ალკოჰოლური დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლური დემენცია - (F10.7), (alcoholic dementia) – ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით, ყველაზე ხშირად იხმარება ქრონიკული ან პროგრესირებადი მოშლილობის გამოსახატავად, რომელიც ვითარდება მავნე გამოსავლით ალკოჰოლის გამოყენების შედეგად და ხასიათდება მრავალი უმაღლესი ქერქული ფუნქციის მოშლით: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტირება, შემეცნება, მეტყველება, მსჯელობა. ცნობიერება არ არის შეცვლილი. კოგნიტიურ მოშლილობებს ხშირად თან ახლავს ემოციებსა და სოციალურ ქცევებზე კონტროლის დონის დაქვეითება და მოტივაციური აშლილობები. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

წარსულში არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია ალკოჰოლის ავადმოხმარებას დემენციის გამოწვევა. ასეთი ეჭვი აღმოცენდა იმიტომ, რომ ზოგადი ინტელექტის დეფექტის მქონე პაციენტებს შეცდომით კორსაკოვის ფსიქოზის დიაგნოზს უსვამდნენ ხოლმე. თუმცა, დღესდღეობით საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ქრონიკულ ალკოჰოლის ავადმოხმარებას შეუძლია კოგნიტური დარღვევების გამოწვევა, რაც განსაკუთრებით ვლინდება მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების ტესტირებისას (Zinn et al., 2004).

ყურადღება ასევე გამახვილებული იყო იმაზეც, თუ რამდენად შეეძლო ქრონიკულ ალკოჰოლის ავადმოხმარებას თავის ტვინის ატროფიის გამოწვევა. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ და CT სკანირებამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია თავის ტვინის ლატერული პარკუჭების გაფართოებასთან. გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ადგილობრივი დეფიციტი რუხი ნივთიერების განლევით, როგორც კორტიკულ, ისე სუბკორტიკულ ზონებში. სუბკორტიკული ცვლილებები უმეტესად აღენიშნებათ კორსაკოვის სინდრომის მქონე პაციენტებს. ალკოჰოლდამოკიდებულების დროს ასევე ფიქსირდება კორძიანი სხეულის გათხელება.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები გვხვდება პაციენტებთან რომლებსაც აშკარა ნევროლოგიური დარღვევები არ აღენიშებათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგიური ტესტირება, ჩვეულებრივ, კოგნიტური ფუნქციების დეფიციტს ადასტურებს. თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, რასაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას ვხვდებით, გარკვეულწილად სუსტდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტასთან ერთად; თუმცა, ბევრი ანომალია ხანგრძლივი აბსტინენციის შემდეგაც შეინიშნება. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები