ამალფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამალფი

ამალფი – (ინგლ. Amalfi, რუს. Амалфи), ზღვისპირა ქალაქი იტალიაში, კლიმატური კურორტი კამპანიის ოლქის სალერნოს პროვინციაში, ქ. ნეაპოლიდან 35 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ტირენის ზღვის სალერნოს ყურის ამალფის უბის ნაპირზე. შედის ამალფის რივიერის კურორტთა ჯგუფში. კურორტის ზღვისპირა ვიწრო ზოლის რელიეფი ვაკეა, რასაც ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 12°C. ზაფხული ცხელია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 28°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 960 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერზე (162 მმ), ხოლო მინიმუმი – ივლისზე (24 მმ).

ამალფის ტერიტორია დაფარულია დეკორატიული მცენარეებით (პალმები და ყვავილები) და ზეთისხილის პლანტაციებით, ხოლო ამ კურორტის მიდამოები – ფიჭვისა და ციტრუსების კორომებით.

ამალფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ამალფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ამალფში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ამალფიში (რომაულ-კათოლიკური ტაძრები – წმიდა ანდრიას სახელობის (IX საუკუნე) და ნორმანული (1073 წელი); კაპუცინების დედათა მონასტერი (XIII საუკუნე); XIII საუკუნეში აშენებული სასტუმრო; ქაღალდის მუზეუმი; არსენალები; ზურმუხტოვანი გროტი და სხვ.),
ქ. ნეაპოლში (ფრესკებით მოხატული კატაკომბები (II-V საუკუნეები); სან-ჯოვანის სახელობის მოზაიკიანი ბაპტისტერიუმი (სანათლავი) (V საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ტაძრები – სან-ლორენცოს სახელობის (XIII_XVI საუკუნეები) და სან-დომენიკოს სახელობის (XIII-XVI საუკუნეები); ჩერტოზა დი სან-მარტინოს სახელობის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XIV-XVII საუკუნეები); სან-ფრანჩესკო დი პაოლოს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1817-1846 წლები); ციხედარბაზები – კასტელ დე ოვოსა (XII საუკუნე) და კასტელ-ნუო-ვოსა (XIII-XV საუკუნეები); „სან-კარლოს“ თეატრი (1737-1816 წლები) და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები