The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დასძინებია ალერსიან ბაღს

დასძინებია ალერსიან ბაღს

თვლემს ტყის ნაპირი თავჩაქინდრული,

უხმო ალერსით ეკვრის ტოტი ტოტს,

დასძინებია ალერსიან ბაღს,

დასძინებია სევდიან წალკოტს.

ვარსკვლავიანი შუაღამე ბრწყინავს,

შუაღამე იწვის, დნება ნელ-ნელა,

მოგონებათა ელვარებს სარკე,

მაგრამ ჩემს გულში ისევე ბნელა.

ვეძახი სულს და ხმას არვინ მაძლევს,

უხმო ალერსში ეკვრის ტოტი ტოტს,

დასძინებია ალერსიან ბაღს,

დასძინებია სევდიან წალკოტს.