The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მე დავიბადე განთიადისას

მე დავიბადე განთიადისას

მე დავიბადე განთიადისას,

როცა მთის წვერზე დილა მაისის

თვალებს ახელდა... და ნაზი იყო

ელ-ელფერი მტრედისფერ სივრცის...

შემოდგომაზე, მახსოვს, ვიბრძოდი,

ცხარედ ვიბრძოდი ყმაწვილურ ჟინით,

მაგრამ დაცინით მომიკლეს რწმენა,

და ძირს დავემხე კვნესა-ქვითინით.

ვცხოვრობ ზამთრის ყინვა-ქარბუქში,

ხსოვნა არ იყო ჩემში ზაფხულის

და ნელა-ნელა მიჭკნობდა დღეებს

სიცივე სულის, სიცივე გულის.

დღეს კი, როდესაც შავი ბურუსი

მისპობს და მიკლავს ოცნების კუთხე,

ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლი იდუმალს

და ვლოცავ ყოფნის აღსასრულის დღეს.

ბნელი ღამეა... მალე ინათებს...

ჩქარა, სიკვდილო... ოჰ, გევედრები...

გადმომივლინე ტკბილი ოცნება...

გადამაფარე შავ-ბნელი ფრთები!