იავნანამ რა ჰქმნა?
სამშობლო ღვინისა
თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთ გრძელ მთას, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისაკენ გადაიხედო, შენ თვალწინ, ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავ გრძელ ლაპლაპა ზოლს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულს. ეს სწორი ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორ — თითქმის თანასწორ ნაწილად; აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას — გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთით დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.
თუ გაღმა მხრისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთ ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდ ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნებზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებს. ეს ნაშთები უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.
სოფელი ვაშლოვანი
დიახ, ძველ დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილ ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირი ტყის წყალობით შიგ შუაგულს სოფელში მიწიდან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საყვარელი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და მოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ახლა კახეთი ჩაფლულია.
ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლოს იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებით. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძეს, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრითა და პურადობით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულობით სუსტი, მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულის პატრონი. მათ სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდა ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყო მეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავის სახლიდან სანოვაგეს ყოველ ავადმყოფს, ღარიბსა და გაჭირვებულს. ამასთან მაგდანს ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერი სიმღერით. მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრიდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.
ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი — ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული, დაუღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირადაც ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოსდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდათ.
ლეკები კახეთში
ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელ დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველი დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, — დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველ საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა, ყოველ საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდისმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდეგში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და როდესაც საქართველომ მართლმადიდებელი რუსეთისაკენ გაიწია. ძველ დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადი მეგობრობის მეტი ქართველებს არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს წილად სავაჭროდ. გასასყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაშიც განთქმულნი იყვნენ.
ქეთოს იტაცებენ
სოფელ ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებული. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა, მაგრამ მალე მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული კუდგაბზეკილიაო...
ერთხელ ერთმა ამ ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:
— იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთი ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიცა გვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშად გავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაი-ვაგლახსა და ლაწლაწს.
— როგორ? — ჰკითხა ამხანაგმა.
— ზურაბ ქართველაძე ხომ ძლიერ მდიდარია? — ჰკითხა მან.
— ჰო, მდიდარია, მაგრამ რას გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე? — უპასუხა იმან.
— გვარგებს, თუ ჭკუით მოვიქცევით. ამ მდიდარ კაცს ხომ გაგიჟებით უყვარს თავისი ერთადერთი ქალი?
— უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდედან?
— ის გამოვიდა, რომ თუ ჩვენ იმ ბავშვს როგორმე მოვიტაცებთ და ტყვედ წავიყვანთ დაღესტანში, როგორ გგონია, ქართველაძე განა თავის შეძლებას დაიშურებს, რომ ტყვეობიდან დაიხსნას შვილი? ჰაი, ჰაი, რომ არ დაიშურებს.
ამხანაგსაც მოეწონა ეს აზრი და გადასწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და რა წამს იგდონ ხელში მოხერხებული დრო, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედ წაიყვანონ დაღესტანში.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთით ეკრა დიდი ატეხილი ტყე. ამ ტყის პირას ხშირად სეირნობდა ხოლმე ქართველაძის სახლობა, რადგანაც სახლი იქვე ახლო ედგათ. ერთხელ, ქეთოს გამდელმა, საღამო ჟამს ამ ტყისკენ გამოისეირნა და თან ჰყავდა პატარა ქეთოც. ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა; ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გადაფრთხიალდა. ბავშვიც უკან დაედევნა. ამასობაში ქეთო კარგა შორს წავიდა ტყეში. გამდელიც უკან მისდევდა. უცებ საიდგანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა და გაიტაცა. გამდელმა დაყვირება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტი დაარტყა და უსულდგმულოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.
მდევარი
ქეთოს დედ-მამას ფიქრი არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენი ქალი და გამდელი და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვით არსად იყო, შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხად: მაგრამ აბა რას იპოვნიდნენ. ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო. მაშინ შეშინებულმა დედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყო ძებნა სოფლის გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემ და ხმაურობამ გონში ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა. ჯერ ხეირიანად არ გამორკვეულიყო, რომ შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა: — “ქეთო სადღა არის?” გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმა ქეთო. ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც საშინელი თავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას სძლია და დაიძახა: — არიქა მდევარიო!
