The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დღე გაფითრდა იაგუნდისა

დღე გაფითრდა იაგუნდისა

დღე გაფითრდა იაგუნდის,

დგას ღრუბლების ჯგუფები.

რაგინდ დიდი გული გქონდეს,

მაინც დაიღუპები.

საშინელი მოსკდა წვიმა,

ოს მცხეთაში წავედი,

სად აზიდა ძველმა ქიმმა

მწირის ცა, ვარსკვლავები.

არ გადიღო წვიმამ გზამდე,

ტალახებს ვერ დავზელდი,

და თავიდან ფეხებამდე

მასხა, ძლიერ დავსველდი.

მე გავცივდი. ავადა ვარ,

ძლიერ, ძლიერ ავადა.

ის მწარე დღე, გსურს თუ არა,

მოვა თავისთავადა.

დღე გაფითრდა იაგუნდის,

დგას ღრუბლების ჯგუფები.

რაგინდ დიდი გული გქონდეს,

მაინც დაიღუპები.

1925