ავლაბრის მოედანი
ავლაბრის მოედანი – მოედანი თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ღვინის აღმართს, მეტეხის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს, ნიკიფორე ირბახისა და ლადო მესხიშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1828-იდან იხსენიება როგორც კახეთის მოედანი, თბილისის 1876 წ. გეგმაზე დატანილია ავლაბრის მოედნის სახელწოდებით (აქ იყო ე. წ. „ავლაბრის ბაზარი, გაუქმდა 1911 წელს). თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც კახეთის მოედანი, 30-იან წლებში ს. შაუმიანის სახელი დაერქვა. 1990 – ქეთევან წამებულის. 2005 დაუბრუნდა ძველი სახელი ავლაბრის მოედანი.
ავლაბრის მოედანზეა ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოში დგას 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიის გამო სომხეთიდან ქართველი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად ჩამოტანილი ქვაჯვარი (მოქანდაკე ა. მარტიროსიანი). მოედანზეა მეტროს სადგური „ავლაბარი“.