მაშინდელ დროში ყველა ვაჟკაცს სრული თოფ-იარაღი ჰქონდა სახლში და გამოცდილი მეომარი იყო, რადგანაც გაჭირვების დროს საქართველოს მეფე ქუდზე კაცს დაიბარებდა ხოლმე, ამიტომ ზურაბის დაძახების შემდეგ ერთი საათი არ გასულიყო, რომ მისი სახლის წინ იდგა ოცამდის ვაჟკაცი, თავით ფეხებამდის შეირაღებული... სწრაფად გამოვიდა იარაღშივე ჩამჯდარი ზურაბი, მიესალმა და გაუძღვა წინ.
ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას უკან, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს, კარგა ხანმა განვლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრო ბილიკები და მთაზე სიარული ბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო ხამი კაცისათვის. ქეთოს მომტაცებელმა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზე სიარული. ზურაბსა და იმის რაზმს კი აქეთ თითქმის არ ევლოთ. ამიტომ ლეკებმა მთელი ღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებლივ იარეს, დიდს მანძილზე გაუსწრეს მდევარს, და მოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში. ზურაბ ქართველაძე თავისი ამალით იძულებული შეიქმნა ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვე დაბრუნებულიყო.
ქეთოს ნაიბი ყიდულობს
ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთ დიდს დაღესტნის სოფელზე, რომელიც იდო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვრის ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ნაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტნისა. მას ჰყავდა ცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობით და მეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის ნაქორწილარი, მაგრამ შვილი კი არა ჰყავდათ და გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე შვილი ეშვილათ.
საღამოს ჟამი იყო, როცა იმათ სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს. ნაიბი და იმისი ცოლი კარაპანში ისხდნენ. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთ მათგანს შეამჩნიეს ზურგზე გუდა, რომლიდანაც ბავშვის თავი და სახე ჩანდა. დაუძახეს თავისთან. ლეკები მოწიწებით მივიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონს, მბრძანებელს. ლეკებს ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხეს. ამათ დატუქსვისა ეშინოდათ და ამიტომ მართალი დაუმალეს. — უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვნეთ და წამოვიყვანეთო.
პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მგზავრობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერ მისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს. მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფრო საყვარელ ბავშვად ხდიდა მას. რაწამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს, მაშინვე გული ზედ შეუვარდათ. ნაიბის ცოლმა ჰკითხა ლეკებს: — რა მოგცეთ, რომ ეს ბავშვი ჩვენ დაგვითმოთო? — რა უნდა გვიბოძო, ქალბატონო, თუ გნებავთ, ფეშქაში გახლდეთო. ნაიბი ადგა, შევიდა სახლში, გამოუტანა ვეებერთელა ქისა, ოქროებით სავსე, და მისცა ლეკებსა. ქეთო გამოართვა ლეკს ნაიბის ცოლმა და მაშინვე გულში ჩაიკონა. ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.
დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა მიბნედილი ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა, მაგრამ, იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვი ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მისაყვარლება და ზრუნვა სწორედ შვებად ეჩვენა. პირველ ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზე გულცივად იყო და ხშირად ტიროდა, თავის დედ-მამას, სხვა შინაურებს და თავის სოფელს მოიგონებდა. მაგრამ ნაიბის ცოლი და იმისი ქმარი ისეთი სიყვარულით, მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს წინანდელი ყველაფერი.
ქეთო ლეკ-ქალად იქცევა
ბავშვი აწმდგომით ცხოვრობს, ის შეუწყვეტლივ ყოველდღე იზრდება, სულითა და ხორცით წინ მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდას, წინსვლას და ბედნიერია ამ გრძნობით. ის სრული სიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწას, ბუნებას და ადამიანს. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც წარსულზე და არც მომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და, თითქო სრულიად იშლება, აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად, განუყოფელად.
