The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ღამის მეხრე ცეცო

ღამის მეხრე ცეცო

I

სოფელი დ., მეტი სახელით — ძაღლისხევა, რომელ წოდებასაც ვიხმარებთ ამ მოთხრობაში, ძიელ სახელგატეხილია ქართლში. იქაურს კაცთან რომ ახსენოთ სახელი “ბატი”, უნდა მაშინვე თავს უშველოთ, თორემ ცუდად იქნება საქმე. ამბობენ, ვითომც ბატი ძიელ ჰყვარებოდეთ ამათ წინაპრებს.

თუმცა ასე სახელგატეხილია, საანდაზოდაც გამხდარი ძაღლისხევა, მაგრამ ხალხი საკვირველი მხნე და დაუღალავია მუშაობაში; ყოველნაირი ხელოსანი მოიპოვება; აქაური თიხის ჭურჭელი განთქმულია.

ძაღლისხევა მდებარეობს საკვირვლად მაღლობს ადგილზე, მაგრამ სწორეზე; ორგან არის გადაჭრილი ხევებით, რომლებშიაც ჩაფენილია სახლები. სამასამდინ კომლი კაცი იდგება; მოსავალი დიდი იცის, მაგრამ მოუხვედრელ ალაგას მდებარეობს და ბევრს ვერას იყენებენ; სახლები ძაღლიხეველებს მომეტებულ ნაწილად დათვის სოროსავით მიწაში აქვთ; მინამ მგზავრი ზედ არ წაადგება, არ დაინახავს საბძლებს და შუაცეცხლის შაქრის თავივით მაღალ ერდოს, მინამ ვერ წარმოიდგენს, თუ აქ ადამიანი ცხოვრობს. არსად ხე, არსად წყალი, მხოლოდ ცარიელ-ტარიელი ნაგავი, ნეხვის მთები, ბაკების შესაზიზღარი წუმპეები გეჩხირებათ აქეთ-იქიდგან თვალებში.

ამ სიბილწესთან, საშინელ უსუფთაობასთან, ძაღლისხევას აქვს საუცხოო და სასიამოვნო ადგილები: შიგ სოფელში ოთხივ-კუთხივ არის მწვანე, ხავსის ფერი ბალახით შემოსილი მოედნები, საიდანაც სოფლის წვრილფეხი საზრდოობს; გადადგებით მაღლობზე და თქვენ თვალს წარმოუდგება დიდი ღელე, მთელი ხეობა, სიგანით ოთხი ვერსი და სიგრძით რამდენიმე ოცი ვერსი, ვიდრე მტკვრის პირამდე. ეს ღელე თავიდგან ბოლომდის ავსებულია ვენახებით; აქა-იქ ჰღელავს მრავალფოთლოვანი სიმინდი; ჰხედავთ კაკლის ჭალებს. ათასფრად გამოიცქირება ეს ღელე; დილით გადახედვა სწორედ თვალს მოსჭრის ადამიანს, ათასნაირად მობრჭყვიალებს დილის ნამი; სიამოვნებით გული უტოკავს კაცს, თითქო მაღლდება, აღტაცებაში მოდის, გული გასაფრენად ემზადება: ნიავი ცელქობს, ნაზად არხევს კაკლის ხის წვერებს, რომელზედაც შემსხდარან ფოხოლა ყვავები და ამაყად და მალხაზად, კისერ-გვერდზე მოქცევით, გადმოიყურებიან თავის სადგურიდან. ამ მშვენიერს, სასიამოვნოდ ატეხილს ჭალებს, სიმინდებს, ვენახებს შუაში ჩამოუთამაშებს მდინარი ფრონე, რომელიც ანკარა წყალს მოათამაშებს, მოაჩხრიალებს ჭალებში. მაღლიდან ეს მდინარე ერთს პიტალო სარკეს ჰგავს, რომელიც, როცა ეცემიან მზის სხივები, ათასფრად ბრჭყვიალებს და ციმციმებს. მთელი ის იმოდენა ჭალები, ვენახები შიგ გადაჰყურებენ ფრონეს, შიგ იხედებიან და ელამაზებიან თავებს, როგორც კოხტა პატარძალი. ამის მნახველი უნებლიეთ იტყვის: “ოხ, რა მშვენიერი ხარ, ფრონევ, რომ ამ სიმშვენიერესთან ერთი სისაძაგლე არ გჭირდეს, ერთი ისეთი სიავაზაკე, რომლითაც შენ უკლავ გულს ძაღლიხეველებს! “ ეს პაწაწა მდინარე ჰგლეჯს საწყალის გლეხის ვენახების გვერდებსა და ისეც ღარიბსა და დაჩაგრულს გულს უწყალავს. არაერთხელ დამიწყევლია მე ეს მდინარე ჩუმად, ჩემს გულში: არა ერთხელ გამიფიქრია: “ეს უსიტყვო, უხმო საგანი თითქო ჰბაძავს, ეჯიბრება ბოროტმოქმედებაში მეტყველ ცხოველებს, იმ ცხოველებს, რომლებზედაც ამბობენ, ვითომც “ხატად და მზგავსად” სრულიად კეთილისა არიან გაჩენილნიო!

ძაღლისხევას ჭალები სავსეა გვრიტებით, ღუღუნა მტრედებით, კაკლები - მოლაღურებით და სხვ. ჭალები შიგადაშიგ ფესვიანად ამოუწვავს, გაუახოებია გლეხს, და ამ ხამის, ღონიერის მიწის გულში ჩაუბნევია თავისი მაცხოვრებელი სიმინდი და ლობიო, დახამებულ ნიადაგს ამოუქანებია მსხვილღეროიანა სიმინდი, რომელსაც სასიამოდ გაუდის შრიალი და ღაღანი, რომელსაც აქანავებს და აცელქებს ნიავი.

დიდძალი სახნავი მამული არტყია ძაღლისხევას; მიწა შავია, როგორც მელანი, მაგრამ ურწყავია. თუ ცა გაურისხდა და პატარა ნამი არ მოაწოდა, შენი მტერი! - ამათი საქმე ცუდად დატრიალდება ხოლმე: მოელით ათასი მწუხარება, ვარამი და კარს იასაული მამასახლისით გადასახადის წასართმევად. ბევრი თავმომწონე, შეღერებული, ულვაშშეგინგლული ძაღლისხეველი რჩება ხოლმე ჯვარდაუწერელი. სარწყავის გლეხი ძნელად მისცემს ძაღლიხეველს ქალს ცოლად. “გინდა შიმშილით და წყურვილით სული ამომირთვას ჩემ გომბიოსაო”, ამბობს ისა.

უნდა კი გითხრათ, რომ - როგორც ზემოთაც ვსთქვით - ძაღლისხეველი ძალიან მშრომელია. გაზაფხულდება თუ არა, ამას სახლში ვერ დაინახავს კაცი, ის ხდება ჭალა-მინდვრების შვილად: იქა სძინავს, იქა შრომობს, იქ ასველებს სისხლის ოფლით მინდვრებს და ხან იქვეც ჩავა ხოლმე საფლავსა. ხელის სისქედ აქვს მზის სიდამწვრე ხელ-პირზედ გადაკრული; ფეხების სიდამსკდრეში ხელი გამოივლება; ფეხების წყლულს, მიწა-მწვარას, დაშაშვრას, ეკალ-უკალში კენჭების ხვეწას ის არ უტყდება, შეურყევლად აშურებს სამუშაოს; უშველებელის რისხვისაგან, გაუქრობელის ვაების ცეცხლისაგან ჩამწვარ, ჩაფერფლილ თვალებს აცეცებს გლეხი თავის სამუშაოს იმ იმედით, რომ ამ წელში სამადმოხრუკულს შრომა დაუფასდება და შიმშილი ისეც შეხუთულს სულსა აღარ ამოხუთავს.

დიაღ, ბუნებამ თუ იძუნწა და დროზე არ გამოუგზავნა წვიმა და ფხვიერი, მზისგან დამწვარი მიწა არ გაამაგრა, ცუდად არის ძაღლისხეველის საქმე - იმას დიდი შრომა დღიურ ლუკმას ძლივს აძლევს. იცის რა ეს, ძაღლისხეველი, რომ იტყვიან, უღმერთოდ მუშაობს.

II

ძაღლისხევა დღისით ცარიელია; ძაღლიდგან კაცამდე გაზიდულია მინდვრად; სოფელი რჩება დედაკაცებს და ამაყ მამლებს. თითქოს გრძნობენო, რომ სოფელი ჩვენ დაგვრჩაო, მამლები ამპარტავნულად დაიარებიან ბანებზე, იკრებენ გარს ცოლებს, მალ-მალ უპარტყუნებენ ფრთებს, ყივიან და არიან ერთ ვაი-უშველებელში; აქა-იქ, სიმინდის ჯიხურის ქვეშ, სხედან დედაკაცები, გვერდს უდევთ შხვეპლი ქათმების ასაქშევად, თითისტარს აპროწიალებენ, მალ-მალ გადიყრიან უკან კავებს და ჩამოისმენ სახეზე ხელს ხვნეშით: “იჰ, გენაცვალეთ, რა ცეცხლის კიდებაა!” მიიხედ-მოიხედავენ და ისევ შეაპროწიალებენ თითისტარსა.

აგერ გადიწია მზემ! დაიძრა გულის მალხინებელი, სიცხისაგან დათუთქულის გვამის გამაგრილებელი მალამო - ნიავი; ნიავმა ყველა სულდგმული გააცოცხლა, გამოაფხიზლა. აი მოისმის ჟრიამული ახლო-მახლო მინდვრებიდან; ნაწყვეტ-ნაწყვეტად გადმოაქვს ნიავს გულის საკლავი “ოროველა”, რომლის გამგონე კამეჩი ცოხნით და კუდის კლაკვნით მიაბოტებს. ნიავმა შეუქიქინა ფრინველთ და შეუგრილა გახურებული ტანი; გაჩნდა კიჟინა, შიშინი ქვემძრომთა.

აი მზეც ჩადის, თითქოს მოსწყინდა ქვეყნის ცქერაო. აიშლება ხალხი მინდვრებიდან; მომკალი დაასვენებს ნამგალს და ოლეს ძირში მიწვება სულის მოსაოხებლად. ყოველი სულდგმული ეძებს თავის ბუნაგს დასასვენებლად: ჰხედავთ, მოდის სოფლისკენ ღორ-ხბო, ხბო ფუნდრუკით, კოწიაწით; ღორი - გამალებული და დინგწაშვერილი, რომ სუნი დაიცეს რისამე; ამათ უკან მოსდევენ პაწაწა მწყემსები ცალ ხელში იფნის სახრით, მეორეში სხარტით - ჩიტების მტერი სასროლი ჯოხით; ზურგს ჰკიდიათ ხბოს გუდები, რომელშიაც ხრაგა-ხრუგი გაუდის მონარჩენი პურის ნახორხლებს; ტანთ აცვიათ ალაგ-ალაგ ამოფლეთილი ჩოხები. ზოგს, ვინც ყოჩაღად მოქცეულა და სხარტში სიმარდე გამოუჩენია, მოაქვს სახლში ღამის სამყოფი ულუფა - დახოცილი ჩიტები, დაპტყვნილ-გამოწლულები; პროწიალობენ პაწია მწყემსები, სხარტებს სინჯავენ და შეჰკვეხნიან ერთმანეთს.

- ქიტიავ! ჰაი, ქიტია! მაჩვენე ე შენი სხარტი! უჰ! რა მარჯვეა, გენაცვა, დედავ! რისაა, ბიჭო? სად მოგიჭრია, ჰა? - უთხრა პალემ ქიტიასა და ზედ დააცეცა სხარტს თვალები.

- შინდისაა, ბიჭო! ბატონიანთ წვრიმალაში მოვჭერ, - მიუგო ქიტიამ. - ეს დალოცვილი, ბიჭო, არ დასცდება. შიგ ფრთაში გავადენ ხოლმე ლაწანსა.

- ჩემი კი ურიგოა თუ? აი რამდენი დამახოცია, ნახე ჭდეი! - თავმოწონებით უთხრა პალელამ.

- წადი ერთი, შვილოსა, იფანია შენი სხარტი. მაგასა, ჩემო ძმაო, ე ხრახნილი შორი-შორს აქვს, კიდევა იფანი ხელში იტყუებს, ზნექა იცის; აი ჩემ შინდის სხარტს ახლო-ახლო აქვს ხრახნილი და ისე გატყვრება ხოლმე, როგორც თოფი ტყვია. - პალელამ ვეღარა სთქვა რა, გადაატრიალ-გადმოატრიალა თავისი სხარტი; გულში ეტყობოდა, ქიტიას სხარტი დაამჯობინა, და ხმაამოუღებლივ ჩამოვიდა სოფელში. ქიტიამ კი გადიკლაკნა თავისი სხარტი კისერზე, გაიწყო ზედ ხელები, ამოუშვა ზუზუნი, ვითომ დამღერისო, და ჩანჩალით ჩამოუძღვა ღორ-ხბოს სოფელში.

აი ხედავთ, მოდის მსხვილრქიანი საქონელი, მოსდევენ მოზრდილი მწყემსები, რადგან ამათ უფრო დიდი შეკავება უნდათ მინდორში, რომ არა წაახდინონ რა. წინ ნახირს მოუხტიან ფუნდრუკით ბოჩოლები; მობღავიან ძროხები, რომლითაც ისინი გამოსთქვამენ თავიანთ მშობლიურ სიყვარულს; უკან ხარ-კამეჩობა მოიზლაზნება და კუდით მოერეკება მოუსვენარ, ცელქ ქინქლაებსა, აქეთ-იქითგან მოდიან გუთნის მეხრეები მხარზედ გადაკიდებული გუთნის ღვედით, ხელში განუშორებელი მოქნილი სახრით, ტანისამოსშემოცვეთილი, პაიჭები ეკალ-უკალში და ჭალებში საქონლის ტარებით შემოციცქნილი; ალაგ-ალაგ კანჭებზე წითელი ხაზი აქვთ გავლებული. ეს უთუოდ ეკლის ნიშანი და უნარია: გავლის დროს ამ დაუნდობელს თავისი დაღი დაუსვამს, თითქოს სურვებია ყოველ შემთხვევაში მოაგონოს, რომ ის მისი ყურმოჭრილი ყმაა; ქუდები ამოცვეთილი, რომელშიაც ბღუჯ-ბღუჯად ამოჩრილია თმა; ჩოხაზედ ჩამოკიდებულს ნაფლეთებს გაუდით ფარფარი. ერთი სიტყვით, შეხედულობა ამ მწყემსებისა მაშინვე წარმოგიდგენთ, რითიც ჯილდოვდება ამათი დაუცხრომელი შრომა და ოფლის წურვა, და აღგიძრავთ სიყვარულს ამ პატიოსანის მშრომელებისადმი.

მოლაპარაკობენ ხელში ჩეკებით და მოეშურებიან სახლისკენ გუთნის დედებიც. მაგრამ სად არიან, რატომ არ სჩანან ღამის მეხრეები? რატომ ისინი კი არ მიეშურებიან სახლისკენ? იმათ სოფლად ჭერი არ აქვთ; იმათ ჭერს შეადგენს მაღლა-ცა, ძირს-დედამიწა; მათ სიამოვნებას - მინდორი, ტყე, ღრე და ჭალა.

III

დაღამდა. ნელ-ნელა იკლო ხალხის ხმაურობამ; აქა-იქ მოისმოდა მქრალი და მკრთალი ბღავილი გადასხლეტილის ძროხისა; ისევ ბინდ-ბუნდზე მიეყარა საძილედ დაღალულ-დაქანცული ხალხი. პატარა ხანს მთელი სოფელი მოიცვა მკვდრის ძილმა; ჩამოვარდა გულშესაღონებელი სიჩუმე; ისე მიწყნარდა, ისე გაინაბა, გაიკმიდა ყოვლისფერი, სულიერი და უსულო არსება, თითქოს ძარღვის ცემა შესწყდომიათო, თითქოს ცხოველი არსება გამწყდარაო. “ერთი პირი ძილი წყალსაც მოუვაო”, ნათქვამია. სწორედ ყველას ჩაეძინა ერთი პირი დაისსვე, მხოლოდ ძაღლი, ეს ერთგული ყარაული სოფლისა, არა მდუმარებდა: ხანდაზმით წამოიყეფდა, წამოიწკავწკავებდა; ხანდისხან კი ხშირ-ხშირად მოჩქარებით წაუყეფდა. ეს ნადირის ყეფაა, უთუოდ მგელი შემოეპარათ ყარაულებს. ძაღლის ყეფას ხანდაზმით ბანს აძლევდა ციხის ჭოტი, რომელიც გულის საკვნესად, მკაფიოდ გამოიძახოდა: ჭოოტ-ჭოტსა! მშიშარა კაცისთვინ, რომელსაც ძილი უტყდება, ეს ხმა ჭოტისა სწორედ შიშის ზარის დამცემია; გულს უღონებს კაცს ის გაგრძელებული, გაუთავებელი ძახილი ჭოტისა; თითქო რაღასაც მწუხარეს ჩაჰკვნესის კაცის გულს; ამიტომაც ჭოტის ძახილთან ჩვენი ხალხისგან შეერთებულია ათასნაირი წარმოდგენები. ხმაურობაში, დღისით, ჭოტის ხმას გავლენა არა აქვს კაცის გონებაზე; მაგრამ, ღამე, სიჩუმეში, საშინელ მდუმარებაში, ის ხმა სწორედ ელდაა: აპობს და არღვევს ამ სიჩუმეს და კაცს სწორედ ისარივით ხვდება გულში.

არ სძინავს ამ ღამეს მხოლოდ ერთ ოჯახს. ცოლ-ქმარნი სხედან ბაკის კარებთან ძარქვეშ; გვერდით მიწოლილია სასთუმალზე ესე თერთმეტ-თორმეტის წლის ვაჟი; ბაკიდან საურდულესთან მომჯდარა ახალგაზრდა, მოწიფული ქალი, თოთხმეტ-თუთხმეტი წლისა, რომელიც გულის ძგერით, მაგრამ სულგანაბული, თითქოს უნდაო, გულის ბაგა-ბუგი არ გაუგონ, უგდებდა ყურს ძარქვეშ მსხდომ დედ-მამასა.

- არა-მეთქი, დედაკაცო! ნუ ხარ ე ჯიუტი; იყოს მარტოხელი, რა!

- მარტოხელს ჩემ გოგოს ვერ გადაუგდებ, ვერ შეიტყე? ცათა და ქვეყანას შუა ე ორი ბავშვი გამაჩნია, მე მინდა, რომ კაი ყოფაში მყავდნენ. მარტოხელ ოჯახში რათ ჩავაგდებ ჩემ თამროსა, ენაცვალოს დედაი იმასა! მე შენ გითხრა, სილამაზე არვინ დაუწუნოს. თურაშაული ვაშლივითა აქვს დაბრაწული ლოყები...

- ქალი ქებით გათხოვდებაო და პატარძალი ვის უნახავს რიგიანიო, ამისი არ იყოს, ჩემო ცოლო, მართალია, ჩვენ თამროს არავინ დაერიდება, კაი გოგონაა; შვილი ჩემია და არ ვიცი, რაც არი? ე რო დიდ ოჯახში ჩავარდეს, თავს ვერ გაიტანს, მურეხობაში სულს ამოართმევენ; რძლები, მაზლის ცოლები კვირტს არ გაუზრდიან. მარტოხელა ოჯახში კი თავისუფალი იქნება, როგორც უნდა, ისე თავის ნებაზე დააწყობს საქმესა. მერე ისეთი კაი სადედამთილო დედაკაცია ნენეი, რო...

- მე არა ვიცი რა... აქეთ-იქით ნათრევ-ნაწოწის შვილს ქალს არ მივცემ, არა!

- დედაკაცო, - დაანება ლუკმას თავი ქმარმა,-ცეცოს არ მისცემ შენ ქალსა, ჰა? ცეცოსა?.. რა გელაპარაკო, დედაკაცს რო ჭკუა ჰქონდეს, რა უჭირს.

- რა არი ე შენი ცეცო გოდერძიშვილი, ღამის მეხრეა, სხვა ხომ არაფერი?!

- ჰოო, კიდეც ეგ არის, რომ ღამის მეხრეა. ამოდენა ხანია, რაც მე გუთანს მივდევ, არ მომიშორებია ეგ ღამის მეხრეთა. ერთი წყენა არ მომაგონდება; საქონელი, გუთნეული ისე ებრალება, როგორც თავისი თავი. იმოდენა ანეული ისე გაივლის ხოლმე, რომ გუთნეულს არ შეეტყობა, ბმულა თუ არა გუთანში: ეს შემოდგომურები დავიწყეთ და სუ ბურთივით დარგვალებულები მოუდის საქონელი, ისე დააძღობს ხოლმე. ახლა ნახე, რა დღიურს გადავაბრუნებთ ხოლმე? რათა? რათა და იმათა, რო ღონიერი საქონელი გვიბია გუთანში, და, რო ღონიერი გვიბია, ეს სუ ი შობელგანათლებული ცეცოს უნარია. ბიჭია-მეთქი, რო სულ ოქროა! მაგის მომდურავი კაცი ამ ხეობაში არ მოიპოვება; ამოდენა ხანია ღამის მეხრეობს და ერთხელ ხარი არ შემოჰპარვია სხვის ნათესში. ამიტომაც ეხლავე შემოდგურს რო ვეპირებოდით, გუთნისდედებს ცილობა ჰქონდათ: არა, ჩემთან უნდა დაუჯდეს, არა ჩემთანაო. აი შეხე იი ჯიხურს. სიმინდით რო აქვს გასილავებული! ურიგოა არა! შენს თამროს გულს მოსძმარავს.

თამროს გულის ცემამ მოუმატა, მამის ლაპარაკი მოეწონა; ამას თვალი ეჭირა კოხტა ბიჭ ცეცოზე: გული ისე აუტოკდა, ყელში მოაჯდა, რომ თამრომ უნებურად წამოახველა; ტანში დააზმორა და ხელებს მტვრევა და ტკაცუნი დააწყებინა, წამოხველებას დედამ ყური მოჰკრა და დაბლის ხმით უთხრა თავის ქმარს:

- კაცო, დაბლა ილაპარაკე, ე გოგოს არა სძინავს, გაიგონებს: გულში არ ჩაუვარდეს, ცოდვაა!

- ერთი ანდაზაა: “ტერტერ, ცოლსა გრთავენო”, უთხრეს ქვრივ ტერტერას, იმან გაიღიმა და უთხრა: “მეც ეგ მინდაო”, იმისა არ იყოს, მაგასაც ეგ უნდა; შენ რა იცი, რო მაგას თვალი არ უჭირავს ცეცოზე. რას იტყვი, ჰა, შენა, შვილო თამრო! - დაუძახა ქალსა.

თამროს ჟრუანტელმა დაურბინა ტანში, თმა მაღლა აუვიდა, ლოყები აეტკიცა, ყურებში ცეცხლის ალი გამოსტეხდა და გულმა ისეთნაირად დაუწყო ძაგძაგი, რო, რომ არ ჩამჯდარიყო, წაბარბაცდებოდა მთვრალსავით და შერცხვებოდა დედ-მამასთან. თამრომ მხოლოდ წაიბუტბუტა მამის სიტყვების პასუხად:

- იჰ, ნეტავი შენაცა! მე ქმარს არ ვირთავ.

- მაგის მეტი რა გეთქმის, რა...

- ნეტა, ადამიანო, არ ატყდებოდე ხოლმე, რა შენი ტოლია, რო ელაპარაკები, ან რა მაგის საქმეა საქმროს ამორჩევაი.

ასე ბაასობდნენ ცოლ-ქმარნი ვახშმობის დროს თავის საყვარელის ქალის თამროს ყისმათზე. ეს გუთნისდედა ზალიკა ახალკაცი თავისთვის კარგად იყო; კაი ხანია ორმოში ძველი პური არ გამოლევია, ღვინის ცვარსაც წლითი-წლობამდე არ გამოილევდა. ამას სოფელში შემძლებელი კაცის სახელი ჰქონდა დავარდნილი და ამიტომ ლიტრიანებში ჰყვანდათ ჩაწერილი.

იმ ღამესვე, თუმცა ცოლი ძიელ უარზე იყო, გადასწყვიტეს, რომ თავისი საყვარელი ქალი იმ ნაქებ ღამის მეხრეს მისცენ; ახსენეს ღმერთი და მისდეს თავი სასთუმალზე. ის-ის იყო, შევიდნენ ბურანში, რომ უცბად ამოვარდნილმა ქარმა მიახალა ყურში ნაწყვეტ-ნაწყვეტად სიმღერის ხმა. მომღერალი გასაოცარის სუფთა ხმით იძახის სიმღერას, არაკრაკებს ხმას, სასიამოვნოდ გადადის ერთის ხმიდან მეორეზე. პირველმა მომღერალმა შემოსძახა:

“ა, ქალო, ვაშლი, რა ვაშლი!

უბეს ნადები, ნასეტყვი;

ამაღამ შენთან წამოვალ;

გულის ჭირიმე, რას მეტყვი?!”

მეორემ:

“წუთისოფელმა დღე ჩვენი

ძიმწარე დაგვალევინა.

არც მოგვკლა, არც დაგვარჩინა,

არც დღენი დაგვალევინა”.

ისევ პირველმა მისძახა:

“ტორუას მაინც არ მოვკლავ,

რაც უნდა იყოს წამალი,

საწყალი ღამი-მეხრისთვის

ის არის მინდვრის მამალი”

და სხვ.

ამნაირის სიმღერებით და ლექსებით ჩაიარეს გუთნეულით ორმა ღამის მეხრემ; პირველი რომ დაათავებდა ლექსსა და პირველ ხმასა, ზედ დასჭყივლებდა: “ჰა, ბიჭო, პაკო, გენაცვა!” როგორც ზემოთაც ვთქვით, ამ სიმღერის ხმამ გამოაღვიძა ახლად ბურანში შესული ზალიკა ახალკაცი.

- ჰი! დედა, დედა! რომ არ შეიძლება ამგვარი ადამიანიშვილი, როგორიც ე ცეცოა?! ვერა სულდგმულიც ვერ აასწრობს მაგ ბიჭსა, ვერა. ღმერთო, სად უდგა სული? დუნიაზე არ იქნება, რა საჭიროა, დუნიაზე, მაგის ბადალი ღამი მეხრე, - სთქვა სიმღერით გამოღვიძებულმა ზალიკამ, მწოლიარემ ბაკის კარებში, - და ჩემი ცოლი კი ჩამცივებოდა, იმას როგორ მივცემ ქალსაო...

- არი და ხოდაბუნიც მაგას უხაროდეს, - მთქნარებით, გამოურკვევლად წამოროშა ცოლმა.

- კიდეც ჭრის ე ჩემი ცოლი და კიდეც ჰკერავს: წეღან რას ამბობდა და ეხლა რას ამბობს... ღმერთმა მოახმაროს და შეარგოს ი ხოდაბუნები, როგორც თავის დედის ალალი ძუძუ! აი ნეტავი არ იქნება, ე ჩემი ზაქარიაც მაგითანა მხნე და მარჯვე ბიჭი გამოვიდეს?! ნეტა მაგი დედი ძუძუს, რო მაგითანა ბიჭი გამოზარდა...

აქ იცვალა გვერდი და ცხვირი ბაკის კარს მიაბჯინა.

ცეცო გოდერძიშვილი იყო ობოლი ბიჭი, “საბრალო ნენეს შვილი”, ასე ეძახდნენ ძაღლისხეველები. ამისი მამა გიორგი, ჯერ ისევ სიჭაბუკეში, ზამთარში ხეს დაეტანა ბატონიანთ ტყეში; ზოგი ამბობდა, რომ თავდაღმართზე მარხილი დაუქანდა, ქვეშ მოჰყვა და დაიტანაო. მაგრამ ცეცოსთვის ორივ ერთი იყო: ე მამა კი მოუკვდა, დარჩა ობლად, და როგორც უნდა მომკვდარიყო. ცეცო “საბრალო ნენეს” ერთი წლისა დარჩომიყო. ამაზე უფროსებიც თურმე ჰყვანდნენ ნენეს, მაგრამ ღმერთმა არ მისცა. დაღონდა და დაძმარდა ნენე: დარჩა მარტოდმარტო გამომწყვდეული ოთხ კედელ შუა, უარარაოდ, ულუკმაპუროდ - ერთის წლის შვილით. თითონ ჯანი გავარდნიყო, რაც უნდა მოსვლიყო, მაგრამ რა ექნა ბავშვისთვის!... მეტი ღონე არ ჰქონდა ნენეს-უნდა დღიურად ემუშავნა, ეგლახავნა და ისე დაერჩინა თავიც და შვილიცა. “გავალ, მივდგებ-მოვდგები, ქვეყანა განიერია”. ითქვა,- გათავდა.

პატარა ცეცო, აკვანში ჩაკრული, იწვა ხოლმე დერეფანში, როცა დედა მეზობლიანთებში მიდიოდა სამუშაოდ, მხოლოდ ხანდისხან დახედავდა ხოლმე, მაგრამ ბევრჯერ მთელი დღით უხავლნია ლექსას - ნათლობის სახელი ცეცოსი-უძუძურად; ბევრჯერ თურმე გადარჩა, რომ აკვანში არ ამოსჭამეს საბრალო ცეცო ღორებმა. მაგრამ მეზობლები იტყვიან ხოლმე, ცეცოსა ნენეს სიალალმართლემ უშველაო. აბა, რა დარჩენოდა ნენეს თავის ცეცოთი, რომ მარტო არ დაეტოვებინა? ზაფხულობით ნენე თითქმის ყოველდღე შეძლებულ გლეხებთან მიდიოდა მუშად: ქერის საგლეჯად, სიმინდის სარჩევად, ლობიოს საგლეჯად, ბოსტნის გასამარგლად, ხან თავისთვის თავთავის მოსაგროვებლად დადიოდა, როგორც ყოველ საქმეში, ისე აქაც, სამუშაოში, დედაკაცს მამაკაცზე ერთიორად ნაკლები სამუშაო ფასი ეძლევა: სამი შაურიდან ექვს შაურამდის. თუმცა ძალიან მხნე მუშა იყო ნენე, ვაჟკაცივით ირჯებოდა, მაგრამ ექვს შაურს არ აცილებდნენ. ზამთრობით კი პურისმცხობლობდა. ამასობაში ცეცოც წამოეზარდა. ახლა თან დაჰყავდა შვილი და ამიტომ უფრო უმატა მუშაობას. ბოლოს, იმისმა ბედმა ისე იმუშავა, რომ მღვდლიაანთ მოჯამაგირე დედაკაცად დაიჭირეს იმ პირობით, რომ ბავშვიც თან ჰყოლიყო. დაჰკეტა ნენემ თავის ბოსლის კარები, მაგრამ ცეცხლი კი არ გაუქრია: კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც შევიდოდა ბოსელში და ბუხარში მიაჩუვლებდა ცეცხლს, რომ ბოლი ასულიყო და ქვეყანას ეთქვა, რომ იმის სახლში ჯერ ცეცხლი არ გამქრალა.

