The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ფერი მზესა და ქარს მოჰყავს

* * *

ფერი მზესა და ქარს მოჰყავს

გაზაფხულის სადარი,

შენ კი ლოყას

გადაგკროდა ზამთარი.

მიდიოდი, როგორც მკვდარი,

როგორც მკვდარი სანანი,

ჰქროდა ქარი,

თრთოდა იასამანი.

ხალხის ზვავთა და გლეტჩერთა

გარს ბრუნავდა მდინარე;

არ შეჩერდა,

არ იკითხა: ვინ არი?

ახლა სხვაა. კაცის თვალი

ქალს სიხარულს ადარებს,

სადაც ქალი

ქალის სახეს ატარებს.

სალამი ამ მწიფობისთვეს!

მზე რომ სჯერა მცინარი,

ყველა გისმენს...

და კითხულობს: ვინ არი?

ფერით მზესა და ქარს მოჰყავს

სიხარულის შევსება

და შენს ლოყას

გზნება ეალერსება.