ქეთოსაც ეს დაემართა. ნაიბმა და იმისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ თანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე. ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოს თავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი: იმათით ცოცხლობდა, იმათით ჰხარობდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი, თითქო მთლად წაიშალა მის ბუნებაში. ლეკურმა ენამ ცოტ-ცოტაობით, დღითი დღე შეასუსტა ქართული ენა ქეთოში, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანის სახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს ჰგრძნობდა მხოლოდ ერთს დანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან. ერთი სიტყვით, აწმდგომი გამეფდა ქეთოს სულში და წარსული ჯერ მკრთალი გახდა და მერე სრულიად გააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ-ქალად, კახეთის შვილი — დაღესტნის შვილად.
ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც მოუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანება გასცა სოფელში: — არამც და არამც არავინ არ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომ ნაშვილარია და არა ჩვენი ღვიძლი შვილიო.
ამაო ცდა ქეთოს მამისა
რას ფიქრობდა და რას სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა? დიდხანს მათ არ იცოდნენ, რა უყვეს ლეკებმა ბავშვს. ზურაბს თავისი ქალი უფრო შუა დაღესტანში ეგულებოდა და იქ აძებნინებდა, რადგანაც მომტაცი ლეკები იქიდან იყვნენ. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა მოუტანა ამბავი, რომ ამა და ამ ნაიბს შენი ქალი ხელში ჩაუგდია, უშვილებია და ზრდის, როგორც საკუთარ ქალსაო. ზურაბმა შეუთვალა ნაიბს, რომ ეგ ქალი ჩემი შვილია, მოტაცებულია ჩუმად და ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო. ნაიბმა შემოუთვალა პასუხად, რომ თუ თავდაპირველად მცოდნოდა, რომ ეს ბავშვი შენი ქალია, მე თვითონ დაგიბრუნებდი, მაგრამ ახლა გვიანღა არისო. მეც და ჩემ ცოლსაც მზე ამ ბავშვზე ამოგვდის, მასაც ძლიერ ვუყვარვართ, აქაურობაში გაჩვეულია. თქვენ სრულიად დავიწყებული ჰყავხართ და ამიტომ ქეთოს ვერ დაგიბრუნებ, თუნდ მთელი კახეთის სიმდიდრე კარებზე დამიგროვოო.
ამისთანა პასუხის შემდეგ ზურაბს შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა ძალით ან რაიმე ხერხით. დარჩენა კი ქეთოსი დაღესტანში აუტანელი იყო მისი დედ-მამისათვის, მით უმეტეს, რომ მაგდანს ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა. ქართველაძე ბევრჯერ გაემგზავრა დაღესტნისაკენ ოციოდე შეიარაღებული ვაჟკაცით ქეთოს მოსატაცებლად, მაგრამ ტყუილად. ნაიბმა კარგად იცოდა წადილი და მეცადინეობა მისი და ამიტომ ყოველთვის გზაში დაახვედრებდა ხოლმე ჩასაფრებულ ლეკებს იმისთანა ადგილას, სადაც ერთი ჩასაფრებული ოცსა და ორმოც ვაჟკაცს გზას შეუკრავდა. სიმრავლეც ქართველების რაზმისა აძნელებდა შეუმჩნევლად მიახლოვებას ნაიბის სოფლამდის.
როცა ამ გზით ვერაფერს გახდა, ზურაბმა ხერხს მიმართა: ხმა გააგდო, რომ გულიდან ამოვიღე ჩემი ქალი და აღარ მწადია მოვტაცო დედობილსა და მამობილსაო. ეს ხმა მივიდა ნაიბამდისაც და მან ჯერ თუმცა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მერე კი დაიჯერა, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველაძის მხრივ ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა. აქამდის ქეთოს დიდი სიფრთხილით უშვებდნენ კარში, ახლა კი, მაშინდელი დროის ლეკების სხვა ქალებივით, თავისუფლად დადიოდა ერთი უბნიდან მეორე უბანში თავის ნაცნობებთან. ეს ყველაფერი ზურაბმა კარგად შეიტყო ნაცნობი ლეკების შუამავლობით და თადარიგს სხვანაირად შეუდგა.
