებულება „დამნაშავეობასთან ბრძოლის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის შესრულების მიმდინარეობაზე საკოორდინაციო საგანგებო კომისიას დაწესებული აქვს შესაბამისი კონტროლი.
დანაშაულთან შეგუებული ცხოვრება შეუძლებელია. მთელს ამ ბრძოლაში სამართალდამცავი ორგანოების წინაშე განსაკუთრებით გამოვყოფ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაფია და კორუფცია, რეკეტი, ტერორიზმი. ამ მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი სტრუქტურებიც იქმნება. მთელი ჩვენი საზოგადოებრიობა, მათ შორის, პარლამენტი ერთსულოვანია იმაში, რომ უნდა გააქტიურდეს, გამძაფრდეს, გამკაცრდეს ბრძოლა. იგი მართლაც უნდა იყოს უკომპრომისო და სამკვდრო-სასიცოცხლო. დანდობა არ უნდა იყოს მათი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს.
ჩემი დავალებით და თხოვნით იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. კანონპროექტი იძლევა კორუფციასთან, როგორც სამართალდარღვევების კომპლექსთან ბრძოლის სისტემური მიდგომის საფუძვლებს. პარალელურად მომზადდა კანონპროექტი „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“. ესეც აუცილებლად გასაკეთებელია. ეს კანონპროექტები ითვალისწინებს ხელისუფლების მექანიზმების სტრუქტურულ რეფორმირებას. შემოღებული იქნება ისეთი მომწესრიგებელი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ კონტროლს დაუმორჩილებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კორუფციის საკითხებში. ამ კანონპროექტებს საკანონმდებლო ინიციატივის წესით განსახილველად წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში.
არ შეიძლება ამაგი დავუკარგოთ თავდაცვის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელობა უმძიმესი მატერიალური, ფინანსური დეფიციტის პირობებში მაინც ახერხებს გარკვეულ კალაპოტში მოაქციოს ქართული ჯარის ფორმირება. დღეს უპირველესი ამოცანაა მინიმალური პირობები მაინც შევუქმნათ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებმაც იციან რა არის ომი და სამშობლოსათვის თავგანწირვა, აგრეთვე წვევამდელებს, რომლებიც ახლა უკავშირებენ თავიანთ ბედს ქართულ არმიას, ქართულ ჯარს. როცა ვლაპარაკობ ზრუნვაზე, ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს, ასევე ზრუნვა პოლიციაზე, უშიშროების სამსახურზე და სხვ.
ჩატარებულია თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის სამმართველოების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც 800 ერთეულით შემცირდა მართვის აპარატი. დაიხვეწა თავდაცვის სამინისტროში შემავალი სამხედრო ნაწილების სტრუქტურა. შედგენილია ახალი საერთო-საჯარისო და საბრძოლო წესდებები. განხორციელდა საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ინვენტარიზაცია, მუშაობს კომისია სამხედრო ფორმასთან დაკავშირებით. ინტენსიურად მიმდინარეობს საბრძოლო მომზადება სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავარსარდლის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად. საგრძნობლად გამოსწორდა მუშაობა კომისარიატებში სამხედრო აღრიცხვიანობის, წვევამდელების სამობილიზაციო მომზადება-გაწვევის მხრივ. დამუშავებულია სამხედრო კომისარიატების ახალი სტრუქტურა. მომზადებულია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები და ჩაბარებულია საპარლამენტო კომისიებში. შემუშავებულია და ჩემს განსახილველად არის წარმოდგენილი სამხედრო დოქტრინის პროექტები.
საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით შეიქმნა და რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულმა სამხედრო აკადემიამ.
არსებული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ცხადია, სრულყოფილი, ქმედითუნარიანი, ეროვნული არმიის ჩამოყალიბება არ არის ერთი და ორი წლის საქმე. უნდა გითხრათ: ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ შეიქმნას მატერიალური ბაზა არმიისათვის, პოლიციისათვის. მხედველობაში მაქვს შეიარაღება, სათანადო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სხვა მრავალი.
და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მწვავე, ყველაზე რთული საკითხი კვლავაც არის აფხაზეთის ტკივილი. არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთის მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი, შესაძლოა, მრავალ და მრავალ სირთულეს წააწყდეს, და ჩვენ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე პირადად არ მეპარება ეჭვი ამ სტრატეგიული კურსის სისწორეში, იმიტომ, რომ სხვა არჩევანი დღეისათვის, ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, არ არსებობს. და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ადგას ამ მიმართულებით, სარგებლობს აღიარებით, მსოფლიო საზოგადოებრიობის მხარდაჭერით. აღსანიშნავია ის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მისია, პირველ რიგში რუსეთის ჯარის ნაწილების განლაგება გარკვეული მასშტაბით დამთავრდა. ამით დასრულდა სამშვიდობო ოპერაციის პირველი მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი. „საქართველოს მეგობრები“ და მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ელის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები უახლოეს პერიოდში შეუდგებიან მეორე მთავარი მიზნის განხორციელებას - კონფლიქტის მთელ ზონაში ლტოლვილების, იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის დაბრუნებისა და განლაგებისათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნას, რაც იქნება გაეროსა და თანამეგობრობის, გაეროსა და რუსეთის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, წარმატებული თანამშრომლობის პრეცედენტი. მე ვთქვი, რომ როდესაც ადამიანებზე, სახელმწიფოზე, არის ლაპარაკი, უხერხულია იხმარო სიტყვა ექსპერიმენტი, მაგრამ ეს მართლაც ორიგინალური ნაბიჯია და ვფიქრობ, უშიშროების საბჭოს და თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელთა ყურადღებაც შესაბამისია და წარმატების იმედი უნდა ვიქონიოთ.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, მოგვარებულია ფორმალური მხარე, შემუშავებულია ლტოლვილთა დაბრუნების მექანიზმები. ამ ეტაპზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილება ჯარების განლაგების, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებისადმი დიფერენცირებული მიდგომის შესახებ.
პოლიტიკური ლოგიკის ყველა განზომილებით რუსეთმა ბოლომდე უნდა შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც იკისრა საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოებრიობის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთიც ბევრს დაკარგავს და აღარაფერს ვამბობს იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში.
ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი თხოვნით რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის მუშაობა, განახლდეს და ახალი ამოცანები დაისვას ამ კომისიის წინაშე, რომელმაც პრაქტიკულად უნდა დაუდოს სათავე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებას. ახლა ეს გადაწყვეტილება შესრულების პროცესშია.
ამ დღეებში ჩვენ შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ და განვსაზღვრეთ ის, რაც ხელისუფლებას გასაკეთებელი აქვს. ვფიქრობ, ჩრდილოეთ კავკასიაში და, საერთოდ, კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე ჩვენი, ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის საერთო ინტერესებშია, რაც შეიძლება ჩქარა მოგვარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტი. ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია სამართლიანობისათვის არ აღვნიშნო რუსეთის არმიის იმ სამშვიდობო ქვეგანაყოფის პოზიტიური როლი, რომელიც რეგიონში სტაბილურობისათვის სათანადო წინაპირობის შესაქმნელად დაგომისის შეთანხმების საფუძველზე შევიყვანეთ. აღსანიშნავია აგრეთვე უსაფრთხოების ევროპული სტრუქტურების, ევროთათბირის, მათი წარმომადგენლების აქტიურობა, რომლებთანაც ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ.
რამდენიმე სიტყვით ახლა ზოგიერთ დარგს შევეხოთ. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად არ გამიგვრჩეს მხედველობიდან და რაც რესურსები გვაქვს იმისათვის გამოვიყენოთ, რომ არ დაკნინდეს მეცნიერება, სათანადო ყურადღებით იყოს გარემოსილი კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, საგამომცემლო საქმე, სპორტი.
გამოვიდა ბრძანებულება მეცნიერებათა აკადემიისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ. ასევე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ კულტურისა და განათლების სფეროებში გარდაქმნებზე. ასე ვიტყოდი, რომ განათლება და კულტურა დიდი რეფორმების მოლოდინშია. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირეული ძვრები ამ სფეროებში დამოკიდებული იქნება ეკონომიკური რეფორმების წარმატებაზე. რაც მოგახსენეთ, ყველაფერი ეხება საგამომცემლო საქმესაც.
კიდევ ერთი, ყველაზე აქტუალური ამოცანა, რომელიც დღეს დგას პარლამენტის წინაშე, და მომავალში საზოგადოების წინაშეც, ეს არის მუშაობა კონსტიტუციის პროექტზე. წლის ბოლოს პარლამენტის განსახილველად უნდა დაიდოს კონსტიტუციის პროექტი. სამუშაო დიდი შესრულდა და, მგონია, ვუახლოვდებით იმ მოდელს, რომელიც საქართველოსთვის მისაღები იქნება. უნდა ვთქვათ, რომ აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და აქედანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი საარჩევნო დებულებაზე. პარლამენტის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი რამ ახლებურად უნდა გავიაზროთ.
დეპუტატების, იურისტების, სხვა სპეციალისტების ჯგუფი საარჩევნო დებულებაზე დაიწყებს მუშაობას.
პარლამენტის მუდმივი კომისიების კანონშემოქმედებითი და საკონტროლო ფუნქციების გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელია ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს რაციონალური მოღვაწეობა. აუცილებელია კომისიები სრულად იყენებდნენ კანონით მინიჭებულ უფლებებს, განმარტებას სთხოვდნენ შესაბამისი თანამდებობის პირებს, უფრო გეგმიანად ისმენდნენ სამინისტროთა და უწყებათა ინფორმაციებს, ამოწმებდნენ კანონის შესრულების მდგომარეობას, გზავნიდნენ შესაბამის რეკომენდაციებს შექმნილ პრობლემებზე. ყველა საკითხი განმარტებულია „მუდმივი კომისიების შესახებ“ კანონში. თუ სხვა უფლებებზეა საუბარი, შესაძლებელია მოვამზადოთ პროექტი. მიმდინარეობს ამ პრობლემების განხილვა. მზად ვარ, უფრო გაბედულ ღონისძიებებს დავუჭირო მხარი.
სერიოზული ხარვეზებია პარლამენტის მუშაობის დაგეგმვაში, ესეც არაერთხელ თქმულა. მოშლილია პარლამენტის თავმჯდომარის გარკვეული აზრით, კოლეგიის კონტროლი კომისიების სამუშაო გეგმის შესრულებაზე. სამუშაო გეგმებით მთავრობასთან ერთობლივად გათვალისწინებული კანონპროექტები პარლამენტში ან არ შემოდის, ან დიდი დაგვიანებით შემოდის და, ვფიქრობ, რომ აქ დიდი რეზერვებია პარლამენტის საქმიანობის გააქტიურებისათვის.
დროებითმა რეგლამენტმა პარლამენტის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე თავისი როლი შეასრულა. დადგა მისი საფუძვლიანი გადასინჯვის, სრულყოფის დრო. ცოტა ხნის წინათ, პირველი წაკითხვით მიღებულია ახალი კანონპროექტი, ახალი რეგლამენტი, რომლის ავტორებმა დიდი შრომა გასწიეს და წარმოადგინეს ვრცელი და მნიშვნელოვანი შინაარსის დოკუმენტი, რომელიც მომავალ პარლამენტსაც ბევრ რამეში გამოადგება. მისი მიღების შემთხვევაში გადაჭრით უნდა გაუმჯობესდეს პარლამენტის ორგანიზაციული მუშაობა.
როცა პარლამენტზე, სპიკერატზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავმჯდომარეს ვგულისხმობ. უნდა ამაღლდეს სპიკერატის, კოლეგიის, კომისიების, აპარატის ქმედითუნარიანობა. რეგლამენტი ისეთი აქტია, რომელიც უნდა მოიცავდეს საკითხის რეგულირების ზედმიწევნით კონკრეტულ ნორმებს, ამასთან, თავიდან უნდა ავიცილოთ გადატვირთული სტრუქტურა, კანონთა მიღების გართულებული პროცედურა. ამას გვიკარნახებს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი საკანონმდებლო შიმშილი, არსებული რეალობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის დარჩენილი ძალიან მცირე დრო.
შეუძლებელია არ აღინიშნოს ისიც, რომ პარლამენტის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით, არდადეგების დროს გარკვეული მუშაობა განხორციელდა. იმართებოდა სპიკერისა და მისი მოადგილეების, კომისიათა თავმჯდომარეების შეხვედრები, კოლეგიის გაფართოებული სხდომები, რომლებიც საკმაოდ გახმაურდა, კარგი გაგებით. ძირითადად შესრულდა ის სამუშაო, რომელიც საშემოდგომო სესიების დაწყებისათვის იყო აუცილებელი. სასარგებლო იყო ჩემი შეხვედრები ცალკეული ფრაქციების, პარტიების წარმომადგენლებთან, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
ბოლო დროს პრესაში, სხვა საინფორმაციო საშუალებებით დაჟინებით გაისმის პროტესტი საპარლამენტო არდადეგებთან დაკავავშირებით, რაც ლამის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის ტოლფასად არის გამოცხადებული. არდადეგები არ ყოფილა ვინმეს პიროვნული კაპრიზი, ყოველივე ეს კანონის შესაბამისად მოხდა.
სიმართლე გითხრათ, ვთვლიდი, რომ არდადეგების პერიოდს ბევრი კომისია თავისი მუშაობის წინ წასაწევად გამოიყენებდა, მაგრამ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ამგვარი აქტიურობა ნაკლებად იგრძნობოდა. მთელმა რიგმა დეპუტატებმაგამოთავისუფლებული დრო, ბუნებრივია, საკუთარი, პარტიული, თუ სხვა საქმიანობის მოგვარებას მოახმარეს, ბევრი ენერგია წაიღო ქუჩის აქციებმა, შიმშილობებმა, და სხვა... ვფიქრობ, მაგალითების მოტანა აღარ არის საჭირო იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, თუ რა დამანგრეველი შედეგი მოაქვს უკომპრომისო ამბიციურ პოლიტიკას. როგორც იტყვიან, რევოლუციების დრო წავიდა და საკმაოდ დიდი ხნით წავიდა, ამასთან, დარწმუნებული ვარ, არც დაბრუნდება.
ყველამ, ვინც ისწარფვის ხელისუფლებისაკენ, უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის მართვის ბერკეტების მოპოვება შესაძლებელია არა ხელისუფლებასთან ხელჩართული ბრძოლით და მისი პარალიზების მცდელობით, არამედ აქტიური, კონსტრუქციული, პოლიტიკური საქმიანობით. მე პირადად მზად ვარ, ასეთი საქმიანობისათვის, ასეთი თანამშრომლობისათვის და პარლამენტის დიდი უმრავლესობაც, ალბათ, ასე ფიქრობს, ამ
გზით უნდა დავამტკიცოთ ყველამ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის მზადყოფნა. მოვიპოვოთ ელექტორატის უმრავლესობის ნდობა.
ვინც დღეს ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ყულაბა ავანტიურისტული მეთოდების გამოყენებით შეავსოს, ძალიან მწარედ ცდება, რადგან, დემოკრატიის ფორმირების პროცესმა უკვე ბევრი რამ ასწავლა ჩვენს ხალხს, საზოგადოებრიობას. პოპულისტური, დემაგოგიური, ლოზუნგების დრო ისტორიას ჩაბარდა და ის, რომ ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ეს პროცესი რომ შეუქცევადია, მგონი, ამით დიდი განაცხადი გააკეთა პარლამენტმაც და ხელისუფლებამაც.
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლების, სიმშვიდისა და კანონის უზენაესობის პირობებში არის შესაძლებელი.
ჩვენს მრავალრიცხოვან პრობლემებს ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური ღონისძიებები გადაარჩენს, თუ შინაგანად არ მოვწესრიგდებით.
გასაგები გარემოებების გამო, რაც უფრო შესამჩნევი ხდება სასიკეთო ტენდენციები, გარკვეული ძალები ქვეყნის ხსნას ხაზგასმულ რადიკალიზმში ხედავენ. საქართველოს მოსახლეობის წინაშე მდგარი ამოცანების ხორცშესხმა, რეალური სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, ეკონომიკური სტაბილიზაცია, შიმშილის, უწესრიგობის, განუკითხაობის აღკვეთა დღეს ყველა მამულიშვილის ღვიძლი საქმეა და ასეთ დროს კრიჭაში დგომა, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, კონფრონტაცია და მისკენ მოწოდება ეწინააღმდეგება ელემენტარულ ზნეობრივ პრინციპებს.
სახელმწიფო აღმშენებლობის მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას გარეშე ფაქტორებიც წარმოადგენს, რაც არაერთხელ გამხდარა საპარლამენტო დაპირისპირების საბაბი. ამ მხრივ, ხშირად შეიმჩნევა რეალისტური აზროვნების დეფიციტი, კეთდება კონკრეტული პოლიტიკური ვითარებისათვის ყოვლად მიუღებელი, ქვეყნისათვის საზიანო განცხადებები. ყველას ვთხოვ, როცა ლაპარაკია სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე, მოვძებნოთ ფორმები, საშუალებები იმისათვის, რომ ეს საკითხები შესაბამის პირობებში იყოს განხილული. გაუთავებელ კამათში იკარგება ძვირფასი დრო, საერთო საქმის საზიანოდ თავს იჩენს ემოციური, ნერვული დაძაბულობა, რაც, ბუნებრივია, ისევ და ისევ, ხელს უშლის ოპერატიულ, მიზანდასახული პოლიტიკის განხორციელებას.
და მაინც, აღნიშნული კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ვფიქრობ, ჩვენს პარლამენტს არ ამოუწურავს ის რეზერვები, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია სასიკეთო გარდატეხის მოხდენა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სფეროში.
ამდენად, გაუმართლებელი უნდა იყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს ადრეულ ეტაპზე არსებობდა, ახლა მიმაჩნია, რომ ამას საფუძველი არა აქვს. ახლა საარჩევნო კამპანიის წამოწყება იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მრავალ ახალ პრობლემას წამოჭრის, შეაფერხებს ეკონომიკური სტაბილიზაციის, რეფორმების მიმდინარეობის პროცესს. რიგგარეშე არჩევნები, ასე ვთქვათ, გაათამამებს ხელისუფლებაში იოლი გზით მოსვლის მსურველებს, შექმნის კრიზისის ხელოვნური პროვოცირების მეშვეობით ხელისუფლების ცვლის მორიგ პრეცედენტს, დასცემს ქვეყნის პრესტიჟს საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში. ყველაფერი უნდა მოხდეს კანონზომიერად და იმ ნორმების მიხედვით, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ.
პარლამენტის მუშაობის პრაქტიკაში, და ეს ერთხელ კიდევ მთელი სიმწვავით მინდა ვთქვა, უნდა აღიკვეთოს ისტერიული გამოხდომები, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამოსვლები. ვალდებული ვართ, ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ კონსტრუქციულად, ყველამ - თავმჯდომარემაც და სხვებმაც, ნუ ვეძებთ ყველგან და ყველაფერში მტრის ლანდებს.
პარლამენტი ქვეყნის განვითარების ასეთ ურთულეს ეტაპზე მოსახლეობის აფორიაქებას, გაღიზიანებას და გამძვინვარებას კი არ უნდა იწვევდეს, არამედ ამკვიდრებდეს საქმიან, მშვიდ, ნორმალურ განწყობილობას შრომისა და შემოქმედებისათვის იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
მჯერა, რომ ჩვენი პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ საქმეს, მჯერა ჩვენი ხალხის სულგრძელობისა და პასუხისმგებლობისა.
საქართველოს მთლიანობა, დემოკრატიის განვითარება გარდაუვალია! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის 13 სექტემბრის სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 სექტემბერი. - N165(967). - 1,2,3 გვ.
![]() |
98 „საჭიროა ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ყველამ ერთად - საზოგადოებაზე და საზოგადოებამ - ადამიანზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 19 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის გ. კონდრატიევის განცხადებით ირკვევა, არსებობდა ლტოლვილთა ერთი ნაწილის გალში დაბრუნების საკმაოდ რეალური შანსი. ეს შანსი დაიკარგა ნაწილობრივ ქართული მხარის უთავბოლობის გამო და არა მარტო ამის გამო. 16 სექტემბერს თქვენ შეხვდით ვლადისლავ არძინბას. იქ დარჩნენ ბატონი გრაჩოვი, ქართული მხარის წარმომადგენლები და მუშაობა გაგრძელდა. როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- გალში ლტოლვილების დაბრუნება დაბრკოლდა ნაწილობრივ ცუდი ორგანიზაციის მიზეზით, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს არ არის მთავარი. ხალხის შეკრება ზუსტად დათქმული საათებისა და წუთების შესაბამისად ძნელია, როცა ლაპარაკია ასეთ არაორგანიზებულ დიდ მასაზე. ამ ვითარებაში არ შეიძლება, ასე ვთქვათ, გასამხედროებული წესრიგის დაცვა მოვთხოვოთ გაწამებულ და ტანჯულ ადამიანებს, შეიძლება რამდენიმე საათითა და დღითაც კი დააგვიანონ შეკრება და მომზადება გასასვლელად. და, მაინც, დაბრუნება უდავოდ დაიწყება, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცილებით მოწესრიგებული და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო. უსაფრთხოების გარანტიის გარეშე დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. სწორედ ამაზე იყო მსჯელობა გუდაუთაში. გუდაუთის შეხვედრის თითქმის ყველა ასპექტზე მე ვისაუბრე ტელეინტერვიუებში. ჩემი საერთო შეფასებით, ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ როგორც უდავოდ დადებითი ნაბიჯი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პერსპექტივის თვალსაზრისით. უფრო კონკრეტულ საკითხებს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.
- გასულ კვირას ფასების ლიბერალიზაციის პროცესს არ გაუსწრო წინ ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, კომპენსაციების გაცემამ, რამაც გაართულა ჩვენი მოსახლეობის ისედაც რთული ვითარება და თქვენ ტელეინტერვიუში საკმაოდ მკაცრი შეფასება მიეცით ზოგიერთი ხელმძღვანელი პირის საქმიანობას, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეთ. არის თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგი?
- ფასებსა და ხელფასებთან დაკავშირებით ზომების მიღების თვალსაზრისით ხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები. უკვე მომიხდა უკიდურესი ზომების მიღება ბატონ ვაჟა გუჯაბიძის მიმართ, რომელიც მიმაჩნდა და არც ვცდებოდი, წესიერ და მცოდნე მოღვაწედ. ძალიან მკაცრად და სამართლიანად დაისაჯნენ მისი მოადგილეებიც. აღმაშფოთებელია ზოგიერთი სხვა უწყების ხელმძღვანელთა და „ჩინოვნიკთა“ უპასუხისმგებლობაც. მინდა ისიც ვთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტი არ იჩენს სათანადო მომთხოვნელობას. მარტო სიტყვების (მაპატიონ, მაგრამ ასე ვიტყოდი), რახარუხი, „მომთხოვნელობა უნდა გაძლიერდესო“, არაფერს ნიშნავს. საჭიროა მოქმედება, საჭიროა კონკრეტული ღონისძიებები, თუ ვინმე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, თუ ვინმე უნდა დაემშვიდობოს თავის პოსტს, ეს დროზე უნდა გაკეთდეს. მარტო შორიდან მუქარა ხელს არ უწყობს ჩვენი ძალების მობილიზაციას.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტმა გადაუხვია ჩემი ბრძანებულების ზოგიერთ კატეგორიულ მოთხოვნას. ვიცი, რომ დაიწყება ლაპარაკი: ხედავთ, განხეთქილებაა მინისტრთა კაბინეტსა და მეთაურს შორის და ა.შ. განხეთქილებაზე არ არის ლაპარაკი. საქმე ეხება იმას, თუ ვის როგორ ესმის რეფორმის არსი და მისი დეტალები. და ეს დეტალები ხშირად საარსებოდ მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისა და თითოეული მოქალაქისათვის. ეს საკითხები იმდენად მწვავეა, რომ გასაკვირი არ არის, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც შემდეგ პრაქტიკული ღონისძიებებით გამოიხატება ხოლმე. ეს გადახვევა ეხება, უწინარესად, სტუდენტობისა და 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პურის საკომპენსაციო სახსრების გამოყოფის საკითხს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ რეფორმა რეფორმისათვის არავის სჭირდება. მას აქვს თავისი მიზანი, რომელიც საბოლოოდ უნდა იყოს ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი უზრუნველყოფა უახლოეს დროში. ყველა სახელმწიფოს - მდიდრისა თუ ღარიბის, უმთავრესი საზრუნავი, ვიმეორებ, ყოველგვარ პირობებში, ომიანობის დროსაც კი, არის ბავშვები და ახალგაზრდობა, უმწეო ადამიანები. ეს ასეც უნდა იყოს, ჩვენთან ყველას ასე არ ესმის. ჩემი პრინციპული ჩარევის შემდეგ მივაღწიეთ ნაწილობრივ ურთიერთგაგებას, ახლა მდგომარეობა სწორდება სტუდენტებისა და 16 წლამდე ბავშვების საკომპენსაციო სახსრებით უზრუნველყოფაში. თუ დაგვჭირდება, ალბათ, სხვა შემთხვევებშიც უნდა მივიღოთ შესაბამისი კორექტივები და, ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი იქნება თითოეულის პასუხისმგებლობა ყველა ამ პრობლემის გამო.
დაიწყო რეფორმის ყველაზე ძნელი ეტაპი და ამიტომაც ნურავის ნუ უკვირს, თუ ჩვენს ხელმძღვანელობაში ასეთ სირთულეებსა და სიძნელეებს წავაწყდებით ხოლმე, ზოგჯერ ურთიერთგაგების საკითხებშიც კი. ამ ყველაზე რთულ ეტაპთან დაკავშირებით მინდა ყველას მოვუწოდო - გამოიჩინონ უმაღლესი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, აუცილებელია მთელი საზოგადოებრიობის კონსოლიდაცია და ურთიერთგაგება. როცა ვამბობ, მთელი საზოგადოებრიობისა-მეთქი, ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ ძალას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებს. სწორედ ასეთ კონსოლიდაციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა რეფორმების წარმატების საქმეში.
ეს აუცილებელია, რათა დავაჩქაროთ მოახლოება უკეთესი დღეებისა, რომლებიც შორს არ არის. თუ ამ მძიმე გამოცდას ჩვენ ყველანი ერთად გავუძლებთ, ეს უკეთესი დღეები ადრე დადგება. რაც უფრო შეკავშირებული და ორგანიზებული ვიქნებით, მით უფრო ადრე დადგება ეს უკეთესი დღეები. საჭიროა ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ყველამ ერთად - საზოგადოებაზე და საზოგადოებამ - ადამიანზე.
- რამდენიმე საათის შემდეგ თქვენ სოჭში მიემგზავრებით. თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვით განგვიმარტოთ სოჭში მოსალოდნელი შეხვედრების არსი.
- სოჭში დღევანდელ შეხვედრას, ვფიქრობ, განსაკუთებით გუდაუთის დიალოგის შემდეგ, არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ექნეს. მე და ბატონმა ელცინმა უნდა შევაჯამოთ, რა გაკეთდა რუსეთის სამშვიდობო მისიის განხორციელების დაწყებიდან და, საერთოდ, ამ თვალსაზრისით, რა შედეგებამდე მივედით, რა არის ამ მისიის პრაქტიკული გამოხატულება, განვიხილოთ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაც. უკვე დროა, ეს პრობლემა დავაყენოთ რეალური გადაწყვეტის რელსებზე, დავაჩქაროთ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესი, თვალი გადავავლოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას და მძლავრი სტიმული მივცეთ პოზიტიური მოვლენების განვითარებას ყველა მიმართულებით. შესაძლებელია იყოს მსჯელობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც, საერთაშორისო საკითხებზეც და ასე შემდეგ.
ყოველივე ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით, დაბრუნების შემდეგ.
„საჭიროა ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ყველამ ერთად - საზოგადოებაზე და საზოგადოებამ - ადამიანზე“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 20 სექტემბერი. - N168(970). - 1 გვ.
![]() |
99 მის აღმატებულებას, ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად პატივცემულო ლევონ აკოფის ძევ, ნება მიბოძეთ მთელი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით გულთბილად მივულოცო მოძმე სომეხ ხალხს ღირსშესანიშნავი ეროვნული დღესასწაული - სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე.
ჩვენს ხალხებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელმაც გამოიარა ტრაგიკული მოვლენებით გამოწვეული განსაცდელი, მათ რომ წილად ხვდათ. ჩვენს ხალხებს მხარდამხარ არაერთგზის დაუცავთ თავიანთი სახელმწიფოებრიობადა დამოუკიდებლობა.
განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როცა სომხეთმა და საქართველომ კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა და მტკიცედ დაადგნენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას, მათი ისტორიული კავშირურთიერთობა უფრო წარმატებით ვითარდება და მტკიცდება.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საერთო ინტერესები მომავალშიც მტკიცე საფუძველი იქნება ორმხრივი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისათვის.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა სომეხ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და აყვავება, ხოლო თქვენ, ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო - ჯანმრთელობა და წარმატებანი თქვენს მოღვაწეობაში.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემაში. გულწრფელად თქვენი ედუარდ შევარდნაძე.
მის აღმატებულებას, ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 სექტემბერი. - N170(972). - 1 გვ.
![]() |
100 ქართველებისა და აფხაზების შერიგება ისტორიული აუცილებლობაა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
პარლამენტის 20 სექტემბრის სხდომაზე
ახალ ათონსა და სოჭში გამართული შეხვედრების შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ, თქვა:
- მთავარია, გადაუჭარბებლად, სათანადოდ შევაფასოთ ამ შეხვედრის მნიშვნელობა. ყველაფერი განისაზღვრება შედეგებით. არის შედეგები უშუალო, პირდაპირი, რომლებიც მოლაპარაკების დროს ვლინდება, და არის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე გათვლილი შედეგები. მე მგონი, ამ შემთხვევაში ერთიც უნდა გავითვალისწინოთ და მეორეც.
ყველაფრის მიუხედავად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მოხდა, შერიგება ისტორიული აუცილებლობაა. რადგან ავირჩიეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზა, უნდა ვიაროთ კიდეც ამ გზით, როგორი ეკლიანიც უნდა იყოს იგი და რა დაბრკოლებებიც უნდა შეგვხვდეს. ომის საშინელებაზე უარესი მხოლოდ აფხაზეთის დაკარგვაა. ეს არ უნდა მოხდეს და ამისათვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, ჩატეხილი ხიდი უნდა გამთელდეს, საჭიროა გაბედული მოქმედება ყველა მიმართულებით: ეს ეხება პოლიტიკას, დიპლომატიას, სამხედრო ელემენტის პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, რაც ამ ეტაპზე საკმაოდ მასშტაბური პროცესია და შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვს. ეს არის ადამიანური ურთიერთობის აღდგენა და განახლება ყველა დონეზე, მაგალითი კი, როგორი ძნელიც უნდა იყოს, მაღალმა დონემ უნდა უჩვენოს.
შეიძლება სწორედ ამგვარი ურთიერთობის დაწყების თვალსაზრისით აღმოჩნდეს ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი სამომავლოდ. ამ ფიქრით მივემგზავრებოდი გუდაუთას. თქვენც წარმოიდგინეთ, ალბათ, რომ ჩემს ადგილზე არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ შეხვედრა უნდა შემდგარიყო თუნდაც იმიტომ, რომ მართალია შუამავლობით, მაგრამ მაინც საფუძველი ჩაყროდა ქართულ-აფხაზურ დიალოგს მაღალ დონეზე, სხვათა შორის, ორივე მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ამგვარი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა დონეზე.
საუბრის დროს, რომელიც ოთხ საათს გაგრძელდა, გამოიკვეთა ბევრი თემა და მიმართულება. მაპატიეთ, თუ მე ყველა ფრჩხილს ვერ გავხსნი. ეს მიმართულებები პერსპექტიული და აუცილებლად გასათვალისწინებელია კონფლიქტის მოგვარების ყველა ეტაპზე. მე უკვე ვთქვი, რომ რთულ ვითარებაში ხანდახან გამოიკვეთება ხოლმე ნათელი წერტილები, რომლებზეც უნდა იყოს მობილიზებული მხარეების ყურადღება, რათა რეალურ შედეგს მივაღწიოთ. ჩემთვის უაღრესად საინტერესო იყო, როგორ ესმით აფხაზთა დღევანდელ ლიდერებს ლტოლვილთა ეტაპობრივი (ასეა ჩაწერილი ხელშეკრულებაში) დაბრუნების პრობლემა, აფხაზეთის სტატუსის საკითხი, სამშვიდობო ძალების მისია, ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებული სადღეისო პრობლემები. ბევრი რამ აღინიშნა იდეის, მოსაზრების დონეზე, ბევრი რამ მოლაპარაკებისა და მისი შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის დროს დაზუსტდება. არ გვქონია მიზნად დასახული, რომ ამ შეხვედრაზე რომელიმე დიდ პრობლემაზე შევთანხმებულიყავით. ეს არასერიოზული იქნებოდა.
დიალოგის პროცესში ბევრი ისეთი მიდგომა და პოზიცია გამოიკვეთა, რომლებიც შორიდან არცთუ კონსტრუქციულად გამოიყურებოდა. ზოგი რამ უშუალო კონტაქტის დროს უფრო რბილად და პერსპექტიულად გამოჩნდა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მუშაობა, მხარეთა პოზიციების დაახლოება შესაძლებელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კონფლიქტის მოგვარების ახლანდელ ეტაპზე ეს შესაძლებელია რუსეთის მხარის აქტიური და გადამწყვეტი მონაწილეობით, განსაკუთრებული როლით, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. ხაზს ვუსვამ რა ამ დებულებას, ვგულისხმობ, აგრეთვე, გაეროს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების კიდევ უფრო აქტიურ როლს და დაინტერესებულ მონაწილეობას ამ პროცესში.
შეხვედრა უაღრესად კორექტულ, საქმიან ატმოსფეროში მიმდინარეობდა. და არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო რუსეთის თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის აქტიური როლი მისი ორგანიზების საქმეში. პრესის წარმომადგენლებთან ჩვენი საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა სწორედ შეხვედრის ფაქტის მნიშვნელობას. ახალ ათონში შეხვედრამ დღის წესრიგში დააყენა აქტიურად ჩემი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობა სოჭში. პრეზიდენტის გრაფიკი ძალზე შეზღუდული იყო, მაგრამ დიალოგი მაინც შედგა.
პრეზიდენტ ელცინთან შეხვედრიდან გამოვყოფ რამდენიმე პრინციპული მნიშვნელობის საკითხს. სხვა დროსაც არაერთხელ აღნიშნულა, მაგრამ ამ შეხვედრაზე ბატონმა ელცინმა განსაკუთრებული დაბეჯითებით ერთხელ კიდევ აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მთლიანობისადმი რუსეთის ხელისუფლებისა და იმ ძალების აბსოლუტური მხარდაჭერა, რომლებთანაც იგი თანამშრომლობს რუსეთში. ჩვენი შეხვედრა საათსა და ათ წუთს მიმდინარეობდა და საუბარი, შეიძლება ითქვას, ხმამაღალი ფიქრი ამ თემაზე - საქართველოს ერთიანობის, სახელმწიფოებრივი მთლიანობის, სტაბილურობის მნიშვნელობაზე თითქმის ათ წუთს გაგრძელდა. გამოითქვა სრული მხარდაჭერა იმ კურსისა, რომელსაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება. გამოიკვეთა მისი პოზიცია, რომ რუსეთისათვის მიუღებელია დაშლილი, დაქუცმაცებული, არასტაბილური საქართველო, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება რუსეთის უმაღლეს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს. ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის გარკვეულ რეგიონებში არასტაბილურობას და, თუნდაც აქედან გამომდინარე, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოთა შორის ვალდებულებებზე, რუსეთი დაინტერესებულია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანით. გამოვთქვით კმაყოფილება სამშვიდობო ძალების განლაგების პირველი ეტაპის დასრულებით. სავსებით გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მე განსაკუთრებით აღვნიშნე გენერალ გრაჩოვის მიზანმიმართული მოქმედება, დიდი დრო და ენერგია, რომელიც მან ამ ეტაპის განხორციელებას მოანდომა. რა თქმა უნდა, ის რუსეთის პრეზიდენტის კატეგორიულ ბრძანებას ასრულებდა. ვილაპარაკეთ რუსეთის სამშვიდობო მისიასა და მის ახალ როლზე გარკვეულ რეგიონებში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, საერთოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პასუხისმგებლობაზე, განსაკუთრებით ამ პირობებში, როცა დავრწმუნდით გაეროს შესაძლებლობების შეზღუდულობაში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემისადმი უფრო პრაქტიკული მიდგომის აუცილებლობა, პრობლემის დაკავშირება სამშვიდობო ძალების საქართველოში ყოფნის ვადებთან. სხვათა შორის, ამგვარად საკითხი პირველად ამ შეხვედრებზე დაისვა (პრესასთან შეხვედრის დროს, ალბათ, შენიშნავდით გრაჩოვისა და არძინბას დადებით რეაქციას ამ საკითხზე მსჯელობისას). აღვნიშნეთ, რომ უნდა მივცეთ დაბრუნებას გეგმაზომიერი, მართვადი ხასიათი, უნდა ვილაპარაკოთ გრაფიკზე, ვადებზე... ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როდის შეეძლებათ თავიანთ სახლებში დაბრუნება და არა ისე, რომ ამდენი ხალხი ჩაჯდეს ავტობუსში და არავინ იცოდეს, როგორი იქნება მათი ბედი... როცა დაბრუნებაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ (ისევე, როგორც ეს ჩაწერილია უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსა და რუსეთთან ჩვენს შეთანხმებებში) დროულ, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხელმძღვანელობის აქტიური მონაწილეობა და ძალისხმევა იგულისხმება და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაჩქარება აუცილებელია და ეს უნდა მოხდეს. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასევე აუცილებელი და სასურველია პროგრესი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის პროცესში. ჩვენ გამოვთქვით აზრი იმის შესახებ, რომ ორივე პროცესი უნდა წარიმართოს დინამიკურად. დაუკავშირდეს გარკვეულ ვადებს, გრაფიკებს და, შესაბამისად მოხდეს ცვლილებები მოლაპარაკების მექანიზმშიც. ეს მექანიზმი არსებობს და მისი მეშვეობით ბევრი სასარგებლო რამ გაკეთდა, მაგრამ მან, შეიძლება ითქვას, თავისი დრო მოჭამა და საჭიროა მისი რეფორმა, რათა მუშაობას, მოლაპარაკებას უფრო სისტემური ხასიათი მიეცეს, დელეგაციების მეთაურებმა სისტემატურად ჩააბარონ ანგარიში ხელმძღვანელებს, მათ შორის - ოთხეულის წარმომადგენლებს. ორივე მხარემ ვაღიარეთ, რომ დადგა უფრო გაბედული და გადამწყვეტი მოქმედების დრო. დეტალურად განვიხილეთ დაბრუნებულთა უსაფრთხოების პრობლემები. მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. უნდა მივაღწიოთ შესაბამისი რეჟიმის დამყარებას უსაფრთხოების სათანადო გარანტიებითა და სტრუქტურებით.
მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ დევნილები დაბრუნდებიან როგორც ენგურის, ასევე მდინარე ფსოუს - რუსეთის მხრიდანაც. ამ საკითხში დღეისათვის არის ზოგიერთი სერიოზული სიძნელე, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ხელმძღვანელები, დიპლომატები სამართლიან და ობიექტურ პოზიციაზე დგანან. პრინციპში, საკითხის ამგვარად დასმას არ ეწინააღმდეგება არძინბაც. საჭიროა სამმხრივი მუშაობა იმისათვის, რომ დაზუსტდეს ყველა დეტალი...
განვიხილეთ ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხი - როგორ სრულდება დაგომისის ხელშეკრულება. გამოითქვა საერთო უკმაყოფილება პროცესის შენელების გამო და მზადყოფნა, რომ გავააქტიუროთ წარმომადგენლების საქმიანობა. დადებითად შევაფასეთ ამ რეგიონში სამშვიდობო ძალების როლი, რომლებმაც დროებითი, მაგრამ მაინც სტაბილურობა მოგვიტანეს. შევთანხმდით, სწრაფად განახლდეს საკონტროლო კომისიის მუშაობა და პროცესს მიეცეს დინამიკური ხასიათი.
არსებობს ზოგიერთი გაუგებრობა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, რადგან მხარეებს სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. რუსეთის, გუდაუთისა და ჩვენი სამხედრო წარმომადგენლები ჩავიდნენ ხეობაში არსებულ პრობლემებში გასარკვევად. სოჭის შეხვედრაზეც იქცა ეს საკითხი დისკუსიის საგნად. ამ დღეებში გენერალი ნადიბაიძე კვლავ გაემგზავრება ხეობაში და პრობლემები, იმედია, მოიხსნება.
შეხვედრაზე სერიოზულად ვიმსჯელეთ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის დღევანდელ ვითარებაზე. ამჟამად უკვე საბოლოოდ მომზადებული და რედაქტირებულია ხელშეკრულებათა მთელი პაკეტი, რომელსაც, ჩემი და ბატონ ელცინის შეთანხმებისამებრ, თვის ბოლოს ბატონები ჩერნომირდინი და ფაცაცია მოაწერენ ხელს.
შეხვედრა მართლაც საინტერესო, თბილ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა. არაერთხელ მქონია შესაძლებლობა მესაუბრა რუსეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა პირობებსა და ვითარებაში, მაგრამ თავისი ტონალობით, განწყობილებითა და საქმიანი ატმოსფეროთი ეს შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებული იყო.
ორიოდე სიტყვით ეკონომიკურ რეფორმებზე: რეფორმის ახალ ეტაპთან დაკავშირებით გამოვიდა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება, რომელიც მომზადდა სამინისტროებში, უწყებებში, სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, რა თქმა უნდა, ჩემი და პრემიერის მონაწილეობით. იგი საფუძვლად დაედო იმ ღონისძიებებს, რომლებიც ახლა ხორციელდება, ხანდახან იმ რეკომენდაციების საწინააღმდეგოდაც კი, რომლებსაც გვაძლევენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელისუფლება ცდილობს მინიმალურად მაინც შეამსუბუქოს ის მძიმე ხვედრი, ყველა ოჯახს რომ ერგო ამ პირობებში. მაქვს შესაძლებლობა და მინდა მთელი ხელისუფლების, მთელი პარლამენტის სახელით მადლიერების სიტყვებით მივმართო მოსახლეობას, საქართველოს ყველა მოქალაქეს იმ გაგებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ. შევეცადეთ სულ მცირეოდენი შეღავათის გაწევა მაინც მოგვეხერხებინა პენსიონერებისთვის, სტუდენტებისათვის, სოციალურად სრულიად დაუცველი ადამიანებისათვის. მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ, თუ რამდენიმე თვე გავუძლებთ ამ განსაცდელს, აუცილებლად დადგება გაჯანსაღების ეტაპი. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ერთბაშად მდიდარი და ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური წინსვლა მაინც დაიწყება. ახლა კი მუშაობა გვიწევს საგანგებო რეჟიმით, რათა ზამთარს შევხვდეთ ენერგოშემცველებისა და სხვა საარსებოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის შესაბამისი მარაგით.
ქართველებისა და აფხაზების შერიგება ისტორიული აუცილებლობაა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 სექტემბერი. - N170(972). - 1 გვ.
![]() |
101 „ჩვენ მივდივართ ქვეყნის სტაბილურობისაკენ და ეს ახალი, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 26 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირა დაიწყო თქვენი ვიზიტით სოჭში, შეხვდით პრეზიდენტ ელცინს და, პრინციპში, ამ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი დარჩით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო თქვენი განცხადებები, როგორც ინტერვიუებში, ისე პარლამენტის სხდომაზე. გრაჩოვის ტელეგამოსვლის თანახმად, არძინბა წერილობითი ფორმით დათანხმდა 1 ოქტომბრიდან ლტოლვილების დაბრუნებას. მოგვიანებით, არძინბამ უარყო ეს და კოდორის ხეობაზე დაიწყო აქტიური საუბარი. გუშინ თავდაცვის მინისტრმა ვ. ნადიბაიძემ არძინბას ნათქვამი უარყო და განაცხადა, რომ, ვიდრე ლტოლვილების შეყვანა არ დაიწყება გალში, კოდორის ხეობის განმეორებით შემოწმებაზე საუბარიც კი ზედმეტია - თავდაცვის მინისტრის გრაჩოვის პოზიციაც ასეთიაო. იქმნება ძალიან საინტერესო სიტუაცია, როცა ორივე მხარე - ქართული და აფხაზური - თავისთვის მისაღებ განცხადებებს აკეთებს და ორივე მხარე იმოწმებს რუსეთს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის მიერ დასმულ ამ საკითხზე პასუხით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- გუდაუთისა და სოჭის შეხვედრების შემდეგ, თითქოს, ყველაფერი გაირკვა, შეჯამდა რაღაც ეტაპი და სამოქმედო პროგრამაც გამოიკვეთა. როცა ვამბობ - გაირკვა-მეთქი, მხედველობაში მაქვს მხარეთა ურთიერთგაგება პოლიტიკური მოწესრიგების მთელი კომპლექსის რეგულირებადი წარმართვის შესახებ. ამ რეგულირებად წარმართვას ხაზგასმით აღვნიშნავ იმიტომ, რომ აფხაზური მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ ლტოლვილთა დაბრუნების ასეთ გეგმაზომიერ პროცესს და ამასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. ამასთან, სამივე მხარე დაეთანხმა იმას, რომ კონფლიქტის მოწესრიგება, მათ შორის, ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემა, უშუალო კავშირშია საქართველოში სამშვიდობო ძალების ყოფნის ვადებთან. იმიტომ, მიექცა განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგულირებად დაბრუნებას, რადგან ეს დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან და, ბუნებრივია, მთელი პროცესი - ლტოლვილების დაბრუნებისა და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრისა - ერთგვარ ჩარჩოებში უნდა მოთავსდეს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის სოჭის შეთანხმებათა ერთ-ერთი უმთავრესი აზრი. არ შეიძლება მოწესრიგების შემადგენელი კომპონენტები განუსაზღვრელი იყოს დროსა და სივრცეში. ვთქვათ, ლტოლვილების დაბრუნება. ამაზე შეიძლება ილაპარაკო ათი წელიწადი და უფრო მეტიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრაზე - ადამიანმა შეიძლება განუსაზღვრელად ილაპარაკოს. მაგრამ, ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენადაც სამშვიდობო ძალების მისიის ყოფნა დროით არის განსაზღვრული, ასევე უნდა მოთავსდეს ვადებსა და ჩარჩოებში ამასთან დაკავშირებული ყველა სხვა პროცესი.
არ შეიძლება მუდმივი ხასიათისა იყოს სამშვიდობო ძალების ყოფნა კონფლიქტის ზონაში, თუნდაც, ეს გაეროს ძალები, ანდა მეთვალყურეთა ინსტიტუტი იყოს. ვფიქრობ, ამ ფაქტორს აფხაზური მხარე ამ ეტაპზე შესაბამის მნიშვნელობას არ ანიჭებს.
მოსკოვში თავდაცვის მინისტრების გენერალ გრაჩოვისა და გენერალ ნადიბაიძის შეხვედრა სოჭის შეთანხმებათა განვითარებასა და დაკონკრეტებას წარმოადგენს. ამის შესახებ, მოკლედ, მაგრამ საკმაოდ ნათლად ილაპარაკა წუხელ სატელევიზიო გადაცემაში გენერალმა ნადიბაიძემ. სამწუხაროა, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის საზღვარგარეთული ტურნე სწორედ ამ დღეებს დაემთხვა, როცა ეს აქტიური პროცესი დაიწყო. თუმცა, ძალისხმევა ამ მოლაპარაკებათა შედეგების სარეალიზაციოდ, როგორც გუშინწინ მინისტრების შეხვედრაზე ითქვა, არ შენელდება. ცნობილია, რომ ხვალ გაიმართება ოთხმხრივი კომისიის შეხვედრა, რომელიც, ასევე, ვფიქრობ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
სოჭის შეხვედრაზე განვაცხადე, რომ დადგა გადამწყვეტ, გაბედულ და კონსტრუქციულ მოქმედებათა დაწყების დრო. ყველა მხარის ინტერესებს წარმოადგენს სწორედ ასეთი მიდგომა - გადაწყვეტილებათა დროული მიღება და დროული მოქმედება. ყველა მხარის ინტერესებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის ზეიმი. როგორ როლშიც უნდა გამოდიოდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეები - დამარცხებულის თუ გამარჯვებულის, თუ შუამავლისა - მიუღებელი და გაუმართლებელია ადამიანებს უარი უთხრა ყველაზე ელემენტარულზე - დაუბრუნდნენ თავიანთ სახლკარს. თუ ეს არ მოხდება, თუ ეს პროცესი გაჭიანურდება, რა თქმა უნდა, სამივე მხარე ძალიან ბევრს დაკარგავს. ბევრს დაკარგავს რუსეთის მხარე, რომელმაც, გამოდის, ვერ შეასრულა თავისი ძირითადი მისია, საქართველო ხომ - თავისთავად და, მგონია, რომ ძალიან ბევრს დაკარგავს აფხაზთა ხელმძღვანელობა, რადგანაც, ეს არის არაჰუმანური მოქმედება, ისეთი, რომელიც დღევანდელ ვერავითარ საკაცობრიო ნორმებს ვერ შეესაბამება და ეწინააღმდეგება დღევანდელი მსოფლიოს ელემენტარულ მოთხოვნებს.
ვიმეორებ, სოჭის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო შეთანხმება სწორედ ის არის, რომ მოლაპარაკება პოლიტიკურ სტატუსზე და ლტოლვილების დაბრუნების პრობლემა ჩავსვათ გარკვეულ ვადებში და ისინი დავუკავშიროთ სამშვიდობო ძალების ყოფნას. ვფიქრობ, ეს საკითხისადმი ლოგიკური და სამართლიანი მიდგომაა. რა შედეგები მოჰყვება ლტოლვილთა დაბრუნების გაჭიანურებას, და, საერთოდ, პროცესის გაჭიანურებას, ძნელი მისახვედრი არ არის. ეს იქნება არასტაბილურობის და კიდევ უფრო ძნელი და რთული მოვლენების დაწყების ახალი ეტაპი. ვფიქრობ, ეს არავისათვის არ არის მისაღები. გამოსავალი კი არსებობს იმ შეთანხმებათა რეალიზაციაში, რომლებზეც ჩვენ პრაქტიკულად დავთანხმდით სოჭშიც და გუდაუთაშიც.
ახლა იმ გაუთავებელ დავასა და კამათზე, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით: მე მგონი, ბევრს ავიწყდება (ლაპარაკია იქიდან ქართული შეიარაღებული ძალების გამოყვანაზე), იმ შეთანხმების მეორე მხარე, მეორე ნაწილი, რომ აფხაზეთიდან უნდა გავიდეს ყველა შეიარაღებული ფორმირება, რომლებიც შემოსულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთის განმაპირობებელი ცნებები და დებულებებია.
მეორეც: ნურავის ნუ ავიწყდება ის ფაქტი, რომ ხეობაში უკვე შევიდნენ და განლაგდნენ სამშვიდობო ძალები. თუ საჭირო იქნება, მათ კიდევ დაემატება ძალები, (როცა ამ საკითხს ვიხილავდით, სწორედ ასე იდგა იგი), და მგონია, რომ ახლა კოდორის ხეობის ცენტრალურ პრობლემად გადაქცევა ერთგვარად მიზეზის ძებნაა იმისათვის, რომ გაჭიანურდეს ლტოლვილთა დაბრუნება.
კოდორის ხეობაში გენერალმა კონდრატიევმა თავის დროზე დააფიქსირა გარკვეული მდგომარეობა, რომელიც საჯაროდ გამოაცხადა, შემდეგ იქ იყვნენ გენერლები იაკუშევი, ნადიბაიძე, ასევე აფხაზეთის, გაეროს წარმომადგენლები, და სხვები; ასე რომ, არ შეიძლება უსასრულოდ ილაპარაკო ერთსა და იმავე საკითხსა და თემაზე.
- გასულ კვირას საკმაოდ მკაცრი შეფასება მიეცით გაეროს მისიის მუშაობას აფხაზეთში. რამდენიმე დღის შემდეგ გაეროში გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებით. იქაც გამოთქვამთ ამ გარკვეულ უკმაყოფილებას?
- გაეროს სამშვიდობო მისიათა კრიტიკა არც ახალია და არც ორიგინალური. ეჭვი არ მეპარება, რომ გენერალური ასამბლეა სწორედ ამ ნიშნით ჩაივლის. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა იმსჯელოს გენერალურმა ასამბლეამ, ალბათ, არის სამშვიდობო მისიათა პრობლემა. ახლა, მთავარია არა იმდენად კრიტიკა, რამდენადაც გზების ძიება. ამ მხრივ საქართველოს პოზიციას (რადგან ჩვენ უშუალოდ შეგვეხო ეს ყოველივე) შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ექნეს სადღეისოდაც და სამომავლოდაც. ჩვენ დაახლოებით ვიცით, რა უნდა და როგორ უნდა ითქვას. ვნახოთ, როგორ ჩაივლის გაეროს გენერალური ასამბლეის ეს სესია.
- ერთ საინტერესო მოვლენაზე, რაც გასულ კვირას მოხდა. ახალ არჩევნებამდე ერთი წელიწადი დარჩა და ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე პირველმა იზრუნა ბატონმა ჯაბა იოსელიანმა. როგორც პოლიტიკოსი, რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს? კარგია ეს, თუ ცუდი?
- მიმაჩნია, რომ, გვინდა თუ არა, არჩევნებისათვის მზადება უკვე დადგა დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, სავსებით ნორმალურია ჯაბა იოსელიანის აქტიურობა. მას აქვს თავისი პრინციპები, მოვლენების მისეული ხედვა. ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის საფუძველი იქნება, რომელზეც უნდა განვითარდეს მისი ინიციატივით წამოწყებული საარჩევნო პლატფორმა.
ჩემთვის დღეს მთავარია ზრუნვა კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისათვის. თუ არ იქნება კონსტიტუცია, ძნელია ლაპარაკი არჩევნებზე. ხომ უნდა ვიცოდეთ, რა არჩევნებისათვის ვემზადებით - პარლამენტის, პრეზიდენტის, თუ ორთავესი ერთად, თუ კიდევ სხვა სტრუქტურებისა. დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლოსათვის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დამთავრდება და საარჩევნო ციებ-ცხელება უფრო გლობალურ ხასიათს მიიღებს.
- გუშინ ქართველ ქალთა ინიციატივით გამართულმა აქციამ „თეთრმა მანდილმა“ კვლავ მიიპყრო ჩვენი საზოგადოებრიობის ყურადღება. პრინციპში, ალბათ, იმიტომაც, რომ ერთდღიანი მშვიდობაც კი სჯობს ომს. მოქმედებს თუ არა ამგვარი აქციები პოლიტიკოსებზე?
- ამგვარი აქციები უთუოდ მოქმედებს პოლიტიკოსებზე, ისინი უთუოდ შედეგიანია. მართალია, ცივი ომის დასრულების შემდეგ თითქოს ჩაქრა მშვიდობისათვის ბრძოლის აქტიურობა. ათასგვარი ორგანიზაციები და მოძრაობები იყო - მათ შორის „ბირთვული განიარაღებისათვის“, „ატომური ბომბის მოსპობისათვის“ და სხვა მრავალი, ვფიქრობ, რომ ჩვენი პლანეტა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი სრულიად უსაფუძვლოდ დამშვიდდა, დაწყნარდა, თითქოს აღარაფერი არ არის ისეთი, რომელიც საფრთხეს უქადის კაცობრიობას. ასეთი საფრთხე ძალიან ბევრია, და, მათ შორის, ომის საფრთხე. გუშინ ვთქვი, რომ ჩვენი პლანეტის სხეულზე, როგორც დიდი წყლულები, გამოიკვეთა დაზიანებული რეგიონები, ომის ხანძრები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ლოკალურია, მაგრამ, ღმერთმა იცის, ხვალ რა სახესა და მასშტაბს შეიძენს. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ქართველმა ქალებმა პირველებმა სცადეს მასშტაბური ხასიათი მისცენ იმ მოძრაობას, რომელსაც შეიძლება მომავალში ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. ეს არის, რა თქმა უნდა, უწინარესად, პატრიოტული მოძრაობა და ამავე დროს ყველასათვის გასაგები და მისაღები. თუ საქართველოს ქალები კვლავაც ინიციატივიანად იმოქმედებენ, ისინი მსოფლიოში დიდად პოპულარული გახდებიან. ეს კვლავ და კვლავ საქართველოს საკეთილდღეოდ იქნება და საქართველოს სჭირდება.
- გასულ კვირას თბილისში გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის კონფერენცია გაიმართა თემაზე „ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში“. პრინციპში, საბედნიეროდ, საერთაშორისო კონფერენციები ჩვენთვის უკვე უცხო არ არის. გუშინ თბილისში მუშაობა დაიწყო ბისეკის გარემოს დაცვის კონფერენციამ. მაგრამ, იუნისეფის კონფერენცია მართლაც ძალიან გამორჩეული ჟღერადობისა იყო, რადგან ბავშვები დღეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენაა. თუმცა, ზოგიერთი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ჩვენში უკვე მოისპო და აღარ არსებობს სოციალური ფენები. ფაქტია, რომ ბავშვებსა და მოხუცებს დღეს ყველაზე მეტად უჭირთ...
- უცხოური დახმარების თემა განსაკუთრებულია ჩვენს პირობებში, დღეს და, ალბათ, უახლოეს ორ-სამ წელიწადს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წუხელ პრემიერ-მინისტრი ფაცაცია ბრიუსელს გაფრინდა, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ევროგაერთიანებასთან ჰუმანური დახმარების გამოყოფის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს დახმარება გამოიყო ევროპის ქვეყნების მეთაურებისადმი ჩემი წერილების შედეგად. მართალია, არა მარტო საქართველოსათვის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც საბაბი მისცა ევროგაერთიანებას ემსჯელა ამ საკითხზე, გახდა ჩემი პირადი მიმართვა და წერილი ყველა მეთაურისადმი. იმ დახმარების გარეშე, რომელსაც უცხოელი მეგობრები გვიწევენ, ქვეყანა საერთოდ ვერ იარსებებდა. განსაკუთრებით გამოვყოფ ევროგაერთიანებას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. როცა ლაპარაკია საკვებ პროდუქტებზე, ხორბალსა და სხვა აუცილებელზე, სწორედ ეს ორი არხია უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენ ახლა გვასულდგმულებს. დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჭეშმარიტად მეგობრულ თანადგომას. განსაკუთრებით გამოვყოფ თურქმენეთს, რომელმაც საოცარი მეგობრობა და ძმური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. თუმცა დავალიანება იზრდება, მაგრამ საშუალებას გვაძლევენ ცოტათი მაინც ამოვისუნთქოთ და ვისულდგმულოთ.
ამ ბოლო დროს გამოიკვეთა გაეროს ორგანიზაციების აქტიურობა, მათ შორის, დედათა და ბავშვთა დახმარების პროგრამები. თბილისში გამართული ღონისძიება უდავოდ დიდი თანამშრომლობის დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს თითოეული ოჯახი იგრძნობს. ეს იმ ხელშეკრულების შედეგია, რომელსაც ნიუ-იორკში მოვაწერე ხელი, როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გახლდით. ამას წინათ, რადიომსმენელებს ვაუწყე, რომ გაეროს ორგანიზაციებმა ჩვენთვის გამოყვეს, უწინარესად ლტოლვილებისათვის, დახმარება 20 მილიონი დოლარის ოდენობით. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ეს დღეს ჩვენი ქვეყნისათვის. ასე რომ, მეგობრები იზიარებენ ჩვენს ჭირ-ვარამს და ამ გაჭირვებისა და სიძნელეების ჟამს არა ვართ მარტონი საკუთარ თავთან.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით აღსანიშნავია დღეს, როცა საქართველო შევიდა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების ფაზაში. მოგეხსენებათ, ეს რამდენად მძიმეა, საგრძნობია თითოეული მოქალაქისათვის, თითოეული ოჯახისათვის, განსაკუთრებით, ცუდად დაცული ან საერთოდ დაუცველი ფენებისათვის. ეს დახმარება გაგვიადვილებს, რაც შეიძლება ჩქარა და ნაკლებად მტკივნეულად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
სასიხარულოა, რომ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში სულ უფრო ხშირად იმართება მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ესე იგი ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები დარწმუნდნენ, რომ ქვეყანა სტაბილურობისაკენ მიდის და ასეთი ღონისძიებების გამართვა სავსებით შესაძლებელია. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ღონისძიებებს დავუმატებდი ბისეკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, კიდევ ბევრი სხვა რამ არის დაგეგმილი. ამასვე მოწმობს კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, საკმაოდ მაღალი რანგის საინტერესო გასტროლები - ბალეტის ზეიმი, „თბილისური შემოდგომა“, სპორტული შეჯიბრებები და მრავალი სხვა. ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ მივდივართ ქვეყნის სტაბილურობისაკენ და ეს, რა თქმა უნდა, ახალი, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ.
