აგაშენაშვილი ნინო
აგაშენაშვილი, ნინო [ნუნუ] სიმონის ასული (1919 – 19??) – საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს დეპუტატი და მწერალი. დაიბადა დუშეთის რაიონის სოფ. საკრამულოს უღარიბესი გლეხის ოჯახში. 10 წლისას დედა გარდაეცვალა, მამამ სოფლის არასრულ საშუალო სკოლაში შეიყვანა.
თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობის დროს ორ დაზგას დაეუფლა, „მთელს ქარხანაში პირველმა აითვისა ურთულესი ასორტიმენტის ფანზის ქსოვა“. ქარხნის თვალი და მარჯვენა ხელი გახდა, ნიჭიერი ორატორის სახელი დაიმსახურა; მალე ინსტრუქტორ-კონტროლიორად დააწინაურეს. მუშფაკში სწავლობდა ფრიადზე, ფაბრიკაში სტახანოვურად მუშაობდა. გარდა ამისა, წერდა ლექსებსაც. ლეო ქიაჩელის სიტყვით: „იგი უტყუარი პოეტური ნიჭით დაჯილდოებული აღმოჩნდა“. მისი „მქსოველი ქალის“ ლექსები და სიმღერები, ქარხნის გაზეთის გარდა, თბილისის დიდ ჟურნალებსა და გაზეთებშიც დაიბეჭდა („ლიტერატურული საქართველო“, 1938, № 13). მის ლექსთაგან ზოგიერთი რუსულად გადაითარგმნა.
1938 წლის ივნისის 12-ს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს დეპუტატად, შემდეგ – საქართველოს ალკკ კიროვის რაიკომის მდივნად აირჩიეს.
ლექსებში უმღეროდა შრომას, სოციალისტურ აღმშენებლობას. ერთ ლექსში – „სტახანოველის სიმღერაში“ ამბობს:
- „დაზგას დავხარი, ვუვლი გულთბილად.
- დილაადრიან დავიწყებ გარჯას!
- მშრომელთ ვუმზადებ ფერად ქსოვილებს
- კრეპ-დე-შინს, გოფრეს, პრინცესას, ფანზას,
- თვითეულ ძაფში ვაქსოვ სიყვარულს,
- ქსელის ჯოხებში თითებს ვატარებ,
- ძვირფას ქსოვილებს აბრეშუმისას
- დღეს ჩემს ბედნიერ მხარეს ვაბარებ!“
წყარო:
1. კომუნისტი. – 1938. – № 110, 111, 121;
2. ქიაჩელი, ლეო // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 13;
3. Вечерный Тбилиси. – 1938. – № 109, 124.