The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა




1 ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა

▲back to top


628
დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;
ფრიდონ მითხრა: „გითხრობ რასმე, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით;
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით“.

629
მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
„დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა,
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა,
აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

630
ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორს-ა.
ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა,
ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა:

631
ვთქვი: „რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი?“
ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი;
წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,
მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.

632
ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

633
სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება, ვთქვი: „წავიდე მათკე მე, წა-,
ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!“

634
ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა“.

635
ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.
ვუთხარ: „მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!“

636
ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა,
მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,
თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.

637
ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!“
მოვახსენე: „ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად!
იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად“.

638
ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;
მან მითხრა, თუ: „რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული!“
შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული“.

639
კვლაცა მითხრა: „ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს“.

640
წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;
ფრიდონს ვუთხარ: „ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა,
ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

641
არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
თუ ვერას ვარგებ, ვიქნები ვერ-დამყოვნელი წამისად“.

642
მან მითხრა: „ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.

643
ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა.
ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!

644
ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია.
ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია“.

645
კაცნი იხმნა მასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ,
უბრძანა, თუ: „ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ?“

646
აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;
უბრძანა: „ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს“.
მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

647
ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
მითხრა, თუ: „მცთარვარ, აქამდის ვერ მივჰხვდი გასაგონოსა:
ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!“

648
რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი,
ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშვრობელნი;
ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი,
მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.

649
მე ფრიდონს ვუთხარ: „ესე დღე ვითა მესაზაროების,
ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

650
მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!“
ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მო-ვე-რწყო ველი,
მითხრა, თუ: „ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!“

651
თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს,
მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
„ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!“

652
ეგრე ვუთხარ: „თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;
ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების“.

653
მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ჩემი ესე ცხენი,
მითხრა: „ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი,
ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
თვით ამანვე მოგაწონოს სახედრობა-სიფიცხენი“.

654
ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

655
ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე,
რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

656
ვთქვი, თუ: „ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა,
ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!“
მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა:
„ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

657
აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!“
რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
მითხრეს: „ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

658
უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!“
თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.

659
ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

660
ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

661
აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
ესე ქალი არ დამაგდვბს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები,
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

662
რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

663
მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები“.

664
პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა,
ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა;
ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა-;
მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

665
ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
„შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,
აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან“.

666
ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების;
თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

667
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყობარი,
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

668
რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

669
იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

670
რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო,
კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკედები, მისთვის აგრე არ გატირო“.

671
მან მიუგო: „უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი!
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

672
პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და არცა ითხოს;
თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!“

673
ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი, გულ-სადაგნი,
იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

674
ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

675
ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
მან უთხრა: „დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

676
ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;
აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
შეიგენით, მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“

2 ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა (ხელნაწერი)

▲back to top


გაბოძე დარეჯან
0x01 graphic

დონაძე შალვა
0x01 graphic

სულაქველიძე ზაზა
0x01 graphic

ბურჭულაძე ლაშა
0x01 graphic

გოგოლაშვილი მიხეილ
0x01 graphic

რუსიძე ქეთევან
0x01 graphic

ჯუღელი ქეთევან
0x01 graphic

დოლიძე ირმა
0x01 graphic

გოგიტიძე ირმა
0x01 graphic

ინაიშვილი სოფო
0x01 graphic

ჯინჯიხაძე ხატია
0x01 graphic

კონცელიძე თინათინ
0x01 graphic

მოფინაძე დიანა
0x01 graphic

ფუტკარაძე მედეა
0x01 graphic

ზაიცევა ნანა
0x01 graphic

ყაჭეიშვილი რუსუდან
0x01 graphic

ჭყონია თამთა
0x01 graphic

ტუღუში ელენე
0x01 graphic

მალაყმაძე ნუნუ
0x01 graphic

ნიშნიანიძე მარიამ
0x01 graphic

ამირანაშვილი ნინო
0x01 graphic

ტაკიძე თინათინ
0x01 graphic

დიდმანიძე ჯუმბერ
0x01 graphic

ბოლქვაძე ლია
0x01 graphic

კონცელიძე ხვიჩა
0x01 graphic

ჩეხერია ნათკა
0x01 graphic

ხოშტარია სანდრო
0x01 graphic

კერვალიშვილი ლუკა
0x01 graphic

656
0x01 graphic

კერვალიშვილი კრავაი
0x01 graphic

სვანიძე ეთო
0x01 graphic

ხუჯაძე ნონა
0x01 graphic

ლაბაძე მზია
0x01 graphic

ასათიანი დოდო
0x01 graphic

ჭყონია ნატო
0x01 graphic

ბრეგვაძე მზია
0x01 graphic

მეგრელიშვილი თეა
0x01 graphic

მენთეშაშვილი ნინო
0x01 graphic

ტაკიძე რუსო
0x01 graphic

მიქაბერიძე მაია
0x01 graphic

ავდიშევა-მიქაბერიძე მარგალიტა (მარგო)
0x01 graphic

წუწუნავა ეკატერინე
0x01 graphic

გუშარაშვილი თამარ
0x01 graphic

ნაგერვაძე თამთა
0x01 graphic

ნჯიბუხაშვილი მაკო
0x01 graphic

ნაცვლიშვილი ილია
0x01 graphic

ცერცვაძე ნუგზარ
0x01 graphic

წულუკიძე ხატია
0x01 graphic

ღაღაიშვილი თამთა
0x01 graphic