აბრამიძისა (აბრამოვისა)
აბრამიძისა [აბრამოვისა] (XIX ს.) – მსახიობი და პირველი მომღერალი ქალი, გ. ერისთავის მიერ 1850 წელს განახლებული ქართული თეატრის დრამატული დასის წევრი (1855 წლამდე). ქალ მსახიობთა შორის, თავის დროზე, სამსახიობო და სიმღერის უნარით საუკეთესო ძალად იყო მიჩნეული. ჰქონდა კარგი სასიმღერო ხმა, რითაც საზოგადოებას თეატრში იზიდავდა და ხიბლავდა. რეცენზენტ-მწერლის ივ. ევლახიშვილის სიტყვით: „დაიმსახურა მოწონება ქალბატონ აბრამიძის გაბედულმა და ნიჭიერმა თამაშმა: მისი მოძრაობა, მისი წივილა-გაბმული ხმა და გაბღენძვა სისწორით გადმოგვცემს, მიკირტუმ გასპარიჩის ცოლის, თათელას ტიპს“. სცენაზე უმთავრესად ივ. კერესელიძის ხელმძღვანელობა-რეჟისორობის დროს მონაწილეობდა.
წყარო:
1. ქართული წარმოდგენა ტფილისში // ცისკარი. – 1865. – აპრილი. – გვ. 37;
2. ცაგარელი, ა. კომედიები / ი. გრიშაშვილის რედაქციით, წინათქმით, შენიშვნებით და ლექსიკონით. – [ტფ.]: ფედერაცია, 1936. – გვ. IX;
3. ბუხნიკაშვილი, გ. ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე. – თბ.: სახელგამი, 1950. – გვ.: 14, 16, 18;
4. გერსამია, სერგო. გიორგი ერისთავის თეატრი. – თბ.: სახელგამი, 1950. – გვ.: 76, 134, 139, 191, 192, 200, 203.