* * *
ნიავი, ია, ნარგიზი,
ავტომობილი კრიალა -
დილამ ასფალტის სარკეზე
ნავივით გაისრიალა.
აგერ მზის ამომთოვრება,
მაღლა ღრუბლების გარდავლა,
მან ერთი ჩემი ცხოვრება
ათას წელს გადაამრავლა.
გადაამრავლა, უმალი,
მსგავსი წუთისა, ჩრდილისა,
და მესმის ხმა იდუმალი:
წამოდექ, ძეო დილისა!
ო, ძეო დილის! აწ განვლის
. გრძნობა სიბნელის ნაფლეთის
აღმოსავლეთის, დასავლის,
ჩრდილოეთის და სამხრეთის.
მზემ, ხმალი რომ არ დაკიდა, -
რაც ფერებია, რაც დავლა,
ცხოვრება კიდევ და კიდევ
ათასზე გადაამრავლა!
მზემ, ლაჟვარდში რომ შეზრდილა
თავისი სახე ნახა და -
ეს ყვავილები, ეს დილა
მარადისობად გახადა.