აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და მოქმედების ფერწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლი კრასნერი. სეზონები, 1958; ტილო, ზეთი, 2.36X5.18 მ. უითნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი. უილემ დე კუნინგი. ქალი I

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და მოქმედების ფერწერა – მოქმედების ფერწერის წარმომადგენელილი კრასნერი (Lee Krasner, 1908-1984) ჰანს ჰოფმანთან ერთად სწავლობდა ნიუ იორკში და სრულად დატვირთული სასურათე სიბრტყის მქონე, აბსტრაქტულ კომპოზიციებს პოლოკამდე რამდენიმე წლით ადრე ქმნიდა. 1942 წელს, ის პოლოკთან გადავიდა საცხოვრებლად და მასზე ზრუნვის გამო, პრაქტიქულად შეწყვიტა ხატვა. 1945 წელს წყვილი ლონგ აილენდზე გადავიდა. მათ ბინაში, სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში ლიმ პატარა სახელოსნო მოიწყო, რომელშიც მცირე ზომის ჟესტიკულაციურ სურათებს ქმნიდა. 1956 წელს, პოლოკის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ლიმ მის სტუდიაში განაგრძო მუშაობა. აქ შექმნა მან დიდი, კაშკაშა, ჟესტიკულაციური სურათების სერია, რომლითაც აღინიშნა კიდეც მისი დაბრუნება მეინსტრიმულ სახელოვნებო სამყაროში. ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა სეზონები, თავისი თამამი, ფართე მრუდებით მხოლოდ გათავისუფლების ახალ განცდას კი არ გამოხატავს, არამედ მხატვრის მძლავრ იგივეობას ბუნების ძალებთან, რომლებიც თითქოს დახეთქილი, მრგვალი ფორმებითა და საგაზაფხულო ფერებითაა გადმოცემული. კრასნერი ამბობდა: "ფერწერა, როცა კი ის ნამდვილად "ხდება", ჩემთვის ისეთივე სასწაულია, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა".

სარჩევი

უილემ დე კუნინგი

უილემ დე კუნინგი. ქალი I, 1950-1952; ტილო, ზეთი, 192.7X147.3 სმ. ახალი ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი

კრასნერის საპირისპიროდ, უილემ დე კუნინგი (Willem de Kooning, 1904-1997) წერდა: "ხელოვნება არასდროს მამშვიდებს ან განმწმენდს... მე ეჭვების გარეშე ვმუშაობ". ნიუ იორკში დასახლებული, ნიდერლანდელი ემიგრანტი დე კუნინგი, 1926 წელს რამდენიმე თანამედროვე ხელოვანს დაუკავშირდა, მათ შორის იყო ილეინ მერი ფრაიდიც, რომელზეც დე კუნინგმა შემდგომში იქორწინა. მისი ნამუშევრები მაღალი სტრუქტურულობით გამოირჩეოდა და ფაქიზად ხაზგასმული რეგულარულობა ახასიათებდა. მის ჟესტიკულაციურ მონასმებში სპონტანურობა იგრძნობა, რომელიც სინამდვილეში, ექსპერიმენტებში გატარებული საათებისა და წარუმატებლობის შედეგადაა მიღწეული. დე კუნინგი დებდა მონასმებს, შემდეგ კი მათ ფხეკდა და ამ პრცესს უსასრულოდ იმეორებდა, ვიდრე არ აღწევდა სასურველ შედეგს. 1953 წელს, სახელოვნებო სამყარო შეძრწუნდა მისი გადაწყვეტილებით მიეტოვებინა სუფთა აბსტრაქცია, რათა ქალთა გამოსახულებების ფიგურატიული სერიები შეექმნა. ქალი I-ის დასასრულებლად მხატვარს 2 წელი დასჭირდა და როგორც დე კუნინგის მეუღლემ, ილეინმა დაითვალა, მან ნამუშევარი ორასჯერ მაინც გადაფხიკა და შემდეგ ხელახლა დახატა. ქალი ერთდროულად გროტესკულიც არის და მტაცებელსაც წააგავს. მტრული, სექსისტური, მძლავრი სექსუალურობის გამომხატველი გამოსახულება სავსეა ნაგულისხმევი ძალადობითა და ძლიერი ვნებით. დე კუნინგი ამ სერიის სურათებს ნაყოფიერების იმ დიადი ქალღმერთების გამოსახულებებად აღწერს, რომლთა მსგავსიც მხატვარს პრეისტორიულ ქანდაკებებში უნახავს, ანდა იმ სტერეოტიპების კომპოზიტად განიხილავს, რომლებიც მედიიდან და კინოფილმებიდანაა აღებული.

აბსტრაქტული ექსპრესიონისტები

ჯოან მიჩელი

ჯოან მიჩელი. ჭიამაია, 1957; ტილო, ზეთი, 1.98X2.74 მ. ახალი ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი

1950-იან წლებში, აბსტრაქტულ ექსპრესიონისტთა მეორე თაობა ნიუ იორკის მეზობლად, გრინვიჩ ვილიჯში იკრიბებოდა. ეს მტკიცედ შეკრული თემი იდეების გასაზიარებლად, სადისკუსიო ჯგუფებს ქმნიდა და საკუთარი ნამუშევრების გამოსაფენად, გალერეებთან თანამშრომლობდა. ჯგუფის ყველაზე შესამჩნევი ფიგურა ჯოან მიჩელი (Joan Mitchell, 1925-1992) იყო. ის ნიუ იორკში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თავდაპირველად, სმითის კოლეჯში, ხოლო შემდეგ თავისი მშობლიური ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო განათლება. ნიუ იორკში გატარებული ათწლეულის მანძილზე, ის ქმნიდა ენერგიულ, მაგრამ ამასთანავე ლირიკულ აბსტრაქტულ კომპოზიციებს, რომლებსაც აშკარად ემჩნეოდა არშილ გორკისა და დე კუნინგის გავლენა. 1959 წელს, მიჩელი სამუდამოდ გადავიდა პარიზში საცხოვრებლად და უკვე იქ განაგრძო თავისი მხატვრობის აბსტრაქტული სტილის განვითარება. მის შემოქმედებას აღარ შეხებია ახალი მიმდინარეობა — პოპ არტი, რომელმაც 1960-იან წლებში მნიშვნელოვნად შეცვალა ნიუ იორკის სახელოვნებო ასპარეზი. მიჩელის შემოქმედება აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მისეულ ადაპტაციას წარმოადგენდა, გადმოგვცემდა რა მხატვრის მოგონებებიდან გამოხმობილ, ბუნებისა და ურბანულ პეიზაჟებს და მათგან მიღებულ შთაბეჭდილებებს. ნამუშევარში ჭიამაია , ფუნჯის ჟესტიკულაციური მონასმებით, მან შექმნა ენერგიული, თუმც კონტროლირებადი რიტმები, თავისი პალიტრისთვის დამახასიათებელი ლირიკული სირთულე კი ნეიტრალურ ფონს დაუპირისპირა და შექმნა მოჩვენებითი განცდა თითქოსდა ფიგურისა და ფონის, ტრადიციული ფერწერისთვის დამახასიათებელ ურთიერთობას იზიარებდა. მან თქვა: "თავისუფლება ჩემს ნამუშევრებში კონტროლირებადია. მე არ ვხუჭავ თვალებს და არ ვრჩები უკეთესის იმედად".

ჟან პოლ რიოპელი

ჟან პოლ რიოპელი. მჭვრეტელი რაინდი,1953 ოტავა

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი სწრაფად გავრცელდა კანადაში. თავის მშობლიურ მონრეალში, ფრანკო-კანადელი ფერმწერი ჟან პოლ რიოპელი (Jean-Paul Riopelle, 1923-2002) Les Automatistes ჯგუფის მხატვრებთან მუშაობდა, რომლებიც აბსტრაქტული ნამუშევრების შესაქმნელად, ავტომატიზმის სიურეალისტურ ტექნიკას იყენებდნენ. 1947 წელს რიოპელი პარიზში გადავიდა და 1950-იანების დასაწყისში, ისეთ ნამუშევრებში როგორიცაა მჭვრეტელი რაინდი, წერის თავისებურ ხერხს მიმართა - ის ზედ ტილოზე ასხამდა საღებავებს, შემდეგ მათ მასტიხინით ანაწილებდა ზედაპირზე და ამგვარად, იღებდა ფერის კაშკაშა მონაკვეთებს, რომლებსაც ხაზების აბლაბუდისებრი ქსელით სერავდა.

ჰელენ ფრენკენთელერი

ჰელენ ფრენკენთელერი. მთები და ზღვა, 1952; ზეთი და ნახშირი ტილოზე, 2.2X2.95

ჰელენ ფრენკენთელერი (Helen Frankenthaler, d. 1928) ჯექსონ პოლოკის სტუდიას 1951 წელს ეწვია. მას შემდეგ, მან მოქმედების ფერწერის უფრო ლირიკული ვერსიების შექმნას მიჰყო ხელი და მნიშვნელოვნი გავლენა იქონია შემდგომი თაობის ხელოვანებზე. პოლოკის მსაგვსად, ჰელენიც იატაკზე მუშაობდა, მაგრამ საღებავს დაუგრუნტავ ტილოზე ასხამდა, ამიტომაც ის ზედაპირზე კი არ ჩერდებოდა, არამედ ქსოვილში იწოვებიდა. ფრენკენთელერი ხატვის პროცესის აღწერისას აღნიშნავდა, რომ ყველაფერი იწყებოდა ესთეტიკური საკითხით ან გამოსახულებით, რაც შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან, ფერწერაში თვითგამოხატვის აქტში გადაიზრდებოდა ხოლმე. "ხანდახან სურათს ვიწყებ შეგრძნებით - რა მოხდება, სამი ტიპის ლურჯი რომ გამოვიყენო...? ძალიან ხშირად, ნამუშევრის შექმნის შუა გზამდე მისულს, საწყისი გამოცდილება შემიცვლია ან დამიმატებია და დამიმატებია ტილოსთვის... როდესაც ვახსენებ ჟესტს, ჩემ ჟესტს, ვგულისხმობ იმას, რაც ჩემს ნიშანს წარმოადგენს. ვფიქრობ, ჯერაც არის რაღაც, რისი დამუშავებაც მჭირდება მხატვრობაში. ჩემთვის ნამდვილი ბრძოლაა ერთდროულად უარვყო კიდეც და შევინარჩუნო ის, რაც ჟესტიკულაციურია და პირადული." ნამუშევარში მთები და ზღვა ფრენკენთელერმა ტილოზე რამდენიმე განზავებული ფერი დაღვარა და მონიშნული ფორმები ნახშირით შემოხაზა. მიღებულმა შედეგმა, ჰელენს ნოვა სკოთიას სანაპირო გაახსენა, სადაც იგი საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩანახატების გასაკეთებლად.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები