The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ის

ის

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

ღრუბლის ნაფლეთბი მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და - საკვირველია! - ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას.

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში - მისსა მხნეობას.

ზღვის უფსკრული - მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი - მისი აზრის სიმკვირცხლეა.

ამომავალი, მილეული მთვარე - მისი სინაზეა; მზე - გამაცოცხლებელი ძალაა მისი.

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ - მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ - იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს...

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

1909 წ.