აბაშიძე ელენე
ელენე აბაშიძე – (18.III.1922, ქ. ჭიათურა). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
1944 დაამთაგრა თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1944 განაწილებით მუშაობა დაიწყო ს. პერევისის (ჭიათურის რ-ნი) საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ. 1945-46 მუშაობდა თბილისის მოზარდთა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და პარალელურად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მეთოდისტად. 1951-62 წყვეტილად მუშაობდა განათლების სისტემაში, სატყეო მეურნეობის სამინისტროში მეთოდისტად, ამავე სამინისტროს მელიორაციულ ექსპედიციაში ჰიდროგეოლოგად, „კავკასნახშირგეოლოგიაში“ ჰიდროგეოლოგად. რამაც განაპირობა მისი შემდგომი სპეციალიზაცია. 1952-56 ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გრუნტის მექანიკის განყოფილებაში, ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით. 1968-82 მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1989-95 კი ეკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში უფროს მეთოდისტად, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1967 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „გლაუკონიტიანი კირქვების ხსნადობა კარსტის განვითარებასთან კავშირში შაორის კარსტული მხარის მაგალითზე“. მასში წამოჭრილია კარსტის შესწავლის პრობლემები, კერძოდ, პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული „ხსნადობის თეორია“. 1998 კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – „კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდრო-დინამიური მექანიზმი“. ამ შრომამ აღიარება მოუტანა ავტორს – ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორისო ინსტიტუტში და მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის „წლის ქალის“ წოდება და სიგელი დაიმსახურა. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მუშაობდა საქართველოს კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციულ საკითხებზე.