ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული...
ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთა მფრქვეველი,
და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული...
ფეხთ ქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,
მაგრამ ოცნება მაინც სცოცხლობს კვლავ, მომხიბლავი,
კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.