ადგილობითი ბრუნვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილობითი ბრუნვები – ადგილის გამომხატველი ბრუნვის ფორმები. ბრუნვა ასეთი სახელწოდებით ქართულში არ არსებობს, მაგრამ გრამატიკულ ლიტერატურაში სათანადო ტერმინი იხმარებოდა მიცემითი ბრუნვის იმ ფუნქციის აღსანიშნავად, რომელიც ადგილზე მიუთითებს. უპასუხებდა კითხვაზე სად? ამ დანიშნულებით მიცემითი (ევრ. locativus-ის შესაბამისად) ხშირად იხმარებოდა ძველ ქართულში. მაგ., პოვა იგი უდაბნოსა (დაბ. 16, 7); დაჰფლა ქჳშასა (გამოსლ. 2, 12); და იყო სიყმილი ძლიერი სამარიას (III მეფ. 18, 2). იშვიათად დღესაც გვხვდება: კახეთს წავიდა, ქალაქს გაემგზავრა და სხვ.

ფონეტიკური ცვლილებების გავლენით სახელთან ზოგიერთი თანდებულის მჭიდროდ შეზრდის გამო ახალ ქართულში ბრუნვის ნიშანსა და თანდებულს შორის ზღვარი წაიშალა და შეიქმნა საფუძველი, რომ სახელის ფუძეზე დართული ელემენტი მთლიანად ბრუნვის ნიშნად ყოფილიყო გაგებული. ასეთი რამ მოხდა სამ ბრუნვაში: მიცემითში, მოქმედებითსა და ვითარებითში. ამის საფუძველზე ა. შანიძემ გამოყო სამი ახალი ბრუნვა: სადაობითი (ქალაქ-ში, წყალ-ზე), გამოსვლითი (სახლიდან), მიწვევნითი (ქალაქ-ამდე), რომელთაც ადგილობითი (ლოკალური) ბრუნვები უწოდა. სპეციალურ ლიტერატურაში ამ ფორმათა შესახებ სხვაგვარი მოსაზრებაც არსებობს.

ა. მარტიროსოვი


ლიტერატურა

  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1951;
  • ჩიქობავა არნ. თანდებულიან ბრუნვათა საკითხისათვის ქართულში. – კრ. „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, 11, თბ., 1961.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები