აბესაძე ავქსენტი
აბესაძე ავქსენტი ბესარიონის ძე (დ. 8 ივნისი, 1873 — გ. 1 სექტემბერი, 1924) – მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა იმერეთში, შორაპნის მაზრის სოფ. მუხურაში. სწავლა ოჯახში, მამის – სოფლის მღვდლის ხელმძღვანელობით დაიწყო. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (პირველი ხარისხის მოწაფედ) და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ქართული ენა მასწავლებელმა – ანდრია ბენაშვილმა შეაყვარა, რომელიც გაკვეთილების დროს მოწაფეებს ფარულად ქართულ წიგნებსა და გაზეთებს უკითხავდა. თბილისის სემინარიაში მეტად ცუდი რეჟიმის დროს (1890-იანი წლები) სწავლობდა: ქართული გაზეთის კითხვისა და ქართულ თეატრში წასვლისათვის მოწაფეებს სემინარიიდან აძევებდნენ. მიუხედავად ამისა, ავქსენტი აბესაძე ფარულ კრებებში მონაწილეობდა; მესამე კლასში იყო, როცა ფარულ სამოსწავლო გაზეთ „ჩაქუჩს“ გამოსცემდა. 1893 წელს თბილისის სემინარიაში დიდი არეულობა მოხდა – ავქსენტი აბესაძემ ამხანაგებთან ერთად სემინარიის რექტორს სემინარიაში გამეფებულ მძიმე რეჟიმის შეცვლის შესახებ შემდეგი მოთხოვნები წარუდგინა: 1) ზრდილობიანი მოპყრობა, 2) გაზეთების კითხვის ნებართვა, 3) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დაარსება. სემინარიის მთავრობამ მოწაფეთა ეს მოთხოვნა არ შეიწყნარა და როცა ეგზარხოსმა მოითხოვა – სწავლა განაგრძეთ, ნუ ღელავთო, ავქსენტი აბესაძემ მოწაფეების სახელით მიუგო: „როგორ თუ არ უნდა ავღელდეთ, როდესაც იღუპება ჩვენი ხალხი, ჩვენი ენაო“. ამის გამო სემინარიის გამგეობამ ავქსენტი აბესაძე, როგორც მეთაურთაგანი, 86 მოწაფესთან ერთად გარიცხა. მათ სხვა რომელიმე სასწავლებელში შესვლის ნება არ მისცეს და მეთვალყურედ პოლიცია მიუჩინეს. 1894 წელს ჯარში წაიყვანეს. 1899 წელს თბილისის სამხედრო სასწავლებელში შევიდა და სწავლა პირველი ხარისხით დაამთავრა.
1901 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში წერილებს აქვეყნებდა, რის გამოც მეფის მთავრობა ცუდი თვალით უყურებდა. 1904 წელს, ბათუმში მიტინგის დროს, ერთ ოფიცერს მუშების დახვრეტა უნდოდა, ავქსენტი აბესაძე ჯარისკაცებს გადაეღობა და ბრძანება არ აასრულებინა. ამის გამო, ერთი თვის შემდეგ, დასჯის მიზნით მანჯურიაში გაგზავნეს. 1905 წელს უკანვე დააბრუნეს. ამ წელს, ბათუმში, მუშათა ერთ კრებაზე ბოქაული გამოცხადდა და თქვა: „კანონის სახელით გიბრძანებთ, დაიშალეთ!“ ამ დროს ტრიბუნაზე მიშა ფეოდოროვი ლაპარაკობდა. კრების თავმჯდომარემ, ალექსანდრე დგებუაძემ მიუგო: „მე კი, როგორც კრების თავმჯდომარე, კრების სახელით გიბრძანებ – ეშმაკებისკენ დაიკარგოთ, თუ არ გინდათ, ხალხმა გაგაგდოთ!“ ავქსენტი აბესაძემ კრებას გამოუცხადა, – მე ჩემი ასეულით რევოლუციის მხარეზე ვარო. კრება გაგრძელდა. ამ კრებას დავით კლდიაშვილიც ესწრებოდა.
1911 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანის შესწავლას შეუდგა. თანამშრომლობდა შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: „სახალხო გაზეთი“, „საქართველო“; 1918-1920 წლებში: „ჯარისკაცი“, „ჯარი და ერი“, „რესპუბლიკის ჯარი“ (აქ ქართული ჯარის შექმნისა და ჯარისკაცის გაწვრთნა-სწავლების შესახებ სპეციალურ სამხედრო წერილებს ათავსებდა).
გამოქვეყნებულია
1. დედოფალი მარიამი რუსეთში // სახალხო გაზეთი. – 1911. – № 235-238;
2. იმერეთის სამეფოს უკანასკნელი დღეები (1804-1810 წწ.) // სახალხო გაზეთი. – 1913. – № 861-863;
3. ლევან ბატონიშვილი (1810-1811 წწ.) // სახალხო გაზეთი. – 1913. – № 1077-1080;
4. ალექსანდრე ბატონიშვილი // სახალხო გაზეთი. – 1914. – № 1132, 1133, 1134, 1136, 1137, 1139, 1140;
5. აჭარის მთავარი ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილი. – თბ., 1914. – 40 გვ.;
6. გურიის სამთავროს უკანასკნელი დღეები // სახალხო ფურცელი. – 1914. – № 20, 21;
7. იმერეთის ამბოხება (1819-1820 წწ.) // სახალხო გაზეთი. – 1914. – № 1914-1100;
8. იულონ ბატონიშვილი // სახალხო ფურცელი. – 1915. – № 440-443;
9. საქართველოს სამეფოს (ქართლ-კახეთის) უკანასკნელი დღეები // სახალხო ფურცელი. – 1915. – № 328-329;
10. დედოფალი მარიამი და მისგან გენერალ ლაზარევის მოკვლა // სახალხო ფურცელი. – 1916. – № 475-479;
11. სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დღეები // საქართველო. – 1916. – № 226-229;
12. საქართველო (1801-1820) [ისტორიული მიმოხილვა] // საქართველო. – 1916. – № 177, 181-187;
13. სვანეთის სამთავროს უკანასკნელი დღეები // საქართველო. – 1916. – № 199-202.
ლიტერატურა
1. პირადი ცნობები;
2. ილ. ქარცივაძის ნაამბობი;
3. ჩინეთი // კვალი. – 1900. – № 50;
4. თეატრი და ცხოვრება. – 1918. – № 12; 1919. – № 7, 8;
5. გიორგაძე, გრ. // სოციალისტური საქართველო. – 1928. – გვ. 523-524.