ალხაზიშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ალხაზიშვილი

ალხაზიშვილი გივი – (1944), ქართველი პოეტი, მწერალი, ესეისტი. დაიბადა თელავში. 1961 წ დაამთავრა საშუალო სკოლა ქუთაისში. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ „პირველ სხივში”, „ახალგაზრდა კომუნისტში” და „ცისკარში”. გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, იგი ავტორია სამი რომანისა. 1979 წ თარგმნა და გამოსცა ათანას ფეტის ლექსების კრებული „ღამეული ჩირაღდნები”. მხატვრული თარგმანის კოლეგიაში მომზადდა აგრეთვე კრებული „მარადი დღე” (1984), სადაც დაბეჭდილია რუსი პოეტების – ათანას ფეტის, ვლადიმირ სოლოვიოვის, ანდრეი ბელის და ალექსანდრ ბლოკის ლექსების – თარგმანები.


უშენო დრო, აგვისტოს ეპისტოლე
დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
როგორ ვუშველო,
ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,
დუმილი ისე მისაკუთრებს,
ლამის მიშვილოს,
სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ, თუ არ მიშველე.
რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..
მაგრამ აქ რომ ვარ – ვეძებ გასაქცევს,
ვირტუალურ დროში ვსახლდები,
რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა
და მყისიერად გამოცლილი
ყველა საყრდენი.
არაფერია, არაფერი, სულ არაფერი
და არაფერშიც
შენ საძებნად შევეხეტები,
გამჭვირვალეა ხელისგული,
რომ ავიფარე თვალზე და ახლა
ყველაფრიდან შენ იხედები..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები