ავგუსტოვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ავგუსტოვი

ავგუსტოვი (აუგუსტოვი) – (ინგლ. Avgustov, Augustow; რუს. Августов, Аугустов), ბალნეო-პელოიდო-კლიმატური კურორტი პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუვალკის სავოევოდოში, ქ. სუვალკიდან 28 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ბელოსტოკიდან 80 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ავგუსტოვის ტევრის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ნეტას ნეწყოს ტბასთან შეერთების რეგიონში, ზღვის დონიდან 130 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი − ვაკე.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ზომიერად ცივია. თებერვლის საშუალო ტემპერატურაა – 4,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,8°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 72,5%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 686 მმ-ს


ავგუსტოვი სამი მხრიდან გარშემორტყმულია ფიჭვნარის 40-კილომეტრიანი ზოლით, ხოლო მეოთხე მხრიდან – ავგუსტოვის არხით. ავგუსტოვის მიდამოებში, ფიჭვნარის გარდა, გვხვდება აგრეთვე: ნაძვნარი, მურყნარი და იფნარი.

ავგუსტოვის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მინერალიზაციის ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან-მაგნიუმიანი და იოდო-ბრომიანი მინერალური წყლები; ტორფის სამკურნალო ტალახი და ფიტონციდებით გაჯერებული ტყის ჰაერი.

ავგუსტოვში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა); მინერალური წყლის აბაზანები; ინჰალაციები, შესხურებები და გამორეცხვები მინერალური წყლით; ტორფის სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ავგუსტოვში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, პერიფერიული ნერვული, ენდოკრინული და გულსისხლძარღვთა სისტემების, შარდ-სასქესო ორგანოებისა და საყრდენ-სამოძრაო აპარატის დაავადებები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ავგუსტოვსა და მის მიდამოებში (რომაულ-კათოლიკური, პოლონური ეკლესიები — წმიდათა ბორისისა და გლების სახელობის (კოლოჟის) (XII საუკუნე), ფარნის (XVII-XVIII საუკუნეები), წმიდა ჯვრის მოპოვების სახელობის (1592-1756 წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ანგელოზის სახელობის (XVII-XVIII საუკუნეები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხარების სახელობის (1643 წელი); უფლისა ღვთისა და მაცხოვრის ჩვენისა იესო ქრისტეს უწმინდესი სევდიანი გულის სახელობის რომაულ-კათოლიკური, პოლონური ბაზილიკა (1906-1912 წლები); რომაულ-კათოლიკური, პოლონური მონასტრები – ბერნარდენთა (მამათა) (1592- 1756 წლები), წმიდა ბრიგიტას სახელობის (დედათა) (1646 წელი), ფრანცისკელთა (მამათა) (XVII-XVIII საუკუნეები) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის (დედათა) (1726 წელი); მართლმადიდებლური ეკლესიები – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის (XIX საუკუნის დასასრული) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (1906-1910 წლები); ლუთერანული ეკლესია (1793-1912 წლები); სინაგოგა (1597 წელი); ოსტატის სახლი (1775 წელი); სახლი, რომელშიც ჩერდებოდა და ცხოვრობდა იმპერატორი ნაპოლეონ I (აშენებულიაEXVIII საუკუნეში); ქალთა გიმნაზიის შენობა (1893 წელი); სახანძრო კოშკი (1912 წელი); ავგუსტოვის არხი (1823-1839 წლები) და ამ არხის მუზეუმი; ფოსტის შენობა (1929 წელი); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის რეგიონალური და კრეხოვეცკის ულანთა I პოლკის; მაზურის ტბები (ნეწკო, ბიალო და საინო); ავგუსტოვის ტევრი; იაგელონის პარკი (1847 წელი); ლანდშაფტური პარკი; ვიგერის ნაციონალური პარკი, სადაც მრავალრიცხოვანი ტბების გარდა, დაცულია თახვებისა და დიდი ჩვამების ნაკრძალები; ბელოვეჟის ნაციონალური პარკი), ქ. სუვალკიში და მის მიდამოებში (რომაულ-კათოლიკური, პოლონური ეკლესიები – წმიდა ალექსანდრეს სახელობის (1825 წელი) და უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს უწმინდესი გულის სახელობის (1923 წელს გადაკეთდა 1838-1840 წლებში აშენებული მართლმადიდებლური ეკლესიიდან); ელქის ოლქის თანასაკათედრო რომაულ-კათოლიკური, პოლონური ტაძარი; მართლმადიდებლური ეკლესიები – დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის (1900 წელი), მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1910-1912 წლები), ყველა წმიდათა სახელობის (1928 წელი) და სხვ.; პომორების (სტაროვერების) ეკლესია (XIX საუკუნე); ყოვლადწმიდა სამების სახელობის (XX საუკუნე) ლუთერანული და VII დღის ადვენტისტების (XX საუკუნე) ეკლესიები; იოანე-პავლე II-ის ძეგლი; ჩანჩქერი; ერთი სურათის გალერეა და სხვ.), ქ. ვიგრაში (კამალდულთა მამათა მონასტერი (XVII საუკუნე) და სხვ.) და ქ. ბელოსტოკში (რომაულ-კათოლიკური, პოლონური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის (1621 წელი), წმიდა მარიამ-მაგდალენას სახელობის (1758 წელი) და წმიდა როხეს სახელობის (XX საუკუნე); მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სასწაულთმოქმედის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1843-1846 წლები); ბრანიცკების სასახლე (XVIII საუკუნე); რატუშის შენობა (1745-1761 წლები) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები