ალბერვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერვილი

ალბერვილი – (ინგლ. Alberville, რუს. Альбервиль), კლიმატური, სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, სავოიის დეპარტამენტში, რონა-ალპების რეგიონში, ქ. პარიზიდან 469 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. მარსელიდან 277 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქ. ლიონიდან 121 კმ-ში, აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე იზერის (მდინარე რონას შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 325-345 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

ჰავა – კონტინენტური. ზამთარი ზომიერად ცივია, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C. ზაფხული ცხელია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 28°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 600 მმ-ს. წვიმები, ძირითადად, მოდის გაზაფხულ-ზაფხულში.

ალბერვილის ტერიტორიაზე გავრცელებულია ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი და სხვ.) და ვენახები. კურორტის მიდამოებში მდებარე ალპების ფერდობები დაფარულია მუხნარითა და წიფლნარით.

ალბერვილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი.

ალბერვილში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალბერვილში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალბერვილში (ოლიმპიური ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმები, თეატრი „Le Dame“, კონფლანის ციხე-დარბაზი (XIV საუკუნე), XIV-XV საუკუნეებში აშენებული ნაგებობები; გართობის პარკი და სხვ.; კურორტ ასიში – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყველა მადლის სახელობის (Notre-Dame – de Toure Grace) რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1937-1950 წლები); კურორტ მეჟევში – წმიდა ჟან ბაპტისტის სახელობის (Saint Jean Baptiste) რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVII საუკუნე); დაბა სიქს ფერ-ა-შვალში – ავგუსტინელთა მონასტერი (XIII საუკუნე), რუფეს ჩანჩქერი, თინის ხეობა და მთის ცირკი; ხუთი გრძნობის ბაღი – ლაბირინთი სოფელ ივუარში; დიუ მიდის პიკი კურორტ შამონის მიდამოებში; სავოიის დინასტიის მავზოლეუმი ბურჟეს ტბის სანაპიროზე; ოტკომბის რომაულ-კათოლიკური სააბატო ქ. კიულოზის მიდამოებში; ნოტრ დამ დე ტამიეს რომაულ-კათოლიკური სააბატო კურორტ ალბერვილიდან 8 კმ-ში; კურორტ ექს ლე ბენში – ძველი რომაელების მიერ აშენებული ტრიუმფალური თაღის, დიანას ტაძრისა და თერმების (ძვ.წ. I – ახ.წ. I საუკუნეები) ნანგრევები; ქ. ემბრიუნში – XII საუკუნის რომაულ-კათოლიკური ტაძარი; შატო კეირის ციხესიმაგრე (შუა საუკუნეები); კომბე დიუ კეირის ხეობა და კეირის ბუნებრივი პარკი; ეკრენის ნაციონალური პარკი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები