ხახანაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე ხახანაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ხახანაშვილი

ხახანაშვილი ალექსანდრე (1864-1911) – ლიტერატურისმცოდნე, მკვლევარი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა გორის საქალაქო სასწავლებელში, თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში, 1883-87 წწ. - მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, ლათინურ ენებს. 1888 წლიდან განაგებდა აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. იკვლევდა ქართული მწერლობის, საქართველოს ისტორიის, სიძველეებისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ბევრს მოგზაურობდა საქართველოსა და ევროპაში, ეძიებდა საქართველოს კულტურის ისტორიის მასალებს. სისტემატურად მონაწილეობდა (90-იანი წლებიდან) ისტორიკოსებისა თუ ორიენტალისტების ყრილობებსა და კონგრესებში როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში (აღსანიშნავია 1894 წ. ჟენევაში ორიენტალისტთა X საერთაშორისო კონგრესზე წარმოთქმული სიტყვა „უცხოური გავლენები ქართულ ცივილიზაციაზე“). იყო მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი (1883), შემდეგ — ნამდვილი წევრი (1899), მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების წევრი (1889 წლიდან), შემდეგ — მისი საბჭოს წევრიც, რუსეთის ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების (1901 წლიდან), საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილი (1907 წლიდან), რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების (1909) წევრი, აგრეთვე დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოებისა. გამოკვლევებსა და წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „კავკაზში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „რუსსკიე ვედომოსტში“, „რუსსკაია მისლში“, „ვესტნიკ ევროპიში“, „ისტორიჩესკი ვესტნიკში“.

ა. ხახანაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ძველი ქართული საბუთების შესწავლისა და გამოცემის საქმეს (გამოსცა დოკუმენტების ორი კრებული: „გუჯრები“, 1891; „ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები“, 1893). დიდი წვლილი შეიტანა ხალხური ეპოსისა და ლეგენდების შესწავლის, საერთოდ, ქართული სიტყვიერების კვლევის საქმეში. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „ქართული აპოკრიფული ლიტერატურის ძეგლები“ (1894), „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ (ოთხ წიგნად. წიგნი I, 1895, განიხილავდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ქართული ხალხური ეპოსის ყველა დარგს; წიგნი II, 1897, და წიგნი III, 1901, — ლიტერატურულ, ისტორიულ, სასულიერო და იურიდიულ ძეგლებს; ეხებოდა უძველესი ნაბეჭდი ქართული წიგნებისა და პირველი სტამბების ისტორიის საკითხებს, ლიტერატურულ ძეგლებს — მოსე ხონელის, სარგის თმოგველის, შავთელის, ჩახრუხაძის, რუსთაველის თხზულებებს; „რუსუდანიანს“, „ალღუზიანს“, „ლეილ-მეჯნუნიანს“, „სირინოზიანს“, ვახტანგ მეექვსის სახელმწიფოებრივსა თუ სალიტერატურო და კანონმდებლობითს მოღვაწეობას; წიგნი IV, 1907, — XIX ს ქართულ მწერლობას), წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-2, 1904-17) და გამოკვლევები: „ალექსანდრე ყაზბეგი“ (1895), „ილია ჭავჭავაძე“ (1896), „ვახტანგ ორბელიანი“ (1896), „რაფიელ ერისთავი“ (1897), „დანიელ ჭონქაძე“ (1900), სტატიები: „ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობა“, „რომანტიზმის წარმომადგენლები ახალ ქართულ ლიტერატურაში“, „აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობა“, „მესსიანიზმი ქართულსა და პოლონურ ლიტერატურაში“.


ლიტერატურა

  • შ. ბადრიძე, ქართველთმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი, 1968.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები