ადრეული ფოტოგრაფია ევროპასა და შეერთებულ შტატებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სემუელ ფინლი ბრიზ მორზეს დაგეროტიპი, დაახლ. 1845; მეექვსე ფირფიტის დაგეროტიპი, 7X8.3 სმ, კონგრესის ბიბლიოთეკის დაგეროტიპის კოლექცია, ვაშინგტონი

ადრეული ფოტოგრაფია ევროპასა და შეერთებულ შტატებში – XIX საუკუნის მისწრაფებამ, აესახა ახალი ბურჟუაზიული ელიტის წარმომადგენლები, მათი მიღწევები და საკუთრება, ზოგადად, ერების იმპერიული მისწრაფებებიც კი, გამოხატულება ფოტოგრაფიაში ჰპოვა. გვიანი რენესანსიდან მოყოლებული ხელოვანებს, და სხვებსაც, ბუნების ასახვის მექანიკური მეთოდის შექმნის სურვილი ამოძრავებდათ. ერთ-ერთი პირველი აპარატი კამერა ობსკურა (ლათინურად ნიშნავს "ბნელ ოთახს") იყო, რომელიც ჩაბნელებული ოთახით ან ყუთითა და ოპტიკური მინით იქმნებოდა; გარედან შემოსული სინათლე მინის გავლით მოპირდაპირე კედელზე (ან ყუთის კედელზე) სცენის თავდაყირა გამოსახულების პროეცირებას ახდენდა და, შედეგად, მხატვარს მისი შემდგომი დამუშავების შესაძლებლობა ეძლეოდა.

XIX საუკუნეში პატარა პორტატული კამერა ობსკურა, ან კიდევ უფრო მსუბუქი კამერა ლუციდა ხელოვანთა სტანდარტულ აღჭურვილობად იქცა. ფოტოგრაფია განვითარდა, როგორც კამერა ობსკურას მიერ(რომელსაც შემდეგ უბრალოდ "კამერა" ეწოდა) სინათლისადმი მგრძნობიარე მასალაზე შექმნილი გამოსახულების ფიქსირების და, ამდენად, მისი სამუდამოდ შენარჩუნების საშუალება.

ლუი ჟაკ მანდე დაგერი. მხატვრის სტუდია, 1837; დაგეროტიპი, 16.5X21.6 სმ. საფრანგეთის ფოტოგრაფიის ასოციაცია, პარიზი

ფოტოგრაფიას არ ჰყოლია ერთი "გამომგონებელი". მის შექმნაზე რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მუშაობდა და თითოეულმა მათგანმა, მრავალი წლის განმავლობაში, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. 1830-იანი წლებისთვის ექსპერიმენტატორთა მცირე ჯგუფმა შეისწავლა გამოსახულების "ჩაწერის" ხერხები, მაგრამ საბოლოო საფეხური, თუ როგორ უნდა "გაემყარებინათ" ანუ დაეფიქსირებინათ ეს გამოსახულება ისე, რომ შემდგომ, სინათლეზე ექსპოზიციისას, იგი არ გამუქებულიყო და გამქრალიყო, რთული მისაღწევი აღმოჩნდა.

სარჩევი

 [დამალვა

ლუი ჟაკ მანდე დაგერი

საფრანგეთში, როდესაც ლუი ჟაკ მანდე დაგერი (Louis-Jacques-Mandé Daguerre, 1787-1851) თავისი ფერწერული ნამუშევრების ბეჭდური ასლების დასამზადებლად ექსპერიმენტს ატარებდა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ თუ სინათლისადმი მგრძნობიარე ქიმიური ნივთიერებებით დაფარულ ფირფიტას 20-დან 30 წუთამდე სინათლეზე გავაჩერებდით, შემდგომ კი ვერცხლისწყლის ორთქლით დავამუშავებდით, მასზე "ლატენტური გამოსახულება" გამომჟღავნდებოდა.

ჰენრი ფოქს თალბოთი. ღია კარი, 1843; ანაბეჭდი კალოტიპის ნეგატივიდან მარილიან ქაღალდზე, 14.3X19.5 სმ. მეცნიერების მუზეუმი, ლონდონი, ფოქს თალბოთის კოლექცია

1837 წლისთვის დაგერმა შეიმუშავა ფირფიტის მარილის ხსნარში გავლებით მასზე გამოსახულების ფიქსირების მეთოდი და მალევე, სერ ჯონ ფრედერიკ ჰერშელის (Sir John Frederick Herschel, 1782-1871) რჩევით, ქიმიური სოდის ჰიპოსულფატის (ცნობილია, როგორც "ჰიპო") გამოყენებით, გააუმჯობესა კიდეც ეს პროცესი. გამოსახულება ნეგატივს წარმოადგენდა, მაგრამ კარგად გაპრიალებულ ვერცხლის ფირფიტაზე ის პოზიტივად გადაიქცეოდა. მიღებული გამოსახულების დუბლირება არ იყო იოლი და თანაც, ის (გამოსახულება) ძალზე მყიფე იყო, თუმცა საკმაოდ მაღალი ხარისხის. დაგერის მიერ გადაღებული საკუთარი სტუდიის მაგიდის დეტალები უაღრესად ფაქიზად და მკაფიოდაა გადმოცემული (ამ ხარისხის მიღწევა დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი, რეპროდუქციაზე შეუძლებელია), კომპოზიცია კი ნატურმორტის მხატვრობის პრინციპების მიხედვითაა აგებული.

დაგერმა 1839 წლის აგვისტოში ახალი ტექნოლოგიის დაპატენტებისა და აღიარების შემდეგ, შექმნა ერთგვარი ადრეული ტიპის ფოტოგრაფია, რომელსაც დაგეროტიპი ეწოდა. მანამდე კი, სანამ დაგერი საფრანგეთში თავისი ფოტოგრაფიული ტექნიკის შესახებ განაცხადებდა, ამერიკელი ხელოვანი სემუელ მორზე (Samuel Morse, 1791-1872) პარიზში ჩავიდა, რათა ტელეგრაფის შესახებ თავისი გამოგონების შესახებ ინფორმაციის გაზიარების სანაცვლოდ, დაგერის ფოტოგრაფიაზე მიეღო ინფორმაცია. მორზემ ამერიკას დაგეროტიპი, დაგერის მიერ საკუთარი გამოგონების შესახებ განაცხადის გაკეთებიდან მალევე გააცნო, 1841 წლისთვის კი მან პორტრეტული ფოტოს გადასაღებად ექსპოზიციის დროის შემცირება შეძლო.

ჯულია მარგარეთ ქემერონი. თომას ქარლაილის პორტრეტი, 1867; ვერცხლით ბეჭდვა, 25.4X20.3 სმ. სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოება, ფოტოგრაფიის, კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური მუზეუმის კოლექცია, ინგლისი

ჰენრი ფოქს თალბოთი

იმავდროულად, ინგლისში ჰენრი ფოქს თალბოთი (Henry Fox Talbot, 1800-1877), ფოტოგრაფიის მდიდარი მოყვარული, გრავიურების, მაქმანებისა და მცენარეების ნეგატივის ასლებს აკეთებს, ვერცხლის ქლორიდის ხსნარით გაჟღენთილ ქაღალდზე ათავსებს, შემდეგ სინათლით ასხივებს და ამგვარად ამჟღავნებს. მანვე მიაგნო მეთოდს, რომელიც ქაღალდზე არსებული ნეგატიური გამოსახულების განმეორებით ექსპონირებისა და სხვა ქაღალდის ზედაპირზე პოზიტიური სურათის მიღების საშუალებას იძლეოდა. ამდენად, ნეგატივ-პოზიტივის პროცესის აღმოჩენა, რომელიც ფოტოგრაფიული ბეჭდვის საფუძველი გახდა, აგრეთვე თალბოთს ეკუთვნის. თალბოთის ნეგატივის გამოყენება მრავალჯერადად შეიძლებოდა, ასე რომ, მას შეეძლო იაფად ეწარმოებინა დიდი რაოდენობის პოზიტიური გამოსახულებები. მაგრამ კალოტიპი, როგორც მან მოგვიანებით ამ პროცესს შეარქვა, მაინც არაკონტრასტულ და ბუნდოვან გამოსახულებებს იძლეოდა. როგორც კი თალბოთმა დაგერის აღმოჩენის შესახებ შეიტყო, მან საკუთარის შესახებაც სასწრაფოდ განაცხადა და დააპატენტა კიდეც. ამ პროცესების აღმნიშვნელი ტერმინი - ფოტოგრაფია, რაც ბერძნულად "სინათლის მეშვეობით ხატვას" ნიშნავს, ჰერშელმა დაამკვიდრა. ფოტოგრაფიის ახალი ტექნოლოგია მოკლე დროში იქნა გამოყენებული თანამედროვე აუდიტორიისა და, აგრეთვე, მომავალი თაობებისთვის "ვიზუალური ჩანაწერების" შესაქმნელად. ფოტოგრაფებიც მალევე იწყებენ ექსპერიმენტებს ახალი მედიუმის გამომსახველობითი შესაძლებლობების შესასწავლად და შთამბეჭდავი კომპოზიციების შესაქმნელად.

1844-1846 წლებში თალბოთმა გამოაქვეყნა ექვსნაწილიანი წიგნი სათაურით ბუნების ფანქარი, რომელიც მთლიანად კალოტიპის ნეგატივებისაგან დამზადებული, მარილიან ქაღალდზე ნაბეჭდი გამოსახულებებით იყო ილუსტრირებული. ფოტოების უმეტესობა იდილიურ რურალურ სცენებს, ან საგანგებოდ მოწესრიგებულ ნატურმორტებს წარმოადგენდა; ისინი უფრო ხელოვნების ნიმუშებს წააგავდა, ვიდრე გულდასმით შესწავლილი რეალობის დოკუმენტებს. თალბოთი მიხვდა, რომ მისი პროცესის ნაკლოვანებების გამო, მას, დაგეროტიპის კომერციულ პოტენციალთან კონკურეცია გაუჭირდებოდა და სანაცვლოდ ფოტოგრაფიის ვიზუალური და სახელოვნებო შესაძლებლობების წარმოჩენა არჩია. მაგალითად, ნამუშევარში ღია კარი ჩრდილების დიაგონალური ხაზების განმეორებადი სტრუქტურა არქიტექტურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების მიმართ კონტრასტს ქმნის. ეს ფოტო ერთგვარად გამოხატავს ცხოვრების იმ რურალური წესის მიმართ ნოსტალგიურ გრძნობებს რომლებიც ინდუსტრიულ ინგლისში ამ დროს უკვე სწრაფად ქრებოდა.

სკოთ არჩერი

1851 წელს ბრიტანელმა მოქანდაკემ და ფოტოგრაფმა სკოთ არჩერმა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფოტოგრაფიის განვითარებაში. არჩერმა აღმოაჩინა, რომ ვერცხლის ნიტრატი მყარად ეკვროდა შუშის ზედაპირს თუკი მას კოლოდიუმს (ეთერის, ალკოჰოლისა და პიროქსილინის ნაზავი, რომელსაც მედიცინაში გადახვევებისთვის იყენებდნენ) შეურევდი. კოლოდიუმისა და ვერცხლის ნიტრატის ამ ნაზავს გასაშრობად და, ამის შედეგად, შუშაზე გამოსახულების აღსაბეჭდად სულ რამდენიმე წამი ჭირდებოდა; შედეგად მიიღებოდა შუშის ნეგატივი, საიდანაც დიდი ტონალური სიზუსტის მქონე შეუზღუდავი რაოდენობის ანაბეჭდების მიღება იყო შესაძლებელი.

ალექსანდრ გარდნერი. მეამბოხე სნაიპერის სახლი: გეთისბურგის ბრძოლის ველი, 1863; ალბუმინური ბეჭდვა, 18X23 სმ. კონგრესის ბიბლიოთეკა, ვაშინგტონი

