აგათანგელოსი
აგათანგელოსი - (V ს.), სომეხი ისტორიკოსი. არსებობს მოსაზრება (ნ. მარი), რომ „აგათანგელოსი“ ისტორიკოსის სახელი კი არა, არამედ თხზულების სახელწოდებაა, რომელიც წარმოებულია ბერძნული „ევანგელოსის“ ანალოგიით და „კეთილმახარებელს“ უნდა ნიშნავდეს. ისტორიკოსი თავს აღწერილი ამბების (IV ს. დასაწყისი) თანამედროვედ აცხადებს, სინამდვილეში კი მოღვაწეობდა V ს. II ნახევარში.
აგათანგელოის თხზულება „სომეხთა მოქცევის ისტორია“, რომელშიც ისტორიკოსი აღწერს სომხეთის გაქრისტიანებას (IV ს. დასაწყისი), სომხური ეკლესიის ორგანიზაციასა და ქრისტიანობის პრინციპებს, ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლის, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“, ერთგვარ ანალოგიას წარმოადგენს. ერთი მოსაზრებით, იგი შესრულებულია ბერძნულლად, ე.ი. ბერძნნული ტრანსკრიფციით, IV საუკუნეში, შემდეგ თითქოს ტრანსლიტერირებულია სომხურად. მეორე მოსაზრებით, შეთხზულია V საუკუნეში და შემდეგ, VII და VIII საუკუნეებში, გადამუშავებულ-გადაკეთებულია.
აგათანგელოის თხზულების ანალოგია „მოქცევაჲ ქართლისაჲსთან“ იმით მჟღავნდება, რომ ორივეში ქრისტიანობაზე მოქცევის ქრონიკაა მოცემული განმანათლებლების (სომხეთში – წმ. გრიგოლის, საქართველოში – წმ. ნინოს) მოღვაწეობასთან კავშირში, ოღონდ სომხურ წყაროში თავდაპირველად გრიგოლის ბიოგრაფიაა გადმოცემული, შემდეგ კი – ქვეყნის მოქცევის ქრონიკა, ხოლო ქართულში — თავდაპირველად ქვეყნის მოქცევის ქრონიკა, შემდეგ კი — წმ. ნინოს ბიოგრაფია.
აგათანგელოსის თხზულება საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებით იმ მონაკვეთითაა საყურადღებო, სადაც საუბარია წმ. გრიგოლის მოღვაწეობის არეალზე: „კლარჯეთიდან მოყოლებული ალანთა და მასქუთთა საზღვრამდე“ (თავი 120), რომელიც შემდეგში ამოუღიათ. მოსე ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“ ეს საზღვრები, აგათანგელოსზე დაყრდნობით, წმ. ნინოს მოღვაწეობის არედ არის დასახელებული.
აგათანგელოსის თხზულებამ „სომეხთა მოქცევის ისტორია“ საუკუნეთა განმავლობაში მნიშვნელოვანი რედაქციული ცვლილება განიცადა. მასში არაერთი ტენდენციური ცნობა იყო შეტანილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიის, არამედ ქართულ-სომხური ეკლესიების, კულტურული და ეკლესიური ურთიერთობების ისტორიის ადრინდელი პერიოდის შესწავლის თვალსაზრისით.
ლიტერატურა
- კეკელიძე კ., ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 12, თბ., 1973;
- მელიქსეთ — ბეგილ., საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები, თბ., 1945;
- მისივე, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;
- ჯავახიშვილი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, წ. 1, ტფ., 1935;
- Меликсед-Беклов Л., Новый список Жития св. Рипсимии, Гаянии и сподвижниц на грузинском языке. "Христианский Восток" т. Ш. Тфл. 1915, blake R., P., Catalogue of the Georgian Manuscripts in the Cambridge University Library: "Harvard Theological Riview" vol. XXV. july 1932., №3
- ე. ცაგარეიშვილი