„ჩვენ მივდივართ ქვეყნის სტაბილურობისაკენ და ეს ახალი, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 27 სექტემბერი. - N172(974). - 1,2 გვ.
![]() |
102 ედუარდ შევარდნაძის სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ჰანს დიტრიხ!
ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა ჰელსინკში, როდესაც მე შევედი საგარეო პოლიტიკის იმ დიდი მეზღვაურების კოჰორტაში, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ჰანს დიტრიხ გენშერი იყო ერთ-ერთი კაპიტანთაგანი და ამ წლების მანძილზე ვაშენებდით იმ შენობას, რომელსაც „ორმხრივი ნდობა“ ჰქვია. მე მგონია, სწორედ ამან გაგვიადვილა ისეთი ძნელი პრობლემების გადაწყვეტა, როგორც გერმანიის გაერთიანება იყო. კარგად მახსოვს საუბარი ამ მაგიდასთან: ეს არ იყო მარტივი საუბარი.
ეს მეგობრობა, ეს მხარში დგომა, რომელიც მისგან, როგორც დიდი პოლიტიკოსისაგან და გერმანელისაგან მივიღე, დამეხმარა მეძებნა და მეპოვნა გზები სამართლიანი გადაწყვეტილებისაკენ. მან მე გამიგო, ჩემ ტკივილს და პრობლემებს ჩასწვდა. მას ესმოდა ჩემი მაშინაც კი, როცა თავშეკავებული ვიყავი და ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრი რჩებოდა, ის ხვდებოდა, თუ რატომ იყო ასე.
რაც შეეხება ჩემს ფილოსოფიას, როცა საუბარია გერმანიის გაერთიანებაზე, ის საკმაოდ მარტივად შეიძლება გამოიხატოს. მე მივსდევდი პოლიტიკას, რომელიც ეყრდნობოდა ადამიანობის პრინციპებს, სცნობს უმაღლეს ზნეობას ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და გამორიცხავს უსამართლობას. ერთი ერისა და ერთი ხალხის გაყოფას უსამართლოდ და უზნეოდ, ხელოვნურად მივიჩნევდი, განსაკუთრებით კი ისეთი ერისა, როგორიც გერმანელი ერია.
ბედნიერი ვარ, რომ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგებს, რომლებიც პრაქტიკულად იბრძოდნენ გერმანიის გაერთიანებისათვის. ანტაგონიზმი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძლეულ იქნა. კარგმა პირადმა ურთიერთობამ დიდი სამსახური გაგვიწია. და ამისთვის თქვენი მადლობელი ვარ, ჰანს დიტრიხ.
მიხარია, რომ მოლაპარაკებათა მაგიდა, რომელსაც დასაწყისში მრავალი კუთხე გააჩნდა, ასე ლამაზად დამრგვალდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიის სახლში იქნება დადგმული.
ის, რომ ამასთან დაკავშირებით წიგნის წარდგენა ხდება, რომლის თემაა ჰანს დიტრიხ გენშერი და ედუარდ შევარდნაძე, განსაკუთრებით მახარებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბატონმა ბეთციუგემ ის კეთილი ურთიერთობები, რომელიც გვქონდა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, 1985 წელს, ჰელსინკში, შესანიშნავად წარმოაჩინა.
ასევე განსაკუთრებით მიხარია, რომ ბატონმა როლან დიუმამ საინტერესო წინასიტყვაობა დაუწერა ამ წიგნს და მე სიამოვნებით ვიხსენებ ბატონ დიუმასთან შეხვედრებს.
დიდ მადლობას გიხდით 19 სექტემბერს ისტორიის სახლში მოპატიჟებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო ვერ მივიღებ მონაწილეობას ამ შეხვედრაში.
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 30 სექტემბერი. - N175(977). - 1 გვ.
![]() |
103 „ხალხმა და პარლამენტმა ერთხელ კიდევ მოახდინეს თავიანთი არჩევანი - მხარს უჭერენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კურსს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 3 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირა ძალიან დაძაბული იყო. განსაკუთრებული მოვლენა იყო 27 სექტემბერს დაწყებული საპარლამენტო კრიზისი. თუმცა, შეიძლება ეს თქვენთვის მოულოდნელი არც იყო და ელოდით კიდეც სწორედ 27 სექტემბერს სიტუაციის ამგვარ გამწვავებას. თქვენი აზრით, როგორია ამ ოთხდღიანი კრიზისის ძირითადი შედეგები? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- 27 სექტემბრის სიტუაციის გამწვავება და ამ დღეების ამგვარი დრამატული ხასიათი სავსებით მოსალოდნელი იყო. ასეთი იყო ოფიციალური სტრუქტურების მონაცემები. ჩემი პარადი დაკვირვებაცა და ანალიზიც ადასტურებს, რომ აუცილებლად იქნებოდა სერიოზული გამწვავება პარლამენტშიც და, შესაძლოა, ქვეყანაშიც. პარლამენტში გამწვავებას (რა თქმა უნდა, არა ისეთს, როგორი სახეც პრაქტიკულად მიიღო), ლტოლვილების გრანდიოზული მიტინგი უნდა მოჰყოლოდა, რასაც, როგორც ნაგულისხმევი იყო, შეუერთდებოდნენ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანები. ბევრი ვარაუდობდა ეგრეთ წოდებული „მრგვალი მაგიდის“ განსაკუთრებულ გააქტიურებას. არც ამაში იყო რაიმე მოულოდნელი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით 27 რიცხვს, მით უფრო ნათელი იყო ასეთი გამწვავების რეალობა. პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურის მიერ გადადგომის, ანუ ნდობის საკითხის პრინციპული დაყენება ერთადერთი, თუმცა ძალიან სარისკო გზა იყო იმისათვის, რომ პარლამენტიცა და ქვეყანაც გამორკვეულიყო და ერთგვარი დასკვნა გამოეტანათ. პარლამენტსაც და მოსახლეობასაც უნდა გამოეხატათ, რა სურდათ - ვიაროთ სტაბილურობის შემდგომი განმტკიცების, ჯანსაღი ტენდენციების გაღრმავების გზით, თუ კვლავ ანარქიისა და ქაოსის ჭაობში ჩავეფლობით (შეიძლება, ძალიან ვამარტივებ ამ კითხვებს, მაგრამ არსი სწორედ ასეთია). ახლა პარლამენტარებმა საზოგადოება დაჰყვეს „ზვიადისტებად“, „შევარდნაძისტებად“, გამოცხადდა ისიც, რომ საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი არც „ზვიადისტია“, არც „შევარდნაძისტი“ და არც ნეიტრალური, ალბათ, იგულისხმებოდა, რომ გარკვეული მასა ოპოზიციის რომელიმე ლიდერის მხარდამჭერია. არ ვიცი, რომელი გვარის მიმდევრები არიან, თავად ამ განცხადების ავტორის გვარის, თუ კიდევ სხვისა. სიმართლე გითხრათ, მე გულს მირევს მოქალაქეთა ასეთ კატეგორიებად დაყოფა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ომი ჩავაქრეთ, ეს ეტაპი გავიარეთ, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთიანობისაკენ მივდივართ. პირდაპირ გეტყვით, ეს ბოლშევიკური სენია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ადამიანი პარტიაში არც ნოვატორი ყოფილა და ამ პარტიის არც დიდი სიმპათიები ჰქონია. თვითონ მიდგომა - ბოლშევიკურია, ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ისე, თუ ადამიანები არ დაიყოფიან ჯგუფებად, ვიღაცის მომხრეებად ან მტრებად. მე ასე ვიტყოდი, რომ ჩვენს პირობებში ეს არის ტიპური კლასობრივი მიდგომა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი რამ სწორედ იმ პარტიებში ხდება, რომლებიც თავისუფალი უნდა იყვნენ ამგვარი მიდგომებისაგან.
ამ ოთხი დღის მნიშვნელობა არ არის ისეთი, როგორც გუშინ დაახასიათა ტელევიზიის ერთ-ერთმა დიქტორმა. თუ არ ვცდები, დაახლოებით ასე ითქვა, მოვლენები არაფრით დაიწყო და არაფრით დამთავრდებაო. მას არ ვაკრიტიკებ, მას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ჩემს აზრს გამოვხატავ: როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველაფერი ძალიან სერიოზულად დაიწყო და ძალიან სერიოზულადვე დამთავრდა. ხალხმა და პარლამენტმა ერთხელ კიდევ მოახდინეს თავიანთი არჩევანი - მხარს უჭერენ კურსს, მიმართულს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისაკენ, ეკონომიკაში ფორსირებული რეფორმებისაგან, წესრიგისა და დისციპლინის განმტკიცებისაკენ. საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პარლამენტის სხდომაზე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ამ ოთხ დღეს, შეიძლება ითქვას, არსებითი მნიშვნელობა ექნება მომავალი არჩევნებისათვის. ჩვენს საზოგადოებრიობას, ყველა მოქალაქეს ერთხელ კიდევ მიეცა საშუალება თვალნათლივ დაენახა, ვინ არის პოლიტიკოსთა იმ ჯგუფში, რომელსაც რეალურად მიჰყავს ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლისაკენ, და ვის, რომელ ჯგუფსა და პარტიას აღარ უნდა დაუჭირონ მხარი მომავალში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი შეასრულეს საპარლამენტო უმრავლესობამ და პარლამენტართა იმ ნაწილმა, რომელიც არც ოპოზიციაშია და არც უმრავლესობაში. ამავე დროს, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიებიდან ძალიან ბევრმა საღი აზრი გამოთქვა და საღი პოზიცია დაიკავა. მე სავსებით გულწრფელი ვიყავი, როცა მათ მადლობის სიტყვებით მივმართე, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. იქნებ ეს ოთხი დღე გახდეს სწორედ მომავალი სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტი.
- შეიძლება ეს განსხვავებული დამოკიდებულება იმიტომაც გაჩნდა, რომ ქართულ საზოგადოებრიობასა და პოლიტიკურ აზროვნებაში არ იყო გაცნობიერებული ის დიდი მნიშვნელობა, რაც ენიჭება საზოგადოების განწყობას, მის აზრს. ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსი უნდა ეყრდნობოდეს ძალისმიერ სტრუქტურებს, სხვა მნიშვნელოვან საფუძველს და საზოგადოებრივ მხარდაჭერას თითქოს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ამ ოთხმა დღემ სწორედ კურსისადმი საზოგადოების მხარდაჭერა წარმოაჩნია. მით უფრო აუცილებელია ეს იმ ქვეყნისათვის, რომელიც, ერთი გამომსვლელის სიტყვები რომ მოვიშველიო, „მძიმე ავადმყოფობას გადის დღეს, რომელსაც რეფორმები ჰქვია“. თუ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთკავშირი არ დამყარდა, მაშინ რეფორმა განწირულია დასაღუპად. ამას ემატება აფხაზეთის მომენტი, აქაც აუცილებელია ის ერთიანობა...
- მე მგონი ჩვენი ოპონენტები ერთ რამეში ცდებიან: მათ აქვთ საკუთარი გამოცემები, გაზეთები, აქვს საშუალება მიიღონ ტრიბუნა და ხშირად, თავიანთი ანალიზიდან გაკეთებული დასკვნა აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, ან, თავიანთ გაზეთში დაწერენ, რომელ პარტიას როგორი რეიტინგი, რა წონა აქვს და სხვა (როგორ წერენ, ეს თქვენ კარგად იცით), მეორე თვითონვე სჯერათ, რომ ეს ასეა. სინამდვილეში კი საზოგადოება სულ სხვა არის.
სამწუხაროდ, ამის ღრმა ანალიზის შესაძლებლობას ბევრი პოლიტიკოსი მოკლებულია და ამიტომ ხშირად ცდებიან, მცდარ დასკვნებამდე მიდიან. საზოგადოებრიობას და ხალხს არ შეიძლება მოწყდე, უნდა შეგეძლოს რეალურად შეაფასო ის, რაც ცხოვრებაში არის და რაც საზოგადოებაში ხდება. ეს ოთხი დღე სწორედ ამის გაკვეთილია. ვფიქრობ, ეს დღეები კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის დამახასიათებელია, - რომ ჩვენ ნელ-ნელა ვიკურნებით იმ სენისაგან, რომელსაც საზოგადოების ზედმეტი პოლიტიზირება ჰქვია. საზოგადოებრიობამ, მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი, რაც პარლამენტში მოხდა. მაგრამ ისინი, როგორც იტყვიან, სადარაჯოზე იდგნენ, ნაკლები იყო ემოციების გამოხატვა და სხვა, რაც უფრო წინა პერიოდებისათვის იყო დამახასიათებელი. გახსოვთ, წინა დღეებში რა გაუთავებელი სირბილი იყო მეგაფონებით ხელში. მაგრამ მოქალაქენი ღირსეულად იდგნენ, მათ სჯეროდათ, რომ ასე თუ ისე, ხელისუფლება თავის კურსს სტაბილურობისაკენ, ქვეყნის, საზოგადოების ერთიანობისაკენ ბოლომდე მიიყვანს.
- ეს ოთხი მძიმე დღე სოხუმის დაცემის წლისთავს დაემთხვა. თქვენ, ერთხელ, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ბრძანეთ, რომ მთავარია აფხაზეთის პროცესი არ შეჩერდეს, აუცილებელია თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წინ ვიაროთ. აფხაზეთის პროცესის ერთგვარმა დაკონსერვებამაც ხომ არ გამოიწვია ის, რომ თქვენ ნიუ-იორკში არ გაემგზავრეთ და გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვით?
- არა მგონია აფხაზეთის პროცესი დაკონსერვებულად ჩაითვალოს. ეს ასე არ არის. სოჭის მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე ზოგი რამ პოზიტიური მაინც იქნა მიღწეული. სინანულით უნდა ვთქვა, რომ შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ტენდენციათა საერთო ფონზე, ძალიან მძიმე დისონანსად გაისმა არძინბას გამოსვლა სოხუმში. პირდაპირ ვიტყოდი: იმ დროს, როცა რუსეთის თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომლებიც გულგრილი არ იყვნენ იმისადმი, რაც ხდებოდა, გაეროს ორგანიზაცია, ევროპული სტრუქტურები და ჩვენ ყველანი ჩართული ვართ ამ პროცესში, რომ მიდგომებს და შეფასებებს, რომლებიც გაისმა ბატონ არძინბას გამოსვლაში, მომავალი არა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თვით აფხაზები მივლენ ამ დასკვნამდე.
ასე, რომ მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი აუცილებლად განვითარდება.
რაც შეეხება გაეროში წასვლას, ჩემი უარი მრავალი მოტივით არის განპირობებული. ყველაფერს არ ჩამოვთვლი. მე ვემზადებოდი წასასვლელად, საინტერესო გამოსვლაც იყო მოფიქრებული, მაგრამ, 27 სექტემბერს დაწყებული მოვლენების გამო, ჩემი იქ წასვლა ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა. იმასაც ვიტყვი, რომ არც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით არის ჯერ კიდევ ბევრი რამ სათქმელი საერთაშორისო ტრიბუნიდან. ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საქმეში პროგრესი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება. საერთაშორისო ტრიბუნისათვის ცოტა მოგვიანებით მოვიცლი. მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება გაეროს გენერალური მდივნის ჩამოსვლა საქართველოში. ამასთან დაკავშირებითაც, შეიძლება, ჩემი იქ წასვლის დიდი აუცილებლობა აღარც კი იყო. თანაც საქართველოს დელეგაცია ამერიკაში იმყოფებოდა, მას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს, იგი დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას - ესეც ჩვეულებრივი ვარიანტია ქვეყნის წარმოდგენისა გაეროში.
- პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას თქვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეთ ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც დაიწყო და მიმდინარეობს ქვეყანაში. ჩვენმა მსმენელებმაც იციან, რომ გასულ კვირას სომხეთმაც გაზარდა პურის, ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის ფასები. ახლახან ბელგიიდან დაბრუნდა პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს ევროგაერთიანების მიერ საქართველოსათვის 35 მილიონი ეკიუს გამოყოფის თაობაზე. ესე იგი რეფორმისათვის დამახასიათებელ სირთულეებთან ერთად არის დახმარებაც. 26 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თქვენ მეტად მკაცრი შეფასება მიეცით ცალკეულ უწყებათა საქმიანობას, იქნებოდა ეს საბაჟო დეპარტამენტი, საგადასახადო ინსპექცია, ნავთობსახდელებზე არსებული სიტუაცია თუ სხვა. იქნება რაიმე კონკრეტული შედეგი, თუ შეფასება შეფასებად დარჩება?
- მომთხოვნელობა ახალი ეტაპის - მხედველობაში მაქვს ეტაპი, რომელიც ახლა დაიწყო - მთავარი დამახასიათებელი იქნება. ადამიანებზე ვიმსჯელებთ მათი საქმიანობის მიხედვით, ასეთი სტილი უკვე ფორმირდება. წინასწარ შეპირებებს აზრი არა აქვს, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზით ივლის - მკაცრი მომთხოვნელობა, მკაცრი დისციპლინა, როგორიც კი შესაძლებელია ჩვენს საზოგადოებაში. მართლაც, ბევრი რამ უკვე მოუთმენელია. მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, რომ ბიუჯეტში შემოდის 15-20 პროცენტი იმისა, რაც უნდა შემოდიოდეს. ამ ამბით დაინტერესებული უნდა იყოს ქვეყანა, რომელსაც აქამდე ბიუჯეტი არ ჰქონდა (რეალურად ახლა ვიწყებთ ბიუჯეტზე მუშაობას), და ყველაფერმა, როგორც ყულაბაში, ისე მოიყაროს თავი ბიუჯეტში. თუ ჩვენ ასეთი ბიუჯეტი შევქმენით, მაშინ ყველას მივეხმარებით, ბევრ მოქალაქეს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, შევინარჩუნებთ მეცნიერებასა და კულტურას, დავეხმარებით განათლებას და სხვ. მრავალი სასიკეთო ძვრები იქნება ეკონომიკაშიც. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, და ამ გზაზე არაფერი არ უნდა დავიშუროთ. თუ ქვეყანას სჭირდება, ხანდახან, უახლოესი ადამიანი, თანამებრძოლიც რომ იყოს, იმასაც უნდა უთხრა, რომ ჩამოსცილდეს იმ პოსტს, რომელიც აქამდე ჰქონდა დაკავებული. ასეთი მიდგომა აუცილებელია.
წარმოუდგენელია ისეთი ბარბაროსობა, რაც ნავთობსადენებზე ხდება. რაღა არ მოვიფიქრეთ, თავდაცვის სამინისტროს გარკვეული ნაწილებიც კი იყვნენ ჩაბმული ამ საქმეში, საბოლოოდ კურსი ავიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვას სათავეში ჩაუდგა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. ამის შედეგად ყოველთვიურმა მოპოვებამ 400 ტონას მიაღწია. ახლა 70-80 ტონამდე შემცირდა - ვინც იცავს და ვინც მუშაობს, ალბათ, ყველა ერთად იპარავს. ასე სახელმწიფო ვერ აშენდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს-ხვალ მივიღებ სასტიკ ზომებს. არც ერთი უცხოელი, რომელთანაც ჩვენ უკვე კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული ნავთობის ძიების სფეროში, არ შემოვა და მუშაობას არ დაიწყებს. სამწუხაროდ, ასეთი ბევრია. როცა ასეთი ბარბაროსული და მხეცური მიდგომაა სახელმწიფოს სიმდიდრისადმი ამიტომაც ნიავდება და ვერ დგება ჩვენი ბიუჯეტი.
და კიდევ ერთი: დანაშაულია, მარტო დახმარების იმედზე ყოფნა. აქამდე, როცა ომი იყო და ახლა, როცა რეფორმების პირველ, ყველაზე მწვავე ეტაპზე ვდგავართ - ამ იმედებს ასე თუ ისე, აქვს საფუძველი. როგორც შეუძლიათ, ისე გვეხმარებიან და ამით ვსულდგმულობთ. ეკონომიკის განვითარების ახალ ეტაპზე რომ ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ის, რომ მომავალი წელი საკუთარ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების წელი უნდა იყოს. სწორედ ამ მხრივ უნდა გახდეს იგი გარდატეხის დასაწყისი ჩვენს ცხოვრებაში და ყოველივე ამას სწორედ ახლა - ამ წლის დასასრულს ეყრება საფუძველი.
- გასულ კვირას თბილისს მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი ჯორჯ შულცი ეწვია - საქართველოში დემოკრატიის ხსნის კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევის ცენტრში შულცმა ასეთი რამ თქვა: მჯერა, საშინაო პრობლემებს შევარდნაძე მალე მოაგვარებს და ისევ მსოფლიო პოლიტიკის პრობლემებზე იფიქრებსო. თქვენ გულთბილად და ბევრი ისაუბრეთ შულცზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა დღევანდელი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. ეს იყო შულცის მეგობრული ვიზიტი საქართველოში, არა?
- თუ ვიზიტის ხასიათზე ვილაპარაკებთ, ეს იყო მეგობრისა და პოლიტიკოსის ვიზიტი, მართლაც, ისტორიულ, გრანდიოზულ გარდაქმნათა ერთ-ერთი ინიციატორისა და ამ გარდაქმნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი პირის, იმ ადამიანის ვიზიტი, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, აინტერესებს, როგორია ამ გარდაქმნების შედეგები არა მარტო გლობალური გააზრების თვალსაზრისით, არამედ, თუნდაც, დედამიწის ერთ პატარა წერტილში. თუნდაც იქ, სადაც ცხოვრობს მისი მეგობარი, რომელთან ერთადაც იწყებდა ამ გარდაქმნებისათვის ბრძოლას და ზრუნვას. ამასთან ერთად, ალბათ, მისი ჩამოსვლა განპირობებული იყო ჩვენი პირადი ურთიერთობით. უკვე ვთქვი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პირადი სტუმარი ვიყავი, ორი-სამი დღის განმავლობაში მის ოჯახში ვათევდით ღამეს მე და ჩემი მეუღლე. გავიცანი მისი მრავალრიცხოვანი შესანიშნავი ოჯახი, მას 12 შვილიშვილი ჰყავს. ბუნებრივია, რომ გაგვიჩნდა სურვილი შემდეგი შეხვედრა საქართველოში შემდგარიყო. ძალიან მიხარია, რომ სიმბოლურად, თავისი კაპიტალის მცირე ნაწილი დაუკავშირა საქართველოში ყველაზე ტრადიციულ დარგს - მეღვინეობას.
- დღეს გერმანელთათვის მნიშვნელოვანი დღეა: 1900 წლის 3 ოქტომბერს გერმანიაში ძველი პოლიტიკური აზროვნება დამარცხდა ახლის სასარგებლოდ. რა შეცვალა ბერლინის კედლის დანგრევამ არა როგორც კონკრეტულმა ფაქტმა, არამედ, ზოგადად, როგორც ტენდენციამ დღევანდელი მსოფლიოსათვის?
- ეს დიდი საკითხია, მაგრამ ახლა შედარებით მოკლედ მოგახსენებთ. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ გერმანიის გაერთიანებით ახალი მსოფლიო ომის სავსებით რეალური საფრთხე ავიცილეთ თავიდან. აღდგა ისტორიული სამართლიანობა - ერთიანი, დემოკრატიული გერმანია, უდიდესი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალით, ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების ერთი უმძლავრესი ღერძია. ესეც მეორე დიდი მონაპოვარია. და მესამე: გაიმარჯვა ახალმა აზროვნებამ, რომელიც იმ ტოტალიტარულ სისტემაში, რეჟიმში, იმ საბჭოთა კავშირში დაიბადა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იქ დაიწყო ახალი სამყაროს მშენებლობა, ახალი აზროვნება რომ არა, უზარმაზარი ცვლილებები და მოვლენები, რომლებიც მსოფლიოში მოხდა, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა. გერმანიის გაერთიანებაც ასეთივე პრობლემატური იქნებოდა. მინდა მივესალმო ჩვენს დიდ მეგობარს - გერმანიის სახელმწიფოს, მეგობარ გერმანელ ხალხს და მადლობა მოვახსენო იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ ჩვენი ისტორიისათვის ამ მძიმე დღეებში. ვულოცავ გერმანელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, გაერთიანების, განთავისუფლების დღეს და ვუსურვებ აყვავებას.
„ხალხმა და პარლამენტმა ერთხელ კიდევ მოახდინეს თავიანთი არჩევანი - მხარს უჭერენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კურსს“ : ედუარდ შევარდნაძის 3 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 ოქტომბერი. - N177(979). - 1, 2 გვ.
![]() |
104 ედუარდ შევარდნაძე: „სწორი ნაბიჯი მსოფლიოს გაუმჯობესების გზაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
- ბატონო ედუარდ, მოსკოვში შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკასთან რუსეთის მეგობრის კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის ასოციაცია. 4 ოქტომბერს გაიმართა ასოციაციის დამფუძნებელი კრება, რომლის სახელზეც თქვენ გულთბილი წერილი გაგზავნეთ. რას გვეტყოდით ასეთი მოვლენის მნიშვნელობის შესახებ?
საქინფორმის კორესპონდენტის ამ კითხვის პასუხად სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- უწინარეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა და მადლიერების სიტყვები ვუთხრა ამ შესანიშნავი, მეტად დროული, მნიშვნელოვანი და კეთილი საქმის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს. საქართველოს რესპუბლიკასთან რუსეთის მეგობრობის, კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის ასოციაციის შექმნის მნიშვნელობა ძნელია გადაჭარბებით შეფასდეს, რადგან იგი მოწოდებულია დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოება-თანამშრომლობაში, რომლებსაც დიდი ხნის სულიერი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენი კავშირ-ურთიერთობანი დღენიადაგ ვითარდებოდა ორივე მხარის ინტერესებისათვის, ამ ურთიერთობათა განმტკიცების ორგანული მოთხოვნილება კი სულ სხვადასხვა დროს იგრძნობოდა - ჭირსა თუ ლხინში. ამასთან, ეს პროცესი საუკუნეთა მანძილზე ძლევამოსილ ხასიათს ატარებდა სულ სხვადასხვა, ზოგჯერ წინააღმდეგობების პირობებშიც.
დავადექით რა დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ჩვენ უწინარეს ყოვლისა, გამოვაცხადეთ ღია სახელმწიფოს შექმნის საჭიროების აუცილებლობა, რომელმაც საბოლოოდ ხელი აიღო მისთვის იზოლაციონიზმისა და პოლიტიკური კარდახშულობის თავსმოხვეულ იდეებზე. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ახალი იმედების კალაპოტში გადაყვანა შესაძლებელი გახდა იმის მეოხებით, რომ ჩვენ მზად ვიყავით ერთად გვეძებნა საერთო ინტერესები თანამშრომლობის ყველა სფეროში. ეს, ვფიქრობ, შევძელით. მჯერა, რომ იმ პრობლემებს, რომლებიც სათავეს იღებენ ბოლო წლების შფოთიან მოვლენებში, წარმატებით გადავჭრით, რასაც შეუძლია და კიდევაც უნდა შეუწყონ ხელი რუსეთისა და საქართველოს საზოგადოებრიობის საუკეთესო, ინიციატივიანმა და არაგულგრილმა წარმომადგენლებმა. მოსკოვში ახალი ასოციაციის შექმნა მოწმობს კიდეც ასეთ მზადყოფნას - მსოფლიოს გაუმჯობესებისა და ჰარმონიზაციისათვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომაც ესოდენ დიდად ვარ მოხარული, რომ ანალოგიური მიზნების ასეთივე ასოციაცია - რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის, კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საქართველოს ასოციაცია შეიქმნა თბილისშიც.
ურთიერთპატივისცემა, ტრადიციული ნდობა, რომლებითაც ეკიდებიან ერთმანეთს ჩვენი ხალხები და, მე ვიტყოდი, მათი შესანიშნავი წარმომადგენლობის გამაერთიანებელი სიყვარულიც კი საფუძველს მაძლევენ გამოვთქვა რწმენა, რომ დაახლოების ტენდენციები გაიზრდება და გაძლიერდება პოსტკომუნისტური პერიოდისათვის დამახასიათებელი ნარჩენი მოვლენების მიუხედავად, რაც არსებობს ჩვენს, და არა მარტო ჩვენს ქვეყნებში.
მჯერა, რომ ახალი საუკეთესო დროების დამკვიდრებას თავიანთი საქმიანობით ხელს შეუწყობენ ახალი ასოციაციის წევრებიც - რუსეთ-საქართველოს მეგობრობის გულწრფელი მზრუნველები.
ედუარდ შევარდნაძე: „სწორი ნაბიჯი მსოფლიოს გაუმჯობესების გზაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 ოქტომბერი. - N179(981). - 1 გვ.
![]() |
105 დიდი მაგალითი |
▲ზევით დაბრუნება |
ნიკო ნიკოლაძის დაბადების 150 წლისთავისათვის
დღეს ჩვენ დიდი მოაზროვნის, ქართული კულტურის თვალსაჩინო მოამაგის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების 150 წლისთავს აღვნიშნავთ.
ნიკო ნიკოლაძე იმ დიდ ქართველ მოღვაწეთა პლეადას ეკუთვნის, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში თავდადებით იბრძოდნენ ქართველი ერის სულიერი, კულტურული და მატერიალური აღორძინებისათვის, სათავეში ედგნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
ნიკო ნიკოლაძის ნათელი კვალი ატყვია ჩვენს თანამედროვეობას, ხოლო ჩვენი მომავალი ჩვენს აწმყოში ნიკოლაძის იდეებითაც არის ჩაფესვილი.
სავსებით კანონზომიერი და სიმბოლურია, რომ მძიმე კრიზისისა და ძნელბედობის ჟამს, დღევანდელი საქართველო თავის დიდ წინაპარს იხსენებს.
ნიკო ნიკოლაძე იშვიათად, ენციკლოპედიური განათლებისა და უშრეტი შემოქმედებითი ენერგიის მოღვაწე იყო. ის ღრმად, იცნობდა მისი ეპოქის ფილოსოფიურ, ლიტერატურულ, პოლიტიკურ იდეებს, შემოქმედებითად განავითარებდა მათ თავის პუბლიცისტურ ნაწარმოებებში, ქმნიდა ახალ სულიერ ღირებულებებს და ერის კულტურა, ცნობიერება, თვითშეგნება აჰყავდა კაცობრიობის მონაპოვართა დონეზე. ის ევროპას აცნობდა ქართულ ცივილიზაციასა და კულტურას, საქართველოს - ევროპის ცივილიზაციას აზიარებდა. მან დიდი როლი შეასრულა ევროპაში - პარიზში, ციურიხში, ჟენევაში, ლონდონში ქართული კულტურის გავრცელებაში.
ცნობილია, რომ ნიკო ნიკოლაძეს პირადი ურთიერთობა, ნაცნობობა, მეგობრობა აკავშირებდა იმდროინდელი ევროპის, მაშინდელი რუსეთის გამოჩენილ მწერლებთან, მეცნიერებთან, ფილოსოფოსებთან, პოლიტიკოსებთან. ჰქონდა მათთან ნაყოფიერი დიალოგები, მიმოწერა, დისკუსიები.
მან დატოვა დიდი მნიშვნელობის მემკვიდრეობა.
კლასიკოსებს ყველა თაობა და ყველა საუკუნე თავისი თვალებით, ახლებურად, ახალი რაკუსით კითხულობს.
საჭიროა ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მოქალაქეთათვის.
ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება და შემოქმედება კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა იღვწოდეს ქართველი მამულიშვილი, დემოკრატი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტი მოღვაწე ერისა და სამშობლოს კეთილდღეობისათვის, ქართული იდეალების გამარჯვებისათვის.
ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიური და პოლიტიკური აზროვნება ეროვნული იდეების ზოგადსაკაცობრიო იდეალებამდე ამაღლებისა და მათი ლოგიკური ურთიერთშერწყმის შესანიშნავი მაგალითია.
საკმარისია გავიხსენოთ ნიკო ნიკოლაძის დისერტაცია „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“, რომელიც მან ციურიხში დაიცვა და ჟენევაში ცალკე წიგნად გამოსცა. ის დისერტაცია და მასში ჩამოყალიბებული დებულებები დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას და საოცრად ეხმარებიან თვით გაეროს, ევროთათბირის პრინციპებსა და პოსტულარებს ომისა და მშვიდობის, კონფლიქტთა დაძლევის თეორიისა და საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევის სფეროში, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის დარგში, ეს მისი ნაშრომი მე არაერთხელ გადამითვალიერებია გაეროში გამოსვლებისა თუ სხვა საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობის დროს.
ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება და შემოქმედება ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახუროს სამშობლოს, ერს თანამედროვე ჰუმანისტი, დემოკრატი, მწერალი და კრიტიკოსი, პუბლიცისტი და რედაქტორი.
მე მაოცებს ნიკო ნიკოლაძის კოლოსალური, საოცარი ნაყოფიერი მოღვაწეობა: ის თბილისში აარსებს ჟურნალ „კრებულს“, გაზეთებს: „ობზორს“ და „ნოვოე ობოზრენიეს“, პარიზში - ქართულ ჟურნალ „დროშას“, ჟენევაში ჟურნალ „სოვრემენნოსტს“, სანკტ-პეტერბურგში რედაქტორობს „ნაროდნოე ბოგატსტვოს“, ლონდონში თანამშრომლობს გერცენისა და ოგარიოვის „კოლოკოლში“, არის „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ პარიზელი თანამშრომელი, აქვეყნებს წერილებს ნეკრასოვის „სოვრემენნიკსა“ და ჟურნალ „ოტეჩესტვენნიე ზაპისკიში“. შვეიცარიაში სცემს ჩერნიშევსკის თხზულებებს... და მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენაზე წერს და იბეჭდება, ყველგან და ყველაფერში ფეთქავს მისი უკვდავი ქართული სული.
ნიკო ნიკოლაძე ცხოვრების ფილოსოფიით პრაგმატიკოსი იყო. ის აარსებდა არა მარტო გაზეთებს, ჟურნალებს - თბილისში, პეტერბურგში, ჟენევაში, პარიზში და არა მხოლოდ რედაქტორობდა მათ, არამედ ეწეოდა დიდ პრაქტიკულ მოღვაწეობასაც ეკონომიკის სფეროში.
ნიკო ნიკოლაძემ ერთ-ერთმა პირველმა იგრძნო ერის გადარჩენაში ეკონომიკის აღორძინების გადამწყვეტი მნიშვნელობა და სათავეში ჩაუდგა ქალაქ ფოთისა და მისი ნავსადგურის აღმშენებლობას.
მან ამ დარგში წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, საოცარი ინტუიციით იგრძნო ფოთისა და მისი ნავსადგურის მნიშვნელობა საქართველოსა და კავკასიის ეკონომიკის განვითარების საქმეში.
ამ თვალსაზრისითაც ნიკო ნიკოლაძე ჩვენი თანამედროვეა. ფოთი და მისი ნავსადგური დღესაც საერთაშორისო ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროექტებშია ჩართული, თვით „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის“ ცნობილ სისტემაში.
ის, რაც ფოთში გააკეთა ნიკო ნიკოლაძემ იმ დროისათვის იყო დიდი ეკონომიკური და სამრეწველო ექსპერიმენტი. იქნებ ბევრს გაუკვირდეს ეს შედარება, მაგრამ მაინც ვიტყვი, გარკვეულწილად ამ საუკუნის 70-იან წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული ფოთის ექსპერიმენტი ნიკო ნიკოლაძის იდეებითა და პირადი მაგალითითაც იყო შთაგონებული. ნიკო ნიკოლაძე პარიზში ეძებდა ინვესტიციებს ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების ასამუშავებლად.
მეთაურობდა ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებას საზღვარგარეთ, ძნელია ჩამოვთვალოთ ყველა მისი ინიციატივა და ექსპერიმენტი. ის ერთნაირი გატაცებით ქმნიდა სულიერ და მატერიალურ ღირებულებებს.
ბევრმა იქნებ დღეს არც იცის, რომ ნიკო ნიკოლაძემ უდიდესი ამაგი დასდო ამიერკავკასიის რკინიგზის, თბილისის წყალსადენის და მრავალი სხვა „პროზაული“, პრაქტიკული საქმეების ხორცშესხმას. დღესაც ინტერესმოკლებული არაა მის მიერ გამოთქმული აზრი გროზნო-ფოთის ნავსადენის მშენებლობის შესახებ.
წინაპართა ამაგი არ უნდა დავივიწყოთ.
ნიკო ნიკოლაძე იყო ჭეშმარიტი ახალი ადამიანი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიაში - სულით ხორცამდე ქართველი, ცხოვრებისა და საქმიანობის ევროპული ყაიდით, ტოლერანტული თავის შინაგანი ბუნებით.
კაცი გამორჩეული ნიჭით, გონებით, ცოდნით, რეალობის მძაფრი შეგნებით და მომავლის განჭვრეტის შესაშური უნარით. როგორ ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს ასეთი ადამიანები!!!
ნიკო ნიკოლაძე გამონაკლისს არ წარმოადგენდა.
შემთხვევითი არ იყო, რომ ილია ჭავჭავაძემ ერის გადასარჩენად ბანკი გახსნა და ფინანსებს მოჰკიდა ხელი, ხოლო აკაკი წერეთელი ჭიათურის მანგანუმის მაღაროს შექმნას და ამუშავებას ცდილობდა...
ამ კლასიკურ, ისტორიულ მაგალითებს ღრმად უნდა ჩაუფიქრდეს ყველა ჩვენთაგანი, ქალაქის მერი, ბანკირი, ფინანსისტი, პარლამენტარი, მოქალაქე...
ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა ორი სასტიკი და მრისხანე საუკუნის მიჯნაზე, ისტორიული ქარტეხილების დროს, ცარიზმის, რუსეთის ე.წ. სამი რევოლუციის პერიოდში, მენშევიკურ საქართველოში. იყო გადასახლებაში, ემიგრაციაში, იჯდა პეტერბურგის ციხეში, ცხოვრობდა საქართველოში, როცა ის ცარიზმის იმპერიის ორ გუბერნიას წარმოადგენდა. იმ პერიოდში, როცა აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მას არასდროს დაუკარგავს სწორი ორიენტირი, შორსმჭვრეტელობა, ყველა ეპოქაში დიდ ქართულ ეროვნულ საქმეებს აკეთებდა, ერისთვის ყოველთვის საჭირო კაცი იყო, განზე არ გამდგარა, წუწუნი არ დაუწყია, უკეთეს დროს არ დალოდებია. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდა, მით უფრო ძლიერი ენერგიით ემსახურებოდა თავის ხალხს.
როგორც იტყვიან, ცხოვრების ყველა ზვირთში ერია.
ნიკო ნიკოლაძე დიდი ილია ჭავჭავაძის ოპონენტი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ილია ჭავჭავაძეზე შესანიშნავი, ობიექტური ლიტერატურული ნაშრომები გამოექვეყნებია.
მე დღეს ნება მივეცი ჩემ თავს, რამდენიმე სიტყვა მეთქვა ჩვენი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოღვაწეზე, მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხაზი გამესვა დიდი მაგალითის მნიშვნელობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ეს დიდი მაგალითიც მოგვანიჭებს ძალას, შეგვმატებს ენერგიას, რათა ხორცი შევასხათ დიდ წინაპართა ოცნებას, განუყოფელი, და აყვავებული სამშობლო. მჯერა ეს ასე იქნება. ასე სჯეროდა ნიკო ნიკოლაძესაც.
ედუარდ შევარდნაძე.
დიდი მაგალითი : ნიკო ნიკოლაძის დაბადების 150 წლისთავისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 ოქტომბერი. - N180(982). - 1 გვ.
![]() |
106 ედუარდ შევარდნაძეს გადაეცა გერმანიასაქართველოს საარქივო დოკუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
6 ოქტომბერს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გერმანიის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კულტურის საკითხებში ქალბატონი უილტრუდ ჰოლიკი. მან ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გადასცა გერმანია-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი საარქივო მასალები - 1889 წლიდან 1925 წლამდე დიპლომატიური მიმოწერის დოკუმენტები. მათში არის როგორც საიდუმლო, ასევე სრულიად საიდუმლო მიმოწერის მასალები.
- ეს დოკუმენტები, - თქვა ქალბატონმა უილტრუდ ჰოლიკმა, - ამოღებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივიდან, რომელიც მოიძია ქართველმა მეცნიერმა ია თიკანაძემ. ეს არის ნამდვილი განძი ქართველი მეცნიერებისათვის. აქ წარმოჩენილია ის, რომ საქართველომ გადაიტანა მისი თავისთავადობის დამკვიდრების განვლილ ეტაპზე.
სახელმწიფოს მეთაური მიესალმა ამ კეთილშობილურ მისიას, დიდი მადლობა გადაუხადა გერმანელ სტუმარს ძვირფასი განძისათვის.
- მინდა გამოვთქვა დიდი კმაყოფილება იმის გამო, რომ კულტურის სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა საინტერესო ურთიერთობა. ეს ეხება ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების დარგს. ეს არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების, ურთიერთობის ერთ-ერთი გზა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიუნტერ დალჰოპის როლი ამ საქმეში.
რაც შეეხება დოკუმენტებს, ეს უდაოდ ძვირფასი საჩუქარია საქართველოსთვის. მთელი ეს 23 საუკუნე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაა, რის შესახებაც დოკუმენტები გაფანტულია სხვადასხვა სახელმწიფოებში. ახლა დადგა დრო, როცა შეგვიძლია ხელი მიგვიწვდეს ამ საუნჯისათვის. ის, რასაც თქვენ ახლა გვთავაზობთ, ამ ისტორიის ერთი მონაკვეთია. თქვენმა მთავრობამ მაგალითი უჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ საქართველოს ამ მძიმე ვითარების დროს.
შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ დალჰოფი.
ედუარდ შევარდნაძეს გადაეცა გერმანია-საქართველოს საარქივო დოკუმენტები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 ოქტომბერი. - N180(982). - 1 გვ.
![]() |
107 „ჩვენთვის ახლა უმთავრესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეფორმების პროცესის დაჩქარება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და კონსტიტუციის მიღება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 10 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- როგორც ცნობილია, დღეს იხსნება ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის პირველი ფორუმი. თქვენ მისასალმებელი სიტყვით უნდა მიმართოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ჩვენს თანამემამულეებს. საინტერესოა, რას ეტყვის სახელმწიფოს მეთაური მათ? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ:
- მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო ეს კონგრესი ვერ იქნება იდეალურად ორგანიზებული, მისი მოწვევის თვით ფაქტი დიდ მოვლენად მიმაჩნია. მივესალმები მის ყველა მონაწილეს, მადლობას ვწირავ ჩამოსვლისათვის, მხარდაჭერისათვის. მადლობის სიტყვებით მივმართავ საქართველოს, განსაკუთრებით დედაქალაქის მოქალაქეებს სტუმრების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და სითბოსათვის. ასევე მადლიერების სიტყვებით მინდა მივმართო კონგრესის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, რომლებიც ძალიან საჭირო მუშაობას ეწევიან.
- ორი დღის წინათ თქვენ ბრძანეთ, რომ ქვეყანაში დღესაც ბევრი დაობს, სწორი იყო თუ არა აფხაზეთის ვითარების მშვიდობიანი მოგვარების გზა. მას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ დღეს ამ გზას მართლაც ჰყავს მოწინააღმდეგეები, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარები თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ბორის კაკუბავა და ვიცე-პრემიერი თამაზ ნადარეიშვილი აყალიბებენ ახალ ორგანიზაციას, რომელსაც მიზნად ექნება დასახული აფხაზეთის განთავისუფლება. როგორ ფიქრობთ, რამდენად უწყობს ხელს ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნას ის სიტუაცია, რაც დღეს რეალურად არის აფხაზეთში? - და კიდევ - მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალებების ბოლოდროინდელი საინფორმაციო პოლიტიკა იძლევა ამ კითხვის დასმის საფუძველს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ ხშირად სვამენ ხოლმე: რას ვაპირებთ აფხაზეთში? ხომ არ შეიცვალა სამშვიდობო გზა სხვა გზითა და სხვა მეთოდით?
- მე მართლაც განვაცხადე, რომ აფხაზეთის და აგრეთვე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია. და, სხვათა შორის, დავიმოწმე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბატონ რაბინის მიერ ჩემს სახელზე გამოგზავნილი წერილი. საყურადღებო ის არის, რომ ამ წერილში ნათქვამია: ათეული წლების სისხლისღვრის შემდეგ ებრაელებმა და არაბებმა მაინც მშვიდობიანი მოწესრიგების გზა აირჩიეს. მიმაჩნია, რომ, თავისთავად ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, როგორიც უნდა იყოს სიძნელეები და სირთულეები საბოლოო მოწესრიგების გზაზე, ორივე მხარის დიდი გმირობაა. დიახ, გაჭიანურდა პროცესი, ყველა ღელავს და ყველა ნერვიულობს, ყველაზე მეტად კი - ლტოლვილები. სხვათა შორის, ბატონ რაბინის წერილშიც ბევრი რამ არის ამაზე ნათქვამი. დღეს თუ რამ ორგანიზაციების შექმნაა საჭირო, მშვიდობიანი პროცესის ხელშემწყობი საზოგადოებრივი სტრუქტურების ფორმირებაზე უნდა იყოს ლაპარაკი. სხვა დანიშნულებით შექმნილი და ასეთნაირად რეკლამირებული ორგანიზაციები, რბილად რომ ითქვას, მხოლოდ უკუეფექტს იძლევა. თუმცა, მე კარგად არ მაქვს წარმოდგენილი, რა ორგანიზაციის შექმნას აპირებენ, რა მიზნები აქვს. თუ საერთოდ საზოგადოების ძალისხმევაზე, სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანობის საერთოდ ამაღლებაზე ვილაპარაკებთ, მაშინ მთელი ჩვენი ძალები და რესურსები უნდა გაერთიანდნენ იმისათვის, რომ შეიქმნას ის არმია, რომლის საწყისებთან ჩვენ ახლა ვდგავართ და რომლის შექმნასაც ასე თავდადებით ემსახურებიან, უწინარესად, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგანი ჯარების სარდალი და სხვები.
ისე, არსებითად რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველმხრივი კონტაქტები გვაქვს რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ამ დილითაც გაიმართა ძალიან საინტერესო და სავსებით კონკრეტული საუბარი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ბატონ გრაჩოვთან, მხედველობაში მაქვს ბატონ ნადიბაიძის საუბარი. ვიმეორებ, რომ ეს იყო იმ მდგომარეობის მიმოხილვა, რომელიც ახლა შეიქმნა, ლაპარაკია იმაზე, თუ რა არის საჭირო, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს დროში იმისათვის, რომ რეალურ პროგრესს მივაღწიოთ. ასეთი ყოველდღიური კონტაქტები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. საქმით და არა სიტყვით ვცდილობთ ოპერაციის დაჩქარებას.
ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომელზეც არაერთხელ თქმულა, რომ ეს არის კონფლიქტი ერთი ქვეყნის შიგნით და ამჯერად, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მომავალშიც, გარეშე ძალები, რომლებიც წინათ ნეიტრალურ როლს ასრულებდნენ, ახლა თანდათანობით, მეტად არიან დაინტერესებული ამ კონფლიქტის რაც შეიძლება მალე მოგვარებითა და მოწესრიგებით, მხედველობაში მაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნები და, განსაკუთრებით, რუსეთი.
- მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ: დღეს უმთავრესი ამოცანა ჩვენთვის არის კონსტიტუციის მიღება, და იქვე აღნიშნეთ - დღეს ბევრს საუბრობენ საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გვქონდეს თუ საპრეზიდენტო. ჩემი აზრით, საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი პარლამენტი და არანაკლებ ძლიერი პრეზიდენტი. თქვენი აზრით, ხომ არ გაართულებს და დაძაბავს ეს ერთგვარად სიტუაციას პარლამენტში?
- არა მგონია, რომ ეს მოხდეს. კონსტიტუციის მიღება რომ აუცილებელია, ამაზე დღეს არავინ არ დაობს - არც უმრავლესობა, არც უმცირესობა. არც იმაზეა უთანხმოება, რომ კონსტიტუცია დღევანდელმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და ყოველი პარლამენტარი ამაში დაინტერესებულია.
რაც შეეხება სახელმწიფოს ხასიათს, რა თქმა უნდა, აქ დავა იქნება, მაგრამ გადაუჭრელ პრობლემებს აქაც ვერ ვხედავ. თუ შევადარებ, როგორი იყო აზრთა სხვაობა მაშინ, როცა ჩვენ დავიწყეთ მუშაობა კონსტიტუციის პროექტზე და ახლანდელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, თვისებრივად სულ ახალ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავეთა სარედაქციო წევრების ხშირი მივლინებები საზღვარგარეთ და უცხოეული ექსპერტების მუშაობა ჩვენთან, ძალიან დადებით გავლენას ახდენს მთელ ამ პროცესზე. ახლაც დიდი ჯგუფი - 8 კაცი მიდის საბოლოო მივლინებაში. ვფიქრობთ, ეს იქნება დამამთავრებელი კონსულტაციები. ბოლოს და ბოლოს, რაც შეეხება საქართველოს ხასიათს, პრინციპულ საკითხს, საპარლამენტო იქნება, საპრეზიდენტო თუ სხვა, პარლამენტი რომც შეთანხმდეს, საბოლოო სიტყვას მოქალაქენი იტყვიან.
- კონფერენციაზე ბევრმა გამომსვლელმა ისაუბრა მომავალი არჩევნების ტიპზეც - მაჟორიტარული იქნება იგი, თუ პროპორციული. საზოგადოებრიობასაც აწუხებს ეს პრობლემა და ხშირად არის ამის თაობაზე საუბარი. საზოგადოებრიობას ექნება იმის საშუალება, რომ გაეცნოს ახალ საარჩევნო კანონს და თავისი მოსაზრებები გამოხატოს?
- არჩევნების დებულებაზე მუშაობას კონსტიტუციის პროექტის განხილვის პარალელურად დავიწყებთ. მაგრამ, მაინც უმთავრესია კონსტიტუცია. იგი განსაზღვრავს არა მარტო სახელმწიფოებრიობის ძირითად კანონებსა და პრინციპებს, არამედ საფუძველს შექმნის საარჩევნო სისტემისათვის. ვფიქრობ, საარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა ნაადრევად იწყება, თუმცა ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა და არც წავა. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენთვის ახლა უმთავრესია (და ამიტომ, ალბათ, შეიძლება ყურადღებაც ნაკლებია ამ საარჩევნო მზადებასთან დაკავშირებით), ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეფორმების პროცესის დაჩქარება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის მიღება. ამით ვართ, როგორც იტყიან, დაკავებული დღედაღამ.
- გასულ კვირას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თქვენ ბრძანეთ, რომ ზამთრისათვის მოსამზადებლად მიცემული დავალებები სანახევროდაც არ არის შესრულებული. წინა ორშაბათს ინტერვიუში, როცა ნავთობის მოპოვების საქმეში არსებულ უწესრიგობაზე საუბრობდით, გკითხეთ, მოჰყვება თუ არა ამ განცხადებას რაიმე შედეგი-მეთქი. წინა განცხადებას მოჰყვა კონკრეტული შედეგი - განთავისუფლდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. კახეთის ნავთობის ზონას ახლა შინაგანი ჯარები აკონტროლებენ. უჯარმაში მოეწყო ოპერაცია. იმავე კითხვით მინდა მოგმართოთ: მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გაკეთებულ თქვენს განცხადებას ამჯერადაც მოჰყვება თუ არა კონკრეტული შედეგი?
- ქვეყანა ახლა განვითარების ისეთ ფაზაშია, რომ განცხადებათა და გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობა დაუშვებელია, უფრო მეტიც, დანაშაულია. ჩვენ იძულებული ვიქნებით, როგორც იტყვიან, დავემშვიდობოთ ყველას, ვინც ფეხს არ უბამს ან ვერ აუბამს რეფორმებს, არ იზრუნებს სახელმწიფოს ძლიერებისათვის, მისი ბედისათვის. ახლა უმთავრესი ამოცანაა ბოლო მოეღოს საკუთარი ქვეყნის ძარცვა-გლეჯას, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოში და სანამდე მიიყვანა ამ საშინელმა სენმა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, კარგად მოგეხსენებათ, რადგან, სწორედ ის განუკითხაობა, რომელიც საქართველოში მეფობდა, ყოველი მოქალაქის გაღატაკებას და გაუბედურებას იწვევს. ამას ბოლო უნდა მოეღოს. მჯერა, თავს გავართმევთ ამ ამოცანას, თუმცა ეს იქნება ძნელი ბრძოლა, და ეს ბრძოლა ყოველგვარ რეფორმათა წარმატების საფუძველი და გარანტია.
- და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძნელად და მძიმედ, მაგრამ რეფორმა მიდის. ამის დამადასტურებელია სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ თუ ასე გაგრძელდა და საქართველო წავიდა რეფორმების გზით, სავალუტო ფონდიდან იგი 40 მილიონ დოლარს მიიღებს კრედიტის სახით. ამის მაუწყებელი კანცლერ კოლის წერილი თქვენი წერილის საპასუხოდ მანგანუმის პროექტთან დაკავშირებული საექსპორტო კრედიტების შესახებ. ამის დამადასტურებელია დედაქალაქში ბოლოდროინდელი საინტერესო ძვრები. გუშინ გაკეთდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შემცირდება ტარიფები ელექტროენერგიაზე, სასმელ წყალზე. გუშინ ტელევიზიით ისაუბრა ქალაქის მერმა. მან თქვა, რომ ახლა ქალაქის ბიუჯეტი უდეფიციტოა, გარდა ამისა, ფული დაბანდდება მშენებლობაში, და ა.შ.
- რეფორმების პირველი ყლორტები ნათელია. განსაკუთრებით ეს იგრძნობა დედაქალაქში. ბევრ საინტერესოს ვხედავ ქუთაისში. ამ დღეებში ვიქნები იქ და უფრო ღრმად ჩავიხედავ დეტალებში. მოგვიანებით მინდა ვესტუმრო აჭარას და სხვა რეგიონებს. ვიცი, რომ იქაც ასეთივე ძვრებია, მაგრამ საჭიროა უშუალო შეხება პროცესთან.
თბილისელთა პირველი გამოცდილება იმას მოწმობს, რომ რეფორმები სწრაფად მოგვცემს შედეგს სწორედ მოქალაქეთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით. პირველი ეტაპი ძალიან ძნელია, ურთულესია, იწვევს გაღატაკებას და სხვა, მაგრამ თბილისის მაგალითი ცხადყოფს, რომ, თუ რეფორმები განხორციელდება სწრაფი ტემპით და ყველა თავის საქმეს გააკეთებს, იქნება საერთო-სახალხო ზრუნვა შემოსავლების გადიდებისათვის, რეფორმა მართლაც თითოეული მოქალაქის სამსახურში ჩადგება. ახლა საზოგადოების მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტი, ამაზე ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც ბევრჯერ ვიტყვი და ვიმოქმედებ კიდეც, იმისათვის, რომ ეს ასე იყოს. საშემოსავლო, საგადასახადო სისტემების სრულყოფა, საწარმოთა ამუშავება, პროდუქციის შექმნა, დისციპლინისა და საგადასახადო საშემოსავლო სფეროში კანონიერების განმტკიცება, ხაზინის ქურდების სასტიკად დასჯა, გამოყვანა მზის სინათლეზე ყველასი, როგორი იმუნიტეტითაც უნდა სარგებლობდნენ ისინი და ბრძოლის რა ხერხებსაც უნდა იყენებდნენ. თუ ეს ასე იქნება, მივიღებთ სერიოზულ დახმარებას და სერიოზულ მხარდაჭერას. თქვენ კანცლერ კოლის წერილი ახსენეთ. იქ მარტო ერთ პროექტზე არ არის ლაპარაკი. საქართველოში დიდი მასშტაბის რეფორმების დაწყების გათვალისწინებით და მის შესაბამისად, კანცლერი გვპირდება საგარანტიო ინსტიტუტის, სტრუქტურის, რომელსაც „ჰერმესი“ ჰქვია და ურომლისოდაც გერმანიის ვერც ერთი ფირმა სერიოზულ ინვესტიციებს ვერ გაიღებს, შესაძლებლობების გადახედვას. ამ წლის ბოლოსთვის გვეცოდინება, რა მოცულობისა იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა.
ჩვენი სამთავრობო დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ბატონები ბასილია, იოკობიძე, ჯავახიშვილი, პაპავა, ექსპერტები, რამდენიმე დღის განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდნენ მადრიდში მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან, დონორ ქვეყნებთან და საკმაოდ იმედიანად დაბრუნდნენ. ასე რომ, ლაპარაკი არ არის მხოლოდ 40 მილიონ დოლარზე, ლაპარაკია სტაბილიზაციის ფონდებზე, საკმაოდ დიდი მოცულობის დახმარებებზე, განსაკუთრებით მომავალ წელს. მე ახლა უფრო იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ შევძლებთ ახლო მომავალში გადავიდეთ მტკიცე ეროვნულ ვალუტაზე. ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცესა და სტაბილურობას თითოეული ოჯახისათვის, თითოეული მოქალაქისათვის.
კიდევ ვიმეორებ - თუ ჩვენც ავმოძრავდებით, ქვეყანას ექნება ნამდვილი ბიუჯეტი, ყველა ჩვენგანი გააკეთებს იმას, რაც შეუძლია, თუკი ვივლით ისეთი სერიოზული რეფორმების გზით, რომელსაც ჩვენ დავადექით ამ ბოლო თვეებში - გვექნება ძალიან დიდი და სერიოზული მხარდაჭერა.
„ჩვენთვის ახლა უმთავრესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეფორმების პროცესის დაჩქარება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და კონსტიტუციის მიღება“ : ედუარდ შევარდნაძის 10 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 ოქტომბერი. - N181(983). - 1,2 გვ.
![]() |
108 „ეკონომიკური რეფორმები გადაწყვეტს ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 17 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას დასრულდა კოდორის ხეობის ინსპერტირება, აფხაზეთში დაბრუნდა 19 ლტოლვილი. როგორც რუსული, ისე აფხაზური მხარის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხეობაში ქართული ფორმირებები არ არის, რომ შესრულდება 14 მაისის ხელშეკრულების მეოთხე პუნქტი. სოჭში ოთხმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა. და კიდევ: ოქტომბრის ბოლო რიცხვებში საქართველოში ჩამოვა გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს გალი. აფხაზთა მხარე სპეციალურად უკავშირდება ლტოლვილების დაბრუნების პროცესს, კოდორის ხეობას. ახლა კოდორის ხეობა თავისუფალია, ლტოლვილების დაბრუნების პროცესი კი მაინც ჭიანურდება. უცნობია აგრეთვე სეინერების დაკავების შედეგად აყვანილი ქართველი ტყვეების ბედი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- ერთი მხრივ, ჩვენ წინაშეა აფხაზური მხარის ყოველნაირი მცდელობა გააჭიანუროს, როგორც კი ამას შეძლებს, ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი და ამით დააკანონონ, ყოველ შემთხვევაში ასე ცდილობენ, იმ ეთნიკური წმენდის შედეგი, რომლის მოწმეც მთელი მსოფლიო გახდა. სამწუხროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაც, რუსეთიც, რომელმაც კონფლიქტის მოწესრიგებაში განსაკუთრებული მისია იკისრა, ჯერჯერობით, უძლური არიან რაიმე რეალური და სერიოზული გააკეთონ სამართლიანობის აღსადგენად, გაწამებული და გატანჯული ადამიანების უფლებების დასაცავად. ლაპარაკია სიცოცხლის უფლებაზე, თავის მშობლიურ კერაზე დაბრუნებაზე. ცინიზმისა და ელემენტარული საერთაშორისო ნორმების ფეხქვეშ გათელვის ნიმუშია ქართველ მეთევზეთა დატყვევება აფხაზი მეკობრეების მიერ. სამწუხაროდ, მე უკვე დავრწმუნდი, რომ ეს სანქცირებული იყო მაღალი ხელმძღვანელების მიერ. საკვირველი ის არის, რომ ისინი, ვისაც ეს ეხება და ვისაც მოსთხოვეს ამ ადამიანების დაუყოვნებლივ განთავისუფლება, ისეთ იერს იღებენ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და უმწეოდ ხელებს ასავსავებენ. ეს ასე ვერ გაგრძელდება.
მეორე მხრივ, სოჭში მოლაპარაკებაზე მაინც იქნა მიღწეული უმნიშვნელო პროგრესი, კერძოდ, ოქტომბერში ლტოლვილთა მცირე ნაწილის დაბრუნების შესახებ. ახლა არ მინდა ვთქვა იმ 19 მოქალაქეზე. ეს, უბრალოდ ლაპარაკადაც არ ღირს. აქ შედარებით უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფზეა ლაპარაკი, მაგრამ ესეც ძალიან უმნიშვნელოა. ლაპარაკია აგრეთვე ოთხმხრივი კომიტეტის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ლტოლვილთა უსაფრთხოებისადმი კონტროლის დასაწესებლად, იზრუნებს დროებით ადგილნაცვალთა ადაპტაციაზე ახალ პირობებში. ვნახოთ, როგორ შესრულდება მიღწეული შეთანხმებები.
რაც შეეხება გაეროს გნერალური მდივნის ჩამოსვლას, უდავოდ, მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის ჩამოსვლაზე სერიოზულ იმედებს ვამყარებთ. იგი საკმაოდ კარგად იცნობს კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში შექმნილ ვითარებას, კონფლიქტებს, ამ კონფლიქტების გენეზისს, მათს უმძიმეს შედეგებს. გენერალური მდივანი აქტიურად მონაწილეობდა ყველა რეზოლუციის მომზადებაში, შედგენაში, განხილვაში, მიღებაში, რაც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. აქ ჩამოსვლა უფრო ნათელ წარმოდგენას შეუქმნის გენერალურ მდივანს იმ გზებზე, რომელთა მეშვეობითაც კავკასიაში მშვიდობა უნდა დამყარდეს. მე დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრებს. ჩვენ გვექნება საშუალება საფუძვლიანად და არსებითად განვიხილოთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კონფლიქტის მოწესრიგებასა და სხვა პრობლემებთანაც.
- გასულ კვირას თქვენ ქუთაისს ეწვიეთ, ეს ის ქალაქია, სადაც დიდი მონდომების საფასურად ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ქუთაისის თაობაზე თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ. ქუთაისთან დაკავშირებით იყო თქვენი სპეციალური დადგენილება. და მაინც, რა ნახეთ ქუთაისში ჩასვლისას?
- ქუთაისის ექსპერიმენტების მნიშვნელობაზე ბევრი ვილაპარაკე იქაც და აქაც - ჩამოსვლის შემდეგ. მართლაც ბევრია საყურადღებო და გასაზიარებელი. უპირველესად, ქუთაისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს მრეწველობისა და ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის გამოცოცხლება. პირველი შედეგები თვალნათელია. ზოგიერთი საწარმო უკვე კარგი დატვირთვით მუშაობს. ძალიან გამახარა იმ ზრუნვამ, რომელსაც ქუთაისელები იჩენენ სოციალურად დაუცველი ფენების მიმართ, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. მე ვნახე საბავშვო ბაღები და საბავშვო შთაბეჭდილება დატოვა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ მრეწველობა გამოცოცხლდა და დაიწყო მუშაობა. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ აგრეთვე ის ორგანიზაციები, სტრუქტურები, რომლებიც უშუალოდ ზრუნავენ საქალაქო და რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისათვის. ბევრი რამ არის გაკეთებული წესრიგის განმტკიცებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
გუშინ მე შევხვდი ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს და მოვუწოდე მათ ახლებური მიდგომებისათვის ეკონომიკაში, ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, დამნაშავეობასთან, კერძოდ, კორუფციასთან, რესეთთან ბრძოლაში.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ბევრი რამ საინტერესო და სამაგალითოა ამ მხრივ აჭარაში, სადაც უახლოეს ხანს ვაპირებ ჩასვლას და ყოველივე იმის საფუძვლიანად შესწავლას, რასაც აჭარაში ჩვენი მეგობრები აკეთებენ.
არაერთხელ აღმინიშნავს აგრეთვე, ის ძვრები, რომლებიც რეალურად არის თბილისში, დედაქალაქის ეკონომიკაში, მისი ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ გააკეთა დედაქალაქმა წესრიგის აღდგენისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალაქის პოლიციის როლსა და დამსახურებას. ყველა ჩვენგანი უნდა ეხმარებოდეს და მხარს უჭერდეს პოლიციას და ქალაქის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში. ახლა მთავარია რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელებმა ეძებონ თავიანთი ადგილი ეკონომიკურ გარდაქმნებში, არსებითად ახალი ეკონომიკის, ახალი სახელმწიფოების მშენებლობაში.
ამ დღეებში საშუალება მქონდა კონკრეტულად მეთქვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გრდაიქმნას ცენტრალური უწყებების მუშაობა, ცენტრი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ახლებურად ის ორგანული კავშირი ახალი მოვლენების გათვალისწინებით. ცენტრი - სამინისტროები, უწყებები, დეპარტამენტები და სხვები უნდა მუშაობდნენ რაიონებისა და ქალაქებისათვის. ამჩნევდნენ იოდისოდენა დადებითსაც კი და ეხმარებოდნენ, რომ ეს მარცვალი გაღვივდეს, შედეგი მოიტანოს, მოძრაობაში გადაიზარდოს. ასეთი რამ ბევრ რაიონში ხდება. გუშინ, მაგალითად, ნინოწმინდის გამგებლის ბატონ არზუმანიანის გამოსვლა მოვისმინე. ძალიან მოაზროვნე და სერიოზული პიროვნებაა. მე მას მესამედ მოვუსმინე, რამდენჯერმე შევხვდი, იგი მართლა ზრუნავს თავისი რაიონისათვის და ზრუნავს რესპუბლიკისათვის. მისი გუშინდელი გამოსვლა, ასე ვიტყოდი, იყო გულისტკივილის ამოძახილი - ბევრი რესპუბლიკური უწყება და მათი ხელმძღვანელები ისე იქცევიან, ვითომც მათ არ ეხებათ ის, რომ რაიონებში არის დოვლათი, რომელიც იღუპება და ლპება, მაშინ როცა ხალხი შიმშილობს. ჩვენი ცხოვრების დღევანდელი ეტაპი მიგვანიშნებს, რომ ძირეული ძვრები საჭიროა არა მარტო რაიონებისა და ქალაქების, არამედ ცენტრალური უწყებების საქმიანობაშიც. სამწუხაროდ, ბევრს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მათ ეს გაიგონ.
- ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვენ კონკრეტული სამსახურების მიმართ გამოთქვით ძალიან მძაფრი შეფასებები - საბაჟო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგზაო პოლიციის, კავშირგაბმულობის სამინისტროს, ცელკეული გამგებლების, ქალაქის, მერების, პარლამენტარების და ა.შ. ფაქტობრივად, ზოგიერთ ხელმძღვანელს იქვე მოუწოდეთ, რომ დატოვონ პოსტები პირადი განცხადებების საფუძველზე. მიმდინარე რეფორმების პირობებში, ალბათ, ამგვარი განცხადებები თუთქვენ მიერ ხელმოწერილი ბრძანებები გარკვეული პირების განთავისუფლების თაობაზე, არცთუ იშვიათი იქნება...
- ახლა იმდენად გამოსვლებსა და შეფასებებს არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც პრაქტიკულად საქმეებს ამ შეფასებისა და დასკვნების რეალიზაციაში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ გამოვიყენებ ჩემს უფლებებს, რათა სიტყვა-სიტყვად, გაფრთხილება-გაფრთხილებად, მოწოდება-მოწოდებად არ დარჩეს. ყოველივე ეს ეხება სახელმწიფოებრივი სტრუქტურების თითქმის ყველა რგოლს (და არა მარტო სახელმწიფოებრივ სტრუქტურებისა), ამასთან, გამოვთქვამ, იმედს, რომ სათანადო დასკვნები გაკეთდება. ზოგს, ვინც თავს ვერ ართმევს მოვალეობას, ეყოფა სინდისი, თვითონვე გააკეთოს განცხადება და თვითონვე ჩამოშორდნენ დაკავებულ თანამდებობას, ვინც ამას ვერ მიხვდება - არსებობენ ხელისუფლება და სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი.
- როგორც ძალისმიერ სტრუქტურებთან, ისე გამგებლებთან შეხვედრისას თქვენ რამდენჯერმე გაიმეორეთ, თუ მუხლები გიკანკალებთ, თუ გეშინიათ - ვერაფერს გააკეთებთო. მერე, რამდენჯერმე, ასეთი კითხვაც დასვით, რის გეშინიათო, რომ თუ ამ ადამიანებს ასეთი პოზიცია ექნებათ, მაშინ მაფიასთან ბრძოლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აქ მარტო შიშია, თუ არის კიდევ სხვა მიზეზები, თუნდაც ის, რასაც უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა იგორ გიორგაძემ სახელმწიფო რეკეტი უწოდა?
- შიშიც არის და კიდევ სხვა რამეც, კერძოდ: ბევრს, როგორც იტყვიან, მორალური უფლება არა აქვს იბრძოლოს რეკეტის, კორუფციის, გამომძალველობისა და სხვა დანაშაულებათა წინააღმდეგ, რადგან თავად არის რაღაცეებში ჩართული. მე ვთქვი, რომ უპირველესი ამოცანაა გაიწმინდოს სამართლებრივი ორგანოები სწორედ ასეთი ადამიანებისაგან. თუ ეს ბერკეტები - სამართლებრივი ორგანოები სრული დატვირთვითა და მასშტაბით ვერ ამოქმედდებიან, ისე ძალიან ძნელია ლაპარაკი ორგანიზებული დამნაშავეობის დაძლევაზე. ახლა მიმდინარეობს მწვავე ბრძოლა (მინდა ამას მხარი დავუჭირო) შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის სისტემაში. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ ხდება თბილისის გარნიზონში. ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ. იცით, სულ რამდენიმე თვის წინათ რა ვითარებაც იყო საქართველოში - სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებები, ხანდახან გვიჭირდა კიდეც იმის აღრიცხვა, სად, რომელი ბატალიონი და რომელი სახეობის შეიარაღებული ფორმირება მოქმედებდა. ახლა უკვე მთავრდება ერთიან შეიარაღებულ ფორმირებათა ჩართვა სამინისტროში, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამოძრავდა პროკურატურა. ასევე მნიშვნელოვან მუშაობას ეწევა საკუთარი რიგების გასაწმენდად უშიშროების სამსახური. ამით ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ, როცა სახელმწიფო რეკეტზე ვლაპარაკობთ, მასთან ბრძოლა სწორედ ძალისხმიერი სტრუქტურების გაწმენდით უნდა დავიწყოთ, რადგან, თუ არსებობს სახელმწიფო რეკეტი, ეს, უწინარესად, ამ სტრუქტურებში მოკალათებულ ელემენტებთან არის დაკავშირებული. ან თუნდაც ისეთი მოვლენა, როგორიც არის ტერორიზმი და ტერორი. სხვათა შორის, ვერ გეტყვით, რომ იმ ფაქტებში, რომლებმაც აღაშფოთა საზოგადოებრიობა - მოკლეს ქალაქის პროკურორი, თამბაქოს ფაბრიკის დირექტორი, თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. დარწმუნებული ვარ, ამ ტერორში არის სწორედ ის, რასაც სახელმწიფო რეკეტი ჰქვია: სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულმა ან სხვადასხვა სტრუქტურებს მიტმასნილმა ელემენტებმა ანგარიში გაუსწორეს ადამიანებს. მე მიმაჩნია, რომ თუ სამართალდამცავი ორგანოები თავის რიგებს გაწმენდენ და თავის ამოცანას შეასრულებენ, რეკეტსაც და კორუფციასაც ბოლო მოეღება.
- შარშან ამ დროს საქართველოში სამოქალაქო ომი იყო. რადიოინტერვიუებსა და სხვა გამოსვლებში უმეტესად ლაპარაკობდით დაპყრობილ ქალაქებზე, იმ გაუტანლობასა და ღალატზე, რაც იყო იმ დროს საქართველოში. გასულ კვირას გაიმართა შეხვედრები ქუთაისში, გამგებლებთან, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, სადაც მსჯელობა იყო რეფორმების მიმდინარეობაზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, მართალია, ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც წინა პლანზეა ეკონომიკაზე მსჯელობა და ეკონომიკური ინტერესები, ეკონომიკური აზროვნება იწევს. ეს თუნდაც შარშანდელთან შედარებით, სხვა წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვისებრივად განსხვავებული მომენტია ქვეყნის ცხოვრებაში.
- თქვენ მართალი ხართ. ჩვენ თვისებრივად ახალ ფაზაში შევედით. მართლაც, დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ეკონომიკური რეფორმების სრულმასშტაბიანი დაწყება. საქმე მარტო ფასების განთავისუფლება და ხელფასების შესაბამისობაში მოყვანა არ არის. რეფორმა თანდათანობით ყველა სფეროს ეხება. ადრე ვილაპარაკე ბანკებზე, ცეკავშირზე, სადაც სერიოზული რეფორმები და ძვრები დაიწყო. გარდაქმნები მრავალ სხვა სფეროსაც შეეხო. გუშინ ძალიან საინტერესო, ნამდვილად პროფესიული საუბარი იყო რეფორმებზე მედიცინაში, თანამედროვეობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ეს ძალიან ფაქიზი და რთული სფეროა და, რადგანაც ამ სფეროსაც შევეხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რეფორმები შეუქცევადია, ახლა დღის წესრიგში ბევრი სხვა რამ დგას - ჩვენი ენერგეტიკა, მისი აქციონირება, სხვა ძირითადი საბაზისო დარგების აქციონირება და სხვა მრავალი. სწორედ ეკონომიკური რეფორმები გადაწყვეტს ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედს. ვიმეორებ - ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედს და ვაზუსტებ: სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ეს არ ესმის, ბევრი მათგანი (დაე ნუ მიწყენენ) კვლავ ქუჩური და მიტინგური განწყობილებებით ცხოვრობს. იმეორებენ იმას, რასაც 3-5 წლის წინათ იმპერიის დანგრევამდე ამბობდნენ. ამ პოლიტიკოსების დრო გავიდა, საკმაოდ კარგა ხანია წავიდა მათი მატარებელი. ყველას მოვუწოდებ: დღეს ყველაზე ეროვნული და ყველაზე პატრიოტული, საშვილიშვილო მოქმედება ახალ ეკონომიკაზე დამყარებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე დადებული აგურია, ვისაც როგორ შეუძლია - ზოგს საქმით, ზოგს იქ მისვლით და გაჭირვებული ადამიანების გამხნევებით, ზოგს ამ პროცესში უშუალო მონაწილეობით, თუნდაც ახალი პარტიების შექმნით თუ პარტიათა გაერთიანებით, მაგრამ ისეთი გაერთიანებით, რომელიც ამ პროცესების საპირისპიროდ კი არ იმოქმედებს, არამედ ამ პროცესებს შეუწყობს ხელს, დაამკვირდებს, დააკანონებს მათ. ამ დიდმა საზრუნავმა უნდა გააერთიანოს ყველა ქართველი, საქართველოს ყველა მოქალაქე, რა ეროვნებისაც უნდა იყოს. მინდა სწორედ ამ აზრს გავუსვა ხაზი - ქვეყნის ახალი ეკონომიკა გადაწყვეტს ქართული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ბედს.
„ეკონომიკური რეფორმები გადაწყვეტს ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედს“ : 17 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 18 ოქტომბერი. - N185(987). - 1,2 გვ.
![]() |
109 „ჩვენ აღებული კურსიდან არ გადავუხვევთ, ვიბრძოლებთ, სანამ ქვეყანაში სრული წესრიგი არ დამყარდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირზე 1994 წლის 15 ოქტომბერი
მინდა გამოვხატო განსაკუთრებული კმაყოფილება იმით, რომ დღეს აქ წარმოდგენილი მოხსენებები წინა შეხვედრებთან შედარებით უდავოდ გამოირჩეოდა სიღრმით, სიმწვავით, აქტუალურობით და პროფესიონალიზმით. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ ეს არის. რაც იმას მოწმობს, რომ ჩვენს ერთობლივ მუშაობას უნაყოფოდ არ ჩაუვლია, მით უმეტეს, თუ გარკვეულ შედეგებზეც ვილაპარაკებთ, აქ შეკრებილთა, მთელი ჩვენი საზოგადოების ძალისხმევით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - პრინციპში ჩამოყალიბდა ისეთი საარსებოდ აუცილებელი სტრუქტურები, ინსტრუმენტები სახელმწიფოებრიობისა როგორიც არის სამართალდამცავი ორგანოები, სამართალდამცავი სისტემები, ანუ როგორც ახლა უწოდებენ, ძალისმიერი, ძალოვანი სამინისტროები და უწყებები. მაგრამ, ვფიქრობ, ალბათ, უფრო სწორია ვუწოდოთ სამართალდამცავი, რადგან ეს ეხება და ვრცელდება პროკურატურაზეც, იუსტიციის სამინისტროზეც და სხვ. ვერ გეტყვით, რომ დღეს ეს სისტემები იდეალურად მუშაობენ, თავად მომხსენებლებმაც ძალიან კარგად იციან საკუთარი ნაკლოვანებები. ეს გულახდილადაც ითქვა. მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ ეს უკვე სერიოზული განაცხადია სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და სახელმწიფოებრიობის ფორმირების გზაზე.
ასევე საერთო ძალისხმევის შედეგია ის, რომ ამ თვეების განმავლობაში სერიოზული დარტყმა მიაყენეს დამნაშავეობას. ეს ბევრ ქალაქს, სოფელსა და რაიონს, საერთოდ რესპუბლიკასაც დაეტყო. ეს მხოლოდ ციფრებითა და პროცენტებით არ არის გამოხატული, ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრიც. ასევე მიუკერძოებელია ჩვენი მეგობრების, განსაკუთრებით საზღვარგარეთელი მეგობრების აზრი, რომლებიც გარკვეულად დაინტერესებული არიან საქართველოში არსებული ვითარებით, აპირებენ ითანამშრომლონ ჩვენთან და ერთად აღნიშნავენ, რომ ერთი-ორი წლის წინ წინანდელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ. ახლა ბევრი მათგანი მიიჩნევს რომ საქართველოს ხელისუფლებასთან, მის საქმიან წრეებთან, სამინისტროებთან, უწყებებთან შესაძლებელია ლაპარაკი საქმიანი და პერსპექტიული ურთიერთობის შესახებ. ეს სერიოზული მონაპოვარია. მიმაჩნია, რომ დღევანდელი კვალიფიციური და პროფესიული საუბარი იმის გარანტიაა, რომ ეს კურსი კიდევ უფრო მეტი შეუპოვრობითა და თანმიმდევრობით განხორციელდება.
დღევანდელ თათბირზე რამდენჯერმე ახსენეს 27 სექტემბრის მოვლენები, რომლებსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სერიოზული გართულებებიც, უნდა ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, განსაკუთრებით კი ის სტრუქტურები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, თავის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ლაპარაკი არ ყოფილა რაიმე ძალის გამოყენებაზე, ადმინისტრირებაზე და ა. შ. ყველა თავის საქმეს აკეთებდა ჩუმად, უფლებისა და ძალაუფლების გადამეტების ბოროტად გამოყენების გარეშე.
იმ სტაბილურობის მიუღწევლად, რომლისკენაც მიდის ახლა ქვეყანა, შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური რეფორმების ყველაზე პასუხსაგები ეტაპის დაწყება. ჩვენი კრიტიკოსები, ოპონენტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ რეფორმების დაგვიანებით დაწყებაში. მაგრამ, ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ქვეყანაში, სადაც განუკითხაობაა, თარეშობენ დამნაშავე ელემენტები ლაპარაკი ზედმეტია სერიოზულ ეკონომიკურ გარდაქმნებსა და რეფორმებზე. თუ ქვეყანა ახლა შეუდგა ამ დიდ და საშვილიშვილო საქმეს, ეს იმის შედეგია, რომ ყველამ ერთად, სამართალდამცავი ორგანოების, რაიონების, ქალაქების ხელმძღვანელებმა, სამინისტროების მეთაურებმა და სხვებმა ყველაფერი იღონეს, რათა ქვეყანა სახელმწიფოს დამსგავსებოდა.
როცა სამართალდამცავი ორგანოების გარკვეულ დადებით მუშაობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ მიიღეთ მოსახლეობის, ძირითადი ჯანსაღი პოლიტიკური ძალების სრული მხარდაჭერა. ასეთ დროს, როცა ქვეყანა გარდამავალ ეტაპზეა და დამნაშავეობასთან ბრძოლაც გარდამავალი ეტაპით ხასიათდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს, ხალხის, მოქალაქეთა დამოკიდებულებას. როგორც კი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ თქვენ გაქვთ ბრძოლის უნარი, ხალხი, ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი თქვენთან დადგა. დღეს, ალბათ, თუ ვინმეს უნდა ვუთხრათ მადლობა გარკვეული ძვრებისათვის ამ სფეროში, უწინარესად ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე დგანან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მხარს უჭერენ თავის პოლიციას, უშიშროების, იუსტიციის ორგანოებს, პროკურატურას და ა.შ. ამავე დროს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტრია ის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება თავისთავად არ ხდება. ამ მხრივ ბევრ რამეს აკეთებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც არსებობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სხვა უწყებებთან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ტელევიზიის, პრესის გარკვეული ნაწილის როლიც. მაგრამ უნდა გამოვყო ტელევიზია, რომელზეც შეიძლება გადაუდებლად ილაპარაკო და ლაპარაკობენ კიდეც - ზოგი კარგს, ზოგი - ცუდს. უნდა გითხრათ, რომ ტექნიკის, მატერიალური ბაზის თვალსაზრისით ეს ხალხი ჯოჯოხეთურ პირობებში მუშაობს. ამის მიუხედავად, არ მახსოვს არც ერთი ოპერაცია, დიდი თუ მცირემასშტაბიანი, ლოკალური თუ სხვა, რომ მას ასახვა არ ეპოვოს ტელეეკრანზე. ეს ყველაფერი ადამიანებს უნგრევს რწმენას რომ თურმე შეიძლება დამნაშავეობასთან ბრძოლა. დანაშაულისა და დამნაშავეთა აღკვეთა. ამ მხრივ დიდი მუშაობაა გაწეული და ტელევიზიის დიდ კოლექტივს მინდა მადლობა მოვახსენო.
ახლა რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე: გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის ორი ბრძანებულება. აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ შევამოწმოთ, თუ როგორ სრულდება ისინი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კურსიდან არ ვაპირებთ გადავუხვიოთ, ვიბრძოლებთ, სანამ საჭირო იქნება. ეს ბრძოლა კი, ალბათ, დიდხანს იქნება საჭირო, რათა ქვეყანაში სრული წესრიგი დამყარდეს. ბრძანებულებებში გამოვყავი, როგორც განსაკუთრებული ამოცანა ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ, ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლა, ტერორიზმის წინააღმდეგ ღონისძიებათა მეტი მასშტაბურობა და, საერთოდ, ტერორიზმის აღკვეთა. უნდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით ბევრი სატრაბახო არა გვაქვს. ამ ორი-სამი თვის წინათ ასევე გამოვეცი ბრძანებულება, რომ აუცილებელია გამწვავდეს, გაძლიერდეს როგორც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, ისე მთელი ჩვენი საზოგადოებრიობის ბრძოლა მაფიასთან, მაფიურ კლანებთან, რეკეტთან და კორუფციასთან. ეს უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე, ვთქვათ, ქუჩაში წესრიგის დამყარება, ზოგიერთი ლოკალური ოპერაციის განხორციელება, რადგან ეს მოვლენები გადახლართულია სახელმწიფო სტრუქტურებთან. როგორც აქ აღინიშნება, ამ ელემენტებმა შეაღწიეს სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში. ეს კი, მოგეხსენებათ, რამდენად ხელშემშლელი და მძიმე მოვლენაა, ამიტომ ბრძოლაც, რა თქმა უნდა, უფრო რთული და ძნელი იქნება. მაგრამ, თუ მაფიას, რეკეტს და ორგანიზებულ კორუფციას, რომელიც ასე ფეხმოკიდებულია სახელმწიფო ორგანოებში, არ გამოვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას, ჩვენი რეფორმები განწირულია ჩასაშლელად. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით მუშაობა შეუთავსებელია მაფიურ კლანებთან, მაფიურ კანონებთან. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია ნავთობის მოპოვების პრობლემა საქართველოში, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში მოხერხდა პატარა წესრიგი დამყარებულიყო, ყოველდღიურად 500 ტონის მოპოვებას მივაღწიეთ, მაგრამ, როგორც კი ბატონმა ლანჩავამ ვერ გაართვა თავი საქმეს და მისმა მებრძოლებმაც გვიღალატეს, ისევ 600 ტონამდე შემცირდა. ესე იგი, პრაქტიკულად, 400-420 ტონა ნავთობი იკარგებოდა და იკარგება. ეს მართლაც მაფიური ჯგუფებია. აქ გამგებელი გამოვიდა. ვერ დამარწმუნებს იგი, რომ მის გამგეობაში არავინ არ უჭერს მხარს ამ ჯგუფებს, ნურც ნურავინ შეეცდება დაამტკიცოს, რომ საგარეჯოს, გარდაბნის ან რომელიმე სხვა რაიონის პოლიცია „შეკრული“ არ არის მაფიასთან, უფრო სწორედ, პოლიციის გარკვეული ნაწილი დაქირავებული არა ჰყავთ მაფიოზებს. ბატონი ლევან თედიაშვილი ზის და ცოტა დარცხვენილი გამოიყურება. ვერც მისი ადგილი დავინახე ამ საქმეში, როგორც ორგანიზაციისა და როგორც სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლისა. ჩვენ თანდათანობით რეგიონული სტრუქტურების შექმნისაკენ მივდივართ. არ ვიცი მომავალში რას დავარქმევთ მას, მაგრა, ფაქტი ერთია: თუ არსებობს ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს. იგი უნდა იყოს კოორდინატორი, სასიკეთო ძვრების წარმმართველი და დამამკვიდრებელი. ვერც რაიონების გამგებლებმა, ვერც პოლიციამ, ვერც პროკურატურამ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს, ბევრმა თქვენგანმა ქვეშევრდომმა და კოლეგამ კი ისარგებლა იმით, რასაც მაფია აკეთებს. სახალხო მეურნეობის, ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი მაგალითები.
ასეთ პირობებში არც ნორმალური პრივატიზაცია მოხდება. ეს უზარმაზარი ქონება, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იქმნებოდა ზოგი ჩვენი თაობის ზოგი - ჩვენი წინაპრების ოფლით, სისხლით, შენდებოდა და ეროვნულ სახელმწიფო საკუთრებად იქცა ჩავარდება ისეთი ადამიანების ხელში, რომლებსაც ერთი ფეხის ნაბიჯზეც კი ვერ ენდობი და, რომლებიც, როგორც იტყვიან, თვალწინ ბეწვს ამოგაცლიან. არ შეიძლება საქართველომ ეს დაუშვას! ამიტომაც გამოვეცით სპეციალური ბრძანებულება, ამიტომაც ვუწოდებ მაფიური ელემენტებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო კურსს. შემთხვევით არ გაისმის ეს მოთხოვნები პარლამენტში, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს. ადამიანებს უკვე მობეზრდათ ამაზე ლაპარაკი და ჩვენგან მოითხოვენ რეალურ და კონკრეტულ მოქმედებას.
ბატონ ჯემალ გორგოძეს რეკომენდაცია მე მივეცი ზესტაფონის გამგებლის პოსტზე. ვიცი, რომ იგი აქტიურად გვიჭერს ყველაფერში მხარს. მაგრამ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ძარცვის აღსაკვეთად მან თავისი სიტყვა ვერ თქვა. სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, ათეული, ასეული, ათასობით ტონა გადის და გადის ეს ძვირფასი ლითონი ქვეყნის გარეთ. ვერ თქვეს თავიანთი სიტყვა ვერც ამ და სხვა რაიონებისა და რეგიონების პოლიციამ, პროკურატურამ.
მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო რკინიგზას. აქ ბატონი გულუა ზის და იცის, თუ როგორ პატივს ვცემ მას. ჩვენ ბევრი რამ ერთად გადავიტანეთ აფხაზეთში. ამასთან, საკმაოდ დიდი ხნის კოლეგები და მეგობრები ვართ. მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ რკინიგზის პოლიცია თავის საქმეს ვერ აკეთებს. როგორ აღმოჩნდა 70 თუ 80 ათასი ტონა ჯართი ბათუმში? არც თქვენგან, არც სხვისგან არც ერთხელ არ მახსოვს გამეგონოს - რატომ მიდის ეს უზარმაზარი მასა, კანონიერად თუ უკანონოდ? სხვათა შორის, ყველაზე დიდი უკანონობა კანონიერი გზებით ეძებს გასასვლელს. ვითომ კანონიერი გზებით რომ გაიყიდა საქართველო, ამის მოწმენი ხომ ყველანი ვართ!
დღეს ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ დასვენების უფლება გვაქვს. არავითარი დასვენების უფლება არა გვაქვს, ყველა თავის ადგილას უნდა იყოს, კრიტიკულად აზროვნებდეს თუნდაც ზემდგომი ორგანოების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტილებებს და დადგენილებებს იღებენ. თუ შენ შენი სინდისი გიკარნახებს, მაშინ ხმა უნდა აიმაღლო და დადგე სადარაჯოზე იქ, სადაც სახელმწიფოს ინტერესი წყდება.
აქ ყველა ისეთი მეგობარი დავასახელე, რომელთა მიმართ ნდობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. ისინი პატიოსანი და თავდადებული მებრძოლები და მეომრები არიან. უნდა ვუთხრა ბატონ ფრიდონ ინჯიასაც, რომ ანძის დაწვაში მაფიის ხელი ურევია. მე არ მჭირდება გამოძიება, ვიცი ჩემი დაკვირვებით, რომ ეს მხოლოდ მაფიოზებს შეეძლოთ გაეკეთებინათ - ერთი მაფიური კლანი ვერ მოურიგდა მეორე კლანს. შეიძლება საქართველომ ამ გზით იაროს? ეს არის რეფორმების გზა? როგორ შეიძლება ეს! კავშირგაბმულობის მინისტრი კი თავის სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა. ისიც მებრძოლი კაცია, ბეწვზე გადარჩენილი, უნდა დაეხვრიტათ ერთ-ერთ ხიდდთან, როცა კავშირი უნდა აღედგინა სენაკსა და აბაშაში ჩემი ყოფნისას. სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. იბრძოდა აფხაზეთში, ოჩამჩირეში, სოხუმში და სხვაგან, გვერდში მედგა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თქვენ არ აღმოჩნდით თქვენს სიმაღლეზე. არ ვიცი, ეს გუშინწინ ქუთაისში აღვნიშნე. შევძლებ თუ არა თქვენს დაცვას. ალბათ, ვერ შევძლებ. ვიმეორებ, ახლა ყველაზე საიმედო მეგობრებს ვასახელებ, რომელთა მიმართ საზოგადოებრიობას არა აქვს ეჭვი. თქვენ ვერ დგახართ თქვენს სიმაღლეზე! რაც შეეხება ავტოტრასებს, აქ არის გია ჩეჩელაშვილი, ისიც მებრძოლი კაცია, ერთად ვიყავით, ერთად ვიბრძოდით სამოქალაქო ომის დროს, საკმაოდ მშვიდად დალაგებულად გამოვიდა, მაგრამ შენ თვითონ ხომ იცი, გითხარი კიდეც ერთხელ: როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, რომ მუხლები კანკალს დაგიწყებს, მაშინ უკვე უნდა წახვიდე-მეთქი. ტრასას, რომელიც წითელი ხიდიდან რუსთავამდე გადის, შენ ვერ აკონტროლებ. ისევე, როგორც ვერ აკონტროლებ ტრასას რუსეთის საზღვრიდან - სამხედრო გზას რომ ვუწოდებთ, ისევე როგორც ფოთიდან მომავალ ერთ მონაკვეთს თქვენ ვერ აკონტროლებთ, იქ სხვა ხალხია. რატომ ამას არ ამბობ? იმიტომ, რომ გეშინია! მე არ მინდა სხვა რამ გითხრა. უფრო კეთილშობილურია, რომ გეშინია ვიდრე ის, რომ ვინმესთან სხვა ინტერესებით იყო დაკავშირებული. მოვიდა დრო, რომ ყველაფერი ითქვას, გინდაც იცოდე, რომ ამ ტრიბუნიდან წახვალ და შეიძლება ცოცხალი ვერ მიხვიდე შინ, მაინც უნდა თქვა, თუ გჯერა იმისა, რასაც აშენებ, თუ გჯერა, რომ საქართველო დამოუკიდებელია, დემოკრატიულია, თუ გინდა საქართველომ გაიმარჯოს და ხალხმა ნორმალურად იცხოვროს - ასეთი თავგანწირვაა საჭირო.
მაპატიეთ, თუ ჩემს მეგობრებს ვაწყენინე, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლება. ყველამ ვიცით, როგორ ვუჭერთ მხარს ბატონ შოთა კვირაიას. სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვიყავი, როცა ჩვენი საზოგადოებრიობის ნაწილი მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და იქ საქვეყნოს და საჯაროდ განაცხადა: ბატონო მინისტრო, სანამ შენ ასე იბრძვი და იბრძოლებ, ჩვენ შენთან ვიქნებითო. მაგრამ ამავე დროს არ შემიძლია არ ვუთხრა მას: ვერც ერთი თქვენი თანამშრომელი ვერ დაიძინებს მშვიდად, სანამ აქ დასახელებული სამი ათას რვაასი ძებნილი, მთელი ეს არმია დათარეშობს საქართველოში. თქვენ ძალიან კარგი, მასშტაბური ღონისძიებები განახორციელეთ, დასაბამი მიეცა სერიოზულ ბრძოლას დამნაშავეობასთან და ურომლისოდაც ეს დიდი მოძრაობა არ დაიწყებოდა. მაგრამ ვერ დაიძინებთ მშვიდად, სანამ ვერ დაადგენთ, თუ რამდენი მაფიოზი, რამდენი რეციდივისტი იყო დაკავებული და რამდენია ახლა გარეთ. რა არის ამის მიზეზი. მე კი არ გთხოვთ, მე მოვითხოვ თქვენგან, გიბრძანებთ - დაითხოვეთ ის ხალხი, ვინც ასე მუშაობს! უფრო სწორედ, კი არ მუშაობს, არამედ ვნებს ქვეყანას, საქართველოს. დაითხოვეთ, ვინ უნდა იყოს!
მე მოვითხოვ თქვენგან, ისევე როგორც ბატონების გიორგაძის, ნადიბაიძის, ბაბილაშვილისაგან - წესრიგი დაამყარეთ საკუთარ უწყებებში! ჩვენ ერთხელ უკვე განვიცადეთ, რას ნიშნავს თვითნებობა და თავნებობა. როცა ქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც პირადად მედგა მხარში, აქ შემოვარდა და ლამის პარლამენტი დაარბია. ჩვენ დავითხოვეთ იგი და ახლა იძებნება. მაგრამ არანაკლები ცოდვა აქვს ჩადენილი ბატონ გვენცაძეს და კიდევ რამდენიმე კაცს, როცა მინისტრი მოსკოვში იყო და ლამის გაფიცვა გამოაცხადეს, პიკეტი მოაწყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რა არის ეს? რა საქციელია?! პატარა ბიჭები ხართ, ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრეთ თუ დაწყებითი სკოლა? რა გაფიცობანას თამაშია შინაგან საქმეთა სამინისტროში?! არ მოგწონთ მინისტრი? - დავსხდეთ და სერიოზულად გავარკვიოთ რაშია საქმე. რას იტყვის ის მოქალაქე, რომელიც ხედავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში პიკეტია მოწყობილი და რაღაცა უბედურება ხდება. რაშია საქმე? მეგობრებო, გაფიცვების დრო და ეპოქა საქართველოში დამთავრდა. არის ხალხი, ვისაც აქვს გაფიცვის უფლება. პოლიცია, პროკურატურა, უშიშროების ორგანოები და სხვები სახელმწიფო სამსახურში ხართ, თქვენ ემსახურებით სახელმწიფოს. ის, რაც გამოგყავთ იმ ძველი დროიდან, ბოლო წლები მაქვს მხედველობაში, როცა ხან აქეთ, ხან იქით გადაიხრებოდით, საიდანაც ნიავი დაუბერავდა, იქითკენ ქანაობდით, ის დრო უკვე მოკვდა. ყველამ გაიგეთ, რომ არის სახელმწიფო, რომელსაც უნდა ემსახუროთ. მოვაწყობთ არჩევნებს, მოვა რომელიღაც პარტია ხელისუფლების სათავეში, ემსახურებით იმ სახელმწიფოს, იმ ხელისუფლებას. სახელმწიფოა უმაღლესი! და არა ის, რომ ვიღაცა ვიღაცას აწყენინებს, ან ვიღაცას დაითხოვენ და ამის გამო გაფიცვას აწყობთ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ ამის მსგავსი რაიმე განმეორდება, წავალ დინების საწინააღმდეგოდ - ხელს მოვაწერ ბრძანებას დაიშალოს ის ქვეგანაყოფი, რომელიც ამას გააკეთებს. თუ საჭირო იქნება, შეიძლება უწყებაც დაიშალოს! სხვაგავარად სახელმწიფო განმტკიცებასა და სახელმწიფოს აშენებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. სხვაგვარად დემოკრატიაზე ლაპარაკი ლაყბობაა, თუ არ იქნება წესრიგი, დემოკრატია ვერ განვითარდება. დემოკრატიის ფარი და დამცველი თქვენა ხართ. თუ ასე მივუდგებით საქმეს, ნახავთ, რა იოლად წავალთ ამ რთული რეფორმების გზით.
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩვენს საგადასახო ინსპექციაზე. არა ერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რადგან დავით სალარიძე არ არის ისეთი კაცი, რომ გაამპარტავნდეს და გათამამდეს, თუ გათამამდება - უარესი მისთვის. მან მართლაც ბევრი რამ გააკეთა სასწაულებრივად მოკლე დროში. იმედი გვაქვს, რომ ეს სამსახური თავის მისიას, თავის ამოცანას ბოლომდე შეასრულებს. თურმე მოკლე დროშიც შეიძლება ბევრი რამის გაკეთება. მე ვერ ვიტყვი, რომ საგადასახადო ინსპექციაში სულ ანგელოზები და უცოდველები არიან. ჯერჯერობით, ჩვენ ვიღებთ იმის მხოლოდ 20-25 პროცენტს, რაც უნდა მიიღოს სახელმწიფომ. რადგან ამ თემას შევეხე, მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა საგადასახადო კულტურა ტრადიციად აქციოს. გადასახადის გადახდის წესი უნდა იქცეს ტრადიციად ყველა ოჯახისა და მოქალაქისათვის. ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს თუ გადასახადების საქმე კარგად არის, მაშინ მისი საქმეც კარგად იქნება. შემთხვევითი არ არის, რომ ისეთი უმდიდრესი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ახლაც მუშაობს საგადასახადო სისტემის სრულყოფაზე. ეს უპირველესი საზრუნავია სახელმწიფოსი, ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში.
მინდა მივესალმო საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამხედრო გზა განსაკუთრებულ რეჟიმში ჩადგეს იმისათვის, რომ იგი აღვადგინოთ. მაგრამ ეს სხვა საკითხია. დავუბრუნდეთ ნათქვამს, ხომ მოხერხდა ძალიან მოკლე დროში გარკვეული სამსახურის ჩამოყალიბება? ვიცი როგორ დარბოდა ბატონი სარალიძე პარლამენტში, ფრაქციებთან, მათ ლიდერებთან, სპიკერებთან, ვიცე-სპიკერებთან იმისათვის, რომ კანონით აუცილებელი რაც იყო, მიგვეღო.
ასე, ჩემო ვიქტორ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, მე მოგეცი რეკომენდაცია, დაგამტკიცე პრაქტიკულად საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელად, მაგრამ უნდა გითხრა - შესანიშნავი პიროვნება ხარ, პარლამენტში არაერთხელ დაადასტურე, რომ მხარს უჭერ ჯანსაღ კურსს, ძალიან დიდი დამსახურება გაქვს, ამ სამსახურში კი არ გამოგივიდა საქმე. ამიტომ, მეგობრებო, თქვენ თვითონ მიხვდით, თქვენ აიღეთ სუფთა ქაღალდი და დაწერეთ: ვიწვალე, ჩემი სინდისი სუფთაა, მაგრამ საქმე არ გამომივიდა. გთხოვთ მომაშოროთ ეს ტვირთი. გაძლევთ პირობას, ჩვენ ისევ დავრჩებით თანამებრძოლებად, კოლეგებად, თანამოაზრეებად. თუ მწვავედ ვაყენებ ამ საკითხს, ვაყენებ იმიტომ, რომ მართლაც ძალიან რთულ ფაზაში შევიდა ჩვენი ქვეყანა. მინდა მივმართო გამგებლებს: დადებით მოვლენებში, რა თქმა უნდა, თქვენი სერიოზული წვლილიც არის. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს ქალაქებსა და რაიონებში არ იგრძნობა ის მოძრაობა, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს იმ ქვეყნისათვის, სადაც რეფორმები მიმდინარეობს. ამ საქმეში თქვენს გვერდით უნდა იდგეს პოლიცია, პროკურატურა, უშიშროების სამსახური, სხვები და სხვები. როცა სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა ლაპარაკი, ტონის მიმცემი თქვენ უნდა იყოთ.
უკვე ბევრი ვილაპარაკე იმ ძვრებზე, რომლებიც რეალურად დაიწყო თბილისში. ბავშვივით მიხარია (უკვე მეათეჯერ აღვნიშნე), რომ თბილისელებმა გაბედეს და მთელი ელექტროქსელი საქენერგოდან თავის ბალანსზე აიყვანეს. ბავშვივით მიხარია, როცა თბილისის მერი ამბობს, მეტროპოლიტენი მომავალი წლის პირველი იანვრიდან ქალაქის ბალანსზე გადავაო. ასევე ვერ ვფარავ სიხარულს, როცა ვხედავ, რომ ქალაქის ბიუჯეტი უდეფიციტოა. ახლა ეს ბიუჯეტი ნამდვილად ზრუნავს კულტურის, კულტურის კერებისათვის, ეხმარება თეატრს, სკოლებს, პედაგოგებს, ვთქვათ, ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცა, მაგრამ ეს მილიარდებია, ქალაქის ბიუჯეტმა რომ უნდა დაფაროს.
დიდი შთაბეჭდილება მივიღე ქუთაისში. იქ მართლაც მიდის ბრძოლა, მიმდინარეობს მოძრაობა ახალი წყობის, ახალი ეკონომიკის შენების სულისკვეთებით. უნდა გითხრათ, რომ მოსახლეობა ამას ხედავს. რა თქმა უნდა, ბევრი იყო საჩივარი ბევრი საყვედური მითხრეს. მაგრამ ამავე დროს უკვე მუშაობენ ქარხნები, იქმნება პროდუქცია, დოვლათი გროვდება, ბიუჯეტი ბიუჯეტს ემსგავსება. მოვუსმინე საგადასახადო ინსპექციის, ქალაქის პრივატიზაციის ორგანიზაციის ხელმღვანელებს, ბანკის პრეზიდენტს, სხვებს, ესე იგი, იმ ორგანიზაციებს სადაც აირეკლება მთელი სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა და მივიღო ძალიან დიდი სიამოვნება. შევადარე როგორი იყვნენ ისინი, ვთქვათ ექვსი-შვიდი თვის წინათ და რა დონეზე აზროვნებენ და მუშაობენ დღეს. სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ ბევრ ქალაქსა და რეგიონს, სადაც ეს მოძრაობა გაიშალა. ვერავითარი რესპუბლიკური ბიუჯეტი ვერ გაუძლებს იმ ხარჯებს, რასაც ახლა ჩვენ რესპუბლიკას ვაკისრებთ. თანახმა ვიქნებით გავზარდოთ თქვენი უფლებები ისე, როგორც თბილისელებსა და ქუთაისელებს გავუზარდეთ, მაგრამ თქვენ თვითონ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, რესპუბლიკაში დაგროვილი გამოცდილება უნდა შეისწავლოთ, მათ შორის წესრიგის დაცვის საქმეში, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ.
უნდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტს ველოდი, მაგალითად, რუსთავის მერისგან. რუსთავში პრობლემები არ უნდა არსებობდეს, რადგანაც ასეა თუ ისე, რამდენიმე საწარმო - გიგანტი მაინც მუშაობს, მაინც ქმნის პროდუქციას. გული მწყდება, რომ დღეს რუსთავზე ვერ ვლაპარაკობ ისე, როგორც თბილისსა და ქუთაისზე. შესანიშნავი პიროვნებაა სოსო არეშიძე, ძალიან პატიოსანი, პრინციპული კაცი, მაგრამ, ალბათ, მისი ინიციატივა და შემოქმედებითი ელემენტები ჯერჯერობით საკმარისი არ არის. ამავე დროს ვერ მიპატიებია ჩემთვის და ვერც რესპუბლიკური ორგანოებისათვის, რომ მთელი ორი-სამი წლის განმავლობაში რუსთავი ცნობილი ჯგუფების სათარეშოდ იყო გადაქცეული. ახლა გარკვეული დარტყმა მიაყენეს ერთ ჯგუფს, მაგრამ სულ ერთია, მეორე ჯგუფი დარჩა. როგორ შეიძლება გყავდეს ისეთი მოკავშირეები, როგორიც არიან რუსთაველი მეტალურგები - სინდისის, ნამუსის და ძლიერების განსახიერება - და იქ რაღაც სხვა ძალა თარეშობდეს. არ შეიძლება ამის დაშვება. შენც ასევე იფიქრე, ჩემო სოსო. თუ შეგიძლია ახალი მოთხოვნილებების შესაბამისად იმუშაო. გარდაიქმნა - მხარში ამოგიდგები, მხარს დაგიჭერ თუ არადა, მაშინ უნდა აღიარო, რომ შენი დრო წასულია, სხვა უნდა მოვიდეს და გაუძღვეს ქალაქს. რატომ შაშიაშვილს არ ეშინია? არ არიან ქუთაისში კლანები? ყველა რაიონის გამგებელმა ჩაიხედეთ თქვენ შესაძლებლობებში და გარწმუნებთ, რომ წესრიგიც უკეთესი იქნება და ეკონომიკაც უკეთესად იმუშავებს.
რა უნდა გამგებელს ტრასაზე? რაზე გამოდიხართ? შეიძლება გამოხვიდე, რომ შეამოწმო, ვთქვათ, როგორ მუშაობს პოლიცია და არ აჩერო მანქანები და ჩხრიკო ისინი. რა შენი საქმეა ეს? ლაპარაკია დამნაშავეობასთან ბრძოლის, რეფორმების განხორციელების ახალ ეტაპზე, და სხვა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ადამიანებსა და, უწინარესად, გამგებლებზე. გამგებლების სიტყვას კადრების ფორმირებაში ანგარიშს ვუწევთ მეც და ჩემი კოლეგებიც, რომლებიც სამინისტროთა ხელმძღვანელები არიან.
ამას წინათ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორუმს ვესწრებოდი. შვიდასი ახალგაზრდა იჯდა დარბაზში, სახელგანთქმული, თვალებანთებული, ყველაზე კარგი გაგებით. ამ 19-20-21-22 წლის ახალგაზრდების მსჯელობის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად, როგორ ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება და ასე იყო ნათქვამი: თუ ჩვენ ვისწავლით სახელმწიფოებრივად აზროვნებას, მოვა დრო და ჩვენ გავხდებით საქართველოს ბატონ-პატრონი. აი, ასეთი ხალხი უნდა გახდეს საქართველოს ნამდვილი ბატონ-პატრონი. იმას კი არ ამბობენ, რომ ხელისუფლება დავამხოთ და ჩვენ მოვიდეთო. ფიქრობენ იმაზე, როგორ იაზროვნონ, როგორ აშენონ სახელმწიფო. მინდა მოვუწოდო ყველას - სწორედ ამ პოზიციაზე დავდგეთ, პოლიციელიც, გამგებელიც, პარლამენტარიც. ყველამ ვიაზროვნოთ და ვიმუშაოთ სახელმწიფოებრივად, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მაშინ გაიმარჯვებს რეფორმაც, გაიმარჯვებს საქართველო!
„ჩვენ აღებული კურსიდან არ გადავუხვევთ, ვიბრძოლებთ, სანამ ქვეყანაში სრული წესრიგი არ დამყარდება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 ოქტომბერი. - N188(990). - 1,2 გვ.
![]() |
110 „თანამეგობრობის განმტკიცებამ, ინტეგრაციული პროცესების განვითარებამ უდავოდ უნდა მიგვიყვანოს საერთო ჰარმონიამდე“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 24 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- ტელევიზიით თქვენ საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ მოსკოვის შეხვედრის შედეგების, ეკონომიკური ინტეგრაციის, კოლექტიური უსაფრთხოების, ვალუტების ურთიერთკონვერტირებადობის, გამჭვირვალე საზღვრის შესახებ და ა.შ. გუშინდელ შეხვედრაზე თბილისელებთან თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიმიტიული წარმოდგენების პერიოდი, როცა ანგარიში არ გავუწიეთ რეალობას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ან საბჭოთა კავშირის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, ან იგი ზედმეტად ჩქარა და ალოგიკურად დაინგრა მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად, ან ჩვენ უბრალოდ რეალობას ვითვალისწინებთ. თუმცა, შეიძლება იყოს სხვა ახსნაც - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა გაცილებით რბილი და ცივილიზებული სტრუქტურაა, ვიდრე თავის დროზე იყო საბჭოთა კავშირი, - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
ხომ არ არის რაიმე კავშირი დღევანდელ თანამეგობრობასა და ყოფილ საბჭოთა კავშირს შორის, ხომ არ არის რაიმე ურთიერთობა იმპერიისდროინდელ სისტემებთან, ხომ არ იყო შეცდომა საბჭოთა კავშირის დანგრევა? მიმაჩნია, რომ ყველა ეს კითხვა სავსებით კანონზომიერია. ადამიანთა მეხსიერებიდან ასე იოლად არ წაიშლება წარსულის მძიმე მემკვიდრეობა თავისი ტრაგიკული შედეგებით. თუმცა იმ წარსულიდანაც უნდა ავიღოთ ის, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის თანაცხოვრების, ახალი წესების დამკვიდრებას, და, ზოგიერთ შემთხვევაში, ბევრი რამ შეიძლება საფუძვლადაც კი გამოდგეს ცალკეული მიმართულებებით, ის, რაც, ბოლოს და ბოლოს, ხელს უწყობს ახალი სამყაროს მშენებლობას, ახალი სამყარო კი სხვა არაფერია, თუ არა ახალი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოს შორის.
როგორც გუშინ ვთქვი, გულუბრყვილო წარმოდგენის დრო ყველა ქვეყნისათვის დამთავრდა. ილუზიების პერიოდი არა მარტო საქართველოს ჰქონდა, ამით ყველა იყო დაავადებული, მათ შორის, ყველაზე დიდი ქვეყანა რუსეთიც და სხვებიც: აი, განთავისუფლდით რაღაც ტვირთისგან და მერე კარგად ვიცხოვრებთო. არ გამოვიდა ასე. ეკონომიკური აღმავლობის, მეცნიერების ინტეგრაციის მიუღწევლად (მეცნიერებას განსაკუთრებულად ხაზგასმით გამოვყოფ, მხედველობაში მაქვს ახალი ტექნოლოგიები), გარესამყაროსთან კავშირის გარეშე, უწინარესად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცესთან, ძალიან ძნელია ილაპარაკო დამოუკიდებლობაზე, დემოკრატიული ქვეყნის აშენებაზე, რადგან ყველაფრის საფუძველი მაინც ახალი საბაზრო ეკონომიკა უნდა გახდეს, ხოლო საბაზრო ეკონომიკა ინტეგრაციის გარეშე არ შეიქმნება. ასეთია მოწინავე ქვეყნების მაგალითი. ასეთია ევროპის, აზიისა და სხვა კონტინენტების იმ ქვეყნების მაგალითი, რომლებიც 30-40 წლის წინათ გაცილებით მძიმე და რთულ ვითარებაში იყვნენ, ვიდრე დღეს საქართველოა. ამჟამად ისინი აყვავებულიქვეყნები არიან.
არაერთხელ მითქვამს, რომ აგვისტოს „პუტჩმა“ რუსეთში განაპირობა იმპერიის უმართავი დემონტაჟი. მაშინ ყველა ეიფორიამ მოიცვა, როცა „სუვერენიტეტების პარადი“ მოეწყო, ძალიან ცოტას ფიქრობდნენ მომავალ სირთულეებზე, რომლებსაც ამ გზაზე ყველა ხალხი წააწყდებოდა. რა თქმა უნდა, დემონტაჟი გარდაუვალი იყო. მაშინაც და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ იგი უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად. ამ შემთხვევაში კატაკლიზმებს, რომლებსაც შევეჯახეთ და, რომლებსაც, სამწუხაროდ, მძიმე შედეგები მოჰყვა თითოეული ოჯახისთვის, ავცდებოდით. განსაკუთრებით კი ეკონომიკურს. მართალია, ეკონომიკური კავშირის შენარჩუნება იმ სახით, ალბათ, ძნელი იყო, მაგრამ იმ საფუძველზე ახალი კავშირურთიერთობის აშენება - სავსებით შესაძლებელი, ყოველ შემთხვევაში იგი ასე სტიქიურად არ უნდა დაშლილიყო. ყველა ხელმძღვანელი იმპერიის დანგრევის აუცილებლობას ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა. მახსოვს, ჯერ კიდევ 1985-87 წლებში მიმდინარეობდა დისკუსია კონფედერაციულ ურთიერთობაზე გადასვლის თაობაზე, იყო ზეწოლა რესპუბლიკებიდან. იმ პერიოდში, იმ ეტაპისათვის კონფედერაცია საოცნებო მდგომარეობა იყო. მაშინდელ პოლიტბიუროებსა და ხელმძღვანელ ბირთვში, ბევრი რესპუბლიკის ხელმძღვანელის შეგნებაშიც ლაპარაკი ახალ ურთიერთობაზე, საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. მერე, როცა კონფედერაციის იდეა დაძველდა, დაიწყო ლაპარაკი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე, მაგრამ არა იმ ფორმითა და გაგებით, როგორც შემდეგში მივიღეთ. ეს იდეაც მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა იგიც უკვე დაგვიანებული იყო. იმ ეპოქის, იმ დროის ყველაზე მძიმე შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ ჩამოვრჩით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ცხოვრება გვიყენებდა, ამიტომაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ვერ ასცდნენ მძაფრ მოძრაობებს. საჭირო გახდა ბევრი რამის კორექტირება. მოსკოვის შეხვედრებთან დაკავშირებით შევჩერდები რამდენიმე საკითხზე. რადგან მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქეს უნდა აინტერესებდეს, რა ხდება დღეს თანამეგობრობაში.
თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ახლანდელ შეხვედრაზე უმაღლეს, სახელმწიფოს ხელმძღვანელთა დონეზე მიღებულია ორი-სამი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ამის შესახებ რამდენიმე სიტყვას კვლავ გავიმეორებ.
პირველი - მემორანდუმი თანამეგობრობის წევრ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ინტეგრაციული განვითარების ძირითად მიმართულებათა შესახებ. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია ეკონომიკური ინტეგრაციის პრინციპები და აქედან გამომდინარე პრაქტიკული გადაწყვეტილებები. ამასთან მემორანდუმში ასახვა ჰპოვა ისეთმა საკითხმა, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების დებულების შემდგომი სრულყოფა და განვითარება, რაც ითვალისწინებს: მოთხოვნას თანამეგობრობის სივრცეში შეიარაღებული კონფლიქტების დაუშვებლობის შესახებ შემდგომი მექანიზმების დამუშავებით; ამ ქვეყნების სამხედრო ძალების შეიარაღების პრობლემა; კოლექტიური სამშვიდობო ძალების მოქმედების ამოცანებს ამა თუ იმ რაიონში კონფლიქტების კვლავაც გაჩაღების შემთხვევაში; ექსტრემალურ პირობებში კოლექტიური მოქმედების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წინადადებების ფარგლებში; თანამეგობრობის ქვეყნების გარე საზღვრების ერთობლივი დაცვის ზოგიერთი პრინციპის განსაზღვრას. რაც შეეხება თანამეგობრობის სახელმწიფოთა შორის ღია საზღვრების საკითხს, მემორანდუმში ნათქვამია, რომ ასეთმა პრაქტიკამ არავითარ შემთხვევაში ზიანი არ უნდა მოუტანოს თანამეგობრობის ქვეყნების სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს მნიშვნელოვანი დებულებაა და იგი ახალი საზღვრების აშენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს. ლაპარაკია ადამიანის უფლებათა დაცვის, ჰუმანური თანამშრომლობის საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში. მიღებულია დოკუმენტი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ. სასიამოვნოა, რომ ყველა ეს დოკუმენტი ასე თუ ისე პასუხობს მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს.
და რაც მთავარია, ეს შეხვედრა გამოირჩეოდა ძალიან დიდი ურთიერთგაგებით, კარგი განწყობით, მიმდინარეობდა ურთიერთპატივისცემისა და ანგრიშგაწევის ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ამით დაიწყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სიცოცხლისუნარიან გაერთიანებად ჩამოყალიბების აქტიური პროცესი, ამ ქვეყნების შეთანხმებული მოქმედება სახელმწიფოთაშორისი, საპარლამენტთაშორისი ურთიერთობის დონეზე. ამ შეხვედრასთანაა დაკავშირებული ურთიერთმოქმედების რეალური მექანიზმების შექმნა, რომელსაც შეეძლება მიიღოს სავალდებულო, გარკვეულ კომპეტენციათა ფარგლებში, გადაწყვეტილებები.
იყო გარკვეული დავა, საკმაოდ ცხარეც, იმის შესახებ, თუ რა სახის იქნება ახლადშექმნილი ორგანოები, სტრუქტურები - ზეეროვნული, ზესახელმწიფოებრივი თუ სახელმწიფოთაშორისი. საქართველოს დელეგაციას ეკავა პრინციპული პოზიცია, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატარებდნენ ზეეროვნულ, ზესახელმწიფოებრივ ხასიათს. ბოლოს და ბოლოს მივიღეთ ფორმულა, რომ სტრუქტურები იქნება სახელმწიფოთაშორისი ხასიათისა. ამ შეკრების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ხომ სწორედ ეკონომიკური სტრუქტურების შექმნა იყო. პრინციპში მაინც მივიღეთ ყველაზე უფრო გონივრული და, ჩემი აზრით, გამართული წინადადებები. ეს ეხება, უპირველესად, ისეთი ორგანოს შექმნას, როგორიც არის საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტი. ეს ორგანო იქნება მაკოორდინირებელი და შემსრულებელი. აქ ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს. შემსრულებელი იმ ფუნქციებისა, რომლებსაც სახელმწიფოებრივი ნებაყოფლობით გადასცემენ მას. ე.ი. მოახდენენ ფუნქციების დელეგირებას. და, კიდევ ერთი პრინციპი - უფლებების ნებაყოფლობითი დელეგირება. ე.ი. ახდენენ ნებაყოფლობით დელეგირებას უფლებებისა იმ სფეროში, სადაც დაინტერესებული ხარ იყოს საერთო კოორდინაცია და მართვა. თუ არა ხარ დაინტერესებული - არ გადასცემ და არ იქნება სავალდებულო. და მეორე, დამზღვევი მექანიზმი: ამაზეც სერიოზული დავა იყო. მაგრამ, საბოლოოდ გაიმარჯვა საღმა აზრმა. პრინციპულ საკითხებზე ეს კომიტეტი იმუშავებს კონსენსუსის წესით. ესე იგი თუნდაც ერთი დელეგატიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ გავა, ანდა სხა მექანიზმი მოიძებნება. იგივე კომიტეტი მოახდენს ეკონომიკური ვითარების ანალიზს (ეს ჩვენ ძალიან გვაკლია), რეფორმების მსვლელობის მიმოხილვას, სათანადო პროგნოზების საფუძველზე მოამზადებს რეკომენდაციებს საწარმოო ტექნოლოგიური კავშირურთიერთობის სრულყოფის შესახებ (რამდენიმე წელია ჩვენ ჩამოვრჩით ამ დიდ პროცესს), ჩამოაყალიბებს მოსაზრებებს ერთობლივი საინვესტიციო პროექტების შესახებ, ახალი საერთო ეკონომიკური სივრცის ეტაპობრივი ფორმირების ამოცანებს და სხვ. ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა. როგორც იცით, ჩვენ რუსეთთან უკვე შევთანხმდით ასეთი ზონის შექმნის აუცილებლობის შესახებ. შემდეგში, ალბათ, ეს მიმართულება საბაჟო კავშირამდე მიგვიყვანს, მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით იქნება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არის ეკონომიკური კავშირისათვის მუდმივმოქმედი ორგანოს ჩამოყალიბება. ისეთისა, როგორიც არის შეთანხმება საგადასახადო კავშირის შექმნის შესახებ; ერთი - ეკონომიკური კომიტეტი და მეორე - საგადასახადო კავშირი. ესეც არსებითი საკითხია. მთელი ორი-სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ პრობლემის შესწავლა და, ბოლოს და ბოლოს, მივედით ასეთი კავშირის შექმნის აუცილებლობამდე.
ეკონომიკური სივრცის ფორმირების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეროვნულ ვალუტათა ურთიერთკონვერტირებადობის საკითხი. ცნობილია, რამდენ უსიამოვნებასთან იყო დაკავშირებული, როცა ასეთი წესები არ იყო შემუშავებული. აქაც კიდევ ერთ ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტს აღვნიშნავ ხაზგასმით - ხელშეკრულება აღიარებს ეროვნულ სავალუტო სუვერენიტეტს და მხარეთა ცენტრალური ბანკების როლს, როგორც ემისიური ცენტრებისა და ფულად-საკრედიტო რეგულირების ორგანოებისა.
საგადასახადო კავშირის შექმნა შესაძლებელია მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულების დადების გზით. ეს პროცესი, როგორც გითხარით, მიმდინარეობს. შეიქმნება სახელმწიფოთაშორისი ბანკი სახელმწიფოთაშორისი ანგარიშსწორების და სხვა პრობლემათა მოსაგვარებლად. ესეც გარდაუვალი ინსტიტუტია. საგადასახადო კავშირი უნდა გახდეს ეროვნულ ვალუტათა სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარიანტი. ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი დონე თავისთავად მოითხოვს ყველა ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.
ასეთია ეკონომიკურ საკითხებზე ძირითად შეთანხმებათა სპექტრი. დოკუმენტები საკმაოდ ვრცელია. ჩვენ შევეცდებით მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენს ეკონომისტებს, სპეციალისტებს, ფინანსისტებს ვთხოვთ უფრო ღრმად განაზოგადონ ეს საკითხები.
საკმარისია თუ არა ინტეგრაციის დღევანდელი დონე? როგორც ცნობილია, იყო ყაზახეთის პრეზიდენტის ნაზარბაევის საკმაოდ გახმაურებული ინიციატივა ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა, აქ ინტეგრაციის დონე გაცილებით უფრო მაღალია, უფრო ღრმა და მასშტაბურია. ეს ინიციატივა შემდეგნაირად შევაფასე: ევრაზიის ეკონომიკური სივრცისა, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული სივრცეებისა და სხვ. იდეა საკმაოდ დიდი ხანია ტრიალებს ჰაერში და მათ უდავოდ აქვთ მომავალი. მაგრამ ეს მომავლის პროგრამაა, ვთქვათ, 21-ე საუკუნის დასაწყისის პროგრამა. მე ისიც ვთქვი, რომ ნაზარბაევის იდეა, ალბათ, იმასაც გულისხმობს, რომ მომავალში, თანამეგობრობის განმტკიცების შემთხვევაში, ევრაზიის კავშირის წევრი შეიძლება სხვა ქვეყნებიც გახდნენ. ვთქვათ, ისეთი ქვეყანა, როგორიცაა მონღოლეთი, ანდა, თუ კორეა გაერთიანდება - ვთქვათ, გაერთიანებული კორეა, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ამავე დროს ევროპული კავშირის წევრი იქნება, და საბოლოოდ, ეს პროცესი მიდის ევრაზიის ერთიანი სივრცისაკენ. ეს მომავლის საქმეა. დღეს კი თანამეგობრობის ყველაზე ელემენტარული და ყველაზე საჭირო საკითხების გადაწყვეტაა მთავარი.
ასეთი იყო ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ მსჯელობის არსი.
- გარდა ამისა, შეხვედრაზე იყო საუბარი აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემებზე. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ მხრივ ახალი ელემენტები გაჩნდა. რამდენად შეუწყობენ ისინი ხელს აფხაზეთის პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას? რამდენად ლოგიკური იყო თქვენი ვიზიტი აფხაზეთში დღეს შექმნილი სიტუაციის ფონზე?
- ვიზიტი თავისთავად აუცილებელი იყო რადგან ჩვენ თანამეგობრობის წევრი გავხდით, ბუნებრივია, აუცილებელია აქტიური მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იმ დიდი შესაძლებლობების გამოყენების მიზნით, რომლებიც ჩადებულია თანამეგობრობის წესდებაში, თანამეგობრობის მიერ მიღებულ დოკუმენტებში.
რაც შეეხება აფხაზეთს, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ უმაღლეს დონეზე განისაზღვრა სამშვიდობო ძალების მანდატი. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნაგულისხმევი იყო სხვა ქვეყნების მონაწილეობაც. მაგრამ ამ ეტაპზე მისი რეალიზაცია არ მოხდა. და მაინც, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს მისია ძირითადად შეასრულონ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა თანხმობა სიმბოლურ მონაწილეობაზე. ყველა ქვეყანა დაეთანხმა მეთვალყურეთა ინსტიტუტის შექმნას და მზადაა გამოგზავნოს თავისი წარმომადგენლები. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, თავისთავად, მნიშვნელოვანი მოვლენაა. განსაკუთრებული ის არის, რომ თვით მანდატში ჩაიწერა ზოგიერთი ისეთი რამ, რაც, სურვილის და მოვალეობის შესრულების შემთხვევაში, სამშვიდობო ძალებს ხელს უხსნის იმისათვის, რომ მათ საერთო ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ.
მანდატის შესახებ გადაწყვეტილების შესავალშივე სახელმწიფოს მეთაურები დაეთანხმნენ ფრაზას, რომელშიც ნათქვამია შემდეგი: სამშვიდობო ძალები შექმნიან პირობებს ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და უსწრაფესი დაბრუნებისათვის. აფხაზეთში ჯარების დისლოცირების დამთავრების შემდეგ, ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ: არ შეგვიძლია ვუდარაჯოთ ცალკეულ ოჯახებს, სოფლებსა და ქალაქებს, რადგან ამის მანდატი ჩვენ არ გაგვაჩნიაო. ახლა მანდატში ჩაწერილია, რომ სამშვიდობო ძალებმა პასუხი უნდა აგონ არა მარტო იმაზე, რომ დაშორიშორების შემდეგ აღარ მოხდეს კონფლიქტები და სისხლისღვრა, არამედ სწორედ უსაფრთხო დაბრუნებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, და, რაც მთავარია (ეს ფრაზა შემდეგ დაემატა) - უსწრაფეს დაბრუნებაზე. ამასთან, პარალელურად იგულისხმება აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა. დისკუსიები უკვე მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული მოსაზრებები გვაქვს. ვფიქრობ, ეს პროცესი ახლა უფრო ინტენსიურად წარიმართება.
- ამ მანდატის მინიჭება რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის ხომ არ გამოიწვევს რაიმე უთანხმოებას საერთაშორისო სტრუქტურებთან, ვთქვათ, გაეროსთან, რომელიც ასევე ჩართულია აფხაზეთის პროცესში?
- არავითარ შემთხვევაში, თუ ეს საკმარისი არ იქნება, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ცოტა სხვა ფუნქციაზეც ვიფიქროთ. უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილების შესრულებაზე გარკვეული წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, გაეროს წესდება იძლევა ზოგიერთი ძალისმიერი ელემენტის გამოყენების უფლებას. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ ეტაპზე, თუ დაბრუნების პროცესი მტკივნეული იქნება, ზოგიერთი სხვა ღონისძიებაც განხორციელდეს, ვიმეორებ, ეს სულაც არ ნიშნავს აფხაზი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფას. იგულისხმება ისიც, რომ ჩვენ პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგების დარგშიც უფრო ჩქარი ტემპით წავალთ.
ამ ვიზიტიდან გამოვყოფდი რამდენიმე მომენტს: მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთულ და საინტერესო შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, აფხაზეთში, შექმნილი ვითარების მოკლე მიმოხილვით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების დაჩქარების აუცილებლობას, საუბარი შეეხო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ზოგიერთ პრობლემას, სამხედრო თანამშრომლობის ცალკეულ საკითხებს. საბოლოოდ, ჩვენ პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ყველა საკითხი, რომლებსაც პრაქტიკული, სერიოზული მნიშვნელობა აქვთ დღევანდელი ურთიერთობისათვის როგორც რუსეთ-საქართველოს შორის, ასევე თანამეგობრობის ფარგლებში, დეტალურად იქნება განხილული პრემიერ-მინისტრ ჩერნომირდინის დონეზე, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, სხვა უწყებების მონაწილეობით.
ასეთი ორსაათიანი შეხვედრა შედგა საქართველოს და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის პრემიერ-მინისტრ ჩერნომირდინის მონაწილეობით. დეტალურად განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრობლემები. უნდა გითხრათ, რომ აქ მართლაც რევოლუცია უნდა მოხდეს. ჩვენ კვლავ იმ ძველი წარმოდგენებით ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი, სახელმწიფოთა, მთავრობათა დონეზე უნდა მოგვარდეს. ახლა სხვა დროა. მაშინ, როცა ისეთი სამთავრობათშორისო ხელშეკრულება დაიდო, რომლებიც სტიმულს აძლევენ ეკონომიკურ განვითარებას - ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს უნარზე: როგორ კავშირებს დავამყარებთ სამინისტროებთან, ჩვენს მეზობლებთან - კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებთან, დაღესტანთან და სხვებთან. რუსეთი ახალა კი აღარ გვზღუდავს, პირიქით, სტიმულს გვაძლევს, რომ ამ რეგიონებმა ჩვენთან აქტიურად ითანამშრომლონ.
ერთ შეხვედრაზე შეუძლებელი იყო ყველა საკითხის მოგვარება და გადაწყვეტა. შევთანხმდით, რომ ნოემბრის დამდეგს პრემიერ-მინისტრი საკმაოდ დიდი ჯგუფით, მათ შორის საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელობასთან ერთად ჩამოვლენ. რათა განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობის მთელი კომპლექსი, მათ შორის აფხაზეთის პრობლემები, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზები, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. მე გამოვთქვი ზოგიერთი მოსაზრება და შეფასება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თანდათან ვუახლოვდებით იმ ბაზას, რომლის საფუძველზეც ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს ისევე, როგორც აფხაზური კონფლიქტი. ასე რომ, თბილისის შეხვედრაზე განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები და შეიძლება გადაწყვეტილებებიც ეტაპობრივი ხასიათისა იყოს.
ამ კონფლიქტების მოგვარებაში უკანასკნელ ხანს საკმაოდ აქტიურად გამოიკვეთა ეკონომიკური ასპექტები. მაგალითად, რკინიგზის აღდგენის პრობლემა, რომელიც აინტერესებს არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, რუსეთსა და სხვებს, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ერთგვარი ხელშემწყობი ელემენტებია იმისა, რომ კონფლიქტების მოგვარება დაჩქარდეს ჩვენთანაც და ზოგიერთ სხვა რეგიონშიც.
ასეთი იყო ძირითადად ამ შეხვედრების შინაარსი.
მე კიდევ ორ აზრს გავუსვამდი ხაზს. ზოგიერთს ებადება კითხვა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან ასეთი დაკავშირება და საერთო ინტეგრაციულ მოძრაობაში ჩართვა ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვუდექით ევროპას, რომ დასავლეთის ქვეყნებთან კავშირს შევასუსტებთ და სხვ. ყველაფერი ეს ისევ გულუბრყვილო მსჯელობის დონეზეა. მიმაჩნია, რომ, რაც უფრო მჭიდროდ, გამართლებული და სასარგებლო იქნება ინტეგრაციული პროცესები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, მით უფრო შემოკლდება ევროგაერთიანებასთან, ევროკავშირებთან დაახლოების გზა. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. არ არის წინააღმდეგობა იმაშიც, რომ თანამეგობრობის განმტკიცებამ, ინტეგრაციული პროცესების განვითარებამ უდავოდ უნდა მიგვიყვანოს საერთო ჰარმონიამდე ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობაზე.
- გასულ კვირას რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირება, ალბათ, შეიძლება. მოკლეს რუსი ჟურნალისტი ხოლოდოვი; ისრაელში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა, მსოფლიოს საზოგადოებრიობამ თავისი დამოკიდებულება ამ ფაქტებისადმი, როგორც ყოველთვის, თავშეკავებული ფორმით გამოხატა. ტერორიზმი მაინც დაუსჯელი დარჩა. და არა მარტო ისრაელში. რადგან რუს ჟურნალისტზე ჩამოვარდა საუბარი, ვიცით, რომ საქართველოშიც იყო ასეთი ფაქტები...
- ტერორიზმთან დაკავშირებით: ჩვენში აღშფოთების რეაქციას იწვევს ყველაფერი, რაც ტერორიზმის ბაზაზე და მის შედეგად ხდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. ამ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით უკვე გამოვთქვი ჩემი დამოკიდებულება და აზრი. დასკვნები ისევ ჩვენი ცხოვრების მაგალითით უნდა გამოვიტანოთ. მიმაჩნია, რომ საქართველოში კი შენელდა ტალღა, მაგრამ ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობას. უამრავი საქმეებია დარჩენილი, რომლებიც ბოლომდე არ არის მიყვანილი. პრობლემის სიმძიმის გათვალისწინებით, ალბათ, ძნელია ედავო მოსამართლეებს, მაგრამ, გაუხსნელი საქმეები კი ჩვენს სინდისზეა, ვფიქრობ, საჭიროა მთელი ძალების მობილიზება, რათა ყველაფერს ნათელი მოეფინოს და, რაც მთავარია, გამოირიცხოს ჩვენი ცხოვრებიდან ტერორიზმი როგორც ასეთი და არა მარტო მისი რეალური გამოვლინება, არამედ მისი გამოვლინების საფრთხეც კი. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ყველა ორგანოს მოვთხოვოთ ისე, როგორც უნდა ითხოვდნენ ნორმალურ სახელმწიფოში.
რუსი ჟურნალისტის დაღუპვასთან დაკავშირებით: სამწუხაროდ, ეს ერთეული ფაქტი არ არის. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერც საქართველო ასცდა ამ ტალღას. შარშან, ნოემბერს სპეციალური წერილით მივმართე მსოფლიოს ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, სამთავრობო ორგანიზაციებს კი - სპეციალური მოწოდებით. გული მწყდება, რომ ამ მოწოდებამ მაშინ არ მიიღო სათანადო შეფასება, არ მოხდა სათანადო რეაგირება, გარდა ერთი ქვეყნისა, რომელიც იყო დაკავშირებული ჩვენთვის კარგად ცნობილი შესანიშნავი პიროვნებისა და მოქალაქის, ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მხეცურ მკვლელობასთან, დახვრეტასთან. იგი ექსპრეზიდენტის მომხრეებმა დახვრიტეს. ზოგიერთი მაინც საზოგადოებისაგან უკვე იზოლირებულია და პასუხს აგებს მთელი სიმკაცრით. ამავე დროს მე ვწერდი, რომ ჟურნალისტების დევნამ აფხაზი სეპარატისტების მხრიდან პირდაპირი გაგებით გენოციდის სახე მიიღო. გახსოვთ გუმისთაზე მოკლული საშა იოსელიანი, შესანიშნავი პიროვნება და ჟურნალისტი, იგი ამ გენოციდის მსხვერპლი გახდა. ასევე მახსენდება ქალბატონი ეთერ ჯღამაძე - აფხაზეთის პოეტი ქალი და ჟურნალისტი, რომელიც სოხუმში, ყაზბეგის ქუჩაზე დახვრიტეს და მრავალი ფაქტი, დატყვევებული ჟურნალისტები, რომლებიც ციხეებში იყვნენ თვეებისა და წლების განმავლობაში. მათ აწამებდნენ. ზოგიერთის გამოხსნა მოხერხდა. მიმართვაში ყოველივე ამაზე იყო ლაპარაკი. ამ მხრივ ჩემი სინდისი სუფთაა. მიმაჩნია, რომ ისევე, როგორც სეპარატიზმის, სხვა ავადმყოფური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლაშიც, ჟურნალისტთა დაცვის თვალსაზრისით დღევანდელი მსოფლიო თავის სიმაღლეზე არ დგას. ვინც საქართველოს ჟურნალისტების სისხლი დაღვარა, ისინი საქართველოს მტრები არიან, რომელ გვარსაც უნდა ატარებდნენ და რომელი პოლიტიკური მრწამსიც უნდა ჰქონდეთ. სახელმწიფო რომელიც ჟურნალისტს ვერ იცავს და იმუნიტეტს ვერ უქმნის მას მოქმედების თავისუფლებისათვის, სახელმწიფო არ არის. იმასაც ვიტყვი, რომ რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტის შეფასების დროს პრეზიდენტმა ელცინმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოთქვა, ჟურნალისტების გარკვეულმა წრეებმა თავიანთი ეთიკა და ზნეობრივი პრინციპები უნდა დაიცვან და ამ პრინციპებს ემსახურონ. მაგრამ, ეს სხვა საკითხია. დღეს მინდოდა შინაგანი განწყობა და აღშფოთება, ჩემი შინაგანი განგაში გამომეხატა ამ ბოლო დროს ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით მით უმეტეს, რომ საქართველომ ამ მხრივ ბევრი განიცადა, ძალიან ბევრი დაკარგა, კიდევ ვიმეორებ: დავით ბოლქვაძე, საშა იოსელიანი, ეთერ ჯღამაძე და სხვები, რომლებმაც პასუხი აგეს თავისი სიცოცხლით, სიცოცხლე შეწირეს სიმართლეს. ჩვენ შევეცდებით, შევქმნათ საქართველოში დაცვისა და გარანტიის ის ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია ყველა ჟურნალისტისათვის.
„თანამეგობრობის განმტკიცებამ, ინტეგრაციული პროცესების განვითარებამ უდავოდ უნდა მიგვიყვანოს საერთო ჰარმონიამდე“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 25 ოქტომბერი. - N190(992). - 1,2 გვ.
![]() |
111 ედუარდ შევარდნაძის არცთუ ტკბილი ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ლიდერის ინტერვიუ სპეციალურად „ობშჩაია გაზეტასათვის“
- როგორ აფასებთ სიტუაციას საქართველოში?
- ქვეყანამ ეს-ეს არის გადაიტანა შინაპოლიტიკური კრიზისი. სახელმწიფოს მეთაურის ნდობის შესახებ საკითხის პრინციპული დაყენება პარლამენტისა და მოსახლეობის პოზიციის გამოხატულების ერთადერთი ხერხი იყო. ხალხმა და პარლამენტმა ერთხელ კიდევ მოახდინეს არჩევანი სახელმწიფოს აღორძინების კურსის სასარგებლოდ. ამ დღეებს ექნება დიდი მნიშვნელობა მომავალი არჩევნებისათვის, მოსახლეობამ დაინახა, თუ პოლიტიკოსთაგან ვის უნდოდა კრიზისის გამოწვევა.
ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად კანონზომიერია. საქართველო განიცდის გადრამავალი პერიოდის სიძნელეებს, რაც დაკავშირებულია დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან, დეცენტრალიზაციასთან და ახალი ეკონომიკის შექმნასთან.
დღემდე გადაჭრილი არ არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები. და ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და მთელი ხალხის ტკივილია. მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ სასურველი იქნებოდა უფრო სწრაფი ტემპით წარმართულიყო. ასობით ათასი ლტოლვილი ელის და ჯერაც იმის იმედი აქვს, რომ დაუბრუნდება მშობლიურ კერას.
საქართველოს დღეს უდგას საჭირო, მაგრამ ყველაზე მტკივნეული და ძნელი რეფორმების ეტაპი, რომლებიც დაკავშირებულია ფასების ლიბერალიზაციის დაწყებასთან. ჯერჯერობით კვლავაც რთულია კრიმინოგენული ვითარება. პრობლემა ბევრია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში დაისახა სტაბილიზაციის ტენდენცია, განისაზღვრა გზა, რომლითაც საქართველო ივლის.
- თქვენ უარი თქვით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე წასულიყავით, სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, ერთ-ერთი ვერსიით იმიტომ, რომ სამშვიდობო პროცესი აფხაზეთში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს...
- ნაწილობრივ ასეა. რა უნდა მეთქვა სამშვიდობო მისიის შედეგების შესახებ? ვფიქრობ, ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე შეფასების მიცემა. მსოფლიო საზოგადოებრიობას სჭირდება სწორედ იმ ექსპერიმენტების შეფასება, რომელიც საქართველოს პირობებში ხორციელდება. საკითხის ახლანდელი მდგომარეობა კი არ იძლევა სერიოზული პოლიტიკური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. არადა, სწორედ ასეთ გამოსავალს ელიან ასამბლეის დელეგატები.
მაგრამ ეს არა ერთადერთი და არამთავარი მიზეზია, უმთავრესი დაკავშირებულია ცხარე დღეებთან, რომლებიც მეც გადავიტანე და საქართველომაც. ეს იყო ბობოქარი კამათისა და ცხარე დისკუსიების ოთხი დღე. და არა მარტო პარლამენტში, ვიცოდი, რომ უნდოდა ზოგიერთ ოპონენტს, პოლიტიკურ ძალასა და ლიდერს. ჩაფიქრებული იყო, რომ პარლამენტში შესაბამისი გართულებების შემდეგ მოეწყოთ ლტოლვილთა გრანდიოზული მიტინგი. მათი ფართომასშტაბიანი გამოსვლების შემდეგ უნდა გამოსულიყვნენ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენები, გარკვეულწილად იმ რთული რეფორმებით გულნატკენი ადამიანები, რომელთა განხორციელებაც ახლა დავიწყეთ; გარკვეული ძალები იმედს ამყარებდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა მხარდაჭერაზე, რომლებიც ცოტანი არიან, მაგრამ საზოგადოების ყველაზე აგრესიულ ნაწილს წარმოადგენენ. არ შეიძლებოდა ამ დროს ქვეყნის დატოვება.
კიდევ ერთი მიზეზი: მიმაჩნია, რომ გენერალური ასამბლეის ახლანდელ სესიას არ შეუძლია რადიკალური ცვლილებები შეიტანოს თანამედროვე პირობებში უსაფრთხოების საიმედო სისტემის შექმნაში. გაისად იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საიუბილეო სესია, ყველა ჩვენგანი მისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა სახელმწიფოს ლიდერებს, მათ შორის მეც, გვაქვს საკუთარი მოსაზრებანი. ვფიქრობ, რომ უფრო შედეგიანი იქნება მომავალი შეხვედრა. საქმე ეხება გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და უშიშროების საბჭოს რადიკალურ, გაბედულ რეფორმას. მე ჩემს წინადადებებს ვამუშავებ.
- ერთი წლის წინათ მოსკოვში იერიში მიიტანეს თეთრ სახლზე. დაზღვეულია თუ არა რუსეთი ამგვარი მოვლენების გამეორებისაგან?
- ახლა წინანდელთან შედარებით ვეღარ ვახერხებ სისტემურ საფუძველზე ვადევნო თვალი რუსეთში მიმდინარე ყველა მოვლენას, ამიტომაც მიჭირს ზუსტი პროგნოზი. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები, დაზღვეული არ არიან შემდგომი ძვრებისაგან, რადგან ახლა ყველა ეს ქვეყანა გარდამავალ ეტაპზეა. ასეთი ეტაპი მუდამ საშიშია სერიოზული კატაკლიზმების შესაძლებლობით. მით უმეტეს ეს ეხება ისეთ გიგანტს, ზესახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, რომელშიც არის საზოგადოების სხვადასხვაგვარი შემადგენლობა, პოლიტიკური და ეროვნული ინტერესები, მართალია, პრეზიდენტმა შეძლო გადაედგა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიეღო კონსტიტუცია. რუსეთში არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი - ძლიერი, დიდი უფლებებით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შეასრულოს ქვეყანაში სტაბილურობისა და სახელმწიფოს მთლიანობის გარანტის როლი. მაგრამ პრობლემები, ბუნებრივია, წარმოიქმნება ხოლმე, ამის მაგალითია ჩეჩნეთი. თუ ვერ მოხერხდა ამ კონფლიქტის ლოკალიზაცია, იგი შეიძლება მოედოს მთელ სამხრეთ რუსეთს. წამყვანი რუსი პოლიტოლოგებიც კი ვერ მისცემენ იმის გარანტიას, რომ რუსეთს უსიამოვნებანი არ ექნება.
- თუ ერთხელ კიდევ გავიხსენებთ 1993 წელს, 27 სექტემბერს სოხუმში და ოქტომბრის დამდეგს მოსკოვში, არის თუ არა კავშირი ამ თარიღებს შორის?
- სოხუმის დაცემასა და რუსეთში რეაქციის გამოსვლას შორის არის კავშირი. ვფიქრობ, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ასეთი ტრაგიკული მოვლენები აფხაზეთში მარტო თვით აფხაზეთის რეაქციული ძალების უძლიერესი ზეგავლენის შედეგი როდია.
ყოველივე ეს ასე იყო, ენთუზიაზმის გარეშე ვუპასუხებ კითხვას, რადგან მომავალზე უნდა ვიფიქრო. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახლანდელი მდგომარეობა კი შესაძლებლობას მაძლევს დავინახო მშვიდობიანი მოწესრიგების პერსპექტივა. ბატონმა ბორის ელცინმა თბილისში თავისი ვიზიტის დროს ძალიან გაბედული და ალალმართალი ფრაზა წარმოთქვა, „რუსეთი არ იხსნის აფხაზეთის მოვლენებში პასუხისმგებლობის თავის წილს“. ჩემი აზრით, საქმე ეხებოდა სწორედ იმას, რასაც არსებითად მოჰყვა ტრაგედია, და შემთხვევითი არ არის, რომ მაშინ, ოქტომბერში მოსკოვში რეაქციულ ძალებს მხარი დაუჭირეს აფხაზეთის რაზმებმა.
- თქვენ ეროვნული ლიდერი ბრძანდებით, როგორ გესმით თავად სიტყვა „ნაციონალიზმი?“
- საბჭოთა ხელისუფლების წლებში ამ სიტყვას დამახინჯებულად განმარტავდნენ. ნაციონალიზმი, არსებითად, კეთილშობილური ცნებაა, ჩვენ ყველანი ნაციონალისტები ვართ გარკვეული თვალსაზრისით; მაგრამ არის ნაციონალიზმის უკიდურესი ფორმები. მათ მე ადგილობრივ შოვინიზმს ვუწოდებ. სწორედ იგი იძენს ფაშიზმის ნიშნებს. წინანდელ რეჟიმს, რომელმაც თავს მოგვახია სამოქალაქო ომი, ვუწოდე „პიროვნული ფაშიზმი“. და ეს იყო ყველაზე პირწავარდნილი და ყველაზე უკიდურესი ნაციონალიზმის ფორმა. საღი აზრით კი ნაციონალიზმი ადამიანის ნორმალური მდგომარეობაა. ნაციონალიზმი, რომელსაც მე ვიზიარებ, მრავალეროვან სახელმწიფოში მთლიანად გამორიცხავს დისკრიმინაციულ მიდგომას სხვა ერებისა და ეროვნებებისადმი.
- თქვენ სამი თვისებით გიცნობენ. როგორც საქართველოს კომუნისტურ ლიდერს, შემდეგ - კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს და, ბოლოს, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ სამი სხვადასხვა შევარდნაძეა. როგორ მიმდინარეობდა ყველა ეს ცვლილება?
- იცვლება ადამიანი - იცვლება მსოფლიო. უნდა გითხრათ, რომ იმ დროს არც ისე ბევრი იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიცვალნენ. გორბაჩოვი და კიდევ რამდენიმე კაცი რომ არ შეცვლილიყვნენ, არ იქნებოდა გარდაქმნა და ახალი აზროვნება. რაც შემეხება მე, შემეცვალა არა ხასიათი, არამედ მსოფლმხედველობა. სამწუხაროდ, ეს რთული და მტკივნეული პროცესია. ეს იყო წინააღმდეგობა საკუთარ თავთან. ამბობენ, რომ ყველაზე მთავარი რევოლუცია ის არის, რომელიც ადამიანის შეგნებაში ხდებაო. სამწუხაროდ, დრო გადის, ბევრი ადამიანი კი არ იცვლება. ესეც გარკვეულად კანონზომიერია.
- თქვენ ბევრჯერ ლაპარაკობდით კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძლიერი გუნდის შესახებ იმ პერიოში, როცა უწყებას მეთაურობდით, შეძელით თუ არა შეგექმნათ ადეკვატური გუნდი აქ, საქართველოში?
- ისეთი ძლიერი გუნდი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა იმ დროს, ახლა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ორ-სამ სახელმწიფოს თუ ჰყავს. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. ჯეროვნად ვაფასებ კოზირევს, მან ყველაფერი იღონა, რათა რუსეთისათვის შეენარჩუნებინა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვი. არ მეშინია ვუწოდო ასეთი დონის დიპლომატიურ სკოლას ეროვნული კუთვნილება.
ბუნებრივია, ასეთი კოლექტივი საქართველოში არ არის, არიან ცალკეული ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ აღიქვან სიახლე. აქვთ მძლავრი ინტელექტუალური პოტენციალი. ჩვენ ვამზადებთ კადრებს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და სხვა უწყებებშიც. იმედი მაქვს რესპუბლიკაში შეიქმნება ძალიან ძლიერი გუნდი, მაგრამ ეს დროის საქმეა.
- მთელს მსოფლიოში თქვენ გიცნობენ როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს. შევარდნაძეს, როგორც ადამიანს, ადამიანთა მხოლოდ ძალიან ვიწრო წრე იცნობს, როგორი ბრძანდებით თქვენ? გყავთ თუ არა მეგობრები?
- მეგობრები, რა თქმა უნდა მყავს, მაგრამ არც ისე ბევრი. მათ არ დავასახელებ სახელითა და გვარით, მაგრამ იმათგან, ვინც ჩვენს შორის აღარ არის, არის ნოდარ დუმბაძე. იგი ჩემი უახლოესი მეგობარი, საოცარი კაცი იყო. მისი გარდაცვალება ძალიან დიდ პირად დანაკარგად მიმაჩნია. სამწუხაროდ, მეგობრები სულ უფრო მაკლდება და მაკლდება. მე უკვე ახალგაზრდა აღარა ვარ და აღარც ჩემი მეგობრები არიან ახალგაზრდები. ბევრი მათგანი ცოცხალიც აღარ არის. არადა ასაკთან ერთად სულ უფრო ჭირს ადამიანებთან დაახლოება. მყავს ერთი მეგობარი, რომლის როლსაც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვუწევდი აფიშირებას, ეს არის ჩემი ცოლი. იგი ის ადამიანია, რომელმაც არა უბრალოდ იკისრა ზრუნვა ოჯახისათვის, არამედ ის ადამიანიც, ვინც მუდამ მხარს მიჭერს. ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, ამას იშვიათად ვამბობ.
- გაქვთ სუსტი მხარეები?
- ხასიათის სისუსტეთა შორის ჩვეულებრივ ასახელებენ ხოლმე სიყვარულს საჭმლის ან რაიმე კონკრეტულისადმი, მაგრამ ჩემთვის ეს არ არსებობს. ჩემი ხასიათის სისუსტეთა შორის, განსაკუთრებით მწვავედ ვგრძნობ იმას, რომ ძალიან მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტული ადამიანების მიმართ. როცა ადამიანს ეჩვევი, მის გამო გარკვეული აზრი იქმნება. ძნელია წარმოიდგინო, რომ მან შეიძლება რაიმე სისაძაგლე ჩაიდინოს. ამ თვალსაზრისით ცხოვრებაში ხშირად შევმცდარვარ, ეს არა მარტო ძალიან არასასიამოვნოა, არამედ საქმისთვისაც მოუტანია ზიანი. დამირწმუნებია ადამიანები, რომლებსაც ვენდობოდი, ხოლო როცა ისინი დამაღალატებდნენ ხოლმე, ყოველთვის დროულად ვერ შევნიშნავდი. ეს იყო წინათაც, და ახლაც შევმცდარვარ. ეს მიმაჩნია ჩემი ხასიათის ყველაზე სუსტს თვისებად. არის სხვაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის უფლება უბრალოდ არა მაქვს. და კიდევ - როცა ვრწმუნდები, რომ შევცდი ჩემს აზრში, მიჭირს ხოლმე გამოვუტყდე თავს და ძალიან მტკივნეულად გამომაქვს დასკვნა.
- მაინც რა გაკლიათ როგორც ადამიანს? არის რაიმე, რის გაკეთებასაც ვერ ასწრებთ საკუთარი თავისათვის?
- პრაქტიკულად დრო არ მრჩება საკუთარი თავისა და ოჯახისათვის. არც წიგნებისათვის მყოფნის დრო. ბოლო ხანს განვიცდი, რომ თვალს ვერ ვადევნებ ლიტერატურასა და პერიოდულ გამოცემებს. იმედი მაქვს, მოვახერხებ დავიწყო მუშაობა ახალ წიგნებზე, ვოცნებობ ჩავუჯდე ჩანაწერებს, არქივებს, ოქმებს. იმას, რის დაწერაც მე შემიძლია, ვერავინ ვერ დაწერს, და ეს არის მთავარი, რაც შემიძლია დავუტოვო მომავალ თაობებს. ჩემი ცხოვრება თანამედროვეობის პოლიტიკურ მოღვაწეთა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. სიჭაბუკე ომის წლებს დაემთხვა, ვნახე მისი ყველა საშინელება. შემდეგ იყო სოციალისტური მშენებლობის წლები - და მე მტკიცე პარტიული ლიდერი ვიყავი. შემდეგ გარდაქმნა, და ახლა კი იმათ შორის ვარ, ვინც კიდევ მწყობრში დგას, სრულიად ახალ პირობებში, ასე რომ, ჩემი მდგომარეობა „საკმაოდ საინტერესოა“.
მომავალი წიგნის სათაური ჯერჯერობით არ მომიფიქრებია - იგი მუდამ სამუშაოს დასრულებისას მოდის. იქნებ ასეც ვუწოდო - უსათაურო წიგნი.
ესაუბრებოდა
ელენე იმედაშვილი,
„ობშჩაია გაზეტას“ საკ. კორ.
ქ. მოსკოვი.
ედუარდ შევარდნაძის არცთუ ტკბილი ცხოვრება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] იმედაშვილი ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 28 ოქტომბერი. - N192(994). - 1 გვ.
![]() |
112 „ადამიანები დღეს მხარს უჭერენ სტაბილურობის, ნორმალური ცხოვრების ყოველგვარ გამოვლინებას, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 31 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას ერთ-ერთ გამოსვლაში თქვენ განაცხადეთ: „დღეს საქართველოს უმთავრესი, ყველაზე მტკივნეული პრობლემაა აფხაზეთი, სამაჩაბლო, მჯერა, გადავლახავთ მას. მაგრამ ყველაზე მწვავე მაინც ეკონომიკური პრობლემებია. ჩვენ ძნელად ასაღებ სიმაღლეებს შევუდექით“. ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, ამ მხრივ უკვე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები. ამ ფონზე მართლაც არანორმალურად ჩანს ყოველკვირეულად ქცეული სატრასტო კომპანიებისა და კერძო ბანკების გაკოტრების შემთხვევები. ყველაფერი ეს, საეჭვოდ ერთდროულად ხდება. რასაც ერთვის გაუთავებელი ჭორები იმის თაობაზე, რომ ამ პროცესში მთავრობის ხელი ურევია. ამას, ალბათ, მაკონტროლებელი ორგანოების უკონტროლობაც უწყობს ხელს. როგორ ფიქრობთ, იყო ეს პროცესი მართვადი, თუ, უბრალოდ, დამთხვევა მოხდა? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- რამდენიმე სიტყვით შევეხები ჩვენი ცხოვრების ეკონომიკურ ასპექტებს. კარგი იქნება, თუ ტრადიციად ვაქცევთ და მომავალშიც ეკონომიკა, ფინანსები, სახალხო მეურნეობის ცალკეული საკვანძო საკითხები ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება და საუბრებსაც ამით დავიწყებთ.
ოქტომბრის ბოლოს ეკონომიკურ ვითარებას განსაზღვრავდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ მეოთხე კვარტალის რესპუბლიკური ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, რომელსაც ჩვენ უდეფიციტო დავარქვით, რა თქმა უნდა, პირობითად. მაგრამ, მაინც ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან პარლამენტმა დაამტკიცა იგი.
მსოფლიოს ბანკის მისიამ მოამზადა საქართველოსათვის რეაბილიტაციის სესხის გამოყოფის სათანადო დოკუმენტაცია. ველოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, რომელიც ჩამოდის 1995 წლისათვის სისტემური ცვლილებებისა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის ღონისძიებათა შესათანხმებლად და დონორი ქვეყნების შეხვედრის მოსამზადებლად. ლაპარაკია პარიზის შეხვედრაზე, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით. ამ შეხვედრამ ბევრი რამ უნდა მოგვცეს სწორედ სტაბილიზაციის ფონდების, სხვა დახმარებებისა თუ კრედიტების გამოყოფის თვალსაზრისით.
არის ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენაც, რომლებიც ციფრებითა და ტენდენციებით გამოიხატა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ მესამე კვარტალში საგრძნობლად გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები, რამაც უკვე 10 ტრილიონ 500 მილიარდი კუპონი შეადგინა, ანუ 280 მილიარდი კუპონით გადააჭარბა იმ სავალუტო შემოსავლებს, გეგმებს, რასაც ჩვენ ვისახავდით და, რაც 5,5 ტრილიონით მეტია, ვიდრე ექვსი თვის განმავლობაში შემოვიდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნის ხსნა და გადარჩენა, მაგრამ მოწმობს, რომ ბიუჯეტს თანდათან გამოუჩნდა მუდმივი შემოსავლების წყარო. ამ ბოლო პერიოდში შექმნილი სისტემები, მათ შორის საგადასახადო ინსპექცია და სხვა, ავად თუ კარგად, თავის საქმეს ასრულებენ. მესამე კვარტალში გაიზარდა (ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულად საერთო ეკონომიკის გამოცოცხლების ერთგავრ ტენდენციას სახავს) დამატებითი ღირებულებისა და აქციზის შემოსავალი: დამატებითი ღირებულებისა - ორჯერ, აქციზისა - სამჯერ, მოგების გადასახადი სამჯერ და ა.შ. ეს არის შედარებით ჯანსაღი მოვლენების ამსახველი ციფრები.
სახელმწიფოს კუთვნილი შემოსავლის ამოღების თვალსაზრისით კვლავაც სერიოზული ნაკლოვანებებია საგადასახადო სფეროში. მაგალითად, არაფრით არ შეიძლება იმის გამართლება, რომ განვლილი კვირის დასაწყისში პურის რეალიზაციიდან ბიუჯეტში ამოღებული იყო ფიქსირებული გადასახადის მხოლოდ მეოთხედი. ეს არის უთავბოლობისა და უპასუხისმგებლობის შედეგი. უნდა განვაცხადო, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
გაზის რეალიზაციიდან ბიუჯეტის სასარგებლო ამოსაღები იყო 7,5 ტრილიონ კუპონზე მეტი. ძალიან დიდია თბილისელების გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების დავალიანება. ახლა ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ მომავალში მათზე გვექნება საუბარი.
კიდევ ერთი. არცთუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ანგარიშგასაწევი მოვლენა, რომელიც მოწმობს, რომ კურსი რეფორმისაკენ ასე თუ ისე სწორია - მხედველობაში მაქვს კუპონის კურსის ერთგვარი განმტკიცება. არ ვამბობ, რომ ახლა კუპონი სამაგალითო სიმყარის ვალუტაა. ამისგან ჩვენ ძალიან შორსა ვართ. მაგრამ ერთგვარ ტენდენციაზე მაინც შეიძლება ლაპარაკი. კუპონი საჭირო გახდა, მას უკვე ვეძებთ. თუ ეს ტენდენციები განმტკიცდება, ალბათ, შეიქმნება ხელფასების მომატების საფუძველი. ხელფასსაც, სტიპენდიასაც, პენსიასაც ფასი ექნება. კუპონის კურსმა, მაგალითად, დოლარის მიმართ 29 ოქტომბრისათვის 2 მილიონ 30 ათასი შეადგინა. თავის თავად, ეს კატასტროფული შეფარდებაა, მაგრამ 21 ოქტომბერთან შეფარდებით (ერთი კვირის წინათ 2 მილიონ 50 ათასი იყო. გარკვულად, ეს სხვაობა მცირდება, ხოლო რუბლის მიმართ, სიმართლე გითხრათ, ჩემს პროგნოზებს გადააჭარბა: 1 რუბლი 600 კუპონის დონეზე დაფიქსირდა. ერთი კვირის წინათ იყო 690. ეს სერიოზული პროგრესი და სერიოზული ძვრაა. მხედველობაშია მისაღები ის, რომ თავად რუბლის დევალვაციაც მოხდა. მაგრამ აქ მაინც აისახება შინაგანი პროცესები. შავ ბაზარზეც დაახლოებით ასეთივე ტენდენცია და შეფარდებებია. სამწუხაროდ, კუპონის კურსის გამყარებას ზოგჯერ სავაჭრო დაწესებულებაში არ მოჰყვა კუპონებში ფასების ადეკვატური შემცირება. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თანაფარდობა იყო 1:700-ზე, სახელმწიფო მაღაზიებში საქონელზე თანაფარდობა შენარჩუნებულია 1:1000-1500-ზე. აი, რატომ უნდა დაჩქარდეს სახელმწიფო მაღაზიების პრივატიზაცია. მაშინ იმოქმედებს ის კანონები, რომლებიც ჩვეულებრივად მოქმედებენ საზოგადოებაში. აქ კიდევ ის ძველი ადმინისტრაციული ზეგავლენა იგრძნობა: ზემოდან უთხრეს და დატოვეს ის ფასები, რომლებიც ხელსაყრელია ამ მაღაზიების ან ამა თუ იმ სტრუქტურებისათვის.
წინა კვირასთან შედარებით ცოტათი გაუმჯობესდა ზამთრის მარაგის შეზიდვის მდგომარეობა მთიან რაიონებში. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ყველა ორგანიზაციის, სტრუქტურის ყურადღება მივაპყრო: დრო ძალიან ცოტა დარჩა, რათა მთის რაიონებში სათანადო მარაგი შეიქმნას.
ოდნავ მოგვარდა პენსიების, ხელფასების, სხვადასხვა დახმარებების, ლტოლვილთათვის განკუთვნილი ფულადი თუ ნატურალური დახმარების გაცემა. პენსია რომ თავისთავად საკმარისი არ არის, ეს სხვა საკითხია. ახლა ალბათ, საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ პენსიამ მინიმალურად მაინც უზრუნველყოს მოქალაქეთა საარსებო მოთხოვნები.
კიდევ ერთი მოვლენის შესახებ მინდა ვთქვა. ეს არის ჩვენს პარლამენტში კანონშემოქმედებითი პროცესის დაჩქარება, რაც, რა თქმა უნდა, ახალმა რეგლამენტმაც გამოიწვია. იყო ჩემი ორი სპეციალური მიმართვა პარლამენტისადმი იმ კანონების შესახებ, რომლებიც პრიორიტეტულად და გადაუდებლად არის მისაღები. ამ მხრივ საქმე, უდავოდ, დაიძრა. მიღებულია კანონი მეწარმეობის შესახებ და ზოგიერთი სხვა. მინდა მივესალმო კოლეგიის, სპიკერატის, ყველა კომისიის აქტიურობას, და კვლავ მოვუწოდო მათ, რომ ეს ტენდენცია, საქმიანი, სერიოზული მიდგომა განმტკიცდეს, რათა შეივსოს საკანონმდებლო ვაკუუმი. სხვაგვარად, ჩვენ ძალიან დიდი კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით სწორედ ეკონომიკის სფეროში. აუცილებელია ისეთი კანონების გადაუდებელი მიღება, ინვესტირების, გაკოტრების შესახებ, მით უმეტეს, ჩვენს საზოგადოებაში არსებული მოვლენების გათვალისწინებით. მე უკვე მრცხვენია, იმდენი უცხოელი მოდის მეორედ, მესამედ, ვპირდები, რომ იქნება სრულყოფილი კანონი და, ჯერჯერობით, ეს ვერ შევძელით. საჭიროა კანონების სახელმწიფო საკუთრების განკარგვის, უფლებამოსილებათა გამიჯვნის, სამინისტროების შესახებ და ა.შ. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ პარლამენტი ამას თავს გაართმევს.
რაც შეეხება მტკივნეულ საკითხს გაკოტრებული ფირმების შესახებ, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ თაღლითების მოძრაობა, მაგრამ ამის ელემენტები რომ არსებობს, სადავო არ არის. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში (ფირმა „აჩი“ იყო მაშინ ყურადღების ცენტრში გაკოტრებასთან დაკავშირებით) ერთგვარად გავაფრთხილე კიდეც ჩვენი საზოგადოებრიობა, სახელმწიფო ორგანოები და სტრუქტურები მოსალოდნელ უსიამოვნებათა შესახებ. თუმცა მაშინ, სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მონაცემები და წარმოდგენა იმ მასშტაბზე, რომელიც შეიძინა ამ საქმიანობამ. სამწუხაროდ, მოქალაქეთა ცდუნება ძალიან დიდი აღმოჩნდა. ბევრმა რაიონულმა და საქალაქო სტრუქტურამ სრული დოყლაპიობა გამოიჩინა. ბევრი თანამდებობის პირის რაიონებსა და ქალაქებში გამოუცდელობაც, გულგრილობაც, ცალკეულ შემთხვევებში - ბოროტმოქმედებაც და დაინტერესებაც აშკარაა.
ძნელია, შეედავო გაჭირვებულ მოქალაქეებს. მაგრამ ისინი ხომ ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერც მომავალში ვერ იქნება პასუხისმგებელი ასეთ ოპერაციებზე. ასეთი წესი არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში. სამწუხაროდ, საბაზრო ეკონომიკის სასტიკ კანონებს თან სდევს მოვლენები სასტიკი შედეგებითაც. გაკოტრება ამ ტიპის ეკონომიკის დამახასიათებელი მოვლენა არის. ალბათ, ამასაც უნდა შევეგუოთ და ამიტომ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთ კაპიკ დანაზოგსაც კი ასეთი ადგილი უნდა მივუჩინოთ, სადაც არსებობს შესაბამისი დაზღვევა და იმის გარანტია, რომ იგი არ დაიკარგება, პირიქით, სარგებელს მოიტანს.
მე უკვე გამოვაცხადე, რომ ამ დღებში მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს საკითხების მთელ ამ კომპლექსზე. უნდა ვეცადოთ, რამდენად შესაძლებელია, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა დაზარალებულ მოქალაქეებს. ვიყოთ მათი მოკავშირეები.
სამწუხაროდ, იმდენად მრავალრიცხოვანია სხვადასხვა ფირმები, გაერთიანებები, იურიდიული პირები (ასობით და ათასობით ფირმა ტარდება რეგისტრაციაში), რომ ელემენტარული მოთხოვნები, მაგალითად, ლიცენზიის შესახებ, არ არის გათვალისწინებული. მე უკვე აღვნიშნე, რომ აქ აშკარაა გამოუცდელობაც, უცოდინრობაც და ხანდახან - ბოროტმოქმედებაც.
- სოჭში ოთხმხრივი კომისიის მეათე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გალში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაჩქარების თაობაზე, რომლის თანახმადაც დასაბრუნებელთა რაოდენობა და დაბრუნების ტემპები გაიზრდება. გასულ კვირას საქინფორმმა გვაუწყა, რომ ბრიუსელში ნატოს პოლიტიკურმა კომიტეტმა განიხილა კავკასიაში შექმნილი ვითარება, სადაც რუსეთის წარმომადგენელმა საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: „რუსეთი არასოდეს უჭერდა მხარს სეპარატიზმს“. ამ სიტუაციაში საქართველოში ჩამოდის გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს გალი, იმ საერთაშორისო სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მეტად ეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარ კონფლიქტებზე და რომელმაც ათი რეზოლუცია მიიღო აფხაზეთთან დაკავშირებით...
- ის ფაქტიც, რომ ნატომ იმსჯელა ამ საკითხებზე და ის პოზიციაც, რომელიც რუსეთის დელეგაციამ დაიკავა - თავისთავად მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.
ახლა, არსებით საკითხზე: ლაპარაკი ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის რეალურ დაჩქარებაზე, რა თქმა უნდა, ნაადრევია. ჩვენ ყველანი სულ სხვა ტემპსა და მასშტაბს ველოდით და ველით. მინდა დავიწყო მსჯელობა რეალურად და სიმართლის შესაბამისად. ჩემში გაკვირვებას იწვევს მოლაპარაკებაზე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროს წარმომადგენლების, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და სხვების, ასევე, ნაწილობრივ, რუსეთის დელეგაციის პოზიციაც. მხედველობაში მაქვს სოჭის მოლაპარაკება, ნოემბრის განმავლობაში, მაგალითად, ათასი კაცის შეყვანის ფაქტის ლამის ზარ-ზეიმით გამოცხადება, ვფიქრობ, მთლად სერიოზული არ არის. ეს იმის ბრალია, რომ ზემოთ დასახელებულმა დელეგაციებმა არ დაიკავეს და ვერ დაიკავეს საჭირო აუცილებელი პოზიცია. ლაპარაკი სხვა მასშტაბსა და სხვა პირობებზე უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით, მოლაპარაკებაზე პირობებს მხოლოდ ერთი მხარე კარნახობს. თუ ეს ასე გაგრძელდება, თავისთავად მოლაპარაკება დაკარგავს მნიშვნელობას და ძალას. სოჭის მოლაპარაკებას არ ესწრებიან სამხედროები, როცა მათ ამას ეუბნები, ისინი გვპასუხობენ, რომ საკითხები დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ. მგონია, ამას აბდაუბდის სახე აქვს, რასაც ბოლო უნდა მოეღოს - მოლაპარაკება მოლაპარაკებას უნდა დაემსგავსოს. თუ ასე გაგრძელდა და ამ ტემპით ვიარეთ, შედეგები ძალიან მძიმე იქნება და სამშვიდობო პროცესი ჩაიშლება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ასე მოხდეს. მაგრამ საფრთხე კი რეალურად არსებობს.
რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას ვეტყვი გაეროს გენერალურ მდივანს, აგრეთვე სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან კონტაქტში არიან.
რაც შეეხება საქართველოში ბატონ ბუტროს-ბუტროს გალის ჩამოსვლას, თვით ფაქტია მნიშვნელოვანი. გენერალურმა მდივანმა დიდი როლი შეასრულა იმ ათი რეზოლუციის მომზადებასა და მიღებაში, რომლებიც, პრაქტიკულად, კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივ ბაზას წარმოადგენენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. გენერალური მდივანი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტირულ ერთიანობასა და მთლიანობას, რაც მის გამოსვლაში არაერთხელ აღნიშნულა. მისთვის აქ ორი აზრი არ არსებობს. ამასთან, ყოველივე ამას რომ თავი დავანებოთ, იგი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საერთაშორისო მოღვაწეა და, ბუნებრივია, მისი სტუმრობა საქართველოსთვის საპატიოც არის და, გარკვეულწილად, საიმედოც.
- გასულ კვირას თქვენ აჭარაში ბრძანდებოდით, სადაც განაცხადეთ, რომ აჭარა გადაურჩა იმას, რაც მოხდა ბევრ რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც: ვანგრიეთ, რისი დანგრევაც შეიძლებოდა, ვანგრიეთ ჩვენი შვილების ქონება. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, თქვენ თქვით ბათუმში, 29 ოქტომბრის არჩევნების მეოთხე წლისთავზე: ნგრევის პროცესი შეჩერდა. საბედნიეროდ, მხოლოდ აჭარა აღარ არის გამონაკლისი. გარკვეული დადებითი პროცესები მიმდინარეობს ქუთაისში, თბილისში. სტაბილურობის მომენტი დღეს უკვე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გაჩნდა...
- როგორც უკვე აღვნიშნე, ბათუმშიც და ბათუმიდან დაბრუნებისას დიდი შთაბეჭდილებები მივიღე. ვთქვი, რომ გამოიკვეთა ტენდენცია აჭარის, ბათუმის ისტორიული მისიის ფორმირებისა და შესრულებისა. ისტორიული მისია საქართველოს ამ ძირძველი კუთხისა კი ის არის, რომ იგი თანდათანობით იძენს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულტურული, მეცნიერული და სამეურნეო კვანძის ფუნქციას. ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ ტენდენციას და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, ბატონ ასლან აბაშიძეს, რომლებიც ამ დიდი საქმის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან.
- შაბათს შეწყდა კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერის თემურ ჟორჟოლიანის შიმშილობის აქცია პარლამენტის შენობის წინ. რა შეფასებას მისცემდით ამ ტიპის აქციების მოწყობის ფაქტს?
- ასეთი მოვლენისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს არა მარტო ჭამის, არამედ შიმშილის უფლებაც, პრინციპში, შიმშილობები, მიტინგური აზროვნება და მოქმედება იმ გაგებით და მასშტაბით, რაც იყო საქართველოში, ქუჩური ფსიქოლოგია, არასტაბილურობის კერების გაჩენა და გაჩაღება (ჩვენ ამის დიდი სპეციალისტები ვართ), ძალიან ძვირად, აუნაზღაურებლად ძვირად დაუჯდა საქართველოს. ძალიან ძვირად დაგვიჯდა ჩვენ პროვინციული ფაშიზმი. იცით მისი აღმოცენების გენეზისი. რამდენი სისხლი, რამდენი მსხვერპლი და უბედურება მოუტანა მან ქვეყანას. ახლაც გარკვეული ძალები თავს გვახვევენ ძველებურ პროვინციულ აზროვნებას, მოქმედების პროვინციულ ფორმებს, ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეობის თუ ძალების ლოგიკა ასეთია: ვერ გაიმარჯვე პარლამენტში, მოვსინჯოთ ქუჩაში. მაგრამ ყველას გასაგონად ვამბობ: ვერც ქუჩაში მიაღწევს საწადელს, ვისაც ამის სურვილი აქვს. მაგრამ ვერ გადაეჩვია ქუჩა-ქუჩა სირბილსა და წანწალს პოლიტიკური მიზნებით. საქართველოს მოქალაქენი ის აღარ არიან, რაც რამდენიმე წლის წინათ იყვნენ. გავიდა ის დრო, გავიარეთ ის ეტაპი და სულ სხვა ხალხთან, სულ სხვა მოქალაქეებთან გვაქვს საქმე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ადამიანები დღეს მხარს უჭერენ სტაბილურობას, ნორმალური ცხოვრების ყოველგვარ გამოვლინებას, თუნდაც, სრულიად უმნიშვნელოს. მხარს უჭერენ და დაუჭერენ იმათ, ვინც თანმიმდევრულად, თავდადებითა და თავგანწირვით იბრძვის და იბრძოლებს ქვეყნის სტაბილურობის და ქვეყნის გადარჩენისათვის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს საკითხები ქუჩაში არ გადაწყდება.
მინდა ისიც ვთქვა, რომ ბატონმა თემურ ჟორჟოლიანმა შიმშილობის შეწყვეტით დაადასტურა, რომ, ბოლოს და ბოლოს, საღი აზრი იმარჯვებს.
- გასულ კვირას ორმა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა პოსტი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ...
- ამ ერთგვარ ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რუსეთის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუში ვთქვი: ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე ის არის, რომ მიჭირს უარი ვუთხრა ნდობაზე ადამიანს, რომელსაც ვენდობი. მაშინაც კი მიჭირს, როდესაც ამის საფუძველს მაძლევენ. მიჭირს ვაღიარო, რომ მოვტყუვდი, შევცდი ამა თუ იმ ადამიანში. ეს ჩემი ძალიან დიდი სისუსტეა. ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებში ყველამ უნდა სძლიოს საკუთარ თავს და მათ შორის სახელმწიფოს მეთაურმაც. ის, რაც 15 ოქტომბერს თათბირზე ითქვა - მუქარა კი არ იყო, არამედ გარკვეული პლატფორმა მოქმედებისათვის, მომთხოვნელობისა და სამართლიანი სიმკაცრის კურსის გაგრძელება. სწორედ ამას მოითხოვს ჩვენი საზოგადოებრიობა. დღეს ხალხის მოთხოვნა ასეთია და ხელისუფლება ხალხს ემსახურება. ეს არ არის კომუნისტური ლოზუნგი, ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასეა: ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და იყენებდეს ყველა ფორმასა და მეთოდს, რომლებიც დემოკრატიული აზროვნების და დემოკრატიული თანაცხოვრების ფარგლებში თავსდება.
მოქალაქეთა და ქვეყნის ინტერესები უფრო მაღალია, ვიდრე, რომელიც გნებავთ თანამდებობის პირისა, თუნდაც მის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება ძალიან მეგობრული და კეთილი იყოს. მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობისა და ხალხის ინტერესებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. ჩვენ კვლავაც მოგვიწევს მძიმე გადაწვეტილებების მიღება, თუ ამას ქვეყნისა და ხალხის ინტერესები მოითხოვს.
- როგორ შეფასებას მისცემთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გიორგი ჭანტურიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, გასულ კვირას პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა იგორ გიორგაძემ მას შტაბ-ბინაში მოსასმენი აპარატურა დაუყენა.
- სიმართლე გითხრათ ამ განცხადებამ სულის სიღრმემდე შემძრა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება და შეუძლებელია მას ანგარიში არ გავუწიო, არ შევშფოთდე. ამასთან, ჩემთვის ძალიან ძნელად დასაჯერებელი, წარმოუდგენელია, რომ ჩვენს დროში მსგავსი რამ მოხდეს. თუ ამ განცხადებაში არსებობს სიმართლის თუნდაც მისხალი, გადაწყვეტილება სასტიკი უნდა იყოს. ვფიქრობ, დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას, რომლითაც პროკურატურას დაევალება ყველაფერი შეამოწმოს და სიმართლე მოახსენოს საზოგადოებრიობას. მით უმეტეს რომ არსებობს უშიშროების სამსახურის კოლეგიის მიმართვაც პროკურატურის ორგანოებისადმი. ჩვენ ყველანი, ვფიქრობ, ბატონი გია ჭანტურიაც, უშიშროების სამსახურიც და პირადად მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მთელი საზოგადოება დაინტერესებული ვართ გავიგოთ რაშია საქმე.
- გუშინ ქვემო ქართლის - ახალი რეგიონის რწმუნებული დაინიშნა. თქვენ გასულ კვირას შეხვედრა გქონდათ ქვემო ქართლის წარმომადგენლებთან. დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ამგვარი ნაბიჯის გადადგმა?
- აუცილებელი იყო. ჩემი თანამოაზრეებიც კი ხანდახან მედავებიან, არის თუ არა საჭირო ასეთი წარმონაქმნი. მიმაჩნია: აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ უწინარესად ამ რეგიონში წესრიგი დამყარდეს და განმტკიცდეს ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც ზოგიერთ რეგიონში ჩამოყალიბდა.
აუცილებელია იმიტომაც, რომ ამ რეგიონს საარსებო მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის - ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. მქონდა კონტაქტები ქართველ მოსახლეობასთან, ბერძნებთან, სომხებთან და სხვებთან. ჩემთან იყვნენ აზერბაიჯანული მოსახლეობის წარმომადგენლები და უნდა გითხრათ, რომ ისინი მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, იქნება გამონაკლისიც. იმის გამო, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ წვდება ყველა რეგიონსა და რაიონს. ჩვენ ძალიან ბევრს ვკარგავთ. ამ რეგიონს უზარმაზარი პერსპექტივები აქვს. ასეთი პერსპექტივები ისახება ეკონომიკაში, კულტურაში, მეცნიერებაში. ახლებურად გამოიკვეთა რუსთავის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. ვფიქრობ, რუსთავი, სხვა რაიონებთან - მარნეულთან, ბოლნისთან, წალკასთან, გარდაბანთან, დმანისსა და სხვებთან ერთად განსაკუთრებულ როლს შეასრულებს.
როგორც აღვნიშნე, წესრიგი უპირველესი ამოცანაა. ამან განაპირობა რწმუნებულის კანდიდატურის განსაზღვრაც. ახალგაზრდა კაცი - ბატონი ლევან მამალაძე ერთგულებაში, პატიოსნებაში, გაბედულებაში გამოცდილი, ნიჭიერი და უნარიანი ორგანიზატორია. ვფიქრობ შემთხვევითი არ იყო, რომ, როცა მისი დანიშვნის შესახებ გუშინ რუსთავში გამგებლის შეკრებაზე გამოაცხადეს მიესალმნენ მას, მხარი დაუჭირეს და შეპირდნენ თანადგომასა და დახმრებას.
- გარკვეული დროის შემდეგ გუშინ სამცხე-ჯავახეთმა „შოთაობის“ ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა...
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მისასალმებელი ღონისძიებაა. თუმცა ხშირად გაიგონებთ, რა დროს ზეიმიაო. ეს არ არის ზეიმი, ეს არის აღნიშვნა სერიოზული მოვლენისა და რეგიონის ისტორიული მისიის აღდგენა. პირველი, არამასშტაბური, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს ისტორიული მისია ყველამ ერთად უნდა აღადგინოს - ქართველებმა, სომხებმა, ბერძნებმა, რუსებმა (ამ რეგიონში მრავალფეროვანი ეროვნული შემადგენლობაა), რეგიონის ყველა მკვიდრმა. ვიცი, რომ გუშინდელ ზეიმში რეგიონის სომეხი მოსახლეობა მონაწილეობდა. იქ იყვნენ ბერძნებიც, რუსებიც, მაგრამ განსაკუთრებით თვალში საცემი იყო სომეხი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა, ისევე, როგორც სომხეთისათვის წმინდა დღეებში ქართველთა ტრადიციულად აქტიური მონაწილეობა. ასე რომ, გუშინდელ ღონისძიებებს, გარდა პირდაპირი დანიშნულებისა, ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობაც - რეგიონი ღირსეულ ადგილს იკავებს საქართველოს სახელმწიფოებრიობაში. ეს პროცესი უკვე დაიწყო.
„ადამიანები დღეს მხარს უჭერენ სტაბილურობის, ნორმალური ცხოვრების ყოველგვარ გამოვლინებას, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს“ / შევარდნაძე ედუარდ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 ნოემბერი. - N194 (996). - 1,2 გვ.
![]() |
113 „ომი უცხოა ჩვენი ხალხებისათვის. ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები იცხოვრებენ ერთად ისე, როგორც ცხოვრობდნენ საუკუნეთა განმავლობაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროს გენერალურ მდივანს ბუტროს-ბუტროს გალის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ პირველ ნოემბერს სადილი გაუმართა. ვაქვეყნებთ სადილზე წარმოთქმულ ედუარდ შევარდნაძის სადღეგრძელოს.
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
მინდა ერთხელ კიდევ მოგესალმოთ, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ და ყველას, ვინც თან გახლავთ ჩვენთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს.
საქართველო ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, საპატიო სტუმარიც ბევრი ჰყოლია, მაგრამ თქვნი სტუმრობა გამორჩეულია.
მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ჩვენი ქვეყანა სამოქალაქო ომებისა და შინაური კონფლიქტების მორევში აღმოჩნდა ჩაბმული. დღეს ჩვენ შედარებით სტაბილურ პირობებში ვცხოვრობთ. ქვეყანა შეუდგა პოლიტიკის, ეკონომიკის სფეროში რადიკალური რეფორმების განხორციელებას და ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. თქვენს ვიზიტს ის განსაკუთრებული მნიშვნელობაც აქვს, რომ თქვენ ერთხელ კიდევ დაადასტურეთ:
საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მარტო არ არის. როგორიც უნდა იყოს უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციების შეფასება, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლებრივი და საერთაშორისო გარანტიები ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული გზით განვითარებისათვის. საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად ხდება, როცა ესა თუ ის დოკუმენტი არ მუშაობს დღეს - იმუშავებს ხვალ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისე როგორც აღიარებულია უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში, აღდგება. მთელი ჩვენი ისტორია, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, ამას ადასტურებს. მთავარია, ეს მოხდეს ცივილიზებული ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავცდებით კვლავ სისხლსა და მსხვერპლს. უწინარეს ყოვლისა, ეს ეხება ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ კონფლიქტებს, გავიმეორებ, როგორ გვესმის ჩვენ კონფლიქტის მოგვარების გზა. მისი პირველი ელემენტი სამართლიანობის აღდგენა და ლტოლვილთა უსწრაფესი დაბრუნებაა. მეორე - პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დონეზე. მინდა მთელი პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, ბატონო გენერალურო მდივანო. რომ ჩვენ კარგად გვესმის, რაც უფრო მცირერიცხოვანია ერი, მით უფრო მეტი გარანტიებია საჭირო მისი თვითმყოფადობის გადასარჩენად. სხვათა შორის, იმპერიის დროსაც ვიცავდით ამ პრინციპს. შესაძლოა, ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა ყველაზე კარგად ქართველ ერს ესმის. იძულებული ვარ, კვლავ გავიმეორო უკვე ნათქვამი: ჩვენ ყველამ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, დავუშვით უმძიმესი შეცდომა, შეიძლება ითქვას, დანაშაულიც დაღუპულთა და გამწარებულ ადამიანთა წინაშე - გენოციდს არ დავარქვით გენოციდი. ეთნიკურ წმენდას - ეთნიკური წმენდა, მასობრივ დახვრეტას - ფაშისტური მოქმედება. არაერთხელ მითქვამს და ჩემი ხალხიც ამ პრინციპს იცავს - ომი პოლიტიკანების დაწყებულია, ომი უცხოა ჩვენი ხალხებისათვის. ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები იცხოვრებენ ერთად ისე, როგორც ცხოვრობდნენ საუკუნეთა განმავლობაში. გაეროს შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების არაორდინარული, უმოკლესი გზა. გარკვეულწილად ექსპერიმენტი - უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო მისია თანამეგობრობის ქვეყნების მხარდაჭერით დიდ მეზობელს - რუსეთს მივანიჭეთ. ნიშანდობლივია, რომ გაერო მიესალმება ამ მისიას, რაც ვალდებულებათა შესრულების ერთგვარი გარანტიაა. თუმცა, გულახდილად ვიტყვი, რომ სჯობდა სამშვიდობო ჯარებს გაეროს მანდატი ჰქონოდათ. ამ დოკუმენტებს მე მოვაწერე ხელი და ერთხელ კიდევ, ამჯერად გაეროს გენერალური მდივნის თანდასწრებით, მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი შეასრულებს თავის დანაპირებს. მშვდობა კავკასიაში ნიშნავს სტაბილურობას ამ დიდი ქვეყნის სამხრეთსა და მრავალ სხვა რეგიონში.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც მინდა ვთქვა. მრავალი რეზოლუციისა და ხელშეკრულების შემდეგ, რომლებიც არ შესრულდა, ბუნებრივია, რომ ხალხში იმედგაცრუება დამკვიდრდა. თუმცა, თქვენ შეხვდით ლტოლვილებს და დარწმუნდით, რომ ადამიანები კვლავ და კვლავ ელოდებიან. ღმერთმა ქნას, რომ მათი მოლოდინი გამართლდეს.
ორიოდე სიტყვით გლობალურ პრობლემებზე. ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად ახალი ურთიერთობის მშენებლობისათვის. გენერალური მდივნის უმნიშვნელოვანესი დახმარებაა, რომ მან თავის ორ ფუძემდებელ ნაშრომში „მშვიდობის დღის წესრიგი“ და „განვითარების დღის წესრიგი“ - ჩამოაყალიბა თეორიული, მსოფლმხედველობრივი და პრაქტიკული მნიშვნელობის საფუძვლები ახალი ურთიერთობის მშენებლობისათვის. სამწუხაროა, რომ იდეათა რეალიზება ჯერ კიდევ ვერ იქცა გლობალურ და, ამავე დროს, კონკრეტულ ამოცანად. ძველმა სტრუქტურებმა და ძველმა მიდგომებმა, როგორც თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, თავისი დრო მოჭამეს. სწორედ დიდი სახელმწიფოები, უწინარეს ყოვლისა, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ გაეროს ჭეშმარიტი რეფორმატორები. მათ შექმნეს ეს ორგანიზაცია და მათივე ხელით უნდა დაიბადოს უშიშროების საბჭოს ახალი სტრუქტურა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის მოთხოვნებს შეესაბამება. მეოცე საუკუნე, რომელმაც კაცობრიობა ტირანული, ტოტალიტარული რეჟიმისაგან გაათავისუფლა, ვალდებულია შექმნას თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის ახალი გარანტიები.
და კიდევ ერთი, დღეს საქართველო შიმშილობს, დღეს საქართველოს უჭირს, საფრთხე ემუქრება საუკუნეთა მონაპოვარს, კულტურას, ხელოვნებას, არ შეიძლება დავუშვათ, რომ ეს სიმდიდრე მომავალ თაობებს დაეკარგოთ. მინდა ვისარგებლო ამ ბედნიერი შემთხვევით და მადლობა მოვახსენო გაეროს, პირადად თქვენ, ბატონო გენერალურო მდივანო, იმ ფასდაუდებელი მატერიალური, ფინანსური, სულიერი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ბევრი სიცოცხლე გადაურჩენია და ბევრი ფასეულობა დაუცავს. ამავე დროს, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ გენერალური მდივანი, მისი თანმხლები პირები, რომლებმაც, როგორც იტყვიან, შეიცნეს და შეიგრძნეს კავკასია, საქართველო, კვლავაც დაგვეხმარებიან, რათა გადავრჩეთ როგორც ხალხი, როგორც სახელმწიფო, გადავარჩინოთ ჩვენი ერის დიდი სულიერი და მატერიალური ღირებულებანი.
ნათქვამს მინდა დავუმატო ჩემი პირადი დამოკიდებულება. თქვენთან მრავალი წლის საუცხოო ურთიერთობა მაკავშირებს და თქვენი სტუმრობა საქართველოში ჩემი პირადი სიხარულიც არის.
მინდა შემოგთავაზოთ ბატონ ბუტროს-ბუტროს გალის, მისი თანმხლები პირების სადღეგრძელო და ვუსურვო მათ შემდგომი წარმატებები.
[...]
„ომი უცხოა ჩვენი ხალხებისათვის. ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები იცხოვრებენ ერთად ისე, როგორც ცხოვრობდნენ საუკუნეთა განმავლობაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 ნოემბერი. - N198(1000). - 1 გვ.
![]() |
114 „გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით, არის მძიმე, რთული, ეკლიანი, მაგრამ ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 7 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას თქვენ ინტერვიუ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრით დაიწყეთ. მიმოიხილეთ კიდეც იმ კვირის შედეგები. ამ თვალსაზრისით, გასული კვირაც საინტერესო იყო. ამდენად გთხოვთ, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუც ამ თემით დაიწყოთ, და კიდევ ერთი შეკითხვა: შაბათს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბატონმა ვალავიმ ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობა შეაფასა და განსაკუთრებით მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის აუცილებლობაზე შეჩერდა. დღეს მართლაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღმასრულებელ სტრუქტურებში ისეთი ადამიანების ყოფნას, ვინც ხელს არ შეუშლის მიმდინარე რეფორმას. უბრალოდ, კონსერვატორები არ იქნებიან. აქედან გამომდინარე მინისტრთა კაბინეტში სტრუქტურული რეორგანიზაცია მექანიკურად არ უნდა მოხდეს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ჩვენი მიდგომა, რომ პატარა ეკონომიკური მიმოხილვა გავაკეთოთ, თავისთავად გამართლებულია. ორიოდე სიტყვით - 9 თვის შედეგების შესახებ. ამ პერიოდში მრეწველობის პროდუქციის მოცულობამ 109 ტრილიონი კუპონი შეადგინა. აქ მთავარი იმდენად მოცულობა როდია, რამდენადაც გამოკვეთილი ტენდენცია. თუმცა, თავისთავად ამ ტენდენციაში სასიხარულო ცოტაა. მაგრამ, მაინც ლაპარაკია გარკვეულ პოზიციურ პროცესზე. კერძოდ, 13-14 პროცენტით შენელდა წარმოების დაქვეითების ტემპი. ვფიქრობ, ნოემბრისა და დეკემბრის მუშაობის შედეგები გაცილებით უფრო იმედის მომცემი იქნება, სამრეწველო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით, თუ შევძელით ენერგოშემცველების მინიმუმით ქვეყნის მომარაგება. ამავე დროს, მინდა ზოგიერთების საყურადღებოდ, ვთქვა: ვფიქრობ, არ არსებობდა სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ შემცირებულიყო, მაგალითად მზა ნაგლინის წარმოება 34 პროცენტით, ფოლადისა - 58, ელექტროენერგიისა - 31, ლითონსაჭრელი ჩარხებისა - 68, ცემენტისა - 77 პროცენტით და ა. შ. მე ახლა ამ დარგებს ვასახელებ, რომლებსაც, ასე თუ ისე, ჰქონდათ შესაბამისი ბაზა შედარებით ნორმალური მუშაობისათვის.
ნაკლებ ბრძოლისუნარიანობას იჩენენ გორში, სადაც წარმოება 62 პროცენტით შემცირდა. ასევე არ არის გამოყენებული შესაძლებლობები რუსთავში, ტყიბულში, მცხეთაში, ზოგიერთ სხვა რაიონში.
მრეწველობის პროდუქციის წარმოების მოცულობის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა ზოგიერთი საწარმოს უმოქმედობამ, მაგალითად, თბილისში, მინდა მივმართო ქალაქ თბილისის მერიას, ყველა გამგებელს, წარმოების ყველა ხელმძღვანელს, ყველა დირექტორს, მინისტრებს, 293 სამრეწველო საწარმოდან არ მუშაობდა 74. ამ კვირაში საგანგებოდ შემოწმდეს ეს საწარმოები, ღრმად გაანალიზდეს და შემდეგ კვირაში ჩემი მონაწილეობით გაიმართოს შეხვედრა სწორედ იმ საწარმოებთან, რომლებმაც ვერაფერი ვერ შექმნეს ამ ხნის განმავლობაში. არსებობს სიმძლავრე, არსებობს დაზგები, არსებობს შრომითი რესურსები და პრაქტიკულად სიმდიდრე არ იქმნება.
კვლავ არ გამოიტანეს დასკვნა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც ეხებოდა, კერძოდ, პურისა და გაზის რეალიზაციიდან ფიქსირებული გადასახადის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიმდინარეობას. თუ ეს ელემენტარული საკითხები არ მოგვარდა, სხვაგვარად ბიუჯეტის ფორმირება არ მოხდება და ვერცერთ პრობლემას ვერ გადავწყვეტთო. 1994 წლის 17 სექტემბრიდან დღემდე ნაცვლად ბიუჯეტის კუთვნილი ხუთნახევარი ტრილიონი კუპონისა, პურპროდუქტებისა და მეფრინველეობის მრეწველობის კორპორაციიდან შემოსულია ორი ტრილიონ 700 მილიონი კუპონი. ასე ცხოვრება და არსებობა არ შეიძლება.
ანგარიშსწორების შემაფერხებელი ფაქტორია თანხების გადარიცხვის დაყოვნება. ამჯერად, თანხა შედის მაღაზიაში, შემდეგ გადადის პურის ქარხანაში, იქიდან - წისქვილკომბინატში, შემდეგ - ბანკებში, სადაც თანხა ჩერდება და დროულად არ ირიცხება დანიშნულებისამებრ, ამას მთელი დღეები სჭირდება. მე უკვე ვთქვი ეს მინისტრთა კაბინეტის წინა სხდომაზე, იქნება ეს რგოლი - წისქვილკომბინატებში გადარიცხვა - საერთოდ გამოირიცხოს და შემოკლდეს ეს გზა ბანკებამდე. მოვუწოდებ, მინისტრთა კაბინეტს, მომავალ სხდომაზე, თუ იგი ოთხშაბათს გაიმართება, სპეციალურად იმსჯელონ ამასთან დაკავშირებით. ლაპარაკი უნდა იყოს სავსებით კონკრეტულ მიდგომებსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ეკონომიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
ახლა შიდასავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მოგახსენებთ. ამ სიტუაციის გაჯანსაღების ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იღებს, რაც ჩვენი წამოყენებული რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგია, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გარკვეული შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ კუპონის გამტკიცების პროცესი პერმანენტული, საკმაოდ მყარი ხდება და ეს ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ მომავალი წლის პირველი კვარტალის ბოლოს, ან მესამე კვარტალის დასაწყისში, უკვე ვილაპარაკოთ ნამდვილ ეროვნულ ვალუტაზე. მაგალითად, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული უკანასკნელი, 4 ნოემბრის ვაჭრობის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა გასაყიდად გამოიტანეს 304 ათასი ამერიკული დოლარი. ამავე დროს, მის ყიდვაზე განაცხადი არ წარმოდგენილა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეროვნულმა ბანკმა კუპონის კურსის გასამყარებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, თავად შეიძინა გასაყიდად გამოტანილი უცხოური ვალუტის მთელი მოცულობა, გაზარდა საკუთარი რეზერვები და დააფიქსირა საკუთარი კურსი: ერთი ამერიკული დოლარი - მილიონ 980 ათასი კუპონი. ერთი კვირის წინათ, გამართულ ვაჭრობაზე ფიქსირებული იყო. ერთი დოლარი - 2 მილიონი 300 ათასი კუპონის მოცულობით. აქაც სერიოზული ცვლილებაა. რაც შეეხება რუსულ რუბლთან შეფარდებას (ერთი რუსული რუბლი - 625 კუპონია), იგი სტაბილური რჩება.
ბოლო თვეებში, მწვავედ იჩინა თავი სხვადასხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების მხრიდან მოქალაქეთა თავისუფალი სახსრების აკუმულირებისა და მათი გადახდისუნარიანობის დარღვევის პრობლემებმა. სამწუხაროდ, ბევრი მოქალაქე დაზარალდა. ამ სფეროში არსებულ დარღვევებზე ამ დღეებში იმსჯელებს მინისტრთა კაბინეტი. მასალები უკვე მზად არის, გუშინაც უნდა შეკრებილიყო, მაგრამ გადავხედეთ პროექტებს და მივიჩნიეთ, რომ ამ საკითხების განხილვისას საჭიროა უფრო ფართო წარმომადგენლობა. მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება და იმსჯელებს მეანაბრეთა წარმომადგენლების მიერ არჩეული კომიტეტების მონაწილეობით. მინდა ვთქვა ყველა მოქალაქის, დაზარალებულთა და იმათ საყურადღებოდ, ვინც შეიძლება მომავალში დაზარალდეს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს დროში, ხშირად საქმე გვაქვს თაღლითებთან, რომლებიც სარგებლობენ ადამიანების გამოუცდელობით, გულუბრყვილობით, ადგილობრივი ორგანიზაციების დანაშაულებრივი გულუბრყვილობითაც. აქ სამსჯელო და სალაპარაკო ძალიან ბევრი რამ არის. ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტი საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება ბატონ ვალავის შეხვედრას ჩვენი პარლამენტის ნაწილთან, მისი შეხედულებები არ განსხვავდება ჩვენი შეხედულებებისაგან. სტრუქტურული სრულყოფილი საკითხი დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და ეს პროცესი პრაქტიკულად, მიმდინარეობს. აქ მუშაობა საჭიროა ორი მიმართულებით: მთავარია ეკონომიკის სტრუქტურული რეორგანიზაცია, და არა მარტო ზედნაშენისა, ანუ რეფორმა, და მეორე - მართვის სტრუქტურების სრულყოფა. პირველი გამსწრები ტემპით მიმდინარეობს და, მე მგონია, ეს ასეც უნდა იყოს. მეორე პროცესი მზადდება და განხორციელდება კიდეც - მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია, მისი გაუმჯობესება, სრულყოფა. ორივე ეს მხარე პარალელური მოვლენაა და საერთო წარმატების პირობაა. ვერავითარი სტრუქტურული წარმატების პირობა, ვერავითარი სტრუქტურული გარდაქმნა ვერ უშველის საქმეს, თუ შესაფერისი კადრები არ წაუძღვებიან ახალ, რეორგანიზებულ სტრუქტურებს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ადამიანებზე და იმაზე, თუ როგორ შევძლებთ მოვძებნოთ ასეთი ხალხი.
არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავის დროზე გავიგებთ. იქნება სტრუქტურული და გარკვეული საკადრო ცვლილებებიც, თუ ამისათვის მზად ვიქნებით თუ იქნებიან მზად კადრები. სხვა შემთხვევაში სტრუქტურული ცვლილების თავისთავად იდეა შეიძლება იყოს კომპრომენტირებული.
უნდა გითხრათ, რომ კონსერვატორები (და არა თავისი აზროვნებით დაკონსერვებულები) საჭირო არიან. რეფორმების პირობებში ვიღაც უნდა გედავებოდეს, გეკამათებოდეს და ამ კამათში უნდა იბადებოდეს ჭეშმარიტება. რეფორმაზე საუბრისას მოაზროვნე კონსერვატორებს მე, მაგალითად, გარკვეულ ანგარიშს ვუწევ.
ალბათ, შენიშნეთ, ჩვენი პრინციპული მიდგომა პრივატიზაციის პროცესისადმი, როცა ჩვენ უნდობლობა არ გამოვუცხადეთ იმ კოლექტივებსა და დირექტორთა იმ კორპუსს, რომლებიც დღეს მოქმედებენ, გვინდა თუ არა, ყველაზე უფრო კვალიფიციური ხალხი ისინი არიან. სხვა საკითხია, თვითონ როგორ ახერხებენ შეეწყონ ახალ მოთხოვნებს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას. ვფიქრობ, ძირითადად, არსებულს უნდა დავეყრდნოთ, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რათა მათი აზროვნების წესი და დონე დღევანდელობის მოთხოვნების სიმაღლეზე აღმოჩნდეს.
- გასული კვირის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს-ბუტროს გალის ვიზიტი თბილისში. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კვლევის საერთაშორისო ცენტრში, სადაც ბუტროს გალი საპატიო წევრად აირჩიეს, თქვენ ბრძანეთ: „საერთაშორისო ურთიერთობა გარდამავალ ეპოქაშია, დღევანდელ მსოფლიოში წონასწორობის ძველი ღერძები აღარ არსებობენ. დღეს მსოფლიო ისეთ ეტაპზეა, რომ ლაპარაკი უნდა იყოს არა წონასწორობაზე, არამედ ჰარმონიაზე, ინტერესების ბალანსზე. მსოფლიო ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც მიდის ამ გზით. დღეს საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს კარგად ესმით, რომ მსოფლიოში შეუძლებელია სამართლიანობისა და უსამართლობის, სიმდიდრისა და სიღარიბის არსებობა. დღეს, ფაქტობრივად, ლაპარაკია სრულიად ახალი ურთიერთობის დამყარებაზე“. ეს, ალბათ, ერთი მხარეა. მეორე მხრივ, რეალურად, რუსეთის სამშვიდობო ძალების შემოყვანა საქართველოში პრინციპულად აუცილებელი გახდა მაშინ, როცა ფაქტობრივად გაეროს უმწეობა დავინახეთ...
- გაეროს გენერალური მდივნის სტუმრობა საქართველოში უდავოდ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. შემთხვევით არ მითქვამს, რომ ეს ვიზიტი, გარკვეული თვალსაზრისით, ისტორიულიც არის, რადგან იგი პირველია. გაეროს ახალი წევრისათვის ეს დაფასებაც არის, ანგარიშგაწევაც და ახალი წევრის მნიშვნელობის ხაზგასმაც საერთო თანამეგობრობაში. რაც შეეხება შედეგებს - ლაპარაკი უფრო მართებული იქნება მისი ნიუ-იორკს დაბრუნების შემდეგ. ვნახოთ, როგორი ფორმით ჩამოყალიბდება მისი შეხედულებები. შეიძლება ეს იყოს რეზოლუცია, ან მისი მოხსენებითი ბარათი თავისი წინადადებითურთ უშიშროების საბჭოსადმი, ან სხვა რეკომენდაციები. ამას ალბათ, მოგვიანებით შევიტყობთ.
უშიშროების საბჭოს, მის ერთ-ერთ წევრს - რუსეთს, რა თქმა უნდა, ყველა საშუალება აქვთ მძლავრი სტიმული მისცენ კონფლიქტის მოწესრიგებას და ამას გარკვეულწილად ხელი უნდა შეუწყონ იმ შთაბეჭდილებებმა, რომლებიც აქ მიიღო გენერალურმა მდივანმა.
რაც შეეხება ჩემს გამონათქვამებს ეგრეთ წოდებულ გლობალურ პრობლემებზე, ეს უფრო ხვალინდელი დღის საქმეა. მომავალი წელი გაეროს 50 წლისთავის წელიწადია, ჩვენც ვემზადებით ამისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველო იტყვის თავის სათქმელს, რათა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია რეალურად იქცეს ჩვენს პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად. ახლა ჯერჯერობით ის ასეთად ვერ გვევლინება. არსებობის 50-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ისევე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ შედარებით უფრო პატარა პრობლემებზე - რეფორმებზე, სტრუქტურულ სრულყოფაზე, - გაეროსაც სწორედ ასეთი რეფორმები სჭირდება. თუ იგი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი უნდა იყოს, უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები, სტრუქტურები და სათანადო ფონდებიც. დღევანდელ მსოფლიოს იმდენად არაფერი უჭირს, რომ ამისათვის 10-15 მილიარდი დოლარი გამოთავისუფლდეს (ცივი ომის დამთავრების შედეგად ხომ ტრილიონები დაიზოგა!) და გაერომ შექმნას ეს სტრუქტურები, მათ შორის საკუთარი, დაქირავებული შეიარაღებული ძალები, იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობის დამყარება ცხელ წერტილებში, შესაძლებელი გახდეს ყოველგვარი კატაკლიზმების თავიდან აცილება. მე მგონი, ჩვენ ამას მივაღწევთ.
- აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ბატონმა ჯაბა იოსელიანმა ასეთი რამ თქვა: თუ პროცესი აფხაზეთში ასე გაჭიანურდება, საქართველომ სამშვიდობო ძალების გაყვანა უნდა მოითხოვოს და უარი უთხრას რუსეთს სამხედრო ბაზების განლაგებაზე. გენერალური მდივნის თანდასწრებით თქვენ გთხოვეს, რომ კომენტარი გაგეკეთებინათ ამ სიტყვებისთვის. თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ: „მე ვაღიარებ, რომ მარტო ბატონი ჯაბა იოსელიანი არ ფიქრობს ასე“. 15 ნოემბერს ჟენევაში გაიმართება მორიგი შეხვედრა. მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი?
- აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ფონზე, თუ იგი დაუსრულებლად გაჭიანურდება, სტიქიურად განვითარდება ნეგატიური პროცესები, რის შესახებაც ლაპარაკობენ ბატონი ჯაბა და სხვები, და მე ვთქვი, რომ ეს გამორიცხული არ არის. ამ საფრთხეს, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან სათანადოდ ვერ აფასებენ ვერც აფხაზთა ლიდერები (მინდა, რომ მათ ამას ანგარიში გაუწიონ), ვერც ჩვენი შუამავლები და მეგობრები, რომლებიც ამ პროცესში ჩვენთან არიან და გვეხმარებიან. თუ მოქმედების დინამიზმი დიაკარგა, მერე შეუძლებელი იქნება მშვიდობისაკენ გზის ძიება: ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და გაიაზროს. ვფიქრობ, ეს კარგად ესმით რუსეთში, მის შეიარაღებულ ძალებშიც, პროცესის დინამიზაციისა და დაჩქარების მნიშვნელობა ესმით პოლიტიკოსებსაც და დიპლომატებსაც. ახლა სიტყვა მათზეა. რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც შეგვიძლია, ისე ვმოქმედებთ, რათა მშვიდობიანი მოგვარებისა და მოწესრიგებისათვის შევქმნათ ნორმალური პირობები.
ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჟენევის შეხვედრაში. მე მგონია, რომ პროტესტების დრო ჯერ არ დამდგარა, უნდა ჩავიდეთ და განვიხილოთ დღის წესრიგის ყველა საკითხი.
- გასულ კვირას თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე თქვენ ქართული ჯარის წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეთ და, სხვათა შორის, აღნიშნეთ, რომ უნდა გამოქვეყნდეს დოკუმენტები გარკვეული პირების უდისციპლინობის კონკრეტული ფაქტებით, ზოგ შემთხვევაში კი აფხაზეთის კონფლიქტის დროს ანტისახელმწიფოებრივი ქმედების შესახებ. ამ ომში ბევრმა მილიარდები აკეთა და დღეს კიდევ ხანჯალსა და ჩოხას იზომებს, - ბრძანეთ თქვენ. უშიშროების სამსახურის უფროსმა იმავე სხდომაზე განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეიარაღებულ ძალებში იპოვონ დასაყრდენი, მაგრამ ვერ ახერხებენ. ქალაქში კი ძალიან აქტიურად ავრცელებენ ხმებს თბილისის ზღვაზე რაღაც შეკრებების, მოსალოდნელი შეიარაღებული გამოსვლების თაობაზე. თუ ეს ასეა, როგორ ფიქრობთ, ამ მოვლენების შესამზადებელ ეტაპად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხვალინდელი საპარლამენტო სხდომა?
- ზოგი რამ, რის თქმაც აუცილებელი იყო, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე ვთქვი. შეხედეთ აგრეთვე იმ კონკრეტულ ამოცანებსაც, რომლებიც დღევანდელ ეტაპზე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. სავსებით კონკრეტული საკითხები და კონკრეტული პროგრამა იყო წარმოდგენილი. და მე ვისურვებდი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს ეს. ლაპარაკი იყო ქვეყანაში სტაბილურობის პრობლემებზეც. საქართველოში არიან ძალები, რომლებმაც კარგად იციან, რომ სტაბილურობისა და სიმშვიდის პირობებში ისინი, როგორც იტყვიან აორთქლდებიან, გაქრებიან, წავლენ სარბიელიდან. აქედან მათი მცდელობა - კვლავ არევ-დარევა შეიტანონ საზოგადოებაში, ასეთ შემთხვევაში ისინი თავის სტიქიაში არიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, კვლავ „მწყობრში“ რჩებიან. ხვალინდელი პარლამენტის სხდომა ერთ-ერთი ელემენტია, ხელოვნური დაძაბულობისაკენ რომ მიჰყავს ქვეყანა. ამიტომაც გასაგებია ის გარკვეული შეშფოთება, რომელიც ახლა ჩვენს საზოგადოებაში სუფევს რაღაც მოხალისეების, იარაღის შეგროვებასთან, აფხაზეთის ექსპედიციისათვის მზადებასთან დაკავშირებით და ა.შ. არა მგონია, ეს ძალები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მე მაინც მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ძალები, რომლებსაც შეეძლოთ ხალხი და ხელისუფლება ქაოსისია და ანარქიის მორევში ჩაითრიონ, რეალურად ასეთები არ არსებობენ. თუ ვინმე შეეცდება ავანტიურას, და ასეთი ძალები კი არიან, ვფიქროვ, მათ მომავალი არა აქვთ. ერთადერთი საფრთხე, რაც არსებობს, ის გახლავთ, რომ შეიძლება მათ ქმედებას გარკვეული მსხვერპლი მოჰყვეს. მე მგონია, მათ ეყოფათ ჭკუა-გონება იმისათვის, რომ ანგარიშში არ მოტყუვდნენ. არ გაჰყვება მათ ხალხი, არ დაუჭერს მათ მხარს, არ გავა ხალხი ქუჩაში და არ განმეორდება ის, რაც ასე ძვირად დაუჯდა საქართველოს ბოლო ხუთი თუ ექვსი წლის განმავლობაში. ვერ შეძლებენ ამას, თუმცა ბევრს ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურის უფროსის ბატონ გიორგაძის განცხადებას სერიოზული საფუძველი აქვს. წუხელიც არ იყო მთლად მშვიდი ღამე, მაგრამ ეს მოსახლეობას არ გაუგია, პოლიციამ თავისი საქმე გააკეთა, ქალაქში სიმშვიდე და წესრიგი იყო, ერთადერთი მოულოდნელობა იყო - თოვლი მოვიდა... მაგრამ ვიმეორებ, უშიშროების სამსახურის უფროსის ბატონ გიორგაძის განცხადება ეს მართლაც საფუძვლიანია. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა სამხედრო ნაწილი ვერ არის საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილი: ხელფასიც სიმბოლურია, კვებაც ცუდია. ზამთარი მოდის და ჩასაცმელ-დასახური ყველას არა აქვს. თუმცა, ძირითადად, ჩვენი ქვეგანაყოფები ერთგული არიან და ისინი თავის საქმეს შეასრულებენ. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ და მათ პირობებს შევუქმნით. ან მართლა დავიხოცებით, ან შევქმნით არმიას, რომელსაც შედარებით ნორმალური პირობები ექნება. ვიღაც-ვიღაცეები ეძებენ დასაყრდენს, ეძებენ განაწყენებულებს. იცით, რომ ბევრი დასაშლელი ფორმირება დავშალეთ. ბუნებრივია, არის ნაწყენი ხალხი. თუმცა, დიდი უმრავლესობა გაგებით შეხვდა ამ ამბავს. ამ კონტინგენტში ეძებენ დასაყრდენს, კვლავ იარაღს ეძებენ, მაგრამ ეს ყველაფერი განწირულია ჩასაშლელად და ჩასაფუშად. არც ხალხის ეს კატეგორია გაჰყვება იმათ, ვინც უკვე პოლიტიკური ბანკროტები არიან, არ მინდა ვიხმარო გამოთქმა „პოლიტიკური ლეში“ და სხვა, თუმცა ეს ხალხი მთლად შორსაც არ არის ამ გაგებისაგან. ვინც ახლა შეგნებით თუ შეუგნებლად სისხლისღვრისკენ, ქუჩისკენ მოუწოდებს ადამიანებს, ის მართლაც თავისი ხალხის მტერია.
- გასულ კვირას თქვენ არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროში გამართულ თათბირს დაესწარით. მინდა გავიმეორო არაერთგზის ნათქვამი თქვენი სიტყვები: „ჩვენ ყველაფერი დავანგრიეთ, რისი დანგრევაც შეგვეძლო“. ეს იყო ნახმარი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, რას ვაშენებთ დღეს? თუ იყო იქ რაიმე სინტერესო ფაქტზე საუბარი?
- არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროში გამართულ საუბარს მე დავარქმევდი დიალოგს საქართველოს ხვალინდელ დღეზე. ძალიან საწყენია, რომ 2-3 კორესპონდენტის გარდა ამ საინტერესო და უაღრესად საჭირო შეხვედრისადმი პრესამ და ტელევიზიამ ინტერესი არ გამოიჩინეს. მე კიდევ ვთქვი: ერთი მოშიმშილე რომ გენახათ და მოგეყვანათ ამ თათბირზე, მაშინ ყველა გაზეთი და ყვლა სატელევიზიო პროგრამა აქ იქნებოდამეთქი. ქვეყანას, როგორც უნდა უჭირდეს, ხალხი მაინც ხვალინდელ დღეზე, მშენებლობაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე უნდა ფიქრობდეს და ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი ფიქრობს კიდეც. გამოვალთ კრიზისიდან და მომავლის გეგმები, პროექტები, რეფორმები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ და რის შესახებაც იყო საუბარი - ურბანიზაციის პრობლემები, ურბანიზაციის კულტურა, ქალაქმშენებლობა, ახალი ცენტრების ჩამოყალიბება საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით - ისტორიულ როლს შეასრულებს. ბუნებრივია, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ საზოგადოებას ეცოდინება მაშინ, როცა ინტერესს გამოიჩენენ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები.
- დღეს 7 ნოემბერია. 77 წლის წინათ რუსეთში ოქტომბრის რევოლუციად წოდებული გადატრიალება მოხდა. სხვათა შორის, ამავე შეფასებას აძლევდა მას სტალინი - ოქტომბრის გადატრიალებას უწოდებდა, ხშირად ამბობენ, რომ რუსთავში რევოლუციის ექსპორტი მოხდა გარედან, შედეგად მიიღეს ბოლშევიკური იმპერია, შემდეგ დიდი სოციალისტური ბანაკი. ერთგვარად მაინც გარედან მოხდა 1985 წლის „პერესტროიკის“ ექსპორტირებაც. ჯერ კიდევ კარტერის პერიოდში იყო განსაკუთრებულად გამოკვეთილი საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საუბარი, რამაც თავის კულმინაციას რეიგანის პერიოდში მიაღწია, თქვენ ამ პროცესების მონაწილე ბრძანდებით და კარგად მოგეხსენებათ ეს. დაიშალა იმპერია სოციალისტური ბანაკი. ამ ორ პროცესთან - 77 წლის წინათ მომხდარ მოვლენებთან და „პერესტროიკის“ პერიოდთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა განმასხვავებელ და საერთო ნიშნებზე საუბარი?
- სხვათა შორის, არ მახსოვს 7 ნოემბერი, თოვლი რომ ყოფილიყო - ამით გამოირჩევა ეს დღე. ვისაც ეზეიმება, დაე, იზეიმოს. ამის უფლებაც აქვთ ადამიანებს - ირწმუნონ ის დღე და იდეები, რომლისაც სჯერათ პიროვნების რწმენას, იმის მიუხედავად, მისაღებია თუ არა იგი ჩვენთვის, მე მაინც პატივს ვცემ.
მიმაჩნია, რომ თქვენს კითხვაში მოყვანილი შედარება მთლად გამართლებული არ არის. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ „პერესტროიკა“ და დემოკრატიზაცია განუყოფელია. რა თქმა უნდა ეს პროცესი, წიაღში, შიგნით დაიწყო. ვერავითარი სხვა ძალა გარდა შინაგანი ძალისა, ამ უზარმაზარ მანქანას, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვერ დაანგრევდა. ხშირად ამბობენ, „პერესტროიკა“ საქართველოსათვის თავსმოხვეული მოვლენა იყოო. ამასაც ვერ დავეთანხმები. განა შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიზაცია გარედან თავსმოხვეული პროცესია? რა თქმა უნდა, არა! ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან უნდა დაწყებულიყო. დაიწყო საბჭოთა კავშირში და, რა თქმა უნდა, გავრცელდა საქართველოზეც ამ პროცესების შეფასების დროს ერთგვარი გაუბრალოება და გულუბრყვილობის ელემენტები არსებობს ხოლმე. ამიტომ თავისთავად მივესალმები ამ შეკითხვას და ვფიქრობ, რომ მომავალში საუბარი ამ თემაზე უნდა გაგრძლდეს.
მინდა ყველამ იცოდეს ჩემი პრინციპული დამოკიდებულება 7 ნოემბრისადმი: მის იდეებს, ოქტომბრის იდეებს, მომავალი არა აქვს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ არც აღნიშვნაა დანაშაული, და ვისაც სწამს, უნდა აღნიშნოს, მაგრამ მომავალი თვით ამ იდეებს და იმ საქმეს რომელსაც ჩვენ, მათ შორის მეც, ათეული წლების განმავლობაში ვემსახურებოდით, პერსპექტივა არ გააჩნია. პერსპექტივა აქვს იმ გზას, რომელსაც ჩვენ დავადექით. ეს არის მძიმე, რთული, ეკლიანი, მაგრამ ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა.
„გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით, არის მძიმე, რთული, ეკლიანი, მაგრამ ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა“ : ედუარდ შევარდნაძის 7 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 9 ნოემბერი. - N199(1001). - 1 გვ.
![]() |
115 პოლიტიკური დებატები, რომლებმაც გამოავლინეს ვინ ვინ არის |
▲ზევით დაბრუნება |
ამონარიდი სტატიიდან
[...]
- სამაჩაბლო დაკარგული არ არის - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - ეს თქვენ მიგაჩნიათ, რომ იგი დაკარგულია. სამაჩაბლოს საქართველო დაიბრუნებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება. მე რომ ეს არ მჯეროდეს, მაშინ საქმე სხვაგვარად იქნებოდა. მეორეც, ამ ომის დაწყება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო. არ შევჩერდები დეტალებზე - როგორ, ვისი იდეოლოგიათა და ხელმძღვანელობით დაიწყო ქართულ-ოსური კონფლიქტი. მე ვხედავდი, რომ საქმე ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტამდე მივიდოდა. ამიტომაც შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევეცდებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას. ქართული ჯარი შევიყვანეთ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. სისხლისღვრა შეწყდა. თუმცა შედეგები კვლავ მძიმეა, ვერ დავაბრუნეთ ლტოლვილები - ვერც ქართველები და ვერც ოსები - თავიანთ კერებზე. ახლა განახლდა საკონტროლო კომისიის მუშაობა. შეიქმნა უწინდელზე უკეთესი პირობები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის, რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას, თუ ქართველ ერს მიაჩნია, რომ სამაჩაბლო დაკარგულია და თანაც ჩემის მცდელობით, ვაგებ პასუხს, როცა ხალხი გადაწყვეტს.
კითხვაზე, ცნობს თუ არა სახელმწიფოს მეთაური 1993 წლის 24 აპრილის პარლამენტის დადგენილებას, რომლის თანახმადაც აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად არის გამოცხადებული, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- ამ დადგენილებამ გარკვეულწილად დადებითი როლი შეასრულა. გავიდა დრო და ჩვენ ავირჩიეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რადიკალურად ახალი კურსი, დავიწყეთ მოლაპარაკება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ. რასაც მოჰყვა რუსეთის სამშვიდობო მისია, აფხაზეთის დაბრუნების შესაძლებლობას რუსეთის მონაწილეობის გარეშე მე ვერ ვხედავ, თუ თქვენ სხვა ვარიანტი გაქვთ, მიკარნახეთ.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა განუმარტა ოპონენტს სოხუმის დაცემის წინა დღეებში გრაჩოვის მიერ შემოთავაზებულ წინადადებასთან - შემოეყვანათ სოხუმის დასაცავად ორი დევიზია და სოხუმის დაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
- მაშინაც კი, როდესაც სოხუმის მიმდებარე რაიონებში ბრძოლები გრძელდებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა შემთხვევაში სოხუმის შენარჩუნება შეგვეძლო, სოხუმი დაეცა მხოლოდ იმიტომ, რომ ღალატი იყო. ღალატმა დაღუპა სოხუმი. ასევე მოხდა გალში, ოჩამჩირესა და გულრიფშში.
როგორიც უნდა იყოს პარლამენტი, ჩვენ ვალდებული ვართ, იგი შევინარჩუნოთ.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტების და საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. თუ შეკითხვის ავტორს მხედველობაში ის ტერორისტები ჰყავს - თქვა მან, - რომელთა მცდელობაც, მოეკლათ ჯაბა იოსელიანი, შვიდი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ან ლოთი ქობალიას გულისხმობს, ეს ხალხი კონკრეტული დანაშაულისათვის აგებს პასუხს. ამათან, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ადასტურებს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას.
ალბათ, ძალზე გაწბილდება სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის მომლოდინე ოპოზიცია და უწინარეს ყოვლისა ბატონ თემურ ჟორჟოლიანს ის პრინციპული და კატეგორიული პოზიცია, რომელიც გამოხატა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ოპონენტის რიტორიკული შეკითხვა-მოწოდების პასუხად - აქვს თუ არა უფლება „ერთპიროვნულად წარმოებული პოლიტიკური კურსის სრული კრახის პირობებში სახელმწიფოს მეთაურს დარჩეს თავის პოსტზე“ პასუხი კი ასეთი იყო:
- პარლამენტმა და ხალხმა გამოხატა თავისი ნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მე არც პარლამენტიდან, და არც ხელისუფლებიდან არ გავიქცევი, სანამ შემიძლია და პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ ქვეყნის გადარჩენისა და კეთილდღეობისათვის.
[...]
პოლიტიკური დებატები, რომლებმაც გამოავლინეს ვინ ვინ არის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 10 ნოემბერი. - N200(1002). - 1 გვ.
![]() |
116 „საქართველო სახელმწიფოს სახეს იძენს“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 14 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- ტრადიციულად, როგორც ამ ბოლო ხანებში ხდება, რადიოინტერვიუს დავიწყებთ გასული კვირის ეკონომიკური მიმოხილვით. და, აქვე ერთი კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ იყო შეპირებები წლევანდელ ზამთართან დაკავშირებით, მძიმე პირობები შეიქმნა: ჭირს პური, განსაკუთრებით - ელექტროენერგია, გაზი, წყალი. როდის უნდა ველოდოთ სიტუაციის გარკვეულ გაუმჯობესებას და, საერთოდ, რატომ შეიქმნა ასეთი მძიმე პირობები, როცა ზამთრისათვის მზადება ადრევე დავიწყეთ? ამასთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტში თათბირები იმართებოდა, სადაც კონკრეტულ პირობებს კონკრეტული დავალებები უნაწილდებოდათ... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- ძალიან მოკლედ მოგახსენებთ იმ დადებით ტენდენციაზე, რომლის შენარჩუნება, ჯერჯერობოთ, ხერხდება. ეს არის ჩვენი გარდამავალი ვალუტის - კუპონის კურსის განმტკიცება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ერთგვარ კანონზომიერებადაც კი იქცევა, თუკი ამისათვის თანმიმდევრულად ვიზრუნებთ. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის მორიგ საჯარო ვაჭრობაზე ამერიკის შეერთებული შტატების დოლარზე მოთხოვნამ შეადგინა 21 ათასი დოლარი. აქ დაფიქსირდა კურსი: 1 დოლარი - მილიონ 85 ათასი კუპონი, ნაცვლად პირველი ნოემბრის 2 მილიონ 30 ათასი კუპონისა. ეს ამ მოკლე დროისათვის საკმაოდ სერიოზული ძვრაა. გარიგების მოცულობამ შეადგინა 32 ათასი დოლარი, კომერციულმა ბანკებმა გასაყიდად გამოიტანეს 93 მილიონი რუსული რუბლი, რომლის შესყიდვაზეც პრაქტიკული მოთხოვნა არ ყოფილა. შესაბამისად, ამ პოზიციითაც მოხდა კუპონის კურსის გამაგრება. ეს შეფარდებაც ძალიან საინტერესოა: 1 რუსული რუბლი - 585 კუპონი. წინათ კი 600-ზე მეტი იყო. ჩვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, როცა ასეთ მოვლენებს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ანალიზი სჭირდება - რგორია ვითარება ბირჟაზე, როგორია ეროვნული ვალუტის შეფარდება სხვა ვალუტებთან და ა. შ. თავისთავად, ამ თემაზე საუბარი რომ დავიწყეთ, ეს უკვე რაღაც გარკვეული მოვლენის დაწყებას ნიშნავს.
რაც შეეხება სიძნელეებს, რომლებსაც ჩვენ ახლა რეალურად წავაწყდი, უწინარესად, გაზის მოწოდებაში, ეს დამოკიდებულია თურქმენეთიდან მომავალ მაგისტრალებზე დიდ ავარიასთან, რომელიც, ჯერჯერობით, არ არის ლიკვიდირებული. ბუნებრივია, ამან სერიოზული სირთულეები შექმნა ელექტროენერგიით მომარაგებასა და განაწილებაში, გაჩნდა სხვა მრავალი პრობლემა, რაც თან სდევს ამ მოვლენას. მე მაინც მიმაჩნია, რომ ახლა, მიუხედავად ყოველგვარი სიძნელისა, წინა პლანზე მაინც წარმოების ტემპი კი არ უნდა დაეცეს, არამედ უფრო ამაღლდეს და ამისათვის უნდა იბრძოლოს ყველა რაიონმა, ყველა ქალაქმა, ყველა საწარმომ, თუ გვინდა, რომ მომავალში ეს სიძნელეები უფრო ნაკლებად შეეხოს თითოეული ოჯახისა და მოქალაქის ინტერესებს.
წინა კვირისათვის დამახასიათებელი იყო პარიზის შეხვედრისათვის მზადება, ეს არის შეხვედრა დონორ ქვეყნებთან სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. უკვე ცნობილია, თუ რა კონცეფციით მიდის პარიზში საქართველოს დელეგაცია, რა არგუმენტებით უნდა წარვსდგეთ იმისათვის, რომ მივიღოთ სერიოზული მხარდაჭერა უკვე მომავალი წლის დასაწყისშივე, თუ ეს ასე იქნება, მაშინ 1995 წელს უფრო იმედიანად და ხალისიანად დავიწყებთ.
როგორც ვთქვი, გაზის მოწოდების საქმეში შექმნილმა სიძნელეებმა ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა. მაგრამ, ყველაზე რთული მაინც ხორბლის მოწოდებაში რეალურად გამოკვეთილი საფრთხე იყო. მართლაც საგანგებო ზომები მივიღეთ, ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია უკრაინამ. მას თვითონ უჭირს, თვითონ აკლია მილიონი თუ 2 მილიონი ტონა ხორბალი. მიუხედავად ამისა, მათ ნაწილობრივ მაინც მოიკლეს რესურსები და ჩვენ დაგვეხმარნენ. ასევე ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა 10 ათასი ტონა ხორბალი გამოგვიყო, ანგარიში გაგვიწია სომხეთმა. სომხეთისათვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთული ვაგონები დგას ჩვენს რკინიგზაზე და ნება მოგვცეს, რომ თუ დაგვჭირდება, დავხარჯოთ და შემდეგ დავუბრუნოთ. რა თქმა უნდა, უკრაინასაც, თურქეთსაც უნდა გადავუხადოთ ვალი, მაგრამ, ამ კრიზისულ სიტუაციაში, როცა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ობიექტური მიზეზების გამო შეფერხდა ხორბლის შემოტანა, ამ დახმარებამ გაჭირვებისაგან და განსაცდელისაგან.
გარკვეული სიძნელეებია პურის ცხობაში. გუშინ მე შევხვდი და ვესაუბრე თბილისელ მოქალაქეებს. კიდევ და კიდევ უნდა ვთქვა; ვიცი, როგორ უჭირთ, როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც გაგებით ეკიდებიან ამას, დარწმუნებული არიან, რომ, რაც კი შეგვიძლია, ყველაფერი კეთდება პურის ცხობის მოსაგვარებლად, თუმცა არის დაბრკოლებები. ამ შემთხვევაში თბილისის მერია, სხვა ქალაქებიც, მობილიზებულად და, ვფიქრობ, რომ მომავალში სერიოზული დაბრკოლებები არ გვექნება.
ბევრი უბანი წყალს ვერ იღებს. ბევრმა არ იცის, რა კავშირშია ერთმანეთთან და კითხულობენ, ელექტროენერგია არ არის, წყალი რატომ არ არისო... ბუნებრივია, წყლის სათავეები ვერ იმუშავებს და წლის ამოტუმბვა შეუძლებელია, თუ ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოკლე დროში ეს საკითხი მოგვარდება.
და კიდევ ერთი: გუშინ თბილისელები შემეკითხნენ ჩემი დანაპირების - პურის განაწილების ნორმებში დაკლებული 100 გრამის დაფარვის შესახებ. მე გუშინაც გავიმეორე, რომ საკმაოდ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ჩვენ თბილისელებს პირობას მაინც შევუსრულებთ.
როგორ ვიცხოვრებთ უახლოეს თვეებში? იმ ანგარიშებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს უახლოესი თვეები გარანტირებული უნდა იყოს, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდება. მთელი ჩვენი საზრუნავი ახლა ის არის, თუ შემდეგში როგორ გავაგრძელოთ მოსახლეობის უზრუნველყოფა. ზამთრისათვის მზადებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გაკეთდა, დიდი რაოდენობით შემოვიდა მაზუთი, სანათი ნავთი, ელექტრო და ნავთქურები, სხვა საშუალებები. მაგრამ რა თქმა უნდა, იმდენი არა, რამდენიც საჭიროა.
- გასულ კვირას ხანძრის შედეგად დაიწვა განათლების სამინისტროს შენობა. სამინისტროს მთელი პერსონალი ღია ცის ქვეშ დარჩა, დაეწვათ, ყველაფერი, რაც ადამიანებს ამდენი ხნის განმავლობაში უკეთებიათ. თავისთავად ეს შენობა ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი იყო, რომელიც გასული საუკუნის დამლევს აშენდა. სამწუხაროდ, ეს პირველი და ერთადერთი ხანძარი არ არის თბილისში. ზოგი შენობა სურვილითა და ნებით, ზოგიც უბედურების შედეგად დაიწვა. რა ღონისძიება მიიღო ხელისუფლებამ, მთავრობამ, რომ სწრაფად მოხდეს ამ შენობის აღდგენა?
- ეს ძველი ისტორიული შენობაა, თავისებური ისტორიული ძეგლია. ხანძრის მიზეზები გასარკვევია. ამოცანა კი ის არის, რომ შენობა რაც შეიძლება ჩქარა აღვადგინოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო მოწოდება, რომ აღდგენით სამუშაოებს მიეცეს სახალხო მშენებლობის ხასიათი. მიმაჩნია, რომ თვითონ ეს დარგი სწორედ ასეთ მიდგომას იმსახურებს, ვუერთდები ამ მოწოდებას და მზად ვარ, როგორც შემიძლია, შესაფერისი წვლილიც შევიტანო ამ სახალხო მოძრაობაში.
გავრცელდა ხმები, რომ ხანძარი თითქოს ბოროტმოქმედებმა გააჩინეს და მიმართულია სამინისტროს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. არა მგონია, ეს ხმები საფუძვლიანი იყოს. მაინც მინდა განვაცხადო (რადგან არის ჭორები და მათ გარკვეული ფასი და წონა აქვთ), რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა სარგებლობს ხელისუფლების სრული მხარდაჭერით - და შენობის აღდგენაზეც ერთად ვიმუშავებთ. მჯერა, რომ ასეთი პოზიცია შეესაბამება პედაგოგთა მრავალრიცხოვანი კოლექტივის აზრსაც. განათლების სამინისტრო (მე ამ დილითაც შევხვდი ბატონ თამაზ კვაჭანტირაძეს) ფუნქციონირებს იმავე შენობაში. ვფიქრობ, საერთო ძალებით ეს შენობა რაც შეიძლება მალე აღდგება და სამინისტროს კოლექტივიც გამართულად იმუშავებს. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ განათლების სისტემიდან თავის დროზე მრავალ შენობას - პროფტექნიკურ სასწავლებლებს, საშუალო სასწავლებლებსაც კი, საბავშვო დაწესებულებებს, მაშინდელ პიონერთა სახლებს, ნორჩ ტექნიკოსთა სადგურებს სხვადასხვა სტრუქტურები თვითნებურად, დაუსაბუთებლად დაეუფლნენ და ახლა, ღმერთმა იცის, ვინ განაგებს და პატრონობს მათ. მინდა ვთხოვო მინისტრთა კაბინეტს, რომ შეისწავლოს ეს საკითხი - ბავშვებს უნდა დავუბრუნოთ თავიანთი ქონება: განათლების მესვეურები მას სათანადოდ გამოიყენებენ, თავიანთი საჭიროებისამებრ მოახდენენ აქციონირებას. მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ ის, რაც წინა თაობებმა შექმნეს.
- გასულ კვირას რესპუბლიკურმა პროკურატურამ საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში არსებულ დარღვევებზე იმსჯელა. აქ იყო ასეთი ფაქტი: იმის გამო, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადზე და აქციზების შესახებ კანონები თვენახევარს დაგვიანებით ამუშავდა, სახელმწიფოს ბიუჯეტმა 2 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი დაკარგა. გარდა ამისა, იყო უკანონო განკარგულებები, როგორც დეპარტამენტის, ისე მთავრობის ხელმძღვანელთა მხრიდან გადასახადებისაგან განთავისუფლების შესახებ. კერძოდ, ქვეყანაში შემოდიოდა ესა თუ ის ტვირთი, რომელიც გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. დასახელებული იყო კონკრეტული ფირმებიცა და გვარებიც. და, ეს მაშინ, როცა რომ იტყვიან, ქვეყანა კაპიკებს უნდა ითვლიდეს...
- უნდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკის პროკურატურა, ისევე როგორც სხვა სამართალდამცავი ორგანოები, სასარგებლოდ გააქტიურდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში, თუმცა ამჯერად პროკურატურაზეა ლაპარაკი. საბაჟო სამსახურის შესახებ მსჯელობაც ამის კონკრეტული გამოხატულებაა. ჩემი განკარგულებით მოეწყო ამ სამსახურის გლობალური შემოწმება. მიღებულია ორგანიზაციული ხასიათის ზომებიც. შაბათ-კვირას დანიშნულია ამ დარგში მომუშავეთა რესპუბლიკური თათბირი. ასეთი შეკრება პირველია და საუბრისათვის სერიოზულად ვემზადებით. მინდა მოქალაქეებმა გამოიჩინონ ინტერესი იმ ღონისძიებისადმი. საჭიროა, ყველამ კარგად ვიცოდეთ, რა სიძნელეებსა და სირთულეებს ვაწყდებით, რა რთულ პირობებში მიმდინარეობს სახელმწიფოებრივი მშენებლობა. ყველასათვის ხომ გასაგებია, რომ ბევრი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, მათ შორის საბაჟო სამსახური ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე იქმნებოდა და შენდება. ვფიქრობ, ეს შეკრება გარდატეხის დასაწყისში იქნება ქვეყნისათვის ამ უაღრესად საჭირო და საარსებოდ მნიშვნელოვან დარგში. დასახელებული ციფრი თავისთავად მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო.
უკანონო განკარგულებებთან დაკავშირებით. გუშინ მივიღე ამ სამსახურის ზოგიერთი ხელმძღვანელი, მათ შორის ბატონი მამულაშვილი, მქონდა ორსაათიანი საუბარი. მე მას ვთხოვე, რომ ყველა უკანონო განკარგულება გამოაქვეყნოს შაბათს თათბირზე, თქვას ვინ გასცა ისინი. ზოგჯერ განკარგულება გაცემულია, ვთქვათ, პურთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის იყო ცნობილი. მაგრამ ასეთი შეიძლება სამი-ოთხი ფაქტი იყოს. ამიტომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
- დღეს 14 ნოემბერია. ჟენევაში ჩვენი დელეგაციის გამგზავრების წინ საკმაოდ მძაფრი კამათი იყო, მოითხოვდნენ დელეგაციის წევრებთან შეხვედრას და ა.შ. რა კონკრეტული წინადადებებით წავიდა ქართული დელეგაცია ჟენევაში?
- დამუშავებულია რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი. როცა სტატუსზე, ლტოლვილების დაბრუნებაზეა ლაპარაკი, ჩვენი მოთხოვნები ცნობილია. ვიდრე მოლაპარაკება არ დაწყებულა, მაინცა და მაინც სასურველი არ არის წინასწარ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა. არის საერთო პრინციპული მიდგომა აფხაზეთის სტატუსისა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებისადმი. მე ასე, ძალიან ფრთხილად ვიტყოდი: არა მგონია, რომ ჟენევის შეხვედრა ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, მაგრამ იქ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებსაც მე ვიცნობ, იმის საფუძველს კი იძლევა, რომ მეტი სიცხადე შევიტანოთ დღევანდელ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივაში. ამ საკითხის უფრო დეტალური გარჩევა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია მოლაპარაკების დაწყების წინ, ეს იქნება ერთგვარი გასწრება მოვლენებისა, რაც არ ივარგებს. ვნახოთ, როგორ წარიმართება დიალოგი და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ თემას.
- გასულ კვირას დაიწყო და დასრულდა თბილისის ზღვის თემით. დაიწყო შესაძლო არეულობის თაობაზე ჩვენი მოქალაქეების გარკვეული შეშფოთებით და დასრულდა იქ არსებული სამხედრო შენაერთების შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შინაგანი ჯარებისათვის გადაცემით. საბედნიეროდ, ყველაფერი უექსცესებოდ მოხდა. უფრო მეტიც, სადესანტო მოიერიშე ბატალიონის (ახლა მას უკვე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფი ჰქვია) ხელმძღვანელობამ და ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ მოწონებით ხვდებიან თქვენ გადაწყვეტილებას ერთიან სტრუქტურაში შეყვანის შესახებ...
- მინდა მადლობა გამოვხატო, მადლობა ვუთხრა ყველას, თქვენს მიერ ნახსენებ სამხედრო ნაწილს, იმ სამხედრო ფორმირებებს, მთლიანად პირად შემადგენლობას, რომლებიც გაგებით შეხვდნენ სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებებს. მე მათ ვიცნობ, მინახავს ისინი ბრძოლაში, ომში, ახლა მესამედი დარჩა იმისა, რაც თავის დროზე იყვნენ. ეს მართლაც თავგანწირული ხალხია, მაგრამ ამ ეტაპზე სწორედ ასეთი სტრუქტურული ცვლილებები იყო საჭირო და აუცილებელი. ამიტომ, კიდევ და კიდევ მადლიერი ვარ, რომ ისინი ამას გაგებით შეხვდნენ. გარდა დასახელებული ნაწილისა, იქ სხვა შენაერთები და ქვეგანაყოფებიც იყვნენ. უდავოდ, აღნიშვნის ღირსია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და უშიშროების სამსახურის შეთანხმებული და გააზრებული საქმიანობა. ეს საკითხის ერთი მხარეა.
ახლა რამდენიმე სიტყვა იმ მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელსაც დაარქვეს მოხალისეთა შეგროვება აფხაზეთის განთავისუფლებისათვის და იმ გაუთავებელ ლაპარაკზე, რომ ავლენ თბილისის ზღვაზე, შეიკრიბებიან რკონში, ან ძეგვის რომელიღაც საბავშვო სახლს დაეუფლებიან, ანდა რომელიღაც ქუჩაზე დაიდებენ ბინას, შავნაბადაზე დაბანაკდებიან და სხვა. მინდა ვთქვა, რომ სერიოზულ საქმეს ასე არ აკეთებენ. საერთოდ, არასერიოზულობა ასეთი პრობლემისადმი უნდა გამოირიცხოს. მე კიდევ უფრო შორს წავიდოდი: ამ ეგრეთ წოდებულ მოძრაობაში უფრო სხვა მიზნები იყო ჩადებული და აქედან გამომდინარეობს ჩვენი შესაბამისი რეაქციაც. მე ასე ვიტყოდი: ეს ცეცხლთან თამაშია. ნუთუ არ გვეყო არაერთხელ წამოწყებული თამაში ცეცხლთან, რომელიც ყოველთვის მძვინვარე ხანძარში გადაიზარდა? ყველამ ვიცით, თუ რა შედეგებიც მოჰყვა ერთ, მეორე თუ მესამე მოვლენას. დამთავრდა ის დრო, როცა შეიძლებოდა ადამიანების პროვოცირება სხვადასხვა პოპულისტური ლოზუნგებით მათ მიერ, რომლებიც პირადი ამბიციებითა და პირადი ინტერესებით, კარიერისტული მიზნებით ხელმძღვანელობდნენ. საქართველო სახელმწიფოს სახეს იძენს და სახელმწიფო ხალხის ინტერესების სადარაჯოზე იდგება. ეს ამ დღეებშიც გამოჩნდა. ავანტიურისტების, დემაგოგების, პოპულისტების დრო ისტორიას ბარდება. მის ჩარხს უკუღმა ვეღარავინ დაატრიალებს. ასეთია ჩემი კომენტარი.
- გასულ კვირას, 8 ნოემბერს საპარლამენტო დებატები გაიმართება. თქვენ ბრძანეთ, რომ ხალხი აღარ აირჩევს პოლიტიკოსებს, რომლებიც ქუჩის მიტინგებსა და ამგვარ სპექტაკლებს სთავაზობენ ადამიანებს. აირჩევენ იმათ, ვინც ქვეყანას რეალისტურ პროგრამას შესთავაზებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ ტიპის პარტიების რეიტინგი ძალიან დაეცა. ბოლო სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობის ინტერესი პოლიტიკური პროცესებისადმი ნაკლებად იგრძნობა. როგორ ფიქრობთ, რით არის გამოწვეული მოსახლეობის ამგვარი ინდიფერენტიზმი, რამდენად დადებითია ეს მოვლენა?
- ჩემი აზრით, დებატები სასარგებლო იყო უწინარესად, საზოგადოებისათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის, თუ საშუალება იქნება, ვთხოვ ტელევიზიას, გაიმეოროს დებატების ზოგიერთი ფრაგმენტი, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ ნახა და ვერ მოისმინა იგი. ახლა, როცა უკვე არჩევნებზე ლაპარაკობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არის ვინ. ეს დებატები საზოგადოების ავადმყოფური პოლიტიზირებისაგან განკურნების ერთ-ერთი საშუალებაც არის. ვფიქრობ, მოსახლეობის ინტერესის შენელება პოლიტიკური პროცესისადმი ისეთი პოლიტიზირებისაგან განთავისუფლებაა, რომელმაც ჩვენ დიდი უბედურება მოგვიტანა. მაინც ჯანსაღი მოვლენაა. არ შეიძლება ქვეყანა ასე პოლიტიზირებული იყოს. დებატებმა ერთხელ კიდევ დაგვანახა, რომ უნდა ვესწრაფოდეთ დავამკვიდროთ საპარლამენტო, სახელმწიფოებრივი აზროვნება და არა ქუჩური აზროვნება, ქუჩიდან პარლამენტში შემოტანილი წესები. ამ მხრივ, ჩემი აზრით, ეს დებატები, ისევე როგორც წინა შეხვედრები პარლამენტში, გარკვეულ გაკვეთილებს წარმოადგენს. ახლა სხვა კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ხალხმა თავად გამოიტანოს დასკვნა.
- ხვალ თბილისს თურქეთის პრეზიდენტი, ცნობილი პოლიტიკოსი სულეიმან დემირელი ეწვევა. თურქეთსა და საქართველოს შორის უკვე დადებულია ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ურთიერთობის შესახებ. ეს ბატონ დემირელის პირველი ვიზიტი არ არის საქართველოში. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ვიზიტს?
- თურქეთის პრეზიდენტი ბატონი დემირელი თურქეთსაქართველოს ახალი ურთიერთობის მშენებლობის სათავეებთან დგას. ეს თავისთავად ისტორიული ეტაპია არა მარტო ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, არამედ რეგიონის ისტორიაშიც. ყველას კარგად ახსოვს მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, უკეთესობისაკენ. თურქეთი, მისი პრეზიდენტი დიდ მეგობრულ დახმარებას გვიწევენ საქართველოსათვის ამ ძნელბედობის ჟამს. მე წეღანაც ვახსენე და ახლაც შემიძლია მრავალი ასეთი ფაქტი დავასახელო. ჩვენ გვექნება უაღრესად მნიშვნელოვანი საუბრები ორმხრივი კავშირების დღევანდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე, რეგიონულ და გლობალურ პრობლემებზე, კონფლიქტების დაძლევის გზებზე, რეგიონში მშვიდობის განმტკიცების პრობლემებზე, შავიზღვისპირა ქვეყნების თანამშრომლობის დინამიკურობის ამაღლების საკითხებსა და სხვა პრობლემებზე. საქართველო ეგებება ბატონ პრეზიდენტს, როგორც ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარსა და გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს.
„საქართველო სახელმწიფოს სახეს იძენს“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 16 ნოემბერი. - N203(1005). - 1,2 გვ.
![]() |
117 ახალი ურთიერთობის მშენებლობის სათავეებთან სადილი თურქეთის რესპუბლიკის, მისი აღმატებულების ბატონ სულეიმან დემირელის პატივსაცემად |
▲ზევით დაბრუნება |
15 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ სადილი გაუმართა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს. სადილზე ორი სახელმწიფოს მეთაურებმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ეს ბატონ დემირელის მეორე ვიზიტი გახლავთ. მე უკვე ვთქვი, რომ თურქეთსა და საქართველოს საუკუნეობრივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს. ეს პირველია იმ მრავალი საუკუნის განმავლობაში, როდესაც თურქეთის სახელმწიფოს მეთაური ესტუმრა საქართველოს.
ისტორიას იმიტომ შევეხე, რომ ჩვენ ღრმად ვსწავლობთ წარსულს, რათა მისი გაკვეთილები აწმყოსა და მომავლის შექმნაში დაგვეხმაროს და ბედნიერი ხვალინდელი დღე ავაშენოთ.
თქვენი მასპინძელია ქართველი ხალხი, რომელსაც ახლა ძალიან უჭირს, მაგრამ, რომელმაც უკვე გაიარა ნგრევის, სისხლისღვრის, სამოქალაქო ომის საშინელებანი, თავისუფლდება ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისაგან, ზურგი შეაქცია დემაგოგებს, ცრუპატრიოტებს და ცრუმესიებს და უდიდესი მოთმინებით, გმირული სულისკვეთებით აშენებს ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს.
არც თქვენ ქვეყანას უვლია ია-ვარდით მოფენილი გზით, მაინც არაერთი ქარტეხილი გადაიტანა დემოკრატიისა და აღორძინების გზაზე და, მე ვიტყოდი, სასწაულებრივი ტემპები განავითარა ახალი ეკონომიკის, ახალი კულტურის, ახალი სულიერების მშენებლობაში, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, თქვენი წარმატებები ჩვენ გვისახავს იმედს, რომ მრავალი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენც გავივლით ჩვენს გასავლელს და დავიკავებთ ისტორიის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილ ნიშანს. სწორედ ასე გვიწინასწარმეტყველეთ თქვენს შესანიშნავ აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის ცენტრში.
გულწრფელად მინდა გითხრათ: ჩვენ, ქართველები ვამაყობთ თქვენი წინსვლით; მივესალმებით ჩვენი დიდი მეზობლის სულ უფრო მზარდ როლს საყოველთაო მშვიდობისა და სტაბილურობის დამკიდრების ბრძოლაში, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეგიონისათვის, რომელიც ბოლო წლებში აფორიაქებული და შეძრწუნებულია რეაქციული ძალების მიერ თავსმოხვეული ომებით, კონფლიქტებით და არეულობით.
გულით მივესალმებით, რა თურქი ხალხის უზარმაზარ მიღწევებს, ისიც მინდა გითხრათ, რომ გავხდი რა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, ქართველები ხელცარიელი არ შევსულვართ ხალხთა ამ დიდ ოჯახში. ქართული აზროვნებით განვითარებულ მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, თუნდაც პოლიტიკაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა სიმაღლეზეა და ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და დახმარებით მთელ მსოფლიოში საქართველო ისტორიულად მოკლე დროში გახდება ბედნიერი და აყვავებული ქვეყანა.
სამწუხაროდ, ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ. უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, დღევანდელ თაობებს წინაპართა მრავალი ცოდვის მონანიებაც უხდებათ და გამოსწორებაც.
მარტო ორ მოვლენას დავასახელებდი, რომლებმაც ღრმა ჭრილობა მიაყენა ყველა თაობის ადამიანებს. ეს იყო 1930-იანი წლების ქარტეხილები, რეპრესიები, ქვეყნის საუკეთესო, მოაზროვნე ნაწილი რომ შეიწირა.
ამ დღეებში სრულდება 50 წლისთავი ჩვენი ძმების სამხრეთ საქართველოს, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ბარბაროსული დეპორტაციიდან, რაც მაშინდელმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა განახორციელა და რაც ზნეობრივად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისათვის.
ისიც მინდა გითხრათ, რომ ოთხმოციან წლებში მე გახლდით ერთ-ერთი ინიციატორი დეპორტირებულთა დაბრუნებისა, ათეულობით ოჯახი დასახლდა თავის ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი შეწყდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსული მაშინდელი ლიდერების მიერ ხოლო ჩამოსახლებულნი ისევ განდევნეს.
ისტორიული უსამართლობა გამოსწორებას მოითხოვს და მე მჯერა, რომ ქვეყანა სულს მოითქვამს, ეკონომიკურად მოძლიერდება და ჩვენი მოძმენიც გეგმაზომიერად, ეტაპობრივად დაბრუნდებიან და თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალებისადმი ერთგულ საქართველოში ამგვარი უსამართლობა აღარასოდეს განმეორდება.
ბატონო პრეზიდენტო!
დღეს ჩვენ ახალ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება, დავიწყებას მიეცა ცივი ომი, ბიპოლარული სამყარო, გამალებული შეიარაღება და საზარელი შიში ბირთვული ხანძრისა. გამოთავისუფლდა ვეებერთელა სახსრები რომლებიც გამალებულ შეიარაღებაზე იხარჯებოდა. ეს იყო უდიდესი რევოლუცია ისტორიაში.
და მაინც, მსოფლიო ჯერ არ ქცეულა იმ ოცნების სამყაროდ, სადაც ჰარმონია და სიყვარულის კანონები განსაზღვრავენ ადამიანთა თანაცხოვრების წესებს.
წარსულმა სიძულვილის დიქტატურის ღრმა ფესვები დაგვიტოვა და მათი ამოძირკვა თუ არ მოხერხდა, ვინ იცის, რა განსაცდელი ელოდება კაცობრიობას, მათ შორის, ჩვენს ხალხებს. ერთი მაგალითი იმისა, თუ რა ყლორტები აღმოცენდა სიძულვილის ფესვებზე - აფხაზეთია; ვის შეეძლო წარმოდგენა, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ, გარეშე თუ შინაური რეაქციული ძალების მონაწილეობით, კბილებამდე შეიარაღებული დაქირავებული მშობლიური მიწიდან გააძევებდნენ 200 ათასამდე მკვიდრს, დახვრეტდნენ ასობით და ათასობით ადამიანს, პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვანს, ჟურნალისტს, მსახიობს... უბედურება ის არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ჰყოფნით გამბედაობა, გენოციდს გენოციდი დაარქვან, ეთნოწმენდას - ეთნოწმენდა, არ შეწევთ ძალა და უნარი აღკვეთონ მეოცე საუკუნის ეს ბარბაროსული აქტები. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოზიციებზე, არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვადასტურებ - ქართველები და აფხაზები, საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდნენ და კვლავაც იცხოვრებენ ერთად საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მოიწონა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო მისიის რუსეთისათვის დაკისრების შესახებ. მჯერა, რომ ჩვენი დიდი მეზობელი თავისი ისტორიული მისიის სიმაღლეზე იქნება, ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის მთავრობისა, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი მეთვალყურეები გამოგზავნოს კონფლიქტის ზონაში.
და საერთოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ურთიერთგაგებისა და ინტერესთა გათვალისწინები იმ ატომოსფეროზე, რომელიც კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს ორ დიდ სახელმწიფოს, რუსეთსა და თურქეთს შორის, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს რეგიონშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
ღრმად მწამს, რომ მომავალი საუკუნე ინტეგრაციის საუკუნე იქნება, ერთ-ერთი ინიციატორი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრირებისა, თქვენი ქვეყანაა, მხედველობაში მაქვს შავიზღვისპირეთის ეკონომიკური ალიანსი. ეს დასაწყისია, რეგიონალურ ინტეგრაციულ პროცესებს დიდი მომავალი აქვს, სწორედ ეს გამოცდილება მიიყვანს კაცობრიობას საერთო პლანეტარულ სივრცეებამდე.
ბატონო პრეზიდენტო, მე ზემოთ ვთქვი, რომ თურქეთმა უდიდეს შედეგებს მიაღწია ბოლო წლებში, ერთი უმთავრესი არქიტექტორი შენების ამ უმშვენიერესი პროცესებისა სწორედ თქვენ ბრძანდებით.
თქვენ დგახართ საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის სათავეებთან ისევე, როგორც თქვენი ახალი ურთიერთობის მშენებლობის სათავეებთან სხვა სახელმწიფოთა მიმართ.
მინდა ჩემი ხალხის, საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით მადლობა გითხრათ დახმარების ძმური ხელისათვის, რომელიც თქვენ არაერთხელ გამოგიწვდიათ, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ ერთიანი და განუყრელი საქართველოს მხარდაჭერისათვის.
მინდა შევსვა სადღეგრძელო იმ ადამიანისა, რომლის ცხოვრებაც ისეთივე მშფოთვარეა და სახელოვანი, როგორც მისი ქვეყნის ისტორია, რომელმაც მთელი თავისი ძალ-ღონე შეალია თავისი ხალხის კეთილდღეობას, მშვიდობისა და კეთილმეზობლობის დამყარებას რეგიონის ქვეყნებთან და მრავალ სხვა სასიკეთო საქმეს, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება და პატივისცემა მოუპოვა.
სულ ცოტა ხნის წინათ, ბატონ სულეიმან დემირელს 70 წელი შეუსრულდა. ესაა დიდი პოლიტიკოსის მიერ სახელოვნად განვლილი გზა. ქართველმა მხატვრებმა მისი პორტრეტი შექმნეს, დახატეს ისე, როგორც ისინი ხედავენ ქართველი ხალხის დიდ მეგობარს და დღევანდელობის გამოჩენილ მოღვაწეს. თქვენი პორტრეტის ავტორი გახლავთ ცნობილი ქართველი ხელოვანი გიორგი გეგეჭკორი.
ვულოცავ რა სახელოვან იუბილეს ქართულ მიწაზე, მინდა შემოგთავაზოთ ბატონი პრეზიდენტის სადღეგრძელო ბედნიერება და აყვავება ვუსურვო მის დიდ ქვეყანას, მასთან ერთად მინდა ვადღეგრძელო ყველა მისი თანამგზავრი, - საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, ყველასათვის კარგად ნაცნობი ბიზნესმენები, რომელთაც განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვან ახალ ურთიერთობათა მშენებლობაში.
[...]
ახალი ურთიერთობის მშენებლობის სათავეებთან : სადილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ბატონ სულეიმან დემირელის პატივსაცემად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 ნოემბერი. - N204(1006). - 1 გვ.
![]() |
118 „მთავარია ჩვენი ხალხის შეკავშირება, ფართო გაგებით სახელმწიფოებრივი მშენებლობის დასახული გეგმების განხორციელება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 28 ნოემბრის რადიოინტერვიუ
ტრადიციულად, დღევანდელ ინტერვიუსაც, ალბათ, გასული კვირის ეკონომიკური მიმოხილვით დავიწყებთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მეტად სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ საფრანგეთიდან ჩვენი მთავრობის დელეგაციის წარმატებული ვიზიტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა სტრუქტურების მიერ საქართველოში დაწყებული ეკონომიკური რეფორმების მაღალი შეფასების თაობაზე. (თუმცა, ზოგს ჩვენში ჰგონია, რომ ეკონომიკური რეფორმა საერთოდ ფიქციაა და იგი არც დაწყებულა) და იმ დიდ ფინანსურ დახმარებაზე, რასაც საქართველო მიიღებს. საუბარია 274 მილიონ დოლარზე, შემდეგ კი თუ შესაბამისი რეკომენდაციები შესრულდება, თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. რამდენად რეალურია ამ თანხის მიღება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- საქართველოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და ფინანსური სტაბილიზაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მთავრობის დელეგაციის 1994 წლის 21-22 ნოემბრის შეხვედრას პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და დონორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, ბუნებრივი, ლაპარაკი იყო იმ ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის შესახებ, რომელიც დღეს დამახასიათებელია საქართველოსათვის. ამავე დრო, დადებითი შეფასება მიეცა იმ ძვრებს, რომლებიც რეალურად გამოიკვეთა ამ ბოლო თვეების განმავლობაში. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ საკმაოდ გაბედული ნაბიჯები გადადგა რეფორმების განსახორციელებლად. ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა აგრეთვე ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორი ქვეყნები მთლიანად უჭერენ მხარს ამ რეფორმებს.
ასეთი გამოთქმაც კი იყო ნახმარი - ქართული ამბიციურობით შემუშავებული პროგრამა. ალბათ, მხედველობაში ჰქონდათ მასშტაბურობა და ჩვენი სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ რეფორმების ყველაზე რთული ეტაპი.
პარიზის შეხვედრას წინ უძღოდა ჩემი პირადი მიმართვები დონორი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისადმი, საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელობისადმი. ამჯერად თხოვნით. არსებითად შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის არა მარტო დღევანდელი ვითარება, არამედ გაიზიარონ ჩვენი განვითარების პერსპექტივაც და ამასთან დავშირებით მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისათვის.
ჩვენმა დელეგაციამ ბატონ ოთარ ფაცაციას ხელმძღვანელობით კარგად იმუშავა. საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მასალები წარმოადგინა. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ამ ეტაპისათვის წარმატებულ მისიას (თუ ჯერ შეიძლება რაიმე წარმატებაზე ლაპარაკი).
რაც შეეხება ზოგიერთი ოპონენტის განცხადებას იმის თობაზე, რომ მიმდინარე რეფორმები მოჩვენებითი, ზედაპირული და არაარსებითია - ვფიქრობ, ნაკლებად ყურადსაღებია. ეს ჩვეულებრივი დემაგოგიაა, რაგდან უფრო დიდი სპეციალისტების - პარიზის, მანამდე მადრიდის შეხვედრის მონაწილეს, საერთოდ იმ ხალხის, ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, აზრი ანგარიშგასაწევი და დამაჯერებელია. რაც შეეხება თანხების მოცულობას (270 მილიონი, შემდეგ 400 მილიონი და ა.შ.) აქ მე უფრო ფრთხილად ვიქნები. ზუსტი თანხები ჯერ დადგენილი არ არის. ისიც საგულისხმოა, რომ გარკვეული ნაწილი შედის თანხებში, რასაც ჩვენ აქამდე ვიღებდით. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 84 მილიონი, რომელსაც ჩვენ უკვე 2-3 წელიწადია ვიღებთ - ახლა გადადის იმ ანგარიშში. ასევე, ევროგაერთიანების დახმარება და სხვა მომავალში უფრო მეტად ინვესტიციებში იქნება ჩადებული და გადავა ისევ იმ ანგარიშებში, რომლებსაც ჩვენ წარმოგვიდგენენ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ასე რომ, აქ ცოტა უფრო ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, რათა ილუზიები არ შეიქმნას.
აუცილებელია, რომ ჩვენ ყველანი გავერკვიეთ თუ რა არის ქვეყნის ფინანსური ცხოვრება. რა არის ბიუჯეტი, რა მნიშვნელობა აქვს მას და როგორ მოქმედებს რეალურად რეფორმა. რაში გამოიხატება იგი, უწინარესად, ფინანსურ და საბანკო სფეროში.
25 ნოემბრის მდგომარეობით რესპუბლიკის ბიუჯეტში შემოსულია საგადასახადო შემოსავლები 5,5 ტრილიონი კუპონის ოდენობით. რაც კვარტალური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ნახევარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ქვეყანა უბიუჯეტოდ ცხოვრობდა, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. უკეთესი ვითარებაა ბიუჯეტის შემოსავლებში დამატებთი ღირებულების გადასახადის სახით. მინდა ამაშიც გავერკვეთ - რა არის დამატებითი ღირებულება და რას ნიშნავს ბიუჯეტისათვის დამატებითი ღირებულება და რას ნიშნავს ბიუჯეტისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან შემოსული თანხის მოცულობა, ამ შემოსავლებმა 8 ტრილიონი კუპონი, ანუ კვარტალური გეგმის 63 პროცენტი შეადგინა. ახლა იტყვიან, რომ შევარდნაძემ ძველებური ლაპარაკი დაიწყო პროცენტებით, მაჩვენებელი და სხვა. უამისოდ არ არსებობს არც კომუნისტური, არც სოციალისტური და არც კაპიტალური ეკონომიკა. ყველა აქცევს ყურადღებას ამ პროცენტებსა და ტენდენციებს.
შემოტანილი ნავთობპროდუქტების რეალიზაციის ნატურალური გადასახადის ხარჯზე ბიუჯეტში შემოსულია 500 მილიარდი კუპონი, რაც კვარტალური დავალების 160 პროცენტს შეადგენს. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, რადგანაც მომავალში შეიძლება კიდევ უფრო გადიდდეს ნავთობპროდუქტების შემოტანა. ესე იგი, გადიდდება ბიუჯეტის შემოსავლები.
ცალკეულ სახეობებში შემოსავლების ზრდის მიუხედავად, ვერ სრულდება შემოსავლების გეგმა აქციზის სახით. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ყურადღება მინდა მივაპყრო, მათ საყურადღებოდ განვაცხადო, რომ უახლოეს დღეებში მოვისმენთ მინისტრის ანგარიშს, ძირითადად აქციზების შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. მოვითხოვ, რომ სამინისტრომ ანგარიში ჩაგვაბაროს ამის თაობაზე.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით დებიტორული დავალიანება არსებობს გაზის დეპარტამენტის ხაზით, სადაც კატასტროფული მონაცემებია. გათვალისწინებული შემოსავლების მხოლოდ 14 პროცენტი შესრულდა. ჩვენ, ალბათ, სპეციალურად ვიმსჯელებთ გაზის დეპარტამენტის საქმიანობაზე, მის ხელმძღვანელობაზე, მისი მუშაობის სტილზე, სტრუქტურაზე და, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება დაგვჭირდება, რომელიც ამ ვითარებას გამოასწორებს.
მინისტრთა კაბინეტის მონაცემებით, 1 ნოემბრის მდგომარეობით რეალიზებული ელექტროენერგიის გადაუხდელმა ღირებულებამ 40 ტრილიონი კუპონი შეადგინა. ესე იგი ენერგია დაიხარჯა, მაგრამ არაფერი შემოვიდა. სახელმწიფომ მასში ფული გადაიხადა ან ვალად დაგვერიცხა და არავითარი შემოსავალი არ არის. საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს თბილისს (მართალია, ეს ძველი დავალიანებაა, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ მის გამოსასწორებლად), აჭარის - ერთნახევარი ტრილიონი კუპონი, რუსთავს და ზოგიერთ სხვა ქალაქს, რკინიგზას, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება.
ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის განსაკუთრებით დიდი რეზერვია საბანკო დეპარტამენტი. ამ ათიოდე დღის წინათ სპეციალურად შევიკრიბეთ, მივიღე ორგანიზაციული ზომები... ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს ამ დეპარტამენტის მუშაობის გამოცოცხლების პირველი ტენდენცია. წინასწარი მონაცემები ასეთია: აშკარად შეიმჩნევა ბიუჯეტში გადასახადების ზრდა - ხოლო ორი თვის მანძილზე ბიუჯეტში გადაირიცხა მთლიანად ათ თვეში ამოღებული კუპონის 62 პროცენტი, რუსული რუბლის 41 პროცენტი, ამერიკული დოლარების - 27 პროცენტი და ასე შემდეგ. საბიუჯეტო შემოსავლების დიდი წყაროა საბაჟო შემოსავლები, რომლებზეც საერთოდ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის - შემოსული კუპონების 65 პროცენტი, რუსული რუბლების - 35 პროცენტი და ასე შემდეგ. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა საბაჟო სამსახურთან და ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოგვცემენ საშუალებას, რომ ეს სისტემა იქცეს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროდ. გვჯერა, რომ ის ახალგაზრდა ხალხი, ვინც ამ სამსახურს დაუდგა სათავეში, ამ ამოცანას შეასრულებს.
ერთი ნეგატიური ტენდენციის შესახებ: ბანკებში შემოსული თანხების გადარიცხვას ბანკები არ აჩქარებენ. მაგალითად, ქალაქ ფოთის აგრობანკი ორ-სამ თვეს ანდომებს შესული თანხების ცენტრალურ უწყებებში გადმორიცხვის ოპერაციას. ძნელი გასაგები არ არის, თუ რატომ იქცევიან ასე ბანკები - ალბათ, ადგილზე ხდება ამ თანხის ბრუნვა, თვითონ სარგებლობენ, რაღაც პროცენტებს ხსნიან. მინისტრთა კაბინეტის უახლოეს სხომაზე უნდა ვიმსჯელოთ ამ მეტად სერიოზული საკითხის შესახებ. მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, მის პრეზიდენტს, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას. და კიდევ ერთი ტენდენციის შესახებ, რომელმაც მართლაც მყარი ხასიათიმიიღო - ეს არის კუპონის კურსი. 1994 წლის 25 ნოემბერს თბილისის საბანკთაშორისო სავალუტო ბირჟის მორიგ ვაჭრობაზე მოთხოვნამ ამერიკულ დოლარზე შეადგინა 260 ათასი ამერიკული დოლარი. ეროვნულმა ბანკმა მთლიანად დააბალანსა იგი კურსით: ერთი ამერიკული დოლარი - 1625 ათასი კუპონი. 18 ნოემბერს ვაჭრობაზე 1709 ათასი კუპონი იყო. რაც შეეხო რუსულ რუბლს, კომერციული ბანკები კვლავ გამყიდველის როლში გამოვიდნენ - გასაყიდად გამოტანილი იქნა 172 მილიონი რუსული რუბლი. მაშინ, როცა მასზე მოთხოვნა, პრაქტიკულად, არ იყო. ეროვნულმა ბანკმა თავად შეისყიდა აღნიშნული თანხა კურსით ერთი რუბლი 496 კუპონი (18 ნოემბრის ვაჭრობის კურსის - 540 კუპონის ნაცვლად). მგონია, აქ სადავო არაფერი არ არის, რომ გამოიკვეთა კუპონის გამაგრების მყარი ტენდენცია. პატარა განსხვავება არის ნაღდი ვალუტის შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის საჯარო ვაჭრობასა და ბაზრობაზე. იგი სულ რაღაც 5-7 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ჯანსაღი ტენდენცია, რომ განმტკიცდეს და აღნიშნული უარყოფითი ტენდენცია გამოსწორდეს დაგვჭირდება ყოველკვირეული მსჯელობა სერიოზული ანალიზის საფუძველზე და შესაბამისი ზომების მიღება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
- გასული კვირა საკმაოდ მძიმე ენერგეტიკული კრიზისით აღინიშნა. თითქმის ყველა შესაბამისი სამსახური ხშირად საპირისპირო ინფორმაციას იძლეოდა, მაგალითად, გაზთან დაკავშირებით. იყო უზბეკეთის ვიცე-პრემიერის დეპეშაც თქვენს სახელზე, რომელშიც გაზის მოუწოდებლობა ახსნილია იმით, რომ ჯერ კიდევ შესაკეთებელია ავარიის კერები. დილით გადაიცა საქგაზის ცნობა, რომ დღეს უნდა დასრულდეს შეკეთება. არის თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია?
- ამასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება მივცე ჩვენს რადიომსმენელებს.
ჩვენ ადრევე დავიწყეთ ზრუნვა ენერგოშემცველების მარაგის შესაქმნელად, რათა შედარებით ნორმალურად გამოგვეზამთრებინა. ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. ბევრი რამ ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული. მაგალითად, ბატონმა ელცინმა საქართველოში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს აძლევს 20 მილიარდი მანეთის კრედიტს, რაც ჩვენ უკვე რეზერვში ჩავდეთ. ეს პრაქტიკულად გვაძლევს საშუალებას წლის ბოლომდე მთლიანად დაგვემთავრებინა თბილსრესის კაპიტალური რემონტი და ამავე დროს 10-12 მილიარდი დაგვეხარჯა 300-400 ათასი ტონა მაზუთის შემოსატანად. ეს რეზერვი ნორმალურად გამოზამთრებას ნიშნავდა. კრედიტი ვერ მივიღეთ არა იმიტომ, რომ რუსეთს საქართველოსთვის ცუდი უნდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთსაც გაუჭირდა. თანხების რეალური შემოსავლები ბანკებში შეზღუდული იყო და ამის გამო ვერ მოახერხეს კრედიტის გამოყოფა. ესე იგი, ეს უზარმაზარი რეზერვი გამოირიცხა. ახლა ლაპარაკია, რომ წლის ბოლომდე რაღაც რაოდენობა გამოიყოს...
დავდეთ ხელშეკრულება ირანთან, საკმაოდ მძიმე პირობებში, თითქმის ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე. გახსოვთ, ლაპარაკობდნენ კიდეც კაბალურ პირობებზე... დავდეთ ეს ხელშეკრულება იმიტომ, რომ ეს რეზერვი უნდა ყოფილიყო. თუ რომელიმე წყარო არ გამართლდებოდა, მაშინ მივიღებდით ირანიდან გარანტირებულ 600 მილიონ კუბურ მეტრ გაზს. სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულება ორ სახელმწიფოს შორის (და არა უბრალოდ დაპირება) თვით ირანში შექმნილი მძიმე კლიმატური პირობების გამო არ შესრულდა. რომ მიგვეღო 600 მილიონი კუბური მეტრი გაზი, მაშინ სულ სხვა სურათი იქნებოდა.
მესამე: ვის შეეძლო დაეგეგმა ავარია თურქეთის გაზსადენზე, რის შედეგადაც სხვა ქვეყნებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, უკრაინა, ზოგიერთი სხვა ქვეყანა, ვინც ამ გაზით სარგებლობენ. მათ საყურადღებოდ, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ამ ავარიას: ათასჯერ მითქვამს, რომ თურქმენეთს აქვს მორალური უფლება გადაკეტოს გაზი, მაგრამ მათ ეს ამჯერად არ გაუკეთებიათ, ჩვენ ვცდილობთ მაგალითად, ნოემბრის ანგარიშები გავასწოროთ, მიმდინარეობს არსებული პროდუქციის სისტემატური გადატვირთვა და თურქმენი მეგობრები ჩვენს მცდელობას ხედავენ. ავარიის გამო, ეს ენერგიის მუდმივი წყარო პრაქტიკულად დაიკეტა, მივმართე პირადად უზბეკეთის პრეზიდენტს, რათა გავრკვეულიყავით, რამდენად რეალურია ავარიის აღდგენის პერსპექტივა უახლოეს დღეებში. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მომწერა, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ შეეცდებიან უახლოეს დღეებში აღადგინონ და რაც შეიძლება სწრაფად დაეხმარონ საქართველოს. გაუთვალისწინებელი დაბრკოლება გზაზე გადაგვეღობა.
ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. რუსეთის ხელმძღვანელობასთან. იმ შემთხვევაში, თუ თურქმენეთის გაზსადენი არ აღდგება, ან გაჭიანურდება აღდგენა, იქნებ დროებით, რუსეთის გაზი მივიღოთ. ასეთი წერილები შედგენილია, ბატონ ელცინს დღეს გაეგზავნება იგი და შესაძლებელია ეს რეზერვი ავამუშაოთ. ამასთან დაკავშირებით მოსკოვში იყვნენ ბატონები, საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკება გაიმართა.
ამ გაჭირვების ფონზე ძალიან სერიოზულად გვეხმარება თურქეთის მთავრობა. პრეზიდენტ დემირელის დაპირება სრულდება. გვეხმარება აზერბაიჯანი და მინდა ეს განსაკუთრებით გამოვყო. მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. ეს ძალიან მცირე მოცულობაა ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებთან შედარებით.
ყველა ამ საკითხის გარკვევას, ალბათ, ერთი კვირა მაინც დასჭირდება. მანამდე კი საკუთარი რესურსებით უნდა ვიცხოვროთ, სამართლიანად გავანაწილოთ ის რაც გვაქვს ისე, რომ ცოტა მრეწველობამაც ისუნთქოს, იმუშაოს, მოსახლეობასაც მივცეთ, უწინარესად კი პურის ქარხნებს.
ეს პრობლემა მართლაც ყველა ოჯახს აწუხებს, ამ დილით კიდევ შემატყობინეს, რომ თურქმენეთიდან მოვიდოდა ცნობა: ბოლო მონაცემებით, აღდგენითი სამუშაოები მთავრდება და შეიძლება დღეს ან ხვალ დასრულდეს. ზუსტად თქმა ძნელია, ხვალ ან ზეგ ზურაბ კერვალიშვილი, რომელსაც მუდმივი კონტაქტები აქვს ენერგოშემცველების მომწოდებელ ქვეყნებთან, ჩემი პირადი წერილით ბატონ ნიაზოვის სახელზე, გაფრინდება აშხაბადს და განიხილავს მიმდინარე და მომავალი წლის თანამშრომლობის პრობლემებს. გაიმართება მოლაპარაკება. არ გამოვრიცხავ ჩემს სამუშაო ვიზიტსაც აშხაბადში, თუ ეს აუცილებელი იქნება.
მინდა განვმარტო, რომ შექმნილი სიძნელეები, ის უკიდურესი გაჭირვება, რომელსაც მოსახლეობა იტანს, არ არის ერთი ან ორი პიროვნების უპასუხისმგებლობის შედეგი. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ როცა თითქმის მთლიანად სხვაზე ხარ დამოკიდებული, ლაპარაკია ენერგომომარაგებაზე, არ არის გამორიცხული, უფრო ხშირად მოსალოდნელი უსიამოვნებანი. არც საქართველოა გამონაკლისი, ძალიან ბევრ ქვეყანას განუცდია და ბევრი ახლაც განიცდის ასეთ კრიზისს.
ზამთრის რეზერვების ფორმირების ჩვენს ანგარიშებში ბევრი რამ იყო ჩადებული, სამწუხაროდ, იგი ისე ვერ შესრულდა, როგორც უნდა შესრულებულიყო.
- საქართველოს პარლამენტი ხვალ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს. საინტერესოა, რომ ამჯერად ინიციატორები უმრავლესობის წარმომადგენლები არიან. როგორ შეაფასებდით ამ მომენტს. თუნდაც იმიტომ, რომ უმრავლესობა მხოლოდ მოპასუხის როლში აღარ მოგვევლინება...
- პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. დღეს გაიმართება ჩემი კონსულტაციები სპიკერთან, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან და სხდომის თარიღს დღეს ან ხვალ გამოვაცხადებ. რაც შეეხება პარლამენტართა მძაფრ რეაქციებს ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობაზე, ამას სრული გაგებით უნდა შევხვდეთ, ვისაც უნდა ეხებოდეს ეს, ამასთან, ყველანი ერთად უნდა შევეცადოთ გავერკვეთ, სად არის ობიექტური მიზეზები და სად - უპასუხისმგებლობა. სწორედ ასე განმარტა წუხელ სატელევიზიო გადაცემაში თავისი პოზიცია ქალბატონმა ნესტან კირთაძემ. კერძოდ, უნდა გავერკვეთ და არ შევცდეთ მიზეზებსა და უპასუხისმგებლობაში.
- ქალაქის მერმა ნიკო ლეკიშვილმა გუშინწინ მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფორუმთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქალაქის თელასის ხელმძღვანელი, რომელიც ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, განთავისუფლებულია, ითქვა რომ ზემდგომი პირების განთავისუფლების საკითხიც უნდა დადგეს, მაგრამ ეს ქალაქის მერის კომპეტენციაში არ შედის... მძიმე ფაქტები მოიყვანა თავისი გამოსვლის დღეს პარლამენტის სხდომაზე კონტროლის პალატის ხელმძღვანელებმაც, ვთქვათ, ეს ყველაფერი არ არის მართალი, მაგრამ შედეგებისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ადამიანი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, თუ სპეციალურად არ აკეთებს საქმეს. ამასთან დაკავშირებით მიიღებთ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. თუ მაინც საგანგებო სხდომის განხილვას დაელოდებით?
- უნდა გამოვყო კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბატონ რევაზ შავიშვილის განცხადება და ამ განცხადებას საფუძვლიანობის საკითხი იმის თაობაზე, რომ სადღაც 100 მეგავატი ელექტროენერგია იკარგება, რომ ჩვენ ერთი ქვეყნიდან ვღებულობთ ელექტროენერგიას და მეორეს ვაძლევთ... და რომ ამას აკეთებს „საქენერგო“. რომ აქ ანგარება და ასე შემდეგ, ზოგიერთი რამ მინიშნებით ითქვა, ზოგიერთი კი დაბეჯითებით. როცა ისეთ ფაქიზ საკითხებზეა ლაპარაკი, როგორიცაა ჩვენი დამოკიდებულება ორ მეზობელსა და უახლოეს მეგობარ ქვეყანაზე, დაუზუსტებელი და შეუმოწმებელი ფაქტების საჯაროდ გამოტანა დაუშვებელია. ახლა არაფერს არ ვამტკიცებ, მგონია, ბევრი რამ დაუზუსტებელია და ბევრი რამ სინამდვილეს არ შეეფერება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება ასეთია: მით უმეტეს, საწყენია, რომ ბატონი შავიშვილი დილით იყო ჩემთან, ვილაპარაკეთ ამ საკითხებზე, შევთანხმდით იმაზეც, რომ კონტროლის პალატის მოხსენებითი ბარათი ჩემთან განიხილებოდა და მივიღებდი სათანადო გადაწყვეტილებებს. სხვა საკითხთა შორის ამ 100 მეგავატზეც იყო საუბარი. მე უკვე დავიწყე ამ საკითხებში გარკვევა. დღეს ან ხვალ ჩემი დავალებით მინისტრთა კაბინეტი გააკეთებს სპეციალურ განცხადებას.
მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სამართლიანია. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი სტრუქტურული და საკადრო ცვლილება მოხდეს უახლოეს ხანებში.
- გუშინ გადაიცა თქვენი განცხადება აფხაზეთის პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აფხაზეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ, საერთაშორისო სამართალსუბიექტად და ა.შ. ჟენევიდან დაბრუნებულმა ჯაბა იოსელიანმა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა: მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა და სტრუქტურები დღეს უპირობოდ აღიარებენ, საქართველო ამ კონფლიქტში მართალი იყო და ისინი საქართველოს ერთიანობას უჭერენ მხარსო. წინათ ასე არ იყო. აფხაზეთი სამართალსუბიექტად არავის არ უცვნია, საკუთარი თავის გარდა. რას ემყარება მათი ამგვარი გადაწყვეტილება ანუ ვისი მხარდაჭერის იმედი აქვთ აფხაზ სეპარატისტებს?
- აფხაზეთში მიღებული გადაწყვეტილების მოსარგები სიტყვაა აბსურდულობა. ამის თაობაზე მე უკვე ვილაპარაკე ჩემს განცხადებაში, რომელიც ტელევიზიით, რადიოთი გადაიცა და, რომელსაც კომენტარს უკეთებდნენ წუხელ მოსკოვის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებები.
მიმაჩნია, რომ ესაა გაანგარიშებული ნაბიჯი სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად, რადგანაც სეპარატისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ თუ სამშვიდობო პროცესი ნორმალურად წარიმართება იგი აგრესიული სეპარატიზმის სასარგებლოდ არ დამთავრდება. დამთავრდება იგი ქართველი და აფხაზი ხალხების სასარგებლოდ, მათი ინტერესების შესაბამისად.
ბუნებრივია გარკვეული ძალები სტიმულს აძლევენ ასეთ ავანტიურისტულ, თვით აფხაზი ხალხისათვის საბედისწერო გადაწყვეტილებებს, რომელთაც მართლაც შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი და საბედისწერო შედეგები.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თუ როგორი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება. რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს რუსეთის პოზიციას. ყველაზე მთავარია ჩვენი ხალხის შეკავშირება ფართო გაგებით სახელმწიფოებრივი მშენებლობის დასახული გეგმების, ისე როგორც ჩაფიქრებული გვაქვს განხორციელება, რაც უფრო ძლიერია ჩვენი სახელმწიფო და მისი სტრუქტურები. მით უფრო ადრე მოგვარდება კონფლიქტები.
მომავალი თვის პირველ რიცხვებში დანიშნულია შეხვედრა ევროთათბირის ფარგლებში უმაღლეს დონეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაციაც. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი რანგისა და თათბირის მასშტაბი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მსოფლიომ იცოდეს სიმართლე, მათ შორის ამ გადაწყვეტილებათა შესახებაც.
- როგორ შეაფასებდით ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს? სამწუხაროდ, არ მოხერხდა სისხლისღვრის თავიდან აცილება, ორივე მხრიდან არიან დაღუპულები თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით...
- ამ საკითხისადმი ყოველთვის ვიჩენდი და ვიჩენ კიდეც ძალიან ფრთხილ დამოკიდებულებას. ლაპარაკი მეორე ქვეყანაზე. ჩვენს უახლოეს მეზობელ მოძმე ხალხზე. ყოველგვარი კონფლიქტური სიტუაცია ამ ქვეყნის ფარგლებში თვით ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ უკვე დავინახეთ აფხაზეთის მაგალითზე, თუ რას ნიშნავს, როცა ერევიან სხვა ქვეყნის საქმეებში, რამდენად მძიმე და ტრაგიკული შედეგებით მთავრდება ყველაფერი. აქედან გამომდინარეობს ჩვენი სიფრთხილე, ფაქიზი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი.
გამოვთქვამ ჩემს ღრმა გულისტკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ იღუპებიან ჩვენი ძმები, ჩვენი მოძმე ხალხის შვილები, ჩვენი უახლოესი მეზობლები.
მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები რაც შეიძლება მალე დამთავრდება და ჩეჩენი ხალხი სხვა ხალხთან ერთად იცხოვრებს თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის ვითარებაში.
„მთავარია ჩვენი ხალხის შეკავშირება, ფართო გაგებით სახელმწიფოებრივი მშენებლობის დასახული გეგმების განხორციელება“ : ედუარდ შევარდნაძის 28 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 დეკემბერი. - N205(1007). - 1,2 გვ.
![]() |
119 საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი შავი დღე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება
კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა, კიდევ ერთხელ სასიკვდილოდ გაიმეტეს საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის მებრძოლი ადამიანები... ამჯერად, გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი - ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი.
მათი მანქანა მათივე სახლთან დაცხრილეს.
გიორგი ჭანტურია ადგილზევე დაიღუპა, ქალბატონი ირინა მძიმედ დაიჭრა, მათთან ერთად დაიჭრა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორი წევრი.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ გადასარჩენად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქალბატონი ირინა დაუბრუნდეს პოლიტიკურ სარბიელს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მან და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ კვლავ შეუპოვრად იბრძოლონ თავისუფალი საქართველოსთვის, ამ იდეალებისათვის, რომელთაც შეეწირა გია ჭანტურია, ჩემი უმცროსი მეგობარი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის ურთულეს პროცესში ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე.
ქართულ ეროვნულ მოძრაობაში ბატონი გია და ქალბატონი ირინა ყოველთვის გამოირჩეოდნენ როგორც ლიდერები - რაც წამდათ, იმისთვის იბრძოდნენ - თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის, იბრძოდნენ მიზანსწრაფულად, თავგანწირვით.
გია ამ ბრძოლას შეეწირა.
მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო ცივილიზებულ და სამართლებრივ ქვეყანაში. ეს ტერორისტული აქტი, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ისევე, როგორც ბოლო წლების ორგანიზებული მკვლელობანი, აშკარად გვიჩვენებენ, რომ სახელმწიფოში კვლავაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის ძალები, რომლებსაც სურთ საქართველო მკვლელობისა და ყაჩაღების ქვეყნად აქციონ, გამოიწვიონ ქაოსი და დესტაბილიზაცია ისედაც გართულებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე. ტერორის ეს ტალღა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების წინააღმდეგ არის მიმართული.
ეს სასტიკი დანაშაული, ისევე, როგორც ადრე განხორციელებული ტერორისტული აქტები, ჩადებულია ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის მიერ.
მომხდარს ჯეროვანი შეფასება და რეაგირება სჭირდებოდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა უმოკლეს დროში უნდა გამოავლინონ დამნაშავენი, უნდა დაირაზმოს მთელი თბილისი, საქართველო.
დადგა დრო ჩვენი ქვეყნის ამ დაუძინებელ მტრებთან მთელი სისასტიკითა და უკომპრომისოდ ვილაპარაკოთ, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, ვიხსნათ დემოკრატია.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს არაადამიანური დანაშაული დაემთხვა ედპ-ს ყრილობას. ეტყობა, საქართველოში არიან ძალები, ვისაც ხელს არ აძლევს იმ პარტიათა თუ პოლიტიკურ ორგანიზაციათა მოღვაწეობა, რომელნიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში.
სამძიმარს ვუცხადებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობის დელეგატებს ამ უმძიმესი დანაკარგის გამო. იმედია, ედპ სწორედ ახლა არ შედრკება და ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას.
მინდა მივუსამძიმრო გია ჭანტურიას ოჯახს, შესანიშნავი შვილის, მეუღლისა და მამის დაკარგვა.
მინდა მთელ საქართველოს მივუსამძიმრო...
საქართველომ უნდა იამაყოს ასეთი შვილებით.
საქართველო უნდა გაუფრთხილდეს ასეთ შვილებს.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი შავი დღე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 დეკემბერი. - N206(1008). - 1 გვ.
![]() |
120 „ყველა მოქალაქეს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ - ამ მძიმე განსაცდელის დღეებში შევინარჩუნოთ გონიერება და საღი აზრი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 5 დეკემბრის რადიოინტევიუ
- გასულ კვირას, 3 დეკემბერს, მოხდა საზარელი ფაქტი. საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია. დაჭრილია ირინა სარიშვილი. მოგვიანებით დაიღუპა პარტიის კიდევ ერთი წევრი მერაბ ბარამია. საქართველოში მოხდა მორიგი პოლიტიკური ტერორისტული აქტი - არა მარტო სისასტიკით, არამედ დამთრგუნველი ცინიზმით გამორჩეული... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვას პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა: - გასული კვირის შაბათს მე „შავი“ შაბათი ვუწოდე, სამწუხაროდ და სავალალოდ, საქართველოს ისტორიაში ასეთი შავი დღეები მრავალი არის. ფაქტების გახსენების დრო ახლა არ არის. ისე კი, სამომავლოდ, ეს საშინელებანი - ღალატი, მუხანათური მკვლელობები, ტერორისტული აქტები, უკანონო დახვრეტები სპეციალურად უნდა აღვწეროთ, გავაანალიზოთ და მომავალ თაობებს დავუტოვოთ განსჯისა და დასკვნებისათვის. საერთო-სახალხო ზიზღი და შეურიგებლობა უნდა ჩავუნერგოთ ყველა თაობას ასეთი ბარბაროსული მოვლენების, საერთოდ, ძალადობის მიმართ. გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი იყო, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაჭე. ასე ვიცნობდი მას და ასე ვფიქრობდი მის მომავალზე. ასე დაიმახსოვრებენ მას ჩვენი ხალხი და ქართული სახელმწიფო. მადლობა ღმერთს, როგორც იტყვიან, მისი უახლოესი თანამებრძოლი და მეუღლე, ჩვენი თანამებრძოლი ქალბატონი ირინა გადარჩა. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება და მთელ საზოგადოებასთან ერთად იბრძოლებს შავი ძალების დასათრგუნავად და ქვეყნის ასაშენებლად.
რაც სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტერორისტები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ ზურგს უკან მდგომი ბინძური ძალები მზის სინათლეზე გამოვათრიოთ. ამისათვის ახლა უკვე არსებობს ასე თუ ისე მომძლავრებული სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსა ძალუძთ ეს.
სამძიმარს ვუცხადებ გიას ოჯახს, ქალბატონ ირინას, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.
- ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სხვა ძალებთან ერთად პასუხისმგებლობას ხელისუფლებასაც აკისრებს, მის განმახორციელებლად კი რუსეთის იმპერიალისტურ ძალებსა და საქართველოს ანტიდემოკრატიულ მაფიოზურ დაჯგუფებებს მიიჩნევს. გუშინ მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისადმი სოლიდარობის ნიშნად შეხვედრა გაიმართა. პრინციპში, თქვენ იქ ამ მკვლელობის ფაქტს უკვე მიეცით შეფასება. შეხვედრას საზოგადოებრიობის, სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრშიც გაიმართა პოლიტიკური პარტიების სხდომა, სადაც მიიღეს რეზოლუცია. ძირითადი მოთხოვნებით - გადადგნენ უშიშროების სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი, გაუქმდეს „მხედრიონის“ ბაზაზე შექმნილი მაშველთა კორპუსი. გამოყვანილ იქნეს ჯაბა იოსელიანი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიიდან, გადადგეს მინისტრთა კაბინეტი. ეს გახლდათ ოთხი ძირითადი მოთხოვნა. გარდა ამისა, ლაპარაკი იყო ხელისუფლებაში არსებულ ანტიეროვნულ, ნეოკომუნისტურ ძალებზე, რომლებსაც სურთ ჩამოაშორონ საქართველო დასავლეთს და იყოს რუსეთთან, და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით, ეს ტრაგედია, ვიღაცას, რა თქმა უნდა გულთან მიაქვს და ეს გასაგებიც არის. ვიღაც კი, ალბათ, საკუთარი მიზნებისათვის იყენებს, მათ შორის ისინიც, რომელთა შესახებ თქვენ გუშინ თქვით, „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიანო...
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელებთან მე თითქმის მუდმივი დიალოგი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, როცა საჭიროა, ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობა და ამიტომ ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ ახლა მათ ვეკამათო. ისინი განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან და ჩემი და სხვისი დამოკიდებულებაც მათ მიმართ განსაკუთრებულია.
რაც შეეხება რუსთაველის თეატრში ზოგიერთ გამოსვლასა და მიღებულ რეზოლუციას - რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ყოველი ადამიანის დაღუპვა უმძიმესი დანაკლისია. ორჯერ მეტი უბედურებაა ქვეყნისათვის პოლიტიკოსის მკვლელობა, გასაგები მიზეზების გამო. ჩემს გუშინდელ გამოსვლაში მე ვთქვი, რომ უბედურებასა და ასეთი ტრაგიკული შემთხვევების დროს ერი უნდა გაერთიანდეს, გამთლიანდეს და ყველანი იქითკენ უნდა მივილტვოდეთ, რომ შეერთებული ძალებით შევებრძოლოთ ბოროტებას. ტერორის, მაფიის, შავი სამყაროს დათრგუნვა მხოლოდ გაერთიანებულ, გამთლიანებულ საზოგადოებას და სათანადო საყოველთაო-სახალხო მხარდაჭერით აღჭურვილ სახელმწიფოს ძალუძთ. ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი ახალი კონფრონტაციისა და ახალი დაპირისპირებისათვის მოგვიწოდებს, წინასწარ, დიაგნოზის დასმამდე წერს რეცეპტებს ქვეყნის განსაკურნებლად. ასე არ ივარგებს. დღეს ათჯერ უნდა აწონო და მერე უნდა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ბრალს სდებს ამა თუ იმ პიროვნებას, ამა თუ იმ სისტემას, ბრძენ ხალხს უთქვამს: მომპარავმა ერთი ცოდვა ჩაიდინა, დამბრალებელმა - ათასიო. მე უკვე გუშინ ვთქვი, ვინც ახლა „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის, ბევრი გამოსვლა და მოთხოვნა, ამ დღეებში რომ გაისმის, სწორედ ნეოკომუნიზმისაკენ გვეჩქარება, ოღონდ შებრუნებული, კიდევ უფრო საშიში მიმართულებით. ამიტომ ყველა მოქალაქეს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, ამ მძიმე განსაცდელის დღეებში და, რა თქმა უნდა შემდგომშიც, შევინარჩუნოთ გონიერება და საღი აზრი. განსაკუთრებით ფრთხილად და ფხიზლად ვიყოთ, რათა პირად ამბიციებს აყოლილმა პოლიტიკანებმა მწუხარება, რომელიც სავსებით ბუნებრივია, გაბოროტებად და უმისამართო შურისძიებად არ გადააქციონ.
- გასულ კვირას ახალი ჟღერადობა შეიძინა კიდევ ერთმა პრობლემამ - მხედველობაში მაქვს აფხაზეთის ბოლო მოვლენები. წინა ინტერვიუში თქვენ ილაპარაკეთ ამაზე, გაკეთდა თქვენი განცხადება, პარლამენტის განცხადება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს უშიშროების საბჭომ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის ელჩებმა და ასე შემდეგ. დღეს თქვენ ბუდაპეშტს მიემგზავრებით, სადაც ევროპის უშიშრეობისა და თანამშრომლობის თათბირის შეხვედრა იმართება. იქ მოხსენებითაც უნდა გამოხვიდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუდაპეშტის სამიტი აფხაზეთის პრობლემის გადაჭრისათვის?
- აფხაზეთში მიღებულ გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს და სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების როგორი რეაქცია მოჰყვა, თქვენ უკვე აღნიშნეთ. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტებია. პარლამენტის სხდომაზე ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, ამ დოკუმენტების მიღება და გამოქვეყნება ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზი სეპარატისტები თანდათანობით პოლიტიკური და მორალურ-ზნეობრივი იზოლაციის ჭაობში ეფლობიან. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ ითქმება და კიდევ ბევრი რამ მოჰყვება ამ უგუნურ გადაწყვეტილებას.
მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი და ვარ, რომ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა ფორმალური არ იყოს, მას არსებითი სახე და ხასიათი ჰქონდეს. ჩვენ სწორედ ასეთ საფუძველს ვთავაზობთ მოლაპარაკებისათვის აფხაზურ მხარეს და რუსეთს, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, გაეროს, და ევროთათბირსაც. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ კვლავ ამ პოზიციაზე ვრჩებით - მხოლოდ ერთიანი, მთლიანი განუყოფელი საქართველოს ფარგლებში.
როგორც ცნობილია, ბუდაპეშტს გუშინ უნდა გავფრენილიყავი, ამ უმნიშვნელოვანესი სამიტის გახსნას ვერ ვესწრები და ეს სწორედ მომხდარ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ბუდაპეშტს დღეს გავემგზავრები და შეხვედრის მეორე, დამამთავრებელი დღის მუშაობაში მივიღებ მონაწილეობას. შეხვედრა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა. დოკუმენტების პროექტები, რომელთაც მე ვიცნობ, შესაძლოა მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს თანამედროვე ევროპის ცხოვრებაში.
ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რა სახით მიიღებენ საბოლოოდ დოკუმენტებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შიშველი დეკლარაციები არ უნდა იყოს. დეკლარაციებითა და რეზოლუციებით ყველანი დავიღალეთ. მე ვაპირებ ესეც აღვნიშნო შეხვედრაზე. თუ იქნება კონკრეტული გამოვლინება, სურვილი კონკრეტული მოქმედებისაკენ მშვიდობის, უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ხანძრების ჩასაქრობად, რომელიც საქართველოზეც გავრცელდება, მაშინ სამიტი თავის როლს შეასრულებს. ზოგ პროექტს ვიცნობ. ჩვენი დელეგაცია იქ კარგა ხანია აქტიურად მუშაობს. პროექტების კომენტარს ახლა არ შევუდგები, რადგანაც შეხვედრაზე მექნება მოკლე გამოსვლა და რის თქმასაც მოვახერხებ, ისიც ცნობილი გახდება, დაგეგმილია ზოგიერთი სხვა შეხვედრაც. სამწუხაროდ, ყველაზე საინტერესო შეხვედრები სწორედ წუხელ და დღეს უნდა ყოფილიყო. რამდენიმე ასეთი დიალოგი ვეღარ მოესწრება, მაგრამ ბევრი რამ მაინც საინტერესო იქნება. ხვალვე დავბრუნდები და საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებ.
- დაბოლოს, ჩვენი ტრადიციული თემა. რომლითაც ვიწყებდით ამ ბოლო დროს ორშაბათის ინტერვიუებს. გასული კვირის ძირითადი ეკონომიკური მომენტები. უმთავრესი იყო თურქმენეთში თქვენი ვიზიტი, სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ, ავრცელებენ ხმებს, გაზი მოსახლეობას არ მიეწოდებაო...
- თურქმენეთში ბევრი რამ უნდა გარკვეულიყო, და, ვფიქრობ, კიდევაც გაირკვა, მივაღწიეთ გადაწყვეტილებებსაც ჩვენი მეგობრების და, უწინარესად, თურქმენეთის პრეზიდენტის ბატონ ნიაზოვის კეთილი და კონსტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, მიღწეულია შეთანხმებები ბუნებრივი გაზის მოწოდების განახლებისა და საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. მოწოდებაც მნიშვნელოვანია და რესტრუქტურიზაციაც - ესე იგი ვალების გაყინვა, ანუ გვაქვს უფლება ერთი-ორი წლის შემდეგ დავიწყოთ დაგროვილი ვალების გადახდა.
ახლა მინდა ბიუჯეტის პრობლემებს მივუბრუნდე. რადგან მასზე იქნება დამოკიდებული მიმდინარე წლის, და განსაკუთრებით მომავალი წლის ეკონომიკური განვითარების ბედი, მრავალი სხვა პროგრამის განვითარების ბედი, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ.
ბიუჯეტში სახსრების ამოღების მიზნით აქტიურად მუშაობს საგადასახადო ინსპექცია. მისი მონაცემებით, კვლავ ირღვევა საგადასახადო დისციპლინა, რის გამოც სათანადო სანქციები ხორციელდება. საგრძნობლად გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავალი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბიუჯეტში ჯერჯერობით, ალბათ, იმის ნახევარიც არ შედის, რაც უნდა შედიოდეს. აქ ლაპარაკია პურის გაყიდვის, გაზისა და ელექტროენერგიის რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. განსაკუთრებით შეეხება ეს ელექტროენერგიასა და გაზს (მე მხედველობაში მყავს არა მარტო მოქალაქეები, არამედ საწარმოები და ორგანიზაციებიც), რომელთა შემოსავლის მიღების თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა. ბოლომდე არ არის მოგვარებული პურის რეალიზაციის გადასახადების ამოღებაც, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა ამაზე. რახან იმსჯელა, მე მოვითხოვ, რომ მინისტრთა კაბინეტმა და ყველა სამინისტრომ წესრიგი დაამყარონ. მარტო დადგენილებების მიღება საქმეს არ შველის. მე უკვე გამოვთქვი შეშფოთება ამის გამო და წამოვაყენე ასეთი მოთხოვნა. ვფიქრობ, უახლოესი ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი საგანგებო ღონისძიებებს განახორციელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
განვლილ კვირაში აღინიშნა კუპონის გამყარების ტენდენციის განმტკიცება: 1 დეკემბერს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მორიგ ვაჭრობაზე ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა წინა სამი ვაჭრობისაგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირდა და სულ 18 ათასი დოლარი შეადგინა. გამყიდველის როლს ეროვნულ ბანკთან ერთად ორი კომერციული ბანკიც ასრულებდა. ეს კარგი ნიშანია და მივესალმები მას. ვაჭრობის შედეგად აღინიშნა კუპონის შემდეგი კურსი: ერთი ამერიკული დოლარი - 1.550 ათასი კუპონი. 26 ნოემბრის ვაჭრობისას კი იყო მილიონ 625 ათასი კუპონი. საკმაოდ მყარი ტენდენცია, ერთი რუსული მანეთი - 460 კუპონი, 26 ნოემბრის ვაჭრობისას 540 კუპონის ნაცვლად. ყოველივე ეს, ჩვენი ეროვნული ბანკისა და სხვა სტრუქტურების მოსაზრებით, უფლებას გვაძლევს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ ქვეყნის შიდასავალუტო ბაზარზე მიღწეული სავალუტო სტაბილიზაცია.
ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით კრედიტის მოზიდვის შემთხვევაში და აგრეთვე სამეურნეო სტრუქტურების მიერ პურის ფასების მოწესრიგების ახალი ეტაპის კომპენსირებისას, გამორიცხული არ არის წლის ბოლოსათვის კურსის გარკვეული მერყეობა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ტენდენცია, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ჯერ კიდევ არ არის კანონზომიერებად ქცეული მოვლენა. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაიხდის ყველა მოქალაქე, საწარმო და ორგანიზაცია ზემოთ აღნიშნულ აუცილებელ გადასახადებს. თუ ეს საკითხი მოგვარდა, მაშინ ეს ტენდენცია განმტკიცდება და უკვე რეალურად შეიძლება ლაპარაკი ეროვნული ვალუტის შემოღებასა და ქვეყანაში საერთო მდგომარეობის გამოსწორებაზე.
გაზთან დაკავშირებით მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მისი მიღების შემთხვევაში (ალბათ, დღეს იგი უნდა შემოვიდეს, მილები ცარიელი იყო, მათ შევსებას რამდენიმე დღე დასჭირდა - 50-60 მილიონი კუბური მეტრი გაზია საჭირო იმისათვის, რომ ამოდენა მანძილზე მარტო მილები შეივსოს), ჩვენ მხოლოდ დროებით ამოვისუნთქავთ, ქვეყანა გადახდისუნარიანი უნდა გახდეს, არ შეიძლება დაუსრულებლად ხარჯო ქონება, თუ მისი ანაზღაურების საშუალება არა გაქვს. ჩვენ აქამდე ასე ვცხოვრობდით, მაგრამ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება.
არის თუ არა რაიმე გამოსავალი? ჩემი აზრით, ამ მხრივ სამაგალითოა ქუთაისელთა მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გაზი და ელექტროენერგიასაც დიდი შეფერხებებით იღებენ, ქალაქის მრეწველობა მაინც მუშაობს, ამის საფუძველზე გამოძებნეს საშუალებები და გააფორმეს კონტრაქტი თურქმენეთის შესაბამის უწყებებთან მილიონი კუბური მეტრი გაზის მიღებისა და ანაზღაურების შესახებ, ესე იგი თვითონვე იკისრეს ვალდებულება და პასუხისმგებლობაც მოწოდებული გაზის ღირებულების გადახდისათვის. ეს საშუალებას აძლევს ქუთაისელებს დაეხმარონ მოსახლეობას, მრეწველობის არასრული დატვირთვით, მაგრამ მაინც მუშაობის შედეგად მოსახლეობის მიერ გადასახდელი საფასურის ნაწილი, მთლიანად თუ არა, მაინც იქნება დაფარული.
ასე უნდა მოიქცეს ყველა რეგიონი და, განსაკუთრებით, დედაქალაქი. ხმების გავრცელებას, მოსახლეობა გაზს არ მიიღებსო, მე ვთქვი, იქნებ სჯობდეს, რომ გაზი შეუფერხებლად მივაწოდოთ თბილსრესს, გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია და უზრუნველვყოთ საწარმოებისა და მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება, მაგრამ მყარი გრაფიკით, თუმცა აქ არის მეორე პრობლემაც - დაძველებული, ნახევრად დამპალი ელექტროგაყვანილობა, რომელიც ვერ გაუძლებს ასეთ სისტემურ მიწოდებას და ხარჯიც დიდი იქნება, უკვე არის მრავალი ასეთი ფაქტი.
მე სპეციალურად ვთხოვე ბატონ ოთარ ფაცაციას, რომ დღეს შეიკრიბოს მინისტრთა კაბინეტი და ქალაქის მერიასთან ერთად შეიმუშაოს ტექნოლოგია, თუ როგორ მივუდგეთ ამ საკითხის გადაწყვეტას. თბილისის ხელმძღვანელობამ, ისევე როგორც ქუთაისელებმა, უნდა გააფორმოს კონტრაქტი გაზის დეპარტამენტთან და მიიღონ იმდენი აირი, რამდენის ანაზღაურებასაც შეძლებს, თბილისს უზარმაზარი მრეწველობა აქვს, სამრეწველო პოტენციალის მესამედი დედაქალაქშია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი ამოქმედდეს, ამუშავდეს, მაშინ იქნება საშუალება, გარკვეული შეღავათები დაუწესდეს მოსახლეობას, რადგან გადასახადი ძალიან დიდია, ძალიან ძვირი ღირს გაზი, სახელმწიფოთა უმრავლესობა გაზს არ ხარჯავს, ამუშავებენ ელექტროენერგიად ან სხვა წყაროებს იყენებს, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არის, ვიმეორებ, გარკვეული შეღავათები შეიძლება დაუწესდეს მოსახლეობას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მრეწველობასთან ერთად გამოცოცხლდება ვაჭრობაც, ინტენსიური გახდება ფულის მიმოქცევა და განმტკიცდება საგადასახადო დისციპლინა. საკითხი ასე უნდა დაისვას: გაზის საფასურის დაფარვა წინ უნდა უსწრებდეს მოხმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი განმეორდება უკვე მომავალი წლის დასაწყისში. მაშინ კი, ასე ვთქვათ, სრულ ჩიხში აღმოვჩნდებით.
გაზი შემოვა, მაგრამ როგორ გამოვიყენოთ იგი, რომ აღარ გაგრძელდეს ეს უთავბოლო ხარჯვა და ქვეყნის ყველა რეგიონი გადახდისუნარიანი გახდეს, - ეს მინისტრთა კაბინეტმა დღეს-ხვალ უკვე უნდა გადაგვიწყიტოს, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს გადაწყვეტილება, თუ გადახდის საკითხი არ მოგვარდა, უნდა შევეგუოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაზი არ გვექნება, და მაშინ საერთოდ გაიყინება მთელი ქვეყანა, ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა გადახდისუნარიანი გახდეს.
„ყველა მოქალაქეს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ - ამ მძიმე განსაცდელის დღეებში შევინარჩუნოთ გონიერება და საღი აზრი“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 დეკემბერი. -N206(1008). - 1,2 გვ.
![]() |
121 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცისფერი დროშა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სამშვიდობო ალმები გაუფერულდა ასიათასობით ჩემი თანამემამულის თვალში, რადგან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერცერთმა საერთაშორისო მისიამ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ბუდაპეშტის შეხვედრაზე
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო,
ნება მიბოძეთ დავიწყო კლასიკური ციტატით: „ომი დამთავრდა! გეშინოდეთ მშვიდობის!“ ბერტოლტ ბრეხტი, „კავკასიური ცარცის წრე“.
„ცივი ომი“ დამთავრდა, მაგრამ დამყარებული მშვიდობა მართლაც რომ აძრწუნებს კაცობრიობას.
ევროპის ახალი უშიშროების სისტემის ყველა კონცეპტუალური მონახაზი გამომდინარეობს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტიდან: ევროპას დაუდგა საუკუნის ამ ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაწყებული პერიოდი.
კავკასიური ომების გარემოში ყოფნა შესაძლებლობას მაძლევს ვამტკიცო: ასეთი მშვიდობა იმიტომ დაგვიდგა, რომ „ცივი ომის“ დამთავრებამ ჯერაც თავიდან ვერ აგვაცილა მისი მემკვიდრეობა.
ეს მეტად მძიმე აღიარებაა კაცისა, რომელმაც ძალისხმევა არ მოაკლო ბერლინის კედლის დანგრევას. მწარე კონსტატაციაა სახელმწიფოს მეთაურისათვის, რომლის ქვეყნის ტერიტორია გაიხლიჩა, ფაქტობრივად გადაკეთებულია საზღვრები, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, განიცადა ეთნიკური წმენდა, დეპორტაცია. ამას ღვთის რისხვად მივიჩნევდი ჩემი საქმეებისათვის, „ცივი ომის“ დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე რომ არ მეთქვა არაერთხელ ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან: „ომი მთავრდება. მშვიდობისათვის უნდა ვემზადოთ“.
ახლა კი იძულებული ვარ აღვნიშნო: არც მთლიანად მსოფლიო გაერთიანებას, არც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირს არ ეყოთ ნება და მზადყოფნა გაეთვალისწინებინათ მსოფლიოს სწრაფი ტრანსფორმაციის შედეგები და შეგუებოდნენ მას.
არ ვამბობ, რომ აბსოლუტურია მაგალითი და გამოცდილება კაცისა, რომელიც იძულებული იყო თავისი ხალხი იარაღით დაეცვა მიჯნაზე, სადაც მარცხი განიცადა პრინციპებმა, ჩვენ რომ ვქადაგებდით, და მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება უფლებას მაძლევს ვილაპარაკო წინაკრიზისულ მდგომარეობაზე, რომელშიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი იმყოფება. უშიშროების საერთოევროპული სივრცის წამოყენებული ლოზუნგი ახალი არ არის - იგი გამოცხადდა პარიზის ქარტიამდე და ჰელსინკის დოკუმენტამდე „ცვლილებათა დროის გამოწვევა“, მაგრამ ჩაიძირა ნაციონალური ეგოიზმის, ანგარებითი ზრახვების ტალღებში და იმ სურვილის უქონლობაში, რომ დროის ანგარიშები გამოასწორონ. ახლა კი ვცდილობთ, მოვახდინოთ მისი რეანიმაცია პირობებში, როცა საერთოევროპული სახლის თავად იდეა ლამის ჩაკვდეს, ჩაიფერფლოს მრვალრიცხოვანი კონფლიქტებისა და ომების ალში. ხანძარი სახლის ერთ სართულზე არ გამოიწვევდა ისეთ მოქმედებას, რომელიც თავიდან აგვაცილებდა საყოველთაო უბედურებას. დრო ხელიდან გავუშვით. საბოლოო ანგარიშით საქმე გვაქვს მუქარასთან, რომელსაც შეუძლია ხაზი გადაუსვას ნანატრი გამარჯვების ყველა შენაძენს. უფრო მეტიც, გამოიწვიოს საყოველთაო ქაოსი, რომლის პირობებში დარღვეული კედლის ნანგრევებზე შეიძლება გლობალური დაპირისპირების ახალი კედელი აღიმართოს, თუკი არ იქნება ცვლილებათა პროცესის მართვის მექანიზმები, რაზეც ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვილაპარაკეთ ჰელსინკში. ნებისმიერი გარღვევა ევროპული ნერვის კვანძის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მსოფლიო კატასტროფის ჯაჭვურ რეაქციად იქცეს. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზონებში - კავკასია კი სწორედ ასეთი ზონაა - დაგროვილია უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მუხტი.
საქმის ინტერესებისათვის, რის გამოც აქ შევიკრიბეთ, თავს ნებას მივცემ რამდენიმე სიტყვა ვთქვა ახალი საფრთხის შესახებ.
ეს, ჯერ ერთი, არის არატრადიციული აგრესიები, რომელთა ერთობლიობას ძალუძს მნიშვნელოვანი სივრცის, მათ შორის ევროპული სივრცის შეუქცევადი დესტაბილიზაცია. თანამედროვე პირობებში აუცილებელი როდია ეს ხდებოდეს უმრავლესობის მიერ უმცირესობის წინააღმდეგ - სულ უფრო ხშირად საქმე გვაქვს მცირე ეთნიკური ჯგუფების აგრესიულ ნაციონალიზმთან.
ეს, მეორე, არის ახალი თაობის კონფლიქტები. წარმოიქმნენ რა მძლავრი ტოტალიტარული სისტემების სულ ცოტა ხნის წინათ ბეტონით შედუღაბებული ძველი ისტორიული ნამსხვრევების ხაზებზე, მათ იყენებენ თავიანთი ინსპირატორები. ჯერ ერთი, ძალაუფლებისა და საკუთრების მისატაცებლად, მეორე, ტერიტორიებისა და საზღვრების გადაკეთებისათვის, მესამე, დიდ მეზობელ სახელმწიფოებში რეაქციის რევანშისათვის. მრავალრიცხოვანი მინიდიქტატორები პირს კრავენ დაჯგუფებებთან, რომლებიც მზად არიან აღადგინონ ტოტალურ-იმპერიული ნიმუშის დიქტატორული რეჟიმები.
ამგვარ კონფლიქტებს ეთნიკურს უწოდებენ. ამ განსაზღვრებაში თავიდანვე მცდარი და მანკიერი მიდგომაა ჩადებული, რომელიც ეფუძნება ეთნოსებისა და ტომების შუღლის შესახებ წარმოდგენას. თუ ასეთ კონფლიქტებს ცივილიზატორული სათვალით შევხედავთ, კლასიფიკატორები ან ვერ ხედავენ ან არ სურთ აღიარონ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული უძევს, რადგან მისი აღიარება ნიშნავს დადგინდეს და დაასახელონ მათ უკან მდგომი მძლავრი პოლიტიკური ძალები, რომლებიც კონფლიქტებს საკუთარი ინტერესებისათვის იყენებენ. ამ აღიარებიდან შორს აღარ არის კონსტატაციამდე: გლობალური დაპირისპირება შეიცვალა კონფრონტაციით რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეებზე. „ცივი ომის“ დროის ბიპოლარული მსოფლიო გარდაიქმნა მრავალპოლუსური და სხვადასხვა მიმართულების ძალთა ბლოკების შემდგომი შეჯახებების ასპარეზად. შეეჩვია რა გლობალური მეტოქეობის, გამარჯვებისა და დამარცხების კატეგორიებით ოპერირებას, ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ გაექცა ცდუნებას: გამოეცხადებინა საბოლოო გამარჯვება „ცივ ომში“. პოლიტიკური სარგებლის მოსაზრებებმა მიჩქმალეს თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მიზანმიმართული მხარდაჭერის საჭიროება, დეკლარირებული ღირებულებებით გულაცრუებამ მოიცვა ათობით მილიონი ადამიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის უზარმაზარ სივრცეში. ეს გააღრმავა იმანაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აკლიათ ქმედუნარიანობა კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოწესრიგებაში.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უშიშროების სისტემის ფორმირება იყო რეაქცია მათს ცხად უუნარობაზე - აქტიურად ჩაბმულიყო ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე მშვიდობის დაცვაში.
ჩემი ქვეყნის სასოწარკვეთილი მდგომარეობა მაიძულებს საგნებს თავისი სახელი დავარქვა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცისფერი დროშა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სამშვიდობო ალმები გაუფერულდა ასიათასობით ჩემი თანამემამულის თვალში, რადგან, იშვიათი გამონაკლისას გარდა, ვერცერთმა საერთაშორისო მისიამ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას. მრავალმა რეზოლუციამ გვერდი აუარა აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი საზარელი სისასტიკის, იქ მოქალაქეთა საყოველთაო მოსპობის ფაქტებს. არავის არ ეყო ვაჟკაცობა გენოციდისათვის ეწოდებინა გენოციდი, და იმედი მაქვს ამ შეხვედრაზე ეს მოხდება. არავის არ ეყო ვაჟკაცობა ეღიარებინა, რომ საერთაშორისო მეთვალყურეობის ნეიტრალიტეტი არ არის სამართლიანობის ადეკვატური, მხარეთა დაშორიშორება კი - საერთაშორისო სამართლისა და მორალის ფეხქვეშ გათელილი ნორმების აღდგენა.
დავაში იმის შესახებ, რომ თუ როგორ იმოქმედონ, იჩქმალება სერიოზული წინააღმდეგობანი. დღესაც მიჩუმათებულია ნამდვილი ჭეშმარიტება: ომები ყოფილ იუგოსლავიაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბევრად პროვოცირებულია არა მარტო და არა იმდენად მათი დაშლით, რამდენადაც ნაციონალური, რეგიონული, მსოფლიო პოლიტიკის სხვადასხვა „მატარებლების“ შეტაკებით. რაც უნდა თბილად და ლამაზად შეიფუთოს ესა თუ ის დოქტრინა, ისინი კვლავაც მწვავედ უპირისპირდებაინ უსაფრთხოების საერთოევროპული სტრატეგიის განხორციელებას კარდინალურ საკითხებში.
არავითარ კონცეფციას ამ თვალსაზრისით სამომავლო შანსი არა აქვს იმის გაუთვალისწინებლად, რომ ჩვენ დღეს გვიდგას მხოლოდ გარდამავალი პერიოდი „ცივი ომიდან“ ახალი საერთოევროპული წყობისაკენ. ამ ქვაკუთხედის გარშემო უნდა აღმოცენდეს კიდეც არსებულ რეალიათა პარამეტრებზე მოდელირებული სისტემა. პარტნიორობის კეთილშობილურმა იდეამ არ უნდა მოგვცეს საბაბი ეჭვებისათვის ერთის მისწრაფებაში შელახოს სხვათა ინტერესები და შეუზღუდოს უფლებები. თანაბარწილად უშედეგობისათვის განწირული იქნება მონოპოლური მშვიდობისმყოფელობის ნებისმიერი მანდატი, თუ აქტიურად პრაქტიკულ მონაწილეობას არ მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაც.
საქართველო მიესალმება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ეფექტიანი ამაღლებისა და ისეთ სრულფასოვან რეგიონულ ორგანიზაციად მისი გადაქცევის პროგრამას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა ევროატლანტიკური რეგიონული სტრუქტურის, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრულფასოვანი თანამშრომლობის ქმედით მოდელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ეგიდით, რომელიც, როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, იქნება რეალობა და არა მირაჟი, ქმედითი ძალა და არა ფუჭსიტყვაობა, რომელიც დაიცავს და აღადგენს საქართველოსა და უბედურებაში მისი ამხანაგების ფეხქვეშგათელილ უფლებებს.
საქართველო მხარს უჭერს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე სახელმწიფოთა ქცევის კოდექსის მიღებას. ჩვენ მივესალმებოდით, თუ მიღებულ დოკუმენტებში აისახებოდა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრიმატის პრინციპი, მნიშვნელოვანწილად მშვიდობის მხარდაჭერის ყავლგასული მცნება, რომელიც ძალიან ხშირად არის გამოყენებული დაშოშმინებისათვის. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ ვაშორიშორებთ მხარეებს, მიმდინარეობს პრინციპის - „გათიშე და იბატონე“ პარადოქსული მოდიფიკაცია. როცა მხარეებს ვაშორიშორებთ, ჩამოცილებულ ტერიტორიაზე გაბატონების შესაძლებლობას ვაძლევთ იმ დაჯგუფებას, რომელსაც არა აქვს ამის არავითარი იურიდიული და მორალური უფლება, მძევლებად ვაქცევთ ხალხებსა და ეთნიკურ ჯგუფებს; მხოლოდ ვაკონსერვებთ კონფლიქტებს და ვამაგრებთ უკანონო ძალადური გზით მიღწეულ ვითარებას.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ყველა კონსტრუქციული ნოვაცია უნდა განმტკიცდეს იმ სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათშორისი ურთიერთობის საბაზო პრინციპების კრებულით, რომელიც ახალ სიტუაციას ასახავს. კერძოდ, საჭიროა სამართლებრივად განმტკიცდეს ჩვენი დამოკიდებულება აგრესიული სეპარატიზმისადმი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოებსა და საერთაშორისო სამართლებრივ სისტემებს. მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ამგვარ სეპარატიზმს არა აქვს თვითგამორკვევის სამართალსუბიექტურობა და ამიტომაც კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს.
საქართველო მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროთ ევროპის უშიშროების ეკონომიკურ განზომილებას. „ორი სისტემის“, გლობალური დაპირისპირების დამთავრებამ მსოფლიოს შესაძლებლობა მისცა დაეზოგა გიგანტური სახსრები. ისინი მიზანმიმართულად უნდა იყოს ინვესტირებული ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყოფილ სსრ კავშირის რესპუბლიკებში მძვინვარებს, მთავარი საფრთხეა ახალი დემოკრატიებისათვის. მათ მარცხს შეუქცევადი რეაქცია მოჰყვება. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ მათი ხსნის სისტემა. ხვალ გვიან იქნება. ხალხები დიქტატორებს გაჰყვებიან.
ჩვენი წინადადებაა დაფუძნდეს დემოკრატიის ხსნის საერთოევროპული ფონდი, აგრეთვე, განიხილონ ისეთი პროექტები, რომლებიც შეასრულებენ ეკონომიკური კარკასის ფუნქციებს და ექნებათ სავალდებულო წანამძღვრები უშიშროების ერთიანი სივრცის ფორმირებისათვის. საქართველო მზად არის, წარმოადგინოს ასეთი პროექტები, რომლებიც გაითვალისწინებენ ყოფილი სსრ კავშირისა და ევროპის ბევრი სახელმწიფოს ინტერესებს, უწინარეს ყოვლისა, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი, რომელიც არა უბრალოდ შექმნის ტრანსკონტინენტურ კომუნიკაციებს, არამედ საერთო მიზნით შეაკავშირებს გაყოფილ ხალხებსა და ქვეყნებს.
ჩვენ აგრეთვე მოვალენი ვართ, ადამიანური განზომილების „კალათი“ შევავსოთ ახალი შინაარსით, გავზარდოთ სამართალდაცვითი მექანიზმების ეფექტიანობა. მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი ფიზიკური მოსპობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა დაუსჯელობას, როგორც ეს აფხაზეთში მოხდა, მოსდევს მხეცური დამნაშავეობის გიგანტური ზონების ზრდა.
საქართველოს წინადადებაა დაფუძნდეს ადამიანის უფლებათა რეგიონული სასამართლო, რომელიც პირველ ეტაპზე იმოქმედებდა შეთანხმების საფუძველზე რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში.
ჩვენ გთხოვთ, 1995 წელს მოიწვიოთ საერთაშორისო კონფერენცია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ეგიდით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა, დაინტერესებულ სახელმწიფოთა მონაწილეობით, რომელზეც განიხილება საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგებისა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემის მშენებლობის შედეგები.
უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ადვილი არ იყო ბუდაპეშტის ფორუმზე გამომგზავრება. ბევრი ჩემი თანამემამულე მეკითხებოდა: „რისთვის? ნუთუ კიდევ ერთი უიმედო დეკლარაციისათვის? რა შეცვალეს ჩვენს ცხოვრებაში პარიზისა და ჰელსინკის სამიტების გადაწყვეტილებებმა?“ მე ვუპასუხებდი, რომ მჯერა საბოლოო აქტის პრინციპების გამარჯვებისა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შესაძლებლობებისა, რომ იქნება კონტინენტზე უსაფრთხოების მთავარი გარანტი, მისი უნარისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან ერთად დაეხმარება საქართველოს, დაიკმაყოფილოს ერთადერთი ტერიტორული პრეტენზია - აღიდგინოს ტერიტორიის მთლიანობა, აღადგინოს მის მიწაზე სიცოცხლის ხელშეუხებლობა, აღადგინოს სამართლიანობა, ნუ გაუცრუებთ მას ამ იმედსა და რწმენას!
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცისფერი დროშა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სამშვიდობო ალმები გაუფერულდა ასიათასობით ჩემი თანამემამულის თვალში, რადგან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერცერთმა საერთაშორისო მისიამ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას : საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ბუდაპეშტის შეხვედრაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 დეკემბერი. - N207(1009). - 1 გვ.
![]() |
122 ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შეხვედრა… |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 12 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროთათბირის წევრ სახელმწიფოთა უმაღლესი დონის ბუდაპეშტის მეცხრე შეხვედრაში. თქვენ გქონდათ კერძო შეხვედრები, მონაწილეობდით პლენარულ სხდომებში, წარმოთქვით სიტყვა, სადაც ძალიან მკაცრად შეაფასეთ ევროთათბირის საქმიანობა საერთოდ კონფლიქტების ზონებში და, კერძოდ, საქართველოში. ბუდაპეშტის შეხვედრაზე მიიღეს დოკუმენტი, სადაც პირველად ჩაიწერა: ეთნიკური წმენდა. რამდენად შედეგიანი იყო ეს შეხვერდა ჩვენთვის. გამართლდა თუ არა ზოგიერთი თქვენი თანამემამულის ეჭვები შეხვედრაში მონაწილეობის უშედეგობასთან დაკავშირებით? - ჟურნალისტ ნატო ონიანის შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ბუდაპეშტის თათბირს, მის შედეგებს უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, და, ბუნებრივია, ამ თათბირზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლასაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ საქართველოს თაობაზე მიღებული რეზოლუციის დებულებებს უნდა გავუსვათ ხაზი, სადაც სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ასევე საბაზრო ეკონომიკაზე სრული გადასვლის მიმართულებით, მიღებულია მოწოდება თათბირის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი კვლავაც გაუწიონ საქართველოს პოლიტიკური, ტექნიკური და ჰუმანური დახმარება წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად.
რაც შეეხება შეხვედრაში მონაწილეობის შედეგიანობას, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ეჭვებს და სხვა, თუ პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით შევაფასებთ, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ინტერესები, რომლებიც, არსებითად, თათბირში მონაწილე ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებსა და შეხედულებებს ემთხვევა. მხოლოდ ორი დეტალი: 52 ქვეყნის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შეფასება, როგორც ეთნოწმენდისა, ესე იგი, როგორც დანაშაულისა კაცობრიობის წინაშე, და მეორე - ჩვენი წინადადების მხარდაჭერა საქართველოს პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვის შესახებ. ეს ორივე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მათი ჩვენს მიერ სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, ვფიქრობ, კარგი წინაპირობაა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების დასაჩქარებლად. ყოველ შემთხვევაში, თუ ევროპული და საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, გამოვიჩენთ სათანადო ინიციატივასა და უნარს და ასეთი საერთაშორისო კონფერენცია მაღალ დონეზე მომზადდება, იგი ერთხელ კიდევ შემოაბრუნებს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას საქართველოს პრობლემისაკენ, კერძოდ, იმ კონფლიქტებისაკენ, რომლებსაც ასე განიცდის მთელი საქართველო და მისი ყველა მოქალაქე, იმედის მომცემია ევროთათბირის, მომავალში როგორც გარკვეული ორგანიზაციის (მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან ევროთათბირი ორგანიზაციად უნდა იწოდოს) სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა მიმდინარე ეტაპზე და ამ უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ევრაზიული სტრუქტურის მზადყოფნა აქტიური, განმსაზღვრელი როლი შეასრულოს ჩვენი დროის ყველაზე მტკივნეული პრობლემების, მათ შორის კონფლიქტების მოწესრიგებაში.
- როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური თქვენ მეორედ ესწრებოდით ევროთათბირის უმაღლესი დონის შეხვედრას. ბუდაპეშტის შეხვედრაზე წინანდელისაგან განსხვავებით, უფრო ხშირად ისმოდა ასეთი გამოთქმები: სეპარატიზმი, აგრესიული სეპარატიზმი, უნიკალური სეპარატიზმი და სხვა. იყო გაფრთხილებებიც, რომ დემოკრატიის დამარცხების შემთხვევაში, იმ ქვეყნებში, სადაც ახლა დემოკრატიას აშენებენ, აღდგება და გაიმარჯვებს დიქტატურა და ავტორიტარიზმი, ეს ხაზგასმით იყო აღნიშნული თქვენს გამოსვლაში. ასევე ვაცლავ ჰაველისა და სხვათა გამოსვლებში, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვთ დღეს გაცნობიერებული „ცივი ომიდან ახალი საერთო ევროპული წესრიგისაკენ გარდამავალ პერიოდში“ მყოფ ევროპას და მსოფლიოს ეს საფრთხე - ეკონომიკური კრიზისისა და, ვთქვათ, სეპარატიზმის გამარჯვების შემთხვევაში დიქტატურისა და ავტორიტარიზმისაკენ მიმავალი საფრთხე?
- დიდი აღმოჩენა არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის ანალიზი, დასკვნები და შეფასებები, რომლებიც საქართველომ წამოაყენა ჰელსინკში გამართულ წინა ევროთათბირზე, გაეროს გენერალური ასამბლეის 1992 წლის სესიაზე, აგრეთვე უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ნიუ-იორკში, სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტებს, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, ძალიან დიდი დაგვიანებით მიიღო ევროთათბირმა. საყვედურები და შენიშვნები ჩემს გამოსვლაში სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ევროპაც და მსოფლიო საზოგადოებრიობაც დიდი დაგვიანებით მოქმედებენ და პროცესები დიდად უსწრებენ წინ იმ ზომებს, რომლებმაც უნდა გაანეიტრალონ ის ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ცივი ომის დამთავრების შემდეგ აღმოცენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით ევროპაში.
რაც შეეხება დიქტატურის საფრთხეს, უწინარესად, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც ახლა მოიცვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა და აგრესიულ სეპარატიზმს - ვფიქრობ, ამ მოვლენებისადმი მსოფლიოს გულგრილობის შედეგებს უკვე ვიმკით. ასეთი დასკვნა, იყო გამოთქმული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომ კაცობრიობა მოიმკის ამ შედეგებს. თუ კვლავაც გულგრილი დარჩება ამ ავადმყოფური მოვლენებისადმი, ჩვენ უკვე ვიმკით ამ გულგრილობის შედეგებს. და თუ მთელი მსოფლიო 180 გრადუსით არ შემობრუნდება ამ პრობლემისაკენ, კიდევ უფრო ტრაგიკული შედეგების, კატაკლიზმური მოვლენების მომსწრენი გავხდებით. სწორედ კაცობრიობა უნდა შემობრუნდეს, რადგან ცალკე აღებულ ერთ ქვეყანას (უწინარესად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე მაქვს მხედველობაში), ამ ჭაობიდან, რომელშიც ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ, ამოსვლა არ ძალუძთ, ასეთი დასკვნებით, ანალიზით წარვსდექით ბუდაპეშტში და მგონია, რომ ყველაზე უფრო საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც გამოვიდნენ თათბირზე, პრაქტიკულად, ამ დასკვნებს ავითარებდნენ ან თვითონ აყენებდნენ, ამ დასკვნებამდე მიდიოდნენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ევროთათბირის სხდომა გარკვეულ როლს შეასრულებს სტაბილურობისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში.
- გუშინ თქვენთან გაიმართა საკოორდინაციო-საგანგებო კომისიის სხდომა, რომელზეც უამრავ საკითხზე იყო ლაპარაკი. როგორც ვიცით, გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ისმის ხმები, რომ მკვლელობის გამოძიება ფაქტობრივად შეუძლებელია, არ მოხდება და ა.შ. თქვენ გაქვთ იმედი, რომ მკვლელებს იპოვნიან და ისინი დაისჯებიან?
- იმაზე, თუ რა უმძიმესი განცდები აქვს ჩვენს ხალხს, მათ შორის მეც, გიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ვილაპარაკე ჩემს გამოსვლაში. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გუშინდელი საგანგებო სხდომის შესახებ, რომელიც მიეძღვნა დამატებით ორგანიზაციულ და სხვა ღონისძიებებს, შესაბამისმა სტრუქტურებმა გია ჭანტურიას ბარბაროსული მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებით რომ უნდა განახორციელონ. ძნელია, ასეთ სხდომაზე სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით რაღაც კონკრეტულ ვერსიებზე იყოს საუბარი, ამიტომ სწორედ ორგანიზაციასა და კონტროლის კოორდინაციაზე იყო ლაპარაკი. სათქმელი ითქვა, ახლა როგორც იტყვიან, გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ჩემს გუშინდელ გამოსვლაში (მისი ნაწილი ტელევიზიით იყო გადაცემული) ამის შესახებ გარკვევით ვთქვი, ამ სულისკვეთებით წარიმართა გუშინდელი სხდომა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება და არა მგონია ვცდებოდე, რომ უშიშროების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა, პროკურატურა და სხვა ორგანოები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ სფეროსთან, დაირაზმნენ იმისათვის, რომ სინათლე შეიტანონ ამ ტრაგიკულ მკვლელობაში. სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, ქვეყანაში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციით იყო განპირობებული. ნორმალურ სახელმწიფოში წესით, ასეთ საკითხებზე არც მსჯელობენ, მაგრამ, რადგან არსებობს ასეთი პრობლემები და ვმსჯელობთ მათ შესახებ, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ჩვენ ასეთი სახელმწიფოს მშენებლობის, შექმნის პროცესში ვართ. მათ შორის განვიხილეთ ნავთობის ჭაბურღილების დაცვის ორგანიზაცია. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ნავთობმოპოვების რეგიონში, სადაც უწესრიგობა იყო, (დაბინძურდა რა გარე კახეთი და გარდაბნის რაიონი), მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ ნავთობისა და გაზის ფართომასშტაბიან მოპოვებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით. უცხოეთის ორი-სამი კომპანია უკვე თანამშრომლობს ჩვენთან. ერთ-ერთი მათგანი დასავლეთ საქართველოში უკვე საფუძვლიანად შემოვიდა. გუშინწინ მივიღე ბატონი კოზლოვსკი და სხვები. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს დაიწყება დიდი მასშტაბის სამუშაოები.
ჩემი პროგნოზით მომავალი წელი ნავთობის ძიებისა და მოპოვების თვალსაზრისით, არა მარტო იმედიანი, არამედ შედეგიანიც იქნება. ამის წინა პირობაა ისიც, რაზეც გუშინ იყო საუბარი. ჩემს მიერ დასმულ ამოცანას, რომ ჭაბურღილებზე და გადასატუმბ მოწყობილობებზე წესრიგი დამყარდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შინაგანი ჯარები კარგად ასრულებენ, რისთვისაც, მათ მადლობა მინდა გადავუხადო. წესრიგი მყარდება, რა თქმა უნდა, ესეც შედარებითია ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო ტრასებზე. აქ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. რომ ეს ტრასები დაიტვირთოს უცხოური მანქანებით, მგზავრებით, ტურისტებით, რაც იქნება ძალიან დიდი წყარო საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის შესავსებად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება ჩვენს ტრასებზე.
ასევე მნიშვნელოვანი იყო საქენერგოს საქმიანობის შედეგების განხილვა. საკონტროლო პალატამ ჩემი თხოვნით შეამოწმა იგი. დღეს ლაპარაკია საქენერგოს საქმიანობის სრულ გარდაქმნაზე. ეს პროცესი რამდენიმე თვის წინათ დაიწყო, მაშინ, როცა ჩვენ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით შევქმენით საგანგებო შტაბები, განვახორციელეთ სხვა ღონისძიებები. საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს ამის თაობაზე ჩვენი სახალხო მეურნეობისა და ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ სპეციალისტს გივი გამყრელიძეს, რომელიც ახლახან საქენერგოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მას ყოველმხრივ მხარს დავუჭერთ.
- ბუდაპეშტში მიღებულ საბოლოო დოკუმენტში ევროთათბირის მონაწილე ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს ჩვენში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. იყო თუ არა რაიმეთი გამორჩეული ამ მხრივ გასული კვირა?
- თუ როგორი შეფასება იყო, ეს უკვე ვთქვი ინტერვიუს შესავალში. ახლა ტრადიციისამებრ, მოკლე ეკონომიკური მიმოხილვა.
ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების საარსებო ამოცანად კვლავ რჩება სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირება. ამ საქმეში არსებულ მეტად მწვავე სიძნელეთა მიუხედავად, რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, შესაძლებელია მეოთხე კვარტლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ამოღების გეგმის შესრულება. ასეთი ამოცანა პირველად დავსვით ამ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე. სასიამოვნოა, რომ ეს ამოცანა რეალურია.
ახლა შემიძლია ბევრი რამ ვთქვა იმის შესახებ, თუ რა არ ხორციელდება, მათ შორის გადასახადების ამოღების სფეროში, მაგრამ, ეს, ალბათ, სხვა საუბრის საგანია. შევჩერდები ზოგიერთ სხვა საკითხზე. უწინარესად, ისევ და ისევ იმაზე, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
1994 წლის 17 სექტემბრიდან, 7 დეკემბრამდე, ბიუჯეტის კუთვნილი შვიდნახევარი ტრილიონი კუპონიდან (ლაპარაკია პურის რეალიზაციით მიღებულ თანხაზე) გადმორიცხულია ხუთი ტრილიონი, ხოლო ამ უკანასკნელიდან, ეროვნულ ბანკში გახსნილ საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხულია ოთხი ტრილიონი, ესე იგი, თითქმის ნახევარი. ეს ნახევარი ამ ორი თუ სამი თვის განმავლობაში სადღაც ძევს და ტრიალებს. სად ძევს, ეს უკვე ვთქვი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. ამის მიზეზი ის არის, რომ კვლავ მოუგვარებელია ამონაგები თანხების ინკასაცია. ორგანიზაციებზე გადმორიცხული თანხების საბანკო დაწესებულებებს შორის მოძრაობის ხანგრძლივობა და რესპუბლიკის ცალკეულ ბანკებში არსებული საკრედიტო რესურსების უარყოფითი სალდო ისევ საგანგაშოა. მე უკვე მქონდა საუბარი მინისტრთა კაბინეტთან და მოვითხოვე, რომ შეიკრიბოს საგანგებო სხდომა, რომელზეც უნდა მოვიწვიოთ ქვეყნის ყველა ბანკისა და საფინანსო ორგანოების ხელმძღვანელები და ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს საკითხი. აქაოდა შუქი არ არის და ამ მიზეზით გადარიცხვა არ ხერხდება - ეს გამართლება არ არის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ მოიხმარე ის, რასაც სახელმწიფო იძლევა, ფული უნდა გადაიხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვეღარც პურის მომარაგების გარანტიას მივცემთ მოსახლეობას. ეს დიდი და სერიოზული პრობლემაა.
მომსახურე ბანკებს შორის თანხების მოძრაობის ხანგრძლივობის შედეგია ის, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არ არის ჩარიცხული თითქმის ორი ტრილიონი კუპონი, გარდა ამისა, რაც ზემოთ აღვნიშნე. იმავე საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, რომელმაც, როგორც ვთქვი, სერიოზული ადგილი დაიკავა ჩვენს სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, ბოლო დროს მასობრივი ხასიათი მიეცა ორგანიზაციების ფინანსური დავალიანების ბიუჯეტის გადასახდელებში ჩათვლებს და ზოგიერთი მათგანის ბიუჯეტში შენატანებისაგან უკანონო განთავისუფლებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო შემოსავლებს და საფრთხეში აგდებს რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ზოგი მინისტრთა კაბინეტთან და ზოგი სხვა სტრუქტურასთან დაკავშირებული, არაკვალიფიციური და მოუმზადებელია, არ შეესაბამება მოქმედ კანონებს. კონკრეტული მაგალითი: მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, ბიუჯეტში გადასახდელების დასაფარავად, ჩაეთვალა 240 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტური 468 მილიარდი კუპონი. ეს არ არის საფუძვლიანი გადაწყვეტილება. ასევე, ფოთის საზღვაო სააგენტო „ინფლოტს“ ბუნებრივი გაზის დებიტორული დავალიანების დასაფარავად, გამოყენებული 109 ათასი დოლარი ანუ 220 მილიარდი კუპონი ჩაეთვალა ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშზე. ეს მაგალითები გაკვირვებასა და აღშფოთებას იწვევს, ისე ვიქცევით, თითქოს სხვა და არა საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტზე იყოს ლაპარაკი. ვფიქრობ, ამას ბოლო უნდა მოეღოს.
რა ხდება თბილისის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე ამ ბოლო დროს? ვაჭრობის შედეგების მიხედვით, აღინიშნა შემდეგი კურსი - 1 ამერიკული დოლარი - მილიონ 422 ათასი კუპონი, წინა ვაჭრობის მილიონ 450 ათასი კუპონის ნაცვლად. აქ კვლავ გრძელდება დადებითი ტენდენცია. მოთხოვნამ რუსულ რუბლზე 155 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა. აღინიშნა კურსი: 1 რუსული რუბლი - 366 კუპონი, წინა 369 კუპონის ნაცვლად. საჭირო სესიამ კვლავ დაადასტურა კუპონის კურსის სტაბილიზაციისა და გამყარების ტენდენცია, რომლის შენარჩუნებაც მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორატის მიერ 14 დეკემბერს საქართველოსათვის სისტემური ტრანსფორმაციის სესხის პირველი ტრანშის გამოყოფის საკითხის დროს.
როგორც ცნობილია, გაზის შემოსვლა განახლდა, ამ მხრივ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ჩემი ვიზიტი თურქმენეთში. მინდა ერთხელ კიდევ ვისარგებლო შემთხვევით, და თურქმენეთის პრეზიდენტს, ჩვენს მეგობარ ბატონ ნიაზოვს შევუთვალო ჩვენი ქვეყნის სახელით დიდი მადლობა იმისათვის, რომ მან ერთხელ კიდევ ძმური და მეგობრული დახმარება გაუწია საქართველოს. ამასთან, მინდა იგი დავარწმუნო, რომ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებანი აუცილებლად შესრულდება.
გაზის შემოსვლის განახლების შედეგად, მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივი გაუმჯობესება. ამ ფონზე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმოების, უწინარესად, მრეწველობის ამუშავებას. ყველას საყურადღებოდ ვამბობ, თუ ეს არ მოხდება, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ გაზის მომწოდებელ ძირითად ქვეყანასთან - თურქმენეთთან მომავალ წელს კვლავაც გაგრძელდება თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დიდი სიძნელეები იყო, დეკემბერი მაინც გარდატეხის თვედ უნდა იქცეს მრეწველობის, მთელი ეკონომიკის გამოცოცხლების თვალსაზრისით. სწორედ ამან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, მომავალ წელსაც გავაგრძელოთ თურქმენეთთან თანამშრომლობა და ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანა გაზის სტაბილური მოწოდებით.
ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შეხვედრა... : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 13 დეკემბერი. - N209(1011). - 1 გვ.
![]() |
123 „ჩვენ მოკლე დროში გავივლით ჩვენს წილ გასავლელ გზას და ქვეყანა შეუდგება ნორმალურ ცხოვრებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 19 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- როგორც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა, ინტერვიუს, ალბათ, ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრით დაიწყებთ, მით უმეტეს, რომ გასული კვირა ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველად გაუწიეს სერიოზული დახმარება საქართველოს, გაუხსნეს ანგარიში 40 მილიონ ამერიკულ დოლარზე. - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მართლაც ეს იყო - 14 დეკემბერს ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსათვის სისტემური ტრანსფორმაციის სესხის პირველი ტრანშის გამოყოფის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, ამ ფაქტით აღიარებულია საქართველოს მიღწევები ფინანსური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების იმ ღონისძიებათა რეალიზაციაში, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებულ ანტიკრიზისულ პროგრამაშია გათვალისწინებული, ეს პროგრამა გაიზიარეს და მოიწონეს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
გუშინწინ უკვე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ ეს ნიშნავს ძალიან დიდ სტიმულს მსოფლიო და ევროპული საფინანსო ორგანიზაციებისა და სტრუქტურებისათვის, აგრეთვე დიდი ბიზნესისათვის, რათა მათ განავითარონ ეკონომიკური და საფინანსო ურთიერთობა საქართველოსთან. ეს ძალიან დიდი საქმის დასაწყისია.
გასული კვირის ეკონომიკურ ვითარებას აგრეთვე ტონს აძლევდა 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყება, განსაკუთრებით, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს დეტალური ინფორმაციის მოსმენა სახელმწიფოს მეთაურთან, სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიცემული კონკრეტული მითითებები და დავალებები რესპუბლიკაში საბიუჯეტო მექანიზმის სრულყოფისა და ეფექტიანობის თაობაზე, ყველაფერი ეს განისაზღვრება იმ დოკუმენტით, რომლის მომზადების შესახებაც დავალება უკვე მიცემული მაქვს, ეს იქნება ბრძანებულება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მთელი ჩვენი საზოგადოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოებრივი რგოლების მობილიზაციას ბიუჯეტის შესრულებისათვის ბრძოლაში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ბიუჯეტის თემაზე საუბარს, რადგან სასურველია ასეთი რთული ეკონომიკური პირობებისა და კრიზისის ვითარებაში მოქალაქეებს არსებითი, კონკრეტული წარმოდგენა ჰქონდეთ ბიუჯეტზე, მის პრობლემებსა და შემადგენელ ნაწილებზე, რადგან საბოლოო ანგარიშით ბიუჯეტში აისახება ქვეყნისა და ყველა ოჯახის ავი და კარგი, შემოსავალ-გასავალი, ვიმეორებ, სასურველია, ყველამ იცოდეს, თუ რა არის ბიუჯეტი, რისგან შედგება და რა ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო მტკიცე, ნამდვილად უდეფიციტო ბიუჯეტის შედგენისათვის.
საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, პურპროდუქტებისა და მეფრინველეობის მრეწველობის კორპორაციის სისტემის საწარმოებიდან მეოთხე კვარტალის გეგმით გათვალისწინებული 12 ტრილიონი კუპონის ნაცვლად დღემდე ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოწერილია 6,5 ტრილიონი კუპონი, საიდანაც ეროვნული ბანკის საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხულია მხოლოდ 5 ტრილიონი კუპონი. თუ რა არის ასეთი არანორმალური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, ამაზე, ალბათ, ერთი კვირის შემდეგ ვილაპარაკებთ, ამასთან დაკავშირებით მზადდება სახელმწიფოს მეთაურის სპეციალური გადაწყვეტილება. და რადგან სახელმწიფო დროულად ვერ იღებს ბიუჯეტში შემოსასვლელ სახსრებს, გამოიცემა ისეთი ბრძანებულება, რომელიც უმკაცრეს ზომებს გაითვალისწინებს იმ თანამდებობრივი პირების მიმართ (რომელ სფეროსაც უნდა ეხებოდეს - სახელმწიფოებრივს თუ კერძოს), რომლებმაც პასუხი უნდა აგონ სახელმწიფოს წინაშე.
არაერთხელ მილაპარაკია კუპონის კურსის სტაბილურ გამყარებაზე. დღესაც მინდა კვლავ შევეხო ამ თემას. მონაცემები ასეთია: ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 15 დეკემბერს კომერციული ბანკების მოთხოვნამ 101 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად დაკმაყოფილდა. ვაჭრობის შედეგად აღინიშნა შემდეგი კურსი: ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი - მილიონ 400 ათასი კუპონი, წინა ვაჭრობის მილიონ 410 ათასის ნაცვლად. 1 რუსული რუბლი - 366 კუპონი. ჩვენი მონაცემებით (იგი ემთხვევა ეროვნული ბანკის მონაცემებს), კუპონის განმტკიცების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.
უარყოფითი ტენდენციებიდან მინდა გამოვკვეთო ის, რომ უდიდესი შეფერხებებით მუშაობს რკინიგზა. ახლა არ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რამდენად არის გამართლებული ეს ობიექტური მიზეზებით, ასეთი მიზეზები არ დამთავრდება. ჩემი აზრით, რკინიგზა ცუდად მოემზადა ზამთრისათვის. მათ დროულად უნდა შემოეტანათ თბომავლები, დროულად უნდა სცოდნოდათ, რომ არსებული თბომავლები უღელტეხილზე ვერ იმუშავებდნენ. ეს ინფორმაციები დროულად არ არსებობდა. ამასთან დაკავშირებით განაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ დაგვიანებით შემოდის ხორბალი და ფქვილი აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებსა და დედაქალაქში, მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ რკინიგზა ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს ევროგაერთიანებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სახელმწიფოების წინაშე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტვირთების გადაზიდვაში. ამ ფონზე კი რკინიგზა დიდ ინიციატივას იჩენს ქვეყნიდან ჯართის გადატვირთვის საქმეში და ბევრი რამ საეჭვო ხდება. მიმაჩნია, რომ რკინიგზას განსაკუთრებული სახელმწიფო კონტროლი უნდა ეწეოდეს, და, რა თქმა უნდა, უნდა ვეხმარებოდეთ მას, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ თავად რკინიგზელების ბრალია. მხედველობაში მყავს ხელმძღვანელობა. მინდა დავიჯერო, რომ ისინი სათანადო დასკვნებს გამოიტანენ ამ გაფრთხილებიდან.
საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების აქციონირების პროცესი. 5 დეკემბერს დაფუძნდა სარკინიგზო ტრანსპორტზე მგზავრთა მომსახურების სავაჭრო-საწარმოო გაერთიანება „საქართველო“, რომლის საწესდებო კაპიტალი 300 ათას დოლარს შეადგენს. სააქციო საზოგადოებად დაფუძნდა აგრეთვე სახელმწიფო კონცერნის „საქნავთობპროდუქტის“ თბილისის სატრანსპორტო სავაჭრო გაერთიანება, რომლის საწესდებო კაპიტალი მილიონ 200 ათასი დოლარია. ესეც მნიშვნელოვანი სტრუქტურული გარდაქმნაა. 15 დეკემბრისათვის სულ რეგისტრირებულია 430 სააქციო საზოგადოება, მათ შორის მრეწველობის სამინისტროს 190-მდე ობიექტი. კვლავ მინდა გავაფრთხილო მრეწველობის სამინისტრო, რომ აქციონირება და ახალი მფლობელების გაჩენა სულაც არ უხსნის მას პასუხისმგებლობას ამ ობიექტების ნორმალური მუშაობისათვის. ასევე არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის ხაზით აქციონირებულია 45-ზე მეტი ობიექტი, ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს ხაზით - 25-მდე საწარმო, ტრანსპორტისა - 30 საწარმო და ა. შ. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს პარლამენტის მიერ მოწონებული იმ ძირითადი სქემის მიხედვით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა, ასე თუ ისე, იცნობს.
ახლა კვლავ უმთავრეს ამოცანად რჩება მდგომარეობის გამოსწორება მრეწველობაში. გაზის მიღებას უნდა მოჰყოლოდა ჩვენი მრეწველობის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, მაგრამ ეს არ მოხდა. მნიშვნელოვანია ასევე მომავალი წლის სასოფლო-სამეურნეო წარმოების პრობლემათა გადაჭრა. უკვე ახლა უნდა წყდებოდეს, თუ როგორი იქნება სოფლად ურთიერთობა დამამზადებელ ორგანიზაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობასა და წარმოებას შორის, სამწუხაროდ, ამაზე ძალიან ცოტას ფიქრობს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტრო, ნაკლებად ფიქრობენ ის სამთავრობო სტრუქტურებიც, რომლებიც მერე, გაზაფხულზე იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ სად იშოვონ საწვავი, სასუქი, ტექნიკა და ა. შ. მე მათ მოვუწოდებ და მოვითხოვ, რომ სწორედ ახლა იყოს მიღებული გადამწყვეტი ზომები.
ამ საკითხებზე უახლოეს სხდომაზე უნდა იმსჯელოს მინისტრთა კაბინეტმა და მიიღოს რეალური, კონკრეტული გადაწყვეტილებები, აღარ შეიძლება ყოველწლიურად ერთი და იგივეს გამეორება. ჩვენ უკვე დავრწმუნდით ჩაის, ციტრუსების კრეფის სეზონისა და ყურძნის მოსავლის აღების დროს, რომ არსებული სტრუქტურები დრომოჭმულია. არის ბევრი იდეა, სხვა ქვეყნების დიდი გამოცდილება და ჩვენმა სახელმწიფომ და კერძო სტრუქტურებმა სწორედ ამით უნდა იხელმძღვანელონ.
მინდა განსაკუთრებით შევეხო ერთ პრობლემას: ეს არის ნავთობსაძიებო სამუშაოების გააქტიურება. წინა გამოსვლაში ვთქვი, რომ ჭაბურღილებზე, გადასატვირთავ სადგურებში წესრიგი დამყარდა. ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო ჩვენი შინაგანი ჯარებისა და შესაბამისი რაიონების ხელმძღვანელთა აქტიური მუშაობა.
გაჩნდა ახალი პერსპექტივა - ეს არის ინგლისური, ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობსაძიებო ფირმის შემოსვლა კოლხეთში, კერძოდ, სუფსის რაიონში. ვფიქრობ, რომ ისინი ამ კვირაში დაიწყებენ ბურღვას. მე მათ არაერთხელ შევხვდი და საკმაოდ კარგი და იმედისმომცემი პროგნოზები მოვისმინე. ახლა მთავარია, ყველაფერი სწრაფი ტემპითა და დინამიკურად გაკეთდეს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ შედეგი.
- ბოლო ხანს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გასაგები მიზეზების გამო კვლავ ჩეჩნეთი დგას. გასული კვირა მეტად საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ თითქმის ყველა დიდმა სახელმწიფომ და მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას. იყო თქვენი რამდენიმე განცხადებაც. საგულისხმოა ერთი რამ, მაგალითად, კოზირევმა ამ მოვლენას „შეიარაღებული სეპარატიზმი“ უწოდა. გასულ კვირას იყო არძინბას ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს ქართული მხარე ომისათვის ემზადებოდეს, იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სამხედრო-საკოორდინაციო შტაბის უფროსის იანკოვის მიერ ამ ფაქტის უარყოფაც. და იყო კიდევ ერთი განცხადება: ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მიმართვა, სადაც გაკრიტიკებულია ხელისუფლება იმ პოლიტიკის გამო, რომელმაც რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველოში მოიყვანა. „სამშვიდობო კლოუნადას“ უწოდებენ მას განცხადების ავტორები. არის მოწოდება, რომ გამოვიყენოთ პოლიტიკურ მოვლენათა განვითარების უაღრესად ხელსაყრელი მომენტი, ავამოქმედოთ პარლამენტის ამა წლის დეკემბრის განცხადება, რომლის ძალითაც საქართველო იტოვებს იურიდიულ და მორალურ უფლებას ნებისმიერი საშუალებით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, მით უმეტეს, რომ ამის შესანიშნავი მაგალითი, მიმართვის ავტორების თქმით, გვიჩვენა რუსეთმა, როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი?
- ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი აზრი. კვლავ ვიმეორებ - რუსეთი მოქმედებს უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თავისი კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად. საგარეო საქმეთა მინისტრის კოზირევის განცხადება და შეფასება
მე სულაც არ მიმაჩნია უსაფუძვლოდ. ეს სერიოზული და საფუძვლიანი შეფასებაა. ასეთმა მიდგომამ რუსეთის ხელისუფლების მხრივ სრული გაგება უნდა პოვოს. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო აგრესიული სეპარატიზმის მიმართ რეალური ღონისძიებების განხორციელება, რაც შეეხება მოქმედების ფორმებს, ეს თვით რუსეთის ხელისუფლების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საომარ ოპერაციებს მოსდევს.
თქვენ ახსენეთ გენერალ იანკოვის მოგზაურობა საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში. მთელი ჩვენი საზოგადოება და ყველა, ვინც ინფორმაციას იღებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისაგან, დარწმუნდნენ, რომ გუდაუთელთა დემარში, თითქოს საქართველოდან რაღაც შემოჭრა მზადდებოდეს, ბლეფი და ჭორი იყო. ისევე როგორც ბლეფია ის, რასაც ახლა ბატონი თენგიზ კიტოვანი და მისი თანამოაზრენი ამბობენ. ამ აქტიურობას არავითარი აზრი არა აქვს და არც არავითარი შედეგი არ მოჰყვება. ყველაფერი ეს მე სიტყვების რახარუხად მეჩვენება და მეტი არაფერი.
სხვისი არ ვიცი და მე ძალზე კარგად წარმომიდგენია და მესმის ჩემი საკუთარი გამოცდილებით, თუ ვინ რისი გამკეთებელია და ვინ რა შეძლო მაშინ, როცა ყველა სადავე ხელთ ეპყრათ. სხვის მაგალითს რომ მივბაძოთ, როგორც ახლა მოგვიწოდებენ, ამას მარტო ლიტონი განცხადებები არ შველის. რაც უფრო ნაკლები იქნება დემაგოგია და ასეთი ლიტონი ფრაზები, მით უკეთესია ქვეყნისათვის და ჩვენი საბოლოო მიზნების განსახორციელებლად.
ჩემი აზრით, როგორიც უნდა იყოს მოქმედების ფორმა აფხაზეთში - სამშვიდობო თუ სხვა, - ყველაფერი ეს სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გადაწყდეს. მოხალისეთა და იარაღის ყოველგვარი შეგროვება ჩვენ უკვე გავიარეთ, „კბილები მოვიცვალეთ“ და ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რა შედეგებამდე მივყავართ ასეთ ნახევრადპარტიზანულ და ნახევრადარაოფიციალურ, არაორგანიზებულ ლაშქრობებს.
- გასულ კვირას შიმშილობა დაიწყო ვახტანგ ქობალიამ ერთადერთი მოთხოვნით - სურს თქვენთან შეხვედრა, როგორც იგი აცხადებს, აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ თქვენ უნდა გაგანდოთ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გენერალურმა პროკურორმა ბაბილაშვილმა და იგივე გაიმეორა: ქობალია ადრეც მოითხოვდა ამას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფოს მეთაური?
- ჩემთვის ცნობილია, რომ ქობალიამ შიმშილობა გამოაცხადა და მოითხოვს ჩემთან შეხვედრას. ეს საკითხი განხილვის სტადიაშია, ახლა მიმდინარეობს სათანადო კონსულტაციები გენერალურ პროკურორთან, საგამოძიებო სტრუქტურებთან, იურისტებთან. საბოლოო ანგარიშით, ჩვენ, ალბათ, ვიხელმძღვანელებთ სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პრინციპებით. ვნახოთ.
- გასულ კვირას საქართველოში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - ფუნქციონირება დაიწყო ევროკავშირის საელჩომ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მეორე საელჩოა. პირველი უკრაინაშია. გარდა ეკონომიკური დახმარებისა, რომელსაც ბატონი ელჩი დაჰპირდა საქართველოს თქვენთან შეხვედრისას, მან აგრეთვე თქვა, რომ ევროკავშირს მალე სრულიად ახალი მიდგომა ექნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი, რომ ეს ევროკავშირისათვის იქნება შემობრუნების წერტილი, რომ ახალ „არქიტექტურაში საქართველომ თავისი ადგილი უნდა განსაზღვროს“, უფრო სწორად, უნდა განისაზღვროს საქართველოს ადგილი...
- ევროკავშირის ელჩის დანიშვნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო და პოლიტიკურ ურთიერთობათა განვითარების გზაზე. როგორც ბატონმა ელჩმა განაცხადა, ეს მეორე საელჩოა უკრაინის შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. საერთოდ, ამ თანამშრომლობას ძალიან დიდი მომავალი აქვს, და ის, რაც ითქვა, მე მგონია, მხოლოდ ლამაზი სიტყვებისათვის არ ყოფილა ნათქვამი. ეს არის ევროკავშირის ერთგვარი შემობრუნება საქართველოსა და მისი პრობლემებისაკენ. ლაპარაკია იმაზე, რომ განისაზღვროს საქართველოს ადგილი ამ ახალი წესრიგის, ძალთა ახალი თანაფარდობის პირობებში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რაც მოხდა. ამავე დროს, როცა დიდ პერსპექტივებსა და დიდ მომავალზე, სერიოზულ დახმარებაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ჩვენც გვაქვს ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშირის წინაშე ვიკისრეთ, და ეს ვალდებულებები პირნათლად უნდა შევასრულოთ. უნდა ვისწავლოთ მიცემული სიტყვის შესრულება.
- გასულ კვირას თქვენ შეხვდით უშიშროების სამსახურის მუშაკებს, მის ხელმძღვანელობას, იქ ბევრ მტკივნეულ საკითხზე იყო საუბარი - ეს არის ტერორიზმი, კორუფცია და სხვ. თავად უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგაძემ მძიმე ფაქტები დაასახელა: იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი, ერთ-ერთი პარლამენტარის 300 ტონა ბამბა, ხელმძღვანელი, რომელმაც რესტორანში ტყვიამფრქვევით ორი კაცი მოკლა და სხვ. ალბათ, ამ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
- ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართულ ღონისძიებებს სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებ, უწინარესად, სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით. ის, რაც ერთი წლის განმავლობაში მოხდა უშიშროების სისტემაში, ძალიან შთამბეჭდავი და იმედისმომცემია. ფაქტები, რომელთა შესახებაც იყო საუბარი, კიდევ მოითხოვს გარკვეულ მოკვლევას, გამოძიებას და გარკვეულ კონდიციამდე მიყვანას. ეს სამუშაო შესრულდება. ასევე უნდა გააქტიურდეს და ფართო მასშტაბიანი გახდეს ამ კრედიტებთან, ცნობილ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო სამუშაოების შესრულება. უახლოეს დღეებში ეს საქმე უნდა დამთავრდეს და საზოგადოებრიობამ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
ასეთივე შეხვედრა, როგორიც უშიშროების სამსახურთან მოეწყო, გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასთან, პროკურატურის კოლექტივთან, რამდენადმე მოგვიანებით - თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ქვეგანაყოფების პირად წარმომადგენლებთან. ჩემი აზრით, შეიარაღებული ძალების მშენებლობის მიმდინარეობაზე უფრო ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას და ამიტომ ასეთი შეხვედრა აუცილებელია. მეტი ყურადღება დაეთმობა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას. ეს მუშაობა მომავალი წლის 15-20 იანვრამდე უნდა შესრულდეს, ხოლო 20 იანვრისათვის განვიხილავთ ქვეყანაში მართლწესრიგის მდგომარეობას მიმდინარე წლის გამოცდილების გათვალისწინებით და, ბუნებრივია, ახალ ეტაპზე ახალ ამოცანებს დავსახავთ.
როგორც გუშინ და გუშინწინ დავრწმუნდით, წესრიგის დასამყარებლად გვყავს რეალური ძალა, საიმედო, კარგად ორგანიზებული, შეკრული, კარგად გაწვრთნილი იმისათვის, რომ ახალი ამოცანები გადავწყვიტოთ. ინტენსიურად ვმუშაობთ რა ეგრეთწოდებულ ძალისმიერ სისტემებთან, ამავე დროს ვცდილობთ შევქმნათ იმის საფუძველი, რომ ყველა მოქალაქე დაცული იყოს ძალადობისაგან, ვისი მხრიდანაც უნდა მომდინარეობდეს ეს საფრთხე.
- გასულ კვირას ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა მორიგი დიდი გამარჯვება მოიპოვეს 21-ე ოლიმპიადაზე. საქართველოში იყო რაღაც პერიოდი, როცა იმდენად შევეჩვიეთ ქართველი მოჭადრაკე ქალების წარმატებებს, რომ ისინი ჩვენი ცხოვრების რაღაც აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნდა. ძალიან სასიამოვნოა, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ქალთა გუნდი ჭადრაკში ასე კარგად და ასე დიდი წარმატებით ასპარეზობს...
- ჭადრაკში წარმატება პირდაპირი მნიშვნელობითაც სასიხარულოა და მე სწორედ ასეთი სიხარულითა და განცდით მივულოცე მათ დიდი გამარჯვება. ეს წარმატება მნიშვნელოვანია სიმბოლურადაც, იქნებ სწორედ ამ მეორე მხარეს ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მთავარია, არ ჩაქრეს ჩვენი ხალხის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ევროპულ და მსოფლიო მიღწევათა დონეზეა. მოკლე დროში გავივლით ჩვენს წილ გასავლელ გზას და ქვეყანა შეუდგება ნორმალურ ცხოვრებას. ღმერთმა ქნას, რომ მოჭადრაკეთა ეს ტრიუმფული გამარჯვება ასეთ ძნელ პირობებში ახალი აღმავლობის დასაწყისი გამხდარიყოს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. მჯერა, რომ ეს ასე იქნება.
„ჩვენ მოკლე დროში გავივლით ჩვენს წილ გასავლელ გზას და ქვეყანა შეუდგება ნორმალურ ცხოვრებას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 20 დეკემბერი. - N212(1014). - 1 გვ.
![]() |
124 „ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი იქნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 26 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის ეკონომიკურ სიახლეთაგან, ალბათ, უმთავრესი იყო ევრობანკის მიერ გამოყოფილი სესხი - დახმარების პირველი ეტაპი. ეს სესხი ენერგეტიკას მოხმარდება. გარდა ამისა, ევრობანკმა სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად გამოყო სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. განმტკიცდა კავშირი საქართველოსა და ევრობანკს შორის, რაშიც ბევრს, სხვათა შორის, ეჭვიც ეპარებოდა. გასულ კვირას გაძვირდა პური. გაიმართა თათბირი პურით მომარაგების საკითხებზე. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თქვენ საკმაოდ მკაცრი შეფასება გამოთქვით და აღნიშნეთ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ ზოგიერთი მინისტრის მიმართ. საუბარი იყო პურის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების ძალიან დიდი ნაწილის გაუჩინარებაზე... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ ხელი მოვაწერეთ შესაბამის კონტრაქტს ევრობანკთან 18 მილიონი დოლარი კრედიტის გამოყოფის შესახებ, რომელიც ენერგეტიკის სფეროს მოხმარდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ზოგიერთ სხვა ევროპულ სტრუქტურასთან, მათ შორის, ევროგაერთიანებასთან, და კონკრეტულ შედეგებზე შემდეგ ვილაპარაკებთ.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის დაწყება. ასეთ რთულ და არაერთმნიშვნელოვან ვითარებაში, უდავოდ პოზიტიური და კრიზისული პროცესების ურთიერთგადაჯაჭვის ფონზე, რადიკალური ეკონომიკური რეფორმის კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. 25 დეკემბრიდან დაიწყო პურის ფასების მოწესრიგების ახალი ეტაპი. პრაქტიკულად პური გაძვირდა. კილოგრამი გამომცხვარი პურის საშუალო საცალო ფასი 280 ათასი კუპონის დონეზე დაწესდა, რითაც ეს ფასი კუპონის კურსის განმტკიცების ტენდენციის გათვალისწინებით, არსებითად საერთაშორისო ფასების დონეს გაუთანაბრდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია უცხოეთის საფინანსო და ეკონომიკურ ცენტრებთან თანამშრომლობისათვის, რაც ჩვენ ჰაერივით და წყალივით გვჭირდება. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ფინანსური გაჯანსაღების რეალური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება 1995 წლის იანვრიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით მინიმალური ხელფასის ერთნახევარჯერ გაზრდისა და შესაბამისად დახმარების, პენსიის გადიდების თაობაზე. ხელფასებისა და პენსიების მომატების ეს მასშტაბი, ცხადია, ვერ დაფარავს მიყენებულ ზარალს, მაგრამ, ვიმეორებ, ეს დროებითი მოვლენაა. როგორც პირველი შედეგები მოწმობს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობა მთლიანობაში კვლავ გაგებით ეკიდება ამ ნაბიჯს, რომელიც, რა თქმა უნდა, პოპულარული არ არის.
ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციის ერთ-ერთ ძირითად საკვანძო პრობლემად დღევანდელ ეტაპზე კვლავ რჩება, უცხოური დახმარებებითა და გრანტებით მიღებული ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის ამონაგებიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ამოღება, რაც სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. საერთოდ თუ ჩვენ ამ სახსრების ამოღებას ნორმალურ დონეზე დავაყენებთ (ლაპარაკია პურის რეალიზაციიდან, გაზის, ელექტროენერგიის და სხვა გადასახადებიდან მიღებულ თანხებზე), გაისად უკვე ძალიან დიდი რესურსები და რეზერვები გვექნება იმისათვის, რომ კვლავაც გავუდიდოთ მოსახლეობას ანაზღაურება - ხელფასები, პენსიები, დახმარება და სხვ. ეს უშუალოდ უკავშირდება თითოეული მოქალაქის საარსებო ინტერესებს. ამ პრობლემას მიეძღვნა სახელმწიფოს მეთაურთან 24 დეკემბერს გამართული თათბირი მინისტრთა კაბინეტის, ეკონომიკური და საკონტროლო უწყებების, აგრეთვე პურის კორპორაციის ხელმძღვანელთა მონაწილეობით. როგორც თათბირზე აღინიშნა 1994 წლის 17 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში ამოღებული უნდა ყოფილიყო 8 ტრილიონ ნახევარი კუპონი. გადარიცხულია 6 ტრილიონ-ნახევარი კუპონი. სამწუხაროდ, ბიუჯეტის ანგარიშზე მხოლოდ 5,4 ტრილიონი კუპონი ჩაირიცხა. აი, ეს უზარმაზარი თანხა, რომელიც ბიუჯეტისანგარიშზე უნდა მოხვედრილიყო და ხელფასების, პენსიების სახით გაცემულიყო - სადღაც ტრიალებს. ისინი, ვინც ამ გადარიცხვებს აბრკოლებენ, პრაქტიკულად, მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან და მინისტრებთან ერთად ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებმა იკისრეს. ამის შესახებ იყო საუბარი თათბირზე და ეს სპეციალურ ბრძანებულებაშიც ჩაიწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გამოსწორდა ინკასაციის მდგომარეობა, ჯერ კიდევ არის თანხების დაგვიანებით ინკასაციის შემთხვევები. ამის თაობაზე სერიოზული საუბარი გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, მის მოადგილეებთან, კომერციული ბანკების, რაიონული და საქალაქო საბანკო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და, ვფიქრობთ, რომ მომავალში წესრიგი დამყარდება. ჩემთან გამართულ თათბირზე მკაცრი შეფასება მიეცა შექმნილ ვითარებას, დაისახა მისი გამოსწორების გზები, ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების ბიუჯეტში დროულად და სრულად ამოღების კონკრეტული ღონისძიებანი, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ბრძანებულებაში აისახება.
ისევ გაგრძელდა კუპონის კურსის სტაბილიზაციის პროცესი. 1994 წლის 22 დეკემბერს გაიმართა თბილისის საბანკთაშორისო სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობა, რომელშიც ათი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. კომერციული ბანკების მოთხოვნამ 59.400 ამერიკული დოლარი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა 39 ათასი ამერიკული დოლარი. ვაჭრობის შედეგად დადგინდა კურსი: ერთი დოლარი - მილიონ 400 ათასი კუპონი. ეს წინა კვირასთან შედარებით ცოტა უკეთესია. მოთხოვნამ რუსულ რუბლზე 69 მილიონი მანეთი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური სავალუტო რეზერვების გაზრდის მიზნით შეისყიდა 53 მილიონი რუსული რუბლი. აღინიშნა შემდეგი კურსი: ერთი რუსული რუბლი - 366 კუპონი. მოსკოვის საბანკთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ყოველ ვაჭრობაზე ხდება რუსული რუბლის კურსის დაწევა დოლარის მიმართ, რაც მყისვე ჰპოვებს ასახვას საქართველოს შიდასავალუტო ბაზარზე. აქედან გამომდინარე კომერციული ბანკები მოსალოდნელი ინფლაციის გამო ზარალის თავიდან ასაცილებლად საბანკთაშორისო ბირჟის ვაჭრობაზე ახდენენ სამანეთო სახსრების გაყიდვას კუპონებზე და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაკი ამჯობინებენ, ჰქონდეთ ეს უკანასკნელი, ვიდრე რუსული რუბლი. ესე იგი, განმტკიცდა კუპონის კურსი, ინფლაცია შეჩერდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კუპონს ფასი დაედო, წონა შეიძინა. რამდენად შევძლებთ ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ამაზე იქნება დამოკიდებული, კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გადაქცევა, რომლის შესახებაც ბევრს ვლაპარაკობთ.
მძიმე ვითარება შეიქმნა სატრანსპორტო კომპლექსში. ჩემს წინა რადიოინტერვიუში გამოვთქვი ზოგიერთი კრიტიკული შენიშვნა, განსაკუთრებით რკინიგზის მიმართ, რომელმაც, სამწუხაროდ ვერ გამოიყენა ის საშუალებები და დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაციები რომ გვიწევენ. კერძოდ, თბომავლების გამოყენება მარტო რეზერვად დარჩა, დროულად არ მიიღეს ზომები იმისათვის, რომ არ შემოეყვანათ უვარგისი და გაურემონტებელი ტრანსპორტი, რკინიგზაზე სხვა სირთულეებიც არის და ეს ძალიან გვირთულებს ურთიერთობას ჩვენს მეზობლებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან ამიერკავკასიის სახელმწიფოებს. არაფერს აღარ ვამბობ შემოსავლებზე, რომლებისგანაც სახელმწიფო გადასახადს უნდა იღებდეს, და მოსახლეობა - საკმაოდ დიდი რაოდენობით ხელფასს. ჯერჯერობით ძალიან მოუქნელად, ძველებური სტილით მუშაობს საგზაო დეპარტამენტი. ამიტომ, მე, მოვითხოვ მათგან, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. სხვა შემთხვევაში ეს დეპარტამენტი საჭირო აღარ იქნება. შექმნილი სიტუაცია გადაუდებლად მოითხოვს რეაგირებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საგანგებო ზომების მიღებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ სატრანსპორტო კომპლექსმა განსაკუთრებულ პირობებში უზრუნველყოს ქვეყნისათვის საარსებოდ საჭირო ტვირთბრუნვა.
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ სრულ უსუსურობას იჩენენ მრეწველობის სფეროს ხელმძღვანელები ცენტრშიცა და ადილებზეც, მთავრობაშიც. ქუთაისში, მაგალითად, სადაც კონკრეტულად უძღვებიან საქმეს (ქუთაისსაც აქვს იგივე პრობლემები, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებს), 65 საწარმოდან 60 მუშაობს საკმაოდ სერიოზული დატვირთვით, სხვა რეგიონებში კი, დედაქალაქის ჩათვლით, საგანგაშო მდგომარეობაა. წლის შედეგების განხილვა, ალბათ, იანვრის მეორე ნახევარში გვექნება და იგი, ალბათ, ბევრ საკადრო ცვლილებასაც მოითხოვს. მე ამისათვის მზად ვიქნები. ბევრი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის მესვეურნი მეტ დროს წუწუნს, ნეგატიური ტენდენციის გამომწვევი მიზეზების ძებნას ანდომებენ, ვიდრე გამოსავალი გზების ძიებას. ვფიქრობ, ეს მავნე ტენდენცია უნდა გადაილახოს.
- გასულ კვირას თქვენთან კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ინგლისელ ნავთობმომპოვებლებთან, ერთობლივი ქართულ-ინგლისური კომპანიის წარმომადგენლებთან. იყო დაპირებები, რომ საახალწლოდ ბურღვები უნდა დაწყებულიყო...
- ერთ-ერთ ინგლისურ ფირმასთან გაფორმებული კონტრაქტი უკვე ძალაში შევიდა (ეს კონტრაქტი მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა), სუფსის რაიონში - კოლხეთის ზონაში დაიწყო ბურღვა. ველოდებით საკმაოდ კარგ შედეგებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორები ასე არიან დარწმუნებულნი, როგორც ისინი ამბობენ, სხვა შემთხვევაში, უგარანტიოდ ჩვენთან სამუშაოდ არ შემოვიდოდნენ.
მომავალი წლის დამდეგს კი, აღმოსავლეთ საქართველოში უნდა შემოვიდეს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ამერიკული ფირმა, რომელიც ჰორიზონტალურ ბურღვებზეა დასპეციალებული. არც ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლებელია მაღალი შედეგების მიღება. ასე რომ, მომავალი წელი, ნავთობისა და გაზის მოპოვების თვალსაზრისით, შესაძლოა სერიოზული გარდატეხის საფუძველი გახდეს. თითქმის ყველა სპეციალისტი - ჩვენი თუ უცხოელი - მარწმუნებს, რომ საქართველოს აქვს ნავთობისა და გაზის საკმაოდ სერიოზული მარაგი. ღმერთმა ქნას, რომ მათი სიტყვები ახდეს.
რა თქმა უნდა, მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ 15-20 წელიწადია ვუტრიალებ საქართველოში ნავთობისა და გაზის პრობლემებს, უამრავ სპეციალისტთან მქონდა ურთიერთობა, ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით. არის ყველა მონაცემი - დაკვირვებები კოსმოსიდან, შესწავლილია სხვა მეთოდები, არის დასკვნები, რომ საქართველოში მართლაც არის სერიოზული საბადოები.
- ჩეჩნეთში დაქირავებულთა შორის (გასულ კვირას ეს არაერთხელ ითქვა) იბრძვიან ძალიან დიდი რაოდენობით აფხაზები. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ შუმეიკომ მიმართა პრეზიდენტ ელცინს და იმ მიზეზით, რომ აფხაზეთში ბოევიკების მომზადება ხდება, კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობი ძალების გამოყვანა მოითხოვა. ამას მოჰყვა თქვენი ბრძანებულება საზღვრების დაცვის ღონისძიებათა გაძლიერების თაობაზე. მეორე დღეს გაიმართა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებული სხდომა, რომელშიც მთავრობის, ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, და რომელიც ტელევიზიით არ გადაცემულა...
- მიმაჩნია, რომ ბატონ შუმეიკოს მოთხოვნა უდავოდ დროული იყო. თუ რამდენად შესრულდება ეს, დაუჭერს თუ არ დაუჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ძალების გაყვანას - ეს დამოკიდებული იქნება იმ პრაქტიკულ შედეგებზე, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ. თუ დაიწყება აფხაზეთში ლტოლვილთა უსაფრთხო, რეალური დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს ძალები საქართველოში საჭირო იქნებიან და ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას კვლავაც მოვთხოვთ, რომ მათი მანდატი გაგრძელდეს. ბატონი შუმეიკო მართალია - სხვა შემთხვევაში, ამას აზრი არ ექნება და საქართველომ დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროს თავისი ქვეყნის პრობლემები.
რუსეთში ბევრი პოლიტიკოსი, და არა მარტო ისინი, ანგარიშობს, თუ რა ჯდება ეგრეთ წოდებული ჩეჩნეთის ოპერაცია, ორ-სამ კვირაში საკმაოდ ასტრონომიული თანხებია დახარჯული. სხვათა შორის, არავინ არ ანგარიშობს, თუ რა დაჯდა აფხაზეთის ოპერაციები. აფხაზური აგრესიული სეპარატიზმის დაცვა (დაახლოებით ასე თქვა ბატონმა შუმეიკომ) რუსეთის სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებს, სამხედრო უწყებებს დაახლოებით 100 მილიარდ რუბლამდე დაუჯდათ და ახლაც ბევრი ეხარჯებათ. აფხაზურ სეპარატიზმს არსებობის არავითარი თავისი საშუალება არ გააჩნია. ის მხოლოდ ზემოთხსენებული წყაროთი იკვებება. სახსრების ხარჯვა ახლაც გრძელდება. წინათ, დაფინანსებას აწარმოებდნენ ისინიც, ვინც დღეს პრეზიდენტ ელცინის პოზიციას ჩეჩნეთის მიმართ არ იზიარებს. მხედველობაში მყავს ის მოღვაწეები, რომლებიც წინათ რუსეთის ხელისუფლების სათავეში იყვნენ, სწორედ მათი ხელით ხდებოდა კრედიტების, დახმარების გამოყოფა რუსეთის მთავრობის მიერ.
ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ის, რაც ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში (მხედველობაში მაქვს ნეგატიური მოვლენები) უკვე გადაფურცლულ გვერდად ჩაითვალოს.
ჩვენც, და რუსეთის ხელმძღვანელობასაც, ბევრი საღი დასკვნისათვის გვაქვს საფუძველი. 1995 წელი ამ მხრივ ბევრს გვიჩვენებს.
რაც შეეხება საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, - ეს სავსებით ბუნებრივია, რეჟიმი კიდევ უფრო განმტკიცდეს და კიდეც განმტკიცდება. ასეთ არაორდინარულ სიტუაციაში ყველა ძალისმიერი სტრუქტურის ამოცანა განსაზღვრულია. სწორედ ამას მიეძღვნა კოლეგიის სხდომა. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აქტიურად დაუჭერს მხარს ხელისუფლების ღონისძიებებს ამ მიმართულებით.
ჩეჩნეთიდან უკვე შემოვიდა რამდენიმე ასეული ლტოლვილი. ძირითადად ესენი არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები. მართალია, ჩვენ უკიდურესად გვიჭირს, მაგრამ ისინი, როგორც მეზობლები და ნათესავები, ასე შეიფარა ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახმეტისა და კახეთის ზოგიერთმა რეგიონმა.
- არის ცნობები, რომ აფხაზები გალში დარჩენილ ქართულ სკოლებს, ფინანსური სიძნელეების გამო, ხურავენ. რა შეუძლია ამ შემთხვევაში გააკეთოს საქართველომ?
- ასეთი ცნობები მეც მივიღე. გალში დარჩა რამდენიმე ქართული სკოლა. აფხაზეთის სხვა ტერიტორიაზე, ისინი დაიხურა. ამასთან დაკავშირებით, მინდა გამოვთქვა არა მარტო აღშფოთება, არამედ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო დააფინანსებს ყველა სკოლას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენაზე მიმდინარეობს იქ სწავლება (ლაპარაკია აფხაზეთის სკოლებზე). წესრიგი, სახელმწიფოებრივი ერთიანობა უნდა აღდგეს და მაშინ ყველა სკოლას ეშველება, იქნება ეს ქართული, აფხაზური, რუსული, სომხური თუ სხვა.
- გასულ კვირას საქართველოში გარკვეულმა წრეებმა სტალინის დაბადების 115 წლისთავი აღნიშნეს...
- ვიცი, რომ აღნიშნეს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორიაც იყო. მე ასეთი ფრაზით შემოვიფარგლებოდი: სტალინის თემას არაერთხელ დაუბრუნდებიან მომავალი თაობები, მეცნიერები, მკვლევარები, პოლიტიკოსები.
- და ბოლოს, ხვალ პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც უნდა განიხილონ ბიუჯეტის საკითხი. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ ბიუჯეტი დამტკიცდეს?
- ბიუჯეტის განხილვა პარლამენტმა დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო. პირველმა სხდომამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, საქმიანი, მშვიდი და სერიოზული განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი იქნება. უკეთეს ბიუჯეტს დღეს ვერცერთი მთავრობა ვერ წარმოადგენს. არაფერს ვამბობ ნიუანსებსა და დეტალებზე. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა სერიოზული დაბრკოლებაა იმ გზაზე, რომელსაც მსოფლიო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა ჰქვია. ამ თანამშრომლობის პირველი მერცხალია 40 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც სავალუტო ფონდმა გამოყო. წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებამ ხელი უნდა შეუწყოს ამ თანამშრომლობის ახალ ეტაპებს, ლაპარაკია სავალუტო სესხზე, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის, ევროგაერთიანების სხვა ეკონომიკურ[ი] და ფინანსური სტრუქტურების, ახალ დახმარებებსა და სესხებზე, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ გამოყოფილ მიზნობრივ კრედიტებზე. აი, ამდენად დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის დამტკიცებას. ეჭვი არ მეპარება, რომ პარლამენტარები, როგორიც უნდა იყოს მათი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს უფრო მაღლა დააყენებენ, ვიდრე ცალკეულ საკითხებსა და გარკვეულ ანგარიშებს, რომლებიც მათ მთავრობასთან აქვთ გასარკვევი.
„ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი იქნება“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 27 დეკემბერი. - N215(1017). - 1 გვ.
![]() |
125 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშიძე ასლან
აბულაძე თენგიზ (კინორეჟისორი)
ადამია გენო
ათათურქი მუსტაფა ქემალ
აიეტი
ალიევი ნატიკ
ალიევი ჰეიდარ
ამირანაშვილი გიორგი
ანანიაშვილი ნინო
არეშიძე სოსო
არზუმანიანი რაფიკ
არძინბა ვლადისლავ
ახვლედიანი თამაზ
ახრომეევი
ბ
ბაბილაშვილი ჯამლეტ (ჯამლეთ)
ბაგრატ მესამე
ბაგრატიონები
ბარამია მერაბ
ბასილია თემურ
ბაქრაძე ვალერი
ბაჯელიძე ციური
ბეიკერი ჯეიმს ა. (ჯიმ)
ბოლქვაძე დავით
ბრაუნი კენტ
ბრეხტი ბერტოლტ
ბურჯანაძე ანზორ
ბუტროს ბუტროს გალი (ღალი)
გ
გამსახურდია ზვიად (პრეზიდენტყოფილი, ექსპრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი)
გამსახურდია კონსტანტინე
გამყრელიძე გივი
გეგეჭკორი ზურაბ
გეგეჭკორი გიორგი
გელეიშვილი
გენშერი ჰანს-დიტრიხ
გერცენი
გვენცაძე რომან
გიორგაძე იგორ
გიუნაშვილი ჯემშიდ
გოგებაშვილი იაკობ
გოგუაძე ვახტანგ
გორბაჩოვი მიხეილ
გორგოძე ჯემალ
გორდია (გორდიას კვანძი)
გოცირიძე რომან
გრაჩოვი პავლე
გულუა ბაკურ
გულუა გია
გუჯაბიძე ვაჟა
დ
Давид Возобновитель (დავით აღმაშენებელი)
დავით IV აღმაშენებელი
დალჰოფი გიუნტერ
დემირელი სულეიმან
დიუმა როლან
დუმბაძე ნოდარ
ე
ელიაშვილი ლუბა
ელცინი ბორის
ერქვანია ზურაბ
ვ
ვაზგენ პირველი
ვალავი მოჰამედ შადმან
ვაშაკიძე რემი
ვიდეგრადი (გენერალი)
ვიტე სერგი იულის ძე
ვულსი ჯეიმს
ზ
ზატულინი კონსტანტინე
ზეიკიძე დავით
ზემსკი ვლადიმერ
თ
თავართქილაძე ბეგი
თედიაშვილი ლევან
თევზაძე დავით
თუმანიანი ჰოვანეს
ი
იაკოვლევი ალექსანდრე
იაკუშევი ვასილ
იანკოვი (გენერალი)
ილია მეორე (კათოლიკოს-პატრიარქი)
ილიუშინი ვიქტორ
იმედაშვილი ელენე
ინჯია ფრიდონ
იოსელიანი საშა
იოსელიანი ჯაბა
იოსელიანი ოთარ
იოსელიანი ავთანდილ
კ
კავსაძე სანდრო
კაკუბავა ბორის
კასიერი
კახიძე ჯანსუღ
კეკელიძე ნიკოლოზ (ნიკა)
კენედი ჯონ
კენედი-ონასისი ჟაკლინ
კერვალიშვილი ზურაბ
კვაჭანტირაძე თამაზ
კვირაია შოთა
კილაძე ანზორ
კირთაძე ნესტან
კიტოვანი თენგიზ
კლინტონი უილიამ ჯეფერსონ (ბილ)
კოზირევი ანდრია
კოზლოვსკი
კოლინზი ჯეიმს
კონდრატიევი გიორგი
კოსტავა მერაბ
კრავჩუკი ლეონიდ
კრისტოფერი უორენ
კროტოვი მიხაილ
კურატაშვილი რომან
კუჩმა ლეონიდ დანილის (დანიელის) ძე
ლ
ლანჩავა (გენერალი)
ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო)
ლივონი ლუკა
ლომინაძე გივი (გია?)
ლომოური ნოდარ
ლორთქიფანიძე რუსუდან
ლუჟკოვი იური
მ
მაგომედოვი მაგომედ ალი
მაიორი ფედერიკო
მაისურაძე გიორგი
მალინვერნი ჯორჯო
მამალაძე ლევან
მამარდაშვილი მერაბ
მამულაშვილი გურამ
მარგიანი ავთანდილ
მარშანია ლორიკ
მარჯანიშვილი კოტე
მეიჯორი ჯონ
მელაძე ჰამლეტ
მენაღარიშვილი ირაკლი
მიტერანი ფრანსუა
მიქელაძე ჯემალ
მუჩაიძე
ნ
ნადარეიშვილი თამაზ
ნადიბაიძე ვარდენ (ვარდიკო)
ნაზარბაევი ნურსულთან
ნათაძე ნოდარ
ნაპოლეტანო
ნეკრასოვი
ნიაზოვი საფარმურატ
ნიკოლაძე ნიკო
ნინიძე თედო
ო
ოგარიოვი
ოლბრაიტი მადლენ
ონიანი ნატო
ორბელიანი სულხან-საბა
პ
პავლოვი (გენერალი)
პაპავა ვლადიმერ (ლადო)
პატიაშვილი ჯუმბერ
პოპოვი გაბრიელ (გავრილ)
ჟ
ჟირინოვსკი ვლადიმერ
ჟორჟოლიანი თემურ
რ
რაბინი იცხაკ
რაფსანჯანი აქბარ ჰაშემი
რეიგანი რონალდ
რეხვიაშვილი შოთა
რიბკინი
რუცკოი ალექსანდრე
რჩეულიშვილი ვახტანგ
ს
საიმონსი თომას ვ.
სალარიძე დავით (დათო)
სარალიძე დავით
სარიშვილი ირინა
სარჯველაძე ნუგზარ
სვანი შალვა
სიგუა თენგიზ
სობჩაკი ანატოლი
სოკოლოვი
სოროსი ჯორჯ
სოსკოვეცი ოლეგ
სპადოლინი
სტალინი იოსებ
სტერნი ერნესტ
სტეფანიანი სტეფან
ტ
ტერ-პეტროსიანი ლევონ
ტოპრიკაშვილი სერგო
უ
უოკერი კენტ
უორენი რობერტ პენ
ფ
ფაცაცია ოთარ
ქ
ქანთარია მელიტონ
ქანთარია დავით
ქაშაკაშვილი გურამ
ქობალია ვახტანგ (ლოთი)
ყ
ყარყარაშვილი გიორგი (გია)
ყორღანაშვილი გიორგი
შ
შავიშვილი რევაზ
შარტავა ჟული
შაშიაშვილი თეიმურაზ (თემურ)
შაჰინი რეფაიდინ
შოთა რუსთაველი (რუსთველი)
შულცი ჯორჯ
შუმეიკო ვლადიმერ
შუშანაშვილი
ჩ
ჩერნიშევსკი
ჩერნომირდინი ვიქტორ სტეფანეს ძე
ჩერჩილი უინსტონ
ჩეჩელაშვილი გია
ჩიკვაიძე ალექსანდრე
ჩიქოვანი (გენერალი)
ჩხარტიშვილი ვანო
ჩხეიძე პეტრე
ც
ციხისთავი გია
ძ
ძნელაძე ნოდარ
წ
წერეთელი ირაკლი
წერეთელი აკაკი
წმინდა ნინო
ჭ
ჭავჭავაძე ნიკო
ჭავჭავაძე ილია (მართალი)
ჭანტურია გიორგი (გია)
ჭედია იური
ჭეიშვილი რეზო
ჭელიძე რამი
ხ
ხასბულატოვი რუსლან იმრანის ძე
ხაჭაპურიძე ვაჟა
ჯ
ჯაკოვაცო ჯუზეპე
ჯანელიძე ნანა
ჯაფარიძე თედო
ჯინდორუქი ჰუსამეთინ
ჯორბენაძე ავთანდილ
ჯღამაძე ეთერ
ჰ
ჰაველი ვაცლავ
ჰარკინი რუთ რ.
ჰოლიკი უილტრუდ
![]() |
126 ადგილის საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშა
ავსტრია
აზერბაიჯანი
აზია
აია (ქუთაისი)
ამერიკა
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
ამიერკავკასია
ამიერკავკასიის ფედერაცია (ფედერაციული რესპუბლიკა)
ანკარა (ანგორა)
არგენტინა
ატლანტა
ატლანტიკა
აფრიკა
აფხაზეთი
აღმოსავლეთი ევროპა
აღმოსავლეთი საქართველო
აშგაბადი (აშგაბათი, აშხაბადი)
აჭარა
ახალქალაქი
ახალციხე
ახლო აღმოსავლეთი
ახმეტა
ბ
ბაგრატი (ტაძარი)
ბათუმი
ბალკანეთი
ბალტიისპირეთი
ბაქო
ბელგია
ბერლინი
ბოლნისი
ბონი
ბორჯომი
ბოსნია
ბოსტონი
ბოსფორის სრუტე
ბრიუსელი
ბუდაპეშტი
ბულგარეთი
გ
გაგრა
გალი
განთიადი
გარდაბანი
გარე კახეთი
გელათი
გეორგიევსკი
გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
გლდანი
გორი
გრინვიჩი (კონექტიკურის შტატი)
გროზნო
გუდაუთა
გულრიფში
გუმისთა
გურია
დ
დაგომისი
დარდანელის სრუტე
დასავლეთი ევროპა
დასავლეთი საქართველო
დაღესტანი
დმანისი
ე
ევრაზია
ევროკავშირი
ევროპა
ენგური
ესპანეთი
ვ
ვაკის პარკი
ვალე
ვარშავა
ვაშინგტონი
ვლადივოსტოკი
ვლადიკავკაზი
ზ
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თბილის-ვალე-ყარსის გაზსადენი
თბილისი
თერჯოლა
თურქეთი
ი
იაპონია
იემენი
იმერეთი
ინგლისი
ინგუშეთი
ირანი
ისრაელი
იტალია
იუგოსლავია
კ
კავკასია
კანადა
კასპიის ზღვის აუზი 4
კასპი
კასპიისპირეთი
კახეთი
კოდორი
კოდორის ხეობა
კოლხეთი
კოპენჰაგენი
კორეა (გაერთიანებული)
კრასნოდარი
ლ
ლანჩხუთი
ლატვია
ლესელიძე
ლონდონი
მ
„მინაძე“ ჰესი (მინაძის ჰესი)
მადრიდი
მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა
მარნეული
მესხეთი
მონღოლეთი
მოსკოვი
მცირე აზია
მცხეთა
ნ
ნამახვანის ჰესი
ნაძალადევი
ნეაპოლი
ნინოწმინდა
ნიუ-იორკი
ნოვოროსიისკი
ო
ოზურგეთი
ოჩამჩირე
პ
პარიზი
პოლონეთი
პრაღა
ჟ
ჟენევა
რ
რაჭა-ლეჩხუმი
რეიკიავიკი
რომი
რუმინეთი
რუსეთი
რუსთაველის პროსპექტი
რუსთავი
რუხი
ს
საბერძნეთი
საბჭოთა კავშირი (სსრკ)
სამაჩაბლო
სამეგრელო
სამტრედია
სამცხე-ჯავახეთი
სამხრეთ ოსეთი
საფრანგეთი
სენაკი
სვანეთი
სინგაპური
სიონის ტაძარი
სომხეთი
სოჭი
სოხუმი
სპარსეთი
სტავროპოლი
სტამბოლი
სტოკჰოლმი
სუფსა
ტ
ტაილანდი
ტაჯიკეთი
ტოკიო
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
უნგრეთი
ურალი
ფ
ფოთი
ფსოუ
ქ
ქართლი
ქვემო ქართლი
ქობულეთი
ქუთაისი
ყ
ყარსი
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყაზბეგის ქუჩა (სოხუმი)
ყარაბაღი (მთიანი ყარაბაღი)
ყარს-ვალეს რკინიგზა
შ
შავი ზღვა
შავი ზღვის აუზი (შავიზღვისპირეთი)
შანხაი
შვეიცარია
შიდა ქართლი
შუა აზია
ჩ
ჩეჩნეთი
ჩეხეთი
ჩეხოსლოვაკია (ჩეხოსლოვაკეთი)
ჩინეთი
ჩოხატაური
ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთი
ჩრდილოეთ კავკასია (ჩრდილოეთკავკასიური)
ჩხოროწყუ
ც
ცენტრალური
ციურიხი
ცხინვალი
წ
წალენჯიხა
წალკა
წითელი ხიდი
წინა აზია
წყალტუბო
ჭ
ჭიათურა
ხ
ხმელთაშუა ზღვა
ხობი
ხონი
ხუდონჰესი
ხურჩა
ჯ
ჯავახეთი
ჯვრის უღელტეხილი
ჰ
ჰელსინკი
![]() |
127 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აგვისტოს პუტჩი
ამერიკის ადმინისტრაცია
ამერიკის კონგრესი
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი
ანარქია
ანთროპოლოგია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
აფხაზეთის მოქალაქეთა კავშირი
აღმავლობა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
ბ
ბანდიტიზმი
ბერლინის კედელი
ბიუჯეტის დეფიციტი
ბეჭდვითი სიტყვა
გ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
განხეთქილება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“
გოლგოთას გზა
გეოპოლიტიკური დოქტრინა
გეოპოლიტიკური დოქტრინა
გერმანიის გაერთიანება
დ
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
დამოუკიდებლობა
დასავლეთის ქვეყნები
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
დესტაბილიზაცია
„დემოკრატიული რეფორმების მოძრაობა“
დემოკრატიული გარდაქმნა
დესტრუქციული ძალები
დემოკრატიული, დემოკრატია
დროებითი საგანგებო შტაბი
ე
ენერგეტიკა
ევროპელები
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
ეკონომიკურ კრიზისი
ევროთათბირი
ემიგრაცია
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა
ეკონომიკა
ეროვნული ცნობიერება
ეროვნული თანხმობა
ეროვნებათშორისი
ეთნოკონფლიქტები
ეროვნული ბიზნესი
თ
„თელასი“
თავისუფლება
თავისუფალი არჩევნები
თავისუფალი მეწარმეობა
თავდაცვის სამინისტრო
თანამეგობრობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი
იმპერიალისტური რეჟიმი
იმპერიული ძალები
იუსტიციის სამინისტრო
იუნესკო
კ
კონცეფცია
კონფლიქტი
კორუფცია
კომუნისტური რეჟიმი 530
კომუნისტური პარტია
კონსტიტუცია
კულტურული ავტონომია
ლ
ლტოლვილთა კომისარიატი
მ
„მრეწველობა“
მსოფლიო ომი
მსოფლიო ბანკი
მინისტრთა კაბინეტი
მსოფლიო ცივილიზაცია
მთავრობის გადადგომა
მიტინგი
მსოფლმხედველობა
მრავალპარტიული სისტემა
მრგვალი მაგიდა
„მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ბლოკი
მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები
ნ
ნატო
ო
ოპოზიცია
პ
„პერესტროიკა“
პატრიოტიზმი
პოსტკომუნისტური ეპოქა
პოლიტპატიმარი
პოლიტიკური მიზნები
პოლიტიკური სტაბილურობა
პოლიტიკური ძალა
პოსტკომუნისტური ეპოქა
პროვოკაცია
რ
რეაქციული ძალები
რეკეტიორები
რეზოლუცია
რეფერენდუმი
ს
„სვობოდნაია გრუზია“
„საქენერგო“
„საქნავთობი“
„საქგაზი“
„საქნახშირი“
საბოტაჟი
საბჭოთა კავშირი
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები
საბჭოთა იმპერია
საკანონმდებლო ინიციატივის წესი
სახელმწიფო გადატრიალება
„საბჭოთა კავშირის დანგრევა“
საბრძოლო მომზადების სამინისტრო
სასაზღვრო ჯარები
სამხედრო კომისარიატები
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს ეროვნული ბანკი
სამხედრო საზღვაო აკადემია
სუპერსახელმწიფო
სამშვიდობო მისია
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
საქართველოს წარმომადგენლობა
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლო
სამომხმარებლო კოოპერაცია
საერთაშორისო თანამეგობრობა
საქინფორმი
სოციალისტური საკუთრება
საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური კურსი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო
სუვერენული საქართველო
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო
სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სამშვიდობო ხელშეკრულება
საგარეო-პოლიტიკური
სახელმწიფო საბჭო
სოციალური კრიზისი
ტ
ტერიტორიული მთლიანობა
ტოტალიტარიზმი
ტოტალიტარული რეჟიმი
უ
უკანონო სამხედრო ფორმირება
ქ
ქაოსი
ქართული ჯარი
ქართველი ერი
შ
შეიარაღებული კონფლიქტი
შინაგანი ჯარები
ც
ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცივი ომი
9 აპრილის ტრაგედია
ხ
„ხავერდოვანი რევოლუცია“
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოები
ჰ
ჰუმანური
![]() |
128 ბიბლიოგრაფიული საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
1. 1994 წელი სიკეთისაკენ, მშვიდობისაკენ, ეკონომიკური და სულიერი აღმავლობისაკენ შემობრუნების წელი იქნება : ედუარდ შევარდნაძის საახალწლო ტელეინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 იანვარი. - N3(806). - 1 გვ.
2. „ევროპა და მთელი მსოფლიო შევარდნაძესთან ვალშია“ : ახალწლის წინა დღეებში იტალიის რადიოს მეორე არხის სპეციალურმა საინფორმაციო გამოშვებამ „ადამიანები და ფაქტები - უფრო მეტი რომ ვიცოდეთ“ მოაწყო პირდაპირი რადიოგადაცემა საქართველოდან, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ლივონი ლუკა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 იანვარი. - N4(807). - 1,2 გვ.
3. სამძიმრის დეპეშა : მელიტონ ქანთარიას ჭირისუფალთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 იანვარი. - N5(808). - 1 გვ.
4. ედუარდ შევარდნაძე: ქვეყანა, რომელსაც წესრიგის დამყარება არ შეუძლია, დამოუკიდებლობის ღირსი არ არის! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 იანვარი. - N6(809). - 1 გვ.
5. ბაგრატის ტაძრისა და მისი კომპლექსის აღორძინების ფონდის დამაარსებლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 იანვარი. - N10(813). - 1 გვ.
6. „საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მართლაც ახალი ფურცელი გადაიშალა...“ : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ოფიციალურ სადილზე, რომელიც ანკარაში მის პატივსაცემად გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 იანვარი. - N10(813). - 2 გვ.
7. ედუარდ შევარდნაძე: დღეს ჩვენი პოლიტიკური კულტურა იმ დონეზეა, რომ განსხვავებული აზრისათვის აუცილებლად ცხვირპირი უნდა დავამტვრიოთ ერთმანეთს. ეს, სამწუხაროდ, წესად იქცა. / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 18 იანვარი. - N11(814). - 1 გვ.
8. საქართველოს დელეგაცია პარიზს ჩავიდა : დაიწყო ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი საფრანგეთში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 იანვარი. - N13(816). - 1 გვ.
9. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი წინაპრების გზა - დამოუკიდებლობის გარანტიებს რომ ეძებდნენ, საფრანგეთისაკენ და საფრანგეთზე გადიოდა... / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 25 იანვარი. - N15(818). - 3 გვ.
10. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოში წესრიგის დასამყარებლად : რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 29 იანვარი. - N19(822). - 1 გვ.
11. საქართველოში პრეზიდენტ ბორის ელცინის ვიზიტისათვის : მოსკოვი 1993 წლის სექტემბერი. თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრის დროს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 თებერვალი. - N20(823). - 1გვ.
12. „მომავალი საუკუნე ზოგადსაკაცობრიო იდეალების დამკვიდრების საუკუნე უნდა იყოს და ჩვენ ვგრძნობთ, რომ იგი მოდის“ : 31 იანვრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 თებერვალი. - N20(823). - 1 გვ.
13. გამგებელთა ინსტიტუტი ცენტრალური ინსტიტუტია : მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა რესპუბლიკური თათბირი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 თებერვალი. - N20(823). - 2 გვ.
14. მილოცვა : მილოცვა ბატონ თენგიზ აბულაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 თებერვალი. - N21(824). - 1 გვ.
15. მის აღმატებულებას ბ. ნ. ელცინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 თებერვალი. - N21(824). - 1 გვ.
16. ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 თებერვალი. - N23(826). - 2,3 გვ.
17. დარბაზობა საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 თებერვალი. - N23(826). - 4 გვ.
18. მოქალაქეთა კავშირის ყრილობა 19-20 მარტს გაიმართება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 თებერვალი. - N24(827). - 1 გვ.
19. იწყება ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქვია / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 თებერვალი. - N25(828). - 1,2 გვ.
20. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 თებერვალი. - N27(830). - 1 გვ.
21. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის წერილი ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 თებერვალი. - N27(830). - 1 გვ.
22. მის აღმატებულებას ბუტროს ბუტროს გალის, გაეროს გენერალურ მდივანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 თებერვალი. - N27(830). - 1 გვ.
23. გენო ადამიას ხსოვნას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 თებერვალი. - N29(832). - 1 გვ.
24. მილოცვა : მისალოცი დეპეშა კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 თებერვალი. - N29(832). - 1 გვ.
25. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი დროის კონფლიქტების მოწესრიგების ყველაზე საიმედო გზა მშვიდობიანი მოწესრიგების გზაა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 თებერვალი. - N29(832). - 1 გვ.
26. მყარდება ურთიერთხელსაყრელი კონტაქტები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 19 თებერვალი. - N31(834). - 1 გვ.
27. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან და თითოეულ ოჯახს ეშველოს, ეს ყოველი მოქალაქის საზრუნავი უნდა გახდეს : 21 თებერვლის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 თებერვალი. - N32(835). - 1, 2 გვ.
28. სომხეთის კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოების მეორე ყრილობას : 18 თებერვალი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 თებერვალი. - N32 (835). - 2 გვ.
29. და მაინც, თანახმა ვართ დაუყოვნებლივ განვაგრძოთ მოლაპარაკება! : საქართველოს სახელმწიფო მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 მარტი. - N33(836). - 1 გვ.
30. აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგება და მშვიდობის დამყარება გამოააშკარავებს აფხაზ სეპარატისტთა დანაშაულებებს კაცობრიობის წინაშე / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 მარტი. - N33(836). - 1,2 გვ.
31. რესპუბლიკაში წესრიგი უნდა დამყარდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 მარტი. - N33(836). - 3 გვ. 149
32. საქართველო შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებას : საქართველოს პარლამენტის 1 მარტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 3 მარტი. - N34(837). - 1 გვ. 152
33. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ეს ინფორმაცია 1 მარტს დილის სხდომაზე დაურიგდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 3 მარტი. - N34(837). - 1 გვ.
34. ჩეხეთში, გზად ამერიკისაკენ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 მარტი. - N35(838). - 1გვ.
35. საქართველოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე დაპირებებს აძლევს ამერიკელ ბიზნესმენებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1გვ.
36. ვიზიტის წინ დასახული ყველა მიზანი მიღწეულია, ახლა მოპოვებული შედეგების განმტკიცებაა საჭირო / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
37. ედუარდ შევარდნაძემ გაეროში გამართა პრესკონფერენცია ქართველ-აფხაზთა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
38. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ქართული გეგმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მარტი. - N38(840). - 1 გვ.
39. ედუარდ შევარდნაძემ წარმატებული უწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის ვიზიტს, გამოთქვა რწმენა, რომ ამერიკის კონგრესი გაადიდებს დახმარების მოცულობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 მარტი. - N39(841). - 1 გვ.
40. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 მარტი. - N39(841). - 1 გვ.
41. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო მორალური და პოლიტიკური წარმატება იმ ქვეყნისა, რომელიც შეუქცევადად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 მარტი. - N40(842). - 1,2 გვ.
42. გაეროს უშიშროების საბჭოს 9 მარტის სხდომის ანგარიში : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 მარტი. - N40(842). - 1,2,3 გვ.
43. ახალი მსოფლიო ხედვისკენ გვიბიძგა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 მარტი. - N40(842). - 5 გვ.
44. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ვოცნებობთ იმ დროზე, როცა შუქი აინთება, თუმცა არა მხოლოდ ვოცნებობთ, ვმოქმედებთ კიდეც, რათა მოვიახლოვოთ ეს დრო! : გამოსვლა ეროვნულ პრეს-კლუბში. ვაშინგტონი, 1994 წ. 8 მარტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 მარტი. - N41(843). - 1 გვ.
45. სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკა! : ედუარდ შევარდნაძის მოხსენება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 მარტი. - N43(845). - 1,2,3,4 გვ.
46. ედუარდ შევარდნაძე: თუ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებას, აფხაზეთის საკითხის ნორმალური პოლიტიკური გზებით მოგვარებას, სამაჩაბლოს საკითხის გადაწყვეტას და ეკონომიკის გამოცოცხლებას, ჩვენი ადგილი გვექნება მსოფლიო პოლიტიკაში / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 23 მარტი. - N44(846). - 1 გვ.
47. ე. შევარდნაძე: „ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში განვაახლოთ მოლაპარაკებები“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 29 მარტი. - N48(850). - 1 გვ.
48. დღეს დიდი და პატარა სახელმწიფოების უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონფრონტაციის ახალ ტალღამდე არ მივიდეთ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 29 მარტი. - N48(850). - 1 გვ.
49. მთავარია, სიტყვა საქმედ იქცეს! : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 30 მარტი. - N49(851). - 1 გვ.
50. ახლა უმთავრესი ამოცანა იყო ის, რომ შექმნილიყო საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემოსვლის პირობები / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 აპრილი. - N53 (855). - 1 გვ.
51. 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 აპრილი. - N56(858). - 1 გვ. 52. ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 9 აპრილი. - N57(859). - 1 გვ.
53. „ხალხი აღარ გაჰყვება ბნელ ძალას, საქართველოს სიბნელესა და ჭაობში ვეღარავინ შეიყვანს, და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ“ : ედუარდ შევარდნაძის 11 აპრილის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 აპრილი. - N58(860). - 1,2 გვ.
54. ედუარდ შევარდნაძის განცხადება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 13 აპრილი. - N59 (861). - 1 გვ.
55. ყველამ ერთად ავაშენოთ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 19 აპრილი. - N63(865). - 1,2 გვ.
56. ადამიანი დროში / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ლორთქიფანიძე რუსუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 აპრილი. - N65(867). - 3 გვ.
57. ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური რეფორმების გზით : ედუარდ შევარდნაძის 26 აპრილის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 აპრილი. - N68 (870). - 1 გვ.
58. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 28 აპრილი. - N70(872). - 1 გვ.
59. მან უკვდავებაში გადააბიჯა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 მაისი. - N73(875). - 1 გვ.
60. ჩვენ ვივლით ქვეყნის გადარჩენის ინტერესებისთვის ბრძოლის გზით / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 მაისი. - N73 (875). - 1,2 გვ.
61. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წლები ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და პრინციპებისათვის ბრძოლის წლები იყო / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 10 მაისი. - N77(879). - 1 გვ.
62. საქართველოს პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 მაისი. - N78 (880). - 1გვ.
63. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 მაისი. - N82(884). - 1,3 გვ.
64. „სანამ შემოქმედებითი სული არ ჩამქრალა და, დარწმუნებული ვარ, არც ჩაქრება, საქართველო იცოცხლებს და გაიმარჯვებს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 24 მაისი. - N91-92 (894). - 1 გვ.
65. ვაშენოთ ახალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 მაისი. - N95-96 (898). - 1,2 გვ.
66. „ქვეყანა გამოცოცხლდა, დაიწყო მოძრაობა უკეთესობისაკენ და, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 31 მაისი. - N99- 100(902). - 1 გვ.
67. „სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელება, უწინარესად ქართველთა და აფხაზთა ინტერესებს შეესაბამება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 ივნისი. - N103 (905). - 1 გვ.
68. „აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება შეიძლება გამოდგეს ახალი საერთაშორისო ურთიერთობის, ახალი პრინციპების განხორციელების მაგალითად“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
69. საქართველოს პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1გვ.
70. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
71. პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
72. ედუარდ შევარდნაძე: „დამოუკიდებლობის დღე იქნება სიმბოლო, რომელიც ახალი რუსეთის დემოკრატიულ მისწრაფებებს მოასწავებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 14 ივნისი. - N107(909). - 1 გვ.
73. „გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ სავსებით სწორია“ : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 15 ივნისის ტელეინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ელიაშვილი ლუბა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 ივნისი. - N110 (912). - 1 გვ.
74. „რუსეთთან ერთად ჩვენ ვაშენებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომელსაც საფუძვლად ურთიერთნდობა უდევს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 ივნისი. - N112 (914). - 1 გვ.
75. ქართველთა და აფხაზთა შორის არ არის და არც შეიძლება იყოს არც ერთი გადაულახავი წინააღმდეგობა! : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 24 ივნისი. - N114 (916). - 1 გვ.
76. „რუსეთმა და საქართველომ ისტორიული პასუხისმგებლობა იკისრეს, და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორივე მხარე აღმოჩნდება ამ ისტორიული მოწოდების სიმაღლეზე არა მარტო ჩვენი ხალხების, არამედ მსოფლიოს წინაშე“ / შევარდნაძე ე. ; ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 28 ივნისი. - N116 (918). - 1 გვ.
77. ერთიანობა აფხაზეთის დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენის უპირველესი პირობაა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 ივლისი. - N121(923). - 1 გვ.
78. „ხელისუფლებამ, ხალხმა უნდა იმუშაონ, შრომა იხსნის ქვეყანას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 12 ივლისი. - N122(924). - 1 გვ.
79. „თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სტაბილურობისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 19 ივლისი. - N127(929). - 1 გვ.
80. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 ივლისი. - N129(931). - 1 გვ.
81. ჩვენ გადავრჩებით!.. / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ლორთქიფანიძე რუსუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 23 ივლისი. - N130(932). - 1,3 გვ.
82. „გაერო კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 ივლისი. - N131(933). - 1 გვ.
83. „ჩვენი კურსის არსი იყო და არის მშვიდობიანი აღმშენებლობა“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 აგვისტო. - N135(937). - 1 გვ.
84. მოვიდა მუშაობის, რეალური მოქმედების დრო! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 3 აგვისტო. - N136(938). - 1 გვ.
85. „საქართველოში რეფორმების ეტაპი საკმაოდ დინამიკურად, მასშტაბურად დაიწყო და ეს შეუქცევადი პროცესია“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 9 აგვისტო. - N139(941). - 1 გვ.
86. ქვეყანა შევიდა აქტიური მშენებლობის ფაზაში / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 16 აგვისტო. - N143(945). - 1 გვ.
87. სამძიმარი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 16 აგვისტო. - N143(945). - 1 გვ.
88. „ადრე თუ გვიან პოლიტიკურ მოვლენებში კანონზომიერების პრინციპი გაიმარჯვებს“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 23 აგვისტო. - N148(950). - 1 გვ.
89. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 24 აგვისტო. - N149(951). - 1 გვ.
90. უკრაინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ლეონიდ დანიელის ძე კუჩმას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 26 აგვისტო. - N150(952). - 1 გვ.
91. „რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 30 აგვისტო. - N152(954). - 1,2 გვ.
92. ბავშვების განათლება საღვთო საქმეა, დღეს სკოლაში სამსახური კი - ფაქტობრივად, თავგანწირვა! : სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა პედაგოგ-მასწავლებლებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 სექტემბერი. - N154(956). - 1 გვ.
93. „ჩენი საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების უდიდესი შედეგი არის ის, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ბაზაზე თხუთმეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნა“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ბაჯელიძე ციური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 სექტემბერი. - N155(957). - 1 გვ.
94. „ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობა შევა იმ გარანტიებით, რომ ომის ხანძარი აღარ აღმოცენდეს არც სახელმწიფოთა შორის და არც მათ შიგნით“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 სექტემბერი. - N157(959). - 1 გვ.
95. საახალწლო მილოცვა ებრაელ ხალხს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 სექტემბერი. - N158(960). - 1 გვ.
96. „ახლა ჩვენ ეკონომიკური რეფორმების ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ეტაპზე ვართ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 13 სექტემბერი. - N163(965). - 1გვ.
97. საქართველოს მთლიანობა, დემოკრატიის განვითარება გარდაუვალია! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის 13 სექტემბრის სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 15 სექტემბერი. - N165(967). - 1,2,3 გვ.
98. „საჭიროა ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ყველამ ერთად - საზოგადოებაზე და საზოგადოებამ - ადამიანზე“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 20 სექტემბერი. - N168(970). - 1 გვ.
99. მის აღმატებულებას, ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 სექტემბერი. - N170(972). - 1 გვ.
100. ქართველებისა და აფხაზების შერიგება ისტორიული აუცილებლობაა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 22 სექტემბერი. - N170(972). - 1 გვ.
101. „ჩვენ მივდივართ ქვეყნის სტაბილურობისაკენ და ეს ახალი, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 27 სექტემბერი. - N172(974). - 1,2 გვ.
102. ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 30 სექტემბერი. - N175(977). - 1 გვ.
103. „ხალხმა და პარლამენტმა ერთხელ კიდევ მოახდინეს თავიანთი არჩევანი - მხარს უჭერენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კურსს“ : ედუარდ შევარდნაძის 3 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 4 ოქტომბერი. - N177(979). - 1, 2 გვ.
104. ედუარდ შევარდნაძე: „სწორი ნაბიჯი მსოფლიოს გაუმჯობესების გზაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 7 ოქტომბერი. - N179(981). - 1 გვ.
105. დიდი მაგალითი : ნიკო ნიკოლაძის დაბადების 150 წლისთავისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 ოქტომბერი. - N180(982). - 1 გვ.
106. ედუარდ შევარდნაძეს გადაეცა გერმანია-საქართველოს საარქივო დოკუმენტები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 ოქტომბერი. - N180(982). - 1 გვ.
107. „ჩვენთვის ახლა უმთავრესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეფორმების პროცესის დაჩქარება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და კონსტიტუციის მიღება“ : ედუარდ შევარდნაძის 10 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 11 ოქტომბერი. - N181(983). - 1,2 გვ.
108. „ეკონომიკური რეფორმები გადაწყვეტს ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედს“ : 17 ოქტომბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 18 ოქტომბერი. - N185(987). - 1,2 გვ.
109. „ჩვენ აღებული კურსიდან არ გადავუხვევთ, ვიბრძოლებთ, სანამ ქვეყანაში სრული წესრიგი არ დამყარდება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 21 ოქტომბერი. - N188(990). - 1,2 გვ.
110. „თანამეგობრობის განმტკიცებამ, ინტეგრაციული პროცესების განვითარებამ უდავოდ უნდა მიგვიყვანოს საერთო ჰარმონიამდე“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 25 ოქტომბერი. - N190(992). - 1,2 გვ.
111. ედუარდ შევარდნაძის არცთუ ტკბილი ცხოვრება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] იმედაშვილი ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 28 ოქტომბერი. - N192(994). - 1 გვ.
112. „ადამიანები დღეს მხარს უჭერენ სტაბილურობის, ნორმალური ცხოვრების ყოველგვარ გამოვლინებას, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს“ / შევარდნაძე ედუარდ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 1 ნოემბერი. - N194 (996). - 1,2 გვ.
113. „ომი უცხოა ჩვენი ხალხებისათვის. ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები იცხოვრებენ ერთად ისე, როგორც ცხოვრობდნენ საუკუნეთა განმავლობაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 5 ნოემბერი. - N198(1000). - 1 გვ.
114. „გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით, არის მძიმე, რთული, ეკლიანი, მაგრამ ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა“ : ედუარდ შევარდნაძის 7 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 9 ნოემბერი. - N199(1001). - 1 გვ.
115. პოლიტიკური დებატები, რომლებმაც გამოავლინეს ვინ ვინ არის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 10 ნოემბერი. - N200(1002). - 1 გვ.
116. „საქართველო სახელმწიფოს სახეს იძენს“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 16 ნოემბერი. - N203(1005). - 1,2 გვ.
117. ახალი ურთიერთობის მშენებლობის სათავეებთან : სადილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ბატონ სულეიმან დემირელის პატივსაცემად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 17 ნოემბერი. - N204(1006). - 1 გვ.
118. „მთავარია ჩვენი ხალხის შეკავშირება, ფართო გაგებით სახელმწიფოებრივი მშენებლობის დასახული გეგმების განხორციელება“ : ედუარდ შევარდნაძის 28 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 2 დეკემბერი. - N205(1007). - 1,2 გვ.
119. საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი შავი დღე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 დეკემბერი. - N206(1008). - 1 გვ.
120. „ყველა მოქალაქეს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ - ამ მძიმე განსაცდელის დღეებში შევინარჩუნოთ გონიერება და საღი აზრი“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 6 დეკემბერი. -N206(1008). - 1,2გვ.
121. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცისფერი დროშა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სამშვიდობო ალმები გაუფერულდა ასიათასობით ჩემი თანამემამულის თვალში, რადგან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერცერთმა საერთაშორისო მისიამ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას : საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ბუდაპეშტის შეხვედრაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 8 დეკემბერი. - N207(1009). - 1 გვ. 776
122. ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შეხვედრა... : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 13 დეკემბერი. - N209(1011). - 1 გვ.
123. „ჩვენ მოკლე დროში გავივლით ჩვენს წილ გასავლელ გზას და ქვეყანა შეუდგება ნორმალურ ცხოვრებას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 20 დეკემბერი. - N212(1014). - 1 გვ.
124. „ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი იქნება“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1994. - 27 დეკემბერი. - N215(1017). - 1 გვ.