ალექსანდრ გარდნერი და ო’სალივანი

ეს ახლად აღმოჩენილი ტექნოლოგია ამერიკელმა ფოტოგრაფებმა 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის ფოტოგრაფიული დოკუმენტირებისას გამოიყენეს. ალექსანდრ გარდნერი (Alexander Gardner, 1821-1882) სამოქალაქო კონფლიქტის დასაწყისიდანვე, ასისტენტ თიმოთი ო’სალივანთან ერთად, მეთიუ ბრედის (Matthew Brady, 1822-1896) ფოტოგრაფად მუშაობდა. მის მიერ გადაღებული ომის ფოტოები ფართოდ იყო გავრცელებული. მეამბოხე სნაიპერის სახლი გადაღებული იყო გეთისბურგის ბრძოლის შემდეგ, 1863 წლის ივლისში. ტექნიკური სიძნელეები ანგარიშგასაწევი იყო. სველი ფირფიტის ტექნოლოგია, მინაზე სინათლისადმი მგრძნობიარე ქიმიური ნივთიერებების დასაფიქსირებლად, დამატებით, მინის ფირფიტის (რომელზეც ნეგატივი აღიბეჭდებოდა), შემაერთებელი მასალით დაფარვას საჭიროებდა. ფირფიტის გაშრობის შემთხვევაში ფოტოს გადაღება ვეღარ მოხერხდებოდა. თანაც, თუკი ფირფიტას მტვერი მოხვდებოდა, გამოსახულება ნადგურდებოდა. ექსპონირების ხანგრძლივი დროის საჭიროება შეუძლებელს ხდიდა საბრძოლო მოქმედებების ფოტოგრაფირებას, რის გამოც ადრეული ომის ამსახველი ყველა ფოტო ბანაკებში ან ბრძოლების შემდეგაა გადაღებული. ო’სალივანის ფოტო, როგორც ჩანს, მისივე სათვალთვალო პუნქტში მოკლულ მეამბოხე სნაიპერს ასახავს; მაგრამ ბრძოლის ველის შუაგულში მდებარე ამ კლდოვან წარმონაქმნს სნაიპერისთვის საჭირო არც სიმაღლე და არც სათანადო პოზიცია აქვს. სინამდვილეში, გარდაცვლილი, და იარაღიც, გადასაღებად თავად ფოტოგრაფებმა მიიტანეს ამ ადგილას. ფაქტია, რომ ფოტოზე ასახული სცენა დადგმულია, რაც მრავალ კითხვას ბადებს ვიზუალური ფაქტის რეალურობის შესახებ. ფერწერის მსგავსად, ფოტოგრაფიაც სურათს ქმნის, მაგრამ ის იმ ტიპის სინამდვილის გადმოცემის მოლოდინს გვიჩენს, რომელსაც ფერწერისგან არც ველით. საინტერესოა, რომ ამ ფოტოგრაფიულ მანიპულაციებს XIX საუკუნის შემფასებლები სრულებით არ შეუწუხებია, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ მაშინდელი ფოტოგრაფია, გარკვეული ხერხების გამოუყენებლად ვერ შეძლებდა ხილული სამყაროს ასახვას.

ჯულია მარგარეთ ქემერონი

ადრეული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი ფიგურა ჯულია მარგარეთ ქემერონია (Julia Margaret Cameron, 1815- 1879), რომელმაც პირველი კამერა 49 წლის ასაკში თავისი ქალიშვილებისგან საჩუქრად მიიღო. მისი მთავარი გმირები ბრიტანული ხელოვნების, მწერლობისა და მეცნიერების ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ. ბევრ მათგანთან ქემერონი თავად მეგობრობდა. ფოტოგრაფიის მიმართ ქემერონის მიდგომა ექსპერიმენტული და რადიკალური იყო. სხვა მისი ფოტოპორტრეტების მსგავსად, ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსის, თომას ქარლაილის პორტრეტშიც განზრახ დარღვეულია ფოკუსი. ქემერონმა შეგნებულად უკუაგდო კომერციული პორტრეტული ფოტოგრაფიის მკვეთრირაც, მისი აზრით, უფრო მეტად საგნისა თუ ადამიანის ფიზიკურ, გარეგნულ მხარეს უსვამდა ხაზს და, მისი აზრით, უგულვებელყოფდა სუბიექტის ხასიათსა თუ შინაგან მდგომარეობას. დეტალების გაბუნდოვნებით მას ყურადღება გადაჰქონდა მისი მოდელების სინათლით რბილად მოდელირებულ სახეებზე აღბეჭდილ ჩაფიქრებულ გამომეტყველებაზე. ავტობიოგრაფიაში ქემერონი აღნიშნავს: "როდესაც ჩემი კამერის წინ ასეთი ადამიანები იდგნენ, მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი, რომ აღმესრულებინა ჩემი ვალი მათ წინაშე, ერთგულად აღმენუსხა როგორც მათი შინაგანი სიდიადე, ისე გარეგნული ნიშნები."

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები