აპოკრიფი
აპოკრიფი - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო. ბიბლიაში ბევრი ამბავი ამა თუ იმ პირზე ბოლომდე არაა მოთხრობილი. ამის გამო გამოჩენილან ისეთი პირები, რომელთაც საკუთარი ფანტაზიით შეუვსიათ ეს ხარვეზი. ასე წარმოიშვა განსაკუთრებული დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელსაც აპოკრიფული ლიტერატურა ეწოდა. აპოკრიფები ორგვარია ძველი და ახალი აღთქმის შესაბამისად.
აპოკრიფული ლიტერატურა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად იკიდებს ფეხს. შესაძლოა, პირველად ის ზეპირთქმულების გზითაც კი შემოვიდა ჩვენში აღმოსავლეთიდან.
აპოკრიფების გავრცელებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ნაწარმოებებს მაინც ფართოდ გაუკაფავს გზა: X საუკუნემდე ქართულ ენაზე შექმნილა სხვადასხვა ენიდან თარგმნილი მდიდარი აპოკრიფული ლიტერატურა, რომელსაც თავიი ზრდა-განვითარება არ შეუწყვეტია მომდევნო საუკუნეებშიც. მისი ნიმუშებია: „საკითხავი ადამ და ევაის სამოთხით გამოსლვისაი“, „აღსარებაი თევდოსი მთავრისაი“, „მიმოსლვაი ანდრია მოციქულისაი“ და სხვ.
ძველი აღთქმის აპოკრიფები
აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც ბიბლიის წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, ადამისა და ევას ისტორია, ესაიას ცად ამაღლება, იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის ფსალმუნები, სოლომონის საგალობლები, მანასეს ლოცვა და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; აბრამის გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა).
ახალი აღთქმის აპოკრიფები
კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა სახარებებად (ებრაელთა სახარება, პეტრეს სახარება, თორმეტი მოციქულის სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, პავლეს წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).