ალბედო
ალბედო – (ლათ. albēdō სიფერმკრთალე, სითეთრე), რაიმე სხეულის ზედაპირიდან არეკლილი სხივური ნაკადის ფარდობა მასზე დაცემულ სხივურ ნაკადთან. ალბედო ახასიათებს სხეულის ზედაპირის არეკვლის უნარს: იდეალურად გამბნევი ზედაპირის ალბედო ერთის ტოლია, ხოლო აბსოლუტურად შავი სხეულისა – ნულის. გაითვალისწინება შენობებისა და ნაგებობების შიგა სივრცეში მზის რადიაციის გავლენით თბოშეღწევადობის გაანგარიშების დროს.
ალბედოს ზომავენ სპეციალური ხელსაწყოთი – ალბედომეტრით და ჩვეულებრივ პროცენტობით გამოსახავენ. მაგ., მთვარის ალბედო უდრის 7%-ს, მარსისა – 15%-ს; ვენერასი – 59%-ს. დედამიწის ალბედო იცვლება 3-იდან 90%-მდე. ბალახით დაფარული ზედაპირის ალბედო საშუალოდ 22-25% უდრის, ვენახისა – 18-20%; ჩაის მწვანე ფოთლებისა – 24-26%; სიმინდისა – 18%, ტყის მასივისა – 14-17%; წყლის ზედაპირისა – 3-10%; თოვლის ფიფქისა – 80-90% და ა.შ.