აგარაკი-აბანო
აგარაკი-აბანო, (აბანო) – (ინგლ. Agaraki-Abano, Abano; რუს. Агараки-Абано, Абано) − ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი აღმოსავლეთ საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქ. ქარელიდან 27 კმ-ში და ქ. თბილისიდან 121 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ლოპანისწყლის (მდინარე დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან – 720 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი ვაკე-ბორცვიანია.
დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის № 655 ბრძანებულებით.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,7°C. ზაფხული თბილია, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,2°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 74%-ს, ნალექების წლიური რაოდენობა – 640 მმ-ს და მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათს.
მცენარეული საფარი - აგარაკ-აბანოს ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებით (ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვ.) და ვენახებით, ხოლო მისი მიდამოები – ველის მცენარეულობით. გვხვდება: ძეძვი, შავჯაგა, გრაკლა, ქართული ნუში, კვრინჩხი, კუნელი, ასკილი, ურო, წივანადა სხვ. აქა-იქ შემორჩენილია: ქართული მუხა, ნეკერჩხალი და თელა. მდ. ლოპანისწყლის ნაპირზე გვხვდება: ვერხვი, მურყანი, ტირიფი, ოფი და სხვ.
აგარაკ-აბანოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია სუსტი მინერალიზაციის (M-0,7 გ/დმ3) გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება მდინარელოპანისწყლის ხეობაში, სოფ. აბანოსთან და დაბალი მთის ჰავა.
აგარაკ-აბანოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აგარაკ-აბანოში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები აგარაკ-აბანოსა და მის მიდამოებში
ზღუდერის მართლმადიდებლური ეკლესია (VI-VII საუკუნეები); სამწევრისის მართლმადიდებლური ეკლესია (VII საუკუნე); რუისის (შუა საუკუნეები) და ყინწვისის მართლმადიდებლური სამონასტრო ანსამბლები (XII-XIII საუკუნეები); ორთუბნის (ძამის) ციხე (IX-XII საუკუნეები) და სხვ.