აბაშა (მდინარე)
ბაშა, (აბაშისწყალი) — მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. მდინარე სათავეს იღებს სოფელ ბალდის (ბარდა) მახლობლად, ასხის კარსტული მასივის სამხრეთ კალთებიდან, რაჩხის მთაზე. იგი ორი პატარა მდინარის – რაჩხისა და ტობას შეერთებითაა წარმოქმნილი. მდინარე 60 მ სიმაღლის შიშველი კლდის მკერდიდან გადმოსჩქეფს და სოფელ გოჭკადირამდე ფართო ხეობაში მოედინება. გოჭკადირიდან 2 კმ-ის სიგრძეზე, ვიწრო კანიონში, ჭორომებიან ხეობას ქმნის. ინჩხურთან თავს აღწევს მთიან ვიწროებში მოქცეულ კალაპოტს, სერგიათ-ბობოთის მისადგომებთან ფართოდ იშლება და ტეხურის პარალელურად მიედინება ისულამდე (სენაკის რ.). აუზის ფართობი 370 კმ².
გაჭედილის (მარტვილის) კანიონი
მარტვილის კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილსა და ინჩხურში, მდინარე აბაშის ხეობაში. კანიონის სიგრძე: 2400 მეტრია, სიგანე: 5–10 მეტრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, 2010 წელს, სოფელ გაჭედილის კანიონში, აღმოაჩინა 75 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული ცხოველების ძვლები და უძველესი ზღვის ბინადართა ნამარხები. 2010 წელს ეს ტერიტორია ნაკრძალად გამოცხადდა.
წყარო
- ბანძა - ესკიზები სოფლის წარსულიდან
- კვირის პალიტრა, 2010, 27 სექტემბერი