აბდუშელიშვილი დავით
აბდუშელიშვილი დავით ანდრიას ძე (1847 – 1919) – პუბლიცისტი, ბიბლიოგრაფი, მათემატიკოსი და სცენისმოყვარე, ხალხოსანი, ცნობილ ხალხოსან-რევოლუციონერთა: მ. ჩიკოიძის, გ. ზდანოვიჩისა და სხვათა თანამოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. სტუდენტობის დროსვე, 1880-იან წლებში ჟურნალ „იმედის“ ერთ-ერთი უმთავრესი თანამშრომელი იყო.
დავით აბდუშელიშვილს ქვეყნის უდიდეს მტრად „ეკონომიური სიღატაკე და გონებით დაბნელება“ მიაჩნდა, რის აღმოსაფხვრელადაც მოითხოვდა ცოდნის გავრცელებას და ნასწავლი საზოგადოების სასარგებლო წევრებად აღზრდას, სკოლების დაარსებას, რომლის პროგრამებს თვით საზოგადოება უნდა ადგენდეს. მიაჩნდა, რომ სკოლები საზოგადოების ხელში უნდა იყოს. გამოდიოდა სცენაზეც.
გამოქვეყნებულია
1. ბიბლიოგრაფია // იმედი. – 1881. – № 1;
2. ჩვენებური სასწავლებლების ახლანდელი მდგომარეობა // იმედი. – 1881. – № 2.
ლიტერატურა
1. გუნია, ვ. ქართული თეატრი (1879-1889). – თბ., 1889. – გვ. 25;
2. გუნია, ვ. საქართველოს კალენდარი 1893. – ტფ., 1892. – გვ. 430;
3. ხუნდაძე, ს. სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში. ტ. II: ნაროდნიკული და მარქსისტული სოციალიზმი საქართველოში. – ტფ.: სახელგამი, 1927. – გვ.: 31, 61, 96, 97, 98, 100;
4. ზანდუკელი, მ. ახალი ქართული ლიტერატურა. – ბათუმი, 1939. – 388 გვ.