აბაშიძე ქაიხოსრო ლევანის ძე
აბაშიძე ქაიხოსრო ლევანის ძე – (გ. VI. 1805 წ.), XVIII საუკუნის II ნახევრის იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. სოლომონ I-ის ბიძა. ღალატისათვის მეფემ იმერეთიდან გააძევა და მამული ჩამოართვა (1768 წ.). ქაიხოსრო აბაშიძე ოსმალეთში გაიქცა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ (1784 წ.), როცა იმერეთში ბრძოლა დაიწყო ტახტის პრეტენდენტთა შორის, ოსმალეთის მთავრობა შეეცადა ქაიხოსრო აბაშიძე იმერეთის ტახტზე დაესვა. ოსმალთა ექვსი ათასიანი ჯარი გურიის სამთავროში შემოვიდა, მაგრამ ამ დროს იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე იჯდა. ოსმალთა გეგმა ჩაიშალა. ქაიხოსრო აბაშიძე ტრაპიზონს გაიქცა. 1790 წელს ახალციხეში დაუახლოვდა იმჟამად ემიგრაციაში მყოფ დავით გიორგის ძეს და მისი გამეფებისათვის იბრძოდა. ქ. აბაშიძე XIX საუკუნის დამდეგს პ. დ. ციციანოვის მხედრობაში იყო. დაიღუპა ერევანთან ბრძოლაში.