ქეთოს მამა იტაცებს
დადგა სწორედ მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყე ხშირად იყო შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მისვლას ნაიბის სოფლამდის. ზურაბმა მოიხმო ერთი იქაური ლეკი, დიდი ხნის ნაცნობარი და პურმარილით დავალებული. გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეირაღებული ვაჟკაცი. მთელი მანძილი ისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არ დახვედრიათ გზაზე. მეორე დღეს საღამოს ჟამს მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ. ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის სოფელში, გაიგო და დილასისხამზე მეტად საამო ამბავი მოუტანა. ქეთო თურმე ყოველ დილით აივლიდა ხოლმე ერთი თავისი მეგობარი ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებული ნაიბისა, რომელიც ამას წინათ გადაცვლილიყო. ყმაწვილი ქალი ძლიერ მწუხარე იყო მამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად.
ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირად, ამოეფარა ხეების ჯგუფს და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც ქეთოს უნდა გამოევლო. ქართველაძის პირდაპირ გზის იქით ამართული იყო დიდი სერი, რომელიც იმ სოფელს ჰყოფდა ორად, ქვემო და ზემო უბნად. ქეთოს ქვემო უბნიდან უნდა ამოევლო ამ სერსა და ტყეს შუა და ასულიყო ზემო უბანში. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა, ასე რომ ზურაბმა იფიქრა, ვაი თუ ქეთო სულაც არ ფიქრობდეს ზემო უბანში ავლასაო. მაგრამ, აგერ, შორს გამოჩნდა ქალი, ახლად შეღერებული, თამამად მომავალი და ლეკურად ჩაცმული. ზურაბი თვალებად გადაიქცა და გულის ცემამ მოუმატა. ქალი თანდათან მოუახლოვდა და ზურაბი ისე შეაცქერდა, თითქო თავისი მშიერი თვალით მისი შეჭმა უნდოდა. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა, გაზრდილიყო ბევრად დიდი თავის ხანზე, მაგრამ ფერი და პირსახე სულ პატარაობისავე, უწინდებური შერჩენოდა. მამის გული უზომო სიხარულით აივსო, როცა თავისი ქეთო ისევ ქართველ ქალად იცნო. ქეთომ მიატანა იმ ხეებს, რომელთაც ზურაბი ამოჰფარებოდა, ამან იდროვა და წინ გადაუდგა ფრთხილად, რომ არ შეეშინებინა. ქეთო შეკრთა, დაფრთხა და შველივით განზე გახტა.
— ნუ გეშინიან, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი აქა, რომ დედასთან წაგიყვანო, შინა, — უთხრა ზურაბმა ტკბილი მამობრივი ხმით. ქეთო შიშით ისმენდა უცნაურს სიტყვებსა და ვერ გაეგო, რა უნდოდა მისგან ამ უცხო კაცს. ზურაბმა იფიქრა, თუ ლაპარაკში დრო დავკარგე, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ სწრაფად მივიდა ქეთოსთან, ფრთხილად დაავლო ხელი და გაიტაცა ტყისკენ. ქეთომ შექმნა საშინელი წივილ-კივილი. სოფელში გაიგონეს ეს წივილ-კივილი, მაგრამ ვისი იყო ან საიდან მოდიოდა, პირველ ხანებში ვერ შეიტყვეს. სოფელი შეჩოჩქოლდა და რამდენიმე კაცი წავიდა ნაიბთან. ის სხვაგან იყო და ამიტომ დროზე ვერ შეატყობინეს. როცა უთხრეს ეს ამბავი, საშინლად შეწუხდა და თქვა: უთუოდ ქალი მომტაცა ქართველაძემაო. და მდევარი დაიბარა. ფიცხლავ შეიკრიბა ოცდაათი შეიარაღებული ვაჟკაცი. ვაშლოვანისაკენ სამი გზა მიდიოდა. მდევარნი ნაიბმა სამად გაჰყო. ათი ვაჟკაცი გაგზავნა ერთს გზაზე, ათი მეორეზე და ათიც თვითონ გაიდევნა მესამე გზაზე. სამივე რიგმა მდევარმა თითქმის ვაშლოვანამდე უწია, მაგრამ ზურაბისა და ქეთოს კვალს ვერ მიაგნეს; ისინი, თითქოს მიწაში ჩაძვრნენ და გაჰქრნენ. საქმე ის იყო, რომ ზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წამოიყვანა, რადგანაც იცოდა კარგად, რომ მდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზას, რომელიც კახეთის ზემო სოფლებისაკენ მიდიოდა, შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო, მაგრამ ვაი ამ მშვიდობას.