რის ვაინაჩრობით გამოჰკვება, გამოაჩოჩა ერთადერთი შვილი, გაამეხრევა. ცეცომ დაიწყო ახლო ჭალაში სიარული, ყოველდღე თითო გუდურა შეშა ფიჩხა მოჰქონდა; წყალს ეზიდებოდა, მერე დღის მეხრეობა დაიწყო; დედა ცალკე მუშაობდა; იშოვეს დაუყვედრელი ლუკმა.

სიღარიბემ, სიმარტოხელით გამოზრდამ თავისი დაღი დაასვა ცეცოს. ის იყო კანტი, ანუ, როგორც ჩვენში იტყაიან, სხარტი ბიჭი; იმის გამხმარ, მაგრამ სუფთა სახეს სიყვითლის ფერი დასცემდა. შავი თვალები, ზედ გადმოხურულის გრძელი წამწამებით, შავი, გადაბმული წარბი და ფართო შუბლი, შემურული და შელანძული მზისა და ქარისაგან, გადმოსცქეროდა მის ცოტად კეხიანს ცხვირსა. ზემო ტუჩს უმშვენებდა ახლადაკოკრებული ულვაშები. ეს ტუჩი იმას მალი-მალ შეუთრთოლდებოდა, სახეც თითქოს ეკალს აუშვებდა, როცა არ მოეწონებოდა რამე ლაპარაკში. ეს იყო ბეჭედი მისი ნაილაჯობით გამოკვებისა. გულ-ღვიძლი დაუთუთქა, ნაღველი გაუსივა დედის ცქერამ, მისმა ტანჯვამ არსობითი ლუკმისათვის, რომლისთვისაც ის პირუტყვივით მუშაობდა. სიძულვილს ხალხისადმი ის სახის თრთოლვით ჰხატავდა.

ეს ცეცო იყო, რომ დასჭყიოდა სიმღერაში ამხანაგსა. ამხანაგი იყო პაკო კახნიაშვილი, ესეც ღამის მეხრე იმავე გუთნეულისა. აი ამ ორმა ღამურა, ჩაუქმა ბიჭებმა, ნაბდის ქუდებით და რუსული ნამჯით, ჩამოიარეს ხევში, სოფელ-სოფელ, სიმღერითა.

IV

- ჩუ!.. ის ოხერი ჭოტი იძახის ციხის უბანში; დასწყევლოს ღმერთმა, კაცო, რას ჩააცივდა მაგ უბანსა, ჰა? მინამ არ გაალაგებს სულა, კი არ მოეშვება თურმე; ჩამომტერება თურმე იცის... ი საწყალი კვირიკაანი სუ ერთიან ამოწყვიტა, ახლა უგრეხელაანთ მიჰყო ხელი, - სთქვა პაკომ.

- მა სად წავიდეს, მერე? მაგისი ადგილი ციხეა; დღე ვერასა ხედავს და ღამე მხიარულობს, მაგისი სიმღერა ეგ არის და რა ქნას, - უთხრა ცეცომ.

- არა, კაცო! იტყვიან, რომაო, რომელ უბანსაც ჩააცივდებაო, რომელი სახლისკენაც გადიკივლებს ეგ ბაიყუში ჭოტიო, იმ სახლში, ან უბანში, უთუოდ მოკვდება ვინმეო. მართალი არ არი, მერე? ე ციხის შუა უბანი სუ გაჩანაგდა, შვილოსა!

- ჰო, მამაჩემიც მაგან არ მოჰკლა, დიახ! რას ამბობ, კაცო, სიკვდილი ხო წერაა: რაც შუბლზედ აწერია, იმას ვერ წაუვა. მამაჩემს ეწერა შუბლზედ, რო ხემ უნდა დაგიტანოსო და დაიტანა... აი მთელი ელიის უბანი ამოწყდა და აიყარა, მაგრამ იქ ჭოტს კი არ უძახნია.

- მა რათ ამბობენ, მერე?

-- რა ვიცი!

ერთს სწამდა, რომ ჭოტის ძახილი კაცს მოჰკლავს, მეორეს არა სჯეროდა, არა სწამდა. რადა სწამდა ერთს და რად არა სწამდა მეორეს - ეს არც ერთმა არ იცოდა და არც შედიოდნენ იმის გამოძიებაში.

- რას იტყვი, ცეცო! ე გუთნეული სად სჯობს, რომ მივრეკოთ? პაატიანთ სააგურის ჭალაში ეხლა ბალახი გაჩნდებოდა. ძაან ხბოშუბლა არ იყო იმ დღესა იქა! - უთხრა პაკომ.

- ამოვიდოდა, მაგრამ, კაცო, მოთელილ ბალახს ისე გულიანად ვერა სჭამს საქონელი, როგორც ახალსა. აბა, შენ თითონ დაფიქრდი: კაი ლობიოს ჯამი მიაგდე, ვთქვათ, ფერდსაც მოხვდა ლაზათიანად, მაგრამ კიდენ... ვალალას გაყრის მუცელი; ახლა როგორა ხარ ერთ ჯამ მაწონზე? ლობიოს მიიმატებ, თუ მაწონს ირჩევ?

- ჰაი, ჰაი! გაგიხარიან რო მე იმას დავაცხრე! მაგრამ... ეჰ, შენ, ძმაო. რაც გინდა თქვი, ლობიოთანა ჩვენი კაცისთვის არა არის რა; როგორც ის ამოჰყორავს მუცელსა, ისე სხვა არ გაგონილა.

- საქმე შერგებაზეა, შერგებაზე!.. ჰო, შენ დარდი ნუ გაქვს. ცეცო მოგიკვდეს, ცეცო, თუ ემ დრამში საჩალეთის თავში არ დავბადო ე გუთნეული. გუშინ ლაშიდგან გადმოვიარე, უკეთესი კაცის თვალს არა ენახვება რა: ასეთი ღიჭა და ძურწა-ბალახია ი კორდიანზე, სიმინდის თავში, ჭალიანში, როგორც აბრეშუმი; სულ შრიალი გაუდის.

- თუ ლაშელებს არ მიურეკიათ, კიდევ კარგი. ი ოჯახდაქცეულები, ი ლაშელი ღამის მეხრეები, თავიდგან ბოლომდე სუ შფოთები არიან. შარშან მარმარა-ღელეში კინაღამ მიხა არ მომიკლეს! - სთქვა პაკომ და აგრძნობინა ცეცოს, რომ ხიფათს არ შევემთხვეთო, რადგან ხშირად მოხდებოდა ხოლმე ღამის მეხრეებში შეტაკება საძოვრის გამო.

- ჯერ ერთი ესა, რომ ჩვენზე ადრე ისინი ვერ გარეკენ; მეორე ესა, მიხა, ჩემო ძამია, სისხლი-გუდა კაცია. აბა, კარგია, რო თავი ზედ დააჩეჩქვეს კომბლებითა? რო მომკვდარიყო, იმის ორ ბაღანას უნდა წიწილებივით ეწივწივნათ აქა-იქა...

ამ დროს მოისმა ლაწანი და შეაწყვეტინა ცეცოს ლაპარაკი. ამათი გზა ორღობეში გადიოდა, ვენახებს შუა; ლაწანის შემდეგ ვენახის ღობემ ჩხარი-ჩხური დაიწყო. პაკო შედგა, ცეცომ მოხედა გვერდზე და აგრძნობინა ამხანაგს, რომ უბრალო ლაწუნმა როგორ შეგაშინაო.

- უთუოდ ვენახში ხილს ქურდობს მგზავრი. ამ ორღობეს ხო არ ასცდება ოსი, - სთქვა პაკომ.

- არა, ეს სულ სხვანაირი ხმაა, ეგრე ხანგრძლივად ქურდი როდი დაალაწუნებს.

- რას ამბობ, კაცო! ეხლა ისევ დაისია, შეხედე ი ვარსკვლავსა: ჯერ არ ჩასულა.

ამ დროს მოისმა კიდევ ლაწი-ლუწი, გლიჯინი სხვა ადგილას.

- იი, შენი გამჩენი კი დაიქცეს! ეს ხომ ი წუწკი ხარი იქნება, ი ხათაანთ წიქარაი... ჩფვეოოო, წიქარა! აჰაი! - შეჰკივლა ცეცომ და ხარმა დამფრთხალი ირემივით ბრაგვანი გადმოიტანა ღობიდგან. - ე ჯულ-ძაღლი, განა არა, სუ მაგონდება ხოლმე, რო ეგ წინ არ გაუშვა, ე კამეჩებთან ვატარო, მაგრამ სუ გულიდგან გადამივარდა. ერთი წაუარო და შემოვატრიალო, აი სიმინდებში არსად შემეპაროს.

ცეცომ შემოატრიალა წუწკი წიქარა. ისე ჰყავდა დაწვრთნილი ხარები, რომ ერთი დაძახება და - იმათი გაჩერება ერთი იყო. ამასობაში გუთნეული გავიდა ფრონის პირზე, რიყეზე. ღამე იყო უმთვარო, ბნელი. სიბნელე უფრო გააძლიერა დასავლეთიდან ამომავალმა შავმა ღრუბლებმა. ნიავმაც წამოუბერა; მტვერი პროწიალ-პროწიალით გააქანა მაღლა ჰაერში.

- არიქა, შენი ჭირიმე, - სთქვა ცეცომ, - ეს წვიმის ნიშანია. კაი ხანია, არ ყოფილა და უთუოდ, შენმა მზემ, თქეში ან სეტყვა გატყვრება. ე ძაღლიც რო ფეხებიდგან არა გვშორდება და იბუზება, ეტყობა კოჭებში, რო ამაღამ ლაზათიანად დაგვალბობს.

- პირველი არ არის და მეორე ჩვენი დალბობა. ნეტავი ერთი ნამი გაჩნდეს შენი დღეგრძელობითა, თორემ... ი დალოცვილი, რა არი და! სუ ღაღანს არ დააწყებინებს ხოლმე ბალახ-ბულახსა!..

- შენმა მზემ, რომ სწორედ ლაზათიანი შხაპუნა წვიმა მოვა. დახე, წინწკალიც წამოვიდა... ჰეი დახე და, რა შავი ღრუბელი ამოვიდა ი საციციანოსაკენა! ეგ ჩვენი საავდროა აი! მთა-გორასავით არ წამომჯდარა ი დალოცვილი ღრუბელი!

- დალოცვილი სადა ჩნდება მაგოდენათ? ნეტა კი მანახვა და? აბა ეგ იქნება კაი სანახავი აი, - სთქვა პაკომ და შეუბრუნდა ღრუბელს.

- ღრუბელი ნაგლეჯი არ გინახავს შენა, პაკო? ისეა, ბიჭო, დახვრეტილი, როგორც კაი ცხავი; იქიდგან ჩამოდის წვიმაი...

- ჰეიი! აი დიდება შენთვის, ღმერთო! რამდენი რამეა, რო ჩვენ არ ვიცით; ე რაღა მოსაგონებელი იყო?

- მა ხო უწვიმოთ დავიწოდით! “ცეცხლი ჩამოვარდას” რო იტყვიან, ის არი აი, უწვიმობა. დედამიწა სუ პირს დააღებს ხოლმე, თითქო შოშიას დასცხომიაო... იცი? დედაჩემი იტყვის ხოლმე, რომაო ერთს წელიწადს ერთი ისეთი ცეცხლისკიდება გოლვა იყოო, რო სუ დაიდაგა ქვეყანაო, დედამიწამ ისე დააღო პირიო, რო კამეჩებს ფეხი უვარდებოდათო. ატყდნენ თურმე ი სალავათძაღლი მკითხავები, რომ ეს ჩვენი ცოდვის კითხვააო, მეორეთ მოსვლააო; ხალხს საფლავებს ვიღა გაუთხრისო და ამაში ჩაცვივიანო. თურმე ჩვენმა მოძღვარმა, აი მე რო ვებარე ხოლმე, იმანაც ჯვარით და სახარებით შემოუარა სოფელსა... მერე თურმე საიდღანაც, ისე, ანაზდათ, გაჩნდა წვიმა და სუ კოკიპირულათ ასხა და, მე შენ მოგახსენო, თურმე ბიბინი შეაქნევინა მთა-ველსა...

ამ დროს დაიჭექა ერთი საზარლათ და შეიკლაკნა ელვა გველივით დასავლეთისკენ. ღამის მეხრეებმა პირჯვარი დაიწერეს. წამოუბერა ქარმა და დაატრიალა გოლვის სუნი. გოლვისა, მყრალი და აშმორებული წყლისა და გამხმარი ბალახის სუნი, ერთად შეერთებულნი, უღიტინებდნენ ცხვირს და უნებურად აფხლეკინებდნენ. სუნთქვა გაძნელდა, ჰაერი დამძიმდა. ქარის უცბად წამობერვამ და გრიალმა მკვირცხლი, მფრთხალი და მხდალი მტრედები შამი-შუმში მოიყვანა: კაკლის ხეებზე ფრთებს ფისტონივით გაუდიოდათ ტკაცატკუცი. ამ სულდგმულის მოძრაობამ რაღაც სიამოვნების და ნუგეშინის გრძნობა აღძრა ღამის მეხრეებში. ერთგული მურია შედგა ამ ტკაცუნზე და კუდაბზიკინებული გაშტერებით შესცქეროდა ხეებს და თან მუნჯად იღრინებოდა. ჩაინაცვლეს მტრედებმა კაკლის დაბლა ტოტებში, ამოუშვეს კრუტუნ-ღრუტუნი ძილმორეულ ბავშვივით და მიეცნენ ძილს და განსვენებას.

ღრუბელი თანდათან ამოიმართა, დაჰფარა მთელი ცასქვეშეთი; შავს, ღვიძლის ფერს ღრუბელს ეტყობოდა, რომ ძალიან დატიკნილი იყო ნამებით ქვეყნის მოსაპკურებლად. ცეცო მალი-მალ ჩაქუქდებოდა, დახედავდა ბილიკას, რომ გზა არ შეშლილიყო. ელვაც ძალიან შველიდა მგზავრობას: როგორც კვესი აბედზე, ისე ბდღვრიალებდა ჭექის შემდეგ ელვის ნაპერწკლები ჭალაში და ცეცო ერთი თვალის დაკვრით იგებდა, საიდან დაეჭირა საჩალეთის გზა. პაკოს კი ის აზრი სტანჯავდა, თუ სად ჩნდება ეს ამდენი ღრუბელი...

- სად არის, ბიჭო, ეს ამოდენერთა ღრუბელი, ჰა, ე? ეს არი, კაცო, გასაოცარი, რო თუ არი ღრუბელი მზა, რატო მალი-მალ არ მოვა ხოლმე წვიმა? ვაი ჩვენი ბრალი, ჩვენ გაჩენაში ღმერთი არ უნდა ერიოს, არა! ი დალოცვილმა გამოგზავნოს ხომე, რა ხარჯი გასდის... ესე მაინც იყოს, კაცო, დებულობა, რო რა არი... ი როცა გოლვაა, მაშინ ხარჯი არ იყოს, თუ არა და ყველა გახელდება ხოლმე: ერიც და მღვდელიცა. არა, ეს მითხარი შენა, რომა მე ვარ მღვდელი და ე ჩვენი მღვდელი კი გლეხკაცათაა, ან ი პრიტავი, მათრახის შლაპა-შლუპით რო ჰკრეფავს ხომე ნედოკებსა, - რო მივიდე იმათთან, იამებათ, ჰა? შენა გკითხავ, ცეცო!

- აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, - სთქვა ცეცომ ხმის თრთოლვით. - მათრახი კი არა, კაი საკამეჩო იფნის სახრე და იმათი ჯანი, რომ საცა მოხვდეთ, სუ ძვლამდის დაალურჯოს, მაგრამ... ეეჰ, ჩემო პაკო! მაგას ჩვენ ვინ გვაღირსებს. და ვერც ვიქმთ შენ და მე, ჩემო ძმაო, აგრე უღმერთობასა; რო გავიგებ ხოლმე, ზიარების მადლმა, სუ გული ამიდუღდება და თვალები სისხამით ამევსება ხოლმე. აი იმ დღეს საცოდავ დალაქიაანთ ქვრივ-ოხერ დედაკაცს რა საქმე დაუწიეს ორი შაურის გულითვისა: კინაღამ კიწიწებით ათრიეს. აბა, სად მოეხვეწებოდა საწყალ ქვრივსა; ერთი მეხრე ბიჭი ჰყავდა და ისიც მოუკვდა. მართალია, ვენახიც აქვს, სახნავიცა, მაგრამ აი აგერა ჯერ ე ჩვენ, ძმაო, სისხლსა ვღვრით, წელებზე, - რა არი, - ფეხს ვიდგამთ და აბა მითხარი, რა გვრჩება. ი მზი შუქის მადლმა და ზიარება არ გამიწყრება, რომა წრეულ ხუთი კოდი პური ძველად ძლივს გამყვა. იმან რა ქნას, იმ ქვრივ-ოხერმა; ამ ოხერა სოფელში სამუშაოც არა არის რა, რო ლუკმა-პური იშოვოს. შარშან კიდენა ზოგან და ზოგან ქერები გახდა საგლეჯი და იქ მუშაობდნენ დედაკაცები. წლეულა? ეჰ, ზიარების მადლმა, ნაღვერდლით მევსება გულ-მუცელი, როცა წარმომიდგება ხოლმე, რომ დედაკაცი ფეხშიშველა ფეხით ამ გახურებულ დედამიწაზედ დილითგან საღამომდინ დაკუზული სდგას. არ დაიჯერებ, პაკო! იმ დღეს, აი იორდანესთვის გუთანი გვება საყარაულო სერზე, სამხრისა რო გამოუშვით და მე ლაშეზე ჩავირბინე წყაროზე. სწორედ ი ლაშის ფერდობზედ ვნახე ქერში დაჩოქილი დალაქიანთ ეფემია, აი ორი შაურისთვის რო დაარბიეს. ვნახე, ძმაო, მაგრამ ნეტა არ მენახა: მდუღარე ცრემლს აბნევდა ამ სიცხე-პაპანაქებაში; ისე აუარ-ჩამოუარე, რო არც კი მოუხედნია. შევჩერდი, ბიჭო, და სულ ბაგი-ბუგი დამიწყო ცოდვით გულმა. მაშინ წამომიდგა ი დედაჩემიცა: მე რო მოვკვდომოდი-მეთქი, ხო ეგრე მოუვიდოდა იმასაც-მეთქი... ვოჰშიმე!!. - ცეცომ აქ ერთი საშინლად ამოიხვნეშა, თითქოს უნდაო მოგროვილი, გაუგებარი ნაღველი ამოინთხიოსო. ამოხვნეშამ თითქოს წყლული მუწუკი გამოურწყო, ისე მოუფონა გული და მშვიდის ნაბიჯით წაუარა სიმინდისკენ მიმავალს ნიკორას. სწორედ არის ნათქვამი: “ოხვრააო შვება უბედობისა”.

- აბა, ბიჭო, რათა, რაო, ჰა? არა მაქვს, რათ მართმევ? რას შეგმატებს ქვრივ-ოხრის გაგლეჯაი? რა ჰქვიან, რო შეძლება იყოს ხომა, რა ხმა ამოგეღება... ნეტა ერთი რათ უნდათ, ბიჭო, სად მიაქვთ?.. ეგ კი არა და, ღმერთმანი, ეს ვერ გამიგია: ი რათ არის, რო ზოგი დუღს და გადმოდის და ზოგს კი შიმშсლით კუჭი უხმება, ჰა ე?.. ჩვენი არ იყოს, ცეცო, ღმერთმანი, რომა ღამე და დღის გასწორება თუ არი, რა ჰქვიან, ვასწორებთ და, რა ვიცი, უნიათო კია ჩვენი ყველაფერი და! - ჭოჭმანით უთხრა პაკომ.

- მა რა იქნება, ბიჭო! ეს მამასახლისიო, ეს მღვდელი და დიაკვანიო, ის გზირიო. ე მენახირეს მისცეს კაცმა, კიდე ჰო! - ალალია, აი კიდევ დალაქსა, მაგრამ ე მამასახლისი რაო, რის ჩანჩალაა, რის მაქნისია, რას მიკეთებს!.. ერთი ვიღაც ოხერი ჩამოიკიდებს ჯაჭვსა, გასუქდება, სოფელს შესჭამს; ახლა სხვა, ახლა სხვა, და ჭამენ. შენ აძლევ, მე ვაძლევ, ისა, და წავიდა და გაკეთდა კაცი. ასეა, აი საქმე! გამდიდრდებიან მა რა მოუვათ! ღამი-ხარში რო ღამე გამიტყდება ხოლმე, წამომიდგება, რო რათა-მეთქი. ე ჩემი ოფლი რათ მიაქვთ-მეთქი; თუ მომყავს მე, მაშ ჩემი უპრიანი არ არი-მეთქი, რატომ ჩემს ორმოში არ უნდა ეყაროს-მეთქი!

- აი, დიდება შენთვის, ღმერთო! რაღაცა კია და!..

გავარდა ცაში ელვა, შორს, შორს შექნა ცამ ნელ-ნელა გრიალი. თითქო ცარიელა კასრს მოაგორიალებენო. ჩამოვარდა ერთ წამს სიჩუმე: ხეებშიღა იყო შრიამული, შემდეგ გატყვრა უცბად ჭექა და ჩამოაკვესა ფრონის რიყეზე.

- წმინდა არს, წმინდა არს! - და გადაიწერეს ღამის მეხრეებმა პირჯვარი.

- აღარა ხუმრობს, აი! ღმერთო, შენს მადლსა, ერთი გვასხურე, შე კურთხეულო! - სთქვა სასოებით ცეცომ. - თურმე ნუ იტყვი, ბიჭო, ბებიაჩემმა იცის, რომა ე რო ქუხს, ელია წინასწარმეტყველი ზის დროშკაში და დააჯირითებს ცაში და, ი ცა რო გაინძრევაო, მაშინ წამოვაო სხაპა-სხუპით წვიმაო. მეხსაც თურმე ისა გზავნის. რო გააქანებს ი დროშკას, თუ რაღაცას, წინ ი წყეული ეშმაკი აუძღვებაო, ცხენები თურმე უკან დაიხევენო; ელია, ვენაცვალე იმის მადლსა, აიღებს მეხსა და ესვრის ი წყეულსო; ის დაიკუზებაო და მეხი კი აქ ჩამოვარდება ხოლმეო. ნჰ! ი სალავათძაღლი, ისა!..

- ღრუბელსაც ის თუ აკეთებს, აი! - სთქვა პაკომ.

- ეგა, ბიჭო, ჭკუამიუწდომელია. ეს კია, რომა სად - ცაა, სად - ჭექა-ქუხილია... ხანდახან რო ზედ თავზედ გვაკვესებს ჭექა-ქუხილი ი ელვასა!.. ეჰ, ე ხარებს გავერეკოთ, თორემ დაგვალბობს, მე ვიცი. ჯერ ხარი დავაძღოთ და მერე ჩვენ თავს ვინ ინაღვლის. პირუტყვი საქონელია...

V

წყალგაღმით იყო სააგურის-ჭალა (ასე ეძახიან ძაღლისხეველები ამ ჭალას). ერთ დროს ეს ჭალა ისე გაბურული და გაბმული იყო ბუჩქნარით, ეკალა-ბარდით, რომ ჩიტი ვერ გაძვრებოდა, ეხლა კი ძაღლისხეველებმა შიგადაშიგ ამოუწვეს ამ ჭალას გული, გაამინდვრეს, გააახოვეს და მოჰყავთ სიმინდი. ამ ახოების გვერდით და გარშემო მშვენიერი საძოვრებია; ერთადერთი ბილიკი გასდევს თავიდან ბოლომდის ამ ჭალასა. აქა-იქ აყუდებულა მრავალტოტიანი ვერხვი და ამაყად გადმოსცქერის დაბალ ბუჩქნარებს. ღამღამობით ძვირად გამოატარებს ღამის მეხრე ამ ჭალაში გუთნეულს, ამიტომ რომ აქ ბუდობს სხვადასხვა ნადირი: მგელი, დათვი, მელა, ტურა და სხვ. სააგურის მგელი თავის გაუმაძღრობით განთქმულია მთელ ფრონის ხეობაზე. ღამის მეხრეები უფრო რჩევობენ, რომ მოატარონ სხვა გზით და საძოვარზე ისე მირეკონ.

ამ ჭალაში უფრო ჩამობნელდა შავი ღრუბლების გამო. გზა და კვალი არსად სჩანდა; ყველა სულდგმულმა იგრძნო, რომ დიდი თქეში მოვა; იფრთხიალეს ჩიტებმა და ბუჩქის ძირას დაეშვნენ; გვრიტებმა, რომლების სადგურს შეადგენს გაბმული ბარდანა მცენარეები, ჩაიკრუტუნეს; ბაყაყებმა გაახშირეს ყიყინი, რომლებიც გაჯიბრებულებივით ქასქასებდნენ; ამ საშიშ ღამის საიდუმლოებას ბაყაყებიღა არღვევდნენ. ეს ხმა, შეერთებული ვერხვების ტოტების შრიალთან, გულს უწუხებდა კაცსა. აქ, ამ ჭალაზე, უდროუდროოდ ფრონისხეველი ძვირად გაივლიდა, რადგან სჯეროდა, რომ ვერხვებში ალები იმალებიანო. ძაღლისხევაში გავრცელებული იყო ხმა, რომ ალები ამ ვერხვებიდან გამვლელს გამოელაპარაკებიან ხოლმეო, ხან ძაღლად მოეჩვენებიან, ხან ციკნად, ხან ცხვრადაო. ვითომ კიდეც ერთ გლეხს დაეჭიროს ალი ნაწნავებით და სახლში ჰყოლიყოს; მერე ალს ეთქვას: “ოღონდ გამიშვი და ბედსა გწევო: აი ჩემი ფრჩხილი და თმა, ამეებით, საცა გიჟი გამოჩნდება ან ბნედიანი, მოარჩენო”.

- მა, შვილოსა, - დაუმატებდნენ ზედ ძაღლისხეველები, - აკი კიდეც იმიტომა აქვს იმ გლახას შეძლება, რო ავადმყოფები მოსდევენ.

იმას კი აღარ კითხულობდნენ საცოდავები: რჩებოდნენ გლახასთან გიჟები, თუ არა? ან მართლა თმა ჰქონდა და იმითი არჩენდა, თუ სხვა რამ საშუალებითა?

ამ საშიშ ჭალისათვის უთუოდ უნდა აექციათ გზა მგზავრებს, მაგრამ ჩვენი ღამის მეხრე ცეცო არხეინად გაივლიდა ხოლმე ბილიკაზედ. თუ მთვარიანი ღამე დაუდგებოდა, ამან იცოდა, როგორც დააძღობდა გუთნეულს შიგ ჭალაში, თუ არა და ამ ჭალის ბილიკით გადიოდა მშვენიერ საძოვარზე, ნასიმინდრებში, ყველაზე უწინ. ამიტომ იყო, რომ გუთნისდედებს ცილაობა მოსდიოდათ ცეცოზე და უღელზე ერთ დღიურს მეტს აძლევდნენ.

VI

- ცა გარისხდა: ჭექა-ქუხილმა დააყრუა ქვეყანა; ელვა გულსაკლავად იხლაკნებოდა შორს ცის სივრცეში. გავიდა ზლაზვნით საქონელი ჭალის პირას. “მამოჰოვა!” - შემოუტია გუთნეულს ცეცომ და გააჩერა.

- პაკო, როგორ გინდა? წინ წახვალ, თუ უკან მოჰყვები? მე წინ წავალ. ოხერი ბილიკაა, ე ფოტოროზე არსად გადიჩეხო.

- ანგრე იყოს.

გასწია ცეცომ წინ.

- ბიჭო, ნელა უყა, ნელა! თითო-თითოდ გამოვიდნენ ბილიკაზე, არსად გადიჩეხონ. ნჰე! ე ვერანა რა ჯურა ღამეა? რუხრუხი არ გაუდის ამ ტიალა ცასა!.. იი! რა ფეხებში მედები, შე რჯულდავარდნილო! აზგამო, გადი ისე!.. პაკო! მარჯვეთ იყავ, სწორედ ნადირია; ე ლეკვი ფეხებიდგან არა მშორდება. ი დიდი თოლია მაინც წამოგვყოლიყო.

- ჰო და! ეშმაკს თვალთ არ უჩანს.

- ფიქრი არ არის, ფიქრი! - დაიწყო ისევ ცეცომ, - ემ დრამში გავალთ ველზე და მერე თუ გინდ ხრო დაგვედოს, ირემა-კამეჩი აქ არ არის! ეს იყო, პაკო, რომ შარშან მგელი რქით გამოარბევინა ამ ჭალაში და სოფელში ბღლაძა გააყრევინა. ჰი! ე ქედნაკურთხი! ისე გაუფრთხილდება გუთნეულს, როცა ნადირი გაერევა ხოლმე, როგორც კაცი. ღმერთო, რა პირუტყვია! ოქროა სწორედ, ოქრო!.. ჩუ, პაკო, გესმის?! - აქ ღამის მეხრეებმა შეაფერხეს გუთნეული და წაუგდეს ყური. მოისმა მუშურის ხმა.

- ჰეი-ჰეი! ღმერთო, რა კაცია ეს სოსეი და! ვენახში წყალი უგდია, შენი ცოდო არა მაქვს; ამ წვიმამაც ლამის ზედ მოუსწროს, - სთქვა ცეცომ ისე, თითქო შეშურდაო, რომ სოსე მუშაობს და ეს კი ეხლა მიდის, და გაუძღვა გუთნეულს.

- ოჰ, ოჰ! გატიელდი და გაოხრდი, აჰაა!! ცეცო, მოიცა; ეს ოხერა ჯაგვის ცერზე დავაგე ფეხი, ქალამანი სუ თან გაიტანა. უჰ... - სთქვა პაკომ და ჩაიქრო ხმა; იცოდა, რომ ვიშ-ვიშით ვერას მოუმატებდა.

ცეცომ მიანება საქონელს თავი, რადგან ველზე გავიდნენ და იმავ დრამში გაჩნდა პაკოსთან.

- ჰა, რას წაკუზულხარ? რა გიშავს, აი ველზე გავედით; ვერხვქვეშ დავისვენებთ.

აიკანჭურა საცოდავმა პაკომ ფეხი; გავიდნენ ველზე, მიუშვეს საქონელი ნებაზე; დაუწყეს კამეჩებმა ბალახს დღლეძა, თითქო ფესვებს ჰგლეჯენო. ცეცო დატრიალდა ჭალის პირში, მიჩინჩხვრ-მოჩინჩხვრა, ტალ-კვესით სასწრაფოდ დააგზნო ვერხვქვეშ ცეცხლი: მიბრუნდ-მობრუნდა, ეცა რიყისკენ, მოიტანა იღლიით ორი დიდი სამუთაქე ქვა; შესხნა პაკოს ქალამანი; წამოჰყარა ბატის ფეხის სამარილიდან მარილი, წააყარა ჭრილობაზე, რო სისხლი შესწყვეტიყო, და შეუხვია. მოუსხდნენ ცეცხლს. ბალახი კარგი იყო და საქონელი დაადგა ერთ ალაგს და ხარბად დაუწყო ძოვა; წამოუბერა ქარმა და გადმოჰყარა მსხვილ-მსხვილი წინწკლები; ახლა კი დავლბებით, - სთქვეს გულში მეხრეებმა და მიიკუნტნენ ვერხვის ძირში.

აი დაასხა და რა დაასხა, რომ სულ ლიები წავიდა!.. გუთნეულს სანამ ძიელ არ გაუჭირდა, არ დაანება ბალახს თავი; როცა ძვალსა და რბილში გაუჯდათ და ბროტიალი დაიწყეს, წამოხტა ცეცო, მოირეკა გუთნეული ვერხვქვეშ. შედგა გუთნეული, ფერდი ამოივსო; იწყეს კუდების ქნევა და ბღვერვა და დეეყარნენ. ცეცხლი მინელდა. პაკოს მიეძინა და ხანდისხან “ვაი დედას” წამოიძახებდა ხოლმე, ცეცო კი თითქოს გულგრილად უცქეროდა პაკოს გმინვას, იცოდა რა, რომ აუცილებელია ამგვარი შემთხვევები გლეხისთვისა. “ბევრიც რომ ივიშვიშოს, არა მოემატება რა; მშველელი არსაით არის და თითონვე დააკლდება, თუ გული არ გაიმაგრა”, ფიქრობდა ცეცო. თითონაც გაეხვია მაზარაში და მისდო თავი კამეჩის ფერდზე; კამეჩმაც თითქო შეიბრალა მეხრე, გვერდი გადიღო; ცეცოს კისერი შიგ ფერდში გადიწონა და ლაზათიანად გაიშხლარტა.

ცეცოს კარგა ხანს ეღვიძა, ათასნაირ ფიქრებს მიეცა: ჩემი ყანები საგაისოდ რო არ წამიხდინოს, კარგა ბლომა პურს ჩავყრი; ცოლს შევირთავ და ჩემ ბერ დედას გავახარებ. წარმოიდგინა, გადასინჯა გუნებაში საცოლოები და ბოლოს ზალიკა ახალკაცის თამროზე დადგა. “რა მაყვალსავით თვალები აქვს! ახლა მკლავები? შენ თქვი, ქალია და, ისე მოიდებს ხუთ-ექვს თუნგიან დორას, როგორც ერთს ჩარექიანსა. მადლიანია, მადლიანი! იმისი ჩაგორება მართლა რო ღირს!.. მაგრამ ე-ე-ე, ვაითუ ღმერთი გაუწყრეს, წამოუაროს რამემა და სულ ერთიან გააოხროს; ვირი ააგორეს რო იტყვიან, ის დამართოს, მაშინ? ე-ე-ე, მაშინ ცოლს კი არა და შავ ქვას შევირთავ”... ამოიოხრა, გადაბრუნდა და ძილს მისცა თავი.

- პატარა წავლულო თვალი, თორემ სულ ტყუილია, - წაილაპარაკა ცეცომ.

ჯერ ისევ ბურანში იყო, რომ შემოესმა ერთი წივილ-კივილი, ღრიალი, ხმაურობა.

- რა იყო, კაცო, რა დაგემართა? ნადირი ხომ არ არის? - უყვირის ზევით ერთი ამხანაგი მეორეს.

- ნადირი კი არა და!

ამათ ხმაურობაზე ახლო-მახლო მყოფმა მეხრეებმა, ეგონათ რა რომ ნადირი დაერიათ გუთნეულებს, დასაფრთხობად იწყეს ღრიალი: “ჰაჰაა! სსი მაგას, სსი!! მაგას, სსი!!” მაღალი ხმაურობა შესწყდა, ყვირილი გაათავეს. ბოლოს მოისმა კიდევ ხმა, მაგრამ წყნარი. ცეცომ ყური დაუგდო, სმენად გადაიქცა.

- რა დაგემართა, კაცო, რას კანკალებ? ჰაი, შე გლახა, შენა! მაგისთანა ამბები გადაგხდენია? - ეუბნება ერთი ამხანაგი მეორეს.

“უთუოდ ვიღამაც იტკინა რამე”, სთქვა გუნებაში თანაგრძნობით ცეცომ, დააპირა წასვლა, მაგრამ ამხანაგის დატოვებაც არ უნდოდა; იყოყმანა, იყოყმანა; გულმა ვეღარ მოუთმინა, წამოხტა, ჩქარის ნაბიჯით გასწია და მიაძახა:

- რომელი ხარ მანდა?

- ოჰ, ცეცო, შენა? - მე ანდრო ვარ.

ცეცო ამ ხმაზე მიიჭრა; წინ დახვდა ყურებამდინ გაწუწული ანდრო, რომელსაც წვივიდან თქრიალით სისხლი მოსდიოდა.

- კაცო, ე რა ამბავია? რას კანკალებ, შე გლახა!

- ბიჭო, რაღა რას ვკანკალებ: ი ოხერი გიშერა ხარი წყლის პირას მიმფარებიყო. ვეძებე და ზედ კი წავეტეკე. რო შემოუტიე, ი სალავათძაღლი შიგ ღურღუმ მორევში კი გადაერია. წავდექ ფოტოროს პირას და სახრე მოუქნიე, ეგებ გამოვიდეს-მეთქი. ამასობაში ი ჩემი ცოდვით სამსე ფოტორო აკი მოიმზღვლა და შიგ ყვლაპანი მოვიღე. ე კანჭიც ჩავარდნის დროს თუ ჩავიღვლიპე... აი დასწყევლა ღმერთმა ეშმაკი!..

სველი მეხრე ცეცოს რჩევით კამეჩებს შუა ჩაწვა გასათბობად. ანდროს ამხანაგი ძალიან შეწუხდა. ცეცოც შეფიქრიანდა. ამას გაუკვირდა, რომ კაცი როგორ უნდა დასცეს, ააკანკალოს წყალში ჩავარდნამაო; მერე ღამის მეხრე, რომელმაც ამისთანა რამე რწყილის კბენის ოდენათაც არ უნდა შეიმჩნიოს, მაგრამ კაცს რაც აწერია შუბლზე ი დალოცვილი ღმერთისაგან, ის არის, იმას კაცი ვერ წაუვა. ამგვარად ფიქრობდა ცეცო, როცა გამობრუნდა თავის გუთნეულისკენ, სადაც მოსულიყო სოსე და ებაასებოდა გამოღვიძებულ პაკოს.

სოსე მიჰყუდებოდა ვერხვს, ბარი წინ თოფივით მიეყუდებინა, გაემართნა ჩიბუხი და, ის იყო, ცეცხლს ადებდა, რომ მოვიდა ცეცო.

- რა ღრიალი იყო, კაცო? ვენახიდან გამოვიქეც.

- დასწყევლოს ღმერთმა ამაღამდელი ღამე; აქ პაკომ წაიხდინა ფეხი, იქ ანდროს ჩაულეწია წვივი და წყალში ამოვლებულა; თუ სეტყვა არ იყო ამ თქეშის დროს, კიდევ კარგი, - ამას არ ვინაღვლით.

- არა, ერთი-ორიოდ კი წამოურია, მაგრამ ჩვენში არ იყო. ამ ზემოთ კი ტყის პირად დიდი რახი-რუხი და გრიალი მოისმოდა.

- კაი დროს კი მოგივიდა შენც წვიმაი, აი, სოსე!

- ჰო, დალოცოს ღმერთმა; მისწრებაა, მისწრება! დაასხა თუ არა ი კოკიპირულად, მაშინათვე მივუნაკადულე, ეხლა ბოლოში იქნება გასული; სველ მიწას ისე გაჰყვებოდა, როგორც ციგა ყინულსა; ის-ის იყო, ჩაუგდე.

- კარგა გისხია? ამბობენ, ამ გვერდიძირის ვენახებს ძალიან ასხიაო, - უთხრა ცეცომ.

- ჰო, ყოველთვის ე გვერდიძირის ვენახები სჯობნიან. ჯერ ერთი ესა, რომ მზვარი ადგილია, მეორეც ესა - იალბუზი ვერ ახდენს, ვერ სცემს და! სხმით, ღვთის წინაშე, აბა რა დასამალია, კარგა მისხია. ნეტა არამ წამოუაროს, შენი დღეგრძელობითა; ი ბიჭის დაქორწილება მინდა; რა ვქნა, თუმცა ჩემ ბიჭს დრო არა აქვს, ჯერ ბალღია, ცოლის ყადრი რა იცის, მაგრამ სამ-სამ ქალში ეგ ერთი ბიჭი გამაჩნია; მეც მინდა მოვესწრო რასმესა; სიკვდილ-სიცოცხლეა, - სთქვა სოსემ და ჩიბუხის ბოლებას უმატა და კანჭებიდგან ტალახის ფშვნეტა დაიწყო, რომელმაც ცეცხლთან მიფიცხების გამო მოუჭირა.

- რაღა უდროვოა, ჩვენმა კაცმა უნდა ადრე შეირთოს ცოლი, რომ შვილი მოესწროს: რაც ბევრია გლეხკაცის სახლში ხალხი, მით ბედნიერია. აი ახლა ჩემი ცხოვრება რა ცხოვრებაა: სახლში ვარ - გარეთ აღარა ვარ; გარეთ ვარ - სახლში აღარა, - სთქვა ცეცომ.

- ეგ ნაკმაზი ზოგი შენ წიწილებსაც დაუყარე; მე რომ მირჩევ, შენ რაღას უყურებ? მე და ჩემმა ღმერთმა, დედაშენი ცას დაეწევა, შენ ცოლს რომ ნახავს... კაცო, ე შენი გუთნისდედის გოგო შეირთე. რა გოგოა!! დევია, დევი! რა საჭიროა, ძმაო, მთელი სახლია და ისა...

- მერე, ზალიკა მამცემს?! ოჯახიშვილები სთხოვენ და მე კი ერთი ღერი ბიჭი ვარ.

- აბა, კიდეც ღერი ბიჭია საქმე! თამრო, თუ ჭკუა აქვს ზალიკასა, შენითანა კაცს უნდა მისცეს. კაცო, შენ ზემო უბანში დგეხარ, რა იცი ზალიკას ამბავი, მე იმის მეზობელი ვარ; მე მკითხო? იმას შენ უნდიხარ.

- ცეცო, ვერ ატყობ ი გუთანზე რო გადმოგიგდებს ხოლმე სიტყვას ზალიკაი? - უთხრა პაკომ.

- რას ამბობ, პაკო! გულში აქვს-მეთქი ზალიკას, გულში! რას მასწავლით.

თამროზე ლაპარაკის ჩამოგდებამ ცეცო ააღელვა, გულმა სულ ბაგი-ბუგი დაუწყო, სუნთქვა გაუძნელდა; თავს იკავებდა, მალი-მალ ჩაახველებდა, რომ ეს გულის შფოთვა გაექარწყლებინა. ისეთი ნეტარება იგრძნო ცეცომ, რომ ძნელი ასაწერია კალმით. მაშ, იფიქრა იმან: ეს სოსე უთუოდ მაჭანკლად არის მოგზავნილი; ზალიკასაც გულში სდებია. თამრო მადლიანი გოგონაა; ზალიკა იმის სოფლელია; კარგ მოკეთეობას გაუწევს; გუთნეულს საკუთარს შეაბამენ და ცეცოს ორმოები აევსება.

ახლა დედა ნენეს როგორ გაეხარდება თავისი შვილის ქორწინება! უყურეთ, როგორ ჩამოპროწიალდება, როგორ ჩაალეკურებს ამ სიბერის დროსა! მერე თავის რძალს - თამროს გამოითხოვს ქალებიდან სათამაშოდ და ის კი თავჩაღუნული გამოვა; უყურე, ტოლ-ბიჭები როგორ სიხარბით დაუწყებენ თამროს ცქერას და ერთმანეთს ტაშისკვრის დროს გადაელაპარაკებიან, როცა თამრო ლეკურს ჩამოუვლის.

წარმოიდგინა კიდევ, რომ ის გაითამაშებს ბიჭებში და ჩაჰკვანწავს ფეხებს “ცანგალ-გოგონაზე”, გამოვა თუ არა, და მაყრები “ცანგალ-გოგონაზე” დასძახებენ ლექსსა:

“ეს ბიჭი კარგა თამაშობს.

კარგა დატრიალდება;

ამან რო ფეხი იტკინოს,

მე და შენ დაგვბრალდება!”

VII

უღრუბლო, მოწმენდილი ღამეა; ვარსკვლავები ლაჟვარდ ცაზე ციმციმებენ, კაშკაშებენ, შორით ერთმანეთს სალამს აძლევენ, ეთამაშებიან. ჭალას ზედ დაბდღვრიალებდა ციმციმით ეს ვარსკვლავთ გროვანი, ესაყვარლებოდნენ მორცხვი პატარძალივით, შორით ესროდნენ მკრთალ სხივებსა. იმათ სხივებს პასუხს აძლევდნენ ქვემძრომნი შიშინ-ჭრიჭინით. მაღალი ვერხვი, მრავალტოტოვანი, ამაყად გადმოსცქეროდა მთელს სააგურის-ჭალას, ნელიად არხევდა კენწეროს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ; ხანდისხან ფოთლებს შრიამული, ფრფინვა შეუდგებოდათ ნიავის წამობერვით. ვერხვი თავის ფოთლებით თითქოს ეარშიყებოდა მოღიმარე ვარსკვლავებს და იწვევდა, იპატიჟებდა ძირს, დედამიწაზე. მახლობელის მინდვრებიდან ხანდაზმით ისმოდა ტორუას “ტრრრ, ტრრრ”, რომელიც მიყუჩებულ მიკმენდილ ღამეში მანუგეშებელია ადამიანისათვის, რომელიც მგზავრს სიამოვნების ნიშნად გულს უტოკებს და შემაწუხებელს, კაცის დამაფიქრებელ ღამეს ძალას უკარგავს. ამ ღამეს მწყრები, ეს “პურის მტრები”, შეუწყვეტლად ჭუკჭუკებდნენ; ეტყობა, საცოდავები ღამე ქურდულად იკრიბებიან, რომ თავის სამშობლო ქვეყანაში გაიპარნონ, რათა იპოვნონ მოსვენებითი ცხოვრება. მაგრამ ამ წუთისოფელში, განა ან სამშობლო ქვეყანაში მოსვენება აქვს ვისმეს?! იქაც მოელით მწყრებს დევნა და წამება; მაგრამ მაინც და მაინც სამშობლო ტკბილია, მიაშურებენ მისკენ.

სასწორმა ვარსკვლავმა კარგად შემოიმაღლა; ზეკარა დაიძრა და შფოთვა შეუდგათ ფოთლებს; შეაგრილა ბუნება; ხეებმა ყნოსვადამატკბობელი სუნი გამოსცეს. ამპარტავანი ვერხვის გვერდზე სინათლე გაჩნდა; ნაპერწკლები მას თავს ევლებოდნენ, პროწიალ-პროწიალით გარბოდნენ ცის სივრცეში. სინათლის წინ ჩრდილები გარბოდ-გამორბოდნენ.

- “ბიჭო! ველზე, ველზე!” - გაკრთა ხმა ვერხვის ძირში, რომელიც კრიალით გავარდა ჭალაში თავიდგან ბოლომდე და ყოველმა ხემ ბანი მოსცა. ამ ხმაზე რამდენსამე წამს ყველა ჩაჩუმდა. მაგრამ ხმაურობის რამდენჯერმე გამეორებამ თითქო ყველა გამოაფხიზლა, ყველა შამი-შუმში მოვიდა, ყველას ესიამოვნა, ყველამ შიშის ფარდა აიხსნა: ქვემძრომთ შიშინს მოუმატეს; ტორუა გაქანდ-გამოქანდა ჰაერში ჭიკჭიკ-გალობით; ვარსკვლავებმა თითქოს უმატეს ციმციმს და ბრჭყვიალს: ზენაქარმაც გაბედვით შემოუბერა და ვერხვს რხევა დააწყებინა; მისი ტოტები მთვრალი კაცივით დაქანაობდნენ, სდრეკდნენ თავებს და თითქოს ეხვეწებოდნენ ჩრდილებს, - ზევით ამოდითო.

ფარვანა და პეპელის ჯარი დაეხვა ცეცხლს, რომელსაც შორიახლო უსხდა რამდენიმე ყმაწვილი, მოხდენილი, სხარტი ბიჭი. ეს იყო - ცეცო თავისი ამხანაგებით. გუთნეული ველზე გამოეკრიბნათ, თვითონ ვერხვის ძირში მოესვენათ. რაღაც ტრიალში და ფაციფუცში იყვნენ. მოიხსნა გვერდს შემოკრული გუდა ერთმა და წამოყარა ნედლი კაკალი და სიმინდები, გაიხსნა სხვა გუდებიც. ვახშამი ჩაღდება.

- მიხა, სად გიშოვნია, ბიჭო, ე ნედლი სიმინდები? - ჰკითხეს ამხანაგებმა.

- ეგ ბიჭმა მიხამ იცის! - სთქვა ამაყად მიხამ და გადაფცქვნა ტაროები.

- ეგ ხო თავის დღენი არ მოისვენებს, სულ უნდა ქურდობაში ატაროს! - უთხრა პაკომ.

- ნწ-არა! სულაც არ არის ქურდობა: შენ და მე თითო-ოროლა ტარო რო მოვამტვრიოთ, ვისიც გინდა სიმინდში, აქ მოვიტანოთ და შევჭამოთ - რა ქურდობაა! ის სიმინდი, ის მიწა ან შენი ოფლითაა შემუშავებული, ან ჩემით, ან მისითა. მე და შენ რომ განზრახ წავიდეთ, ჩემო პაკო, კარგა ვიზურგოთ, ავიტანოთ სახლში და მოვიხმაროთ - აი ეს იქნება ქურდობა. ჰა, ბიჭებო, რას იტყვით? აი ეხლა მე ვახშმისათვის წავალ და ცოტა ყურძენს მოვიტან, ვისიც ვენახიდგან იქნება, მაგრამ ქურდულებრ კი არა, ისე გულღიად შევალ, თითქო ჩემიაო, - სთქვა ცეცომ და წამოხტა, - თქვენ მინამ სიმინდები შეწვით და კაკალი დაკუჭეთ. ლექსა! ლექსა! შენ თითქო მწყრები გქონდა, შეწვი რაღა! - ცეცო გაქანდა. მოარბენინა რამდენიმე მტევანი ყურძენი; მიუწყეს ცეცხლს სიმინდები; ლექსამ დააწყო ნაღვერდალზე მწყრები, შეაფიცხა, ხელდახელ დაპტყვნეს და წააყარეს მარილი. შეაპროწიალეს მწყრები ხის შამფურებზე. ძაღლებმა სუნი დაიცეს მწვადისა და ჭოტებივით წამოჰყვეს თავები. პურის ჭამაში ძაღლიც გაჩუმდებაო. ყველანი ჩაჩუმდნენ, მხოლოდღა ჭაპა-ჭუპი ისმოდა. ღვთის მოწყალება ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ უსასმელობა უუშნოვებდათ სუფრასა.

- მაჩვეთ მათარები, - უთხრა ცეცომ. - ყველამ გაიკრა მათარას ხელი, გადაუყარეს ცეცოს, რომელმაც აკრიფა და წყლის ასავსებად წავიდა. - სიმინდი არ შეჭამოთ კი, ეე, ოხრებო!

ყველამ სათითაოდ მათარა მოიდო მუხლის ძირას; შევიდნენ ქეიფში.

- ეს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ბიჭებო, გაჭირვებულ კაცსა. რამდენი კაცია ამ ღამის გაჭირვებული! იმ დღეს, გახსოვთ, პაკო, შენ რო ფეხი დააგე ცეტერსა და ე ანდრომ კანჭი რო ჩაილეწა, რა ბაბაყული ღამე იყო და! - სთქვა ცეცომ.

- ეჰ, ჩვენი კაცი სულ გაჭირვებულია, - სთქვა პაკომ.

- ეგ რა სათქმელია, მაშ არა და მოსვენებულია! იმიტომ გაუჩენივართ ღმერთსა, რო ვიტანჯოთ.

- დალიეთ და! რა დროს დარდებია, მაგის რჯულიც ამოვარდესა, -სთქვა უდარდელმა მიხამ.

- კაცო, ე საქონელი არ იშლება და ხარიპარიამ კი ძაან გამოანათა, მამლისყივილი იქნება.

- რო არა უჭამიათ რა, იმიტომ! ამ ნასიმინდვრებს ხედავთ, რა ბალახებია!

- რამოდენერთა სიმინდები იყო წელსა და! ეს ამოდენი ღელე გავსებული იყო, ვარაუდით სულ რამდენი დღისა უნდა იყოს? - სთქვა ანდრომ.

- აქ რამდენი ღამის მეხრე ვართ? ექვსნი, არა? - ეს ზემოუბნისა. შუა და ქვემო-უბნისაც ოცი ჩააგდე, - სთქვა ცეცომ: - საგაზაფხულოს, საანეულოს და საშემოდგომოს თითო გუთანი რას მოხნავს? ორასი დღისა ჩააგდე თითოზე... ჰმ! რამოდენი იხვნის და ითესება ამ ოხერ სოფელში, და!

- თუ იხვნის, იმიტომ გვრჩება რამე! რა ვიცი, ე ოხერ კუჭს კი ძლივს ვიძღობთ და!

- რა გაგიძღობს, შვილოსა, მეოთხედი სხვას მიაქვს. შარშან ათასხუთასი კოდი სიმინდი და ქერი შეუვიდა ჩვენ გამგებელსა, ახლა პური ამოდენივე, ხუთას კოკამდე ღვინო! ი ბეღლები სულ დაილიცლიცეს; ურემი-ურემზე მიდის ღალა-კულუხი.

- ცეცო, ეხლა გამგებელი აღარ იქნებაო, იმ დღეს მღვდელმა სთქვა, რომაო ისევ ბერძნის ბერები მოვიდნენო.

- მოვიდნენ და უხაროდეს ისაკა ბღუნძელაშვილსა. ადრევ გვატყავა, ჩვენი ნაგლეჯ-ნაცარცვით იმან სახლკარი წამოიჭიმა, კერატივით გასუქდა, შვილებს მამულადგილი დაუნაწილა და ეხლაც ფეხს გაჰყოფს. ღვთის მადლით, მალე კი დაიფუკა იმის ოჯახი!..

- მა რა, ნაარმევი ვის შერჩენია: ქარის მოტანილს ისევ ქარი წააღებს: როცა ჩვენი ცარცვა-გლეჯა მოაკლდა, ჯიბეს ვეღარ იტენიდა, ოჯახიც გაუბრუნდა; შვილებიც, ვენაცვალე ღვთის მოწყალებას, ბედოვლათები გამოვიდნენ. ეხლა, თუ ფეხი გაყო ისაკამა, ისევ ადრინდელი დღე დაგვადგება, და თუ გაყოფს ფეხსა - ეს ისევ, შვილოსა, ჩვენი უხეირობის ბრალი იქნება. ჩვენ თითონა ვართ უთაურები და უხერხულები. ხალხი უნდა შევიყარნეთ, ავიღოთ და დავიღოთ, ვირჩიოთ, რომ ეგ არ მოჰყვეს სასახლეში მოურავად. ხო გაგიგონიათ, რო არა გვზოგავს. ხო ჩვენი კაცია, ჩვენი სოფლის შვილია, ჩვენი მეზობელიც არი, მაგრამ ჩვენი სისხლის მწოვნელი კია, ჩვენი სისხლით გასუქებული კია! - სთქვა გულგაბრაზებით ცეცომ.

- რა გინდა ჰქნა, ცეცო! ზოგიერთა ავყია ხალხი მიმხრობილი ჰყავს, იმათ სიკეთეს ჰპირდებიან და ჩვენ დანარჩენები კი ფეხებზე ვკიდივართ.

- ჰო და, ეგ ეგრე არ უნდა იყოს, - სთქვა ცეცომ. - ჩვენ, ძმაო, სამასი კომლი კაცი ვართ ძაღლისხეველები. სამას კომლ კაცს თუ პირი ექნება, როგორ გადაუდგება წინ ათი და ოცი კაცი, აბა ერთი მითხარით! ჩვენ თუ მაგათ კრიჭაში ჩავუდგებით, ავლაგმავთ, თავს ვაჩვენებთ, შიში და რიდი მიეცემათ.

- ჩვენ ვინ რას გაგვიგონებს, ჩვენ ჯერ ისევ ლაწირაკებს გვეძახიან; უფროსი ხალხი კი არას დასდევს.

- უფროსი!.. მე შენ მოგახსენო, ტოტობაური და მგელ-ბაბია გაგიძღვება წინა!.. როცა დაინახავენ, რო ე ლაწირაკები იმათ სარგოს ვლაპარაკობთ, მაშინ ზურგს მოგვყუდებენ.

- ეგ ყველა კაი, მაგრამ ჯერ, სინამ ბერობა დაგვიდგება, ე უპრავლიაიუჩი გვიჭირებს საქმესა, - თავის ქნევით სთქვა მიხამ.

- ის კი არ გვიჭირვებს, თუ მკითხავ, ჩვენივე მეზობელი გვიჭირვებს საქმეს, ჩვენი! აძაღლებული ფიდუა ეშმაკურაშვილი ჩვენის ხელით ანწუხზეა ასაგები, ანწუხზე! - დაიწყო კვლავ ცეცომ ხმის თრთოლით და კბილების ღრჭიალით; ის არაკაცი, ის ულვაშშერცხვენილი, ისა! უპრავლიაიუჩმა რა იცის, ვის რამდენი დღისა აქვს ნახნავი, დღიური რამოდენაა, რა ალაგს და რა მიწას რა ფასი სდევს; სულ ჩვენებით ვიღუპებით, სულ და სულ! ხიდათ ეგენი ედებიან და იმასაც რა ენაღვლება: “სხვის სახრე და სხვის კამეჩი ვისთვის რა საშურელიაო”.

- ვოჰიმე! მაგი ოჯახი დაიქცეს, მაგი! პირში, ბიჭო, ე მაგითანა ხალხი როგორ გიკვდებიან, თაფლივით გადნებიან ეგ სალავათძაღლები, ეგა! - სთქვა მიხამ და მოადგა პირს სიბრაზის დორბლი.

- რა საჭიროა, კვირას ყველანი სოფელში ვიქნებით; კანცელარიასთან ხალხი მოიყრის თავსა, კაცობა იქ გამოჩნდება, აქ ლაპარაკს, იქ ვილაპარაკოთ ჩვენი დარდები... ნუ გვღუპავენ, ნუ! ხალხმა ხელში მოგვცეს ი ჩვენი დამღუპველები; თუ ჩვენები არიან დამნაშავენი, საქვეყნოთ ლაფი დავასხათ თავზე, და თუ უპრავლიაუჩია, იმასაც... ჰმ... იმასაც მოურიგდებით... დედა შეერთოს ცოლად, ვინც ერთმანეთს უღალატოს, დედა!!.

- აგრე იყოს, აგრე იყოს! - შეჰყვირეს.

- ღამეს და დღეს ვასწორებთ, ვხნავთ და ვთესავთ - ეს არის ჩვენი მისამართი, ამასაც ხელიდან გვაცლიან. რაც ერგებათ, წაიღონ, რა გაეწყობა. მაგრამა, შე ავო კაცო, შე პირისკომლ-გასაწყვეტო, - ხელიც იმათკენ და პირიცა, - ე მეტს რაღად ითხოვ, ჰა, ე მეტსა? თავისი ღალა წაიღოს, მეტი რა უნდა?

- ჰაი, ჰაი! გაგიხარიან, კარგი მაშინ იქნება!

- არ იქნება და გაგიხარიან, მიხას ჯერ კომბლის ხმარება არ დავიწყებიყოს... ასე დაუფრთხობ ი ანგელოზებსა, რო ჰქმნას კი არა და მეტიც მოუვიდეს.

- მაშ ასრე. კვირას გავუსწოროთ ანგარიში, - სთქვა ცეცომ.

ასე ბაასობდნენ გულდამწვარი ბიჭები. სოფელი ძაღლისხევა ძველადვე მეფეებისგან, თუ კერძო პირისგან, შეუწირავთ ეკლესიისთვის - ქრისტეს საფლავისთვისა. - ქრისტეს საფლავის მონასტრის ბერები უვლიდნენ მამულს; ყველაფერი იმათ ხელში იყო. შემდეგ სახელმწიფოდ გადავიდა; რამდენიმე წლის განმავლობაში “ჩინოვნიკის” ხელში იყო ეს სოფელი; შემდეგ ისევ ბერებს დაუბრუნეს. სოფელს ორნაირად სწეწენ: ერთი - პირდაპირი ბატონი, მეორე - მისი ხელქვეითები - მოურავები; რაც ბატონს მიაქვს, ერთი იმდენი მოურავს ხვდება. გლეხკაცობა ძიელ შეწუხებულია. ძაღლისხეველები ბევრჯერ გასწორებიან მოურავებს და ბატონებსაც, მაგრამ, რაც წასულია, იმას თავი დავანებოთ.

აი ეს შეწუხებული მდგომარეობა იყო მიზეზი ღამის მეხრეების გათქმისა.

როცა გულდამწვარმა ბიჭებმა ეს რჩევა და პირობა დაასკვნეს და თვითეული მათგანი შემდგომ ამისა ტკბილ ოცნებებს მიეცა, სწორედ ამ დროს სამმა კაცმა, რომლებიც მაზარებში იყვნენ გახვეულნი, ხელში კეტებით, საჩქაროდ ჩამოირბინეს სერი, რომელიც ჭალას ზედ გადმოსცქერის. კაცები შეჩერდნენ, მოიწურეს ოფლი და ჯოხებს დაენდვნენ.

- რა ვქნათ, ღმერთმანი, ვის მივმართოთ? ეს ამოდენერთა მინდორი სულ შემოვილაწლაწეთ, მაგრამ არ იქნა, ღონეს ვერსად გავხდით, - სთქვა ერთმა.

- რას ამბობ, კაცო, ხმა ჩვენი აღარ არის ამოდენა ღრიალით და მუხლი, - დაურთო მეორემ.

- ბესო, ერთი დააკვესე. პატარა თუთუნი მაინც მოვწიოთ. როგორ თქვა ი დედამა: რაო, რატომ არ მოვიდაო?

- რა უნდა ეთქვა; რო იცოდეს მიზეზი, ხო თავს აღარ მოიკლავს; აბა რა სათქმელია, შენგან არ მიკვირს! მგონი, ისიც გაიჭრა მინდვრად... აჰა ი აბედი...

- მაშ თუთუნიც მასვი ერთი მოწევა, ჩემო ბესო!.. რაც გინდა, თქვით: ალი-კვალი კი ვერ გავიგეთ და! მეტი ღონე აღარ დაგვრჩენია, უნდა ე ჭალაზე ღამის მეხრეებს მივმართოთ; ცეცო ეხლა მანდ იქნება... იმას ხო არ ეძინება და!.. სარისტიანი ბიჭია, იქნება იცოდეს რამე, ან იქნება იმათთან მიეგდო... იიჰ, ხედამთ ი ცეცხლსა. - აი შეხეთ ილიკოს ახოს თავში. - ეგ ცეცხლი ღამის მეხრეებისაა.

- შენი მტერი, ნადირს რო გაეფუჭებინოს ი საცოდავის შვილი, შენღა მიუხვალ იმი დედას კარზე!..

- ნეტა შენცა, ნიკო! ჩვენ რა ვუყოთ... ერთი ე ჭალაში გადავიკივლოთ არ იქნება, რო ხმა არავინ მოგვცეს.

გადიკივლეს ერთი - არაფერი, მეორე, მესამე... მოუხშირეს ძახილს. ღამის მეხრეებმა ყურები აცქვიტეს.

- სუ, - სთქვა ცეცომ, - ეს ბესოს ხმაა.

- ჰო, ის არის... მაიცა!.. ეს პეტრეა, მჭახეთ რო იძახის... მესამე კი ვერ ვიცან.

- მესამე... დასწყევლა ეშმაკმა... აი ჩვენი... აჰჰ!.. ისემიანთ ბერიძიანთ ნიკუა - სამნი არიან. რა უნდა იყოს? საქონელი თუ გაურეკეს ბაკიდან, - სთქვა ცეცომ და თოფნაკრავივით წამოვარდა და მიაძახა:

- რომელი ხარ? რა გაღრიალებს?

- ჩვენა ვართ: პეტრე, ბესო და ნიკო, - გადმოჰყვირეს ფერდობიდან.

- რაო, კაცო, რა ამბავია?

- თუ ღმერთი გწამს, ცეცო, აქ უნდა ამოიარო!

- აი დიდება შენდა, ღმერთო!.. რა ენდომებათ ამ უდროვოდ? - წაელაპარაკა ცეცო ამხანაგებს.

- საქონელი თუ დაჰპარეს ი ღდინძაღლმა ოსებმა. სწორედ საოსე ღამეა, - მიატანა სიტყვა პაკომ. - მერე წელს მთა დაიმშა და მაგათ ქურდობას საზღვარი აღარ მიეცემა.

ბევრი ძახილის შემდეგ ცეცომ დაიყოლია, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ; დაეშვნენ სერზე ხმაურობით და შუქზე მიაგნეს ღამის მეხრეების სადგურს.

- ძაან ნამი არ გააგდო!.. მერე ეხლანდელი ნამი სეტყვასავით ცივია, - სთქვეს მგზავრებმა. - ნეტა ეხლა რა დრო იქნება?

- რა დროს ეგ არის, კაცო! ღრიალით გასკდით: აი ამოდი და აი ამოდიო, და ახლა კი არხეინათ ხართ, - უთხრა ცეცომ. - სთქვით: რა ამბავია? მდევრები ხომ არა ხართ?

- მდევრები კი არა, - დაიწყო პეტრემ, - ი ტასია ყურშავაძის ბიჭი არ დაიკარგა ისე ანაზდეულად, აი - პეტრეი, უნცროსი ბიჭი; გუთნიდან შინ აღარ დაბრუნებულა; სამი კაცი აქეთ წამოვედით საძებნელად; ძმა და კიდევ სხვები სხვა მხრივ წავიდნენ. ტყის პირისკენა. ვეძებთ, ვეძებთ და ვერას გავხდით; იქვე დაისს წამოვედით. ვეღარც შინ დავბრუნებულვართ, ცარიელები, და ვართ ასე, დავბოტიალებთ... რა უნდა იფიქროს კაცმა, ღმერთმანი!

- ისა, რო ფრუტუნაა! ძილიგუდა ბიჭია; შარშან ჩემთან რო უჯდა გუთანზე, ჩემი თქმა იმასთან სულ ის იყო, რო არ სძინებიყო ისე ბევრი; სამხრის ხარს ჩარეკავდა წყალზე, დაეძინებოდა და ერიჰაა! - გუთნეულს გაუშვებდა ღვთის ანაბარს! ეხლაც დაეძინებოდა სადმე. ეს ცივი ნამი იმასაც კი გამოაღვიძებდა და უყურე შენ, რა საცოდაობა იქნება!.. - სთქვა ცეცომ.

- ვინ იცის, ცეცო, იქნება, ნადირმაც გააფუჭა.

- თუ ტირილსა და ღრიალს არ მოჰყოლია და სადმე ბუჩქებში მიწვა, მგელი იმას ვერ მიაგნებს, სუნის დაცემა ხომ არ იცის და...

- ბიჭებო, უნდა გვიშველოთ რამე. აქ გვეგონა და არ გამოჩნდა.

ცეცოს და ამხანაგებს გული დაეწვათ; ნერწყვი გაუშრათ დარდისა და მონაწილეობისაგან; ცეცომ გააშტერა თვალი, თითქო იგონებს რასმეო, დაავლო მაზარას ხელი, გაიდო მხარს კომბალი, ამხანაგებს უთხრა, რომ გუთნეულები აეშალნათ და ნელ-ნელა ძოვნით მიეყოლებინათ; გაიყოლა მიხა, რადგანაც ეს უფრო მარჯვე და გამბედავი ბიჭი იყო, დაუწრუწუნა ძაღლს, რომელიც ელდასავით წამოვარდა და გაეშურა პატრონისაკენ. წავიდნენ საძებნელად.

- ყველა უნდა იფიქროს კაცმა, - სთქვა ნიკომ, - ვინ იცის, მაჯლაჯუნაც დააწვა და დაარჩო ი საცოდავის შვილი. უბედური სოფელია ეს ოხერი, ყველა უბედურება აქა ხდება.

-- ეგ არ შეიძლება, - დაურთო ცეცომ, - მაგრამ, თუ გულაღმა არ იწვა, მაჯლაჯუნა ვერ დააწვებოდა, გულაღმა რომ წევს კაციო, მივაო და ზედ ლავაშივით გაეკრობაო, ასე გამიგონია, თორემ მე, სწორედ გითხრა, რაც თავი შემისწავლია, არც ერთი არ გამომიცდია, რა ვიცი, გუღაღმაც ბევრჯერ მძინებია და პირქვეც... მაინც საითკენ უფრო სძებნეთ?

- სერზე, საცა გუთანი ჰბმიათ. რა საჭიროა, ძმაო, ოლის ძირი არ დაგვრჩენია, რომ არ დაგვეთვალიერიბინოს.

- თეთრ წყაროზე იყავით?

- არა. ის იქავ სოფლის პირშია, რაღა მანძილი ჰქონდა სახლამდისა!.. ზედ ი წყაროს თავი გადმოვიარეთ ყვირილითა დაისსვე.

- ჰო და კიდეც ეგ არის საქმე, რო დაისს გადმოგივლიათ, ის მაშინ ღრმა ძილში იქნებოდა. აბა მომყეთ და ჩემი სიმტყუნის გულისთვის ჩავიდეთ ი თეთრ წყაროზე, თუ იქ არ იყოს მიყუჟული. ბავშვი ხომ აღარ არის, აგერ თოთხმეტ-თხუთმეტი წლის მეხრეა.

სთქვა და გაეშურა; მიჰყვნენ მეზობლები. დაუახლოვდნენ თუ არა წყაროს, ცეცომ მიაყვირა და მიაყვირა. ძაღლმა სუნი დაიდო. დაადო ცხვირი ბილიკას და ტუსტუსით გაქანდა.

- იქ არის-მეთქი, თქვენი ცოდვა არა მაქვს! ძაღლს ხედამთ, როგორ დაიტიშა!..

ჩავიდნენ ხევში, საიდანაც შემოესმათ წყაროს ჩხრიალი. წყაროსთან მდგარს დათვის პანტას ხევის ქარისაგან შრიალი გაუდიოდა და გადმოსცქეროდა ჩირგვებს, რომელიც ჯგუფ-ჯგუფად შემოხვევიყო წყაროს. ძაღლი მივიდა პანტას ქვეშ, აიღო მაღლა თავი და კუდაბზიკინებული შესცაცქანებდა.

- პეტრე, ბიჭო, პეტრე! - დაუძახა ცეცომ.

პატრონის ხმაურობაზე ძაღლმა წაუყეფა.

- აქ არის! - ყველამ ერთხმივ წამოიძახა.

ძაღლმა რომ წაუყეფა, ბიჭმა, რომელიც შიშის გამო პანტაზე აცოცებულიყო, ჩამოსძახა:

- გაცი, გაცი!

- აი გაცი შენა და შენ თავსა! არა, შე კვდარძაღლო, ხმა არა გაქვს, რო გამოგვხმაურებიყავ, ჰა! - შეუტია ბესომ.

- დახე, სად ამძვრალა, და! ბიჭო, შვილო, როგორ მოგივიდა. შე უღმერთო! რაღა დიდი მანძილი იყო სახლამდისა, ჩაეთრეოდი... ღვედი რა უყავ?

- ემანდა გდია... ჩამძინებიყო. მერე, ნამი რო გააგდო, გამამეღვიძა; უნდა შინ წამოვსულიყავ, მაგრამ მხარი მამექცა, ვეღარა გავიგე რა; მე მეგონა, რომ ლაშისწყაროზე ვარ-მეთქი; მერე ე პანტაზე ავედი.

- ეგეც კარგია შენგანა, შე ბანდიანო! - უთხრა ცეცომ, რომელიც წყაროს ჩაუჯდა.

მიეხვივნენ ყველანი, პირს წყალი შეიშხაპუნეს. ამ დროს აღმოსავლეთს სიბნელეს ფარდა ნელ-ნელა ეხდებოდა; ტორუებმა სიხარულით გალობა-ჭიკჭიკს უმატეს! აქა-იქ ტყის გზაზედ მოისმოდა ურმის ჭრიალი და შოლტის ტლაშუნი, ზედ განუშორებელი ტკბილი ურმულის ღუღუნითა.

- ვენახს როგორ გისხია, ნიკო! - პირის წმენდით უთხრა ცეცომ.

- ჰაი, გაგიხარიან, მე იმას მისხია, მაგრამ ამ ჩვენი მოურავების ხელში რაც გინდა იყოს: როგორც ღალები გასწერეს უღმერთოთ, ისე კულუხსაც გასწერენ.

- მოურავები კი არა, ისევ ჩვენი მეზობლები გვიშვრებიან ამ საქმესა. თითონ თავს აძვრენენ და ამოდენა ხალხს ღუპავენ სულ ოთხი-ხუთი კაცი; ბღუნძელაშვილი, და კიდევ სხვები ასრე არ დაკეთდნენ?

- თქვენ ღამის მეხრეები ხართ, გუთნისდედების ჩამოღმა თქვენ ბევრს გიხნავენ. რამდენათ მეტი უნდა გქონდეთ თქვენა ნახნავი ბღუნძელაშვილზე, თუნდ ეშმაკაშვილზე? მაგრამ რა გიჭირავთ ხელში? იმათ, ე მამაძაღლის-ტიელა, ძველათაც გასდევთ, კიდევაც ჰყიდიან, საქონელს და სახლ-კარს მოუმატეს, - ეს საიდან? იქიდან, რომ თითონ გათარხნებულები არიან ბატონებისაგან, უპრავლიაიუჩისთან შეძვრნენ; ჩვენ დღიურსა ორ დღიურად აწერინებენ, კულუხს ორი კოკის ალაგას - ოთხს და ხუთს აწერინებენ; ზოგს თითონ ზიდვენ სახლში და ზოგს ბატონს აძლევენ, - სთქვა ბესომ.

- მე სულ იმას ვამბობ, რომ ე მაგითანა მკვდარძაღლ ხალხს უნდა მუხრუჭი მოვუჭიროთ: სოფელმა ეგენი უნდა აიბუოს, სამეზობლოდ აღარ გაიცადოს, ხელი იოტიტელა საქმეში აღარ გაუმართოს; კრიჭაში ჩაუდგეთ; კვირტი არ უნდა გავუზარდოთ, კვირტი.

- ეეხ, შე მამაცხონებულის შვილო! მერე, ცეცო, ეგრე რო ვუყოთ, უფრო უარესს გვიზამენ. მოურავებთან ენის ზიდვას დაიწყებენ და უფრო გაგვანიორწყლებენ.

- ვერც გაგვანიორწყლებენ და ვერც ბუზს აგვიფრენენ, ვაი არ ჰქონდეს მიხასა! მთელ სოფელს რას გვიზამენ დაბეზღებით და ენის სარსალითა! როცა კარგა გავსახრამთ, მაშინაც ჩავლენ დასაბეზღებლად?

- დაიცა, მიხა, ფიცხი ნუ ხარ, ჯერ გასახვრა არას ივარგებს; სასოფლოდ მოვილაპარაკოთ, როგორც წეღან ვთქვით, ავიღოთ-დავიღოთ, ე მაგითანა ხალხი, ვინც არის ჩვენში, ავარჩიოთ და მერე მოვურიგდეთ. ამას სიჩუმე არ მოუხდება, არა! ყურისწაგდება არ ვარგა: “ღორის ტილი ფეხზე რო დაისვა, თავზე აგაცოცდებაო”. ჩვენი გლეხკაცი, თუ პატარა სული მოიდგა, სულ ასეა, სულ დაუდევარია. გულში დარწმუნებულია, რომ იმას აწუხებენ, ეჯავრება ეს შეწუხება, ბრაზი მოსდის, უნდა საქმეს მოუაროს საითმე და ხმას არ იღებს, მეორეს უცქერის; აცა, დაიცა, ჯერ იმან ამოიღოს ხმაო, მე რაზე მივეცე სამართალს ხელშიო, მეორე კიდენ მესამეს უცქერის, მესამე - მეოთხესა. ასე ყველა გაჩუმებულია, ყველა ერთმანეთს შესჩერებია პირში. სწორედ ცხვრის ფარა ვართ; წყალზე რო არ მირეკენ საბანაოდ, გაიბოტებიან, უწინ არავის გადახტომა არ უნდა, თუმცა კი გააგრილებს, სასარგებლოა; ერთმანეთის რქენაში ამოსდით სული, მინამ პატრონი უკანა ფეხებში არ სწვდება ერთ-ერთს და არ გადააგდებს, არიან ისე გაჩუმებულები და გაბოტილები ერთ ალაგასა. თუ ხმა არ ამოვიღეთ, სუ კუდამდინ ტყავს აგვაძრობენ.

- მა, კაცო, უნდა. თუ ეხლა მოსავალს გვართმევენ, მერე მამულსაც წაატანებენ ხელს.

- ვინ მამაძაღლი და თავმკვდარი არ ამოიღებს ხმასა! ოღონდ კი ხმა ამოიღოს ვინმემა, და!

- აი აღდგომა და ხვალაო; ვნახოთ, კვირა მალე მოვა და გამოჩნდება, - უთხრა მიხამ.

- ი კვირის ბარძიმის მადლი გაუწყრეს და ი მზის შუქი რისხამდეს, ვინც აქ არ მოვიდეს და უნარი არ ჰქნას, - ერთხმივ წარმოსთქვეს, ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და თავის ქექით და ჩეჩით ყველა თავთავისთვის წავიდა.

ცეცომ და მიხამ დაისველეს თმები, მაზარები მარჯვნივ მოიგდეს, აითრიეს კომბლები და თავის ვარცხნით შეუდგნენ სერს, სადაც იმათ გუთნეულები და გუთნისდედები ელოდნენ.

მიხა უნდა გაკვრით გავაცნო მკითხველს, რადგანაც შემდეგში ცეცოს მხარში ამოუდგება. მიხა აზნაურიშვილი გახლავთ; მამული ძალიან ნაკლებად დაუტოვებია მამას, სულ დავიდარაბაში გაუტარებია ცხოვრება და მამული თითქმის სულ მიუყიდ-მოუყიდნია. მაგრამ მანამ ცოცხალი იყო ედიშერ გვარაძე, მამა მიხასი, ყოჩაღად თურმე ცხოვრობდა. გუთნეული გამოულეველი ჰყავდა. მაგრამ ერთხელ შეუდგა თურმე ჭირი და სულ ერთიანად გააჩანაგა, ასე გასინჯე, ელიის ზვარაც კი მოუკვდა. გაბრაზდა თურმე გულდამწვარი ედიშერა, აითრია ლეში და საყდარში მიიტანა, აჩეხა და ძაღლები დაახვია; რათ მიყა ეს საქმე, ე შენს ზვარას მაინც გაუფრთხილდებოდიო, - უთხრა ელიას. მას აქეთ ედიშერას დასჩემდა გულის ჩქროლვა, სულ ბრაზობდა, სულ ჯავრობდა; თავის სახლობაზე ყრილობდა ბრაზს, უფროსი შვილი თურმე ცემით დააშავა, ბოლოს მოკვდა სიღარიბეში; ცოლ-შვილი ლუკმა-პურის თხოვნით აბეზრებდნენ თავს მეზობლებსა. წამოიზარდა მიხა, მიჰყო მხნეობას ხელი, ოჯახი შემოიტრიალა: მაგრამ იმისი უფროსი ძმა დაწვრილშვილდა; ცოლ-შვილი მიხას შემოახვია. სწევდა ესეც უღელს. მიხა გლეხისგან არაფრით არ განირჩეოდა. სულ იმათთან იყო. იმათი ჭირი თავის ჭირად მიაჩნდა და ლხინი - ლხინად. გლეხობასაც ძიელ უყვარდა. სულს არ იშურებდნენ მიხასთვისა. მწუხარების, გაჭირვების დროს დაუფასებელი იყო; “გაჭირვების ტალ-კვესია ე ჩვენი მიხაო”, იტყოდნენ ხოლმე, “რომ ცოტა შარი არ იყოსო”; ცოტა ამაყს კაცს, პირში მთქმელს, პირდაპირს, ბევრგან სოფლად “შარს” ეძახიან. მაგრამ მიხა სრულიადაც არ იყო ამისთანა. ცუდი საქმე, ცუდი ვისიმე საქციელი იმას ერთ წუთას მოთმინებიდან გამოიყვანდა ხოლმე, მაშინვე ყრონჭში მივარდებოდა კაცს. ამას სურდა ყველაფერი მუშტით და კეტით გაესწორებინა.

მიხა ძალიან მოხდენილი, სასიამოვნო სანახავი ბიჭია; მაღალი, განიერი მხარ-ბეჭი, მაგრამ თხელი; ქერა სახისაა; თმა ხუჭუჭი, თითქოს ძალად გაუკეთებიათო, გადმოყრილი ჰქონდა ფართო და მაღალ შუბლზე; ცხვირი ნამდვილი ქართული, სურათი, ცოტათი შუა ალაგას აკეხილი, თვალები ცისფერი, რომლებითაც კაცს რომ უცქერის, ელაპარაკება, მანამ ლაპარაკს დაიწყებს, თვალები გაგრძნობინებს, რის თქმაც სურს მათ პატრონსა. მიხა საშინელი თავდაუზოგველი, გამბედავი და ამასთან გასაოცრად მარდია; ხეზე როგორც ფრინველი ისე ავარდებოდა ხოლმე. შემთხვევის დროს, მაგალითად, ჩხუბში, ოც კაცთან რომ მოსვლოდა ჩხუბი, ერთს ჯოხს არ დაიკრავდა, სხვები კი სულ თავებდამტვრეულები წავიდოდნენ. - მერუე შეაწუხებდა გლეხს და თავის დროზედ არ მისცემდა წყალს,- გაუჩნდებოდა მიხა და ტალახში ამოსდებდა; ურია მოატყუებდა პატარძლებს ფართალში, აქაც მიხა - და არშინით ბეჭებში ბრაგი-ბრუგით დასძრავდა. მოურავი შეაწუხებდა ხალხს, - დახვდებოდა მიხა სადმე ორღობეში და კარგა გასახრავდა. ერთხელ ერთმა სისხლის-ჯვრიანმა მოურავმა ძიელ შეაჭივრა ძაღლისხეველები. მიხას ყელში მოადგა ბრაზი, შეხვდა ორღობეში და გადაუღობა გზა.

- მომეცა, შე მხეცო, გზა დამიცალე! - უჭყივლა ჯვრიანმა.

მიხამ არც აცივა, არც აცხელა და მოაყოლა სახრეები, ააგლიჯა ჯვარი და ტალახში ისროლა.

- კიდევ დააწიოკებ ქვრივ-ოხრებსა, კიდევა, ჰა? - და სცემს, რაც შეუძლიან.

ცეცო უფრო ჭკუით მოქმედებდა, სარისტიანი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი; მიხა უფრო გულს უჯერებდა. მალე აღელვებდა ყველაფერი უმსგავსოება. ორთავენი ძიელ ნამუსიანი ბიჭები იყვნენ; მოზარდი გლეხობა ამ ორ ბიჭს ძიელ უგონებდა; ყველას ესენი ატრიალებდნენ. ვისაც მიხა დაჰკრავდა, ის თავს ვეღარსად გამოჰყოფდა. დაჰკრა - გათავდა. მტყუანია დაკრული; თავს ვეღარ გაიმართლებდა სოფელში; რასაც ცეცო ეტყოდა, ხალხი თავს ვეღარ გააქნევდა. ცეცო ელაპარაკებოდა მათ ჭკუას, მათ ტვინს იმას, რაც თვითონ ედოთ ფიქრად; მიხა ასრულებდა იმას, რაც ხალხს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვერ ბედავდა. ორი ერთპიროვანი ბელადი ჰყვანდათ ძაღლისხეველებსა.

VIII

გათენდა. გაიღვიძა ბუნებამ. აგერ მზე ამოციმციმდა, ამოისროლა სხივები; ბალახს, წინა ღამით უხვად ნასხურებს, დააწყებინა ბრჭყვიალი. ზურმუხტისფრად იცქირებოდა მთელი ჭალა-ვენახები. გაისმა სერებზე “ჰოროველას” ხმა, - გუთნები გავიდნენ სახნავად. აქ გაიჭიმა გუთანი, იქ გაიჭიმა; გადმოშხლარტეს გულაღმა მადლიანი დედამიწა. მზემ შეიმაღლა; მოახურა და მოახურა დედამიწა; ხალხმა ჯიბრზე უფრო უმატა მუშაობას; მეხრეებმა გაახშირეს “ჰოროველა”.

იქვე, სოფლის თავში, ვენახების ამოსწვრივ, ზალიკა ახალკაცს გუთანი ება. მეხრეები წუხანდელს შემთხვევაზე ბაასობდნენ, ყველას უკვირდა, რომ ისე საღად გადარჩა ის ბავშვიო: ან არა დაეცა რა, ან მაჯლაჯუნა არ დააწვა, ან წყეულებმა არ დაახრჩეს; მაგრამ შუბლზე არ სწერებიაო.

- საკვირველია, ღმერთმანი, - ამბობდა ზალიკა, - ძაან გადურჩა წუხანდელ ღამეს ი ბიჭი, ალბათ იმის დედ-მამას რამე კეთილი მიუძღვის ღმერთთანა. აი, კაცო, დიდი ხანი კი არ არის, რაც სულგანათლებული, - ღმერთმა ნათლით მოიხსენიოს, - პაპაჩემი ბერიკა გადაიცვალა. ერთ ღამეს მოდის თურმე ე კვირაცხოველის ხევში, რუს პირას; ღამეა თურმე ისეთი ბნელი, ისეთი ბნელი, რო თვალთა წინა არა სჩანს რა. ე-ე-ე მოდის, შენი ჭირიმე და შენ ხარ ჩემი ბატონი!.. პაკო, პაკო! კვალში ჩააგდე ე კამეჩი, აწვება, ქედი არ წაიხდინოს. ჰაჰაი! შე... ჰო, მოდის. მოვიდა თუ არა ი კვირაცხოველის ასკილებთანა, ხიდი რო დევს რუზე, სწორეთ იქა... ხიი, ტფეოჰო, შე!..

- სად მივა, ე! - და გააწნა პაკომ ურჩ კამეჩს სახრე.

- როგორც თურმე გადავიდა ხიდიდანა, ამ ასკილებიდან კი ვიღაც სწვდა ქუდში და ქოჩორიც თან ააყოლა. პაპაჩემი თურმე ხელმარჯვე და ახოვანი ვაჟკაცი ყოფილა. აი დალაქიანთ ბაბიაზე კიდევ ზორბა. ბერიკას ერთი საშინელი დაეყვირნა, ეძრო ხანჯალი და დაძრულიყო სახლისკენა. მორბის და მოსდევს ი წყეული. მორბის და მოსდევს. აი ტა-ტა-ტა, ცოტა კიდევ! ცოტა კიდევ! - და ამოვა ხათქა-ხუთქით სოფლის პირში. ძაღლის ყეფა რომ მოესმა თურმე, გული მოიცა, შემოტრიალდა, მიუშვირა ხანჯალი და თურმე ი წყეული, ჯვარი აქაურობასა, ძაღლად კი იქცა!.. მა, კაცო! - ვიარეო, ვიარე ისე კურტუკუღმა სახლამდინაო... მერეც თურმე, რო მოიგონებდა, სუ ჟრჟოლა აიტანდა ხოლმე პაპაჩემსა.

- გადარჩა, გადარჩა?

- მა, გადარჩა. კიდევ კარგი, რომ ი წყაროსთან კარგი ფუზია, თორემ ი ბავშვი წუხელ წყეულს ვერ გადაურჩებოდა, რამდენჯერ მძინებია ღამით ი წყაროს პანტის ქვეშა.

ასე ბაასობდა წყეულ სულებზედ ზალიკა ახალკაცი.

ამასობაში დღემ საშუადღეოს მოატანა. გუთნიდან ორი დღის საქცევს იქით, ხნულებს შუა, ჩასდევდა თავიდან ბოლომდის მშვენიერი, მწვანით მოსილი ველი, რომელზედაც შიგადაშიგ იდგა კუნლის, ასკილის და უფრო მაყვლის ბუჩქები. შუა ალაგას ამ ველზე იდგა კარგა მოზრდილი მაჟალო-პანტა. პანტის ძირში მიედო მაზარა მუთაქად, ზურგი მზისკენ მიეშვირა და ისე იწვა ერთი ახალგაზრდა ბიჭი. მზემ რომ აგრძნობინა ბეჭებს, მეხრე გადმოტრიალდა. ცალი მუხლი გაშალა, ცალიც ააყუდა; უბეში ხელი შეიყო და გულზე ცაცუნი იწყო. მზემ სხივები თვალებში ჩაუციმციმა. ეწვალა, ეწვალა, ატრიალა თავი, ხან აქეთ მოიკოტრიალა, ხან იქით, მაგრამ მზე თანდათან მაღლა ამოდიოდა და გამოჯიბრებული ისარივით ესროდა წამწამებში სხივებს. გამოიღვიძა; წამოჯდა, შეხედა მზეს და შენანებით წამოიძახა:

- ვაი დედი ჩემის ღმერთსა!.. მზეს ძაან ამოუვაკებია.

წამოხტა, მადიანად გაიჭიმა, გადიგდო მხარზე ფარაჯა და გასწია ზალიკას გუთნისკენ. ეს იყო ჩვენი ცეცო.

- აგერ, ცეცოც მოდის. ძაან გამოიძინა. აი მაგას თუ შეეშინდეს რისამე! სწორედ ჭინკაა: ღამურა-კაცია, ღამურა! ღამურასავით დაძვრება ჭალებში. რა გგონია, ზალიკა, წუხელ ეგ რო არ ასძღოლიყო იმ ბიჭებს, იქნება ვერ ეპოვნათ.

- მადლიანი ბიჭია. მარჯვენა ნაკურთხია!.. ჩავცივებივარ იმ ჩემ დედაკაცს, - ხმამოდაბლებით დაუწყო ზალიკამ პაკოს, - რო ე ჩვენი თამრო-გოგო ე ცეცოს მივცეთ-მეთქი და პირ-ჯვარი ვერ დამიწერინებია. მე, სწორე გითხრა, გულში ჩამივარდა. სარისტიანი კაცი დაჯდება.

ცეცო მოვიდა, შეუხტა საძირის კამეჩებზე; იგრძნეს ცეცოს მოსვლა; თვალებს ბრიალი დაუწყეს, აფეთებდნენ დამფრთხლებივით, კუდის წმაწვნას მოუმატეს; ცეცოს სახრის აღება და იმათი გუთნის აგლეჯა ერთი იყო.

“მე შენ გითხრა, სახრის დაკვრა მოუნდება! თითქო ე გუთნეული პატივს სცემსო! ბიჭია და ბიჭი!! ბადალი არავინა ჰყავს”, - სთქვა გუნებაში ზალიკამ და გადასწყვიტა, რო თავის თამროს უთუოდ და უთუოდ მიათხოვებს ცეცოსა, თუნდ იმისი დედაკაცი ჯავრით პოპოქივით გასკდებოდეს.

მზე საშუადღეოზე აიმართა; საქონელი გამოუშვეს; დღის მეხრეებმა ჩარეკეს წყალზე; გუთნისდედა ღამის მეხრეებით პანტის ქვეშ გადავიდა. ჯერ არ დამსხდარიყვნენ, რომ წყაროს ხევიდან ამოვიდნენ ამ სერზე ორნი: ერთი ვაჟი, ესე თერთმეტ-თორმეტის წლისა, რომელსაც პარკი ეკიდა ზურგზე; მეორე იყო ქალი. ეს იყო უკვე მოწიფული, როგორც იტყვიან, მოჩიტული, მზა სადედოფლო ქალი; ამას ხელში ეჭირა საჯერო; სუფთა წინწკლიანი ჩითის კაბა ეცვა; ხელებზე თითებს შუა სახსრებამდე შავი ქიშმერის თათმანები ჰქონდა წამოცმული; დასცხომოდა, ნიკაპთან თავშალი გამოეხსნა, რომელიც ჩამოშვებულიყო, და ნელი სიო აქანავებდა; სახე გასწითლებოდა, გაოფლიანებოდა, მაგრამ სიომ მალე შეუშრო. ლოყები და ღაბაბი ისე ჰქონდა სიცოცხლით სავსე, ისე ჰქონდა გატიკნილები, რომ დასკდომას ლამობდნენ. იმისი შავი, ცელქი, მარბენალი თვალები თავის ისრებით გულში ძალად გიცვივდებოდნენ და გამოუთქმელს სიტკბოებას ჰბადებდნენ. ამ ქალს ბეჭებს უმშვენებდა ოთხი მოკლე, მაგრამ მსხვილი, გიშრის ნაწნავი, რომლებსაც ჩატანებული ჰქონდა სათვალე და ღვრინჭილა, რომ თვალი არავის ეცა და ეს მშვენიერი გიშერა თმა არ გასცვივნიყო.

ეს იყო ლამაზი, უმანკო თამრო, ზალიკას საყვარელი ქალი, თავის პატარა, ერთადერთი ძმით, რომლებსაც გუთნის ჯერი - სამხარი მოჰქონდათ.

მეგუთნეები ჩამწკრივდნენ; თიხის ჯამებმა ჩხარუნი მოიღეს; პარკიდან არაყის ბოთლი ამოაძვრინეს. ცეცო სულ კანკალმა აიტანა: სახეზე ცივმა ჟრუანტელმა აუარა: სასიამოდ დაუწყო გულმა რაკ-რაკი. - დაისხეს ბატის ხარშო; ცეცომ იმდენი იცოცა, რომ თამროს პირდაპირ დაჯდა: ღვთის წინაშე, ზალიკასაც კი ესე ედო გულში. თამრო მალი-მალ გადმოიწევდა კაბის კალთას მუხლებზე, წინ დაიხედავდა, ხომ ტიტველი არა მიჩანს რაო. ცეცოს პურის ჭამა ცეცხლი იყო: აიღებდა ლუკმას და გაპარებით, შუბლქვეშიდან გაავლებდა ხოლმე თამროს თვალს. თამროც მოკეცილი იჯდა მამის გვერდით, სალოკი თითის ფრჩხილი შეედო კბილებში და აცოდვილებდა. ცეცომ დინჯად დაუწყო პურს ჭამა: მეხრეებმა ჩაღუნეს თავები, თითქმის ჯამებში ჩაძვრნენ; იდროვა ცეცომ, იხელთა დრო და ის იყო, გააპარა და გააპარა კატასავით თამროსკენ თვალი. რამდენიც შეხედა, იმდენი ამის თვალი თამროს თვალს შეხვდა, და უცბად, ერთ დრამში, ისევ ჩაჰკიდებდნენ თვალებს. შეაჩვიეს ერთმანეთს თვალები; ცეცო წათამამდა; თამამად შეაკვირდა თამროს მსხვილ და მაყვალა თვალებს, მაგრამ იმ წყეულმა თამრომ ისე დაუნდობლად, დაუზოგველად, ჟრჟოლით შეხედა ცეცოს და დაჭიმა წამწამები, რომ ცეცო უნებურად შეკანკალდა, თვალები ცრემლის გუბედ გადექცა და, რომ ჩაეფუჩეჩებინა, სთქვა:

- უჰ, ეს ოხერა, ძვალს კბილი დავადგი! - ვერავინ მიუხვდა ცეცოს ეშმაკობას თამროს მეტი, რომელმაც შეკუმშული ტუჩებით შეიღიმა.

“შენმა რა მიყოს, - სთქვა ცეცომ თავის გუნებაში, - თუ შენ გაგიშვა; ეს ეს არის, მე - მე შენ თავს უსიკვდილოდ ვერავინ წამართმევს”.

- გენაცვალოს, შვილო თამრო, შენი მამაი! აალაგე, შვილო, და წადით შინა. ვენახსაც ჩახედეთ; კაკლებს მოუარეთ, ეხლა ბევრი ეყრება. აქ მე არას გამიკეთებთ.

თამროს გზა ზედ თეთრს წყაროზედ გადადიოდა; გუთნის ჯერიდან დაბრუნებული ქალები, თუ ბიჭები აქ უთუოდ ჩამობრუნდებოდნენ, ჯამებს და ქოთნებს დარეცხდნენ, აავსებდნენ წყლით და ისე გაუდგებოდნენ შინისკენ.

ნასამხრევს ცეცომ მოიგონა, რომ ერთი ე ჩემ ვენახში ჩავირბენ და ცოტა წითელა მსხალს ამოვიტანო. აიღო კომბალი და ვენახისკენ მიმინოსავით მოსხლტა; გადახტა საჩქაროდ, მიიჭრა მსხალთან, მიუხალავა და მიუხალავა კომბალი; მსხალი ხრიალით ჩამოცვივდა ძირს; საჩქაროდ გაიტენა უბეები და აჩქარებით, ღელე-ღელე წყაროსკენ მსხლის ჭამით გასწია. ამასობაში თამრო წყაროზე ჩასულიყო და ჯამებს რეცხდა. იმისი პატარა ძმა პანტის ქვეშ ტრიალობდა, კავიანი ჯოხი ეშოვნა, იწევდა მაჟალოს, ტოტი გეეშვებოდა და ხელახლავ მიჰყოფდა დაწევას. ცეცო მიწის მგელსავით გაუჩნდა თამროს, მივიდა და წყაროს პირს ჩამოუჯდა; ჩაღუნა თავი, დაუწყო მსხალს ჭამა, ერთმანეთის გულის ცემა ორთავეს ესმოდათ. თამრო გაშრა, გაბუცდა; რომ ვეღარა მოახერხა რა, თავზე მოსახვევს დაუწყო სწორება. ცეცოს უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ გული უწუხდა, დიდის ღელვისაგან გუნება გაებერა, ბოლოს რის ვაი-ვაგლახით მიაწოდა მუჭით მსხალი და უთხრა:

- აჰა, თამრიკო, მსხალი არ გინდა? - რამდენიმე წამს ჰქონდა ხელი გაშვერილი; თამრო გაშეშდა, ჩაბღუჯა ნაწნავი, თითქო იმისგან შველას მოელოდესო, მიიღრიცა თავი და ბოლოს გვერდზე ოდნავ წამოაწვდინა ხელი და ჩამოართვა მსხალი.

- მოეთრიე, ე ქოთანი აავსე და დროით წავიდეთ, - უთხრა ძმას მთრთოლვალის ხმით თამრომ.

- მე არა ვიცი რა, ე მსხალი უნდა დავაყრევინო.

- ჯერ შინ ჩამოდი, ყვიციანო!

იმათ ლაპარაკში ცეცო წამოხტა, აავსო ქოთანი და დადგა.

- თამრო, ერთი შენ გაზრდას, ე ჯამი მათხოვე, წყალი უნდა დავლიო.

- ქოთანი მანდ არა გქონდა, თუ არა და მუჭით დალევდი რა!

- დასვრილი ხელები მაქვს. თიხის ჯამით წყაროს დალევა, თამროჯან...

თამრო განზრახ ინაზებოდა, გულში კი სულ სხვასა ფიქრობდა; ფიქრში უყვარდა, მაგრამ ის კი ვერ წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ასე ლაპარაკი უცხო პირთან. მარტივმა, უმანკო სიყვარულმა დასძლია და თამრომ ჯამი წააწოდა და აჩქარდა წამოსასვლელად. აი გამგზავრდა. ცეცომ, თამროს საქციელით გულდათუთქულმა, თვალი გააყოლა; ტკბილის, მშვენიერის და თანაც ნაღვლიანის კილოთი სიმღერა გაადევნა უკანა:

“ხელსახოცსა გადმოგიგდებ, გოგოჯან!

ოქრომკედით მოქარგულსა;

შიგ გაგიხვევ გულსა, სულსა,

შენთვის დამწვარს, დადაგულსა!”

- ნჰე! შეხე, შეხე, რა გითხრა? თუ შენ, თამრო, დედას იმას ეტყვი, მეც ამას ვეტყვი, იცი, თუ არა? - უთხრა ძმამ.

- მეხი კი დაგეცა მაგ თავში! - სთქვა ტუჩის აბზუკვით თამრომ ცეცოზე. ეს სიტყვები გამოსთქვა, მართალია, მაგრამ გულში კი სხვას ფიქრობდა: “უი, უწინამც დღე დამლევია, რომ მაგას მეხი არ დასცემოდესო”.

IX

ირიჟრაჟა!... ვარსკვლავთ ფერი ეცვალათ, დაჰკარგეს სიბრწყინვალე და სიკეკლუცე, მერე სრულიად გაჰქრნენ; აღმოსავლეთისაკენ ბინდმა სინათლეს დაუთმო ადგილი; მხოლოდ დასავლეთისკენ ცას შერჩა ერთიღა ვარსკვლავი, რომელიც დღის მომავალ სინათლეს თითქოს ეჯიბრებოდა. გათენდა, გაიღვიძა ბუნებამ. კვირა დღეა და გლეხკაცობა ჯერ არ იშლება: მზე ამოსასვლელს არის და აი აიშალა ხალხი; ჩავარდა სოფელში ხმაურობა, საქონლის ბღავილი, ხვიხვინი ცხენთა. სოფელი სდუღს დილის სიცოცხლითა; მიერეკებიან საქონელს სანახიროსკენ; პაწია მწყემსები მიჩანჩალებენ გუდების ხრაგა-ხრუგით; თავშალწაკრულ გოგოებს ფეხშიშველა ფეხით დაუთითოებიათ ხბორები, წაუვლიათ კუდებში ხელი და მიარბენინებენ. ხბორები, რძით დამაძღრები და ნასიამოვნები მშვენიერი დილით, ფუნდრუკით და კოწიაწით გარბი-გამორბიან და მიათრევენ გოგოებს. აი, აგერ! - დაეცა ერთი ნამიან ბალახზე; აი, მეორესაც დაუსხლტა ხბოს კუდზე ხელი და პირქვე გაიშხლარტა მიწაზე; საბრალოს პირი მიწით აევსო; იწმენდს, იხედავს ხელზე, ტირის, იჩიჩქნის თვალებს; ბრაზი მოსდის, რომ იმისმა ამხანაგებმა ბრაგვა მიატანინეს სანახიროზე ხბორებს და ამას კი უბედურობა დაემართა. ჩერდება ერთ ალაგას და ტუჩი ჩამოუშვია. ხალხი ხარხარებს ამის დანახვაზე; ტაშსა სცემს, “ჰიი, ჰიი”, - ეუბნება. აი ტოლი გოგოები მოვიდნენ, ხელი წაჰკრეს, გაეხუმრნენ, დაჩაგრულმა ერთი უცბად შესცინა, გადიყარა დარდი და ჰაიდა! - გაქანდა პროწიალ-პროწიალით.

მირეკა სანახიროზე მთელმა ძაღლისხევმა საქონელი; საბძელთან შეიყარა ხალხი, რიგი ამთქნარებს, რიგი იჭიმება, სალამს აძლევს; ხუმრობენ, ლაზღანდარაობენ.

- ჰნე! მოგვატანეს ამ კვირა დილითა; შეხე ი მღვდელსა, დიაკვნისთვის რო აუკიდია ტომარა და ჩანახი.

- მოსე ურია კი არ მოაჩლატუნებს თუ ცხენსა ამ ადრიანათა!..

- მამაო, დღეს წირვა არ იქნება?..

- დახე ამ ჩვენ დიაკვანსა და! ასეთი სმა ეცოდინება რო!..

- ხელობა მა რა არის, - უპასუხა დიაკვანმა.

აიარეს ზემოთ.

- ასეთი ალალი ღვინის სმა იცის მა დიაკვანმა, რო შენი მოწონებული; ერთი კი გადისვამს ულვაშზე ხელსა და ის არის, ისე გამოწიფამს, თითქო თავის დღეში შიგ არა მდგარა რაო, - გაიხუმრა ვიღამაც.

- ღვინოში, მე შენ მოგახსენო, მღვდელი კი ჩამოუვარდება - იყო პასუხად.

- სოსიკა, ი რა კაი მოზვრები მოგირეკია, ბიჭო! ძაან დალოცვილი ქედი უჩანთ; ჩემი ბიჭი გავგზავნე ქალაქსა და ნეტაი შენი სიცოცხლით არ მოატყუონ კი; გამოუცდელია და!.. მე ხეტიალის თავი აღარა მაქს... - სთქვა ბერიკამ.

- მოტყუებას კი ნუ იტყვი, ძმავ! ძლივ დავაღწიე თავი, ძლივს. კაი ფასიც მივეცი... იძახდნენ იაფია, იაფიაო! და სად არის? - კაი ცხრა თუმანი დამათვლევინეს, - სთქვა გულნატკენად სოსიკამ.

- ეჰეი - ჰე! - გაისმა ხალხში! - ჰაი დედასა! ამ ათი წლის წინათ ყევარს კაი თარაქამულს იყიდდა კაცი მაგ ფასათა.

- ათი რად გინდა, - სთქვა ბერიკამ, - ხუთი თქვი; ჩემ კამეჩებში ხუთი წლის წინათ ათი თუმანი არ მივე, ეხლა ოცდაათსაც არ ვათქმევინებ, ჰო, თავი არ მომიკვდება!.. ეს ტასიას ბიჭი არ არი? აი ე რო გარბის?.. ღმერთმა უშველოს, უპოვნიათ. იმ ღამეს შენმა ნათლიდედამ მითხრა, რო ესე ესეო, ტასოს ბიჭი დაეკარგაო. ღვთის წინაშე, დავაპირე წამოდგომა, მაგრამ წელი ვეღარ ავიტანე; გამტეხა ჯაფამ და სიბერემა.

- ღამის მეხრეები შესწრებიან, იმათ მიუკვლევიათ, თორე, ვინ იცის, თუ რა საცოდაობა დატრიალდებოდა: ეშმაკს თვალთ არ უჩანს, ათასი რამე სდევს ადამიანის შვილსა. ცეცოს და მიხას უპოვნიათ... მერე მეხრე ბიჭია და!.. - სთქვა სოსიკამა.

- ღმერთი, ჩემო სოსიკო, როგორც გააჩენს, ისეც დაარჩენს: ღმერთს გაუგზავნია ი ცეცო... მადლიანი დედ-მამის შვილია. მაგასაც ღმერთი უშველის... ასეთი სათნო კაცი იყო ცეცოს მამაი, რო სოფელში ცალი არა ჰყავდა.

- მე შენ მოგახსენო, ბერიკა, ცეცო კარგი ბიჭი დგება; რა საჭიროა, სოფელში მაგი ბადალი ბიჭი არ დადის; სწორედ გაჭირების ტალკვესია.

ბერიკასა და სოსიკოს ლაპარაკის დროს ხალხი ნელ-ნელა მიიშალ-მოიშალა; სოსიკა და ბერიკა ერთად წამოვიდნენ ბაასით; შემოიარეს მიხა გვარაძის სახლისკენ. მიხა ურემს თვლებზე სდგამდა, ცეცოს მაზარა და სახრე მიეგდო გვერდზე და შესჯდომოდა ღერძს, რომელსაც მიხა თვალს უდგავდა.

- დილა კარგა ყოფნისა! - მიესალმა სოსიკა. - ბიჭო! თქვენში კვირა არ იციან?

- რას დაუშლის კვირასა; ხედამდი ი ხუცესსა, როგორ ტომარა აკიდებული გარბოდა ამ დილაადრიანა. მე შენ მოგახსენო, იქადაგებს! იმ დღეს, ღმერთი არ შემარცხვენს და ი ზიარების მადლმა, - სთქვა ცეცომ, ანება ღერძს თავი და შეხედა ცას, - ეკლესიის გვერდით, ი კანცელარიის კარებზე, ვიდექით ტოლ-ტოლი ბიჭები; გამოვიდა საყდრიდამ ე ჩვენი მღვდელი და დაგვდგომია: სირცხვილი არ არისო, რო კვირა დღეა და საყდარში წირვა არ მოისმინეთო, თქვე თათრებოო! სწორეთ ამ სიტყვითა თქვა, ღმერთი არ შემარცხვენს... მაინც ე მოზარდი ხალხი საყდარს არა სწყალობთო და ღმერთიც თავის მოწყალებას მოგაკლებთო... ი თვალებში სიბრაზით სუ ნაპერწკლები გამცვინდა. ქუდი დავდოთო და სამართალი ისე ვქნათო, ამისი არ იყოს: წირვაზე მღვდლისა არა ისმის რა და დიაკვნისა; ღმერთს ვერხვქვეშ კი ვერ შევეხვეწები?

- კვირაც გატეხილია და უქმეცა; ეს ოხერა კაცი კაცს აღარა ჰგავს, - ჩაურთო მიხამ, რომელიც დოინჯშემოყრილი შესცქეროდა კოხტათვლებიან ურემსა.

მზემ კარგად შეიმაღლა; იქნებოდა ათი საათი; შუა სოფლიდან ხმაურობა, ღორღალი შემოისმა; ხანდისხან ხანგრძლივი ხარხარი რომელიმე ხერხიანად ნათქვამ სიტყვაზე, ხანდისხან “ტყუნი დედას და ტყუნი მამას” და “აბა დაიფიცეს” ძახილი. კანცელარიასთან შეყრილიყო ხალხი და ერთი კვირის ანგარიშს ასწორებდნენ ერთმანეთში: ვის ვისთვის რა დაეშავებინა; ვის ვინ დაეჩაგრა - ეხლა ასწორებდნენ.

კანცელარიის წინ, ქვაზე იჯდა და ჩიბუხს შეექცეოდა ხმელხმელი, მაღალი კაცი, წაყვითანო ფერისა, ახლად წვერმოპარსული პირით, რომელიც დალაქს ნიკაპთან ძალზე ჩაეკორტნა; ფეხებზე ახალი ჩუსტები ეცვა; ტანთ ემოსა ახალივე შალის ჩოხა-შარვალი, წითელი გულისპირიანი პერანგი ზედ შავი ჩაფარიშით; თავზე მაგრა ჰქონდა ჩამოცმული შავი იმერული ცხვრის ტყავის ქუდი. ხუთი-ექვსი კაცი შემოხვეოდა, პირში ხელს აქანებდნენ, ის კი გაჩუმებული, ცივად, როგორც ის ქვა, რომელზედაც იყო ჩამომჯდარი, იჯდა და პასუხის მაგივრად აპურჭყებდა. შეხედულობა ამ კაცისა საზოგადოდ შესაზარი და შესაზიზღი იყო. როგორც ვთქვით, ყვითელს და გამხდარს სახეს შეიღმეჭდა ისე, რომ პირის კანს თვალებამდე აიტანდა, კაკლის ფოთოლივით მწვანე თვალებსა, რომლებიც მუდამ წამს გველსავით გინესტრავდნენ გულსა, საშიშრად დააჭყეტდა ხოლმე, - ეს იყო მისი გაბრაზების ნიშანი.

ამას გვერდს უდგა უფრო დარბაისლურად ჩაცმული კაცი, ყომრალი მაუდის ჩოხით, ამ ფერისავე ახალუხით; შავ შარვალს მიხაკისფერი ჩითის სათავე ეკერა; ფეხთ ეცვა ძველებური ჩაღილული ხარაზის წაღები და თავზედ ბუხრის ქუდი. ეს იყო პირბუტაყი, წითელი, როგორც ახლად მოხარშული კიბო; თვალები, როგორც იტყვიან - ცხვრისფერი, მუდამ ყვითელი კილოებიდან ბაიებამდის; შუბლი ჰქონდა ვიწრო და შუაში თითქო შედრეკილი, საიდანაც იწყობოდა ნაოჭ-ნაოჭად დაწყობილი ნაკეცი ტყავისა ცხვირის კაკნატელამდე; ჯმუხი, ტანად ერთობ დაბალი, ისე დაბალი, რომ საღორის ბოძს მოგაგონებდათ; ხელები მუდამ წინა ახალუხის ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და მუდამ ჩაფიქრებული და თავჩაღუნული დადიოდა; ლაპარაკი ცოტა ენა მოჩლუნგებით, ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, მოლუკლუკებით იცოდა. ამას ჰქონდა სოფელში დუქანი და ამისი ჭკუა-გონება იმაზე იყო მიპყრობილი, რომ რაც შეიძლება ბევრი გაება ობობასავით ქსელში.

პირველი იყო ფიდუა ეშმაკურაშვილი და მეორე ისაკა ბღუნძელაშვილი. ესენი ის ბატონები იყვნენ, რომლებზედაც ღამე ცეცოს თავის ამხანაგ ღამის მეხრეებთან ჰქონდა ბაასი, როგორც სოფლის მჩაგვრელებზე, სოფლის მჭამლებზე, რომლებსაც მიმბაძავი თანდათან უჩნდებოდათ და სოფელს ამყრალებდნენ.

ღორღალის ხმაზე ცეცომ და მიხამ ყურები ცქვიტეს; გაემზადნენ წასასვლელად; გზაზე სხვა ტოლი ბიჭებიც მოემატნენ; ნელ-ნელა მიუახლოვდნენ კანცელარიას. ამ დროს წირვის ზარი დაირეკა; ყველამ ქუდები მოიხადა და პირს ჯვარი გადისახა.

- ღმერთო პატრონო! - სთქვა ყველამ გუნებაში.

- კვირის მადლო და ძალო, შენ გაუწყვიტე პირისკომლი ავ კაცსა, - სთქვა ცეცომ.

- ჰო და ჰო! - დაურთო ყველამ ერთხმივ.

ამ დროს შემოესმათ მაღალი, რიხიანი და უფრო შხამიანი ხმა:

- კიდეც შევრეკამ და თვალსაც მოგთხრით!

- ი ღმერთს შეხედე და ისე ილაპარაკე - შეტევით გამოელაპარაკა ვიღაცა.

- რა ჩემ ფეხებს ყვირი; რას იმედით სჩრი, შვილოსა, ყველას პირში ბურთსა, შე ცარიელო სისხლის გუდავ, შენა! - შემოუტია მეორემ. - აბა ერთი შერეკე?

პირველი ხმა იყო ფიდუასი. ცეცოსა და მიხას ეს ხმა შხამიანი ისარივით დაეტაკათ გულში, რომელმაც ფართხალი შექმნა, თითქო ჰლამის ბუდიდან გადმოვარდნასაო.

- არიქა! ჩხუბია! - შესძახეს და, რომ გზა შეემოკლებინათ, ბანი-ბან გადირბინეს და ერთ წუთში ქასქასით და ქაქანით დაერჭვნენ კანცელარიის წინა.

ცეცომ ცალი ხელი უბეში შეიდო და ცალით მიწაზე დანდობილს სახრეს პროწიალი დააწყებინა; მიხა ჩხუბის მიზეზის უცბად გაგებამ ისე ააჟრჟოლა, რომ სახეზე სიცივის ეკალი აასხდა.

- კაცო, მამასახლისი არა ხარ შენა? რატომ ხმას არ იღებ, ა? - უთხრა ხალხმა.

- მე რა ხმა უნდა ამოვიღო, ე კაცი ამბობს, რო არ შემირეკიაო.

- აი ისემც გიშველის ე დღევანდელი წირვის მადლი, ჰოდა ისრე!... ხალხნო! მაგან არა თქვა, რო შევრეკამ და თვალსაც მოგთხრითო!.. ვთქვათ, რო ეგ ერთი ამბობს, რო არაო. ბიჭო, ეგ ერთი ამბობს და ჩვენ მთელი სოფელი ვამბობთ, რო წუხელ ამის საქონელმა ჩემი ვენახი ამოაგდო. თითონ ამის ძმა იყო... შეერეკა კაკლებქვეშ ყევარი ხარი; მიუნებებია, კაცო, თავი და შესულან სავსე ვენახში... ემ დილით ვნახე, ძმაო, - მიუბრუნდა მოჩივარი ცეცოს და მიხას, რომელიც სულ ტუჩებს იკვნეტდა სიბრაზით (ცეცო კი დინჯად ყურს უგდებდა). - ვნახე, მარა ნეტა არ მენახა, თვალები მეტკინა, თვალთ დამიბნელდა. მტერი ხო მტერია, თავი არ მომიკვდება, თავი - აბა, ტყუილი რა სათქმელია - მტერიც კი ატირდებოდა, - სთქვა გულდათუთქულმა ბესო ზერეკიძემ.

- რას მეუბნები, მთელი წლის ფეხისმოსავალი, ძმაო, სუ ბუნუთივით არი მოფშვნეტილი, - შეეწია ბესოს მეზობელი ილო.

- არა, რო გეუბნებიან ეს ამოდენა ხალხი, რატომ არ გჯერა, მამასახლისო! პირველი ნუმრა ხო არ არის ფიდუას ეს საქმეები, - ჩაერია ხმის თრთოლვით ბაასში ცეცო; - მთელი სოფელი ამოგდებულია ამისაგანა; ყველას ესა სჩაგრავს. იმ დღეს რაღა იყო, რო მაგის მოჯამაგირისაგან თავგატეხილი პავლე ბეციაშვილი მოგაყენეს კარსა! დაახვედრა ბიჭი, თითონ ვენახიდამ აქეზებდა; საწყალი ობოლი ბიჭი კინაღამ რუში ჩაახრჩობინა, თავიც გაუჩეხეს და შენ ხმაც არ გაგიცია; აბა თუ საკანონო გადაგიხდევინებია რამე! შეძლება აქვს, მუდამ კვირია ყელმოღერებული ზიხარ მაგის სუფრაზე და იმიტომ?

- რას ელაპარაკებით; ხალხნი არა ხართ, კაცო! - მიიჩრდილა მიხამ შუბლზე ხელი, რომელიც მეტი სიბრაზისაგან უკანკალებდა. - როდის რა გაურიგებიათ მამასახლისებს!.. საკანონოც სოფელმა დასდოს და სხვა ყველაფერიცა.

- შენ ეი, ცეცო, მისამარას თავში ნუ იწემ, თორემა...

- თორემ რქადეკეულები არ გამოურეკო ბაკიდამა! - სთქვა და წამოუმხარდამხარდა მიხა.

- შენ ხო აზნაურის სისხლი არ დაგაყენებს, - წასძახა სისხამით ფიდუა ეშმაკურაშვილმა.

- შენ ჩემ აზნაურობასთან საქმე არა გაქვს ეხლა; მე აზნაურის სისხლი მაქვს, თუ გლეხისა - ეს რა შენი საკითხავია... უკან გაბრუნდი, -შემოუტია მიხამ.

- დაიცა, დაიცა! - დაუჭირა ხელი ცეცომ. მიხა შესდგა. - ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, - განაგრძო ცეცომ, - რაღა შენ და ე ბღუნძელაშვილი აოხრებთ და ჰბრიყვობთ ამ სოფელსა; ერთისა - ძმები და მოჯამაგირე, მეორისა - ლაწირაკი შვილები... მამულია და ჩაიგდებთ ღარიბ-ღატაკს ხალხსა და შვილიდარ მიწებს სცინცლავთ, ვენახი არ დარჩება, ყანა, სიმინდი, რო თქვენმა გასატიელებელმა საქონელმა არ ააოხროს; კაცი არ არის, რო თქვენ წყალი არ წაგერთმიოთ; ეს ბღუნძელაშვილია და სუ სული ამოგვართვა...

- მართალია, მართალი!! - შეჰყვირა გულგაკეთებულმა ხალხმა, - ან ჩვენ უნდა ვიყვნეთ ამ სოფელში და ან ეგენი. სულთა დგომა აღარ არის, სულთა დგომა.

ბღუნძელაშვილმა დაატყო, რო ცუდადაა საქმე, კუდი ამოიძუა; ამას მამასახლისიც აეტორღიალა, ამოიჩარა იღლიაში ჯოხი და კისერწაწვდილი გაჰყვა ნელის ნაბიჯით ბღუნძელაშვილსა.

- მამასახლისები ჩვენ საქმეს არ გვირიგებენ. აბა, ერთმა ვინმემ დაასახელოს ვის რა გაურიგა. თუ მსუქანი კაცის საქმეა, გაგიხარიანთ, რო მაშინ ეგენი გაფხიზლდებიან; გზირიც მაშინ ფეხმარდდება, იასაულიც, მამასახლისიც. ეგენი მარტო იქ არიან მარდები, საცა თავიანთი სარფაა: აბა ჩინოვნიკი მოვიდეს, როგორ ყველაფერი უხვად მოჰკრიბონ, და ვისგან? ვის მიადგებიან და მიუტალახებენ კარსა? ჩვენ, ღარიბებს... ე გულხელი რო დაგიკრეფნია, - მიუბრუნდა გაცეცხლებული ცეცო ფიდუასა, - ვითომ და აქ არაფერი ამბავიაო; თუ კაცი ხარ, იტყვი, რო, ერთხელაც არი, ერთადერთი კვერცხი მიგეცეს? ჩვენა გვბრიყობთ რაღა?.. მართალია, თუ არა? - მიუბრუნდა ცეცო ხალხს.

- მართალია!.. აი შენი დედ-მამა განათლდეს, შენი!

- კაცო, რა საჭიროა, ჩვენ ძველ ადათს მივყვეთ. მოსწრებული კაცი არავინა ხართ, წამოდექით წინა, - სთქვა მიხამ.

- რაო?

- ისა, რომა სოფელში დავაყენოთ ჩვენი კაცები მეველეებად: მერუობაც იმათ ჩავაბაროთ? მოვალეობად დავდოთ, რომა ნახნავ-ნათესს ყური უგდონ და ემაგითანა იუდის კერძის ხალხისაგან დაგვიფარონ...

ფიდუა შეიღმიჯა, თავი გადააგდ-გადმოაგდო.

- ემანდ რაღასაც არ აკანტურებ ე თავსა მომაკვდავი გველივითა, გაბრუნდი, თორემა ისე გაგაჭრელებ, როგორც გველი; აქ დაიცინები კიდეცა!

- ე ულვაში ნუ მსხმია ე ფიდუასა, თუ თქვენ უნარი ვერ გიყოთ...

- ულვაშიც შეგირცხვეს და ე პირიცა, - და აქ შეუღერა მიხამ სახრე.

- დაიცა, მაგის დროც მოვა, - ჩასჩურჩულა მიხას ცეცომ, - ე მიხასი არ იყოს, ძველ ადათზე გავიაროთ: ავირჩიოთ სანდო პირები, - აქ ბევრი კაი კაცი გვყავს, - მეველეებად და მერუეებად; ემითანა კაცებს, - უჩვენა თითით ფიდუაზე, - სახლის კარი შეუკრათ; მეზობლად ნუ გავატარებთ; გუთანში ხარს ნუ შეუბამთ; მუშად ნუ გავყვებით, შენ ხარ ჩემი ბატონი; ჭირსა და ლხინში ნუ მივხედავთ. რა არის, ვითომ ნუ ყოფილან ეგენი სოფელში, ისე ვიანგარიშოთ... ჰა, ხალხნო, რას იტყვით? კარგი იქნება?

- აი, მე და ჩემმა სიყმემ, მართალი სიტყვა, - დაიძახა ხალხმა.

- უწინ სუ ეგრე არ იყო, - სთქვა ჩვენმა ზემო ნაცნობმა ბერიკამ - შეუკრამდით სახლსა და გაგიხარიან მალე მოვარჯულებდით ხოლმე! ადამიანი ხო ეშმაკი არ არის, პეპელა ხომ არ არის, რო კედელს მიეკრას, უმეზობლო გლეხკაცს ერთი წუთის გაძლება არ შეუძლიან.

- მაშ, ხალხნო, ე კუბოსა ღვთის-მშობლის მადლმა ამოსწყვიტოს იმის ცოლ-შვილი, დედა შეერთოს ცოლათა, ვინც ეს პირობა არ დასდოს და არ შეასრულოს, - დაიძახა ცეცომა.

- ანგრე იყოს, ანგრე! - შეჰყვირა ხალხმა ცეცოს პასუხად.

ამოირჩიეს მარჯვე ბიჭები მეველე-მერუეებად; ამოირჩიეს ის პირნიც, რომელთაც ყური უნდა ეგდოთ, რომ იმათ, ვისაც სახლი შეუკრეს, ხელი არავინ გაუმართოს. ხალხი დაიშალა; ნელ-ნელა წავიდ-წამოვიდნენ; ცეცოს უბნელები, ესე ოცამდე კაცი, დაადგნენ შუა სოფლის გზას და ლაპარაკით წამოვიდნენ.

- ახლა ეს კულუხი სჭირს; თუ კიდე შარშანდელსავით მოგვიჭირა ი უპრავლიაიუჩმა, სწორედ სახლში ზედაშე გაგვიწყვება, - დაიწყო ერთმა.

- ქართველი კაცი მაინც იყოს, თავს მაინც არი შეაბრალებს კაცი, ცოტაც არი ღმერთს მოაახლოვებინებს; აბა ერთი გადმოვარდნილი ვინმე რას დაგიდევს, თუ მე და შენ შიმშილით მოვკვდებით; რო გიცქერის, თითქო უნდა შეგჭამოსო, სუ კბილებს აკრჭიალებს: “გრუზო ფინთი, გრუზო ფინთი, მამაძაღლი”, სუ ამას გაიძახის, - სთქვა ხელების შლით და ნაღვლით სავსე ხმით მოხუცებულმა ბერიკამ.

- მაგი მეტი კი არა იცის რა, - დაუმატეს აქეთ-იქიდან.

- ე უცხომ რო არ გაგვინდოს, კიდევ გასაკვირველი არ იქნება; ე ჩვენი ხალხი ხო უფრო უარესია! ჩაიცვამს თუ არა რუსულ ფარაჯას და ი ვარსკვლავიან ქუდს დაიხურავს, სუ რუსულად გიშტრიალებს; ე ჩემ ნათესავებზე ხო გამომიცდია; გვარაძეებს მაგი მეტს კი ნურას მოჰკითხამ.

- ჩვენ პეპესაც რო ე რუსული ფარაჯა ჩაუცვამს; რუსობანა უნდა ამასაც აი. - გაიხუმრა ვიღაცამ პეპეზე, რომელსაც წითელგალუნიანი სალდათის სერთუკი ეცვა, - ისეთია, კაცო, რო სუ რაღაც სუნითა ჰყარს.

- ეს ოხერი რამდენჯერ გავამზევე, რო არ გამოელია.

- სუნი რო აგრე ჩაჰკდომია და აღარ ეშვება, უცხო კაცი რა გავამტყუნო, რო ჩაგვაკვდეს, - სიცილით სთქვა ცეცომ.

- ღმერთი, რჯული, ცეცო, დამიჯერეთ: ერთი კარგა გავსახროთ სადმე ყველანი, ე ბატონიც ზედ მივაყოლოთ და თავს დაგვანებებენ, ვაი არა აქვს მიხასა!...

- ჰოდა რა არი! წეღან ხედავდი, ი ბღუნძელაშვილი რარიგ კუდამოძუებული წამოვიდა... ფიდუსაც კი ენა ჩაუვარდა...

- ყველას თავის დრო აქვს... რუსის კანონი არ იცით თქვენა... ჩემი დროც მოვა, უმაგისობა კი არ იქნება. მაგრამა ასე კი უნდა ვცემოთ, რო თავ-ბედი იწყევლონ და ჩვენ სამართალში არ მიგვცენ; მიხა წეღანვე აიმრიზა. რო გეცემა, საქმე წახდებოდა.

ხალხი გაიფანტა; ცეცო და მიხა გამარჯვებულები, გულზე ცოტა დარდმოშვებულები, რო საქმე ცოტაც არი გააკეთეს, შევიდნენ ცეცოსას სადილის საჭმელად.

X

თამროს და მის პაწია ძმას გზაზე, წყაროდან რომ წამოვიდნენ, ძალიან შეუგვიანდათ: ძმა პეპლების ჭერას გამოუდგა; თამროც ამას შესცქეროდა და არა ერთხელ შეუკურთხა:

- შე გულკვდარო, თავი დაანებე, თორემ მოგკალ!

ძმა ყურსაც არ იბერტყდა და მისდევდა პეპლებს.

- ყვიციანო, ყვიციანო! მაცა! მაცა! - მიაყარა სიტყვები სიბრაზისაგან მოთმინებიდან გამოსულმა თამრომა.

თამროც არ იყო უსაქმოდ; ის იგონებდა ცეცოს; ჯერ ისე ახლოს არ ენახა; გულში რაღამაც ჭიასავით ფუთფუთი დაუწყო; არც სრული შეყვარება ეტყობოდა, არც თუ შეუყვარებლობა; ადრინდელს მშობლების ლაპარაკს ცეცოზე ეს შეხვედრაც ზედ დაერთო და თამროს გულს დაატყო; მას ეხლა გული უღელავდა; ტანში აზმორებდა, რამდენიც კი წარმოიდგენდა ცეცოსა. ამ ტკბილის ფიქრებით და თანაც გულის აღმაქშინავი ღელვით ჩამოვიდა სახლში. ლოყის თავები დაუკვერდა; თვალები სიცხისაგან აემღვრა; მკერდი ხშირად ასდიოდ-ჩამოსდიოდა: ეტყობოდა, რომ თამროს გულში რაღამაც დაიჭირა ალაგი.

დედა შინ არ დახვდა. იმას მოსწყინდა მარტო გდება სახლში; ჩვეულებისამებრ სათიბელა და აპეური წაიღო ვენახში; ჩავხედავ ვენახსაც და ხბორებს და ბატებს პატარა ღიჭას ამოვუტანო, იფიქრა იმან; წაუყარა კარებს ურდული და წავიდა. თამროს იამა, რომ დედა შინ არ დახვდა; ძმას როგორმე დაუყვავებს, რომ ამბავი არ მიუტანოს.

თამრო გარეთ გამოვიდა, ძარის ქვეშ ჩაჯდა; თავშლის ყურები თავზე გადიყარა; სახე აეხადა, სრულ გამოუჩნდა და ამომავალი მთვარესავით დაუწყო ელვარება; ამოიღო ჯიბიდან მსხალი და გათქვლიშა; მერე უცბად წამოვარდა, როგორც დამფრთხალი ნადირი, შეირბინა დარბაზში, ახადა ხის ყუთსა, ერთი ბორა ვაშლი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. გამოვიდა და დაჯდა ისევ ძარის ქვეშ. რომ დედას უსაქმობაზე არ მოესწრო, პაიჭის ქსოვა დაიწყო. ზაქროს, ამის ძმას, დერეფანში მოეოთხნა, და ნედლ ნაჭიან კაკალს ამტვრევდა და შეექცეოდა.

- ზაქრო! ჰაი, ზაქრო! -- დაუძახა დამ.

- რა გინდა? - ბუზღუნით ჰკითხა გაბუტულმა ძმამა.

- მე შენთვის იცი რა მაქვს?

- რა?

- გამოდი აქა და გაჩვენებ.

ზაქრო წამოფრინდა და დასთან ჭუტსა დაერჭო; პირი გამოტენლი ჰქონდა ნიგვზით, აექაფებინა პირში და რომ ვეღარ ეტეოდა, ლაშებზე გადმოსდიოდა.

- უიმე, გენაცვალეთ! - უთხრა ღიმილოთ და ლაქუცით დამ და თანაც ორი თითი ტუჩებზე მიიდო განცვიფრების ნიშნად; - რას აგიქაფებია ე ნიგოზი, თითქო გოჭს ქერი უჭამიაო!

- გოჭიცა ხარ და არცა რა იცირა, - და ზურგი შეუშვირა.

- აი ჰო, არ გინდა! - ძმა მოტრიალდა და თამროს ხელში დაინახა დიდი ბორა ვაშლი.

- მამეცი, მამეცი! - შეჰღიჭნა ძმამ და მივარდა ხელებში.

- იმას ნუ ეტყვი დედასა და...

- რასა?

- აი წყაროზე, რო თქვი, რო ვეტყვიო; ცეცო რო იყო. - ცეცოს ხსენებაზე თამროს შეაჟრჟოლა, ცხელმა ალმა აჰკრა სახეზე და პირი წითელი ატლასივით გაუხდა; გულმა ჩქარი, მაგრამ სასიამოვნო ძგერა დაუწყო.

- არ ვიტყვი.

- აბა მაშ დაიფიცე.

- ზიარები მადლმა.

- აბა დედა დაიფიცე!

- დედაც არ მომიკვდება.

- მაშ კარგი, და მისცა ქრთამი ზაქროსა, რომელმაც შეაგდო ჰაერში ვაშლი და პროწიალით, ყირა-ყირა გამოუდგა იმას; ითამაშა, ითამაშა და რომ მოსწყინდა, როგორც კატას თაგვის თამაშობა, დაუწყო ვაშლს კბეჩა.

თამრო გამსუბუქდა, რომ დარდი მოიშვა გულიდან. სახე გაუმხიარულდა; თვალებმა ციმციმი და რბენა დაუწყეს; სუნთქვაც თავისუფლად შეექმნა; მოჰკიდა პაიჭს ხელი და გაჩქარებული, ხალისიანად ქსოვა დაუწყო. წააქსოვა ტოტი, და უცბად ხელები ჩამოუვარდა, აწითლდა, პირი ღია დარჩა და თვალები გააშტერა. წინ და უკან ტანს რყევა დააწყობინა, თითქო უნდა წასწვდეს რასმესო: წარმოუდგა ცხოვლად წყარო და წყაროსთან ქვაზე ჩამომჯდარი ცეცო გაშვერილის ხელითა, რომლითაც მსხალს აწოდებდა; წარმოუდგა, რომ მის წინ დგას ყმაწვილი სხარტი ბიჭი, რომელსაც ამშვენებდა ახლად ამწვანებული ულვაში; წითელის თავშლით წაკრული თავი და ზედ თავზე მოგდებული ნაბდის ქუდი ალაზათიანებენ თამროს წარმოდგენაში მის სურათსა. აი ამან გააშტერა ქალი, რომელსაც სიყვარული თანდათან შეეპარა გულში.

ერთ ამ ზემოაღწერილ მდგომარეობაში იყო, როდესაც გამოჩნდა დედა, რომელსაც მხარზე ედო ბალახის კონა, ბალახზე თათრული გოგრა; ერთი გოგრაც ხელში ეკავა.

- რას გამოშტერებულხარ, გოგო, და დაგიღია პირი! -- უთხრა დედამ, რომელიც ისე წამოადგა თავს, ჩამოიღო ბალახი და ბრაგუნით მიჰყარა კუთხეში გოგრები, რომ თამროს სრულიადაც არ შეუნიშნია, ისე იყო ჩაყლაპული, გართული ცეცოს სურათთან არშიყობით და ტრფობითა. დედის გამოხმაურებაზე ის შეხტა, პირზე ხელი მოისვა, და სწრაფად აიღო ხელში პაიჭი და გაჩქარებული დაუწყო ქსოვა.

- იშ, დავიღალე ამ ოხერ გვერდაზე ასვლა-ჩასვლითა; მარჯვენა მოვარდეს, ვინც პირველად აქ ბარი დაჰკრა და სოფლად დააწესა; რა სასოფლო ალაგი იყო. —რიდის ყური მიისვ-მოისვა და ოფლიანი სახე შეიმშრალა; სად იყო და სად არა, გაჩნდა ზაქრო, რომელიც ღორ-ხბოდან ახლად მოსულ ხბოს კუდში ხელწაკიდებული მოაფუნდრუკებდა; დაინახა თუ არა დედა, უშვა ხბოსა, მიუცუცქდა და მიუალერსა დედასა.

- დედა, შენი ჭირიმე, მსხალი მაჭამე; ჩვენ ბორბალას ეყრებოდა.

- ადე ჰო, პაწაწა ხო აღარა ხარ, რო უბეში მივარდები; აჰა ანდე! - მისცა ორი მსხალი და ორიც თამროს გაუგორა. - კარგი, ზაქრო, ადე, გენაცვალოს დედაი, ე კვახები გოჭებს დაუჭერ. აკი გეხალისება ხოლმე. შენც, შვილო თამრო, რაღა თქმა გინდა, ყველას თავის დრო აქვს, - აუშვი ქსოვა, ხბორები შერეკე, ე ღიჭა დაუყარე, მინდორში აღარა მოიძევება რა; მშივრები დაეხირებიან ამ დღივ.

თამრომ ფიცხლავ შეასრულა დედის თხოვნა, მარტო ის კლავდა, რომ ზაქროს არ დაეღუპნა საიდუმლოს გაცემითა, მაგრამ, ამის და საუბედუროდ, ზაქრომ სწორედ იმ დროს, როდესაც თამრო საიდუმლოს გამხილების ფიქრში იყო, უცაბედად წამოაყრანტალა:

- უჰ, ჭიანია!.. ვაიმე დედავ, მატლი გავკვნიტე! თფუ, თფუ.. არა გამს ი მსხალსა, აი წეღან რომა გვაჭამა წყაროზე მე და თამრიკოსა ცეცომა. ისეთი იყო, ისეთი იყო, რო-რო სუ პირში მადნებოდა, - სთქვა ზაქრომა. გაახსენდა პირობა და შეინანა. ნიშნად შეცდომისა და შენანებისა გააღო პირი, ენა გამოყო და კისერი ჩაიძვრინა. დედამ ამ ცეცოს გაგონებაზე ცეცხლივით იფეთქა.

- რაო, რაო? - წაატანა დედამ, ჩამოიშალა წაკრული თავშალი, ნიკაპთან შეიწია და წამოიწია ასადგომად.

თამროს, ამ დროს მიწა რომ გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ის ერჩივნა; დაასხა ცივმა ოფლმა, თვალი სრულიად დაუნელდა, ჩაჯდა დერეფანში ბალახის კონასთან; გაშეშდა, მის თავში ფიქრი შესწყდა, სისხლი თითქოს გაუშრა.

- ჰაი შე გულმკვდრის შვილო! ეგებიც შეიძელ თითის ტოლა გომბიომა, ჰა? - დააცხრა როგორც ძერა წიწილას და წაჰკრა წიხლი აქ ღა მოვიდა თამრო გონს, წამოვარდა და დარბაზისკენ გაიქცა. მიჰყვა გააფთრებული დედა “ჰა”-ს ძახილითა. — არა, შე თათრის შექნილნაშობო, რა ხელი გქონდა ცეცოსთან, რა, ჰაა? მითხარი!! - მიითრია თმით კუთხეში, სცემა, სჯგვლიმა და რა რომ ხელები ეტკინა, წაიძრო ფეხიდან ფლოსტი და სულ თავ-პირი აუწვა.

- ვაიმე, დედილო, მოგიკვდი! - გაჰკიოდა მტკივნეულობისაგან შეწუხებული თამრო.

- მოკვდი, რომ აღარ იყო, მოკვდი! რაზე მამჭერ თავი; თავზე ლაფი რაზე დაგვასხი. შე გულმკვდრის შვილო-ო, ნუღარვე, - გააგრძელა თამროს დედა მაგდანამ ტირილის კილოზე - თქვი, თორემ სული ამოგაძრე, თქვი, ვინ იყო კიდევ წყაროზე?..

მაგდანა აღარ შორდებოდა, სწიწკნიდა თამროს, როგორც ნადირი თავის მსხვერპლსა.

- ვაიმე, დედილო! — შეჰყვირა ჩქმეტისაგან ნამწვავმა თამრომ. - ვინ უნდა ყოფილიყო! სად მიწაში უნდა ჩამძვრალიყავ... წყაროზე მოვიდა და რა მექნა...

- ოოიჰი! წყაროზე შენ და შავი ქვა მაგ გულზე, ნუღარვე - ეს სულ ი დარბაისელმა მამაშენმა შემძღვნა; მოვიდეს აქა, ჩემ შვილებს ჰქონდეთ დღე, რომ მე ის კარგა შევამკო.

რას ამბობდა და რას არა, აღარა ესმოდა რა დედა მაგდანას. ადგა გაალმასებული, ხან რას წასწვდა, ხან რას, იქ კოკა წააქცია და წყალი დაღვარა, აქ ქოთანი გადააბრუნა; სამჯერ-ოთხჯერ მივიდა კარებთან, თან გაქანებული იწყევლებოდა, იმუქრებოდა, იგინებოდა. დიდ ხანს იქნებოდა ამ მდგომარეობაში, რომ ძროხების ბღავილს არ გამოერკვია.

- აი გადაგრიოთ ჩემმა დამბადებელმა, როგორც მე ვარ ეხლა გადარეული. ზაქრო, ზაქრო! - გაჰყვირა შვილსა. - რას დარბიხარ, შე სიყმე შავო! მოეთრიე და ი საწველელი გამომიტა.

ზაქრო შევარდა დარბაზში; კუთხიდან შემოესმა თამროს ბზუკუნი და სლოკინი. შეეცოდა პაწია ძმასა, ვეღარა აწამარა: მთლად დადუმდა საბრალობელი; მოწყენით აიღო საწველელი და ჩუმად, ფეხაკრეფით გამოვიდა. კარზე ბავშვს ფიქრები მალე გადაეყარა, გაქანდა ბავშვებში.

- მოეთრიე-მეთქი, შე!.. რატომ საწველელში წყალი არ ჩაგისხამს; ბევრი გყამთ თქვენმა თვალების ვარდნამა, ნუღარვე, ესენიც გაგიშრეთ და აგემსებათ და აგებმევათ ე სამიწე თვალები, ნუღარვე!!. შეეთრიე, ჩაასხი!..

XI

მზე ის-ის იყო ჩავიდა; ჰაერში სითბო ისევ ტრიალებდა; დასავლეთს ალისფრად გაჰქონდა ღაჟღაჟი “მკვდრის მზისგან”; შორს გაბნეულს ღრუბლებს წითელ-ყვითელი ფერი მიეცათ მზის დაშთენილი სხივებისაგან. დაკვირაძლდა; ხალხი ადრე შემოიკრიბა სახლებში.

ზალიკა ახალკაცი ჩეკით ხელში მოადგა სახლის კარებს იმ დროს, როდესაც მისი ცოლი მაგდანა წიკვინებდა. დღის მეხრეებმა, რომლებიც ზალიკას თან მოჰყვნენ, გუთნის ღვედები შეიტანეს დერეფანში. ზალიკა ჩამოჯდა ძარს ქვეშ ქვაზე; მოიხადა ქუდი მთქნარებითა, რომელიც პირის წლაპუნით დაათავა: მთქნარების დროს პირზე ჯვარი გამოისახა, რომ ეშმაკი არ ჩასძრომოდა.

- რას წიკვინებდი, ადამიანო! შენი ხმა სოფელ გარეთ გამოდიოდა... რა მოხდა?

ზალიკას ეგონა, რომ უთუოდ ვენახში შესულა რამე, ან იქნება მეველეებმა ხბორები ჩაამწყვდიეს, რომ ასრე წიკვინებსო.

მაგდანამ ხმა არ გასცა, მხოლოდ ხბოს ამოუტყაპუნა პირში, რადგან უშლიდა წველაში.

- ოგეჩო, შე ბღუნძელავ, შენა!.. - შეუტია ხბოს.

- სად არიან ეს ბავშვები? თამრო, შვილო! ერთი წყალი მასვი, წყალი! - დაუძახა მამამ.

თამრო დერეფანში გამოსულიყო, იჯდა და ცხვირს იჩიჩქნიდა, რომელიც ერთობ დასწითლებოდა ხელის კიდებით; თვალები მეტის ცრემლით ჩაღვიძლებოდა; ტკივილები ჩაუყუჩდა, მხოლოდ ბჟუილსღა გრძნობდა; მშვენიერი ღაწვები ჩამოხაზული ჰქონდა ცრემლითა, მამას თავჩაღუნულმა მიაწოდა წყალი. ზალიკამ შეატყო, რომ იმის თამროს სახე დაჟირჟვებული აქვს.

- გოგო, ე რა დაგმართნია?

- დედამა სცემა. ისე მიჩეჩქვა, ისე, ისე, რომა, - უთხრა ზაქრომ, რომელმაც, ის იყო, საიდღანაც მოირბინა, ჩაიჩოქა მამასთან და დაენდო მის მუხლებსა.

ზალიკას ეს ამბავი არ იამა; თავის დღეში პირუტყვისთვისაც არ დაუკრამს გამომეტებით სახრე და შვილებისთვის ხომ თითი არ დაუკარებია.

- კიდეც იმის წიკვინი ჰქონდა... ადამიანო! რას გაქვავებულხარ, არ მეტყვი მიზეზსა?

- აი გაქვავდით კიდეცა და გაკლდევდით კიდეცა! - დაჰკრა ძროხას ჯოხი, ადგა და საწველელი შეიტანა; მალე გამობრუნდა, აკარწახებული კაბა ჩამოიშალა და მოჰყვა ბუზღუნსა: - ამოწყვეტა და გადაშენება, ნუღარვე, ამის თავსა და კისერსა, - მიიღო ხელი თამროზე... - სუ შენგან არიან ესრე თავგასულები. რაც მოგივა, ახია შენისთანაზე.

- ახა ვაგლახთა!.. ამ ადამიანმა დამაბერა, თორე რა დამაბერებდა, კლდე კაცი ვიყავი... ახლა, მადანო, არ იტყვი, რა იყო?

- რათ ბერდები... ღმერთმა რო არ მისცეს მეტი დღე ემის თავსა... რაღა რა იყო... - აქ მაგდანა ჩაჯდა, კილო ლაპარაკისა შესცვალა, ორი თითი ტუჩებზე მიიფარა განცვიფრების ნიშნად და გააგრძელა: - ამოდენა გომბიომ ეს როგორ უნდა მიყოს, ქვეყანაში თავი მამჭრას... შეეთრიე შინა, ი რძე აადუღე!.. ადამიანო, - მაგდანამ ხმა მოუდაბლა, - თურმე... ღმერთო, დამიხსენ ამ ცეცხლისაგან!..

- დიდება შენდა, ღმერთო! ვეღარ გაათავე? - მოუთმენლად უთხრა ზალიკამ ცოლსა.

- თურმე... ე რო მეზობლებმა გაიგონ, ისღა გვინდა!.. თავს ვეღარ გამოვყოფთ, თავსა... უნდა ჩიქილამოხდილი ვიარო გომბიოს გულისთვისა!.. თურმე!.. ოოი, დადექით თვალებო!.. იმ დღეს ი გუთნის ჯერი რო გამოგიგზავნე, წყაროზე თურმე ცეცოს ელაპარაკებოდა ეგ მზე ბნელი, ეგა!.. მაა!.. გაიგონე? თითის ტოლა გოგო ელაპარაკება შეღერებულ ბიჭსა, მერე ისიც ცეცოსა!.. დადექით, თვალებო, დადექით!.. გაგონილა? თქმულა? რათ მოგვივა კაი დრო! სათათრეთშიაც არ მოხდება ამისთანა ამბავი, სა...

- დედაკაცო! ნუ შეუკიდე, ნუ! რა არი ახლა, ცა და ქვეყანა დაიქცა, რო ცეცო შენ ქალს წყაროზე შეხვდა? აცა, დაიცა მამიშენის ცხონებასა, თამრომ რა დააშავა, რო დაგილილავებია, აბა ერთი, ერთი მითხარ, ჰო, მითხარ და! თამრომ დაიბარა, უთხრა აქ ჩამოდიო, თუ რა? ე მამაძაღლი ტიელა, თავიც იქა მქონდა და ფეხებიცა, მე რატო არა გავიგერა, თუ ეგრე იყო... ნუ აზვიადებ; მე ზვირთიყარია ადამიანი მეჯავრება... მე კაციც ავირჩიე, ამაღამ უნდა მაჭანკლად მივუგზავნო... ან რა, ღვთის წინაშე, რა მაჭანკლობაა საჭირო, მეც ვიცნობ და ისიც მიცნობს, მარამ წესია და ადათი.

- ნეტავიღა მე, იჰი, ჰი!.. ვერ შეიტყე, რო მე იმას ქალს არ მივცემ-მეთქი... ნაწოწი დედი შვილსა...

- რას ატრაკუნებ, ნეტავი ერთი ვიცოდე! შენმა მზემა, ბატონიშვილი მოვა შენი გომბიოსთვისა! არა?.. ცეცოს დედისთანა მანდილოსანი ადამიანი, აბა, რომელია, ერთი დამისახელე?.. მარამ რაკი ერთი დაიჟინე, ის არის, - სთქვა ახლა კი მართლა ბრაზზე მოსულმა ზალიკამა. - ზაქრო, მიირბინე და ზერეკიძიანთ სოსიკას დამიძახე... შენ ბევრი იცი!.. ასეთი კაცი დადგება, ზალიკას მზემა, რო ბადალი არა ჰყამდეს. კვირას უნდა გენახა, რანაირ დაპროწიალდა სოფლი გულითვისა! მე შენ მოგახსენო, დალაგებული სიტყვა-პასუხი არა აქვს თუ!.. ნაწოწი დედის შვილი?! - გააჯავრა ცოლს; - კიდეც ი წოწვაში, ი გვარაძიანთსა, მაგი დედა რო იყო პურიმცხობლათა, კიდეც იქ ისწავლა ი სიტყვა-პასუხი და ჭკუა.

მადანა გაჩუმდა; შეატყო რომ აღარა გაუვა რა ქმართან, რომელსაც გადაუწყვეტია ცეცოსათვის ქალის მითხოვება: დაეყრდნო მკლავზე და ფიქრებს მიეცა; ზალიკა მალ-მალ იხედებოდა გზისკენ, მოუსვენრობდა, ეტყობოდა, ძიელ სურდა საქმის ჩქარა გათავება.

მოვიდა მაღალ-მაღალი, ხმელი აპუხტივით და შავგვრემანი სოსიკა; ერთი კვირის წვერმოუპარსავობა უფრო შავს ფერს აძლევდა მის ალანძულს სახესა. სოსიკას ძაან მაჭანკლობის სახელი ჰქონდა დავარდნილი ძაღლისხევაში. ბეჯითი და ტკბილი მოლაპარაკე იყო; ისეთს გულის საკლავს კილოს მისცემდა ლაპარაკსა და ისე მიზნექ-მოზნექდა თავის მაღალ ტანსა, რო არ შეიძლებოდა არ დაერწმუნებია თავის ნათქვამის სინამდვილეში.

- სოსიკა! დაჯე ერთი... იმ დღესაც გელაპარაკებოდი. ხო იცი გლეხი კაცის ცხოვრება, თუ საქმე არ მოიმარჯვიანა, არ იქნება... ე ჩემ თამრო გოგოს აღარა ეგვიანება რა, მინდა ე ცეცოს მივათხოვო...

- ჩემო ზალიკა, რაც ადრე მოიშორებს კაცი ვალსა, ისა სჯობია; მუწუკი რო გამოგერწყობა, შეღავათი გეძლევა... მე და ჩემმა სიყმემ, ი ცოლ-შვილი ნუ გამიწყდება, რო მაგითანა არჩევანს ძე ხორციელი ვერ იზამდა, ვერ იზამდა და!

- ჩემ თვალში კი, აი, - ორი თითით წაავლო კაბას და ასწია, - აი ემის დანაფასევადაც არ მიღირს, - სთქვა მაგდანამ.

- იჰ, იჰ, იჰ! აბა დახე, აბა დახე!.. მადანო, მადანო! და-ძმობას, მაგას ნუ იტყვი, - დაიწყო დიდის განცვიფრებით, მაგრამ საშინელის რწმუნების კილოთი. - ნეტავი შენი დღეგრძელობითა ერთი მოსწრებული ქალი მებადოს და ცეცო შეირთამდეს, თორე ვინ თავ- ლაფიანი სიხარულით არ მისცემს. აბა, რა შემოგფიცო, რა ვთქვა: ერთი ვაჟი გამაჩნია ი სამ ქალში, იმაზე გენახოთ შავებითა, თუ მე თქვენთვის ცუდი მოვინდომო.

- ჰო, ჰო, კარგი, კარგი! აბა, რა სათქმელია; ღმერთმა ნუ მოგასწროს... შენ ეს გამიგე, ქრთამად რას მოიტანს, ნურც ძიელ გამოეკიდები; რაკი ჩემი გახდება, იმისი ხარჯი ჩემი ხარჯი იქნება.

სოსიკა მძიმე-მძიმედ წავიდა: ამისი საქმე ყველაზე ნაღდი იყო; გარიგდებოდა, თუ არ გარიგდებოდა, სოსიკას სადილ-ვახშამი არ ასცდებოდა.

- მადანო, მადანო! - უთხრა ტკბილად ზალიკამ. - პატარა მოგვიმზადე რამე ვახშმათა.

- მხალიცა გვაქვს, მამა! - უთხრა ზაქრომ.

- უჰ, უჰ, აგაშენათ ღმერთმა.

დიდ ხანს არ გამოუვლია, სოსიკა მოვიდა; სახე უბრწყინავდა გამარჯვების გამო.

- საქმე გავჩარხე. იმი დედა სუ ცას დაეწია; ცეცოს ხო ძიელ იამა; სიტყვა გაუშრა, ტუჩებზე დააკვდა... ქრთამად ოთხი თუმანი ფული, ორი კოკა ღვინო და კაი ჭედილა.

- მაშ ნიშნობა ე შემოდგომაზე გავაჩაღოთ, ქორწილი სააღებოთ იყოს.

- რაღა მეაღებება! რახან აღარა ჰქენი, ბარემ შემოდგომაზედვე იყოს, უხვობაა ყოვლისა.

- ხა, ხა, ხა! - ჩაირახრახა ზალიკამ; - მოხველ ჩემ ჭკუაზე... ანგრე იყოს... შვილო, თამრო!..

- აი, აი! ეხლავე ეცემა, ნუ გააგებინებ, ცოდოა!

- არა, ზალიკო, არ ვარგა, გული დაეთუთქება; ნორჩ ბალახს რო მზე დახედავს, სუ ყურებს ჩამოაყრევინებს ხოლმე. ეეიი! სიყვარული, მე შენ მოგახსენო, ადამიანს სუ სთუთქავს. ნწარა, ჩემო ზალიკო, თავი დაანებე.

მეზობლები შეჰყვნენ ვახშამს; მოიგონეს ბატონის სამსახური; თავიანთ ესრედ წოდებული გლეხებისაგანვე “თავი კაცების” მტრობა. მინდვრებს მოვრჩით, მაგრამ ახლა კულუხს რამოდენას შეაწერს, ვინ იცისო? იქნება ბევრს ზედაშეც გაუწყვეს. შუაღამე იქნებოდა, რომ მეზობლები გაიყარნენ. ზალიკამ მოსვენებით მიიძინა, მაგდანასაც გული მოუბრუნდა, შეურიგდა თავის ბედს, მიდო თავი სასთუმალზე და ამანაც მალე აასტვინა ცხვირი და მიუბანა თავის ქმრის ხვრინვა-ფშვინვასა.

XII

ცეცო დაინიშნა თამროზე, რომელზედაც ფიქრებით არა ერთი ღამე უძილოდ გულაღმა ვერხვქვეშ გაუთენებია. ცეცო თითქო გამოსცვალა ახალმა ცხოვრებამ: დამშვენდა, თითქო უფრო გალაზათიანდა; მას მუდამ წითელი გულისპირიანი პერანგი, წითელი თავშალით თავი წაკრული და ზედ ნაბდის ქუდი გვერდზე მოდებული, კოხტად ამოსხმული ბატი-ფეხური ქალამანი არ მოუშორებია ტანიდან. წადილი ნახევრობამდის შეუსრულდა; აღელვებით, გულის ჩქროლვით ფიქრობდა, ფიქრებში გადადიოდა იმ დროსთან, როცა იმას სამუდამოდ შეუსრულდებოდა იგი; შემოდგომაზე ქორწილი ვერ უხერხდებოდა და ეს უფრო სწამლავდა იმას. ცეცო მალი-მალ აირბენდა ხოლმე სიმამრის სახლში რომელიმე ავეჯის სათხოვნელად, მაგრამ მიზეზი კი თამრო იყო; თამროზე თვალის დაკვრა - უკვდავება იყო. ცეცო პატარა ცოლის ძმას დაუწყებდა ცელქობასა, მაგრამ თვალი კი თამროსკენ ეჭირა, რომელსაც ხანდისხან გამოელაპარაკებოდა ხოლმე. თამრო გაიღიმებდა; შველივით გაუხტებოდა და თავჩაღუნული შევარდებოდა საკუჭნაოში, რომელიც დარბაზს ჰქონდა მოდგმული. თამრო საკუჭნაოს საურდულედან გამოიჭყიტებოდა და სტკბებოდა თავის დანიშნულის ცქერითა; ის ამ წამებში უზომოდ ბედნიერი იყო. საბრალო ცეცო ვერ ხედავდა საკუჭნაოში მოფარებულს თამრიკოს და გულით ათასს ჯოჯოხეთურს შეჩვენებას უგზავნიდა თავის სიდედრს, რომელიც, ერთ წამსაც არი, არ შორდებოდა ხოლმე დარბაზსა. მინამ ცეცო არ გამოვიდოდა, ბაიყუშივით პირში შესცქეროდა. თამრიკო სულ ცხვირაფხლეკილი ადგა დედას თავსა, ვითომდა აქ არაფერი ამბავიაო; ათასს მიზეზს მისცემდა კარზე გასასვლელად, მაგრამ მაგდანას აგრე ადვილად ვერ მოატყუებდნენ.

ძაღლიხევაში რთვლები ძალიან ადრე იციან, ენკენისთვის გასულს იმოდენერთა ვენახები ჩაკრეფილია და ხალხი საფარცხავად არის გასული. სოფელში გავარდა ხმა, რომ ბატონმა კულუხის გაწერა მიანდო სოფლის მოხელეებს და ამათ შემწედ მისცა ბღუნძელაშვილიო და ეშმაკურაშვილიო. ცეცო თავის ამხანაგებით, თითქმის მთელი სოფელი, დაასმინეს და ბატონმა თურმე სთქვა, რომ მე მაგათ, - ცეცოს ამხანაგებით, - სოფლიდან გავაძევებინებო. სოფელს კი აღარა ჰკითხავდა: გააძევებდა?!

გათავდა აღწერა: ვენახს, რომელიც ადრევ კოკას იღებდა, ეხლა ორი შეაწერეს: ნაწყვეტები უფრო ცეცოსა და იმის ამხანაგებს მოხვდა. სოფელი გაინძრა: იგი გაითქვა, რომ რაც უღიათ, იმაზე მეტს ნუ მისცემენ. თუ ძალიან ძალას დაგვატანენ, მაშინ მეტი ღონე აღარ არის, მივცეთ, მაგრამ იმათ დაუსჯელებს ნუ გაუშვებთო. ცეცოს რჩევით, რომ უფრო მტკიცე ყოფილიყო იმათი შეთქმულება, ზემო უბანმა ღამე ჩუმად მოიყარა თავი ელიის ეკლესიაში და ქვემომ კი წმინდა გიორგისაში: აქ იმათ დაიფიცეს, დაადგინეს, რომ ერთმანეთს არ გასცემენ. ამოირჩიეს ექვსი კაცი. სამი ზემოდან - ცეცო, მიხა და პაკო - და სამიც ქვემოდან, რომელთაც მიანდეს მტარვალების დასჯა რითაც იყოს. ითქვა, შესრულდა.

აგერ გახშირდა რთვლები. მუდამ საღამოს მოისმოდა ვენახებიდან ყაყანი, ღრიალი, ჩხუბი, დარბევის ხმა.

- არ მოგცემ, შვილოსა, არა! რაც აქნობამდე მიღია, იმაზე მეტს ვერ გავიღებ, თუნდ რო პოპოქივითაც დასკდეთ.

- არ გაიღებ და გაჩვენებ გზასა.

ვისაც ერეოდნენ, ართმევდნენ და არბევდნენ. ზოგნი კი ფიცის გამო ზედ აკვდებოდნენ საწნახლებსა და კი არ აძლევდნენ. გაჭირდა საქმე. ფიდუა და ბღუნძელაშვილი ეახლნენ ბატონსა და გამოუცხადეს, რომ თუ ის არ ივლის, ცუდად არის საქმე.

- ოჰ, - სთქვა ბატონმა, - ეს დაწყევლილი ყმები! - დააღრჭიალა კბილები მხეცივით, მიიხედ-მოიხედა და რომ წინ სდგომოდა ვინმე, ცხენივით ჩაჰკბეჩდა მის ხორცსა. - ყაზახებს მოვაყვანინებ, ყაზახებს, და სულ ზურგის ტყავს ავაძრობინებ მათრახის ცემითა!..- განაგრძო კვლავ კბილების კრჭენით გამხეცებულმა ბატონმა.

ეხლა დადგა ცეცოს და მისი ამხანაგების განჩინების დღე: ეხლა უნდა ეჩინათ თავი: ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. “ამისთანა სიცოცხლეც ამოვარდეს”, გაუელვებდა ხოლმე ცეცოს თავში, მაგრამ ხათა ეს იყო, მის გულში სხვამაც დაიჭირა ალაგი, სხვა სიყვარულმაც შედგა ფეხი. ახალი ყველა კარგია და ადვილად ვერ დასთმობს ადამიანი. ცეცო იმის მოგონებაზე, რომ სოფელს პირობა მისცა - გაითქვნენ, რომ რითიმე გადაუხადონ მტარვალებს და მდევნელებს, თრთოლდებოდა, ირყეოდა, რადგან თამროს სიყვარული, მისი მოგონება, მისი მშვენიერი სურათი მას აყენებდა, აბრკოლებდა. მეორეს მხრით, ის წარმოიდგენდა თავისსა და თავის მოძმეთა დაუღალავს შრომასა, მუდმივ ოფლის წურვასა, რომლის შემდეგი ნამუშევარი უსირცხვილოდ სხვას მიჰქონდა და მიაქვს, და გული ევსებოდა შურისძიებით. როცა მიხა ჰყავდა გვერდით, როცა ის ცხარედ დაიწყებდა ხოლმე ლანძღვა-გინებას მტარვალებზე, ცეცოს სულ ავიწყდებოდა თამროც და მომავალი ბედნიერებაც.

- “რა ვქნა, მე კიდევ, კიდე, მაგრამ მიხას რაღა სჯის?” - დაეკითხა ცეცო თავის თავს. - “ის ხომ აზნაურია, იმის მამულს ხომ ღალა-კულუხი არ ერთმევა და რაზე იწირავს სოფლისათვის თავსა?!”

მაგრამ მიხა იმიტომ იკლავდა თავს, რომ მისი მამულები სულ ბღუნძელაშვილსა ჰქონდა ხელში ჩავარდნილი თავისი სულელის ძმის წყალობითა; ერთი ვენახი ფიდუას ეჭირა; ბერძნის ბერებმა მის მამა-პაპას სული ამოართვეს მამულის დავაში. თუმცა ვერ ჩამოართვეს, მაგრამ იძულებული იყვნენ, რომ მამულები გაეყიდნათ ნემსის დანაფასევად, რადგან დავიდარაბაში ფული იყო საჭირო. ყველა ეს იყო დარჩენილი მიხას გვარში; ყველა ამას ეუბნებოდა თავის შვილებს და ამიტომ, როგორც მიხას, ისე თვითეულს მის საგვარეულთაგანს, სძაგდათ ბერების მოადგილე “უპრავლიაუშჩები” და მათი შემწე გლეხები, რომელნიც ხალხის ხარჯით სცხოვრობდნენ და რომელთაც ხალხისავე ცარცვა-გლეჯით შეიძინეს ქონება. გლეხობასაც ეს გვარეულობა საშინლად უყვარდა, ხათრი ჰქონდა, პატივსა სცემდა.

XIII

აღმოსავლეთის მხრით სოფელ ძაღლისხევის ზემო უბანს უდევს კარგა ფართო მოედანი, რომელსაც ზაფხულობით გადაეკვრის ხოლმე მშვენიერი მწვანე, დაბალი ბალახი ხავერდის ყდასავითა. მთელის ზემოუბნის ოთხფეხი თუ ორფეხი ცხოველი ზაფხულის დილით გამოიშლება ხოლმე მოედნის ნამიან ბალახზე: დარბიან, ჩიჩქნიან დანამულ მწვანესა; ბატები, რომლების მოშენებას ამ სოფელში ძალიან მისდევენ, სისნიან გახელებულად მატიტელასა; ქათმები დასდევენ კალიებსა. უწინ მოედანი გარს შემოზღუდული ყოფილა მცხოვრებლებით, - ამის ძეგლად ნასახლარები დარჩენილა; დღეს ნასახლარები ძაღლებისაგან ჩატანილის საქონლის ძვლებით არის სავსე. მოედანი იყო და არის დღესაც ადგილი ძაღლისხეველების ლხინისა, გართობა-თამაშობისა. აქ შეიყრიდნენ ხოლმე თავს სოფლის შეღერებული ბიჭები, მღეროდნენ, თამაშობდნენ, ბურთაობდნენ, ყმაწვილობდნენ. ბევრი ბიჭი გამოიჩენდა და ისახელებდა ხოლმე თავს თამაშობაში, რომელსაც “წრე-ბურთას” ეძახიან.

ხალხი ამბობს, რომ ამ მოედნის ნასახლარების მცხოვრებნი აჰყარა წმინდა ელიის ხატმაო. “პატარა მოედანი მაქვს, მინდა გავაფართოო საჯირითოთაო”, ამბობს წმინდა ელიაო. ხალხი, ასე გასინჯე, ასახელებდა იმ კაცის სახელსა და გვარსაც, რომელსაც ვითომც ელიამ ეს სიტყვები უთხრა.

მოედნის აღმოსავლეთით, ზედ სერის პირზედ, ყოფილა ნანგრევი წმინდა ელიის ეკლესიისა, რომელიც დღესაც ეტყობა. შემდეგში აზნაურ გვარაძეების საგვარეულოში ერთს მღვდელს ნანგრევზე ფიცრის ეკლესია აუშინებია და დაუყავრნია. ეკლესიას წინ პატარა ვაკე აქვს, რომელიც ხალხს თავის სასხდომ ადგილად და სალაყბოდ ამოერჩია. უკეთესი სასიამოვნო თვალისათვისა, გრილი, ამასთანავე შავი ფიქრების გამქარვებელი ადგილი არ არის მთელს ფრონის ხეობაზე, როგორც ეს წმინდა ელიის ეკლესიის ვაკე ადგილია: აქედან თვალი ხედავს ვიწროს, სოფლებით და ვენახებით, ხეხილისა და კაკლის ჭალებით დაფენილს, ზურმუხტისფერ ღელესა. კავკასიონის უმთავრესი მთაგრეხილი დაფიქრებული, ჭაღარა შერთულის თავით შიგ ჩამოსცქერია ამ მშვენიერსა და ვიწრო ხეობას.

წმინდა წინასწარმეტყველის ელიის ეკლესიის დასავლეთით, სწორედ მოედნის პირში, იდგა ძველი ხის სახლი, რომელსაც ზედ მოდგმული ჰქონდა ძველისძველი დარბაზი. ყავარი ალაგ-ალაგ აეგლიჯნა ძლიერს ქარსა, რომელიც თითქმის მუდამ ჰქრის ამ სოფელში, და დაეუშნოვებინა ისეც მოძველებული სახლი, როგორც უკბილო ადამიანი. ამ ფიცრულის გარშემო სხვადასხვა შენობა ბლომად მოსჩანდა: ორ-ორი ბოსელი, ორ-ორი მარანი. ბოსლისა და ერთი მარნის ბანები ჩანგრეულიყო, ეტყობოდა, პატრონი აღარ საჭიროებდა, ან ხელმოკლეობისა გამო მიუტოვებია და აღარ გაუახლებია. ნანგრევებზე, ეტყობოდა, რომ უწინ აქ შემძლე ოჯახი სახლებულა. მაგრამ ჟამთა ბრუნვას ესეც მიუნგრ-მოუნგრევია.

ამ სახლის პატრონი ამჟამად იყო ვასილ გვარაძე. თავის საგვარეულოში ვასილი ყველაზე კარგად ცხოვრობდა: სახნავი მიწები საკმაოდ ჰქონდა თავისთვისა და კარგი ვენახებიცა: მაგრამ რაც კარგი და კარგი იყო, ზოგი ბერძნის ბერებისაგან ჰქონდა ამასაც წართმეული, ზოგიც გაყიდული იმათთან დავიდარაბაში. ვასილი რომ მოიგონებდა ხოლმე წართმეულს მამულებსა, მოიგონებდა, თუ რანაირად ჩამოართვეს მის მამა-პაპას მამულები და სხვას მიჰკერძეს, ცეცხლი მოეკიდებოდა გულზე და მთლად ბრაზით აინთებოდა ხოლმე. ვასილ გვარაძეს გათავებული ჰქონდა სწავლა ერთს რომელღაც დაბალს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც კეთილშობილთა შვილთათვის გამართეს ჩვენს ქვეყანაში. ვასილს ახსოვდა, მოესწრო იმ დროს, როცა მისი მამა-პაპა ცხარედ ებრძოდა ბერძნის ბერებსა მამულის თაობაზე; ის დღე იყო და ის დღე, ახალგაზრდა ვასილს ჩაენერგა გულში ბოროტების დევნა. სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ ის ხან სად იყო, ხან სადა; ბოლოს დაბრუნდა სახლში. სოფლელებს ეგონათ, რომ ვასილი შიმშილით მოკვდებაო, რადგანაც არც ფული ჰქონდა, მამულ-დედულიც გაპარტახებული დაჰხვდა და სახლ-კარი მინგრეულ-მონგრეული. ვასილმა ტყავი გადმოიბრუნა: გლეხურად დაიწყო დღედაღამ მუშაობა; მამული მამულს დაამგვანა: გააკეთა სამი ვენახი; ჰყიდა ღვინოები; იყიდა წისქვილი და ვენახი - სულ თავის ოფლით, თავის პატიოსანის შრომით ნაშოვნის ფულითა. ხალხმა შეიყვარა სულით და გულით ვასილი; ხალხისთვის ვასილის მეტი არავინ იყო მისამართი: იგი იყო მათი ფარი და ხმალი, იმათი დამრიგებელი, ჭკუის მწვრთნელი, ყოვლის საქმის გამკეთებელი.

მიხა გვარაძის სახლი იქვე, ვასილის სახლის გვერდით იყო; ვასილი და მიხა ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ ერთმანეთისა. ვასილს მოსწონდა მიხას გამბედაობა, თავგანწირულობა, რადგან იგი თავის ყმაწვილკაცობას აგონებდა.

დაღამდა ერთი შემოდგომის დღე. მიხა შინ იყო; მალი-მალ გამოდიოდა დერეფანში; სახეზე აღელვება ემჩნეოდა. ქვრივს რძალს მიხასას უკვირდა მაზლის ამგვარი ყოფა. სახლს ანათებდა მხოლოდ ბუხრის სინათლე. მიხა მივიდა ბუხართან, მაგრამ მსწრაფლად გამობრუნდა, ქუდი დაიხურა, იპოვა ჯოხი და საჩქაროდ გამოვიდა დარბაზიდან. კარებში მიხას ცეცო შეეტაკა.

- ეჰ, მე კი სული დამალევინე და!.. პაკო რაღა იქნა?

- აგერ მოდის... კაცო, ეხლა არ იყო ჩემთან შენი ძმისწული, რა ხანს გაუვლია... მერე რაზე აბობოქრებულხარ?

- უკანვე გაბრუნდი, გასწი რაღა!.. ჩვენ ვახშმად სხვაგანა ვართ... ნუ მამიცდით, - შესძახა მიხამ რძალსა და გამოაჯახუნა დარბაზის დევერხანა კარები...

- ვასილი მარტოკანაა სახლში; ჯალაბი შინ არა ჰყავს, პატარა ვაჟის მეტი; მოველაპარაკოთ ჩვენს საქმეზე, გამოცდილი კაცია.

- ურიგო არ იქნება, — უპასუხეს მიხას ამხანაგებმა.

შეეხმაურნენ ვასილსა. ხმაურობაზე აივანზე გამოვარდა პატარა ვაჟი ვასილისა, რომელმაც ცქრიალით ჩამოირბინა კიბეზე.

- მამა შინ არის; დავუძახო? — ბავშვი შეტრიალდა კიბეზე და ელდასავით შეირბინა სახლში. ამ დროს თვით ვასილიც გამოვიდა აივანზე.

ვასილი შუა ხნის კაცი იყო; ჭაღარა შერთვიყო მის თხელ თმასა; პირი ძველებურად ქართულად ჰქონდა ხოლმე მუდამ სუფთად გაპარსული; მშვენიერი ქართული ცხვირი, ფირუზი თვალები, გრძელი, სუფთად მოვლილი და ჩაგრეხილი ულვაშები - ყველა ესენი ერთად შეერთებით გვიჩვენებდნენ, რომ ვასილი ერთს დროს ძიელ სასიამოვნო შეხედულებისა უნდა ყოფილიყო.

- ამოდით, ამოდით... ჰა, ცეცო, მოგილოცო ნიშნობა? ღმერთმანი, მამაშვილობამა, რომ ძალიან ჭკვიანური საქმე გიქნია; თამროს კაი მამა ჰყავს, შვილიც კარგი იქნება; მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ნათქვამია ძველთაგან. მეზობელია, რაც უნდა იყოს, ეგ ემჯობინება.

თითქო დანა დასცეს გულში, ისე შეკანკალდა და შეინძრა ცეცო, როცა თამროს სახელი გაიგონა; აეფუტკნა თავში ათასგვარი მწარე ფიქრები, რომლის ასრულება თამროს დააკარგვინებდა, სამუდამოდ მოჰგლეჯდა გულიდანა.

- ბიძაჩემო, - დაიწყო მიხამა, - შენც გულდამწვარი, მეც აგრეთვე, სოფლის ხალხი ხო უარესად, და სულ ვისაგანა, რო იცოდე...

- დაჯექ, შვილო, პაკო, ვის ერიდები, შენი სახლია, - უთხრა ვასილმა და უჩვენა, რომ ტახტზე დამჯდარიყო... - ჰო, მერე?

- მერე და მერე... სულ ვისგანა ვართ გულდამწვარი? მოგეხსენება, ბიძაჩემო, იმ დღევანდელი ჩვენი ამბავი: მასუკან კიდენა, ე იჯარადარი რო მოვიდა და უღმერთო კულუხი შააწერა ვენახებსა, გავითქვენით რამდენიმე კაცი, რო რითაც იყვეს გადავუხადოთ მაგ წურბელას. აბა, რითი, რითიო? ჩავარდა ხალხში ლაპარაკი; გადავწყვიტეთ, ვცემოთ.

- ეგ რო ვიცით, უფრო გული გვეძლევა და გვიკეთდება, - დაიწყო ცეცომ. - ახლა, როგორც მიხამაც მოგახსენათ, შენი ჭირიმე, გადავწყვიტეთ, გაუსწორდეთ იჯარადარს. ორიოდე ბიჭი ავირჩიეთ, სულ ტალიკ-ტალიკი ბიჭები; აი ეს პაკოა; უწინ ხომ სულ ჩემთან იყო ხოლმე ღამის მეხრეთა; ეხლა კი ბერძნების იჯარადართან გახლავს, მოჯამაგირედ დაუდგა. პაკო იმასთან იქნება; ისე გვაქვს სახეში, რო...

ვასილმა შეიტყო ამათი განზრახვა, პირი გააღო სალაპარაკოდ, მაგრამ ცეცომ შეაყენა.

- მოითმინეთ, ნათლია... ასე გვაქვს დაწყობილი, რომა ვინიცობაა, სადმე შემოგვეფეთოს... ჩვენ უნდა მუდამ ღამე ორღობეში მიუდარაჯდეთ... ვინც კი შემოგვეფეთება და ხელში ჩაგვივარდება, - იჯარადარი იქნება, თუ ფიდუა, ან ბღუნძელაშვილი, - ცემა როგორც მოხერხდება, არ ასცდებათ... პაკო იჯარადართან არის, იმას ახლავს... ახლა, ნათლია-შვილობასა, გამოცდილი კაცი ბრძანდებით, უნდა დარიგება მოგვცე, როგორ მოვიქცეთ.

ვასილი, თითქმის მოხუცებული, თითქოს გაყმაწვილდა, თითქოს თმა გაუშავდა, მოკეცილმა ცმუკვა დაიწყო, მომუჭა ხელები და კალთაში მუხლებზე ჯიჯგნა და მტვრევა დაუწყო; გული აუვიდ-დაუვიდა. მთლად აუკორკოტდა; ვასილი ასდევდა გულის ცემას და ირყეოდა მთელი ტანითა.

- ჯერ ეს მითხარით, ვინ რა უნდა გააკეთოთ, ან როგორ გიდევთ გუნებაში?

- მე ვეუბნევი, რო როცა ანგარიშის გაწევა გვენდომება, ხურჯინები გადავიკიდოთ და ვითომ სხვაგან მივდივართ, ისე ვაჩვენოთ სოფელსა; ჩვენზე ეჭვს ვერ მოიტანენ. ცეცო კი ამბობს, რო ასე ნუო, ასე არ ივარგებსო.

- მეც ცეცოს აზრისა ვარ: ეს იცოდეთ, თუ სხვებზედ არა, ე თქვენ ორზე მაინც ეჭვს მოიტანენ და მოიტანენ. იქნება კიდეც დაგიჭირონ, - სთქვა ვასილმა, - ყველაფერს უნდა მოველოდეთ.

ცეცოს თავიდან დაჰკრა ჟრუანტელმა და ფეხის ფრჩხილებამდე ხლაკვნით ჩაუარა; სახე შეუბუსუსდა, შუბლზე ჭირის ოფლი ააჩნდა: ცეცოს ის ჰკლავდა და აღონებდა, ის უმუწუკებდა და უსერავდა გულსა, რომ დაინიშნა; რომ თამრო დაეკარგება, სამუდამოდ გამოეთხოვება იმას, ვიზედაც არა ერთი ღამე გაუთენებია და დღე დაუღამებია ტკბილს ოცნებაში. ჯვარი რომ დაეწერა, იქნება კიდევ ჰქონოდა თამროსთან შეყრისა და ნახვის იმედი. ეხლა? ეხლა დანიშნულია; აშარი სიდედრი ცეცოსი თამრიკოს მაშინვე სხვას მიათხოვებს; ცეცოს სიდედრს კიდევაც გაეხარდება, იმიტომ რომ თამრიკო ცეცოსთვის არ ემეტებოდა. ამ მწარე ფიქრს მიეცა ერთ წამსა, მაგრამ თავი ჩაიქნია, კბილები ჩააკრაჭუნა და გადასწყვიტა, მწარე ფიქრები მოეშორებინა თავიდანა.

- მე ვეუბნევი, - დაიწყო ცეცომ, - გავიყვნეთ-მეთქი ამხანაგები.

- პაკოს იმედი გაქვთ, რომ არ გაგცემთ? - ჰკითხა ვასილმა.

- ჩვენ ყველანი ერთს ტაფაში ვიწვით: პაკოს ვენახი ბღუნძელაშვილს არ უჭირავს!..

- ვაიმე, ვაიმე! ნათლი, მაგას რას მიბრძანებ, შენი ჭირიმე! ცეცოს და მიხას რო უღალატო, მაშ ვიღასღა ვეძმო, და რომ ვუმუხანათო, იმ გრძელ სოფელს ღმერთთან რა პასუხი უნდა გავცე?! - სთქვა გულმოკლულმა პაკომა.

- დიახ, პაკო იქ იქნება; მე და მიხა კი, - განაგრძო ცეცომ, - ორღობეში ჩავუსაფრდებით; დანარჩენი ბიჭები იმ ვენახში, საიდამაც კულუხს წამოიღებენ.

- დამაცა, დამაცა... სწორედ ეგრე უნდა, ცეცო, სწორედა. კულუხს ვინ სწერს და რწყავს?

- მამასახლისი თავისი გზირით, ფიდუა და ბღუნძელაშვილი, - უპასუხეს ვასილსა.

- მე ვიცი, რო ჩემს ვენახზე დაიწყობენ დავი-დარაბასა და მაშინ გვაქვს დროი, - სთქვა ცეცომ.

- არა, ისე უნდა მოხერხდეს, რომ ამ ექვსის კაცის ვენახში თქვენ ექვსის გულისათვის არ შესრულდეს თქვენი განზრახვა, თორემ ეჭვს შემოიტანენ და ხელს დაგადებენ. სხვის ვენახში რო მოხდეს, ემჯობინება. აი ყური დამიგდეთ, მგონი ასე ემჯობინება, პატარა ორღობეში შენ და მიხა ჩაუსხედით; დანარჩენები ზერეკაძიანთ ვენახებთან. ეხლა იქით სწერამენ; ისინი ხომ ვენახ-ვენახ, ბილიკებზე წამოვლენ; პეპეს ვენახის გადმოსასვლელში ჩაუსხდნენ კულუხის ამწერლებსა; თქვენ კი, როგორც წეღანაც გითხარით, ამათზე კარგა მოშორებითა, პატარა ორღობეში იჯარადარსა.

- აგრე ძალიან კარგი იქნება, შენმა მზემა, - წამოიძახეს სამთავემა.

- მაინც და მაინც იმ ორღობეში ხალხი გვიან შეგროვდება. თუ სხვანაირად დაიჭერ საქმესა, კვალს თქვენზე მოიტანენ. როგორც მიხას უთქვამს, რო მას თავი ვაჩვენოთ, ვითომც სხვაგან წავედით; ღამე მივბრუნდეთ და ანგარიში გავუწიოთ, - თავს არ მოვა. თქვენ უსათუოდ დაგიჭერენ: სად იყავით? ვისთან იყავით? ჯერ ეხლა იმ დღევანდელ ლაპარაკისათვის “პრიგოვორს” თურმე ადგენინებს და მაშინ ეგრე რო ჩაიდინოთ, ხსნა აღარ გექნებათ... იჯარადარს უნდა სცემოთ, თუ სხვაფრივა გწადიანთ რამე?

- ვცემოთო? - წამოიძახა მიხამ ზიზღით.

ვასილი წამ-ერთს გაშტერდა; მაგრამ მოიგონა თავისი ყმაწვილობა, თავისი უნარი, არ გაჰკიცხა და უთხრა გასაფრთხილებლად:

- ეეე, ბიძავ, თუ ყოჩაღათ არ მოიქეცით, ციმბირი აქეთ დაგრჩებათ...

- შე დალოცვილო, იმიტომ გიახელით, რომ ციმბირს ავცდეთ, - სთქვა ცეცომ.

დაასკვნეს, ვასილის რჩევით, რომ პატარა ორღობეში უდარაჯონ.

XIV

ძაღლისხევაში გახურებული რთვლებია... როგორც მოთხრობის დასაწყისში ვთქვით, სოფელი მაღლობზე სდგას; ვენახები კი ძირს, ღელეშია, ჩაფენილი. ხალხი დატანჯულია ძირიდან მაღლა მოსავლის ზიდვითა; ბევრი ზურგით ამოზიდავს ხოლმე ტკბილსა, რაკი ურემს ვერ მიუყენებს ხოლმე შემოდგომაზე, ენკენისთვეში, მთელი ძაღლისხევა ვენახებში ჩადის: იკეთებენ მშვენიერს ქოხებს; ზოგი ორსართულიანს ქოხს წამოსჭიმავს ხოლმე. დღისით ბავშვები ხმაჩაუღებლივ უქაქანებენ ძაღლებსა, მაგრამ თვით ძაღლზე უარესობენ.

დაღამდა. ხალხი ვენახებშია. შინ რჩებიან მოხუცებულნი, რომელთაც ჯანი გასტეხიათ, უკვნესით და თავი აღარა აქვთ აქეთ-იქით წოწიალის და ყარაულობისა. აგერ ერთის ქოხის წინ ანთია ძლიერი ცეცხლი; გარს რამდენიმე კაცი უზის. ამათთან სხვებიც მოვიდნენ. ქოხი ზალიკა ახალკაცისაა, ცეცოს სასიმამროსი. მაგდანა, ზალიკას ჯალაბი, ცეცხლა-პირას ფუსფუსებს; ქარი კომლს თვალებში უბერავს, მაგრამ მაგდანა თავისას არ იშლის, ურევს ციცხვით ქვაბსა, ისვრიმის ჩიხითმას აკეთებს. მაგდანას თავისი, ახლად დანიშნული ქალი თამრო თან არა ჰყვანდა, ნათლიასთან გადაეყვანა, ვინ რას ეტყოდა, ხომ პირში ჩააფურთხებდნენ მაგდანასა, ხომ მანდილი მოეხდებოდა, რომ ახლად დანიშნული თამრო ვენახში ეტუნტულებინა.

მაგდანამ წამოდგა ხონჩა, რომელზედაც მადიანი თონის პურები ეწყო, ხახვის ფოჩი, ორი ბებერი კიტრი და მოხარშული კვახი. პატარა ზაქრომ დედის ბრძანებით თიხის ჯამებს წყალი მოავლო.

- ე ძაღლის ტიალა, მამა-პაპანი აქ დაბერებულან და აქ დახოცილან, ამითანა ამბავი კი არ გაგონილა; ნეტა სხვაგანაც ასეა? ყველაზე ღალა უნდა ავიღოთო, - ასე გაუჩენიათ, - სთქვა ზალიკამა.

- შენ ესა თქვი, კაცო, რომა ეს უპრავლიაიუჩია, თუ რაღაც იჯარადარი, თუ რაღაც ჯანაბა და დოზანა, ხელიც იმათკენა და პირიცა, - ჰო, მინამ ის მოვიდოდეს, ხო ვენახის მოსავალი უნდა მოვაგროვოთ; თუ მოუცდით, ხო სუ შიგ ჩავიდა და ჩაიფშვნა, - სთქვა ზალიკას მეზობელმა.

