ათერინების ოჯახი
ათერინების ოჯახი – Aterinidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ათერინისნაირნი
ოჯახი: თერინისებრნი
თევზების ოჯახი ათერინისნაირთა რიგისა. სხეული ზომიერად წაგრძელებულია და დაფარულია მსხვილი ციკლოიდური, იშვიათად კი კტენოიდური ქერცლით. გვერდითი ხაზი არა აქვს. სხეულის გვერდებზე გასწვრივ ვერცხლისებური ფერის ზოლი გასდევს. კბილები წვრილია და მოთავსებულია ყბებზე, ზოგჯერ სახნისისა და სასის ძვლებზე. ზედა ყბა ყბებშორისი ძვლბითაა შემოვლებული. სახურავ ძვლებს ქიცვები და კაკვები არა აქვთ. ლაყუჩთა ხვრელები ფართოა. ლაყუჩთა აპკები ლაყუჩთშორისი შუალედისაგან თავისუფალია. ლაყუჩთა სხივების რიცხვი 5-6- ია, ზურგის ფარფლი ორია, ერთმანეთისაგან თვალსაჩინო მანძილით დაშორებული. პირველ ფარფლში 3-8 მოქნილი დაუტოტველი სხივია, მეორეში კი − 1-2 დაუტოტველი, დანარჩენი – დატოტვილია. ანალური ფარფლი ზურგის მეორე ფარფლს ჰგავს, მაგრამ მასზე გრძელია ერთი მოქნილი და დაუტოტველი სხივით. მუცლის ფარფლები პატარაა და მკერდის ფარფლებისაგან ოდნავ არის დაშორებული. მკერდის ფარფლები მაღლაა მიმაგრებული და ვერტიკალური მდებარეობისაა. მენჯის ძვლები ლავიწის ძვლების ქვედა მხარეზე იოგით არის შეერთებული. საცურავი ბუშტი ნაწლავთან დაკავშირებული არ არის. პილორული დანამატები არა აქვს. მალების რაოდენობა 33-36, ქვირითს ძაფისებური დანამატები აქვს.
ათერინები გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ სარტყელთა ზღვების სანაპიროებში. ზოგიერთები მტკნარ წყალში ცხოვრობენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში გავრცელებულია შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებში.
ათერინების ოჯახში 14 გვარია (დაახლოებით 65 სახეობა).