ალადაშვილი ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალადაშვილი ნინო — (1970), ქართველი პოეტი, დაიბადა თბილისში. დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ არბოშიკის საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი ლექსები რამდენჯერმე დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ასევე ლიტერატურულ ჟურნალ „არავში” , ლიტერატურულ ალმანახ „ხორნაბუჯში”. გამოცემული აქვს კრებული „ამომიცანი”.
- შემოდგომა გომბორზე
- წამიყვან სადმე?
- ნოემბერი მოგვიხმობს ოდეს...
- გომბორზე ახლა შემოდგომა ხეებში იწვის,
- ძვირფასო, მინდა პაემანი
- ფოთლებთან გვქონდეს,
- ვიხილოთ ფერთა აგონია, ამ დროს რომ იცის.
- წავიდეთ!
- უკვე ქარვისფერი დაადნა ტევრებს
- და თითქოს ჯიბრით,
- არ მკრთალდება ცა – ლურჯად მდგარი,
- წავიდეთ, სანამ ერთად ყოფნას
- მზე მოგვიტევებს,
- დაგვედევნება გზაარეულ ღრუბელთა ჯარი.
- მეწამულ ქორწილს გადაგვიხდის
- ფოთოლთა ცვენა,
- ნეკერჩხლის ხეებს შეაკვდება
- ჩურჩული ფიცის,
- ძვირფასო, ჩვენთვის ნოემბერი
- გამართავს სცენას,
- გომბორზე ახლა შემოდგომა ხეებში იწვის.
- წამიყვან სადმე?