The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ირას

შენთან მინდა და ნაპრალთან ვდგევარ,

საშინელი სიმარტოვე ვიგრძენ.

რვა სექტემბრის ქარიანი დღეა,

წინ იშლება უიმედო სივრცე.

ისევ გელი და გიგონებ ხშირად,

მოგონება - ჩემთვის მძიმე ლოდი.

შემოდგომა ახლოვდება, ირა,

შემოდგომა სიზმარივით მოდის.

შენსკენ მოჰქრის ეს ოცნება წმინდა,

უფსკრულია და მე რაღაც მშველის.

შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა,

შენთან ერთად შემოდგომას ველი.