The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის

ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?

- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,

რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? -

- ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის

და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.

- ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,

რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?

- ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,

თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.

- ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,

რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?

- ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,

ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს.

- ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,

რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?

- ეს სიმღერაა შენი, პოეტო,

გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!