აბრამია პოლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბრამია პოლიო − (1899 − 1975), ქართველი მწერალი და პოეტი. ფსევდონიმები: „ლაზი”, „პ.ოდიშელი” დაიბადა სოფელ ხორგაში (ხობი). 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია, სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ერთხანს თანამშრომლობდა ქუთაისის პროლეტმწერალთა ასოციაციის ალმანახ „რიონში” (1926); პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (1918). 1925 წელს გამოსცა წიგნი „დევნილები“. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა („თეთრი აფრები“, 1962; „კოლხური კორდები”, 1966...). დასტამბული აქვს საბავშვო წიგნები. სხვა გამოცემები: „ლექსები” (1980). ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც.
- ოდიშური კორდები
- რა გასაოცრად ფერადობს ველი,
- ვარდ-ყვავილებით მკერდმოხატული,
- თვალს მტაცებს მისი ტანსაბურველი
- და ჩვენებური თეთრი ზაფხული.
- აი, ოდიში, ყველგან ნაქები,
- ცა მოიისფერო, უფრო მაღალი;
- კიდით-კიდემდე მწვანე ბაღები,
- ოდასახლები _ ახალთ-ახალი.
- ვის არ მოხიბლავს მათი მშვენება
- და უნაზესი ლურჯი ფერები,
- ქალწულებრივი უცხო ჩვენება,
- გადაფარჩული მთების სერები.
- ნეტავი ვიყო მუდამ მის ახლოს
- და თუნდაც მედგას ფაცხა მეგრული,
- რომ მარად კარის მგოსნად ვეახლო,
- მისი სიტურფის ტყვე და ერთგული.
- ვიცი, ცხოვრებას გამიადვილებს
- მისი სუნთქვა და მისი ქედები.
- ფეხს არ მოვიცვლი! მე ამ ადგილებს
- მამა-პაპურად შევაბერდები!
- რა გასაოცრად ფერადობს ველი,