ქეთო საშინლად იტანჯებოდა
რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამას და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბს. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონს, იცნობდა ჯერ თავის მამას, მერე დედას, თავის ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელი მგზავრობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავის ქალის ამისთანა მდგომარეობით; ცდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელ დედ-მამას, სანატრელ სამშობლოს და სადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონს, იცნოს დედა, თავისი კარ-მიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოუბრუნდეს გულიო.
ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავის სახლის კარები შეაღო, შეიყვანა შიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: — “აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო!” — სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულე სიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. მაგდანმა მხიარულად ჩაიკონა გულში ქეთო, უნდოდა გაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავით უგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანის მხურვალე დედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგი მოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი. ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.
— შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, — ეუბნებოდა მაგდანი ქეთოს. — აი, სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე, დაცუცუნებდი პატარაობის დროს, აი, შენი პატარა აკვანი, რომელშიაც იწექი, აი, შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდან საღამომდის იჯექი.
მაგრამ ქეთოს აქაურობისათვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისი გრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივ, შეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა და ვარამით. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს თუ ხვალ მოიგონებდა თავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.
გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმედი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმის არას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა. ღრმად ოხრავდა, ხშირად ტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული, და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალწუნებდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომ მოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს. მიიყვანა წყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ. აჩვენა ყველა მეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაც ის პატარაობისას ხშირად თამაშობდა, დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო. აჩვენა მისი დედოფლები, რომლებიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქცია ქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკვასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.
დედ-მამამ ქეთოს შეუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველა ყმაწვილ ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეუყვარდა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი...
ბოლოს, ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანს: — ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულ პირწავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ის ჩაიხედავს სარკეში, შეადარებს ორ სახეს, თავისა და შენს სახეში დიდ მსგავსებას ნახავს და იქნება მაშინ გეშველოთო. მაგდანმა ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა, როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებს ხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომ სრულიადაც ვერ შეამჩნევდა.
ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.
— არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვას და წვალებას: თუ რამდენისამე დღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლს. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩვენი ღვიძლი შვილისათვის, — უთხრა ზურაბმა თავის ცოლს მაგდანსა.
ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა, და მზად იყო ისევ თავის ახლო დაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.
იავნანამ რა ჰქმნა?
ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდის იდინა ხშირმა და გამაცოცხლებელმა წვიმამ, საღამოზე კი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი ნაფლეთი ღრუბელიც არსად იყო. კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით მოიჭედა. დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი, უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმ ღამეს მშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა მოღონიერებული.
შეუდარებელი დილა იყო: არემარეს კაშკაშა მზისაგან თავს დასდიოდა მთელი შადრევანი ბრწყინვალე სინათლისა და ამ სინათლეს მცენარეებზე ათასფრად აებრჭყვიალებინა დილის ნამი. ტყე სავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელი ჟივილ-ხივილით. ქართველაძიანთ ბაღში ვარდის კოკრები საამურად გადაშლილიყო და გარშემო მოეფინა გულწარმტაცი სურნელება. ამ ვარდების მახლობლად ტკბილად დასძახოდა ბულბული, რომელიც იქვე ხეზე მოთავსებულიყო. ბუნება ხარობდა, დღესასწაულობდა, თითქოს ათას ბედნიერს ქორწილს ერთად იხდისო.
ბუნება შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა. შვება მისცა მან ქეთოს ნაღვლიან გულსაცა, და სახეზე მას აშკარად დაეტყო შემცირება იმ საშინელის მწუხარებისა, რომელიც აქამდის მაჯლაჯუნასავით აწვა ამის გულსა და გონებას და ნებას არ აძლევდა გარემოცულ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. ამასთან ქეთომ პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენ სიყვარულს უცხო ადამიანები და რადა სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო.
დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება. იმედი მიეცა. ცალკე ამ იმედმა და ცალკე მშვენიერმა დილამ კარგ გუნებაზე მოიყვანა მაგდანი და მან, სრულიად უნებურად, თავისთვის დაიწყო ღიღინი იავნანისა. რაც ქეთო დაჰკარგა, მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო ათი წლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო იყო მოთავსებული პატარა ტახტზე ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბალი ხმით, ღიღინით ამბობდა, მერე კი თავის ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დაამღერა, მაღლა აუწია. პატარა ხანს უკან, ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსკენ და გაოცდა. ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ-კი მოეგონებინა გარკვევით. მის ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ-კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვას, მაგრამ ზევიდან კეც-კეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლას. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ ამგვარი სიმღერით და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოს სიპატარავის დღეებს. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის სანატრელი ნაშთნი, საგონებელნი. მაგდანი თან ხმას აძლევდა მომხიბლავს ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქმის სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა ამ სახეზე ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა. ქეთოს აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა, პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი. განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელის ხმით: — “დედავ!” სწრაფლ მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა. დედასა და შვილს თქრიალით მოსდიოდათ ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი იყო სიხარულისა, შვებისა, ლხენისა. პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო კარები, ქეთო განთავისუფლდა დედის ხვევნიდან, მიეგება შემოსულს, დაიძახა: — “მამა!” და მოეხვია.
შემდეგ გაბრუნდა დედისაკენ, წაავლო ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენა თავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, მაგრამ რაღაცამ აზრი შეუშალა. სწრაფად მოშორდა სარკეს, შეირბინა მეორე ოთახში, გააღო ყუთი, ამოიღო თავის ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. შემდეგ ისევ მიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან, დაუდგა გვერდით, შეადარა სახეები, აშკარად დაინახა რამდენად ჰგავდა დედას, მიუბრუნდა მას, ჩამოეკიდა ყელზე და ხელახლა დაუწყო კოცნა. უწინ ამისთანავე მოქმედებამ მაგდანისამ გააოცა, ახლა კი იგივე მოქმედება თვითონ ჩაიდინა. მერე დედას აახდევინა დედოფლების ყუთი და სიყვარულით მიუალერსა თავის უწინდელს მეგობრებს.
ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე, და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ თავისი სიპატარავის დრო. აქამდის ის დაჰყავდა დედას აქეთ-იქით ძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარ აძლევდა დედასა და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლის არემარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც, თუმცა სიტყვები ბლომად აკლდა, ლაპარაკის დროს ჩერდებოდა, ან ლეკურ სიტყვებს ურევდა და ამ დროს დედა ქართულ სიტყვებს ასწავლიდა.
აღმოჩნდა, რომ პირველი წლების შთაბეჭდილებანი და ჩასახულებანი კი არ გამქრალიყვნენ და არ წაშლილიყვნენ ქეთოს გონებაში, თურმე, ღრმად ეძინათ, დამარხული იყვნენ მისი სახსოვრის სიღრმეში, ძირში, როგორც მცენარის თესლია დამარხული მიწაში, და ზევიდან მათ ეფარათ მთელი ათი წლის ნანახი და ნაცადი დაღესტანში ყოფნის დროს. ამ ჩასახულებათა დაძვრა და გამოღვიძება შეეძლო მხოლოდ რომელსამე ძლიერსა და ღრმა შთაბეჭდილებას სწორედ ისე, როგორც მცენარის თესლს ზევით ამოიყვანს ხოლმე გამაცოცხლებელი მზის სითბო-სინათლე. ამისთანა მზეებრივი შთაბეჭდილების მოხდენა ქეთოს გონებაში შესძლო მხოლოდ სამშობლო ხმამ, საბავშვო სიმღერამ: “იავნანამ”, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად ჰქონდა ქეთოს ძვალსა და რბილში გამჯდარი.
