აგრია
აგრია – (ინგლ. Agria, რუს. Агрия), ზღვისპირა კლიმატური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონის ნოვომიხაილოვსკის საქალაქო დასახლებაში, ქ. ტუაფსედან 45, ხოლო ქ. სოჭიდან 102 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და კრასნოდარიდან 98 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, აგრიას კონცხზე, ზღვის დონიდან 46 მ-ის სიმაღლეზე.
რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის ტიპის. ზამთარი რბილია, ხანგრძლივი, უხვი წვიმებით. თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 5°0C.. ზაფხული თბილია და ტენიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23°0C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 73%-ს, ნალექების წლიური რაოდენობაა 1250-1300 მმ, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2050-2300 საათი.
აგრიის სანაპიროს კლდეები დაფარულია ბიჭვინთის ფიჭვებით. კურორტზე გავრცელებულია: კვიპაროსებისა და ჭადრების ხეივნები, აბრეშუმის ალბიცია, მაგნოლიები და სხვადასხვა ყვავილი. აგრიის მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება: ფოთლოვანი (წაბლი, რცხილა, მუხა, წიფელი) და წიწვოვანი (სოჭი, ნაძვი) ტყეები, სუბტროპიკული მარადმწვანე ბუჩქნარი, ვენახები და ციტრუსების პლანტაციები.
აგრიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია – ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.
ჩვენებები აგრიაში წასასვლელად: ფილტვების ტუბერკულოზი.
ტურისტული ობიექტები:
აგრიასთვის უახლოესი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. ტუაფსეში (დოლმენები (ძვ.წ. III ათასწლეული); მართლმადიდებლური ტაძრები – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1896 წელი) და წმიდა ჯვრის ამაღლების სახელობის (1946 წელი); მოსკოვის მიტროპოლიტ წმიდა ალექსის სახელობის მართმადიდებლური ეკლესია (2006-2008 წლები); მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (1989 წელი); წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა, თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1992 წელი); ევანგელისტურ-ლუთერანული ტაძარი (2002 წელი); ბუდისტური ეკლესია (2007 წელი); მეჩეთი (1995 წელი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; მხატვარ ა. კისელიოვის სახლ-მუზეუმი; აკვაპარკები „დელფინი“ და „ჩერნომორი“; ძეგლები – უცნობი ჯარისკაცის, მეზღვაურთა, საესკადრო ნაღმოსან „კერჩის“ და სხვ; საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლთა ობელისკი; ჩანჩქერი „ზღვის ყვავილი“ და სხვ.) და ქ. ტუაფსეს მიდამოებში (მეგალითური კომპლექსი „ფსინაკო-1“ (ძვ.წ. III ათასწლეული) სოფელ ანასტასიევკაში და დოლმენები მდინარე ჯუბგას ნაპირზე (ძვ.წ. III ათასწლეული); დუზუ-ყალეს ნაქალაქარის (VIII-X საუკუნეები) ნანგრევები; მოციქულთა სწორისა, მთავრის მეუღლის წმიდა ოლღას სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (2004-2006 წლები) დაბა ოლგინკაში; წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1990 წელი) და ღირსი ლუკას (ვაინო-იასენეცკის) სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (1990 წელი) სოფელ ანასტასიევკაში; ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XIX საუკუნე) დაბა ჯუბგაში; კანიონები – მდინარე ბეშენკის და „მგლის ჭიშკრები“; ტბები ხიჟი და ციპკა; ჩანჩქერები ნაკადებზე – კაზიონიზე, ჩისტოეზე და პოლკოვნიჩიზე; ჩანჩქერები მდინარეებზე – დედერკაიზე, ზადუბნოვა კარაულკაზე, ფსეკუფსეზე და გრიაზნაიაზე; თაფლის მღვიმეები; მთა ინდიუკზე არსებული გამოქვაბულები, სადაც ნაპოვნია ქვის ხანის ადამიანთა ცხოვრების (ძვ.წ. XX-XV ათასწლეული) ნაკვალევი; ხეობა „კაზაკური ხვრელი“ სტანიცა გეორგიევსკაიაში; თეთრი კლდეები და სხვ.