The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
შემოდგომა

შემოდგომა

შემოდგომის სურნელება დადგა,

შორეული მოგონებაც ელავს.

როიალი ახმაურდა სადღაც

და ღამდება პარასკევი ნელა.

ახ ვატყობ, რომ სიცოცხლე არ ღირ.

სიკვდილშიაც ხომ არ არის შველა.

ასე ნელა გავიარე ბაღი,

ასე ნელა ჩამოვშორდი ყველას.

ისევ მინდა შევებრძოლო ქარებს

და ვიღაცას უდარდელად ძინავს,

ვიყო ასე დარჩენილ გარეთ,

ქუჩა იყოს სამუდამო ბინა.

ალბათ დილას ჩამოწვება ნისლი,

მე ვატარებ ანგელოზის ნიღაბს.

სადღაც დიდი ტაშისცემა ისმის,

სხვათაშორის, მწუხარეა ვიღაც.

მე მივდივარ და მიცქერის ხალხი,

ჩემი სახე გუმბათივით ელავს.

ასე ნელა გავიარე ბაღი,

ასე ნელა ჩამოვშორდი ყველას.