- ნჰი, ეს კი არ არის აბა ჭკუის კოლოფი! აქ არ არის ფიდუა და ბღუნძელაშვილი?! მე შენ გითხრა, ვერავის იშოვნიან აი, რო აკრიფონ ყველაფერი!..

ზემო გადაწყვეტილებამ თუმცა სოფლის ხალხი ააღელვა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს - სული ტკბილია! - ჩაჩუმდნენ, დაემორჩილნენ სვე -ბედსა და ურჩი კამეჩივით მაინც გაჰყვეს უღელში თავი და ჩოქით გასწიეს ტვირთსა.

ის ბიჭები ცეცოს ქოხში შეიყარნენ.

დარაჯობა შეიქმნა; ღამ-ღამობით უსაფრდებოდნენ დანიშნულ ალაგას. დაისი გადასულია; აზნაურის ვახშმობას აღარა უკლია რა; შემოესმათ ერთის ვენახიდან რაღაც ყაყანი: ოთარას ბიჭი არ იძლეოდა ტკბილსა. პაკო, რომელიც ფიდუასა და ბღუნძელაშვილთან იყო ვენახში, წამოვიდა, ჩასაფრებულ ამხანაგებს ნიშანი მისცა და სწრაფად აირბინა სოფელში.

დიდხანს აღარ გაუვლია, იჯარადარმა ცხენდაცხენ, თქარათქურით ჩამოირბინა ორღობეში და მიიჭრა ოთარას ბიჭის ვენახში. მეკულუხეებმა კარგა ხანს შეიგვიანეს. ამ დროის განმავლობაში დასავლეთის ძლიერმა ქარმა დასძრა ღრუბლები და შავბნელად გადაეკრა მშვენიერს მოციმციმე ცასა; იმავე ქარმა მალე გადაზიდა ღრუბელი აღმოსავლეთისაკენ და შავად დააწოლა მთის წვერებსა. ხანდისხან აქა-იქ გამოაცურებდა ხოლმე თხელს ლეგა ღრუბლის ნაწყვეტებსა, საიდანაც წვრილ-წვრილად ცვარავდა. ცივმა შემოდგომის ქარმა შეჰკუნჭა ხალხი ქოხებში.

ბიჭები უცდიდნენ განაბულნი, ყურწაგდებულნი, გულის ცახცახით, როგორც მონადირე ნათვალევს ნადირსა. რომელთაც აი წამს დაუცივდებოდათ ხელ-ფეხი და ფრჩხილებში ოფლი წაჰხეთქდათ, ხან ცხელი ალი აჰკრავდათ თავპირში; ალი შუბლზე ცხლად გაუვლიდათ, თითქო გახურებული რკინა გაატარესო. ერთმანეთის გულის ბაგი-ბუგი ესმოდათ; პირში ნერწყვი შრებოდა ლოდინითა. აგერა მოისმა ცხენის ფეხის ხმა, მათრახის ტლაშუნი... ფიდუა და ბღუნძელაშვილი გამოიქცნენ ძუნძულით. ფიდუამ გზაზე სარი წაჰგლიჯა ვაზსა. ფიდუას ფეხდაფეხ მოსდევდნენ ბღუნძელაშვილი, მამასახლისი და გზირი. ფიდუა შედგა ღობეზე ორღობეში გადასახტომად. ამ დროს ღობეს გარეთ მდგარმა შეთქმულთაგანმა დაჰკრა მძლავრად თავში კეტი იჯარადარს, გადმოატრიალა და ორღობეში ზღართანი მოაღებინა. შეთქმული შეხტა ღობეზე, გადახტა მეორე ვენახში და - ჰაიდა! - მიეფარა.

მამასახლისს ეგონა, რომ ფიდუა თავისით უცაბედად გადავარდაო, რადგანაც ხმაამოუღებლივ დაეცა; შედგა ღობეზე და უკან ბღუნძელაშვილი აჰყვა.

- ეეჰუუ!! ეს ხუმრობა აღარ არის, დაგვხოცეს. ეს სულ იმათი უნარია, - შეჰკივლა მამასახლისმა. - იმ...- მაგრამ წამოუარა მესამემ, დაჰკრა ბღუნძელაშვილს და ორნივე გადაცვივდნენ. გზირმა კი გაქცევა იკადრა, ჩაირბინა ოთარას ბიჭის ვენახამდის, სადაც იასაული ტკბილს მოუყენეს. გულამომჯდარმა გზირმა უამბო იასაულს თავგადასავალი.

- არიქა, მიეშველენით; თავებდამტვრეულები ჰყრიან. ეჰეი! რა დროს შევესწარით და! სწორეთ ლეკიანობაა, - ყვიროდა გზირი, რომელიც ჯანზე და ფერზე ჯერ სრულიად არ იყო მოსული. - არ გესმით? მიეშველენით იჯარადარს, კაცო, ქრისტიანები არა ხართ?

XV

188 - წელსა, აპრილის გასულსა, დილით ერთი ჩოჩქოლი იყო ცეცო გოდერძიშვილის კარებზე; ხალხში მითქმა-მოთქმა და ჩურჩული იყო, თავის ქნევა და გულში მუშტების ცემა.

დერეფნის ტახტზე ცეცოს დედა თმაგაშლილი იჯდა, მწარედ იმდუღრებოდა და მოსთქვამდა; გვერდზე უჯდა მაგდანა, ცრემლგამშრალი; წინ, ძირს, მიწაზე მოეკეცნა ზალიკასა, რომელიც მალი-მალ იმართავდა ჩიბუხსა, მალი-მალ სცლიდა, სჩიჩქნიდა, არ ასვენებდა. დერეფანშივე იყვნენ რამდენიმე სოფლის ქალი და კაცი.

- რა არის, ქა? ზოგი სამუდამოდ ეთხოვება თავის გულის საყვარელსა, შენი ცეცო ხო, - ღმერთმა სიკვდილისაგან დაიფაროს, - ხო ცოცხალია, პირში სული ხო მაინც უდგია! ქა, წინდაწინ თავი ვის მოუკლავს, რო შენ მოიკლა, - ანუგეშებდა მეზობელი ქალი.

- ის არის, ჩემო ნათლიდედა ელენე, საწუხარი, რო არც მკვდრებშია ეხლა ჩემი კოხტა ცეცო და არც ცოცხლებშია; დედა მოუკვდეს, რაღა აცოცხლებს, გენაცვალეთ, ჩემს ლამაზს, კოპწია და ცქრიალა ბიჭსა სალდათების ხელშია... ოი, შენს დედასა, შვილო! გარს თურმე სულ შტიკიანი სალდათები ახვევიანო... უჰი, შენს დედასა!.. ცეცხლი-გენია ჩაუვარდეთ, შვილო, ჩემის ლეჩაქითაც დამჯდარა ბღუნძელაშვილის გადღრენილი ცოლი!..

- ნუ გეშინიან, ნენე, რამაც ღმერთმა დაარჩინა, ის ღმერთი უშველის, - ანუგეშეს აქეთ-იქიდამ.

- ღმერთი იმისმა მადლმა და ძალმა, ღმერთი! - სთქვეს სხვებმა მთქნარებითა.

- ე მაგაზე იტყვიან, რო ობლის კვერი ცხვაო და გვიან გამოცხვაო... გვიან გამოცხვება ცეცოს კვერი, მაგრამ ისე კი გამოცხვება, რო...

- თვალი მე დამიდგა, თორემ სხვას არა ვისა, - სთქვა ტუჩის აბზუკვითა მაგდანამ, ცეცოს სასიდედრომა.

- უიმე, გენაცვალეთ, რა მოხდა აგეთი? ვინ არ დაუჭერიათ? პირველი მაგალითი ხო თქვენ არა ხართ? - ანუგეშებდნენ კვლავად მეზობლები.

- არა, გენაცვალეთ, მე მაშინვე გული შემომკვნესოდა, არ მაძლევდა ეს ოხერი გული ნებასა, რო ჩემი თამრო ცეცოსათვის მიმეცა და დახე... გენაცვალეთ, ამას რას მოვიფიქრებდი, თუ ჩემი თამრო, ჩემი ლამაზი გოგო, დანიშნული დამიქვრივდებოდა... სუ, ე ჩემი დარბაისლისაგან დამესხა ცეცხლზე წყალი, სუ! - გაიძახოდა ზალიკას ცოლი მაგდანა.

- აიბე, აიბე, აიბე! რა დაგესხა, ადამიანო! გამოვა და ისევ ის ცეცო იქნება, რაც იყო; თავს არავინ მოსჭამს და ფეხებსა. ჩემი წილი ღვთისაგან იმედი მაქვს, რო იმის სიალალ-მართლეს შეხედავს და დაიხსნის, - სთქვა ჩიბუხის ბოლებით ზალიკამა.

- ოოჰ, ელისაბედ, შენ იხარე შენის შვილითა სამზეოს ქვეყანაზედ! მობძანდი, გენაცვალე, მობძანდი; გვიშველე რამე, ნათლიდედ, გვიშველე!! -- შეჰბღავლა ნენემ ახლად შემოსულს ელისაბედსა.

ელისაბედს ქადაგივით თეთრი კაბა ეცვა, ამნაირივე თავშალი ეხვია; ფეხშიშველა იყო, კაბა ჩაკარწახებული ჰქონდა სარტყელში. ელისაბედი შუა ხნის დედაკაცი იყო; იგი ძაღლისხეველების მკითხავია, მისამართი ყველასი და გაჭირვებისას ექიმიცაა. აი ეს ელისაბედი შემოჩიკორდა დერეფანში.

- წინდაწინ თავის მოკვლა რას მიქვიანო! ჩვენ ჩვენი საცადი ვეცადოთ; ღმერთსა და მის წმიდა ხატებს შევევედროთ, რო მალე დაგიბრუნდეს შვილი. ქა, არ გამიგონია? მიხას რძალმა რაღა უნდა ჰქნას... ის უფრო აზნაურშვილი არ არის... ღარიბი კი, მაგრამ მაინც აზნაურშვილი ჰქვიან... ჰო, იმან რაღა ჰქნას-მეთქი, რო სამ-სამი ობოლი თავს დააწვა; მარჩენალი მაზლი თავს აღარ ადგია, მაგრამ, ჩემის შვილების ლხენამა, ისეა, თითქო ბუზიც არ აფრენიაო, - დაიწყო ელისაბედმა ნუგეშინის კილოზე. მოითხოვა საცერი და ლობიო; შემდეგ აიღო ნახშირი და ლობიოში ჩაურია. ნენეს უთხრა, ჩაასახელეო. მოჰყვა ტუტუნსა და ტუჩების ცმაცუნსა. ხელაპყრობილმა რამდენჯერმე სასოებით სავსე თვალებით მაღლა აიხედა.

დერეფანში მყოფნი ელისაბედს გარს შემოერტყნენ; დედაკაცები წამოყუყდნენ, ჭოტებივით წაიგრძელეს კისრები და გადაჰყვეს თავები საცრისაკენ, თითქო შიგ უნდათ ჩაძვრენაო. ასე გასინჯე, დინჯმა ზალიკამაც კი ანება ჩიბუხს თავი და ცქერად გადაიქცა. ალყაშემორტყმულმა ელისაბედმა ჰყარა ლობიო საცერზე. მკითხავი აღარა სჩანდა, მხოლოდღა ისმოდა მისი მაღალი, მაგრამ წვრილი და კაჟივით მტკიცე ხმა.

- დიდება შენდა, ღმერთო! - დაიწყო ელისაბედმა; - ნენე, რაზე იკლავ თავსა და ჭირისუფლობ! შენი ცეცო დაჭერილია; აი, აიი, ე ლობიოები რო შემოხვევიათ-ესა, ქალო, რუსის ჯარია; აი ეს ჭოტა ლობიო, აი ცალკე რო გახტა, მტერია, დაჰშორებია; ფიქრი არ არის ამისი, დედაშვილობის მადლმა. აი გზაცა... უიმე, უიმე, გენაცვალეთ! გიო არ მოუკვდეს თავის დედა ელისაბედსა, გიოი, რო ცეცოს არა უშავდეს რა, აბა რა სათქმელია... აი, ქალო, ეს ლობიო რო წამოჰტორღიალებია, აი სწორედ ეს ლობიოი, - ვენაცვალე იმის მადლსა და ძალსა, - წმინდა ელია ღრუბელთა წინამძღვარია; ეხმარება და ზვარასა სთხოვს შენს ცეცოსა, ჰო დედაშვილობამა.

- ვენაცვალეთ წმინდა ელიასა! - გუგუნით წარმოსთქვეს იქ მყოფთა.

ელისაბედმა მეორედ ჰყარა ლობიო.

- აი, ხედავთ? - ელისაბედმა პირჯვარი გადიწერა; სასოებით და ზეახედვით სხვებმაც გამოისახეს ჯვარი. - აი ახლა ხედავთ? ცეცო მარტოკა დარჩა, - განაგრძო ელისაბედმა. - ეს ჭრელი ლობიო რატომ არა შორდება; წეღანაც გვერდთ ახლდა; ნეტა თუ ვინ უნდა იყოს? - იკითხა ელისაბედმა.

- მიხაი, ქა მიხაი! - მიაძახეს ყველამა.

- ჰა, მართლა, მიხაი!..

ჰყარა მესამედ და ეხლა კი სულ ერთიანად დაჭეშმარიტებით მკითხავმა ელისაბედმა, რომ ცეცო და ჭრელი ლობიო, მიხა, აგერ გზას ადგანან და ამ სამ-ოთხს დღეში შინ მშვიდობით დაბრუნდებიანო. ელისაბედმა მოატანინა კოშტი წმინდა სანთელი; ჩამოჰქნა კაცის სიგრძე პატრუქზე, ჰაერში რამდენჯერმე შემოავლო, თითქო თავს ავლებს ვისმესო და ელიისათვის გადაადებინა.

საზოგადოება დამშვიდდა; ნენემ გულხელი დაიკრიფა და გაშეშდა ტახტზე; ელისაბედის მკითხაობამ, ცოტა არ იყოს, გულს დარდები მოაშორა, აღუძრა იმედი შვილის დაბრუნებისა. მაგდანასაც სიამოვნება დაეტყო და ზალიკა ხომ სულ ლაპარაკად გადაიქცა, სიხარულით ამოიდგა ენა და ხან ამ მთისას გაიძახოდა და ხან იმ მთისასა.

- მე რო გითხარით, რომა ჩემის წილის ღმერთის იმედი მაქვს-მეთქი, რაო, ტყუილად ვამბობდი? იმის მადლის ჭირიმე, იმი, როგორ გამწირავდა ღმერთი ალალმართალს კაცსა! მა! არ მოხერხდება, ნენე, დედი, არა!!. ცეცო, შენი შვილი, ალალი კაცია, ეს არის აი, - უჩვენა ხელის გულზე; - ჩემი თამრო მტრედივით უმანკოა... ღმერთო, ნუ დაგვკარგავ, ნუ! - და გადიწერა სასოებით ზალიკამ პირჯვარი.

- ღმერთო პატრონო! - შეჰღაღადა ხელგაპყრობით ნენემ და რამდენიმე წამს დარჩა ამ ყოფაში.

XVI

ცეცო და მიხა, როგორც უწინასწარმეტყველა ვასილ გვარაძემ, დაატუსაღეს და ჩასხეს მაზრის საპყრობილეში. იმათზედ ეჭვი მიიტანეს სოფლის თავკაცების ჩვენებითა.

ორივე ჩაჰყარეს საპყრობილეში, რომელიც ჯერ ხანად სკოლაა არა გასწორებისა, კაცის აღდგენისა, არამედ ყველა სიავაზაკისა, ყველანაირის უნამუსობისა, გარყვნილობისა და სიბილწის შეძენისა.

მიხა, როგორც აზნაური, გაიყვანეს საკეთილშობილო ოთახში; ცეცო კი შეაგდეს ავაზაკებთან. შესვლის უმალვე ყველა ტუსაღები დამწკრივდნენ.

- უცხო მოვიდა! აბა ჰა! - დაიძახა ერთმა ტუსაღმა. სთქვა თუ არა ესა, მისცვივდნენ ცეცოსა: ზოგი თავში სცემდა, ზოგი ფეხს უწევდა. გაუძალიანდა ცეცო, მაგრამ რას უზავდა ორმოც-სამოც კაცსა. ბოლოს გაიგო, რომ ყველა ახლად შესულს საზოგადო ოთახში თურმე ასეთის ალერსით დაუხვდებოდნენ ხოლმე.

საღამ-საღამობით თვითეული ტუსაღთაგანი მორიგად დაიწყებდა ლაპარაკსა თავის თავგადასავალზე, თავის ავაზაკობაზე. ერთს საღამოს კვლავინდებურად გაჩნდა ბაასი. ცეცო, როგორც ახლადმოსული, ბოლოს დასვეს. ილაპარაკეს ათასგვარს გარყვნილობაზე. ღვთის წინაშე, ზოგს ტუსაღს ჯერედ კიდევ არ დაბნელებოდა და არ დაკარგვოდა სრულიად სინიდისი; ჯერ კიდევ უღვიოდა პატიოსნება, მისი ლამპარი ჯერედ კიდევ ბჟუტავდა. მაგრამ სამოცს კაცში ერთი ორი თუ იყო ამგვარი, დანარჩენნი გარყვნილების მორევში ტრიალებდნენ; ერთმანეთს სწვრთნიდნენ, ავარჯიშებდნენ ავაზაკობაში შემდეგისათვის.

- დიდი ღამეებია, რა გაათენებს. აიმ ყარაულის ცქერა გულსა ჰხეთქს... რანაირ იჭყიტება და! ოჰ, შენი სახე... მაშ დავიწყოთ, ვის რა უქნია; რო გავალთ, გამოგვადგება. აბა, შენ კი, ბათათავ, მოჰყევ; დაიწყე რაღა, ქათმებს როგორ იპარავდი, - სთქვა ბელადმა-ტუსაღმა ბრძანებითა.

ცეცო ჯერ ხანად ვერ ბედავდა თქმასა, მაგრამ რა ნახა, რომ ყველა გულწრფელად ამბობდა თავის თავგადასავალსა და შიში არ იყო გაცემისა, უამბო თითონაც თავის თავგადასავალი. ბელადს მოეწონა ცეცოს ბიჭობა და ბრძანა:

- ადექით ყველანი და პირზედ აკოცეთ ამ ახლად შემომატებულსა.

ყველანი დაემორჩილნენ.

მოცლილ გონებას მოსწყენოდა მუდამ ქურდობა-ავაზაკობაზე და მის შესწავლაზე სჯა და ბაასი; ან რა უნდა მოეგონებინა? რა ჭკუის საზრდოს მისცემდა დაკეტილს სახლში ყოფნა? თავს ხომ ვერ ახლიდნენ კედელსა?

- შენ რა განზე გამჯდარხარ, ღოჯავ? - ჰკითხეს ღოჯასა, რომელიც ტახტის ბოლოზე მიმჯდარიყო და რაღაცას ხეხდა.

- მე იმას მივჯდომივარ, რომ მინდა ემაგ ცუდად ყოფნასა და ცუდად ყაყანს მოგარჩინოთ, ადრევ გავაკეთე კამათლები საპნისა, ყველისა, პურის გულისა, მაგრამ არ გამოდგა, ეხლა კი ცხვრის ძვლისას ვაკეთებ. აი, შეხედეთ, თვლები ნემსით შემოუხაზე და ნახშირით ჩავაშავე.

- ბიჭოს, ბიჭოს! ჰხედამთ ღოჯასა? - გაიკვირვეს ტუსაღებმა; - მერე, ღოჯა?

- მერე ისა, რო ეს კამათლები ავყაროთ ხოლმე და ვისაც მეტი მოუვა, ის მოიგებს.

გაჩნდა ციხეში ამის შემდეგ კამათლების კეთება, ყველა ოთახში გავრცელდა და რამდენიმე თვე ამის კეთებასა და თამაშობაში გაატარეს დრო.

ამასობაში ცეცო თავის ბედს უცდიდა; უცდიდა წელიწადი; მაგრამ სად არის საქმის გარჩევა! გაყვითლდა, გახდა; თავის საყვარელ თამროზე ფიქრმა ხომ სანთელივით დაუდნო და დაულია გული, მაგრამ როცა სასიმამრო ჩამოვიდა სანახავად, გული გაუკეთა, უთხრა, ოცი წელიწადი რომ იყო ციხეში დამწყვდეული, ჩემს თამროს შენ არ გამოგწირამო. ზალიკას მადლიანმა სიტყვამ დაჭიანებული, დარდებისაგან შევიწროებული და გალეული გული გაუნელა, სხივი იმედისა ჩაასკვნა. და აი ამ იმედით გამხნევებულმა ცეცომ დაუწყო ლოდინი თავის საქმის გათავებასა.

XVII

188 - წელს, თებერვლის გასულს, შიოობა დღეს, ყველიერში სოფელ ძაღლისხევაში დიდი სმა და პურობა იყო. ამ დროს სოფლად ოჯახს ვერ ნახავთ, რომ სახლში თავშედგმული ხონჩა არ იდგეს ქადებით და ხაჭაპურებითა. დარმაც ხელი მოუმართა ხალხსა. თებერვლის მზემ კარგა ლაზათიანად მოახურა დედამიწა. ძაღლისხეველები ბანებზე გამოიშალნენ; ეკალაშვებული საქონელი მიიყუჟა მყუდროზე საბძლებთან და მზეს შეუფიცხა გვერდები. გათბა ნიკორა, კუდს იწმაწნის ნიშა; ნიკორამ ფეხიც გაჭიმა, ზმორება დაიწყო; მოფრინდა კაჭკაჭი, შეახტა ნიკორას ხტუნია და ხერხემალზე მედიდურად აუარ-ჩამოუარა. ხტუნია ყელყელაობს, თითქოს ამბობს, ამოდენა მხეცს ვიმორჩილებო. კაჭკაჭი სწიწკნის ნიკორას ხერხემლის კანსა, ნიკორას იამა კანის ხილვა, ასე რომ ორივე სიამოვნებაში იყვნენ.

ბანებზე გუნდ-გუნდად იდგა ხალხი; ერთის მხრით იდგნენ ქალები, რომელთაც წინ პატარძლები ჩამოემწკრივებინათ, უტყაპუნებდნენ ხარის ფაშვის დაირასა და აჭყვიტინებდნენ ბუზიკასა.

- ტაში, ტაში, გენაცვალეთ! - იძახის მედაირე.

- დაუარეთ, ჰა! ჰა! გენაცვალეთ, ჰა! - ყვირის მებუზიკე.

მოთამაშეებზე ცოტა რამ მოშორებით ხანში შესული გლეხები სხედან, გაუჩაღებიათ ჩიბუხები და წინ ფურთხის გუბე დაუყენებიათ. მასლაათობენ ამ მთისაზე, იმ მთისაზე: მეორე ბანიდან მოისმის საშინელი კიჟინა და კისკის-ხარხარი - ჩალიჩსა თამაშობენ, ჩალიჩის ტკაცანი და ლაწა-ლუწი მოისმის.

- აბა, ჰა, დაუარე, ბიჭო, დაუარე! მარჯვეთ იყავ, არ გაგჭრან! - ყვირის ერთი მეჩალიჩე, წრეს გარეთ მყოფი.

- გაიჭრა, გაიჭრა! - დაიძახეს ხალხში.

- არა, არა! - იძახიან სხვაგნით სხვანი.

- ბა, ბა, ბა! რა ბიჭია და! ციბრუტივით არ უვლის მამაცხონებული, - აქებენ მეჩალიჩეს.

მეჩალიჩეებში ერთი ახალგაზრდა ბიჭი ირჩეოდა ყველაფრით სხვებისაგან - მოხდენილობით, სიმარდით, სიჩაუქით, ჩაცმა-დახურვით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით. ამ მოჩალიჩეს, კისკას ბიჭს ტანთ ეცვა შავი ქალაქური ჩოხა, რომელსაც ნაწიბურებში ჩაქებში ოქრომკედი ჰქონდა ჩატანებული, შავივე შალის შარვალი ჩაკეცილი ჰქონდა აჭრელ-დაჭრელებულს საცვეთებში, რომელიც ახალ ჩუსტებზე იყო დასმული; შიგნითა წინწკალა ჩითის პერანგზე ეცვა სხვა, წითელგულისპირიანი პერანგი დოშლუღის მაგივრად, გარე პერანგის საკინძი ჩახსნილი იყო და მკერდს ელამუნებოდა; კალთები ჩოხის უკან ჰქონდა გაკეცილი. ეს კოპწია ერთობ კისკასად, ერთობ სწრაფად უვლიდა ჩალიჩის წრესა. ვისაც კი დაარტყავდა, უთუოდ კანჭს მაღლა ააღებინებდა და ააკვანჭალებდა. პროწიალში შარვალი მალ-მალ ჩამოეშლებოდა, მაინც არ ფერხდებოდა, გარბოდა, ცალფეხა იმაგრებდა ჩაშლილ შარვლის ტოტს წვივსაკრავში.

- შავარდენი ბიჭია! ალალი კაცია! კაცმა სიმტრით არა უნდა სთქვას რა მაგაზე. ალალს მუშას ღმერთი როდი დაჰკარგავს რომა, - სთქვა ჩვენმა ნაცნობმა სოსემ წითელგულისპირიანზე. - ალალი კაცი ქვეყნის მოკეთეა, აკი ღმერთმაც არ დაჰკარგა ჩვენი სოფლისთვისა.

- ოღონდაც, სოსე, ოღონდაც! ღმერთმა სიკეთე ნუ მოუშალოს, - წამოიძახეს ერთხმივ გლეხებმა.

- მაგისი მამა რო კვდებოდა, თურმე ანგელოზი ჩამოვიდა, ი სულთამხუთავს რო იტყვიან, ისა, თავს წაადგა მაგის დედას ნენესა და ასე თურმე უთხრა: “ნუ გეშინიან, ნენე, შენი შვილი სხვა ვარსკვლავზეა დაბადებული, დიდს ბედს ეწევაო”, - სთქვა მეორე მოხუცებულმა გლეხმა.

- ე რა მაგ სიტყვის პასუხია და საწყალი მაგი მამა რო სულს ებრძოდა, მე იქ ვიყავი და...

- გახსოვს კი შენა, ჰა, ოთარა? - გააწყვეტინეს ოთარას ლაპარაკი.

- რას ამბობთ, კაცო! ნენეს ქმარი ნინიკაი ჩემი კბილის კაცი იყო... ასე იანგარიშე, მე დიდ ხორველობას რომა მეხრე ბიჭი ვყოფილვარ, კაი შენი მოწონებული მეხრე ბიჭი და შენ ხარ ჩემი ბატონი, და... ჰო, მე იქ ვიყავი, ი ნინიკას რო სული ხდებოდა, და ნინიკამ სწორეთ ეგრე უთხრა თავის დედაკაცს ნენესა... ი დალოცვილმა ანგელოზმა თუ ჩააგონა...

- ზალიკაც ჩვენში ძაან მადლიანი კაცია, მართალი; ზალიკამ თავის დონის კაცი იშოვნა... საცა დოვლათი დაიბუდებს, ძმავ, ის არის! ჯოჯოხეთის მუგუზლითაც ვერ გამოაგდებ. ზალიკას ძველადგანვე დოვლათი მოსდევს; მაგისი გვარი სუ ეგრე დოვლათიანი ყოფილა ყველაფერში. ალალი უყოს ღმერთმა... კაცი შვილივით გაზარდა, იცოდა, რაც კაცია, როგორი გამრჯელია, როგორი გულისა და...

- კაცს შუბლზევე აწერია თავისი კაცობა, - ჩამთქნარებით სთქვა სოსემა.

- გაიჭრა, გაიჭრა! - გაისმა წრიდან ხმა და მოხუცებულებს შეაწყვეტინა ლაპარაკი.

- ასე, არა!!

- რათა, ძმაო, საცვეთში მომხვდა, ტყუილი რის მაქნისია, - სთქვა გაჭრილმა.

- აბა, მაგ ზემოუბნელსა, ზემოუბნელსა, კანჭები შეუხურეთ, ჩვენი უბნის ქალი ჰყავს; აბა ჰა! კანჭები შეუსისხლიანეთ, რო სისხლი ავიღოთ, - ჰყვიროდა ხალხი.

წრის ახლო ქალებიც იდგნენ; ერთი ხანში შესული მანდილოსანი მხიარულის კაბით ერდოს ჭდეულზე ჩამომჯდარიყო და აღტაცებით შეჰფრფვინვიდა წითელ გულისპირიანს მეჩალიჩესა. ამ მანდილოსანს გვერდით უდგა ლამაზი, სავსე სახის პატარძალი, რომელსაც ორი თითი ტუჩზე მოედო და ჩუმად კუჭკუჭებდა მეჩალიჩეების ხტუნაობაზე. ლამაზს პატარძალს მარცხნივ მოსდგომოდა ჭაღარაშერთული კაცი, დარბაისლურად ჩაცმული. მოხუცებულს მარჯვენა ხელთ ჩიბუხი ეჭირა, მარცხენა ნიდაყვით ჯოხზე დაეყრდნო და მარჯვენისათვის ბოძად მიეცა.

- ნეტავი შენს დედასა, - სთქვა ერთმა მანდილოსანმა, როცა წითელგულისპირიანმა ციბრუტივით დაუარა და ერთხელაც არ დაიკრა ჩალიჩი.

- უი ჩემს თვალებს, ქა! რა პასუხია?! რა დაგემართა, შენი მეზობელი იყო, ხელიდან როგორ გაუშვი და შენი საბედა არ მიეცი, - უთხრა პირველს მეორემა.

- ნეტა შენაცა, ნატროვ! ზალიკას ჩემოდენა კუდი დასთრევს; რაკი მოუსვა, ის იყო, გათავდა!.. მაგრამ ღმერთმა ისე გააბედნიეროს, როგორც თავისი დედის ალალსა და ქვრივ-ოხერს ძუძუებს უნდოდეთ, - სთქვა გულწრფელად საბედას დედამა.

ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა ამ შიოობა დღესა სულ წითელგულისპირიანზე ლაპარაკობდნენ. იმ დღის ვარამიც ის იყო და სიხარულიცა. ეს წითელგულისპირიანი იყო ჩვენგან უკვე ცნობილი ღამის მეხრე ალექსა გოდერძიშვილი, ჩვენი ცეცო, რომელიც საპყრობილედან გამოეშვათ რამდენიმე წლის უკან და რომელსაც იმ ედი შეუსრულდა და ჩაიკონა შავთვალებიანი თამრო.

ცეცოს ქორწილის შემდეგ სიმამრ-სიდედრის სახლში შიოობა დღეს ფეხი ებრუნა და სოფლის ჩვეულებისამებრ ახალი სიძე, ზემოუბნელი ცეცო, შუაუბნელებს ჩალიჩში ჩაეყენებინათ გამოსაცდელად და ყველანი თვალგაფაციცებით, სიყვარულით და სიამოვნებით შესცქეროდნენ ცეცოსა.