ალფორტიოზი
ალფორტიოზი - (alfortiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Alfortia + ბერძნ. osis დაავადება), ცხენის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელია ნემატოდა – Alfortia edentatus-ის (ლათ. უკბილო) ლარვული და ზრდასრული ფორმები.
ლარვული ფორმები პარაზიტობენ მუცლის აფსკის პარიეტალურ და ვისცერალურ ფურცლებს შორის, ზრდასრული ფორმები (სხეულის სიგრძე – 26-40 მმ-მდე) – ბრმა ნაწლავსა და კოლინჯში. ავადდება ერთ წლამდე ასაკის მოზარდეული და უფროსი ასაკის ცხენები. დაავადება მწვავე და ქრონიკული ფორმებით მიმდინარეობს. მწვავე ფორმის დროს კვიცები დასუსტებული არიან, ვითარდება ძლიერი ანემია, პერიოდულად მეორდება ჭვლები, სხეულის ტემპერატურა უმნიშვნელოდ მატულობს, სუნთქვა გახშირებული, დაძაბული და მტკივნეულია, პულსი – სუსტი და გახშირებული. ცხოველი იღუპება ძლიერი ანემიისა და სიგამხდრის გამო. ქრონიკული მიმდინარეობის დროს დაავადება 1,5-2 თვეს გრძელდება და გამოხატულია სისუსტითა და ანემიით.