ალასიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალასიო

ალასიო – (ინგლ. Alassio, რუს. Алассио), ქალაქი იტალიაში, ზღვისპირა კლიმატური კურორტი ლიგურიის რეგიონში, ქ. სავონიდან 30, ხოლო ქ. გენუიდან 95 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. ტურინიდან 195 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ სანრემოდან 48 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და საფრანგეთიდან 50 კმ-ში. წარმოადგენს ლიგურიის რივიერის კურორტს. მდებარეობს ლიგურიის ზღვის უბის ნაპირზე, ლიგურიის ალპების ძირში. კურორტის ზღვისპირა ზოლის რელიეფი ვაკეა. ამ რელიეფს ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია, თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 12°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 671 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერსა (168,6 მმ) და მარტზე (105,5 მმ), ხოლო მინიმუმი – აგვისტოზე (19,1 მმ).

კურორტი ყვავილებსა და პალმებშია ჩაფლული. ალასიოს მიდამოებში ბევრია ზეთისხილის ხეებით გარშემორტყმული მწვანე მინდვრები, ფორთოხლისა და ზეთისხილის ხეების კორომები. ალპების ფერდობები დაფარულია ფოთლოვანი და შერეული ტყეებით (წაბლი, წიფელი, ფიჭვი).

ალასიოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ალასიოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ).

ჩვენებები ალასიოში წასასვლელად: დასვენება, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების დაავადებები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური პათოლოგიები; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალასიოში (რომის იმპერატორ კეისარ ავგუსტუს ოქტავიანეს ბრძანებით აშენებული გზა (ძვ.წ. I საუკუნე); ციხესიმაგრის კედლები (XIX-XX საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სანტაანა-მონტის სახელობის (X საუკუნე), სანტა-კროჩეს სახელობის (XI საუკუნე), სან-აბროჯოს სახელობის (XI საუკუნე), მადონა დელა გუარდიას სახელობის (XII-XIII საუკუნეები); სან-აბროჯოს სახელობის ეკლესიის სამრეკლო (XIVსაუკუნე), მხატვარ რ. უესტის სურათების გალერეა; მურეტოს კედელი და სხვ.),

ქ. სავონაში (წმიდა მარიამ ასუნტას სახელობის (XVI საუკუნე) რომაულ-კათოლიკური ტაძარი; სან-ჯოვანი ბაპტისტის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVI საუკუნე) და ციხესიმაგრე (XVI საუკუნე); ლეონ პიკალდოს სათვალთვალო კოშკი; შუა საუკუნეების კოშკები; ქ. სავონას მუზეუმი და სხვ.);

ქ. გენუაში (სანტა-მარია დი კასტელოს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XI საუკუნე); სან-ლორენცოს სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XI-XII საუკუნეები) და ამ ტაძრის მიწისქვეშა მუზეუმ-საგანძური; ვილა კამბიოზო (1548 წელი); პალაცო პაროდი (1567 წელი); ლიგურიის საქალაქო არქეოლოგიური მუზეუმი (1892 წელი); სამხატვრო გალერეები – „პალაცო როსო“, „პალაცო ბიანკო“ და „პალაცო სპინოლა“; სან-ჯორჯიოს სასახლე (XVII საუკუნე); მუზეუმები – მინისა და მინის ხელოვნების, კოშკური საათების და სხვ.; მადონა დი მონტალეგროს სანტუარიუმი და სხვ.); კურორტ სან-რემოში (სან-რემოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIII-XIV საუკუნეები); გალავნის ნაშთი (XIII-XIV საუკუნეები); ზღვის სანაპიროს მადონას სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XV საუკუნე) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები