იმედაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე იმედაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე იმედაშვილი

იმედაშვილი ალექსანდრე (18.II.1882, თბილისი - 30.IX.1942) - მსახიობი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1890-1894 წლებში თბილისის სემინარიასთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც არ დაუმთავრებია. 1898-1900 წლებში საბუღალტრო კურსებზე სწავლობდა. 1900 წლის 30 სექტემბერს სცენაზე პირველად გამოვიდა. მონაწილეობდა ვ. ხოლოსტოვის ერთმოქმედებიან ვოდევილში „უკუღმართი ადგილი“ და ჟოინტის პიესაში „ძალად ავაზაკი“, მიიღეს ქართული თეატრის დასში. 1902 ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა ქუთაისში მიიწვია. 1903-1909 წლებში თბილისში განაგრძო მუშაობა. 1904-1905 წლებში დააარსა „ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა“. დრამატული როლების გარდა, ვოკალური მონაცემების წყალობით ოპერეტებშიც მონაწილეობდა. 1908 წელს პირველად გამოდის საოპერო სცენაზე, ე. ოდრანის „ნატვრის თვალში“ მღერის პიპოს პარტიას. 1909 წელს ქუთაისის თეატრში ვალერიან გუნიამ მიიწვია. 1913 თბილისში ბრუნდება. 1914 წლის 13 თებერვალს შილერის „დონ კარლოსში“ მარკიზ პოზას როლს ასრულებს. იმავე წელს ოტელოს როლს ასრულებს შექსპირის პიესაში „ოტელო“. 1916-1917 წლებში იყო ქუთაისის დასის ხელმძღვანელი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში მისი ავტორობით არაერთი წერილი დაიბეჭდა, რომელიც თეატრის პრობლემებს შეეხებოდა. ამავე დროს, 1919-1920 წლებში იყო ქუთაისის დრამატული დასის ხელმძღვანელი. 1920-1921 წლებში თბილისის დრამატულ თეატრში მუშაობდა.

1921-1922 წლებში ბათუმის თეატრში მოღვაწეობს, 1922-1924 წლებში კი - რუსთაველის თეატრში. 1923-1924 წლებში თბილისის თეატრში მსახიობობის პარალელურად, ბათუმის თეატრალურ დასს ხელმძღვანელობდა, 1925-1926 წლებში კი ქუთაისის დასს. 1929-1930 ბრუნდება თბილისში, რუსთაველის თეატრში. 1931 წლის 26 თებერვლის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს. 1932 წელს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1939 წლიდან ქუთაისის დასში ბრუნდება, სადაც დოდო ანთაძესთან ერთად მუშაობდა.

სალომე ჭანტურიძე,
ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა, წ. I.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე იმედაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები