ქალდეას მზე
გრძელი, შორი გზა და ოცნება
უსაზღვრო გზებზე...
მზის სიცხოველე, მზით მოთენთა,
სიმღერა მზეზე.
ჩემში სტირიან წინაპარი
ბრძენი მოგვები,
დანგრეულ კიბეს მე ვაშენებ,
უკან მოვყვები.
ძველი სიტყვები დაფიცების
დავიწყებული,
ძველი ქალაქი, დღეს ნაცარი,
უწინ ქებული,
ძველი ქალდეა სწვავს ოცნებას
და ეძახის სულს,
ოქროს ლექსებში მე ვუმღერებ
დიდებულ წარსულს.
გამობრწყინდება სიდონისკენ
გზა მიმავალი,
თეთრ უდაბნოში გაიშლება
საკურთხეველი.
დიდ სიმღერისთვის ჩემი გული
უკვე მზად არი,
მბრძანებელ ჩრდილთა მოწოდებას
მხოლოდ მოველი.
მარტო ვიქნები, მარტოობას
წინდაწინ ვსტირი,
მაგრამ ამასაც აღარ უფრთხის
გვიანი მწირი.
მესმის, მეძახის, ვხედავ, მხედავს,
ვიჩქარი, მივჰქრი.
ძვირფას საფლავებს, როგორც ქორი,
დაფრინავს ფიქრი.
გრძელი, შორი გზა და ოცნება
უსაზღვრო გზებზე,
ჩემი საფლავი ძველ ქალდეას
იქნება მზეზე.
1916 წ.