ყოველი ვაშლოვანელი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გახარებული იყო ქეთოს გონზე მოსვლით. მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და მის ქმარს და შეჰხაროდნენ ქეთოს. ქართველაძის სახლში სიხარული ტრიალებდა. ამ ძლიერ სიმხიარულეს სწორედ შეჰფეროდა და ბანს აძლევდა ხშირი სიმღერა მაგდანისა. როგორც დიდხანს უწყლოდ ყოფილი შველი, ხარბად ეწაფება წმინდა წყალსა და გაძღომა მალე არ ეკიდება, ისე ქეთო, მთელს ათს წელიწადს მოკლებული თავის უსაყვარლეს სიამოვნებას, გაუმაძღრად ეწაფებოდა დედის სიმღერას და მაგდანს მოსვენებას არ აძლევდა. ერთ ხმას რომ გაათავებდა მაგდანი, ახლა მეორეს ათქმევინებდა, მერე მესამეს, მეოთხეს, ხშირად მაგდანი ეტყოდა ხოლმე: — გენაცვა, შვილო, ცოტა დამასვენე, თორემ არაქათი აღარ მაქვსო. მაგრამ ქეთომ უებარი წამალი იცოდა ამ დაღალულობისა: მხურვალე ხვევნა და კოცნა დედისა. ქეთო თანა სტკბებოდა დედის მშვენიერი სიმღერით და თან თვითონაც სწავლობდა სიმღერას.
ქეთო და მისი დედობილ-მამობილი
ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა დედას: — დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღესტანში მოკითხვა ვისმე პირით შევთვალო?
მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.
— ფიქრი ნუ გაქვს, დედა! — შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ. — შენ და მამაჩემი მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთ და ჩემს აღმზრდელთ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავ და რა მომსვლოდა.
მოკითხვა შეუთვალეს ნაიბს და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილი კაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნეს ჩინებული კახური ღვინო, რომელსაც მაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.
ზაფხული გადიოდა. დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისი დედობილ-მამობილისა, მაგრამ არ კი ამბობდა ამას. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: — იცი, ჩემო კარგო, რა აზრი მომივიდა? ახლა რთველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არ არის და რთველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი და ვასიამოვნოთ, სიკეთეს გადახდა უნდა. — მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედ გადაეხვია.
ნაიბსა და იმის ცოლს ძალიან უნდოდათ ქეთოს ნახვა, ამიტომ რთველში მოწვევამ გაახარა და დანიშნულ დროზე ეწვივნენ თავის შვილობილის დედ-მამას. დედ-მამის ნებართვით ქეთო თავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. ქეთოს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხ ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულითა და სულით უყვარდა.
ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანმაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არ შეცვლილა მას უკანაც, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთ ღირსეულ ქართლელ ვაჟკაცზე. ყოველ ენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვევოდნენ ხოლმე ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი ცოლით და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველი ისეთი სიამოვნებითა და ბედნიერებით ეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო.
ქეთოს ბედნიერება
მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებითა და ლხენითა? არა, სხვა დროსაც.
ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისა მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული მოყვასისადმი, თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცაო. სიმდიდრეც შეიძლება ადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმართლესა და სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიც შეიძლება უდროოდ დამარხოს, მაგრამ მოსიყვარულე გული კი ათბობს და ანათებს მის სიცოცხლეს თვით სამარის კარამდისაო.
ქეთოს დედისგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული, და ამ გულს ძლიერ მოუხდა იშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი მოძრაობანი გამოაცდევინა ქეთოს გულს და ავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზე აღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე, რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ, შემდეგ დედობილ-მამობილის სიყვარულზე. მას უკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივს ნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებას, მას შემდეგ სიყვარული ღვიძლი დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში, ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული, და ამ სახით ქეთოს გული გახდა დაუშრობელი წყარო კაცთმოყვარებისა, გაუქრობელი ლამპარი სიყვარულისა მოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი ნაღველისაცა და ძლიერი სიხარულისაც, ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეში დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიც და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც, და რადგან სიყვარული შობს სიყვარულს, ამიტომ ქართველები და ლეკები, თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტ ხათრსა და მეტ სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო თავისი მოსიყვარულე გულით გარშემო ჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემო საამურ სურნელებას, და როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველა შეჰხაროდა და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდა თავისი სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღა ბედნიერება განა იქნება ამ ქვეყანაზე?